![]() |
ახალი აზრი № 5 (11), ოქტომბერი, 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: აფრასიძე დავით, პატაშური მიხეილ , უტიაშვილი შოთა , ღირსიაშვილი ლევან, მახარობლიშვილი ვახტანგ, დათიაშვილი შალვა, ნადაშვილი ივანე, გაბიევი ხათუნა |
თემატური კატალოგი ახალი აზრი |
წყარო: ISSN 1512-1844 |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჟურნალ ,,ახალი აზრი“-ს გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“ ჟურნალი ,,ახალი აზრი“ გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და რეგიონში. ჟუნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსსა და მათში გამოთქმულ შეხედულებათა თაობაზე სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს. სარედაქციო კოლეგია: ლევან გელაშვილი (მთავარი რედაქტორი/პროექტის ხელმთძვანელი) ნიკა თარაშვილი (რედაქტორი) კახა ოქროჯანაშვილი ლევან ღირსიაშვილი ვალერიან მეტრეველი ( დიზაინერი) The Journal ,,Akhali Azri” (New Opinion) is being published by support of Friedrich Ebert Foundation პოლიტიკური კვლევების ცენტრი, ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 4-43, ტელ: (99532) 988537, ფაქსი: (99532) 291209 ელ-ფოსტა: akhali-azri@cpr.org.ge ©2003 პოლიტიკური კვლევევბის ცენტრი |
![]() |
1 ფასადის რღვევა: ფეოდალიზმი დემოკრატიის სანაცვლოდ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დავით აფრასიძე
ფილოსოფიის დოქტორი (პოლიტიკური მეცნიერებები, ჰამბურგის უნივერსიტეტი); ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის თანამშრომელი
ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ჩარლზ ფერბენკსი პოსტსაბჭოური რუსეთის სინამდვილეში გასარკვევად ადრეული ფეოდალიზმის ფენომენს იშველიებს. როგორც რომის იმპერიის ნგრევას მოჰყვა პატარ-პატარა ფეოდალური სამეფო-სათავადოების ჩამოყალიბება, ასევე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოცენებული სახელმწიფოების უმეტესობაც ისეთ პოლიტიკურ ერთობებად ჩამოყალიბდნენ, რომლებშიც პოლიტიკური სისტემის უმთავრესი საკითხი - ძალაუფლების განაწილება, ფეოდალური დროის წესებით, არაფორმალური, მეტისმეტად პერსონიფიცირებული გზებით ხდება. რაც შეეხება დემოკრატიასა და მის ფორმალურ ინსტიტუტებს, როგორც აღმოჩნდა, ისინი მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებენ - თანამედროვე მსოფლიოს თვალში ,,ფეოდალური სისტემის“ არსებობას ნიღბავენ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ანალოგია ტრანსფორმაციის და ზოგადად პოლიტიკური სისტემების შედარებითი ანალიზის თეორიებში დამუშავებული კონცეფციებიდან მომდინარეობს1, წინამდებარე სტატია არ ისახავს მიზნად ამ კონცეფციებისა და მათი ჰიპოთეზების თეორიულ ანალიზსა თუ ემპირიულ ფალსიფიცირებას. სტატია უფრო პუბლიცისტური წერილის სახეს ატარებს და მასში ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე რამდენიმე დასკვნა კეთდება. უმთავრესი დასკვნა გახლავთ: საქართველოში დემოკრატიული და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული ქვეყნის თამაშობანა შეიძლება მალე დასრულდეს და გამქრალი ფასადის მიღმა სასტიკი რეალობა - საბჭოურ-ფეოდალური ტიპის საქართველო დავინახოთ. ამ დასკვნამდე კი ოთხ სფეროზე (ქვესისტემაზე) დაკვირვების შედეგად მიღებული შედეგებით მივდივართ. ეს სფეროებია საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა და იდეოლოგია.
საგარეო პოლიტიკა: იცვლის თუ არა ქვეყანა ორიენტაციას?
დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია დასავლეთზე, ანუ აშშ-სა და დასავლეთ ევროპისკენაა მიმართული. 1996-1997 წლებიდან ეს კურსი უფრო აქტიურდება და ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებით, ევროკავშირთან ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციით, ენერგეტიკული პროექტების განხორციელების დაწყებით რეალურ სახეს იძენს. პარალელურად ხდება მოსკოვის ,,დემონიზაცია“ და პრაქტიკულად ყველა სახის საშინაო პრობლემა ჩრდილოელ მეზობელს ბრალდება. რუსეთი ის საშინელი აჩრდილია, რითაც ხელისუფლება 1999 წელს ამარცხებს ,,აღორძინების“ ბათუმურ ბლოკს. საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებში ბათუმური ალიანსის გამარჯვების შანსს ,,საპარლამენტო გადატრიალების“ საფრთხედ ნათლავს, ანუ მოსკოვის საფრთხეს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის. თუმცა, იგივე პრეზიდენტს 2000 წელს ხელს უკვე არაფერი უშლის ასლან აბაშიძეს ეწვიოს და საპრეზიდენტო არჩევნებზე გარიგებას მიაღწიოს. პარალელურად, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლიდან დაწყებული, საქართველოს პრეზიდენტი არბილებს მოსკოვის კრიტიკას და ისევ ,,ორი რუსეთის“ თემას უბრუნდება. პუტინი ჭკვიანი კაცი ხდება, ხოლო რუსი სამხედროები რატომღაც არაფრით ივიწყებენ შევარდნაძის მიერ საბჭოთა კავშირის დაშლას და შურს საქართველოზე იძიებენ. ისევ პარალელურად გრძელდება და ღრმავდება თანამშრომლობა ამერიკასთან, ჩამოდიან სამხედრო ინსტრუქტორები, იწერება ათასგვარი კონცეფციები, რეკომენდაციები, რომელთაგან, სხვათა შორის, უმრავლესობა არ სრულდება. პარალელურად, იმართება სოჭის შეხვედრა ახალგაზრდა, ენერგიულ და ჭკვიან პუტინთან.
ეს მცირე და არასრული ექსკურსი გვიჩვენებს, რომ საქართველოს საკუთარი საგარეო-პოლიტიკური ვექტორი რეალურად არასოდეს გამოუხატავს და ამდენად, დღეს მის ცვლილებაზე საუბარი გადამეტებულია. რატომ ხდება ასე? რატომ არაა ოფიციალურად მიღებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია? რატომაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კონცეფცია მხოლოდ დე ფაქტოდ არსებული დოკუმენტი, რომელსაც კონკრეტულობაც აკლია და კაცმა რომ თქვას, ოფიციალურად არც არავის მიუღია? ამ კითხვაზე შეიძლება მავანმა უპასუხოს, რომ საქართველო, მისი საგარეო პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, იძულებულია ბალანსის პოლიტიკა გაატაროს და ეს ფუნქცია მას ისტორიულად აქვს განსაზღვრული. ქვემოთ გაშლილ მსჯელობას კი უფრო სხვა ჰიპოთეზამდე მივყავართ: საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის არა სახელმწიფოს, არამედ ,,სამეფო კარის“2 პოლიტიკა, რომლის მიზანიც ტახტის და არა ქვეყნის შენარჩუნებაა. ეს კი მართლაც საქართველოს ისტორიული ხვედრია. ხოლო თუ რატომაა საქართველო ჯერჯერობით უფრო დასავლეთისაკენ ვიდრე რუსეთისაკენ მიმართული, ამაზე ერთი დასავლელი ექსპერტი ზუსტ დიაგნოზს სვამს: რადგან დასავლეთს [დღემდე] უფრო მეტი თანხის მიცემა შეუძლია [შეეძლო] მისი ხელისუფლებისათვის, ვიდრე რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც ხშირად თავადაც დასავლეთის საფულეზეა მიჩერებული.
საშინაო პოლიტიკა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
საშინაო პოლიტიკა ნათელს ხდის, თუ რატომ არა აქვს საქართველოს (როგორც სახელმწიფოს) საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკური კონტაქტების დროს საქართველოს ხელისუფლება დასავლური ღირებულებების თავაღებულ დამცველად გამოდის, მაგრამ რატომღაც ქვეყნის შიგნით ამ იდეალების განხორციელებას ვერ ახერხებს და ხშირად ამას საკუთარი მოსახლეობის ,,ჩამორჩენილობას“ მიაწერს: მოსახლეობა, თურმე ჯერ არ არის მზად ,,თბილისის მერის არჩევისათვის“, ,,მოსახლეობაში დემოკრატიული ცნობიერება დაბალია“ და ა.შ. ამგვარი განცხადებებით საქართველოს ხელისუფლება ხშირად აფრიკული ქვეყნების 60-იანი წლების ლიდერებს ემსგავსება, რომლებიც საკუთარი ქვეყნების დასავლური წესით მოდერნიზაციის აუცილებლობას კი ქადაგებდნენ, მაგრამ თავად სინამდვილეში ,,ტრადიციულად“ გემრიელად შეექცეოდნენ ადამიანის ხორცს. საგარეო პოლიტიკის თეორიაში არსებობს ცნება ,,ორ დაფაზე თამაში“, როდესაც არაპოპულარული საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო ცდილობს თავის მოსახლეობას იგი ისე ,,მიჰყიდოს“, რომ საკუთარი იმიჯი ნაკლებად დააზარალოს. ამის ნათელი მაგალითია, ისრაელის ხელისუფლების ქმედებები, როდესაც პალესტინის მიმართ გაკეთებულ დათმობებს (ხშირად სამშვიდობო პროცესისთვის აუცილებელს) საზოგადოებაში ხმამაღალი განცხადებებით აბალანსებს. საქართველოს შემთხვევაში თამაშის პირუკუ ვარიანტთან გვაქვს საქმე. საქართველოს ხელისუფლება უკვე დაეუფლა ორ ენას, ერთს ცივილიზებულს (მოდერნიზებულს), საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად და მეორეს ტრადიციულს, სახლში სალაპარაკოდ. საქართველოს ხელისუფლება თავის საშინაო პოლიტიკას დასავლელი პარტნიორებისათვის ლამაზი ფრაზებით ფუთავს. კარგა ხანი ეს შესაძლებელი იყო, ისევე როგორც თავის დროზე აფრიკული ქვეყნების ლიდერებსაც გამოსდიოდათ ამ გზით დასავლეთისთვის ფულის ,,აწაპვნა“. დასავლეთს სჯეროდა საქართველოს დემოკრატიულობის და ფინანსურ დახმარებას არ იშურებდა მისთვის. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ეს თანხები არა სახელმწიფოს, არამედ მისი ფასადის შექმნას მოხმარდა, რის მიღმაც ,,სამეფო კარმა“ და რამდენიმე ,,სათავადომ“ გაიდგა ფესვები. ხოლო, როცა დასავლეთი ფიცის გარდა ,,მამლის კუდითაც“ დაინტერესდა, ანუ ,,პოტიომკინის სოფლების“ მიღმა ,,სამეფო კარის“ გამოაშკარავების საფრთხე დადგა, ფეოდალებმა ისტორიული გამოცდილება გაიხსენეს და ახალი (ძველი) მფარველებისკენ დაიწყეს მზერა.
ეკონომიკა: ფეოდალური კაპიტალიზმი
საქართველოს ეკონომიკა ამ ქვესათაურის მსგავსი, ერთი შეხედვით აუხსნელი პარადოქსებითაა აღსავსე. საქართველოში წარმატებული პოლიტიკოსები წარმატებული ბიზნესმენებიც არიან და პირიქით. ჩვენთან შეიძლება ერთი კარით ბიზნესიდან პოლიტიკაში წახვიდე და მეორეთი უკანვე დაბრუნდე. სიმართლე უნდა ითქვას, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთისაგან არასოდეს და არსად ყოფილა გაყოფილი. თუმცა, ნორმალურ ვითარებაში ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი ლობირებს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დამკვეთთა ინტერესებს ახორციელებენ. მარტივი ეკონომიკური ჭეშმარიტებაა, რომ შრომის დანაწილებით საერთო კეთილდღეობა იზრდება. საქართველოში კი ბიზნესმენები თავად მიდიან პოლიტიკაში, რათა საკუთარი ბიზნესი დაიცვან. ისინი ამბობენ, რომ ამ ნაბიჯს იძულებით დგამენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბიზნესმენს გასაქანი არა აქვს. თუმცა, იმავდროულად თავიანთ თავს წარმატებულ ბიზნესმენებს უწოდებენ. მაშინ ისმის კითხვა, როგორ მოახერხეს მათ წარმატებული (და კანონიერი) ბიზნესკარიერის შექმნა, თუ საქართველოში, მათივე განცხადებით, ეს შეუძლებელია.
ცხადია, რომ საქართველოში ბიზნესგარემო მართლაც ცუდია, მაგრამ, თურმე არა ყველასთვის. ჩვენთან პრობლემა თანაბარი პირობებია. ბიზნესგარემო ცუდი ხდება მათთვის, ვინც ,,სამეფო კარის“ პირად ინტერესებს არ ითვალისწინებს. კანონი ერთისთვის კანონია, ხოლო მეორესათვის ფარატინა ქაღალდი. ბიზნესმენები მაკონტროლებელთა სიმრავლეს უჩივიან, თუმცა მათთან გარიგება ქართული ბიზნესის შემადგენელი ნაწილია. საერთოდ, მაკონტროლებელნი სხვა არაფერია თუ არა ფეოდალური ხანის ხარკის ამკრეფნი. ერთი მხრივ, სახელმწიფო წარმოგვიდგება როგორც ახალი და სუსტი. მას, თურმე, არ შეუძლია გადასახადების აკრეფა, ვერ ასრულებს ბიუჯეტს, მუდმივად აქვს საზღვარგარეთიდან მართული გადატრიალების შიში. სუსტი სახელმწიფოს მოდელი ხალხში უსაფრთხოების დეფიციტს ქმნის. ამ დეფიციტს ეფექტურად იყენებენ სახელმწიფოს ფასადს ამოფარებული სისტემის მოხელენი. ისინი ხარკის (ანუ ქრთამის) საფასურად ყველაფერს აგვარებენ. აკრეფილი თანხიდან ნაწილი საკუთარ ჯიბეში მიდის (ამგვარი გასამრჯელო ცვლის ხელფასს, რომელიც წესით სახელმწიფო-ფასადმა უნდა გადაიხადოს), ხოლო დიდი ნაწილი ,,სამეფო კარის“ იერარქიულ კიბეზე ნაწილდება. რა გასაკვირია ამ შემთხვევაში, რომ ერთ-ერთი ,,სამთავრო“ ,,მეფის კარს“ ,,ხარკს“ არ აძლევს, რადგან ამ ,,სამთავროს“ მეთაურს ,,მეფის ვასალობის“ აღიარება არ სურს.
იდეოლოგია: კარის მეხოტბენი
საბჭოთა კავშირში საქართველოს ხელსაყრელი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა. საქართველოში წარმოებულ დაბალი ხარისხის ჩაისა და ციტრუსებს საბჭოეთის დახურულ საბაზრო სივრცეში კონკურენციას ვერავინ უწევდა. საბჭოთა კავშირში საქართველო ასევე ერთ-ერთი მოწინავე იყო მეცნიერებისა და კულტურის განვითარების მაჩვენებლებით (ეს მაჩვენებლები დღესაც შთამბეჭდავია, თუმცა მხოლოდ რაოდენობრივად). დღეს საქართველოს მსოფლიო მასშტაბებთან უწევს გატოლება და მაშინვე ნათელი ხდება, რომ მხოლოდ თითო-ოროლა მეცნიერსა და ჩვენდა საბედნიეროდ, ოდნავ უფრო მეტ ხელოვანს შესწევს საერთაშორისო კონკურენციის უნარი. ქართული ჩაი და ციტრუსი კი უკვე საქართველოშიც აღარავის უნდა. საზღვრების გახსნამ ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სისტემის დაბალი დონე სააშკარაოზე გამოიტანა. ნათელი გახდა ისიც, რომ კულტურის სფერო ძველებური მეთოდებით (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კავშირები) ვერ განვითარდება. მიუხედავად ამისა, ამ სფეროშიც თითქოსდა აუხსნელ პარადოქსებთან გვაქვს საქმე: საქართველოს ინტელიგენცია, რომელმაც ქვეყნის განვითარების იდეოლოგიური საფუძველი უნდა შექმნას და განვითარებისათვის აუცილებელ ფასეულობებს ქადაგებდეს, რელიქტურ ფასეულობებს უჭერს მხარს და ქვეყნის მომავალს წარსულში ეძებს. ინტელიგენცია, რომელიც კრიტიკულად უნდა უდგებოდეს საზოგადოებრივ პროცესებს, ხელისუფლებას, მთავრობისათვის საკმევლის კმევითა და საბჭოური მეთოდების მიმართვების შეთხზვითაა დაკავებული. თავისუფალი აზრი, განსხვავებული აზრი, ახალი აზრი მათთვის ისეთივე უცხო ხილად დარჩა, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. პარადოქსს აქაც აეხდება ფარდა, თუ გავიხსენებთ, რომ ფეოდალურ და შემდეგ ტოტალურ ეპოქებშიც ყოველ სამეფო კარს ჰყავდა მეხოტბე ხელოვანთა და მეცნიერთა არმია, რომელთა შემოქმედება მაშინვე მიეცემოდა დავიწყებას, როგორც კი მფარველი ხელისუფალნი ძალაუფლებას დაკარგავდნენ. იცოდნენ რა ეს, ძალასა და ღონეს არ იშურებდნენ, რათა სასურველ ხელისუფლებას დიდხანს ეარსება.
მოწოდება დასკვნის მაგიერ
საბჭოთა კავშირის საშინაო პროცესების დაწვრილებითმა შესწავლამ აჩვენა, რომ სოციალისტური ქვეყნის ფასადს მიღმა თურმე ფეოდალური ტიპის კლანური საზოგადოება იმალებოდა. ლენინისა და სტალინის მიერ გამოცხადებული მოდერნიზაცია მხოლოდ ეკონომიკისა და ბიუროკრატიის გარეგნულ მხარეებს შეეხო. ვერც სტალინური რეპრესიის დროს მოხერხდა კუთხურობის აღმოფხვრა და მოსკოვი შორეულ პერიფერიებს ადგილობრივი კლანების საშუალებით მართავდა. მაგალითად, ბერია საქართველოს საკუთარი სათავადოსავით განაგებდა. ეს კლანური მართვის მექანიზმი კიდევ უფრო გაძლიერდა ბრეჟნევის დროს. ანდროპოვის ხანაში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაშლილ ანტიკორუფციულ ბრძოლას, როგორც კვლევის შედეგები ადასტურებენ, არა იმდენად ამ სენისაგან საბჭოთა კავშირის განთავისუფლება და კლანური სტრუქტურების დაშლა ედო საფუძვლად, რამდენადაც ანდროპოვის სურვილი, ბრეჟნევის მიმართ ლოიალური კადრები საკუთარით შეეცვალა. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ეს ასეც მოხდა, თუმცა, ამით არც კორუფცია შემცირებულა და არც ფეოდალური ურთიერთობების მნიშვნელობა. დღევანდელი საქართველო, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნები, ამ ისტორიული რეალობის რელიქტია ყველა ზემოჩამოთვლილი კომპონენტით. უკანასკნელ ხანებში ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესები კი მიუთითებს, რომ საქართველოში დემოკრატიისა და დასავლურობის თამაშობანა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ამით, ალბათ, დასრულდება დასავლეთთან ფლირტის ეპოქაც, თუმცა არა იმიტომ, რომ ხელისუფლება მაინცდამაინც პრორუსული ორიენტაციისაა. უბრალოდ, ფარსის დასრულებით ნათელი გახდა, რომ საქართველოში არსებობს არა თანამედროვე სახელმწიფო, არამედ ფეოდალური ტიპის კლანი - ,,სამეფო კარი“, რომელიც საკუთარი თავის, მასთან დაახლოებული დიდებულების, დიდვაჭრების, კარის პოეტებისა და მწიგნობრების კერძო ინტერესებს მარტოოდენ ფასადად არსებული სახელმწიფოს ინტერესებად ასაღებს და, შეიძლება, ამის სჯერა კიდეც. აქამდე ეს კარი დასავლეთისაგან ფინანსების მიღებაში იყო დაინტერესებული და თუ ახლა შემოსავლების ეს წყარო გადაიკეტა, რუსეთის მშობლიურ წიაღში დაბრუნებას წინ არაფერი უდგას. ბოლოსდაბოლოს, ეს სამეფო კარი და მისი მეხოტბენი ხომ იქაა გამოზრდილი, ენაც ესმით და ცხოვრების წესიც.
ამ სტატიის დასკვნა მაინც არაა პესიმისტური. კარგია, რომ ფასადი დაირღვა და რეალობა გამოჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა ილუზიებით ცხოვრება. საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მეცნიერები და ხელოვანნი, რომელთაც წარსულთან გამოთხოვება არ უჭირთ და რაც მთავარია, ქვეყანაში არსებობს ამგვარი გამოთხოვების აუცილებლობის შეგრძნება. ეს უკვე საკმარისი კაპიტალია, რათა ფეოდალურ საქართველოსთან სამუდამო გამოთხოვება შესაძლებელი (თუმცა არა გარდაუვალი) გახდეს.
__________________
1. შდრ. მაგალითად ,,ნეოპატრიმონიალიზმის“ კონცეფცია
2. მას ასევე ,,მმართველი კლანი“ შეიძლება ეწოდოს, მაგრამ რადგან საუბარი ფეოდალიზმის ანალოგიაზეა, ტერმინებიც შესაბამისი ვარჩიეთ.
![]() |
2 ექსპორტის ხელშემწყობი ღონისძიებები ვმო-ს ჩარჩოებში |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
მიხეილ პატაშური
მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი
ყველა ქვეყნისათვის ექსპორტის გაფართოვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპორტის მოცულობის გაფართოვება ზრდის ქვეყანაში დასაქმებისა და შემოსავლების დონეს. ექსპორტის ზრდის საშუალებით შესაძლებელია სავაჭრო დეფიციტის მნიშვნელოვნად შემცირება. ექსპორტის ხარჯზე შესაძლებელია შეიქმნას სავალუტო რეზერვები, რომლებიც შემდგომ ქვეყანას დაეხმარება ფულად საკრედიტო სისტემის სტაბილიზაციის უზრუნველყოფაში. ამასთან, საექსპორტო შემოსავლები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას საინვესტიციო ფონდების შექმნისათვის, რომლებიც შემდგომ ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.
1995 წელს საქართველოს ექსპორტი 151,2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2002 წლისათვის 324,98 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა. იგივე პერიოდში საქართველოს ექსპორტის კოეფიციენტი შესაბამისად 5,2%-დან 9,6%-მდე გაიზარდა. იმპორტის გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით ზრდის მიუხედავად, საქართველოსათვის ექსპორტის მოცულობის ზრდას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მონაცემების მიხედვით შესაძლოა გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:
● 1995 წლიდან მეტ-ნაკლებად მიღწეული სტაბილიზაციის ფონზე შესაძლებელი გახდა ექსპორტის თანდათანობით გაფართოება;
● საექსპორტო ბაზრებით მნიშვნელოვნად დაინტერესდნენ ქართული ფირმები, რომელთა მომგებიანად ფუნქციონირებაც (ადგილობრივი ბაზრის დაბალი მსყიდველობითი უნარიანობის შემთხვევაშიც კი) ექსპორტის ხარჯზე გახდა შესაძლებელი;
● ექსპორტის ზრდამ, გარკვეული თვალსაზრისით, შესაძლოა, ხელი შეუწყო იმპორტის ზრდას, რადგანაც ექსპორტით მიღებული შემოსავლების ხარჯზე გარკვეულწილად ხდებოდა იმპორტის ზრდაც.
დღეისათვის საქართველო წარმოადგენს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნას, რომელიც აქტიურად ერთვება მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებში. ამასთანავე, აუცილებელი ხდება ექსპორტის რეგულირებისა და წახალისების ღონისძიებების შემუშავება, რათა შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველყოფა.
საქართველოს ექსპორტის შედარებით უპირატესობად შესაძლებელია მიჩნეულ იქნას:
1. ხელფასების შედარებით დაბალი დონე გაცილებით კვალიფიციური სპეციალისტებისათვის;
2. მისაღები მდებარეობა რეგიონში;
3. შედარებით განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
საქართველოს ექსპორტის ხელშემშლელ ძირითად ფაქტორებად, ჩვენი აზრით, ძირითადად შემდეგი მიზეზები უნდა მივიჩნიოთ:
- საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეგულირებისა და სტიმულირების სისტემის სწრაფი მოშლა იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ ვერ მოესწრო ახალი სისტემის ჩამოყალიბება;
- სატრანსპორტო საშუალებების სწრაფი ცვეთა და მათი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა. ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების მოუწესრიგებლობა;
- რუსეთის ტრადიციულ ბაზართან დამაკავშირებელი ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალების ჩაკეტვა;
- 1992 წლიდან 1995 წლამდე საქართველოს ექსპორტის ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორად გვევლინებოდა ჰიპერინფლაცია, ხოლო 1995 წლის შემდეგ კი 1998 წლამდე უკვე უარყოფითად მოქმედებდა ლარის საკმაოდ მაღალი კურსი;
- უცხოურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
- ჯერ კიდევ მოუმზადებელი საბანკო სექტორი სავაჭრო ოპერაციების განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად;
- საექსპორტო საქმიანობის დაზღვევის სისტემის არარსებობა.
აღნიშნული დამაბრკოლებელი გარემოებებიდან ბოლო წლების განმავლობაში ბევრი უკვე შედარებით გამოსწორდა, მაგრამ ჯერ კიდევ მისაღებია საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ექსპორტიორებს.
საქართველოს ეკონომიკის მსგავსი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები აწყდებიან უზარმაზარ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია მათი წარმოების და ექსპორტის დაფინანსებასთან.
