![]() |
ერთად ჩვენ შევძლებთ №1 |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: გეთიაშვილი ქეთი, ტაბატაძე ნინო |
| თემატური კატალოგი ერთად ჩვენ შევძლებთ |
| საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: 2009, დეკემბერი „წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ჩართვის გზით“ განმახორციელებელი პარტნიორები. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.“ გაზეთი მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ მისამართი: თბილისი, 0105 ორბელიანის ქ. 35 ტელ (+995 32) 92 28 39; 99 04 43; 93 64 75; ფაქსი: (+995 32) 92 24 61 E-mail: together@economists.ge www.economists.ge რედაქტორი დოდო ჭუმბურიძე ფოტო და დიზაინი: ნათია ზედელაშვილი კორექტურა ნათია დაღელიშვილი |
![]() |
1 ერთად ჩვენ შევძლებთ |
▲ზევით დაბრუნება |

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ევროკომისიის (European Commission) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ განხორციელება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკურ გაერთიანებას დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობით.
პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ პარტნიორები: ოქსფამ დიდი ბრიტანეთის საქართველოს წარმომადგენლობა (Oxfam GB), Welfare Foundation, უნარშეზღუდული ქალების და უნარშეზღუდული ბავშვების დედების ასოციაცია (დეა) და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) უზრუნველყოფენ ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის ჩაბმას საზოგადოებრივ საქმიანობაში ადგილობრივ, რეგიონალურ და ცენტრალურ დონეზე.
პროექტის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენს დევნილი მოსახლეობა (35 000 დევნილი); ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, რეგიონალური მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ ფარგლებში დევნილ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გაახმოვანონ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები. ისინი აგრეთვე მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მათი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ.
პროექტი ერთად ჩვენ შევძლებთ მიზნად ისახავს დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ე.წ. მასპინძელი თემების დაახლოებს, რათა მათ ერთობლივად შეძლონ არსებული პრობლემების მოგვარება და გადაჭრის გზების მოძიება.
საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ საინფორმაციო მხარდაჭერა მოხდება შემდეგი საშუალებებით: პროექტის განმავლობაში გამოიცემა გაზეთი სახელწოდებით - „ერთად ჩვენ შევძლებთ“ (ტირაჟი: 15 000). გაზეთი უსასყიდლოდ დაურიგდება შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და სამეგრელოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. გაზეთის არსებობის მიზანია ინფორმაციის მიწოდება დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ: სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სახის პროგრამებსა და პროექტებზე.
დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის, სოციალური დახმარების პროგრამისა და პროგრამაში მონაწილეობის პროცედურების შესახებ.
ჩატარდება საინფორმაციო კამპანია ჯანდაცვის საკითხების შესახებ, რომლის ფარგლებში დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და, აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, მომზადდება სატელევიზიო სიუჟეტები. პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ ფარგლებში მომზადდება ფილმი, სადაც ასახული იქნება დევნილი მოსახლეობის ცხოვრება ახალ დასახლებულ პუნქტებსა და კომპაქტურ ცენტრებში. ფილმი ასევე მოგვითხრობს მათ ყოველდღიურ პრობლემებზე, სამომავლო გეგმებსა და იმედებზე.
შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და სამეგრელოსი რეგიონებში მცხოვრებ დევნილებისთვის ერთდროულად ჩატარდება ჯანმრთელობის მობილიზაციის დღე. ღონისძიების მთავარი მიზანია ყურადღების გამახვილება დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე.
ჯანდაცვის უფლებებისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, ზემოაღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობისათვის ასევე გაიმართება ტრენინგ-სესიები.
მობილიზაცია
მობილიზაციის ჯგუფმა შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში მცოვრებ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ მიზნები, განხორციელბის გზები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მობილიზატორებმა ჩაატარეს 32 საინფორმაციო შეხვედრა შიდა ქართლში, მცხეთა მთიანეთსა და კახეთში ჩასახლებულ დევნილებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე დევნილი მოსახლეობა პროექტის შესახებ ინტერესსა და თანამშრომლობის სურვილს გამოხატავდა.
პროექტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ადგილობრივი მედიასაშუალებებს. ამჟამად მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ამ შეხვედრებზე მოხდება გამოცდილების გაზიარება, პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება.
პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ ფარგლებში შეიქმნება მხარდამჭერთა ჯგუფები პროექტით გათვალისწინებულ რეგიონებში, სადაც გაერთიანდებიან ადგილობრივი და რეგიონალური მედიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ისინი მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დევნილებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით იქმნება მობილიზებული თემები, რომლებიც განიხილავენ საჭიროებებსა და პრობლემებს, ასევე დასახავენ მათი მოგვარების გზებს.
მიმდინარე წლის ნოემბერში შეირჩა 100 ახალგაზრდა ლიდერი პროექტით გათვალისიწნებული ყველა ლოკაციიდან, რომლებსაც 10-15 დეკემბერს ბაკურიანში ჩაუტარდებათ ოთხდღიანი ტრენინგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებზე, ინტერესების ლობირებასა და მათ დაცვაზე. სერტიფიცირებული ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მობილიზებული თემების მუშაობაში.
სოციალურ-ეკონომიკური გეგმების მომზადება
პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ ფარგლებში შეიქმნება განვითარების 7 კომიტეტი: ზუგდიდში, გორში, ქარელში, კასპში, ხაშურში, მცხეთასა და დუშეთში. განვითარების კომიტეტებში გაერთიანდებიან მობილიზებული ჯგუფის წევრები და თვითმმართველობები.
განვითარების კომიტეტები უზრუნველყოფენ ადგილობრივი პრობლემების განხილვასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. ასევე, კომიტეტები მოამზადებენ სოციალურეკონომიკური განვითარების გეგმებს.
მობილიზებულ ჯგუფებსა და განვითარების კომიტეტების წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ სოციალურ-ეკონომიკური გეგმების მომზადებასთან დაკავშირებული ტრენინგები, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას.
ასევე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ჩატარდება შინამეურნეობების კვლევა შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონში.
ჯანდაცვის კომპონენტი
პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ ფარგლებში დაგეგმილია მასობრივი სამედიცინო გამოკვლევები. აღნიშნული გამოკვლევები განხორციელდება. შიდა ქართლში, მცხეთამთიანეთში, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონში დაავადებათა გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით.
ასევე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ჯანდაცვის პროგრამებზე, ჯანდაცვის უფლებებსა და ჯანდაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
ეკონომიკური გაძლიერება
დევნილ და ადგილობრივად მაცხოვრებელ ქალბატონებს ჩაუტარდებათ ტრენინგები მცირე ბიზნესის დასაწყებად საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. მიღებული ცოდნა დაეხმარებათ მათ ბიზნესგეგმების მომზადებაში.
საუკეთესო ბიზნესგეგმის ავტორი ქალბატონები კი მიიღებენ გრანტებს საკუთარი მცირე ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად.
ასევე, დევნილ და ადგილობრივად მცხოვრებ ხელოვან ქალბატონებს მიეცემათ შესაძლებლობა, გააცნონ საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.
პროექტის ფარგლებში მოხდება კვლევის შედეგად გამოვლენილი პოტენციური დამსაქმებლების დაკავშირება ვაკანსიების შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე სამუშაოს მაძიებლებთან, კერძოდ დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ მიმართულებით მობილიზაციის ჯგუფის წევრებმა მიმდინარე წლის ნოემბერში დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო განაცხადის შევსების სპეციფიკა. ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების შევსება და თავმოყრა. აღნიშნული განაცხადები ივსება სპეციალობებისა და უნარის მითითებით, რომლებიც მოგვიანებით გადაეგზავნება კომპანიებს (პოტენციურ დამსაქმებლებს). სამუშაოს მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან გაგრძლდება პროექტის განმავლობაში.
პროექტის წარმატების ბარომეტრად ყოველთვის მოიაზრება შედეგი, ჩვენს შემთხვევაში მიზანზე ორიენტირებული შედეგის მიღწევას ერთობლივი ძალისხმევა აძლიერებს.
ერთად ჩვენ შევძლებთ


ოქსფამი - რა ასოციაციებს იწვევს იგი? ქველმოქმედება? სოციალური დახმარება? ხელმისაწვდომობა ელემენტარულ მომსახურებაზე? სამოქალქო უფლებების გამოყენება? მზად ყოფნა ბუნებრივი კატაკლიზმებისა და უბედურებების შემთხვევაში?
დიახ, ეს ყველაფერი ზოგადი სურათის ნაწილია, მაგრამ თუ ვიფიქრეთ უფრო მასშტაბურად, დავინახავთ, რომ ოქსფამი გლობალური მოძრაობის ცოცხალი ნაწილია, რომელიც მიმართულია მთელ მსოფლიოში სიღარიბისა და ტანჯვის აღმოსაფხვრელად.
ჩვენ გჯერა, რომ „სიღარიბე ადამიანის მიერ არის შექმნილი და მისი დაძლევა და საბოლოო აღმოფხვრა შესაძლებელია ადამიანების მიერ!“ (ნელსონ მანდელა).
რას ვაკეთებთ
ოქსფამი დაარსდა 1942 წელს ოქსფორდში და დღეს იგი მუშაობს 80-ზე მეტ ქვეყანაში. უსამართლობის აღმოფხვრისა და უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით ოქსფამი აქტიურად თანამშრომლობს თემებთან, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან, მოხალისეებსა და მხარდამჭერებთან.
ვძლევთ სიღარიბეს? ბოლოს ვუღებთ ადამიანთა გაუმართლებელ ტანჯვას? _ ეს, ცხადია, დიდი პრობლემებია, მაგრამ ისინი არ არის დაუძლეველი. იმისათვის, რომ ვიქონიოთ დიდი გავლენა და ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ უკიდურესი სიღარიბე და ტანჯვა, ჩვენ ვუძღვნით მთელ ჩვენს ენერგიას და გამოცდილებას ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას და ისეთი პროგრამების ჩამოყალიბებას, რომლებიც ხალხს მისცემს ძალაუფლებას და შეუქმნის საშუალებას, გახდნენ თვითკმარი და დამოუკიდებელნი.

ოქსფამის საგანმავითარებლო, ჰუმანიტარული და საკამპანიო საქმიანობა ეხება იმ ძირეულ უფლებებს, რომლებიც ყოველი ადამიანის განუყოფელი პრივილეგიაა. ესენია: სოციალური და ეკონომიკური უფლებები; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და შიშისაგან და დევნისაგან თავისუფალი ცხოვრების უფლება. თუმცა რეალობაში, ეროვნული მთავრობების, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და გავლენიანი ჯგუფების მიერ, თვითნებური ჩაგვრის გამო, ბევრ ადამიანს ჩამორთმეული აქვს მისი განუყოფელი უფლებები. ადამიანებისათვის უფლებების ჩამორთმევა კი დიდი ხნით ითრევს მათ სიღარიბეში.
ოქსფამის მიერ განხორციელებული საქმიანობის ძირითადი მიზანია ამ უნივერსალური უფლებების განხორციელების საქმეში წვლილის შეტანა.

ჩვენ ვმუშაობთ ისეთი საზოგადოებრივი მოწყობის შესაქმნელად, სადაც რესურსები და ძალაუფლება თანაბრად არის გადანაწილებული; სადაც დაცულია ყველას უფლება, იცხოვროს ღირსეულად; ხელმისაწვდომია ელემენტარული სოციალური მომსახურება; ადამიანი დაცულია ძალადობისაგან და საკუთარ მომავალს თვითონ მართავს.
ჩვენ გვინდა ისეთი მსოფლიო, სადაც ყველას ერთნაირი შესაძლებლობები აქვს, მიუხედავად სქესისა, რასისა, კულტურისა ან ფიზიკური უნარისა.
ვცდილობთ, უკეთესი მომავალი შევუქმნათ ხალხს ჩვენი განვითარების პროგრამებითა და ჰუმანიტარული საქმიანობით, ასევე გავლენა მოვახდინოთ არსებულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, რომლის გამოც ხალხი სიღარიბეში იმყოფება. სიღარიბესა და ტანჯვას მხოლოდ პირდაპირი დახმარებით ვერ აღმოვფხვრით, სწორედ ამიტომ, ამ სამუშაოს ვუთავსებთ მთელ რიგ სტრატეგიულ ნაბიჯებს - ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკური კურსის შემუშავებიდან გლობალური კამპანიების ჩატარებამდე - ეს კი შექმნის პირობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს თანაბარ განვითარებას.
შეზღუდული რესურსების გამო, ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი დრო, ძალისხმევა და სახსრები, მათ შორის, ჩვენი თანამშრომლების, მოხალისეების, პარტნიორებისა და მოკავშირეების თავდადება და ენერგია.

2008 წლის ზაფხულში რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი, რომელთა შორის იყვნენ ბავშვებიც და ქალებიც. კონფლიქტურ სიტუაციებში, როგორც წესი, ყველაზე მეტად მოქალაქეები ზარალდებიან, ხოლო ცხოვრება არასტაბილურ სივრცეში კიდევ უფრო ამძაფრებს სიღარიბეს, ტანჯვას და საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს.
საქართველოს მთავრობამ, გაეროს წარმომადგენლობამ, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ოქსფამმა, არსებულ სიტუაციაში პირველადი რეაგირება თავშესაფრის, საკვების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ჰიგიენური სა-შუალებების მიწოდებით მოახდინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოქსფამი ყოველთვის იცავს და იხსნის ადამიანთა სიცოცხლეს საგანგებო სიტუაციებში, მაგრამ ჩვენ ასევე ვზრუნავთ გრძელვადიანი პროგრამების მეშვეობით პარტნიორებთან ერთად ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც ხალხს დაეხმარება განვითარებაში და შეამცირებს მომავალში კატაკლიზმების შესაძლო ზეგავლენას მათზე.

იძულებით გადაადგილებული ადამიანებისა და ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობის გზით მოგვცემს საშუალებას, ამ ადამიანებს დავეხმაროთ ,უკეთესად გაახმოვანონ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები, ინფორმირებულები იყვნენ თავიანთი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ და აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ, რეგიონალურ და ცენტრალურ დონეზე საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ მსოფლიო სიღარიბის გარეშე შესაძლებელია, რომ ყველას აქვს ღირსეული ცხოვრების უფლება და, შესაფერისი მხარდაჭერით, ხალხს შეუძლია, გააკონტროლოს და მოაგვაროს საკუთარი პრობლემები.
სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ ძალას.
სწორედ ამის გამო არ ვყრით ფარ-ხმალს.
სწორედ ეს გასდევს წითელ ზოლად ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ.
ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცალოთ ეს რეალობა!
ქეთი გეთიაშვილი
ოქსფამ დიდი ბრიტანეთი
საქართველოს წარმომადგენლობა
საქართველოს პროგრამის დირექტორი
![]() |
2 ჯანდაცვის ომბუდსმენი და ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |

ხშირ შემთხვევაში პაციენტისთვის მიუწვდომელია ინფორმაცია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ. მათთვის ხშირად გაუგებარია ამ პროგრამებით გათვალისწინებული უფლებები და მათი რეალიზაციის გზები. ასევე, ძნელად ამოსაცნობია, თუ რას მოიცავს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოწოდებული სერვისი და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს იგი დისკრიმინაციული. ამის შედეგად მოქალაქეთა, მათ შორის დევნილთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უფლებები ხშირად ირღვევა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო სექტორში შეიქმნა ჯანდაცვის ომბუდსმენის სამსახური, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებისა და პაციენტების უფლებებს იცავს. ექიმს, ექთანსა და პაციენტს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში ჯანდაცვის ომბუდსმენი მედიატორის როლში გამოდის. ამჟამად პროექტი თბილისში, გორსა და ზუგდიდში ხორციელდება ორგანიზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენის“ (Welfare Foundation) მიერ, ხოლო აჭარაში ეს სამსახური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროშია განთავსებული და საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ომბუდსმენი სრულიად უანგაროდ უწევს კონსულტაციასა და დახმარებას ყველა დაინტერესებულ პირს. კონსულტაცია შეიძლება ეხებოდეს სახელმწიფო პროგრამებს, იაფ დაზღვევასა და სხვა შეღავათებს, რომელთაც სახელმწიფო მოქალაქეებისათვის განსაზღვრავს.
ჯანდაცვის ომბუდსმენი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და ყველა იმ საკანონმდებლო აქტით, რომელიც ჯანდაცვის სფეროს ეხება. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
სოციალური და ჯანდაცვის უფლებების შესაძლო დარღვევების თავიდან აცილება;
უკვე არსებული დარღვევების გამოვლენა (ინდივიდუალური საჩივრების საფუძველზე) და მათზე დროული რეაგირება (სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე);
კონსულტაციების გაწევა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და დაზღვევით მისაღები სარგებლის შესახებ;
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კანონმდებლობის გაცნობა მოსახლეობისათვის.
ჯანდაცვის ომბუდსმენის სამსახურის დაარსების აუცილებლობა გამოიწვია ფაქტმა, რომ დღეს ჯანდაცვა ძნელად ხელმისაწვდომი რჩება მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიაში, მაგრამ სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში სრული გაღატაკება ემუქრება. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2009 წლის 1-ლი იანვრიდან, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო პროგრამებში შევიდა ცვლილებები და 3-დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობა შეღავათიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა. შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის საპასუხოდ სახელმწიფომ მოსახლეობას შესთავაზა ე.წ. „იაფი დაზღვევა“, რომელიც 3-დან 60 წლამდე მოქალაქეებს სთავაზობს 67%25-იან თანაგადახდას სახელმწიფოს მხრიდან (წლიური 60-ლარიანი საბაზისო სადაზღვევო პაკეტის ღირებულებიდან სახელმწიფო აანაზღაურებს 40,2 ლარს). ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად ეფექტური იქნება აღნიშნული სადაზღვევო პროგრამა და რამდენად გააუმჯობესებს ის ჯანდაცვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას.
ასევე, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის მედიკამენტების შეძენა. თუ ისინი სამედიცინო მომსახურებას უფასოდ იღებენ, მედიკამენტები კვლავ პრობლემაა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. შედეგად, ამ პროგრამის მომხმარებლები სამედიცინო მომსახურებას იღებენ, მაგრამ ნაწილობრივ, რადგან არ დგება საბოლოო შედეგი და პაციენტები ვერ იკურნებიან მედიკამენტების არქონის გამო, რაც უეფექტოს ხდის თავად პროგრამას და ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მნიშვნელოვანი პრობლემაა სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი. ხშირად ირღვევა პაციენტის უფლებები, როგორიცაა კონფიდენციალურობა და ინფორმაციული თანხმობა.
იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს განსაზღვრა დაირღვა თუ არა მისი უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეს ამ უფლებების შესახებ. ჯანდაცვის ომბუდსმენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კი არის მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელება ჯანმრთელობის დაცვის უფლების შესახებ.
პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ერთობლივი ძალისხმევა ესაჭიროება
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ყოველთვის დროულად ეხმაურებოდა გარემოსგან ნაკარნახევ პრიორიტეტებს. ამის ნათელი დადასტურებაა პროექტი „დევნილებისა და ღარიბი შინამეურნეობების ადვოკატირება ადგილობრივი თვითმმართველობის გზით“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა, რომლის ძირითად მიზანს აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა წარმოადგენდა.
კონფლიქტიდან 1 წლის შემდგომ, 2009 წლის აგვისტოში დევნილებისა და ღარიბი შინამეურნეობების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ოქსფამ დიდი ბრიტანეთის საქართველოს წარმომადგენლობის (Oxfam GB) მხარდაჭერით განახორციელა.
აღნიშნული კვლევა 3 რეგიონში განხორციელდა: მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და კახეთში. კვლევა მოიცავს 47 ლოკაციას (მცხეთა-მთიანეთი - 9 ლოკაცია; შიდა ქართლი - 34 ლოკაცია; კახეთი - 4 ლოკაცია).
კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი პრობლემები და საჭიროებები:
სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლის (ავზები, ცხელი წყალი) არქონა;
მიწის ფართის ინდივიდუალურად შემოღობვა;
მიწის ნაკვეთების დამუშავება;
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისთან და სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები;

უმუშევრობა;
ბუნებრივი აირი, მათ შორის, ბალონებით უზრუნველყოფა;
სოციალურ შემწეობებთან დაკავშირებული პრობლემები;
საკვები პროდუქტების ხელმისაწვდომობა;
კანალიზაციის პრობლემა;
არასაკმარისი სათავსო ფართი;
ჩვილი ბავშვების საკვები;
გზები;
ჰიგიენური საშუალებები;
დევნილის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემები (მ.შ. დროებითი პასპორტი);
სარწყავი არხის პრობლემა;
სველი წერტილების (მ.შ. აბაზანების) არქონა;
არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალ დასახლებებში დევნილთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო ორგანიზაციებმა მაქსიმალური ძალისხმევა გაწიეს. კვლევაში მონაწილე დევნილები კმაყოფილებას ღიად გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.
კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან.
![]() |
3 ინტერვიუ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელთან |
▲ზევით დაბრუნება |
„თავდაპირველად საჭირო იყო დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მთავრობის კოორდინირებული მუშაობითა და დევნილთა სამინისტროს დიდი ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ სულ რამოდენიმე თვეში დევნილთათვის აშენდა კოტეჯები“.
დევნილი მოსახლეობა დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობებსა და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებს.
მათი ინტერესი ბუნებრივი და ახსნადია. სწორედ ამიტომ, ნომრის სტუმარია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი, მიგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მიხეილ თედორაძე. ჩვენ შევეცდებით, ფართო სპექტრში მიმოვიხილოთ ყველაფერი ის, რაც აქტუალური და მნიშვნელოვანია აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის.

