![]() |
საქართველო და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა პერსპექტივები და გამოწვევები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ანგარიშები, ანალიზი, რეკომენდაციები (ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო") |
საავტორო უფლებები: © ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: წინამდებარე ანგარიში მოამზადა ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ კოალიცია „საჯარო ფინანსების გამჭვირვალობასთან”ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ანგარიშები, ანალიზი, რეკომენდაციები №8 ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ 2007წ. |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ კოალიცია „საჯარო ფინანსების გამჭვირვალობასთან“1 ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოამზადა ანალიტიკური დოკუმენტი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის2 განხორციელებასთან დაკავშირებით.
პროექტის მთავარი მიზანი ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან (შემდგომში „ესპ“) მიმართებაში არსებული სიტუაციის ზოგადი ანალიზი, ამ საკითხით სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესება და მისი თანამონაწილეობის უზრუნველყოფაა. ამ ზოგადი მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში მომზადდა მოკლე ანალიტიკური ანგარიში, რომელიც გამოკვეთს მთავრობის შესაბამისი უწყებების ხედვას ესპ-სთან მიმართებაში, ასევე წარმოაჩენს ესპ-ის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემებს და დასახავს მათი გადაჭრის გზებს.
ანგარიშის ძირითადი ნაწილი მომზადდა ემპირიული კვლევის მეთოდოლოგიის გამოყენებით. პროექტის საწყის ეტაპზე განისაზღვრა იმ სახელმწიფო უწყებათა ჩამონათვალი, რომელთა აქტიური თანამშრომლობით შესაძლებელი იქნებოდა პროექტის წინაშე დასახული მიზნების მიღწევა. შემუშავდა კითხვარი, რომლის მიხედვითაც ჩატარდა ინტერვიუები სხვადასხვა უწყებებში ესპზე პასუხისმგებელ პირებთან. ინტერვიუები ჩატარდა ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.
ინტერვიუების პროცესში გამოიკვეთა, თუ რა ეტაპზე იმყოფება დღეს ქვეყანა ესპ-სთან მიმართებაში, რამ განაპირობა ესპ-ს დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შეფერხება, სად აწყდებოდნენ მონაწილე უწყებები პრობლემებს და ა.შ. ამ პროცესში მიღებული ინფორმაცია გაანალიზებული და დამუშავებული ფორმით აისახა წინამდებარე ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასევე გაანალიზებულია ესპსთან მიმართებით შემუშავებული დოკუმენტები, კერძოდ: საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დეტალური სამოქმედო გეგმა-მატრიცა, ევროკავშირის მიერ შემუშავებული განხორციელების ინსტრუმენტი 2007 წლისათვის (Non-Paper) და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული განხორციელების 2007 წლის სტრატეგია.
____________________
1 არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის“ წევრი ორგანიზაციები არიან: „ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.
2 European Neighborhood Policy (ENP) Action Plan (AP)
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წელს ევროკავშირის გაფართოებით ევროპა ახალ, ისტორიულ ფაზაში შევიდა. შესაბამისად, ევროკავშირის პოლიტიკა 2004 წლიდან ახალ წევრ ქვეყნებთან და მათ მეზობლებთან ინტენსიური თანამშრომლობითა და ამ ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობით გამოიხატება. ევროკავშირის პირდაპირ ინტერესშია ქვეყნების კეთილდღეობა და სტაბილურობა, არამარტო კავშირის ფარგლებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რაც ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესითაა განპირობებული ევროკავშირსა და მის მეზობელ და გეოგრაფიულად ახლომდებარე ქვეყნებს შორის.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა 2006 წლის ნოემბერში ევროკომისიისა და საქართველოს თანამშრომლობის საბჭომ შეიმუშავა. გეგმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს. მისმა განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ევროპასა და საქართველოს შორის მზარდი ურთიერთობების განვითარებას, რაც ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო მნიშვნელოვან ხარისხს და უფრო ღრმა პოლიტიკურ თანამშრომლობას გულისხმობს. სამოქმედო გეგმის განხორციელება დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოებაში.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მიღებით, ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს ინტენსიურ თანამშრომლობას პოლიტიკის და უსაფრთხოების, ეკონომიკის და კულტურის საკითხებში; აქტიურ რეგიონულ და საზღვრისპირა თანამშრომლობას და პასუხისმგებლობის გაზიარებას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ესპ-ში დასახული მიზნები ეფუძნება საერთო ღირებულებების ერთგულებას და პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.
ევროპის მიერ მეზობელი და გეოგრაფიულად ახლოს მყოფი ქვეყნებისადმი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეთავაზება ავტომატურად არ გულისხმობს სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას. თუ გადავხედავთ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ჩართულნი არიან ესპ-ს განხორციელებაში, შეგვიძლია ეს ქვეყნები პირობითად ოთხ სხვადასხვა ჯგუფად დავყოთ: აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებად. ამ ქვეყნებისამი ევროკავშირის მიდგომები სხვადასხვაგვარია, მაგრამ მათ საერთო გამოწვევად შეგვიძლია დემოკრატიის არასათანადო ხარისხი მივიჩნიოთ.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შემდგომი განხორციელება ევროკავშირთან ინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. მისი წარმატებული განხორციელება საქართველოში რეფორმების წინსვლას შეუწყობს ხელს და დემოკრატიის მშენებლობისაკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება და NATO1-ში საქართველოს ინტეგრაცია ერთი შეხედვით, თითქოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, მაგრამ ამავე დროს პარალელური ურთიერთგავლენის მომხდენი პროცესებია.
NATO-ს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პუნქტები კანონის უზენაესობის, დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობისა და მდგრადობის და ეკონომიკური რეფორმების მოთხოვნის კუთხით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის იდენტურია. რადგანაც NATO-ში ინტეგრაცია ქვეყნის მოკლე პერიოდში მისაღწევი ამოცანაა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იქნება.