საქართველოს საექსპორტო საქმიანობისათვის საკმაოდ პრობლემატურ საკითხად რჩება საექსპორტო საქონლის მცირე დივერსიფიკაცია. საქართველო ჯერ კიდევ საკმაოდ დამოკიდებული რჩება რამოდენიმე ქვეყანაში ვაჭრობის პირობებზე. ამავდროულად, სავაჭრო არეალის გაფართოვებასთან ერთად საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი თანდათანობით უფრო და უფრო ხშირად აწყდება საქონლის ფალსიფიკაციის პრობლემას, რაც ექსპორტის განვითარების საკმაოდ შემაფერხებელი ფაქტორია.
ექსპორტის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველო იყენებს ზოგიერთი სახის ექსპორტის შეზღუდვებს ჯანდაცვის, მომხმარებელთა კეთილდღეობის, გარემოს, ეროვნული მემკვიდრეობისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით. აკრძალვები ასევე ეხება კულტურის სამინისტროს სპეციალური კომისიის მიერ დადგენილი ხელოვნების ნიმუშებისა და კულტურული ღირებულებების მქონე ანტიკვარიატის, აგრეთვე იარაღისა და საბრძოლო მასალების ექსპორტს. საექსპორტო ლიცენზიებს გასცემს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო მასალების (ჯანდაცვის სამინისტრო) ექსპორტი.
ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საქართველო ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე საშუალებას იყენებდა. საქართველოში საექსპორტო საქონელი ექსპორტირებისას არ იბეგრებოდა საბაჟო გადასახადებით. ამასთან, საექსპორტო საქონლის წარმოებისათვის განკუთვნილი ნედლეული თავისუფლდებოდა საბაჟო და ზოგიერთი სახის ირიბი გადასახადების დაბეგვრისაგან. ბუნებრივია, ასეთი სახის ხელშეწყობა მნიშვნელოვნად ეხმარებოდა ქართველ მეწარმეებს.
საექსპორტო საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული ნედლეული და ნახევარფაბრიკატები განთავისუფლებული იყო საბაჟო გადასახადისაგან (იხ. 1998 წლის 20 მარტის კანონი „საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების შესახებ“, მუხლი 18). ეს წესი აგრეთვე ითვალისწინებდა აღნიშნული საექსპორტო საქონლის შეფუთვისათვის საჭირო შესაფუთი მასალების განთავისუფლებას საბაჟო გადასახადისაგან. ამგვარი სახის იმპორტისათვის მოქმედებდა იგივე გადასახადები, რაც საექსპორტო საქონლის დამზადებისათვის განკუთვნილი ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების იმპორტის დროს და ექვემდებარებოდა გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნებას საქონლის ექსპორტირებისას. ამასთან, დაბრუნებული თანხის ოდენობა არ აღემატება თავიდან გადახდილი გადასახადების მოცულობას. საექსპორტო საქონლის წარმოების დროს გამოყენებული იმპორტირებული საქონელი ასევე თავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.
საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკაში არ იყენებდა საექსპორტო სუბსიდიებს. ექსპორტიორებს არ გაეწეოდათ არანაირი სპეციალური საექსპორტო დახმარებები. ასეთი ღონისძიებების გამოყენების ძირითადი მიზეზი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის გასავლითი ნაწილის მნიშვნელოვანი შეზღუდულობა. გარკვეული სახის სუბსიდიები გათვალისწინებული იყო სოფლის მეურნეობის სექტორში, რომელიც მიმართული იყო დარგის განვითარებისა და მწარმოებლურობის ზრდისათვის.
საქართველოს ექსპორტისათვის მნიშვნელოვან ხელშემწყობ საშუალებას 1995 წლიდან წარმოადგენდა ,,პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემის” (GSP) მიხედვით ვაჭრობა ზოგიერთ ქვეყანასთან. პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემა (GSP) შემუშავდა 70-იან წლებში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ეგიდით.
GSP-ს ძირითადი არსია ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მხრიდან ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნებისათვის დახმარება ექსპორტის განვითარებაში, საბაჟო გადასახადის შემცირების სახით. ამგვარი შეღავათი, აადვილებს მათი საქონლის განვითარებული ქვეყნების ბაზარზე შეღწევას, ზრდის მის კონკურენტუნარიანობას და ეხმარება განვითარებად ქვეყნებს თავიანთი საექსპორტო წარმოების განვითარებაში.
პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემა (GSP) ითვალისწინებს საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე საიმპორტო საბაჟო გადასახადების შემცირებას იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოგვანიჭეს GSP-ს ბენეფიციარის სტატუსი. ასეთი შეღავათები ჩვენს ქვეყანას მიანიჭეს: ევროკავშირის ქვეყნებმა, შვეიცარიამ, ჩეხეთმა, სლოვაკიამ, აშშ-მ, კანადამ და იაპონიამ. გრძელდება მუშაობა მომავალში მათი რიცხვის ზრდის მიმართულებით.
ამ შეღავათების მისაღებად აუცილებელია იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს წარედგინოთ პროდუქციის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი ,,A” ფორმის საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც გაიცემა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობისა სამინისტროს მიერ.
მომავალში GSP-ით გათვალისწინებული შეღავათების ეფექტური გამოყენება უნდა გახდეს საქართველოს ექსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი. ასეთი შეღავათების საფუძველზე წარმოებდა საფეიქრო ნაწარმით ვაჭრობა საქართველოსა და ევროკავშირის შორის, რამაც განაპირობა ამ სექტორში საქართველოში გერმანელი და ფრანგი ინვესტორების მოზიდვა.
ექსპორტის ხელშეწყობის საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორს ასევე წარმოადგენდა დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების დადება. აღნიშნულმა შეთანხმებებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაფართოვებაში.
1996 წლის 22 აპრილს საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ითვალისიწნებდა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის (MFN) პრინციპის გამოყენებას ერთმანეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისას. ასეთი შეთანხმების არსებობამ, ბუნებრივია, მნიშვნელოვანდ გააფართოვა სავაჭრო თანამშრომლობის შესაძლებლობა უახლოესი მომავლისათვის.
აღნიშნულმა შეთანხმებამ, საქართველოდან თურქეთში საქონლის ექსპორტირების თვალსაზრისით, შესაძლოა, საქართველოს გარკვეული დამატებითი სტიმულები შეუქმნას თურქეთთან ვაჭრობაშიც. ამ ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას გვაძლევს ის ფაქტი, რომ თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 2001 წლისათვის თურქეთს თავისი საბაჟო ტარიფები და საგარეო ვაჭრობის რეგულირების წესები მესამე ქვეყნების მიმართ ევროკავშირში არსებულ წესებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა. ბუნებრივია, აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს საქართველოსათვის თურქეთის მხრიდან ისეთივე შეღავათების მინიჭების შესაძლებლობას, როგორიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირის მხრიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გაზრდის შეღავათიან პირბებში თურქეთში საქონლის ექსპორტირების შესაძლებლობებს.
1992 წლის 25 ივნისს შეიქმნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გაერთიანება (BSEC), რომლის წევრიც საქართველო ჩამოყალიბების დღიდან გახლავთ. აღნიშნული გაერთიანება ითვალისწინებს ქვეყნების საერთო ცდებს ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის გაფართოვების სტიმულირების საქმეში. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რასაკვირველია, ხელს უწყობს ექსპორტისა და საერთოდ საგარეო ვაჭრობის განვითარებას, მაგრამ, ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ასეთი შეთანხმების დადების შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება საბაჟო გადასახადების ამოღება ბიუჯეტში.
ექსპორტის წახალისებისათვის საქართველო ბოლო პერიოდამდე ზემოთ აღნიშნულის გარდა არ იყენებდა თითქმის არანაირ წამახალისებელ საშუალებას. მხოლოდ 1999 წლიდან დაფუძნდა ექსპორტის ხელშემწყობი ცენტრი, რომლის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ქართველ ექსპორტიორებს ექსპორტის გაფართოვების საქმეში.
ბუნბრივია, ექსპორტის გაფართოვებისათვის ზრუნვა მომავლისათვის საკმაოდ აქტუალურ საკითხად რჩება და მოითხოვს ქვეყნისაგან საკმაოდ დიდ ყურადღებას, როგორც მაკროეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, ასევე ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფინანსური რეზერვების შექმნის თვალსაზრისით.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების შემდეგ საექსპორტო საქმიანობის ხელშეწყობისათვის ქვეყნას რამოდენიმე საშუალება აქვს.
საქართველოს ექსპორტის სტიმულირების ერთ-ერთ საშუალებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე ჩვენი აზრით უნდა წარმოადგენდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს ექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული, საკმაოდ გამჭვირვალე წესები საგარეო ვაჭრობის სფეროში. ამასთან საქართველო მიიღებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 146-მდე წევრი ქვეყნის მხრიდან.
ექსპორტისათვის ხელშემწყობ ფაქტორად შესაძლებელია ასევე ჩაითვალოს ვმო-ს წესების საერთო სტრუქტურა, რომელიც ზღუდავს სხვა ქვეყნის ექსპორტისათვის რაიმე სახის ხელოვნური ბარიერების გამოყენებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყნის მიმართ უსამართლოდ იქნება გატარებული ასეთი ზომები, ქვეყანას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების გადაწყვეტის ორგანოში შეუძლია სარჩელის აღძვრა და კომპენსაციის მოთხოვნა.
ვმო-ში გაწევრიანებამდე ბევრი განვითარებული ქვეყნის მხრიდან საქართველო განიხილებოდა, როგორც არასაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რაც გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის ბარიერების შემოღებისათვის. საქართველოს ვმო-ში გაწევრიანებიდან გამომდინარე, აღნიშნული დებულება უკვე აღარ იმოქმედებს, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს საექსპორტო საქმიანობის განვითარებას.
საქართველოს პარლამენტის მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიერთების ოქმის რატიფიკაციით საქართველო მისი სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამ ნაბიჯის შედეგად, საქართველო სრულად ჩაება მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის საერთო განვითარებაზე.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს ასევე დაეხმარება სამართლებრივი სფეროს დახვეწაში. ამასთან, როდესაც ექსპორტიორებს ან მეწარმეებს გააჩნიათ გარკვეული სიძნელეები მეორე ქვეყნის ბაზარზე შეღწევისას, მათ შეუძლიათ საკითხი დასვან ქვეყნის მთავრობის წინაშე, რომლის სახელით მოხდება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა პარტნიორ ქვეყანასთან.
საექსპორტო საქმიანობის წახალისება სახელმწიფოს შეუძლია როგორც პირდაპირი ჩარევის, ასევე ირიბი გავლენის საშუალებით, რომელიც პრაქტიკაში ხორციელდება სამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
სახელმწიფოს ექსპორტის ხელშეწყობისათვის შეუძლია გამოიყენოს რამდენიმე საშუალება:
● ექსპორტიორები უზრუნველყოს: საინფორმაციო მომსახურეობით, ბაზრის გამოკვლევის, ბაზრის გამოკვლევისა და სხვა სახის პროგრამებით, რომლებიც აწვდიან ექსპორტიორებს ინფორმაციას საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ;
● მცირე და საშუალო ზომის ექსპორტიორებზე კონცენტრირებული პროგრამები (SME);
● სავაჭრო წარმომადგენლობების, გამოფენების, სიმპოზიუმების მხარდამჭერი პროგრამები; სავაჭრო წარმომადგენლობებსა და სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა;
● ექსპორტის გაფართოებისა და საექსპორტო ბაზარზე შესვლის დაგეგმვა, შეზღუდული ფინანსური დახმარების ჩათვლით; ვაჭრობის ფინანსირება;
● საექსპორტო კლიმატის სტიმულირება და ფირმებისათვის ხელშეწყობა - გახდნენ ექსპორტზე ორიენტირებულნი;
● ექპორტის ხელშემწყობი ცენტრების მუდმივი მეთვალყურეობა;
● მთავრობა ახდენს საექსპორტო საქონლის კვლევისა და დამუშავების დაფინანსებას;
● დაზღვევა;
● თავისუფალი სავაჭრო ზონები;
● საექსპორტო საქონლის განთავისუფლება ირიბი გადასახადებისაგან.
ზემოთ აღნიშნული ღონისძიებებიდან ბევრი ითვლება საექსპორტო სუბსიდიად და აქედან გამომდინარე, ამ ღონისძიებების გატარებისას სახელმწიფო რამდენადმე შეზღუდულია. იმ შემთხვევისათვის თუ აღმოჩნდა, რომ იმპორტიორ ქვეყანაში შესვლისას საქონელმა მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა იმპორტიორი ქვეყნის მწარმოებლებს, შესაძლოა, ასეთი საქონელი საკომპენსაციო გადასახადების დაწესების ობიექტი გახდეს. ეს კი მნიშვნელოვნად გააძნელებს აღნიშნული საქონლის ექსპორტის განხორციელებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ვმო-ს წესები მნიშვნელოვნად ზღუდავენ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიების (მათ შორის ექსპორტის სუბსიდირების) გამოყენებას.
ურუგვაის რაუნდის 1994 წლის GATT-ის სუბსიდიებსა და საკომპენსაციო გადასახადებზე შეთანხმების მიხედვით სუბსიდიად ითვლება თუ ადგილი აქვს კერძო ფირმებისათვის ან მწარმოებლებისათვის მთავრობის ან ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ფინანსურ დახმარებას, კერძოდ:
● მთავრობის მიერ პრაქტიკაში გამოიყენება სახსრების პირდაპირი ტრანსფერტები (როგორიცაა: გრანტები, სესხები და სხვა მსგავსი დახმარებები), პოტენციური პირდაპირი საფონდო ტრანსფერტები (სასესხო გარანტიები);
● მთავრობა უარს ამბობს კუთვნილ შემოსავლებზე ან მიმართავს საგადასახადო შეღავათების გამოყენებას (მაგალითად მიმართავს ისეთ ფისკალურ შეღავათებს, როგორიცაა საგადასახადო კრედიტი);
● მთავრობა წარმოებას აწვდის ისეთ საქონელს ან მომსახურებას, რომელიც ძირითადი ინფრასტრუქტურისათვის არ არის დამახასიათებელი ან ახდენს საქონლის შესყიდვებს.
მსოფლიო სავაჭრო ორაგანიზაცია პირველ რიგში კრძალავს ე.წ. ,,სპეციფიკურ” სუბსიდიებს; იკრძალება აგრეთვე ექსპორტის წახალისებისა და გაფართოვებისაკენ მიმართული სუბსიდიების გამოყენებაც. სპეციფიკურად ითვლება ისეთი სუბსიდია, რომელიც მთავრობის ან მისი ცალკეული ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს ცალკეულ ფირმებსა თუ მწარმოებლებს. ითვლება, რომ სუბსიდირებული საქონლის ექსპორტმა შესაძლოა შექმნას იმპორტიორი ქვეყნის ეროვნული წარმოებისათვის მნიშვნელოვანი ზარალის საფრთხე, თუ სუბსიდიის მოცულობა ექსპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებაში აღემატება 5%-ს.
მრეწველობის სფეროში გამოყენებული სუბსიდიებიდან აკრძალულად ითვლება შემდეგი სახის სუბსიდიები:
● საექსპორტო სუბსიდიები, ე.ი. სუბსიდიები, რომელთა გამოყენება დაკავშირებულია საექსპორტო საქმიანობის შედეგებთან;
● სუბსიდიები, რომლებიც გამოიყენება ადგილობრივი საქონლის წარმოების ხელშესაწყობად, იგივე დასახელების იმპორტული საქონლის მაგივრად.
ეს სუბსიდიები მიეკუთვნებიან სპეციფიკური კატეგორიის სუბსიდიებს და ხასიათდებიან უარყოფითი ზეგავლენით ვაჭრობაზე.
სუბსიდიებსა და საკომპენსაციო ზომებზე შეთანხმების (SCM) შემოღებამდე საექსპორტო სუბსიდიებით სარგებლობა ეკრძალებოდათ მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს, მაგრამ ამ შეთანხმებამ გააფართოვა სუბსიდიების შეზღუდვის არეალი და აკრძალვას დაექვემდებარნენ განვითარებადი ქვეყნებიც. ეს ქვეყნები ვალდებულნი არიან რვა წლიანი “გარდამავალი პერიოდის” განმავლობაში (2003წ. 1 იანვარი) თანდათანობით შეამცირონ საექსპორტო სუბსიდიებით სარგებლობა. განვითარებადი ქვეყნის მოთხოვნის გათვალისწინებით გარდამავალი პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი წლით. დამატებითი დროის განმავლობაში განვითარებადმა ქვეყნებმა მთლიანად უნდა შეწყვიტონ საექსპორტო სუბსიდიების გამოყენება იმ საქონლის მიმართ, რომლის წარმოებაშიც მიაღწევენ ექსპორტის კონკურენტუნარიონობის შესაბამის დონეს. აღნიშნული დონე მიღწეულად ითვლება, თუ მსოფლიო ბაზარზე ამ საქონლის ექსპორტში ქვეყნის ხვედრითი წილი უკანასკნელი ორი წლის მანძილზე 3,25%-ს შეადგენს.
ნაკლებად განვითარებადი და დაბალ შემოსავლიანი განვითარებადი ქვეყნები, რომელთა მთლიანი ეროვნული პროდუქტი (GNP) არ აღემატება 1000 აშშ დოლარს ერთ სულ მოსახლეზე, არ ექვემდებარებიან საექსპორტო სუბსიდიების გამოყენების აკრძალას. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებმა რომელიმე სასაქონლო პოზიციაში მიაღწიეს საექპორტო კონკურენტუნარიანობის დონეს, მაშინ ამ საქონლის მიმართ რვა წლის განმავლობაში უნდა შეწყვიტონ საექსპორტო სუბსიდიებით სარგებლობა.
სუბსიდიები, რომლებიც ადგილობრივი საქონლის წარმოების ხელშეწყობით აფერხებენ ამავე დასახელების იმპორტული საქონლის რეალიზაციას ქვეყნის შიდა ბაზარზე, განვითარებადმა ქვეყნებმა ეს სუბსიდიები შეიძლება გამოიყენონ ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (2000 წ. 1 იანვარი), ხოლო ნაკლებად განვითარებადმა ქვეყნებმა - რვა წლის განმავლობაში (2003 წ. 1 იანვარი).
GATT-ის სუბსიდიებსა და საკომპენსაციო გადასახადებზე შეთანხმების მიხედვით ,,უმნიშვნელოდ” ითვლება და მხედველობაში არ მიიღება, როდესაც იმპორტიორი ქვეყნის ბაზარზე სუბსიდირებული საქონლის იმპორტის წილი არ აღემატება 1%-ს. განვითარებადი ქვეყნებისათვის მინიმალურად ითვლება, თუ სუბსიდირებული საქონლის იმპორტის წილი 4%-ზე ნაკლებია. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მსგავსი სუბსიდირებული საქონლის რამდენიმე ექსპორტიორი განვითარებადი ქვეყანა, მაშინ იმპორტიორ ქვეყანაში მათი ბაზრის საერთო წილი 9%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველომ ვმო-ში გაწევრიანებისას აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს საექსპორტო სუბსიდიებს. ამდენად ჩვენს ქვეყანას საშუალება დარჩა გამოიყენოს მხოლოდ ირიბი საშუალებები ექსპორტის წახალისებისათვის. იმედია, რომ ქართველი მეწარმეები შემდგომ წლებში სრულფასოვნად შეძლებენ იმ საექსპორტო შესაძლებლობებით სარგებლობას, რომელსაც იძლევა ვმო-ს წევრობა.
![]() |
3 პატარა სახელმწიფო და დიდი მეზობელი: საქართველო უსაფრთხოების ძიებაში |
▲ზევით დაბრუნება |
უსაფრთხოება
შოთა უტიაშვილი
დამოუკიდებელი ექსპერტი
საქართველოს შინაგანი სისუსტე და მასზე რუსეთის დამანგრეველი ზეგავლენა, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის უდიდეს მუქარად მივიჩნიოთ. ამას თან ერთვის მოუგვარებელი კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არასტაბილურობა რეგიონში, და საბჭოური მემკვიდრეობა, რომელიც ქვეყანას თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაში უშლის ხელს. აღნიშნული პრობლემების დასაძლევად საქართველოს ხელისუფლებამ ყოვლისმომცველი რეფორმები წამოიწყო (რომლებიც როგორც აღმოჩნდა ჩიხში შევიდნენ) და დასავლეთთან, განსაკუთრებით აშშ-სთან კავშირები გააძლიერა.
სახელმწიფოს შინაგანი სისუსტე
საქართველოს შინაგანი სისუსტე ნათლად წარმოჩინდა პანკისის ხეობასთან დაკავშირებული პრობლემების, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დაკარგვისა და წინასააარჩევნო ძალადობის ფონზე (რომელიც თანდათან უმართავი ხდება).
ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა ლტოლვილმა გადმოკვეთა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მათი უმრავლესობა პანკისის ხეობაშია თავმოყრილი. ახლა ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლების თავდაპირველი განცხადებების მიუხედავად, პანკისის ხეობაში არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ ჩეჩენი მებნრძოლებიც იმყოფებოდნენ. ისინი მუდმივად კვეთდნენ საქართველო-რუსეთის საზღვარს, თუმცა მათი რაოდენობა ხეობაში არასოდეს აღემატებოდა 800 კაცს. მალე ჩეჩნებს შეუერთდნენ ტერორისტული და ექსტერმისტული ჯგუფები არაბული და არამარტო არაბული ქვეყნებიდან.
1999 წლის დასასრულისა და 2000 წლის დასაწყისისათვის, პანკისის ხეობა დანარჩენი საქართველოსაგან იზოლირებული აღმოჩნდა. მალე გაირკვა, რომ პანკისი ნარკოვაჭრობისა და სხვა ორგანიზებული დანაშაულის (მათ შორის ადამიანთა გატაცების) ცენტრი გამხდარა.
ამჟამად უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ძალოვანი სტრუქტურებიდან, განსაკუთრებით უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან პანკისის ხეობაში. უშიშროების სამინისტროს მაღალი რანგის მოხელეები გამტაცებლებსა და გატაცებულთა ნათესავებს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობდნენ.
საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ჩეჩნებისა და არაბებისაგან საქართველოში შემოსვლისა და დარჩენის, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობისა და ადამიანების გატაცების ბიზნესიდან დიდძალ თანხებს იღებდნენ.
ხეობაში საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის შესახებ აშკარა მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მაინც ირწმუნებოდა, რომ პანკისში ყველაფერი რიგზე იყო. არც პარლამენტს, არც სასამართლო ხელისუფლებას და არც მას-მედიას ჰქონდა წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდებოდა ხეობაში. ძალოვნები არც ძალისმიერი ჩარევის იდეას ემხრობოდნენ და ამგვარ ქმედებებს ,,მეტისმეტად საშიშად“ მიიჩნევდნენ.
მხოლოდ 2002 წლის 11 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის ულტიმატუმის (სადაც იგი საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების დაწყებით იმუქრებოდა) და აშშ-ის მხრიდან ძლიერი ზეწოლის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებების გატარება. ყველას გასაოცრად ოპერაცია პანკისში ფრიად წარმატებული გამოდგა: ხელისუფლებამ ადვილად მოახერხა ხეობაზე კონტროლის აღდგენა. ჩეჩენი მებრძოლები გაიფანტნენ, ზოგიერთი მათგანი რუსეთში დაბრუნდა.
ნიშანდობლივია, რომ 64 მილიონიანი ,,წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა, რომლის თანახმადაც 4 ქართული ბატალიონის მომზადება უნდა მოხდეს, სწორედ პანკისის ოპერაციის წინ დაიწყო.
საქართველოს შინაგანი სისუსტის უკანასკნელი გამოხატულება ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ბერკეტების რუსული კომპანიებისათვის გადაცემა იყო. რუსეთის ენერგეტიკის მონოპოლისტი ,,რაოეს“-ი ამერიკული კომპანიის AES-ის მფლობელობაში მყოფ ენერგეტიკულ ობიექტებს დაეპატრონა.
პუტინისა და შევარდნაძის სოჭის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის მხარე მუდმივ ზეწოლას ახდენს საქართველოზე და ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე სამმხრივი (ქართული, აფხაზური და რუსული) მართვის განხორციელებას მოითხოვს, რაც, ფაქტობრივად, აღნიშნულ ობიექტზე რუსეთის კონტროლის დაწესებას ნიშნავს. სავარაუდოა, რომ შევარდნაძე სოჭში დაეთანხმა ამ გეგმას და ალბათ ,,რაოეს“-ი ენგურზე (რომელიც ქართული ენერგეტიკული სისტემის ხერხემალს წარმოადგენს) კონტროლსაც ჩაიგდებს ხელში.
ყველაფერი ამით არ მთავრდება. საქართველოს მთავრობა და რუსეთის გიგანტი ენერგოკომპანია ,,გაზპრომი“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საქართველოში ,,გაზპრომის“ ბუნებრივი აირის ძირითად მომწოდებელად გადაქცევასა და ქვეყნის ძირითად გაზსადენებზე მის სრულ კონტროლთან დაკავშირებით.
ქართველი ჟურნალისტების მოსკოვში ბოლოდროინდელი ვიზიტისას ,,რაოეს“-ისა და ,,გაზპრომის“ ხელმძღვანელობამ ღიად განაცხადა, რომ ქართული ბაზარი, მისი სიმცირის გამო, კომერციული თვალსაზრისით მათთვის ნაკლებად საინტერესოა. თუმცა, ისიც არ დაუმალავთ, რომ მათი მთავარი მიზანი თურქეთის ბაზარზე გასვლა და საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოპოვებაა. კითხვაზე, აპირებს თუ არა ამით რუსეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის ბლოკირებას, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებმა უპასუხეს, რომ ეს პროექტი უკვე ,,მკვდარია“.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ენერგოსექტორი ყველაზე კორუმპირებული და უმართავი სფეროა ქვეყანაში. ამერიკულ ,,AES“-ს დიდი დაბრკოლებების გადალახვა უხდებოდა და მუდმივად იყო ქართული ხელისუფლებისა და ,,ენერგომამების“ ზეწოლის ქვეშ, ისე რომ საბოლოოდ იძულებული შეიქმნა საქართველოდან წასულიყო. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით საქართველოს რუსული გაზის კომპანია ,,იტერა“-ს მიმართ 100 მლნ-იანი ვალი აქვს. ასევე, გასულ წლებში მოწოდებული გაზის სანაცვლოდ თურქმენეთის დაახლოებით 400 მლნ დოლარის ვალი დაგვიგროვდა. ამ თანხის დიდი ნაწილი ქართველი კორუმპირებული მოხელეების ჯიბეში წავიდა.
ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ საქართველომ ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსიტიტუტების მიერ კრედიტებისა და გრანტების სახით გამოყოფილი 800 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა. აღნიშნული კრედიტებისა და დახმარებების არაპირდაპირი დანიშნულება ქართული ენერგეტიკის უცხოელთა ხელში გადასვლისაგან დაცვა იყო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე წინასაარჩევნო ძალადობაა, რომელიც თანდათან გამოდის კონტროლის არეალიდან.
ზოგიერთი რეგიონი ჩაკეტილია ოპოზიციისათვის. იქ არჩევნები რეგულარულად ყალბდება და სამთავრობო ძალები ხანდახან ამომრჩეველთა ხმების 100%-ზე მეტსაც კი იღებენ.
ძალადობა უფრო ძლიერდება. არჩევნებამდე ერთი თვეა ჯერ დარჩენილი, მაგრამ უკვე ათეულობით ადამიანი გაილახა, ქონება განადგურდა და სროლაც კი გაისმა, საბედნიეროდ ჯერ მხოლოდ ჰაერში.
ამას, შეიძლება, ,,სახელმწიფოს შიგნით სახელმწიფოს“ შექმნა ვუწოდოთ, ტერიტორიული თუ ფუნქციური თვასაზრისით. თითოეულ შემთხვევაში, პირი ან პირთა ჯგუფი მმართველ ელიტას საჭირო სახსრებს აწვდის და სანაცვლოდ საკუთარი განმგებლობის ტერიტორიულ თუ ფუნქციურ საზღვრებში მოქმედებების თავისუფლებას იღებს.
პანკისის შემთხვევაში, კორუმპირებული მოხელეები ხელისუფლებას უსაფრთხოებით, ენერგეტიკის შემთხვევაში - ფულით, ხოლო ქვემო ქართლის შემთხვევაში - საარჩევნო ხმებით უზრუნველყოფენ. სანაცვლოდ ისინი საკუთარ სფეროებში თითქმის სრულ კონტროლს იღებენ. მათზე საპრეზიდენტო კონტროლიც კი შეზღუდულია. სახელმწიფოს ამგვარი გამოფიტვა და ქვეყნის ნაწილებზე კონტროლის დაკარგვა განსაკუთრებით სახიფათოა.
როდესაც რეგიონებზე სახელმწიფო კონტროლის დაკარგვაზეა საუბარი, აუცილებელია აღინიშნოს აჭარა და გარკეულწილად კოდორის ხეობა.
ამგვარ ვითარებას ეროვნული ერთობის დანგრევამდე, კანონის იგნორირებამდე, კორუფციის საყოველთაო გავრცელებამდე, უმართავობამდე და ფაქტობრივად, საქართველოს სხვადახვა ნაწილებში სხვადასხვა პოლიტიკური სისტემების შექმნამდე მივყავართ.
ეროვნული უსაფრთხოების სხვა შინაგან პრობლემებზე საუბრისას აღსანიშნავია ფართოდ გავრცელებული კორუფცია და კლანური დაყოფა, ხელისუფლების საოცრად დაბალი ეფექტურობა, სახელმწიფო შემოსავლების დაბალი მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე, მინიმალური ხელფასები და პენსიები, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგი ეკონომიკური განუვითარებლობა და მყიფე დემოკრატიული ინსტიტუტები, არაეფექტური უსაფრთხოების სტრუქტურები და ა.შ. იქნება. მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოს საერთო პრობლემებია.
რუსეთ საქართველოს ურთიერთობები
ბევრის აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს დსთ-ის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე ცუდი ურთიერთობები საქართველოსთან ჰქონდა. რუსმა ანალიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, რომ „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ანტირუსული საგარეო პოლიტიკა აქვსო“.
რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს ინტერესები ნათელია: საქართველო რუსეთისგან სტამბოლში აღებული ვალდებულების შესრულებას მოითხოვს, რომელიც საქართველოში დარჩენილი სამი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას ითვალისწინებს, ასევე მოითხოვს რუსეთის მხრიდან აფხაზი და ოსი სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტას და კონფლიქტის მოგვარების საკითხში უფრო სამართლიანი პოზიციის დაკავებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შეწყვეტას.
რუსეთის ნამდვილი ინტერესების განსაზღვრა არც ისე ადვილია. არსებული განცხადებების მიხედვით, ამჟამად რუსეთი საქართველოში შემდეგი მიზნების მიღწევას ცდილობს: საქართველოს ენერგეტიკული სისტემის კონტროლი, განსაკუთრებით გაზისა და ელექტროენერგეტიკის სექტორები, რუსული ბაზების დატოვება საქართველოში გაურკვეველი დროით, რუსი მესაზღვრეების საქართველო-თურქეთის საზღვარზე დაბრუნებას, რომელსაც რუსეთი დსთ-ის საზღვრად განიხილავს, საქართველოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაერთიანებას, საქართველოს გაერთიანება ერთ-ერთ საერთო ეკონომიკურ ორგანიზაციაში, როგორიცაა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, ან ოთხთა კავშირი, ყოვლისმომცველი ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერა რუსეთთან, ნატო-ში ინტეგრაციაზე უარის თქმა და აშშ-სთან უსაფრთხოების კავშირების გაწყვეტა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ძალების უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეა და ეს საკითხი საქართველოს წამყვანი პარტიების საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი საკითხია, ნორმალიზაცია დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს, რაც ქართული სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულებაა.
ქართველი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის უმთავრესი მიზანი საბჭოთა კავშირის მსგავსი წარმონაქმნის აღდგენაა. თავდაპირველი იმედები, რომ დროთა განმავლობაში რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ნოსტალგიის ელემენტები შესუსტდებოდა და იგი უფრო პრაგმატული გახდებოდა, არასწორი აღმოჩნდა. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოზე რუსეთის ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. ურთიერთობები არნახულად დაიძაბა, როცა პუტინმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა 2002 წლის შემოდგომაზე.
უნდა ითქვას, რომ ბევრი რუსი ექსპერტი არ ეთანხმება აღნიშნულ შეფასებას. ისინი მიიჩნევენ, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რუსეთს კავკასიაში სრულყოფილი პოლიტიკა არ გააჩნია, და ეს რეგიონი მოსკოვისათვის მეორადი ინტერესის სფეროა. მაგრამ მუდმივი ზეწოლის ქვეშ მყოფი თბილისი არ იზიარებს აღნიშნულ აზრს.
ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთს, გარდა ყოფილი კოლონიების შემოერთებისა, საქართველოში სხვა ინტერესებიც გააჩნია. საქართველოზე კონტროლის გარეშე რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დომინირებას ვერ შეძლებს. საქართველოში კონტროლის დაწესებით, რუსეთს შეუძლია ეფექტურად გააკონტროლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფანი და ამდენად, მოიპოვოს უცილობელი მონოპოლია კასპიის რესურსების ტრანზიტზე. იმავდროულად, რუსეთისათვის საქართველოზე კონტროლი ნიშნავს ამბოხებული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების წრეში მოქცევასა და რეგიონში თურქული და ისლამური ექსტრემიზმის შემოჭრის საფრთხის მინიმუმამდე დაყვანას. რუსეთს საქართველო სჭირდება აგრეთვე როგორც სატრანზიტო ქვეყანა რეგიონში მის ერთადერთ მოკავშირე სომხეთთან.
რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მრავალი ბერკეტი გააჩნია, მაგრამ სამი მათგანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოსთვის გაზის მიწოდებაზე მონოპოლია და რამოდენიმე ასეული ათასი ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს.
რუსეთმა, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მიწოდება 2002 წლის ზამთარში უკვე შეუწყვიტა საქართველოს. თუ რუსეთი გადაწყვეტს საქართველოზე ზეწოლას მომავალში, ის ამის გაკეთებას კვლავაც შეძლებს. თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც ბევრ ქართველს უწევს ცხოვრება და მთავრობის უკიდურესად მცირე პოპულარობას, ამან შესაძლოა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვიოს. ამჟამად, რუსეთს შეუძლია არამარტო ბუნებრივი გაზის, არამედ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაც.
მოუგვარებელ კონფლიქტებს მოგვიანებით შევეხებით, ხოლო რაც შეეხება რუსეთში მცხოვრებ და მომუშავე ქართველებს, მათთვის რუსეთმა უკვე შემოიღო სავიზო რეჟიმი, რაც დსთ-ის სხვა ქვეყნების მიმართ არ განუხორციელებია. თუ რუსეთი მათ მიმართ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს, ეს საქართველოს საკმაოდ სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის.
საქართველოში არსებული რუსული სამხედრო ბაზები დამატებით ბერკეტს წარმოადგენენ რუსეთისათვის. 1999 წელს რუსეთმა აიღო ვალდებულება სწრაფად გაეყვანა ორი სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიიდან და ეწარმოებინა მოლაპარაკებები დარჩენილი ორი ბაზის გაყვანის თაობაზე. რუსეთმა დახურა თავისი ბაზა ვაზიანში და აცხადებს, რომ იგივე გააკეთა გუდაუთაშიც, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსი სამშვიდობოების სარეაბილიტაციოდ გამოიყენება. არც ქართულ მხარეს და არც ეუთოს ჰქონდა საშუალება დარწმუნებულიყვნენ რუსეთის ამ განცხადებაში და შესაბამისად აღნიშნული ბაზა საქართველოსათვის არ გადმოუციათ. ამდენად, საქართველო ღიად აცხადებს, რომ რუსეთი არ ასრულებს სტამბულის სამიტზე ნაკისრ ვალდებულებებს.
ბათუმსა და ახალქალაქში დარჩენილი ორი ბაზის ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია. რუსული მხარე მათ გასაყვანად 11 წელსა და 260-300 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. თუმცა, ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბაზების გაყვანას მხოლოდ 3 წელი და გაცილებით ნაკლები თანხა სჭირდება. ორივე მხარის ექსპერტთა ჯგუფები რამდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეინიშნება.
ეუთომ საკმაოდ რბილი პოზიცია დაიჭირა რუსეთის არარეალური განცხადებების მიმართ, თუმცა, ნატოს ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს საქართველოსა და მოლდოვას წინაშე აღებულ ვალდებულებებს, ევროპაში კონვენციური ძალების შესახებ შეთანხმება ძალაში არ შევა და ბალტიის ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას არ შეუერთდებიან.
აფხაზეთის ომმა, სადაც ათასობით ქართველი იქნა მოკლული რუსების ან მათი ხელშეწყობით მოქმედი ჩრდილოკავკასიელი ,,მოხალისეების“ მიერ, და მუდმივმა ზეწოლამ თუ დამცირებამ (გასულ წელს საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიების არაერთგზის დაბომბვა, რასაც ერთ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა) ქართულ მეხსიერებას დიდი დაღი დაასვა. მიუხედავად, იმ სწრაფი სარგებლისა, რასაც რუსეთთან მოკავშირეობა გულისხმობს (მცირე ხნით მაინც ენერგოკრიზისის დაძლევა, სავიზო რეჟიმის გაუქმება, იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნების იმედი), მოსახლეობის უმრავლესობა და პოლიტიკური ელიტა ამგვარი სვლის წინააღმდეგია. უკანასკნელი გამოკითხვების შედეგად, ერთადერთი აშკარად პრო-რუსული პარტია - ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ მოსახლეობის 10%-ის მხარდაჭერით სარგებლობს.
თუმცაღა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებობს საშიშროება რუსეთმა საქართველო დაიმორჩილოს, რაც მომავალ არჩევნებზეა დამოკიდებული.
მთავრობის რეიტინგიც საკმაოდ დაბალია. მთავრობა შედგება ადამიანებისაგან, რომლებმაც არაერთხელ წარმოაჩინეს თავიანთი უუნარობა ქვეყნის მრავალი პრობლემის გადაჭრის მხრივ. სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად სამართლიანად ჩატარდება, მმართველი ბლოკი ,,ახალი საქართველოსათვის“ 7%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. თუ გაყალბების გზით ბლოკი ხმათა უმრავლესობას მაინც მოიპოვებს, ეს ლეგიტიმურობის უდიდეს კრიზისს გამოიწვევს, რასაც შესაძლოა ქვეყნაში სტაბილურობის მოშლა და სამოქალაქო არეულობა მოჰყვეს.
ამგვარი საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს მთავარმა მოკავშირემ აშშ-მა არაორაზროვნად მოითხოვა არჩევნების სამართლიანად ჩატარება. პრეზიდენტმა ბუშმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი მოავლინა საქართველოში, რათა შევარდნაძისათვის ეს მოთხოვნა გადაეცა. აშშ-ის უმაღლესმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ: თუ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა, საქართველომ უნდა დაივიწყოს ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრიც კი, ხოლო საქართველოს ურთიერთობები აშშ-თან და დასავლეთთან მნიშვნელოვნად დაზარალდება.
ბატონმა ბეიკერმა ქართულ მხარეს შესთავაზა არჩევნების ჩატარების გეგმა, რომელიც როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას უნდა შეესრულებინა. მთავრობამ აღნიშნული გეგმა არ გაითვალისწინა.
ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების რუსეთისათვის გადაცემა აშშ-ის მზარდმა ზეწოლამ გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ ან გადაწყვიტა აშშ-სთვის ეჩვენებინა, რომ თუ ზეწოლა გაძლიერდებოდა, ქვეყანა რუსეთზე აიღებდა გეზს, ან იცის, რომ თუ კვლავ ხელისუფლებაში დარჩება, მისი ურთიერთობა აშშ-თან სერიოზულად გაფუჭდება და სხვა გზა აღარ დარჩება მოსკოვისთვის დახმარების თხოვნის გარდა.
ეთნოკონფლიქტები
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოუგვარებელი კონფლიქტები ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს და მის განვითარებას მრავალი მიმართულებით აბრკოლებს.
დაახლოებით 250 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია საქართველოში, რომლებზეც ისედაც მცირე ბიუჯეტის დიდ ნაწილი იხარჯება. აფხაზეთი და განსაკუთრებით ყოფილი სამხრეთ ოსეთი გადაიქცნენ დიდ ,,თავისუფალ ეკონომიკურ ზონებად“ და საქართველოში კონტრაბანდის შემოდინების მთავარ წყაროდ. ორივე ,,გაყინული“ კონფლიქტი რუსეთის ხელში საქართველოზე ზემოქმედების უდიდეს ბერკეტს წარმოადგენს. ეს კონფლიქტები საფრთხის წინაშე აყენებენ საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და ისედაც არახელსაყრელ საინვესტიციო გარემოს უფრო მეტად აურესებენ.
სამწუხაროდ, მოლაპარაკებები ორივე შემთღხვევაში ჩიხშია შესული და სწრაფი მოგვარების იმედს არ გვიტოვებს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა პირადმა წარმომადგენელმა დიტერ ბოდენმა შეიმუშავა. ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე ხნის წინ იყო დაგეგმილი თბილისში, არ შედგა, რადგანაც აფხაზური მხარე არ ჩამოვიდა. მაგრამ იმ შეხვედრებზეც კი სადაც ისინი მოდიან, აფხაზები უკომპრომისო პოზიციას იკავებენ და არაფერზე თანხმდებიან დამოუკიდებლობის გარდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები საცოდავ მდგომარეობაშია. ყველამ, სამხედროების ჩათვლით, იცის, რომ აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნების მცდელობა წარუმატებლობისათვის არის განწირული. ქართული მხარის ყველა მცდელობა, უფრო აქტიური გახადოს გაეროს როლი კონფლიქტის ზონაში, რუსეთის მიერ არის დაბლოკილი, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს უშიშროების საბჭოში.
დღესდღეობით, რუსული სამშვიდობო ჯარები განლაგებულია დაპირისპირებულ მხარეებს შორის. მოსკოვს უდიდესი ზეგავლენა აქვს აფხაზეთზე. უკანასკნელ ხანს მოსკოვმა ისეთი ღონისძიებების გატარება დაიწყო, რომელიც ქართული მხარის მიერ შეფასებული იქნა, როგორც სხვა არაფერი თუ არა აფხაზეთის ანექსიის მცდელობა. აფხაზეთის ახლანდელი მოსახლეობის 70%-ზე მეტმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებნი განთავისუფლებული არიან საქართველო-რუსეთს შორის არსებული სავიზო რეჟიმისაგან. რამდენიმე თვის წინ რუსეთმა უკანონოდ აღადგინა სარკინიგზო მიმოსვლა სოჭი-სოხუმს შორის და საქართველოს ხელისუფლების პროტესტზე ცინიკურად განაცხადა, რომ ეს კერძო კომპანიის მიერ იქნა გაკეთებული.
ოფიციალური განცხადებებით რუსეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველო ცდილობს დაითანხმოს დასავლელი მეგობრები უფრო აქტიურად ჩაერთონ კონფლიქტის მოგვარების საქმეში, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
პუტინისა და შევარდნაძის უკანასკნელ შეხვედრაზე სოჭში, გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო თანახმაა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საქართველო-რუსეთს შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ სახლებში დაბრუნებული იქნებიან ქართველი დევნილები. პრეზიდენტებმა დადეს პირობა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ამ შეთანხმების განსახორციელებლად. თუმცა, ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. აფხაზური მხარე არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს მიიღოს დევნილები.
საქართველოს პასუხი: დასავლეთთან კავშირების განმტკიცება
დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, საქართველომ პრეზიდენტ გამსახურდიას თაოსნობით იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა აირჩია. პოლიტიკის ავტორისა და მისი პოლიტიკის მცდარობა მალე გამოაშკარავდა და გამსახურდიას ხელისუფლება ჩამოაგდეს. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველო დასავლეთისაკენ შემობრუნდა, თუმცა, საწყის ეტაპზე რუსეთი უზარმაზარ გავლენას ფლობდა.
ამჟამად საქართველო ევროსაბჭოს წევრია, მან საქვეყნოდ დააფიქსირა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, აქტიურად მონაწილეობს ნატოს ,,თანამშრომლობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში და მჭიდრო კავშირები გააჩნია აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში.
ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, გეოგრაფიულად და კულტურულად საქართველო ევროპის ნაწილია. ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია საქართველოს ორი, მისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება: უსაფრთხოებასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
სამწუხაროდ, საქართველო ჯერ ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც აუცილებელია ზემოხსენებულ ინსტიტუტებში გაწევრიანებისათვის.
90-იანი წლების შუახანებიდან, ხელისუფლება აქტიურად ჩაერთო დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული რეფორმების გატარებაში, რამაც მისი ევროპასთან კავშირები განამტკიცა. 1998 წლიდან აღნიშნული რეფორმების ტემპი შენელდა და ამჟამად იგი, შეიძლება ითქვას შეჩერებულია. ამან საქართველოსადმი ევროპის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გააცივა.
კასპიის ზღვის ენერგეტიკული რესურსები მნიშვნელოვნად ზრდის დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის ინტერესებს კავკასიის მიმართ. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის იდეას. ამერიკული და სხვა დასავლური კომპანიები დიდძალ ინვესტიციებს დებენ კასპიის ენერგეტიკულ პროექტებში, ხოლო საქართველო აღნიშნული რესურსების უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ქვეყანად განიხილება.
კავკასიაში აშშ-ის ინტერესები კიდევ უფრო გაძლიერდა 11 სექტემბრის შემდეგ. საქართველომ საკუთარი თავი ანტიტერორისტული კოალიციის წევრად გამოაცხადა და აშშ-ის სამხედრო ძალებს მისი საჰაერო და სახმელეთო ტერიტორიების გამოყენება შესთავაზა. საქართველომ თვითონ ჩაატარა წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაცია პანკისის ხეობაში. უფრო ადრე, აშშ-მა საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა წამოიწყო.
აშშ-სთან ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორც ამერიკელები აღნიშნავენ ხოლმე, მათ ,,წითელი ხაზი“ გაავლეს, რომლის აქეთ რუსეთს გადმობიჯების უფლება არა აქვს. თბილისში ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთის მხრიდან ძირგამომთხრელი საქმიანობის აცილება, რაც საბოლოოდ დაასამარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მხოლოდ აშშ-ის დახმარებით შესძლო.
მიუხედავად ამისა, როგორც თბილისსა და ვაშინგტონში აღნიშნავენ, ამ კავშირების ბედი დიდწილად მომავალ არჩევნებზეა დამოკიდებული. თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება და მომავალი ხელისუფლება დამოუკიდებლობის შენარჩუნების პასუხისმგებლობას აიღებს და შეასრულებს, აშშ-ის დახმარება და დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. თუ არა - ენერგეტიკული უზრუნველყოფის დივერსიფიკაციის სურვილის მიუხედავად, საქართველოსადმი დასავლეთის ინტერესი შემცირდება.
![]() |
4 მსოფლიოში არსებული ნარკოვითარება და ტრანსნაციონალური ნარკობიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
უსაფრთხოება
ლევან ღირსიაშვილი
პოლიტიკური კვლევების ცენტრი
ადამიანები მრავალი საუკუნის განმავლობაში მოიხმარენ ნარკოტიკებს და თან ამ უბედურებისგან თავის დაღწევას ცდილობენ. ნარკოტიკების მოხმარებას ყოველწლიურად მილიონობით ოჯახისთვის მოაქვს უბედურება. ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევამ კი არ იცის რაიმე სახის საზღვრები.
ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ადამიანები ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაზე უფრო მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე კვებაზე, საცხოვრებელზე, ტანსაცმელზე, განათლებაზე ან სამედიცინო მომსახურებაზე. ნარკოტიკების მოხმარებისაგან მომდინარე სოციალური საფრთხე მხოლოდ საზოგადოების მატერიალური დანაკარგებით არ იზომება. ორგანიზებული დანაშაულის განვითარება, შიდსის და სხვა საშიში დაავადებების გარცელება, ტერორისტთა დაფინანსება - აი ის არასრული სია, რომელიც ნარკოტიკების გავრცელების სავალალო შედეგებს იწვევს.
ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის პრობლემას, რომ მსოფლიოსათვის უდიდესი აქტუალურობა გააჩნია, ეს უეჭველია. უცხოდ უკვე აღარ აღიქმება ფაქტები, სადაც ლაპარაკია ნარკოტიკების მწარმოებელი და გამსაღებელი ორგანიზაციების საქმიანობაზე. თუმცა, სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების და მოხმარების პრობლემები პასუხისმგებელ დაწესებულებათა მუშაკების და სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. დღეს მასმედია აჭრელებულია შეტყობინებებით ნარკომოვაჭრეებზე, ჰეროინის, კოკაინის, მარიხუანის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მსხვილი პარტიების კონფისკაციებზე, ტერორისტულ აქტებზე და ნარკობიზნესთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ მკვლელობებზე. ჩვენს ლექსიკონში მყარად შემოვიდა სიტყვები ,,ნარკომაფია“, ,,ნარკომოვაჭრეები“, ,,ნარკობიზნესი“. ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის პრობლემები მრავალი ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას.
მსოფლიო საზოგადოება მკვეთრად უპირისპირდება ამ ბოროტებას. გავიდა დრო, როდესაც ნარკოპრობლემა მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემას წარმოადგენდა. ნარკოტიკების ფართო გავრცელება დღეს არა მარტო ამ ქვეყნების მმართველთა შეშფოთებას იწვევს, არამედ ამ საფრთხით უდიდეს დაინტერესებას საერთაშორისო ორგანიზაციებიც იჩენენ. უკანონო მიმოქცევის პრობლემით არის დაკავებული გაერთიანებული ერების ორგანიაზიაც. კერძოდ, მის სისტემაში ფუნქციონირებს ნარკოტიკებთან ბრძოლის და დანაშაულთა პროფილაქტიკის განყოფილება (ვენაში), საერთაშორისო კრიმინოგენული საზოგადოება, სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაცია, ინტერპოლი და ა.შ.
წინამდებარე სტატიის მიზანი მსოფლიოში ნარკოტიკების წარმოების და მოხმარების ტენდენციების კვლევა და ნარკობიზნესის და სხვა გლობალური პრობლემების ურთიერთკავშირის გამოვლენაა.
თანამედროვე ,,ნარკოვითარება“
გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესების განვითარებას, დადებით მხარეებთან ერთად უაღრესად ჩრდილოვანი და ნეგატიური მოვლენებიც გააჩნია. დღეს მსოფლიოში არსებული საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული, საერთაშორისო ტერორიზმი და ნარკობიზნესი ტრანსნაციონალურ ხასიათს ატარებს და გლობალიზაციის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს.
ნარკოტიკების მთელ მსოფლიოში გავრცელებას მრავალი მიზეზი აქვს: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი თუ ზნეობრივი. ნარკოტიკები თანამედროვე საზოგადოების სოციალური დაავადებაა, და ამ დაავადების განსაკურნად საჭიროა მისი ზუსტი დიაგნოზირება, ამ მოვლენის და მასთან ბრძოლის სიძნელის სრულად აღქმა.
1998 წლის ივნისში გაეროს გენერალური ასამბლეის ნარკოტიკების გავრცელებისადმი მიძღვნილ სპეციალურ სესიაზე მრავალი სახელმწიფოს მეთაურის და მთავრობის გამოსვლას ლეიტმოტივად გასდევდა ღრმა შეშფოთება ამ საშიშროების შეუნელებელ ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც თანდათან უტოლდება ეკოლოგიურ საფრთხეს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ქვეყნები გარდამავალი ეკონომიკებით.