აგვისტოს კონფლიქტიდან დღემდე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილებთან დაკავშირებული არაერთი პროექტი და პროგრამა განახორციელა. ბ-ნ მიხეილ, თუ შეიძლება მოკლედ შევაჯამოთ აგვისტოს კონფლიქტიდან დღემდე სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობების თანმიმდევრობა და მიღებული შედეგები:
მ.თ. - თავდაპირველად საჭირო იყო დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მთავრობის კოორდინირებული მუშაობითა და დევნილთა და განსახლების სამინისტროს დიდი ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ სულ რამოდენიმე თვეში დევნილთათვის აშენდა კოტეჯები. ამ ეტაპისათვის 38 ახალი ჩასახლება გვაქვს, სადაც დაახლოებით 18 000 დევნლი ცხოვრობს. მთლიანობაში აშენდა 3 979 კოტეჯი და შეკეთდა 1542 ბინა. ამასთან ერთად, ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ 10 000 დოლარი აეღო. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის მიერ უსასყიდლოდ გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ (GTZ) აგვისტოს ომის შემდგომ დევნილი ოჯახებისათვის ააშენა 300 სახლი. უნდა აღინიშნოს თურქეთის მთავრობის მხარდაჭერაც, მათ მიერ დევნილთათვის აშენდა 100 სახლი. აქვე მინდა დავამატო, რომ იმ დევნილებს, რომლებიც კოტეჯებში საცხოვრებლად გადავიდნენ, სახელმწიფომ თითოეული ოჯახის წევრისათვის გამოყო 200-200 ლარის ოდენობით თანხა.
ძირითადად რა სახის დახმარებები განახორციელეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა?
მ.თ. - საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა დევნილებთან დაკავშირებით ბევრი პროექტი განახორციელეს. მათი სრულად ჩამოთვლა ცოტა გამიჭირდება, შესაძლოა, რომელიმე მათგანი გამომრჩეს. მათ შორის იყო როგორც ფულადი, ისე არაფულადი დახმარებაც. შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულად ამ ეტაპისთვის კომპაქტურად ჩასახლებულ და კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილებს შეუძლიათ მიღება უფასო სადილის (მისამართი თევდორე მღვდლის №57). აღნიშნული აქტივობა World Vision-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადის პირველადი შენატანის დაფარვა უზრუნველყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID)-ს. ამჟამად დევნილები ამ გადასახადებისგან გათავისუფლებულნი არიან, რადგან კომუნალური გადასახადების გადახდას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო თვითონ ახორციელებს.
არაფულად დახმარებებთან ერთად დევნილთათვის რა სახის ფულადი დახმარებები განხორციელდა?
მ.თ. - ყველა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილი მათი სურვილისამებრ ჩართული იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროგრამაში. ამ პროგრამას უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა. პროგრამის ფარგლებში ოჯახის უფროსს 30 ლარი, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებს 24-24 ლარი დაურიგდათ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2009 წლის გაზაფხულზე გაეროს უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR), მსოფლიოს სასურსათო პროგრამამ (WFP) და ბავშვთა დაცვის ფონდმა (UNFM) განსხვავებული კვების რაციონის მრავალფეროვნების კუთხით განახორციელეს თანხის დამატება. 0-6 წლამდე ბავშვებსა და 16-დან ზევით მყოფ ყველა მოსახლეზე გაიწია ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით. რაც შეეხება 6-16 წლამდე მოზარდებს, მათ ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით გაუწია სახელმწიფომ.
აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მტკივნეულად განიცდის სასოფლოსამეურნეო მიწის სიმცირეს, ამ მიმართულებით რა ღონისძიებები გატარდა?
მ.თ. - ჩვენ ძალიან კარგად გვესმის მათი, მშრომელი ადამიანი მიწაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. მთელი მათი ცხოვრება დევნილობამდე მიწას უკავშირდებოდა, სწორედ ამიტომ, სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს ამ საკითხის დასარეგულირებლად. ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 16 კომპაქტურად ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს გადასცა ნაკვეთები (2009 წლის გაზაფხულზე) და მიწის დათესვა-დამუშავებაშიც მნიშვნელოვნად დაეხმარა.
დღესდღეობით უმუშევრობა ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემაა. დევნილებთან დაკავშირებით კი უმუშევრობის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ განიხილება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა ღონისძიებები ტარდება სამინისტროს მიერ?
მ.თ. - ამ მიმართულებით მაქსიმალურად ბევრს ვმუშაობთ. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ განხორციელებული „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში აშენდა პურის საცხობი „წეროვანის პური“, საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრი, მოსაპირკეთებელი ფილების მიკროსაწარმო და მეფრინველეობის ფერმა „ხეობის ქათამი“. აღნიშნულ ობიექტებზე დასაქმდებიან მხოლოდ დევნილები, ამჟამად უკვე მუშაობს 64 მათგანი.
რა ეტაპზეა დევნილთათვის სტატუსის მინიჭების საკითხი?
მ.თ. - ამჟამად მიმდინარეობს სტატუსის მინიჭების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით 13 000 დევნილს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის №124 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის №34 დადგენილების შესაბამისი მუხლების თანახმად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირადდევნილად ითვლება ის მოქალაქე ან საქართველოს მუდმივი მაცხოვრებელი, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას სხვა ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

სტატუსის მინიჭება გაგრძელდება 2010 წლის 1-ლ იანვრამდე მისამართზე: თბილისი, თამარაშვილის 15ა, საქართველოს ტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობაში.
ორიოდე სიტყვით შევეხოთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ უახლოესი მომავლისათვის დაგეგმილ აქტივობებს:

მ.თ. - სამინისტრო მუდმივად ახორციელებს მონი ტორინგსა და დევნილთა საჭიროებების შესწავლას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სადაც, რა თქმა უნდა, მოიაზრება დასაქმების კომპონენტიც. ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამა თუ იმ პროექტის ფარგლებში გადამზადებული დევნილების დასაქმების საკითხი.
ამჟამად სამინისტრო მუშაობს დევნილთა გამოზამთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც მოგეხსენებათ, ზამთარს თავისი სირთულეები სდევს ფონად.
ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. იმედია, შემდგომშიც გააგრძელებთ ჩვენს გაზეთთან თანამშრომლობას.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განაგრძობს რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურას
რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სტატუსის მინიჭების პირველი ეტაპი, რომელიც განხორციელდა ახალ ჩასახლებებში სპეციალურად შექმნილი მობილური ჯგუფების მიერ, დასრულებულია.
ახლა მიმდინარეობს სტატუსის მინიჭება იმ პირებისთვის, რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია 10000 დოლარის ოდენობით და არ ცხოვრობენ აღნიშნულ ახალ დასახლებებში; აგრეთვე მათთვის, ვინც ცხოვრობს ახალ დასახლებაში, მაგრამ გარკვეული მიზეზით ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა.
სტატუსის მინიჭება გაგრძელდება 2010 წლის 1-ლ იანვრამდე მისამართზე: თბილისი, თამარაშვილის 15ა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობა.

კინოთეატრმა „რუსთაველმა“ დევნილ ბავშვებს უმასპინძლა
ოქტომბერში „რუსთაველის“ კინოთეატრში მულტფილმის „გემრიელი ღრუბლები და მარმელადის წვიმა“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
კინოთეატრის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ლტოლვილთა დ განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით პრემიერას 5-დან 11 წლამდე დევნილი ბავშვებიც დაესწრნენ.
სეანსის შემდეგ კინოთეატრის ადმინისტრაცია ბავშვებს საგანგებოდ გამომცხვარი ტორტით გაუმასპინძლდა და გასართობ ცენტრში უმასპინძლა.
წეროვანში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ოქტომბერში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი წეროვანში აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ განხორციელებულ „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი ჯონათან კონლი, მცხეთამთიანეთის რეგიონის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში პურის საცხობი „წეროვანის პური“, საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრი, მოსაპირკეთებელი ფილების მიკროსაწარმო და მეფრინველეობის ფერმა „ხეობის ქათამი“ გაიხსნა. პროექტში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილთა დასაქმების მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. „საწარმოებში დასაქმდებიან მხოლოდ დევნილები. მათ გაუჩნდებათ შემოსავალი და, რაც მთავარია, მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირს საშუალება ექნება აქვე იყიდოს ძირითადი საკვები და მიიღოს მომსახურება. გაჩნდა დასახლების განვითარების პერსპექტივა და თითოეული ოჯახი ძლიერად და კარგად იცხოვრებს“ - აღნიშნა მინისტრმა.
აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროქტი“ 4-წლიანია. პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება, რომელიც, თავის მხრივ, დევნილთა დასახლებებში ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მომსახურების გაწევას ითვალისწინებს.
სამხრეთ ოსეთიდან დევნილებს გორში სახლები გადაეცათ
ოქტომბერში ქ. გორში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ოჯახებისთვის სახლების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს მთავრობის მიერ უსასყიდლოდ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე 300 სახლი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ (GYZ) ააშენა. ამ მიზნით 2008 წლის აგვისტოში გერმანიამ გამოყო გადაუდებელი დახმარება 8 მლნ ევროს ოდენობით.
მშენებლობა დაფინანსდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კრიზისების პრევენციისა და კონფლიქტების დაძლევის ფონდიდან. დეგეგმარებისა და სამშენებლო სამუშაოებს ქართული ფირმები აწარმოებდნენ. სახლები ერთი წლით უსასყიდლოდ გადაეცემათ სამხრეთ ოსეთიდან დევნილებს, შემეგ კი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ საკუთრებაში სახლების განაწილება დევნილებისთვის მოხდა კენჭისყრით.
გერმანიამ გამოყო დამატებითი 1,7 მლნ ევრო სახლების ავეჯითა და ინვენტარით მოწყობისა და დევნილთა ახალ გარემოში ინტეგრაციის მიზნით. ამ პროექტს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) განახორციელებს.
სახლების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, გერმანიის ელჩი პატრიცია ფლორი, გორში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს რწმუნებული გეორგ ბირგელენი და სხვა ოფიციალური პირები.
2008 წლის აგვისტოში გერმანიამ ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებებისთვის 2.05 ევრო, კონფლიქტის დაძლევის ღონისძიებებისთვის კი მთლიანობში დაახლოებით 12 მლნ ევრო გამოყო.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო
„გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის“ ფარგლებში დაფინანსებულ ორ პროექტზე საგრანტო კონტრაქტები იაპონიის საელჩოსა და „საქართველოს კარიტასსა“ და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს“ შორის გაფორმდა.
პროექტის „თბილისში „კარიტასის“ სარეაბილიტაციო ცენტრის გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 59, 726 აშშ დოლარია, გათვალისწინებულია ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანების რეაბილიტაციისა და ლოგინს მიჯაჭვული მოხუცების აუცილებელი ტექნიკით უზრუნველყოფა.
„მარნეულის ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების პროექტი“ კი მიზნად ისახავს ეფექტური მართვის სისტემის შექმნას ნარჩენების შემდგომი დამუშავებისთვის.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს და პროექტში მონაწილე მხარეებს. „პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და შემდეგ როგორც მინისტრი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მსგავს პროექტებს. ჩვენი, ხელისუფლების წარმომადგენლების ვალია, ხელი შევუწყოთ მათ მიმდინარეობას, ვითანამშრომლოთ დონორებთან და ვიყოთ პროაქტიურები, რათა პროექტების განხორციელება არ შეფერხდეს. დიდი მადლობა იაპონიის მთავრობასა და ხალხს დახმარებისთვის. პროექტში დევნილებიც გაითვალისწინეს. კერძოდ კი, სარეაბილიტაციო ცენტრებში მოხუცი დევნილებიც იქნებიან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა „კარიტასს“ გვერდში დგომისთვის, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აგვისტოს ომის შემდეგ“ - განაცხადა მინისტრმა. ღონისძიებაში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, პროექტთან დაკავშირებული სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ოქტომბერში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა და მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა ნგოზი ოკონიო-ივეალამ სოფელ ხურვალეთში ჩასახლებული დევნილები მოინახულეს
ქალბატონმა ოკანიოივეალამ სახლები დაათვალიერა და დევნილებს გაესაუბრა. სოფელ ხურვალეთში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 140-მდე ოჯახია ჩასახლებული. მათთვის კოტეჯები მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით აშენდა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით ხურვალეთში გაგრძელდება სახლების კეთილმოწყობა, მათ შორის ზღურბლის სახურავების, სადრენაჟო არხების მშენებლობა და არსებული მცირე ხარვეზების გამოსწორება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნგოზი ოკონიოივეალას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის პირველ პირებთან.
ევრომონიტორების დასკვნა დევნილთა სტრატეგიაზე
ევროკომისიის მონიტორები დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს დადებითად აფასებენ. აღნიშნული საკითხის განხილვა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაწილეობით ნოემბერში განხორციელდა. ზოგადი დასკვნით: „დევნილთა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დანერგვის პროცესი დადებითად შესრულდა, მნიშვნელოვანი პროგრესია გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხში“.

ევრომონიტორების 2009 წლის შეფასებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს 400 კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა, რომელიც 50 000 დევნილს მოიცავს. ამჟამად რეაბილიტირებულია (ან პროცესი გრძელდება) 285 კოლექტიური ცენტრი. კომისიამ სტრატეგია ამბიციურად ჩათვალა და აღნიშნა, რომ აღნიშნულის მიუხედავად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულეს.
რეაბილიტირებული სახლები დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ. ამ ეტაპისთვის საკუთრებაში გადაცემის კონტრაქტს ხელი 6,049-მა დევნილმა მოაწერა. საჯარო რეესტრის მოწმობა კი 2, 924- მა ოჯახმა მიიღო. პროცესი დღემდე გრძელდება... ნოემბერში გორის რ-ნ სოფელ საქაშეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 100 ოჯახი ჩასახლდა. სახლები აშენდა თურქეთის თანამ- შრომლობისა და აღორ- ძინების ადმინისტრაციის დაფინანსებით.სპეციალურად სახლების გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთის რესპუბლიკის დელეგაცია, თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის, ფარუქ ჩელიქის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის დეპუტატები და თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების ადმინისტრაციის („თიკას“) პრეზიდენტი ბ-ნი მუსა ქულაქლიქაია. სახლების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანი, აგრეთვე საქართველოს მთავრობის და თურქეთის საელჩოს სხვა წარმომადგენლები. საქაშეთი ბოლო ახალი დასახლებაა, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილები იცხოვრებენ. ახალმოსახლეები ბოლო დრომდე საბავშვო ბაღებში და სხვადასხვა ობიექტებზე იყვნენ გადანაწილებული. სახლები ინვენტარით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყო.„დაზარალებული მოსახლეობისა- თვის სახლების აშენებაში გვეხმარებოდნენ მეგობარი ქვეყნებიც. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო თურქეთის რესპუბლიკა. გარდა მატრიალურისა, ამას უდიდესი მორალური მნიშვნელობაც ჰქონდა ჩვენი ხალხისთვის და ხელისუფლებისთვის, რადგან მარტოდ არ ვგრძნობდით თავს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში,“ -აღნიშნა მინისტრმა კობა სუბელიანმა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის სემინარი გაიმართა ნოემბერში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ- ში“ ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის დიალოგის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ადამიანთა უფლებების საკითხებზე სემინარი გაიმართა.
ნოემბერში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის დიალოგის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ადამიანთა უფლებეუფლებებისბისსაკითხებზე სემინარი გაიმართა. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარზე აღინიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღებული რეკომენდაციები, ამ მიმართულებით მონაწილეთა შორის დაგეგმილი მსჯელობების უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით, გათვალისწინებული იქნება ევროკავშირისაქართველოს დიალოგის შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც 2009 წლის დეკემბერში ქ.ბრიუსელში გაიმართება.
ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის ფარგლებში ადამიანთა უფლებების საკითხებზე პირველი შეხვედრა 2009 წლის 28 აპრილს ქ. თბილისში გაიმართა, რომელზეც მიღებულ იქნა კიდევ ორი სემინარის ჩატარების გადაწყვეტილება, მასმედიის და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებეუფლებების საკითხებზე.
ევროკავშირის ელჩებმა კობა სუბელიანთან ერთად წეროვანის დასახლება მოინახულეს საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად წეროვანის დასახლება მოინახულეს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად წეროვანის დასახლება მოინახულეს.
დიპლომატებმა დაათვალიერეს წეროვანის საჯარო სკოლა, რომელმაც წელს დაიწყო ფუნქციონირება, აგრეთვე ადმინისტრაციული შენობა. მინისტრი გაესაუბრა მათ მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების, კერძოდ, წეროვანის დასახლებაში გაშენებული ინფრასტრუქტურის შესახებ და უპასუხა კითხვებზე. „მათ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ინფორმაცია მონიტორებისგან, მაგრამ დღეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს და უნდა ითქვას, ნანახმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი მეგობრების დახმარებით გაკეთდა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად განვაგრძობთ. მთავარია, რომ დევნილები საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობენ“, - აღნიშნა მინისტრმა კობა სუბელიანმა.
„ვერხვების დასახლებაში“ განაშენიანების აქცია გაიმართა
ნოემბერში გორში, ე.წ. „ვერხვების დასახლებაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით განაშენიანების ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა.
„დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო“ აქციის ფარგლებში გარემოს დაცვის სამინისტრომ „ვერხვების დასახლების“ მაცხოვრებლებს 2000-მდე წიწვოვანი ჯიშის, იფანის, ნუშისა და ნეკერჩხლის ნერგები საჩუქრად გადასცა.
განაშენიანების აქციაში სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად პირადად მიიღეს მონაწილეობა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა და გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
აგრეთვე, გორში დევნილების დასახლებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სასმელი წყლისა და ჰაერის საინჯები აიღეს და სპეციალური აპარატურის საშუალებით ლაბორატორიულად ადგილზე შეამოწმეს.

![]() |
4 იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის №854 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად წარმოშობილი დევნილები მოაქცია დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში. აღნიშნული სტრატეგია თავდაპირველად შემუშავდა 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით. „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია.
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა ასევე ეფუძნება გაეროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ საჭიროებათა ანალიზის შედეგად, ასევე, ფართომასშტაბიანი კონსულტაციების გზით გამოკვეთილ საჭიროებებს.
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია დევნილთა სოციალურ -ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მოცემული მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების ერთიან სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას საერთო კრიტერიუმების საფუძველზე მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება მათი საკუთარ სახლებში დაბრუნება.
ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად სტრატეგია ითვალისწინებს განსახლებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებებს.
სახელმწიფო სტრატეგიაში ასახული გატარების ყველა მთავარი პრინციპი სრულად იქნება დაცული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობითი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დიალოგს დევნილებთან და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და ადამიანის სხვა აღიარებული უფლებების დაცვას.
ყოველივე ეს უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული კონსულტაციისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა სრულ ჩართულობას დაგეგმვის პროცესში და მათი მხრიდან კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას ყველა იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
აღნიშნული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუდმივად უნდა განახორციელოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მეშვეობითაც დევნილები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას სამოქმედო გეგმის ყველა ასპექტთან დაკავშირებით, რაც მათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.
![]() |
5 დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა |
▲ზევით დაბრუნება |
რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა არის საქმიანობის დამოუკიდებელი მიმართულებები, რომელთა კოორდინირებას ახორციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
პირველი ეტაპი ითვალისწინებს კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას, სადაც ეს შესაძლებელია, და მათი დევნილი ოჯახებისათვის სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) საკუთრებაში გადაცემას.
პირველ ეტაპზე არსებობს დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ორი კატეგორია:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცენტრები;
ბ) ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეებისაგან და შესთავაზებს დევნილებს.

დევნილებს, რომელთაც ესაჭიროებათ მუდმივი საცხოვრებელი და აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ პირობებს, მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თანხმობა ან უარი განაცხადონ შეთავაზებაზე. კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილების უფლება - იცხოვრონ კანონით დადგენილი წესით დაკავებულ ფართობებში, რჩება ხელშეუხებელი, კოლექტიური ცენტრების პრივატიზებისა და რეაბილიტაციის მიუხედავად, ვიდრე დევნილი არ განაცხადებს თანხმობას ერთ-ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე.
კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციისა და პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობის მისაღწევად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სამოქმედო გეგმის მიღებიდან ორი თვის ვადაში გეგმავს კოლექტიური ცენტრების სიის დადგენას (რომლებიც სამიზნეს წარმოადგენენ 2009 წლისათვის), სადაც მითითებული იქნება, თუ რომელი ობიექტის რეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემაა დაგეგმილი. ის ასევე დაადგენს კოლექტიური ცენტრების იდენტიფიცირების პროცესში გამოყენებულ კრიტერიუმებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემდეგ იგი გახდება ხელმისაწვდომი საზოგადოებისა და დევნილთათვის. ამ დოკუმენტმა შესაძლებლობა უნდა მისცეს დევნილებს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, დაელოდონ თუ არა რეაბილიტაციის პროცესის დასრულებას და შემდეგ მოახდინონ ფართობის საკუთრებაში მიღება, თუ მოახდინონ პრივატიზება დაუყოვნებლივ, ვინაიდან, ადგილი არ ექნება მათ მიერ დაკავებული კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას. საპრივატიზაციო შეთავაზების მიღება შესაძლებელი იქნება ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებიდან 6 თვის ვადაში. დევნილებს წერილობით ეცნობებათ მათი კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ.