__________________
1 NATO- North-Atlantic Treaty Organization (ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია)
![]() |
3 ევროკავშირის ინტერესები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ნათლად ჩამოაყალიბა - ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი დასავლეთის, კერძოდ, ევროატლანტიკური სივრცის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.
1992 წელს ევროკავშირმა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო და მასთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. 1992-2004 წლებში ევროკავშირი საქართველოს დაახლოებით 450 მლნ ევროთი დაეხმარა. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა არაერთი ტექნიკური, ჰუმანიტარული თუ საკვების უსაფრთხოების პროექტი, მათ შორის სარეაბილიტაციო პროექტები კონფლიქტურ ზონებში.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილეობა შესთავაზეს, ამ ურთიერთობებმა უფრო ღრმა შინაარსი შეიძინა, რომლის მიზანიც საქართველოს სახელმწიფოს მოდერნიზება და პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა. ზოგადად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია ნებაყოფილობითი პროცესია და ძირეულად განსხვავდება იმ ინტეგრაციული მიდგომებისაგან, რასაც რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებს სთავზობს. საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მიწვევა არ იყო შემთხვევითი მოვლენა. ქვეყანაში განხორციელებულმა დემოკრატიულმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გააღრმავა ევროპის ინტერესი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართაც. საქართველოს მზარდი მნიშვნელობა ევროპისათვის სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა. კერძოდ, ქვეყანაში განხორციელებულმა დემოკრატიულმა ცვლილებებმა ევროპელ პარტნიორებს საფუძვლიანი იმედი გაუჩინა იმისა, რომ საქართველო წარმატებული ტრანსფორმაციის გზას ადგას. მსგავსი განწყობა მათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც ჰქონდათ, მაგრამ ეს განწყობა საქართველოში განვითარებული სტაგნაციური მოვლენების გამო ხანმოკლე აღმოჩნდა.
2003 წლის შემდეგ, რეფორმების დაჩქარებული ტემპით, საბიუჯეტო დისციპლინის გაუმჯობესებით, აჭარის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებითა და კორუფციის მასშტაბების მნიშვნელოვანი შემცირებით, საქართველომ შეძლო დასავლელი პარტნიორების - მათ შორის ევროპის - ინტერესის სტიმულირება.
ევროკავშირში რუმინეთის და ბულგარეთის გაწევრიანების შემდგომ, საქართველო ევროპის მეზობელი გახდა. გეოგრაფიულმა დაახლოებამ ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები წარმოშვა. ევროკავშირის ინტერესებშია, რომ საქართველო, როგორც ევრაზიული დერეფნის საკვანძო ნაწილი, ინსტიტუციონალურად ძლიერი იყოს, რათა წინ აღუდგეს იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია ევროპაში საქართველოს გავლით, ნარკოტიკების გადაზიდვისა და ორგანიზებული დამნაშავეობის სხვა ფორმების ექსპორტირებისა და არალეგალური მიგრაციის საკითხებთან. გარდა ამისა, ევროპა აღიარებს ენერგოუსაფრთხოების მიმდინარე ან პოტენციურ გამოწვევებს, უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიების ახალ ამოცანას. სწორედ ზემოხსენებულ კონტექსტში კასპიური ენერგომატარებლები და საქართველო, როგორც ევროპაში ამ რესურსების პოტენციური ტრანზიტული ქვეყანა, კიდევ უფრო მზარდი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ეს ინტერესი განსაკუთრებით მძლავრი მას შემდეგ გახდა, რაც საბოლოოდ დასრულდა სამშენებლო სამუშაოები ბაქო- თბილის-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტებზე.
ევროპა აცნობიერებს იმ საშიშროებასაც, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადაუჭრელმა პრობლემებმა, შესაძლოა, მომავალში კავკასიაში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს. ევროკავშირი დაინტერესებულია ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებით, რათა გაუთავებელმა ბლოკადებმა და კონფრონტაციამ ახალი ომის საშიშროების საფრთხე არ შექმნას შავი ზღვის რეგიონში, რაც პირდაპირ ან ირიბ ზეგავლენას იქონიებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების უსაფრთხოებაზეც.
ზემოჩამოთვლილ მიზეზთა გამო, კიდევ უფრო მზარდია ევროპის ინტერესი სამშვიდობო პროცესის და დემოკრატიული ტრანსფორმაციის წარმატებით განხორციელებისათვის საქართველოში. დღეს, ევროკავშირისათვის ჩვენი რეგიონი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა ჩვენის მხრივ, ალბათ ნათლად უნდა დავანახოთ ევროკავშირს საქართველოს სწრაფვა ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციისაკენ. ამიტომაც, ევროპის სამზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მიღება და მისი განხორციელება ამ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
![]() |
4 „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ არსი და განვითარების ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
დღეისათვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების იურიდიულ საფუძველს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება1 (PCA) წარმოადგენს, რომელსაც 1996 წელს მოეწერა ხელი და ძალაში 1999 წელს შევიდა. PCA-მ განსაზღვრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გასაწევი დახმარებების ძირითადი სტრუქტურა და მიმართულებები: ვაჭრობა, ბიზნესი და ინვესტიციები, ეკონომიკა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და საიმიგრაციო პოლიტიკა. PCA-ს ამოცანების განხორციელების მონიტორინგზე პასუხისმგებელი ინსტიტუტებს წარმოადგენენ ევროკავშირსაქართველოს თანამშრომლობის საბჭო, თანამშრომლობის კომიტეტი და საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი.
