The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №45


ცხელი შოკოლადი №45


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ბაბუაძე თამარ, ლომაძე ნინო, კორძაია-სამადაშვილი ანა, ტურაშვილი დათო, რობაქიძე ნინო, ცეცაძე მაია, გაბუნია დათო, ბუხრიკიძე დავით, ჭანტურია თეა, მალენი მარკ, ნავერიანი სანდრო, კიკალეიშვილი სალომე, კოლინზი ლორენ, მაისურაძე გიორგი, ღოღობერიძე ლანა
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: იანვარი 2009 გარეკანზე: ბესო უზნაძე ფოტო: ლევან ხერხეულიძე მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორები ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო სვანიძე კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ თამარ ბაბუაძე, მარკ მალენი, გიორგი მაისურაძე, დათო ტურაშვილი, კახა თოლორდავა, ნინო ჯაფიაშვილი, ნინო ბექიშვილი, ნინო რობაქიძე, შორენა შავერდაშვილი, ლანა ღოღობერიძე, ნინო ლომაძე, სალომე კიკალეიშვილი, დავით ბუხრიკიძე, დათო გაბუნია, ანა კორძაია-სამადაშვილი, სანდრო ნავერიანი, თეა ჭანტურია. ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ბესო უზნაძე ილუსტრაცია მაია სუმბაძე დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია www.shokoladi.com



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

არასოდეს მახსოვს კონკრეტული სახელები, ინფორმაცია, მოვლენები, ის საგნები და თემებიც კი, რომელსაც თავდავიწყებით ვსწავლობდი. ერთადერთი, რასაც ჩემი გონება ინახავს, ემოციები და შეგრძნებებია. მახსოვს, როდის მოხდა ჩემში პირველი რევოლუცია, მახსოვს ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები და ტრანსფორმაციები, მაგრამ არ მახსოვს, რა ხდებოდა ამ ეტაპებზე, საკუთარი თავიც არ მახსოვს სხვადასხვა დროს და ამიტომ ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა არის ადამიანის იდენტობა მეხსიერების გარეშე? იქნებ ყოველდღიურად უნდა ვინიშნავდე ყველა ახალ შეგრძნებას, მნიშვნელოვან მოვლენას, ფიქრსა თუ იდეას იმისათვის, რომ „შემოვინახო“ საკუთარი თავი?

თუმცა, მრავალწლიანი შიშების შემდეგ, დღეს პირველად გამიხარდა, რომ ცუდი მეხსიერება მაქვს. ლანა ღოღობერიძის სტატიაში ამოვიკითხე, მეხსიერება წარსულს ინახავს და წარსულის ტვირთით გამძიმებსო. შესაბამისად, მეხსიერების არქონა ამ მემკვიდრეობისაგან თავისუფლებას ნიშნავს. წარსულის ტვირთისაგან თავისუფლება კი არ უნდა იყოს ცუდი. ყოველი ახალი დღე ახლის მიღების, რაღაცის შეცვლის შანსს გაძლევს და შენც, როგორც წარსულის მოცემულობისაგან თავისუფალი „თეთრი ფურცელი“, აკეთებ ახალ არჩევანს. სწორედ ამიტომ მწყდება გული ყველაზე მეტად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალგაზრდულ გადაცემა „მოკლე ჩართვაზე“. ეს გადაცემა ყველაფრის პროპაგანდას ეწევა, ყველაზე მნიშვნელოვანის გარდა - ჩვენი მშობლების ცხოვრებით ცხოვრება არ არის საინტერესო, მათი „მონაპოვარი“ ჩვენ არ გვეკუთვნის და მათ კალთაში კომფორტულად ჯდომის და არაცნობიერი გადაწყვეტილებების მიღების მაგივრად, უნდა გავრბოდეთ, ვეძებდეთ გაუკვალავ გზას თუ ბილიკს იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ წარსულისაგან და შევქმნათ ახალი. ამ გადაცემის წამყვანებსა და სტუდიაში მჯდომი ახალგაზრდების აუდიტორიას კი მგონი არასოდეს დაუკარგავს თავი, არც „მშობელი“ და არც ის სოციუმი, რომელშიც ცხოვრობს. მათ თითქოს ყველაფერზე აქვთ პასუხი, განსხვავებით იმ 20 წლის „სკეიტერისაგან“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა. „პირველი არხი“ კი ყველასთვისაა, ყველას გამოკლებით. ჩვენ თურმე მარგინალები ვართ, კომუნისტები, „პიდარასტები“, ბომჟები და უსაქმურები, რადგან გვგონია, რომ რეალობა მხოლოდ იმ ვარდისფერი, ერთფეროვანი ეთერის მიღმა არსებობს, რასაც ჩვენი მაუწყებელი გვთავაზობს.

ჟურნალ „ნიუ-იორკერში“, დაახლოებით ორი კვირის წინ დაიბეჭდა ჩვენი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „პროფაილი“. მისი ავტორი, ინგლისელი ჟურნალისტი და მწერალი ვენდელ სთივენსონია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ჟურნალის გმირიც იყო. სამწუხაროდ ვენდელმა არ მოგვცა სტატიის თარგმნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ „ნიუ-იორკერისაგან“ მასალების გამოქვეყნების უფლება გვაქვს მოპოვებული. ესეც გულდასაწყვეტია, რადგან გვინდოდა გაგვერღვია ზღვარი „საგარეო და საშინაო მოხმარებისათვის“ განკუთვნილ ინფორმაციებს შორის და სწორედ ის სტატია გვეთარგმნა ჩვენი მკითხველებისათვის, რომელზეც საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია იყო.

საერთო პესიმიზმის ფონზე, გვინდა „ცხელი შოკოლადის“ რომელიმე შემდეგი ნომერი „ოპტიმიზმზე“ გავაკეთოთ. თუმცა, იქამდე, კალენდარულად ახალი წელი მოდის და მოგილოცავთ - იქნებ მომავალ წელი მაინც იყოს უფრო ოპტიმისტური იმ „მარგინალური საქართველოსათვის“, რომელსაც სულ ჩასჩიჩინებენ, რომ ის უმცირესობაა, ის არაფერს წყვეტს, მისთვის არაფერი კეთდება, ის ვერაფერს შეცვლის. არ მოგწონთ? წაბრძანდით ამ ქვეყნიდან. იცით რაა? არსადაც არ წავალთ!

აბა, დროებით!

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


თამარ ბაბუაძე

0x01 graphic

სახლიდან რომ გამოვდივარ, ჯერ კერესელიძეზე ჩავდივარ, ზანდუკელზე მარცხნივ ვუხვევ და ტრანსპორტის ლოდინში წინ, ბარნოვისკენ მივსეირნობ. კერესელიძის კუთხიდანვე ვხედავ ბელინსკის კუთხეს. მარჯვნივ, ხილის გამყიდველი ქალი დგას და ქუჩაში გამოლაგებული ხის ყუთებიდან მწვანე ვაშლებს, ყვავილოვან კომბოსტოს, მწვანილებსა და ახალქალაქურ კარტოფილს ყიდის. გარეთ ცივა და ხელები დაწითლებულ - დამსკდარი აქვს. მისი სარდაფის გვერდით კართან, ფანჯრის გისოსებზე ჩამოკიდებულ საკიდებზე ტანსაცმელი და ფარდებია გამოფენილი. ეს მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაა - ცისფერი შარფი 3 ლარად იყიდება, მოლისფერი ტილოს ძველი ფარდა - 35-ად. მის მოპირდაპირე მხარეს კი - ფენოვანი ღვეზელების საცხობია, ამიტომ ამ ადგილსაც სულ მოხარშული ზეთის სუნი უდის. მოკლედ, ნამდვილი თბილისური აწმყოა. ვიტყოდი, კოლორიტულიც-მეთქი, ამ სიტყვას უფრო პოზიტიური მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს. ხოდა, უკვე თითქმის ერთი თვეა, ამ სუფთა თბილისურ კუთხეს ახალი თვალსაჩინოება დაემატა. ახლა ბელინსკის კუთხემდე სანამ მივაღწევ, ყვავილების მაღაზია „მატილდას ბაღები“ უნდა გავიარო. მატილდა ფრანგი ქალია და მაღაზია სახლშივე აქვს გახსნილი. დაახლოებით ორი კვირის წინ კი, თოვლიან ქარში აფრიალებული მეორადი ტანსაცმლისა და მოხარშული ზეთის სუნის ჯინაზე, ახალი წელი მოიყვანა - სახლის კიბეებზე ჩიჩილაკები ჩამოამწკრივა, ფანჯრის გისოსებზე ფერადი მომღერალი ნათურები მიამაგრა, რომელსაც „რამსები აერია“ მგონი და ახლა, რამდენჯერაც „მატილდას ბაღებს“ ჩავუვლი, საშობაო მელოდია ისე ჟანგიანად ისმის, როგორც მაგნიტოფონში ჩახვეული კასეტიდან. და ამ ჩახვეული მელოდიის ბრალია, რომ რამდენჯერაც ჩემს ტრადიციულ მარშრუტს გავდივარ და მატილდას საშობაო სიმღერას მოვკრავ ყურს, სულ მგონია, რომ ამ გზაჯვარედინზე სასოწარკვეთილი არაფერია თბილისში. ძალიან უნდა მატილდას, რომ საშობაოდ გამხიარულდეს, მაგრამ არ გამოდის ამ თბილისში მხიარულება. ყველა მცდელობა კიჩს და კუსტურიცას ემსგავსება იმიტომ, რომ ის, რაც მატილდას ფრანგული რეალობისთვის ბუნებრივია, საერთოდ უცხო და ნაძალადევია ჩემი თბილისური აწმყოსთვის. არადა, ძალიან მინდა, სხვანაირად იყოს. მინდა, ძალიან ბევრი და ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ადამიანური ემოციის შესავსებად საზღვარგარეთ არ მივდიოდე და სავსედ ცხოვრებას აქვე ვახერხებდე. მინდა, „მატილდას ბაღების“ საშობაო მელოდია უხეშად კი არ მჭრიდეს ყურს, იმ ჩაყოლებაზე, ყველას ასე უხაროდეს და გამოხატავდეს... როდის მოხდება ეს? უნდა მითხრათ, მაშინ, როცა ცნობიერებას გავითავისუფლებთ და კულტურულ რევოლუციას მოვახდენთო? თუ ასეა, მაშინ მე ისევ ვიოცნებებ, ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ კი საჯაროდ, როგორც ახლა გავაკეთე - წაიკითხავთ მიშელ ობამას პორტრეტს და გეტყვით, რომ ხანდახან ზუსტად ასე მინდა, ვრეალიზდე. წაიკითხავთ ჩემს კულინარიულ მოგზაურობას და გეტყვით, ზუსტად ისე მინდა ვიცხოვრო, როგორც ჯეფრი და ნაომი ალფორდები ცხოვრობენ.

ნინო ლომაძე

0x01 graphic

თბილისში რომ მოთოვა, პირველი პავლე გამახსენდა. წარმოვიდგინე, როგორ გადმოდის შემთხვევითი გამვლელის მანქანიდან სამების გადასახვევთან და როგორ იკვალავს გზას წელამდე თოვლში. გზატკეცილიდან ჯერ მხოლოდ საკვამურებიდან დაკლაკნილ ბოლს ხედავს, საკუთარი “ბათინკების” თოვლთან შეხების ჭრაჭუნი ესმის და ფიქრობს. ფიქრობს ორ მოსწავლეზე, რომლებიც მერხთან დახვდებიან და მთქნარება-მთქნარებით მოუსმენენ ისტორიის გაკვეთილს, ფიქრობს ახალ წელზე, ოცნებობს რატომღაც პატრულის პროფესიაზე, ფიქრობს ომზე, რუსეთზე და კიდევ, რა ვიცი, ათას რამეზე ფიქრობს. გაკვეთილების მერე, ისევ ნახევრად სველი ტანსაცმლით გარეთ გამოდის, იმავე თოვლიან გზას დაადგება და გადასახვევთან ამჯერად სომხეთის საზღვრიდან მომავალ შემთხვევით გამვლელს დაელოდება. ზოგჯერ დიდხანს დგას ასე, მერე სწყინდება და გზატკეცილს ფეხით გაუყვება. გზადაგზა ნახირს და მწყემსებს თუ გადააწყდება. სოფლამდე ჯერ ძალიან შორია და კიდევ ბევრ რამეზე მოასწრებს ფიქრს. ეს პავლეა, ჩემი და მესხის მეგობარი სპასოვკიდან. ორი დღის წინ ველაპარაკე. მითხრა, ჩამოდით ახალ წელს, ეს სილამაზე ხომ უნდა განახოთ, აბა, უთოვლო ჯავახეთი რა სანახავი იყოო. მინდა სპასოვკაში. პატარა ჯავახურ სოფელში, სადაც დუხობორების აშენებული ფერადი სახლები დგას, სახლებს შეშით და გამომწვარი ნაკელით ათბობენ; სადაც გარშემო მარტო მთები ჩანს და სულ სიჩუმეა; სადაც მანქანებს ვერსად შევხვდები, სოფლის გზებზე მარხილით და ცხენით ვივლი, ან სულაც ფეხით - წელამდე თოვლში.

ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

ზევით, კავკასიონის კალთებზე დღესაც დგას ერთი საყდარი, საყდართან კი - სახლი. ამ სახლში ერთი ოთახია, და იქ დღესაც მრავალი ლოგინია გაშლილი.

აი, იქ მინდა.

ახლა იქ თოვლი დევს. მინდა, მეძინოს და ზუსტად ვიცოდე, რომ გვერდზე ბებია წევს, რომ ბავშვები სიზმარში მამას მოყოლილი ყურცქვიტას ამბის გაგრძელებას ხედავენ, რომ დილით აივანზე მამალი ატეხავს ხმაურს - ჯერ ფრთებს დააფართხუნებს, ისე, გეგონება, დაიქცა ქვეყანაო, და მერე დასძახებს! და თან როგორ! და ბაბუა გაიღვიძებს და იტყვის: „დიდება ამ ახალ დღეს!“ ოღონდ ჯერ მამლის მოსვლამდე დიდი დროა, ჯერ გვძინავს, გვძინავს...

აი, ეს მინდა. მაგრამ აღარ მაქვს.

ლონდონში ვიყავი - ძალიან კარგი იყო. უამრავი რამე ვნახე და კარგი ხალხი გავიცანი, დიდ-დიდი ხელოვანები და პატარა უფლისწულის ტრფიალი შარახვეტიები. იქიდან რომ ჩამოვედი, მინდოდა, ეს ყველაფერი მათთვის მომეყოლა, ვისაც ყველანაირი ვუყვარვარ - წარმატებულიც და ხელმოცარულიც, ლამაზის და უშნოც, მხოლოდ იმიტომ, რომ ვუყვარვარ, და ნეტა, რატომ გვიყვარს ეს ანაო, არ კითხულობენ. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ მოგზაურობა ძალიან კარგია, მაგრამ ერთ დღეს მაინც ჩავალაგებ ზურგჩანთაში ბებიას მოქსოვილ ლურჯ წინდებს და კავკასიონისკენ დავიძრები, სადაც ყოველთვის მელიან, და დილით მამალი დაიყივლებს: „დიდება ამ ახალ დღეს!“

დათო ტურაშვილი

0x01 graphic

ბავშვობაში სხვებივით მიხაროდა ახალი წლის დადგომა და არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ კოლექტიური და საყოველთაო დღესასწაულები ადამიანის გონებრივი და სულიერი განვითარებისთვის შეიძლება ძალიან მავნეც კი იყოს. მერე, როცა გავიზარდე, ნელ-ნელა ისიც აღმოვაჩინე, რომ ახალი წლის დილა შეიძლება გაცილებით სევდიანი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი დღე და უკვე შეშინებული ველოდები ხოლმე გრანდიოზულ საცივს, ბღავილისაგან დასიებულ თავებს და საყოველთაო იჟოგას. იჟოგას ქართულად ალბათ გულძმარვა ან უბრალოდ ძმარვა ჰქვია და შარშან, ნაახალწლევს ჩემზე მეტად გაწვალებული ლადო ბურდული შემხვდა. ფილოსოფოსიც თუ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი და, მაინც რამ გაგამწარა-მეთქი, - რომ ჩავეძიე, - თავისი მთავარი საახალწლო დარდიც გამანდო. 31 დეკემბერს, ღამით რუსთაველზე, ღია ცის ქვეშ კონცერტზე მეც გამოვედი და ჰონორარის ხათრით იმ საშინელ სიცივესაც კი გავუძლებდი, მაგრამ უმადურობამ მომსპო და მომტაფაო. პაპსავიკებს რა ენაღვლებათ, ეგენი თორმეტისთვის დაიბარეს, ხალხი ჯერ კიდევ ფხიზელი რომ იყო და ჩემი ჯერი რომ მოვიდა, უკვე სამი ხდებოდაო. წარმოიდგინე, რა მთვრალი იქნებოდა ეს გამწარებული ხალხი და საცივს რომ მესროდნენ, კიდევ ვუძლებდი, მაგრამ ბოთლების სროლა რომ დამიწყეს, მერე ვეღარ მოვითმინეო. რა ქენი-მეთქი და, - რა უნდა ექნა ქართველი ხალხის პირისპირ მარტოდმარტო დარჩენილ ლადო ბურდულს, გარდა იმისა, რომ ახალი წელიც შეიძულა, საცივიც და ხალადეციც. ამ უკანასკნელის შესატყვისი (ქართულ ენაზე) შეიძლება არც არსებობდეს, მაგრამ რაღაი ვახსენეთ და შარშან კი ლადო ბურდულს ეს კერძიც ესროლეს, მართლა მაინტერესებს, წელს როგორი ახალი წელი გვექნება. მართლა მინდა ვიცოდე - 31 დეკემბერს ისევ არ შევიმჩნევთ, რაც აგვისტოში მოხდა თუ ახალი წლის წინა ღამეს მაინც დავფიქრდებით იმაზე, თუ საიდან იწყება ჩვენი პრობლემები და ახლა მაინც ცოტა მოკრძალებულად ვიზეიმებთ საკუთარ დამარცხებას. ან იქნებ ვცდები, ყველაფერი პირიქითაა და იქნებ პრობლემა მართლა ჩემშია (როგორც სოფო ნიკოლაიშვილმა მითხრა) და ზედმეტად კატეგორიული ვარ. იქნებ ამიტომაც ვერ ვამჩნევ, რომ სინამდვილეში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და იმასაც კი ვერ ვხვდები, რომ ახალი წელი უბრალოდ უნდა მიულოცო ადამიანებს და მეტი არაფერი...

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


მანაბა

0x01 graphic

მაშინ, როცა ბოლშევიკებისგან გაკულაკებული მაგომედოვების ოჯახი დაღესტნიდან თბილისს ჩამოვიდა, მტკვარი მეტეხთან ჩუხჩუხით მოდიოდა და იყო კრიალა, ცისფერი. ზუსტად მანაბას ცისფერი მინანქარივით. სიონის ეზოში, სადაც მაგომედოვები დასახლდნენ, თბილისში მცხოვრები თითქმის ყველა ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობდა. ცისფერ მტკვარში ცურვა ყველა ასაკის და ეროვნების ბავშვს ერთნაირად უყვარდა, მანაბას - განსაკუთრებით. მას ყველაზე ტკბილი ბავშვობის თბილისური მოგონებები ამ დროიდან მოაქვს. „ყველა ბავშვი - გოგონები, ბიჭები მივდიოდით მტკვარზე, მთელ დღეებს მდინარესთან ვატარებდით. ვცურავდით, ვერთობოდით, გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენი ქალაქი და ულამაზესი ხიდები, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ამშვენებდნენ ქალაქს. განსაკუთრებული იყო მუხრანის რკინის ხიდი“.

მაშინ დარდისთვის მეტისმეტად პატარა გოგო იყო და ვერ ხვდებოდა, რას ერჩოდნენ მის ოჯახს კომუნისტები, რატომ მოუწიათ დაღესტნის, მშობლიური სოფლის - კუბაჩის დატოვება. კუბაჩი, რომელიც სულ სხვა იყო. კავკასიური სოფელი მთებში, სადაც სახლების კარებსაც კი არ კეტავდნენ. კუბაჩელები ცნობილი ოქრომჭედლები და მეიარაღეები იყვნენ, თუმცა ეს კაცის საქმე იყო. მანაბა იყო გამონაკლისი. კუბაჩის სურათები და თბილისის შთაბეჭდილებები ერთმანეთს ავსებდნენ. ამ დროს შეიქმნა ოქრომჭედლის პირველი ნამუშევრები.

დრო იყო უცნაური - კომუნისტებმა ხელოსნებს გადასახადები დაუწესეს. ოქრომჭედლით დაწყებული მეწაღით დამთავრებული ყველას კომუნისტებისთვის უნდა ეხადა ფული. თუ ვინმე ჩუმად ჩაქუჩს გააკაკუნებდა, მეორე დღესვე დაბეზღებული იყო. მანაბა არ გაჩერდა. „დედა ძალიან მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მამას მეგობრები იყვნენ ოსტატები და მათთან ვიყავი. რომ არავის დავებეზღებინე, იარაღებს ნარიყალას ციხის ძირში ვმალავდი - ყოველ დღე, სკოლის შემდეგ მივდიოდი ნარიყალაზე და დაბნელებამდე ვმუშაობდი. დაბლიდან, მეიდნიდან მეთუნგეების ჩაქუჩების ხმა ამოდიოდა, სპილენძზე რომ აკაკუნებდნენ და მტკვრის ხმაური. ასე უსიცოცხლოდ კი არ მოდიოდა მაშინ მდინარე? უკეთეს ადგილს სამუშაოდ ვერ იპოვიდი“.

მანაბას იმდროინდელი ნამუშევრები დღეს შუა ქალაქში, ხალხური რეწვის მუზეუმში ინახება და, მიუხედავად იმისა, იცი თუ არა მათი შექმნის ისტორია, აუცილებლად გამოარჩევთ მათ მანაბას დანარჩენი ნამუშევრებიდან. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა - დადგა სულ სხვა დრო ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც - სამხატვრო აკადემიის წლები, მუშაობა სერგო ქობულაძის სახელოსნოში, უამრავი მოგონება ელენე ახვლედიანთან, ლადო გუდიაშვილთან, რენე შმერლინგთან, დავით ციციშვილთან გატარებულ წლებზე. „იყო პერიოდი, როცა ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა სამხატვრო აკადემიას. დახურვა დაუპირეს - საბჭოთა პოლიტიკა იყო ასეთი. ყველა ჩვენებურად ვცდილობდით აკადემიის გადარჩენას. აპოლონ ქუთათელაძემ იმდენი მოახერხა, დახურვის ნაცვლად, სახელოსნოებისთვის ახალი მაღალსართულიანი კორპუსი ააშენა და მერე იმ შენობის თავზე საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრიც კი აქეიფა. პარადოქსებით სავსე დრო იყო“.

ყველაფერი იცვლებოდა ირგვლივ, ერთადერთი, რაც რჩებოდა, იყო საქმე - ყოველი ნაბიჯი ახალი აღმოჩენა იყო. მანაბასთვის ლითონთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ერთფეროვანი და ის ერთნაირი ოსტატობით ამუშავებდა ვერცხლსა და სხვა ლითონებს - გავარსის, სევადის, ფილიგრანის, გრავირების, ზარნიშის, ცვარის, ინკრუსტაციის ხერხებით.

მისთვის შთაგონების წყარო ხან თბილისი იყო, ხან კუბაჩი, ხან მუსიკა, ხან რუსთაველი - მოკლედ ყველაფერი, რაშიც მშვენიერებას ხედავდა. მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ ყდის 16 სხვადასხვა ვარიანტი აქვს მანაბას შექმნილი. მისი ტიხრული და ფერწერული მინანქრის ფერები ბუნებრივია - ცისფერი, ცისფერია, ისეთი, ადრე რომ მტკვარი იყო. მანაბას კომპოზიციებში ძვირფასი და ნახევრადძვირფასი თვლები ძველი აღმოსავლეთის ფუფუნებას გახსენებს. თითოეული ორნამენტი კი ნამდვილი სიურპრიზია. მოულოდნელია, ორნამენტების ნაცვლად, ქართული მრგვლოვანი ანბანის ასოები, რომლებიც გამოსახულებებს ბუნებრივად ერწყმის. მანაბასთვის დახარჯული ენერგია კი არაა მთავარი, არამედ ის აზრი, შთაბეჭდილება და სიყვარული, რაც მან ნამუშევრებში ჩადო.

ასე ნელ-ნელა, აუჩქარებლად, მანაბას ოჯახის დახმარებით იქმნებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში ნამუშევართა კოლექცია: სამკაულები, მუსიკალური ინსტრუმენტები, წყლისა და ღვინის ჭურჭელი, წიგნების ყდები, მხატვრული იარაღი, მინიატურული სკულპტურები; იქმნებოდა ხელოვნება, რომლითაც საქართველო და დაღესტანი დღეს ერთნაირად ამაყობს, და რომელიც ყველასია.

„იმდენი ტკივილი ნახა ჩემმა ორივე სამშობლომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, იმდენი სიმწარე... ზოგჯერ ამის გარდა ყველაფერი უმნიშვნელო ხდება და გგონია, რომ ვერ გაიხსნება გული. მაგრამ ისევ მუშაობა მაძლევს ძალას - ფიზიკურს, სულიერს. ყალამი უცნაურად გალესილი ნემსია, მასთან ერთად ლითონს ებრძვი და თუ აკეთებ იმას, რაც გინდა, ე.ი. ამარცხებ! თუ ამარცხებ ლითონს, უკვე ძლიერი ხარ. ეს არის ხელოვნება, რომელიც არც ერთ, თუნდაც სულ მცირე შეცდომასაც კი არ გპატიობს. მაგრამ მე ტყუილად არ მიშრომია. სიყვარულს ჩემი ორივე ხალხისგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. სულ ახლახან 80 წლის იუბილე აღმინიშნეს - არაჩვეულებრივი კედლის კალენდარი მომზადდა, ფოტოებზე ქართველი ვარსკვლავები ჩემს სამკაულებს ამშვენებენ. მაგრამ ნეტა არავის გახსენებოდა ჩემი იუბილე - მე თვითონ რაღაცნაირად მივიწყებული მქონდა, რომ უკვე ამდენი წელი გავიდა“.

ავტორი: ნინო რობაქიძე

პირველი გამოფენა ახალ გალერეაში

0x01 graphic

აბაშიძის 10 ნომერში სულ ახლახან გახსნილი გალერეა JTM, როგორც ამბობენ, ეგრეთ წოდებული „ელიტარული შემოქმედების“ მოზიდვას არ აპირებს. არტსალონის დამფუძნებლები ცდილობენ ის ავტორები მიიწვიონ, რომელთა ხელოვნებაც ისეთივე მოკრძალებული იქნება, როგორიც გალერეის საექსპოზიციო სივრცეა. გალერეა ოფიციალურად ერთ-ერთი ასეთი ავტორის - კახა ტატიშვილის პირველი პერსონალური გამოფენით გაიხსნა.

0x01 graphic

კახა ტატიშვილი პოპულარულ მხატვართა წრეს არ მიეკუთვნება. ხატავდა და ხატავს თავისთვის და პერსონალური გამოფენის მოწყობის მცდელობა აქამდე არასდროს ჰქონია. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება ისეთ პერიოდს დაემთხვა, რომ გამოფენებისთვის იმ დროს არავის ეცალა. თუმცა ჯგუფურ გამოფენებში ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა. ექსპოზიციები უბრალოდ შეკრების მიზეზი ხდებოდა და იმიტომაცო, ამბობს. ამჟამად მისი ნამუშევრები ლონდონის ერთ-ერთ გალერეა - კალეიდოსკოპშიცაა გამოფენილი.

პირველი თბილისური ექსპოზიცია სხვადასხვა პერიოდში შექმნილ, ტექნიკით და თემატურად განსხვავებულ ნამუშევრებს მოიცავს. ყველაზე გამორჩეული ძველი ორთქმავლების სერიაა, რომელიც ავტორის ბავშვობისდროინდელ მოგონებას უკავშირდება. საინტერესოა აგრეთვე ქარის წისქვილებისა და მარიონეტების სერიაც. მართალია, მის ნახატებს კონცეპტუალური დატვირთვა არა აქვთ (რადგან თემატურობა ნაკლებად აინტერესებს), მაგრამ ზოგიერთ ნამუშევარში კონკრეტულ თემებს გვერდი მაინც ვერ აუარა. მაგალითად, მარიონეტების სერია ადამიანურ სისუსტეებს დაუკავშირა.

თუ მშვიდობა იქნა, ლონდონის გამოფენიდან კახა ტატიშვილის რამდენიმე ნამუშევარი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის კონკურსზეც მიიღებს მონაწილეობას.

ტაიმ-აუტი

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ქეთო ცაავა

ანტრე - ფრანგული საცხობების ქსელი თბილისში

გაინტერესებთ, სად დააგემოვნოთ ფრანგული პურფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი? მაშინ დიდხანს ნუ იყოყმანებთ და რუსთაველის 20-ში, ან რიგის ქუჩის 13 ნომერში კაფე „ანტრეს“ ეწვიეთ. „ანტრე“ - პრემიუმ კლასის კაფე-საცხობი, ფრანგული საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანს გთავაზობთ. იქ თქვენთვის ფრანგი მცხობელების სპეციალური რეცეპტებით დამზადებულ პურფუნთუშეულს შემოგთავაზებენ. კაფე Take away პრინციპითაც მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტის თან წაღებაც შეგიძლიათ.

ფრანგულ საცხობს სათავეში „პოპულის“ ქსელი უდგას. 5 დეკემბერს კი (რუსთაველის 20-ში) პირველი ობიექტის გახსნაზე საცხობის მესვეურებმა საგანგებო წვეულება და ნაწარმის დეგუსტაცია გამართეს. მოწვეულმა სტუმრებმა სამხრეთ ფრანგული აკორდეონის ჰანგების ფონზე „ანტრეს“ პროდუქცია დააგემოვნეს. ორიგინალურად გაფორმებული ტკბილეული იმდენად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, რომ შეიძლება შესაჭმელადაც ვერ გაგემეტებინა, მაგრამ როდესაც მადისაღმძვრელ არომატს იგრძნობდი, ცდუნებას ვეღარ გაუძლებდი. ვიდრე „გემრიელ პრეზენტაციას“ საზეიმო ფეიერვერკი დაასრულებდა, ოფიციალურად გაცხადდა, რომ კომპანიის მენეჯმენტი ძირითადად ფრანგი ტექნოლოგებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ქსელის ოპერირებისთვის საგანგებოდ სამხრეთ საფრანგეთიდან მოიწვიეს და მომხმარებელს 250-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტს შესთავაზებენ. მოკლედ, სახელგანთქმული ფრანგული Bოულანგერი საქართველოშიც შემოვიდა.

ავტორი: მაია ცეცაძე

SWISS LINE - სილამაზის შესანარჩუნებლად

0x01 graphic

თხუთმეტი წლის წინ შვეიცარიაში დაფუძნებული პარასამედიცინო კოსმეტიკური ხაზი Swiss Line ცნობილი ბრენდებისაგან სამკურნალო კონოტაციით გამოირჩევა. მცენარეულ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქცია ფარმაცევტული კომპლექსურობით გამოირჩევა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შწისს Line-ის პროდუქცია მოიწონეს მსოფლიო კლასის კოსმეტიკურმა ლაბორატორიებმა და დერმატოლოგებმა, ალბათ სახის მოვლის ამ საშუალების ეფექტურობაც უნდა ვირწმუნოთ.

დღეს ქართველ მანდილოსნებსაც ეძლევათ საშუალება, რომ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა Swiss Line -ს მიანდონ. ქართულმა კომპანიამ Azuri Ltd-მ წელიწად-ნახევრის წინ მოიპოვა Swiss Line-ის დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება. შვეიცარიელი სტუმარი, Swiss Line-ის პროდუქტებისა და საერთაშორისო ტრენინგის მენეჯერი, ლორა ნიკოლსონი ქართველ კოსმეტოლოგებსა და მასაჟის სპეციალისტებს Swiss Line-ის სახის მოვლის საშუალებებზე ესაუბრა და ახალი კოლექცია, სხეულის კანის მოვლის სპა პროდუქტები წარუდგინა. როგორც ამბობენ, ეს პროდუქცია მსოფლიოს 32 ქვეყანაში ვრცელდება და ეფექტურად ებრძვის კანის დაბერების ნიშნებს, თვალშისაცემად აახალგაზრდავებს მას. აბა, სილამაზის შესანარჩუნებლად სხვა რაღა უნდა ინატროს ქალმა?

ART TIME 5 წლისაა

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ქეთო ცაავა

5 წლის იუბილარ კომპანიას თამამად შეეძლო თავისთვის უფლება მიეცა, რომ პომპეზური საიუბილეო საღამო გაემართა, ზეიმი სასტუმრო „შერატონ მეტეხი-პალასში“ მოეწყო და მოწვეული სტუმრებისთვის საგანგებოდ წითელი ხალიჩაც დაეგო. ბოლო ხანს წითელი ხალიჩა ქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელ საზეიმო ატრიბუტად იქცა. რამდენად მიესადაგება „თბილისურ ბომონდს“ მსგავსი ტიპის დახვედრა, სხვა საქმეა, თუმცა იუბილარ კომპანიას აქვს პატივი 5 წლის იუბილეზე ვინც სურს, ის მიიწვიოს და სადღესასწაულო პროგრამაში საქველმოქმედო აუცქიონიც გამართოს.

Art time-ს ხუთწლიანი არსებობის განმავლობაში ცხრა მაღაზია აქვს Art time-ს ხუთწლიანი არსებობის განმავლობაში ცხრა მაღაზია აქვს გახსნილი. Swatch, TISSOT, DOXA... ამ კომპანიის წამყვანი ბრენდებია, რომელთა პროდუქციაც ღირებულებასთან ერთად ხარისხითაც გამოირჩევა. სადღესასწაულო მიღება თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნა. პანტომიმის დადგმას კი მოდების ჩვენება მოჰყვა, სადაც მოდელებმა Swath-ის აქსესუარებით (საათებით და სამკაულებით) მოიწონეს თავი. საღამოს კულმინაციური ნაწილი საქველმოქმედო აუქციონი გახლდათ, რომელიც ორგანიზატორებმა ფონდ SOCO-ს ჰუმანიტარული საქმიანობის მხარდასაჭერად გამართეს. აუქციონზე გამოტანილი ხუთივე ლოტის (სვოჩის საათები, მათ შორის 19-კარატიანი ოქროს საათიც, წითელი ოქროს გულსაბნევი და ბრილიანტის საყურე) საწყისი ფასი ნული ლარიდან იწყებოდა. თითოეული მათგანი, ღირებულებიდან გამომდინარე, სოლიდურ ფასებადაც გაიყიდა. აუქციონზე შემოსული თანხით კი ფონდი SOCO სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მათ შორის დევნილებსაც დაეხმარება.

ავტორი: მაია ცეცაძე

4 თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი და სხვა დანაშაულები

▲ზევით დაბრუნება


კულტ-მიმოხილვა

ავტორი: დათო გაბუნია

მსოფლიოში საუკეთესო კინო, ქართული კინოა. ჰოდა, 9 დეკემბერს გახსნილ თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალს მანანა არჩვაძე-გამსახურდისტების არმია რომ დაესხა თავს, სულ არ მიკვირს. უფრო ის მიკვირდა, ამდენ ხანს რომ არ უსახელებიათ თავი 10 სიტყვით შემოფარგლული ლექსიკურ-მარაგიანი მიტინგებით, დემონსტრაციებითა თუ სხვა სახის წივილკივილით. ეს პატივცემული ადამიანები ჯიუტად აეფარნენ კინოთეატრ „ამირანის“ მთავარ შესასვლელ კარს და „მკვლელო-მკვლელოს“ უყვიროდნენ დარბაზში შესვლის ყველა მსურველს. თუმცა, თქვენს მონა-მორჩილს ერთობ დისკრიმინაციულად მიაჩნია ამგვარი განურჩეველი შეფასება... იქნებ ზოგიერთი სტუმარი უფრო მეტს იმსახურებდა, არჩვაძე-გამსახურდისტებმა კი მხოლოდ „მკვლელი“ აკმარეს. აბა, ეს სამართალია? ერთი სიტყვით, მიუხედავად აურზაურისა, ფესტივალი მაინც გაიხსნა და არა ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმით, როგორც ამას მისი ქვრივისტები ითხოვდნენ, არამედ ჯო რაითის გახმაურებული ფილმით „სინანული“, რომელიც ქართულ ეკრანებზე „მონანიების“ სათაურით გავიდა. ჯო რაითი, ბრიტანელი რეჟისორი, ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. 10 საკონკურსო ფილმს 4 დღის განმავლობაში აფასებდა საერთაშორისო ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

ჟიურის თავმჯდომარე: ლანა ღოღობერიძე - კინორეჟისორი (საქართველო); მიქელე პანელა - ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალის „ინტერსიტის“ ერთ-ერთი დირექტორი (იტალია); რობერტ სმაიგერტი - კინორეჟისორი, პროდიუსერი (გერმანია); სერჟ სობჟინსკი - კანის კინოფესტივალის პროგრამის „მსოფლიო კინო“ ხელმძღვანელი 2004-07 წლებში, არტ-მენეჯერი (საფრანგეთი); ჯო რაითი - კინორეჟისორი (დიდი ბრიტანეთი)

ფესტივალი, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მაინც შედგა: მაყურებელმა 60-მდე ფილმი იხილა სხვადასხვა პროგრამაში. ტრადიციულად, გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით, წარმოდგენილი იყო ახალი გერმანული ფილმების პროგრამა Made in Germany , ალექსანდრ დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით კი ფესტივალზე 3 პროგრამა წარმოადგინეს: „თანაცხოვრება“ - ფილმები ემიგრანტების შესახებ; „68 წლის მაისი“ - ლეგენდარული მოვლენების ამსახველი დოკუმენტური და მხატვრულიფილმები და ანიეს ვარდას მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელთა დიდი უმრავლესობის ხილვის საშუალება გენიალური ფრანგი რეჟისორის ქართველ თაყვანისმცემლებს პირველად მიეცათ.

ამას გარდა, ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე სპეციალური ჩვენებაც მოეწყო (ალექსეი გერმან უმცროსის, ტატო კოტეტიშვილის, ჯო რაითის, ინეკე სმიტსის, დივიდე ფერარიოს ფილმები), ქართული კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა კი ფესტივალის 4 საღამო ნამდვილ კინოდღესასწაულად აქცია 4 ქართული უხმო ფილმის სპეციალური ჩვენებით. თუმცა, მოდით, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

საერთაშორისო კონკურსი

წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართული იყო რეჟისორების პირველი ან მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. როგორც ფესტივალის ხელმძღვანელებმა - გაგა ჩხეიძემ და ნინო ანჯაფარიძემ განაცხადეს, ასეთი პროგრამა მაყურებელს საშუალებას აძლევს, იხილოს მომავლის კინო, კარგად დაიმახსოვროს ჯერ კიდევ უცნობი გვარები და ვინ იცის, იქნებ შემდეგში იამაყოს კიდეც, რომ მსოფლიო კინოს მომავალი ცნობილი სახელები მისთვის უკვე უცხო აღარ იქნება. ამგვარმა მიდგომამ ნამდვილად გაამართლა, მე პირადად, როგორც ერთ-ერთი რიგითი მაყურებელი, საერთაშორისო კონკურსის მონაწილე რამდენიმე რეჟისორის დამახსოვრებას ნამდვილად გირჩევთ, ხოლო თუ ფესტივალზე მათი ფილმები ვერ ნახეთ, იქნებ სხვაგან მაინც სცადოთ. საკონკურსო ფილმების მიმოხილვას ცუდიდან კარგის მიმართულებით მივყვები.

0x01 graphic

„სიყვარული და სხვა დანაშაულები“

ქალთევზა
რეჟ. ანა მელიქიანი (რუსეთი)

ეს არის გახმაურებული „ამელის“ რუსული ვერსია, მაღალბიუჯეტიანი, უსაშველოდ გაწელილი მუსიკალური კლიპი (მთელი 114 წუთი!), რომელიც ლამის არასოდეს არ მთავრდება. მთავარ პერსონაჟს ალისა ჰქვია, დიდი უცნაური და ახირებული გოგონაა, პატარა ზღვისპირა სოფელში იბადება და ზებუნებრივ უნარს ფლობს: რაიმე ძალიან თუ მოუნდება, ყურადღებას მოიკრებს და სასწაულებრივი გზით უსრულდება კიდეც. „ქალთევზა“ ერთადერთი საკონკურსო ფილმი იყო, რომელმაც მაიძულა, ჩემი პატიოსანი ჟურნალისტური მოვალეობა ბოლომდე არ შემესრულებინა და დარბაზიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვქცეულიყავი. უგემოვნობის ზეიმი, იაფფასიანი საბჭოთა ანეკდოტური კომედიების ტიპაჟები (ჩასუქებული და კაცებზე შეშლილი მარტოხელა დედა, მთვრალი მამაკაცები), ახალრუსული „გლამური“ - მდიდარი და სიმპათიური მანიაკალურად დეპრესიული მამაკაცი, რომელიც ალისას უიმედოდ უყვარდება და რომელსაც გარს უამრავი ლამაზი ქალი ახვევია. ერთი სიტყვით, თუ თქვენთვის რუსული MTV-ს ესთეტიკა ახლობელი და საყვარელია, ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ, სხვა შემთხვევაში კი, ტყუილად დაკარგავთ 2 საათს. საკონკურსო პროგრამის ყველაზე ცუდ ფილმს რომ აჯილდოებდნენ, ვეჭვობ, ანა მელიქიანი პრიზის გარეშე არ დარჩებოდა.

0x01 graphic

„ქალთევზა“

ოთხშაბათი, ხუთშაბათის დილა
რეჟ. გჟეგოჟ პაცეკი (პოლონეთი)

ამ ფილმის მთავარი ღირსება მისი ქრონომეტრაჟი უფროა (სულ რაღაც 71 წუთი), ვიდრე სხვა რამ. პირველი 50 წუთის მანძილზე ვესტიბულარულიაპარატის მომშლელი კამერის ყანყალის და ორი ახალგაზრდას - გოგონასა და ვაჟის ქუჩებში „ცელქობის“ შემდეგ ხელთ მარტივზე მარტივი ისტორია გვრჩება. თურმე ნუ იტყვით და, გოგონა საავადმყოფოდან გამოქცეულა, ლეიკემიით არის დაავადებული და მალე მოკვდება; ამ ამბის გაგებით თავზარდაცემულ, მასში შეყვარებულ ბიჭს ნარკოტიკების ამპულებსაც მიაჩეჩებს, - მომკალიო. მოდი და ნუ გაგახსენდება ქშიშტოფ ზანუსი... ერთი სიტყვით, ეს არის მორიგი პრიმიტიული ფილმი სასიკვდილოდ განწირულ ადამიანზე, რომელიც მთელი სიმძაფრით შეიგრძნობს დარჩენილი, ხანმოკლე სიცოცხლის მშვენიერებას. თემას თავისთავად არაფერს ვერჩი, აი, ფილმი კი საშუალოზე სუსტი და უინტერესოა - ვერც მსახიობები გხიბლავენ და ვერც მათი ძალად გიჟი პერსონაჟები. პაცეკს კი ძალიან ბევრი უკლია თავის ლეგენდარულ თანამემამულე რეჟისორებამდე, რომელთაც ასე აფასებენ საქართველოში.

მონადირე ძაღლები
რეჟ. ან-კრისტინ რაიელსი (გერმანია)

ახალგაზრდა გერმანელმა რეჟისორმა თანამედროვე გერმანულ პროვინციაში ჩეხოვის გათამაშება მოინდომა. ეს არის ისტორია პატარა სოფელში დასახლებულ მამასა და მის თინეიჯერ ვაჟზე, რომელთაც ადგილობრივები ეჭვის თვალით უყურებენ და კეთროვანებივით ერიდებიან. ვაჟს სოფლის მაცხოვრებელი მუნჯი გოგონა შეუყვარდება, მამა კი თავის ცოლისდასთან აბამს რომანს. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მოულოდნელად ვაჟის დედა და მისი ახალგაზრდა საყვარელი რომ არ ჩამოსულიყვნენ სოფელში სტუმრად და ისედაც დაძაბული გარემო კიდევ უფრო არ დაეძაბათ. რეჟისორი თავიდან, თითქოს სწორ გზას ადგა (მუნჯი გოგონას აგრესიული მამა მოულოდნელად მოკლავს ვაჟის ერთერთ ძაღლს, - ცოფიანი არ იყოსო), შავი იუმორი ალაგ-ალაგ წვეთავდა ფილმში, მაგრამ სიუჟეტის მელოდრამატული განვითარებით „ჩეხოვის“ ბილიკს ძალიან ასცდა და ფინალშიც კვაზიკათარზისი მოინდომა, რაც ფილმს ნამდვილად არ წაადგა სასიკეთოდ: ვაჟი ერთ-ერთ ადრეულ სცენაში შემჩნეულ ტბაში ჩაყინულ ვირთხას ამოჩიჩქნის და „სადღესასწაულოდ“ შეკრებილ ოჯახს სამზარეულოში დაუდებს. პირველ მოქმედებაში კედელზე ჩამოკიდებულმა თოფმა ფინალში გაისროლა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. თუმცა, რაიელსი ნამდვილად არ არის ანგ ლი, რომლის შესანიშნავი სურათი „ყინულის შტორმი“ „მონადირე ძაღლების“ რეჟისორს კარგად უნდა ენახა, სანამ ფილმის გადაღებას შეუდგებოდა.

შემოდგომა
რეჟ. ოზჯან ალპერი (თურქეთი)

ფილმის მიმართ ფესტივალის მაყურებლის ინტერესი უჩვეულოდ დიდი იყო, რადგან მასში ორი ქართველი მსახიობი თამაშობს - მეგი კობალაძე და ნინო ლეჟავა, თანაც რეჟისორი წარმოშობით ართვინიდანაა და, რადგან კონკურსში ქართული ფილმები არ მონაწილეობდა, მაყურებელი, ვეჭვობ, საგულშემატკივროდ შეიკრიბა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, იუსუფის ისტორიას, რომელმაც მთელი 10 წელიწადი გაატარა ციხეში, რადგან სტუდენტობისას სოციალისტებთან მეგობრობდა და საპროტესტო დემონსტრაციებშიც აქტიურად მონაწილეობდა. იუსუფი უკვე აღარაა სტუდენტი, ციხიდან გამოვიდა და მშობლიურ სოფელს და მოხუც დედას დაუბრუნდა. აი, აქ იწყება ფილმი და აქვე მთავრდება - მთავარი გმირი აღმოსავლეთ თურქეთის ულამაზესი პეიზაჟის ფონზე გაუთავებლად ახველებს, ციხეში დაავადდა და ცოცხალი თავით არ მიდის ექიმთან. სავარაუდოდ, სიცოცხლემ მისთვის აზრი დაკარგა, იდეალები დაენგრა. ვერც ჰოფაში გაცნობილი ქართველი მეძავი, ეკა შველის მის უიმედო მდგომარეობას. მათი რომანი უშედეგოდ მთავრდება, ეკა საქართველოში ბრუნდება, ოჯახთან და იუსუფს მარტოს ტოვებს. ერთადერთი, რაც ამ უსაშველოდ მოსაწყენი და პრიმიტიული ფილმიდან დაგამახსოვრდებათ, აღმოსავლეთ თურქეთის მთიანი პეიზაჟებია, თუმცა ეს ანტურაჟიც ვეღარ შველის ფილმის უბანალურეს დრამატურგიას - აბა, როგორ შეიძლება ტურისტული ბუკლეტი 106 წუთის მანძილზე გრძელდებოდეს. ფილმში შემოდგომაა და ნელ-ნელა ზამთრდება, იუსუფის ფანჯრიდან გაუთავებლად ვუყურებთ, როგორ იცვლება პეიზაჟი, როგორ ვარდება ერთადერთი ყვითელი ფოთოლი, როგორ წვიმს - როცა გმირები მოწყენილები არიან (და ლამის მთელი ფილმი ასეთებად რჩებიან), როგორ ღელავს შავი ზღვა ჰოფაში - ამას ყველაფერს დაუმატეთ დაშაქრულ-დატკბილული, უკიდურესად სენტიმენტალური მუსიკა (ჰოლივუდური გრანდიოზული ორკესტრირების უბადრუკი წაბაძვით) და იოლი წარმოსადგენია, რატომ გვეცინებოდა ხმამაღლა მე და რამდენიმე ახალგაზრდა კინომცოდნეს, და რატომ ვნატრობდით, - ნეტავ ფილმი მალე დამთავრდებოდესო. პრიმიტივიზმის კულმინაცია კი ფილმის ერთ-ერთ ფინალურ სცენაში უბრალოდ აუტანელი ხდება: იუსუფი ტელევიზორს უყურებს, სადაც არც მეტი, არც ნაკლები - ჩეხოვის „ძია ვანია“ გადის - სონია ამშვიდებს ძიას, - ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ და ცხოვრება მაინც უნდა გავაგრძელოთო. უიმისოდაც პრიმიტიულ ფილმს ეს „გაჩეხოვება“ საერთოდ ანადგურებს.

აქვე უნდა დავამატო, რომ ცოტა არ იყოს, მოულოდნელად მომეჩვენა ჟიურის გადაწყვეტილება - ფილმმა ვერცხლის პრომეთე მოიპოვა - საუკეთესო რეჟისურისათვის. რა, რა და, სწორედ რეჟისურისათვის ეკუთვნოდა ამ ფილმს ყველაზე ნაკლებად ჯილდო.

შესწორება
რეჟ. თანოს ანასტოპულოსი (საბერძნეთი)

ქართველ რეჟისორებს ხშირად სდებენ ბრალს, - თქვენს ფილმებში საქართველოს უცხოელი მაყურებლისთვის არამიმზიდველად წარმოადგენთო. საინტერესოა, რას იტყოდნენ ქართველი პატრიოტები, თანოს ანასტოპულოსის ფილმი რომ ენახათ. ასეთი დერომანტიზირებული, ჭუჭყიანი ათენი, ალბათ, იშვიათად თუ გვინახავს კინოში. ფილმის მთავარი გმირი ციხიდან გამოდის, თავშესაფარი არსად აქვს და გაუთავებლად დახეტიალობს ათენის ღარიბ უბნებში, უსახლკაროებთან ცხოვრობს, სიტყვაძუნწია; ახალგაზრდა მომხიბლავ ქალს და მის პატარა გოგონას უთვალთვალებს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით და მხოლოდ ფილმის მეორე ნახევარში შევიტყობთ, რომ კაცი ბერძენია (ხშირად იმეორებს თავის ბერძნულ სახელსა და გვარს სოციალური სამსახურის მუშაკებთან საუბარში), ქალი კი - ალბანელი ემიგრანტი და ფეხბურთის გულშემატკივარი ალბანელი ქმარი მას სწორედ მთავარმა გმირმა მოუკლა. ფილმი უკიდურესად აქტუალურია საქართველოსთვის, გარემო ნაცნობი და ახლობელია - ბერძნებს არ უყვართ „ჩამოთრეული“ ალბანელები; სამუშაოს გვართმევენ, ჩვენს სამშობლოში ვერ გაგვიხარიაო, - წუწუნებენ. ბერძენი სასულიერო პირები ხალხმრავალ დემონსტრაციაზე ხმამაღლა ქადაგებენ, - ჩვენი სარწმუნოება ისაა, რასაც ვერავინ წაგვართმევს, ჩვენი ეროვნულობა ამით განისაზღვრებაო. და ამ საერთო სახალხო ისტერიის ფონზე, ფილმში მოთხრობილია ორი ადამიანის ტრაგიკული ამბავი. ბერძენი კაცისა, რომელიც ინანიებს თავის საშინელ დანაშაულს, გამოსწორება უნდა და ამას თავისი რადიკალი ნაციონალისტი ამხანაგებისგან ანგარიშსწორების შიშიც ვერ გადააფიქრებინებს. „შესწორებას“ სულ ოდნავ დაუცდა ფეხი მელოდრამატულობისკენ, ფილმის ფინალურ სცენაში ყოფილი ამფსონებისგან სასტიკად ნაცემ კაცს ალბანელი ქვრივი მოსაკლავად ვერ გაიმეტებს, თუმცა კი კაცი წინააღმდეგობას არ უწევს და იმასაც ხვდება, რომ იმსახურებს ასეთ სიკვდილს. მიუხედავად ამისა, თანოს ანასტოპულოსის სურათი წლევანდელ ფესტივალზე ალბათ სოციალური კინოს ყველაზე საინტერესო ნიმუში იყო. ნეტავ რას იტყოდნენ კინოფესტივალის ჩაშლის სურვილით ანთებული ზვიადისტები, ეს სურათი რომ ენახათ - ალბათ, გაუჭირდებოდათ ბერძნული ქსენოფობიის განზოგადება და საქართველოში არსებულ მსგავს პრობლემებზე თვალს მოხუჭავდნენ. სამწუხაროა, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არ გადაუღიათ არც ერთი ფილმი, რომელიც ასეთი სიმძაფრით გააშიშვლებდა „უცხოს შიშის“ ფენომენს.

0x01 graphic

„შესწორება“

შულტესი
რეჟ. ბაკურ ბაკურაძე (რუსეთი)

ფესტივალის ყველაზე წინააღმდეგობრივი ფილმი - პუბლიკის ერთი ნაწილი მას აღფრთოვანებით შეხვდა, ნაწილს კი უბრალოდ მობეზრდა დუნე რიტმი, უსიუჟეტო, გაწელილი სცენები და დარბაზი დატოვა. ინტერესი ამ ფილმის მიმართაც დიდი იყო - მაშ, როგორ - რეჟისორი ხომ ქართველია და მთავარ როლსაც ქართველი არაპროფესიონალი მსახიობი, გელა ჭითავა ასრულებს. ეს არის ფილმი ახალგაზრდა კაცზე, რომელიც თანამედროვე რუსული მეგაპოლისის ნაცრისფერ გარეუბანში ცხოვრობს ავადმყოფ დედასთან ერთად. მის ცხოვრებაში არაფერი იცვლება, წარმატებული ჯიბის ქურდია; ალაგალაგ იკვეთება იმედი, რომ რაღაც შეიცვლება, ფილმში ახალი გმირები შემოვლენ, მაგრამ ლიოშა შულტესი ასოციალური ადამიანია, თითქმის არ ლაპარაკობს, ემოციებიც კი არ ეტყობა. ამ მხრივ ნამდვილად გამართლებული იყო მთავარ როლზე არაპროფესიონალი მსახიობის აყვანა - გელა ჭითავა, საბედნიეროდ, თითქმის არ თამაშობს ფილმში, დედის სიკვდილისა და კრემაციის სცენებშიც კი თავშეკავებული და უტყვია, ოდნავი „მსახიობობაც“ კი ფილმს გამოუსწორებლად გააფუჭებდა. მას გამუდმებით თან დააქვს პატარა ბლოკნოტი, სადაც მისამართებს, ტელეფონის ნომრებს ინიშნავს, მხოლოდ ფილმის ფინალში იხსნება ამ ბლოკნოტის საიდუმლო - გმირს ავტოკატასტროფის შედეგად მეხსიერება დაჰკარგვია და საკუთარ მისამართსაც კი ძნელად იმახსოვრებს. რეჟისორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფილმი წარმატებით არიდებს თავს რუსული ინტელექტუალური კინოსთვის დამახასიათებელ „იდეურ-ინტელიგენტურობას” - ეს არის პათეტიკურობისგან დაცლილი სურათი, რომელიც სულისშემხუთველ ყოველდღიურობას უსიტყვო სცენების ოსტატური მონტაჟით, მინიმალისტური, საგულდაგულოდ გათვლილი კომპოზიციით გადმოგვცემს. მაყურებლის დაბნევაც ალბათ ამით აიხსნება - ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარს მარადიული კითხვები: რას გვასწავლის რეჟისორი? რა იყო ამ ფილმის სათქმელი? ბაკურ ბაკურაძე კი უბრალოდ იღებს ფილმს თანამედროვე მარტოხელა ადამიანზე, თანაც ამ ყველაფერს რუსული კინოსთვის დამახასიათებელი ზიზილ-პიპილებით არ ფუთავს, მთავარი გმირი არ არის სამყაროს სულიერი ხსნისთვის წამებული რაინდი, მას მეხსიერება დაუკარგავს, უწარსულო ადამიანია და კრიმინალურ სამყაროში ფესვგადგმულს მომავალიც სასიკეთოს ბევრს არაფერს ჰპირდება.

დარბაზიდან გამოსვლისას ერთმა კინომცოდნემ ბრესონის „ჯიბის ქურდი“ გაიხსენა. მესიამოვნა ეს შედარება; თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ „შულტესი“ ბაკურაძის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, ამ გვარის დამახსოვრება ნამდვილად ღირს. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.

მლაშე ჰაერი“
რეჟ. ალესანდრო ანჯელინი (იტალია)

ჟიურის მიერ სპეციალური პრიზით აღნიშნული იტალიური სურათი ფილმების იმ კატეგორიას განეკუთვნება, მთელმა ოჯახმა საღამოობით ერთად რომ უნდა ნახოს. ეს არის ოჯახური მელოდრამა, ორი შესანიშნავი მსახიობის ჯორჯო პაზოტისა და მიქელა ჩესკონის მონაწილეობით. პირველი ვაჟია, რომელიც უმამოდ გაიზარდა, დიდი წვალებით ისწავლა უნივერსიტეტში, ხოლო მეორე - მამაა, რომელიც მთელი ეს დრო ოჯახისგან უარყოფილი, ციხეში იჯდა. მამა-შვილი ერთმანეთს ციხეში გადაეყრება, სადაც ვაჟი კონსულტანტად მუშაობს. ფილმში არაფერია განსაკუთრებული, რაც დიდი იტალიური კინოს ტრადიციას ოდნავ მაინც გაგვახსენებდა; ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მელოდრამა - მომაკვდავი მამა, მეამბოხე შვილი, რომელსაც ძალიან უჭირს მამას აპატიოს გამწარებული ბავშვობა, მაგრამ თავს მაინც მოერევა და სიცოცხლის ბოლო დღეს გაუხალისებს მოხუცს. ეს ყველაფერი შეაზავეთ გულისამაჩუყებელი, ცრემლმდენი სცენებით და ხელთ ანჯელინის ფილმი შეგრჩებათ - ფილმი, რომლის ნახვითაც ვერაფერს მოიგებთ და არნახვითაც ბევრს არაფერს დაკარგავთ.

0x01 graphic

ვერსალი

ვერსალი
რეჟ. პიერ შოელერი (საფრანგეთი)

ფესტივალის ყველაზე კეთილი ფილმი - ალბათ ამ შეფასებაში დამეთანხმება ყველა, ვინც „ვერსალი“ ნახა. შესანიშნავი მსახიობები - გიიომ დეპარდიე, იუდიტ შემლა და ფესტივალის აფიშაზე გამოსახული პატარა მსახიობი - მაქს ბესეტ დე მალგლაივი - ფილმში ერთი მეორეზე უკეთ თამაშობენ. სიუჟეტი აქაც სოციალურ პრობლემებს უტრიალებს, მარტოხელა, უსახლკარო დედა ვერსალის ტყეში გადაეყრება დეპარდიეს პერსონაჟს, რომელიც „ბომჟების“ მთელ დასახლებასთან ერთად ველურად ცხოვრობს ტყეში; თავის 5 წლის ბიჭს, ენცოს, კაცთან დატოვებს და სამუშაოზე მოეწყობა, უკან დაბრუნებულს კი ენცო და მისი ახალი „მამობილი“ უგზოუკვლოდ გამქრალნი ხვდებიან. კაცი იძულებულია, ენცოს გამო, ბევრ დათმობაზე წავიდეს, საძულველი მამის სახლშიც კი ბრუნდება და ბავშვს შვილადაც აიყვანს... თუმცა, საბოლოოდ მაინც ვეღარ უძლებს მისთვის ასე მიუღებელ გარემოს და ბავშვს ბაბუასთან ტოვებს. დედა მხოლოდ წლების შემდეგ მიაგნებს დაკარგულ შვილს. ბანალური სიუჟეტი, პიერ შოლერისა და შესანიშნავი მსახიობების წყალობით, ნამდვილად არ იქცევა მელოდრამად. ფრანგული კინოს საუკეთესო ტრადიციები რეჟისორმა წარმატებით აითვისა და მშვენივრად მოახერხა, სოციალური თემა სენტიმენტალურობისგან დაეხსნა. ერთი შეხედვით, ფილმი დაბალი ფენის ადამიანებზე მოგვითხრობს, მაგრამ ე.წ. „მეორე პლანი“ გაჯერებულია ლამის მითოლოგიური ალუზიებით, „ვერსალი“ მარადიული მითია დაკარგული შვილის დაბრუნებაზე. სამწუხაროდ, ფილმი წლევანდელ ფესტივალზე პრიზის გარეშე დარჩა, მაგრამ რას ვიზამთ, როგორც ჟიურის თავმჯდომარემ დახურვის საზეიმო ცერემონიაზე აღნიშნა, 3 პრიზი მეტისმეტად ძნელი გადასანაწილებელია ისე, რომ გულდაწყვეტილი არავინ დარჩეს.

გამომძიებელი
რეჟ. ატილა გიგორი (უნგრეთი)

ჩემი პირადი ფავორიტი წლევანდელ ფესტივალზე - ახალგაზრდა უნგრელი რეჟისორის, ატილა გიგორის უშავესი კომედია „გამომძიებელი“, რომელიც, ასევე სამწუხაროდ, უპრიზოდ დარჩა. გიგორის ფილმი ერთგვარ დაცინვად აღიქმებოდა ყველა დანარჩენი საკონკურსო ფილმის ფონზე - ყველანი მეტ-ნაკლები დრამატულობით უტრიალებდნენ ოჯახის თემას, გიგორი კი 37 წლის პათოლოგ-ანატომის ისტორიას უკიდურესი გროტესკულობით გვიყვება. ეს არის ამბავი ერთი უცნაური კაცისა (მთავარ როლს ბრწყინვალედ თამაშობს სოლტ ანგერი), რომელსაც მომაკვდავი დედისთვის ოპერაციის ფული სჭირდება და, ამის გამო, შეკვეთილ მკვლელობაზეც კი დათანხმდება. თუმცა, არც ასე მარტივადაა საქმე - მოკლული მისი ნახევარძმა აღმოჩნდება და თითქმის ორსაათიანი „გამოძიების“ შედეგად ვიგებთ, რომ ეს მკვლელობა მოკლულისა და მკვლელის კიდევ ერთი ნახევარდის ინტრიგა ყოფილა. ამ ჩახლართული ისტორიის მიღმა კი ტრივიალური ანგარება დგას - სამივე პერსონაჟს გარდაცვლილი საერთო მამის დიდი მემკვიდრეობა აერთიანებს. რეჟისორი (სცენარი მასვე ეკუთვნის) ჟანრებით თამაშობს, პათოლოგ-ანატომის პროფესიული საქმიანობის „სასიამოვნო“ სცენებს უხვად გვაჩვენებს, გულიანადაც გვაცინებს და, რაც მთავარია - აქვს ფრიად შესაშური თვისება - თვითირონია. მთავარი პერსონაჟი და მისი შეყვარებული ქალი (რომელთანაც არა და არ მიდის ურთიერთობა სექსამდე, მიუხედავად მაყურებლის მოლოდინისა) გაუთავებლად დადიან კინოში. ერთ-ერთ მორიგ სეანსზე ბილეთების საყიდლად მისული პათანატომი მოლარეს ეკითხება, - ხომ ვერ მირჩევდით, ამ საღამოს რომელი ფილმი ვნახოო. მოლარე აუღელვებლად პასუხობს, - თეატრში წადით, კინო მომაკვდავი ხელოვნებაა, თეატრი კი დიდი ხანია მოკვდა და ამიტომ იქ ჯობს წასვლაო. ერთი სიტყვით, „გამომძიებელი“ ყველა კატეგორიის მაყურებელზეა გათვლილი - ვისაც მეინსტრიმული, უბრალოდ გასართობი კინო აინტერესებს, 2 საათის მანძილზე ნამდვილად არ მოიწყენს, ხოლო საავტორო კინოს თავგადაკლული ფანები უთუოდ იხალისებენ ახალგაზრდა რეჟისორის კინოხულიგნობაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ატილა გიგორის სახით ევროპულ კინოში ახალი იმედი გაჩნდა.

0x01 graphic

„გამომძიებელი“

0x01 graphic

„გამომძიებელი“

0x01 graphic

„შემოდგომა“

სიყვარული და სხვა დანაშაულები
რეჟ. სტეფან არსენიევიჩი (სერბეთი/გერმანია/ავსტრია/სლოვენია)

ფილმის გადასაღებად რამდენიმე ევროპული ქვეყნის კინოკომპანიას უღვაწია და ეს ღვაწლი ტყუილად არ დაკარგულა - სერბი რეჟისორის, სტეფან არსენიევიჩის ფილმი „სიყვარული და სხვა დანაშაულები“, იმის გარდა, რომ ჟიურის ფავორიტი გახდა და ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს პრომეთე მოიპოვა, ნამდვილად შედგა საინტერესო კინონამუშევრად. სისადავე არსენიევიჩის ფილმის უდავო ღირსებაა, რამდენიმე მთავარი პერსონაჟის ერთმანეთში გადახლართულ მელოდრამატულ ისტორიას რეჟისორი ცხადად და საინტერესოდ გვიყვება. აქ მცირე დოზით ყველაფერია - სოციალისტური ბლოკის ყოფილი ქვეყნის მემკვიდრეობა (მთავარი გმირი, ანიცა, რუსულის მასწავლებელია, დღეს სერბეთში ეს ენა არავის სჭირდება, ქალი უფუნქციოდ რჩება და ადგილობრივი კრიმინალის საყვარელია), პაროდირებული კრიმინალური სამყარო (სერბი რეკეტიორების კარიკატურული სახეები, იტალიურ მაფიას სასაცილოდ რომ ბაძავენ), დიდი და რომანტიკული სიყვარული (ახალგაზრდა კრიმინალს თავისი ბოსის საყვარელი ანუ ანიცა თავდავიწყებით უყვარს ბავშვობიდან), არშემდგარი მოხუცი მომღერალი ქალი, რომელიც თავს იტყუებს და იაფფასიან რესტორანში მთელი სერიოზულობით, მაგრამ ცუდად მღერის და ა.შ. ამ ყველაფერს ფილმის ავტორები სევდანარევი იუმორით გვიყვებიან. არსენიევიჩის ვერც ერთ პერსონაჟზე ვერ იტყვი, - „უარყოფითები“ არიანო, და საერთოდ, უარყოფითისა და დადებითის შავ-თეთრი კატეგორიები აქ ვეღარ მუშაობს. ფილმში გამუდმებით ისმის ლეგენდარული „ბესამე მუჩო“ - და ყოველ ჯერზე, როცა სიმღერა ხელახლა იწყება, გეღიმება - თუმცა, ეს სევდიანი ღიმილია. არსენიევიჩმა, ჩემი აზრით, წლევანდელი ფესტივალის მთავარი ჯილდო დამსახურებლად მოიპოვა - „სიყვარული და სხვა დანაშაულები“ გემოვნებით, გადაჭარბების გარეშე შესრულებული ნამუშევარია. ამ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით რეჟისორი ამტკიცებს, რომ მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო აღიარება (ბერლინის “ოქროს დათვი”, ნომინაცია „ოსკარზე“) ტყუილად არ მომხდარა.

ფესტივალი 14 დეკემბერს დაიხურა მიხეილ კალატოზიშვილი უმცროსის ფილმის „ველური ველის“ სპეციალური ჩვენებით - გადაჭედილი დარბაზი ემოციებს ვერ მალავდა, სტეპებში დასახლებული ახალგაზრდა ექიმის ისტორია ქართველი მაყურებლისთვის ძალიან ახლობელი და საინტერესო აღმოჩნდა. პირადად მე ერთი რამ მენიშნა - ნუთუ რუსულ კინოს ახალგაზრდა რეჟისორების გავლით თვითირონია შეეპარა? კალატოზიშვილის ფილმში არის ერთი შესანიშნავი ეპიზოდი, როდესაც მთავარ გმირთან რაიონის უფროსი ექიმი მოდის და ღმერთზე იწყებს ლაპარაკს, თავიდანვე თავს დაიზღვევს, - მე არ მწამს მისი არსებობაო და მერე მოჰყვება წუწუნს, - თუ მაინც არსებობს, რუსი ხალხი რატომ დაივიწყა, ასეთ დღეში რატომ მიგვატოვა, დედამიწაზე რომ ჩამოვა, აუცილებლად უნდა ვკითხოო. ჩვენი დროის დონ კიხოტი - მთავარი გმირი კი ამშვიდებს ერის ბედზე მოდარდე ექიმს, - ღმერთი რომ მოვა, ეგ კითხვა არ დაგავიწყდეს, პირდაპირ ასე დაუსვიო. იმედია, „ველური ველი“ ჩვენს კინოგაქირავებაშიც შემოაღწევს და მაყურებელი მას აუცილებლად ნახავს. და სანამ დარბაზი დიდი ინტერესით უყურებდა ფილმს, არჩვაძე-გამსახურდისტები კვლავ სკანდირებდნენ კინოთეატრის შესასვლელთან, თან ტრანსპარანტიც ეჭირათ ხელში: ბოიკოტს ვუცხადებთ კინოფესტივალს ქართული ფილმების გარეშეო... დამეზარა, მათთან მივსულიყავი და ამეხსნა, რომ კინოცენტრის ორგანიზებით ფესტივალის პროგრამაში 4 ქართული უხმო ფილმი აჩვენეს - ქართული კინოს იშვიათი საგანძური და ოთხივე ჩვენებას ცოცხალი მუსიკა ახლდა (პიანისტი გიორგი შავერზაშვილი). ეს იყო ნამდვილი საჩუქარი კინომოყვარულებისათვის, (აბა, სხვაგან სად ნახავთ გენიალური მიხეილ კალატოზიშვილის უცნობ შედევრს „ლურსმანი ჩექმაში“? ან ალექსანდრე წუწუნავას „ვინ არის დამნაშავეს“ ვინ გაჩვენებთ დიდ ეკრანზე?) მაგრამ ვეჭვობ, კინოთეატრთან შეკრებილ მოპიკეტეებს კინო უყვარდეთ ან საერთოდ აინტერესებდეთ. მე კი თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალს „ვპატიობ“ ამ დანაშაულს, რასაც მაყურებლისთვის კარგი კინოს ჩვენება ჰქვია, იმ იმედით, რომ მომავალ წელს „დანაშაული“ კიდევ უფრო დამძიმდება.

5 წიგნი, რომელიც საზოგადოებას სჭირდება

▲ზევით დაბრუნება


აქცენტი

0x01 graphic

თუ ამ წიგნებს სადმე წააწყდებით, აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, რადგან დარწმუნებული ვარ, აქამდე არასდროს შეგხვედრიათ ასეთი ფართო ენციკლოპედიური კვლევა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების შესახებ.

ასე დარწმუნებული კი იმიტომ ვარ, რომ ხსენებული ორტომეული მართლაც პირველი გამოცემაა, რამდენიმე წინა არასრული კვლევის ფონზე, რომელიც წარმოდგენილ თემებს ასე ღრმად და კომპლექსურად ორ შესანიშნავ კრებულში აერთიანებს.

გამოცემა საქართველოს სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრში ხანგრძლივი კვლევის შემდეგ მომზადდა. ავტორები და შემდგენლები ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებსა და ჩვენთან დამკვიდრებულ რელიგიურ დაჯგუფებებს დიდხანს სწავლობდნენ. თვითონ ავტორები თავიანთ ნაშრომს ამგვარ მიზანს უსახავენ: „გვსურს, რომ წიგნმა ერთგვარად ხელი შეუწყოს განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს დამკვიდრებას, უფრო ფართო აზრით კი, გააღრმაოს რელიგიური ტოლერანტობის ისტორიული კულტურა, რითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ქვეყანა“. ტრაფარეტებით, კლიშეებით და სტერეოტიპებით დახუნძლულ საზოგადოებაში კი ამ ცოდნის გავრცელება მართლაც საჭიროა. ჩვენთან ხომ ცოდნა იმის შესახებ, რომ საქართველო ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ზედაპირული ინფორმაციის დონეს არ სცდება. ამიტომ, ვფიქრობ, ორტომეული საზოგადოებაში სტერეოტიპული და ქსენოფობური დამოკიდებულების დაძლევის წინაპირობაც შეიძლებოდა გამხდარიყო, რომ არა ორტომეულის მეტად შეზღუდული ტირაჟი. სამწუხაროა, რომ ამ მართლაც უნიკალურ გამოცემას მხოლოდ ორიათასამდე მკითხველი ეყოლება. მათი უმრავლესობა კი, ალბათ, ისევ ის ადამიანები იქნებიან, ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების ცხოვრებას საქართველოში და მხოლოდ მასმედიით მოწოდებული არასრული, მდარე ინფორმაციით არ იქმნის მათზე წარმოდგენას.

გამოცემაში უკლებლივ ყველა აღმსარებლობასა და ეთნოსის შესახებაა მოთხრობილი.

ორივე ტომის შესავალ ნაწილში ქვეყნის ზოგადი რელიგიური და ეთნიკური რუკაა წარმოდგენილი, უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე. აღწერილია როგორ ხდებოდა სხვადასხვა დროს შემოსული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების კულტურული ადაპტაცია ერთმანეთთან, რა ჰქონდათ საერთო და რით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ყოველგვარი შეფასებების გარეშეა მოთხრობილი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების - ბაჰაის, „კვაკერების“, მალაკნების, ხსნის არმიის, მუნიზმის, ისლამის, ეზიდიზმის, ინდუიზმის და სხვა მოძღვრებების შესახებ.

ეთნოსებისადმი მიძღვნილი ტომი კი საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ჩამონათვალით იწყება და ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული სირთულეების მიმოხილვით სრულდება. წაიკითხავთ ისტორიებს ავარიელების, ვაინახების, ასურელების, უდიების, დუხობორების, ბოშების და სხვათა შესახებ. ასევე წაიკითხავთ თუ რა წვლილი მიუძღვით ამა თუ იმ ეთნოსის წარმომადგენლებს ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

რამდენიმე სტატია ერთმანეთთან ინფორმაციული ჩანართებითაა დაკავშირებული. ჩანართებში უფრო რელიგიათმცოდნეობითი ასპექტებია განხილული, მოთხრობილია, რა განასხვავებთ და რა საერთო აქვთ ამა თუ იმ რელიგიურ გაერთიანებებს ერთმანეთთან. ასევე წაიკითხავთ მოკლე ინფორმაციულ სტატიებს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც რელიგიურ პროცესებს ახლავს თან თანამედროვე მსოფლიოში (ეკუმენიზმი, ფუნდამენტალიზმი, სეკულარიზაცია).

რელიგიური ნაწილის რედაქტორი გახლავთ ზურაბ კიკნაძე, ეთნოსების ტომის კი - მერაბ ბასილაია. წიგნებში წარმოდგენილ სტატიებს არჩილ ქიქოძისა და ლევან ხერხეულიძის უნიკალური ფოტომასალაც ერთვის.

ასე რომ, თუკი ამ ორტომეულზე ხელი მიგიწვდათ, შანსი არ გაუშვათ, აუცილებლად გაეცანით მას. განსაკუთრებით კი ამ რჩევას ჟურნალისტებს მივცემ, იქნებ გამოცემაში თავმოყრილი საცნობარო ხასიათის ძალიან მნიშვნელოვანი მასალა მათ მაინც გაავრცელონ ფართო საზოგადოებაში.

6 აბასთუმნიდან კოსმოსში

▲ზევით დაბრუნება


აქცენტი

ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ახლად რესტავრირებული მუზეუმის შენობაში ვართ და 40 სმ-იანი ტელესკოპით ვარსკვლავებს ვაკვირდებით. ამინდი ისეთია, ასტრონომებს რომ უყვართ - ცა მოწმენდილია და ვარსკვლავებიც არ ციმციმებენ, მთელი ძალით კაშკაშებენ. მთვარის ზედაპირს ხელის გულივით დავყურებთ, დიდხანს ვდგავართ ასე, ტელესკოპის ვიწრო თვალს შუბლმიბჯენილები და თან ასტრონომიულ განმარტებებს ვისმენთ. ერთი წუთით სულ ყველაფერი გვავიწყდება - აგვისტოს ამბებიც, ნაძალადევად მხიარული ტელესაზოგადოებაც და ნატო-ს სამიტიც - კოსმოსში ვართ. მერე რეფრაქტორი ირთვება, გუმბათი ჭრიალით იხურება და ახლა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მუზეუმში ვინაცვლებთ. მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია USAID-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერითა და საქართველოს დასაქმებისა და ინფრასტრუქტურის ინიციატივის პროექტების დახმარებით გაკეთდა. ობსერვატორიის დანარჩენი შენობების რესტავრაცია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადაწყვიტა. ეს ყველაფერი ჩვენთვის კეთდება, ვისაც, უბრალოდ, ყველაზე კოსმიური და მისტიური სამყაროს აღმოჩენა უნდა; ვისაც პლანეტებისა და მათი თანამგზავრების, კომეტებისა და ასტეროიდების, ნისლეულებისა და გალაქტიკების შესახებ მხოლოდ სხვების ნაამბობი მოუსმენია, საკუთარი თვალით კი არასდროს უნახავს.

„ეს პირველი ტელესკოპია, - გვიყვება ობსერვატორიის დირექტორი გია ჯავახიშვილი და მუზეუმის ცენტრში განთავსებულ რეფრაქტორზე მიგვითითებს, - საბჭოთა კავშირში პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია აბასთუმანში დაარსდა და ერთადერთი ტელესკოპით პირველ ელექტროფოტომეტრულ დაკვირვებებს აქ აწარმოებდნენ“. მუზეუმში უამრავი ასტრონომიული ექსპონატი ინახება, უძველესი კალენდარული ტრაქტატები, მეტეორის ნატეხი, 70სმ-იანი რეფრაქტორის მაკეტი, XII საუკუნის იოანე დამასკელის „ცოდნის წყაროს“ ქართული თარგმანი, სადაც მთვარის ფაზების, მზისა და მთვარის დაბნელებათა ახსნა-განმარტება და ამ მოვლენების წინასწარი გამოთვლის მეთოდებია აღწერილი. ქართული ასტრონომიის ყველაზე გამოჩენილი მეცნიერების ევგენი ხარაძისა და მიხეილ ვაშაკიძის კაბინეტებიც უცვლელად არის შენარჩუნებული. ობსერვატორიის პირველი დირექტორის (ევგენი ხარაძის) სამუშაო ოთახის საწერ მაგიდაზე ისევ ისე აწყვია ფოტოები, ხელნაწერები, უცნობი ავტორის პორტრეტები და მისი დამტვრეული ლამპა.

ობსერვატორიის დაარსებას უცნაური ისტორია აქვს. XIX საუკუნის ბოლოს აბასთუმანში ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ რუსეთის დიდი მთავარი, გიორგი ალექსანდრეს-ძე რომანოვი დასახლდა. მეფისწული ასტრონომიით ყოფილა გატაცებული და მალე აბასთუმანში თავისი მეგობარი, ასტრონომი და სანქტ-პეტერბურგის პროფესორი, სერგეი გლაზენაპი მიიწვია. გიორგის სასახლის მახლობლად პატარა გუმბათი ააგეს და გლაზენაპის პეტერბურგიდან ჩამოტანილი ტელესკოპი ამ ნაგებობაში მოათავსეს. ასე ჩაუყარეს საფუძველი დიდმა მთავარმა და გლაზენაპმა ღამ-ღამობით აბასთუმნის ცაზე პირველ ასტრონომიულ დაკვირვებებს. რუსეთში დაბრუნებულმა ასტრონომმა აბასთუმნის დაკვირვების შედეგებზე სტატია გამოაქვეყნა. 1920-იან წლებში, როდესაც ლენინგრადის ასტრონომიულ ინსტიტუტში საბჭოთა კავშირში პირველი ობსერვატორიის დაარსება გადაწყვიტეს, სწორედ გლაზენაპის სტატია გაახსენდათ და, უნიკალური ატმოსფერული კლიმატის გამო, ობსერვატორიის მშენებლობისთვის აბასთუმანი შეარჩიეს. ასტრონომიული დაკვირვებებისათვის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ევრაზიის მასშტაბით დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება.

აქ კოსმოსური ისტორიები მთავრდება და გარეთ გავდივართ. უკვე ღამეა, ობსერვატორიაში კი სამუშაო დღე სწორედ ახლა იწყება. ისევ ჭრიალით იხსნება გუმბათები, ტელესკოპებს სხვადასხვა ციურ სხეულებს უმიზნებენ და ჩემთვის ყველაზე ჯადოსნური დაკვირვებები იწყება - კოსმოსზე.

პ.ს. თუ ვარსკვლავებზე, მზეზე, პლანეტებსა და მათ თანამგზავრებზე, კომეტებზე და სტეროიდებზე, ნისლეულებსა და გალაქტიკებზე დაკვირვება თქვენც მოგინდებათ, საქართველოს ასტრონომიულ ასოციაციას მიმართეთ www.observatory.iliauni.edu.ge

ობსერვატორიის გარდა, კურორტ აბასთუმანში მოგზაურობასაც თუ გადაწყვეტთ, საუკეთესო ტურისტული მარშრუტების დაგეგმვაში აბასთუმნის ტურისტული ასოციაცია დაგეხმარებათ - www.ata.ge

7 ქართული ტერორიზმი 1886-1914 წწ.

▲ზევით დაბრუნება


აქცენტი

ავტორი: ნინო რობაქიძე

„იმ დღეს, 1873 წლის 6 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხაილ ნიკოლაევიჩი ალექსანდრეს ბაღში სეირნობდა. გზაში მას შეხვდა სამი ახალგაზრდა, რომლებმაც მეფის ნაცვალს საკადრისი სალამი არ მისცეს, მხოლოდ ქუდებზე ხელი ოდნავ მოიკიდეს, ერთმა კი გაიღიმა კიდევაც. მეფისნაცვალი აღშფოთდა. საქმე ისაა, რომ ვინც მეფისნაცვალს შეხვდებოდა, უნდა გაჩერებულიყო, ქუდი მოეხადა და ისე მისალმებოდა. დიდმა მთავარმა მოიხმო ყმაწვილები და გულმოსულმა ჰკითხა:

- მიცნობთ მე თუ არა, რატომ ქუდები არ მოიხადეთო.

როცა გაიგო, რომ ეს ახალგაზრდები სემინარიელები იყვნენ, თავის ადიუტანტს დაავალა, რექტორთან მიეყვანა ისინი და ეს ამბავი გადაეცა. ეს სემინარიელები იყვნენ: დავით კეზელი, მომავალში ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც სტატიებს „დავით სოსლანის“ და „ზოილის“ ფსევდონიმებით აქვეყნებდა, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი, მომავალი პუბლიცისტი, „სანოს“ ფსევდონიმით ცნობილი. ამ ინციდენტს ისეთი დიდი გამოხმაურება მოჰყოლია, რომ საქმეში ჟანდარმერია, პოლიცია და პროკურორი ჩარეულან, ხოლო გამოძიების შედეგები თავად ალექსანდრე მეორესთვის წარუდგენიათ. სემინარიელები სამი თვე ჰყავდათ მეტეხის ციხეში გამომწყვდეულები. მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს, დავით კეზელს კი ესეც არ აკმარეს და როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოში ცხოვრების უფლება არ მისცეს და რუსეთში გადაასახლეს“.

