![]() |
ალმანახი № 7 ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მეტონიძე ვერონიკა, ყიფშიძე ლალი , მადურაშვილი ხათუნა, გულიაშვილი ელზა, ბაქაქური ნინო, მესხი მარინე |
თემატური კატალოგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ალმანახი |
წყარო: F 1144 F 6912 |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 1998 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ,,ალმანახი“ გამოიცემა OSI-ისა და NOVIB-ის ფინანსური მხარდაჭერით, დეკემბერი 1998, სპეც. გამოშვების სარედაქციო კოლეგია რედაქტორი: ირაკლი სესიაშვილი ტექ. რედაქტორი: გიორგი გიორგანაშვილი ვერონიკა მეტონიძე მარინე მესხი კოტე კუბლაშვილი ნინო ბაქაქური სერიაზე პასუხისმგებელი: ვერონიკა მეტონიძე რედაქციაში შემოსული მასალები არ რეცენზირდება და გამოხატავს მხოლოდ ავტორის შეხედულებებს. ერეკლე II-ის შესახვევი 7 თბილისი, საქართველო 93 61 01 ტირაჟი 500 ცალი |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ალმანახის წინამდებარე გამოშვება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეძღვნება. ეს ნომერი კი სპეციალური გამოცემის ხასიათს ატარებს, რადგან მასში წარმოდგენილია მასალები ადამიანის უფლებების მხოლოდ ერთი ასპექტი - ქალის უფლებების თაობაზე.
ასოციაციაში 1996 წლიდან ფუნქციონირებს ქალის უფლებების შემსწავლელი ჯგუფი, რომლის წევრთა დახმარებითაც მომზადდა აღნიშნული ნომერი.
ქალის უფლებების ტერმინის გამოყენება ყოველთვის კამათს იწვევდა საქართველოს იურისტთა საზოგადოებაში. პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოში ქალის უფლებების შესწავლა სამართლის არცერთი დარგის კვლევის საგანს არ წარმოადგენს. განვითარებული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში კი, უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია ასწავლიან ,,გენდერთმცოდნეობას” (Gender Stadies), რომელიც ქალისა და მამაკაცის ქცევებს, საზოგადოებაში, პოლიტიკასა და ოჯახში მათ ურთიერთობებს სწავლობს. გენდერთმცოდნეობას ჯერ კიდევ ვერ ვუწოდებთ დამოუკიდებელ მეცნიერებას, იგი ინტერდისციპლინურ ხასიათს ატარებს, რადგან საკითხის მრავალმხრივი კვლევისას სწავლობს და იყენებს სხვა მეცნიერებათა საგანსა და მეთოდებს. გენდერთმცოდნეობა ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, სამართალმცოდნეობის, მედიცინის, სექსოლოგიისა და სხვა მეცნიერებათა მიჯნაზე იქმნება.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ გენდერთმცოდნეობის ყველა საკითხის განხილვის შესაძლებლობა არა გვაქვს, მის მხოლოდ ერთ ასპექტს წარმოგიდგენთ, რომელიც ადამიანის უფლებების სამართალთანაა დაკავშირებული. ალმანახის სხვა გამოცემებისაგან განსხვავებით, ამ ნომერში წარმოდგენილი სტატიები ნაკლებად აკადემიურია. ეს იმ ობიექტური მიზეზითაა განპირობებული, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და კერძოდ, ქალის პრობლემების მეცნიერული კვლევა ჯერ კიდევ ჩანასახობრივ მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, ვთვლით, რომ საკითხი მეტად აქტუალურია და მომავალში სერიოზულ მიდგომას საჭიროებს.
ჩვენი მიზანი იყო ქალის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების განხილვა და ამ კუთხით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი, რათა მკითხველისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ სისტემებზე მაქსიმალურად სრული წარმოდგენა შეგვექმნა. კერძოდ, განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს უნივერსალური სისტემა; ევროპული, ინტერ-ამერიკული, აფრიკული და აზიური რეგიონალური სისტემები; ქალის უფლებების დაცვის მექანიზმი ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის მიხედვით; განსაზღვრულია ძირითადი ცნებები: ქალის უფლებები, დისკრიმინაცია, თანასწორობა, ძალადობა; ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებების დაცვის საქართველოს კონსტიტუციური მექანიზმები; ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, განხილულია მოქმედი კანონმდებლობის სხვადასხვა სფეროებში ქალის მდგომარეობა: სამოქალაქო, სისხლის, შრომის სამართალში; ქალის ზოგიერთი უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული რეალური სურათი და პრობლემები, მაგალითად, პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობის თანასწორუფლებიანობა, დასაქმება და სხვა. ცალკე ყურადღება ეთმობა ქალის სოციალური უფლებების დაცვას, აგრეთვე ძალადობას ოჯახში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგრამ საზღვარგარეთის ქვეყნებში სწორედ სამართლის რეგულირების სფეროს წარმოადგენს.
ნომერში, სტატიების გარდა, შესულია მოხსენება, რომელიც საქართველოს სახელით 1998 წლის ბოლოს, ტაბახმელაში, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონალურ კონფერენციაზე გაკეთდა და საერთაშორისო დოკუმენტი - ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის ტექსტი.
ეს გამოცემა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ზოგადად გენდერული საკითხებით, ადამიანის უფლებათა სამართლისა და კერძოდ, ქალის უფლებების პრობლემატიკით. ვიმედობნებთ, რომ იგი მკითხველს წარმოდგენილი საკითხების შესწავლასა და უკეთ გააზრებაში დაეხმარება და ამ სფეროში ახალი კვლევების ჩატარებისაკენ უბიძგებს.
ვერონიკა მეტონიძე
![]() |
2 ქალის უფლებების დაცვის საერთაშორისო-სამართლებრივი სისტემები და საქართველოს კონსტიტუციური მექანიზმები |
▲ზევით დაბრუნება |
ვერონიკა მეტონიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი
სოციალური თანასწორობისათვის ბრძოლის თავდაპირველი მიზანი იყო ის, რომ ადამიანის შესაძლებლობები რაც შეიძლება ნაკლებად განესაზღვრა მის სქესს, წარმომავლობას და ა.შ. გარკვეულ პერიოდში, ეს ადვილად მისაღწევი ჩანდა, საკმარისი იყო საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებულიყო ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებები განათლებაზე, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე, თანაბარი შრომის თანაბარ ანაზღაურებაზე და ა. შ. მაგრამ, როდესაც XX საუკუნის შუა წლებში ეს ეგალიტარული ჩარჩო ფორმალურად მიღწეულ იქნა, აღმოჩნდა, რომ იგი რეალურად, ცხოვრების ყველა სფეროში ადგილს უტოვებს ფაქტიურ უთანასწორობას. კერძოდ, მსოფლიოში უკიდურესი გაჭირვების პირობებში მცხოვრები ადამიანების 70%-ს შეადგენენ ქალები; მათ გამოეყოფათ საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული კრედიტების არაპროპორციულად მცირე ნაწილი; ქალთა ხელფასი საშუალოდ შეადგენს მამაკაცთა ხელფასის 3/4 ნაწილს; უმუშევართა უმეტესი ნაწილი ქალები არიან; მსოფლიოს პარლამენტებში კი ისინი მხოლოდ 10%, ხოლო მინისტრთა კაბინეტებში 6% შეადგენენ. მოყვანილი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სოციალური უთანასწორობა სქესის ნიშნის საფუძველზე არსებობს, ხდება მისი სტრუქტურული აღდგენა, და სამართალი, მისი დღევანდელი სახით, უძლურია მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების დაფიქსირებით გამოასწოროს ეს პროცესი.
საქართველოს სამართლისათვის ქალის უფლებების დაცვის საკითხი საკმაოდ ახალი და ნაკლებად შესწავლილი პრობლემაა. მისი წამოწევა უშუალოდ დაკავშირებულია 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენასა და ახალი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის პროცესთან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ აღიარა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრინციპები და ისევე როგორც ყოფილი სხვა რესპუბლიკები, იგი de jure გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი და შევიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მაგრამ, რაც შეეხება de facto მდგომარეობას, ის იდეალისაგან ჯერ კიდევ შორსაა. ბუნებრივია, ჭეშმარიტად დემოკრატული სახელმწიფოს აშენებისათვის, პირველ რიგში, გააზრებული და გათავისებული უნდა გვქონდეს მისი ძირითადი ფასეულობები, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა ჩვენი ინტერესი ადამიანის უფლებების და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის - ქალის უფლებების პრობლემატიკისადმი.
იშვიათი არ არის მოსაზრება, რომ ეს ცნება ხელოვნური და ზედმეტია, რადგანაც ადამიანის უფლებები სრულიად მოიცავს ქალის უფლებებს. მაგრამ ამ მოვლენას აქვს თავისი წყაროები და ჩამოყალიბების ისტორია. ამიტომ, სასურველია ადამიანის უფლებების სამართლის ზოგიერთ თეორიულ საკითხებში პატარა ექსკურსი გავაკეთოთ და ქალის უფლებების ცნება დავაკონკრეტოთ.
I - საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები:
1. ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს უნივერსალური სისტემა
საერთაშორისო სამართალი გვთავაზობს ადამიანის უფლებათა, მათ შორის ქალის უფლებათა დაცვის საკმაოდ მრავალფეროვან მექანიზმს.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს გაეროს ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის უნივერსალური სისტემა, რომელიც გაეროს წესდების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციებისა და სპეციალიზებული დაწესებულებების მეშვეობით ჩამოყალიბდა.
გაერომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აღიარების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ჯერ კიდევ გაეროს წესდების პრეამბულაში პირველად გაიჟღერა ადამიანის უფლებებისა და მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის განმტკიცების საკითხმა. პირველივე მუხლში, სადაც ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებზეა საუბარი, ერთ-ერთი მიზანია ყველასათვის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის წახალისება და განვითარება, განურჩევლად რასის, სქესის, ენისა და რელიგიისა. ეს მიდგომა უფრო ნათლად 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გამოიხატა, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: ,,ყველა ადამიანი თავისი ღირსებითა და უფლებით თავისუფალი და თანასწორი იბადება”. რა თქმა უნდა, ,,ყველა ადამიანში” თავისთავად იგულისხმება ქალიც, მამაკაციც, ბავშვიც, მოხუციც და ა. შ., მაგრამ მწარე ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, დეკლარაციის მე-2 მუხლი მაქსიმალურად აკონკრეტებს ამ ცნებას: ,,ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება რაიმე, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის ნიშნის მიხედვით განსხვავების მიუხედავად”. როგორც დეკლარაციაში ,,ყველა”-ს დეფინიციის დაკონკრეტება გახდა საჭირო, ასევე, ამავე მიზეზით, წარმოიშვა ცნება ,,ქალის უფლებები”.
შესაბამისად გაუმართლებელი და მცდარია ის მოსაზრება, თითქოს ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა ქალს აკნინებს ან მას ,,ადამიანისაგან” განსხვავებულ სტატუსს ანიჭებს. ეს მხოლოდ არასახარბიელო რეალური მდგომარეობის ხაზგასმაა, რადგანაც წერილობით დაფიქსირებული უფლებრივი თანასწორობის მიუხედავად, ცხოვრებაში უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, ქალი მის თეორიულ ჰომოლოგს ჯერ კიდევ ჩამორჩება.
აქვე უნდა აღინიშნოს საერთაშორისო სამართალში მთლიანობაში ადამიანის უფლებების განსაკუთრებული ადგილი. თავდაპირველად, საყოველთაო დეკლარაციაში ჩამოყალიბებული ადამიანის უფლებები მოკლებული იყო მყარ იურიდიულ საფუძველს. მათი უდაო საყოველთაო მნიშვნელობის მიუხედავად, ძნელი იყო საუბარი ადამიანის უფლებებზე, როგორც სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ნორმებზე, რადგანაც დეკლარაცია, თავისი ფორმიდან გამომდინარე, გამორიცხავდა მათ სავალდებულობას. დროთა განმავლობაში, დეკლარაციის დებულებები განმტკიცდა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა დარღვევაც სახელმწიფოთათვის გარკვეულ საერთაშორისო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას წარმოშობდა. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (1966), ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (1966), სპეციალური კონვენციები, მათ შორის კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (1979, CEDAW) თანდათანობით ქმნიდა უფლებების დაცვის უნივერსალურ მექანიზმს. მაგრამ მხოლოდ სახელშეკრულებო მექანიზმის არსებობა არ იყო საკმარისი, რაც სახელმწიფოებს საშუალებას აძლევდა ქვეყნის შიგნით თავი აერიდათ ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემისაგან. 1966 წელს, ამ პაქტების მიღებით დასრულდა მსოფლიოში ადამიანის უფლებების აღიარების ეტაპი და დაიწყო ახალი, რომელიც სახელმწიფოების მიერ მათი მაქსიმალური უზრუნველყოფისაკენ იყო მიმართული. ხაზი უნდა გაესვას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს საქმიანობას, რომელიც 1975 წელს ჰელსინკში შეიქმნა. დღეს მასში შედის ევროპის ყველა ქვეყანა, აგრეთვე ა.შ.შ. და კანადა. 1975 წ. ჰელსინკის დასკვნით, აქტში ადამიანის უფლებები მოხსენიებულია განმსაზღვრელი პრინციპების თავში და ე.წ. III კალათაში (თანამშრომლობა ჰუმანიტარულ და სხვა საკითხებში). განმსაზღვრელი პრინციპები მოიცავს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას, მათ შორის ადამიანების თანასწორუფლებიანობის აღიარებას. ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი პრინციპი: მონაწილე სახელმწიფოები ვალდებული არიან პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტურ განხორციელებას და იმოქმედონ გაეროს წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. მართალია ჰელსინკის დასკვნითი აქტი საერთაშორისო ხელშეკრულების სახით არ შექმნილა, მაგრამ სახელმწიფოების მხრიდან მისი პოლიტიკური აღიარება იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპმა საერთაშორისო სამართლის ჩვეულებითი იმპერატიული ნორმის სტატუსი მოიპოვა და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოები მის შესრულებაზე პასუხს აგებენ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორც გლობალურმა, ასევე რეგიონალურმა მიიღო ადამიანის უფლებათა სტანდარტები და წევრ-სახელმწიფოებს მათ დარღვევაზე მიუთითა. ამ კონტექსტში, დღეს, არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ამტკიცოს, რომ ადამიანის უფლებების განხორციელება ქვეყნის საზღვრებს შიგნით მხოლოდ ამ სახელმწიფოს საშინაო იურისდიქციის საგანია.
საერთაშორისო სამართლის თეორიაში გამოყოფენ ადამიანის უფლებების სამ თაობას: I - სამოქალაქო და პოლიტიკური, II - ეკონომიკური, სოციალური და კულტურული და III - კოლექტიური, რომელიც მოიცავს ხალხის თვითგამორკვევის უფლებას, განვითარების, მშვიდობიანი მსოფლიოში ცხოვრების და ა.შ. უფლებებს.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თანასწორობის საკითხმა დიდი ყურადღება მიიპყრო და იგი ადამიანის განუყოფელ უფლებად მიიჩნევა. რაც შეეხება კოლექტიურ უფლებებად დაყოფას, ის პირობითია, რადგან ადამიანი სოციალური არსება და თითოეული პიროვნებაა, ამავდროულად, იგი წარმოადგენს რაიმე ჯგუფის ნაწილს, იქნება ეს რელიგიური გაერთიანება, პროფესიული კავშირი, რასა, ეროვნება, სქესი თუ სხვა რამ. გასაკვირი არ არის, რომ საერთაშორისო სამართალი არამარტო პიროვნების განუყოფელ უფლებებს აღიარებს, არამედ ზოგიერთ კოლექტიურ უფლებასაც, რომლითაც ამა თუ იმ ინდივიდთა ჯგუფები სარგებლობენ. გაეროს ექსპერტთა სამუშაო ჯგუფმა, საერთაშორისო დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ ზოგიერთ კოლექტიურ უფლებას, (მაგ.: განვითარების უფლება, მშვიდობის უფლება) განხორციელების თვალსაზრისით, აქვს ორივე ასპექტი - კოლექტიურიც და ინდივიდუალურიც. ეს არ ცვლის მათ ხასიათს, ისინი ასევე ჩაითვლება ადამიანის უფლებებად. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ქალთა, ბავშვთა, უმუშევართა, უმცირესობათა და ა.შ. უფლებები არ შეგვიძლია კოლექტიურ უფლებებად მივიჩნიოთ, თუმცა, მათი განხორციელება არ გამორიცხავს კოლექტიურ ასპექტს, მაგრამ, უდაოდ ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს. მათი ცალკე გამოყოფა განპირობებულია იმით, რომ ისინი მოსახლეობის ისეთი ჯგუფების უფლებებს მოიცავენ, რომლებიც მათი ფიზიკური, სოციალური ან სხვა მიზეზების გამო, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით ვერ სარგებლობენ და ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საჭიროებენ.
ასეთი მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოვლინება იყო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის დებულებები, სადაც სახელმწიფოებს, ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის აღიარების გარდა, კანონით ყოველგვარი, მათ შორის სქესის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა პირის თანასწორი და ეფექტური დაცვის უზრუნველყოფა დაევალათ.
ამ ფონზე ქალებს გარკვეული ბიძგი მიეცათ მსოფლიოში მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საინტერესოა, რომ იმავე 1966 წელს გაეროს ქალის სტატუსის შემსწავლელმა კომისიამ დაამტკიცა ანტიდისკრიმინაციული დეკლარაციის პროექტი და სულ რაღაც ერთ წელიწადში გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის პრინციპის საყოველთაო აღიარებას, როგორს სამართლებრივად, ისე ფაქტობრივადაც უზრუნველყოფს. ქალის ანტიდისკრიმინაციული დეკლარაციის მიღებამ თავის მხრივ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და მსოფლიო მასშტაბით ქალის პრობლემები წინა პლანზე წამოწია. 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციის მსგავსად, იგი ასევე არ წარმოშობდა სამართლებრივ ვალდებულებებს, მაგრამ სახელმწიფოების მხრიდან ქალის დისკრიმინაციის პრობლემების თუნდაც პოლიტიკური აღიარება მათი გადაჭრის უფრო ეფექტური გზების ძიებისათვის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
თავდაპირველად, გაეროს ფარგლებში, დაიწყო ქალის დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სისტემის ჩამოყალიბებაც. 1968 წელს, პაქტებში ჩამოყალიბებული მექანიზმების ანალოგიურად, გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ მთავრობების მიერ ქალების ანტიდისკრიმინაციული დეკლარაციის დებულებათა გამოყენების საკითხზე ანგარიშიანობის სისტემა შემოიღო. 1970 წელს კი, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო თავისი პირველი რეზოლუცია გაეროს სამდივნოში ქალებისათვის სამუშაოზე აყვანის თანაბარი შესაძლებლობების სავალდებულობის შესახებ. 1975 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მთელს მსოფლიოში, ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე აღინიშნა ქალთა საერთაშორისო წელი. განხორციელდა აქციები, რომლებიც საზოგადოებაში ქალის ღვაწლისა და თანაბარი უფლებების აღიარებას ხელს უწყობს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო პირველი მსოფლიო კონფერენცია ქალთა საკითხებზე, რომელიც მეხიკოში ჩატარდა. მასზე მიღებული მოქმედებების დასკვნითი გეგმა მოუწოდებდა მომზადებულიყო და მიღებულიყო საერთაშორისო კონვენცია სქესის ნიშნის მიხედვით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის წინააღმდეგ და მითითებულ იქნა მისი განხორციელების პროცედურები.
როგორც ვხედავთ, საერთაშორისო ასპარეზზე გამოაშკარავდა ქალის უფლებების დაცვის დამატებითი მექანიზმების საჭიროება, რადგანაც ის ფაქტი, რომ ქალი ,,კაცობრიობის ნაწილია”, მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ აღმოჩნდა. 1967 წლის ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ქალის წინააღმდეგ დისკრიმინაციის ლიკვიდაციის დეკლარაცია, 1979 წელს კი, - შესაბამისი კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (CEDAW). საქართველო მას 1994 წლის 26 ნოემბერს შეუერთდა.
კონვენციის მიხედვით, ,,ქალის დისკრიმინაცია” ნიშნავს სქესის ნიშნით ყოველგვარ განსხვავებას, გამონაკლისს ან შეზღუდვას, რაც ქალების მიერ, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო თუ ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, გამოყენების ან განხორციელების შესუსტებისა ან მოსპობისაკენაა მიმართული.
მონაწილე სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, გმობენ ქალთა დისკრიმინაციას მისი ყველა ფორმით და ვალდებულებას კისრულობენ, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი შეიტანონ თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებში ან სხვა შესაბამის აქტებში, თუ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ, და უზრუნველყონ კანონისა და სხვა შესატყვისი საშუალებებით ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელება. ამისათვის სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ მთელი რიგი საკანონმდებლო ზომები: დააწესონ სანქციები ქალთა დისკრიმინაციისათვის; ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან ქალთა ეფექტური დაცვა უზრუნველყონ; შეცვალონ ან გააუქმონ ის მოქმედი კანონები, დადგენილებები, ჩვეულებები ან პრაქტიკა, რომლებიც ქალთა დისკრიმინაციას წარმოადგენს; გააუქმონ თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულება, რომელიც ქალთა დისკრიმინაციას წარმოადგენს.
კონვენცია ძირითადად ეყრდნობა სქესებს შორის თანასწორუფლებიანობის იდეას. მასში მოცემული ბევრი დებულება განამტკიცებს ქალის პრობლემებისადმი მსოფლიოში უკვე არსებულ მიდგომას. მაგალითად, მე-4 მუხლში კვლავდაკვლავ აღინიშნება, რომ დედობის დასაცავად მიმართული სპეციალური ზომების მიღება არ შეიძლება რაიმე ფორმის დისკრიმინაციად ჩაითვალოს. სახელმწიფოები ასევე იღებენ ვალდებულებას აღკვეთონ ქალებით ყოველგვარი ვაჭრობა და ქალთა პროსტიტუციის ექსპლუატაცია. ქალი უფლებრივად გათანაბრებულია მამაკაცთან მოქალაქეობის შეძენასა, შეცვლასა თუ შენარჩუნებაში. აღიარებულია, რომ არც უცხოელზე გათხოვება, არც ქორწინების დროს ქმრის მოქალაქეობის შეცვლა არ იწვევს ცოლის მოქალაქეობის ავტომატურ შეცვლას, არ აქცევს მას მოქალაქეობის არმქონე პირად და არ შეუძლია აიძულოს იგი მიიღოს ქმრის მოქალაქეობა. შვილების მოქალაქეობის განსაზღვრისასაც დედები მამებთან უფლებრივად გათანაბრებული არიან. კონვენციამ განსაზღვრა სფეროები, სადაც მსოფლიოში ტრადიციულად ხდებოდა ქალების დისკრიმინაცია. ეს არის განათლება, დასაქმების სფერო, ჯანდაცვა, ქორწინება და საოჯახო ურთიერთობები. მასში ჩამოყალიბებულია ის სტანდარტები, რომლებიც სახელმწიფომ მსგავსი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად უნდა უზრუნველყოს.
ამ კონვენციის რატიფიკაციის დროს, მრავალმა, განსაკუთრებით არაბული სამყაროს სახელმწიფომ, გააკეთა დათქმები, რომლებიც მათ ვალდებულებისაგან ათავისუფლებდა, აღმოეფხვრათ თავიანთ ქვეყნებში ქალების დისკრიმინაცია რელიგიურ და კულტურულ საფუძველზე. დათქმების შეთავსებადობის საკითხის განხილვას, ასევე, სახელმწიფოთა მიერ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს: ა) 23 წევრისაგან შემდგარი ექსპერტთა ორგანო, რომელიც ანგარიშებს უგზავნის წევრ-სახელმწიფოებს; ბ) ქალის სტატუსის შემსწავლელი გაეროს კომისია და გ) გაეროს გენერალური ასამბლეა. კომიტეტი არ იკრიბება ხშირად და შემოიფარგლება ქვეყნების ყოველწლიური ანგარიშის ინფორმაციის დამუშავებით. კონვენციას არ გააჩნია რაიმე სახელმწიფოთაშორისო ან ინდივიდუალური პროცედურების მექანიზმი. მსგავსი შეზღუდული ფუნქციები აქვთ ბავშვის უფლებათა კონვენციის ფარგლებში შექმნილი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრებსაც. ქალის სტატუსის შემსწავლელი კომისია, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მსგავსად შედგება სახელმწიფოთა წარმომადგენლებისაგან (45 წევრი). ის ამზადებს გამოკვლევებს, ანგარიშებსა და რეკომენდაციებს ზოგადად ადამიანის უფლებებისა და ქალებთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე. თავდაპირველად, კომისია მუშაობდა ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაზე. ამჟამად, იგი უფრო ქალების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოთხოვნილებებზეა კონცენტრირებული.
2. ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური სისტემები
უნდა ვაღიაროთ, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტების მეშვეობით გაერომ შექმნა ადამიანის უფლებების დაცვის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი უნივერსალური სისტემა. მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, უნივერსალური სისტემის პარალელურად დაიწყო ადამიანის უფლებათა რეგიონალური სისტემების ჩამოყალიბებაც. დღეისათვის, ცნობილია ადამიანის უფლებათა დაცვის ოთხი რეგიონალური სისტემა: ევროპული, ინტერამერიკული, აფრიკული და აზიური. ამათგან, პირველი ორი გაეროს მოუქნელ, ხისტ და მოძველებულ მექანიზმებზე ბევრად ეფექტურია.
ა) ევროპის სისტემა
ევროპის სისტემა ჩამოყალიბდა ევროპის საბჭოს ფარგლებში. იგი ერთ-ერთი უძველესია და დღეისათვის ყველაზე ეფექტურ სისტემად ითვლება, რომელიც ადამიანის უფლებებს რეალურად იცავს.
ევროპის საბჭო შეიქმნა დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოთა მიერ 1949 წელს. ამჟამად იგი აფართოებს თავის საზღვრებს აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის მხარეს. საქართველო 1996 წლიდან სარგებლობს მოწვეული სტუმრის სტატუსით ევროპის საბჭოში. 1999 წლის იანვარში საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ამ რეგიონალურ ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად მიღების თაობაზე. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დაცვის მისი მექანიზმები ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.
ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლი მისი ყველა წევრისაგან მოითხოვს კანონის უზენაესობის პრინციპის აღიარებას, ყველა მათ იურისდიქციაში მყოფი პირთათვის უზრუნველყოს ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სისტემა ემყარება ძირითადად ორ ხელშეკრულებას, ესენია: 1950 წელს, რომში დადებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ევროპის კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1953 წელს და ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც დადებულია ტურინში, 1961 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1965 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროპის საბჭოს წესდებით არ არის განსაზღვრული, მასში წევრობა დღეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ევროპის კონვენციასთან მიერთებით არის განპირობებული. ახალი წევრებისათვის ეს სავალდებულო მოთხოვნაა. კონვენციას ახლავს 11 ოქმი, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების სახით დაიდო, მაგრამ ახალ წევრებთან მიმართებაში, ევროპის საბჭომ სავალდებულოდ მიიჩნია როგორც კონვენციასთან, ასევე ყველა დამატებით ოქმთან შეერთება.
]როდესაც ქალის უფლებებზე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის საფუძველზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ვგულისხმობთ მე-14 მუხლს - ,,დისკრიმინაციის აკრძალვა”: ,,ამ კონვენციაში ჩამოყალიბებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველგვარი, მათ შორის დამყარებული სქესის, რასის, ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ეროვნულ უმცირესობას მიკუთვნების, საკუთრების, დაბადების ან სხვა რაიმე სტატუსის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე”.
კონვენციის მე-7 ოქმში, რომელიც 1984 წელს სტრასბურგში დაიდო, ცალკე არის მოხსენიებული მეუღლეებს შორის თანასწორობა: ,,ქორწინების დღიდან, მის განმავლობაში და განქორწინების შემთხვევაში, მეუღლეებმა თანაბრად უნდა ისარგებლონ კერძო სამართლებრივი ხასიათის უფლებებითა და მოვალეობებით, როგორც ერთმანეთს შორის, ასევე შვილებთან ურთიერთობაში. ეს მუხლი არ ზღუდავს სახელმწიფოებს, მიიღონ ზომები ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მათ საკეთილდღეოდ.”
ადამიანის, მათ შორის ქალის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული დაცვის რეგიონალური სისტემა ჩამოყალიბდა ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში. ქარტიის თავდაპირველი ვარიანტი ძალაში შევიდა 1965, მას მიუერთდა ევროპის საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი.
1988 წლის დამატებითი ოქმი, რომელიც ზოგიერთ უფლებას განავრცობდა, ნაკლებად აღიარებული იყო ევროპის ქვეყნების მიერ და მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა, 1992 წელს მაინც შევიდა ძალაში. ქარტიაში მოცემული უფლებები მსგავსია გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტში ჩამოყალიბებული უფლებებისა.
ევროპის საბჭოს ბევრ დოკუმენტში აღინიშნება, რომ საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის უთანასწორობა ხელს უშლის დემოკრატიის დამყარებას. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეზოლუცია პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანასწორობის მისაღწევი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ. 1986 წელს ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის საკითხებზე შედგა ევროპის მინისტრთა კონფერენცია. მის რეზოლუციაში ხაზგასმულია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალებისა და მამაკაცების არათანაბარი მონაწილეობის საკითხი. წევრ-სახელმწიფოთა მთავრობებმა ქალების საყოველთაო მხარდაჭერისა და წინსვლის სტრატეგიის უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრეს.
ევროპის საბჭომ ასევე დიდი ყურადღება მიაქცია ხელისუფლების რეგიონალურ დონეზე ქალების წარმომადგენლობის სიმცირეს. ,,ათენის მიმართვაში”, რომელიც მიღებულია ევროპის საბჭოს კონფერენციაზე ,,ქალები ადგილობრივ და რეგიონალურ ცხოვრებაში”, აღინიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოებში ქალების არაადექვატური წარმომადგენლობა დემოკრატიის დამყარების პროცესს აფერხებს.
80-90-იან წლებში ევროპის საბჭომ ქალების თანასწორობის დასამყარებლად მრავალი ინიციატივა განახორციელა. მათგან აღსანიშნავია 1987 წელს ქალებისა და მამაკაცების თანასწორობისათვის წამყვანი კომიტეტის შექმნა, რომელმაც ქალის სტატუსის შემსწავლელი კომიტეტი შეცვალა. ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, კომიტეტი შეადგენს ადამიანის უფლებების დირექტორატის ნაწილს. კომიტეტში წევრი სახელმწიფოები წარმომადგენლად ნიშნავენ მაღალკვალიფიციურ სამართლის დარგის სპეციალისტებს და რაც მნიშვნელოვანია, მის სხდომებზე დასწრების უფლება აგრეთვე აქვთ საბჭოს არაწევრ აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოთა წარმომადგენლებსაც.
ევროპის სისტემის უდაო უპირატესობად ითვლება ქალაქ სტრასბურგში (საფრანგეთი) ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს არსებობა, რომელიც ძირითადად ინდივიდუალურ სარჩელებს განიხილავს. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს მისი დარღვეული უფლებების დასაცავად საკუთარ სახელმწიფოს უჩივლოს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანს ქვეყნის შიგნით ამოწურული აქვს დაცვის ყველა საშუალება, ანუ მიღებულია იმ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, და ამ ბოლო გადაწყვეტილებიდან გასულია არაუმეტეს 6 თვისა.
ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც წესი, სრულდება ევროპის მთავრობების მიერ. გასული ათწლეულის განმავლობაში მისი მუშაობა იმდენად ეფექტური იყო, რომ მას პრაქტიკულად ყველა საფუძველი აქვს, დასავლეთ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოდ გადაიქცეს. მისი პრეცედენტები და პრაქტიკა, თავისი მნიშვნელობით, წააგავს იმას, რასაც აკეთებს ა.შ.შ.-ს უზენაესი სასამართლო. ამასთანავე, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარმატება უდაოდ ევროპაში არსებული ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატით იყო განპირობებული.
ბ) ინტერ-ამერიკული სისტემა
ქრონოლოგიურად და ქალის უფლებების მიმართ ადამიანის უფლებების სისტემების დამოკიდებულების მიხედვითაც, პირველ რიგში, ყურადღებას იმსახურებს სწორედ ინტერამერიკული სისტემა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ქალების პრობლემატიკისადმი თავისი განსაკუთრებული ინტერესით და ჩამოყალიბების თვალსაზრისით, წინ უსწრებს თავად უნივერსალურ სისტემასაც. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ XX საუკუნის დასაწყისში ფრანგი სუფრაჟისტების მიერ წამოწყებულმა ქალის უფლებების აღიარების მოძრაობამ თავისი განვითარება ამერიკის კონტინენტზე ჰპოვა და ევროპას ბევრად წინ გაუსწრო. ინტერამერიკულმა სახელმწიფოებმა ჯერ კიდევ 1923 წელს ამერიკის სახელმწიფოთა V საერთაშორისო კონფერენციაზე (სანტიაგო, ჩილე) იმსჯელეს ქალების სტატუსის საკითხზე. კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით ,,ქალების უფლებები”, რომელიც სახელმწიფოებს რეკომენდაციას უწევდა, გადაეხედათ თავიანთი სამოქალაქო კანონმდებლობისათვის და შეეცვალათ დებულებები, რომლებიც ქალსა და მამაკაცს შორის უსამართლო უთანასწორობას ავლენდა.
1928 წელს ამერიკის სახელმწიფოთა VI საერთაშორისო კონფერენცია შეიკრიბა ქალების საკითხის განსახილველად. იქვე შეიქმნა ქალის საკითხების ინტერ-ამერიკული კომისია (CIM), რომელიც მოწოდებული იყო ამერიკის კონტინენტზე ქალების სამოქალაქო და პოლიტიკური თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მასალები მოემზადებინა. მოგვიანებით ამ ორგანიზაციის მანდატი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სწორედ მისი მეცადინეობით მოხდა 1948 წელს ბოგოტაში ორი ინტერ-ამერიკული კონვენციის მიღება: ,,ქალის პოლიტიკური უფლებების შესახებ” და ,,ქალის სამოქალაქო უფლებების შესახებ”. ამავე IX კონფერენციაზე მიიღეს მამაკაცის უფლებათა და ვალდებულებათა დეკლარაცია და პანამერიკული კავშირი გარდაიქმნა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციად (OAS). და ეს ყოველივე მაშინ, როდესაც ევროპაში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდნენ.
დღეს ქალის საკითხების ინტერ-ამერიკული კომისია წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის სპეციალიზებულ დაწესებულებას, მას აქვს ორგანული სტატუტი (წესდება) და მისი წევრები ინიშნებიან ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოების მიერ. მისი ასამბლეა იკრიბება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ბოლო წლებში ორგანიზაციამ პრიორიტეტულ საკითხად ქალის წინააღმდეგ ძალადობის საკითხი გამოაცხადა. მისი მუშაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიღწევა ქალის წინააღმდეგ ძალადობის პროვინციის, დასჯისა და აღმოფხვრის შესახებ ინტერ-ამერიკული კონვენციის პროექტის შემუშავება გახდა, რომელიც 1994 წელს იქნა მიღებული.
1948 წლის ამერიკულ სახელმწიფოთა წესდება ადამიანის უფლებების დაცვას მხოლოდ ზოგადად ეხებოდა. 1969 წელს, სანხოსეში (კოსტა-რიკა) ამერიკის ადამიანის უფლებათა კონვენციის მიღებისა და 1970 წელს ბუენოს-აირესის (არგენტინა) წესდების დამატებითი ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა.
ადამიანის უფლებების ამერიკულმა კონვენციამ მისი დებულებების შესასრულებლად დააარსა ორი ორგანო: ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისია და ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლო. თითოეული მათგანი შედგება შვიდი ექსპერტისაგან, რომლებიც მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების, და არა სახელმწიფოთა წარმომადგენლობის მიხედვითაა არჩეული.
კონვენციის მიხედვით, სასამართლოს აქვს ორი ძირითადი სამართლებრივი ფუნქცია: ერთი მოიცავს სასამართლოს უფლებამოსილებას განიხილოს დავები წევრ-სახელმწიფოთა მიერ კონვენციის დებულებათა დარღვევის თაობაზე. ამ ფუნქციის შესასრულებლად, სასამართლო განახორციელებს მის ე.წ. დავების გადაწყვეტის იურისდიქციას. სასამართლოს მეორე უფლებამოსილებას შეადგენს ამერიკის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულების ინტერპრეტაცია, რომლებიც დავების გადაწყვეტის სპეციფიკურ პროცედურას არ ითვალისწინებს. ეს არის სასამართლოს განმარტებითი უფლებამოსილება.
მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებების პრობლემები წარმოიშვა, ამერიკაში ცდილობენ მათ გადაწყვეტას უფრო მკაცრად მიუდგნენ, ვიდრე ამას აღმოსავლეთ ევროპაში აკეთებენ. ზოგიერთი ამერიკელი ავტორი, მაგალითად, თომას ბურგენტალი თვლის, რომ ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული კომისია და სასამართლო ვერ უახლოვდება იმ წარმატებებს, რასაც მათ კოლეგებმა ევროპაში მიაღწიეს. ეს სრულიად არ უარყოფს ინტერ-ამერიკული სისტემის წვლილს ამერიკის კონტინენტზე ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში, რაც უდაოა, მაგრამ მისი ამოცანა ბევრად გართულებულია რეგიონში, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში არსებული სიტუაციით. შეიძლება, მთლიანობაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, გავიზიაროთ ეს მოსაზრება, მაგრამ, რაც შეეხება ქალის უფლებების დაცვასა და განვითარებას, ინტერ-ამერიკული სისტემის მნიშვნელობა აშკარად ძალიან დიდია.
გ) აფრიკული და აზიური სისტემები
გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ამ ორი სისტემის შექმნა საკმაოდ გვიან დაიწყო. აზიური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. პირველი ნაბიჯი 1968 წელს გადაიდგა, როდესაც არაბულ სახელმწიფოთა ლიგასთან ადამიანის უფლებათა მუდმივი კომისია შეიქმნა. მას ჰქონდა მცდელობა შეემუშავებინა ადამიანის უფლებების დაცვის გარკვეული სისტემა, რომელიც ამავდროულად არაბული სამყაროს რეალობებთან იქნებოდა ადაპტირებული. ამ სახელმწიფოებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. კულტურული რელატივიზმის კონცეფცია, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ ადამიანის უფლებების საყოველთაობის კონცეფციასთან გარკვეულ წინააღმდეგობაშია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ქალების თანასწორობის საკითხი. როგორც უკვე აღინიშნა, სწორედ არაბულმა სახელმწიფოებმა გააკეთეს გაუმართლებლად ფართო დათქმები კონვენციაზე ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (CEADAW), რომლითაც თავიანთ ქვეყნებში ქალების დისკრიმინაცია რელიგიურ და კულტურულ საფუძველზე აღმოფხვრის ვალდებულებას თავიდან იცილებდნენ. 1971 წელს შემუშავდა ადამიანის უფლებათა ქარტიის პროექტი, რომელიც დღემდე არ არის ძალაში შესული. იგივე ბედი გაიზიარა 1979 წლის ადამიანის უფლებათა პაქტის პროექტმაც.
აფრიკის ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა რეგიონალური სისტემებიდან ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა. ორგანიზაციის სახით ის 1963 წლიდან ჩამოყალიბდა აფრიკული ერთობის ორგანიზაციის ფარგლებში. ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტია ძალაში შევიდა 1986 წლის 21 ოქტომბერს.
II - საქართველოს კონსტიტუციური მექანიზმები
საერთაშორისო სამართალი და სამართლებრივი ინსტიტუტები ადამიანებისა და მთავრობების ქცევებზე უდაოდ დიდ ზეგავლენას ახდენენ. სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო პროცესი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა, მათ შორის ქალის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვანია და მხარდაჭერას საჭიროებს. ის უბიძგებს და ლეგიტიმურს ხდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამ უფლებებისათვის ბრძოლას. ის გარკვეულწილად ზღუდავს მთავრობებს რეპრესიული ღონისძიებების მიღებაში, და სთავაზობს საზოგადოებას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია შევაფასოთ და დავგმოთ ადამიანის უფლებების დარღვევები.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ (1991 წ. 9 აპრილი) ბიძგი მისცა ჩვენს სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის ჩამოყალიბებას. ჯერ კიდევ ახალი კონსტიტუციის მიღებამდე, 1992 წელს, ახლადარჩეულმა რესპუბლიკის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ - პარლამენტმა აღიარა საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების უპირატესობა ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი ნორმების წინაშე. საქართველო შეუერთდა მრავალ მნიშვნელოვან დოკუმენტს ადამიანის უფლებების დარგში, მათ შორისაა: სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (1994 წ. 25 იანვარი), ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (1994 წ. 25 იანვარი), კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (1994 წ. 22 სექტემბერი) კონვენცია შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ (1995 წ. 4 მაისს), კონვენცია მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ (1996 წ. 29 მაისს). ამ საერთაშორისო დოკუმენტებთან მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება, თავისი შიდა სამართალი საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოეყვანა.
1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ იქნა საქართველოს ძირითადი კანონი - კონსტიტუცია, რომლის პრეამბულაში ნათქვამია: ,,საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ...... აცხადებენ ამ კონსტიტუციას,” ხოლო მეორე თავი მთლიანად მიეძღვნა საქართველოს მოქალაქეობას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მეორე თავში წარმოდგენილია თითქმის ყველა უფლებანი და თავისუფლებანი, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში მოცემულია, მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავებანი. მაგალითად დეკლარაციისაგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ კრძალავს მონობას და მონობით ვაჭრობას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მონობასთან მიმართებაში სახელმწიფო იყენებს პრინციპს ,,დაშვებულია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის”. ამის დასტურად კონსტიტუციის მე-7 მუხლშია მითითებული, რომ ,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა შევადაროთ ჩვენი კონსტიტუცია და ზოგიერთი საერთაშორისო დოკუმენტი ზოგადად ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ქალის უფლებების სფეროში.
კონსტიტუციაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტისა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის ტექსტებში გატარებულია ყველა ადამიანის თანასწორობის იდეა. მისი მე-14 მუხლი ამტკიცებს, რომ: ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასის, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.” აქედან გამომდინარე, მასში ჩამოთვლილი უფლებები, ისეთი, როგორიცაა სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება; დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში დარღვეული უფლების აღდგენა; პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობა და მრავალი სხვა, მიჩნეულია ადამიანის ძირითად უფლებებად, რომლებიც მას დაბადებიდანვე აქვს მინიჭებული.
ამასთანავე, კონსტიტუცია საერთაშორისო დოკუმენტებისაგან განსხვავებით თითქოს განგებ გაურბის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხის გამოკვეთას. შედარებისათვის, საყოველთაო დეკლარაცია ხაზს უსვამს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას სამუშაოს ანაზღაურების, ასევე ოჯახის შექმნის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დედებისა და ბავშვების სოციალური დაცვის უფლებას. ორივე პაქტში საგანგებოდაა მოხსენიებული სახელმწიფოების ვალდებულება, უზრუნველყონ მამაკაცებისა და ქალებისათვის თანასწორი უფლება, ისარგებლონ ყველა მოქალაქეობრივი და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებით. მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მე-14 მუხლი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, როდესაც დასაშვებია ზოგიერთი კატეგორიის უფლების დროებითი შეზღუდვა, დაუშვებელია რაიმე ზომების გამოყენება, რომელთაც მოჰყვება დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის და ა.შ. საფუძველზე.
მართალია, ჩვენს კონსტიტუციაში მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი დაფიქსირებულია, მაგრამ ძალიან სუსტი ფორმით. შედარებისათვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ რუსეთის ფედერაციის მოქმედი კონსტიტუცია, რომლის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ ,,ქალებსა და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები და მოვალეობები და მათი რეალიზაციის თანაბარი შესაძლებლობები.” რაც შეეხება ცალკე ქალის (ორსული ქალის ან დედის) უფლებების დაფიქსირებას, სხვადასხვა სფეროში, საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ორჯერ მოიხსენებს მას. პირველად შრომის უფლებებთან მიმართებაში: ,,შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით.” ხოლო მეორედ, 36-ე მუხლში: ,,დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით,” როგორც ვხედავთ, ორივე შემთხვევაში კანონმდებელი იყენებს ბლანკეტურ ნორმებს და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეისათვის ეს ნორმები ჯერ კიდევ არ არის რაიმე შინაარსით დატვირთული, მივხვდებით, თუ რაოდენ ნაადრევია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ქალის უფლებების სრულყოფილ დაცვაზე საუბარი.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქალის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების განხორციელების სფეროში. ეს შეეხება სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას, ავადმყოფობის, ორსულობისა და მშობიარობის, ინვალიდობის, უმუშევრობის გამო დახმარებების მიღების უფლებას.
საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცავს ზემოაღნიშნული სოციალური უფლებების ჩამონათვალს. სამედიცინო დაზღვევის თაობაზე კონსტიტუციის 37-ე მუხლი ამბობს: ,,ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება”. ასეთი არაკონკრეტული ფორმულირება ნაკლებად უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის ამ უფლების გამოყენების საშუალებას.
საერთაშორისო დოკუმენტებისაგან განსხვავებით, ჩვენი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს დასვენების უფლებასა და სათანადო ცხოვრების განსაზღვრული დონის უფლებას. ეს ბუნებრივიცაა. საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, თავისი ძირითადი კანონის მიღებისას, იძულებული იყო გაეთვალისწინებინა არსებული ეკონომიკური და სხვა რესურსები და არ აეღო თავის თავზე იმაზე მეტი ვალდებულება, რომლის შესრულების საშუალება ჰქონდა. ასეთი მიდგომა სრულიად გამართლებულია საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლიდან გამომდინარე, სადაც ნათქვამია: ,,ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს თავისი ღირსების შენარჩუნებისა და თავისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის აუცილებელი უფლებები .... ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად.” ამავდროულად, კონსტიტუციის მე-7 მუხლის მიხედვით, ,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს”. კონსტიტუცია სახელმწიფოს ანიჭებს მათ პირდაპირ, უშუალო მოქმედების ძალას. ამრიგად, სახელმწიფო ცნობს და იცავს იმ უფლებებსა და თავისუფლებებსაც, რომლის თაობაზეც კონსტიტუცია თითქმის არაფერს ამბობს. მაგრამ საამისოდ კანონმდებელს წამოყენებული აქვს ორი კრიტერიუმი, რომლებიც უკეთ არის ჩამოყალიბებული კონსტიტუციის 39-ე მუხლში: ,,საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან”. ანუ უფლება უნდა იყოს საყოველთაოდ აღიარებული და გამომდინარეობდეს კონსტიტუციის პრინციპებიდან. აქ ვაწყდებით გარკვეულ წინააღმდეგობას: ერთ შემთხვევაში (მუხ. 7) სახელმწიფო ,,ცნობს და იცავს” მათ, ხოლო მეორეში (მუხ.39) მხოლოდ ,,არ უარყოფს”.
საქართველოს სამართლის სისტემაში უკვე გამოიკვეთა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ორი ჯგუფი. პირველში შეგვიძლია გავაერთიანოთ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, ხოლო მეორეში, ის, რომელთაც საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ მოიხსენიებს. ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ადამიანის უფლებათა დარგში საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და საყოველთაოდ აღიარებული ნორმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა მონაწილეცაა საქართველო.
ადამიანის უფლებების სფეროში რომელიმე ხელშეკრულებასთან შეერთებისას, სახელმწიფოებს ან თავის ეროვნულ კანონმდებლობებში პირდაპირ შეჰყავთ მისი ნორმები ან მათი სხვა გზით შესრულების ვალდებულებას კისრულობენ. ამიტომ, ბევრი სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასახვას ჰპოვებს ადამიანის უფლებების, მათ შორის ქალის უფლებების სფეროში საყოველთაოდ აღიარებული ნორმები და სტანდარტები.
მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ ადამიანის უფლებების სფეროში არსებული საერთაშორისო ნორმების ადგილი საქართველოს სამართლებრივ სისტემაში. ამისათვის კი, საჭიროა გადავხედოთ საქართველოში საერთაშორისო სამართლის პრიმატის პრინციპის ჩამოყალიბებას.
საერთაშორისო სამართალი proprio vigore არ მოქმედებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქ მას არა აქვს საკუთარი იურიდიული ძალა. იმისათვის, რომ საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმაში დაფიქსირებულმა წესმა ეროვნული სამართლის ნორმის ძალა შეიძინოს, იგი შიდა სამართლის ნორმად უნდა იქცეს. ამის უფლება კი, შესაბამისი შიდასამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, მხოლოდ ტერიტორიულ სუვერენს აქვს. საერთაშორისო სამართლის თეორიაში ამ მოვლენას, კერძოდ კი შიდასა-მართლებრივი აქტების გამოცემის მეშვეობით სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მეთოდებს, ტრანსფორმაცია ეწოდება (ზოგიერთი მკვლევარი უწოდებს ტრანსფორმაციას ,,იმპლემენტაციას”).
საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოს მიერ თავისი სამართლებრივი სისტემის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლების აღიარებასთან ერთად ადგენს, რომ სახელმწიფო, მისი სუვერენული უფლებების, მათ შორის კანონების მიღების უფლების განხორციელებისას, უნდა ითვალისწინებდეს თავის საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს.
1995 წლის კონსტიტუციის მიღებით, საქართველოში კვლავ დაფიქსირდა საერთაშორისო სამართლის პრიმატის პრინციპი. კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ,” მაგრამ, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს კონსტიტუციამ მიანიჭა პირდაპირი მოქმედების ძალა: ,,... ხელისუფლების განხორციელებისას, ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”1.
სამწუხაროდ, კონკრეტული უფლებების არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი, თუ ამავდროულად სპეციალური სამართლებრივი ინსტიტუტები არ არსებობს, რომლებიც ამ უფლებების ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს.
ინსტიტუციონალურ დონეზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა შემოიფარგლება ომბუდსმენისა და მისი აპარატის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაარსებული ადამიანის უფლებათა კომისიის და პარლამენტში შესაბამისი კომიტეტის არსებობით. ეს ინსტიტუტები საკმაოდ ახალი და სუსტია და მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებში ჩამოყალიბებულ ეროვნულ სისტემებს ვერ შეედრება. რაც შეეხება უშუალოდ ქალების უფლებების დარღვევას, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილების, პენსიონერების, სხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფების დარღვეულ უფლებათა ფონზე, ის არ განიხილება სახელმწიფოსათვის პირველხარისხოვან პრობლემად. შესაბამისად, ეს აისახება ეროვნული ინსტიტუტების მუშაობაშიც. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან ქალის უფლებრივი მდგომარეობის გაშუქებაში საკმაოდ ბევრი იმუშავა აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულმა ადამიანის უფლებათა კომისიამ, რომელმაც გაეროს ქალის სტატუსის შემსწავლელ კომისიაში წარსადგენად საქართველოს მიერ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის დებულებათა აღსრულების თაობაზე ოფიციალური ანგარიში-მოხსენება მოამზადა.
როგორც ვხედავთ, საქართველოში საკმაოდ ნელა ყალიბდება ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სისტემა. და სამწუხაროდ, ეს არამარტო ადამიანის უფლებების დამცავ ინსტიტუტებს შეეხება, არამედ თავად მატერიალურ ნორმებსაც. სისტემა ჯერ კიდევ სუსტია და ხშირად, წინააღმდეგობრივი, თუმცა, მისი არსებობა უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.
მართალია, კონსტიტუციაში მოხსენიებული ქალის უფლებების დამცავი ნორმები, ძირითადად ბლანკეტური ხასიათისაა და ეს სიცარიელე ჯერ კიდევ საკანონმდებლო დონეზეც კი არ არის შევსებული, მაგრამ საერთაშორისო სამართლის პრიმატისა და ადამიანის უფლებების განსაკუთრებული სტატუსის აღიარებით კონსტიტუცია გვაძლევს საშუალებას ჩვენი უფლებების დასაცავად მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები.
______________________
1. საქართველოს კონსტიტუცია, თბ., 1995 წ. მუხ.7
![]() |
3 ძალადობა ოჯახში და ქალთა სოციალური პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი ყიფშიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი
ქალთა დისკრიმინაცია (ლათინური სიტყვიდან discriminatio - განსხვავება) ნიშნავს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სქესობრივი ნიშნის მიხედვით უფლებების შეზღუდვას ან ჩამორთმევას, კერძოდ: შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სულიერსა თუ საოჯახო-საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში. სოციალურ დისკრიმინაციას მივყავართ ქალის სოციალური სტატუსის დაქვეითებისაკენ, ამასთან, იგი წარმოადგენს პიროვნებაზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას.
სოციალური დისკრიმინაციის სათავე უნდა ვეძებოთ უშორეს წარსულში. ადრეულ პერიოდში, პოლიტიკოსები და მეცნიერები ცდილობდნენ შეენიღბათ საზოგადოებაში ქალის არათანაბარი მდგომარეობა, მისი უფლებების შეზღუდვა და ექსპლუატაცია, იმაზე კამათით, იყო თუ არა საერთოდ ქალი ადამიანი და ჰქონდა თუ არა სული. შეხედულებამ ქალზე, როგორც არასრულყოფილ არსებაზე, თავისი გამოხატულება ჰპოვა ძველი მსოფლიოს თეოლოგთა და ფილოსოფოსთა ნაშრომებშიც. ქალზე მამაკაცის უხეში, პრიმიტიული უპირატესობის გრძნობა სოკრატემ შემდეგი სიტყვებით გამოხატა: ,,სამი რამ შეიძლება ჩათვალო ბედნიერებად: რომ არა ხარ მხეცი, რომ ხარ ბერძენი და არა ბარბაროსი და რომ ხარ მამაკაცი და არა - ქალი”.
სოკრატეს დროიდან გავიდა თითქმის ორნახევარი ათასწლეული, მაგრამ ჩვენს თანამედროვეობაშიც ბევრი სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, მათ შორის, სოციოლოგები, გამოდიან თვით ცნების ,,ქალთა სოციალური დისკრიმინაციის” წინააღმდეგ. ზოგადად, საზოგადოებისთვის მას ცვლიან, როგორც მამაკაცის თანასწორად უფლებებისათვის ბრძოლის სახელით. მაგრამ ეს არ არის ერთი და იგივე. სქესთა თანასწორუფლებიანობისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია ქალის უფლებებისა და ინტერესების ყოველგვარი შეზღუდვის გადალახვა.
ადამიანისა და მისი უფლებების უზენაესობა და წარუვალობა აღიარებულია მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. საერთაშორისო კონვენციებით, ცალკეული ქვეყნების კონსტიტუციებითა და ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფილია პიროვნების უფლებათა დაცვა. ქალის უფლებები ადამიანის უფლებების განუყრელი ნაწილია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქალიც ადამიანია. თავისთავად ცხადია, ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ სწორედ ქალის უფლებების შელახვა - გაუპატიურება ომების დროს, რაც კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ხდებოდა, ეკონომიკური ექსპლუატაცია, რელიგიურ და კულტურულ ნიადაგზე ქალის თავისუფლების შეზღუდვა, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების სახელმწიფო ორგანოების მიერ გვერდის ავლა გვაფიქრებინებს იმას, რომ მრავალი არ აღიქვამს ამას, როგორც ჭეშმარიტებას. ოჯახი, ერთის მხრივ, ის ინსტიტუტია, სადაც პიროვნებაზე ზრუნვისა და დაცვის პოზიტიური პროცესი უნდა განვითარდეს. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის სივრცე, სადაც შეიძლება შეილახოს ადამიანის უფლებები, ადგილი ჰქონდეს ძალადობას ოჯახის წევრებს შორის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ოჯახში ხშირია კონფლიქტები და დანაშაულის ფაქტები. ოჯახი პიროვნებასთან დაკავშირებულია არა მხოლოდ სამსახურის მსგავსად რომელიმე შეზღუდული ასპექტით, არამედ პიროვნებას ოჯახი განიხილავს როგორც ,,მთლიანს”, ე.ი. მოიცავს მისი ცხოვრების ყველა სფეროს. უთანხმოება, რომელიც მუსიკის სხვადასხვა მიმართულების გამო კოლეგებს შორის შეიძლება მოხდეს, სხვაგვარ ემოციურ დატვირთვას იწვევს ოჯახში. ცოლ-ქმრული ცხოვრების თანმხლები კონფლიქტები ხშირ შემთხვევაში პარტნიორების გამო ხდება. ამ მიმართულებით შესაბამისი სტრუქტურები არ უზრუნველყოფენ პიროვნების დაცვას. სახელმწიფო და პოლიცია თვლის, რომ ოჯახური პრობლემები თავად ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახში ძალადობა ცალკე პუნქტად არ არის გამოყოფილი და დანაშაულის საერთო კატეგორიაშია განხილული. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, ვინც ცოლის ცემას სრულიად ბუნებრივ ოჯახურ მოვლენად მიიჩნევენ.
რას ნიშნავს ძალადობა? ეს არის არამარტო ფიზიკური ძალმომრეობა, არამედ პიროვნების შეურაცხყოფა და მისი აბუჩად აგდება. ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით, იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი. მაგრამ ოჯახში ძალადობა სხვა სახის ძალადობისაგან იმითი განსხვავდება, რომ იგი ოჯახის ფარგლებს საერთოდ არ სცილდება. სამართალდამცავი ორგანოებისათვის ამგვარი ძალადობის მხოლოდ 10%-ია ცნობილი. ძალზე სახიფათოა ის გარემოებაც, რომ ნათესავები ხშირად მალავენ ფაქტებს, რაც თავისთავად მოძალადეს ახალი დანაშაულისაკენ უბიძგებს.
საქართველოში ქალი, უპირველესად, აღიქმება როგორც დედა და ოჯახის მომვლელი. ოჯახსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის მისაღწევად აუცილებელია გადაისინჯოს ქალისა და მამაკაცის ტრადიციული როლი და დაიმსხვრეს სტერეოტიპები, რომლებიც ერთი სქესის არასრულფასოვნების, ანდა აღმატების იდეას ეყრდნობა. ძალადობა ქალზე მრავლისმომცველი ცნებაა და რამდენიმე ასპექტს აერთიანებს - ფსიქოლოგიურს, იურიდიულს, სოციალურს.
იურისპრუდენციაში მიღებული მისი ზოგადი განმარტება ასეთია:
ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი.
ეს დეფინიცია დიდ სოციალურ სისტემებზეა გათვლილი. ოჯახი სახელმწიფოს საფუძველია, რაც გარკვეულ მიკროსისტემას ქმნის - სახელმწიფო სახელმწიფოში. მაკრო და მიკრო სისტემებს შორის გასაოცარი კანონზომიერება არსებობს, ერთის მდგომარეობა და კეთილდღეობა განსაზღვრავს მეორის მდგომარეობასა და კეთილდღეობას, და პირიქით. ამდენად, ძალადობის განმარტება ოჯახზეც ვრცელდება, ოღონდ მოქმედების შემცირებული მასშტაბით.
ოჯახში ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა (ცემა), სექსუალური ძალადობა, მუქარა, ემოციური ძალადობა (სისტემატური ყვირილი, გინება), საზოგადოებისგან იზოლაცია, რაიმე ქმედების მუქარით აკრძალვა, დაშინება და ა.შ.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (პირობითად ასე ვუწოდოთ მათ) შეიძლება იყოს ქალი, ბავშვი, ინვალიდი, მოხუცი და, იშვიათად, მამაკაცი. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე და მშობლების - შვილებზე. პარადოქსია, რომ ქალებზე ძალადობას სწორედ ის მამაკაცები ჩადიან, რომლებიც, როგორც წესი, მათი სიყვარულის წყარო და ემოციური და ფინანსური მხარდამჭერნი არიან. ცოლზე ძალადობის ბევრი მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ ძველ ხელნაწერებში, რომის იმპერიის, შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ცხოვრების აღწერებში. კრიმინოლოგები და საზოგადოება 1970 წლამდე თითქმის სრულიად უარყოფდნენ ამ ფაქტს. ქართულ სინამდვილეში, ქუჩაში ქალის სასტიკად ცემა საზოგადოების მხრიდან აღშფოთებასა და რისხვას იმსახურებს, მაგრამ, თუ იგივე ხდება ოჯახში, ეს, ჯერ ერთი, გარეშეთა თვალისაგან დაფარულია, მეორეც, საზოგადოება ამას უყურებს როგორც მის შინაურ საქმეს. ტრადიციულად ოჯახი ხელშეუხებელია და მის საქმეებში ჩარევა ცუდ ტონად ითვლება. თითქმის არავინ უჩივის ქმარს სასამართლოში ცემისათვის ან სექსუალური ძალადობისათვის. სჯობს, მოიტყუო, როგორ მიარტყი თავი კედელში გამოშვერილ საგანს, თვალიც ამიტომ გაქვს ,,დალურჯებული”. ტყუილს განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: არავის სიამოვნებს გააგებინოს სხვებს, როგორ ცემს და ამცირებს ქმარი, თანაც, გამორიცხული არ არის საზოგადოების მხრიდან ასეთი რეაქცია: „ხედავთ, სადამდე მიიყვანა ქმარი? ცემს კიდეც,” ან კიდევ: - ,,ვინ არის ეს სულელი, რატომ არ ტოვებს ასეთ ქმარს?” უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მოკლედ, ქალს უჭირს, დატოვოს ქმარი, იგი ამჯობინებს მოითმინოს ბავშვების, ახლობლების, ეკონომიური გაჭირვებისა და სხვა ფაქტორების გამო, რითაც ოჯახის დანგრევას უფრთხილდება. მართალია, ოჯახის ნგრევა ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ, როცა ქმარი გაუთავებლად ამცირებს ცოლს, სცემს და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს (,,ნასვამი იყო, ცუდი ბავშვობა ჰქონდა, ვერ უძლებს ეკონომიკურ კრიზისს და ნერვები არ ჰყოფნის” - თითიდან გამოწოვილი არგუმენტებია ძალადობის გასამართლებლად), ნუთუ ასეთი ოჯახი შეიძლება ,,დაუნგრეველ” ოჯახად ჩაითვალოს? წარმოიდგინეთ ასეთ ოჯახში ბავშვების მდგომარეობა; ისინი ხომ ყოველი ასეთი სცენის შემდეგ ,,ინგრევიან”: შიში, შეურაცხყოფა, დეპრესია, საკუთარი ღირსების დაკარგვა, უბედურება, ნერვოზები, სიბრაზე, აგრესია - აი, რაც ოჯახში ძალადობას თან ახლავს და თაობიდან თაობაში გადადის. მოზარდებისათვის, რომლებიც ასეთ გარემოში იზრდებიან, ძალადობა ხდება ურთიერთობის ფორმა, არა მარტო ოჯახის წევრებთან, არამედ ყველა გარშემომყოფებთანაც. ოჯახში, სადაც ძალადობენ ქალზე, ძალადობენ ბავშვებზეც. ისინი ძალადობის დავიწყებული მსხვერპლები არიან.
