![]() |
ტაბულა №35 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ვაშაძე გრიგოლ, დანკოვი სიმეონ, ჯაფარიძე ზურა, ჩერგოლეიშვილი თამარ, სულელი უცხოელი, ნავერიანი სანდრო, ბათაშვილი დავით, კოვზირიძე დავით, კიკალეიშვილი სალომე, კევლიშვილი მაკა, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010|6 - 12 დეკემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ნინო მაჭარაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა- ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121 / ც 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge ფოტო გარეკანზე: ლევან ასათიანი |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲ზევით დაბრუნება |
საფოსტო ყუთი|ონლაინ გამოხმაურება
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები
გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge
დევიდ ჯ. სმითის სვეტი - „NATO ლისაბონში: ზომიერი წარმატება“
http://www.facebook.com/tabula.ge Aleqsandre Beshidze
NATO-სთან მიმართებაში უმჯობესია ნაადრევი და გადაჭარბებული მოლოდინები არ ვიქონიოთ პრინციპში ობიექტური მიზეზების გამო. თუმცა, საქართველოს ძალზედ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია და, რაც მთავარია, მიუხედავად 200-წლიანი ოკუპაციისა, როცა მეთოდურად ცდილობდნენ ჩვენი მენტალიტეტი გადაეგვარებინათ და ჩვენი ტვინებიდან ამოეშალათ პატრიოტიზმის განცდა, რაც ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც, ქართველები მაინც დავრჩით დასავლური ღირებულებების გამზიარებელ ერად. ასე რომ, დღეს ცივილიზებულ სამყაროს იმაზე მეტად ვჭირდებით, ვიდრე ბევრ ჩვენგანს წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, NATO-ში მიუღებლადაც საკმაოდ სერიოზული უსაფრთხოების გარანტიები იარსებებს, რაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი, თავისუფლებაში დაბადებული თაობა უნდა აღვზარდოთ სწორად (ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს). ხოლო იმ ადამიანებმა, ვინც საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, საფუძველი უნდა მოვამზადოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენი სახელმწიფოს საბოლოო „გამოწიწკვნას“ იმპერიის კლანჭებიდან, რათა ქართველმა ერმა წვლილი შეიტანოს ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტაში და ჩამოვყალიბდეთ ცივილიზებულ, ღირსეულ სახელმწიფოდ, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და ყველას აქვს თავისი დასადები აგურის დადების შანსი. NAთO-ს და ჩვენს საბოლოო დეოკუპაციას რაც შეეხება, ამას ჩემი ვარაუდით დაახლოებით 2-3 ათეული წელი დასჭირდება. ასე რომ, აჩქარება არაა საჭირო. ყველაფერი თავის დროზე რიგზე იქნება. ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითს, გვაძლევს ჩვენი წმინდა მეფე დავითი, რომელმაც თავისი გადამწყვეტი ბრძოლა 32 წლის მერე გადაიხადა.
რუსი კეთილისმყოფელები და უმადური აფხაზები
http://www.tabula.ge/article-2466.html
Alexander 01 დეკემბერი 2010 07:39
ახრა სმირი იდიოტია, რა აზრი აქვს მაგის ციტირებას? აფხაზებს უნდოდათ მონობა და დამსახურებული დასჯა მიიღეს და კიდევ მიიღებენ. უკვე თითქმის აღარ არსებობს აფხაზური ენა. სურათებში რაც კი არის, სულ ყველაფერი რუსულ ენაზე წერია ქუჩებში... რა გამოსავალი აქვს ამ 40 ათას ადამიანს თუ არა ის, რაც გაცილებით უფრო დიდრიცხოვან ერებს დაემართა რუსეთის იმპერიაში... თათრებს მაგალითად თათარისტანში და მრავალ, მრავალ სხვას... ისინი რუსები გახდებიან... მაგრამ მოსკოვში მათ ისევე შეხედავენ როგორც ჩეჩნებს... არც იქ იქნებიან თავისიანები, არც სოხუმში...
სიმონ ჯანაშიას სვეტი - მუქარის გაკვეთილი
http://www.tabula.ge/article-2460.html Bervil
29 ნოემბერი 2010 20:51
სრულიად ვეთანხმები სტატიის ავტორს, საერთოდ ასეთი ქმედებებით კიდევ უფრო მყარდება ჩემში წარმოდგენა მინისტრის შესახებ, როგორც სრულიად არაკომპეტენტური ადამიანისა, რომელმაც უკეთეს შემთხვევაში იცის ის მეთოდები, რაც მისაღებია მხოლოდ სადამსჯელო სისტემაში და ისიც, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და არამც და არამც დემოკრატიულში ან ამის პრეტენზიის მქონეში.
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ლიდერები საჯაროდაც ისე უნდა ლაპარაკობდნენ, როგორც კერძო საუბრებში“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ კომენტარი Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებზე გააკეთა. მისი თქმით, ეს პოზიტიური ცვლილება იყო დიპლომატიაში. 3 დეკემბერი
„თუკი აზერბაიჯანი სამხედრო აგრესიას მიმართავს, სომხეთს სხვა არჩევანი აღარ ექნება და მთიან ყარაბაღს დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებს“.
ასტანაში ეუთოს სამიტზე ვიზიტისას განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა. 2 დეკემბერი
„სარკოზი საკუთარ ოფისში კურდღელს დასდევდა“.
Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებს შორის საფრანგეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის კრეგ სტეპლტონის ნაამბობიც მოხვდა. ელჩი სარკოზის პრეზიდენტობის ვადის დაწყებამდე ესტუმრა. სარკოზიმ შეხვედრისას უცაბედად კარი გააღო და ეზოში მოთამაშე შვილი შეხვდა. ბავშვს ხელში კურდღელი ეჭირა, რომელიც ძირს დასვა, რათა ელჩისთვის ხელი ჩამოერთვა. კურდღელს ძაღლი გაეკიდა, სარკოზის კი ორივეს დევნა მოუწია. 30 ნოემბერი
„მსგავსი გამონათქვამების მიზანი, რა თქმა უნდა, ერთერთი ჩვენგანის შეურაცხყოფა და ჩვენი სიამაყის გრძნობის შელახვაა... მოვუწოდებ ყველას, ვინც ამგვარ ჭორაობაშია ჩართული - დაწყნარდეს!“
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა CNN-ზე ტელეწამყვან ლარი კინგისთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა კომიქსების გმირებთან - ბეტმენთან და რობინთან პუტინ-მედვედევის ტანდემის შედარებაზე. 1 დეკემბერი
![]() |
3 კვირა |
▲ზევით დაბრუნება |
27 ნოემბერი
რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ მსოფლიოს ბირთვულ სახელმწიფოებს ატომური იარაღის აკრძალვისკენ მოუწოდა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ეს განცხადება ვატიკანში, იაპონიის ელჩთან შეხვედრისას გააკეთა. ბენედიქტე XVI -ს განცხადებით, იაპონიის ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის 65-ე წლისთავზე, კაცობრიობამ უნდა გააცნობიეროს თუ რა საშინელებას წარმოადგენს ატომური იარაღი.
28 ნოემბერი
თბილისში მომხდარ ორ აფეთქებას, რომლებიც ჯავახიშვილის ქუჩასა და მუხიანში, საათიანი შუალედით მოხდა - ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კრიმინალისტური ექსპერტიზის დასკვნით, ორივე შემთხვევაში ერთი და იმავე ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.
29 ნოემბერი
თბილისის საკრებულომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ, დედაქალაქის მერიის ინიციატივა დაამტკიცა. მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა. მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფი - 40 თეთრი - უსინათლოებისთვის, მასწავლებლებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და ომის ვეტერანებისთვის უცვლელი დარჩა.
30 ნოემბერი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ შუააზიური ტურნე დაიწყო. იგი რეგიონის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე მოლაპარაკებები გამართა.
ევროკავშირმა ქართველი მეზღვაურების განათლების, დიპლომირებისა და სერტიფიცირების აღიარება შეაჩერა. აკრძალვის შედეგად მეზღვაურები ქართული დიპლომებითა და სერტიფიკატებით ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ვერ იმუშავებენ, ხოლო ვინც უკვე მსახურობს - მათ დაითხოვენ. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი არაეფექტიანი მუშაობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ინიციატივა გაახმოვანა, რომელიც ანაკლიაში „თავისუფალი ტურისტული ზონის“ შექმნას გულისხმობს. ინვესტორი, რომელიც 100-ნომრიან სასტუმროს ააშენებს, 15-წლიანი საგადასახადო შეღავათების გარდა, სამორინეს ლიცენზიასაც უფასოდ მიიღებს.
1 დეკემბერი
ასტანაში, ეუთოს სამიტის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და ყირგიზეთის პრეზიდენტ როზა ოტუნბაევასთან პირისპირ შეხვედრები გამართა. საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსაც შეხვდა. 2 დეკემბერი
ჩრდილოეთ ევროპას დიდთოვლობამ სატრანსპორტო პრობლემები შეუქმნა. ბელგიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 650 კმ-იანი საცობი იყო. ბრიუსელში, ფრანკფურტში, მიუნხენში, ვენასა და პარიზში ფრენები გადაიდო. პრობლემები სარკინიგზო ტრანსპორტსაც შეექმნა.
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიშ ამადუ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი პრეზიდენტ სააკაშვილს და ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. მხარეებმა რეგიონალური პოლიტიკის საკითხებზე და პორტუგალიის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევაზე ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე პორტუგალიას ოფიციალური ვიზიტით 2010 წლის თებერვალში სტუმრობდა.
საქართველო ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის წევრია. ოფიციალურ დოკუმენტს ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლებმა ბრიუსელში მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, ქართულ კომპანიებს ევროპაში ფრენისას შეზღუდვები მოეხსნებათ და ევროპულ კომპანიებთან თანაბარი პირობებით ისარგებლებენ.
ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 2 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლად რუსეთი დაასახელა, ხოლო 2022 წელს დაგეგმილი ტურნირის მასპინძლობის უფლება ყატარს უბოძა. „მადლობას ვუხდი აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ასეთი არჩევანისთვის. მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს ჩატარებულა აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში და შესანიშნავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირს ძალიან მალე ამ რეგიონებშიც უმასპინძლებენ“, - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა.
კენჭისყრაში, რომელსაც საგამოფენო ცენტრმა უმასპინძლა, აღმასკომის 22 წევრი მონაწილეობდა. გამარჯვებისთვის 12 ხმა იყო საჭირო. ნაკლებხმოსანი ბრძოლას ეთიშებოდა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა რუსეთის გარდა დამოუკიდებლად ინგლისს, ხოლო ესპანეთ-პორტუგალიას და ბელგია-ჰოლანდიას მხარდამხარ სურდათ. პირველ ტურში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ინგლისი - 2, ბელგია-ჰოლანდია - 4, ესპანეთი-პორტუგალია - 7, რუსეთი - 9. ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შანსი დაკარგა, მეორე ტურში კი რუსეთმა გაიმარჯვა: რუსეთი - 13, ესპანეთი-პორტუგალია - 7, ჰოლანდია-ბელგია - 2. 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ოთხი ტურის შემდეგ გაირკვა. ყატარის გარდა ოქროს თასის გათამაშების უფლების მიღება ავსტრალიას, იაპონიას, კორეას და აშშ-ს სურდათ. პირველი ტური: ავსტრალია - 1, იაპონია - 3, კორეა - 4, ყატარი - 11, აშშ - 3.მეორე ტური: იაპონია - 2, კორეა - 5, ყატარი - 10, აშშ - 5. მესამე ტური: კორეა - 5, ყატარი - 11, აშშ - 6. მეოთხე ტური: ყატარი - 14, აშშ - 8.
![]() |
4 გრიგოლ ვაშაძე საქართველოს სტრატეგიული არჩევანი - დასავლეთზე ორიენტირებული მრავალვექტორული დიპლომატია |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტო: REUTERS ©
ეუთოს ასტანის სამიტზე კონფლიქტების საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. 56 ქვეყნის წარმომადგენლებმა სამიტის საიუბილეო დეკლარაცია მიიღეს. თუმცა, სამოქმედო გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. ძირითად საკითხებზე კონსენსუსის არარსებობა უმთავრესად რუსული მხარის არაკონსტრუქციულმა პოზიციამ განაპირობა. რუსეთის პრეზიდენტმა სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვა.
სამიტის შემდეგ ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ისინი არასდროს იტყვიან უარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, არ დათანხმდებიან რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოშობილი „ახალი რეალობების“ ლეგიტიმაციასა და საქართველოს პრობლემების იგნორირებას. დასავლელმა ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში ეუთოს მისიის აღდგენა და 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმების შესრულება მოითხოვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე გამოსვლისას კვლავ გაიმეორა საკუთარი სამშვიდობო ინიციატივა და ეუთოს მოუწოდა ამ კონფლიქტების მოგვარებაზე ფოკუსირებისა და მისი ფუძემდებლური პრინციპების უფრო აქტიური დაცვისაკენ.
ეუთოს სამიტის შედეგებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ ჟურნალ ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით ეუთოს ასტანის სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციას?
სამიტზე ერთიანი, ორნაწილიანი დოკუმენტი უნდა მიეღოთ. პირველი - საიუბილეო დეკლარაცია - რომელიც ეუთოს აქტის 35 და პარიზის ქარტიის 20 წლისთავს მიეძღვნებოდა. მეორე ნაწილი კი სამოქმედო გეგმა უნდა ყოფილიყო, რომელშიც ეუთოს წევრი 56 ქვეყანა არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს დასახავდა - როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და ადამიანის უფლებების განზომილებაში.
სამოქმედო გეგმის განხილვა დაახლოებით დღე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველომ განსახილველად რვა სამუშაო ვარიანტი წარადგინა. ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა - აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა, ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა სამოქმედო გეგმა მიგვეღო. თუმცა, უპირველეს ყოვლისა საქართველოს საკითხი, ასევე დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის საკითხები, დაბრკოლების მიზეზად იქცა.
ეუთოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები. ასტანა
რუსეთი შეეწინააღმდეგა სამიტის დოკუმენტებში საქართველოსთან დიალოგისაკენ მოწოდებას. ის არა მხოლოდ მოერიდა დევნილების საკუთარ სახლებში უპირობოდ, ღირსეულად, ნებაყოფლობით და დაბრუნების უფლების დადასტურებას, არამედ საერთოდ უარი განაცხადა დოკუმენტში საქართველოს ხსენებაზე.
ისეთი დონის შეხვედრა, როგორიც ეუთოს სამიტია, საერთოდ დასკვნითი დოკუმენტის გარეშე ვერ დასრულდებოდა, ამიტომ ყველა ქვეყანამ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართა რუსეთის ამ არაკონსტრუქციული პოზიციის გადალახვისთვის და საბოლოოდ საიუბილეო დეკლარაცია მივიღეთ. ეს დოკუმენტი იმით შემოიფარგლება, რომ ადასტურებს ეუთოს ფუძემდებლურ პრინციპებს.
საქართველოს შეფასებაა, რომ სამწუხაროდ, ეუთო კრიზისში იმყოფება. ეუთოში ვერ ხერხდება იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ჩვენს კონტინენტზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლადაა აუცილებელი. ვერ ხერხდება რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის უთანხმოების გადალახვა. ამიტომაც, ამ სამიტს და მის შედეგებს პოზიტიურად ვერ შევაფასებთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყახაზეთმა, როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, უდიდესი ძალისხმევა გაიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულმა დელეგაციამ შეძლო ის, რასაც ასტანაში წასვლამდე ვაცხადებდით - აღარ მიიღებენ დოკუმენტს, სადაც მკაფიოდ არ იქნება ჩამოყალიბებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა ან არ იქნება რუსეთ-საქართველოს დიალოგის განახლების, დევნილების დაბრუნების, 12 აგვისტოს შეთანხმებების შესრულებისა და სხვა არსებითი პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული კონკრეტული ზომები.
რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსეთის გავლენის ზრდა პოსტსაბჭოთა რეგიონსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?
რუსეთი აწარმოებს გააფთრებულ ზეწოლას დამოუკიდებელ ქვეყნებზე, მათ შორის ჩვენს სამეზობლოზე და არამარტო. განსაკუთრებით აქტიურად რუსეთის ფედერაცია ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში მუშაობს. 2008 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლობას აღიარებდნენ, უნდა მიეყვანათ დაახლოებით კოსოვოს მაღიარებელი ქვეყნების რაოდენობამდე. ამიტომ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობაზე და იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა, რომლის ტერიტორია 70 ათასი კვადრატული კილომეტრია და მოსახლეობა 4,5 მილიონს შეადგენს, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც 17,5 მილიონი კვადრატული კილომეტრია და მოსახლეობა 150 მილიონს აღწევს, ალბათ, არც ისე ცუდად გვიმუშავია. თანაც რუსეთის ფედერაციას თავისი უზარმაზარი საერთაშორისო ავტორიტეტი შემატა ვენესუელის, ნიკარაგუას და ნაურუს რეჟიმებმა. საყურადღებოა, რომ ნიკარაგუაში იურიდიულად ეს პროცედურა დასრულებული არ არის.
ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იმაზე მუშაობაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო- სამართლებრივი სტატუსი არ დაირღვეს. აუცილებელია ტერმინი „ოკუპაცია“ ყველა ქვეყნის მთავრობის ლექსიკონში შევიდეს.
რა კონკრეტული სიახლეებია ჩვენს ურთიერთობებში ამერიკასა და ევროპასთან?
ევროკავშირთან ურთიერთობაში ხელშესახები პრაქტიკული წარმატებები გვაქვს. წელს ხელი მოვაწერეთ სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულებას და პარტნიორობას მობილურობისთვის. ასევე, ნოემბერში ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას რეადმისიის, 2 დეკემბერს კი - ჩემი აზრით, ისტორიულ დოკუმენტს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთობლივი საჰაერო სივრცის შესახებ.
მომავალი წლის დასაწყისში ხელს მოვაწერთ დოკუმენტს, რომელსაც „გეოგრაფიულ დასახელებებთან დაკავშირებული სავაჭრო ნიშნების დაცვა“ ჰქვია.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ერთი რაუნდი უკვე ჩატარდა. 9 დეკემბერს გაიმართება მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი.
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან ერთი თავი მთლიანად დახურულია, რვა თავი მალე დაიხურება და ყველაფერზე მალე შევთანხმდებით. ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოების ამოცანა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების წინაშე 2008 წელს იდგა, აქტიურად სრულდება.
ხაზი მინდა გავუსვა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა ევროკავშირის მონაწილეობა ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში. ამმხრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია, ეს არის მისია, რომელიც რეკორდულ ვადებში შეიქმნა და საქართველოში გამოიგზავნა.
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მასთან ყოველდღიური, კონსტრუქციული, ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვს. მისია ყველა საჭირო მომენტში გამოდიოდა როგორც ძალიან ობიექტური, მიუკერძოებელი დამკვირვებელი.
გარდა ამისა, ევროკავშირი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა და დიდი წვლილი შეაქვს იმაში, რომ ამ ფორმატის შენარჩუნება ხერხდება. მართალია არსებითი შედეგები დღესდღეობით არ გვაქვს, მაგრამ ფორმატს უნდა გავუფრთხილდეთ.
რაც შეეხება აშშ- სთან ურთიერთობებს, ლისაბონში მიხეილ სააკაშვილი და ბარაკ ობამა შეხვდნენ, როგორც ორი მოკავშირე ქვეყნის ლიდერები და ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.
ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა აშშ-სთან შეიძლება სულ რამდენიმე სიტყვით გადმოვცე - ეს არის სტრატეგიული კავშირი, არჩევანი, რომელიც ორივე ქვეყანამ გააკეთა.
ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოსა და ირანის დაახლოება ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან?
საქართველოს ირანთან ნორმალური, კეთილმეზობლური რეგიონალური ურთიერთობა აქვს, თუმცა ეს საკმაოდ მტკივნეულ თემებზე საუბრებს არ გამორიცხავს. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს იყო მოსაზრებების ძალიან გულწრფელი გაცვლა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს, რომ ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლის ქვეშ განხორციელდეს.
ამ ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტიც და ჩვენც შევეხეთ ადამიანის უფლებათა დაცვის თემას. თუმცა, ეს არ გამორიცხავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰუმანიტარული საკითხები, ადამიანების კონტაქტი და ტურიზმი.
საქართველოს გეოგრაფიის პირობებში და ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში მყოფი ქვეყნისათვის აბსოლუტურად გამორიცხულია, არ ჰქონდეს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული არჩევანი დასავლური ორიენტაციაა.
![]() |
5 თავისუფლების მრუდე ექო |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ეხო კავკაზა, 03.10.2010 რადიო ეხო კავკაზას პროგრამების დირექტორი ანდრეი ბაბიცკი, სტატიაში „დაანებეთ რუსეთს თავი!” წერს, რომ დროა საქართველო შეეშვას რუსეთს, საბოლოოდ დაივიწყოს შიდა პრობლემების საგარეო მიზეზები... ამასთან, პუბლიკაციის კომენტარებში იგივე ბაბიცკი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას დაკარგული ტერიტორიების ფანტომური ტკივილები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა საქართველოს ფარგლებში მხოლოდ 60 წლის განმავლობაში შედიოდა. ბაბიცკი კომენტარებში იმასაც აღნიშნავს, რომ მე-20 საუკუნეში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ქართველების მასობრივი ჩასახლების გამო, დემოგრაფიული სიტუაცია ძალისმიერი გზით შეიცვალა.
ეხო კავკაზა, 18.11.2010 ეხო კავკაზას თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ოლესია ვართანიანმა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებაში ტერმინ „ოკუპაციის” გამოყენების ფაქტი უნებლიე შეცდომად გამოაცხადა. სტატიაში -„ბაროზომ ოკუპაცია შეცდომით თქვა” - ინფორმაციის წყარო, რომელსაც ჟურნალისტი ეყრდნობოდა, კონფიდენციალური გახლდათ. რადიოს ხელმძღვანელობას ამ წყაროს რეალურობასა და სანდოობასთან დაკავშირებით კითხვა არც მას შემდეგ დაებადა, რაც ევროკავშირის განცხადებებში ტერმინი „ოკუპაცია” უკვე ოფიციალურად გაჩნდა.
რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლების სათავო, ინგლისურენოვან საიტზე შემსვლელებს, ერთი უსიამოვნო ფაქტი მოსჭრიდა თვალს. რადიოს დაფარვის ზონის გაფართოებაზე დასმული კითხვის პასუხად, ახალი ქვეყნების ჩამონათვალში, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ფიგურირებდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ასეთი ჟურნალისტური „აღიარება“ განსაკუთრებით მოულოდნელი და უცნაური ჩანდა იმ რადიოს მიერ, რომელიც წლებია, მსოფლიოს 21 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში თავისუფალი სიტყვისა და დასავლური დემოკრატიის პრინციპებს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ რადიოს აშშ- ის კონგრესი აფინანსებს. აშშ-ის ოფიციალურ ტერმინოლოგიაში კი უკვე კარგა ხანია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ ტერმინი „ოკუპირებულია“ დამკვიდრებული.
ტაბულასთან საუბარში რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის უფროსმა დავით კაკაბაძემ ამ ფაქტს შეცდომა უწოდა. მსმენელთა რეაგირების გამო დღეისთვის ეს „შეცდომა“ გამოსწორდა, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. საიტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დღეს ტერმინი „განდგომილი რეგიონები“ გამოიყენება.
რადიო თავისუფლების სათავო, ვაშინგტონის ოფისში, კომუნიკაციის ასოცირებულმა დირექტორმა მარტინს ზვანერმა ტაბულას განუცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ტერმინების „განდგომილი“ (breakaway regions) ან „თვითგამოცხადებული“ (self-proclaimed republics) გამოყენება მათი სარედაქციო პოლიტიკაა. ნებისმიერი სხვა სტატუსი რადიო თავისუფლების პოზიციად არ უნდა აღვიქვათ. ზვანგერმა განმარტა, რომ რადიო თავისუფლების პროექტებში ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ჟურნალისტების მიერ მოწოდებულ მასალებში მათ მიერ ადგილზე გამოყენებული ტერმინები გვხვდება. საიტზე მასალებს ტერმინებთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტება აქვს დართული.
ეს მასალები ძირითადად რადიო თავისუფლების მიერ დაფუძნებული რუსულენოვანი რადიო ეხო კავკაზას ეთერში და საიტზე არის განთავსებული. განმარტებები რადიოში არ კეთდება.
რადიო თავისუფლებას ტერმინოლოგიისადმი მსგავსი მიდგომა, საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ქვეყნების ოკუპირებისას არ ჰქონია. მისი სარედაქციო პოლიტიკა მაშინ სსრკ-ს მმართველთა გულის მოსაგებად არც აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკას დაპირისპირებია. ეთერში ვერც ადგილობრივი ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო რეჟიმებისა და ოკუპანტების სასარგებლოდ მომზადებულ მასალებს მოუსმენდით. მაშინდელი რადიო, დღევანდელის მსგავსად, არადემოკრატიული რეჟიმების მძევლად არ ქცეულა. სწორედ მსგავსმა სარედაქციო პოლიტიკამ შექმნა მისი ავტორიტეტი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გაშუქების პრაქტიკამ, შესაძლოა, დარტყმის წინაშე დააყენოს.
ამ დღეებში რადიო ეხო კავკაზას მიმართ საქართველოს რუსულენოვან მედიაში და ინტერნეტში კითხვები გაჩნდა. პრეტენზიები გაშუქების კონკრეტულ მაგალითებს მოიცავს. ინტერნეტში არაერთი მასალა გამოქვეყნდა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ არის დარღვეული მხარეთა ბალანსი კონფლიქტის გაშუქების დროს, როგორც წესი - არა საქართველოს პოზიციის სასარგებლოდ.
