The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №16 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №16 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა მაისი, 2005 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


მთელი კვირა, 3.05.05
ნინო მიქიაშვილი
მამა გრიგოლის გაუნელებელი ტკივილი საქართველო იყო

წერილი ოსვენციმში დაღუპულ წმინდა მოწამის, გრიგოლ ფერაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეძღვნება. მასში აღნიშნულია: „1995 წლის 19 სექტემბერს სვეტიცხოველში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოვებულ კრებაზე არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) წმინდანად შერაცხეს. კანონიზაციას წმინდანად შერაცხვის ცნობილი რვა პირობიდან შემდეგი დაედო საფუძვლად: 1) ქრისტესათვის მოწამებრივი სიკვდილი; 2) მაღალი საეკლესიო-საგანმანათლებლო და საღვთისმსახურებო მოღვაწეობა; 3) ეკლესიისა და ერის წინაშე დიდი დამსახურება; 4) კეთილმსახური წმინდა ცხოვრება; 5) პატრიარქ ნექტაროსის მიერ დასახელებული ორი ნიშანი: ა) უბიწო მართლმადიდებლობა; ბ) ყოველგვარი სათნოების აღსრულება, რომელსაც თან სდევს დაპირისპირება რწმენის გამო, სისხლის დანთხევამდეც კი.“

წერილიში საერთოდ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მამა გრიგოლი ეკუმენური მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო.

ახალი თაობა, 11.05.05.
მედიანიუსი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში ბუშის ვიზიტს მიესალმა

აშშ-ს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს პატრიარქი ილია მე-II განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა, რასაც ყველა აცნობიერებს. ილია მეორეს სიტყვებით, პრეზიდენტი ბუში იმ უძველესი კულტურის ქვეყანაში ჩამობრძანდა, რომელიც ეთნოსური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ოდითგანვე კეთილგანწყობილი იყო.

ალია, 19-20.5.05.
მარიტა დამენია
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე ახალი შეტევა მზადდება

გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ლეიბორისტ ჯონდი ბაღათურიასთან. ბაღათურიას თანახმად, საქართველოში რელიგიური დაპირისპირების პროვოცირებას თურმე თავისუფლების ინსტიტუტი ახდენდა და ახდენს. ბაღათურიას ინფორმაციით, მათ „ამ პროვოკაციებისთვის მილიონნახევარი ევრო უკვე აქვთ მიღებული. თუ პროვოცირება მოხერხდება, დაფინანსების წყაროები კიდევ გამოჩნდება...“ ბაღათურია იუწყება, რომ ხელში ჩავარდნია 13-გვერიანი გეგმა, სადაც ლაპარაკია, „თუ როგორ უნდა მოხდეს შფოთისა და განხეთქილების ეკლესიაში შემოტანა“ (ბაღათურია უარს ამბობს, დაასახელოს აღნიშნული გეგმის ხელის მომწერი პირები). ეს გეგმა „სამ ყველასთვის ცნობილ ეპისკოპოსს“ შეუმუშავებია, „რომლებიც ადრეც ავლენდნენ ეკუმენისტურ განწყობებს“; ესენია: დმანისის ეპისკოპოსი, მეუფე ზენონი; დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი, მეუფე აბრაამი და ფოთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი... ამ გეგმიდან აშკარავდება, რომ ისინი პატრიარქის ძალაუფლების შესუსტებას და ეკლესიის ბეჭდვით ლიტერატურაზე კონტროლის დაწესებას შეეცდებიან, ხოლო სამრევლო კავშირებში პროეკუმენისტურ პროპაგანდას გააჩაღებენ. ბაღათურიას სიტყვებით, შეთქმულებს რელიგიურ გამოცემების რედაქციებში თავისი ხალხი ჰყავდათ შეგზავნილი, რის გამოც ამ გამოცემებში „ეკლესიის სახელით ბევრი ისეთი ლიტერატურა იბეჭდებოდა, რომლის გამოყენება მართლმადიდებლისთვის დღეს აკრძალულია, ვინაიდან პატრიარქმა ამაზე კონტროლი გაამკაცრა“.

