![]() |
ცხელი შოკოლადი №35 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ტურაშვილი დათო, ჯაში სალომე, გაფრინდაშვილი ლელა, ნავერიანი სანდრო, ცეცაძე მაია, ბაბუაძე თამარ, ბექიშვილი ნინო, პაიჭაძე დავით, ბუღაძე ლაშა, კურტანიძე ბესო, თოლორდავა კახა, კიკნაძე რეზო, რაფელსონი ბობ, გვახარია გიორგი, კორძაია-სამადაშვილი ანა, უზნაძე ბესო, მაკარიძე დავით |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თებერვალი, 2008, გარეკანზე: რეზო კიკნაძე ფოტო: ლევან ხერხეულიძე ტექნიკური უზრუნველყოფა: კიკალა-სტუდიო მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე ჯაში, ლელა გაფრინდაშვილი, ლაშა ბუღაძე, ბესო კურტანიძე, სანდრო ნავერიანი, დავით მაკარიძე, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, კახა თოლორდავა, ნინო ლომაძე, მაია ცეცაძე, ნინო ბექიშვილი, დავით გაბუნია, ბესო უზნაძე ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ქეთო ცაავა, ბესო უზნაძე ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე გაყიდვების დირექტორი ნესტან ავალიანი სარეკლამო განყოფილება ანა მგელაძე რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
სწორედ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, აღარ ვიცხოვრებთ ისტერიულ პოლიტრელობაში და ჩვენ-ჩვენ ცხოვრებას დავუბრუნდებით, სუბიექტურ რეალობებს, სადაც არავინ ილაპარაკებს „ხალხისა და ერის“ სახელით, სადაც არ იქნება ისეთი კრებითი სახელები, როგორიც ჩვენ - „მიშისტები“, „ღირსეული ერი“, მართმადიდებლები, თბილისელები, „მარნეულელი თათრები“, ინტელიგენცია, პროგრესულები, ბნელები, და იქნება მე - ადამიანი, რომლის წინაშეც უამრავი იმაზე მნიშვნელოვანი, რთული და საინტერესო ამოცანა დგას, ვიდრე ნებისმიერი კრებითი სახელი გულისხმობს.
რაც უფრო მეტად იმუხტებოდა ქართული პოლიტიკა, მით უფრო მიმძაფრდებოდა განცდა, რომ პოლიტიკური რეალობა კიდევ ერთი ილუზიაა, ილუზია, რომელიც თავდაყირა აყენებს ადამიანურ ინსტინქტებს, შეგრძნებებს, ლოგიკას, ფილოსოფიებს. ილუზია, რომელიც ამახინჯებს რეალობას და მეასეხარისხოვან დასკვნებს გახვევს თავს. გაჯერებს, რომ შენც, პოლიტიკოსების მსგავსად, მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებისათვის იბრძვი, შენც ვიღაცის ინტერესის ობიექტი ხარ, მაშინ, როცა ცდილობ, გამოერკვე, გამოფხიზლდე, გაიაზრო და თავად შექმა რეალობა შენს გარშემო. შექმნა და მართო, იმისათვის, რომ აღარ იყო „კრებითი სახელი“ და მოიპოვო თავისუფლება.
ჟურნალის ამ ნომრის სტუმრებიც თავისუფალი ადამიანები არიან. რეზო კიკნაძე, ვაცლავ ჰაველი, თომ უეითსი, გელა ოთარაშვილი - ეს ადამიანები მიზნებითა თუ ცხოვრების წესით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ყველა შემოქმედია, თავისი ცხოვრების შემოქმედი. ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის ტრანფორმაციის შედეგად, ამკვიდრებენ მნიშვნელოვან, სამაგალითო ტენდენციებს.
ამ ნომრის კომენტარებიც პოლიტიკურ, რელიგიურ თუ საზოგადოებრივ მითებს ეხება - მითი პოლიტიკური წარღვნისა და სამყაროს დასასრულისა, მითი კოლექტიური ხსნისა და მხსნელებისა, მითი სახელმწიფოების ყოვლისშემძლეობისა და არჩევანის არარსებობისა. არჩევანი ყოველთვის არსებობს. ხსნაც, ოღონდ, ეს მხოლოდ საკუთარ თავთან გადამხდარ ომში.
დიდი სიამოვნებით გადმოვწერდი ამ სვეტში ციტატებს ამ ნომრის ყველა სტატიიდან - მაგალითად დავით მაკარიძის წერილის ეპიგრაფს - „შეიქმენი კუნძული, რომელსაც ნაკადი ვერ წალეკავს“; ან დასასრულს ლაშა ბუღაძის კომენტარიდან - „არანაირი სურვილი არ მაქვს თეოკრატიულ სახელმწფოში ცხოვრებისა და სწორედ ჩემნაირი ქართველების სახელით - და ამ პოპულისტების გასაგონად - ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ, როგორც არა-მართმადიდბლური აღმსარებლობის მქონე ყველა ქრისტიანს, ასევე მაჰმადიანებს, ებრაელებს, და ყველას, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ქვეყანა მშობლიურია“; სხვას აღარ ვახსენებ - თავად წაიკითხეთ. აღმოჩენები გზამკვლევის გარეშე უფრო საინტერესოა.
ასე ფიქრობს, სალომე ჯაში, „ცხელი შოკოლადის“ დებიუტანტი ავტორი, რომელიც ამ ნომერში საინტერესო ექსპერიმენტს გვთავაზობთ - ექსპერიმენტს იმოგზაუროთ მიკროსამყაროში - გლდანში. ბესო უზნაძის „პორტრეტებიც“ მიკროსამყაროებია, რომლებიც ჩვენს გვერდით არსებობს, მაგრამ არ გახვევს თავზე საკუთარ არსებობას. გინდა? განიცადე.
დასასრულს, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც გამოგვეხმაურა. თქვენი კომენტარები, ამჯერად, განსაკუთრებულად საინტერესო იყო. დიდი მადლობა.
შორენა შავერდაშვილი
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
დათო ტურაშვილი
დედაჩემმა მითხრა, ასეთი ყინვები 1948 წელს იყოო და როგორ დაიმახსოვრე-მეთქი და იმ ზამთარს მტკვარი გაიყინა და რა დამავიწყებსო. მათი სახლი (ვერაზე) დაახლოებით იქ იდგა, სადაც მერე ფილარმონია ააშენეს და თურმე ბავშვები იქიდანვე ეშვებოდნენ ციგებით და გაღმაც სულ სრიალით გადიოდნენ.
მანამდე მტკვარი 1801 წელს გაიყინა და მაშინდელი ყინვები, რასაკვირველია, რუსებს დააბრალეს. სწორედ იმ წელს ალექსანდრე პირველის მანიფესტით რუსეთის იმპერიას მიგვაერთეს და აბა ვისთვის უნდა დაგვებრალებინა მანამდე არნახული სიცივე თბილისში, რომელიც რუსების გამოჩენამდე, აღმოსავლური, თბილი და ტკბილი ქალაქი იყო.
მერე მტკვარს (ორივე მხრიდან) ჯებირები ამოუშენეს და ამ ზამთარს კი დედაჩემის სახლის ადგილას აშენებულ ფილარმონიაში მიხეილ სააკაშვილის შტაბი განლაგდა.
ფილარმონიასთან გავლისას ისედაც სევდიანი ვიყავი ხოლმე და ამ ზამთარს კი სულ ის კადრი მახსენდებოდა ესპანეთის ტელევიზიით 7 ნოემბერს რომ ვნახე - ხალხის დარბევა ევროპელებს როგორ გააკვირვებდათ, მაგრამ პოლიციამ რომ ადამიანი აფთიაქიდან გამოიყვანოს და იქვე ცემოს, ასეთი რამ ნამდვილად არ ჰქონდათ ნანახი.
ესპანელებს (ან სხვა ევროპელებს) მიტინგის დაშლა როგორ არ უნახავთ, მაგრამ სახელმწიფომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სამოქალაქო პირები რომ გამოიყენოს (ჯინსებით და ნიღბებით), ვერც წარმოუდგენიათ და არც დაიჯერეს, მიუხედავად იმისა, რომ 7 ნოემბერს ყველა არხზე, მთელი დღე აჩვენებდნენ თბილისის ამბებს.
ესპანეთში, მთელს ევროპასა და მთელს მსოფლიოში, მომიტინგეებს გაცილებით დაუნდობლად და სასტიკად არბევენ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა დემონსტრანტები ძალადობას მიმართავენ და, როგორც წესი, ამ მიზნით მოლოტოვის კოქტეილებს იყენებენ. მშვიდობიან მომიტინგეებს კი მხოლოდ იმ ქვეყნებში არბევენ, სადაც სურვილები და პრეტენზიები ევროინტეგრაციისა, უბრალოდ არ გააჩნიათ.
შარშან საფრანგეთში ერთი ახალგაზრდა კაცი ცემეს პოლიციელებმა და საპასუხოდ პარიზში ათი ათასზე მეტი მანქანა დაწვეს, მაღაზიების ჩამსხვრეულ მინებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თბილისში კი ადამიანებს, მიუხედავად ასეთი აგრესიისა ხელისუფლების მხრიდან, ერთი შუშაც კი არ ჩაუმტვრევიათ და ჩვენი ხალხის სახელმწიფოებრივი ცნობიერება, ამ მხრივ, მართლაც დაუჯერებელია.
დასავლეთში, როგორც წესი, მანქანებს აგრესიული მოქალაქეები ლეწავენ და თბილისში კი 7 ნოემბერს პირიქით მოხდა. ამიტომაც ამ კადრმა მთელი მსოფლიო მოიარა და მგონი მთელმა მსოფლიომაც პირველად ნახა, როგორ ამსხვრევდნენ ქუჩაში მდგარ მანქანას ქართველი პოლიციელები.
შარშანდელი ამბების მოყოლით კი იმიტომ შევაწუხე წლევანდელი მკითხველი, რომ ხელისუფლება (როგორც ვატყობთ) არავის დასჯას არ აპირებს იმ საშინელების გამო, რაც თბილისში მოხდა.
თბილისში კი ამიტომაც იკრიბება ყოველდღიურად (ასეთ ყინვაში) ასი ათასი ადამიანი და არა სიღარიბის გამო. ადამიანებს სამართლიანობა უფრო მეტად სურთ მაშინაც კი, როცა მართლა შიათ და მიხეილ სააკაშვილი ოთხი წლის მანძილზე, ერთხელ მაინც რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო, ასი ათასი კი არა, ასი კაციც არ გამოვიდოდა ქუჩაში.
თუმცა, ამბობენ, რომ სააკაშვილი აუცილებლად შეიცვლება და ის გახდება ჭეშმარიტად დემოკრატი და სამართლიანი, მოწყალე და თავისუფალი, რისი სურვილიც, ალბათ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
მაგრამ ამასწინათ ტელევიზიით ვნახე როგორ სრიალებდა თხილამურებით და მომეჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლაც ისე სრიალებს, როგორც ათი წლის წინ, როცა პირველად ვნახე გუდაურში.
როგორც მოთხილამურე, ის ოდნავაც არ შეიცვალა და არ განვითარდა. სხვათა შორის, მეც იგივე მჭირდა თხილამურებზე და როცა მივხვდი, რომ ვეღარ შევიცვლებოდი, სნოუბორდზე გადავედი.
ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე და მხოლოდ მეჩვენებოდეს...
სალომე ჯაში
მანიპულაცია ხიბლია. სინდისის ქენჯნამ რომ გადამიარა, მანიპულაციის უნარით და შესაძლებლობით მოვიხიბლე. ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა, როდესაც შემეძლო ზოგადი რეალობიდან ჩემი რეალობა დამენახა, დამეკავშირებინა ის ადამიანებთან, გამევლო პარალელები და ამით, ჩემი სუბიექტური ლოგიკა და სამყარო შემექმნა. ამ დროს, ისედაც, აბსურდად ვთვლიდი ობიექტურობას და თემებით, ამბებით, ადამიანების ისტორიებით მანიპულაცია, სულაც არ იყო გამიზნული ბოროტმოქმედება. ვთვლიდი, და ახლაც ასე მგონია, რომ ინდივიდუალიზმი და თავისუფლება ნებისმიერი თემის ინტერპრეტაციისას ღირსებაა და არა - ნაკლი. ინტერპრეტაცია კი, ბუნებრივია, როდესაც ჭეშმარიტებას გონება ბოლომდე ვერ წვდება. მოკლედ, ჩემს ძალაუფლებას ვგრძნობდი ადამიანების წარმოდგენებზე მანიპულირებისას და ეს საშიშია. ეს ძალიან საშიშია. კიდევ უფრო საშიშია, როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფი ადამიანების მთელი მასით მანიპულირებას ცდილობს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მასაზრის, მას-მანიპულაციის, მას-ქადაგების. მაგრამ მას-აზრი, მას-მანიპულაცია, მას-ქადაგება დღეს ამ ქვეყანაში პრიორიტეტია და მისი მატარებელი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია, განსაკუთრებით კი - ტელევიზორი.
ჩემი წერილი, რომელიც „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომერში იბეჭდება, თბილისის ერთ უბანზეა - გლდანზე. ის გლდანის ჩემეული ინტერპრეტაციაა და თავისთავად, არ არის ობიექტური რეალობა. ის გმირები, რომლებიც წერილში მოხვდნენ, ალბათ, ჩემი მანიპულაციის მსხვერპლნი არიან. იმ ამბებმაც და საგნებმაც ჩემი აღქმის ფილტრში გაიარეს. ვთვლი, რომ „ქალაქი გლდანი“ სიმბოლოა ჩვენი დღევანდელი არსებობისა - მას-არსებობის, ერთფეროვნების, რუტინის, მასიურობის. ჩემი მიზანი გლდანის ერთ-ერთ კორპუსში ყოფნა და სწორედ იქიდან, ამ სივრცის გარღვევაა. არ ვიცი, რამდენად წარმატებული იყო ჩემი მცდელობა. კრიტიკას ვიღებ. თქვენ კი, წარმატებულ რღევევებს გისურვებთ! არა მასრღევევებს. ინდივიდუალურ რღვევებს!
ლელა გაფრინდაშვილი
სერგეი ტრეტიაკოვის ჩანახატის მიხედვით გადაღებული „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“) ვისაც გინახავთ, გემახსოვრებათ, როგორი გულმოდგინებით აკვირდება მიხეილ კალატოზიშვილი უშგულის თემს, როგორ აინტერესებს ყველაფერი: მეურნეობა, უგზოობა, მარილის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები, მკაცრი კლიმატი, ადათ-წესები, რუტინული ყოფა. მეც დაკვირვება გადავწყვიტე, - არჩევნების პროცესზე დაკვირვება!
ამ არაჩვეულებრივი ფილმის შემოქმედთაგან ერთი რამ განმასხვავებს - ადამიანები, რომელთა არჩევანსაც უნდა მივადევნო თვალი, არა მარტო მაინტერესებს, არამედ - მიყვარს კიდეც.
თავად მე, ჩემი სამოქალაქო ვალის მოხდა დამოუკიდებელი დამკვირვებლის როლით გადავწყვიტე. ამიერიდან, არასოდეს მივცემ ხმას პოლიტიკოსს, რომლის პროგრამა კარგად არ შემისწავლია და მასში ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის და მოქალაქეთა ინტერესების (მათ შორის ჩემი!) დაკმაყოფილების დამაჯერებელი ხედვა არ დამინახავს. აღარ მინდა გონდაკარგული მოწოდებების, რიტუალური ტექსტებისა და როკვა-სიმღერის გაბრუებული მსმენელი ვიყო. ვერც ზარმაც და თვითტკბობას მიცემულ მოღვაწეთა აზრები მანუგეშებს - „რადგან პრეზიდენტმა არ გაამართლა, მაშინ მეფე გვიშველის, ის გვიპატრონებს!“.
მოკლედ, ჩემს დედულეთში მივემგზავრები. არც არავის წავუქეზებივარ და არც არავინ მაფინანსებს. ჩემი მეგობრების წყალობით, ლაშხელებისთვის ტანსაცმელს, ტკბილეულს და სასკოლო ინვენტარს თავი მოვუყარე და ხელდამშვენებული გავუდექი გზას, როგორც №46 ლენტეხის საარჩევნო ოლქის, 14 ჩიხარეშის უბნის დამოუკიდებელი დამკვირვებელი.
სანდრო ნავერიანი
მიყვარს, როცა სახლში ვართ, ყველანი, მთელი ოჯახი და ვსაუბრობთ. ძირითადად ჩემი მშობლები ლაპარაკობენ, იხსენებენ იმას, რაც მე ბავშვობაში გადამხდენია: როგორი ვიყავი, რას ვაკეთებდი და ეგეთები. მიყვარს ასეთი საღამოები იმიტომ, რომ ჩემთვის ეს არის იდილია. ასეთ დროს ყველანი კარგად ვგრძნობთ თავს და საერთოდ არ ვფიქრობთ მიშას 53 პროცენტზე და არც “ფლორიდის პრეცენდენტზე“.
ერთ-ერთი ასეთი იდილია გვქონდა - დედაჩემი ჩემთვის უცნობი ჩემი ცხოვრებიდან რაღაცებს იხსენებდა. ლაპარაკ-ლაპარაკში მითხრა, რომ საშინლად არ უნდოდა მთამსვლელი გამოვსულიყავი. სურვილი კი აუსრულდა, მაგრამ ვერ დამისაბუთა, რატომ არ უნდოდა ჩემი გაალპინისტება.
ამ ამბის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, გავიგე, რატომაც არ უნდათ მშობლებს, რომ მათი შვილები მთამსვლელები გახდნენ. შენც გაიგებ, თუ წაიკითხავ წერილს „თავისუფლების პიკზე“. და თუ არ წაიკითხავ, მაშინ არასოდეს გამოთქვა პროტესტი იმაზე, რომ მშობლები შვილებს მთაში წასვლას უკრძალავენ.
სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა.
მეტი არაფერი.
![]() |
3 კულტ-მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
ძველი შემადგენლობის ახალი გამოფენა
1966 წელს, მოსკოვმა 50-იანელთა თაობის ოთხი ქართველი მხატვრის: გოგი ოჩიაურის, ზურაბ ნიჟარაძის, თენგიზ მირზაშვილისა და დიმა ერისთავის ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლა. თაობა, რომელსაც საბჭოთა სივრცეში მუდმივი დაბრკოლებების გადალახვა უხდებოდა, რუსეთმა, მაშინ, უყოყმანოდ მიიღო. გამოფენას საბჭოეთის ცენტრში საკმაო რეზონანსი მოჰყვა... ახლახან კი (დეკემბერში), 40 წლის შემდეგ, გალერეა „კოპალას“ ხელმძღვანელის ინიციატივით, მხატვართა ოთხეულმა (იმავე შემადგენლობით) ექსპოზიცია უკვე თბილისში მოაწყო. მახსოვს, როდესაც გამოფენა გაიხსნა, გოგი ოჩიაურმა (ავტორების ასაკის გათვალისწინებით) ექსპოზიციას „მხატვრების ზამთარი“ უწოდა. ზოგმა თქვა - ეს ზამთარი არა, შემოდგომა უფროაო. ვიღაცა ავტორებს კიდევ უფრო მოეფერა და გამოფენას „მხატვრების გაზაფხული“ უწოდა. ვერ გეტყვით, ვისთვის როგორ, მაგრამ ფაქტია, რომ, ალბათ, ერთადერთი სფერო, სადაც ავტორის ასაკს დიდი ყურადღება არ ენიჭება, სწორედ შემოქმედებაა. შეიცვალა თაობები, წარმოდგენები... ისინი კი, უწინდებური „სიჯიუტით“ ემსახურებიან საკუთარ საქმეს. „კოპალაში“ ძველი შემადგენლობის გამოფენა, მხატვრებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. ის იყო თითოეული მათგანი შეუმჩნევლად გარბენილ წლებს აანალიზებდა, რომ ცნობილ ოთხეულს, გამოფენის გახსნიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთი ავტორი - თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა) გამოაკლდა. განვლილ წლებზე და მეგობარზე სასაუბროდ კი, მხატვრებს, ისევ გალერეა „კოპალაში“ მოვუყარეთ თავი. დათქმული დროისთვის არ გადაუცილებიათ. შემოსვლისთანავე, გალერეის ქვევით, კაფეში მიხმეს - უფრო თავისუფლად ვისაუბრებთ, თან მეგობრის შესანდობარსაც დავლევთო. მხატვრებთან ურთიერთობა საინტერესოა, მით უმეტეს, ცოცხალ კლასიკოსებთან, მაგრამ გაცილებით საინტერესოა, როდესაც მათი დისკუსიის მოწმე ხდები. არგუმენტირებულად კამათობენ ყველაფერზე: აბსტრაქციონიზმზე, პლასტიკის კანონზომიერებაზე, სხვადასხვა მხატვრულ მოტივაციებზე, ერთი სიტყვით, კამათობენ ხელოვნებაზეც და გემოვნებაზეც. ამბობენ, ჩუბჩიკასთანაც ხელოვნების არსზე გვიწევდა ხოლმე კამათიო.
„ჩუბჩიკა სოლოლაკელი ბიჭი იყო და აკადემიაში სწავლის პერიოდში გამეცნო. ერთმანეთს სულ საპირისპირო მოსაზრებებს ვუმტკიცებდით ხოლმე. ერთხელ, ექსპედიციიდან ისეთი ნამუშევრებით დაბრუნდა, რომლებიც ეთნოგრაფიულ საზღვრებს ნამდვილად გასცდა. მას შემდეგ კი, რაც ეთერ თათარაიძე გაიცნო, სულ სხვა მოტივაცია გაუჩნდა. თუშეთმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ, ეს პირდაპირ აისახა მის ნახატებში. ის მაინც მარათონელი მხატვარი იყო და ბოლომდე პოეტურ შემოქმედად დარჩა.“ - იხსენებს გოგი ოჩიაური. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგები ერთმანეთის შემოქმედებს კარგად იცნობენ, ახალ გამოფენაზე აღმოჩენები მაინც გააკეთეს. აღმოჩენა გახლდათ ზურაბ ნიჟარაძის ახალი პლასტიკური ხელოვნების ნიმუშები, გოგი ოჩიაურის ორად-ორი ქანდაკების ფონზე გამოფენილი მისი გრაფიკა. დიმა ერისთავის პორტრეტები, თენგიზ მირზაშვილის ნატურმორტები, პეიზაჟები... საბოლოოდ კი, მხატვრები ერთმნიშვნელოვნად შეთანხმდნენ იმაზე, რომ დროთა განმავლობაში შემოქმედება მხოლოდ უკეთესობისკენ იცვლება და ნამდვილ შედევრებს ავტორები სიბერეში ქმნიან.
ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა
„სტამბა“ ნოვატორული გეგმებით
მიწის ქვეშ განთავსებული საგამოფენო სივრცე, მცირე კინოდარბაზი, კაფე... ეს ჯერ კიდევ არ გახლავთ იმ მიმართულებების სრული ჩამონათვალი, რასაც თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „სტამბა“ თანამედროვე ხელოვანებს შესთავაზებს. სულ მალე, უზნაძის 18 ნომერში, ცენტრი მრავალფეროვან პროგრამას წარადგენს. მხატვრობა, სკულპტურა, ფოტოგრაფია, ვიდეოფილმი, პერფორმანსი, ინსტალაციები, ვორკშოპები...
სხვადასხვა არტ-პროექტების გასამართად, „სტამბა“ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კურატორებს მოიწვევს. ცენტრი საკუთარ მომხმარებელს გასაყიდად თაამედროვე კულტურასთან დაკავშირებულ წიგნებს, ჟურნალებს და დისკებს შესთავაზებს. ისინი კი, ვინც კლუბის წევრობის სტატუსს მოიპოვებენ, „სტამბაში“ განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლებენ. კლუბის წევრების შემოთავაზებულ ნოვატორულ წინადადებებს კი, საგანგებოდ შექმნილი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამხატვრო საბჭო განიხილავს. სასტარტო საღამო „სტამბაში“ 15 იანვარს მოეწყო. კლუბის ჯერ კიდევ დაუსრულებელ ინტერიერში, ხარაჩოსა და ახლადშეღებილი კედლების საღებავის სუნს ხელი არ შეუშლია დამწრეებისთვის, რომ დიმა დადიანისა და ნიკა მაჩაიძის ელექტრონული მუსიკის რიტმებზე ემოძრავათ და საგანგებოდ შეთავაზებული მსუბუქი ალკოჰოლი და გემრიელი ნუგბარი დაეგემოვნებინათ. მენიუს, მერწმუნეთ, ნამდვილად ვერაფერს დაუწუნებთ, რადგან კლუბის შექმნის ინიციატორი და სულისჩამდგმელი, „ლიტერატურული კაფეს“ საკონდიტრო ხაზის ავტორი რამაზ გემიაშვილი გახლავთ. ორ თვეში ცენტრი „სტამბა“ უკვე ოფიციალურად გაიხსნება და ნებისმიერ მსურველს უმასპინძლებს.
ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ნინო მექვაბიშვილი
განძი ოქროს საწმისის ქვეყნიდან
ვანის საგანძურმა ბევრი იმოგზაურა და ჯერაც მოგზაურობს. მე ინტერნეტში, უფრო სწორად, ვაშინგტონში, სმითსონიანის არტურ საკლერის გალერეაში წავაწყდი. იქ 1 დეკემბერს გამოუფენიათ. მანამდე, ევროპის სამი ქალაქი მოუვლია, ბერლინს - ალტეს მუზეუმში სწვევია, ნიცაში - კენზოს მუზეუმს, პარიზში კი - ფულის მუზეუმს.
უძველესმა ქართულმა საგანძურმა საქართველოს ტერიტორია პროექტ „ქართული სეზონის“ ფარგლებში დატოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, თურმე, ეს პირველად მოხდა: თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო ტურნე, ევროპაში, პირველად მოეწყო - აცხადებს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
დიდ რეზონანსსა და დადებით გამოხმაურებაზე ათობით დასავლური გაზეთის რეცენზიები მეტყველებს. მაგრამ, უცხოელების კეთილგანწყობას და დაინტერესებას, არტურ საკლერის გალერეის ვებ-საიტზეც მშვენივრად იგრძნობთ. აქ ინტერაქტიულად და სავსედ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ქართული ექსპოზიციის შესახებ. მეტი თვალსაჩინოებისთვის, საიტზე ვანის ნახევრად გათხრილი 24-ე სამარხის ფოტოც დევს. ოღონდ, ფოტო არ გეგონოთ, დააჭერთ მაუსს ფოტოს ზედაპირს, მიწიდან აქა-იქ ამოშვერილ ნივთებს და ყველა ექსპონატი ახალ ფანჯარაში, უკვე გაწმენდილ-აღდგენილი სახით, ცალ-ცალკე წარმოგიდგებათ და თვალსაჩინო ხდება, როგორი იპოვეს, როგორი არის ახლა და როგორი დიდებული ყოფილა წინათ თითოეული ნივთი...
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სმითსონიანის გალერეაში ვანის საგანძურის ასე თვალსაჩინოდ წარმოდგენა, მართლაც, საპატიო ამბავია. თანაც, ვაშინგტონის გამოფენისთვის ექსპონატების ნუსხა კიდევ უფრო გაზრდილია. ევროპაში წაღებულ ოქროს ნივთებს, ვაშინგტონში კოლხური ცულები, მცირე ზომის ქანდაკებები, სამკაულები, მონეტები და ბალთებიც დაემატა. მათ შორისაა, ვანის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატიც - ძვ.წ.აღ.-ის მეორე საუკუნით დათარიღებული ჭაბუკის ტორსი.
საკლერის გალერეის გამოფენათა ნუსხაში ქართული ექსპოზიცია ასეა დასათაურებული: „ღვინო, თაყვანისცემა და მსხვერპლთშეწირვა: ანტიკური ვანის ოქროს სამარხები. საგანძური საქართველოდან“ - ასეთი სათაური კი, უამრავ ცნობისმოყვარე დამთვალიერებელს იზიდავს. და არა მხოლოდ ანტიკური ოქრომჭედლობის ნიმუშების მოყვარულებს აღაფრთოვანებს, არამედ, ღვინის გურმანებსაც. ამ გამოფენის დახმარებით, საქართველო ხომ მათ ღვინის უძველეს სამშობლოდაც წარმოუდგებათ.
ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას საჯარო ლექციები და საგანმანათლებლო პროგრამების ციკლიც უწყობს ხელს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ვანის გათხრების ხელმძღვანელმა დარეჯან კაჭარავამ ამერიკელ დამთვალიერებლებს საჯარო ლექციები წაუკითხეს. როგორც ჩანს, საგანმანათლებლო პროგრამამ მიზანს მიაღწია. ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი მიმომხილველები ვრცელ წერილებს წერენ და დაწვრილებით აღწერენ იაზონის მოგზაურობას ოქროს საწმისის ქვეყანაში, გატაცებით იმოწმებენ სტრაბონის სიტყვებს, კოლხეთში ოქროს შეგროვების წესის შესახებ და ყველანი, დაახლოებით, ისეთივე აღფრთოვანებული ინტონაციით ასკვნიან, როგორც ეს ფრანგი მიმომხილველი: „ლომები, ირმები, ფრინველები, იხვები, სფინქსები... ეს ნივთები ამტკიცებენ არაჩვეულებრივი, ვირტუოზული ტექნიკის არსებობას, სკვითების აქემენიდური სპარსეთისა და საბერძნეთის გზაჯვარედინზე, ისტორიულ კოლხეთში“.
ასე რომ, შეიძლება ითქვას - მოგზაურობა ჯერაც არ დასრულებულა, მაგრამ ეროვნული მუზეუმის მიერ საზღვარგარეთ პირველად გატანილმა საგანძურმა უკვე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.
ვაშინგტონის შემდეგ კი, 24 თებერვლიდან „ოქროს განძს“ ნიუ-იორკში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გადაიტანენ და ანტიკური მსოფლიოს შემსწავლელ ცენტრში წარმოადგენენ. ვანის განძი, საქართველოს, მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება.
ავტორი: თამარ ბაბუაძე
პრეზენტაცია ბიოლის ფონდში
18 იანვარს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში პირველი ქართული ლგბტ (ლესბოსელი-გეი-ბისექსუალიტრანსგენდერი) ჟურნალის „მეს“ მეექვსე, უკვე ორენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალს ფონდი „ინკლუზივი“ გამოსცემს. ეს ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც მთლიანად ლგბტ პრობლემებზე მუშაობს. „მეს“ ბოლო ნომერი ტრანსგენდერებსა და მათთან დაკავშირებულ თემებს ეძღვნება, ტერმინი „ტრანსგენდერი“ ერთ ჯგუფში განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს, იმათ, ვისი ფსიქოლოგიური სქესიც განსხვავდება ბიოლოგიურისაგან და არ ეწერება სქესისა და გენდერის ტრადიციულ გაგებაში.
სტუმრების საკმაოდ დიდი ნაწილი უცხოელები იყვნენ და პრეზენტაციაც ორენოვანი გახლდათ. საღამო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროგრამების კოორდინატორმა, მირა ზოვაკარმა გახსნა, რომელმაც ფონდ „ინკლუზივისა“ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა - ამიერიდან, „მე“ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) იქნება, ტირაჟიც გაიზარდა და ჟურნალი საქართველოს გარდა, უცხოეთშიც გავრცელდება. ფონდ „ინკლუზივის“ დირექტორმა პაატა საბელაშვილმა ისაუბრა ჟურნალის მიზნებსა და მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს მხარდაჭერისთვის. ჟურნალი „მე“ არ იყიდება, ის უფასოდ ვრცელდება და დღეიდან, ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ პირს შეუძლია მისი მიღება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჟურნალის ტრადიციულ რუბრიკებს, ფონდის საქმიანობის მიმოხილვის, ლგბტ ადამიანების უფლებების, ჯანმრთელობისა და კულტურის თემებს დაემატება კიდევ ერთი - ჟურნალი ყოველ ნომერში მიმოიხილავს ქართულ მედიაში ლგბტ საკითხებზე გამოქვეყნებულ მასალებს. პრეზენტაციის ბოლოს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ვალტერ კაუფმანმა მიმოიხილა ფონდ „ინკლუზივის“ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თანამშრომლობა და განაცხადა, რომ „მე“ ის პროექტია, რომელსაც ბიოლის ფონდი სიამაყით უჩვენებს ყველას. ჟურნალი ელექტრონული სახითაც ვრცელდება. მისი ყველა ნომრის ნახვა და გადმოწერა შეიძლება ფონდ „ინკლუზივის“ საიტიდან http://www.inclusive-foundation.org/
ავტორი: ნინო ბექიშვილი
![]() |
4 წესიერება შეიძლება იყოს ეფექტური და საინტერესო |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი
ინტერვიუ დავით პაიჭაძესთან
თსუ ჟურნალისტისკის მიმართულების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი.
ესაუბრა ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
- რით იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული 5 იანვრის არჩევნები?
- 53 პროცენტით. სააკაშვილს ნამდვილი საარჩევნო კამპანიის ჩატარება დასჭირდა, რათა ამომრჩევლის ნახევარზე ცოტა მეტი მიემხრო. ოთხი წლის წინათ კამპანია საჭირო იყო ამომრჩევლის მხოლოდ უბნებზე მისაყვანად. 5 იანვრის არჩევნები გაკვეთილი იქნება ქართული საზოგადოებისა და ქართველი პოლიტიკოსებისათვის: გაკვეთილი, როგორ უნდა წარმართო საარჩევნო კამპანია, როგორ არ უნდა წარმართო, როგორ გამოიყენო ის თვითრეკლამად ან მოთელვად საპარლამენტო არჩევნების წინ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვა, რა ილაპარაკო და როგორ არ ილაპარაკო. საზოგადოებას რა ეხსომება, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკოსებს არ აწყენთ, მომავალში ისწავლონ ერთიმეორის ღირსებებსა და შეცდომებზე.
5 იანვრის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მოქალაქეებმა საკუთარი თავი დავინახეთ ამ არჩევნების შედეგებში. დავანახეთ იმათაც, ვისაც ამ ქვეყნის მართვა სურს.
- რამ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის 97 პროცენტიანი რეიტინგის შემცირება 53 პროცენტამდე?
- არსებობს ამ შეკითხვის უკვე გაცვეთილი და სწორი პასუხი: ხელისუფლება, რომელიც ატარებს რეფორმებს, კარგავს მხარდამჭერებს. კარგავს განსაკუთრებით იქ, სადაც ცვლილებათა კვალი ყველაზე მკაფიოდ ჩანს. საქმე ეხება არა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკით დაზარალებულ ადამიანებს, არამედ იმათაც, ვისაც ამ პოლიტიკის პოზიტიურმა შედეგმა მეტის მოლოდინი გაუჩინა, ხელისუფლებამ კი ეს გაზრდილი მოთხოვნა თუ მოლოდინი ვერ დაუკმაყოფილა. მაგრამ ზოგად კანონზომიერებათა გარდა არსებობს რეიტინგის კლების კონკრეტული მიზეზიც - 7 ნოემბერი. 7 ნოემბერი კრებითი სახელია არა მარტო 2-დან 7 ნოემბრამდე განვითარებული მოვლენებისა, არამედ ყველა იმ წყენისა და შეურაცხყოფის, რაც, მოქალაქეებმა მიიჩნიეს, რომ ხელისუფლებისგან მიადგათ. პოლიტიკაში ჩაუბმელი მოქალაქისგან, რომელსაც პოლიტიკოსისთვის აუცილებელი სქელი კანი არ აქვს, ნურავინ ელოდება, რომ წყენას მალე - ორ თვეში - დაივიწყებს. ჩანს, სააკაშვილმა ეს კარგად იცის, ამიტომაც დაახარჯა ამხელა ძალისხმევა საარჩევნო კამპანიას. 5 იანვარს მას გაუგზავნეს მძაფრი გამაფრთხილებელი სიგნალი. ამომრჩეველთა ხმების 25 პროცენტი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს დაუგროვდა, მეეჭვება, მიეღო მას, სააკაშვილს რომ არ შეტოქებოდა. ლევან გაჩეჩილაძისთვის მიცემული ხმებით ათიათასობით მოქალაქემ საპროტესტო ხმა მიაწვდინა ისევ სააკაშვილს - გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე იმავე 2 ნოემბერს რუსთაველზე თავმოყრილ ადამიანებს ჰქონდათ. არ მეგულება კაცი, ვინც 7 ნოემბერმა (ამჯერად ამ ერთმა დღემ) აღაფრთოვანა. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს კრიტიკული ამომრჩეველიც და მგონია, მის გამარჯვებაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ კრიტიკული, ფხიზელი ამომრჩევლის ხმები. სააკაშვილს მაინც ენდნენ, რადგან 7 ნოემბრისა და ხელისუფლების სხვა შეცდომების გარდა, იყო ასობით სხვა დღე, როცა ხელისუფლება სასარგებლო იყო ქვეყნისა და ხალხისთვის. 7 ნოემბერსაც ხელისუფლება, როგორც ვიცით, შეცდომად არ მიიჩნევს: არსით სწორი იყო, ფორმით არასწორი - რამდენადაც მესმის, ასეთია ხელისუფლების პოზიცია. „პოლიტიკაში გიწევს, უღალატო ან ქვეყანას ან ამომრჩეველს; მე მეორეს ვამჯობინებ“ - ეს, ერთი შეხედვით, ცინიკური სიბრძნე შარლ დე გოლს ეკუთვნის ისევე, როგორც მეორე: „მართო - ნიშნავს, მუდმივად აკეთო არჩევანი ცუდ გადაწყვეტილებათა შორის“ (ბოლო დროს დე გოლის ბიოგრაფიას ვეცნობოდი). მესმის, მაქსიმები და აფორიზმები არ წარმოადგენენ პოლიტიკური მმართველობის პრინციპებს, მაგრამ მმართველობის სირთულეს ირეკლავენ. მოქალაქეებს ვერ მოსთხოვ, დაინახონ და გაიგონ ეს სირთულე. ისინი ხედავენ სხვა მოვლენებს, ზოგჯერ უტყუარად, ზოგჯერ მცდარად და აქეთ მოგთხოვენ პასუხს. სწორედ ეს მოთხოვნა აისახა სააკაშვილის როგორც დაკარგულ პროცენტებში, ისე მიღებული ხმების ნაწილში.
- სააკაშვილის დაპირებები, რომლებიც 8 იანვარს, „Primetime“-ში მოვისმინეთ, ნამდვილად განსხვავდებოდა მისი ბოლოდროინდელი, თუნდაც, წინაასარჩევნო გამოსვლებისგან; ვისაუბროთ ამ ცვლილებების მიზეზებზე.
- სააკაშვილის რიტორიკა შერბილდა. „Primetime“-ში მისი გამოსვლა კი არ განსხვავდებოდა წინასაარჩევნო გამოსვლებისაგან, არამედ ავსებდა მათ. შენიშნავდით, საარჩევნო კამპანიის დროს ის არ ახსენებდა პოლიტიკურ ოპონენტებს, მგონი, ერთხელაც არ წარმოუთქვამს არცერთის სახელი. ის ამბობდა თავისას. არ უხსენებია რუსეთი. რუსეთს არ ახსენებდა არც ოპოზიცია. არჩევნები ამჯერად მთლიანად ჩვენს საშინაო საქმედ წარმოჩინდა. კონკურენციის ჩვენთვის უჩვეულო სიმძაფრემ, როგორც ჟურნალისტს, არჩევნების დღემდე გამიჩინა კითხვა, გამარჯვების შემთხვევაში მიიწვევდა თუ არა სააკაშვილი ოპონენტებს ხელისუფლებაში. სააკაშვილმა დაინახა მისი პოლიტიკის სისტემური და სხვა რიგის მოწინააღმდეგეების რაოდენობაც და ძალაც. სააკაშვილის ხელისუფლება გასული ოთხი წლის მანძილზე იმდენად ინტენსიურად კულტივირებდა საკუთარ შეუპოვრობასა და ძალას, რომ ახლა 53%25-სა და ოპოზიციასთან ლაპარაკის მცდელობას აღიქვამენ სისუსტედ, მარცხად, უკანდახევად. მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკის შეცვლაა, უკეთ, მცდელობა, შეიცვალოს პოლიტიკური ურთიერთობების ტრადიცია თუ წესი. ოპოზიცია, შესაძლოა, მიიჩნევს, რომ ყველა საფუძველი აქვს, არ ენდოს ხელისუფლებას, ელოდება, რომ ხელისუფლება ცოტა ხანს ელაპარაკება და მერე „გადააგდებს“. არადა, ხელისუფლებაში მონაწილეობა, ძალაუფლების შეჩვევა და პასუხისმგებლობის გაზიარება არც ოპოზიციისთვის უნდა იყოს ცუდი და არც ჩვენი პოლიტიკური კულტურისათვის. გადაწყვეტილებათა შემუშავება-მიღებისა და ხელისუფლების ბერკეტების ამოქმედების შედეგად, ოპოზიციამ ხალხთან და ხელისუფლებასთან სალაპარაკოდ, შეიძლება მონახოს არანაკლებ ძლიერი არგუმენტები, ვიდრე ქუჩაში მოქალაქეების გამოყვანა და საკუთარ პოლიტიკურ კუნთებად მათი ქცევაა. ვფიქრობ, სააკაშვილს, უკეთეს შემთხვევაში, სურს, ბიძგი მისცეს პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, რაც გაამყარებს სამოქალაქო მშვიდობის საფუძველსაც.
- თვლით, რომ ოპოზიციამ რეალურ გამარჯვებებს მიაღწია? როგორ ფიქრობთ, შემოდგომაზე რომ გადაედგა პრეზიდენტს ის ნაბიჯები, რაც ახლა გადადგა, ავცდებოდით ამ კრიზისს?
- ისტორიაზე, მით უმეტეს, პოლიტიკურ ისტორიაზე ჭირს, ილაპარაკო წარსულ დროსა და კავშირებით კილოში. რაც მოხდა, მოხდა. კრიზისსა და დაძაბულობას, ალბათ, ავცდებოდით, პოლიტიკოსებს ნაკლები სიჯიუტე რომ გამოეჩინათ და ისტერიის დანერგვა-გამძაფრებისათვის ხელი არ შეეწყოთ. რაც შეეხება ოპოზიციის რეალურ გამარჯვებას, მას ვერ ვხედავ. შეუძლებელია, რეალური გამარჯვებისთვის მიეღწიათ იმ კამპანიით, რომელსაც უღალატოდ წარმართავდნენ წინასაარჩევნო პერიოდში. ეს იყო უპირატესად ნეგატიური კამპანია. არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, როცა ნეგატიურ, ანუ სხვის უარყოფაზე დაფუძნებულ კამპანიას გამარჯვება მოეტანოს. გამონაკლისად არც 2003 წლის ნოემბერი ივარგებს, რადგან მაშინ ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატები ხელისუფლებაში მივიდნენ არა არჩევნების, არამედ რევოლუციის შედეგად. 5 იანვრამდე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ეტოლებოდა და ებრძოდა სააკაშვილს. ამ პერიოდის მედია მონიტორინგი აჩვენებს, რომ სააკაშვილს ნეგატიურ კონტექსტში გაცილებით ხშირად ახსენებენ, ვიდრე ყველა დანარჩენ კანდიდატს ერთად აღებულს. იგივე შემიძლია ვთქვა სააკაშვილის პოზიტიურ კონტექსტში ხსენებაზეც. ამ დროს სააკაშვილი, ვიმეორებ, ხალხს ელაპარაკებოდა არა კონკურენტებზე, არამედ საკუთარ განზრახვებსა და ხედვებზე, თან ძალიან მარტივი ენით, თითო-ოროლა ძირითადი „მესიჯის“ მოშველიებით. არათუ წინადადებები, სიტყვებიც კი მოკლე ჰქონდა. ნეგატიური კამპანიის პირობაზე ოპოზიციამ მიაღწია მაქსიმუმს. ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოლომდე გასაგებად არ უთქვამთ, რაში გამოიყენებდნენ ხელისუფლებას: ლევან გაჩეჩილაძე ამბობდა, რომ 200 დღეში დათმობდა მას, დავით გამყრელიძე ამტკიცებდა, რომ იქნებოდა საქართველოს უკანასკნელი პრეზიდენტი და ძალაუფლებას, მონარქის კურთხევამდე, დროებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უნაწილებდა. შალვა ნათელაშვილი სარეკლამო კლიპებში ანუ პოლიტიკოსის გაცხადებულ ზმანებაშიც იმას ხედავდა, როგორ ესახებათ იგი რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს პრეზიდენტად (ცნობილი პოლიტიკური რეკლამა ჟანდარმერიის გენერალ სეგედისა და პოლკოვნიკ ზარანდიას მონაწილეობით), ზედ არჩევნების წინ კი განაცხადა, პრეზიდენტი რომ გავხდები და რუსთაველზე 10 ათასი კაცი პროტესტით მომადგება, გადავდგებიო. ნურავის გაუკვირდება, თუ ასეთი კამპანიის შემდეგ სხვაზე ნაკლებ ხმებს აიღებს. მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რისთვის გჭირდება ხელისუფლება. ამის დანახვება ყველაზე უკეთ სააკაშვილმა შეძლო. წინ არის საპარლამენტო არჩევნები და მინდა, რომ პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით ოპოზიციის წევრებმა, პოზიტიური შეტყობინებები გაუგზავნონ ამომრჩევლებს, სხვისი კრიტიკისა და ლანძღვის წილმა მოიკლოს და საკუთარმა, უნიკალურმა სათქმელმა იმატოს. წინასაარჩევნო პერიოდმა აჩვენა, რომ საყოველთაო ნგრევის, გაჩანაგების, კატასტროფის სურათის, მოკლედ, „პომპეის უკანასკნელი დღის“ ხატვა, როგორც მცდელობა, აღწერო არსებული რეალობა, მთლად ადეკვატური არ აღმოჩნდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას, მის საგრძნობ ნაწილს მაინც, არ ეთმობა თავისი ოპოზიციურობა, რადგან პოლიტიკაში დარჩენის მთავარი პირობა სწორედ ოპოზიციაში ყოფნაა.
- ამ დღეებში, ოპოზიციის მხრიდან გაისმა ერთი ტერმინი „მარნეულის პრეზიდენტი“. რას გეუბნებათ ეს ფრაზა - „მარნეულის პრეზიდენტი?“
- ეს ფრაზა ტრანზიტული გზით მივიღე, ვის ეკუთვნის, არ ვიცი. ის ეხმიანება ციტატას 90-ანი წლების მიჯნის ქართული პოლიტიკური ფოლკლორიდან: „მსხვერპლი არ არის, მარტო ორი თათარია მკვდარი“. თქვენი მოყვანილი ფრაზის ლოგიკური გაგრძელება იყო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 10 იანვარს, 22 საათსა და 18 წუთზე გავიდა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში: „პრეზიდენტო აზერბაიჯანელთა და სომეხთა, სულით მონათა, გულუბრყვილო ლტოლვილთა, სკლეროზიან პენსიონერთა და ერის გამყიდველთა - წადი!“ ეს ფრაზა მეუბნება, რომ ტრაიბალისტური ცნობიერება ჩვენში არ მომკვდარა. ეს ფრაზა მეუბნება, რომ ამის მთქმელს უჭირს, დაინახოს ქართველ ერში სხვა ეთნოსები და ის არასათანადო პატივისცემით ეკიდება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს.
- თქვენ „მედია საბჭოს“ წევრი იყავით. რა გამოცდილება იყო ეს თქვენთვის და რამდენად ხართ კმაყოფილი მედია საბჭოს მუშაობით?
- მედია საბჭოს წევრი მანამდეც ვიყავი და ახლაც ვარ. განსაკუთრებული გამოცდილება არ ყოფილა. ჩვენ ვითვლიდით და საზოგადოებას ვამცნობდით, რამდენი დრო დაუთმეს ძირითადმა ქართულმა ტელევიზიებმა პრეზიდენტობის კანდიდატებსა და მათი გუნდების წარმომადგენლებს. ყველაზე დაბალანსებული ამ მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოდგა. ჩვენ ვლაპარაკობდით რიცხვებით. ბალანსს მხოლოდ ამ კუთხით წარმოვაჩენდით. მედია საბჭოს სხვა ამოცანა თავისთვის არ დაუსახავს გარდა იმისა, რომ დაკვირვებოდა, როგორ ასრულებდნენ ტელევიზიები წინასაარჩევნო პერიოდში მათთვის მიცემულ რეკომენდაციებს. გამოცდილებაზე თუ ვილაპარაკებ, ვიტყვი, რომ მხოლოდ დახარჯულ დროზე დაკვირვება საკმარისი არ აღმოჩნდა. სხვა რიგის დაკვირვება - შინაარსებზე, ჟურნალისტების ღირებულებებზე, ტელეკამერის მიკერძოებაზე და ა.შ., მედია საბჭოს საქმე არ გახლავთ. აქ მედიის მკვლევრები და პროფესიონალი მედია კრიტიკოსებია საჭირო. მედიაში ბევრი რამ იზომება, მაგრამ ბევრი რამ, შეიძლება, მხოლოდ სიტყვიერად განისაჯოს. ამგვარი სჯანი აკლია მედიასაც და საზოგადოებასაც. ცუდი არ იქნებოდა, რომელიმე ჟურნალს ან გაზეთს ეთავა რეგულარული პროეცირება მედიის პრობლემებზე, დაეთმო თავისი ფართობის ნაწილი მედია კრიტიკისათვის. ცალკე ასეთი პროფილის ჟურნალის დაარსებაზე ჯერ ვერ ვიოცნებებ.
- რატომ ვერ იოცნებებთ? ანალიტიკოსი ჟურნალისტების ნაკლებობის გამო, თუ ფიქრობთ, რომ ასეთ ჟურნალს ჩვენში მკითხველი არ ეყოლება?
- ფული არ ექნება - ესაა მთავარი მიზეზი. ასეთი ჟურნალის გამოცემა ვერ იქცევა ბიზნესად, ჟურნალი ვერ გადაიხდის ჯეროვან ჰონორარებსა და ხელფასს.
- ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია - რეალობაა დღეს?
- დღეს რეალობაა პოლიტიკური კლასისადმი ლოიალური მედია. ეს ეხება ტელევიზიებსა და გაზეთებს. როცა „მზეს“, „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ არხს ეუბნებიან, რომ ისინი ხელისუფლების მხარეს დგანან, ავიწყდებათ, რა იყო „იმედი“ და რას წარმოადგენს „კავკასია“, ბოლო დროს კი, ნაწილობრივ, „მაესტროც“. გადახედეთ გაზეთებს - მათი უმეტესობა გამოხატულად ტენდენციურია. საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან მიტინგების დროს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ტელევიზია ხალხს ეკუთვნის და მას ათავისუფლებენ. იმედი მაქვს, ეს განცხადება არ ნიშნავს განცდას, რომ საზოგადოებრივ არხს აქამდე ფლობდა ხელისუფლება და ახლა ტორტის ნაჭრები ჩვენც, ოპოზიციასაც გვერგება. ჟურნალისტებმა ძალისხმევა უნდა გავიღოთ საიმისოდ, რომ ქმედითად დავუპირისპირდეთ პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე. ერთი ორგანიზაციის ფარგლებში მაინც უნდა შევძლოთ სოლიდარობის მიღწევა. ახლა ითვლება, რომ ჟურნალისტის პროფესია გულისხმობს თავის ავიწყმორჩილად წახრას იმის წინაშე, ვინც მოისურვებს პატრონად მოგევლინოს. ვარდების რევოლუციის შემდეგ სულ ვამბობდი, რომ ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა უნდა ივარგონ. ახლაც იმავეს ვამბობ. საჭიროა ცოდნა, სიმტკიცე, სოლიდარობა და უნარი, არ შეეპუო არც შედარებით წესიერ და არც ათას ღობეზე გადამხტარ პოლიტიკოსებს. არ შეეპუო იქამდე, სანამ არ მიხვდებიან, რომ თავი უნდა დაგანებონ. ცოტა გულუბრყვილო კაცის ფიქრებს ჰგავს, არა?
- უფრო ოპტიმისტისას. როგორ ფიქრობთ, ჩვენს ჟურნალისტებს ექნებათ ამის სურვილი და ეყოფათ გამძლეობა?
-მე არ ვფიქრობ, მე მინდა ეს.
- გიორგი თარგამაძემ, რომელიც ახლა პოლიტიკაში მიდის, ინგა გრიგოლიასთან საუბრისას, „Primetime“-ში განაცხადა, რომ ის, არც არასდროს წასულა პოლიტიკიდან და დღევანდელი სიტუაცია ყველაზე მეტად, „იმედისა“ და „დროების“ დამსახურებაა. პოლიტიკოსი-ჟურნალისტები, რა პირობებია საჭირო იმისათვის, რომ ქართულმა მედიამ ამ სენისგან გათავისუფლება მოახერხოს?
- ალბათ, საკუთარ სახელებს, „იმედსა“ და „დროებას“ ბრჭყალებში ათავსებთ. მე ბრჭყალებში დამსახურებას ჩავსვამდი. გიორგი თარგამაძე გულწრფელი იყო, როცა ეს თქვა. ის პოლიტიკას აკეთებდა მაშინაც, როცა ეკრანზე ჩნდებოდა. მე სხვა პრინციპები მაქვს: უნივერსიტეტში შეველიე პროფესორებს, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ჟურნალისტი პოლიტიკურ მოღვაწედ უნდა აღიზარდოს და მაგალითად გიორგი თარგამაძეს სახავდნენ. ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გზა ნამდვილად მიდის, უკან დასაბრუნებელი მარშრუტებიც არსებობს, მაგრამ თარგამაძე სასწაულია: მან შეძლო, ორივე ერთდროულად ყოფილიყო. მისი ჟურნალისტიკა მისივე პოლიტიკის ღირსეული მეწყვილე გახლდათ. თქვენი ნახსენები პირობები შეიძლება შექმნას ქართველი ჟურნალისტების უნარმა, შეთანხმდნენ პროფესიული ქცევის კოდექსზე. მაგრამ ამას ისინი სიამოვნებით არ აკეთებენ. პოლიტიკოსი ჟურნალისტები ბევრნი არ არიან, მეტნი არიან პოლიტიკოსის ჟურნალისტები.
- როგორც ვიცით, „დროების“ ჟურნალისტები „ახალ დროებას“ უკვე საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის გააკეთებენ. ანუ, ერთ მდინარეში მეორეჯერ მოუწევთ შესვლა. თქვენი კომენტარი.
- არ არის ეს ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა. „დროების“ ჟურნალისტებმა თქვეს, რომ იმავე თემებს მიუძღვნიან სიუჟეტებს, რა თემებზეც „იმედში“ მუშაობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლობა არ და ვერ აჩვენებს სიუჟეტებს, სადაც, მაგალითად, კანის ფერის ან ცხოვრების წესის გამო ადამიანებს ჟურნალისტი დაუფარავი ირონიით ეკიდება. საქართველოში მაუწყებელთა ქცევის კოდექსი რომ მოქმედებდეს, ამას ვერც ერთი არხი ვერ გააკეთებდა. „ახალი დროების“ ძველ ჟურნალისტებს (ზოგიერთს მაინც) მოუწევს გაიაროს შინაგანი „ღირებულებითი კატეხიზაცია“, შეცვალოს აქცენტები და ზოგჯერ სტილისტიკაც. იმავე თემებზე მუშაობას წინ არაფერი უდგას. აქ მთავარი საკითხი არის არა „რა“, არამედ „როგორ“.
- დღევანდელი გადასახედიდან, როგორ აფასებთ ტელეკომპანია „იმედის“, ასე ვთქვათ, ბოლოდროინდელ „ისტორიებს“? თუ არ ვცდები, 7 ნოემბრის ღამეს რადიოს ეთერში ჟურნალისტებს მოუწოდეთ დამდგარიყვნენ კოლეგების გვერდით და თქვით, რომ პოლიტიკური ტენდენციურობა უნდა ეპატიოს ამ ტელევიზიას.
- ვთქვი, რომ თანავუგრძნობ ჟურნალისტებს, რომელთაც ტკივილი და შეურაცხყოფა მიაყენეს და საჭიროა (არც კი ვიცი როგორ), გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა მათ მიმართ. ვთქვი ისიც, რომ „იმედი“ მუშაობდა როგორც პოლიტიკური პარტია, მაგრამ საქართველოში არ მოქმედებს არც ერთი ნორმატიული აქტი, რომელიც „იმედს“ ასე მუშაობას აუკრძალავდა. მომხრე ვიყავი, რომ „იმედს“ ემაუწყებლა, ამასთან, არასოდეს მიმაჩნდა, რომ „იმედის“ ჟურნალისტებმა რაიმე განსაკუთრებული სიქველე გამოიჩინეს, როცა საგანგებო მდგომარეობის დროს და შემდეგ დატოვეს ტელევიზია თუ დარჩნენ იქ, ან მაშინ, როცა პატარკაციშვილის საბოლოო გაშიფვრის შემდგომ ერთიანად დაუტევეს „იმედი“. მე თუ მკითხავთ, ძალიან გვიან აეხილათ თვალი, მანამდე ისინი საკუთარ დამქირავებელთან სრული ლოიალობისა და ღირებულებითი სოლიდარობის რეჟიმში მუშაობდნენ. ცოტა კომიკური იყო „იმედის“ აწ უკვე ყოფილი ჟურნალისტების იმედი, რომ ბადრი პატარკაციშვილი დათმობდა თავის წილს ტელეკომპანიაში, რათა არხს მუშაობა განეგრძო. რამდენადაც ვიცი, პატარკაციშვილი არაფერს არ თმობს. რა დააბრკოლებს, აქციები რომელიმე უახლოეს ნათესავს გადააბაროს? იმავე გიორგი თარგამაძის ბოლოდროინდელი სვლები სწორედ ამას მიანიშნებს. ჩანს, ყოფილი პატრონი ვერაფერზე დაიყოლიეს. თუ „იმედი“ განახლებას მოისურვებს და შეძლებს, იპოვიან ჟურნალისტებს, ალბათ, უფრო ახალბედებს, გაწვრთნიან და ამუშავებენ.
- რამდენიმე დღეში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობაც შეიცვლება. რას მოელით ამ ცვლილებით?
- მე ვუყურებ ჩემთვის ღირებულ ცვლილებებს, რომელიც აქამდე განხორციელდა მაუწყებელში. ახლა ხშირად გაიგონებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის ფულით ფინანსდება და ხალხს უნდა ემსახუროს. კი ბატონო, მაგრამ მას, სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციად ყოფნის დროსაც ხალხის ფულით აფინანსებდნენ. მაშინ ეს თითო-ოროლა ადამიანს ახსოვდა. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მის მენეჯმენტსა და ჟურნალისტებს აღარ ეფინებათ ჩრდილი, რაც მათი წინამორბედების ნაწილს მიადგა სახელმწიფო ტელევიზიაში. ჟურნალისტები არ ვაჭრობენ თავიანთი პროფესიით, არავინ ეჭვობს, რომ ტელევიზიაში ფული კეთდება, ტყდება, თეთრდება თუ „ატკატით“ იშოვება. ამ მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებელი სუფთაა. საზოგადოება ამასაც უნდა ანიჭებდეს მნიშვნელობას.
- დღევანდელი გადასახედიდან „რუსთავი 2“-იც, ტენდენციური ტელევიაზია გახლდათ. რამდენად რეალურია ჩვენს სივრცეში მთლიანად დამოუკიდებელი, და ამასთანავე, მეტ-ნაკლებად ობიექტური ტელევიზიის არსებობა?
- დღეს ასეთი შეიძლება იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი - მასზე ლაპარაკობს კანონი, მაუწყებლობას აქვს საკუთარი პროფესიული ქცევის კოდექსი. არსებობს წანამძღვრებიც და მცდელობაც. როცა საზოგადოებრივმა ტელევიზიამ სცადა, ყოფილიყო დაბალანსებული და ნეიტრალური, გაძლიერდა კრიტიკა მის მიმართ. წერდნენ და ამბობდნენ, რომ ესაა მტკნარი, არაფრისმთქმელი, გაუგებარი ტელევიზია. არ მიკვირს: სხვას რას იტყოდნენ საზოგადოებაში, სადაც არსებობს დაკვეთა სწორედ მიკერძოებულ მაუწყებლობაზე, სადაც ქართულ ენაზე სხვა არაფერი უნახავთ ამის გარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი გამოწვევაა, დაამტკიცოს, რომ წესიერება შეიძლება იყოს ეფექტური და საინტერესო.
- როგორია დღევანდელი ქართული საზოგადოების სახე? შეიცვალა თუ არა ქართული საზოგადოება ვარდების რევოლუციის შემდეგ?
- არ მიწყინოთ, მაგრამ ამ რანგის მეტაფორა - ქართული საზოგადოების სახე - ჩემთვის უწვდომელია. ვერ განვმარტავ, არ მესმის. საერთოდაც მგონია, რომ შეუძლებელია, საზოგადოებას ერთი სახე ჰქონდეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი შევიცვალეთ: მოქალაქეები უფრო მგრძნობიარენი გახდნენ დემოკრატიიდან გადახვევების მიმართ, გაცილებით ნაკლებს შეარჩენენ ხელისუფლებას, ვიდრე შევარდნაძის დროს შეარჩენდნენ. ეს კარგია. ცოტა უჩვეულოა, რომ პიროვნების ღირსების, ადამიანის უფლებების დასაცავად საჯარო ასპარეზზე პოლიტიკის ენის გარდა ალაპარაკდნენ სხვა ენაზეც. დემოკრატიის თემატიკა შეიმოსა კაიბიჭური დისკურსით, თბილისური დიალექტით, „ბლატაობის“ ინტონაციით და მოკავშირედ იახლა ტრადიციული ქართული ისტერიოიდულობა. არა უშავს. ადრე ასეთ ხმიანობას აკომპანიმენტად ავტომატის ჯერი ახლდა. დღეს ის გაზავებულია პოლიტიკის ტერმინებით. ეს უკვე პროგრესია. მგონი, იკლებს ქუჩის როლიც შიდა პოლიტიკაში. მინდა, მჯეროდეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსთაველის გამზირის გეოპოლიტიკაც საბოლოოდ დამთავრდება.
