![]() |
ევროპის კავშირი (საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი)№7 (1), თებერვალი-მაისი, 2005 |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ბიულეტენი |
| საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში |
| თარიღი: 2005 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში, ბიულეტენი მოამზადა: ელენე კვანჭილაშვილმა, ფოტოები: რუბენ რუხკიანი, დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphic Studio.თბერვალი-მაისი |
![]() |
1 ევროპა ბავშვების თვალით |
▲ზევით დაბრუნება |
ეიფელის კოშკი, ბიგ ბენი, ვენეციური გონდოლები და 12 ვარსკვლავით მოჭედილი ლურჯი დროშა - სწორედ ასე აღიქვამს 181 ბავშვი ევროპას. მათ საკუთარი ხედვის ფურცელზე დაფიქსირება და ფერადი ნახატების გამოფენაზე გატანა გადაწყვიტეს. ქართველმა ბავშვებმა ნამდვილად მოინდომეს და საკუთარი ნახატების გამოფენა 9 მაისს, ევროპის დღეს მიუძღვნეს. გამოფენა 26 აპრილს, შავთელის ქუჩაზე, ელენე ახვლედიანის სახელობის საბავშვო სამხატვრო გალერეაში გაიხსნა.
,,ამ გამოფენის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. გარდა ამისა, ჩვენ ერთად ვზეიმობთ 9 მაისს, ევროპის დღეს,” აღნიშნა ტორბენ ჰოლცემ, საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
იდეები, რომლებიც ევროკავშირის შექმნას დაედო საფუძვლად, პირველად 1950 წლის 9 მაისს რობერ შუმანის (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) სიტყვაში გაისმა. ამიტომ ყოველწლიურად 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება.
ევროკომისიის წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ ევროპის დღე საქართველოშიც აღინიშნება. ბოლო დროს ამ დღესასწაულის ერთ-ერთ ტრადიციულ ელემენტად საბავშვო გამოფენის ორგანიზება იქცა. წელსაც, 6-დან 16 წლამდე ბავშვებს იმპროვიზაციისთვის ,,საქართველო - ევროპა” მისცეს თემა. ბავშვებს სრული თავისუფლება მიეცათ, რათა საქართველოს ან ევროპის ნებისმიერი ხატი გაეცოცხლებინათ ან მათ შორის არსებული კავშირები წარმოეჩინათ. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგები ძალიან შთამბეჭდავი იყო. ბავშვების ფანტაზია ევროპის ქალაქებს, ევროპული წიგნებისა და ფილმების პერსონაჟებსაც გადასწვდა, ისეთებს, როგორიცაა მულენ რუჟის ქალბატონები წითელ კაბებში, ან თუნდაც მამაცი მუშკეტერები. ბავშვებმა არც ჩვეულებრივი ევროპელი თანატოლები დაივიწყეს და ისე დახატეს, როგორც მათ წარმოედგინათ. მოკლედ, ასახეს მთელი ევროპა მისი კულტურული, არქიტექტურული და პოპულარული დეტალებით.
მონაწილე ბავშვები თავად გალერეამ შეარჩია, რადგან ამ გალერეას სკოლებთან მუშაობის დიდი სტაჟი გააჩნია. გამოფენის ორგანიზატორობა საერთაშორისო სკოლის-QSI-ს ბავშვების ნამუშევრებიც წარმოადგინეს, იქვე კი მთელი ერთი კედელი მიუსაფარი ბავშვების შემოქმედებას დაუთმეს. ,,ამ ბავშვებს თავიანთი ნახატებით იმის გამოხატვა სურდათ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი... ამ გამოფენით ბავშვები შეეცადნენ ევროპის საკუთარი ხედვა გადმოეცათ და ნახატებით ეჩვენებინათ ის, თუ როგორია ევროპასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები. სწორედ ეს არის გამოფენის სახელწოდება. და მე ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ წარმატებული, არამედ ფანტასტიურია,” თქვა წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მეუღლემ ჯუდი ჰოლცემ, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო გამოფენის ორგანიზებაში.
ექსპოზიციამ 200-მდე ნამუშევარი გამოავლინა. ყოველგვარი კონკურსის გარეშე მონაწილეებს, აღფრთოვანების განსამტკიცებლად, სპეციალური სერთიფიკატები და მცირე საჩუქრები დაურიგეს.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა საქართველოსა და სომხეთში ტორბენ ჰოლცემ ბავშვების ნამუშევრები ძალიან მოიწონა. ,,გამოფენა საუკეთესოა, შესანიშნავია,” თქვა მან, ,,ჩვენ ამ გამოფენას უკევ ორი წლის განმავლობაში ვაწყობთ და აქ ყოველ წელს მოვდივართ. ეს ძალიან საინტერესო ღონისძიებაა: ჩვენ ბავშვებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვთხოვთ, დახატონ და ევროკავშირის საქმიანობის შესახებ, საკუთარი აზრი ასე გამოხატონ.” ელჩი აღფრთოვანებული იყო ბავშვების ნახატების ხარისხით და დაასკვნა, რომ ,,მომავალში შესაძლოა რამდენიმე მათგანი სახელგანთქმულ მხატვრადაც იქცეს.”