მსგავსი „შეცდომები“, ცხადია, ხალხების დაახლოებისა და ობიექტური რუსულენოვანი ინფორმაციის გავრცელების დეკლარირებულ იმ მიზანს ნაკლებად ემსახურება, რომლითაც 2009 წელს რადიო თავისუფლებამ ეხო კავკაზა დააფუძნა. თბილისში უკვე გაისმა კითხვა: საინტერესოა, ვინ უკვეთავს მუსიკას რადიოში, რომელსაც, ოფიციალური ინფორმაციით, აშშ- ის კონგრესი აფინანსებს?
![]() |
6 მცოცავი ოკუპაცია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის“ ამუშაოები გაააქტიურა. 25 ნოემბერს გორის რაიონის სოფელ დიცში ინციდენტი მოხდა, სადაც მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები, რუსი მესაზღვრეების დაცვის ქვეშ, აზომვით სამუშაოებს ატარებდნენ. ოსური წყაროების ცნობით, მათთვის ხელის შეშლას ქართული სოფლის ათამდე მცხოვრები შეეცადა - ისინი აცხადებდნენ, რომ ტერიტორია მათ სოფელს ეკუთვნის და სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვდნენ. ამ შემთხვევას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შეესწრნენ.
მეორე დღეს მისიამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ადმინისტრაციულ საზღვარზე მარიონეტული რეჟიმის მიერ სადემარკაციო სამუშაოების გამო შეშფოთება გამოთქვა. მისიის განცხადებით, „ეს სამუშაოები არ შეესაბამება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რომელსაც ევროკავშირი მხარს უჭერს“
ინციდენტს ცხინვალის რეჟიმის ლიდერის სპეცწარმომადგენელი, ბორის ჩოჩიევი გამოეხმაურა, რომელმაც საგანგებო წერილით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს, პიერ მორელს მიმართა. ჩოჩიევი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ამის გამო, მისი თქმით, „შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რაც ამ სამუშაოების ნორმალურად ჩატარებას ხელს უშლის“ კერძოდ, ინციდენტს, რომელსაც ევროკავშირის დამკვირვებლებიც შეესწრნენ, „შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყოლოდა“ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ჩოჩიევმა პიერ მორელს ევროკავშირის დამკვირვებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის „სათანადოდ ინფორმირება“ სთხოვა.
თავის მხრივ, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ოსური მხარე რუსეთის ФСБ-ს მესაზღვრეების დახმარებით დელიმიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ეს მიმდინარე წლის აპრილში „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ მიღებული კანონის საფუძველზე ხდება.
„სახელმწიფო საზღვრის“ დადგენას და მონიშვნას ოსური და რუსული უწყებების წარმომადგენლები სექტემბრის ბოლოს შეუდგნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ხუთ სოფელში ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს. კერძოდ, რუსმა მესაზღვრეებმა „საზღვრის“ მოსანიშნად არმატურის ძელები განათავსეს სოფელ ქვემო ნიქოზის, ზემო ნიქოზის, დიცის, არბოსა და ქორდის ტერიტორიაზე. შსს-ს მონაცემებით, სოფელ ქვემო ნიქოზში 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა, სოფელ დიცში - 3 ოჯახის კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი. სოფელ არბოში კი დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი 5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ხოლო სოფელ ქორდში - ნახევარი ჰექტარი კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ „სახელმწიფო საზღვრის“ დადგენისას საბჭოთა ადმინისტრაციული დაყოფით დადგენილი საზღვრებით ხელმძღვანელობს. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვარი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 21 დეკემბერს, სპეციალური კომისიის დადგენილებით დამტკიცდა. თუმცა, ეს საზღვარი მხოლოდ ერთი საბჭოთა რესპუბლიკის შიგნით ადმინისტრაციული ერთეულების გამიჯვნას ემსახურებოდა და შესაბამისად, სათანადო სიზუსტით არასდროს ყოფილა დადგენილი.
ბორის ჩოჩიევიც აღიარებს, რომ ცხინვალის რეჟიმის ხელთ არსებული მონაცემებით, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბევრი „სადავო მონაკვეთია“. მართალია, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი „დემარკაციის“ პროცესში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობას უარყოფს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ამ პროცესის დაწყებაში ცხინვალის მთავრობას „რუსი კოლეგები“ დაეხმარნენ. მათ „ურჩიეს“ 1984 წლის რუკებით იხელმძღვანელონ. შესაბამისი რუკებიც (და, როგორც ჩანს, მითითებებიც) ცხინვალს სწორედ მოსკოვიდან მიაწოდეს.
მარტის დასაწყისში ცხინვალმა თბილისს „დემარკაციის“ პროცესში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც, რასაკვირველია, უარი მიიღო. ამის შემდეგ მარიონეტული რეჟიმი საზღვრის დადგენის პროცესს ცალმხრივად, რუსული ФСБ-ს დახმარებით შეუდგა. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის „შიდა“ საზღვრის სიგრძე 400 კილომეტრს აღწევს. დღეისთვის მის დაცვას 900-მდე რუსი მესაზღვრე უზრუნველყოფს. მარიონეტული რეჟიმი „სახელმწიფო საზღვრის“ მთელ გაყოლებაზე სასაზღვრო ბოძების დადგმასა და დაცვის სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
„სასაზღვრო პრობლემებით“ მანიპულირება, როგორც ჩანს, მარიონეტული რეჟიმისათვის და მისი მოსკოველი კურატორებისთვის ოკუპაციის ლეგიტიმაციის კიდევ ერთი საშუალება გახდა - პრობლემების შექმნა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის ქართული მოსახლეობისთვის ცხინვალსა და მოსკოვში თბილისზე დამატებითი ზეწოლის მეთოდად მიიჩნიეს. „დემარკაციის“ პროცესში ჩართვას და ამით სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფოებრივი“ სტატუსის დადასტურებას საქართველოს ხელისუფლება არასდროს დათანხმდება. საოკუპაციო ძალებს კი ახალ-ახალი ტერიტორიების მიტაცების საფრთხით თბილისის დაშანტაჟების შესაძლებლობა ეძლევა.
დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რუსული ძალების საქართველოში ყოფნის ოფიციალურად ოკუპაციად აღიარებას კრემლი ადმინისტრაციულ საზღვრებზე ბოძების „დარჭობით“ პასუხობს.
კიდევ ერთი პრობლემა ცხინვალის რეჟიმმა ახალგორის ქართულ მოსახლეობას შეუქმნა - ნოემბერში მარიონეტულმა ხელისუფლებამ ადგილობრივ მცხოვრებლებს „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობის მისაღებად ერთი თვის ვადა მისცა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ოსური პასპორტის არმქონე პირები უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებად ჩაითვლებიან და საზღვრის ყოველი გადაკვეთისას მათ „სახელმწიფო ბაჟის“ - 320 რუსული რუბლის გადახდა დაეკისრებათ.
![]() |
7 სოჭის ოლიმპიადა - არჩევანი ბოიკოტირებასა და თანამონაწილეობას შორის |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
საქართველო სოჭის ოლიმპიადის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას იწყებს. პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით დროებითი კომისია იქმნება, რომელმაც სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს.
საპარლამენტო კომისიის შექმნის განზრახვის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. საქართველო შეეცდება ქვეყნის დეოკუპაციამდე სოჭში ოლიმპიადის ჩატარება არ დაუშვას. ამისთვის საერთაშორისო საზოგადოება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის სხვა ქვეყანაში გადატანის აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს.
საქართველოს ხელისუფლება ძირითადად სამი - ეკოლოგიური, ისტორიული და უსაფრთხოების არგუმენტების ამოქმედებას აპირებს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2010 წლის შემოდგომაზე გადაიდგა.
ოლიმპიური სტადიონი. სოჭი
სოჭის ოლიმპიადის თემასა და მასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ საფრთხეებს სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლისას გაუსვა ხაზი. მან საქართველოს პარტნიორებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გარემოსთვის მიყენებული ზიანის მონიტორინგის განხორციელებაში დახმარება სთხოვა.
სექტემბერშივე ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ სპეციალური განცხადება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაავრცელა.
ამას წინ გაეროს ბუნების დაცვის პროგრამის მიერ 2010 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიში უძღოდა. დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი უგულებელყოფს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის მზადებისას ბუნების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ საფრთხეს.
ოქტომბერში, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წინაშე გამოსვლისას, ეკოლოგიურ საფრთხეებს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც გაუსვა ხაზი.
მეორე და მნიშვნელოვანი არგუმენტი სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ჩერქეზთა საკითხია. ტაბულა უკვე წერდა საქართველოში ახალი კავკასიური პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ. ამ პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში განსახილველად ჩერქეზთა გენოციდის აღიარების თხოვნა შევიდა; ჩერქეზული დიასპორის აქტიური მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციები მოეწყო. გენოციდის თემა ახალ, უფრო მაღალ სადისკუსიო ფორმატში გადავიდა.
ჩერქეზთა თემა ერთ-ერთია ასევე იმ პრობლემებს შორის, რომელიც სოჭი 2014-ის უსაფრთხოებას უკავშირდება. გარდა პოლიტიკური დაპირისპირებისა, რომლის ავანგარდში ჩადგომას საქართველო ცდილობს, მსოფლიოში სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ისლამისტური წინააღმდეგობის გააქტიურებასაც ელიან.
ამ ვითარებაში რუსეთი კიდევ უფრო აქტიურად ცდილობს, ოლიმპიადის მოსამზადებელ პროცესში ოკუპირებული აფხაზეთი ჩართოს. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმში ოლიმპიადისთვის მოხალისეთა შეკრება მიმდინარეობს. მოსკოვი წლის დასაწყისიდან უშედეგოდ ცდილობდა ბაბუშერას აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მოპოვებას და შესაბამისი ფრენების განხორციელებას. ბოლო დროს კრემლში აქტუალური გახდა აფხაზეთის ოფიაციალურ პარტნიორად გამოცხადების თემაც. ეს იდეა ამ დღეებში რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციის - ნაციონალური სტრატეგიის საბჭოს დირექტორმა ვალერი ხომიაკოვმა გააჟღერა. მისი თქმით, სოხუმი კავკასიაში მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია და რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ოლიმპიადა აფხაზეთის, როგორც საკუთარი პარტნიორის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შესათავაზებლად.
ამ იდეას ერთი მთავარი არგუმენტი უქმნის წინაღობას - ოლიმპიადის ქარტია მისი მიზნებისთვის ქვეყნის მიერ მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლებას იძლევა. აფხაზეთში ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც კი ამ ქარტიას უკვე არღვევს.
მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის და ამ ტერიტორიებზე შავი ხვრელების არსებობის თემა ასევე ერთ-ერთია, რომელზე აქცენტსაც საქართველოს ხელისუფლება 2014 წლის ოლიმპიადაზე საუბრის დროს აკეთებს. სწორედ ამ ფაქტორს გაუსვა ხაზი 25 ნოემბერს პრაღაში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ვიცე- პრემიერმა გიორგი ბარამიძემ. მან კომენტარი პარლამენტის მიერ სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობაზე გააკეთა.
საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კონსერვატიზმის გათვალისწინებით, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისაკენ მიმართული ღონისძიებების წარმატებაში დარწმუნებული არ არიან. თუმცა, არ გამორიცხავენ ევროკავშირის იმ სახელმწიფოების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მუდმივად უჭერენ მხარს და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს გმობენ.
ამ არჩევანთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება, ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში, NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა Washington Post-ში გამოაქვეყნა. იგი საერთაშორისო საზოგადოებას სოჭის ოლიმპიადის სამართლიანობის აღდგენის ბერკეტად გამოყენებას სთავაზობდა. ავტორის აზრით, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ბოიკოტსა და თანამონაწილეობას შორის მესამე გზის მოძიებით არასასიამოვნო არჩევანი უნდა გააკეთონ: სოჭის ოლიმპიადა იმ გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების კატალიზატორად უნდა იქცეს. 2010 წლის შემოდგომაზე საქართველოს მიერ დეკლარირებული ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის პოლიტიკა რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას სწორედ მსგავს არჩევანს სთავაზობს.
![]() |
8 როტაცია დიპლომატიურ კორპუსში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
საქართველოს 11 ახალი ელჩი ეყოლება. მათი კანდიდატურები პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინეს.
მეზობელი ქვეყნებიდან ახალ ელჩებს საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანში გაგზავნის. სომხეთში საქართველოს ელჩობის კანდიდატი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი თენგიზ შარმანაშვილია. ის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო და ახალი კონსტიტუციის საბაზისო პროექტის თანაავტორია. აზერბაიჯანში ელჩობაზე თეიმურაზ შარაშენიძის კანდიდატურაა წარდგენილი. იგი ამჟამად სტამბოლშია საქართველოს კონსული.
საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ევროსაბჭოში, ზურაბ ჭიაბერაშვილს, მისივე მოადგილე და ამჟამინდელი დესპანი მამუკა ჟღენტი ჩაანაცვლებს. თავად ჭიაბერაშვილი კი შვეიცარიაში საქართველოს ელჩობაზეა წარდგენილი. იგი ჟენევაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც შეითავსებს. ახლანდელი ელჩი შვეიცარიაში, გიორგი გორგილაძე, კი, სავარაუდოდ, პორტუგალიაში გადავა.
პოლონეთში ელჩობის კანდიდატი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილია, საქართველოს ელჩი სლოვენიასა და სლოვაკეთში. მის ადგილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი დაიკავებს.
პოლონეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კი შვედეთში გადაინაცვლებს. ბრაზილიაში ელჩად საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ბერძენიშვილი წარადგინეს. მექსიკაში კი - მალხაზ მიქელაძე. ის აშშ-ში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.
ეგვიპტეში მომავალ ელჩად - ქუვეითში, ბაჰრეინსა და ყატარში საქართველოს საკონსულოს თანამშრომელი - არჩილ ძულიაშვილი მოიაზრება.
![]() |
9 ჯობია,სახელმწიფომ მხოლოდ ის საქმე აკეთოს, რასაც სხვა ვერ შეძლებს |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ინტერვიუ სიმეონ დანკოვთან
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ერთობლივმა, ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგის რიგით მერვე კვლევამ Doing Business 2011-მა საქართველო მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის პირველ რეფორმატორად დაასახელა. საქართველომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველა ამ ქვეყანაზე უფრო მეტად და სტაბილურად გააუმჯობესა ბიზნესის რეგულირების გარემო. გამოცდილების გაზიარების მიზნით კვლევის ავტორებმა და საქართველოს მთავრობამ თბილისში ორდღიანი კონფერენცია ჩაატარეს. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ამ ტიპის კონფერენცია პირველად გაიმართა. მას 30 ქვეყნის ასამდე მონაწილე დაესწრო. მათ შორის ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგის კვლევის ერთ-ერთი ავტორი და ამჟამად, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, სიმეონ დიანკოვი. მოგვიანებით მან თავისუფალ უნივერსიტეტში გლობალური ფინანსური კრიზისის გაკვეთილების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ტაბულასთან საუბრის ძირითადი თემებიც საქართველო, ბულგარეთი, ევროპა, ამერიკა, გლობალური ფინანსური კრიზისი და ენერგოდივერსიფიკაცია იყო.
დოქტორო დიანკოვ, რას ნიშნავს საქართველოს ნომერ პირველ რეფორმატორად დასახელება?
პირველ რიგში აღიარებას. ნახეთ, რამდენი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში გამოცდილების გასაზიარებლად. ეს სურვილი სცდება მხოლოდ ამ რეგიონს - ბევრგან მინახავს ხალხი, რომელსაც აინტერესებს საქართველო. მოდიან და მეკითხებიან, რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ქვეყნისგანო. ცოტას მეც ვუხსნი, რადგან ამ ქვეყნის განვითარების მთელ 13-წლიან დინამიკას ვიცნობ - პირველად 1997 წელს ჩამოვედი. თუმცა იქვე ვამატებ, ჩადით საქართველოში და თავად ნახეთ- მეთქი.
კვლევის მეთოდოლოგია ოდნავ შეიცვალა. საბოლოო რანგს დასაქმების ინდექსი აღარ განსაზღვრავს. არადა, ამ კომპონენტის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ხუთეულში შედიოდა. რა არის ამის მიზეზი?
პოლიტიკური ცვლილებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, პროფკავშირების ზეწოლა და არასწორი ხედვა, რომ დასაქმების მოქნილი, ნაკლებად რეგულირებული სისტემა პრობლემების წყაროა. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა კარგად აჩვენა, რომ სახელმწიფო ერთდროულად ბევრ საქმეს თავს წარმატებით ვერ ართმევს. ამიტომ ჯობია, მან მხოლოდ ის საქმე აკეთოს, რასაც სხვა ვერ შეძლებს, მაგალითად, უფლებების დაცვა, უსაფრთხოება. დანარჩენს კერძო სექტორი მიხედავს. თუმცა ბევრად უფრო ადვილია თქმა, ვიდრე შესრულება.
ვინ დაზარალდა ამ კრიზისით ყველაზე მეტად?
საინტერესოა, რომ თავიდან ყველას ეგონა - თითქოს ეს ამერიკული კრიზისი იყო. თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ უფრო ევროპულ კრიზისად იქცა. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ყველაზე მეტად დაზარალდა. აზია მალევე დაუბრუნდა ეკონომიკურ ზრდას. ამერიკამ შარშან დაიწყო კრიზისიდან გამოსვლა. ევროპის ქვეყნები ბოლო ჯგუფია, რომელმაც ეს ჯერ ვერ მოახერხა. უკვე მესამე წელია ევროპა, როგორც ქვეყნების ჯგუფი, უარყოფითი ეკონომიკური ზრდის ტერიტორიაზე რჩება. ევროპული ეკონომიკა ნაკლებ მოქნილი აღმოჩნდა. ძველი კონტინენტი ყოველთვის მეტი ხარჯვის მომხრე იყო. კრიზისის დროს კარგად გამოჩნდა, რომ ამ მიდგომამ ევროპას პრობლემები კი არ მოუხსნა, არამედ, დაუმატა.
თუმცა, ბოლო პერიოდში არჩევნებში ვინც გაიმარჯვა, სათავეში სწორედ ქამრების მოჭერის პოლიტიკური პლატფორმით მოვიდა...
მართალია. როგორც ჩანს, ევროპამ ამ კრიზისიდან სწორი გაკვეთილი გამოიტანა. ისტორიაში პირველად, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 21 ქვეყნის მთავრობა კონსერვატორია. მეორე მხრივ, ამომრჩეველსაც მობეზრდა, მთავრობამ მის შემოსავალზე მეტი ხარჯოს და შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე, ვალი ახდევინოს. ზოგადად, განვითარებული და განვითარებადი მსოფლიო საერთო ტენდენციამ მოიცვა: ნულოვანი ტოლერანტობა დეფიციტის მიმართ. გერმანიას კონსტიტუციაში შეაქვს ცვლილება, რომ 2015 წლიდან დეფიციტი მშპ-ს 1%25- ზე მეტი არ უნდა იყოს. ამერიკაც კი დარწმუნდა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდია ქვეყნის ეკონომიკა, დიდ დეფიციტს ის უბრალოდ ვერ აიტანს. ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველ 12 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს კრიზისის ახალი ტალღა გადაუვლის ხოლმე. თუმცა სავარაუდოდ, ეს ფინანსური კრიზისის ტალღა აღარ იქნება, თუ მსოფლიო საბოლოოდ აირჩევს ეკონომიკური განვითარების სწორ მოდელს. საქართველო სწორედ ამ არჩევანის გამო გახდა მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა.
ქამრების მოჭერის პოლიტიკის გარდა, დამატებით კიდევ რა არის საჭირო?
დაბალი და პროგნოზირებადი საგადასახადო წნეხი. ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ გადასახადები რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაიზრდება. ამით ის ზუსტად განსაზღვრავს ამ პერიოდში რას უნდა მოელოდეს და ინვესტიციასაც უფრო ეფექტიანად დააბანდებს. გარდა ამისა, ეს ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების საუკეთესო საშუალება იქნება. ბიზნესი საკუთარ ხარჯებს თვითონ დააფინანსებს და სუბსიდიებს არ ჩამოეკიდება. ზოგადად, ეკონომიკური ზრდა მომდევნო 5 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. მათ შორის, არა მხოლოდ შედარებით პატარა ეკონომიკისთვის - როგორიც, მაგალითად, საქართველოსა და ბულგარეთს აქვს.
კიდევ რით ჰგავს საქართველო ბულგარეთს?
ორივე ქვეყანას პატარა და ღია ეკონომიკა აქვს. ორივე ექსპორტზეა დამოკიდებული. ორივე ცდილობს, სოფლის მეურნეობის დარგი განავითაროს. ორივე ქვეყანა ბევრ ფულს ხარჯავს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ეს გასაგებია, რადგან კარგი გზები, პორტები, რკინიგზა ვაჭრობას ამარტივებს. ორივე ქვეყანა ფიქრობს, როგორ მიაღწიოს მეტ ენერგოდამოუკიდებლობას და დივერსიფიკაციას. საქართველოში წყლის პოტენციალის ათვისება დაიწყეთ. ბულგარეთში - გაზის. ჩვენს ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა. ახალი მთავრობა დასავლეთზეა ორიენტირებული და არა რუსეთზე. საქართველო და ბულგარეთი ამითაც ჰგავს ერთმანეთს.
ენერგოდივერსიფიკაცია ახსენეთ. სულ რამდენიმე ხნის წინ, ბულგარეთი სამხრეთ ნაკადის პროექტს ისევ შეუერთდა. ამ ფაქტს როგორ აფასებთ და ნიშნავს თუ არა ეს ნაბუქოს პროექტზე უარის თქმას?
არა. ჩვენ მზად ვართ ნაბუქოს პროექტისთვის. ყველა ხელშეკრულება ხელმოწერილი და რატიფიცირებულია. ნაბუქოსთვის დაფინანსებასაც კი გამოვყოფთ. მოუთმენლად ველოდებით პროექტის შემდგომ განვითარებას. სამხრეთის ნაკადის პროექტის მიმართ კი ჯერ მხოლოდ ინტერესი გამოვხატეთ. წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასაზუსტებელი.
კრიზისი ბულგარეთსაც შეეხო?
დიახ. ეს კრიზისი იმით იყო გამორჩეული, რომ მსოფლიოს ყველა რეგიონში ეკონომიკა სულ მცირე ერთი წლის მანძილზე მაინც შემცირდა. ბულგარეთის ეკონომიკა, მაგალითად - 5%25-ით. საქართველოსგან განსხვავებით, ქვეყანას ჯერაც უჭირს ეკონომიკური ზრდის მიღწევა. თუმცა მომავალ წელს ამ მიზანს მივაღწევთ.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ახალი მიზანი ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგის ტოპ-ათეულიცაა...
რეალური პერსპექტივაა. დასაქმების ინდექსის მეთოდოლოგიაში დაბრუნებას, ვფიქრობ, მალე უნდა ველოდოთ. გარდა ამისა, მუშავდება კიდევ ერთი კომპონენტი - ელექტროენერგიის მისაწვდომობა. საქართველოს ამ მხრივ კარგი შედეგები აქვს. ასე რომ, ტოპ-ხუთეულზეც იფიქრებდა კაცი. ჩემი ვიზიტის განმავლობაში, ამას საქართველოს მთავრობასაც ვეტყვი.
![]() |
10 მანქანები ინვესტიციების სანაცვლოდ |
▲ზევით დაბრუნება |
ზურა ჯაფარიძე|სვეტი
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს სახელმწიფო აპარატის მფლობელობაში არსებული ავტოპარკის სრულად გამოცვლას და არსებული ავტომანქანების ჩანაცვლებას ე.წ. ელექტრომანქანებით. აღნიშნულ საკითხზე უკვე გაიმართა მოლაპარაკებები კომპანია ჯენერალ მოტორსის წარმომადგენლებთან. წინასწარ გაცხადებული ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 4 ათასი ავტომანქანის შეცვლაზე.
ელექტროძრავაზე მომუშავე მანქანები საკმაოდ პოპულარული იყო მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. თუმცა მას შემდეგ, რაც მოხდა შიდა წვის ძრავის ტექნოლოგიის დახვეწა და ავტოპროდუქციის შესაბამისი გაიაფება, ელექტრომანქანები დავიწყებას მიეცა და პრაქტიკულად განიდევნა ბაზრიდან.
ინტერესი ასეთი ტიპის მანქანების მიმართ კვლავ გამოცოცხლდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც გარემოს დაბინძურების საკითხებმა წინა პლანზე წამოიწია განვითარებული ქვეყნების დღის წესრიგში. რამდენიმე ქვეყანამ მნიშვნელოვანი რესურსები გამოყო სახელმწიფო ხაზინიდან შესაბამისი კვლევების დასაფინანსებლად და შედეგად კვლავ გამოჩნდა ელექტროძრავაზე მომუშავე მანქანების ახალი მოდელები.
თანამედროვე ელექტრომანქანებს, განსხვავებით პირვანდელი ნიმუშებისგან, რამდენიმე პოზიტიური მახასიათებელი გამოარჩევს. უპირველეს ყოვლისა ისინი გამოირჩევიან ნულოვანი გამონაბოლქვით, ანუ პრაქტიკულად არ აბინძურებენ გარემოს. ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს როგორ ხდება იმ ელექტროენერგიის გამომუშავება, რომელიც გამოიყენება მსგავსი ავტომობილების დასატენად, რადგან თუ ენერგია გამომუშავებულია ნავთობზე ან ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურის მიერ, მაშინ გარემოს დაბინძურება მაინც ხდება, თუმცა ირიბად.
ელექტრომანქანები ძალიან მოსახერხებელია ქალაქში მოკლე მანძილებზე სამოძრაოდ. თანამედროვე მოდელებს უკვე შეუძლიათ სათანადო აჩქარების მიღწევა ავტომობილის დაძვრისას (რაც ადრეულ მოდელებში პრობლემა იყო). მათი მოვლა-პატრონობა გაცილებით იაფი ჯდება საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით. გამომდინარე ნავთობპროდუქტებზე მზარდი ფასებიდან, ითვლება, რომ ელექტრომანქანები სულ უფრო პოპულარული გახდება უახლოეს მომავალში.
თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი უარყოფითი ასპექტიც, რომლებიც ელექტრომანქანების მასობრივ გამოყენებას არაპრაქტიკულს ხდის. პირველ რიგში ესაა მაღალი ფასი, რომელიც, როგორც წესი, საწვავზე მომუშავე მსგავსი მოდელის ფასს ორჯერ აღემატება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მანძილი, რომელიც ელექტრომანქანას შეუძლია გაიაროს ერთი დატენვის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ გარკვეული გაუმჯობესება აღინიშნება უახლეს მოდელებში, ეს მანძილი კვლავაც მცირეა (შედარებისთვის ჯენერალ მოტორსის მოდელი ვოლტი, რომლის შესყიდვაც განიხილება საქართველოს მთავრობის მიერ, ერთი დატენვის შემდეგ დაახლოებით 65 კილომეტრს გადის). შესაბამისად, ელექტრომანქანების მასობრივი მოხმარების პროდუქტად ქცევა საჭიროებს დიდი რაოდენობით ე.წ. დამტენი სადგურების მშენებლობას.
პრობლემას საბოლოო ჯამში არც სადგურების რაოდენობა აგვარებს, რადგან ასეთი ტიპის მანქანების აკუმულატორების დატენვა ძალიან დიდ დროს საჭიროებს (როგორც წესი, რამდენიმე საათს). გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იგივე აკუმულატორების მოცულობა ზედმეტად დიდია და ისედაც პატარა მოცულობის მანქანაში მნიშვნელოვან სივრცეს იკავებს. ეს კი ელექტრომანქანებს არაპრაქტიკულს ხდის საოჯახო მოხმარებისთვის.
აღნიშნული უარყოფითი ასპექტებიდან გამომდინარე, ელექტრომანქანები ჯერ კიდევ არაპოპულარულია მომხმარებლებში. შესაბამისად, ამ პროდუქციის ბაზარი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული. თუმცა ეს ხელს არ უშლის სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც გარემოს დაცვითი მიზნებით არიან მოტივირებულნი, მოახდინონ ელექტრომანქანების ბაზრის ხელოვნური სტიმულირება, რაც როგორც წესი გამოიხატება შესაბამის კვლევებზე სახელმწიფო გრანტების გამოყოფასა და მომხმარებლებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაში. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა გადასახადების გადამხდელების ფულის არაეფექტიანი ხარჯვა და საწვავზე მომუშავე მანქანების მწარმოებლების არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენება.
სხვა საკითხია როდესაც რომელიმე მსხვილი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ხარჯავს ფულს მსგავს ტექნოლოგიებში (მაგალითად, ჩინეთი გეგმავს დაახლოებით 16 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას ელექტრომანქანების საკუთარი წარმოების შექმნის მიზნით) და სხვა საკითხია როდესაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა აპირებს იმავე ტიპის ქმედების განხორციელებას. 4 ათასი ელექტრომანქანის შეძენა, თუ არჩევანი ამერიკულ შევროლე ვოლტზე შეჩერდება, დაგვიჯდება დაახლოებით 164 მილიონი აშშ დოლარი. იაპონური ტოიოტა პრიუსის ან ნისან ლივის შეძენის შემთხვევაში, ხარჯი შესაბამისად 88 ან 128 მილიონი აშშ დოლარი იქნება. რამდენად უღირს ქვეყანას, რომელიც იმყოფება პოსტკრიზისულ მდგომარეობაში და ორიენტირებულია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე, მსგავსი ხარჯების გაწევა? მაშინ როცა ელექტრომანქანების მწარმოებელი ქვეყნების მთავრობებს არ მიუღიათ სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ავტომობილების ელექტრომანქანებით ჩანაცვლების გადაწყვეტილება, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენ, ქვეყანამ, რომელსაც ამისთვის საჭირო გაცილებით ნაკლები რესურსი გააჩნია?
საქართველოს მთავრობის სტრატეგია ელექტრომანქანებთან მიმართებაში, როგორც ჩანს, გულისხმობს შემდეგი სახის ქმედებათა კომბინაციას - მთავრობა შეისყიდის ელექტრომანქანების საკმაოდ დიდ რაოდენობას, სანაცვლოდ მანქანების მწარმოებელმა კომპანიამ უნდა მოაწყოს ე.წ. დამტენი სადგურების ქსელი ქვეყნის მასშტაბით. ანუ სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები ირიბი გზით უკან დაუბრუნდება ქვეყნის ეკონომიკას ინფრასტრუქტურაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით. სავარაუდოდ, გათვლა აგრეთვე კეთდება მსოფლიოში აღიარებული ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოყვანაზეც, რაც ცალსახად პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს, როგორც ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ქვეყნის იმიჯზე და გაზრდის პოლიტიკურ ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
საბოლოო ჯამში ყველაფერი ფინანსურ გათვლებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა საქართველოს ბაზარს, რომელიც გამოირჩევა დაბალი მსყიდველუნარიანობით, მანქანების შედარებით ნაკლები რაოდენობით, „ჯიპების სიყვარულით“ და სხვა, სავარაუდოდ, გაუჭირდება დიდი და განვითარებული ბაზრებისთვის კონკურენციის გაწევა ელექტრომანქანებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინვესტიციების მოზიდვაში. ამ მიზნით 4 ათასი ავტომობილის შესყიდვა შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი სტიმულატორი.
![]() |
11 მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები პროდასავლური პარტიების მხარდაჭერა იზრდება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
28 ნოემბერს მოლდოვამ ახალი პარლამენტი აირჩია. ბოლო 19 თვის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში უკვე მესამედ ჩატარდა. 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოსაპოვებლად ერთმანეთს 20 პოლიტიკური პარტია და 19 დამოუკიდებელი კანდიდატი ეჯიბრებოდა.
მოლდოვის მოსახლეობამ, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა, გააცნობიერეს არჩევნების მნიშვნელობა და კენჭისყრამაც შთამბეჭდავად, ამომრჩეველთა 59%25-იანი აქტივობის ფონზე ჩაიარა.
საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღიარეს, რომ მოლდოვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ეუთოსა და ევროპის საბჭოს თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. საერთო ჯამში არჩევნები გამჭვირვალე, ობიექტურ, კონკურენტულ და პლურალისტურ გარემოში ჩატარდა.
საარჩევნო უბნების დახურვიდან 24 საათში ბიულეტენების 99%25 უკვე დათვლილი იყო. შედეგების თანახმად საარჩევნო მარათონში მოლდოვის კომუნისტური პარტია ლიდერობს - 39%25. პრემიერ-მინისტრ ვლად ფილატის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია 29%25-ით მეორე ადგილს დასჯერდა. მიუხედავად ამისა, ფილატი ამ არჩევნების უპირობო გამარჯვებულია. 2009 წლის ივლისის არჩევნებთან შედარებით მისმა პარტიამ 13%25-იანი უპირატესობა აჩვენა. მარიან ლუპუ და მისი დემოკრატიული პარტია 12%25-ით მესამე ადგილზეა. ხმათა 10%25 დააგროვა ლიბერალურმა პარტიამ, რომელსაც მოლდოვის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მიჰაი გიმპუ ხელმძღვანელობს. ალიანსმა - ჩვენი მოლდოვა, რომელიც პროდასავლური ორიენტაციის ევროპული ინტეგრაციისათვის კოალიციის მეოთხე წევრი იყო, 4%25-იანი საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახა და საკანონმდებლო ორგანოს მიღმა აღმოჩნდა.
ვლად ფილატი
ვლადი მირვორონინი
მიჰაი გიმპუ
მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურ პარტიას მომდევნო პარლამენტშიც ყველაზე დიდი ფრაქცია (42 დეპუტატი) ეყოლება, თვალსაჩინოა კომუნისტების პოპულარობის კლება. 19-თვიან საარჩევნო ციკლში მათ 18 ადგილი დაკარგეს. დარჩენილ სამ პროდასავლურ პარტიას კი საერთო ჯამში 59 მანდატი ერგებათ. ეს მათ პრემიერ-მინისტრის დანიშვნისა და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის საშუალებას მისცემს, მაგრამ პრეზიდენტის შესარჩევად დემოკრატიულ ალიანსს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების სამი მეხუთედი, ანუ 61 ხმა დასჭირდება.
28 ნოემბრის არჩევნების შემდეგაც მოლდოვა უკანასკნელი წელიწად-ნახევრის მსგავს სიტუაციაშია. წინა ორმა პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი ვერ აირჩია. ახლაც, რადგან არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ფლობს 61 მანდატს, აუცილებელია მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვა.
ამ არჩევნებისთვის დემოკრატიულმა პარტიებმა ინდივიდუალური საარჩევნო კამპანიები აწარმოეს. მიუხედავად ამისა, მათმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ევროპული ინტეგრაციისათვის ალიანსის დაშლას არ აპირებენ. პრემიერმა ფილატმა, რომელიც ახალარჩეულ პარლამენტში სიდიდით მეორე ფრაქციას (32 დეპუტატი) ჩაუდგება სათავეში, უკვე შესთავაზა თანამშრომლობა და მომავალი ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვა მარიან ლუპუსა და მიჰაი გიმპუს.
თავის მხრივ, კომუნისტური პარტიის ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა მარიან ლუპუსთან და ვლად ფილატთან ერთად მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების სურვილი გაახმაურა. თუმცა ვორონინმა გამორიცხა პოტენციური პარტნიორობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ მიჰაი გიმპუსა და მის ლიბერალურ პარტიასთან.
პრემიერმა ფილატმა უკვე ნათლად მიანიშნა, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია კომუნისტებთან რაიმე სახის კოალიციას გამორიცხავს. თავადაც ყოფილმა კომუნისტმა მარიან ლუპუმ კი ვორონინთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა განაცხადა. ამით დემოკრატიულ პარტიას საშუალება ეძლევა ქვეყნის მომავალი მმართველობის მოდელში მის როლთან დაკავშირებით ეფექტიანად ივაჭროს. ოპორტუნისტმა ლუპუმ საჯაროდაც გამოაცხადა საკუთარი მისწრაფება. მას მოლდოვიას პრეზიდენტობა სურს. მიუხედავად ამისა, ლუპუს დემოკრატიულ პარტიას მხოლოდ 15 ადგილი ექნება მომავალ პარლამენტში. ასე რომ, დემოკრატები და კომუნისტები ერთად მხოლოდ 57 ხმას დააგროვებენ. პრეზიდენტის ასარჩევად კი მათ მიჰაი გიმპუსა და ლიბერალების მხარდაჭერა დასჭირდებათ.
![]() |
12 ბირთვული განიარაღება ახალი სტარტის ნაადრევი ფინიში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა აპრილში სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ძალაში 2012 წლისათვის უნდა შევიდეს. იქამდე ახალი სტარტის რატიფიკაცია ამერიკის სენატმა უნდა მოახდინოს, თუმცა რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო სავარაუდოდ ვერ განხორციელდება.
რესპუბლიკელი სენატორების აზრით, ხელშეკრულება არარელევანტურია. პირველ რიგში არასწორადაა შერჩეული მისი მიზანი. ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების გათვალისწინებით რუსეთის ბირთვული არსენალის შემცირებას ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ჭასჰინგტონ Post-ის მიმომხილველი ჩარლზ კრაუტჰამერი თვლის, რომ ობამა ცდილობს ახალი სტარტის გატანით შექმნას წარმატების შთაბეჭდილება, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტმა ირანის ბირთვულ პროგრამას ვერაფერი მოუხერხა.
რესპუბლიკელები არ იზიარებენ ობამას ენთუზიაზმს, რომ აშშ-ის ბირთვული არსენალის შემცირება მორალური მაგალითი იქნება სხვა ქვეყნებისთვის. საეჭვოა, ამერიკის მიერ რაკეტების განადგურებას ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარულმა რეჟიმმა საკუთარი პროგრამის გაუქმებით უპასუხოს ან ტერორისტულმა ორგანიზაციებმა გადაიფიქრონ მასობრივი განადგურების იარაღის ხელში ჩაგდება.
ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკამ უნდა შეამციროს არა მხოლოდ რაკეტების, არამედ მათი გადამტანებიც რაოდენობაც, რომლებიც არაბირთვული იარაღისთვისაც გამოიყენება. შეიძლება ითქვას, ხელშეკრულება ამერიკის ჩვეულებრივ შეიარაღებასაც შეეხება და შორი დისტანციის რაკეტების წყალობით მიღებულ სტრატეგიულ უპირატესობას შეასუსტებს. ამას გარდა, ხელშეკრულების პრეამბულის ტექსტი არ განასხვავებს თავდაცვით და შეტევით იარაღს. ამ პუნქტმა შესაძლოა ამერიკას ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეების შეკავების მიზნით მოკავშირეების ტერიტორიაზე რაკეტების განლაგებაში.
ხელშეკრულების ერთ-ერთი მიზანი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასაც იყო. მისი ჩავარდნა რუსულ მხარეს კმაყოფილს არ დატოვებს, რაც დარტყმას მიაყენებს ობამას გადატვირთვის პოლიტიკას.
ობამა იმედოვნებს, რომ შეძლებს ოპონენტების გადარწმუნებას, როდესაც საქმე კენჭისყრაზე მიდგება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა საკითხის გადაწყვეტა წლის ბოლომდე მოესწროს. კონგრესის წინაშე სხვადასხვა ეკონომიკური საკითხები დგას, მაგალითად ახალი გადასახადები და უმუშევრობა. 2011 წლის
ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი
იანვრიდან კი ახალი კონგრესი შეუდგება მუშაობას. კონგრესში ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელებმა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. პრეზიდენტს წინ რთული დღეები ელის.
![]() |
13 კელტური სამოთხის დასასრული? |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ირლანდია
ფოტო: REUTERS ©
ირლანდია შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირისაგან 85 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარებას ელოდება. ის ევროკავშირის მეორე წევრი ქვეყანაა, რომელიც მსგავს პაკეტს მიიღებს. ამ პაკეტით სარგებლობა ორწლიანი საბიუჯეტო ხარჯვის შემცირების შემდეგ გადაწყდა.
ამავდროულად, ირლანდიაში პოლიტიკური კრიზისია. პრემიერ-მინისტრმა ბრაიენ კოუენმა განაცხადა, რომ ის ბიუჯეტის მიღების შემდეგ გადადგება. პრობლემები მმართველ კოალიციაში დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ დაიწყო. მწვანეთა პარტიამ იანვარში არჩევნების დანიშვნა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კოალიციის დატოვებით დაიმუქრა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების დანიშვნას ბიუჯეტის დამტკიცებამდე ითხოვენ. მმართველი ძალა სამხრეთ- დასავლეთ ირლანდიის ადგილობრივ არჩევნებში უკვე დამარცხდა ოპოზიციურ პარტია შინ პეინთან. დუბლინში საპროტესტო აქციაზე 50 ათასამდე ადამიანი იყო გამოსული. ისინი დახმარების პაკეტს და მასზე განსაკუთრებით მაღალ მოგების დანამატს (6.7%25) აპროტესტებდნენ.
დახმარების პაკეტთან ერთად უკანასკნელ კვირაში მმართველმა კოალიციამ კრიზისიდან თავის დაღწევის ახალი, ამბიციური ოთხწლიანი გეგმა წარმოადგინა. მისი მიხედვით, ირლანდია ხარჯვის შემცირებითა და ახალი გადასახადების დაწესებით 15 მილიარდ ევროს დაზოგავს. უცვლელი დარჩება კორპორატიული გადასახადი, 12.5%25. შემცირება უმთავრესად სოციალურ პროგრამებს, მინიმალური ხელფასის მქონე და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას შეეხება. დამატებითი ღირებულების გადასახადი 21%25-დან 23%25-მდე გაიზრდება.
ცხრილი 1
ირლანდიის უახლესი წარსული დიდი წარმატების ისტორიაა. 1973 წელს, როდესაც ევროკავშირის წინამორბედი საზოგადოების წევრი გახდა, ის ყველაზე ღარიბი ევროპული ქვეყანა იყო. 1980-იან წლებში უმუშევრობის დონე 16%25-ს აღწევდა. გასულ წელს ირლანდია ყველაზე მდიდარ ქვეყნებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა და ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით აშშ- საც კი უსწრებდა. ბოლო ათწლეულის ცხრილი 1. განმავლობაში ქვეყნის მშპ 350%25-ით გაიზარდა. ამას ირლანდიამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ბაზრის შექმნით მიაღწია.
ირლანდიის საცხოვრებელი სტანდარტები სწრაფად გაიზარდა. ემიგრაციის 150-წლიანი ტალღა იმიგრაციით შეიცვალა. ბოლო პერიოდში პოლონეთში და აღმოსავლეთ ევროპაში ამ ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადასვლის განსაკუთრებით ბევრი მსურველი გაჩნდა. შედეგად, ირლანდია ევროპის ყველაზე სწრაფად პროგრესირებად ქვეყნად იქცა, მისი ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 7%25-ით იზრდება. ირლანდია იმდენად გამდიდრდა, რომ იქ 30 ათასი მილიონერი ცხოვრობდა, მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიონი ადამიანია.
პრემიერ-მინისტრი ბრაიენ კოუენი
კელტური ვეფხვის წარმატება ერთი მხრივ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, მეორე მხრივ კი, გლობალური ეკონომიკის შედეგია. ირლანდია ევროპას და მთელ მსოფლიოს ინგლისურენოვან, იაფ და მაღალკვალიფიცირებულ მუშახელს სთავაზობდა. სახელმწიფომ კორპორატიული გადასახადი 12.5 %25-მდე დაწია.
ცხრილი 2.
ასეთი მომგებიანი წინადადება ხელიდან არ გაუშვეს ამერიკულმა კორპორაციებმა, რომლებიც ევროპის ბაზრის ათვისებას ცდილობდნენ. აქ გაჩნდნენ ისეთი კორპორაციები, როგორიცაა Microsoft da Pfizer Inc. Google-ის ევროპის სათავო ოფისი დუბლინშია. Intel da Dell ირლანდიის ყველაზე დიდი დამქირავებლები არიან. ევროპაში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების სათავო ოფისების უმრავლესობა სწორედ დუბლინშია. დღესაც კი ირლანდია უმთავრესად ამერიკულ კორპორაციებზეა დამოკიდებული, რომლებიც 300 ათას სამუშაო ადგილს ქმნიან. „გონება ჩვენი ბუნებრივი რესურსია”, - ამბობენ ირლანდიაში. ინვესტიციების ასეთი სწრაფი მოზიდვის წყალობით 2001 წლისათვის უმუშევრობამ უკვე 3,1%25-მდე დაიწია.
დიდი ეკონომიკური შემოსავლებით გათამამებულმა სახელმწიფომ შემოსავლის მატებასთან ერთად ხარჯვის გაზრდაც დაიწყო. სახელმწიფო შემოსულ თანხას თითქმის სრულად ხარჯავდა (ცხრილი 1 შემოსავალსა და ხარჯვას შორის დამოკიდებულებას გვაჩვენებს). ამასთან ერთად, 1983 წლიდან 2000 წლამდე მშპ-სთან შედარებით სახელმწიფოს დანახარჯი ყოველწლიურად მცირდებოდა (ცხრილი 2). 10 წლის წინ სახელმწიფო სექტორის მკვეთრი გაზრდა დაიწყო. დიდი სახელმწიფო კი იაფი არასდროს არის. ეს რესურსებს ეკონომიკის პროდუქტიული სფეროებიდან ნაკლებ პროდუქტიულობისკენ გადაისვრის. შედეგად საბიუჯეტო დეფიციტი ჩნდება. ამას დაემატა გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომლის დროსაც ირლანდიის შემოსავალი შემცირდა. სახელმწიფომ ხარჯვის ტემპი არ შეამცირა, რის შედეგადაც დეფიციტი კიდევ უფრო გაიზარდა. კრიზისი გარდაუვალი გახდა.
სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევის ფატალურობა კარგად გამოჩნდა ირლანდიაში უძრავი ქონების ბაზრის აყვავების დროს. ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა. ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევამ კი მალე ამ სექტორის და შემდგომ მთლიანად ირლანდიური ეკონომიკის გაკოტრება გამოიწვია. მაგალითად, 2009 წლის ბიუჯეტში სამშენებლო პროექტებზე 1.65 მილიარდი ევრო იყო გათვალისწინებული. სამშენებლო პროექტებზე სახელმწიფოს ხარჯვა ბიუჯეტის 11%25-დან 21%25-მდე გაიზარდა.
სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილმა ხარჯვამ და მონეტარულმა სტიმულირებამ ფულის მასის რეალურ ეკონომიკაზე უფრო სწრაფი გაზრდა გამოიწვია. ჭარბი ფული სპეკულაციურ კაპიტალად იქცა, რომელიც რეალურ ეკონომიკაში მისი ზრდის არასაკმარისი ტემპის გამო შესვლას ვერ ახერხებდა. სპეკულაციური ფული უძრავი ქონების ბაზარზე წავიდა. უძრავ ქონებაზე ფასები გაოთხმაგდა. ამას დაემატა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული ირლანდიისთვის ზედმეტად დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ქვეყანას რომ საკუთარი ვალუტა ჰქონდეს, მას კრედიტის რეგულირება შეეძლებოდა. თუ კრედიტი ძალიან გაიაფდებოდა და გამარტივდებოდა, ირლანდიის ცენტრალური ბანკი მასზე საპროცენტო განაკვეთს გაზრდიდა. ევროს მიღებისას კი ირლანდიამ ძალაუფლება ევროპის ცენტრალურ ბანკს დაუთმო, რომელიც ევროზონის ყველა წევრი ქვეყნისთვის საერთო პოლიტიკას ქმნის. ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი შეიძლება საფრანგეთისა და გერმანიისათვის ნორმალური - თუმცა ირლანდიისთვის ძალიან დაბალი იყო. ეს ინვესტორებს უძრავი ქონების ხელოვნურად გაზრდილ ბაზარში მეტი ფულის ჩადებისკენ უბიძგებდა. ბაზარი ხელოვნურად გაიბერა და მალე სტიმულირების პოლიტიკამ უარყოფითი შედეგი გამოიღო. ხელოვნურად შექმნილი ბუშტი გასკდა.
ირლანდიური კრიზისი ავსტრიულ ეკონომიკურ თეორიაში კარგად ცნობილი ბიზნესციკლების ქრესტომათიული შემთხვევაა. ამ თეორიის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ციკლურ ხასიათს სახელმწიფოს ჩარევა იწვევს: როცა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის სახელმწიფო მონეტარულ ან ფისკალურ სტიმულებს იყენებს, ეკონომიკაში ფულის მოცულობას ზრდის შედეგად წარმოიშვება ბუშტი, რომელიც ადრე თუ გვიან სკდება.
უძრავი ქონების ბაზარი 100 ათასი ვაკანტური სახლით, ბანკები კი 20 მილიარდი ევროს გაფუჭებული სესხებით ირლანდიის ეკონომიკას უფსკრულისკენ მიაქანებდა. ირლანდიამ „ალკოჰოლიზმის“ მკურნალობა „ნარკომანიით“ სცადა და მდგომარეობის გამოსწორება „უკვე გამოცდილი“ მეთოდით გადაწყვიტა - ინტერვენცია ბაზარზე კიდევ უფრო გაზარდა. აშშ- ის მსგავსად ირლანდიამ ბანკების გადარჩენა დაიწყო და მათ სესხები გამოუყო. სესხების გარანტად ეროვნული საპენსიო ფონდი გამოიყო, ზოგ შემთხვევაში კი ბანკების ნაციონალიზაცია მოხდა. თუმცა წამლის პირდაპირი და გვერდითი ეფექტიც ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესება იყო. ირლანდიამ გადაწყვიტა უკანასკნელი იმედისთვის - დახმარების პაკეტისთვის - მიემართა, ირლანდიური ეკონომიკური კრიზისი ერთადერთი არ არის. ევროპას უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ორი უმთავრესი პროექტი ჰქონდა: ერთი იყო სოციალური სახელმწიფოების, მეორე კი ერთიანი ევროპის შექმნა, რომელიც საერთო ვალუტის, ევროს შექმნას ითვალისწინებდა. ირლანდიის კრიზისი იზოლირებული არ არის და ის ერთიანი ევროპის პრობლემებს გვაჩვენებს.
როცა დასავლეთ ევროპა თავისი მაღალი გადასახადებით კორპორაციებისთვის ნაკლებ მიმზიდველ ადგილად იქცა, კელტურმა ვეფხვმა შეძლო მათთვის სამოთხე შეეთავაზებინა. ამ პროცესში ირლანდია ჩამორჩენილი ქვეყნიდან მოწინავე ქვეყნად გადაიქცა. გადასახადების გაზრდა და დანარჩენ ევროპაზე დამსგავსება ირლანდიის ეკონომიკას და საზოგადოებას კარგს არაფერს ჰპირდება. ეს ფინანსური კრიზისი ბაზარში სახელმწიფოს ჩარევის გამანადგურებელი შედეგების კარგი გაკვეთილია. პასუხი ირლანდიის ეკონომიკურ პრობლემაზე ერთია - ნაკლები ინტერვენცია სახელმწიფოს მხრიდან და მეტი თავისუფლება ბაზარს.
![]() |
14 გამოცხადებული გადადგომის ქრონიკა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
დალაი ლამა
დალაი ლამას პოლიტიკიდან წასვლა სურს, თუმცა 75 წლის ლიდერი ტიბეტელი ხალხის სულიერ წინამძღოლად დარჩება, - განაცხადა 25 ნოემბერს მისმა თანაშემწემ, ტენზინ ტაკლჰამ.