![]() |
5 ქართული კომუნიზმიდან ქართულ თეოკრატიამდე |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი
ავტორი: ლაშა ბუღაძე
ქართველები პათეტიკური ხალხი ვართ. გვიყვარს მუშტ-აღმართული დგომა ქუჩაში, როცა რაიმეს ვაპროტესტებთ; პოლიტიკური ფავორიტების სახელების ენერგიული სკანდირება, პაუზებში - ქოროთი - ლოცვის თქმაც და მიტინგზე გამომსვლელთა მოსმენა სანთლებით ხელში. აბა, განა ისეთ მიტინგს მიტინგი ჰქვია, ან პოლიტიკურ განცხადებას პოლიტიკური განცხადება, სადაც ღმერთის, წმინდა სინოდისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით არ მოგვმართავენ? ვუსმენდი პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პერიოდში და რაკი ისინი, ძირითადად, სწორედ საკუთარ ღვთისმოსაობაზე, ეკლესიურობაზე, ეკლესიებში სიარულზე და საპატრიარქოში ხშირ-ხშირ სტუმრობებზე საუბრობდნენ, გულწრფელად დავეჭვდი: ბოლო-ბოლო, პატრიარქს ვირჩევთ თუ პრეზიდენტს? ჩემი შეკითხვა სულაც არ მოგეჩვენებათ რიტორიკულად, თუკი გავიხსენებთ, როგორ იდგა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი სიონის ფონზე და ენერგიულად გვამცნობდა, ღმერთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გავიმარჯვებთო, ხოლო მეორე, კიდევ უფრო გამორჩეული ამ მხრივ, პირდაპირ თავისი სარეკლამო კლიპიდან გვარწმუნებდა - ჩვენ გვწამს ღმერთი და ჩვენ შეგვწევს ძალაო (?). ვის მიმართავდა ეს ხალხი ასე? ნუთუ ისინი მართლაც ფიქრობდნენ, რომ ეს სპეკულაციურ-ფარისევლური, ყალბი პათეტიკა მათ ამომრჩეველთა ხმებს მოუტანდა? თუ იქნებ ეს მოდაა? რელიგიურ-პოლიტიკური მოდა, რომელიც უეჭველად პოზიტიურად და ამაღელვებლად იმოქმედებს ვირტუალურ ქართველ ხალხზე. სიტყვა „ვირტუალური“ იმიტომ ვიხმარე, რომ უკვე ყველას ჩვეულებად გვექცა ქართველი ხალხის სახელით საუბარი („ქართველი ხალხი ასე ფიქრობს“, ქართველ ხალხს ასე უნდა“), რეალურად კი ვერავინ მიგვითითებს, სად არის ეს კოლექტიური „მე“, ერთ პოზიციაზე მდგომი, ერთნაირი გემოვნებისა და შეხედულებების მქონე „ქართველი ხალხი“? ბოლოს და ბოლოს, რიცხვზე მაინც ხომ უნდა შევთანხმდეთ, რამდენი ასეთი „ქართველი ხალხი“ არსებობს! შესაბამისად, როგორც ჩანს, პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რომ დაკვეთა რელიგიურ-პოლიტიკურ მოდაზე, სწორედ ამგვარი, სადღაც არსებული, ერთ-ერთი „ქართველი ხალხისაგან“ მოდის. ეს სოციალურ-პოლიტიკურ-პატრიოტული რელიგიური მოდა (მიჭირს ამ ფენომენის ზუსტი დიფერენცირება) მას შემდეგ იქცა პოლიტიკური კეკლუცობის ნორმად, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. თუმცა ოთხმოციანი წლების ბოლოს, ათეისტური სახელმწიფოს მიერ ეკლესიის სამოცდაათწლიანი ჩაგვრის შემდეგ, ეს პათოსი, დღევანდელ დღესთან შედარებით, სულაც არ იყო ასეთი ყალბი, არა-დამაჯერებელი, არა-ბუნებრივი და ფარისევლური, პირიქით, ერის იმდროინდელი ტოტალური გარელიგიურება სწორედ რომ პასუხი გახლდათ რელიგიისა და რელიგიურობის წინააღმდეგ წარმოებულ მრავალწლიან მარქსისტულ ტერორზე. საქართველოს დამპყრობელთათვის ქრისტიანული რწმენა რომ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, ეს ისტორიულადაა ცნობილი, მაგრამ რაც ერთმორწმუნე რუსეთმა გვიყო ამ მხრივ, გასაბჭოებამდე ბევრად უფრო ადრე, არც არაბებს, არც მონღოლებს, არც სპარსებს და არც ოსმალებს უქნიათ: ერთმორწმუნე რუსი ეკზარხოსები იყვნენ, თავიანთ ქადაგებებში რომ წყევლიდნენ ქართველ ერს, და ერთმორწმუნე რუსები იყვნენ ისინიც, ამავე ქართველ ერს უნიკალურ ფრესკებს რომ უღებავდნენ თეთრად. ერთი სიტყვით, თავდასხმები ჩვენს ეკლესიაზე მრავალნაირი ყოფილა, მაგრამ ის, რასაც რელიგიურობითა და ეკლესიურობით კეკლუცობა ჰქვია, ვფიქრობ, სწორედ რწმენისადმი ღრმა და არა-ფასადური, არა-ზედაპირული დამოკიდებულების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მძვინვარე იარაღია. მართალია, ქრისტიანული თემებისა და სიმბოლიკის კიჩიზაციის პროცესი დამოუკიდებლობის ფაქტობრივ მოპოვებამდე დაიწყო (ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია რელიგიურ-პატრიოტული შინაარსის საესტრადო კლიპები, სადაც ჯინსებსა და უცნაურ პიჯაკებში გამოწყობილი ქართველი საესტრადო მომღერლები - ეკლესიების, ან რაიმე ნანგრევების ფონზე - თავგამოდებით ცდილობდნენ შეუთავსებლის შეთავსებას: თანამედროვე სიმღერების იაკობ ხუცესის ენით შესრულებას. დღემდე ყურში ჩამესმის: „მუმლი მუხასაო, დაავით!“), მაგრამ ღვთისმოსაობით პრანჭვა-თავმომწონეობა სახელმწიფო მოხელეთათვის მას შემდეგ იქცა თითქმის აუცილებელ ნორმად, რაც ხელისუფლებაში ხელახლა მოსულმა კომუნისტებმა სასწაულებრივი მეტამორფოზა განიცადეს და როდესაც ტელეკამერების წინ პირველად გადაიწერა პირჯვარი (ერთი კია, ოდნავ უცნაურად) ყოფილმა ცეკას მდივანმა, გიორგით მონათლულმა ე. შევარდნაძემ (ბევრს ლექსიკონიც კი შეეცვალა მაშინ, ხმარებაში შემოვიდა ისტორიულპატრიოტულ-აღმატებული ყაიდის სიტყვები: მაგ. რამეთუ, უკეთუ, და ამგვარი ანაქრონიზმები. სახელდობრ „რამეთუს“ დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ ბათუმი-ქობულეთის მინი-დიქტატორი ა. აბაშიძეც, რომელიც მართალია ეგზოტიკური, „შუმერული“ და ელფების ენისთვის შესაფერისი ქართულით ლაპარაკობდა, მაგრამ რამეთუ-უკეთუს მაინც არაფრით თმობდა. ხსენებულმა ე. შევარდნაძემ კი, როგორც ჩანს, თავისი სასწაულებრივი მეტამორფოზის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით, ერთხელ, არც მეტი, არც ნაკლები, იოსებ (?!) ქრისტეს აღდგომაც მოგვილოცა. ტელეკამერები ტყუილად არ მიხსენებია - რომელიმე, თუნდაც უმნიშვნელო ჩინოვნიკი ტელევიზიით არავითარ შემთხვევაში არ გამოჩნდებოდა, თუკი მას ეკლესიაში სანთლის დანთებისას არ გადაუღებდნენ! ხელისუფლებაში მობრუნებულმა კომუნისტებმა კი, შინაგანად როგორ, არ ვიცი (ეს არც არის ჩემი საქმე), მაგრამ გარეგნულად ნამდვილად მიაგნეს ეფექტურ გამოსავალს: ერთი იდეოლოგია ბუნებრივად ჩაანაცვლეს მეორე იდეოლოგიით (როგორც სტალინმა თავის დროზე, ოღონდ პირიქით) და იმ კაბინეტებში, სადაც უწინ კომუნისტური ღმერთის, ლენინის პორტრეტები ეკიდათ, ახლა მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმული ხატები დაკიდეს. არ მახსოვს, ვინ მისცა პირველად ტელეჟურნალისტებს ხატების ფონზე ინტერვიუ, მაგრამ ეს ღრმად ფარისევლური მოდა რომ დღემდე აქტუალურია, ფაქტია. კაბინეტებში არ არიან შესულები და უკვე მდიდრულ, მოოქროვილ სალოცავს იწყობენ ოთახის რომელიმე კუთხეში, და კამერასაც ისე დააყენებინებენ ხოლმე ოპერატორს, რომ რაც შეიძლება უკეთ დაინახოს ტელემაყურებელმა: აი, როგორი წესიერი და პატიოსანია ეს კაცი, აი, როგორ სწამს ღმერთი, ეს რას მოიპარავს, ფულის კეთებას როგორ დაიწყებს! თუ იქნებ ეს სულაც არ არის გააზრებული და ოპერატორსაც თავისთავად, რესპონდენტის მითითების გარეშე მიაქანებს კამერა მოოქროვილი კუთხისაკენ?
REUTERS
ცხადია, რელიგიისადმი სპეკულაციური დამოკიდებულებით მხოლოდ ჩინოვნიკები და ექს-კომუნისტები არ გამოირჩევიან (თუმცა კომუნისტებმა კი მართლაც კარგად იხეირეს მართლმადიდებლობით: ასევე ყოფილი ცეკას მდივნის, ჯ. პატიაშვილის სოიოს ბიზნესი რომ არა, კაცმა არ იცის, რა ეშველებოდა ამდენ მარხვაზე „მჯდომ“ ქართველს), მორწმუნეობით ტრაბახი და ბაქიაობა უკვე ბევრისთვის იქცა ჩვეულებრივ მოვლენად. ამ ტრაგი-კომიკური სოციალური მარაზმის გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად კი ინტელექტის სიმდაბლე შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ღმერთზე და მართლმადიდებლობაზე „სადღეგრძელოების“ მთქმელ, მკერდზე მუშტის მობრაგუნე ხმამაღალ მორწმუნეს, ერთხელ მაინც რომ წაეკითხა ოთხიდან რომელიმე ერთი სახარება (თუნდაც, ფრაგმენტალურად), ეცოდინებოდა, თუ როგორ მოიხსენიება ამ ტექსტებში სხვის დასანახად (და სხვის გასაგონად!) მლოცველი. თემა - ქრისტიანობა, როგორც რწმენა და როგორც ცოდნა - ბევრად უფრო სერიოზულ და პრინციპულ ანალიზს მოითხოვს, მაგრამ თუკი ვსაუბრობთ „საერო-რელიგიურ-სადღეგრძელოებზე“, აქვე უნდა გაგვახსენდნენ ის სასულიერო პირებიც, რომელთაც უზომოდ დიდი გავლენა აქვთ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაზე და რომელთა აზროვნების სტილი (და, შესაბამისად, უშუალოდ ქადაგებებიც), სამწუხაროდ, სულაც არ გამოირჩევა განსაკუთრებული დახვეწილობით. და რაკი ეს გავლენა აშკარაა (და სცდება ეკლესიის კედლებს), ამიტომაც ვკადნიერდები და ვაძლევ ჩემს თავს ამ თემაზე საუბრის უფლებას. აქედან გამომდინარე, რაკი ყველასთვის ცნობილია თეზა - რამდენადაც დიდია გავლენა, იმდენად მეტია პასუხილმგებლობაც, უკეთესი იქნებოდა, „ბერები“ - პირველ რიგში, სწორედ „ერისთვის“ სასიკეთოდ - კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ უმთავრეს ფუნქციას და ქრისტიანული ფილოსოფიის დევალვაციასა და გაზედაპირულებას კი არ შეუწყონ ხელი (ზოგ-ზოგიერთი მთელ ქადაგებებს რომ უთმობს ეკლესიაში შარვლით შესული ქალების ლანძღვას, ჯორჯ სოროსის იდუმალი გეგმების გაშიფრვასა და „ჰარი პოტერის“ სატანურობის გამოაშკარავებას), არამედ, საპირისპირო ამტკიცონ: რომ რწმენის საკითხი სათუთი რამ არის და არა სადღეგრძელო, რომელიც ტრადიციული შეძახილით დასრულდება: „მართლმადიდებლებს გაუმაარ...“ ამ ყველაფერს კი, რაც ასევე სამწუხაროა, თან ერთვის ერთგვარი მართლმადიდებლური შოვინიზმიც, და სრულიად აუხსნელი, არსაიდან მოფრენილი შიში იმისა, რომ მართლმადიდებლობას უტევენ. ალბათ, არ არის რელიგია, რომელიც მის წიაღშივე ფანატიზმის აღმოცენების საფრთხეს არ შეიცავდეს, უსაფუძვლო ფობიები კი ფანატიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. „მართლმადიდებლობას ებრძვიან!“, „ეკლესიებს ანგრევენ!“ (აქ იგულისხმება ცნობილი აჭარული ეპიზოდი, რომლის შესახებაც მხოლოდ სპეკულაციურ-პოპულისტურ განცხადებებს ვისმენდით, ხოლო გამოძიების ჩატარება, რაც, ვფიქრობ, აუცილებელი იყო, ჩემთვის გაუგებარ მიზეზთა გამო, არც თავდასხმის ობიექტებმა მოინდომეს და არც თავად თავდამსხმელებმა.) - ეს პათეტიკა ყველასთვის ნაცნობია, რეალურად კი, იმდენი მოქმედი ეკლესია, რამდენიც დღესაა (ეზოებში, გარაჟების მაგიერ, ახლა ან ეკლესიებს აშენებენ, ან საფეხბურთო მოედნებს ხსნიან. უმეტესად კი ორივეს ერთად), საქართველოში, მგონი, არასდროს ყოფილა, მორწმუნეთა არმიის შთამბეჭდავ რიცხვზე კი საერთოდ არც ვლაპარაკობ. ბრძოლა მაშინ იყო (ღრმა ისტორიული პარალელები რომ არ მოვიყვანო და მხოლოდ მეოცე საუკუნეზე რომ შევჩერდე), უწმინდეს პატრიარქს, ამბროსი ხელაიას რომ აწამებდნენ მეტეხის ციხეში და მართლაც ტოტალურად რომ ანგრევდნენ ძველისძველ ტაძრებს, უფრო აქეთ კი, მაინცდამაინც რელიგიურ დღესასწაულებზე რომ უშვებდა „ილუზიონი“ კარგ ფილმებს, გატაცებულ თვითმფრინავში არმჯდომ მღვდელს რომ ხვრეტდა ხელისუფლება ამავე თვითმფრინავის გატაცებისათვის და იმ ხალხსაც, ვინც მაინც ბედავდა და რელიგიურ დღესასწაულებზე დადიოდა, მათზევე მოთვალთვალე „კაგებეშნიკებით“ გადავსებული ეკლესია რომ უხვდებოდა. საფრთხე რელიგიისათვის მაშინ იყო რეალური, თორემ ახლა მაკდონალდშიც კი გაჩნდა სამარხვო მენიუ და ოსმალების ადგილობრივი სატელეფონო კომპანიის წყალობით, მართლმადიდებელი პატრიარქის ქადაგებების მოსმენაც კია ტელეფონში შესაძლებელი, ხოლო ჟურნალისტებმა ახალი პროფესიაც მოუგონეს ეკლესიაში ჩაწერილ უცნობ ინტერვიუერებს (ასეთი ინტერვიუები, ძირითადად, შობაზე, აღდგომაზე და რომელიმე წმინდანის ხსენების დღეს იწერება) - პროფესია „მრევლი“. ასე რომ, საფრთხე სხვაგან ძევს, სხვა სიბრტყეზეა, და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ ოდესთაც დაგმობილი სატელევიზიო შოუ კი არ არის პრობლემა, არამედ ის ფარისევლურ-პოპულისტური პათოსი და, ვიმეორებ, რწმენის საკითხებისადმი ზედაპირულ-შოვინისტური დამოკიდებულება, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების ერთ-ერთ აუცილებელ ნორმად იქცა.
დაბოლოს. წინასაარჩევნოდ ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ, მაგრამ ერთმა ჩემთვის უაღრესად პატივცემულმა ადამიანმა კი ნამდვილად გამაოცა (პირველ რიგში კი იმიტომ, რომ უწინ მას თავადაც აღიზიანებდა ამგვარი სპეკულაციური გამოხტომები): წმინდა სინოდი როგორც გვირჩევს, ისეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და ვისზეც პატრიარქი მიგვითითეებს, პრეზიდენტადაც ის უნდა ავირჩიოთო. ამის პასუხად, პირადად მე, როგორც სწორედ ქრისტიანმა და მართლმადიდებელმა, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს თეოკრატიულ სახელმწფოში ცხოვრებისა და სწორედ ჩემნაირი ქართველების სახელით - და ამ პოპულისტების გასაგონად - ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ, როგორც არა-მართლმადიდებლური აღმსარებლობის მქონე ყველა ქრისტიანს, ასევე მაჰმადიანებს, ებრაელებს, და ყველას, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ქვეყანა მშობლიურია.
![]() |
6 ყველას არ გვისმენენ |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი
ავტორი: ბესო კურტანიძე
წარღვნამდე
ადამი უსმენდა ევას, ევა - გველს, გველი ეშმას, მოსე ღმერთს, ასინეთა დათას, დათა - ისაკს, ისაკი მის მამას - მორდეხას, მუშნი - მორდეხას და ისაკს, ნიქსონი - დემოკრატებს, გაერთიანებული დემოკრატები - სოროსს, „უშიშროება“- ასლანს, ასლანი - შევარდნაძეს, შევარდნაძე - არავის და მოხდა წარღვნა.
ნოეს მტრედმა რომ ვარდის ტოტი მიუტანა, იმის მერე
ასლანმა გადაიღო აბანო და თქვა: „მეფე შიშველიაო“, არკადიც დაეთანხმა და ხალხს, ნუგეშისსაცემად, უამრავ საჩუქარს დაჰპირდა. კოდუამ რკინის ქალამნები ჩაიცვა, ლონდონამდე იარა და კეთილი ბაბუისაგან ერს საშობაოდ დიდი საჩუქარი - პატარა კასეტა ჩამოუტანა. ჩხრეკისას „ადიდასზე“ და „ნაიკზე“ გათვლილი უახლესი ტექნიკა ჩაფლავდა. ფლავი რა გასახსენებელია და ვიღაცამ „ასეტრინა“ გადაიღო და დაასკვნა - იაკობი ჭამდა დავითაშვილიო, რესტორანში ხაინდრავას სულ არაფერი უჭამია, მაგრამ „მაესტროსთან“ ხელოვნებაზე საუბარი, მაინც ჩაწერეს, მუსიკალური არხისთვის ალბათ.
არისტოფანე მოკვდა, ჰოდა, ლევან ბერძენიშვილმა „მკვტარ“ ბერძნულზე მოსაუბრე კაცი რომ ვეღარ იპოვა, რუსულად ალაპარაკდა და მყისვე, ყველა სატელევიზიო არხის ყურადღება მიიპყრო. შედეგად, ბერძენიშვილმა ბიზნეს პროექტი შეადგინა: კომედიებს თარგმნის რუსულად და ტელეფონით მოუყვება ხიდაშელს. მერე პროკურატურის ფილმს ტელევიზორიდან კასეტაზე ჩაიწერს და არისტოფანეს „ხუთკასეტეულს“ პარლამენტის ბიბლიოთეკას უსახსოვრებს. წიგნს მაინც არ კითხულობენ და კომპრომატების ძებნაში ლიტერატურას შევაყვარებო.
სუბარის ფანდი და ხალხის ოინები
სოზარ სუბარს გაგონილი ჰქონია ორი ლეგენდარული სვანი რადისტის ამბავი, რომლებიც „ცხინვალის“ ომის დროს, სვანურად გადასცემდნენ ერთმანეთს ინფორმაციას და ამის გამო, მტერი ვერაფერს ხვდებოდა. გასულ ნოემბრამდე სუბარს ეს მეთოდი უტყუარი ეგონა, მაგრამ, ეტყობა, სვანი უსმენდა და, აბა, იმას რას გამოაპარებდა და იმდენი ურტყეს, სანამ აზრზე არ მოვიდა: მიხვდა მისმენენო და პრეზიდენტს წერილი მისწერა. დასკვნა სწორი აღმოჩნდა, პრეზიდენტი მეორე დღესვე მიეჭრა, მოუსმინა და უთხრა: მიმართვის შესავალს 100 პროცენტით ვეთანხმები, დანარჩენს 53,4 მეათედითო.
ოპოზიციას სანამ ხალხი მოუსმენდა, თავი დაჩაგრულად რომ არ ეგრძნო, ხელისუფლება უსმენდა. თქვით რამე, საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე და ნახეთ, თუ არ მოგისმენთო. თქვეს და დარწმუნდნენ, რომ მთავრობა არ იტყუებოდა.
სამაგიეროდ, თბილისელები აღმოჩნდნენ მატყუარები. ტელეფონში ერთს იძახდნენ, არჩევანი კი - საპირისპიროდ გააკეთეს. გაიმარჯვა გაჩეჩილაძემ. ყველანაირი ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების: სატელეფონო, საფეხსაცმლო, ფარულ-ღილიანი თუ ვიდეო სათვალიანი მიყურადების ანალიზით, არჩევნები, მიშას დიდი უპირატესობით უნდა მოეგო, ვინაიდან ხალხი სატელეფონო საუბრისას მას უჭერდა მხარს. მაგრამ, მხოლოდ მოსაუბრეთა 15 პროცენტი აღმოჩნდა თავისი სიტყვის ერთგული. შედეგად, გამარჯვებისთვის გამოყენებული ყველა ეს საშუალება, თარხნიშვილის გარდა, არჩევნების შედეგების გამოცხადებისას, მაგრად გაწითლდა.
ტექნიკის უტყუარობაში დასარწმუნებლად, ოპოზიციის მოთხოვნას, რომ საარჩევნო უბნებზე დამაგრებული ფარული კამერების ჩანაწერები გაიხსნას, აუცილებლად მიმაჩნია, ხელისუფლებამ, საპირისპიროდ, ამომრჩეველთა წინასაარჩევნო სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნოს და მერე ვნახოთ, ვინ მოიგო თბილისში არჩევნები და ღირს თუ არა წვალებად, ამ მატყუარა ხალხის პრეზიდენტობა.
„მოსადი“ მარტო ერთხელ უსმენს
იმ დღეს, ერთი „ჩეკისტი“ ნაცნობი შემხვდა. ძლივს ვიცანი, ყურები ისე ჰქონდა დაგრძელებული. გაზის ტარიფის გაიაფებაც რომ არ ეხსენებინა, ყურებზე მივხვდი, რომ ნათელაშვილს უსმენდა. საწყალი, სულ თევზაძეს მისტიროდა, მაშინ თითქმის ტყუილად მიხდიდნენ ხელფასსო.
ისე ეგენიც საწყალი ხალხია, თუ არ ძინავთ, სულ პოლიტიკოსებს უსმენენ. სამსახურში ტელეფონით, პარტიის ოფისებში ფარული კამერებით და სახლში კიდე ტელევიზორით, სახლამდე გზაში მანქანის რადიოთი. ასეთ კაცს, სტუმრად რომ დაპატიჟებ და ეტყვი გრიგოლიას გადაცემას ვუყუროთო, გენოციდია, აბა რა არის?
სხვა საქმეა „მოსადი“. იქ თურმე ძალიან უფრთხილდებიან თანამშრომლებს. ილაპარაკებს, ჰო, ერთხელ „ჰეზბოლას“ ტერორისტი ცუდს პრეზიდენტზე, ბოკერიაზე ან ნაციონალებზე, მაშინვე ჩუქნიან ბოლო მოდელის მობილურ ტელეფონს, დარეკავს სადმე და ბრახ! აფეთქდება ტელეფონი და უთავო რაღას ილაპარაკებს.
„ღმერთი არ გაგიწყრეთ, ხელი არ წაგცდეთ, ასეთ რამეებზე“, თორემ - ოპოზიციაში ბევრი კახელია, მაინც არაფერი მოუვათ, ბევრსაც, ორი თავი აქვს და გადარჩენილი თავი ძალიან გამწარ-გაბოროტდება და კარგი დღე არ დაგადგებათ. თანაც, ჩვენთან უთავო პოლიტიკოსები, მაინც ლაპარაკობენ, ეს იცის პრეზიდენტმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ახალი პარტიული სიით წარდგება.
გვისმენენ !!!
საქართველოში რამდენი ადამიანიც ამბობს, მისმენენო, ამდენს ღმერთი რომ უსმენდეს, გაბრწყინებულიც ვიქნებით და გამობრწყინებულიც. კარგი, პრეზიდენტებს უსმენდნენ: შევარდნაძეს ასლანთან და პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძესთან საუბრისას, სააკაშვილს, ვითომდა, იუშენკოსთან საუბრისას, მინისტრ მერაბიშვილს, ვითომდა, გაზის ბალონებზე მოსაუბრეს, დეპუტატ თარგამაძეს, ვითომდა, ბელარუსთან დაკავშირებით, ხოლო ოპოზიციას პროკურატურის დოკუმენტურ ფილმში გადასაღებად.
კიდევ, ვის შეიძლება უსმენდნენ? ოპოზიციის აქტიურ და გავლენიან ნაწილს; არასამთავრობო ორგანიზაციების ასევე აქტიურ პირებს; უმრავლესობის მერყევ ელემენტებს, რომ სხვა ფრაქციაში არ გადავიდნენ; შეძლებულ ბიზნესმენებს, ოპოზიცია რომ არ დააფინანსონ და გადასახადები არ დამალონ, აქ მოსმენის მიზანი, შეიძლება, ბიზნესის „ახევა“ ან „გაწეწვა“ იყოს; ოპოზიციურ ან, თუ გნებავთ, თავისუფალი მედიის ჯერაც გადაუბირებელ პირებს; უცხო ქვეყნის სპეცკომენტარი სამსახურებთან თანამშრომლობაში შემჩნეულებს; „შავი სამყაროს“ აღიარებულ ლიდერებს; კონკრეტულ საქმეებში დამნაშავე პირებს, ძებნილებს, კორუფციაში შემჩნეულ ჩინოვნიკებს; ასევე, შესაძლოა, აზრი ჰქონდეს ამ აქტიური პირების მეგობრების მოსმენას, მათი დახმარებით, მათზე რამე უბედურების დასამართად. მაგრამ, ძალიან ეჭვი მეპარება, ჩვენი სპეცსამსახური ერთდროულად, თუნდაც, ამდენ ადამიანს უსმენდეს. მით უმეტეს, უსმენდეს იმათ, ძალიან რომ ეწყინებათ, თუკი არ უსმენენ. ეს იმ „შეშინებულების“ კატეგორიაა, სისულელეზე საუბრისას ტელეფონს ნაწილებად რომ შლიან ან საუბრისას უცნაური, ვითომდა, მოსმენის ჩხაკუნი რომ ესმით.
ყველაზე მაგრები მაინც ისინი არიან, „სიმ-სიმ, გაიღეს“ მსგავსი ჯადოსნური ლოცვა-კოდები რომ შეჰყავთ ტელეფონებში და ამ გზით „უშიშროებას“ „შიფრავენ“. ეს, ალბათ, ისეთივე სერიოზულია, როგორც ბუასილის მორჩენა დაჟინებული მზერით. კიდევ უფრო საინტერესო სტატიებს წერენ გაზეთებში მობილური ტელეფონების გამოგონებამდე გადამდგარი კგბ-ს „სოლომონ ბრძენი“ თანამშრომლები. მათი ფანტაზია უბრალოდ უსაზღვროა.
ხმები სატელეფონო მოსმენებზე შევარდნაძის დროს თუ არ მძვინვარებდა, დადიოდა მაინც. მთავრობის ცვლილების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ, შევარდნაძის დროს ძალიან მწირი ტექნიკური ბაზა არსებობდა. ამ მწირი რესურსის ნაწილსაც კი, მის მოსმენაზე ხარჯავდნენ.
მოკლედ, ხმები სატელეფონო მოსმენებზე უზომოდ გაბერილია. ან უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ბებიაჩემის გარდა, ყველას უსმენენ. ბებიაჩემი ბინ ლადენის მიმდევარია, მობილურს არ ხმარობს. მაგრამ ბებიაჩემს შვილთაშვილები უსმენენ, როცა ზღაპრებს უყვება. მერე კიდევ, როგორც იმ წიგნშია, ჩვენ გავმრავლდებით და მთელი სოფელი გავხდებით, მერე მთელი მსოფლიო და… რამდენსღა მოგვისმენენ? ან კიდევ, რა გვჭირს ჩვენ ბრეგვაძეებს ასეთი მოუსმენელი!
ბოლო აბზაცი
ხელისუფლება მოუსმენს ოპოზიციას, ოპოზიცია მოუსმენს ხალხს, მგელი -თხას, თხა-ვენახს, ვენახი - გენადი ონიშენკოს, ონიშენკო - სააკაშვილს, სააკაშვილი - ჭოპორტელებს, ჭოპორტელები - მოისმენენ დაპირებებს. ათადან და ბაბამდე ასე ყოფილა და ასე იქნება.
![]() |
7 ჯიმ შვანთე |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი
ავტორი, ფოტო: ლელა გაფრინდაშვილი
„ისმინე, სვანეთო! შეხედე, მაყურებელო! სვან ბოლშევიკებს წინ ვერაფერი აღუდგება! მათ მხოლოდ ერთი პეშვი მარილი როდი მოაქვთ, ან მხოლოდ ვიწრო ბილიკს როდი ჭრიან თოვლში, არამედ, მათ გზა გაჰყავთ!
სვანეთისთვის საჭირო 107 კილომეტრიდან, უკვე პირველი ხუთწლედის მესამე წლისათვის, 50 კილომეტრი გზაა გაკვალული! „- ასე მთავრდება 1930 წელს გადაღებული, მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“).
მთების აფეთქების, დაკუნთული მშრომელების და ტრაქტორის ჰეროიკულ ფონზე, პარადული ენთუზიაზმით მოაბიჯებენ ახალი დროის მედროშე ახალგაზრდები, - ინდუსტრიალიზაციის (1928-1932) პირველი მერცხლები! მარილის შეტანით, კომუნისტებმა ეს მხარე საბჭოეთის ნაწილად აქციეს.
XX საუკუნის 30-იან წლებში უშგულის თემში არსებული სოციალურკულტურული პრობლემები ზემო და ქვემო სვანეთისთვის დღესაც აქტუალურია. ცხადია, მშობიარე ქალებს სახლიდან არავინ აგდებს (ფილმის ეს ეპიზოდი აშკარა უზუსტობას შეიცავს!) და მარილის დეფიციტიც აღარ არსებობს. პირიქით, - იგი ალპური მცენარეებით შეზავებული, ბოლშევიკების მიერ გაკვალული გზებით, ბარისაკენ უხვად მოედინება.
უმარილობა და უგზოობა დაძლეულია, მაგრამ უმუშევრობა, სოციალური დაუცველობა, ინფორმაციის ნაკლებობა ისევ ზღუდავს სვანეთში მცხოვრებ მოქალაქეთა არჩევანს და მშობლიური კერის მიტოვებას აიძულებს. ბევრს ესმის, რომ თავისუფალი არჩევანი როგორც მარილისგან, ისე - ფქვილისგან თავისუფალი გადაწყვეტილებაა!
გასარეს სამართალი და დეიდაჩემის არჩევანი
განგრ, განგრ, გასარე!......................................განგრ, განგრ, გასარე!
სი მლდეღ ხი და ხლარეშ,...………………..თხების მწყემსო, გასარე,
დეშიამ ხილდეღ სიგარე…...……………….ვერ გასწვდები, ბავშვები
ედომ ჯაწახ ბოშარე………………………....თუ კი არ მოიხმარე!
ძღდ ქივულ - ნატოს,…………………………დიდი ყველი - ნატოს,
კოჭოლ ქივულ - ლელას!................................პატარა ყველი - ლელას!
ეს ლექსი ერთი სვანური თამაშის ტექსტია. ბავშვები ერთმანეთს უფროსების დახმარებაში ეჯიბრებიან, შრომობენ, ირჯებიან. საღამოს კი - ვალდებულები არიან მათი ნამოღვაწარის შესახებ სხვებს შეატყობინონ. მსმენელებმა კი უნდა განსაჯონ, თუ ვის ერგება გასარეს თხის დიდი ყველი და ვის - პატარა.
მე და ჩემს დას, ნატოს, ეს თამაში კარგა ხანს გვართობდა. მსაჯული ცირა დეიდა იყო, ჩვენი ბავშვობის ყველაზე ნათელი და შთამბეჭდავი მონაწილე! საღამოს ჯერ ჩვენს ანგარიშს მოისმენდა, მერე მუხლებზე შეგვისვამდა და განსჯიდა. გულის ფანცქალით ველოდებოდით, თუ ვის მხარეს გადაიხრებოდა გასარეს სამართალი, ვის შრომას დაადებდა ფასს?!
ამ ასპარეზობას ბოლო აღარ უჩანდა: ლექსების დასწავლა, ღორებისა და ძროხების დაბინავება, ხანდაზმული ბაბუდებისთვის წყაროს წყლის მოტანა, უფროსების ახალი ამბებით უზრუნველყოფა, მოჩხუბარი ბავშვების „ომში“ მშვიდობის მტრედობა ანუ, ყველაზე აგრესიულის კოცნით განეიტრალება და ა.შ.
ტყავიდან ვძვრებოდი, მაგრამ გასარე მაინც ნატოს ირჩევდა.
საარჩევნო შტაბებიც გვქონდა - ინგას დერეფანი ჩემი მხარდამჭერებით ივსებოდა, ნატოს ფანები კი - მისი კლასელის, ნანას, ოთახში ბჭობდნენ.
ჩემებმა მირჩიეს,- როგორმე დეიდაშენის გული უნდა მოიგო და აგირჩევსო. მეც ავდექი და მის მოხუც, დავრდომილ დედას მთელი დღე საწოლთან დავუჯექი. მარიამმაც, რადგან მოცლილი მსმენელი იშოვა, უშურველად მიმასპინძლა საყვარელი ლექსებით, არაკებით და პოემებით.
საღამოს, სათიბიდან დაბრუნებულმა დეიდამ ბევრი ქათინაური კი მითხრა და „გულს იმედი ჩამისახა!“ , მაგრამ, როცა მუხლებზე შეგვისვა და „გასარე“ გააჩაღა, - ნატომ ისევ მაჯობა!
მეც და ჩემს მრჩევლებს არ გვჯეროდა, რომ მარიამის მსმენელ-გამრთობის როლი ვერ დამეხმარებობდა და ამიტომ მოხუცთან, როგორც სამსახურში, ისე დავდიოდი. ქანცი გავაცალე საბრალოს, - რეპერტუარის რამდენჯერმე გამეორება მოუხდა, მაგრამ ამაოდ! - გასარეს სამართალი და დეიდას არჩევანი არ მწყალობდა.
დალახვროს ეშმაკმა! შტაბმა მოთმინება დაკარგა - ვეღარ ხვდება, როგორ დამაწინაუროს, როგორ მაქციოს სწორუპოვარ ფალავნად?!
მეც დავინტერესდი და ნატოზე დაკვირვება დავიწყე. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მის შრომადღეზე მიმეპყრო ყურადღება, თვალი „ამომრჩეველთან“ მის დამოკიდებულებაზე მეჭირა. ვერ წარმომედგინა, რომ არსებობდა რაღაც მიუკერძოებელი სიმართლე, რომელიც დეიდას არჩევანს განაპირობებდა და რომ ეს არჩევანი მასზე კი არა - ჩვენზე, ამ ორ, მოპაექრე კანდიდატზე იყო დამოკიდებული.
ერთხელ, ღამე, როცა ყველას ეძინა, ნატოს გაბმულმა ლაპარკმა გამაღვიძა: „ჯერ ძროხებს დავაპურებ, მერე - წყალზე გავრეკავ, მერე - ბებიას სარძევე ვედროს ჩამოვართმევ, მერე - ბაბუას ხარდნის მასალას მივაწოდებ, მერე... მერე - ლელას ვეტყვი: „გაინძერი, მზე ჩადის და „გასარეს“ დრო მოახლოვდა!“.
არ გავბრაზებულვარ! სიხარულმა ამიტანა, რადგან წარმატების გასღები ვიპოვე! ნატო ძილშიც კი ფიქრობდა და გეგმავდა საქმეს, ამიტომ ჩემზე სწრაფად, მოხერხებულად და ხარისხიანად აკეთებდა ყველაფერს. მე კი გზადაგზა, სახელდახელოდ, ნაუცბადევად ვაწყობდი და ვცვლიდი დღის წესრიგს, ამიტომ, ნატოსგან განსხვავებით, ჩემი ნამოქმედარის ფორმულირებაც მიჭირდა. მას ვერ შევედრებოდი და შეჯიბრება აღარც მიცდია.
დედულეთში მიმავალს, მთელი გზა სწორედ ამ ჩემი პირველი არჩევნების სურათ-ხატები მიტრიალებდა. ჩემი მოუსყიდველი, მიუკერძოებელი დეიდას მაგალითი კი ენთუზიაზმით და სიამაყით მივსებდა გულს.
ხუთოსნები, სამოსნები და ოროსნები
პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანიაზე წარმოდგენას, ჯერჯერობით, მხოლოდ სარეკლამო მასალა მიქმნის. უკვე ნათელია, თუ ვინ იმუშავა ამ რაიონში ყველაზე ინტენსიურად. ლენტეხის ცენტრს მხოლოდ ერთი ბილბორდი ამშვენებდა - პენსიონერი ქალის მზერით გამთბარი მიხეილ სააკაშვილის სურათი. ღობეებიც ექსპრეზიდენტის პორტრეტებითაა გადაწითლებული. რამდენიმე სოფელში კი ბავშვები თავს ხუთიანებით გაფორმებული ქუდითა და ყელსახვევით იწონებდნენ და ითბოდნენ.
ლევან გაჩეჩილაძის სარეკლამო მასალა მეორე ადგილს იკავებდა, დავით გამყრელიძის - მესამეს. დანარჩენი კანდიდატების არსებობაზე, სამწუხაროდ, აქ არაფერი მიუთითებდა. ერთი ჩემი ნათესავის ვაჟმა ჩემს დაკვირვებას ასე უპასუხა: „ჰო, მიშა ხუთოსანია და დანარჩენები სამოსნები და ოროსნები გამოდიან!“ - ამბობდა და თან სიცილით იგუდებოდა, მოსწონდა ეს ფრაზა.
5 იანვარს, დილის 7 საათზე კომისიის ყველა წევრი გამოცხადდა უბანზე. ორი დამოუკიდებელი დამკვირვებელი ვართ: მე და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი.
გაუგონარი სიცივეა და შეშის ღუმელის გამართვა სასიცოცხლოდ აუცილებელია არჩევნებისთვის. სითბოსთან სიახლოვე ფუფუნებაა, ამიტომ, ყველა იქით მიისწრაფის.
პირველი ამომრჩეველი სოფლის ექიმის ვაჟია, თავზე მოხუთული, წითელი ქუდი ახურავს და ძალიან გახარებულია. მოქალაქეობრივ ვალს იხდის და მალევე გვემშვიდობება. რვას ათი წუთი აკლია.
ათი საათიდან მოქალაქეები გააქტიურდნენ. მარკირებაზე ბევრი ამბობს უარს. კომისიის წევრებიც მშვიდად არიან, რადგან მზია ქურასბედიანი ყველა ხმის მიმცემი ამომრჩევლის გვარს და სახელს ინიშნავს. მე რეგისტრაციის პროცესს ვაკვირდები და გაცემულ ბიულეტენებს ვითვლი.
ზოგჯერ, ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვებით დაინტერესებული ჩიხარეშელები უბანზე უცერემონიოდ შემოდიან, მაგრამ საარჩევნო ყუთის მეთვალყურე ქალი მაშინვე კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს:
- გარეშე პირთა შემოსვლა აკრძალულია, წესით და კანონით!
დაუპატიჟებელი სტუმარი, მალევე, იძულებული ხდება გარეთ შეკრებილებს შეუერთდეს და არჩევნების თემაზე ლაპარაკიც იქ გააგრძელოს. საღამოს ექვსი საათისკენ ამომრჩეველთა რაოდენობამ იკლო და, რომ არა ერთი პატარა გოგონას ოხუნჯობა, ნამდვილად მოვიწყინე - თავისი წითელი ქუდით ხელში მთელი უბანი შემოირბინა, მერე თავზე კარგად მოირგო და მომიახლოვდა:
- გინდა გაჩვენო, რა გამოვა, თუ ამ ქუდს ამოვატრიალებ? - მკითხა და „ორიანით“ დამშვენებული შუბლი მომიშვირა. სურათი გადავუღე. ძალიან ეამა, შრომა რომ დავუფასე, მაგრამ გაკვირვებული მიყურებდა, რადგან მის ხუმრობაზე არ მეცინებოდა.
რვის ნახევრიდან უბანზე არავინ გამოჩენილა - ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. სამაგიეროდ, შუქის ჩაქრობა-ანთების პროცესი დაიწყო, მაგრამ, ნურას უკაცრავად! (როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იტყოდა!) ისეთი ფანარი მაქვს, რომ ბადრი მთვარის მეტოქედ გამოდგება. სწორედ ამ შუქურათი ხელში, ვდგავარ საარჩევნო ყუთთან და ხმების დათვლას ვაკვირდები. აი, საბოლოო მონაცემები, რომლებიც 307 ხმის განაწილებას გვიჩვენებს:
ლევან გაჩეჩილაძე - 35
არკადი პატარკაციშვილი - 29
დავით გამყრელიძე - 11
შალვა ნათელაშვილი - 7
მიხეილ სააკაშვილი - 218
გიორგი მაისაშვილი - 1
ირინა სარიშვილი - 0
ამომრჩეველთა უმრავლესობამ საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას და „ნატოში“ გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.
ყველა პროცედურას ღამის 12 საათზე მოვრჩით. მალე სახელდახელო სუფრაც გაიშალა. კომისიის ერთი წევრის სიტყვები კი არ დამავიწყდება: „გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას! მალე მოვსწრებოდეთ იმ დროს, როცა ხმას იმ ადამიანს მივცემთ, ვინც ჩვენ გვინდა“.
მიუხედავად დაღლილობისა, კარგა ხანს არ დამეძინა. ნინო გელაშვილის სმს-ი გულზე მალამოდ დამედო - „არ გაიყინო, გეხვეწები, ხვალ დილისთვის მჭირდები!“
6 იანვარს, დილის ათის ნახევარზე, ჩემი დაკვირვების შედეგები „რადიო თავისუფლების“ მსმენელებს გავაცანი.
ნაშუადღევს ბავშვობის მეგობარს ვესტუმრე, - ჩემი შტაბის ხელმძღვანელს, რომელიც ძალიან კი მგულშემატკივრობდა, მაგრამ ჩემს „პრეზიდენტობას“ ვერ ეღირსა.
გავარვარებულ ღუმელთან შეკრებილი ყველა სტუმარი არჩევნებზე ლაპარაკობდა.
50 წლის ქალი: „რა ვქნა, ორმა ისეთმა ნათესავმა მთხოვა - ხმა ამას მიეციო, რომ ვერაფრით ვერ გავაწბილებდი და ვერც მოვატყუებდი“.
65 წლის ქალი: „რას ვერჩი სააკაშვილს? მე და ჩემი ავადმყოფი და მის კისერზე ვართ. ჩვენი პენსია ფქვილისა და წამლისთვის ვერ გვყოფნის და ვინც პენსიას მომიმატებს, იმას ვაძლევ ხმას!“
27 წლის ვაჟი: „ბევრი კითხვა დარჩა უპასუხოდ. არ მიყვარს ეშმაკურად დამუნჯებული და დაყრუებული ადამიანი, ვერ ვენდობი ასეთებს“.
43 წლის ქალი: „სოფელი დაცლილია. ოჯახებზე დასარიგებელი ფქვილის ნახევარი დაურიგებელი დარჩა და უფროსობამ სულ თავისიანებზე გაანაწილა. ძალიან გვიჭირს და, მგონია, რომ დახმარება სწორედ ჩვენნაირებს ერგებათ, მაგრამ სადაა სამართალი? არაფერი იცვლება, რადგან ზუსტად იგივე ხალხი განაგებს ჩვენს ბედს“.
21 წლის გოგონა: „ეს რანაირი არჩევნებია? იმის მაგივრად, რომ მაგიდას კანდიდატები შემოუსხდნენ, - ცოლებს აგზავნიან და ალაპარაკებენ ქმრების ავ-კარგზე. სასაცილოა! ჩვენ, ისედაც, არაფერი ვიცით ამ კანდიდატებზე, აქ მარტო „რუსთავი-2“ აჩვენებს. ქალაქში ხშირად ვარ და უფრო მეტი ვიცი, მაგრამ ჩემი ჩამოტანილი ამბავი რას უშველის საქმეს?“
42 წლის ქალი: „ჩემი ხმა სოფლის ექიმის რჩეულს მივეცი. ვერ ვეტყოდი უარს, რადგან მარტო ჩემზე კი არა, - მთელს სოფელზე აქვს ამაგი...“
ასეთია ლაშხელების არჩევანის პალიტრა. მე კი ყველაზე მეტად დეიდაჩემის მსჯელობა და არჩევანი მაინტერესებს:
„პროპაგანდა ჩემზე არ მოქმედებს და ამიტომ არც არავის გაუბედია ჩემი გადაბირება. მაგათი პროგრამა არ წამიკითხავს, ამიტომ, დევიზების მიხედვით გადავწყვიტე ამერჩია: ღმერთის ანაბარა დარჩენილმა ხმა შალვა ნათელაშვილს მივეცი, რადგან სწორედ მას ეწერა: „ენა, მამული, სარწმუნოება“. გარდა ამისა, მგონია, რომ იგი ყველა არჩევნებზე უსამართლოდ დაიჩაგრა და არ შემიძლია, ასეთ ადამიანს ხელი არ შევაშველო.“
მე რომ რეჟისორი ვიყო, პოსტსაბჭოთა პერიოდის არჩევნებზე ფილმს სწორედ სვანეთში გადავიღებდი და ასე დავარქმევდი „ფექ შვანთე“ ანუ „ფქვილი სვანეთს“.
გიცანი, კალისტრატე!
დღეს 16 იანვარია. უკვე თბილისში ვარ. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტი მაქვს, ვიდრე - პასუხები. ცუდ ხასიათზე ვარ.
ჯორჯ ბუშმა და ხავიერ სოლანამ მიხეილ სააკაშვილს უკვე მიულოცეს პრეზიდენტობა, ე. ი. მათ სცნეს არჩევნების დეკლარირებული შედეგი.
აი, სწორედ ამან გამახსენა ერთი პირველი რესპუბლიკისდროინდელი ამბავი. ეს ისტორია, 1991 წელს, როცა უკრაინამ გვცნო, რეზო ჭეიშვილმაც გაიხსენა და გაზეთ „მოწამეთაში“ გამოაქვეყნა.
ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ერთმანეთს მენშევიკი კალისტრატე ჩიკვაიძე და გაღატაკებული აზნაური სერგია ერისთავი შეხვდნენ.
- ბიჭო, პორტუგალიამ და ერთა ლიგამ გვცნო, - მიახარა მეგობარს კალისტრატემ.
- მაგ „ცნობა“ იცი რას გავს? - შენ რომ რაიონს მიჰქონდე და მე რომ ხიდის თავიდან გეძახოდე: „გიცანი, კალისტრატე, გიცანი!“-მეთქი.
![]() |
8 ქალაქი გლდანი |
▲ზევით დაბრუნება |
წერილი გლდანიდან
ავტორი, ფოტო: სალომე ჯაში
გლდანის შესასვლელში სანზონიდან გადმოსულ ხიდებს რომ გასცდები, მარცხნივ, აღმართს უნდა დაადგე. სერიოზული აღმართია. მანქანით თუ ხარ და გაჩერება მოგიწია, ხელის მუხრუჭი უნდა ამოწიო და ისე დაძრა. ამ გორაკზე უამრავი ადამიანი ადის. შთამბეჭდავია. მოხრილები დიდ ნაბიჯებს ადგამენ, მოხრილ მუხლს ხელით ეყრდნობიან, ძალას ატანენ და გორაკზე მაღლა ასასვლელად შემდეგ ნაბიჯს ასე აკეთებენ. ხალხი ბევრია. შესამჩნევად ბევრი. ამ გორაკზე ასვლას იმხელა ძალისხმევა სჭირდება, რომ სერიოზული მოტივაცია უნდა გქონდეს.
გორაკის თავზე გლდანის გამგეობაა. ლიფტი მხოლოდ მე-5 და მე-6 სართულებზე ადის. მეექვსეზე, სულ ბოლო სართულზე, გამგებელი ზის, მეხუთეზე - მისი მოადგილეები. მათი ქვეშევრდომები ქვევით და ხალხი კი, იმათ ქვევით, ასე ვთქვათ, გორაკის ძირას. იერარქიის იდეა არქიტექტურული ხერხებით არის გამტკიცებული.
გლდანში ქუჩის სახელები მეორეხარისხოვანია და, თითქმის, არც არსებობს. ერთადერთი, იეღოველების შესაკრები სახლი დგას სოფელ გლდანისკენ, მორეტის ქუჩაზე. აქ ადგილმდებარეობას ციფრები აღნიშნავენ. I, Iა, II, III, IIIა, IV, V, VI, VII და VIII მიკრორაიონები ჰორიზონტალური სივრცეებია, კორპუსების ნომრები კი - ვერტიკალური. მთელი გლდანი შეიძლება მხოლოდ ფეხით და ლიფტით მოიარო, იმიტომ რომ 300 ათასი ადამიანი აქ მასიურად ვერტიკალურად ცხოვრობს.
გლდანში თითქმის იმდენივე ამომრჩეველია რეგისტრირებული, რამდენიც ქუთაისში. გლდანი დიდია. აქ არის ერთი სახელმწიფო თეატრი, ახმეტელის სახელობის თეატრი; ერთი კინოთეატრი - ახმეტელის კინოთეატრი, რომელსაც ახლა არემონტებენ; ერთი დიდი ციხე, ყველაზე დიდი ციხე საქართველოში; ერთი ნაგავსაყრელი; ერთიც - ვარდების რევოლუციის სახელობის ატრაქციონების პარკი, ვარდების რევოლუციის სახელობის; კლუბი „დალოუდი“, რომელიც ახლა დახურულია; სამი ეკლესია, ერთიც მშენებარე; 518 საცხოვრებელი კორპუსი და 5092 ქუჩის ელექტრონათურა. გლდანი განათებულია და გზებიც ბევრგანაა დაგებული. გლდანს მიხეილ სააკაშვილი უყურებს, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ ქალაქებს, ბილბორდებიდან.
გლდანში ცხოვრებისას სიტყვა „ბრონქსი“ სამი ადამიანისგან მოვისმინე, „ჩვენთან ბრონქსი არ არის“ - ასეთ კონტექსტში. თუმცა, გამგეობის ვიზუალურ იერარქიას თუ არ ჩავთვლი, თანასწორობის ამბავში გლდანი ბრონქსს ჰგავს და, ამ მხრივ, ყველაზე წინ წასული უბანია თბილისში, როგორც ცენტრში იტყვიან, „პრადვინუტი გლდანში სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბევრი ადამიანი ცხოვრობს. გლდანელები უცხოებს ადვილად იღებენ. გახსნილები არიან. აქ ყველა თანაბარია. არავინ ჩაგრავს ჩამოსულს. თუ ვინმე უცბად გაიქაჩა და ქედმაღლობა მოინდობა, მაინც ძმაკაცივით ელაპარაკებიან. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც საერთოდ შეხება არ აქვთ დანარჩენ გლდანელებთან. ისინი დილით ტოვებენ გლდანს და საღამოს ბრუნდებიან. მოკლევადიანი დაკვირვებით, მუშაობენ უმეტესად ქალები, კაცები და ბიჭები ხშირად თამაშობენ დომინოს, ნარდს, ჯოკერს, დადიან ტოტალიზატორში და წრეებს ურტყამენ კორპუსებს.
ჩემი მისია გლდანზე სტატიის დაწერაა და ამისთვის გლდანში გადავსახლდი. მარტო ცხოვრებას მიჩვეული ვარ, მაგრამ გულის სიღრმეში მეშინოდა. ამ უბანზე გაგონილი კარგი არაფერი მქონდა და რეალურად, არც არაფერი ვიცოდი. არა, ვცდები. ვიცოდი ბასილ მკალავიშვილის და მისი ეკლესიის ისტორია და ვიცოდი, რომ გლდანში ინდურ ფილმებს აჩვენებდნენ. ასევე გაგონილი მქონდა, რომ დღესასწაულებისას რუსთაველზე ბევრი გლდანელი გამოდის ხოლმე. მაგრამ ეს ძალიან, ძალიან ცოტა და თან სტერეოტიპული ინფორმაციაა. იმისათვის, რომ ამ სტერეოტიპებს გავცდენოდი და მხოლოდ ფანჯრებიდან დანახულ უსახურ ხედად არ დარჩენილიყო ეს ურბანული მიკროსამყარო ჩემთვის, გლდანში ვიქირავე ბინა. უძრავი ქონების სააგენტო.
- 200 დოლარი.
- გათბობა არის?
- გაზია.
- გათბობა?
- არა, გაზია. - ამ ქალს ჰგონია, რომ აგურს დავდებ გაზქურაზე და ისე გავთბები. ეგეთები გავიარე და არ მაქვს სურვილი მივუბრუნდე, თუნდაც ერთი თვით.
- ცხელი წყალი?
- არაა.
- მმმ...
- ...
- რომელი სართულია?
- მეშვიდე.
- ლიფტი არის?
- არა, არა.
ოჰო, 200 დოლარი ბევრია ასეთი შესანიშნავი ბინისთვის. მეც მოვინდომე კომფორტი! თან ისიც დააყოლა, ვალტერის პარტნიორმა ქალმა, რომ „მე უნდა გადამიხადოთ კიდევ ქირის ნახევარი, შვილო“. ანუ ორასს პლიუს სადღაც ასი. ოთხმოცზეც თანახმა იყო. ასს მაკლერები იღებენო ბირჟაზე. არც ისე იაფი ყოფილა გლდანი.
- ჩვენთან ეგერ „ლას ვეგასია“, - ესე თქვა იმ ქალმა მაღალი ფასის გასამართლებლად. ცოტა გამეცინა, რა ლას ვეგასი მოუნდა ამ ქალს შუა გლდანში-მეთქი. არადა, ზუსტად სააგენტოს ძირას კაზინოა „ლას ვეგასი“ ფასადზე გამოსახული ბედნიერი, მოხდენილი ქალებით. უცხოური სამყაროს აპლიკაციაა ეს ფასადი.
იაფი ვარიანტების სანახავად ბირჟა გავიკითხე. უძრავი ქონების სააგენტოსგან მაკლერების ბირჟას ქუჩა, კიბეები და თეთრწითელი თონე-ჯიხური ჰყოფს.
- ბინებზე მუშაობთ? - ქალია შავებში.
- არა, ჩვენ ყიდვა გვინდა, ყიდვა.
მოშიშვლებული ადგილია. სწორი. გლდანის ერთი ცალმხრივი ქუჩიდან მეორე ცალმხრივ ქუჩამდე. ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანია შეყრილი. დგანან მარტო ან ორ-ორნი. ქალებიც არიან და კაცებიც.
- ქირა, ქირა... - ჩაიარა ვიღაც ქალმა ხმამაღლა შეძახილით.
ზოგი აქირავებს, ზოგი ყიდის. სხვები არ ვიცი. ძირითადად ეს ამბავია, გაყიდვა-გაქირავება.
- ცხელი წყალი არის? - ისევ იგივე...
- არა.
- ცხელი წყალი არის? - მეორე ქალი მოვიდა.
- ცხელი წყალი? ვერ გეტყვით, არ ვიცი.
- დავთარში იქექება. არ იცის ბინაში, რომელსაც აქირავებს (და რომელიც სხვისია), ცხელი წყალი არის თუ არა. მოკლედ, ვნახე ბინები, სადაც ცხელი წყალი არ არის და ერთიც, სადაც ან არის, ან არა.
- უწერია „კეთილმოწყობილი“. ესე იგი იქნება.
წავედით სანახავად. ბროკერს მარინა ჰქვია. გამხდარი ქალია. რვეულით ხელში.
- ეხლა შენ სხვა ხაზეიკასთან არ გაგიშვებდი, - მეუბნება მარინა, - ერთი გოგოს ადგილი აქვს. დიდი ხანია ვიცნობ და მაგიტომაც მიმყავხარ, რომ ვიცი, ვინც არის.
სახე მობილიზებული აქვს. მოძრაობა საქმიანი. თუმცა ბროკერობა მისი საქმე არ არის. ეს ორივემ ვიცით. გზად ყვება, როგორ ცივა ბირჟაზე, მაგრამ „იქით სასადილოა კარგი“.
ადგილს არა უშავს. გზისპირა კორპუსია. წინ ბაზრობის „კუდია“. რაღაც დეტალებს ყიდიან. უნიტაზსაც. აშკარად საიდანღაც მოხსნილი უნიტაზია. ძირს, სადაც ხრახნები უკეთდება, მკრთალი ლაქები აქვს. სხვაგანაც. თან მარტო უნიტაზია, ბაკის გარეშე. პირდაპირ გაქუცულ ბალახზე დგას და შიგნით წყალიც ასხია, ისე, როგორც ტუალეტებშია ხოლმე. ანუ ჩარეცხილი უნიტაზია, უბრალოდ, ბაკის გარეშე, გზის პირას გლდანის ცენტრალურ ნაწილში. არტია. Art.
„კეთილმოწყობილი“ ბინის კარი ქერად შეღებილმა ქალმა რომ გააღო, გაირკვა, რომ მასთან ცხელი წყალი არ მოდის (ანუ არ აქვს ატმორი და ბაკი), მაგრამ რამდენიც მინდა, იმდენი ვედრო შემიძლია გავაცხელო გაზქურაზე. აქ რატომ ეძებ ბინასო, მკითხა დიასახლისმა. უფ, არჩევნების ამბავიაო, მარინამ უთხრა. მე ვთქვი - არა, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. მაკლერი მარინა მოულოდნელად აღელდა. მოჰყვა, რომ ქმარი მოუკვდა, 33 წლის გოგო კი ნანგრევებში მოყვა და მას შემდეგ ვეღარ დადის, სახლშია. აფხაზეთიდან არიან. მერე მეორე ოთახში გავიდა და ბინიდან რომ გავდიოდი, თვითონ დარჩა, მოჭერილ მუჭაში სიგარეტის ღერი ეჭირა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ყველას, თითქმის ყველას, თავისი გასაჭირის ისტორია აქვს მოსაყოლი.
გლდანის ცენტრი მეტროს გარშემოა. „ლას ვეგასიც“ აქ არის და უამრავი ხალხი ირევა. მუდამ საცობია. ახალჩასული აქ თავს ყველაზე უსაფრთხოდ ვრძნობ და ბინაც აქ ვიქირავე, თუმცა, კომფორტი დავთმე. ვცხოვრობ მოხუც ქალთან ერთად მე-14 სართულზე, სადაც ცხელი წყალი არ მოდის და შეშის ღუმელი მათბობს. ძალიან მომწონს ჩემი საწოლი-ტახტი - ზედგამოჭრილი ჩემი მოხრილი ზურგისთვის.
პირველი, რაც თვალში მომხვდა, - გლდანში შესამჩნევად ბევრი სტომატოლოგიური კლინიკაა. მართლა ყოველი ფეხის ნაბიჯზე. გლდანში ბევრი ადამიანი ვაჭრობს. ზოგს პირდაპირ ქუჩაში აქვს გამოფენილი რაღაცები, ზოგსაც ჯიხური აქვს. მაგალითად, მუყაოს ყუთების ნაგლეჯებით აწყობილი ფარდული სავაჭრო ჯიხურია და მოხუცი ქალი ცხვირსახოცებით ვაჭრობს. იქვე, რომელიღაცა ყვითელი ჯიხურის გვერდით შეშის საშრობი დანადგარია, რომელზეც მობილურის ნომერია მიწერილი და ქვევით - „შაკო გამიცანი“. დევნილებიც ბევრი არიან - ათი ათასიო, დონერების შეხვევაში დახელოვნებულმა დევნილმა კაცმა მითხრა. მაგრამ, გლდანში მაინც სიცარიელეა. კი, ადამიანები დადიან, უამრავი შენობაა, სკვერი, მთელს უბანზე ისმის ვარდების რევოლუციის პარკიდან გამოსული მუსიკა, მაგრამ მაინც სიცარიელეა, ვაკუუმი. ძალიან დიდი რუტინა, რომელიც არსად არ მიდის, რომელიც სიცარიელეს ტოვებს. განცდაა, რომ აქ ან არაფერი ხდება, ან ჩუმად ხდება რაღაც დიდი.
იმ დღეს გაცნობის საიტზე შევედი. არ მკითხოთ რატომ, ისე, დამაინტერესა, რა მოხდა? ძალიან „ყვითელი“ საიტი იყო. ე.წ. pop-up-ები ხტებოდა წარწერით meet hot chicks in Tbilisi და ასევე, meet hot chicks in Gldani (ანუ: შეხვდი მიმზიდველ გოგონებს თბილისში/შეხვდი მიმზიდველ გოგონებს გლდანში). ადგილმდებარეობის სახელებს, ანუ თბილისს და გლდანს, დარეგისტრირებული მომხმარებლების მიხედვით აჩვენებდა. გლდანი ცალკე ქვეყანასავით იყო, ცალკე ქალაქივით იყო, ცალკე შტატივით. ანუ, გლდანელები რომ საიტებზე რეგისტრირდებიან, როგორც წესი, ადგილმდებარეობაში გლდანს უთითებენ (იშვიათად ვაკელებიც აკეთებენ ასე. სხვა უბნები არ შემხვედრია). გამოდის, რომ გლდანელებს განსაკუთრებულად ახასიათებთ საკუთარი იდენტურობა, მიკუთვნება რაღაც მიკროჯგუფთან; არა ეთნიკურ, არა რელიგიურ, არამედ უბნურ ჯგუფთან - გლდანთან. გლდანი, მართლაც, იმდენად მოშორებულია დანარჩენ თბილისს, რომ ცალკე, დამოუკიდებლად ვითარდება და კომუნიკაციის და გადაადგილების მოთხოვნილება, ჩემი დაკვირვებით, დაბალია.
თუმცა, არსებობს გამონაკლისიც. ის, რაც გლდანის ცენტრში გახსნილ ერთადერთ კაფეში მოვისმინე. იმ ორ ცალმხრივ ქუჩას შორის „ყავის სახლია“. გოგოების „სასტავი“ ცალკე ზის. ცალკე მოვიდა ბიჭების „სასტავი“. გოგოები ჩემს წინ სხედან. ბიჭები ჩემს გვერდით. გოგოებს ვუყურებ, იმიტომ, რომ იქ რაღაც საინტერესოს ჰყვებიან, ერთი ბიჭი კი მე მიყურებს, იმიტომ რომ მე მარტო ვარ. ამბავი კარგად ვერ გავიგე, მაგრამ გოგომ თქვა, რომ სთხოვეს, ცოლად გაყოლა. ბიჭი, ვინც სთხოვა, როგორც ჩანს, სლოვენიელია. მერე წავიდა გარჩევა, რა განსხვავებაა სლოვაკეთსა და სლოვენიას შორის. ამ გოგომ ჩუმად იტირა და ხშირი იყო სიტყვა სკაიპი. Skype.
„ქალაქი გლდანი“ სხვანაირი მეგონა. ჩემი უვიცობის გამო. მეგონა ბნელი და საშიში - დაღამებისას სახლში რომ უნდა შეიკეტო. რაც აქ ვცხოვრობ, ვხვდები, რომ ჩვეულებრივი უბანია. ერთი ეს არის, აქ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და ძალიან ცოტაა სხვა რამ. კი, არის კინოთეატრი, სადაც, მისი დირექტორის სურვილით, ინდურ ფილმებს უხვად უჩვენებენ. ეს ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ამერიკული ფილმების ჩვენება კინოთეატრში. თუმცა, კინოთეატრი რომ არა, აქ თავის შექცევის ცოტა საშუალებაა. გლდანში არ არის წიგნების მაღაზია. რამდენიმე წლის წინ ყოფილა და დაიხურა, ვერ იმუშავა. ახმეტელის თეატრში სპექტაკლის დღეს რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ აფიშა არასწორი იყო და სპექტაკლი იმ დღეს არ იქნებოდა. ერთი კაფეა, მგონი, სადაც თბილად დაჯდები. მოკლედ, გლდანში თავშეყრის რამდენიმე საშუალებაა: ტოტალიზატორი და სადარბაზო - ეს ორივე ბიჭებისთვის. კიდევ ბაზარი და ვარდების რევოლუციის პარკი - ერთი დიდებისთვის, მეორე პატარებისთვის.