ნახატი ეძღვნება ევროკავშირისა - საქართველოს შორის მეგობრობას
![]() |
2 გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში საქართველოს შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” მიმართ საზოგადოებისა და მედიის ინტერესი უფრო მეტად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2004 წლის 14 ივნისს მასში საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ჩაერთნენ. ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” მიზანია მეზობელი ქვეყნებისთვის ევროკავშირის 2004 წლის გაფართოებით მოტანილი სარგებელის გაზიარება.
2 მარტს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად გაღრმავების რეკომენდაციას ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” ფარგლებში. ამ მოვლენის აღსანიშნავად ევროკომისიის წარმომადგენლობაში გაიმართა პრესკონფერენცია. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. ესენია: კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, პლურალიზმის განმტკიცება, მას-მედიის დამოუკიდებლობის, უსაფრთხო ბიზნეს გარემოს შექმნის, რეგიონალური თანამშრომლობის, საქართველოში მიმდინარე საპრივატიზაციო პროცესის გამჭვირვალობის წახალისება, კორუფციასა და სიღატაკესთან ბრძოლის გააქტიურება და კონფლიქტებისა და რეფორმების მონიტორინგი.
ტორბენ ჰოლცემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არ არის სტრატეგია. მისი აზრით, ეს მხოლოდ შეფასებაა, რომელშიც, ბუნებრივია, ყურადღება გამახვილებულია არამხოლოდ დადებით ასპექტებზე.” საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია დასავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებთან მიახლოება, რაც მოითხოვს არამხოლოდ ზოგიერთი სტრუქტურისა და ინსტიტუტის შეცვლას, არამედ აზროვნებისა და მიდგომის შეცვლასაც,” განაცხადა ტორბენ ჰოლცემ.
ჟურნალისტების კითხვაზე თუ რა პრიორიტეტები დგას საქართველოს წინაშე, ტორბენ ჰოლცემ უპასუხა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა. ,,ეკონომიკური ზრდის გარეშე, პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების მოგვარება კიდევ უფრო რთულდება, რადგან ყველა ეს საკითხი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან,” განაცხადა ჰოლცემ.
შემდგომი ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის ,,სამოქმედო გეგმის” შემუშავება ევროკომისიის ანგარიშზე დაყრდნობით. ,,სამოქმედო გეგმა” მოიცავს ევროკავშირის კონკრეტულ სტარტეგიულ გეგმას და რჩევებს საქართველოსთვის.
,,ევროკავშირი კვლავაც დაეხმარება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე,” განაცხადა ჰოლცემ.
![]() |
3 ევროკავშირი სამხრეთ კავკასიას ნარკოტიკების მოხმარებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი 2001 წლიდან 5.1 მილიონ ევროდ ღირებულ სამხრეთი კავკასიის რეგიონულ ანტინარკოტიკულ პროგრამას აფინანსებს. ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების საერთო აზრით, საქართველო, პატარა ქვეყანა ევროპისა და აზიის სავაჭრო გზაჯვარედინზე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის საფრთხის წინაშეა.
11 თებერვალს, სასტუმრო შერატონში სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ანტინარკოტიკული პროგრამის სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ ჯგუფის მთავარი მიზანი 2005 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო.
,,რეგიონული პრობლემის წინააღმდეგ სამხრეთი კავკასიის ყველა ქვეყნის გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ანტიკორუფციული საკითხები საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი რეგიონი გაერთიანდა, რათა სერიოზულ საფრთხეს ერთობლივად შეებრძოლონ,” განაცხადა საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ტორბენ ჰოლცემ.
საქართველოს მთავრობამ უცხოური დახმარების პირველი დადებითი შედეგები უკვე შენიშნა.
,,საქართველოს მთავრობასთან ევროკავშირის თანამშრომლობა ნარკოტიკებთან ბრძოლის საქმეში ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჩვენი უცხოელი დონორების დახმარებით, ჩვენ შევძელით ნარკოტიკების მოხმარების ფაქტების აღრიცხვა და ეს საინფორმაციო ბაზა უკვე რეგულარულად ახლდება,” განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ლევან ბარამიძემ.
სამხრეთი კავკასიის რეგიონული ანტინარკოტიკული პროგრამის ექსპერტკონსულტანტის, პოლ კუკის თქმით, ,,ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ პროგრამაში ჩართული ექსპერტები სიტუაციის გაუმჯობესების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობენ, რადგან სტატისტიკა მეტი ანალიზისა და ზუსტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ნათქვამი სიტყვებიც მეტ ნდობას იმსახურებს.”
საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობის შედეგად, 8 მნიშვნელოვანი პროექტის - კანონმდებლობის დახვეწის, აეროპორტების, საზღვაო პორტების, სასაზღვრო ზოლების, პოლიციის სტრუქტურების, ნარკოტიკების მოხმარების მონიტორინგის, არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებისა და ფართო ქსელში მათი აქტიური ჩაბმის და საადვოკატო შეხვედრების ორგანიზების განხორციელება მოხერხდა.
2005 წლის სამოქმედო გეგმის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს შესაბამისი პერსონალისა და დაფინანსების მოზიდვით სტრუქტურული სირთულეების დაძლევა, მნიშვნელოვანი საინფორმაციო ბაზის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა, მეტი ტრეინინგების ორგანიზება და აუცილებელი ტექნიკის მოპოვება, ძირითადი მახასიათებლებისა და ძირეული მონაცემების საფუძვლიანი დამუშავება და რეგიონში საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტიზის გაძლიერება.
პოლ კუკის თქმით, წარმატების მისაღწევად, ეს პრიორიტეტები რეგიონალური აზროვნების, სტრატეგიისა და ხანგრძლივმოქმედი გეგმის ნაწილად უნდა იქცეს. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი კი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის შესაბამისი კანონიერი მანდატის ან სტატუსის მინიჭებაა. ნარკოტიკებთან მანდატისა და სტატუსის გარეშე ბრძოლა იგივეა, რაც ბოქსის მატჩზე საასპარეზოდ ზურგზე დაკრული ცალი ხელით მისვლა,” განაცხადა კუკმა.
სამხრეთი კავკასიის რეგიონული ანტინარკოტიკული პროგრამის სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრაზე დამსწრე ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ამ პროგრამას კიდევ უფრო შორსმიმავალი შედეგები ექნება და იგი არა მხოლოდ შეანელებს რეგიონში უკანონო ნარკოტიკების მიმოქცევას, არამედ რეგიონს შესაძლო კრიმინალური და ტერორისტული თავდასხმებისგანაც დაიცავს.

ტორბენ ჰოლცე, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ლანს კლარკი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი
![]() |
4 სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
უახლესი გამოკველევის თანახმად, დღეს საქართველოს მასშტაბით, სპეციალურ საბავშვო დაწესებულებებში (ბავშვთა სახლები და სკოლა-ინტერნატები) 6000 ბავშვი იმყოფება, რომელთა თითქმის 87%25-ს ერთი მშობელი მაინც ჰყავს. მათი ამ დაწესებულებებში მოხვედრა მხოლოდ სიღატაკის ბრალია, ამბობს ფედერიკო ბერნა, სასურსათო უზრუნველყოფისა და სასოფლო განვითარების საკითხების ხელმძღვანელი ევროკომისიის წარმომადგენლობაში. ქვეყნის განათლების სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილი ამ დაწესებულებების შენარჩუნებას ხმარდება მაშინ, როცა ბერნას აზრით, ასეთ დაწესებულებაში ცხოვრება ბავშვის ინტერესებში ნამდვილად არ შედის და ამგვარ მეთოდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ. “ბავშვები, რომლებიც პიროვნების ფორმირებისათვის უმნიშვნელოვანეს წლებს ასეთ დაწესებულებში ატარებენ, შემდგომში ძალიან დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან და საზოგადოებაში ინტეგრირება უჭირთ; საბავშვო დაწესებულებებიდან თავის დაღწევისთანავე, მოზარდთა უმეტესობა ქუჩას მიმართავს და ადვილად ერთვება სხვადასხვა ტიპის დანაშაულებრივ ქმედებაში, მოიხმარს ნარკოტიკებს და ეწევა პროსტიტუციას,” განმარტავს ბერნა. საუკეთესო გამოსავალია, გამოვძებნოთ ალტერნატიული სოციალური დახმარება და ხელი შევუწყოთ მაღალი რისკის ფაქტორის მქონე ოჯახებს, არ მიატოვონ საკუთარი შვილები. ეს მიზანი ოჯახების განსაკუთრებული საჭიროების განსაზღვრითა და სიფრთხილის ზომების დაცვით მიიღწევა.
,,სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში” ევროკომისიამ 65 მილიონ ევროზე მეტი გამოყო, ამასთან 56 მილიონი 1997 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში დაიხარჯა. ეს პროგრამა საქართველოში ევროკომისიის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია, რომელიც ბიუჯეტს ყოველწლიურად 12 მილიონი ევროთი აფინანსებს.
სასურსათო უზრუნველყოფა გულისხმობს, რომ ოჯახის ყველა წევრს აქვს საკვების მოპოვების ფიზიკური და ეკონომიკური საშუალება და ოჯახის წევრებს ამ საშუალებების დაკარგვა არ ემუქრებათ (,,ფაო,” მსოფლიო სამიტი 1996).