ყველა მამაკაცი არ არის მოძალადე, მოძალადეები არიან ქალებიც. ამისათვის განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი შექმნა ეკონომიკურმა კრიზისმა. მამაკაცის ტრადიციული ფუნქცია ოჯახის რჩენა, საფუძველგამოცლილი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ქალის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ესკალაციას (წყევლა, გაუთავებელი სკანდალი, არგუმენტი: ,,ბავშვები შიმშილით კვდებიან” და ა.შ.). ამ დროსაც ბავშვები ძალადობის დავიწყებული მსხვერპლები არიან. დამცირებული პიროვნება აგრესიული ხდება და ეს აგრესია სხვადასხვა გზით გადადის ბავშვებზე - პირდაპირ ან არაპირდაპირ. დანაშაულის სოციოლოგიაში დიდი ხანია ცნობილია, მშობლებს შორის ურთიერთობის ფორმა ძალიან ხშირად პირდაპირ კავშირშია იმ კრიმინალთან, რასაც ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები ჩადიან. პიროვნების ჩამოყალიბების კლასიკური თეორია ამბობს - ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია ორივე მშობელი - დედა, მამა და ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობები. ადამიანები თავის ცნობიერს ავითარებენ იმის გავლენით, თუ რამდენად იღებენ და სჯერათ მათ ,,სხვების მრავალმნიშვნელოვნება”. ოჯახი არის პირველადი სივრცე, რომელიც როგორც ,,სხვების მრავალმნიშვნელოვნება” მოქმედებს. და თუ მშობლების სოციალურ როლს, როგორც დანაშაულებრივს, შვილი მემკვიდრეობით იღებს, მაშინ მომავალში მისი დანაშაულებრივი ქმედება გარდაუვალია. ამიტომაც, ძალადობა ოჯახში საკმაოდ მტკივნეული სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემაა. პლატონი ამბობდა, ,,ბავშვის მოქალაქედ აღზრდა ძუძუს წოვიდან იწყებაო”.
ფიზიკური ძალადობა უფრო თვალნათლივ ჩანს, ემოციური და მორალური ძალადობა კი ნაკლებშესამჩნევია. მეუღლეებს შორის ფსიქოლოგიურ აგრესიას თან ახლავს ისეთი შეურაცხყოფა, როგორიცაა მუდმივი კრიტიკა: ,,რა მსუქანი, შეუხედავი და ზარმაცია მეუღლე, ანდა როგორი უუნარო და უსაქმურია იგი”. ამ მიმართულებით კი სისტემატურ ფსიქიურ ზეწოლას თავისი დიდი დამაჯერებელი გავლენა აქვს. ეს მძიმე ფსიქიური ჭრილობაა პიროვნებისათვის, ხანდახან შეუხორცებელიც და არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე სილის გარტყმა, ან სხვა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამგვარმა ქმედებამ შეიძლება შეურაცხყოფილ ადამიანში პირადი ღირსების დაკარგვაც გამოიწვიოს.
ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგების გაანალიზებისას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიის, კულტურის, ტრადიციისა და ჩვეულებების გათვალისწინებას. ძალადობის ფენომენი ქართულ კულტურაში რამდენადმე დაცულია ტრადიციით. ქართულ ოჯახში ქალი არის დაქვემდებარებული და მისი სოციალური სივრცე დადგენილია ერთხელ და სამუდამოდ. ამდენად, საზოგადოება ხშირად უპასუხოდ ტოვებს ძალადობის ფაქტებს, რომლებიც დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმით თავად მასვე უბრუნდება.
ძალადობასთან დაკავშირებით არსებობს მითები და სინამდვილე. ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში, ლოთობა, უმუშევრობა და მძიმე ბავშვობა არ შეიძლება იყოს ძალადობის გამართლება. მითი იმის შესახებ, რომ ქალები ქმრისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ცემას თვითონ იმსახურებენ, თავისთავად შემზარავია. ცოლი ადამიანია, ის არ არის ნივთი, ან კუთვნილება. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ ოჯახში ძალადობა დიდი სოციალური პრობლემაა, მისი ფესვები გენდერულ სტერეოტიპებშია გადგმული. მითი იმის შესახებ, რომ ქალების უმეტესობა მაზოხისტია, ან მას დიდ სიამოვნებას ჰგვრის ქმრის მიერ ცემა და ამას აღიქვამს სიყვარულის გამოხატულებად, ასევე შემზარავია. არსებობს ათასი მიზეზი, რის გამოც ქალი ვერ მიდის ქმრისგან: საცხოვრებელი, ბავშვების რჩენის პრობლემა, ფინანსური დახმარება და ა.შ. ეს კი სულაც არ მოწმობს იმას, რომ ის მაზოხისტია.
საქართველოში, უფრო მეტად პერიფერიებში, ჯერ კიდევ არსებობს ქალის მოტაცების ტრადიცია, რაც თავისთავად კრიმინალია და კანონით ისჯება. მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი ამბობს თავის სიტყვას: - ბევრს მიაჩნია, ,,მოტაცებული” ქალის ოჯახში მობრუნება მასაც (ქალსაც) და ოჯახსაც ,,ჩრდილს” აყენებს; ადგილი აქვს ქალზე მორალურ ზეწოლას, რომ არ დაბრუნდეს შინ და ბედს დაემორჩილოს. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა მაშინაც, როცა ახალგაზრდა ქალს ქმართან გაყრა სურს. ქმარგაცილებული ქალი რამდენადმე ათვალწუნებულია და სწორედ საზოგადოების მხრიდან მენტალური (საზოგადოების შეხედულებების გამო პიროვნულობის დათრგუნვა) ძალადობა აიძულებს, ბედს შეეგუოს. ოჯახში მომხდარი დანაშაულის ფაქტი ხშირ შემთხვევაში სასამართლომდე არ აღწევს.
საერთაშორისო კონვენციები იცავს ქალს, დამოუკიდებლად მიიღოს შემდეგი სახის გადაწყვეტილებები: ვისთან იცხოვროს და როგორ წარმართოს ოჯახური ცხოვრება; გათხოვდეს თუ არა; ვის გაჰყვეს ცოლად; გააჩინოს თუ არა შვილი კანონიერი ქორწინების გარეშე (რეპროდუქციის უფლება); რამდენი შვილი გააჩინოს; გაცილდეს თუ არა ქმარს და რა ვითარებაში; ფლობდეს თუ არა საკუთრებას და განკარგოს იგი თავისი სურვილის შესაბამისად და ა.შ. სოციალური ინსტიტუტები (ოჯახის ჩათვლით), მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, კულტურული და რელიგიური ჯგუფები, ხანდახან სახელმწიფოც, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზღუდავენ ქალის არჩევანს.
პირდაპირი შეზღუდვებია:
- კანონები ან ჩვეულებები, რომლებიც ქალს სხვა ეროვნების ადამიანზე თავისი ნებით გათხოვებას უკრძალავს;
- ქორწინებისა და განქორწინების პრაქტიკა, რომელიც ქალის უფლებებს საკუთრებაზე, მის კონტროლსა და მემკვიდრეობით მიღებას ზღუდავს;
- ქორწინების გარეშე შვილის გაჩენის უფლების შეზღუდვა (აქ დომინირებს საზოგადოებრივი აზრი).
რაც შეეხება არაპირდაპირ შეზღუდვებს:
- სახელმწიფოს შეუძლია შეღავათებით წააქეზოს მრავალშვილიანობა, ხოლო მათი შეზღუდვით - ასევე წარმატებულად უბიძგოს ქალს, ჰქონდეს პატარა ოჯახი.
- სახელმწიფოს კონტროლი შობადობაზე, აბორტებსა და სქესობრივ აღზრდაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მანიპულაციის ჩათვლით.
ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობის ყველა ფორმა ეწინააღმდეგება გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას (პუნქტები: 1, 3, 5, 12, 28) და გაეროს გენერალური ასამბლეის ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციას (1979 წლის 18 დეკემბერი, პუნქტი 16), ქალის წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის დეკლარაციას (რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა გენერალური ასამბლეის მიერ მესამე კომიტეტის მოხსენების შემდეგ, 1993 წლის 20 დეკემბერი, 85-ე პლენარული სხდომა). ამ დეკლარაციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პირველი და მეორე პუნქტები:
პუნქტი I
მოცემული დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინი ,,ქალის მიმართ ძალადობა” მოიცავს ნებისმიერი ძალადობის აქტს, ჩადენილს სქესობრივი ნიშნის საფუძველზე, რომელიც ქალს აყენებს ან რომელმაც შეიძლება მიაყენოს ფიზიკური, სექსუალური ან მორალური ზარალი და ტანჯვა, ანდა მუქარას, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ აქტებს, იძულება ან თავისუფლების თვითნებური შეზღუდვა საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
პუნქტი II
განიხილება: ა) ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქიური ძალადობა, რომელსაც ადგილი აქვს ოჯახში, ცემისა და სექსუალური იძულების ჩათვლით; ბ) ძალადობა, რომელიც აზიანებს ქალის სასქესო ორგანოებს; გ) ტრადიციული ძალადობის სხვა სახეები, რომლებიც მორალურ ან ფიზიკურ ზიანს აყენებს ქალს, ძალადობა, რომელიც დაკავშირებულია ექსპლუატაციასთან.
ოჯახში ძალადობის, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის, განხილვის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებები არ ირღვევა. ისინი ადამიანის უფლებებს მოიაზრებენ მხოლოდ სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთობის დროს და არა პირად ცხოვრებაში. გამოდის, რომ ომების პერიოდში ქალზე ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევის სფეროში ექცევა, ხოლო ოჯახში ძალადობის ფაქტები კი ასეთ ოპონენტთა ყურადღების მიღმა რჩება, რადგან მოძალადედ ითვლება პიროვნება და არა სახელმწიფო.
დღესდღეობით, მთელი ცივილიზებული სამყარო ოჯახში ძალადობას ადამიანის უფლებების დარღვევად თვლის, რაც დიდი ბრძოლის შედეგად არის მიღწეული. გაერომ, სხვა საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ორგანიზაციებმა ცნეს ადამიანის უფლება - იცხოვროს ძალადობის (მათ შორის ოჯახშიც) გარეშე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ამ მხრივ ეტაპობრივად გადადგა შემდეგი ნაბიჯები:
ვენის დეკლარაციის მოქმედების პროგრამაში ჩართული იყო თავი ,,ქალებზე ძალადობის შესახებ” (ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ანგარიში, 1993);
1993 წელს გაერომ მიიღო სპეციალური დეკლარაცია ,,ქალის წინააღმდეგ ყოველგვარი ძალადობის აღმოფხვრის შესახებ”;
1994 წელს გაერომ დანიშნა სპეციალური მომხსენებელი ქალის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებზე (ფაქტების შეგროვება და ინფორმაციის დამუშავება);
აქვე მინდა მოვიყვანო ,,ქალის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის დეკლარაციის” განმარტებები:
I. დეკლარაცია ითხოვს:
ტერმინის - ,,ძალადობა ქალზე” მკაფიო და მრავალმხრივ განსაზღვრებას; მკაფიო კანონმდებლობას, რომელიც ქალს ძალადობისაგან იცავს; სახელმწიფოს მხრიდან თავისი მოვალეობების მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ შესრულებას; ძალადობის აღმოფხვრის საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას;
II. დეკლარაცია სიტყვა ,,ძალადობას” ფართო გაგებას ანიჭებს. მნიშვნელობა არა აქვს, სად იქნება ჩადენილი - ,,სახალხოდ” თუ ,,ოჯახში”.
III. დეკლარაციაში ლაპარაკია სახელმწიფოს მხრიდან ორი სახის ვალდებულებაზე: პასუხისმგებლობა ძალადობაზე, რომელიც ჩადენილია სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან;
პასუხისმგებლობა ძალადობის აქტზე, რომელსაც ჩადის კერძო პირი და რომელზეც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას არ ახდენს;
IV. სახელმწიფოები გაფრთხილებულები არიან, რომ კულტურაზე, ტრადიციებსა და რელიგიაზე დაყრდნობით არ შეიძლება უმოქმედობის გამართლება;
V. დეკლარაციაში ხაზგასმულია, სახელმწიფოები ვალდებული არიან ბიუჯეტში გამოყონ გარკვეული თანხა ქალზე ძალადობის აღმოსაფხვრელად;
VI. ვინაიდან მხოლოდ დასჯა პრობლემას არ წყვეტს, დეკლარაცია გაეროს წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს, ხელი შეუწყონ ამ პრობლემით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, შეიმუშაონ შესაბამისი საკანონმდებლო აქტები;
VII. სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მოამზადონ სწავლების სპეციალური კურსი, სასკოლო განათლების სისტემაში შეიტანონ შესატყვისი ცვლილებები.
იმის გასარკვევად, რამდენად თვლის საზოგადოება ოჯახში ძალადობას სოციალურ პრობლემად, ორგანიზაციამ ,,ქალები დემოკრატიისათვის” გააკეთა მცირე გამოკითხვა შემდეგი კითხვარის მიხედვით:
თვლით თუ არა ოჯახში ძალადობას (ცემა, შეურაცხყოფა, გინება, მუქარა, საზოგადოებისაგან იზოლაცია, ფინანსური კონტროლი) საერთო სოციალურ პრობლემად?
გამოკითხული იყო 100 რესპოდენტი: 60 თბილისში, 40 - იმერეთის რეგიონში. გამოკითხულთა 80%-მა უპასუხა - ,,არ ვიცი”, 17%-მა - ,,დიახ”, 3%-მა - ,,არა”. ამ მცირე გამოკითხვამაც კი ცხადყო, რომ საზოგადოება ოჯახში ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს, არ იცის, რამდენად არის ეს მისი პრობლემა. იმერეთის რეგიონში უშუალო შეხვედრებისა და საუბრის დროს გამოვლინდა მათი ერთსულოვანი აზრი - თუკი ქალი სცემეს, ე.ი. მან ეს დაიმსახურა.
ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობს, რომ თვითონ მოძალადე შინაგანი მიზეზების გამო კარგავს თვითკონტროლს და არა ის, რომ ქალია დამნაშავე. აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლთ საზოგადოება გარკვეული ანტიპათიითაც უყურებს, მოძალადეს კი - არა. აზრი იმის შესახებ, რომ ცემის ან შეურაცხყოფის ინსპირირებას თავად ქალები იწვევენ, ძალიან მყარია.
პრობლემა საკმაოდ მძიმე და მტკივნეულია. მისი მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს: საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალადობა ოჯახში არის არა მარტო ოჯახის, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემა, ბავშვთა პირველი სოციალიზაცია სწორედ ოჯახში ხდება. ყველა ადამიანი შექმნილია ღვთის მიერ მინიჭებული უფლებით, იცხოვროს შიშის გარეშე და იყოს ბედნიერი. ყველა ჯანსაღი აზროვნების ადამიანს სურს ჯანსაღ და ჰარმონიულ საზოგადოებაში ცხოვრება. ძალადობის გარეშე ოჯახი სწორედ ასეთი საზოგადოების საწინდარია.
იბადება კითხვა: როგორია სქესთა თანასწორობის საზღვრები და საერთოდ შესაძლოა თუ არა იგი იყოს სრულყოფილი?
როგორც ცნობილია, ბუნებაში არ არსებობს არც აბსოლუტური ერთიანობა და არც აბსოლუტური წინააღმდეგობა, რამდენადაც ამქვეყნად ყველაფერი ფარდობითია. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, მათი თანაბარი შესაძლებლობების იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თავისი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალით ქალი არაფრით ჩამოუვარდება მამაკაცს. მისთვის არ არსებობს ფიზიკური და გონებრივი შრომის პრინციპულად დახურული, მიუწვდომელი სფერო. არც ერთმა კანონმა არ უნდა აუკრძალოს ქალს ესა თუ ის საქმიანობა, ხელი შეუშალოს ამა თუ იმ პროფესიის ათვისებაში. მისი ხელშეუხებელი უფლებაა - თვითრეალიზაციისათვის მოღვაწეობის ნებისმიერი სახეობის პირადი არჩევანის თავისუფლება. ის, რომ ქალი განსხვავებული ფიზიოლოგიური თავისებურებების მატარებელია, არ შეიძლება გახდეს მის მიერ პროფესიის არჩევაზე ზემოქმედების შესაძლო მექანიზმი.
ქალთა დისკრიმინაციის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არ შეიძლება დავივიწყოთ ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი: 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ ცხოვრების ყველა სფეროში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხის გადაწყვეტას პირველი ბიძგი მისცა, მათ შორის, სამოქალაქო და იურიდიულ უფლებებში, შრომის, განათლებისა და ოჯახის სფეროში.
რა თქმა უნდა, ,,სუსტი სქესის” დისკრიმინაცია საბჭოური რეჟიმის დროსაც არსებობდა: შეიარაღებულ ძალებში და სხვა ძალოვან სტრუქტურებში (გარდა ტექნიკური და დამხმარე სპეციალისტებისა) ქალებისათვის სამსახური ხელმიუწვდომელი იყო. მათთვის, კანონმდებლობით, აკრძალული იყო ,,მძიმე” და ,,მავნე” საწარმოებში მუშაობა, რაც სრულიად გამორიცხავდა პირადი არჩევნის თავისუფლებას.
რაც შეეხება პოსტსაბჭოურ წყობას, მიუხედავად საზოგადოების დემოკრატიზაციის შესახებ ამდენი მსჯელობისა, ქალთა სოციალური დისკრიმინაციის პრობლემამ საზოგადოების სოციალისტური წყობის ნგრევასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მავნე ხასიათი მიიღო, რადგან ფაქტიურად გაუქმდა ოჯახის, ბავშვებისა და ქალების სოციალური დაცვის გარანტიები და მათი უფლებების დაცვის არანაირი ახალი ბაზა არ შეიქმნა.
ცხოვრებაში კონსტიტუციური პრინციპის მოჩვენებითობა ერთის მხრივ - სქესობრივი განსხვავების მიუხედავად ,,სქესთა თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების” შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ - შრომისა და დასაქმების სფეროში ქალთა ფაქტობრივი დისკრიმინაცია, ეკონომიკურ სფეროში მათი სოციალური უფლებების შეზღუდვა, იძლევა იმისი თქმის საფუძველს, რომ სიტყვა და საქმე ერთმანეთისაგან განსხვავდება. ,,de-jure” მდგომარეობა და ,,de-facto” სიტუაცია, როგორც ეს ჩვენს სინამდვილეში ხშირად ხდება ხოლმე, იმყოფება ერთმანეთის წინააღმდეგობაში.
ქალთა სოციალური დისკრიმინაცია, როგორც წესი, აღიარებულია წმინდა იურიდიულ პრობლემად. თუმცა, ცნობილია, რომ იურიდიულ ნორმებში გამოხატული უფლებები არცთუ იშვიათად მათი რეალური შესრულებისაგან განსხვავდება. მსოფლიო საზოგადოებამ, 190 სახელმწიფოს მთავრობების სახით, რომლებმაც ქალთა მდგომარეობის შესახებ პეკინში გამართულ IV მსოფლიო კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს, აღიარეს, რომ ,,უთანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის უწინდებურად არსებობს, ძირითადი წინააღმდეგობები კი შენარჩუნებულია.” ისინი დაემოწმნენ თავის ერთგულებას ,,ადამიანის უფლებების სრულად უზრუნველყოფისადმი, მათ შორის, გოგონებისა და ქალების უფლებების, როგორც ადამიანის საერთო უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შემადგენელი და განუყოფელი ნაწილის შესრულებისადმი.”
ამასთან ტრადიციულია ქალთა სოციალური დისკრიმინაციისადმი ფსიქოლოგიური მიდგომა მიკროსოციუმის დონეზე - ოჯახის ანალიზი. იგი შემოიფარგლება მიკრო ჯგუფში პიროვნებათშორისი ურთიერთობების შესწავლით, ქალის თავისუფლებებსა და ღირსებებზე ფსიქოლოგიური ზეწოლით, რაც ორი სქესის სექსუალური როლების განსხვავებიდან გამომდინარეობს. ამას საფუძვლად უდევს როგორც სქესებს შორის ბიოლოგიური განსხვავება, ისე ქალისა და მამაკაცის ქცევების შესახებ განსხვავებული კულტურული წარმოდგენები, სხვანაირად რომ ვთქვათ, გენდერული იდენტურობა და გენდერული იდეალები: მამაკაცურობა და ქალურობა.
სოციალური დისკრიმინაციის რომელ ძირითად ფორმას განიცდის ქალი?
ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის პრივატიზებამ უარყოფითად იმოქმედა მომსახურე ქალთა მდგომარეობაზე. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებშიც კი სწორედ სახელმწიფო დაწესებულებები რჩება მათ ძირითად დამსაქმებელ ორგანოებად. დასაქმების პირობები, ქალთა შრომის ანაზღაურება აქ უკეთესია (ბუნებრივია, თუ დაწესებულება მუშაობს). განსხვავება მამაკაცისა და ქალის შრომის ანაზღაურებას შორის სახელმწიფო სექტორში ნაკლებია, ვიდრე კერძოში. არსებული მონაცემების შესაბამისად საკუთრების სხვადასხვა ფორმის დაწესებულებების ხელმძღვანელთა 1/3 აღიარებს, რომ სამუშაოზე მიღებისას ამჯობინებს მამაკაცებს და არა ქალებს.
ჩვენი შრომითი კანონმდებლობა ინარჩუნებს ისეთ მდგომარეობას, რომელიც ხელს უწყობს დისკრიმინაციას, მაგ: ,,ღამის საათებში და განსაზღვრული სახის სამუშაოებზე მუშაობის აკრძალვა, სამუშაო დროის შეზღუდვა” და ა.შ. საჭიროა შრომითი კანონმდებლობის აკრძალვითი ხასიათი ტრანსფორმირებულ იქნას სარეკომენდაციო ხასიათში, რომელიც ქალს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს: სად, როგორ რეჟიმში, რომელი სახეობის სამუშაოზე იყოს დასაქმებული. ყველა ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს თვითონ ქალმა. ბავშვთა შობადობის, მეძუძური ბავშვებისა და ოჯახში ინვალიდი ბავშვების არსებობის შემთხვევაში სასარგებლო იქნება შევინარჩუნოთ კანონმდებლობითი შეზღუდვები.
კერძო საწარმოო სფეროში ქალთა სოციალურ დისკრიმინაცია ხასიათდება თავისებურებით, რაც იმაში გამოიხატება, რომ მას გააჩნია მკვეთრად გამოხატული ავტორიტარული ხასიათი, დიდ დამოკიდებულებაში აყენებს ქალს სამუშაოს მიმცემი მამაკაცისაგან, ვიდრე სახელმწიფო დაწესებულებებში. უფრო მეტიც, ქალთა სოციალური და სამართლებრივი დისკრიმინაციისაგან დაცვის დონე კერძო სექტორში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე სახელმწიფო ან ნახევრადსახელმწიფო სექტორში. კერძო სექტორში უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ არის, ან არ მოქმედებს პროფესიული კავშირები. არსებობს უფრო ძლიერი დამოკიდებულება ხელმძღვანელის ნება-სურვილზე, დაუსჯელად ირღვევა შრომითი კანონმდებლობა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კერძო სექტორში განისაზღვრება ქალთა მდგომარეობა ,,სექსუალური უთანასწორობით”, ხშირად მოქმედებს მამაკაცის ავტორიტეტისა და ძალის კულტი, როგორც მისი ხელმძღვანელობის სულიერი საფუძველი.
თითქოს აღარავისთვისაა გასაოცარი ქალის მოსვლა დიდ პოლიტიკაში, მათ შორის უმაღლეს ეშელონებში, იმ მსოფლიო აღიარებისა და პატივისცემის შემდეგ, რომელიც ინდირა განდიმ, მარგარეტ ტეტჩერმა და გრუ ბრუტლანდმა დაიმსახურეს. ქალებს პარლამენტსა და მთავრობაში მაღალი თანამდებობები უკავიათ არა მარტო დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, არამედ მუსლიმანური სამყაროს ორ ქვეყანაშიც - პაკისტანსა და თურქეთში - ქალები ხელმძღვანელობენ მთავრობას, რაც უახლოეს წარსულში წარმოუდგენელი იყო.
გაერო-ს მიერ ქალთა საერთაშორისო წლად იქნა გამოცხადებული 1975 წელი, ხოლო შემდგომ ქალთა ათწლეულად. დევიზით: ,,თანასწორობა, განვითარება, მშვიდობა”. 1985 წელს ნაირობიში ჩატარებულ კონფერენციაზე მიღებულ იქნა გაერო-ს ოფიციალური დოკუმენტი ,,2000 წლისათვის ქალთა დაწინაურებისა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტიული სტრატეგია”, როგორც საერთაშორისო კონვენცია ქალთა ყოველგვარი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ, რაც ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით უდაოდ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გახდა.
მიუხედავად ამისა, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობამ საბოლოოდ მაინც ვერ მიაღწია სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის სრულ აღმოფხვრას. ჯერ კიდევ მძიმედ დგას ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრობლემა, არ არის დედის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმი, გადაუწყვეტია აბორტების პრობლემა, ჯერ კიდევ გაძნელებულია ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში მაღალ თანამდებობებზე ქალთა დაწინაურება, თუმცა, თვალნათელია, რომ განვითარებული ქვეყნების ქალებმა აიძულეს მმართველი წრეები და მთლიანად საზოგადოება გაეთვალისწინებინათ ქალთა მოთხოვნები, მათი ინტერესები და მათი დაცვის აუცილებლობა.
სწორედ ქალთა მოძრაობამ ჩაუყარა საფუძველი შექმნილიყო კანადაში, აშშ-ში ქალთა ინტერესების დაცვის სახელმწიფო მექანიზმი, რომლის არსებობის ფაქტიც მეტყველებს გარდაქმნებზე როგორც თავად ქალთა სტატუსში, ისე საზოგადოებრივ თვითშეგნებაში, რაც უთუოდ ამ ქვეყნების ქალთა გამარჯვებად ითვლება.
ნებისმიერი კონცეფციას ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საფუძვლად უნდა ედოს არა ჩვენი წარმოდგენები - რა არის თანამედროვე ეტაპზე მათ მდგომარეობაში ცუდი და რა ცვლილებების შეტანა გვსურს მასში, არამედ გავიგოთ ახლანდელი არასასურველი მდგომარეობის მიზეზები, გავითვალისწინოთ რეალური შესაძლებლობები, მათი თავიდან აცილების მექანიზმები და მათი შედეგების შემსუბუქება.
მთლიანობაში ეს პრობლემები საკმაოდ თვალნათელია. უპირველეს ყოვლისა, ქალთა სოციალური დისკრიმინაციის ტენდენცია დამახასიათებელია ყველა სახის ეკონომიკისათვის: პირველი - ეკონომიკური ზრდის პერიოდში მიიზიდოს ქალთა სამუშაო ძალა, ხოლო კლებისას - გამოათავისუფლოს იგი სამუშაო ძალის ბაზრიდან. მეორეც - ქალთა დისკრიმინაცია ხდება წინასწარ შექმნილი წარმოდგენებით და მესამე - სამუშაო ბაზარზე მათი ობიექტური არაკონკურენტულობა.
შესაბამისად ამ სამი ფაქტორის აღქმა, მათი ურთიერთდამოკიდებულება და სირთულე განსაზღვრავს სტრატეგიასა და რეალურ შესაძლებლობებს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ქალებთან დამოკიდებულებაში სახელმწიფოს ნებისმიერი პოლიტიკა შესაძლოა ძირითადად სამი კომპონენტით განხორციელდეს, მათი ამა თუ იმ სახის ვარირებით: შრომის ბაზარზე მათი ობიექტურად არსებული რთული მდგომარეობის კომპენსაციით (საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი სხვა ფუნქციების გათვალისწინებით, რომლებსაც ქალი ამ ბაზრის მიღმა ასრულებს, პირველ რიგში ბავშვებზე ზრუნვა და ოჯახში ნორმალური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რაც მამაკაცს შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებრივ ასპარეზზე იშრომოს მთელი მონდომებით); ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ანგარიში უნდა გაეწიოს იმასაც, რომ თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფო იძულების ვერც ერთი ფორმა, მათ შორის საკანონმდებლო, ვერ აიძულებს ეკონომიკურ სუბიექტებს (სამუშაოს დამკვეთებს) მოიქცნენ თავიანთი ინტერესების საწინააღმდეგოდ. იმისათვის, რომ სამუშაოს მიმცემმა სამუშაოზე აიყვანოს ქალი, იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის ამ სამუშაოს მამაკაცზე უკეთესად გააკეთებს (პრაქტიკაში იმის გათვალისწინებით, რომ ქალს სამუშაო ადგილზე ესაჭიროება დაცვისა და სოციალური შეღავათების შედარებით მაღალი ხარისხი, ამიტომ, საჭიროა გარანტირებულ იყოს მის მიერ ამ სამუშაოს შესრულების მაღალი დონე), ან უნდა დათანხმდეს დისკრიმინაციაზე - წინასწარ შეგუებულ დაბალ შრომის ანაზღაურებაზე (სამუშაოს მიმცემის პოზიციიდან შრომის ანაზღაურებაში ამგვარი სხვაობა არის მისი გამართლებული ან მცდარი რისკის საფასური), ან სამუშაოზე ქალის მიღებას თან უნდა ახლდეს მეწარმის მხრიდან მაღალი ეკონომიკური შეღავათები.
ასე რომ თანამედროვე ეტაპზე ქალის მდგომარეობის გაუმჯობესება რეალურად შესაძლოა ორი ბერკეტის ზემოქმედებით:
1) მათი არახელსაყრელი მდგომარეობის პირდაპირი ფინანსური კომპენსაციით და
2) შრომის ბაზარზე მათი ობიექტური კონკურენტუნარიანობის ამაღლების ზომების მიღებით.
ყველა ზომა ზედმიწევნით დიფერენცირებული უნდა იყოს მათი გატარების ვადების მიხედვით. ცხადია, რომ მაგალითად, მინიმუმ წელიწადნახევარში ქალთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების არანაირი ზომა არ მოგვცემს პირდაპირ ეფექტს. ეს პერიოდი არის ,,ნულოვანი ციკლი” იმისათვის, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურა შეიცვალოს. ამ პერიოდში ძირითადად უშუალო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პირდაპირი დახმარების ზომებს, რომელთაც განსაზღვრული პერიოდისთვის ცვალებადი ხვედრითი წილი ექნებათ.
შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის ცვლილების მექანიზმი უნდა გამომდინარეობდეს ქალთა კონკურენტუნარიანობის არსებული დაბალი დონის რეალური მიზეზების ანალიზიდან - უაზრო იქნება ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ხოლო სახელმწიფოს ხელში არსებული შეზღუდული რესურსების პირობებში ჩვენს თანამედროვეობაზე ეკონომიკისათვის ნებისმიერი სოციალური პროგრამის გაუაზრებლად მორგება საკმაოდ სარისკო იქნება. მოკლედ მიმოვიხილოთ ძირითადი მიზეზები:
1) ათწლეულების მანძილზე ქალები უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებული სოციალური გარანტიების სისტემაზე, რომელიც რეფორმების პერიოდში მუდმივ ცვალებადობას განიცდიდა.