მეც, გლდანში რომ ჩავედი, უბნის გაცნობა ვარდების რევოლუციის პარკით დავიწყე. აბსოლუტურად სტერეოტიპულად ის ავარჩიე, რაც ხმაურობდა და ანათებდა.
ვარდების რევოლუციის პარკი
- ვეღარ გავჩერდი! - გამოთქმით ამბობს ნატა, - სუნთქვა მეკვრებოდა. 12-ზე მივედი ზუსტად და ვეღარ გავჩერდი! - აღშფოთებულია და ისე ლაპარაკობს, თითქოს რაღაცაზე ხელი ჩაიქნია. საჩუქრებს რომ არიგებდა სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული თოვლის ბაბუა, იმაზე ამბობს. ნატა პატარა გოგოა, ალბათ მე-7 კლასელი. ამბობს, რომ სურს ისწავლოს საბანკო საქმე. ვარდების რევოლუციის პარკში ჭორფლიან მეგობართან ერთად არის მოსული, მე-6 კლასელ დათოსთან. მარტოები არიან და ჭკვიანურად იქცევიან.
თან, რაღაც ლარიანი სათამაშოები იყოო, დათოც აჰყვა, და მაგაზე უნდა მივიდეთო?! უბრალოდ, ხალხში რიგში დრომა არ უნდათ. საჩუქრების მისაღებად მთელი გლდანის ბავშვები მივიდნენ.
საახალწლოდ ვარდების რევოლუციის პარკში აგებულ მინი სვანურ კოშკში მართლაც იჯდა თოვლის ბაბუა და მართლაც არიგებდა სათამაშოებს. იმ კონკრეტულ დღეს თოვლის ბაბუას გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ორი სახის საჩუქარი ჰქონდა. პირველი პისტოლეტი იყო. პისტოლეტს ტყვიებიც მოყვებოდა. რა თქმა უნდა, ეს პისტოლეტი სათამაშო იყო პატარა სათამაშო ტყვიებით. თოვლის ბაბუის მეორე „ლარიანი“ საახალწლო საჩუქარი პირველის ნამდვილი ბალანსი იყო - სათამაშო მანქანები წარწერით POLICE. ამ საჩუქრებით სახელმწიფო თოვლის ბაბუამ გლდანელ ბავშვებს უთხრა: „დიდი მადლობა პატრულს“ და „ვემსახურები საქართველოს!“ ზეპატრიოტული საახალწლო საჩუქრებისთვის, თანაც ასეთი ჰუმანურისთვის, პირადად მას დიდ მადლობას მოვახსენებ!
ვარდების რევოლუციის პარკი ვარდების რევოლუციის შემდეგ არის აშენებული. ამიტომაც ჰქვია ასე. ისიც გლდანის ორ მთავარ ცალმხრივ ქუჩას შორის მდებარეობს. ფერადი და ჯერ შეუღებავი საცხოვრებელი კორპუსების შუაგულში. პარკს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ამშვენებს. სულაც არაა ცუდი ადგილი. მუსიკა ხმამაღალია. პოპია. ოცამდე ბავშვი ერთად არის შექუჩებული და ცეკვავს. მთავარი მოცეკვავეები თეთრი ფუმფულა კანტებით გაწყობილ მოკლე წითელ კაბებში გამოწყობილი გოგონები არიან (ისე, დასავლური საახალწლო ფერები როგორი მეტაფორული შეიძლება იყოს ჩვენში...). მაღალქუსლიანი ჩექმები მათი ფორმის ნაწილია. ფეხი აქეთ, ფეხი იქით, ხელი მაღლა, ხელი განზე და ბავშვებიც ჰყვებიან. ერთ-ერთი გოგონა აქტიურობს, სულ იღიმის, შევარდება წრის შუაში, ბავშვები შემოეხვევიან - ესეც ცეკვის ნაწილია - მერე გამოვარდებიან უკან, ის გაღიმებული გოგოც თავის ადგილზე ბრუნდება და ენერგიულად განაგრძობს - ფეხი აქეთ, ფეხი იქით. ის ორი უფრო ზანტია. ცოტა ხანში, ტუალეტში სიგარეტის მოსაწევად მიდიან.
ნატა და ჭორფლიანი დათო ცხელ შოკოლადზე დავპატიჟე. მითხრეს, რომ მთელი დღეები ამ პარკში არიან. უფროსი ბიჭებიც მოდიოდნენ. სასაცილოა, რა მაგათი ადგილია. თვითონაც შესანიშნავად ხვდებიან, რომ მათი ადგილი სულაც არ არის საბავშვო ატრაქციონების გვერდით და ეს რომ გამოხატონ, ანუ თავი რომ დაიცვან, „ვაჟნობენ“. ისე იქცევიან, თითქოს, აი, აქვე ვიყავი და ისე შემოვიარეო. არც მხიარულობენ გარეგნულად. ტუჩის პირით იღიმიან დროდადრო და ამ დროს თავს გვერდით ატრიალებენ. ჩუმად, სერიოზულად „დვიჟენიობენ“. სხვა დროს რას აკეთებენ? - უნდა გავიგო.
- ხალხს კითხეთ უფრო. - ჭორფლიანმა დათომ მითხრა.
- თქვენ ხალხი არა ხართ?
- არა, ჩვენ ბავშვები ვართ, - ერთხმად თქვეს ბავშვებმა.
ბაზარი
თბილისში რომ უცხოელები ჩამოდიან, ბაზარში ითხოვენ ხოლმე წასვლას. ამერიკაში თუ მოხვდა ქართველი, პირველ რიგში, ალბათ, მეგა-მარკეტში შედის. მეც გლდანში ტურისტული დღე მოვიწყვე და გლდანის ბაზარი ვინახულე შორეული, განსხვავებული ქვეყნიდან ჩამოსული „უნახავივით“. ბაზარში არაფერი მიყიდია.
ძალიან, ძალიან თბილად ჩაცმული კაცი დიდი ღორის თავს პარსავს ერთჯერადი საპარსით. ფუუ, უმ ხორცს ვერ ვუყურებ. ბოსტნეულის განყოფილებაში მივდივარ. კარტოფილების და კომბოსტოების უკან საპარიკმახერო „გურიაა“, შიგნიდან ფერადი ნათურებით გაწყობილი და პალმებით მოხატული; პლასტმასის ვედროზე მიმაგრებული ონკანი და თეთრ ნაჭერ მოხვეული კლიენტი, რომელსაც პარიკმახერი თმას ლარ-ნახევრად კრეჭს.
ასობით ადამიანი ამ ბაზარში მთელ დღეებს ატარებს. წარმოიდგინე, სამსახური რომ გაქვს ეგეთი, დილით მიდიხარ ბაზარში და შებინდებისას ბრუნდები სახლში. და მთელი დღე თევზს ყიდი. მთელ დღეს დახლის მიღმა ატარებ და შენ წინ ასობით ადამიანი მოძრაობს. მოძრაობს, მოძრაობს, ხმაურობს, თევზს იწუნებს, ყიდულობს. გეჩხუბება. ან სხვა გამყიდველს ეჩხუბება. არავინ გიღიმის. რომელი მყიდველი გაგიღიმებს, გლდანში. სადაც ბევრი არ მუშაობს და სადაც ცხოვრებისეული მოთხოვნები დაბალია, ღიმილი ზედმეტი ფუფუნებაა. ფუფუნება რა შუაშია, ღიმილი საერთოდ ზედმეტია აქ.
თევზის გამყიდველებს ცეცხლი აქვთ დანთებული რკინის ურნაში. რადიოსავით ხმა აქვს ერთ კაცს. „ციგნების ახალი ბაზარი“ ჰქვია ამ ადგილს. მოხატვა მოდაშია. საპარიკმახერო „გურიის“ გვერდით მეწაღის ჯიხურს „სოხუმი“ აწერია, ზღვა და ასევე პალმები აქვს მიხატული. სადაც ხორცს ყიდიან, იქ წითელი ხარის თავია გამოსახული. კიდევ ერთ ადგილას, სადაც ასევე ხორცს ყიდიან, შავი ხარის თავია და წითლად ბეჭის დიდი ნაჭერი. სადღაც კიდევ მსმელი კაცი ყარაჩოღელია სიგარეტით პირში და თასით ხელში. შესასვლელში კედელზე ნახატია ძველი თბილისური მოტივებით და აწერია „მე ფიროსმა...“. ბოლო ორ ასოს განცხადება ფარავს.
გლდანის „ფიროსმანა“
ზოგი ამბობს, რომ გაიყინა. ზოგი ამბობს, რომ არა, არ გაყინულა, გული გაუსკდა. ყველა ამბობს, რომ სვამდა. რაც კი გლდანში ნახატებია, ჯიხურებსა და კედლებზე, მისი დახატული ყოფილა. უმეტესად მაინც ჯიხურებზე. ერთია, მაგალითად, გლდანის ბოლოში, ზედა მეშვიდეში, ჯიხურზე მხოლოდ საცვლებში „შემოსილი“ ქალია მიხატული. ძირითადად კი, ძველი თბილისის ქალაქური მოტივები და ცოტა ფიროსმანის თემაც აქვს გამოყენებული. ფიროსმანას ეძახდნენ.
ფიროსმანა აბრეშუმის (ფაბრიკის) საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ეს „კომუნალკაა“. ფიროსმანა და მეზობელი ვენერა სამზარეულოს და სამრეცხაოს იყოფდნენ.
- ბაბუამისს, დედის მხრიდან, მედუდუკეს, ინგლისში სამეფო კარზე აქვს დაკრული. - ვენერა მიყვება. დილის საარი დაუკრეს. მერე მატარებელში გაძარცვეს და მიღებული საჩუქარი წაართვეს...
საერთო საცხოვრებლის მესამე სართულის საერთო კარზე ქალია დახატული ჟესტით „შემობრძანდით“. ეს კარი ვენერას და ფიროსმანას საერთო ჰქონდათ.- ძალიან უყვარდა ჩე გევარა. აუუ, დაგიწყებდა ლაპარაკს... იმდენად უყვარდა ჩე გევარა... სამზარეულოში დაგვიხატა...
აბრეშუმის (ფაბრიკის) საერთო საცხოვრებლის მესამე სართულზე, იქ, სადაც, „სამზარეულო“ აწერია კარებს, ონკანების ზევით, მართლაც, დახატულია ჩე გევარას პორტრეტი, თუმცა, წითელი ფონის და წითელი ვარსკვლავის გარეშე.
ფიროსმანაზე წესიერად ვერავინ მითხრა სადაური იყო. არც გამიჩნდებოდა ეს კითხვა, თვითონ მეზობლებს უცნაური პასუხები რომ არ გაეცათ. საერთო საცხოვრებლის ეზოს ჯიხურში მომუშავე ქალი ამბობს, რომ ფიროსმანა გვარად ჯიქურაული იყო, ნოდარი ერქვა. მეზობელი ვენერა ამბობს, რომ გრიგორიევი იყო გვარად. ბებიის გვარზე გადასულა. ბუნებრივია, ქართველები უფრო კარგად გიღებენ, როდესაც ნამდვილი ქართული გვარი გაქვს, არა? თუმცა, ეთნიკურ ან კუთხურ ნიადაგზე დაპირისპირება გლდანში თითქმის არ არის. სამაგიეროდ, გლდანი ის ადგილია, სადაც მრავალფეროვნება არ უყვართ. აქ ყველაფერი ერთფეროვანია. ყველაფერი საერთო და ბაზისურია. დასკვნა, რომელიც გლდანში მოკლევადიანი გადაცხოვრებით გამოვიტანე ისაა, რომ აქ ნაკლებად გიჩნდება მრავალფეროვნების მოთხოვნილება. სრულიად საკმარისია ჭამა, ფიზიკური არსებობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, სულიერი არსებობის გაცნობიერება. კი, ყველა წაიწუწუნებს, რომ უჭირს, მაგრამ აქ მატერიალურ გაჭირვებაში არ არის საქმე. აქ მოთხოვნების არარსებობაა მთავარი - შეგუებული რუტინა და ზამთრის გადაგორება, რადგან ზაფხულში დროის გაყვანა უფრო მარტივია მზის ქვეშ, ჰაერზე.
ყოველთვის გლდანში ვერ ვრჩები. ვერ ჩავიკეტე იქ. ჩემი ცხოვრების წესი თავისკენ მქაჩავს და ცოტა პირობას ვტეხ. იქ არ ვარ კომფორტულად. საღამოს მარტო ვატარებ. დიასახლისი ხშირად შვილიშვილებთანაა წასული. ჩემი საცხოვრებელი სახლის - I მ/რ-ის მე-7 კორპ.-ის წინ ხეები პროპორციულადაა გადაჭრილი. ქუჩას, სადაც მანქანები დგება, მანქანის სადგომი ჰქვია. ზედამხედველი მეთვალყურეობს საღამოს 9-დან დილის 10-მდე. სადარბაზო ბნელია. მე-14 სართულზე ხის მორყეულ, ნაპრალებიან კარში უჯრებიანი ფურცლის ნაგლეჯი მხვდება გაჩხერილი. „ლალი დეიდა,“ წერია, „სასწრაფოდ გამომიტანე ფული 27 ლარი ბავშვი მყავს ძალიან ცუდად მეორედ არ ამომიყვანო იცოდე ლია“. არადა, წერილი ჩემთვის მეგონა. ეს „იცოდე“, აშკარად რაღაცას ნიშნავს. ჩემს ლალი დეიდას ვიღაცამ ბოლო გაფრთხილება მისცა...
ლალი დეიდა, თვითონ როგორც ყვება, 40 წლის წინ გლდანში გადმოასახლეს. ამბობს, რომ მანამადე ვერაზე ცხოვრობდა, მჟავანაძის სახლის პირდაპირ. მჟავანაძეს ჩემი სახლიც უნდოდაო (საკუთარი სახლი ჰქონდა, როგორც ამბობს) და ამიტომაც აქ გადმოგვასახლესო. ეს 40 წლის წინანდელი ამბავი გასული წლისას (იმედია, წლევანდელს აღარ) რაღაცით ჰგავს. გლდანში მაშინ ორი კორპუსი იდგა. მისი ერთოთახიანი ბინის ფანჯრიდან, საიდანაც შეშის ღუმელს პირი აქვს გაყოფილი, ახლა შესანიშნავი ხედი იშლება მიკროებზე და თოვლიან ბორცვებზე.
ფანჯრის ღრიჭოდან ცივი ჰაერი უბერავს. ვუზივარ ელექტროღუმელს, რომელიც ჩემი სახლიდან წავიღე შეშის ღუმელის ჩასანაცვლებლად. დღეს გლდანელი ბიჭები გავიცანი.…
გლდანელი ბიჭები
- წამო, პადიეზდში რა, აქ ცივა, ტო. - მივდივართ სადარბაზოში და იქ ვაბირჟავებთ. ჩემი კორპუსის „მაყურებელებს“ თუ არ ჩავთვლი, ზემხა პირველი ბიჭი იყო, ვისთანაც ურთიერთობა დავამყარე. ძემხა მწერალია. სადარბაზოც მისია და ვინც სადარბაზოში შეგვიპატიჟა, ისიც იმავე სადარბაზოელი ლევანია. მალე სხვებიც მოდიან. მათ შორის, დონკიც. ლიფტიდან ორმა ბიჭმა ძველი დაშლილი ტელევიზორები გამოათრია. ბირჟაზე თქვეს, რომ უნდა ჩააბარონ.
- მე კიდევ 24 საათი კრუგებს ვურტყამ ამ კორპუსს.... კიდევ რამდენი კრუგი უნდა დავარტყა, არ ვიცი,… რო წაიქცეს, - ამბობს დონკი. უბნელები იცინიან, დონკი მართლა სულ ამით არის დაკავებული, წრეებს ურტყამს თავის ვარდისფერ 16-სართულიანს V მიკროში. - საინტერესო იქნებოდა, აი, რომ მქონოდა დღეში 100-200 ლარი, ბე-ემ-ვე X-პიატი, 200 კვადრატულის ბინა მოწყობილი თბილისის ნებისმიერ კუთხეში, - ოცნებობს დონკი. აი, ეს ფრაზა „თბილისის ნებისმიერ... კუთხეში“ რაღაც უცნაურად ჟღერს და არგუმენტია იმისთვის, რომ გლდანი ქალაქია. გლდანში შიგნით არის ცალკე უბნები, ხოლო „ქვეყანა“ თბილისია თავისი კუთხეებით. გლდანიც ერთ-ერთი ასეთი კუთხეა. მაშინ გამოდის, რომ საქართველო სამყაროა. სამყაროს იქით კი... არ ვიცი, გარესამყარო? ან არა, საქართველოს გარეთ მისტიკაა!.. ბაგამუტი… („ჭორმა ბეგემოტზე არავიის უდაბნოებამდე მიაღწია, სადაც მისი სახე შეცვალეს და განადიდეს. არავიის მოსახლეობამ ის სპილოდან ან ჰიპოპოტამიდან თევზად აქცია, რომელიც უძირო ზღვაში ცურავდა; თევზს ხარი დაადგეს, ხარს - ლალის მთა, მთას - ანგელოზი, ანგელოზს - ექვსი ქვესკნელი, ქვესკნელს - დედამიწა, დედამიწას - შვიდი ზეცა“. ხორხე ლუის ბორხესი, „გამოგონილი არსებების წიგნი“, თავი „ბაგამუტი“.)
მართალი იყო ზემხა, როცა მითხრა, გლდანელები ხშირად საუბრობენ გამდიდრების იოლ ხერხებზეო. ამასობაში, ლევანმა ორჯერ აღნიშნა, რომ პოლიტიკაში უნდა წასვლა. რაღაც კოლეჯი აქვს დამთავრებული. უმაღლესი არაფერი და, აღმოჩნდა, რომ ბევრი ბიჭია გლდანში ასეთი. ბირჟაზე საუბრობენ, მაგრამ ეს არაარსებითი საუბრებია, სულ ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან. უკმაყოფილოც ამით თითქოს არავინაა.
ვერც იმას ვიტყვი, რომ კმაყოფილები არიან თავიანთი ბედით. მეტი ყოველთვის ყველას უნდა. მაგრამ მათ არ აწუხებთ ასეთი ყოფა. მოდი, ასე ვიტყვი, - არ აწუხებთ თავიანთი შინაგანი ყოფა. ჩემი შთაბეჭდილებით, ამ ბიჭებს სინდისი არ ქენჯნით, რომ არაფერზე არსებითზე არ ფიქრობენ. თუმცა, სიტყვა „არსებითის“ შინაარსი ჩემთვის ალბათ სხვაა და მათთვის სხვა.
ამ სადარბაზოში ცხოვრობს ზაქარაც, რომელიც, ახლა, ბირჟაზე არ დგას, სძინავს. ზაქარას მთელი დღე სძინავს, იღვიძებს საღამოს და მთელ ღამეს მარტო, კომპიუტერთან ატარებს. ასეთი ცხოვრების წესის მიზეზი ზამთრის გადაგორებაა. გვერდითა კორპუსში კი ქოთანა ცხოვრობს, რომელზეც ამბობენ, ორი წელია სახლიდან არ გამოსულა და სულ ფანჯრიდან იყურებაო. გლდანში ბიჭების ნაწილს პირადობის მოწმობა არ აქვს. უბრალოდ არასოდეს აუღიათ. არც დასჭირვებიათ - არც პირადობა, არც პასპორტი. გამოდის, რომ არც არსებობენ.
მწერალი ზემხაც ამავე ვარდისფერ თექვსმეტსართულიანში ცხოვრობს. მისი მუზა გლდანია. წერს მოთხრობებს. ზემხა ორივე მხარეს ხედავს და ორივე მხარე მოსწონს. გლდანიც და გარესამყაროც. უბნელ ბიჭებს წიგნებს ატენის ხოლმე. ხშირად მოჰყავს ციტატები სხვადასხვა ნაწარმოებებიდან. ქართული სახე აქვს. ქართული თმის ვარცხნილობა და ქართულად გაუპარსავი წვერი. ხალი ლოყაზე. ჰყავს პიდბული, რომელსაც ზაფხულობით სკოლის ეზოში სხვა პიდბულებთან აჩხუბებს. პიდბულების ჩხუბი გლდანში პოპულარულია.
- აქ მაგარი ტიპაჟები არიან, - ზემხა ამბობს.
ეტყობა კიდეც. რაც ზემხას მოთხრობები გადავიკითხე, მივხვდი, რომ აფასებს იმ ადგილს, სადაც ცხოვრობს. გლდანელი ბიჭები მაგარი სამუშაო მასალაა.
- თუ გინდა, რომ გლდანში ნაცნობი ნახო, ტოტალიზატორში უნდა ეძებო სადმე, - მიყვება ზემხა. - ერთადერთი სანერვიულო ტოტალიზატორია, წააგებ თუ მოიგებ. ტიპები ამ ერთი და იგივეთი ნევროზდებიან. ჩხუბებიც ამიტომ ხდება, სანერვიულო რომ ჰქონდეთ. განცდები საჭიროა. ესენი სუროგატულ განცდებს იქმნიან.
ზემხას თეორია მომწონს. ტიპები იმიტომ დადიან ტოტალიზატორში და იმიტომ ჩხუბობენ, რომ ცხოვრება გაიმრავალფეროვნონ, როგორმე სრულყოფილი გახადონ. მაგარია. ცხოვრების ილუზიის შესაქმნელად ორი ვარიანტი გაქვს: თუ ტოტალიზატორში წააგე - უკმაყოფილო ხარ და თუ მოიგე - კმაყოფილი. ესეც, იმ ერთი დღის შინაარსი.
თოვლიან ეზოში, 8-სართულიანის სადარბაზოსთან ვარდისფერ ბოტებში ჩაცმულ გოგოს მობილურ ტელეფონში „Last christmas I gave you my heart“-ის რემიქსი აქვს ჩართული. იქვე გოგოების ჯგუფი დგას. იცინიან, იპრანჭებიან. ისინიც სადარბაზოსთან აბირჟავებენ. შემდეგ დაირაზმნენ და ხმაურიანი მობილურით „ე, გოგო, ჩქარაა“ და „მოიცა, გოგო, მოვდივაარ“-ის ძახილით გაუყვნენ ატალახებული ქუჩისპირს, ბეტონის საბინაო კონსტრუქციების გასწვრივ. მგონი, ეს გარეგნული სიცარიელე უფრო მეტ განცდას იწვევს... ავთოს ამბავი, მაგალითად.
ავთოს ამბავი
ამ ტალახიანი ქუჩიდან უფრო ღრმად შიგნით რომ გადაუხვევ, საკუთარი სახლებია. ფარდულში კაცები შეყუჟულან, სვამენ და გარეთ დანთებულ ცეცხლს ელიან, რომ მინელდეს და ზედ უკვე შამფურზე აცმული სამწვადე ნაჭრები დააწყონ. პირდაპირ ავთო ცხოვრობს დედასთან ერთად.
- დიდი ხანია წასულია?
- 7 წელი.
ავთოს და საბერძნეთშია.
- რა სამსახური აქვს?
- დე, ეხლა სად მუშაობს?
- ბავშვს უვლის ოჯახში.
ავთოს ფოტოების მთელი დასტა გამოაქვს. მის დას მუქ ქერად აქვს შეღებილი თმები, ძმას ჰგავს და ყველა ფოტოზე იღიმის. ფოტოები უმეტესად სხვა ქართველებთან ერთად არის გადაღებული.
- რა ლამაზი ხედია! აქ ცხოვრობს?
- ჰო, მანდ ცხოვრობს, - პასუხობს ავთო.
მთავარი არ არის სად ცხოვრობს. მთავარია, რა ჰგონია. მთავარია ილუზია. მერე აღნიშნავ, რომ, აუ, გლდანში რომ ჩამოვა, რა ეშველება... რა განსხვავებაა გლდანს და ევროპას შორის? ევროპაშიც ხომ არის გარეუბნები? თან ბევრად უფრო ყრუ გარეუბნები. რით სჯობს ევროპული ქვეყნის გარეუბანი გლდანს? მგონი არაფრით, გარდა იმისა, რომ იქ სხვა ხალხი ცხოვრობს. არა, გლდანელებზე ცუდი წარმოდგენის არ ვარ. იქ უბრალოდ გარემოა სხვა და ოდნავ, უფრო მრავალფეროვანი აზროვნება. თუმცა, შეიძლება არც იყოს. მგონი, იმითი სჯობს, რომ აქედან ის ილუზიაა, აქ კი - რეალობა. და როდესაც ილუზია არსებობს, რეალობა ყოველთვის ცუდია. ან შეიძლება პირიქითაც, ცუდი რეალობა ილუზიის მიზეზია.
როგორ ცდილობენ ცუდი რეალობისგან დაღწევას, თუ ეს რეალობა მართლაც ცუდია? მითხრეს, რომ ერთი პერიოდი რეპი ძალიან პოპულარული იყო და რეპერების რამდენიმე ჯგუფიც იყო. იქამდეც მივიდა კონკურენცია, რომ „ცხოვრების ჯარისკაცები“ და „ხამურები“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს „თეთრი ღამის“ ყოფილმა წევრმა მითხრა, რომელმაც „თეთრი ღამის“ დაშლის შემდეგ „პატარა განგსტერები“ ჩამოაყალიბა. ორი ალბომი აქვთ გამოშვებული. ჯგუფის წევრების მოძებნაში ზემხა მეხმარება.
- ამ უბნელი ხარ? - ეკითხება ზემხა პატარა ბიჭს მე-8 მიკრორაიონში, მერვეში. შემდეგ რეპერებს კითხულობს, სად ცხოვრობენო.
- და რა არის ბიჭო? პრობლემაა რამე? - უბნელი ბიჭი ცოტა დაიძაბა.
კაცის მოძებნის სისტემა გავშიფრე. მანამდე, ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია. შეიძლება იმიტომ, რომ გოგო ვარ. ასეა თუ ისე, კაცის უბანში მოძებნა ვისწავლე. ეს ბიჭური ამბავია. წარმოიდგინე, ვიყავით მეხუთეში. გადავკვეთეთ ქუჩა, ცარიელი მიწა და ისევ ქუჩა და აღმოვჩნდით მერვეში. ეს უკვე სხვა უბანია. კორპუსი დაახლოებით ვიცით, რომელია და იქვე ბოდიალი დავიწყეთ. ზემხა მასზე უმცროს ბიჭებს არჩევს და ეკითხება უბნელ რეპერებზე. ჯერ ერთი ბიჭისგან გავიგეთ რომელი კორპუსი იყო, მეორისგან - სადარბაზო და მესამემ, ცოტა რომ დაიძაბა, სართული გვითხრა.
ავედით წარწერებით აჭრელებულ სადარბაზოში „პატარა განგსტერების“ ხელმძღვანელთან, დათოსთან, იგივე დანტესთან. მთელი ოჯახი - დედა, დეიდა და ბიძა შემოუსხდა დათოს, მის მეგობარ ზურას და ჩვენ. ანუ მე, ზემხა, ზემხას მეგობარი ირაკლი, დათო, ზურა, დათოს დედა, დეიდა და ბიძა (ასევე პუდელი დეზი) - ყველანი ვცდილობდით რეპზე გვესაუბრა. მერე დათომ ნათესავები გაყარა და სიტუაციაც შედარებით დალაგდა.
დათო (დანტე) თავშეკავებულია, დისტანციური, სერიოზული. აცვია გაშლილი ჯინსები, რუხი ჟაკეტი, შავი ქუდი ახურავს. ჩვეულებრივია. არაფერი განსაკუთრებულად რეპული. „თეთრი ღამის“ ფოტო მაჩვენა, ჯგუფის წევრები ბენდენებში და ჩაჩაჩულ ჯინსებში რომ არიან გამოწყობილნი და „რეპული“ პოზა აქვთ მიღებული. კლიპებშიც ეგეთები არიან, რეპულ ფორმაში, უბანში კი ჩვეულებრივები. დათო (დანტე) ჯგუფის ხელმძღვანელია და მუსიკალური კლიპების რეჟისორი. მიყვება, როგორ არ გაუშვეს ტელეარხებმა ერთი კლიპი სოციალურ თემაზე და ამაყობს იმით, რაც შეუქმნიათ.
- მოგვწონს რა, ეს ზანგური რაღაცეები. ბევრი ზანგის ისტორია გვაქვს წაკითხული. არ ვთვლით, რომ ისე უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ მოგვწონს, როგორც ცხოვრობდნენ. ერთი კლიპი მომეწონა. სიტყვები არ მახსოვს და ნაწილი ვერც გავიგე, მაგრამ თავისუფლებაზე იყო. დათო (დანტე) მეუბნება, რომ განგსტერებზეა კლიპი, მე კი ვფიქრობ, რომ თავისუფლებაზეა და განგსტერები აქ მეორეხარისხოვანია.
დანტე ჰყვება, რომ დიდად სიმღერა არ ეხერხებოდა, მაგრამ უნდოდა, რომ რამე გაეკეთებინა, ამიტომაც დაიწყო რეპერობა. არ მოსწონს 2PAC, მაგრამ მოსწონს როგორც ცხოვრობდა 2PAC პრინციპით „ზანგებო, მოდი, ჩვენი ადგილი ვიპოვოთ, როგორ თანავიცხოვროთ თეთრებთან“. 2PAC-ის ცხოვრების პრინციპებს და ისტორიას მიყვება დანტე გლდანში, თავის სახლში.
- ბრონქსი არ არის ჩვენთან უბანში. - საუბარია გლდანის მერვეზე, სადაც კორპუსი კორპუსს არის მიბჯენილი და სავაჭრო ჯიხურებს თუ არ ჩათვლი, მეტი არაფერია. მართლა იმდენჯერ ახსენეს გლდანში, თან ხაზგასმით, არა, აქ ნამდვილად არ არის ბრონქსიო, რომ ეტყობა აქ მართლაც არის რაღაც ბრონქსისეული.
რეპერი დათო მეუბნება - ჩვენ არ გვაინტერესებს გლდანში რა ხდება, იმიტომ, რომ გასართობად იქნება თუ შესაკრებად, გლდანიდან გავდივართ... გვაქვს ამოჩემებული ერთი დისკო ბარი. რუსთაველზეა...
დასცინიან გლდანელებს, მეტროს მხოლოდ ორი სადგური იციანო - „ახმეტელის თეატრი“ და „რუსთაველი“, გლდანელები კი ზედა მეშვიდელებს დასცინიან.
ზედა მეშვიდელები
ზედა მეშვიდელებზე მხოლოდ გადმოცემით ვიცი. ვიცი, რომ ეს განსაკუთრებით ჩაკეტილი უბანია გლდანში. ისინი მე-7 მიკრორაიონის ზედა ნაწილში ცხოვრობენ. გამიგია, რომ დილიდან სასმელზე ჩალიჩობენ. ასევე გამიგია, რომ მეტროსთან ჩასვლას რომ დააპირებენ, ტანსაცმელს იცვლიან და წვერს იპარსავენ.
- იცი, რამდენია, გლდანს რომ არ გასცდენია? - ეს ფრაზა დანტემაც მითხრა, ზემხამაც და კიდევ სხვებმაც. მერე დანტემ მომიყვა - ერთს ვიცნობ, გლდანიდან ვაკეში დადის წვერის გასაპარსად, იქ რატომ მიდიხარ-მეთქი და მეუბნება, მაინც ვაკეაო.
ზედა მეშვიდე ჩემთვის კიდევ დასამუშავებელ თემად რჩება და ჯერჯერობით რაც შემიძლია დავამატო, ისაა, რომ მეხუთესგან მეშვიდეს მხოლოდ ერთი ქუჩა ჰყოფს, მაგრამ მეხუთელებისთვის და ყველასთვის, გლდანში მეშვიდე მაინც განსაკუთრებით ჩაკეტილი და ყრუ უბანია, ისეთი, შებნელებულზე ღრმად შესვლას რომ უნდა მოერიდო.
SIYVARULI
ჩემს წინ დიდი საარჩევნო ბილბორდია, აღარ ვიტყვი ვისი. წყვილმა ჩაიარა. გოგო გაჩერდა, „საწყალი“ თქვა და წავიდნენ. ცოტა ხანში ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა, მობილურით ხელში.
- ეს ნომერი შეგიძლიათ ამომიშალოთ? - მეუბნება.
შევხედე. წერია Lia
- მთლიანად ამოვშალო კონტაქტებიდან?
- არა, დარეკილებიდან ამოშალე.
იმის გამო, რომ მობილურებში დიდად ვერ ვერკვევი, ვეუბნები, ამდენი არ ვიცი, შემიძლია კონტაქტებიდან ამოვშალო-მეთქი. დაფიქრდა.
- გაქვთ ცალკე ეს ნომერი?
- მოიცა. - საფულეს იღებს და ოთხად გაკეცილ პატარა ფურცელს ამოწმებს. - ჰო, ჰო, ამოშალე.
მეც ამოვშალე ნომერი კონტაქტებიდან და შემდეგ დარეკილ ზარებში შევედი, რომ გადამემოწმებინა, იქ დარჩენილი იყო თუ არა სახელი. აღმოჩნდა, რომ მარტო ნომერი ჩანდა სახელის გარეშე, მაგრამ მაინც მივაგენი წაშლას და ის დარეკილი ნომერიც წავშალე. მერე ჩამოვუყევი დარეკილებს, მაინც, შესამოწმებლად. ახლა უკვე ლიასთან აღარ, დარეკილი მხოლოდ ვინმე Ika-სთან და Siyvaruli-სთან იყო.
ბოლო ამბავი
კობა ახალგაზრდა მეცნიერია მოლეკულური ბიოლოგიის დარგში. დაცული აქვს დისერტაცია ტვინის ცილის თემაზე. როგორც მისი და ამბობს, კობა თავის კოლეგას ნობელის პრემიის მოპოვებაში დაეხმარა. მუშაობდა შვეიცარიაში, გერმანიაში და ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში. იკვლევდა, რამდენადაც სწორად გავიგე, მემბრანული ცილების ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსს. ბოლოს სახლში, გლდანში დაბრუნდა. კობა შარშან ზამთარში გავიცანი. გლდანში, კორპუსებს შორის ეზოში ვსაუბრობდით. მომიყვა, რომ მისი ცხოვრება და, საერთოდ, სამყარო ძირეულად შეცვალა 11 სექტემბრის ტერაქტმა. 11 სექტემბრის შემდეგ, ერთ კვირაში, ამერიკაში სამსახურიდან დაითხოვეს. კობას ვარაუდით, შესაძლოა იმიტომ, რომ უცხოელი იყო. მიზეზების ძიებაში მისი წარმოდგენა სამყაროს შესახებ მთლიანად შეიცვალა. ამბობს, რომ 11 სექტემბრის ამბები იყო კავშირი ღმერთთან. მან მეცნიერებას თავი დაანება და მითხრა, რომ რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკში მომხდარმა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურმა ტერაქტმა აჩვენა, რომ სულ სხვა რამ არის არსებითი - ის, რომ შეისწავლოს კავშირი ღმერთსა და 11 სექტემბერს შორის. მაშინ, ამ ამბავმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ პატარა მიკროსამყაროში, გლდანში, ვიღაც დიდ სამყაროზე სერიოზულად ფიქრობდა და 8, 14, 16-სართულიანი კორპუსების ეზოში მისი წარმოდგენების მიზეზი ისეთი მასშტაბური რამ იყო, როგორიც 11 სექტემბერია.
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში კობას დიაგნოზი დაუსვეს - ხანგრძლივი მოჩვენებითი ბოდვები.
![]() |
9 წასვლა სასახლიდან: ვაცლავ ჰაველი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ავტორი: დევიდ რემნიკი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
© პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნიუ-იორკერში“, 2003 წელს.
ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი ტოვებს პარლამენტის ყრილობას. პრაღა, 15.01.03.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე თავისი ბოლო სამუშაო დღე ვაცლავ ჰაველმა პრაღის სასახლეში გაატარა. ჯერ მოკლე გამოსამშვიდობებელი მიმართვა ჩაწერა, შემდეგ ჯორჯ ბუშის სატელეფონო ზარს უპასუხა. 13 წლის წინ ქვეყნის სათავეში ნათხოვარი, მოკლე შარვლით მოსულ ჰაველს ახლა საგანგებოდ მის ტანზე უზადოდ მორგებული ლურჯი ფერის კოსტიუმი და ქათქათა პერანგი ეცვა, პიჯაკს შიგნით ჰალსტუხი მოუჩანდა, რომელსაც ეტყობოდა, თავისი ვალი სამიტებსა თუ დაკრძალვის რიტუალებზე პირნათლად მოეხადა. კაბინეტში კვალიფიციურ მრჩეველთა გუნდი ფუსფუსებდა. სასახლის მსახურმა, რომელსაც მკლავზე თეთრი ხელსაწმენდი ჰქონდა გადაფენილი, თეთრი ღვინით სავსე ჭიქა შემოიტანა. მაღალი ფანჯრებიდან ოთახში მზის შუქი იფრქვეოდა, ჭაღების ციმციმი კი აზიურ ხალიჩებსა და ყვავილებს ეფინებოდა.
პრაღის სასახლის შემხედვარე ამერიკის პრეზიდენტი, ალბათ, გაკვირვებული აღმოაჩენდა, რომ აქაურობას თეთრი სახლის ელეგანტურობის დაჩრდილვაც შეეძლო. მაგრამ ეს ადგილი, ალბათ, ჯორჯ ბუშს კარგად ახსოვდა. პრაღის სასახლეს ის სულ რამდენიმე თვით ადრე ნატოს სამიტის ფარგლებში სტუმრობდა - ეს იყო ნატოს პირველი სამიტი ყოფილი „ვარშავის პაქტის“ დედაქალაქში. ბუშს, უსაფრთხოების მინისტრს დონალდ რამსფელდს, ათობით გენერალსა და პოლიტიკოსს, პრაღაში არა მხოლოდ სამუშაო შეხვედრები გაუმართეს, არამედ თეატრალური წარმოდგენები, რომელთა ორგანიზებასაც პირადად ჰაველი ხელმძღვანელობდა. ნატოელი სტუმრების წინაშე მსახიობებმა მე-18 საუკუნისდროინდელი ცეკვა შეასრულეს (გაპუდრული პარიკებითა და სქესობრივი აქტის გათამაშებით), რომელიც ვულგარული მოგეჩვენებოდა, სასაცილო რომ არ ყოფილიყო. შემდეგ სტუმრებმა მოისმინეს ხმამაღალი „სიხარულის ოდა“, მქუხარე „მარსელიეზა“ და ჯონ ლენონის Power to the People („ძალაუფლება ხალხს“).
- ვერაფერი გავიგე, - ამბობდა რამსფელდი სასადილო მაგიდასთან გადანაცვლებამდე, - ჩიკაგოდან ვარ და...
პრაღის სასახლე, 2004
როცა შანსი ჩამივარდა, ჰაველს ნატოს სამიტისთვის დადგმული წარმოდგენები ვუხსენე. გაეღიმა და მითხრა: „არ მინდოდა, ეს სამიტი გენერლებისა და პოლიტიკოსების მორიგ შეხვედრას დამსგავსებოდა, ამიტომ, წარმოდგენა თავად დავდგი. საბალეტო დადგმაში მოქმედება ცენტრალურ ევროპაში ხდებოდა, მიდიოდა მოცარტის მუსიკის თანხლებით და ამერიკული გროტესკის ელემენტებით იყო გაჯერებული. ამით ხაზი გავუსვი შეხვედრის ევრო-ატლანტიკურ ხასიათს. ამიტომ, შეიძლება, ისეთი წარმოდგენა გამოვიდა, ბატონმა რამსფელდმა და კიდევ რამდენიმე სხვამ რომ ვერ აიტანა“.
მოუქნელი და ოდნავ მორცხვი ჰაველი ბუნებით ლიდერია. ორმოცდარაღაც წლის წინ საქმიანობა სცენის მუშობითა და პიესების წერით დაიწყო. იყო ბეკეტისა და იონესკოს, ანუ აბსურდის თეატრალთა დიდი თაყვანისმცემელი. აბსურდულობის განცდა მის ცხოვრებაზეც ვრცელდება. თანამედროვე მოღვაწეთაგან არავის აქვს უფრო დაუჯერებელი და უცნაური და ამავდროულად, დრამატურგიულად უფრო თანმიმდევრული ბიოგრაფია. მილან კუნდერა წერს: ჰაველისთანა ცხოვრება იშვიათად აქვთ, ის ხელოვნების ნიმუშს ჰგავს და „სრულყოფილი კომპოზიციური ჰარმონიის განცდას“ აღძრავს. წარმოიდგინეთ: ბურჟუა ბიჭი უცებ ბოჰემური დრამატურგი ხდება; შემდეგ დისიდენტად იქცევა და ძირგამომთხრელი ესეების წერისა და ძირგამომთხრელი მოძრაობა „ქარტია 77“-ის შექმნაში მონაწილეობისთვის რეჟიმი აიძულებს, აყროლებულ ჩეხურ ციხეში შედუღების „ხელოვნებას“ დაეუფლოს; 1989 წლის ნოემბრის ბოლოს სიტუაცია ფეთქდება და ჰაველი ვაცლავის მოედანზე უკვე დემონსტრაციებს ლიდერობს, ქუჩაში ასობით ათასი ადამიანია გამოსული და ერთხმად ყვირის: „Havel na hrad!“ („ჰაველი სასახლისკენ!“); რამდენიმე დღეში ჰაველი უკვე ქვეყნის სათავეშია და მთის წვერზე წამოჭიმულ იმავე სასახლეში გადადის სამუშაოდ, რომელიც წარსულში ბოჰემური სამეფოს დინასტიების, ჰაბსბურგის მონარქიის, ბერლინის ემისრების თუ კრემლის სატრაპების სამფლობელო იყო.
აჯანყების დროს, რომელიც მალევე ხავერდოვან რევოლუციად მოინათლა, და აჯანყებიდან ცოტა ხნის შემდეგაც, ქალაქის კედლებს ამშვენებდა გრაფიტი წარწერით: „Havel je Kral“ - „ჰაველი მეფეა“. მეფე შეეცადა, თავისი სასახლისთვის იდუმალების საბურველი მოეშორებინა. ფილმ „ამადეუსის“ კოსტიუმების მხატვარს სასახლის მცველებისთვის წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი უნიფორმები შეუკვეთა (კომუნისტური ეპოქის მცველებს ხაკისფერი ეცვათ). თავად კი, არაფრით ჩაიცვა თავისი მეგობრის პრინც კარელ შვარცენბერგერის მიერ მოტანილი პიჯაკები. „ამ ტანსაცმლის ტარება არ შემიძლია, ჟიგოლოს დავემსგავსები“. ისევ ძველებურად ეცვა ჯინსი და სვიტერი და სასახლის ჰოლებში სკუტერს დააქროლებდა. მალევე ეზოში „დემოკრატიის ფესტივალი“ გამართა, სანამ სტუმრებს ჟონგლიორები და მიმები ართობდნენ, ჰაველი დარბაზებში დადიოდა, „პილზნერს“ სვამდა და სტუმრებს ესალმებოდა. მოგვიანებით, როცა შენიშნა, რომ მოოქროვილ „ესპანურ დარბაზში“ დრომოჭმული ჭაღები ეკიდა, სასახლის ხშირმა სტუმრებმა - მიკ ჯაგერმა და ქით რიჩარდსმა გადაიხადეს თანხა ახალი ჭაღების შესაძენად. ჰაველს კვირების განმავლობაში გადაჰყავდა ჭკუიდან სასახლის მომსახურე პერსონალი, როცა პულტით შეიარაღებული დადიოდა ფლიგელებში და მაიმუნობდა - ხან აანთებდა სინათლეებს, ხან ჩააქრობდა.
„როცა პირველად ვესტუმრე სასახლეს, ბევრი დეტალი აბსურდულად მეჩვენა“, - მითხრა ჰაველმა საკუთარ კაბინეტში. სახეზე ცბიერმა, „წარმოგიდგენია“ - ტიპის ღიმილმა გადაურბინა: „მაგალითად, პირველ დღეს შევნიშნეთ, რომ ახლა სადაც ვსხედვართ, ამ ოთახის მეზობლად იყო სამი დარბაზი, სადაც შესვლა არ შეგვეძლო. როცა, ბოლოს და ბოლოს, შიგნით შევაღწიეთ, იქ საკონტაქტო მოწყობილობა აღმოვაჩინეთ, რომლითაც ვარშავის პაქტის ქვეყნებს უკავშირდებოდი. ეს დანადგარი მიხეილ გორბაჩოვისთვის საახალწლო მილოცვის გასაგზავნად გამოვიყენეთ. მოგვიანებით, კონფიდენციალური წყაროებისგან შევიტყვე, რომ კგბ-ს ხელმძღვანელი ვლადიმირ კრიუჩკოვი დიდად არ აღფრთოვანებულა ჩვენი აღმოჩენით“.
ჰაველის აღმასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხავერდოვანი რევოლუციის ეიფორია თანდათან ჩაცხრა. ზამთრის დღეების, თეატრალიზებული პრესკონფერენციების და ქუჩის დემონსტრაციების პოეზია დანგრეული ქვეყნის მმართველობის პროზით შეიცვალა. არავითარი სკუტერებით ქროლვა და სასახლიდან ახლომდებარე პაბში ლუდის დასალევად გაპარვა. ჰაველმა აღიარა, რომ „შინაგანი სიცარიელე და უღონობა“ დაეუფლა. გაიაზრა, რომ დისიდენტობა და ქვეყნის მართვა ერთმანეთს სულაც არ ჰგავდა. „ამ განცდას საფუძვლად, ცხადია, აბსურდის შეგრძნება ედო: რას იგრძნობდა სიზიფე, ერთ მშვენიერ დღეს მთის წვერზე აგორებული ქვა უკან რომ აღარ ჩამოგორებულიყო?“, - მიმართა ჰაველმა ზალცბურგში შეკრებილ პუბლიკას, - „მე რაც მჭირდა, იყო სიზიფეს მსგავსი მღელვარება. სიზიფესი, რომელსაც ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული, რომ შესაძლოა წარმატებისთვის მიეღწია; რომელმაც ძველი დანიშნულება უკვე ამოწურა, ახალი კი ჯერ კიდევ ვერ იპოვნა“.
ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი მიმართავს მომიტინგეებს. 1989
კუბელი ოპოზიციონერების მხარდამჭერი აქცია, 2005
ჰაველის წინამორბედები დიქტატორები იყვნენ, ამიტომ მას მოუხდა პრეზიდენტობა საკუთარ მაგალითზე ესწავლა. ის დაესესხა სხვათა გამოცდილებასაც, მათ შორის, ჰუმანიზმს, რომელიც ტომაშ გარიგ მასარიკს - ჩეხეთის პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტს ახასიათებდა და დაესესხა თავის მეგობარს, გერმანიის პრეზიდენტს რიხარდ ფონ ვაიცეკერს (ჩეხეთის მმართველობის მოდელი, ძირითადად, ომის შემდგომი დასავლეთ გერმანიის მოდელს ეფუძნება; საშინაო საქმეებში პრეზიდენტი მეორეა პრემიერ-მინისტრის შემდეგ, მაგრამ აქვს დიდი ძალაუფლება კადრების დანიშვნასა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში). დროდადრო, ეგონა, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური და ყალბი იყო. ახლობელი პრაღული ხმა, კაფკას ხმა, კი უმეორებდა სიბრძნეს, რომელიც პოლიციურ სახელმწიფოში გაზრდილ ნებისმიერ ადამიანს ინსტინქტში აქვს გადაზრდილი - ყველაფერი შეიძლება ისევე იოლად დასრულდეს, როგორც დაიწყო.
გაპრეზიდენტებიდან ექვსი თვის თავზე, იერუსალიმში, ებრაულ უნივერსიტეტში ჰაველმა გაოგნებულ პუბლიკას ამ სიტყვებით მიმართა: „ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ვიცი, რომ სულაც არ გამიკვირდება, შუა პრეზიდენტობის პერიოდში სასამართლოში რომ დამიბარონ და ბუნდოვანი რეპუტაციის მქონე ტრიბუნალის წინაშე გამასამართლონ, ანდა პირდაპირ ქვის სატეხში გადამიყვანონ ლოდების სამტვრევად. არც ის გამაოცებს, მოულოდნელად, ციხის საკანში რომ გამეღვიძოს, მერე კი მაგრად შეცბუნებულმა საკნის მეგობრებს გასული ექვსი თვის განმავლობაში თავს გადამხდარი ამბების მოყოლა დავუწყო. რაც უფრო დაბლა ვარ, მით უფრო შესაფერისი მეჩვენება ის ადგილი ჩემთვის; რაც უფრო მაღლა ვარ, მით უფრო ძლიერია ეჭვი იმისა, რომ რაღაც შეცდომა მოხდა“.
პრეზიდენტობის 13 წლის განმავლობაში (თავიდან ჩეხოსლოვაკიის, მერე კი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ორ სახელმწიფოდ გაყოფის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე) მრჩევლები ჰაველს მუდამ ერთსა და იმავეს ეხვეწებოდნენ, ამოეღო ან ცოტა შეერბილებინა პიროვნული ეჭვები საჯარო გამოსვლებში. რა გავლენას მოახდენდა ეს გამოსვლები ხალხზე, რომელიც გადაღლილი იყო თავისი ქვეყნის რადიკალური ტრანსფორმაციის მოლოდინით (წარმოიდგინეთ, ბუში ან ბლერი, შირაკი ან შრედერი ნაციონალურ მიმართვას წინა ღამის კოშმარის გახსენებით რომ იწყებდნენ). თუმცა, ჰაველის მიმართვები რედაქტირებას არ ექვემდებარებოდა. საპრეზიდენტო სიტყვა მის ხელთ დარჩენილი ერთადერთი ლიტერატურული ჟანრი იყო, ყველაზე პირდაპირი საშუალება, გამოეხატა არა მხოლოდ პირადი გრძნობები, არამედ გამორჩეულად ადამიანური პოლიტიკის სულისკვეთება. ამ პოლიტიკის გატარება კი, ჰაველს, არაადამიანური იდეოლოგიის ათწლოვანი მმართველობის შემდეგ, განსაკუთრებით სურდა. „ზოგიერთ მრჩეველს მისი შეჩერება სურდა, მაგრამ ამ საჯარო მიმართვებს ჰაველისთვის თერაპიული მნიშვნელობა ჰქონდა“, - მითხრა ჰაველის უახლოესმა მრჩეველმა ვლადიმირ ჰანზელმა. და მაინც, ხანდახან, ჰაველი პრეზიდენტზე მეტად ჰგავდა კაფკას, რომელიც საზოგადოებას საკუთარ დღიურებს უკითხავდა და თანმდევ ჩვენებებს უზიარებდა:
„სახეზეა საერთო გაუცხოების ძლიერი განცდა... აუტანელი წნეხის განცდა, ქრონიკული სურვილი სხვების წინაშე თავი ვიმართლო, თავი დავიცვა; გარემოებათა მიუღწევადი თანმიმდევრულობისკენ სწრაფვა, სწრაფვა, რომელიც კიდევ უფრო მძაფრდება, რაც უფრო მყიფე ხდება ნიადაგი ფეხქვეშ... ყველაფერი, რაც გზად მხვდება, ჯერ თავისი აბსურდული კუთხით წარმომიდგება. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს, ვიღაც ძლიერის უკან მივჩანჩალებ, თავდაჯერებული და ძლიერი მამაკაცების უკან, რომელთაც ვერასდროს დავეწევი, რომ აღარაფერი ვთქვა მათთან მსგავსებაზე. სულ უფრო მეტად მძულს საკუთარი თავი და მხოლოდ დაცინვას ვიმსახურებ“.
ელიზაბეტ II და ვაცლავ ჰაველი, ბრნო , 1996
ვაცლავ ჰაველის ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში, თეთრი სახლი, 1998
ვაცლავ ჰაველი და იტალიის პრემიერ-მინისტრი, მასიმო დ'ალემა პრაღის სასახლეში, 1999
ვაცლავ ჰაველი მეორე ცოლთან, დაგმართან ერთად, პრაღა, 2003
ჰაველი პოლონეთის პრეზიდენტ ალექსანდრე კვასნევსკისთან ერთად ქალაქ ნაჩოდში, 1996
პოლიტიკური ჭორები, პოლიტიკურ ჟურნალიზმს რომ თავი დავანებოთ, ვერ იტანს ერთფეროვნებას. ჰაველის პრეზიდენტობის ბოლო დღეებიც პრაღელი მესვეტე-პუბლიცისტებისა და პარლამენტარების გარჩევის პოპულარული საგანი გახდა და თან იმდენ ხანს, რომ ვიღაცებმა დაიჯერეს კიდეც, რომ ჰაველი „მიხაილ გორბაჩოვს ჰგავდა“ - ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფიგურას, რომელმაც ხალხის კეთილგანწყობით და სტუმართმოყვარეობით ისარგებლა და დაგეგმილზე მეტ ხანს დარჩა. ფიგურას, რომელიც კვლავაც პოპულარული იყო საზღვარგარეთ, მაგრამ სამშობლოში - უკვე აღარ. გორბაჩოვის შემთხვევაში ეს მართლაც ასე იყო. 1991 წლის შობის ღამეს, როცა მან პრეზიდენტის პოსტი დატოვა და ქვეყნის ბირთვული საიდუმლოებები თავის მტრულად განწყობილ მემკვიდრეს ბორის ელცინს გადასცა, მისი რეიტინგი მხოლოდ ერთნიშნა ციფრით გამოიხატებოდა. ჰაველის შემთხვევა კი განსხვავებულია. ქვეყნის სათავეში მოსვლისას მისი პოპულარობის რეიტინგი 80 პროცენტი იყო, და ახლა პოსტს 55-პროცენტიანი რეიტინგით ტოვებს. მსგავსი გამძლეობა გმირებშიც კი იშვიათია. 2000 წელს, „სოლიდარნოსტის“ ლიდერმა ლეხ ვალენსამ პოლონეთის პრეზიდენტობის პოსტზე კენჭი კიდევ ერთხელ იყარა. მან ხმათა სულ ერთი პროცენტი მოაგროვა.
თუმცა, ჰაველს ბევრი უკმაყოფილოც ჰყავს: პენსიონერებისა და შრომისუნარიანების „დაკარგული თაობა“, რომელთაც ვერც თავბრუდამხვევ კულტურულ ცვლილებებს გაუძლეს და ვერც გაძვირებულ ცხოვრებას; მემარცხენეები, რომელთაც ჯერაც ვერ გადაუტანიათ კომუნისტური იდეოლოგიის კრახი; მემარჯვენეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჰაველის ეკონომიკური აზროვნება დაუხვეწავი და ბუნდოვანია, მისი საჯარო გამოსვლები კი - გულუბრყვილო და მეტად ფილოსოფიური. ინტელექტუალთა ნაწილი ჰაველის რიტორიკაზეც ამახვილებდა ყურადღებას. სოციალური თეორეტიკოსის ერნესტ გელნერის აზრით, ჰაველის სიტყვები, რომ სიყვარული ამარცხებს ბოროტებას, აღფრთოვანებას იმსახურებს, მაგრამ უადგილო და აბსურდულია ამ რიტორიკის გამოყენება კომუნისტური რეჟიმის დამხობის ასახსნელად. გელნერი წერდა, რომ სწორედ ამ რბილი მიდგომის ბრალი იყო, რომ ძველი რეჟიმის წარმომადგენლები დაუსჯელები გადარჩნენ და ახალ ეკონომიკურ სისტემაშიც არ დაიკარგნენ. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ჰაველის მიმართ ფარული და უფრო პირადი წყენა ჰქონდათ. ერთ დილას, ფინჯან ყავაზე, თეატრის ერთ ხანდაზმულ დირექტორს შევხვდი. ეს 70 წელს გადაცილებული კაცი ჰაველს ახალგაზრდობიდანვე იცნობდა. ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ ჰაველი არ მოსწონდა, მაგრამ არა მისი ოფიციალური პოლიტიკის, არამედ მისი „მორალიზმის“ და მისი დაჟინებული მტკიცების გამო, რომ 1968 წლის აგვისტოში საბჭოელების შემოსვლის შემდეგ, ჩეხები რეჟიმთან გამკლავებას „სიმართლეში ცხოვრებით“ ცდილობდნენ. ახლაც კი, ამ ამბებიდან ბევრი წლის შემდეგ, ჰაველის სიწმინდე გულს უშხამავდა თეატრის დირექტორს. ეს იყო შენელებული მოქმედების და ზედმიწევნით პირადული წყენა. მოხუც კაცს ხელი არც „ქარტია 77“-ზე მოუწერია - ეს მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაბედა ეს, „დანარჩენებს, უბრალოდ, ცხოვრება უნდოდათ“, - მითხრა თეატრის დირექტორმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩეხებს არ შეხებიათ ის ვნებათაღელვა, რომელმაც რეგიონის უამრავი ქვეყანა, მათ შორის, იუგოსლავია და რუმინეთი წალეკა, გარდამავალი პერიოდი აქაც არ ყოფილა აბსოლუტურად მშვიდი. უფრო პირიქით. ჰაველის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩეხოსლოვაკია მაინც ორად გაიყო. ლუსტრაციის კამპანიაც - რომლის გამოც გარკვეულ პოსტებს ჩამოაშორეს ძველი რეჟიმის ჯაშუშები და სხვა დამნაშავეები - მტკივნეული და ჩახლართული პროცესი იყო. „რა საჭიროა ამდენი ხავერდი?“ - კითხვას სვამდნენ ერთნი. რატომ უნდა დაკომპლექტდეს საპრეზიდენტო გუნდი გამოუცდელი დისიდენტებითა და ემიგრანტებით და სამარცხვინო „კომკავშირლებით“? თუმცა, ჰაველი უნიკალური შემთხვევა აღმოჩნდა: მან არ ჩამოაყალიბა არც ძლიერი პარტია და მოძრაობა; მას ჰყავდა თაყვანისმცემლები, მრჩევლები, მაგრამ მემკვიდრე არ დაუტოვებია. მეტიც, როცა ჰაველმა პრეზიდენტის ოფისი დატოვა, პარლამენტი ვერაფრით შეთანხმდა მის შემცვლელზე.
ჰაველის მტრებს შორის ყველაზე სერიოზული და მოუშორებელი მტერი წლების განმავლობაში მისი პოლიტიკური ორეული, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაცლავ კლაუსი იყო. ათი წლის განმავლობაში მათი ურთიერთობა მუდამ პრაღული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ. კლაუსი ტექნოკრატი და ტეტჩერიზმის დამცველია, და უნდა ითქვას, რკინისაცაა და ქედმაღალიც. მას ყოველთვის აღიზიანებდა „სასახლეში ინტელექტუალთა“ მომრავლება და ჰაველს დანაშაულებდა - „ნახევრად სოციალისტი“ და „სახელმწიფო ძალაუფლებაზე“ შეყვარებული ხარო. 2001 წელს კლაუსმა ჰაველი ასე დაახასიათა: „არ მჯერა მისი სიტყვების, მისი ფასეულობების, მისი საქმის. არ მესმის მისი სამოქალაქო საზოგადოების. ჩემთვის ეს ცარიელი ფრაზაა... მასზე უფრო ელიტური მთელ ცხოვრებაში არავინ მინახავს. მე ჩვეულებრივი კაცი ვარ. ის კი არა“.
და მაინც, მსგავსი საგულისხმო გამონაკლისების გარდა, ყველა უყოყმანოდ აღიარებს ჰაველის მორალური და პოლიტიკური მიღწევების მასშტაბს, მის როლს ევროპის ახლებურად ფორმირებაში. ქვეყანას, რომელმაც თავისი საუკეთესო მოაზროვნეები დეპორტაციების, ჰოლოკოსტის, დევნის, ემიგრაციის და რეპრესიების გამო დაკარგა, ჰაველმა ჩეხური იდეალიზმისა და მომავლის განცდა დაუბრუნა. ჯერ დისიდენტის, შემდეგ კი, პრეზიდენტის რანგში ჰაველი აღმოჩნდა ჩეხეთის ყველაზე მკაფიო ხმა სამოქალაქო თავისუფლების და ადამიანის უფლებების აღდგენისა და საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივებისთვის; იმ დროს, როცა პოსტ-კომუნისტური აპათია და სიხარბე პიკს აღწევდა. ჰაველი იყო სცენარისტი და ესეისტი, რომელიც წერდა ისე, თითქოს, ცენზურა არც არსებობდა; და როცა ის გახდა პოლიტიკოსი, იქცეოდა ისე, თითქოს, მისი პატარა ქვეყნის პირდაპირი მისია ევროპაში ახალი წესრიგის დამყარება იყო. ჰაველის მორალური ავტორიტეტის და მორალური შარმის დამსახურება იყო ის, რომ საზოგადოებაზე უსაზღვრო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტონი ბლერი, ბილ კლინტონი, სხვა დიდი სახელმწიფოების ლიდერები - ჰაველი უდიდეს გავლენას თითოეულ მათგანზე ახდენდა. ნატოს კონცეფციის ახლებური განსაზღვრა და სწრაფი გაფართოებაც მეტწილად ჰაველის დამსახურება იყო.
ვაცლავ ჰაველი მეუღლესათან და ჰილარი კლინტონთან ერთად კაფე „სლავიაში“, 1998
ჰაველი ჩარლის ხიდზე, პრაღა, 2002
ჰაველი და შერონ სტოუნი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2005
. . .
ერთ დღეს ჰაველის გამოსამშვიდობებელ მიღებაზე სასახლეში მივედი. ესპანურ დარბაზში, „როლინგ სტოუნზის“ ნაჩუქარ ჭაღებქვეშ უამრავი ძველი და ახალი მრჩეველი ირეოდა. სვამდნენ ლუდს, სენდვიჩებს ილუკმებოდნენ და რიგ-რიგობით ემშვიდობებოდნენ ძველ ბოსს. ჰაველი ფოტოკამერების წინ პოზირებდა, ისმენდა რჩევებსა და კეთილ სურვილებს, ხან სახე უბრწყინავდა, ხანაც ისე იჭყანებოდა, როგორც სტომატოლოგის სკამზე. ჰაველი მორცხვი მამაკაცებისთვის დამახასიათებელ ქარიზმას ფლობს. უფრო ტანდაბალი ეთქმის, პატარა ხელები აქვს და თითებს პიჯაკის კიდეებზე მუდამ ნერვულად ათამაშებს. საუბრისას ან იატაკს ელაპარაკება, ან მხარზე გაშტერდებათ. ამიტომ, დღესაც, ჰაველთან საუბრისას, ყველა მისკენ იხრებოდა. მის ხუმრობებზეც ყველა იცინოდა.