დღეს საქართველოს მოსახლეობის 15%25 უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს (დღიური სემოსავალი 1 დოლარზე ნაკლებია), 51%25 კი საარსებო მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებს (დღიური შემოსავალი 2 დოლარზე ნაკლებია).
სასურსათო უზრუნველყოფის კონცეფცია სამ დონეზე განიხილება: ეროვნულ ანუ მთელი ქვეყნის დონეზე, ოჯახის და ინდივიდუალურ დონეებზე. ამ კონცეფციის თანახმად, თითოეულ დონეს თავისი მიზეზი აქვს:
● საკვების არ არის საკმარისად ხელმისაწვდომი მთელი ქვეყნის მასშტაბით;
● სიღატაკე, რომელსაც ოჯახი განიცდის, რადგან საკვები მისთვის არაა ხელმისაწვდომი;
● საკვების მოხმარება და მისი ადექვატურობა ინდივიდუალურ დონეზე.
სწორედ ამის გამო, საკვებით უზრუნველყოფის პროგრამა საკუთარ აქტიობას სასოფლო-სამეურნეო და სოციალური დაცვის დარგებში განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს, რითაც ის საკვების ზრდას უწყობს ხელს და მის მისაწვდომლობას ზრდის.
,,სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლებში ძირითადი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების ქსელურ სისტემებსა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს, რომლის მიზანია დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობის მაქსიმლურად შემცირება და მათზე მზრუნველობის ალტერნატიული პროგრამების შემუშავება. “ამგვარად, სახელმწიფო რესურსები, რომლებიც ამ დაწესებულებების შენახვაზე იხარჯება, პირდაპირ მოხმარდება მაღალი რისკის ფაქტორის მქონე ოჯახებს, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ბავშვების მიტოვების ფაქტებს,” აღნიშნა ბერნამ.
დეინსტიტუციონალიზაცია მოიცავს ბიოლოგიურ ოჯახთან რეინტეგრირებას, შვილობილობასა და შვილებას. ბერნას აზრით, პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობს, მაშინ შვილობილობაც ერთ-ერთ გამოსავლად უნდა ჩაითვალოს…
ფიქრია წკრიალაშვილი 15 წლისაა. მას ახსოვს მამა, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა და დედა, რომელმაც ის და მისი და-ძმები მიატოვა. მისი უფროსი და 16 წლისაა, უმცროსი - 11, ძმა კი 14 წლისაა. ფიქრიას ჯერ კიდევ ახსოვს თავისი ერთოთახიანი ბინა დიღომში, სადაც თავის და-ძმასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.
,,ჩვენ ისე ვცხოვრობდით, როგორც ყველა ღარიბი ადამიანი ცხოვრობს, სიღატაკეში. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემზე ისე ზრუნავენ, როგორც არასდროს,” ამბობს 15 წლის გოგონა, რომელსაც მზერა უშეშდება და ეტყობა, რომ ფიქრებშია ჩაძირული.
ადამიანები, რომლებიც ფიქრიაზე ზრუნავენ, მისი დროებითი მშობლები არიან. რაქვიაშვილებს სახელმწიფო თვეში 100 ლარს უხდის. ფიქრია 11 წლის იყო, როცა ჩვენს ოჯახში პირველად შემოვიდა და უკვე 4 წელია, რაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს. მე შევიტყვე პროგრამის შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იწყებდა იმ დროს, როცა ქვეყანა ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებოდა. პარლამენტში გვითხრეს, რომ მათ, ვინც ასეთ ბავშვებს მოუვლიდა, თქვეში საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაუხდიდნენ ბავშვების რაოდენობის მიხედვით. მე ჩავერთე ამ პროგრამაში და მხოლოდ 2 წლის შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პროგრამა დაწყებულიყო. მაგრამ თანხის რაოდენობა, რომელსაც დაგვპირდნენ, იგივე აღარ იყო,” ამბობს თამილა ჩხიკვაძე-რაქვიაშვილი, ფიქრიას დროებითი მშობელი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ,,საკმაოდ სოლიდური თანხა” 200 ლარს შეადგენდა.
საქართველოში დეისტიტუციონალიზაციის საკითხის განხილვა დღის წესრიგში 90-იანი წლების ბოლოს დადგა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და დონორი ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად. ყველა მხარეს აწუხებდა ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმირების ნელი ტემპი და ეს შეფერხება განსაკუთრებით შეიმჩნეოდა საკუთარ ოჯახებში ბავშვების რეინტეგრაციის სფეროში, აღნიშნა ბერნამ. 90-იანი წლების ბოლოს, დეინსტიტუციონალიზაციის სამუშაო ჯგუფი დაარსდა, რათა არაფორმალური გზებით მოეხერხებინა ბავშვთა კეთილდღეობისა და დეინსტიტუციონალიზაციის საკითხების საყოველთაო ცნობიერების ამაღლება. მას შემდეგ, დეინსტიტუციონალიზაციის სამუშაო ჯგუფი გადაიქცა სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელი პოლიტიკური დიალოგისა და ერთობლივი ძალისხმევის მაკოორდინირებელ ფორუმად. დონორები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სტრუქტურები და მთავრობის წარმომადგნელები, შეადგენენ დეინსტიტუციონალიზაციის სამუშაო ჯგუფს.