ქონების საკუთრებაში გადაცემა
ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების შერჩევა, რომლებიც რეაბილიტაციის შემდეგ საცხოვრებლად ვარგისი იქნება;
ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა სსიპ- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად. სსი პ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით;
გ) შიდა აზომვითი სამუშაოების წარმართვა;
დ) დევნილთათვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება;
ე) დევნილთა სურვილის დაფიქსირება, საკუთრებაში გადაეცეთ დაკავებული ფართობი და საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების დადება დევნილსა და სახელმწიფოს შორის;
ვ) საბოლოო ეტაპზე, ამ შეთანხმების საფუძველზე, სსი პ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქონებას დაარეგისტრირებს, როგორც დევნილის პირად საკუთრებას და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის და რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №41 განკარგულების შესაბამისად.
რეაბილიტაციის პროცესს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში წარმართავს სსი პ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და კოორდინაციას უწევს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. რეაბილიტაცია მოიცავს შენობების გადახურვას, სანიტარიული პირობების გაუმჯობესებას, წყალმომარაგებისა და, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია, გაზმომარაგებით უზრუნველყოფას.
თანხები ძირითადად აკუმულირებულ იქნება სსი პ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელიც გამოაცხადებს ტენდერებს და გააფორმებს სათანადო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებს. პირველადი შეფასებით, 2009 წელს დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ დაახლოებით 400 კოლექტიური ცენტრი, რომლებიც 50 000-ზე მეტ დევნილს დააკმაყოფილებს. 2010-2011 წლებში მოხდება დამატებითი კოლექტიური ცენტრების იდენტიფიცირება დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ის კოლექტიური ცენტრები, რომლებიც არ იქნება არც პრივატიზებული და არც რეაბილიტირებული, დაიხურება მას შემდეგ, რაც დევნილებს შეეთავაზებათ ალტერნატივები, რომლებსაც ისინი მიიღებენ (პრიორიტეტი მიენიჭებათ განსაკუთრებით დაუცველ დევნილებს).
დამატებით, დევნილთა საჭიროებაზე მორგებული განსახლების პროექტები შემუშავებული და განხორციელებული იქნება თითოეული ეტაპის განმავლობაში. დევნილთა საცხოვრებელი საჭიროებები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მათთვის შეთავაზებული ვარიანტებიდან მათ მიერ ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაში.
ამგვარი ალტერნატივები მოიცავს კერძო ინვესტორების მიერ კომპაქტური ჩასახლების ობიექტების პრივატიზებას, რომლებიც დევნილებს შესთავაზებენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართობებს კერძო საკუთრებაში ან ფულადი დახმარების გაწევას საცხოვრებლის შესაძენად. ამ შემთხვევაში პროცესი განხორციელდება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სრული ჩართულობით, რათა დევნილები დაცული იყვნენ უკანონო გამოსახლებისაგან და უზრუნველყოფილ იქნას მათ მიერ ადეკვატური კომპენსაციის მიღება მომავალი კერძო მესაკუთრისაგან.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულება ითვალისწინებს იმ დევნილების გამოვლენას, რომლებიც განსაკუთრებულად დაუცველნი არიან და აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები. მათთვის შემუშავე ბული და შეთავაზებული იქნება საჭიროებებზე მორგებული განსახლების პროგრამები სოციალური ზრუნვის კომპონენტით. კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ნაწილი, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და გამოდგება საცხოვრებლად, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში გონივრულ ფასად (ფასი არ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ალტერნატიული განსახლების ღირებულება) შესყიდული იქნება სახელმწიფოს მიერ და დევნილებს გადაეცემათ საკუთრებაში.
საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემა საშუალებას აძლევს დევნილებს, ჩამოაყალიბონ ამხანაგობები (სადაც დაცული იქნება გენდერული თანასწორობა), რომლებიც იქნებიან მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარები და მიიღებენ დახმარებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში: სახურავის შეკეთება, სისუფთავის დაცვა და საერთო სარგებლობის ფართობის (სადარბაზო, ლიფტი) მოწესრიგება, ნარჩენების გატანა, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა და სხვ.
დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ყოველკვარტალურ გადახედვას და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებას დამოუკიდებელი შუალედური შეფასების საფუძველზე. ორივე მექანიზმი უნდა ამოქმედდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ყველა სხვა პარტნიორთან კონსულტაციის გზით. სამოქმედო გეგმაში ცვლილებების პროექტი, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
![]() |
6 გენდერული თანასწორობის რესურსცენტრი გორში |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე საქართველოში აქტუალურ თემათაგან ერთ-ერთი წამყვანია გენდერული თანასწორობა. ამ მიმართულებით უკვე არაერთი ორგანიზაცია თუ დაინტერესებულ პირთა ჯგუფი მუშაობს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს გორის გენდერული თანასწორობის რესურსცენტრი.
გორის გენდერული თანასწორობის რესურსცენტრი შეიქმნა 2009 წელს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოსა და გაეროს სააგენტოების (UNDP, UNHCR, UNIFEM) მხარდაჭერით. გენდერული თანასწორობის რესურსცენტრის მიზანია შიდა ქართლის რეგიონში გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
ცენტრის საქმიანობა მიმართულია იქით, რომ დაცული იქნას გაეროს 1325 და 1820 რეზოლუციები ქალების მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის რვაპუნქტიანი დებულება კრიზისში მყოფი ქალებისა და გოგონებისთვის პოზიტიური გამოსავლის მისაგნებად.
ცენტრმა თავისი საქმიანობის 9 თვის მანძილზე მეტ-ნაკლებად შეაღწია შიდა ქართლის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და შეეცადა, ყველგან მიეწვდინა სიტყვა ქალთა და მამაკაცთა უფლებრივი თანასწორობის შესახებ.
გენდერული თანასწორობის რესურსცენტრის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფი შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა. მათთან თანამშრომლობა ცენტრის დაფუძნებისთანავე დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. წარმატებული თანამშრომლობა განაპირობა იმანაც, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრი ქალები უკვე იყვნენ საქართველოს ქალთა ფორუმის წევრები, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ „გენდერი და პოლიტიკის“ ფარგლებშია ჩამოყალიბებული.
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ივლისის თვეში მუნიციპალიტეტის წევრებისთვის ცენტრმა მოაწყო ტრენინგი გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე, რამაც მსმენელთა დიდი დაინტერესება და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრების განცხადებით, ტრენინგზე მიღებული ცოდნა აუცილებლად აისახება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში თანხების სამართლიანად გადანაწილების პროცესში.
გენდერული თანასწორობის მიღწევა გარდაუვალია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე. გორის გენდერული თანასწორობის რესურსცენტრმა მონაწილეობა მიიღო პროექტში „მომავლის იმედი“, რომელიც განახორციელა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ გაეროს ქალთა ფონდის (UNIFEM) მხარდაჭერით (თებერვალი, 2008 - ივნისი, 2009). პროექტი მიზნად ისახავდა შიდა ქართლში იძულებით გადაადგილებული ქალების ეკონომიკურ გაძლიერე-ბასა და განათლებას. პროექტის ფარგლებში გადამზადებული 250 მსმენელიდან დიდი ნაწილი სწორედ ცენტრის ბაზაზე მომზადდა. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადამზადებულ ქალთაგან უკვე 32-მა ფონდ „ტასოს“ დახმარებით საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყო. გორის რესურსცენტრი აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს უკვე ერთგულ პარტნიორებთან, ამჯერად უფრო გაფართოებული მასშტაბით. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით იგივე ტიპის პროეტის სახეცვლილ და უფრ დიდი მასშტაბებით განხორციელებას 2009 წლის იანვრიდან გეგმავს.
გენდერული რესურსცენტრი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. მათ შორის მნიშვნელოვანია მუშაობა ახალგაზრდებთან. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის თორმეტმა სტუდენტმა მოამზადა ნაშრომი თემაზე „ქალის როლი მშვიდობის მშენებლობის საქმეში“. წარმატებული სტუდენტები კვლავაც აგრძელებენ ცენტრთან თანამშრომლობას.
გენდერული თანასწორობის რესურსცენტრის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით რეგიონის სკოლებში ჩატარდა გენდერული გაკვეთილები, სადაც მოსწავლეებმა ბევრი რამ შეიტყვეს გენდერული თანასწორობის შესახებ. იმის გამო, რომ გენდერული გაკვეთილები საინტერესო და მძაფრი დებატებით გამოირჩეოდა, UNDP-ის ხელშეწყობით ცენტრმა განსაკუთრებით დაინტერესებული მოწაფეებისთვის მოაწყო ტრენინგი და დებატები გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ჩამოყალიბების სტადიაშია სტუდენტთა და მოსწავლეთა დებატკლუბი, სადაც ახალგაზრდებს თავად შეეძლებათ მსჯელობა მათთვის აქტუალური პრობლემების შესახებ.
გენდერული თანასწორობის ცენტრის ხელშეწყობით რეგიონში გაჩნდა ქალთა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ახალი საინიციატივო ჯგუფები, მომზადდა პროექტები.
UNDP-ის დახმარებით ცენტრის მიერ ორგანიზებული უფასო კომპიუტერული კურსების მსმენელთაგან რამდენიმე მონაწილემ სხვადასხვა კონკურსში წარმატებას მიაღწია და დასაქმდა.
გენდერული თანასწორობის რესურსცენტრი დიდ ყურადღებას უთმობს ჟურნალისტებთან მუშაობას. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გენდერული თანასწორობის საკითხებზე ჩატარებული ტრენინგის შემდეგ გამოცხადდა კონკურსი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად. შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე 6 ჟურნალისტი დაჯილდოვდა პრემიით.
გაეროს სააგენტოების UNIFEM-ისა და UNHCR-ის ხელშეწყობით გენდერული თანასწორობის რესურსცენტრში მუშაობს ცხელი ხაზი (8270266445), რომელიც 9 თვის მანძილზე 1000-ზე მეტ დაინტერესებულ პირს მოემსახურა. ცხელი ხაზის მეშვეობით გამოვლენილი პრობლემების უმრავლესობა ცხელი ხაზის ოპერატორების უშუალო აქტიურობის შედეგად გადაიჭრა.
გენდერული თანასწორობის რესურსცენტრი კვლავაც განაგრძობს საქმიანობას.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ რესურსცენტრს მისამართზე:
გორი, სტალინის 16, ადმინისტრაციული შენობის მესამე სართული, ოთახი №318. ცხელი ხაზის ნომერია: 827026645 (სამუშაო საათებში).
ცენტრი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 9-დან 18 საათამდე.
![]() |
7 იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტი |
▲ზევით დაბრუნება |
CARE ნორვეგია და CARE საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ ერთობლივ სამწლიან პროექტს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრირებაზე არის ორიენტირებული. პროექტი მიზნად ისახავს შიდა ქართლსა და ქვემო ქართლის დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები 10 ათასი „ახალი“ იძულებით გადაადგილებული პირის ინტეგრაციას მეზობელ თემებთან და ადგილობრივ მთავრობასთან. პროექტი განახორციელებს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებას, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების თავიდან აცილებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
დევნილი მოსახლეობის ადგილობრივ თემებში ინტეგრირების უზრუნველსაყოფად პროექტის ღონისძიებების გატარება ხუთი თემატური მიმართულებით იგეგმება:
შემოსავლების გენერირება;
ინფრასტრუქტურის განვითარება;
ადგილობრივ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა;
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება;
ფსიქო-სოციალური დახმარება და ცნობიერების ამაღლება.
პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
სასოფლო-სამეურნეო მანქანადანადგარებით მომსახურების სქემის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც მოხდება პროექტის მოსარგებლეთათვის საჭირო ტექნიკის მიწოდება.
გაიცემა 84 გრანტი ქალთა ბიზნესის მხარდასაჭერად, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებასა და საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებას.
შეიქმნება არანაკლებ 35 სამუშაო ადგილი. „გრანტები სამუშაოსათვის“ სქემის ფარგლებში გაიცემა არანაკლებ 15 ეკონომიკური და 15 სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების გრანტი დევნილთა და ადგილობრივი თემების ერთობლივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელ-დება არანაკლებ 15 სამოქალაქო პროექტი, რომლებიც ორიენტირებული იქნება დევნილთა ინტეგრაციასა და თემის განვითარებაზე.
განხორციელდება ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროექტები, რომლითაც ისარგებლებს 2000-ზე მეტი დევნილი ბავშვი და მოზარდი. გაიცემა არანაკლებ 15 გრანტისა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროექტების განსახორციელებლად.
პროექტს, ნორვეგიის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ახორციელებენ CARE ნორვეგია და CARE საერთაშორისო კავკასიაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და „ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი“ (CTC). პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 19 მილიონ ნორვეგიულ კრონს (2.9 მილიონი აშშ დოლარი). პროექტი დაიწყო 2009 წლის ივლისში და 2011 წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
![]() |
8 მომავლის იმედი |
▲ზევით დაბრუნება |

2009 წლის ივნისიდან 250 დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალბატონო სერტიფიცირებულია თემაზე „ქალი და ბიზნესი“, თუმცა სერტიფიკატის აღებამდე მათ საკმაოდ დიდი გზა გაიარეს.
პროექტ „მომავლის იმედის“ მთავარი მიზანი იყო დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის სახელი ნაკარნახევია თავად დევნილი ქალბატონების მიერ და გარკვეულწილად გამოხატავს მათ დამოკიდებულებას ამ პროექტის და, ზოგადად, სამომავლო გეგმებთან მიმართებაში.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ 2008 წლის დეკემბერი - 2009 წლის ივნისის პერიოდში განახორციელა პროექტი „მომავლის იმედი“ გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით.
საინფორმაციო კამპანია: პროექტის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გასავრცელებლად დაიგეგმა საინფორმაციო კამპანიები დევნილთა ახალ დასახლებებსა და კოლექტიურ ცენტრებში. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დარიგდა ბუკლეტები, სადაც მითითებული იყო ამომწურავი ინფორმაცია პროექტში მონაწილეობის თაობაზე. გარდა ამისა, ლოკაციებზე გაიკრა პროექტის ბანერები (პლაკატები). საინფორმაციო კამპანია გაგრძელდა ორ თვეს (იანვარი, თებერვალი, 2009). საინფორმაციო კამპანიის პერიოდში საინფორმაციო მასალასთან ერთად გავრცელდა ასევე ტრენინგებზე მონაწილეობისთვის აუცილებელი აპლიკაციები.
საინფორმაციო კამპანიის პარალელურად მომზადდა სატრენინგო მასალები. ტრენინგის მასალის დამუშავებისას მთავარი პრინცი პი, რითაც იხელმძღვანელა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ, იყო მასალის სიმარტივე და ადვილად გაგება. იქიდან გამომდინარე, რომ მსმენელთა უმეტეს ნაწილს ამ ტრენინგებამდე არ ჰქონია შეხება ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებთან, მასალები მკითხველისთვის ადვილად გასაგებ ენაზე მომზადდა. დაიბეჭდა სახელმძღვანელო წიგნი „ქალი და ბიზნესი“ 1000-ცალიანი ტირაჟით. წიგნი დაურიგდათ ტრენინგის მონა-წილეებს და ასევე ყველა დაინტერესებულ პირს. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას დღესაც აკითხავენ წიგნით დაინტერესებული ქალბატონები და სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესი კვლავ გრძელდება. გარდა სახელმძღვანელო წიგნისა, მომზადდა მონაწილის სამუშაო წიგნი, რომელსაც ტრენინგის მსმენელები ავსებდნენ ტრენინგების მიმდინარეობისას. სამუშაო წიგნში შესულია არაერთი სავარჯიშო და ტესტი, რომელიც არა მარტო ეხმარება მსმენელს მასალის გაგებაში, არამედ ამარტივებს ტრენინგის პროცესს. ტესტებისა და სავარჯიშოების გარდა, სამუშაო წიგნში შეტანილი იქნა საგადასახადო დეკლარაციები. დეკლარაციების შევსება და საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, რომელიც მსმენელებმა შეისწავლეს ტრენინგების პროცესში.
ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა გაიარეს შემდეგი პროცედურები: პირველი ეტაპი - აპლიკაციების შევსება. დაინტერესებულმა პირებმა შეავსეს და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას ჩააბარეს შევსებული აპლიკაციები/ანკეტები. აპლიკაციების მიღება შესაძლებელი იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში. გარდა ამისა, აპლიკაციები დაურიგდათ დევნილებს საინფორმაციო კამპანიის დროს. აპლიკაციების მიღების შემდეგ მოხდა წარმატებული აპლიკანტების შერჩევა. შერჩევის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენდა აპლიკანტის ბიზნესიდეა, რომლის განხორციელების სურვილიც ჰქონდა მას სამომავლოდ; ასევე, სხვა უნარები (განათლება, გამოცდილება), რომლებიც ხელს შეუწყობდა მის ჩამოყალიბებას ბიზნესმენად. საბოლოოდ შერჩეული იქნა 250 დევნილი ქალბატონი - 100 თბილისში მცხოვრები და 150 გორის, ხაშურისა და ქარელის რაიონებიდან. მსმენელების შერჩევა დასრულდა 2009 წლის მარტში.
2009 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ჩატარდა ტრენინგები თბილისსა და გორში. თბილისში ტრენინგები ტარდებოდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ოფისში, გორში კი - ბიზნესსაკონსულტაციო ქსელისაქართველოსა და გორის გენდერული რესურსცენტრის სატრენინგო დარბაზებში. ტრენინგების ჩატარების გრაფიკი აბსოლუტურად ზუსტად მოერგო მსმენელების მოთხოვნებს. დღეგამოშვებით ტრენინგებზე სიარული მსმენელბს არ უშლიდა ხელს საოჯახო საქმეების გაძღოლაში და ისინი ადვილად ახერხებდნენ წარმატებულად შეეთავსებინათ ტრენინგი და სოჯახო საქმე ერთმანეთისთვის. ტრენინგ-კურსზე დასწრებისას მსმენელებმა შეისწავლეს შემდეგი საკითხები: ბიზნესის საფუძვლები, ქალი და ბიზნესი, ბიზნესის რეგისტრაცია, გადასახადები და მათი გადახდის წესი, ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესგეგმა და მისი შემუშავების ეტაპები, აგრობიზნესი - საოჯახო ბიზნესის შესაძლებლობები, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები, პრეზენტაციული უნარ-ჩვევები.
ტრენინგების მთავარი შედეგი იყო ბიზნესგეგმებზე მუშაობა ტრენინგის მონაწილეების მიერ. ქალბატონების მიერ არჩეული ბიზნესიდეები კურსის დამთვარების შემდეგ კონსულტაციების პროცესში გაიწერა ბიზნესგეგმებად. კონსულტაციების ეტაპი მიმდინარეობდა ივნისისა და ივლისის თვეებში, 2009 წელს. დღესდღეობით ოცდაათამდე ქალბატონი მიღებული დაფინანსებით წარმატებით უძღვება საკუთარ ბიზნესს.
ტრენინგების პროცესის დასრულება სერტიფიკატების გადაცემის პომპეზური ცერემონიალით აღინიშნა. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი ჩატარდა როგორც გორში, ასევე თბილისში. გორში ცერემონიალი გაიმართა გორის სახელმწიფო რესურსცენტრის დარბაზში, ხოლო თბილისში ამ მოვლენას დაეთმო სასტუმრო „თორის“ საკონფერენციო სივრცე. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ სტუმრები სხვადასხვა არასამთავრობო, საერთაშორისო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებიდან. დევნილთა სამინისტროდან მოწვეულმა სტუმარმა დააფიქსირა სამინისტროს დადებითი შეფასება პროექტის იდეისა და განხორციელების მიმართ. გაეროს ქალთა ფონდის ხელმძღვანელის თამუნა საბედაშვილის შეფასებით, პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია: „პროექტ „მომავლის იმედის“ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ჩვენი ბენეფიციარი დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის ისეთი განათლებისა და ინფორმაციის მიწოდება, რაც გაზრდიდა მათ შესაძლებლობებს მცირე ბიზნესის წამოწყება-განვითარების თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ 250-ზე მეტმა ქალბატონმა გაიარა ერთთვიანი მომზადება მცირე ბიზნესისა და ქალთა უფლებების საკითხებში. ამ ქალბატონების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა და მათ, მიუხედავად გაჭირვებისა და გამოვლილი სტრესისა, იპოვეს საკუთარ თავში ძალა, დასწრებოდნენ სემინარებს, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენთვის ცნობილია, რომ მათგან 40-მდე ქალმა შეძლო საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება და ბევრ მათგანს ამაში უკვე ადგილობრივი ქალთა ფონდი „ტასო“ დაეხმარა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა თავის მიზანს მიაღწია“.
ქალბატონების მიერ საკუ-თარი მცირე ბიზნესის წამოწყებაში დიდი წვლილი შეიტანა ფონდმა „ტასომ“, რომელმაც უზრუნველყო მცირე ბიზნეს გრანტების გაცემა. გაეროს ქალთა ფონდი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან ერთად და „ტასოსთან“ თანამშრომლობით კვლავ აპირებს იგივე სახის პროექტის გაკეთებას, უფრო დიდი მასშტაბებით. ახალი პროექტის დაწყება, სავარაუდოდ, მოიაზრება 2010 წლის იანვრიდან. როგორც გაეროს ქალთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში, თამარ საბედაშვილი აცხადებს, პირველმა პროექტმა თავის მიზანს მიაღწია და სამომავლოდ გაეროს ქალთა ფონდი (UNIFEM) კვლავ გეგმავს დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან მუშაობას, მათ გაძლიერებას იმისათვის, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, განსაკუთრებით, როდესაც ეს გადაწყვეტილებანი მათ ცხოვრებასა და მომავალს ეხება.
პროექტი „მომავლის იმედი“ დღემდე მოიხსენება როგორც ერთ-ერთი წარმატებული პროექტი მიმართული დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. როგორც თავად კურსის მონაწილეები აღნიშნავენ, პროექტმა მათ ცოდნის მიღებასთან ერთად მისცა საშუალება, გამხდარიყვნენ ერთი მთლიანი საზოგადოების წევრები, რომლებიც გაერთიანდნენ იმედიანი მომავლის იდეის გარშემო.

![]() |
9 მცხეთის ანტიკრიზისული საინფორმაციო ცენტრი |
▲ზევით დაბრუნება |

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა არაერთი ორგანიზაცია თუ ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს აქტიურ მონა-წილეობას ომის შემდგომ პერიოდში საზოგადოებისა და ქვეყნის რეაბილიტაციის საქმეში. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, არის განთავსებული მცხეთაში.
მცხეთის ანტიკრიზისული საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა 2008 წლის 1-ლ ნოემბერს, მცხეთის მუნიცი პალიტეტში, ურბანული ინსტიტუტის ინციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტი განხორციელდა მცხეთის გამგეობის თანადგომით.

ცენტრის ძირითადი მოვალეობებია:

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ მონაცემთა განახლება;
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა და მონიტორინგი;
საჯარო შეკრებების ორგანიზება და მათი მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
მუნიციპალიტეტის საჯარო სხდომების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათი ელექტრონული ვერსიის განახლება;
კოორდინაცია სახელმწიფო, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის მიზნით;
მცხეთის მუნიცი პალიტეტში ჩასახლებული დევნილებისა და მათი ოჯახების რაოდენობის ზუსტი ელექტრონული აღრიცხვა და ბაზის განახლება;
დევნილთა აღმრიცხველი ელექტრონული ბაზის ყოვლდღიური განახლება;
დევნილთა საჭიროებების ელექტრონული ბაზის შექმნა. ცენტრს გააჩნია შემდეგი ინფორმაცია:
მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების საკონტაქტო ინფორმაცია;
მუნიცი პალიტეტში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ;
მუნიცი პალიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ;
მცხეთის მუნიცი პალიტეტის სოციალურეკონომიკური განვითარების გეგმების შესახებ;
საჯარო შეხვედრების შესახებ;
მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილებისა და მათი საჭიროებების შესახებ;
დევნილთა ჩასახლებებში ჩასატარებელი სამუშაოებისა და ღონისძიებების შესახებ.