ნარკობიზნესის ტრანსნაციონალიზაცია, მისი შემტევი სტრატეგია მეორე ათასწლეულის მიჯნაზე, დაკავშირებულია ისეთ ტრადიციულ მიზეზებთან, როგორიცაა სიღარიბე, პოლიტიკური კრიზისები, სოციალური მოუწყობლობა, მილიონობით ადამიანის გაუცხოება და ა.შ.
ამას ისიც დაერთო, რომ 90-იან წლებში დაწყებულმა გლობალიზაციამ ფინანსური, საბანკო, სავაჭრო, ტექნოლოგიური, საინფორმაციო და სხვადასხვა სფეროების უდიდესი წინსვლა და განვითარება გამოიწვია. ეს ფაქტორები, ერთი მხრივ ცხოვრების დონის ამაღლებას იწვევენ (თუმცა მხოლოდ ისევ განვითარებული ქვეყნებისათვის), მეორეს მხრივ კი ნარკოსაქმოსნებისთვის ახალ საშუალებებს და პერსპექტივებს ქმნიან. ეს ახალი საშუალებები აისახება არა მარტო ნარკოტიკების წარმოების სტრუქტურებსა და საშუალებებზე, არამედ მის გადაზიდვაზე, ვაჭრობასა და მოხმარებაზეც.
დაახლოებითი გამოთვლებით, თანამედროვე მსოფლიოში 200 მლნ. ადამიანზე მეტი მოიხმარს სხვადასხვა სახის ნარკოტიკს. მათ შორის 140 მლნ. ადამიანი ეწევა მარიხუანას. ყველაზე გავრცელებულ ნარკოტიკ კოკაინს მოიხმარს 13 მლნ. ადამიანი, ჰეროინს - 8 მლნ. ადამიანი, 30 მლნ. ადამიანი ბოროტად იყენებს ამფეტამინების ტიპის მასტიმულირებლებს. ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ძირითადად ახალგაზრდობის ხარჯზე. ზოგიერთ ქვეყანაში მოსწავლეებისა და სრულწლოვან ახალგაზრდათა რიცხვი, რომელთაც გასინჯული აქვთ მარიხუანა 37%-ს შეადგენს.
ამასთან ერთად, სახეზეა საერთაშორისო დანაშაულებრივ დაჯგუფებათა საქმიანობის ზრდა. თავისი საერთაშორისო ხასიათის და საბაზრო საფუძვლების წყალობით, ნარკობიზნესი უფრო სწრაფად იძლევა რეაქციას ყველა ცვლილებაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ლეგალური ბიზნესი და ნარკოქსელის გაფართოებისა და ექსპანსიისათვის გლობალიზაციას წარმატებით იყენებს. გააქტიურებულია ნარკოსაქმოსნებისთვის ჩრდილოვანი ეკონომიკის ყველა უპირატესობა - უკონტროლობა, უზარმაზარი კაპიტალის კონცენტრაცია, კორპორატიული ტიპის საერთაშორისო ქსელური თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს ნარკოინდუსტრიის ძირითად ღერძებს და ნარკოტიკების უკანონო მოხმარების მონაწილეთა ერთ ქსელში ჩაბმას. ყველაფერი ერთად კი, მწარმოებლის, მომხმარებლისა და ქვეყნიდან ნარკოტვირთის ტრანზიტის უსაფრთხოების განვითარებას უწყობს ხელს. სპეციფიურ საქონელს - ნარკოტიკს აკრძალვის გამო მაღალი ფასი აქვს, რაც განპირობებულია არა თვითღირებულებით, არამედ ნარკობაზარზე მომხმარებლის მოთხოვნით და წარმოების ადგილიდან დაშორებით.
მუდმივი მოთხოვნიდან გამომდინარე, ნარკოინდუსტრია საკმარისად გამძლეა და სერიოზული კონკურენციის არარსებობის გამო საკმაოდ დიდი მოგება მოაქვს იმ ორგანიზაციებსათვის, რომლებიც ამ დანაშაულებრივი ბიზნესით არიან დაკავებულნი. მსოფლიო ნარკოინდუსტრიის ბრუნვა გაეროს მიერ წელიწადში 400 მლრდ. ამერიკულ დოლარად არის შეფასებული, რაც მთელი საერთაშორისო ვაჭრობის ბრუნვის 8%-ს შეადგენს. 1997 წელს გაეროს მოხსენებაში მსოფლიოში ნარკომდგომარეობის შესახებ აღნიშნულია, რომ ნარკობიზნესის მსოფლიო ბრუნვა ცალკეულ წლებში აღემატება ავტომობილების ან შავი ლითონის ბრუნვას მსოფლიო ბაზარზე. მარტო კოლუმბიური კარტელები, წარმოდგენილი 500-ზე მეტი კომპანიით, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, აშშ-ში ნარკოტიკებით ვაჭრობით ყოველწლიურად 20 მლრდ. აშშ დოლარის სუფთა მოგებას იღებდნენ. შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ ამ დროისთვის კოლუმბიის, ბოლივიის და პერუს სახელმწიფო ბიუჯეტები დაახლოოებით 9 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ოპერაციებს 200-300%-იანი მოგება მოაქვთ, რაც მათ მიმზიდველს ხდის ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციებისთვისაც და სხვა კრიმინალური დაჯგუფებებისთვისაც, რომელთა მიზანიც უმოკლეს ვადებში მაქსიმალური მოგების მიღება აგხლავთ. ამასთან ერთად, ხდება ნარკოინდუსტრიის თანდათანობითი სრულყოფა, რაც მზარდი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისათვის საკუთარ მოთხოვნების შეთავსებაში გამოიხატება.
ტრანსნაციონალური ნარკოსინდიკატები დანაშაულებრივ სამყაროში იყენებენ ყველაზე თანამედროვე შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს, ელექტრონული სისტემების, საკუთარი უსაფრთხოების უახლეს მეთოდებს. ნარკოტიკებით მიღებული მოგების ნაწილს, ნარკოსაქმოსნები მიმართავენ კავშირის აპარატურის შესაძენად, გამშიფრავი ხელსაწყოების, სიხშირის სიჩქარული გაზომვის რადიოს, რადართა გამომვლენი ხელსაწყოებისთვის. სპეციალისტთა შეფასებით, ნარკობიზნესი ყოველწლიურად ხარჯავს 125 მლნ. დოლარს ახალი ,,სიგნალური დაზვერვის ტექნიკის” შესაძენად. ნარკოკარტელებს ჰყავთ შესანიშნავად შეიარაღებული დაცვა, რომლის განკარგულებაშიც არის ყველაზე თანამედროვე იარაღი, გადასაზიდი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსების ჩათვლით.
2000 წლის 8 სექტემბერს მსოფლიო საინფორმაციო არხებით გავიდა შეტყობინება, რომ კოლუმბიის ქალაქ ფაკატატივაში (ბოგოტიდან 18კმ), მუშათა გარეუბანში აღმოაჩინეს პრაქტიკულად გამართული 30 მეტრიანი წყალქვეშა ნავი, რომლითაც ნარკოსაქმოსნები აპირებდნენ თავის პროდუქციის გატანას. ეს ცხადყოფს, რომ ნარკობიზნესის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული იარაღით ვაჭრობასთან. ყოველწლიურად მსოფლიოს ყოველი რეგიონიდან იძენენ 100 ათას ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს; ვლინდება 500 მეტი საიდუმლო ასაფრენი ბილიკები და მოედნები, ნარკოსინდიკატის მერ გამოყენებული ამდენივე რაოდენობის საფრენი აპარატები გაფრენის დროს ვარდება ან კონფისკაციას განიცდის. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად ხორციელდება 300 გაფრენა ნარკოტიკების უკანონო ტვირთით.
დამნაშავეთა საქმიანობის ტრანსნაციონალური გაქანება დამნაშავეებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ჩქარი და შედარებით საიმედო აუდიო და ვიდეო კონტაქტების არხები. შედარებით გავრცელებულია გლობალური საინფორმაციო ქსელის - ინტერნეტის გამოყენება უკონტაქტო გარიგებებისათვის. სააგენტო ,,როიტერის” მონაცემებით, ნარკომოვაჭრეები და მათი კლიენტები უფრო ხშირად დებენ გარიგებებს ,,პრივატ რუმში,” ,,ჩათებში,” რომლებიც დაცულია სხვისი თვალისაგან პროგრამულ-აპარატული საშუალებებით. მსგავსი გარიგებების მიკვლევა თითქმის შეუძლებელია, ინტერნეტ აფთიაქები რეცეპტის გარეშე არიგებენ ფსიქოტროპულ პრეპარატებს. ჰოლანდიის და კანადის კომპანიები ინტერნეტის საშუალებით მთელს მსოფლიოში ვაჭრობენ კანაფის თესლებით, ბალახოვანი ექსტაზით და ეფედრინით.
საერთაშორისო საბანკო ელექტრონულ ქსელთან მიერთებული, ძლიერი კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება ხელს უწყობს საერთაშორისო მასშტაბებით დანაშაულებრივი მოგებების ლეგალიზაციის პროცესს. უფრო ხშირად ნარკოდილერები ფულს ინტერნეტ-ბანკებში ათეთრებენ.
რადგან ნარკოტიკების საერთაშორისო ბაზარი მსოფლიოს ყველა რეგიონს და პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მოიცავს, ნარკოტიკების ვაჭრობით მიღებული ფულის გათეთრებაც ტრანსნაციონალურ ხასიათს იძენს. მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საზღვრებში 2-დან 7 მლრდ-მდე დოლარი ,,ნარკოფული“ თეთრდება. სინგაპურის ოფიციალური პირების განცხადებით, 1989-დან 1992-ის ჩათვლით, ნარკომოვაჭრეთა მიერ სინგაპურის გავლით 100 მილიონი დოლარი გადაიგზავნა ბაჰრეინის იატაკქვეშა ბანკში, ხოლო იქიდან მსოფლიო ბანკის ანგარიშებზე.
1996 წელს სინგაპურში დაკავებულ იქნა ნარკომაჭრეთა ორგანიზაციის 20 მილიონ დოლარამდე თანხა. ფულის გათეთრება ავსტრალიაში ყოველწლიურად დაახლოებით 3,5 მლრდ დოლარს შეადგენს. აქ, მაგალითად, აღმოჩენილ იქნა ნიუ-იორკში ჰეროინის გაყიდვით მიღებული 20 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გათეთრების ქსელი და ამოღებული იქნა ჰონგ-კონგსა და ავსტრალიაში კანაფით მოვაჭრე დანაშაულებრივი სინდიკატის ფონდის 40 მილიონ დოლარზე მეტი თანხა.
რეალური ხდება შეფასება, რომლის თანახმადაც მსოფლიოში ყოველწლიურად ლეგალური ხდება (თეთრდება) 300-800 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ნარკობიზნესიდან მიღებული ფული.
თუ მოხერხდებოდა ნარკოდოლარების გათეთრების ძირითადი არხების გადაკეტვა, მაშინ ნარკობიზნესი თავის ხიბლს მნიშვნელოვანწილად დაკარგავდა. მაგრამ არხების გადაკეტვა არ ხერხდება, რადგან არსებობს ნარკოდოლარების გათეთრების უამრავი საშუალება და ფრიად გავლენიანი ძალები ამ ოპერაციების ხარჯზე ძლიერდებიან.
ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევა ასტიმულირებს კორუფციასაც, რომლის დახმარებითაც ნარკოკარტელები და ნარკობიზნესში ჩაბმული სხვა დანაშაულებრივი ჯგუფები, ცდილობენ გააუვნებელყონ თავისი ბიზნესი და გაექცნენ პასუხიმგებლობას.მოგების ნაწილი იხარჯება საჭირო ინფორმაციის მისაღებად. გროვდება ინფორმაცია სამთავრობო ორგანოებში კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე, მონაცემები ბაზრის კონიუნქტურაზე, ნარკოტიკების ფასებზე. მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მექსიკური კარტელი ,,ტიხუანური“ - ყოველკვირეულად ხარჯავს 1 მილიონ დოლარს ქრთამებზე მექსიკელი მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, პოლიციისთვის, არმიისთვის, საბაჟოსთვის.მექსიკის გენერალურმა პროკურორმა აღიარა, რომ ტიხუანში მოსამართლეთა და პროკურორთა 90% ნაყიდია კარტელის მიერ.
ნარკობიზნესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტენდენციად ითვლება მისი ინდუსტრიალიზაცია. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო წარმოება კარგად აწყობილი ინდუსტრიის სახეს იღებს. უკანონო წარმოების მიწისქვეშა ლაბორატორიები, ორგანიზაციის ტექნოლოგიური სირთულის მიხედვით, შეიძლება დაიყოს კუსტარულად, რომლებიც, როგორც წესი, დაბალი მწარმოებლობით ხასიათდება და იწარმოება რთული ქიმიური რეაქციების გარეშე და წარმოებად, რომელიც გამოირჩევა მაღალმწარმოებლობით და სინთეტიკური ნარკოტიკების მისაღებად იყენებს რთულ ქიმიურ სინთეზს.
XX საუკუნის უკანასკნელ წლებში შეინიშნებოდა ნარკოტიკული ნივთიერების წარმოების კონცენტრაციის და გაძლიერების ტენდენცია. ამას ადასტურებს კოკაინის წარმოების ლაბორატორია-გიგანტების აღმოჩენათა მრავალრიცხოვანი ფაქტები.Kკოლუმბიის ანტინარკოტიკული პოლიციის მონაცემებით, 1996 წელს ცენტრალურ კოლუმბიაში აღმოჩენილი და განადგურებულ იქნა მიწისქვეშა ლაბორატორიების კომპლექსი, რომელსაც მსხვილი შეიარაღებული დაჯგუფება იცავდა. ის ფლობდა რამდენიმე ასაფრენ ბილიკს, მოწყობილი იყო თანამედროვე სისტემებით და გამოირჩეოდა მაღალი წარმოების პროცესის ორგანიზებულობით. ამ ლაბორატორიის მაქსიმალური წარმოება წელიწადში დაახლოებით 350 ტონა კოკაინს შეადგენდა.
იზრდება ნარკოტიკების მწარმოებელთა მობილურობაც, გამოვლენილია ნარკოტიკების და მობილური ლაბორატორიების ფაქტები, რომლებიც ფურგონებში ან სატვირთო მანქანებშია ჩამონტაჟებული. მსგავსი ლაბორატორიები საკმაოდ იშვიათად ხვდებიან კანონდამცავი ორგანოების ხელში და გზაში წარმოების შეუჩერებლად, მიწოდების ადგილზე უკვე მზა პროდუქტი ჩააქვთ. კოლუმბიაში აღმოჩენილი ერთ-ერთი მსგავსი ლაბორატორიის სიმძლავრე დღე-ღამეში 70გ. კოკაინს შეადგენდა.
მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ნარკობიზნესის განვითარების უმნიშვნელოვანეს ტენდენციად ითვლება სინთეტიკის როლის გაზრდა, რაც მცენარეულ ნარკოტიკებთან შედარებით სინთეტიკური ნარკოტიკების რამდენიმე უპირატესობით აიხსნება. გარდა ამისა, სინთეტიკების მრავალფეროვნება და მათი ანალოგიების სწრაფი სინთეზირება ნარკობაზრის კონიუნქტურაზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. ძირითადი პროდუქტების შეცვლისას სპეციალისტი-ქიმიკოსები იღებენ სინთეტიკის ახალ სახეობებს, რომლებიც არ შედიან აკრძალულ და კონტროლირებად ნარკოტიკთა ეროვნულ სიებში. მნიშვნელობა აქვს, ასევე, ახალი ნარკოტიკული ნივთიერებების, ფსიქოტროპიული ზემოქმედების ან ძლიერმოქმედი ნივთიერებების ოფიციალურ სიებში მოხვედრასაც. ხოლო ნარკოტიკთა წარმოებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებების მრავალფეროვნება, ძირითადი კომპონენტების ცვალებადობა უზრუნველყოფს მათ წარმოებას და დაბალ ხარჯებს. ძირითად კომპონეტად შეიძლება გამოყენებულ იქნას არაკონტროლირებადი ანალოგები, რაც რისკს ამცირებს. მაგალითად, ჰოლანდიაში ნარკოსაქმოსნები ,,ექსტაზის” ერთი დოზის წარმოებაში 7-9 ცენტს დებენ და შემდეგ ბითუმად 8-15 დოლარად ყიდიან. არსებობს ასევე სინთეტიკის ნარკოგენურობის ხარისხის შესაძლებლობა და მომხმარებელზე ხდება მისი ზემოქმედების მოდელირება. თანამედროვე სინთეტიკა-ანალოგები მომხმარებელზე საკუთარი მოქმედების ძალით ათასჯერ სჯობნიან თავის წინამორბედებს.
სინთეტიკის წარმოების პროცესი არ არის დაკავშირებული ნედლეულთან, მათი ტრანსპორტირების და გადაზიდვის ადგილთან. ამის შედეგად შეინიშნება სინთეტიკის მიმოქცევის დეცენტრალიზაცია. მკვეთრად მცირდება რგოლები ჯაჭვში - ,,მწარმებელი-მომხმარებელი”, რაც რისკის და ხარჯის რაოდენობას ამცირებს. სინთეტიკური ნარკოტიკების აღმოჩენა გაცილებით რთულია მისი მომოქცევის ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს მისი შექმნის სტადია, ტრანსპორტირება თუ ვაჭრობა.
ბოლო წლებში სინთეტიკური ნარკოტიკების ახალი სახეობები ჩნდება. მათ წარმოებაში გამოიყენება უკანასკნელი მეცნიერული მიღწევები. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ინვესტირდება ახალი ნარკოტიკების დამოუკიდებელი გამოკვლევებისა და მათი წარმოების სრულყოფილი ტექნოლოგიების მოსაძებნად. კუსტარულ და მცირე წარმოების მანუფაქტურებს აძევებენ კომპაქტური მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები და მსხვილი ნარკოსაწარმოები, რომლებსაც მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები ეხმარებიან.
ნარკოტიკთა მოძრაობის საერთაშორისო მასშტაბმა და მათი არალეგალური ტრანსპორტირების საერთაშორისო ქსელში მეტი სახელმწიფოს ჩართვამ ფაქტობრივად წაშალა ათწლეულობის განმავლობაში დამკვიდრებული ,,მომხმარებელისა“ (განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები) და ,,მწარმოებლის” (ძირითადად განვითარებადი ქვეყნების) ცნება.
90-იანი წლებში ნარკობიზნესი განვითარდა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ადრე ნარკოტიკთა უკანონო მიმოქცევა და მათი ბოროტად გამოყენება საერთოდ არ აღინიშნებოდა. გაეროს ექსპერტები ამ განვითარების მიზეზებს მიაწერენ გლობალურ დონეზე შესაბამის შესაძლებლობებს, რაც მსოფლიო პოლიტიკითა და ეკონომიკით არის განპირობებული. სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულების, საერთაშორისო მგზავრობების და კავშირების, ეროვნული საზღვრების და გლობალური ფინანსური ქსელების არსებობამ, შედეგად გამოიწვია, როგორც კანონიერი, ასევე უკანონო პროდუქციის მსოფლიო ბაზრების გაჩენა. ორგანიზებული ნარკოდამნაშავეობის განვითარება და გაქანება შეიძლება ჩაითვალოს იმ შესაძლებლობათა ანარეკლად, რაც მოჰყვა საერთაშორისო ურთიერთობების გარდაქმნას და საკუთრივ სახელმწიფოს სტრუქტურაში მომხდარ ცვლილებებს.
საერთაშორისო ნარკობიზნესის განვითარების ძირითად მიზეზად და ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი:
- მთავრობათა სისუსტე, სახელმწიფოს უსუსურობა განახორციელოს ეფექტური კონტროლი მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.
- სახელმწიფოს მიერ უკანდამხევი პოლიტიკის გატარება ნარკობიზნესთან მიმართებაში ან ,,ჩუმი შემრიგებლობის” პოლიტიკა საზოგადოებისადმი მოტანილი მოგების ან დამნაშავეთა მხრიდან კონტრზომების შიშის გამო. მაგალითად, პაკისტანში ხელისუფლება საერთოდ არ ეწინააღმდეგებოდა ოპიუმის წარმოებას, მის ტრანსპორტირებას და ფაქტიურად ხელსაც უწყობდა ნარკოსაქმოსნებს.
- ნარკობიზნესის განვითარების უძლიერეს ფაქტორად ითვლება პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა. ეს დაკავშირებულია ნარკოტიკების წარმოებიდან და გაყიდვიდან მიღებული მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან. ამის დამამტკიცებელია შემთხვევები, როდესაც კონტრაბანდიდან მიღებული ფინანსები ხმარდება იარაღის შეძენას სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების დროს. ამავე დროს, ფართოვდება ორგანიზებული დამნაშავეობის კავშირები ტერორისტულ და ექტრემისტულ დაჯგუფებებთან.
- სოციალური ინსტიტუტების შესუსტება და დისფუნქცია, პოსტსოციალისტური ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარდაქმნების ძალიან სწრაფი ტემპები. კანონის არ არსებობა ან არასრულყოფილება ან მისი შესრულების უკონტროლობა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავება, ეს ყველაფერი ნარკობიზნესის განვითარებისათვის ხელშემწყობ გარემოს წარმოადგენს.
- მთავრობათა კორუმპირებულობა, რომელთა წევრებიც იღებენ უზარმაზარ მოგებას კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით. ამიტომაც არანაირ ზომებს მიმართავენ მის აღსაკვეთად ან შესამცირებლად. რიგ ქვეყნებში, იყენებენ რა კორუმპირებულ პოლიტიკოსებს, მოკავშირეებს სამართალდამცავ ორგანოებში, არმიაში, საბაჟოში, ნარკომაფიამ უსაზღვრო გავლენას მიაღწია. კერძოდ, ბოლივიაში 80-იან წლებში ე.წ. ,,ნარკოკრატია“ მთავრობისა და ნარკოტიკებით მოვაჭრე დამნაშავეობრივ ორგანიზაციათა კავშირის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენდა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი იყო ბოლივიის სამხედრო მთავრობის და ნარკომომწოდებელთა შორის ზღვარის გავლება. ამავე დროს, ქვეყნის სუვერენიტეტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მსგავსი დანაშაულებრივი დაჯგუფებები, უზრუნველყოფს მათ დაცვას სხვა ქვეყნების მცდელობისგან შეაჩეროს მათი საქმიანობა.
- უკანონო საქონელზე გაზრდილი მოთხოვნილება: 80-იანი წლების დასაწყისში კოლუმბიის ორგანიზაციების კოკაინის კონტრაბანდაში გამოჩენა აიხსნება ნარკობიზნესის შემოსავლის ზემაღალი ნორმით, აშშ-ში საზღვრის იოლი გადალახვით.
- განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოთა შორის უთანასწორობის შენარჩუნება. არასახარბიელო მდგომარეობა, რომელშიც განვითარებადი ქვეყნები აღმოჩნდნენ, ხელს უშლის მათ კანონიერი კომერციული საქმიანობის გზით მიღებულ შესაძლებლობათა რეალიზაციას და ნორმალურ ეკონომიკურ პროგრესს. სიღატაკის მიმზიდველ ალტერნატივად იქცევა კანონსაწინააღმდეგო ბიზნეს-საქმიანობა. კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრის სისუსტემ და არასტაბილურობამ კულტივირებული გახადა კოკას და ოპიუმის მოყვანა ადგილობრივი გლეხებისთვის ბოლივიაში, პერუში და რიგ ქვეყნებში). გარევაჭრობის საქმიანობის ლიბერალიზაცია.
- ეკონომიური კრიზისები, რომელიც უბიძგებს ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად უკანონო ბიზნესში მონაწილეობას. მეწარმეები იყენებენ დაგროვილ ტრადიციული წარმოების ცოდნას და გამოცდილებას. კრიზისის პირობებში ნარკობიზნესში მონაწილეობა საშუალებას იძლევა შეარბილოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დასაქმების პრობლემა. ამ პირობებში კანონსაწინააღმდეგო დაჯგუფეების საქმიანობა დადებითად აღიქმება. მაგალითად, კოლუმბიის კარტელის როგორც ერთ-ერთი მთავარი კოკაინის ცენტრის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაში მისი, როგორც ტექსტილური საქონლის მწარმოებლის დანიშნულების შემცირებამ. ნარკოტიკით მოვაჭრეებმა უზრუნველყვეს მუშახელის ალტერნატიული დასაქმება, მოიპოვეს რა ამით ადგილობრივი მოსახლეობის სიმპათიები. მსგავს ლოიალურობას დამნაშავეობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელს უშლის სამართალდამცავი ორგანოების შედეგიან მუშაობას.
გარდა ამისა, მკვლევარები ასახელებენ შემდეგ მოვლენებს, რომლებმაც გამოიწვიეს ნარკოტიკების ინდუსტრიაში ცვლილებები და ასევე XX საუკუნის ბოლო 2 ათწლეულში წარმოების ასეთი ზრდა:
● 80-იან წლებში აშშ-ში კოკაინის მოთხოვნის ზრდა, რამაც გააქტიურა კოლუმბიის ნარკომეწარმეობა, და მიმართა იმისკენ, რომ მათ გაეზარდათ ნედლეულის გადამუშავების სიმძლავრეები, ჩამოეშორებინათ ძირითადი კონკურენტები და გაენეიტრალებინათ არალეგალური ნარკობიზნესისკენ მიმართული კოლუმბიის მთავრობის კონტრღონისძიებები.
● საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრა 1979 წელს. მისი შემდგომი ხანგრძლივი კონფლიქტი, რამაც ხელი შეუწყო ოპიუმის წარმოების ზრდას, რომელიც, თავის მხრივ, აფინანსებდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ომებს. ზოგიერთი წყაროების მტკიცებით, არსებობს აგრეთვე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ სპეციალურად შემუშავებული პროექტი სახელწოდებით ,,თეთრი ჯიჰადი” საბჭოურ-ავღანური კონფლიქტის დროს, რომლის არსიც გამოიხატებოდა ავღანეთის ტერიტორიის გამოყენებაში ოპიუმის ნედლეულის მწარმოებელ ქვეყნად და შემდეგ ამ ნედლეულის გადასასროლად სსრკ-ის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, საომარმა კონფლიქტმა ნარკომოვაჭრეებს ირანის და პაკისტანის მოჯაჰედების მხარდაჭერით ამ ქვეყნების სატრანზიტო მარშრუტებად გადაქცევის საშუალება მისცა.
● ისლამური რევოლუცია ირანში, როდესაც ფუნდამენტალისტებისთვის ირანის მთავრობის მხარდაჭერამ ბექაას ხეობაში გაწყვიტა ანტინარკოტიკული ოპერაციები ლიბანში და მთელს რეგიონში და ხელი შეუწყო ირანს, გამხდარიყო ჰეროინის გავრცელების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი ელემენტი.
● სასტიკი ანტინარკოტიკული ზომების მიღება კოლუმბიაში და მექსიკაში 80-იან წლებში, რამაც შეცვალა წარმოების და გაყიდვის გეოგრაფია და წარმოება გავრცელდა ბრაზილიაში, ვენესუელაში, ეკვადორში, ხოლო მთავარ საკვანძო პუნქტებად იქცნენ სურინამი, ჰაიტი და პარაგვაი.
● მიანმაში ნე ვინის რეჟიმის კრახი 1988 წელს. მიანმა დიდი ხნის განმავლობაში იყო ოპიუმის მსხვილი მწარმოებელი, მაგრამ ნე ვინის მთავრობა დამსჯელ ოპერაციებს ახორციელებდა ოპიუმის მწარმოებელთა და გამყიდველთა წინააღმდეგ. ნე ვინის მთავრობის დაცემის შემდეგ, პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, ნარკობიზნესის წინაღმდეგ ბრძოლა შესუსტდა და საბოლოოდ, 90-იანი წლების ბოლოს მიანმა გადაიქცა მსოფლიში ოპიუმის მსხვილ მწარმოებლად.
● 1989 წელს კოლუმბიის პრეზიდენტობის კანდიდატ კარლოს გალანის მკვლელობის შემდგომი ინტენსიური ზომების გატარებამ და პანამაში 1989 წლის დეკემბერში აშშ-ის ინტერვენციამ ლათინური ამერიკის ნარკოინდუსტრიაში ცვლილებები შეიტანა. პანამა აღარ იყო ნარკოვაჭრობის უმსხვილესი ცენტრი, შემცირდა კოლუმბიაში კოკაინის წარმოება და გაიზარდა მისი წარმოება პერუში, გაფართოვდა ანტინარკოტიკული ოპერაციები არგენტინაში, ჩილეში და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში. შედარებით შესუსტდა მედელინის კარტელი და გაძლიერდა მისი კონკურენტი კალის კარტელი.
● 90-იან წლებში აშშ-ის ბაზრის კოკაინით შევსების შედეგად ნარკოსაქმოსნებმა ბაზრების და ,,პროდუქტის“ დივერსიფიკაცია დაიწყეს. ლათინოამერიკელმა ნარკომოვაჭრებმა შეითვისეს და გააფართოეს ევროპის, იაპონიის და შუა აღმოსავლეთის ბაზრები. კალის კარტელმა გაუშვა კურიერები პოლონეთში კოკაინის კონტრაბანდის გადასაზიდად, პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე. ჩეხეთის და პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა აღმოაჩინეს ორგანიზაციის იატაკქვეშა ქსელი, რომელიც მოიცავდა პოლონეთს, ჩეხეთს და ნიდერლანდებს, ამ ქსელის ცენტრი იყო აგრარული პროდუქციის იმპორტის ჩეხურ-კოლუმბიური კომპანია.
● განუწყვეტელი ექსპერიმენტები ახალი ფსიქოტრონული ნივთირებების - ე.წ. ,,თოვლის” შესაქმნელად. ეს ნარკოტიკი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ ადგილას ქიმიური ნივთიერებებით.
● ნარკოტიკებით ვაჭრობის ინტერნაციონალიზაცია. მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა არ არის ნარკოტიკის მწარმოებელი და არ ეჯახება ესოდენ მწვავედ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემას, მაგრამ ღრმად ჩართულნი აღმოჩნდებიან ხოლმე ნარკოვაჭრობის პროცესში საკუთარი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო. მაგალითად, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა შუა აზიის ნარკოვაჭრობაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა შეიძინეს; გალანა, ტრინიდადი და ტობაგო, კოლუმბიიდან აშშ-ში, ხოლო ნიგერია - სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ დასავლეთ აზიაში ჰეროინის გადაზიდვის ნარკოტიკების მოძრაობის მნიშვნელოვან პუნქტებად გადაიქცნენ.
ნარკობიზნესის საერთაშორისო ექსპანსია და ზრდა თავის ქსელებში ხლართავს სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანას. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა განმსაზღვრელი ფაქტორია თანამედროვე მსოფლიოში ნარკოსიტუაციის ევოლუციისა. უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს აქტიური წინააღმდეგობა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, რაც ხორციელდება მრავალრიცხოვანი პროგრამებით, მაგალითად, გაეროს ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის პროგრამა, ნარკოტიკებთან მებრძოლი მოქმედებების ევროპული გეგმა, (1995-1999), ნარკოტიკების კონტროლის სუბრეგიონული პროგრამა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, შუაამერკული ნარკოსტრატეგია, ანტინარკო ომი და სერტიფიკაციის პოლიტიკა და მრავალი სხვა.
არანაკლებ როლს თამაშობს ,,ცივი ომის“ პერიოდის დასრულების შემდეგ პოლიტიკური წინააღმდეგობების შერბილება და სახელმწიფოთა თანამშრომლობა, რაც ნარკობიზნესის წინააღმდეგ პრაქტიკულად უფრო განხორციელებადი ღონისძიებაა. მაგ., ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო თანამშრომლობის პროგრამები, სადაც ერთდროულად იქნებოდნენ ისრაელი, იორდანია და პალესტინის ავტონომია. (ასეთი პროგრამა 1999 წლის თებერვალში ამოქმედდა) ან ინდოეთის და პაკისტანის თანამშრომლობა 1990-იანი წლებიდან, ნარკოტიკთა უკანონო მიმოქცევის აღსაკვეთად გაეროს ნარკოტიკებთან მებრძოლი განყოფილების ეგიდით.
1998 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამართა ნარკოტიკების პრობლემებისადმი სპეციალურად მიძღვნილი სესია, რომელზეც შეირჩა მიზნები - ორჯერ შეამციროს ნარკოტიკების მოხმარება და არსებითად შეამციროს მათი უკანონო წარმოება 2008 წლისათვის. იმ დროს ეს მიზნები მიუღწევლად ითვლებოდა, მაგრამ უკანასკნელი ორი წლის გამოცდილება მოწმობს, რომ ნარკობიზნესზე ეფექტური კონტროლის გზების ძიება მაინც იძლევა გარკვეულ დადებით შედეგებს.
ვენაში არსებულმა გაეროს განყოფილებამ 2000 წელს გამოაქვეყნა მოხსენება მსოფლიოში ნარკოსიტუაციის შესახებ სადაც აღნიშნულია არსებითი პროგრესის მიღწევა ორი მთავარი ნარკოტიკული ნივთიერების კოკაინის და ჰეროინის შემცირების თვალსაზრისით.
მოხსენებაში ამტკიცებენ, რომ მრავალი ქვეყნის მხრიდან სერიოზული მიდგომის წყალობით, კოკას და ყაყაჩოს წარმოება გაცილებით შემცირებულია, ვიდრე ადრე. კერძოდ,
● პაკისტანში 2000 წელს ფაქტიურად შეწყდა ოპიუმის ყაყაჩოს წარმეობა, გარდა ამისა, თხუთმეტწლიანი პროგრამის განხორციელების შემდეგ განადგურებულია მთელი პროდუქცია.
● ბოლივიაში სამი წლის განმავლობაში 1997 წელს მოქმედებაში მოყვანილი ,,ძირითადი გეგმის” შესაბამისად, 78% შემცირდა კოკას უკანონო კულტივირება.
● 1980-იან წლებში პერუში გაზრდილი კოკას წარმოება, 1992 წლიდან მსოფლიო ბაზარზე 50 %-ით ეცემა.
● ლაოსის პრეზიდენტსა და გაეროს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ 18 თვის განმავლობაში, ოპიუმის კულტივირება ლაოსში, რომელიც მსოფლიოში მესამე ძირითად მწარმოებლად ითვლება, 30%-ით შემცირდა.
● 1990-იან წლებში ვიეტნამში ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირება 90 %-ით შემცირდა.
● ტაილანდში ოპიუმის ყაყაჩოს წარმოება შემცირდა ქვეყნის მეფის სასტიკი კონტროლის წყალობით, რომელსაც მხარს უჭერენ სოციალური ინსტიტუტები და საერთაშორისო თანამეგობრობა, ნაწილობრივ გაეროს ნარკოტიკებთან მეძრძოლი განყოფილების პროგრამით.
● უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ნარკოტიკების მოხმარება განვითარებულ ქვეყნებში სტაბილური გახდა ან შემცირდა; წინა ათწლეულებთან შედარებით ჩრდილოეთ ამერიკაში შემცირდა კოკაინის მოხმარება, დასავლეთ ევროპაში სტაბილური გახდა ჰეროინის მოხმარება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
![]() |
5 ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობები მსოფლიო პოლიტიკის ,,გზაჯვარედინზე“ |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო ურთიერთობები
ვახტანგ მახარობლიშვილი
დიპლომატიის მაგისტრი
1989 წელს, ევროპაში ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები დაიწყო. ამას, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა და ცივი ომის დასრულება მოჰყვა. აღნიშნულმა მოვლენებმა უზარმაზარი გავლენა იქონია საერთაშორისო სისტემის სტრუქტურაზე და საერთაშორისო არენაზე ძალაუფლების გადანაწილებაზე. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სამოცდაათწლიანი იდეოლოგიური ბრძოლის დასასრულმა ზოგიერთ მეცნიერს, მაგალითად როგორიც არის ფ. ფუკუიამა, აღნიშნული პერიოდის ,,ისტორიის დასასრულად“ (,,End of History”) მონათვლაც კი შთააგონა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ,,დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოები ერთმანეთს თავს არ ესხმიან“.
საერთაშორისო ასპარეზზე ასეთმა ფუნდამენტურმა ცვლილებებმა ლიბერალური და რეალისტური თეორიების გადახედვა და გადასინჯვა გამოიწვია. საბჭოთა ბლოკის დაშლამდე ეს ორი თეორია მონაცვლეობით დომინირებდა საერთაშორისო პოლიტიკაში. ლიბერალური აზროვნება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დომინირებდა. ლიბერალიზმის მიმდევარი ვ. უილსონი, საერთაშორისო მშვიდობის გარანტად ,,კოლექტიურ უსაფრთხოებას“ მიიჩნევდა და პოლიტიკას განსაზღვრავდა, როგორც ბრძოლას კონსენსუსის მისაღწევად და არა როგორც ბრძოლას ძალაუფლებისა და პრესტიჟისათვის. მეორე მსოფლიო ომის გარდაუვალობამ ლიბერალიზმის მიმართ სერიოზული კრიტიკა გამოიწვია და რეალისტური თეორიის აღზევებას დაუდო საფუძველი. რეალისტური აზროვნების მიმდევრის ტ. ჰობსის აზრით, საერთაშორისო პოლიტიკა იყო ბრძოლა ძალაუფლებისთვის - ,,ყველას ომი, ყველას წინააღმდეგ“.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკას ორი ზესახელმწიფო ამერიკა და საბჭოთა კავშირი აკონტროლებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკის მართვის სადავეები მხოლოდ ამერიკის ხელში აღმოჩნდა. ბევრი მეცნიერის აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების ასეთი განვითარება უნიკალურ შანსს აძლევდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას თავისი ღირსება და პატივი აემაღლებინა, თუმცა მისმა უუნარობამ საერთაშორისო კონფლიქტების მართვაში (ბალკანეთის კრიზისი) და შეერთებული შტატების ცალხმრივმა პოლიტიკამ, გაეროს ასეთი შანსი არ მისცა. 1991 წელს, როცა შეერთებულმა შტატებმა ტრიუმფით გაიმარჯვა სპარსეთის ყურის ომში, მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ აშშ იყო ერთადერთი ქვეყანა სამხედრო, დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომელსაც შეეძლო შეესრულებინა გადამწყვეტი როლი ნებისმიერ კონფლიქტში დედამიწის ნებისმიერ რეგიონში. აშშ-ის ეკონომიკა ორჯერ აღემატება სიდიდით მეორე ადგილზე მყოფ იაპონიის ეკონომიკას, ხოლო შეერთებული შტატების სამხედრო დანახარჯები სხვა დანარჩენი დიდი სახელმწიფოების ანალოგიურ დანახარჯებს ერთად აღებულს აჭარბებს. მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიისა, ბევრი მეცნიერის აზრით, მისი ჰეგემონია უფრო ნაკლებ დროს გასტანს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ და ამის მიზეზი იქნება არა ჩინეთი, როგორც ზოგ მეცნიერს ჰგონია, არამედ ევროკავშირი, რომელიც ამ კონტინენტის სახელმწიფოების რესურსებისა და ისტორიული ამბიციების უპრეცედენტო აკუმულირების ადგილს წარმოადგენს.
ევროკავშირის შექმნის ისტორია მეორე მსოფლიო ომის დასასრულს უკავშირდება, როცა ევროპული სახელმწიფოების ინტეგრაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებისათვის. ყოველივე ეს კარგად ესმოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომელმაც 30 წლის მანძილზე ორჯერ მიიღო მონაწილეობა ევროპის კონტინენტზე გამართულ ომებში და რომელსაც ,,იზოლაციონისტური პოლიტიკის“ გატარებამ კარგი არაფერი მოუტანა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე 1950-იანი წლების დასაწყისში აშშ-მა წამოიწყო, მისი ალბათ ყველაზე პოპულარული, საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც ,,მარშალის გეგმით“ არის ცნობილი და რომელიც ევროპისთვის დიდძალ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა. ძლიერი ევროპა ამერიკისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ინტეგრირებული ევროპა წინ უნდა აღსდგომოდა იმ საფრთხესაც, რომელიც ცივი ომის დაწყებითა და საბჭოთა იმპერიის შექმნით იყო მოსალოდნელი.
ბერლინის კედლის დანგრევისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საფრთხე და აგრესია, რომელიც აღმოსავლეთიდან მოდიოდა, შემცირდა და შემდგომ საერთოდ გაქრა, რამაც ევროკავშირის ვაშინგტონზე დამოკიდებულება უსაფრთხოების სფეროში საგრძნობლად შეამცირა. თუმცა, თავისივე კონტინენტზე კონფლიქტების მოგვარების უუნარობამ, ევროკავშირი მალევე დაარწმუნა, რომ მხოლოდ ეკონომიკური სიძლიერე მას საერთაშორისო ასპარეზზე ზესახელმწოფოდ ვერ ჩამოაყალიბებდა.
1991 წელს ქ. მაასტრიხტში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის ერთიან საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს. მაასტრიხტის შეთანხმების რატიფიცირებით, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაცია განახორციელეს - ევროკავშირის ისტორიაში პირველად განისაზღვრა ევროპის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (Common Foreign and Security Policy). ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განვითარების შემდგომ მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღება იყო, რომელიც 1999 წლის ამსტერდამის შეთანხმებაში აისახა. ეს ყველაფერი ნატო-ს როლს რეგიონში ბუნდოვანს ხდიდა და, რაღა თქმა უნდა, აშშ-ის ინტერესების საპირისპირო იყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ევროკავშირის მიერ საგარეო პოლიტიკის მიმართ მეტი ყურადღების დათმობისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სუვერენული უფლებების დათმობა ძალზედ უმძიმდათ, რაც ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკის ეფექტურობასა და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას უშლიდა ხელს. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უუნარობა ნათლად აისახა ბალკანეთის კრიზისის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა და ნატომ ერთობლივად იზეიმეს გამარჯვება, ევროპელები მეტად დამცირებულნი იყვნენ თავიანთი უსუსურობით და ამერიკის სამხედრო ძალაზე დამოკიდებულებით. ევროკავშირის დამოკიდებულებამ ამერიკის სამხედრო ძალაზე შესაძლებლობა მისცა აშშ-ს ზეგავლენა ჰქონოდა არა მარტო ომის წარმართვაზე, არამედ დიდი როლი ეთამაშა საერთაშორისო დიპლომატიაში ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგაც. ომის დროინდელი სამხედრო ოპერაციების დიდი ნაწილი განხორციელებული იყო ამერიკის მიერ, დაბომბილი სამიზნეების 99% ნაკარნახევი იყო აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მიერ.1 ასე რომ, მიუხედავად ევროპის ეკონომიკური სიძლიერისა, ევროპის სამხედრო სისუსტემ განაპირობა მისი დიპლომატიური სისუსტეც და აშშ-თან შედარებით, მკვეთრად შეამცირა ევროკავშირის პოლიტიკური გავლენა თვით ევროპის კონტინენტზეც კი.
ყოველივე ზემოხსენებულმა განაპირობა ის, რომ კოსოვოში საბრძოლო მოქმედებების დამთავრებისთანავე, ევროკავშირმა საკუთარი სამხედრო ფორმირების შექმნის სურვილი გამოაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად შეძლებდა მოქმედებას.
1999 წელს, ევროკავშირის საბჭოს კიოლნის სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი სამხედრო შენაერთი, რომელსაც ექნება უნარი სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში (სამხედრო მოქმედებების ჩათვლით) ევროკავშირის სახელით იმოქმედოს. ,,ეს უზარმაზარი ნაბიჯია ევროკავშირის ისტორიაში“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გუნტერ ვერჰეგენმა.2 1999 წლის ევროკავშირის საბჭოს ჰელსინკის სამიტზე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, რომ ერთმანეთთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის გზით, შეძლონ კრიზისულ სიტუაციებში არაუმეტეს 60 დღის განმავლობაში თავი მოუყარონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 50 ათასიდან 60 ათასამდე სამხედრო პირს (ე.წ. Rapid Reaction Force).3 ამასთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა შესწევდეთ უნარი, ხსენებული სამხედრო ძალა ერთი წლის განმავლობაში საბრძოლო მზადყოფნაში შეინარჩუნონ.
ამერიკა-ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაცივება, მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებით როდია გამოწვეული. მათ შორის უთანხმოება ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, როგორიც არის მაგალითად, გლობალური კლიმატი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, და კერძოდ ექსპრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციამ აქტიური მოლაპარაკებები აწარმოა 1997 წლის კიოტოს პროტოკოლის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც გლობალური კლიმატის ცვლილებას ეხებოდა, მაგრამ შემდგომ შეგნებულად არ გაიტანა საკითხი ამერიკის სენატის წინაშე, მისი სენატში აშკარა არაპოპულარობის გამო.
უთანხმოება ამერიკასა და ევროკავშირს შორის წარმოიშვა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებითაც, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აღნიშნულ ინიციატივაში თავისი მონაწილეობის და ბოსნიიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანის ულტიმატუმად, თავისი სამხედროების ბოსნიაში შესაძლო დანაშაულებებისთვის გასამართლებისაგან იმუნიტეტი მოითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და ევროკავშირს ერთმანეთთან მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ, ნიშანდობლივია მათ შორის არსებული მრავალი ეკონომიკური დაპირისპირებაც. დღეისათვის ,,აერობუსმა“ უკვე ჩამოართვა ,,ბოინგს“ მსოფლიოს წამყვანი ავიაინდუსტრიული კონცერნის სტატუსი. მობილური ტელეფონების წარმოებაში ლიდერობა ასევე ევროპულმა ,,ნოკიამ“ ჩაიგდო ხელთ.
მართალია ამ ორმა ეკონომიკურმა გიგანტმა მრავალ შეთანხმებას მიაღწია ვაჭრობის სფეროში, როგორებიც არის მაგალითად, შეთანხმებები ტელეკომუნიკაციებისა და ფინანსური მომსახურების სფეროში, ასევე სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის სფეროებში, მაგრამ ეს ყველაფერი დაჩრდილა ახალმა დაპირისპირებებმა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ელექტრონული მონაცემების ტრანსმისია, პრივატულობასთან დაკავშირებული აკრძალვები, წესები გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებით და სხვა.
2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარმა ტერაქტმა შეაძრწუნა მთელი მსოფლიო. ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერაქტმა გააერთიანა საერთაშორისო საზოგადოება. მილიონობით ევროპელი გამოვიდა ქუჩაში და სოლიდარობა გამოუცხადა ამერიკელ ხალხს. მიუხედავად მრავალი უთანხმოებისა, ტერაქტმა ატლანტიკის ორივე მხარეს ნათლად დაანახა ის ფასეულობები და ინტერესები, რომლებიც მათ დღემდე აკავშირებთ. ფრანგულმა გაზეთმა ,,Le Monde“-მა, რომელიც ამერიკის მიმართ სიმპათიებით ნაკლებად გამოირჩევა, გამოაქვეყნა სტატია, სათაურით - ,,ჩვენ ყველა ამერიკელები ვართ“.4 სწორედ საფრანგეთი იყო ის ქვეყანა (აღსანიშნავია, რომ იგი აშშ-ის პოლიტიკის ტრადიციული ოპოზიციონერია), რომელმაც მეორე დღესვე (12 სექტემბერს) მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, რათა მას შეემუშავებინა რეზოლუცია, რომელიც დაგმობდა ტერორისტულ აქტს და გამოაცხადებდა მას, როგორც ,,საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროებისთვის“, რაც გაეროს ქარტიის მეშვიდე თავით არის გათვალისწინებული და სამხედრო ძალის გამოყენებას გულისხმობს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ევროპელების ამერიკელებისადმი ასეთი თანადგომა გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული თანაგრძნობით და არ ჰქონდა კავშირი თვით ევროპის ინტერესთან. ექსპერტების თქმით, სწორედ ერთობლივი რისკისა და პასუხისმგებლობის არქონამ ევროპელების მხრიდან განაპირობა ის, რომ არ შედგა ამერიკა-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც შემდგომ ამერიკისა და ევროკავშირის შეხედულებების დაპირისპირებაში აისახა. თუმცა საგულისხმოა, რომ ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობების გაუარესების უფრო მნიშვნელოვან მიზეზად, ბევრი მეცნიერის აზრით, ითვლება ის ფაქტი, რომ 11 სექტემბრის ტერაქტით წარმოჩენილმა ტერორიზმის საფრთხემ ევროპელებს იმედი ჩაუსახა, რომ შეერთებული შტატები დაინახავდა ცალმხრივი პოლიტიკის ნაკლოვანებებს და აღმოაჩენდა მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის სიკეთეებს. ამერიკას უნდა გაეცნობიერებინა, რომ მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევას შეეძლო გლობალური წინააღმდეგობების დაძლევა. ამგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ პრეზიდენტმა ბუშმა ირანი, ერაყი და ჩრდილოეთ კორეა ,,ბოროტების ღერძის“ (Axis of Evil) ქვეყნებად გამოაცხადა. ამერიკის ასეთმა რადიკალურმა საგარეო პოლიტიკამ ევროპელების გულისწყრომა დაიმსახურა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების დირექტორატის კომისარმა კრის პატენმა აშშ-ის პოლიტიკას ნაკლებად გააზრებული უწოდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვედრინეს სიტყვებით, ამერიკის პოლიტიკა ევროპისათვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან ,,ის არ ასახავს ევროპის მსოფლიო ხედვას, ის არ ასახავს ევროპის ხედვას საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალიზაციის მიმართ“.
ევროპელების კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია ბუშის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ მოკავშირეების და გაერო-ს თანხმობის გარეშე დაეწყო სამხედრო მოქმედებები სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ. თუმცა, მოგვიანებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გაიყო, რამაც ევროკავშირის ერთობლივი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუშალა ხელი. ევროკავშირის ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, იტალია და ესპანეთი, აქტიური მხარდაჭერა გამოხატეს ერაყში სამხედრო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით.
* * *
მსოფლიოს ორი გიგანტური ძალის ურთიერთობების გაცნობამ, ნათლად გვაჩვენა, რომ მათ შორის ურთიერთობა ძალზედ კომპლექსურია და მუდმივი ჰარმონიის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა მათ შორის არსებული მრავალი უთანხმოების მიუხედავად, ნათელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლებენ არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების დიდი მნიშვნელობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მათ ჭირდებათ ერთობლივი ინტერესების დაცვა იმ მსოფლიოში, სადაც დემოკრატიული ფასეულობები და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება ჯერ კიდევ შორსაა რეალობიდან.
__________________
1. Charles W, Kegelg, Jr. Eugneer, Wittkopf, World Politics, 2001
2. Desmond Dinan, Ever Closer Union; Second Edition, Palgrave, 1994.
3. Robert Kagan, Paradize and Power, Atlantic Books, 2003.
4. რიჩარდ კუპჩანი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირს შორის განვითარების ანალიზი, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისი, 2003.
![]() |
6 წყლისა და ტერორიზმის პრობლემა სირიას, ერაყსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში |
▲ზევით დაბრუნება |
ახლო აღმოსავლეთი
შალვა დათიაშვილი
აღმოსავლეთმცოდნე
,,… ზეციდან გარდმოვავლინე წყალი და დაგაწყურეთ მისით, თქვენ კი არ ინახავთ მას.“ ყურანი 15.21
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებმაც მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოსცადეს ომების, ნგრევისა და სისხლიანი რევოლუციების ქარტეხილები, მე-20 საუკუნის 60-70-იანი წლებიდან მოყოლებული ერთი შეხედვით ისეთი უჩვეულო დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, როგორიცაა საერთო წყლის რესურსების გადანაწილებისა და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტერორიზმის პრობლემა.