იქვე ახლოს მიხაელ ზანტოვსკი - წლების განმავლობაში ჰაველის ერთ-ერთი უახლოესი კომპანიონი, შევნიშნე. ზანტოვსკიც დისიდენტი იყო, ვუდი ალენზე წიგნის ავტორი და რევოლუციის შემდეგ ჩეხეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ეს მეხუთე თუ მეექვსე გამოსამშვიდობებელი მიღებაა და წინ კიდევ ბევრი ასეთი გველის“, - მხიარულად მითხრა სალამის შემდეგ, - „ერთი გვქონდა, როგორც იტყვიან, კულუარული და იქ, რა თქმა უნდა, ყველა გამოთვრა“. შემდეგ დიპლომატმა ზეაწეული ტონით განაგრძო: “ჰაველის წასვლა ეპოქის დასასრულია, ეს გარდაქმნების დასასრულია, კიდევ ცვლილებებისა და დაბრკოლებების დასასრული, ახალი წამოწყებების დასასრულიც. იცით, რა მოხდება ამის შემდეგ? ჩვენ ვიქცევით ევროპის ერთ-ერთ რიგით ქვეყნად. შეიძლება, ცინიკური გეჩვენოთ, მაგრამ მაინც გეტყვით - ყველა ადამიანს და ყველა ქვეყანას თავისი ვარსკვლავის საათი აქვს, რომელიც შემდეგ ქრება. ეს ენდი უორჰოლის 15-წუთიან დიდებას ჰგავს. ჩვენთვის ასეთი პერიოდი ჰაველის პრეზიდენტობა იყო, განსაკუთრებით კი, მისი პირველი წლები. ვინ იცის, იქნებ, მსგავსი რამ მომავალში ისევ განმეორდეს. ახლა კი, ჩვენი ქვეყნის ხიბლი უკვე ბელგიისას და ნიდერლანდებისას აღარ აღემატება. ბრეხტმა თქვა ერთხელ: „უბედურია მიწა, რომელსაც გმირები სჭირდება“. იმედი მაქვს, გმირი აღარ დაგვჭირდება“, - თქვა ზანტოვსკიმ და დალია.
ვაცლავ კლაუსს, შეიძლება, არ მოსწონს ვაცლავ ჰაველი, მაგრამ მოტივიც აქვს: ჰაველი ნორმალური არ არის. „მხოლოდ ახლა ვიწყებ იმის გააზრებას, რომ ყველაფერი, რაც ჩემს თავს მოხდა, სინამდვილეში იყო დაწყევლილი მახე, რომელიც განგებამ დამიგო. ზღაპრების სამყაროში ერთ ღამეში დამატყვევეს“, - ეს სიტყვები ჰაველმა ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში, პრეზიდენტის რანგში ბოლო ვიზიტისას წარმოთქვა.
ვაცლავ ჰაველი 1936 წელს დაიბადა, ვიდრე ქვეყნის ნაცისტური ოკუპაცია მოხდებოდა, შემდეგ კი - კომუნისტური პუტჩი. მამა მდიდარი ბიზნესმენი ჰყავდა და მათ სახლში მუდამ კარგად ერუდირებული საზოგადოება იკრიბებოდა. ოჯახს ემსახურებოდა მზარეული, გუვერნანტი, მოახლე, მებაღე და მძღოლი. ცოლ-ქმარ ჰაველებს სურდათ, მათ ორ ვაჟს ვაცლავს და ივანეს ოქსფორდი თუ არა, ჰარვარდი მაინც დაემთავრებინათ. მანამდე კი ბიჭებს კერძო პანსიონში ასწავლიდნენ. როცა 1948 წელს ძალაუფლება კომუნისტებმა ჩაიგდეს, ჰაველებს მთელი ქონება ჩამოართვეს. ივანისა და ვაცლავისთანა ბურჟუა ბიჭებს პრესტიჟულ სკოლებში სწავლა აუკრძალეს. წლების შემდეგ ჰაველმა თქვა, რომ არა პუტჩი, მოვლენები მის ცხოვრებაში სულ სხვაგვარად განვითარდებოდა: ალბათ, გააგრძელებდა სწავლას უნივერსიტეტში, შეისწავლიდა ფილოსოფიას... მოისმენდა ლექციებს ლიტერატურის შესახებ და, განათლების მიღების შემდეგ, დაიწყებდა მდიდრული სპორტული მანქანით უდარდელად ქროლვას და თან ისე, რომ თითსაც არ გაანძრევდა ამ ფუფუნების დამსახურებულად მიღებისთვის.
ვაცლავ ჰაველი და უმბერტო ეკო, პრაღა, 2000
ფრაგმენტული ფორმალური განათლებით აღჭურვილი ჰაველი თეატრმა მიიზიდა. უფრო ზუსტად კი, თეატრმა ბალუსტრადაზე. ეს იყო ადგილი, სადაც მთელი არტისტული ბოჰემა იკრიბებოდა. ჰაველის ძმა, რომელიც დღეს მეცნიერია, ძმის იმდროინდელ გრძნობებს ასე ახასიათებს: „ჩემი ძმა უცებ დაინტერესდა ლიტერატურით, აღმოჩნდა საინტერესო ადამიანთა წრეში, მაგრამ თავისი ბურჟუაზიული წარმომავლობის გამო ის ყოველთვის უხერხულად და ოდნავ დამნაშავედაც კი გრძნობდა თავს. ლიტერატურულ წრეებში ვაცლავი, როგორც ბურჟუა, გამონაკლისი იყო და ყოველთვის რცხვენოდა ამის“.
ეს იყო 60-იანი წლების პრაღა - შედარებით უდარდელი ხანა და ჰაველიც იოლად შეეგუა ცხოვრების ახალ წესს: სიგარეტის კვამლში ჩაფლულ სამზარეულოებსა და კაფე „სლავიაში“ გამთენიამდე გაწელილი დისკუსიები, ლუდი და „ბეხეროვკა“, სასიყვარულო თავგადასავლები, იატაკქვეშეთში დაბეჭდილი მიმართვები და როკ-ენ-როლი. ჰაველის მუსიკალური გემოვნება „ველვეთ ანდერგრაუნდზე“ ვითარდებოდა და Plastic People of the Universe-მდე ვრცელდებოდა. 20-30 წლის ასაკში წერდა პიესებს - „ბაღის წვეულება“, „მემორანდუმი“ და „კონცენტრაციის გართულებული პრობლემა“. თითოეულ მათგანს მაყურებელი იღებდა, როგორც რეჟიმის ფარულ კრიტიკას, მისი მახრჩობელა „ავტომატიზმის“ (ეს ჰაველის საყვარელი ფრაზაა) და არაადამიანური ენის დაგმობას. ამ პიესების ნაწილი საზღვარგარეთ იდგმებოდა და ჩეხეთში კულტურული ლიბერალიზაციის მაგალითს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ჰაველის პიესები ე.წ „პრაღული გაზაფხულის“ - პოლიტიკური ლიბერალიზაციის პერიოდის ემბლემაც გახდა.
60-იანი წლების შუახანებში, ჰაველმა საშინლად გაუცრუა დედას იმედი და ცოლად ღარიბი, მაგრამ თავადური წარმომავლობის ოლგა სპლიჩალოვა შეირთო. 1996 წლამდე, სანამ ოლგა სიმსივნით გარდაიცვლებოდა, მეუღლის გვერდით იდგა და მის იდეალისტურ და მიმნდობ ბუნებას პრაგმატული გადაწყვეტილებებით აბალანსებდა. ოლგა ქმარს ზურგს მუდამ პრაქტიკული აზროვნებით უმაგრებდა და წლების განმავლობაში, როცა ჰაველს დევნიდნენ და აპატიმრებდნენ, ქმარს წუთითაც არ ტოვებდა. „ოლგა და მე ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. ის მუშათა კლასის წრეში გაზრდილი გოგოა, დამოუკიდებელი, საღად მოაზროვნე, არასენტიმენტალური, ბევრს ლაპარაკობს და ზოგჯერ აუტანელიცაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადვილად ვერ დააბოლებ... ოლგაში ზუსტად ის ვიპოვე, რაც მჭირდებოდა: ადამიანი, რომელიც ზუსტად უპასუხებდა ჩემს მენტალურ არასტაბილურობას, პრაგმატული კრიტიკით შეაფასებდა ჩემს ზოგჯერ გიჟურ იდეებს, არასდროს მომაკლებდა შინაურულ მხარდაჭერას ჩემი საგარეო თავგადასავლებისთვის“.
მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი პრაღაში შეიჭრა, ჩამოაგდო რეფორმატორი დუბჩეკი და დაამყარა უკომპრომისო „ნორმალიზაციის“ თითქმის ოცწლიანი პერიოდი, ჰაველის ნაშრომები აიკრძალა. თვითონ ჰაველი ოლგასთან ერთად საცხოვრებლად სოფლად გადავიდა. ცოლ-ქმარი თავიანთ სახლს „Hradecek“-ს ანუ „პატარა სასახლეს“ ეძახდა, ჰაველი კი თანდათან სრულუფლებიან დისიდენტად ყალიბდებოდა. „ბაღის წვეულებით“ გამოწვეული აღფრთოვანების შემდეგ, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩანდა. და, ალბათ, ჰაველის ჭეშმარიტ ტალანტზე უფრო ზედგამოჭრილიც. მწერალმა ივან კლიმამ ჰაველი ასე დამიხასიათა: „ჰაველი, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, პოლიტიკოსია. იმ დროსა და სივრცეში მისი პიესები დიდ მღელვარებას იწვევდა და დიდი მნიშვნელობითაც იყო დატვირთული, მაგრამ, თანდათან, ამ პიესებს შესაბამისი კონტექსტი ეცლება, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ“.
პიესებზე გაცილებით უფრო ამბიციური და გამძლეც ჰაველის პოლიტიკური გამოსვლები აღმოჩნდა, უფრო კონკრეტულად კი, “ღია წერილი კომუნისტური პარტიის ლიდერს გუსტავ ჰუსაკს და „ძალაწართმეულთა ძალაუფლება“. სწორედ ეს წერილები იქცა „ქარტია 77“-ის და მთელი ჩეხური ოპოზიციის ფუნდამენტურ კონცეფციად. ჰაველის პროზა იატაკქვეშეთისთვის დამახასიათებელი უამრავი მეთოდით ვრცელდებოდა: საბეჭდ მანქანაზე გადაბეჭდილი, ასლის გადამღები ფურცლით გადაწერილი, საზღვარგარეთ დაბეჭდილი და შემდეგ უკან, ქვეყანაში ფარულად შემოტანილი წიგნების სახით. პუბლიკა ამ წერილებს „რადიო თავისუფლების“ ეთერშიც ხშირად ისმენდა ხოლმე (შემდეგ, როცა პრეზიდენტი გახდა, ჰაველმა მთლიანი თანხა გაუსტუმრა RFE-ს, რითაც შესაძლებელი გახდა „რადიო თავისუფლების“ სტუდიები და ოფისები მიუნხენიდან მთლიანად ვაცლავის მოედანზე გადმოეტანათ).
თუ სოლჟენიცინი იმპერიის საზღვრებს შიგნით არსებული კომუნისტური რეპრესიების უდიდესი მოწმე იყო, ჰაველი ამავე რეჟიმის მორალის ყველაზე ძლიერი მკურნალი ექიმი გახლდათ. ივან ჰაველმა ასე მითხრა: „ჰაველმა ჰაერში დაიჭირა და გააერთიანა იდეები, რომლებიც, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ, მთელ ტოტალიტარულ სამყაროში იყო გავრცელებული“. თავის ორ ზემოხსენებულ ესეში ჰაველი აღწერს კომუნისტური რეჟიმის პირობებში ენტროპირებულ რეალობას, იმ ურიცხვ მეთოდს, რომელთა დახმარებითაც ადამიანები ყოველდღიურად ხდებოდნენ „ძალადობის, დაჩაგვრისა და მათრობელა ბანგის მსხვერპლნი“.
ცოტა ხნის წინ, ჰაველის სასახლეში სტუმრობისას, ვნახე, როგორ ალაგებდნენ ხელქვეითები ყუთებში მის ნივთებს, მათ შორის იყო კომუნისტური ეპოქის ტრაფარეტი, სლოვაკური წარწერით: „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!“ წერილში „ძალაწართმეულთა ძალაუფლება“ ჰაველი სწორედ ამ ტრაფარეტს ახსენებს. მკითხველს სთხოვს, წარმოიდგინოს სასურსათო მაღაზიის დირექტორი, რომელიც სტაფილოებსა და ხახვებს შორის კომუნისტურ ტრაფარეტს ამაგრებს:
„რას ეუბნება ეს კაცი თავისი ქცევით მსოფლიოს? ნუთუ მართლა გულწრფელი ენთუზიაზმით ეკიდება ის მსოფლიო პროლეტართა ერთობის იდეას? ...არა, ის ამას სჩადის მხოლოდ თავის გადარჩენის მიზნით. ლოზუნგის მაღაზიაში გამოკვრა მხოლოდ ერთი დეტალია იმ ათასობით მსგავს დეტალს შორის, რომლებიც ადამიანებს შედარებით მშვიდი ცხოვრების გარანტიით ავსებს“.
ჰაველი წერს, რომ ტოტალიტარული იდეოლოგიის მთავარი ძალა ფარდის ეფექტშია; ფარდის, „რომლის უკანაც ადამიანებს თავიანთი დაცემული ყოფის მიჩქმალვა შეუძლიათ, თავიანთი ბანალური, იაფფასიანი არსებობისა და სტატუს-კვოსთან შეგუებული რეალობის... ფარდის მიღმა სინამდვილეში მხოლოდ ტრანსპორტის სიგნალისა და საგზაო ნიშნების გროვაა, რომელიც პროცესს ფორმას და სტრუქტურას ანიჭებს. ეს მეტაფიზიკური წესრიგი ტოტალიტარული ძალაუფლების სტრუქტურას შინაგანი თანმიმდევრულობის გარანტიასაც აძლევს. ის წებოა, რომელიც ამ ყველაფერს ერთად იჭერს, ის დამაკავშირებელი პრინციპია, გარეგანი დისციპლინის მთავარი იარაღი“.
ჰაველისთვის დისიდენტობა ალტერნატიული პოლიტიკური იდეოლოგია არაა, ის უფრო ინდივიდის დაუღალავი და ჯიუტი მცდელობაა, შეინარჩუნოს ჰუმანურობა, განსაჯოს და იმოქმედოს გულწრფელად. 70-იანი წლების შუახანებში ჰაველს თავის გატანა ლუდსახდელში მუშაობით უწევდა. წერილში „ძალაწართმეულთა ძალაუფლება“ ის სწორედ ამ ლუდსახდელში მომხდარ ერთ შემთხვევას იხსნებს. ერთხელ, ერთმა რიგითმა მუშამ უფროსობას გააცნო საკუთარი იდეა, თუ როგორ გაეუმჯობესებინათ წარმოება. ის არც ინტელექტუალი იყო და არც პოლიტიკური მეამბოხე, ის იყო უბრალო მუშა, რომელსაც დაებადა იდეა, თუ როგორ გაეხადა ლუდის წარმოება უფრო ეფექტური. მაგრამ, მაშინდელი გაგებით, თავისი საქციელით უფროსები არად ჩააგდო, ამის მოთმენა კი არაფრით შეიძლებოდა. ამიტომ, ჰაველი წერდა, ძალიან ხშირად ნორმალურად ცხოვრება „იწყება მცდელობით შენი საქმე კარგად აკეთო და მთავრდება ხალხის მტრის იარლიყის მიკერებით“.
ასე მოექცა სისტემა ჰაველსაც. ის წერდა, რომ სისტემა ვერ იტანდა სულ უმნიშვნელო გამოწვევასაც კი, რადგან მისი არსებობა მთლიანად იყო დამოკიდებული ერთსულოვნების იდეაზე. ერთობა იყო გადარჩენის გზა. შედეგად, ჰაველმა იცოდა, რომ კარზე კაკუნი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, გაეგო. ამიტომ, ერთ-ერთი „სამიზდატის“ ინტერვიუში ამბობდა: „ჩემთვის შევკარი პატარა ჩანთა, რომელსაც საგანგებო შემთხვევებისთვის შედგენილ პაკეტს ვეძახი. ჩანთაში მიდევს სიგარეტები, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, საპონი, რამდენიმე წიგნი, მაისური, თაბახი, ბუასილის წამალი და კიდევ რამდენიმე წვრილმანი“. სახლიდან გამოსვლისას ეს ჩანთა ჰაველს მუდამ თან ჰქონდა.
და არცთუ უმიზეზოდ. 1979-89 წლებში ჰაველი რამდენჯერმე დააპატიმრეს. ყველაზე ხანგრძლივად ციხეში 1979 წლიდან 1983-მდე იჯდა. ამ ხნის განმავლობაში, ერთადერთი, რაც მძიმე მდგომარეობას უმსუბუქებდა, კვირაში ერთხელ ოლგასადმი გაგზავნილი წერილები იყო. ამ წერილებში ჰაველი ყველა საკითხს ეხება - წუწუნებს ბუასილზე და ოლგას სთხოვს, პასუხები უფრო მალ-მალე დაუბრუნოს, მსჯელობს ადამიანის არსზეც და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც. „წერილები ოლგას“ დღეს წიგნად არის გამოსული და ის ჰაველის ყველაზე პირადული გამოცემაა, ალბათ, ყველაზე საუკეთესოც. ჰაველი წერილებს საშინელი ზეწოლის ქვეშ წერდა. ყურადღებას არ ადუნებდა არც პრო-ნაცისტი მცველი, რომელიც წერილის თითოეულ სიტყვას გულდასმით ამოწმებდა, ავტორს ციხის გარეთ რამე გასაიდუმლოებული კოდი რომ არ გაეპარებინა. თავის წერილებს ჰაველი ყველაზე უკეთ სამრეცხაოში მუშაობისას მალავდა, „შავად ნაწერ თაბახებს მილიონობით გაუჩენელი ბავშვით დალაქავებული თეთრეულის გორებში ვმალავდი, შუადღის შესვენებაზე კი, მცველებისგან ფარულად, წერილს ვარედაქტირებდი“.
პატიმრის მონახულების უფლება მხოლოდ ოლგას და ივანს ჰქონდათ. პატიმართან მისვლა მათ წელიწადში ოთხჯერ ნახევარ-საათიანი ვიზიტით შეეძლოთ. როცა ივანს ამ ვიზიტებზე ვკითხე, მან სევდიანად ჩაიცინა: „მგონი, ციხეში უფრო ხშირად ვნახულობდი, ვიდრე ახლა“.
. . .
ჰაველის პრეზიდენტობის ბოლო გიჟური კვირის ერთ დღეს ნაციონალური თეატრის დარბაზში მის პატივსაცემად გალა-საღამო გაიმართა. პომპეზურ ღონისძიებაზე, რომელზე დასწრებაც მხოლოდ შავ ჰალსტუხსა და საღამოს სამოსში შეიძლებოდა, უამრავი ტელეკამერა აშუქებდა, სტუმრებს შორის კი მინისტრები და პოპ-ვარსკვლავებიც უხვად იყვნენ. თეატრში ირი პეჰესთან ერთად წავედი. ეს ყოფილი დისიდენტი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ჰაველის უახლოესი მრჩეველი გახდა. სწორედ პეჰემ მითხრა, რომ საღამოს ორგანიზება ჰაველის მეორე მეუღლეს დაგმარ ვესკრნოვას ეკუთვნოდა, რომელსაც ყველა უბრალოდ, დასას ეძახის. ოლგასგან განსხვავებით, ვისაც დისიდენტის სრულყოფილი სტატუსი ჰქონდა, დასა კინო და ტელემსახიობი გახლდათ. „ნორმალიზაციის“ პერიოდში შექსპირისა და სტრინდბერგის დადგმებშიც თამაშობდა, თუმცა, უფრო ხშირად საშუალო ხარისხის კომედიებში მონაწილეობდა. ერთხელ მკერდშიშველი ვამპირი ქალის როლიც შეასრულა. პეჰეს თქმით, გალა-საღამოს მუსიკალური გაფორმება საზოგადოებაში დიდ კამათს იწვევდა, რადგან სცენა ენდრიუ ლოიდ ვებერს ეთმობოდა და არა ჰაველის ფავორიტ მომღერლებს - ლუ რიდსა და ფრენკ ზაპას. პეჰე არ აზვიადებდა. რამდენჯერმე ისიც კი გავიფიქრე, ბობ ჰოუფის საშობაო დადგმის ჩაწერაზე ხომ არ მოვხვდი-მეთქი. დასას კარელ გოტიც კი დაეპატიჟებინა - ესტრადის ღიპიანი მომღერალი, რომელიც კომუნისტების ეპოქაში ძალიან პოპულარული იყო. ჰაველის რამდენიმე ძველმა მეგობარმა „ქარტია 77“-იდან საღამოს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. პრაღა პატარა რესპუბლიკის პატარა დედაქალაქია და ხშირად მისი პოლიტიკა სოფლის პოლიტიკას არ სცდება. ამიტომ ბევრმა ჩეხმა დღემდე ვერ აპატია წარსული კარელ გოტისთანა ფიგურებს, სხვებმა კი ჰაველს - დასას ცოლად შერთვა.
პეჰემ მითხრა: „ოლგა ჰაველისთვის პარტნიორზე მეტი იყო. ჰაველი ბოჰემურად ცხოვრობდა, დაუფიქრებლად, გიჟურად იქცეოდა, უამრავი სხვა ქალიც ჰყავდა, მაგრამ ყოველთვის უკან ბრუნდებოდა. ოლგა ძლიერი, მკაცრი მორალის მქონე ქალი იყო. რაღაც გაგებით ის ჰაველს პატარა ბიჭივით ეპყრობოდა. მას კი ასეთი დამოკიდებულება მოსწონდა, თითქოს სჭირდებოდა კიდეც, ოლგას მისთვის რაღაც მუდამ შეესწორებინა. როცა ოლგა გარდაიცვალა, ჰაველის სამყაროს ნახევარი თითქოს თავზე დაემხო. მეორე ცოლი ძალიან მალე შეირთოო - ასეთი იყო საზოგადოების მოკრძალებული აზრი“.
ჰაველი ფიქრობს, რომ დასამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. ჩეხეთის ციხეების ვეტერანსა და საშინელ მწეველს ხან ფილტვები აწუხებს, ხან სწორი ნაწლავის ანთება, ხანაც სხვა დაავადებები. ჰაველის მეგობარი, მწერალი ტიმოთი გერტონ ეში მეუბნებოდა: „ამ სამსახურში ყოფნისას ჰაველი ჯანმრთელობას საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას, თავი მთლიანად გადადებული ჰქონდა, რამდენჯერმე იდგა სიკვდილის პირას“, ყველაზე ახლოს კი - 1996 წელს. ექიმმა ჰაველის ფილტვებზე ჩრდილი შენიშნა და ფილტვების ანთებაზე უმკურნალა. თუმცა, პრეზიდენტს კვლავაც აწუხებდა მაღალი ტემპერატურა და გაორებული მხედველობა. ბოლოს, ექიმებმა დაასკვნეს, რომ მას სიმსივნე ჰქონდა და მარჯვენა ფილტვის ნახევარი ამოაჭრეს (ტელევიზიებმა კი აჩვენეს, თუ როგორ ეწეოდა სიგარეტს ჰაველი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან ერთად საოპერაციოში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე). დასამ დაითხოვა ექიმი, რომელსაც ჰაველს არასწორი დიაგნოზი დაუსვა (მაგრამ მან ასევე დაუქირავა ექიმბაში - რას ვიზამთ). თუმცა, კრიზისი ამით არ ამოიწურა. ჰაველის ბიოგრაფის ჯონ კინის გადმოცემით, ერთ დღეს ჰაველი ინტენსიური თერაპიის პალატაში დასამ ინახულა. სულზე მიუსწრო - ავადმყოფი იხრჩობოდა. დასამ ექიმებს დაუძახა და ჰაველი ძლივს გადაარჩინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, მათ იქორწინეს.
თუმცა, რადგანაც ოლგას იმიჯი საზოგადოებაში კვლავაც ცოცხლობდა, ჰაველი მიხვდა, რომ საჭირო იყო ერის წინაშე თავისი საქციელი აეხსნა. „გარდაცვალებამდე ოლგამ მითხრა, რომ მეორედ აუცილებლად უნდა მექორწინა. ეს მაშინ კატეგორიულად უარვყავი. მზად ვიყავი, სიცოცხლის ბოლომდე მარტო მეცხოვრა. ოლგა კი დაჟინებით მიმორებდა, რომ მე მარტო ცხოვრებას ვერ შევძლებდი და ეს არც უნდა გამეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ ოლგა მართალი იყო და ეს თვითონ ცხოვრებამ მაშინ მიჩვენა, როცა გამიმართლა და დასა გავიცანი“.
გალა-საღამოზე ჰაველი დასასთან ერთად საპრეზიდენტო ლოჟაში იჯდა და გაბადრული სახით დაჰყურებდა სცენას. აპლოდისმენტებსაც თითოეული გამომსვლელისთვის თანაბრად იმეტებდა. ტაში დაუკრა კარელ გოტსაც და ტაში დაუკრა ივან კრალსაც - ყოფილ პოლიტიკურ ემიგრანტს, რომელმაც Plastic People of the Universe-ის ბალადა და ფეთი სმითის Dancing Barefoot შეასრულა. თუმცა, ყველაზე მეტად ნასიამოვნები ჰაველი მაშინ ჩანდა, როცა სცენის კიდესთან დადგა მსახიობი და წაიკითხა ნაწყვეტი კომუნისტურ გაზეთ Rude Pravo-ში 25 წლის წინ დაბეჭდილი წერილიდან „ჩაძირულ გემზე დაღუპულნი და თვითდანიშნულნი“, რომელშიც სასტიკად იყვნენ დაგმობილნი „ქარტია 77“-ის ლიდერები. ამ წერილის გამოქვეყნებისას, პარტიის ლიდერმა გუსტავ ჰუსაკმა დამაჯერებლად იწინასწარმეტყველა, რომ „ქარტია 77“-ის მოძრაობა კრახით დამთავრდება, ხოლო ჰაველი და „ამ კამპანიის სხვა დაქირავებული მარიონეტები კარიერას ისტორიის სანაგვეზე დაასრულებენ“. ეს ყველაფერი ახლა მაშინდელი ეპოქის სულისკვეთებას ჰგავდა.
. . .
მეორე დღეს სასახლეში ოლდრიხ ჩერნის შევხვდი - ერთ სიტყვაძუნწ კაცს, რომელმაც სრულყოფილი ინგლისური იცოდა. წლების განმავლობაში ჩერნი ჩეხურად ახმოვანებდა ჰოლივუდურ ფილმებს. ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როცა „ბაღის წვეულება“ ნახა და პიესის ავტორთან შეხვედრა მოინდომა. ჰაველს მალევე დაუმეგობრდა და შემდეგ ხალისით ასრულებდა სხვადასხვა სახის დავალებებს რევოლუციის შუაგულში მდგომი კოალიციური გაერთიანება „სამოქალაქო ფორუმისთვის“. როცა ჰაველი პრეზიდენტი გახდა, უფროსი ჯორჯ ბუშის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა ჩეხეთის ახალ მთავრობას გადასცა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში შედგენილი ნაშრომი, სადაც თავმოყრილი იყო ამერიკელების მიერ შეგროვებული ყველა ცნობა კომუნისტური რეჟიმის უშიშროების შესახებ. ჰაველი ინგლისურ ენას სრულყოფილად ვერ ფლობს, ამიტომ დოკუმენტაციის თარგმნა ჩერნის სთხოვა. შემდეგ მეგობარს ნაციონალური უშიშროების დარგში მრჩევლის პოსტიც შესთავაზა. ჩვენი საუბრისას, როცა მის ამ თანამდებობაზე ჩამოვარდებოდა ხოლმე სიტყვა, ჩერნი სულ იღიმოდა და თან თითებით ჰაერში ირონიით სავსე ბრჭყალების ნიშანს ხაზავდა: „მთლად კონდოლისა რაისი ვერ ვიყავი“.
რევოლუციის შემდეგ „ტყეში გზააბნეული ბავშვებივით ვიყავით და მეც დასავლეთის დახმარების მოსაპოვებლად საზღვარგარეთ გავემგზავრე“ - მიამბო ჩერნიმ. ჩეხებს ნაციონალური უშიშროების სისტემის აღდგენაში ბრიტანული MI6 და ამერიკული CIA დაეხმარენ. პირველ რიგში, კი სისტემას კომუნისტური რეჟიმის დროინდელი ფუნქცია მოაშორეს - ყოფილიყო მთავრობის პირადი პოლიციური და შეიარაღებული ძალა. ახლაც, როცა ჩერნი სასახლიდან წლების წასულია, ამ პირველ სახელისუფლო ნაბიჯებს და პირველ ვიზიტს სასახლეში ვერაფრით ივიწყებს. სხვათა შორის, ამ შთაბეჭდილების ქვეშ არიან ჰაველის სხვა თანამებრძოლებიც: „არ დამავიწყდება ის უცნაური შეგრძნება, რაც ზღურბლზე გადმობიჯებისას დამეუფლა. აქაურობა მორთული იყო უგემოვნო კომუნისტურ სტილში. ყველგან იდგა დერმატინის უზარმაზარი სავარძლები, ზამთარში რომ უკანალებს გვიყინავდა, ზაფხულში კი შარვლებზე გვეკრობოდა“.
შემდეგ ძველი საზაფხულო რეზიდენციისკენ გავისეირნეთ. ეს იყო ორსართულიანი ვილა, რომელიც სასახლის ტერიტორიაზე იდგა.
„აქ ჰუსაკი ცხოვრობდა“, - მითხრა ჩერნიმ, როცა რეზიდენციის მცველს გვერდით ჩავუარეთ, - „გასაღები დღემდე მაქვს“.
ზევით ავედით. ჩერნი ოთახებს კედელ-კედელ დაუყვა და უცნაურად დაბალ ჭერზე თითებს ღონივრად უკაკუნებდა. თავისი საქციელი შემდეგ ასე ამიხსნა: „პირველად ამ სახლში რომ შემოვედით, შევნიშნე, რომ ჩემი მობილური ცუდად იჭერდა. შევამოწმეთ და გაირკვა, რომ ჰუსაკი პარანოიკი იყო - მთელი სახლის ჭერი ცემენტით გაუმაგრებია, ეტყობა, ეგონა, რომ ვიღაც ზევიდან რაკეტების დაშენას აპირებდა.
შემდეგ სარდაფში ჩავედით, სადაც ჰუსაკის ყველაზე საყვარელი გასართობი იმალებოდა - საცურაო აუზი ხელოვნური ტალღების წარმომქმნელი მოწყობილობით. „სხვათა შორის, კარგად ცურავდა“, - აღნიშნა ჩერნიმ.
პრეზიდენტობის პირველ ხანებში, სულ რამდენიმე თვე, ჰაველი ჰუსაკის რეზიდენციაში ცხოვრობდა. ეს მისთვის ნამდვილი ტანჯვა იყო: „მოულოდნელად აღმოვჩნდი პრივილეგიების, ექსკლუზიურობების, უპირატესობების და ვიპ ადამიანთა სამყაროში, რომელთაც ნელ-ნელა ავიწყდებათ, რა ღირს ტრამვაის ბილეთი და ერთი ბრიკეტი კარაქი, როგორ უნდა გაიკეთონ თავისთვის ყავა, როგორ მართონ მანქანა და აკრიფონ ტელეფონზე სასურველი ნომერი“. თუმცა, ცხადია, ამ ყველაფერს ნელ-ნელა ჰაველიც შეეჩვია, ერთი კია, ჰუსაკის საცურაო აუზი წყლით არასდროს აუვსია. აბა, ამისთვის სად ეცალა - ათასობით დოკუმენტი საჭიროებდა განხილვას, დანგრეული ქვეყანა კი - აღდგენას.
ჩერნიმ მიამბო: „როგორც ვიცი, ჰაველს ერთი სული ჰქონდა, პოსტი დაეტოვებინა. მთლიანად ძალაგამოცლილია, თან ხომ იცით, არც ჯანმრთელობა უვარგა. გულთანაც ყველაფერი ახლოს მიაქვს. როცა საზოგადოება მიხვდა, რომ პრეზიდენტი თითოეულ მოქალაქეს ვერ დაეხმარებოდა, ახალგაზრდა ჩეხმა ჟურნალისტებმა თავიანთ უმნიშვნელოვანეს მოწოდებად და ნამდვილ რიტუალად აქციეს ჰაველზე საშინელი ამბების წერა. ის კი მედიის ლანძღვას ვერაფრით შეეგუა. ამ პროცესს ფსიქოსომატური შედეგიც მოსდევდა: ჰაველს დეპრესია ეწყებოდა და მთელი ტანი სტკიოდა“.
პრეზიდენტის პოსტის დატოვებიდან მეორე დღესვე ჰაველი ხუთი კვირით დასასვენებლად საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა. რადგან განუწყვეტლივ ახველებდა, თბილი კლიმატი მის ფილტვებს უნდა მოხდომოდა. ჰაველი ამბობდა, რომ თავისუფალ დროს აბსურდისტული პიესის წერას დაიწყებდა, ანდა, წიგნად აქცევდა ვრცელ საუბრებს მეგობრებთან - მწერალ ტიმოთი გართონ ეშთან და პოლონელ დისიდენტ ჟურნალისტთან ადამ მიხნიკთან. როგორც მისმა მრჩეველმა ვლადიმირ ჰენზელმა მითხრა, პრეზიდენტობის წლებში ჰაველი დღიურს არ წერდა, ამიტომ, სავარაუდოდ, ვერც მემუარებს დაწერდა, უფრო სწორად, ვერ დაწერდა მემუარებს ამ ჟანრის ტრადიციული გაგებით. რამდენიმე ხნის შემდეგ „პრაღ პოსტში“ წავიკითხე, რომ ჰაველი სინამდვილეში მემუარებზე მუშაობას მართლა აპირებდა, ოღონდ, ეს იქნებოდა რაღაც „ჰენრი კისინჯერსა და ჩარლზ ბუკოვსკის შორის“.
და მართლაც, რაღაც გაგებით, ჰაველი მემუარებს მთელი ცხოვრებაა, წერს. ერთი პატარა ნაწყვეტიც მახსოვს 1987 წლის მოგონებიდან, რომელშიც ჰაველი იხსენებს, თუ როგორ შეხვდა პრაღის ნაციონალურ თეატრთან ჩეხეთის პარტიის ლიდერებთან სამიტზე ჩამოსული გორბაჩოვი. საბჭოთა ლიდერი დაცვის წევრებსა და ხალხს შუა იდგა.
„უცებ მივხვდი, რომ ეს კაცი მებრალებოდა. ვცადე, წარმომედგინა მისი ცხოვრება, სასტიკი გარეგნობის მცველების კამპანიაში გატარებული დღეები, გადატვირთული განრიგი, დაუსრულებელი შეხვედრები, მოლაპარაკების სესიები და გამოსვლები: როცა უწევს უამრავ ადამიანს მიმართოს, დაიმახსოვროს, ვინ ვინაა, არ დაავიწყდეს წაოხუნჯებაც, მაგრამ, ამავე დროს, დაუკვირდეს ყოველ სიტყვას, იყოს კორექტული და არ წამოსცდეს ისეთი ფრაზა, რომელსაც სენსაციებზე ჩასაფრებული გარესამყარო მის წინააღმდეგვე გამოიყენებს“.
ჰაველს სასახლეში როცა შევხვდი, ეს ნაწყვეტი გავახსენე, გაიცინა. ვკითხე, რაღაც გაგებით, თვითონ ხომ არ დაემსგავსეთ მას, ვინც წინათ გებრალებოდათ-მეთქი.
მხრები აიჩეჩა და ლაპარაკი დაიწყო, ოღონდ ისე, რომ იატაკისთვის თვალი არ მოუშორებია: „რა თქმა უნდა, მახსოვს, გორბაჩოვს პრეზიდენტად არჩევიდან ორიოდე თვის შემდეგ შევხვდი. მოსკოვში ვეწვიეთ, ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი კრემლში. გორბაჩოვთან შეხვედრამ 8-9 საათს გასტანა. თავიდან ისე მიყურებდა, თითქოს, რაღაც ეგზოტიკური ქმნილება ვიყავი - პირველი ცოცხალი დისიდენტი, რომელიც ახლა მას ქვეყნის ლიდერის რანგში სტუმრობდა, თანაც იმ ქვეყნის, რომელიც მისი გავლენის სფეროში შედიოდა. მაგრამ თანდათან ჩვენ შორის კეთილგანწყობა და მეგობრობა დამყარდა, საფუძველი ამ ურთიერთობას იმ პირველი მომქანცველი შეხვედრისას ჩაეყარა. მაშინ ჯერ კიდევ ვეწეოდი, ამიტომ საუბრის დაწყებიდან ორი საათის შემდეგ ვკითხე, სიგარეტის მოწევა თუ შეიძლება-მეთქი. რა თქმა უნდა, მოწიეთ, არ მოგერიდოთ, მიპასუხა გორბაჩოვმა. არავისთვის დაუძახია, მაგრამ იმწუთასვე ვიღაცამ საფერფლე შემომიტანა. როგორც ვხვდები, ოთახში მიკროფონები იყო დამაგრებული“.
. . .
ჰაველის პრეზიდენტობის მეორე წელს ერაყის კრიზისი დაიწყო. და ახლაც, პოსტის დატოვებადე ცოტა ხნით ადრე, მეორე ასეთ კრიზისში აღმოჩნდა ჩართული. ჩვენს შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჰაველი მრჩევლებთან ერთად სოფლის ვილაში გაემგზავრა, რათა პრობლემის შესახებ ემსჯელათ. საათობით ისხდნენ და საუბრობდნენ. და ერთ დღეს „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ევროპის შვიდი ლიდერი, და მათ შორის, ჰაველიც აწერდა ხელს. ლიდერები ბუშის ადმინისტრაციის პოზიციას, ძირითადად, იზიარებდნენ. როცა ჰაველს შევხვდი, ვკითხე, მაინც რატომ მივიდა ამ დასკვნამდე. ასე მიპასუხა:
„არა მგონია, უბრალო დამთხვევა იყოს, რომ ბოროტებასთან შებრძოლების იდეა იმ ქვეყნებში უფრო მეტად პოულობს საყრდენს, რომელთაც ცოტა ხნის წინ საკუთარ თავზე გამოსცადეს ტოტალიტარული სისტემის შედეგები, ვიდრე ქვეყნებში, რომელთაც მსგავსი გამოცდილება ბოლო დროს არ ჰქონიათ. ჩეხეთმა ბევრი რამ გამოსცადა მიუნხენთან დაკავშირებით, უამრავი რამ დათმო, დანებდა ბოროტ ძალას, იძულებული გახდა, მოეპოვებინა მეტი და მეტი საბუთი იმის დასამტკიცებლად, რომ ჰიტლერი მართლაც ბოროტი ძალა იყო - ეს გამოცდილება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმის ასახსნელად, რომ ჩვენ მოვლენებს სხვებისგან განსხვავებით ვაფასებთ. მაგრამ, ცხადია, ეს არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ საჭიროა მწვანე შუქი ავუნთოთ ერაყზე შეტევას. ყოველთვის მჯეროდა, რომ თითოეული შემთხვევა სხვა შემთხვევებისგან დამოუკიდებლად უნდა შევაფასოთ. ევრო-ამერიკულ სამყაროს, უბრალოდ, არ აქვს უფლება, ომი გამოუცხადოს ყველა იმ რეჟიმს, რომელიც არ მოსწონს“, - ჰაველმა ჩაახველა და ღვინო მოწრუპა. ვკითხე, რატომ ფიქრობდა, რომ დიპლომატია ერაყში მეტ-ნაკლებად უსასრულოდ ვერ იმუშავებდა. ჭიქა დადო და მიპასუხა: „ცივილიზაცია შეიცვალა. დღეს ყველა შეურაცხადს, პრაქტიკულად, ყველა შეშლილს, შესწევს ძალა ნახევარი ნიუ-იორკი ააფეთქოს. 15-20 წლის წინ ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ მხოლოდ ეს არაა მიზეზი. საბოლოო ჯამში, მთელი დედამიწაა შეცვლილი. თუ წინათ გვქონდა ორპოლუსიანი პლანეტა, ორი სუპერსახელმწიფოს ბალანსი და მათი შეთანხმებები - შეემცირებინათ იარაღის წარმოება ისე, რომ სამყაროს განადგურება ათის მაგივრად შვიდჯერ შეძლებოდათ, ახლა მრავალპოლუსიან დედამიწაზე ვცხოვრობთ... ცხადია, მთავარი კითხვებია: როდის დგება ზედგამოჭრილი დრო მოქმედების დასაწყებად? ხომ არ უნდა გაგვეკეთებინა ეს დიდი ხნით ადრე? პასუხი ამ კითხვაზე პოლიტიკასაც უკავშირდება, დიპლომატიასაც და სოციოლოგიასაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მაინც მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი იმუნური სისტემა - შესწევს თუ არა მსოფლიოს ძალა გაუმკლავდეს მსგავსი უკიდურესი სახის ბოროტებას, ვიდრე დაგვიანდება“.
2 თებერვალს, კვირა ღამით, ჩეხეთის რადიო და ტელეეთერში ვაცლავ ჰაველის გამოსამშვიდობებელი მიმართვა გადაიცა. მან ბეჯითად გადაუხადა მადლობა მეუღლესა და მხარდამჭერებს. მათ კი, ვისაც იმედები გაუცრუა „ან უბრალოდ, ვძულდი“ - ასე მიმართა: „გულწრფელად ვწუხვარ და მჯერა, რომ მაპატიებთ“. ჰაველმა მარჯვენა ხელი მაღლა ასწია, Victoria გამოსახა და თავის ქვეყანას ასე დაემშვიდობა. მისი საქმეც, როგორც პრეზიდენტისა, ასე დასრულდა.
![]() |
10 რთული საუბარი მუსიკაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ
ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
მუსიკოსი ყველა ეპოქაში ერთნაირადაა დამოკიდებული, ერთი მხრივ, იმაზე, რაც მემკვიდრეობით მიიღო და მეორე მხრივ, იმაზე, რისი წვდომის, პოვნის, გამოყენების ან გამოგონების ნიჭიც არგუნა ღმერთმა; მოკლედ, მუსიკოსისთვის მთავარი ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მუსიკალური პოტენციის ძებნის მცდელობაა.
ამ ინტერვიუს გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსთან რეზო კიკნაძესთან დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმევდით, მაგრამ არ გამოგვდიოდა; რეზო თბილისში ვერ ჩამოდიოდა, ჩვენ კი - მასთან ლუბეკში. ბოლოს და ბოლოს, შევთანხმდით, რომ ელექტრონული ფოსტით ვიურთიერთებდით. დავიწყეთ კიდეც და ისიც მოვახერხეთ, რომ რეზომ ჩემს რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა, მაგრამ სრულყოფილი საუბარი კიბერსივრცეში მაინც ვერ შედგა, ხან რეზო იყო დაკავებული, ხან მე. მერე კი, მოხდა ისე, რომ რეზოს მოულოდნელად მოუწია თბილისში ჩამოსვლა და, მიუხედავად მისთვის საკმაოდ მძიმე ემოციური მომენტისა, მაინც დამთანხდა საუბარზე. თითქმის სამი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, მე, რეზო და მისი ვაჟიშვილი გიორგი, რომელიც, აგრეთვე მუსიკოსია. ის ჰამბურგის ერთ-ერთ მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს ჯაზის და ჯაზთან ასოცირებული დისციპლინების ფაკულტეტზე. გიორგის „შემოგდება“ ინტერვიუში ჩემი აზრი იყო და ვერ დავმალავ იმას, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ორივემ „აღიარეს“ - მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უკრავენ და კიდევ უფრო ხშირად ატარებენ დროს ერთად, ეს ინტერვიუ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ისინი ერთმანეთის თანდასწრებით საუბრობდნენ მუსიკაზე. რა თქმა უნდა, ცუდია ის, რომ ამ ტექსტში ყველაფერი არ შევიდა, თუმცა, ამას დიდად არ ვნანობ, ვინაიდან მთავარი არ დაკარგულა. ერთადერთი კი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ამ ინტერვიუს არ შეიძლება მოჰყვეს საილუსტრაციო დისკი, სადაც მთელი ის მუსიკა იქნებოდა ჩაწერილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ტექსტი „აკუსტიკურადაა“ წასაკითხი. ის იმ გრძელი და ჭუჭყიანი მატარებელივითაა, რომელიც ღამე ჩაგიქროლებს და რომლის ყოველი ვაგონიდანაც მუსიკის ხმა გესმის. სწორედ ამისთვის ვუხდი დიდ მადლობას რეზოს და გიორგის.
ზოგადი და მოკლე შეკითხვით დავიწყებ: რას ნიშნავს, იყო მუსიკოსი დღევანდელ რეალობაში, სადაც ყველაფერი თვალის დახამხამებაში იცვლება, დაწყებული აკუსტიკური გარემოს აღქმით და დასრულებული ამ გარემოს მუსიკაში „შესაჩერებელი“ ტექნიკური საშუალებებით?
რეზო: ძირითადად იმავეს, რასაც ნებისმიერ ეპოქასა და რეალობაში: მუსიკოსის გარშემო და მის ხელთ არსებული ნებისმიერი მოცემულობის თავმოყრას და გარდატეხას ისეთ ემოციურ და რაციონალურ პრიზმაში, რომელიც მას შემოქმედებისკენ უბიძგებს. მუსიკოსი ყველა ეპოქაში ერთნაირადაა დამოკიდებული, ერთი მხრივ, იმაზე, რაც მემკვიდრეობით მიიღო, რის წიაღშიც აღიზარდა და, მეორე მხრივ, იმაზე, რისი წვდომის, პოვნის, გამოყენების ან გამოგონების ნიჭიც არგუნა ღმერთმა; მოკლედ, მუსიკოსისთვის მთავარი ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მუსიკალური პოტენციის ძებნის მცდელობაა. ეს, რაც შეეხება შემოქმედებითი იმპულსების სწორად წარმართვას. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, თავისი გიჟური ტემპით და ინფორმაციული სიჭარბით, განსხვავდება წინა ეპოქებისგან, რომ არაფერი ვთქვათ იმ „აკუსტიკურ სიჭრელეზე“ რომელიც გლობალიზაციას მოჰყვა თან და რომლისგან თავის დაღწევაც, ხშირად, დიდ ძალისხმევას მოითხოვს შემოქმედი ადამიანისგან. მეორე მხრივ, ნებისმიერი ტექნოლოგიური თუ სხვა ტიპის ინოვაციები, რომელიც აგრესიული სიხშირით მრავლდება, რა თქმა უნდა, ასაზრდოებს მუსიკას და აიძულებს თანამედროვე მუსიკოსს, გააკეთოს ესთეტიკური და პრაგმატული არჩევანი. ის იძულებული ხდება სულიერი და მატერიალური საზრდო დააბალანსოს. მსგავსი არჩევანი ადრეულ ეპოქებში არსებულ საზოგადოებებსაც ჰქონდათ, მაგრამ თუ ადრე, ვთქვათ, ვენაში მეწაღე, მეეტლე და ხაბაზი იმას ელოდებოდნენ, როდის გამოვიდოდა ჰაიდნის ახალი კვარტეტი, რომ საღამოს შეკრებილიყვნენ, ცოტა დაელიათ და ერთად დაეკრათ, დღეს ვინ რას ელოდება, ვერ გაიგებ. ეგ კი არა, ხშირად ვერ გადაგიწყვეტია, საით და რას ეცე, - ფილმი ნახო ქსენაკისის არქიტექტურასა და მუსიკაზე, დევიდ თუფის Haunted Weather წაიკითხო, ევან პარკერის ახალი ჩანაწერი მოისმინო, სადმე კლუბში დაუკრა თუ 60 კილომეტრი გაიარო Drum'N'Bass-ის ვინმე გურუს მოსასმენად, მეგობარმა რომ გირჩია. თანამედროვე მუსიკოსს დიდი მეცადინეობა მართებს იმის მისაღწევად, რომ არ ჩაიკეტოს ერთ რომელიმე განზომილებაში, იქნება ეს ინსტრუმენტი, სტილი თუ მუსიკალური სფერო, არ მიეჯაჭვოს ერთ მუსიკალურ სიტუაციას და ტოლერანტობა და ინტერესი გამოიჩინოს სხვა რეალობისადმი, რომელიც მისი „სფეროს“ ფარგლებს სცდება; სწორედ „აკადემიური“ მუსიკის პროფესიონალებს არ აწყენდათ ხოლმე ხანდახან იმ მუსიკალური იმპულსების განცდა, ტრადიციულ მუსიკალურ განათლებას მოკლებული თვითნასწავლი მუსიკოსებისაგან რომ მოდის, მაგალითად იმათგან, მუსიკა კომპიუტერზე ბიტების და სამპლების ჭრაკერვით რომ „აღმოაჩინეს“ და ისწავლეს.
მოკლედ, როგორც მივხვდი, ჩვენ გარშემო არსებული აკუსტიკური რეალობა დღეს ნებისმიერი მუსიკოსის განკარგულებაშია, არა?
რეზო: პოტენციურად - კი. დღეს აკუსტიკური გარემო სრულიად დასაშვებად შეიძლება მოაზრებული იქნას, როგორც მუსიკა და მოიაზრება კიდეც. პირადად ჩემს შემთხვევაში ბავშვობის მოგონებები, არამუსიკალურ აკუსტიკურ მოვლენებთან ზუსტად ისევეა დაკავშირებული, როგორც მუსიკალურთან. აი, თუნდაც მაშინ, ფეხბურთის თამაშის დროს რომ ბურთი ბუჩქებში გადავარდებოდა და მას მაღალი ძაბვის ბუნკერის მახლობლად ვპოულობდი. ბუნკერის მონოტონური ზუზუნი ცოტა ხნით მაჩერებდა და მაიძულებდა, ყური დამეგდო. ასე ვიდექი ბურთით ხელში და ვუსმენდი ხოლმე ჭრიჭინების ხმაურით შეზავებულ ელექტრონულ ტონს... ჩემთვის ეს აბსოლუტურად ცხადი და კონკრეტული აკუსტიკური სურათია დღემდე.
99 პროცენტი ადამიანებისათვის ეს მონოტონური ზუზუნი ნამდვილად არაა მუსიკა... ანუ, როდესაც არამუსიკალურ აკუსტიკურ გარემოში ხვდები, უკვე იცი, რომ ესა თუ ის გარემო შენთვის შეიძლება ინსპირაციის წყაროდ გამოდგეს?
რეზო: რა თქმა უნდა, ასე მარტივად არაა საქმე, მაგრამ პრინციპში ეგრეა. დანამდვილებით კი, ის შემიძლია გითხრა, რომ ვმდგარვარ გზაჯვარედინზე, შუქნიშანთან მიკროფონით ხელში და ჩავლილი თუ გაჩერებული მანქანების ხმაურები ჩამიწერია ჩემი ერთი დაუსრულებელი ნაწარმოებისათვის. აკუსტიკური ჟღერადი მასები, მათში არსებული ფარული „დინებების“ გამო, ინსპირაციის წყარო კი არა, პირდაპირ მასალა შეიძლება გახდეს.
ისევე, როგორც ეკლესიებსა თუ მონასტრებში ჩაწერილი სიჩუმე/ხმაურები...
რეზო: სამწუხაროდ, ესეც დაუსრულებელი პროექტია, რომელზე მუშაობაც საოცრად საინტერესო აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ კუმურდოსა და ახალქალაქის მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა მთხოვა აკუსტიკურად გამეფორმებინა სერაფიმ როუზის ერთი ტექსტი, რომელიც აუდიოწიგნად უნდა გამოსულიყო. ვიფიქრე, რომ
ტექსტის უბრალო მუსიკალური გაფორმება საინტერესო არ იქნებოდა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, მომევლო საქართველოს ეკლესია-მონასტრები და ჩამეწერა - სიჩუმე, რომელსაც ფონის ფუნქციაც ექნებოდა და პატარა ინტერმეცოებადაც „გაიჟღერებდა“ ტექსტის ნაწილებს შორის. სიჩუმეს რომ ვამბობ, ამაზე უფრო დიფერენცირებული და მრავალფეროვანი რამ ძნელი წარმოსადგენია, ვინაიდან ართგვაროვანი, ნულოვანი, აბსოლუტური სიჩუმე არ არსებობს. სიჩუმე ჟღერს და ისევე აქვს თავისი ხასიათი, სპეციფიკა, ხარისხი და ემოციური სახე, როგორც ხმოვანებას, ხმაურს, მუსიკას, იქნება ეს გრემის ტაძრის გადმოსახედის აკუსტიკური პანორამა, ფოკის მონასტრის ეკლესიის თითქმის ნულოვანი სიჩუმე თუ უფლისციხის ცარიელი ეკლესია, რომლის შიგნით სიჩუმეა, მაგრამ ფირზე ისმის, თუ როგორ ანგრევს გარეთ ქარი იქაურობას... წარმოიდგინე, რა საუნდია!
მოდი, ისევ მუსიკალური პოტენციის ძებნის პროცესზე ვისაუბროთ, მაგრამ, ამჯერად, არამუსიკალურის მაგივრად, მუსიკალურ აკუსტიკურ გარემოზე და მისი დაძებნის და განვითარების მცდელობას შევეხოთ...
რეზო: ახლა ლუბეკში რომ დავბრუნდები, გავაგრძელებ მუშაობას ნაწარმოებზე, რომლისთვისაც მასალის შეგროვება, თითქმის ორი წლის წინ დავიწყე. ყველაფერი კი, ასე დაიწყო: შვეიცარიაში ყოფნისას გავიცანი იქაური ბლოკ-ფლეიტისტი კონრად შტაინმანი, რომელიც, ამავე დროს, კომპოზიტორიცაა და ანტიკური მუსიკის საკმაოდ თამამი და არაკონვენციური მკვლევარიც. მან თავისი ანსამბლისთვის შემიკვეთა ნაწარმოები და ამ თემაზე პირველი საუბრისას დამიკრა მთელი თავისი ინსტრუმენტარიუმი - ბასბლოკფლეიტიდან დაწყებული, სოპრანომდე, თანამედროვეც და რენესანსულიც; ბოლოს, ერთი-ორი ანტიკური სტვირიც მოაყოლა... რა თქმა უნდა, ვიწერდი ამ სესიას; მოსმენას უჩვეულოდ დიდხანს მოვუნდი, თვეები, და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერანაირი კონტაქტი ვერ დავამყარე ჩემთვის სრულიად უცხო ინსტრუმენტთან - ბლოკ-ფლეიტასთან. იმ დროს დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამ ინსტრუმენტისთვის რამის დაწერას მოვახერხებდი. ბოლომდე მღრღნიდა ეჭვი, რომ ბლოკ-ფლეიტასთან ჩემი ურთიერთობა არ და ვერ შედგება. არადა, გერმანულ სამყაროში ამ ინსტრუმენტს პატარაობიდანვე თხრიან პირში ბავშვებს, მათ კი, მერე სიცოცხლის ბოლომდე სძულთ ეს ინსტრუმენტი! მაგრამ შტაინმანი რომ ნაწარმოებს გიკვეთავს, უარს ვერ იტყვი. მოკლედ, ორი წელი გავაჯანჯლე. შარშან რომ შემახსენა, წავუყრუე, წელს კი, საბოლოო თანხმობა ვუთხარი, თუმცა, მაინც, წინასწარ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ ჩემთვის მაშინ უპერსპექტივო ნაწარმოებს სასწაული თუ დაძრავდა წინ; ბევრისგან ვიცი და მეც ეგრე ვარ: როდესაც მასალასთან წმინდა ხელოსნური დამოკიდებულება მაქვს, საქმე წინ ვერ მიდის. და უცებ, მაინც მოხდა ისე, რომ ემოციურად უმძიმეს სიტუაციაში, უსაყვარლესი ადამიანის ბოლო დღეების შემყურეს, მისი გახში რებული სუნთქვის ძალაუნებური და სრულიად მექანიკური სმენის დროს, თავისით დამილაგდა ის ფარგლები, ემოციურიც და ტექნიკურიც, ურომლისოდაც, ვერც ზღვა მასალა ვერ გაგაგრძელებინებს მუშაობას და ვერც ხელოსნური ფოკუსების მთელი არსენალი. სრული თავისუფლება თითქმის ყოველთვის დაბრკოლებაა ჩემთვის, სანამ არ გამოჩნდება ჩარჩო, რომლის შიგნითაც უნდა მივაღწიო თავისუფლებას. მოწაფეებს რომ ვეუბნები, რაც გინდათ, ის დაუკარითმეთქი, - იბნევიან, არ იციან რა დაუკრან; დავუდგენ თუ არა რამდენიმე ბგერით ჩარჩოს საიმპროვიზაციოდ, მაშინვე ინტუიციით იწყებენ კომბინირებას, პერმუტაციას, თამაშს და ავიწყდებათ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ არ იცოდნენ, თუ რა და როგორ დაეკრათ... მოკლედ - კომპოზიციაში მანამდე ვერ ვიწყებ მუშაობას, სანამ ეს ჩარჩო თუ ფარგლები არ დაისახება, რომლის შიგნითაც აღმოჩნდება ხოლმე ის იმპულსი, ემოციურიც და რაციონალურიც, ნაწარმოების დამთავრებამდე რომ გამყვება. სხვანაირად არ გამომდის...
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შენ შეგიძლია ბოლომდე ენდო ამ პირველად ბიძგს? რამდენადაა მნიშვნელოვანი, რომ ეს საწყისი ბიძგი მუსიკის წერის მთელი პროცესის განმავლობაში გაგყვეს?
რეზო: თუ ეს მართლა კრეატიული ბიძგია, მაშინ ის, როგორც წესი, მთელი ნაწარმოების შექმნის პროცესში ინარჩუნებს ძალას, მიუხედავად მთელი რიგი ტექნიკური თუ სხვა სახის დაბრკოლებებისა. ის იმპულსი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, შეიძლება ხუთ წუთში გაქრეს, მაგრამ ჭეშმარიტი კრეატიული ბიძგი ისაა, რომელიც გზაზე შეგაყენებს და ამ გზაზე მეგზურად გამოგყვება. ამ დროს, ანუ საწყის ეტაპზე, არც ვიცი ხოლმე, რამდენად საინტერესოა დასახული ემოციური ამოცანა, მაგრამ, როგორც წესი, ვენდობი ხოლმე მას. არადა, არ ვარ ის ტიპი, რომელსაც მიაჩნია, რომ პირველივე გაჩენილი იმპულსი გადამწყვეტი და ერთადერთია. მეორე მხრივ კი, - არ მჯერა ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ ეს დამმართვია; არ მჯერა პირველი შეხვედრისთანავე მეგობრობის, მაგრამ ესეც მომსვლია. იმის თქმა მინდა, რომ პირველი იმპულსი ყოველთვის სწორი არ მგონია, მაგრამ თუ ძლიერია, მივყვები.
გიორგი: რაღაცას რომ იწყებ, ეს უკვე მიღწევაა... ალბათ, არცაა იმის წინასწარ ცოდნა საჭირო, თუ სად შეიძლება მიგიყვანოს ამ იმპულსებმა. მართალია, ის ჩარჩოს გთავაზობს, მაგრამ, შეიძლება, არ იცოდე, თუ როგორ შეავსებ ჩარჩოში მოქცეულ სივრცეს ან რა ფერს მოიხმარ. მეც ვცდილობ მუსიკის წერას, მაგრამ ჯერ დასაწყისში ვარ და ვგრძნობ, რომ ამ მხრივ მეტი გამოცდილება და დისციპლინა მჭირდება. შეიძლება მოხდეს ისე, რომ დავჯდე, ხუთი ნოტი დავწერო და დაწერილი მომეწონოს. მერე დავჯდე და დაწერილი დავუკრა და ისევ გავიფიქრო, რომ ეს, არცთუ ისე ცუდია, მაგრამ მეხუთე დაკრულზე უეცრად გადავწყვიტო, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და სანოტო ფურცელი ნაგვის ყუთში მოვისროლო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ მაქვს ის დისციპლინა, რომელიც, ხარისხის და რაოდენობის მიუხედავად, მაიძულებს, ყოველი დღის გარკვეული საათები დავუთმო კომპოზიციაზე მუშაობას. ბევრი კარგი მუსიკოსისგან და, მათ შორის, რეზოსგანაც მიმიღია ის კრიტიკა, როდესაც მეუბნებიან: კაცო, შენ დაჯექი, დაწერე და რაღაც ფორმა მიეცი ჩანაფიქრს, ქაღალდის დახევას მერეც მოასწრებო, მაგრამ რამე თუ არ მომწონს, მირჩევნია, კიდევ ერთი წელი არაფერი დავწერო და მარტო ჯაზი დავუკრა. ეს ბარიერი ჯერ კიდევ უნდა გადავლახო. ისე კი, რამდენადაც ვიცი, სამუშაო დისციპლინასთან რეზოსაც აქვს პრობლემები...
რეზო: ჰო, სამწუხაროდ, ეგრეა. აი, მამაჩემს შეუძლია დილით გაიღვიძოს და, ქვეყანაც რომ ინგრეოდეს, მაინც დაჯდეს და იმ კონკრეტული დღის განმავლობაში დაგეგმილი საქმე გააკეთოს. ჩემი ფსიქოლოგიური და ყოფითი სიტუაცია ამის საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამის მიზეზი მე ვარ და არა სიტუაცია. ჩემ გარშემო ქაოსია, რომლის დამორჩილებას, ხშირად, ვერ ვახერხებ ხოლმე; არ ვიცი, საიდან დავიწყო, დავჯდე და მუსიკა ვწერო, ხვალინდელი კონცერტისათვის აპარატურა მოვამზადო, თუ მოწაფესთან გავვარდე გაკვეთილზე. მერე კი, უეცრად, სანამ ამ ფიქრში ვარ, მოწაფე რეკავს - თურმე, უკვე მელოდება და ამიტომაც, ყველაფერი უნდა გადავდო და მასთან წავიდე. ხომ ხედავ ჩემს შვილს როგორ ეცინება? იცის, რომ გერმანიაში გატარებულმა 16 წელიწადმა ზუსტად ასე გაიარა...
უკანასკნელად რომ ჩამოხვედი თბილისში აქტუალური მუსიკის ფესტივალზე - „Close Encounters“, რომელიც, ჩემი აზრით, გასული წლის ყველაზე საინტერესო მუსიკალური მოვლენა იყო თბილისში, ჩვენი ერთი საუბრის დროს, რომელსაც შენი მეგობარი და დიდებული მუსიკოსი/კონტრაბასისტი ჯონ ეკჰარდტი ესწრებოდა, მას უთხარი: მინდა, რომ ჩემი შვილი შენნაირი მუსიკოსი დადგესო. რას გულისხმობდი? მგონი, შენი პასუხი გიორგისაც დააინტერესებს.