დალაი ლამამ, უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლებაში საკუთარი როლი შეამცირა. მან დევნილ მთავრობაში გადაადგილებები განახორციელა. 2001 წლის არჩევნებში სამდჰონგ-რინპოჩემ გაიმარჯვა და ტიბეტის პრემიერ-მინისტრი გახდა. მას ძირითადი პოლიტიკური თუ ორგანიზაციული საკითხების მართვა დაევალა. რელიგიურმა ლიდერმა წინა კვირას განაცხადა, რომ „დალაი ლამას“ ინსტიტუტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს ტიბეტელ ხალხს.
„მე აღვნიშნე 1969 წელს, ტიბეტელი ხალხის უმრავლესობა თუ გრძნობს, რომ დალაი ლამას ინსტიტუტი საჭირო აღარ არის, ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ ის“.
დალაი ლამა პარლამენტის გადაწყვეტილებას ინდოეთის მთებში დარამსალაში ელოდება, სადაც ის 1959 წელს, ტიბეტიდან გამოქცეული დაფუძნდა, ჩინეთის თავდასხმა რომ აერიდებინა.
დამოუკიდებელი ტიბეტელი მკვლევრის, მეთიუ აკესტერის აზრით, პარლამენტმა შესაძლოა უფლებამოსილების მოხსნაზე უარი განაცხადოს. დევნილი ტიბეტური პარლამენტის შეკრება 2011 წლის 20 მარტამდე არ იგეგმება. თუ დალაი ლამას გადადგომას პარლამენტი დაეთანხმა, მაშინ პროცესები 6 თვის შემდეგ ანუ შემოდგომისთვის დაიწყება.
![]() |
15 შიშველი სიართლე |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
თამარ ჩერგოლეიშვილი
ასეთი სიზმარი თუ გინახავთ? - მისეირნობთ ხალხმრავალ ქუჩაზე, თითქოს უჩვეულო არაფერია. მაგრამ, უცებ აღმოაჩენთ, რომ შიშველი ხართ.
მე - კი! უსიამოვნოა.
29 ნოემბერს გამსკდარი სკანდალი, ჩემს სიზმარს მაგონებს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად შიშველი მე კი არა, ამერიკის შეერთებული შტატებია და ეს სიზმარი კი არა, ცხადია.
ბურუსით მოცული ორგანიზაციის, Wikileaks-ის მიერ გავრცელებულმა ვაშინგტონისა და მისი დიპლომატიური კორპუსის საიდუმლო მიმოწერამ მთელი მსოფლიოს ელექტრონული თუ ბეჭდური მედია დაიპყრო და ყველა მიმდინარე ამბავი გადაფარა.
გასული კვირის, თითქოს მთავარი საერთაშორისო მოვლენის, ეუთოს სამიტის შესახებ ინფორმაციის ძიებასაც კი Wikileaks-ამდე მივყავართ. ყაზახეთის დედაქალაქში ხომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მსოფლიოს იმ ლიდერებს შეხვდა, რომელთაც მისი ხელქვეითები დიპლომატიურ მიმოწერაში ხშირ შემთხვევაში ზუსტი, მაგრამ დამცინავი ეპითეტებით ამკობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი ადამიანების კონფიდენციალური და თანაც მოპარული მიმოწერის კითხვა არაეთიკურად მიმაჩნია, გამოქვეყნებულმა მასალამ მომნუსხა და ინტერნეტს მიმაჯაჭვა. თუმცა, ჩემთვის და როგორც ჩანს, უამრავი სხვა ადამიანისთვის, საიდუმლო კორესპონდენციას ახალი არაფერი უთქვამს, უბრალოდ სამზარეულოში შეგვახედა და დაადასტურა ის, რაც აქამდეც ვიცოდით.
ვინ არ იცის, რომ პუტინს უფრო დიდი გავლენა აქვს რუსეთზე, ვიდრე მედვედევს? ვის ჰგონია ანგელა მერკელი კრეატიულობის განსახიერება? ვის არ უტოვებს სარკოზი უმართავი და მოუსვენარი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას? ვის სჯერა, რომ ჰამიდ კარზაი ეფექტიანი პრეზიდენტია? ვის არ სმენია ბერლუსკონის კორუმპირებულობის შესახებ? ან ვის უკვირს ლიბიის დიქტატორით, მოამარ კადაფით „მოხიბლული“, ვნებიანი უკრაინელი მედდა? თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მედვედევისა და პუტინის ტანდემის რობინთან და ბეტმენთან შედარებამ მეტისმეტად გამამხიარულა.
სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ბენჯამინ ფრანკლინის სიტყვები - პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა - ამერიკელ დიპლომატებს არ დავიწყებიათ. ისინი არ იტყუებიან.
ამის მიუხედავად, შეერთებული შტატები და მასთან ერთად, მსოფლიო დიპლომატია, დარტყმის ქვეშაა. მომხდარი ცხადყოფს, რომ ამერიკას არ შესწევს უნარი საიდუმლო შეინახოს.
რამდენი დაელაპარაკება გულწრფელად ამერიკელ დიპლომატს, ან რამდენი გაბედავს შეერთებული შტატების სამსახურებს საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდოს, მაშინ როდესაც დაზღვეული არავინაა, რომ საკუთარ გვარს New York Times-ში არ ამოიკითხავს და თავის რეპუტაციას ან სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის? რატომ გარისკავენ ამერიკელი დიპლომატები ხელმძღვანელობას გულწრფელი ანალიზი შესთავაზონ თუ მუდმივად იმის შიში ექნათ, რომ მეორე დღეს მათ მოსაზრებებს ტელევიზიები გადასცემენ?
სიტყვის თავისუფლების სახელით, Wikileaks-მა გულწრფელი სიტყვა შეავიწროვა“, - ამბობს The Washington Post-ის ავტორი ან აპელბაუმი. ვფიქრობ, მართალია.
შესაბამისად, მოპარული დიპლომატიური მიმოწერის გამოაშკარავება, აუცილებლად შეაფერხებს იმ პრობლემების გადაჭრას, რაც არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას - იქნება ეს საერთაშორისო ტერორიზმი, ირანული საფრთხე თუ სხვა რამ.
ამას გარდა, მომხდარი ეჭვქვეშ აყენებს Wikileaks-ის მისიას, რომელსაც ორგანიზაციის შემქმნელები ასე განმარტავენ:
ჩვენი მთავარი მიზანია ნიღაბი ჩამოვხსნათ აზიის, ყოფილი საბჭოთა ბლოკის, სუბ-საჰარას აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის რეპრესიულ რეჟიმებს. ამავდროულად, შევეცდებით დავეხმაროთ ადამიანებს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომელთაც სურთ მათი ხელისუფლებისა და კორპორაციების არაეთიკური ქმედების გამჟღავნება“.
მიუხედავად იმისა, რომ Wikileaks-ის თავდაპირველ სამიზნეებს შორის კენიის მთავრობა, შვეიცარიული ბანკი, ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე პარტია და რამდენიმე სხვა სუბიექტი გამოერია, ეჭვგარეშეა, რომ მისი ინტერესის მთავარ საგანს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს.
Wikileaks-ის მიერ წამოწყებული „სიმართლის თქმის“ კამპანიის ფარგლებში შევიტყვეთ 2008 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, სარა პეილინის „მძიმე დანაშაულის შესახებ“ - თურმე იგი, პერსონალურ ელექტრონულ ფოსტას იყენებდა პერიოდულად სამსახურებრივი ინფორმაციის გასაცვლელად და ამით საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონი დაარღვია. პეილინის კომპიუტერში მისი პოლიტიკური ოპონენტის, ტენესის შტატის დემოკრატი კანონმდებლის ვაჟი შეიჭრა და მოპარული ფაილები გასავრცელებლად Wikileaks-ს გადასცა.
გასულ აპრილს, სკანდალების მოყვარულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ დაიღუპა Reuters-ის ორი ჟურნალისტი ერაყში. ამერიკელმა სამხედროებმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს, ფოტოკამერები ცეცხლსასროლ იარაღში აერიათ და ვერტმფრენიდან ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს. “აქ არც ისაა ნაჩვენები, რაც მანამდე მოხდა, არც ის, რაც ამის შემდეგ“, - განაცხადა გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შესახებ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეითსმა.
საქმე ისაა, რომ Wikileaks-ი მედიასტანდარტის დაცვაზე უარს ამბობს - მკითხველისთვის კონტექსტის მიწოდება მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ის თავს არა ჟურნალისტურ, არამედ იდეოლოგიურ ორგანიზაციად მიიჩნევს. Wikileaks-ი არ ერიდება თუნდაც ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომელიც არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ უდანაშაულო ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს.
ამ ბრალდების გასაქარწყლებლად, Wikileaks-ი აცხადებს, რომ ყველა შესაძლო საფრთხის აწონ-დაწონის შესაძლებლობა მას არ აქვს, და ამიტომ სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა დახმარება. ბუნებრივია, ამერიკის საგარეო უწყებამ Wikileaks-თან თანამშრომლობა არ ისურვა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობას მოუწოდა ნაქურდალი დაებრუნებინათ.
ივლისში, Wikileaks-მა მედიას ავღანეთის ომის შესახებ 90 ათასზე მეტი დოკუმენტი მისცა. აღნიშნული მასალა შეიცავდა ინფორმაციას, როგორც აშშ-ის წარუმატებელი სამხედრო ოპერაციების, ისე ავღანელი ინფორმატორების შესახებ. პასუხად, თალიბებმა საჯარო პირობა დადეს, რომ დამსმენების ვინაობას დაადგენდნენ და სამაგალითოდ დასჯიდნენ.
ავღანელი ინფორმატორების ვინაობის არასათანადო შენიღბვამ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. Wikileaks-ი არა მხოლოდ ამერიკის მთავრობამ, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებმა - რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე და Amnesty International-მაც გააკრიტიკეს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა სულ რაღაც ერთი წლით ადრე, Wikileaks-ი კენიის მთავრობის ქმედებათა გამჟღავნების გამო დააჯილდოვა.
ავღანეთის ფაილებს, ოქტომბერში ერაყის დოკუმენტაციის გამოქვეყნება მოჰყვა. შეთქმულების თეორია, რომ ბუშმა ერაყს ომი ნავთობის გამო დაუწყო, არ დადასტურდა, სამაგიეროდ გაირკვა, რომ ამერიკის ხელისუფლებას ჯადოსნური ჯოხი არ აქვს და ვერ შეძლო ერაყი სულ რაღაც შვიდ წელიწადში დემოკრატიის ოაზისად ექცია - Wikileaks-ი ამერიკის ხელისუფლებას საყვედურობდა, რომ არ აღკვეთა ერაყში ადამიანების წამების ფაქტები.
ჯულიან ასანჟი
ფოტო: REUTERS ©
მეგა-გაჟონვის თემაზე მასალის კითხვისას, საყურადღებო დეტალს წავაწყდი - გასულ თვეში, Wikileaks-ის ხელმძღვანელი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, კრემლის სკანდალურ მხილებას დაგვპირდა. თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ მათ ხელთ არსებული მასალა სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესორგანიზაციებსა და მთავრობებს ეხება, და რუსეთზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება არასწორი იქნებოდა.
მართლაც, რა დროს რუსეთია, როცა საქმე ამერიკის „ტირანიას“ ეხება.
„სიმართლის მთქმელი“ ორგანიზაციის სულისჩამდგმელი ავსტრალიელი ჰაკერი ჯულიან ასანჟია. „დარწმუნებული ვარ, რომ ჯულს განუკურნებელი პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა სტანჯავს“, - განუცხადა დედამისმა New Yorker-ს, რომელმაც გასულ ივნისს ასანჟის ვრცელი პროფილი შემოგვთავაზა. ჰაკერის ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ, სურვილი გამიჩნდა მეთქვა - მართალი ბრძანდებით, ქალბატონო ასანჟ!
ქრისტინ ასანჟი ვაჟის ავადმყოფობისა და თმის დეპიგმენტაციის მიზეზად გაუთავებელი სასამართლო დავებით გამოწვეულ სტრესს ასახელებს, მაგრამ განსაკუთრებული ფსიქოანალიზი არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი შვილის წინაშე პირველ რიგში მშობელი დედა სცოდავს.
ჯულიან ასანჟი 1971 წელს, ავსტრალიის ქალაქ თაუნსვილში დაიბადა. New Yorker-ი გვიამბობს, რომ ის იზოლაციაში გაიზარდა და სკოლაში არ უვლია. როგორც ჩანს, ქალბატონი ასანჟი მიიჩნევდა, რომ სკოლა მის ვაჟს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი არაჯანმრთელ მორჩილებას მიაჩვევდა.
მომავალი ჰაკერი 11 წლისა იყო, როდესაც დედამისი მისი უმცროსი ძმის მამას დაშორდა, და შვილზე მეურვეობის დაკარგვის შიშით „აორთქლება“ გადაწყვიტა. შემდეგი 5 წელი ჯულიან ასანჟმა მალვაში გაატარა. 14 წლის ასაკში მას უკვე 37 საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა გამოცვლილი.
Wikileaks-ის დამფუძნებლის ბავშვობის ტრავმები ამით არ ამოწურულა. ის დღესაც დარწმუნებულია, რომ მისი უმცროსი ძმის მამა კულტის წევრი იყო, სადაც ქალებს აიძულებდნენ ახალშობილი ბავშვები ლიდერისთვის დაეთმოთ. მისივე მტკიცებით, კულტს, რომელსაც სახელად Family (ოჯახი) ერქვა, ხელისუფლებაში ჰყავდა აგენტები და მათი საშუალებით იგებდა ჯულიანის და მისი ოჯახის ადგილსამყოფელს. „სინამდვილეში კი, ცნობილია, რომ დედამისი მეგობრებს მისამართს არ უმალავდა, და ხშირად უბრუნდებოდა უწინდელ საცხოვრებელ ადგილს“, - ამბობს New Yorker-ი.
დედა-შვილის პარანოია ჰაკერის ყოფილმა ცოლმაც გამოსცადა. განქორწინების შემდეგ, ქრისტინ და ჯულიან ასანჟები მისთვის დედობის უფლების შეზღუდვას მოითხოვდნენ, ამტკიცებდნენ რა, რომ ჯულიანის ყოფილი ცოლი მათ ვაჟს საფრთხეს უქმნიდა, რასაც მრავალწლიანი სასამართლო პროცესი მოჰყვა. ყოფილი ცოლის ბრალეულობა არ დადასტურდა - ეს კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა ჰაკერისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გაბრაზებულიყო.
ასანჟისა და პროგრამირების სიყვარული ღრმა ბავშვობაში დაიწყო. New Yorker-ის მიხედვით, 16 წლის ასაკში მას უკვე პროფესიონალ ჰაკერად იცნობდნენ, რომელსაც ყველაზე დაცული ქსელის გატეხვა შეეძლო. სწორედ ამ დროს, ორ მეგობართან ერთად, ჯულიან ასანჟიმ დააარსა ჯგუფი, სახელწოდებით International Subversives (საერთაშორისო ძირგამომთხრელნი) და ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის დაცულ ქსელებში მოგზაურობას შეუდგა. თან ამტკიცებდა არაფერს ვაშავებო.
Wikileaks-ი ჯულიან ასანჟმა 2006 წელს დააფუძნა. დამფუძნებელი საბჭოს წევრებად ის ჩინელ დისიდენტებს, მათემატიკოსებს და პროგრამისტებს მოიხსენიებს. როდესაც სხვადასხვა გამომცემლობა დასახელებულ დისიდენტებს დაუკავშირდა, მათ ამ ორგანიზაციასთან ყოველგვარი კავშირი უარყვეს.
Wikileaks-ის თანამშრომელთა ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია, გასაიდუმლოებულია წყაროებიც. როგორც ჯულიან ასანჟი ამტკიცებს, თანამშრომლები მოხალისეები არიან და ხელფასს არ იღებენ. ასანჟი თითქმის ყოველდღიურად იცვლის ტელეფონს და მისამართს. მაგრამ ბავშვობიდან გამოყოლილი განცდა, რომ დევნიან, არასოდეს ისეთი საფუძვლიანი არ ყოფილა, როგორც დღეს - შვედეთის მართლმსაჯულებამ მას ქალის გაუპატიურებაში დასდო ბრალი. შეერთებულ შტატებში მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ჰაკერს ინტერპოლი ეძებს.
მიმდინარე სკანდალმა კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გამოააშკარავა - Wikileaks-სა და რესპექტაბელურ პრესას შორის მჭიდრო თანამშრომლობა შედგა. ისინი შეთანხმებით მოქმედებენ. Wikileaks-ის ვებგვერდზე იდება მხოლოდ ის კორესპონდენცია, რასაც ეს ხუთი გამოცემა აშუქებს (New York Times, Guardian, Le Monde, El País, Der Spiegel).
ამასთან დაკავშირებით კლაიმატგეითის ისტორია გამახსენდა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის ნოემბერში, ისტ ანგლიის უნივერსიტეტის, კლიმატის კვლევის ცენტრის სერვერი გატეხეს და გარემოს დამცველთა მიმოწერა გამოააშკარავეს. როგორც გაირკვა, კეთილშობილების მანტია მოსხმული მეცნიერები იმ მონაცემებს, რაც გლობალურ დათბობას ეჭვქვეშ აყენებდა, საზოგადოებას უმალავდნენ. მასალის გამოქვეყნება New York Times-ს შესთავაზეს. „ნაცრისფერ დედოფლად“ წოდებულმა გამოცემამ, კორესპონდენციის გამოქვეყნებაზე უარი თქვა, იმ მოტივით, რომ უკანონოდ მოპოვებული იყო.
კლაიმატგეითი ის შემთხვევაა, როდესაც საქმე გვაქვს მეცნიერების მიერ ნათქვამ ტყუილთან. დიპლომატიური მიმოწერა კი ცხადყოფს, რომ ამერიკელი დიპლომატები ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. მატყუარა პროფესორები რესპექტაბელურმა პრესამ დაინდო, გულწრფელი დიპლომატები კი - არა. ნეტა რატომ? თუმცა, რა გამიკვირდა, „ნაცრისფერი დედოფალი“ ტრადიციებს არ ღალატობს - მისი კორესპონდენტები, ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ადიდებდნენ სტალინს და უარყოფდნენ გოლოდომორს.
Wikileaks-ის სკანდალმა ობამას ადმინისტრაცია კრიტიკის ობიექტად აქცია. პოლიტიკური ოპონენტები გაკვირვებას გამოთქვამენ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ფედერალურმა მთავრობამ 70-ზე მეტი ვებგვერდი დახურა პირატული მუსიკისა და ფილმების გავრცელებისთვის. „ჰოლივუდი დაცულია, Wikileaks-ი კი თავისუფალი“, - უჩხვლიტა ობამას, ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწემ მარკ თისენმა.
მაგრამ პრობლემა უფრო ღრმაა. ასანჟის განადგურება ბოთლიდან გამოშვებულ ჯინს უკან ვერ შეაბრუნებს. თავისუფალი ქვეყანა ჩინეთის მსგავს ცენზურას ინტერნეტში ვერ დააწესებს.
11 სექტემბრის ტრაგედიამ ყველას დაანახა, რომ გასაიდუმლოებული მონაცემთა ბაზების პირობებში ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლა შეუძლებელია. ტერაქტის გამოძიებამ ცხადყო, რომ ალ-ყაიდას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ამერიკის სხვადასხვა უწყების კარგად დაცულ მონაცემთა ბაზებში გარკვეული ინფორმაცია ინახებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ პრიორიტეტად ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა და არა მისი გაზიარება მიიჩნეოდა, მთლიანი სურათის აწყობა ვერ მოხერხდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გარდა, ყველა უწყების მონაცემთა ბაზა საერთო ქსელში გაეერთიანებინათ - ამ ქსელზე 900 ათას თანამშრომელს მიუწვდება ხელი.
სულაც არ არის საჭირო ჯულიან ასანჟი - გულუბრყვილოთა და ამერიკის მოძულეთა ახალი მესია - იყო, იმისთვის რომ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხემ შეგაშფოთოს და მზის სხივი, საუკეთესო დეზინფექტორად მიიჩნიო. საიდუმლოს გამოაშკარავების სურვილი ისეთივე ძველია, როგორც სამყარო, მაგრამ თანამედროვე მეთოდები ინფორმაციის მოპოვებას განუზომლად ამარტივებს. როგორც ხელისუფლებას შეუძლია კერძო პირების ცხოვრებაში უფრო იოლად შეიჭრას, ისევე იოლად შეუძლიათ კერძო პირებს ხელისუფლების კარგად დაცული საიდუმლოების გასაჯაროება. განსხვავება ისაა, რომ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ამომრჩევლისა და კანონის წინაშე აგებს პასუხს მცდარი პოლიტიკისა და შესაძლო დანაშაულების გამო. მის ძალაუფლებას შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები ბოჭავს, განსხვავებით Wikileaks-ის მსგავსი, მეგალომანიით შეპყრობილი დაჯგუფებებისგან, რომლებიც განუკითხაობის პირობებში მოქმედებენ.
„უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლმა“ ორგანიზაციამ პუტინის, აჰმედინეჟადის, კიმ ჩენ ირის და უგო ჩავესის მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება აირჩია არაეთიკურობის განსახიერებად. რა ლოგიკით? ახსნა ერთია, თუ იმავეს პუტინს გაუბედავს, ის პოლონიუმით გაუმასპინძლდება. შეერთებულ შტატებში კი, ვინც არ უნდა მოითხოვოს ჯულიან ასანჟის თავი, მის ბედს თავისუფალი სასამართლო გადაწყვეტს.
![]() |
16 უფლებების დაცვა უფლებების დარღვევით |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
წარმოიდგინეთ: ხალხმრავალ ადგილას, ასფალტზე, საბავშვო კალათაში მოთავსებულ ჩვილ ბავშვს ხედავთ. კარგად ჩაცმულს. მოვლილს. პატრონი არ ჩანს. ხვდებით, რომ რაღაც რიგზე არაა. სხვებიც გარშემო იხედებიან, ყოყმანის შემდეგ ფეხაკრეფით უახლოვდებიან პატარას და მის გარშემო თავს იყრიან გამვლელები, იქვე „ბირჟაზე“ მდგომი ტიპები და მოვაჭრეები. ადამიანები ჯერ ჩურჩულით, შემდეგ კი ხმამაღლა, მეტიც - ყაყანით ბჭობენ, თუ როგორ გადაწყვიტონ „მონაპოვარის“ მომავალი. ზოგი ბავშვის დედას ლანძღავს, ზოგიც დაბნეულია. საბოლოოდ პატრული მოდის და მიტოვებული ჩვილის სახლში წაყვანის მსურველები გაწბილებულები ტოვებენ შემთხვევის ადგილს.
როგორ მოიქცეოდით თქვენ? შეგიძლიათ, ახლავე იფიქროთ სავარაუდო რეაქციაზე, რადგან გამორიცხული არაა, მსგავსი დილემის წინაშე აღმოჩნდეთ. გილოცავთ: თქვენ ექსპერიმენტის უნებლიე მონაწილე ხართ, აი, სულ მალე ინტერვიუსაც ჩამოგართმევენ და შემდეგ ტელევიზორში იქნებით! ექსპერიმენტის ობიექტი ხომ სწორედ თქვენ ხართ, ამ გაუგებრობაში შემთხვევით მოხვედრილი.
ექსპერიმენტი, რომელზეც ვსაუბრობთ, სპეციალური რეპორტაჟის 27 ნოემბრის გადაცემაში ჩატარდა. ეს პროექტი ტელეკომპანია იმედზე ყოველკვირეულად გადის და პოპულარობითაც სარგებლობს. გადაცემა დედების მიერ საკუთარი შვილების მკვლელობას ეძღვნებოდა. საყურებლად მძიმე (18+) რეპორტაჟი მოგვითხრობდა ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაზე: მშობლები ახალდაბადებულ შვილებს გუდავენ, პოლიეთილენის პარკებში ახვევენ და ფანჯრიდან აგდებენ, ყრიან ნაგავსაყრელებზე, ურნებში, ზღვაში. გადაცემის მსვლელობისას მოვისმინეთ დამნაშავე დედების კომენტარი, ვნახეთ სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილი ჩვილების გვამების შემზარავი კადრები. ფსიქოლოგები შეეცადნენ, აეხსნათ, თუ რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას მშობელს. კამერის ობიექტივში მოხვდნენ პატარები, რომლებიც საბედისწერო განაჩენს გადაურჩნენ... მონათხრობი მართლაც დამთრგუნველი იყო.
ცდის ადგილად თბილისის ორი მეტად ხალხმრავალი წერტილი აარჩიეს: ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია და რუსთაველის მეტრო. ობიექტად: დასახელებულ წერტილებში მოძრავი საზოგადოება. ცდის უნებლიე „წარმმართველად“- რამდენიმე თვის ბავშვი.
როგორც წესი, ყველა ექსპერიმენტი ახალი ცოდნის მოპოვებას ემსახურება. რა იყო მიზანი ამ შემთხვევაში? წამყვანმა გვამცნო, რომ მათ სურდათ გაეგოთ, „როგორ ვიქცევით მიტოვებული ჩვილის დანახვისას“. შედეგი? მაყურებელმა იხილა „მიტოვებული“ ბავშვის გარშემო შეკრებილ გამვლელთა გაკვირვებული სახეები და ერთი-ორი კომენტარი მოდელირებული ინციდენტის შემდეგ. გაუგებარია, რატომ გახდა ეს აუცილებელი, როცა ისედაც ნათელია, რომ ამ ასაკის ბავშვები საკუთარი ინიციატივით არ სეირნობენ ქალაქის ქუჩებში. შესაბამისად, კალათში ჩაწოლილი პატარა აუცილებლად გახდებოდა საზოგადოების დაინტერესების ობიექტი. „ველოდებოდი, რომ ექსპერიმენტი განსაკუთრებულ მიზანს ემსახურებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მარტივად, ინტერვიუს სახით შეგვეძლო გაგვეგო“, - ამბობს ომბუდსმენის აპარატთან არსებული ქალთა და ბავშვთა უფლებების ცენტრის იურისტი, ანა აბაშიძე. მისი თქმით, რთულია, მიუთითო კონკრეტული მუხლი, რომელიც ამ შემთხვევაში დაირღვა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერიმენტი რაიმე ღირებულ მიზანს არ ემსახურებოდა და არც შესაბამის ორგანოებს გაუციათ რეკომენდაცია მასში ბავშვის მონაწილეობის უსაფრთხოების შესახებ, სახეზე გვაქვს პროცედურული დარღვევა: „ეს ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის რეკომენდებული, მსგავსი ტიპის ექსპერიმენტებში ბავშვების ჩართვა. შეიძლება ოპონენტმა გვითხრას, რომ მშობელი დათანხმდა და ეს საკმარისია. მართალია, მშობელმა თვითონ უნდა განსაზღვროს რა არის შვილისთვის საზიანო და რა არა, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ ის ბავშვის უფლებების საზიანოდ იქცევა, მშობლის გადაწყვეტილება არ არის აუცილებლად შესასრულებელი. ვინ იცის რას გრძნობს პატარა, რომელიც მარტო, კალათში, სიცივეში მეტროს შესასვლელთან დევს. ეს ექსპერიმენტი რაღაც კუთხით შეურაცხმყოფელი იყო პატარასთვის. რაც მთავარია, მისი სახე ახლო ხედით აჩვენეს“.