ახლო აღმოსავლეთის სამი ქვეყნის, თურქეთის, სირიისა და ერაყის, ურთიერთობებზე დიდ ზეგავლენას ახდენს ევფრატის წყლების რესურსების გადანაწილების, ქურთი და სომეხი ტერორისტებისა და ერაყში მცხოვრები თურქულენოვანი მოსახლეობის პრობლემა.
არც ისე შორეულ წარსულში, დაძაბულ ურთიერთობებს ერაყსა და სირიას შორის ხელს უწყობდა მმართველი წრეების ნეგატიური ურთიერთდამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანას მართავდა ბაასის სოციალისტური პარტია.
სირია-თურქეთის ურთიერთობებში დღემდე აქილევსის ქუსლად რჩება ჰატაის ოლქი და მდინარე ევფრატის წყლების წილების დადგენა, სწორედ უკანასკნელი პრობლემის მოგვარება კი უდიდეს როლს თამაშობს სამი ქვეყნის ურთიერთობების დაძაბვაში. ევფრატის წყლების თაობაზე პირველი შეთანხმება ,,ლაუსანის ხელშეკრულება“ - თურქეთსა და ერაყს შორის 1923 წელს დაიდო. ხელშეკრულების მიხედვით თურქეთს კონსულტაციით უნდა მიემართა ერაყისათვის, მდინარეზე რაიმე ჰიდრავლიკური სამუშაოების დაწყებამდე. უკვე 1946 წელს ერაყსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლობის ხელშეკრულება დაიდო. ამ შემთხვევაშიც თურქეთმა ივალდებულა ერაყისათვის წინასწარ ეცნობებინა მდინარესთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების თაობაზე.1 ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა 1983 წელს, მას შემდეგ რაც თურქეთმა გაააქტიურა სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის პროექტის განხორციელება. არაბულმა ქვეყნებმა ეს პროექტი მათ უფლებებზე თურქეთის აგრესიად ჩათვალეს. (იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თურქეთი არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, იგი 1950 წლიდან ცდილობდა მაქსიმალურად აეთვისებინა თავისი ჰიდროპოტენციალი. მიუხედავად ამისა თურქეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის 1/4 კვლავ იმპორტირებული საწვავის ხარჯზე მოდიოდა. ამასთან იგი ყიდულობდა ელექტროენერგიას საბჭოთა კავშრიდან და ბულგარეთიდან.2 სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის პროექტის განხორციელება 1965 წელს დაიწყო. ეს პროექტი მოიცავს ათათურქის, 22 კაშხლისა და 19 ელექტროსადგურის აგებას. მის მიზანს წარმოადგენს თურქეთის სამხრეთ ანატოლიის რეგიონის განვითარება. პროექტის მიზანია ანატოლიის რეგიონი გადააქციოს ,,თურქეთის ბეღელად“. პროექტის საერთო ღირებულება 32 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. იგი მრავალმიზნობრივი პროექტია. მისი საშუალებით გამომუშავდება დაახლოებით 26 მლრდ. კილოვატსაათი ელექტროენერგია წელიწადში, დამუშავდება 1-1,6 მლნ. ჰექტარი მიწა.
80-იანი წლებიდან სირიამ, როგორც მდ. ევფრატის აუზის ქვეყანამ თავისი ტერიტორიული უპირატესობის ,,კარტების გათამაშება“ დაიწყო, რაც თურქეთის სამხრეთ რაიონებში სომეხი და ქურთი ტერორისტების მხარდაჭერაში გამოიხატებოდა.
რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარება, გარკვეულწილად ირან-ერაყის ომმა განმუხტა, რომლის დროსაც ბაღდადი უკვე დიდ უკმაყოფილებას აღარ გამოხატავდა თურქეთის მიერ დიდი რაოდენობით ევფრატის წყლის მითვისების გამო.
1982 წ. მას შემდეგ, რაც ირანი ერაყთან ომში ჩაება, ბაღდადი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არ გაეღიზიანებინა ანკარა, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა. ამასთან თურქეთის ტერიტორიაზე გადიოდა ნავთობსადენ კირკუკ-იუმურთალიკის ხაზი. მე-20 საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს, ირან-ერაყის ომის დასრულების შემგომ პერიოდში ბაღდადი კვლავ დიდი კრიტიკით გამოვიდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის პროექტისადმი და თურქეთს მოუწოდა დაუყონებლივ შეემუშავებინა სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც მოაწესრიგებდა ევფრატის წყლების გადანაწილებას.
ირან-ერაყის ომის წინა პერიოდში თურქეთის ურთიერთობა სირიასთან შორს იყო ,,მეგობრული ურთიერთობებისაგან“. სირიას ჯერ კიდევ ვერ დაევიწყებინა, რომ 1938 წ. საფრანგეთმა დამოუკიდებლობა მიანიჭა ჰატაის ოლქს, 1939 წ. კი ის თურქეთს შეუერთა. სირია დღემდე არ მალავს თავის პოზიციას ჰატაის ოლქზე თურქეთის იურისდიქციის გავრცელების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით.3
ყოველივე ამის მიუხედავად, ორივე ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობას ,,მშვიდობიანი“ შეიძლება ეწოდოს 70-იანი წლების მეორე ნახევრამდე. 1970 წ. თურქეთმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი არაბული ქვეყნების პოლიტიკურ კურსს და 1980 წ. ოქტომბერს აღიარა პალესტინის სახელმწიფო.
70-იანი წლების შემდეგ თურქეთი უკვე აშკარად უსვამდა ხაზს იმას, რომ სირია იარაღით ეხმარებოდა თურქეთის მემარცხენე ფრთის ოპოზიციასა და მის ტერიტორიაზე მოქმედ ქურთ ტერორისტებს.
რაც შეეხება თურქეთ-ერაყის ურთიერთობებს, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებამდე ის უფრო მშვიდი იყო. 1925 წ. თურქები დაეთანხმნენ ერთა ლიგის გადაწყვეტილებას და ერაყს გადასცეს ქ. მოსული. ამის შემდეგ ტერიტორიულ პრეტენზიებს თურქეთის მხრიდან ადგილი აღარ ჰქონია. 1955 წ. დაიდო ბაღდადის პაქტი და ქვეყნებმა იწყეს უფრო კარდინალური ურთიერთობების გატარება. 1958 წ. ერაყის რევოლუციამ თავისი უარყოფითი კვალი დაამჩნია ორი ქვეყნის ურთიერთობებს. თურქეთ-ერაყის ურთიერთობების ნორმალიზაციის საქმეში დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ მათ ტერიტორიებზე ცხოვრობს ადგილობრივი ქურთების დიდი რაოდენობა. ამის გამო ქვეყნები ყოველთვის ცდლობდნენ თავი შეეკავებინათ თითოეული ქვეყნის ოპოზიციურ ჯგუფების დახმარებაზე.
დაძაბულობით ხასიათდებოდა ერაყის მთავრობის ურთიერთობა ეთნიკურ თურქებთან, რომლებიც ძირითადად სახლობენ ქ. მოსულში, კერკუკში და მათ შემოგარენში. დროგამოშვებით ანკარა ერაყს ადანაშაულებდა თურქების ძალდატანებით ასიმილაციაში, მათ არაბულენოვან რაიონებში გადასახლებაში და მათი კანონიერი უფლებების დარღვევაში. თურქეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა თურქების დასჯის ფაქტმა: 1980 წლის 9 ივლისს ანკარაში ცნობილი გახდა, რომ ერაყში სიკვდილით დასაჯეს 9 ერაყელი თურქი იმ 17-თაგან ვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს.4 უშედეგო აღმოჩნდა ანკარის მცდელობა შეეჩერაბინა მათი სიკვდილით დასჯა. ამ ფაქტის გამო 31 ივლისს ერაყიდან გამოწვეულ იქნა თურქეთის ელჩი და თურქეთის ოფიციალური პირები არ გამოცხადდნენ ანკარაში, ერაყის საელჩოში გამართულ წვეულებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ერაყის ეროვნულ დღესასწაულის. 1980წ. 1 აგვისტოს სულეიმან დემირელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: ,,ჩვენ გვყავს თანამოქალაქეები ერაყში, რა თქმა უნდა, ისინი ერაყის მოქალაქეები არიან. 17 კაცი სიკვდილით იქნა დასჯილი მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ეთნიკური თურქები იყვნენ“. ბაღდადმა დემირელის ეს განცხადება უკომენტაროდ დატოვა.
ამ დროისათვის ევფრატის წყლების განაწილების მოუგვარებლობა დიდ პრობლემად რჩება მდინარის აუზის ქვეყნებს შორის.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 1990 წლამდე ერაყ-თურქეთის ურთიერთობა უფრო ,,მეგობრული“ იყო, ვიდრე სირია-თურქეთისა. მას შემდეგ, რაც თურქეთმა დაიწყო ერთ-ერთი კაშხლის აგება მდ. ევფრატზე, არაბულმა ქვეყნებმა წამოაყენეს თავიანთი პრეტენზიებიც.
1970 წლიდან თურქეთმა დაიწყო დამატებითი ჰიდრორესურსების გამოყენება, რომლის მოცულობაც ფასდებოდა 100 მილიარდი კილოვატსაათით წელიწადში, ამ რესურსებში კი ევფრატს გამორჩეული ადგილი ეკავა. თურქი სპეციალისტების გამოთვლებით ამ მოცულობიდან 45% ევფრატზე მოდიოდა. პირველი, კებანის კაშხლის აგება ევფრატზე დაიწყო 1964 წ. და დამთავრდა 1974 წ. კებანის შემდეგ მდინარის ქვემო დინებაზე აიგო უდიდესი კაშხალი კარარაია, რომლის მშენებლობა განხორციელდა 1976-1987 წ.წ.-ში. კებანის კაშხლის მშენებლობისას ანკარა არწმუნებდა მსოფლიო ბანკს, რომ სირია მიიღებდა მინიმუმ 450 მლნ. კბ. მ.-წყალს წამში. მას შემდეგ რაც, მსოფლიო ბანკმა გადაწყვიტა დაეფინანსებინა კარარაის კაშხლის მშენებლობა, თურქეთმა მსოფლიო ბანკს გარანტია მისცა, რომ სირიის წილი გაიზრდებოდა წამში 500 მლნ. კბ.მ.-მდე.
რეგიონში არსებული საერთო წყლის რესურსების გადანაწილების პრობლება კრიტიკულ სახეს იძენდა არამარტო არაბულ-თურქულ ურთიერთობებში არამედ არაბულ ქვეყნებს შორისაც.
1975 წელს 7 აპრილს ბაღდადმა ნოტა გაუგზავნა ასლ.-ის (არაბული სახელმწიფოების ლიგა) საგარეო საქმეთა მინისტრებს, სადაც განაცხადა, რომ სირიამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე საგრძნობლად დასცა ევფრატის წყლების დონე. ამ პერიოდში ერაყის ტერიტორიაზე გამავალი წყლების მოცულობა 9,4 მლნ. კბ.მ.-მდე შემცირდა. 1973 წ. ეს ციფრი 15,3 მლნ. კბ. მ. იყო. ბაღდადის განცხადების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში მხარეები მომხდარი ფაქტის გამო ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ერაყმა გამოთქვა მზადყოფნა დაეცვა თავისი ინტერესები ,,ნებისმიერი გზით“.
სირიამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ერაყი იღებს თურქეთის ტერიტორიიდან გამოსული წყლების 72%-ს. ასეთი დაძაბული ვითარების ფონზე სირიამ აშკარად დაიწყო ერაყელი ქურთების მხარდაჭერა. აპრილის ბოლოს ასლ-მ შექმნა ტექნიკური კომიტეტი, რომლის მუშაობაში მონაწილეობაზე სირიამ უარი განაცხადა. მოვლენების ასეთი განვითარების შედეგად ორ ქვეყანას შორის შუამდგომლობა თავის თავზე აიღო საუდის არაბეთმა, მაგრამ უშედეგოდ. 13 მაისს სირიამ თავისი საჰაერო სივრცე დაუხურა ერაყის ავიაციას და შეწყვიტა ავიარეისები ბაღდადში.
მაისის ბოლოს სირიამ მეორედ გაგზავნა თავისი ჯარები ერაყის საზღვრის გასწვრივ. პირველად ქვეყნებმა თავიანთი ჯარების კონცენტრაცია 1975 წლის მარტში გაზარდეს. სირიელები შიშობდნენ, რომ ერაყი ემზადებოდა ტაბკას კაშხლის დაბომბვისათვის. 3 ივნისს საუდის არაბეთის დაჟინებული თხოვნით მოხდა კომპრომისის მიღწევა, რომლის მიხედვით თურქეთის ტერიტორიიდან გამოსული ევფრატის წყლების 60% ერაყს გადაეცა. ამ კონფლიქტის მოგვარებაში დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირმაც. ივლისის თვეში სიტუაცია კვლავ დაიძაბა, მას შემდეგ რაც დამასკომ ქვეყნიდან გააძევა ბაღდადის სამხედრო ატაშე და გამოიწვია თავისი ელჩი ბაღდადიდან.5
1976 წელს იმ დროს, როდესაც სირია დაკავებული იყო ალ-თავრას კაშხლის რეზერვუარის ავსებით, თურქეთმა სირიისათვის თავისი ,,კეთილი ნების“ გამოხატვის ნიშნად მისთვის გამოყოფილი წილი წამში 450-დან 500 მლნ.კბ.მ.-მდე გაზარდა.6
1977 წ. 20 ნოემბერს ერაყმა გადაწყვიტა თურქეთისათვის შეეჩერებინა ნავთობის მიწოდება და მას 330 მლნ. დოლარის ვალის გადახდა მოსთხოვა. ერაყის ამგვარმა გადაწყვეტილებამ დიდი დარტყმა მიაყენა თურქეთის ეროვნული ფრონტისაგან შემდგარი მთავრობის პოზიციებს, რომელსაც იმჟამად სათავეში სულეიმან დემირელი ედგა. სიტუაციას ართულებდა თურქეთში მძვინვარე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, ერაყი კი მისი ნავთობის მოთხოვნილებების 2/3-ს აკმაყოფილებდა.
1978 წ. ერაყი დაჟინებით მოითხოვდა, რომ თურქეთს აეღო ვალდებულება იმის თაობაზე, რომ ევფრატს ექნებოდა რეგულარული სვლა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუჯდებოდა თურქებთან მოლაპარაკების მაგიდას, სადაც განიხილავდნენ თურქეთის ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხებს. 1978 წ. აგვისტოს ერაყის დაგეგმარების მინისტრი ადნან ჰუსეინ ალ-იჰამ დანი ჩავიდა ანკარაში და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც თურქეთს განუახლდა ნავთობის მიწოდება. ამასთან თურქეთს ვალი უნდა გადაეხადა ერაყში პურის მარცვლის ექსპორტით. მიუხედავად იმისა, რომ წყლის პრობლემა პირდაპირ არ იყო მინიშნებული ხელშეკრულებაში, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა დენიზ ბოკალმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში შეიქმნებოდა შერეული კომისია, რომელიც გამოიკვლევდა ერაყის წყლის წილების მოთხოვნილებებს.7
მიუხედავად შეთანხმებისა 1980 წ. სექტემბერში ერაყმა თურქეთისაგან კვლავ მოითხოვა უფრო ,,მეტი წყლის“ მიცემა. ეს ნიშნავდა იმას, რომ თურქეთი პირობას არ ასრულებდა. 1980 წ. დეკემბერში ერაყის განცხადებით მის 9-წლიანი ირიგაციისა და ჩრდ. ერაყის განვითარების გეგმებს სჭირდებოდა გაცილებით დიდი რაოდენობის წყალი ვიდრე ის იღებდა თურქეთისაგან. ერაყის ეს განცხადება დაემთხვა იმას, რომ თურქეთი იწყებდა კარარაის კაშხლის ავსებას. ანკარამ პირობა დადო, რომ დააკმაყოფილებდა ბაღდადის მოთხოვნას და დროის მოსაგებად თურქეთმა ჩამოაყალიბა ტექნიკური კომისია, რომელიც ბაღდადის მოთხოვნებს შეისწავლიდა.8
ამ პერიოდში დამასკო ნაკლებად იყო დაინტერესებული ევფრატის პრობლემით, მაგრამ ამჯერად მიემხრო ბაღდადს და ორივემ დიდი ზეწოლა მოახდინეს მსოფლიო ბანკზე, რომელიც აპირებდა ს.ა.ა.პ.-ის ერთ-ერთი პროექტის დაფინანსებას. მან ლეგიტიმურად მიიჩნია არაბული ქვეყნების პრეტენზიები და თურქეთს მოსთხოვა ,,მდინარისპირა ხელშეკრულების“ დადება, ვიდრე დაიწყებდა პროექტის განხორციელებას.
ევფრატის პრობლემის ფონზე სირია აქტიურად აძლევდა თავშესაფარს სომეხ და ქურთ სეპარატისტებს და ზოგჯერ მემარცხენე თურქ ექსტრემისტებსაც, რომლებმაც სირიის ტერიტორიას თავი შეაფარეს თურქეთში მომხდარი 1980 წლის გადატრიალების შემდეგ.
1981 წელს სირიისა და თურქეთის იუსტიციის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს ანკარაში, რომელიც ითვალისწინებდა ერთმანეთისადმი დამნაშავეთა გადაცემას. შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტიკურ ლტოლვილებსაც. მის საფუძველზე ანკარამ სირიას მოსთხოვა მემარცხენე ფრთის სომეხი და ქურთი ტერორისტების გადმოცემა, მაგრამ სირიის მხარის განცხადებებით მის ტერიტორიაზე ასეთი ელემენტები არ არსებობდნენ. სირიის განცხადების მიუხედავად ცნობილი იყო, რომ სირია მრავალ მათგანთან იყო საიდუმლო კავშირში.
1982 წლის ივლისში მას შემდეგ რაც ირანმა უკან დაიბრუნა ერაყის მიერ ოკუპირებული მიწები, სირიამ როგორც ირანის მოკავშირემ გადაკეტა ერაყის ნავთობსადენი და ერაყთან საზღვარი ჩაკეტა. სირიის ასეთმა პოზიციამ მნიშვნელოვნად დააახლოვა ერაყი თურქეთთან. 1984 წლის ბოლოს კირკუკ-იურმუტალკის ნავთობსადენის სიმძლავრე 70 000 ბარელიდან 1 000 000 - ბარელამდე გაიზარდა დღეში. ერაყის მე-2 ნავთობსადენი გადადიოდა იორდანიაზე, მაგრამ მისი მოცულობა მცირე იყო.
ერაყს გაცნობიერებული ჰქონდა თურქეთის მნიშვნელობა, ამიტომ ევფრატის პრობლემას სრულ იგნორირებას უკეთებდა. ომის დამთავრების შემდეგ ერაყი თურქეთთან თანამშრომლობის გზას დაადგა, რაც გამოიხატებოდა ქურთული სეპარტიზმის ალაგმვაში. ბაღდადმა თურქეთს მისცა უფლება ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველად შესულიყვნენ მის ტერიტორიაზე. 1983 წ. 27 მაისს 2 თურქული ბრიგადა (7 000კაცი) შევიდა ერაყის ტერიტორიაზე სამი კილომეტრის სიღრმეში. ამ რეიდის მთავარი მიზანი იყო ქ.მ.პ-ს (ქურთ მუშათა პარტია) ტერორისტების განადგურება.
1984 წ. ოქტომბერში თურქეთ-ერაყის ურთიერთობებმა პიკს მიაღწია, რაც ე.წ. ,,უშიშროების პროტოკოლის“ ხელმოწერაში გამოიხატებოდა. ამ დოკუმენტით ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველად, უფლება ეძლეოდათ შესულიყვნენ ერთმანეთის ტერიტორიებზე 5 კმ-ის მანძილზე.
1986 წ. 15 აგვისტოს ანკარამ გამოიყენა მიკუთვნებული უფლება და დაბომბა ქ.მ.პ-ის ბანაკები კისბანში, ჰაიატში და ჰაფტანინში ჩრდ. ერაყში. ამ რეიდის შედეგად განადგურდა ქ.მ.პ-ის მრავალი მებრძოლი და მათთან ერთად რამოდენიმე წევრი ქურთთა დემოკრატიული პარტიიდან. თურქების რეიდები გრძელდებოდა 1987 წელს.
1983 წ. მკვეთრად დაიძაბა სიტუაცია სირიასა და თურქეთს შორის, რომლის მიზეზი იყო ასადის ტბის წყლების დონის მკვეთრი დაცემა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ელექტროენერგიის წარმოების დაქვეითება. სირიამ კვლავ მოახდინა თურქეთის დადანაშაულება ევფრატის წყლების უკანონო მითვისებაში.
იმ დროს, როდესაც ერაყი მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთის მხარესთან, ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაში, სირია კვლავ აქტიურად ეხმარებოდა მემარცხენე ქურთ ექსტრემისტებს, მაგრამ ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა.
მას შემდეგ რაც, სომეხთა განთავისუფლების საიდუმლო სომხური არმიის (ს.გ.ს.ს.ა.) ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ანკარის აეროპორტში ჩამოსულ ტურისტებს, თურქეთისათვის ნათელი გახდა, რომ მათ უკან დამასკო იდგა. 1983 წ. აგვისტოში თურქეთმა სახალხოდ გამოხატა თავისი გულისწყრომა სირიისადმი. ამ დროისათვის სირია არამარტო ეხმარებოდა ტერორისტებს, არამედ მათ წრთვნიდა ლიბანის ტერიტორიაზე არსებულ, სირიის შეარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად სამხედრო ბაზებზე. თურქეთის მხარის პოზიციებს აძლიერებდა ის ფაქტი, რომ 1983 წ. ამერიკამ სირია დაადანაშაულა შიიტ ტერორისტებთან თანამშრომლობაში, რომლებმაც ტერორისტული აქტი მოაწყვეს ლიბანში, ამერიკის წყალქვეშა ნავზე. თურქული მასმედიის თანახმად სირიაში არსებობდა 3 სამხედრო ბაზა, სადაც იწვრთნებოდნენ ქურთი და სომეხი ტერორისტები, მათი მტკიცებით სირია სომეხ ტერორისტებს იარაღით ამარაგებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
1983 წ. მარტის ბოლოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ი. თურქმენი ჩაფრინდა დამასკოში, მინისტრის შემდეგ რამდენიმე სხვა დელეგაციაც ჩავიდა სირიაში. მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა; სირია გვპირდება ხელშეკრულების შესრულებას, მაგრამ თურქეთის დაზვერვის მოხსენებები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ საპირისპიროს ამტკიცებს.9
მის ამ განცხადებას მოგვიანებით რამდენიმე მკაცრი განცხადება მოჰყვა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან, რამაც სირია აიძულა წასულიყო დათმობებზე. 1983 წ. დამასკომ სომეხ და ქურთ ტერორისტებს მოსთხოვა სირიის დატოვება და გადაანაწილა ჩრდ. ერაყსა და ჩრდ. ირანში.10
სირიის ხელისუფლება ასეთი ნაბიჯის გადადგმისაკენ აიძულა ლიბანში აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან დაძაბულმა სიტუაციამ, 1983 წ. დეკემბერში ბეკაას ველზე ჩამოგდებული იქნა ამერიკული ვერტმფრენები. მიუხედავად ამისა ჩრდ. ერაყში დაბანაკებულ ქურთებს დახმარებას მაინც სირია უწევდა.
1985 წ. შეიმჩნეოდა თურქეთ-სირიის ურთიერთობების გაუმჯობესება. 1986 წ. მარტში სირიის პრემიერ-მინისტრი აბდ ალ-რუკი ალ-კასიმი ჩავიდა ანკარაში. ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში იგი შეეცადა დაემალა ქ.მ.პ-სთან კავშირი, განაცხადა რა: ,,ჩვენ გვაქვს გრძელი საზღვარი თურქეთთან, ამასთან ჩვენი შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი განლაგებულია სამხრეთში, სადაც ჩვენი ძირითადი მტერია. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია სრულად ვაკონტროლოთ ეს საზღვარი, მაგრამ ჩვენ გარწმუნებთ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ სირიის მთავრობასა და ხალხს არ გვსურს თურქეთთან უსიამოვნება.“
კასიმის ინტერვიუში ხაზი გაესვა სირიისათვის ევფრატის წყლების დიდ მნიშვნელობას და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ათათურქის კაშხლის მშენებლობისადმი. ოფიციალური მოლაპარაკების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სირია მიიღებდა 500 მლნ. კბ.მ წყალს წამში. ამის სანაცვლოდ სირია თურქეთს დაჰპირდა, თავის ტერიტორიაზე ქ.მ.პ-ს ტერორისტების აქტიურობის აღკვეთას.
თურქეთ-სირიის ურთიერთობების დარეგულირებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ ანკარა ,,შოკში ჩააგდო“ ანატოლიის ოლქში დაახლოებით 200 დაკავებულის აღიარებამ, რომლებსაც ბრალად ედებოდათ საბოტაჟური მოქმედება თურქეთის წინააღმდეგ. მათი საქმიანობა ფინანსდებოდა სირიის მიერ. დაპატიმრებულთა შორის იყო 2 სირიელი და 2 იორდანელი მოქალაქე, ოპერაციას ხელმძღვანელობდა ანკარაში სირიის საელჩოს თანამშრომელი დერვიშ ბალადი, რომელმაც მოგვიანებით მოახერხა დამასკოში გაქცევა. დაკავებულების აღიარებით მათ მოვალეობაში შედიოდა ინფორმაციის შეგროვება ს.ა.ა.პ-ის კაშხლებისა და გვირაბების შესახებ, მაგრამ მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამ ნაგებობების საბოტაჟი.