საინფორმაციო ცენტრში თავმოყრილია უახლესი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისთვის.
პროექტი ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელებას დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებში და ინფორმაციის მიწოდებას ყველა დაინტერესებული პირისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ მცხეთის ანტიკრიზისული საინფორმაციო ცენტრს შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, დ. აღმაშენებლის ქ. №73;
მცხეთის მუნიცი პალიტეტის გამგეობის I სართული;
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 32) 51-26-82
საკონტაქტო პირი: ინნა ახალბედაშვილი (+995 99)231872 მცხეთის მუნიცი პალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით აპარატის წარმომადგენელი.
![]() |
10 მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს პროექტს „მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისთვის“. პროექტი მოიცავს შემდეგ რეგიონებს: სამეგრელოს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადი, შენელდა ეკონომიკური ზრდა და გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი. ამის გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს:
ხელმისაწვდომი გახადოს მოწყვლადი მოსახლეობისთვის მიკროდაფინანსება (მიკრო სესხები);
უზრუნველყოს მოწყვლადი მოსახლეობა ბიზნესტრენინგებითა და კონსულტაციებით, რათა მათ შეძლონ ბიზნესის უკეთ მართვა, სესხის აღება ან/და ახალი საქმიანობის წამოწყება.
პროექტის ბენეფიციარები არიან მოწყვლადი მოსახლეობა (მცირე მეწარმეები, ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები) საქართველოს სამ რეგიონში: სამეგრელოზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში
პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს არსებული და პოტენციური მსესხებლები სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში.
იძულებით გადაადგილებულ პირებს პროექტი სთავაზობს:
უფასო ბიზნესტრენინგებს;
უფასო ბიზნესკონსულტაციებს;
მიკროსესხების მიღების შესაძლებლობას.
მიკროსესხები გაიცემა შემდეგი ორგანიზაციებისგან: „ალიანს ჯგუფი“, „კრედო“, „კრისტალი“, ბანკი „კონსტანტა“, „ფინკა“, „ფინაგრო“ და „ლაზიკა კაპიტალი“.
მოსახლეობას ბიზნესტრენინგებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (მცხეთა-მთიანეთში), „საქართველოს სოფლის განვითარების ფონდი“ (შიდა ქართლში) და „ერანი“ (სამეგრელოზემო სვანეთში). პროექტი გაგრძელდება 2010 წლის ივნისის ჩათვლით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის
დაგვიკავშირდით:
მცხეთა-მთიანეთი:
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია,
თბილისი, ორბელიანის ქ. №35
ტელ: (+995 32)93 64 75;
(+995 93) 41 41 88.
შიდა ქართლი:
„საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“
გორი,მშვიდობის გამზირი №1ა;
ტელ:(+995 270) 77 55 9
სამეგრელო-ზემო სვანეთი:
„ერანი“- ზუგდიდი, სტალინის ქ. №18;
ტელ: (+995 215)2 00 70
![]() |
11 ერთი გმირის ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |

ყველაფრის, მაგრამ არაფრის იმედი...
სოფელ ერედვში მცხოვრები ცოტნიაშვილების ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება თითოეული ოჯახისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რიტმს ემორჩილებოდა - თავდაუზოგავად შრომობდნენ და უკეთესი მომავლის იმედი თანდათან რეალობაში იკვეთებოდა.
ყოველ დილით ოჯახის უფროსი როინ ცოტნიაშვილი და მისი მეუღლე თეა სამნიაშვილი სამსახურში მიიჩქაროდნენ, მათი შვილი ნიკა კი სკოლაში მიდიოდა. მშობლებისთვის იმედიანი განწყობის წინაპირობა ნიკას კარგი სწავლა იყო. ამასთან ერთად, ბევრი საიმედო სიახლე შეინიშნებოდა: „ბოლო პერიოდში დიდი და პატარა ლიახვის სოფლებში (სოფელ ქურთაში) ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. სოფელი სოფელს აღარ გავდა, შენდებოდა სასტუმრო, გაიხსნა ოფისები, ბანკები, გარემონტდა შენობები, მოეწყო ატრაქციონები, სასპორტო გამაჯანსაღებელი შენობა-ნაგებობები, თანამედროვედ მოწყობილი ინფრასტრუქტურა - იმედიანად ვიყავით... „მე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტში, ჩემი მეუღლე ძველი სპორტსმენია და სპორტსკოლის დირექტორი იყო. სოფლის მეურნეობაც ავაწყვეთ, კარგი ბაღ-ბოსტანი გვქონდა. შეიძლება ითქვას, სოფლის პირობაზე არაფერი გვაკლდა. ჩვენი შვილი კარგად სწავლობდა და მეც შემეძლო მისი სწავლისთვის საჭირო ყველა წიგნი მეყიდა. ნიკა ყოველთვის ახალი წიგნის ყიდვას მთხოვდა. ბევრისგან განსხვავებით, არასდროს უთხოვია სათამაშო. ნიკა ჯერ 12 წლის იყო, მაგრამ წინდაწინ ხეხილი ჩავყარეთ - უნივერსიტეტის სწავლის საფასურის გადახდა როცა მოგვიწევდა, მზად რომ ვყოფილიყავით. მის სწავლასთან დაკავშირებით ბევრი გეგმები გვქონდა“ - თეა სამნიაშვილი.
ეს იყო მანამ, სანამ ...
აგვისტოს მოვლენების შემდეგ ცოტნიაშვილებმა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბევრი ოჯახის მსგავსად, დაკარგეს სარჩო-საბადებელი.
„დაბომბვა რომ არ ყოფილიყო, არ წამოვიდოდით. სანამ გავუძლებდით, გავუძლებდით, ჩვენ მებრძოლი ხალხი ვართ“ - თეა სამნიაშვილი. სიბრაზე ხმაში ეკვეთება: „კონფლიქტი აგვისტოში ხომ არ დაწყებულა, 1991 წლიდან მოყოლებული საომარ სიტუაციაში ვცხოვრობდით. სწორედ მაგ პერიოდში ჩავირიცხე ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შევქმენი ოჯახი და 18 წელი კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობდი“.
„ვთვლი, რომ აუღებელი ციხესიმაგრე ვარ და უკეთესი მომავლის იმედი მაქვს. ყველაფრის, მაგრამ არაფრის იმედი მაქვს. ცხოვრება მოულოდნელობითაა სავსე, არც ჩვენ გვეგონა თუ ომი დაიწყებოდა...“ თეას სიტყვა გაუწყდა და გაჩერდა, შემდეგ მოულოდნელად განაგრძო - „ყველაფრის, მაგრამ არაფრის იმედი მაქვს“.
მერიდება ჩავეკითხო ჩემს რესპოდენტს, რას ნიშნავს ყოველივე ეს და აზრი მიწყდება...
ცხოვრების თავიდან დაწყება
ამდენი ტკივილის შემდეგ ძნელია, არ გაბოროტდე და გულისტკივილი არ გამოთქვა სამყაროს წინააღმდეგ. თითქოს ეს ლოგიკური იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ჩემი რესპოდენტი საკუთარ ტკივილს სუბიექტურად არ განიხილავს. გულწრფელად მაკვირვებს მისი მხრიდან გამოთქმული მადლიერება - „ერთი კაცი ქვეყანას ვერ მიხედავს, საჭიროა ერთმანეთის ნდობა, წესრიგი და მთავარია, არ დავკარგოთ მადლიერების გრძნობა. შეიძლება აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილებს ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ დახმარებებიც ხომ იყო. ვერ ვიტყვი, რომ უგულისყუროდ ვართ, მაგრამ, როცა ყველაფერს კარგავ, ძალიან ბევრი რამ და, პირველ ყოვლისა, ძალა გჭირდება ცხოვრების თავიდან დასაწყებად“.
ცოტნიაშვილების ოჯახს, ბევრი დევნილი ოჯახის მსგავსად, თავიდან უწევთ ცხოვრების დაწყება. დღესდღეობით ისანში ე.წ. რუსულ ჰოსპიტალში ცხოვრობენ. საკუთარი არაფერი შემორჩათ, გამოყოფილი „ოთახი“ ძრითადად შემოწირულობებით მოაწყვეს. თეა სამნიაშვილი - „და მაინც ყველაფერს აიტანს ადამიანი; მთავარია იცოდე, ხვალ რა გელოდება“.
გადატანილი სტრესის შედეგი ხშირად ბევრი ფიქრია, ფიქრი, რომელიც დაუსრულებელი და მტკივნეულია
„სტრესიდან ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ, მაგრამ ჩვენი ხალხი ძლიერი და მომთმენია, კონფლიქტის ზონაში ცხოვრებამ გაგვაძლიერა. ჩვენს ხალხს ახლა ყველაზე მეტად მიწა სჭირდებათ, რომ იმუშაონ და გული გადააყოლონ. მშრომელი ხალხია ჩვენი ხეობის ხალხი, უმუშევარი ადამიანი ბევრს ფიქრობს და შეიძლება ნერვიულობით ძალიან ბევრი დაავადდეს. როცა თავიანთი შრომის შედეგს დაინახავენ, დარდი გაუქარვდებათ“ - ამბობს თეა.
უმუშევრობის თემა დევნილობაში მყოფი ადამიანისთვის ორმაგი ტკივილია. კონფლიქტის შემდგომ თეა უმუშევარი დარჩა, თუმცა ფარხმალი არ დაუყრია და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ დევნილი ქალბატონებისათვის განხორციელებულ ტრენინგკურსებში მიიღო მონაწილეობა (ტრენინგები საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ პროექტ „მომავლის იმედის“ ფარგლებში გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით განახორციელა). „დევნილი ქალბატონებისათვის ჩატარებული ტრენინგების შემდგომ მოვამზადე ბიზნესგეგმა და იმედი მაქვს, ჩემს ბიზნესიდეას გამოუჩნდება დამფინანსებელი. მინდა კომპიუტერული სწავლების ცენტრი გავხსნა, უმუშევარი ხომ ვერ დავრჩები“- აღნიშნავს თეა.

ცოტნიაშვილების ოჯახის მთავარი საზრუნავი ნიკაა, რომელიც დედას ყოველდღე სთხოვს, წიგნები მიყიდე და მასწავლეო. დედას ეშინია, შეჭირვებული ყოფა შვილის მოტივაციაზე უარყოფითად არ აისახოს. „მეშინია იმედები არ გაუცრუვდეს, ნიკას ინგლისში სასწავლებლად წასვლა აგვისტოს კონფლიქტმა შეაფერხა, ახლა კი ...“ - თეა.
ბავშვი, რომელსაც ჯო ბაიდენი ამერიკაში სწავლას დაჰპირდა
„ჩემს შვილს ბაიდენი ამერიკაში წაყვანას დაჰპირდა. ინგლისურად ისე ლაპარაკობს, როგორც ქართულად. მთელი ჩვენი ხეობა ამაყობს ამით, „ჩვენი ნიკა“ - ასე ეძახიან ჩემს შვილს. ჩვენ უკვე ორი თვეა, სანატრელ მოწვევას ველოდებით ამერიკიდან“ - ამბობს ამაყი დედა.
პრეზიდენტის სავარძელი და პოპულარობა
ნიკას პოპულარობა ბაიდენთან შეხვედრასთან ერთად პრეზიდენტის რეზიდენციაში განხორციელებულმა „ვიზიტმაც“ განაპირობა. პრეზიდენტის სავარძელში დაჯდომის უფლების მოპოვების შემდეგ უკვე თანატოლებისგან განსხვავებული და პოპულარული ბიჭი გახდა. ბევრმა დამირეკა, ნიკა ტელევიზორში ვნახეო, ამბობს ამაყი დედა, რომელსაც დღესდღეობით შვილის წიგნების საყიდლად ფული არ ჰყოფნის, თუმცა „ყველაფრის იმედი აქვს“. პარადოქსალურ ფრაზას ახსნას ვერ ვუძებნი და ჩემს „მებრძოლ“ რესპოდენტს ჩაფიქრებული ვემშვიდობები.
„ჩვენი ხეობის ბიჭი“ - ასე ეძახიან ნიკა ცოტნიაშვილს, რომლის მიმართ სიყვარული მისმა პოპულარობამ განაპირობა
ნიკასთან შეხვედრისთვის საფუძვლიანად მოვემზადე. ვიცოდი, ჩემი რესპოდენტი სერიოზული, მიზანსწრაფული და სწავლაზე ორიენტირებული პიროვნებაა, მაგრამ მე ბევრად მეტის გაგება მინდოდა შორსმჭვრეტელ ახალგაზრდაზე.
გეგმის სისრულეში მოსაყვანად ისნის ე.წ. „რუსულ ჰოსპიტალში“ გავემგზავრე. გზად გავარკვიე, რომ „ქართული ჰოსპიტალიც“ არსებობდა და იქაც დევნილები ცხოვრობდნენ. წინასწარ ვიცოდი, რომ ცოტნიაშვილებთან მისვლამდე ჰოსპიტალის ტერიტორიაზე არსებული ნაძვნარი უნდა გამევლო, მაგრამ „დევნილთა ქალაქის“ შემყურე ისე დავიბენი, რომ ვერც კი ვამჩნევდი, იშვიათი ჯიშის ნაძვების ქვეშ რომ მივაბიჯებდი.

ცხოვრება გრძელდება და ცხოვრების ყველაზე პარადოქსალური გამოწვევა სწორედ ისაა, რომ იგი თავის დინებით მიედინება და თავის კალაპოტში აქცევს ყოველივეს. ზოგჯერ, სიტუაციიდან გამომდინარე, აღმოაჩენ, რომ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გეგონა და ვიდრე ისურვებდი. ასევე აღმოაჩენ, რომ იყო სუსტი და არა ძლიერი, ერთგვარი კომფორტია.
ცოტნიაშვილების კარის ზღურბლზე „სალი“ (პეკინისის ჯიშის ძაღლი) შემხვდა. ოჯახის სრულუფლებიანმა წევრმა კუდის ქნევით ახლობლურად მიმიღო. მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი და ცოტა შევცბუნდი, მაგრამ მისმა ჩემდამი დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ განმიმტკიცა აზრი, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, აშკარად მჭირდებოდა დადებითი ემოციური მუხტი.
ნიკამ საკუთარი თავის წარდგენა ბოლო ნამუშევრის გაცნობით დაიწყო: „ამ ნახატში ჩემი პიროვნული თვისებები ჩავაქსოვე. შუაში მე ვარ, განდიდებული ადამიანი, წერტილები კი სხვები არიან. სხვებისგან განსხვავებული ნახატი მინდოდა გამომსვლოდა, სადაც მე ბრძანებელი ვარ და მთელი სამყარო, პლანეტებიც კი მე მემორჩილება, ამიტომ დავხატე „მთავარი ფიგურა“ კაშკაშა ფერებით. ყველასთვის შესამჩნევია იგი, შეუძლებელია მისი იგნორი“.
მაგიდაზე გაშლილი ნახატის გაცნობას რომ მოვრჩით, ბაიდენთან ვიზიტის დეტალებით დავინტერესდი. „სკოლაში ის ბავშვები აგვარჩიეს, ვინც ინგლისურად კარგად ვლაპარაკობდით. შეხვედრის წინ რაიმე შეკითხვა შეგვეძლო წინასწარ მოგვემზადებინდა, მაგრამ მე სპონტანურტად მოვუყევი ბაიდენს ჩემს ცხოვრებაზე და ჩემი გეგმების შესახებ და იმაზე, რომ ვგეგმავ ამერიკაში სწავლას. ბაიდენმა მითხრა, რომ ერთმანეთს თეთრ სახლში შევხვდებით და მე შენ ყოველთვის დაგეხმარებიო“ - ნიკა. ახლა ის და მთელი ოჯახი ამ დანაპირების ასრულების მოლოდინშია და იმედი აქვთ, რომ ამერიკაში გამგზავრებას და იქ სწავლას შეძლებს ნიკა. პროფესიაც გადაწყვეტილი აქვს, იცის, რომ ბანკირი გამოვა.
საუბარში ნიკას დედა, თეა ერთვება: „ნიკა ბაიდენთან შესახვედრად რომ გაემგზავრა, მამა გაბრიელს ვთხოვე ჩემს შვილს მიმიხედე-მეთქი. თვალცრემლიანი ხშირად მას ვევედრები განსაცდელის დროს. ალბათ, დედის ლოცვა შეისმინა მამა გაბრიელმა და ამიტომაც ესე თბილად მიიღო ბაიდენმა ჩემი შვილი“. აღელვებული დედა დგება და ხატებთან მიდის, ოთახში პატარა სამლოცველოა მოწყობილი.
შემდგომ ნიკა პრეზიდენტის რეზიდენციაში აღმოჩდა: „თავდაპირველად პრეზიდენტმა რეზიდენცია დაგვათვალიერებინა, თან გვეკითხებოდა ვის რა პროფესია აქვს არჩეულიო. მე ვუთხარი პრეზიდენტი უნდა გამოვიდე-მეთქი. შემდეგ პრეზიდენტის კაბინეტში რომ შევედით, სავარძელში დაჯდომა შემომთავაზა და მკითხა, რომელი მინისტრის გამოძახებას ისურვებიო, მე კი ყავა მოვითხოვე“.
ნიკა იმდენად სერიოზულია, ვერც ვიღიმები. ისეთი აზრი მექმნება, 13 წლის ბიჭს კი არა, ცხოვრებისეული გამოცდილებით სავსე პიროვნებას ვესაუბრები. და მაინც, როგორია ნიკა? საკუთარ თავზე საუბარი ეხამუშება - „ნიკა როგორია? (კითხვას მიბრუნებს და ეღიმება) მიყვარს საკუთარი თავი, მაგრამ არა გადამეტებულად. ძალიან მშვიდი ვარ, ვერ ვიტან ნევროზიან ადამიანებს. ყოველთვის მშვიდად ვაგვარებ პრობლემებს და რომ ნერვიულობენ და იძაბებიან, არ მიყვარს ასეთი ადამიანები“.
ნიკას, ბევრი მისი თანატოლის მსგავსად, ძალიან უყვარს ფეხბურთი, ცურვა და თავისუფალ დროს ხატვა. იგი ნუმიზმატია, აგროვებს სხვადასხვა ქვეყნის მონეტებს. „მომწონს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მონეტებს ვეხები, ამ მონეტებმა ხომ უამრავი ადამინის ხელები გამოიარა, მომწონს და ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოა“ - ნიკა. მშობლებისთვის იმედის მომცემ შვილს ყველაზე მეტად მაინც სწავლა უყვრს, სწავლასთან დაკავშირებით შემდეგი გეგმები აქვს: უნდა მომავალი წლის მარტში ამერიკულ აკადემიაში ჩააბაროს, ამისათვის კი „ტოეფელის“ კურსის გავლაა საჭირო. ნიკას სწავლასთან დაკავშირებით დედა, თეა სამნიაშვილი თავის მღელვარებას ვერ მალავს და საუბარში ერთვება: „იცით, ამ კურსების გარეშე ნიკას ჩაბარება გაუჭირდება. ინგლისური კი იცის, მაგრამ გამოცდისთვის მაინც კომპლექსური მომზადებაა საჭირო, ჩვენ კიდევ ფული არა გვაქვს. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, ამ მომზადებისთვის საჭირო ფულს ვიშოვი. ჩემს შვილს ყოველნაირად დავანახებ, რომ ყველა რესურსი, ყველანაირი გზა მოვსინჯეთ მას რომ ესწავლა“.
ნიკა მდუმარედ უსმენს მშფოთვარე დედას, რომელიც საუბრობს უსახსრობაზე, რამაც შეიძლება დააბრკოლოს მის სწავლასთან დაკავშირებული გეგმები. მთავარი პერსონაჟი დასცქერის მის მიერ აღებულ სერტიფიკატებს, მადლობის წერილებს და ამბობს, რომ ყველაზე მეტად დედას ესმის მისი, იმიტომ, რომ მან ყველა პრობლემა დეტალურად იცის.
ნიკას ამერიკულ აკადემიაში სწავლის გაგრძელება იმიტომ უნდა, რომ ყოველივე ეს მის სანუკვარ ოცნებას - ამერიკაში სწავლის გაგრძელების სურვილს უკავშირდება. მერე შეიძლება გაცვლით პროგრამაში ჩართონ, მერე და მერე კი... ნიკას კარგად ესმის, რომ წარმატებულ კარიერისთვის დიდი შრომა და ნებისყოფაა საჭირო. მას დიდი გამოწვევა აქვს ცხოვრებისგან ნაკარნახევი, მას უნდა სწავლა და მას უნდა იყოს წარმატებული.
„ოდესმე მე დავბრუნდები ჩემს მხარეში. იქ, სადაც ჩემი ფესვებია - დავბრუნდები ნასწავლი და წარმატებული. ჩემი თაობა, მომავალი თაობა შესძლებს, უკეთესზე უკეთესი იყოს სამაჩაბლო, დიდი და პატარა ლიახვის ხეობა. დანგრეული კვლავ აშენდება და აყვავდება. საქართველოს ისტორია ამით არ მთავრდება, ბევრისთვის გაუძლია და გადარჩენილა“ - ნიკა ცოტნიაშვილი.