რეზო: პურისტი არასდროს ვყოფილვარ, - კომპოზიციაშიც ვმუშაობდი, ანჩისხატშიც ვგალობდი, ჯაზსაც ვუკრავდი და ვუკრავ, და ინდური თუ აფრიკული მუსიკითაც დავინტერესებულვარ, მაგრამ, როდესაც 1995 წელს ჯონ ეკჰარდტი გავიცანი, გავოცდი იმ დროს 21 წლის ბიჭის არა მარტო მუსიკალობით, არამედ, უფართოესი ჰორიზონტით, რომელმაც ჩემი მაშინდელი წარმოდგენა „სერიოზულ“ თუ ანგარიშგასაწევ მუსიკაზე და მის რაობაზე, ლამის, თავდაყირა დააყენა. ბავშვობაში როკერი იყო და სკეიტბორდის და ველოსიპედის მეტი არაფერი აინტერესებდა. მერე კი, ერთხელ, შემთხვევით, მანქანაში დებიუსი მოისმინა და ისე გადაუტრიალდა ტვინი, რომ სამ-ოთხ წელიწადში კონტრაბასზე ისწავლა დაკვრა, სტუდენტი გახდა, თანამედროვე კლასიკას, ჯაზს და თავისუფალ იმპროვიზაციას ერთნაირი გატაცებით უკრავდა. მოგვიანებით, კომპიუტერული მუსიკის სფეროშიც წარმატებით გაიკაფა გზა; კითხულობს უამრავს და არ არსებობს თანამედროვე ხელოვნების სფერო, მის მრავალფეროვან მუსიკალურ საქმიანობაში რომ არ აირეკლებოდეს; ამჯერად ფოტოგრაფიითაა შეპყრობილი და მისი მომავალი აუდიო-ვიზუალური სიურპრიზები უკვე წარმომიდგენია, რა იქნება. მანქანაში Drum'N'Bass-ს უსმენს მთელ ხმაზე, ოღონდ ნარჩევს, გაუთავებლად შეუძლია ნიუანსებზე და ბიტის ტემბრულ დეტალებზე ლაპარაკი, მერე კი, უეცრად, ჩაიზე რომ დაგპატიჟებს, შაკუჰაჩის მუსიკას ჩაგირთავს და მთელი საათი მონუსხულივით უსმენს, მარტო პოეტურ იაპონურ სათაურებს წამოიძახებს ხოლმე შიგადაშიგ... უცნაური ტიპია, ბევრს ვსწავლობ მისგან, რაღაცნაირად, დღეს მცხოვრები მუსიკოსის იდეალი მგონია. მუსიკოსის, რომელიც სწორედაც რომ არაა ჩაკეტილი ერთ რომელიმე განზომილებაში. სხვათა შორის, მისი მეგობარი გოგო კატრინი ვიზუალების ოსტატია, „ოვერჰედის“ პროექტორით მუშაობს და საოცარ ფანტაზმებს ქმნის წარმოდგენების დროს სახლების ფასადებზე ან სხვა რომელიმე მოზრდილ ზედაპირებზე.
ეს საინტერესოა, ვინაიდან თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრია დაწყებული, ეგრეთ წოდებული „სერიოზული“ მუსიკით და დამთავრებული, თუნდაც, როკ შოუებით, გამუდმებით „ავსებს“ აკუსტიკურ მოვლენებს ვიზუალური „თანამგზავრებით“. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მუსიკოსები თუ მათთან მომუშავე არტისტები, ვიზუალურ მედიუმში არ ენდობიან მსმენელს და, შესაბამისად, „ეხმარებიან“ მათ აკუსტიკური მასების ვიზუალურით დაკონკრეტებაში. დღეს ძნელად თუ ნახავ სერიოზულ „ლაივს“, თუნდაც, კომპიუტერული მუსიკა რომ ავიღოთ, სადაც სცენაზე უკანა ფონად ეკრანი არ იყოს ვიზუალებით. რამდენად იღებ ან არ იღებ ასეთ მიდგომას მუსიკასთან?
რეზო: მესმის, რასაც მეკითხები და, რა თქმა უნდა, შენც იცი, რომ მუსიკის „ილუსტრირების“ ტრადიცია საუკუნეებს მოიცავს. მოდი, ოდნავ შორიდან მოვუვლი, ვინაიდან მიმაჩნია, რომ აქ ასე მარტივად არაა საქმე და ყველაფერი ეს ნაწილობრივ იმ ბზართანაა დაკავშირებული, რაც მუსიკასა და მსმენელს შორის გაჩნდა გარკვეულ ეტაპზე. ტონალობის უკიდურესმა გართულებამ ევროპულ მუსიკაში კიდევ უფრო გააღრმავა ის ნაპრალი, რომელმაც ერთმანეთს დააშორა ავტორი (კომპოზიტორი) და ადრესატი (მსმენელი) და XX საუკუნის პირველივე ნახევრის განმავლობაში დაუძლეველ უფსკრულად ჩამოყალიბდა მათთვის, ვისაც ესთეტიკური და ინტელექტუალური ძალისხმევა არ ეყო ამ დაბრკოლების გადასალახად. მეორე მხრივ, ტრადიციული მუსიკალური საკვები და აკუსტიკური კომფორტი კიდევ მრავლად იყო და საბაზრო კონიუნქტურის მეშვეობით, არც არასდროს გამოლეულა. პირიქით... სწორედ მსმენელისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის „მიწოდების“ პროცესში გაძლიერდა მუსიკის ვიზუალიზაციის პროცესი, რომელსაც თავიდან სუფთა არტისტული ფუნქცია ჰქონდა. ეს ისე, შესავლისათვის. ახლა კი, შენს კითხვას დავუბრუნდები: ჯერ ერთი, გინდ ინსტრუმენტულ, გინდ ელექტრონულ კომპოზიციაზე მუშაობის დროს, ვიზუალურ ელემენტს, რაც არ უნდა ვეცადო, ვერ გავექცევი, - რა ინსტრუმენტულ ჟღერადობაზეც არ უნდა ვმუშაობდე, ვერასოდეს ვერ მოვახდენ იმის იგნორირებას, თუ როგორ გამოიყურება შემსრულებელი ამ აკუსტიკური მოვლენის დროს, უფრო მეტიც - ხანდახან, მუსიკოსებს პირდაპირ პარტიტურაში მივუთითებ არა მარტო იმას, თუ როგორ უნდა დაუკრან, არამედ, როგორ უნდა ეჭიროთ თავი ამა თუ იმ პასაჟის დროს, მით უმეტეს, რომ ევროპელი კლასიკური მუსიკოსების უმეტესობას ბოლო დროს ისეთი გაზვიადებული მიხვრა-მოხვრა გაუჩნდა, რომ თუ მიუშვი, შეიძლება, ნაწარმოები „შეაჩეროს“... ელექტრონულ სიტუაციაშიც, საშემსრულებლო ჟესტის ფაქტორი, მართალია, ან მინიმალურია, ან სულაც ნულოვანი, მაგრამ ცარიელი სცენაც საჭიროებს ერთგვარ „მოწყობას„ და ეს არანაკლები ყურადღების საგანია კომპოზიციის პროცესშივე. ბოლოს და ბოლოს, შენს აკუსტიკურ სურათებს თვალდახუჭული, როგორც წესი, არავინ უსმენს (თუმცა, თრევორ უიშარტი პერიოდულად თხოვს ამის გაკეთებას თავის მსმენელს...).
რაც შეეხება მსმენელის აღქმას, ეს უკვე ის სფეროა, რომელიც კომპოზიტორმა მსმენელს უნდა დაუთმოს და არ უნდა გაღიზიანდეს ხოლმე, თუ მისი ჩანაფიქრი მსმენელის დანახულს არ თანხვდება; ერთი უმცროსი კოლეგა და მეგობარი ბრაზობდა, კონცერტის მერე რომ მოვა ვინმე და მეტყვის, „შენი ნაწარმოების მესამე ნაწილში მზით განათებულ მზესუმზირის მინდორს ვხედავდი“, მზად ვარ ხოლმე, რომ დავახრჩოო. მე კი, ჯერ ერთი, საკმაოდ მახალისებს მსგავსი რამეები, და თანაც, მგონია, რომ ადამიანებს არ უნდა ავუკრძალო ის, რაც ბოლომდე მეც არ მესმის და ვერც უნდა მესმოდეს, იმიტომ, რომ მუსიკას არა აქვს ერთი განზომილება და როცა საბოლოო შედეგი შენს არტახებს ცდება და შენს კონტროლს აღარ ექვემდებარება, არ უნდა ბრაზდებოდე, რომ ის სხვადასხვანაირად აღიქმება მსმენელის მიერ. იქნებ, სულაც უნდა გიხაროდეს კიდეც, როცა ვიღაც მოდის გრძნობებით სავსე და ვიზუალური ხატების მეშვეობით აღქმულ მუსიკაზე გესაუბრება; ამის გაპროტესტება, მგონი, უაზრობაა. მესამე და, ალბათ, მთავარი ასპექტი კი, მაინც, ამ ორი - აკუსტიკური და ვიზუალური მედიუმის ის ერთობლივი და თანასწორი ინტერაქციაა, უძველესი დროიდან რომ მოდის და კომპიუტერულ ტექნოლოგიასთან ერთად ასე რომ განვითარდა და ბოლო წლებში ასე მოიკიდა ფეხი; იგივე ჯონ ეკჰარდტის და კატრინის იმპროვიზაცია და ამ ურთიერთინტერპრეტაციის დროს აგორებული აუდივიზუალური თავგადასავლები რომ ავიღოთ - ვიღას ახსოვს გინდ „ჩანაფიქრი“ და გინდ „ამოცანა“? ყველაფერი სპონტანურობის იმ წამიერ ასოციაციურ და ემოციურ ბეწვზე ჰკიდია, ურომლისოდაც არც იმპროვიზაცია, არც მუსიკა და არც, საერთოდ, ხელოვნება არ არსებობს, ალბათ...
მოდი, თემა შევცვალოთ და ნელ-ნელა უშუალოდ მუსიკის კეთების ასპექტებზე გადავინაცვლოთ... არა მარტო ის კომპოზიტორი ხარ, რომელიც სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, არამედ ჯაზმენიც, მუსიკოსი, რომელიც საქსოფონზე უკრავს და თანაც, რეგულარულად. რამდენად ავსებს ერთმანეთს შენი ეს ორი აქტივობა, სპონტანური და „დაგეგმილი?“
რეზო: აქ ძალაუნებურად უნდა შევეხოთ ერთ რამეს: ჯაზის შემთხვევაში, ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მარტო სპონტანურობა არაა. ჯაზის ერთი მნიშვნელოვანი თვისება კიდევ ისაა, რომ ერთად დაკვრა და კომუნიკაცია ხდება იმ მასალის ბაზაზე (ვგულისხმობ, როგორც მელოდიკას და მოტივურ ფორმულებს, ისე ბგერის გამოცემის მანერას, არტიკულაციას, ბანალური მელოდიების ციტირების სტილს და ა.შ.), რომელიც „არავისი არ არის“ და „ყველასთვის ნაცნობია“. ჯაზი არც გაცვეთილობას და ბანალურობას უფრთხის, არც „დრამატურგიულად უადგილო“ ექსცესებს; სწორედ ეს დრამატურგიულად ამორფული სიტუაციაა, რომელიც ჩემთვის ჯაზის მამოძრავებელ პრინციპებს ევროპული კლასიკური კომპოზიციის კრიტერიუმებისგან განასხვავებს; როდის ხდება კლასიკური ნაწარმოების საბოლოო აღქმა? ბოლომდე რომ მოისმენ, მაშინ; კლასიკური კომპოზიციის ფორმა ის შეგნებულად თლილი, ნაშენები და მოპირკეთებული სტრუქტურაა, რომელშიც ყველა პატარა მოვლენას თავისი, ავტორის მიერ მიჩენილი ადგილი, დრო და ვითარება აქვს. ჯაზის შემთხვევაში კი, იმ ამორფულ დრამატურგიულ სიტუაციაში იმყოფები, სადაც მუსიკალური ფორმა მხოლოდ ფორმალურადაა შენარჩუნებული, ბლუზის თორმეტტაქტიანი ქორუსი იქნება ეს თუ ბროდვეის შლაგერის ოცდათორმეტტაქტიანი სტროფი, ჯაზის მუსიკოსების ხელში, ეს დაუსრულებლად განმეორებადი ნომინალური ფორმა კი არ არის მუსიკის არსი, არამედ, ყოველი წამი, რომელიც ჟღერს, იმის უცოდნელად, თუ რას მოიტანს შემდეგი წამი; სულ ერთია, ვინ ვის მერე უკრავს, ვის რა განწყობა აქვს დაკვრის წამს; ამ სასიმღერო ფორმის ჩონჩხს ყოველ ჯერზე ახლად და ახლებურად ესხმის ხორცი, ყველას მიერ ერთდროულად, ერთმანეთის მოსმენით, მოსმენილზე რეაგირებით და საერთო ჟღერადობის იქითკენ მიმართვით, საითაც გული კარნახობთ. კლასიკურ კომპოზიციაში ასეთი ამორფულობა ხანდახან მენატრება ხოლმე. აქ მთავარი ისაა, რომ თითოეულ ნოტს ან პაუზას ან ბგერით მოვლენას, ან ერთი ინსტრუმენტის მეორით შეცვლას, აზრი, დრო და ფორმისმიერი დასაბუთება ჰქონდეს. ეს არის ჩემი მთავარი საზრუნავი, თუმცა, აქვე დავამატებ, რომ არ დამიწერია ისეთი ნაწარმოები, სადაც შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ ნოტზე ვაგებ პასუხს. პირიქით, ზოგჯერ, კომპოზიციის შიგნით, უეცრად, ისეთი თავისუფლება შეიძლება დავუშვა, რომ შემსრულებლებიც კი დააბნიოს. უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან, ვამჯობინებ, გარკვეული ჩარჩოს ფარგლებში, მუსიკოსებს მივანდო რომელიმე მუსიკალური პარამეტრის ინტერპრეტაცია - ხანდახან, უბრალოდ, იმიტომ, რომ ყოყმანი გამგრძელებია, ხან კი, სრულიად შეგნებულად, როცა გარკვეული ასპექტი, მაგალითად, ბგერათა მოცემული რიგის დროში განფენა თითოეული მუსიკოსის მიერ გაუთვალისწინებელი, შემთხვევითი და სხვებთან შეუთანხმებელი მინდა იყოს. ამის ტრადიციული რიტმით ჩაწერა უკვე ნოტებში მაძლევს ისეთ არადამაკმაყოფილებელ სურათს, რომ მეორე დღეს, ვშლი და თავიდან ვწერ ყველაფერს, - სხვანაირად... მერე კი, ამასაც წინანდელის ბედი ელის... ამიტომ, ასეთ დროს ვურიგდები ხოლმე იმ აზრს, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები ნოტაცია ჯერ ვერ მომინახავს და ორიოდე გრაფიკული ნიშნისა და მცირე სიტყვიერი ტექსტის მეშვეობით ვუხსნი შემსრულებლებს, რა ქნან... ისიც მომწონს, რომ ორჯერ ერთნაირად ვერ დაუკრავენ, - ყოველ შესრულებაზე ოდნავ სხვანაირად გამოდის და, ბოლოს, თვითონაც მოსწონთ და ხალისობენ. უხარიათ, მარტო ნოტებზე რომ არ არიან მიჯაჭვულები...
გიორგი: მე ჯაზს და პირადად ჩემთვის მის აშკარა უპირატესობას დავუბრუნდები. ჯაზში კომპოზიცია ურთიერთობის, ინტერაქციის შედეგია. ბევრჯერ მომხდარა, როდესაც რაღაც მასალა მიმიტანია ბიჭებთან და მთელი კომპოზიცია ადგილზევე, იდეების გაცვლა-გამოცვლის შედეგი გამხდარა. ამ დროს, როგორც კინოში, ისე შეგიძლია უყურო, როგორ ვითარდება თემა. შედეგი თითოეული მუსიკოსის დამსახურებაა. ის ადამიანური ურთიერთობების შედეგია.
მართალია, ჯაზი ურთიერთნდობის შედეგია, მაგრამ რამდენად სწორია ეს კლასიკური მუსიკის შემსრულებლების შემთხვევაში?
რეზო: ჩემი ერთი რუსი კოლეგა მკბენდა ხოლმე ადრე, მნიშვნელობა არა აქვს, კარგ თუ ცუდ მუსიკოსებთან უწევს რეზოს თავისი მუსიკის შესრულება, ის მაინც შლაგერი გამოდისო (ჰიტს გულისხმობდა)... მთლად ასე არ არის, მაგრამ, როცა ვიცი, ვისთვის ვწერ, და ეს ყოველთვის კონრად შტაინმანი ან ჯონ ეკჰარდტი ვერ იქნება, შესაბამისად ვაგვარებ ამ პრობლემას, რომ ნაწარმოებმა თავისი არსი შეინარჩუნოს იმის მიუხედავად, ვის ხელში აღმოჩნდება ის.
გიორგი: საინტერესოა ის, რომ კომპოზიციის ამ ეგრეთ წოდებულ „თავისუფალ მონაკვეთებში“ მაინცაა შესაძლებელი შენი იდეის გატარება. შეიძლება, პარტიტურაში ჩაწერო: „გაიმეორე როგორც გინდა და რა თანმიმდევრობითადც გინდა ესა თუ ის ნოტი, მაგრამ ამ დროს დაიწყე სამი პიანოთი, ადი სამ ფორტეზე და დაუბრუნდი სამ პიანოს“...
რეზო: ნეტავ, ეგრე მარტივად იყოს ყველაფერი... ორკესტრის მუსიკოსები გაიხსენე!... აი, ყველაზე დიდი ტანჯვა - საორკესტრო ნაწარმოები.... სიმფონიური ორკესტრისთვის, XIX საუკუნის ინსტრუმენტს რომ ეძახის ზოგი, სულ ორი ნაწარმოები მაქვს და ყოველ ჯერზე ვგრძნობ, როგორი შებოჭილი ვარ მუშაობისას. ახალგაზრდული თავქარიანი ენთუზიაზმი, რომ 60 თუ 80 მუსიკოსისთვის წერ მუსიკას, კარგა ხანია გამინელდა, ჭკუა ვისწავლე.... კამერული მუსიკა, მაინც, ის სფეროა, რომელშიც „კომპოზიციურ თავს“ მაინც ყველაზე უკეთ ვგრძნობ; ის კი არა, ზოგჯერ მუსიკოსები თუ დააკლდათ, და რამდენიმე ჯაზმენი თუ აღმოჩნდა დიდ კლასიკურ შემადგენლობაში, პატარა ბავშვივით მიხარია ხოლმე. ჯაზმენები ისე ასრულებენ თავის პარტიებს, რომ ყველაფერი ცოცხლდება - არტიკულაცია, ბგერა, ტაქტი, ინტერაქცია. ბოდიშს ვიხდი კლასიკური მუსიკის შემსრულებლებთან...
გიორგი: მათ შეიძლება თქვან, რომ გლენ გულდის მიერ დაკრული მოცარტის სონატები ცუდია, იმიტომ, რომ მოცარტს ეს ასე არ დაუწერია...
რეზო: არადა, გულდის დაკრული მოცარტის სონატები, ჩემი აზრით, შედევრია., მაგრამ, აბა, მიპოვე პიანისტი, რომელიც ამას აღიარებს? ვერ იპოვი...
გიორგი: მათთვის მიუღებელია, ის, რომ გულდი მოცარტს ჰოროვიცივით არ უკრავს. ანუ ისე, როგორც მაგათ ჰგონიათ, რომ მოცარტმა დაწერა. არადა, გულდი აბსოლუტურად „მოცარტულად“ ასრულებს ამ სონატებს, მაგრამ ისინი ვერ აკავშირებენ მის შესრულებულს იმ 500 ჩანაწერთან, რომელიც მოსმენილი აქვთ და რომელიც, მათი აზრით, ჭეშმარიტად „მოცარტულია“. კლასიკური მუსიკის შემსრულებლების დიაპაზონი ამ მხრივ, ხშირად, ძალიან ვიწროა...
რეზო: ეს კლასიკური მუსიკის პრობლემა კი არა, კლასიკურ მუსიკასთან დღევანდელი დამოკიდებულების პრობლემაა...
რატომ შეიძლება იყოს ესა თუ ის კომპოზიტორი, რომელიც დროში ადრე ქმნიდა, აქტუალური დღეს?
გიორგი: ისევ ჯაზის მეშვეობით შევეცდები გიპასუხო და მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ვინაიდან მუსიკის აქტუალობა არ იზომება არც სტილით და არც მასალით. როდესაც, ვთქვათ, ისეთი ბასისტი ჯაზმენები, როგორებიც იყვნენ, რეი ბრაუნი ან ფოლ ჩემბერსი ბლუზის ფორმას უკრავენ, ეს ისეთივე აქტუალური რჩება დღეს, როგორც თავის დროზე იყო. ჩემბერსი იმიტომ კი არ უნდა ისწავლო, რომ მას ტრადიციასთან აქვს კავშირი. მისი მიდგომა, თუნდაც, ბლუზის ფორმებთან, გამოგადგება თანამედროვე აზროვნებაში იმიტომ, რომ ის არანაირ დროს და ეპოქას არ იყო მიჯაჭვული. როდესაც მე ჩემბერსის ორი ქორუსი გამიშიფრავს და დამიკრავს, მივმხდარვარ, რომ ამაზე „აქტუალურად“ დღეს ვერავინ დაუკრავს; უბრალოდ, შეიძლება სხვანაირად დაუკრას, ესაა და ეს. რატომ მოხდა, რომ თავის დროზე მსმენელის ერთმა ნაწილმა მიიღო სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“ მეორემ კი, სტვენით გააყრუა დარბაზი პრემიერისას? იმიტომ, რომ ადამიანები განსხვავებულად უსმენენ და აღიქვამენ მუსიკას. პერიოდულად მიხდება ხოლმე ქორწილებში დაკვრა; ასე ვშოულობ ხოლმე ზოგჯერ ფულს. მოკლედ, მივალთ და გვეკითხებიან ხოლმე: „ქულ ჯაზსაც უკრავთ?“ იდიოტური შეკითხვაა, მაგრამ არა უსაფუძვლო, ვინაიდან მათ ასე აქვთ მუსიკა აღქმული მუსიკალური ინდუსტრიის მეშვეობით. არადა, მაილზი რომ ამ მუსიკას უკრავდა, მას ხომ არ უთქვამს, რასაც ახლა ვუკრავთ ქულ-ჯაზიაო? იარლიყები ვერაფერს მატებენ ან აკლებენ ჭეშმარიტ მუსიკალურ ფასეულობებს. მუსიკის ფასეულობა, როგორც ზემოთ ვახსენე, არც ნოტებზეა დამოკიდებული. სულ მალე, ჩემს ერთ ძალიან მაგარ დრამერ მეგობართან ერთად, ერთ მუსიკოსთან უნდა დავუკრათ ეროლ გარნერის მუსიკა. იმ კაცმა როგორღაც მოახერხა ლამის მთელი ეროლ გარნერის დაკრულის ტრანსკრიფცია, მაგრამ ეს არაფერია, მთავარი, სწორედ ამ მუსიკის შესრულებისას უნდა მოხდეს; სწორედ ამ დროს გამოჩნდება, ვისთან გვაქვს საქმე. ტრანსკრიბირებული მუსიკა მკვდარი მუსიკაა თუ მის „გაცოცხლებას“ ვერ ახერხებ, ხოლო თუ მუსიკას სუნთქვის საშუალებას მისცემ, ის ისეთივე აქტუალური გახდება, როგორც გარნერის დროს. მთავარი, მაინც, საუნდია და შეგრძნება.
სანამ სხვა საკითხზე გადავალთ, რეზოს მინდა ერთი რამ ვკითხო: შენ ჩემთვის ნათქვამი გაქვს, რომ შენ კომპოზიციებში არ იყენებ მთელ რიგ უკვე არსებულ მუსიკალურ არსენალს. დღეს, როდესაც მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს მემკვიდრეობა ნებისმიერი მუსიკოსის განკარგულებაშია, რატომ არიდებ თავს ამა თუ იმ უცხო მუსიკალური ელემენტის შენივე ნაწარმოებში შემოტანას?
რეზო: არა, თავს კი არ ვარიდებ, არამედ, არ ვიყენებ როგორც ციტატებს. ჩემს შემთხვევაში, ეს უფრო სხვისი მუსიკალური მასალის სიღრმისეული გამოყენების მცდელობაა და არა რომელიმე მუსიკალური კულტურიდან უცვლელად გადმოღებული ციტატები. მაგალითისთვის, უკვე ნახსენებ ნაწარმოებში ბლოკ-ფლეიტისათვის ერთი ქართული საგალობელიც შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ისეთი სახეშეცვლილი, რომ მას ვერავინ იცნობს. მესმის, წარსულის მთელი მუსიკა შენს განკარგულებაშია და მზადაა მოსახმარად, მაგრამ, მგონია, რომ შენამდე შექმნილი მუსიკა ჯერ უნდა შეისისხლხორცო, გადაამუშაო, მისდამი რაღაც პოზიცია შეიმუშავო და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენო საჭიროების შემთხვევაში. პირდაპირი, უცვლელი ციტირება ადვილია და სწორედ ამიტომაცაა დიდი ცდუნება მუსიკოსებისათვის.
კარგი, მოდი, ახლა ერთ საინტერესო თემას შევეხოთ: სცენაზე ინსტრუმენტით ხელშიც მინახიხარ და კომპიუტერთან მჯდარიც, როდესაც სცენაზე აბსოლუტურად არაფერი ხდება, აკუსტიკური მოვლენის გარდა. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ წაართვეს თანამედროვე ტექნოლოგიებმა „სხეული“ მუსიკას. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით ელექტრონულ მუსიკას ეხება, მაგრამ კომპიუტერები მუსიკის ისეთ „სხეულიან“ სფეროშიც შეიჭრნენ, როგორიც ჯაზია, სადაც, როგორც წესი, ოფლში გახვითქული „სხეული“ ამა თუ იმ ინსტრუმენტს „ეჭიდავება“ ხოლმე. თქვენ როგორ უყურებთ „სხეულის დაკარგვის“ ამ პროცესს?
რეზო: მგონია, რომ ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 1952 წლის 29 აგვისტოს ქალაქ ვუდსტოკში ავანგარდული მუსიკის მესვეურებისა და მეცენატებისაგან შემდგარი პუბლიკა ჯონ ქეიჯის ნაწარმოების „4,33“-ის შესრულების დროს, აბუნტდა. იმ დღეს ეს ნაწარმოები პიანისტმა დევიდ თიუდორმა შეასრულა. ეს სამნაწილიანი ნაწარმოები გრძელდება 4 წუთსა და 33 წამს. პირველი ნაწილის ხანგრძლივობაა 30 წამი, მეორესი, - 2 წუთი და 40 წამი, ხოლო უკანასკნელი ნაწილის კი 1 წუთი და 33 წამი. მთელი ამ დროის მანძილზე, შემსრულებელი უკრავს არაფერს. უძრავად ზის ფორტეპიანოსთან, უჭირავს წამზომი და მხოლოდ ფორტეპიანოს სახურავის გახსნა-დახურვით აღნიშნავს ნაწილების დასაწყისს და დასასრულს. ამ დღეს ეს ნაწარმოები პირველად შესრულდა და თვით ავანგარდული მუსიკის მოყვარულთათვისაც კი, მეტისმეტი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მანამდეც იქმნებოდა ავანგარდული მუსიკალური ნაწარმოებები, მაგრამ ქეიჯის „4,33“-მა, მინიმუმამდე დაიყვანა სხეულის ძალისხმევა და სწორედ ამან გამოიწვია სკანდალი. ამ ნაწარმოების შექმნამდე, 1948 წელს ქეიჯმა მოინახულა ჰარვარდის უნივესიტეტში არსებული anechoic chamber ანუ „უხმო ოთახი“. ის ელოდა, რომ ამ საკანში სრულ სიჩუმეს „მოისმენდა“, მაგრამ იქ ყოფნისას მას გარკვევით ესმოდა ორი ბგერა, ერთი მაღალი და ერთიც დაბალი. მაღალი ბგერა მისი ნერვული სისტემის ხმა იყო, დაბალი კი სისხლმოქცევის. სწორედ მაშინ მივიდა იმ აზრამდე, რომ სიჩუმე, როგორც „აბსოლუტური უბგერობა“, არ არსებობს, ანუ დიქოტომია სიჩუმესა და ხმოვანების დაპირისპირებაში კი არაა, არამედ ბგერების ყურად-ღებასა და ყურად-არ-ღება-ში. ამაზე გამახსენდა, ერთხელ, გაკვეთილზე მოწაფეს ვუხსნიდი რაღაცას, რაც კარგად ვერ გავაგებინე; უეცრად წამოვდექი, ფანჯარა გამოვაღე და ვუთხარი მოუსმინე-მეთქი. გარედან სხვადასხვა ინსტრუმენტების ხმები შემოდიოდა, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ განწყობას ქმნიდა. მან მოისმინა და მითხრა, - გავიგე, მაგრამ როგორ შეიძლება ეს ისევე დავაფასო, როგორც ბახის შემოქმედებაო. აი, აქ კი გამეჭედა! რთულია ამ ესთეტიკაზე საუბარი... ქეიჯის ამ ნაწარმოების „მოსმენა“ ნებისმიერ დროს და პირობებში შეიძლება. ამას წინათ, close encounters ფესტივალის დასრულების შემდეგ, ჩემი კოლეგა მუსიკოსები და მეგობრები კახეთში წავიყვანე. ჩვენი სახლის უკან ტყიან მთაზე ვსეირნობდით, უცბად, რაღაცამ მომიარა და ვუთხარი, მოდით, აი, ახლა მოვისმინოთ-მეთქი „4, 33“. წამზომი არ გვქონდა და არც ფორტეპიანო, მაგრამ დავჯექით და ბუნებაში მოვუსმინეთ ქეიჯის ოპუსს, ანუ შევქმენით სიტუაცია, სადაც მისი მოსმენა შესაძლებელი გახდებოდა.
გიორგი: სასაცილოა, რომ გერმანულ გამომცემლობა Peters-ში ამ ნაწარმოების ორი ვერსია არსებობს: ერთი ფორტეპიანოსათვის, მეორე კი ნებისმიერი ინსტრუმენტისთვის... ეს ნაწარმოები მუსიკალური აღქმის გათავისუფლებაა და არა აქვს მნიშვნელობა, მის შესრულებაში რამდენად დიდი დატვირთვა აქვს სხეულს. ეს არაა ძალადობრივი აქტი. ესაა რევოლუციური აქტი თვითონ ადამიანში; მშვიდი და პოზიტიური განთავისუფლება ადამიანის წარმოდგენისა მუსიკაზე. ის აფართოებს მუსიკალური აღქმის შესაძლებლობებს და წყვეტს ჯაჭვებს მუსიკად წოდებულ ფიზიკურ აქტებთან. ამ დროს, როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლებელი ხდება სამყაროში არსებული ბგერების მუსიკად აღქმა.
რეზო: არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ ამ ნაწარმოების ცუდი შესრულების შემთხვევებიც ყოფილა, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის სივრცეში, როდესაც პიანისტი სიგარას აბოლებდა და მაყურებელს ებაასებოდა „პაუზების“ დროს. ან კიდევ, როდესაც მთელი ორკესტრი ზედმეტად „დაძაბული“ შესრულების იმიტაციით იყო დაკავებული...
მგონი, მალარმეს აქვს ნათქვამი, რომ ყველაფერი სამყაროში არსებობს იმისთვის, რომ წიგნში მოხვდესო; ასევე, ჩვენი საუბრიდან გამოდის, რომ ყველა ბგერა სამყაროში არსებობს იმიტომ, რომ ვინმეს მუსიკალურ ნაწარმოებში მოხვდეს... ახლა ჯაზზე გადავიდეთ, სადაც ახლის აღმოჩენა ძირითადად ძველის წიაღში ხდება. როდესაც რომელიმე სტანდარტს უკრავ, ამ დროს შენ რომელიმე დიდი მუსიკოსის მიერ გაკვალულ ბილიკს მიჰყვები, მაგრამ ამ გატკეპნილ ბილიკზე შენი განუმეორებელი კვალი თუ არ დატოვე, ვერაფერი დიდი მუსიკოსი ყოფილხარ...
გიორგი: სტანდარტების დაკვრის შესაძლებლობა ამოუწურავია, სწორედ იმიტომ, რომ დროში შენზე წინ მიმავალი მუსიკოსები ნიადაგს გიმზადებენ შემდგომი წინსვლისთვის. რთული კი, სწორედ მათ მიერ დატოვებული მემკვიდრეობის ათვისებაა. აქ მარტო გამების სწავლა საკმარისი არაა, ჯაზის შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი, ის უნდა დაუკრა, რაც შენ ხარ და მხოლოდ მუსიკოსების ჯგუფებთან ინტერაქციით ახერხებ საკუთარი თავის პოვნას. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ჯემ-სეშნების კულტურა, რომელიც ასეთი დაკნინებულია თუნდაც გერმანიაში. სადაც მე ვსწავლობ, ჰამბურგში, სულ 25 კაცი ვართ ჯაზის ფაკულტეტზე. აქედან თითქმის 90 პროცენტი ერთ ჯემ-სეშნზეც კი არ მინახავს. სამაგიეროდ, მთელი დღეები ოთახში გამოიკეტებიან ხოლმე და გამებს ვარჯიშობენ. მე, ზარმაც ქართველს, ერთი პლუსი მაქვს მათთან შედარებით, - ჯაზის დაკვრას ჯემ-სეშნებზე ვსწავლობ. ბევრჯერ წავქცეულვარ, ბევრჯერ „ჩავჭრილვარ“ სხვა მუსიკოსებთან და საკუთარ თავთანაც, მაგრამ, სწორედ ამ დროს სწავლობ ყველაფერს. ეს შეუდარებელი სკოლაა! შენ თუ სრულიად უცნობ მუსიკოსებთან დაკვრა ვერ მოახერხე, მაშინ მუსიკოსი არა ხარ. ჩემთვის ასეთი თანამშრომლობის იდეალური მაგალითი სონი როლინზის ალბომი Way Out West-ია. როლინზი, რეი ბრაუნი და შელი მენი, მთელი დღის ნამუშევრები, საღამოს სტუდიაში შეხვდნენ ერთმანეთს და გვიან ღამემდე უკრავდნენ. ისე გახურდნენ, რომ როლინზმა მხოლოდ გამთენიისას თქვა, - აი ახლა კი ნამდვილად დაკვრის ხასიათზე მოვედიო. დანარჩენებიც მასავით ფიქრობდნენ. აი, ასე ჩაწერეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბომი ჯაზის ისტორიაში.
რეზო: გიორგის ამბავი ძალიან მახარებს და მეამაყება. საინტერესო ცხოვრება აქვს, კიდევ მეტი - წინ ელის... დღემდე ვნატრობ ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრო, როგორც გიორგი ცხოვრობს. თუ სადმე დაგეგმილი კონცერტი არა აქვს, იმ წამსვე ჯემ-სეშნზე მიდის. იშვიათად თუ ისვენებს ხოლმე. მე კი ამას იმიტომ ვერ ვახერხებ, რომ სხვა პირობებში მიხდება ცხოვრება და მუშაობა, თანაც ლუბეკში ამდენი სეშნი არ ტარდება. ყოველდღე ჰამბურგში სიარული კი არ გამომდის. მხოლოდ მაშინ ჩავდივარ იქ, როდესაც გიორგი მეპატიჟება. ის ბენდის ლიდერია ჰამბურგის ერთ-ერთ კლუბში. მოკლედ, მე იმდენს არ ვუკრავ, რამდენსაც ეს, არადა, ჯაზი რომ არ არსებობდეს, მუსიკის ხალისიც ნაკლები მექნებოდა და, ალბათ, ცხოვრებისაც, იმიტომ, რომ მუსიკოსობა ჩემთვის ისაა, რასაც ყოველ მეორე ჯაზმენში ვხედავ. პირველ სტატიას, რომელიც ჩემს შესახებ ლუბეკის გაზეთში დაიბეჭდა, ასეთი სათაური ჰქონდა: „მოკლე გზა ჯაზიდან სერიოზულ მუსიკამდე“. კომპოზიტორი მართლა მას შემდეგ გავხდი, რაც ჯაზის დაკვრა დავიწყე თბილისში, გოგი ნაკაიძესთან, დიმა სალაძესთან და ზურა შამუგიასთან... რა დრო იყო!... მერე კი, ჩემს პირველ პედაგოგს მიხო შუღლიაშვილს შევხვდი და სწორედ მაშინ მოხდა ის მთავარი, რამაც მუსიკოსობა გადამაწყვეტინა. ათას ვინმესთან მისწავლია უამრავი სხვადასხვა რამ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ის აზროვნება თუ მსოფლმხედველობა, ბევრ სხვადასხვა სფეროში ერთნაირად ინტენსიურად და თანმიმდევრულად მუშაობის საშუალებას რომ მაძლევს, მივიღე და ვისწავლე სწორედ მიხო შუღლიაშვილისგან. რაც არ უნდა მოხდეს, არც მისი ღიმილი დამავიწყდება, არც ხმა, არც ის „ლირიკული გადახვევები“, ნებისმიერ თემას რომ ახლდა თან, არც ის გადამდები შეპყრობილობა მუსიკით და არც ის ატმოსფერო, სითბო და სიყვარული, რაც მის სახლში, ვაჟას ძეგლთან სუფევდა. გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ მიხო შუღლიაშვილი ის უმთავრესი ფიგურაა ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში, ურომლისოდაც, უბრალოდ, არ გავხდებოდი მუსიკოსი, ან, თუ გავხდებოდი, ისეთი არა, როგორიც, მგონია, რომ უნდა იყოს დღევანდელი მუსიკოსი. რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს, თუ რა ხდება მუსიკალური თვალსაზრისით სიკვდილის შემდეგ, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, დღე არ გადის, არც ერთი წამი, როდესაც არ ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემ გარშემო არსებულ აკუსტიკურ მოვლენებს მუსიკალური სარჩული გამოვუძებნო. ამავე დროს, როგორც ეს ჰერაკლიტემ თქვა, „ყველაფერი მიედინება“ და ამიტომაც, ყველაფერი ის, რასაც დღეს ვფიქრობ მუსიკაზე, სრულიად შესაძლებელია, სხვანაირად დავინახო, თუნდაც, ერთი წლის შემდეგ. ეს ცუდი არაა. ეს ზრდაზე მიუთითებს...
![]() |
11 თავისუფლების პიკზე |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ავტორი: სანდრო ნავერიანი
ფოტო: დავით მესხი, სანდრო ნავერიანი, პირადი არქივი
ფოტო: დავით მესხი
რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი ალპინისტობა ფანტასტიკის სფეროს უახლოვდება, ხოლო ოცნებები ნანგაპარბატსა და მანასლუზე, სულ უფრო არარეალური ხდება.
მხოლოდ წარმოდგენა თუ შემიძლია, როგორი იქნებოდა ჩემი ასვლა, თუნდაც, მყინვარწვერზე, რა შეგრძნებები მექნებოდა, მეგონებოდა თუ არა, რომ სამყარო ჩემ ფერხთით არის გართხმული და მამა ვარ ერის, ახლოს ვარ ღმერთთან და ათასი ეგეთი საოცარი გრძნობები.
სამწუხაროდ, არ შემიძლია აი, ასე, ავდგე და მოვიკიდო ზურგჩანთა, წრიაპები დავიმაგრო და მყინვარს შევუყვე. არ შემიძლია და, ალბათ, ამიტომაც არ ვარ ალპინისტი. საცოდაობა იქნებოდა, სამყაროს ჩემნაირი მთამსვლელები ჰყავდეს - ისედაც მარტო დარჩენილი მწვერვალები სულ უფრო უკაცრიელი გახდებოდა. თუმცა, ის, რომ ალპინისტი არ ან ვერ ვარ, სულაც არ მიხარია, ზუსტად ისე არ მიხარია, როგორც გიორგი გვახარიას არ უხარია ხოლმე „ოსკარის“ დაჯილდოების პირდაპირ ეთერში წაყვანა. მე მინდა მთაში წასვლა და წავალ კიდეც, ადრე თუ გვიან. მანამდე კი მთის ამბები ალპინისტ გელა ოთარაშვილს ვაამბობინე და წინასწარ მინდა ვთქვა, რომ სრულიად დაინგრა ის წარმოდგენილი სტერეოტიპი, რომელიც ალპინისტებზე მქონდა.
გეგეს (გელას მეტსახელი) მეგობრებმა მითხრეს, როცა გეგე ლაპარაკს იწყებს, ყველანი ვჩუმდებითო. ბევრს არ ლაპარაკობს და ამიტომაც ყოველთვის გვიხარია, როცა მისი ხმა გვესმისო. ასეთი იყო სკოლაში და სტუდენტობის დროს, როცა სოჭში და იურმალაში დროს ტარებას არაფერი ერჩივნა. ასეთი იყო მაშინ, როცა მთაში პირველად წავიდა და, დღემდე ასეთია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, მაქსიმუმს იღებს ცხოვრებისგან - ურჩევნია ისმინოს, ვიდრე თვითონ თქვას ის, რაც უკვე იცის.
მთაში პირველად ოთხმოცდაერთში, ოცდაერთი წლის ასაკში მოხვდა. იყო ეგეთი ბაზა, „აილამა“, ოცდაათ მანეთს გადაიხდიდი და მთელი თვე გარანტირებული გქონდა პროფესიონალი ინსტრუქტორების ინსტრუქტაჟი და ალპინიზმის არსი ანიდან ჰოემდე. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, ქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება, შეიძლება ითქვას, გეგეს „აილამაში“ მოხვედრა, მაინც, შემთხვევითი იყო. შემთხვევითი იმიტომ, რომ მას და მთას შორის იმხელა მანძილი იყო, რამხელაც მთასა და ზღვას შორის არის - გეგე მუდამ ზღვის დონეზე იყო, როგორც ზევით ვთქვი, სოჭსა და იურმალაში.
„აილამაში“ მეგობარმა წაიყვანა. მთელი თვე ვარჯიშში გაატარა. დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდა პირველი მწვერვალის დასაპყრობად. დიდი ენთუზიაზმით იმიტომ, რომ უნდოდა თუ არ უნდოდა, იქ იყო და სხვა გზა არ ჰქონდა - უნდა ევარჯიშა ან ენებივრა. ასე მოხვდა პირველად მთის წვერზე.
ფოტო: სანდრო ნავერიანი
ფოტო: დავით მესხი
მთამსვლელების ნაწილი მთამსვლელი მას შემდეგ გახდა, რაც შემთხვევით დალაშქრული მწვერვალიდან ბარში დაბრუნებულს, ერთი ან ორი თვის შემდეგ ის შეგრძნებები მოენატრა, რაც პიკზე ყოფნის დროს განიცადა. გეგეს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ალპინიზმის სურვილმა ჯერ კიდევ მანამ დარია ხელი, ვიდრე პირველ მწვერვალს დაიპყრობდა. სანამ პირველ მარშრუტს გაივლიდა, უკვე იცოდა, ასეთი მარშრუტები მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა, იქამდე, სანამ ფიზიკური ძალა ეყოფოდა. და მხოლოდ მას შემდეგ ჩამოკიდებდა წრიაპებს ლურსმანზე, რაც ხელი აღარ დაემორჩილებოდა.
მრავალი აზრი მსმენია იმის შესახებ, თუ რატომ დადიან ადამიანები მთაში. არცერთი მათგანი არ არის ლოგიკას მოკლებული: მაგალითად, ის, რომ ალპინისტების უმრავლესობა საოცრად ამბიციურია და მწვერვალზე ყოფნის დროს იმას განიცდიან, რასაც, მგონია, რომ მეც განვიცდიდი - სამყარო ჩემ ფერხთით არის გართხმული; არც ის არის ალოგიკური, რომ მთამსვლელებს ბუნება უყვართ და ნატურასთან ურთიერთობა მხოლოდ ასე - ყველაზე მაღლიდან - წარმოუდგენიათ; ადრენალინზე და მძაფრ შეგრძნებებზე აღარაფერს ვამბობ - ბუნებრივი ექსტრიმი ხომ ყველა ადამიანს იზიდავს. ასე რომ, ყველა ეს მიზეზი საფუძვლიანია, თუმცა, ამ სურვილების დაკმაყოფილება სხვა საშუალებებითაც შეიძლება, იგივე სქაი ან სი დაივინგით, ჰაიქინგით ან რაფტინგით. ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მიზეზი, გნებავთ, სურვილი უწოდეთ, რის გამოც ადამიანი მთამსვლელი ხდება, თავისუფლების არანორმალური დოზაა. გეგე მთის პიკთან ერთად თავისუფლების პიკსაც აღწევს. თავიდან, მასთან საუბრისას გამიჭირდა, გამეგო თუ რისთვის დადის მთაში, რატომ არ აკმაყოფილებს ბარი, ზღვა და მდელოები, ყველა მხრიდან მივუდექი, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა იმის გაგება, რასაც მერე, სრულიად უნებურად და გონების დაძაბვის გარეშე, თვითონ მივხვდი: გეგე არ გეტყვის, რომ მთაში თავისუფლების მაქსიმალური ხარისხის მისაღწევად დადის, არ გეტყვის, რომ მთასვლელები ეგოისტები არიან, მაგრამ გეტყვის, რომ არსად არის ისეთი მშვიდი, როგორიც მთაში; რომ იქაურობას არაფერი ურჩევნია და იქ არაფერზე და არავიზე არ ფიქრობს, მათზეც კი, ვინც ქვევით, ბარში ჰყავს დატოვებული. არ ფიქრობს დედაზე, რომელსაც მაღალი წნევა ჰქონდა; დაზე, რომელიც გაფაციცებით უყურებს საინფორმაციო პროგრამებს იმ იმედით, რომ მთაში მომხდარ ტრაგედიაზე ნიუსი არ იქნება; მეგობრებზე, რომლებიც ნერვიულობის ნიადაგზე ვერ ბედავენ გაიგონ მისი ამბავი - დაბრუნდა, თუ არა?! - და თავად ელიან გეგეს კონტაქტზე გამოსვლას. მაგრამ მთიდან დაბრუნებული ის მათთან და მათთვის ცხოვრობს იმ გაათმაგებული ენერგიით, რაც მთაში ყოფნის დროს მიიღო. ერთი სიტყვით, ეს არის თავისუფლების ის ხარისხი და იმ ტიპის ეგოიზმი, რომლის გაგებაც შეგნებულზე შეგნებულ ადამიანსაც კი გაუჭირდება, თუ ის მთაში არ არის ნამყოფი. ეს არის თავისუფლება და ცოტა აზარტი, რაც სიმაღლეებში აისახება - კავკასიონის ხუთიათასიანებში, პამირის შვიდიათასიანებში, მერე უფრო შორს და მაღლა - ანდებსა და ჰიმალაიში...
გეგეს ბავშვობის მეგობარია ერთი, დათო ჩანტლაძე, აი, ის, გეგე პირველად რომ წაიყვანა მთაში - „აილამაზე“. ჰოდა, დათომ მითხრა, როცა მთაში წასვლა გინდა, წინ ვერაფერი დაგიდგება, ყელს გამოჭამ ყველას და მაინც წახვალო. „ყელის გამოჭმა“ მხოლოდ მეტაფორაა, რომელიც ძალიან გასაგებად გადმოსცემს იმ სურვილს, მთისკენ რომ გიზიდავს.
„ყელის გამოჭმა“, საკუთარ თავზე ფიქრი და ეგოიზმი მთის პარტნიორებზე არ ვრცელდება. იმიტომ, რომ იქ, თოკზე ჩამოკიდებული, შენ ქვევით ან ზევით მყოფ პარტნიორზე უფრო მეტს ფიქრობ, ვიდრე საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ისიც მთაშია, ისიც შენსავით თავისუფალია და ისიც შენსავით კიდია თოკზე, რომლის მოწყვეტაც ყველასთვის ერთნაირად - ტრაგიკულად - დასრულდება, მიუხედავად იმისა, გადარჩები შენ თუ არა.
კალიფორნიის შტატი, მწვერვალი ელ კაპიტანი. 2000 მ.
ჰიმალაი, მანასლუს ექსპედიცია, 8163 მ.
ცხენოსნებს ერთი ეგეთი წესი აქვთ: ცხენიდან გადმოვარდნილი იმავე ცხენზე ჯდები, შიში რომ მოიხსნა. მთამსვლელებს ასეთი წესი არ აქვთ, ისინი ერიდებიან ტრაგიკულად დასრულებული მარშრუტის მეორედ გავლას.
2007 წლის აგვისტოში გეგემ ახალგაზრდა მთამსვლელები ჯერ ჭაუხში წაიყვანა, ასე ვთქვათ, მოსინჯა, მერე კი უშბაზე, „მიშლეევის მარშრუტით“. განვმარტავ, უშბა ურთულესი, მეექვსე კატეგორიის მწვერვალია, ხოლო „მიშლეევის მარშრუტი“ - უშბის მარშრუტებიდან ერთერთი ყველაზე რთული. მწვერვალზე უამინდობის გამო ვერ ავიდნენ.
2005 წლის ივლისში საინფორმაციო პროგრამები ხუთი დღის განმავლობაში აშუქებდნენ ერთსა და იმავე ამბავს, რომლის შინაარსი - უშბაზე მთამსვლელები დაიღუპნენ - არ იცვლებოდა; იცვლებოდნენ ტრაგედიის გმირები. სულ ხუთნი იყვნენ, ორი ჰოლანდიელი და სამი ქართველი - ზალიკო ქიქოძე, მერაბ ხაბაზი და გეგე ოთარაშვილი. იმ ხუთი დღის განმავლობაში მთამსვლელთა ოჯახებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ცოცხალი, ვინ - გარდაცვლილი. მას შემდეგაც კი, როცა ყველამ შეიტყო, რეალურად რა მოხდა უშბაზე, ამ ამბავს ყველა რაღაც შტრიხს ამატებს - სხვის მონაყოლს კიდევ რაღაცას დააყოლებს და ასე შეიქმნა ერთ ტრაგედიაზე ბევრი ლეგენდა. მაგრამ, ერთადერთი სინამდვილე ის არის, რაც გეგემ მოყვა, იმიტომ, რომ ის ერთადერთი ქართველია, რომელიც იმ ექსპედიციიდან ცოცხალი დაბრუნდა.
ზევით ვამბობდი, მე, უბრალოდ, შემიძლია, წარმოვიდგინო, როგორ ავალ მყინვარზე-მეთქი, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ, თუ როგორ შეიძლება 4000 მეტრის სიმაღლეზე, ღია ცისქვეშ ოთხი ღამე გავძლო. გეგე ოთხი ღამის განმავლობაში უშბაზე სრულიად მარტო, ღია ცისქვეშ იყო და ელოდა, როდის გადაარჩენდნენ.
თავიდან ზალიკო ქიქოძესთან ერთად მერაბ ხაბაზის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ის უკვე ძალიან სველი იყო და ფილტვების შეშუპება სწრაფად განუვითარდა. მერაბის ცხედარი ზალიკომ და გეგემ შედარებით უსაფრთხო ადგილას აიტანეს. იქვე აპირებდნენ კარვის გაშლას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზურგჩანთა, რომელშიც კარავი ჰქონდათ, ქვევით დატოვეს. ზალიკო ქიქოძე ზურგჩანთის ამოსატანად დაეშვა, გეგე მას თოკით აზღვევდა. უცებ თოკი დაიჭიმა, გეგე ყვიროდა, ზალიკოს ეძახდა, მაგრამ მის ხმას წყლის ხმა ფარავდა. გეგეც დაეშვა. მთლიანად სველი ზალიკო თოკზე ეკიდა. მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ის ძალიან მალე გარდაიცვალა. გეგე ისევ ზევით აბრუნდა, იქ, სადაც მერაბ ხაბაზის ცხედარი იყო.
ფოტო: დავით მესხი
ოთხი ღამის განმავლობაში ის ხედავდა, რომ მასთან, უშბის კალთაზე, მოდიოდნენ და მერე ისევ უკან მიდიოდნენ კარგი ადამიანები და ეს ჰალუცინაციები არ ყოფილა. გეგემ იცოდა, რომ უნდა გადარჩენილიყო, რომ ჰქონდა ძალა, უბრალოდ, უნდა გაენაწილებინა ისე, რომ მაშველების მისვლამდე ცოცხალი ყოფილიყო. პირველმა ღამემ სრულიად უიმედოდ ჩაიარა, მეორე დღეს კი ვერტმფრენი დაინახა. მაშველებმა შეამჩნიეს, მაგრამ იმ დღის მერე კიდევ სამი ღამე ელოდა მათ. მთელი ეს ღამეები გეგე თავისი მეგობრის, მერაბ ხაბაზის ცხედარზე იწვა იმისთვის, რომ არ გაყინულიყო. ესეც ისეთი ამბავია, რომლის გაგებაც ჩვენ, ბარში, გაგვიჭირდება. „ნასას“ ისტორიაში ყველაზე ბედნიერ დღედ „აპოლო 13“-ის ეკიპაჟის დედამიწაზე მშვიდობიანად დაბრუნება ითვლება და არა არმსტრონგის პირველი ნაბიჯები მთვარეზე. მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელიც უშბაზე დატრიალდა, ის დღე მაინც ბედნიერი იყო იმიტომ, რომ ერთი ადამიანი მაინც გადარჩა.
ალპინისტებს არ აქვთ ცხენოსნების მსგავსი წესი, მაგრამ აქვთ ერთმანეთის მიმართ უდიდესი მოწიწების და პატივისცემის გრძნობა. გეგემ 2007 წელს, ჭაუხიდან უშბაზე იმიტომ წაიყვანა ახალგაზრდა მთამსვლელები, რომ ზალიკო ქიქოძისთვის პატივი მიეგო - 2005 წლის ტრაგიკული ექსპედიცია იმით დაიწყო, რომ ზალიკო ქიქოძის დიდი სურვილი იყო, „მიშლეევის მარშრუტით“ დაელაშქრა უშბა. მართალია, გეგემ სურვილი ვერ განახორციელა, მაგრამ ამას აუცილებლად გააკეთებს რომელიმე მთამსვლელი და თან, იმის მიუხედავად, იცნობდა თუ არა დაღუპულ ალპინისტებს. ეს არის ალპინისტური თანაგრძნობა, რომელიც არავის დაუწერია, იქვე გაჩნდა, მთაში, სადღაც, კავკასიონზე თუ ტიანშანში.
ამ წერილზე რომ ვმუშაობდი, გეგეს მეგობრებს შევხვდი, მთისას და ბარისას, ახალს და ბავშვობისას და ყველას დავუსვი კითხვა: მას შემდეგ, რაც ოთხი დღე გავიდა, თქვენ კი გეგეს შესახებ არაფერი იცოდით, შეგეძლოთ თუ არა ობიექტურად გეფიქრათ, რომ ის გადარჩებოდა? ყველას პასუხი ცალსახად დადებითი იყო - „კი, ვიცოდი, რომ გადარჩებოდა!“ გეგეს ძალიან კარგი უნარი აქვს, მოახდინოს ძალების მობილიზება; ყველაზე პანიკურ სიტუაციაშიც კი არ იბნევა და სწრაფად შეუძლია კონცენტრირება იმ დაბრკოლებაზე, რაც იმ წუთას მის წინაშე დგას; ის ძალიან კარგი ფიზიკოსია და კარგად იცის, როგორ შეინარჩუნოს სითბო, იმდენად კარგად, რომ ოთხი ღამის განმავლობაში სითხის ზუსტად ის რაოდენობა მიიღო, რაც შარდის ბუშტს არ აუვსებდა. ეს უკანასკნელი არგუმენტი მისმა სტუდენტობის მეგობარმა და კოლეგამ მითხრა.
ფიზიკოსობას ალტერნატივა არ ჰქონია. ბავშვობიდან აინტერესებდა ეგეთი დარგები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია... ფიზიკა აირჩია და დღეს დოცენტია - ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. მთისა და ბარის გეგეს პროფილი ერთმანეთისგან ბევრი არაფრით განსხვავდება. როცა აქ არის, იმას აკეთებს, რაზეც მთაში არც კი ფიქრობს, ეგ არის და ეგ.
ალბათ, ოჯახის შექმნაზეც ფიქრობს. ჯერ კიდევ რატომ არის დაუოჯახებელი, ვერ ხსნის. მთას მისთვის ოჯახის შექმნის შანსი არ წაურთმევია, ყოველ შემთხვევაში, ხელი არ შეუშლია და არც არჩევნის წინაშე მდგარა ოდესმე - მთა ან ოჯახი. არგუმენტად მეგობრები მოჰყავს - მათ ხომ შექმნეს ოჯახები, ესე იგი, მთა არაფერ შუაშიაო. მაგრამ, ალბათ, მთას მაინც აქვს გავლენა. რომ დაოჯახდეს, თავისუფლებას დაკარგავს - ვეღარ ივლის ისე ხშირად, ვერ გარისკავს. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ თავისუფლების მიღწევა ყველაფერში შესაძლებელია, ყველაზე მეტად კი საკუთარ ოჯახში.
ავსტრალიური ფილმია რაღაც, ვიღაც ათეისტ მთამსვლელზე. ავსტრალიური კინოს წარმატებები კარგად მოგეხსენებათ რაც არის, ამიტომ, იმის ახსნას არ დავიწყებ ,რა ხდება ფილმში და რა არა - ისიც კი არ ვიცი, რატომ ვნახე ეს ფილმი. მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ მაგალითად მინდა მოვიყვანო მთავარი გმირი, რომელიც ერთ-ერთ მწვერვალზე გაიჭედება და ათი დღის მერე მოხსნიან. როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ღმერთს თუ სთხოვდი შველასო, მან მკვახედ მიუგო - მე ხომ ათეისტი ვარო. აბა რაზე ფიქრობდითო, დახმარებას არავის სთხოვდითო? ჩემი ღმერთი ჩემი ოჯახია, რომელზეც სულ ვფიქრობ და ვიცი, ისინიც სულ ჩემზე ფიქრობენ, ამით ვძლიერდები და ამან გამაძლებინაო. გეგეს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად არის:
მთაში სიარულის დიდი გამოცდილება უკვე მიღებული ჰქონდა, მეგობრებთან ერთად გადაწყვეტილება რომ მიიღო - პატრიარქის კურთხევით მწვერვალებზე ჯვრები აეტანათ და იქვე აღემართათ. ერთ-ერთი ასეთი ასვლის დროს, გეგეს და მის მეგობრებს მყინვარწვერის პიკამდე მიღწევაში უამინდობამ შეუშალა ხელი. გადაწყვიტეს, ჯვარი იქ აღემართათ, სადაც შეჩერდნენ. გარშემო სულ ნისლი იყო, თვალთან თითს რო, ვერ მიიტანდი, ისეთი, აირჩიეს ადგილი და აღმართეს ჯვარი. ამასობაში ნისლი გაიფანტა და ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც ჯვარი აღმართეს, გერგეტის სამება გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ყველა მოიხიბლა ამ სანახაობით, მათ შორის, გეგეც.
ამ ამბის შემდეგ ორი თვე იყო გასული, გეგე რომ ისევ წავიდა მყინვარწვერზე. მთელი გზა უმეორებდა მეგობრებს, ერთი მაგარი ადგილი ვიცი, საიდანაც გერგეტის სამება ჩანს და თქვენც უნდა დაგანახოთო. მივიდნენ ჯვართან. არაჩვეულებრივი ამინდი იდგა, არც ნიავი უბერავდა და ცაც მოკრიალებული იყო. შედგა გეგე და გაიხედა. დიდხანს იყურებოდა და ეძებდა სამებას, მაგრამ ვერ დაინახა. ვერ დაინახა იმიტომ, რომ იმ ადგილიდან სამება არ ჩანდა და არც არასოდეს გამოჩენილა.
ეს არ იყო ის გარდამტეხი ამბავი, რომლის შემდეგაც გეგე უფრო რელიგიური გახდა. საერთოდ, როცა მთაშია, ღმერთთან სულ აქვს კონტაქტი. ამას ზოგჯერ ვერ აცნობიერებს, მაგრამ ამა თუ იმ რთული მონაკვეთის გავლის შემდეგ, უკვე სამშვიდობოს გასული, ხვდება, რომ განსაცდელის წუთებში, დახმარებას სულ ღმერთს სთხოვდა, გაუჩერებლივ და გულწრფელად. შემდეგ კი, დაბრკოლებას ისე ართმევდა თავს, თითქოს მინდორზე უნდა გაერბინა. ერთხელ, მსგავსი რამ, კომუნიზმის პიკზე ასვლისას მოხდა. მაშინაც სულ ღმერთს სთხოვდა ძალას, რომ ასულიყო, რაღაც ჭირდა, თვითონაც არ იცის რა, ფიზიკურად სუსტად გრძნობდა თავს და როდესაც ავიდა, მიხვდა, რომ სხვაზე არაფერზე უფიქრია, გარდა იმისა, რომ ღმერთს ძალებს სთხოვდა. პიკზე ასულმა სანთელი აანთო და ინსტინქტურად ხელები შემოაფარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შვიდიათასი მეტრის სიმაღლეზე ისეთი ნიავიც კი არ იძვროდა, რომელიც ერთ პაწაწინა სანთელს ჩააქრობდა. და სანთელიც ისე ჩაიწვა, როგორც ნებისმიერ დაკეტილ სივრცეში ჩაიწვებოდა. ეს იყო გეგეს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეპიზოდი.
ყველაზე დიდი გარდატეხა გეგეს ცხოვრებაში ჯერ არ მომხდარა. ის მაშინ მოხდება, როცა ძალაუნებურად მოუწევს მთიდან ჩამოსვლა და ბარში სტაციონარულად თავის დამკვიდრება. ჯერ ნამდვილად არ ფიქრობს იმაზე, თუ რას იზამს იმის შემდეგ, რაც წრიაპებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. დიდი იმედი აქვს, რომ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა მისი ასაკი აღარ იქნება მთის შესაფერისი. ფიქრობს, რომ იმ დროისთვის უკვე ოჯახიც შექმნილი ექნება და მშვიდად შეძლებს, ამბების გუდას თავი მოხსნას და შვილს ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მოუყვეს ჰიმალაისა და კავკასიონზე, კილიმანჯაროსა და ამადაბლამზე.
P.S. ერთხელ უკვე ვთქვი, შემთხვევითობის არ მჯერა-მეთქი, თუმცა მჯერა დამთხვევების. ამ წერილზე მუშაობა, რომ დავიწყე, პირველივე საღამოს CNN-მა გადმოსცა, ედმუნდ ჰილარი გარდაიცვალაო. სამძიმრის წერილს ვერ გავუგზავნი, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, გული დამწყდა - ის ხომ პირველი მთამსვლელი იყო თენსინგ ნორგეისთან ერთად, რომელმაც ჯომოლუნგმა დაიპყრო.