ერთ-ერთი დაკავებულის, იორდანელი ადნან მუსა ამერინის თქმით, სირია შიშობდა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ თურქეთი სირიას სრულად შეუწყვეტდა წყლის მიწოდებას. სწორედ ამიტომ სირია ეხმარებოდა მათ ათათურქისა და სხვა კაშხლებზე საბოტაჟურ საქმიანობაში. შემდგომი ძიების შემდეგ თურქეთის პოლიციამ მოახერხა დიდძალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღება. ძიების მსვლელობის დროს ერთ-ერთ მთავარ თანამონაწილედ დასახელებულ იქნა სირიის სამხედრო ატაშე ლეიტენანტი მუჰამედ ხაირი აზკური.11
1986 წ. 17 სექტემბერს ქ.მ.პ-ის ცენტრალურმა კომიტეტმა მოაწყო შეხვედრა დამასკოში, რომელზეც გადაწყდა უფრო ფართომასშტაბიანი ოპერაციების განხორციელება თურქეთის დიდ ქალაქებში.
1987 წ. ივლისში თურქეთის პრეზიდენტი ოზალი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა დამასკოს. ასადთან და კასიმთან შეხვედრებისას ოზალმა განაცხადა, რომ ქ.მ.პ-ს ლიდერი აბდულა ოჯალანი დამასკოში ცხოვრობდა და რომ მისმა პარტიამ სირიაში მოაწყო პარტიული კონგრესი. ოზალმა სირიის ხელმძღვანელობას მოსთხოვა ქ.მ.პ.-ს საქიანობის აკრძალვა სირიაში და ოჯალანის ექსტრადიცია. ამის საპასუხოდKკასიმმა ოზალს განუცხადა, რომ ოჯალანს სირია განიხილავდა როგორც პოლიტიკური ლტოლვილს. სირიელებმა ოზალთან შეხვედრისას კვლავ მწვავედ დასვეს მდ. ევფრატთან დაკავშირებული საკითხი, მოსთხოვეს რა ხელშეკრულების დადება მდინარის წყლების თაობაზე.12
თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა მორიგი ხელშეკრულების დადებით, რომლის მიხედვითაც სირია წამში მიიღებდა 500 მლნ. კბ.მ წყალს. ამ ხელშეკრულებას მოჰყვა ქ.მ.პ-ს ბანაკების გადაყვანა, ლიბანში ბეკაას ველზე. 1988 წ. ქ.მ.პ-ის საქმიანობა კვლავ სრული სვლით გაგრძელდა. ამის გამო 1989 წ. 1 ოქტომბერს ოზალმა თავის გამოსვლაში სირია კვლავ დაადანაშაულა დადებული შეთანხმების შეუსრულებლობაში.
სირიისა და ერაყის შიში ევფრატის წყლების თაობაზე გარკვეულწილად გამართლდა, როდესაც 1989 წ. 29 ნოემბერს ანკარამ მათ აცნობა, რომ ათათურქის რეზერვუარის ავსების მიზნით ის აპირებდა ამ მდინარის წყლების რეზერვუარში გადაშვებას 1990 წ. 13 იანვრიდან-13 თებერვლამდე. ამ დროის მონაკვეთში სირია მიიღებდა 120 მლნ. კბ.მ-ს იმისათვის, რომ ანკარას თავიდან აეცილებინა ბაღდადისა და დამასკოს რისხვა. ვიდრე ათათურქის კაშხლის რეზერვუარის ავსებას დაიწყებდა, სირიის წილი გაზარდა 1000 მლნ. კ.ბ.მ-მდე.
ბაღდადმა და დამასკომ თავის მხრივ მოითხოვა თურქეთისაგან უფრო მეტი ინფორმაციის მიღება. ამის თაობაზე სამი ქვეყნის ექსპერტთა შეხვედრა ჩატარდა დამასკოში. თურქეთის მხარემ არაბებს მიაწოდა დეტალური ტექნიკური ინფორმაცია, მაგრამ სასტიკი უარი განაცხადა წყლის წილების ვაჭრობაზე. ბაღდადმა, რომელიც უფრო დაინტერესებული იყო ამ პრობლემით, ვიდრე სირია, არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია მიწოდებული ინფორმაცია.
შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაზირ ჰამდუნი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ანკარაში და თურქეთისაგან მოითხოვა სამმხრივი ხელშეკრულების დადება. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, - ,,ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ მინიმუმზე, ჩვენ გვესაჭიროება იმ რაოდენობის წყალი, რომლითაც შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი ინდუსტრიული პროექტები.“ ერაყის პრესა თურქეთის მოქმედებას აფასებდა ერაყის სოფლის მეურნეობისაკენ მიმართულ სასიკვდილო დარტყმად.
უნდა აღინიშნოს, რომ სირიის რეაქცია ანკარისადმი ნაკლებად კატეგორიული იყო, ვიდრე ერაყისა. 1980წ. 15 იანვარს დამასკომ ანკარას გაუგზავნა დიპლომატიური ნოტა, რომელშიც ათათურქის რეზერვუარის შევსების პეროდის შემცირებისა და მისთვის მიკუთვნებული წყლის წილის სრულად მიცემისკენ მოუწოდებდა. დამასკომ კვლავ ქ.მ.პ-ის ,,კარტის გათამაშება დაიწყო“. 1990წ. 8 იანვარს თურქეთის უშიშროების ძალებმა გააუვნებელყვეს ქურთების ტერორისტების ჯგუფი, რომელიც ცდილობდა სირია-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთას.
1990 წ. მარტი-მაისში პრობლემის მოსაგვარებლად სირიისა და ერაყის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და დაიდო ხელშეკრულება ევფრატის წყლების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით სირია გამოიყენებდა ევფრატის წყლების 42%-ს, ერაყი 58%-ს. მიუხედავად დაპირისპირებისა ორმა არაბულმა ქვეყანამ შესძლო კონსენსუსის მიღწევა. ანკარასათვის ეს უკვე სერიოზული პრობლემა იყო13
1990 წ. 5-7 მაისს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბაღდადს, სადაც მას მოუწოდეს დადებულიყო სამმხრივი ხელშეკრულება და სირიისათვის მიეცა 700 მლნ. კბ.მ წამში. ანკარამ უარყო ეს წინადადება. ამის გამო ერაყმა აღარ ისურვა გაეგრძელებინა 1984 წ. ,,უშიშროების პროტოკოლი“, რომელსაც ვადა 1988 წელს გაუვიდა.
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტაჰა იასინ რამადანმა თურქ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევფრატის პრობლემის გადაწყვეტას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობების დარეგულირებაში.
1990 წ. 7 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა თ. ოზალმა თურქეთის ადმინისტრაციის რეგიონალური დირექტორების შეხვედრაზე განაცხადა: ,,ათათურქის კაშხლის მშენებლობა დასრულდა და მასში თურქეთს ხელი შეუწყო ირან-ერაყის ომმა, ახლა კი ისინი (ერაყი და ირანი) ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელი შეგვიშალონ მის დასრულებაში.
1990 წლს 2 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ერაყმა მოახდინა ქუვეიტის ოკუპაცია, თურქეთი შეუერთდა დასავლეთის ბანაკს და დაგმო ერაყის ეს ნაბიჯი. თურქეთმა მას მოსთხოვა ტერიტორიების უპირობო დატოვება და მხარი დაუჭირა გაეროს ემბარგოს. ამით ამერიკას ნება მისცა გამოეყენებინა სამხრეთ თურქეთის სამხედრო ბაზები ერაყის წინააღმდეგ. დასავლელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილის აზრით, სწორედ ,,წყლის კრიზისი“ იყო ერთერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ თურქეთი ყურეში დაინტერესებული იყო არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებით. ანკარას არასოდეს განელებია იმის შიში, რომ სადამ ჰუსეინს სწრაფად შეეძლო აღედგინა თავისი სამხედრო ძალა და ამით წინ აღდგომოდა მის გეგმებს.
სპარსეთის ყურის ომის განმავლობაში ოზალმა რამდენჯერმე ახსენა ერაყი, როგორც თურქეთის ყველაზე დიდი მტერი ევფრატის წყლებთან მიმართებაში. 1991 წ. 13 მარტს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფარუკ ალ-შარაამ კვლავ განაცხადა, რომ სირია არ იღებდა თავის კუთვნილ წილს.
1987 წ. ხელშეკრულების განმტკიცება მოხდა 1994 წ. აპრილში, როდესაც თურქეთმა სირიას აღუთქვა წყლის ტექნოლოგიებით მომარაგება, ამის სანაცვლოდ სირიამ უარი თქვა ქურთი ტერორისტების დახმარებაზე.14
1995 წ. ნოემბერში, მას შემდეგ რაც თურქეთმა გადაწყვიტა ბირეისიკის კაშხლის აგება ათათურქის კაშხალსა და სირიის საზღვარს შორის, კვლავ გაერთიანდა სირიისა და ერაყის პოზიციები თურქეთის წინააღმდეგ. სირიამ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა თურქეთს. ერაყმა სირიასთან ერთად ა.ს.ლ-ს შესთავაზა გაემართა სპეციალურად ევფრატის წყლებთან დაკავშირებული შეხვედრა, ერაყმაც სირიის მსგავსად ნოტა გაუგზავნა თურქეთს. ერაყის ტექნიკური კომისია ეწვია დამასკოს რათა ერთდროულად ,,ებრძოლათ“ თურქეთის კაშხლის აშენების წინააღმდეგ.
სპარსეთის ყურის ომებმა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე არაბულ-ებრაულმა კონფლიქტმა მდინარე ევფრატის წყლების გადანაწილების პრობლემა დროებით ,,მეორეხარისხოვან“ საკითხად აქცია.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ევფრატის წყლების გადანაწილების პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ საკითხების მოგვარებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, რადგან მასთან მჭიდროდაა დაკავშირებული რეგიონში არსებული ტერორიზმის პრობლემა, რაც თავის მხრივ არ იძლევა საშუალებას თურქეთს, სირიასა და ერაყს შორის ჩამოყალიბდეს კეთილმეზობლური და ურთიერთნდობის ატმოსფერო, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი და ცივილიზებული გზებით გადაჭრა.
____________________
1. Shepland. G. Rivers of Discord. New-York. 1997 გვ.117-118
2. Kolars. J. The Hydro Imperative of Turkey,s Search for Energy. The Middle East Journal Vol. 4. № winter 1986 გვ.31.
3. Bolukbasi. S. Turkey Challenges Irag and Syria The Euphrates Disput. Journal of South Asian and middle Stadies Summer 1993. №4. გვ.10
4. B. B. C. (SWB) Summary of World Brodcasts. February 26 1980 გვ.1.
5. Naff.T. Matson R. Water in the Middle East Conflict Or Cooperation? London 1984. გვ.94-95
6. Kliot N. Water Resources And Conflict In The Middle East. London 1994 გვ.161.
7. B. B. C. S.W. B. August 29 1978 გვ. 8.
8. B. B. C. S.W. B. January. 6. 1981 გვ. 7.
9. B. B. C. S.W.B. April.4. 1993 გვ.43
10. გაზეთი „Milliyet“ November. 5. 1986 გვ. 11.
11. Foreign Broadcast Information Servise.Near East July 29 1987. გვ.2
12. Foreign Broadcast Information Servise.Near East July 29 1987. July 1987. გვ.2
13. Soffer A. The Conflict Over Water In The Middle East. Oxford. 1999 გვ.114.
14. Dolatyar. M. Gray. T. Water politics in the Middle East 1999 London გვ.155.
![]() |
7 ,,მაჰმადიანი მესხების” დილემა ქართული სახელმწიფოს მშენებლობისას |
▲ზევით დაბრუნება |
კონფლიქტები
ნაწილი II
რეპატრიაციის მომხრეები - მოწინააღმდეგენი
ივანე ნადაშვილი
აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი
როგორც ცნობილია, ისტორიულად საქართველო წარმოადგენს მრავალკონფესიურ და გარკვეულწილად პოლიეთნიკურ ქვეყანას. მაგრამ დასავლეთ-ევროპული სივრცისა და რუსეთის პოლიტიკური მიმომხილველებისა თუ ანალიტიკოსთა თვალსაზრისით, სწორედ ამ პოლიმორფიზმში მან ვერ ,,ჩააბარა გამოცდა“. ტოტალიტარული რეჟიმის კრახის შემდეგ, დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების გზაგასაყარზე მდებარე მრავალტანჯული ქვეყანა თვალის დახამხამებაში იქცა რეგიონის დომინანტი უძლიერესი აგრესორი-სახელმწიფოების სეპარატისტულ-ცენტრიდანული და რევანშისტული გეგმების განხორციელების პოლიგონად, ასპარეზად, რომელზეც ,,იმპერიალისტური რუსეთის“ მიერ წარმატებულად იქნა გათამაშებული ე.წ. ,,მესხური გეგმა“.
მომავალი თაობა, ჩვენი ბედკრული სამშობლოს დღევანდელ ვითარებას შეაფასებს, როგორც საქართველოს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდს: 1921 წლის 25 თებერვლამდე, დიდი თამარისა და დავით აღმაშენებლის ქვეყანას უმთავრესწილად შენარჩუნებული ჰქონდა ჩვენი სამშობლოს ისტორიული-სახელმწიფო საზღვარი, რომელიც თავის მხრივ მოიცავდა ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლებით ცნობილ ტაო-კლარჯეთს, შავშეთ-ერუშეთს, სოჭი-ადლერის რეგიონს, საინგილოს, ივრის ხეობის ქვედა წელსა და სანაინ-ალავერდის ტერიტორიას. მაგრამ საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარების შემოსვლისთანავე, ჩვენ ხელიდან წაგვერთვა ზემოხსენებული მიწების პრაქტიკულად მთელი ნაწილი. არც ეს გვაკმარეს და იმ მწირი მასშტაბის გეორგაფიულ ტერიტორიაზე, რომელიც გვიბოძა ,,ველიკოდერჟავულმა“ ტოტალიტარულმა რეჟიმმა, საბჭოთა ხელისუფლებამ სრულიად უკანონოდ შექმნა სამი ავტონომიური ერთეული აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. ორ მათგანზე საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გამო, დღეისათვის De Facto არ ვრცელდება ჩვენი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია. რუსეთის მსგავსი ხასიათის ექსპანსიურ პოლიტიკას არავითარი გამართლება არ მოეძებნება.
ამ ეტაპზე, ჩვენდა სამწუხაროდ, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სუვერენული საქართველოს შემადგენლობაში მყოფი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული მდგომარეობის დასაძაბად. დღეისათვის, ქართული საზოგადოებრიობა ისედაც გადაღლილი ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესებით, წინასაარჩევნო ბატალიებითა და საერთაშორისო ტერორიზმის პოტენციური საფრთხით, ფაქტობრივად ორად არის გახლეჩილი მესხების რეპატრიაციის საკითხთან მიმართებაში. ჩვენს ქვეყანაში და მის გეოგრაფიულ ფარგლებს გარეთაც არსებობს მრავალი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესთან დაკავშირებით. მაგალითად, გადმოსახლების მომხრეთა დიდი ნაწილი შემდეგნაირად აყალიბებს და ამყარებს თავის პოზიციას:
- უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ არ არსებობენ ე.წ. თურქი -მესხები. არსებობს ქართველ მაჰმადიანთა ჯგუფი, რომელსაც სწყურია ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება;
- თუ ზემოხსენებული საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი თვალსაჩინო მომავალში საქართველოს არ შეუშვებენ ევროკავშირის სივრცეში;
- საქართველო ვეღარ იოცნებებს ნატოში სრულფასოვან ინტეგრაციაზე, ვინაიდან უკანასკნელის მიერ წამოყენებული მოთხოვნების კატეგორიას უმთავრესწილად განეკუთვნება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარება და ზემოხსენებული ეთნიკური ელემენტების რეპატრიაცია ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა რეაბილიტაციის მიზნით;
- საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება კარდინალურად შეცვალოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები და ზოგადად ვექტორი;
- ე.წ. თურქი-მესხები საკუთრივ წარმოადგენენ პასიონარულ ეთნოსს, რომელიც მისცემს საქართველოს კარგ მებრძოლებსა და დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას (ამის დასტურად მათ მოჰყავთ ის ისტორიული ფაქტი, რომ მე-II მსოფლიო ომს პატრიოტულად შესწირა თავი 45.000-მდე ახალციხელმა მუსლიმმა);
- აღნიშნული პირების რეპატრიაცია, საშუალებას მისცემს საქართველოს დაამყაროს კეთილმეზობლური და სანდო ურთიერთობები თურქეთის რესპუბლიკასთან, რომლის დახმარების გარეშეც ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება;
რეპატრიაციის მოწინააღმდეგეთა შორის კი ფართოდ გავრცელებულია შემდეგი, ქვემოთ წარმოდგენილი ვერსიები და არგუმენტები:
- ე.წ. თურქი-მესხები საქართველოს განიხილავენ რუსეთისა და ,,პან-ისლამისტური“ თურქეთის რევანშისტული გეგმების განხორციელების პოლიგონად;
- მათი ცნობიერება და მენტალიტეტი ოსმალეთის სამხედრო-ფეოდალური ხალიფატისა და იმპერიალისტური რუსეთის მიერ დეპორტაციამდე გაცილებით ადრე იქნა დეგრადირებული;
- მაჰმადიანი მესხები არ ექვემდებარებიან ადაპტირებისა და ადგილობრივ საზოგადოებრიობაში რეინტეგრაციის მექანიზმებს;
- გადმოსახლების შემთხვევაში, ზემოხსენებული კონტიგენტი შეეცდება ძალისმიერი მეთოდებით მოსწყვიტოს საქართველოს ისტორიული სამცხე, გამოაცხადოს ე.წ. ,,ახისყას რესპუბლიკა“ და მიუერთოს იგი თურქეთს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა თურქეთსა და საქართველოს შორის კარწახის სახელწოდებით ცნობილი, რიგით მესამე სასაზღვრო-გადასასვლელი პუნქტის გახსნასა და ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის იმპლემენტაციას, რომელთა რეალიზების შემთხვევაში საფუძველი ჩაეყრება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას;
- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად დევნილების დიდი რაოდენობით (დაახ. 300 ათასი კაცი) ისედაც დაუძლურებული საქართველო ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუძლებს მოქალაქეობის არმქონე პირების მორიგ ნაკადს (დაახ. 200-230 ათასი კაცი);
- მაგრამ ძირითად პრობლემას მაინც წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ადგილობრივი სომხური წარმომავლობის მოსახლეობა, რომელიც თავის მხრივ ასრულებს რეპატრიაციის მოწინააღმდეგე - ქართველი ნაციონალისტების უმთავრესი დასაყრდენის ფუნქციას. ხშირ შემთხვევაში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება საკუთარ უნიათობასა და უძლურებას აბრალებს სწორედ ადგილობრივ სომხებს, რომლებსაც სათავეში უდგას გასამხედროებული ორგანიზაცია ,,ჯავახკი“;
მდგომარეობას საგრძნობლად ართულებს ისიც, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური დეცენტრალიზაციისა და კოლაფსის შემდეგ, 1944 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის იდეას თავდაპირველად კატეგორიულად დაუპირისპირდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლება ზ. გამსახურდიას მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით. საწყის ეტაპზე მაჰმადიანი აღმსარებლობის მესხებს სთავაზობდნენ გადმოსახლების ორ ვარიანტს, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებდა ან საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ან ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში განსახლებას ე.წ. ,,ისტორიული სამშობლოს“ მესხეთ-ჯავახეთის გარდა. ყოველივე ეს კი სრულ თანხვედრაში მოდიოდა იმ დროისათვის მიმდინარე ,,საყოველთაო გაქართველების პოლიტიკის“ ძირითად იდეოლოგიასთან. დღეისათვის, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ცალსახად აცხადებს მზადყოფნას მიიღოს აქტიური მონაწილეობა ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესში1, მაგრამ, ამავე დროს ხაზს უსვამს ეტაპობრივი რეპატრიაცია-ადაპტირების პროცესთან დაკავშირებულ რამოდენიმე საკითხს, კერძოდ:
ზემოხსენებული დეპორტაციიდან დღემდე, გავიდა დაახ. 50 წელიწადი, მაგრამ ძირძველი ქართული წარმომავლობის მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ აგორებულ ისტერიასა და ფართომასშტაბიან ანტი-მესხურ კამპანიას ბოლო არ უჩანს. დღეისათვის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად მოქმედებენ ის რევანშისტული ძალები, რომლთაც გარკვეული ,,ველიკოდერჟავული ინტერესებიდან“ და პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ აწყობთ ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება. აღნიშნული ძალების განსაკუთრებით აგრესიულად განწყობილი ბირთვი კონცენტრირებულია საქართველოს სამხრეთ რეგიონში და უკავშირდება სომეხ-ნაციონალისტთა არაოფიციალურად მოქმედ ,,დაშნაკ-ცუტუნის“ პარტიას, რომელსაც თავის მხრივ გააჩნია ე.წ. ,,ჯავახკის“2, ,,ფარვანცისა“3 და ,,ვირკის“ სახელწოდებით ცნობილი გასამხედროებული ფილიალები სამცხე-ჯავახეთში.
* * *
1998 წელს ახალქალაქში სომხური წარმომავლობის ადგილობრივი მოსახლეობის აქტივისტების მიერ საფუძველი ჩაეყარა ნაციონალურ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისს, რომელიც შემდგომში ფართო საზოგადოებრიობისათვის ცნობილი გახდა ,,ჯავახკის“ სახელწოდებით (ჯავახეთის სომხური დასახელება). ზემოთ წარმოდგენილი მოძრაობის გავლენა უცბად გავრცელდა რეგიონის მოსახლეობის შთამბეჭდავ ნაწილზე. ,,ჯავახკის“ ოფიციალურ მიზნებს წარმოადგენდა სომხური კულტურისა და ისტორიული მონაპოვარის შენარჩუნება, ადგილობრივ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული მენტალიტეტის დამკვიდრება, რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტიმულირება და სხვა.
,,ჯავახკის“ ლიდერისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის დავით რსტკიანის განცხადებით, თავდაპირველად ,,ჯავახკის“ ხელმძღვანელობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ რუსები, ქართველები და ბერძნებიც კი, ხოლო საკუთრივ ,,ჯავახკმა“ შეიძინა ნაციონალისტური ელფერი ხელისუფლების სათავეში ზ. გამსახურდიას მოსვლის შემდეგ, როდესაც მათ მიერ ფორმირებული ორგანიზაცია იძულებული გახდა ,,აეღო თავზე ქართველი ნაციონალისტების მიერ დაშინებული სომხური მოსახლეობის უფლებების დამცველი ინსტიტუტის პასუხისმგებლობა“4. მაგრამ როგორც ჩანს აღნიშნული ორგანიზაციის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა ზოგადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მიერთება სომხეთთან ან უკიდურეს შემთხვევაში პოლიტიკური ავტონომიის შენარჩუნება მაინც.
ადგილობრივი სომხების ცენტრიდანულ ინიციატივებს (სწორედ ისე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე), თავიდანვე ჰქონდა ოფიციალური მოსკოვის მაქსიმალური მხარდაჭერა. კრემლის მიერ წარმოებული მსგავსი ხასიათის პოლიტიკის მიზანს წარმოადგენდა რა თქმა უნდა მაქსიმალური კონტროლის შენარჩუნება საქართველოზე, რომელიც ეგზომ მიზანმიმართულად მიისწრაფოდა დამოუკიდებლო-ბისაკენ.
მოსკოვის მიერ შედგენილი გენგეგმის თანახმად, აფხაზი, ოსი და სომეხი სეპარატისტების დივერსიული მოღვაწეობისაგან დაუძლურებული სუვერენული ქვეყნის (იგულ.: საქართველო) ხელისუფლება იძულებული უნდა გამხდარიყო დახმარების მიზნით მიემართა კრემლისათვის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ არც ზემოხსენებული ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში არ დაისადგურებდა სიმშვიდე და სტაბილურობა საქართველოს სამხრეთ რეგიონში, ვინაიდან თუ გადავავლებთ თვალს ისტორიულ ქრონიკებს ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ ე.წ. ,,ერთმორწმუნე რუსეთის“ მიერ საქართველოს დაპყრობამ საერთოდ არ შეცვალა ოსმალეთის სამხედრო-ფეოდალური იმპერიის მიერ მაჰმადიანურ აღმსარებლობაზე გადაყვანილი მესხებისა და ზოგადად სამცხე-საათაბაგოს ბედი. პირიქით, რუსეთის ხელში მათი რე-ისლამიზაციის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა. თუ ერეკლე მე-II დროს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ქრისტიანობას, პასკევიჩის ანტიქართულმა პოლიტიკამ მესხეთში ეს უძველესი და უმდიდრესი მხარე საბოლოოდ ჩამოაცილა დედასამშობლოს. ამ პოლიტიკით პასკევიჩმა (იგივე გრაფმა ერევანსკიმ) საფუძველი ჩაუყარა სომხური წარმომავლობის მოსახლეობის გაბატონებას მესხეთში. ეს კარგად არის ნაჩვენები ,,ქვათა ღაღადში“. მეფის მოხელეთა მხრიდან სომეხი მოსახლეობის ლობირება შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. მან განსაკუთრებული ძალა და მასშტაბები მიიღო საბჭოთა რეჟიმის დროს და საბოლოო ჯამში ბახჩო ქობულოვისა და მის თანამზრახველთა მხრიდან ,,ანკარის იმპერიალიზმისადმი ე.წ. თურქი-მესხების მხარდაჭერის საქმის“ პროვოცირებითა და ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე მათი მასობრივი გადასახლებით დამთავრდა 1944 წელს5
სუვერენული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზ. გამსახურდიას მმართველობის დროს, სამხცე-ჯავახეთის რეგიონი ფაქტიურად ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ფარგლებს მიღმა იმყოფებოდა. ცენტრისა და პერიფერიის ბოლოდროინდელი დაპირისპირების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა ე.წ. სახელმწიფო რწმუნებულებისა და გამგებლების ინსტიტუტი: აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა სომხურმა მოსახლეობამ უარი განაცხადა მიეღო საქართველოს დედაქალაქიდან გამოგზავნილი მორიგი სამი ჩინოვნიკი, მათი ქართული წარმომავლობიდან გამო. დემარშის ფორმა იყო საოცრად მარტივი - ახალქალაქის ადმინისტრაციის შენობის წინ შეგროვილი შეიარაღებული ხალხი არ უშვებდა შენობაში თბილისიდან გაგზავნილ წარმომადგენელს. ზემოხსენებული პროტესტების სერია ორგანიზებულ იქნა მოძრაობა „ჯავახკის“ მიერ. დავით რსტკიანი ხსნის ყოველივე ზემოხსენებულს შემდეგნაირად: „პრეფექტურები შემოღებულ იქნა ტოტალიტარული რეჟიმიდან დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გარდამავალ პერიოდში, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მათ მივყავდით დიქტატურისაკენ, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთ წარმოდგენილი ინსტიტუტები ამყარებდნენ ცენტრის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ადგილობრივი მოსახლეობა ანიჭებდა უაღრესად დიდ მნიშვნელობას მორიგი სახელმწიფო პრეფექტის ეროვნულ წარმომავლობას, ვინაიდან არადემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელშიც არ არსებობს მკვეთრად განსაზღვრული ფასეულობათა სისტემა და საზოგადოებრივი თანაცხოვრების გარკვეული წესები, ეროვნულ უმცირესობათა თავისუფლება, რომელსაც უზრუნველყოფს ქვეყნის კონსტიტუცია და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრინციპები, ხალხის ბედი დამოკიდებულია კონკრეტულ პიროვნებაზე, რომელიც დანიშნულია აღნიშნულ თანამდებობაზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ.6 ჩვენ არ ვენდობოდით ლეგიტიმური გზით არჩეულ ხელისუფლებას, სწორედ ამიტომ გვსურდა, რომ მისი წარმომადგენლის ფუნქცია ახალქალაქში შეესრულებინა სომხური წარმომავლობის მქონე მოქალაქეს. საქართველო ახლაც არ არის დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა გარკვეული პოზიტიური ძვრები ამ ბოლო დროს შეინიშნება“.