ეს შემთხვევა 1817 წელს გახსნილი თბილისის სასულიერო სემინარიის აღსაზრდელების დაუმორჩილებლობის პირველი მაგალითი იყო, რომელმაც ყველა აალაპარაკა. თუმცა, ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, შემდგომ წლებში კი თბილისის სასულიერო სემინარიას რამდენიმე ქართველი ტერორისტიც გაუზრდია.

კი მახსოვს X კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელობა იყო ნახსენები, მაგრამ მკვლელობის მოტივად რუსული ანექსიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლა იყო დასახელებული, თუ არ მეშლება. ამ ზოგად ფრაზაში რას გულისხმობდნენ სახელმძღვანელოს ავტორები, არ ვიცი, მაგრამ სემინარიელი იოსებ ლაღიაშვილის მიერ აკადემიის რექტორის მკვლელობას ძალიან ბევრი ყოფითი, ადამიანური მიზეზი და მოტივი ჰქონია და კიდევ უფრო საინტერესო კონტექსტი.

„პარადოქსია, რომ სასწავლებელი, რომლის მიზანი ხელისუფლების მორჩილი სამღვდელოების კადრების გამოშვება იყო, სრულ უკუშედეგს იღებდა. საქართველოში მოქმედი არც ერთი სასწავლებელი არ უშვებდა ამდენ ათეისტს, მეამბოხეს და მომავალ რევოლუციონერს“, - წავიკითხე ირაკლი მახარაძის ჯერ დაუსრულებელი წიგნის ნაწყვეტი.

სემინარიელების ტერორისტობის რამდენიმე ისტორიის გაგების შემდეგ კითხვა გამიჩნდა, ნუთუ ქართველ ტერორისტებს მარტო სემინარია ზრდიდა? - აღმოჩნდა, რომ არა!

არასემინარიელი ტერორისტებიც გვყოლია და მერე როგორები - „ქართველებს ხომ ყველაფერი გადაჭარბებული გვიყვარს: ჩინ-მედლების მიღება, სხვისი ქვეყნის სამსახურში თავის გამოჩენა, პარტიის მიერ (მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტიაა) დასახული გეგმის და ამოცანების გადაჭარბებულად შესრულება. ასე იყო ტერორისტების და ტერორისტული აქტების შესრულების დროსაცო“, - მითხრა წიგნის ავტორმა.

„ტერორისტები უმთავრესად სოციალ-დემოკრატები იყვნენ, თუმცა ტერაქტებს და ექსპროპრიაციებს თითქმის ყველა პარტია აკეთებდა. უპარტიოებიდან კი გამოირჩეოდნენ სემინარიელები და მიუხედავად იმისა, თუ რა მსოფლმხედველობას და რა მრწამსს ერთგულებდნენ, უდავოა, რომ განათლებული, თავზეხელაღებული და ვაჟკაცი კაცები იყვნენ. თუმცა, ბევრ მათგანს რომ ეს თვისებები საქართველოს კეთილდღეობისთვის და არა საერთაშორისო ინტერნაციონალიზმისა და მსოფლიო სოციალიზმისათვის გამოეყენებინა, შესაძლოა, დღეს ჩვენ სხვა, ბევრად უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრაო“, - მომწერა ირაკლი მახარაძემ და ისიც მითხრა, - იმედი მაქვს, წიგნი მომავალ წელს გამოვა და რამდენიმე ადამიანს მაინც დააფიქრებს ჩვენი ისტორიის არც ისე პოპულარულ შტრიხებსა და ჩვენს შეცდომებზეო.

„ქართული ტერორიზმი 1886-1914 წწ“. - პირობითად ასე ჰქვია წიგნსაც, რომელზე მუშაობა ირაკლი მახარაძემ ამ ზაფხულს თავის მეგობარ ლაშა ხეცურიანთან ერთად დაიწყო. წიგნის რამდენიმე თავი უკვე მზადაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიდრე დღის სინათლეს იხილავს, ქართველი ტერორისტების ისტორია კიდევ გამდიდრდება. ავტორებს წიგნზე მუშაობის ყველა ნაბიჯზე ახალი და ხშირად დღემდე მკითხველისთვის უცნობი, გამოუქვეყნებელი მასალები ხვდებათ.

ფაქტები, რომლებზეც ავტორები ქართველი ტერორისტების ისტორიას აგებენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა მაშინდელ გაზეთებში, წიგნებსა თუ ჟურნალებში, მაგრამ ერთ წიგნად შეკრულ, ჩვენი არცთუ შორეული ისტორიის ძალიან საინტერესო ნაწილს ქართველი მკითხველი ჯერ არ გაცნობია.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ წიგნი ეხება ქართველ ტერორისტებს, რომლებსაც აკლებული ჰყავდათ მთელი რუსეთის იმპერია. ამიტომ, ალბათ სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ქართველებმა გაიხსენონ ან ისწავლონ საკუთარი ისტორიის დამალული დეტალები, გაიაზრონ ის დაშვებული შეცდომები და ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდნენ ფსევდოპატრიოტული ტაბუსგან, რომლიც რაღაც უჩინარი წესრიგის დამცველივით ყოველთვის „ახერხებდა“, ქართული ტერორიზმის მსგავს „უხერხულ“ თემებზე ან საერთოდ არ გვესაუბრა ან - ისე ჩუმად, რომ ერთი-ორი კაცის ჩურჩულს ირგვლივ გაბატონებული „სიწყნარე“ არ დაერღვია.

8 ცხოვრება ვარდისფერია

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

La vie est rose - „ცხოვრება ვარდისფერია“ - ასე ეწოდება ფილმს ედიტ პიაფის შესახებ. ამჯერად ფილმისთვის არ გვცხელა, ვარდისფერი ტელევიზიის რენესანსზე ვიმსჯელებთ. თუმცა ჯობს, შორიდან მოვუაროთ.

ცუდად დავიწყებული ისტორია ზოგჯერ ცხელ ნიუსზე სასარგებლოა. როცა 70-იანი წლების დასაწყისში ისრაელ-არაბეთის კონფლიქტის შემდეგ დასავლეთში ნავთობზე ფასი კატასტროფულად გაიზარდა, ტელემაგნატები პირველად და სერიოზულად დაფიქრდნენ ინფორმაციის მიწოდების მექანიზმზე. უფრო მარტივად, ინფორმაციის ისეთ შეფუთვაზე, რომ ეკონომიკური კრიზისით გაბითურებული ევროპელი ზედმეტად არ დაფიქრებულიყო ხორცისა თუ ავტობუსით მგზავრობის გაორმაგებულ ფასზე.

დაიწყო გასართობი გადაცემებისა და თოქ-შოუების შეუნიღბავი პროპაგანდა. „რაი უნოს“ სტუდიებში მოულოდნელად გაჩნდნენ ცნობილი ფეხბურთელები, მომღერლები, ილუზიონისტები... სექსუალურ რაფაელა კარასთან ერთად; ფრანგულმა არხებმა ჯო დასენის ტირაჟირებას სერიოზულად მოკიდეს ხელი (მომღერალი ქუჩაში, სახლში, კაფეში, ლუქსემბურგის ბაღში); მთელს კონტინენტზე ლამის ისტერია გაჩაღდა „ევროვიზიის“ გამო (ნაცნობი ამბავია, არა?); ნაწვიმარზე სოკოებივით აღმოცენდნენ პოპ-ვარსკვლავები და ანსამბლები; დისკომ სოციალური როკ-მუსიკა ჩაანაცვლა; 1974 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გამარჯვებით ფრთაშესხმული დასავლეთ გერმანელები „ბუნდესლიგის“ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემდნენ. მაშინ, როცა ბაადერ-მაინჰოფის ტერორისტული ჯგუფის შესახებ ნამდვილი ამბავი სახელმწიფო არხებით ტაბუდადებული იყო... და, ყველაფერის მიუხედავად, ცხოვრება ტელეეკრანიდან უპრობლემო და მშვენიერი ჩანდა.

სწორედ ამ დროს, 1976 წელს ფრანგი ფილოსოფოსი და პოსტმოდერნისტი ჟან ბოდრიარი წერს ნაშრომს, რომელშიც ტელევიზიას ხატების ბოროტ დემონს უწოდებს. არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ისტორიული შეფასებაა, თუმცა ინტერნეტის საუკუნემ მაინც დაადასტურა ბოდრიარის შეხედულება:ტელევიზია ნელ-ნელა იქცევა კვაზიგამოსახულებისა და ცრუ ხატების სამყაროდ, რომელიც მანიპულირებს მაყურებლის მოლოდინით - დაიჯეროს ის, რაც არ იცის, მაგრამ დაუჯეროს მას, ვინც პოპულარულია. მოკლედ, ჰამლეტისა არ იყოს, ბატონი ბოდრიარი ცუდ ამბებს ხედავს და თან გვაფრთხილებს, - მომავალში უფრო ცუდს უნდა მოელოდეთო. თუმცა მას არ უნახავს ვარდისფრად რეკონსტრუირებული საზოგადოებრივი არხი. უფრო ზუსტად, „პირველი არხის რენესანსი“, როგორც ერთ-ერთ გადაცემაში ტელეწამყვანმა აღნიშნა.

მოგონილი, „ბასკინ რობინსის“ ნაყინივით ვარდისფერი სამყარო თავისი სლოგანით - „არხი განწობისათვის“, ლოგოთი - გაღუნული სარკის ნაჭერი (რომელიც ანდერსენის ზღაპრის „მრუდე სარკესავით“ აირეკლავს ყალბ რეალობას), დამამშვიდებელი „ტიხრებით“ - მეთევზე ბადეს შლის, მევენახე სავსე გოდორს ცლის და იღიმება, ბედნიერი ოჯახი ექსკურსიაზე მიდის (სადღაც შორს კი ქალაქი მოჩანს და ვერ ხვდები, მოდური სიღნაღია თუ ტოსკანური პეიზაჟი კრამიტიანი სახლებით), მოსიყვარულე წყვილი ჩამავალი მზის ფონზე - ქმნის სწორედ ილუზორულ, კვაზირეალურ სამყაროს, რის შესახებაც წერს ბოდრიარი. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა არსებობდეს „არხი განწყობისათვის“, მაგრამ ალბათ მას შემდეგ, როცა სხვა, „არაგანწყობის“ არხი უფრო საფუძვლიანი და მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისათვის.

„რენესანსული“ პირველი არხის სლოგანი და ხაზგასმა სიტყვა „განწყობაზე“ არაცნობიერად იმასაც გულისხმობს, რომ ვარდისფერი ცხოვრების გარდა, არსებობს სხვა, მიღმური, რეალური სამყარო; სადაც ცხოვრება მკაცრი და უცნაურია, აჩაბეთიდან თუ ქურთადან დევნილი უსიტყვო, კუშტი გლეხივით (საინტრესოა როგორ აშუქებს დევნილებით დასახლებულ „წეროვანის გეტოს“ სწორედ პირველი არხი); სადაც ცხოვრობს დეპრესიული ექს-პროლეტარიატი, არსებობენ გალოთებული მეცნიერები, დაეხეტებიან ერთი შეხედვით გავეშებული, მაგრამ მაინც ლირიკულად საცოდავი ბოზები, წვალობენ ტოტალიზატორში „დასაქმებული“ და მუდამ წაგებული მამაკაცები, შარდენზე სადილობს „ოქროს ახალგაზრდობა“, რომელსაც ღარიბები არანაკლებ სძულს, ვიდრე ჩვენს ხელისუფლებას...

„საქართველოს დიდი ათეულის“ შედგენაში მაყურებელს ტანჯულ-რეპრესირებული „იმედიდან“ განდევნილები - ეკა ხოფერია და დაჩი გრძელიშვილი ეხმარებიან. ახალ სამოთხეში ისინი თავს უცხოდ თითქოს არ გრძნობენ. თავშეკავებულ-ზომიერ-ნეიტრალური კომენტარით შემოიფარგლებიან. თუმცა სატელევიზიო ფორმატიდან თუ გადაცემის თავისებურებიდან გამომდინარე, თითქმის ყველა სტუმარს სიტყვას აწყვეტინებენ და, რაც ყველაზე უცნაურია, სტუმარს ან არ უსმენენ, ან უბრალოდ დიალოგის ფორმას არ ცნობენ. მათი ტექსტი უფრო მოკლე, დროული კომენტარ-მონოლოგებისგან შედგება, რომელიც სტუმრის „ჩართულობას“ ნაკლებად გულისხმობს. ლირიკული წიაღსვლებისთვის დრო მკაცრად შეზღუდულია. არადა, „ათეული“ თითქოს ყველაზე ხანგრძლივი და სამბლოკიანი გადაცემაა.

ერთადერთი, რაც ამ ისტორიულ კონკურსს აჯანსაღებს, არის ქრონიკა, რომელიც სატელევიზიო არქივის წყალობით მართლაც უნიკალურია - დაწყებული მიხეილ ჯავახიშვილით და დამთავრებული ლავრენტი ბერიას შესახებ კადრებით. და კიდევ, არ მიკვირს, რომ ზვიად გამსახურდია ათეულის ლიდერია. ჯერ კიდევ ცოცხალი ისტორიის კერპები გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურებიან. SMS-საც ყოფილი პრეზიდენტის სახელზე გაცილებით ხშირად აგზავნიან, ვიდრე, ვთქვათ, სულსახ-საბა ორბელიანის მხარდამჭერები. პროექტის ავტორებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ რამდენჯერმე ხმის მიცემის უფლება უკვე ობიექტურობის დარღვევას ნიშნავს, მით უმეტეს, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ მითოლოგიის ტყვეობაშია.

პრაიმტაიმში გამოკვეთილი თოქ-შოუ „ცხოვრება მშვენიერია“ (ნინო ქაჯაიასთან ერთად) ვარდისფერი TV-ის ჭეშმარიტი ავტოპორტრეტია - ვითომ ოპტიმისტური, ნახევრად სნობური, პოპულარული „სახეებით“ გატენილი, არაფრისმთქმელი ლაივითა და ხშირი ტაშისკვრით. წამყვანის დაზეპირებული ღიმილი, უაზრო კომპლიმენტები და სტუმრის ბიოგრაფიის დეტალების ცოდნა ვერ „ავსებს“ ტელეეთერს, რადგან დიალოგი ხელოვნური და უინტერესო გამოდის. ცოტა მაია ასათიანის „პროფილი“ გახსენდება („რუსთავი 2“), ცოტა მარინა სალუქვაძის „ტაბუ“ („მზე“). თანაც იცი, რომ პირველი პროვინციულია, მეორე კიდევ უფრო უარესი, თუ, რასაკვირველია, შედარების ცდუნება შეგიპყრობთ.

ამ ფონზე ძნელია, ცხოვრებაც მშვენიერი იყოს და მაყურებელიც დაკმაყოფილებული. მოკლედ, ნინო ქაჯაის შოუ რაღაც უცნაური ჰიბრიდი გამოდის - რელაქსაციურ ტელესეანსს, მოყვითალო მიმოხილვასა და ნაჩქარევ ტელეპორტრეტს შორის. თუმცა, ტელევიზიები ხომ ყველაფერს რეიტინგის საზომით უდგებიან და ალბათ „ცხოვრება მშვენიერია“ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება, რადგან პრაიმტაიმს ნინო ქაჯაიას კვირაში ორჯერ, თანაც ალალად უთმობენ.

განსაკუთრებული მოვლენაა თავად ტელეწამყვანებისა და ჟურნალისტების მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში სტუმრის ან რესპონდენტის სტატუსით. ეკა ხოფერიას ჯერ „ათეული“ მიჰყავს, შემდეგ სტუმრად მიდის ნინო ქაჯაისთან და მცენარეებსა და პირად ცხოვრებაზე უყვება საზოგადოებას. სოფო მოსიძე პუბლიცისტური ელფერის გადაცემაში „მოწყვიტე წამი“ (ბევრი ვიფიქრე და სათაური მაინც ვერ გავიგე) ჯერ საქართველოს გეო-სტრატეგიულ საკითხებს უღრმავდება და მერე მხიარულ ნიკა ლომიძის „ტრანსმისიაში“ ავტომობილის მართვაში გამოცდას აბარებს. იქვეა გიორგი კალანდია, რომლის „ჩვენებურებმა“ ყველა არხი მოიარა და ისევ ძველ წრეზე დაბრუნდა... ისიც პრიზს იღებს „კიას“ მართვაში. მსახიობი და შოუმენი მალხაზ ქვრივიშვილი „კაბარე 5 ვარსკვლავიდან“ შემეცნებით-გასართობ გადაცემაში „მე მიყვარს საქართველო“ ინაცვლებს და გეოგრაფიის შესახებ დასმულ კითხვებს თითქოს პასუხობს კიდეც.

ესტრადის ვარსკვლავები, გამოჩენილი შოუმენები, ცნობადი სახეები, პოპულარული ტელეწამყვანები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები - როგორც საეჭვოდ კერძო არხებს, განახლებულ „პირველსაც“ ასეთი ადამიანები ვამპირივით სწყურიათ. სატელევიზიო ეთერის პირველ დღეებში რობერტ სტურუა, ნინო ანანიაშვილი, ლიზა ბაგრატიონი ლამის გაგლეჯვაზე ჰყავდათ, რომ არაფერი ვთქვათ წვრილ და ოდნავ მსხვილ ვარსკვლავებზე. წარმატებული უნდა იყო, თორემ ცხოვრება ჩაგივლის და ტელევიზიის გარეშე ხომ არაფერი იქნები. ეს პატარა, სნობურ-კრეატიული მითი, რომ თუ ყველგან არ ეტენები, ტელეეკრანზე ვერ გხედავენ და შენი პროფესიით ცხოვრება გინდა, ე.ი. არ არსებობ, საზოგადოებაში დღემდე ფართოდაა გავრცელებული და, სხვათა შორის, ესეც ვარდისფერი თუ შავ-თეთრი შეხედულებების ტელევიზიის გავრცელებული მითია.

გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, თუ ფული გაქვთ და ჯანმრთელობაც ხელს გიწყობთ, პირველი არხისა და აჩიკო გულედანის რჩევის გარეშე ვერ ჩაალაგებთ ჩემოდანს და ვერ წახვალთ, ვთქვათ, სუდანში (როგორც სერიალ „შუა ქალაქის“ ერთი გმირი აპირებდა)?! დავიჯერო იქ ნომერი უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე, თუნდაც, გურჯაანის სასტუმროში (80-130 ლარი, საუზმე შედის)? ამიტომ ვერ მივხვდი, გადაცემას „ჩაალაგე ჩემოდანი“ რა დანიშნულება აქვს.

ისევე, როგორც ვერ ვხვდები, რა საჭიროა ოთხი ქალი („სამოთხის ვაშლები“) ერთ ვიწრო, ვითომ ლამაზ, სტაფილოსფერ-სალათისფერ სამზარეულოში, თანაც სტუმრების თანხლებით. ისე სამოთხიდან გამოძევებულ დებიუტანტს და ცდუნებით შეწუხებულ ევას არც ერთი მათგანი არ ჰგავს: ნანა ფაჩუაშვილი დიდი ხანია, სცენაზეა; ნინო ზაუტაშვილი ეთერშიც და მის მიღმაც; სალომე დადუნაშვილი იმდენად კარგად წერს, რომ თითქმის „სასოწარკვეთილი დიასახლისის“ როლისათვის მენანება; ხოლო რუსიკო მანჯგალაძის ხმის ტემბრის მქონე ჟურნალისტი რატომ არ არის რადიოში, მართლა მიკვირს.

არ მიკვირს ნახევრადსერიოზული ჭორაობის სურვილის, რომელიც ყველა ადამიანში თვლემს. უბრალოდ, როცა ამას ოთხი ქალი ლამის ოთხ ხმაში ცდილობს, თანაც სტუმრების თანდასწრებით, აქედან ცუდად შესრულებული კვარტეტიც არ გამოდის. და კიდევ, საკმარისია სტუმარი სტუდია-სამოთხიდან გავიდეს, რომ მაშინვე იწყება მისი გაჭორვა, ან წამოყვედრება: ეს ვერ მოვასწარით, ის შევამჩნიეთ, რაღაც გვინდოდა და ა.შ.

დაბოლოს, პოლიტიკა. როგორც უნდა ეცადო, ამ ქვეყანაში მას ვერ გაექცევი. ყოველდღიური “მოამბის” წაყვანა რომ ბარბივით თუ პლასტმასივით გოგო-ბიჭებს აბარიათ, უკვე აღარ მიკვირს, რადგან ყველა კერძო არხზე მსგავსი სიტუაციაა. თუმცა სახელმწიფოებრივი პრეტენზიების მქონე ტელევიზიის ხელმღვანელობისა ნამდვილად არ მესმის. როგორ შეიძლება მსგავსი იმიჯისა და კვალიფიკაციის ახალგაზრდების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვინმემ დაიჯეროს. ან თავად ლევან ყუბანეიშვილს თუ სჯერა, რომ ადამიანი, რომელსაც ღირებული ნიუსის მოპოვებაში ოფლი არ დაუღვრია და პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში მინიმალური გამოცდილება აქვს, საინფორმაციო გადაცემის წამყვანი შეიძლება იყოს. რაც შეეხება პოლიტიკურ თოქ-შოუს, აქ ოდნავ უკეთესი სიტუაციაა. „აქცენტები“ ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემაა, სადაც წამყვანი - ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე მოწვეულ სტუმარს ხაზგასმულად დისტანცირებულად ესაუბრება. ეს მასაც და სტუმარსაც სულის მოთქმის საშუალებას აძლევს. თუმცა, მგონია, საუბრის თემები ცოტა სტერილურია, ისევე, როგორც შიშნარევად მეტყველი სტუმრები. მსგავსი დისტანცირება მოვლენებთან შეიძლება, სურვილის შემთხვევაში, ჟურნალისტის პოზიციად მოვნათლოთ. რაც შეეხება „პირველ თემას“ ნათია სორდიასთან ერთად (ჟურნალი „პირველი“ რომ არ ყოფილიყო, ამდენ „პირველს“ რა ეშველებოდა), ეს უფრო დღის თემის ან „მოამბის“ გაგრძელებას ჰგავს. ცხადია, ოპოზიციისა და ხელისუფლების კინკლაობის დასაშვები დოზით.

რა „სტრატეგიულ გარღვევაზეც“ უნდა ლაპარაკობდეს არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გია ჭანტურია, ფაქტია, რომ „ვარდისფერი რენესანსი“ და დახარჯული მილიონები ჯერ მხოლოდ დამამშვიდებელ ფონსა და საზოგადოების დაწყნარება-დამშვიდებას ემსახურება. დანარჩენი, ჩანს, სასოწარუკვეთელი დიასახლისებისა და მამასახლისების ჯადოქრობაზეა დამოკიდებული. ხომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს დემონებმა ვარდისფერი გაიძრონ და, „ბასკინ-რობინსის“ გარდა, სხვა ნაყინი მოინდომონ?!

9 ბურჟუაზიას ჩვენი სალამი!

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

გახარებთ: საქართველოში, სადაც ომი ახლახან დამთავრდა და საერთოდ, დამთავრებულია თუ არა, კაცმა არ იცის, ქვეყანაში, სადაც ჟურნალ-გაზეთები ვერ იყიდება, იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მისი ყიდვა არ შეუძლია, და ყველაზე დემოკრატიული საინფორმაციო საშუალება ტელევიზიაა - დიდ-პატარა მას მისჩერებია, თან არხზე, რომელიც ამ მოსახლეობის გადასახადების ხარჯზე არსებობს, ამიერიდან კვირაში ორჯერ ვიხილავთ გადაცემას, რომელიც თავიდან ბოლომდე ტყუილია, ტყუილ ღირებულებებს ემსახურება და საერთოდ, რა არის - კაცმა არ იცის.

მე არ მაქვს ტელევიზორი. ეს არც ხელმოკლეობის ამბავია, და არც სექტანტური მსოფლმხედველობისა. უბრალოდ, არ მომწონს და არ მაინტერესებს. კარგია ეს თუ ცუდი - ვერ გეტყვით, მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით, რომ ჩემს მეტ-ნაკლებ ფსიქიკურ მდგრადობას მნიშვნელოვანწილად ამას ვუმადლი - ქართული მასმედია ჩემს ყოფაში დილიდან არ იჭრება. რაც გასაგებია, ისედაც ვიგებ, რა მნიშვნელობა აქვს, ჭორს ვინ მომიყვება, უბნელი რომა თუ ქართველი ტელევარსკვლავი - მაინც ტყუილია ყველაფერი.

მაგრამ ისეთი ტყუილი, როგორიც ახლახან ვნახე, ჯერ არც გამიგონია და არც მინახავს. რამ მაყურებინა! მაგრამ ვუყურე, მაზოხისტურად ჩავუჯექი განახლებული ტელევიზიის ახალ გადაცემას, და ამიერიდან, თუ შინაპატიმრობას არ მიმისჯიან, მე ჩემი ნებით აღარცერთ სხვა გადაცემას არ ვნახავ: ჩემს ცნობიერებაში მართლა მოკლე ჩართვა მოხდა.

მთელ გადაცემაში მართალი მხოლოდ ის ბადეა, რომელიც სტუდიაში მსხდომთ გარესამყაროსგან მიჯნავს. არ ვიცი, რა ჩანაფიქრი ჰქონდათ ავტორებს, მაგრამ ღობე ნამდვილად არსებობს, „ხიდჩატეხილობის პრობლემა“: გადაცემა სხვა სამყაროა და დღევანდელი საქართველო - სხვა. შესაძლოა, ინტერიერის შემოქმედს იუმორი ეყო და ამგვარად აგვიხსნა, რომ მავანთ ფანტაზიაში ღობე აქვთ, მაგრამ არა მგონია - ხომ არ იცოდა, სტუდიაში რა დატრიალდებოდა.

ერთადერთი, ვინც არ გამაგიჟა, წამყვანი გიორგი ბოკუჩავაა. მიუხედავად გადაცემის ავტორთა ჩანაფიქრისა, მარად შვილიკოდ დარჩენილი, დანაყრებული ქართველი მამრის სახე შეექმნათ, არ გამოუვიდათ - გიორგი თავისი ასაკის ადეკვატური ადამიანია და ის ფაქტი, რომ ამ სასწაულში აღმოჩნდა, ბედის უკუღმართობით შეიძლება აიხსნას. მოკლედ, ჯანმრთელია. მაგრამ დანარჩენი - ოოო...

„ეს იქნება ყველაზე ახალგაზრდული და ყველაზე ენერგიული გადაცემა ჩვენს თაობაზე, თაობაზე, რომელსაც შეუძლია ისაუბროს ყველაფერზე,“ - მახარა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, თათა მათიკაშვილმა.

ტყუილი.

გეხვეწებით, არ დაიზაროთ და თუ გადაცემა არ გინახავთ, აკრიფეთ www.1tv.ge და ნახეთ - ვინაა იქ ენერგიული? ან რა? ან ახალგაზრდა ვინ იყო?

ციტატა: „გადაცემა „მოკლე ჩართვა“ განკუთვნილია ახალგაზრდობისათვის. თოქ-შოუში ძირითადი აქცენტები გაკეთდება ახალგაზრდულ პრობლემებზე, იმ თემებზე, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, სტუდიაში მოვიწვევთ ორ სტუმარს (ცნობილ პიროვნებას) და 20 თინეიჯერს“.

ტყუილი.

გარდა იმისა, რომ თავად ცნება „ცნობილი ადამიანი“ სრულიად გულისამრევია (რითაა ცნობილი? ვინ უფრო ცნობილია, ივ სენ ლორანი თუ ჩიკატილო?) თინეიჯერი არის - ევრიკა! ადამიანი ოც წლამდე, იქ კი...

„თინეიჯერებიდან“ ვიცნობ ირაკლი ჩხიკვაძეს. ის 29 წლისაა. ერთერთი სტუმარი, ლაშა ბუღაძე, 31 წლისა გახლავთ. რატომ ეკუთვნიან ისინი სხვადასხვა თაობებს, ვერ გავიგე.

რა სჭირთ „კარგი ცხოვრების“ გარდა იმ „ახალგაზრდებს“, რომლებიც პირველ „მოკლე ჩართვაში“ მონაწილეობდნენ? ეჰეი! სადაა თქვენი ბრიყვული ვარცხნილობა, გამომწვევი მაისურები, საყმაწვილო გამონაყარი? რად გინდათ პრადას შმოტკები და ჩემი ხნის ქალის მანერები? ფრჩხილებს რატომ არ იკვნეტთ? ტატუირებულ სხეულს რატომ არ აჩენთ? სამყაროს გაუმჯობესება რატომ არ გინდათ - კი, ამაოდ, მაგრამ მაინც? ასეთი რა დაგემართათ, რომ ბავშვობიდან პირდაპირ შუახნის კრიზისში ამოჰყავით თავი?

აუდიტორია სულ სასწაულებს იძახდა: თურმე, თავისუფლება სამშობლოს სამსახურს ნიშნავს - ვაი? თურმე, მარტო ცხოვრება კი კარგია, მაგრამ კარგი არ არის, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ფული გამოგელიოს და მერე რაღა უნდა ქნა, რა, იმუშაო? თურმე, ძალიან კარგია, როცა დედა საჭმელს გახვედრებს და მერე რომ დაოჯახდები, ცოლი დაგახვედრებს - აბა, კვერცხს თვითონ ხომ არ შეიწვავ, თავმოყვარე მამრი? თურმე, თურმე, თურმე - ეს რა ვისმინე! და ასაკგადასული ახალი თაობის ამ წარმოუდგენელ სიბრძნეს მაინც ხომ ლამაზია? - საღამოს დასრულებული მაკიაჟითაა აღჭურვილი, და არამარტო საღამოობით, როცა მასსავით ნაადრევად დაქალებულ დაქალებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში ხვდება.

კარგი, რა! რა არის ესა? რა უქნეს 22 წლის თათას?

მოვრჩი, მოვრჩი. ამის წერას მირჩევნია, ფსიქოთერაპევტთან ვიარო - იქნებ დამავიწყოს „მოკლე ჩართვა“... ეს ნაკიანი წელიც მალე დამთავრდება, ყველაფერი კარგად იქნება, და საერთოდ, არ ვუყურებ გადაცემას და მორჩა, რა მანერვიულებს.

მერე კი, როცა „მოკლე ჩართვის“ გმირები ივერიას გააბრწყინებენ, კარგ იურისტს ვიპოვნი და გავარკვევ, როგორ შემიძლია იმის დასაბუთება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩემი ისედაც რთული ყოფის დამამძიმებელია მხოლოდ და არ მინდა მისი შენახვის ხარჯი გავწიო. არ მინდა. ხომ თავისუფალი მოქალაქე ვარ, ბოლოს და ბოლოს? თუ მხოლოდ მსხვილი ბურჟუაზიის შვილები არიან თავისუფლები?

10 სასოწარკვეთილი არხი

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: თეა ჭანტურია

0x01 graphic

„არხი განწყობისთვის“ - ეს სლოგანი რომელიმე „ყვითელ“ ტელევიზიას ნამდვილად მოუხდებოდა, ამჯერად უკვე I არხად გადაკეთებულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი რა მოგახსენოთ.

„არხი განწყობისთვის” ნამდვილად გამოვიდა, მაგრამ როგორი განწყობისთვის? ეს არც ისე ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული აღმოჩნდა, რისი იმედიც ალბათ ჰქონდა ბ-ნ ლევან ყუბანეიშვილს, როდესაც სატელევიზიო დებატებში განაცხადა: ისეთი ტელევიზია უნდა გავაკეთოთ, რომ მაყურებელს მის წინ ტკბილად ჩაეძინოსო. ჩამეძინოს კი არა, ახალი ეთერის პირველი დღეების გულმოდგინე ყურების შემდეგ აღშფოთებისგან ძილი სულ გამიკრთა; უძილობას ჩემი თანამოაზრეების უწყვეტმა SMS-ებმაც შეუწყო ხელი. გარწმუნებთ, არც ისე „უმცირესობაში მყოფი მარგინალური ჯგუფი“ ვართ, რასაც ალბათ ფანების დითირამბებით გათამამებული ოპონენტები მომახლიან; თუმცა ასეც რომ იყოს, საზოგადოებრივმა არხმა მათი (ანუ ჩვენი) ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ, როგორც ყოველთვის უკუღმართად გადმოქართულებულს ამისთვის სად სცალია? მან ხალხის - ანუ მეინსტრიმის ტკბილად ჩაძინებაზე უნდა იმუშაოს.

და მუშაობს კიდეც! „ცხოვრება მშვენიერია“ - ეს არა მარტო ერთ-ერთი „ტოპ-გადაცემის“ სახელწოდებაა, არამედ მთელი არხის პათოსი. ამ პათოსმა კი სულ ახლო (კომუნისტური) წარსული გამახსენა.

I არხის რენესანსი

გილოცავთ I არხის რენესანსს - ასე მიულოცა „ალიონის“ ერთერთმა საპატიო სტუმარმა ახალი ეთერის დაწყება. თავისთავად ტერმინი „რენესანსი“ რომ გაუფასურდა, ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგანაც მისი სიტყვა-სიტყვით თარგმანი ზუსტად გამოხატავს იმ ტრანსფორმაციას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხად გადაკეთება-დაბრუნებისას მოხდა. „კარგი ბრენდი იყო და ამიტომ უნდა აღვადგინოთო,“ - მოჰყავთ არგუმენტად, რაშიც არის ლოგიკის მარცვალი: „I არხი“ ლაკონური და კომპაქტურია; თუმცა, თუ ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელის გადარქმევა განახლების სიმბოლური აქტი იყო (აღარც იმაზე შევჩერდები, რომ სიმბოლურმითოლოგიური აზროვნებიდან ვერაფრით გამოვდივართ), ამჯერად ის წარსულში დაბრუნების ძალზე აშკარა სიმპტომია. რეანიმაციის ტენდენცია უკვე ახალი სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის არჩევნებისას გამოიკვეთა, როდესაც ძველი „სტაფი“ თუ „სტარები“ სხვადასხვა სტატუსის პრეტენდენტებად მოგვევლინენ განცხადებებით: „ჩვენ უნდა დავუბრუნოთ I არხს მაყურებელი“ (!) (ალბათ, იმ ნეტარ დროს თუ გულისხმობდნენ, ქვეყანაში მხოლოდ ერთი ტელევიზია რომ იყო), „უნდა აღვადგინოთ პროფესიონალიზმი“ (უკომენტაროდ დავტოვებ)... შედეგად მივიღეთ „ახალი“ სახეები, რომელთა უმეტესობა ან გამოცდილი პირველარხელი ან, ზოგადად, ქართული უპრინციპო და უპასუხისმგებლო ჟურნალისტური სკოლის გამონათებაა.

რაკი სიმბოლო-სიმპტომები ვახსენე, არხის უკვე სალაღობოდ ქცეულ ლოგოსაც შევეხები (მას გვერდი ლევან ერისთავმაც ვერ აუარა - თუმცა, მისმა გამადიდებელმა სათვალემ „პრობლემა“ კი არ გამოაჩინა, არამედ მასზე ფსევდოგადაჭარბებული წარმოდგენა შექმნა: ლოგოზე კი ყველა ქილიკობს, მაგრამ გულში ნამდვილად უხარიათ, ხომ ცნობილია, რომ შვიდ ქალზე ერთი კაცი მოდისო?! ხა-ხა-ხა!!! გადაცემის რეჟისორს ვურჩევ, ასეთ „ხუმრობებს“ დაკონსერვებული სიცილი მიაყოლოს, მაყურებელი რომ მიხვდეს, სად გაიცინოს). თუკი ჩვენი თითოეული ქმედება და გამოხატვის ფორმა შინაგანის წამოცდენაა, ლაჟვარდოვან იისფერში (როგორც „თბილი“ და „ტკბილი“ ქალურობის აღმნიშვნელში) მოლივლივე თავწაჭრილი ფალოსიც არაჩვეულებრივად გამოხატავს განახლებული არხის არსს, რაც პატრიარქალურ-(„ჯიგრულ“)-ტრადიციული ფასეულობების გამყარებას ემსახურება.

როგორც აღმოჩნდა, ანეკდოტური ფალოსი სინამდვილეში სარკე ყოფილა. თუმცა სარკის დანიშნულება - დაგანახოს შენი ნამდვილი სახე - I არხის მიზანი სრულიადაც არ არის; ის უფრო გასაპრანჭი, შესალამაზებელი ატრიბუტია, რასთან მოკეკლუცე „ლამაზ გოგობიჭებსაც“ ვუყურებთ, ძირითადად, სხვადასხვა გადაცემის ანონსებსა თუ სიუჟეტებში.

კომენტარი N1 ანუ როგორ მოვხვდეთ ტელეეკრანზე

სილამაზე რომ სუბიექტური კატეგორიაა, I არხი კიდევ ერთხელ ადასტურებს. ეკრანული სილამაზის აღმნიშვნელად ხშირად იყენებენ ტერმინს „ფოტოგენური“, რომელსაც ფრანგი თეორეტიკოსი ლუი დელიუკი განმარტავს, როგორც „გამომსახველს“, „მეტყველს“ და არავითარ შემთხვევაში ცარიელ „სილამაზეს“.

ფოტოგენურობა არის ის, რისგანაც მაქსიმალურად დაცლილია I არხი, რომელიც „ცარიელი სილამაზის“ კულტივირებას ახდენს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია საინფორმაციო პროგრამების წამყვანების შემთხვევაში („ლაითი“, სალაღობო გადაცემის წამყვანს ცარიელი თვალებით კიდევ შეეგუები), რომელთაც დაყენებული ღიმილი არ სცილდებათ მაშინაც კი, როცა, ვთქვათ, ლილოს გადამწვარი ბაზრობის შესახებ გვამცნობენ. თინეიჯერობიდან ჯერ კიდევ არ, თუ ვერგამოსულ, მხოლოდ თავის გარეგნობაზე მოფიქრალ გოგო-ბიჭებს არათუ არ აინტერესებთ, რა news-ს გადმოსცემენ, არამედ გექმნება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ არც ესმით. არხის პოლიტიკა სავსებით ნათელია - ასე გაცილებით კომფორტულად არის შესაძლებელი ფაქტების გაპრიალება, მანიპულირება და ა.შ. მათ ძალზე იოლად ათქმევინებ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, ისე, როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს კომკავშირული I არხი გადმოსცემდა, - ე.წ. ხალხი ე.წ. პარკების ქვეშ დგას წვიმაშიო.

ის, რომ „სილამაზე“ ეკრანზე მოხვედრის მთავარი პრიორიტეტია, ფაქტობრივად, აღიარა ფორუმზე გამართული ხანგრძლივი დისკუსიისას I არხის, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა (თუ მის თავგამოდებასა და არხზე, როგორც მის კომპეტენციაზე, საუბრის ინტონაციას გავითვალისწინებთ). ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და აქტუალური გადაცემის „კედლის“ წამყვანებს გარეგნობასა და ჩაცმულობას უწუნებს, რაც, როგორც ჩანს, მათი შეცვლის მიზეზიც გახდა; თურმე „...სოფო სოფლის მასწავლებელივით იყო ჩაცმული (სხვათა შორის, საზოგადოებრივი არხი „სოფლის არხიცაა“, რომელსაც ასე ირონიით იხსენიებს ბ-ნი თუ ქ-ნი UK) და სანდრო - 80-იანი წლების პანკროკრეპგაუგებარმიმართულების“. არც „კედლის“ „დაუვარცხნელი და ენაგახვრეტილი“ თინეიჯერების აუდიტორიით არის კმაყოფილი, რომელიც იმაზე კამათობდა, 17 წლის გოგო ქალიშვილი უნდა იყოს თუ არა. „XXI საუკუნეში ამაზე საუბარი უკვე განვლილი ეტაპიაო,“ - ძალზე „პროგრესულად“ გვაჩვენებს თავს „პასუხისმგებელი პირი“, რომელსაც ენის გახვრეტა თუ ასე აღიზიანებს, მეეჭვება, სხვა რამის მიმართ ლოიალური იყოს.

სამაგიეროდ, ახლანდელ „თინეიჯერულ“ გადაცემაში - „მოკლე ჩართვა“, ყველაფერი დავარცხნილი და გალაქულია, წამყვანი გოგოდან დაწყებული აუდიტორიით დამთავრებული. გოგო ლამაზია, მოდელი, ძვირად ღირებულ დარბაზშიც ყოველდღე ვარჯიშობს ფორმის შესანარჩუნებლად. შოპინგი მისი ყველაზე დიდი გატაცეგატაცებაა. ბავშვიც ჰყავს და ჯიშიანი ძაღლიც... იმდენად „დადებითია“, რომ ალბათ დედამთილის მიტანილ „ბაღჩასაც“ ატარებს - აბა, სოლიდური ახალგაზრდა ენაში რაღაც ლითონს ხომ არ გაირჭობს! მისი სტუმრებიც ქალიშვილობის აუცილებლობაზე კი არ კამათობენ, არამედ ჩვენ ტრადიციებზე, „სუფრულ-ჯიგრულ-ქალაქურ“ რამეებზე (დავესესხები „პასუხისმგებელ პირს“ კორკოტას „იპოვე ნაცნობის“ მისამართით გამოყენებულ ამ სხარტ დახასიათებას), რომანტიულ სიყვარულზე, რომელიც სიცივეშიც კი გაგიყვანს შეყვარებულისთვის სიგარეტის საყიდლად (?!) (აქამდე კი რომანტიკაზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა)...

მოკლედ, იხილეთ ყოველ კვირას „მოკლე ჩართვა“ ადრე დაბერებული თინეიჯერებისთვის, რომლებიც ნორმირებულ ცხოვრებას და მამიკოების ფულით უზრუნველყოფილ კომფორტს ირჩევენ. ეს I არხია! ჩვენ ყველანი კი ზაზა შენგელიას წარმატებული მოწაფეები!

ცხოვრება მშვენიერია

როცა ვარდისფერ სათვალეს იკეთებ, ირგვლივ ყველაფერი ლამაზი გეჩვენება და გჯერა, ცხოვრება ყოველთვის მშვენიერია.

როცა ათასობით ახალ დევნილზე არაფერი გესმის, ცხოვრება მშვენიერია.

როცა გგონია, რომ მსოფლიო ფინანსურ კრიზისში შენი ომგამოვლილი ქვეყანა არ მონაწილეობს, ცხოვრება მშვენიერია.

როცა ამ კრიზისის გამო, უკვე ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, შენ კი შოპინგებზე გელაპარაკებიან, ცხოვრება მშვენიერია.

როცა ახალი ომის საშიშროებასა და მოლოდინებზე არაფერს გეუბნებიან, ცხოვრება მშვენიერია...

ჩვენ ვარდისფერ ვირტუალურ სამყაროში სხვა რეალობაა.

თავისთავად, ცუდი სულაც არაა, თუ ტელევიზია ოპტიმიზმს უნერგავს ადამიანებს. თუმცა ოპტიმიზმი რეალობის რეფლექსიის შედეგად იბადება, როცა მის შესაცვლელად მაქსიმალურად მობილიზდები; როცა იცი, რომ ცხოვრება ხშირად უფრო სასტიკია, მაგრამ სწორედ მისი სიყვარულის გამო არ ეპუები. I არხი არა იმდენად ოპტიმიზმს ნერგავს, რამდენადაც ილუზიებში გამყოფებს ან, უბრალოდ, გეჭორავება („სამოთხის ვაშლები“), გეფერება („იპოვე ნაცნობი“)... მოკლედ ცდილობს, „ტკბილად ჩაგაძინოს“, თანაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მაგალითად:

დილას „სამოთხის ვაშლების“ ჩატკბარუნებით ვიწყებთ (სულ მგონია, რომ ამ გადაცემას „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ჰქვია).

როცა ორი ქალი შეხვდება ერთმანეთს, რას აკეთებს? რასაკვირველია, ჭორაობს. და როცა ორი მამაკაცი ხვდება? რასაკვირველია, საქმეზე ლაპარაკობს - ჩვენ ამ მითის დანგრევა გვინდაო, - ასეთი იყო „ვაშლე(ლე)ბის“ პრეზენტაცია, თუმცა გადაცემის კონცეფცია სწორედ ამ მითის ხაზგასმაა (საერთოდ, სტერეოტიპების კულტივირება I არხის სამოქმედო გეგმაა). „სულ ასეთი ლამაზები იყავით (ხომ ვთქვი, სილამაზე სუბიექტური კატეგორიაა-მეთქი) და რამდენიც გინდათ, იმდენი იჭორავეთ,“ - ყველა „ჭეშმარიტი“ ქართველი მამაკაცის სახელით ნებას რთავს ტელეფონით ჩართული მაყურებელი, დილიდანვე შეზარხოშებული ხმა რომ აქვს.

რაზე იჭორავებენ ქალები? რასაკვირველია, მამაკაცებზე. იმაზე, თუ რომელია მაინც უფრო ძლიერი, სილამაზესთან ერთად ქალი გონიერი-ც თუ არის (ეს სტუმარ ჯანრი კაშიას ყველაზე „ლიბერალური“ აზრი იყო, სხვაგვარად როგორ გაამართლებდა საკუთარი ცოლის არსებობას?), ქალი უფრო კარგად მართავს საჭეს თუ მამაკაცი, უნდა გავთხოვდეთ თუ არ უნდა გავთხოვდეთ? და ა.შ. (როგორც ჩანს, ეს თემები „განვლილი ეტაპი“ არ არის). რამდენადაც ვიცი, ახლახან შეიმუშავეს მედიის კანონი კრიმინალში ეჭვმიტანილ მოზარდთა შესახებ, რომელთა ჩვენება ან დასახელება, სანამ მათი ბრალეულობა არ დამტკიცდება, იკრძალება. ქართული მედიისთვის კრიმინალის გაშუქებამდე პუნქტებად არის განსასაზღვრი ელემენტარული ეთიკის კანონი, რომ - რატომ არ მომყავს ცოლი და რატომ არ ვთხოვდები - პირადი, ინტიმური საკითხია. მით უმეტეს თემა დელიკატურია, როცა დახურულ, ტრადიციულ საზოგადოებაში საჯაროდ იშვიათად თუ აღიარებენ, რომ ჯერჯერობით მეგობარ ქალთან ან მამაკაცთან ურჩევნია ცხოვრება ან საერთოდაც არა საპირისპირო, არამედ საკუთარი სქესის ადამიანები მოსწონს, რომელთან ქორწინება არ არის დაშვებული... თანაც თუ საბოლოოდ ოთხი ქალბატონი იმ დასკვნამდე უნდა მივიდეს, რომ ჩვენ კი არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, არამედ „ჩვენი ბედის ფურცელი“ სადღაც ზეცაში იწერება, რას ერჩით კედელთან მიყენებულ, უხერხულად მომღიმარ სტუმრებს, ორი გადაცემის მანძილზე (და ალბათ, კიდევ ბევრის) დაკითხვას რომ უწყობთ?

ეს არის გადაცემა ყველაფერზე და არაფერზე, რომელსაც არხზე ბევრი „კონცეპტუალური ტყუპისცალი“ ჰყავს. თუ დილის საჭორაო პროგრამისადმი შეიძლება პრეტენზიები ნაკლები გქონდეს, გაცილებით კრიტიკულად განეწყობი პრაიმ-თაიმის ერთ-ერთი „ტოპ-გადაცემის“ - „ცხოვრება მშვენიერიას“ მიმართ. ათწუთიანი საკონცერტო ნომრით პომპეზურად „გახსნილი“ თოქ-შოუ (თავდაპირველად მეგონა, რომ რაღაც ამერია და „5 ვარსკვლავის კაბარეს“ ვუყურებდი) უამრავ სიახლეს გვპირდება:

„შემეცნებით-გასართობი თოქ-შოუს - შემეცნებითიც ყოფილა?! - „ცხოვრება მშვენიერია“ მიზანია, დააინტერესოს მაყურებელი ისეთი თემებით, რომლებზეც თითქოს ყველა საუბრობს - „თითქოს“ აქ სრულიად ზედმეტია; „რაზეც ჩურჩულით საუბრობენო“, ესეც რომდაემატებინა, მარიკუნა სალუქვაძის გადაცემის ანოტაცია მეგონებოდა - მაგრამ რომელთა შესახებ ჯერაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება... აჩვენოს ყველაფერი (!), რაც მაყურებელს აინტერესებს და აღელვებს... გადაცემის სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ყველა იცნობს, მაგრამ მათი ცხოვრების შესახებ ბევრი საინტერესო დეტალი ჯერაც უცნობია“ - გავიგეთ, ბატონო, ყველაფერი გავიგეთ ამ ადამიანებზე: ვინ როდის გათხოვდა თუ დაქორწინდა, ვინ რამდენჯერ მოასწრო ან ვერ მოასწრო ეს ამბავი, ვინ ვისი შვილი და შვილიშვილის ქმრის ბიძაშვილია, ვინ რამდენი ქუჩის კენჭი იცის ზეპირად და ა.შ.

ამ გადაცემა(ებ)ში („მაია ასათიანის სინდრომს“ ვუწოდებდი) მართლაც უამრავი, მაგრამ, არაარსობრივი კითხვა ისმის, შესაბამისად, რასაკვირველია, პასუხგაუცემელი კითხვები კითხვებად რჩება. აქ ყველაზე უფრო მწვავე და აქტუალური საკითხი ყველაზე ბანალურ კონტექსტში და „ტკბილად“ განიხილება, მოკისკისე და „მოჭიკჭიკე“ წამყვანს შეუძლია, ყველაზე მტკივნეულ თემაზე საუბრისას სტუმარი ფამილარულად „გაამხნევოს“: „რა ყოჩაღი გოგო ხარ!“, „რა ჭკვიანი გოგოა, არა!“ ანდა დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პოლიტიკურ-იდეოლოგიური საკითხის განხილვისას ნინო ქათამაძეს ახლად დაბადებული შვილი შეუქოს.

0x01 graphic

ერთმანეთის მოფერება ხომ I არხის ყალბი რიტორიკის მთავარი ორიენტირია. ამაში პირველობას ალბათ მაინც კორკოტას ვერავინ შეეცილება. „სუფრულ-ჯიგრულ-ქალაქურ ამბავში“ გაკეთებული გადაცემა „იპოვე ნაცნობი“ სადღეგრძელოებითა და მითებით გამოკვებილი ეროვნული აზროვნების ზუსტი ანარეკლია, რომელიც მოგვწონს, გვიყვარს და რომლის შეცვლის (ან თუნდაც გვერდიდან შეხედვის) არანაირი სურვილი არ გვაქვს. ის კი არა, საქართველოს მიმართ სიყვარულის კოეფიციენტი რომ განვსაზღვროთ, თურმე უნდა ვიცოდეთ: „რამდენ ხინკალს მოიხმარენ ყოველდღიურად თბილისელები“ („მე მიყვარს ჩემი ქვეყანა“). ალბათ, კანონზომიერიც არის - არხზე (და მთლიანად ქვეყანაში), სადაც ხინკლის ოხშივარი ტრიალებს, ეს პარამეტრი მეტად აქტუალურია.

სამშობლოსა და ერისკაცების სიყვარულსაც ისევ მითებითა და ლეგენდებით, „სისხლისა და გენის კივილით“ გამოვხატავთ. „შემეცნებით“ გადაცემებში არათუ რაციონალიზმის, შეფასების, გადააზრების ნაკლებობაა, არამედ ხშირად ისედაც ფალსიფიცირებული ისტორიისა და რეალობის უხეში ფალსიფიკაცია ხდება ჩვენი ნაციონალისტური ვნებების სასარგებლოდ. მაგალითად, გიორგი კალანდია „ჩვენებურების“ კვალს ისეთ უცხო ქვეყნებში ეძებს, „როგორიცაა თურქეთი, ირანი, საინგილო (?!) და ა.შ.“ (ა.შ.-ში კალანდიას ლოგიკით, ალბათ, ტაო-კლარჯეთი და მსგავსი რეგიონები „ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც“ უნდა ვიგულისხმოთ!). სხვათა შორის, ისტორიულად საქართველოს შემადგენლობაში მყოფ ტერიტორიასა და დაკარგულ შვილებს კი მივტირით, მაგრამ ამავე დროს მათ არასრულფასოვან (როგორც არამართლმადიდებლებს) ქართველებად მივიჩნევთ.

ეს დისკუსია ძალზე აქტუალურია „დიდ ათეულში“, სადაც ისტორიისა და ისტორიული პიროვნებების გადააზრების მცდელობა იმის გარკვევით ხდება, ვინ შეიძლება ჩაითვალოს დიდ ქართველად: ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი (რომელსაც გამოკითხვებით 76%25 უჭერს მხარს), ქართულად მოლაპარაკე, ლამაზი (ისევ ლამაზი და ჩვეულებრივი ფაშიზმი! ყაზბეგს ან ბარათაშვილს თუ გარეგნობის კომპლექსი ჰქონდათ, ვერ არიან ღირსეული ქართველები?) თუ ა.შ. საბედნიეროდ, სტუმართა უმეტესობის არგუმენტებში ნაციონალისტური წინასწარაკვიატებები ნაკლებად ისმოდა, მაგრამ მსგავს გამოკითხვებში მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორ არის შედგენილი თავად კითხვარი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს ხოლმე ავტორ(ებ)ის მოლოდინების ლეგიტიმაციას (სხვათა შორის, არავის გასჩენია უფრო მარტივი და ლოგიკური კითხვა, რამდენად გამართლებულია კრებითი სახელების შეტანა, როგორიცაა, ვთქვათ, ასი ათასი წმინდა მოწამე ან მენშევიკები?). რასაკვირველია, ქსენოფობიით გაჯერებულ საზოგადოებაში მოთხოვნა „სუფთა სისხლის“ ეთნიკურ ქართველზე მაღალი იქნება, ისევე, როგორც ფუნდამენტალისტურად განწყობილი მორწმუნენი მართლმადიდებლობას მიანიჭებენ გადამწყვეტ მნიშვნელობას. ეს მოლოდინი გადაცემის ავტორებში არის და მისი დადასტურება ხალხისგან უნდათ - რა იცი, როდის გამოადგებათ სადემაგოგოდ: ასე ითხოვს საზოგადოება, ჩვენ კი საზოგადოებრივი ტელევიზია ვართო? ამიტომ დიდი ყურადღებით აღარც სტუმრის არგუმენტებს უსმენენ - მთავარია, დაიცვან პარიტეტი, მისცენ ყველას თანაბარი დრო აზრის გამოსათქმელად და შეინარჩუნონ გადაცემის თურმე მთავარი ღირსება: აქ ერთმანეთს უსმენენ და არ კამათობენ („ოღონდ ნუ იქნება ბუნბუნტი...“). არადა, სტალინის თემაზე როგორ გინდა კამათის გარეშე საუბარი? მუდამ რესპექტაბელური და მშვიდი ეკა ხოფერია „წამზომით ხელში“ აწყვეტინებს ქ-ნ მარიკა ლორთქიფანიძეს ლოგიკურ მსჯელობას იმაზე, თუ ისტორიული თვალსაზრისითაც რატომ არ ითვლება სტალინი დიდ ფიგურად - დრო ამოწურულია, თუ გაიგეთ, გაიგეთ, თუ არადა, რა მნიშვნელობა აქვს?

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქ-ნ ეკას სტალინი, ისევე, როგორც კოლაბორაციონალიზმი, რომელზეც თურმე თავისი პირველი სიუჟეტი გაუკეთებია, ყვავილის რაღაც ჯიში ჰგონია, რაზეც თავის კოლეგა ნინო ქაჯაიას „ეჭორავებოდა“, - სულ არ მიყვარს ყვავილები, ერთადერთი, რასაც ვუვლი, ჩემი მამამთილის ნაჩუქარი ნაძვის ხეაო (ალბათ, კეთილმა მოხუცმა სათამაშოებითურთ აჩუქა, რომლებიც ყვავილები ჰგონია?!). ორი ლამაზი ქალბატონი სიყვარულ-არსიყვარულზე წაჭორავების შემდეგ პროფესიონალურ საუბარზე გადავიდა და ქართული ჟურნალისტიკის სიამაყე ქ-მა ეკამ დასძინა: როცა ჩემი პოლიტიკური თოქ-შოუ დაიხურა, სულ ვფიქრობდი, რაზე შეიძლებოდა გამეკეთებინა გადაცემა, ყვავილებზე ხომ არ გავაკეთებდიო.

0x01 graphic

არადა, როგორ მოუხდებოდა მას ეს გადაცემა!!! ნეტავ ჰყვარებოდა ყვავილები! მით უმეტეს, რომ მართლა არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსებზე ლაპარაკობ, თუ მცენარეებზე, ანდა კულინარიაზე, ყველა შემთხვევაში ზედაპირულ, სტერეოტიპებით აღჭურვილ, მოსაჩვენებელ ტელევიზიას, ვითომდა მრავალფეროვან არხს აკეთებ, ყველა თემას რომ ეხება. ამის კვინტესენცია ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო და არარეიტინგულ დროს ჩასმული „დიალოგი როლშია“, რომლის მიზანია, გაგვაცნოს სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური სპექტრის პრობლემები. მართალია, ქვეყანაში, რომელიც მუდმივად ამაყობს თავისი მულტიკულტურულობით, სხვადასხვა ეროვნების ცოცხალი წარმომადგენლის პოვნა უმარტივესი საქმეა, მაგრამ, ვაიდა, მართლაც გაუჩნდეთ მათი სოციუმისთვის მტკივნეული და ძნელად საპასუხო კითხვები? ამიტომ თავი რომ დავიზღვიოთ, ჯობს, მსახიობებს შევასრულებინოთ „სომეხი საპოჟნიკის“, „ქურთი მეეზოვის“ და ა.შ. როლები. ამდენ დაუსაქმებელ მსახიობსაც მოვიმადლიერებთ, მათთან სტუმრად მყოფი პოლიტიკოსიც კომფორტულად იგრძნობს თავს - მას წინასწარ მომზადებულ ყველა კითხვაზე დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი ექნება.

კომენტარი N2 ანუ დასკვნის მაგიერ

თუ მიაქციეთ ყურადღება, ამ ერთ სტატიაში ძალიან ბევრჯერ მაქვს ბრჭყალები ნახმარი. ეს იმის შედეგი არ არის, რომ, ზოგადად, მიყვარს პუნქტუაცია, არამედ ამით იმ ფსევდოფასეულობების გამოხატვას ვცდილობდი, რის რეპრეზენტაციასაც ახდენს I არხი. საზოგადოებრივი არხის საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს სამ მთავარ პრინციპს: იყოს ინფორმაციული, შემეცნებითი და გასართობი. I არხის სტრატეგია მხოლოდ ამ უკანასკნელზეა გათვლილი (ვინ რითი ერთობა, ეს გემოვნების საკითხია და ამიტომ ამჯერად ამაზე არ ვიკამათებთ). ერთი მხრივ, „ლაჟვარდოვანი ვარდისფერი ქალურობის“ სუპერმეინსტრიმული „თბილი“ და „ტკბილი“ ესთეტიკა და, მეორე მხრივ, ნაციონალიზმის ინტონაციებით გაჯერებული, მითოლოგიზირებულ ისტორიასა და გმირებზე მომართული იდეოლოგია - ანუ სწორება ფალოსზე, ვერტიკალზე, ავტორიტეტზე - საზოგადოებრივი არხი ქართულად საზოგადოებრივი არხის იდეის სრულ პროფანაციას ახდენს.

11 საქართველოს „აფრიკული“ პრობლემა

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: მარკ მალენი
ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან ამირეჯიბმა

0x01 graphic

შალვა ნათელაშვილი, მართალია, საქართველოს წინაშე მდგომი პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული გზების დასახვას ვერ ახერხებს, მაგრამ თავისი საჯარო განცხადებებით ერთგვარ შუქს ჰფენს ხოლმე ქართული მსოფლხედვის ყველაზე ბნელ და დოგმატურ კუთხე-კუნჭულებს. თუ დაკვირვებიხართ, თვე არ ჩაივლის ისე, აფრიკა რომ არ ახსენოს, მეტწილად რიტორიკულად, ისე, როგორც პრიმიტივიზმის და სისასტიკის მოსახერხებელი სიმბოლო. ნეტავ, მაპუტუში ნამყოფი მაინც თუა? მე ნამყოფი ვარ. საკმაოდ კარგი ადგილია. აფრიკაში თითქმის არავინ არაფერი იცის საქართველოს შესახებ, ისევე, როგოც ქართველებმა თითქმის არაფერი იციან აფრიკაზე. ერთი შეხედვით, სადღეისოდ ეს არცთუ ისე საჭირბოროტო საკითხია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით.

სკოლაში რასებს რომ გასწავლიდნენ, გახსოვთ, როგორ იყო დასურათებული სახელმძღვანელოები? შავი რასა წარმოდგენილი იყო ბრჭყვიალა ქვებით მორთული ნახევრად შიშველი აფრიკელის სურათით, ხშირად შუბით ხელში, სულელივით რომ იღრიჭებოდა. მის გვერდით ზურგზე მძიმე ტვირთმოკიდებული აზიელის, უფრო ხშირად მოხუცი ჩინელის სურათი იყო მოთავსებული, რომელიც გაჩანაგებულ ყანაში იდგა, გათანგული, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით. აი, თეთრი რასა კი ხშირად ჩიბუხიანი, დაფიქრებული მზერის მქონე პროფესორის ან ახალგაზრდა, ვარდისფერლოყება, ქერა, სადად ჩაცმული, უმანკო და ბედნიერი გამოხედვის მქონე ქალიშვილის სურათით იყო წარმოდგენილი. ეს ფოტოები შემთხვევით არ იყო შერჩეული და გარკვეულ მესიჯს შეიცავდა: საერთაშორისო წესრიგში ჩვენ სხვებზე მაღლა, მწვერვალზე ვდგავართ. ცნება „აზიატი“ კი, თითქოს უბოროტო, მაგრამ სინამდვილეში დამამცირებელი სიტყვაა, რომლის უკანაც ის აზრი იმალება, რომ ჩვენ, ქართველები, ჩვენი ევროპელობის გამო, სხვებზე უკეთესები ვართ.

2000 წელს მეუღლესთან ერთად გავემგზავრე მალავიში, აფრიკულ ქვეყანაში, სადაც წლების წინ ვმუშაობდი. ჩემმა მეუღლემ, როგორც ლინგვისტმა, იქაურ მეცნიერებთან შეხვედრა მოისურვა და მალავის უნივერსიტეტის საენათმეცნიერო განყოფილებას ვეწვიეთ. შევხვდით ორ იქაურ პროფესორს. იმდროინდელი თსუ გახსოვთ? ახლა ადვილია ყველაფრის შევარდნაძეზე და როინ მეტრეველზე გადაბრალება, მაგრამ მაშინდელი მდგომარეობა ბევრს ნორმალურად და მისაღებად მიაჩნდა: ფულიანი მშობელი კმაყოფილი იყო, რომ მის შვილს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეეძლო სტუდენტი გამხდარიყო; სტუდენტი კმაყოფილი იყო იმით, რომ სწავლით თავი არ უნდა მოეკლა; პროფესორთა დიდი ნაწილიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს უაღრესად დაბალი სამეცნიერო სტანდარტების პირობებში; პოლიტიკოსებსაც არ უწევდათ თავის ატკივება ამ ნიადაგზე.

იმ ორი პროფესორიდან, ვისაც მალავიში შევხვდით, ერთს დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში მიენიჭა, მეორეს კი კემბრიჯში. ისინი გამოსცემდნენ ლინგვისტურ ჟურნალს, რომელიც სერიოზულ ორიგინალურ ნაშრომებს ბეჭდავდა და თავისი წვლილი შეჰქონდა მსოფლიო მეცნიერებაში. მიუკერძოებლად და სამართლიანად შერჩეული სტუდენტები კი ძალიან გულმოდგინედ სწავლობდნენ. ერთი სიტყვით, თსუ-სგან განსხვავებით, ეს ნამდვილი უნივერსიტეტი იყო.

ბევრი ჩემი ნაცნობი ქართველი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს იმას, თუ რას ნიშნავს ამერიკის პრეზიდენტად აფრიკული წარმოშობის მქონე ადამიანის არჩევა. ვინაიდან ობამას გარეგნობა არ შეესაბამება ამერიკელის იმიჯს მათ წარმოსახვაში, უჩნდებათ კითხვა: ობამა მართლა ამერიკელია? ზოგადად ქართველებს უყვართ ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება: ვინ არის, ვის მხარეზეა. მე და ჩემს ქართველ ცოლს შვილი რომ გვეყოლა, სანახავად მომსვლელები გვეკითხებოდნენ, ეს ბავშვი ქართველია თუ ამერიკელიო. ეს კითხვა, რომელიც მე ძალიან უაზროდ მეჩვენებოდა, არა თუ აზრიანი, არამედ ძალიან ბუნებრივიცაა ბევრი ქართველისთვის და მასში კარგად ჩანს იარლიყის მიწებების სურვილი. ქვეტექსტი კი შემდეგი გახლავთ: არსებობენ „ისინი“ და „ჩვენ“, და „ჩვენ“ „მათზე“ უკეთესები ვართ. ჩვენ კეთილშობილური სურვილები გვამოძრავებს, მათ კი მხოლოდ პირადი ანგარება. ჩვენი ბრძოლა თვითგამორკვევისთვის სამართლიანი და კანონიერია, მათი ბრძოლა კი მათივე სიხარბით, შურით, იმპერიალიზმით ან ბოროტებითაა გამოწვეული.

ეს ყველაფერი ცოტა გაზვიადებულად წარმოვადგინე, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ ქართველები ზედმეტად კრიტიკულები არიან სხვების მიმართ. როცა საუბარია მსოფლიოს ისეთ კუთხეზე, რომელზეც მათ წარმოდგენა არა აქვთ, ის მხოლოდ ხუმრობის საგანი შეიძლება იყოს. ხოლო თუ ისეთ ადგილზე ან ხალხზეა ლაპარაკი, რომელსაც მეტ-ნაკლებად იცნობენ, მაშინ მსჯელობა ძირითადად იმაზეა, ვის მხარეზეა ეს ხალხი თუ ქვეყანა.

ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ ბევრ ქართველს მიაჩნია, თითქოს მსოფლიო სათანადოდ ვერ აფასებს საქართველოს დიად ისტორიას და არც დღევანდელი რთული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების და მისგან გამოწვეული ტკივილის გააზრება შეუძლია. მსოფლიოსთვის მართლაც ძნელი იყო საქართველოს უნიკალური წარსულისა თუ თანამედროვეობის აღქმა, როცა ის საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად დიდ ქვეყნებსაც ეუფლებათ ხოლმე იგივე გრძნობა, საქართველოს მაინც გამოარჩევს ის, რომ ძალიან ბევრი ქართველი გარესამყაროს არაინფორმირებულობას საყვედურობს, მაგრამ თავისაზე თვალს ხუჭავს.

მე მარტო ის კი არ მაწუხებს, რომ ქართველები არასაკმარისად არიან ინფორმირებულნი, არამედ, პირველ რიგში, ის, რომ როცა საქართველო ასეთ მჭიდრო კონტაქტშია დანარჩენ მსოფლიოსთან, ქართველთა დიდ უმრავლესობას არ ესმის ამ კონტაქტის ბუნება. მთავრობის პოლიტიკაცა და მოსახლეობის მსოფლხედვაც ისეთ წარმოდგენას ემყარება საქართველოს ადგილზე მსოფლიო წესრიგში, რომელიც მცდარია როგორც საქართველოსთან, ასევე მსოფლიოსთან მიმართებაშიც.

ეს მე დიდ პრობლემად მიმაჩნია. ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საერთაშორისო საკრედიტო კრიზისი, ნავთობის ფასები, რუსული საზოგადოებრივი აზრი თუ გერმანიის შიდა პოლიტიკა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე დავა პოლიტიკურ ექსპერტებს შორის, რომლითაც უხვად არის გაჯერებული საინფორმაციო გადაცემები. ამ გავლენის ბუნება არ ესმის ხალხის უმრავლესობას და არც ცდილობს მის ჩაწვდომას.

წლების წინ აზიაშიც ვცხოვრობდი. ერთხელ შევხვდი უცხოელს, რომელიც ერთ აზიურ ქვეყანაში ქართულ დელეგაციას ახლდა. ვკითხე, ქართველებს როგორ მოეწონათ ეს ქვეყანა-მეთქი. მან დამწუხრებით მომიგო, სასტუმროდან არ გამოდიოდნენ, ისხდნენ და სულ ქართულ სამზარეულს აქებდნენო. კიდევ ამბობდნენ, აქაური ენის გაგონება გვაღიზიანებსო. ერთი მათგანი დაიჯღანებოდა ხოლმე და იტყოდა: ჩინგ ჩონგ, ჩინგ ჩონგ, ჩინგ ჩონგ-ო, დანარჩენები კი ხარხარებდნენო.

ზემოთ სასკოლო სახელმძღვანელოების მესიჯი ვახსენე. ის ყავლგასული მესიჯი ძალიან ღრმად არის გამჯდარი ქართველების გონებაში, მაშინ, როცა მსოფლიომ წინ წაიწია. დროა, ქართველებმაც იგივე ქნან.

12 ტელე-ოპუსები

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: სანდრო ნავერიანი

0x01 graphic

ვერ დავიკვეხნი, რომ სერიოზული იუმორის პატრონი ვარ, თუმცა ჩემი ცოლი ზოგჯერ ისეთი მონდომებით იცინის ჩემს ამა თუ იმ რეპლიკაზე, რომ გარწმუნებთ, მისი შემხედვარე ჩემს სიტყვებს არ დაიჯერებდით და გაიფიქრებდით, - ეს (სანდრო ნავერიანი) ჭეშმარიტად დიდი იუმორის პატრონიაო.

რომ არ მოგატყუოთ, ზოგჯერ მეც მიჩნდება ასეთი აზრები და ჩემთვის ვფიქრობ, რა მაგარია, კაცო, ეს ბიჭი?! მაგრამ მიწაზე ძალიან მალე ვეშვები. მიწაზე, ძირითადად, ქართული იუმორი მხვდება და, როდესაც ქართული იუმორს ვისმენ/ვხედავ, სულ მიჩნდება განცდა, რომ ქართული იუმორი აღარ არსებობს.

ქართული იუმორი-მეთქი, რომ ვთქვი, არ მინდა, ისე გაიგოთ, თითქოს ყველაფერი ქართული მინდოდეს და ახლა იმას ვჩიოდე, ყარაჩოხლური იუმორი სად დაიკარგა, სად წავიდა, რატომ დავივიწყეთ-მეთქი. ეგრე არ არის. ეგ კი არა, ისეთი დროა, წმინდა ქართული ხალხური სიმღერებიც კი ყურს ეხამუშება, მაკფერინის იმპროვიზაცია თუ არ არის. ერთი სიტყვით, როცა ვთქვი, ქართული-მეთქი, ვიგულისხმე კარგი, იმიტომ, რომ სული და გული მტკივა, როცა ვხედავ, რომ ქართული ნაწარმი ნაგავია და სულ მინდა, რომ ყველაფერ კარგს ქართული დავარქვა. ნაწარმს, როგორც ტრიკოტაჟს ან ბაკალეიას ნუ იგულისხმებთ, აქ უფრო გონებრივ საზრდოზე მაქვს საუბარი - იუმორზე, რომელიც პირში ჩაგვჩარეს, ჩვენ კი ან უნდა ვღეჭოთ და ვყლაპოთ, ანდა ეგრევე გადმოვაგდოთ. მე, ამ შემთხვევაში, ჯერ ვღეჭე და მერე გადმოვაგდე და ახლა ვეცდები, გითხრათ, რა გადმოვაგდე.

მე ისეთივე მწერალი ვარ, როგორიც იუმორი მაქვს, ანუ მწერალი არ ვარ, მაგრამ როდესაც მიცდია რამე დამეწერა - ნოველა, პიესა, სცენარი, - ყოველთვის იქ ვიჭედებოდი, სადაც აუცილებელია დახვეწილი იუმორი. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე რთული სწორედ იუმორის კეთებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით აპირებ მის გადმოცემას. მთავარია, გააკეთო ხარისხიანი, მაღალ ხარისხს კი ბევრი შრომა, ტვინის სერიოზული განძრევა (და არა დანძრევა) და, რაც ყველაზე მთავარია, ნიჭი სჭირდება. ეს სამივე კი ერთმანეთის გარეშე დაახლოებით ასე გამოდის - ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი.

ჩვენთან იუმორს, ძირითადად, დაუზარელი, შრომისმოყვარე უნიჭოები აკეთებენ. აბა, წარმოგიდგენიათ, კვირაში სამი იუმორისტული შოუს გაკეთება? წარმოუდგენელია და სწორედ იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, არც არაფერი გამოსდით.

დამალვას აზრი აღარ აქვს - „რუსთავი 2“-ის იუმორისტულ შოუებზე მაქვს საუბარი - „ვანოს შოუ“, „კომედი შოუ“ და „ქლაბ შოუ“. ბოლოს „ქლაბ შოუ“ ვახსენე და ამიტომაც სწორედ ამ იუმორისტული ტელე-ოპუსით დავიწყებ. პროვინციალიზმის პიკი თუ არ გინახავთ ან გაგიგიათ, რა არის ან როგორია, ამ შოუს უნდა უყუროთ და გეცოდინებათ. ჯერ ერთი, იდეა გადმოღებულია რუსული „კომედი შოუ“-დან, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ გახდებოდა ჩემი აღშფოთების მიზეზი, „ქლაბ შოუში“ მოსმენილი ასი ხუმრობიდან ერთზე მაინც რომ გამცინებოდა. იდეის გარდა, თუ არ ვცდები, მუსიკაც კი კოპი-პეისტით აქვთ გადმოტანილი. ჰყავთ წამყვანი, რომელიც უბრალოდ შეკვეხებულია ამ პროექტში, იმიტომ, რომ წამყვანმა (ნიკა ლომიძე) არათუ არ იცის, არამედ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რატომ არის ამ შოუს ერთ-ერთი მონაწილე. მაგრამ ეს იცის მაყურებელმა - ნიკა ლომიძის დანიშნულებაა, გამოაცხადოს, რომ ახლა რეკლამის დროა „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი სცენაზე გამოჩენა და ავის მომასწავებელი სიტყვების ამოხდომა დაახლოებით ლევ იაკუბოვიჩის „რეკლამნაია პაუზას“ დამახინჯებული ვარიანტია. ალბათ, გახსოვთ, ბოლო წლებში „პოლე ჩუდესის“ განუმეორებელი წამყვანი იმპროვიზაციის სიმწირეს რომ უჩიოდა და ყველა „რეკლამნაია პაუზა“ ერთი მეორეზე უხეირო და სულელური გამოსდიოდა.

არ შემიძლია, არ გავიხსენო ის სირინოზები, რომლებიც აღნიშნულ შოუში ბარზე და ბართან ცეკვავენ, თითქოს, სალმა ჰაიეკი იყოს რომელიმე და შოუს დამდგმელი რეჟისორი - როდრიგესი. ცეკვისას სირინოზების დუნდულები ასი კილო თეთრი ხორცივით თანთალებს და ამ ყველაფერს ხელს უწყობს ოპერატორების ტრანსფოკაციისკენ მიდრეკილება და განათება, რომლის წყალობითაც სირინოზი გოგონები ლაპლაპებენ.

რაც შეეხება იუმორს, ეს არის ძალიან მოძველებული და უკვე იმ მასისთვისაც მიუღებელი, რომელზეც არის გათვლილი. ასეთი იუმორი ჯერ კიდევ 90-იანების შუა პერიოდში ჰქონდა ხალხს მობეზრებული. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს იქნება „ქლაბ შოუ“ ჩვენს ცისფერ ეკრანებზე, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი - ამას ვეღარავინ გაიმეორებს, თავად შემქმნელებიც კი.

რამდენიმე წლის წინ, როცა ყველაფერი განვითარებას იწყებდა, მათ შორის იუმორისტული ტელეჟურნალისტიკაც, გაჩნდა პროვინციული ხუმრობები, ამა თუ იმ კუთხის დიალექტზე მოსაუბრე ხუმარები, იუმორი გლეხებზე, ყანაზე, თოხზე, კოლმეურნეობაზე და ასე დაუსრულებლად. ამან მაშინ გაამართლა; ყოველ შემთხვევაში ის ანეკდოტები, რომლებსაც ყოველდღე ვისმენდით მეგობრებისგან და ათასი ჯურის ადამიანისგან და რომლის მთავარი გმირებიც კახელი მიხო, იმერელი ბიჭიკიე და მეგრელი ძუკუ იყვნენ, ნამდვილად ჯობდა. მართალია, ასეთი იუმორი არ იქნება ყოველთვის აქტუალური და არც არის, მაგრამ ეს არის ის, რაც გვახსოვს, დაგვამახსოვრდა და, მიუხედავად იმისა, რომ არაფრად აღარ ვარგა, ისტორიაში დარჩა; შეიქმნა გმირები, რომლებიც ყოველთვის გვემახსოვრება. ასეთივე გმირია ანდღულაძის ნანული, რომელიც ყოველთვის გაგვახსენდება, როდესაც გავიცნობთ ვინმე ნანულის ან ყურს მოვკრავთ, რომ აი, იმ ქალს ნანული ჰქვია. თუმცა, უკვე ძალიან დიდი ხანია, ნანული აღარ არის აქტუალური, დარჩა იქ, სადაც გაჩნდა, წინ ვერ წაიწია.

ვერ წაიწია წინ ვერც „ქლაბ შოუს“, „ვანოს შოუს“ და „კომედი შოუს“ შემოქმედებითმა ჯგუფმა. როდესაც 2003 წელს „ღამის შოუს“ (თუ არ ვცდები, ამ წელს გავიდა პირველად ეთერში „ღამის შოუ“) ვუყურებდით, ჩვენთვის ახალი იყო „ჰედლაინები“, სტუმრები, რომლებიც კურიოზებს კი არ ყვებოდნენ თავისი ცხოვრებიდან, არამედ უბრალოდ, სტუმრები იყვნენ, რომლებსაც წამყვანი (დავით გოგიჩაიშვილი) იმ მხარეს მიერეკებოდა, საითაც იუმორი ყველაზე დიდი დოზით იყო. ამ კითხვა-პასუხში, გნებავთ, დიალოდიალოგში ჩნდებოდა ჩვენთვის ახალი იუმორი, იუმორი, რომელიც აქამდე შეიძლება, არც გვესმოდა. „ღამის შოუს“ აშკარად ჰქონდა პროგრესი, მართალია, ცოტათი დაგვიანებული, მაგრამ როდესაც გაგანია შოუს დროს მიშა ანდღულაძე „სტაიანშჩიკის“ ფორმით სტუდიაში პირველად შევიდა და გოგიჩაიშვილს ცოტა კუთხური დიალექტით მანქანის გადაყენება მოსთხოვა, ამან გაამართლა. გაამართლა იმიტომ, რომ ესეც ახალი იყო და, რაც მთავარია, სწორად და ზუსტ დროს გაკეთებული. მაგრამ, როდესაც ეს აღარ დამთავრდა და მიშა ანდღულაძეს მთელი ბრიგადა მოჰყვა და სტუდიიდან დღემდე არ გასულან, ეს უკვე გარდა იმისა, რომ აღარაფრად ვარგა, იმაზე მეტყველებს, რომ ამ ხალხს მეტი აღარ შეუძლია. შოუს სახელს და დეკორაციას რომ შეუცვლი, ეს შინაარსს არ შეცვლის და ამით ის არც სასაცილო გახდება.

გარდა ამისა, ეს ჯგუფი აკეთებს ისეთ იუმორს, რომელიც მხოლოდ იუმორისთვის კეთდება - იუმორი იუმორისთვის - რაც ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამართლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სპონტანურად ხდება და ძალაუნებურად გიწევს იმპროვიზირება. სპონტანური კი შეიძლება სისულელეც სასაცილო იყოს.

სულ ახალი ამბავია, „იმედზე“ დაიწყო ახალი იუმორისტული გადაცემა „ღამის შოუ“, რომელსაც ისევ ის ჯგუფი აკეთებს, რომელმაც „რუსთავი 2“-ზე გააკეთა თავის დროზე. „ღამის შოუ“ სრულიად განსხვავებულია სხვა ნებისმიერი იუმორისტული შოუსგან, რომელიც კი ქართულ ტელე-სივრცეში იქმნება. მისი ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ამ გადაცემაში ხუმრობენ, მართლა ხუმრობენ და კარგად ხუმრობენ და შენც ნასიამოვნები რჩები.

რატომ ხდება ასე, რას აკეთებს „ღამის შოუს“ ჯგუფი ისეთს, რასაც, ვთქვათ, ვერ აკეთებს „ვანოს შოუს“ შემოქმედებითი ჯგუფი? არადა, „ვანოს შოუ“ „ღამის შოუს“ ნარჩენია - ოდესღაც სწორედ ვანო ჯავახიშვილმა ჩაანაცვლა დათო გოგიჩაიშვილი და სახელიც სწორედ ამის შემდეგ შეეცვალა, თუმცა ეს არ არის საინტერესო. საინტერესოა ის, რომ ამ ორი იუმორისტული შოუდან ერთი სრულიად უვარგისია, მეორე კი - კარგი. არადა, ორივე შოუ კეთდება ერთ ძალიან პატარა სივრცეში სახელად საქართველო, მაგრამ ერთნი ვერ იჭერენ საინტერესო თემას, რომელზე ხუმრობაც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, მეორენი კი - არააქტუალურ და უინტერესო თემასაც კი საინტერესოდ გიყვებიან და, რაც მთავარია, შენ (ყოველ შემთხვევაში, მე) ამაზე გეცინება. მათ შეუძლიათ, ატრიალონ ერთი და იგივე თემა ისე, რომ არ მოგაბეზრონ არც თემა და არც საკუთარი თავი. მაგალითად, რაც ახალი „ღამის შოუ“ დაიწყო, წამყვანები ყოველ გადაცემაში წერენ წერილს, რომლის ადრესატიც არის ბარაკ ობამა. ყოველ წერილში ისინი ობამას უხსნიან, თუ სად არის საქართველო, როგორია ის, როგორები ვართ ქართველები და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თემაც და ადრესატიც ერთი და იგივეა, პირადად მე მომდევნო გადაცემას ველოდები, რომ ვნახო, რას მისწერენ ახალს ობამას, იმიტომ, რომ ვხედავ და მესმის, რომ მათ შეუძლიათ, თელონ ერთი და იგივე თემა და თავი არ მოგაბეზრონ.