2) ქალები ისტორიულად მიჯაჭვული იყვნენ იმ სექტორებსა და დარგებზე, რომლებიც ყველაზე მეტად სახელმწიფოზე იყო დამოკიდებული. დიდი ნაწილი მუშაობდა ადგილებზე, სადაც სამუშაოს უფრო რუტინული ხასიათი ჰქონდა, იგი არ მოითხოვდა სპეციალურ განათლებას, არც სპეციალურ პროფესიულ მომზადებას და უკეთეს შემთხვევაში იწვევდა პროფესიულ უძრაობას, ხშირად კი მომუშავის დისკვალიფიკაციას.
3) ქალების უმეტესობას, მამაკაცებთან შედარებით, ფორმალური განათლება (დიპლომის მიხედვით) არ შეესაბამება რეალურ კვალიფიკაციასა და პროფესიას, ხოლო რეალური სპეციალობები - შრომის ბაზრის ფაქტიურ მოთხოვნებს;
ქალებზე ზეწოლა არსებობს ,,ორმაგი დასაქმებისას” - საწარმოში და ოჯახში; საზოგადოებაში არის წინასწარ შექმნილი წარმოდგენა ქალის ,,შესაძლო” და ,,აუცილებელი” ადგილის შესახებ. ამ ფაქტორების თავიდან აცილების ან მათი მოქმედების შემსუბუქებისაკენ უნდა იყოს მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა. დღესდღეობით მხოლოდ ისეთმა პოლიტიკამ შეიძლება ჰპოვოს წარმატება, რომელიც, პირველ რიგში, მკაცრად იქნება დიფერენცირებული, ე.ი. რომელიც სხვადასხვა ჯგუფისათვის დახმარების სწორედ იმ სახეს ითვალისწინებს, რომელიც მოცემული ჯგუფისათვის მაქსიმალურად ეფექტური იქნება, რათა რესურსების არაეფექტური დანახარჯი გამოირიცხოს. ქალები კი, როგორც ცნობილია, ამა თუ იმ სახის დახმარების საჭიროებაში ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდებიან. შემდგომში ეს პოლიტიკა მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული ირიბ დახმარებაზე, რომელიც შედარებით ძვირადღირებულია, ვიდრე პირდაპირი დახმარება და იძლევა შესაძლებლობას: იმავე თანხით უფრო მეტი ქალის დახმარება უზრუნველყოს, ამასთან ქალებს ,,საკუთარ ფეხზე დგომა” ასწავლოს.
ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში წარმატებისა და ფინანსირების შანსი უპირველეს ყოვლისა ექნებათ იმ ზომებს, რომლებიც არამარტო დაეხმარებიან ქალებს, არამედ ერთდროულად ხელს შეუწყობენ ეკონომიკის პროგრესსაც.
რომელი პრიორიტეტული საკითხები უნდა გადაწყდეს უპირველესად ურთულეს სისტემაში: ,,ქალი - სამუშაოს დამკვეთი?“
როგორც უკვე აღინიშნა, შრომის ბაზარზე ქალთა არაკონკურენტული მდგომარეობის მიზეზია ის მცირე სოციალური შეღავათები, რომლებიც მათ შემორჩათ. სამწუხაროდ, თუ ჩვენ შრომის ბაზარზე ქალთა მდგომარეობის გამოსწორება გვინდა, მოგვიწევს ასეთი სახის თუნდაც მცირერიცხოვან შეღავათებზე უარის თქმა, მით უმეტეს, რომ ისინი დღეს რეალურად არც მოქმედებენ. უმუშევარი ქალისთვის ასეთ შეღავათებს პრაქტიკულად მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო მომუშავენი ხშირად სამუშაოს დაკარგვის შიშით მათზე უარს ამბობენ. კანონმდებლობა მათ ამ სახის დანაკარგისგან ვერ დაიცავს; რადგან მეწარმეს ყოველთვის ექნება შესაძლებლობა თავიდან მოიშოროს ის მომუშავე, რომელსაც იგი არაეფექტურად ჩათვლის ისე, რომ სასამართლოს დავის შესაძლებლობა არც ექნება. თუმცა, სასამართლო დევნის საშიშროების არსებობა მაინც აიძულებს სამუშაოს დამკვეთს თანამშრომლად მამაკაცი ამჯობინოს ქალს. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ჩანს იმის აუცილებლობა, რომ, თუ ჩვენ ბაზარზე ქალთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება გვსურს, მათი აუცილებელი შეღავათების წრე მხოლოდ იმ ზომით უნდა შემოვფარგლოთ, რაც დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ბავშვიანი ქალის სამუშაოდან გათავისუფლების აკრძალვა რეალურად ასევე ვერ დაიცავს მის უფლებებს. უბრალოდ სამუშაოს დამკვეთი ეცდება საერთოდ არ დაიქირაოს იგი.
ანგარიში უნდა გავუწიოთ იმას, რომ კონკურენტული ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, დააძალოს ეკონომიკურ სუბიექტებს მათი ინტერესების საწინააღმდეგო ქცევა.
განსაკუთრებით აქტუალურ ზომას წარმოადგენს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ქალების პროფესიული გადამზადება. თუმცა, ქალების პროფესიულ მომზადებაზე თანხების გამოყოფამ შეიძლება მოსალოდნელი შედეგები არც გამოიღოს, თუ სპეციალური ზომები არ იქნება მიღებული, რომლებიც შრომის ბაზარზე არსებულ ქალთა შედარებით პასიურობას გააკომპენსირებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ყველაზე მოწინავე ქალებისთვისაც კი ყოველთვის საჭირო არის გარკვეული გარეგანი ბიძგი, რათა თავიანთი ცხოვრება შეცვალონ და შესაძლებლობები გამოაჩინონ. გონივრული იქნებოდა, პროფესიების მიხედვით შექმნილიყო კლუბები, სადაც ქალებს შესაბამისი სამუშაოს ძებნის საშუალება ექნებოდათ. აქ გარკვეულ როლს შეასრულებდნენ უკვე არსებული ქალთა ორგანიზაციები. შეიძლება შესწავლილ იქნას ეს ორგანიზაციები და მათ შორის უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფოს მხრიდან იმ ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევა, რომლებიც ქალთა უფლებების მოსაპოვებლად თეორიულად კი არ იბრძვიან, არამედ რეალურად ეხმარებიან ქალებს თანამედროვე პირობებთან ადაპტირებაში. ეს თანამშრომლობა აუცილებელი არ არის გამოხატული იყოს სუბსიდიებითა და დოტაციებით, უფრო ხშირად საჭიროა სხვადასხვა სახის ტექნიკური უზრუნველყოფა, დაწესებულებებთან და ტექნიკურ საშუალებებთან ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო უწყებებთან კონტაქტების დამყარებაში დახმარება და ა.შ. ამასთან დიდი როლი შეიძლება ითამაშონ თვითონ იმ ქალებმაც, რომლებმაც პროფესიული მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. სწორედ ისინი შეიძლება გახდნენ იდეალური კონსულტანტები და ინსტრუქტორები იმ ქალებისათვის, რომლებისთვისაც შრომის ბაზარზე უფრო აქტიური ქცევაა დამახასიათებელი, დახმარება გაუწიონ მათ ფსიქოლოგიურ თავდაჯერებულობაში და ასევე მიმართულება მისცენ, თუ როგორ დაიწყონ თავიანთი, თუნდაც სულ მცირე საქმე; როგორ შეცვალონ რადიკალურად მოღვაწეობის სფერო, როგორ მოეწყონ სამუშაო ადგილზე და ა.შ.
იმ ქალებისთვის, ვინც დამქირავებელთან მუშაობას ამჯობინებს, საჭიროა მათი გადამზადების სპეციალიზებული პროგრამების შემუშავება, რაც არა მარტო ქალთა ფსიქოლოგიის საერთო თავისებურებებსა და შრომის ბაზარზე მათ ქცევას, არამედ ქალის კონკრეტულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ტიპს ითვალისწინებს. განსაკუთრებული პროგრამები იქნება საჭირო ქალებისთვის, რომლებსაც ჰყავთ პატარა ბავშვები.
და ბოლოს, საჭიროა შემუშავდეს პროფესიული შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის გამოსავლენი ტესტები, სანდოობის მაღალი ხარისხით, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს სამუშაოზე მიღებისას მათი ყველგან გამოყენება. ამ ტესტებმა, ერთის მხრივ, უნდა დაანგრიოს საზოგადოებაში წინასწარშექმნილი აზრი, ქალის მიერ ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების პრინციპული უუნარობის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ - შეამციროს სამუშაოს დამკვეთის საშიშროება დასაქირავებელი მუშაკის რეალურ სამუშაოსთან შესაბამისობასთან დამოკიდებულებაში, მიეცეს მათ იმის შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ჭეშმარიტად კომპეტენტური და პროფესიულად გამოსადეგი მუშაკები. სამაგიეროდ, სამუშაოს მიცემაზე უარის თქმა იმ ქალისთვის, რომელმაც წარმატებით გაიარა ასეთი სახის ტესტი, უკვე შესაძლებელი გახდება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციაში ბრალდების საფუძველად, რაც ჭეშმარიტად კომპეტენტური კადრებისთვის გარკვეული სახის სოციალური გარანტია იქნება.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Общественные науки и современность. 1997 г. N 3
2. Социс - социологические исследования. 1997 г. N 7
3. Социальная защита. 1997 г. N 1
4. США - Экономика, Политика, Идеология. 1994 г. N 3
5. США - Экономика, Политика, Идеология. 1996 г. N 3
6. Государство и право. 1997 г. N 2
7. Социс - социологические исследования. 1998 г. N 8
8. Московский журнал международного права. 1996 г. N 3
9. ძალადობა ოჯახში და ადამიანის უფლებები - ,,ქალები დემოკრატიისათვის”. 1998 წ.
![]() |
4 ქალის უფლებები და მათი დაცვა საქართველოს სისხლისა და შრომის კანონმდებლობის მიხედვით |
▲ზევით დაბრუნება |
ხათუნა მადურაშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მთელს ინსტიტუტს მთლიანობაში მიეკუთვნება მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი. 1789 წლის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია ამ პრინციპის საზეიმო გამოცხადებით იწყება: ,,ადამიანები იბადებიან და არიან თავისუფალნი და თანასწორნი თავიანთ უფლებებში. კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს, იცავს თუ სჯის იგი. ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე”. დეკლარაციით გამოცხადებულმა მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობამ შემდგომ სხვადასხვა ფორმით ჰპოვა ასახვა ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში.
კანონისა და ქვეყნის ადმინისტრაციის წინაშე თანასწორობა, გადასახადების წინაშე თანასწორობა, უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენების თანასწორობა - ასეთია მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპის ფორმალური შინაარსი.
თანასწორუფლებიანობა, რომელიც კონსტიტუციებით იყო განცხადებული, დიდი ხნის განმავლობაში არ ვრცელდებოდა ქალებზე. ისინი მოკლებული იყვნენ პოლიტიკურ უფლებებს და მოქალაქეობრივ უფლებებშიც მნიშვნელოვან შეზღუდვებს განიცდიდნენ. ქალთა და მთელი დემოკრატიული მოძრაობის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგი იყო ის, რომ დღეს განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების კონსტიტუციებში შეტანილია და კონსტიტუციურ პრინციპადაა გამოცხადებული სქესის თანასწორობა, ხოლო ფორმალური პოლიტიკური უთანასწორობა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებშია შემორჩენილი.
სადღეისოდ ძნელია ზუსტად დავასახელოთ, თუ როდის დაიწყო ქალთა მოძრაობა საკუთარი უფლებების დასამკვიდრებლად. თუმცა, შესაძლებელია იმის თქმა, რომ საერთაშორისო სამართალში ქალის უფლებების ცნების ჩამოყალიბება მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაო აღიარებასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ არცთუ იშვიათია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ცნება „ქალის უფლებები” და მასთან დაკავშირებული საკითხები ხელოვნურად და ზედმეტად ითვლება, ვინაიდან ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ქალის უფლებებსაც სრულად მოიცავს. ცხადია, ადამიანის უფლებები, მართლაც მოიცავს ქალის უფლებებს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საუკუნეების განმავლობაში ქალი სრულიად უუფლებო არსებას წარმოადგენდა, ხოლო შემდეგში სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციებით აღიარებული თანასწორუფლებიანობა დიდი ხნის განმავლობაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა და იგი ქალებზე არ ვრცელდებოდა, მაშინ გასაგები გახდება, თუ რატომ გახდა აუცილებელი უფლებათა და თავისუფლებათა ზოგადი სპექტრიდან ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა და მასზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება.
ამ მოვლენას აქვს თავისი წყაროები და ჩამოყალიბების ისტორია. როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებების აღიარების პროცესს საფუძველი ჩაეყარა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, როდესაც სან-ფრანცისკოში სადღეისოდ ყველაზე მსხვილი და უნივერსალური საერთაშორისო წარმონაქმნი - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა. იმ დროს, გაეროს წესდების განხილვასთან ერთად, მსჯელობის საგანი გახდა ქალთა საკითხიც, რომელიც დელეგატმა ქალებმა წამოაყენეს და რის პასუხადაც ადამიანის უფლებათა კომისიასთან საგანგებოდ ქალის სტატუსის შემსწავლელი ქვეკომისია შეიქმნა.
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აღიარებისაკენ მიმართული საქმიანობა თავიდანვე ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა. გაეროს წესდებაში პირველად გაესვა ხაზი ადამიანის უფლებებისა და მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის განმტკიცების საკითხს. ეს მიდგომა უფრო ნათლად გამოიხატა 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. ამ დეკლარაციის დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ „ყველა ადამიანი თავისი ღირსებითა და უფლებით თავისუფალი და თანასწორი იბადება.” ყველა ადამიანში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ქალიც და მამაკაციც, მაგრამ დეკლარაციის მეორე მუხლი მაქსიმალურად აკონკრეტებს ამ ცნებას: „ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება რაიმე, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის ნიშნის მიხედვით განსხვავების მიუხედავად.”
1966 წელს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, ასევე ეკონომიურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი. ორივე პაქტში საგანგებოდაა მოხსენიებული სახელმწიფოების ვალდებულება უზრუნველყონ, მამაკაცებისა და ქალებისათვის თანასწორი უფლება, ისარგებლონ ყველა მოქალაქეობრივი და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით.
საყოველთაო დეკლარაციამ დიდი როლი ითამაშა ადამიანის უფლებების, კერძოდ კი ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების საქმეში.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ქალის უფლებების დაცვა შეიძლება რამდენიმე ეტაპად გავიაზროთ. ეს განპირობებულია მოქმედ კოდექსებში ჩადებული ნორმებით, რომლებიც დედათა და ბავშვთა უფლებების დამცავ მექანიზმებს სხვადასხვა კუთხით წარმოგვიდგენს და რომლებიც პირობითად რამდენიმე ასპექტში შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: 1. მოქმედი კანონმდებლობით ორსული ქალების დაცვა; 2. პატიმარ ქალთა უფლებები; 3. არასრულწლოვანის უფლებები; 4. ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; 5. კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული დედათა და ბავშვთა უფლებები. აღნიშნულ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ ძირითადად იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებიც ქალის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს და პატიმარ ქალთა უფლებებს ეხება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებულია ქალის წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულები: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა (104-ე მუხლის მე-5 პუნქტი); სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელსაც ორსულობის შეწყვეტა მოჰყვა (110-ე მუხლი); გაუპატიურება (117-ე მუხლი); სქესობრივი კავშირის დაჭერისათვის ქალის იძულება (118-ე მუხლი); სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი (119-ე მუხლი); გარყვნილი ქმედება (120-ე მუხლი); აბორტის უკანონო გაკეთება (123-ე მუხლი); ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით; ორსული ქალის ან მეძუძური დედის სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა ან მისი სამუშაოდან დათხოვნა (145-ე მუხლი); ორცოლიანობა ან მრავალცოლიანობა (231-ე მუხლი); ბუნაგის შენახვა და მაჭანკლობა (230-ე მუხლი).
საკითხის უფრო ღრმად წარმოსაჩენად საინტერესო იქნება თითოეული ამ მუხლის მოკლე ანალიზი.
ქალის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შორის განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ გაუპატიურებაზე, როგორც განსაკუთრებით საშიშ დანაშაულზე. მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად, გაუპატიურება წარმოადგენს მამაკაცის მიერ ქალთან დამყარებულ სქესობრივ კავშირს, რომელიც ქალის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშეა ჩადენილი და მასზე ფიზიკური ძალადობის, მუქარის (ან ფსიქიკური ძალადობის) ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით მოხდა.
სქესობრივი კავშირი გაუპატიურებად მაშინ ჩაითვლება, თუ დადგინდება, რომ ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა რეალურად არსებობდა და იგი ქალის წინააღმდეგობის დასაძლევად იყო მიმართული.
ქალის გათოკვა, ცემა, მისი სხეულის დაზიანება არის ფიზიკური ძალადობის თვალსაჩინო მაგალითები. რაც შეეხება ფსიქიკურ ძალადობას ანუ მუქარას, მასში იგულისხმება ქალის დაშინება, მაგალითად, დანით, დაშინება მოქმედებით ან სიტყვიერად, როდესაც მას ან მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლისათვის საშიში მოქმედების ჩადენით ემუქრებიან. მუქარა უნდა იყოს რეალური და მისი განხორციელების საშიშროება უნდა არსებობდეს დანაშაულის ჩადენის მომენტში და არა შემდგომ. მაგალითად, მუქარად არ ჩაითვლება ქალის დაშინება, რომ მომავალში მასზე რაიმე მაკომპრომენტირებელ ცნობებს გაავრცელებენ.
გაუპატიურება, ფიზიკური ძალადობისა მუქარის გარდა, შეიძლება აგრეთვე დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. დამნაშავის მოქმედების იურიდიული შეფასებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, მან ჩააყენა დაზარალებული უმწეო მდგომარეობაში, თუ იგი დამნაშავისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა. აქ მთავარი და გადამწყვეტია, თუ როგორია დამნაშავის სუბიექტური დამოკიდებულება თავისი მოქმედებისადმი, კერძოდ, სქესობრივი აქტის განხორციელებისას მას შეგნებული ჰქონდა თუ არა, რომ დაზარალებული უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დაზარალებულის უმწეო მდგომარეობაში იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური უმწეობა.
ფიზიკური უმწეობის სახეებია: ა) ფიზიკური ნაკლი; ბ) ორგანიზმის სისუსტე, გამოწვეული ავადმყოფური მდგომარეობით ან ძლიერი სიმთვრალით, რაც დაზარალებულს შესაძლებლობას ართმევს, მოძალადეს გაუწიოს წინააღმდეგობა; გ) სიტუაციური ხასიათის ფიზიკური უმწეობა.
ფსიქიკური უმწეობის სახეებია: ა) დაზარალებულის შეურაცხადობა მასთან სქესობრივი აქტის განხორციელების მომენტისათვის; ბ) დაზარალებულის მცირეწლოვნობა; გ) უგონობა (გულის წასვლა, ძილი, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალე, ტრავმული ან ემოციური შოკი და ჰიპნოზი); დ) მოტყუების ცალკეული ფორმები.
გაუპატიურება არის დანაშაული, რომელიც ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავე აცნობიერებს, რომ ამყარებს სქესობრივ კავშირს ძალადობით და ქალის ნების საწინააღმდეგოდ. გაუპატიურების განზრახვად არ მიიჩნევა მამაკაცის თხოვნა, ხვეწნა, ქალის დარწმუნება დაამყაროს მასთან სქესობრივი კავშირი.
გაუპატიურება დასრულებულად ჩაითვლება სქესობრივი აქტის დაწყების მომენტიდან, მაშინაც კი, როცა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, იგი დასრულებული არ იყო.
თუ სქესობრივი კავშირი არ დაწყებულა და მამაკაცის ქცევა მიმართულია გაუპატიურების მოსამზადებლად, მაშინ ადგილი აქვს გაუპატიურების მცდელობას.
გაუპატიურება, რომელიც განხორციელდა ზემოთ აღნიშნულ გარემოებებში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურების შესახებ აღიძვრება მხოლოდ ქალის განცხადების საფუძველზე. განცხადების შეტანისას ქალმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ დამნაშავესთან შემდგომში მიღწეული მორიგების შემთხვევაშიც კი აღძრული საქმე ვერ შეწყდება.
არასრულწლოვანის ანუ თვრამეტ წლამდე ქალის გაუპატიურების დროს, დამნაშავემ უნდა იცოდეს ან ხვდებოდეს, რომ მისი მსხვერპლი არის არასრულწლოვანი.
გაუპატიურების ყველაზე მძიმე ფორმებია: გაუპატიურება ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ; გაუპატიურება, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა; მცირეწლოვნის გაუპატიურება.
ყველაზე მძიმე შედეგი, რაც ამ დანაშაულს შეიძლება მოყვეს, გარდა დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტრავმისა, არის მკვლელობა. გაუპატიურებასთან მკვლელობა იგულისხმება იმ მომენტში, როცა იგი გაუპატიურების მომენტში დაზარალებულის წინააღმდეგობის დასაძლევად ან უშუალოდ გაუპატიურების უმალვეა ჩადენილი, რათა დაფარულიყო ძალადობა ან წინააღმდეგობის გაწევისათვის შური ეძია ან მოკლულის გვამთან სქესობრივი აქტი შეესრულებინა (ე.წ. ნეკროფილია) და ა.შ. ქმედება ასეთ შემთხვევაში დაკვალიფიცირდება მარტოოდენ 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით. ასევე დაკვალიფიცირდება მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა წინასწარი შეცნობით ჯგუფური გაუპატიურების ერთმა მონაწილემ. გაუპატიურებისათვის პასუხისმგებლობა დგება 14 წლის ასაკიდან.
სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-5 ნაწილში გათვალისწინებულია განზრახ მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პირი დარწმუნებულია, რომ ნამდვილად კლავს ორსულ ქალს. წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობას ექნება ადგილი მაშინაც, როცა დამნაშავეს ქალი ორსული ეგონა, მაგრამ იგი ორსული ფაქტიურად არ არის. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის, რომ დამნაშავეს ჰქონდა განზრახვა მოეკლა ორსული ქალი. თუ დამნაშავემ არ იცოდა, რომ ქალი ორსულად იყო და მოკლული ორსული აღმოჩნდა. მარტოოდენ ორსულობა ქალისა არ არის საფუძველი 104-ე მუხლის მე-5 პუნქტით მისი კვალიფიკაციისთვის. ე.ი. მთავარია ის, რომ პირს უნდა ჰქონდეს შეცნობილი ქალის ორსულობა.
როგორც აღვნიშნეთ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლში გათვალისწინებულია სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაული, როგორიცაა ქალის სქესობრივი კავშირის დაჭერაზე იძულება. ამ დანაშაულის უშუალო ობიექტია ქალის სქესობრივი ხელშეუხებლობა. დანაშაული გამოიხატება იძულებაში, რასაც თან ახლავს მუქარა მატერიალური, სამსახურეობრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით. ხოლო მისი ჩამდენი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომელთანაც დაზარალებული მატერიალურ, სამსახურეობრივ ან სხვაგვარ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. ამასთან, დამნაშავეს ამოძრავებს ბოროტი განზრახვა, რაც მისი მდგომარეობის გამოყენებაში გამოიხატება.
ქალის თავისუფლების ხელმყოფ დანაშაულებს მიეკუთვნება ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით. ამ დანაშაულით იზღუდება ქალის თავისუფლება, თავისი სურვილისამებრ გადაწყვიტოს საკითხი, თუ ვისთან დაქორწინდეს. ისეთი მოქმედება, როგორიცაა მოტაცება, თავისთავად გულისხმობს ძალადობას - ან ფიზიკურს, ან ფსიქიკურს, როდესაც ამის ჩამდენ პირს განზრახული და შეგნებული აქვს მისი მოქმედების შედეგები და სურს ამ შედეგების დადგომა.
ქალის შრომითი უფლებების ძირითად დამცავ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს შრომის კანონთა კოდექსი, მაგრამ ისეთი დანაშაულის ჩადენა, როგორიცაა ქალის სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა ან მისი სამუშაოდან დათხოვნა იმ მოტივით, რომ იგი ორსულადაა ან მეძუძური დედაა, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით. საკანონმდებლო აქტებით უზრუნველყოფილია ორსული ქალებისა და მეძუძური დედის შრომისა და ყოფა-ცხოვრების სათანადო პირობები, მათ მინიჭებული აქვთ სხვადასხვა სახის შეღავათები და გარკვეული დროის მანძილზე უპირატესობები. მაგალითად, ქალს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ეძლევა განსაზღვრული დროით შვებულება, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, მას სურვილისამებრ დამატებითი შვებულება ხელფასის შეუნარჩუნებლად. ამგვარად, არავის აქვს უფლება, ქალის ნების საწინააღმდეგოდ მისი სამუშაოდან დათხოვნისა.
ისეთი დანაშაული, როგორიცაა სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირის დაჭერა, მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლში. წინა სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვრული იყო სქესობრივად მოუმწიფებელი პირის ასაკი (16 წელი), ხოლო ამჟამად მოქმედ კანონში ასაკი ზუსტი კი არ არის მითითებული, არამედ აღნიშნულია, როგორც მხოლოდ ,,სქესობრივად მოუმწიფებელ” პირთან სქესობრივი კავშირი. აღნიშნული დანაშაულისათვის დამახასიათებელია, რომ სქესობრივი კავშირი ხდება ნებაყოფლობით, მაგრამ იგი დასჯადია იმიტომ, რომ პირი სქესობრივად მოუმწიფებელია.
ისეთი დანაშაული, როგორიცაა აბორტის უკანონოდ გაკეთება, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 123-ე მუხლში. ეს დანაშაული მიმართულია ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ და გამოიხატება ექიმის მიერ საავადმყოფოს ან სამშობიარო სახლის გარეშე ან ანტისანიტარულ პირობებში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტაში, ან იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, ხოლო დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს როგორც ექიმი, ისე ყველა არასამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელთაც მათი ქმედების შედეგი შეგნებული აქვთ და ამ შედეგის დადგომა სურთ.
აბორტის გაკეთება იმ პირის მიერ, რომელსაც უმაღლესი სამედიცინო განათლება არა აქვს, სოციალურად საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია და ამიტომ კანონი მას უფრო მკაცრად სჯის.
დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულია აბორტის უკანონოდ გაკეთება ხელობის სახით, ან რომელმაც გამოიწვია სიკვდილი ან სხვაგვარი მძიმე შედეგი. ამ უკანასკნელში იგულისხმება სხეულის მძიმე დაზიანება, განაყოფიერების უნარის დაკარგვა და ა.შ.
ცალკე გამოსაყოფია ისეთი მტკივნეული საკითხი, როგორიცაა პატიმარ ქალთა პრობლემები.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ორსული ქალის მიერ დანაშაულის ჩადენა ითვლება შემამსუბუქებელ გარემოებად (საქ. სსკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი), ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ორსული ქალის ან მცირეწლოვანი შვილის დედის მიმართ ითვალისწინებენ განაჩენის აღსრულების გადადებას. განაჩენის აღსრულება გადაედება ქალს, რომელიც ამ მომენტისათვის ორსულადაა და გადადება მოხდება არა უმეტეს ერთი წლისა. განაჩენის აღსრულება გადაედება აგრეთვე მსჯავრდებულ ქალს, რომელსაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, სამი წლის ასაკამდე.
რაც შეეხება ქალის სიკვდილით დასჯას, ამ მხრივ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობამ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. 1996 წლამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სიკვდილით დასჯა არ ეხებოდათ იმ ქალებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს ან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ორსულად იყვნენ. კანონმა შემდგომში განიცადა ცვლილება, რის თანახმადაც, სიკვდილით დასჯა გაუქმდა არამარტო ორსული ქალებისათვის, არამედ ყველასათვის.
ამჟამად, საქართველოში სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის ღონისძიება გაუქმებულია და შეცვლილია უვადო თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის 53-ე მუხლის თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნებათ ქალებს.
საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის მიხედვით, მსჯავრდებული ქალებისათვის არსებობს შრომა-გასწორების კოლონიათა ოთხი სახე: ა) მკაცრი რეჟიმი; ბ) გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილი კოლონია-დასახლებები; გ) განზრახ დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილი კოლონია-დასახლებები; დ) საერთო რეჟიმის კოლონიები.
მკაცრი რეჟიმის კოლონიებში ქალები მოხვდებიან მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: 1) თუ ისინი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად არიან ცნობილი; 2) თუ სასჯელს განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის იხდიან; 3) თუ სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ, შეწყალების ან ამნისტიის მიღების გამო, თავისუფლების აღკვეთით შეეცვალათ.
შრომა-გასწორების კოლონიების გარდა, სასჯელის მოხდა ხდება საპყრობილეებში, სადაც არსებობს რეჟიმის ორი სახე: საერთო და მკაცრი.
მკაცრი რეჟიმის საპყრობილეებში არ შეიძლება იმყოფებოდნენ ორსული და მეძუძური ქალები.
მსჯავრდებული ქალები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მუშაობენ. ისინი ამ სამუშაოდან თავისუფლდებიან ორსულობისა და მშობიარობის გამო, შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შრომა-გასწორების კოლონიებთან საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოეწყოს ბავშვთა სახლები, სადაც პატიმარ ქალებს ორ წლამდე ასაკის ბავშვების მოთავსება შეეძლებათ. ორი წლის ასაკის ბავშვები გაიგზავნებიან საბავშვო დაწესებულებებში ან აღსაზრდელად გადაეცემიან ქალის ნათესავებს.
კანონით გათვალისწინებულია აგრეთვე ის შემთხვევები, როცა პატიმარ ქალს უფლება აქვს იცხოვროს კოლონიის გარეთ. ეს შეღავათები ქალს ეძლევა შემდეგ შემთხვევებში: 1) თუ ის კეთილსინდისიერად შრომობს; 2) ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში კანონით დადგენილი დროის განმავლობაში; 3) ბავშვის ორი წლის ასაკის მიღწევამდე.
პატიმარი ქალები სარგებლობენ კიდევ ერთი შეღავათით, კერძოდ, დაუშვებელია ქალის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გაქცევის შემთხვევაში იარაღის გამოყენება.
დღეს საქართველოს ციხე-კოლონიებში მოხვედრილი ქალების ამპლიტუდა ვერანაირ საზღვრებში ვერ ეტევა. ქალთა №5 კოლონიის უფროსის განცხადებით, მისდამი დაქვემდებარებულ კოლონიაში ქალების 50% სასჯელს იხდის ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციისათვის, 20% - ყაჩაღობისათვის, 15% - მკვლელობისათვის, არის უფრო ,,მსუბუქი” დანაშაულებებიც, როგორიცაა თაღლითობა, ბინის ქურდობა და ა.შ.