![]() |
12 საქართველოს კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ (№ 335-IIს) მიღებულია პარლამენტის მიერ. აღნიშნული კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს კანონით „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ განსაზღვრული და დარეგულირებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: დევნილთა სამართლებრივი სტატუსი საქართველოში; ასევე დევნილთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიები. აღნიშნული კანონი უზრუნველყოფს დევნილთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და მოცემულ საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას.
დევნილის სტატუსი
კანონით „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ დარეგულირებულია ზოგადად დევნილის სტატუსი, ანუ აღნიშნული კანონის მიხედვით, ნათლადაა განსაზღვრული ვინ ითვლება დევნილად. დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ანდა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას სხვა ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, დევნილის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც ცნობილია დამნაშავედ და იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.
დევნილად ცნობის პროცედურები
განცხადებით მიმართვა
იმისათვის, რომ პირს მიენიჭოს დევნილის სტატუსი, მისი მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს ზემოთ მოყვანილ განმარტებას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული მიზეზების გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
პირმა დევნილად ცნობის შესახებ აუცილებელად განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმ ადგილობრივ სამსახურს, სადაც იგი დროებით ცხოვრობს ან აპირებს დასახლებას. იმ შემთხვევაში, თუ მუდმივი საცხოვრებლი ადგილის დატოვების შემდეგ პირს მოუწია საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა, მან უნდა მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რათა მოხდეს მისი აღრიცხვა.
მას შემდეგ, რაც პირი მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივ სამსახურს, აღნიშნული სამსახური ვალდებულია, განაცხადის რეგისტრაციიდან ათ დღეში დაადგინოს დევნილად ცნობის შესახებ განაცხადის საფუძვლიანობა და აღძრას შუამდგომლობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინაშე პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. თუ ადგილი აქვს შემთხვევას, როდესაც მოხდა მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილება, სათანადო წესით პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებამდე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ, ხდება დაუყოვნებლივ მისი დროებით დევნილად ცნობა.
უფლება-მოვალეობები
როდესაც პირი მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივ სამსახურს და მოითხოვს ცნობას, განცხადების რეგისტრაციისას მას ეძლება მიმართვა დროებით საცხოვრებელ ადგილზე მიმაგრების შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ პირს აქვს უფლება, სურვილის შესაბამისად შეარჩიოს დრობითი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ნებისმიერ რეგინში, ნათესავთან ან ახლობელთან.
კონფლიქტის ზონიდან ახალგამოსული პირს, რომელმაც მიიღო ზემოაღნიშნული მიმართვა, უფლება აქვს, ისარგებლოს სახელმწიფო ტრანსპორტით ერთჯერადი უფასო მგზავრობითა და ბარგის უფასო გადატანით დრობით საცხოვრებელ ადგილამდე.
იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელმაც დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დევნილად ცნობამდე, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი ნორმებისა და წესის საფუძველზე სარგებლობს სხვადასხვა შეღავათებით. საქართველოს კანონით „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“, პირს უფლება აქვს, ისარგებლოს შემდეგი შეღავათებით:
იცხოვროს დროებით საცხოვრებელ ადგილზე და ისარგებლოს უფასო კომუნალური მომსახურებით;
მიიღოს სურსათი დევნილთათვის დაწესებული ნორმების ფარგლებში;
ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში უფასო მომსახურებით;
მიიღოს ერთჯერადი ფულადი და სხვა სახის სახელმწიფო დახმარება.
უფლებებთან ერთად პირს, რომელიც მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივ სამახურს დევნილად ცნობის თაობაზე, აქვს შესაბამისი ვალდებულებები. ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით, პირის ვალდებულებებია:
შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს განცხადების განხილვისათვის საჭირო მონაცემები დადგენილი წესის მიხედვით;
ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მოთხოვნისთანავე გაიაროს სამედიცინო შემოწმება.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივმა სამსახურმა პირს უარი განუცხადა განცხადების რეგისტრაციაზე, პირს უფლება აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან უარის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთ თვეში.
დევნილად ცნობის წესი
მას შემდეგ, რაც მოხდება განაცხადის რეგისტრაცია, პირის დევნილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იღებს განაცხადის რეგისტრაციიდან ერთ თვეში.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას პირის დევნილად ცნობის შესახებ, პირს ეძლება დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის ფორმას ადგენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
მაშინ, როდესაც დევნილ ოჯახში არიან არასრულწლოვანი წევრები, მათ შესახებ მონაცემები შეიტანება ერთ-ერთი მშობლის მოწმობაში.
თუ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტოს ადგილობრივმა სამსახურმა პირს უარი განუცხადა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, მას უფლება აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სასამართლო წესით საქმის განხილვამდე პირი, რომელმაც განცხადებით მიმართა დევნილად ცნობის თაობაზე, სარგებლოს ზემოთ აღნიშნული უფლებებით და, შესაბამისად, აკისრია მოვალეობები.
დევნილის უფლებები დროებით საცხოვრებელ ადგილზე
დევნილის სტატუსის მქონე პირი იღებს ყოველთვიურ ფულად შემწეობას, სურსათსა და სხვა სახის დახმარებას, რომელთა ნორმები და გაცემის წესი დადგენილია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ.
რაც შეეხება დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებებს, მათ უზრუნველყოფას ახდენს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად. შედეგად აღნიშნული სტრუქტურები ერთობლივად უზრუნველყოფენ დროებით საცხოვრებელ ადგილზე იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებების განხორციელებას, კერძოდ, ატარებენ შემდეგი ტიპის ღონისძიებებს:

დევნილის სტატუსის მქონე პირებს ეხმარებიან დროებით დასაქმებაში, მათი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
დევნილობის პერიოდში აძლევენ ერთდროულ და ყოველთვიურ შემწეობას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
უწევენ უფასო სამედიცინო დახმარებას, რაც გულისხმობს შემდეგს: სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის საფასურს დადგენილი წესით ანაზღაურებს სახელმწიფო შესაბამისი სტანდარტისა და ტარიფის ფარგლებში;
ხეიბრებს, ხანდაზმულებს, ბავშვებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს უზრუნველყოფენ უფასო მედიკამენტებით;
უზრუნველყოფენ დევნილის კონსტიტუციურ უფლებას განათლებაზე;
წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს;
ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;
უზრუნველყოფენ დროებითი საცხოვრებლითა და სურსათით საქართველოში დაწესებული ნორმის ფარგლებში;
გამოუყოფენ მიწის ნაკვეთებს დროებითი სარგებლობის უფლებით;
მონაწილეობენ რეგიონში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში;
მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრება პირის დევნილობის მიზეზები, ეხმარებიან დევნილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში.

დევნილის სტატუსის შეჩერება, დაკარგვა და ჩამორთმევა
საქართველოს კანონი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ არეგულირებს ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა დევნილის სტატუსის შეჩერება, დაკარგვა და ჩამორთმევა. თითოეული მათგანისათვის კანონით დადგენილია მიზეზები.
პირის დევნილის სტატუსის შეჩერებისათვის კანონით დადგენილია ორი მიზეზი, შესაბამისად, პირს სტატუსი უჩერდება რომელიმე მიზეზის დადგომის შემთხვევაში. აღნიშნული მიზეზებია:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა;
პირის ერთდროულად რამდენიმე რეგიონში დევნილად რეგისტრირება.
რაც შეეხება დევნილის სტატუსის დაკარგვას, საქართველოს კანონით „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ დევნილი სტატუსს კარგავს, თუ ადგილი აქვს შემდეგი სახის გარემოებებს:
დევნილის სტატუსის მქონე პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება;
მუდმივად საცხოვრებლად საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა;
საქართველოს რომელიმე რეგიონში მუდმივად დასახლებისა და რეგისტრაციაში გატარება სადაც არ არსებობს დევნილობის მიზეზები;
მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დევნილობის მიზეზების რეალურად არარსებობა.
დევნილი პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამომჟღავნდა, რომ პირმა სტატუსი მიიღო ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე.
დევნილის სტატუსის დაკარგვის, შეჩერების ან ჩამორთმევის საკითხს წყვეტს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. იმ შემთხვევაში, თუ დევნილის სტატუსის დაკარგვის, შეჩერების ან ჩამორთმევისას წარმოიშობა დავა პირსა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის, დავას განიხილავს სასამართლო.
დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება
იმ შემთხვევაში, თუ აღმოიფხვრა პრობლემები და მიზეზები და, შესაბამისად, შესაძლებელი გახდა დევნილი პირების დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, რეაბილიტაციისათვის ხდება სახელმწიფოს მიერ მათი მხარდაჭერა.
სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ იგი იძლევა გარანტიას, მოხდეს დევნილების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა მას შემდეგ, რაც ისინი დაბრუნდებიან თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე.
აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, მათ შორის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, უზრუნველყოფენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებული დევნილი პირებისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელებას; იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას შეიქმნას უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურეკონომიკური პირობები.
სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს დევნილს ანდა მის კანონიერ მემკვიდრეს, დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და მასზე გაპიროვნებული საკარმიდამო ნაკვეთი იმ მომენტისათვის არსებული სახით.
მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებული დევნილებისათვის სახელმწიფოს მიერ ხდება მიყენებული ზარალის კომპენსირება. ზარალის კომპენსირების საფუძველს წარმოადგენს ზარალის ზღვრული ოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ხდება დევნილისათვის ზარალის კომპენსირება. ასევე, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საცხოვრებლად უარიგისი ბინის აღდგენის შემთხვევაში მოქალაქეს მიეცეს იქ დაბრუნების გარანტია.
დევნილთათვის დახმარების ორგანიზება
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად წყვეტს დევნილთა მიღების, სტატუსის მინიჭების, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, დასაქმებისა და სხვა სოციალური საკითხებს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში.

დევნილთა უფლებების გარანტია
საქართველოს კანონით „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ დევნილთა უფლებების გარანტორი არის სახელმწიფო, ანუ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას დევნილთა უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირთა მიერ ადგილი აქვს არამართლზომიერ მოქმედებას, აღნიშნული გარემოება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციებში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დევნილთა დახმარების ფინანსური წყაროები
დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე, არსებობს დამატებითი დაფინანსების წყაროები, როგორიცაა:
საბიუჯეტო სარეზერვო ფონდები;
ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობები;
უცხოეთის სახელმწიფოთა მიერ გაწეული ფინანსური დახმარება;
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება.
![]() |
13 მხატვარი რომ არ ვყოფილიყავი, ამ ტკივილს ვერ გადავიტანდი |
▲ზევით დაბრუნება |

„რაც დავიბადე, მას მერე ვხატავ“ - ჩემი რესპოდენტი საუბარს აუღელვებლად იწყებს. აშკარაა, რომ საკუთარ თავზე საუბარი კომფორტს არ უქმნის, თითქოს სხვებისგან არაფრით განსაკუთრებული არაა მისი ცხოვრება. ის უბრალოდ შემოქმედია, მხატვრობა მისი შინაგანი გამოძახილია. „მხატვრობა ჩემთვის არის საქმე, რომელიც მიყვარს“ - ავთანდილ შენგელია.
ის ხატავს, რაც თავი ახსოვს. მისი ბავშვური გატაცება, საბედნიეროდ, შეამჩნიეს. პირველად ათი წლის იყო, როდესაც მის ნახატს გარკვეული ღირებულება მისცეს. ბიძამ დედას უთხრა, რომ ამას მხატვრობის ნიჭი აქვსო. უახლოეს ნათესავებში მხატვარი არავინ ჰყოლია. შემდეგ სამხატვრო სკოლაში ნიკოლოზ თაბუკაშვილთან სწავლობდა. მხატვრობისა და, ზოგადად, ხელოვნების სიყვარულს მის პედაგოგს უმადლის. „თაბუკაშვილმა შემასწავლა ფუნჯის მოსმა და მაპოვნინა საკუთარი სტილი“ - ავთანდილ შენგელია. ის სტილის მხრივ მუდამ ძიების პროცესშია, იგი ფიქრობს, რომ მხატვარმა ყველა სტილში უნდა მოსინჯოს ძალები.
მხატვრის სამყარო ჩვეულებრივი ყოფისგან ვერ გაირიყება, პირიქით, ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან არსებული რეალობის მიმართ: „აფხაზეთის ომის შემდგომ პერიოდში გადატანილმა ტკივილმა გავლენა იქონია მხატვრობის ჩემს სტილზე, არძინბას პორტრეტიც კი დავხატე კუბისტურ სტილში. 6 წელი ეს ნახატი შეუმჩნევლად ეკიდა ჩემს სახელოსნოში, მეც კი დამავიწყდა მისი არსებობა, ბოლოს ერთმა გერმანელმა იყიდა“.
მხატვრის ოჯახი
მხატვრის ცხოვრება, ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, მშფოთვარე და ფერადოვანია. ტილოზე გადმოტანილ განწყობას მხატვარი დიდი მოწიწებით გადმოსცემს. ოჯახი მისი შემოქმედების თითოეულ წევრს ხელოვნებისადმი სიყვარული აერთიანებს. მხატვარი ავთანდილ შენგელია დაიბადა ქ. სოხუმში. სწავლობდა პეტერბურგში, გერცენის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრაფიკის ფაკულტეტზე; შემდგომ სწავლა განაგრძო ილია რეპინის სამხატვრო აკადემიაში. აფხაზეთის ტრაგედიამდე იყო შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დირექტორი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი: გიორგი და ნინო. მეუღლე მუსიკოსია და ამჟამად გალობს ეკლესიაში. გიორგი არის მხატვარი, ამჟამად ჰოლანდიაში მოღვაწეობს.
დევნილობაში დახატული სოხუმის ლამპიონები
„პეტერბურგიდან სოხუმის სიყვარულმა დამაბრუნა, სოხუმის ყველა კუთხე-კუნჭული მახსოვს. დევნილობაში დავხატე სურათი, სადაც სოხუმის სანაპირო თავისი ლამპიონებით ჩანდა, სოხუმელი უნდა ყოფილიყავი, რომ მიმხვდარიყავი კონკრეტულად რომელი ადგილი ჩავიფიქრე. მხოლოდ იმ ადგილას იყო ასეთი ლამპიონები“ - ავთანდილ შენგელია.
ნახატებიდან ოპტიმიზმი, დადებითი ემოციები და მამოტივირებელი განწყობა იგრძნობა: „ძნელია ამ სამყაროში ცხოვრება, მხატვრისთვის განსაკუთრებით რთულია დევნილობის ტვირთის ზიდვა. მხატვარმა უნდა დაინახო კარგი, პოზიტივი. მუქ ფერებს ვერიდები, მუქი ტონები ცუდ განწყობაზე მაყენებს, ვიღლები. ბუნებაში არ არსებობს შავი და თეთრი ფერები, ამიტომ ვერიდები ამ ფერებში მუშაობას. სამყაროს მუსიკალური ჟღერადი ფერთა გამა აქვს“.
მხატვრის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც მუქი ტონები სჭარბობდა. ძირითადად მის შემოქმედებაში გულგახსნილობა და იმედიანი განწყობა იგრძნობა: „მთავარია იმედი არ დაკარგო, საქმის კეთება გეხმარება დაივიწყო ტკივილი. რთულია, დატოვო სახლი, სადაც დაიბადე და გაიზარდე, სადაც შენმა მშობლებმა ამაგი ჩადეს და წამოხვიდე. მხატვრობამ გადამატანინა ის პერიოდი. მხატვარი რომ არ ვყოფილიყავი, ამ ტკივილს ვერ გაუძლებდი“.
მხატვრის ტკივილი - აფხაზეთი
ავთანდილ შენგელიას ხასიათის სიძლიერე და ოპტიმიზმი იმაშიც ჩანს, რომ აფხაზეთის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ მოახერხა თბილისში, „მერანის“ საგამომცემლო დარბაზში პერსონალური გამოფენის მოწყობა. ამასთან ერთად, მისი მონდომებითა და ხელმძღვანელობით მოხდა თბილისში შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის აღდგენა. 2002 წელს სასწავლებლის 60 წლის იუბილე თბილისში აღინიშნა. „თავდაპირველად სასწავლებელი ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ბაზაზე მუშაობდა. შემდგომ მოვძლიერდით და ჩვენმა სასწავლებელმა დამოუკიდებლად განაგრძო ფუნქციონირება“ - ავთანდილ შენგელია.
მხატვრის ხასიათი მის ნამუშევრებში მკვეთრად იგრძნობა: „ბუნებით მიმტევებელი ადამიანი ვარ, ვფიქრობ, რომ ყველა მხატვარი ესეთია. მხატვარმა უნდა შეძლოს სამყაროს დადებითად წარმოჩენა. აუცილებელი არ არის ყოველთვის დაელოდო მუზას. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მუზა მოდის შუაღამეს ან გამთენიისას; მე ვფიქრობ, რომ როცა ფუნჯს იმარჯვებ, თანდათან მიდიხარ სასურველ იდეამდე. თავიდან უამრავი აზრი მიტრიალებს, მაგრამ საბოლოოდ იკვეთება ის ერთადერთი, რომლის ფურცელზე გადმოსატანად მზად ვარ იმ კონკრეტულ მომენტში. ხატვა არის განტვირთვა და სულის მკურნალობა“.
მხატვარმა უნდა დახატოს ყველა სტილში , რომ იპოვოს მისი სტილი
მხატვრის ცდუნება დიდია, საკუთარი ძალები მოსინჯოს სხვადასხვა სტილში. გამონაკლისი არც ჩემი სტუმარია. ავთანდილ შენგელიას შემოქმედებაში თითქმის ყველა სტილში შესრულებული ნამუშევარი ფიქსირდება: რეალისტური, კუბისტური, იმპრესიონიტული - მისი სტილი. „მხატვარმა უნდა დახატოს ყველა სტილში, რომ იპოვოს მისი სტილი“ - ავთანდილ შენგელია.
მხატვრის რჩევები
ყველა მშობელს აინტერესებს, აქვს თუ არა მის შვილს მხატვრობის ნიჭი და როგორ უნდა შეუწყოთ ხელი ამ უნარის წარმოჩენას. განსხვავებული და ინდივიდუალურია მხატვარ ავთანდილ შენგელიას მოსაზრება ამ მიმართულებით: „თუ ბავშვი ხატვისადმი ინტერესს იჩენს, მიეცით ფანქარი და შესაძლებლობა, ხატოს. ხატოს ისე, როგორც მას უნდა და მას ესმის. შეიძლება ვასწავლოთ მხოლოდ და მხოლოდ ფუნჯის მოსმა, სტილზე მუშაობა პროფესიონალთან ბავშვმა უნდა დაიწყოს 8-10 წლის ასაკიდან. ნაადრევად სტილზე მუშაობამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ინდივიდუალურ სტილზე და მის გასაკუთრებულ და უნიკალურ აღქმაზე. არ უნდა ვიჩქაროთ, ჩარჩოებში მოვაქციოთ ისინი. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის სასწავლებელი, სადაც ბავშვებს ექნებოდათ შესაძლებლობა, ხატონ ისე, როგორც მათ სურთ, ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე. ეს სასწავლებელი ხელს შეუწყობდა არა მარტო მომავალი მხატვრების, არამედ ნებისმიერი ბავშვის სულიერ განტვირთვასა და ხელოვნებისადმი სიყვარულს ჩაეყრებოდა საფუძველი“.
ავთანდილ შენგელიას პერსონალური გამოფენები ჰქონდა საფრანგეთში, გერმანიაში, ბულგარეთსა და ჰოლანდიაში. მიმდინარე წლის ოქტომბერში მხატვარმა შვილთან, გიორგი შენგელიასთან ერთად ხელოვანთა სოფელში (ჰოლანდია) გამართა ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა.
2006-2008 წლებში მხატვარმა მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით პეტერბურგში მოხატა ტაძარი. აფხაზეთის კულტურის სამინისტრომ მხატვარი მის მიერ შემოქმედებითი ღვაწლისათვის წარადგინა შერვაშიძის სახელობის პრემიაზე.
![]() |
14 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
2005 წლიდან სახელმწიფო სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების“ სახელმწიფო პროგრამას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გაჭირვებული ოჯახების აღრიცხვას.
ნებისმიერ ოჯახს, რომელიც თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით მიიჩნევს, რომ იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში და აქვს დახმარების მიღების სურვილი, შეუძლია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში შეავსოს განაცხადის ფორმა და ჩააბაროს იმავე განყოფილებაში. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შეიძლება ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე, სააგენტოს თანამშრომლის ვიზიტის დროს.
განაცხადის სპეციალური ფორმის შევსებისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
ოჯახის სრულწლოვანი წევრების პირადობის მოწმობები ან საქართველოს მოქალაქის პასპორტები;
ოჯახის იმ წევრთა დაბადების მოწმობები, რომლებიც განაცხადის შემოტანის მომენტისათვის არასრულწლოვნები არიან (16 წლამდე);
მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, თუ განაცხადი შემოაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის.
ოჯახის დეკლარაციის შევსება
ჩაბარებული განაცხადის საფუძველზე, ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე მიდის სააგენტოს წარმომადგენელი - სოციალური აგენტი, რომელიც შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან (ოჯახის რომელიმე წევრი) ერთად ავსებს სპეციალურ დოკუმენტს - „ოჯახის დეკლარაციას“.
დეკლარაციის შევსების წინ სოციალური აგენტი აფრთხილებს ოჯახს, რომ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების გადამოწმებისას სიყალბის აღმოჩენის შემთხვევაში ოჯახს უქმდება რეგისტრაცია და მომდევნო 3 წლის განმავლობაში კარგავს უფლებას, განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
დეკლარაციის შევსებისას ფიქსირდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დეკლარირებული ინფორმაცია (ოჯახის დემოგრაფიული მონაცემები, შემოსავლები, საცხოვრებელი პირობები, მათ მფლობელობაში არსებული ქონება და სხვ.). დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სიზუსტეს ხელმოწერით ადასტურებს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
სარეიტინგო ქულის მინიჭება
შემდეგ ეტაპზე სააგენტო უზრუნველყოფს დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების დამუშავებას და დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით ახდენს ოჯახის სარეიტინგო ქულის დადგენას, რომელიც შეესაბამება ოჯახის კეთილდღეობის დონეს. რაც უფრო დაბალია სარეიტინგო ქულა, მით უფრო „ღატაკია“ ოჯახი.
სარეიტინგო ქულა წარმოადგენს მყარ ერთეულს, რომელიც განსაზღვრავს მიიღებს თუ არა ოჯახი სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას. დღესდღეობით ფულად სოციალურ დახმარებას ღებულობენ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს.
მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა
სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი ღებულობს ე.წ. „მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოწმობას“, რომელიც წარმოადგენს სპეციფიკური ფორმის დოკუმენტს და გაიცემა მხოლოდ მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ ოჯახებზე. მოწმობაში დაფიქსირებულია ოჯახის შესაბამისი სარეიტინგო ქულა. მოწმობის მიღება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედითუნარიან წევრს ან ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
ვინაობის დადგენის მიზნით, ოჯახის წარმომადგენელმა მოწმობის აღებისას უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი), წინააღმდეგ შემთხვევაში მოწმობა არ გაიცემა. მოწმობის გაცემით რეგისტრაციის პროცედურა დამთავრებულად ითვლება.
ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნა
თუ ოჯახს მინიჭებული აქვს შესაბამისი სარეიტინგო ქულა, რომელიც არ აღემატება 57 000-ს, ფულადი სოციალური დახმარება დაენიშნება განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს. ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) დანიშვნა ხორციელდება სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ოჯახში ვიზიტისას, შესაბამისი ფორმის დოკუმენტის შევსების შემდეგ.
სოციალური დახმარების არჩევა
სოციალურად დაუცველ ოჯახს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ფულადი სოციალური დახმარების ფორმა.
თუ ოჯახი იღებს „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ფულად დახმარებას (საოჯახო დახმარება, რომელიც ვრცელდება ოჯახებზე, ვისაც დახმარება დაენიშნა 2007 წლის 1-ლ იანვრამდე დარეგისტრირებულ ოჯახებზე) ან/და არის დევნილი და დევნილობის ყოველთვიური შემწეობის მიმღები, სააგენტოს პასუხისმგებელი პირი სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადების შევსებამდე ოჯახს უხსნის, რომ სოციალური დახმარების დანიშვნის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახს შეუწყდება დევნილის ყოველთვიური შემწეობა. ოჯახს აქვს უფლება, აირჩიოს ის სოციალური დახმარება, რომლის მიღებაც მას სურს.
დევნილის ყოველთვიური შემწეობის სოციალური დახმარებით ჩანაცვლება არ ნიშნავს დევნილობის სტატუსის მოხსნას.
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს სურს საოჯახო დახმარების ან/და დევნილის შემწეობის მიმღებად დარჩენა, ოჯახის უფლებამოსილი პირი ავსებს სოციალური დახმარების დანიშვნაზე უარის განცხადებას.
ოჯახს უფლება აქვს, უარის თქმის შემდეგ მოითხოვოს სოციალური დახმარების დანიშვნა. ამ შემთხვევაში სოციალური დახმარება დაინიშნება სააგენტოში მომართვიდან (განცხადების შევსება) მომდევნო თვეს.
ოჯახის განმეორებით გადამოწმებისა და დახმარების შეჩერების მიზეზები
ოჯახის განმეორებითი შეფასების თხოვნის შემთხვევაში საჭიროა, ოჯახის უფლებამოსილმა პირმა მიმართოს სააგენტოს და შეავსოს შესაბამისი ფორმის „განმეორებითი შეფასების განაცხადი“.
სხვა მიზეზები :
ოჯახის წევრის დაბადება;
ოჯახის წევრის გარდაცვალება;
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებითი შეცვლა (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და სხვ.);
ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე;
ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი;
ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული;
ოჯახის ფაქტობრიბად არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება მინიჭებულ სარეიტინგო ქულას;
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება;
იძულებით სამკურნალოდ გაგზავნა;
ვადიან სამხედრო სამსახურში ყოფნა;
ინსტიტუციურ დაწესებულებაში მოთავსება. ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები:
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ არასწორი (ყალბი) ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურად კარგავს ძალას და ოჯახს ერთმევა უფლება, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოითხოვოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში;
ოჯახის ყველა სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალება;
ოჯახის მონაცემთა ერთაინ ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;
ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება;
საარსებო შემწეობის მისაღებად სარეიტინგო ქულის ცვლილება
ფულადი სოციალური დახმარების ოდენობა
სოციალური დახმარების აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ოჯახის წევრთა რაოდენობას, ანუ ფულადი სოციალური დახმარება გაიცემა სულადობის მიხედვით. ერთსულიან ოჯახზე ფულადი სოციალური დახმარება განსაზღვრულია 30 ლარის ოდენობით, ყველა მომდევნო სულზე კი დამატებით გაიცემა 24 ლარი, ანუ თუ ერთსულიანი ოჯახი ღებულობს 30 ლარს, ორსულიანი მიიღებს 30+24 ლარს, სამსულანი - 30+24+24 ლარს და ა.შ.
ფულადი სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ოჯახის ის წევრები, რომლებიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად სოციალური დახმარების დანიშვნისას არიან:
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები, რომელთაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა;
იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირები;
ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირები;
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირები;
პირები, რომლებიც ინსტიტუციურ დაწესებულებებში იმყოფებიან სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, გარდა პირისა, რომელიც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და მის მიმართ კანონიერ ძალაში არ არის შესული განაჩენი.
![]() |
15 რუბრიკა: არაფორმალური განათლება |
▲ზევით დაბრუნება |
არაფორმალური განათლების რუბრიკა მთლიანად დაეთმობა ახალგაზრდებისთვის საინტერესო ტრენინგებისა თუ სემინარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არაფორმალურ განათლებას და მათ სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამებში აქტიურ მონაწილეობას. საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე ცენტრი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობის მიღება. ერთ-ერთი მათგანია მშვიდობისა და განვითარების აკადემია, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას. იგი 2002 წლის ოქტომბერში დაფუძნდა და ემყარება ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროგრამის „ახალგაზრდა ლიდერები მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ხუთწლიან გამოცდილებას. ორგანიზაციის მიზნებს შორის უმთავრესია ახალგაზრდობის განვითარებისა და მშვიდობის აღმშენებლობის ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მშვიდობისა და განვითარების აკადემია აქტიურად მუშაობს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ეროვნულ დონეზე ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნასა და განვითარებაში, წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ყოველწლიური ფორუმის ინიციატორსა და თანაორგანიზატორს და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის“ თანადამფუძნებელს.
მშვიდობისა და განვითარების აკადემია წარმოადგენს ტრენინგპროვაიდერს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: კონფლიქტების მართვა, პროექტების მართვა, ტრენერთა ტრენინგი, კულტურათაშორისი სწავლება, რასიზმი და ქსენოფობია, ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია, მოქალაქეობა, გენდერი, აივ/შიდსის პრევენცია, ტრეფიკინგი, ადამიანის უფლებები და სხვ.
მშვიდობისა და განვითარების აკადემიაში ფუნქციონირებს ახალგაზრდული კლუბი, სადაც 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან გაწევრიანებული. კლუბის წევრებს შორის დევნილი ახალგაზრდებიც არიან წარმოდგენილი. კლუბში მონაწილეებს უტარდებათ ტრენინგსემინარები სხვადასხვა თემებზე. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, აირჩიონ ორგანიზაციაში არსებული მათთვის საინტერესო მიმართულება და მიმართულებების კოორდინატორთა ხელმძღვანელობით პრაქტიკულად იმუშაონ მათთვის სასურველ სფეროში უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
2010 წლის იანვრიდან მშვიდობისა და განვითარების აკადემია იწყებს განვითარების ხელშეწყობის სლოვაკეთის რესპუბლიკის ოფიციალური სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტს: „ახალგაზრდული კლუბები დევნილი მოზარდებისთვის“. პროექტი გულისხმობს 2 ახალგაზრდული კლუბის შექმნას: თბილისში - აფხაზეთიდან, ხოლო წეროვანში სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილი მოზარდებისათვის 14- დან 18 წლამდე. კლუბებში მოზარდები უსასყიდლოდ გაივლიან ათთვიან პროგრამას, რომელიც მოიცავს ინგლისური ენის კურსს, კომპიუტერული პროგრამების შესწავლას, არაფორმალური განათლების კურსს ლიდერობასა და კონფლიქტების მართვაში, აბრეშუმზე ხატვის ხელოვნებას. მონაწილეთა შესარჩევად გამოცხადდება ღია კონკურსი, ხოლო შერჩევა ანკეტირებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. დევნილი მოზარდებისთვის სააპლიკაციო პროცესი გაიმართება დეკემბერში, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება www.apd.ge ვებ-გვერდზე.
2010 წლის დასაწყისიდან იგეგმება სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „მოხალისეთა განვითარების ცენტრი“, რომელიც გულისხმობს 20 მოხალისე ტრენერ/ ფასილიტატორის მომზადებას 8 სხვადასხვა თემაზე ეროვნულ საგანმანათლებლო პროექტებში მათი აქტიურად ჩართვის მიზნით.