1999 წელს საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) დაიწყო პირველი პილოტური პროექტი, რომელსაც ორი მთავარი მიზანი ჰქონდა: დეინსტიტუციონალიზაცია და ბავშვთა მიტოვების პრევენცია. პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ყველა ბავშვი” (Every Child).
ფიქრიას მასპინზელ ოჯახს ახსოვს ტრენინგები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში გაიარეს, რათა უკეთ შეძლებოდათ ფიქრიაზე ზრუნვა. მათი თქმით ტრენინგები სასარგებლო იყო.
ქართველი სოციალური მუშაკები, რომელნიც მსგავს ტრენინგებში მონაწილეობდნენ, იგივე შეხედულებას იზიარებენ. ეთერ ცხაკაია დეინსტიტუციონალური ჯგუფის მენეჯერია. ეს ჯგუფი ოპერირებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. ცხაკაიას იმედი აქვს, რომ სოციალური მუშაკის საქმე მალე ნამდვილ პროფესიად იქცევა და ქვეყნის უნივერსიტეტებსა და ინსიტუტებში ახალ ფაკულტეტადაც დამკვიდრდება. ,,ადამიანები, რომლებიც ამ ბავშვებთან და მათ ბიოლოგიურ, დროებით თუ მომავალ ოჯახებთან ერთად მუშაობენ, შესაბამისი სერტიფიკატები აქვთ და თავიანთ საქმეში ძალიან გამოცდილები არიან,” ამბობს ცხაკაია.
მათ შორის არიან სალომე ჭიჭინაძე და მანანა გოცირიძე. როგორც ამბობენ, მათ ყველა ის ბავშვი და ოჯახი ახსოვთ, რომელთანაც უმუშავიათ. თითოეული მათგანისთვის ისინი ფოტო ალბომებსა და სქელ პირად საქმეებს ინახავენ. გამონაკლისი არც ფიქრია ჩიხლაძეა. ამ ადამიანთა დახმარებით, ის ახლა გლდანის 39-ე სკოლაში დადის და ჰყავს ადამიანები, რომლებიც მასზე ზრუნავენ. ფიქრია IX კლასშია და ამბობს, რომ სოციალური მუშაკის პროფესია იზიდავს, რადგან უნდა ადამიანებს საკუთარი ბედნიერების პოვნაში დაეხმაროს.
სოციალური მუშაკები ცდილობენ, ეს ,,ბედნიერება” დაიცვან. ,,ჩვენ მუდმივ მონიტორინგ ვაწარმოებთ, კონტრაქტის დასაწყისში, როგორც წესი, უფრო მკაცრად ვაკონტროლებთ ოჯახებს, რომლებიც კონტრაქტის პუნქტებს დაეთანხმნენ. ხანდახან ოჯახში შეიძლება გაუფრთხილებლად, წინასწარი შეთანხმების გარეშეც მივიდეთ,” ამბობს თბილისის დეინსტიტუციონალური ჯგუფის მენეჯერი, ირინა ბექურიძე.
,,დღესდღეობით საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში 42 კვალიფიცირებული სოციალური მუშაკი მუშაობს. ამ პროგრამის წყალობით, 600 ბავშვზე მეტი საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა ან დროებითი და მუდმივი ახალი ოჯახები შეიძინა,” აღნიშნა ბერნამ.
2000 წელს პროგრამა მთლიანად საქართველოს მთავრობის ხელში გადავიდა. ,,მაგრამ ბიუჯეტის მხრიდან შემოსავლების გართულებული შეგროვების შედეგად, სახელმწიფო ფინანსური სირთულეების წინაშე დადგა და პროგრამის განხორციელებაც რისკთან იყო დაკავშირებული. ამ დროს, ,,ევროკომისიის სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამამ”, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციის სამუშაო ჯგუფის აქტიური წევრი იყო, საქართველოს მთავრობას საკუთარი დახმარება შესთავაზა,” ხსნის ბერნა.