ჩვენს საზოგადოების ასევე მძიმე ტვირთია ისეთი სფერო, როგორიცაა პროსტიტუცია. სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში უფრო გავრცელდა მისი მასშტაბები. ეს ქმედება, როგორც ასეთი არ ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით, მაგრამ იგი, მორალური თვალსაზრისით, ყოველმხრივ იდევნება. რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, გაიზარდა არასრულწლოვანთა შორის პროსტიტუციის შემთხვევები. სამართალდარღვევათა პროფილაქტიკისათვის, საქართველოს პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია ასეთი კონტინგენტისათვის რეაბილიტაციური ცენტრის შექმნა, სადაც გაიგზავნებიან გამოვლენილი მცირეწლოვნებიც.
ქალთა უფლებები ფართოდ არის წარმოდგენილი ასევე შრომის სამართლის კანონმდებლობაში. არ დაიშვება არავითარი დისკრიმინაცია შრომითი დასაქმების სფეროში. სქესის საკითხის წამოწევა დასაშვებია მხოლოდ ისეთ სამუშაოებზე მოსაწყობად, სადაც აკრძალული არის ქალის შრომა. მათი ჩამონათვალი მოცემულია შრომის კანონთა კოდექსში. სამსახურეობრივი წინსვლაც დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიკაციასა და დამსახურებაზე. შრომის ანაზღაურების დროს კი, დაუშვებელია რაიმე შეზღუდვა მიუხედავად ეროვნების, ენის, სქესისა და სხვა ნიშნებისა. რაც შეეხება შრომითი დასაქმების პრობლემას, აღსანიშნავია, რომ ქალთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს აქვს დაკავებული საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების ეშელონებში ხელმძღვანელი თანამდებობები. თუ მოვიშველიებთ სტატისტიკურ მონაცემებს, მაშინ თვალნათლივ დავინახავთ ქალის წვლილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოს პარლამენტის წევრთა შორის მხოლოდ 16 ქალია (საერთო რაოდენობის 6,4%), მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის კოალიციას ხელმძღვანელობს ქალი. გაეროს დაცვისა და ეკოლოგიის მინისტრიც ქალია, ქალი ხელმძღვანელობს ერთ-ერთ რაიონულ ადმინისტრაციას, ქვეყანაში არის 70 ქალი-მოსამართლე, რაც შეადგენს მთლიანი სასამართლო კორპუსის 48%. ქალთა დიდი წარმომადგენლობაა აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებსა და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებში. მაგალითად, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას სათავეში უდგას ქალი, ასევე, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელმძღვანელობენ ქალები.
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დიპლომატიურ თანამდებობებზე ქალის დანიშვნასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა. მაგრამ სასურველი იქნება, რომ ქალები უფრო ფართო მასშტაბით ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის უფლებების დაცვას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა შესაბამისი ინსტიტუტები, მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუტიც. 1997 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, გამოავლენს მათი დარღვევის ფაქტებს და ხელს შეუწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.
როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, ინდივიდის უფლება და თავისუფლება, მათი დაცვის სპეციალური მექანიზმის გარეშე, მხოლოდ დეკლარაციას წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს პარლამენტის მიერ ,,სახალხო დამცველის” შესახებ კანონის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული სამართლებრივი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე, საფუძველი ჩაეყარა ადამიანის უფლებათა დაცვის თვისობრივად ახალ, მეტად ეფექტურ და ქმედით ინსტიტუტს. სახალხო დამცველს გააჩნია თავისი აპარატი, რომელიც მუშაობას სრული დატვირთვით ეწევა. აგრეთვე, სახალხო დამცველის აპარატში დაგეგმილია ქალთა და ბავშვთა პრობლემების შემსწავლელი დანაყოფის შექმნა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს პარლამენტში არსებობს დედათა და ბავშვთა საკითხების საპარლამენტო ქვეკომიტეტი. ეს ქვეკომიტეტი მონაწილეობას იღებს იმ კანონპროექტების შემუშავებაში, რომლებიც გარკვეულწილად ქალთა პრობლემებს ეხება ან მათზე რაიმე ზემოქმედებას ახდეს. ამ საქმეში ასევე აქტიურად არიან ჩაბმული ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებიც.
სამთავრობო სტრუქტურის გარდა, ადამიანის უფლებათა და კერძოდ, ქალთა პრობლემატიკის მოგვარებას თვალს ადევნებს დაახლოებით 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია. მათი მოქმედების სპექტრი საკმაოდ ფართოა (ქველმოქმედება, შრომითი მოწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო სამუშაოები და სხვა). ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ქალთა უფლებების დაცვის სფეროში პოლიტიკური განვითარების ეროვნული პროგრამა ჯერ არ არის მიღებული, რაც სასურველია დაჩქარდეს.
1993 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული იქნა კონვენცია „ქალებთან მიმართებაში არსებული ყველა სახის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ,” რომლის მიხედვითაც, ძალადობად ჩაითვლება ქალის წინააღმდეგ სქესის საფუძველზე განხორციელებული ნებისმიერი აქტი, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებასთან, ასეთი აქტის მიყენების მუქარის ჩათვლით. აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ სად ხდება მოქმედება, საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
გაეროს კონვენცია ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ” ერთ-ერთი ძირეული დოკუმენტია, სადაც ის კონკრეტული უფლებებია მოცემული, რაც ადამიანის უფლებათა საერთო დეკლარაციებსა და კონვენციებში არ არის გათვალისწინებული. მართალია, ყველა ამ დოკუმენტში იგულისხმება ქალთა უფლებებიც, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც აუცილებელი იყო კონკრეტული ღონისძიებების მიღება, რასაც მოჰყვა გაეროს მიერ შემუშავებული კონვენცია. კონვენცია ძირითადად ეხება ქალთა უფლებების დაცვას კულტურის, განათლებისა და ჯანმრთე-ლობის, შრომისა და მართლმსაჯულების სფეროში.
1997 წლის 22 სექტემბრის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, საქართველო შეუერთდა ამ კონვენციას და ამით მასში აღნიშნული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებები იკისრა.
როდესაც სახელმწიფო უერთდება გაეროს რომელიმე დოკუმენტს და ახდენს მის რატიფიცირებას, იგი კისრულობს არა მარტო ამ კონვენციის მოთხოვნათა განხორციელებისათვის ხელშეწყობის ვალდებულებებს, არამედ მისი უზრუნველყოფისთვის მტკიცე საკანონმდებლო ბაზის შექმნას. ამ მიმართულებით საქართველომაც გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. კერძოდ, შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო, სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მიღებულ იქნა რიგი საკანონმდებლო აქტები და კოდექსები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არის შემუშავებული.
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ადამიანის უფლებათა სფეროში ფუნდამენტურ დოკუმენტებს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი. საქართველო შეუერთდა და აღიარა მათი პრიმატი. ფორმალურად პრობლემა მოგვარებულია. სხვა საკითხია, თუ რამდენად ეფექტურად და რეალურად ხდება მათი განხორციელება, რამდენად დიდია ინფორმაცია, რომელიც თითოეულ ინდივიდს გააჩნია, რამდენად ინფორმირებულია თითოეული მათგანი იმ მექანიზმების შინაარსის შესახებ, რომლებსაც ქალის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ევალებათ.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. საქართველოს კონსტიტუცია, თბ. 1996 წ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, თბ. 1997 წ.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარები, თბ. 1976 წ.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, თბ. 1997 წ.
5. ჟურნალი ,,სამართალი”, თბ. 1991 წ. № 7-8
6. თ.შავგულიძე - პიროვნების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
7. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, 1966 წ.
8. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი.
9. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948 წ, თბ. 1992 წ.
10. გაეროს კონვენცია ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ.”
11. საერთაშორისო კონვენციები ქალის უფლებების სფეროში, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა და რეალურად მოქმედი მექანიზმები, თბ. 1997 წ.
12. ПРАВА ЧЕЛОВЕКА И СУДОПРОИЗВОДСТВО, ВАРШАВА, СОБРАНИЕ МЕЖДУНАРОДНЫХ ДОКУМЕНТОВ.
![]() |
5 ქალი, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტი (სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით) |
▲ზევით დაბრუნება |
ელზა გულიაშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი
ისტორიული ტრადიციები, ეროვნული ფსიქოლოგია, რელიგიური ცნობიერება, კულტურული ატმოსფერო, საზოგადოების იდეოლოგიზაციისა და პოლიტიზაციის დონე და კიდევ სხვა; სწორედ ის ფაქტორებია, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა მოახდინა ქალის იმ სახის ფენომენის ჩამოყალიბებაზე, როგორიც იგი დღესაა ჩვენში. არსებობს ქალი როგორც დედა, და, მეუღლე, ბებია, სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწე, როგორც სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი. ქალის უფლებრივი მდგომარეობის ერთადერთი დამცავი საშუალება და მისი თანასწორუფლებიანობის გარანტი მხოლოდ ძლიერი კანონმდებლობა და მისი უზრუნველყოფის რეალურად მოქმედი მექანიზმებია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი ბაზის გაანალიზება, რომელიც ქვეყანაში არსებობს და რის საფუძველზეც ხელისუფლება უშუალოდ იცავს ქალის უფლებებს. კანონმდებლობა უნდა წარმოადგენდეს ძირითად ხერხემალს, რომლის საშუალებითაც ქალი უნდა იყოს სამართლის ისეთივე სრულუფლებიანი სუბიექტი, როგორც მამაკაცია.
დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არსებობს უდიდესი სამართლებრივი ბაზა, რომელიც მიმართულია ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში ქალის მამაკაცთან გათანასწორებისა და მათი საერთო პოლიტიკურ მოძრაობაში მონაწილეობის გაძლიერებისაკენ. ამ თვალსაზრისით, უდიდესი მონაპოვარია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტმა, 1997 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიიღო და რომელიც ძალაში შევიდა ამავე წლის 25 ნოემბრიდან.
სამოქალაქო კოდექსი წარმოადგენს საკანონმდებლო აქტს, რომელშიც სისტემატიზებულია სამოქალაქო სამართლის ძირითადი ნორმები (ამ დარგის სახელწოდება ჯერ კიდევ მონათმფლობელური რომიდან მომდინარეობს). უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სამართალი აწესრიგებს ქონებრივ და ზოგად არაქონებრივ ურთიერთობებს; იგი არეგულირებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს, რაც სამოქალაქო კოდექსის პირველივე მუხლშია მითითებული. პირთა თანასწორობას იცავს საქართველოს უზენაესი კანონი, - კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს, რომ ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა…” აქედან გამომდინარე, ქალს გააჩნია იგივე უფლებები და მოვალეობები, როგორც მამაკაცს და სქესობრივი ნიშნით სხვაობა არ იწვევს განსხვავებული უფლებებისა და მოვალეობების არსებობას ან არარსებობას.
სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს წარმოადგენენ სამოქალაქო სამართლის სუბიექტები. სუბიექტი შეიძლება იყოს ადამიანი, სოციალური ჯგუფი, კლასი, ხალხი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო სამართლის ძირითად სუბიექტს წარმოადგენს ფიზიკური პირი - სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ადამიანი, რომელიც სამოქალაქო უფლებაუნარიანობით და ქმედუნარიანობით სარგებლობს.
სამოქალაქო უფლებაუნარიანობით სარგებლობს ნებისმიერი მოქალაქე რაიმე, მათ შორის სქესის მიხედვით შეზღუდვის გარეშე, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლშია მითითებული.
უფლებაუნარიანობა არის მოქალაქის უნარი, იქონიოს სამოქალაქო უფლებანი და მოვალეობანი, კერძოდ, ქონებრივი, საოჯახო და პირადი უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებამოსილებები შეიძლება წარმოიშვას ჩასახვისთანავე, ჯერ კიდევ დაბადებამდე (მაგ., მემკვიდრეობის უფლება როგორც კანონით, ისევე ანდერძით აქვს პირს, რომელიც მემკვიდრის სიცოცხლეში ჩაისახა და თუნდაც მისი გარდაცვალებიდან ათი თვის გასვლის შემდეგ დაიბადა).
საქართველოს კანონმდებლობა ქალს, ისევე როგორც მეორე სქესის წარმომადგენელს, ანიჭებს ფართო სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და პირად უფლებებსა და თავისუფლებებს. პირადი უფლებებია - პირის სიცოცხლის უფლება, სინდისის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების, მიმოწერის, სატელეფონო საუბრების ხელშეუხებლობა; მოქალაქეთა სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებებს განეკუთვნება: არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმეთა მართვაში მონაწილეობის, სიტყვის, მათ შორის ბეჭდვითი სიტყვის, კრებების, მიტინგების, დემონსტრაციების მოწყობის უფლება და სხვა; ხოლო სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს მიეკუთვნება: შრომის, დასვენების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების უფლება და სხვა. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა ისპობა პირის გარდაცვალებასთან ერთად. რაიმე ცენზი, რომლის გამოც სქესის მიხედვით შეიძლება ფიზიკური პირი მისი უფლებაუნარიანობის აღიარებისას შეიზღუდოს, არ არსებობს.
ქალი, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, გარდა იმისა, რომ არის უფლებაუნარიანი ფიზიკური პირი, აგრეთვე ქმედუნარიანი ფიზიკური პირიცაა. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს უნარი, თავისი მოქმედებით შეიძინოს უფლებები და შეიქმნას იურიდიული მოვალეობანი, მაგალითად, დადოს ხელშეკრულება, გასცეს მინდობილობა და სხვა, აგრეთვე, პასუხი აგოს არამართლზომიერი მოქმედებისათვის, მაგალითად, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენებისათვის.
ქმედუნარიანობა შეგნებული, ნებელობითი მოქმედებით გამოიხატება. ამიტომ, უფლება-უნარიანობისაგან განსხვავებით, იგი ყველა მოქალაქეს შეიძლება არ გააჩნდეს. ქმედუნარიანად ითვლებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც თავისი ასაკობრივი და გონებრივი მდგომარეობის გამო, შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა და შედეგები. ქმედუნარიანობა სრული მოცულობით 18 წლის ასაკიდან წარმოიშობა. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე ქალი ან მამაკაცი, რომელმაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე იქორწინა. ამდენად, კანონმდებელი ქორწინებას მიიჩნევს ისეთი მნიშვნელობის ქმედებად, რომელსაც ძალუძს წარმოშვას ქმედუნარიანობა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დააჩქაროს პირის ქმედუნარიანად აღიარება და ეს პირი შეიძლება იყოს როგორც მამაკაცი, ისე ქალი.
საინტერესოა განვიხილოთ ქალი, როგორც სამოქალაქო სამართლის უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი სუბიექტი, რომელიც საოჯახო სამართალში საკმაოდ დიდი დატვირთვით გვევლინება. საოჯახო სამართალი, როგორც სამოქალაქო სამართლის დარგი, მეუღლეებს, შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებს შორის არეგულირებს პირად და ქონებრივ ურთიერთობებს. საოჯახო სამართლის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა საოჯახო ურთიერთობებში; დედობის დაცვა და წახალისება; არასრულწლოვანთა სწორი მიმართულებით აღზრდა და მათი ინტერესების უზრუნველყოფა; ქორწინება და განქორწინება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. ახალ სამოქალაქო კოდექსში ეს საკითხი მოქცეულია მეხუთე წიგნში - საოჯახო სამართალი, რომლის პირველ კარს წარმოადგენს ქორწინება. აქ გადმოცემულია ქორწინებასთან და განქორწინებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობები.
საქორწინო სამართალი ასახავს და ავითარებს საქორწინო კანონმდებლობის საფუძვლების ნორმებს და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ოჯახის შემდგომ განმტკიცებას, დედათა და ბავშვთა ინტერესების ყოველმხრივ დაცვას, ქალის უთანასწორო მდგომარეობის ნაშთების აღმოფხვრას. ფართო გაგებით, საოჯახო სამართლის ამოცანაა, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით საქორწინო კავშირის, ურთიერთსიყვარულის, მეგობრობისა და პატივისცემის გრძნობის საფუძველზე არა მარტო საოჯახო ურთიერთობის მოწესრიგება, არამედ, ასევე, სამშობლოს ერთგულების, შრომასთან და განათლებასთან სწორი დამოკიდებულების სულისკვეთებით, ოჯახის მიერ შვილების აღზრდა, რაც საზოგადოების აღზრდასა და თითოეული ბავშვისათვის ბედნიერი ბავშვობის უზრუნველყოფასთანაა მჭიდრო კავშირში.
საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ასევე თანაბარი მოვალეობანი ეკისრებათ.
სამოქალაქო კოდექსით დაქორწინებისას და საოჯახო ურთიერთობებში, აკრძალულია ყოველგვარი დისკრიმინაცია, პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულებით და მათ შორის სქესის მიხედვით.
დღევანდელი სამოქალაქო კანონმდებლობით, როგორც აღვნიშნეთ, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომლის აუცილებელ პირობას მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცია წარმოადგენს.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო მოვალეა დასაქორწინებელ პირებს გააცნოს ქორწინების რეგისტრაციისათვის საჭირო პირობები, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი. აღნიშნულმა ორგანომ უნდა დაადგინოს, ცნობილია თუ არა ორივე მხარისათვის ერთმანეთის ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობა. დაქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისათვის ქალსაც და მამაკაცსაც პასუხისმგებლობა ერთნაირად ეკისრებათ.
თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანომ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება თვითონ აღმოაჩინა, დაუყონებლივ უნდა აცნობოს დასაქორწინებელ პირებს. თუ ეს გარემოება არ გამოსწორდა, შესაბამის ორგანოს ქორწინების გაფორმების უფლება არა აქვს.
ქორწინების რეგისტრაციისას ქალსაც და მამაკაცსაც აუცილებელია ყავდეთ ერთი სრულწლოვანი მოწმე მაინც.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს ქორწინების რეგისტრაციაზე უარი შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში რომელიმე მხარის ან ორივე მხარის მიერ ერთად.
აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ საეკლესიო ქორწინება და სამოქალაქო ქორწინება.
საეკლესიო ქორწინება ქრისტიანულ რელიგიაში შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს. შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლა მათი მარადიული ურთიერთზრუნვის სიმბოლოა. ბეჭედი, როგორც წრე, მარადისობას გამოხატავს, ხოლო თავზე გვირგვინის დადგმა - ვნების დათრგუნვას, ჯილდოს იმისათვის, რომ მათ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად იცხოვრეს. რელიგია ქორწინების საიდუმლოთი შეკრულ ცოლ-ქმრულ კავშირს განიხილავს, როგორც ეკლესიასთან ქრისტეს სულიერ კავშირს. მართლმადიდებელი ეკლესია რჯულიერ ქორწინებას ძალიან იშვიათად აუქმებს (მაგ., ცოლ-ქმრისაგან რომელიმეს ღალატის შემთხვევაში და სხვა), კათოლიკური ეკლესია კი, საერთოდ არ აუქმებს.
არის ქვეყნები, სადაც სამოქალაქო ქორწინებას და საეკლესიო ქორწინებას თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ასეთია, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთში კი იურიდიულად მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაა აღიარებული. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში იურიდიული ძალა მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებას ჰქონდა, ე.ი. ქორწინებას, რომელიც ფორმდებოდა მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში (ყოფილი მმაჩი). ამ რესპუბლიკებში კანონიერ ქორწინებად ითვლებოდა აგრეთვე საეკლესიო ქორწინებაც, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე იყო გაფორმებული.
საქორწინო ურთიერთობებში შესვლისათვის კანონმდებლობა ქალსა და მამაკაცს ორ ძირითად პირობას უყენებს. ეს პირობებია: საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ქალის საქორწინო ასაკი მამაკაცის საქორწინო ასაკზე უფრო დაბალი იყო, თუმცა, ახალი სამოქალაქო კოდექსით, ქალის ქორწინების ასაკი უთანაბრდება მამაკაცის საქორწინო ასაკს და იგი თვრამეტ წელს წარმოადგენს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ეს შემთხვევები შეიძლება იყოს:
- მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი თანხმობა;
- სასამართლოს ნებართვა, მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების დაქორწინებაზე უარის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას.
საქორწინო ასაკის გათანაბრება კიდევ ერთხელ ადასტურებს კანონმდებლის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის აღიარებას. ქალს საქორწინო უფლებები და მოვალეობები იმავე ასაკში წარმოეშობა, როდესაც კაცს და არა უფრო ადრე, როგორც ეს საბჭოთა კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული (16 წელი).
ქალმა და მამაკაცმა შესაძლებელია დაქორწინების პირობა ერთმანეთს წინასწარ მისცენ, რასაც ნიშნობას უწოდებენ. ნიშნობა არ წარმოადგენს იძულებითი დაქორწინების აუცილებლობას და სასამართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველს. უარის თქმა შეუძლია როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ან ორივეს ერთად. საჩუქრებს, რომელიც პიროვნებას ნიშნობის დროს გადაეცა, დაუქორწინებლობის შემთხვევაში უკან აბრუნებს.
ისტორიულად, საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურზე, ქალის მოტაცება დაქორწინების ერთ-ერთი კერძო სახეობა იყო. მას, როგორც ქორწინების ერთ-ერთ ნებადართულ სახეობას, ითვალისწინებს მანუს კანონები, მაგრამ ქალის მოტაცება არასოდეს ყოფილა ქორწინების ლეგალური ინსტიტუტი. ზოგი ხალხის ისტორიაში მოტაცების „ინსტიტუტი” საერთოდ არ არის ცნობილი. ქალის მოტაცების ინსცენირება საქორწინო ცერემონიალში წარმოშობილი უნდა იყოს პატრილოკალური ქორწინების გავრცელებისას, როდესაც ქალი თავისი ქმრის გვარში საცხოვრებლად უნდა გადასულიყო.
ქართულ საკანონმდებლო ძეგლებში ქალის მოტაცება, როგორც ქორწინების კანონიერი ფორმა, არ იხსენიება. ძველი ქართული საქორწინო რიტუალის თანახმად, როდესაც ახალდაქორწინებული, გვირგვინნაკურთხი ცოლ-ქმარი ეკლესიიდან გამოდიოდა, სიძის ეჯიბი და პატარძლის მაყრები ხმლებს მიადებდნენ ეკლესიის კარებთან. ამას ივ. ჯავახიშვილი ქალის მოტაცების ძველი ჩვეულების სიმბოლურ გამოხატულებად მიიჩნევს. მოტაცების „ცერემონიალში”, რომელსაც თავისთავად ქორწინება მოსდევდა, ხელისუფლება ვერ ჩაერეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ქალისათვის ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო.
თანამედროვე სამართალში, დღევანდელი სამოქალაქო კოდექსით, დაქორწინებისას დაუშვებელია ქალის უფლების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა. საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც სხვა მრავალი ქვეყნის კანონმდებლობები, ქალის მოტაცებას დანაშაულის სახედ ცნობს და მას კრძალავს, რადგანაც ის ქალის ქორწინების თავისუფლებას ხელყოფს. ქალის მოტაცება, მასთან დაქორწინების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უკანონო თავისუფლების აღკვეთის განსაკუთრებული სახეა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პირობებს, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში ქალს უპირატესობას ანიჭებს და განქორწინებისას შეღავათებს უწესებს. მაგალითად, თუ:
- ქალი ორსულადაა, ან ჰყავს ერთ წლამდე ასაკის შვილი, მას შეუძლია უარი განაცხადოს განქორწინებაზე. ქმარს კი, შესაბამისად, არსებული გარემოებების არსებობისას, უფლება არა აქვს განქორწინების შესახებ, ცოლის თანხმობის გარეშე, საქმე აღძრას.
- მეუღლეებმა დადგენილი ასაკის მიღწევამდე იქორწინეს, კანონის შესაბამისად, ქორწინება ბათილად ცხადდება, მაგრამ, თუ არასრულწლოვანი ქალი ქორწინების ბათილობის მომენტისათვის ორსულადაა, მას შესაძლებლობა ეძლევა შეინარჩუნოს ქორწინება მიუხედავად იმისა, რომ მას ან მის მეუღლეს (ან ორივეს) არ შესრულებიათ საქორწინო ასაკი, 18 წელი.
ახალი სამოქალაქო კოდექსით, საქართველოში შემოღებულ იქნა ახალი სახელშეკრულებო ინსტიტუტი - საქორწინო ხელშეკრულება. ამიერიდან მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც მათ ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას მოაწესრიგებს.
საქორწინო ხელშეკრულების დადების დრო განსაზღვრული არა არის, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საქორწინო ხელშეკრულების დადების დრო, როგორც იურიდიული ნორმა, არ არსებობს. იგი შესაძლებელია დაიდოს ქორწინებამდე, ისე ქორწინების შემდგომ. თუ საქორწინო ხელშეკრულება დაიდო ქორწინებამდე, იგი ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ. აუცილებელია საქორწინო ხელშეკრულება დაიდოს წერილობითი ფორმით და ასევე წერილობითი ფორმით დადასტურდეს.
საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. საფრანგეთი), საქორწინო ხელშეკრულება წარმოადგენს ქონების ერთად მართვის, ე. წ. თანამართვის საფუძველს. თუმცა, არის ქვეყნები, მაგალითად თურქეთი, სადაც საქორწინო კონტრაქტის საფუძველზე ქონების მართვის მთელი უფლება მხოლოდ ქმარს ეძლევა.
საქართველოს კანონმდებლობით, მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავისი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება როგორც ქორწინებამდე, ისე ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება (საერთო ქონება). ასევე შესაძლებელია ამგვარ გაერთიანებაზე ნაწილობრივ ან მთლიანად თქვან უარი და საკუთრება ქონებაზე თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული დაადგინონ (სამოქალაქო კოდექსი მუხლი 1176). საქორწინო ხელშეკრულებით, ორივე სქესის წარმომადგენელს უფლება აქვს განსაზღვროს შემოსავლებში მონაწილეობის პირობები თუ თითოეულის საოჯახო ხარჯების გაწევის წესი.
საოჯახო სამართალში არსებული საქორწინო ხელშეკრულება არის ერთ-ერთი უდიდესი წინაპირობა იმისა, რომ ქალმა თავისი მომავალი ცხოვრება წინასწარ განსაზღვროს და ოჯახის წარმართვაში ისეთივე უფლებებით ისარგებლოს, როგორითაც მეორე მხარე შეიძლება სარგებლობდეს. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც ერთ-ერთ მეუღლეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს და თუკი ასეთი პირობები მაინც არსებობს, სასამართლოს, რომელიმე მხარის განცხადებით შეუძლია ისინი შეცვალოს ან გააუქმოს.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ აღნიშნული 1176 მუხლის თანახმად, საქორწინო ხელშეკრულების დადებისას, მეუღლეებს (ქალსაც და მამაკაცსაც) შეუძლიათ შეცვალონ კანონით დადგენილი წესი. აქ აუცილებელია ავღნიშნოთ ის გარემოება, რომ კოდექსი ისეთი უფლებებისა და მოვალეობების არსებობას ითვალისწინებს, რომლის შეცვლა თუნდაც საქორწინო ხელშეკრულებით დაუშვებელია. ესენი არიან; მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, შვილების მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობანი, საალიმენტო მოვალეობანი და დავის შემთხვევაში სასამართლოში მიმართვის უფლება.
სამოქალაქო კანონმდებლობით, ქორწინებისას მეუღლეები იძენენ სრულიად ახალ უფლებებს. ეს უფლებებია პირადი უფლებები, რომლებიც წარმოადგენენ გვარის არჩევის; საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის; საქმიანობის არჩევის და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებები. განვიხილოთ ცალ-ცალკე:
1. დაქორწინებისას მეუღლეებს უფლება აქვთ სურვილისამებრ აირჩიონ ერთ-ერთი მეუღლის გვარი თავიანთ საერთო გვარად, შეუძლიათ დაიტოვონ კიდეც თავიანთი გვარი ანდა ერთ-ერთმა ქორწინებამდელი გვარი შეუერთოს მეორეს გვარს. გვარების შეერთება დაუშვებელია, თუ ერთს მაინც აქვს ორმაგი გვარი;
2. შვილების აღზრდას და ოჯახის სხვა საკითხებს მეუღლეები ერთად უნდა წყვეტდნენ;
3. საქმიანობისა და პროფესიის არჩევა ორივე სქესის წარმომადგენლისათვის თავისუფალია;
4. მეუღლეებს, შეხედულებისამებრ, შეუძლიათ აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი, ოღონდ ეს ოჯახის ინტერესებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
არის შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე მეორე მეუღლის დახმარებაზე ან მის რჩენაზე უარს ამბობს. ამ შემთხვევაში ქალს ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება, ანუ, თუ იგი ორსულადაა და მეუღლე მის რჩენაზე ან დახმარებაზე უარს ამბობს, სასამართლო წესით, ქალს, მთელი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში, შეუძლია შეინარჩუნოს სარჩოს მიღების ან დახმარების უფლება.
რაც შეეხება ინფორმაციას უკანონო ქორწინებაში ან საერთოდ ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მშობლების შესახებ, ბავშვის დედის შესახებ ჩანაწერი კეთდება დედის განცხადებით, ხოლო ჩანაწერი მამის შესახებ - ორივე მშობლის ერთობლივი განცხადებით. ბავშვის მამის ჩანაწერი ხდება მამის განცხადებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
1. დედა გარდაიცვალა;
2. დედა ცნობილია ქმედუუნაროდ;
3. ჩამორთმეული აქვს დედას მშობლის უფლება;
4. შეუძლებელია დედის საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
თუ ბავშვი შეეძინა დაუქორწინებელ დედას და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, დაბადების ჩანაწერის წიგნში ბავშვის მამის გვარად ჩაიწერება დედის გვარი, ბავშვის მამის სახელი კი - დედის მითითებით.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში გაიზარდა შრომითი საქმიანობის სფეროები, სადაც ქალს მონაწილეობის ფართო საშუალება მიეცა. მაგალითად, ისეთი მამაკაცური საქმიანობის სფერო, როგორიცაა ბიზნესი, ქალი თითქმის არ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ დღევანდელი სურათი მთლიანად შეიცვალა. დღეს ქალს უხდება გარკვევა ისეთ საკითხებში, როგორიცაა საგადასახადო საქმე, ფინანსები, საწარმოს მართვა და ა.შ., რაც ხშირ შემთხვევაში მისგან მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.
საქართველოს კანონმდებლობით, ქალსა და მამაკაცს აქვს თანაბარი შრომის, შრომის ანაზღაურების, დასვენებისა და სოციალური უზრუნველყოფის უფლება. საქართველოში მცხოვრებ მუშათა და მოსამსახურეთა შრომის თავისუფლების, შრომითი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიანი ანაზღაურების უზრუნველყოფის და სხვათა შესახებ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში არსებობს შრომის კანონთა კოდექსი. ამ კოდექსით ამომწურავად განისაზღვრება ქალთა შრომითი ურთიერთობების წრე, რომელსაც აღნიშნული საკანონმდებლო აქტი აწესრიგებს. ქალის შრომის ხასიათს განსაზღვრავს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური წყობილება. მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით, ქალის შრომის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. ქალების შრომის შეუზღუდავ უფლებებს თან სდევს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაც.
ქალის შრომის რეგულირებისას, კანონმდებლობა ითვალისწინებს მათი ორგანიზმის ფიზიოლოგიას, იცავს დედათა და ბავშვთა ინტერესებს და შესაბამისად აწესებს მათი შრომისათვის გამონაკლისებს. ამისათვის, მრეწველობის ზოგიერთ დარგში მომუშავე ქალებს, მაგალითად მრავალშვილიან დედებს, მამაკაცებისაგან განსხვავებით, აქვთ მრავალი დამატებითი შეღავათი, მაგალითად:
- აკრძალულია ქალის შრომის მძიმე ან ისეთ სამუშაოებზე გამოყენება, სადაც ჯანმრთელობისათვის მავნე პირობებია.