პატრიარქის დასასუსტებლად „დარტყმა განხორციელდება პატრიარქის ძმისშვილზე, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსს მეუფე დიმიტრიზე და ბათუმ-სხალთის ეპარქიაზე. შემდეგ იქნება შეტევები ხევის ეპისკოპოსს პეტრე ცაავზე, ალავერდის ეპისკოპოსს მეუფე დავითზე, ცაგერის ეპისკოპოსს მეუფე სტეფანეზე, მეუფე ზოსიმეზე და მეუფე იობზე. მათ ეპარქიებში მოხდება რელიგიური დაპირისპირებების პროვოცირება - კათოლიკეების და მართლმადიდებლების გადაკიდება, ეცდებიან მაჰმადიანების აჟიტირებას“ და დაიწყება ცილისწამებლური კამპანიები კონკრეტული მღვდლების წინააღმდეგ.

არც თავისუფლების ინსტიტუტის და არც საპატრიარქოს წარმომადგენლებმა არ მოისურვეს ბაღათურიას მონაყოლის კომენტირება. მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ თავკაცმა გიორგი ანდრიაძემ დაადასტურა, რომ ეკლესიაზე მორიგი შეტევა გარდუვალია და რელიგიური შუღლის ხელოვნურად გაღვივებაში ბრალი მანაც თავისუფლების ინსტიტუტს დასდო.

დაბოლოს, ბაღათურია „ალიას“ აღნიშნული გეგმის ტექსტის რამდენიმე დღეში ექსკლუზიუტად მიწოდებას შეპირებია.

ხვალინდელი დღე, 25.5.05
მანანა ნოზაძე
იერუსალიმის პატრიარქის ბედი 15-მა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა

წერილი მართლმადიდებელ ეკლესიათა სტამბოლის საგანგებო კრებას ეხმაურება. კრებას იერუსალიმის პატრიარქის ბედი უნდა გადაეწყვიტა და მასში თხუთმეტივე მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის საქართველოს ეკლესიაც, მონაწილეობდა. წერილში მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ ხელმძღვანელის, გიორგი ანდრიაძის სიტყვები, რომ იერუსალიმის პატრიარქის ირინეოსის მიმართ წაყენებულ ბრალდებას - იერუსალიმის ეკლესიის საკუთრებაში არსებული მიწების ებრაელებისათვის მიყიდვას - რის გამოც მას სინოდი დაუპირისპირდა, საფუძველი ნამდვილად აქვს, მაგრამ ყოველივე ეს „პოლიტიკურ კრიზისი უფრო არის, ვიდრე რელიგიური“. იმავ დროს გაზეთი მის სიტყვებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ საქართველოს ეკლესია პატრიარქ ირინეოსს უჭერს მხარს და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა.

24 საათი, 27.05.05.
ნოდარ ლადარია
კრიზისი იერუსალიმში

23 მაისს სტამბოლში მოწვეულმა მართლმადიდებელ ეკლესიათა კრებამ მხარი დაუჭირა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის დადგენილებას, კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის გამო იერუსალიმის პატრიარქის, ირინეოსის გადაყენების შესახებ. საერთო გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველოს საპატრიარქო დაუპირისპირდა შემდეგი მოსაზრებებით:

1) დანაშაული დამტკიცებული არაა;

2) არ არსებობს პატრიარქის ამგვარი გადაყენების კანონიკური პრეცედენტი.

სტატიის ავტორის აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ „საქართველოს საპატრიარქო დაუპირისპირდა სრულიად მართლმადიდებელთა საეკლესიო კრებას და ის პატრიარქი დაიცვა, რომელსაც რამდენიმე თვის წინათ სატიკად კიცხავდა რუსთაველის გამომსახველი ფრესკის განადგურებისთვის.“ ავტორი ვარაუდობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ორი მიზეზით შეიძლება ყოფილიყო ნაკარნახევი:

1) „კორუფციული მდგომარეობა საქართველოს საპატრიარქოში იმდენედ მძიმეა, რომ სამღვდელოების უმრავლესობას ერთადერთი ფაქტორი აკავებს: ხელისუფლების პასიურობა... გასაგებია, იერუსალიმის პატრიარქის გადაყენება ერთობ არასასურველი მაგალითია.