,,ევროკომისიის სასურსათო უზრუნველყოფის” პროგრამის დახმარებით 2001 წლიდან, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაძლებელი გახდა სამი ცენტრის - თბილისის, რუსთავისა და თელავის დაფინანსება. 2004 წლის ივნისში, საქართველოს მფლობელობაში გადავიდა კიდევ 2 ცენტრი - ბათუმისა და ქუთაისის, რამაც 5-მდე გაზარდა იმ საცდელი ინსტიტუციების რიცხვი, რომელთა დაფინანსებასაც, ,,ევროკომისიის სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამის” დახარებით, საქართველოს ბიუჯეტი ახორციელებდა.
2004 წელს პროგრამა თავის ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, პროგრამის მიერ მხარდაჭერილ სფეროებში, კერძოდ, სოციალური დაცვისა და სახელმწიფო დაფინანსების მენეჯმენტის სფეროებში მიღწეული გაუმჯობესებული შედეგების წყალობით. ამჟამად 2005/2006 წლებისთვის უკვე მზადდება ახალი პროგრამა. პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სახელმწიფო პროგრამების მენეჯმენტი და შესრულება ისეთ საკვანძო სექტორებში, რომელთათვისაც სასურსათო უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია,” აღნიშნა ბერნამ.
,,ჩვენი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი დაახლოებით 300 ლარია. მისი დიდი ნაწილი საკვებზე იხარჯება,” ამბობს თამილა ჩხიკვაძე-რაქვიაშვილი, ფიქრიას დედობილი. მისი თქმით, მის ოჯახს ფიქრიას შენახვა არ უჭირს. მეტიც, რაქვიაშვილები ადრე ფიქრიას ძმას, ვანოსაც უვლიდნენ, მაგრამ ვანოს ბებიამ გადაწყვიტა, რომ ბავშვისთვის კაჭრეთის ბავშვთა სახლში ყოფნა უკეთესი იქნებოდა, რადგან მასთანაც უფრო ახლოს იქნებოდა და მასზე ამ ბავშვთა სახლში მომუშავე ნათესავები იზრუნებდნენ. ,,ახლა ის [ძმა] უფრო მეტად მენატრება, როცა ერთად ვიყავით, ყველაფერი მაინც სხვანაირად იყო, თუმცა ახლაც ვნახულობ დრო და დრო, როცა კაჭრეთში მგზავრობის საშუალება მიჩნდება. ერთხელ უკევ ვიყავი მის სანახავად,” იხსენებს ფიქრია ღიმილით. ბებიას უნდოდა, რომ ჩემს ძმას ჯერ მასთან ეცხოვრა დიღმის ბინაში, მაგრამ ბოლოს ვეღარ შეძლო და ის მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაგზავნა, ხსნის ფიქრია.
ბებიას თავისი, შვილიშვილების და ომში დაღუპული შვილის პენსიები ეკუთვნის - სულ თვეში 90 ლარი. სწორედ ამიტომ, მასთან მხოლოდ ერთი უფროსი შვილიშვილი ცხოვრობს. სულ უცროსი კი მოსკოვშია ნათესავებთან.
,,სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამით,” 2005/2006 წლისთვის 20 მილიონი ევროა განსაზღვული: 1 მილიონი ტექნიკური დახმარებისთვის, დანარჩენი 19 მილიონი კი ბიუჯეტის დასახმარებლად.
დაფინანსება გამოიყოფა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა იმ ძირითად მიზნებს შეასრულებს, რომლებიც ბავშვთა მოვლის სისტემის რეფორმირებას შეეხება.
![]() |
5 საჯარო მოხელეების დაჯილდოების ცერემონია |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის დაფინანსებით, 24 ქართველმა სახელმწიფო მოხელემ გაიარა მომზადების კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროპასთან ინტეგრირების ხელშეწყობას. ქართველ სახელმწიფო მოხელეებს ევროინტეგრაციის საკითხებზე შვედი, ფრანგი, გერმანელი და რაც მთავარია, ქართველი ექსპერტები ესაუბრებოდნენ. 24 ახალგაზრდა სხვადასხვა სამინისტორებიდან და პარლამენტიდან შეირჩა.
11 მარტს, მათ, ვინც კურსი წარმატებით დაასრულა, სასტუმრო კოპალას ფორაქიშვილების დარბაზში გამართულ დაჯილდოების სპეციალურ ცერემონიალზე, დიპლომები გადასცეს. ცერემონიალს ესწრებოდნენ: გიორგი ბარამიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში; ელჩი ტორბენ ჰოლცე, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოსა და სომხეთში; მაც ნისტრომი, პროექტის გუნდის ხელმძღვანელი; კახა გოგოლაშვილი, გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე, სხვა თანამდებობის პირები, ევროპელი და ქართველი ექსპერტები...