სწორედ მშობლების მიერ გაცემულ ნებართვაზე აპელირებს იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი მათე კირვალიძე. ის დარწმუნებულია, რომ ექსპერიმენტის დროს ბავშვის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან არსებობდა დედ-მამის თანხმობა და მისი უსაფრთხოება დაცული იყო.
თუმცა, როგორც გადაცემიდან ვიგებთ, პროცესს გაუგებრობის გარეშე არ ჩაუვლია. რუსთაველის მეტროსთან, პოლიციისთვის ბავშვის გამორთმევა არა მხოლოდ იმედის გადამღებ ჯგუფს, არამედ „უპატრონო“ ჩვილის დედასაც გაუჭირდა. გაუგებრობა შემდგომი პროცედურების გარეშე ამოიწურა. სახალხო დამცველის აპარატში უკვირთ, პოლიციამ ინფორმაცია სოციალურ სააგენტოებს რატომ არ გადასცა.
სხვა ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-ში, პროცესი შეიძლება შორსაც წასულიყო. არაერთი პრეცედენტი არსებობს იმისა, რომ მშობელი ისეთი ფაქტის გამო დააკავეს, რომელსაც ჩვენთან გამონაკლისები თუ ჩათვლიდნენ პასუხისგების ღირსად. წარმოგიდგენიათ, საქართველოში დედა დააკავონ ან დააჯარიმონ გარკვეული ხნით მცირეწლოვანი შვილების სიცხეში, ჩაკეტილ მანქანაში დატოვებისთვის?
მშობლების თანხმობის, ექსპერიმენტის ხანგრძლივობისა და ბავშვის მშვიდი ემოციური ფონის გათვალისწინებით, ბავშვთა ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, საქმე მძიმე დანაშაულთან არ გვაქვს. თუმცა, „რისკისგან თავის დაზღვევის მიზნით, ეთიკური იქნებოდა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის და ბავშვთა ფსიქოლოგისთვის ეკითხათ, თუ როგორი გარემო უნდა შეექმნათ ექსპერიმენტის დროს, რათა ბავშვს მინიმალური ზიანი მიეღო“.
როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი არ კრძალავს მაუწყებელთა ასეთი ტიპის ექსპერიმენტებში ბავშვთა მონაწილეობას. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ დასადგენია, რატომ გავიდა 18+ ნიშნით გადაცემა ეთერში დროის ამ მონაკვეთში. შეგახსენებთ, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები 06.00 საათიდან 24.00 საათამდე არ განათავსოს.
საქართველოში არასრულწლოვნების მიმართ დამოკიდებულება თუნდაც გაეროს მიერ ბავშვთა უფლებების კონვენციით დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება. არც ბავშვის „ჭეშმარიტი ინტერესის“ დადგენის სრულყოფილი მეთოდოლოგიაა შემუშავებული. მშობლები ფიქრობენ, რომ უკეთ იციან, შვილისთვის რა სჯობს. შესაბამისად, გარეშე პირისგან ნებისმიერ საყვედურს თავდასხმად აღიქვამენ. ის, რომ არასრულწლოვნების მიმართ დამოკიდებულება ხშირად ცდება ელემენტარულ ეთიკურ სტანდარტებს, ქართული მედიის მიერ წარმოებულ პროდუქტზე ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს. კონფიდენციალობის დარღვევა, ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე სენსაციური მასალის აწყობა, ბავშვის მეხსიერებაში ტრავმული ეპიზოდის გაცოცხლება - ეს მცირე ჩამონათვალია იმ დანაშაულებისა, რომელთაც ყოველდღიურად ვაწყდებით.
შესაძლოა, სტატიაში განხილული კონკრეტული ექსპერიმენტის დროს ბავშვის ფიზიკური უსაფრთხოება დაცული იყო, მაგრამ მაყურებელმა მიიღო გზავნილი: გადაცემა, რომელიც ბავშვთა უფლებებს ეძღვნებოდა, დასრულდა ექსპერიმენტით, სადაც ეს უფლებები დაირღვა. მედია, რომელიც ნორმების ტირაჟირებას ახდენს, ვალდებულია, მეტი პასუხისმგებლობით ჩვილებთან და ზოგადად, არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს მოეპყროს.
ბავშვის მკვლელობა ყველაზე მძიმე დანაშაულია - გვამცნეს ტელეეკრანიდან და ეს მართლაც ასეა. თუმცა არა მარტო მკვლელობა, ბავშვის წინაშე ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული მძიმეა.
![]() |
17 ქველმოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
სულელი უცხოელი|სვეტი
საქართველოში ბევრს ვმოგზაურობ და იცით, რა აკლია ამ ქვეყანას? ეკლესიები. თუ რაიმე მართლაც დეფიციტურია საქართველოში, ეს ისეთი ადგილებია, სადაც მივიდოდა ადამიანი და ილოცებდა. ამას წინათ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მოგზაურობისას, აღმოვაჩინე რამდენიმე გორაკი, რომელზეც ეკლესია არ იდგა. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს?
თუმცა, ამ პრობლემის გამოსასწორებლად, საბედნიეროდ, რაღაცა კეთდება. რამდენჯერაც ტელევიზორს ჩავრთავ, ვხედავ რეკლამას, რომლითაც მევედრებიან, რამდენიმე ლარი შევწირო რომელიღაც უეკლესიო სოფელში ახალი ეკლესიის აშენების საქმეს. ჩემს სახლთან პოპულის სუპერმარკეტში ყუთი დგას მონასტრის ასაშენებელი შემოწირულობების შესაგროვებლად, რესპუბლიკის მოედანზე დაკიდულ დიდ ეკრანზე კი ფოთში ტაძრის მშენებლობის შესახებ საინფორმაციო რეკლამა გადის - ზუსტად სტრიპტიზკლუბ დივას რეკლამის შემდეგ.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ასეთი კამპანიები არსებობს, ქართველი ხალხის თანდაყოლილ გულუხვობაზე მეტყველებს, რაც ნამდვილად საამაყო რამაა. თუმცა, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში გულუხვობა ცოტა უადგილო მეჩვენება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლო დროს ქვეყანაში აშენებული ეკლესიების უმეტესობა, სამწუხაროდ, ქართული საეკლესიო არქიტექტურის დაკნინების მაგალითებია. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ უძველესი ხანის ძეგლების იმიტაციებს დისნეილენდისეული ფრესკებით არაფერი აქვთ საერთო ატენის სიონის ან სამთავისის სიდიადესთან.
ილუსტრაცია: თემურ მაჭავარიანი
თუმცა, ჩემთვის მთავარი პრობლემა მთელ ქვეყანაში მიმობნეული ამ ჰიპერტროფირებული ასლების არაელეგანტურობა არ არის. მე ის მაწუხებს, რომ საქართველოს ბევრ ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრებას ახლომახლო ეკლესიის არარსებობა კი არ ართულებს, არამედ - მორიდებით ვიტყვი - სუფთა სასმელი წყლის, ნორმალური პოლიკლინიკის ან მისასვლელი გზის არარსებობა. ეს არის, რაც ათასობით ქართველს ცხოვრებას უძნელებს. ამ გაჭირვებული ადამიანების უფრო იღბლიან თანამემამულეთა ქველმოქმედება უმჯობესი იქნებოდა, ამ პრობლემების დაძლევას მოხმარდეს, ვიდრე ეკლესიისა თუ მონასტრის მშენებლობას. საქართველოში ბევრ ისეთ ადგილას ვყოფილვარ, სადაც ამაყობენ ახალთახალი, მარმარილოთი მოპირკეთებული, მბზინვარე გუმბათიანი ეკლესიით, რომლის აშენება მილიონი დოლარი მაინც დაჯდებოდა. ასეთი ეკლესია კი მინებჩამსხვრეული საშუალო სკოლის გვერდით დგას - რაღაც არასწორია პრიორიტეტების ასე განსაზღვრაში.
თავისთავად, ქველმოქმედება კარგი საქმეა და არ მინდა, ვინმეს ამის კეთება გადავაფიქრებინო. მაგრამ, ეგებ, რამდენიმე გორაკი ეკლესიის გარეშე დაგვეტოვებინა ცოტა მეტი ხნით; მინიმუმ მანამ, სანამ ადგილობრივ სკოლებს შევკეთებდით.
![]() |
18 ჯანმრთელობა! ჯანმრთელობა! |
▲ზევით დაბრუნება |
სანდრო ნავერიანი|სვეტი
ეს სიტყვა ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს. თუ დააცემინებთ, ნუ დაელოდებით ვიდრე ვინმე თქვენთვის ნახევარ მილიონს გაიმეტებს. ნახევარს იმიტომ, რომ კეთილისმსურველისგან გამეტებულ „მილიონს“ თქვენ „პაპალამ“ უნდა დაახვედროთ. ნუ დაელოდებით ვიდრე ვინმე თქვენთვის „ბედნიერებას“ გაიმეტებს - ბედნიერება ბევრნაირია და მათ რიცხვში ის ბედნიერებაც იგულისხმება, როცა სრულიად გათიშული, აპარატზე შეერთებული, ან თუნდაც არაფერზე შეერთებული ხართ. მაგრამ თავი ბეღურა გგონიათ და დღენიადაგ ცდილობთ აივნიდან გაფრენას. ნურც „სიცოცხლეს“ დაელოდებით, რადგან მასაც აქვს ბნელი ტალანები სომალისა და ჩრდილოეთ კორეაში. ნურავის და ნურაფერს დაელოდებით, უთხარით საკუთარ თავს „ჯანმრთელობა“ და დღეში ათასჯერ გაიმეორეთ ეს სიტყვა, რომ ყოველთვის გახსოვდეთ:
ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა!
ახალს ვერაფერს ვიტყვი - საქართველოში და, ალბათ, ხორვატიაშიც ადამიანების ბუნება ისეა მოწყობილი, ვიდრე არ დაიკრუნჩხები, ექიმს არ მიაკითხავ. არადა, ცოტა არ იყოს, ლოგიკურიც კია - რა მინდა ექიმთან თუ არაფერი მაწუხებს?!
მაგრამ საქართველოში ისე მაინც არ არის როგორც ხორვატიაში ან ჰოლანდიაში. გურჯისტანში ავად გახდომა მხოლოდ ავადმყოფობას არ ნიშნავს. აქ თუ გულმა მოგიჭირა, ექიმთან რიგში დგომისგან ხერხემალზე პათოლოგია გაგივითარდება. არადა, რიგში რა გინდა, შენ ხომ ჩაწერილი ხარ ორის ნახევარზე? თუმცა უკვე სამი საათია და შენ წინ კიდევ ორი პაციენტია. ჰოკეის „კლუშკასავით“ კედელზე აყუდებას თუ გადარჩი და თავისუფალ სკამზე მოკალათდი, უჰაერობა დაგახრჩობს, რადგან მოსაცდელი არ ნიავდება. მოსაცდელი რომ არ ნიავდება, ნერვებს აგიშლის, ნერვებაშლილი ხელებს გაშლი, ხელებს გაშლი და მენეჯერი სიიდან წაგშლის. ამიტომაც ხმაამოუღებლივ უნდა შეეგუო მდგომარეობას და კარდიოლოგის კაბინეტიდან ხუთ საათზე გამოსული, მეორე დღეს ქიროპრაქტიკოსთან ჩაეწერო პირველ საათზე. და მიხვიდე პირველზე. იმ იმედით, რომ წინა დღეს გაუგებრობა მოხდა, მენეჯერმა ეს დაწვრილებით და სინანულით აგიხსნა და შენც გწამს, რომ პირველზე ქიროპრაქტიკოსის კაბინეტში ლოგინზე იწვები, ის კი ხერხემლის მალების მასაჟს გაგიკეთებს.
თუმცა, ასე ძალიან იშვიათად ხდება. ბოლოს, მსგავსი რამ ორი წლის წინ აგვისტოში მახსოვს, ექიმთან მისულს არც რიგი დამხვდა, მენეჯერმა ყავაც კი შემომთავაზა და ამბავიც მომიყვა, ჩემმა შვილმა ინტერნეტში წაიკითხა, რუსები ცხინვალს გვითმობენო.
მაგრამ, აბა, ჯანმრთელობა გისურვეთ და ომი რა მოსატანია. თან თუ ომის გამოვლა მაინც გიხდება. განსაკუთრებით ეფექტური საომარი ტაქტიკის შემუშავება მაშინ გიწევს, როცა „პოლიგონი“ ძველ, საბჭოთა ტერიტორიაზეა გაშლილი და მოწინააღმდეგეც ეგეთივე დანაფტალინებული მენტალიტეტის მედიკოსები არიან. „მინუტკით“ თურქულ ყავას რომ იმზადებენ და თან გეკითხებიან: რამ შეგაწუხათ? თქვენი სახელი? რამ შეგაწუხათ? ასაკი? რამ შეგაწუხათ?
რამ შემაწუხა და იმან, რომ გულის უკმარისობა როცა მაქვს, ხუდადოვზე ტუბერკულოზის ცენტრში არ უნდა გამიშვა სამკურნალოდ, იქ რომ ვერაფერს მიშველიან - იმიტომ, რომ ტუბერკულოზი არ მაქვს, - ონკოლოგიურში პატივცემული ონკოლოგი არ უნდა მირჩიო; უკან რომ მოვბრუნდები, ჩემთან არ უნდა დაიჩივლო რენტგენის აპარატის ბრალია, გამოსახულება კარგად არ ჩანსო. მაწუხებს ის, რომ პაციენტს როცა ესაუბრები (გასინჯვაზე პრეტენზია აღარ მაქვს), ჯობს პაციენტზე იფიქრო და არა იმაზე თუ როგორ მოგეწონა იმპორტული „ჩულქი“, რომელშიც შენი კოლეგა ვერ ჩაეტია და ძალიან ენანება სხვისთვის მიცემა, შენ კი იაფად მოგცემს; მაწუხებს ის, რომ აქილევსი არ ვარ, ექიმთან მისვლა აღარასოდეს დამჭირდეს და არ მინდა ხელმოტეხილი ნეიროქირურგთან გამიშვა. ეს ყველის სუნიც მაწუხებს, სამედიცინო ინსტრუმენტების უჯრიდან რომ ამოდის და შენი ხალათიც, რომელიც თეთრი უნდა იყოს. ეს კუსტარული სკამიც მაწუხებს და ეს საბჭოთა ერთმეტრიანი სივრცეც, ორ კარს შუა რომაა მოქცეული და ამხელა სამყაროში მაინცდამაინც მას ემსგავსები.
ჰოდა, ამიტომაც ყოველ წამს გვახსოვდეს:
ჯანმრთელობა!
![]() |
19 განათლების ხარისხი ეთნიკურ უმცირესობებში |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
უსალე მამედოვამ ქართულად მხოლოდ რიცხვები და იმ პროდუქტის სახელწოდება იცის, რომელსაც ყიდის. ამბობს, რომ პრობლემა არ ექმნება, რადგან რუსულ ენას თითქმის ყველა მისი კლიენტი ფლობს. არც იმას განიცდის, რომ მისი ოჯახის წევრებიდან დასაქმებული არავინაა - „ჩვენი საქმე მიწაა, შემოსავალიც ბევრ დასაქმებულზე მეტი გვაქვს“. რაც შეეხება შვილებს და მათ მომავალს, აქ აზრს იცვლის: „ჩემს ბიჭებს აუცილებლად კარგ განათლებას მივცემ. ქართულსაც ვასწავლი. თბილისში რომ ჩამოვდივარ, ისინიც ჩამომყავს, რომ ქართული ესმოდეთ და ადვილად ისწავლონ. ჩვენს სოფელში ქართულად არავინ ლაპარაკობს, ენა ჩვენც არ ვიცით და ამიტომ ბავშვებს ქართულის სწავლა უჭირთ. არადა საჭიროა“, - ამბობს მამედოვა.
2002 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში 700 ათასზე მეტი უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს. გაეროს ასოციაციის მონაცემებით კი, 2010 წლის I კვარტალში მათგან მხოლოდ 360 ათასამდეა დასაქმებული. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაეროს კვლევაში, რომელიც ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას აფასებს, სახელმწიფო ენის დაბალ დონეზე ცოდნა სახელდება. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მოსახლეობის დაახლოებით 75-მა პროცენტმა ქართული არ იცის. ენის არცოდნას კი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებამდე მივყავართ.
საქართველოში 100-მდე აზერბაიჯანულენოვანი და 100-ზე მეტი სომხურენოვანი სკოლაა. ფუნქციონირებს შერეული სკოლებიც, რომელშიც გაერთიანებულია აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და რუსულენოვანი სექტორები. არაქართუგანათლების ლენოვანი სკოლების უმრავლესობა უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში - ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. იმის მიუხედავად, რომ განათლება ეთნიკური უმცირესობის ყველა წარმომადგენლისათვის ხელმისაწვდომია, ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა მაინც არსებობს.
მარნეულის მე-3 სკოლის დირექტორი ელიურა ალიევა ამბობს, რომ მის სკოლაში ბავშვებმა ქართული კარგად იციან, თუმცა მოსწავლეებთან საუბრებისას ირკვევა, რომ საქმე ასე არ არის. ერთადერთი ბავშვი (გამოკითხულ მოსწავლეებს შორის), რომელიც ქართულად გამომელაპარაკა, ამბობს, რომ ენა ქართველმა ბებიამ ასწავლა.
ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სიმონ ჯანაშია ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეებში სახელმწიფო ენის დაბალ დონეზე ცოდნის რამდენიმე მიზეზს გამოჰყოფს:
„პირველი მიზეზი მასწავლებლების ცოდნის დონეა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული ტესტირებით გაირკვა, რომ არაქართულენოვანი სკოლის ქართული ენის მასწავლებლების უმრავლესობამ თვითონ არ იცის ქართული. მეორე პრობლემაა ქართულ ენაზე ადეკვატური სახელმძღვანელოების არარსებობა, თუმცა განათლების სამინისტრო ამ პრობლემის გადაჭრას აქტიურად ცდილობს. მესამე და უმთავრესია - ეთნიკურად დასახლებულ რაიონებში შექმნილი არაქართული გარემო“.
2009 წელს განათლების სამინისტრომ დაახლოებით 700 არაქართულენოვან მასწავლებელს ჩაუტარა ტრენინგი, 2010 წელს კი 2000-ზე მეტს, თუმცა ომბუცმენის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ეს საკმარისი არ არის:
„ზოგიერთ სკოლაში - განსაკუთრებით სოფლებში, ქარვთული ენის გაკვეთილს ფორმალური ხასიათი აქვს ან საერთოდ არ ტარდება. არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის ზოგიერთ მასწავლებელს, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია. შედეგად, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საშუალო სკოლა დამთავრებული ახალგაზრდები საკომუნიკაციო დონეზეც ვერ ფლობენ ქართულს. ამ პრობლემის დასაძლევად განათლების სამინისტრომ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე სოფელში ქართული ენის პედაგოგები მიავლინა, მაგრამ პროგრამამ ჯერჯერობით სრულად ვერ მოიცვა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სკოლები“, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში.
რაც შეეხება წიგნების საკითხს, 2009-2010 წლებში ეროვნული უმცირესობების ენებზე ათობით სახელმძღვანელო ითარგმნა. თუმცა მშობლები და პედაგოგები აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოები არაკვალიფიციურად არის ნათარგმნი. სახალხო დამცველის ანგარიშში მაგალითისთვის მოყვანილია მე-8 კლასის ისტორია-გეოგრაფიის სახელმძღვანელო, სადაც წერია, რომ ვაჰაბიზმი არის ე.წ. „წმინდა ისლამი“... ისლამის მიხედვით, თუ ადამიანს სურს სამოთხეში მოხვდეს, იგი მტრის ხელით უნდა მოკვდეს“. მუსლიმებს მიაჩნიათ, რომ ეს მათი რელიგიის არასწორი გაგებაა და ამყარებს მსოფლიოში გავრცელებულ სტერეოტიპს ვაჰაბიტებისა და ტერორისტების გაიგივების შესახებ. იმავე წიგნში მუსლიმთა წმინდა მოციქულის მუჰამედის შესახებ ნათქვამია, რომ „ორმოცი წლის მუჰამედმა მკითხაობა დაიწყო“. წიგნში გამოყენებული სიტყვის (გურუცუმ) პირდაპირი თარგმანი მართლაც მკითხაობაა, თუმცა აზერბაიჯანელები აცხადებენ, რომ იგულისხმება არა მკითხაობა, არამედ წინასწარმეტყველება და ამ შემთხვევაში პირდაპირი თარგმანი გამოუსადეგარია. სახელმძღვანელოებში გაპარულ ამ და სხვა უზუსტობებთან დაკავშირებით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრში პასუხი არ აქვთ.
შედარებით ნაკლები პრობლემაა დედაქალაქის არაქართულენოვან სკოლებში. მოსწავლეთა უმრავლესობა გამართულად ფლობს სახელმწიფო ენას.
თუმცა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების უმაღლესში ჩაბარების მაჩვენებელი მოთხოვნას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 2010 წელს წინა წლებთან შედარებით უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ გაეროს ასოციაციის კვლევაში ნათქვამია, რომ უმცირესობათა რესურსის დიდი ნაწილი მაინც აუთვისებელი რჩება, ვინაიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კვოტის მხოლოდ 22.5%25-ს შეადგენენ. ამის მიზეზი მათი არაინფორმირებულობაა. სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ბევრმა არ იცოდა, რომ წელს მხოლოდ ერთი გამოცდით შეეძლოთ უმაღლესში მოხვედრა.
2009 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესული ცვლილება, უმცირესობის წარმომადგენლებს ქართული ენის ცოდნას აღარ ავალდებულებს. 2010 წელს ერთი გამოცდით უმაღლეს სასწავლებლებში 300-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოხვდა. მათ თავიანთ მშობლიურ ენაზე მხოლოდ უნარების გამოცდა ჩააბარეს. უმაღლესებში მოხვედრილი არაქართულენოვანი სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში ქართული ენის შემსწავლელ პროგრამას გადიან, 60 კრედიტს დააგროვებენ და სწავლასაც მათ სახელმწიფო უფინანსებთ. ამ პროგრამის გავლის შემდეგ კი, სწავლას ქართულ ენაზე, ბაკალავრიატის საფეხურზე გააგრძელებენ.
სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ცვლილებები ქართული ენის სწავლის მოტივაციას აქვეითებს, თუმცა ზრდის უმაღლესში მოხვედრის შანსებს, სადაც ქართულის სწავლას უფრო მეტი ადამიანი შეძლებს.
ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში ოვალური მაგიდის გარშემო 6 არაქართულენოვანი სტუდენტი ზის. მათ ენის ინტეგრირებული კურსი უტარდებათ. „ეს ნიშნავს, რომ ენას პრაქტიკული მაგალითებით სწავლობენ, - განმარტავს პედაგოგი თიკო კიღურაძე, - დღეს ის გამონათქვამები ვისწავლეთ, რომელიც ექიმთან ვიზიტისას შეიძლება გამოადგეთ“.
რამილ ასლანოვი ერთ-ერთია იმ 6 სტუდენტს შორის, რომელიც წლევანდელი მისაღები გამოცდებით ილიას უნივერსიტეტში მოხვდა. ის დმანისში ცხოვრობს, თუმცა თბილისამდე გზა რომ შეიმოკლოს, დროებით მარნეულში მცხოვრებ დასთან გადაბარგდა. ქართულად საუბარი უჭირს. წინადადება რამდენჯერმე უნდა გაუმეორო, რომ მიხვდეს რას ეკითხები. ამბობს, რომ სპორტის მასწავლებელი უნდა გამოვიდეს და განათლების მიღების შემდეგ თავისი სოფლის სკოლაში იმუშავებს. კმაყოფილია, რომ ერთი გამოცდით უმაღლესში ჩაბარების შესაძლებლობა მიეცა: „ქართული რომ მქონოდა ჩასაბარებელი, გამსვლელ ქულას ვერ ავიღებდი. მიხარია, რომ სწავლის შესაძლებლობა მომეცა. ქართულს რთულად ვითვისებ, თუმცა მაინც ვსწავლობ. ვიცი, რომ ენის ცოდნა სამსახურის შოვნას გამიადვილებს“.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესულ ცვლილებებს სხვა სტუდენტებიც დადებითად აფასებენ. უმრავლესობა ფიქრობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ თავის სოფელში დასაქმდება. რამდენიმეს კი თბილისისკენ მოუწევს გული.
ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უმცირესობით დასახლებულ რაიონებში, კვალიფიციური კადრების პრობლემა და ქართული ენის ცოდნა-არცოდნა, ისევ კითხვის ნიშნის - ქვეშ რჩება.