ამას ვერ აკეთებს ჯავახიშვილის და ანდღულაძის ჯგუფი და ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, ნანული; თუნდაც პროვინციული - არა კუთხური, არამედ პროვინციული იუმორი; თუნდაც ჟესტიკულაცია და მიმიკა, რომლის წყალობითაც ცდილობენ, გადაფარონ უხერხულობა, რომელიც მათმა უხარისხო იუმორმა გამოიწვია. პროვინციულ იუმორს მინდა მივუბრუნდე იმისთვის, რომ რაღაც გაუგებრობა არ მოხდეს და ვინმემ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. როდესაც ვამბობ „პროვინციული იუმორი“, ვგულისხმობ ცუდ, უგემოვნო იუმორს და არავითარ შემთხვევაში კუთხურს, მაგალითად კახურს, სვანურს ან იმერულს. საერთოდ, ცნობილია, და ეს ყველამ კარგად იცის, რომ ქართველებს კარგი იუმორი გვაქვს; არა - საუკეთესო, მაგრამ კარგი. ამის მაგალითია საქართველოს ნებისმიერი კუთხის ნებისმიერი სოფლის ნებისმიერი ბირჟა, სადაც გამორიცხულია ერთი საათი აბირჟავო და ბევრი არ იცინო. ეს კუთხური იუმორი ყოველთვის იქნება ხარისხიანი, თუ მას კარგად გადმოსცემ, მაგალითად ისე, როგორც ეს დუმბაძემ გააკეთა თავის ყველა რომანსა თუ მოთხრობაში. შეიძლება, ის არ იყოს უმაღლესი ხარისხის იუმორი, მაგრამ იყოს კარგი. და როდესაც კახელები თავის მეგობარს, რომელსაც ცალ ყურში ესმის, „მონოს“ ეძახიან, ეს კარგია.

„რუსთავი 2“-ის იუმორისტები სწორედ ამ ხაზზე - სოფელზე - სხედან და მათ ჰგონიათ, რომ თუ ქუთაისურად ან ზესტაფონურად მოუქცევენ, ეს აპრიორი სასაცილო იქნება. ასე არ არის და მეტიც, ისინი აბიაბრუებენ იმ იუმორს, რომელიც მართლა კარგი და სასაცილოა. და კიდევ, ზოგჯერ მიჩნდება განცდა, რომ მათი ხუმრობების შემდეგ ადამიანების გარკვეული ნაწილი შეურაცხყოფილი რჩება იმავე იმერეთში, კახეთსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

„რუსთავი 2“-ის იუმორისტებს ახასიათებთ კიდევ ერთი ჩვევა. თუმცა, შესაძლებელია, ეს არა ჩვევა, არამედ შოუს ელემენტი იყოს. საუბარი მაქვს ჟესტიკულაციაზე და სახის გამომეტყველებაზე. თუ დაკვირვებიხართ, მაშინ, როცა დარბაზი არ იცინის ამა თუ იმ ხუმრობაზე, შოუმენები ჟესტებით და მიმიკით თამაშს იწყებენ - მიიღებს ბრიყვულ გამომეტყველებას, ხელებს გაშლის, ტუჩებს შეკუმშავს და თავს აქეთ-იქით გააქნევს - ანუ, ხუმრობა არ გამომივიდა და ვაღიარებო. ამაზე სტუდიაში მყოფ მაყურებელს ეღიმება, ტელემაყურებელს - ისევ არ აქვს რეაქცია. თუ ამანაც არ გაჭრა, მაგალითად ვანო ჯავახიშვილი გადადის საკუთარ თავზე (რომელიც მხრებზე ადგას) და ისე უმოწყალოდ ხუმრობს საკუთარი თავის გაუგებრად დიდ ზომაზე, რომ მაყურებელში, სიცილის მაგივრად, გულის და თავის ტკივილს იწვევს.

რა ხდება ამ დროს „ღამის შოუში“? წამყვანი გიორგი ჯანელიძე კამერის წინ დგას, ადგილიდან არ იძვრის და მონოლოგს კითხულობს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჯანელიძეს ძალიან სასაცილო დგომა აქვს, მაყურებელი მის სტატიკას ყურადღებას არ აქცევს, იმის გამო, რომ მან ტექტსზე/მონოლოგზე ბევრი იმუშავა, დახვეწა და ეს იმ დონეზე გააკეთა, რომ არ დაგიტოვა სხვა შანსი - შენ უსმენ, და ყოველი დასრულებული წინადადების შემდეგ მომდევნოს ელოდები, იმიტომ, რომ არ იცი, როგორ გააგრძელებს, რას გეტყვის ისეთს, რომ მომდევნო ფრაზა წინაზე სასაცილო იყოს. მაგალითად, როცა ჯანელიძემ მითხრა, - აეროპორტში წვიმდაო, - მე არ ვიცოდი, რა იქნებოდა შემდეგი ფრაზა, რა მოხდებოდა მაშინ, როცა აეროპორტიდან გავიდოდა. აღმოჩნდა, რომ გარეთაც წვიმდა.

კარგი იუმორი კარგ გუნება-განწყობაზე რომ გაყენებს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ კარგ იუმორს აქვს კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფუნქცია. როცა რაღაც სასაცილოს მიყვები, მე გისმენ და ვხვდები, რომ ეს სასაცილოა, ამ მომენტში ვაზროვნებ, ჩემი ტვინი ხურდება, სენსორები მეძაბება, ემოციით ვიმუხტები და შენი მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ამ ერთი ამბით ამდენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოცია განმაცდევინე - ვაშა, მე ვაზროვნებ, მე სხარტად ვრეაგირებ შენს სხარტად და მოქნილად ნათქვამ ხუმრობაზე. მაგრამ როდესაც შენ რაღაც სულელურ ანეკდოტს მიყვები, ან იმაზე ხუმრობ, თუ როგორ ფენს სარეცხს საცობში მოყოლილი ქალი მძღოლი(რაც არასოდეს არ მომხდარა და ასეთი მოგონილი იუმორი, ანუ იუმორი იუმორისთვის შოუს ვერ გააკეთებს), მე კი, რა თქმა უნდა, არ მეცინება, ესე იგი, შენ რას შვრები, მატყუებ? მაჩლუნგებ? ლობიო გგონივარ? გინდა რო, რაღაც ისეთი შემომტენო, რაზეც ერთი წუთიც არ გიფიქრია და წვეთი ოფლი არ დაგიღვრია? არ გამოგივა, იმიტომ, რომ ეს ერთი შეხედვით და მოსმენით ჩანს.

კარგი იუმორის კეთებას დიდად განაპირობებს იმპროვიზაციის უნარი, სპონტანურობა. ამის ძალიან კარგი მაგალითია იგივე „ღამის შოუს“ პრესის მიმოხილვა (და იყო „ცოცხალი შოუ“ „რუსთავი 2“-ზე). სტუდიაში ოთხნი სხედან და მაგიდაზე დაყრილ უამრავ ჟურნალ-გაზეთს ათვალიერებენ. მიუხედავად იმისა, რომ „ღამის შოუს“ პრესის მიმოხილვა დინამიური არ არის (იმის გამო, რომ სცენარის მიხედვით არ მოქმედებენ და მხოლოდ მათ იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული შოუს და კონკრეტული ბლოკის წარმატება), იმის ლოდინი, თუ როდის ამოიკითხავს გაზეთში რომელიმე წამყვანი ამა თუ იმ წინადადებას, რომელზეც შემდეგ რეპლიკა უნდა მოაყოლოს, საერთოდ არ გაღიზიანებს, რადგან იცი, რომ მათთვის არ არის აუცილებელი, გაზეთში რამე მეგა-სასაცილო ამოიკითხონ და შემდეგ იმაზე გახურდნენ, ისინი არ ეძებენ გრამატიკულ შეცდომებს, უბრალოდ ეძებენ თემას, რომელზეც შესაძლებელია ხუმრობათა სერია ააგონ. მათ შეუძლიათ გზადაგზა იაზროვნონ, მახვილი სწორად დასვან, გადააკეთ-გადმოაკეთონ ესა თუ ის ფრაზა, შეუძლიათ ერთი და იგივე ამბავი რამდენჯერმე მოგიყვნენ, ოღონდ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მისცენ და ის მუხტი არ დაგაკარგვინონ, რაც დასაწყისში მოგცეს. ეს მართლაც ძალიან კარგი მაგამაგალითია იმისთვის, რომ დარწმუნდე, როგორი მნიშვნელოვანია იუმორში იმპროვიზაცია. აი, ძალიან ცუდი მაგალითია „ვანოს შოუ“. მიუხედავად იმისა, რომ „ვანოს შოუ“ და „ღამის შოუ“ ორივე პარასკევს გადის ეთერში და ორივეს აქვს პრესის მიმოხილვა, „ღამის შოუს“ პრესის მიმოხილვა ყოველთვის კარგია, „ვანოს შოუში“ კი პრესის მიმოხილვაც ისეთივეა, როგორიც სხვა ყველაფერი. არადა, ვანოს პრესის მიმოხილვა დადგმულია, გავლილი, გადაკითხული და მონიშნული, თუ რაზე უნდა იხუმროს და რაზე არა, მაგრამ მაინც არ არის სასაცილო, იმიტომ, რომ წინასწარ დაწერილს და შემდეგ წაკითხულსაც სჭირდება იმპროვიზაცია. ეს დაწყევლილი იმპროვიზაციის უნარი კი არ აქვს ვანო ჯავახიშვილს და რა ქნას?! კი შვება, რაც ზევით გითხარი იმას - სახის კუნთებს ათამაშებს და საკუთარ თავზე (რომელიც მხრებზე ადგას) ხუმრობს, მაგრამ ყელშია უკვე ამოსული ეს თვითირონია, რომელიც თავის ქალის გარშემოწერილობას და ფორმას ვერ სცდება.

მოკლედ, საქართველოს ტელე-სივრცეში იუმორისტთა ორი ჯგუფი არსებობს. ეს ჯგუფები, სულ ახლო წარსულში ერთ ქვაბში იხარშებოდნენ და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ასდიოდა მათ რაგუს გემრიელი სუნი, მაგრამ როგორც კი ერთმანეთს გამოეყვნენ, აღმოჩნდა, რომ ერთი ჯგუფი ზრდიდა მეორეს, მეორე კი ვეღარ განვითარდა. მათმა განუვითარებლობამ ჩვენამდე მოიტანა ისეთი ოპუსები, როგორიც „ვანოს შოუ“, „ქლაბ შოუ“ და „კომედი შოუ“ არის. და კიდევ ის ვირი სანდრო, რომელიც ვითომ ვირია, სინამდვილეში კი ყველამ იცის, იმ ვირს ვისი ხმა აქვს და ვისი ტვინი ამუშავებს.

ეს ჯგუფი ერთ ადგილას გაიყინა. ისინი ვერ მიხვდნენ, როდის შეწყვიტა ხალხმა მათ ხუმრობებზე სიცილი, მაგრამ ისინი ჯიუტად ცდილობენ, ისევ ამით გამოკვებონ მაყურებელი. ვიღაცები ამას დღემდე ჭამენ და სწორედ ამიტომ, შეიძლება, რეიტინგულიც არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეთერში გასაშვებია. როგორც ყველაფერს ამქვეყნად, იუმორსაც უნდა აღზრდა და თუ ამ საქმის (ახალი ქართული იუმორისტული შოუს ჟანრის) პიონერი ხარ, მაშინ ბოლომდე პიონერად დარჩი და საზოგადოება იუმორის ახალ-ახალ საფეხურებზე აიყვანე. და თუ არ შეგიძლია, სცადე მაინც. აქ მცდელობაც კი არსად ჩანს.

თუმცა, მათი განუვითარებლობა არ მაძლევს იმის უფლებას, რომ დავივიწყო ის სახეები და პერსონაჟები, რომელიც მათ შექმნეს. ხშირად გაიგონებთ ფრაზებს, რომლებიც სწორედ მათ ეკუთვნით; ხშირად ნახავთ, რომ მათ გმირებს ბაძავენ ადამიანები... მაგრამ ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რაც მათ უკვე გააკეთეს და ვეღარ აკეთებენ და, ჩემი აზრით, იქამდე ვერ გააკეთებენ, ვიდრე მცირე პაუზას არ აიღებენ და არ გამოვლენ იმ სივრციდან, საიდანაც მთელი ეს სისულელე (ანუ, მათი იუმორი) გამოაქვთ. სხვანაირად ვერ ვხედავ მათი განვითარების პერსპექტივას. აი, დავით გოგიჩაიშვილს და მის ამფსონებს კი აშკარად ეტყობათ, რომ განვითარდნენ. ეს აშკარა ხდება მაშინ, როცა მათ შოუს უყურებ.

არ მინდა, ვინმემ ცილი დამწამოს და გოგიჩაიშვილთან ან მის გუნდთან მეგობრობა დამდოს ბრალად (ბრალიც ეს არის!). ან ის დამწამოს, რომ ანდღულაძის ან ჯავახიშვილის მიმართ მქონდეს რამე პირადი წყენა. ასე ნამდვილად არ არის, არც ერთს ვიცნობ, არც - მეორეს და არც - მესამეს. მაგრამ სუბიექტური ნამდვილად ვარ. თუმცა, აქაც აღსანიშნია ის, რომ ობიექტურად ვარ სუბიექტური.

ზემოთ ვთქვი, - მწერალი არ ვარ-მეთქი, - მაგრამ ის არ მითქვამს, - კარგ და ცუდ რომანს ვერ ვარჩევ-თქო. მე ძალიან კარგად ვარჩევ კარგს და ცუდს ერთმანეთისგან და იმის გამო, რომ მე ვერ ვარ სერიოზული იუმორის პატრონი, არ ნიშნავს, რომ ვერ ვხვდები, რომელია კარგი და ცუდი იუმორი. ამიტომაც ვთვლი, რომ ობიექტურობამ მიბიძგა ვყოფილიყავი სუბიექტური (სიტყვების თამაშია რა!).

ბოლოს კი, გულწრფელად მინდა ვუსურვო ყველას - მწარმოებელსაც და მომხმარებელსაც, აკეთონ და მიიღონ ყველაფერი ხარისხიანი, მათ შორის იუმორი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს კარგი და იყოს კარგი ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, იმიტომ, რომ იუმორი ერთადერთია, რაც ყოველთვის გაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.

13 აირჩიე შენი წარსული!

▲ზევით დაბრუნება


კომენტარი

ავტორი: ნინო რობაქიძე

0x01 graphic

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამიერიდან ისევ პირველი არხია, ისევ თავიდან იწყებს და თავიდან ცდილობს, გახდეს საზოგადოებრივი. ეს გეცოდინებათ. ალბათ უკვე ისიც იცით, რომ განახლებული პირველი არხის პროგრამაში პარასკევი საღამოს პრაიმ თაიმი ეკა ხოფერიამ და დაჩი გრძელიშვილმა დაიკავეს გადაცემით „დიდი ქართველი“.

გადაცემის ორიგინალური პროექტი Great Britain 2002 წელს ინგლისში განხორციელდა BBC TWO -ზე. პროექტი უცებ გახდა პოპულარული, რაც პრინციპში მოსალოდნელიც იყო. ეს იყო ლეგენდების შეჯიბრი, ცოცხალი და წარსული გმირების გამორჩევა. საუკეთესო ბრიტანელის წოდების მოსაპოვებლად შექსპირი და ქვეყნის იმდროინდელი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ერთ რიგში იდგნენ. ერთმანეთს ბრიტანელი ხალხის სიყვარულში ეჯიბრებოდნენ ინგლისის ცოცხალი დედოფალი და დედოფალი ელიზაბეტ I; მკვდარი ჯონ ლენონი და ცოცხალი პოლ მაკარტნი. ასე მოხვდნენ ლენონი, შექსპირი, დედოფალი ელიზაბეტ I და პრინცესა დიანა დიდი ბრიტანელების პირველ ათეულში.

პრინციპი, რომლითაც დიდი ბრიტანელი ირჩეოდა, უმარტივესი იყო: „ყველა, ვინც დაიბადა ბრიტანეთის კუნძულებზე, მათ შორის ირლანდიაში, და ყველა, ვინც ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე და ვინც რაიმე განსაკუთრებული როლი ითამაშა ბრიტანეთის ცხოვრებაში, შეიძლებოდა გამხდრიყო დიდი ბრიტანელის ტიტულის მფლობელი“. არჩევანი მთლიანად ხალხზე იყო დამოკიდებული.

აირჩიე შენი გმირი!

ბრიტანული პროექტი ძალიან მალე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. საქართველო 26-ე ქვეყანაა, რომელიც საკუთარ გმირს აირჩევს. „აირჩიე შენი გმირი!“ - ასე ჟღერს „დიდი ქართველის“ დევიზი. პროექტის გადაღებისას პატარა კორექტივები ყველა ქვეყანას შეჰქონდა საკუთარ შოუში, თუმცა ქართველებმა ერთი ყველასგან განსხვავებული პრინციპი დაამატეს დიდი ქართველის არჩევის კრიტერიუმებს: ჩვენ გმირს აუცილებლად წარსულიდან ვირჩევთ.

პრაგმატულად რომ ვიმსჯელოთ, ძალიანაც ბევრი დაკარგა პროექტმა ამ გადაწყვეტილებით - წარმოიდგინეთ, თუნდაც სანახაობის თვალსაზრისით, რომელიმე ცოცხალი „გმირის“ მხარდამჭერი აქციების მასშტაბურობა.

ჯერჯერობით რეიტინგებით პროექტში გამოყოფილი 100 დიდი ქართველის სიას საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია ლიდერობს. ზოგადად ასეთი კამპანიების დროს ამომრჩევლისთვის კანდიდატის სახელის როგორც დადებით ისე უარყოფით კონტექსტში შეხსენება ხმების აკრეფისას კარგად მუშაობს ხოლმე. ამიტომ არ ვიცი, როგორ იმოქმედა კინოფესტივალ „პრომეთეს“ გახსნაზე პირველი პრეზიდენტის ქვრივის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიერ მოწყობილმა პიკეტმა ზვიად გამსახურდიას რეიტინგზე.

არ არის გამორიცხული, სადმე აქვე საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტიც აღმოჩენილიყო და უკვე წარმომიდგენია მისი მხარდამჭერი აქციები - კამპანიის ჰიმნი იქნებოდა „ჩემი გმირი გიწოდე... გაიმარჯვებ იცოდე...“, მხარდამჭერები ყველაზე აქტიურიც ჩვენს პრეზიდენტს ეყოლებოდა - სტუდენტური თვითმმართველობებიდან დაწყებული პატრიოტებით დამთავრებული - ერთი დიდი ყიჟინა მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ჩვეულებრივი არჩევნების დროს „ადმინისტრაციული რესურსის“ აქტუალობის ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, დარწმუნებული ვარ, წარსულის ვერც ერთი გმირი ვერ გააჩაღებდა ასეთ კამპანიას.

ჯერჯერობით რეიტინგში მეორე ადგილზე დიდი ქართველი მეფე დავით აღმაშენებელია. არავის უკვირს - 16 წლის მანძილზე ორი წაგებული ომი, დაკარგული ტერიტორიები. აღმაშენებელი და თანაც მეფე ალბათ ისაა, რაც ქვეყანას არამარტო ტერიტორიულ, ბევრის აზრით, პოლიტიკურ მთლიანობასაც დაუბრუნებდა - მორჩებოდა ეს გაუთავებელი ბრძოლა პირველობისთვის, იქნებოდა ორჯერმირონცხებული მეფე და აყვავდებოდა ქვეყანა.

გამოკითხულ მაყურებელთა 70%25 თვლის, რომ დიდი ქართველი აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს. მხოლოდ 3%25-სთვის არ აქვს რელიგიურ კუთვნილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ისიც, რომ მიმდინარე რეიტინგის პირველ ხუთეულში სამი ნომინანტი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული. რომ არა ჩვენი გმირების წარსულში ძებნის პრინციპი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II აუცილებლად იქნებოდა ამ რეიტინგის ნომინანტებში. მოკლედ, სურათი შეიცვლებოდა და არა მარტო რეიტინგში.

ვინ არის ქართველი?

როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი ჰქონდათ პროექტის ავტორებს სამუშაო პროცესის დასაწყისშივე. 10 ექსპერტული ფოკუს ჯგუფი მუშაობდა დიდი ქართველის ტიტულის შესაძლო ნომინანტების პირველად სიაზე. ამას დაემატა პროექტის გუნდის, მათ შორის, ბიბლიოგრაფების მიერ ექსპერტული კვლევის ფარგლებში შეგროვებული სხვადასხვა სფეროს მუშაკთა მიერ მომზადებული პოტენციურ ნომინანტთა სია, შემდგომ კი მოხდა მათი შეჯერება.

პირველად სიაში, რომელიც 420 გამოჩენილი ადამიანის ჩამონათვალს სთავაზობდა ქართველებს, მოხვდნენ ინგლისელი მთარგმნელი მარჯორი სკოტ უორდროპი, ჩეხი მომღერალი იოსებ რატილი, გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, ნიკო მარი და კიდევ ბევრი ეთნიკურად არაქართველი საზოგადო მოღვაწე. უნდა გამოვტყდე, რომ მიუხედავად მათი დამსახურებისა საქართველოს მიმართ, საერთოდ არ გამიკვირდა, რომ ვერც ერთი მათგანი დიდი ქართველების ასეულში ვერ მოხვდა. ამ ასეულში ვერ მოხვდა ვერ ცერთი ეთნიკურად არაქართველი ქართველი. მაგალითად სერგო ფარაჯანოვი, საიათნოვა. რატომ უნდა გამკვირვებოდა, როცა ვიცოდი, რომ გამოკითხულთა 72,3%25 თვლის, რომ დიდი ქართველი ეროვნებით ქართველი უნდა იყოს.

დიდი ქართველი თუ დიდი ქართველები?

ტელე-პროექტმა „დიდი ქართველი“ 14 დეკემბერს რეიტინგში პირველი ასეულის სია წარმოადგინა. ამ სიას თუ ბოლომდე წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ დიდი ქართველის ტიტული შეიძლება არა ერთს, არამედ რამდენიმე ადამიანს ერგოს. მაგალითად - შეიძლება სამას არაგველს ან ცხრა ძმა ხერხეულიძეს; ან სულაც „უცნობ გმირებს, რომელთა სახელებიც ჩვენთვის უცნობია, თუმცა მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე - განუზომელი“. ასეულში კიდევ ერთი ჯგუფია - ცისფერყანწელები. სამასი არაგველისგან და ცხრა ძმა ხერხეულიძისგან განსხვავებით, ცისფერყანწელების ვინაობა ვიცით და რატომ ვირჩევთ პოეტების ჯგუფს, როცა შეიძლება ერთი მათგანი იყოს ჩემთვის გმირი და მეორე არა, ვერაფრით ვერ ვხვდები. თუმცა ნომინანტთა სიაში ჯგუფების არსებობა საინტერესო იქნება პროექტის იმ ეტაპზე, როცა ადვოკატები მათ მიერ არჩეული ნომინანტების დაცვას შეუდგებიან.

ადვოკატები საერთოდ ბრალდებებისგან იცავენ და ამართლებენ ბრალდებულს, წარმოადგენენ მათ ინტერესებს. საინტერესოა ოპონირების პრინციპი - როცა ერთი ადვოკატი მოჰყვება ივანე ჯავახიშვილის დამსახურებებზე, მეორე უნდა მოჰყვეს ფეხბურთელ მიშა მესხის ნიჭზე და მერე ჩვენ ავირჩევთ რომელს მეტი დამსახურება აქვს? თუ იქნება ბრალმდებელი? ვინ უნდა იყოს ის, ვისაც არ გაუჭირდება გულახდილად ისაუბროს, მაგალითად, წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძის ცხოვრების შესახებ? აი, მაგალითად მახსოვს, „ჩუბჩიკა“ წერდა წიგნს საქართველოს ისტორიის რამდენიმე გაყალბებულ ეპიზოდზე და, რა თქმა უნდა, თავის ბრალდებებს ასაბუთებდა კიდეც.

ძალიან ცოტა მეგულება ისეთი ადამიანი, ვინც აბსოლუტურად ვოლუნტარისტულად გადაწყვეტს, ისაუბროს ტაბუდადებულ თემებზე და არ შეეშინდეს, დაიმსახუროს საზოგადოების თუნდაც ნაწილის რისხვა.

გადამწყვეტი ფაზა

მოკლედ, ტელე-პროექტი, რომელსაც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, უკვე გადამწყვეტ ფაზაში გადადის. შერჩეული 100 ნომინანტიდან მომდევნო ეტაპზე დარჩება უმაღლესი რეიტინგის მქონე 50 კანდიდატი. შენი გმირისთვის ხმის მიცემა „დიდი ქართველის“ ვებ-გვერდზე, საქართველოს ბანკის ოფისებში არსებული ბროშურებით, გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჩანართებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შეიძლება. პროექტის ავტორები გვაფრთხილებენ, რომ ამ ეტაპზე ხმების დუბლირება გარდაუვალია, თუმცა ეს დასაშვებია, რადგან ნომინანტების თანაბარ შანსებს არ გამორიცხავს.

პროექტის შემდეგ ეტაპზე 50 ნომინანტიდან აირჩევა საქართველოს დიდი ათეული და ბოლოს გამოვლინდება დიდი ქართველიც. და მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს ეს პროექტი და ვის - არა, ვინ მონაწილეობს აქტიურად და ვინ - არა, ფაქტია, რომ პროცესიც და შედეგიც ძალიან სერიოზული ფიქრის საფუძველს იძლევა: რატომ გვეშინია აწმყოსა და წარსულის შეჯიბრების? რატომ ვერ ვუსწორებთ მომავალს თვალს?

14 არშემდგარი დისკუსია

▲ზევით დაბრუნება


დისკუსია

ავტორები: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ორიოდე კვირის წინ, „ევროკომისიის“ეგიდით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებსა და BBC World Trust-ის ექსპერტებს შორის. ამ შეხვედრაზე წარადგინეს BBC-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-თვიანი თანამშრომლობის პროექტი, რომელიც გულისხმობს კონსულტაციებს საინფორმაციო გადაცემებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების ფარგლებში, ასევე, რეკომენდაციების შემუშავებას არხის მენეჯმენტისათვის. BBC World Trust-ის ამოცანა სამეთვალყურეო საბჭოს საკანონმდებლო, ფინანსური და რეალური დამოუკიდებლობის გაზრდის ხელშეწყობაცაა.

მოხსენებების პარალელურად, მოეწყო დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ახალ სატელევიზიო სეზონზე, სადაც BBC-ის ექსპერტებისაგან მივიღეთ პასუხები რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე. აქედან გამოვყოფ უმთავრეს პოსტულატებს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი ინფორმირებას, შემეცნებასა და გართობას შორის და ეცადოს, შექმნას პროფესიონალიზმისა და მაუწყებლობის ხარისხის ყველაზე მაღალი სტანდარტი; საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას და ვალდებულია პასუხობდეს არა მხოლოდ ერთი ქალაქის, უბნის, ერთი სოციალური თუ საზოგადოებრივი ფენის, ერთი ეთნოსისა თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლის ინტერესებს, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესს - საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველასათვისაა. და „ყველა“ გულისხმობს ყველას! საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მნიშვნელოვანი ვალდებულებაა იყოს საგანმანათლებლო-შემეცნებითი და ხელი შეუწყოს ღირებულებებისა და სამოქალაქო პრინციპების ჩამოყალიბებას. საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის რეიტინგზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მთელი საზოგადოების „დაფარვაა“ და პროგრამული ბადეც - საზოგადოების ყველა ფენის ინტერესებზე მორგებული. რამდენად პასუხობს განახლებული პირველი არხი ამ სტანდარტებს და რამდენად ცდილობს ის, იხელმძღვანელოს იმ პრინციპებით, რასაც BBC სთავაზობს?

„ცხელი შოკოლადის“ დისკუსიის მონაწილეები იყვნენ: ნინელი იშხნელი, კვლევითი ცენტრის, IPM-ის მარკეტოლოგი, რომელმაც დისკუსიის მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით შესრულებული „ფსიქო-დემოგრაფიული“ კვლევის შედეგები გააცნო; გია ჭანტურია, „1 არხის“ დირექტორის მოადგილე; ლევან გახელაძე, არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი; ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი; სოფო ჭაავა, გადაცემა „ცხოვრება მშვენიერიას“ პროდიუსერი; დავით მაკარიძე, გრაფიკული დიზაინერი; მოდერატორები: ნინო ბექიშვილი და შორენა შავერდაშვილი.

შორენა შავერდაშვილი - „ცხელმა შოკოლადმა“ წლის განმავლობაში გამართა დისკუსიები ჯერ სამეურვეო საბჭოს, შემდეგ კი დირექტორის არჩევნებზე. დღეს მინდა, ყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლის, I არხის ახალ სეზონზე ვისაუბროთ. მუდმივად მესმის არგუმენტი, რომ რა მოთხოვნაცაა, ისეთივეა მიწოდება, და ახალი არხი კარგად ასახავს ჩვენი საზოგადოების გემოვნებას.

ლევან გახელაძე - დავიწყოთ იმით, პასუხობს თუ არა I არხი საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს. პროგრამული გადაწყვეტილებები ყოველთვის არ ემყარება გამოკითხვებს, უმეტეს შემთხვევაში ემყარება საღ აზრს, ლოგიკას, პროფესიონალიზმს. და ასეც უნდა იყოს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ - საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა ყოველსაათიანი ახალი ამბები და, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, საინფორმაციო გადაცემების რაოდენობა შევამცირეთ. უფრო ეფექტურია, ოთხ საათში ერთხელ აჩვენო და დატვირთული იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რა უნდა გადიოდეს, ამის რეცეპტები არ არსებობს, მაგრამ არსებობს ემპირიული გამოცდილება - თითქმის თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია, საინფორმაციო გამოშვებები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემები, ერთი მესამედი უნდა ეთმობოდეს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებს, და ერთი მესამედი - გასართობ პროგრამებს. აქამდე არხი არ პასუხობდა ამ მოთხოვნებს, ადრე დარღვეული იყო კანონზომიერება პირველი ორის სასარგებლოდ, ახლა დარღვეულია გართობის სასარგებლოდ. როცა არხის რეიტინგი ნულს უდრიდა, მენეჯმენტით გადაწყდა, რომ ცოტა მეტი გასართობი გადაცემა ყოფილიყო. ამას ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა და სუბიექტურიც. ობიექტური ისაა, რომ არხის მაყურებელთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

იაგო კაჭკაჭიშვილი - ხალხი ფულს ისეთ სანახაობაში იხდის, რასაც სხვა არხზე ვერ ნახავს. ამიტომ რეიტინგული გადაცემები უნდა იყოს კომერციულ არხებზე.

გია ჭანტურია - ეგ, ბოდიში, მაგრამ აბსურდი და სისულელეა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ ეს არხი ყურებადი გაგვეხადა. მოამბეში სენსაცია რომ გეთქვა, მეორე დღეს არავის ეცოდინებოდა, იმიტომ, რომ არავინ უყურებდა.

ლევან გახელაძე - მომავალში სამეურვეო საბჭოსთვის, რომელიც განსაზღვრავს პროგრამულ პრიორიტეტებს, მთავარი ამ ბალანსის დაცვა იქნება. პირველი - ბალანსი უნდა იყოს დაცული პრიორიტეტების დაგეგმვის დროს, და მეორე - მენეჯმენტს, როგორც წესი, ხელი გაურბის უფრო მეტი გასართობი პროგრამის მოსაზიდად, იმიტომ, რომ ასეთი გადაცემები რეიტინგიანია; და საბჭომ ეს გაწვდილი ხელი უნდა დაუჭიროს. საბჭო მომავალი წლიდან აპირებს, მენეჯმენტისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევები ჩაატაროს, რათა პროგრამული პრიორიტეტების შესახებ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს საკანონმდებლო ვალდებულებაცაა. მაგალითად, მე არ ვიცი, რას ელიან ეთნიკური უმცირესობები ამ არხისგან. კანონში გვიწერია, რომ მათი მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ. მენეჯმენტს ექნება მარკეტინგული ხასიათის კვლევები, საბჭომ ეს უნდა დააბალანსოს. საზოგადოებრივი კვლევები წელიწადში ორჯერ უნდა ტარდებოდეს. ერთი კვლევა მომავალ დაგეგმარებას უნდა უწყობდეს ხელს, მეორე კი აფასებდეს ტელეპროდუქტის ხარისხს.

შორენა შავერდაშვილი - რაც ეთერში გადის, იმ გადაცემების შინაარსში თუ ხედავთ რაიმე პრობლემას?

ლევან გახელაძე - ამ შემთხვევაში ვერ დაგელაპარაკებით საბჭოს სახელით, იმიტომ, რომ ორშაბათს საბჭოს წევრებმა უნდა მოიტანონ შეფასებები და ამის მიხედვით რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ. მე შემიძლია, რამდენიმე პროექტზე ვთქვა, რომ არ მომწონს და მათ მენეჯმენტმა უკვე უჩვენა ყვითელი ბარათები. მაგრამ ამ პროექტებს ახლა არ დავასახელებ.

შორენა შავერდაშვილი - რატომ?

გია ჭანტურია - არ მგონია, საბჭოს ხელმძღვანელის მიერ საჯაროდ ნათქვამმა კარგად იმოქმედოს ამ გადაცემის ავტორებზე.

ლევან გახელაძე - მათ გაფრთხილება უკვე მიიღეს, იციან, რა ვადებში უნდა გამოსწორდნენ. სულ 4-5 გადაცემაა და, საბჭოს წევრებს მათ მიმართ უკვე პრეტენზია აქვთ. იმ ადამიანებს შანსი უნდა მივცეთ. არ მინდა, ეს პროექტები ვადაზე ადრე „მოვკლა“. თუმცა, რაც კარგი და წარმატებული არ იქნება, ეთერიდან მოიხსნება.

გია ჭანტურია - რაც შეეხება ლევანის მიერ ნახსენებ 4-5 გადაცემას, მათ რიცხვს 8-მდე გავზრდიდი. მაგრამ ასეა თუ ისე, ჩვენ ყველაზე მეტი გადაცემა გვაქვს - 31 თოქშოუებიანად. საკმაოდ რთულია 3 თვეში ამდენი გადაცემის მომზადება. შეიძლება გვითხრათ, - ნუ გახვიდოდით 1 დეკემბერს ეთერში, გადაგეწიათო, - მაგრამ, ნოემბრის ბოლოს უკვე იყო სერიოზული პრეტენზია საზოგადოების მხრიდან, ოპოზიციის მხრიდანაც კი. ამბობდნენ, - ამ არხზე არაფერი კეთდებაო. ჩვენ დავგეგმეთ და, მიუხედავად სიძნელეებისა, ომმაც ხელი შეგვიშალა, მაინც გავედით ეთერში. ომის დროს ისეთი მონდომება და ერთიანობა ვნახეთ, მივხვდით, რომ ამ არხს შეუძლია რაღაც გააკეთოს და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ დეკემბერში აუცილებლად გავსულიყავით ეთერში. შეიძლება ლირიული გადახვევაა, მაგრამ 5 წლია, „ფანტანს“, რომელიც ტელევიზიის წინაა, არ უმუშავია. ადრე კი აგვისტოში ყველა გამვლელი იქ სვამდა წყალს. 40-მეტრიანი მილი ჩავაგდეთ და გავაკეთეთ. შეიძლება ვინმემ თქვას, - რა დროს ესააო, - მაგრამ მერწმუნეთ, ტელევიზიის თანამშრომლებისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. კიდევ ერთი რამ - ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ტელევიზიაში კადრები შევამცირეთ, ხელფასი გავზარდეთ და I არხზე მუშაობა პრესტიჟული გახდა, სულ სხვა შემართება გაჩნდა. ადამიანებმა იგრძნეს, რომ ტელევიზიაში მუშაობენ. ასეთი სტრატეგია გვქონდა, რომ ეთერში ბევრი გადაცემით „შევვარდნილიყავით“. ლაპარაკობდნენ, - ჯადო აქვს ამ ტელევიზიას, არასდროს არაფერი ეშველებაო. ეს აზრი უკვე შევცვალეთ. ჩვენ გვაქვს ბევრი ფორმატი, გვაქვს ნაყიდი პროექტები - თუნდაც „დიდი ათეული“, ბევრი პროექტი ჩვენივე შექმნილია. შინაარსზეც ვიტყვი - ამბობდნენ, - ტელევიზია ეროვნული არაა, ეროვნული ფაქტორი აღარ არსებობსო და ა.შ. გასართობი გადაცემები, გარკვეულწილად, ამის ხარჯზეა გაზრდილი.

შორენა შავერდაშვილი - რას ნიშნავს „ეროვნული გადაცემები“ და „ქართული ფაქტორი“?

0x01 graphic

ლაშა ბაქრაძე - იმას, რომ არ იყო ეროვნული გადაცემები, ისეთი გადაცემით ებრძვით, როგორიცაა „ნაცნობი“?

გია ჭანტურია - არა, „ნაცნობზე“ ამას ვერ ვიტყვი. მაგრამ “ნაცნობი” ძალიან საჭირო გადაცემაა.

შორენა შავერდაშვილი - ვისთვისაა საჭირო?

გია ჭანტურია - მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. თქვენ პირად, სუბიექტურ შეხედულებებს ნუ დავეყრდნობით. ეს საქართველოა, აქ ეს რეალობა არსებობს, სიყვარულის რეკლამირება, სითბოსი, „გენაცვალე და შენი ჭირიმესი“. საზოგადოებაში ეს განწყობა რომ არის, ამაზე ნუ შემეკამათებით. მხატვრული ფორმები სხვა საქმეა. ამ გადაცემას ძალიან დიდი რეიტინგი აქვს. „ველურ კატას“ აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი და არ გვაქვს „ველური კატა“ ეთერში? ხომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც კარგი გაკეთდა?

შორენა შავერდაშვილი - რაღაცაზე და ცოტაზე არ არის საუბარი.

ლევან გახელაძე - ზოგადად, ხარისხის კონტროლზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, სოციოლოგიური კვლევა არ არის გადაწყვეტილება, ეს უბრალოდ გადაწყვეტილების ინსტრუმენტია. როცა ხარისხზეა მსჯელობა, პრეტენზიები ისმის. სამეურვეო საბჭოს ბევრ წევრს ახლაც ხელი ექავება, რომ სამხატვრო საბჭოს ფუნქციები შეითავსოს. მე ამას არ დავუშვებ. როცა ლაპარაკია „ნაცნობზე“ და ამ ტიპის გადაცემებზე, ესაა გასართობი გადაცემა რაღაც სეგმენტისთვის და ამაზე მეტ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. რაც შეეხება საინფორმაციო და პროგრამული მიმართულების ხარისხს, მე დიდ იმედებს ვამყარებ BBC-ისთან თანამშრომლობაზე.

დავით მაკარიძე - როგორ და ვინ შეაფასებს გადაცემების ხარისხს? არსებობს ექსპერტთა ჯგუფი?

ლევან გახელაძე - არსებობს საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ კანონით ეს ევალება საზოგადოებრივ საბჭოს. იქნება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, ჩვენს საიტზე ფორუმი ჩაირთვება, ამ ტიპის შეხვედრები გაიმართება და მე, როგორც ლევენ გახელაძე, რაღაცას დავუწერ პლუსს და რაღაცას - მინუსს.

შორენა შავერდაშვილი - იმ კონფერენციაზე, სადაც BBC-ის და I არხის თანამშრომლობაზე იყო საუბარი, მივხვდი, რომ ჩემს სუბიექტივიზმთან ერთად არსებობს ობიექტური ამოცანები, რომლებიც, უფლება გვაქვს, I არხს წავუყენოთ. პირდაპირ ციტატები მომყავს: საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ამოცანებია, რომ იყოს ჟურნალისტური და ხარისხის სტანდარტების შემქმნელი; ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ყველასთვის; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კომპონენტი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც არ არის ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ჯერ კიდევ ვერ ვთანხმდებით საერთო ღირებულებებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობაცაა; ასევე, ამ არხს სოციალური ფუნქცია, სოციალური ვალდებულებები აქვს, მაგალითად ბავშვებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. იაგო, რამდენად პასუხობს ამ ამოცანებს I არხი?

იაგო კაჭკაჭიშვილი - დავიწყებ იმით, რომ მედიის ნებისმიერმა საშუალებამ ბალანსი უნდა დაიცვას საზოგადოებისგან წამოსულ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. რასაკვირველია, ეს მიღებული სტანდარტია, რომელსაც ვერც ერთი მედია საშუალება ვერ გაექცევა. მაგრამ გვავიწყდება ერთი რამ, რომ შეიძლება ტელევიზიამ იმოქმედოს საზოგადოების მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მან უნდა იმოქმედოს საზოგადოების მოთხოვნილებების მიხედვით. თუ მოთხოვნა არ არის ადეკვატური, სულაც არ არის მედია საშუალება ვალდებული, რომ ამ არაადეკვატურობას შეესაბამებოდეს. მოთხოვნილებაც ისეთი რამაა, რაც შეიძლება შეიცვალოს, ტრანსფორმირდეს, აღიზარდოს.

ლაშა ბაქარაძე - მაგალითად, თუ ადამიანს უნდა ჩაი ან ყავა, შეიძლება მას შევთავაზოთ ლუდი, მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანს წარმოდგენაც არ აქვს იმის თაობაზე, რომ ლუდიც არსებობს.

იაგო კაჭკაჭიშვილი - ძალიან კარგი მაგალითია. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ეს ფუნქცია, რომ შეცვალოს, აღზარდოს საზოგადოება. მოთხოვნილებების და გემოვნების დახვეწის ფუნქცია აქვს. მე ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ეს განცდა არ მიჩნდება. სულ მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უფრო მეტად უხდის ხარკს საზოგადოებას, და ნაკლებადაა მისი გემოვნების დახვეწასა და განვითარებაზე ორიენტირებული. კი, საზოგადოებაში დომინირებს რაღაც მოთხოვნები, მაგრამ ისეთი მოთხოვნილებებიც ხომ არსებობს, რომლებიც ინტელექტუალებისგან მოდის. საზოგადოება სეგმენტირებულია, ჭრელია, ბევრი ჯგუფი არსებობს, არსებობს დომინანტური ჯგუფი, კულტურა არსებობს, მარგინალები არსებობენ და საზოგადოებრივი მაუწყებელი იმით განსხვავდება კერძო ტელევიზიისგან, რომ ყველა ამ ჯგუფს რაღაც საზრდო უნდა მიაწოდოს. საზოგადოებრივ მაუწყებელში ასეთი საზრდო ჩემი კატეგორიის ადამიანისთვის ვერ ვნახე. არ შემიძლია ვუყურო „კორკოტას“ გადაცემას, „ცხოვრება მშვენიერია“-ს, საშინელია „კაბარე და ხუთი ვარსკვლავი“. მე ამ ტელევიზიის გულშემატკივარი ვარ და ჩასაფრებულის გადასახედიდან ნუ მიიღებთ ჩემ ნათქვამს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პირველ არხს გარკვეული იდეოლოგიური ფუნქცია აქვს. ეს შეიძლება ძალიან კარგი ტერმინებით შევფუთოთ, პოზიტიურად წარმოვადგინოთ, და ვთქვათ, რომ ის ასრულებს სოციალური თერაპიის ფუნქციას, იმიტომ, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, ადამიანები არიან რაღაც დეპრესიის და გაუცხოების უფსკრულთან და ამ ტელევიზიას სურს, გამოყვანოს ისინი დეპრესიული მდგომარეობიდან. თუ ცოტა კრიტიკულად შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტელევიზია ჩქმალავს, ფარავს იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებაშია, და ის გახვეულია ვარდისფერ ვირტუალურ საბურველში. ამ შთაბეჭდილებას მიქმნის სწორედ ის დარღვეული ბალანსი, რაზედაც ბატონმა ლევანმა ილაპარაკა. რასაკვირველია, წმინდა შემეცნებითი და წმინდა საგანმანათლებლო გადაცემები არ არსებობს, მაგრამ შეგვიძლია დავსვათ აქცენტები. ცალკე თემაა, რით ვართობთ ამ საზოგადოებას. დახუნძლულია ეთერი გასართობი გადაცემებით. მე საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ ვუყურებ, რეალობა მეკარგება, და კვაზი, ფსევდო რეალობაში ვარ. მიჩნდება შეგრძნება, რომ ჩვენ გამოვედით კრიზისიდან.

ლაშა ბაქრაძე - ჩემი ძირითადი კრიტიკის საგანია ის, რომ ეს ტელევიზია არარსებულ რეალობას ქმნის. განსაკუთრებით კარგი მაგალითია „დიალოგი როლში“. რასაკვირველია, კარგია, რომ ტელევიზიას რეიტინგი ჰქონდეს. ამ რეიტინგის შექმნის ძირითადი მიმართულება არის კომერციულ ტელევიზიებთან კონკურენცია, რისთვისაც კეთდება კომერციული გადაცემები, სადაც მუდმივად უჩვენებენ იმათ, ვისაც საქართველოში ეძახიან „სახეებს“, გინდა „ფეისებს“. ხელისუფლებაში ადამიანების ძალიან ვიწრო წრეა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, ასევეა ტელევიზიაშიც. საქართველოში იმაზე გაცილებით მეტი ადამიანია საინტერესო, ვიდრე ისინი, ვინც ოდესღაც ტელემედიამ აღიარა ეგრეთ წოდებულ სახეებად. კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითი - იყო გადაცემა „კედელი“, რომლის მაგივრადაც არის „მოკლე ჩართვა“, სადაც გვაჩვენეს წამყვანი თათა როგორი კეთილმოწყობილია და როგორი ბედნიერი, და ახლა ჩვენ თვალებში უნდა შევცქეროდეთ თათასა და ბუბუს. ბუბუ მის ძაღლს ჰქვია.

გია ჭანტურია - გადაცემის ავტორები იდეოლოგიური წნეხის ქვეშ არ ყოფილან, თავისუფლად გადაწყვიტეს ყველაფერი. დახეულჯინსებიანი, საყურიანი ბიჭი რომ ყოფილიყო წამყვანი, არ გაგიჩნდებოდათ პროტესტი, იმიტომ, რომ ეს სტერეოტიპია. ყველაზე კარგი ინსტიტუტების ყველაზე კარგი სტუდენტები მოგვყავს.

ლაშა ბაქრაძე - არ არის საჭირო, მაინცდამაინც ყველაზე კარგი ოჯახიშვილები

მოიყვანოთ.

შორენა შავერდაშვილი - გია, 16 წლის როგორი იყავით - გქონდათ 2000-3000 ლარი შემოსავალი?

გია ჭანტურია - მე 16 წლისას ძალიან ბევრი ფული მქონდა, ყველაზე მეტი - ჩემ მეგობრებში, მაგრამ როცა დაინგრა ეს ყველაფერი, წავედი და ქარხანაში ვმუშაობდი. რახან საქართველოში სოციალური პრობლემებია, წამყვანიც სოციალურად გაჭირვებული უნდა იყოს? BBC-ის ახალგაზრდული გადაცემის წამყვანს უჭირს? მაინცდამაინც გაჭირვებული უნდა იყოს?

შორენა შავერდაშვილი - 16 წლისა მეამბოხე ხარ, ეძებ საკუთარ თავს, არამატერიალურ რაღაცებზე ხარ ორიენტირებული... ამ „გაპრიალებულ“ გადაცემაში, როცა ეს 24 წლის გოგო სოციალურად სრულიად უზრუნველყოფილია… არ შეიძლება ასეთი წამყვანი ჰყავდეს ახალგაზრდულ გადაცემას… ან სტუდიაში უნდა ისხდნენ სრულიად განსხვავებული ტიპები… ზუსტადაც რომ დახეული ჯინსებით, თმაგაწეწილები, გიჟები, „ბომჟები“, იდეალისტები, ანარქისტები…

ლევან გახელაძე - ასე “გრუზინულად” ნუ მიუდგებით - შეიძლება არ შეიძლება. ხომ შეიძლება ვთქვათ, - სხვანაირად წაეყვანაო; ხომ შეიძლება ასე ვთქვათ?

გია ჭანტურია - სიუჟეტში რეალობა ვაჩვენეთ, მეგობრის სახლი ხომ არ გვიქირავებია? მაინცდამაინც ღარიბი უნდა იყოს?

შორენა შავერდაშვილი - თუ რეიტინგზე ხართ ორიენტირებული, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც, წესით, ყველასათვის უნდა იყოს, ამით რეიტინგული ვერ უნდა გახდეს. ამით აუცხოვებ შენი მაყურებლის უმრავლესობას, იმიტომ, რომ უმრავლესობა არ არის პრივილეგირებული, უზრუნველყოფილი…

გია ჭანტურია - ტოლერანტობა არის ჩვენი პრიორიტეტი? ტოლერანტობაზე ცალკე გადაცემა უნდა გავაკეთოთ? „კორკოტა“ რომ იტყვის, - ჩემი მეზობელი ვანია პეტროვი რა ჯიგარი ბიჭი იყოო, - არ არის ეს ტოლერანტობის მაგალითი? ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ სამ თვეში გავედით ეთერში და ჯერ უნდა მოვიზიდოთ მაყურებელი.

ლევან გახელაძე - ვაპირებ, როგორც ბეჯითი მოსწავლე, მივყვე BBC-ის რჩევებს და რეკომენდაციებს. იანვარ-თებერვალში მე ამ საკითხს დავაყენებ საბჭოზე და არ დაველოდები გაზაფხულს. სადღაც თებერვალში სამეურვეო საბჭო 2009-2010 წლების სეზონის პროგრამულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ამას პრაგმატული მნიშვნელობაც აქვს, რომ მენეჯმენტმა მოამზადოს ტენდერები. ამ პრიორიტეტებში, გაძლევთ პირობას, - ამ ახალ ჯგუფს არ გვქონდა არც გამოცდილება და არც ტრადიცია არსებობდა, ვთქვათ, გადაცემა ხელოვნებაზე, სპორტზე ყოფილიყო, - რომ დროის რაღაც მონაკვეთი დაეთმობა კონკრეტულად ამ სეგმენტებს. ამ დროის ჯამი არ მოგვცემს 100 პროცენტს. რაღაც გასაქანი მენეჯმენტსაც უნდა დავუტოვოთ, განსაკუთრებით - გასართობ გადაცემებში, საჭიროა.

შორენა შავერდაშვილი - ამ კონფერენციაზე საუბარი იყო რეიტინგებზეც. BBC -ის წარმომადგენლებმა ილაპარაკეს, რა ხდება მაშინ, როცა არხს არ აქვს რეიტინგი, და არ უყურებენ. შეიძლება იქ მარგალიტები გააკეთო და არავინ უყუროს. შესაძლოა, ამის მაგალითი იყოს „კედელი“. ამაზე BBC - ის პასუხი იყო შემდეგი: მნიშვნელოვანია სანდოობა და კომერციული არხებისგან განსხვავებით ამის მიღწევა არა რეიტინგით, არამედ „დაფარვით“. ანუ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიწვდეს ყველას და არა მარტო პრივილეგირებულ სეგმენტს, ვიღაცის შვილებს, „ვერელებს“ და ასე შემდეგ.

გია ჭანტურია - ვინ იყო იქ ვინმეს შვილი? ვეძებ ბავშვებს და ვიხვეწები, რომ მოვიდნენ. დაგირეკავთ და გეტყვით, რომ მომიყვანოთ ბავშვები…

შორენა შავერდაშვილი - „ცხოვრება მშვენიერიას“ პროდიუსერთან მაქვს ერთი კითხვა. სოფო, გასაგებია, რომ გადაცემის ფორმატი განსაზღვრულია. რაში ხართ შეზღუდულები და რაში - არა? შეგიძლიათ თუ არა, მოიწვიოთ ჩვეულებრივი ადამიანები და არა მხოლოდ „ცნობადი სახეები?“

0x01 graphic

სოფო ჭაავა - ამ გადაცემაში არსებობს მოცემულობები - სათაური, წამყვანი, ჟანრი, ამ მოცემულობაში ვცდილობთ, რომ ყველამ ვიპოვოთ საკუთარი თავი. ეს ძალიან სუბიექტური მიზეზია. ალბათ მაყურებელს არც აინტერესებს, მაგრამ ამ ჟანრში ყველანი ახალბედები ვართ. ჩემი შეცდომა იყო ის, რომ დავიჯერე სტერეოტიპი - ადამიანები ტელევიზორს უყურებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ აჩვენებ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც რაიმე ახალს მოჰყვებიან საკუთარ თავზე. ესეც იყო სტრატეგიის რაღაც ნაწილი. მაგრამ ამ გადაცემებში მესამე ბლოკში შეიძლება შემოიყვანო ჯერჯერობით უცნობი ადამიანები, რომლებსაც მომავალი აქვთ; მაგალითად ათწლედის ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ ცალკე გადაცემას ბავშვებზე ვერ გააკეთებ…

გია ჭანტურია - თავიდანვე ასეთი იყო არხის პოლიტიკა. ნინო ქაჯაიასთან მიწვეული იყო ეკა ხოფერია, რომელიც თავის გადაცემაზე ჰყვებოდა. ნურავინ იტყვის, რომ ვინმეს დიდი გამოცდილება აქვს. ნოლიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი. რამდენად გაამართლა ან არ გაამართლა, ეს სხვა საკითხია. ჩვენც ვსწავლობთ. სადღაც მივდივართ. თავდაპირველად ჩვენი რჩევა იყო - მაქსიმალურად ცნობილი სახეები გამოეყვანათ. ეს ნელ-ნელა შეიცვლება.

შორენა შავერდაშვილი - სოფო, პირადად შენ რა დილემები გაქვს?

სოფო ჭაავა - ახლა თავდაცვითი პოზიციიდან მიწევს ლაპარაკი. ჯერ გავიდა სამი გადაცემა, ჩაწერილია მეტი და მართლა არის იმის მცდელობა, რომ არარეიტინგული თემები შევურიოთ სხვა თემებს. არის საშიშროება, რომ ვიწრო სეგმენტისთვის იქნები. ჩემთვის ყველაზე დიდი დილემა ისაა, რომ განვსაზღრო, სად გადის ზღვარი სატელევიზიო მარაზმსა და გართობას შორის. და ეს რთული აღმოჩნდა.

გია ჭანტურია - მოდით, ვთქვათ, რომელი გადაცემისგან რას ველოდებით. „ცხოვრება მშვენიერია“ მე ასე მესმის - მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მშვენიერია. ვთქვათ, ადამიანს დაეკარგა ფული, დაენგრა ოჯახი, სახლი დაეწვა, ცხოვრება, მიუხედავად ამისა, მაინც მშვენიერია. ის, რომ იმედი იყოს ჩასახული, და ვიღაცას რომ უჭირს და სამსახურიდან გააგდეს, დავეხმაროთ.

იაგო კაჭკაჭიშვილი - როცა ამ პოზიტივის სიჭარბეა, ეს ხელოვნური ხდება.

გია ჭანტურია - ახალი წლიდან გვაქვს ახალი პროექტი „პროფესიები“, სადაც ერთი სიუჟეტი, მაგალითად, 17 წლის ბიჭზეა, რომელიც ჯამბაზის ფორმას იცვამს და ბავშვების დაბადების დღეებზე დადის. არ არის სოციალური გადაცემა? აბა, რა გინდათ? 5 წლის მანძილზე გავყოთ ეთერი, საქართველოს თითო მოსახლეს 16, 5 წამი მოუწევს, გამოვიდეს და თქვას, რაც უნდა? სამთვიანი ვადა გვაქვს. თებერვლამდე ვაკვირდებით ამ გადაცემებს - როგორ გაამართლებს…

დავით მაკარიძე - გამართლება ნიშნავს რეიტინგს? მაგალითად, რომელი გადაცემა ასრულებს ალტერნატიული კულტურის პრომოუშენის ამოცანას?

გია ჭანტურია - ეგეთ თემებს ჩამოგიწერ და იქნება 98. თითოეულ თემაზე ვერ გავაკეთებთ გადაცემას.

დავით მაკარიძე - ჩვენი მთავარი მოლოდინი არხის მიმართ იყო ასეთი: ის ემსახურება ყველას - მთელ საზოგადოებას, ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, რაც არ ნიშნავს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ეს არხი განსხვავებული უნდა იყოს კომერციული არხებისგან და, გარდა ამისა, უნდა შეიტანოს მრავალფეროვნება ზოგადად მედიაში.

გია ჭანტურია - 5 წლით დაგეკეტათ არხი, საზოგადოება ყაბულს ყოფილიყო, რომ ეხადა 25 მილიონი ჩვენთვის და არხი საერთოდ არ იარსებებდა; ხუთი წლის მერე კი გაიხსნებოდა და ისეთი იქნებოდა, რომ ყველას მოგეწონებოდათ.

დავით მაკარიძე - თუ შეიძლება, დამამთავრებინეთ. რეალურად გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ის საზოგადოება, რომელსაც ვუყურებთ, ბრჭყვიალაა, მაგრამ ერთფეროვანია. იმიტომ, რომ ყველა არხზე გვიჩვენებენ ერთსა და იმავე საზოგადოებას, ზოგან შეიძლება უფრო კაშკაშა ფერებში, მაგრამ ყველგან ერთი და იგივეა. იმისთვის, რომ საზოგადოების ინტერესი იყოს დაკმაყოფილებული, საჭიროა, ყველა ფენა იყოს ნაჩვენები. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის, რაც სხვაგან არ ჩანს, უნდა ჩანდეს საზოგადოებრივ არხზე. უმცირესობა, მე არ ვამბობ მარტო ეროვნულ უმცირესობაზე, ვთქვათ, სუბკულტურუბი, ვთქვათ, ალტერნატიული ხელოვნება, უნდა იყოს წარმოდგენილი გაცილებით მეტად, ვიდრე სხვა ტელევიზიებში.

გია ჭანტურია - არსებობს თემები, რომელიც არავის არ აინტერესებს. მითხარით რაიმე თემა, რომელიც არ გაშუქდა, და ძალიან საინტერესოა.

დავით მაკარიძე - დამისახელეთ ერთი გადაცემა, რომელიც უმცირესობისთვის არის შექმნილი.

გია ჭანტურია - პიდარასტებისთვის?

დავით მაკარიძე - თუ არის რომელიმე წამყვანი რომელიმე უმცირესობის ან რომელიმე სუბკულტურის წარმომადგენელი?

გია ჭანტურია - ხეიბარი უნდა იყოს წამყვანი? მეუბნებით, რომ ჰომოსექსუალმა უნდა უნდა წაიყვანოს გადაცემა ჰომოსექსუალებზე?

დავით მაკარიძე - ნინო ქაჯაია ვერ წაიყვანს გადაცემას ალტერნატიულ ხელოვნებაზე. მეინსტრიმის წარმომადგენელი ვერ შეძლებს გააკეთოს გადაცემა მეინსტრიმს გარეთ. თვითონ ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული ასეთი გადაცემების შექმნით. ბევრნი არიან ანდერგრაუნდში, ვინმე დაინტერესებულა?

გია ჭანტურია - ეს ტელევიზია ცოცხალია, ამას შანსი აქვს. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, ის ბებერი ქალი მოგვეკლა, რომელთანაც ასოცირდებოდა ეს ტელევიზია. სამ თვეში ვინმეს რამე გაგიკეთებიათ? ავეჯს ვერ გააკეთებ სამ თვეში. ეს ტელევიზიაა, 850 კაცი მუშაობს და 31 გადაცემა გაკეთდა. ანდერგრაუნდზე 200 ეგეთი თემაა. ჩვენი ამოცანაა, მაყურებელი წავართვათ სხვა არხებს, გავუშინაურდეთ, მერე ნელ-ნელა წამოვა სხვა თემები.

შორენა შავერდაშვილი - ის, რაც ვნახეთ, თქვენი პრიორიტეტების, გემოვნების და სტანდარტების ინდიკატორია და ვშიშობ, თუ ასევე გააგრძელებთ, მთელ საზოგადოებას ვერ მოიცავთ.

15 ჯავახეთი - სტეპებს მიღმა საქართველო

▲ზევით დაბრუნება


წერილი ჯავახეთიდან

ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

ნინოწმინდა

ჯავახეთში რჩევა-დარიგებებით დახუნძლული მივდივარ. ყველა, ვინც ჩემი გამგზავრების ამბავს იგებს, ჯერ გემრიელად მოკალათდება, ერთხანს ჩაფიქრდება და მერე ამ მხარეზე ათასნაირი ამბის მოყოლას იწყებს. იმდენ ურთიერთგამომრიცხავ ისტორიას ვისმენ, ერთხანს იმასაც კი ვფიქრობ, ეს რა თავსატეხი ავიტეხე, თუ წასვლაა, სადმე სხვაგან ხომ არ წავიდე-მეთქი. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ბრინჯივით დაბნეული ჩემს ახალქალაქელ ნაცნობს ვხვდები და ვეკითხები, ამ ისტორიებიდან რომელია მართალი, რომელი დავიჯერო-მეთქი: все, მოკლედ მიჭრის და თან აყოლებს, завтра вы сами в этом убедитесь.

* * *

ახალციხემდე გზას უხალისოდ გავდივართ. ისევ დაქცეული, მახინჯი შენობები, ბენზინგასამართი სადგურები და მოფახფახებული, მხრჩოლავი ავტომობილები. გზადაგზა ლანდშაფტს ყვითელი გოგრები აცოცხლებს, გლეხებს მგზავრების თვალის მოსაჭრელად გზატკეცილის გასწვრივ სიმეტრიულად რომ ჩაუწიკწიკებიათ. ახალციხის შესასვლელთან, როგორც კი ახალქალაქისკენ მარჯვნივ გადავუხვევთ, ვხვდებით, რომ განწყობისთვის მუსიკა აღარ გვჭირდება, ფანჯრებს ბოლომდე ჩამოვუშვებთ და თავებს გარეთ ვყოფთ. უკვე ჯავახეთის ზეგანზე ვართ და მტკვრის ხეობას ზემოთ მივუყვებით. ვიწრო ხეობა ზოგან იშლება და სხვადასხვა სიმაღლის მწვერვალებს შორის სივრცე ჩნდება - გადაყვითლებული მდელოები (ამ ადგილებს საძოვრებად იყენებენ) და ხმელი კლდეების ფერდები, რომლებსაც ალაგ-ალაგ მწვანე ზოლებად დაბალი, ფართოფოთლიანი მცენარეები დაჰყვება. ესენი მტკნარი წყაროების ვიწრო კალაპოტებია. ასეთი ათობით წყარო კლდის მწვერვალებიდან იღებს სათავეს და ქვემოთ მდინარეებს უერთდება. ეს მხარე დღეს თითქმის უტყეოა. სტეპების მერე მოძრავ კანიონებს და ტერასულ გორებს გავდივართ. ტერასებზე ხეხილი, ვაზი და მარცვლეული მოჰყავთ. აქა-იქ მიმოფანტული სახლებიც მოჩანს. უკვე გვარიანად ცივა და საკვამურებიდან რუხი კვამლი ამოდის. ამ მოშიშვლებულ გორებზე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი.

0x01 graphic

მადათაფას ტბა

0x01 graphic

ნინოწმინდა

0x01 graphic

ახალქალაქი

შემაღლებულ გორაზე დასახლებას შორიდანვე ვამჩნევთ. „ალბათ ეს არის“, - ამბობს დათო, ჩემი და მესხის მეგზური. აშკარად კმაყოფილია, მისმა „ჭიჭიკომ“ თავი გამოიჩინა და 300 კილომეტრი ზუსტად 4 საათში გაგვატარა (ჭიჭიკოს, დათო თავის მანქანას ეძახის. ისე, ოფიციალურად დაიჰაცუ კუორე ჰქვია და თავიც სოლიდურად უჭირავს, არ გრუხუნებს, არც ღმუის და რაც მთავარია არ ხრჩოლავს). გზატკეცილიდან მარჯვნივ გადავუხვიეთ და პირდაპირ ახალქალაქის მთავარ ქუჩას დავადექით. ქალაქს პატარა ცენტრი აქვს, ათ წუთში ფეხით შემოივლი. მაღაზიების, კაფე-„ზაკუსოჩნოების“, და კიდევ სხვადასხვა დაწესებულებების ფერადი აბრებით აჭრელებულ „თავისუფლების“ ქუჩაზე მანქანიდან რამდენიმე აბრის წაკითხვა მოვასწარით, ასეთი თანმიმდევრობით: „ხაში, ჩაი, კოფე, ხინკალი“, „მაგთი“, „კაზინო“ „საკრებულო“ და ჩვენს დანიშნულების ადგილსაც მივადექით. „ჯავახეთის სამოქალაქო ფორუმის“ ოფისში ჩვენი ახალქალაქელი მასპინძელი, სედა მელქოიანი გველოდება.

სედა მელქოიანი ცოცხალი, ენერგიული ქალბატონია. სწრაფად ლაპარაკობს და, როგორც ვატყობ, ასეთივე აჩქარებულ ტემპში მუშაობს. ჩვენთვის სასტუმრო უკვე დაჯავშნული აქვს, ჩემი შეხვედრების გრაფიკი კი უკვე გაწერილი, თუმცა, მე აქ, პირველ რიგში, მასთან შესახვედრად ჩამოვედი. „პირველი ინტერვიუ ხუთ წუთში გეწყებათ“, - მატყობინებს და თავის საქმეს უბრუნდება - მობილურით ვიღაცას კომპიუტერის ეკრანიდან ტექსტს უკითხავს, თან ქალაქის ტელეფონზე ნომერს კრეფს, ყურმილს პირიდან წამით იცილებს და არმენს (ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელს) ნაჩქარევად რაღაცას ეუბნება, მე კი მანიშნებს, - ნახე, რა დღეში ვარ, მოგვიანებით შეგხვდებიო. ქალბატონი სედა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და საკუთართან ერთად ჯავახეთის 25 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციასაც ხელმძღვანელობს, ძირითადად განათლების სფეროში მუშაობს. ოფისში სულ ოთხი ოთახია, ყველაზე დიდი სემინარებისა და კონფერენციებისთვის, გრძელი, ოვალური მაგიდით. ორგანიზაციის პროფილი ამ ოთახსაც ეტყობა, კედლებზე სკოლის მოსწავლეების ნახატებია გაკრული. აქ მალე სკოლის დირექტორებისთვის სემინარი დაიწყება, სემინარის თემაა - სამართლებრივი საკითხები სკოლების მართვის დროს. საკონფერენციოს უკან ორი პატარა კაბინეტია, ერთიც სტუმრის ოთახი. სტუმრებს ხშირად იღებენ, ორს დღესაც ელოდებიან ომბუდსმენის აპარატიდან.

0x01 graphic

სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდა

0x01 graphic

სოფელი სპასოვკა, ნინოწმინდა

0x01 graphic

სოფელი სპასოვკა, ნინოწმინდა

სედას კაბინეტში შეშის ღუმელი გუგუნებს, ზემოდან ჩაიდანიც ადგას. არმენი ყავას მთავაზობს, მერე სტუმრის ოთახში შემიძღვება, ელექტროგამათბობელს რთავს და გადის. რამდენიმე წუთში საკონფერენციო ოთახიდან ერთ-ერთი სკოლის დირექტორი შემოჰყავს. დირექტორი ცოტა დაბნეულია, შეთავაზებულ სკამზე არც კი ჯდება, ისე მისვამს ათიოდე შეკითხვას - საიდან ვარ, როგორი სტატიის დაწერას ვაპირებ და ასე შემდეგ. პასუხებს ყურადღებით ისმენს, მერე ჯდება, ჩანთას მუხლებზე იდებს, ხელებსაც ზემოდან აწყობს და ახლა კითხვებს ჩემგან ელოდება.

ემა ნაჰატაკიანი მაღალი, სიმპათიური ქალია, სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს და დინჯად საუბრობს. ახალქალაქში ერთ-ერთი სომხური სკოლის დირექტორია, უფრო სწორად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლის დირექტორებისათვის ტესტირების პროგრამა ჩატარდა. დირექტორებს, ტესტის ფარგლებში, სკოლების მოწყობის სამი პროექტი უნდა წარედგინათ ქართულ ენაზე. (ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სულ 141 414 კაცი ცხოვრობს. აქედან 107 252 ეთნიკური სომეხია, 32 163 ქართველი, 1 510 რუსი (დუხობორები), 185 ბერძენი, 62 უკრაინელი). ყველაზე მეტი ეთნიკური სომეხი ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონებში ცხოვრობს. მათგან ქართული ძალიან ცოტამ იცის, ძირითადად - ახალგაზრდებმა, რომლებმაც ქართული უმაღლესი სასწავლებლები ახლახან დაამთავრეს, ან მათ, ვინც შერეულ ოჯახებში გაიზარდნენ. ახალქალაქის რაიონის 100 სკოლის დირექტორიდან ტესტი წარმატებით მხოლოდ ერთმა გაიარა, დედით ეთნიკურად ქართველმა. დანარჩენები ხელახალი ტესტირების ჩატარებამდე სკოლებში, დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან. „წარმოდგენა არა მაქვს, როგორ უნდა მოვასწროთ სამ, თუნდაც ექვს თვეში ქართული ენის სწავლა იმ დონეზე, რომ სამი პროექტი დავწეროთ. ეს უბრალოდ შეუძლებელია. არ მესმის, რატომ მოგვექცნენ ასე, თავადაც ხომ იცოდნენ, რა შედეგს მიიღებდნენ. საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი“.

ენის პრობლემა ჯავახეთში ეთნიკური სომხებისთვის ყველაზე მტკივნეული თემაა. უკვე თხუთმეტ წელზე მეტია, სხვადასხვა ორგანიზაცია რეგიონში სომხური ენის მეორე სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვს. უფროსი ასაკის ეთნიკურმა სომხებმა ქართული საერთოდ არ იციან. საბჭოთა კავშირის დროს საქმეთაწარმოება ყველგან რუსულ ენაზე ხდებოდა, რუსული ყველამ იცოდა. პირველად ჯავახეთში ენის პრობლემა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში გაჩნდა, მაშინ, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა იქნება ქართული, და აფხაზეთში - ასევე აფხაზური. 90-იანების საქართველოში არ არსებობდა წინასწარმომზადებული გეგმა ან პროგრამა, რომლის მიხედვითაც რეგიონში რუსულ ენას ქართული გარკვეული დროის მანძილზე ჩაანაცვლებდა. დღეს ახალქალაქში სამსახური შეიძლება იშოვო - სახელმწიფო სტრუქტურაში (გამგეობა, საკრებულო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, უშიშროების სამსახური, პოლიცია) ან კერძო კომპანიაში, რომელიც ახალქალაქში რამდენიმეა - „მაგთის“, „ჯეოსელის“, „ბილაინის“ ფილიალები და სამი ბანკის წარმომადგენლობა. ორივე შემთხვევაში, ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა. ამიტომ ამ სამუშაო ადგილების დაკავების შანსი მხოლოდ ქართულენოვან მოსახლეობას აქვს, რაც ეთნიკურად სომეხი ხალხის, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილებას იწვევს.

0x01 graphic

სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამა ჯავახეთში 1998 წელს დაიწყო. თბილისიდან ჩასული ქართული ენის მასწავლებლები სხვადასხვა სკოლებში გაანაწილეს და უპრეცედენტოდ მაღალი ხელფასები დაუნიშნეს. რამდენიმე წელში საგრანტო პროექტი დასრულდა და პედაგოგები, არასაკმარისი ანაზღაურების გამო, ისევ თბილისში დაბრუნდნენ. ენის პროგრამის დაფინანსება განათლების სამინისტრომ საკუთარ თავზე აიღო და ახალქალაქში არსებული „ენის სახლის“ დახმარებით სახელმწიფო ენის შესწავლის რამდენიმე პროექტი განახორციელა. სკოლის მოსწავლეების გარდა, ქართული ენის სწავლა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. იყო ასევე სპეციალური კურსები საჯარო მოხელეთათვის. ენის პროგრამა მარტო ახალქალაქის რაიონში ხუთასამდე კაცმა გაიარა. დღეს „ენის სახლის“ ორგანიზებით ქართულ ენას უფასოდ ოთხმოცამდე ადამიანი სწავლობს. თუმცა კურსის დამთავრების შემდეგ სომხურენოვანი მოსახლეობა სახელმწიფო ენას თავისუფლად მაინც ვერ ფლობს. რასაც სწავლობენ, ისიც მალე ავიწყდებათ, რადგან, როგორც თვითონ ამბობენ, ქართულს ვერსად იყენებენ - განცხადებებისა და ოფიციალური დოკუმენტების შევსება კი არც ისე ხშირად უწევთ.

„ბავშვებს ყველგან ეს ესმით, რომ ქართული ენა მალე ჩვენსას ჩაანაცვლებს და ეროვნულ იდენტობას საბოლოოდ დაგვაკარგვინებს, ამიტომ სწავლის სურვილი ძალიან ცოტას აქვს. ვცდილობ, ავუხსნა, რომ ეს სახელმწიფოა და სახელმწიფო ენის ცოდნა პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება. ქართული ენის სწავლა არ გვიშლის ხელს, ვიყოთ კარგი სომხები. მაგრამ რთულია მათი დარწმუნება მაშინ, როდესაც მოსახლეობაში სულ სხვანაირი განწყობაა. ეს პრობლემა, დიდი ხანია, არსებობს და ხალხში გაუცხოვება და აგრესია სულ უფრო და უფრო იზრდება“, - მიხსნის ემა ნაჰატაკიანი.

ჯავახეთში ქართული ენის მასწავლებლები ბევრ სკოლას დღესაც არ ჰყავს (უმეტესად ეთნიკურად სომხურ დასახლებებში - ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონები) ან ქართულ ენას ასწავლიან პედაგოგები, რომელთაც მხოლოდ ანბანი იციან, ვერ საუბრობენ და ამიტომ გაკვეთილებიც სომხურ ენაზე ტარდება. სკოლის დამთავრების შემდეგ ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები ძირითადად უმაღლესი განათლების მისაღებად სომხეთში ან რუსეთში მიდიან და იქიდან იშვიათად ბრუნდებიან. შვილების ქვეყნიდან გადახვეწას მშობლები ტრაგედიად და ჯავახეთში სომხური კვალის მთლიანად გაქრობის საფრთხედ აღიქვამენ. ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქედ არც თვლის. ისინი ჯავახეთს ან ისევ სომხეთთან აიგივებენ, ან ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილია. „ახალქალაქიც და სომხეთიც ორივე ჩემი სამშობლოა. არ ვიცი, როგორ განვასხვავო. აქაურობა ჩემთვის სხვანაირი სამშობლოა, აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჯავახეთში ცხოვრებას არ ვაპირებ, - მეუბნება ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელი სამველი, - რომ დავბრუნდე, ქართული ენის არცოდნის გამო, ახალქალაქში სამსახურს ალბათ ვერსად ვიშოვი. ვინც ქალაქში ვცხოვრობთ, საკმარისი მიწები არა გვაქვს, რომ მეურნეობა გავაშენოთ. მშობლებს ცოტა ხანში ჩვენი დახმარება დასჭირდებათ და რა უნდა ვქნათ?“

0x01 graphic

ნიკა, სპასოვკა

ჯავახეთის მიღმა საქართველო ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდებისათვის თითქოს არც არსებობს. უმეტესობა თბილისშიც არასდროს ყოფილა. სკოლიდან ექსკურსიებით, ყველაზე დიდი, ვარძია და აბასთუმანი დაათვალიერონ. უსახსრობის გამო, ბევრი მოსწავლე ამასაც ვერ ახერხებს.

ცოტა ხნის წინ, ჯავახეთის სამოქალაქო ფორუმის ორგანიზებით, ეთნიკურად სომეხი მასწავლებლები „ექსკურსიაზე“ თბილისში ჩამოვიდნენ. სედა მელქოიანმა ისინი უნივერსიტეტის ლექტორებს და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს შეახვედრა. საღამოს ქალაქშიც გაისეირნეს. „სულ ორი დღით ვიყავით, მაგრამ დედაქალაქში ვიზიტს მაინც უზარმაზარი რეზონანსი ჰქონდა. მასწავლებლები მთელი თვე თბილისში გატარებულ დროს იხსენებდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე ექსკურსიაზე მაღალი კლასის მოსწავლეებიც წაგვეყვანა“. 11 ნოემბერს ოცდახუთი ახალგაზრდა თბილისში ჩამოვიდა. უნივერსიტეტში და ომბუდსმენის აპარატში შეხვედრები მათაც ჰქონდათ. არ ვიცი, ეს პირველი შთაბეჭდილებით გამოწვეული ეიფორია იყო თუ გააზრებული არჩევანი, მაგრამ ფაქტია, ათმა მოსწავლემ უმაღლესი განათლების მიღება თბილისში მოინდომა. ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ეს ერთი წელი ქართული ენის ინტენსიური სწავლაც კი გადაწყვიტეს. „ამ ბავშვებს უბრალოდ ყურადღება სჭირდებათ, რომ თავი საქართველოს მოქალაქეებად იგრძნონ“, ამბობს სედა მელქოიანი.

ქალბატონი სედა ისევ თავის კაბინეტში ზის და ისევ ერთდროულად ოთხ კაცს ელაპარაკება - ერთს მობილურით, მეორეს მესინჯერით, ერთს, როგორც ვხვდები, დავალებას აძლევს - თავის ამპლუაშია. მე მეოთხე ვარ. ქალბატონი სედა ერევნიდანაა. ჯავახეთში საყვარელი ადამიანის წყალობით აღმოჩნდა. ერთმანეთი ერევნის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გაიცნეს, მალე დაქორწინდნენ და ახალქალაქში დასახლდნენ. თავიდან სკოლაში საქართველოს გეოგრაფიას ასწავლიდა, მერე არასამთავრობო სექტორში დაიწყო მუშაობა, 2003 წელს უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია თავადაც დააარსა სახელწოდებით - „სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“. ახალქალაქის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ახლახან დამატებულ საგანს - სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

ჯავახური სამოქალაქო ფორუმის თავმჯდომარე გამოსავალს ბილინგვურ სწავლებაში ხედავს. მისი აზრით, „ბავშვმა ქართული ენის სწავლა ბაღიდან უნდა დაიწყოს, მერე სკოლაში თორმეტი წელი ისწავლოს და ქართულენოვან უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება შეძლოს. სწავლის დამთავრების მერე ის უკან ჯავახეთში უნდა დაბრუნდეს და რამდენიმე წელი სკოლაში უკვე თვითონ ასწავლოს. კადრების პირველი ნაკადი როგორმე უნდა დავაინტერესოთ, მერე უკვე სისტემა შეიქმნება და ერთდროულად სკოლებში მასწავლებლების პრობლემაც გადაწყდება. მართალია, გეგმა რეალურ შედეგს გვიან, დაახლოებით ოცი წლის მერე მოიტანს, მაგრამ სამაგიეროდ ეს საკითხი სამუდამოდ გადაიჭრება“.

ჯავახეთის სკოლებში კიდევ ერთი უცნაური რამ ხდება. ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები ორი ქვეყნის - საქართველოს და სომხეთის ისტორიას სწავლობენ. სახელმძღვანელოებში ქვეყნების ისტორია იმდენად განსხვავებულია, მიკვირს, იქიდან ბავშვები მტყუან-მართალს როგორ არკვევენ. „კითხვები კი უჩნდებათ, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვპასუხობთ. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ისტორიკოსებიც დასხდნენ და რამეზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. მაგრამ ახლანდელმა ბავშვებმა რა დააშავეს? უკვე იმ განწყობით იზრდებიან, რომ ვიღაც მათი ისტორიის გაყალბებას ცდილობს“, - მიყვება ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ძირითადი განსხვავება სახელმძღვანელოებში XI-XVIII საუკუნის საქართველოს და სომხეთის საზღვრებშია. სომხურ სახელმძღვანელოში ძველი სომხეთის საზღვარი ჯავახეთზე ან შიდა ქართლზე გადის, ქართულ სახელმძღვანელოში კი ეს მიწები საქართველოს ტერიტორიებია.

0x01 graphic

სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდა

0x01 graphic

მგონი უკვე დაღამდა. ოფისში სასიამოვნოდ თბილა, შეშის ღუმელიც თავისთვის ღუღუნებს. გარედან მარტო ქარის შხუილი ისმის. აღარ მახსოვს, მესხის მერამდენე შეტყობინებას ვკითხულობ - „ჩვენ გვშია“, „მანქანაში გავიყინეთ და სასტუმროში შევდივართ“, „იქაც ყინავდა და ისევ მანქანაში დავბრუნდით“, „დღეს მანდ აპირებ დარჩენას?“, „გვშია“ და ასე შემდეგ. ოფისიდან რომ გამოვდივარ, უკვე ბნელა და ამ სიშავეში ძლივს ვარჩევ დათოს მანქანას, უფრო სწორად, მუსიკის ხმას მივყვები. მესხი და დათო „ჭიჭიკოში“ გაფუთულები სხედან და რუსულ რომანსებს უსმენენ. საცოდავად გამოიყურებიან. გონზე მოსასვლელად ქალაქის ბოლოში, პოლიციის შენობის პირდაპირ, რესტორან „ფორელში“ მივდივართ.

0x01 graphic

დუხობორების „ობლების სახლი“, სოფელი გორელოვკა, ნინოწმინდა

ღამის ქალაქი ისეთივე უსიცოცხლოა, როგორც ჩვენი სასტუმროს პატარა ქუჩა, შავი და ჩუმი, უკაცო. იშვიათად დაბურულმინიანი მანქანები თუ ჩაგვივლიან. ნელი სვლით დადიან და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან. აქაურები სტუმრებით განებივრებულები არ არიან, ამიტომ პატარა ქალაქის მაცხოვრებლები უცხოს, როგორც ჩანს, ადვილად ამჩნევენ.

ასეთივე განცდა ჰქონდათ ქართველ სტუდენტებს, როდესაც მოულოდნელად თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის კულტურულსაგანმანათლებლო კავშირის საზოგადოება ცოდნის ინსტიტუტიდან ახალქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღმოჩნდნენ. ღია კარის დღეზე მისულებს აუდიტორიაში კათედრის გამგე დახვდათ, რომელსაც ხელში ფურცელზე ამობეჭდილი სტუდენტების სია ეჭირა და გვარებს ხმამაღლა და გამოთქმით კითხულობდა. ამ სიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასამდე სტუდენტი მოხვდა. ისინი ცალკე გაიხმეს და გამოუცხადეს, - სტუდენტობის პირველ წელს ახალქალაქში გაატარებთო. დაბნეული ახალგაზრდები მშობლებთან ერთად საკითხის გარკვევას ჯერ კათედრაზე, მერე განათლების სამინისტროში შეეცადნენ. ერთი ფიქრი ისიც კი იფიქრეს, სასამართლოს ხომ არ მივმართოთო, მაგრამ ორივეგან გარკვევით და მკაცრად უპასუხეს - ეს პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თქვენი იქ გამგზავრება ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, ეთნიკურად ქართველი და სომეხი ახალგაზრდების ინტეგრაციისთვის. თუ სტუდენტობის უფლების ჩამორთმევა არ გინდათ, ნივთები დროზე ჩაალაგეთ და პირველ სასწავლო დღეს ახალქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადდითო.

სანამ ბინებს იშოვიდნენ, ოჯახებში გადანაწილდნენ. ორი სტუდენტი გოგონა ერთ ოჯახში მოხვდა. „ძალიან თბილად მიგვიღეს. ჩვენი ყოველი დილა რჩევა-დარიგებებით იწყებოდა - აქ საღამოს 6 საათის შემდეგ ქუჩაში გოგონები არ დადიან, არ არის წესი. გარეთ ხმამაღლა არ იცინოთ, არ შეიძლება და ცოტა მოკრძალებულად ჩაიცვით, ყურადღება რომ არ მიიქციოთო. გვიკვირდა, გვეგონა, ჩვენი დიასახლისი აზვიადებდა, მაგრამ მალე მივხვდით, რომ მართალი იყო“.

ჯავახეთში, განსაკუთრებით ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში, ასეთი ტრადიციები აქვთ. გოგონები უფრო კარჩაკეტილად ცხოვრობენ. არც ისაა პრობლემა, თუ უმაღლეს განათლებას არ მიიღებენ, ოჯახს დროზე მოეკიდებიან და წვრილშვილს მიხედავენ. დაოჯახების მერე ახალგაზრდა ქალები სახლიდან იშვიათად გადიან, ძირითადად - საჭირო პროდუქტების ან სხვადასხვა ნივთების შესაძენად.