- ქალებს ეკრძალებათ მიწისქვეშა სამუშაოებზე მუშაობა, გარდა ისეთი სამუშაოებისა, როგორიცაა არაფიზიკური ან სანიტარული და საყოფაცხოვრებო მომსახურების დარგში მუშაობა.
- დაუშვებელია ქალის შრომის გამოყენება ღამის სამუშაოებზე იმ დარგების გარდა, სადაც ეს განსაკუთრებული აუცილებლობითაა გამოწვეული და ნებადართულია, როგორც მხოლოდ დროებითი ღონისძიება.
- დაუშვებელია ქალისათვის ისეთი სიმძიმის აწევა და გადატანა, რომელიც აღემატება მათთვის დადგენილ ზღვრულ ნორმებს.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით, სამუშაოზე პირის მიღებისას ადმინისტრაცია ვალდებულია, გაითვალისწინოს სამუშაო დღის და სამუშაო კვირის ხანგრძლივობა. სამუშაო დღე ეს არის დღე - ღამის ნაწილი, რომლის განმავლობაში მშრომელი მუშაობს საწარმოში ან დაწესებულებაში. სამუშაო დღეს აქვს ფიზიკური (დახარჯული ენერგიის აღდგენის აუცილებლობით გარკვეული) და მორალური (მშრომელთა კულტურული მოთხოვნილების) საზღვრები. სამუშაო კვირა კი არის კალენდარული კვირის განმავლობაში შრომის ხანგრძლივობის კანონით დადგენილი სიდიდე, ანუ, სამუშაო დროის რეჟიმი, რომელიც კალენდარულ კვირაში სამუშაო და გამოსასვლელი დღეების რაოდენობას განსაზღვრავს. სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სამუშაო კვირის ხანგრძლივობა საშუალოდ 40, 6 სთ-ით განისაზღვრება. ამჟამად საქართველოში მუშაობა ხორციელდება ძირითადად ხუთდღიანი სამუშაო კვირის რეჟიმით.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი ადმინისტრაციას ვალდებულს ხდის მომუშავეს დაუწესოს არასრული სამუშაო დღე ან არასრული სამუშაო კვირა, ანუ, შეუმციროს სამუშაო დღის ან სამუშაო კვირის ხანგრძლივობა. ასეთი შეღავათებით სარგებლობენ ქალები, რომლებიც ორსულად არიან, ყავთ 12 წლამდე ასაკის შვილი, მეურვეობაში მყოფი ბავშვი ან უვლიან ოჯახის ავადმყოფ წევრს. უკანასკნელი შემთხვევის არსებობისას, ქალმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დასკვნა, რის საფუძველზეც ადმინისტრაციამ მას არასრულ სამუშაო დღე უნდა დაუწესოს.
აღნიშნულ შემთხვევებში ქალის შრომის ანაზღაურება ხდება გამომუშავების ან ნამუშევარი დროის პროპორციულად, ე.ი. ხელფასის გადახდა ხდება იგივე რაოდენობით, რაც სრული სამუშაო დროის ან კვირის ხელფასს შეესაბამება. არასრული დროით მუშაობა არ ზღუდავს ქალისათვის ყოველწლიური შვებულების ხანგრძლივობას და შრომითი სტაჟის გამოთვლაზე გავლენას არ ახდენს.
დაუშვებელია ორსული ქალებისა და მეძუძური დედების, აგრეთვე იმ ქალების, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ყავთ, შრომის გამოყენება ღამისა და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე ან მივლინებაში გაგზავნა. აგრეთვე, დაუშვებელია ქალის ზეგანაკვეთურ სამუშაოებში ჩაბმა ან მისი თანხმობის გარეშე მივლინებაში გაგზავნა, თუ მას სამიდან თორმეტ წლამდე ან 16 წლამდე ინვალიდი ასაკის ბავშვი ჰყავს.
ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო, ქალებს, შრომის კანონთა კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, შეუძლიათ გამოიყენონ შვებულება. ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება არ შედის ყოველწლიური შვებულების ანგარიშში. კანონმდებლობით, ქალებს შვებულება ეძლევათ გარკვეული ხანგრძლივობით: მშობიარობამდე სამოცდაათი კალენდარული დღის, ხოლო მშობიარობის შემდეგ - ორმოცდათექვსმეტი კალენდარული დღის ხანგრძლივობით. თუ ქალს გართულებული მშობიარობა ჰქონდა ან ორი ან მეტი ბავშვი შეეძინა, შვებულების ხანგრძლივობა მშობიარობის შემდეგ სამოცდაათ კალენდარულ დღემდე იზრდება.
ბავშვის წლინახევრის ასაკის მიღწევამდე, ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულებით, თუ მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვთ, ასევე თვრამეტ წლამდე ასაკის ქალებს, სტაჟის მიუხედავად. ამ პერიოდის განმავლობაში ქალს უნარჩუნდება ხელფასი. ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულების გამოყენება შეუძლიათ ქალებს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილ-ნაწილ, ნებისმიერ დროს, ბავშვის წლინახევრის ასაკის მიღწევამდე. ასეთი შვებულება არ იძლევა მომდევნო, ყოველწლიური შვებულების უფლებას, მაგრამ იგი ითვლება მუშაობის უწყვეტ სტაჟში.
ბავშვის წლინახევრიდან სამი წლის ასაკის მიღწევამდე, ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ დამატებითი უხელფასო შვებულებით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულების ან უხელფასო შვებულების გამოყენება შეუძლია არა მარტო ბავშვის დედას, არამედ ბავშვის მამასაც, ან სხვა ნათესავს, რომელიც ფაქტიურად უვლის ბავშვს, რითაც ხაზი ესმევა იმას, რომ შეღავათები უწესდება არა ქალს, არამედ ნებისმიერ პიროვნებას ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.
ქალი, რომელმაც ახალშობილი ბავშვი იშვილა, გათანაბრებულია მეძუძურ დედასთან. იგი სარგებლობს ყველა ზემოაღნიშნული შეღავათითა და უპირატესობით.
ბევრი ქვეყნის სინამდვილეში, მათ შორის საქართველოშიც, არის შემთხვევები, როდესაც ქალს სამსახურში მიღებაზე უარს ეუბნებიან იმის გამო, რომ იგი ორსულადაა ან მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. საქართველოს კანონმდებლებმა გაითვალისწინეს რა ეს ფაქტი, შრომის კანონთა კოდექსით, ნებისმიერი სამსახურის ადმინისტრაციას აეკრძალა არსებულ შემთხვევაში ქალის სამსახურში მიღებაზე უარის თქმა ან ამის გამო მისი ხელფასის შემცირება.
ჩვენ მრავლად მოვიყვანეთ მაგალითები, როდესაც საქართველოს სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსით, ქალს კანონმდებელი არსებული გარემოებებისას, შეღავათებს უწესებს. ეს ფაქტი ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ ისე, რომ კანონით ქალი რაიმე უპირატესობით სარგებლობდეს. ზემოაღნიშნული შეღავათები იცავს ბავშვის და დედის, როგორც აღმზრდელის უფლებებს და მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო პირველ რიგში საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს.
ქალი და მამაკაცი, რომლებსაც უნდა მიაჩნდეთ, რომ თანასწორუფლებიანობა მათი ურთიერთობის განვითარების არსებითი ფაქტორია, სასურველია შეთანხმდნენ, რომ მათი თანამშრომლობა შრომითი საქმიანობის წარმართვაში, სრულყოფილი ოჯახის ჩამოყალიბებაში და სხვა კანონების სრული პატივისცემით უნდა ხორციელდებოდეს.
საქართველოს კონსტიტუცია პატივს სცემს ორივე სქესის თანასწორობასა და თავისუფლებას, რომელიც მათი პიროვნებისათვისაა დამახასიათებელი და, რომელიც მათ შორის თავისუფლების, სამოქალაქო თუ შრომითი დამოუკიდებლობის უფლებას მოიცავს.
საქართველოს კანონმდებლობა გვაძლევს იმის საშუალებას, ვაღიაროთ, რომ საზოგადოება პატივს სცემს ქალის უფლებას თავისუფლად აირჩიოს და განავითაროს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული იდეები, ისევე როგორც იმის უფლებას, რომ გარკვეული მდგომარეობის არსებობისას, იქონიოს კანონით მითითებული შეღავათები. დღეს არსებული იურიდიული ბაზა მაქსიმალურად ცდილობს თანამედროვეობაში არსებულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ურთიერთობის ნებისმიერ სფეროში საქართველოში მცხოვრებ ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობას. ქალის, როგორც სამართლის სუბიექტის უფლებები გამომდინარეობს მისი პიროვნების დამახასიათებელი ღირსებებიდან, რასაც ქალის თავისუფალი და სრული განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვს, ისინი პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთის უფლებას და სამართლის შესაბამისად და კონსტიტუციის სულისკვეთებით, თავისი შეხედულებისამებრ, განსაზღვრონ და განახორციელონ უფლება-მოვალეობანი.
ჩვენი არსებობის სინამდვილეში, საჭიროა ქალმა თვითონვე სცეს პატივი თავის ღირსებებს, გამოიყენოს თავისი ძალა და შესაძლებლობები ხალხის საკეთილდღეოდ და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული კანონის ნორმები საკუთარი ცხოვრების ქმედით კანონად გადააქციოს.
![]() |
6 ქალის უფლებების დაცვის მექანიზმი (,, ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ” კონვენციის მიხედვით) |
▲ზევით დაბრუნება |
ნინო ბაქაქური
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი
თანასწორობა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი პრინციპია, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და სოციალური სამართლიანობისაკენ ისწრაფვის. თუმცა, დღესდღეობით, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს პრინციპი კვლავ იდეალად და არა რეალურად განხორციელებულ ფაქტად რჩება. ამის ერთ-ერთ დასტურს ქალის დისკრიმინაციის პრობლემის მსოფლიო მასშტაბით არსებობა წარმოადგენს. თუმცა, ყველა საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმითა და ზომით გამოხატული, მაგრამ მეტად მტკივნეული ეს საკითხი მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე მთელი სიმწვავით დგას.
მსოფლიოში ქალთა რეალური მდგომარეობის გაშუქების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ქალისა და მამაკაცის სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის შესახებ საგანგაშო სტატისტიკური მონაცემები მიიღო. ამ მონაცემების მიხედვით, უქონელთა და ღარიბთა საგრძნობ უმრავლესობას დღეს ქალები წარმოადგენენ, ხოლო სოფლის ღარიბ მცხოვრებთა შორის ქალთა რიცხვი 1975 წლიდან 50%-ით გაიზარდა. ქალები განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებულ ადამიანთა უმეტესობას შეადგენენ, 1970-85 წლებში მათი რიცხვი 543-დან 557 მლნ-მდე გაიზარდა. აზიასა და აფრიკაში ქალები კვირის განმავლობაში მამაკაცებთან შედარებით 13 საათით უფრო მეტს მუშაობენ, მათი შრომა კი, უმეტეს შემთხვევაში, ნაკლებ ანაზღაურებადია. მსოფლიოში ქალის ხელფასი ანალოგიური სამუშაოს შემსრულებელი მამაკაცის ხელფასზე 30-40%-ით მცირეა. ქალებს უკავიათ ხელმძღვანელი თანამდებობების 10-20%; ხოლო სახელმწიფოს მეთაურთა შორის მათგან მხოლოდ 5% გვევლინება. და ბოლოს, სახლსა და ოჯახში ქალის აუნაზღაურებელი შრომა სახელმწიფოს ბიუჯეტში საქმიანობის ერთ-ერთ ფორმად რომ იყოს გათვალისწინებული, ეს უკანასკნელი წარმოების საერთო მოცულობის 25-30% შეადგენდა. როგორც ვხედავთ, სტატისტიკა ძალზე შთამბეჭდავია.
იბადება კითხვა: რატომ წარმოადგენს ქალის დისკრიმინაცია ასე ფართოდ გავრცელებულ და მყარად ფეხმოკიდებულ მოვლენას?
უმეტესწილად ეს განპირობებულია ტრადიციული შეხედულებებით საზოგადოებასა და ოჯახში ქალის როლის შესახებ, რომელიც კულტურული და რელიგიური წარმოდგენების გავლენით საუკუნეთა მანძილზე ყალიბდებოდა და საბოლოო ჯამში მყარ სტერეოტიპულ კონცეფციად გადაიქცა, რომლის გადალახვაც ძალზე ძნელია და საზოგადოებრიობის მხრიდან ხშირ შემთხვევაში მეტად მტკივნეულად აღიქმება.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საბჭოთა ხელისუფლების არსებობის 70-წლიანი პერიოდის მანძილზე, ჩვენში ოფიციალურად დაკანონებული იყო ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობა. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგაც, საკანონმდებლო თვალსაზრისით, ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს. პირიქით, იგი უფრო გამოაშკარავდა. საკანონმდებლო თვალსაზრისით, ბევრი რამ დღესაც არის გასაკეთებელი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემის გადასაჭრელად.
ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩვენი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ერთი შემაშფოთებელი მოვლენა, კერძოდ, ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას, რადგან საკუთარი უფლებების თაობაზე არა აქვს სრული ინფორმაცია. ამიტომ, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის მოსახლეობისათვის მაქსიმალურად მიწოდება უმნიშვნელოვანეს საქმედ რჩება.
კონვენციის შექმნის მოკლე ისტორია
მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის განმტკიცების საკითხმა პირველად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრეამბულაში გაიჟღერა.
ჯერ კიდევ 1945 წელს სან-ფრანცისკოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების განხილვისას, სხვა საკითხებთან ერთად, მსჯელობის საგანი გახდა ქალთა საკითხიც, რის შედეგადაც ადამიანის უფლებათა კომისიასთან საგანგებოდ შეიქმნა ქალის სტატუსის შემსწავლელი ქვეკომისია, რომელიც ერთ წელიწადში კომისიად გადაიქცა. მას 30 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მსოფლიოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მაქსიმალურად სრული ინფორმაცია შეეგროვებინა.
გაერომ 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციით ადამიანის უფლებები კაცობრიობის უზენაეს ღირებულებად აღიარა. თვით დეკლარაციაში და შემდგომ არაერთ საერთაშორისო პაქტსა და კონვენციაში (1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების, აგრეთვე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტები, 1950 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია) ხაზი გაესვა სქესთა თანასწორობის პრინციპს, კერძოდ, იმას, რომ ყოველი ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი; და ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს მიუხედავად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი და სხვა მდგომარეობის მიხედვით განსხვავებისა. თუმცა, დეკლარაციული ფორმით თანასწორუფლებიანობის მინიჭება საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მისი განხორციელების რეალური მექანიზმები თითქმის არ არსებობდა.
1963 წელს, ქალის სტატუსის შემსწავლელი კომისიის მიერ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა, რომ ქალის უფლებების დარღვევის მასშტაბები მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსათვის და ამ მოვლენის აღმოფხვრის მიზნით საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამავე წელს, გაერომ მოუწოდა სახელმწიფოებს, მიეღოთ დეკლარაცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ.
1972 წელს, ქალის სტატუსის შემსწავლელ კომისიას დაევალა გამოეთხოვა სახელმწიფოებისაგან მოსაზრებები ქალის უფლებებთან დაკავშირებით მომავალი საერთაშორისო ხელშეკრულების სავარაუდო ფორმისა და შინაარსის თაობაზე. მომდევნო წელს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კონვენციის ტექსტის ჩამოყალიბება დაევალა. ამ ჯგუფისა და ქალთა მდგომარეობის კომისიის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მომზადდა კონვენციის ტექსტი, რომელიც გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეას მიერ 1979 წლის 18 დეკემბერს იქნა მიღებული.
ამ კონვენციაში იურიდიულად იმპერატიული ფორმით გადმოცემულია ქალის უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული პრინციპები, რომლებიც ნებისმიერ სფეროში ყველა ქალის მიმართ გამოიყენება. იგი, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაში შევიდა 1981 წლის 3 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მეოცე ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიცირება. კონვენციის მეათე წლისთავისათვის, რომელიც 1989 წელს აღინიშნა, თითქმის ასმა სახელმწიფომ გამოხატა თანხმობა დაეცვა მისი დებულებები.
საქართველომ, როგორც ახალმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, უკვე განახორციელა გარკვეული ნაბიჯები ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასამკვიდრებლად. პირველ რიგში, 1991 წლის 15 სექტემბერს უზენაესი საბჭოს დადგენილებით, მან აღიარა 1948 წლის გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; შეუერთდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დოკუმენტებს.
მოგვიანებით, 1993 წელს საქართველო მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რომლის ერთ-ერთი მიზანია ყველასათვის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის წახალისება და განვითარება, განურჩევლად რასის, სქესის, ენისა და რელიგიის.
1994 წლის 25 იანვრის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, საქართველო შეუერთდა ორ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს: სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტსა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტს. თითქმის იმავდროულად 1994 წლის 22 სექტემბერს ჩვენ შევუერთდით 1979 წლის კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც 1994 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოსთვის ძალაში შევიდა.
აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს ზემოაღნიშნული კონვენციის შინაარსი და მისი ძირითადი ასპექტები.
ცნება ,,ქალის დისკრიმინაცია”
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ კონვენციამ მოგვცა ქალთან მიმართებაში ,,დისკრიმინაციის” ცნების ამომწურავი განმარტება. კერძოდ, კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ,,ქალის დისკრიმინაცია” ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნასა ან შეზღუდვას, რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საფუძველზე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების აღიარების, გამოყენების ან განხორციელების შესუსტება ან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და ნებისმიერ სხვა სფეროში მისი მთლიანად უარყოფა.
სახელმწიფოთა ვალდებულებები
კონვენციამ შეიმუშავა ვალდებულებები და პოლიტიკა, რომელთა დაცვა და ცხოვრებაში გატარება თითოეული სახელმწიფოს ამოცანაა. სახელმწიფო, კონვენციის წევრად გახდომისას, კისრულობს პასუხისმგებლობას მიიღოს აქტიური ზომები საკუთარ კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის დანერგვისათვის. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფომ უნდა გადახედოს საკუთარ სამოქალაქო, სისხლისა და შრომის კანონმდებლობას და ქვეყნის შიგნით დისკრიმინაციის ყოველგვარი იურიდიული საფუძველი მოსპოს. უფრო მეტიც. სქესთა შორის თანასწორობის პრინციპის რეალურად განსახორციელებლად კონვენციამ სახელმწიფოებისაგან მოითხოვა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ, სპეციალური სანქციების შემუშავება. ქალის უფლებების იურიდიულად დაკანონება არ ნიშნავს იმას, რომ მას პრაქტიკულად სწორედ ამგვარად მოექცევიან. ამიტომ, კონვენციამ სასურველი შედეგის მიღების მიზნით, მიზანშეწონილად ჩათვალა სახელმწიფოთათვის ისეთი სპეციალური ზომების მიღების მოთხოვნა, როგორიცაა ქვოტების სისტემის შემოღება, ანუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ეფექტურად ჩართვის მიზნით მათთვის განსაკუთრებული უპირატესობისა და პრივილეგიების მინიჭება. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას მხოლოდ და მხოლოდ თანასწორობის სწრაფად დამყარებისათვის და არ უნდა გადაიზარდოს სხვა უკიდურესობაში. როგორც კი მიზანი მიღწეულ იქნება, სპეციალური ზომების არსებობა ზედმეტი გახდება, რაც მათი გაუქმებით უნდა დასრულდეს.
მნიშვნელოვანი იყო ასევე იმის ხაზგასმა, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციისათვის არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სფეროშიც. ქალისა და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობაში ,,ვერტიკალური” თანასწორობისაკენ სწრაფვა არ კმარა. სახელმწიფომ დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის ,,ჰორიზონტალურ” დონეზეც უნდა მიიღოს ზომები, მათ შორის, ოჯახის ფარგლებში.
კონვენციამ სახელმწიფოებისაგან მოითხოვა ასევე, მიმართონ მთელი ძალისხმევა იმ ტრადიციებისა და ჩვევების აღმოფხვრისაკენ, რომლებიც ქალის როლის შესახებ მოძველებულია და რაც არასწორი წარმოდგენების შენარჩუნებას ხელს უწყობს.
კონვენციამ გამიჯნა დისკრიმინაციის კონკრეტული სფეროები და გამოხატვის კონკრეტული ფორმები, როგორებიცაა: დისკრიმინაცია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროში სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე; დისკრიმინაცია მოქალაქეობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით; დისკრიმინაცია განათლების სფეროში; შრომითი დასაქმების სფეროში; სამედიცინო მომსახურების, საფინანსო და სოციალურ სფეროში; ცალკე გამოიყო სოფლად მცხოვრებ ქალთა პრობლემატიკა; ქალით ვაჭრობისა და ქალთა პროსტიტუციის ექსპლუატაციის ფაქტები; ქალისა და ოჯახის პრობლემა და ა.შ.
თანასწორობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროში
თანასწორობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროში სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე ნიშნავს, რომ ყველა ქალს მიეცეს არჩევნებში, ასევე, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობისა და ნებისმიერი სახელმწიფო პოსტის დაკავების, არასამთავრობო ორგანიზაციებში მოღვაწეობისა, საკუთარი სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოდგენის უფლება.
ამისათვის რეკომენდირებულია ქალთა სქესის წარმომადგენელთა სახელმწიფო მოხელეების კანდიდატთა სიაში ჩართვა, ზოგიერთი სახელმწიფოებრივი პოსტის დასაკავებლად სქესის მიხედვით ყოველგვარი შეზღუდვის გაუქმება, ყოველმხრივი ხელშეწყობა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ სარბიელზე აქტიური მოღვაწეობისათვის ქალთა დაინტერესება.
თანასწორობა მოქალაქეობის უფლების განხორციელებისას
კონვენციის მე-9 მუხლი ეხება მოქალაქეობის საკითხებს და აღნიშნავს, რომ ქალს მოქალაქეობის მიღების, შეცვლისა და შენარჩუნების დროს მამაკაცის თანასწორი უფლება აქვს; რომ უცხოელზე დაქორწინება ან ქმრის მიერ მოქალაქეობის შეცვლა გავლენას არ უნდა ახდენდეს ცოლის მოქალაქეობაზე, არ უნდა აიძულებდეს მას მიიღოს ქმრის მოქალაქეობა. ზოგიერთ ქვეყანაში არსებული კანონის თანახმად, ამ ქვეყნის მოქალაქე მამაკაცის უცხოელ ქალთან ქორწინებისას, ამ უკანასკნელს ენიჭება ქმრის მოქალაქეობის მიღების უფლება; ხოლო უცხოელს, რომელიც დაქორწინდება აღნიშნული ქვეყნის მოქალაქე ქალზე, ამ ქვეყნის მოქალაქეობის უფლება არა აქვს, რაც ქალს იძულებულს ხდის მიატოვოს საკუთარი ქვეყანა, რაც მისი უფლების დისკრიმინაციას წარმოადგენს.
ამ მუხლის მეორე ნაწილით, ბავშვებს ენიჭებათ როგორც დედის, ისე მამის მოქალაქეობის არჩევის უფლება. ამ უფლების ხაზგასმაც იმ მიზეზით გახდა აუცილებელი, რომ მრავალ ქვეყანაში ბავშვს მხოლოდ მამის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვს.
თანასწორობა განათლების სფეროში
განათლების სფეროში თანასწორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან განათლება არის ქალის მიერ ნებისმიერ სფეროში საკუთარი უფლებების განხორციელების საფუძველი. სწორედ განათლების საშუალებით უნდა მოხდეს იმ ტრადიციებისა და წარმოდგენების აღმოფხვრა, რომლებიც ქალისა და მამაკაცის უთანასწორობას აძლიერებს და ქალს თავისი უფლებების დაცვაში ხელს უშლის.
მე-10 მუხლით სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებანი შეიძლება პირობითად სამ მიმართულებად დავყოთ:
პირველი ვალდებულების თანახმად, სახელმწიფოებმა ქალისათვის პროფესიისა და სპეციალობის არჩევის თავისუფლება და ნებისმიერი კატეგორიის სასწავლო დაწესებულების დიპლომის მიღების ერთნაირი პირობები უნდა უზრუნველყონ.
თუმცა, არცერთ ქვეყანაში ამ უფლების განხორციელებაზე ქალებს ოფიციალურად უარს არ ეუბნებიან. რეალურად მდგომარეობა კი გაცილებით უფრო რთულია, რადგან აქ საქმე გვაქვს სწორედ დამახინჯებულ წარმოდგენებსა და ცნობიერებასთან, რომლებიც თვით ოჯახში არსებობს და ხშირად გადაულახავ დაბრკოლებად ეღობება ქალს. აქ იგულისხმება შეხედულებები ქალის, როგორც დიასახლისის ფუნქციის შესახებ, რაც უბიძგებს მშობლებს ნაკლებად იზრუნონ მათი ქალიშვილისათვის ,,არატრადიციული” განათლების მიცემის თაობაზე. ამიტომ, ქალი ბავშვობიდანვე მოკლებულია იმ შესაძლებლობებს, რომელთა წყალობითაც მან საკუთარი უფლებების თაობაზე უნდა გაიგოს, ეფექტურად განახორციელოს ეს უფლებები და სხვათაგან მათი დაცვა მოითხოვოს.
მეორე ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოებმა განათლების სფეროში იკისრეს, ეს სწორედ სტერეოტიპული კონცეფციების აღმოფხვრისაკენ სწრაფვაა, რაც კონკრეტულად სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების გადასინჯვასა და სწავლების მეთოდების ამ მიზანთან მისადაგებაში უნდა გამოიხატოს.
მესამე ვალდებულება მამაკაცთა და ქალთა სწავლების დონეებს შორის განსხვავების აღმოფხვრას გულისხმობს. სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშავონ პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, საშუალო განათლების სრულყოფილად მიღების შესაძლებლობას მოკლებულ ქალებს სკოლაში ან სპეციალურ კურსებზე სწავლის გაგრძელების პირობებს შეუქმნის, რაც მათთვის ,,დაკარგულის” ერთგვარი ანაზღაურება იქნება.
თანასწორობა შრომითი დასაქმების სფეროში
რაც შეეხება შრომითი დასაქმების სფეროს, ამ სფეროში თანასწორობის მიღწევა რა ხანია ქალის უფლებებისათვის ბრძოლის პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ითვლება. ამ სფეროში აქტიურ როლს თამაშობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. მან პირველმა მიაღწია იმ უფლებების აღიარებას, რომლებიც შემდგომში კონვენციის მე-11 მუხლით იქნა განმტკიცებული. ამ მუხლის პირველი ნაწილი შრომის უფლებას ყველა ადამიანის უფლებად აცხადებს და აქვე გვთავაზობს ვალდებულებების ჩამონათვალს, რომელთა შესრულება, ამ უფლების რეალურად ხორცშესხმის მიზნით, ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის აუცილებელია. ამისათვის საკმარისი როდია, სახელმწიფოს მხრიდან სამსახურში დაქირავების დისკრიმინაციული პრაქტიკის საკანონმდებლო ფორმით აკრძალვა. სახელმწიფომ ორივე სქესის წარმომადგენლებს რეალურად უნდა შეუქმნას განათლებისა და პროფესიული მომზადების მიღების თანაბარი პირობები. სახელმწიფომ უნდა მისცეს ქალს პროფესიის თავისუფლად არჩევის საშუალება, რათა იგი არ გახდეს იძულებული ავტომატურად მისდიოს მოღვაწეობის იმ სფეროს, რომელიც ტრადიციულად ,,ქალურ საქმიანობად” ითვლება. ამისათვის სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სოციალური და კულტურული პირობები, რომლებიც ხელს უწყობს ქალის თვითგამოვლენის პროცესის გააქტიურებას.
ქალს სამუშაო ადგილზე უნდა ჰქონდეს მამაკაცთან ერთად თანაბარი ანაზღაურების მიღებისა და ნებისმიერი სამსახურებრივი მომსახურებით სარგებლობის უფლება. ქალი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას უნდა ჰქონდეს გარანტირებული ფასიანი შვებულება, მატერიალური დახმარება პენსიაში გასვლასთან, უმუშევრობასთან, ავადმყოფობასთან დაკავშირებით.
კონვენცია კატეგორიულად კრძალავს სამუშაო ადგილზე ქალთა დისკრიმინაციას მათი ოჯახური მდგომარეობის (კერძოდ, ქორწინებაში ყოფნის ან ორსულობის) გამო. სახელმწიფომ უნდა აუკრძალოს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო დაწესებულებას გამოიყენოს ქალის ორსულობა ან ოჯახური მდგომარეობა, როგორც სამსახურში მიღება-არმიღების ან სამსახურიდან გათავისუფლების კრიტერიუმი. სახელმწიფომ უნდა შეუქმნას შესაბამისი პირობები თავის მოქალაქეებს, რათა მათ შეძლონ მშობლის ფუნქციის, ოჯახური მოვალეობის სამსახურებრივთან შეთანხმება; გაუწიოს ისეთი სახის დახმარება, როგორიცაა ორსულობისა და მშობიარობის დროს ფასიანი შვებულება, უზრუნველყოს ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელი საშუალებებით, სამედიცინო მომსახურებით და სხვა.
და ბოლოს, შრომით სფეროში ნამდვილი თანასწორობის მისაღწევად, არ უნდა დავხუჭოთ თვალი ისეთ პრობლემაზე, როგორიცაა სამსახურში ქალის მიმართ ძალადობა, რასაც სამწუხაროდ ძალზე ხშირად აქვს ადგილი ჩვენს საზოგადოებაში. ამ პრობლემის გადასაწყვეტად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტმა 1989 წელს მიიღო საერთო რეკომენდაციები (№12), სადაც მოსთხოვა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს კომიტეტისადმი თავიანთ მოხსენებებში შეეტანათ ინფორმაცია იმ კანონების შესახებ, რომლებიც სამუშაო ადგილას ქალის მიმართ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგაა მიმართული.
1992 წელს კომიტეტმა შესთავაზა სახელმწიფოებს მიეღოთ სამართლებრივი ზომები, სისხლისსამართლებრივი სასჯელისა და სამოქალაქო სამართალში მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემოღების სახით.
სოფლად მცხოვრებ ქალთა პრობლემა
მსოფლიოს მრავალ კუთხეში სოფლად მცხოვრებ ქალთა მდგომარეობა მეტად მძიმეა. ხშირ შემთხვევაში, მათი მძიმე შრომა ვერავითარ აღიარებას ვერ პოულობს სხვათა მხრიდან. კონვენციამ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია და მოუწოდა სახელმწიფოებს ამ ქალთა გამორჩეული წვლილის ცნობისაკენ ოჯახისა და ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში. კონვენციის მე-14 მუხლი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს სოფლად ქალთა დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის სპეციალური ზომების მიღებას. კერძოდ, ქალთა ჩაბმას სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვის, ამხანაგობებისა და კოოპერატივების შექმნის პროცესში. სახელმწიფოებმა ასეთი ქალებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ სამედიცინო მომსახურება; მათი ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფისათვის შეიმუშავონ სპეციალური პროგრამები; დაეხმარონ სოფლად გაბატონებული სტერეოტიპების მსხვრევასა და პირადი და ოჯახის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრაში.