90-იანი წლების ბოლოს ევროკავშირმა PCA გააფორმა დსთს ყველა ქვეყანასთან2, რომლითაც ის მიზნად ისახავდა პოსტსაბჭოთა სივრცეში საბაზრო ეკონომიკის განვითარების და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაძლიერების ხელშეწყობას.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მთავარი განმასხვავებელი PCA-სა და ასოცირების შეთანხმებისგან არის: ორმხრივი სამოქმედო გეგმები და დაფინანსების ახალი, ეფექტიანი ფორმატის (ENPI) შემოღება.
ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ინტეგრაციის შედეგად, 2003 წელს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის ახალი ჩარჩოს - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის - შემუშავების შესახებ. ესპ-ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვრების უსაფრთხოების გაზრდას და ამ მიზნით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყანას შორის გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც მეზობელი ქვეყნისთვის განისაზღვრება სამოქმედო სტრატეგია. რეფორმათა ზოგადი მონახაზიდან (სამიდან ხუთ წლამდე განსახორციელებელი რეფორმები) გამოიკვეთება ამა თუ იმ ქვეყნის სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთობლივად განიხილება ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების მთავრობების მიერ.
თავდაპირველად, სამეზობლო პოლიტიკის პროცესში სამხრეთ კავკასიის არც ერთი სახელმწიფო არ მოიაზრებოდა. მოგვიანებით, კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინების შედეგად, და საქართველოში დემოკრატიზაციისაკენ გადადგმული თვისებრივად ახალი ნაბიჯების ფონზე, ევროკავშირმა გადაწყვეტილება შეცვალა და ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი გახდა.
იმავე წელს საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანო - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - შექმნა. 2004 წლის ივლისში ასევე ჩამოყალიბდა ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის კომისია, რომლის შემადგენლობაც, ფაქტიურად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის იდენტური იყო. კომისიას თავმჯდომარეობდა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც დაევალა PCA-ის განხორციელების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებული პროცესის მეთვალყურეობა.
მოლაპარაკებები სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2005 წლის იანვარში დაიწყო. მოლაპარაკებები და დოკუმენტზე მუშაობის პროცესი თითქმის ერთი წელი გაგრძელდა და საბოლოოდ მთავრობამ სამოქმედო გეგმა (Action Plan) 2006 წლის 14 ნოემბერს დაამტკიცა. მოლდოვასა და უკრაინის სამოქმედო გეგმებისგან განსხვავებით, სადაც ევროკავშირი გეგმის განხორციელების დასრულებას სამი წლის განმავლობაში გეგმავს, ევროკავშირმა საქართველოს ხუთწლიანი ვადა შესთავაზა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება სამწლიან ვადას ითხოვდა. საქართველო კვლავ იტოვებს იმის ამბიციას, რომ გეგმა სამ წელიწადში შეასრულოს და ეს განზრახვა ნათლად ჩანს სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელების ოფიციალურ გამოსვლებში.
აღსანიშნავია, რომ ახალი სამოქმედო გეგმის მიღების მიუხედავად, კვლავ ძალაში დარჩა PCA, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძირითადი შეთანხმება. PCA-ის მოქმედების ვადა კვლავ 2009 წლამდე განისაზღვრება და შესაბამისად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ნებისმიერი სხვა შეთანხმება PCA-ს დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეძლებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების სამ წელში განხორციელებას, შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა 2009 წელს მას PCA-ის ავტომატურად გაგრძელების ნაცვლად ახალი ხელშეკრულების დადება შესთავაზოს. სავარაუდოა, რომ ახალი ხელშეკრულება PCA-სა და ესპ-ს გარკვეული ჰიბრიდი იქნება, ანუ მას, ისევე როგორც PCA-ს ექნება საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსი, მაგრამ PCA-სგან განსხვავებით ის უფრო დეტალური იქნება
____________________
1 PSA-Partnership and Cooperation Agreement
2 ევროკავშირის ურთიერთობები დსთ-ს არაწევრ მეზობელ ქვეყნებთან (მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებთან) სხვა სახის დოკუმენტით, ასოცირების შეთანხმებით (AA) განისაზღვრება. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანმხებასთან (PCA) შედარებით, ასოცირების შეთანხმება ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ინტენსიურ დონეს და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტ ინტეგრაციას მოიაზრებს. გარდა ამისა, ასოცირების შეთანხმების პარტნიორ ქვეყნებს ევროპის კავშირი გაცილებით უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას უწევს, ვიდრე PCA-ს მქონე ქვეყნებს.
![]() |
5 „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს. მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნული გეგმის სახელწოდებაა - სამოქმედო გეგმა (Action Plan), ის არ შეიცავს სამოქმედო გეგმისათვის დამახასიათებელ კონკრეტულად გაწერილ სამოქმედო გრაფიკსა და განხორციელების დეტალურ გეგმას. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა უფრო სტრატეგიულ დოკუმენტად შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც ზოგადად მოიცავს თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორებიცაა დემოკრატიის ხელშეწყობა, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და ა.შ.