![]() |
12 თომ უეითსი „ღმერთი საქმეებზეა გასული“ |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ავტორი: კახა თოლორდავა
როდესაც ფრენქ უეითსმა, პროფესიით ესპანური ენის მასწავლებელმა, მოწოდებით მეამბოხემ, დროდადრო კი მაგარმა მსმელმა, შფოთისთავმა და არცთუ ურიგო მომღერალმა, მეუღლესთან გაყრა გადაწყვიტა, მისი ვაჟიშვილი, თომას ალან უეითსი თერთმეტი წლის იყო. მამის ოჯახიდან წასვლამ ორი ინტერესი დაუტოვა ბიჭს - მატარებლები, რითაც, როგორც მას სჯეროდა, ადრე თუ გვიან, მამამისი უნდა დაბრუნებულიყო და ზრდასრული ადამიანები. ფრენქ უეითსი ოჯახს არ დაბრუნებია, მაგრამ დღეს, ორმოცდაშვიდი წლის შემდეგ, მისი ვაჟიშვილის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამერიკელი კომპოზიტორის, მომღერლის და დროდადრო, არცთუ ურიგო მსახიობის, თომ უეითსის პირად საუნდ-არქივში თითქმის ყველა ტიპის მატარებლების ხმაური ინახება. მისი სიმღერების რიტმული მონახაზები ხშირად სწორედ ამ საუნდების მოდიფიცირებულ ვარიანტებზეა აგებული, ხოლო უეითსის სიმღერების პერსონაჟები გამუდმებით ადიან და ჩამოდიან მატარებლებიდან, ტოვებენ თავიანთ პატარა ქალაქებს მატარებლებით, სახლების ფანჯრებიდან ხედავენ ორთქმავლების მიერ დატოვებულ ორთქლის კვალს და გაზეთებში კითხულობენ რკინიგზებზე მომხდარი კატასტროფების შესახებ. რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებს, მისი ცხოვრებიდან მამის ფიგურის გაქრობის შემდეგ, თომ უეითსი მთელი ოთხი წლის განმავლობაში თამაშობდა „დიდკაცობანას“; იცვამდა, როგორც ზრდასრული მამაკაცი, იბოხებდა ხმას და ცდილობდა, მიხვრა-მოხვრაც კაცური ჰქონოდა. უეითსი ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ მისი განუმეორებელად გაბზარული ხმა ბიძამისი ვერნონის და დაუდევარი ექიმების დამსახურებაა. მისი მტკიცებით, ვერნონმა მხოლოდ გადატანილი ოპერაციის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ექიმებს ოპერაციის შემდეგ მომცრო ზომის საოპერაციო ინსტრუმენტი ჩარჩენოდათ მის სხეულში. ეს ინსტრუმენტი მან ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, სადილობისას ამოაფურთხა. გადარჩა, მაგრამ მომხდარმა იოგები დაუზიანა ყელში, რის შედეგადაც მას ხმა დაუჯდა და გაებზარა. უეითსი საათობით ცდილობდა ხოლმე, ბიძის ხმისათვის მიებაძა. ერთ მშვენიერ დღეს კი, მას „დიდკაცობანას“ თამაში მოსწყინდა და გადაწყვიტა, ნამდვილი კაცი გამხდარიყო. ამ დროს ის უკვე ცოტ-ცოტას უკრავდა და მღეროდა. დაახლოებით ამავე პერიოდში, ერთმა მისმა ნაცნობმა, რომელიც მძღოლად მუშაობდა სასწრაფო დახმარების მანქანაზე, სტეტოსკოპი უსაჩუქრა. უეითსის პირველი ექსპერიმენტი საუნდზე სწორედ სტეტოსკოპის მეშვეობით შედგა, როდესაც მან მემბრანა გიტარის კარკასში დაამაგრა. ის იხსენებს, რომ სწორედ მაშინ შეიგრძნო მუსიკა „მსხვილი პლანით“ და სწორედ მაშინ დაინახა პირველად „ბუსუსები მუსიკის კანზე.“ თომ უეითსი 15 წლის იყო, როდესაც თავისი პირველი სამუშაო იშოვა. ამ დროისათვის მან უკვე იცოდა, რომ ის, რაც არ გკლავს, ძალას გმატებს. ერთადერთი, რაც მას „დიდკაცობანას“ თამაშმა დაუტოვა, ოდნავ გაბზარული ხმა იყო, რომელიც დროის განმავლობაში კიდევ უფრო დაჯდა და ჩაიხრინწა.
ინგლისური სიტყვა „maverick“-ის მნიშვნელობა ასეთია: ადამიანი, რომელიც არ იქცევა ან ფიქრობს დანარჩენებივით; ადამიანი, რომელსაც თავისი განსხვავებული და ორიგინალური აზრი გააჩნია ყველაზე და ყველაფერზე. უეითსზე დაწერილ სტატიებსა თუ ბიოგრაფიებში ძნელია გადააწყდე თუნდაც ერთს, სადაც ეს სიტყვა არ იყოს ნახსენები მასთან მიმართებაში. „შემოქმედების სტიმულირებისათვის მუსიკოსს ახალი პირადული და მუსიკალური გეოგრაფია ესაჭიროება,“ - თქვა ერთხელ უეითსმა და დღეს, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული მუსიკალური მემკვიდრეობის გეოგრაფია ის აღარაა, რაც უეითსამდე იყო. მისმა სიმღერებმა არა მარტო თანამედროვე მუსიკის ხმოვანება შეცვალა, არამედ ის რაკურსიც, საიდანაც ამერიკას აღიქვამენ. დღეს ძნელია იმოგზაურო ამერიკაში და ადვილად ამოიგდო თავიდან უეითსის ნამღერის შედეგად გაჩენილი პარალელური ამერიკა, თავისი გამაოგნებლად დეფორმირებული პეიზაჟებით, პატარა ქალაქებით და ამ ქალაქების შიგნაკრავი „ჰობოებით“ და „ლუზერებით“; ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ უეითსი მოსმენილი გაქვს. უეითსის ამერიკა იმ ფოტოსავითაა, რომელიც პატარა ბავშვმა თამაშის დროს ნაკუწებად აქცია და რომელიც, მოგვიანებით მისმა მშობლებმა გაჭირვებით შეაკოწიწეს. უეითსის ამერიკა დახეული და თავიდან შეწებებული ამერიკაა და ეს ამერიკა არა მარტო უეითსის სიტყვის, არამედ, სხვადასხვა სახის და ჯურის მუსიკალური სტილის (ბლუზი, ქანთრი, ჯაზი, პოლკა, ვალსი, კაბარე და სხვა) უეითსისეული ინტერპრეტაციის პროდუქტია. უეითსის სიტყვა და საუნდი ისეთივე დაუვიწყარია, როგორც ფრენა სიზმარში. ამ რამდენიმე ხნის წინათ, ჟურნალმა Paste-მა მეოთხე ნომრად შეიყვანა უეითსი ყველა დროის 100 საუკეთესო მუსიკოსის სიაში. „ლიტერატურაში მხოლოდ რამდენიმემ შეძლო შეუძლებლის მოხდენა, - განაცხადა Paste-ის რედაქციამ, - მუსიკაში კი, ეს შეუძლებელი თომ უეითსის ყველა ჩანაწერში ხდება.“
ის, რაც არ გკლავს, ძალას გმატებს... ოჯახიდან მამის წასვლის შემდეგ უეითსის დედა და ორი და სან დიეგოს (კალიფორნია) გარეუბანში, ნეიშნალ სითიში გადმოსახლდნენ. ამ დროისათვის უეითსი უკვე უკრავდა პიანინოზე და გიტარაზე. ის ძირითადად მანქანაში ცხოვრობდა, იქვე ეძინა და წერდა სიმღერებს. სახლში კი, თავისი ოთახის კედლებზე ბობ დილანის სიმღერების ტექსტები ჰქონდა გაკრული. დილანი ერთადერთი იყო, ვინც უეითსს სამოციან წლებთან აკავშირებდა. მისივე თქმით, მან მთელი სამოციანები „ძილში“ გაატარა. ის არ უსმენდა „ბითლზებს“ და „სთოუნზებს“, მას არ აინტერესებდა „გრძელთმიანი პროტესტი“ და ტრანსცენდენტალური მედიტაცია. მისთვის ფრენქ სინატრა, ლუის არმსთრონგი, ჰაულინგ უოლფი, ბინგ ქროსბი, ნეთ ქინგ ქოული და „ბითნიკები“ - ჯექ ქერუაქი და ალენ გინსბერგი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ. მას რეი ჩარლზის კონცერტებზე შექმნილი გარემო უფრო იზიდავდა, ვიდრე Swinging London-ი. უეითსს მოსწონდა, რომ ამერიკის პატარა ქალაქების მიტოვებულ ბეღელებსა და საწყობებში რეი ჩარლზის კონცერტებზე ხალხი ისე თავდავიწყებით ცეკვავდა, რომ იატაკიდან ავარდნილი მტვერის გამო მოცეკვავეები ერთმანეთს ძლივს ხედავდნენ. მისივე თქმით, ის მეომბოხე იყო მეამბოხეთა წინააღმდეგ. სან დიეგო მეზღვაურთა და საზღვაო ფლოტელთა ქალაქი იყო. უეითსის თითქმის ყველა იმდროინდელი მეგობარი ან ფლოტილიაში მომსახურე ან კიდევ, მეთევზეთა ოჯახებიდან იყო. ის იგონებს, რომ ზოგჯერ, როდესაც თევზის სარეწი გემები ერთდროულად გადიოდა ზღვაში და ფლოტელებიც, რაღაც დროით წვრთნებზე მიდიოდნენ გარკვეული პერიოდით, თითქმის ყველა მისი მეგობრის ოჯახები მამების გარეშე რჩებოდა. მათი მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები ბარებში და სვირინგის სალონებში ატარებდნენ დროს. არ ვიცი, დაეჯერება თუ არა უეითსს ეს, მაგრამ 1999 წელს ჟურნალისტ ბარნი ჰოსქინსთან საუბრისას მან თქვა, რომ სწორედ სან დიეგოს Napoleon's Pizza House-ში მუშაობისას გაიკეთა მან ტანზე რესტორნის სრული მენიუს სვირინგი. როდესაც მას მენიუს თხოვდნენ, ის მაგიდებს შორის მაისურაწეული მიმოდიოდა და კლიენტებს ტანზე ამოსვირინგებულ ტექსტს აკითხებდა. ასეთივე ექსცენტრიკული იყო ის სიმღერებისათვის მასალის შეგროვების პროცესშიც. ის ბარებში ყოფნისას თითქმის ყველა ყურმოკრულ საუბარს იწერდა და სპეციალურად დადიოდა ლომბარდებში, სადაც ვიღაც-ვიღაცების დატოვებულ ნივთებს ათვალიერებდა და ცდილობდა, წარმოედგინა, თუ ვისი შეიძლება ყოფილიყო ესა თუ ის ნივთი. „ჩემთვის მთელი ეს პერიოდი ნებისმიერ ხმაურში მუსიკის გაგონების მცდელობა იყო. მე მესმოდა მუსიკა გაჩოჩებული სკამის ხმაურში, პოლიციის მანქანების სირენებში, კარის გამოჯახუნებასა და ნაბიჯების ხმაში“. მთელი სამოციანების განმავლობაში უეითსი ხან მზარეულად მუშაობდა, ხან მეხანძრედ სატყეო სამსახურში, ხან მიმტანად, ხან რომელიმე ბარის „ვიშიბალად,“ ან მეკარედ კლუბებში, სადაც ის საღამოობით უკრავდა და მღეროდა კიდეც. სწორედ კლუბ The Heritage-ში მოისმინა ის პროდიუსერმა ჰერბ ქოენმა და დისკის ჩაწერა შესთავაზა. ეს 1971 წელს მოხდა. იმ დროს თომ უეითსი 22 წლის იყო.
ისტორიული ფაქტია ის, რომ შუა საუკუნეებში ევროპის ბევრ მდინარეზე დაცურავდნენ გემები, რომლებსაც არც ერთ პორტში შესვლის უფლება არ ეძლეოდათ განსაკუთრებული ნებართვის გარეშე. ამ გემებს „მთვრალ ხომალდებს“ უწოდებდნენ და მათი „მგზავრები“ სულით ავადმყოფები იყვნენ. ასე ცდილობდნენ დიდი ქალაქები განუკურნებელი ავადმყოფების თავიდან მოცილებას. ამ გემებზე ნორმალურად მხოლოდ გემის კაპიტნები ითვლებოდნენ, თუმცა, ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად ნორმალურებად რჩებოდნენ ისინი დროის განმავლობაში. თომ უეითსი და მისი სიმღერების პერსონაჟები და თემები რაღაცით ჰგვანან „მთვრალი ხომალდის“ კაპიტანს და მგზავრებს. რა თქმა უნდა, ამ პერსონაჟების დიდი ნაწილი უეითსის ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ყოველი მათგანი, ასე თუ ისე, რეალურ შემთხვევაზე ან პიროვნებაზეა აგებული. უეითსი ჟურნალ-გაზეთების და საინტერესო ფაქტების კომპილაციების დაინტერესებული მკითხველია და ხშირად, სიმღერის იდეა შეიძლება წაკითხული სტატიიდან ან რომელიმე უცნაური ფაქტიდან დაებადოს, თუმცა, ის არც გიჟების ნაკლებობას განიცდიდა პირად ცხოვრებაში. საწყისი იდეები, როგორც წესი, უეითსისეულ ცვლილებებს განიცდის. მაგალითისათვის, აი, მისი ერთ-ერთი სიმღერის საწყისი იდეა: „საუნდის თვალსაზრისით, მე მჭირდებოდა უროს გრდემლზე დარტყმის ხმა. ხოლო რაც შეეხება პერსონაჟებს, თავიდან მე ჯორზე ამხედრებული კაცი დავინახე. ის ყვავის დასაჭერად მიდის. ჯორს უნაგირზე გიტარა ჰკიდია. როდესაც კაცი ყვავს დაიჭერს, ის გიტარის სიმებს გვერდზე წევს და ყვავს გიტარის კარკასში ატყვევებს. შემდეგ კი, ის სიმებს თითებს ჩამოკრავს და დაკვრას იწყებს. მელოდიეს, რომელსაც ის უკრავს ყვავი ჭკუიდან გადაჰყავს.“ ეს სიმღერა ალბომში „Swordfi shtrombones“ შევიდა სახელწოდებით „16 Shells From A Thirty-Ought-Six“. იმავე ალბომში შესული სიმღერის Down, down, down, იდეა კი, უკვე რეალურ შემთხვევაზეა აგებული: ერთხელ, როდესაც უეითსი არიზონას შტატში იმყოფებოდა ტურნეში, რაღაც მიზეზის გამო (რა თქმა უნდა, ნასვამი იქნებოდა), მას ღია ცის ქვეშ მოუხდა ღამის გათენება. იმ ღამეს ისე ციოდა, რომ მას ორმოს ამოთხრა მოუწია შიგ რომ ჩაწოლილიყო. ზემოდან ჩამოცვენილი ფოთლები დაიყარა და, ასე თუ ისე, მოახერხა ღამის გადაგორება. დილით, უძინარი, თმებში ფოთლებით და სახემოთხვრილი, იქვე მდგარ ტაძართან მივიდა, სადაც ვიღაც ქალი გამოეგება და შესთავაზა, წირვას დასწრებოდა. უეითსი დათანხმდა. მალე მრევლიც შეიკრიბა და წირვაც დაიწყო, რომელსაც პატარა ბენდი უძღვებოდა. წირვის მთელი რიტუალი ე.წ. კითხვა-პასუხზე იყო აგებული: „გწამთ მამა ღმერთის?“ - ეკითხებოდა პასტორი ექსტაზში შესულ ადგილზე მოცეკვავე მრევლს. „გვწამს! - ყვიროდა ხალხი. მომდევნო შეკითხვაზეც ასეთივე მონდომებული პასუხები ისმოდა. ბენდი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა უკრავდა. „უარყოფთ სატანას?“ - ლამის ყვირილით იკითხა რაღაც მომენტში მოძღვარმა და თითით მიუნიშნა უკანა რიგში მჯდარ უეითსზე. „უარვყოფთ!“ - წამოიყვირა ხალხმა და ყველამ ერთდროულად გახედა უეითსს. ამის შემდეგ წირვა ჩვეულებრივად გაგრძელდა. მოგვიანებით, ეს შემთხვევა უეითსმა სიმღერად აქცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიმღერის წერისას უეითსმა კარგად იცის, თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის პერსონაჟი, რა აცვია, როგორ მოძრაობს, სად ცხოვრობს, რას ჭამს და როგორი ამინდია სიმღერაში. უეითსი ამბობს, რომ იმის ცოდნა, თუ როგორ ამინდში ხვდებიან მისი სიმღერის პერსონაჟები, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. სწორედ ამიტომაც, ყველაზე უფრო აბსურდული პერსონაჟებიც კი, იმდენად რეალურები არიან უეითსის სიმღერებში, რომ ძალაუნებურად იჯერებ, რომ არსებობს ცირკში მომუშავე ცხენის სახიანი გოგო სახელად ეთელი, ცალთვალა მაირა, რომელსაც როი ორბინსონის მაისური აცვია და ბოთლიდან ასმევს რძეს ორანგუტანგ ტრიპოდს, რომელსაც ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ მისი ასო სულ ერეგირებულ მდგომარეობაშია, რელიგიურ რიტუალებში შეყვარებული ყასაბი, დურგალი, რომელიც ნერვიულობს იმაზე, რომ მის მიერ გაკეთებული ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი უნდა გააკრან, კარგი არ გამოვიდა, ჟღვლინტიანი ქალი ჟანგიანი ცრემლით ან მეხდარტყმული გოგონა, სადღაც მინდორში მიგდებული გაყინული ტრაქტორი და ზარმაცი მორწმუნე, რომელსაც ეკლესიაში წასვლა ეზარება და ამიტომაც, ყოველ დილას დაჩოქილი ლოცულობს მის სახლთან მყოფი საკონდიტროს ვიტრინის წინ, სადაც შოკოლადის იესოებია გამოფენილი. უეითსის სიმღერებში რუსული მარშის თანხლებით ქუჩებში მარშირებენ ლილიპუტები, იწერენ ჯვარს ნიუ-იორკის მეტროს გვირაბებში, ისმენენ სიმღერებს რომლებიც „ელექტრონული შაქარივით“ ჟღერს, სან დიეგოში გაშვებული ფეიერვერკის რაკეტა ილინოისის შტატის რომელიღაც პატარა სოფელში უკიდებს ცეცხლს ბეღელს, ციხიდან თევზის ხერხემლით გაკეთებული გასაღების მეშვეობით გარბიან და ჰონგ-კონგში ალაბამაში დარჩენილ ცოლებზე ფიქრობენ. ყველაფერი ეს იმდენად ბუნებრივად გამოსდის უეითსს, რომ მიუხედავად სიმღერების ჰალუცინატორული ხასიათისა, იმავე წუთში ხვდები, თუ რაზეა ესა თუ ის სიმღერა და რატომ დაიწერა ის. მისი სიმღერები მოკლემეტრაჟიანი ფილმებივითაა: „სიმღერის წერა ჩიტის დაჭერასავითაა. ეს ისე უნდა მოახერხო, რომ ჩიტი არ შემოგაკვდეს. სამწუხაროდ ზოგჯერ ხდება, რომ ჩიტის ნაცვლად ბუმბული გრჩება ხელში,“ - ამბობს უეითსი. ან კიდევ: „სიმღერებს სვავივით უნდა უტრიალი გარშემო, ხოლო როცა დრო მოვა, მიეპარო და თვალები ამოკორტნო.“
თომ უეითსი დარწმუნებულია, რომ სიმღერებს არ უყვართ, როდესაც მათ „აღმოაჩენენ“ და ჩასაწერად ამზადებენ. ამიტომაც, ეწინააღმდეგებიან ისინი მათ შემქმნელს. ჩაწერის პროცესში ისინი იცვლიან სახეს, ხმოვანებას, შინაარს და, ყველაფერი ეს სწორედ იმიტომ, რომ მათ არ უნდათ, რომ ვინმემ ისინი აღმოაჩინოს; უეითსისათვის სიმღერის წერა აჩრდილებისათვის ფოტოს გადაღების ტოლფასია. ის ამბობს, რომ მხოლოდ მაშინ იწყებს ახალ ალბომზე მუშაობას, როდესაც ხვდება, რომ რაღაც განსაკუთრებულის და ახლის მოსმენა უნდა: „მე მივდივარ მაღაზიაში და ვეკითხები გამყიდველს: ჰეი, რუდი, რა გაქვს ახალი და საინტერესო? არაფერი, - მპასუხობს ის და სწორედ ამ დროს ვხვდები, რომ ახალი და საინტერესო მე თვითონ ვარ. დისკი, რომელსაც ვეძებ, მე თვითონ უნდა ჩავწერო“. ალბომის ჩაწერის პროცესი მრავალსაფეხურიანი პროცესია. შეიძლება მუსიკოსს კარგი მელოდიები და ტექსტები ჰქონდეს სტუდიაში შესვლისას, მაგრამ საბოლოო პროდუქტი მაინც უვარგისი გამოუვიდეს. უეითსმა კარგად იცის, რომ ყოველი ახალი სიმღერა თავის განსაკუთრებულ საუნდს და გარემოს მოითხოვს და სწორედ ამიტომაა, რომ მასთან მომუშავე მუსიკოსები უეითსზე საუბრისას, წამდაუწუმ ახსენებენ ლაბორატორიულ ცდებს. უეითსის თხოვნით, მისი ასისტენტები იწერენ ყველა იმ საუნდს, რომელიც შეიძლება მას ალბომის ჩაწერისას გამოადგეს. ისინი საათობით დგანან ბომბეის ცენტრალურ მოედნებზე ველოსიპედების ზარების წკარუნის ჩასაწერად, დადიან ქარხნებში მეტალზე მეტალის დარტყმის განსაკუთრებული ხმაურების დასაფიქსირებლად, სხვადასხვა ქვეყნებში იწერენ კარნავალების საუნდს, პნევმატური ჩაქუჩების და ჩამოცვენილი ფოთლების ფოცხით შეგროვების ხმაურებს, ციხეებში რკინის კარების გამოჯახუნების ხმებს, მატარებლების საყვირებს, მეტალის თხელ ფირფიტებზე სხვადასხვა სახის მწერების გავლის ხმაურს, რომელსაც მერე ასჯერ ხმამაღლა იწერენ, თუნუქის კოლოფების ერთმანეთზე მიჯახუნების ხმას სხვადასხვა სიძლიერის ქარში და ბრინჯის ცვენის ხმაურს სხვადასხვა პერკუსიულ ინსტრუმენტებზე. უეითსი ამბობს, რომ ჭრიჭინების შენელებული ჭრიჭინის ხმა პიგმეების სიმღერებს აგონებს. ის თვითონაც დაუღალავად იწერს მისთვის საინტერესო ყველა საუნდს თავის პატარა ციფრულ დიქტოფონზე (უეითსი არაერთხელ უნახავთ დიქტოფონით ხელში თავისი სახლის მახლობლად, მატარებლის ხიდის ქვეშ მდგარი) და საჭიროების შემთხვევაში, დიდ ფულს იხდის რომელიმე იშვიათი ინსტრუმენტის შესაძენად. მაგალითად, პნევმატური კალიოპის, რომელსაც ადრე მოხეტიალე ცირკები იყენებდნენ ხალხის მოსაზიდად და რომლის აწევასაც მინიმუმ ექვსი კაცი სჭირდება. სამაგიეროდ, ერთხელ, როდესაც უეითსი კალიოპს იწერდა, ინსტრუმენტის ხმა ხუთი მილის მანძილზე ისმოდა, რამაც იქაური მაცხოვრებლების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. აი, იმ ინსტრუმენტების არასრული სია, რომელსაც უეითსი სტუდიაში მუშაობისას იყენებს ხოლმე: გიტარა, ბასი, დრამი, ფორტეპიანო, მარიმბა, ტრომბონი, საქსოფონი, ბანჯო, კონგა, აკორდეონი, ოპტიგონი, მელოტრონი, მარაკასები, ორღანი, ბასტარდა, გრამოლოდიუმი (კომპოზიტორ ჰარი ფარჩის მიერ გამოგონილი ინსტრუმენტი), ჰარმონიუმი, ვიოლონჩელი, ანალოგ-სინთეზატორი „ჩემბერლენ“ 2000, მეტალის აუნგლონგები, სხვადასხვა ეთნიკური დრამები, სხვადასხვა ზომის და ფორმის სტიკები, ზარები და სხვა. ყოველივე ამის „მოთვინიერებას“ კი, ის ადამიანები ესაჭიროება, ვინც ნამდვილად იციან, თუ რას აკეთებენ. ასეთ მუსიკოსებს უეითსი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ეძებდა და ეძებს.
„დაო დე ძინის“ (ჩინელი ფილოსოფოსის ლაო-ძის ტრაქტატი. VI საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხვამდე) ერთ-ერთ ინგლისურ ვერსიაში წერია: Great talents master slowly. ქართულად ეს ფრაზა დაახლოებით ასე ითარგმნება: დიდი ნიჭი ნელა მწიფდება. უეითსი იმდენად მნიშვნელოვანი ნიჭის მატარებელი მუსიკოსია, რომ მის ბოლომდე გაშლას და ამოქმედებას დრო დასჭირდა; ის პოკერში დარიგებული კარტივით ნელა გაიშალა. მას აუცილებლად უნდა გაევლო სხვებით მოხიბვლის შედეგად გაჩენილი ზეგავლენის პერიოდი, თუნდაც, იმიტომ, რომ მოეცილებინა ის ზედმეტი, რაც მისი არ იყო. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ უეითსის პირველ ალბომებში ცოტა უეითსია. უბრალოდ, დღეს მოსმენილ მის პირველ ალბომებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ის საკმაოდ სერიოზული კონკურენციის პირობებში (ამ დროს ჰენდრიქსი უკვე მკვდარი იყო, „ბითლზის“ წევრები უკვე სოლო პროექტებზე მუშაობდნენ, დილანს ჩაწერილი ჰონდა „Blonde on Blonde“, Led Zappelin-ს კი - „Black Dog“ და „Stairway to Heaven“) საკუთარი ნიშის მოძებნას და ამიტომაც, მისი იმდროინდელი მუსიკა თითქოს „კოსტიუმების მოსინჯვის“ პროცესშია. მას ხან ჯაზის „სუნი“ ასდის, ხან ბლუზის, ხან დილანის, ხან ქანთრის, ხან სინატრას, ხან რენდი ნიუმანის და ხანაც „ბითნიკების“. სცენაზე ის ხან ლენი ბრუსია, ხან დონ ვან ვლიეტი (ცნობილი როგორც Captain Beefheart). უეითსს არავის და არაფრის არ ეშინია. მას ხან გიტარა უჭირავს ხელში, ხან პიანინოსთან ზის და „სიგარეტის ბოლში გახვეულ“ სიმღერებს მღერის, ხან კი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით იწერს ალბომებს. 1975 წლის Nighthawks at the Diner-ში უეითსი უკვე თავის თავს ემსგავსება, ხოლო 1978 წლის Blue Valentine-ში ის უკვე ისე ღრიალებს, როგორც დღეს.
ამ დროისათვის მისი ხმა უკვე ინსტრუმენტია, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. მისი იმდროინდელი ბენდი უკვე უეითსის ჰალუცინაციების ნაწილი ხდება და, შესაბამისად, საუნდიც უხეშდება და რიტმული მონახაზებიც უეითსისეულად მსხვრევადია. ბრაიან ინო, ალბათ, ერთერთი ყველაზე უფრო დაფასებული მუსიკოსი და დაკავებული პროდიუსერი ამბობდა: „არტისტები და შამანები სამყაროს ღირებულებებით მუხტავენ. მათი მეშვეობით, ის საგნები და მოვლენები, რომლებიც ჩვენ გვეგონა, რომ არ გვჭირდება, ან ვერ ვამჩნევდით, უეცრად, ღირებულნი ხდებიან და ცოცხლდებიან“. სწორედ ასეთი შამანი ხდება უეითსი დროის განმავლობაში. მას უკვე შეუძლია იმღეროს ეზოში ჩამოკიდებულ საქანელა საბურავზე ისე, როგორც არავის. სამოცდაათიან წლებში უეითსი ტურნედან ტურნეში დადიოდა. ის გამოდიოდა ჯონ ფრაინის, სონი თერის, ბრაუნი მაქგის, როჯერ მაქგინის, ჯონ ჰამონდის, ბილი ფრესთონის და ფრენქ ზაპას „გამხურებლად“. „მე ზაპას რექტალური თერმომეტრი (თერმომეტრი, რომლის უკანალში ჩადგმითაც ზომავენ სიცხეს) ვიყავი, - იგონებს უეითსი. - ამ კაცს ლიდერობის საოცარი ნიჭი და ხედვა ჰქონდა. ის ჩემი მეშვეობით თავისი მსმენელის ტემპერატურას ზომავდა. „რას შვებიან?“ - მეკითხებოდა ის კულისებში ჩემი გამოსვლის შემდეგ, - კარგად იქცევიან?“ მე კი ამ დროს ლამის გულის შეტევის კანდიდატი ვიყავი. აბა, როგორია იმ აუდიტორიისათვის დაკვრა, რომელიც თავისი „კუმირის“ მოლოდინში ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გაგინებს დარბაზიდან?“ მაგრამ უეითსის შეშინება არცთუ ისე ადვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მაგრად სვამდა და იმ დროს მისი ექსცენტრული გამოხდომების და ისტორიების ლამისაა ორტომეულის გამოცემაც კი შეიძლება მოხერხდეს, მან კარგად იცოდა, რომ ის, რაც არ გკლავს, ძალას გმატებს. 1983 წელს ის თავის გარდამავალ ალბომს Swordfi shtrombones-ს წერს. ერთი წლით ადრე კი მუშაობს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის One From The Heart საუნდთრექზე. გადაღებაზე უეითსმა თავისი მომავალი მეუღლე ქეთლინ ბრენანი გაიცნო. ამ ნაცნობობამ საბოლოო წერტილი დაუსვა უეითსის ალკოჰოლიზმს. სწორედ ამ დროს, მის ერთ-ერთ სიმღერაში გაისმა ფრაზა: „დამისხით ტაქსი, მეტის დალევა აღარ შემიძლია“… ქეთლინთან შეხვედრის შემდეგ მას უკვე თავგადასავლები აღარ ესაჭიროებოდა. ის თვითონ გახდა თავგადასავალი.
„როდესაც მუსიკოსები ერთმანეთს ხვდებიან, მათ ძაღლებივით უნდა დაყნოსონ ერთმანეთი იმისათვის, რომ მიხვდნენ, გამოადგებიან თუ არა ერთმანეთს, - თქვა ერთხელ უეითსმა. - მე მულტი-ინსტრუმენტალისტებთან მუშაობა მომწონს და, როგორც წესი, ხშირად ვითხოვ ხოლმე, რომ ჩემმა მუსიკოსებმა ინსტრუმენტები გაცვალონ. ყოველთვის საინტერესოა რეზულტატი, როდესაც კარგი მუსიკოსები მათთვის უცნობ ინსტრუმენტებზე ცდილობენ დაკვრას.“ უეითსს არ ეშინია სხვა მაგარ მუსიკოსთან მუშაობისა, ვინაიდან იცის, რომ მხოლოდ მათი მეშვეობით მოახერხებს თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას. გიტარისტი მარქ რიბო ამბობს, რომ უეითსი არასდროს უხსნის თავის მუსიკოსებს, თუ რა უნდა დაუკრან მათ. „ის გეუბნება: დაუკარი ისე, თითქოს თმებზე ცეცხლი გიკიდია, ან დაუკარი ისე, თითქოს ლილიპუტების ბარმიცვაზე დაპატიჟებულ ბენდში უკრავ“. უეითსს ისევე, როგორც ფრენქ ზაპას, ჟესტიკულაციის თავისი ორიგინალური სისტემა აქვს შემუშავებული, რომელზეც ის თავის მუსიკოსებს ესაუბრება სტუდიაში თუ სცენაზე. მასთან უკრავდნენ რალფ ქარნი, ლარი თეილორი, ჩარლი მუსელუაითი, ქით რიჩარდსი, მარქ რიბო, სთივენ როჯერსი, მულ პათერსონი (დრამერი, რომელიც ჯიმ ჯარმუშის ფილმის Night on Earth საუნდთრექზე მუშაობისას დატენილი რევოლვერით დადიოდა სტუდიაში), სმოუქი ჰორმელი, ქრისთოფერ მარვინი, ქრისთალ გეილი, გრეგ კოენი, ქრის გრეიდი, სხვადასხვა ცნობილი პროგრამისტები და მრავალი სხვა დიდებული მუსიკოსი. ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, უეითსი არ თაკილობს, სთხოვოს ქუჩაში გამვლელებს, დაეხმარონ მას საჭირო საუნდის მიღწევაში. ასე მოხდა, მაგალითად, Earth Died Screaming (ალბომიდან Bone Machine) ჩაწერის დროს, როდესაც უეითსმა სტუდიაში არსებული მიკროფონების მანიპულირების მეშვეობით ვერ მოახერხა მისთვის სასურველი საუნდის მიღება ჯოხების ორკესტრის ჩაწერის დროს. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წამში იქნა მიღებული. უეითსი და მისი მუსიკოსები ქუჩაში გავიდნენ და იქვე, მანქანების გაჩერებაზე დაიწყეს მოხალისეების შეგროვება, რომლებსაც სხვადასხვა ზომის ჯოხები დაურიგეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს სასურველი შედეგი. საერთოდ, თომ უეითსს არცთუ ძალიან მოსწონს სტუდიებში მუშაობა და ამიტომაც, ხშირად ცდილობს მონახოს ისეთი ადგილები, სადაც მის სიმღერებს სუნთქვის საშუალება მიეცემათ. 2004 წლის ალბომი Real Gone მან მიტოვებული სკოლის შენობაში ჩაწერა. მას ძალიან მოსწონდა ის, რომ ოთახი, სადაც ისინი მუშაობდნენ, ხმაგაუმტარი არ იყო და ჩაწერის პროცესში გარედან მანქანების და სკოლიდან დაბრუნებული ბავშვების ხმაური შემოდიოდა. უეითსი ამბობს: „როდესაც მე ვისმენ ალან ლომაქსის მიერ ბამბის პლანტაციებსა თუ შავკანიანთა ქოხებში ჩაწერილ სიმღერებს, მე ვიცი, რომ ძაღლი, რომელიც სიმღერის ფონზე ყეფს, უკვე მოკვდა, ქოხი, სადაც სიმღერა იწერებოდა, უკვე აღარ არსებობს, ალან ლომაქსი და ის, ვინც სიმღერას მღერის, უკვე მკვდრები არიან, მაგრამ ჩვენ დაგვრჩა სიმღერა, რომელიც მთელი ამ გარემოთია გაჟღენთილი. ცუდია, რომ ჩაწერის დროს უფრო მეტმა თვითმფრინავმა არ გადაგვიფრინა და მეტმა მანქანამ არ ჩაუარა იმ შენობას, სადაც ჩვენ ვიწერდით“. იგივე Real Gone-ის ჩაწერის დროს უეითსმა დიდი დრო საკუთარი სახლის სააბაზანოში გაატარა, სადაც იქვე იწერდა პირით დაკრულ დრამის საუნდს. მისი ვაჟიშვილის, ქეისის თქმით, რომელიც „ვერტუშკებზე“ უკრავს ამავე ალბომში, სააბაზანოდან დღეების განმავლობაში ისმოდა ტვინის წამღები ბუმ-ფუმბუმბუმბუმ-ფუმ, რომელსაც უეითსი ან უნიტაზში, ან კი, აბაზანაში თავჩაყოფილი მღეროდა.
„ქეთლინს შეუძლია იწვეს ლურსმნებზე ტუჩში გაყრილი ნემსით და მაინც აუღელვებლად შეექცეს ყავას“, - თქვა ერთხელ უეითსმა თავის მეუღლეზე, რომელიც, აი, უკვე ოც წელზე მეტია, მისი სიმღერების თანაავტორიცაა. - სწორედ ასეთი ქალი მჭირდებოდა. სტუდიაში ის ხშირად, უხმოდ ზის და გაზეთებს კითხულობს, მერე კი, რაღაც მომენტში, თავს ასწევს და ისეთ რამეს იტყვის, რაც სიმღერას აცოცხლებს. „ქეთლინი ჩემი თვალები და ყურებია, - თქვა უეითსმა ერთ-ერთ ინტერვიუში. - მას პილოტის ლიცენზია აქვს, მღერის მარია კალასივით და შეუძლია გაფუჭებული მანქანის შეკეთება. თავის დროზე ის დამკრძალავ ბიუროში მუშაობდა და მონაზვნობას აპირებდა. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც მარტო მისი დისკების კოლექციის გამო მოიყვანდნენ ქეთლინს ცოლად.“ არიან ქალები, რომლებიც როგორღაც ახერხებენ დიდი ადამიანების კარიერის ერთი ხელის მოსმით დანგრევას. ქეთლინ ბრენანი მათ რიცხვს ნამდვილად არ განეკუთვნება. ბრენანთან ერთად უეითსმა უკვე თორმეტი ალბომი ჩაწერა, დაწყებული 1983 წლის Swordfi shtrombones-დან და დამთავრებული 2004 წლის Real Gone-ით. ამ ალბომებზე რამის თქმას აზრი არა აქვს. ისინი უნდა მოისმინო. ერთადერთი, რაც, ალბათ, შეიძლება ითქვას, ისაა, რომ თუ წარმატებული მუსიკოსების უმრავლესობა დროის განმავლობაში პოულობს თავის კომფორტულ მუსიკალურ ზონას და არც კი ფიქრობს ამ ზონიდან გამოსვლას, თომ უეითსი აბსოლუტურად განსხვავებულად ფიქრობს. მისი მუსიკა სულ უფრო და უფრო დეკონსტრუირებული, რისკიანი და ექსპერიმენტული ხდება. ის საბოლოოდ შეეშვა „დიდკაცობანას“ თამაშს და ახლა პატარა ბავშვივით მუშაობს ახალ მასალაზე. მას არ ეშინია და არ აინტერესებს, თუ რას იტყვიან და დაწერენ მასზე. მის სიმღერებს ასრულებდნენ და ასრულებენ ბრუს სფრინგსთინი, The Ramones, თიმ ბაქლი, ბობ სეგერი, ელვის ქოსთელო, The Blind Boys of Alabama, ჯონი ქეში, თი ბოუნ ბერნეთი, როდ სთიუართი და სხვები. ამ რამდენიმე ხნის წინ, მსახიობმა სქარლეთ იოჰანსენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უეითსის სიმღერების კრებულის ჩაწერას აპირებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში უეითსმა დაწერა საუნდთრექები უამრავი ფილმისთვის და ითამაშა ჰექტორ ბაბენკოს, ფრენსის ფორდ კოპოლას, თერი გილიამის, ჯიმ ჯარმუშის და რობერთ ოლთმენის ფოლმებში; ითანამშრომლა უილიამ ბეროუზთან და რობერთ უილსონთან, „როლინგ სთოუნზთან“, როი ორბინსონთან, გევინ ბრაიარსთან საოცარ Jesus Blood Never Fail Me Yet-ზე, ჯონ ჰამონდთან, დეივ დუგლასთან, ბეთი მიდლერთან, ჯონ ლურისთან და სხვებთან. უეითსი, ბრენანი და მათი სამი შვილი - ქეისი, ქელი და სალივანი - კალიფორნიის შტატში, სონომა ქაუნთიში ცხოვრობენ. უეითსი ამბობს, რომ მათი სახლი შემაღლებულ ადგილზე დგას და ოდნავ დაქანებულადაა აშენებული, რის გამოც ყველა მრგვალი ნივთი მის სახლში ერთი მიმართულებით დაგორავს. მისივე თქმით, მათი ეზო სავსეა ათასგვარი გამოუსადეგარი და აბსურდული ნივთით, რაც მისი დიდი გატაცებაა. „მე ფულს დღემდე ყავის ცარიელ ყუთში ვინახავ უკანა ეზოში, - ამბობს ის, - მაქვს იარაღი და მყავს დაახლოებით ცხრა ძაღლი. ყველა მეზობელს ეშინია ჩემი“. უეითსს და მის ოჯახს ხშირად ხედავენ ადგილობრივ სუპერმარკეტებში, თვითონ უეითსს კი სხვადასხვა კაფეებსა და ბარებში, სადაც ის, როგორც წესი, ან საუზმობს ან ყავას მიირთმევს. სწორედ ამ კაფეებში უნიშნავს ხოლმე ის შეხვედრებს მის სანახავად ჩამოსულ ჟურნალისტებს. უეითსი არასდროს არ დადის დაცვის თანხლებით, ის ყოველთვის ზრდილობიანად ესაუბრება მასთან უკითხავად მიჭრილ ფანებს და არასდროს უარს არ ამბობს ავტოგრაფებზე, თუმცა, ხელის მოწერის შემდეგ ყოველთვის კითხულობს ხოლმე, - „ეს რა ჯანდაბად გინდა?“ მისი ტრანსპორტი 1970 წელს გამოშვებული Coup de Ville-ია. ის დღესაც მანქანაში წერს სიმღერებს, ვინაიდან ამბობს, რომ სახლში ამის საშუალება არ ეძლევა.
როდესაც უეითსი სცენაზე დგას და მღერის, ის მღერის როგორც ხალხის შუაგულში მოცეკვავე ადამიანი, რომელიც ცეკვავს ისე, თითქოს მას არავინ უყურებს. თომ უეითსი სცენაზე საოცარი საყურებელი და მოსასმენია; ალბათ, არც ერთ მუსიკოსს არა აქვს ისეთი ველური მაგნიტიზმი და ქარიზმა „ლაივის“ დროს, როგორც მას. ის მღერის ისე, თითქოს ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად განთავისუფლდეს თავისი სიმღერების მიზიდულობის ძალისა და ენერგიისაგან. ის ღმუის, ყმუის, კივის, ტირის, კვნესის, ხავის, ღრიალებს და ღიღინებს; ის ერთდროულადაა ყველა ის პერსონაჟი, ვიზეც მღერის. თავისი ხმის მეშვეობით (და ამის მიუხედავადაც) მას შეუძლია იყოს პატარა გოგო, ხანში შესული ქალი, მათხოვარი, კლოუნი, მკვლელი, ბიბლიის გამყიდველი აიოვადან, რიტა ჰეიუორთი, ეშმაკი, რევოლვერის ხმა (ბრიტანული ჟურნალი MOJO აცხადებს, რომ მსოფლიოში ვერავინ ამბობს სიტყვა pistol-ს ისე გემრიელად, როგორც უეითსი), ტყვიების ზუზუნი, ორთქლმავალი, მეექვსე ვაგონი, რომელშიც მისი პერსონაჟი იმყოფება და ნებისმიერი მუსიკალური ინსტრუმენტი. ის მღერის მთელი სხეულით, ყოველი კუნთით, ჟესტით, მიმიკით. ის მოძრაობს ისე, როგორც ეს მხოლოდ თომ უეითსს ძალუძს. მას შეუძლია შუა სიმღერის დროს შეჩერდეს და მაყურებელს სთხოვოს, სიმღერისათვის ტაშის აყოლება შეწყვიტოს იმიტომ, რომ ეს მას ხელს უშლის, შემდეგ კი იმავე ადგილიდან გააგრძელოს სიმღერა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. როდესაც ის მარჯვენა ფეხის სცენაზე ცემით მიჰყვება თავისი ბენდის მიერ შემოგდებულ რიტმს, ფიქრობ, რომ აი, ახლა სცენა ჩაინგრევა, ხოლო სცენასთან ერთად კი, მთელი დარბაზი დაიწყებს რღვევას... ის ნებისმიერი სიდიდის დარბაზში ისე მღერის, როგორც ოცკაციან ბარში. ის ყველა დარბაზში მისთვის სასურველ ინტიმურ გარემოს იქმნის. მისი პიანინოს გვერდზე ხშირად საკიდი დგას, ხოლო ერთხელ ზაფხულში ტურნეს დროს მან სცენაზე მაცივრის დადგმა მოსთხოვა ფრომოუთერებს. სიმღერებს შორის კი, ის მაყურებელს თავისივე შეთხზული მონოლოგებით ართობს. ბევრს მიაჩნია, რომ უეითსი რომ მუსიკოსი არ ყოფილიყო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომიკოსი იქნებოდა. მისი მაკაბრული მონოლოგების და ცალკეული ფრაზების კრებული უეითსისადმი მიძღვნილ თითქმის ყველა საიტზეა განთავსებული. აი, ერთ-ერთი მათგანი: „ხშირად მეკითხებიან, შეიძლება თუ არა, ქალი დაორსულდეს სექსუალური აქტის გარეშე. მე ვპასუხობ, რომ ეს საკმაოდ რთულია, თუმცა, შეუძლებელი არაფერია და ვიხსენებ შემთხვევას, რომელიც სამოქალაქო ომის დროს მოხდა. ბრძოლის დროს გასროლილმა ტყვიამ, რომელიღაც ჯარისკაცს სათესლე ჯირკვალში გაიარა და ბრძოლის ველთან ახლოს მყოფი პატარა სოფლის სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის საშვილოსნოში შევარდა. ქალიც და ჯარისკაციც გადარჩნენ. რამდენიმე ხანში კი ქალი დაორსულდა. დიდებული ბავშვი დაიბადა. დედა და შვილი თავს შესანიშნავად გრძნობდნენ. მხოლოდ ჯარისკაცი იყო ცოტა გაბრაზებული.“ ასეთ ისტორიებს უეითსი წარბშეუხრელად ჰყვება; ამ დროს მაყურებელი უკვე ისტერიკაშია. მას შეუძლია თავის ინჟინერს სცენიდან სთხოვოს რევერბერაციის დაკლება და მაყურებელი ამაზეც იცინის. დღეს, როდესაც უეითსი სცენაზე გამოდის, ყველა მობილური ტელეფონი დარბაზის ადმინისტრაციის გაფრთხილების გარეშე, გათიშულია, ხოლო მის დანახვაზე დარბაზში მყოფი ადამიანები წელში სწორდებიან, სთივენ სფილბერგის, ნიქ ქეივის, თომ იორქის, ჯონი დეფის, ფი-ჯეი ჰარვის, ბექის და მის სანახავად მოსული სხვა „სელებრითების“ ჩათვლით. უეითსს გასული წლის დეკემბერში 59 წელი შეუსრულდა. 2006 წლის ბოლოს მან თავისი ახალი სამდისკიანი ალბომი გამოუშვა სახელწოდებთ - Orphans: Brawlers, Bawlers and Bastards. „როგორია ეს ალბომი? - ამბობს ის, - არ ვიცი. ესაა ქუჩის ბიჭი, რომელიც უზარმაზარ საბურავებიანი კუბოთი მიქრის მდინარე ოჰაიოს სანაპიროზე. მას შემდუღებლის სათვალე უკეთია, ხელში საბერტყი უჭირავს, ყურებში კი ფეიერვერკის რაკეტები აქვს გაჩრილი...“ თუ ვინმეს ასეთი ტრანსპორტით გასეირნების სურვილი აქვს, შეუძლია, უეითსის მოსმენა სწორედ ამ ალბომით დაიწყოს. თვითონ უეითსი კი ფიქრობს, რომ ამის საშუალება თუ მიეცემა, აუცილებლად დაუკრავს „ლაივს“ კოსმოსურ ხომალდში, რომლის ფუზელაჟზეც უზარმაზარი ხმის გამაძლიერებლები იქნება დამონტაჟებული. მას მიაჩნია, რომ ამაზე კარგ „მესიჯს“ კაცობრიობა ნამდვილად ვერ მიაწვდის უცხოპლანეტელებს.
სტატიის არასრული ვერსია პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ოზონის“ მე-8 ნომერში.
![]() |
13 ვესტერნები უცხენოდ |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ
ინტერვიუ ბობ რაფელსონთან
ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: დავით მესხი
ინგლისურიდან თარგმნა დავით გაბუნიამ
- ვიცი, რომ ძალიან ბევრს მოგზაურობთ, მაგრამ, მოდით, იაპონიიდან დავიწყოთ, რადგან თქვენი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტი ისაა, რომ იაპონიაში ჯარში მსახურობდით და იაპონურ კინოფირმაში მუშაობდით. თუ მოახდინა თქვენზე გავლენა იაპონიამ და, საერთოდ, იაპონურმა კულტურამ.
- 1955 წლამდე იაპონიაში ვცხოვრობდი, გაზეთ „მაინიჩიში“ ვმუშაობდი, მათი კინოკრიტიკოსი ვიყავი, ამ გაზეთის ინგლისურენოვან, ამერიკულ ვერსიაში. სწორედ ამ დროს იაპონიაში ცხოვრობდა კინოკრიტიკოსი დონალდ რიჩი, რომელიც „ნიპონ თაიმზში“ მუშაობდა. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით. იაპონიაშივე დავქორწინდი, ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას დ, მათ შორის, კინოკომპანია „შოცუკუსთვის“ სუბტიტრებსაც ვაკეთებდი. სიმართლე გითხრათ, მაშინ იაპონური სრულყოფილად არ ვიცოდი, სხვები მიკეთებდნენ პრიმიტიულ თარგმანს და მერე, უკვე, მე ვცდილობდი, ეს სუბტიტრები მაყურებლისთვის უფრო გასაგები გამეხადა. ზოგჯერ, როცა ვგრძნობდი, რომ ფილმს „გაუმჯობესება“ სჭირდებოდა, დიალოგებს ვავრცობდი, მათ შორის, ოძუს ფილმებშიც. ასე რომ, ოძუს ყველა ფილმს შეურაცხყოფა მივაყენე ჩემი დიალოგების ჩამატებით.
- ოძუს რომელ ფილმზე შეგძლიათ თქვათ, რომ თქვენს შემოქმედებაზე, მართლაც, დიდი გავლენა მოახდინა? და საერთოდ, რომელმა იაპონელებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა?
- ოძუს „ტოკიოს ამბავმა“ - კამერის უმოძრაობის გამო, კუროსავამ - თავისი ფილმების ენერგიულობით; უგეცუმ - თავისებურად კეთილშობილური ფილმებით. მთელი ამ დროის მანძილზე იაპონური კინო კარგად შევისწავლე.
- ამ პერიოდს მოჰყვება თქვენი დამეგობრება ჯგუფ „Monkees“-თან. ამ დროისთვის, ეს ჯგუფი უკვე კარგავდა პოპულარობას და, შეიძლება ითქვას, უკვე აღარც იყო პოპულარული, როცა თქვენ მათ შესახებ ფილმი გადაიღეთ. რა იყო ეს, მათი რეაბილიტაციის მცდელობა, მეგობრებს დაეხმარეთ?
- არა, არა! „Monkees“, საერთოდაც, ჩემი შექმნილია. ეს ჯგუფი მე შევქმენი, ტელევიზიაშიც მე მოვიყვანე... და შემდეგ, პირველი ფილმიც მათ შესახებ გადავიღე. ასე რომ, ეს მათი უბრალო „გაცოცხლება“ არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, ვაიძულე ისინი, ჯგუფად ჩამოყალიბებულიყვნენ. სიმართლე გითხრათ, მეგობრები მეუბნებოდნენ, შენს პირველ ფილმს ამ ჯგუფზე ნუ გადაიღებო, მაგრამ უკვე მქონდა ფილმის იდეა და ძალიან მინდოდა მისი განხორციელება... თანაპროდიუსერსა და სცენარის თანაავტორს სახელად ჯეკ ნიკოლსონი ჰქვია (იცინის), მასთან თანამშრომლობით გავაკეთე ეს ძალიან გიჟური ფილმი. მასში ლოგიკა არ არის, ნარკოტიკით გაბრუებული თავგადასავალია. ეს იყო ჩემთვის შესაძლებლობა, ყველაფერი მეთქვა როკ-ენ-როლსა და პოპულარულ კულტურაზე. ასე რომ, ეს არ არის ტიპიური ფილმი „Monkees“ შესახებ.
- ეს პერიოდი ყველაზე საინტერესოა ჰოლივუდში, როდესაც ჰეიქსის კოდექსი უკვე აღარ მოქმედებს და მეტი თავისუფლებაა. როგორ ფიქრობთ, ბედი გწყალობთ, რომ ამ პერიოდში მოგიწიათ მოღვაწეობა?
- არ მინდა, ჩემი განცხადება ამპარტავნულად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ასე ვიტყოდი: როდესაც ჩემი კომპანია გავხსენი, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ჰოლივუდის მმართველობას შეუტია, ამას სხვა არავინ აკეთებდა. ჩვენი პირველი სურათები იყო „თავი“, „თავზეხელაღებული მოტოციკლისტი“, „5 მარტივი პიესა“, პიტერ ბოგდანოვიჩის „უკანასკნელი კინოსეანსი“ , ეს ფილმები, მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი, ოპერატორი ლასლო კოვაჩი, ყველაფერი ერთად აღებული, დაუპირისპირდა სტატუს კვოს. ამავდროულად, ქვეყანაში მიმდინარეობდა პოლიტიკური რევოლუცია და ჩვენც, ერთგვარად მისი ნაწილი ვიყავით. ხალხი იბრძოდა სამოქალაქო უფლებებისთვის, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, ყველაფერი ეს ერთდროულად ხდებოდა და ეს სიტუაცია ძალიან ჰგავდა საფრანგეთის 1968 წლის მოვლენებს.
- რახან „თავზეხელაღებული მოტოციკლისტი“ ახსენეთ, დენის ჰოპერზეც გკითხავთ. ამბობენ, რომ მან არც კინოს გადაღება იცოდა და არც მონტაჟი. თქვენ თუ ეხმარებოდით და როგორია თქვენი წვლილი ამ ფილმის გადაღებაში?
- დავიწყოთ იქიდან, რომ მე მომაფიქრდა, დენისისთვის ამ ფილმის გადაღების უფლება მიმეცა, ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ოჯახებით მეზობლად ვცხოვრობდით. დენისს 15 წლის ასაკიდან ვიცნობ. მას ყოველთვის უნდოდა, „Monkees“ სერიების რეჟისორობა, მაგრამ სულ უარს ვეუბნებოდი, შენ უკეთესს, უფრო მნიშვნელოვან საქმეს იმსახურებ-მეთქი. ისიც უნდა ვთქვა, რომ დენისი მხატვარი და კოლექციონერი იყო, მის ფოტოალბომებს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ ფოტოგრაფიც ძალიან კარგი იყო და თანაც, ძალიან ბევრი იცოდა თანამედროვე ხელოვნების შესახებ. ასე რომ, რაც შეეხება უშუალოდ გადაღებას, ამაში ჩემი დახმარება არ დასჭირვებია, შესანიშნავი ოპერატორი ედგა გვერდით, ლასლო კოვაჩი, რომელიც სულ ახლახან გარდაიცვალა. კასტინგში ნამდვილად დავეხმარეთ მე და ჯეკ ნიკოლსონი. ჩემი აზრით, მას ძალიან გაუჭირდა ფილმისთვის პრეზენტაბელური სახე მიეცა. იმ დროს ყველანი ეწეოდნენ მარიხუანას, ჩვენ ვაწყობდით კინოჩვენებებს ყოველდღე, სამოცამდე ადამიანი მოდიოდა, ყველანი კაიფში, და უდიდესი სიამოვნებით, პირდაღებულები უყურებდნენ ხუთ ან ექვსაათიან ფილმებს. ასე რომ, დენისს არ ესმოდა, რატომ ვითხოვდით მისგან „პრეზენტაბელური“ ფილმის გაკეთებას. მეტიც, ძალიან გვეშინოდა, რომ ფილმის მნახველი უკვე აღარავინ დარჩებოდა, რადსო ჩვენებებს აწყობდა. ასე რომ, მე ვთხოვე დენისს, ცოტა ხანს მოშორდი აქაურობას და ფილმი შემამოკლებინე-მეთქი.
- თქვენ, ალბათ, არ გეცოდინებათ და, საბჭოთა დროს „გოსკინოს“ მოპარული ჰქონდა „უკანასკნელი კინოსეანსი“ და არალეგალურ ასლზე გადაბეჭდილ ფილმს ქრთამის ფასად, ჩუმად გვიჩვენებდნენ სტუდენტებს. ეს ფილმი ძალიან პოპულარული იყო. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს სურათი 60-იანელთა თაობის მიერ 50-იანი წლების გადაფასების მცდელობა?
- ეს კითხვა საჩემო არ არის. ალბათ, ბოგდანოვიჩი უკეთეს პასუხს გაგცემდათ. ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო ფილმი, რომელიც ჩემმა კომპანიამ გამოუშვა, ჩვენს ყველა ცნობილ ნაწარმოებს (ჩემი საკუთარი ფილმების ჩათვლით) მირჩევნია, განსაკუთრებული გრძნობები მაქვს მის მიმართ. თუმცა, არა მგონია, პიტერს ეფიქროს სოციოლოგიურ ასპექტებზე. შესაძლოა, რომანის ავტორმა, ლარი მაკმარტრიმ მართლაც იფიქრა ამაზე. ამ ფილმში გადმოცემულია ეპოქის დასასრულის განცდა, 50-იანი წლების შემდეგ ამერიკა შეიცვალა, ბევრი სოციალური ინსტიტუტი (როგორიც იყო, მაგალითად, პატარა ქალაქების კინოთეატრები) გაქრა, ღირებულებები შეიცვალა. ვფიქრობ, პიტერი ამ ყველაფრის შესახებ გვიამბობდა, მაგრამ არ ცდილობდა, თეორიულად გაეანალიზებინა. ზოგჯერ კინორეჟისორი იღებს ფილმს, რომელიც პოპულარული ხდება, ხალხს აღელვებს, მაგრამ გადაღების პროცესში თავად ვერც კი ხვდება, რას აკეთებს. მოგვიანებით კი, მაყურებელი ფილმში ანალიტიკურ პოზიციებს აღმოაჩენს და რეჟისორიც თანხმდება ამას. უამრავი რაღაც წამიკითხავს, რასაც ჩემს ფილმებზე წერენ და მითქვამს, კეთილი, რახან თქვენ ასე დაინახეთ, ძალიან მიხარია და სიამოვნებით დაგეთანხმებით-მეთქი.
- მარტინ სკორსეზეს ფილმში ამერიკის ისტორიის შესახებ ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ დაიწყო 60-იანი წლების თაობამ სტერეოტიპების ნგრევა. თქვენს ფილმში „ხუთი მარტივი პიესა“ ეს ყველაზე აშკარაა. როგორ მოახერხეთ ასეთი არატიპიური ფილმის გადაღება?
- საბედნიეროდ, ასეთად დავიბადე: თან დამყვა წინააღმდეგობის გრძნობა ყველაფრის მიმართ - ოჯახი, სკოლა, ფილმები. ჩემთვის ადვილი იყო, რაღაც განსხვავებული შემექმნა, რადგან ყოველთვის განსხვავებულად ვგრძნობდი თავს. ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება აკეთო „იგივე“, ეს წარმოუდგენლად ძნელად მეჩვენებოდა. არ მესმოდა, რატომ სიამოვნებთ ეს ადამიანებს, არ მესმოდა, რატომ ხარჯავენ დროს ამაზე. ერთხელაც, როდესაც კომპანიის გახსნას ვაპირებდი, ჩემს კომპანიონთან, ბერტ შნაიდერთან მივედი და ვუთხარი: მე მინდა, კინოკომპანია გავხსნა. ჩვენს ქვეყანაში იმდენი უნიჭიერესი ადამიანია, მაგრამ იმის ნიჭი არა გვაქვს, რომ ეს ნიჭიერება აღმოვაჩინოთ. არადა, ნიჭი მართლა არსებობს, ამაში დარწმუნებული ვარ.
ალბათ, გესმით, დენის ჰოპერი, რომელიც გიჟივით დააქროლებდა მოტოციკლს, ძალიან გრძელი თმა ჰქონდა და უნარკოტიკოდ სიცოცხლე არ შეეძლო, როგორ ავტომატურად მოხვდა ჩემს ჯგუფში. ჩვენ მანამდეც ერთად „ვაბირჟავებდით“, უბრალოდ, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ კინოს გადაღება გვინდოდა. ასე რომ, „ხუთი მარტივი პიესა“ ამ ყველაფრიდან მოდის... თუმცა, „თავი“ გაცილებით თამამი, ფორმის თვალსაზრისით ბევრად უფრო რევოლუციური ფილმია, რომელიც ბევრმა არ იცის. „ხუთი მარტივი პიესა“ უფრო კონვენციურია გმირების ხასიათის გახსნის თვალსაზრისით, მასში ნაჩვენებია გაუცხოებული ადამიანის ფსიქოლოგია. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ვგრძნობდით გაუცხოებას ჩვენი კულტურის, მთავრობის, მშობლებისგან და ამ ნიშნით ყველა ეს ფილმი ერთმანეთს ჰგავს. იგრძნობა, რომ ავტორები საზოგადოებისგან გაუცხოებულნი არიან.
- ხშირად ამბობენ, რომ ამ ფილმებში იგრძნობა ე.წ. „ჩეხოვის მოტივი“ და იმასაც მიუთითებენ, რომ გოდარისა და, ზოგადად, ევროპული კინოს გავლენაც შესამჩნევია. რამდენად კარგად იცნობდით მაშინ გოდარის ფილმებს და საერთოდ, ხართ თუ არა სინეფილი?
- ვერ ვიტყვი, რომ სკორსეზესა და ბოგდანოვიჩივით სინეფილი ვარ. რა თქმა უნდა, უამრავ ფილმს ვნახულობდი, მაგრამ სერიოზულად არ შემისწავლია და ვერ დავიკვეხნი დიდი ცოდნით. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ იაპონიაში კინოკრიტიკოსად ვმუშაობდი. მახსოვს, 1970 წელს ერთმა ცნობილმა კრიტიკოსმა მკითხა, მოახდინა თუ არა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ბერგმანმა (ალბათ, მის ფილმებში ნაჩვენები ფუნქციამოშლილი ოჯახის გამო); იქნებ, გოდარმა ან, უფრო მეტად ტრიუფომ... ან იქნებ, ამ ორივეზე მეტად - რომერმაო. ვუპასუხე, არა, რას ბრძანებთ, ჩემი ფილმები ვესტერნებს ჰგავს-მეთქი. კრიტიკოსმა გაიკვირვა, კი მაგრამ, თქვენს ფილმებში ცხენებს ვერ ვხედავო. მაშინ ავუხსენი: ნუთუ არ გესმით, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის კადრი, და გადაღებას ვიწყებ, მსახიობებს ვეუბნები, ჩამოქვეითდით და ცხენები კადრს მიღმა დატოვეთ. მსახიობები თამაშობენ ვესტერნს, მე კი, ცხენებს კადრს მიღმა ვტოვებ-მეთქი.
- როცა თბილისის ეკრანებზე საქრთველოში თქვენი ყველაზე პოპულარული ფილმი, „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“ გამოვიდა, აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. ყველანი ადარებდნენ მას ლუკინო ვისკონტის „ცდუნებას“, რადგან ეს ორი ფილმი ერთი და იმავე ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. და იმასაც ამბობდნენ, რომ „ფოსტალიონი“ „ცდუნების“ ამერიკული რიმეიქია.
- ეს ტყუილია. დავიწყოთ იქიდან, რომ ამერიკაში ეს ფილმი ორი მიზეზის გამო არ უნახავს არავის: პირველი - უცხოური ფილმი იყო, რაც ავტომატურად ნიშნავს მის ნაკლებ პოპულარობას, მეორე - ფილმი ოფიციალურად აიკრძალა, რადგან ვისკონტიმ მოიპარა ჯეიმს მ. კეინის რომანი, საავტორო უფლებებისთვის ფული არ გადაუხდია, ასე რომ, ამერიკაში ფილმი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ აჩვენეს. თუმცა, ვისკონტიზე მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო, არსებობს ძველი ფილმი, რომელშიც ლანა ტერნერი და ჯონ გარფილდი თამაშობენ, ეს ფილმი მართლაც ძალიან ცნობილი იყო, ასე რომ, რომანი ვიკსონტიმდეც ძალიან ცნობილი იყო კინოინდუსტრიაში, ყველანი მეუბნებოდნენ, ძველი სურათის რიმეიქს რატომ აკეთებო. სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც, არც მე მინდოდა ამ ფილმის გადაღება...