თანასწორობა საოჯახო ურთიერთობებში
კონვენციის მე-16 მუხლი ეხება პირად ცხოვრებაში ქალის დისკრიმინაციის პრობლემას, რომელიც მოიცავს საოჯახო კანონმდებლობის სფეროსაც. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებაში ქალის როლზე, მის უფლებებზე და გვავიწყდება, რომ დისკრიმინაციას ქალი საკუთარ სახლშიც განიცდის ქმრისა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. არცთუ იშვიათი შემთხვევაა, როცა ქალი სხვათა ანგარებითი ზრახვებისა და გადაწყვეტილებების მსხვერპლი ხდება. მსოფლიოს მრავალ კუთხეში გათხოვილ ქალს არა აქვს უფლება თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს ოჯახის სულადობრივი დაგეგმვის საქმეში; ბავშვის აღზრდის პრობლემის გადაწყვეტის ან საკუთარი სამსახურის არჩევის დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონვენცია პირველია ადამიანის უფლებათა შესახებ ხელშეკრულებებს შორის, რომელიც შეეხო ოჯახის დაგეგმვის თემას და მოითხოვა სახელმწიფოებისაგან უზრუნველყონ ქალებისათვის მამაკაცთა თანასწორად შვილების რაოდენობისა და მათ დაბადებას შორის დროის შუალედების განსაზღვრის უფლება და ინფორმაციის, განათლების მიღების, აგრეთვე, იმ საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ამ უფლების განხორციელებაში.
იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ქალისადმი პატივისცემის განსაკუთრებული ტრადიცია არსებობს, და ქალები დიდი გავლენით სარგებლობენ ოჯახში, ღრმად ფესვგამდგარი სტერეოტიპები ქალის, როგორც დედისა და დიასახლისის როლის შესახებ, ხელს უშლიან მათ ოჯახის გარეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და თვითდამკვიდრების საქმეში.
დისკრიმინაციის ამ ფორმას, როგორც წესი, საფუძვლად უდევს კულტურული და რელიგიური ტრადიციები, რაც მის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ართულებს. აქედან გამომდინარე, კონვენციამ სახელმწიფოებს მიზნად დაუსახა იმ ტრადიციებისა და კანონების თანდათანობით შეცვლა და აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უწყობს ამგვარ უთანასწორობას. ამასთან დაკავშირებით, მონაწილე სახელმწიფოებს დაევალათ მამაკაცთა და ქალთა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელების შეცვლა იმ ცრურწმენების აღმოფხვრისა და იმ ადათ-წესებისა და სხვა პრაქტიკის გაუქმების მიზნით, რომლებიც საფუძვლად უდევს ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის, ან მამაკაცთა და ქალთა სტერეოტიპულობის იდეას (მუხლი 5). მე-10 მუხლის c პუნქტის თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულები არიან, განათლების დარგში სტერეოტიპული კონცეფციების თავიდან აცილების მიზნით, გადასინჯონ სახელმძღვანელოები, სკოლის პროგრამები და სწავლების მეთოდები. ბოლოს, კონვენციის ყველა დებულება, რომელშიც დადასტურებულია ორივე სქესის თანასწორი მოვალეობანი, როგორც ოჯახურ ცხოვრებაში, ისე განათლებისა და დაქირავების სფეროში, სერიოზულად არის მიმართული კულტურის დარგში არსებული შაბლონების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროს მამაკაცის პრეროგატივად მიიჩნევს, ხოლო სახლს - ქალის საქმიანობის ასპარეზად.
ძალადობა
არ შეიძლება არ შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა ქალის წინააღმდეგ ძალადობა, სულერთია, სად და რა ფორმით იქნება იგი გამოხატული. თუმცა, ეს საკითხი კონვენციაში უშუალოდ განხილული არ არის, მაგრამ უდავოა მისი დიდი გავლენა ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულ პრინციპებზე. უფრო მეტიც, 1992 წელს, ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტმა, ქალისადმი მიმართული ძალადობის ოფიციალურად აკრძალვით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. კომიტეტმა დაადასტურა, რომ ქალის მიმართ ძალადობა, მიუხედავად იმისა, ჩადენილია სახელმწიფო მოხელისა თუ კერძო პირის მიერ, ადამიანის უფლებების დარღვევაა და მისი ყოველგვარი გამოვლინებისათვის სახელმწიფოები თანაბრად არიან პასუხისმგებელი.
1993 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია ქალის წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, სადაც აღწერილია ზომები, რომლებიც სახელმწიფომ საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმასთან საბრძოლველად უნდა მიიღოს.
ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტი
დასასრულს, რამდენიმე სიტყვით ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტის შესახებ.
1981 წელს, მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა პირველი ოცი სარატიფიკაციო სიგელი და კონვენცია ძალაში შევიდა, ამ უკანასკნელის მე-17 მუხლის საფუძველზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან დაარსდა ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტი. ამ კომიტეტის დანიშნულებაა თვალი ადევნოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ კონვენციის დადგენილებათა შესრულების პროცესს. კომიტეტი შედგება 23 ექსპერტისაგან, რომელთაც სახელმწიფოთა მიერ წარმოდგენილ კანდიდატთა სიებიდან ფარული კენჭისყრით ირჩევენ. თითოეული მათგანი უნდა იყოს მაღალი ზნეობრივი თვისებების მატარებელი და კომპეტენტური იმ სფეროში, რომელსაც კონვენცია მოიცავს. არჩევნების დროს დიდი ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ კომიტეტში წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა გეოგრაფიული არეალი, ცივილიზაციები და სამართლებრივი სისტემები. მიუხედავად იმისა, რომ წევრები სახელმწიფოთა მხრიდან არიან შემოთავაზებულნი, ისინი კომიტეტში წარმოდგენილი არიან პირადად და არა როგორც სახელმწიფოები. დაარსების დღიდან კომიტეტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალთა სქესს ეკუთვნის.
კომიტეტი მოქმედებს მონიტორინგის სისტემით. იგი იხილავს მოხსენებებს, რომელთა წარმოდგენაც სახელმწიფოებს ევალებათ, და ამ მოხსენებათა შედეგების მიხედვით შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს. მას, ასევე, უფლება აქვს სთხოვოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ კომიტეტებს მოხსენების წარმოდგენა; და ინფორმაცია მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან. კომიტეტი ყოველწლიურად თავისი მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს გენერალურ ასამბლეას ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით.
კომიტეტის სხდომები მიმდინარეობს ყოველწლიურად ორი კვირის განმავლობაში.
სახელმწიფომ, რომელიც უერთდება კონვენციას, თავისი პირველი მოხსენება უნდა წარმოადგინოს კონვენციის რატიფიკაციიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, მომდევნო მოხსენებები კი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, ან კომიტეტის მოთხოვნილებათა შესაბამისად.
სახელმწიფოები კომიტეტს მოხსენებას წარუდგენენ წერილობითი ფორმით, ხოლო სხდომის მსვლელობის პროცესში შეუძლიათ მისი შინაარსის ზეპირი კომენტარი გააკეთონ. მოხსენების წარმოდგენის შემდეგ, კომიტეტი მასთან დაკავშირებით აკეთებს საბოლოო დასკვნებსა და შენიშვნებს. ამ შენიშვნებში უნდა აისახოს სახელმწიფოს მოღვაწეობის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მხარეები.
კომიტეტი კერძო საჩივრებს არ იღებს, თუმცა ამჟამად ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და უახლოეს ხანებში გადაწყდება. მანამდე კი ქალებს შეუძლიათ ხმა მიაწვდინონ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილის ფარგლებში კერძო სარჩელებს იხილავს.
1999 წლის ზაფხულში საქართველო ქალთა დისკრიმინაციის კომიტეტის წინაშე ჩვენს ქვეყანაში კონვენციის მუხლების შესრულების თაობაზე პირველი მოხსენებით უნდა წარსდგეს. სამთავრობო მოხსენებასთან ერთად კომიტეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ მასალებსაც განიხილავს.
ამრიგად, კონვენციის მუხლები საქართველოსათვის უკვე ხუთი წელია მოქმედებს, მათი განხორციელების ეფექტურობა კი საზოგადოების ცნობიერების დონესა და აქტიურობის ხარისხზეა დამოკიდებული.
![]() |
7 კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
თარგმნა ნინო ბაქაქურმა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი
ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული ერების წესდება განამტკიცებს ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, მისი, როგორც პიროვნების, ღირსებისა და ღირებულებისადმი და მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობისადმი რწმენას, აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია განამტკიცებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და აცხადებს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, თანასწორი ღირსებითა და უფლებებით, და უნდა ფლობდეს დეკლარაციით გამოცხადებულ ყველა უფლებასა და თავისუფლებას, ნებისმიერი, მათ შორის, სქესის ნიშნით განსხვავების მიუხედავად,
აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მამაკაცისა და ქალის თანასწორობა ნებისმიერი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისას,
მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების ეგიდით დადებულ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ხელს უწყობს მამაკაცისა და ქალის უფლებრივ თანასწორობას,ითვალისწინებენ, აგრეთვე, მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობის მიზნით, გაერთიანებული ერებისა და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ მიღებულ რეზოლუციებს, დეკლარაციებსა და რეკომენდაციებს,
შეშფოთებულნი არიან, რომ ამ სხვადასხვა დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, ქალთა მზარდი დისკრიმინაცია გრძელდება,
შეახსენებენ, რომ ქალის დისკრიმინაცია არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებს, ხელს უშლის მამაკაცის თანაბრად ქალის მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში; აბრკოლებს საზოგადოებისა და ოჯახის კეთილდღეობის ზრდას და ართულებს ქალის შესაძლებლობათა სრულად გამოვლენას მისი ქვეყნისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ,
შეშფოთებულნი არიან, რომ სიღარიბის პირობებში ქალებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია სურსათი, ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები, განათლება, პროფესიული მომზადება და დასაქმების შესაძლებლობები, აგრეთვე სხვა მოთხოვნილებები,
დარწმუნებული არიან, რომ თანასწორობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის დამყარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მამაკაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობის განვითარებას,
ხაზს უსვამენ, რომ აპარტეიდის, რასიზმის ყველა ფორმის, რასობრივი დისკრიმინაციის, კოლონიალიზმის, ნეოკოლონიალიზმის, აგრესიის, უცხო სახელმწიფოს მიერ ოკუპაციისა და ბატონობის, სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის აღმოფხვრა აუცილებელია მამაკაცისა და ქალის უფლებების სრული განხორციელებისათვის,
ადასტურებენ, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცება, საერთაშორისო დაძაბულობის შენელება, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა მათი სოციალური და ეკონომიკური სისტემების მიუხედავად, საყოველთაო და სრული განიარაღება, განსაკუთრებით მკაცრ და ეფექტურ საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ბირთვული განიარაღება, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში სამართლიანობის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპების დამკვიდრება და უცხოეთისა და კოლონიური ბატონობის, უცხოური ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხების თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლების განხორციელება, აგრეთვე, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ბიძგს მისცემს სოციალურ პროგრესსა და განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მამაკაცსა და ქალს შორის სრული თანასწორობის მიღწევას,
დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყნის სრული განვითარება, მსოფლიო კეთილდღეობა და მშვიდობა მოითხოვს ყველა სფეროში ქალის მაქსიმალურ მონაწილეობას მამაკაცის თანასწორად,
ითვალისწინებენ ოჯახის კეთილდღეობისა და საზოგადოების განვითარების საქმეში ქალის განუზომელ წვლილს, რომელსაც დღემდე არ მოუპოვებია სრული აღიარება, ოჯახსა და ბავშვის აღზრდაში დედობის ფუნქციისა და ორივე მშობლის როლის სოციალურ მნიშვნელობას, ასევე, გაცნობიერებული აქვთ, რომ ქალის როლი შთამომავლობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს მისი დისკრიმინაციის საფუძველი, ვინაიდან ბავშვის აღზრდა მოითხოვს მამაკაცსა და ქალს, აგრეთვე მთლიანად საზოგადოებას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას,
აღიარებენ, რომ მამაკაცისა და ქალის სრული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებასა და ოჯახში როგორც მამაკაცის, ისე ქალის ტრადიციული როლის შეცვლა,
მზად არიან განახორციელონ ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ დეკლარაციით გამოცხადებული პრინციპები და ამ მიზნით, მიიღონ ასეთი დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და გამოვლინების აღმოსაფხვრელად საჭირო ზომები,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1
ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი ,,ქალის დისკრიმინაცია” ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარების, გამოყენების ან განხორციელების შესუსტება ან მთლიანად უარყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო თუ ნებისმიერ სხვა სფეროში.
მუხლი 2
მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალის დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, თანახმა არიან, ყველა შესატყვისი საშუალებით, დაუყოვნებლივ განახორციელონ ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის პოლიტიკა და ამ მიზნით, კისრულობენ ვალდებულებას:
ა) შეიტანონ მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის პრინციპი თავიანთ კონსტიტუციებში ან სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, თუ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ, და უზრუნველყონ კანონითა და სხვა შესატყვისი საშუალებებით ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელება;
ბ) მიიღონ, სადაც ეს აუცილებელია, ქალის ყოველგვარი დისკრიმინაციის ამკრძალავი შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ზომები, სანქციების ჩათვლით;
გ) დააწესონ ქალის უფლებების სამართლებრივი დაცვა მამაკაცთან თანასწორ საფუძველზე და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყონ დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან ქალის ეფექტური დაცვა;
დ) თავი შეიკავონ ქალის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტისა თუ მოქმედებისაგან და უზრუნველყონ სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების მოქმედება ამ ვალდებულების შესაბამისად;
ე) მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ნებისმიერი პირის, ორგანიზაციისა თუ საწარმოს მხრიდან ქალის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;
ვ) მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ჩვეულებებისა და პრაქტიკის შესაცვლელად ან გასაუქმებლად, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს;
ზ) გააუქმონ თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულება, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს.
მუხლი 3
მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, კერძოდ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში იღებენ შესაბამის ზომებს, საკანონმდებლოს ჩათვლით ქალის ყოველმხრივი განვითარებისა და პროგრესის უზრუნველსაყოფად, რათა მას მამაკაცთან თანასწორობის საფუძველზე შეექმნას ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობისა და მათი განხორციელების გარანტია.
მუხლი 4
1. მონაწილე სახელმწიფოების მიერ, მამაკაცსა და ქალს შორის ფაქტობრივი თანასწორობის დამყარების დასაჩქარებლად მიღებული დროებითი სპეციალური ზომები ამ კონვენციის განსაზღვრების მიხედვით, დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება, თუმცა, მან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარი და განსხვავებული სტანდარტების შენარჩუნება; აღნიშნული ზომები უნდა გაუქმდეს, როცა მიღწეულ იქნება მიზანი, რომელიც შესაძლებლობათა თანაბრობაში და თანამოპყრობაში გამოიხატება.
2. მონაწილე სახელმწიფოების მიერ დედობის დასაცავად სპეციალური, მათ შორის ამ კონვენციით გათვალისწინებული ზომების მიღება დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება.
მუხლი 5
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა:
ა) შეცვალონ მამაკაცისა და ქალის ყოფაქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენებისა და ჩვეულებების, აგრეთვე, მთელი დანარჩენი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რომელიც ემყარება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის იდეას ან მამაკაცის და ქალის როლის სტერეოტიპულ გააზრებას.
ბ) უზრუნველყონ, რომ საოჯახო აღზრდა გულისხმობდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მამაკაცისა და ქალის საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 6
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, საკანონმდებლოს ჩათვლით, ქალებით ყოველგვარი ვაჭრობისა და ქალის პროსტიტუციის ექსპლუატაციის აღსაკვეთად.
ნაწილი II
მუხლი 7
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციოდ, კერძოდ, ქალისათვის, მამაკაცის თანასწორად, უზრუნველყოფენ უფლებას:
ა) მისცეს ხმა ყველა არჩევნებსა და სახალხო რეფერენდუმში და არჩეულ იქნას ყველა ორგანოში, რომლებსაც საჯაროდ ირჩევენ;
ბ) მონაწილეობდეს მთავრობის პოლიტიკის ფორმულირებასა და განხორციელებაში და ეკავოს სახელმწიფო პოსტები, აგრეთვე, ახორციელებდეს ყველა სახელმწიფო ფუნქციას, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დონეზე;
გ) მონაწილეობდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების პრობლემებით არიან დაკავებული.
მუხლი 8
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ქალისათვის მამაკაცის თანასწორად და დისკრიმინაციის გარეშე საერთაშორისო დონეზე მთავრობის წარმოდგენისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები ქალს უფლებრივად უთანაბრებენ მამაკაცს მის მიერ მოქალაქეობის შეძენის, შეცვლისა და შენარჩუნების დროს. ისინი, კერძოდ, უზრუნველყოფენ, რომ უცხოელზე დაქორწინებამ, ქორწინების დროს ქმრის მოქალაქეობის შეცვლამ არ გამოიწვიოს ცოლის მოქალაქეობის ავტომატური შეცვლა, არ აქციოს იგი მოქალაქეობის არმქონე პირად და არ აიძულოს მას მიიღოს ქმრის მოქალაქეობა.
2. მონაწილე სახელმწიფოები ქალს უფლებრივად უთანაბრებენ მამაკაცს შვილების მოქალაქეობის განსაზღვრისას.
ნაწილი III
მუხლი 10
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციოდ, რათა მისთვის განათლების დარგში მამაკაცის თანაბარი უფლებები უზრუნველყონ, სახელდობრ:
ა) პროფესიის ან სპეციალობის არჩევის, განათლების ხელმისაწვდომობის, ყველა კატეგორიის სასწავლო დაწესებულების დიპლომის მიღების ერთნაირი პირობები, როგორც სოფლის, ისე ქალაქის რაიონებში. ეს თანასწორობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი როგორც სკოლამდელ, ზოგად, ტექნიკურ და უმაღლეს ტექნიკურ, ასევე ყველა ტიპის პროფესიულ განათლებაში;
ბ) სწავლების ერთნაირი პროგრამების, ერთნაირი გამოცდების, თანაბარი კვალიფიკაციის მასწავლებელთა შემადგენლობის, თანაბარი ხარისხის სასკოლო შენობებისა და მოწყობილობის ხელმისაწვდომობა;
გ) ყველა დონისა და ფორმის სწავლებაში მამაკაცისა და ქალის როლის შესახებ ნებისმიერი სტერეოტიპული წარმოდგენების აღმოფხვრა ერთობლივი სწავლებისა და სწავლების სხვადასხვა სახეების წახალისების გზით, რაც ამ მიზნის მიღწევას ხელს შეუწყობს, კერძოდ, სახელმძღვანელოებისა და სასკოლო პროგრამების გადასინჯვა და ამ მიზანთან სწავლების მეთოდების მისადაგება;
დ) სტიპენდიებისა და სხვა სასწავლო დახმარების მიღების თანაბარი შესაძლებლობა;
ე) განათლების მიღების გაგრძელების პროგრამების ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობა, მოზრდილთა და ფუნქციური წიგნიერების პროგრამების ჩათვლით, რომელიც მამაკაცთა და ქალთა ცოდნაში არსებული ვაკუუმის სწრაფი შემცირებისაკენაა მიმართული;
ვ) სკოლადაუმთავრებელ გოგონათა რიცხვის შემცირება და პროგრამების შემუშავება იმ გოგონებისა და ქალებისათვის, რომელთაც ნაადრევად მიატოვეს სკოლა;
ზ) სპორტსა და ფიზიკურ მომზადებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა;
თ) ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციების ჩათვლით.
მუხლი 11
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას დასაქმების სფეროში ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციოდ, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნას თანაბარი უფლებები, სახელდობრ:
ა) შრომის უფლება, როგორც ყოველი ადამიანისათვის განუყოფელი;
ბ) სამუშაოზე დაქირავების დროს ერთნაირი შესაძლებლობების უფლება, დაქირავებისას შერჩევის თანაბარი კრიტერიუმების გამოყენების ჩათვლით;
გ) პროფესიის ან სამუშაოს თავისუფალი არჩევის, თანამდებობრივი დაწინაურებისა და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე, ყველა სამსახურებრივი შეღავათითა და პირობით სარგებლობის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლება - მოწაფეობის, გაძლიერებული პროფესიული მომზადებისა და რეგულარული გადამზადების ჩათვლით;
დ) თანაბარი ანაზღაურების, მათ შორის, შეღავათების მიღების, თანაბარი ღირებულების შრომისათვის თანაბარი პირობების, აგრეთვე, შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებისადმი თანაბარი მიდგომის უფლება;
ე) სოციალური უზრუნველყოფის უფლება, კერძოდ, პენსიაზე გასვლის, უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის და შრომისუნარიანობის დაკარგვის სხვა შემთხვევებში, აგრეთვე, ანაზღაურებადი შვებულების უფლება;
ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხო პირობების, მათ შორის შთამომავლობის განგრძობის ფუნქციის დაცვის უფლება;
2. გათხოვებისა თუ დედობის მიზეზით ქალის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მისთვის შრომის ეფექტური გარანტიების შესაქმნელად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს, რათა:
ა) აკრძალონ, სანქციების გამოყენების მუქარით, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების საფუძველზე სამუშაოდან დათხოვნა ან დათხოვნისას ოჯახური პირობების გამო დისკრიმინაცია;
ბ) შემოიღონ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება შეპირისპირებადი სოციალური დახმარებით ორსულობისა და მშობიარობის გამო, მუშაობის წინანდელი ადგილის, თანამდებობისა და სოციალური დახმარების შენარჩუნებით;
გ) წაახალისონ აუცილებელი დამატებითი სოციალური მომსახურების გაწევა, რათა მშობლებს შეეძლოთ საოჯახო მოვალეობათა შესრულება შეუთავსონ შრომით საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, კერძოდ, საბავშვო დაწესებულებათა ქსელის შექმნისა და გაფართოების მეშვეობით;
დ) უზრუნველყონ ორსულობის პერიოდში ქალების განსაკუთრებული დაცვა ისეთ სამუშაოთაგან, რომელთაც მათ ჯანმრთელობაზე მავნე გავლენა შეიძლება გამოიწვიოს.
3. კანონმდებლობა, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების დაცვას ეხება, პერიოდულად განიხილება სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის შუქზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში გადაისინჯება, უქმდება ან ფართოვდება.
მუხლი 12
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციოდ ჯანმრთელობის დაცვის დარგში, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ოჯახის დაგეგმვის საკითხთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისაგან დამოუკიდებლად, მონაწილე სახელმწიფოები შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფენ ქალებს ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, აუცილებლობის შემთხვევაში უწევენ უფასო მომსახურებას, ასევე, ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში უზრუნველყოფენ მათთვის შესაბამის კვებას.
მუხლი 13
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას ქალთა დისკრიმინაციის სალიკვიდაციოდ ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ:
ა) საოჯახო დახმარების უფლება;
ბ) საბანკო კრედიტის, უძრავი ქონების გირავნობით სესხის და ფინანსური კრედიტის სხვა ფორმების მიღების უფლება;
გ) დასვენების, სპორტისა და კულტურული ცხოვრების ყველა დარგთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 14
1. მონაწილე სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ განსაკუთრებულ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან სოფლად მცხოვრები ქალები და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი თავიანთი ოჯახების ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში თამაშობენ, მათ შორის, საქმიანობას მეურნეობის არასასაქონლო დარგებში, და იღებენ ყველა შესაბამის ზომას, სოფლად მცხოვრები ქალების მიმართ ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების უზრუნველსაყოფად.
2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციოდ სოფლის რაიონებში, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნას ამ რაიონების განვითარებასა და ასეთი განვითარებისაგან სარგებლის მიღებაში მათი მონაწილეობა, სახელდობრ, ასეთ ქალებს აღჭურვავენ უფლებით:
ა) ყველა დონეზე მონაწილეობდნენ განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ბ) ხელი მიუწვდებოდეთ სამედიცინო მომსახურების შესაბამის საშუალებებზე, ოჯახის დაგეგმვის საკითხზე ინფორმაციის, კონსულტაციებისა და მომსახურების ჩათვლით.
გ) უშუალოდ იღებდნენ სარგებელს სოციალური დაზღვევის პროგრამებისაგან;
დ) იღებდნენ ყველა სახის ფორმალურ და არაფორმალურ მომზადებასა და განათლებას, ფუნქციური წიგნიერების ჩათვლით, აგრეთვე, სარგებლობდნენ სათემო მომსახურების და სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების ყველა საშუალებით, ტექნიკური მომზადების დონის ამაღლების მიზნით;
ე) ქმნიდნენ თვითდახმარების ჯგუფებსა და კოოპერატივებს, რათა მიაღწიონ ეკონომიკურ შესაძლებლობათა ხელმისაწვდომობას დაქირავებული შრომით ან დამოუკიდებელი შრომითი საქმიანობით;
ვ) მონაწილეობდნენ ყველა სახის კოლექტიურ საქმიანობაში;
ზ) ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ სასოფლო-სამეურნეო კრედიტი და სესხები, ისარგებლონ გასაღების სისტემით, შესაბამისი ტექნოლოგიით და თანაბარი სტატუსით მიწისა და აგრარულ რეფორმებში, აგრეთვე, მიწების ხელახლა დასახლების გეგმებში;
თ) სარგებლობდნენ ცხოვრების ყველა სათანადო პირობებით, განსაკუთრებით საბინაო პირობებით, სანიტარული მომსახურებით, ელექტრო და წყალმომარაგებით, აგრეთვე ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით.
ნაწილი IV
მუხლი 15
1. მონაწილე სახელმწიფოები კანონის წინაშე აღიარებენ ქალის მამაკაცთან თანასწორობას.
2. მონაწილე სახელმწიფოები ქალს ანიჭებენ მამაკაცის თანაბარ სამოქალაქო უფლებაუნარიანობას და მისი განხორციელების ისეთივე შესაძლებლობებს როგორიც მამაკაცს აქვს. კერძოდ, უზრუნველყოფენ ქალის თანაბარ უფლებებს ხელშეკრულებების დადებისა და ქონების მართვისას, აგრეთვე, მისდამი თანაბარ დამოკიდებულებას სასამართლოებსა და ტრიბუნალებში საქმის განხილვის ყველა ეტაპზე.
3. მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ბათილად ჩაითვალოს ნებისმიერი ხელშეკრულება და კერძო დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგის სახით ქალის უფლებაუნარიანობის შეზღუდვა მოჰყვება.
4. მონაწილე სახელმწიფოები მამაკაცსა და ქალს ანიჭებენ ერთნაირ უფლებებს იმ კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ეხება პირთა გადაადგილებისა, ბინადრობისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლებას.
მუხლი 16
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციოდ ქორწინებასა და საოჯახო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, და კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფენ:
ა) ქორწინებისას ერთნაირ უფლებებს;
ბ) მეუღლის თავისუფლად არჩევისა და მხოლოდ თავისუფალი და სრული თანხმობით ქორწინების ერთნაირ უფლებებს;
გ) ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას ერთნაირ უფლებებსა და მოვალეობებს;
დ) მამაკაცისა და ქალის, როგორც მშობლების ერთნაირ უფლებებსა და მოვალეობებს, მათი ოჯახური მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად, იმ საკითხებში, რომლებიც მათ ბავშვებს ეხება. ყველა შემთხვევაში ბავშვის ინტერესები უპირატესია;
ე) შვილების რაოდენობისა და მათ დაბადებას შორის დროის შუალედების საკითხის თავისუფლად და პასუხისმგებლობით გადაწყვეტის ერთნაირ უფლებებს. აგრეთვე, ინფორმაციის, განათლების მიღების, ამ უფლების განხორციელების სხვა საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობას;
ვ) ერთნაირ უფლებებსა და მოვალეობებს, იყვნენ ბავშვების მეურვენი, მზრუნველნი, წარმომადგენელნი და მშვილებელნი, ან ახორციელებდნენ ანალოგიურ ფუნქციებს, როცა ამას ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს. ყველა შემთხვევაში ბავშვის ინტერესი უპირატესია;
ზ) მეუღლეთა თანაბარ პირად უფლებებს, მათ შორის გვარის, პროფესიისა და საქმიანობის არჩევის უფლებას;
თ) მეუღლეთა ქონების მფლობელობის, შეძენის, მართვის, სარგებლობისა და განკარგვის თანასწორ უფლებებს.
2. ბავშვის ნიშნობასა და ქორწინებას იურიდიული ძალა არა აქვს. ქორწინების მინიმალური ასაკის განსაზღვრისა და მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის აქტებში ქორწინების აუცილებელი რეგისტრაციისათვის მიღებული უნდა იქნას ყველა ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით.
ნაწილი V
მუხლი 17
1. ამ კონვენციის შესრულების მიმდინარეობის განსახილველად არსდება ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი (შემდგომში ,,კომიტეტი”), რომელიც კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის შედგება თვრამეტი, ხოლო ოცდამეთხუთმეტე მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისი რატიფიკაციის ან მასთან შემოერთების შემდეგ - ოცდასამი ექსპერტისაგან, რომლებიც მაღალი მორალური თვისებებით და კომპეტენტურობით გამოირჩევიან იმ სფეროში, რომელსაც ეს კონვენცია მოიცავს. მონაწილე სახელმწიფოები ექსპერტებს ირჩევენ საკუთარ მოქალაქეთაგან და ისინი მოქმედებენ პერსონალურად. ექსპერტების შერჩევისას მხედველობაში მიიღება სამართლიანი გეოგრაფიული განაწილება და სხვადასხვა ცივილიზაციების, აგრეთვე სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობა.
2. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ფარული კენჭისყრით სიაში შეტანილ იმ პირთაგან, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოებმა დაასახელეს. ყოველ მონაწილე სახელმწიფო შეუძლია დაასახელოს ერთი პირი თავის მოქალაქეთაგან.
3. პირველი არჩევნები ეწყობა ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან ექვსი თვის შემდეგ. ყოველი არჩევნების მოწყობამდე სულ ცოტა სამი თვით ადრე გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის წერილს, რომელიც შეიცავს წინადადებას, წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატები ორი თვის განმავლობაში. გენერალური მდივანი ადგენს სიას, რომელშიც ანბანური წესით შეაქვს ყველა წარმოდგენილი პირის გვარი იმ მონაწილე სახელმწიფოთა აღნიშვნით, რომლებმაც ისინი დაასახელეს, და ამ სიას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.
4. კომიტეტის წევრთა არჩევნები ეწყობა მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც იწვევს გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების ცენტრალურ დაწესებულებებში. ამ სხდომაზე, რომლის ქვორუმსაც მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი შეადგენს, კომიტეტში არჩეულ პირებად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ.
5. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ოთხი წლის ვადით, თუმცა პირველ არჩევნებში არჩეულ ცხრა წევრს უფლებამოსილების ვადა ორი წლის შემდეგ გაუდის; პირველი არჩევნების მოწყობისთანავე, კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით ასახელებს ამ ცხრა წევრის გვარებს.
6. კომიტეტის დამატებითი ხუთი წევრის არჩევა ხდება ამ მუხლის მე-2, 3 და 4 პუნქტების დებულებათა შესაბამისად ოცდამეთხუთმეტე სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაციის და მასთან შეერთების შემდეგ. ამრიგად, არჩეულ ორ დამატებით წევრს უფლებამოსილების ვადა გაუდის ორი წლის შემდეგ; ამ ორი წევრის გვარებს ასახელებს კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით.