0x01 graphic

ილია ჭავჭავაძის სახელობის 3-ე საშუალო სკოლა, ახალქალაქი

ნანას მასპინძელს ორი ქალიშვილი ჰყავს, ჯერ სკოლაში სწავლობენ. როდესაც მშობლები სახლიდან გადიოდნენ, გოგონები თბილისელ სტუმრებთან ერთად დასხდებოდნენ და დიდხანს საუბრობდნენ. ერთი ლამაზი, თეთრი კაბა ჰქონიათ, საზაფხულო, რომელიც, უკვე ორი წელია, კარადაში კიდია, მაგრამ გარეთ არასდროს ჩაუცვამთ. მამა უკრძალავს და ასე ეუბნება, - ზღვაზე რომ წაგიყვანთ, ეგრე შილიფად იქ გამოეწყვეთო. როცა სახლში მარტო რჩებიან, გამოაღებენ კარადას, ჩაიცვამენ ლამაზ, თეთრ კაბას, სარკის წინ ერთი ორს დაბზრიალდებიან და ისევ უკან კიდებენ. თბილისელი სტუმრების შედარებით თავისუფალი მანერები, ხმამაღალი სიცილი და ჩაცმის სტილი თვალში ხვდებოდათ. ქალაქის ახალი ბინადრები ახალქალაქში ბიჭებმაც მალე შეამჩნიეს. პირველი თვე გოგონებს ინსტიტუტში მანქანების ესკორტი აცილებდა, შიგადაშიგ ვიღაც გამოლაპარაკებასაც ცდილობდა. მათი ხათრით რამდენიმე ქართული ფრაზაც ისწავლეს - შენი გაცნობა შეიძლება, სად მიდიხართ, წაგიყვანთ და ასეთი კიდევ ერთი-ორი. თბილისელ სტუდენტ გოგონას ერთ დღესაც გადამეტებული ყურადღება ყელში ამოუვიდა და ახალგაზრდას დაბურულმინიანი მანქანიდან უწმაწურად მიაძახა. გოგო საჩქაროდ მანქანაში ჩასვეს და ცოტა ხანი „თავისუფლების“ ქუჩაზე აგრიალეს. ისე, „აზრზე მოსაყვანად“. ამის მერე დანარჩენებმაც ისწავლეს ჭკუა და უკვე ყველგან ჯგროდ დაიარებიან - მაღაზიაში, ინსტიტუტში, სტუმრად, ისიც გამოზომილად, 6 საათამდე. ქუჩაში აღარ იცინიან. ინსტიტუტში ეთნიკურად სომეხი და ქართველი სტუდენტები ერთ ჯგუფში სწავლობენ. „ადგილობრივებთან ახლო ურთიერთობა ჯერ ვერ დავამყარეთ. არ გვესმის ერთმანეთის, და რა ვქნათ, - ამბობს ნანა, ყველაზე აქტიური სტუდენტი - ჩვენ რომ აუდიტორიაში შესვენებაზე მუსიკას ვუსმენთ და ვცეკვავთ, ან ბიჭებზე ვლაპარაკობთ, გოგონები აუდიტორიიდან გადიან. იმ დღეს ერთ-ერთ გოგონას შესცივდა და ჩვენმა მეგობარმა ბიჭმა ქურთუკი შესთავაზა. გოგომ ისე შეიცხადა, გეგონებოდა, საწყალ ბიჭს მისი შეურაცხყოფა უნდოდა. არადა, მაგრად სციოდა. შემეცოდა და ჩემი ქურთუკი შევთავაზე. მე გამომართვა“. მოკლედ, ინტეგრაციამდე ჯერ ძალიან შორია. ახალგაზრდებს შორის გაუცხოვებას ენობრივ ბარიერთან და კულტურულ განსხვავებებთან ერთად ქალაქიდან ჩასული სტუდენტების ადგილობრივებთან დამოკიდებულებაც აღრმავებს. პროვინციაში იძულებით გადასახლებული სტუდენტები საკუთარ უპირატესობას ქუჩაში ხმამაღალი ლაპარაკით, ჩაცმის განსხვავებული სტილით, შედარებით თავისუფალი მანერით უსვამენ ხაზს. ისინი ასე განგებ იქცევიან, რომ ადგილობრივებისთვის მათი განსხვავებულობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდეს. „იცოდნენ, რომ სადღაც სხვანაირადაც ცხოვრობს ხალხი. ეს, პირველ რიგში, მათთვის არის უკეთესი“, - ამბობს მეორე გოგონა. ვფიქრობ „ჯავახეთის მისიის“ მნიშვნელობას სტუდენტები სათანადოდ ვერ აფასებენ, ან უბრალოდ ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან იმისთვის, რომ საკუთარ საქციელზე მეტი იფიქრონ - მოულოდნელი გადასახლებით გაბრაზებულებმა წყენა ცოტა ხნით დაივიწყონ და დაკისრებული მისიის მნიშვნელობის გაცნობიერება შეძლონ.

0x01 graphic

თბილისიდან სტუდენტების გამოჩენას ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაც არ შეხვედრია დიდი სიხარულით.

თითქმის მთელი რეგიონი ისედაც შეთქმულების ბურუსშია გახვეული. ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი ხალხი მუდმივად იმის შიშით ცხოვრობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ მხარიდანაც აყრიან და ჩვენი მთავრობის მიერ არჩეულ რომელიმე მომავალი სამშობლოს გზას გაუყენებენ. „მუდმივად გვავიწროვებენ, - მეუბნება ეგრეთ წოდებული რადიკალური სომხური მოძრაობის „ვირქის“ ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, - ეს შიში მხოლოდ არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის გამო არ გაგვჩენია. ჩვენ აგდებულ დამოკიდებულებას თვითონ ეთნიკურად ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ. ჯავახეთი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მხარეა (ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჯავახეთი ერთ-ერთი ყველაზე დაუსახლებელი მხარეა), მაგრამ მთავრობამ აჭარიდან და სვანეთიდან ეკომიგრანტების ჩამოსახლება მაინც ამ რეგიონში გადაწყვიტა. არ უნდა გავიგოთ ეს, როგორც შევიწროვება?“ ამ მიზეზით, სხვადასხვა ეთნიკურ ხალხებს შორის ურთიერთობა პერიოდულად იძაბება და ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც კი მიდის საქმე. მოძრაობის თანათავმჯდომარე რამდენიმე ინციდენტს იხსენებს ფოკაში, სამსარაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში. ასეთი შემთხვევები ყველა მრავალეთნიკურ სოფელში ხდება. გაღიზიანება და აგრესია ნებისმიერმა პატარა ინციდენტმა შეიძლება გამოიწვიოს. განსაკუთრებით იძაბება სიტუაცია, როდესაც დუხობორების დატოვებული სახლების შესყიდვაზე მიდგება ხოლმე საქმე. ამ სახლების დაკავება ისევ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას უნდა, რადგან თუ მათ სახელმწიფომ დაასწრო, ამ სახლებში ეკომიგრანტები დასახლდებიან. დემოგრაფიის შეცვლას კი ისინი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. “რა თქმა უნდა, არ მოგვწონს, როდესაც დემოგრაფიას გამიზნულად ცვლიან, - ამბობს მოძრაობის ლიდერი, - თავისუფლად შეუძლია მთავრობას, ეს ხალხი სხვა მხარეში ჩაასახლოს. დიახ, მთელ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში ასეთი განწყობა არსებობს. მაგრამ ამაზე გულახდილად არავინ დაგელაპარაკებათ, ყველას ეშინია“. ოთხი წელია, ჯავახეთში ეგრეთ წოდებული რადიკალური სომხური მოძრაობებისგან არაფერი ისმის. „ჯავახკის“ და „ვირქის“ თითქმის ყველა ლიდერს დღეს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში მაღალი თანამდებობები უკავია. ეს მოძრაობები დღემდე დაურეგისტრირებელი პოლიტიკური პარტიებია. ორგანიზაციებმა რამდენჯერმე სცადეს ოფიციალურად დარეგისტრირება, მაგრამ ყოველ ჯერზე უარით გამოისტუმრეს, - რეგიონული პარტიების არსებობა არალეგიტიმურიაო. როგორც „ვირქის“ ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ამბობს, - „ჯავახკი“ ფაქტობრივად აღარც არსებობს. „ჯავახკის“ ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეა, ერთ-ერთი ლიდერი პოლიციის უფროსი, სხვები საკრებულოს დეპუტატებად აირჩიეს. ავტონომიის მოთხოვნით, რამდენიმე წელია, არც ერთი მოძრაობა არ გამოსულა. თუმცა მომავალში ამ საკითხის დაყენებას „ვირქის“ ლიდერები არ გამორიცხავენ - „ამ ქვეყანაში სიტყვა „ავტონომიაზე“ ალერგია აქვთ. მე ამას დეცენტრალიზაციას ვარქმევ. ჩვენ უბრალოდ პრობლემები გვაქვს და მათ მოგვარებას ვითხოვთ - თუ ენის საკითხი გადაწყდება და ადგილობრივი თვითმმართველობაც ნამდვილად თვითმმართველობას დაემსგავსება, არავინ არაფერს მოითხოვს (მეც საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი ვარ და კარგად ვიცი, რასაც ვამბობ - ჩვენ აქ ვერაფერს ვწყვეტთ, მხოლოდ ფორმალურად ვარსებობთ)“.

ჯავახეთში სომხური მოძრაობების პასიურობას, ახალქალაქში რუსული სამხედრო ბაზის დახურვაც დაემატა. ეს მოვლენა ბევრისთვის რეალურ, სოციალურ ტრაგედიად იქცა - ორიათასი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. ამბობენ, რომ ამ ცვლილებებმა მოსახლეობის განწყობაზეც იმოქმედა. „ჩვენს მიმართ ნაკლებად აგრესიულები არიან, - მეუბნება გურამი, ქართული სკოლის მეთორმეტეკლასელი მოსწავლე, - თან თვალს მორცხვად მარიდებს და ფანჯარაში იყურება, - ადრე ხშირად ქუჩაშიც კი წამოგვაძახებდნენ, - ე, ნახე ქართველი მიდის. ხომ არ გვეცემა? და ტყუილად გვირტყამდნენ ან სპეციალურად ისე მაგრად გაგკვრავდნენ მხარს, რომ ჩვენც რამე გვეპასუხა და მერე დაგვერეოდნენ. მოკლედ, უფრო აგდებულად გვექცეოდნენ, მაგრამ, რამდენიმე წელია, შეიცვალნენ. არ ვიცი - რატომ“.

ასეთი დამოკიდებულება ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას არა მარტო ეთნიკური ქართველების მიმართ აქვს. ნინოწმინდაში (ძველი ბოგდანოვკა) თითქმის ორასი წლის წინ რუსეთიდან ჩამოსახლებულ დუხობორებთანაც ჰქონდათ უთანხმოება. გორელოვკაში რუსულ სკოლას ხშირად ესხმოდნენ თავს. ხან ფანჯრებს უმსხვრევდნენ, ხან სასკოლო ზეიმების დროს უვარდებოდნენ, კარზე უბრახუნებდნენ და გარედან უყვიროდნენ, - გაეთრიეთ აქედან, ეს ჩვენი მიწააო. დუხობორები ხშირად ერთ ღამეში ტოვებდნენ სახლებს და რუსეთში გარბოდნენ. თორმეტიათასი დუხობორიდან ნინოწმინდაში დღეს სულ ორიათას სამას კაცამდეა დარჩენილი. უმეტესობა ჯავახეთის დატოვებას ახლო მომავალში აპირებს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე სიუჟეტი აჩვენეს, როგორ ჩავიდნენ დუხობორები ჯავახეთიდან ტამბოვის ოლქში, იმის გამო, რომ იქიდან ქართველებმა გამოაძევეს. “ეს უკვე ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო. დუხობორებს ეთნიკურ ქართველებთან პრობლემები არასდროს გვქონია”, - ამბობს ლუბა დემინოვა, რუსულენოვანი სკოლის დირექტორი. გორელოვკაში ეთნიკურად რუსების ყველაზე მეტი ოჯახია დარჩენილი, უმეტესობა მოხუცები, ვისაც წასვლა უკვე აღარ შეუძლია. ისინი ისევ ისე ცხოვრობენ, ისევ გულმოდგინედ უვლიან თავიანთი ობლების სახლს, ისევ იკრიბებიან კვირაობით სალოცავად და, მატერიალური სიდუხჭირის მიუხედავად, მაინც ყოველწელს ღებავენ სახლებს, ცისფერ და თეთრ ტონებში. „არ გვინდა, ჩვენი კვალი ამ მხარიდან სამუდამოდ გაქრეს. ეს ხომ ჩვენი ორსაუკუნოვანი ისტორიაა, მაგრამ ახალგაზრდების აქ გაჩერება ძალიან ძნელია, მათთვის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. რუსეთში სწორედ ამის გამო მიდიან. ბევრი რამე შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამ მიწაზე სხვა ხალხებიც დასახლდნენ. თითქმის ყველაფერი შეიცვალა“. ჯავახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის რუსეთი მეორე რეალური სამშობლოა. ბევრი რუსეთშია წასული და ოჯახებს იქიდან ინახავენ. სომხურენოვანი მოსახლეობის ნაწილს ქვეყნის დასავლური ორიენტაციაც აშფოთებს და ბევრი რუსეთთან ორასწლოვან მეგობრობას დღემდე მისტირის.

* * *

ახალქალაქიდან სპასოვკაში (ნინოწმინდის რაიონი) მივდივართ. აქა-იქ ცხვრის ფარას და ნახირს ვხედავთ. სანამ მესხი ცხენებს ფოტოებს უღებს, ერთ-ერთი მწყემსი გვეცნაურება და თავის ბინაში გვეპატიჟება-посидим, поговорим, немножко выпем, მაგრამ ჩვენ გვეჩქარება. ამიტომ მადლობას ვუხდით და ვემშვიდობებით. გზის ორივე მხარეს ვაკე თითქმის სულ ტბებითაა დაფარული. ჯავახეთში უამრავი პატარა და დიდი (ტაბაწყურის, ხანჩალის, ფარავანის, კარწახის (ნახევარი თურქეთის საზღვარშია მოქცეული), საღამოს და მადათაფას) ტბაა. გორელოვკამდე რამდენიმე კილომეტრზე კი მადათაფას (გოლის) ტბაა გაწელილი. ალაგალაგ წყალი ამომშრალია და პატარა კუნძულები ჩანს. ერთ-ერთზე ძროხა დგას და საწყალობლად ბღავის.

სპასოვკა დუხობორებმა სოფელ სპასენიეს დაარქვეს, მოფერებით. ეს ერთ-ერთი სოფელია, სადაც რუსეთში მიმავალი ეთნიკურად რუსების სახლები მერაბ კოსტავას ფონდმა აჭარიდან ეკომიგრანტების დასასახლებლად შეიძინა. სანამ შესყიდვის პროცესი მიმდინარეობდა, სახლების დიდი ნაწილი ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ პირდაპირ დუხობორებისგან იყიდა. „სახლებში გვივარდებოდნენ, გვემუქრებოდნენ, - თუ ჩვენ არ მოგვყიდით, დაგხოცავთო. რა უნდა გვექნა?“ - მიყვება ერთ-ერთი დუხობორების ოჯახის უფროსი. ასე ამბობენ, რომ გამოთავისუფლებული სახლების ეთნიკურად სომეხი ხალხისთვის შეძენაში სომხეთის რესპუბლიკაც იყო ჩარეული. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების ნათესავები სომხეთიდან ჩამოდიოდნენ და აქ სახლდებოდნენ. ეს პროცესი დღესაც არ დასრულებულა. დაცლილ სახლებში დასახლებას ქვეყნის ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლები დღესაც ცდილობენ. ხშირად, როდესაც ეთნიკურად სომხები სომხეთში სამუშაოდ დიდი ხნით მიდიან, მათ ბინებს მათივე იქაური ნათესავები იკავებენ - სახლები რომ არ გამოთავისუფლდეს.

სპასოვკაში პირველი აჭარელი ეკომიგრანტები 1990 წელს ჩამოვიდნენ. 139 ოჯახი მოდიოდა, მაგრამ ატყდა მითქმამოთქმა, - იქ ეთნიკური სომხები არ გაგაჩერებენ, არ არის მათთან ერთად ცხოვრება უსაფრთხოო, - და ბოლოს ოცი ოჯახი ჩამოვიდა. ოთხოთახიან ბინაში სკოლა გაკეთდა. მაღალმთიანი რაიონის მოსახლეობას სახელმწიფო ორმაგ ხელფასს უხდიდა. ახლა, უკვე დიდი ხანია, მათთვის სახელმწიფო დახმარება აღარ არსებობს. სკოლაც ვაუჩერულ სისტემაზე გადავიდა. სულ 59 მოსწავლე სწავლობს და ეს ფული არაფერში არ ჰყოფნით. სახელმძღვანელოებსაც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით თუ ყიდულობენ. „არც ექსკურსიები, არც რაიმე ღონისძიება, ბავშვების წასახალისებლად ვერაფერს ვაკეთებთ, - ჰყვება იური ვანაძე, სპასოვკაში ქართულენოვანი სკოლის დირექტორი, ასაკოვანი კაცი, ჭაღარა, სახეზეც და ხელებზეც მძიმე შრომის კვალი ეტყობა და ღიმილიანი გამოხედვა აქვს; მერე იხსენებს, - სოფელში ჩვენ რომ ჩამოვედით, სულ სამი ეთნიკურად სომეხი ოჯახი ცხოვრობდა, დანარჩენი დუხობორები. სომხებს ჩვენი სიკვდილივით ეშინოდათ, ველურები ვეგონეთ. ასეთი პროპაგანდა იყო. ჩამოვლენ და დაგვერევიანო, - ფიქრობდნენ. ჩვენი შიშით სახლიდანაც არ გამოდიოდნენ. მერე მიხვდნენ, არაფერს რომ არ ვერჩოდით და ნელნელა შეგვეჩვივნენ. დღეს მშვენივრად ვცხოვრობთ ერთად, ვმეგობრობთ“. სკოლას ყველაზე მეტად მასწავლებლები უჭირს, ჯავახური კლიმატის გამო, სამუშაოდ ახალი კადრები არ მოდიან. ბევრი მასწავლებელი საშუალო განათლებისაა. არის საგნები, რომლებსაც საერთოდ ვერ ასწავლიან, მაგალითად - ფიზიკას. ჯავახეთის სოფლებში ეს პრობლემა ბევრ სხვა სკოლასაც აქვს. იშვიათია სკოლებში ფიზიკის, ქიმიის და მათემატიკის უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგები ასწავლიდნენ.

„კიდევ მიწებია, შვილო, ჩვენი დიდი პრობლემა. აქ თუ მიწასთან არ იმუშავე, პურსაც ვერ აჭმევ ოჯახს. მიწები კი არ გვყოფნის. საბჭოთა კავშირის მერე, მიწების პრივატიზაცია რომ დაიწყო, აქ ბევრმა მიწა უკანონოდ მიითვისა. დღეს პრივატიზება გაჩერებულია. ასი ჰექტარი ნაკვეთი ვიღაცას აქვს მითვისებული, დანარჩენი ოჯახებზეა განაწილებული. 1 ან 2 ჰექტარი მოდის ოჯახზე და აბა, ეს ვის ეყოფა. მოგვცენ მიწა და ვიცხოვრებთ ჩვენთვის, არც არავის შევაწუხებთ და აქედანაც არავინ წავა“. ჩვენ იური ვანაძის კაბინეტში ვსხედვართ. საუბარში სასწავლო ნაწილიც ერთვება და გვთხოვს, რომ მიწებზე და სკოლის სახელმძღვანელოებზე აუცილებლად დავწეროთ. და კიდევ, ექსკურსიებზე - „სირცხვილი არ არის, რომ ჩვენი ბავშვები სოფლის იქით არსად არიან ნამყოფი? რა დააშავეს, შვილო?“ კარის ჭრიალზე ვიხედები და ხის კარსა და კედელს შორის დარჩენილ ვიწრო ღრიჭოში რამდენიმე ბავშვის თავს ვხედავ, დამრგვალებული თვალებით. „რას შვრებით, ბიჭო?“ - ეკითხება ბატონი იური და ღრიჭოში თავებიც უცებ ქრება. გვერდით ოთახში მესხი და დათო მოსწავლეებს ესაუბრებიან. მესხი მათ ფოტოებს უღებს და თავის აპარატს ათვალიერებინებს. „დეიდა, აქ სტუმრად ჩამოხვედით? - მეკითხება ლოყებღაჟღაჟა, კიკინებიანი გოგო, - კიდევ ჩამოხვალთ?“

სკოლას რამდენიმე შეშის ღუმელით ათბობენ (ჯავახეთში ყველა სკოლაში გათბობის პრობლემა მოგვარებულია, ბევრი სანიმუშოდაცაა გარემონტებული). სკოლის გვერდით პატარა შენობაა, სპორტსკოლა, ბიჭები კრივში ვარჯიშობენ. მოკლე კიბით მეორე სართულზე ავდივართ. პატარა ოთახია, დაბალჭერიანი, იატაკზე დაგებული ტყავის „ლეიბები“ ტატამის მაგივრობას წევს, ისიც ერთ-ერთ ჩინოვნიკს უჩუქებია. ოთახში მძიმე ჰაერია. თხუთმეტამდე ბიჭი ოთახში წრეზე დარბის, ხურდებიან. მერე ნახტომებს აკეთებენ. „ვერ დახტიან კარგად, ჭერი არ აძლევთ ამის საშუალებას, თორემ ისე უფრო მაღლაც შეუძლიათ“, - გვიხსნის მწვრთნელი. ამ ბიჭებიდან თითქმის ყველა რამდენიმე შეჯიბრის გამარჯვებულია. „მონდომებულები არიან და იმიტომ. ბევრ ჯილდოს ჩამოიტანენ ესენი“, - გვპირდება მწვრთნელი.

სოფლის შარაზე, ხის გრძელ სკამზე კაცები სხედან. ჩვენს დანახვაზე ხალისდებიან, ქალაქის ამბებს გვეკითხებიან - „რაო, რას ამბობენ, როდის გადიანო რუსები?“

სოფლის ბოლოში, გზასთან ახლოს პატარა ფერმას ვამჩნევთ, გარეთ ორი პატარა ბიჭი დარბის. ერთ-ერთი ცხენს შემოახტება და ისე გააჭენებს, გული მიჩქარდება, სულ მგონია, რომ ახლა გადმოვარდება; 8 წლისაა, ნიკა ჰქვია. მშობლებთან, ბებიასთან და ოთხ და-ძმასთან ერთად ფერმაში ცხოვრობს. დედა და მამა ფერმაში მუშაობენ და იქვე ოთხი კვადრატული მეტრის ოთახში აქვთ ბინა. ფერმაში ნაკელის სუნი სახეში გვეფეთება, მერე ოთახში შევდივართ. ტელევიზორია ჩართული, ნინოწმინდის ჯინსის ფაბრიკაში პრეზიდენტი წითელ ლენტს ჭრის. საწოლში გოგონა წევს, თვალები გახელილი აქვს, მაგრამ თითქოს სადღაც უსასრულობაში იყურება. უკვე 10 დღეა, მაღალი სიცხე აქვს.

ოთახიდან ჯერ მესხი გადის, მერე მეც მივყვები. გარეთ ბავშვების მამაც გვხვდება, „მანქანა რო მაშოვნინე, ფული რომ არ გვაქვს“, - ჩუმად ეკითხება ცოლს. ნიკა და უჩა ისევ გარეთ არიან, ერთი ურიკაში ზის, მეორე სახელურებს ჩასჭიდებია და მთელი ძალით მიარბენინებს. - „აღარ მინდა! მეშინია, ბიჭო!“ - ყვირის უჩა. ნიკა არ ჩერდება. „არ გესმის? ვიტირებ ეხლა“.

* * *

ბოლო დღეა. მეორე დილით უკვე თბილისში მოვდივართ. სომხეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, სოფელ სამებაში ნათენაძეების ოჯახი გველოდება. მეგზურად სპასოვკელი პავლე მოგვყვება. პავლე სამებაში ქართულენოვან სკოლაში მუშაობს, ისტორიას და გეოგრაფიას ასწავლის. ყოველ დილით გამთენიისას დგება, ტრანსპორტს რომ მიუსწროს, მერე სამებამდე ერთი საათი ფეხით მიდის. უკან ძირითადად მესაზღვრეებს ან ისე, შემთხვევით ჩამვლელს მოჰყვება. პავლე ტანმორჩილი ბიჭია, ცისფერი თვალები და რაღაცნაირი, ნათელი გამოხედვა აქვს. რამდენჯერმე მითხრეს, - ეგ ჩვენი გული და სულიაო. საოცარი ვინმეა, სულ ეღიმება და ომახიანად ლაპარაკობს. „სკოლაში თხუთმეტამდე მოსწავლეა. არ ვიცი, სადამდე იარსებებს ეს სკოლა. რომ დახურონ, ყველა ქართული ოჯახი დატოვებს იქაურობას. ბავშვები სკოლაში ისედაც კანტი-კუნტად დადიან, ხშირად აცდენენ. მეათე კლასელებს იმ დღეს მზის სისტემაზე ვუყვებოდი და დიდხანს ვუხსნიდი, როგორ ბრუნავს დედამიწა ორბიტაზე. ვერ გაიგეს. ამოვიღე მერე სანთებელა, ფანარი და ვუთხარი: წარმოიდგინეთ, რომ ეს სანთებელა დედამიწაა, ფანარი კი მზემეთქი. მზეს დედამიწა ნელა შემოვატარე და ვუთხარი, ერთი მხარე მზეს რომ ეფიცხება და ნათდება, მეორე მხარეს ღამეა. ამ სიბნელეში ხან ჩვენ ვექცევით, ხან ამერიკამეთქი. გაიგეს“.

სოფლის დატოვება არც ერთ ეთნიკურად ქართულ ოჯახს არ უნდა. „უბრალოდ, ძალიან მოწყენილად ვცხოვრობთ, - მეუბნება ციცო ნათენაძე. სულ რამდენიმე ოჯახიც რომ ჩამოვიდეს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით, მივეხმარებით და ერთად უფრო ხალისიანად ვიცხოვრებთ. ძნელია აქ ზამთარი. თვეები ისე გადის, მთავარ გზას არავინ გადმოსცდება. პროდუქტებსაც წინასწარ ვიმარაგებთ. მერე ვსხედვართ და გამოზაფხულებას ველოდებით“.

მთავარი პრობლემა სოფელში ისევ მიწებია. თუ ასე გაგრძელდა, სოფელში დარჩენა გაუჭირდებათ. ბავშვებიც წამოეზრდებათ და მეტი შემოსავალი დასჭირდებათ. არაერთხელ მიმართეს გამგებელს წერილოწერილობით. ციცოს და, ლია გოგა ხაჩიძესთან შესახვედრად ახალქალაქშიც კი ჩავიდა, გენერალ-მაიორ არაგიანშის ძეგლის გახსნაზე. „ერთი საათი ვსდიე უკან, - ბატონო, გოგა, მომისმინეთ, რაღაც პრობლემა მაქვს, რისი მოგვარებაც თქვენ შეგიძლიათ, ერთი წუთი მაინც დამითმეთ-მეთქი, - მაგრამ მობილური არ ჩამოუღია ყურიდან. აქეთ-იქით დაიარებოდა, ვითომ საუბრობდა. წამოვედი მერე უკან“. ლია ნათენაძეს გული აწუხებს, რამდენჯერმე ექიმი რომ დასჭირდა, ნინოწმინდიდან სასწრაფო გამოიძახეს. „მესამე დღეს ძლივს ჩამოვიდნენ. ზამთარი იყო, ცხენებით გადმოვიდნენ. ღმერთმა არ ქნას, კიდევ ვინმეს ექიმი დასჭირდეს. მე ბავშვების დარდი მაქვს, თორემ ჯანდაბას ჩვენი თავი“, - ამბობს ციცო.

ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ბევრთან მეგობრობენ. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. „მძიმე წლები გვაქვს გამოვლილი, - ჰყვება ციცო ნათენაძე, - ახალი ჩამოსულები რომ ვიყავით, საშინლად გვექცეოდნენ. ლამის სახლებში გვიცვივდებოდნენ - გაეთრიეთ აქედანო, - გვიყვიროდნენ. ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას მატერიალურად ძალიან გვიჭირდა. იყო დრო ხორბალს ვხალავდით და იმას ვჭამდით. დაგვცინოდნენ, უდღეურებს და მათხოვრებს გვეძახდნენ. ხშირად მათ დასანახად კბილის საჩიჩქნებით დავდიოდით - ვითომ ხორცი გვქონდა ნაჭამი, რომ არ დავეცინეთ. მერე დაგვანებეს თავი“.

სპასოვკადან პავლეც ჩვენთან ერთად მოდის. კიდევ უფრო აცივდა, ალბათ მალე მოთოვს კიდეც. ნამდვილ ჯავახურ ზამთარს ამ წელს ჩვენ ვეღარ მოვუსწრებთ. დილით, თბილისში მივდივართ. გორელოვკისკენ გზაზე, მანქანის წინ პატარა მელაკუდა გადაგვირბენს, ფარების ნათებით შეშენებული ერთხანს ყოვნდება და გაშტერებული იყურება, მერე გონს მოდის და გზიდან მინდორში გადასკუპდება. დუხობორების ობოლთა სახლთან პავლეს სერგეი ელოდება მოტოციკლეტით. იქვე, ბენზინგასამართ სადგურთან არმენსაც ხვდებიან. პატარა მოტოა, მაგრამ სკამზე სამნი მაინც მშვენივრად ეტევიან. მოტო ხმაურით იქოქება და მიდიან. „კიდევ ჩამოდით“, - გვეძახის პავლე. ჩვენ მანქანასთან ვდგავართ და უაზროდ ვიქნევთ ხელებს, ვერავინ გვხედავს. „მართლა ჩამოდით, - უკვე შორიდან, ექოდ ისმის პავლეს ხმა, - ძალიან გაგვახარებთ“. მანქანასთან ვდგავართ და მოტოციკლეტის უკანა ფარებს ვუყურებთ. მოტორის ბღუილი და მათი სიცილის ხმა უკვე შორიდან ისმის. მერე მოსახვევში შედიან და იკარგებიან.

16 სოლო ბესო უზნაძე and Co

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, ბესო უზნაძის პირადი არქივი

მადლობა ბრიტანეთის საბჭოს

0x01 graphic

გამოფენა გაიხსნა ამა წლის 25 ნოემბერს ლონდონში, ფოტოგრაფთა ასოციაციის გალერეაში. ორსართულიან დარბაზში ოცდათერთმეტი ნამუშევრის სანახავად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ყველა ულოცავდა მორიგ გამარჯვებას ქართველ ფოტოგრაფს, ბესო უზნაძეს, რომელმაც წელს ბრიტანეთის ფოტოგრაფიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა სერიისთვის „თბილისური პორტრეტები“ ეს ბესო უზნაძის პირველი სოლო გამოფენა იყო.

მე მგონი, შესანიშნავი, ოფიციალური დასაწყისი გამომივიდა.

თავად ბესო უზნაძე თავის ამბებს სწორედ ასე ჰყვება: ოფიციალურად. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ ჰყვება. გახსოვთ, ანეკდოტი იყო ასეთი: ნაპოლეონს, ჩერჩილს თუ აინშტაინს - რა მნიშვნელობა აქვს - დედამ დაბეჭდილი კონვერტი დაუტოვა და დაუბარა, წარმატებას რომ მიაღწევ, მაშინ გახსენიო. ის ისე მოკვდა, რომ არ გაუხსნია. ჩანს, ბესო უზნაძის საქმეც ასეა: მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მისი პირველი პერსონალური გამოფენის გახსნისთვის მიმავლინეს ლონდონში, მისი წარმატებებისა ვერასოდეს ვერაფერს გავიგებდი, სხვებს რომ არ ეამბნათ. დუმს. დიდ წარმატებას ელოდება.

* * *

ბესო უზნაძე პირველი განათლებით კიბერნეტიკოსი გახლავთ. ის თავისი მეგობრის, გუგა კოტეტიშვილის რჩევით და შემდეგ - დაჟინებით, დათო ცხადაძის მოსწავლე გახდა.

შემდეგ ბესომ „ლონდონის კომუნიკაციის კოლეჯში“ ჩააბარა, სპეციალობა - პროფესიული ფოტოგრაფიის პრაქტიკა, და დიპლომი ფოტოჟურნალისტიკაში დაიცვა. დიპლომი დიდი გამარჯვება იყო: „სოფლები, რომლებიც ქრება“, „სანდეი თაიმსმა“ გამოაქვეყნა.

პირველად ბესო უზნაძის ნამუშევარი 2004 წელს ეკიდა ბრიტანეთის პორტრეტის გალერეაში: „ბრიტანული პორტრეტი“ ახალგაზრდა ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრებს წარმოადგენს, და მათ შორის იყო ბესოს „გოგონა ფანჯარასთან“.

წელს ამ კონკურსში 6700 პორტრეტი მონაწილეობდა. გადარჩევის შემდეგ სამოცი ნამუშევარი ბრიტანული პორტრეტის გალერეაში გამოიფინა.

0x01 graphic

ბესო უზნაძე ბრიტანეთის ფოტოგრაფიის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის დროს

0x01 graphic

ბესო უზნაძის გამოფენა ლონდონში

რასაკვირველია, წავედი, ვნახე თიკო ტუსკაძის პორტრეტი, ვან მეერის ქალს რომ ჰგავს, რამდენჯერმე წავიკითხე წარწერა: „ბესო უზნაძე. თინა“, და სიამაყისგან სიმაღლეში გავიზარდე.

ეს ფოტო „ცხელი შოკოლადის“ ერთგულ მკითხველს ნანახი აქვს, მეორედ აღარ დავბეჭდეთ. სამაგიეროდ, გაჩვენებთ პორტრეტს, რომელიც ლონდონში ჩასვლის პირველი დღიდანვე კვალდაკვალ დამდევდა. თამარ სუხიშვილი მიცქერდა მოსაწვევებიდან, ფოტოგრაფიის ყოველკვირეული ჟურნალის გარეკანიდან, ის გამოფენაზე საპატიო ადგილას ეკიდა და, როგორც მიამბეს, ჩემს ჩასვლამდე ტეიტის თანამედროვე ხელოვნების გალერეაშიც ყოფილა.

„რატომ არ მითხარი, მუნჯო?“ ვკითხე ბესოს.

ბესომ გრძელი და აღელვებული მოხსენება წამიკითხა თემაზე „ტეიტ მოდერნი და თანამედროვე ხელოვნების ჩვენების იდიოტური კონცეფცია“. თურმე, ნუ იტყვით, პორტრეტი კედელზე ჩარჩოში ჩასმული კი არ ეკიდა, პროექციით იყო ნაჩვენები! ტეიტი რომ დიდი ბრიტანეთის წამყვანი გალერეაა, რომ ჯერ მარტო მისი შენობა ერთ რამედ ღირს, რომ იქ პიკასოს, ვორჰოლისა და დალის ნამუშევრები კიდია და ჩემსობას როტკოს გამოფენა იყო - ეს არ ითვლება? პროექცია... ოჰ, ბესო!

„რა? აი, რა? მერე?“

არაფერი.

„გამოფენა დაბადების დღესავითაა,“ - ამიხსნა ბესომ. „ემზადები, გახსნი, გიხარია, მეორე დღეს კი...“

მეორე დღეს კი კვლავ ერთად მივაბიჯებდით ბესოს სამუშაო ადგილისკენ. კარგი სახელი ჰქვია ამ კაფეს: „პატარა საქართველო“.

„ამ გაჩერებაზე ვზივარ ერთხელ, - ჰყვება ბესო, - და ქალი მომადგა, შავკანიანი, პარიკიანი, უმსუქნესი. მომადგა, ერთი, პალტო შემიკარიო. მერე რაღაცა ჩაილაპარაკა და მე ვუთხარი, ვერ გავიგე-მეთქი. საიდან ხარო? მეთქი, საქართველოდან. ძალიან გაწყრა, თქვენ რა ხალხი ხართ, რამდენი ადამიანი დახოცეთო... პოლიტიკაში გარკვეული ეგონა თავი“.

„მერე ღილები ისევ ვერ შეუხსენი?“

ის ქალი მეც ვნახე ერთ კვირადღეს, ჩანს, იქაური ეკლესიის მრევლი იყო. „პატარა საქართველოს“ თიკო უძღვება, სწორედ ის თიკო, რომლის პორტრეტიც ეროვნული პორტრეტის გალერეაში კიდია. თიკოს ის დიდად არ მოსწონს, მაგრამ არ იმჩნევს. ლამაზი ქალია, უჩვეულოდ ელეგანტური. რას არ ჰყვებიან მის შესახებ წავიყკლიენტები: საქართველოში ყველაზე ცნობილი ბალერინა იყო, უბრალოდ, ავარიაში მოყვა და ისე რომ ვეღარ ცეკვავდა, სცენას თავი დაანებაო; თავადის ქალია, ემიგრანტების ჩამომავალიო - მოკლედ, მითები, რომლებიც სასაცილოა, მაგრამ საქმეს ადგება.

0x01 graphic

თიკო ქუდს ისწორებს და გასასვლელად ემზადება. ორსულადაა, მალე შვილი ეყოლება, მე კი, სანამ არ მითხრა, ვერაფერს მივხვდი. კარებში მოტრიალდა და გაიღიმა - მართლა მუნჯი კინოს ვარსკვლავს ჰგავს.

„კატას ჰგავხარ“, იცინის ბესო. „თიკუნა, აბა თქვი: მიაუ!“

„მიაუ!“ ამბობს თიკო და ქუსლების კაკუნით გადის.

იძახოს ბესომ „მერე, მერე“... „პატარა საქართველოს“ კი მისი კოლეგები ეწვივნენ ბესოს გასაცნობად: მსოფლიო ფოტოგრაფიის ამომავალი ვარსკვლავი, ვანესა ვინშიპი, რომლის ნამუშევრებსაც „როიალ ფესტივალ ჰოლში“ გაოცებული შევცქეროდი, მაგნუმელი ოლივია არტური - ვინ აღარა. ისინი ბესოს ყველაზე კარგ სიტყვებს ეუბნებოდნენ და სთავაზობდნენ, ვიმეგობროთო.

ესეც მე ვარ?

* * *

გამოფენის გახსნაზე იდგა ძალიან მაღალი, ძალიან შავკანიანი ქალი. მივხვდი, რომ სიუზენია, წერილებით ვიცნობდი. „დროზე ჩამოდი, ბიჭო, - სწერდა თბილისში მყოფ ბესოს, - დროზე, თორემ ვუხმობ ნიგერიულ მაფიას და ნახავ, ჩემი ბიჭები რას იზამენ!“

ბესოსგან ვიცოდი, რომ სიუზენი, ბესოს „სისტა“, ნიგერიელ დიდგვაროვანთა შვილია, ლამის მეფის ასული. მსახიობია, ხოლო როცა გადაღებებით არაა დაკავებული, ჩემთვის უჩვეულო საქმეს აკეთებს: ლონდონის პოლიციას სიტყვა-პასუხს, ეთიკის ნორმებს და ღიმილს ასწავლის.

„აქედან ერთად მივდივართ, - მითხრა სიუზენმა, - და ვნახოთ ერთი, ვინა ხარ. ბესოც ასე გავიცანით მე და სემმა - წავიყვანეთ და ვნახეთ, რა კაცია“.

„რა კაცია?“ - დავინტერესდი მე.

„მაგარი! - მიპასუხა სიუზენმა, - ვერ ხედავ, როგორი გამოფენაა?“

გზად სიუზენმა იდარდა, ჩარლი სახლში მარტოა და გავუვლიო. ჩარლი აღმოჩნდა ძაღლი, რომლის მარტო დატოვებაც აშკარად არ შეიძლებოდა: ჩიხუახუა, ძაღლი-კოლიბრი, ხმას თუ არ ამოიღებდა, ვერ ვხედავდი. პატრონის ზურგს ამოეფარა - არ გასჭირვებია - და მიყეფა და მიყეფა, მერე კი გადაწყვიტა, ეს ქალი არ მერჩისო და კარგა ხანს ვგორავდით სემის ხალიჩაზე უზომოდ ჩარლი და მე.

„ბეჭედი უნდა ჩამომიტანო, - აბარებდა სიუზენი ბესოს და გრძელი თითებით ძალიან ოსტატურად ახვევდა პაპიროსს, - სემს რომ აქვს, ისეთი. „უფალო შეგვიწყალენ“. ხომ არ დაგავიწყდება?“

„არა,“ - დაჰპირდა ბესო.

„ისე, შენ არ გინდა ჩვენთან ჩამოსვლა?“- ვკითხე მე.

0x01 graphic

„რას ამბობ, - გაიცინა სიუზენმა და თოვლივით თეთრი, ჯანმრთელი კბილები გამოაჩინა, - ამხელა შავ ქალს ლონდონში ძლივს შეეჩვივნენ და თბილისში ხომ გული გაუსკდებათ...“

* * *

„კარგი იყო ვერსინასჟი, არა, ბესო-სან?“ ჰკითხა სამზარულოში ნაოკომ.

ერთი ციდა გოგოა, მაგრამ ძალიან ყოჩაღი, გაპრანჭული-გაპრანჭული რომ ჰა... სული რით უდგას, არ ვიცი: დაყრის ხოლმე თეფშზე რაღაც დაუჯერებელ ბალახ-ბულახს, ერთ ცალ ქამა სოკოს მიაჭრის და ესაა ნაოკოს საუზმეც, სადილიც და ვახშამიც.

ამჯერად სალათას საწებელი მოასხა და ღუმელში გასაცხელებლად შეუძახა.

„ნაოკო, - აღშფოთდა ბესო, - რატომ ასდის შენს საჭმელს დაუბანელი კაცის სუნი?“

ნაოკომ თეფში საქმიანად დაყნოსა. მერე საწებლის ბოთლი დაათვალიერა.

„მექსიკური ყოფილა, - დაასკვნა საბოლოოდ, - მართალი ხარ. ყარს. გინდა, გასინჯე?“

* * *

სემმა კლუბში დაგვპატიჟა, ვიღაცის დაბადების დღეზე. იმ კაცს მე არ ვიცნობდი, არც ბესო იცნობს. მოსულა ასე? კიო, ბესომ.

ესეც სოხო. გარეთ სემი დაგვხვდა, თეთრ პერანგში - ლონდონელთა უმრავლესობის დარად, მგონი, ამასაც თერმორეგულაცია აქვს დარღვეული. ისე გამოიყურებოდა, თვალთ დამიბნელდა. ძალიან კარგი სანახავი ხარ-მეთქი. გაეცინა.

არც ის კაცი იყო ურიგო სანახავი, წითელი, თასმებიანი შარვალი რომ ეცვა და შიშველ ტანზე - მელიის ქურქი. კაცი არაფერს ჰგავდა, ქურქი კი მომეწონა. ისე, ცოტა საწყენია ალბათ, პალტო რომ გჯობია, მაგრამ ეს ხომ ჩვენი პრობლემა არ იყო.

ის დაბადების დღე უცებ გადავაგორეთ და კაცებმა „დაკში“ წამიყვანეს, რასაც არასოდეს დავუვიწყებ - მათ გარეშე იქ ვერ მივიდოდი და ალბათ, ვეღარც მივალ, იმიტომ, რომ მეხსიერებამ მიღალატა. ცოტა მახსოვს, ცოტა არ მახსოვს.

მახსოვს უსაშველოდ მსუქანი ქალი, კლუბის მფლობელი. მახსოვს წარმოდგენა, რომელიც შესანიშნავი იყო. მახსოვს უამრავი ჯანმრთელი სხეული, ჩინებული მუსიკა - არა „დმც, დმც, აჰა“, არამედ ნამდვილი. და კიდევ მახსოვს დიჯეი, უღმერთოდ ლამაზი, ახალგაზრდა კაცი, შავად მოხატული თვალებით, ტრაგიკული გმირი, დაცემული ანგელოზი...

* * *

ყველა უბედურება ხომ მე უნდა დამემართოს. იქ რაღა გვინდოდა?

„დალიე, - მითხრა ბესომ, - 28 გირვანქა სტერლინგი ღირდა ეს დამპალი კოქტეილი“. რა გაეწყობა, საწყენია, მაგრამ რაც არის, არის.

ფრიად ცივილიზებული ადგილი იყო, გული ცუდს არაფერს მეუბნებოდა. „გეი კლუბი ყოფილა“, - ჩაილაპარაკა ბესომ. მთლად გავლაღდი და მოაჯირზე გადავეყუდე, ჩემი ჭკუით ვცეკვავდი და ბოლო წვეთამდე ამოვლოკე ჩემი კოქტეილი - 28 გირვანქა სტერლინგიდან ერთ გროშსაც არ დავტოვებდი. და უცებ - ვაი?

„კი, - მოკვდა ბესო სიცილით! - კი, კი! გეი-კლუბის ერთადერთი სტრეიტი შენ მოგადგა, სესტრა!“

* * *

შორს, სამეფო პარკში, რაღაცა ციალებს, ბრჭყვიალებს - სასწაულია!

საშობაო ბაზრობა. ეს რომ ბავშვობაში მენახა, დღესაც ცხრამეტი წლის, ქერა გოგო ვიქნებოდი, 90-60-90.

ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

ერთი თვის ხელფასი დავხარჯეთ ატრაქციონებში, საშინელებების სახლში, გერმანულ სამზარეულოსა და ლუდში.

ცივი ღამე იყო, მაგრამ ყველაზე კარგი.

* * *

ბრაიტონის სანაპიროს ტალღები აგორდება. დიდი, უკიდეგანო წყალი. დაიცათ, მოვიდეს კაპიტანი ფლინტი!

ყორანი საქმიანად უტრიალებს ნიჟარას - შიგ გემრიელი რამ ეგულება.

იქვე გასართობი ცენტრია, წელიწადის ამ დროისთვის დაცარიელებული. ამ მიტოვებულობასაც თავისი ხიბლი აქვს.

„აქედან წყალში არ ჩახტეთ!“ - გვაფრთხილებს აბრა.

არც მიფიქრია.

უზარმაზარი თოლიები რაღაც პრეისტორიულ ურჩხულებს ჰგვანან.

„გინდა ინდურ სასახლეში?“ - მეკითხება ბესო

„არა“, - ვუპასუხე მე. ბესო ნამყოფია და თუ ძალიან მოვინდომე, მიამბობს, შიგ რა ხდება.

„არც არაფერი არ ხდება,“ - დამამშვიდა ბესომ.

ამის ნაცვლად, „სამეფო ალბიონში“ შევედით, სასტუმროში, რომლის ფანჯრებიც ზღვას გაჰყურებს და რომელშიც მხოლოდ მოხუცები დაგვხვდნენ.

კარგად ჩაცმული მოხუცები იყვნენ, კარგი კბილებით, ძვირფასი სამკაულით, მოდური ვარცხნილობით. მოხუცები, რომლებსაც ძალიან ბევრი ფული აქვთ, მაგრამ აღარავის სჭირდება, მათ გარდაცვალებაზე მეოცნებე მემკვიდრეების გარდა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებულები იქ მხოლოდ ბესო და მე ვიყავით. ჩვენ გვიხაროდა, რომ სასტუმროდან კარგი ხედი იშლება, რომ გემრიელად და ძალიან იაფად მოვახერხეთ სადილობა, რომ ოქროსფერი ლარნაკი კინაღამ დავლეწეთ, მაგრამ გადარჩა, რომ ნაძვისხის ფონზე გადაღებულმა პორტრეტმა გაამართლა. მათ კი აღარაფერი უხაროდათ.

ჩემი ბებია „სამეფო ალბიონში“ არასოდეს ყოფილა. მას არც „პრადას“ ფეხსაცმელი სცმია და არც ზურმუხტის ბეჭედი უბრჭყვიალებდა მარჯვენაზე. მაგრამ ჩემი ბებია ბევრად უფრო ბედნიერი ქალი იყო, ვიდრე ყველა იქ შეკრებილი მოხუცი - სულ ბოლო დღემდე მასზე მეტად არავინ გვყვარებია.

მისი ხათრით იქ ყველა მოხუცს ვუღიმოდი.

„წავიდეთ აქედან, - თქვა ბესომ, - ძალიან სევდიანი ადგილია“.

მაღაზიაში შევედით და ბესომ დედამისისთვის საჩუქარი იყიდა, ისეთი, ალბიონელი ქალებიც რომ არ დაიწუნებდნენ.

* * *

„ჯუნკ-მაილ-ების გარდა აღარაფერი მომდის, - წუწუნებდა გალერეისკენ მიმავალი ბესო, - აი, ნახავ, მივალთ და ნამუშევრები ჩამოხსნილი დაგვხვდება, კუთხეში აყუდებული“.

„არა, - გავამხნევე მე, - ჩარჩოებიდან გამოუღიათ და სუხის პორტრეტზე ჩიფსები და შებოლილი თევზი დაუყრიათ“.

გამოფენა ადგილზე დაგვხვდა.

გამოხმაურება - საუკეთესო.

პერსპექტივა - კიდევ უკეთესი.

საერთოდ, ყველაფერი მხოლოდ დაიწყო, მთავარი წარმატებები წინაა, ისეთები, ბესო უზნაძესაც რომ გაახსნევინებს სანუკვარ კონვერტს.

აბა, შენ იცი და მალე ნახვამდე, ბესო!

17 beso uznaZe „londonuri portretebi“

▲ზევით დაბრუნება


ფოტო-პროექტი

0x01 graphic

მარჩელა

0x01 graphic

სემი და ლესლი

0x01 graphic

მეზობლები

0x01 graphic

შემი

0x01 graphic

კრისი

0x01 graphic

ნაოკო

0x01 graphic

კატო

0x01 graphic

დევიდი

0x01 graphic

სასტუმრო

18 ლონდონ-ქალაქი და დევიდ გირი

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ბესო უზნაძე

0x01 graphic

მასპინძელმა ჩასვლისთანავე ამიხსნა, რომ აქ ყველაფერი უკუღმაა. უფრო სწორად, მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ ხდება და ამიტომ ძალიან გაფაციცებული უნდა ვიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობუსი გამიტანს. საერთოდ, რასაც გული გიკარნახებს, ზუსტად საწინააღმდეგოდ მოიქეციო.

მე, ცხადია, ეს გაფრთხილება არად ჩავაგდე და პირველივე გადასასვლელზე მანქანას ვუვარდებოდი. მერე მეგონა, რომ სახლისკენ ავიღე გეზი და მხარი მეცვალა, მთელი უბანი შემოვიარე.

რატომ დადიან უკუღმა?

იმიტომ, რომ თვლიან, რომ წაღმა დადიან და უკუღმა ჩვენ ვართ მოწყობილი.

რომ გითხრათ, ლონდონის გარდა ქალაქი არ მინახავს-მეთქი, ტყუილი იქნება. ვერც იმას ვიტყვი, რომ სხვა ქალაქები არ მომწონს. უბრალოდ, მე მგონი, ლონდონი ამბერია: ქალაქი ლონდონია და დედამიწის ყველა სხვა ქალაქი მისი ჩრდილის ანარეკლია მხოლოდ.

ამიტომაც დავდიოდი უკუღმა, თუ წაღმა - რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, რომ სხვანაირად.

ანგელოზის სიახლოვეს

ჩემი ლონდონი თითქმის ისევე დაიწყო, როგორც ოლივერ ტვისტისა. ცხადია, ფეხით არ ჩავსულვარ და პატარა ქურდბაცაცასაც არსად წავუყვანივარ, მაგრამ მეც იგივე მარშრუტი გავიარე, რადგან ენჯელის სიახლოვეს ვცხოვრობდი - ლონდონური მასშტაბებით სიახლოვეში, თორემ ისე, აბა, რა გითხრათ...

ასე თუ ისე, ოლივერისთვისაც და ჩემთვისაც პირველი დასახელება „ანგელოზი“ იყო. უბრალოდ, ოლივერის დროს ეს იზლინგტონის ცნობილი ფუნდუკი ყოფილა, ჩემსობას კი - მეტროს სადგური.

„ანგელოზიდან“ სენტ ჯონ როუდზე გადაუხვიეს, გაიარეს პატარა შუკა, რომელიც სედლერს ველსის თეატრთან მთავრდებოდა, გაიარეს ექსმაუნტ სტრიტი და კოპის როუ, მუშათა სახლთან პატარა ეზო გადაკვეთეს, იქიდან შეუხვიეს საფრენ ჰილზისკენ, შემდეგ - გრეიტ საფრენ ჰილზისკენ, და აქ ცრუპენტელა წინ გაიჭრა და ოლივერს უბრძანა, კვალდაკვალ მომყევიო...“

მეც ასე მომექცნენ და ცოტა უკვირდათ, რომ ორიენტაციაში ცუდად მქონდა საქმე.

ოლივერისგან განსხვავებით, მე ძალიან კარგ ქუჩაზე აღმოვჩნდი, სადაც კოხტად იყო ჩაწიკწიკებული თეთრი, პარმაღიანი სახლები, უზარმაზარი ეკლესია იდგა და, ჩემი გულის გასახარად, იქვე პატარა ბაზარიც ხმაურობდა - ნამდვილი, ხილიან-ბოსტნეულიან-თევზებიანი, სადაც არც ვაშლებია კონდომებში ჩალაგებული და არც მყიდველების ცნობიერება. აი, ისეთი ბაზარია, პატარა მაწანწალა ვაშლებს რომ იპარავდა ხოლმე, რომ გადაეყიდა და ქოვენტგარდენში ქანდარიდან მაინც ენახა ჯადოსნური წარმოდგენები.

ამ უბანს ჰაკნი ჰქვია, ხოლო ჩემი დროებითი სახლი, ანუ დევიდ გირის სახლი ბელგრად როუდზე დგას. იმით ვცნობდი, რომ შესასვლელ კართან გლიცინია ხარობს, თორემ შესახვევი სულ მერეოდა, სულ პრინსეს მეის ქუჩაზე დავიარებოდი და ძალიან მსუქანი, ფერადკანიანი დედები უკვე უკითხავად მომძახოდნენ: შემდეგი შესახვევია, შემდეგი!

დევიდის სახლი ისეთია, აი, პიტერი რომ უნდა შეფრინდეს ვენდის გამოსაყვანად. ძველი სახლია, დედოფალ ვიქტორიას დროს აშენებული. მაშინ გადაუწყვეტიათ, რომ ყოველ ლონდონელს, განურჩევლად მისი ეთნიკური კუთვნილების თუ სოციალური მდგომარეობისა, აქვს უფლება, ადამიანივით იცხოვროს, ჰქონდეს სააბაზანო და პატარა ბაღიც, იმიტომ, რომ დაუბანელი ადამიანი მთლად ადამიანი არაა და უმიწოდ დარჩენილი კაცი ყველაზე ცოდო კაცია ამქვეყნად. შესაბამისად, დევიდის სახლსაც პატარა ბაღი აქვს, რომელშიც სამზარეულოდან შეიძლება გასვლა. უწინ, როცა დევიდი ჯერ ბრიუსელში არ მუშაობდა, ბაღში გასასვლელი კარით მისი კატებიც სარგებლობდნენ, სოფიკო და ნინიკო, მაგრამ ახლა კატები ბელგიაში გადაბარგდნენ და, როგორც დევიდს იქიდან შეატყობინეს, საშინლად იქცევიან: სახლს სვრიან, სარკეებს ლეწავენ, მოკლედ, მძვინვარე პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბელგრად როუდის ბაღიდან გააძევეს. რაღა დაგიმალოთ და მე მათი კარგად მესმის.

ამჟამად სახლში ცხოვრობენ ბესო, ნაოკო და მარტინი. ბესო ქართველია, ნაოკო - იაპონელი, მარტინი - გერმანელი. მშვენივრად ცხოვრობენ, არც ერთმანეთს უშლიან ნერვებს და არც გარშემომყოფებს. იმ სახლში მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი, ბესოს, ნაოკოს, მარტინის და, რა თქმა უნდა, დევიდ გირის წყალობით.

ბაბუაჩემი, აბოლიციონისტი

ჯონ დევიდ გირი არის ყველაზე სასიამოვნო კაცი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. დევიდმა, მე მგონი, ყველაფერი იცის, დევიდს, მე მგონი, ყველაფერი შეუძლია და ეჭვი მღრღნის, რომ ცოტა კუდიანიც უნდა იყოს - აბა, საიდან ხვდებოდა, ყველაზე მეტად რა გაახარებდა ჩემს გახეთქილ გულს? ამ სასწაულმა დევიდმა ჩემი გამცილებლობა იკისრა.

0x01 graphic

სარეკლამო პლაკატი ვნახე: პორტრეტების ეროვნულ გალერეაში აღორძინების ხანის ტილოები გამოეფინათ. გასკდი, გულო! - როგორც ვენდის მამა იტყოდა ხოლმე, აი, ის, კლასიკური განათლება რომ ჰქონდა მიღებული, სიტიში რომ დადიოდა ფულის საკეთებლად და ვენდის რომ ეგონა, მთელი დღე ფულს ჭრისო. ჰოდა, დევიდმა დამპატიჟა, წამო, ვნახოთ ერთი, გალერეაში რა ხდებაო - ხომ ვამბობ, კუდიანია. როცა კვლავ შემოსასვლელში შევხვდით ერთმანეთს, ცოტა გაბრუებულს შემომთავაზა, ერთი წუთით ზევით ამომყევიო.

დიდ დარბაზში, მრავალი სხვა ბრიტანელი მეფის და საზოგადო მოღვაწის პორტრეტებთან ერთად ერთი ტილოც კიდია, 1781 წელს იოჰან ზოფანის მიერ დახატული „შარპების ოჯახი“. „ჩემი ოჯახია“, მითხრა დევიდმა, „დედაჩემის ბაბუები და ბებიები“. მშვიდად მითხრა, მაგრამ იმდენს მაინც მივხვდი, რომ ძალიან ეამაყება - სავსებით სამართლიანად.

იორკის არქიეპისკოპოსის შვილიშვილი, თეოლოგისა და მწერლის ვაჟი, გრენვილ შარპი, ძველბერძნულისა და ებრაული ენების ბრწყინვალე მცოდნე და არაჩვეულებრივი ფლეიტისტი იყო. ის ახლა ლონდონის ყველაწმინდას საყდარში განისვენებს, ფულჰემში, ვესტმინსტერის სააბატოში კი მისი ხსოვნის ქვა დგას.

ასეთი რა გააკეთა?

გრენვილის ძმა ექიმი ყოფილა, გულისხმიერებით და ხელგაშლილობით ცნობილი. ერთ დღეს მის კარს მისდგომია გაქცეული მონა, დასისხლიანებული, ნატანჯი, ავადმყოფი. ექიმმა უმკურნალა, ფეხზე დააყენა და მადლიერი კაცი თავის გზას გაუყვა. გამოხდა ხანი და შარპებს მისგან ამბავი მოუვიდათ: ციხეში ჩამსვეს და კვლავ მაწამებენ, ექიმო, რამე მიშველეო.

ეს მოხდა 1765 წელს. შარპების ოჯახი, ძირითადად, ექიმის ძმა, გრენვილი, ჯონათან სტრონგის გადასარჩენად წლების განმავლობაში იბრძოდა, მხოლოდ 1772 წელს შეძლეს მისი გათავისუფლება. სასამართლოს წინაშე გრენვილ შარპს უბრძანებია: „ყოველი ადამიანი, რომელიც ბრიტანეთის თავისუფალ მიწაზე ადგამს ფეხს, თავისუფალი ადამიანი ხდება“.

გრენვილ შარპმა თავისუფალ მიწაზე თავისუფლებას მიუძღვნა თავისი ცხოვრება. როცა ყოფილმა მონამ ატლანტიკური მონებით ვაჭრობის შესახებ მოუთხრო, შარპმა კაპიტან ლუკ ქოლინგვუდის წინააღმდეგ აღძრა საქმე - ამ კაცმა თურმე დაზღვევის თანხის გადახდა არ ინება და ამიტომ 132 ავადმყოფი და დასუსტებული მონა გემბანიდან გადაყარა. გრენვილ შარპმა თომას კლარკსონთან ერთად „მონობის გაუქმების საზოგადოება“ დააარსა. ის ცდილობდა, სიერა ლეონეში, გრენვილ თაუნის მიწაზე დაესახლებინა გათავისუფლებული მონები.

გრენვილ შარპის საქმე 1807 წელს დასრულდა - მონებით ვაჭრობა აიკრძალა და მისი სიტყვები რეალობად იქცა: „ყოველი ადამიანი, რომელიც ბრიტანეთის თავისუფალ მიწაზე ადგამს ფეხს, თავისუფალი ადამიანი ხდება“.

აბოლიციონისტი. არადა, 8-10 წლისა როცა ვიყავი, ცუდი სიტყვა მეგონა, ხომ გახსოვთ: „დაე, იძახონ, რომ საძაგელი აბოლიციონისტი ვარ...“ მეკითხა, დალოცვილს, რას ნიშნავს - ხომ უკეთესი აზრისა ვიქნებოდი კაცობრიობაზე.

დიდი ცეცხლი

ხიდზე გადავდიოდით, ქვემოთ ბლანტი თემზა მიაგორებდა ტალღებს, დევიდი მიყვებოდა და მიყვებოდა, და მე მეგონა, რომ ბავშვობის წიგნებში დავდივარ. სრულიად უპრინციპოდ, ისე, როგორც მხოლოდ პატარაობაში, სიზმრებში და ოცნებებში ხდება, ხან ოლივერ ტვისტს დავდევდი კვალდაკვალ, ხან - პატარა მაწანწალას, სინამდვილეში კი - დევიდ გირს.

„ეს ძეგლი დიდი ხანძრის მოსაგონებლად დგას“, მიხსნიდა დევიდი. „აი, იქ დაიწყო“, მითხრა და ხელი, მე თუ დამეჯერება, დასავლეთისკენ გაიშვირა, „სამი დღე გიზგიზებდა, თითქმის ყველა შენობა დაიწვა, უამრავი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. მაგრამ, იცი, მარტო ცხრა ადამიანი მოკვდა!“

თურმე, 1666 წლის ზაფხული ძალიან ცხელი და გვალვიანი ყოფილა. აგვისტოს ბოლოს სამხრეთ-დასავლეთის ქარმა დაუბერა და ხალხი შეშინდა, შავ ჭირს მოგვიტანსო. რა იცოდნენ, რა ელოდათ!

თურმე - ამაზე არასოდეს მიფიქრია - იმხანად ასანთი ჯერ არ გამოეგონათ, ხალხი სათლებში ყრიდა ნაკვერჩხალს და ცეცხლი სახლიდან სახლში ასე გადაჰქონდა. ცხადია, ეზარებოდათ ხოლმე ქუჩა-ქუჩა ახრჩოლებული სათლებით სირბილი და ამიტომ ცდილობდნენ, კერიაში ცეცხლი არ ჩამქრალიყო. მაგრამ, აბა, ვის ჰქონდა იმის თავი, წამდაუწუმ ეცქირა, ღუმელში რა ხდებოდა...

0x01 graphic

იმ ავადსახსენებელ წელს პადინგ ლაინზე, თემზას ნაპირზე, სამეფო საფუნთუშე იდგა. ღამით მეფუნთუშე ბოლმა გააღვიძა - მის სახლკარს ცეცხლი გასჩენოდა. მეფუნთუშემ ოჯახთან ერთად თავს უშველა, მაგრამ მისი მოახლე დიდი ცეცხლის პირველი მსხვერპლი გახდა.

„წარმოიდგინე“,მიყვებოდა დევიდი, „იქ სულ ვიწრო ქუჩები იყო, ხის სახლები. თან მაშინ ისე აშენებდნენ, რომ ყოველი სართული ქვედაზე განიერი იყო - მიწას ზოგავდნენ, და ისე გამოდიოდა, რომ სახლები ზემოთ ლამის ერთმანეთზე იყო მიბჯენილი. პადინგ ლაინი ერთ საათში ნაცარტუტად იქცა“. თბილი ქარი უბერავდა, ცეცხლი მთელს უბანს მოედო, მაგრამ როცა ქალაქის მერი, სერ თომას ბლადვორთი გააღვიძეს, ვიწვითო, მან ბრძანა: Pish! A woman might piss it out! (კარგი რა! ერთმა ქალმა რომ მიაფსას, ჩააქრობსო!) - და კვლავ დასაძინებლად დაწვა.

0x01 graphic

ამ ხანძრის გამო ვეღარ ვნახე ხის ლონდონი, მეორე მსოფლიო ომის გამო ვეღარ ვნახე, რად იქცა ჯეკობის კუნძული - დაუბომბავთ. კი, წიგნში ძალიან ცუდი ადგილია, მაგრამ მაინც მინდოდა - ეს ხომ ბავშვობის კოშმარია, ხომ უნდა მოვიცილო: „ძველი საკვამლური დარტყმისგან შედრკა, მაგრამ მამაცურად გაუძლო. მკვლელი უსიცოცხლოდ ეკიდა კედელთან, ბიჭი კი ხელს ჰკრავდა მოქანავე სხეულს, რომელიც ფანჯარას ეფარებოდა, და იხვეწებოდა, ღვთის გულისთვის, გამომიშვითო. ძაღლი, რომელიც მანამდე სადღაც იყო მიმალული, სულსწამღები ყმუილით დარბოდა სახურავზე და უცებ მხრებზე დაახტა მიცვალებულს...“ საშიში და ამიტომ ძალიან საინტერესო ამბავი.

მაგრამ თუ ჩემსავით ძალიან მოინდომეთ, დაბინდების შემდეგ სხვა უბნებში დღესაც ადვილად წარმოიდგენთ სახურავზე, საკვამლურების გვერდით ბილ საიქსის ჩრდილს და ვიწრო შუკაში მოღრიანცელე ბრბოს. გინდა-არ გინდა, ლონდონია, ის და მისი ძაღლი სადმე მაინც უნდა დახეტიალობდნენ...

ჩიტები, გვრიტები, მარგალიტები...

ამ ბნელი ადგილების ნაცვლად დევიდთან ერთად - რა თქმა უნდა! ტრაფალგარის მოედანზე აღმოვჩნდი. იქ - რა თქმა უნდა! ადმირალი ნელსონი და მის ირგვლივ მოფარფატე მტრედები ვნახე.

ეს უკანასკნელნი აქ მაინცდამაინც დიდ პატივში არა ჰყავთ: მფრინავი ვირთხებიო, ისაო, ესაო. სამაგიეროდ, დიდ პატივში არიან გედები, რომლებიც პარკებში, გუბურაში ცურავენ - სამეფო ფრინველები არიან, ისე კი არაა საქმე! და ყორნები, რომლებსაც სულს უბერავენ, ემანდ ტაუერი არ დატოვონ და სამეფო გვარს რამე არ მოუვიდესო - ბოროტი ენებისგან მსმენია, ფრთებს კრეჭენ, რომ რამე ბრიყვული აზრი არ მოუვიდეთ შავ და ბრიყვ თავში. ეს ყორნები ჩემი ფსიქიკისთვის მეტისმეტად დიდები და პრიალები არიან, ძალიან თავმომწონეები, დინჯად დააბიჯებენ და გულისამრევად ჩხავიან. მოქალაქეები ნაზად უღიმიან ლონდონელ ციყვებს, რომლებსაც გვერდს ვერ აუქცევ, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე რამე სკვერი მაინცაა, ღამღამობით კი ქალაქში მელებიც დასუნსულებენ. მე მოვკვდე. მელაკუდები. ერთი მეც ვნახე, წითელი, ფუმფულა, როგორც ჩანს, ფრიად ახალგაზრდა და ჯან მრთელი მელა, ოვალის მიდამოში მიიჩქაროდა სადღაც თავის მელურ საქმეებზე - ეე, შუბა, ეე!

ტრაფალგარზე კი მტრედები არიან.

იცით? იცით, აბა რა. „ყველაფერი ყირამალა“: ტრაფალგარზე ერთი მტრედია, არტური, რომელიც ადმირალ ნელსონთან მეგობრობს. არტურს ფეტვი არ უყვარს, პურის ნამცეცები ურჩევნია, და სწორედ ამიტომ დამეგობრდნენ ერთხელ ჩიტი და ადმირალი.

საქმე ისაა, რომ ადმირალს მუნდირის ჯიბეში სამპენსიანი ეგდო - როცა მის, ანუ ნელსონის სვეტს დგამდნენ, ერთმა მუშამ ჩაუდო, ბედნიერებაშიო. ჰოდა, არტურმა ადმირალის ჯიბიდან სამპენსიანი ამოიღო, სტრენდის კუთხეში რომ საფუნთუშეა, იქ შეფრინდა, ფუნთუშა იყიდა, ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და გემრიელად შეექცა.

უყურებდნენ გამვლელ-გამომვლელნი, რა გემრიელად შეექცეოდა არტური ფუნთუშას, თავადაც უნდებოდათ და ასე, აყვავდა მეფუნთუშე! მას მერე ის არტურს ყოველდღე თითო ფუნთუშას აძლევს ხოლმე, ისიც ნისკარტით ართმევს და ადმირალ ნელსონთან მიფრინავს.

- ფუნთუშა მიირთვით, მილორდ, - ეუბნება მტრედი ნელსონს და ნახევარ ფუნთუშას აწვდის.

- დიდად გმადლობთ! - ეუბნება ადმირალი ნელსონი.

საშაქარლამო

ნავსაყუდელში გემი დგას, იალქნები დაშვებულია, გემბანი - ცარიელი. სუსხიანი ქარია, ხვალისთვის თოვლია გამოცხადებული.

„ეს ფრენსის დრეიკის გემია“, მეუბნება დევიდი.

ბატონო?

„ცხადია, ის არაა, იმის ასლია“, იბოდიშებს.

ეჰ, ფრენსის დრეიკი, მეკობრეები, თვალუწვდენელი ჰორიზონტი, მკვდრის სკივრი და ბოთლი რომი. ცივა... რომი?

„წამო“,ამბობს დევიდი, „წამო, ჩაი დავლიოთ“.

ყველაზე კარგია, როცა ბევრს ივლი, ბევრ ამბავს მოისმენ და მერე სითბოში შეგიყვანენ, სადაც ვანილის და ნუშის სუნია, და ისევ პატარა გოგო გახდები, რომელიც მერი პოპინსმა მისის კორის საშაქარლამოში შეიყვანა.

„- მერი პოპინს, მომესმა, რომ თქვით, შაქარლამების საყიდლად მივდივართო. მაგრამ ჩვენი საკონდიტრო ხომ სულ სხვა მხარესაა... - გაბედა ჯეინმა, მაგრამ ხმა ჩაიკმიტა, როცა მერი პოპინსის სახე დაინახა.

- ვინ ყიდულოიბს, შენ თუ მე? - იკითხა მერი პოპინსმა.

- თქვენ, - დაიჩურჩულა ჯეინმა.

- ჰოო? მე კი მეგონა, რომ შენ, - მერი პოპინსმა დამცინავად გადახედა.

მან ეტლი ოდნავ მოატრიალა, კუთხეში შეუხვია და გაჩერდა“.

საშაქარლამო! ნამცხვარი უზარმაზარი და ძალიან ტკბილი იყო. დახლზე ათასგვარი სიხარული დაეხვავებინათ, თაროებზე უამრავი ჩაიდანი იდგა. მხოლოდ მიმტანები იყვნენ სხვანაირები და დახლთან მდგომი ქალიც ანჩხლი ჩანდა, ჩემს გამო ნამდვილად არ დაიმტვრევდა თითებს.

„...როცა ადვოკატი ვიყავი...“ მიყვება ოდესღაც ლიტერატურათმცოდნე, ამჯერად კი რაღაც ურთულეს საერთაშორისო ამბებში გახვეული დევიდი, „...როცა უშგულში ბავშვებს ინგლისურს ვასწავლიდი...“

რა გემრიელი ნამცხვარია! რა კარგია, რომ გარეთ ცივა და ლონდონია!

„დაბინდებისას ველოსიპედით მოვდიოდი, ბიგ ბენს ვხედავდი და მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს „ჩემი ქალაქი“. ყველას თავისი აქვს, მე - ჩემი. აქ მამას ვყავდი ოდესღაც, იქ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვსეირნობდი, ის უბნები ომის დროს დაბომბეს - სადაც სახლი აკლია, ჭურვი იყო ჩავარდნილი. უკვე ბევრი ვიმოგზაურე, აღარ მინდა, და როცა დრო გავა, ლონდონში დავბრუნდები, ჩემს სახლში. ულამაზესი ბაღი მექნება. კემბრიჯ როუდზე ყვავილების ბაზრობა ნახე?“

ვნახე. ძალიან გავერთე.

„ერთი ეს ნამცხვარიც გამისინჯე, ხილია შიგ და კენკრა“.

ზედ ოქროს ვარსკვლავი აკლია მხოლოდ, დევიდ ჩემო, თორემ მთლად ზღაპარში მეგონებოდა თავი.

მერე კი, ღამით, პარმაღზე ვიდექი და ვფიქრობდი: ახლა რომ ვინმემ დიდი კიბე გამოიტანოს და ცას მიაყუდოს, და დევიდი რომ გავაღვიძო, წამო, წამო, ფანი და ანი რას სჩადიან-მეთქი, ნეტა, გიჟად გამომაცხადებენ?

წესით, დევიდი არავის ეტყოდა - მაინც ცოდო ვიქნებოდი ლონდონის ნერვებმოშლილთა სახლში.

* * *

იმ ქალაქში აღმოვაჩინე, რომ არც ისე ცუდი გოგო ვარ, მთავარია, არ შემეხონ. იქ არავინ მეხებოდა და მეც არავის ვეხებოდი. კარგი იყო. მართალია, რაღაცეები ძალიან მინდოდა, ისეთი, მე რომ არასოდეს მექნება, მაგრამ რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ არ მექნება, ვერც ამან გამიფუჭა გუნება - არ მაქვს და ნუ მაქვს, რა გაეწყობა.

არადა, მეც მინდა, რომ ჩემი კონსტიტუციის დასაწყისი 12რაღაც წლით იყოს დათარიღებული - ჩემი ხომ კვირაში ერთხელ იცვლება და ხანდახან საერთოდ არ არსებობს; მინდა, რომ ჩვენი ბავშვებიც არ ჩხაოდნენ და ძაღლები არ ყეფდნენ; მეც მინდა უმოკლეს კაბებზე უთხელესი წინდები და პაწაწინა ფეხსაცმელი; მინდა, რომ ჩემს ქალაქშიც დადიოდეს ღამის ავტობუსები და იქ უამრავი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი იყრიდეს თავს; მინდა, რომ ჩემს ქალაქში ჩამოსულსაც თავი პატარა გოგო ეგონოს - მინდა, მინდა!

0x01 graphic

ეს ყველაფერი ცოტა ხანს, მაგრამ მაინც მქონდა, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებ ბრიტანეთის საბჭოს, რომელმაც ლონდონში გამგზავრების საშუალება მომცა, და ლელა შუბითიძეს, რომლის გარეშეც არასოდეს დავიჯერებდი, რომ ლონდონისთანა ქალაქის არსებობა საერთოდ შესაძლებელია.

19 დაღლილი ანგელოზი

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი, პირადი არქივი

0x01 graphic

ნეორეალიზმი გამახსენდება, დესიკას ფილმები. გამოსახულება მკაფიო არ არის და ფოკუსიც რაღაცნაირია, გადღაბნილი... ამ ფოტოზე, 5-6 წლის იქნება. პალტოში შეფუთული და თავზე ქუდით, ეზოში, პატარა სკამზე ისე მოუხერხებლად ზის, გეგონება, სულ ცოტა და, სკამიდან ჩამოცურდებაო. ნეტა დაგანახა, როგორი აბუზულია. მოწყენილი და სევდიანია. ამ ფოტოს ყურებისას უცებ ვხვდები, რომ ყველა ის ემოცია, რაც ამ პატარა ფოტოს მოაქვს, მთელ მის მხატვრობას დაჰყვება თან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კარგად არ ვიცნობ, მგონია, რომ ყველა მისი ანგელოზი თვითონ არის: დაღლილი, დამწუხრებული, ატირებული... რომ ოლეგი, ყველა მის ჯუჯაშია: პატარაში, ტრაგიკულში, მარტოდ დარჩენილში. მგონია, რომ მისი ცხოვრება, ღრმად მივიწყებული ელინური მითის სიუჟეტია, რომლის გმირს, ნიჭიერ მხატვარს, ცხოვრება ათას განსაცდელს გამოუგზავნის. ის კი, მიუხედავად გარეგნული სისუსტისა, მაინც პოულობს თავის თავში ძალას ისევ ხატოს, ისევ შექმნას... იცოცხლოს.

ოლეგის შესახებ

სხვენის პატარა სახელოსნოში 4-ის მერე ბნელა. საღებავებით მოთხაპნილ ოთახს და კედლებზე აყუდებულ ტილოებს მხოლოდ ორი ფანჯარა ანათებს. ვიცი, რომ ოდესმე სახელოსნოს ჭერს სანახევროდ ახდის და დიიდ ფანჯრებს დააყენებს. მერე ვებ-გვერდს გაიკეთებს და ყველაფერს, ცალ-ცალკე, სათითაოდ მიუჩენს ფოლდერებში ადგილს: ტილოებს, ინსტალაციებს თუ მისი შემოქმედების სხვადასხვა პერიოდებს. თუმცა... თავისუფლად შეიძლება, სახელოსნო მონმარტრის ერთ-ერთი ვიწრო ქუჩის კუთხეში ჰქონოდა; საღამოები, სან ჟერმენზე Cafe de Flore-ში, მეგობარ მხატვრებთან ერთად წითელი ბორდოს წრუპვაში გაეტარებინა და საერთოდ, ყველას მუსიეთი მიემართა მისთვის. საიდან ეს ასოციაციები?

1921 წელს, როდესაც რუსეთში რევოლუციურმა ძალებმა ხმა აიმაღლეს და, - ძირს მეფეო, - დაიძახეს, ბევრ სხვა დიდგვაროვანთან ერთად, ერთ-ერთი ძალზედ კეთილშობილი ოჯახი, იძულებული გახდა, დაეტოვებინა პეტერბურგული უდარდელი ცხოვრება - დიდებული სახლებით, ეტლებით, საგვარეულო გერბით და, გადარჩენის მიზნით, უცხოეთს გამგზავრებულიყო. ერთმა დამ გეზი ამერიკისკენ აიღო, მეორემ - გერმანიისკენ, ხოლო მესამე - ელიზავეტა, რომელიც ბოლოს ოლეგის დიდი ბებია აღმოჩნდება, მეუღლით და ორი შვილით პარიზს აპირებდა გამგზავრებას. მაგრამ გზად ელიზავეტა საქართველოში შეყოვნდა, თბილისში. წყნარი, ლამაზი ადგილი, პატარპატარა მოკირწყლული ქუჩები, თან ინგლისელებიც აქ იყვნენ... ხომ არ დავრჩეთო, - გაიფიქრა ელიზავეტამ და დარჩა. მაგრამ, წყნარი თბილისით მისი ტკბობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან სულ მალე ქვეყნის სათავეში სერგო ორჯონიკიძე მოვიდა, რომელმაც ქვეყნიდან გამავალი გზები მაგრად, ძალიან მაგრად ჩაკეტა. ხომ გეუბნებით, ეს რომ არა, იქნებოდა ახლა მუსიე...

თბილისს შემორჩენილი ელიზავეტა სახლიდან თითქმის არ გადიოდა. ეკლესიაში, წირვაზე დასასწრებად თუ წავიდოდა. მთელი დღეები ოჯახში ფუსფუსებდა და წიგნების კითხვით კლავდა დროს. უბრალოდ, წიგნის კითხვის ერთობ უცნაური მანერა ჰქონდა. ეს ოლეგს ძალიან კარგად დაამახსოვდა: დადგებოდა გაჩახჩახებულ ლამპასთან და აუცილებლად წიგნს ფეხზე დგომით წაიკითხავდა. ელიზავეტამ სულ რამდენჯერმე მოახერხა დის მონახულება გერმანიაში. სუვენირები თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე მიჰქონდა: ფილტრიანი სიგარეტი „ყაზბეგი“ და სუნამო „წითელი მოსკოვი“. იქიდანაც, ერთი და იგივე საჩუქრები ჩამოჰქონდა. ის, რაც აქ დიდ გაოცება-აღფრთოვანებას იწვევდა, ძირითადად: ჯინსები და ფერად-ფერადი კამფეტები. პატარა ოლეგმა ბებიასგან იცოდა ყველაფერი, რაც მეფის კარზე სეფექალად მსახურობის დროს თავს გადახდა ელიზავეტას; იცოდა ის, თუ როგორ გამოიყურებოდა ნამდვილი ლენინი და როგორ უმოწყალოდ სცემეს კაზაკებმა მის ბაბუას, რომელიც, ინტერესის გამო, მეფის წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე წასულა. ოლეგს სულ თვალწინ ედგა მთელი ის დრო: პეტერბურგი, მეფე, არისტოკრატია, რევოლუცია...

ოლეგის მშობლებმა ერთმანეთი სოხუმში გაიცნეს. მამა - ომსკიდან იყო. პროფესიით გეოლოგს მთელი კავკასია ფეხით ჰქონია შემოვლილი და სოხუმში დასასვენებლად ჩადიოდა ხოლმე. ქორწინების შემდეგ მამა აღარც ომსკში დაბრუნებულა და აღარც გეოლოგობა გაუგრძელებია. აბა, მაშინ ხომ სულ უნდა ემოგზაურა. ამიტომ სახლთან ახლოს, ქარხანაში დაუწყია მუშაობა - დაზიანებულ დაზგებს აკეთებდა. ერთადერთ ბავშვს სახლში სამი ქალი დასტრიალებდა თავს: დედა, ბებია და დიდი ბებია ელიზავეტა, რადგან მამა სულ სამსახურში იყო, ბაბუა კი ადრე გარდაეცვალა, - „ხუმრობა უყვარდაო“. ერთ-ერთი ასეთი ხუმრობის დროს ბაბუას უთქვამს, - ახლა გაჩვენებთ, როგორ ეშვება დათვი მთიდანო, - და ამაღლებული ადგილიდან ჩამოგორებულა. ხერხემალი მიურტყია მორისთვის.

0x01 graphic

მარჯანიშვილის სახელოსნოში

0x01 graphic

ოლეგ ტიმჩენკო, ნიკო ცეცხლაძე, მამუკა ჯაფარიძე და მამუკა ცეცხლაძე

მამასთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია. მათ შორის ყოველთვის დიდი დისტანცია იყო. ალბათ ამიტომაც არის, რომ მამის გაბრაზება და სახეში გარტყმული სილა დღემდე ახსოვს. შეიძლება დიდად არც სტკენია, მაგრამ მაინც. მხოლოდ ბოლოს, როდესაც დედაც გარდაიცვალა და სახლში ორნი დარჩნენ, მაშინ თითქოს დაძმაკაცდნენ კიდეც. ის უყვებოდა ოლეგს თავის ცხოვრებაზე, თავგადასავლებზე... „სმა კი უყვარდა, მაგრამ დედის შემდეგ სულ მთლად „აიწყვიტაო“. ერთ წელიწადში მამაც გარდაიცვალა. ბოლოს ერთი პატარა საიდუმლო გაუმხილა - ოლეგს პოლონეთში ძმა ჰყოლია, მასზე 5 წლით უფროსი. „არ ვიცი, რა დამემართა, - მითხრა ოლეგმა. ჩემი ძმის სახელი და გვარი მახსოვდა, არ ჩამიწერია, მაგას რა დამავიწყებს-თქო. მაგრამ, მერე მეც რთული პერიოდი დამეწყო. სმა დავიწყე და...“ დამავიწყდაო. იცის მხოლოდ ის, რომ ძმა მასზე უფროსია და, მგონი, იურა ჰქვია. მგონი.