მიერ დაფინანსებული პროექტი „მოხალისეთა განვითარების ცენტრი“, რომელიც გულისხმობს 20 მოხალისე ტრენერ/ ფასილიტატორის მომზადებას 8 სხვადასხვა თემაზე ეროვნულ საგანმანათლებლო პროექტებში მათი აქტიურად ჩართვის მიზნით.
საერთაშორისო დონეზე სხვა პროექტებს შორის მშვიდობისა და განვითარების აკადემია აქტიურად არის ჩართული ევროკომისიის პროგრამაში „ახალგაზრდობა მოქმედებაში“ (Youth in Action), სადაც აქტიურად ახორციელებს ტრენინგებს, სემინარებს, ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებსა (მოიაზრება კულტურული გაცვლის დატვირთვის მქონე 1-2-კვირიანი პროექტები) და ევროპის მოხალისეობრივი სამსახურის პროექტებს.
ევროპული მოხალისეობრივი სერვისი ღიაა ყველა ახალგაზრდისათვის 18-დან 30 წლამდე, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს მონაწილეობა მიღება 16 წლის ასაკიდან შეუძლიათ. პროგრამის ხანგძლივობა 2 თვიდან 1 წლამდეა. ეს არის სასწავლო სერვისი ადგილობრივ საზოგადოებაში წვლილის შეტანითა და მოხალისეობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით. ახალგაზრდა მოხალისეებს შეუძლიათ, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები და გაიუმჯობესონ თავიანთი პირადი, საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარება. მოხალისეებს შეუძლიათ სპეციფიკური ტრენინგებით სარგებლობაც. მათი სასწავლო გამოცდილება აღიარებულია YouthPass-ის მეშვეობით. მოხალისეთათვის სერვისში მონაწილეობა უფასოა, ისინი მიიღებენ ვიზის, მგზავრობის, დაზღვევისა და კვების ხარჯებს პროექტის განმავლობაში.
რაც შეეხება მონაწილეობის მიღების პროცედურებს, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მეილ ჯგუფზე georgian-youth, სადაც შეიძლება გაწევრიანება როგორც დამოუკიდებლად, ასევე www. apd.ge ვებ-გვერდიდან.
გარდა ამისა, ევროპის მოხალისეობრივ სამსახურთან დაკავშირებით, 10 დღეში ერთხელ მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ევროპის მოხალისეობრივი სამსახურის კოორდინატორი, თამარ ფხაკაძე ატარებს საინფორმაციო შეხვედრას მონაწილეობის მსურველებთან.
მშვიდობისა და განვითარების აკადემიის საკონტაქტო ინფორმაციაა:
ვაჟა ფშაველას გამზირი № 76ბ, მე-3 სართული,
თბილისი, 0186, საქართველო
ტელ.: (+995 90) 955 855
E-mail: apd@apd.ge
apd.youth@gmail.com
www.apd.ge
![]() |
16 კონფლიქტი და სასწავლო გეგმები |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე რუბრიკაში მოცემული იქნება ინფორმაცია განათლების შესახებ, კერძოდ, რა საშუალებებზე მიუწვდებათ ხელი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდობას და რა შეღავათებია მათთვის დაწესებული სახელმწიფოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა თუ სხვა ორგანიზაციების მხრიდან.
ჩვენს სკოლაში ხომ ყველაფერი სხვაგვარად იყო . . .
14 სექტემბერს დაიწყო ახალი სასწავლო წელი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. მოსწავლეები გულისფანცქალით ელოდნენ სკოლებში წასვლას - მეგობრების ნახვას, ახალ და ნაცნობ მასწავლებლებთან შეხვედრას, აქტიური ცხოვრების დაწყებას. მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ არა აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული ბავშვების თვალებში აღბეჭდილი მშობლიური სკოლის სევდა... „ჩვენს სკოლაში ხომ ყველაფერი სხვაგვარად იყო“, „ნეტავ შემახედა ახლა ჩვენს სკოლაში“ - უზიარებდნენ ბავშვები ერთმანეთს გულისტკივილს და ახალი ცხოვრების იმედით მიუყვებოდნენ წეროვანის №3 საჯარო სკოლის გზას...
სკოლის ნახვამ სასიამოვნოდ გააოცა მოსწავლეები, ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო?! „ძალიან კარგად უნდა ვისწალოთ“ - ეს იყო ბუნებრივი რეაქცია ბავშვების, რომლებმაც ადრეულ ასაკში იტვირთეს დევნილობის მძიმე ტვირთი. წეროვანის №3 საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და TBC ბანკის TBC ფონდის დონორების თანამონაწილეობით აშენდა. 10 თვეში დასრულდა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა. ბავშვების აღტაცება გამოიწვია თანამედროვე ტიპის სპორტულმა დარბაზმა, სასადილომ, კომპიუტერულმა ოთახებმა, ქიმია-ბიოლოგიისა და ფიზიკის უახლესმა ლაბორატორიებმა და სხვ.
დედებთან ხელჩაკიდებული პატარები, რომლებიც პირველად მივიდნენ სკოლაში გათამამდნენ სასკოლო ჩანთებისა და წიგნების ჩუქების შემდეგ. შედარებით უფროსები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ საჩუქრად მიღებულ სასკოლო სახელმძღვანელოებს. დღესდღეისობით წეროვანის №3 საჯარო სკოლაში 1020 მოსწავლე სწავლობს, რომელთაგან 75 პირველკლასელია. სავარაუდოდ, მოსწავლეთა რაოდენობა 1100-მდე გაიზდება. დაირეკა ზარი და ჟივილ-ხივილი მასწავლებლებისკენ მიმართულმა ყურადღებით აღსავსე მზერამ შეცვალა...
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, წელს გათვალისწინებული იყო 50 ადგილი აკადემიური (უმაღლესი) და 25 პროფესიული სწავლებისათვის. აკადემიურ (უმაღლეს) სწავლებაზე აღმოჩნდა 113 პრეტენდენტი, საიდანაც დაფინანსდა 55 აბიტურიენტი (დანარჩენი 58 სტუდენტის დაფინანსების საკითხზე დაინტერესებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). აგრეთვე დაფინანსდა 20 პროფესიული სასწავლებლის აბიტურიენტი.
აღსანიშნავია ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური გრანტების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 2009-2010 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებას. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მიიღეს იმ სტუდენტებმა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა.

სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადაეცემათ სხვადასხვა კატეგრიის სტუდენტებს, რომელთაგან აღსანიშნავია:
180 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჟარის მუნიციპალიტეტი, ცხინვალის რეგიონი - ქურთა, ერედვი, ახალგორი და სოფელი პერევი). ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე მე-10 და მე-11 კლასებში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
45 სტუდენტი, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები.
მნიშვნელოვანი იყო TBC ფონდის მიერ განხორციელებული აქცია, რომელიც ითვალისწინებდა კონკურსის შედეგად შერჩეული 20 დევნილი ბავშვის ამერიკულ აკადემიაში სწავლებას ზაფხულის პერიოდში.
დასრულდა გაკვეთილები წეროვანის №3 საჯარო სკოლაში და ბავშვები, დადებითი ემოციით დატვირთულები, სახლისკენ მიმავალ გზაზე სამომავლო გეგმებს სახავდნენ, რომ საუკეთესო მოსწავლეები იქნებიან, ბევრს იმეცადინებენ და თავიანთ „სათქმელს“ მიღწეული წარმატებით იტყვიან!
![]() |
17 როგორ ვისწავლოთ უფასოდ? |
▲ზევით დაბრუნება |
მოგესალმებით ახალგაზრდებო,
მათთვის, ვისაც სურვილი აქვს უფასოდ მიიღოს განათლება ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში! თქვენ შანსი გაქვთ, აისრულოთ სურვილი, თუკი არ დააკლებთ ცდას, მონდომებას და ასევე თქვენი შესაძლებლობები თუ მონაცემები დაემთხვევა სასტიპენდიო პროგრამების მოთხოვნებს.
ქართველი ახალგაზრდობისთვის სიახლეს არ წარმოადგენს სასტიპენდიო პროგრამები, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების ახალგაზრდებს აფინანსებენ მაღალი ხარისხის, მათ შორის, ევროპული განათლების მისაღებად.
ამჯერად ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ნიდერლანდების (ჰოლანდიის) სამეფოს საელჩოს სტიპენდიების პროგრამის „ნაფიკის“ შესახებ.

„ნაფიკის“ პროგრამის ფარგლებში საკუთარი განათლებისთვის დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:
ახალგაზრდა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
იყოს პროფესიული განვითარების ეტაპზე მყოფი მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილებით;
ჰქონდეს ჩარიცხვა რომელიმე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან ჰოლანდიაში;
ჰქონდეს გარანტიის წერილი სამსახურიდან, რომ მას დახვდება და შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი სამშობლოში უკან დაბრუნებისას, ამასთან ერთად, სამსახური დაუდგება მას თავდებად ხელფაფის გადახდასთან დაკავშირებით მისი არყოფნის პერიოდში;
არ უნდა იყოს დასაქმებული დიდ ბიზნესში, მულტინაციონალურ თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში;
უნდა ფლობდეს მაღალ დონეზე ინგლისურ ენას;
არ უნდა ჰქონდეს ამ პროგრამით ან სხვა ტიპის სასტიპენდიო პროგრამით მიღებული დაფინანსება მომართვამდე 3 წლის განმავლობაში.
ზემოთ აღწერილი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც მოკლევადიანი კურსები, ასევე სამაგისტრო პროგრამები. კურსების ჩამონათვალი შესაძლებელია შეიცვალოს პერიოდულად. მიმდინარე ეტაპზე 2010 წლის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი მიმართულებები:
მოკლე კურსები:
სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა;
არქიტექტურა და ქალაქის დაგეგმარება;
ბიოსამედიცინო კვლევა;
ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი;
განათლება და მასწავლებელთა გადამზადება;
გარმოს დაცვა;
სამართალი;
მას. კომუნიკაცია და საინფორმაციო მეცნიერება;
მომსახურება, ტურიზმი და დასვენება;
სოციალური მეცნიერებები;
ტრანსპორტი და კომუნიკაცია.
სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება გათვალისწინებულია შემდეგ სფეროებზე:
სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა;
არქიტექტურა და ქალაქის დაგეგმარება;
ხელოვნება;
ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი;
განათლება და მასწავლებელთა გადამზადება;
ინჟინერია;
გარემოს დაცვა;
გამოყენებითი ხელოვნება;
სამართალი;
მას. კომუნიკაცია და საინფორმაციო მეცნიერება;
მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები;
სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები;
მომსახურება, ტურიზმი დანდასვენება;
სოციალური მეცნიერებები;
ტრანსპორტი და კომუნიკაცია.
„ნაფიკის“ სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს საქართველოში.

საკონტაქტო პირი: ლელა ლომია.
საკონტაქტო ნომერი: (+995 32)276200
e-mail:lela.lomia@minbuza.nl
http://www.nuffic.nl/international-
students/scholarships
![]() |
18 რუბრიკა: ანონიმური ჩანახატები |
▲ზევით დაბრუნება |