დაჯილდოების ცერემონია
,,ევროკავშირის არსებული და მომავალი წევრი სახელმწიფოების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა ამ ქვეყანამ უფრო ადვილად მიაღწიოს ევროინტეგრაციისთვის აუცილებელ ეტაპს,” განაცხადა ტორბენ ჰოლცემ. ,,ეს პროექტი უნდა განვიხილოთ, როგორც ამ მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ისაა, რომ გვყავდეს განათლებული ხალხი, რომელთაც კარგად ესმით საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ სემინარებს ესწრებოდნენ, ახლა უკვე უკეთ იციან ევროკავშირის მუშაობის სპეციფიკა და ის, თუ რა ნაბიჯების გადადგმა იქნება უფრო ეფექტური ევროინტეგრაციისათვის.“
გასული 4 თვის მანძილზე, სხვადასხვა სამინისტროს და პარლამენტის ქართველი წარმომადგენლები 54 სემინარს დაესწრნენ. მაც ნისტრომმა აღნიშნა, რომ სწავლების ამგვარი ინტენსიური კურსი შთამბეჭდავია. ,,ბატონო სახელმწიფო მინისტრო, გთხოვთ, გამოიყენეთ ეს ადამიანები,” მიმართა მან სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს. ,,ევროინტეგრაციის გზაზე მათ თქვენი დახმარება ნამდვილად შეუძლიათ.”

მარცხნიდან: ტორბენ ჰოლცე, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, გიორგი ბარამიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში და თამარ ბერუჩაშვილი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ბარამიძე ამ აზრს იზიარებს. ,,დღეს საქართველო წინაშეა ახალი რეალობა, რომლის წარმოდგენაც კი ძნელი იყო რამდენიმე წლის წინათ,” თქვა მან. ,,ამ კურსმა უნდა გააიოლოს ევროინტეგრაციის გზა, რაც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვინდა, ჩვენი უნიკალური თვისებები შევძინოთ დიდ ევროპულ ოჯახს.”
24 სამოქალაქო მოსამსახურე 2005 წლის მაისისა და ივნისის თითო კვირას ბულგარეთსა და ესტონეთში, პრაქტიკაზე გაატარებს.
![]() |
6 პრობაციის სამსახური ხალხი სამსახურში |
▲ზევით დაბრუნება |
იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა” (Penal Reform International - PRI) ახორციელებს. მას ამ საქმიანობისათვის ევროკავშირმა 235.000 ევრო გამოუყო.
პრობაციის დეპარტამენტს საზოგადოებაში დამნაშავეთა რეინტეგრაციის პროცესის გაამარტივება ევალება. დღესდღეობით პრობაციას მხოლოდ ვადამდე გათავისუფლებული პატიმრები ექვემდებარებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მართალია, ეს ადამიანები უკვე თავისუფლები არიან, მაგრამ მათ სახელმწიფოსთვის ანგარიშის ჩაბარება მაინც უწევთ: მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და კანონებს ემორჩილებიან. საქართველოში ამჟამად პრობაციის 11 რეგიონალური ბიურო და 64 ოფისია.
ორგანიზაციის ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა” თბილისის სუბრეგიონალური ოფისი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,სწრაფი რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში, პრობაციის დეპარტამენტის რეფორმირებას 2005 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ახორციელებს. პროგრამა ივლისის შუა რიცხვებამდე გასტანს. ამ პროგრამის მთავარი მიზანი პრობაციის დეპარტამენტის რეფორმირების მიმართულების განსაზღვრა და ძირითადი აღჭურვილობისა და ტრენინგების უზრუნველყოფაა.
,,ჩვენი აზრით, ამ პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსამართლეების დაყოლიება, რაც შეიძლება მჭიდროდ ითანამშრომლონ პრობაციის დეპარტამენტთან და ახალი პროგრამები შეიმუშაონ. მომავალში ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ადამიანებს, დაპატიმრების გარდა, სხვა ალტერნატიულ სასჯელსაც შეუფარდებენ, რაც ბევრ ქვეყანაში სწორედ პრობაციის დეპარტამენტის პრეროგატივაა,” განაცხადა ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის” რეგიონალურმა დირექტორმა, მორა ჰარინგტონმა.
მისი თქმით, პრობაციის დეპარტამენტი ციხიდან სამოქალაქო საზოგადოებისაკენ გარდამავალი საფეხური უნდა იყოს. ,,პრობაციის დეპარტამენტის მომსახურეობა უფასო უნდა იყოს. ქართულ საზოგადოებას დღეს ბევრი პრობლემა აქვს, რადგან არ არსებობს კლუბები ან სხვა ტიპის თავისუფალი, ორგანიზებული გართობის ღონისძიებები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ყოველ პატიმარს საზოგადოებაში რეინტეგრაციის თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს,” განაცხადა ჰარინგტონმა.
ამ მიზნის მიღწევის რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის, წერა-კითხვის უნარების ჩამოყალიბება, კომპიუტერის სწავლება, იმ ძირითადი უნარების განვითარება, რომლებიც ღირსეული სამსახურის შოვნისთვის აუცილებელია.