0x01 graphic

ეს ის დრო იყო, როდესაც ოლეგს აკადემია ახალი დამთავრებული ჰქონდა და რაღაც ხანს სრულიად მარტოს მოუწია ცხოვრება. სახლის კარი მუდმივად ღია იყო და ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები ბუზებივით ირეოდნენ ბინაში. ამ ყველაფერს პირადი პრობლემები და განცდები დაემატა. სმა დაიწყო. უფრო სწორად, ეს სმასაც არ ჰგავდა - 24-საათიანი „ზაპოი“ ჰქონდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ მოდიოდა და ვინ გადიოდა, რაიმე საერთო ჰქონდა მათთან თუ - არა... ვიღაცას იქვე ეძინა, ვიღაც - კუთხეში ბანქოს თამაშობდა, ვიღაც - სვამდა. არის ადამიანების კატეგორია, ვისთანაც ვერაფერს აღმოაჩენ საერთოს, ვერ დაამყარებ ურთიერთობას, მაგრამ სასმელი თითქოს ამ ბარიერს გიხსნის და შეგიძლია ნებისმიერ ადამიანთან ერთად გაატარო დღეები, კვირები. არ გქონდეს ფული, მაგრამ ალკოჰოლი თავისით ჩნდებოდეს... ერთხელ პარიზში უნდა გაფრენილიყო. ბილეთიც ჰქონია აღებული. იმ ღამით მეგობრები გასაცილებლად მისულან, რომ... სრულიად გათიშული დახვდათ. აღარ ახსოვთ, როგორ ჩადეს მანქანაში, წაიყვანეს აეროპორტში და ჩასვეს თვითმფრინავში. თუმცა, რაც უნდა იყოს, მთელი ეს არეულობა იმ დროს რაღაცაში მაინც დაეხმარა, თვითონ მითხრა, - მარტო რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად გავგიჟდებოდიო. ყველას უკვირდა, როდის ახერხებდა ხატვას, მუშაობას. რადგან უძილო ღამეების, გადაბმული დროსტარების მიუხედავად, სწორედ ამ პერიოდში რამდენჯერმე ჰქონდა საზღვარგარეთ გამოფენები, ინსტალაციები; მათ შორის ინგლისში, ბრისტოლში. მერე ჩამოვიდოდა, ცოტა აზრზე მოსული - როგორც თვითონ ამბობს - და აქ ისევ იგივე...

ოთარ ჭუმბურიძე: „ოლეგს, დიდი ხანია, ვიცნობ. ეგ დროც კარგად მახსოვს. ბევრჯერ მიკითხავს - ოლეგ, ვინ არის ეს ხალხი-თქო და... - მე რა ვიციო, - აიჩეჩავდა ხოლმე მხრებს. მისი ყველაზე სუსტი წერტილია ის, რომ ძალიან სათუთია, მყიფეა უფრო სწორად. მგრძნობიარეა და შეიძლება ადვილად გატყდეს. როდესაც ცუდად იყო, ლექსების წერა დაიწყო. ერთ-ერთში საკუთარ თავს ლარნაკს ადარებს, დამსხვრეულ ლარნაკს. არ ვიცი... ზოგჯერ მგონია, რომ მას გვერდით სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მოუვლიდა, იზრუნებდა მასზე, ისევე, როგორც მაშინ, როცა დედა, ბებია, დიდი ბებია დასტრიალებდნენ თავს.

თუ უყვარდებოდა, უყვარდებოდა ბოლომდე, გატაცებით, სიგიჟემდე, რომანტიულად, პოეტურად. მასზე სულ მოდელიანიზე გადაღებული ფილმი მახსენდება. ასეთივე არის: სვამს, უდარდელია - რაც იქნება იქნება, არასდროს ჰქონდა მნიშვნელობა, სად ეკიდებოდა მისი ტილოები. მისი მხატვრობა მკვეთრად ინდივიდუალურია, სულ იცვლება. არ არის ერთ ადგილას გაყინული ან რაიმე ერთზე მიჯაჭვული. ის განათლება, რაც აქვს, ყოველთვის ჩანს ნამუშევრებში: მითოლოგია, ფილოსოფია... ოლეგი არის მხატვარი, რომელსაც არ აინტერესებს და საერთოდ ვერ ხედავს ბაზარს. ეს არც სჭირდება. რადგან სადღაც თავის რომანტიკულ-პოეტურ სივრცეში იმყოფება.

ვერ გეტყვი, რომ დროთა განმავლობაში ძალიან შეიცვალა. უფრო ინტიმური ადამიანი გახდა. შენთან პერსონალურად უყვარს ურთიერთობა. ხშირად შეიძლება იტიროს და ვერ გაიგებ - რატომ. თითქოს შიგნით გამოუთქმელი ტკივილი აქვს. ასოციაცია? - ოლეგი ზამთრის პეიზაჟს ჰგავს“.

იყო დრო, როდესაც ნატრულობდა, რაიმე სტკენოდა, აი, ძალიან, აუტანლად სტკენოდა და მერე ოპერაცია გაეკეთებინა. ოპერაცია, რომელიც ასე ძალიან ეზიზღება. იცი როდის? აი მაშინ, როცა „გვამივით ხარო“. მაშინ, როცა ფიზიკურ ტკივილს ნატრულობ, იქნებადა აჯობოს ამ... -“თუ ბედნიერი ხარ, ეს წუთიერია, წამიერია, იმ კონკრეტულ მომეტში ხარ ასე. არაფერი არ გინდა, არც ჭამა, არც ხატვა, არ ხარ ადამიანი. ასე კი, რამდენ ხანს უნდა იცხოვრო? ჰოდა, ალბათ წონასწორობაა ეს ყველაფერი. უცებ - ბახ და, უნდა დაგარტყან, იმისათვის, რომ აზრზე მოხვიდე, გამოფხიზლდე“.

0x01 graphic

ერთხელ სახლში მათხოვრები მიუყვანია. თავისთან აცხოვრებდა. მათ კი ბოლოს გაუქურდავთ და სახლიდან ყველაფერი გაუტანიათ. რა ვქნა, ალბათ ძალიან სჭირდებოდათო, - ხსნიდა ამ ამბავს ოლეგი.

0x01 graphic

მეათე სართული და სხვებისთვის ასრულებული ოცნებები

„მეათე სართული“ არც რაიმე მიმართულება ყოფილა და არც სკოლა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, სულ რაღაც სამ წელიწადში, როდესაც მამუკა ცეცხლაძეს აკადემიის მეათე სართულზე დიპლომზე სამუშაოდ სახელოსნო მისცეს, ბიჭები: ოლეგი, ნიკო ცეცხლაძე და მამუკა ჯაფარიძე ხშირად ადიოდნენ, ყავას სვამდნენ და რაღაც-რაღაცებზე ლაპარაკობდნენ. კატალოგებს შოულობდნენ, ათვალიერებდნენ, მერე იქვე დაიწყეს მამუკასთან ერთად ხატვა, ტილოების კედლებზე დაკიდება, ექსპერიმენტების ჩატარება, ახალახალი ინსტალაციების და აქციების მოფიქრება... არადა, გარეთ 80-იანი წლების ბოლო იყო. დრო, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ეს პატარა სახელოსნო კი, მეათე სართულზე, ძალიან მალე თავისუფლების პატარა კუნძულად გადაიქცა.

გურამ წიბახაშვილი: „80-იანების ბოლო იყო. მხატვრის სახლში ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა იმართებოდა. „მეათე სართულს“ კი კიბის უჯრედი მისცეს, - აი, აქ გამოფინეთ თქვენი ნამუშევრებიო. მათ კი, ფაქტობრივად, ტილოებით სულ ამოქოლეს შენობის ეს პატარა ნაწილი. მართალი რომ გითხრა, მთელ იმ პერიოდში ამ კიბის უჯრედში მომხდარ გამოფენაზე საინტერესო არაფერი ყოფილა. როდესაც ქვეყანაში ყველაფერი აირია და ბევრმა ხატვას თავი დაანება, ამ ჯგუფმა თავისი ხელოვნებით და ენერგიით საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა „მომკვდარიყავი“. მათ შემოქმედებაზე არსებობდა აზრი, რომ ესენი ვერ იყვნენ მთლად კარგად. ინსტალაციებს აკეთებდნენ, რაღაცებს ჭრიდნენ და წვავდნენ... ისიც ფაქტია, რომ თუკი ვინმე არტით დაინტერესებული უცხოელი ჩამოვიდოდა, ხვდებოდა, რომ ეს იყო ადგილი, სადაც რაღაც მართლა მნიშვნელოვანი ხდებოდა. შეიძლება ის, რაც 90-იან წლებში მხატვრობაში კეთდებოდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ესენი დროის ადეკვატურები იყვნენ. სწორედ მათ გაიტანეს თანამედროვე ქართული მხატვრობა საზღვარგარეთ და მათი ნამუშევრები თავისუფლად იკიდებოდა თანამედროვე, უცხოელი მხატვრების გვერდით“.

შოკი მიწისქვეშა გადასასვლელში ერთი ასეთი აქცია ჰქონდათ, სახელად - „დაპირისპირება“. აქცია, რომელსაც ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩვეულებრივი გამვლელები შეესწრნენ. რადგან, როგორც წესი, „მეათე სართულის“ აქციები ყოველგვარი ახლობელ-მეგობრების დაპატიჟების და მოსაწვევების დარიგების გარეშე იმართებოდა. ორმა (ოლეგმა და მამუკამ) სახე და ხელები ბრონზით შეიღებეს, ნათხოვარ შავ კოსტუმებში გამოეწყვნენ, შავი სათვალეებიცგაიკეთეს და მიწისქვეშის ვიტრინებში დადგნენ, ვითომდა მანეკენები იყვნენ. ხალხი ინტერესით აკვირდებოდა ორ უცნაურ მანეკენს, უცებ კი უცნაურმა მანეკენებმა შუშები ჩაამტვრიეს და წამში ისევ ისე, გეგონება მონუსხულები არიანო, იგივე მდგომარეობაში გაქვავდნენ. აქციის შემთხვევით მომსწრეთაგან ზოგმა ნაბიჯს აუჩქარა, ზოგმა განაცხადა, - მე ვიცი, ესენი მექანიკურები იქნებიანო. ამის თქმა იყო, რომ კაცები შავებში უცებ ამოძრავდნენ, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეები აირბინეს და მანქანით სადღაც გაუჩინარდნენ, ვითომ არც არაფერი მომხდარა.

დახლზე გასაყიდად შემოდებული ტილოები

სატვირთო მანქანა სპეციალურად მოიყვანა და უშველებელი სამმეტრიანი ტილოები მის საბარგულზე დაყარა, მერე წავიდა დეზერტირების ბაზარში და დახლებზე დაალაგა. თან ხმამაღლა გამოაცხადა, - „იყიდება ყველაფერი, მაგრამ დღეს არაო“. ვიღაცამ ოლეგის ნამუშევრის გოჭში გაცვლა გადაწყვიტა, თუმცა ამაოდ, არაფერი გამოუვიდა. უბრალოდ, ბოლოს ვიღაცამ ცეცხლი დაანთო, ყასაბმა ხორცი მისცა შესაწვავად, მემწვანილემ - მწვანილი, ბოსტნეულის გამყიდველმა - ბოსტნეული, ვიღაცამ სასმელი მოიტანა და გამოფენის აუცილებელი დეტალი - ალაფურშეტიც შედგა დეზერტირების ბაზარში. რა შუაშია ნახატები და დეზერტირის ბაზარი? მაშინ, როდესაც ომი იყო, გალერეები დახურული იყო და ერთადერთი შედარებით ცოცხალი ადგილი მთელს ქალაქში ბაზარი გახლდათ, ხალხს კი, არათუ ხელოვნებისთვის, ერთმანეთისთვისაც არ ეცალა, ოლეგმა გადაწყვიტა, - თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთანო. ეს იყო და ეს.

ხეზე აიხედე და სურვილი ჩაიფიქრე

ამ ისტორიის მოსმენისას ალბათ ყველაზე მეტად დამწყდა გული, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით არ მქონდა ნანახი. ეს ამბავი ვაკის პარკში მოხდა. ჯერ 15 სლაიდის გამშვები პროექტორი, მანანას რადიოლასავით შეაგროვა და აი, მერე კი ნამდვილი ზღაპარი გამართა. პარკში შესულ ხალხს აქა-იქ, ხეებზე ხვდებოდა განათებული: ანგელოზების, ჩიტების, ტყის სულების, ქალთევზების და დემონების იმიჯები... პარალელურად მთელს პარკში აუდიო აპარატით გაშვებული ტყის ხმაური ისმოდა... ნამდვილ ზღაპარში გეგონებოდა თავი, თან ისე, რომ არც არავის გაუფრთხილებიხარ, - დღეს, გინდა თუ არა, ზღაპარში აღმოჩნდებიო. დადიოდი პარკში და შენდაუნებურად, ალბათ ყველა ის ზღაპარი გახსენდებოდა, რომელსაც ძილის წინ ბავშვობაში გიყვებოდა დედა. არადა, მთელი ეს რამდენიმეკვირიანი მუშაობა მხოლოდ ერთი დღისთვის იყო. დღისთვის, რომელიც იყო და აღარ არის. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ვინც ნახა, მას ხომ სამუდამოდ ემახსოვრება საოცარი ზღაპარი პარკში - ზღაპარი ოლეგ ტიმჩენკოსგან.

მერე ლენინგრადში, წყალზე ვიდეო პროექტორით დიდი თევზის ფიგურა გაუშვა, რომელიც გამალებით დაცურავდა წინ და უკან. თავად იქვე იდგა, ხალხს ბუშტებს ჩუქნიდა და ბედნიერი ხალხი ხმამაღლა ამბობდა თავის სანუკვარ სურვილს. მართალია, ზოგისთვის ყველაფერი ძალიან პრიმიტიულად იყო - „რავი, არაყიო“, მაგრამ მაინც... ასეც შეუძლია ოლეგს, ზღაპარში ამოგაყოფინოს თავი და სურვილი წყალში გაშვებულ, უშველებელ ოქროს თევზთან ჩაგაფიქრებინოს. პატარა ჯადოქრობაა, პაატარა. არადა, პირველად რომ შევხვდი, ძალიან სევდიანი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. შეიძლება, სადღაც პესიმისტისაც... გურამი - „პესიმისტი? ეგრე გეგონა? არა, რა სისულელეა. ეგ უფრო ცუდ ხასიათზე ყოფნაა, ვიდრე პესიმიზმი. პესიმისტი ვერ დახატავს „მტირალ გოგოს“, „მოწყენილ გოგოს“, „მხიარულ გოგოს“. ვერ დახატავს იმ შიშველ ქალებს, რომელიც კაფელზე გააკეთა. ამ ყველაფერს დიდი შინაგანი ენერგია სჭირდება, პესიმისტებს კი ენერგია არა აქვთ. ოლეგს ცხოვრება ისე უყვარს, რომ პესიმისტი უბრალოდ ვერ იქნება. ის ხომ აუტანელი რომანტიკოსია!“.

გადახვევები თემაზე - თუ არ გჯერა, ნუ გჯერა

ერთხელ ნახატები დაკარგა. არა, ვიტყუები, ერთხელ არა, ასეთი რამ რამდენჯერმე მომხდარა, მაგრამ ეს ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა და აი, რატომ. ბუდაპეშტში გამოფენის დასრულების შემდეგ ოლეგმა იფიქრა, - ტილოების წამოღება აუტანელ პროცედურებთან არის დაკავშირებული (ყველაფერი ხომ მოსკოვის გავლით ხდებოდა) და თან ვის სჭირდება ნეტავ თბილისში ეს შენი თანამედროვე არტიო. მოკლედ, მთელი თავისი ფერწერული ავლადიდება ვიღაც გოგოს დაუტოვა, - მიმიხედეო. ცოტა ხანში გოგოც გაქრა და მასთან ერთად ნახატების კვალიც. ჩოტა ხანს ალბათ დაღონდა, - ეს რა მომივიდაო, მაგრამ სულ მალე თავისი დატოვებული ერთ-ერთი ტილო ბუდაპეშტში, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ლუდვიგის მუზეუმში აღმოაჩინა, - ეტყობა, იმ გოგომ მიჰყიდაო. არადა, ლუდვიგის მუზეუმი, რომელიც ცნობილია თავისი ტრანსავანგარდის, კონცეპტუალიზმის და სხვა თანამედროვე მიმართულებების ცნობილ მხატვართა ნამუშევრებით, ახლა ტიმჩენკოს ნახატითაც იმშვენებს თავს და სულ იმ გოგოს წყალობით. მაგრამ, ის ხომ არავინ იცის, რომ ლუდვიგის მუზეუმში გამოფენილ ერთ-ერთ ავტორს თავის დროზე ძაღლის ქელეხი აქვს დახატული! საად? სად და რკინიგზის დაცვის სამსახურში, კედლის გაზეთისთვის! ოლეგს ოფიციალურად არასდროს უმუშავია, რადგან საათებით სიარული და თან ყოველდღიურ რეჟიმში მისთვის ყოვლად წარმოუდგენელია. მხოლოდ ერთხელ სცადა და ისიც დაწესებულება - რკინიგზის დაცვაში ამოჰყო თავი. იმის გამო, რომ მხატვრის შტატი არ არსებობდა, ოლეგი დარაჯად გააფორმეს და კედლის გაზეთის ვიზუალურად გაფორმებაც სწორედ მას ჩააბარეს. როგორც მითხრა, დასაწყისში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ახალი უფროსი დაუნიშნავთ, რომელსაც, მართალია, ხელოვნების არა გაეგებოდა რა, მაგრამ ერთი კია, მხატვრობა განსაკუთრებით უყვარდაო. ერთ დღეს რკინიგზაში ცუდი ამბავი გავრცელდა - ყველასთვის საყვარელი დაცვის ძაღლი მოულოდნელად გარდაცვლილა. ჰოდა, უფროსმა ოლეგს კადრებად დაახატინა ძაღლის სიკვდილი, გასვენება და ქელეხი, სადაც, რა თქმა უნდა, მეგობარი ძაღლებიც იყვნენ შეკრებილები: ჭიქებით, სადღეგრძელოებით, თამადით და მთელი ამბებით. - „აი, ამის მერე მივხვდი, რომ დრო იყო, სახლში დავბრუნებულიყავი“.

დაბოლოს

უცნაური ჩვევა აქვს. სანამ სადმე წავა სამოგზაუროდ, სახლში გემრიელად მოკალათდება და წარმოსახვაში მთელ მოგზაურობას თვალდახუჭული გაივლის. მერე კი მსოფლიო რუკის რომელიმე მორიგი საინტერესო წერტილიდან რომ დაბრუნდება, კითხვაზე, - აბა, ოლეგ, როგორ მოგეწონაო, - უპასუხებს, - მმ, კი, კარგი იყო, მაგრამ აი, ჩემს წარმოსახვაში მაინც უფრო მაგარი იყოო. ასე იმოგზაურა ეგვიპტეში და, სავარაუდოდ, ასევე იმოგზაურებს ინდოეთშიც. ოლეგი ხომ ზუსტად ახლა ბუდას მხურვალე მიწაზე დაბორიალებს. “მიყვარს ცხოვრება, ადრე ამ ცხოვრების სიყვარულმა ბევრი დრო წამართვა. მე ხომ ადამიანად დავიბადე და არა მხატვრად. პირველ რიგში ყოველთვის ცხოვრება მქონდა. ადრე ყველაფერი მაინტერესებდა - ეს უნდა გავსინჯო, იქ რა ხდება, თავგადასავლები მინდოდა... მერე? მერე გავსინჯე ყველაფერი და დავწყნარდი. მართლა დავწყნარდი.”

მისი ჯუჯები და ანგელოზებიც დაწყნარებულები არიან. არავინ შფოთავს, არავინ ღელავს. საიდანღაც, შორიდან მოდიან. მოწყენილები არიან, დაღვრემილები. ან იქნებ დაღლილები? დღესაც მახსოვს „დაეჭვებული ანგელოზის“ გამოხედვა. დაეჭვებულია და... ჯუჯებზე მიყვებოდა, დიდი ხანია, აღარ დამიხატავს. ჯუჯა, ეს ერთი ფიგურაა, რომელიც ჩემთვის ყველაფერზე მეტყველებსო. „ყველა ადამიანშია დაუკმაყოფილებლობის განცდა და ჯუჯას ეს თავისთავად აქვს. უკვე არასრულყოფილად იბადება. ეს კი ცხოვრებისეული დრამაა. ის ხომ ცალკე დგას და სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. ანგელოზებს კი ხშირად არ ვხატავ, მაგრამ როცა ვხატავ, მიხარია“. არ უყვარს, როდესაც ეუბნებიან, - ამდენ რაღაცას რატომ ედები, მხატვრობა მხატვრობაა, ინსტალაციების კეთება კი სულ სხვა რამეაო. მართალია, მისი შემოქმედება იმდენად მრავალფეროვანია, რომ ავტორის ხელწერის ამოცნობისას შეიძლება დაიბნე: პორტრეტები, პეიზაჟები, აბსტრაქცია, მეტალის ინსტალაციები, მაგრამ... ამდენი სიყვარული, ტკივილი და მარტოობა, რაც ოლეგის მხატვრობაშია, ყოველთვის გიკარნახებს ავტორს.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი გამოფენებით ყოველთვის ბევრს მოგზაურობდა, არასდროს უფიქრია, სადმე ემიგრანტად დარჩენილიყო, მაშინაც კი - როცა ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ამბობს, - რა აზრი აქვს, სამოთხისგან ხომ ყველა ადგილი ერთნაირად შორსააო...

20 მეორე ობამა

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

მიშელ ობამა და გულწრფელობის პოლიტიკა

ავტორი: ლორენ კოლინზი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ

იანვრის ერთ შუადღეს სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის საბავშვო ცენტრში, კოლუმბიაში მიშელ ობამა ჭრიალით მოკალათდა პატარა, თეთრი ხის სარწეველა სავარძელში. დემოკრატების კაროლინური პრაიმერი, რომლის მოგებაც მის მეუღლეს ბარაკს ძალიან აძლევდა ხელს, 48 საათის დაწყებული იყო. ობამამ აიღო ილუსტრირებული წიგნი, დაბერა ნესტოები და ხვნეშით სუნთქვას მოჰყვა - დათვს ბაძავდა, რომელიც ტყეში გამწარებული დაეძებს სარჩოს.

„ბახ! ბახ! ბახ!“ - უკითხავდა ობამა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს - „დათვი დაალაჯებს ტყეში, შიმშილისგან აღრუტუნებული მუცლით - შემდეგ ისევ ოხვრა-ხვნეშა და - და თავისი დიდი ტორით მაინც მიაგნებს მარწყვებს, სადაც უნდა იყვნენ შექუჩულები“.

ბავშვები გულიანად ახითხითდნენ. ობამამ ახლა მეორე წიგნი მოიმარჯვა, „ოლივიას“ სერიიდან.

„ოლივია იცი, როდის მქონდა? ოთხი წლის რომ ვიყავი!“ - შესძახა ერთმა ბიჭმა.

„მართლა? შენი მეგობარია ოლივია?“ - ჰკითხა ობამამ.

„დიახ!“

„და ის ღორია?“

მოთხრობა მალე დასრულდა. „აბა, დაველოდოთ, ერთიც ვნახოთ და, საგანგებო სტუმარი გვეწვიოს, რომელიც მოთხრობებს წაგვიკითხავს“.

სარწეველა სავარძლიდან წამოდგა და კარისკენ გასწია. „მამალი ყოფილააა! - აჟრიამულდნენ ბავშვები, როცა ფართოდ გამოღებულ კარში ობამა უზარმაზარ წითელ მამალს შემოუძღვა, სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მაისურში გამოწყობილს. ობამა ოდნავ უხერხულად ჩაეხუტა მამალს პლუშის ნამეტნავად დიდი მუცლის გამო. “მამალი, მართლაცდა, მამალი ყოფილა! მოდი, ახლა ბავშვებს წიგნი ერთად წავუკითხოთ, მამალო“. ობამა წიგნს დასწვდა და მამალს ნისკარტთან გადაუფურცლა. „აი, მამალო, ესეც ასე. კითხვა შეგიძლია?“

„მამალო, მიყვარხარ“, - წამოიყვირა ერთმა პატარამ.

უზარმაზარ, ბუმბულიან ფრინველთან ერთად სცენაზე დგომა უფრო მომცრო ტანის ქალს ალბათ შეაშინებდა, მაგრამ ობამა თავს კომფორტულად გრძნობდა. იმ დღეს მიშელ ობამას მაღალწელიანი, დაზოლილი შარვალი ეცვა, ნაცრისფერი ქაშმირის სვიტერითა და ყელზე მარგალიტების აცმით. მოხდენილად კი გამოიყურებოდა, მაგრამ დახვეწილიაო, - მასზე მაინც ვერ იტყვი. „დედოფალიო“, - ხშირად წერენ ობამაზე ხან „ნიუ რეფაბლიქში“, ხანაც „გლამურში“, მაგრამ მიშელი უფრო მეტად სამხედრო პირს ჰგავს, ვიდრე სამეფო ოჯახის წარმომადგენელს: ენერგიულია და მკაცრი, გამომეტყველება კი მაშინაც გაყინული აქვს, როცა ანეკდოტს ჰყვება.

როცა ვარჯიშობს, „გლადიატორივით“ ირჯება, - ამბობს მასზე მეგობარი ქალი. როცა ადამიანები - და ისინი, ძირითადად, მასზე დაბლები არიან - ფოტოს ერთად გადაღებას სთხოვენ, ობამა მუხლებს კი არ ხრის, უფრო დაბალი რომ გამოჩნდეს, ტანს წინ სწევს და „რკინის კაცივით“ წელში იხრება. ციყვივით ღიმილს ძუნწად არიგებს, თითქოს, მისი ღიმილი პრივილეგიაა, რომელიც თავად უნდა მოიპოვო და არა კეთილგანწყობის, ანდა თხოვნის ნიშანი.

ობამამ პრინსტონი დაამთავრა, შემდეგ იურისტის დიპლომი ჰარვარდში მოიპოვა. კარიერა კორპორატიული იურისტის თანამდებობით დაიწყო, კარიერის მეორე ნახევარი კი ჩიკაგოს კლინიკების უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და საგარეო საქმეებს დაუთმო. ის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია. ბავშვობა კი მიშელ ობამას ჩიკაგოს სამხრეთით, ერთსართულიან, ოთხოთახიან სახლში აქვს გატარებული. მის ბიოგრაფიას ფონად გასდევს რასობრივ-სოციალური თემატიკა. ის დამოუკიდებელი ქალია, სოციალურ და რასობრივ პრობლემებს თავიდანვე მარტო უმკლავდებოდა და ალბათ ასეთი წარსულის ბრალია, რომ მიშელ ობამა უზადო დისციპლინას ამჟღავნებს და, თითქოს პოლკოვნიკის შვილი იყოს, არც ერთ ადგილს არ ეჯაჭვება. პოლიტიკისგან შორს დგას. დედა და უფროსი ძმა კი ამბობენ, რომ ატირებული მიშელი არასდროს უნახავთ.

ცივი ქალი ჩანს. ისიც უდავოა, რომ ბევრს მიაღწია და წარმატებულია. თავის ინტელექტს ყოველთვის ღიად წარმოაჩენს, კლიშეებით არ იზღუდება და ამიტომ არაფრით არ ჰგავს ჯონ კერის მეუღლეს, ტერეზა ჰაინზ კერის. ყველაზე დიდი გატაცებით მეუღლესა და ქალიშვილებზე (მალია, 9 წლის, საშა, 6 წლის) ლაპარაკობს. საარჩევნო კამპანიის ხანგრძლივ დისკუსიებსა და ფინჯანი ყავის თანხლებით გამართულ შეხვედრებზე კი ხანდახან მეჩვენება კიდეც, რომ ურჩევნია, სწორედ თავისი ოჯახის წევრებს ესაუბრებოდეს. მიშელ ობამა არასტანდარტული ჩანს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვეულებრივია (საპრეზიდენტო კანდიდატის მეუღლის სტანდარტი წარსულში შემდეგი თვისებებით განისაზღვრა: პირველი ლედი უნდა იყოს დიასახლისი, თეთრკანიანი და დემოკრატიული პროცესებისადმი ერთგული).

ობამა განსხვავებულია თავისი გემოვნებით, შეხედულებებით და ლექსიკონითაც. მისი გამოთქმები ყურში აუცილებლად მოგხვდებათ და იფიქრებთ, რომ პოლიტიკოსის მეუღლე ამ ფრაზეოლოგიით არ უნდა ლაპარაკობდეს. აი, ახლაც, ვისკონსინში ვართ, შებოიგანიდან გრინ ბეისკენ ავტოკორტეჟის თანხლებით მივდივართ, მიშელი კი „ობამას გოგონაზე“ მელაპარაკება - ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც მთელ ინტერნეტს მოსდო, - ბარაკ ობამა მიყვარსო: „იცი, ცოტა უცნაური იყო... რატომღაც ჩავთვალე, რომ ამის შესახებ არავინ გაიგებდა. და მერე ერთ დღეს საშა მომადგა და მეუბნება, „მამას შეყვარებული ჰყავს. ეს შენ ხარ, დედიკო“. და მე ვიფიქრე... ო, ამის...“ - გინება თავშეუკავებლად მოაყოლა ობამამ.

0x01 graphic

მიშელ ობამა საპრეზიდენტო დებატების დროს, ჰოფსტრას უნივესიტეტი ჰემპსტიდში, ნიუ-იორკი

თავისი უბრალოების გამო, მიშელ ობამა საკმაოდ პოპულარული გახდა ელექტორატის გარკვეულ ნაწილსა და მედიაში, რომლისთვისაც ოფიციალური და მუდამ დაძაბული ლორა ბუში ყოველთვის მიუწვდომელი ქალბატონი იყო. სინდი მოელისმა, რომელიც ობამასთან ერთად ჩიკაგოს მერიაში 90-იანი წლებიდან მუშაობდა, მითხრა: „მეგობრები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, როგორ გაგიმართლა, 15 წლის წინათ რომ შევხვედროდით მიშელს, დაგენაძლევები, ახლა საუკეთესო დაქალები ვიქნებოდითო“. „შეუძლია თუ არა მიშელ ობამას გახდეს პირველი ლედი, ყველაფრის მიუხედავად,“ - ასეთი იყო პოლიტიკურ ბლოგ ჭონკეტტეზე ერთ-ერთი სტატიის სათაური, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატების მეუღლეების შეკრებას ეძღვნებოდა. „ძალიან გთხოვთ, მიშელ, ნუ გახდები ბოტოქსიანი ქალი“, - ეწერა იმავე პოსტში.

0x01 graphic

თუმცა არც ისეა საქმე, თითქოს მიშელ ობამამ არ იცოდეს, როგორ უნდა ილაპარაკოს სინამდვილეში საპრეზიდენტო კანდიდატის ცოლმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ხომ „საზოგადოებრივი და საგარეო ურთიერთობების“ სპეციალისტია. თუმცა, აშკარაა, რომ ობამა პირად შეურაცხყოფად იღებს, თუ სთხოვენ, - სხვანაირად მოიქეცი და ილაპარაკე, არა ისე, როგორც სინამდვილეშიო; ბრაზდება, როცა სთხოვენ, - იქნებ არც ისეთი დამოუკიდებელი გამოჩნდე და სხვებს უფრო თავდაჭერილ ქალად მოაჩვენო თავიო. ობამა მიიჩნევს, რომ ვერ გარდაიქმნება, თუნდაც ამით მეუღლეს გაპრეზიდენტებაში ეხმარებოდეს, რადგან ეს მის თავმოყვარეობაზე ცუდად მოქმედებს.

ვისკონსინში ყოფნისას მიშელს ვკითხე, რას ფიქრობდა ბილ კლინტონის ნათქვამზე, როცა მან ბარაკის შეხედულებები ერაყის ომის შესახებ შეაფასა, როგორც „ზღაპარი“. თავიდან მოკლედ მომიჭრა, - არ გავბრაზებულვარო, - მაგრამ რამდენიმე წამში თითები კატასავით გაპარჭყა და სასაცილო ხმით დასძინა, - მინდოდა, ბილისთვის თვალები ამომეკორტნაო! ამის თქმაზე მრჩეველმა ნერვიულად გადახედა. ვიხუმრეო! - სასწრაფოდ დააყოლა მიშელმაც და მითხრა, - „აი, ხედავ, ასეთი რაღაცები გამუდმებით ცუდ მდგომარეობაში მაგდებს“.

ექსპერტები ამბობენ, რომ მიშელ ობამა ნამდვილი ზედამხედველია, ყველაფრის კურსშია და ყველაფერს აკონტროლებს. ზოგიერთი კი იმასაც შენიშნავს, რომ თავისი ახლად გაღვიძებული ქმრის პირისა და ტანის სუნზე ლაპარაკი მას საშინლად ამცირებს. თუმცა, ამ ოჯახურ წვრილმანებზე წუწუნით, სინამდვილეში, ობამა თავის ქმარს ქულებს უწერს. და ალბათ სწორედ ამ მიზნით ამზეურებს საჯაროდ მიშელ ობამა თავისი ოჯახური ცხოვრების ყოფით დეტალებს. მაგალითად, იმაზე ლაპარაკით, თუ როგორ უკითხავს ბარაკი თავის გოგონებს „ჰარი პოტერს“, მიშელი ქმარს ახასიათებს, როგორც თავისი ოჯახის მფარველსა და პატრონს.

ობამებისა და კლინტონების ოჯახებს შორის კონტრასტი ცხადზე ცხადია. როცა მიშელი საჯაროდ ჰყვება იმის შესახებ, რომ ბარაკს ხშირად ავიწყდება „პურის შენახვა, რომ არ გახმეს“, ამ დროს ის ისევე უხეშად თამაშობს დისციპლინისმოყვარე დიასახლისის როლს, როგორც იმ დღეს, სამხრეთ კაროლინაში როხროხა მშიერ დათვს განასახიერებდა.

„დროდადრო მიშელ ობამას საქციელი მისი ქმრის საარჩევნო კამპანიის მრჩევლებს გულს უწუხებს, - აცხადებს ობამას კამპანიის მთავარი სტრატეგი დევიდ აქსელროდი, - ის მთელი არსებით გულწრფელი ტიპია, მიდის ხალხთან, ელაპარაკება ყველაფერზე, რაც აზრად მოუვა, ხუმრობს, სათქმელს არ ზომავს და სიტყვებს პოლიტკორექტულობის ნიშნით არ არჩევს“.

ხალხს ავიწყდება, რომ თვითონ ბარაკიც ღიად საუბრობს თავისი ოჯახური ცხოვრების დეტალებზე: წიგნში ის თვითონ წერს, თუ როგორ სურდა ვაშინგტონში ყოფნისას ახალბედა სენატორისა და მარტოხელა კაცის ცხოვრებით დამტკბარიყო, მაგრამ როგორ აღმოაჩინა, რომ არ გამოუვიდა, რადგან ოჯახურ ცხოვრებას უკვე სულ მთლად „მოეშინაურებინა და მოერბილებინა“; ისე, რომ როცა ვაშინგტონში მარტო გადავიდა საცხოვრებლად, აბაზანისთვის საშხაპე ფარდის ყიდვაც კი დაავიწყდა.

ის ფაქტორი, რომ მიშელი და ბარაკი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები არიან, შეიძლება, სინამდვილეში ობამას საარჩევნო კამპანიის ყველაზე დიდი პლუსიც იყოს. მათი ეს თვისება ანეიტრალებს განსხვავებულობის შიშს - ობამა საზოგადოებას ეუბნება, - „ჩვენ ზუსტად თქვენნაირები ვართ“, და ის აქარწყლებს შურის გრძნობასაც, რომელიც შეიძლება ადამიანებს ახალგაზრდა, ნიჭიერი, მიმზიდველი წყვილის მიმართ გაუჩნდეს, რომლებსაც დიდება კინოვარსკვლავებივით მოულოდნელად და მალე ეწვიათ.

სინდი მოელისი იხსენებს, როგორ ორგანიორგანიზატორობდა ნამცხვრების მომზადების პროცესს კამპანიის ერთ-ერთი ღონისძიებისთვის. როცა შაქრის გლაზური გააკეთებინა მცხობელს, რომელზეც ობამას კამპანიის ლოგო უნდა ყოფილიყო გამოსახული, ნამცხვარი მიშელს აჩვენა, მან კი უპასუხა: „დიდებულია, ბავშვებს მეტი შაქარი ერგებათ“.

ობამა ასე თავისუფლად და უშუალოდ იმიტომ კი არ იქცევა, რომ განებივრებული პრინცესას როლს თამაშობს - როგორც მისი ოპონენტები ამბობენ, - არამედ იმიტომ, რომ ის ბუნებით ფრთხილი ტიპია. ის მართლა ასე ფიქრობს: რატომ უნდა შეეჩვიო კარგ რამე-რუმეებს, თუ იცი, რომ ქარის მოტანილი შეიძლება გაუფრთხილებლად ქარმავე წაიღოს?

0x01 graphic

მიშელ და ბარაკ ობამები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს, ჩიკაგო 2008

„მიშელი პირში მთქმელი ადამიანია, - მითხრა მისმა დედამ, მერიენ რობინსონმა, - თუ რაღაც არ მოსწონს, აუცილებლად აიმაღლებს ხმას. ერთხელ, როცა და-ძმა პრინსტონში სწავლობდა, კრეიგმა დამირეკა (კრეიგი ახლა ბრაუნის უნივერსიტეტში კალათბურთის გუნდის მწვრთნელია), რომელიც მიშელზე ორი კურსით წინ სწავლობდა და მითხრა, - დე, მიშელი დადის აქ და პედაგოგებს ეუბნება, - ფრანგულს არასწორად გვასწავლითო. მიშელი მიიჩნევდა, რომ სწავლების სტილში არ იყო გათვალისწინებული სასაუბრო ფრანგულის სპეციფიკა. რა უნდა მექნა, ავდექი და ვუთხარი კრეიგს, - თავი მოიკატუნე, ვითომ შენს დას საერთოდ არ იცნობ-მეთქი“.

თუმცა, ობამების ურთიერთობაში არის რაღაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის გავრცელებული აზრი, რომ მიშელი ბარაკის საქმეთა გამრიგეა. აი, თუნდაც ის ეპიზოდი გავიხსენოთ მათი ბიოგრაფიიდან, როცა 2004 წლის დემოკრატების ნაციონალურ კონვენციაზე ბარაკმა თავისი კარიერის უმნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა. ობამები და მათი მეისტორიენი ამ დღეს ასე იხსენებენ: სცენაზე გასვლის წინ მიშელმა ბარაკი მიაბრუნა და გააფრთხილა: „აბა, არაფერი შეგეშალოს, ძმაო!“.

ადამიანი კი, რომელიც უშუალოდ ობამას სიტყვის მომზადებაში იყო ჩართული, ამ ეპიზოდს, როცა მიშელი ფეთქებად ბარაკს ამშვიდებდა, კიდევ უფრო მრავლისმთქმელი ნიუანსებით იხსენებს: „ობამას სიტყვაზე ერთად ვიმტვრევდით თავს. ხანგრძლივ შეხვედრებზე ვარჩევდით ზუსტ სიტყვებსა და ფრაზებს. მართლა დაძაბული სამუშაო იყო, რადგან პროცესში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა და ყველა რაღაცას უსწორებდა ბარაკს. ვატყობდი, რომ თანდათან ღიზიანდებოდა. მაგრამ მიშელიც იქვე იყო და ახერხებდა, სიტუაციაც გაეკონტროლებინა და სიტყვის მომზადებაშიც მიეღო მონაწილეობა ისე, რომ თავისი აზრი ზედმეტად არავისთვის მოეხვია. ის იმ ოთახში იყო ადამიანი, რომელსაც კრიტიკულ მომენტში ბარაკი უსიტყვოდ გახედავდა, - თითქოს ტელეპათიური ურთიერთობა აქვთო, - მიშელის სახეზე რეაქცია რომ ამოეკითხა“.

0x01 graphic

ობამების ოჯახი მექსიკურ რესტორანში, კოლორადო 2008

ბავშვთა ცენტრში ვიზიტის დღეს, რამდენიმე საათით ადრე ობამა მედდების სკოლას ეწვია, შემდეგ კი სიტყვით მიმართა პატარა ქალაქ ჩეროუს ბაპტისტურ ეკლესიაში შეკრებილ საზოგადოებას. ეკლესიის ავტოსადგომი ხალხით იყო სავსე. ჩეროუს მერის შესავალი სიტყვის შემდეგ ტრიბუნასთან მიშელ ობამა მივიდა. „ამ დილაადრიან ჩემი გულისთვის გამოფხიზლდით და გალამაზდით ასე?“ - შესძახა, ძირითადად შავკანიან, საშუალო ასაკის პუბლიკას. „დიიიააახ!“ - გაისმა ერთიანი მქუხარე შეძახილი. ობამამ განაგრძო, - „ჩემი ეკლესიისა და ჩემი პასტორისგან გულითად მოკითხვას გადმოგცემთ“.

ობამამ საუბარი მოგონებებით დაიწყო: „ჩემი წინაპრები სამხრეთ კაროლინადან არიან. არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ მე და ჩემი ძმა კაროლინაში წინა კვირას ვიყავით, ჩვენი ბებია-ბაბუის ეკლესიაში პატარა ოჯახური შეკრება მოვაწყვეთ. ბებია და ბაბუა პენსიაზე გასვლის შემდეგ ისევ ამ ადგილს დაუბრუნდნენ, სიკვდილამდე აქ ცხოვრობდნენ და ჯორჯთაუნის ბაპტისტური ეკლესიის მრევლი იყვნენ“.

ობამა ზუსტად იმ „მელოდიას“ „ამღერებდა“, რომლის მოსმენაც ეკლესიის ავტოსადგომზე შეკრებილ აუდიტორიას სურდა. შემდეგ შეახსენა მრევლს, - „მოკიდეთ ხელი თქვენს ყველა ახლობელს შაბათ დილას, წამოაგდეთ ლოგინებიდან და არჩევნებზე წაიყვანეთ“.

ეკლესიაში მისი ვიზიტი და კიდევ მრავალი სხვა კაროლინაში დაგეგმილი ღონისძიება საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იყო. ამ შტატში ჩატარებულ კამპანიას თავიდანვე უნდა გამოეჩინა, შეძლებდა თუ არა ბარაკი შავკანიანი ამომრჩევლის ფართო ნაწილის გულის მოგებას. „მაინცდამაინც სამხრეთ კაროლინა იმიტომ ავირჩიეთ, რომ მიშელის ოჯახი იქიდანაა და უფრო ლოგიკური იყო მისთვისაც, აფრო-ამერიკული საზოგადოებისთვის სწორედ კაროლინაში მიემართა“, - ამიხსნა დევიდ აქსელროდმა.

0x01 graphic

საშა და მიშელ ობამები, კოლორადო 2008

პუბლიკის გახურების შემდეგ ობამა ნაჩქარევად გადავიდა სიტყვის ძირითად ნაწილზე. ეს იყო 45-წუთიანი მონოლოგი, რომელიც ობამამ თვითონ დაწერა და პუბლიკას ისე წარუდგინა, რომ ჩანაწერებში არც ჩაუხედავს. ობამა არ მალავს, რომ თავს იწონებს ნიჭით, აფრო-ამერიკელებს მშობლიურ ენაზე ელაპარაკოს. ის პირდაპირ მიზანში ახვედრებს. მისი ნაამბობი შავკანიანების წარსულსა და მათ ისტორიულ გამოცდილებას ირეკლავს, მაგრამ ამავე დროს მიშელი ცდილობს, მკაფიოდ განმარტოს, რომ ამას მეუღლის საარჩევნო კამპანიისთვის და შავკანიანი ამომრჩევლების ხმების მოსაპოვებლად არ აკეთებს; რომ შავკანიანებს მხოლოდ იმიტომ არ ესაუბრება, რომ მათ ერთი და იგივე კანის ფერი აერთიანებთ. „მე ყველა ის შტატი მოვიარე, სადაც კამპანია დაიწყო“, - მითხრა მიშელმა, როცა ვუთხარი, თქვენზე წერენ, ვითომდა სამხრეთ შტატებში შავკანიან ამომრჩევლებთან ხიდის გასადებად საგანგებოდ აფრინესო; „მე ასევე „მაფრინეს“ აიოვაში, - დაიწყო მან თითებზე ჩამოთვლა, - „მაფრინეს“ ნიუ ჰემფშირშიც“.

მიშელ ობამას გამოსვლას ოთხჯერ მოვუსმინე: სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის საბანკეტო დარბაზში, ჩეროუს ბაპტისტური ეკლესიის კათედრაზე, ჩარლსტონის სამხატვრო გალერეაში და ვისკონსინში სეინტ ნორბერტის კოლეჯში. ოთხივეჯერ მისი სიტყვა ამაღელვებელი და შინაარსიანი იყო.

ობამა საკითხს შორიდან უვლის და იწყებს 2008 წელს ამერიკელთა ცხოვრების შეფასებით. ცხოვრება კი კარგი არაა: ჩვენ დანაწევრებული ქვეყანა ვართ; ჩვევნ ვართ ქვეყანა, რომელიც „ბოლომდე ჩაშვებულია“, ჩვენ „გვმართავს შიში“, ჩვენ ვართ ცინიკოსების, ზარმაცების, თვითკმაყოფილი ადამიანების ქვეყანა. „ჩვენ ვიქეცით საწყალობელ მასად, რომელსაც თავი ყოველდღიურად ძლივს გააქვს, - ლაპარაკობს ობამა და ვხედავ, აქა-იქ მსმენელები თანხმობის ნიშნად თავს უქნევენ, - გარშემო უმოძრაობაა, ხალხმა აღარ იცის, რა ქნას და სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. ამის დე…...ც, მე ხომ ჯერ ახალგაზრდა ვარ - 44-ის!“

ამ მკაცრი ზოგადი კრიტიკის შემდეგ ობამა საწუხარს უფრო აკონკრეტებს. „იყო დრო, - ამბობს ის, - ნორმალური განათლების მიღების შანსი შენს სახლთან ახლოსვე გქონდა. ახლა კი გვაქვს ეს სპეციფიკური პროგრამების მქონე საშუალო სკოლები, რომელში მოსახვედრადაც დიდი ჩალიჩია საჭირო (აქვე უნდა გითხრათ, რომ თვითონ ობამაც ერთ ასეთ სკოლაში - „მაგნეტ სკოლაში“ დადიოდა, რომელიც ჩვეულებრივი ღია სკოლაა, უბრალოდ განსხვავებული სასწავლო პროგრამა აქვს), პენსიები მცირდება, კოლეჯის გადასახადი ძვირდება, და რომც მოახერხო და უმაღლესი განათლება მიიღო, მის საფასურს იმ პროფესიით ვერც გამოისყიდი, რისთვისაც ეს დიპლომი პირველ რიგში გჭირდებოდა. ჩემი და ჩემი ქმრის სახით, თქვენს წინაშეა ახალგაზრდა წყვილი, რომელმაც, სულ რამდენიმე წელია, რაც ვალებს დააღწია თავი, - თქვა ობამამ.

0x01 graphic

0x01 graphic

მიშელ ობამა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ოჰაიო 2008

ტრადიციის თანახმად, პირველი ლედი ყოველთვის უფრო მსუბუქ თემატიკას ირჩევდა, მაგალითად - გზების განაპირას ყვავილების გაზონებსა და მსგავს თემებს. ამიტომ დაუნდობელი კრიტიკა და სერიოზული საკითხები, რომელთაც ობამა თავის გამოსვლებში ეხება, ყველასთვის სიახლეა. ობამამ მითხრა, - ზოგი მრჩეველი მარწმუნებდა, უფრო მსუბუქი ტონალობა აჯობებსო, მაგრამ რჩევამ არ გაჭრა. „ჩემთან, - მითხრა მან - ყველაფერი შეგიძლია მიმოიხილო - პოლიტიკა, სტრატეგიები, გეგმები, გამოცდილებები, ყველაფერი. ეს ის საკითხებია, რომელთაც საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვერსად გაექცევი. არადა, რაღაც არანაკლებ მნიშვნელოვანი თემები იკარგება... იმას ვამბობ, რომ ალბათ შემეძლო ჩემი გამოსვლების დროს ბარაკის პოლიტიკური გეგმები ამეღო და ბდღვირი ამედინა. მაგრამ ეს მისი საქმეა“. ჩეროუში გამოსვლის დროს ობამამ ეჭვქვეშ დააყენა ის მოსაზრებაც, თითქოს კლინტონის მმართველობის წლები მოზღვავებული შანსისა და აყვავების ხანა იყო: „ცხოვრება, რომელზეც ვლაპარაკობ, პროგრესული სისწრაფით უარესდებოდა ჯერ კიდევ იმ ხანიდან, როცა პატარა გოგო ვიყავი... ასე რომ, თუ გსურთ, რომ თავი მოიკატუნოთ, - ბოლო ათწლეულების მანძილზე ცოტაოდენი გამონათება მაინც გვქონდაო, - გვერდზე გამოდით, პირადად მინდა გაგიცნოთ!“

საჯარო გამოსვლის შემდეგ მიშელ ობამა ეკლესიის სარდაფში ჩაიყვანეს. გარეთ კი გუნდ-გუნდად შეიკრიბნენ სეირის მოყვარულები იმ იმედით, რომ თვალს მოკრავდნენ ეკლესიიდან გამოსულ მიშელ ობამას. მაგრამ როცა ობამა დილის სუსხიან ჰაერზე გამოვიდა, კეთილის მსურველებთან გამოსალაპარაკებლად დიდხანს არ შეჩერებულა. ის ვერ იტანს პოლიტიკანობას და ყოველთვის გაურბის თაყვანისმცემელთა პატარა წრეში ჩადგომასა და მათი დაშაქრული კომპლიმენტების მოსმენას - იმას, რასაც ობამას მრჩევლები „ინტიმურ დიალოგებს“ უწოდებენ. დგანან მიშელი, ხუთი-ექვსი ქალი და, როგორც ერთ დღეს ვისკონსინში თვითონ დაამატა, „ხუთი ათასი კამერა“. მისი სივრცე ვრცელი დარბაზები და აუდიტორიებია, აი იქ შლის ფრთებს. სინდი მოელისმა მითხრა. „როცა პირველად უთხრეს კომპლიმენტი, - როგორი კარგი ორატორი ყოფილხარო, - მიშელმა ასე უპასუხა: რატომ უკვირს ყველას?“

მიშელ ობამა ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მხოლოდ პირველი შავკანიანი პირველი ლედი იქნება, არამედ ყველაზე ახალგაზრდა პირველი ლედიც ჟაკლინ კენედის შემდეგ. თუმცა, პოტენციური რევოლუციონერის ფონზე ის ზედმიწევნით ტრადიციული გაგების ქალია. ობამა თითქმის ისევე ამაღელვებლადსაუბრობს წარსული დროის უმანკოებასა და წესრიგზე, როგორც მისი მეუღლე - გამათავისუფლებელ მომავალზე. თავის გამოსვლებ- ში, როცა კაშკაშა დაკარგულ სამოთხეს მისტირის, ვიღაცამ შეიძლება არად ჩააგდოს ის გარემოება, რომ ობამას სიტყვებს სარჩულად სოციალური სამართლის თეორია უდევს, და კანდიდატის მეუღლე წესრიგისა და კანონის მოყვარულ რესპუბლიკელში აერიოს. „მხოლოდ პოლიტიკა კი არ მაქვს მხედველობაში, ტელევიზიაც, მათ შორის, - ამბობს ის ამერიკელთა კოლექტიურ დაცემაზე საუბრისას. და შემდეგ დანანებით დასძენს: ჩემს ბავშვობაში ცხოვრება გაცილებით უფრო მარტივი იყო“.

0x01 graphic

მიშელ ობამა პირველ საპრეზიდენტო დებატებზე, მისისიპი 2008

მიშელ ობამა წარმატებული საქმიანი ქალი და დედაა, მაგრამ ამავე დროს შიგადაშიგ ოდნავ ამბივალენტურიც: „დედა შინ იჯდა. სამსახური არაფერში სჭირდებოდა“, - ამბობს, მაგალითად, დედამისზე. მისი საყვარელი მუსიკოსი სტივი უანდერია, რომელსაც ბავშვობიდან უსმენს (მეტიც, ობამების ქორწილში მეგობარმა ახალდაქორწინებულ წყვილს სიმღერა You and I შეუსრულა). მისი ერთ-ერთი საყვარელი კერძი კი - ყველიანი მაკარონი. თავის წიგნში The Audacity of Hope („იმედის გაბედულება“) რეიგანის მმართველობის ხიბლზე როცა საუბრობს, ბარაკი წერს: „მხედველობაში მაქვს სიამოვნება, რომელსაც დღემდე განვიცდი, როცა კალათბურთის კარგ მატჩს ვუყურებ, ანდა როგორი სიამოვნებითაც ჩემი ცოლი „დიკ ვან დაიკ შოუს“ ძველ სერიებს უყურებს“.

ობამა აცხადებს, რომ მისი მშობლებისგან გადმოცემული ფასეულობები და სამყარო, როგორიც თვითონ წარმოუდგენია, აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან. მას ახალგაზრდობის არც ერთ ეტაპზე არ მონდომებია ამბოხის მოწყობა და საკუთარი თავის გარდაქმნა. „ჩემი ცხოვრებისეული პრიზმა, ჩემი სამყაროსეული ხედვა ჩემს წარსულსა და ბავშვობიდან გათავისებულ ფასეულობებს ეყრდნობა“, - მითხრა მან.

ფრეიზერ რობინსონი და მერიენ შილდსი ჩიკაგოს სამხრეთით გაიზარდნენ. 1960 წელს იქორწინეს. კრეიგი ქორწინებიდან ორი წლის თავზე დაიბადა. 1964 წლის 17 იანვარს კი მერიენმა მიშელ ლევონი გააჩინა, რომელსაც მამამ მიჩი შეარქვა. ის და მისი ძმა ისე ჰგავდნენ ერთმანეთს (და დღემდე ჰგვანან), რომ ხალხს ტყუპები ეგონათ. გაფანტული სკლეროზით დაავადებული ფრეიზერი ქალაქის წყალსაქაჩში მექანიკოსად მუშაობდა, მერიენი შინ იჯდა და ბავშვებს უვლიდა. რობინსონები ქალაქის სამხრეთ ნაპირზე, პატარა, სადა ბინაში ცხოვრობდნენ, რომელსაც ნათესავისგან ქირაობდნენ.

ფული ცოტა ჰქონდათ, მაგრამ ჰყოფნიდათ. ფრეიზერი ამაყობდა, რომ ოჯახს თვითონ არჩენდა. „თუ ტელევიზორი გაფუჭდებოდა და შესაკეთებლად საჭირო თანხას ვერ ვიშოვიდით, კრედიტით ახალს ვყიდულობდით“, - მიამბო მერიენმა. შაბათ საღამოს მთელი ოჯახი სახლში ატარებდა. თამაშობდნენ „მონოპოლის“, ჩინურ ჩეკერს და სხვა თამაშებს. „ბავშვობა ისე გაილია, რომ მეგობართან სახლში სულ ორჯერ დავრჩი ღამის გასათევად. უფრო შინაური ტიპები ვიყავით“, - გაიხსენა კრეიგმა. წლების განმავლობაში მთელი ოჯახი ერთკვირიან არდადეგებს მიჩიგანის ერთ-ერთ სააგარაკო ქალაქში ატარებდა, სადაც ყველანი ერთად მანქანით მიდიოდნენ.

რობინსონები შიგადაშიგ ეკლესიაშიც დადიოდნენ, მაგრამ თუ საერთოდ რაიმე ოჯახური კრედო ჰქონდათ, ეს იყო თავისუფალი აზროვნების წახალისება. ჯერ კიდევ ძალიან მცირე ასაკიდან კრეიგსა და მიშელს მშობლები გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ასწავლიდნენ, რათა ბავშვებს გაეგოთ, თუ რას ნიშნავს საკუთარ არჩევანსა და მოსალოდნელ შედეგზე პასუხისმგებლობის აღება. მერიენმა მითხრა: „აზროვნებას და ფიქრს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით, ვიდრე წერა-კითხვის სწავლას. ხშირად ვეუბნებოდით ბავშვებს, - პატივი ეცით მასწავლებლებს, მაგრამ თუ რამეში შეგეპარებათ ეჭვი, აზრი არ უკუაგდოთ, იფიქრეთ, რატომ მოხდა ასე“. კრეიგი კი იხსენებს, რომ მიშელი „მეგობრების წრეში ყოველთვის ლიდერი იყო. ამ სტატუსისთვის არ იბრძოდა და არც ძალადობდა, ბუნებრივად ხდებოდა ასე“.

კრეიგი პაროჩიალის სკოლაში სწავლობდა და სკოლის საკალათბურთო გუნდის ვარსკვლავი იყო, მიშელი კი ავტობუსით დადიოდა უიტნი ემის საშუალო სკოლაში. 1981 წლის საკლასო ალბომში ჩაკრულია ფოტო, რომელზეც მიშელს კაშკაშა ყვითელი აბრეშუმის პერანგი აცვია და ძალიან სერიოზულად იცქირება. მიშელს სულ ეუბნებოდნენ, - ისეთი აღნაგობა გაქვს, რომელიმე სასკოლო სპორტულ გუნდში ითამაშეო, - მაგრამ ყოველთვის უარზე იდგა. კრეიგმა მითხრა: „თუ გინდა, რომ მიშელმა რამე არ გააკეთოს, ზუსტად ასე უნდა მიუდგე. სპორტს არ მისდევდა მხოლოდ იმიტომ, მისგან ყველა ამას მოელოდა, რადგან შავკანიანი, მაღალი და ათლეტური აღნაგობის გოგო იყო“. მიშელ ობამას ერთ-ერთი მასწავლებელი, ბერნადეტ მაქჰეილი იხსენებს: „პირველი სრული გამოშვება ჩვენს სკოლას მხოლოდ 1978 წელს ჰქონდა. ამიტომ მიშელის მხრიდან ჩვენს სკოლაში სწავლის სურვილი ნამდვილი ექსპერიმენტი იყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ისეთ სკოლაში ესწავლა, რომლის სასწავლო პროგრამაც უფრო მდიდარი იქნებოდა, მოსწავლეების კონტინგენტი კი - ჭრელი და მრავალფეროვანი“.

კრეიგი პრინსტონის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში მიიწვიეს, და მიშელიც, რომელიც მიხვდა, რომ თუ კრეიგს გამოუვიდა, მასაც გამოუვიდოდა, ძმას პრინსტონში ფეხდაფეხ მიჰყვა. 1981 წელს ეს პრესტიჟული უნივერსიტეტი სტუმართმოყვარედ არც ერთი სახის უმცირესობის წარმომადგენელს არ იღებდა. „საშინლად სექსისტური, ჩაკეტილი სივრცე იყო, - იხსენებს ანჯელა ექრი, რომელიც პირველი სამი წლის განმავლობაში ომაბასთან ერთად იყოფდა საერთო საცხოვრებლის ოთახს, - ავეჯის საყიდლად ფული არ გაგვწვდა, ამიტომ ბალიშებს იატაკზე ვყრიდით და ზედ ვიძინებდით. ერთადერთი, მაგნიტოფონი გვქონდა“. რაც შეეხება მიშელისა და ანჯელას სოციალურ ცხოვრებას, დროს ძირითადად Third World Centre-ში მოწყობილ შეკრებებზე ატარებდნენ და იშვიათად თუ შეიხედავდნენ უნივერსიტეტის კლუბებში. ექრი იხსენებს, - „თეთრკანიანები არ ცეკვავდნენ - შეიძლება ძალიან ბანალური იყოს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ისინი სულ სხვანაირ მუსიკასაც უსმენდნენ, როცა ჩვენ სულ რიტმ-ენ-ბლუზი, ლუთერ ვანდროსი, რან-დი.ემ.სი გვქონდა ჩართული თჰირდ ჭორლდ ჩენტრე-ში“.

ობამა სოციოლოგიას სწავლობდა. თავის ერთ-ერთ სადიპლომო ნაშრომში კი იკვლევდა „პრინსტონში განათლებამიღებული შავკანიანების ერთობას“, იმას, თუ რამდენად ცვლიდა პრინსტონში სწავლა შავკანიანი სტუდენტების დამოკიდებულებას შავკანიანი საზოგადოების მიმართ. ბოლო დროს, მიშელ ობამას პირადი მოთხოვნით, ამ ნაშრომის წაკითხვა აკრძალული იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ობამას საარჩევნო კამპანიის სტრატეგებმა გამოაცხადეს, რომ მათი კანდიდატის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია გამჭვირვალე და ღია იყო, 2008 წლის 5 ნოემბერს, ნაშრომზე ემბარგო მოიხსნა, ობამას კვლევა ვებ-გვერდ პოლიტიცო-ზე გამოქვეყნდა. აი, ერთი მცირე ნაწყვეტი ტექსტიდან: „სამწუხაროა, რომ არსებობს ძალიან ცოტა ადეკვატური გაერთიანება, რომლებიც შავკანიან სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლისას დააკვალიანებდნენ და სირთულეების გადალახვაში დაეხმარებოდნენ. პრინსტონის გარემოში მოხვედრისას ხომ პრობლემებს ყველა ტრადიციულ აფრო-ამერიკულ ოჯახში გაზრდილი სტუდენტი აწყდება“.

პრინსტონიდან ობამა პირდაპირ ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში გადავიდა. ჰარვარდის დამთავრების შემდეგ - ჩიკაგოში, „სიდლი და ოსტინის“ ფირმაში, რომლის პროფილიც ინტელექტუალური ქონების დაცვა იყო. მიშელ ობამამ ფირმის უმცროს პარტნიორად დაიწყო მუშაობა. „სიდლი და ოსტინში“ სამი წელი გაჩერდა, შემდეგ საერთოდ განიხიბლა „კორპორატიული ამერიკით“ და ქალაქის მერის რიჩარდ დეილის ასისტენტი გახდა. „დაგეგმარების დეპარტამენტში მიშელს ბიზნეს-სტრუქტურების პრობლემების გადაჭრა ევალებოდა, - მითხრა ვალერი ჯარეტმა, - ისევე ეფექტურად მუშაობდა, როგორც სერვისი „911“ მუშაობს - პრობლემებს წამში ხსნიდა“, -დასძენს ჯარეტი. 1993 წელს მიშელ ობამა გახდა სოციალური პროგრამის Public Allies-ის ჩიკაგოს ოფისის დამფუძნებელიდირექტორი. პროგრამის ფარგლებში მიშელი ეხმარებოდა სხვადასხვა სოციალური ფენიდან წამოსულ ახალგაზრდებს არასამთავრობო ორგანიზაციებში ანაზღაურებადი პრაქტიკის მოპოვებაში. იმ პერიოდში „ჩიკაგო ტრიბიუნში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ობამამ ჟურნალისტს გამოუცხადა: „მაცვია ჯინსი და დირექტორიც ვარ“.

მიშელმა და ბარაკმა ერთმანეთი „სიდლი და ოსტინში“ გაიცნეს, როცა მიშელს დაავალეს, ბარაკისთვის კონსულტაციები გაეწია მისი საზაფხულო სამსახურის შესახებ; თან, თანამშრომლებმა მიშელი გააფრთხილეს, რომ მისი ახალი უფროსი საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა კაცი იყო. „მივხვდი, რომ მათზე შთაბეჭდილებას ახდენდა ყველა ის შავკანიანი მამაკაცი, რომელსაც პიჯაკი ეცვა და სამსახური ჰქონდა“, - უთხრა მან მოგვიანებით ბარაკს.

მიშელის წინააღმდეგობის მიუხედავად (კრეიგი ამბობს, რომ მიშელს არ უნდოდა რომანი გაება ადამიანთან, რომელთანაც სამსახური აკავშირებდა), ბარაკმა ფლირტი მაინც წამოიწყო. ბარაკი წერს: „ერთიორჯერ წვეულებაზე წამიყვანა, ტაქტიანად გადახედა ჩემს გარდერობს და რამდენჯერმე საგანგებოდ შემახვედრა თავის მეგობარ გოგონებს, ვინმე რომ მომწონებოდა“. ვიდრე ზაფხული მიიწურებოდა, ობამამ იმდენი მოახერხა, რომ მიშელი კინოში დაპატიჟა - სპაიკ ლის ფილმზე Do the Right Thing. შემდეგ „ბასკინ რობინსში“ ნაყინით გაუმასპინძლდა. 2004 წელს მართას ვაინიარდზე დასასვენებლად წასულმა ბარაკ ობამამ ერთ-ერთ მიღებაზე სპაიკ ლი პირადად გაიცნო. როგორც მიშელი იხსენებს, ობამამ ლის უთხრა: „შენი ბევრი მმართებს“. ეს იმიტომ, რომ სანამ მათი პირველი პაემანის დროს ლის ფილმი მიმდინარეობდა, მიშელმა ბარაკს მუხლზე შეხების უფლება მისცა.

ბარაკს ცოლ-ქმრობის შესახებ უფრო ბოჰემური წარმოდგენა ჰქონდა. „გაცხარებულები ვკამათობდით იმაზე, საერთოდ საჭირო იყო თუ არა დაქორწინება, - მითხრა მიშელ ობამამ, - ხშირად ვუმეორებდი ხოლმე, - ერთი, მისმინე, ბიჭი, იმ გოგოებს კი არ ვგავარ, მთელი ცხოვრება რომ შეუძლიათ პაემნებზე სიარული. უბრალოდ, არ ვარ ეგეთი. ბარაკი კი პოზიციებს არ თმობდა; მიშელი შეეცადა ობამას საუბრის მანერისთვის მიებაძა, ხმა დაიბოხა და ზანტად, დუნედ ალაპარაკდა, - ქორწინება რა არის, არაფერს არ ნიშნავს. მთავარია, რას გრძნობო. მე კიდევ ვეუბნებოდი, - ჰო, გეგონოს!“

შედეგად, ბარაკმა ჩიკაგოს ერთ-ერთ რესტორან „გორდონში“ დაპატიჟა მიშელი და ხელი სთხოვა. „სადილზე მიმიწვია, ვითომდა იმის აღსანიშნავად, რომ სასამართლო საქმე დაამთავრა, - იხსენებს მიშელ ობამა, - და საუბარი ისევ ჩვენს მთავარ საკამათო თემაზე ჩამოაგდო. იმდენი ილაპარაკა, რომ მდგომარეობიდან გამომიყვანა, ავენთე და მოვხსენი პირი გუდას. ვლაპარაკობ გაუთავებლად, გაცხარებული ვმსჯელობ ქორწინების შესახებ, ამ დროს დესერტი მოგვართვეს, ლანგარი მოგვიტანეს და ლანგარზე კი ბეჭედი დევს!“

წყვილმა 1992 წელს იქორწინა და საცხოვრებლად ჰაიდ პარკში, ერთ ულიფტო კორპუსში გადავიდა. სინდი მოელისი იხსენებს იმ წვეულებას, რომელიც ობამებმა ქორწინების შემდეგ პირველად მოაწყვეს: ჰქონდათ პასტა და ხამანწკები, კედელზე იაფფასიანი ნახატები ეკიდა, რომლებიც ჰავაისა და კენიაში მოგზაურობიდან ჩამოიტანეს. ბარაკს წვეულებები არ უყვარდა. მოელისი ამბობს: „ბარაკი ძალიან ჭკვიანი იყო და თითქმის ყველანაირ სიტუაციაში - სერიოზული. მე კი თავს არ ვანებებდი და ვუჩიჩინებდი, კარგი, რა, რა დროს ეგაა, მოდი რამე ფილმზე მომიყევი, ბოლოს რა ნახე“... ასე იყო სულ, შემდეგ, როცა ორმოცს გადავაბიჯეთ, მიშელს ვუთხარი, - „იცი, მგონი, ბარაკი უკვე იმდენად ჩამოყალიბდა ისეთად, როგორიც არის, რომ მოდუნდა და უფრო უდარდელი გახდა. თითქოს, ახლა უფრო ირგებს ცხოვრებას“. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ბარაკმა ბოლომდე მოახერხა პროფესიული რეალიზება. ის სენატორი გახდა და მიეცა შესანიშნავი შანსი, ყოფილიყო კანონმდებელი, თავის საყვარელ საქმეში ბოლომდე დახარჯულიყო. ამიტომ, როცა შინ ბრუნდებოდა, უკვე გართობა და დასვენება უნდოდა, ახლა თვითონ იყო ინიციატორი მეგობრებთან შეკრების, სიცილის და ფილმებისა და საკალათბურთო მატჩების განხილვის“.

მიშელისთვის კი დედობა უფრო დიდი მოტივაცია გახდა, ვიდრე პოლიტიკა. ის გიჟდება იმ ფაქტზე, რომ დედაა და მოსწონს კიდეც იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც საქმიანი ქალები აწყდებიან - როცა ცდილობენ, დრო ოჯახსა და სამსახურს შორის გაანაწილონ. როცა ვთხოვე, - გაიხსენეთ ისეთი თემა, რის განხილვასაც მეუღლესთან ვერ ასწრებთ ან ვერ ახერხებთ-მეთქი, - მითხრა: „...ჩვენც ზუსტად ისეთივე პრობლემები, გამოწვევები, თავის ტკივილები და ბრძოლები გვაქვს, როგორსაც ყველა ოჯახში ნახავთ... ჩვენი საუბრის თემებიც ესაა“.

შარშან ზაფხულში ობამას დედა, რომელიც ბანკში მდივნად მუშაობდა, პენსიაზე გავიდა იმიტომ, რომ მალიასა და საშასთვის მიეხედა, ვიდრე ბარაკი და მიშელი საპრეზიდენტო კამპანიის გამო სახლიდან სულ მთლად ამოიკვეთავდნენ ფეხს (ობამებს ჰყავთ მეურვე, რომელიც მათ სახლში სრული სამუშაო განაკვეთით მუშაობს. მიშელი დადის პირად მწვრთნელთან კვირაში ოთხჯერ, მაგრამ მას არ ჰყავს ძიძა გოგოების მოსავლელად). ობამა ხშირად ახსენებს ხოლმე თავისი ქალი ნათესავების, მეგობრებისა და კოლეგების წრეს, რომელსაც ძალიან ენდობა. ამ წრეში შედიან ძირითადად ახალგაზრდა ქალები, მოდური, მაგრამ ამავე დროს პრაქტიკულები - ისევე, როგორც მათი ლიდერია.

სუპერ სამშაბათს, როცა დიდებისკენ მიმავალი წყვილი „ჩიკაგო ჰაიატის“ საბანკეტო დარბაზში სცენაზე ავიდა, ობამას ერთ-ერთი მრჩეველი გადმოიხარა და ჩამჩურჩულა: „დღეს მიშელს წითელი აცვია“.

როცა ბარაკი სენატში აირჩიეს, ცოლქმარმა გადაწყვიტა, რომ მიშელი და ბავშვები ჩიკაგოში დარჩებოდნენ. ერთ დილას რესტორან „მა ფიშერში“ მოწყობილ მრგვალ მაგიდაზე ელიზაბეტ კროუფორდმა, რომელიც საკატერინგო ბიზნესს უძღვება, სიტყვა ამერიკელი ოჯახების კვების ჩვეულებებზე ჩამოაგდო. მერე კი დასძინა: „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა ბარაკი ამ თემაზეც გაამახვილებს ყურადღებას“.

კროუფორდის ფრაზას მიშელი მაშინვე გამოეხმაურა. წინასწარ მომზადებულ სიტყვას გადაუხვია და დაიწყო (ასეთი გამხიარულებული, საარჩევნო კამპანიისას ის პირველად ვნახე): „იცით, ჩვენი ოჯახი, უკვე ერთი წელია, ორგანულ, ეკოლოგიურად სუფთა საკვებზე გადავიდა ზუსტად ამ მიზეზით. ძალიან კარგი პედიატრი გვყავს, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს მოზარდების გასუქების პრობლემას და ერთხელაც ამ კაცმა ჩემს 9 წლის გოგონაზე მითხრა, - ცოტაც და დასაშვებ ნორმას გადასცდებაო. მაშინ გამოვაღე სამზარეულოს კარადები და მიზეზების ძებნა დავიწყე... შაბათობით სწრაფი კვების პროდუქტებით ვიკვებებით, კვირაში რამდენიმე დღე სახლში საერთოდ არ ვართ. სადილის ნარჩენები კარგია, მაგრამ მესამე დღესაც?! კვირა დღეს სამზარეულოში ტრიალს ვერ ვახერხებ... ლანჩზე რა უნდა მივართვა ოჯახს? არ მცალია და ფონს მზა საკვებით გავდივარ... მოკლედ, ვფიქრობთ, ვფიქრობთ, რა უნდა ვქნათ? და მივხვდით, რომ წვენები გვიშველიდა. მერე უკვე დავინტერესდი, რა ეწერა წვენების კოლოფებზე მიკრულ ეტიკეტებს და აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რასაც მივირთმევთ, მაღალი-ფრუქტოზის შემცველობის სიმინდის სიროფითაა დამზადებული, თითოეული ჟელე, თითოეული წვენი. ყველაფერი, რაც თავდაცულ ბოთლსა და პაკეტში იყიდება, შხამივითაა და ამის შესახებ ადამიანებმა არაფერი იციან... მას მერე კვების მთელი სტრატეგია შევცვალეთ. ახლა სამზარეულოში ყოველთვის მიდევს ახალთახალი ხილით სავსე ლანგარი. კვირაში რამდენჯერმე უნდა შეავსო ხილის მარაგი, ექვსი წლის ბავშვმა რომ ცხვირი არ აგიბზუოს და ჭამაზე უარი არ გითხრას. აბა, პატარა ბავშვი მომჭკნარ ყურძენს და გაყავისფრებულ ბანანს ხომ არ შეჭამს? ჰოდა, ვის აქვს ყველაზე მეტი დრო, ხილის საყიდლად რომ იაროს კვირაში რამდენჯერმე? პირველ რიგში, ვის შეუძლია ეს?“

ობამების შემოსავლის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, იმ ჰონორარის ხარჯზე, რომელიც ბარაკმა თავისი წიგნისთვის The Audicity of Hope მიიღო. 2005 წელს მათმა შემოსავალმა 1.67 მილიონი შეადგინა, რაც გაცილებით მეტი იყო იმ თანხასთან შედარებით, რაც მათ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მთლიანობაში გამოიმუშავეს. „ჩვენი ცხოვრების წესი ძალიან ახლოსაა ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების წესთან, თუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია, როცა შენი ქმარი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, - ამბობს მიშელი და დასძენს, - როცა გზაზე ვარ, „ტარგეტში“ მივდივარ საპირფარეშოს ქაღალდის საყიდლად, ვდგავარ ფეხბურთის მოედანზე და ვგრძნობ რაღაც დამაკავშირებელ ძაფს, სიახლოვეს ჩვეულებრივ ადამიანებთან; ძაფს, რომელიც თანდათან წვრილდება, რაც უფრო ღრმად შედიხარ კანდიდატობის როლში“.

მალევე მას შემდეგ, რაც ბარაკი სენატში აირჩიეს, მიშელს სამსახურში ხელფასი მნიშვნელოვნად მოუმატეს - 2004 წელს დანიშნული 121.910 დოლარიდან 316.962 დოლარამდე. „მისის ობამას უსამართლოდ მაღალი ანაზღაურება აქვს, - მისწერა „ტრიბიუნის“ რედაქტორს ერთმა მოქალაქემ მას შემდეგ, რაც გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც ეჭვქვეშ აყენებდა ხელფასის მომატების დროულობას. ახლა ამიხსენით, რა არის მისი ხელფასის მომატების ნამდვილი მიზეზი“, - აინტერესებდა მოქალაქეს. მიშელ ობამას უფროსები კი გაცხარებულები ამტკიცებდნენ, რომ ხელფასის მომატება აბსოლუტურად სამართლიანი იყო და რომ ახლა მიშელის ხელფასი დანარჩენი ვიცეპრეზიდენტების ანაზღაურებას გაუთანაბრდა და სხვა არაფერი.

მიშელ ობამა სოციალური თემატიკით ჯერ კიდევ ბარაკთან შეხვედრამდე დაინტერესდა; მეტიც, როგორც ბარაკი წერს, მიშელს ყურადღება პირველად სწორედ მისი ამ მისწრაფების გამო მიაქცია. როგორც თვითონ ამბობს, მიშელთან შეხვედრამ ერთბაშად გამოაფხიზლა მრავალწლიანი სულიერი ძიებებიდან. მიშელთან ურთიერთობამ მას მოუტანა „სტაბილურობის შეგრძნება, საკუთარი ადგილის პოვნის განცდა; ადგილის, რომელსაც ისე მივადექი, რომ ვერც მიხვდი - ეს ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა“.

ბარბარა ფეის-მუდი, აფრიკული ცეკვების კომპანიის „მუნტუს“ დირექტორი, იხსენებს ობამასთან შეხვედრას, როცა ორივენი ერთი სოციალური პროგრამის მოხალისეებად მუშაობდნენ: „ყოველ შაბათ დღეს შავკანიანთა ღარიბ უბნებში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალებთან ერთად ვატარებდით. დიდ წვეულებას ვაწყობდით. მიშელს კი საკუთარი ფულით მიჰყავდა გოგონები სილამაზის სალონში, უკეთებდა ვარცხნილობას, მათთვის ქირაობდა ნომრებს ჩიკაგოს ცენტრში მდებარე სასტუმროებში. მახსოვს, ჩემთვის ვფიქრობდი ხოლმე, ვინ არის ეს მიშელ რობინსონი?“

ობამების, როგორც სამართლიანი და გულანთებული მოქალაქეების იმიჯს ნეგატიურ შტრიხს სძენს ერთი უხერხული სიტუაცია, რომელიც ობამას საარჩევნო კამპაანის ერთ-ერთ კონტრიბუტორთან ტონი რეცკოსთან დაკავშირებით შეიქმნა (რეცკოს ახლა კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესი ელის). 2005 წელს, როგორც „ტრიბიუნი“ წერდა, ობამებმა ჰაიდ პარკში 1.65 მილიონ დოლარად შეფასებული რეზიდენცია შეიძინეს, რომელსაც ათას-ბოთლიანი ტევადობის ღვინის სარდაფი და ჰონდურასული წითელი ხისგან დამზადებული წიგნის თაროები ამშვენებდა. იმავე დღეს, როცა მათ სახლი შეიძინეს, ტონი რეცკოს მეუღლემ, რიტამ მეზობლად მდებარე ნაკვეთი 625 ათას დოლარად შეიძინა. მალევე მიშელმა მოიპოვა უფლება, რეცკოებსა და ობამებს თავიანთ ნაკვეთებს შორის აეშენებინათ ღობე. ამ მშენებლობისთვის ობამებმა გადაიხადეს ბიუროკრატიული, არქიტექტურული და კიდევ რამდენიმე სხვა სამუშაოსთვის საჭირო თანხა, ხოლო რეცკოებმა - მხოლოდ ღობის ასაშენებლად საჭირო 14 ათასი დოლარი.

მეორე შემთხვევა, რომელიც ობამებს მუდამ თან სდევს, მათი პასტორის, დოქტორ იერემია რაიტის სახელს უკავშირდება. რაიტმა მიშელსა და ბარაკს დასწერა ჯვარი და მათი ორივე ქალიშვილი მონათლა. თავისი წიგნის სათაურიც The Audicity of Hope - ბარაკმა რაიტის ერთ-ერთი ქადაგებიდან აიღო. 2006 წელს კი, მადლიერების ნიშნად, ობამებმა ეკლესიას 22.500 დოლარი შესწირეს.

რაიტი ქადაგებს თეოლოგიას, რომელიც აფრიკულ-ამერიკულ ქრისტიანობას აერთიანებს. ამ თეოლოგიის ისტორიული სიზუსტის დადგენა ოდნავ რთული საქმეა. ხოლო მისი მთავარი მესიჯი თეთრკანიანი ამომრჩევლის ნაწილისთვის უფრო საკამათოა, ვიდრე მიმზიდველი. წიგნში „აფრიკელები, რომელთაც ჩვენი რწმენა ჩამოაყალიბეს“ - გახლავთ დასავლური ქრისტიანობის ვრცელი კრიტიკა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი რაიტი წერს, რომ დასავლურმა ქრისტიანობამ აღაზევა „ევროპელი ებრაელები... დალოცა მონებით ვაჭრობა, დაიცვა რასიზმი და აპარტეიდი“. რაიტი ამბობს, - „ამ ქვეყანაში რასიზმი ისეთივე ბუნებრივი მდგომარეობაა, როგორც დედობა, ვაშლის ღვეზელი და 4 ივლისი. შავკანიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი გააცურეს იმ აზრით, რომ „ბმვ“-ეები, „ლექსუსები“, „პორშეები“, სოციალური სტატუსები, იპოთეკით შეძენილი სახლები რაღაც გავლენას მატებს ადამიანებს, რომლებიც შინაგანად უზნეონი არიან“.

თუმცა, რაიტი ამერიკის უარყოფითი შეფასებით, იმის თქმით, რომ ამერიკა „ევროცენტრული ვრცელი მიწაა“, გვთავაზობს თეორიას მტრული სეპარატიზმის შესახებ, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ობამას გზას - სწამდეს ცვლილებებისა და გაერთიანების ძალის.

შესაბამისად, ბარაკის მრჩევლები ცდილობენ, გააქარწყლონ კრიტიკოსთა მოსაზრება, რომ ობამასა და რაიტის ურთიერთობა რაღაც ბოროტი ჯადოქრების ტანდემს ჰგავს, როგორც ამას კონსერვატორების ბლოგებსა და თოქ-შოუებში ამბობენ. წინა თვეში, სააღდგომო მარხვის დაწყებამდე, „ფერფლის ოთხშაბათს“ ეკლესიაში წირვას დავესწარი. როცა რიტუალი დასრულდა, რაიტს ვთხოვე, ორიოდე სიტყვა მიშელ ობამაზე ეთქვა. „ის ჩვენი მრევლის წევრია“, - დაიწყო მან, მაგრამ უცებ ეკლესიის ერთ-ერთი მსახური მოიჭრა და გამაფრთხილა, რომ ეკლესიაში ნებისმიერი სახის ინტერვიუს ჩაწერა აკრძალული იყო.