ვინაიდან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა ზოგად მიზნებზე და ამოცანებზეა ორიენტირებული, საქართველოს მხარეს მასში ასახულ მიზნებზე დაყრდნობით სისტემაში უნდა მოექცია და შეემუშავებინა კონკრეტული ნაბიჯები, განხორციელების გზები და დროში გაწერილი გრაფიკი, რომელიც სამოქმედო გეგმის განხორციელების დეტალურ გეგმაში უნდა ყოფილიყო ასახული (European Neighborhood Policy Action Plan Implementation Plan - ENP APIP). განხორციელების დეტალური გეგმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო. ამ ეტაპზე არსებობს სამი დოკუმენტი, რომლებსაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების დეტალური გეგმა შეიძლება ვუწოდოთ. ესენია: ა) საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დეტალური სამოქმედო გეგმა-მატრიცა, ბ) ევროკავშირის მიერ შემუშავებული განხორციელების ინსტრუმენტი 2007 წლისათვის, გ) საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული განხორციელების 2007 წლის სტრატეგია. ა) საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დეტალური სამოქმედო გეგმა-მატრიცა
ესპ-ს სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ დაიგეგმა მთავრობის დეტალური სამოქმედო გეგმის (მატრიცის) შემუშავება. 2006 წლის 22 ნოემბერს გამოიცა საქართველოს მთავრობის №498 განკარგულება „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელების საქართველოს მთავრობის გეგმის შემუშავების შესახებ“, რომლის მიხედვით, უნდა შესრულებულიყო ორი მნიშვნელოვანი პირობა: (1) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს 2006 წლის 15 დეკემბრამდე უნდა შეემუშავებინათ თავიანთ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული წინანადებები და მიეწოდებინათ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის; (2) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მოწოდებული წინადადებების საფუძველზე სამი თვის ვადაში უნდა მოემზადებინა და საქართველოს მთავრობისთვის წარედგინა საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების სისტემატიზაციის მიზნით, ესპ-ს განხორციელებაში ჩართულმა ყველა უწყებამ (სამინისტრომ), ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით, შეიმუშავა განხორციელების დეტალური მატრიცა, რომელიც გაერთიანდა ერთ დიდ დოკუმენტში და მოიცავს ესპ-ში ასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს, მოსალოდნელ შედეგებსა და შეფასების ინდიკატორებს, განხორციელების ვადებსა და დაფინანსების წყაროებს.
დეტალური სამოქმედო გეგმის (მატრიცის) შემუშავებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა-მატრიცები სხვადასხვა პარამეტრების შემცველობის გამო, ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო. სამინისტროების მიერ წარმოდგენილ მატრიცებში ხშირად მიზნები არ ემთხვეოდა განხორციელების გზებს, მკაფიოდ არ იყო გამიჯნული მიზნები და ამოცანები და ა.შ. ამიტომაც, სამუშაო პროცესში სახელმწიფო მინისტრის აპარატს უხდებოდა მათი დახვეწა და სრულყოფა. საბოლოოდ, შეიქმნა საკმაოდ მოცულობითი ერთიანი მატრიცა (311 სხვადასხვა ღონისძიების მომცველი). შემდგომი განხილვების დროს კი ამ მატრიცის მოცულობა მნიშვნელოვნად შეიკვეცა. სამოქმედო გეგმა-მატრიცა ორჯერ განიხილეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე. პირველი განხილვის დროს იგი დაწუნებულ იქნა. ძირითადი შენიშვნები მდგომარეობდა იმაში, რომ გეგმა იყო ძალზე დეტალური და საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებდა მის შესრულებას, ხოლო გეგმაში არსებული ზედმეტი რეგულაციები ხელს შეუშლიდა თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება ზოგადად, სამუშაო პროცესში ჩართული სამინისტროების პოზიციას ესპ-სთან და მისი განხორციელების დეტალურ მატრიცასთან მიმართებაში, მათი უმრავლესობის განმარტებით, გეგმა-მატრიცის არარსებობა, განსაკუთრებულ პრობლემებს არ წარმოშობდა, ვინაიდან ცალკეულ სამინისტროებს ისედაც აქვთ შემუშავებული რეფორმების გეგმები და თავიანთ სამოქმედო სფეროებში სამინისტროები ისედაც ახორციელებენ რეფორმებს. ვფიქრობთ, მსგავსი მიდგომა იმ დროს, როცა ევროინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტად არის გამოცხადებული, სამინისტროების გარკვეული ნაწილის არასწორ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
ბ) ევროკავშირის მიერ შემუშავებული განხორციელების ინსტრუმენტი 2007 წლისათვის (ENP Non-Paper)1
საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმის განხორციელების მატრიცა დაგვიანებით შეიმუშავა. მიუხედავად ამისა, ის ოფიციალურად არ იქნა მიღებული და დამტკიცებული მთავრობის სხდომაზე. სამოქმედო გეგმის განხორციელების 2007 წლის მთავრობის სტრატეგია ასევე დაგვიანებით იქნა განხილული და მოწონებული სამთავრობო კომისიის სხდომაზე. ეს მოხდა 2007 წლის 18 მაისს; ამ ორ დოკუმენტზე ქართული მხარის მუშაობის პარალელურად, ევროპულმა მხარემ თავის მხრივ, შეიმუშავა დამატებითი დოკუმენტი (ENP Non-Paper), რომელიც ესპ-ს სამოქმედო გეგმის 2007 წლის შეფასების ინსტრუმენტად მოიაზრება. აღნიშნული დოკუმენტი, ჯერჯერობით არაოფიციალურია, იგი იქნება ევროკავშირისათვის საქართველოში სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების ერთგვარი ინდიკატორი. თუ საქართველომ და ევროკავშირმა შეათანხმებას მიაღწიეს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, შესაძლოა, ის შემდგომ წლებში შესრულებისა და შეფასების ფორმალურ ინსტრუმენტადაც იქცეს.
ევროპული მხარის მიერ შემუშავებული დოკუმენტი განიხილა საქართველოს მთავრობამ და მას კომენტარები დაურთო, რომელთა ნაწილიც დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია. ევროპული მხარის აზრით, საქართველომ დოკუმენტი ერთგვარად „ნეიტრალური“ და უფრო იოლად შესასრულებელი გახადა. ვინაიდან საანგარიშო წლის თითქმის ნახევარი გასულია, და საქართველოსათვის 2007 წელი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისის შესრულების პილოტური წელიწადია, ევროკავშირმა წარმოდგენილი კომენტარების დიდი ნაწილი გაითვალისწინა, რითაც საქართველოსათვის უფრო იოლი გახადა დოკუმენტში (Non-Paper) გაწერილი ვალდებულებების შესრულება.
ევროკომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი (Non-Paper), ისევე, როგორც საქართველოს მხარის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის განხორციელების სტრატეგია, 2007 წელს შესასრულებელი ამოცანებისა და ღონისძიებებისაგან შედგება. 2007 წლისათვის Non-Paper მოიცავს ყველა იმ პრიორიტეტს (რვა პრიორიტეტი), რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაშია ჩადებული. ხოლო საქართველოს მხარის მიერ შემუშავებული სტრატეგია 2007 წლისათვის, მხოლოდ რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროს ეხება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Non- Paper-ში ჩამოთვლილი აქტივობების დიდი ნაწილი 2007 წლის სტრატეგიაშიც არის ასახული. საქართველოს მხარის მიერ შემუშავებული სტრატეგია, Non-Paper-თან შედარებით უფრო ზოგადია, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ შეაფასებს ევროპული მხარე იმ ფაქტს, რომ საქართველოს მხარეს 2007 წელს თავის ოფიციალურ დოკუმენტში არ აქვს პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარებული იმ პუნქტების ნაწილი, რომელიც ევროკომისიის მიერ შემუშავებულ Non-Paper-შია გათვალისწინებული.
Non-Paper-ის შემუშავება, როგორც აღვნიშნეთ, ერთის მხრივ გამოწვეული იყო საქართველოს მხრიდან იმპლემენტაციის გეგმის დაგვიანებული შემუშავებით, და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს უნდოდა მარტივი და შეფასებითი კრიტერიუმების შემცველი დოკუმენტი, რომელიც გამოადგებოდა სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში პროგრესის შესაფასებლად.
აღსანიშნავია, რომ Non-Paper-ში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რა მეთოდებით აპირებს ევროკავშირი პროგრესის მონიტორინგს, ვინაიდან დოკუმენტი არ მოიცავს შესრულების/პროგრესის კონკრეტულ ინდიკატორებს და მონიტორინგის კონკრეტულ ინსტრუმენტებს. ასევე, ჯერჯერობით ნათელი არ არის, თუ რომელი მხარე მოახდენს პროცესის მონიტორინგს. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს ევროპული და ქართული მხარეების ექსპერტთაგან შემდგარი ერთობლივი ჯგუფი, რომელიც შეაფასებს 2007 წელს დაგეგმილი აქტივობების შესრულებასა და მის ხარისხს.
გ) საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ესპ-ს განხორციელების 2007 წლის სტრატეგია
მას შემდეგ, რაც 2006 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, მთავრობამ მუშაობა დაიწყო სამოქმედო გეგმის განხორციელების დეტალურ გეგმაზე (მატრიცაზე), სადაც მას უნდა გაეწერა ის კონკრეტული ნაბიჯები და ღონისძიებები, რომელთა საშუალებითაც უზრუნველყოფდა სამოქმედო გეგმით დადგენილი მიზნების მიღწევას. მიუხედავად ამ სურვილისა, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გაჭიანურდა და საბოლოოდ, ევროკავშირთან მოლაპარაკების შემდეგ, მთავრობამ მოამზადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების ერთი - 2007 წლის სტრატეგიის პროექტი.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული განხორციელების სტრატეგია 2007 წლისათვის ძალზედ ზოგადი დოკუმენტია, მასში მხოლოდ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებაა განსაზღვრული. დოკუმენტს აკლია დეტალიზაცია, შემსრულებელი უწყებების მითითება, შეფასების ინდიკატორები, თვეებზე გაწერილი კონკრეტული ვადები და ა.შ.
2007 წლის სტრატეგიის პროექტში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ პრიორიტეტზე: დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, მიგრაცია და საზღვრის დაცვა, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და სოციალური დაცვა, ენერგეტიკის სექტორის განვითარება და პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა რეგიონულ საკითხებზე. თითოეული ეს მთავარი პრიორიტეტი დაყოფილია რამდენიმე ქვეპუნქტად, რომლებიც, სასურველია, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას იძლეოდეს იმის შესახებ, თუ რას გეგმავს ხელისუფლება პრიორიტეტულ სფეროებთან მიმართებაში, თუმცა ბოლო რედაქციითაც, 2007 წლის სტრატეგიის პროექტი კონკრეტულ ინფორმაციას ნაკლებად შეიცავს. კერძოდ, სტრატეგიაში საუბარია რამდენიმე ახალი კანონისა და სტრატეგიის მომზადებასა და მიღებაზე, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების და სტრუქტურების გაძლიერებაზე, თუმცა არ ჩანს ის, თუ რა ძირითად პრინციპებს დაეყრდნობა ახალი კანონები და სტრატეგიული დოკუმენტები და როგორ გაძლიერდება პრიორიტეტულად მიჩნეული სახელმწიფო ინსტიტუტები და სტრუქტურები2. იმის გათვალისწინებით, რომ 2007 წლის სტრატეგიაში, ბუნებრივია, ამ წელს განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ყოფილიყო ასახული, სტრატეგიაზე მუშაობა კი 2007 წლის მაისში დასრულდა (შესაბამისად, მისი განხორციელებისთვის ხელისუფლებას მხოლოდ შვიდი თვე რჩება), უმჯობესი იქნებოდა, სტრატეგიაში ცოტა მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ხარვეზი განსაკუთრებით დიდ პრობლემად ვერ ჩაითვლება ორი ძირითადი მიზეზის გამო: (ა) ევროკავშირი საქართველოს მიერ მომზადებულ კანონებსა და განხორციელებულ ინსტიტუციონალურ და სტრუქტურულ რეფორმებს მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით შეაფასებს და (ბ) 2007 წლის სტრატეგიაში მთავრობამ უმეტესად ის საკითხები გაითვალისწინა, რომლებზე მუშაობაც უკვე დაწყებულია და რომელთა გარშემოც ძირითადი პრინციპები უკვე მეტნაკლებად ცნობილია.
საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, 2007 წლის სამოქმედო სტრატეგიის არასაკმარისად დეტალიზების ერთერთი მიზეზი ისიცაა, რომ თავად ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა ძალიან ზოგადია, ისევე როგორც ევროკავშირის მიერ შემუშავებული Non-Paper.
გარდა იმისა, რომ 2007 წლის სტრატეგიას, გარკვეულწილად, კონკრეტიზაცია აკლია, უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ დოკუმენტში არ არის ასახული ისეთი საკითხები, რომელთა მოწესრიგებაც, ხელისუფლების დაინტერესების შემთხვევაში, 2007 წელს შესაძლებელი იქნებოდა, მაგალითად: (ა) სტრატეგიაში საუბარია ამომრჩეველთა სიების დახვეწაზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი საარჩევნო ადმინსტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც 2006 წლის არჩევნების დროს, ამომრჩეველთა სიების უზუსტობასთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დაფიქსირდა; (ბ) სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სისტემის განვითარებაზე, მაგრამ აქვე არაფერია აღნიშნული მოსამართლეთა დისციპლინარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებაზე; (გ) სტრუქტურული რეფორმების ნაწილში მთავარი აქცენტი გაკეთებულია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე და კერძო სექტორში ფინანსური დარღვევების აღმოფხვრაზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობის და გაკონტროლების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, მათ შორის, კონტროლის პალატის ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობაზე, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დახვეწაზე, ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვის კუთხით არსებული პრობლემების ანალიზსა და აღმოფხვრაზე, უცხოური კრედიტების და გრანტების აღრიცხვიანობის სისტემის განმტკიცებაზე და ა.შ.; (დ) სტრატეგიაში მითითებულია, რომ ხელისუფლება განაგრძობს 2005-2008 წლების ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის ეტაპობრივ განხორციელებას, მაგრამ აქვე არ არის განსაზღვრული ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გზები და სხვ.
2007 წლის სტრატეგიის საინტერესო პუნქტი ეხება საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარების ხელშეწყობას, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს მეწარმეობაზე წნეხის მინიმუმამდე დაყვანას, მაგრამ დოკუმენტში არ ჩანს, რა წნეხს გულისხმობს ხელისუფლება. მიუხედავად ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან ბიზნესზე არსებული წნეხის შესახებ საკმაოდ ხშირი საუბრებისა, მთავრობას რაიმე სახის წნეხის არსებობა საჯაროდ არ უღიარებია.
ბოლოს, 2007 წლის სტრატეგიის ბოლო ვერსია გარკვეულ სტრუქტურულ დახვეწასაც საჭიროებდა, რადგან რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა პრიორიტეტული სფეროების და ქვეპუნქტების აღრევას, მაგალითად, სტრუქტურული რეფორმების თავში ჩადებული იყო ქვეპუნქტი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე, ხოლო სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესახებ თავში იყო ქვეპუნქტები კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციასთან მიერთებასა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული ქვეპუნქტები კი მიბმული იყო სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის განხორციელებაზე.
2007 წლის სტრატეგიის პროექტი ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კომენტარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუგზავნა. კოალიციამ „საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის“ გაუგზავნა ზემოთ განხილული შენიშვნები და კომენტარები ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. თუმცა, 2007 წლის 18 მაისს სამთავრობო კომისიაზე მისი განხილვის და მოწონების შემდგომ, შეთანხმებულ ვარიანტშიც ჩვენს მიერ მიწოდებული მხოლოდ ორი პუნქტი გაითვალისწინეს - ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელება და გაეროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციასთან მიერთება ამოიღეს „სამეწარმეო განვითარების“ პუნქტიდან და გადაიტანეს „დემოკრატიის და სამოქალაქო განვითარების ხელშეწყობის“ პუნქტში.
____________________
1 Non-Paper: EU Georgia ENP Action Plan Implementation Tool; Key Steps until December 2007
2 მაგალითად, სტრატეგიის პროექტში საუბარი იყო იურიდიული დახმარების შესახებ კანონპროექტის მომზადებაზე, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღებაზე, დევნილთა შესახებ სტრატეგიის შემუშავებაზე და განხორციელებაზე, ასევე, სასამართლო სისტემის რეკონსტრუქციაზე, მდგრადი ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობაზე და ა.შ., მაგრამ მთელი ინფორმაცია ამ საკითხების გარშემო ამ საკმაოდ ზოგადი დებულებებითვე შემოიფარგლებოდა.
![]() |
6 საქართველოს ხელისუფლების მოლოდინები ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან მიმართებაში |
▲ზევით დაბრუნება |
NATO-სგან განსხვავებით, ევროკავშირი არ დებს იმის პირობას, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ზოგადად, სამეზობლო პოლიტიკის ფორმატი არ ითვალისწინებს ესპ- ში ჩართული მეზობელი ქვეყნების ევროკავშირში შემდგომ გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებაში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკით დაინტერესება უფრო ნაკლებია, ვიდრე NATO-სთან ინტენსიური დიალოგით.
თუმცა ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი პრივილეგიებია ჩადებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროცესში ყველა მონაწილე ქვეყნისთვის. ქვეყნებისა და მათი სამოქმედო გეგმების განსხვავებულობის მიუხედავად, ესპ-ს წარმატებული განხორციელება ყველა მეზობლისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. „ოთხი თავისუფლების“ კუთხით: (1) ევროპის შიდა ბაზარზე მოხვედრა და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, (2) თავისუფალი სავიზო/მიმოსვლის რეჟიმი, (3) მომსახურების თავისუფალი რეჟიმი და (4) კაპიტალის თავისუფალი ბრუნვა.