ეს საქმე ასე მოხდა: ჩემთვის სრულებით ჩვეულებრივი რამ დამემართა, შარში გავეხვიე, სტუდიის დირექტორის მოკვლა ვცადე, და მთელი ოთხწელიწად-ნახევარი აკრძალული მქონდა კინოს გადაღება, ახლოსაც არავინ მიკარებდა, ჩემზე ამბობდნენ, გიჟიაო. ერთხელაც, ჯეკ ნიკოლსონმა დამირეკა და მითხრა, მოდი, „ფოსტალიონი“ გადავიღოთო. გავიკვირვე, რატომ-მეთქი (უკვე არსებული ფილმი საერთოდ არ მომწონდა). ჯეკმა დაიჟინა, ხუჭუჭავ, (ხუჭუჭას მეძახდა მეტსახელად) მე და შენ ერთად ძალიან კარგ ფილმს გავაკეთებთო. ბოლოს ვუთხარი, წავალ და შევხედავ-მეთქი. მართლაც, წავედი და კიდევ ერთხელ ნახვის შემდეგ მთლად წამიხდა წარმოდგენა ამ ფილმზე. ერთი მოსაწყენი რამეა, სადაც არ არის სექსი... არადა, წიგნი ძალიან უცნაურია, ნუარის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე დაწერილა. ყველაფერი სადომაზოხისტური სექსის ირგვლივ ტრიალებს, მთავარი პერსონაჟები ჟიმაობის დროს ერთმანეთს სცემენ, დანაშაულს ჩადიან, ეს მათ აღაგზნებთ. როგორც კი ქალის ქმარს მოკლავენ, იმწამსვე უნდებათ ჟიმაობა, კაცი ჯერ მკვდარიც კი არაა, სისხლისგან იცლება. ამ ყველაფერმა ძალიან ამაღელვა და გადავწყვიტე, თუ ჩვენ ამ წიგნის ნამდვილ ეკრანიზაციას გადავიღებთ, მაშინ, თანახმა ვარ-მეთქი. ჰოდა, გადავიღეთ კიდეც. დავიქირავე უცნობი სცენარისტი, დევიდ მემოტი, რომელიც მოგვიანებით, მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი და დრამატურგი გახდა. ფილმში მოვიწვიე მსახიობი ქალი, რომლის სახელი არავის გაეგონა. რაღაც ფილმებში უკვე ეთამაშა, მაგრამ იურიდიული პრობლემები ჰქონდა. მერე იმ სულელურ ფილმში, „კინგ-კონგში“ ითამაშა. მაგრამ მე, მაინც მიმაჩნდა, რომ სერიოზული მსახიობი იყო. 147 მსახიობ ქალს გავესაუბრე ერთი წლის მანძილზე, ჯესიკა ლანგი ხუთჯერ გადავიღე სინჯებზე, სანამ არ მივაგენი ამ ფილმის გადაღების ჩემს საკუთარ ხერხს.
სხვათა შორის, არსებობს კიდევ ერთი, უფრო ძველი ვერსია, რომელიც ლანა ტერნერიან ფილმზე უფრო ძველია და, თუ არ ვცდები, საფრანგეთში 1934 წელს გადაიღეს, თუმცა, ფირი არ არსებობს, დაკარგულია. ალბათ, რეჟისორებს ამ წიგნში ჩადებული მძაფრი იდეა მოსწონთ. მე ეს იდეა შევცვალე. „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“ - ამ სათაურის აზრი ისაა, რომ ფოსტალიონი საბოლოოდ კლავს თავის ცოლს და ამ დანაშაულისთვის მას ასამართლებენ, ბედისწერას ის მაინც ვერ გაურბის. ჩემს ფილმში ეს მომენტი საერთოდ აღარაა, ფოსტალიონი, უბრალოდ, კლავს თავის ცოლს. ჩემთვის ეს არის ძლიერი სიყვარულის ისტორია, მერე რა, რომ სადო-მაზოხისტური ვნებებია ნაჩვენები, ისინი ხომ შეყვარებული ადამიანები არიან, რომელთაც სხვანაირი სექსი მოსწონთ. ჩემთვის არ არსებობს უფრო დიდი სასჯელი, ვიდრე საყვარელი ადამიანის დაკარგვაა, ასე რომ, როცა კაცი შემთხვევით კლავს ქალს, მისი საქმე დამთავრებულია, მას გული აღარა აქვს. ამის გამო ჩემი ფილმი ნუარის ჟანრში აღარ ჯდება. მის გადასაღებად სვენ ნიუკვისტი მოვიწვიე და გეტყვით, რატომაც: მან იცის, როგორ აჩვენოს ქალები ლამაზად, შეხედეთ ბერგმანის ფილმებს.
და კიდევ უამრავი დეტალის გახსენება შეიძლება. მოკლედ, ეს იყო, ჩემი მხრივ, სრული ინტერპრეტაცია და ამერიკაში ეს არავის მოეწონა, ანუ, ვერავინ ჩაწვდა აზრს, რა და რატომ გავაკეთე. ისინი ამბობდნენ, შეხედეთ ჯეკ ნიკოლსონის თითებს! ფრჩხილებქვეშ ჭუჭყი აქვს ჩარჩენილი! ასეთი ხელებით ქალის ფუჩუს როგორ შეეხო. გულისამრევი შეფასებაა, არა? საფრანგეთში კი ამბობდნენ, რა გამბედავია რაფელსონი, ფრჩხილებქვეშ ჭუჭყი დაუტოვა ნიკოლსონს და ქალის ფუჩუზე ასე მოაკიდებინა ხელიო. ჩემდა გასაკვირად, სრულებით განსხვავებული რეაქციები იყო. ძალიან დამწყდა გული, რომ არავინ მიაქცია ყურადღება, როგორი ბრწყინვალე იყო მსახიობების, ოპერატორის, სცენარისტის ნამუშევრები, ფილმი ამერიკის კინოთეატრებში მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე გადიოდა. მაგრამ, მოგვიანებით, როცა ფილმი ევროპაში, კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, ყველაფერი შეიცვალა, ევროპელებმა ფილმი გადამირჩინეს.
- თქვენ სრულებით სხვადასხვა ტიპის მსახიობებთან გიმუშავიათ, ჯეკ ნიკოლსონიდან დაწყებული, არნოლდ შვარცნეგერით დამთავრებული. მათთან ერთნაირად მუშაობთ თუ სხვადასხვანაირი მიდგომები გაქვთ და თუ ასეთი არსებობს, რომელს გამოყოფდით.
- ეს კითხვა ყველაზე ნაკლებად მიყვარს... მჯერა, რომ რეჟისორმა და მსახიობმა უნდა გამონახონ თავიანთი საკუთარი საკომუნიკაციო ენა. და თუ შენ მხოლოდ შენი ენა გაქვს, გნებავთ, მეთოდის ენა დავარქვათ ამას, ან სამსახიობო სტუდიის ენა... თუმცა, ყველა მსახიობს ეს არ ესმის, ან არ უნდა, გაიგოს. ასე რომ, ვცდილობ, საკუთარი ენა ვიპოვო, და ისევ, არ მინდა ქედმაღლობად მოგეჩვენოთ, მაგრამ მრავალ ქვეყანაში ძალიან ბევრი მივლია ფეხით, ათასობით კილომეტრი, მათ შორის, ძალიან „რთულ“ ქვეყნებშიც. ზოგჯერ ანთროპოლოგი, ან ნატურალისტი დამემგზავრებოდნენ. ისინი მკვდრები იყვნენ, მე კი ცოცხალი, რადგან მათ ადგილობრივი ენები ესმოდათ, მე კი - არა. მე მხოლოდ პანტომიმა მესმოდა, შემეძლო კომუნიკაცია ამ ხალხთან. ზოგჯერ, თავის გადასარჩენადაც კი დამჭირდა ასეთი პანტომიმა, რადგან ენა არ ვიცოდი, მიხსნიდნენ, რომ უადგილო ადგილას გადავკვეთე საზღვარი, რომ სულელურად მოვიქეცი, ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე და ა.შ. და ამ ყველაფერს მიხსნიდნენ თავისებურად, ისე, როგორც მხოლოდ მათ შეეძლოთ.
როცა ფილმს იღებ, დიქტატორს ემსგავსები, ბრძანებებს გასცემ: არა, ეს ქაღალდი იქით გადადეთ, კოვზი ცოტა მისწიეთ, არა, ასეთი ყავის ფინჯანი არ გამოგვადგება, მსახიობებს უყვირი, თავი ან აქეთ გასწიონ, ან იქით. და ასობით ადამიანი გემორჩილება, რახან რეჟისორი ხარ და აჯობებს, დაგემორჩილონ, არ ესმით, რატომ უნდა გადადონ გვერდზე ქაღალდის ნაგლეჯი, მაგრამ რახან რეჟისორი ამბობს... და როდესაც მოგზაურობ (განსაკუთრებით კი, უძველესი კულტურების მქონე ქვეყნებში), გეძლევა შანსი, კითხვებს კი არ უპასუხო, არამედ, თავად დასვა ისინი და რაღაც გაიგო. მთელი ცხოვრება ამ მხრივ ძალიან განებივრებული ვარ - ჯერ ერთი, მართალია, ძლივს, მაგრამ, მაინც, ცოცხალი ვარ და მეორე - მოგზაურობებისას ძალიან ბევრს ვსწავლობ. არა მგონია, ამ ყველაფერს მსახიობის ოსტატობასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდეს, მაგრამ ულაპარაკოდ, „უენოდ“ ყოველთვის უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს მსახიობთან, როცა ენის ნაცვლად არის განწყობა, დამოკიდებულება, თანხმობა ან, სულაც, ზიზღი. და როდესაც მსახიობები ამ ყველაფერს როგორღაც გრძნობდნენ, მათ მსგავსად მეც იმავეს განვიცდიდი.
„ხუთ მარტივ პიესაში“ არის ერთი სცენა, რომლის გადაღებისას მივუბრუნდი ჯეკ ნიკოლსონს და ვუთხარი: იცი, რა, ჯეკ, მე არ მინდა, გადავიღო ფილმი გაუცხოებული ახალგაზრდა კაცის შესახებ, (სცენარის ორიგინალურ ვერსიაში მთავარი გმირი თავს იკლავდა), აღარ მინდა ეს! სინამდვილეში სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაც მინდა: უნდა დავინახო, რომ ამ კაცს აქვს გრძნობები, და ის მკვდარი კი არა, უბრალოდ დამარხულია. პერსონაჟის სახეში ეს ძალიან დიდი ცვლილება იყო. ამ ფილმში სადღაც უნდა დავინახო, როგორ გემართება ნერვული შეტევა, შენი ემოციები უნდა მაჩვენო. ჯეკი აყვირდა, წადი შენი, მაგ სისულელეს არ გავაკეთებ, არ მინდაო. გადაღება შევწყვიტე, გავიდა ორი დღე, გავიდა სამი დღე. არჩევანი მივეცი, 2-3 სცენიდან ერთ-ერთში უნდა გაეკეთებინა ეს. საბოლოოდ მივედით მთავარი გმირისა და მამამისის სცენამდე... ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგონია, რომ ჯეკ ნიკოსლონმა ამ ერთი სცენის თამაშით მთლიანად შეცვალა ამერიკაში სამსახიობო ოსტატობის განვითარების მიმართულება. მთელი სამი დღის მანძილზე ძილის საშუალებას არ ვაძლევდი, დავდევდი და ვეუბნებოდი, შენ ამ სცენაში უნდა მაჩვენო ეს! ჯეკი ისევ უარზე იდგა. კი მაგრამ, შენში ეს თვისება ისედაც შემიმჩნევია-მეთქი, ვუთხარი. ჯეკი გაბრაზდა, რა უსინდისობაა, რახან ჩემ შესახებ პირადად იცი რაღაცა, ამას ბოროტად არ უნდა იყენებდე, მე ხომ მსახიობი ვარო. ვიცი, რომ მსახიობი ხარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ შენი ნერვული შეტევა არასოდეს არ არის იაფფასიანი და სენტიმენტალური და მეც პატივს ვცემ შენს გრძნობებს... ბოლოს და ბოლოს, სცენის გადაღება დავიწყეთ. კამერა ერთ ბოლოში დგას, ჯეკი - მეორეში. მე ხელში მიკროფონი მიჭირავს და ოპერატორს ვუყვირი: „წავიდა!“ ამასობაში გადასაღებ მოედანს არ ვუყურებ. სცენაში დიალოგი არ არის, გადის დრო და ვეძახი: „მორჩი?“. გადასაღებ მოედანზე ჯგუფი აღარ არის, ყველანი წავიდნენ, მხოლოდ მე ვდგავარ მიკროფონით ხელში. ჯეკი მეკითხება: „რაო? არ გიყურებია?“ „არა! ერთხელაც ხომ არ გვეცადა?“
ჯეკი აღშფოთდა, არავითარ შემთხვევაშიო. აი, ასე გადავიღეთ ის ცნობილი სცენა. ძალიან ყურადღებით მოვეკიდე ჯეკის მდგომარეობას, მაინტერესებდა, რას იზამდა.
ჩემი ფილმების პრემიერებზე ყოველთვის რამდენიმე წუთით მივდივარ ხოლმე, რომ შევამოწმო, პროექცია ნორმალურია თუ არა. ასე რომ, ფილმზე მუშაობის დასრულების დღიდან არასოდეს ვუყურებ მათ კინოეკრანზე, ჩემთვის ფილმი დამთავრებულია.
ერთხელ, ლონდონში, რაღაც ჯილდო გადმომცეს, ჩემგან ინტერვიუს იღებდნენ სცენაზე და ეკრანზე სწორედ ეს სცენა გაუშვეს. გამოსახულება სადღაც ჩემს თავს ზემოთ უნდა ყოფილიყო, მაგრამ პროექტორის სინათლე სათვალეზე მომხვდა და გამოსახულება სათვალეზე აირეკლა, ასე რომ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს სცენა ხელახლა ვნახე, თან ასე ახლოდან, ლამის საკუთარ თვალის გუგებზე. სხვა დროს აღარ ვუყურებ, რადგან ძალიან მოქმედებს ჩემზე.
- ძალიან დიდი დისტანციებია თქვენს ფილმებს შორის. ამ შუალედებში რას აკეთებთ?
- ვმოგზაურობ აფრიკაში, თურქეთში, ამაზონის ჯუნგლებში, შესაძლოა, საქართველოშიც აღმოვჩენილიყავი, ამ ლოგიკით. ყოველთვის ვცდილობდი, სამუშაოსგან რაც შეიძლება შორს გავქცეულიყავი, ძირითადად, ამას მარტო ვაკეთებ. თუმცა, ამ ბოლო დროს მოვუკელი, რადგან ჩემს შვილებს დიდი ხნით ვერ ვწყდები, აღაც ფილმებს ვიღებ და, ამას გარდა, მეტისმეტად მოხუცი ვარ იმისთვის, რომ ისეთივე რისკი გავწიო, რასაც ახალგაზრდობისას ვბედავდი. ძალიან ბევრი ქვეყნის ციხეებში ვმჯდარვარ, ბევრ ქვეყანაში წამებაც კი გამომიცდია, ახლა უკვე თავს უფლებას ვეღარ მივცემ, ეს ვაკეთო, რადგან შვილებზე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული.
- მოგზაურობის დროს ახალ პროექტებზე თუ ფიქრობთ?
- არა, არა და არა! ერთხელ, მას შემდეგ, რაც წლების მანძილზე ვიმოგზაურე სხვადასხვა ადგილებში, მომივიდა აზრი, გადამეღო ფილმი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ მოგზაურზე. ეს ჩემი საყვარელი ფილმია, რომელიც ჩემი გმირის შესახებ გადავიღე, ამ ადამიანმა თავისი ნაწერებით მასწავლა, როგორ უნდა მემოგზაურა, მისი სახელია რიჩარდ ბერტონი. რიჩარდ ბერტონის აფრიკაში მოგზაურობისადმი მიძღვნილ ფილმს „მთვარის მთები“ დავარქვი. თუმცა, აფრიკაში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს ფილმზე არ ვფიქრობდი. მეორე მოგზაურობას რაც შეეხება, ეგ უკვე სხვა იყო, ფილმისთვის მასალის მოძიება დავიწყე.
- და ბოლო კითხვა, რას ურჩევთ ახალგაზრდა ქართველ კინემატოგრაფისტებს?
- შეუძლებელი კითხვაა! მაგრამ მაინც ვუპასუხებ: თუ სწორად მახსოვს, მოცარტი 16 წლის ასაკში, ზალცბურგში, კარის კომპოზიტორი იყო. ერთხელ მასთან 3-4 წლით უფროსი მოსწავლე მივიდა და ჰკითხა, მარტივი სონატური ფორმით დავიწყო თუ კონცერტითო? მოცარტმა გადახედა და უთხრა: მგონი, შენთვის სონატა აჯობებსო. ყმაწვილი გაბრაზდა, კი მაგრამ, შენ ხომ შენი პირველი კონცერტი 6 წლის ასაკში დაწერეო, რაზედაც მოცარტმა მიუგო: კი, მაგრამ მე არავისთვის არაფერი მიკითხავსო. აი, ამას ვურჩევდი სტუდენტებს.
![]() |
14 სადღაც ბედნიერება უნდა იყოს შტეფან ტოლცი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
მაშ, ვუსურვოთ ბედნიერება ყველა უშგულელს,
ყველა სვანს,
ყველა ქართველს,
მთელს ევროპას,
მთელს დედამიწას
და ყველას, ყველას,
ვისაც ბედნიერება სურს!
ფილმიდან „დროის ზღვარზე“
ერთხელ ერთ ქალს (პირობითად ანა დავარქვათ), ერთმა მეგობარმა (პირობითად დავარქვათ ლაშა) უთხრა, რომ მისი მეგობარი, გერმანელი კინოდოკუმენტალისტი სახელად შტეფან ტოლცი სამუშაოს სთავაზობს.
- აბსოლუტურად ნორმალური ადამიანია, - უთხრა ლაშამ, - ჩადი.
- რა უნდა?
- არ ვიცი. ჩადი და გეტყვის.
რატომაც არა. იმხანად ანა ბერლინში ცხოვრობდა, კიოლნში ჩასვლა პრობლემა არ იყო, თან ფული კარგია, და ისიც ჩაჯდა მატარებელში და გაემგზავრა კიოლნში, სადაც შტეფანს უნდა შეხვედროდა.
ვინც კი კიოლნში მატარებლით ჩასულა, დამეთანხმება, რომ იქაური რკინიგზის სადგური შოკისმომგვრელია: მატარებელი კიოლნის კათედრალთან ჩერდება, კათედრალი კი არაფერს ჰგავს, რაც კი მანამდე უნახავს. შესაბამისად, ანაც დარეტიანდასავით.
- შორიდანვე გიცანი, - მოახსენა შტაფან ტოლცმა. - ასე გადასასვლელებზე მხოლოდ ქართველები გადადიან.
აბა, რა იცის შტეფან ტოლცმა, როგორ გადადიან ქართველები? თან ანასთვის რომ გეკითხათ, შესანიშნავად გადადიოდა. სულ კათედრალის ბრალია.
ძალიან საინტერესოა, რად სჭირდებოდა გერმანელ რეჟისორს მაინცდამაინც ანა? ეს იქვე გაირკვა: თურმე შტეფანი საქართველოში ფილმის გადაღებას აპირებს, თან დოკუმენტური ფილმისა, თან სვანეთში, ბუნებას კი ძალიან ცოტა ჰყავს სულიერი, რომელიც სვანურადაც ლაპარაკობს და გერმანულადაც. ანას, ცხადია, ძალიან ესიამოვნა, რომ რაღაც საქმეში მაინც შეუცვლელი აღმოჩნდა, და ასე დამეგობრდა ორი ადამიანი, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, რასისა და ავანტიურული სულისკვეთების გარდა, არაფერი აკავშირებდა.
- თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში პირველი „დასავლეთელი“ ვიყავი, - მოჰყვა შტეფანი, მეტწილად, ქართულად, - ქართულს და რუსულს ვსწავლობდი, მეგობრები შევიძინე, და ეს უცხო მიწა და უცხო ხალხი შემიყვარდა.
მისმა მეგობარმა, გია ხუციშვილმა განაცხადა კი, ჩამოვიდა, მითხრეს, ორი კვირით შენს დიდუბის სახლში შეუშვიო, და შევუშვი და არასოდეს აღარ წავიდაო. შტეფანის მოულოდნელი ჩამოსვლები ახლაც ღრმა შოკში აგდებს.
„შტაფანს აინტერესებს, რა ჯობია, მაგთის აბონენტი გახდეს თუ ჯეოსელის?“
„რა ჯეოსელი, რა მაგთი!“ აყვირდა გია, „რა, კიდევ ჩამოსვლას აპირებს?“
შტეფანი უკვე აქ იყო. ჩამოვიდა სექტემბერში, წავიდა და ორ კვირაში დაბრუნდა.
ბატონი ტოლცი კი განაგრძობს:
- ამავე დროს, თბილისში ვნახე სიძულვილი, ნგრევა და სამოქალაქო ომი. მას მერე სულ ვუბრუნდები კავკასიას, მაგრამ ჩემი იმდროინდელი იდუმალი საქართველო აღარ არსებობს. არსებობისთვის ბრძოლა უფრო სასტიკი გახდა. ქართველები ხომ ამბობენ „წუთისოფელი“. მე ასე მესმის: დრო სოფელია. მახსოვს, რომ სოფელში, მთაში მიკარგულ ადგილებში ყველაზე დიდი შთაბეჭდილებები მაქვს მიღებული, ყველაზე მეტად დავფიქრებულვარ და ყველაზე გულითადი შეხვედრები მქონია. ახლა მინდა დავბრუნდე და ის მოვძებნო, რაც წასულ სამყაროში დარჩა.
„მაინცდამაინც იმ სოფელს ნუ მიასკდები,“ ურჩია მეგობარმა. „ერთხელ ზემოდან ადგილობრივებმა ქვები დაგვაყარეს და ძლივს გამოვასწარით.“
შტეფანი მაინცდამაინც იმ სოფელში ავიდა (არ დავასახელებ, რომელში, ანტირეკლამა გამომივა და იტყვით, ეს ქალი ნაცისტი ყოფილაო), სურათები გადაიღო და ჩამოვიდა.
ეგ როგორ?
„უბრალოდ. მეორე მხრიდან მოვუარე და ზემოდან მივადექი.“
სწორია. ზემოთ ქვებს ვერ ააყრიდნენ.
...2000 წლის დეკემბერი იყო ძალიან ცივი და ცუდი. სვანეთში მიმავლებს ყველა უხსნიდა, რომ გზაზე დაიჭერდნენ, გაძარცვავდნენ, მერე ხაროში ჩაყრიდნენ, ფეხზე ბამბალიკას მოაბამდნენ, და შტეფანს კი გამოისყიდდა მისი სამშობლო, მაგრამ ანას... მაგრამ მაინც წავიდნენ, და 2001 წლის 2 იანვრის ღამეს, კალადან ღრმა თოვლში ფეხით ასულმა შტეფანმა ჩაჟაშის სახლებში სინათლე დაინახა და თქვა: „ალბათ ბედნიერება ესაა“.
ფილმი „დროის ზღვარზე“ თეთრი, თეთრი უშგულით იწყება. ამ ფილმმა თავის რეჟისორს ტაივანის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალის გრან-პრი, სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის Golden Gate Award, საბერძნეთში ECOCINEMA Zakynthos ჟიურის საგანგებო ჯილდო და, რაც მთავარია, უამრავი ადამიანის სიყვარული მოუტანა. ფილმი მთავრდება სიტყვებით, რომლებიც იქ, დროის ზღვარზე, ბევრად უფრო ხშირად ისმის, ვიდრე სადმე სხვაგან:
„მე შენ მიყვარხარ“.
საქმიანი მხარე
შტეფან ტოლცი დაიბადა 1966 წელს, 1986-დან 1993 წლამდე სწავლობდა მიუნხენის კინოსა და ტელევიზიის უმაღლეს სასწავლებელში და თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, დროდადრო - ნიუ იორკის უნივერსიტეტის კინოდეპარტამენტში და პეკინის კინოაკადემიაში. 1993-1999 წლებში თავისუფალი ხელოვანი იყო, რეჟისორი და პროდიუსერი, კიოლნსა და მიუნხენში სხვადასხვა ტელეარხებისთვის მუშაობდა. შემდგომში ის გერმანიასა და ავსტრიაში დოკუმენტური კინოს ხელოვნებას ასწავლიდა. 2002 წელს კი შტეფან ტოლცმა, თომას რიდელსჰაიმერმა და თომას ვარტმანმა მიუნხენში „ფილმკვადრატი“ დააარსეს. www.fi lmquadrat.de. ნახეთ. კარგია.
შტეფანმა გადაიღო ფილმები (თანმიმდევრობა ასეთია: ჯერ ახლები, მერე - ძველები):
eBay world, მარკუს ფეტერთან ერთად (Filmquadrat/ZDF/NDR/Arte)
adobe Towns - Shibam, უდაბნოს ჩიკაგო (Filmquadrat/SWR/Arte)
Shomal - Riviera der Mullahs - ირანის რევოლუციის მემკვიდრეობა (Filmquadrat/SWR/Arte)
დროის ზღვარზე - მამაკაცთა საზოგადოება კავკასიაში (Applaus Film/SWR/ARD/Arte/WDR/MDR)
უსიერ კავკასიაში - ფრიც ფლაითგენის პოლიტიკური და ლიტერატურული მოგზაურობა (ARD/WDR)
ვეშაპებზე ნადირობა და სიმარტოვე ჩრდილოეთ ატლანტიკის კუნძულებზე (Applaus Film/SWF)
ოქროს ქორწილი - 50 წლის ოჯახი გერმანიაში. ოთხი წყვილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეუღლდა (ARD/Arte/SWF)
კავკასიური სტუმარმასპინძლობა - ქართული სუფრა და მისი სტუმრები (SWF)
ძალაუფლება სხვაგანაა. სამოქალაქო სიმამაცისა და დემოკრატიის შესახებ (NDR)
ეს ის, რაც თავად გადაიღო. სადაც პროდიუსერია - ის ცალკე ნუსხაა. ჩამოთვლილ ფილმებს კი რეჟისორის გარდა კიდევ ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი ბედნიერებას ეძღვნება. შტეფან ტოლცი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, ბედნიერებას ეძებს, ოღონდ, მრავალთაგან განსხვავებით, სრულიად დაუფარავად.
ვირტუალური ბედნიერება
ეს ჯერჯერობით ბოლო ფილმია, ამიტომ გამოვყოფ, თორემ სხვები ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება. ჩემთვის აღმოჩენა იყო და ეგებ თქვენთვისაც მოულოდნელობა აღმოჩნდეს: თურმე დედამიწის 150 მილიონზე მეტი მცხოვრებია eBay-ს, ინტერნეტის უდიდესი აუქციონის მომხმარებელი. დოკუმენტურ ფილმში „მოვაჭრეთა ოცნებები“ შტეფან ტოლცი და მარკუს ფეტერი ჰყვებიან ხუთ ამბავს ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ ბედნიერებას ვირტუალურ სივრცეში ეძებენ.
„eBay ამერიკულია, და ამერიკა ჭრელია. უბრალოდ, დააწკაპუნე. ხალხს ჰგონია, რომ გაყიდვა პრობლემა არაა, მთავარია, გასაყიდი გქონდეს და ვინმე მაინც იტყვის, ვყიდულობო. მაგრამ ეს ხელოვნებაა,“ - ეს საქსონელი აგენტების სიტყვებია. ისინი ფილმის გმირები არიან, ისევე, როგორც მექსიკელი მეთუნე, რომელიც თავის ნაკეთობებს eBay-ს მეშვეობით ყიდის, შოტლანდიურ კუნძულ Skye-ს მკვიდრები, თურნების ოჯახი - სულ ნაირ-ნაირი ხალხი, რომელიც ცდილობს, ვირტულურ სივრცეში გაექცეს უმუშევრობას და უფულობას, და ვინ იცის, ეგებ იქ მაინც ნახონ თავიანთი ბედნიერება...
ხომ წარმომიდგენია, რა დღეში მოაქცია შტეფანმა თავისი გმირები! თქვენ საწყალი ანა უნდა გენახათ, სვანეთის გადაღებების მერე კარნავალზე რომ ჩავიდა კიოლნში, ეგონა, გავიხარებო, და სტუდიის კედლების მეტი რომ არაფერი უნახავს, გაოგნებული, ლუდვიგის ნაცვლად რომაულ მუზეუმში რომ შევარდა და სულ დარწმუნებული იყო, ლუდვიგისა დავათვალიერეო, და ბოლოს, გაქანებულ მატარებელს რომ შეახტა, იმიტომ, რომ ბოლო წამამდე ვერ თარგმნა ავადსახსენებელი „კუმში მუქვთერ“.
თან კარგი რამ მაინც ყოფილიყო. საქონლის მპარავს ნიშნავს, ბოლო კაცია.
მღერის ურმული
მაგრამ თუ სამუშაო არაა, შტეფანთან ერთად ყოფნას არაფერი ჯობია. ეს გადაღებების დროს გავეშდება ხოლმე, ალიონზე დგება, არ ჭამს, არ სვამს, არაფერი აინტერესებს, ხმას ვერ გასცემ...
ახასიათებს ამოჩემებები, როგორც წესი, უმართლებს და ეს ერთიათად გასაგიჟებელია.
14 იანვარს, როცა სრულიად საქართველო, განსაკუთრებით კი ევროპის სახურავი, უშგული, არაქმედუნარიანი იყო, შტეფან ტოლცმა გადაწყვიტა, რომ თამარის ციხესთან კამერით ჩასაფრებოდა ცხენოსანს.
იძახე შენ, არ არსებობსო. იძახე, რას ამბობ, ბიჭო, რასო. თან ბარდნიდა. მის მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილი სოფელი დარდობდა, გაიყინებაო, მაგრამ არა! არც გაიყინა და ცხენოსანიც გადაიღო. ბედი აქვს.
სხვა დროს კი მხიარული, მადლიანად მოლაპარაკე ბიჭია, სიცოცხლის, კარგი სიმღერის და ლამაზი ქალების მოყვარული.
კარგი სიმღერა ცალკე თემაა: „ურმული“. ამ კაცებს ჩვენი რეკომენდაციები არ სჭირდებათ, ისედაც მთელი საქართველო იცნობს. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თუკი „ურმული“ ოდესმე სადმე წავიდა და კონცერტზე აღმოჩნდით, მიმოიხედეთ - დარბაზში აუცილებლად დაინახავთ შტეფან ტოლცს. „ურმული“ მისი დიდი სიყვარულია, როგორც ჩანს, გაუნელებელი.
- დაიცა, დაიცა, - უთხრა მეგობარმა, - ჭიქაში ბიჭი მყავს.
- რა ბიჭი?
- ქინქლა. მხეცი. მინდა მე ახლა ბიჭის გაჩენა?
ბიჭიო?! შტეფანმა ჭიქა გაიშვირა და - აი, ის ხმა როგორ იწერება, ვინმეს რომ იტყუებ?
უწუ-უწუ...
. . .
რეკომენდაცია ქალებს შტეფან ტოლცის ფილმის გმირი ქალისგან: კაცისთვის საჭიროა, რომ იყოს სილამაზე, სითბო, სიყვარული და გემრიელი საჭმელი. თუ ასე იქნება, არსად არ მოუნდება წასვლა.
რეკომენდაცია მამაკაცებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე: დაპატიჟეთ ქალი იქ, სადაც „ურმული“ მღერის, და ის თქვენგან არასოდეს არსად არ წავა. რომ ეხვეწოთ, მაინც.
ზღაპარი საქართველოდან
შტეფან ტოლცი და ლაშა ბაქრაძე დიდი ხნის მეგობრები არიან. ორივეს ორ-ორი სამშობლო აქვს - გერმანია და საქართველო, ორივე თვლის, რომ გერმანელებს ქართველების შესახებ უნდა უამბონ. ამიტომაც გადაწყვიტეს, გამოეგონათ ამბავი თბილისელი ლაღიძეების შესახებ, ამბავი, რომელიც არ მომხდარა, მაგრამ ვინ იცის...
სტალინის დროა. ბიჭს გოგო უყვარდება, მამამისის კუთვნილ ლაღიძის წყლების დარბაზში ხვდება თავის დიდ სიყვარულს. ცხოვრება ცოტა უკუღმართულად ექცევა და ბიჭი თავისი ოცნების ქალს კარგავს. ის გადაწყვეტს, კაცობრიობა მაინც გააბედნიეროს, შექმნას წყალი, რომელიც ბედნიერების მომტანი იქნება.
არც საბჭოთა ბიუროკრატიას და არც შემდეგ წყლების ბაზარზე გამეფებულ კონკურენციას არ აღელვებს კაცის ოცნებები, მაგრამ მერე რა. მთავარია, ბედნიერება გინდოდეს, და იქნება. ეს მხოლოდ შეყვარებულებმა, გიორგიმ და ნინომ როდი იციან. ეს იცის მამა გრიგოლმა, რომელმაც სიმამაცის წყლებით წითელ არმიას სტალინგრადთან გაამარჯვებინა, იცის ბოროტმა ძია ლავრენტიმ, რომელიც სიყვარულის წყლებით იღვიძებს ვნებებს. მოლარე ანამ, წყლების დარბაზის სულმა, ზუსტად იცის, ვინ რა წყლით გაახაროს: მამა-შვილი, მარადიული ახალგაზრდობის აზრით შეპყრობილი ოპერის მომღერალი ელეონორა თუ ნაზი და ნარნარი საშა პორტნოი...
აი, გადაიღებს შტეფანი ფილმს და ნახავთ: ბედნიერება ნამდვილად არსებობს. მანამდე კი - კვლავ ციტატა შტეფან ტოლცის ფილმიდან: გისურვებთ ციმბირულ ჯანმრთელობას, კავკასიურ დღეგრძელობას და ბოშურ მხიარულებას. აი, ასე!
![]() |
15 პორტრეტები |
▲ზევით დაბრუნება |
სპეც-პროექტი
ავტორი, ფოტო: ბესო უზნაძე
მახსოვს, ბავშვობაში, როდესაც სახლიდან სადმე დიდი ხნით მივდიოდი, უკან დაბრუნებისას ჩემი სახლი სახეშეცვლილი, რაღაც გადასხვაფერებული მეჩვენებოდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი თავის ძველ ადგილას იდგა, მაგრამ მაინც არ მტოვებდა განცდა, რომ ეს იგივე - „სხვა“ იყო. მახსოვს, ეს განცდა ძალიან სასიამოვნო იყო და თანაც ახლის აღმოჩენის გრძნობით შეზავებული.
როდესაც თვალი ეჩვევა ყოველდღიურობას, ძნელად შესამჩნევი და აღსაქმელი ხდება ნიუანსური, მაგრამ უაღრესად ფაქიზი და მნიშვნელოვანი ცვლილებები. ყოველდღიურობაში ვერ ხედავ, როგორ იზრდებიან გივი და ანა, როგორ ბერდება დედაჩემი, როგორ იმოქმედა ამა თუ იმ კონკრეტულმა მოვლენამ ჩემს მეგობარზე, როგორ შევიცვალე თავად მე ... სწორედ ამან მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გამეკეთებინა ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების, უცნობების პორტრეტები, მომეხელთებინა ისინი აქ და ახლა, ამ სივრცეში და დროში, ამ მოვლენების ფონზე თუ შუქზე, ვინაიდან ხვალ ეს ადამიანები სხვანაირები გახდებიან, ან (რაც იგივეა) მე მომეჩვენებიან სხვანაირებად.
როგორც ბევრი მოაზროვნე აღნიშნავს, თანამედროვე ცხოვრება, ყველა სხვა ეპოქისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტად არის ცვლილებების (განსხვავებების) მაპროვოცირებელი, ჩვენ აღარ ვცხოვრობთ უწყვეტი კულტურული მემკვიდრეობითობის პირობებში, თაობებს შორის დისტანცია სულ უფრო მცირდება; ადამიანების განწყობებზე და ჰაბიტუსზე უმოწყალოდ აისახება არა მხოლოდ უშუალოდ მათ გარშემო არსებული, არამედ სამყაროში მომხდარი მოვლენები. აღარ არსებობს ერთი, „ობიექტური“ რეალობა, პირიქით, მრავალი, ურთიერთსაპირისპირო რეალობების ალყაში ვართ მოქცეული და ყველა ამ რეალობას თავისი „ავტორი“, თავისი განმცდელი და შემფასებელი ჰყავს.
მოკლედ, მინდოდა ბევრი პატარა დოკუმენტური ჩანახატისგან შემექმნა ერთი დიდი პორტრეტი, რომელიც აღბეჭდავს კონკრეტულ დროს იმ სივრცეში, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ და რომელიც აღარასოდეს განმეორდება.
სუხი
საინტერესო ქალია სუხი, რაღაცნაირად კრებითი. ასე მგონია, ბევრი ფოტო უნდა გადაუღო სხვადასხვა „ჰიპოსტასში“ და თითოეულიდან ამოსული სახეებით „შეკრიბო“ ის, რასაც თამარ სუხიშვილი ჰქვია.
უსათაურო
ხათო
„ანა-მარია ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა“ (გ. დოჩანაშვილი)
ფუფალა
ვინ თქვა, რომ უაღრესად რომანტიკული ფუფალა მხოლოდ მხატვრული გმირია? აი, ნახეთ, ვინ ამშვენებს თბილისის ქუჩებს. შიოლებო, სად ხართ?
ცისნარი
ცისნარი ჩემი მუზაა. ეს ქალი ნამდვილად ჩემიანია. თუმცა, მგონია, რომ ყველას შეუძლია მასში „თავისიანი“ იპოვოს: იგი შეშლილიცაა და ბრძენიც; ლამაზიც და უშნოც; კდემამოსილიც და „მსუბუქად ატაცებულიც“, დინჯიც და აშარიც, ახალგაზრდაც და ბებერიც, უცხოც და შინაურიც... ცისმარი ტოტალობაა, ოღონდ არა დასრულებულის (სრულყოფილის) რაციონალური გაგებით, არამედ - შინაგანი სიმდიდრით...
პატარძალი
მე, ქორწილის ოფიციალური ფოტოგრაფი, თეას პირველად შევხვდი და დილა მასთან ერთად გავატარე: წავყევი საპარიკმახეროში, შემდეგ - სახლში. ეს დილა მისთვის სავსეა მოლოდინით და რაღაცისთვის აქტიური მზადებით. საცაა საქმრო (ჩემი მეგობარი გიორგი) მოვა და წაიყვანს! ეს ისეთი წასვლაა, როდესაც არაფერს ნანობ იმასთან დაკავშირებით, რაც დატოვე...
დედაჩემი
დათო ბარბაქაძის ერთი ლექსი ასე იწყება: „ჩამოისვენე დედაჩემო“... ყველას დედა თავისებურად ისვენებს, დედაჩემი ასეთია - მაშინაც დაღლილია, როცა ისვენებს.
დარო
სიცოცხლეს რა ფასი აქვს უსიყვარულოდ?
დარო ჩემი მეგობარი, ფოტოგრაფი, „მსგავსი მსგავსს შეიცნობს“.
შოთა
შოთა ვულკანია, ახალი სასიცოცხლო ენერგია, წმინდა ემოცია და გონებით დაუბალანსებელი ინფანტილიზმი. შოთა გულუხვია და თავის სიკეთეებს თანაბრად უნაწილებს ყველას, ვინც ამის ღირსია. შოთა ზედმიწევნით ამართლებს ანტიკურ ბიოლოგიური დეტერმინიზმით გაჯერებულ შეგონებას: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. ისე, მე ეს შეგონება მძულს, რადგან საშიშია. შოთაც საშიშია...
ლიკა
უკარება და მსუსხავი. მე ვფიქრობ, მირზა გელოვანმა ლიკასნაირ ქალებზე დაწერა: „ირიბად დავალ, შენი ლანდი ბარბაცით დამდევს; ცა სისხლისფერად შეიღება როგორც იარა... ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად“.
სადილი
სადილი ცისნარისთან
სონა და ილო
სონას 5 წელია ვიცნობ. სულ სხვანაირი იყო. ძალიან შეცვლილი მეჩვენა, როდესაც წელს ქუჩაში შემთხვევით შევხვდი - გაზრდილი, დაქალებული, განაზებული. ცოტა რამ ვიცოდი მის შესახებ - ის, რომ რთული ბავშვი იყო, ჯიუტი, უხეშიც კი; მოკლედ, თავისებური.
ბიჭი ოპერასთან
ბავშვი ყველა განსხვავებულია და უნიკალური. ეს მერე, გაზრდილი (თუ ზრდასრული) ადამიანები ემსგავსებიან ერთმანეთს, რათა თანაცხოვრებაში რაღაც მსგავსებებს მიაგნონ და მათ მოეჭიდონ. არცერთი ბავშვი არავის არ ჰგავს. შეხედეთ ამ ბიჭს და მიხვდებით.
ანა
ივიკოს და
ივიკო
სულ მინდა, ასეთი პატარა ბიჭი მყავდეს - გამხდარი, უბრალო და სევდიანი.
თბილისს ჯერ კიდევ შემორჩნენ ასეთი ადამიანები.
თიკუნა
მადონა სამზარეულოში. ეს ფოტო ყველას ე.წ. „მხატვრული ფოტო“ ჰგონია, თუმცა, თიკუნა ზუსტად ასეთივეა ცხოვრებაშიც. გაიხსენეთ მუნჯი კინოს შედევრები და იქ მოთამაშე ტუჩხალიანი ქალები. ოჰ, როგორ მოუხდებოდა ამ ქალს „პაჩკა“ და ჩაიკოვსკის მუსიკა...
![]() |
16 კუნძულები ქსელში |
▲ზევით დაბრუნება |
ესსე
ეძღვნება ყველა ყოფილ ანგელოზს
ავტორი: დავით მაკარიძე
„შეიქმენი კუნძული, რომელსაც ნაკადი ვერ წალეკავს.“
დჰამაპადა
„...და ჩვენ, ვინც დღეს ვცხოვრობთ, ნუთუ, ჩვენ, განწირულნი ვართ ვერასოდეს გამოვცადოთ ავტონომია? თუნდაც, ერთი წამით ვერ დავდგეთ მიწაზე, სადაც მხოლოდ თავისუფლება მართავს? ნუთუ, ჩვენ მხოლოდ წარსულზე ნოსტალგია ან მომავალზე სევდა დაგვრჩენია? იძულებულები ვართ, ველოდოთ, სანამ მსოფლიო არ გათავისუფლდება პოლიტიკური კონტროლისაგან, რათა მანამდე არცერთ ჩვენგანს არ შეეძლოს თქმა, რომ თავისუფლება შეიმეცნა?“
ჰოაკიმ ბეი. „დროებითი ავტონომიური ზონა“
„კუნძულები ქსელში“, ასე მოიხსენიებს მომავლის სამყაროს კიბერსივრცის აქტივისტი, მწერალი და ფუტუროლოგი ბრუს სტერლინგი. მისი აზრით, შესაძლოა, პოლიტიკური სისტემების დეგრადაციამ სხვადასხვა სოციალური ექსპერიმენტების სპონტანურად წარმოქმნას შეუწყოს ხელი, იქნება ეს ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც თანამშრომლების საკუთრებაში იქნება, თუ სხვადასხვა იდეოლოგიის თუ საქმიანობის გარშემო გაერთიანებული დამოუკიდებელი ანკლავები. და ეს „კუნძულები“ გაერთიანებული იქნება საინფორმაციო ეკონომიკის გარშემო, რომელსაც სტერლინგი „ქსელს“ უწოდებს.
რაღაც მსგავსი უკვე იყო XVIII საუკუნეში. მეკობრეებმა შექმნეს თავისებური „საინფორმაციო ქსელი“, რომელიც წარმატებულად მუშაობდა წლების განმავლობაში. ამ ქსელის კვანძებს ის კუნძულები წარმოადგენდნენ, სადაც, მეკობრეებს თავისუფლად შეეძლოთ საკვებისა და მტკნარი წყლის მარაგის შევსება და ნადავლის გადაცვლა ფუფუნების საგნებზე. კუნძული ტორტუგა და მადაგასკარი, რომლებსაც დღეს, მეკობრეთა ერთ-ერთ პირველ ანარქისტულ რესპუბლიკებად მოიხსენიებენ, სწორედ ამ ქსელის მთავარი კვანძები იყო.
თანამედროვე ანარქიზმის იდეოლოგს, ჰოაკიმ ბეის მიაჩნია, რომ სამყაროში, სადაც ძალაუფლების სტრუქტურა თეორიულადაც კი უკვდავია, ერთადერთი გზა პიროვნების თავისუფლების რეალიზაციისთვის სწორედ ასეთი „კუნძულების“, ასეთი „დროებითი ავტონომიური ზონების“ შექმნაა. ის ამბობს, რომ გლობალური ქსელის ჩრდილოვანი მხარე ნოყიერი გარემოა მსგავსი „სამყაროების“ წარმოქმნისათვის.
მეოცე საუკუნის მიწურულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებმა ძველ იდეებს ახალი ფორმა მისცა და გლობალური საინფორმაციო ქსელის დაბადებასთან ერთად მის წიაღში ახალი კორსარები1 გამოჩნდნენ. მათთვის, ვინც არ არის ნაზიარები ქსელური ცხოვრების მისტერიებს, კიბერსივრცის იატაკქვეშეთი ისეთივე უცხოა და საშიში, როგორიც ყაჩაღთა ბუნაგი. თუმცა პირველი შეხებაც კი ბევრში ბავშვობიდან კარგად ნაცნობ, მაგრამ მივიწყებულ აზარტსა და ცნობისმოყვარეობას აღვიძებს. ქსელის ეს უცნობი მხარე რაღაცით ჯადოსნურ კოლოფს ჰგავს. ზოგისთვის, ის ძვირფასეულობით სავსე სკივრია განძთა კუნძულიდან, ზოგისთვის კი, პანდორას - ყუთი. თუმცა, ეს ბუნებრივია, ყველაფერი ახალი და საინტერესო ხომ, ცოტათი, სახიფათოცაა…
„ინდუსტრიალური სამყაროს ხელისუფალნო, თქვენ, უსულო გიგანტებო ხორცისა და ფოლადისაგან, მე მოვედი თქვენთან კიბერსივრციდან, გონის ახალი სავანედან! მომავლის სახელით, გთხოვთ მცხოვრებთ წარსულში თავი დაგვანებეთ! თქვენ, დაუპატიჟებელი სტუმრები ხართ ჩვენ შორის და თქვენი ძალაუფლება არ ვრცელდება იქ, სადაც ჩვენ ვიკრიბებით. ჩვენ არ გვყავს არჩეული ხელისუფლება და, ალბათ, არც გვეყოლება. ამიტომ, მოგმართავთ იმ ძალაუფლების სახელით, რომლითაც თვით თავისუფლება საუბრობს. მე ვაცხადებ გლობალურ სოციალურ სივრცეს, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, თავისი არსით ტირანიისაგან დამოუკიდებლად, რომელსაც თქვენ ცდილობთ თავს მოგვახვიოთ! თქვენ არა გაქვთ ჩვენი მართვის მორალური უფლება, და თქვენ არ გაქვთ დაძალების ისეთი მეთოდები, რომლებისაც ჩვენ შეგვეშინდება!
ჯონ პერი ბარლოუ, „კიბერსივრცის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“
კიბერსივრცე შექმნისთანავე სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლის პოლიგონად იქცა. ყოფილმა ანარქისტებმა სწორედ მასში დაინახეს თავისი არარელიზებული უტოპიების ხორცშესხმის საშუალება.
1990 წელს ჯონ ბარლოუმ, ფსიქოდელური რევოლუციის მონაწილემ, ჯგუფ „Grateful Dead“-ის ყოფილმა წევრმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჩამოაყალიბა „Electronic Frontier Foundation“ (http://www.eff.org), რომელიც მალე კიბერაქტივიზმის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად გადაიქცა. ამ ორგანიზაციის წარმოშობ,ა ერთი მხრივ, 90-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში ჰაკერების წინააღმდეგ წამოწყებული საერთო ნაციონალური ბრძოლის შედეგი იყო. მეორე მხრივ, მსგავსი ორგანიზაციის წარმოშობა, საინფორმაციო სივრცეში მსხვილი კორპორაციების და სახელმწიფო სტრუქტურების შემოჭრამ და მათი ინტერესების ლობირებამ გამოიწვია. EFF-ი ქსელში, ძირითადად, ადამიანის უფლებებს იცავს და იმ ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას ეწევა, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებასა და პრივატულობის შენარჩუნებას ემსახურება.
EFF-ის პირველი საქმე შეეხებოდა შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის მიერ სტივ ჯექსონის თამაშების მასიურ მოძიებას და კონფისკაციას. ფედერალებმა ჩაატარეს ოპერაცია Sun Devil-ი, რომლის მიზანიც ჰაკერების გამოვლენა, მაკომპრომეტირებელი ინფორმაცის მოპოვება და კომპიუტერული დამნაშავეების დაკავება იყო. სტივ ჯექსონის როლური თამაში, „კიბერპანკი“, კომპიუტერული კრიმინალის სიმულირებას ახდენდა და სწორედ ამიტომ გახდა საიდუმლო სამსახურის დარტყმის ობიექტი. მათი აზრით, თამაშის ინსტრუქცია ჰაკერული შეტევების დეტალურ სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. სამართალდამცავებმა კომპანიის კუთვნილ კომპიუტერებს და თამაშების აღწერებს გაუკეთეს კონფისკაცია. EFF-ის აქტიური მონაწილეობით, სასამართლომ კომპანიას ზარალი აუნაზღაურა და მოუხსნა წაყენებული ბრალდებები მათი უკანონობისა და აბსურდულობის გამო.
„ბერნშტეინი შეერთებული შტატების წინააღმდეგ“ EFF-ის შემდეგი წარმატებული საქმე იყო. პროფესორ დანიელ ბერნშტეინს სასამართლომ მის მიერ შემუშავებული შიფრაციის მეთოდის, Snuffle-ს გამოქვეყნება აუკრძალა. სასამართლო ეყრდნობოდა კანონს, რომელიც შეერთებული შტატებიდან ძლიერი შიფრაციის ალგორითმების ექსპორტს კრძალავდა. სასაცილო იყო ის, რომ ეს მეთოდი, რომელიც ძლიერი შიფრაციის განხორციელების საშუალებას იძლეოდა და ამიტომ, მის გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო დეპარტამენტი, იყენებდა ჰეშირების ალგორითმს2, რომელიც ყველასათვის ცნობილი იყო.
ფონდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საერთაშორისო პროექტი 1999 წელს დაიწყო. „Kosovo Privacy Project“-ის მიზანი სერბი ჩინოვნიკებისაგან კოსოველების, სერბების და სხვათა ელექტრონული კომუნიკაციის დაცვა იყო. ამ პროექტის დახმარებით, ავტორების ანონიმურობა და ინფორმაციის საიმედო გაცვლა იქნა უზრუნველყოფილი.
EFF-მა ახალი ვებ-ტექნოლოგიებიდან, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულად, ქსელში ბლოგინგი დაასახელა, რადგან ის საშუალებას აძლევს კერძო პირებს, ანონიმურობის სრული დაცვით, საჯაროდ, გაავრცელონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რაც გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. ბლოგერების დასახმარებლად, 2005-ში მათ „ბლოგერების საკანონმდებლო სახელმძღვანელო“ გამოუშვეს.
შეიძლება ითქვას, რომ EFF ყველაზე ლოიალური ჯგუფია კიბერსივრცეში. სხვა ჯგუფები თავისი რადიკალიზმით და მემარცხენე-ანარქისტული იდეოლოგიით გამოირჩევიან. მაგალითად, „პირატული პარტია“, რომელიც პირველად შვედეთში ჩამოყალიბდა და დღეს, უკვე, შეერთებულ შტატებში, ევროპასა და რუსეთშიც არსებობს, იბრძვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით. მათი ძირითადი სამიზნე იტელექტუალური საკუთრების, პატენტებისა და საავტორო უფლებების არსებული კანონმდებლობაა. გარდა ამისა, პარტია იბრძვის პრივატულობის დაცვისათვის ინტერნეტში და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
„ინფორმაცია არ არის საქონელი, რადგან ის არამატერიალურია და, შესაბამისად, ექვემდებარება უსასრულოდ გამრავლებას. გამრავლებისას ინფორმაციის არც ხარისხი ფუჭდება და არც რაოდენობა მცირდება. საკუთრების ტრადიციული კანონმდებლობა ეყრდნობა ობიექტის უნიკალურობას, რომელიც მფლობელის საკუთრებაში იმყოფება. უნიკალური ფაილი კი არ შეიძლება არსებობდეს.“
ილია კორმილცევი.
ქსელის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ ის თავიდან არაკომერციული იყო. Ftp-ზე, Gopher-ზე და ბოლოს www-საიტებზეც კი ინფორმაცია მათი პატრონების სიამოვნებისათვის ქვეყნდებოდა. ინტერნეტის ეკონომიკა სუფთა წყლის პოტლაჩის3 ეკონომიკას - ძღვენების გაცვლას ეფუძნებოდა. ანთროპოლოგების აზრით, ასეთი იყო პირველყოფილი საზოგადოების ეკონომიკა უხვი რესურსების პირობებში. ინტერნეტის საშუალებით, ვისაც რა შეეძლო, იმას აქვეყნებდა. ყველაზე დაფასებული ქსელურ საზოგადოებებს შორის კი ის იყო, ვინც მეტ და ხარისხიან კონტენტს სთავაზობდა სხვებს. ასეა მოწყობილი ნებისმიერი ქსელური გაერთიანება, იქნება ეს USENET-ი, FIDO თუ BBS. მსხვილი კორპორაციები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით ხელმძღვანელობენ და რომელთა არსებობის დასაყრდენს სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენს, საშიშროებას სწორედ ქსელში გამეფებულ ანარქისტულ განწყობაში ხედავენ. მათი აზრით, ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა ისეთი ინფორმაციული პროდუქტებით ვაჭრობას, როგორიცაა, მაგალითად, წიგნები, მუსიკა და კინო, შეუძლებელს ხდის. ჰოლივუდი, გამომცემლობები და ხმის ჩამწერი კომპანიები შიშით შესცქეროდნენ, როგორ იქმნებოდა არაკომერციული საიტები. მათთვის ეს გაუგებარი და უცხო იყო, რადგან ეს საიტები მათ კონტროლს არ ექვემდებარებოდა. მათ შიშის ზარს სცემდათ აზრი, რომ მათი ყველა პროდუქტი, მალე ქსელში აღმოჩნდებოდა, თავად კი, მყისიერად გაკოტრდებოდნენ. თუმცა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს შეხედულება მცდარი იყო. 90-იანი წლების ბოლოს, როდესც Napster-ის დამსახურებით ქსელში მეკობრეობა გაიფურჩქნა, მუსიკალურ კომპანიებს საგრძნობი ზარალი არ მიუღიათ.
მაგრამ, კორპორაციებმა მაინც დაიწყეს საავტორო უფლებების დაცვის დრაკონული და წინააღმდეგობრივი კანონების ლობირება, რამაც ინტერნეტის მომხმარებლების უმრავლესობა წამში დამნაშავეებად გადააქცია. ამ ლობირების შედეგად შეიქმნა Digital Millennium Copyright Act, რომელიც თითქმის შეუძლებელს ხდის ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას. ასე თუ გაგრძელდა, შესაძლებელია, მომავალში მეგობრისთვის წიგნის თხოვებაც კი კრიმინალად ჩაითვალოს. უკვე გვაქვს მაგალითებიც. კორპორაცია Adobe-მ „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“-ს ელექტრონული ვერსია გამოუშვა. კანონით, მისი სხვისთვის წაკითხებაც კი აკრძალულია. იაპონიაში კი 2006-ში 73 წლის მოხუცი მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ ბარში ჰარმონიკაზე The Beatles-ის და სხვა პოპულარული ჯგუფების ნაწარმოებებს ასრულებდა. მას ბრალად ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა წაუყენეს.
ქსელის აქტივისტების აზრით, ის, თუ რამდენად თავისუფალია და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის ინტელექტუალური ფასეულობები და კულტურა, განსაზღვრავს, რამდენად განვითრებულია საზოგადოება. ამ ჯგუფების აზრით, საავტორო უფლებების დოქტრინა დღეს, მხოლოდ და მხოლოდ, ადამიანების კულტურასთან წვდომის კონტროლისთვისაა მოგონილი და ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას განათლებაზე. ის ზღუდავს საზოგადოებას, ხელს უშლის მის პროგრესს და ახალი იდეების წარმოშობას.
„... არ შეიძლებოდა, არ დახმარებოდა, მაგრამ თავისი კომპიუტერი რომ ეთხოვებინა, ლიზა მისი წიგნების წაკითხვასაც შეძლებდა. გარდა იმისა, რომ ამისათვის შეეძლოთ ციხეში ჩაეყუდებინათ, თავად იდეაც კი, შოკში აგდებდა. მას ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ წიგნის თხოვება საშინელი დანაშაული იყო, ისეთივე, როგორც საზღვაო მეკობრეობა... რიჩარდ სტოლმანი, „კითხვის უფლება“ „პლაგიატი აუცილებელია. პლაგიატი იყენებს რა საავტორო იდიომებს, ანადგურებს მცდარ აზრებს, ცვლის მცდარს ჭეშმარიტით.“
გი დებორი.
მოძრაობა საავტორო უფლებების წინააღმდეგ, გასული საუკუნის 60-იანი წლების ანარქისტული მოძრაობიდან, კერძოდ კი - სიტუაციონიზმიდან იწყება. სიტუაციონისტების აზრით, ჭარბწარმოება, რეკლამისა და სხვა სოციალური პროგრამირების მეთოდების გამოყენებით, ხელოვნურად ზრდის მოთხოვნილებას. იზრდება იმიჯების წარმოებაც. და რაც უფრო ინტენსიურად ჩანაცვლდება რეალური გამოცდილება სიმულაციურით, მით უფრო მატულობს კაპიტალის ძალაუფლებაც. სიტუაციონისტები საერთოდ უარყოფდნენ ფულადსასაქონლო ეკონომიკას, რადგან თვლიდნენ, რომ ის რეპრეზენტაციის მექანიზმმა შეცვალა. მარტივად რომ ვთქვათ, ადამ სმიტის დროს, ადამიანი მიდიოდა ბაზარში და კონკრეტულად იმას ყიდულობდა, რაც მას სურდა რომ ეყიდა. დღეს კი სუპერმარკეტში მომხმარებელი „კოკა-კოლას“ მხოლოდ იმიტომ ყიდულობს, რომ ტელევიზიით მისი რეკლამა ნახა. მას არ აინტერესებს სასმელის გემო, შემადგენლობა, არადა, ბოთლზე შეიძლება წვრილი ასოებით ეწეროს: „ნუტრასვიტი იწვევს კიბოს ლაბორატორიულ ცხოველებში“. მომხმარებელი ყიდულობს ბრენდს, პროდუქტის იმიჯს და არა თავად პროდუქტს. იმ საზოგადოებაში, სადაც იმიჯების წარმოება ძირითადი წარმოებაა, გაცილებით უფრო ძლიერი ტირანიაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტოტალიტარიზმის დროს. ტირანიაა იმიჯების ცალმხრივი ტრანსლაცია, მოხმარება და დაგროვება. ამის საწინააღმდეგოდ, ერთადერთი გზა არსებობს - თითოეული ინდივიდის მონაწილეობა იმიჯების წარმოებისა და ტრანსლაციის პროცესში. თუ ტირანია საავტორო უფლებას ეყრდნობა, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციაზე მონოპოლიის ლეგიტიმაციას ახორციელებს, საჭიროა ამ მექანიზმის დემონტაჟი. სიტუაციონისტები თავიანთ ტექსტებში უთითებდნენ: „No copyright. No rights reserved“ და თავის მოვალეობად სხვისი საავტორო უფლებების დარღვევას თვლიდნენ. თავის შემოქმედებაში პლაგიატს, როგორც, აუცილებელ კომპონენტს, ისე აღიქვავდნენ. ქსელი ყოფილი სიტუაციონისტებისათვის და მათი ახალგაზრდა თანამოაზრეებისათვის შესანიშნავი ველი გამოდგა საავტორო უფლებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქსელში მოხვედრილი ნებისმიერი პროდუქტის გამრავლება და გავრცელება, თითქმის, არანაირ ხარჯს არ მოითხოვს. თანაც, ქსელური პირველყოფილი საზოგადოებისათვის, რომელმაც პოტლაჩის ეკონომიკა ორგანულად შეისისხლხორცა, ინფორმაციის გაზიარება საკუთარი თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებად იქცა. ქსელში დაიწყო წიგნების, მუსიკის და ფილმების ციფრული ვარიანტების განთავსება. საზოგადო სარგებლობისათვის. მაგალითად, Runet-ში ყველაზე პოპულარული ელექტრონული ბიბლიოთეკა Lib.ru მაქსიმ მოშკოვის ინიციატივით 1994 წელს შეიქმნა და დღეს მისი მოცულობა ტექსტური ინფორმაციის 6 გიგაბაიტს აჭარბებს. მაქსიმ მოშკოვს ჰქონდა თავის დროზე პრობლემები კანონმდებლობასთან და მას მოუწია ზოგიერთი ნაწარმოების ამოღება ბიბლიოთეკიდან. მის პატივსაცემად მინდა ვთქვა, რომ მოშკოვი არასოდეს იყო წინააღმდეგი, მისი ბიბლიოთეკიდან ნაწარმოებების კოპირებისა და სხვა საიტებზე განთავსებისა.
კოპირაითთან ბრძოლის კიდევ ერთი მაგალითია კომპიუტერულ ანდერგრაუნდში კარგად ნაცნობი საიტი www.astalavista.com. ეს კომპიუტერული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საძიებო სისტემა აერთიანებს გატეხილი პროგრამების, მათი სერიული ნომრების, სერიულ ნომრების გენერატორების და სხვა არალეგალურ რესურსებზე ბმულების რამდენიმე ბაზას. მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნება, პროგრამულ პროდუქტებზე საავტორო უფლებების დარღვევად ფასდება და თითქმის ყველა ქვეყანაში კანონით ისჯება.
„... როდესაც დავინახე ჩემი ცხოვრება გატარებული ისე, როგორც ამას მთელი მსოფლიო აკეთებს, გადავწყვიტე - არამც და არამც! ეს საზიზღრობაა! საკუთარი თავის შემრცხვება, მონაწილეობა რომ მივიღო ამ გაუცხოებული, მესაკუთრული პროგრამირების მხარდაჭერაში, ჩავთვლი, რომ ფულის გულისთვის, სამყარო უფრო ცუდი გავხადე.“
რიჩარდ სტოლმანი
თუ ხელისუფლების და ბიზნესის მთავარი კოზირი, ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების წინააღმდეგ საავტორო უფლებების დაცვის კანონმდებლობაა, მათი მოწინააღმდეგეების მთავარი იარაღი თავისუფალი პროგრამირება და კრიპტოგრაფიაა.
რიჩარდ სტოლმანი თავისუფალი პროგრამირების მოძრაობის ფუძემდებელია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა, 1984 წელს თავის თანამდებობა დატოვა და „Free Software Foundation“-ი შექმნა. ზოგის აზრით, FSF-ის შექმნა გასული საუკუნის ცენტრალური მოვლენა იყო. პოლიტიკურად, სტოლმანის მანიფესტი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც, ალბათ, მარქსისა და ენგელსის კომუნისტური მანიფესტი. თავისუფალი პროგრამირება ახალ შემოქმედებით უფლებებს ითხოვდა:
- უფლებას თავისუფლად გაუშვა პროგრამა ნებისმიერი მიზნით;
- უფლებას თავისუფლად შეისწავლო, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის პროგრამა, ამისათვის პროგრამის საწყისი კოდის თავისუფლად გავრცელება აუცილებელი პირობაა;
- უფლებას თავისუფლად გაავრცელო პროგრამების კოპიები სხვების დასახმარებლად;
- უფლებას გააუმჯობესო და თავისუფლად გამოაქვეყნო პროგრამები.
საინტერესოა, რომ, თუ გავითვალისწინებთ შუასაუკუნეების მისტიკოსების, ასევე, ჩომსკის და პოსტსტრუქტურალისტების იდეებს იმის შესახებ, რომ სამყარო ტექსტია, პროგრამის ანუ ტექსტის ნაცვლად, ამ კონტექსტში, შეიძლება, ნებისმიერი ფენომენი განვიხილოთ.