2) სავარაუდოა, რომ საქართველოს საპატრიარქოს განსაკუთრებული პოზიცია რუსეთის ეკლესიისათვის (წაიკითხე: სპეცამსახურებისათვის) იყოს ხერხი, რომ მიუხედავად ოფიციალური პოზიციისა, მისი საშუალებით განაგრძოს იერუსალიმის ეკლესიის გადაყენებული პატრიარქისა და კორუმპირებული ბერძენი იერარქიის ფარული მხარდაჭერა.“

2 რელიგიური (მართლმადიდებლური) პრესა

▲ზევით დაბრუნება


2.1 ეკლესია და სახელმწიფო

▲ზევით დაბრუნება


გაზეთი „აღმსარებელი“ პირველ გვედზე ბეჭდავს საქართველოს პრეზიდენტის, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას, რომელიც მან ლენტეხში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე წარმოთქვა. პრეზიდენტმა ადგილობრივ ეკლესიას ათონის მთიდან ჩამოტანილი ხატი გადასცა („აღმსარებელი“, №4-5, 05. 05. გვ.1).

2.2 ეკლესია და საზოგადოება

▲ზევით დაბრუნება


გაზეთი „აცხოვნე სული შენი“ პირველ გვერდზე ბეჭდავს ცნობას ახალი ორგანიზაციის „მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირის“ დაფუძნების შესახებ. კავშირის მიზნები თხუთმეტ პუნქტადაა ჩამოყალიბებული; მათ შორის შემდეგი დებულებებიც გვხვდება:


  • „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებად მართლმადიდებლების არჩევის ხელშეწყობა;

  • საქართველოს სახელმწიფო წყობილების ფორმად მონარქიის განსაზღვრის ხელშეწყობა;

  • მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ადრე ჩამორთმეული ქონებისა და სიწმინდეების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

  • მედიაში დამკვიდრებული აღვირახსნილობის გაკონტროლება“ ( № 4, 05.05, გვ. 1).

2.3 მართლმადიდებლობა და ლიბერალური ღირებულებები

▲ზევით დაბრუნება


კვლავ აქტუალურია ლიბერალური და მართლმადიდებლური ღირებულებების ურთიერთმიმართების თემა. „აცხოვნე სული შენი“ აქვეყნებს ხათუნა საგინაშვილის სტატიას: „ჩვენ გვჭირდება არა ლიბერალური, არამედ მართლმადიდებლური ქვეყანა“. ავტორი აღნიშნავს: „ლიბერალიზმის ლექსიკონური განმარტება პირდაპირ გვეუბნება: ლიბერალიზმი უარყოფით მოვლენებთან შემრიგებლობაა, მავნე შემწყნარებლობაა, თავისუფალი აზროვნებაა... სადაც ლიბერალიზმი დამკვიდრდა სახელმწიფო რანგში, ყველგან მოჰფინა შავი აჩრდილი საყოველთაო აღვირახსნილობისა და ყოველგვარი გაუკუღმართებისა. ღმერთს განშორებულმა დაცემულმა კაცობრიობამ უმაღლეს ფასეულობად არა ღვთის, არამედ ადამიანის ნება - დემოკრატია გამოაცხადა“. ავტორის აზრით, ღვთის შიშისა და სიყვარულის გარეშე, უზენაესი სიკეთე - თავისუფალი ნების სახით - ბოროტებად იქცევა. ქ-ნ ხათუნასთვის მიუღებელია თავისუფლების ისეთი განდიდება, როგორიც ახალ სახელმწიფო ჰიმნშია: სადაც „...დიდება უფალს“ ნაცლად ისმის „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“. ავტორი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს „მავანთა გულის მოსაგებად წარმართული ზეიმის, „ბაირამობის“ სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას, „რამეთუ რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ქრისტეს ბელიართან ან ნათელს ბნელთან“ (№4, 05.05, გვ. 7).

2.4 ეკლესია და თანამედროვე ყოფა

▲ზევით დაბრუნება


გაზეთმა „კანდელმა“ თავის ფურცლებზე ადგილი თამბაქოს და მწეველებს დაუთმო. პუბლიკაციის ავტორი შეგვახსენებს, რომ ეს „წვრილმანი ცოდვა“, რომელიც მთელ საზოგადოებას მოედო, ამერიკელი ინდიელებისგან გავრცელდა. „ისინი ამ რიტუალით კავშირს ამყარებდნენ დემონებთან. ამდენად ეს ჩვეულება კერპების მსახურებიდან იღებს სათავეს. შემდეგ კი ეშმაკთა მონაწილეობითა და ფარული ხელშეწყობით მთელს ევროპასა და აზიაში დაიწყო თამბაქოს ციებ-ცხელება“. ავტორი აღნიშნავს, რომ თამბაქოს მეტსახელი „სატანის საკმეველია“. ამასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „სატანამ აიძულა თავისი მიმდევარი ეშმაკები საკუთარი ბაგეებით ეკმიათ მისთვის... სასულიერო პირთაგან მოწევის მიმართ ყოველთვის შეურიგებელი დამოკიდებულება სუფევდა“ („კანდელი“, №16-18).