საქართველოსათვის სამეზობლო პოლიტიკის პროცესში სამი უმთავრესი პრიორიტეტი იკვეთება: (ა) ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის უზრუნველყოფა, (ბ) სავიზო რეჟიმის გამარტივება და (გ) კონფლიქტების მოგვარებაში ევროპის როლის გაზრდა.
(ა) თავისუფალი ვაჭრობა: საქართველოს ხელისუფლებაც და ევროკავშირის წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკიდან საქართველო ყველაზე მეტად დაინტერესებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარებით, რაც, ხელისუფლების შეფასებით, მნიშვნელოვან ეფექტს იქონიებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი წინაპირობაა, რომ ქვეყანამ ევროპის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს შიდა ბაზართან დაკავშირებული რეგულაციები. ევროპელ ექსპერტთა აზრით, არსებობს იმის შანსი, რომ ევროკავშირი რიგ საკითხებთან მიმართებაში, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოსთან კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ შიდა ბაზრის დარეგულირება ის თემაა, რომელზეც ევროკავშირის პოზიცია უკომპრომისო იქნება. მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ ამ ეტაპზე შიდა ბაზართან მიმართებაში ევროკავშირის მოთხოვნების სრულად შესრულება, რაც სახელმწიფო რეგულაციის გაზრდასთან არის დაკავშირებული, შეაფერხებს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას. დღეისათვის, ხელისუფლების ეკონომიკური განვითარების სტრატეგია დამყარებულია სახელმწიფო რეგულირების მაქსიმალურ შეზღუდვაზე, რაც ორი მიზეზით არის განპირობებული: მთავრობას ამჟამად არ შესწევს იმის უნარი, რომ ეფექტური კონტროლი განახორციელოს შიდა ბაზარზე და ხელისუფლება კორუფციის შეზღუდვის და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტად მიიჩნევს შიდა ბაზარზე სახელმწიფოს როლის მაქსიმალურად შეზღუდვას.
(ბ) სავიზო რეჟიმის გამარტივება: საგარეო ურთიერთობების კუთხით საქართველოს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს სავიზო რეჟიმთან მიმართებაში. საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების დასრულებამდე დათანხმდება. რამდენადაც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას ევროპაში რადიკალური მოწინააღმდეგე ცოტა ჰყავს. ამ მხრივ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ საკითხს ევროპის ქვეყნები პრინციპულად არ განიხილავენ იმის გამო, რომ ევროპაში მწვავედ დგას უკანონო ემიგრანტების პრობლემა. სწორედ ამ მიზეზით ევროკავშირი ზოგადად ერიდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას. მიუხედავად ამისა, ევროპელი ექსპერტების შეფასებით, შესაძლებელია, რომ მოცემულ ეტაპზე სავიზო რეჟიმი გამარტივდეს გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, მაგალითად, სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მეცნიერებისთვის. დღეს არსებობს იმის შანსი, რომ საქართველომ და მისმა მხარდამჭერმა ევროპულმა ქვეყნებმა შეძლონ ევროპის კავშირის დარწმუნება და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება უკვე აწარმოებს გარკვეულ მოლაპარაკებებს.
(გ) კონფლიქტების მოგვარება: კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის გააქტიურება საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი საკითხია. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ის დღესაც საკმარისად არის ჩართული საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარების პროცესში. ბალკანეთის, პალესტინის და სხვა კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობის შემდეგ, ევროკავშირი დიდი სიფრთხილით ეკიდება ახალ და მათ შორის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბახის პრობლემებში ჩართვას, თუმცა ევროკავშირი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს განიხილავს საქართველოს შემადგენლობაში და მონაწილეობს სამშვიდობო პროცესში. საქართველოს ხელისუფლება მოელის, რომ ევროკავშირი უფრო მეტ და ეფექტურ პროექტებს განახორციელებს კონფლიქტურ ზონებში საქართველოს მონაწილეობით და რომ ის ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოგვარების პროცესით საერთაშორისო საზოგადოების მეტ დაინტერესებას.
![]() |
7 ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გათვალისიწნებული დახმარებები |
▲ზევით დაბრუნება |
გარდა ზემოაღნიშნული ამ სამი ძირითადი დაინტერესებისა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ასევე ის ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველო სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ეტაპობრივად მიიღებს. ევროკავშირს საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს დაახლოებით 120 მილიონი ევრო გრანტის სახით, ENPIEuropean Neighborhood and Partnership Instrument-ის ფარგლებში.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეასრულებს საქართველო სამოქმედო გეგმას, ევროკავშირი ქვეყანას გადმოურიცხავს ან სრულ თანხას, ან მის ნაწილს. საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის განმარტებით, გრანტის თანხის გადმორიცხვა მოხდება ეტაპობრივად და სავარაუდოდ, საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის განხორციელების პირდაპირპროპორციული იქნება.
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ნათლად წარმოგვიდგენს 2007- 2013 წლებისთვის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოსთვის გათვალისწინებული 120,8 მლნ. ევროს დამხარებას შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებში:
ცხრილი №1. საქართველოსთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გამოსაყოფი დახმარება
№ |
პრიორიტეტი |
დახმარების ოდენობა |
% |
1. |
ქვეყნის დემოკრატიული |
31.5 მლნ. ევრო |
26% |
2. |
საქართველოში არსებული |
31.5 მლნ. ევრო |
26% |
3. |
ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა |
38.4 მლნ. ევრო |
32% |
4. |
სიღარიბის დაძლევა და სოციალური რეფორმის მხარდაჭერა |
19.4 მლნ. ევრო |
16% |
|
სულ: |
120.8 მლნ. ევრო |
100.0% |
წყარო: European Neighborhood and Partnership Instrument Georgia. National Indicative Programme 2007-2013
საქართველოს მთავრობის ზოგიერთ სტრუქტურაში აცხადებენ, რომ 120 მლნ. ევრო არ არის მნიშვნელოვანი დახმარება, გაცილებით მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და რეალური რეფორმების წარმატებით განხორციელება ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ფინანსური დახმარება გამოიყოფა გრანტის სახით. საგრანტო თანხის დიდი ნაწილი „ბიუჯეტის მხარდასაჭერად“ მიიმართება, ხოლო დანარჩენი - ტექნიკური დახმარებისათვისაა განკუთვნილი. „ბიუჯეტის მხარდასაჭერი“ თანხის ხარჯვა უნდა მოექცეს საჯარო ფინანსების მართვის (PFM- Public Financial Management) ფარგლებში.