![]() |
20 საზოგადოება ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება|ამბები
გეი კუბოები
დამკრძალავი ბიუროების მესვეურებმა გადაწყვიტეს ბიზნესის გაფართოებისთვის ახალი, ჯერ კიდევ აუთვისებელი ნიშა დაეკავებინათ. ამისათვის მათ სპეციალური კუბოები შესთავაზეს „მომხმარებელს“. ეს კუბოები სპეციალურად გეებისთვისაა განკუთვნილი. გარედან ისინი მოხატულია ჰომოსექსუალური სულით გაჟღენთილი მხატვრული ნამუშევრებით. შიგნიდან კი რბილი, პლუშის მასალითაა ინკრუსტრირებული. კუბოს დიზაინის ავტორები, მაიკ კონიგსფელდი და ტომ ბრანდლი, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ თანაცხოვრების 10 წელი იზეიმეს, აცხადებენ, რომ „დაკუნთული მამაკაცებით მოხატული კუბო შესანიშნავი გზაა გულისსწორის იმქვეყნად გასამგზავრებლად“. ჯერჯერობით ეს სერვისი მხოლოდ გერმანიაშია ხელმისაწვდომი.
დროებითი ცოლი
ფოტო: REUTERS ©
ირანში საყვარლის ცოლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი შაჰლა ჯაჰედი სიკვდილით დასაჯეს. ჯაჰედი, რომელსაც 2002 წელს ლალე საჰარხიზანის მკვლელობაში დაედო ბრალი, თეირანის ციხეში 3,063 დღის გატარების შემდეგ, 1 დეკემბერს ჩამოახრჩეს. ლალე საჰარხიზანი ირანელი ფეხბურთელის, ნასერ მოჰამადხანის მეუღლე გახლდათ. ირანული კანონის მიხედვით, გარდაცვლილი ლალეს ოჯახს რომ ეპატიებინა მკვლელისთვის დანაშაული, შესაძლო იყო, ჯაჰედი არც დაესაჯათ სიკვდილით.
მოჰამადხანი მკვლელობის მომენტში გერმანიაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით მან აღიარა, რომ ჯაჰედთან დროებითი ქორწინება ჰქონდა. შიიტური კანონის მიხედვით მამაკაცს შეუძლია მოიყვანოს „დროებითი ცოლი“, თუნდაც რამდენიმე საათით. ამ ტრადიციას, კრიტიკოსები „ლეგალურ პროსტიტუციას“ უწოდებენ.
სახლში გამოკეტილი ჩენი
ჩინელი უსინათლო აქტივისტის მეუღლე, რომელიც მასთან ერთად მკაცრ შინაპატიმრობაშია, საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. თვითნასწავლი ადვოკატი ჩენ გუანგჩენგი მას შემდეგ გამოკეტეს საკუთარ სახლში, რაც იგი ჩინეთის მთავრობას დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი ჩენის განცხადება გახლდათ, მან ხმამაღლა ისაუბრა ჩინეთში არსებულ შობადობის მაკონტროლებელ კანონზე, რასაც ადამიანის უფლებების დარღვევა უწოდა. კანონის მიხედვით ხომ მოსახლეობის რიცხვი იძულებითი აბორტებით კონტროლდება.
ჩენი ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ სექტემბერში გაათავისუფლეს, თუმცა, მისი მეუღლის თქმით, ისინი კვლავ მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, რაც ფაქტობრივად შინაპატიმრობას უდრის. ბანალურია მიზეზი, რის გამოც ჩენი დააპატიმრეს - „ქონების დაზიანება“ და „ხალხის მოწოდება ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის დარღვევისკენ“.
![]() |
21 ირანის სტრატეგიული აქტიურობა და მისი შესაძლო შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|რაზა
დავით ბათაშვილი
1979 წლის რევოლუციის შედეგად ირანის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. საგარეო ამბიციები შაჰის რეჟიმსაც ჰქონდა, მაგრამ ისლამურმა რესპუბლიკამ მიზნად დაისახა „რევოლუციის ექსპორტი“ მეზობელ ქვეყნებში და შექმნა დაჯგუფებები, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმით დაკავდნენ. თუმცა 1990-იანი წლების განმავლობაში ირანის საგარეო პოლიტიკურმა სტილმა ცვლილებები განიცადა. რევოლუციური რადიკალიზმი ჩაანაცვლა ცივმა პრაგმატიზმმა. ირანი „ჩვეულებრივ“ იმპერიულ ძალად იქცა.
როდესაც საუბრობენ ირანის პრობლემაზე, ძირითადად ლაპარაკი მიდის ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე. მაგრამ ბირთვული პროგრამა არის ირანის საკითხის მხოლოდ ერთი კომპონენტი. პრობლემის ნამდვილი არსი დევს ირანის გეოსტრატეგიაში, რომელიც მიმართულია ახლო აღმოსავლეთში ჰეგემონიის მიღწევაზე. აშშს-თვის მიუღებელია სხვა, მით უმეტეს მტრულად განწყობილი ძალის ბატონობა ამ ნავთობით უმდიდრეს რეგიონში. ისრაელისთვის მიუღებელია იმ ქვეყნის გაძლიერება, რომელიც მას განადგურებით ემუქრება. არაბული ქვეყნებისთვის კი იმის გამოა მიუღებელი ირანული ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში, რომ ის სწორედ მათ დამორჩილებას გულისხმობს.
ზოგადად, ირანი აწარმოებს ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას. მისი მთავარი მიზანია კონტროლი სპარსეთის ყურის ნავთობზე. თუ ირანი ასეთ კონტროლს მოიპოვებს, მას შეეძლება მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობაზე ძალიან დიდი ზემოქმედების განხორციელება. ეს ირანს ძალზედ დიდ გავლენას მიანიჭებდა.
ნავთობზე ნადირობისას ირანის უპირველესი სამიზნე ერაყია. ამ ქვეყნის მოსახლეობის 65%25-ს შეადგენენ შიიტები, რომლებსაც ასევე შიიტურ ირანთან ძლიერი რელიგიური და სოციალურ-კულტურული კავშირები აქვთ. სადამ ჰუსეინის მმართველობა იყო სუნიტური რეჟიმი. შიიტები იმყოფებოდნენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეების მდგომარეობაში. 23 წლის მანძილზე ირანი ეხმარებოდა ერაყელ შიიტ ოპოზიციონერებს, იფარავდა შიიტ პოლიტიკურ დევნილებს. 2003 წელს ამერიკელებმა ჩამოაგდეს სადამის რეჟიმი, მაგრამ მის ნაცვლად ძლიერი ხელისუფლება ვერ მოიყვანეს. ახალ ერაყში უდიდესი როლი შიიტ პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ, რომელთა დიდ ნაწილს ირანთან მჭიდრო კავ შირები გააჩნია.
2003 წლიდან ირანული სადაზვერვო და დიპლომატიური სამსახურები ერაყში თავისუფლად და ძალიან აქტიურად მოქმედებენ. ირანული პოლიტიკური გავლენა ერაყში თანდათან იზრდება და ამ ტენდენციის შემდგომი გაგრძელების შედეგად ერაყი მომავალში გახდება ირანის სატელიტი. ეს ნიშნავს ამა თუ იმ ფორმით ირანის კონტროლს ერაყულ ნავთობზე, მით უმეტეს რომ ის მეტწილად ერაყის სამხრეთში მოიპოვება - ქვეყნის შიიტურ ნაწილში.
ირანი არც საუდის არაბეთს ტოვებს ყურადღების გარეშე. ერთი მხრივ, ირანი მხარს უჭერს ამ ქვეყნის მმართველი რეჟიმის მოწინააღმდეგე შიიტებს, რომლებიც საუდის არაბეთის აღმოსავლურ სანაპიროზე ცხოვრობენ, მეორე მხრივ კი, წვრთნის და აიარაღებს შიიტ მეამბოხეებს (alHouthis) იემენის ჩრდილოეთში, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ საუდის არაბეთის საზღვარი გადაკვეთეს და მის ჯარებს დაუპირისპირდნენ.
სპარსეთის ყურეში ირანული აქტიურობა ამით არ შემოიფარგლება. პატარა კუნძულოვანი მონარქია ბაჰრეინი მდებარეობს საუდის არაბეთის სანაპიროსთან და იმართება სუნიტური დინასტიის მიერ, ხოლო მის მოქალაქეთა ორ მესამედს შიიტები შეადგენენ. ირანი მხარს უჭერს შიიტურ ოპოზიციას, მათ შორის იმ ჯგუფებს, რომელთა მიზანია მმართველი დინასტიის ჩამოგდება, რაც გამოიწვევდა პროირანული ხელისუფლების მოსვლას. იმის გარდა, რომ ბაჰრეინი მდებარეობს ნავთობის საბადოებით მდიდარი რეგიონის შუაში, იქ ასევე განლაგებულია აშშ-ის მე-5 ფლოტის ძირითადი ბაზა. ზოგადად, ირანის დაზვერვა აქტიურად საქმიანობს სპარსეთის ყურის ყველა სახელმწიფოში.
ირანს ძლიერი პოზიციები აქვს ლიბანშიც. ამ ქვეყნის ტერიტორიის ნახევარი კონტროლდება ჰეზბოლას მიერ. თვით ჰეზბოლა კი არის ირანის ელიტური სამხედრო და სადაზვერვო ძალის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა არმიის, დანამატი. ირანის პოლიტიკური კონტროლის ქვეშაა ჰამასიც, რომელიც ღაზას მართავს. ჰეზბოლა და ჰამასი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ორგანიზაციებიც არიან. ისრაელთან ბრძოლის გარდა, მათი მიზანია სრული პოლიტიკური ძალა უფლების მოპოვება შესაბამისად ლიბანში და პალესტინაში. ეს საფრთხეს წარმოადგენს ეგვიპტესა და იორდანიისთვის, რომლებიც ცდილობენ ლიბანსა და პალესტინაში ირანული გავლენის ზრდის შეკავებას.
ბირთვული იარაღის მოპოვების შემთხვევაში აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება ირანს გაუადვილდება, მაგრამ ამ იარაღის გარეშეც მისი გავლენა თანდათან იზრდება. უბრალოდ, ბირთვული იარაღი იქნებოდა ირანისთვის იმის გარანტია, რომ რეგიონული ჰეგემონიის მოპოვების გზაზე არავინ ეცდება მის შეჩერებას სამხედრო ძალის გამოყენებით.
მიმდინარე პროცესები მიანიშნებენ იმაზე, რომ ირანი არის ამბიციური ძალა, რომლის მიზანია დომინირება ახლო აღმოსავლეთში და შეძლებისდაგვარად დიდი გავლენის მოპოვება ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. აშშს-თვის ყველაზე პრობლემურია ირანის ქმედებები ახლო აღმოსავლეთში, რომლის ნავთობს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ამერიკული და გლობალური ეკონომიკისთვის. აშშ-ს არ შეუძლია შეეგუოს ამ რეგიონში მტრული ძალის დომინირებას. იგი ან მიაღწევს ამ ძალას თან შეთანხმებას გავლენის განაწილებაზე, ან ადრე თუ გვიან ამ ძალის განადგურება მოუწევს.
აშშ-ის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში, საკუთარი ტერიტორიის დაცვის გარდა ირანს აქვს აქტიური ქმედებების განხორციელების შესაძლებლობებიც, რომლებსაც იგი წლების განმავლობაში ავითარებს. ერთია დარტყმების მიყენება ნავთობის საბადოებზე სპარსეთის ყურეში და ორმუზის სრუტის ბლოკირება, რაც შეაფერხებს გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდებას. მეორეა პროირანული შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების ამოქმედება ერაყში, რაც საფრთხეს შეუქმნის იქ არსებულ სახელმწიფო წყობას და აშშს აიძულებს რესურსების ისევ ერაყისკენ გადასროლას. მესამეა ირანული სარაკეტო დარტყმებიის რაელის წინააღმდეგ. მეოთხეა ჰეზბოლას და ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ ერთდროულად ორ ფრონტზე ომის დაწყება. ისრაელ ჰეზბოლას 2006 წლის ომის გამოცდილება მიანიშნებს იმაზე, რომ ორ ფრონტზე სახმელეთო ომის წარმოება, ირანთან იმავდროული საჰაერო სარაკეტო ომის ფონზე, ისრაელისთვის მძიმე იქნება. უკიდურეს შემთხვევაში ირანს შეუძლია ბრძოლაში ჩართოს აქტიური ქმედებების კიდევ ერთი შესაძლებლობა - აამოქმედოს დასავლეთის ქვეყნებში წლების მანძილზე გამზადებული ტერორისტული და დივერსიული ჯგუფები, რომლებიც მას 1990-იანი წლების პირველი ნახევრის შემდეგ არ გამოუყენები, მაგრამ მზად ყოფნაში ჰყავს.
ამ ქმედებათა ერთობლიობის მიზანი იქნებოდა ისეთი მასშტაბის კრიზისის გამოწვევა, რომლის მართვას აშშ და მისი მოკავშირეები ვერ შეძლებდნენ. ირანის მიერ ასეთი პასუხის შესაძლებლობა ძალზედ მაღლა სწევს მასზე თავდასხმის ფასს და აშშს-თვის ძლიერ შემაკავებელს წარმოადგენს.
ომის ალტერნატივა არის შეთანხმება. ირანთან გარიგების მიღწევა არაა შეუძლებელი. მმართველი რეჟიმი იქ აღარ არის ისეთივე, როგორიც 30 ან 20 წლის წინ იყო. დღეს ეს არის რაციონალური, იმპერიული ამბიციების მქონე ძალა, რომლის ლიდერთა გეგმებში სულაც არ შედის თვითმკვლელობა. შესაძლოა, აშშ-ირანის შეთანხმებას არ ჰქონდეს ერთი ოფიციალური ხელშეკრულების სახე. ეს შეიძლება იყოს არაფორმალური გარიგებების სერია სხვადასხვა რეგიონებში მხარეთა ქცევის წესების თაობაზე, რომელსაც დაემატება შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. ამის შედეგად ირანი მიიღებდა შეთანხმებულ გავლენის წილს, როგორც მინიმუმ, ერაყში, ლიბანსა და ავღანეთში, ისევე როგორც უსაფრთხოების გარანტიებს მმართველი რეჟიმისთვის. აშშ კი მიაღწევდა იმას, რომ ირანის გავლენის ზრდა მოექცეოდა შეთანხმებულ ფარგლებში და მას აღარ მოუწევდა სარისკო ომის წარმოება ირანის სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალის გასანადგურებლად.
თუკი აშშ და ირანი ვერ შეთანხმდებიან ირანის გეოსტრატეგიული გავლენის ფარგლებზე და ბირთვულ პროგრამაზე, ძალიან მაღალი გახდება იმის შესაძლებლობა, რომ ადრე თუ გვიან ომი მათ შორის მოხდება. მაშინ აშშ-ის სამიზნე იქნება არა მხოლოდ ბირთვული ობიექტები, არამედ ირანის ზოგადი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი.
ასეთი კონფლიქტი ძალზედ მასშტაბური იქნებოდა და აშშ-ს მოუწევდა მისთვის მთელი თავისი ყურადღების და რესურსების დათმობა. ეს დაასუსტებდა მას სხვა სტრატეგიულ მიმართულებებზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ამბიციების შეკავების კუთხით.
![]() |
22 სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
კანონდარღვევის შედეგად ჩამორთმეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება - მათ შორის, საოფისე ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები, აქსესუარები, ავეჯი, სანადირო თოფები და აღჭურვილობა, სამშენებლო მასალა, ფასიანი ქაღალდები, მიწა და უამრავი სხვა ნივთი - ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. გაზაფხულიდან ამ ჩამონათვალს შენობა ნაგებობებიც შეემატება. კლასიკურთან შედარებით ელექტრონული აუქციონის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალეა და ამასთან, დრო და ხარჯი შემცირდა.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისთვის ის უნდა დარეგისტრირდეს საიტზე - www.eauction.ge. დარეგისტრირება ხდება მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მომხმარებელს თან ხის ნაწილის წინასწარ გადახდა აღარ უწევს. ვებ გვერდს ყოველდღიურად 4000-მდე სტუმარი და 1500-მდე დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.
აუქციონის საიტი სამი ბლოკისგან შედგება: საჯარო აუქციონები, ონლაინაუქციონები და განყოფილება - „იყიდე მაღაზიაში“. საჯარო აუქციონების ბლოკში მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს აუქციონზე გასატანი ნივთების ჩამონათვალს. ონლაინაუქციონების ბლოკში შესაძლებელია აუქციონში ჩართვა. მესამე ბლოკი ორი ტიპის მაღაზიისგან შედგება. მომხმარებელს შეუძლია მივიდეს სააგენტოს მაღაზიებში (თბილისში სამი ასეთი მაღაზიაა) და ნივთი ადგილზე, ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინოს. რეგიონებზე პროექტი - მოძრავი მაღაზია ვრცელდება. მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგელოს ელექტრონული მაღაზიით, სადაც, ონლაინაუქციონის მსგავსად, გადახდა მხოლოდ ბარათით ხდება.
აუქციონზე ნივთის ყიდვისთვის ნებისმიერი საბანკო ბარათი გამოდგება. თუ მომხმარებელს ბარათი არ აქვს, სააგენტო თვითონ დაუმზადებს და უფასოდ გადასცემს. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს მოუწევს ისარგებლოს იმ ბანკის მომსახურებით, რომელთანაც სააგენტოს მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ამ ბარათის მფლობელი ბანკის მხრიდან ისარგებლებს შეღავათით - განახევრებული საკომისიო გადასახადით. ბარათის გააქტიურებისთვის აუცილებელია მასზე გარკვეული თანხა იდოს. შესატანი თანხის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი დაწესებული არ არის.
იმ შემთხვევაში თუ აუქციონზე, ან ინტერნეტმაღაზიაში შეძენილ ნივთზე მითითებულია სიტყვები „ადგილზე მიტანა“, მაშინ ამ ნივთს თბილისში მცხოვრები მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში უფასოდ მიიღებს. ადგილზე მიტანის სერვისი მალე რეგიონებზეც გავრცელდება. ეს მომსახურება უფასო არ იქნება, თუმცა, სააგენტოში ამბობენ, რომ კერძო სერვისზე იაფი მაინც დაჯდება.
მათთვის, ვისაც ინტერნეტით სარგებლობა უჭირს, მაგრამ აუქციონში მონაწილეობის სურვილი აქვს, სააგენტომ სპეციალური სერვისცენტრი გახსნა. სააგენტოს თანამშრომლები მომხმარებელს რეგისტრაციის გავლასა და აუქციონში ჩართვაში დაეხმარებიან.
![]() |
23 მკვლელობა დაბადების დღეზე |
▲ზევით დაბრუნება |
დავით კოვზირიძე|სვეტი
1899 წლის 29 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი ბარსელონა დაიბადა.
ზუსტად 111 წლის შემდეგ, საკუთარ დაბადების დღეზე, საფეხბურთო კლუბმა ბარსელონამ მოკლა საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი. ეს იყო განზრახმკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
დიდხანს ფართხალებდა საწყალი, უკადრებელიც ბევრი იკადრა, დაბოღმილი ბეღურასავით გაფუებულმა ჟოზემაც თავი ჩაქინდრა, ვინმე კრიშტიანუ რონალდუმ გვარდიოლას ხელი კრა, სერხიო რამოსმა მესის კინაღამ ფეხი მოტეხა და თავის მეგობარ პუიოლს ხელი გაარტყა... 29 ნოემბერს, ბარსელონას დაბადების დღეზე ჩასული „სამეფო“ კლუბის ძალიან ვარსკვლავები გაღმელებივით იქცეოდნენ. მადრიდმა თავი მოიჭრა!
ბარსელონამ კი ზედიზედ მეხუთე კლასიკო მოიგო, ამ ხუთ კლასიკოში 16 გოლი გაიტანა და ორი გაუშვა, ისიც სანტიაგო ბერნაბეუზე 6:2 მოგებულ თამაშში. მაგრამ ვითომ ღირს სტატისტიკაზე, ქულებზე, ისტორიაზე, საერთოდ რაიმე ამქვეყნიურზე ლაპარაკი მაშინ, როცა ბარსელონა მოედანზე გადის? ამას ვითომ ფეხბურთი ჰქვია? ან სპორტი? ან ბიზნესი? იქნებ ეს ხელოვნებაა, დიდი ხელოვნება, რომელიც მიქელანჯელოს და მოცარტის სიმაღლეს ეთამაშება. მე არ მესმის, რაში სჭირდებათ ბარსელონელებს კინო, თეატრი, მუზეუმი, არქიტექტურა, როცა ყოველ შაბათ-კვირას ამ ყველაფრის ბუკეტს გასაოცარ კამპ ნოუზე ნახულობენ.
ხოსეპ გვარდიოლამ ეს სპექტაკლი კარლეს რექსაჩს და იოჰან კრუიფს მიუძღვნა, ამ ფორმაციის ბარსას ორ შემოქმედს. გამთამაშებლად დაქაჩული ლეო მესი ზიდანივით არიგებდა პასებს, ხავინიესტას თანამშრომლობა კვლავ მიუწვდომელი დარჩა ცივილიზაციისთვის, დავიდ ვილია უმოწყალობის განსახიერება იყო, პუიოლის თმები კვლავ ძალიან კატალონიურად ფრიალებდა, მეორე გოლი ამ ხალხმა 21 პასის შემდეგ შეაგდო, მეორე ტაიმში ბურთი საერთოდ გაქრა და ამ დროს ტრანსპარანტიც გამოჩნდა: მოურინიო, შენ აქ ყოველთვის თარჯიმნად დარჩები!
ვითომ მოურინიოს ბრალი იყო ის, რაც მოხდა? არც უამისობაა, მაგრამ ეს კაცი უფრო რეალის ფილოსოფიას შეეწირა. მან ვერ გაბედა თერთმეტი კაცით კარში ჩადგომა, როგორც ინტერში იცოდა. რეალი ინტერი არაა. რეალმა უნდა შეუტიოს. მაგრამ ღმერთებს ვერ შეუტევ, დაგსჯიან. ეს კი ჩიხია: შეუტევ - დასაცინი გახდები, არ შეუტევ და მადრიდში კვერცხებს გესვრიან. ჟოზეს მოუწევს ამაზე დაფიქრება.
მე კი ყველას გილოცავთ იმას, რომ ეს ბარსელონა ჩვენს პრალელურად ქმნის. რა მნიშვნელობა აქვს, გიყვართ ფეხბურთი თუ არა და თუ გიყვართ, გულშემატკივრობთ თუ არა ბარსელონას.
გავა დრო, და ეს საოცრება ისტორიის ზუსტად იმ თაროზე შემოიდება, რომელიც ყველაზე მაღლაა და რომელზეც ძალიან ცოტა რამ აწყვია.
![]() |
24 იდეალური |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ჩოგბურთი
როჯერ ფედერერი
გასულ კვირას ლონდონში ეი-ტი-პი-ს (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი დასრულდა: შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა სამ სეტში - 6:3, 3:6, 6:1 - დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი. დაღლილი? არა, დაღლა არაფერ შუაშია - მარცხს ამას ვერ დავაბრალებ. უბრალოდ, დღეს როჯერმა იდეალურად ითამაშა, ასეთ დროს კი მისი დამარცხება შეუძლებელია. არ მეთანხმებით? - რაფაელ ნადალი პირველი წარდგა ჟურნალისტების წინაშე.
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რომელმაც წლეულს 7 ტიტული მოიპოვა, არასდროს მოუგია ეს შეჯიბრება. და საერთოდ, მან შემაჯამებელი რვაკაცა ტურნირის ფინალში პირველად მხოლოდ წლეულს ითამაშა...
რაფაელ ნადალი
ესპანელის შემდეგ შვეიცარიელი მაესტროს დროც მოვიდა - ტრიუმფატორმა დაახლოებით ნახევარი საათი დაუთმო პრესას, მერე კი მთავარი პრიზი აიღო და მეუღლე მიროსლავასთან ერთად სასტუმროში დაბრუნდა. იქ მას მშობლები, და და მეგობრები ელოდნენ.
ფინალში ფედერერმა მართლა იდეალურად ითამაშა, ისე, როგორც სამი- ოთხი წლის წინ, როცა ათი თავით მაღლა იდგა კონკურენტებზე. მით უფრო შთამბეჭდავი იყო შვეიცარიელი მსოფლიოს პირველი ჩოგნის ფონზე - რაფაელ ნადალმა წლეულს დიდი მუზარადის სამი ტურნირი მოიგო (როლან გარო, უიმბლდონი, აშშ-ს ღია პირველობა) და ლონდონშიც ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ოცნება რეალობად ვერ აქცია.
პირველ სეტში ფედერერმა ერთხელ მოიგო ესპანელის მოწოდება და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა, მეორეში ნადალმა იმარჯვა, მესამე და გადამწყვეტ სეტში კი ესპანელმა მეტოქეს ვეღარ გაუძლო: 6:1.
როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი 22-ედ შეხვდნენ ერთმანეთს. ჯერჯერობით, ესპანელი ლიდერობს 14:8, თუმცა წლის შემაჯამებელ ტურნირში მათი სამი პაექრობიდან ყველა ფედერერის სასარგებლოდ დასრულდა. ამავდროულად, მაგარ საფარზეც შვეიცარიელია წინ - 4:3.
თითქმის უნაკლო მოწოდება, უშეცდომო თამაში ბადესთან, არაერთი ულამაზესი კომბინაცია - სწორედ ესაა შვეიცარიელის წარმატების საიდუმლო.
ლონდონში ის შეუდარებელი იყო და ამის დასტურია ისიც, რომ ფედერერმა პირველი ხუთეულის ოთხივე წევრს აჯობა. ნადალამდე მან ჯგუფში შოტლანდიელ ენდი მარეის (5) და შვედ რობინ სოდერლინგს (4) (ასევე მეშვიდე ჩოგან ესპანელ დავიდ ფერერს) მოუგო, ნახევარფინალში კი ეი-ტი-პი- ს რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ სერბს ნოვაკ ჯოკივიჩს.
ფედერერმა მეხუთედ მოიგო მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატი. აქამდე მან 2003, 2004, 2006 და 2007 წლებში იმარჯვა.