თითოეული ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური, საკონსულტაციო, სარეაბილიტაციო, სამუშაო და სხვა დამხმარე პროგრამების შემუშავება. ეს პროექტი ამ მიმართულებით მუშაობის დაგეგმვასაც ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო პროგრამის მეშვეობით, პატიმრებს ციხიდან გამოსვლის შემდეგაც შეეძლებათ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის გაგრძელება. ეს პროგრამები განსხვავებული იქნება მამაკაცების, ქალებისა და არასრულწლოვანი დამნაშავეებისათვის. ამჟამად მუშავდება პილოტური პროგრამები, რომლებიც პატიმართა მოთხოვნებსა და საჭიროებებს დაადგენს.
,,სწრაფი რეაგირების მექანიზმი” ასევე ითვალისწინებს პრობაციის დეპარტამენტის და მისი რეგიონალური ბიუროების კომპიუტერებითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას, თანამშრომლების ტრენინგებსა და ოფისისთვის აუცილებელი ინვენტარის შეძენას. ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა” ტრენინგებს არასამთავრობო სექტორისთვისაც მოაწყობს, რათა ამ სექტორის წარმომადგენლები უკეთ გაერკვნენ პრობაციის დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკაში და უკეთ დაეხმარონ მათ, ვინც სარეაბილიტაციო, საკონსულტაციო და სხვა ტიპის პროექტების განხორციელებას გადაწყვეტს. ეს პროექტები შეიძლება დონორმა ორგანიზაციებმა დააფინანსონ.
30 ცალი მეორადი მოხმარების Pენტიუმ 3 კომპიუტერი ინგლისიდან უკვე ჩამოიტანეს. პრობაციის ბიუროების უფროსები და მენეჯმენტი დაესწრნენ ტრენინგებს, რომლებიც ნიდერლანდელმა ექსპერტებმა 22 - 23 მარტს, პრობაციის მნიშვნელობისა და არსის შესახებ ჩაატარეს. პრობაციის ბიუროების უფროსებმა და მენეჯმენტმა 11 - 12 აპრილს ორდღიანი სასწავლო კურსი მოისმინეს. მესამე ტრენინგი ივნისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება. ,,ასეთი ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მომსახურე პერსონალმა კარგად გაითავისოს, რომ ისინი პოლიციელები არ არიან, მათ ამ ადამიანთა საზოგადოებაში რეინტეგრაცია ევალებათ,” განაცხადა ჰარინგტონმა.
დღის წესრიგში უკვე დგას ნიდერლანდებსა და ესტონეთში სასწავლო ტურზე გამგზავრება.
,,ნიდერლანდები და ესტონეთი იმიტომ შევარჩიეთ, რომ პირველ ქვეყანაში პრობაციის დეპარტამენტების მოქმედების 200 წლიანი ისტორია აქვთ, მეორე ქვეყანა კი პოსტსაბჭოურია და საქართველოს მსგავსი მენტალობით გამოირჩევა,” ხსნის ჰარინგტონი.
პრობაციის დეპარტამენტისთვის გრძელვადიან გეგმებს შორისაა პრობაციის ოფიცრის საქმიანობის გაეროს სტანდარტებთან დაახლოება, რაც 40 საქმის განხილვას გულისხმობს, მაშინ, როცა დღეს ერთ ოფიცერს დაახლოებით 160 საქმე აბარია და კანონმდებლობის გადახედვა, რომელიც გულისხმობს პრობაციის დაპატამენტებში იურისტებთან ერთად, პედაგოგებისა და ფსიქოლოგების დასაქმებასაც. დღეისათვის პრობაციის დეპარტამენტში მხოლოდ იურისტები მუშაობენ.
,,ციხის საერთაშორისო რეფორმა” საქართველოს მთავრობას ურჩევს ერთწლიანი და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რომლებიც დააკონკრეტებს დონორთა დახმარების აუცილებლობასა და განსაზღვრავს იმ სფეორებს, რომელთა დაფინანსებასაც თავად მთავრობა შეძლებს,” მიაჩნია მორა ჰარინგტონს.

პრობაციის ოფიცერთა მომზადება ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის” პროექტის ფარგლებში

ქართველი ბავშვების მიერ დანახული ევროპა
![]() |
7 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
დამატებითი ინფორმაციისათვის:
● ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში: www.delgeo.cec.eu.int
● ლუქსემბურგი - ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა: http://www.eu2005.lu
● ევროკომისიის საგარეო ურთიერთობები:
www.europa.eu.int/comm/external_relations/index.htm
● ,,ევროპეიდის”: http://europa.eu.int/comm/europeaid/
სტატიებთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ევროკომისიის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურს: თამარ მიქაძე Tamriko.Mikadze@cec.eu.int ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში ტელ: (995 32) 94 37 63; ფაქსი: (995 32) 94 37 68. 38, ნინო ჩხეიძის. 38, თბილისი 0102, საქართველო