2007 წელს თავდაპირველად დაგეგმილი იყო საქართველოს მიერ 24 მლნ. ევროს მოცულობის გრანტის მიღება. მათგან 16 მლნ. ევრო საჯარო ფინანსების მართვის სისტემის სრულყოფას უნდა მოხმარებოდა (მათ შორის 1 მლნ. ტექნიკური დახმარება), 4 მლნ - სახელმწიფო უწყებებისთვის საექსპერტო მხარდაჭერა (თწინინგს), 4 მლნ - კონფლიქტების დარეგულირების საკითხებს. თუმცა 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ჯერ ამ გრანტიდან თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში საერთოდ არ ჩარიცხულა.
![]() |
8 ევროკავშირის შეფასებები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ სამოქმედო გეგმის სრულფასოვანი შესრულება საქართველოს მომგებიან პოლიტიკურ პოზიციაში ჩააყენებს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ეჭვს არ იწვევს, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებას ამ მხრივ მხოლოდ დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, შედეგები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება უარყოფითი. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმაში ასახული რეფორმების გატარება, საქართველოში ცხოვრების დონეს აამაღლებს და მას უფრო ძლიერ სახელმწიფოდ აქცევს. აქედან გამომდინარე, ევროპელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ სამოქმედო გეგმის განხორციელება ისევ საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესებში შედის და მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებაარგაწევრიანების პერსპექტივებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
![]() |
9 დასკვნები/რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
„ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ შემდგომი იმპლემენტაცია ევროკავშირთან ინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. მისი წარმატებული განხორციელება საქართველოში რეფორმების წინსვლას შეუწყობს ხელს და დემოკრატიის მშენებლობისაკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება და NATO-ში საქართველოს ინტეგრაცია ერთი შეხედვით, თითქოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, მაგრამ ამავე დროს პარალელური ურთიერთთავსებადი და ურთიერთგავლენის მქონე პროცესებია. NAთO-ს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პუნქტები კანონის უზენაესობის, დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობისა და მდგრადობის და ეკონომიკური რეფორმების მოთხოვნის კუთხით ევროპის სამეზობლო პოლიტიკის იდენტურია. რადგანაც NATO-ში ინტეგრაცია ქვეყნის მოკლე პერიოდში მისაღწევი ამოცანაა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ კასპიის ენერგომატარებლების დასავლეთის ბაზრებზე მიწოდებასთან ერთად მოსალოდნელია საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის როლის ზრდა ევროპისთვის, რადგან ამ რეგიონზე გამავალი ენერგომარშრუტების მეშვეობით შემცირდება ევროპის ენერგოდამოკიდებულობის დონე რუსეთთან მიმართებაში. ეს ფაქტორი ევროპის ინტერესს რეგიონში ფეთქებსაშიში ზონების აღმოფხვრასთან დაკავშირებით აძლიერებს, რაც საქართველომ უდაოდ უნდა გამოიყენოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ევროპის როლის ზრდის თანმიმდევრული მოთხოვნით და ინიცირებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების კონკრეტული გეგმის განმსაზღვრელი ორივე დოკუმენტი (როგორც საქართველოს, ისე ევროკომისიის მიერ შემუშავებული) თავისი შინაარსით საკმაოდ ზოგადია, სანამ უფრო დეტალური გეგმა არ შედგება, ვფიქრობთ, აუცილებელია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული განხორციელების 2007 წლის სტრატეგიის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის მიერ შემუშავებული განხორციელების Non-Paper- თან, რათა პროგრამის შესრულების შეფასებისა და მონიტორინგის კრიტერიუმები (თუნდაც ზოგადი) მსგავსი და იდენტური იყოს ორივე მხარისთვის.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესებში შედის და ამიტომაც მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება-არგაწევრიანების პერსპექტივებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. აუცილებელია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებისადმი ხელისუფლების მხრიდან ერთიანი მიდგომა არსებობდეს. დღეისათვის, სწორედ ამგვარი ერთიანი მიდგომის ნაკლებობა შეიმჩნევა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ის განმარტებებიც ადასტურებს, რომ სამოქმედო გეგმის არარსებობის შემთხვევაშიც არაფერი დაშავდებოდა, რადგანაც ცალკეულ სამინისტროებს რეფორმების გეგმები ისედაც გააჩნიათ და თავიანთ სამოქმედო სფეროებში ისინი რეფორმებს მაინც ატარებენ. ვფიქრობთ, მსგავსი მიდგომა იმ დროს, როცა ევროინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტად არის გამოცხადებული, ჩვენი აზრით, ხელისუფლების ნაწილის მიერ საკითხისადმი არაადექვატურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
![]() |
10 ტერმინთა განმარტებები |
▲ზევით დაბრუნება |
European Neighborhood |
ევროპის სამეზობლო |
European Neighbourhood |
ევროპის სამეზობლო |
North-Atlantic Treaty |
ჩრდილო-ატლანტიკური |
Partnership and Cooperation |
პარტნიორობისა და |
European Neighbourhood and |
ევროპის სამეზობლო და |
European Neighbourhood Policy |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების დეტალური გეგმა |