წერის მიზეზი ხშირად ტკივილია ან მოჭარბებული ემოციები. აზრები ქაღალდზე გადმოდის დარდის განქარვების იმედად. ჩანახატები ფიქრთა ფოტოა - ცხოვრება კადრებად. რუბრიკაში „ანონიმური ჩანახატები“ ცხოვრებისეულ ისტორიებს სტილის შეუცვლელად შემოგთავაზებთ. ყოველივე ეს ამონარიდია პირადი დღიურებიდან, ის რაც აშფოთებთ და ანერვიულებთ დევნილებს.
გასაგები მიზეზების გამო ადამიანთა უმრავლესობას არ სურს მათი გულწრფელი ნააზრევი სხვამ წაიკითხოს. ჩვენ ვითვალისწინებთ ავტორთა სურვილებს და ინიციალებით შენიღბულად გთავაზობთ მათ გულწრფელ ნააზრევს.
ა. ჩ-ია, დევნილი აფხაზეთიდან:
ბავშვობაში ,,მაგდანას ლურჯაზე“ მიტირია
ამ შენობაში ხუთი ოჯახი ვცხოვრობთ, ოთხი - გალიდან, ჩვენ - ოჩამჩირიდან. დევნილობის კვალობაზე ბედს არ ვემდური, ცხოვრებამ მასწავლა, რომ გაჭირვებას მზად უნდა დახვდე, მით უმეტეს, მამაკაცი. ქალს დაბნევა და ცრემლი ასე თუ ისე ეპატიება, ხანდახან უხდება კიდეც, მაგრამ წერტილის დასმა მასაც მართებს.
თავშესაფარი ზუგდიდის ცენტრში არ მიძებნია, სოფელი ვარჩიე. ამ შენობის არსებობის შესახებ შემთხვევით გავიგე, ვიღაცამ ახსენა დახმარების რიგში, სახლი მეგულება, მაგრამ დასაკარგავში ვერ გადავიხვეწებიო. აბა სოხუმს აქ არავინ ჩამოგვიტანდა, ზღვას - მით უმეტეს და, კაცმა რომ თქვას, იქაც ყველანი ბოტანიკური ბაღის თუ პლაჟის ქოლგის ჩრდილში როდი ვართ გაზრდილნი. შენ თუ არ გინდა, მე წავალ-მეთქი. აქ ორი ოჯახი დამხვდა, სხვები მერე შემოგვემატნენ. შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, თორემ რომ ვიხსენებ, მასში შესახლებას ცოტა მაგარი გული უნდოდა, კარ-ფანჯრები ჩამოხსნილი დაგვხვდა, სახურავი - ნახევრად ახდილი, იატაკი - აყრილი. ახლო-მახლო ხის ჭაჭანება არ იყო, გადანამორით ვხვდებოდი, რომ სახლს ოდესღაც ძველის-ძველი ნაძვები ერტყა გარს. უახლოეს მეზობელს ყვირილითაც ვერაფერს გააგონებდი, შორეული ბუჩქნარებიდან ღამ-ღამობით ტურების ისეთი კივილი ისმოდა, ჩემს ბავშვობაშიც არ გამიგონია.
ერთი მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი იყო აყუდებული, სხვათა შორის, ჩვენი შენობა იმ გადამცემის თვალყურის სადევნებლად არის აშენებული თავის დროზე. სულ ის მიკვირს, შუქი არ გვქონდა და იმას რა აზუზუნებდა, ღამით არ მაძინებდა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, დენი ზუზუნებდა ასე თუ ჩვენი ნერვები, დღემდე არ ვიცი.
მეზობლებს შევუძახე, არ გინდათ ახლა დაკარგულზე დარდი და უსაგნო ლაპარაკი-მეთქი. ხელები დავიკაპიწე, რუსებისგან არყის ფასად დატყუებული ძველისძველი ტანკი რომ ავაწყვე ომში, ისე ავაწყვე ეს სახლიც. ერთ კუთხეში რომ ავხსნიდი თუნუქს, მეორეგან დავაკერებდი, ლურსმნებიც კი არ მქონდა, ძველს ავაძრობდი, ჩაქუჩის ცემით გავასწორებდი, ისიც გადატყდებოდა უადგილო ადგილას, მაგრამ ჩემსას არ ვიშლიდი. გაეროს ხალხს დახეული ლურჯი საფარი ვთხოვე, მივჭერი, მოვჭერი, ფანჯრებს ავაფარე, ასე გამოვიზამთრეთ. ყოველ მეორე დღეს ზუგდიდში დავდიოდი, მძღოლები გავიცანი, ასე და ასეა ჩემი საქმე, შვილებო-მეთქი, უფასოდ დავყავდით აქეთ-იქით. საერთოდ კარგი სიტუაცია იყო, ყველას ესმოდა ჩვენი. ზუგდიდში ბირჟის გასამაგრებლად არ მივლია, ამბებს ვიგებდი, სულ დადარაჯებული ვიყავი, სად რა კეთდებოდა დევნილებისთვის. ყველა კარზე ვაკაკუნებდი, აბა, შინ ვინ რას მოგიტანს, შენს ბედს თავად უნდა წააშველო ხელი. სხვისას კი არ ვითხოვდი, არამედ ჩემსას, რაც მთავრობისგან მეკუთვნოდა, რაც ჩემთვის გამოგზავნეს უცხოელებმა.
მეზობლები ავიყოლიე, გაზაფხულისთვის სოფლის ადმინისტრაციაში მივედი, ეს მიწები მაინც უსარგებლოდ არის, ჩვენდენი გაჭირვება სხვას არავის აქვს და სანამ პატრონი გამოჩნდება, ჩვენ დავამუშავებთ-მეთქი. ეს მიწები ჩვენი არ არის, მაგრამ ნუ გარისკავ, მანდ ელექტროგადამცემია და ხიფათს არ გადაეყაროო. შიში შიშია, მაგრამ შიმშილი და უსაქმურობა - ყველაფერზე უარესი. სექტემბერში ისეთი ყანა ავიღე, გაყიდული სიმინდით ბოჩოლაც კი ვიყიდე. ეს იყო მხოლოდ, რომ ორივე შვილი რუსეთში გამექცა, იქნებ სამუშაო ვიშოვოთო. რაც გვჭირს, მაგათგან გვჭირს და იმათ რა გაყურებინებთ-მეთქი, ვეუბნებოდი ყასიდად, მაგრამ აქაურობას არ უჩანდა ისეთი პირი, რომ ოცდაათი, ოცდათხუთმეტი წლის ბიჭები უსაქმურად არ დარჩენილიყვნენ.… ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ერთმა სუზდალში ამოყო თავი, მონასტრის რეკონსტრუქციაზე, ეკლესიას ვაშენებო და საზღაურზე უფროსებს ვერ ევაჭრა, კაპიკებზე დათანხმდა. ეს არც გამკვირვებია, ილორში ვცხოვრობდით, ილორის მრევლი ვიყავით, ეტყობა ამან განსაზღვრა მისი არჩევანი.
მეორემ წლები გაატარა შემთხვევით სამუშაოებზე. ვაჭრობისა ჩვენ არაფერი გაგვეგებოდა, არასოდეს გამიყიდია ზედმეტი მოსავალი, ქვრივ-ობლების მეტი ირგვლივ რა იყო, იმათ გავუნაწილებდი. ოჯახიც სტუმრიანი მქონდა, ახლა ფოთოლი რომ იყიდებოდეს, იმას არ შეარჩენენ ხეს, ბავშვები საცრისხელა თვალებით აჰყურებენ ადრე შემოსულ ბალს, მშობელი კი ბაზარში მიაქანებს, რომ პური იყიდოს.
ის ერთი მონასტერშივე დარჩა მორჩილად. მეორე დაბრუნდა, ცოლი შეირთო. სანამ ის რუსეთში იყო, მე საკმაოდ კარგად ავაწყვე ცხოვრება - ხეხილი გავაშენე, ყანა და ბოსტანი მაქვს, საქონელი მყავს, არ მშია, არ მწყურია. ის კი არა, დროდადრო რაღაც-რაღაცეებს შევაგროვებ, ქალაქში წავიღებ, დევნილის ბინაში გამოკეტილ ნაცნობ ოჯახებს მოვინახულებ, რაღაც სასწაული სიხარული აქვთ თვალებში. მეც კმაყოფილი ვარ, როცა ჩანთას ყიჟინით ჩაბღაუჭებულ ბავშვებს ვუყურებ.
ახლა ის მაწუხებს, რომ სახლს პატრონი გამოუჩნდა, თექვსმეტი წლის შემდეგ! აქ რაღაც სხვაშია საქმე. ბავშვობაში ,,მაგდანას ლურჯაზე“ მიტირია, რას ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამ მეც დამემუქრებოდა. სისხლგამშრალი დავდივარ, რა იქნება, როგორ იქნება, ღამეები არ მძინავს. მეუღლე აქეთ მამხნევებს, მამაპაპურ სახლკარზე არ გაგსკდომია გული, ახლა რა გემართება, მთლად ისე არც ჩვენ დაგვტოვებენო. იქნებ ასეც იყოს, მაგრამ თავიდან ცხოვრებას ვეღარ დავიწყებ, აქ ყველაფერი ჩემია, ჩემი ხელით შექმნილი. ღამე წამოვვარდები, ჩემს ბაღს და ყანას გავხედავ, სიმწრით გათხრილ ჭას და წნევა ორასამდე მიწევს...
ვალოდია ს - ია: …
მშვიდად გავლევდი სიბერეს...
სამოცდაათს გადავცილდი, წლები მამძიმებს, მაგრამ ვცდილობ თავი არ დავუდო, თუმცა დილით ადრე ვეღარ თუ აღარ ვდგები, აღარსად მეჩქარება, საქმე აღარაფერი მაქვს. ადრე, დევნილობის პირველ წლებში, რაღაც ძალა წამომახტუნებდა უთენია, მეჩვენებოდა, რომ ძროხა მყავდა მოსაწველი და გასადენი, შინაური ფრინველი - გასაშვები, ეზო-კარი და ყანა - მისახედი, ყველაფერი მიხაროდა, ყველაფერს ვწვდებოდი. ახლა ამისგან თავისუფალი ვარ, ყველაფერი წარსულში დარჩა... ვართ ჩვენთვის, დევნილთა დასახლებაში, ერთ პატარა ოთახში შეყუჟულები, მეც დავისვენე და ჩემმა მეუღლემაც, მთელი ცხოვრება მაჩქარებდა, ახლა ეს გვჭირდება, ახლა ესო. კიდევ კარგი, რომ დამჯერი აღმოვჩნდი, თორემ ხომ ,,შევრცხვებოდი“ მასთან, ვინც ჩვენს სახლ-კარს დაეპატრონა.
ცხოვრება ნულიდან ავაწყვეთ, ლაკადაში გაზრდილები აფხაზეთში შეგვახვედრა ერთმანეთს ღმერთმა და იქვე გადავწყვიტეთ დასახლება. სამოსახლო ზღვისპირა სოფელში შევიძინეთ, ტრიალი მინდორი იყო და პირდაპირ უერთდებოდა ქვიშიან სანაპიროს. დამხმარე არავინ გვყავდა, ორივენი ღარიბი ოჯახების შვილები ვიყავით, მივარდნილი სოფლებიდან. მახსოვს ცოლს რომ ვირთავდი, მამაჩემმა თხა გაყიდა და მისი საფასურით გავემართე სასიძოდ.
დედაჩემის ნიშნობის ბეჭედი მივუტანე, ვერცხლისა იყო. ვერცხლს მაშინაც არ ედო ფასი, მაგრამ არ დაუწუნებია. ის კი არა, ტაქსის ფული არ მეყო და სულ ფეხით მომდევდა შორეული ნათესავის სახლისკენ, რომელმაც დროებით შეგვიფარა ახალგაზრდები.
მუშაობა თევზსარეწზე დავიწყე, ზღვაში გასვლაც მიხაროდა და შინ დაბრუნებაც. პატარა ქოხი გვედგა და პირველ ზამთარს სახლშიც ისე უბერავდა, როგორც ჩვენი სეინერის კიჩოზე, მაგრამ დიდი იმედები გვქონდა, და ეს იყო მთავარი, იმედით წყალში ჩადგება კაცი, ახალგაზრდაც და ჩემსავით ბებერიც. მაშინდელი იმედები გამიმართლდა, ახლაც იმედით ვსულდგმულობ, არავინ იცის, როგორ მობრუნდება ქვეყნისა და ადამიანის ბედი.
სახლის მშენებლობა ჩვენი ხელით დაჭრილი ბეტონებით დავიწყეთ, თანდათან მეთევზეთა ბრიგადირიც გავხდი, ყოველი შტორმის მერე ჩემი მეუღლე იმუქრებოდა, აწი მე შენ ზღვაში არ შეგიშვებო, მაგრამ სხვა არაფერი ვიცოდი და ამასობაში ზღვაც შემიყვარდა, ზღვამ თავის შეყვარება იცის.
ასე იყო თუ ისე, მშვენიერი სახლი ავაშენეთ, ცოტა გაგვიგრძელდა, მაგრამ მაინც, კაპიკს კაპიკზე ვერ ვაწებებდით, სტუმრიანობა გვიყვარდა, ზაფხულობით ,,მთელი“ სამეგრელო და რუსეთი ჩვენთან იყო. ეზოში დიდი მაგნოლია გვედგა, კარგი ჩრდილი იცის, კამეჩები მყავდა ბევრი, ზღვისპირა ტბორში რომ შეცურდებოდნენ, თავი მემამულე მეგონა.
შვილის მოლოდინში წლები გავიდა, თუმცა მარტონი არასოდეს ვყოფილვართ, მთელი სანათესაო ჩვენთან გაიზარდა, ზოგი სტუდენტი იყო, ზოგი ზაფხულობით გვებარებოდა და-ძმებისაგან. მათ შევრჩით და ბავშვის აყვანას სულ სახვალიოდ ვდებდით, არც ომამდე იყო გვიან, მაგრამ ვერ მოვასწარით, არავის ვემდური, მაგრამ საკუთრივ შენი შვილობილი მაინც სხვა არის.
ბოლო დროს ავადმყოფობაც მოგვეძალა, ჩემმა მეუღლემ ინსულტი გადაიტანა, მარჯვენა ხელ-ფეხი აღარ ემორჩილება, უჩემოდ ნაბიჯს ვეღარ დგამს, მე კი გული მღალატობს. შიში და ფორიაქი მი პყრობს, როგორ იქნება ჩემი მეუღლე მარტო, ვინ მიხედავს, ვინ მიაწვდის ჭიქა წყალს, მის განუყრელ აბებს... მარტოხელა და ინვალიდი მოხუცების სიბერე ორმაგად ძნელია, თუმცა იმასაც ვხედავ, რომ ჩვენი ცხოვრების გადამკიდე, ისინიც მარტონი აღმოჩნდნენ, ვინც ოთხი და ხუთი შვილი გაზარდა, ყველა საშოვარზეა გადახვეწილი, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ტელევიზორში მესმის, რომ მშობლების გარდაცვალებას შორიდან იუწყებიან და დაკრძალვის ხარჯების გადმოგზავნით იხდიან შვილის მოვალეობას. არავის ვსაყვედურობ, ცხოვრების ბრალია.
ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენშიც იყოს თავშესაფრები, სადაც ჩვენს დღეში ჩავარდნილი ადამიანები მშვიდად გალევდნენ სიბერეს, ვერ შეაშინებდათ მარტოობა, ავადმყოფობა, სიღარიბე. რაც შეეხება დევნილობას, ამ ტკივილს წამალი არა აქვს. არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, დარჩენილ დღეებს უყოყმანოდ გავიღებდი იმისათვის, რომ თუნდაც დღესვე ჩემი მაგნოლიის ძირას დამელია სიცოცხლე, ოღონდ კი ისე, რომ ირგვლივ სროლების ნაცვლად ძველებური სიმშვიდე იდგეს.
თ.მარშანია,
დევნილი აფხაზეთიდან:
„ მონად დაბრუნება არ მინდა“
გათენება არ მიხარია. ხომ ამდენი წელი გავიდა, თვალს გავახელ თუ არა, გავიფიქრებ, სად ვარ-მეთქი. ხან ვის შევეკედლე, ხან ვის, არსად ჩემი ადგილი არ არის. რაც უნდა ახლობლებში იყო, საბოლოო ჯამში მაინც უცხო სხეულივითა ხარ.
ყველას თავისი გაჭირვება აქვს, თავისი წილი სიმყუდროვე უნდა. ყველას ნერვები აქვს აშლილი, თავის ბედზე გამწარებული კაცი ხან ცოლს აუყვირდება უმიზეზოდ, ხან უსიტყვოდ მიჯდება თავისთვის. ამას სხვისი თანდასწრებით ვერ გააკეთებს, უნდა თუ არა, უნდა გიგიღიმოს, წყენა და დარდი გულში ჩაიხვიოს. გული კი პატარაა, ყველაფერს ვერ იტევს და დღეს იქნება თუ ხვალ აფეთქდება, სულ ძმრად გადენს ცხვირში, რაც პატივი გცა. ასე იცის ყოველდღიურმა წვრილმანებმა, გამუდმებით რომ გიხრავს სულს.
ასე დავტოვე ბევრი ახლო-ბლის სახლი, ვისაც დევნილობაში შევაფარე თავი. არავის ვამტყუნებ, სტუმარი დილით ოქროა, საღამოსთვის სპილენძი, ჩვენ კი წლობით ჩავრჩით სხვათა სახლებში, დავხურდავდით, სულ გადავხაზეთ ყველაფერი, რითაც ნათესავებს ვეამაყებოდით ადრე.
სხვას კი არა, თავადაც მომბეზრდა საკუთარი თავი. ადრე უფრო მედგრად ვიყავი, იმის შეგრძნება მაძლევდა ძალას, რომ სახლი ახლოს იყო, ერთი საათის სავალზე. ეს დაახლოებით ისეა, ახლობელს რომ დაკარგავ, მაგრამ პირველ ხანებში ისევ გვერდით გეგულება, თითქოს სადღაც აქ არის და სადაცაა კარს შემოაღებს. დიდხანს ვერ გავითავისე, რომ ჩემი სახლი აღარ არსებობს, რომ არსად, ამხელა დედამიწაზე, ჩემი აღარაფერს ჰქვია. შეცვლილ ვითარებას დროზე ვერ ავუღე ალღო. ნათესავების იმედით სახელმწიფოსგან დაბინავება არ მითხოვია, დევნილთა ჩასახლებებთან ახლოს გავლაც კი მაღიზიანებდა, ვერ წარმომედგინა იქ ცხოვრება ირგვლივ გამეფებული პარტახისა და ადამიანური ცხოვრებისათვის წარმოუდგენელი პირობების გამო, მით უფრო, რომ ბავშვები პატარები მყავდა, შინ სიმდიდრეში არა, მაგრამ ნორმალურ პირობებში ვზრდიდი.
დრომ მაჩვენა, რომ საშინლად ვცდებოდი, სხვის კარზე ყოფნას ან სულაც უბინაობას, შენი ჭერი ჯობია ყოველთვის, რაც უნდა გაწვიმდეს და გათოვდეს. ასე უფრო შეინარჩუნებ ღირსებას. ერთ დღეს, როცა შინ მალე დაბრუნების იმედი გადამეწურა და თავი სხვებს აკიდებულ ტვირთად ვიგრძენი, აღმოჩნდა, რომ დევნილთა თავშესაფარი, რომელსაც ასე გავურბოდი ამპარტავნების თუ უსაფუძვლო ოპტიმიზმის გამო, სანატრელად მექცა, რადგან ზუგდიდში აღარც მისაწვდომ ფასებში დასაქირავებელი ბინები იყო დარჩენილი და აღარც დევნილთა თავშესაფრებად გამოყოფილი შენობები.