„არ გვინდა, რომ ჩვენს ეკლესიას შეუტიონ“, - მითხრა ობამამ. ვკითხე, რაიტის განცხადებები უქმნიდა თუ არა პრობლემას ბარაკსა და მას. „ხომ იცით, არა, პასტორს ისე უყურებ ადამიანი, როგორც შენს დიდ ბაბუას. ის უამრავ რამეს ამბობს ისეთს, რასაც საერთოდ არ ვეთანხმები“. რაიტის ფუნდამენტური დოქტრინის ჭეშმარიტებაზე კი მიშელმა ასე მიპასუხა: „არ მგონია, ამ ქვეყანაში არსებობდეს რომელიმე ეკლესია, რომლის მრევლიც გავხდებოდი. ასე რომ, როგორც ხდება ხოლმე, აკეთებ არჩევანს და ეგაა. თანაც, იმ მიზეზით, რომ შენი ოჯახი შეიძლება მიუღებელად იქცეოდეს, მას ხომ ვერ განუდგები? პირიქით, ეცდები, რომ ამაზე ისაუბროთ და ძალაუნებურად შენც ამ პროცესის ნაწილი ხდები“ (დაახლოებით ასეთივე არგუმენტი ჰქონდა მიშელს, როცა ვკითხე, იზიარებდა თუ არა მისი მეუღლის უარყოფით დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების ქორწინებაზე. „საჭიროა, მოზარდივით ნელ-ნელა აიდგა ფეხი და ისწავლო სიარული... საქმის კეთებას ყველაზე რთული, ყველაზე მტკივნეული საკითხით ვერ დაიწყებ მაშინ, როცა შენი მიზანი ხალხის გაერთიანებაა“).

ობამა არ ერიდება პირდაპირ და შეულამაზებელ განხილვებს რასობრივ საკითხებზე. ერთ წელს ისა და სინდი მოელისი, რომელიც თეთრკანიანია, იუტას შტატში, სპა-სალონში წავიდნენ დაბადების დღის აღსანიშნავად. „კაფეში ვისხედით და ვსაუზმობდით, - იხსენებს მოელისი, - გარშემო ყველა მიშელს ესალმებოდა, სახელით მიმართავდნენ და ხელს უქნევდნენ“. მოელისს უკვირდა, რატომ არავის ახსოვდა მისი სახელი. „ხედავ გარშემო ვინმე სხვა, 6 ფუტის სიმაღლის, აფრო-ამერიკელ ქალს ჩემს გარდა? - უთხრა ობამამ, - არა, ხომ? ჰოდა, მორჩი, შენს თავზე ნუ იღებ“.

ის ფაქტორი, რომ მიშელი ასე კარგად იცნობს და ასე კარგად ფლობს საკუთარ თავს, ბარაკისთვის ნამდვილი მონაპოვარია. რონ კარტერი, „საუთ სტრიტ ჯორნალის“ გამომცემელი იხსენებს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მიშელმა მასზე ერთ უხერხულ სიტუაციაში, რომელიც ობამას სასენატორო კამპანიის დროს მოხდა. იმ დღეს ობამა ჩიკაგოს საუთ-საიდში, ბაპტისტურ ეკლესიაში გამოვიდა სიტყვით. „ეკლესიაში უამრავი რადიკალურად განწყობილი ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთაც არ სჯეროდათ, რომ ბარაკი მათ მიმართ გულწრფელი იყო და მართლა აპირებდა მათ ერთგულებას და ამ ეჭვს ხმამაღლა, აგრესიულად გამოხატავდნენ, - ჰყვება კარტერი, - ამ დროს მიშელი უკანა კარიდან გამოვიდა, მის წინ საუთ-საიდელი ხულიგნებისა და ქუჩის ბიჭების დიდი ბრბო იდგა, უკვე წკიპზე იყვნენ, წამიც და, აფეთქდებოდნენ. მიშელმა მოირგო თავისი ქუჩური იმიჯი და ბიჭებს გასძახა: რა ხდება, პრობლემაა რამე? ბრბო შედგა და ერთ ადგილას გაიყინა. ბიჭები, რომლებიც ქალაქის მერის ანდა ჯესი ჯექსონის საცემრადაც კი გაიწევდნენ, მიშელ ობამამ შეაჩერა“.

ბარაკი ძალიან ხატოვნად წერს ზეწოლაზე, რომელსაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ასიმილაციის გამო განიცდიან. როცა მიშელს ვკითხე, უგრძვნია თუ არა მას საკუთარ თავზე მსგავსი ზეწოლა , მიპასუხა, - „ის, რასაც უმცირესობები დღემდე განიცდიან, რასიზმის ნარჩენები და გამოწვევებია. ჩვენთან არსებობენ კულტურები, რომლებიც მეორე ხარისხის მოქალაქეებად გრძნობენ თავს რაღაც გაგებით... ამ ერთობებს ბუნებრივად დაჰყვებათ განცდა, რომ ისინი საკმარისად კარგები არ არიან... რომ საკმარისად გონებაგახსნილები და მომზადებულები არ არიან... და ეს ამ საზოგადოებების შინაგანი კონფლიქტია, რომელიც ბრძოლას უფრო ჰგავს, ნამდვილ, დაუსრულებელ შინაგან ბრძოლას“. მიშელმა მიამბო აფრიკაში პირველი ვიზიტის შესახებ - ის ბარაკმა წაიყვანა კენიაში, საყვარელი ქალი მამამისის ოჯახისთვის რომ წარედგინა. მაშინ მიხვდა მიშელი, რომ როგორც თეთრკანიანებს არ გამოსდით, აფრო-ამერიკულ სატკივარს ბოლომდე და გულწრფელად გაუგონ, ასევე შავკანიან ამერიკელებს აქვთ მცდარი წარმოდგენა პან-აფრიკანიზმზე (გლობალურად გაერთიანებული აფრიკელების მოძღვრებაზე): „ბევრი შავკანიანი მიიჩნევს, რომ აფრიკა მათი სამშობლო და მათი სახლია, მაგრამ როცა ხარ შავკანიანი ამერიკელი, პირველ რიგში, ჩემი აზრით, მაინც ამერიკელი ხარ და შემდეგ აფრიკელი“, - მიიჩნევს მიშელი.

მერიენ რობინსონმა მითხრა, რომ მან კარგა ხანს არ იცოდა, ბარაკის დედა თეთრკანიანი რომ იყო. „საკუთარ თავზე არასდროს არაფერს ჰყვებოდა“, - დასძინა მერიენმა.

ცოლ-ქმარ ობამას ურთიერთობა სიამაყით აღავსებს უამრავ აფრო-ამერიკელ ქალს. ვებ-გვერდ theroot.com-ზე გამოქვეყნებულ ესეში კიმ მაქლერინი წერს, რომ ობამების ურთიერთობა შავკანიანი ქალების ღირსებისა და სიკარგის საზოგადო დადასტურებაა. „ბარაკმა ერთ-ერთი ჩვენგანი აირჩია და მე ეს მახარებს, - წერს მაქლერინი, - მიშელს ობამა უყვარს, პატივს სცემს, აღმერთებს, მაგრამ მიშელი მაინც ჯილდოა თავისი ქმრისთვის და ეს თვითონაც კარგად იცის. ურჩევნია, ბარაკიც ხვდებოდეს ამას“.

ჩიკაგოში ყოფნისას ბარბარა ფეის-მუდმა ბარაკისა და მიშელის ერთი ფოტო მაჩვენა, როგორც ძლიერი ქორწინების თვალსაჩინოება. ამ ფოტოზე მიშელი უკან დგას, ბარაკს ზურგიდან ეჭდობა და მკლავები მის წელზე აქვს შემოხვეული, ბარაკი კი მისკენ არის ტანით გადახრილი, მკლავებით მიშელს ეხვევა და თვალები სულ ოდნავ აქვს დახუჭული. ფოტო ნიუ ჰემფშირში კამპანიის ერთ-ერთ დღეს არის გადაღებული, მაგრამ ორივენი ისეთი ბედნიერები არიან, რომ გეგონება, - ჰავაიზე, ოკეანის ნაპირას დგანანო. ჟურნალმა „ებონიმ“ ბარაკი და მიშელი „ყველაზე მაგარი წყვილების“ ათეულში შეიყვანა, ბიონსესა და ჯეი-ზი-სთან ერთად. ბარაკის მრჩეველი კი დასძენს: „გაიხედავ და მიშელი და ბარაკი კოცნიან ერთმანეთს, თითქოს არც აინტერესებთ, გვერდით ვინმე თუ დგას“.

ზოგიერთი მიმომხილველი ასკვნის, რომ ობამა თავისი ქცევითა და მანერებით ხაზს უსვამს მის მაღალ სტატუსს. მიშელის დამცველები კი ქედმაღლობის მსგავს გამოხდომებს ხსნიან რასიზმით გამოწვეული შინაგანი შიშით და ამბობენ, რომ ამიტომაც არის ზოგი შავკანიანი ქალი მაწაკი. ასეა თუ ისე, მიშელის თვისებები და ხასიათი ორ რასას შორის კულტურულ კონფლიქტზე მაინც მიუთითებს: შარშან აპრილში გამოქვეყნდა მაურინ დაუდის სვეტი მიშელ ობამას ქცევების შესახებ, რომლის სათაურიც ასეთი იყო: „თეთრკანიანი ქალი ამას უბრალოდ ვერ გაიგებს“.

მოვლენები მეტ-ნაკლებად წყნარად ვითარდებოდა შუა თებერვლამდე. კვირაში ოთხი დღე კამპანიის ღონისძიებებს ეთმობოდა, მიშელი ათასიანი აუდიტორიების წინაშე გამოდიოდა. დევიდ აქსელროდის თქმით, მიშელის იდეა იყო, განსაკუთრებით მკაფიოდ მიეწვდინათ ხმა ქალ ამომრჩევლებამდე. „მიშელის ლექსიკონში ჭარბობდა ფრაზები: „ხედავ, უკვე რამდენს მივაღწიეთ?“ და არა „ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი“, - მითხრა ობამას ერთ-ერთმა მრჩეველმა შებოიგანში. „ცოტა უცნაური იყო, - იხსენებს კრეიგ რობინსონი, - ჩემი და თუ ამომავალი ვარსკვლავი მეგონა, თვალსა და ხელს შუა ჯულია რობერტსად გადაიქცა“.

18 თებერვალს, ვისკონსინში გამართულ დემონსტრაციაზე მიშელმა თქვა: „პირველად ჩემი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში მართლა ვამაყობ ჩემი ქვეყნით და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბარაკმა ამდენს მიაღწია, არამედ იმიტომაც, რომ ვრწმუნდები - ხალხი მართლა დანატრებულია ცვლილებას“. სენტიმენტი, რომ ამერიკა ჭაობში იყო ჩაძირული და მისის ობამა ამის გამო თავს უბედურად გრძნობდა, უცხო და ახალი არავისთვის ყოფილა, მაგრამ რეალობის მისეული შეფასებისა და სათქმელის ასე ფორმირების გამო მიშელ ობამას ცრუპატრიოტიზმში დასდეს ბრალი. ბილ ო'რილიმ თავისი წილი სკანდალი ატეხა, როცა აღნიშნა: არ მინდა მიშელ ობამას ქვით ჩაქოლვის ცერემონიალს დავესწრო, თუ ზუსტად არ მეცოდინება, რომ რასაც ახლა ობამა განიცდის, ნამდვილად ის გრძნობაა, რასაც ქალები განიცდიანო. ქუინსელმა ვიქტორ მალცევმა „პოსტს“ მისწერა: „ობამას სურს, ჩვენი პირველი ლედი გახდეს? გაფრთხილდი, ამერიკავ!“ სინდი მაკეინმაც ხელიდან არ გაუშვა შანსი, ქედმაღლურად რომ არ წარმოეჩინა განსხვავება ობამასა და საკუთარ თავს შორის. გამოვიდა აჟრიამულებული ხალხის წინაშე და თქვა: „არ ვიცი, მოგისმენიათ თუ არა უკვე ეს სიტყვები - მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით“.

გასაგებია, რომ ეს ხელოვნურად გამოწვეული ხმაური იყო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ობამა ნამდვილად დაუფიქრებლად მოიქცა, როცა აღნიშნა, რომ მხოლოდ ახლა ამაყობდა ამერიკით. ქალმა, რომლის მეუღლეც საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, ისეთი რამ არ უნდა თქვას, რასაც შემდეგ სხვანაირ კუდს გამოაბამენ. ობამას დაუფიქრებელი დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ, კანის ფერზე მეტად, სოციალური კლასითაა გამოწვეული (კონსერავატორი მიმომხილველები ამბობენ, რომ მიშელ ობამა ელიტისტური მემარცხენეობის განსახიერებაა) - მიშელ ობამა ხომ უნიფორმიან მშრომელ ჩიკაგოს წარმოადგენს და მუდამ ამ წარსულით ხელმძღვანელობს.

ჩვენს საუბრებშიც მიშელი თითქმის აპოლიტიკური გამოჩნდა. ვკითხე, - პირველად არჩევნებში როდის მიიღეთ მონაწილეობამეთქი. გაირკვა, რომ ობამა არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობს, მაგრამ პირველი ხმის მიცემა, როგორც რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენა, არ ახსენდება (ერთხელ კი, ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, - სენატორთა მეუღლეების კლუბში თუ ხართ ჩართულიო, - მიშელმა ასე უპასუხა: „რაღაც არ მომწონს ეგ კლუბი“).

მიშელ ობამას სჯერა, რომ მისი პირადი გამოცდილება წარმატების მიღწევის ამერიკული მოდელის განსახიერებაა. ეს იმაშიც გამოსჭვივის, რომ მიშელ ობამა მუდამ ხმამაღლა აცხადებს, რომ მისი ქმარი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ამ ქვეყნის პრობლემების გადაჭრა ძალუძს. „ხალხს ვეუბნები ხოლმე, რომ ჩემი ქმარი თვით პასუხია, - აღნიშნა მან ჰარლემში წარმოთქმულ სიტყვაში, - ეს არის კაცი, რომლისთვისაც თავს დავდებ“, - შეაფასა თავისი ქმარი აიოვაში. ნოემბერში, MSNBC-ის ეთერში კი თქვა: „შავკანიანი ამომრჩევლები გაიღვიძებენ და ნახავენ, რომ ოცნება ახდა“. არის რაღაც ძალიან ხისტი მიშელ ობამას განცხადებაში, რომელსაც გამუდმებით იმეორებს - რომ მისი მეუღლის გაპრეზიდენტებაა ამერიკელების ერთადერთი შანსი. თუმცა ალბათ ეს ქედმაღლობა, საკუთარი ძალაუფლების გააზრება, მიშელ ობამას ბუნებრივი მდგომარეობაა. ის ყოველთვის თვითონ იკავებს საკუთარ ადგილს „სუფრასთან“ და არ ელოდება, როდის შესთავაზებენ „სკამს“. თითქოს, მან იცის, რომ შეუძლია, დაასწროს ყველას და თვითონ წარმოაჩინოს თავისი ქმარი და საკუთარი თავი ისე, როგორც წარმოუდგენია, ვიდრე სხვები იტყოდნენ, რომ ობამები სინამდვილეში სხვანაირები არიან. მოვლენებისადმი ამგვარი მიდგომით ობამა დაგეგმვისა და სტრატეგიების დასახვის არაჩვეულებრივ ნიჭს ავლენს. ის კამპანიის ფარგლებში ამერიკაში მოგზაურობას სახავს, როგორც აუცილებლად ჩასატარებელ, ფუნდამენტურ სამუშაოს, რომლის გამოც, საკუთარ ოჯახს მოსწყდა და არა, როგორც დიდებულ მოგზაურობას მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაში, რომელსაც, რომც არ ევალებოდეს, მაინც მოიწყობდა. საჯარო გამოსვლებისას ობამა ხშირად იმეორებს ხოლმე: „არ მაინტერესებს, სად ვარ, პირველ რიგში, ყოველთვის ვსვამ ამ კითხვას: „როგორ უძლებთ?“, „საერთოდ როგორ უმკლავდებით ცხოვრებას?“ შედეგად კი მიშელი მადლიერებას და დაფასებას ელის, იმ პარიკმახერების მსგავსად, რომლებიც საშობაო პერიოდში ქალებს საზეიმო ვარცხნილობებს უკეთებენ და თმის ჭრაში მთელ თავიანთ ნიჭსა და შემოქმედებითობას აქსოვენ. სახალხო-საჯაროდ ვაჭრული პოლიტიკანობის დაგმობით ობამა ხალხს აგრძნობინებს, რომ მათთან მისვლით, მიშელმა ისინი დააფასა.

პირად ურთიერთობებში კი ობამა კეთილი და ყურადღებიანია. ვისკონსინის პრაიმერიმდე ერთი კვირით ადრე მიშელ ობამა შებოიგანში შეხვდა ხალხს. როცა შეხვედრა დამთავრდა, მეც მის „ფორდ ექსპლორერში“ ჩავჯექი და გრინ ბეისკენ გავწიეთ. მანქანაში ცოტა ადგილი იყო და აღარ ვიცოდი, სად დამეწყო ჩემი ჭუჭყიანი ბოტები. ბოლოს ფეხები მის შავი ტყავის ბლოკნოტზე შემოვალაგე, რომელიც ძირს ეგდო (თუ ქალის ხელჩანთა მისი სულის სარკეა, ობამა აბსოლუტურად ჩვეულებრივი ქალია: ჩანთაში ცარიელი „ემ ენდ ემს“-ის პაკეტი და ჯიბიდან ამოჩრილი „აიფოდი“ ჩანდა). „იცი, მოდი, ამ ბლოკნოტს მოგაშორებ, ხელს გიშლის, - მითხრა მერე. ვიღაც ცდილობდა, საბარგულში რაღაც ნივთები ჩაეწყო. უი, რაღაცას დებენ“, - თქვა ობამამ და ჩადებაში დაეხმარა.

ვისკონსინის პრაიმერიმდე სულ ცოტა დრო რჩებოდა. ვკითხე, ხომ არ ნერვიულობდა იმაზე, რომ ობამას წინააღმდეგ, შესაძლოა, კრიტიკის ახალი ტალღა აგორებულიყო. პასუხი დიპლომატიური ჰქონდა: „თითქმის ყველაფერი უკვე ითქვა“.

„მისი აზრი ყოველთვის ანგარიშგასაწევია, მას გულწრფელად სჯერა თავისი ქმრის და მისი იდეების, - მითხრა დევიდ აქსელროდმა, - ყოველთვის ღიად გვეუბნება, რასაც ფიქრობს. თუ ჰგონია, რომ უსამართლოდ გვაკრიტიკებენ, ანდა თუ ხედავს, რომ საკმარისად აგრესიულად არ ვუმკლავდებით ოპონენტთა კრიტიკას. ასეც იტყვის. ლოტოსის პოზაში განცხრომა და მედიტაცია მისი სტილი არაა“.

მოგვიანებით კრეიგ რობინსონს შევხვდი და ვკითხე, - რას ფიქრობ ბილ კლინტონის კომენტარზე, როცა მან ბარაკ ობამას ერთერთ ნააზრევს „ზღაპარი“ უწოდა-მეთქი. „ის ყოველთვის ღიად ამბობს ხოლმე რაღაცებს, რაც არასწორია. კარგია, რომ ბარაკმა ბრაზი ღიად არ გამოხატა, - მითხრა კრეიგმა, - მიშელის და ბარაკის მიზანია არჩევნებში გამარჯვება. დაუშვებელია კლინტონის გამონათქვამებზე აღელდნენ...“.

ორ წყვილს შორის გამართული ფარული შეჯიბრი კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, როცა ერთ დღეს მიშელის მრჩეველმა გვერდზე გამიხმო და მითხრა, რომ მიშელს ახლა საიდუმლო სამსახური იცავდა. ახლა ორივე მხარეს ასეა. ბილსაც იცავენ და მიშელსაც - დასძინა მრჩეველმა.

მოგვიანებით, მიშელს ვკითხე, ფიქრობდა თუ არა, რომ მისი ქმარი ჯონ მაკეინს აჯობებდა. „ორი აზრიც არაა. უკვე ჯიბეში ჩავისვით“, - მიპასუხა მან.

როდესაც სიტყვა ობამას კანდიდატობის ზოგად შეფასებაზე მიდგა, მიშელს ვკითხე, გრძნობდა თუ არა ამ მომენტის ისტორიულ მნიშვნელობას. „არა, ასე ზოგადად ფიქრს ამ წუთში ვერ ვახერხებ. ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. რამდენიმე შტატში უნდა გავიმარჯვოთ, რამდენიმე დელეგატის მხარდაჭერა უნდა მოვიპოვოთ. რთული პროცესია. ესეც რომ არა, წინ არჩევნებია. ასე რომ, ისტორიაზე ფიქრისთვის ამ წუთში არ მცალია, სულ ამ წუთას გასაკეთებელ საქმეებს ვუტრიალებ. გარდა ამისა, ბავშვები მყავს მოსავლელი, საზაფხულო არდადეგების ამბავი მაქვს მოსაგვარებელი, გოგოების დაბადების დღეებიც მოდის. მოკლედ, იმდენი საზრუნავია ამ მომენტისთვის, რომ ისტორიაში დასაკავებელ ადგილზე საფიქრალად ნამდვილად არ მცალია“.

თავის წიგნში The Audacity of Hope ბარაკ ობამა წერს, რომ თავის ცოლში აღმოაჩინა სულ პატარა სისუსტე, რომელსაც მიშელი ყოველთვის ისე საგულდაგულოდ მალავდა, რომ მის ძმასაც კი არც ერთხელ არ შეუნიშნავს. „მიშელს მის მუქ, მრგვალ თვალებში რამდენჯერაც უნდა ჩავხედო, სულ ვხედავ ხოლმე, როგორ უკრთის ყოყმანისა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის სულ პატარა ნაპერწკალი. თითქოს, გულის სიღრმეში კარგად იცის, როგორი დაუდეგარი და მოუხელთებელია ცხოვრება და სულ ერთი წამითაც რომ მოდუნდეს და შეისვენოს, ყველაფერი ყირაზე დადგება, მთელი გეგმები“.

21 გემრიელი რევოლუცია ხუთი რესტორნის თანხლებით

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

დასასრული: ჰოდა, ასე, დღეს უკვე საერთაშორისო კულინარიული ტურიზმის ასოციაციის წევრი ვარ. მიმოწერა გავაბი მოგზაურ ცოლ-ქმართან - ჯეფრი ალფორდთან და ნაომი დუგუიდთან, რომლებიც თავიანთი 20-წლიანი კულინარიული მოგზაურობებით აღმაფრთოვანებენ და მინდა, ოდესმე მათზე თქვენც გიამბოთ. გადავწყვიტე კულინარიული წიგნების შეგროვება (მით უმეტეს, ეს საქმე უკვე დაწყებული მქონდა და ყოველთვის შემეძლო, რეცეპტების წიგნი კარგი რომანივით წამეკითხა). და მიზნად დავისახე, კულინარიაზე წერას მივყო ხელი - ამ გემრიელი ჟურნალისტიკის სიმაღლეები დავიპყრო.

დასაწყისი: ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ სამუშაო დღეს, მეტროს მატარებლის ლოდინში, „ნიუიორკერის“ ჭამა-სმისადმი მიძღვნილ სპეცგამოშვებაში ზემოთ ხსენებული ნაომი დუგუიდისა და ჯეფრი ალფორდის ისტორიას წავაწყდი. მას მერე ფრთაშესხმული დავდივარ. ასეთი ცხოვრება მინდა-მეთქი, - ვამტკიცებ და ყველას ვუყვები ცოლ-ქმრის ამბავს, რომელთაც ერთმანეთი 1970-იან წლებში ლჰასაში, სასტუმროს სახურავზე გაიცნეს. ნაომი 36 წლის, წარმატებული ტორონტოელი ადვოკატი იყო, ჯეფრი - ნეპალში სახეტიალოდ წასული მწერალი. მათ აღმოაჩინეს, რომ ძალიან უყვარდათ მოგზაურობა, თავისუფლება და, რაც მთავარია, უცხო კერძების გასინჯვა. მოკლედ, ერთ ტალღაზე მოხვდნენ და ეს ტალღა ისეთი ბობოქარი აღმოჩნდა, რომ ნაომიმ ტორონტოში, თავის იურიდიულ ფირმაში დარეკა და განუცხადა, - უკან აღარ ვბრუნდებიო, - და ჯეფრისთან ერთად კულინარიული მოგზაურობა დაიწყო. 20 წელია, მოგზაურობენ ველოსიპედით, ავტობუსით, ფეხით - ყველაფრით, რაც გზად შეხვდებათ, ცხოვრობენ ხან მონღოლეთის სოფლებში, ხან ჩინეთის პროვინციებში, ხან ტაილანდის სანაპიროებზე; ესაუბრებიან ადგილობრივებს კულინარიაზე, ადათ-წესებზე, იწერენ მათ რეცეპტებს და შემდეგ კულინარიულ წიგნებს ადგენენ, რომლებიც უფრო ეთნოგრაფიული ხასიათის კვლევებია, ვიდრე მარტივად - რეცეპტების ნაკრები... მათი მოგზაურობების ხიბლი იმდენად გადამდები აღმოჩნდა, მათი ცხოვრების წესი კი იმდენად ინსპირაციული, რომ შეიძლება ერთ დღეს მეც ვთხოვო ჩემს ქმარს, - ავიკრათ გუდა-ნაბადი, მოვკიდოთ ხელი ჩვენს შვილს და რეცეპტ-რეცეპტ ვიმოგზაუროთ, საითაც გული გაგვიწევს-მეთქი...

0x01 graphic

ფრანგული რესტორანი „ბელ დე ჟური“

0x01 graphic

ლოკოკინა ლიმნის წვენით

თუმცა, მერე მიწაზე ვეშვები - ამ სიგიჟეს ჯერ ვერ ჩავიდენ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ თუ ნამდვილი გურმანი ხარ, მარტივად შეგიძლია, ერთი გემრიელი კულინარიული თავგადასავალი ქალაქის პირობებშიც მოიწყო და ამ მიზნით რესტორნებს ჩამოუარო. ჩემი გურმანული ფილოსოფიის მიხედვით ხომ, ურბანული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი რესტორანში სიარულია. ჩემთვის ეს პროცესი მთელი რიტუალია და რაც უფრო დიდი, ხმაურიანი და გიჟურია ქალაქი, მით უფრო სავსე და მდიდარია თავგადასავალიც. ზუსტად მახსოვს, რა კონკრეტული განცდებისგან შედგება, მაგალითად ნიუ-იორკში, პარასკევი საღამოს რესტორანში ვახშმით დაწყება: ქუჩის სიცივიდან - ზეიმად ქცეულ სითბოში გალღობა; აუდიო-ფონად გაბმული რუზრუზი, სიცილი და წყვეტილი დიალოგები, კარის ჯახუნი, ჭიქების წკრიალი, შეკვეთილი კერძის შესახებ სწრაფი გამოლაპარაკება; ვიზუალურ ფონად - პალტოების გახდა-ჩაცმა, მეგობარივით მომღიმარი ოფიციანტი, რომელსაც, მგონი, მართლა აინტერესებს, როგორ ვარ; აპეტაიზერი; დიდი ლანგრითა და უზარმაზარი თეფშით მორთმეული კერძი გონების დამბინდველი ოხშივარით; დესერტი და, მგონი, მართლა მშვენიერებად ქცეული ცხოვრება...

ახლა სწორედ ამ განცდების აღსადგენად მივდივარ. უნდა ვნახო, ამ ჩვენს ქალაქშიც თუ შეიძლება, უბრალოდ ერთი გემრიელი მოლხენა კი არა, რაღაც კიდევ უფრო სხვა...

„ბუფეტი“ იტალიური რესტორანია. შაბათი შუადღეა და „ბუფეტში“ სმა-ჭამის დროა. თითქმის ყველა მაგიდა შევსებულია. ჰაერში ზეთისხილის, გამდნარი მოცარელას და ტომატის სუნი ტრიალებს. ოჰო, მგონი უკვე ეფექტური დასაწყისია. თითებს ვიფშვნეტ და ამ სუნის გაშიფვრას ვიწყებ. საერთოდ, იტალიური რესტორანი თუ ნამდვილად იტალიურია, ზუსტად ამ სუნით ვხვდები ხოლმე.

0x01 graphic

„ლიბეჩოს“ მზადება იტალიურ რესტორან „ბუფეტში“

0x01 graphic

მიდიების სუპი ქოქოსის რძეში

0x01 graphic

შავი შოკოლადის ნამცხვარი ნაყინით

0x01 graphic

რესტორანი „ბუფეტი“

როგორც ჩემი მინი-გამოკითხვით დავადგინე, ეს სუნი მოცარელას, პომიდვრის და ზეთისხილის გარდა, დაფხვნილი პარმეზანის, ორეგანოსა და შემწვარი პროშუტოს, ანუ იტალიური ლორის, საამო ნაზავისგან შედგება. თუ ეს მადისაღმძვრელი მიქსი იტალიურ რესტორანში შებიჯებისთანავე არ შეგიღუტუნებთ ნესტოებში, ესე იგი, მეპატრონეები ცრუობენ და მოცარელას ნაცვლად, ვინ იცის, გუდის ყველს ხმარობენ.

„ბუფეტში“ კი ეს საამო სურნელი მით უფრო მძაფრდება, რაც უფრო ვუახლოვდები რესტორნის სულს და გულს - სამზარეულოს. გრძელი, მართკუთხა ოთახია ერთ მხარეს ჩაყოლებული ფანჯრებით, რომელსაც მთელ სიგრძეზე ვერცხლისფერი მერხი ჰყოფს, ნაწილს რომ საჭრელ დაფად, ნაწილს სათავსოდ, ნაწილსაც გაზქურად იყენებენ. იქაურობის დიასახლისი ქალბატონი მზიაა. ვინც „ბუფეტის“ ხშირი სტუმარია, მზიასაც კარგად იცნობს. ჯერ ერთი, ყოველთვის ჩანს ხოლმე სამზარეულოსა და მთავარი დარბაზის გამყოფ ფანჯარაში, როცა ხან ორთქადენილ ლიბეჩოს უკიდებს ცეცხლს, ხან პიცის ცომს აბრზიალებს ჰაერში. ფანჯრის მიღმა მზიასთან ურთიერთობა, მისალმება და მოკითხვაც „ბუფეტის“ ტრადიციაა. ჰო, რაც შეეხება ლიბეჩოს. ლიბეჩო იტალიურად ზღვის ქარს ნიშნავს, ისე კი, დაბეგვილი სუკის ხორცია, როზმარინის ზეთსა და ნიორში, რომელსაც განსაკუთრებული გემოსთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპზე, გავარვარებულ ტაფაზე თეთრი ღვინო ან კონიაკი ესხმება და ალდება. მზია მეუბნება, - ახლა პიცას გამოგიცხობთ, სუფრას გაგიშლით და გაჭმევთო - სუფთა ქართულად. თუმცა, რატომ მარტო ქართულად, ალბათ ასე შინაურულად და გემრიელად მიმიწვევდა სუფრასთან, ვთქვათ, რომელიმე ფაშფაშა დიასახლისიც ლიგურიის ერთ პატარა სოფელში. თუმცა, „ბუფეტი“ არც ლიგურიაა და არც ტოსკანა. ჩვენ აბაშიძეზე ვართ, ქართულ იტალიურ რესტორანში.

0x01 graphic

სადილი იაპონურ რესტორან „საკურაში“

0x01 graphic

შეფ-მზარეული მზია, რესტორანი „ბუფეტი“

ქართულზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ სამზარეულოში, სადაც, ჩვეულებრივი ძმრის ნაცვლად, ბალზამიკოს ხმარობენ, ჩვეულებრივი ლორის ნაცვლად - პროშუტოს, ყველს ფორმაჯოს ეძახიან, ტომატს კი - პომოდოროს, უცებ გვერდით ვიხედები და პატარა ჯამზე ამოლესილ ლობიოს ვხედავ. მიხსნიან, რომ ეს მომსახურე პერსონალისთვისაა. „ბუფეტის“ მზარეულები უცხო-უცხო ინგრედიენტებით კი ამზადებენ უცხო-უცხო კერძებს, მაგრამ თვითონ მაინც შემწვარი კარტოფილით, ხაჭაპურითა და ნიგვზიანი ლობიოთი იკვებებიან, თანაც მხოლოდ მაშინ, როცა ამოსუნთქვისთვის დრო დარჩებათ...

მე კი, სპაგეტი ბოლონეზეს გაყოლებაზე მოთავსებული ლობიოს შემხედვარე დასავლური რესტორნების ერთი არაჩვეულებრივი წესი მახსენდება: დათქმულ დროს, ყველა, ვინც რესტორნის „კულისებს“, ანუ სამზარეულოს წარმოადგენს, დიდი სუფრის გარშემო იკრიბება, თავში შეფ-მზარეული ზის, მიირთმევენ რომელიმე მზარეულის მიერ საგანგებოდ პერსონალისთვის მომზადებულ სადილს, ფიქრობენ ახალ იდეებზე, აფასებენ იმ დღის კერძებს და მენიუს გამდიდრებაზე მსჯელობენ. კულინარიული თავგადასავალი-მეთქი, რომ გეუბნებოდით, ეს კომპონენტიც - მზარეულების რიტუალური სადილი - მის ნაწილად წარმომედგინა. თბილისში კი ვნახე, რომ თავგადასავლის ჯაჭვიდან ეს რგოლი ამოვარდნილია. მიზეზი აბსოლუტურად გასაგებია: ჩვენთან, ქალაქში, სადაც ყველა ევროპული მენიუს მქონე რესტორანი იმპორტირებული პროდუქტით მარაგდება, არაა გასაკვირი, რომ მეპატრონე ვერ გასწვდეს პერსონალის ძვირადღირებული ინგრედიენტებით კვებას. თანხა იზოგება იმისთვის, რომ დარბაზში მჯდომმა სტუმარმა მაქსიმალურად მიიღოს დასავლური კულინარიული სიამოვნება, შიგნით კი კულინარიულ სასწაულს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აკლდება - ახალი კულინარიული იდეებისადმი მიძღვნილი სადილი...

0x01 graphic

რესტორან „საკურას“ შეფ-მზარეული გიორგი

ლიბეჩოს დამზადება ისევე, როგორც ნამდვილი იტალიური პიცის ცომის მოზელვა, მზიამ იტალიაში ისწავლა. იქ სოხუმიდან აფხაზეთის ომის შემდეგ წავიდა. რიმინის თევზის რესტორანში იპოვა სამსახური, დაეუფლა იტალიურ რეცეპტურას და მერე ისევ საქართველოში დაბრუნდა. „ბუფეტში“ მთელ თავის კულინარიულ ცოდნას და - არა უშავს, ვიყო ბანალური, მაინც ვიტყვი - სამხრეთულ ხალისს ავლენს.

ქალბატონ მზიას ლიბეჩო თეფშზე გადმოაქვს და აფორმებს. ამ პროცესს კულინარიაში პრეზენტაცია ჰქვია. ნამდვილ კულინარიაში ხომ ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გემოსთან ერთად ვიზუალური შთაბეჭდილების მოხდენაცაა. კერძს რომ მოგართმევენ, ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ ქვეცნობიერად შეძლო მთელი იმ საოცარი პროცესის წარმოდგენა, რასაც ლიბეჩო ქურაზე გადის. ზუსტად ორ წუთში კერძი სუფრასთან მისატანად მზადაა. მზია კლიენტს სამზარეულოს ფანჯრიდან ესალმება და კომპლიმენტებს ელის. ამასობაში ჩვენი პიცის თადარიგსაც იჭერს. თეთრ ლანგარზე ცომის გუნდები აწყვია. მანუჩარი, რომელსაც მზია მანჩოს ეძახის, ცომის გაბრტყელებას იწყებს. გუნდა ზუსტად ერთ წუთში სიფრიფანა სიბრტყედ იქცევა. მანჩო ცომით ჰაერში ჟონგლიორობს, შემდეგ ლანგარზე დებს და იწყება პიცის მორთვა, ჯერ წითელ ცისარტყელებად უსვამს პომიდვრის წვენს, შემდეგ რიგრიგობით აფრქვევს მოცარელას, პროშუტოს, სოკოს და პიცაც გამოსაცხობად მზადაა. მანჩო გრძელტარიან ჩოგანზე შეასრიალებს პიცას და დიდ ღუმელში უკრავს თავს. სამზარეულოს ისედაც სანელებლებით გაჯერებული ჰაერი ახლა გამომცხვარი პურის, შემწვარი ლორისა და ცომში ჩამდნარი მოცარელას არომატით ივსება. მანჩო ღუმელს აღებს და ჰაერი კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. სიფრიფანა, ოხშივარადენილი დისკო უკვე ჩვენ გველოდება. დანა-ჩანგლით პიცას ვერასდროს ვჭამდი, და თურმე სწორიცაა. ისევე, როგორც აჭარულ ხაჭაპურს უნდა გლეხურად, ხელით ჭამა, ასევე - პიცასაც. გრძელი, სამკუთხა ნაჭერი ისე უნდა მოკეცო, რომ ლორის ნაჭრები და სოკოები არ გადმოგეყაროს, თუ პირთან მიტანილი დარბილებული ყველი გაიწელება, მაგას რა ჯობია, პიცის ჭამის მთელი მუღამიც ხომ ეგაა. გარშემო ვიხედები და დანა-ჩანგლის მსხვერპლად ქცეული პიცის რამდენიმე ლუკმას მაინც ვხედავ. რას ვიზამთ, ეს იტალიური რესტორანია, სადმე სახინკლეში კი არ ვართ!..

0x01 graphic

რესტორან „ბელ დე ჟურის“ შეფ-მზარეული თეკუნა

ყველაზე საინტერესო რესტორანში დილას მისვლაა, როცა ჟალუზები იღება და მომსახურე პერსონალი გახსნისთვის მზადებას იწყებს. ეს იგივეა, თეატრში რომ სპექტაკლის დაწყებამდე მიხვიდე და კულისებსა და საგრიმიოროებში იბოდიალო. „საკურაში“ ზუსტად 11 საათზე შევდივარ. შუშის კარი უკვე ღიაა. ანის წინსაფარი უკეთია, მაგიდებს ასუფთავებს და ხელსაწმენდებს კეცავს. მზარეული ბიჭები ფორმას ირგებენ და ტემპს ნელ-ნელა ყავის სმით კრეფენ. ბრინჯი უკვე ჩადგმული აქვთ მოსახარშად, გაყინულ ორაგულსაც ალღობენ - ყველა ვარიანტში დასჭირდებათ, ბოსტნეულსაც ცალ-ცალკე ჭრიან - სუპი რომ არ მოუნდეს ვინმეს, ისე როგორ შეიძლება და ყველაფერს წინასწარ იმზადებენ. კედელზე მიმაგრებული ტელევიზორის ეკრანზე კი 7 ნოემბრისთვის ემზადებიან. რა მოხდება დღეს? შედგება დემონსტრაცია? რას იზამს სპეც-ნაზი? - მსგავსი კითხვები ოხშივარადენილი ბრინჯისა და დასაჭრელად გამზადებული ხამანწკების ცივ არომატში იკარგება. ეტყობა, ჩემი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისკენ გზაც კუჭზე გადის. ამიტომ „საკურას“ სამზარეულოში ავდივარ. კიბის რამდენიმე ხის საფეხურის იქეთ მართკუთხა, პატარა ოთახია, ლამის ჭერში ჩაყოლებული ფანჯრების ერთი ზოლით. სივრცე პატარაა და სამზარეულოს ატრიბუტიკა მაქსიმალუ რად რაციონალურადაა განაწილებული. წინ ვერცხლისფერ მეტალის მაგიდაზე სუში მზადდება, მერე ცხელი კერძებისთვის - მაგიდა და ღუმელი, ქვედა და ზედა უჯრამაცივრებში წყნაროკეანეთის მთელი სამეფო ბინადრობს: ვეფხვისებრი კრევეტები, ზღვის ზღარბის ქვირითები, ორაგულები (იაპონურად საკე), თუნისები (მაგურო), გველთევზები (უნაგი), მფრინავი თევზის ქვირითები (ტობიკო)... თავ-თავისი ადგილი აქვთ მიჩენილი ავოკადოებს, რომელთაც როლისა და სალათებისთვის ყიდულობენ, ვასაბის, ქართულად პირშუშხას - მწვანე ფერის, მართლაც პირშუშხა მასას, რომელიც იაპონური მდოგვის ნაირსახეობაა და იაპონურ სამზარეულოში გემოს განეიტრალების მისიით იყენებენ (ვიდრე ერთი კერძიდან მეორეზე გადახვალ, ვასაბით უნდა გაისუფთავო პირი, რათა პირველი კერძის გემო დაივიწყო და მეორესი მთელი სისავსით შეიგრძნო); იქვეა სესამის მარცვლების ქილები, სოიოს ზეთის ბოთლები, სოიოს ფირფიტებით სავსე თეფშები, ტოფუს შეფუთვები, იმბირის (ქართულად კოჭა) შეკვრები, ზღვის წყალმცენარე ნორი... „საკურას“ ოთხივე მზარეულმა ყველა ინგრედიენტის დასახელება იაპონურად იცის და თუ წინასწარ არ მოემზადე, მათ დიალოგში ვერაფრით გაერკვევი: „ხაკო მომაწოდე, კიმჩი - აიღე, საკე დაჭერი, „ნიშიკი“ მოიხარშა“ - მიდი და არკვიე, რა რა არის. მეც ასე დამემართა. ფანჯრების ვიწრო ზოლიდან შემოსული წვიმის წკაპა-წკუპის ფონზე, როცა ერთმა მზარეულმა რაღაც გადაულაპარაკა მეორეს, და მერე იმ მეორემაც დაბალ ხმაზე უპასუხა, დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც იაპონურად თქვეს...

0x01 graphic

ფრანგული ბრასერია, „ლ'ექსპრესი“

0x01 graphic

რესტორანი „ვონგი“

0x01 graphic

ბაყაყი მდოგვის სოუსით, ბრასერია „ლ'ექსპრესი“

თუმცა ეს ალბათ ერთადერთი ჯადოსნური დეტალია, რომელსაც ამ სამზარეულოში ვგრძნობ. სხვა მხრივ, გარემო ოდნავ სტერილური მეჩვენება.

არ ვიცი, რისი ბრალია - იმის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ეგზოტიკური ინგრედიენტები ამ სამზარეულოში დაფასოებულ-გაყინულექსპორტირებული მოდის და მათ საყიდლად პირადად შეფ-მზარეული არ დადის გამთენიას თევზის ბაზარში; იმის, რომ სამზარეულოა ძალიან პატარა და ვიწრო და არა ისეთი, როგორსაც ჯადოსნური იაპონური კერძების დასამზადებელ არეალად წარმოიდგენდი; თუ იმის, რომ ამ სამზარეულოშიც ნამდვილი იაპონელი „მასტერების“ ნაცვლად, ჩვეულებრივი ქართველი ბიჭები მუშაობენ, ხინკალსა და მწვადზე გაზრდილები...

თუმცა, ეს განცდა მხოლოდ ნაუცბათევი დაკვირვების შედეგია მხოლოდ და როცა აქაურობის შეფს, გიორგის - დინჯ და დარბაისელ, წარმოშობით კახელ ბიჭს გავიცნობ, ვხვდები, რომ მაგარი სუშის დამზადება, თურმე, ქართულ რესტორნებში ნამუშევარ და ქართულ ტრადიციებზე გაზრდილ მზარეულსაც შეუძლია.

ერთი შეხედვით, ვერ წარმოიდგენ, რომ დინჯი გიორგი იაპონელი ნინძასავით სწრაფად მოქმედებს. მაგრამ როცა საჭიროა, ასეც იქცევა. იაპონურ რესტორნამდე გიორგი ოთხი წელი ქართულ რესტორანში მუშაობდა. შემდეგ ერთი საგანმანათლებლო კურსი იაპონელებთან მოსკოვში გაიარა და ამომავალი მზის ქვეყნის კულინარიასაც მაშინ დაეუფლა. მოსკოვურ კურსებზე სეჯიმ გიორგის მთელი იაპონური საიდუმლოებები გაანდო. საკითხის კომპლექსურობას და სეჯის მოთხოვნებს ბევრმა შეგირდმა ვერ გაუძლო და კურსი დატოვა. ბუნებით დინჯი და მშვიდი გიორგი კი იმდენად მონდომებული აღმოჩნდა, რომ მალე აითვისა სეჯის სიმარდეც (ერთი ხელით ორ საქმეს აკეთებდა), მოქნილობაც, გემოს გონებით განსაზღვრაც და სიმარტივეში დახვეწილობის პოვნის უნარიც. მაშინ 20 წლის იყო, სულ ახალბედა მზარეული, დღეს კი უკვე „საკურას“ შეფ-მზარეულია. ეს ნიშნავს იმას, რომ იაპონური სამზარეულოს მენიუს თვითონ ადგენს და დროდადრო ახალახალ კერძებსაც იგონებს, უფრო სწორად, როგორც თვითონ ამბობს - კერძებს ქმნის. ეს კი უკვე დიდი პლუსია: რესტორანი, შემოქმედებითი შეფ-მზარეულით, რომელსაც ერთგული სტუმრები პირადად ეცნობიან - მართლა მაღალი დონეა. მართალია, ჩვენ ჯერ კიდევ ვრცელი გზა გვაქვს გასავლელი იმ რეალობამდე, რომელშიც რესტორნებს მეპატრონეების კი არა, შეფ-მზარეულების სახელებით იცნობენ და იქ მათ გამო დადიან (თბილისში ჯერაც ყველა რესტორანი ამ „იჩასი“ და იმ „კუნასია“ და მათი სტუმრების უმრავლესობა აზრზეც არ არის, ვინ ამზადებს ამ ნუგბარს), მაგრამ ის, რომ მადლიერი სტუმარი შეფ-მზარეულის ვინაობით ინტერესდება, თავისთან უხმობს და მადლობას პირადად ეუბნება კერძის ავტორს, ეს მგონი, უკვე ქართული კულტურული რევოლუციის დასაწყისია...

ახლა გიორგი სწორედ თავის ერთ-ერთ ახლად შექმნილ კერძს გვასინჯებს. ერთი ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეულის სიტყვები მახსენდება - ახალი კერძები დიდი ხანია, აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ახალი გემოებიო და გიორგის კერძიც ზუსტად ამ სიბრძნეს ასახავს. ის ველოსიპედს კი არ იგონებს, უბრალოდ, არსებული იაპონური ინგრედიენტებით, იაპონური სამზარეულოს ეტიკეტის გათვალისწინებით, როლის ახალ გემოს გვთავაზობს. ყუთიდან ავოკადოს იღებს და დინჯად თლის. სპეციალური ბრინჯის სახარში დანადგარიდან ერთი გუნდა ბრინჯი ამოაქვს და აბრტყელებს. ბრინჯიც სპეციალურია, ფირმა „ნიშიკის“, მას გრძელი მარცვლები აქვს და განსაკუთრებული წებოვანებით გამოირჩევა, ამიტომ რულეტის გადასახვევადაც უფრო მოსახერხებელია. გიორგი ერთმანეთზე აწყობს ორაგულის ნაჭრებს, ბრინჯის ფენას, უსვამს ვასაბის, კიმჩისა და მაიონეზის ნაზავს, ადებს სოიოს ფირფიტას, მერე ისევ ორაგული, ბრინჯი, ვასაბი, კიმჩის და მაიონეზის ნაზავი, სოიოს ფირფიტა და ზევიდან ისევ ბრინჯი. შემდეგ იღებს უზარმაზარ პირდასველებულ დანას და როლის დაჭრას იწყებს. შორიდან უმიზნებს, ზუსტად ისე, როგორც სამურაი - თავის მსხვერპლს; როცა საქმიანობას მორჩება, თავს მაღლა სწევს და ამბობს, - დანა აუცილებლად სუფთა და წყალში ამოვლებული უნდა იყოს, თორემ ბრინჯი არ დაიჭრება, დაგეფშვნება.

გიორგის მომზადებული ნუგბარი შემდეგ სუფრაზე იშლება. ჩხირებით ისე ჭამა, რომ ბრინჯი არ ჩაგეშალოს, პირველივე ჯერზე არ გამოგივა, თუმცა, თუ ერთხელ გასინჯავ და მოგეწონება, მაშინ „საკურაში“ მეორედაც მიხვალ და მესამედაც, და მიხვდები, რომ იაპონური სამზარეულოს ფილოსოფია რომ ჩაიჭირო, სწორედ ჩხირებით უნდა ჭამო; გიორგი მიხსნის, რომ ჩხირებით ზუსტად იმ რაოდენობის საკვებს იღებ თეფშიდან, რის გადამუშავებასაც ორგანიზმი ასწრებს. როლი იმ ზომაზეა დაჭრილი, რომ არ უნდა მოგერიდოს და ერთი ცალი მთლიანად გადასანსლო. გაყოფას თუ ეცდები, როლის სხვადასხვა ფენას შორის მოქცეული ნორი უაზროდ გაგეჭიმება და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები. კერძსა და კერძს შორის ყელს ხვლიკისფერი ვასაბით ჩაიწმენდ და ახალი გემოს დასაჭაშნიკებლად მოემზადები. ბოლოს კი ჯილდოდ გიორგის მომზადებულ დესერტსაც მიიღებ. ეს ნუგბარი ნაყინში გაზავებული იმბირისგან შედგება, რომელსაც თან ახლავს კენკრის სოუსთან ერთად გამომცხვარი ცომის ფირფიტა. დესერტს განსაკუთრებულობას ერთადერთი ინგრედიენტი, იმბირი, იგივე კოჭა ანიჭებს. სიტკბოსთან შეჯვარებული კოჭა მართლაც ეგზოტიკურ გემოდ იქცევა, ამიტომ თუ „საკურაში“ მოხვდები, გირჩევ, აუცილებლად გასინჯო და შეფ-მზარეულისთვის კომპლიმენტის თქმაც არ დაგავიწყდეს. გიორგი კი დინჯი და თავშეკავებული ბიჭია, მაგრამ კომპლიმენტი ვის არ სიამოვნებს. თუმცა, გიორგი იმ აზრსაც ეგუება, რომ მრავალფეროვან ქართულ გემოს ნაჩვევ ქართველებს შეიძლება უჭირდეთ სადა, პრიმიტულ და ძალიან ეგზოტიკურ იაპონურ ინგრედიენტებთან გაშინაურება. ამიტომ გიორგი მენიუში ჩადებულ ყოველ ახალ კერძზე ყოველგვარ გამოხმაურებას დიდი ყურადღებით ისმენს. რამდენჯერმე მენიუში ცვლილების შეტანაც მოუხდა - თბილისელებს, მაგალითად, გაუჭირდათ ზღვის ზღარბის ქვირითისა და ომლეტის მოტკბო გემის მიღება. ამიტომ გიორგიმ პირველი მენიუდან საერთოდ ამოიღო, მეორეს კი სიტკბო მოაშორა.

„საკურა“ სავსე არასდროს არაა. იაპონური სამზარეულოს გურმანების კლუბი, ისევე, როგორც თვითონ ეს სამზარეულო, ექსკლუზიურია. აქ, ძირითადად, ოფიციალური შეხვედრების ჩასატარებლად დადიან. ვინ იცის, ალბათ, ძალიან ხშირად აქვე სახელმწიფოს ბედი წყდება, ანდა, სულ მინიმუმ, მნიშვნელოვანი ბიზნესგარიგებები დგება. თავის დროზე ჩემი და „ცხელი შოკოლადის“ ურთიერთობაც აქვე დაიწყო, ე.წ. „ჯობ-ინტერვიუზე“. როგორც ჩანს, იაპონური პრიმიტივიზმი საქმეების მარტივად მოგვარებას შველის. და ამ პროცესში თანდათან თბილისელი გურმანების გემოვნებაც იხვეწება. ეს პროცესი კი, იაპონური სამზარეულოსგან განსხვავებით, მარტივი და ნეიტრალური ნამდვილად არ არის. რეფორმები კულინარიასა და სარესტორნო ბიზნესის აწყობასა და პრეზენტაციაში - ესეც კულტურული რევოლუციის ნაწილია. ამ თემას რატომღაც მზიასთან და გიორგისთან ურთიერთობისას არ ვეხები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს. სამაგიეროდ, საკმარისი იყო, თეკუნა გამეცნო, რომ მივმხვდარიყავი - მისი სახით ნამდვილი თანამოაზრე შევიძინე. თეკუნა ერთდროულად სამ რესტორანს შეფ-მზარეულობს: ფრანგულ „ბელ დე ჟურს“, აზიურ ფიუჟენ „ვონგს“ და ასევე ფრანგულ ბრასერიას „ლ'ექსპრესს“.

ახლა მას „ბელ დე ჟურში“ ვხვდები. ჯერ ადრეა და თეკუნაც ჩვეულებრივ ტანსაცმელში მხვდება და არაფრით განსხვავდება გოგონების იმ კონტინგენტისგან, რომელიც „ბელ დე ჟურს“ ხშირად სტუმრობს. შემდეგ შეფ-მზარეულის ფორმას იცვამს, საქმეს იწყებს და გარდასახვაც აქედან იწყება. თვითონ, მგონი, თბილისში ერთ-ერთი პირველი შეფ-მზარეული იყო, რომელიც სამუშაო ფორმით რესტორნის დარბაზში ჩნდებოდა და საერთოდ არ ეთაკილებოდა არც ამ ფორმის ტარება და არც ის, რომ მისი მთავარი მოწოდება, გატაცება, ინტერესი, და შეიძლება ვნებაც, რაღაც დოზით, სამზარეულო იყო.

თეკუნას კლასიკური კულინარიული განათლება აქვს მიღებული. ამერიკის კულინარიული ინსტიტუტის (ნიუ-იორკი) კურსდამთავრებულია! ჟღერს? ალბათ, ტრადიციული ქართული ყურისთვის არც ისე პრესტიჟულად, როგორც რომელიმე პარიზულ ბისტროში მომუშავე დამწყები მზარეულის ყური მოისმენდა. ამ უმაღლესი სასწავლებლის დასახელებამ თავიდან არც თეკუნას მშობლებზე მოახდინა სათანადო ეფექტი. იცოდნენ, რომ ფსიქოლოგ თეკუნას ნიუ-იორკში სადოქტორო ხარისხზე უნდა ემუშავა. თეკუნა კი კულინარიაში გადაეშვა. გავლენა მეგობარი ბიჭის იყო, რომელიც კულინარიულ ჟურნალისტიკაში მუშაობდა, რესტორნების მიმოხილვებს წერდა და კერძებს რესტორნიდან რესტორანში თეკუნასთან ერთად აგემოვნებდა. ასე სახელდახელოდ, ყოველდღიურ სიტუაციებში ისწავლა მომავალმა შეფ-მზარეულმაც ათასი, ქართული სმენისა და გემოსთვის უცხო სანელებლის, ბოსტნეულის, ცომეულის, ყველეულის, ხორცის და მათი შეზავების წესი და მნიშვნელობა; ამ საქმით იმდენად დაინტერესდა, რომ შინ დარეკა და მშობლებს უთხრა, - პროფესიას ვიცვლიო. თბილისში დარჩენილ ოჯახის წევრებს შოკმა დიდხანს არ გაუარა. ქართული ტრაფარეტი - მზარეული უნდა იყო? - ამოქმედდა. თეკუნამ კი არავის დაუჯერა, ინსტიტუტიც დაამთავრა და შემდეგ ნიუ-იორკულ რესტორნებშიც ხალისით იმუშავა.

თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, დღეს უკვე აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ქართულ ცნობიერებაში, პირველ რიგში, შესაცვლელია დამოკიდებულება მზარეულის პროფესიის მიმართ. ჩვენთან დამკვიდრებული ტრადიცია ასეთია - რესტორნების სამზარეულოებში სამუშაოდ, ძირითადად, დაბალი ფენის წარმომადგენლები მიდიან და მარტო იმიტომ, რომ სამსახური სჭირდებათ. ჩვენთან ძალიან იშვიათად ირჩევენ მზარეულის პროფესიას რაციონალური ფიქრის შემდეგ თემაზე - რისი კეთება მინდა ცხოვრებაში. მზარეულების უმეტესობა ან უბრალოდ ანაზღაურებად სამსახურს ეძებს, ანდა მზარეული მშობლის გავლენით ხვდება რესტორანში. ამიტომაც არის, რომ მზარეულობა კონკურენტუნარიან პროფესიად ჯერჯერობით ვერ ყალიბდება. ამ პროცესს ისევ სარესტორნო ბიზნესის განვითარებამ უნდა შეუწყოს ხელი. ალბათ, ერთის მაგივრად უნდა ფუნქციონირებდეს რამდენიმე კულინარიული სკოლა, მზარეულებს უნდა ეძლეოდეთ შანსი, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებს მოგზაურობით და გამოცდილების საზღვარგარეთ მიღებით გაეცნონ. მხოლოდ ასე შეძლებენ საქართველოს გაყვანას მსოფლიო კულინარიულ რუკაზე და კულინარიული ვარსკვლავების მოპოვებასაც.

რევოლუციის მოხდენაში თეკუნა, პირველ რიგში, სწორედ ამ ტრანსფორმაციას გულისხმობს. ტრანსფორმაცია - გურმანების მენტალიტეტში, რესტორნების მზარეულების განათლებაში, სარესტორნო ქსელის აწყობაში, მოკლედ - ყველაფერში! თუმცა, სხვა რევოლუციებისგან განსხვავებით, კულინარიული რევოლუცია ვერ აიტანს უზუსტობას და წვრილმანების მიფუჩეჩებას. აქ ყველაფერი მკაცრი რეცეპტურით გაწერილი უნდა იყოს - რესტორნის შიდა სისტემის აწყობა, ზუსტად ისე, როგორც ამას საერთაშორისო პრაქტიკა გულისხმობს; კულინარიული სკოლის გამართვა - ზუსტად ისე, როგორც დასავლეთშია; და, რა თქმა უნდა, კერძების მომზადება ზუსტად ისე, როგორც ორიგინალშია.

ჩვენთან თითოეულ ამ სფეროში დიდი გარღვევაა. ყველაზე მარტივი, კლასიკური რეცეპტურის დაცვა ავიღოთ და საკითხი ყველაზე გავრცელებული სალათის - „ცეზარ-სალათის“ მაგალითზე განვიხილოთ, რომელიც „ბელ დე ჟურის“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძიცაა. „ცეზარს“ დღეს მთელი თბილისის საკვებ ობიექტებში ამზადებენ, მეგრული სამზარეულოებიდან და სახინკლეებიდან დაწყებული ფეშენებელური რესტორნებით დამთავრებული. არადა, ალბათ, უიშვიათეს შემთხვევაში იცავენ ამ მარტივი სალათის ოქროს წესს: ყოველთვის გამოიყენე რომეინის ფრანგული სალათის ფურცლები სალათის ძირითად ელემენტად და არავითარ შემთხვევაში არ გაცდუნოს იმან, რომ წყნეთში მოყვანილი სალათის ფურცელი უფრო იაფი ღირს. ეს წესი ალბათ მარტივად შეიძლება დაარღვიო თუ შენს საკუთარ სამზარეულოში ფუსფუსებ და რომეინზე ხელი არ მიგიწვდება, მაგრამ თუ რესტორნის მზარეული ხარ, მაშინ „ცეზარის“ კლასიკური რეცეპტის წინაშე პირნათელი უნდა დარჩე. თეკუნამაც შეძლო „ბელ დე ჟურის“ ხელმძღვანელობის დარწმუნება იმაში, რომ სრულყოფილი „ცეზარის“ მოსამზადებლად აუცილებელი იყო მაინცდამაინც რომეინის ფურცლების იმპორტი. ჰოდა, ახლა „ბელ დე ჟურში“ კლასიკურ „ცეზარს“ ამზადებენ და აქვთ პრეტენზია, რომ მათი „ცეზარი“ ყველაზე კლასიკურად დამზადებული „ცეზარია“. მასში არც მაიონეზის გემო იგრძნობა და ქათმის ხორციც სხვანაირია.

ჩვენ ქათამი სხვანაირად გამოგვყავს, - ამბობს თეკუნა და მიხსნის, სინამდვილეში როგორ უნდა გამოიყვანო ქათმის ხორცის მარინადი ამ სალათისთვის. უნდა ჩაალბო ლიმონის წვენსა და ზეთში და დატოვო ერთი ღამე, მეორე დღისთვის კი „ცეზარის“ მთავარი ინგრედიენტი უკვე სრულყოფილ გემოს მიიღებს.

თეკუნამ თითოეული კერძის წარმომავლობა იცის. როცა კულინარიულ ისტორიებს მიამბობს, ვხვდები, როგორი აუცილებელია ამ ცოდნის დაგროვება თითოეული მზარეულისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქმე კიდევ უფრო მეტად შეიყვარო და კიდევ იმიტომაც, რომ რაც უფრო მეტად იცნობ კლასიკურ რეცეპტურას, მით უფრო თავისუფლად შეძლებ შემდეგ კლასიკის გათანამედროვებას, შენებურად გარდაქმნას და არსებული რეცეპტისგან აბსოლუტურად ახალი გემოს შექმნას.

თეკუნა ამ პროცესზე გიჟდება. შთაგონება ახალი კერძის შესაქმნელად ისევე მოულოდნელად შეიძლება დაგატყდეს, როგორც პოეტს - მუზა. ხელოვნებაა, აბა, რა არის, როცა გართული ხარ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმეებში და, პარალელურად, გონებაში რითმებივით გიტრიალებს ინგრედიენტების დასახელებები, რომელთა ერთობლიობაც შემდეგ ახალ, უნიკალურ გემოდ იქცევა და ამ გემოს შენი საავტორო უფლებით აპატენტებ. აი, თუნდაც ეს დესერტი, რომელიც „ბელ დე ჟურში“ გემრიელი სადილის შემდეგ მოგვიმზადეს - შავი შოკოლადის ნამცხვარი ნაყინით. შოკოლადის ნამცხვარი - ყველა თავმოყვარე რესტორნის მენიუშია მითითებული. თეკუნამ კი, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ის თავისებურად გარდაქმნა. მიხვდა, რომ ნამცხვარს კიდევ უფრო მეტ დახვეწილობას შესძენდა დამდნარი ცხელი შოკოლადი და იდეა სისრულეში მოიყვანა. ახლა ეს ნამცხვარი „ბელ დე ჟურის“ ერთ-ერთი საფირმო დესერტია მენიუში. ბევრი კაფეში სწორედ ამ ნუგბარით პირის ჩასატკბარუნებლად დადის. ამ ნამცხვარზე თხრობაც კი ისეთი გემრიელია, რომ სამზარეულოში გავდივარ და ცხობის პროცესს ვადევნებ თვალს. მერე კი, როცა ნამცხვარში კოვზს ვარჭობ და შიგნიდან ბლანტი და ცხელი შოკოლადი იღვრება, ვხვდები, რატომ მოისროლა თეკუნამ სანაგვეში პირველი უკვე ცომად ქცეული შოკოლადის შიგთავსი.

ამ ნამცხვარს თეკუნა „ლ'ექსპრესშიც“ აცხობს. „ლ'ექსპრესი“ მაშინ გაიხსნა, როცა ნიუ იორკიდან დაბრუნდა. მეგობრების წამოწყება - ფრანგული ბრასერია გაეხსნათ, თეკუნას გამოცდილებისა და განათლების მქონე მზარეულისთვის მისწრება იყო. როგორც თვითონ ამბობს, საბოლოო ჯამში, მთლად ბრასერია არ გამოუვიდა (შუა შარდენზე, ალბათ, არც გამოვიდოდა ისეთივე ხმაურიანი, ცოცხალი და სუფთა ფრანგული ჭამა-სმის ობიექტის შექმნა, როგორც ნიუ-იორკში, სპრინგ სტრიტზე მდებარე „ბალთაზარია“ - თეკუნას ანალოგი „ლ'ექსპრესისთვის“), თუმცა კი, თავს იმაზე ნამდვილად დადებს, რომ „ლ'ექსპრესის“ მენიუ ისეთივე ფრანგულია, როგორც მაგალითად აღებული „ბალთაზარის“.

ასე რომ, არ ვაქცევ ყურადღებას „ლ'ექსპრესის“ ბრასერიისთვის შეუფერებელ ინტერიერის დიზაინს და სიამოვნებით ვინაცვლებ სამზარეულოში, სადაც თეკუნა ბაყაყისა და ლოკოკინების თადარიგს იჭერს. „ლ'ექსპრესში“ ბაყაყები საგანგებოდ კულტივირებულია და საფრანგეთის ერთ-ერთი ფერმიდან ჩამოაქვთ. ქართული ბაყაყების გამოყენება არასდროს უცდიათ, რადგან ბაყაყს, საკვებად გამოსადეგი რომ იყოს, საგანგებო კულტივირება სჭირდება, აქ კი მსგავსი ტექნიკა, არ ვარ დარწმუნებული, რომ გვქონდეს. ლოკოკინებიც ნამდვილი ფრანგულია. ერთხელ სცადა ასპინძიდან ჩამოტანილი ლოკოკინების გამოყენება, მაგრამ მიწის გემო მათ ვერაფრით გაუყვანა. ასე რომ, შევთანხმდით, თქვენს თეფშზე - ფქვილში, კვერცხსა და პანკოს ორცხობილაში (იაპონური ბრინჯის ფქვილისგან დამზადებული ორცხობილა) ამოვლებული და შემწვარი ბაყაყის ფეხები, რომლებიც შემდეგ დიჟონის მდოგვის სოუსში უნდა ჩააწოთ და მიირთვათ - ფრანგულია. ასევე ფრანგულია ნიჟარიდან ამოღებული, ჰაერღუმელში შემწვარი ლოკოკინები, რომლებიც ნივრიანი კარაქით უნდა მიირთვათ, ანდა სრულიად უმი - ლიმონის წვენით.

ლოკოკინებს ფრანგები ოდითგანვე მიირთმევენ. ბაყაყი კი პირველად მაშინ გასინჯეს, ვიეტნამი რომ საკუთარ კოლონიად აქციეს. ანუ უკვე საუკუნეებია, ბაყაყი მათი საყვარელი კერძია და დღეს ყველა თავმოყვარე ფრანგული რესტორანი, დელიკატესის სახით, ბაყაყსაც აუცილებლად სთავაზობს სტუმრებს და ლოკოკინებსაც. აი, ქართველებზე კი, რომც დაგიფიცოთ, ბაყაყი ჩვენიც გახდა და ვერც ლოკოკინების გარეშე ვეღარ ვარსებობთ-მეთქი, ვიცი, არ დამიჯერებთ. სრულიად მართებულადაც. „ლ'ექსპრესის“ მენიუში ბაყაყსა და ლოკოკინაზე მოთხოვნა ყველაზე ნაკლებადაა. შეფ-მზარეულს ხშირად უხდება, თვითონ შესთავაზოს სტუმრებს ამ დელიკატესების გასინჯვა, მოთხოვნით კი მათ თითქმის არავინ ითხოვს. უმრავლესობას დამკვიდრებული ქართული გემოსთვის ნაცნობი კერძები ურჩევნია, ნაკლებად ეგზოტიკური, ნაკლებად უცხო და, აქედან გამომდინარე, ნაკლებად შემაშინებელიც (დედაჩემის და ჩემი ძმის დიალოგი მახსენდება, როცა ის ახალ კერძს ამრეზით უყურებდა ხოლმე. დედა ეუბნებოდა, - ნუ გეშინია, გასინჯე, იქნებ მოგეწონოსო. ეტყობა, ქართული გემოს განუვითარებლობის მიზეზი მართლა ქვეცნობიერი შიშია რაღაც ახლის დაწყების, ახლის მიღების). იქნებ ცოტას ვფილოსოფოსობ თემაზე, რომელიც ბევრისთვის მარტივი და ბანალურია. მაგრამ თეკუნა ფსიქოლოგია და ალბათ გამიგებს. თვითონაც ხომ კერძებს სწორედ გარკვეული ფილოსოფიით უდგება. მისთვის ყოველი ახალი კერძის მომზადება ახალი თავგადასავალია, შეიძლება ისევე სახალისო და ამაღელვებელიც, როგორც - მოგზაურობა, ანდა წიგნის კითხვა. რესტორნის შესახებ მისეული ფილოსოფია ასეთია - შენ, ანუ მზარეული, რომელიც რესტორანს წარმოადგენ, ფლობ ძალას, რესტორანში შემოსული ადამიანის დღე ან დღესასწაულად გადააქციო, ანდა ჯოჯოხეთად, თუ საქმეს პირნათლად შეასრულებ და თუ სამზარეულოში ტრიალს ხელოვნებად აქცევ, მაშინ იმ ადამიანის დღესასწაულიც შედგება.

დღესასწაულებს კი, ხომ იცით, ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც შემოქმედებითად აზროვნებენ. თეკუნაც ცდილობს სამივე რესტორნის სამზარეულოსთვის, რომელთაც თვითონ შეფობს, ასეთი მზარეულები იპოვოს. ძირითადად ახალგაზრდებს ეძებს. ურჩევნია, გამოუცდელები იყვნენ და კულინარია აინტერესებდეთ, ვიდრე - რესტორანში გამოცდილებამიღებულები, მაგრამ უკვე გაფუჭებული ხელით და კულინარიაზე ზედაპირული წარმოდგენით. მოთხოვნები მზარეულების მიმართ თავიდანვე ასეთი ჰქონდა და ამიტომ ეფექტური გუნდის შექმნა ცოტა გაუჭირდა. საბოლოო ჯამში, შედეგი მიიღო, დღეს სამივე რესტორნის მზარეულები კულინარიულ მიმდინარეობებს, კერძების ისტორიებს, ახალ მიმართულებებს თითქმის ისევე კარგად იცნობენ, როგორც თეკუნა. ქართველი ბიჭები, რომლებიც ქართველი ბიჭების უმრავლესობისთვის საყვარელ კერძებთან დროებით პოლარიზებას და ბაყაყსა და რომეინზე გადართვას ახერხებენ და ამას სიამოვნებით აკეთებენ - ეს, მგონი, უკვე კულინარიული რევოლუციის დასაწყისია. თუ ძალიან ჩაეკითხები, მწვადსა და ჩალაღაჯზე მაინც სხვანაირად ენთებათ თვალები, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ფრანგულსა და აზიურ ინგრედიეტებთანაც შინაურულად გრძნობენ თავს.

ამასობაში „ბელ დე ჟურში“ ბაზარი მოდის. ასე ეძახიან თვითონ მზარეულები ამ პროცესს, როცა ბაზრიდან პროდუქტების ნაწილი მოაქვთ. თუმცა, ამ პროდუქტის ჩამონათვალი ძალიან მწირია. ხუთივე რესტორანი, რომელიც ამ მოგზაურობისას მოვიარე, იმპორტირებული ინგრედიენტებით აწყობს მენიუს. მიზეზი ნათელია - ჩვენთან არ არსებობს ტაილანდური ჩილის პლანტაციები, არც ხამანწკები და ოკეანის ორაგული იშოვება შავ ზღვაში (და როგორც „საკურას“ მზარეულმა დათომ ამიხსნა, ტბის ორაგულს ის გემო არ აქვს, რაც ოკეანისას, ამიტომ ჯობია, გაყინული ორაგული გაალღო და შეწვა - რეცეპტის მაქსიმალურად დაცვისთვის), არც რომეინის ფურცლებს ვიღებთ მოსავლად და ვერც ლაიმი ხარობს ციტრუსოვან გურიასა და აჭარაში. თუმცა, ამ ფაქტორის გამოსწორებაც შეიძლებოდა, ოდნავ წინწასული ქვეყანა რომ გვქონოდა. და ოდნავ წინწასული ქვეყანა რომ გვქონდეს, გვექნებოდა ბაზრები, სადაც ეს ყველაფერი საერთო სახალხოდ გაიყიდებოდა და იქნებ ეგზოტიკური აზიურ-ფრანგული სამზარეულოებიც აღარ ყოფილიყო ისე ეგზოტიკური და მასობრივ ქართულ გემოვნებასთან ასე დაშორებული. თეკუნაც ამბობს, რომ საზღვარგარეთ კულინარიის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი სწორედ ბაზარში, საყიდლებზე სიარულია. როცა ამ თემას ეხება, ყოველთვის ნიუ-იორკის თევზის ბაზარი ახსენდება. იქ ვაჭრობა გამთენიას იწყება, ჯერ კიდევ ნახევრად ბინდ-ბუნდში. ათასგვარი სახეობის თევზის სუნით მთელი ბაზრის ჰაერია გაჟღენთილი. იქ თავისი ფეხით დადიან ვარსკვლავი შეფ-მზარეულები და ნაცნობ გამყიდველებთან საუკეთესო ნაწარმს არჩევენ. ყველაფერი დასწრებაზეა და თუ სურთ, მართლა საუკეთესო თევზეული შეხვდეთ, ბაზარს თითქმის ნაშუაღამევს სტუმრობენ. ეს ისეთი სანახაობაა, რომ ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაც კი გამოდგება. ერთხელ თეკუნაც ასე მოქცეულა - ნიუ-იორკში ცხოვრების დროს, როცა სტუმრები ეწვია, ჯერ კარგად ასადილა, შემდეგ კლუბში წაიყვანა და უკვე გამთენისას ნაცეკვ-ნამთვრალევ მეგობრებს ყველაზე დიდი შთაბეჭდილების მოსახდენად პირდაპირ თევზის მარკეტში შეუძღვა...

თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენგან ძალიან შორს ხდება. ამიტომ მეც ამ კულინარიული მოგზაურობის დროს რესტორნებზე წერის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ნაწილი გამოვტოვე - შეფ-მზარეულთან ერთად ბაზარში სიარულისა და ვაჭრობის სიამოვნება.

მას მერე, რაც ქვეყანა ვნახე (ვგულისხმობ ცხოვრების იმ პერიოდს, როცა მოგზაურობა დავიწყე), სულ ვოცნებობდი ისეთ თბილისურ ადგილზე, სადაც დილით ადრე მივიდოდი მარტო და სანამ გიჟურ სამუშაო დღეს დავიწყებდი, დავლევდი ყავას, ლეპტოპიდან ამოტვირთული მუსიკის თანხლებით და დავაწყობდი დღის გეგმებს. ასეთი ადგილი „ლ'ექსპრესზე“ უფრო ჩემთვის „ბელ დე ჟურია“ - ხმაურიან მთავარ ქუჩაზე, ვიწრო მართკუთხა დარბაზი, გვერდიგვერდ ჩამწკრივებული ორკაციანი მაგიდებით და მართლა ძალიან პარიზული აურით (რატომაც არა, რესტორანი, რომელსაც თარგმანში ჰქვია „კარგი დღე“, კარგ დღეს მისურვებს და ჩემს საქმეზე წავალ). ილუზორული თავგადასვლების მოწყობა ისედაც ჩემი სენია, „ბელ დე ჟური“ კი უცებ წარმომადგენინებს ხოლმე, რომ თბილისში კი არა, პარიზში ვარ, რომელიმე კუთხის კაფეში ვზივარ და ეს ის კაფეა, რომელშიც საღამოს სამსახურის მერეც შემოვივლი. კაფე უკვე გადატენილი იქნება და ერთმანეთთან ასე მჭიდროდ განთავსებული მაგიდების რიგებში აუცილებლად დავეჯახები ვინმეს, მოვუბოდიშებ, ჩემს მაგიდას მივუჯდები და ჩემი ლაპარაკი ჩამწკრივებული მაგიდებიდან წამოსული დიალოგების ფონში ჩაიკარგება. ან ვიცნობ სახეზე რამდენიმე ჩემსავით შეჩენილ კლიენტს, ანდა იმ განცდით დავტკბები, რომ აქ ყველა უცხოა და რომ დიდ ქალაქში ცხოვრების ხიბლიც ესაა - დარჩე შეუმჩნეველი დიდ მასაში... თუმცა, ასოციაციური მოგზაურობა ასოციაციებად რჩება. პარიზული ბისტროს აურზაური და ხალხის მასაში ჩაკარგვა აქ, ძალიანაც რომ მოინდომო, არ გამოგივა. ასე მგონა, თითქოს, ყველა ჩემს მიერ მოვლილ რესტორანში ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ. თითქოს, წრეზე დადიან, ეს წრე კი ჩაკეტილია და კლუბური სისტემით მოქმედებს. ამიტომაც მეჩვენება, რომ ნამდვილი კულინარიული დღესასწაულის მოწყობა, ქართული გემოსთვის უცხო და ეგზოტიკური გემოების გასინჯვისა და გათავისების სიამოვნება ჩვენთან მხოლოდ გარკვეული წრის ფუფუნებაა. დახურული კლუბის მიღმა დარჩენილი საზოგადოებისთვის კი თითქმის ისევეა მიუწვდომელი „რესტორნის რიტუალი“, როგორც რევოლუციამდელი ფრანგებისთვის იყო. ამიტომაც ვასკვნი, რომ კულინარიული თავგადასავალი, თბილისში ერთ დიდ სახალხო მოძრაობად და თავგადასავლად არ იქცევა. ჩვენთან არის ძვირფასი, დახვეწილი და მდიდრული რესტორნები, მაგრამ „რესტორნის რიტუალი“ მაინც ძალიან მწირია. როგორც დახურულ კლუბში არ შეიძლება დუღდეს სიცოცხლე, ისევე ქართულ რესტორნებშიც - აქ ყველაფერი მდიდრული, არტისტული და ესთეტურია, მაგრამ - თან, ცოტათი უსიცოცხლოც.

„ფიუჟენი უახლესი მიმართულებაა კულინარიაში“, - მაფხიზლებს თეკუნას ხმა. აზიურფრანგული სამზარეულოების შერევა კი - ყველაზე მოდური ამბავი. ფიუჟენი თვითონ განსაკუთრებულად მოსწონს იმიტომ, რომ განსხვავებული ინგრედიენტების, გემოების და კულტურების შერევით უფრო მეტად გამოავლენ შენს კულინარიულ ფანტაზიასაც. დასტურად, თეკუნას „ვონგში“ მივყვებით.

თბილისურ „ვონგს“ ცნობილი ფრანგი მზარეულის, ჟან-ჟორჟ ფონგერიხტენის რესტორან „ვონგთან“ საერთო აქვს სახელი და იდეა - ფრანგულ ტექნიკას + აზიური ინგრედიენტები. ეს ყველაფერი კი უდრის - დახვეწილ აზიურ დიზაინს, ტაილანდური გავლენით შექმნილ სამოსში გამოწყობილ ოფიციანტებს და ძალიან ეგზოტიკურ მენიუს. ამიტომ ეს გარემოც საკმაოდ ექსკლუზიურია, განსაზღვრული და თითქმის უცვლელი სტუმართა სიით, გაძლიერებული დაცვითა და მოჩვენებითი უშუალობით რომ მოდიან და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არიან ნამდვილი გურმანები...

ჩვენ კი, ჩვეულებრივი მოკვდავნი, თეკუნას წყალობით „ვონგში“ კვებას მთელი წესისა და რიგის დაცვით ვიწყებთ. შესავალ კერძად შეფმზარეული მიდიების სუპს გვიმზადებს ქოქოსის რძეში. მზადების პროცესში კიტრის კოქტეილს ვწრუპავ, რომელსაც „ვონგის“ ბარმენი ნაბახუსევზე ენერგიის აღსადგენად ურჩევს ხოლმე კლიენტებს. ასეთი ცინცხალი და დახვეწილი გემო თუ შეეძლო, შეექმნა კიტრს კოქტეილში, მართლა ვერ წარმოვიდგენდი.

ამასობაში შეკვეთებიც შემოდის. პატარა დანადგარში შეკვეთა იბეჭდება: 02:30 - ვიეტნამური ცხარე ქათმის სალათი. თეკუნა პარალელურად შეკვეთის დამზადებას იწყებს და ჩვენც გვასინჯებს. შემდეგი შეკვეთა - სტეიკი „პანჩა“ - სალათის ფურცლებზე დაწყობილი საქონლის სუკის მედალიონები მიწის თხილის სოუსით.

„ვონგში“ სადილი თეთრი შოკოლადის ნამცხვრით მთავრდება. ამ ნამცხვრის ტექნოლოგია ზუსტად ისეთივეა, როგორიც „ბელ დე ჟურის“ შავი ნამცხვრისა, განსხვავება მხოლოდ შოკოლადის ფერსა და გემოშია. ჰოდა, ახლა თურმე, „ბელ დე ჟურისა“ და „ვონგის“ კლიენტურა მუდმივ დისკუსიაშია ჩართული ერთ მარადიულ თემაზე - თეთრი შოკოლადის ნამცხვარი ჯობია, თუ შავის? საკითხავი აი, ეს არის, თუმცა, ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პასუხი მათთვის, ისევე, როგორც ჰამლეტის- თვის, დღემდე უცნობია.

მე კი ჩემს კულინარიულ მოგზაურობას სწორედ რომ ამ მარადიული კითხვით და თეთრი შოკოლადის ნამცხვრის დაგემოვნებით ვასრულებ. ასე იყო თუ ისე, კულინარიული თავგადასავლი თბილისშიც შედგა, მართალია, რამდენიმე სრულიად ჯადოსნური კომპონენტის გამოკლებით, მაგრამ მაინც. თანაც, უნდა ვაღიარო, რომ ეს დასასრული ჩემთვის უფრო დასაწყისია, რადგან უბრალო კულინარიული გატაცება სტატიაზე მუშაობის პროცესში სერიოზულ ინტერესში გადამეზარდა. ახლა, როგორც საერთაშორისო კულინარიული ტურიზმის ასოციაციის წევრს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კითხვა მაწუხებს, ვიდრე თეთრი და შავი შოკოლადის შედარებაა. ვფიქრობ თემაზე - მსოფლიო კულინარიის ამ ჭრელ და მადისაღმძვრელ რუკაზე რა ადგილი ეკუთვნის საცივს, ამოლესილ ლობიოსა და გოზინაყს? ერიკ ვოლფმა, ასოციაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, წერილი რომ მომწერა, სწორედ ეს მთხოვა, - იქნებ შემოგვთავაზოთ იდეები, რომელთა მეშვეობითაც კულინარიული ტურიზმის განვითარება საქართველოშიც იქნება შესაძლებელიო. ტურიზმის განვითარებამდე ჯერ შორია. ჯერ მართლა რევოლუციაა საჭირო. ერთი გემრიელი რევოლუცია, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ისე ჰიპერბოლიზებულადაც. რევოლუცია, რომელიც გარდაქმნის ქართული პირის გემოს, გაამდიდრებს ქართული კერძების ნუსხას, გვაპოვნინებს ძველ, დავიწყებულ, ხალხურ რეცეპტებს და მათ ახლებურად პრეზენტაციაში დაგვეხმარება; რევოლუცია, რომელიც გვასწავლის - სრული კულინარიული თავგადასავალი რომ განიცადო, საჭიროა, მთელი სარესტორნო სისტემა იყოს აწყობილი: დარბაზიც და სამზარეულოც - სცენაც და კულისებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გყავდეს განათლებული და სიახლეებზე ორიენტირებული მზარეულთა გუნდი, კომუნიკაბელური, მახვილგონიერი და სწრაფი ოფიციანტები და კულინარიულად განათლებული, გურმანი და კომუნიკაბელური კლიენტები.

მერწმუნეთ, თუ მოვინდომებთ, ეს რევოლუცია გაცილებით უფრო გემრიელი და საამური იქნება, ვიდრე ზოგადად რევოლუციებია. ახლა კი დროებით, შემდეგ კულინარიულ წერილამდე დაგემშვიდობებით და თან ზუსტად ისე, როგორც ერიკ ვოლფი დამემშვიდობა თავის წერილში:

კეთილი სურვილებით, კულინარიულად თქვენი, თამარ ბაბუაძე

22 სხეულის ძიებაში

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

0x01 graphic

თანამედროვე ცეკვის თეატრი - დაკარგული უბიწოებისა
და მიუღწეველი თავისუფლების მოსაზღვრე ტერიტორია

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქორეოგრაფის პინა ბაუშის ფრაზა: „მე არ მაინტერესებს, როგორ მოძრაობენ ადამიანები, მე მაინტერესებს რა ამოძრავებთ მათ“, დიდი ხანია, თანამედროვე ქორეოგრაფიის მთავარ პოსტულატად იქცა. ტექნიკური სიახლეებისადმი საზოგადოების ლამის ავადმყოფური ლტოლვა ხელოვნებასაც დაახლოებით იგივე მოთხოვნებს უყენებს, რაც ინოვაციისადმი გარკვეულ მორჩილებაში გამოიხატება. არადა, ისტორიული თვალსაზრისით, სოციალური კომფორტი და ხელოვნება ანტირითმაა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა თანამედროვე ცეკვის თეატრში, რომელიც, ნონკომფორმისტების საერთო საცხოვრებელს თუ არა, უკიდურეს შემთხვევაში კი სიახლითა და აკვიატებული იდეებით „შეპყრობილ“ ქორეოგრაფთა საგიჟეთს ჰგავს. მაგრამ შემოქმედებითი სიგიჟე არტ-ისტების, ძირითადი თუ არა, თანამდევი მისიაა...