7. გაუთვალისწინებელი ვაკანსიის შესავსებად, მონაწილე სახელმწიფო, რომლის ექსპერტმაც როგორც კომიტეტის წევრმა, შეწყვიტა ფუნქციონირება, ნიშნავს სხვა ექსპერტს თავის მოქალაქეთაგან, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტი.
8. კომიტეტის წევრები იღებენ გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ გასამრჯელოს გაერთიანებული ერების სახსრებიდან, იმ წესითა და პირობებით, რომელსაც კომიტეტის მოვალეობათა მნიშვნელობის გათვალისწინებით ასამბლეა ადგენს.
9. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი უზრუნველყოფს კომიტეტს აუცილებელ პერსონალითა და მატერიალური საშუალებებით, კომიტეტის მიერ ამ კონვენციის შესაბამისად თავისი ფუნქციების ეფექტური განხორციელებისათვის.
მუხლი 18
1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს კომიტეტში განსახილველად წარუდგინონ მოხსენება მათ მიერ ამ კონვენციის დებულებათა შესასრულებლად მიღებული საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული, თუ სხვა ზომების შესახებ და ამასთან დაკავშირებით მიღწეულ წარმატებების თაობაზე:
ა) ერთი წლის განმავლობაში დაინტერესებული სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) შემდგომ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, აგრეთვე კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში.
2. მოხსენებაში შეიძლება მითითებულ იქნას ის ფაქტორები და სიძნელეები, რომლებიც ამ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე გავლენას ახდენენ.
მუხლი 19
1. კომიტეტი ამტკიცებს პროცედურის თავის საკუთარ წესებს.
2. კომიტეტი თავის თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლით.
მუხლი 20
1. ამ კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მოხსენებათა განსახილველად კომიტეტი ყოველწლიურად მართავს სხდომებს, რომელთა ხანგრძლივობაც, ჩვეულებრივ ორ კვირას არ აღემატება.
2. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება გაერთიანებული ერების ცენტრალურ დაწესებულებებში ან ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას, რომელსაც კომიტეტი განსაზღვრავს.
მუხლი 21
1. კომიტეტი, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად წარუდგენს მოხსენებას თავისი საქმიანობის შესახებ და მონაწილე სახელმწიფოთაგან მიღებული მოხსენებებისა და ინფორმაციის შესწავლაზე დამყარებულით ამზადებს ზოგადი ხასიათის წინადადებებსა და რეკომენდაციებს. ასეთი წინადადებები და რეკომენდაციები კომიტეტის მოხსენებაში შეაქვთ მონაწილე სახელმწიფოების შენიშვნებთან ერთად, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში.
2. გენერალური მდივანი კომიტეტის მოხსენებებს ინფორმაციისათვის უგზავნის ქალთა მდგომარეობის კომისიას.
მუხლი 22
სპეციალიზებულ დაწესებულებებს უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ ამ კონვენციის ისეთი დებულებების განხორციელების საკითხების განხილვისას, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება. კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს წინადადება მისცეს, წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის განხორციელების შესახებ იმ დარგებში, რომლებიც მათი მოღვაწეობის სფეროს განეკუთვნება.
ნაწილი VI
მუხლი 23
1. ეს კონვენცია არ ვრცელდება მამაკაცებსა და ქალებს შორის თანასწორობის მიღწევის უფრო მეტად ხელშემწყობ რაიმე სხვა დებულებებზე, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს:
ა) მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობა, ან
ბ) რომელიმე სხვა საერთაშორისო კონვენცია, ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომელიც ამ სახელმწიფოსათვის ძალაშია.
მუხლი 24
მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ეროვნულ დონეზე ამ კონვენციით აღიარებული უფლებების სრული რეალიზაციის მისაღწევად.
მუხლი 25
1. ეს კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის.
2. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი დანიშნულია ამ კონვენციის დეპოზიტორად.
3. ეს კონვენცია რატიფიკაციას ექვემდებარება, სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს.
4. ეს კონვენცია ღიაა მისაერთებლად ყველა სახელმწიფოსათვის. მიერთება ხდება გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის მიერთების დოკუმენტის გადაცემით.
მუხლი 26
1. ამ კონვენციის გადასინჯვის თაობაზე თხოვნა შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერმა მონაწილე სახელმწიფომ გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინებით.
2. გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა, თუ იგი აუცილებლად მიიჩნევს რაიმე ღონისძიების განხორციელებას, იღებს გადაწყვეტილებას, სახელდობრ, რა ზომების მიღებაა საჭირო ასეთი თხოვნის გამო.
მუხლი 27
1. ეს კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემიდან ოცდამეათე დღეს.
2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ კონვენციის რატიფიკაციას მოახდენს ან მიუერთდება მას მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, ეს კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემიდან ოცდამეათე დღეს
მუხლი 28
1. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი იღებს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის რატიფიკაციის ან მიერთების მომენტში სახელმწიფოთა მიერ გაკეთებულ დათქმათა ტექსტს.
2. დათქმა, რომელიც შეუთავსებელია ამ კონვენციის მიზნებსა და ამოცანებთან, არ მიიღება.
3. დათქმები შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინებით. გენერალური მდივანი ამას აცნობებს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.
მუხლი 29
1. თუ ორ ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს შორის ამ კონვენციის განმარტებისა თუ გამოყენების თაობაზე ნებისმიერი დავა მოლაპარაკების გზით არ გადაწყდება, ერთ-ერთი მათგანის თხოვნით იგი საარბიტრაჟო განხილვისათვის გადაეცემა. თუ საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განცხადების შეტანიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვის ორგანიზებაზე, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დავის საერთაშორისო სასამართლოში გადატანა, ამ სასამართლოს სტატუსის შესაბამისად.
2. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან მასთან მიერთების დროს არ შეუძლია განაცხადოს, რომ თავს არ გრძნობს შებოჭილად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებით. სხვა მონაწილე სახელმწიფოებს არ ეკისრებათ ამ მუხლის მითითებული პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებები იმ მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ამგვარი დათქმა გააკეთა.
3. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დათქმა გააკეთა, შეუძლია ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის შეტყობინებით გააუქმოს თავისი დათქმა.
მუხლი 30
ეს კონვენცია, რომლის თანაბრად ავთენტური ტექსტი შედგენილია არაბულ, ესპანურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე, შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს.
ზემოთქმულის დასადასტურებლად სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლები ხელს აწერენ ამ კონვენციას.
![]() |
8 ქალის უფლებათა დაცვა მოქმედი კანონმდებლობით, პრობლემები და რეალური სურათი |
▲ზევით დაბრუნება |
მარინე მესხი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი
შესავალი
საქართველოს სახელმწიფო იცავს და ცნობს საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც აისახა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. ბუნებრივია, კონსტიტუციით დაცულია ის უფლებებიც, რომლებიც მისი ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარეობს, თუნდაც მასში ხაზგასმის გარეშე.
საქართველომ, როგორც ახალმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამკვიდრების მიზნით, უკვე გარკვეული ნაბიჯები განახორციელა. პირველ რიგში, 1991 წლის 15 სექტემბერს უზენაესი საბჭოს დადგენილებით მან აღიარა 1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; შეუერთდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დოკუმენტებს. მოგვიანებით, საქართველო მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რომლის ერთერთი მიზანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის წახალისება და განვითარება, განურჩევლად რასის, სქესის, ენისა და რელიგიისა.
1994 წლის 25 იანვრის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, საქართველო შეუერთდა ორ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს: სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტსა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტს. თითქმის იმავდროულად, 1994 წლის 22 სექტემბერს კი, საქართველო შეუერთდა 1979 წლის კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც საქართველოსათვის 1994 წლის 25 ნოემბრიდან შევიდა ძალაში.
1995 წლის 4 მაისს საქართველო შეუერთდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1958 წლის კონვენციას შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ, ხოლო 1996 წლის 29 მაისს კონვენციას ,,მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ”.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველომ აღიარა ისეთი ფუნდამენტური დოკუმენტები, როგორებიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და სხვა.
თითქმის ყველა საერთაშორისო დოკუმენტის მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რომ მის ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა, მიუხედავად მათი რასისა, ენისა, კანის ფერისა, სქესისა, რელიგიისა და პოლიტიკური მრწამსისა თუ სხვა. აქედან გამომდინარე, ქალის უფლება ირღვევა ადამიანის უფლების დარღვევის ყველა შემთხვევაში.
- აქ მთავარი მომენტი პრობლემის სპეციფიკურობის გაცნობიერებაა. ამ სპეციფიკურობას კი ქმნის ის გარემოება, რომ ქალის უფლებების გამოყოფა ცალკე საკითხად დაკავშირებულია გენდერულ პრობლემასთან.
დღეს საკითხი ფრიად აქტუალურია, ვინაიდან თითქმის ყველა საერთაშორისო დოკუმენტი ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირ უფლებებს ანიჭებთ. სამწუხარო მომენტი ის არის, რომ როცა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საუბარი იყო საერთაშორისო მასშტაბით, ქალის უფლებები ამ კონტექსტში თითქმის არ ყოფილა განხილული. მართალია, ქალის უფლებებთან დაკავშირებული საკითხი დამოუკიდებლად, სპეციალურ ჯგუფად განხილვას მოითხოვს, მაგრამ პრობლემის განყენებულად დაყენება არ შეიძლება, იგი აუცილებელია დაისვას ადამიანის უფლებათა დაცვის ეგიდით და ადამიანის უფლებათა დაცვის ჩარჩოში.
XX საუკუნის 60-იან წლებში საერთაშორისო საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალი ნამდვილად არის დისკრიმინაციის ობიექტი. 1963 წლის გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა, რომ ქალის უფლებების დარღვევის მოცულობა მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსათვის და მოუწოდა მთავრობებს მიეღოთ დეკლარაცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ. თუმცა, იმის განსაზღვრა, თუ რა არის დისკრიმინაცია, იოლი არ აღმოჩნდა. გაეროს ქალის სტატუსის შემსწავლელი კომისია 1946 წლიდან მუშაობდა ქალთა მდგომარეობის შესწავლის საკითხებზე და მისი მთავარი ამოცანა იყო იმ სფეროებისა და სიტუაციების მსოფლიო მასშტაბით განსაზღვრა, სადაც ქალები ყველაზე სასტიკ დისკრიმინაციას განიცდიდნენ. კომისიის მოღვაწეობისას გამოვლინდა რამდენიმე პრობლემა:
- პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა;
- ქალის სამოქალაქო უფლებები, მისი სტატუსი საზოგადოებასა და ოჯახში;
- გოგონებისა და ქალებისათვის განათლების ყველა ფორმის ხელმისაწვდომობა;
- დასაქმება და პროფესიული ცხოვრება.
1979 წლის 18 დეკემბრის კონვენციამ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საბოლოოდ განმარტა ცნება ,,ქალთა დისკრიმინაცია”, როგორც სქესის ნიშნით ყოველგვარი განსხვავება, გამონაკლისი ან შეზღუდვა, რაც ქალების მიერ მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო თუ ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, გამოყენების ან განხორციელების შესუსტებისა ან მოსპობისაკენაა მიმართული.
მოქმედი კანონმდებლობის მოკლე ანალიზი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში თითქმის ორი წელია მუშაობს ქალის უფლებების შემსწავლელი ჯგუფი. ამ ჯგუფის საქმიანობის პირველ ეტაპს სწორედ მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი წარმოადგენდა. ქალის უფლებებთან დაკავშირებით მომზადდა ბროშურები, სადაც ძირითადად მიმოხილულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არსებული ნორმები ქალის უფლებებთან დაკავშირებით. სწორედ ამ გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, გარდა რამდენიმე დეტალისა, შეიძლება ითქვას, რომ ქალები დისკრიმინირებულ მდგომარეობაში არ არიან. თუმცა, პრობლემა სრულიად სხვა კუთხით დგას, და ეს არის იმპლემენტაციის საკითხი.
- რა არის ამის მიზეზი?
ჯერ ერთი, ქალებმა ნაკლებად იციან თავიანთი უფლებების შესახებ და მეორეც, იციან, მაგრამ არ შეუძლიათ თავიანთი დარღვეული უფლებებისათვის ბრძოლა რაც ჩემი აზრით, საკმაოდ სახიფათო ტენდენციაა.
- რა უნდა ვაკეთოთ?
ეს სწორედ ის შეკითხვაა, რაც ძალიან ხშირად ისმის ამ საკითხებით დაინტერესებულ და ამ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო, თუ სამთავრობო დონეზე.
არასამთავრობო სექტორის უმნიშვნელოვანესი როლი
საქართველოში უკვე დაწყებულია ქალთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაცია. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა კონსორციუმის შექმნის იდეა.
ორგანიზაციების კოორდინაციის მიზნით, აღსანიშნავია ფონდების მხარდაჭერა, მათ მიერ კვლევისა და ანალიზის პროგრამების განხორცილება, სადაც განსაკუთრებით გამოიკვეთა ზემოაღნიშნულ პრობლემებზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები და მომავალი გეგმები.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქალის უფლებები ყველაზე ხშირად აღმასრულებელ სტრუქტურებში ირღვევა, რასაც ძირითადად ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების არცოდნა, ან ამ ნორმათა უხეში დარღვევა განაპირობებს.
განსაკუთრებით საინტერესოა საზოგადოებაში გავრცელებული ზნე-ჩვეულებების გამო ან მათი გავლენით, ქალთა მიმართ საკითხის არასწორად დასმა. მაგალითად:
- შრომის უთანასწორო განაწილება, მაგ: ქალებისათვის დაბალი ანაზღაურების შრომის შეთავაზება;
- საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ ქალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში აქტიურობის მიუღებლობა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიზეზი საკმაოდ ხშირად თავად ქალები და მათი პასიურობაა;
- ქალებისათვის საქმიანობის არჩევისა და თავისუფლების შეზღუდვა.
ცალკე უნდა გამოიყოს ე.წ. ,,პოზიტიური დისკრიმინაციის” მომენტი, რაც ხშირად ვლინდება სამსახურში, ქუჩაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ძირითადად დომინირებს აზრი, რომ ქალი არის ე.წ. ,,დეკორატიული არსება”.
ა) მოკლე პარალელი კანონმდებლობასა და რეალურ სურათს შორის საკუთრების უფლებასა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებით
სოციალისტური წყობის ნგრევამ დააჩქარა საკუთრების უფლების აღიარება. ამ პროცესის წარმატებით განხორციელებას განსაკუთრებით ახალმა სამოქალაქო კოდექსმა შეუწყო ხელი. ამ მხრივ, საკანონმდებლო ბაზისი ქალებს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ნამდვილად არ აყენებს.
რაც შეეხება რეალურ სიტუაციას, პრობლემები, რომლებიც ქალებს საკუთრებასთან და განსაკუთრებით მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ექმნებათ, ძირითადად ტრადიციული მიზეზებითაა განპირობებული. ქალი კულტურაში არ მოიაზრება მესაკუთრედ, თანასწორმემკვიდრედ. ეს ძირითადად ცნობიერებისა და მენტალიტეტის პრობლემაა. სამოქალაქო კოდექსი პირველი რიგის მემკვიდრეთა ჩამონათვალში ასახელებს შვილებს, რაც აბსოლუტურად გასაგებია და აქ ქალიშვილის ან ვაჟის დაზუსტება ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა. ანუ, კანონმდებელი თანასწორუფლებიანად მოიაზრებს ორივე კატეგორიას.
აქ ისევ ვაწყდებით საზოგადოებრივად გაბატონებულ აზრს, რომელიც მემკვიდრედ (გამონაკლისების გარდა) მხოლოდ ვაჟს აღიარებს და რომელიც, რატომღაც გაბატონებულ ნორმად იქცა. აქ თვით საზოგადოების დამოკიდებულებაა არასწორი.
ბ) დასაქმება
სახელმწიფოთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა შრომის უფლების თანაბარი უზრუნველყოფაა. შრომის უფლება ადამიანის განუყოფელი უფლებაა და სამუშაოზე შერჩევის კრიტერიუმი აბსოლუტურად ერთნაირი უნდა იყოს როგორც თანაბარი ანაზღაურების, ისე ანაზღაურებადი შვებულების მიცემისა და სხვა სოციალური უზრუნველყოფის მიღების თვალსაზრისით, პროფესიის თავისუფალი არჩევისა და თანამდებობაზე დაწინაურების, ყველა შეღავათით სარგებლობის ჩათვლით.
დაუშვებელია დასაქმების სფეროში ქალთა დისკრიმინაცია გათხოვებისა თუ დედობის მიზეზით. სახელმწიფოებმა აუცილებლად უნდა აკრძალონ ორსულობისა და მშობიარობის საფუძვლით სამუშაოდან დათხოვნა, აგრეთვე, ოჯახური პირობების გამო. უზრუნველყოფილი უნდა იქნას ორსულობის პერიოდში მომუშავე (დასაქმებული) ქალების დაცვა ისეთი სამუშაოებიდან, რომლებიც მათ ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს.
ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმით ლიკვიდაციის შესახებ კონვენციაში მოცემული დებულებების განხორციელების მიზნით, დაარსებულია ქალთა დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი, რომელიც განიხილავს გაეროში სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს, კონვენციის დებულებათა შესასრულებლად მათ მიერ საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული თუ სხვა ზომების შესახებ. ასეთი მოხსენებები სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ მათთვის ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში და შემდგომ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც.
რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში?
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ეს ის პრობლემაა და თანაც ის უზარმაზარი პრობლემა, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. განსაკუთრებით გამოკვეთილია უთანასწორობა შრომითი დასაქმების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით:
- ფეხმძიმე და ჩვლიბავშვიან ქალთა დისკრიმინაცია;
- გაუთხოვარი ქალების დისკრიმინაციის შემთხვევები, განსაკუთრებით საზღვარგარეთული ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, როცა სამსახურში მისაღებ პირობად სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში დაოჯახებაზე უარის თქმაა დათქმული;
- ოფიციალურ განცხადებებში ასაკობრივი, გარეგნული და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია;
- უთანასწორობა თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურებრივი დაწინაურების თვალსაზრისით;
- შრომითი უფლებების შეზღუდვა, რაც განსაკუთრებით მეძუძურობისა და არასრულწლოვანი შვილების ყოლის პერიოდში იჩენს თავს. ძალიან ხშირად სწორედ ეს ხდება ადმინისტრაციის მხრიდან სამუშაოზე უარის თქმის მიზეზი, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციამ ასეთი კატეგორიის ქალები მცოცავი გრაფიკით უნდა უზრუნველყოს.
- იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებების დარღვევა.
ეს ჩამონათვალი სრული არ არის და ასეთ შემთხვევაში ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს რეალურად არსებული სურათი.
აქვე გამოვყოფდი კიდევ ერთ დეტალს: უთანასწორობა განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით:
- ზოგიერთ ოჯახში გოგონებზე პროფესიის არჩევისას ხდება ზეწოლა;
- სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო განათლება ხელმიუწვდომელი უფრო ხშირად გოგონებისათვის ხდება.
ოჯახი
წინა პლანზეა წამოსაწევი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - ოჯახი. ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია ოჯახს აღიარებს საზოგადოების ძირითად ელემენტად და უჯრედად. დეკლარაცია ავალდებულებს სახელმწიფოებს ოჯახის შექმნის მომენტში დაიცვან ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა. დაუშვებელია ოჯახის შექმნის შესაძლებლობის შეზღუდვა ეროვნების, რასის, რელიგიის ან რაიმე ნიშნის მიხედვით. ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებები დაცული უნდა იყოს როგორც ოჯახის შექმნის მომენტში, ისე ქორწინებაში ყოფნის პერიოდშიც და განქორწინებისას. ამ უფლებების სრული განხორციელების მიზნით, 1962 წელს მიღებულ იქნა კონვენცია ,,ქორწინებაზე თანხმობის, ქორწინების მინიმალური ასაკისა და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ”, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მეუღლეთა თანაბარი უფლებების დაცვა ეროვნული კანონმდებლობით უნდა განხორციელდეს. თუ ოჯახი იქმნება მხარეთა თანხმობის გარეშე, სრულყოფილი საზოგადოების არსებობაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია.
ბუნებრივია, როცა საქმე ეხება ოჯახს და მის დაცვას, ვერ შემოვიფარგლებით მხოლოდ დაქორწინებისას მხარეთათვის თანაბარი უფლებების მინიჭებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია შექმნილი ოჯახისათვის დახმარების გაწევა, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს ბავშვების აღზრდასთან. როგორც საერთაშორისო დოკუმენტები, ისე მოქმედი კანონმდებლობაც ქალებისათვის აწესებს მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ ანაზღაურებად შვებულებებს.
აქვე უნდა აღინიშნოს ის მტკივნეული გარემოებაც, რომ, თუ ჩვენ გადავხედავთ საქართველოში არსებულ სიტუაციას, წინა პლანზე წამოიწევა და წინა პლანზე წამოსაწევია მარტოხელა დედების პრობლემა, რომელთათვისაც გაუქმდა სოციალური დახმარებები. გასაგებია, რომ ეს სახელმწიფოსათვის საკმაოდ რთული მომენტია, მაგრამ საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ საჭიროა სიტუაციის გაუმჯობესებისათვის მექანიზმების მოძებნა.
რეალური სურათი ამ მხრივ მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, განსაკუთრებით ეს შესამჩნევია სოფელში. შრომის მძიმე პირობები, ქალის უფლებების შესახებ ინფორმაციის არარსებობა განაპირობებს ყოველგვარი დისკრიმინაციის მიმართ შემგუებლობას.
და კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი:
ძალადობა
ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულებები (განსაკუთრებით ოჯახში არსებული დანაშაულებები) უმეტეს შემთხვევაში განუცხადებელი რჩება, ვინაიდან ეს კერძო ბრალდების საქმეა.
1993 წელს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული იქნა დეკლარაცია ,,ქალის წინააღმდეგ ძალადობის ლიკვიდაციის შესახებ”, რომლის მიხედვითაც ქალის წინააღმდეგ ძალადობად ჩაითვალა სექსის საფუძველზე განხორციელებული ნებისმიერი აქტი, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებასთან, ასეთი აქტის მიყენების მუქარის ჩათვლით. აქ მნიშვნელობა არა აქვს, სად ხდება მოქმედება, საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
ყურადღება უნდა მივაპყროთ ძალადობის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა ოჯახური დანაშაულები. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ასეთ ინსტიტუტს არ იცნობს. ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა ასეთ დანაშაულებებს ცალკე კატეგორიად მოიაზრებს, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გამართლებულია, ვინაიდან თავისი ხასიათისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაული უფრო საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია, ვიდრე სხვა ხასიათისა.
საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, აგრეთვე, ინცესტი და საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ინცესტის თემა თითქმის ტაბუირებულია.
ამ მიმართულებით საჭიროა დიდი მუშაობა, დაწყებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციიდან და დამთავრებული საგამომცემლო საქმიანობით. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პროცესები საქართველოში საბედნიეროდ დაწყებულია.
პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობის თანასწორუფლებიანობა
რეალურად სურათი ამ კუთხით ასე გამოიყურება: საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალთა მცირე წარმომადგენლობა (ქალები შეადგენენ პარლამენტის წევრთა მხოლოდ 6%-ს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი კიდევ უფრო ნაკლებს).
რა არის ამის მიზეზი?
- ქალის დაბალი თვითშეფასების მომენტი და მამაკაცთა სოლიდარული ხელისუფლების არსებობა;
- ქალთა შორის დეზინტეგრაციის არსებობა;
- ქვეყანაში კორუფციის არსებობა და ამ პროცესში ქალის გამორიცხვის წესი;
- შინაგანი კონფლიქტი, რაც ძირითადად ქალის ცნობიერების გამიჯვნაში ვლინდება (იგი ან პოლიტიკოსია ან ქალი);
- საზოგადოებრივი ცნობიერების როლი, სადაც ქალი არ მოიაზრება როგორც საზოგადოებრივი ან პოლიტიკური მოღვაწე;
- ქალთა პრობლემებისადმი თანამდებობის პირი ქალების ნეგატიური დამოკიდებულება;
- ე.წ. არასამთავრობო სექტორი - ხელისუფლების სატელიტები, როგორც ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისათვის ხელისშემშლელი პირობა.
არასამთავრობო სექტორის როლი
ა) გამოცდილება
საქართველოში არასამთავრობო სექტორი საკმაოდ აქტიურია. მხოლოდ ქალთა პრობლემებზე მომუშავე დაახლოებით 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა შექმნილი, სადაც საკმაოდ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი ქალებია დასაქმებული. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ დაწყებულია ტაბუირებულ თემებზე სემინარებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზება, ქალები გააქტიურდნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მასმედიაში ქალთა პრობლემების წინ წამოწევასა და ქალთა ინფორმირებულობის და ადაპტირებულობის გაზრდას ხელს უწყობს.
ბ) მიღწევები
რა გაკეთდა დღემდე და რა მიღწევები აქვს ამ მხრივ არასამთავრობო სექტორს. არასამთავრობო სექტორის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს:
- საგამომცემლო საქმიანობა;
- საგანმანათლებლო ქსელის გაფართოება, გადამზადება, ტრენინგები;
- ქუჩის ბავშვების საკითხის აქტივიზირება, (სოციალურად დაუცველ ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკების შექმნა);
- ქალთა განვითარების სტრატეგიული გეგმა და სამთავრობო კომისიის შექმნა;
- განვითარებული არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა (ინვენტარიზაცია, საკომუნიკაციო საშუალებები და ინტერნეტის ქსელი, პროექტების განხორციელების უნარი);
- ხელისუფლების კონტროლის მექანიზმების გაჩენა;
- ლობირების პრაქტიკა;
- მასმედიის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
- ინვალიდებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება;
- დასაქმების პრობლემების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა;
- კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების იდეის დამკვიდრების პროპაგანდა;
- მოქალაქეთა სოციალური უფლებების დაცვა (ორსულ, მეძუძურ ქალთა და პენსიონერთა უფლებების დაცვა).
გ) ხელისშემწყობი ფაქტორები
ხელისშემწყობი ფაქტორები შეიძლება პირობითად ორ ნაწილად დავყოთ:
- სექტორის შიგნით არსებული ხელისშემწყობი ფაქტორები,
რასაც ძირითადად მიეკუთვნება მუშაობის სწორი ორგანიზაციისა და ფონდებთან მიზანმიმართული ურთიერთობის შედეგად დაფინანსების უზრუნველყოფა; არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური თანამშრომლობა; კვალიფიციურ სპეციალისტთა არასამთავრობო სექტორში დასაქმება; მოხალისეთა ინსტიტუტის არსებობა.
- სექტორის გარეთ არსებული ხელისშემწყობი ფაქტორები
ამ კატეგორიას მიეკუთვნება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დეკლარირება (ქალთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების განვითარებაში პეკინის კონფერენციის უზარმაზარი როლი); არასამთავრობო სექტორის განვითარებაში სახელმწიფოს მიერ გადაუჭრელი სოციალური პრობლემების როლი; საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციების ფინანსური და მორალური მხარდაჭერა; სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური თანამშრომლობა; ძველი სტერეოტიპების მსხვრევისა და ახალი ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრების პროცესების დაწყება.
დ) ხელისშემშლელი ფაქტორები
- სექტორს შიგნით
ძირითადი მიზეზები:
კომუნიკაციის უქონლობა და ინფორმაციის ნაკლებობა; არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთ ნაწილში მენეჯმენტის დაბალი დონე; უწყვეტი დაფინანსების არარსებობა; ფსიქოლოგიური ბარიერები.
- სექტორს გარეთ
ეს არის არასრულყოფილი საკანონმდებლო სისტემა (ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს კანონი ქველმოქმედების შესახებ, მოუქნელია საგადასახადო სისტემა), და კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებები; ქვეყანაში ცუდი საკომუნიკაციო პირობების არსებობა, რაც განსაკუთრებით ხელს უშლის რეგიონებისა და ცენტრის კონტაქტს; სახელმწიფოში არასტაბილური სიტუაცია, რაც პროგნოზირების სირთულეებს იწვევს; საზოგადოების ერთი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორის მიმართ.
ე) არასამთავრობო სექტორის ძლიერი მხარეები
აქ ძირითადად იგულისხმება პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სახელმწიფო სტრუქტურებში ლობირების უნარი; ინტელექტუალური პოტენციალის არსებობა; სახელმწიფო უწყებებთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის შემთხვევები; არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა; მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; მოხალისეთა მუშაობის სწორი ორგანიზება; დასახული მიზნების მიღწევის უნარი.
გამოვყოფდი კიდევ ერთ ასპექტს, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მიუღებლად ითვლება ხელისუფლებისა და მეწარმეთა მცდელობა მათ საქმიანობაზე კონტროლის გაწევის მიზნით; კომპრომისის დაუშვებლობა; პოლიტიკურ პარტიებთან ალიანსი; კორუფციის ყველანაირი გამოხატულება და ფორმა.
ვ) არასამთავრობო სექტორის სუსტი მხარეები
არასამთავრობო სექტორის სისუსტე განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: რესურსების არარაციონალური გამოყენება; პროფესიონალიზმის გაზრდისათვის მიმართული აქტივობის ნაკლებობა; კონფლიქტების მოგვარების მექანიზმის არარსებობა; ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელების დაუხვეწელობა.
ზ) პრიორიტეტული პროექტები
ქალთა ორგანიზაციების შეხვედრებიდან უკვე გამოიკვეთა საქართველოსათვის შემდეგი პრიორიტეტული პროექტები:
- საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესატანად კანონპროექტების მომზადება (საგადასახადო კოდექსში დ.ღ.გ.-ს მაღალი საგადასახადო პროცენტის გამო, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით);
- დევნილ ქალთათვის სამეგრელოსა და სამაჩაბლოში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრების შექმნა;
- ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; ოჯახური ძალადობის პრობლემებზე გადაცემათა და კონფერენციათა მომზადება;
- მასმედიაში ტაბიურებულ თემებზე გადაცემების მომზადება;
- პატიმარ ქალთა დაცვა (აზერბაიჯანი-საქართველო)
- საინფორმაციო ქსელის შექმნა;
- არაქართველი მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის შესწავლა;
- სოციალურად დაუცველ ქალთა მცირე ბიზნესში ჩაბმა.
თ) პრიორიტეტული პროექტები კავკასიის მასშტაბით
- ქალებისა და ბავშვებისათვის კავკასიური ბანაკის მოწყობა;
- კავკასიის ხალხთა შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, კულტურული გაცვლების პროექტები;
- სამოქალაქო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, ამიერკავკასიის ჯარისკაცთა დედების მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნა;
- კავკასიაში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ქალთა ჯგუფების შეხვედრები კავკასიის სახელმწიფოების ლიდერებთან კონფლიქტების ზონებში;
- კონფლიქტების ზონებში მშვიდობიანი გზების დასახვის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერ ქალთა შეხვედრები;
- ჟურნალის ,,კავკასიის ქალი” დაფუძნება და გამოცემა.
ეს არის ის არასრული ჩამონათვალი, რაც არასამთავრობო სექტორის საქმიანობის სურათის წარმოდგენაში და სამომავლო გეგმების დასახვაში დაგვეხმარება.