ხანგრძლივი ყოყმანისა და საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ ჩემმა მეუღლემ ვაშლით ვაჭრობას მიჰყო ხელი, გორიდან ჩამოჰქონდა და ზუგდიდის ბაზარში ყიდდა. გარეუბანში ძველი ხის სახლი დავიქირავეთ, ირგვლივ შმორის, ხრილისა და ჩაშავებული ხის კედლების მჟავე სუნი იდგა. ზამთარში ღუმელი დავდგით, ჩამონაბელი ტოტებით ვანთებდით, თუმცა ფორებიდან და ღიობებიდან განუწყვეტლივ შემოდიოდა სუსხი. ვხედავდი, რომ იტანჯებოდა, არც ერთი შრომა არ არის სათაკილო. ბაზარში მის გვერდით მდგომ ადამიანებს მაღლიდან არ უყურებდა, თუნდაც იმიტომ, რომ თვითონაც ერთი მათგანი გახდა, მაგრამ თავად ცხოვრების წესის შეცვლას ვერ შეეგუა. ქედმაღალი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მაინც კაბინეტში იჯდა, დიდი იყო თუ პატარა, მაინც თანამდებობის პირი ერქვა.
სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, იაფფასიანს, ეტყობა შინაგანად აწუხებდა, სიგარეტის ფულს ბავშვებს ვაკლდებო. რამდენჯერ ყოფილა, ღამით, ყინვაში, წვიმაში აივანზე მიმიგნია ბოლში გახვეულისთვის. რომ ვუსაყვედურებდი, ამდენს ნუ ეწევი-მეთქი, საწყლად შემოუხედავს, სხვაგვარად გული გამისკდებაო.
გული არა, მაგრამ ფილტვები დაუავადდა, ორმოცი წლის კაცმა სამ თვეში დალია სული. დავრჩი ორი ბავშვით ხელში, თვრამეტი ლარით სამ სულზე. ქირას ვეღარ გადავიხდიდი, მაგრამ სახლის პატრონმა შემიბრალა, დარჩი, სანამ რაღაც გამოჩნდებაო. ასეა, ხშირად იქ ვიმკით, სადაც არ გვითესია. ასეთი დამოკიდებულება რომ არა, ათასობით ადამიანს სომალელებივით შიმშილსა და ღია ცისქვეშ აღმოგვხდებოდა სული.
სხვა საშველიც გამოჩნდა. დევნილთა სკოლას მივაკითხე, რამდენიმე საათი მომცეს, პროფესიით ისტორიის მასწავლებელი ვარ. დღეში შვიდ კილომეტრს გავდიოდი ფეხით, უთენია ვდგებოდი, რომ დროზე მივსულიყავი სკოლაში. თითქოს ხელახლა ვი პოვე საკუთარი თავის. მალე ბავშვებიც სკო ლაში წავიყვანე, მომავლის იმედი გამიჩნდა, ქირასაც ვიხდიდი და პურისა და ჩაის საშუალებაც გამიჩნდა. მაგრამ ცხოვრება თავისი დინებით წავიდა, სკოლა, სადაც ვმუშაობდი, ენგურს გაღმა გადავიდა, ისევ უმუშევარი დავრჩი. თუმცა, ამასობაში თბილისში წასულმა ჩემა ძმებმა მოითქვეს სული, თავიანთ ოჯახებს აკლებენ და ცოტაოდენ თანხას ჩემს ობლებს უგზავნიან. ბავშვებს პენსია დაენიშნათ, ახლა შევეჩვიე, თორემ ყოველი პენსიის აღებისას რიგში ღვარად ჩამომდიოდა ცრემლი, ისევ გარდაცვლილი მეუღლე მშველის-მეთქი
ვინ იცის, ამ ხნის განმავლობაში რამდენი ბინა გამოვიცვალე... ბავშვებსაც სულ უფრო მეტი თანხა სჭირდებათ, ძლივს ავუდივარ წიგნებსა და რვეულებს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ქუჩაში დარჩენის შიშია. ჭიშკარს რომ უცხო მოადგება, გულის რეჩხი გააქვს, მყიდველი ხომ არ არის-მეთქი
ჩემს თავს რომ ვეკუთვნოდე, ბავშვები რომ არ მიჭირდეს, ისევ ჩემს სოფელში გადავიპარებოდი. აქა-იქ იქაც არიან მალვით შესულები, ხან რას მიართმევენ აფხაზებს, ხან რას, რომ შინ ყოფნის საშუალება მიეცეთ. ეს არავისთვის არის იოლი, მაგრამ მით უმეტეს ჩემთვის, ბოლოს და ბოლოს ისტორიას ვასწავლი, გვარად მარშანია ვარ ვის და როგორ ვემონო ჩემს სამშობლოში?
გამოსავალი ისევ პატარა ბინაა, თუნდაც ერთი ციცქნა ოთახი, შევიყუჟები ჩემს გოგოებთან ერთად უკეთესი დროის მოლოდინში - მონად დაბრუნება არ მინდა. მას შემდეგ, რაც დევნილთა დაბინავებაზე დაიწყო ლაპარაკი, იმედი მომეცა, რომ ოდესმე ჩვენც დაგვადგება საშველი, მაგრამ სულ გაურკვევლობაში ვარ. ე.წ. კერძო სექტორში განსახლებულებს, რატომღაც მეორე რიგში გვაყენებენ, ვაითუ ეს კამპანია იმაზე ადრე დამთავრდეს, სანამ ჩვენი რიგი მოაწევდეს. განა ასეთი რამ ერთხელ და ორჯერ ვნახეთ, გულს უნდობლობის ჭია მიხრავს...
ლარისა ბ -ა:
არსებობს რაღაც უფრო დიდი, ვიდრე საკუთარ თავზე ფიქრია
აფხაზეთიდან ვარ, ნაბაკევიდან (არის ასეთი სოფელი გალის რაიონში). როგორც ყველა დევნილი, გამუდმებით ვიცვლიდი საცხოვრებელ ადგილს. თავდაპირველად ქუთაისში მოვხვდი, შვილები იქ დავტოვე, ზრდასრულები არიან, მე კი მეუღლესთან ერთად ზუგდიდში ვარჩიე ყოფნა, რადგან აქედან სახლი უფრო ახლოსაა. დროდადრო შევი პარებით და რამდენიმე დღე ვრჩებით საკუთარ ეზოში, სადაც მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. იქ ყოფნისას ვცხოვრობთ ბოსელში, რომელიც სახლისგან განსხვავებით, გადაწვას გადაურჩა. ახლა ეს არის ჩვენი ერთადერთი საკუთრება და ამიტომ მაქვს გამუდმებული შიში ისიც არ გადამიწვან, ადრე სახლს არ დავკანკალებდი ასე. თავს მშვიდად ვერც ჩემი ოთახის გამო ვგრძნობ, მით უმეტეს ახლა, შემოდგომაა, სიმინდი მაქვს ასაღები, გამოსატანი, აქ კი კარებზე ბოქლომი მიდევს. სულ ის არის სალაპარაკო, გალში გადასულებს ოთახები ტყუილად აქვთ მოკავებულიო. სხვის დარდს ვინ გაიგებს, განა ერთხელ და ორჯერ ყოფილა, რომ სულზე გამოვასწარი იქიდან, ან ზამთარში რომ ტყე გაშიშვლდება და ყველაფერი ხელისგულზე ჩანს, გალში ვინ გაჩერდება, სად გინდა დაიმალო?
ფეხი ოთხმოცდაცამეტში დავკარგე, როცა მეზობლებთან ერთად გავურბოდით სოფელში შემოსულ სადამსჯელო რაზმებს. გაზაფხული იყო, რისკის ფასად შეპარული მეუღლესთან ერთად ჩითილებს ვრგავდი ბოსტანში, რომ წიოკობა ატყდა. ეგრევე, კალოშებითა და ხელში ჩითილებით გაგვიგდეს წინ ჩვენცა და სოფელში დარჩენილი მთელი მოსახლეობა, ძირითადად მოხუცები, ქალები და ბავშვები, ოთხმოცამდე ვიქნებოდით. სროლებით გვაიძულეს გავქცეულიყავით ზუგდიდის მიმართულებით, დაგვიტოვეს ერთი ვიწრო კორიდორი, რომელიც დანაღმული აღმოჩნდა.
პანიკურ სირბილში ვერც ვიგრძენი, რომ ნაღმს დავაბიჯე ფეხი, გავიგონე მხოლოდ აფეთქების ხმა და ხალხის ყვირილი. მახსოვს, გავიფიქრე, უფრო სწრაფად უნდა გავიქცე-მეთქი, მაგრამ ყველაფერს მაშინ მივხვდი, როცა ეს ვერ შევძელი და ჩემი დაგლეჯილი ფეხი დავინახე. პირველი დახმარება თანასოფლელებმა გამიწიეს, აღარც აფხაზები ახსოვდათ, აღარც საკუთარი თავი, რადგან, როგორც ჩანს, არსებობს რაღაც უფრო დიდი, ვიდრე საკუთარ თავზე ფიქრია ასეთ მომენტებში. მე გავიძახოდი, წადით-მეთქი, ისინი გაიძახოდნენ, ნუ გეშინია, აქა ვართო. მათ გადმომიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში, ფეხს არაფერი შველოდა და მომკვეთეს...
მიუხედავად იმისა, რომ ამპუტაცია დროული იყო, სხვადასხვა გართულებების გამო 5 თვე ვმკურნალობდი თბილისსა და ზუგდიდში. ოპერაციის შემდგომი ყველა ხარჯი ჩემმა ოჯახმა გაიღო, ყელამდე ვალებში ჩავცვივდით, ამან კიდევ უფრო დამიმძიმა გული - ცალკე დევნილობა, გადამწვარი სახლკარი, მიუსაფრობა, უსახსრობა, უმუშევრობა, მოულოდნელი აფეთქება და ინვალიდობა... გუშინ მე ვიყავი ოჯახის ბურჯი, კილომეტრებს გავივლიდი სეპარატისტთა ბლოკპოსტების გვერდის ავლით, ზურგით გადმომქონდა უზარმაზარი ტომრები, ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან, რომ ოჯახს ნაკლებად ედარდა გაპარტახებულ სახლკარზე, ახლა კი... თავი უსარგებლო ტვირთად ვიგრძენი, ოჯახს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ისევ იმედით შემეხედა მომავლისათვის...
გავუძელი, გადავიტანე, მოკვეთილ ფეხზე პროთეზი მოვირგე, თავი ხელში ავიყვანე, ხან ზუგდიდში ვარ, ხან ქუთაისში, უფრო ხშირად - მშობლიურ სოფელში, ვშრომობ, მოსავალი მომყავს, ფრინველს ვზრდი... თუ ნახევარი რუსებს და აფხაზებს მიაქვთ ხარკად, ნახევარი მაინც გადმომაქვს შვილებთან... ამის ხათრით ვუძლებ გამუდმებულ შიშსა და დაძაბულობას, ხან ტყეში ვათევთ ღამეს, ხან ჩაის პლანტაციაში, დროებითი სიმშვიდისას ჩემი ბოსელი სამოთხე მგონია.
თანხის უკმარისობის გამო, ვერ გავიკეთე აფეთქების შედეგად დაზიანებული ნაღვლის ბუშტის ოპერაცია და იძულებული ვარ, გამუდმებით მივიღო იაფფასიანი ტკივილგამაყუჩებლები, თუმცა ბევრს ვერაფერს მშველის, ტყუილად ვხარჯავ ფულს. ფეხზე ხშირად მიღიზიანდება იარები, მჭირდება მასაჟები, აბაზანები, თუმცა ამაზე ფიქრსაც ვერ ვბედავ, ბოსტანსა და ყანაში ჯორკო მიდგას, ძალიან რომ მეტკინება, ჩამოვჯდები, დამჯდარი ვიქნევ თოხს...
ქუთაისში ჩასულს შვილიშვილები ჩამომეკიდებიან ყელზე, ჩამოვურიგებ სოფლიდან გადმოპარებულ საჭმელს, თვალს ვერ ვაშორებ, როგორ იტენიან პატარა ყბებს, ვიღიმი, ვტირი და ისევ ვიღიმი - აი, ეს არის ჩემი ცხოვრება...
ნინო:
დევნილი აფხაზეთიდან
მიმოზები ჩემს ნასახლარზე
თექვსმეტი წელია ამ შენობას ვართ შეხიზნულები. ამ ხნის მანძილზე აქ არაერთი სტუმარი მოსულა, უცხოელიც და ადგილობრივიც, მთავრობის წარმომადგენელიც და არასამთავრობო ორგანიზაციისაც, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ყველა შეძრწუნებულია ნანახით, ოჯახისა და მეზობლებისგან ხომ ყოველდღე ისეთი რამ მესმის, რომ ხანდახან იმასაც ვფიქრობ, კიდევ კარგი რომ ვერაფერს ვხედავ, თორემ, ალბათ, გული გამისკდებოდა-მეთქი. ეტყობა, აქაურობა მართლაც საშინელი სანახავია, ფეხქვეშ იატაკი ირყევა, თანმხლების გარეშე დერეფანში გასვლას ვერ ვბედავ, ხან სად ჩამივარდება ფეხი, ხან - სად. ქალი ვარ და არის რაღაცეები, რასაც სხვას, თუნდაც უახლოეს ადამიანს, ვერ დაავალებ. გასარეცხად ეზოში გავდივარ, ზამთარში საშინელი სუსხია, ზაფხულში - აუტანელი სიცხე. რაც ხეები იყო, პირველივე წლებში მოიჭრა, გვციოდა, შეშის ფული არ გვქონდა, დენი არ იყო. ახლა დენი არის, მაგრამ გადასახადი ლიმიტირებულია, ყველამ რომ ელექტროღუმელი ჩავრთოთ, ზამთრის პირველივე თვეს ამოვწურავთ. სიღარიბემ და უპერსპექტივობამ დეპრესია იცის, აქ სულ ორმოცი ოჯახი ვართ, ყველას მძიმე ცხოვრება აქვს, ყველას მოგონებები ტანჯავს, დღიურ სარჩოზე ფიქრი. ბავშვები უსიხარულოდ იზრდებიან, უფროსები ასაკზე უფრო უიმედობითა და დარდით ვბერდებით, ყველას ავადმყოფობა მოეძალა, ბევრს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს.
ზევით ერთი კარგი ოჯახი ცხოვრობს, ოჩამჩირიდან არიან. იქნებ დერეფანში გაიგონეთ კიდეც უცნაური ხმები, ოცდაათი წლის ქალია, ფსიქიური შეტევები აქვს. ხუთი წელი უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ დედას, შვილისთვის ძნელია იმის ყურება, როგორ უკვდება უწამლობის გამო უსაყვარლესი ადამიანი, სახლში ჩაკეტილობამ თავადაც გაუნადგურა ნერვები და ყველაფერი ასე მძიმე ფორმებში გადაიზარდა.
აქვე, ჩემს გვერდით ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც სრულიად განსაკუთრებული ბედი ერგო. გალიდან არიან, დედა და ორი შვილი, ხანდახან მამა ენგურს გაღმა გადადიოდა მალულად, რომ ხილი მაინც წამოეღო გადამწვარი ეზო-კარიდან. ერთი ასეთი გადასვლისას შეი პყრეს, ხეზე მიაბეს და საშინელი წამებით ამოხადეს სული. მაშინ განსაკუთრებით იყო გამწვავებული ვითარება და ვერავინ გაბედა მისი ნეშტის გადმოსასვენებლად შესვლა. ისევ მისი შვილი, თხუთმეტი წლის ბიჭი შეი პარა. მამა ხეზე მიბმული დახვდა, ბალახში ეყარა თურმე წაჭრილი თითები. სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, თითები ჯიბეში ჩაიწყო, ჩაცუცქულად გახევებული გვამი ზურგზე მოიკიდა და ისე ატარა ღამის სიბნელეში შემოვლითი გზებით. მაშინ თითქოს არაფერი, მაგრამ შემდეგ შიშმა დარია ხელი, სწავლაზე გული აუცრუვდა, სულ გაიძახოდა პარტიზანად უნდა წავიდეო, ძლივს გადავაფიქრებინეთ. პატიოსანი ბიჭია, ცხელ გულზე ამბობდა, თორემ ქათმის დაკვლა რომ სთხოვო, ქალაქის მეორე ბოლოში დაგემალება. ჭიდაობაზე დადიოდა, თუ მათ ბინაში შეიხედავთ, ნახავთ, რამდენი მედალი და პრიზი აქვს მოპოვებული სხვადასხვა შეჯიბრებებზე, ერთი დიდი მაგიდა ვერ იტევს, მაგრამ ეს ორი წელია, თავი მიანება. ასეთი ნიჭის კაცს პატრონი სჭირდება, აქ თავისი თავი ამოწურა, თბილისში უნდა ვარჯიშობდეს, მაგრამ ყველაფერს ფული უნდა. დადის ხასიათწამხდარი, არ იცის, რას მოკიდოს ხელი, სამუშაო არ არის, ბაზარში კი ყველა ვერ გავა, მით უმეტეს, ბიჭი. დედაც ავადმყოფობს, სულ სტრესებშია, ვერა და ვერ გამოვიდა შოკიდან. მერე სხვა უბედურებაც შეემთხვათ, დედის ძმაც აქ ცხოვრობდა, ხან სად წაიმუშავებდა, ხან სად, რაღაცას ობოლ დისშვილებსაც წააშველებდა ხოლმე. ისიც გალში დაიღუპა, გაურკვეველ ვითარებაში, როცა ყანის დასამუშავებლად იყო შესული.
ეს ბიჭებიც და სხვებიც უკვე დიდები არიან, თექვსმეტი წელი არ არის ცოტა. სიყვარულმა დევნილობა და სივიწროვე არ იცის, ყველას ვიღაცა უყვარს, ყველას აქვს ოჯახის შექმნის სურვილი, მაგრამ სად უნდა წავიდეს? თითოეულ ოთახში ხუთიდან ცხრა სულამდე ცხოვრობს, ერთ დროს თითქოს ოთახები გადაგვიტიხრეს, მაგრამ უფრო შირმებით. აქ ახალგაზრდა ოჯახი ვერ განმარტოვდება, ცხოველები ხომ არა ვართ ბოლოს და ბოლოს.
რუბრიკა: ჩემი ტკივილი!!!
დედამიწის ზურგზე არ არსებობს ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა. უცხოეთიდან ჩამოსული მნახველი ყოველთვის გაოცებული და მოხიბლული რჩება. საქართველოს ყველა კუთხე თავისი სიმდიდრით გამოირჩევა და ამიტომაც მტერი ოდითგანვე ცდილობდა, დაეპყრო ჩვენი ქვეყანა. არაერთხელ შეიღება სისხლით ჩვენი ერთი ციდა მიწა. ანგრევდნენ სახლებს, ციხეებსა და სალოცავებს, მიწასთან ასწორებდნენ ყველაფერს.
ჩემი სოფელიც ერთ-ერთი ისტორიული სოფელია. მასზე არსებობს ორი ვერსია, სოფელს რქმევია განთიადი ან ციხისძირი. სოფელში შემორჩენილია ციხის ნანგრევები. იმ ტერიტორიას ციხეებს ვეძახით.
2005 წლის 11 აგვისტოს მდინარე ფრონეზე საბანაოდ წასულ ბავშვებს, რომლებიც სტუმრად იყვნენ ჩამოსულები, თავს დაესხა ოთხი ნიღბიანი პიროვნება და გაიტაცეს 11 წლის ბიჭი - პეტრიაშვილი გენადი. დანარჩენი ბავშვები სოფელში გაიქცნენ და მოსახლეობას აცნობეს ეს საზარელი ამბავი. სოფელში ატყდა წივილ-კივილი. ის დღე ახლაც საშინლად მზარავს. სათამაშოდ აღარ გვიშვებდნენ ეზოს გარეთ.
XII საუკუნის მეორე ნახევარში, თამარის მეფობის დროს, სოფელს მტერი შემოსევია, აუოხრებია, მთლიანად განადგურებულა ყველაფერი. მაშინ სოფელში ჩამოუვლია თამარ მეფეს და უთქვამს, სოფელი ნულად უქცევიათო. ამის შემდეგ სოფელს დაერქვა ნული. პირველად სოფელში ჩამოუსახლებიათ გვარად ჭავჭავაძეები. შემდეგ სხვა გვარებიც ჩამოასახლეს და გაივსო სოფელი.
ჩემი სოფელი პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო. ოთხივე მხრიდან სოფელს სალოცავები ამშვენებდა. აღმოსავლეთით წმ. სამება, დასავლეთით წმ. მარინე, ჩრდილოეთით წმ. პარასკევა, სამხრეთით კი წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის სალოცავები. ფერდობზე ლამაზად იყო შეფენილი სახლები, ბაღ-ვენახებს გვერდით ჩამოუდიოდა მდინარე ფრონე, რომელიც სათავეს იღებდა მთიანი სოფლიდან წორბისიდან, რომელიც ოსური სოფელი იყო. მდინარე ფრონეს მოსახლეობა სარწყავად იყენებდა. სოფლის მნახველს ძალიან მოსწონდა ფერდობზე შეფენილი ტყე. დილით არაფერი სჯობდა ჩიტუნების ჭიკჭიკის სმენას.
სოფლის გარშემო ოსი ხალხი იყო დასახლებული, მათი სოფლებიდან ხელის გულივით ჩანდა ორი ქართული სოფელი: ნული და ავნევი. მათ უნდოდათ ამ ორი სოფლის ხელში ჩაგდება. 1990 წელს დაიწყო არეულობა ოს-ქართველებს შორის, მაგრამ ჩვენი ხალხი მტერს მაგრად შეხვდა და სოფლები არ დაუთმეს. ამის შემდეგ ოს-ქართველობაში დიდი შური და ზიზღი ჩამოვარდა. შეწყდა ქორწინება ოსებსა და ქართველ ხალხს შორის. სოფელ ნულის კუთვნილი სახნავ-სათესი მინდვრები მიიტაცეს და დაისაკუთრეს. მოსახლეობა დიდ გასაჭირში ჩავარდა - არ ჰქონდათ უფლება, საქონელი მინდორში გაერეკათ. საქონელი საკვების გარეშე დარჩა. მოსახლეობამ შეამცირა მათი ყოლა, რადგანაც თუ სახნავ-სათესი მიწები არ იქნებოდა, საკვები საიდან გაჩნდებოდა?! სოფელი შეიზღუდა და მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდა. არაერთხელ გვიცემეს მიკროავტობუსის მძღოლი, მწყემსები, ტყეში წასული ბიჭები. ეს არ იკმარეს და 2005 წლის 11 აგვისტოს მდინარე ფრონეზე საბანაოდ წასულ ბავშვებს, რომლებიც სტუმრად იყვნენ ჩამოსულები, თავს დაესხა ოთხი ნიღბიანი პიროვნება და გაიტაცეს 11 წლის ბიჭი - პეტრიაშვილი გენადი. დანარჩენი ბავშვები სოფელში გაიქცნენ და მოსახლეობას აცნობეს ეს საზარელი ამბავი. სოფელში ატყდა წივილ-კივილი. ის დღე ახლაც საშინლად მზარავს. სათამაშოდ აღარ გვიშვებდნენ ეზოს გარეთ. გადაიკეტა გზები. დიდი და პატარა აღამებდა და ათენებდა გენოს მოლოდინში. ბავშვი აღმოსავლეთის მხრით, მთისკენ წაიყვანეს თეთრი ნივით. მას თვალები აუხვიეს, რომ ვერ გაეგო სად მიჰყავდათ. უცვლიდნენ ადგილსამყოფელს, რომ არავის მიეგნო მისთვის. ბავშვმა სამი თვე ორმოში გაატარა. დიდი ტანჯვის შემდეგ ის მოკვლას გადაურჩა და გამოუშვეს 27 ნოემბერს. გენადი ჭუჭყისგან იყო შეჭმული, საშინლად ჰქონდა გაზრდილი ფრჩხილები და თმა, უჭირდა სიარული, რადგან სამი თვის განმავლობაში არ გაუვლია. მისი ნაამბობით ორმო ყოფილა სახლიც და საჭირო ოთახიც. დღე ჩაუგდებდნენ პურს ძაღლივით. მას არაადამიანურად ექცეოდნენ, ღამე კი ორმოს თავსახურს აფარებდნენ და ტოვებდნენ. მას ღამე აღვიძებდა ცხოველების ყმუილი, ასეთ გაჭირვებას დიდიც ვერ გაუძლებდა. გენო ორმოში სულ ლოცულობდა და ღმერთმა ამიტომაც გადაარჩინა. 23 ნოემბერს სოფელი ზეიმობდა გიორგობის დღესასწაულს. 27 ნოემბერს მოხდა ის, რასაც არავინ ველოდით. გენო თავის მშობლებს დაუბრუნეს, მას შემდეგ სოფელი აღნიშნავდა გენიაობას. ასეთ უბედურებაში იმყოფებოდა სოფელი 18 წლის მანძილზე, მაგრამ არავის უკითხავს ჩვენი ბედი. ბევრი უბედურებისა და წამების მნახველ მოსახლეობას სოფელი არ მიუტოვებია.
2008 წლის 2 აგვისტოს ისევ იჩინა თავი მტერმა. სოფელს თავს დაესხა ოსებისა და რუსების ჯარი. ისინი იყენებდნენ დამანგრეველი ტიპის სასროლებს, დილით სიმონ ჯამერაშვილის ბინას. სამების ველიდან გამოსროლილმა რაკეტამ ორ უსუსურ ბავშვს ძილი დაუფრთხო. რაკეტა იმ ოთახში შევარდა, სადაც მძინარე ბავშვები იმყოფებოდნენ. პატარა ნინიკო და ნანიკო თავზარდაცემულმა მამამ ფანჯრიდან გადმოყარა. მათი გადარჩენა ღვთის ნება ყოფილა, ამის შემდეგ სოფელს კარგი აღარაფერი უნახავს. 8 აგვისტოს ხალხმა ვეღარ გაუძლო ავიაციას და იძულებულები გახდნენ, გამოსულიყვნენ სარდაფებიდან და მიეტოვებინათ ათას წლობით ნაშენ-გამრავლებული სახლები. მტერმა სოფელი დაგვაცლევინა და მეორედ აქციეს ნულად. გაძარცვეს, დაანგრიეს და ეშმაკების საბუდარი გახადეს. ეს ჩემი დიდი ტკივილია. საცოდავი ხალხი საკუთარ ქვეყანაში გახდნენ დევნილები. ჩავედით თბილისში. იქ დიდი გაჭირვება გადავიტანე პირადად მე. გამიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება. სულ ვტიროდი, მენატრებოდა ჩემი კლასელები, მასწავლებლები, მეზობლები, ნათესავები, ცეკვის კაბები და ჩემი ლამაზი სახლი. იქ ხომ სულ სხვა წყალი, მზე, ჰაერი და მიწა იყო. ყველაზე თბილი და ტკბილი. 3 თვე ვიცხოვრეთ თბილისში. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ყველა კუთხეში მიმდინარეობდა კოტეჯების მშენებლობა დევნილებისათვის. ჩემმა ოჯახმა საცხოვრებლად ავირჩიეთ ჩვენი რაიონი ქარელი. ამჟამად ვცხოვრობთ ქარელის პროფ-ტექნიკუმის შენობაში. მე ვსწავლობ წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. მყავს კარგი კლასელები და მასწავლებლები, რაც ძალიან მახარებს.
ოსებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფელ ნულთან, როგორც შევიტყვეთ იქ დარჩენილი ოსი ნათესავებისგან, ვერ მოუვიდათ კარგი დღე ჩვენი ცოდვით. ღამ-ღამობით სალოცავები საშინელ ექოს გამოსცემენ. წმ. პარასკევასა და წმ. გიორგის ეკლესიიდან ერთმანეთის საპირისპიროდ ცისარტყელასავით ანათებს და თითქოს ღრიალებს შემზარავი ხმა, ესმით ბავშვების და ქალების წივილ-კივილი, ელანდებათ ჩვენი სოფლის მკვდრები. ამ ამბის შემდეგ ზოგი შიშით ჭკუიდან გადავიდა, ზოგიც საცხოვრებელ ადგილს ტოვებს და მიდიან ორჯონიკიძეში. თამარაშენის ეკლესიიდან წამოღებული ხატი, რომელიც ჩამოუტანიათ ცხინვალში ცრემლად იღვრებაო. სალოცავები ხალხის დაბრუნებას ითხოვსო. ეს ბოლო ინფორმაცია შევიტყვეთ 30 დეკემბერს. მე იმედს არ ვკარგავ, რომ ჩვენ დავბრუნდებით!!!
ნინო ტაბატაძე
14 წლის
![]() |
19 დევნილთა საყურადღებოდ |
▲ზევით დაბრუნება |
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილ- თა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულების შესაბამისად, მიმდინარეობს დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროცესი.
პირველი ეტაპი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების რეაბილიტაციას, დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემასა და დაკანონებას. აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს.
მეორე ეტაპი გულისხმობს იმ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რომლებიც ცხოვრობენ ქირით ან ნათესავებთან და ეს პროცესი დაიწყება 2010 წლიდან. იგი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და გამოუყენებელი შენობების რეაბილიტაციას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (და არა თბილისში) ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, შემდგომში მათი დევნილთათვის კერძო საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი განხილული იქნება სამოქმედო გეგმის ეტაპების შესაბამისად.
საქაშეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 100 ოჯახი ჩასახლდა.

დევნილებისთვის ფართების დაკანონება გრძელდება
სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპისთვის საქართველოს მასშტაბით, საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი 6576-მა დევნილმა მოაწერა, მათ საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატები ეტაპობრივად გადაეცემათ. დანარჩენ ოჯახებს ფართის დაკანონების ხელშეკრულება ჯერჯერობით არ გაუფორმებიათ. თბილისში დაკანონების პროცესი 181 ობიექტზე მიმდინარეობს, ხოლო რეგიონებში - 127 ობიექტზე. სამინისტრომ დონორთა დახმარებით ყველა იმ საცხოვრებელი ფართის აზომვითი სამუშაოები განახორციელა, რომელიც დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ. 2009 წლის იანვრიდან ივნისამდე აიზომა და დოკუმენტები მომზადდა 436 956 კვ.მ. ფართზე, ხოლო 1-ლი ივნისიდან დღემდე კი - 12 933 კვ.მ. ფართზე. „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“ საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დაამტკიცა. დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება აგრეთვე 243 კოლექტიური ცენტრისა და 42 შენობის (ჯამში 7292 ბინის) რეაბილიტაცია.
ანკეტა დევნილი მოსახლეობისთვის