გალაკტიონის ნაცნობი სტრიქონი - „სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“ - შეიძლება განვიხილოთ როგორც მათი თავისუფლების, ისე ამბიციებისა და შეხედულებების განსამტკიცებელი დევიზი. მზარდი და მულტიკულტურული შემოტევის ფონზე თანამედროვე ცეკვის ადეპტები (უფრო კონკრეტულად ქორეოგრაფები, რეჟისორები, მოცეკვავეები) სიახლეს სწორედ იქ ეძებენ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე ნაკლებად იგულისხმებთ: სიჩუმეში, რიტუალში, ეკრანზე, ფოტოზე, ცირკში, ეროტიკაში, ახალ ტექნოლოგიებში... თანამედროვე ცეკვამ, რომელსაც დასავლეთში, დიდი ხანია, Contemporary dance-ს უწოდებენ, აკადემიურ თეატრს იმდენი რამ წაართვა, რამდენსაც საკუთარი, ახალი და ჯერ კიდევ დამაბნეველი სტატუსის განსაზღვრას მოახმარდა.

ისტორიული კონტექსტი

რადგან ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, შეგვიძლია ისტორიის შავ-ბნელი ლანდებიდან ექსპერიმენტულად მანათობელი სახელები გამოვიხმოთ: ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ექსპერიმენტული ჟინითა თუ ჯინით შეპყრობილმა ავსტრიელმა მსახიობმა, მხატვარმა, მეორეხარისხოვანი რევიუს მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, რუდოლფ ფონ ლაბანმა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ავანტიურა განიზრახა - კლასიკური ბალეტისათვის ნამუსი ფაქიზად, მაგრამ საჯაროდ აეხადა.

ვენისა და ბერლინის მოდურ და ალტერნატიულ კლუბებში (დაახლოებით ისეთი, „კიტ-კეტ კლუბს“ რომ ასახავს ბობ ფოსი „კაბარეში“) თაყვანისმცემლთა მცირე ჯგუფთან ერთად იგი უცნაური იმპროვიზაციითა და ექსპერიმენტებით ცდილობს კლასიკური ცეკვის კულტის დამსხვრევას. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ცეკვის ძირითადი ვექტორი სწორედ „გადაგვარებულმა ავსტრიელმა არისტოკრატმა“ (როგორც თანამედროვეებმა უწოდეს პრესაში) - რუდოლფ ფონ ლაბანმა განსაზღვრა; მაგრამ არც პლასტიკის ჯადოქრების - გერმანელი მარი ვიგმანისა და ამერიკელი მართა გრეჰემის სახელების დავიწყება შეიძლება. თუმცა, ამ ორი ქალბატონის შესახებ - ოდნავ ქვემოთ.

მეოცე საუკუნის 20-30 წლებში გაცვეთილ პუანტებსა და ქათქათა „პაჩკებს“ სხეულის სრული თავისუფლება და საუკუნეებიდან ამოზრდილი რიტუალური ცეკვა უპირისპირდება. ახალი დროის დრამატულ ცვლილებებს კი რუდოლფ ფონ ლაბანი ჯერ დაწერილ „თანამედროვე ცეკვის მანიფესტში“, შემდეგ კი სასცენო შემოქმედებაში ასახავს. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში კაბარეს კულტურის შემოჭრა ცეკვის ლანდშაფტს მთლიანად ცვლის. უკვე ფეხშიშველა ცეკვავს ლეგენდარული მოცეკვავე აისიდორა დუნკანი, უცნაური ამერიკელი ქალბატონი რუთ სენ-დენი დასაყრდენს აღმოსავლურ რიტუალსა და ცეკვებში ეძებს, ხოლო რითმო-პლასტიკური სკოლის შემქმნელი, ფრანგი თეორეტიკოსი ემილ ჟაკ-დალკროზი მოსწავლეებს სიჩუმის „მოსმენისა“ და მუსიკის გარეშე ცეკვისკენ მოუწოდებს. და ეს მეოცე საუკუნის ბოლოს თანამედროვე ქორეოგრაფიაში კონტრაპუნქტის ნიშნად იქცა.

0x01 graphic

კაროლინ კარლსონი სპექტაკლში „ნაწერი წყალზე“

0x01 graphic

ძენ ვეი, „კურთხეული გაზაფხული“

0x01 graphic

0x01 graphic

ანა-ტერეზა დე კეერსმაკერი, „მოცარტი“

0x01 graphic

ანა-ტერეზა დე კეერსმაკერი სპექტაკლში „Once“

0x01 graphic

გეორგ ნაჯი, „მთვარეულები“

თავიდან ეს რეალობისადმი უთანასწორო დაპირისპირებას ჰგავდა, რადგან კლასიკური ბალეტის მითი ჯერ კიდევ მძლავრი და სიცოცხლისუნარიანი იყო. რევოლუციამდელი რუსეთიდან გამოქცეული ვაცლავ ნიჟინსკისა და ანა პავლოვას სახელები ევროპელ თაყვანისმცემლებში, იდუმალების გარდა, რაღაც აუხსნელ მოწიწებასა და დისიდენტურ თანაგრძნობას აღძრავდა. და მაინც, „ახალი ცეკვის“ ვირუსმა ევროპაში შეაღწია და შედეგიც გამოიღო. ყველაზე სწრაფად გერმანიაში გაიხარა, სადაც ექსპრესიონისტული თეატრი და კინო იოლად ამკვიდრებდა, თუ იტანდა ნებისმიერ სახელოვნებო სიახლეს. ფონ ლაბანის ერთგულმა მოსწავლეებმა - კურტ იოსმა და მარი ვიგმანმა, რომლებიც დისიდენტებივით იტანდნენ ესთეტიკურ დევნასა და დამცირებას, მოგვიანებით თავად მოახდინეს ნამდვილი ქორეო-რევოლუცია. 30-იან წლებში კიოლნში, მათ მიერ დაარსებულ, დღეს უკვე ისტორიულ „ფოლკვანგის“ სკოლაში კაბარესა და დრამატული თეატრის პროფესიონალი მსახიობები ფიზიკური და მუსიკალური მომზადების შესანიშნავ სკოლას გადიოდნენ... და, რაც მთავარია, ეპოქის შესატყვის ავანგარდულ დამღას ამაყად ატარებდნენ. მართალია, კურტ იოსი, მარი ვიგმანი და „მთელი მისი ამფსონები“ - ანუ „ფოლკვანგის“ სკოლაში გაწვრთნილი მოცეკვავეები, ნაციზმმა „ჩასარეცხებად“ მალევე გამოაცხადა და ქვეყნიდან გარეკა (ან საკუთარ სამსახურში ჩაიყენა), მაგრამ ჯინი ბოთლიდან უკვე გამოშვებული იყო. კურტ იოსის ლეგენდარული სპექტაკლი „მწვანე მაგიდა“ და მარი ვიგმანის აბსტაქტული „რითმოპლასტიკური ექსპერიმენტი“ დღევანდელი გადასახედიდან ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობისაა.

ცხადია, ნაცისტურმა იდეოლოგიამ „თავხედურ“ ექსპერიმენტებს მალევე ბოლო მოუღო. თუმცა ცნობილია, რომ ნაცისტები და თავად ჰიტლერი ხშირად ტკბებოდნენ ჰარმონიული, შიშველი სხეულების ცქერით მრავალრიცხოვან აღლუმებზე თუ ცოცხალი სკულპტურების გამოფენებზე, რასაც ადასტურებს ლენი რიფენშტალის ცნობილი დოკუმენტური ფილმებიც. ყველაზე არსებითი, რაც „ფოლკვანგის“ სკოლამ მოახერხა, ეს იყო თანამედროვე ცეკვის თეატრისა და „ახალი სხეულის“ ესთეტიკის ჩამოყალიბება, რომელიც მეოცე საუკუნის 70- იან წლებში ისევ აღორძინდა. ხოლო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქორეოგრაფის, პინა ბაუშის წარმოდგენებში ცეკვის თეატრი სრულიად ორიგინალურ, სოციალურ და მულტიკულტურულ ფორმას ღებულობს.

როცა გოეთეს გერმანული კულტურის ინსტიტუტმა თბილისში დაახლოებით ორი წლის წინ „ფოლკვანგის“ სკოლისა და კურტ იოსის სპექტაკლების ამსახველი ვიდეოჩვენება მოაწყო, თვით ქორეოგრაფიაში გათვითცნობიერებულ პუბლიკასაც კი გაუჭირდა ჯერ კიდევ უცნობ, ისტორიულად მოუთელავ „ქორეოგრაფიულ ხატებთან“ დაახლოება ყოველ შემთხვევაში, ასობით დაკონსერვებულ „ჟიზელსა“ თუ „ბაიადერაზე“ გაზრდილ საზოგადოებას იმ ჩვენებიდან გაუცხოების შთაბეჭდილება ნამდვილად დარჩა.

თავის დროზე პინა ბაუშის საკულტო სპექტაკლით - „კაფე მიულერით“ მოხიბლულმა კინორეჟისორმა პედრო ალმოდოვარმა გერმანელი ქალბატონის ქორეოგრაფია თავისებურად უკვდავყო ფილმში „ესაუბრე მას“, რომლის მთავარი პერსონაჟები სწორედ „კაფე მიულერის“ წარმოდგენაზე ხვდებიან ერთმანეთს.

დიდი და პატარა ჩიტები

პინა ბაუშის სპექტაკლები და სოციალურ-კულტურული განზომილება ცარიელ ადგილას არ აღმოცენებულა. მას ზურგს გერმანული ექსპრესიონისტული ცეკვის ტრადიცია და ზემოხსენებული „ფოლკვანგშულე“ უმაგრებდა, რომელიც, ბანალურად რომ ვთქვათ, თანამედროვე გერმანული ცეკვის სამჭედლოა. ცნობილი ქორეოგრაფ-რეჟისორები: იოჰან კრესნიკი, სუზან ლინკი და პინა ბაუში თანამედროვე გერმანული კულტურის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც, ვთქვათ, ჩვენში „სუხიშვილები“, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: მათ არ სტანჯავთ ესოდენ მნიშვნელოვანი, დამთრგუნველი და ტრადიციული ხალხური ცეკვის არქეტიპები, როგორც - ჩვენებურებს. ისე კი, სოციალურ-პოლიტიკური პრობლემებით შემოქმედებითად „შეწუხებული“ არც ფოლკლორისტები მინახავს და არც ქორეოგრაფები.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „შესაძლებლობანი, ცეკვის თეატრი“

შესაძლოა იმიტომ, რომ თანამედროვე ცეკვის თეატრი აუცილებლად გულისხმობს აქტიურ სოციალურობას (როგორც, მაგალითად, კლასიკოს პინა ბაუშისა და შედარებით ახალგაზრდა ქორეოგრაფის საშა ვალცის წარმოდგენებში), ან უფრო იშვიათად პოლიტიკურ განანაზომილებას (იოჰან კრესნიკის გენიალური პერფორმანსები „სამოთხის ბაღი“ და „ფრიდა კალო, სიცოცხლე და სიკვდილი“). არც ის არის შემთხვევითი, რომ თანამედროვე ცეკვის თეატრის პუბლიკას ძირითადად ინტელექტუალები, თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებულები და მემარცხენეები შეადგენენ.

40-50-იან წლებში ამერიკაში „მოდერნ დანსის“ ნამდვილი კულტია, რომლის სათავეებთან მედგრად დგანან რიტუალური ცეკვის დედამთავარი მარტა გრეჰემი და ჯაზივით მრავალგანზომილებიანი, შავკანიანი ალვინ ეილი. „სხეული არასოდეს იტყუება“ - მარტა გრეჰემის ეს აფორიზმი შეიძლება მისი შემოქმედების ძირითად კრედოდ განვიხილოთ. ქორეოგრაფი, რომელმაც ლამის მთელი მეოცე საუკუნე იცხოვრა, კრიტიკოსების აზრით, ფემინისტური ქორეოგრაფიისა და რიტუალური ქორეო-დრამის ერთ-ერთი დამაარსებელია. ყველაზე ცნობილი ოპუსები: „გულის გამოქვაბული“ (1947), „ღამის მოგზაურობა“ (1949), „ფედრა“ (1961), შეიძლება საეტაპოდ მოვიჩნიოთ ექსპერიმენტული ქორეოგრაფიისა და ფიზიკური თეატრის განვითარებაში. მარი ვიგმანთან ერთად მართა გრეჰემმა შეცვალა წარმოდგენა ქალ ქორეოგრაფზე, რომელთა როლი ადრე მხოლოდ მოკრძალებული სოლოთი შემოიფარგლებოდა.

მადონა, რომელიც თავის დროზე მარტა გრეჰემის სახელგანთქმულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში სწავლობდა, ასე აღწერს თავის მოგონებებში ლეგენდარულ ქორეოგრაფთან შეხვედრას: „როდესაც საკლასო ოთახიდან გამოვვარდი, დერეფანში პირველად შევეჩეხე ამ უცნაურ არსებას. სკოლაში მკაცრი, სპარტანული რეჟიმის გამო, აკრძალული გვქონდა დირექციასთან ახლო ურთიერთობა, მაგრამ იმ წუთას ცარიელ დერეფანში, სადაც მარტო მე და ეს გაყინული, წვრილნიკაპიანი, ფაიფურის ქანდაკება ვიყავით, ვიგრძენი, რომ ნამდვილად მომნუსხველი იყო. ჩემი ენაწყლიანობა და თავხედობა სადაღაც გაქრა, ენა დამება და მის ცნობისმოყვარე გამომეტყველებას ესღა შევაგებე, - „ტუალეტში მივდივარ“. მან თითქოს გამიღიმა, რომელშიც უფრო მეტად ზიზღი თუ ქედმაღლობა იგრძნობოდა და მითხრა - „ჰო, ჯობს, არ ჩაიფსა და კარგად იცეკვო, ვიდრე პირიქით“.

ჯაზმა, ჰოლივუდმა და მიუზიკლმა, ცხადია, დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ამერიკული ცეკვის განვითარებაზე. ლეგენდარული მოცეკვავე, ქორეოგრაფი და რეჟისორი ბობ ფოსი ბროდვეიზე დადგმული მიუზიკლებით - „მშვენიერი ჩარეტი“ და „კაბარე“ (მოგვიანებით ამავე სახელწოდების ფილმები) 50-60-იანი წლების საკულტო პერსონად იქცა. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა შემდეგ ეტაპზე მერს კენინჰემის, პოლ ტეილორის, კაროლინ კარლსონის, უილიამ ფორსაიტის, ტრიშა ბრაუნის შემოქმედებას, რომელთა გავლენა თანამედროვე ცეკვის თეატრზე უდიდესია.

არანაკლებ საინტერესოა ქორეოგრაფიის ისტორია იაპონიაში მეოცე საუკუნის 60-იან წლებში. ფილოსოფოსმა და პუბლიცისტმა ტუსუმი ხიძიკატამ და პროფესიით ბოტანიკოსმა მინ ტანაკამ ამერიკული მოდერნ დანსი, ევროპული ავანგარდი და ტრადიციული იაპონური თეატრის ელემენტები უცნაური სითამამით შეაჯვარეს. მიღებული ცეკვის ახალი სახეობა - „ბუტო“ მედიტაციურ-ფილოსოფიური მოძრაობებისა და სხეულის ფლობის უმაღლეს ხელოვნებად აქციეს. მოცეკვავე გათავისუფლებული იყო ქორეოგრაფიის დიქტატისაგან და მისთვის მისაღწევ ფარგლებში შეეძლო სხეულის შესაძლებლობები სრულად წარმოეჩინა.

არასოდეს დამავიწყდება პირველი შეხება თუ შეხვედრა „ბუტოსთან“, ვენის თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე „იმპულსტანცი“. 70 წლის კარლოტა იკედა (პირველი თაობის „ბუტოისტი“, რომელიც, დიდი ხანია, პარიზში ცხოვრობს და „ბუტოს“ მითის ცოცხალი ნაწილია) ცეკვავდა დაახლოებით 35-წუთიან სოლოს სტრავინსკის „კურთხეულ გაზაფხულში“. ეს თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ უკვე ცხოვრებაგავლილი, ფეხშიშველა ქალი საოცარი უშუალობით და ექსპრესიით ანსახიერებდა ქალწულს, რომელმაც არ იცის განაყოფიერების „გემო“. მაგრამ არსებითი სწორედ ისაა, რომ სწორედ ქალური გამოცდილება ანიჭებს მას ერთგვარ უპირატესობას - ზუსტად იცის, სად და როგორ მოგვატყუოს, რათა დავუჯეროთ და ვიგრძნოთ.

„ბუტოს“ შემქმნელებიც და დღეს უკვე თანამედროვე ცეკვის თეატრის ავტორქორეოგრაფებიც (ეს, პრაქტიკულად, ქორეოგრაფიულ რეჟისურას უდრის) მოცეკვავის სხეულს ფილოსოფიურ ჭრილში განიხილავენ და მას, როგორც ცარიელ ჭურ-ჭელს, ისე აღიქვამენ. მნიშვნელობა არ აქვს, ამ ჭურჭელს რითი აავსებ - სხვისი ცხოვრების აჩრდილებით თუ გამხმარი ბალახის ნაყენით. სხეულის პროპორციები, დახვეწილობა და ასაკი ასევე კარგავს მნიშვნელობას. განვლილი წლები ხაზს უსვამს სიბრძნეს და არა უძლურებას. და როცა ზემოხსენებული, ლეგენდარული მოცეკავავე კარლოტა იკედა „კურთხეულ გაზაფხულში“ ქალიშვილის პარტიას ასე გულწრფელად ცეკვავს, ეს პირველ რიგში მაყურებელზე სულიერ ზემოქმედებას ნიშნავს და არა ირონიულ დისტანციას პუბლიკასა და შემსრულებელს შორის.

80-90-იან წლებიდან, ანუ ახალი ტექნოლოგიების ბუმიდან მოყოლებული „ბებერ კონტინენტზე“ ხელოვნებისადმი დამოკიდებულება იცვლება და განვითარების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. შესაბამისად, იცვლება თანამედროვე ცეკვისადმი მიდგომა. ცალკე მსჯელობის საგანია „ფიზიკური თეატრის“ ახლებური აღქმა (უკვე დამკვიდრებული ეს ტერმინი ხშირად უფრო ზუსტია, ვიდრე „თანამედროვე ცეკვის თეატრი“). ახალი დროის ლიდერები - ბელგიაში იან ფაბრი, ანა-ტერეზა დე კეერსმაკერი; ჰოლანდიაში ჰას ვან მანენი, ირჟი კილიანი; საფრანგეთში დომინიკ ბაგუე, კარინ საპორტა, ფილიპ დეკუფლე, ანჟელენ პრელ-ჟოკაჟი; გერმანიაში - სუზან ლინკი, საშა ვალცი, იოჰან კრესნიკი - ცვლიან არა მხოლოდ ქორეოგრაფიულ შინაარსებსა და ლანდშაფტს, არამედ პოსტმოდერნისტული ირონიით უბრუნდებიან სხეულის პირობითობებისგან გათავისუფლების, დამიწებისა თუ დემითოლოგიის თემას. შემთხვევითი არ არის, რომ ახალი დროის ერთ-ერთი ლიდერის, გერმანელი ქორეოგრაფის საშა ვალცის სპექტაკლებს პირდაპირ ასე ეწოდება - Korper (გერმანულად „სხეული“) ან NoBody („არასხეული“).

სახელებით გადატვირთულ ამ ფონზეც კი განსაკუთრებულად აღსანიშნავია შვედი ქორეოგრაფისა და რეჟისორის მატს ეკის შემოქმედება, რომელიც თანამედროვე ევროპულ ქორეოგრაფიაში განსაკუთრებული მოვლენაა. თავის მუზასა და მეუღლესთან - ანა ლაგუნასთან ერთად მატს ეკი ქმნის კომპაქტურად ზუსტ, მკვეთრად თანამედროვე და ირონიულ-ფსიქოანალიტიკურ სპექტაკლებს. დაწყებული კლასიკური რეპერტუარით („ჟიზელი“, „გედის ტბა“, „კარმენი“, „დონ-ჟუანი“) და დამთავრებული ესპერიმენტული ოპუსებით (Smoke, „აპარტამენტი“, „ხელბორკილები“), იგი ქმნის დეფორმირებულ სამყაროს, სადაც კლასიკური ბალეტიდან ნაცნობი ფაქიზი განცდებისა და რომანტიკული იდუმალების ადგილი არ რჩება. სამაგიეროდ, დიდი დოზითაა შენარჩუნებული ირონია, როგორც იარაღი საბალეტო კლიშეებისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მოწოდებულია ძალდაუტანებელი სიმსუბუქით, „ტეხილი“ პლასტიკითა და ამბისადმი შენარჩუნებული დისტანციით.

ზოგადად, დღევანდელი ქორეოგრაფია ნაწილობრივ მაინც გამოხატავს თანამედროვე ფიზიკური თეატრის შესაძლებლობებს და ცეკვის თეატრის ირონიულ-აპოკალიფსურ კონტექსტს; ექსპერიმენტებით ნატანჯი სხეულის ბრწყინვალებასა და სიღატაკეს; დაკარგულ უბიწოებას და მიუღწეველ თავისუფლებას; რეფლექსიას და ირონიას... და რადგან ევროპაში ქორეოგრაფიული ექსპერიმენტები უხვად დაგროვდა, თანამედროვე ცეკვისადმი მიძღვნილი სპეციალური ფესტივალების ჩატარების აუცილებლობა (არა მხოლოდ პუბლიკისთვის) გარდუვალი გახდა.

ცეკვის ფესტივალი, როგორც თვითგამოხატვის ახალი საშუალება

80-90-იან წლებში ტერმინმა „თანამედროვე ცეკვა“ კონკრეტულ შინარსთან ერთად, ცოტა არ იყოს, მისტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ახალი თაობის ევრო-ამერიკელ ქორეოგრაფებს, რომელთა მხოლოდ ჩამონათვალი რამდენიმე თაბახს დაიტევს, ამბიცია გაუჩნდათ თავიანთი შინნაზარდი, ლაბორატორიული ოპუსები მაყურებელთა გაცილებით ფართო წრისთვის გაეცნოთ. თუმცა ამისთვის მათ კანონიზებული სივრცე (ანუ ფესტივალები), არცთუ ცოტა ფული და თანამოაზრეთა მხარდაჭერა სჭირდებოდათ. უკვე დაგროვილი გამოცდილება და ექსპერიმენტები ერთდროულად ახალისებდა დამწყებთ და გამოცდილებს, რომ მათი დროული თავგანწირვა „ცუდად“ მაინც არ ჩაივლიდა... და, პრინციპში, ასეც მოხდა. ამას დაუმატეთ თანამედროვე მხატვრობის, დიზაინისა და პერფორმანსის გავლენა ცეკვის თეატრზე, რომელიც გამომსახველობაში, ორიგინალურ სივრცით გადაწყვეტასა და სხეულისადმი ირონიულ დამოკიდებულებაში აისახა.

ათვისებულ და უკვე ტრადიციულ ავინიონისა და ედინბურგის თეატრალურ ფესტივალებს, უკვე კარგა ხანია, შეემატა მონპელიეს, ლიონისა თუ ვენის სპეციალიზებული, თანამედროვე ცეკვისადმი მიძღვნილი ფესტივალები, რომლებიც სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობენ მაყურებელთა შორის. უკვე ცეკვით შეპყრობილთა სექტაც გამოიკვეთა, რომელიც მხოლოდ ამგვარ ფესტივალს ირჩევს და არა დრამატული თეატრების ფესტივალს. სხვათა შორის, კრიტიკოსების მოაზრებითაც, თანამედროვე თეატრში ყველაზე საინტერესო ამბები ხდება და ნაირგვარ პროვოკაციასაც სწორედ ცეკვის თეატრში წააწყდებით. ამის მაჩვენებელია, მაგალითად, თანამედროვე ცეკვის ფესტივალი „იმპულსტანცი“, რომელიც 80-იანი წლებიდან მოყოლებული ვენაში ყოველი წლის ივლისში იმართება. ხოლო ქალაქში, სადაც კლასიკური მუსიკისა და ვალსის კულტია, ალბათ თავად მიხვდებით, რომ თანამედროვე როკვა მხოლოდ დაცინვად აღიქმება. თუმცა, როგორც ჩანს, ორგანიზატორებმა ეს თავიდანვე იციან და ვენის კლასიკურ-ფილარმონიულ გარემოსა და თანამედროვე ცეკვის სივრცეს შორის არჩევანის საშუალებას ტოვებენ.

თავის დროზე სამხრეთ საფრანგეთის ისტორიულ, ლამაზ ქალაქ მონპელიეში ქორეოგრაფიული ფესტივალის დაარსება (სწორედ 80-იანი წლების დასაწყისში) შესანიშნავი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, დომინიკ ბაგუეს სახელს უკავშირდება. სამწუხაროდ ნაადრევად გარდაიცვალა, თუმცა ერთდროულად მადლიერმა თუ გესლიანმა კრიტიკამ მას თანამედროვე ქორეოგრაფიის „პატარა პრინცი“ უწოდა. დაახლოებით ამავე პერიოდში აღმოცენდა ლიონის „თანამედროვე ცეკვის ბიენალე“, რომელიც უპირველეს ყოვლისა საფრანგეთის იმდროინდელი კულტურის მინისტრისა და თანამედროვე ცეკვის თაყვანისმცემლის, ჟაკ ლანგის სახელს უკავშირდება. თანამედროვე ცეკვას დიდად სწყალობდნენ ბერლინშიც, სადაც ყოველი წლის ზამთარში ჰებელის სახელობის თეატრში ე.წ. ტანცვინტერი, ანუ თანამედროვე ცეკვის თეატრის „ზამთრის საღამოები“ იმართებოდა.

რაც შეეხება კლასიკურ ვენას, ქალაქში, სადაც მოცარტისა და ვალსის კულტი სახიფათო ზღვარს აღწევს, ქალაქის კულტურის პოლიტიკის მთავარმა მრჩეველმა და მენეჯერმა კარლ რეგენსბურგერმა თანამოაზრესა და ქორეოგრაფ ისმაელ ივოსთან ერთად 1984 წელს დააარსა ფესტივალი „იმპულსტანცი“, რომელიც ევროპაში ალბათ ყველაზე საინტერესოა მიდგომითა და სიახლისადმი ლტოლვით. იმ დროიდან მოყოლებული ისინი ყოველ წელს ეპატიჟებიან ყველაზე თავზე ხელაღებულ, თანამედროვე, პროვოკატორ ქორეოგრაფებს ფანტაზიის სრული რეალიზაციისთვის.

კარგი მარკეტინგის წყალობით, „იმპულსტანცი“ თანდათან ტურისტულ-კულტურული ვენის განუყოფელ ნაწილად იქცა. ყოველი წლის ივლისში, როცა ვენაში ტურისტების მოზღვავებაა, „ბურგთეატრის“ წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ეკრანზე, შთამბეჭდავად „ამეტყველებული“ სხეულები მოუწოდებენ მათ, არ გამოტოვონ მატილდა მონიეს, მეგ სტიუარტის, აკრამ ხანის, ტრიშა ბრაუნის, იან ფაბრის, მარი შოინარის, ემიო გრეკოს და სხვათა წარმოდგენები. როგორც ფესტივალის მონაწილე, არაერთხელ ვყოფილვარ მოწმე პრეს-ცენტრში როგორი სიამაყით აცხადებდნენ, - რეკლამა შედეგიანია და პუბლიკის დიდ ნაწილს სწორედ ტურისტები შეადგენენო. სხვა საქმეა, რამდენად ესმის, ან რატომ მოსწონს ვენის სანახაობას დახარბებულ ტურისტს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თანამედროვე ქორეოგრაფიის ენაზე მოთხრობილი სხეულებრივი თავგადასავლები.

კარგი მარკეტინგის წყალობით, „იმპულსტანცი“ თანდათან ტურისტულ-კულტურული ვენის განუყოფელ ნაწილად იქცა. ყოველი წლის ივლისში, როცა ვენაში ტურისტების მოზღვავებაა, „ბურგთეატრის“ წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ეკრანზე, შთამბეჭდავად „ამეტყველებული“ სხეულები მოუწოდებენ მათ, არ გამოტოვონ მატილდა მონიეს, მეგ სტიუარტის, აკრამ ხანის, ტრიშა ბრაუნის, იან ფაბრის, მარი შოინარის, ემიო გრეკოს და სხვათა წარმოდგენები. როგორც ფესტივალის მონაწილე, არაერთხელ ვყოფილვარ მოწმე პრეს-ცენტრში როგორი სიამაყით აცხადებდნენ, - რეკლამა შედეგიანია და პუბლიკის დიდ ნაწილს სწორედ ტურისტები შეადგენენო. სხვა საქმეა, რამდენად ესმის, ან რატომ მოსწონს ვენის სანახაობას დახარბებულ ტურისტს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თანამედროვე ქორეოგრაფიის ენაზე მოთხრობილი სხეულებრივი თავგადასავლები.

სხეულები თანამედროვე ცეკვის თეატრში ყველაფერს გამოხატავენ სამთვლიანი ვალსის, კლასიკურ „პა“-ს თუ „ბატმანს“ გარდა, ხოლო ნაირგვარი ჯურისა და ესთეტიკის გამომხატველი ქორეოგრაფები სხეულის მოცემულობას ახალ განზომილებასა თუ კოორდინატთა სისტემაში განიხილავს. როგორც ჩანს, ინტერნეტის ეპოქამ და მულტიმედიურმა კულტურამ უკვე დეფორმირებული კლასიკური ხატები (ნაირგვარი ჟიზელები, სილფიდები და პრინცები), საგანგებო ფეხგარჯილობა და კლასიკური პლასტიკა სანიმუშოდ მოინელა. მიზანდასახული ხულიგნობის დრო და სოციალურ-სექსუალური რევოლუციების ქორეოგრაფიული გამოძახილიც მალე წარსულს ჩაბარდება... ჩვენთან კი ეს დრო არც დაწყებულა.

„ახლა ქორეოგრაფები სიჩუმის გაცოცხლებით, ყალბი ტრანსფორმაციით, ობიექტების გასულიერების პრეტენზიით და სხეულისადმი საშინელი მოპყრობით არიან დაკავებულნი“, - წერდა ერთ-ერთი კრიტიკოსი ვენის არტ-ჟურნალში, ფესტივალ „იმპულსტანცის“ შესახებ. თუმცა, ვიდრე სხეულებს „საშინლად“ მოვეპყრობით, ალბათ გაცილებით მარტივ და კინემატოგრაფიული ასოციაციებით დატვირთულ კითხვაზე პასუხის გაცემა მოგვიწევს, - „რა საჭიროა სხეული, თუ მას ქორეოგრაფიამდე არ მოვყავართ?“

თანამედროვე ცეკვის ფესტივალის ორგანიზატორებს კი დღემდე უხდებათ იმის გარკვევა, დარჩა თუ არა თეატრში ჯერ კიდევ აუთვისებელი ქორეოგრაფიული სივრცე; ან სად გადის ბედკრული დრამისა და თავისუფლებით გათავხედებული ცეკვის თეატრის საზღვრები. და რაც მთავარია, არის თუ არა ოკუპირებული ქორეოგრაფიის მოსაზღვრე ტერიტორია მეზობელი არტ-განზომილებების (დიზაინი, ფოტო, ვიდეო, ინსტალაცია, პერფორმანსი, კომპიუტერული ტექნოლოგია) მიერ ბოლომდე ოკუპირებული.

23 „ანგელილას“ მოლოდინში

▲ზევით დაბრუნება


რეცენზია

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

იმპრო-არტის თეატრალური ვნებები გერმანიიდან საქართველომდე

0x01 graphic

სცენა სპექტაკლიდან „გიჟები“

ცნობილია, რომ დიდ რეჟისორს სერგეი ეიზენშტეინს ბალეტი არ უყვარდა და სრულიად დაუფარავად თუ დამცინავად „პლასტიტუციას“ უწოდებდა. ვეჭვობ, მას არ უნახავს ცეკვის თეატრის შედევრები, თორემ უფრო ზრდილობიან გამოთქმას ან ლმობიერ განმარტებას შეარჩევდა. სიმართლე ვთქვათ, არც ჩვენი რიგითი თეატრალები აკლებენ ხელს და დღემდე თეატრის პლასტიკურ მიმართულებას, უსიტყვო წარმოდგენებს ან ფიზიკურ თეატრს ისინიც „მოპლასტიტუციო“ სანახაობად თვლიან. ჩვეულება რომ რჯულზე უმტკიცესია, თითქოს გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ არტისტული ახირება მავნე ჩვეულებას სწორედ პრინციპული მოსაზრებით უპირისპირდება.

რიგითი ქართველი თეატრალისათვის, რომელიც „რობიკოს“ (ეს ვითომ კნინობით-ესთეტური ფამილარობა არასოდეს მესმოდა) სპექტაკლებზე პრესტიჟის გამო უფრო დადის, ხოლო ამირან შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი დღემდე თანამედროვე მოვლენა ჰგონია, ალბათ არც ისტორიულად ძნელად გამოდნობილი ტერმინი - „ფიზიკური თეატრი“ ნიშნავს რაიმე განსაკუთრებულს. თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, შეიძლება უცოდინარობა მთლად პუბლიკას არ გადავაბრალოთ. ბოლოს და ბოლოს, რასაც ხედავ და გაწვდიან, იმაზე იზრდები და სინამდვილეში სიახლეზე აცრილი არ ხარ.

არცოდნა ამ შემთხვევაში უფრო ინფორმაციის ნაკლებობას ან სულაც ინფორმაციულ დასახიჩრებას გამოხატავს, ვიდრე მიუღებლობას. ჩვენთან, ტრადიციულად, სცენაზე მოძრაობა რატომღაც მხოლოდ პანტომიმასთან ან ბალეტთან ასოცირდება. სინამდვილეში კი თანამედროვე ცეკვა (ჩონტემპორარყ დანცე) არც ერთია და არც მეორე. მოკლედ, პოეტური მეტაფორა - „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა“, გასაგები და მისაღებია. ცალკე საუბრის თემაა ეს „სხვა“ ექსპერიმენტული აღტკინებით იქმნება, თუ შემოქმედებითი ტანჯვით.

90-იანი წლების ბოლოს, როცა სიტყვები „თელასი“ და „ფიდერი“ რიგითი ქართველის სამეტყველო ლექსიკონში ალბათ ყველაზე ხშირად იხმარებოდა, სამედიცინო ინსტიტუტის სცენაზე ერთ უცნაურ თეატრალურ ჯგუფს გადავაწყდი. ეს ის დრო იყო, როდესაც საფრანგეთის საელჩოს იმდროინდელი კულტურის ატაშე და თანამედროვე ცეკვის ქომაგი პასკალ ჟუსტი თანამედროვე ცეკვის პროპაგანდას წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელივით ეწეოდა: ჩამოჰყავდა თანამედროვე ფრანგი ქორეოგრაფები, აწყობდა თანამედროვე ცეკვის ვიდეოჩვენებებს, ერთობლივ ვორკშოპს ქართველ მსახიობებთან... მოკლედ, დიდი ხნით და საფუძვლიანად გაყინული ჩონტემპორარყ როგორღაც თითქოს ლღვებოდა...

დასტურად შეიძლება გამოდგეს ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის დანიელ ლარიოს სპექტაკლი („რა მშვიდად ვიყავით“ - რუსთაველის თეატრში), ან პოპულარული მოცეკვავის კატრინ დივერესის დაუვიწყარი სოლო (სამეფო უბნის თეატრი, პაზოლინის ლექსების აუდიოვერსიის ფონზე). შეიძლება გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე ფრანგული საცეკვაო „შემოსევა“ ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში: პასკალინ ვერიეს აუტისტური დახვეწილობანი ან ჟან გიზრიქსის და ვილფრიდა პიოლეს დუეტი ნეოკლასიკური აქცენტით. ამ ფონზე უცნობი ქართველი ახალგაზრდების გარჯა-გალაღება ჯერ აუთვისებელი „თანამედროვე ცეკვის“ ლაბირინთებში მოულოდნელიც იყო და სასიხარულოც.

„იმპროვიზაციის ატელიე“ - ასე უწოდებდნენ ისინი საკუთარ თავს. პატარა დასს, რომელიც დაახლოებით 8-10 სტუდენტისაგან შედგებოდა. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები, რომლებსაც თავის დროზე არ გაუმართლათ და თეატრალურ ინსტიტუტში ვერ მოხვდნენ, შესაშური გულწრფელობით „თამაშობდნენ“ უსიტყვო, პლასტიკურ მინიატურებს. უფრო ზუსტად, კი არ თამაშობდნენ, ასიმეტრიულად როკავდნენ. თანაც სცენაზე ასკეტურად გაბნეულ პეობიექტებთან მიმართებაში (რაც მაშინ ყველაზე უფრო საინტერესოდ მომეჩვენა). მოგვიანებით რამდენიმე მათგანმა უკვე შედეგიანად დალაშქრა თეატრალური ინსტიტუტი, რამაც დასი პროფესიულად აშკარად გამართა და წაახალისა. იქნებ ამის გამო მათი შინნაკეთი იუმორი, პოზიტიური ენერგია და, რაც მთავარია, სიახლისადმი დაუოკებელი სურვილი, გარკვეული თეატრალური წარმატების გარანტადაც იქცა.

0x01 graphic

სპექტაკლის წინ...
ფოტო: იური მეჩითოვი

0x01 graphic

სცენა სპექტაკლიდან „ეტიუდები“

მსახვრალმა დრომ მათ ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეცვალა. დასი პროფესიული გახდა, ნაწილმა თანამედროვე ცეკვის სფეროში ძიება-განათლება ჯერ საქართველოში, შემდეგ გერმანიაში უფრო დიდი დოზით განაგრძო. ყოფილ „იმპროვიზაციის ატელიეს“ დღეს უკვე „იმპრო-არტი“ ჰქვია და დამოუკიდებელი თეატრალური კომპანიაა. ძირითად მამოძრავებელ ძალას ენერგიული დუეტი - მსახიობი, მოცეკვავე და რეჟისორი თეა მამუკელაშვილი (რომელიც რეჟისორ ლილი იოსელიანის სარეჟისორო ჯგუფში სწავლობდა) და იდეების ავტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და პანტომიმაგადალახული გიორგი სოსანაშვილი (მისი არტისტული ფსევდონიმია სოსანი) შეადგენს. მათ გარდა, დასში ათამდე მოცეკვავეა, რომლებიც ძირითადად პანტომიმის ან დრამატული თეატრების ყოფილი მსახიობები არიან.

„იმპრო-არტი“ ძირითადად გერმანიაში, ბავარიის ქალაქ რეგენსბურგშია დაბანაკებული და როცა საშუალება ეძლევა, სამშობლოში ჩამოდის, სადაც რამდენიმე სპექტაკლის გამართვას ახერხებს. გარდა ამისა, ყოველწლიურად ათობით წარმოდგენას მართავს გერმანიის ქალაქებში, მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალსა და ივენთ-ღონისძიებაში, რაც მათთვის ჩვეული რიტმია. მეოცე საუკუნის „ატელიედან“ ოცდამეერთე საუკუნის „იმპრო-არტამდე“ დრო და სივრცე მათთვის დატვირთული იყო სხვადასხვა ტიპის თეატრალური აღმოჩენით. ეს ძირითადად „ფიზიკური თეატრის“ სფეროში რიგითი ევროპული სპექტაკლებისა თუ ნახევრად-შედევრების მიგნებას და გათავისებას უკავშირდებოდა. სიახლე - თუნდაც უცნაური და საკამათო; სიახლე, როგორც არსებობის ფორმა - მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ „იმპრო-არტის“ ძირითადი პრინციპი.

თეა მამუკელაშვილი: ჩვენი არსებობის თითქმის ათი წელი ნიშნავს, რომ ჯერჯერობით დროის გამოცდას გავუძელით. თუმცა პერსპექტივის შეგრძნების გარეშე, როგორც ჩვენი, ისე ნებისმიერი თეატრის არსებობა წარმოუდგენელია. მით უმეტეს, თანამედროვე მულტიმედიური შეტევის პირობებში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დროის მოთხოვნებისადმი გარკვეულ ადაპტაციას, ვცდილობთ სპექტაკლები და ახალი პროექტები რაც შეიძლება განსხვავებულ სივრცეში წარმოვადგინოთ: კლუბში, ციხეში, სტადიონზე, გამოფენებზე, ტაძარში...

0x01 graphic

პერფორმანსი კათოლიკურ ტაძარში

ზოგჯერ პროექტი არცთუ წარმატებული გამოდის, მაგრამ გამოცდილება ნებისმიერ შემთხვევაში გროვდება და ახალ თვისობრივ შედეგში აისახება. მაგალითად, გასულ წელს ვმონაწილეობდით თეატრალურ ტურნეში, რომელიც გერმანიის 14 ქალაქში გაიმართა. ჩვენთან ერთად გამოდიოდნენ ცნობილი მსახიობები და მოცეკვავეები; მაგალითად თეატრალური კოლექტივი დერევო სანკტ-პეობიექტებთანტერბურგიდან, რომელიც ევროპაში დღეს ძალიან პოპულარულია (უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკური თეატრის მიმდევარ და ძალიან პლასტიკური მსახიობებისგან შემდგარ დერევოს საქართველოშიც იცნობენ, ძირითადად - თეატრალურ ფესტივალ საჩუქრის წყალობით - ..). როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ტურნე დაახლოებით 170 ათასმა ადამიანმა ნახა, რაც სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში უფრო გვიცნობენ, ვიდრე საქართველოში.

ჩემი აზრით, იმპრო-არტის, როგორც თეატრალური კომპანიის არსებობა დაკავშირებულია სპექტაკლ-სანახაობასთან, ახალი ფორმის ძიებასთან და დროის დინამიურ ცვლილებებთან, რაც ივენთს თავისთავად გულისხმობს. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ფიზიკური თეატრის არსებობას უკავშირდება. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ყველაზე მთავარია სწორედ ამ ტიპის თეატრის დამკვიდრება.

და მართლაც, თითქმის რვაწლიანი პაუზის შემდეგ, როცა მათი სპექტაკლი „გიჟები“ პირველად ვნახე (მცირე ხნით ნაბოძებ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრის სცენებზე), მივხვდი, რომ დროებითმა ევროპულმა ემიგრაციამ პოტენციურ „გიჟებში“ ანუ აცეკვებულ მსახიობებში თეატრალურ-კონსერვატორული კვალი სასიკეთოდ წაშალა. პრინციპში სწორედ ევროპაში არცთუ მარტივად განვლილი ადაპტაციის შემდეგ შეიძლებოდა „იმპრო“ - დასში ამგვარი ფორმის წარმოდგენა დაბადებულიყო.

სპექტაკლი „გიჟები“ ეს არის უზარმაზარ გისოსებიან ოთახში ან სივრცეში გამომწყვდეული ადამიანების სახალისო-დრამატული ისტორიები, რომლებსაც საერთო ცოტა რამ აქვთ. მხოლოდ ფინალში იკრიბება ასოციაციებად გაბნეული, პატარა ადამიანთა პატარა ამბები. ამ შეჯამებას უფრო თავისუფლებისაკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილი შეიძლება ეწოდოს. დაახლოებით 75-წუთიანი წარმოდგენა რამდენიმე მცირე სიუჟეტად იყოფა - გიჟები თავისუფლების მოლოდინში; გიჟები სიყვარულ-სიძულვილის მიღმა; სკამებზე დაბმული და თავახსნილი გიჟები... ისინი მაყურებელს მუდმივ, მაგრამ ოდნავ სასაცილო დაძაბულობაში ამყოფებენ. ხოლო როცა გისოსებიანი ოთახიდან ბოლოს მაინც გააღწევენ გარეთ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს მოულოდნელად უჰაერობიდან ოზონით სავსე გარემოში გააღწიეთ.

თითქმის დრამატული განცდებით სავსე, მაგრამ მაინც ყოჩაღი გიჟები მოძრაობის ენით გადმოსცემდნენ უსაფუძვლო, მიუღწეველ იმედსაც და მზა სასოწარკვეთასაც, რაც ალბათ არამხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობის სურვილით აიხსნება. ობიექტები და საგნები სპექტაკლში ასევე დიდ მნიშვნელობას იძენენ. მაგალითად სკამები, ფანჯრები, ნიღბები... უნდა ითქვას, რომ ჟესტებისა და მოძრაობის კლასიკური (ანუ პანტომიმის) ენა მათთვის ბავშვობაში ნასწავლი ინგლისურივითაა. იციან, თუმცა დაავიწყდათ; გრძნობენ, მაგრამ ეუცხოებათ. სამაგიეროდ, მათი სპექტაკლიდან ხვდებით, რომ ცოტათი მაინც არიან ახლოს დასავლეთის სხვადასხვა საცეკვაო კომპანიისაგან მიღებულ გამოცდილებასთან.

„გიჟების“ შემხედვარე თეატრალს გარკვეული ოპტიზმიზმიც ებადება - ვინძლო ახალი ქორეოგრაფიული ანბანის ათვისების მცდელობამ შედეგი გამოიღოს და მომავალში „ფიზიკური თეატრის“ არეალი გაფართოვდეს. როგორც მსოფლიო და ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, მზარდი წარმატება ოცდამეერთე საუკუნის თეატრში სწორედ ამ უცნაურ (ოღონდ ჩვენთვის) თეატრალურ ენაზე „მოსაუბრე“ კოლექტივებს ან პიროვნებებს უკავშირდება.

0x01 graphic

„იმპრო-არტის“ დანარჩენი სპექტაკლებიც - „ბიდსტრუპის კარიკატურები“, ან „მარჯვნივ ან მარცხნივ“, „ჩემოდანი“, „ეტიუდები“ - სანიმუშოდ განსხვავდება პანტომიმის სამუზეუმო ჟანრისგან. სიტყვამ მოიტანა და, აღვნიშნავთ, რომ ერთადერთი, ვინც მანამდე შეძლო ამ „მუზეუმის“ მაგიური ტყვეობისგან გათავისუფლებულიყო, „სინეტიკ თეატრია“ - ცნობილი ქართული დასი, რომელიც ასევე „ფიზიკური თეატრის“ თავისებურებებს ითვისებს. „სინეტიკი“ პაატა ციქურიშვილის („პანტომიმის პატრიარქის“ - ამირან შალიკაშვილის ყოფილი მოსწავლე) ქორეოგრაფიითა და ხელმძღვანელობით, დიდი ხანია, ამერიკული თეატრალური კულტურის ნაწილია.

ეს გარღვევა 90-იანი წლებიდან დაიწყო და იმდენად წარმატებულად, რომ „სინეტიკ თეატრი“ რამდენიმე პრესტიჟული თეატრალური პრემიის მფლობელი გახდა. თუმცა, მას სულ უფრო ნაკლები შეხება აქვს ქართულ კულტურასთან. ამ თვალსაზრისით პერსპექტივა უფრო აქვს „იმპრო-არტს“, რომლის შემოქმედებაში ეროვნულ-კულტურული არქეტიპები ათვისებულ ევროპულ გამოცდილებას კარგად ერწყმის. მომავალში მათი შემოქმედებითი ოპტიმიზმი რომ ვირწმუნოთ (ანუ პირველი არხის ენით - ცხოვრება მშვენიერი რომ გახდეს), თავად უნდა მოგვცენ მყარი საფუძველი. მათ ხელ-ფეხ გარჯილობას მეტი თავისუფლება, ცოდნა და დახვეწილობა, ხოლო წარმოდგენებს მეტი სითამამე და სიღრმე ეტყობოდეს. ეს ისე, რიგითი თეატრალის გულითადი რჩევა. წინააღმდეგობისა და სირთულის მიუხედავად, ყველაფერი ისევ მათ კრეატიულობას (მარტივად მარიფათს) და შემოქმედებით ფანტაზიას უკავშირდება.

0x01 graphic

სცენა სპექტაკლიდან „ან მარჯვნივ, ან მარცხნივ”

0x01 graphic

სცენა სპექტაკლიდან „ბიდსტრუპის კარიკატურები“

ოპტიმიზმზე გამახსენდა: თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მომავალ წელს „იმპრო-არტი“ ევროპის რამდენიმე ქალაქში მსოფლიო პრემიერას გამართავს. „ანგელილა“ - ამ უცნაური სახელწოდების, სინთეზური ჟანრის სპექტაკლს მაყურებელი 2009 წლის მეორე ნახევარში იხილავს ბერლინში, მიუნჰენში, ლონდონსა და ჰამბურგში. სიძნელეებისა და მრავალი ჩაშლილი პროექტის მიუხედავად, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება, “იმპროს” გოგო-ბიჭები ამისათვის სერიოზულად ემზადებიან.

თეა მამუკელაშვილი: ძნელია წინასწარ თქმა, რა გამოგვივა, მაგრამ ახალი სპექტაკლი გაცილებით უფრო მასშტაბური და საინტერესო ფორმის იქნება, თუნდაც სინთეზური თეატრალური ენის გამო. ეს არის ზღაპრის, ვიზუალური ხელოვნების, ცეკვის და პერფორმანსის შეერთების მცდელობა, რომელიც ერთდროულად მოერგება აკადემიურ სცენასაც და მოედანსაც. სპექტაკლი-ზღაპარი ყოველთვის უფრო მეტაფორულია, რითაც შორდება პროზაულ ყოფას, ყოველდღიურობას, სისასტიკეს...

ანგელოზის ცხოვრება ისევე სავსეა მოულოდნელობით, როგორც ყოველი ადამიანის დაბადება თუ სიყვარული. გვინდა, რომ პროექტი უფრო ღრმა, ინტერნაციონალური გავხადოთ და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა ტიპის მსახიობებმა თუ მოცეკვავეებმა მიიღონ; ანუ თავად სპექტაკლი გახდეს ქართული და უცხოური კულტურების ერთგვარი შერწყმა, რაც გაამდიდრებს ჩვენს შეხედულებებს და წარმოდგენას. მსურს, მაყურებელი აქტიურად ჩაერთოს მოქმედებაში, გამოვიყენოთ ახალი გამომსახველობითი საშუალებები მსახიობის მსხვილი ხედის, ანუ შინაგანი სამყაროს დასანახად. ჯგუფში ძალიან კეთილმოსურნე და სამუშაო ატმოსფეროა, რაც ერთგვარ კომფორტს მიქმნის. ეს შედეგზე უსათუოდ აისახება. სპექტაკლი იქნება ჩვენი განცდების, ხილვების და ძიების ოქროს კვეთი; ერთგვარი გადაკვეთა თუ გაპაექრება დროსთან, რომელმაც ბევრი ტკივილიც მოგვიტანა. მაგრამ მთავარია, სიახლისა და შრომის სურვილი არ დავკარგოთ, რომლის შენარჩუნებასაც გიორგი სოსანი ცდილობს (იდეის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი - ..)

P.S „იმპრო-არტის“ დამფუძნებლებთან ამ საუბრის, ოპტიმისტური სურვილის და წინასაშობაო განწყობის გათვალისწინებით, ძნელია, რაიმე მომცრო ან უხალისო შენიშვნა წამოგცდეს. მით უმეტეს, მათ დიდი გარჯა მოუწევთ, შემდეგ კი პრემიერა ელით. ხოლო თუ სერგეი ეიზენშტეინი, რატომღაც, მაინც მართალია და ბალეტი „პლასტიტუციია“, მაშინ თანამედროვე ცეკვის თეატრი, სულ მცირე, „პლასტიტუციის რეკონსტრუქცია“ მაინც იქნება... ისე, „ანგელილას“ საერთაშორისო-თეატრალურ გამოცხადებას ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით.

24 ლ. დ. ტროცკი, ანუ რევოლუციის პოეტიკა

▲ზევით დაბრუნება


ესეი

ავტორი: გიორგი მაისურაძე

0x01 graphic

0x01 graphic

„ძეგლი დავიდგი...“
(ნარცისისტული შესავალი)

EXEGI MONUMENTUM... ჰორაციუსი

25 ოქტომბერს გვიან ღამით დავბრუნდი სახლში, დაძინებამდე კომპიუტერი ჩავრთე და „თბილისის ფორუმზე“ შევედი. საკმაოდ კარგ ხასიათზე ვიყავი და მინდოდა ჩემი განწყობა რაიმე პათეტიური ფორმით გადმომეცა. უცებ გამახსენდა, რომ დღეს ძველი სტილით ოქტომბრის რევოლუციის 91 წლისთავი იყო და ახლა უკვე მისი უშუალო ორგანიზატორის ლევ ტროცკის დაბადების დღეც დაიწყო, რომელმაც, როგორც ამბობენ, - რევოლუცია საკუთარი დაბადების დღის საჩუქრად მოახდინაო. ეს ფაქტი საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე და მას შემდეგ ამ თარიღის მიმართ გულგრილი ვეღარ ვარ. ეს ჩემში განცვიფრებასთან ერთად უზარმაზარ ირონიასაც იწვევს ისტორიის რაციონალური გაგების იდეის მიმართ. თითქოს ყველა მოვლენა საყოველთაო კანონზომიერებით იყოს გამოწვეული და რომელიღაც უხილავი აბსოლუტური გონის ლოგიკით იმართებოდეს: შემთხვევა, რომელმაც მსოფლიო ისტორიის დინება რადიკალურად შეცვალა, საკუთარი დაბადების დღის ორიგინალურად აღნიშვნის სურვილით იყო მოტივირებული! აქვე ჩნდება რევოლუციის სუბიექტი - იუბილარი, რომელიც საკუთარ დაბადებას, ჰორაციუსის ცნობილი სიტყვებით რომ ვთქვათ, ძეგლს უდგამს! შეიძლება კი უფრო დიდი საჩუქრის წარმოდგენა პროფესიონალი რევოლუციონრისთვის, ვიდრე საკუთარი დაბადების დღის მსოფლიოს ისტორიაში ერთერთ უდიდეს რევოლუციასთან გაიგივება? მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მხოლოდ საჩუქართან ან თუნდაც ძეგლთან, რომელიც „პირამიდებზე მაღალი და მარადიულია“, არამედ ერთგვარ „კვლავდაბადების მისტერიასთან“, რომელიც ახალ „შესაქმის აქტს“ ემთხვევა და საიდანაც ახალი დროის ათვლა უნდა დაიწყოს. ამაზე ფიქრისას უცებ პირველად დავინტერესდი იმით, თუ რამდენი წელი შეუსრულდა ტროცკის 1917 წელს 26 ოქტომბერს, როდესაც ჯერ კიდევ ღამის 2 საათზე მან რევოლუციის გამარჯვება პეტროგრადის საბჭოს წევრებს აუწყა და თავისი დაბადების დღე ავრორას ზალპებით აღნიშნა? ჩემი „აღმოჩენა' სრულიად გამაოგნებელი იყო პირადად ჩემთვის: ტროცკი 38 წლის იყო, ანუ ზუსტად იმდენის, რამდენისაც მე ახლა ვარ. ამ „აღმოჩენამ“ ძალაუნებურად ერთი ცნობილი ისტორია გამახსენა: ერთხელ ჯერ თითქმის უცნობმა იულიუს კეისარმა ალექსანდრე მაკედონელის მონუმენტი ნახა, რამაც იგი ისე დაამწუხრა, რომ ტირილი აუტყდა: კეისარს გაახსენდა, რომ იგი 33 წლის იყო. ალექსანდრეს, რომელიც მის ასაკში გარდაიცვალა, უკვე თითქმის მთელი იმდროინდელი სამყარო ჰქონდა დაპყრობილი, კეისარი კი სამშობლო-რომიდან გადახვეწილი ერთი რიგითი პოლიტიკოსი იყო. მე კიდევ ერთ დროს რევოლუციონრობაზე მეოცნებე, 38 წლისა შორეულ ბერლინში ვარ და თბილისის ფორუმზე „ვპოსტავ“... ამიტომაც გადავწყვიტე, რომ, ტირილის ნაცვლად, ამესრულებინა ჩემი დიდი ხნის სურვილი და ტროცკიზე დამეწერა - ადამიანზე, რომლის მიმდევრადაც, ანუ ტროცკისტად, საკუთარი თავის გამოცხადება, სულ ცოტა ათი წელი მაინცაა, აკვიატებულ იდეად მაქვს ქცეული. როდესაც 1998 წლის 6 მაისს კინოს სახლში გამართულ ერთ „ტროცკისტულ“ შეკრებაზე ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე, იმავე ღამეს ერთმა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც მაშინ ამომავალი ქართული ლიბერალიზმის სათავეებთან იდგა და გათენებამდე მარწმუნებდა, რომ ჩემი „გატროცკისტება“ ყოვლად უაზრო, სულელური და არაპროდუქტიული ეპატაჟია. მე ამ მოსაზრებამ დამაფიქრა, მაგრამ ვერ დამარწმუნა, რადგანაც იმას, რაც გამიზნულ ეპატაჟად გამოიყურებოდა, ჩემთვის ერთგვარი ინტიმური განცდის სახე ჰქონდა, რომელიც საკმაოდ დიდი ინტენსიობით მმუხტავდა. ორი-სამი წლის შემდეგ ერთმა ფსიქოანალიტიკოსმა მეგობარმა ისიც კი მითხრა, - ტროცკი შენ „იდეალურ მედ“ წარმოგიდგენია და მასთან საკუთარ თავს აიგივებ, საქართველოდანაც ამ მიზეზით გამოიქეცი, რათა თავი ტროცკივით დევნილად წარმოიდგინო და ამ გზით ნარცისული ტკბობაც მიიღოო. მე კიდევ ვუმტკიცებდი, რომ „ლტოლვილობა“ და „უსამშობლობა“ სამშობლოს და მშობლიური ენის დიქტატისგან აზროვნების გათავისუფლების რევოლუციური საშუალებაა, რომელიც პერმანენტულად უნდა ხდებოდეს, თორემ თუ ერთ ადგილას გაწყდა და დამიწდა, მაშინვე რეაქციონერულ ჭაობად გადაიქცევა. თუ ფროიდელებისათვის რევოლუცია პერვერსიის, ანუ განდევნილისა და რეპრესირებულის ამბოხით იწყება, მისი „ლიბერალიზაციით“ - ანუ ამ პერვერსიად წოდებულის აღიარებით და ინტეგრაციით მთავრდება, სადაც ერთ დროს თავად ჩაგრული, მჩაგვრელთა რიგებს უერთდება. ამიტომაც, საჭიროა ფროიდო-ტროცკიზმი - პერმანენტული რევოლუცია საკუთარი ცნობიერების წინააღმდეგ, მასში იმ სტრუქტურების მოსარღვევად, რომლებიც ძალაუფლებისა და ჰეგემონიისათვის ბრძოლისაკენ გვიბიძგებენ. მოკლედ, გვიყვარდეს პერვერსიები ჩვენი და ვაკურთხებდეთ იმათ, ვინც გაგვაპერვერსიულა, ხოლო ავუჯანყდეთ და დავანგრიოთ ის სისტემა, რომელიც ჩვენი სურვილების პერვერსიად დეკლასირებას ცდილობს და მათ ასრულებაში ხელს გვიშლის. და თუ „პერვერსია ნევროზის ნეგატივია“, როგორც ამას ფროიდი ამტკიცებდა, ამით კაცობრიობასაც ნევროზებისგან გავათავისუფლებთ.

0x01 graphic

ჩემი ფსიქოანალიტიკოსი მეგობრის დასკვნა ასეთი იყო: ტროცკი ნევროტული ფორმით გამოხატული ჩემი რომელიღაც პერვერსიის სიმპტომია. ჰოდა, ვინაიდან საუკეთესო ფსიქოთერაპიული საშუალება საკუთარი სურვილებისა და ფანტაზიების სიმბოლური გამოსახვაა, იმანაც მირჩია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩემი „ნევროტული“ თვითიდენტიფიკაციის ფიგურაზეც დამეწერა, რათა, როგორც ერთ რუსულ ფილმშია, - „помечтать о чем нибудь великом.“

რევოლუციის მეტა-ფიზიკა „თუ ყოფიერება შეწყვეტს არსებობას როგორც სტიქია, მაშინ მას ხმა ჩაუწყდება.“ ლევ ტროცკი

არსებობს გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომელთა მიკუთვნებულობა მათ პროფესიებთან ან სამოღვაწეო სფეროებთან სრულიად პირობითი და, შეიძლება ითქვას, არაფრის მთქმელი და უფრო მეტად გაუგებრობის შემომტანია ამ პიროვნებათა ფენომენის გასაგებად. ასე მაგალითად, არაფრის მთქმელია ფროიდზე მსჯელობისას სერიოზული დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად მართებულია „ოიდიპოსის კომპლექსის“ არსებობის ფროიდისეული იდეა და შეიძლება თუ არა მისი ექსპერიმენტული დასაბუთება. ასეთი დამოკიდებულება ფროიდის იდეების სამომხმარებლო და სარგებლიანობის სფეროში გადატანას ნიშნავს, რისი საფუძველიცაა ფროიდის მთლიანად ფსიქოლოგად კვალიფიკაცია და მისი ამ პერსპექტივიდან დანახვა, მაშინ, როდესაც თავად „ოიდიპოსის კომპლექსს“, როგორც იდეას ან მეტაფორას, არავითარი საერთო არ აქვს ემპირიულ მეცნიერება ფსიქოლოგიასთან და მისი გაგებაც ამ მეცნიერების ჩარჩოებში უბრალოდ შეუძლებელია. თუმცაკი, თავად ფროიდი საკუთარ თავს, პირველ რიგში, ექიმად აღიქვამდა, რომელსაც თავისივე შექმნილი მეტა-ფსიქოლოგიით, რაც უკვე ემპირიული საზღვრების გარეთ გასვლას გულისხმობს, ადამიანების სულიერი ტკივილებისგან გათავისუფლება უნდოდა. ეს კი, პოზიტიურმეცნიერული თვალსაზრისით, სრული პარადოქსია. სფეროთა ასეთი აღრევის გამო, აკადემიური სამყაროც და ოფიციალური მედიცინაც მას ეჭვით უყურებდა: მისი ერთი ცნობილი, თანამედროვე ოპონენტის აზრით, ფროიდის ფსიქოანალიზი მეტაფიზიკაა და მისი მეშვეობით ადამიანების მკურნალობა არა მედიცინის, არამედ ჯადოქრობის სფეროს მიეკუთვნება. თუმცა, მოგვიანებით ფროიდის აღმოჩენებს ახალი „კოპერნიკული რევოლუცია“ ეწოდა, რომელმაც სამყაროს სურათი და მისი დანახვის ტრადიციული პერსპექტივები რადიკალურად შეცვალა.

ადამიანთა ამავე ტიპის კატეგორიას, თუმცა სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან, მივაკუთვნებდი პროფესიონალ რევოლუციონერს, ოქტომბრის რევოლუციის უშუალო ორგანიზატორსა და საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ფუძემდებელს, ლევ ტროცკის. მისი საკუთარ პროფესიულ სფეროსთან არაადეკვატურობის მთავარი ნიშანი კი ისაა, რომ მას, განსხვავებით სხვა ცნობილი რევოლუციონრებისაგან, არა მხოლოდ პოლიტიკური წესრიგის, არამედ სამყაროს მეტაფიზიკური კანონების რევოლუციური გზით შეცვლა უნდოდა. ასეთ ვითარებაში მიზნები სამოღვაწეო სფეროს არათანაზომადი ხდება, რაც არა რეალობის ვერ დანახვით ან მისი გრძნობის დაკარგვითაა გამოწვეული, არამედ პირიქით, მისი აღიარებითა და მის წინააღმდეგ ამბოხისა და მისი დაძლევის სურვილით. რევოლუცია, რომელიც პერმანენტულად მიმდინარეობს, არათუ ერთი რომელიმე ქვეყნის გეოგრაფიული საზღვრებით ვერ შემოიფარგლება, არამედ მთელი სამყაროს გეოგრაფიითა და ფიზიკით: ის ბუნების კანონებს მისსავე გარდასაქმნელად იყენებს, მის გარეთ გადის და მასში ქირურგიული ჩარევით სამყარო ახალ შესაქმემდე მიჰყავს, რომელიც თვისობრივად უნდა განსხვავდებოდეს აქამდე არსებულისაგან. „ლიტერატურასა და რევოლუციაში“ ტროცკი წერს: „ყოფიერების კომუნისტური ფორმა მარჯნის რიფივით შემთხვევით კი არ წარმოიქმნება, არამედ ცნობიერად აშენდება, იდეებით გადამოწმდება, დაიხვეწება და შესწორდება“. ყველა მემარცხენე ტენდენცია, რომელიც ტრადიციისადმი დაუმორჩილებლობით, მისგან გადახვევით, მუდმივი ინოვაციითა და შესწორებით გამოიხატება, ტროცკისთან სრულიად აბსოლუტურ ხასიათს იღებს: ახალი სამყარო, ყოფიერების ახალი ფორმა, ადამიანებმა უნდა შექმნან, მაგრამ ამისათვის ჯერ თავად ადამიანია თავიდან შესაქმნელი. ამდენად, ტროცკისთვის რევოლუციის მთავარი მიზანი ანთროპოგონიაა, სადაც შემოქმედი არა ღმერთი ან რომელიმე ტრანსცენდენტული ძალა, არამედ თავად ადამიანი იქნება.

ადამიანი, ისევე, როგორც ყოფიერება, აღარ უნდა იყოს ვიღაცის ან რაღაცის შემთხვევითი პროდუქტი, არამედ მანაც სამყაროს შექმნამდე საკუთარი თავი უნდა შექმნას. ამით ტროცკი ევოლუციური პროცესის აქტიურ გაგრძელებას გულისხმობს, რომელიც ადამიანის ჩარევით უნდა განახლდეს. განახლებულ ევოლუციას არა რომელიმე ახალი სახეობის წარმოქმნამდე, არამედ ადამიანის თვისობრივ გარდაქმნამდე მივყავართ, რაც სოციალური ჩაგვრისგან თავისუფალი უკლასო საზოგადოების საფუძველი და გარანტი იქნება. სანამ ტროცკის ამ კონცეფციას განვავრცობდეთ, დავუბრუნდეთ ოქტომბრის რევოლუციის პრაქტიკულ მხარეს და მისი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის საქმიანობას, რომელიც არანაკლებ ექსცენტრიულია, ვიდრე მისი თეორიები.

0x01 graphic

ზიგმუნდ ფროიდი

„წითელი ბონაპარტი“ და მესიანური ტერორი

„ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი. ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი“. მათე 20:16 „პირველად იყო საქმე.“ გოეთე

გოეთეს „ფაუსტიდან“ ამ სიტყვებით მთავრდება 1913 წელს გამოსული ზიგმუნდ ფროიდის წიგნი „ტოტემი და ტაბუ“, რომელშიც ფროიდმა რევოლუციების ერთგვარი პროტოტიპი აღწერა. ესაა ფროიდისავე შეთხზული „დიდი მამის“ (Urvater) მითი, რომლის თანახმადაც, პირველყოფილ საზოგადოებაში არსებობდა „დიდი მამა“, რომელიც ტომის ყველა მდედრ წევრს ისაკუთრებდა და საკუთარ ვაჟიშვილებს კასტრაციით ემუქრებოდა, თუკი ისინი მის მფლობელობაში მყოფ ქალებს შეეხებოდნენ. ამის გამო, ვაჟიშვილებმა შეთქმულება მოაწყეს და დიდი მამა მოკლეს. იმისათვის, რომ მთელი ძალაუფლება ისევ ერთი ადამიანის ხელში არ ჩავარდნილიყო, აიკრძალა ინცესტი და დაწესდა მონოგამიური ურთიერთობები. ამით საზოგადოებრივი ურთიერთობის ახალი პარადიგმა და ახალი „პოლიტიკური“ წესრიგიც დამყარდა. ყურადღებამისაქცევია ის მომენტი, რომ ფროიდი ასეთი მოდელის შექმნით ძალაუფლებისა და სიამოვნების ფაქტორებს ერთმანეთს უქვემდებარებს: ძალაუფლება სიამოვნებაზე უფლებას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ფროიდის ამ იდეას თითქმის არანაირი ეთნო თუ ანთროპოლოგიური საფუძველი არ ჰქონია, „დიდი მამა“ და მისი „კოლექტიური მკვლელობა“ მომენტალურად უამრავი სამეცნიერო და ლიტერატურული ინტერპრეტაციის პოპულარულ თემად იქცა. ბევრმა იმდროინდელმა ინტელექტუალმა იგი აბსოლუტიზმების მოახლოებული ნგრევის ალეგორიად გაიგო, რაც პოლიტიკურ დონეზე სულ სამ-ოთხ წელიწადში განხორციელდა კიდეც. 1917-18 წლებში რევოლუციური გზით დაინგრა მსოფლიოს ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი იმპერია: რუსეთი, გერმანია, ავსტრო-უნგრეთი და ოსმალეთი და მათ ნანგრევებზე მრავალი ახალი სახელმწიფო გაჩნდა, რომლებიც თავიანთი რესპუბლიკური მმართველობის ფორმით ერთმმართველობის პრინციპზე უარს ამბობდნენ, რაც ხალხის უფრო დიდი მასების ხელისუფლებაში თანამონაწილეობას შესაძლებელს ხდიდა. „ხალხი“ - ესაა საშუალო ფენა, ბიურგერობა, წვრილი მეწარმეები და მესაკუთრეები, რომელთა მიზანიც რევოლუციაში თავიანთი საკუთრების დაცვისა და გაზრდის გარანტიებია. აქედან გამომდინარე, ეს ფენა ლიბერალიცაა და ტრადიციონალისტიც, რომელსაც ყველაზე მეტად რადიკალური ცვლილებებისა და სიახლეების ეშინია, რათა ის მცირედი საკუთრება, რომელიც მას აქვს, არ დაეკარგოს და ამით თავის არსებობას, რომელიც რაღაცის ფლობაზეა დამყარებული, საფრთხე არ შეუქმნას. სამყაროს შეცვლისათვის ბრძოლა კი მხოლოდ იმას შეუძლია, ვისთვისაც ყოფიერება რაღაცის ფლობასთან არ იგივდება, თუნდაც იმიტომ, რომ მას რაიმეს ფლობისა თუ ქონების გამოცდილება არ გააჩნია და თავად იმყოფება სხვის მფლობელობაში. ასეთი რევოლუციური პოტენციალის მქონე ძალაა პროლეტარიატი, რომელსაც მარქსი და ენგელსი მსოფლიოს დაპატრონებას უწინასწარმეტყველებენ: „დაე ძრწოდნენ მმართველი კლასები პროლეტარული რევოლუციის შიშით. პროლეტარებს კი მასში არაფერი აქვთ დასაკარგი, გარდა ბორკილებისა. მსოფლიო მათი მოსაპოვებელია.“ „პროლეტარიატის“ ცნება უკვე მარქსთანვესცილდება სოციალური კლასის აღმნიშვნელის ფარგლებს და ერთგვარი ფენომენოლოგიური პროექტის სახეს იღებს: ადამიანი, რომელსაც მისი იდენტურობის განმსაზღვრელი გარე ატრიბუტები ჩამოცლილი აქვს, ანუ ერთგვარი „სუფთა“ სახის ადამიანი, რომელსაც მესიანური დანიშნულება ენიჭება, რათა მისი მეშვეობით სამყარო პირველქმნილ სისუფთავესა და უმანკოებას დაუბრუნდეს. ამით მარქსი და მისი მიმდევრები აცოცხლებენ ადრექრისტიანულ საყოველთაო თანასწორობის ევქარისტიულ პრინციპს, რომელიც ყველაზე ცხადად პავლე მოციქულის სიტყვებშია გამოხატული: „აქ არავინაა არც ებრაელი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამაკაცი და არც ქალი, რადგანაც თქვენ ყველანი ერთნი ხართ იესო ქრისტეში“ (გალატელთა მიმართ 3:28). მაგრამ ვინაიდან მარქსიზმში ტრანცენდენტული ინსტანცია იესო ქრისტეს სახით არ არსებობს, რომელიც მის რწმენაში გაერთიანებულებს სასუფევლისაკენ გაუძღვებოდა, საჭირო ხდება პროლეტარიატის დიქტატურის დამყარება, რადგანაც სამყაროს რადიკალური ტრანსფორმაცია და მისთვის პირველქმნილი სისპეტაკის დაბრუნება, რომელიც პროლეტარიატის შეურყვნელი ხატის მიხედვით უნდა განხორციელდეს, ხელისუფლების სხვებისთვისაც დემოკრატიულად განაწილებით ვერ მიიღწევა. კომუნისტები აქაც ისეთივე უკომპრომისოები არიან, როგორც თავის დროზე სახელმწიფო რელიგიის რანგში აღზევებული ქრისტიანობა, რომელიც „წარმართების“ წინააღმდეგ ცეცხლსა და მახვილს არ იშურებდა. საერთოდაც, ახალი სამყაროს შექმნა, ნებისმიერი კოსმოგონია, ძალადობრივი აქტია, რომელიც ახლის მიერ ძველის განადგურებას გულისხმობს. ასევე ფიქრობენ ბოლშევიკებიც და მათი ერთ-ერთი ლიდერი ლევ ტროცკი, რომელიც თავის ტრაქტატში „ტერორიზმი და კომუნიზმი“ „წითელ ტერორს“ თეორიულ ახსნაგამართლებასაც უძებნის: „Террор бессилен - и то лишь в „последнем счете“ - если он применяется реакцией против исторически поднимающегося класса. Но террор может быть очень действителен против реакционного класса, который не хочет сойти со сцены. Устрашение есть могущественное средство политики, и международной и внутренней. Война, как и революция, основана на устрашении. Победоносная война истребляет по общему правилу лишь незначительную часть побежденной армии, устрашая остальных, сламывая их волю. Так же действует революция: она убивает единицы, устрашает тысячи. В этом смысле красный террор принципиально не отличается от вооруженного восстания, прямым продолжением которого он является“. 1918 წელს ტროცკი ხდება საბჭოთა რუსეთის ომის საქმეთა პირველი სახალხო კომისარი და დროის უმოკლეს ხანაში ქმნის „წითელ არმიას“, რომლის ფუნქციაც, მისი აზრით, არა მხოლოდ რევოლუციის დაცვა, არამედ მისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექსპანსიაცაა. ტროცკი, რომელსაც ელემენტარული სამხედრო განათლებაც კი არ მიუღია, ხელმძღვანელობს სამოქალაქო ომში მთელი წითელი არმიის საბრძოლო ქმედებებს და ამარცხებს იმ დროს საუკეთესოდ გაწვრთნილ და შეიარაღებულ პროფესიულ არმიებს, რის გამოც, მას „წითელ ბონაპარტს“ უწოდებენ. ასეთ წარმატებებს ტროცკი არა სამხედრო საქმის ცოდნით აღწევს, არამედ, სპეციალისტების აზრით, ხშირად სრულიად აბსურდული ქმედებებით, რომელიც მოწინააღმდეგესაც აბნევს და საბოლოო ჯამში ყველაფერი წითელი არმიის გამარჯვებით მთავრდება. ამასთანავე ტერორითა და დაშინებით ახერხებს თავად თეთრგვარდიელი სამხედრო სპეციალისტების საბჭოთა სახელმწიფოს სამსახურში ჩაყენებას და მათი საკუთარი შეხედულებების წინააღმდეგ იარაღით ბრძოლას. თუმცაკი, მისი ზოგი იდეა იმდენად სცილდება რეალობის ფარგლებს, რომ ტროცკის შესაჩერებლად ლენინსაც კი მთელი პოლიტბიუროს მობილიზება უხდება. ასე მაგალითად, 1919 წელს ტროცკი გამოყოფს 30 ათას წითელარმიელ კავალერისტს და ინდოეთში შესაჭრელად, იქ პროლეტარიატის დიქტატურის დასამყარებლად ემზადება. მისი აზრით, წითელი არმია ვალდებულიც კია მსოფლიო პროლეტარიატის წინაშე, რათა თავისი ექსპანსია დედამიწის ყველა მიმართულებით გააგრძელოს, ამით მსოფლიო რევოლუცია განახორციელოს და ახალი სამყარო წესრიგი დაამყაროს. 1918 წელს შექმნილ ერთ პლაკატზე ტროცკი ცხენზე ამხედრებულ წმინდა გიორგიდაა გამოსახული, რომელიც კონტრრევოლუციის ურჩხულს თავს უპობს. ეს იკონოგრაფია ზუსტად გამოხატავს იმ როლს, რომელსაც ტროცკი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყოფიერების სტიქიაში“ ასრულებს: სამოქალაქო ომი - ესაა კოსმოგონიური პროცესი, რომელმაც ძველი, „ქაოტური“ და „ბნელი“ სამყარო უნდა გაანადგუროს და, მის ნაცვლად, სიცხადესა და ჰარმონიაზე დამყარებული ახალი კოსმოსი შექმნას, რომელშიც თანასწორობა და უსაზღვრო შემოქმედებითი თუ ექსისტენციური თავისუფლებები დაისადგურებენ. ამ იდეალური სამყაროს ასაშენებლად კი იგი სამეცნიერო თუ პოეტური მეთოდებით ახალი ადამიანის გამოყვანაზე მუშაობას იწყებს.

გაწმენდა ზემოდან ქვემოთ ანუ ფროიდო-ტროცკიზმი

Ленин и Троцкий гуляли в кремлёвском саду. Троцкий пригнулся чтобы понюхать цветочек и сказал, что любит лето. А Ленин ответил: „Лев Давидович, вы и в этом неправы, уделяя природе такое внимание“. ძალიან ძველი საბჭოთა ანეკდოტი.

თუ საბჭოთა სახელმწიფოს ფუძემდებელთა უმეტესობისათვის პროლეტარიატის დიქტატურა ერთადერთი სწორი პოლიტიკური სისტემა და რევოლუციის მთავარი მიზანია, ტროცკისთვის იგი მხოლოდ დროებითი ეტაპი და საშუალებაა უკლასო საზოგადოების შესაქმნელად. ამდენად, იგი „პროლეტკულტურის“ გამოგონების წინააღმდეგიცაა. მას იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო - ვენის უნივერსიტეტში აქვს განათლება მიღებული, თავისუფლად ფლობს რამდენიმე ევროპულ ენას, კარგად იცნობს კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებას. თვით სამოქალაქო ომის დროსაც კი ტროცკი პოულობს დროს ლიტერატურული სალონების მოსაწყობად, სადაც იგი თავად კითხულობს პუშკინისა და ბლოკის ლექსებს და მისი ქარიზმით გაბრუებულ მანდილოსნებსა და ინტელექტუალებს ხელოვნებასა თუ ფილოსოფიაზე ესაუბრება. ასეთ ვითარებაში იგი დაუახლოვდა ალექსანდრა კოლონტაის და „თავისუფალი სიყვარულის“, სექსუალური თავისუფლებისა და პოლიგამიის კოლონტაისეული იდეების აქტიურ მხარდამჭერად იქცა. ამან კი შესაძლებელი გახადა ის, რომ 20-იანი წლების დასაწყისის საბჭოთა რუსეთი სექსუალური თავისუფლების ურადიკალურესი ექსპერიმენტების ადგილად გადაიქცა. ტროცკი ვენის უნივერსიტეტში სწავლისას გაეცნო ფროიდის მოძღვრებას, პირადად იცნობდა ფსიქოანალიტიკოს ალფრედ ადლერს და ძალიან სწრაფად მისი ზეგავლენის ქვეშაც მოექცა. ფსიქოანალიტიკური ცოდნა მას საშუალებას აძლევს იფიქროს, რომ ადამიანის სულიერი ტკივილების მიზეზი დათრგუნული სექსუალური სურვილებია, რომლებიც არაცნობიერი ფსიქიკის რეპრესიული აპარატით ხორციელდება. ტროცკი, როგორც რევოლუციონერი, თავს ვალდებულად გრძნობს, რათა ებრძოლოს რეპრესიულ სისტემებს, რომლის განსახიერებაცაა ტრადიციული ბურჟუაზიული ოჯახი, აგებული პატრიარქალურ პრინციპებსა და მონოგამიაზე, რომელიც თავის მხრივაც მხოლოდ რეპრესიულ ფსიქიკას ანვითარებს. ამიტომაც ადამიანმა უნდა გაითავისუფლოს თავი იმ ცრურწმენებისგან, რომელსაც ფსიქოანალიტიკოსი და „სექსუალური რევოლუციის“ პირველი თეორეტიკოსი ვილჰელმ რაიხი „თავსმოხვეულ რეპრესიულ მორალს“ უწოდებს და არ რცხვენოდეს საკუთარი სექსუალური სურვილებისა, რაოდენ „უცნაური“ და „არატრადიციული“ სახისაც არ უნდა იყოს ისინი. ტროცკის გაცნობიერებული აქვს ძალაუფლების, როგორც სიამოვნებაზე უფლების არსი და უკლასო საზოგადოებაში, სადაც არავინ არავის აღარ ჩაგრავს, რეპრესიებმოცილებული სექსუალური თავისუფლება უნდა ზეიმობდეს, რომელიც სურვილების არა ჩახშობისაკენ იქნება მიმართული, არამედ მათი რეალიზების საშუალებებს შექმნის. ეს კი საბოლოო ჯამში ახალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული თავისუფალი საზოგადოების გარანტი გახდება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თავად ვილჰელმ რაიხს საბჭოთა კავშირში სტალინის დიქტატურის გამარჯვებისა და ტოტალიტარული სისტემის დამკვიდრების მიზეზად იქ 20-იანი წლების ბოლოს შეჩერებული სექსუალური რევოლუცია მიაჩნდა და უკვე ემიგრაციაში მყოფ ტროცკის ახალ თანამშრომლობას სთავაზობდა. თუმცაკი, ტროცკისთვის ფსიქოანალიზის მნიშვნელობა მხოლოდ სექსუალური რევოლუციით არ შემოიფარგლება: მისი რწმენით ამ მოძღვრებამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ახალი ადამიანის შექმნაში. იგი, ერთი მხრივ, მაქსიმალურად ხელს უწყობს საბჭოთა კავშირში ფსიქოანალიზის გავრცელებას: უშუალოდ მისი კურატორობით იქმნება ფსიქოანალიტიკური ცენტრები და ბავშვთა სახლები, ითარგმნება და გამოიცემა ფსიქოანალიტიკური ლიტერატურა, საიდუმლოდ ფინანსდება ფსიქოანალიტიკური ინტერნაციონალიც. ამასთანავე, ტროცკის შეაქვს საკუთარი კორექტივები ფსიქოანალიზში და მისგან, ფაქტობრივად, ახალი მოძღვრებისა თუ პრაქტიკული მეთოდოლოგიის შექმნას ცდილობს, რომელიც ახალი ადამიანის გამოყვანის იდეას უნდა დაექვემდებაროს. მისი ინოვაციები სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ ისეთ მნიშვნელოვან რუს ფსიქოლოგებზე, როგორებიც არიან ალექსანდრ ლურია და ლევ ვიგოტსკი, ხოლო გიორგი მალისის წიგნი „კომუნიზმის ფსიქოანალიზი“ ერთგვარ „ფროიდო-ტროცკისტულ“ მანიფესტადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, სადაც ამ „მოძღვრების“ მთავარი მიზანიცაა გაცხადებული: „ახალი საზოგადოება, რომლის ტკივილიანი დაბადების მომსწრენიც ჩვენ ვართ, ყველა ადამიანის ნებისმიერი სახის დაკმაყოფილების საშუალებებს შექმნის“, ისე, რომ აღარაფრის „განდევნა“ და სურვილებზე უარის თქმა საჭირო აღარ იქნება. ამისათვის კი მანამდე ადამიანის ცნობიერება უნდა გასუფთავდეს, რომელიც ტროცკის თავის ერთ-ერთ ყველაზე ექსცენტრულ ტრაქტატში - „მომავლის კულტურის შესახებ“, ასე წარმოუდგენია: „თავისი შემდგომი განვითარების მსვლელობაში ადამიანი საკუთარ თავის ზემოდან ქვემოთ გასუფთავებას ახორციელებს: ჯერ მოიცილებს ღმერთს, მერე სახელმწიფოს საფუძვლებს მეფისგან გაასუფთავებს, შემდეგ ეკონომიკის პრინციპებს მოაშორებს ქაოსს და კონკურენციას და ბოლოს უკვე საკუთარ შიდა სამყაროს გაწმენდს ყოველგვარი არაცნობიერისა და სიბნელისაგან“. ამ მასშტაბის უტოპია, ალბათ, სულ ცოტა მე-20 საუკუნეში მაინც, თავში არავის მოსვლია, რომლის ამოსავალი წერტილიც არანაკლებ პარადოქსულია: ტროცკის რწმენით, ყოველივე უკეთურის სათავე არაცნობიერია, რომლის ბნელ ინსტინქტებსაც შეცდომებამდე, გაუაზრებელ ქმედებებამდე და თვითნებობამდე მივყავართ, რისი მაგალითიც კაცობრიობის მთელი ბნელი წარსულია, რაც აღარ უნდა გამეორდეს. „ლიტერატურა და რევოლუციაში“ ტროცკი კიდევ უფრო რადიკალურ იდეალამდე მიდის: „ადამიანი ბოლოს და ბოლოს მიაღწევს თვითჰარმონიზაციას. [...] ის გაითავისებს იმის ნებას, რომ ნახევრად ცნობიერი და შემდგომ კი ასევე ქვეცნობიერი პროცესები, როგორიცაა სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, მონელება და განაყოფიერება საკუთარ ორგანიზმში დააოსტატოს და ისინი გონებისა და ნების კონტროლს საჭირო საზღვრებს დაუქვემდებაროს. სიცოცხლე, თვით ფიზიოლოგიაც კი, კოლექტიურ-ექსპერიმენტულად იქცევა“. ამით კი ადამიანი ევოლუციური ჩიხიდან გამოვა და განვითარებას გააგრძელებს. „ადამიანთა ახალი, გაუმჯობესებული სახეობის შექმნა - ესაა კომუნიზმის მომავალი ამოცანა“. თავად ადამიანმა კი საკუთარი თავი ნედლეულად, უკეთეს შემთხვევაში, ნახევარფაბრიკატად უნდა წარმოიდგინოს და მისგან ჰომო საპიენსის საუკეთესო ვარიანტი შექმნას.