2.5 თანამედროვე ეპოქის დახასიათება. გლობალიზაცია

▲ზევით დაბრუნება


გაზეთი „აცხოვნე სული შენი“ აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით: „ბერი პაისის გაფრთხილებები პლასტიკურ პირადობის მოწმობებსა და ანტიქრისტეს ბეჭედთან დაკავშირებით“. საუბარია პირადობის მოწმობებზე, რომლებიც სავარაუდოდ დასავლეთში გავრცელდება და რომელთაც, მამა პაისის აზრით, არ აზის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ მათი გავრცელება მაინც ამ ბეჭდის შემოტანის წინაპირობაა. „ეკლესიამ უნდა განუმარტოს მორწმუნეებს, რომ მათ მიერ ახალი პირადობის მოწმობების აღება იქნება დაცემის ტოლფასი. ეკლესიამ უნდა აიძულოს სახელმწიფო, რომ ახალი პირადობის მოწმობები არ იყოს სავალდებულო“. მამა პაისის აზრით, „საკრედიტო ბარათების სრულყოფილი სისტემის, კომპიუტერული უზრუნველყოფის მიღმა, იმალება მსოფლიო დიქტატურა, ანტიქრისტეს უღელი... ამით იმგვარ მდგომარეობაში აგდებენ ხალხს, საიდანაც გამოსავალი აღარ იქნება“. კითხვას: ნუთუ რაღაც რიცხვს ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ხსნის საქმეში? - მამა პაისი პასუხობს: „ეჰ, შვილო, თუკი ეს ეშმაკის სიმბოლოა, მაშინ რაღაა სათქმელი“ („აცხოვნე სული შენი“, №3, 05.05, გვ. 8).

იმავე გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ მამა აკაკი მელიქიძესთან. მამა აკაკი ანტიქრისტეს სისტემის საქართველოში შემოღებაზე საუბეობს. იგი გულისტკივილით აღნიშნავს: „ვინც დაემორჩილება ამ სისტემას, მას ღვთისგან განდგომა ელის“. მამა აკაკი ადასტურებს, რომ მეტეხის ტაძარში პლასტიკური პირადობის მოწმობების წინააღმდეგ ხელმოწერები გროვდება. მისი აზრით, „ეშმაკის ნიშანთან საბუთებზე თანხმობა, ანდა აშკარა პროტესტის გამოუხატავობა, ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ნებაყოფლობით ტოვებს უფალს და თაყვანს სცემს ეშმაკს“ („აცხოვნე სული შენი“, №3, 05.05, გვ. 8).

იმავე გაზეთში დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ფრთხილად“. საუბარია პარიზში, 2003 წლის მაისში „დიდი რვიანის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც დაიდო ხელშეკრულება საკუთარ სახელმწიფოებში „ახალი ელექტრონული პასპორტების, მიკროჩიპიანი ბარათებისა და ადამიანთა პირადი კოდების სასწრაფო დანერგვის შესახებ“.

გლობალიზაციის პროცესს, სახელდობრ კი განათლების სისტემის გლობალიზაციას, ხათუნა საგინაშვილის პუბლიკაცია - „რატომ ხდება აბიტურიენტთა სახელების ჩანაცვლება შტრიხ-კოდებით“ - ეხება. ქ-ნი საგინაშვილის კითხვას, რამ გამოიწვია აბიტურიენტთა კოდირების აუცილებლობა? - განათლების სამინისტროს გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პასუხობს. მისი განმარტებით, „შტრიხ-კოდით კოდირება ერთ-ერთი საშუალებაა ნამუშევართა კოდირებისა და არის ყველაზე დაცული. მისი მიზანია არ გაჟონოს ინფორმაციამ აბიტურიენტის ვინაობის შესახებ“. ქ-ნ მაიას პასუხზე ქ-ნი ხათუნა ასეთ კომენტარს იძლევა: „მართლმადიდებლურ სამყაროში შტრიხკოდური სისტემის დანერგვას სხვადასხვა სფეროში დიდი პროტესტი მოჰყა. ვინაიდან მათში კოდირებულია ფარული კომბინაცია აპოკალიფსური რიცხვისა 666“ ( „აცხოვნე სული შენი“, №3, 05.05).