საავტორო უფლებების საპირისპიროდ, სტოლმანმა GNU Public Licence (GPL)-ი შექმნა. რომელიც მხოლოდ ორ რამეს ითხოვს: პირველი - პროგრამასთან ერთად საწყისი კოდიც შეუზღუდავად ვრცელდებოდეს და მეორე - პროგრამის ყველა მოდიფიკაციაში შენარჩუნებული იყოს საწყისი ვერსიის ავტორობა და ლიცენზია. სტოლმანმა როგორც კრიპტოკომუნისტმა თავის ნაშიერს Copyleft-ი უწოდა. თავისუფალი პროგრამირება მისთვის მორალური საკითხი და თავისი არსით რელიგიური პროცესია. მისი ადეპტები ფართომასშტაბიან პროზელიტიზმს ეწევიან და ბევრი მიმდევარიც ჰყავთ. სწორედ GPL ლიცენზიითაა შექმნილი ისეთი ცნობილი პროგრამული პროდუქტები, როგორიცაა ოპერაციული სისტემა Linux, დეცენტრალიზებული ქსელების კლიენტიპროგრამა Gnutella, არქივატორი 7-zip და სხვა. კომერციული პროგრამებისაგან განსხვავებით, გარდა იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია GPL ლიცენზიით შექმნილი პროგრამების უფასოდ გადმოწერა და მოხმარება, იგულისხმება, რომ ამ პროგრამულ პაკეტებში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა და ახალი ვერსიების ასევე თავისუფალი გავრცელება.
ყველაზე ანარქისტული კი თავისუფალ პროგრამირებაში ისაა, რომ ის იძლევა საშუალებას, ნებისმიერმა ადამიანმა კომპიუტერის საშუალებით გააკეთოს ის, რაც თავში მოუვა ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლებასა და კორპორაციებზე. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ თავისუფლად გავრცელებადი კრიპტოგრაფიული პაკეტები და დეცენტრალიზებული P2P ქსელების ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფა.
„გლობალური კომპიუტერული კომუნიკაციები არღვევენ ტერიტორიულ საზღვრებს, ქმნიან ადამიანის მოღვაწეობის ახალ სფეროებს და ძირს უთხრიან გეოგრაფიულ საზღვრებზე დაფუძნებული კანონების გამოყენების განხორციელებადობას და ლეგიტიმურობას.“
დევიდ რ. ჯონსონი, დევიდ ჯ. პოსტი,
„სამართალი და საზღვრები:
კიბერსივრცის სამართლის საფუძვლები“
საზოგადოება კრიპტოგრაფიით, ალბათ, არასოდეს ყოფილა დაინტერესებული. თუ არ ჩავთვლით არტურ კონან-დოილის დეტექტივებს და მეგობრებისათვის დაშიფრული წერილების გაგზავნის ბავშვურ გატაცებებს. კრიპტოგრაფია 20-ე საუკუნეში მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების სფეროში შედიოდა. თუმცა, საიდუმლო კორესპონდენციების გასაგზავნად მას სხვადასხვა კორპორაციები და კრიმინალური ჯგუფებიც იყენებდნენ. კრიპტოგრაფიის პოტენციალზე ტიმოთი მეი თავის წიგნში „კრიპტოანარქია და ვირტუალური საზოგადოებები“ ამბობს, რომ კრიპტოგრაფიის საშუალებით შესაძლებელი ხდება ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების თავისუფლება. დღეს, როდესაც მთავრობები სხვადასხვა სახით აკონტოლებენ ადამიანებს შორის პირად კომუნიკაციებს, კრიპტოგრაფიის თავისუფალი გამოყენებითაა შესაძლებელი პრივატულობის შენარჩუნება. მაგალითად, ისეთი საშიფრი პაკეტების თავისუფალი გავრცელება, როგორიცაა PGP, ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს აწარმოოს კომუნიკაცია სხვებთან დახურული არხების საშუალებით. რა თქმა უნდა, იდეალური შიფრაციის მექანიზმი თეორიულადაც კი არ არსებობს, მაგრამ ტექნიკურად, თანამედროვე კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დაშიფრული წერილის გასატეხად ყველაზე მძლავრ კომპიუტერსაც კი, მინიმუმ, რამდენიმე საათი სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქსელში ყოველ ერთ წამში მილიონობით შეტყობინება გადაიცემა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ფანტასტიკური რესურსები დასჭირდება მთავრობას იმისთვის, რომ გაფილტროს ყველა კორესპონდენცია და გააანალიზოს მისი შინაარსი. მაგალითად, ჩინეთში, სადაც მთავრობა ტოტალურად ახორციელებს ელექტრონული კორესპონდენციების ანალიზს, თითქმის შეუძლებელი ხდება თავისუფალი კომუნიკაციები ჩვეულებრივი არხებით. ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ 2006 წლის მოხსენებაში მსგავსი ტოტალური კონტროლის მაგალითად, ისეთი ქვეყნები მოჰყავს, როგორიცაა ბელორუსი, ბირმა, კუბა, ირანი, ლიბია, ნეპალი და სხვა. ირანში რამდენიმე ბლოგერი ციხეშიც კი ჩასვეს იმის გამო, რომ მათ კორესპონდენციაში ისლამის წინაღმდეგ მიმართული იდეები ამოიკითხეს.
კრიპტოგრაფია ანონიმურობის შენარჩუნების საშუალებასაც იძლევა, რაც ხშირად მნიშვნელოვანია აზრის გამოთქმის თავისუფლების შესანარჩუნებლად. ქსელში თითოეული კომპიუტერი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც შეტყობინებების რეტრანსლატორი ისე, რომ შეუძლებელი გახდეს ინფორმაციის წარმომავლობის დადგენა. ასე რომ, სანამ კერძო პირებს შეუძლიათ გამოიყენონ პროცესორები ისე, როგორც სურთ, ყოველთვის შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, პრივატული ურთიერთობები, მეორე მხრივ - კი ანონიმურობის შენარჩუნება. თუ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია თავისი ქვეყნის მედიის მეშვეობით, მათ აქვთ საშუალება, ეს ინფორმაცია გაავრცელონ და მიიღონ სხვა ქვეყნებში განთავსებული საიტების საშუალებით. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება იმ პირობებში, როდესაც ისეთი მსხვილი ინტერნეტ კომპანიები, როგორიცაა MSN და Yahoo!, ხელშეკრულებას დებენ ისეთ ტოტალიტარულ რეჟიმთან, როგორიცაა ჩინეთის მთავრობა, რომ გააკონტროლებენ ჩინელი მომხმარებლების ბლოგების შიგთავსს და წაშლიან ყველა იმ შეტყობინებას, რომლებიც ჩინეთის ცენზურის ქვეშ ხვდება.
მოკლედ, კრიპტოანარქიის არსი ეფუძვნება იდეას, რომ ქსელი - ეს ანარქიაა. მასში არ არსებობს არანაირი კონტროლი, არანაირი ლიდერი, არავითარი კანონი. ქსელში ინფორმაციის გავრცელება შეუზღუდავია მისი ბუნების გამო. ნებისმიერი შეზღუდვა, ცენზურა, დაბრკოლება, ქსელში აღიქმება როგორც შეცდომა და ინფორმაცია ადრესატისკენ სხვა მარშრუტით მიედინება.
კრიპტოანარქისტების კიდევ ერთი იდეა ელექტრონული ფულის გამოყენებაა. ელექტრონული ფული, რომელიც თავისუფალია სახელმწიფო გადასახადებისაგან, არ ექვემდებარება სახელმწიფოებრივ საზღვრებს და უზრუნველყოფს სრულ ანონიმურ ტრანზაქციებს, ახალი თავისუფალი ქსელური საზოგადოების საფუძველი შეიძლება გახდეს. ნაღდი ფული იძლევა საშუალებას, ადამიანებმა ანონიმური სავაჭრო ოპერაციები აწარმოონ. არავინ მოითხოვს პიროვნების სახელს და გვარს, როდესაც ის რაიმეს ყიდულობს მაღაზიაში. პლასტიკური ბარათების მიმოქცევაში შემოსვლამ, ერთი მხრივ, გააადვილა სავაჭრო ოპერაციები, მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანებმა დაკარგეს პრივატულობის გარანტია. ბანკებს აქვთ საშუალება, დაადგინონ თუ როდის და რისთვის გამოიყენეთ თქვენი ბარათი. ეს ეხება ქსელში ვაჭრობასაც. ელექტრონული ფული საშუალებას იძლევა ისევე ანონიმურად ვივაჭროთ ქსელში, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ამავე დროს, ეროვნული ვალიუტისაგან განსხვავებით, ელექტრონული ფული თავისუფალია სახელმწიფო კონტროლისგან.
კრიპტოგრაფიას იყენებენ ინფორმაციის თავისუფალი გავრცელებისათვის ბლოგების და საერთო მოხმარების ფაილსერვერების საშუალებით. ამის მაგალითად შეიძლება Runet-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგის, AvaxHome-ის და საერთო მოხმარების სერვერ Rapidshare-ის სიმბიოზი განვიხილოთ. პირატული ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის, ავტორი დაშიფრულ ფაილს Rapidshare-ზე განათავსებს, რომელსაც არაფერი ემუქრება, სანამ ვინმე არ განაცხადებს, რომ ეს ფაილი არალეგალურ ინფორმაციას შეიცავს და განადგურებას ექვემდებარება. ამისათვის, იმ კოდური სიტყვის ცოდნაა აუცილებელი, რომლითაც ფაილია დაშიფრული. ავტორი კი მათთვის, ვისთვისაც ეს ფაილია განკუთვნილი, ბმულს ამ ფაილზე, მის აღწერას და კოდურ სიტყვას AvaxHome-ზე განათავსებს. ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისათვის ამ ტექნოლოგიას კიდევ ბევრი სხვა ბლოგერი იყენებს. მსგავსი „ინფორმაციული ხვავის ყურეები“ ფანტასტიკური პოპულარობით სარგებლობს ქსელში, რადგან აქ, შეიძლება, წააწყდე წიგნს, რომელსაც დიდი ხანია ეძებდი, მუსიკას, რომლის მოსმენასაც ნატრობდი, პროგრამულ პროდუქტებსა თუ ფილმებს, რომლებსაც ქსელის ჰიპერმარკეტებშიც კი ვერ იპოვი.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ჩემი აზრით, რაც ბოლო წლებში მოხდა, ძველი დეცენტრალიზებული ქსელების იდეოლოგიის P2P ქსელების სახით დაბრუნება გახდა. ეს ტექნოლოგია გულისხმობს მომხმარებლების კომპიუტერების პირდაპირ კავშირს, ყოველგვარი შუალედური სერვერების გარეშე. ეს ქსელები რაღაცით ინტერესთა კლუბს თუ უტოპიურ კომუნას წააგავს, სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და საკუთარ ქონებას უზიარებენ. თუ ასეთ ქსელში და შეტყობინებების გადაცემისას, კრიპტოგრაფიასაც გამოვიყენებთ, სრულიად ავტონომიურ საინფორმაციო ქსელს მივიღებთ.
Napster-ი იყო პირველი პროექტი, რომელიც ყველაზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი იყო საავტორო უფლებებთან ბრძოლის ისტორიაში. ის უფასო პროგრამული პროდუქტი იყო, რომელიც, თითოეულ მომხმარებელს, საშუალებას აძლევდა, თავისი სურვილით მის ხელთ არსებული მუსიკალური ფაილები სხვებისათვის გაეზიარებინა. კანონმდებლობით არ იკრძალებოდა კომპაქტ დისკებიდან კომპიუტერში მუსიკალური ტრეკების mp3 ფორმატში გადაწერა და მისი სხვა ადამიანებისათვის მოსმენინება. სწორედ ამ იურიდიულ ხვრელს იყენებდა Napster-ი და ის სულ მალე, საოცრად პოპულარული გახდა. მისი მომხმარებლების რიცხვმა 25 მილიონს გადააჭარბა და, პრაქტიკულად, ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოების უსასყიდლოდ მოპოვება გახდა შესაძლებელი. სწორედ ამან შეაშფოთა ხმის ჩამწერი კომპანიები და დაიწყო ბრძოლა Napster-ის წინააღმდეგ.
საავტორო უფლების დაცვის კანონმდებლობა ვებსაიტზე არალიცენზირებული ასლის მისამართის მითითებას კრძალავს. სასამართლოზე ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის (RIAA) ადვოკატების განკარგულებაში ხმის ჩამწერმა სტუდიებმა Sony, Warner, BMG, EMI და Universal-მა ერთი კვირის განმავლობაში იმ 135.000 ნაწარმოების სახელობითი სია წარმოადგინეს, რომლებიც გამოსული იყო მათ ლეიბლებზე და მათ არალეგალურ ასლზე ბმული Napster-ის ბაზაში იყო მითითებული.
მაგრამ Napster-მა თავისი საქმე გააკეთა და P2P-ი, რომლის განსაკუთრებული თვისება აბსოლუტური თანასწორობაა, სუპერ-პოპულარული გახადა. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია, აიგოს მაგალითად ფორუმი (სხვათა შორის, ასე იყო მოწყობილი USENET-ი) ან სხვა ნებისმიერი ქსელური პროექტი. P2P თავისი იდეოლოგიით, ზუსტად შეესატყვისება სიტუაციონიზმს და პოტლაჩის ეკონომიკას. და ხელს უწყობს ქსელის გამოყენებას ადამიანის თავისუფალი ნების რეალიზაციისათვის.
დღეისთვის პოპულარული P2P სისტემებია Gnutella, Freenet, Bittorrent, Kazaa და კიდევ მრავალი სხვა. თუმცა კორპორაციების ომი გრძელდება. გასული წლის ოქტომბრის ბოლოს მიდლსბურგში მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციის IT-ის განყოფილების 24 წლის თანამშრომელი ცნობილი დახურული ტორენტ-ტრეკერის OiNK.cd შექმნისათვის დააკავეს. ჰოლანდიის პოლიციამ კი ამ ტრეკერის სერვერების კონფისკაცია მოახდინა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ წლების განმავლობაში, ხმის ჩამწერი კომპანიები Gnutela-ს ქსელში ყალბ ფაილებს აქვეყნებდნენ, რომელთა შიგთავსი არ შეესაბამებოდა მათ აღწერას, რაც ამ ქსელის ავტორიტეტის დაცემას იწვევდა.
მაგრამ, როგორც ამას თავისუფალი კიბერსივრცის იდეოლოგები ამბობენ, ჯერჯერობით, ამ ომში მოგებული თავისუფალი პიროვნებები რჩებიან, მანამ, სანამ მათ შეუძლიათ იმოქმედონ, ეძიონ, მოიპოვონ და გაუზიარონ. ისინი ელექტრონული სტეპების მომთაბარეები არიან, ეწევიან მეკობრეობას; ისინი კორსარები არიან, ვირუსები; მათ, უბრალოდ, სჭირდებათ დროებითი ავტონომიური ზონები, შავი კარვების ბანაკები ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, უცხოთათვის უხილავი ინტერზონები, გამაგრებული ოაზისები და საიდუმლო საქარავნო ბილიკები. ეს მომთაბარეები თავიანთ ბილიკებს უცნაურ ვარსკვლავებს შორის ხაზავენ, იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც კიბერსივრცეში მონაცემთა მანათობელი კლასტერებია...
ქსელში მოგზაურობისას მრავალ საინტერესო ადგილს გადააწყდები. ისინი იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ, ხანდახან, წარმოუდგენელიც კია, მათ რაიმე აკავშირებდეთ ერთმანეთთან. აქ, ამ ელექტრონულ ჯუნგლებში, სადაც კიბერსამყაროს სტალკერები უჩინარი ბილიკების ორნამენტებს ჭვრეტენ, ცხადი ხდება, თუ რამდენად უსაზღვროა ადამიანის წარმოსახვა. ყველაზე საინტერესო კი, ყოველთვის იქ გხვდება, სადაც არასოდეს მოელი. და აქ კიდევ ერთხელ შეიმეცნებ ყოველივეს წარმავლობას. ამ ელექტრონულ ქაოსში, აქა-იქ დროებით კონდენსირებულ კუნძულებზე ყველაფერი მყისიერად იცვლება და მოძრაობის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად ქაოსის ტალღის ფრონტზე სერფინგი რჩება. აქ უნდა ფლობდე მუდმივ ჯანყში ცხოვრების ხელოვნებას, აქ უნდა შეგეძლოს იყო მაცდური და არა მოძალადე, კონტრაბანდისტი და არა სისხლიანი მეკობრე, მოცეკვავე და არა ესქატოლოგი...
„წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიყავით საღამოზე, სადაც ერთი მოკლე ღამის განმავლობაში „ასრულებული სურვილების რესპუბლიკა“ შეიქმნა. ნუთუ, არ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ღამის პოლიტიკა ჩვენთვის უფრო მეტად რეალურია და უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე, მაგალითად, შეერთებული შტატების მთავრობის მოქმედება? ზოგიერთი ასეთი საღამო, რომლებიც ჩვენ ვახსენეთ, ორი-სამი წელიც გრძელდებოდა. ნუთუ ისინი არ იმსახურებენ იმას, რომ მათზე იოცნებონ, რათა მათთვის იბრძოლონ?! მოდი, შევისწავლოთ უჩინრობა, ქსელებში მუშაობა, ვისწავლოთ ფსიქიური მომთაბარეობა, და ვინ იცის, რას მივაღწევთ?!“
ჰოაკიმ ბეი.
„დროებითი ავტონომიური ზონა
______________________
1 კორსარები, კაპერები, პრივატირები და პეჩელინგები - კერძო პირები, რომლებიც სახელმწიფოსაგან მტრული და ნეიტრალური სახელმწიფოების ხომალდების ძარცვის ლიცენზიას იღებდნენ. ხშირად მათ პირატებთან აიგივებენ.
2 ჰეშირების ალგორითმი - მეთოდი, რომელიც მონაცემთა დიდ მასივს ფიქსირებული სიგრძის ბიტების სტრიქონად - ჰეშ კოდად გარდაქმნის ისე, რომ სხვადასხვა შემავალ ინფორმაციას, სხვადასხვა ჰეშ კოდი შეესაბამებოდეს.
3 პოტლაჩი - ურთიერთ დასაჩუქრების რიტუალი, რომელიც დამახასიათებელია ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებისათვის. ასევე, მსგავსი რიტუალი გვხვდება მელანეზიის, პაპუას და აფრიკის ზოგიერთ ტომში. პოტლაჩის ეკონომიკის მოდელი გულისხმობს საზოგადოების წევრებს შორის ფასეულობების გაცვლას ურთიერთდასაჩუქრების პროცესში, და არა სავაჭრო ურთიერთოებით, როგორც ეს კაპიტალიზმის დროს ხდება. ეს მოდელი წინ წევს იმ პიროვნებებს, ვისაც მეტის გაღება შეუძლია, და არა იმათ, ვინც მეტს მოიხვეჭს.
![]() |
17 წიგნიდან იყო და არა იყო რა |
▲ზევით დაბრუნება |
უახლესი ისტორია
ავტორი: დათო ტურაშვილი
(გაგრძელება)
მაშინ ტელეკომპანია „იბერვიზია“ ახალი გახსნილი იყო და ამიტომაც, დახმარებისთვის სწორედ მათ მივმართე - დარწმუნებული ვიყავი, რომ უნიკალური ჩანაწერის გაკეთებას შევძლებდით, თუ ბატონ ალექსი ინაურს ინტერვიუზე დავითანხმებდი. „იბერვიზიიდან“ ოპერატორი კი სიამოვნებით გამომაყოლეს, მაგრამ ინაურების კარის ზღურბლზე ოჯახის დანარჩენი წევრები გაოცებულები გადამეღობნენ. ბატონი ალექსი უკვე ისე მძიმედ იყო (მასპინძლების ახსნა-განმარტებით), რომ ვეღარ ლაპარაკობდა, თუმცა, მე მაინც ვთხოვე მათ, უკვე ჰორიზონტალურ გენერალთან ოთახში შეშვება, რადგან, მინდოდა, რომ რამდენიმე შეკითხვა მაინც დამესვა ინაურისთვის და ჩემი ვარაუდით, იგი თავის დაქნევით ან თვალებით მაინც მოგვიყვებოდა ერთ-ორ ტკბილ ამბავს. ოჯახის წევრებმა, რა თქმა უნდა, გენერალი არც გვანახეს - სხვა დროს გამოიარეთო და კარიც გამოგვიხურეს. სხვა დრო კი, აღარც მოსულა, რადგან ცოტა ხანში ალექსი ინაური გარდაიცვალა და, ალბათ, უამრავი საიდუმლოც საფლავში ჩაჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ უკვე რამდენიმე ხელისუფლება გამოვიცვალეთ, ის უამრავი საიდუმლო ისევ ამოუხსნელია და, სამწუხაროდ, საქართველოს არცერთმა ხელისუფლებამ ლუსტრაციის კანონი არ მიიღო. დღემდე ხელისუფლება მხოლოდ იმ პოლიტიკოსებზე აქვეყნებს ხოლმე კომპრომატებს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და თუ რომელიმე ქვეყნის რომელიმე აგენტი ჩვენი ხელისუფლების საჯარო მომხრეა, მაშინ მის მოღვაწეობას საქართველოში, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არადა, ერთი-ორი აგენტის გამომჟღავნებაც დიდი სამსახური იქნებოდა ჩვენთვის, რადგან ისინი პოსტსაბჭოური საქართველოს ხელისუფლებაშიც საკმარისად არიან (ოპოზიციისა არ იყოს) და თუ ხელისუფლება ლუსტრაციის კანონს არ მიიღებს, მაშინ არჩევნების წინ, გვირილები მაინც უნდა დაურიგონ ხოლმე ამომრჩევლებს და საქართველოს მოქალაქეებსაც (სანამ ბიულეტენებს შემოხაზავენ) იმის საშუალება მაინც ექნებათ, რომ გვირილების ფურცლებით იმარჩიელონ: არის აგენტი, არ არის აგენტი...
საქართველოში ადამიანებს დღემდე იმით აშინებენ, რომ ლუსტრაციის კანონის მიღებისთანავე, ხალხი ერთმანეთს დაერევა და მასიური შურისძიება დაიწყება ყოფილი თუ მოქმედი აგენტების მიმართ. სინამდვილეში, ლუსტრაციის კანონი, აგენტების სიების პრესაში გამოქვეყნებას კი არ ნიშნავს, არამედ, უცხო ქვეყნის აგენტების ჩამოშორებას საქართველოს ხელისუფლებისაგან და მათ, უბრალოდ, აეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობა და თანამდებობების დაკავება. ასე მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ლუსტრაციის კანონმა დააჩქარა დემოკრატიზაციისა და, შესაბამისად, ამ ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესი. ერთ-ერთ ქვეყანაში იყო რადიკალური შემთხვევაც, სადაც ლუსტრაციის კანონის მიღების შემდეგ, გაზეთებშიც კი გამოაქვეყნეს სხვა ქვეყნების აგენტების სიები, მაგრამ განსაკუთრებულად მძიმე შედეგები, არც ამ რადიკალიზმს მოჰყოლია და პირიქით - ვაცლავ ჰაველის ჩეხეთი, სხვებთან შედარებით, კიდევ უფრო სწრაფად დაწინაურდა.
თუმცა, ჩვენ რომ მაინც მშვიდად ვიყოთ და ზემოთქმულიც გამოვრიცხოთ, კრემლის აგენტების ძველი და ახალი სიები, შეგვიძლია, არც გამოვაქვეყნოთ და ლუსტრაციის კანონის მიღებით, მთავარ მიზანს მივაღწიოთ და აგენტებსაც ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ.
ვინმეს თუ გული დაწყდება მათთან დამშვიდობების გამო, ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ კაგებეს საზრიანობასა და უძლეველობაზე თვითონ საბჭოთა ხელისუფლება მონდომებით ავრცელდებდა აზრს ადამიანების დაშინების მიზნით.
მოგვიანებით, როცა რამდენიმე წარმომადგენელი ამ ორგანიზაშეციისა პირადად გავიცანი, ბავშვობიდანვე გაგონილი ლეგენდები მათი გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ, ნელ-ნელა გაუჩინარდა. არ ვიცი, მე მხვდებოდნენ ყველაზე სუსტები თუ ჩემს მოსატყუებლად იდებილებდნენ თავს, მაგრამ ფაქტია, რომ მათთან საუბარიც კი მხოლოდ ღიმილისმომგვრელი იყო ჩემთვის და მეტი არაფერი. უფრო სწორად, ახლა მეღიმება, თორემ მაშინ, სტუდენტობისას, პირველად რომ დამიბარეს და მკითხეს, რა კავშირი გაქვთ ლეო ლეჩხუმელთანო, ნამდვილად არ გამღიმებია. შეიძლება, მაშინვე იმიტომაც არ გამეღიმა, რომ ვერაფრით გავიხსენე ვინ იყო ლეო ლეჩხუმელი და ვიფიქრე, რომ, ალბათ, სამედიცინოს ან გეპეის სტუდენტია, რომელსაც სახეზე კი ვიცნობ, მაგრამ სახელი და გვარი აღარ მახსოვს-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერებდა. ის კაციც, ვინც ამ შეკითხვით მომმართავდა, ძალიან სერიოზული გამომეტყველებით, დაბეჯითებით მიმეორებდა, რომ დანამდვილებით იცოდა (ზუსტი ინფორმაციის საფუძველზე) ლეო ლეჩხუმელთან ჩვენი თანამშრომლობის შესახებ და ჩვენი გულწრფელი აღიარება, ჩვენთვისვე იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. რასაკვირველია, ვერაფრით ვაღიარე რაიმე კავშირი ვინმე ლეო ლეჩხუმელთან და მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ლეო ლეჩხუმელი „ამერიკის ხმის“ იმ ქართველი თანამშრომლის ფსევდონიმი იყო, რომელმაც ამერიკული რადიოს ეთერში დაწვრილებით აღწერა ჩვენი სტუდენტური მიტინგი და ჩვენს შესახებაც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ქართველი სტუდენტებისთვის ეს ფაქტი ჯერ ისევ სარისკო და ცოტა საშიში იყო, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლების სათავეში მყოფი მიხეილ გორბაჩოვი ლიბერალიზაციის ტკბილი ზღაპრებით უკვე მთელს მსოფლიოს აბრუებდა. მოსკოვისაგან განსხვავებით, თბილისსა და საქართველოში, ოდნავაც არ იგრძნობოდა ეგრეთ წოდებული გარდაქმნის რაიმე ნიშნები და სახელმწიფო აპარატი, ძველებური მონდომებით დევნიდა ყველანაირ განსხვავებულ აზრს. ყოველ შემთხვევაში, ლიტველი, ლატვიელი თუ ესტონელი კომუნისტებისაგან განსხვავებით, ქართველი კომუნისტებისათვის მართლაც დაუჯერებელი იყო, რომ დრო იცვლებოდა, რომელსაც მათ ალღოც კი ვერ აუღეს და არჩევანი ხალხის სასარგებლოდ, უბრალოდ, ვერ გააკეთეს.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ფაქტია, რომ სისხლის დაღვრამდე (9 აპრილამდე) თავისუფლება (ქართულ პრესასა თუ ტელევიზიაში) ოდნავადაც არ იგრძნობოდა (გარდა, იშვიათი შემთხვევების) და ამ ვაკუუმის, თუნდაც, მინიმალურით შევსება, თავად გადავწყვიტეთ. უნივერსიტეტის რექტორატმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა (ალბათ, უფრო ზემოთ შეთანხმებით) და უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთში ორი ფურცელი დაგვითმო. მიტინგის ხსენებაც კი, იმდენად თავზარდამცემი იყო მათთვის, რომ აშკარად არჩიეს საგაზეთო კომპრომისი. თუმცა, ჩვენ მათზე ნაძირლები აღმოვჩნდით და საკუთარი პრესაც მოვიპოვეთ და არც მიტინგებზე გვითქვამს უარი. ჩვენი გაზეთიც იმდენად პოპულარული გახდა მთელს საქართველოში, რომ წერილებს ყველა კუთხიდან ვიღებდით და მოვლენების ასეთ განვითარებას, ალბათ, ბატონი ვახტანგ გოგუაძეც არ მოელოდა. ვახტანგ გოგუაძე მაშინ უნივერსიტეტის პრორექტორი იყო და შეიძლება, თვითონვე უთხრა სადღაც ზემოთ (ჩვენი არსებობით შეწუხებულ გვამებს) - ამ გზააბნეულ სტუდენტებს მე მივხედავო და მართლა ძალიან მზრუნველი მამასავით გვერდიდან არ გვშორდებოდა. პირადად მე, რამდენჯერაც დამინახავდა უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტის მისადგომებთან, აუცილებლად მთხოვდა ან თვალებით მაინც მანიშნებდა - „საროჩკა“ ჩაიტანე შარვალშიო და მე, მაინც, ჯიუტად ამოჩაჩული დავდიოდი უნივერსიტეტში და თავიდან კი ვბრაზდებოდი ხოლმე ამას ვინ ეკითხება-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე და უბრალოდ მეღიმებოდა. ზოგიერთები მერეც ბრაზობდნენ ხოლმე და, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემგან განსხვავებით, არ დაიჯერეს რომ ვახტანგ გოგუაძე კრემლის აგენტი კი არა, ხშირად უცნაური და ახირებული, მაგრამ ნამდვილად უბოროტო ადამიანი იყო. მგონი, სხვებზეც იგივეს ფიქრობდა ზოგჯერ სრულიად გულუბრყვილოდ და ერთხელ ლექციიდანაც კი გამომიყვანეს, პრორექტორი გიბარებსო და ბატონმა ვახტანგმა პირდაპირ მითხრა სასწრაფო და გადაუდებელი საქმე გვაქვსო. აგერ ეს წერილი წაიკითხე, თუ დაეთანხმები, ხელი მოაწერე და დღესვე მოსკოვში უნდა გავგზავნოთ, ხვალ უკვე გვიანი იქნებაო. წერილი იყო მოკლე და ვახტანგ გოგუაძე (ჩვენი სახელითაც) მადლობას უხდიდა მიხეილ გორბაჩოვს იმის გამო, რომ მან გულთან ასე ახლოს მიიტანა ქართველი ხალხის სატკივარი და გარეჯიდან დაუყონებლივ გაიყვანა საბჭოთა არმიის ნაწილები. ჯერ კი გამეცინა, მაგრამ მერე მაინც ვკითხე - ჯარი რომ ჯერ არ გაუყვანიათ, მადლობა რაში უნდა გადავუხადოთ-მეთქი და ბატონი ვახტანგი ძალიან გაბრაზდა. მერე კი ძალიან სერიოზული სახით ძალიან გულწრფელი ფრაზა მითხრა - ჯერ არ გაუყვანიათ, მაგრამ მადლობას რომ წინასწარ გადავუხდით, გორბაჩოვს აუცილებლად შერცხვება და ჯარსაც აუცილებლად გაიყვანსო...
იმ ჩვენი სტუდენტური გაზეთის არსებობა კი, ნამდვილად ვახტანგ გოგუაძის დამსახურება იყო და რედაქტორი ირმა რატიანიც მიღემიღებული მასალების წაკითხვასაც ძლივს ასწრებდა. წერილებს მართლა მთელი საქართველოდან გვწერდნენ, რადგან ჩვენი გაზეთის ალტერნატივა მაშინდელ საქართველოში არ არსებობდა რამდენიმე სამიზდატის გარდა. არსებობდა მხოლოდ საბჭოური პერიოდიკა, რომელსაც ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებდა, ჩვენ კი ისეთ მასალებსაც კი ვბეჭდავდით, ზოგიერთებს მათი წაკითხვაც რომ ეშინოდათ.
თუმცა, შიში ნელ-ნელა ქრებოდა საქართველოში და იზრდებოდა მოთხოვნილება თავისუფალი პრესის მიმართ და ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როცა არამიანცის საავადმყოფოში აღმოვჩნდი ერთ-ერთი ჩვენი მიტინგის შემდეგ. კარდიოლოგიის განყოფილებაში კატეგორიულად განმიმარტეს, რომ მინიმუმ ერთი თვე მაინც იქ უნდა გამეტარებინა და მოწყენილობისაგან გაზეთის გამოშვება გადავწყვიტე. იმ კედლის გაზეთს დავარქვი „ავადმყოფის ხმა“ და პირველი ნომერი რამდენიმე დღის შემდეგ დერეფნის კეკედელზე ჩამოვკიდე. გაზეთს ჰქონდა დევიზიც - „საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია მსოფლიოში“ და რამდენიმე პატარა და არასერიოზულ სტატიასაც მოიცავდა ხუმრობანარევი ფინალით - მეორე ნომრისთვის მასალებს ვამზადებთ და თუ გამოგვეხმაურებით, ამა და ამ პალატის კარი შეგიძლიათ დაუკაკუნებლა დაუკაკუნებლადაც შემოაღოთ-მეთქი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი ხუმრობის გამო მინანია, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებული შეცდომა იყო და სტატიებით ხელდამშვენებული ავადმყოფები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მეზობელი განყოფილებებიდანაც მაკითხავდნენ. მოჰქონდათ პოლიტიკური და ეკონომიკური წერილები, ლექსები და მოთხრობები, მოგონებები სტალინზე და ანასტას მიქოიანზეც კი. როგორც ჩანს, ხმა ჩვენი გაზეთის არსებობის შესახებ სხვა საავადმყოფოებშიც გავრცელდა, რადგან ცოტა ხანში, უკვე სხვა საავადმყოფოებიდანაც ვიღებდით მასალებს და ლექსებსა და წერილებს გვიგზავნიდნენ არა მხოლოდ ავადმყოფები, არამედ ექიმებიც და ექთნებიც კი.
ჰოდა, რა ძნელი იქნებოდა იმის მიხვედრა, რომ უკვე ჩიხში ვიყავი, მკურნალობასაც აზრი არ ჰქონდა, დარეჯან-ექიმიც სულ ამაოდ დასცქეროდა ჩემი გულის კარდიოგრამას და გამწერეთ-მეთქი, - განყოფილების გამგეს ვთხოვე.
ერთ კვირაში გამწერეს...
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
![]() |
18 ცრემლიანი სათვალე |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი გვახარია
ნაწილი ოცდამეშვიდე
ავტომობილი
1999
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
წლის ბოლოს მთელი პლანეტა ციფრებში დაიკარგა. დისკუსიამ იმაზე, თუ როგორ უნდა აღენიშნათ 2000 წლის დადგომა და ნამდვილად ვხვდებოდით თუ არა 31 დეკემბერს 21-ე საუკუნეში, რაღაც აბსურდული ხასიათი მიიღო. „რუსთავი 2“-ში ბოლოს და ბოლოს გამოდიან პოსტსაარჩევნო დეპრესიისგან (როცა რეკლამის რაოდენობა მკვეთრად იკლებს ხოლმე) და საახალწლო გადაცემებზე იწყებენ ფიქრს. შეიძლება თუ არა ლოგოს „21-ე საუკუნე“ მივახატოთ? და თუ მართლა დგება ახალი ათასწლეული, ეს სამი ნულიანი რაღაა? როდის იყო დროის ათვლა ნულებით იწყებოდა?
მაგრამ, სულსწრაფ ქართველობას სიზუსტე, მაინცდამაინც, არასდროს ანაღვლებდა. ზოგიერთმა ჯერ კიდევ ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნებზე, შეიყვანა თავი 21-ე საუკუნეში; „სირცხვილია რა... ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!“... სწორედ ასე ახასიათებდნენ „სვეტსკი“ ქართველები „მოქალაქეების“, „აღორძინებისა“ და „მრეწველების“ გამარჯვებას.
ასე ახასიათებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებასაც. ხალხს უკვე ტრადიციული, მართლაც რომ ქართული არჩევანი უნდა გაეკეთებინა - „ნახევრად დემოკრატიასა“ (შევარდნაძე) და „დიქატატურას“ (აბაშიძე) შორის, ცუდსა და უარესს შორის. წლის ბოლოს ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ კენჭის ყრას არ აპირებს (ანუ არ აპირებს ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლას) და მხარს ჯუმბერ პატიაშვილს უჭერს. თუმცა, ამით დიდად არაფერი შეცვლილა. ნათელი გახდა, რომ ქვეყანა, რომელიც ზარ-ზეიმით ემზადებოდა 21-ე საუკუნეში შესაბიჯებლად, ქვეყანა, რომელიც წლის დასაწყისში ასევე ზარ-ზეიმით შეიყვანეს ევროსაბჭოში („მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!“), საბჭოურ სიჭაბუკეში დაბრუნებას შეუდგა.
ყველას არ შეუძლია მოკლას თავისი წინამორბედი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის ჩამოყალიბებაზე. და არა იმდენად იმიტომ, რომ ამ რიტუალურ-სიმბოლურ მკვლელობას დანაშაულის განცდა და „თვალის დათხრა“ მოჰყვება ხოლმე... უბრალოდ, მასწავლებელი-მამის მოკვლა საკუთარი თავის ერთ დიდ ნაწილთან გამომშვიდობებასაც ნიშნავს. თუკი ეს ნაწილი ძალიან დიდია, თუკი თავისებურად მიმზიდველი, თუ გნებავთ „ეროტიკულია“ წარსულის ეს გველეშაპი, დრაკონის წინააღმდეგ ამხედრება შეიძლება თვითმკვლელობის ტოლფასი გახდეს.
ქართველებს კი, მოგეხსენებათ, სიცოცხლე გვიყვარს!
განა „დვიჟოკებით“ განათებული სამორინე ამის დადასტურება არ არის? სხვათა შორის, პირველად, სწორედ კაზინოს ფასადზე გამოაკრეს ყვითლად მბჟუტავი ლამპიონებით დამშვენებული წარწერა - „გილოცავთ 21-ე საუკუნის დადგომას!“. პლეხანოვზე ერთადერთი ადგილი, რომელსაც 99 წლის დეკემბრის წყვდიადი არ შეეხო, კაზინო იყო. შაბათს ღამით, „ფსიქოს“ დასრულების შემდეგ, სახლისკენ მიმავალ გზას განგებ ვიგრძელებდი, რათა კიდევ ერთხელ შემევლო თვალი ამ გაბრდღვიალებული, ფერადი კუნძულისთვის, ცოტა არ იყოს, პარიზის „ღამის თეატრს“ რომ ჰგავდა პიგალის ქუჩაზე.
იმიტომ, რომ ქართველებს, სიკვდილიც ძალიან გვიყვარს.
ეგაა, რომ ყველა ვერ ბედავს შეაბიჯოს ასეთ განათებულ უფსკრულში. მხოლოდ გარედან ყურებით კმაყოფილდება. მაშინაც კი, როცა სულ ცოტა ხნის წინ, ავტომობილში მშობლიური ფსიქოთერაპევტების შორტსეანსი აქვს განვლილი.
გადაცემის შემდეგ სტუმრების სახლებში დარიგება „ფსიქოს“ გაგრძელებას ჰგავდა. ახლა უკვე ჩემს „ლურჯაში“, ე.ი. „07“-ად მონათლულ „ჟიგულიში“ ხდებოდა ის, რასაც პირობითად „ორმაგი მანიპულაცია“ შეიძლება დავარქვათ. ანუ, როცა შინისკენ მიმავალი, დაღლილი, როგორც წესი, საკუთარი თავით უკმაყოფილო ფსიქოლოგი (ტრადიციული რეპლიკით: „ყველაფრის თქმა მაინც ვერ მოვასწარი“) ანალიზს ახლა უკვე მანქანაში აგრძელებს. შენ კი, მძღოლს, საჭე, ანუ ძალაუფლება ხელში გიჭირავს - როგორც გინდა ისე წაიყვან. მთელ ქალაქს შემოატარებ. თუნდაც, ბენზინს ჩაასხამ მასთან ერთად და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე დაელაპარაკები. მაგალითად, „ახალგაზრდა მოქალაქეებზე“, რომლებმაც იმხანად „რუსთავი 2“-ის საშუალებით მამა-მასწავლებლის წინააღმდეგ ამხედრება დაიწყეს. ჯერჯერობით ფრთხილად აკეთებდნენ ამას. თავიანთ ბაბუს მეორე ბაბუსთან მოსალაპარაკებლად უშვებდნენ და, ამავე დროს, „მეორე ბაბუს“ დისკრედიტაციას არ ერიდებოდნენ.
საბურთალოზე, შუაღამეს, როცა ქალაქი წყვდიდში იყო მოცული (გადაცემაშიც, იმხანად, როგორც წესი, „დვიჟოკიანი დამრეკავები“ გვიკავშირდებოდნენ), ბენზინს მხოლოდ პავლოვისა და ვაკე-საბურთალოს კუთხეში ჩაასხამდი. ეს „კალონკა“ ხატებით და საეკლესიო კალენდრებით იყო მორთული. „ჩამსხმელები“ კი მაშინაც კი მიბღვერდნენ, როცა ლარიანს ვუტოვებდი „ჩაიზე“ და არ ვიმჩნევდი, რომ ერთ-ორ ლიტრს მუდმივად იპარავდნენ.
მეზიზღება ეგ „კალონკა“! სამი სიზმარი დავითვალე, რომელიც ზამთარშიც კი ოფლში გაწურულს მაღვიძებს. პირველი - ცოფიანი ძაღლია, დაჟინებით რომ ცდილობს მეცეს ფეხზე. მეორე, ჩემი მანქანა, რომელსაც მუხრუჭი უმტყუნებს და უფსკრულში გადაიჩეხება და მესამე ეგ „კალონკა“, თავისი დაბღვერილი „ჩამსხმელებით“ და მამაოთი.
ჩემს „ლურჯაში“ პირველი და მეორე სიზმარი არაერთხელ გაგვირჩევია ფსიქოლოგებთან. რამდენი წელია მანქანას ვატარებ და თუკი არ მეჩქარება (არადა, როგორც წესი, სულ მეჩქარება), სიამოვნებით ჩავისვამ ხოლმე ავტომობილში ნაცნობ-მეგობრებს აქეთ-იქით დასარიგებლად. უკვე ვიცი, რატომ გრძნობს კაცი კომფორტში თავს საკუთარ მანქანაში და საიდან ჩნდება „ტაქსის შოფრის“ ეს კომპლექსი, უფრო სწორად, სხვისი მართვის კომპლექსი. ადვილია და კარგ დეტექტივს ჰგავს ეს ყველაფერი. მაგრამ „მამაოს“ ამბავი, რომელიც 20-ე საუკუნის უკანასკნელი (თუ „ბოლოსწინა“) წლის მიწურულს გადამხდა, ფსიქოანალიზს ნამდვილად არ ექვემდებარება.
არადა, დეკემბრის იმ ღამეს, როცა ეს ინციდენტი მოხდა, სწორედ ფსიქოლოგები მესხდნენ „ლურჯაში“.
ბენზინის ჩავასხი და უკანა სვლით გასვლას ვაპირებდი, როცა აღმოვაჩინე, რომ გზა ვერცხლისფერმა BMW-ემ გადამიკეტა. გული უნდა გაგიტეხოთ ამ მარკის მოყვარულებო. ჩემთვის BMW-ეს პატრონი იგივეა, რაც ჟულიეტ ბინოში (ხო, მიყვარს ამის გამეორება)! დისკომფორტი სახეზე მაწერია ხოლმე როცა ამ ჯიშის ხალხს ვხედავ.
ვერცხლისფერი მანქანის მძღოლი მღვდელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე „დავუსიგნალე“, მშვიდად აგრძელებდა მობილურზე ლაპარაკს. ბოლოს, მანქანიდან გადმოვიდა და ასე, მობილურზე ლაპარაკ-ლაპარაკით, პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.
„- შენ, გვახარია არა ხარ?“
ნუ, ეს ჩვეულებრივი კითხვაა... გვარით როცა მოგმართავენ, გასაგები ხდება, მერე რა უნდა დააყოლონ. სკოლაში იცოდნენ ასეთი მიმართვა საბჭოთა მასწავლებლებმა. სხვათა შორის, სკოლაც ერთ-ერთი კოშმარული სიზმარია, რომელიც დროდადრო არღვევს ხოლმე ჩემს მყუდროებას.
„-ერთი კითხვა მაქვს შენთან. ჯოჯოხეთის არ გეშინია, შვილო?“
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი (არადა, მომზადებული მქონდა). ფსიქოლოგმა ქალებმა ერთხმად შემოსძახეს:
„მანქანის გაჩერება ისწავლეთ და ჯოჯოხეთზე მერე გველაპარაკეთ!“
ფსიქოლოგი ქალები - იდეალური დაცვაა ნებისმიერი ნევროტიკი მამაკაცისთვის, რომელიც სიზმარში ცოფიან ძაღლებს ხედავს. მით უმეტეს, როცა საკუთარ მანქანაში ზის. ამ დროს იგი ორმაგად დაცულია.
მანქანის გადაყენება ვთხოვე. ჩემი ჭკუით, გაქცევას ვაპირებდი. მაგრამ „ვერცხლისფერი რაშის“ მფლობელი, როგორც ჩანს, არანაკლებ დაცულად გრძნობდა თავს. ლაპარაკობდა ხმამაღლა. ძალიან ხმამაღლა, რათა როგორმე მიეპყრო გარემომცველთა ყურადღება და „დისკუსიაში“ ჯოჯოხეთის თემაზე ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭებიც ჩაერთო.
ბოლოს და ბოლოს, მღვდელი იყო და ყველაფერს ხომ ვერ იკადრებდა?
მრევლს კი ეპატიებოდა, ერთ-ორს თუ წაუთაქებდა „ჯოჯოხეთის მოციქულს“. მეორე დღეს კი მოინანიებდა. შეიძლებოდა არც მოენანია. მას ხომ ასე სჯეროდა - „ჯოჯოხეთის მოციქულები“ ისე უნდა სცემო, რომ სამუდამოდ ჩაიკმინდონ ხმა.
მამაომ „გრძნობათა იმპერია“ გაიხსენა, ტიმ როტის „ომის ზონა“, ენდრიუ ბირკინის „ცემენტის ბაღი“. ის ფილმებიც მიაყოლა, რომლებიც არასდროს გვიჩვენებია „ფსიქოში“ - მაგალითად, სკორსეზეს „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“. ჩემს საყვარელ კითხვაზე, რატომ უყურებთ, თუ არ მოგწონთ, დაუფიქრებლად მიპასუხა, მე არ ვუყურებ, მრევლი მიყვებაო. ჩემი მგზავრებიდან ვიღაცამ ჰკითხა, „მობილურზე გიყვებიან?“. ცოტა დაიბნა. მობილური ეგრევე ანაფორაში ჩაიდო. თუმცა, მანქანის გადაყენებაზე ისევ უარს ამბობდა.
ფსიქოლოგმა ქალებმა უთხრეს, თუკი, ამ ფილმების ჩვენება დანაშაულად მიგაჩნიათ, მიდით და სასამართლოში იჩივლეთო. ამ სიტყვამ, „სასამართლო“ ცოტა გამახალისა. „სამსჯავროს“ ხსენებაზე რატომღაც მიქელანჯელო გამახსენდა. შიშველ სხეულებს მიქელანჯელოც გამოხატავდა-მეთქი.
მიქელანჯელომ კიდევ უფრო გაათამამა:
„ჰოდა, მეც ამას არ ვამბობ? თქვენ ყველას - პაპისტებს, იეღოველებს, კრიშნაიტებს, ჯოჯოხეთი გელით. არ გეშინიათ?“
„იეღოველი“ - მაგიური სიტყვა იყო 1999 წლის საქართველოში. მეოცე საუკუნე იწურებოდა, მაგრამ „კურიერის“ ყველაზე რეიტინგულ სიუჟეტად ისევ იეღოველების დარბევა ითვლებოდა. ბასილ მკალავიშვილის მრევლი მუდმივად ჩნდებოდა ხოლმე „რუსთავი 2“-ის ოფისში. ზოგიერთი ჟურნალისტი მეგობრობდა კიდეც „მამა ბასილის“ ხალხთან. ატყობინებდა, სად იგეგმებოდა იეღოველებისა თუ ბაპტისტების მორიგი შეკრება, რათა ეს ხალხი მერე „გლდანის მრევლს“ დაერბია, „კურიერს“ კი სიუჟეტი გადაეღო. მერე ამ ჰორორს „ღამის კურიერიც“ გამოეხმაურებოდა. დასვამდნენ ეთერში „მართლმადიდებლობის დამცველს“, რომელსაც „ინსტიტუტებთან“ თანამშომლობის გამოცდილება კომუნისტების ეპოქიდან ჰქონდა, დააწყევლინებდნენ ჯერ იეღოველებს, მერე ბაპტისტებს, მერე კათოლიკეებს, მერე ჯორჯ სოროსს... მიცვალებულებსაც გაიხსენებდნენ - მაგალითად, მერაბ მამარდაშვილს. და ბოლოს, „ახალგაზრდა მოქალაქეებზეც“ ათქმევინებდნენ სიტყვას, „სომხობიდან“ დაწყებული - სექსუალური ორიენტაციით დამთავრებული... შვილებს, რომლებიც მამა-გველეშაპის განადგურებისთვის ემზადებოდნენ, ასეთი შინაარსის თოქ-შოუ, ცხადია, გულზე არ ეხატებოდათ. თუმცა, ის კი იცოდნენ, რომ დიდი იდეა მსხვერპლს მოითხოვს და სატელევიზიო რეიტინგის ასაწევად „სასპენსები“ აუცილებელი იყო. ქართველ ტელემაყურებელს ყოველთვის მოსწონდა კლოუნები, რომლებიც ეშხსა და ლაზათს შეძენდნენ შეთქმულების თეორიებს, ღრმა ბავშვობაში დაგვაბრუნებდნენ - დრაკონების, რაშზე ამხედრებული წმინდანების, კეთილისა და ბოროტის სამყაროში. ქართული ფოკლორი, მოგეხსენებათ, ასეთი პერსონაჟების ნაკლებობას არ უჩივის. ჰოდა, რატომ არ შეიძლება პოლიტიკაც - ფოლკლორად გარდავქმნათ და განტევების ვაცად ვინმე - თუნდაც, იეღოვას მოწმეები ვაქციოთ?
ფერად-ფერად ქაღალდებში გახვეული „გუშაგის“ (მგონი ასე ჰქვია მაგათ ჟურნალს) ნომრებს ეს გულუბრყვილო ხალხი მუდმივად უტოვებდა დაცვას ჩემთვის. ერთხელ ჩამავლეს კიდეც, „რუსთავი 2“-ის ლიფტთან - წითლადშეღებილთმიანმა გოგომ თავიანთი „ბიულეტენი“ გადმომცა და დაუმატა, ჩვენი „ამერიკელი უფროსი“ თქვენი პიროვნებით დაინტერესდა, იქნებ გვეწვიოთ და ბიბლიაზე ვილაპარაკოთო. იძულებული გავხდი, გულზედაკიდებული ჯვარი მეჩვენებინა.
ეს ინსტინქტია, რა თქმა უნდა - უსიყვარულობის ჯოჯოხეთისგანმ თავდაცვის ინსტიქტი. ამავე დროს, კინოს ისტორიაში, ერთერთი ყველაზე ძლიერი კადრის ანაბეჭდი - რობერ ბრესონის „სოფლის მღვდლის დღიურის“ ფინალი; უზარმაზარი ჯვარი ცარიელ კადრში. ბრესონმა, ერთი მხრივ, მიაღწია იმას, რაზეც ბოდლერი და აპოლინერი ოცნებობდნენ - „სიჩუმის პოეზია“ შექმნა და, მეორე მხრივ, მაინც აპოვნინა თავისი ჯვარი ახალგაზრდა მღვდელს. აპოვნინა სიკვდილისწინა ხილვაში.
დეკემბრის იმ ღამეს, როცა „ვერცხლისფერი რაშის“ მფლობელმა კოშმარულ ჩიხში მომაქცია, აღარ მახსოვდა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, საუკუნის პირობით დასასრულამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეჟისორი. 93 წლის იყო და აღარ ინება ახალ ეპოქაში შეღწევა. სხვათა შორის, მას „მართლმადიდებლად“ წოდებული ანდრეი ტარკოვსკიც აღმერთებდა. ამიტომ თავის გადარჩენისთვის, შეიძლებოდა ნაყოფიერი ყოფილიყო მოკლე ექსკურსი „ფსიქოს“ ისტორიაში და მამაოსთვის იმის გახსენება, რომ ამ გადაცემაში არა მარტო „გრძნობათა იმპერია“ და „ცემენტის ბაღი“, არამედ რობერ ბრესონის ყველა ფილმი ვუჩვენეთ. მაგრამ ბრესონის ხსენება ჩიხიდან მაინც ვერ გამომიყვანდა. რაღა ბრესონი და რაღა მიქელანჯელო! კიდევ ერთი კათოლიკე უფრო მეტად დაამძიმებდა ჩემს „დანაშაულს“.
სხვათა შორის, ბენზინის ჩასხმამდე, „შორტფსიქოანალიზში“, რომელიც იმ ღამით ჩამიტარეს კეთილმა ქალბატონებმა, სიტყვა „დანაშაული“ პირველად სწორედ მე ვახსენე. კაზინოზე ვკითხე ქალებს, ნეტა რატომ ვიგრძელებ ღამის გზას, რატომ მიყვარს განათებულ კაზინოსთან მანქანით ჩავლა, როცა ჩემს დღეში არ ვყოფილვარ მაგ დაწესებულებაში-მეთქი. დოსტოევსკი გამახსენეს - მიმტკიცებდნენ, რომ დოსტოევსკის მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი არა მოგების, არამედ... წაგების ფარული სურვილით იყო განსაზღვრული. რათა მერე, თავი უსამართლობის მსხვერპლად ეგრძნო, ბოლოს კი, როცა ვნება გავიდოდა, დანაშაულის კომპლექსი და სინანული გაღვიძებოდა..
ჰოდა, თუკი ფსიქოლოგების ეს ფორმულა აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაშინ გასაგები ხდება, რომ წყვდიადში გაჩახჩახებული ქართული კაზინო, თავისი „ასისტენტი“ გოგო-ბიჭებით, ვეღარ გახდება ცდუნება, თუკი წაგებ-მოგების ამ აზარტს შენს საქმიანობაში იკმაყოფილებ. კაზინოს შეგიძლია მხოლოდ ჩაუარო ავტომობილით და შენს თავს უთხრა: „აქ ერთობიან ახლა ჩემი დები და ძმები! აქ ეთამაშებიან თავიანთ ბედს ისინი, ვისაც ფსიქოანალატიკოსები, როგორც წესი, „პაციენტებს“ უწოდებენ“
მამაოს გრძელ და ხმამაღალ მონოლოგში სიტყვა - „იეღოველი“ ასევე კარგად ნაცნობმა სიტყვამ, „ავადმყოფმა“ შეცვალა. პრინციპში, მართალი იყო ეს კაცი - „ფსიქო“ ავადმყოფებისთვის იყო განსაზღვრული. „ფილმის ტრავმის“ ძიება საკუთარი ტრავმის ძიებას ემსგავსებოდა. უფრო სწორად, გასაანალიზებელ ტექსტზე საკუთარი ტრავმის პოზიტიურ გადატანას შეიძლებოდა გამოჯანსაღების შანსი შეექმნა ნევროტიკ-ანალიტიკოსისთვის (იგივე „დამრეკავისთვის“)... ვიტგენშტეინი ხომ, მაგალითად, თვითმკვლელობას სწორედაც რომ „ლოგიკურ-ფილოსოფიურმა ტრაქტატმა“ გადაარჩინა.
კი, „სილამაზე“, რა თქმა უნდა, გადაარჩენს სამყაროს. აქაც ასე არ იყო? ზოგჯერ გადაცემის დროს ფილმის „ანალიტიკოსი“ თავად იქცეოდა „პაციენტად“. განსაკუთრებით მაშინ, როცა კინო ანალიზს არ ემორჩილებოდა, აწვალებდა ანალიტიკოსს. ანალიზის პროცესში ხომ ხშირად ხდება ასე - როცა „ტრავმა“ თითქმის მიგნებულია, ჭეშმარიტება ახსნილი, ანალიზის ობიექტი მოულოდნელად სახეს იცვლის და თითქოს მიმართავს ანალიტიკოსს - „რატომ წვალობ, რატომ ხარჯავ დროს ანალიზზე? შემხედე - განა არა ვარ მშვენიერი?“... ანალიტიკოსი და ფილმი ადგილებს იცვლიან. კინემატოგრაფიული სახე „აჰიპნოზებს“ მაყურებელანალიტიკოსს.
ბრესონის ჯვრის მსგავსად.
მან უარი თქვა სინამდვილის იმიტაციაზე, რადგან სჯეროდა - კინოს ამოცანაა გამოხატოს სამყაროს მეტაფიზიკური არსი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ გამოიხატება ადამიანთა ქცევაში. ყველაფერი დანარჩენი - რეალობის მიბაძვა, მსახიობები, დიალოგები - თეატრში შეგროვილი „ნამცეცებია“.
მან მოაშორა სინამდვილეს ყველაფერი თეატრალური და დაგვარწმუნა, რომ თეთრ კაბაში გამოწყობილი 14 წლის გოგო, მუშეტა, რომელიც საზარელ მარტოობაში კვდება, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი კაცობრიობის „თეატრი“, მთელი ეს ამაოება, მთელი ეს უსიყვარულობის ჯოჯოხეთი.
მარტოობა - მადლია ბრესონისთვის. ავადმყოფობაც მადლია. ბრესონის დაუძლურებულ სოფლის მღვდელს ფიზიკურად არ შეუძლია უხამსობის ჯოჯოხეთში შეღწევა. და არც უნდა. წაგებმოგების ვნებას იგი იმ უხილავ ძალასთან ჭიდილში იკმაყოფილებს, რომელიც მთელი ამ სამყაროს ორგანიზაციას ეწევა.
ამიტომაცაა მის ფილმებში ყველაფერი აბსოლუტურ სიზუსტეზე აგებული. ბრესონის „ჯიბის ქურდის“ გმირი, პროფესიით არქიტექტორი, რაღაც გასაოცარ ნეტარებას რომ განიცდის მეტროს გაჭედილ ვაგონში სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფით, ცხოვრობს სიზუსტის მთელი ფილოსოფიით, რომლის არსი მარტივია, მაგრამ ძნელად შესასრულებელი - ერთი პატარა შეცდომა, ხელის ოდნავი აკანკალება და მარცხი გარდაუვალი იქნება.
ჰოდა, როცა ჩიხში მოგაქცევენ, როცა გადაგიკეტავენ გზას და ჯოჯოხეთით დაგემუქრებიან, როცა აგრესიული ბგერების ატრაქციონიდან (გენერატორის ხმების აკომპანიმენტით) ფიზიკურ ტრავმამდე ბევრი არაფერი რჩება, გაიხსენეთ ბრესონის ფილმების ეს სიზუსტე; ზედმეტი არაფერი თქვათ, გააკონტროლეთ პაუზები, ჟესტები, შეეცადეთ „დაიყრუოთ თავი“ და ღონიერი ბგერების კაკაფონია რაღაც უფრო ლამაზით, იდუმალით შეცვალოთ - მაგალითად, წვიმის ხმაურით (დაგიგდიათ წვიმისთვის ყური?), ანდა „ტრავიატას“ მესამე მოქმედების უვერტიურით. ბოლოს და ბოლოს, ის გემო გაიხსენეთ, ბრესონის ფილმების ნახვის შემდეგ რომ რჩება მაყურებელს... გარწმუნებთ, უხილავი ძალა, ასე მშვენივრად რომ ახერხებს სამყაროს ორგანიზებას, თვითონ გამოგეცხადებათ და ჩიხიდან აუცილებლად დაგიხსნით.
მამაო თავისას აგრძელებდა. მანქანას უკვე მოუახლოვდნენ ბენზინის ჩამომსხმელი ბიჭები. ერთმა, მგონი, მითხრა კიდეც, გადმოდი მანქანიდანო. მაგრამ სიტყვა „იაღოველი“ (ჰო, ასე თქვეს „ბენზინის ბიჭებმა“) სწორედაც რომ მაგიური აღმოჩნდა. ეგრევე ის წითლადშეღებილთმიანი გოგო გამახსენდა, ფერად ქაღალდში გახვეული „გუშაგით“, ჩემი ჯვრის დანახვაზე რომ გამეცალა და არც არასდროს დაბრუნებულა „რუსთავი 2“-ში.
ბრესონის ჯვარი. მხოლოდ ამას შეეძლო ახლა ჩვენი განთავისუფლება.
მარჯვენა ხელი „ზევიდან“, ე.ი. ტვინიდან ბრძანების გარეშე ჩაცურდა ჩემს მაისურში და ნათლობის ჯვარი ამოიღო. პატარაა ეს ჯვარი. მაგრამ, საბედნიეროდ, ბენზინის „კალონკა“ მაგრად იყო განათებული. დაინახეს.
უჰ, დაინახეს კი არა, თვალი გაუშტერდათ, გაქვავდნენ. და, რაც მთავარია, ხმა ჩაუწყდათ. აი, როგორ უყვარს ღმერთს სიზუსტე - სიტყვა „იაღოველი“ რომ არ ეხსენებინათ, მარტო მიქელანჯელოთი, პაპიზმით, გარყვნილებით და ჯოჯოხეთით რომ დაკმაყოფილებულიყვნენ, ბრესონი და მისი ჯვარი ხომ შეიძლებოდა არც გამხსენებოდა. ისევ „სასამართლო“, „სასამართლოს“ ძახილში ვიქნებოდით მე და ჩემი ქალები. მაგრამ სიზუსტე რა მოსატანია „კალონკის“ სამყაროში, სადაც ხატები და საეკლესიო კალენდრები კი უკიდიათ კედელზე, მაგრამ ერთი-ორი ლიტრით მოტყუებაზე არასდროს ამბობენ უარს. სიზუსტე რა მოსატანია ამ მობილურიან მამაოსთან, რომლისთვისაც ადამიანების მართვა ისეთივე აზარტია, როგორც ჩემთვის - ავტომობილი. ისიც ჩაუვლის ხოლმე, ალბათ, განათებულ კაზინოს და ისიც იფიქრებს თავისთვის: „აქ ერთობიან ახლა, ჩემი დები და ძმები! აქ ერთობა ჩემი მრევლი. მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი აქ ერთობა. არაფერია, ხვალ მაინც მომაკითხავენ!“
დაქოქა თავისი BMW და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ფეხები კი მიკანკალებდა, მაგრამ საჭე ადვილად დავიმორჩილე. დავარიგე ჩემი კეთილი ფსიქოლოგი ქალები. მერე ნანა ჩაჩუას შევუარე. ავუწერე ის მღვდელი, მთლად „კალონკასთან“ რომ მოინდომა ქადაგება. დამპირდა, ამ ამბავს პატრიარქს ვუამბობო. მერე რას უზამენ, „მოხსნიან“-მეთქი? - ვკითხე გულუბრყვილოდ. ასეთი ხალხის გარეშე მე ხომ ვერ ვიცხოვრებ. წაგებ-მოგების ვნებას ხომ ბავშვობიდან სწორედ ასეთ ხალხში ვიკმაყოფილებ? რომ მოხსნან, რა ვქნა მერე? ვისთან ვიგრძნო დაჩაგრულად, ანდა, მოგებულად თავი?
შინისაკენ მიმავალ გზაზე ისევ ჩავუარე პლეხანოვის კაზინოს. ნაძვის ხე იყო გამოტანილი ორი დიდი პლაკატით: „გილოცავთ 21-ე საუკუნის დადგომას“ და „ევროპული თამაშები“. სამორინეს გენერატორები, ალბათ, ისევ გრუხუნებდნენ. არ ვიცი. არ გამიგია. მე ისევ „ტრავიატას“ უვერტიურა მიტრიალებდა თავში.