რაოდენ უტოპიურად და აბსურდულადაც კი უნდა ჟღერდეს ეს იდეები, მათ საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონიეს არა მხოლოდ ადრესაბჭოთა, არამედ დასავლურ მოდერნიზმზეც: საკუთარი არაცნობიერის კონტროლის იდეა აიტაცა სალვადორ დალიმ, ხოლო ანდრე ბრეტონი და დიეგო რივერა 30-იან წლებში საკუთარ თავს ტროცკის მიმდევრებად აცხადებდნენ. ფსიქოანალიზის რევოლუციური გამოყენების ტროცკისეული იდეის შთაბეჭდილების ქვეშ იყო გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მანჰაიმი, რომელსაც ასეთი მოსაზრებები განმანათლებლობის იდეის უკანასკნელ და ურადიკალურეს გამოვლინებად მიაჩნდა. თავად ტროცკი კი იმდენად გაიტაცა საკუთარი წარმოსახვების სამყარომ, რომ ვერც კი დააფიქსირა, თუ როგორ გამოაცალა ძალაუფლება სტალინმა, რომელიც, მისივე დახასიათებით, იმ სიბნელესა და სიმხეცეს განსახიერებდა, რის აღმოფხვრასაც იგი სამეცნიერო თეორიებით ცდილობდა.

რეალობის პრინციპის დაბრუნება ანუ გაყიდული რევოლუცია

ფროიდის მეტაფსიქოლოგიაში ადამიანის „ფსიქიკური ხდომილება“ იმართება სიამოვნების პრინციპით ანუ „ეროსით“, რომელიც სიამოვნების მიღწევისკენაა მიმართული. მაგრამ სანამ მიზანს მიაღწევდეს, მას მთელ რიგ წინაღობებთან შეჯახება უხდება, რომლებიც მის პირვანდელ დინებას მიმართულებას უცვლიან. ამისი შედეგი კი ისაა, რომ საწყისი მუხტი უმეტეს შემთხვევაში შედეგს არ ემთხვევა. ამას ფროიდი „რეალობის პრინციპს“ უწოდებს. ეს პრინციპი ალეგორიულად „კონტრრევოლუციის“ ერთგვარ განსახიერებად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომელიც რევოლუციის გარდაუვალი მარცხის წინასწარი გარანტიაა, რაც უკვე თავად რევოლუციას რეალობის წინააღმდეგ ამბოხად, მასთან შეუგუებლობად და მასზე ძალადობად აქცევს. ის არა უცხო ძალის გარედან ჩარევით, არამედ თავად რევოლუციურის იმად გარდასახვით ხორციელდება, რომლის წინააღმდეგაც ერთ დროს თავად იყო მიმართული. ამ ტიპის უკან ვარდნა არა უბრალოდ ძველი რეჟიმის რესტავრაციას, არამედ მისი მოდერნიზებული და, ამდენად, კიდევ უფრო ქმედითი და ინტენსიური სახით დაბრუნებას გულისხმობს. ასე ხდება საბჭოთა კავშირში, როდესაც ხელისუფლებას სტალინი ეუფლება და არა მხოლოდ თავისუფლების რევოლუციამდელ ფორმებს, არამედ, პირველ რიგში, ყველა იმ ახალ გამოვლინებას სპობს, რომელიც სწორედ ოქტომბრის რევოლუციის შედეგად გაჩნდა. ამის უმთავრესი მიზეზი კი სტალინისეული საბჭოთა კავშირის იმპერიალიზმის რუსულ იდეასთან დაბრუნება იყო, რომელიც თავისი არსით იმპერიულობის იდეის სუროგატია. თავისთავად იმპერიულობის იდეა, რომელიც რომში გაჩნდა, პოლიტიკური უნივერსალიზმის პირველი განსახიერება იყო, სადაც ყოველგვარ ვიწრო-ეთნიკურ და კონფენსიურ სეპარატულობაზე მაღლა მოქალაქეობის უნივერსალისტური პრინციპი იდგა. რომის იმპერიის, როგორც მთელი სამყაროს სინონიმის მოქალაქეობა, კოსმოპოლიტობას ანუ სამყაროს მოქალაქეობას ნიშნავს. თავად ეს იმპერია კი სამყაროს მართავს ხალხის ანუ საკუთარი მოქალაქეების ნებითა და სახელით. საკუთარი რომაული მოქალაქეობით ამაყობს პავლე მოციქულიც და იგი რომში საკუთარი ახალი უნივერსალისტური მოძღვრების - ქრისტიანობის შანსს ხედავს, რომელიც ყოველი ადამიანის აბსოლუტურ თანასწორუფლებიანობას ქადაგებს. მაგრამ მოგვიანებით სწორედ საქრისტიანოში წარმოიშვა სეპარატიზმი და ნაციონალიზმი, რომლებსაც პირველი ქრისტიანები ებრძოდნენ და გმობდნენ. რუსეთის იმპერია ასეთი ძვრების პერიოდში წარმოიქმნა, სადაც იმპერიული თუ ქრისტიანული უნივერსალიზმის მისაკუთრება და ნაციონალიზაცია მოხდა. მე-19 საუკუნის იმპერიალიზმები უკვე არა უნივერსალიზმის, არამედ ნაციონალიზმის განსახიერებებია, რომლებიც მხოლოდ ერთი ერის ინტერესებს და სხვებზე გაბატონების სურვილებს ემსახურება. იმპერიალიზმის ამ ფორმას ყველაზე რადიკალურად ახალი უნივერსალისტური მოძღვრება - მარქსიზმი დაუპირისპირდა და პირველად ცხრამეტი საუკუნის შემდეგ მთავარ პრინციპად ისევ ადამიანთა აბსოლუტური თანასწორუფლებიანობა გამოაცხადა. მარქსისტული უნივერსალიზმიდან გამომდინარეობს მსოფლიო რევოლუციის იდეაც, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება ერთ რომელიმე ქვეყანაში აშენდეს სოციალიზმი, რადგანაც ის მთელი სამყაროს გამთლიანებისა და შეცვლისკენაა მიმართული და არა ერთი რომელიმე ხალხის საკუთრებაა. ამის განხორციელების მცდელობა საბჭოთა კავშირში ტროცკის დამარცხებით საბოლოოდ დასრულდა და მის ნაცვლად დიდრუსულ ნაციონალიზმზე, განმანათლებლობამდელ დესპოტიაზე და ცოცხალი თუ მკვდარი პიროვნების კულტებზე დაფუძნებული სტალინიზმი დამყარდა. სტალინის მიერ შექმნილი ახალი იდეოლოგია - ლენინიზმი ჩაენაცვლა არა იმდენად მარქსიზმს, რამდენადაც მართლმადიდებლობას და რუსულ მესიანიზმს, რომლის ხორციელი განსახიერებაც სტალინი და მისი რეჟიმი იყო და რომლის ობერტონებშიც საბჭოთა ხალხების არცთუ ისე ფარული ნაციონალიზმი და შოვინიზმი ისმოდა. ამ ყველაფრის მიღწევა კი ტროცკის და მისი მომხრეების სრული ლიკვიდაციით იყო შესაძლებელი: 1937 წლის რეპრესირებულთა უდიდესი ნაწილი ტროცკიზმის ბრალდებით იქნა გასამართლებული. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მათი არცთუ მცირედი ნაწილი არც უარყოფდა თავის ტროცკისტობას, მათ შორის - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი მწერალი ვარლამ შალამოვი.

1929 წლიდან ემიგრაციაში მყოფი ტროცკი განაგრძობს ლიტერატურულ და პრაქტიკულ საქმიანობას. იგი ერთდროულად აკრიტიკებს და ებრძვის როგორც სტალინიზმს, ასევე ფაშიზმს, და როგორც ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსი ავლენს და ავლებს პარალელებს ამ ორ ტოტალიტარულ სისტემას შორის; აქვე ცდილობს სტალინის პიროვნების ფსიქოლოგიური ფენომენის ახსნასაც. ქართველმა სტალინისტებმა შექმნეს მითი, რომლის თანახმადაც, ტროცკიმ სტალინის შეფასებისას ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა და ქართველებს ველურები და უკულტუროები უწოდა. ტროცკისთვის, როგორც კოსმოპოლიტისათვის, არანაირი ეთნიკურობა და ნაციონალიზმი არ არსებობს. იგი სწორედ სტალინზე შექმნილ ორტომეულში ქართულ კულტურას ევრაზიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად მოიხსენიებს, „რომლის მნიშვნელობაც დღემდე სათანადოდ არაა დაფასებული.“ რაც შეეხება სტალინს, იგი არა ქართული კულტურის ნაყოფია, არამედ იმ დამანგრეველი ჭრილობების, რომელიც ამ ქვეყანას თემურ-ლენგმა მიაყენა.

1938 წელს იგი აარსებს IV ინტერნაციონალს, რომლის ამოცანაც არასწორი მიმართულებით წასული საბჭოთა სისტემის პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაა, რომელმაც კომუნიზმის იდეა თავის უნივერსალისტურ და ზენაციონალურ იდეალებთან უნდა დააბრუნოს. ეს იდეალები კი, მისი აზრით, უწყვეტი, ანუ პერმანენტული რევოლუციით გამოიხატება, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა მოედოს. ერთ სახელმწიფოში სოციალიზმის გამარჯვებად მიჩნევა კი შეუძლებელია, რადგანაც რევოლუციის დასრულებით წარმოიქმნება ბიუროკრატული აპარატი, რომელიც თავად იწყებს გაბურჟუებას და საკუთარ ძალაუფლებას ხალხის წინააღმდეგ და მათი ნების დასათრგუნად იყენებს. ასეთი აღსასრული უწინასწარმეტყველა მან საბჭოთა კავშირსაც, რომელსაც საკუთარი კორუმპირებული ბიუროკრატია სრულ გადაგვარებამდე და დაქცევამდე მიიყვანდა და ქვეყანა ისევ ველურ კაპიტალიზმს დაუბრუნდებოდა.

ტროცკის დამარცხებით მსოფლიო ისტორიაში კიდევ ერთი უნივერსალისტური უტოპია დასრულდა და სამყაროში ისევ რეალობის პრინციპმა დაისადგურა: თუკი პირველადი სურვილი რეალობის წინააღმდეგ ამბოხი და მისი რევოლუციური გზით შეცვლა იყო, მისი ჩახშობა სრულიად გატოტალიტარულებული რეალობის დაბრუნებით მოხერხდა, რომლის განსახიერებაც ჯერ სტალინიზმი, ხოლო შემდგომ დღემდე დაუძლეველი მისი მემკვიდრეობაა, რომელიც სხვადასხვა სახის სამხედრო-პატრიოტულ იდეოლოგიებსა თუ რელიგიურ ობსკურანტიზმებში განაგრძობს არსებობას. „პერმანენტული რევოლუცია“, ისევე, როგორც ტროცკის სხვა იდეები, პოეტური აზროვნების სუბვერსიულ კანონებს ასახავენ, რომლებიც სტერეოტიპების მუდმივი დამხობისაკენაა მიმართული, რადგანაც როდესაც რევოლუცია მთავრდება, თავად ერთ დროს რევოლუციური ელემენტებიც ბანალურ და რეაქციონერულ სტერეოტიპებად გადაიქცევიან. სასიცოცხლო იმპულსები კი რეალობასთან ახალი ამბოხისთვის ემზადებიან...

ეპილოგი

„Безумству храбрых поем мы славу! Безумство храбрых - вот мудрость жизни!“
მაქსიმ გორკი

ფსიქოანალიტიკოსების მტკიცებით, პერვერსიები ინფანტილურ სექსუალობაში ჩარჩენის გამო ჩნდება, ანუ ადამიანი ფსიქო-სექსუალურად ვერ ვითარდება და უკვე ზრდასრულ ასაკშიც კი ბავშვობისდროინდელი ფანტაზიების განხორციელებას ცდილობს. ინფანტილური ანუ ბავშვური ფსიქიკის მთავარი მახასიათებელი ნიშანი კი არა მიზანსწრაფვაა, არამედ „თამაში“ - პროცესი, რომელსაც დასასრული და საბოლოო შედეგი არ აქვს. ზრდასრული კი თამაშობს, რათა მოიგოს და მერე რამენაირად თავისი გამარჯვება შეინარჩუნოს. როდესაც მიზანი სასრული შედეგია და არა უსასრულო პროცესი, მაშინ მიზნის მიღწევისთანავე არა მხოლოდ თამაში მთავრდება, არამედ თავად გამარჯვებული მოთამაშე „იზრდება“, „დინჯდება“, „სერიოზულდება“, უცხოვდება თამაშისგან, „რეალისტი“ ხდება, რაც მას აიძულებს, ვეღარ გარისკოს თამაში და მოპოვებული გამარჯვების დაცვაზე იზრუნოს. „გამარჯვება“ კი სტატუსისა და ძალაუფლების სიმბოლოდ იქცევა და მის „მფლობელს“ მთლიანად მასზე დამოკიდებულს ხდის. თამაშის სიამოვნება, რომელიც საგნებთან უშუალო შეხებით, მათი შეგრძნებით განიცდება, იცვლება დაკმაყოფილებით, სიმაძღრით, რომლის დროსაც საგნებს, გემოს, სურნელს, ფერებს, ხმებს აღარ აღვიქვამთ, მაგრამ, სამაგიეროდ, მიზანი მიღწეულია, საქმე მოთავებული გვაქვს და კმაყოფილები ვართ იმით, რომ გვახსოვს, რომ გასინჯული გვაქვს, ნანახი გვაქვს, ნამყოფები ვართ, ჩაგვეთვალა...

თამაშის დასასრული კი საკუთარ სასრულობასაც გვახსენებს და საიქიო ცხოვრებაზე გვაოცნებებს, რომელიც მისი დაჯერების მომენტშივე იწყება, რადგანაც მთელი ჩვენი ცნობიერება ამ „ნათელი მომავლის“ დაპროექტებაზე გადადის, რაც ხშირად აწმყოს განცდაზე, როგორც პერვერსიაზე, უარს გვათქმევინებს. ფილოსოფოსი ლუდვიგ ვიტგენშტაინი კი ამბობდა: „ვისაც მარადისობა ესმის არა როგორც უსასრულო დროის დინება, არამედ არადროითობა, მაშინ იგი მარად ცოცხალია, - ის აწმყოში ცოცხლობს“-ო. „არადროითობა“ და „აწმყოში სიცოცხლე“ პერმანენტულ პროცესში ყოფნას, აწმყოს უშუალო განცდას და არა პირამიდებისა და მავზოლეუმების მშენებლობას საჭიროებს და არც პირამიდებზე მაღალი ძეგლის დადგმას, რომელიც გმირის შარავანდედით უკვდავყოფდა ჩვენს სახელს და ამ გზით, როგორც ნოსფერატო, ვერასდროს შევძლებდით მიწად ქცევას. თამაში, პროცესი, რომელიც არ სრულდება, სუბვერსიული ხასიათისაა, ანუ იგი მიღწეულის დამხობას და ყველაფრის ახლიდან დაწყებას გულისხმობს. ესაა „პერმანენტული რევოლუცია“ საკუთარი თავისავე წინააღმდეგ, რათა აწმყოს ემოციური განცდა არ შეწყდეს და „ყოფიერებამ როგორც სტიქიამ“ არსებობა არ დაასრულოს, „ხმა არ ჩაუწყდეს“.

ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ არა მხოლოდ საკუთარ პერვერსულობას უნდა შევეგუოთ, არამედ მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ პიროვნებასა თუ გარემოებას, რომლებმაც აწმყოს განცდის ეს არაჩვეულებრივი საშუალება გვიბოძეს. ამასთანავე, საჭიროდ მიმაჩნია, ფსიქოანალიზის და, საერთოდ, ყველა იმ მოძღვრებისა თუ ნააზრევის საფუძვლიანი ტროცკისტული რევიზია, რომლებიც ჩვენს იდენტურობას საზღვრებში ათავსებენ და ჩვენს სურვილებს არასერიოზულ და ბავშვურ ახირებებად ნათლავენ, თამაშს - მიზანსწრაფვით გვიცვლიან, სიამოვნებას - დაკმაყოფილებით, სიცოცხლის განცდას - სახელისა თუ სულის უკვდავებით, აწმყოს - საიქიოთი. პერმანენტული რევოლუციით კი არა მხოლოდ მოწყენილობა და დეპრესიები დაიძლევა, არამედ საკუთარი თავის საკუთარივე სურვილების მიხედვით შექმნის უნარი, რომელზედაც საავტორო უფლება არა რომელიმე ტრანსცენდენტულ ინსტანციას ან თუნდაც უჯრედების გამნაყოფიერებლებს, არამედ ჩვენ თვითონაც არ გვექნება, რადგანაც ეს ჩვენი საკუთარი თავი მხოლოდ „ყოფიერების სტიქიაში“ არსებობს და ჩვენც მის თანამონაწილედ გვხდის.

მოკლედ, საკუთარი თავის ტროცკისტად გამოცხადებით ვაღიარებ საკუთარ ინფანტილურობას, რომელიც, ასაკთან შეუსაბამისობის გამო, მხოლოდ პერვერსიად შეიძლება იქნას გაგებული. მაგრამ ამით მარადისობის „არადროითულობასაც“ ვაღიარებ, რომელიც მანამ იქნება მარადიული და უსასრულო, ვიდრე არ დამავიწყდება, რომ ვთამაშობ და თუ დავსერიოზულდები, გავიზრდები და საკუთარი ინფანტილურობა მეთაკილება, მაშინ პერვერსიებიც დაკარგავენ თავიანთ მაგიურ ძალას და პერმანენტული რევოლუციაც დასრულდება...

25 „დაბერდე ახალგაზრდა“

▲ზევით დაბრუნება


პარიზული ჩანაწერები

ვტორი: ღოღობერიძე

0x01 graphic

კადრი ანდრეი ტარკოვსკის ფილმიდან „სტალკერი“

შეიძლება უცებ აღმოაჩინო ფილოსოფოსი, რომელიც თითქოს შენს სათქმელს ამბობს. ამბობს იმას, რაც განგიცდია და რის ახსნასაც იქამდე ვერ პოულობდი. ასე იყო ჩემთვის გარკვეულ ეტაპზე მერაბ მამარდაშვილი. ის ფილოსოფოსის ხედვით უღრმავდებოდა იმას, რაზედაც ბევრჯერ დავფიქრებულვარ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში და რის არსსაც ვერ ვწვდებოდი. თავისი ასეთი უჩვეულო, მოსაუბრე ფილოსოფოსის ენით მან უამრავი რამ ამიხსნა ჩემი თაობის შესახებ, ჩვენი „საბჭოთა“ ცხოვრების შესახებ და, რაც მთავარია, ჩემს შესახებ. უცებ აღმოვაჩინე, რომ ის, რაც ჩემი აკვიატება მეგონა, თავისუფლებას მოწყვეტილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება ყოფილა. მაგალითისთვის, არ მესმოდა, რატომ მხიბლავდა ასე კინოფესტივალების დროს რომელიმე უცხო ქალაქში კაფეში მარტო ჯდომა, ყავის სმა და გაზეთის კითხვა. მამარდაშვილმა გამაგებინა, რომ თურმე კაფეების ცხოვრება - ეს იყო „თავისუფლების ცხოვრება“, ანუ ის, რასაც ჩვენ, მთელი იმ წლების მანძილზე იძულებით ვიყავით მოწყვეტილები. მამარდაშვილმა იმასაც მიმახვედრა, რას ნიშნავდა ჩვენი, ტერორის წლებში გაზრდილი ბავშვების დაუოკებელი მისწრაფება სიხარულისკენ. ეს თურმე სასოწარკვეთილების გადალახვის ერთადერთი გზა იყო და ამავე დროს ქართული ხასიათის გამოვლინება. მე კი დავცქეროდი ჩვენი ბავშვობის დროინდელ სურათებს, ამ უცნაურ არსებებს, რომელთაც წართმეული ჰყავთ მშობლები, რომელთაც შიათ, სცივათ, ეშინიათ, და რომლებიც იცინიან! ამ სიცილის ცოტათი მეუხერხულებოდა კიდეც, მას ჩვენს ზედაპირულობას თუ გაუთვითცნობიერებულობას მივაწერდი, და ძალიან გვიან გავიგე, რომ ამ გზით ჩვენ ინტუიტურად უიმედობას და სასოწარკვეთილებას ვებრძოდით! მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. ახლა კი აღმოვაჩინე „ატიპიური“ (როგორც მას თვლიან აქ) ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ მეიერი, რომელიც თავის თავს „პრობლემატოლოგიის“ თეორეტიკოსად აცხადებს და გულზე მომხვდა მისი მთავარი პოსტულატი: შეკითხვები პასუხებზე ბევრად მნიშვნელოვანია. ეს ის ჭეშმარიტებაა, რომელსაც მივაგენი ცხოვრების მიწურულს და ჩემი პირადი აღმოჩენა მეგონა. გამარტივებულად მეიერის ფილოსოფიის რეზიუმირება ასე შეიძლება: იმის ნაცვლად, რომ გვაინტერესებდეს პასუხები, მივაპყროთ ყურადღება შეკითხვების არსებობის აუცილებლობას, ვინაიდან სწორედ შეკითხვაა ფიქრის უმაღლესი საფუძველი. ყველა პასუხი უკუქცევაა. არადა, ყურადღება ყოველთვის მახვილდებოდა პასუხებზე, დასკვნებზე, რომლებსაც აცხადებდნენ მოაზროვნეები, მეცნიერები თუ ქუჩა. იმის ნაცვლად, რომ გვეღიარებინა შეკითხვა ინტელექტუალური აქტივობის საფუძვლად, ადამიანი სისტემატურად ეძებდა უტყუარობას, ანუ საბოლოო პასუხებს, რომელთაც შეუძლიათ მოსპონ შეკითხვა. რასაკვირველია, ადამიანებს ურჩევნიათ სიცხადე და პასუხი იმაზე, რაც პრობლემურია, მაშინაც კი, როცა ვერ გაურბიან ამ პრობლემურობას. სოკრატე აანალიზებდა თავისი მოწინააღმდეგეების თეზისებს, მაგრამ არ აძლევდა პასუხს. პლატონი, პირიქით, აყალიბებდა პასუხს და ამით საბოლოოდ უარყოფდა შეკითხვას.

ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი პრობლემურია: დამოკიდებულება „სხვის” მიმართ, ფასეულობანი, ოჯახი, ისტორია, თვით არსი იმისა, რანი ვართ. პრობლემურია თვით რეალობაც, რადგანაც მასაც აქვს ალტერნატივები. და, როგორც დასკვნა: შეკითხვა - ეს არის ფიქრის ჟანგბადი.

და მართლაც, ჩვენი ცხოვრება სავსეა შეკითხვებით, რომლებზეც არ არის პასუხები, და მათ შორის უპირველესია: რატომ არის ეს სამყარო ისეთი, როგორიც არის? იყო მომენტები, როდესაც ბევრი რამის მჯეროდა, მჯეროდა საყოველთაო სოლიდარობის, მჯეროდა, რომ ეს მართლაც შესაძლებელია, გაინაწილო სხვებთან - ევროპის ქვეყნებთან - საერთო ბედისწერა, არ იყო იძულებული, დაემორჩილო ძლიერის უფლებას. ვფიქრობდი, რომ ყველამ გავითვალისწინეთ საკუთარი და სხვისი შეცდომები და რაღაც ვისწავლეთ. არ მეგონა, რომ მთავარი მაინც „რიალპოლიტიკა“ იქნებოდა, ანუ რეალურ ინტერესებზე და არა სამართლიანობაზე დამყარებული პოლიტიკა, რომ სოლიდარობის იდეა მეორე პლანზე გადაიწევდა, რომ ჩვენს შიგნითაც ვერ დავამარცხებდით ობსკურანტიზმის დემონებს... და ამიტომაც მიჩნდება კითხვა: რატომ არ ისწავლა კაცობრიობამ, ყოველმა ქვეყანამ და ყოველმა ჩვენგანმა, ცალკეულმა პიროვნებამ არაფერი?

და ვიცი, რომ პასუხი არ არის და ვერც იქნება.

რიზული წერები

მომეწონა მეხსიერების ასეთი ინტერპრეტაცია: „წარსულს სჭირდება ჩვენი მეხსიერება“. ანუ, გაუბრალოებურად რომ ვთქვათ, მეხსიერება არსებობს იმისათვის, რომ არ მოკვდეს წარსული. ამას ამბობს ვლადიმირ ჟანკელევიჩი, ფილოსოფოსი, „ზნეობრივი ფილოსოფიის“ ადეპტი, ბევრი ცნობილი ნაშრომის, მათ შორის „სიკვდილის“ ავტორი. მისი გახმაურებული ფრაზაა: „ნაცისტები შემთხვევით დაიბადნენ ადამიანებად“.

ათიქ რაჰიმი - ავღანელი მწერალი, რომელიც 1984 წელს გამოიქცა ავღანეთიდან და მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში, ამ რამდენიმე დღის წინ რომანისთვის „მოთმინების ქვა“ დაჯილდოვდა საფრანგეთის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოთი - გონკურის პრემიით. მის შესახებ ფრანგულ პრესაში ასე წერენ: „ის აქ არის, სადღაც პარიზში, კაცი, რომელიც თავის შიგნით ატარებს ტკივილს, სინაზეს, სიშმაგეს, პოეზიას და ავღანური სულის მიუწვდომელ საიდუმლოს“. რომანის არე - ქაბული, ავტორის სიყვარული მის მიმართ, მისი ტკივილი, მისი სასოწარკვეთა. თავისი ქვეყნის შესახებ რაჰიმი ამბობს: თუ შეიძლება კიდევ რამის გადარჩენა ამ ქვეყანაში, ეს მოხდება მხოლოდ კულტურის და განათლების გზით.

პრემიის მინიჭების მეორე დღეს მოხდა ასეთი რამ: ინგლისმა და საფრანგეთმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება 54 ახალგაზრდა ლტოლვილი ავღანელის სამშობლოში დაბრუნების შესახებ. „ამ ავღანელების ისტორიამ დამსვა ჩემს ადგილზე. ეს იყო სილის გაწნა. შესანიშნავი სილა გონკურის მეორე დღეს. ეს იმგვარი დამთხვევაა, რომელსაც ბრეტონი „ობიექტურ შემთხვევითობას“ უწოდებს. და სასარგებლო გახსენება: შენ შეიძლება ყოფილიყავი ტყეში ამ ნადირივით დევნილ ბიჭებთან ერთად. ამიტომ შეინარჩუნე თავმდაბლობა. შენ არაფერი არ ხარ. ბედნიერება, უბედურება, წარმატება, მარცხი... ისინი ცვლიან ერთმანეთს, და არასოდეს არ არიან ძალიან დაშორებული ერთმანეთს“. გონკურის პრემიის ლაურეატის ძალისხმევამ გაჭრა. ის ავღანელი ბიჭები საფრანგეთში დატოვეს.

ათიქ რაჰიმს უყვარს არაკების მოყოლა. აი, ერთ-ერთი მათგანი: „შუაღამისას კაცი ეძებს დაკარგულ გასაღებს განათებულ ადგილას. გამვლელი ეკითხება, სად დაკარგა გასაღები. კაცი უჩვენებს მოშორებულ ადგილს სიბნელეში - მაშინ იქ რატომ არ ეძებ? - იმიტომ, რომ აქ სინათლეა. ეს ჩემი ისტორიაა, - ამბობს რაჰიმი. ავღანეთი ჩაიძირა შიშსა და ობსკურანტიზმში. მე დავკარგე მისი თვითმყოფადობის გასაღები; მხოლოდ დასავლეთის სინათლის შუქზე შემეძლო მისი ძებნა“.

ასეთი საინტერესო ადამიანია ეს ათიქ რაჰიმი. როცა ეკითხებიან, რომელ რელიგიურ აღმსარებლობას მისდევს, ასე პასუხობს: „ვარ ბუდისტი, რადგანაც შეცნობილი მაქვს ჩემი სისუსტეები, ვარ ქრისტიანი, რადგანაც ვაღიარებ ჩემს სისუსტეს, ვარ ებრაელი, რადგანაც დავცინი ჩემს სისუსტეს, ვარ მაჰმადიანი, რადგანაც ვებრძვი ჩემს სისუსტეს, და ვარ ათეისტი, თუკი ღმერთი ყოვლისშემძლეა“. მე მომწონს აზროვნების ასეთი თავისუფლება და სითამამე. თქვენ?

რიზული წერები

დღეს, როდესაც ასე შესუსტებულია ქორწინების ინსტიტუტი, ბევრს ახსენდება წმინდა ავგუსტინეს სიტყვები: ადამიანებმა ქორწინება იმისათვის მოიგონეს, რომ კაცებს თავიანთი შვილები გაეცნოთ.

„დაბერდე ახალგაზრდა“ ასეთი იყო იუნესკო-ს ეგიდით ჩატარებული მე-5 მეცნიერული ფორუმის თემა. საუბარი იყო პროგრესზე, რომელსაც მიაღწიეს მეცნიერებმა ამ მიმართულებით, და რომელიც დღეს ადამიანს საშუალებას აძლევს, იცხოვროს დიდხანს ჯანმრთელი სხეულით, ანუ დაბერდეს ახალგაზრდა! რა მშვენიერი იდეაა, არა?

ფორუმის მთავარი სათქმელი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: სიბერის საზღვრები სულ უფრო და უფრო უკან იხევს. დასავლეთის ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველ წელს სამი თვით მატულობს. ამჟამად საფრანგეთში 20 000 ასწლოვანი ცხოვრობს. გარკვეულ ასაკში ადამიანს სამი საფრთხე ემუქრება: გონებრივი ფუნქციის, მხედველობის და დამოუკიდებლობის (ავტონომიის) დაკარგვა. მაგრამ მეცნიერების მიღწევებმა განაპირობეს ის, რომ დღეს განვითარებულ ქვეყნებში ასაკოვანი ადამიანები (სენიორები, როგორც მათ აქ პატივისცემით უწოდებენ) კარგად გრძნობენ თავს.

„გონება, - ამბობს პროფესორი ივ აჟიდი, - არის დირიჟორი ყველა ჩვენი სასიცოცხლო ფუნქციისა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმოძრაოთ, ვილაპარაკოთ, ვიცნოთ სახეები, დავიმახსოვროთ. ეს ორგანო, „მთელ სამყაროში ყველაზე რთული“, შეიცავს 100 მილიარდ ნერვულ უჯრედს, და ყოველი მათგანი ერთ წამში უგზავნის 1000 სიგნალს თავის მეზობლებს“. ეს შესანიშნავი კომპიუტერი ფუნქციონირებს ნეირონების საშუალებით. ნეირონი შეიძლება შეადარო ხეს, თავისი ტანით, ტოტებით, ფოთლებით. ნეირონები ურთიერთობენ ერთმანეთთან თავიანთი ნერვული დაბოლოებების გზით. „გარკვეული ასაკის მერე ნეირონები სუსტდებიან და ნელ- ნელა კარგავენ ნერვულ დაბოლოებებს, ისევე, როგორც ხე კარგავს თანდათან ფოთლებს. მაგრამ ეს დაკარგვის პროცესი ყველასათვის ერთნაირი არ არის: ზოგი პიროვნება ინარჩუნებს მშვენიერ მეხსიერებას 90 წლის ასაკშიც. გონებრივი ფუნქცია ინდივიდის მიხედვით იცვლება“.

ფორუმის დასკვნები:

„მოვუაროთ ჩვენს ნეირონებს და შევანელოთ მათი სახეცვლილება: ცხოვრების ხუთი შეუცვლელი წესი“.

სხვადასხვაგვარი გამოკვლევები ადასტურებენ, რომ რეგულარული და დროში გაგრძელებული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს განსაკუთრებული პროტეინების წარმოქმნას, ანუ ფაქტორებს, რომლებიც ეხმარებიან ჩვენს ნეირონებს, იცოცხლონ და უკეთ შეინარჩუნონ ან ახლად აღმოაცენონ ნერვული დაბოლოებანი. მეორე მხრივ, ეს ფაქტორები სტიმულს აძლევს ახალი ნეირონების გაჩენას, განსაკუთრებით, ჰიპოკამპის ანუ მეხსიერების ცენტრის სფეროში. ცხოვრების ჰიგიენის წესების დაცვით შეგვიძლია შევანელოთ გონებრივი დაბერების პროცესი.

ამ მიმართულებით მეცნიერები გვთავაზობენ ცხოვრების ხუთი უმნიშვნელოვანესი წესის დაცვას: 1) მოვსპოთ ტვინის ჯალათები, რომლებიც განადგურებით ემუქრებიან ნეირონებს: მაღალი წნევა, დიაბეტი, თუთუნის მოხმარება, ჰიპერჰოლესტეროლემია (მოჭარბებული ჰოლესტეროლი). 2) დავიცვათ კვების გარკვეული ჰიგიენა; ყველაზე სასარგებლო რეკომენდაცია: დღეში ხუთი ხილის და ბოსტნეულის მოხმარება, რომლებიც ეხმარებიან ნეირონებს მავნე ნივთიერებების განდევნაში, ასევე რაციონის თევზით გამდიდრება (მასში ომეგა 3-ის სიჭარბის გამო). 3) რეგულარული ფიზიკური ვარჯიშების აუცილებლობა: სამი კილომეტრის გავლა, ან სამი საათის ვარჯიში კვირაში. ამერიკულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ამგვარი აქტივობა პოზიტიურად არის დაკავშირებული ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებასთან. 4) ტვინის მრავალმხრივი, მასტიმულირებელი, სასიამოვნო აქტივობა, რომელიც ამოქმედებს აზროვნების და განჭვრეტის უნარს. 5) ავიცილოთ ქრონიკული სტრესი, ძალიან მავნე, რადგანაც იწვევს ისეთი ჰორმონების (კორტიკოიდების) გამოყოფას, რომლებიც, დიდი სიჭარბის შემთხვევაში, ხელს უწყობენ ნეირონების განადგურებას.

აი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიბერეშიც ახალგაზრდებად დავრჩეთ! ვწერდი და გულში მეცინებოდა, მერე უცებ გავიაზრე: დღეს ერთი საათი ძალიან ინტენსიურად ვითამაშე ჩოგბურთი, მერე მივირთვი ელენის მიერ მომზადებული რატატუი - ბოსტნეულის ნაზავი, ანუ ჩვენებურად - აჯაფსანდალი, მწვანე სალათი და რამდენიმე მანდარინი, მერე მივუჯექი კომპიუტერს, შევუდექი წერას და ალბათ ავამუშავე ტვინის უჯრედები... ანუ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დიდი დოზით შევასრულე ფორუმის რეკომენდაციები! არა, ხუმრობის გარეშე, ეს ხომ ნამდვილად ყველას გვინდა - დავბერდეთ ისე, რომ არ დავძაბუნდეთ და სხვაზე დამოკიდებული არ გავხდეთ, და მეცნიერებს თუ დაუჯერებთ, ამას შეგვიძლია მივაღწიოთ კიდეც! ჩვენ თვითონ! დაუკვირდით, ეს მართლაც ყოველი ჩვენთაგანის ხელშია, ვიაროთ ან ვირბინოთ (ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ვარჯიში), ვჭამოთ ბოსტნეული, რაც ასე ბუნებრივია საქართველოში, და, შეძლებისდაგვარად, ხილი, ვერიდოთ მოჭარბებულ ცხიმს და ქონს (სხვათა შორის, ამას ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა: „აქციე შენი საჭმელი შენს პირველ წამლად“), ვამუშავოთ გონება - ვისაუბროთ, ვიკითხოთ, ვიფიქროთ, ვწეროთ, ამოვიცნოთ კროსვორდები, ანუ ვაკეთოთ ის, ვისაც რა შეგვიძლია! მაფიქრებს მხოლოდ ერთი რამ, რა ვუყოთ ქრონიკულ სტრესს, განსაკუთრებით, თუ ასეთი პატარა და ტრაგიკული და არცთუ ყოველთვის წინდახედულად მოქმედი ქვეყნის შვილები ვართ, და ჩვენი მეზობელი არც მდიდარი ჰოლანდიაა და არც მშვიდობიანი შვეიცარია, არამედ ნავთობდოლარებით მოძლიერებული და საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით დაავადებული რუსეთი?!

იაპონიის პატარა ზღვისპირა სოფელს - ოჟიმის - მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული სიცოცხლის ხანგრძლივობაში. ამ სულ ერთი ბეწო დასახლებაში ათი ას წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს და, რაც მთავარია, ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს და არც მიაჩნიათ, რომ მოხუცები არიან. სოფლის შესასვლელს ამშვენებს ასეთი გამონათქვამი: „80 წლისა, ჯერ ბავშვი ხარ; 90 წლისას, თუ „იმ ქვეყნის“ მბრძანებელი გესტუმრება, უთხარი: წადი შენი გზით, და მობრუნდი, როცა 100 წლისა გავხდები“. (მეცნიერები იაპონელთა სიცოცხლის ხანგრძლივობას ხსნიან კვების რაციონით, რომლის ძირითადი ელემენტებია თევზი, ბრინჯი და სოიო).

„პიკასო და მეტრები (ან დიდი ოსტატები)“ - ასე ჰქვია გამოფენას „გრან პალეში“, რომლის მსგავსიც აქამდე არაფერი მინახავს. ჯერ თვითონ ჩანაფიქრია ნამდვილი მიგნება: მხატვრები, რომელთა ტილოების ანარეკლები - პირდაპირი თუ შეფარული - იკითხება პიკასოს შემოქმედებაში, მათი და პიკასოს ნამუშევრები ერთად. ელ გრეკო, ველასკესი, გოია, მანე, ვან გოგი, გოგენი, სურბარანი, რიბეირა, ტიციანი, რემბრანდტი და კიდევ ბევრი სხვა, და მათ გვერდით პიკასო - ხარბი და ყოვლისმომცველი, რომელმაც შთანთქა და გადახარშა ამ სულ სხვადასხვაგვარი მხატვრების მიერ შექმნილი მახები, შიშველი სხეულები, პორტრეტები, ინფანტები, ნატურმორტები და სრულიად ახლებურად ააჟღერა ისინი. შთაბეჭდილება გრანდიოზულია! ერთ-ერთი კედლის შუაში - ველასკესის ასეთი მშვენიერი, მომხიბლავი „ინფანტა მარგარიტა“, ზემოთ - ასეთივე მომაჯადოებელი „მენინები“ (რაღაც საოცრად განათებული რეპროდუქცია, ვინაიდან პრადომ მცირე ხნითაც ვერ დათმო თავისი შედევრი), და გარშემო - პიკასოს მენინები და ინფანტები, ფერებისა და ხაზების სიგიჟე, დაშლილი სახეები, სხეულები და ნივთები, ყველაფერი ერთმანეთში არეული, სრული ქაოსი და ქაოსის მიღმა - მაინც ჰარმონია! ვან გოგის ტრაგიზმიც კი ფერმკრთალდება პიკასოს ზღვარგადასულობის გვერდით! ალბათ იმიტომ, რომ პიკასო - ეს ჩვენი ეპოქაა, ჩვენი სიგიჟეები და აბსურდულობა, ჩვენი გულაგები და აუშვიცები, ჩვენი არნახული ტექნიკური მიღწევები და ასევე არნახული უიმედობა... დავდიოდი ამ დარბაზებში, სადაც ერთმანეთს ერკინებოდა ტრადიციული და თავდაყირა დაყენებული მშვენიერება და უწყვეტლივ თან მდევდა მარინა ცვეტაევას ჩემს მიერ თარგმნილი სტრიქონები:

დღეს მთელი სამყარო ბნელში ხეტიალობს,
კარდაკარ დადიან ვარსკვლავნი ტიალნი,
ხეები წყვდიადში მიწაზე წვებიან,
მაჭარი გუგუნებს სიმღერას ვნებიანს,
დღეს მდინარეები იცვლიან დინებას,
და მე მენატრება შენთან დაძინება.

ეს ლექსი კი იმიტომ ამეკვიატა, რომ უეცრად ზუსტად ასე დავინახე პიკასო: წყვდიადში მოხეტიალე სამყარო, ციდან მოწყვეტილი და კარდაკარ მოსიარულე ვარსკვლავები (რატომ, რისთვის?), მიწაზე გართხმული ხეები და მდინარეები, რომლებიც უკუღმა მიედინებიან, და ამ აბსურდულობის წიაღში დაბადებული დიდი სინაზე და ინტიმურობა: და მე მენატრება შენთან, შენს გვერდით დაძინება. ან არსებობა შენში.

შვედურ ყოველდღიურ გაზეთში დაიბეჭდა არკადი ვაქსბერგის ჩვენთვის საინტერესო წერილი, გთავაზობთ ნაწყვეტებს სტატიიდან:

„რით უნდა აიხსნას, რომ 60-80- იანი წლების კერპთაგან არავინ არ თქვა არც ერთი სიტყვა, როცა მთელი პროპაგანდისტული მანქანა ანტიქართული ლოზუნგების კივილით იყო მოცული? როდესაც თვითონ სიტყვა „ქართველი“ ეთერში და გაზეთების ფურცლებზე ჟღერდა თითქმის ისევე, როგორც სიტყვა „ფაშისტი“? საქართველო ოდითგანვე იყო სულიერი თავისუფლების პატარა ოაზისი, სადაც რუსეთის საუკეთესო პოეტები პოულობდნენ თავშესაფარს დესპოტიზმის სულისშემხუთველი ატმოსფეროდან. პუშკინიდან და გრიბოედოვიდან პასტერნაკამდე როდესაც მთელი საბჭოთა პრესა აბუჩად იგდებდა ცნობილ „სამოციანელებს“, საქართველოში, რომელიც თვითონაც საბჭოთა იყო, მათ ხვდებოდნენ, როგორც ძმებს, ჩუქნიდნენ მეგობრობას, გამოსცემდნენ მათ წიგნებს. და აი, დადგა საქართველოსთვის მძიმე დღეები - ამოიღეს ხმა ამის შესახებ ევგენი ევტუშენკომ, ანდრეი ვოზნესენსკიმ, ბელა ახმადულინამ? ჩემთვის ეჭვგარეშეა მათი ზიზღი ანტიქართული ვაკხანალიის მიმართ, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა, მაგრამ მათ ვერ გაბედეს მისი გამოხატვა.

ამ ფენომენის ახსნა შეიძლება, მაგრამ გაგება ძნელია. კიდევ უფრო ძნელია მისი მიღება. სტალინის შემდეგდროინდელმა პროპაგანდამ ვერ გამოასულელა მოსახლეობა, უმრავლესობას ესმოდა მორალურ-პოლიტიკური ერთიანობის, ხალხთა დიადი მეგობრობის, გახრწნილი დასავლეთის ხრიკების ფასი. ის მთლიანად იმათ მხარეს იყო, ვინც ყველანაირად ცდილობდა განსხვავებული აზრის გამოხატვას. სხვაგვარად „საბჭოთა მონოლითი“ არ დაინგრეოდა 1991 წელს, როგორც ბანქოს სახლი. იგივე ევტუშენკოს თავის დროზე არ შეეშინდა გაეგზავნა კრემლში დეპეშა ასეთი სიტყვებით: „ტანკებმა გადათელეს პრაღა, ტანკებმა გადათელეს სიმართლე“. მან იცოდა, რომ სიმართლის მისეულ გაგებას იზიარებენ მილიონობით თანამოქალაქენი. დღეს ისიც და სხვებიც ამ მხარდაჭერის გარეშე დარჩებოდნენ: პატრიოტულმა რიტორიკამ ჩაახშო სინამდვილის კრიტიკულად აღქმის უნარი, პროტესტის ყოველ სიტყვას ემუქრება, დარჩეს ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. თაყვანისცემას მიჩვეულ ყოფილ კერპებს კი გარიყულებად დარჩენის პერსპექტივა აშინებთ.

0x01 graphic

ავღანელი მწერალი, ათიქ რაჰიმი გონკურის პრემიის მიღების დროს

1968 წლის აგვისტოში შვიდი ვაჟკაცი გამოვიდა წითელ მოედანზე პრაღის გაზაფხულის დათრგუნვის მიმართ პროტესტის ნიშნად. ისინი სულ რამდენიმე წუთს იდგნენ მოედანზე პლაკატებით „თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის“, მაგრამ მათი თამამი ქმედების შესახებ მაშინვე გაიგო მთელმა მსოფლიომ. ზუსტად ორმოცი წლის მერე სხვა შვიდმა ასეთივე მამაცმა უცნობმა ადამიანმა გადაწყვიტა გაემეორებინა მათი წინამორბედების საქციელი. ისინი მოითხოვდნენ, საკუთარი სამშობლოს ღირსების დაცვის მიზნით, დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას. 68 წლის „დამნაშავეთაგან“ განსხვავებით, მათ მიმართ მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი იქნა გამოყენებული. მაგრამ მათი საქციელის შესახებ არავის არაფერი გაუგია. არავინ არ იცის მათი სახელები. არავის არ დაუჭერია მათთვის მხარი. განა მარტო ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავიგოთ საზოგადოების ნამდვილი მდგომარეობა? და განა გასაგები არ არის, რომ ეს მდგომარეობა გამორიცხავს საჯარო პროტესტის აქტს, რადგანაც ის განწირულია იმისათვის, რომ იყოს უაზრო და უსარგებლო.

0x01 graphic

პრაღა 1968

0x01 graphic

ევგენი ევტუშენკო

0x01 graphic

ბელა ახმადულინა სახელმწიფო პრემიის მიღების შემდეგ

იმ შვიდმა უცნობმა, რომლებიც გამოვიდნენ წითელ მოედანზე 2008 წლის აგვისტოში, მოასწრო ასეთი პროკლამაციების გავრცელება: „ქვეყანაში ისევ გაჩნდნენ პოლიტიკური პატიმრები. სასაცილოა საუბარი პატიოსან არჩევნებზე. სიყვარული ქვეყნისადმი ისევ შეიცვალა ბელადებისადმი სიყვარულით. მოსამართლეები ისევ არ ეძებენ პასუხებს კანონებსა და კონსტიტუციაში, არამედ ელოდებიან მათ ტელეფონით. სახელმწიფო ორგანოები ისევ იმით არიან დაკავებულები, რომ ებრძვიან სხვაგვარად მოაზროვნეებს. ისევ იქმნება კომკავშირი. ჩვენ ისევ გვარწმუნებენ, რომ მტრებით ვართ გარშემორტყმულნი“.

შეძლებენ ისინი, ვინც კიდევ თვლიან თავს ინტელიგენტებად, შეიკრან და შეეწინააღმდეგონ ამ შემზარავ „ისევ“-ს? თუ შიში, დაღლილობა და განწირულობის განცდა და, კიდევ უფრო მეტად, ხელისუფლების „საჩუქრები“ და კეთილდღეობა აიძულებს მათ, უარი თქვან თავის დანიშნულებაზე? თუ პასუხი ამ კითხვაზე არ მოვა უახლოეს ხანში, ის არ მოვა არასოდეს“.

არკადი ვაქსბერგს გუშინ შევხვდი. ერთად ვისადილეთ „ქართულ სახლში“. დახვეწილი სემიტური გარეგნობის რუსი-ებრაელი ინტელიგენტი. თერთმეტი წელია, ცხოვრობს საფრანგეთში. აქ გამოვიდა მისი ათი წიგნი, მათ შორის - „კრემლის საწამლავები“. მასში დავინახე ყველაფერი ის, რაც მიყვარდა „იმ დროს“ და, რაც მთავარია, ჩემი მოსკოველი მეგობრები, ტარკოვსკით დაწყებული და სიმა და ლილა ლუნგინებით დამთავრებული. და თვალწინ დამიდგა ლუნგინების სახლი კალინინის პროსპექტზე, სადაც ვჩერდებოდი მოსკოვში ჩასვლისას - მათი დაუვიწყარი სამზარეულო, კუთხეში მიდგმული ძველებური მაგიდით, რომლის გარშემო საათობით ვისხედით და ვლაპარაკობდით, და ვკამათობდით, და ვარჩევდით ყველაფერს, რისი გარჩევაც შეიძლებოდა. ეს „სამზარეულოს საუბრები“ შემდგომში საბჭოთა ყოფის ყველაზე დამახასიათებელ ნიშნად იქნა აღიარებული. ჩვენი საუბრების უმთავრესი თემა მაინც „სამიზდატი“ იყო - ვინ, სად და რომელ ხელნაწერს გადააწყდა, ვინ რა წაიკითხა უკვე; იყო ხელნაწერების ერთმანეთში გაცვლა და ღელვა ყოველ ახალ აღმოჩენასთან დაკავშირებით. და კიდევ - ლექსების კითხვა. სიმა, ცნობილი სცენარისტი, გახმაურებული სცენარების ავტორი და ლილა, რამდენიმე ევროპული ენის მცოდნე, „კარლსონის“ და „პეპი გრძელი წინდას“ მთარგმნელი, ეს ორი უნიჭიერესი ადამიანი, რომლებიც ყველაფერს სინქრონულად აკეთებდნენ, და ყოველთვის რამით იყვნენ სინქრონულად აღფრთოვანებულნი, ძალიან ამაყობდნენ იმით, რომ მე, ქართველმა, მათმა სტუმარმა და მეგობარმა, ზეპირად ვიცოდი პასტერნაკი თუ ცვეტაევა, და ყველა ახალი ადამიანის მოსვლისას, რაც მათ სტუმართმოყვარე სახლში თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა, ორხმად და ენთუზიაზმით მთხოვდნენ, წამეკითხა რომელიმე ლექსი, თუ ლექსები, მე კი არავითარი თხოვნა არ მჭირდებოდა, ვინაიდან ლექსების კითხვა ბავშვობიდან ჩემი უდიდესი გატაცება იყო, მსმენელს კი ვერც ისე იოლად ვპოულობდი. და ასე იწყებოდა ეს რიტუალი - მე ვკითხულობდი ჩემ საყვარელ ლექსებს, სიმა და ლილა თავმომწონედ თვალს ადევნებდნენ სტუმრებს, ისინიც - ზოგი ნამდვილი ინტერესით და ზოგი ზრდილობის გამო - ისმენდნენ. ხანდახან ეს შუაღამემდე გრძელდებოდა. ყველაზე დიდ ენთუზიაზმს ახმატოვას „რეკვიემი“ იწვევდა, რომელიც მაშინ მხოლოდ ხელნაწერებით იყო გავრცელებული. არკადი ვაქსბერგსაც, ცნობილ ჟურნალისტსა და მწერალს, ყველა დისიდენტის მხარდამჭერსა და მეგობარს, სწორედ ლუნგინების სამზარეულოში შევხვედრივარ...

და აი, ახლა ვზივარ მის პირისპირ, პარიზში, „ქართულ სახლში“ მე უკვე წაკითხული მაქვს მისი სტატია, რომელიც თქვენც შემოგთავაზეთ, და ამიტომ ჩვენს შორის თავიდანვე ნდობის განწყობა ისადგურებს. ჩვენი პოზიციები რუსეთში მიმდინარე პროცესების და საქართველოსადმი დამოკიდებულების მიმართ სრულად ემთხვევა ერთმანეთს. მე ეს ძალიან მახარებს, ვინაიდან დიდი ხანია, აღარც ერთ ძველ რუს მეგობართან აღარ მქონია ურთიერთობა. „Иных уж нет, а те - далече“, როგორც ამბობდა ცნობილი რუსი დისიდენტი გალიჩი.

ვაქსბერგი დღემდე რუსული პენკლუბის ვიცე-პრეზიდენტია, აქვს მჭიდრო ურთიერთობა ფრანგულ პენკლუბთან, და ამასთან დაკავშირებით მიმხელს ასეთ გეგმას - გაზაფხულზე ფრანგული პენკლუბი აპირებს მრგვალი მაგიდის ჩატარებას თემაზე „ქართულ-რუსული ურთიერთობები“. მათი მიზანია, ილაპარაკონ ამ ურთიერთობებზე არა პოლიტიკის, არამედ კულტურის ჭრილში. აპირებენ მწერლების მოწვევას რუსეთიდან („მათ შორის კიდევ არიან ნაღდი ადამიანები“, - მეუბნება ვაქსბერგი), საქართველოდან, საფრანგეთიდან და ალბათ ევროპის სხვა ქვეყნებიდან. მოვილაპარაკეთ, რომ მეც აქტიურად ჩავერთვები ამ საინტერესო ჩანაფიქრის ხორცშესხმაში.

„იმ“ ჩვენი ზღვის მონატრება. ასე მგონია, ეს ზღვის თვისებაა - რაღაც საშინლად, აუტანლად მოგანატროს თავი. კიდევ მგონია, რომ არაფერი არ იზიდავს ადამიანს ისე, როგორც ზღვა. „ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს“, - ასე ამბობს გალაკტიონი. „ზღვა იყო მაშინ ისეთი წყნარი, რომ არც კი მახსოვს, იყო თუ არა“, - ეს ტიციან ტაბიძეა. ეს განცდა მეც ხშირად მქონია, უყურებ ზღვას და გიკვირს, ის ისეთი გაყუჩებული და გამჭვირვალეა, ისე ნათლად ჩანს მის ფსკერზე ყოველი კენჭი, რომ თვითონ თითქოს აღარც არსებობს და ამ მოჩვენებითი არარსებობით კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. უიტმენი ასე მიმართავდა ზღვას:

შენი გულისთქმა გავიგე და შენი ვარ, ზღვაო, ვიცი, შენ არ გსურს გაბრუნება, ვიდრე ჩემ სხეულს არ შეეხები, წავიდეთ ერთად, მე მოვდივარ, შორს წამიყვანე, მომაშორე ამ მიწის ლანდებს, რბილად დამიგე ლოგინი და შენი ჩუმი ხმით დამარწიე, მასხურე ზვირთი სიყვარულისა და მე მოგიზღავ სამაგიეროს... ქარიშხლის შემდეგ უსასრულოდ მღელვარე ზღვაო, შენ ანავარდებ, აზუზუნებ ყველა ქარიშხალს, შენ თვითნება და სათუთო ზღვაო, და მეც შენთან ვარ, შენებრ ერთი და ყველაფერი... ჩემში შევიგრძნობ მოქცევას და უკუქცევასაც...

და პასტერნაკი?

Приедается все. Лишь тебе не дано примелькаться,
Дни проходят, и годы проходят, и тысячи, тысячи лет...

და კიდევ:

Передо мною волны моря,
Их много, им немыслим счет,
Их тьма, они шумят в миноре,
Припой, как вафли, их печет ...

Гуртом, сворачиваясь в трубки,
Во весь разгон моей тоски
Ко мне бегут мои поступки,
Испитанного гребешки...

სხვათა შორის, ეს სიტყვები ჩვენს ზღვას ეკუთვნის, უფრო კონკრეტულად, ქობულეთის ზღვას...

Ты в гостях у детей...

პასტერნაკმა შექმნა ეს საოცარი პოეტური სახე: ზღვა, მოსული სტუმრად ბავშვებთან. როგორი ზუსტი და მეტყველი სიტყვებია!

კიდევ მახსენდება ცვეტაევა, რომელიც აცხადებდა, რომ არ უყვარდა ზღვა და ამავე დროს დაწერა ასეთი სტრიქონები:

ვინ იშვა ქვისგან და ვინ იშვა ქარისგან,
მე კი ზღვას სიცილს გავატან,
მე ყველას ვღალატობ, მე მქვია მარინა,
მე ვარ ზღვის ქაფი ქათქათა.
ვინც იშვა თიხისგან, ვინც ხორცი აისხა,
მას ელის მიწა და სამარე,
მეკი ზღვამ მომნათლა და სულში ჩამისხა
ტრფიალი ზეცის კამარის...
თქვენს კლდოვან ზურგებს და მუხლებს ვეხეთქები
და ტალღას სიცილს გავატან,
ვჩნდები ყოველ წუთას თეთრად ნაფეთქები,
მე ვარ ზღვის ქაფი ქათქათა. (თარგმანი ჩემია).

რადგანაც არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ზღვა და ამავე დროს შენი თავი ზღვის ქათქათა ქაფად წარმოიდგინო, ამიტომ ვუშვებ ასეთ შესაძლებლობას: გიჟმაჟ მარინას ზღვა ხან უყვარდა და ხან სძულდა და ეს სტრიქონები სიყვარულის პერიოდში დაწერა.

ანაკლია. ჩემი პირველი ფილმის გადაღებები. „თავადის ქალი მაია“. თვალუწვდენელი ქვიშიანი სანაპირო. ყოველ დილას ქვიშაზე ჩვენთვის მოსაწონი „ნახატების“ გაუთავებელი ძიება. ლევან პაატაშვილთან და კოკა იგნატოვთან ერთად. ლიანა ასათიანი-თავადის ქალი. მისი მომნუსხველი სილამაზე. ჩემი სახუმარო „ლექსი“:

ანაკლიას რა აკლია?
ჩემი სევდა.
ანაკლიას რა აკლია?
ჩემი გული.
ანაკლიას რა აკლია?
სიყვარული.

და, რაც მთავარია, ზღვა, რომელიც ნოველის მთავარი მოქმედი პირია. ზღვა, თავადის ქალის სიყვარული. აჰა, ზღვა, ჩემი საყვარელი ზღვა. და შენც ჩემთან ხარ. ასე ვიყოთ სულ ერთად. ზღვა, რომელიც დიდია და ლურჯი, შენ, რომელიც მზე ხარ ჩემი სიცოცხლის, და მე, რომელსაც სწყურია შენი სითბო. „ასე ვიყოთ სულ ერთად - ზღვა, შენ და მე“. ზღვა - თავადის ქალის ბედისწერა. სადაც ის შედის და აღარც ბრუნდება.

მე კი მაინც საერთოდ ზღვა კი არ მენატრება, არამედ ის ზღვა, ლიძავას და ბიჭვინთის ზღვა! და ამ მონატრებას თან სდევს უკვე მუდმივად ქცეული ტკივილი.

ბიჭვინთის კინემატოგრაფისტთა სახლი, რომელიც პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. ეზოში - ბებერი ნაძვები და ფიჭვები და ყვავილები, უამრავი სხვადასხვაფერი ყვავილი... ლადო, ბავშვები, მეგობრები, კინოგადაღებები... 1972 წელი, ახლად გახსნილ სახლში პირველი გადაღება... „როცა აყვავდა ნუში“... სულ პატარა ბიჭები, მსახიობად დაბადებული ზურა ყიფშიძე და საკვირველად ლამაზი გოგა ფიფია. ცეკვის სცენა ზღვის პირას, რომელსაც ეს ახალგაზრდები განსაკუთრებულ გემოს ატანენ, ზურას და თინიკოს ველოსიპედით გასეირნება ათასწლოვან ფიჭვთა შორის, სინაზე და ახლად გაჩენილი სიყვარული. მუდამ ხელიხელჩაკიდებული ნანა ხატისკაცი და თენგიზ მაღალაშვილი, რომელსაც იურა ზარეცკიმ „პენსიაზე გასული რომეო და ჯულიეტა“ დაარქვა. ლადო, რომელიც ყოველთვის ძალიან შორს მიცურავდა. ჯერ ჰორიზონტთან წერტილად ჩანდა ხოლმე მისი თავი, მერე ისიც ქრებოდა... პლაჟზე კი იყო რუსი ქალი, მსახიობების, ყველას დასანახად გამოხატული „მღელვარება“, ზღვაში ყურება, თავის ქნევა, მოლოდინი და ბოლოს - ლადოს თეატრალური ამოსვლა ზღვიდან, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა - ყოველდღე! - სიხარულის შეძახილები მისი „გადარჩენის“ გამო და აღფრთოვანებული ტაში. რუსი კინემატოგრაფისტები, სმოკტუნოვსკი, გერასიმოვი, მაკაროვა, კინოს იმდროინდელი ვარსკვლავები - ლამაზი ქალები, რომელთა სახელებიც აღარ მახსოვს. ჩვენი საკუთარი, უკვე აღიარებული ვარსკვლავი - ოთარ მეღვინეთუხუცესი, ამაყად და მდუმარედ მოსიარულე პლაჟზე, და მარად მოქაქანე, უამრავი სასაცილო ისტორიის გამომგონებელი და მომყოლი, გაუთავებლად მოსიარულე ჩვენსა და რუსებს შორის - გურანდა გაბუნია. ზღვისპირა იდილია. და უცებ - დონ კიხოტ ლამანჩელის აღნაგობის ოთარს კისერში ჩაუჭიდია ხელი ვიღაცისთვის და ზღვისკენ მიათრევს, როგორც ჩანს - დასახრჩობად. ქალების კივილი, აურზაური, გაშველების მცდელობა. ბოლო-ბოლო გააფთრებულ ლამანჩელს დიდი გაჭირვებით გამოგლეჯენ ხელიდან ჩია კაცს. არავინ იცის, რა მოხდა. ოთარი მრავლისმეტყველად გასცქერის ზღვას და ხმას არ იღებს. ბოლოს ვიგებთ: ის კაცი ტელეფონით ლაპარაკობდა თურმე და ასე უთქვამს: Здесь все хорошо, только слишком много грузин! - აი, მაშინ სწვდა მას კისერში ოთარი და ზღვაში ჩახრჩობა დაუპირა! და უნდა გითხრათ, რომ მთელი იმ წლების მანძილზე ეს იყო ერთადერთი ინციდენტი „ეთნიკურ“ ნიადაგზე. ისიც სათქმელია, რომ ჩვენი მეგობარი რუსი კინემატოგრაფისტები აღშფოთებას ჩვენზე ხმამაღლა გამოხატავდნენ... როგორც ჩანს, მაშინ ეს ადვილი იყო.

ბიჭვინთაზე ადრე კი იყო ლიძავა. სახლი, რომელშიც წლების მანძილზე ვჩერდებოდით დედასთან და ჩვენს ახლობლებთან ერთად, პირდაპირ ტყეში იდგა. მეთევზეთა სოფელი, ტყე, ზღვა, რომელიც ხშირად იყო „სტუმრად ბავშვებთან“, უსასრულო და თითქმის უკაცრიელი სანაპირო. ლადოს ყოველთვის მოულოდნელი ჩამოსვლა. ეს ის დრო იყო, როცა ჩვენ ჯერ ერთად არ ვცხოვრობდით, არც მარტო ყოფნა შეგვეძლო, და იმ ზაფხულს ზღვა უცნაურად ჩვენ სახლად იქცა, ანუ... შევდიოდით ზღვაში და მივცურავდით, შორს, რაც შეიძლება შორს, ორი საათი, სამი საათი, მივცურავდით ოქროსფერქვიშიანი სანაპიროსკენ, სადაც ერთი მიტოვებული ქოხიც გველოდებოდა, „და ჩვენი დიდი მოპარული განმარტოვება“. ლიძავა, შავი ზღვა, ლადო... - აქ იყო კონცენტრირებული ჩემი ყველა ფიქრი თუ ოცნება. „ლიძავა ჩუმი, ჩუმი ლიძავა, / ნაძვების ჩერო, / ალბათ შავი ზღვა შენი ძიძაა, / ლიძავა ჩემო... / შეხედე, ტყეა ღამეზე შავი, / ბნელი და ქუში, / მერე ზღვა დგება და ჩუმი თრთოლვით / შენ, მე და ლიძავას გვიხუტებს გულში“. ან კიდევ: „განაბულიყო ლიძავა მაშინ, / მხოლოდ ტალღები ნაპირისკენ მორბოდნენ ქშენით, / გარინდებულნი ვიდექით ზღვაში, / და ზვირთს მოჰქონდა ჩემს ტუჩებთან ალერსი შენი“...

ლადოს უყვარდა ეს ლექსები. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა ლაპარაკიც აღარ შეეძლო, უხმოდ მითხრა, „ის“ წამიკითხეო. მე მაშინვე მივხვდი, რა უნდოდა. თვალდახუჭული მისმენდა და როცა გავჩუმდი, ძლივს შესამჩნევი მოძრაობით მომიჭირა ხელი.

ლადოს მერე აღარ მიყვარს შორს ცურვა. ის, ლიძავას ზღვა კი სულ მენატრება.

26 წიგნიდან იყო და არა იყო რა

▲ზევით დაბრუნება


უახლესი ისტორია

ავტორი: დათო ტურაშვილი
(გაგრძელება)

ზვიად გამსახურდიას დროინდელი საქართველოს ხელისუფლება, კორუფციის თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავდებოდა შევარდნაძის მთავრობისა და შემდგომი დროის ჩინოვნიკებისგან.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მთავრობაშიც ალბათ იყვნენ კორუმპირებული ადამიანები, მაგრამ მასობრივი კორუფცია, რომელმაც მერე შევარდნაძის ხელისუფლება თითქმის მთლიანად მოიცვა, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, უბრალოდ, არ არსებობდა. შეიძლება მოგესმინა საშინელი ან სასაცილო სისულელე გამსახურდიას რომელიმე მინისტრის ან მისი რომელიმე ცნობილი მხარდამჭერისაგან, მაგრამ ეროვნული ხელისუფლების უმრავლესობა მართლა ძალიან პატიოსანი ადამიანებისაგან შედგებოდა. ახლანდელი, ჯიპებსა და გემებზე ამხედრებული ჩინოვნიკებისათვის ალბათ დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, მაგრამ გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების წევრები დღესაც ფეხით დადიან და ისევ ის ბუკლეს პიჯაკები აცვიათ, ოცი წლის წინ რომ ეცვათ.

თუმცა სასაცილო ფრაზებს ძალიან ხშირად მოისმენდით ხოლმე და ზვიად გამსახურდია სულ ახალი გაპრეზიდენტებული იყო, მისი ერთ-ერთი ცნობილი მხარდამჭერისაგან ერთ-ერთი ცნობილი საოცრება რომ მოვისმინე უნივერსიტეტში. ის (ჩემთვის) ძალიან საყვარელი ადამიანი ძალიან გულწრფელად ამბობდა, - კრემლი ასე ადვილად თავს არ დაგვანებებს და რამე ახალ პროვოკაციას აუცილებლად შემოგვიგდებსო. მაინც რასო, - ჩააცივდა ერთ-ერთი სტუდენტი და ბატონმა გურამ პეტრიაშვილმაც სიამოვნებით გაშალა მაშინ სრულიად ტაბუირებული თემა. ბატონმა გურამმა თქვა, - ამჯერად ალბათ მოსკოვი სექსის შემოგდებას შეეცდება საქართველოში და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში სექსი არასოდეს ყოფილაო. რადგან ბატონი გურამ პეტრიაშვილი (პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა) მშვენიერი საბავშვო ზღაპრების წერითაც იყო დაკავებული, ამიტომაც კარგა ხანს ვფიქრობდი, რომ მაშინ უნივერსიტეტში წარმოთქმული იმ ფრაზის ახსნა სწორედ ზღაპრებში უნდა მეძებნა. კარგა ხანს მეგონა კიდეც, რომ ბატონ გურამს (ასაკის მიუხედავად) ზღაპრებიდან ახსოვდა, რომ ბავშვებს კომბოსტოში პოულობენ მშობლები ან მშობლებისთვის ისინი წეროებს მოჰყავთ შორეული ქვეყნებიდან. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ბატონი გურამი მართალი იყო და სექსი საქართველოში მართლა არ არსებობდა. თვითონ გურამ პეტრიაშვილი კი, მოლანდებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მონატრებით კი მართლა მომენატრა, რადგან ვიცი, რომ თვითონ მას ძალიან ენატრება თავისი ქვეყანა და ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება, ძალიან საბრალოა. ჩემი პოზიციები (განსაკუთრებით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ) ახლაც ისევე რადიკალურად განსხვავდება გურამ პეტრიაშვილის შეხედულებებისაგან, როგორც მაშინ განსხვავდებოდა, მაგრამ არც ერთი პრობლემა არ იყო საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისათვის ტყვია გვესროლა. ამიტომაც მგონია, რომ იმ ძალადობას, მაინც არანაირი გამართლება არ აქვს და იმ გამოუსწორებელი შეცდომის შედეგებს ახლაც ვიმკით.

იმ 1991 წლის დეკემბერში კი გუდამაყარში მივდიოდი ირაკლი ტრიპოლსკისთან ერთად და ძალიან მიხაროდა, რადგან გოდერძი ჩოხელმა დაგვპატიჟა და თვითონ მასპინძელიც ჩვენ მოგვყვებოდა. პირველ ღამეს ფასანაურში დავრჩით გოდერძის ნათესავებთან და ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო, როგორც გოდერძის სადღეგრძელოები. დილით კი ორღობეში ჩამოვლილმა მთიულმა ბებომ ბრაზიანად გვითხრა, - ქალაქში ომი დაიწყოო, - და აჩქარებით გაგვშორდა. ჩვენც აჩქარებით დავემშვიდობეთ მასპინძლებს და თბილისში დავბრუნდით. მეორე დღესვე მიტინგიც გავმართეთ უნივერსიტეტის ეზოში და იქვე აღმოვაჩინე კიდეც, რომ ომი საქართველოში მართლა ძალიან ბევრს სურდა. როცა მშვიდობასა და ომის დაუყონებლივ შეწყვეტაზე დავიწყეთ ლაპარაკი, მიტინგზე მოსული ხალხიც მაშინვე შემოგვეცალა. უნივერსიტეტის წინ სულ რამდენიმე ადამიანი დავრჩით და ჩვენს შორის ყველაზე თავგანწირული მაინც გია აბესაძე აღმოჩნდა, რომელმაც რუსთაველის პროსპექტზე თავი დემონსტრაციულად დაიწვა. მან თავი მოიკლა პროტესტის ნიშნად და არც კი ვიცი, ასეთი მსხვერპლი თუ ახსოვს სხვა რომელიმე ქვეყნის სამოქალაქო ომის ისტორიას.

თუმცა, კლასიკური გაგებით, თბილისის ომი არ იყო სამოქალაქო ომი, ისევე, როგორც კლასიკური აჯანყება ან რევოლუციური ამბოხი. ეს იყო ერთგვარი სინთეზი უამრავი მახასიათებლისა და, როცა რუსთაველის პროსპექტზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, არცთუ ძალიან მოშორებით, თითქმის მეზობელ უბნებში ადამიანები სხვა ცხოვრებითაც ცხოვრობდნენ. მაგრამ ისინიც კი, მაინც მიდიოდნენ ხოლმე რუსთაველზე ნამდვილი ომის სანახავად და თბილისის ომს გაცილებით მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე მონაწილე. სხვა ნიშნებითაც ეს იყო ქართულად უცნაური და განსხვავებული ომი და მახსოვს ცნობისმოყვარეებს შორის ვიდექით რუსთაველის თეატრის წინ, როცა ვერის მხრიდან ვერტმფრენი გამოჩნდა, რომელსაც რაღაც ავზი ჰქონდა ჩამოკიდებული. ავზი ისეთი დიდი იყო, რომ ხალხმა სისულელეების ლაპარაკიც კი დაიწყო მაშინვე და ვიღაცამ თქვა, - ალბათ ვერელების ვერტალიოტიაო. მაგრამ ვიღაცა იქვე შეეკამათა კიდეც - ვერელების კი არა, ჩემი ახლობელი ვაკელების არის და რულთან ბუბა კიკაბიძე ზისო. ვერტმფრენის საჭეს ვინ მართავდა, ვერ ვხედავდით, მაგრამ ნათელი იყო, რომ კარგი არაფერი ხდებოდა (იმ ავზის გამო) და ის ავზი პარლამენტისა და პირველი სკოლის შენობებს შორის ჩამოაგდეს. კიდევ კარგი, რომ არ აფეთქდა, რადგან, როგორც მერე გავიგეთ, საწვავით სავსე იყო და პარლამენტის აფეთქებას აპირებდნენ, მაგრამ, შესაძლოა, მართლა მანამდე ჩამოუვარდათ.

თუმცა მსხვერპლი ისედაც, უმაგისოდაც დიდი იყო და, რაც მთავარია, ომი წაგებული ჰქონდა ორივე მხარეს, რადგან შენს ომში ყოველთვის შენ აგებ და არა სხვა და საკუთარ ქვეყანას კი ომს ვერასოდეს მოუგებ.

მაშინდელი საერთაშორისო ვითარებაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის არის ხოლმე, როცა შენს ქვეყანას ნგრევისთვის შენ თვითონ იმეტებ და მერე სხვების დახმარებას ელოდები. იმ ზამთარს იმ საერთაშორისო სამყარომ კი გვცნო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, როგორც მაშინ, 1921 წელს, როცა საქართველო პირველად დავკარგეთ მეოცე საუკუნეში.

იმ დღეს თურმე სერგი ერისთავს ქუთაისში, ზედ თეთრ ხიდზე შეხვდა ნაცნობი, რომელმაც პირველმა ახარა მას ახალი ამბავი და თანაც ხმამაღლა, სხვების გასაგონადაც იყვირა, - ერთა ლიგამ გვცნოო.

იმ დღეს რუსეთის მეთერთმეტე არმია საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შემოსული იყო და ამიტომაც სერგი ერისთავმა სევდიანი ღიმილით აუხსნა იმ მახარობელ ქუთაისელს, რასაც ნიშნავდა ეს დაგვიანებული ცნობა:

- ეგ ახლა იგივეა, მე რომ ადიდებულ რიონს მივქონდე, ხელს რომ საშველად გიქნევდე და შენ რომ ამ ხიდიდან მეძახდე, - გიცანი, რავა არ გიცანიო...

მეოცე საუკუნის ბოლოს კი უკვე მეორედ დავკარგეთ საქართველო და რუსეთის იმპერია ისევ უკან დაბრუნდა, რაც საკმაოდ მოსალოდნელი იყო კიდეც, რადგან საქართველომ თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან მსოფლიოს ორ ყველაზე დიდ იმპერიას, რუსეთსა და ამერიკას, ერთდროულად გამოუცხადა ყველაზე პრინციპული და შეურიგებელი ომი.

მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მამა-ბუში იყო და ამერიკაში სულ ორი თვით ადრე ჩასულ ირაკლი კაკაბაძეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტელეფონით სთხოვეს, რომ იქნებ ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ ეშიმშილა მამა-ბუშის გადადგომის მოთხოვნით. მოგეხსენებათ, რომ სამშობლოსთვის სიკვდილი გაცილებით ადვილია, ვიდრე სამშობლოსთვის სიცოცხლე (და მით უმეტეს საქართველოსთვის) და ირაკლი კაკაბაძეც ყველაფრისთვის მზად იყო, მაგრამ თავისი დიაბეტი გაახსენდა მაშინვე და მაშინვე იმასაც მიხვდა, რომ შიმშილობის აქციას ეფექტური შედეგი არ ექნებოდა.

მაშინო (ისევ თბილისიდან სთხოვეს), იქნებ სხვა ვინმე პატრიოტი მოძებნოთ, რომელიც თეთრი სახლის წინ იშიმშილებს და ბუშის გადადგომას მოითხოვსო. ირაკლი კაკაბაძემ უთხრა, - ამერიკაში ჯერ ახალი ჩამოსული ვარ და მხოლოდ ბონდო კეკელიას ვიცნობ, რომელიც ოთხმოცდაცამეტი წლის არის და შიმშილი რომ დაიწყოს, ამ საღამოსვე მოკვდება და აზრი არა აქვს, ბუშის გადაყენებას მაინც ვერ მივაღწევთო. შეიძლება კაკაბაძეს დაუჯერეს კიდეც და ფაქტია, რომ აღარ დაურეკავთ, მაგრამ ისედაც დაგვიანებული იყო რაიმე მცდელობა, რადგან მამა-ბუშს უკვე ნათქვამი ჰქონდა ზვიად გამსახურდიას შესახებ თავისი ცნობილი ფრაზა.

ჩემთვის პირიქით იყო და არის, და ისინი, ვინც დინების წინააღმდეგ მიდიან, ყველაზე საინტერესო ადამიანები არიან კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტები მხოლოდ იმ არაამერიკელ ლიდერებს უჭერენ მხარს, ვინც მათთვის სასურველ ისტორიას ქმნიან. ზვიად გამსახურდიას კი ყველაზე მეტად საქართველოს ისტორია აინტერესებდა, რომელსაც ქმნიდა კიდეც, მაგრამ ამერიკელები და რუსები რას გვაპატიებდნენ, როცა ქართველებმაც კი არ აპატიეს პირველ პრეზიდენტს ძალიან უბრალო შეცდომები, როცა მთავარი და მეათეხარისხოვანი ერთმანეთისაგან, უბრალოდ, ვერ გავარჩიეთ.

იქნებ იმ შეცდომებზე ლაპარაკობდნენ კიდეც ზვიად გამსახურდია და მისი ვაჟი ვენაში, სადაც პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებამდე გროზნოდან ჩავიდა. ისინი მთელი დღე ისხდნენ ვენის ტრამვაის ვაგონში, სულ ბოლო სკამზე და საუბრობდნენ საქართველოზე, ალბათ ისე სევდიანად, რომ ტრამვაის ვატმანი მხოლოდ გახედავდა ხოლმე მათ და არ ეუბნებოდა, რომ ეს უკვე ბოლო გაჩერებაა.

ვინ იცის, რამდენჯერ შემოუარა იმ ტრამვაიმ ავსტრიის წვიმიან დედაქალაქს და იქნებ ზვიად გამსახურდიამაც დანამდვილებით იცოდა, რომ იგი საქართველოში სიკვდილთან შესახვედრად ბრუნდებოდა.

ის კი ფაქტია, რომ საქართველოში დაბრუნებული პირველი პრეზიდენტის გზა ერთნაირად ჰგავდა წიგნებში მთვარის შუქზე გადალახულ ადიდებულ ენგურს და ძველი კოლხური მითოსის რომელიღაც მისტერიას.

შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა ველურ შთაბეჭდილებასაც ტოვებდეს მისი ცხოვრების ერთი სიკვდილისწინა ეპიზოდი მეოცე საუკუნის ბოლოს, მაგრამ სწორედ ეს ეპიზოდი, მგონი, ყველაზე ბევრისმთქმელია პირადად ჩემთვის.

როდესაც რუსეთის არმიის ნაწილებმა დასავლეთ საქართველოში შემოსვლა დაიწყეს, ზვიად გამსახურდია მისმა თანმხლებმა პირებმა მთიან სამეგრელოში აიყვანეს. ერთი ღამე მათ ტყეშიც კი გაატარეს, მაგრამ კარავში დაძინება შეუძლებელი იყო, რადგან ტყეში მოშიებული ნადირიც ბევრი იყო და პრეზიდენტი და მისი დაცვის წევრები მთელი ღამე ალმოდებული ჩირაღდნებით ცდილობდნენ მათ მოგერიებას.

სამეგრელოში დასრულდა კიდეც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლე, მასთან ერთად კი ის ეპოქაც გასრულდა, რომელმაც მეორედ მეოცე საუკუნეში დამოუკიდებლობა მოუტანა საქართველოს, სამწუხაროდ მხოლოდ ძალიან მცირე ხნით.

რუსებმა, რასაკვირველია, მათთვის ძალიან წარმატებით გამოიყენეს ქართული ხასიათის რამდენიმე თავისებურება და საერთო ქართული სისუსტეები: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეცდომები, ქართული ამბიციები და ამპარტავნობა, სულსწრაფობა და მოკლემხედველობა, შური და გაუტანლობა, სიზარმაცე და გაუნათლებლობა...

დანარჩენი მსოფლიოც მაშინ ისევე შეხვდა რუსულ აგრესიას, როგორც მანამდე ან მერე, რადგან უკვე მშვენიერ სავარძელში მოკალათებული, ევროპისა თუ ამერიკის ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ წარმოიდგენდა მთიანი სამეგრელოს იმ ტყეს, სადაც მეოცე საუკუნის ბოლოს მათი ქართველი კოლეგა, ჩირაღდნით ხელში ებრძოდა ველურ სიბნელეს.

ისიც მიფიქრია, რომ შეიძლება სხვებისთვის თავისუფლების მიღწევას სულაც არ დასჭირვებია ამდენი თავგანწირვა და სისხლი თუ ცრემლი, რაც ქართველებმა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საუკუნეების მანძილზე გაიღეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ.

უკვე მერამდენედ ვიწყებთ და არც გვბეზრდება და მგონი იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი მაინც ხვდება (შინაგანი ინტუიციით მაინც), რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში მაინც არაფერი არსებობს...