ესეც დიადი შვეიცარიელის კიდევ ერთი რეკორდი, თუმცა, საზიარო: წლის შემაჯამებელი ხუთჯერ მის გარდა ჩეხ ივან ლენდლს (1981, 1982, 1985, 1986, 1987) და ამერიკელ პიტ სამპრასს (1991, 1994, 1996, 1997, 1999) მოუგიათ.
წლეულს შვეიცარიელმა სამპრასს კიდევ ერთი მიღწევით გადაასწრო: ლონდონში კარიერაში 66-ე ტიტული მიითვალა, ამერიკელი კი დიდი ჩოგბურთიდან 64 გამარჯვებით წავიდა. ამ მხრივ ფედერერი მხოლოდ ჯიმი კონორსს (109 მთავარი პრიზი), ივან ლენდლს (94) და ჯონ მაკინროის (77) ჩამორჩება.
ლონდონში ტრიუმფით როჯერ ფედერერმა 1500 სარეიტინგო ქულა მიიღო, თუმცა 2010 წელი მაინც მეორე ჩოგნად დაასრულა. ასეთი რამ პირველად 2008 წელს მოხდა. შვეიცარიელ მაესტროს მაშინაც ნადალმა აჯობა. სამაგიეროდ, ესპანეთის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა მარკამ განვლილი ათწლეულის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელად როჯერ ფედერერი აღიარა.
ფედერერ-ნადალის პაექრობას გულშემატკივრები ახალ წლამდე კიდევ ორჯერ იხილავენ, თუმცა ისინი საჩვენებელ მატჩებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: 21 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 22-ში კი ესპანეთის დედაქალაქში.
![]() |
25 RICHIE RICH |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|რაგბი
ქორთიარდ მერიოტის წინ რაგბის ათამდე გულშემატკივარი შეიკრიბა. იქვე, სასტუმროს კაფეს ფანჯრებთან ფუსფუსებენ, ეწევიან. ქარმა დაუბერა და ბიჭებმა უფრო მაგრად შემოიჭირეს ზურგზე საქართველოს დროშები. ოდნავ გახუნებული, წესრიგში მოსაყვანი, მაგრამ მათთვის მაინც მნიშვნელოვანი აქსესუარი.
რიჩი დიქსონი და სამწვრთნელო შტაბი
რამდენიმე წუთში სასტუმროდან კაცი გამოდის და გულშემატკივრები მასთან გარბიან. „ყოჩაღ, რიჩი... გაიხარე, ძმაო... მაგარი ტიპი ხარ... როგორ გვიცინის, ნახე? ჩვენიანია” და კიდევ ბევრი და საინტერესო კომენტარით ესალმება ფანების ეს ჯგუფი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, შოტლანდიელ რიჩი დიქსონს.
დიქსონი გაწონასწორებული, თავაზიანი და ძალიან განათლებული ადამიანია. ბევრი საუბარი არ უყვარს, მაგრამ თუ მისთვის საინტერესო თემისკენ გადაუხვევ, ესიამოვნება და ბევრს მოგიყვება. რიჩიმ საქართველოს ნაკრებს მოკლე დროში ორი საინტერესო, მძიმე და ჩვენებისთვის წონადი ტესტი მოაგებინა. თბილისში ჯერ კანადელებს ვაჯობეთ და მერე - ამერიკელებს. უფრო რთული და ბოლოში ორმაგად გემრიელი ამერიკელებთან მოგება გახდა. ჯერ ვიგებდით, შემდეგ ვაგებდით და მერე უფრო მაგრად ვაგებდით. ბოლოში რიჩის გუნდმა მოინდომა და 19:17 მოიგო.
დიქსონი: „საქართველოში რაგბი უყვართ და აფასებენ თქვენი ბიჭების ლტოლვას, თავდადებას, სიალალეს. ჩვენ არ ვართ ახალ ზელანდიაში, სადაც რაგბი რელიგიაა და ნაკრების შეკრებისთვის მწვრთნელები ორასამდე კანდიდატს არჩევენ. ეს საქართველოა და შესაძლებლობებიც უფრო მოკრძალებულია. უბრალოდ, როდესაც მახოს (ურჯუკაშვილი), ვიტოს (კოლელიშვილი) და მთელი ნაკრების მონდომებას ვხედავ, ეს ნაკრები ჩემთვის ახალ ზელანდიაზე, ავსტრალიაზე, ყველაზე დიდია. ამერიკასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი სერიოზულად დაიმტვრა. გატეხილი ცხვირი, ყვრიმალის ძვალი, ამოვარდნილი მხარი, დაჟეჟილი ნეკნები... გასახდელში შევედი და ყველა შემომეხვია. ერთ-ერთი გულში ჩავიკარი, მადლობა-მეთქი და ტკივილისგან ცრემლები წამოუვიდა. იმ მოთამაშეს სახეში მუხლი გაარტყეს, მაგრამ გაძლო და მოედანზე ბოლომდე დარჩა. ბოლომდე გაძლო მაშინაც, როდესაც გულში ჩავიკარი. იმ მომენტში ყველაზე მდიდარი, ბედნიერი ვიყავი. და ვგრძნობ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებიც პატივს მცემენ, მენდობიან“.
დიქსონი საინტერესო ოჯახიდან არის. მამამისი 90 წლის მეცხვარეა. ერთი თვის წინ შვილთაშვილს მოესწრო. მამა ჯანზეა: „პატარას იტოვებს, უვლის, მერე სახლს ალაგებს და საღამოობით გემრიელ საჭმელს გვახვედრებს“. რიჩის და მის მეუღლეს უკვე 40 წელიწადი სიყვარულით გააქვთ ერთმანეთი და დიქსონს სულ მალე მეორე შვილიშვილი ეყოლება. დიქსონის ძმა 2005-ში ერთი წლით შოტლანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო, მანამდე კი თბილისში საქართველო-რუსეთის მატჩზე კომისრობდა.
საქართველოს ნაკრების მორაგბეები
რიჩის თითქმის არ აქვს თავისუფალი დრო. უყვარს თეატრში სიარული და შეუძლია საათობით ისაუბრობს ლეგენდარულ Citizens Theatre-ს ისტორიაზე. გლაზგოში ამ თეატრში ბევრი ლეგენდარული, ისტორიული პრემიერა იყო. რიჩი ჩურჩულზე გადადის, როდესაც კიდევ ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს. სიტიზენში ყოველი პრემიერის შემდეგ ლეიდი დეიგლის მოჩვენება დადის და იქაურობას ალაგებს. აქვე იყო დრაკულას პრემიერაც, რომლის დროსაც თეატრში ღამურების მთელი ესკადრა შემოფრინდა და ჩვენება კინაღამ ჩაიშალა.
დიქსონი: „შოტლანდია არ არის მხოლოდ არტურ კონან დოილი და უოლტერ სკოტი. შოტლანდია არ არის მხოლოდ რეინჯერსი და სელტიკი. შოტლანდია იმაზე ბევრად ღრმა და საინტერესოა, ვიდრე ბევრს ჰგონია. ულამაზესი ბუნება გვაქვს. იცით, ჩვენ ტყეებში აღარ არის არც დათვი და არც მგელი. გადაშენდნენ... შოტლანდიის ტყეებში ბოლო მურა დათვთან ფოტო მამაჩემს აქვს გადაღებული. შოტლანდიაში ევროპაში ყველაზე მაღალი ხე, Stronardron Douglas Fir დგას, რომლის მოვლასაც ორი კომპანია აფინანსებს. შოტლანდიაში ოქროს არწივია და ამით მთელი ქვეყანა ამაყობს. ოქროს არწივის თითო კვერცხში კოლექციონერები 100 ათას ევროს გადაიხდიან. უბრალოდ, ბრაკონიერებს მთელი შოტლანდია ებრძვის და ფრინველს აღარ ეკარებიან“.
სასტუმროს მივუახლოვდით. რიჩის კიდევ რამდენიმე ქართველი მიუახლოვდა. დიქსონთან საუბარი შედარებით კომპაქტური, მაგრამ ღრმა და საინტერესო იყო. რიჩი თვითონ არის ღრმა და საინტერესო. და სულ იმეორებს, მდიდარი ვარო. ჩემი ოჯახით, თქვენი ნაკრებით და ჩემი სიყვარულითო.
საქართველოს ნაკრებიც მდიდარია. რიჩი დიქსონთან ერთად.
![]() |
26 თბილისი 2015, ისტორიული გამარჯვება |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
26 :21. ამ ანგარიშით ბელგრადში ფარული წილისყრა დასრულდა და ბრნოს დამარცხების შემდეგ, თბილისი ოფიციალურად გამოაცხადეს ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად.
სასიამოვნო ფაქტია და მხოლოდ იმაზე გვწყდება გული, რომ პირდაპირ ეთერში ჩვენი კანდიდატი ქალაქის საპრეზენტაციო პროგრამა ვერ ვნახეთ. არადა, ძალიან ლამაზი, ცოცხალი და საინტერესო ყოფილა. ქართულმა დელეგაციამ (ოლიმპიური კომიტეტი, თბილისის მერია) შესანიშნავად იმუშავა და შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გარდა იმისა, რომ საქართველო გამოჩნდება მსოფლიო სპორტულ რუკაზე, ეს მოვლენა წმინდა მატერიალური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია: თბილისს ეწვევა უამრავი სტუმარი და დედაქალაქის ინფრასტრუქტურაც საგრძნობლად გაუმჯობესდება.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 1991 წლიდან (ბრიუსელი) ტარდება, თბილისში კი მეცამეტე ფორუმი იქნება. მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი 14-17 წელია. ტურნირში მონაწილეობას იღებს ევროპის ოლიმპიური ოჯახის 48 წევრი, რომლებიც 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, ჩოგბურთი, ველოსპორტი, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი, ტანვარჯიში) შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
საქართველომ ამ ტურნირში პირველად 1993 წელს მიიღო მონაწილეობა და დებიუტანტმა ქვეყანამ 2 მედალი აიღო. ძიუდოისტმა ივერი ჯიქურაულმა ვერცხლი წამოიღო და იმავე სახეობაში ლევან ჩიგრიაშვილმა ბრინჯაოს მედლით დახურა ტურნირი. 7 სახეობაში 59 მონაწილით გამოვედით.
2 წლის შემდეგ, ინგლისში უკვე 5 მედალი გვქონდა და ამჯერადაც, ხუთივე ძიუდოისტებზე გადანაწილდა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი ქართული ოქრო დავით ჯავახიშვილმა აიღო. საქართველო ტურნირზე 6 სახეობაში 20 სპორტსმენით იყო წარდგენილი.
1997 წლის ტურნირზე საქართველომ ერთადერთი ოქრო ფეხბურთში აიღო. მაშინდელი ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ეროვნულის მომავალი წევრები ვალერი აბრამიძე, ლაშა ჯაკობია და დავით დიღმელაშვილი. მესამე ადგილი აიღო ძიუდოისტმა გრიგოლ მამრიქიშვილმა, რომელსაც ზედა ეშელონშიც წარმატებული კარიერა ჰქონდა.
2 წლის შემდეგ ფესტივალი დანიურ ესბიერგში იყო. ოქროს მედალი ძიუდოისტმა ზაზა ებელაშვილმა აიღო. დანარჩენი ექვსი მედალიც ძიუდოისტებზე მოდიოდა. მძლეოსნობაში, ჩოგბურთში და ველოსპორტში უმედლოდ დავასრულეთ გამოსვლა.
ჩვენთვის ყველაზე წარმატებული ტურნირი 2001-ში, ესპანურ მურსიაში გაიმართა. ქართული დელეგაცია 4 სახეობაში მხოლოდ 14 სპორტსმენით შეკოწიწდა, მაგრამ 4 ოქრო მაინც ავიღეთ. უმაღლესი სინჯის მედლებით დაასრულეს ტურნირი ძიუდოისტებმა ლაშა გუჯეჯიანმა, მინდია ხომიზურმა, გრიგოლ შინჯიკაშვილმა და ჯარჯი ზვიადაურმა, რომელიც მოგვიანებით, საბერძნეთის სახელით უკვე ნამდვილ ოლიმპიადაზე გახდება საუკეთესო. 5 წლის წინ ლინიანოში (იტალია) ჩვენმა ფეხბურთელებმაც ოქრო აიღეს. ქართველი ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალზე ლეგენდარული ალბერტო ტომბაც იმყოფებოდა.
ბოლო ტურნირი შარშან, ტამპერეში (ფინეთი) ჩატარდა. ფესტივალი ჩვენი ნაკრებისთვის ოქროს მედლის გარეშე დასრულდა, სამივე სხვა სინჯის მედალი ძიუდოზე გადანაწილდა, სულ კი ჩვენი დელეგაცია 24 სპორტსმენისგან შედგებოდა.
სულ საქართველო ამ ფესტივალზე 240-მა სპორტსმენმა წარადგინა და ჯამში 44 მედალი (14 ოქრო, 13 ვერცხლი და 17 ბრინჯაო) დაისაკუთრა.
![]() |
27 მერსედეს ბენცი კონცეპტუალური ბიომეს გამოშვებას აპირებს |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
ლოს ანჯელესის ავტო შოუს ტრადიციულ სადიზაინერო კონკურსისთვის, მერსედეს ბენცმა კონცეპტუალური მოდელი ბიომე მოამზადა, რომელიც საერთო სარგებლობის გზებზე ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც ამგვარს შტუტგარტელები თავიანთ მყიდველს მალე შესთავაზებენ. ამის საბაბს კი შოუზე ამ ავტომობილთან დაკავშირებით მიღებული გამოხმაურებებია, რომლებმაც გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობა, კონვეიერზე მის დაყენებაზე დააფიქრა.
ესეც რომ არა, შტუტგარტელებს ძველი მეტოქეობა აქვთ ბეემვესთან, რომელიც წარმოებისთვის ასევე „არაამქვეყნიურ” კონცეპტუალურ ვიჟენ ეფიშენტდაინემიქსს ამზადებს. და ბუნებრივია, ბრწყინვალე აეროდინამიკური მახასიათებლების მქონე ამ ავტომობილს ერთგვარი საპირწონე სჭირდება, ასეთად კი, როგორც ჩანს, სამქიმიანებს სწორედ ბიომე ესახებათ.
კონცეპტუალური ბიომე ორიგინალური საინჟინრო გადაწყვეტებით და ახალი, ჯერაც დაუნერგავი ტექნოლოგიებით გამოირჩევა და როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, ძალიან ახლოსაა გარემოსთან. ჯერ ერთი, მას პრაქტიკულად არანაირი გამონაბოლქვით არ დააბინძურებს. მეორეც, ის გადამუშავებადი, უნარჩენო მასალებით დამზადდება.
მაგრამ, რაც მთავარია, როგორც ინგლისური გამოცემა ავტოქარი სანდო წყაროებზე დაყრდნობით გვამცნობს, ბიომე შუაძრავიანი სპორტული სუპერავტომობილის წინამორბედია, რომელმაც კონკურენცია სწორედ ბავარიულ ეკოლოგიურ სუპერ ავტომობილს უნდა გაუწიოს.
მერსედეს ბენცის კალიფორნიული (კარლსბადის) მოწინავე დიზაინ სტუდიის შეფი ჰუბერტ ლი ჰყვება, რომ ბიომეს შემუშავების პროცესში, მისი ზოგიერთი ელემენტი იმ გათვლით შემუშავდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბევრი ცვლილების გარეშე, მისი სერიული წარმოება შესაძლებელი ყოფილიყო. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას სამუშაოს დაწყებამდე, ამ ავტომობილის წარმოების შესაძლებლობა გათვალისწინებული ჰქონდა. იმავდროულად, კონცეფციაზე მუშაობისას, დიზაინერთა და ტექნოლოგთა ფანტაზია პრაქტიკულად შეუზღუდავი იყო:
„ბიომეზე მუშაობისას, ჩვენმა დიზაინერთა ჯგუფმა შთაგონების წყაროდ ბუნება გამოიყენა. ეს მანქანა, მისი შექმნიდან მოყოლებული, მთელი სამუშაო ციკლის განმავლობაში, გარემოსთან სრულად იქნება ინტეგრირებული. მერსედეს ბენც ბიომე, სათბურში გაზრდილი ნერგივით, სრულიად ორგანულ გარემოში წარმოიშვა. მოძრაობისას, ის მხოლოდ სუფთა ჟანგბადს გამოყოფს. სამუშაო ციკლის დასრულების შემდეგ კი ის სრულად დაექვემდებარება გადამუშავებას და საბოლოო პროდუქტი, შეიძლება სამშენებლო მასალადაც იქნას გამოყენებული”, - ნათქვამია კონცეფციის აღწერილობაში.
ეგ კიდევ არაფერი. ამ უცნაურ განმარტებას, დიზაინის კიდევ უფრო საოცარი აღწერა მოჰყვება: „ამ ავტომობილის გარეგნობა ორი თესლიდან აღმოცენდა: მისი ინტერიერი, ბიომეს წინა ნაწილში მდებარე ვარსკვლავის დნმ-დან გაიზარდა, ექსტერიერს კი დასაბამი უკანა ნაწილში არსებულმა ვარსკვლავმა მისცა. მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მერსედესის ორივე ვარსკვლავი გენეტიკურადაა შემუშავებული. მანქანა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც გენეტიკური კოდი ჩანაფიქრის კაფსულას შეერწყმება. ბორბლები კი ოთხი ცალკეული ჩანასახისგან იზრდება“...
აი, ასე: დიზაინერები ხშირად მარტო ვიზუალური წარმოსახვის უნარით კი არა, თავიანთი მდიდარი ფანტაზიითაც გვაკვირვებენ. აბა, სახელი ბიომე როგორღაც ხომ უნდა გაემართლებინათ...
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ამ საავტომობილო გენეტიკის პირველ სერიულ ნაყოფს, რომელიმე დიდ საავტომობილო შოუზე ვიხილავთ და მერე დავრწმუნდებით, რომ სამქიმიანების კალიფორნიელ დიზაინერთა ფანტაზიას რეალური საფუძველი ჰქონია.
![]() |
28 ევროპის წლის საუკეთესოს წოდება ელექტრომობილს ერგო |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
ევროპის საავტომობილო მედია საზოგადოებამ, კონტინენტის 2011 წლის საუკეთესო ავტომობილის საპატიო წოდება ელექტრომობილ ნისან ლიფს მიანიჭა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის საუკეთესოდ აღიარებენ ავტომობილს, რომელსაც შიდაწვის ძრავი არ ამოძრავებს.
ევროპის 23 ქვეყნის 59 წამყვანი ჟურნალისტისგან (ჟიურიში 66 წევრი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან შედის) შემდგარმა ჟიურიმ, ნისან ლიფს ჯამში 257 ქულა მიანიჭა. მეორე ადგილზე ალფა რომეო ჯულიეტა გავიდა, რომელიც გამარჯვებულს 9 ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი ოპელ მერივას ერგო (244 ქულა). მომდევნო ადგილებზე შემდეგი ავტომობილები გავიდა: ფორდ Сმაქს/ გრანდ მაქსი, სიტროენ C3/DC3, ვოლვო S60/ V60 და დაჩია დასტერი.
კონკურსის პირობით, მასში დაიშვება მხოლოდ ის ავტომობილები, რომელთა წარმოებაც მიმდინარე წელს დაიწყო. ამასთან, წლიური წარმოების მოცულობა არ უნდა იყოს 5 ათასზე ნაკლები. ნისან ლიფი ევროპაში ჯერ არ იყიდება, თუმცა ის მალე გამოჩნდება იაპონური კომპანიის ბრიტანელ, ჰოლანდიელ, ირლანდიელ და პორტუგალიელ დილერთა შოურუმებში.
ნისან ლიფის აღიარებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე, იაპონური კომპანიის შეფმა კარლოს გონმა განაცხადა, რომ ნისანი და მისი პარტნიორი რენო მალე კიდევ რამდენიმე ელექტრომობილს გამოუშვებენ, რითაც ისინი ბაზრის ამ ახალ, ეკოლოგიურ სეგმენტში ლიდერობას დაეუფლებიან.
ნისან ლიფს მამოძრავებელ ძალას კომპაქტური ელექტროძრავი ანიჭებს, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილშია განლაგებული. მისი მაქსიმალური სიმძლავრე 107 ცხ. ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 280 ნიუტონ მეტრია. ამ ძრავით, ლიფს მაქსიმუმ 145 კმ/სთ სიჩქარე აქვს, მისი სვლის სიშორე კი 160 კილომეტრია. ლითიუმ-იონური აკუმულატორების და მუხტვას 8 საათი სჭირდება, სწრაფი დამუხტვის რეჟიმში კი აკუმულატორები ნახევარ საათში 80 პროცენტით იმუხტება.
ევროპაში ნისან ლიფის საბაზო ღირებულება 30 ათასი ევროს ფარგლებში იქნება. თუმცა, ამ ფასს ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე მოქმედი შეღავათებით გათვალისწინებული თანხა მოაკლდება. შედარებისთვის, აშშ-ში იმავე ტიპის ავტომობილებზე შეღავათი 7 500 დოლარია, რისი წყალობითაც, იქ ნისან ლიფის საბაზო ღირებულება 25 ათასი დოლარი იქნება.
ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება შარშან ფოლკსვაგენ პოლომ მიიღო, ერთი წლით ადრე, ეს აღიარება ოპელის უახლეს მოდელ ინსიგნიას მიენიჭა, 2008 წელს კი „ჩემპიონი“ ფიატ 500 გახდა.
და კიდევ, ნისამა ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის კონკურსის ისტორიაში, მეორე გამარჯვება მოიპოვა. პირველად ამ კომპანიის მოდელების განაღიარება 18 წლის წინ, მიკრას ერგო.
![]() |
29 Hello, I'm from Georgia and I have a problem |
▲ზევით დაბრუნება |
სალომე კიკალეიშვილი|სვეტი
რას შვები? როგორ ხარ? ჩემი ამბები არ იკითხო, არც ვიცი საიდან დავიწყო.
გაყინული ვარ. ფეხებს და ხელებს ვეღარ ვგრძნობ. ცხვირს ხომ საერთოდ... სადაცაა ჯიბეში ჩავიდებ, გასათბობად. არადა ხომ იცი ჩემი ამბავი, როგორ ვიჯღანები ხოლმე „გერმანია“ „ზამთარის“ ერთად გაგონებისას. გარეთ ვზივარ, გაჩერებაზე. რაღაც უცნაური ფორმის სკამი ვიპოვე და თან დარიჩინიან ფუნთუშას ვციცქნი.
ფესტივალის აკრედიტაცია დავკარგე. არ ვიცი რა მჭირს, რა ფეხზე წამოვედი ამ გერმანიაში, მაგრამ სულ რაღაც შარში ვეხვევი. ჰოდა სანამ ახალს არ დამიმზადებენ, ვიჯდები გაჩერებაზე, დარიჩინიანით ხელში. თან ესეც ქიშმიშიანი ამიღია... მიხვდი ხო? სულ კურკლებივით მიმოვყარე გარშემო. ჩიტებს ვახარებ.
არადა მეგონა დავისვენებ, თვალს წყალს დავალევინებ, ტვინი ცოტა ხანი მაინც სხვა რამეებზე იფიქრებს-მეთქი და ჰა, რად გინდა. გამოვფრინდი თუ არა, იმის მერე, მებრძოლი ხარივით მიწევს ყოფნა - „ჰაა, რას ქვია არ მომცემ თუ მეკუთვნის“ და რამე. იცი, რა მიქნეს ვარშავაში? ეე, ეს ცალკე ისტორიაა. მას მერე სადმე ტაკ-ტაკ თუ მომესმა, ისე მაჟრიალებს როგორც საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულს. ხო იცი, მაგათ ენაზე ტაკ - ხო-ს ნიშნავს.
ვარშავის გავლით მივფრინავდი, პოლონეთის ავიახაზებით. გადასაჯდომ ბილეთს ვარშავაში მოგცემენო - აქ მითხრეს. მოკლედ, ჩავედი პოლონეთში. ბილეთის ასაღებად მივედი და - თქვენს ონლაინ ბილეთს პრობლემა აქვს და სულ ზემოთ აბრძანდით, იმ ოფისში დაგეხმარებიანო. მეც რა მენაღვლებოდა, 5 საათი მქონდა წინ. ავბრძანდი ზემოთ. იქ მითხრეს - ქვემოთ და მარჯვნივ ჩაბრძანდით, განსაკუთრებული შემთხვევაა და ჩვენ არ ვიცით, რა უნდა ვქნათო. ვახ, ცოტა არ მომეწონა ეს „განსაკუთრებული შემთხვევა“. მაგრამ ჯერ არ ვიმჩნევდი. არადა ხომ გახსოვს რაებს ვიძახდი „4 დღე... კინოფესტივალი... აი, დავისვენებ-მეთქი“.
ბოლოს გარეთ გამიშვეს, აეროპორტის შემოსასვლელში პოლონეთის ავიახაზების ოფისია და მხოლოდ მაგათ ძალუძთ შენი დახმარებაო. 4 ყვითელთმიანი ქალი იჯდა. მეორესთან მივედი, რაღაც სანდომიანი სახე ჰქონდა, ბებიაჩემი გამახსენა 20 წლის წინ. უკვე კარგა გვარიანად დაზაფრულზე ცოტა სევდიანი თვალებით შევხედე და დავიწყე Hello, I'm from Georgia and I have a problem... ქალმა რაღაცები აწკაპუნა კომპიუტერში, გამომხედა და აუღელვებლად მკითხა - აქ როგორ ჩამოხვედიო?; - ჰმ, - ჩამეცინა ჩემთვის, - როგორ და თვითმფრინავით-მეთქი და თან ტუჩებიც ცოტა მოვპრუწე (რა არის მაინც ეს შეძენილი სიდერზკე!); - თქვენი ბილეთი ანულირებულია, თბილისი როგორ დაგატოვებინეს... უბილეთოთ ხართ ჩამოსულიო!.. დამცხა. არა, უბილეთოთ კი მიმგზავრია, მაგრამ დიდი ხნის წინ და თან ტროლეიბუსით. მოკლედ, ჯერ ცოტა გავიქაჩე “რა სისულელეა... წამო, დარეკეთ ფესტივალის დირექტორთან, მე იცით... გერმანიიდან მიმიწვიეს (მანჰაიმი არ ვახსენე, ჩავთვალე რომ გერმანია უკეთ ჟღერდა)”... შენც არ მომიკვდე. ქალმა თავისი ფენით დაყენებული შეშასავით თმა გაისწორა და მითხრა - მე, არსად არ დავრეკავ. არც სადმე გამოგყვები. მე, ეგ არ მეხება. გაარკვიე და თავად მოაგვარე. უბილეთო რომ ხარ არ დაგავიწყდეს, აქ რომ ჩამოხვედი, ეგეც გადასახდელი გაქვსო. ისევ ისე, წყნარად მითხრა ეს ყველაფერი და ჩემ უკან ჩამდგარ გრძელ რიგს გახედა - შემდეგიო. მოკლედ... მერე აღარც მახსოვს რამდენჯერ გავედი გარეთ, პოლონეთის ცივი ჰაერის ჩასასუნთქად. წვიმდა და 100 მეტრში არაფერი მოჩანდა. თვალებსაც კი ვხუჭავდი, აი მაგრად მაგრად და მერე უცებ ვახელდი - იქნებ მეჩვენება-მეთქი. ცოტა ხელიც კი დავიჩქმიტე. ნუ, რა მექნა?.. ყოფილხარ ასე? თავი ტომ ჰენქსი მეგონა, სპილბერგის „ტერმინალში“. არადა რამდენი ვიცინეთ მაგ ფილმზე, გახსოვს? აეროპორტში გაჭედილი, იქ რომ სწავლობს ცხოვრებას, საჭმელს რომ აგროვებს... მგონი აღარასდროს გამეცინება მაგ კაცზე. 5 საათი წინ და უკან დავრბოდი. ხან ამ შეშა-ქალს ვევედრებოდი ეშველა და ხან მანჰაიმის კინოფესტივალის ქალს ვურეკავდი - მიშველე, აეროპორტში მტოვებენ-მეთქი. ბოლოს სარკეში ჩავიხედე და... ვერაფერი დავინახე, მხოლოდ შიშისგან დაყვლეპილი ორი ცალი თვალი ხამხამებდა თავისით, ცოტა ისტერიულად.
მოკლედ რა... გაფრენამდე 20 წუთი იყო დარჩენილი - წადი, ჩაჯექი, კომპიუტერული შეცდომა იყო და გამოსწორდაო. გავვარდი, მაგრამ რას გავვარდი... უსაფრთხოების შესამოწმებლად ორ-ორად, მწკრივში ჩამდგარი ჩინელების მთელი ქალაქი დამხვდა, მაგრამ ეგეც გადავლახე - დავდექი რიგის თავში, ხელები მაგრად გავშალე და - ხალხნო, ხალხნო, ჩემი თვითმფრინავი 20 წუთში მიფრინავს, ბევრი უბედურება გამოვიარე და... გამატარეთ! გამატარეთ! როგორც ამერიკულ კინოებშია, ზუსტად ისე გამოვედი სიტყვით. უბრალოდ, არავის უკოცნია, თორემ... ერთი დაგანახა რას ვგავდი, მედუზა გორგონა მონაგონი იყო.
ჩემი გასასვლელი კი ვიპოვე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავს რაღაც პრობლემა ჰქონდა და შეკეთებაზე ერთი საათი მაინც წავიდოდა. აი, აქ რომ გაეხსნა ვიღაც არაბს - „მაგით ვინ გაფრინდება, ეგ გაფუჭებულია! გამოგვიცვალეთ! ხალხნო, არ ჩავსხდეთ, არაო“ - ხაოდა ბოლო ხმაზე. ვაა, იქნებ არ უნდა გავფრენილიყავი - მორბენალი სტრიქონივით გამიჩნდა თავში... არა, არა, ხომ იცი არ ვარ მშიშარა. ყოველ შემთხვევაში თვითმფრინავის არ მეშინია, იცი.
მანჰაიმში ბარგი დამტვრეული მომცეს, გაუხსნიათ თურმე. ტაკ ტაკ... ეგრე იყო, ეგრე.
ბოლო ამბავი არ იცი შენ. ხომ ჩამოვედი ასე: უბილეთო, დამტვრეული ბარგით და მოვედი სასტუმროში, რომელიც აღარ არსებობს. როგორ? აი ეგრე, აღარ არსებობს რა. მე და კიდევ 5 კაცი ბოლო კლიენტები ვართ, მერე სასტუმროს ანგრევენ. ჰოდა, დავდივარ ხოლმე დერეფნებში მოკაკული თითით და ჯეკ ნიკოლსონს ვეძებ “Redrum”, “Redrum”...
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი
ისე დედაჩემს ველაპარაკე იმ დღეს და ასე მითხრა - ეტყობა შენთვის ნეგატიურ დღეებში გაემგზავრეო. შენა და... ცაგარელის ნომერი ხომ არ გაქვს?
![]() |
30 ჰარი პოტერი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|კინო
საჩუქრის გარეშე ჰარი პოტერის ისტორია დასასრულს უახლოვდება. ჯოან ქეროლ როულინგის შვიდტომეულის ბოლო წიგნი, პროდიუსერებმა ორ ნაწილად გაყვეს, მიზეზად წიგნის სიდიდე დაასახელეს, თუმცა ცხადია - ყველაფერი ფულის გამო გაკეთდა. პირველმა ექვსმა ფილმმა ხომ შემქმნელებს თითქმის 5,5 მილიარდი დოლარი მოგება მოუტანა.
„ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების“ პირველი ნაწილი კვლავაც დევიდ იეტისმა გადაიღო. ჯადოქრებზე ბოლო ორ ფილმს ეს რეჟისორი ხელმძღვანელობდა და Warner Brothers-ის მითითებებს ზუსტად ასრულებდა.
მეშვიდე ფილმში მოქმედება პირველად ჯადოქრების სკოლა ჰოგვორტსის მიღმა ვითარდება. ჰარი, რონი და ჰერმიონი ჰორკრუქსების (ვოლდემორის სულის ნაწილების) საპოვნელად და გასანადგურებლად მიემგზავრებიან. იეტისმა წინა ნაწილის შეცდომები აღარ გაიმეორა და ფილმი უამრავი ექშენ- ეპიზოდით გააჯერა. ფილმის დასაწყისში სიკვდილის მხვრელებისა და ჰარი პოტერის მეგობრების ბრძოლა, ჰარისა და ჰერმიონის დაპირისპირება გველთან, სამინისტროდან გაქცევა - ყველაფერი ვიზუალურად შთამბეჭდავია და მაყურებლის დიდ ეკრანთან მისაჯაჭვად კმარა. პრობლემა ფილმის ქრონომეტრაჟია. პირველად ფრენჩაიზის ისტორიაში სურათის პროდიუსერი თავად წიგნის ავტორი, როულინგი იყო და წესით, ტექსტთან მაქსიმალურად მიახლოებული ფილმი უნდა გადაეღოთ. თუმცა ნამუშევარში უამრავი მეტასტაზია - სრულიად ზედმეტი ეპიზოდი - რომელიც ფილმის დინამიკაზე დამღუპველად მოქმედებს. კარავში ჰარისა და ჰერმიონის ცეკვის სცენა, ბუნების დაუსრულებელი პანორამები - პოტერზე დოკუმენტურ ფილმს უფრო მოუხდებოდა. რეჟისორი შეეცადა ახალი, საკუთარი დეტალები ჩაემატებინა ფილმში, მაგრამ კარგად არ გამოუვიდა. სამწუხაროდ, შავი ხვრელების კომპენსირებას ვერც რუპერტ გლინტის (რონ უიზლი) კარგი თამაში, ვერც დობის მშვენიერი პერსონაჟი და ვერც სპეცეფექტების კასკადი ახერხებს. ფილმი ჩარჩოებშია მოქცეული, რომელსაც დიდი ასოებით აწერია „მთავარი ფილმის შესავალი“. ვუდი ალენის „ენი ჰოლში“ ალვი სინგერი ამბობს: „ბებიაჩემი საჩუქრებს არასოდეს მჩუქნიდა. მას კაზაკები აუპატიურებდნენ და არ ეცალა“. დაახლოებით იგივე მოხდა ამ ფილმის შემთხვევაშიც, დევიდ იეტისს აშკარად „არ ეცალა“ ამ ფილმის გადასაღებად, რადგან მომავალ, ფინალურ პროექტზე ფიქრობდა.
ახალ სერიას ინდივიდუალურობა აკლია და ფენტეზის ფილმების ნაკრებს წააგავს. ძალიან კარგადაა გაკეთებული ეპიზოდი, როდესაც ჰერმიონი (ემა უოტსონი) სიკვდილის საჩუქრების წარმოშობის ისტორიას კითხულობს, ეს ყველაფერი ანიმაციურადაა წარმოდგენილი და მრავალფეროვნებას სძენს ნამუშევარს, მაგრამ... ეს მომენტი გილერმო დელ ტოროს „ჰელბოი 2-ის“ დასაწყისის გადამღერებას ჰგავს, ისევე როგორც ყელსაბამის ისტორია ესთეტიკით „ბეჭდების მბრძანებლის“ ბეჭდის ამბავს მოგაგონებთ. ორივე უარყოფითად მოქმედებს „პატრონზე“, ორივე ნივთი გადარჩენისთვის „იბრძვის“.
პრობლემა სავარაუდოდ რეჟისორშია. პირველი და მეორე ფილმი კრის კოლამბუსმა („მარტო სახლში“) გადაიღო, რომელმაც ძალიან კარგად იცის საბავშვო კინოს გადაღება. მესამე - ალფონსო კუარონმა, მან პოტერი სხვა საფეხურზე აიყვანა, მეტი სერიოზულობა და მაგიური ატმოსფერო შესძინა. მეოთხე ნაწილიდან პროდიუსერები მოერიდნენ ინდივიდუალისტ ხელოვანებს და რეჟისორის სავარძელი ჯერ მაიკ ნიუელს, შემდეგ კი დევიდ იეტისს ჩააბარეს. ამით კინომოყვარულებმა (პოტერის წიგნების თაყვანისმცემლებმაც) წააგეს - სამაგიეროდ, შემოსავალი გაიზარდა.
როგორიც არ უნდა იყოს ფილმის შემდეგი ნაწილი, ის კომერციულად მაინც წარმატებული იქნება. ისევე, როგორც „სიკვდილის საჩუქრების“ პირველი ნაწილი და ძველი 6 პოტერიანა. პრობლემა ის არის, რომ ფრენჩაიზი თინეიჯერულ ფილმს ვამპირებზე - „ბინდს“ უფრო დაემსგავსა, ვიდრე „ბეჭდების მბრძანებელს“ და შედეგად ბოლო ორი ფილმი სუსტი გამოვიდა. ნამუშევარი ცუდი არ არის, უბრალოდ შთამბეჭდავი ტრეილერის შემდეგ დიდი იმედგაცრუებაა, მით უფრო მათთვის, ვისაც წიგნი წაუკითხავს და იცის, რომ ბოლო ნაწილს ორად გაყოფა არაფერში სჭირდებოდა.
„ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ ერთ დიდ ტრეილერს უფრო ჰგავს, ვიდრე მხატვრულ ფილმს. ტრეილერს, რომელიც რაღაც დიდი და ეპიკურისთვის გამზადებთ, ანუ პოტერის ბოლო ნაწილისთვის. ის 2011 წლის ზაფხულში, 3D ფორმატში გამოვა. მანამდე კი პოტერის სქვიბური (ჯადოქრების ოჯახში დაბადებული ადამიანი, რომელსაც ჯადოსნური ძალა არ აქვს) ფილმი შეგიძლიათ იხილოთ.
![]() |
31 გაიცანი GEOGE! |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
მაკა კევლიშვილი
სახელი: გიორგი
გვარი: ქებურია
ასაკი: 20 წელი
სიმაღლე: მაღალი
სოციალური სტატუსი:
სტუდენტი, დიზაინერი
რელიგია:
No comment
პოლიტიკური შეხედულება:
No comment
ზედმეტსახელი: Imma krabo
მე და ჩემი კოქტეილის თეთრი კაბა
გადაწყვიტა, რომ თეთრი კოქტეილის კლასიკური კაბა, მისთვის სახასიათო პომპეზური დეტალით ძალიან მომიხდებოდა. ეს ყველაფერი კარგად წარმოიდგინა და ჩათვალა: ახლა უკვე მზად ვიყავი მასთან სასაუბროდ.
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კინოს...
მასთანაც ყველაფერი ვიზუალიზაციით იწყება. ფანტაზიები, კადრები, მონტაჟი და ხელოვნება. ოღონდ სულ სხვა ხელოვნება, არავის და არაფრის მსგავსი - ეს გიორგი ქებურიას ხელოვნებაა, ცოტა „ალყაიდური“, როგორც ამბობენ და ცოტა „უცხოპლანეტელური“, მაგრამ ისეთი, რომელსაც სახელს მაინც ვერ დაარქმევ. ბავშვობაში ძალიან ჩუმი, წყნარი და მორიდებული, წარმოსახვაში აცმევდა და ალამაზებდა ადამიანებს, თავისი ხედვით, ფანტაზიით, სილუეტებითა და ფერებით, რომელიც უსაზღვრო და დაუსრულებელი იყო. არასოდეს უყვარდა, როდესაც მის ჩანახატებს ვინმე ნახულობდა, რადგან სულ ეგონა, რომ არასოდეს ესმოდათ მისი - არც ნამუშევრების. სწორედ გარშემომყოფების რეაქციის გამო იყო, რომ დიდი ხნის წინ, მთელი 5 წლით შეწყვიტა ხატვა.
მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, რომელიც მხოლოდ ნიშნების გულისთვის სწავლობდა და ამით ოჯახში კონფლიქტებს ერიდებოდა, საბოლოოდ გადაწყვიტა აღარ შეეზღუდა საკუთარი გატაცება. დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, პირველი ნაბიჯები გადადგა და დაიწყო სტილზე, ესკიზებზე, ფერებზე ფიქრი. „მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფების ინტერესი რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემი მომავალი გეგმებისგან, ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, რომ ეს მომენტი პოზიტიურად გამოვიყენო და სტიმულად გარდავქმნა“.
ინტერნეტში მოდის ბლოგებზე და მაღალ პოლიგრაფიულად გაფორმებულ ჟურნალებში მსოფლიო მოდის გამოჩენამ თავისი გააკეთა. გადაწყვიტა - ოცნება, ერთხელაც, მისი ნამუშევრებიც იმავე ჟურნალების ფურცლებზე აღმოჩენილიყო, რეალობად ექცია.
ამერიკული ოცნება
თბილისის დროით 15 სთ და 40 წუთია... ნეტავ რა დროა ნიუ იორკში? გიორგი ხვდება, რომ თბილისშია და ამერიკული ოცნება ჯერ კიდევ შორსაა. ახსენდება, რომ მშობლების მოთხოვნით ბიზნესფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და არც კი იცის რატომ. თვითონ ირჩენს თავს და ჰიპერმარკეტ გუდვილში ორი წლის განმავლობაში კონსულტანტად, ახლა კი ოპერატორად მუშაობს. არასოდეს უფიქრია ბიზნესზე ესწავლა. მისი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ისწავლიდა. „იმას, რაც მე მიყვარს, სწავლა არ სჭირდება, უბრალოდ, ბუნებით უნდა შეგეძლოს ამის კეთება. სამხატვრო აკადემიაშიც კი არასოდეს მიცდია ჩაბარება, რადგან ვშიშობ, თავისებური ზეგავლენა, რაც ამგვარ ინსტიტუტებს ახასიათებთ, რაიმე სახით მაინც მოახდენს გავლენას ჩემს შემოქმედებაზე, აზროვნებაზე, სტილისტიკაზე. ამიტომაც ასე ვცდილობ ჩემი ინდივიდუალიზმი შევინარჩუნო...“ სწორედ ამ არგუმენტით არ უყვარს წიგნების კითხვაც.
ცხოვრებისგან ბევრად უფრო მეტის სწავლა შეიძლება, ვიდრე ეს წიგნებიდან არის შესაძლებელი. სასაცილოა პერსონაჟებისა და სიუჟეტების განხილვა“. თვლის, რომ ამ ყველაფერს ბევრად უფრო ბუნებრივად ჩვენ გვერდით აღმოვაჩენთ. უბრალოდ, მისი დანახვა, მისგან სწავლა უნდა შეგვეძლოს. ბევრი მეგობარი არასდროს ჰყოლია - ვერ ვეწყობი ხალხსო. ჰყავს ერთი უახლოესი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მის გვერდითაა - „ფაქტობრივად, ის არის კიდეც ჩემი ნამუშევრების ინსპირაცია, მასზე ყოველთვის აღმოჩენებს ვაკეთებ და ბევრს ვსწავლობ. საერთოდ არ მესმის როგორ შეიძლება ერთდროულად ბევრ ადამიანს უგებდე ან გესმოდეს მათი“.
Hello... Fashion Week
„დავიბადე საქართველოში, გავიზარდე თბილისში. თბილისში, სადაც ჩემი ადგილი არ არის... ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, რატომ მაინცდამაინც აქ, სადაც ისეთი მწირია მოდის შესაძლებლობები, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა ძალიან გამიჭირდება“, სწორედ ამიტომაც დაიწყო ყველაზე მარტივით, თბილისის მოდის კვირეულით. განსხვავებულმა, არაორდინარულმა კოლექციამ გიორგი ქებურიას თბილისის მოდის კვირეულზე წარმატება მოუტანა. დამწყები დიზაინერი, რომელიც აღმოჩენად იქცა და არამხოლოდ საქართველოში. ის მოდის უცხოურ ბლოგებზე და ჟურნალ-გაზეთებშიც მოხვდა.
ქართული ტრადიციებისა და გემოვნების „გათვალისწინებით“ გიორგიმ სპეციალურად შექმნა არქიტექტურულად აგებული, არაორდინარული კოლექცია, რომელიც, გარკვეულწილად, პროტესტის მატარებელია. თვლის, რომ ბოლომდე გახსნის საშუალება მაინც არ მიეცა. „მოდის კვირეულზე ჩემი შოუ ნამდვილად განსხვავებული და უცხო იყო. ვთვლი, რომ უფრო მეტის გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ არ გავრისკე, დავინდე ქართველი მაყურებელი. მომავალში ასე აღარ მოვიქცევი, ბოლომდე გავაკეთებ იმას, რაც მთელი გულით მინდა, რაც ნამდვილად ჩემია“. სულ ძიებაშია, ახალი ესკიზებისთვის კომპოზიციებსა და ფერებს ეძებს. საზოგადოებაში მიღებული ნორმებით, კომბინირებული ფერების დაშლას ცდილობს. აინტერესებს შინდისფერისა და იისფერის, ცისფერისა და იასამნისფერის კომბინაცია, რომელიც მიღებული ტენდენციის თანახმად, საერთოდ არ უხდება ერთმანეთს. ელიავას ბაზრობაზე შეძენილი მასალებით და ქსოვილებით დაწყებული სტარტი უჩვეულოდ კარგი აღმოჩნდა. არატრადიციული, პომპეზური დეტალებით გაწყობილი კოლექცია, რომელსაც სახელი ვერ მოუძებნეს. უბრალოდ ძალიან მაგარია - „უცხოპლანეტელები“...
საათ-ნახევარზე მეტი გავიდა, სახეზე დაღლილობას ვამჩნევ, მაშინვე ვიხდი ჩემს არარსებულ, კოქტეილის თეთრ კაბას და საუბარიც სრულდება...
![]() |
32 მუკუზანი - საფერავის ღირსება |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი
მუკუზანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ადგილწარმოშობის ღვინოა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, სახელი გაუთქვა საფერავის ჯიშს. დღეს მუკუზნის ღვინოს ძალიან ბევრი კომპანია აწარმოებს და მათ შორის ზოგიერთი საკმაოდ მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული გემური თვისებებით გამოირჩევა.
როგორც ზემოთ ვთქვით, მუკუზანი საფერავს გულისხმობს, და ამ ჯიშმა თავისი საუკეთესო თვისებები სწორედ გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზნის გარშემო მიწებზე გამოავლინა. ლეგენდარული დედოფლის ზვარი, ფაფრის მინდვრები, დამარჩინე, ნადარბაზევი, სოფლები ზეგაანი და მუკუზანი, ასევე ჩუმლაყის, ველისციხისა და ვაზისუბნის ტერიტორიების ნაწილი ის ადგილებია, რომელიც მუკუზნის მიკროზონას მოიცავს, სადაც საქართველოს ყველაზე ცნობილი მშრალი წითელი ღვინო დგება.
ეს მიწები ადრე ჭავჭავაძეების გვარს ეკუთვნოდა. XVIII საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში, უფრო კონკრეტულად კი კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის (1722-1732) სიგელში, რომელიც 1726 წლითაა დათარიღებული, მუკუზანიცაა მოხსენიებული. ამ სიგელში ვკითხულობთ: „ვისმინეთ აჯა და მოხსენება და დავამტკიცეთ რაც რომ მამული მამა-პაპათა თქვენთა ჰქონოდეს...“ და იქვე: „მუკუზანი მთითა და ბარით...“
XIX საუკუნის 30-40-იან წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძე მუკუზანშიც აპირებდა მრავალი სიახლის დანერგვას, რამაც ხელი პოეტის გარდაცვალებამ შეუშალა. ხოლო უკვე 80-იანებში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის გარდაცვალების შემდეგ ჭავჭავაძიანთ მამულები დაგირავებული იყო და ვალად ედო 200 ათას მანეთამდე თანხა. ამ ვალის გასტუმრება მხოლოდ მამულების გაყიდვის შემდეგ გახდა შესაძლებელი, და 1886 წლიდან მუკუზანი უკვე „საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის“ სახელზე ირიცხებოდა.
მილიონ-ნახევარ რუბლად ნაყიდი მიწებისთვის თურმე კიდევ ნახევარი მილიონი გადაუდიათ მეურნეობის მოსაწყობად. იმ წელს ივერია წერდა: „ამბობენ, ნახევარი მილიონი გადუდვიათ, რომ ახლად ნაყიდს თ. დავით ჭავჭავაძის მამულში დიდი მარანი, ოც-და-ათი ათასის ვედრა ღვინის შესანახი, ააშენონო და ღვინის დაყენება და მომზადება ევროპულად მოაწყონო. ერთი მარანი ნაფარეულში იქნებაო და მეორე - მუკუზანშიო.“
მუკუზნის ჩამოსხმა რამდენიმე წელიწადში დაუწყიათ, პირველი პარტია კი 1893 წელს გამოსულა ახალი მარნიდან. იგი ერთ-ერთი პირველი ე.წ. სამარკო ღვინო იყო საქართველოში, რომელიც თავიდანვე ევროპულ ყაიდაზე მზადდებოდა. სწორედ ამიტომაა, რომ მუკუზანი აუცილებლად გულისხმობდა რამდენიმეწლიან დაძველებას. ეს ღვინო ყველაზე დიდხანს ვარგდებოდა, საბჭოთა პერიოდშიც, მეღვინეობის ყველაზე მნიშვნელოვან წლებში, ღვინოში მხოლოდ თვითნადენ ან პირველი გამოწურვის წვენს იყენებდნენ, ფერმენტაციას იგი მუხის როფებში გადიოდა, ხოლო შემდეგ 3 წლის მანძილზე მუხის კასრებში ვითარდებოდა და მხოლოდ ასე, დავარგებული გამოდიოდა ბაზარზე.
დღევანდელ სიტუაციას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ თანამედროვე მუკუზნები საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებიან სხვა ადგილწარმოშობის ღვინოებთან შედარებით. ჯერ ერთი, დიდი არჩევანია ღვინოების და, რაც მთავარია, ამ 15-20 დასახელების მუკუზანს შორის 5-6 საკმაოდ კარგი ხარისხის, გამორჩეული ღვინოებიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. 2 კვირის წინ ღვინის კლუბმა რესტორან დაინინგ რუმში მუკუზნების დეგუსტაცია გამართა, სადაც სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩამოსხმული თხუთმეტნაირი მუკუზანი გაისინჯა. ღვინის კლუბის პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა:
შპს კახური, მუკუზანი ელიტარული - 2004 - 17,8 ქულა
ბადაგონი, მუკუზანი - 2007 - 17,2 ქულა
თელიანი ველი, მუკუზანი - 2006 - 16,8 ქულა
კორპორაცია ქინძმარაული, მუკუზანი - 2003 - 16,7 ქულა
ქინძმარაულის მარანი, მუკუზანი - 2005 - 15,7 ქულა
![]() |
33 შემწვარი ბურვაკის ბარკალი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
8 ულუფა
მასალა:
2 კგ. ბურვაკის ბარკალი
150 გრ. ნაღები
2 სუფრის კოვზი აჯიკა
100 გრ. ზეითუნის ზეთი
100 გრ. სოიოს სოუსი
100 გრ. ბრენდი
მარილი
პილპილი
ჯამში 35 ლარი
მარინადი:
ფიალაში ჩაასხით ნაღები, დაუმატეთ აჯიკა, შეურიეთ სოიოს სოუსი, ზეთი, მარილი, პილპილი და კარგად გადაურიეთ.
ბურვაკის ბარკალი მოათავსეთ განიერ და ღრმა ჭურჭელში. სანელებლებიანი ნაღების სოუსი წაუსვით ორივე მხრიდან, დარჩენილი მასა მოასხით და თავდახურული შედგით მაცივარში მთელი ღამით ან 12-14 საათის განმავლობაში.
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე, მოათავსეთ ბარკალი ღუმელის ტაფაში ან ღრმა, ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოასხით ბრენდი და შეწვით 2 საათის განმავლობაში.
შემწვარი ბარკალი დაჭერით თხელ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით. ბურვაკის ხორცს გარნირად მოუხდება კარტოფილის პიურე ან შემწვარი გოგრა.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).