სანამ ოფიციალური თბილისი არ წავიდოდა გარკვეულ კომპრომისზე რეგიონს მართავდა უფლებამოსილი პირების დროებითი კომიტეტი. ახალქალაქის სამოქალაქო კრების თავმჯდომარისა და მოძრაობა ,,ჯავახკის“ ერთ-ერთი ლიდერის ტიგრან კარახანიანის განცხადების თანახმად: ,,ზემოხსენებული კომიტეტი ფორმირებულ იქნა რეგიონში არსებული, პოლიტიკური ვაკუუმის შედეგად წარმოქმნილი უაღრესად დაძაბული და კრიმინოგენული ვითარების გაკონტროლებისა და სტაბილურობის კალაპოტში მოქცევის მიზნით“.
რეგიონში დღესაც შენარჩუნებულია ანტაგონისტური დამოკიდებულება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ და ვიდრე საქართველო 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, დაიწყებდეს პოტენციური რეპატრიანტების ისტორიულ სამშობლოში ეტაპობრივ გადმოსახლებას, აუცილებელია სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული პრობლემატიკის განხილვა, მათი მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება და ზოგადად რეგიონში მოქმედი გასამხედროებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ,,ჯავახკისა“ და ,,ფარვანცის“ მესვეურთა რადიკალური შემობრუნება ჩვენსკენ, ვინაიდან სწორედ მათზე არის დამოკიდებული სომხური მოსახლეობისა და ქართველების ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივა.
რეკომენდაციები
1944 წლის ნოემბერში ისტორიულ სამცხე-საათაბაგოში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული ხელისუფლების მიერ ჩადენილი არნახული მასშტაბის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მდგომარეობდა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებიდან მოწყვეტასა და მასობრივ დეპორტაციაში უნდა გულისხმობდეს შემდეგი პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთებას ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან:
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებულ დანაშაულზე, ზემოხსენებული მოსახლეობის დეპორტაციის შედეგებსა და შესაბამისად მატერიალურ თუ მორალურ ზარალზე, 1956 წლის გადაწყვეტილების თანახმად, დეპორტირებულთა, ანუ ე.წ. ,,სპეცგადასახლებულთა“ სტატუსის მქონე პირების განსახლებაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) დღევანდელ სამართალმემკვიდრეს - რუსეთის ფედერაციას.
საქართველოს ხელისუფლება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, მზად არის ხელი შეუწყოს დეპორტირებულთა გარკვეული კონტიგენტის საქართველოში არა რეპატრიაციას, არამედ გარკვეულ იმიგრაციულ პროცესებს.
ე.წ. ,,იმიგრანტთა“ მიღების საკანონმდებლო ბაზად საქართველო მიიჩნევს ,,იმიგრაციის შესახებ“ კანონს, რომლის შესაბამისადაც გაზრდის ყოველწლიურად იმიგრაციულ კვოტას და მიანიჭებს მათ - იმიგრანტთა სტატუსს.
მთელი სისრულითა და შინაარსობრივი დატვირთვით იქნება ამოქმედებული ,,იმიგრაციის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლი ,,იმიგრანტების ადაპტაციის ხელშეწყობის თაობაზე“.
შეტანილი იქნება სათანადო ცვლილებები ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში“, რათა ზემოთ წარმოდგენილი კატეგორიის იმიგრანტებმა - საქართველოში ცხოვრების სამი წლის შემდეგ მაქსიმალურად გამარტივებული წესით მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოაქალაქეობა.
ამრიგად, მსგავსი ხასიათის პოლიტიკური განცხადება აბსოლუტურად სხვა განზომილებაში აყენებს 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ისტორიულ ვალდებულებას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ და საერთოდ ხსნის დღის წესრიგიდან ე.წ. ,,მესხური გეგმის“ სახელმწიფო მმართველობის წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობას.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სუსტი და მოუქნელი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა, თავისთავად ქმნის საზოგადოებრივი აზრის გახლეჩის წინაპირობას. აქტიურად მიმდინარეობს დავა ტერმინებზე ,,თურქი-მესხი“, ,,ახალციხელი თურქი“, ,,მაჰმადიანი მესხი“ და სხვა.
ხოლო, პოტენციურ რეპატრიანტთათვის მსგავსი ხასიათის სტატუსის მინიჭება ქმნის ბრწყინვალე წინაპირობას იმისათვის, რომ ცალკეულმა ინდივიდმა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის და ზოგადად საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით თვითონ ეძებოს თავისი ისტორიული წარსული, აღიდგინოს მამა-პაპისეული გვარი და ა.შ. ხოლო, მას ამ მცდელობაში მხარში მაქსიმალურად ამოუდგება როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.
ზემოთ წარმოდგენილი არგუმენტებისა და გადმოსახლების თეორიული მოსაზრებების გათვალისწინებით, ლოგიკურად მივდივართ დასკვნამდე, რომ აღნიშნული პრობლემატიკა საჭიროებს სიღრმისეულ დამუშავებასა და სახელმწიფო დონეზე შესწავლას, ვინაიდან ლოდინის დრო საქართველოს აღარ გააჩნია. ერთის მხრივ ნათელია, რომ ევროპის ესოდენ გავლენიანი ინსტიტუტის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიერ საყოველთაოდ გაჟღერებული საგარეო-პოლიტიკური დოქტრინის უმთავრეს პრიორიტეტს, რომელიც თავის მხრივ ორიენტირებულია დასავლეთ ევროპულ და ზოგადად ევრო-ატლანტიკურ გეოპოლიტიკურ სივრცეში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ უნდა გადახალისებულ იქნას, როგორც ჩვენი საგარეო ორიენტაცია, რომელსაც საქართველო მიჰყვება უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე მიაღწია კიდეც გარკვეულ წარმატებას, ისე ჩვენი ერის მენტალიტეტი.
აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემდეგი პარამეტრების სისრულეში მოყვანა:
1. მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს 1944 წლის ნოემბრის რეპრესიების დროს ცენტრალური აზიის რეგიონში (უმთავრესწილად უზბეკეთი, ყაზახეთი) დეპორტირებული მოსახლეობის სამშობლოში დასაბრუნებლად აუცილებელი საკანონმდებლო-ნორმატიული ნიადაგის მომზადება7;
2. სახალხო დიპლომატიის ამოქმედების მიზნით, უპირველისი რიგის ამოცანას წარმოადგენს აგრეთვე დეპორტირებულთა დღევანდელი განსახლების ადგილებში ქართული ორიენტაციის მესხთა სათანადო კონტიგენტის დადგენა და გამოვლენა;
3. ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს დეპორტირებული მესხების იმ კონტიგენტის რეპატრიაცია, რომლებიც მოითხოვენ ქართული ეროვნებისა და ქართული გვარების აღდგენას, თანახმანი არიან საქართველოს ნებისმიერ რეგიონში დასახლებაზე და არამხოლოდ ე.წ. ,,ისტორიულ სამშობლოში“ ე.ი. მესხეთ-ჯავახეთში დაბრუნებაზე. აუცილებლად მიაჩნიათ საკუთარი შვილებისა და შთამომავლობის ქართულ სკოლებში და სასწავლებლებში აღზრდა და სხვა;
4. სასურველია, საქართველოში ფორმირებულ იქნას მუდმივმოქმედი ადაპტირებისა და ე.წ. რეინტეგრაციის ცენტრი, რომელიც გაითვალისწინებს, როგორც დღევანდელ მდგომარეობას, ისე მოსალოდნელი რეპატრიაციის მასშტაბებს (200-230 ათასი კაცი) და საქართველოს ეთნო-კონფესიურ გარემოცვაში მაჰმადიანი მესხების ინტეგრაციის პრობლემათა კომპლექსს;
5. ზემოხსენებული ღონისძიებების რეალიზაცია საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, რათა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს სამცხე-ჯავახეთელ მუსლიმანთა ორგანიზაციის (ე.წ. სარვაროველების) პროპაგანდა-აგიტაციას, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გზავნიდა და გზავის მიმართვებს, რათა მათ იხსნან ისინი ქართული რასიზმისა და შოვინიზმისაგან.
____________________
1. 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ზემოხსენებული ინსტიტუტის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეკომენდაცია (შესწორება 6), რომლის მიხედვითაც საქართველომ გაწევრიანებიდან ორი წლის მანძილზე უნდა მიიღოს საკანონმდებლო აქტების პაკეტი 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის შესახებ, მათ შორის დეპორტირებულთათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე, ხოლო რეპატრიაცია უნდა დაიწყოს არა უგვიანეს მესამე წლისა და დამთავრდეს გაწევრიანებიდან თორმეტი წლის ვადაში, ე.ი, რეპატრიაციის უკიდურესი თარიღებია 2001 წლის აპრილი და 2011 წლის აპრილის თვე. გ. მამულია ,,დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების საფუძვლები და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია”, თბილისი, 2000 წელი;
2. ჯავახკი გახლავთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სომხური დასახელება. ვ. გურევსკი ,,ჯავახეთის საკითხი”, კავკასიის რეგიონალური გამოკვლევები, ტომი III, ნომერი I, 1997 წ.;
3. ფარვანცი არის ჯავახეთში მდებარე ,,ფარავნის ტბის” სომხური სახელწოდება. ვ. გურევსკი ,,ჯავახეთის საკითხი”, კავკასიის რეგიონალური გამოკვლევები, ტომი III, ნომერი I, 1997 წ.;
4. ვოიცეხ გურევსკი ,,ჯავახეთის საკითხი”, კავკასიის რეგიონალური გამოკვლევები, ტომი III, 1997 წ.
5. ალბერტ ბატიაშვილი ,,დეპორტირებული მესხების პრობლემის ისტორიული ასპექტი”. ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო”, მოსახლეობის კვლევის ეროვნული ცენტრი. 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის პრობლემები: წარსული, თანამედროვეობა, პერსპექტივები (კონფერენციის მასალები), თბილისი, 2000 წელი;
6. ავტორისაგან: ამ შემთხვევაში დ. რსტკიანი გულისხმობდა ზ. გამსახურდიას, რომლის დროსაც საკმაოდ აქტიურად ინერგებოდა მოსახლეობაში შოვინისტურ-ნაციონალისტური იდეოლოგია
7. თომა გუგუშვილი ,,დეპორტაცია-რეპატრიაცია-წარსული და მემკვიდრეობა”, თბილისი 2000 წელი;
![]() |
8 მთიანი ყარაბაღი როგორც გაყინული კონფლიქტების მაგალითი |
▲ზევით დაბრუნება |
კონფლიქტები
ხათუნა გაბიევი
კონფლიქტების მართვის მაგისტრანტი
საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი მრავალი კონფლიქტი დარჩა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განვიხილავთ მხოლოდ მთიან ყარაბაღს როგორც გაყინული კონფლიქტების ერთ-ერთ მაგალითს. ის არ დაწყებულა 1980-იანი წლების ბოლოს, როგორც ამას ბევრი შეცდომით მიიჩნევს. იგი სათავეს გაცილებით ადრე იღებს, უბრალოდ, შედარებით მშვიდობიანი სამოცდაათწლიანი საბჭოთა პერიოდი იყო. აზერბაიჯანის ამ ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სომხები შეადგენენ, რომლებიც იქ ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთ-ირანის ომის დროს გადასახლდნენ. საბჭოთა იმპერიის ფორმირების პირველ წლებში მთიანი ყარაბაღი ცენტრალურ ხელისუფლებას გამოეყო როგორც ადმინისტრაციული ერთეული, 1922 წელს მას ავტონომიური ოლქის სტატუსი მიენიჭა და დედაქალაქი შუშიდან ხანკენდში (შემდგომში უკვე სტეფანაკერტი) გადავიდა.
1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა სისტემის შესუსტებასთან ერთად სომხეთი თავის სასარგებლოდ ვითარების შეცვლას შეეცადა და უკვე 1987 წელს სომხეთის მეცნიერებათა აკადემიამ მოამზადა დოკუმენტი 100 000 ხელმოწერით სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის მთიანი ყარაბაღისა და ნახიჭევანის შეერთების მოთხოვნით. მოვლენების განვითარებამ პიკს 1988 წელს მიაღწია, როდესაც მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ ამ ტერიტორიაზე სომხეთის იურისდიქციის გავრცელება მოითხოვა. პარალელურად, სომხეთში დაიწყო მხარდამჭერი აქციები. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სომხეთში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლები და უკვე იმავე წლის იანვრის ბოლოს ბაქოს ლტოლვილთა პირველი ნაკადი მიაწყდა. კონფლიქტმა შეიარაღებული დაპირისპირების სახე უკვე თებერვალში მიიღო და რამდენიმე დღეში დიდი რაოდენობით მსხვერპლიც დაფიქსირდა.
მთიან ყარაბაღში საბჭოთა არმიის ყოფნა ვერაფერს ცვლიდა, ფაქტობრივად, მათ მხოლოდ დამკვირვებლის როლი მოირგეს. სომხეთში დაიწყო სახელმწიფოს აზერბაიჯანლებისა და მუსლიმებისაგან წმენდა, ხოლო აზერბაიჯანში ეთნიკური სომხების დევნა-შევიწროება. სომხეთში თუ ეთნიკურ წმენდას უფრო სისტემატიზებული სახე ჰქონდა, აზერბაიჯანში იგი სპონტანურად ხორციელდებოდა. 1990 წლის იანვარში მოქმედებათა ეპიცენტრად ბაქო იქცა, სადაც აზერბაიჯანელი ლტოლვილები სასტიკად უსწორდებოდნენ სომხებს, ანალოგიური ქაოსი სუფევდა სუმგაითშიც. ლტოლვილები ორივე ქვეყნის (აზერბაიჯანი და სომხეთი) მიმართულებით კვეთდნენ საზღვრებს.
რაც შეეხება კონფლიქტის იურიდიულ მხარეს, 1989 წლის 1 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, მთიანი ყარაბაღი სომხეთის რესპუბლიკას უნდა შეერთებოდა. აზერბაიჯანიდან გამოყოფის მომხრე იყო მთიანი ყარაბაღის სახალხო საბჭოც, მაგრამ აზერბაიჯანის უზენაესმა საბჭომ უარყო ეს გადაწყვეტილება და იგი ანულირებულად ცნო.
ამ ქაოტურ ვითარებაში ბალტიის რესპუბლიკების სახალხო ფრონტის ლიდერებმა შეძლეს რიგაში აზერბაიჯანელი (აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი) და სომეხი (სომხეთის ეროვნული მოძრაობა) კოლეგების შეხვედრის ორგანიზება. თუმცა, შეხვედრა მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლით დასრულდა და მას რაიმე რეალური შედეგი არ მოუტანია. თუ სომხები არგუმენტად ხალხთა თვითგამორკვევას იშველიებდნენ, აზერბაიჯანლების არგუმენტს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპი წარმოადგენდა.
მოლაპარაკებების პარალელურად ორივე რესპუბლიკაში შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება მიმდინარეობდა. თუმცა, აზერბაიჯანისგან განსხვავებით სომხეთში მას უფრო ინტენსიური ხასიათი ჰქონდა. სომხეთის სამხედრო შენაერთებს მხარს რესპუბლიკის რეგიონული ჯარი და რუსი ,,მოხალისეებიც“ უჭერდნენ. აზერბაიჯანის პარლამენტმა მთიან ყარაბაღს ავტონომიის სტატუსი გაუუქმა და იგი რეგიონად ,,მონათლა“. თუმცა, ამას უფრო თეორიულ-პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე რეალური ღირებულება, რადგან რეგიონზე სამხედრო კონტროლი მას უკვე დაკარგული ჰქონდა.
ცუდად ორგანიზებულმა აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ვერ შეძლეს საკუთარი ტერიტორიის დაცვა და ვითარებამ 1992 წელს უკიდურეს ზღვარს მიაღწია. სომხური ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა არამარტო მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, არამედ აზერბაიჯანელებით დასახლებული მეზობელი რაიონებიც.
აღნიშნულმა კონფლიქტმა შედეგად ლტოლვილთა დიდი ნაკადი წარმოშვა, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია. რესპუბლიკის ტერიტორიის 20% ოკუპირებულ იქნა, დაიწყო ეთნიკური წმენდა და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა. თუმცა, სიკეთე მას არც ერთი რესპუბლიკისთვის არ მოუტანია, რადგან ორივე ქვეყანაში სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა. სომხეთმა დიდი ზარალი განიცადა აზერბაიჯანის მიერ ბლოკადის გამოცხადებით, რომელსაც მხარი თურქეთმაც დაუჭირა, თუმცა შექმნილმა მდგომარეობამ არც აზერბაიჯანს მისცა საშუალება ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მდიდარი რესურსებით ქვეყნის ეკონომიკა მოეწესრიგებინა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დიდი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განიხილება როგორც შიდა კონფლიქტი. თუმცა, გარკვეული როლი სხვადასხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მართლაც ითამაშეს კონფლიქტის დარეგულირების მცდელობისას. პირველ ყოვლისა, განვიხილოთ აშშ-ის დამოკიდებულება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისადმი. სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ-მა ჩამოაყალიბა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების აღირებისთვის აუცილებელი ხუთი პრინციპი, რომლის თანახმადაც, აშშ არ აღიარებდა იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომელსაც ექნებოდა სხვა რესპუბლიკების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები. მიუხედავად ამისა, სომხეთი ერთ-ერთი პირველი იყო იმ რესპუბლიკათაგან, რომელიც აშშ-მა აღიარა. თუმცა, ეს ალბათ უფრო აშშ-ის კონგრესში არსებული ძლიერი სომხური ლობის დამსახურება იყო. 1992 წლის ოქტომბერში აშშ-ის კონგერსმა მიიღო თავისუფლების მხარდამჭერი 907-ე აქტი. ამ აქტის თანახმად, აზერბაიჯანი მიიღებდა აშშ-ის დახმარებას სხვადასხვა სფეროში მას შემდეგ, რაც ,,იგი დაიცავდა საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ ადამიანის უფლებებს, შეწყვეტდა სომხეთზე ბლოკადის განხორციელებას, სომხეთისა და ყარაბაღის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას და მონახავდა კონფლიქტის გადაწყვეტის მშვიდობიან გზას“. დღესდღეობით სომხეთს აშშ-გან მიღებული აქვს დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის დახმარება. შედარებისთვის, აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან აზერბაიჯანში მიღებული დახმარება დაახლოებით 25 მლნ აშშ დოლარია. თუმცა, კლინტონის ადმინისტრაციის დროს მდგომარეობა შეიცვალა, რადგან პოლიტიკა უფრო დაბალანსებული გახდა.
აღსანიშნავია რეგიონული სახელმწიფოების დამოკიდებულება მთიანი ყარაბაღისადმი.
თურქეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა აღიარა. მისი პოლიტიკა იმთავითვე პროაზერბაიჯანული იყო. შესაძლოა ამაში დიდ როლს ასრულებდა აზერბაიჯანთან ეთნიკური ნათესაობა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის მიმართ მისი მხარდაჭერა ძირითადად მაინც ვერბალური განცხადებებით ამოიწურებოდა და რაიმე რეალური შედეგი მას არ მოჰყოლია. თურქეთის თავშეკავებული პოლიტიკა გამოწვეული იყო, უპირველეს ყოვლისა, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით და მეორეც, 1915 წელს სომხური გენოციდის მემკვიდრეობით (თუმცა, თურქეთი არ აღიარებს, რომ გენოციდს მართლაც ჰქონდა ადგილი). ამ უკანასკნელს კარგად იყენებენ სომხები. თურქეთის პასიურ მხარდაჭერას ისიც განაპირობებდა, რო აშშ-ის დახმარებაზე, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, დამოკიდებულება იძულებულს ხდიდა მას ევროპისა და აშშ-ის პოლიტიკას მიჰყოლოდა. მან აშშ-ის ზეწოლით გააუქმა სომხეთზე აზერბაიჯანთან ერთად დაწესებული ემბარგო, რომელიც აზერბაიჯანიდან ჰუმანიტარულ დახმარებაზე იყო დადებული. ამასთანავე, თურქეთი ცდილობდა კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, თავიდან აეცილებინა რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტაში გარკვეულ როლს ასრულებს ირანის ისლამური რესპუბლიკა. მის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს რეგიონში თურქეთისა და აშშ-ის მზარდი გავლენის შემცირება. რაც შეეხება რეგიონის ისეთ დიდ სახელმწიფოსთან მის ურთიერთობას, როგორიცაა რუსეთი იგი უფრო ფრთხილი პოლიტიკის გატარებას ამჯობინებს. ცხადია, მას არც რუსეთის დომინანტობა აძლევს ხელს. გარდა ამისა, ირანისთვის უმჯობესია ჩრდილოეთის საზღვრებთან სტაბილურობის შენარჩუნება. მისთვის ჩრდილოეთით ნავთობით მდიდარი ძლიერი სახელმწიფოს ნაცვლად სუსტი მეზობლის ყოლა უფრო მომგებიანია, რადგან ირანულ რეჟიმს აფრთხობს ირანში მცხოვრები მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული უმცირესობის (8-15 მლნ, რომელიც ირანის მოსახლეობის 10-20%-ს შეადგენს) მხრიდან ირიდენტიზმის შესაძლო საფრთხე. 1992 წლის იანვრის ბოლოს ირანმა სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს კონფლიქტის მოგვარების მისეული ვარიანტი წარუდგინა, რომელსაც თავიდან სამივე მხარე მოწონებით შეხვდა. იგი ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების გაცვლას, ბლოკადის მოხსნას და ,,მოლაპარაკებების გამართვას პოლიტიკური გადაწყვეტილების მოძებნის მიზნით“, მაგრამ მასში მონაწილეობა უნდა მიეღო სამივე მხარეს. ეს გეგმა ასევე ითვალისწინებდა პრობლემის საბოლოოდ გადასაწყვეტად სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას, მაგრამ აზერბაიჯანის მხარე წინ აღუდგა მასში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ჩართვას, რის გამოც ირანული ინიციატივა ჩიხში მოექცა და შედეგი ვერ გამოიღო.
კავკასიის რეგიონს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის. მას ხელს არ აძლევს ამ რეგიონში თურქეთის, ირანისა თუ აშშ-ის გავლენის ზრდა. რეგიონში რუსეთის ინტერესების განხილვისას გამოიყოფა ორი ძირითადი ფაქტორი. პირველი, რუსეთს სურს თურქეთსა და ირანთან დსთ-ის საზღვრებზე კონტროლის კვლავ დაბრუნება. საამისოდ, კი აუცილებელია ყოფილ საბჭოთა საზღვრებზე სასაზღვრო ჯარის განლაგება და ასევე ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკებში სამხედრო ბაზების ქონა (რაც სომხეთში გააჩნია კიდეც); და მეორე, რუსეთს არ სურს ხელიდან გაუშვას აზერბაიჯანის ნავთობრესურსების ექსპლუატაციის შესაძლებლობა. ეს აშკარა გახდა, მაშინ, როცა რუსეთმა უარი განაცხადა აზერბაიჯანის კასპიის ნავთობკონსორციუმის ხელშეკრულების ხელის მოწერაზე (ე.წ. საუკუნის გარიგება) 1994 წელს. რუსეთი ასევე იყო ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წევრი.
1990-იან წლებში მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორი ჯგუფი ხელმძღვანელობდა. ესენი იყვნენ რუსეთის მთავრობა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფი. ეუთო-ს მინსკის 11 წევრიანი ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა. მას ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ პირველი სამშვიდობო კონფერენციის ჩატარება დაგეგმილი იყო სწორედ ბელორუსიის დედაქალაქში. მისი წევრები იყვნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბელორუსია, აშშ და ,,დაინტერესებული მხარეები მთიანი ყარაბაღიდან“. მისი შექმნის მიზანი იყო ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარების გაწევა, ყველა ბლოკადის მოხსნა და მთიანი ყარაბაღის სტატუსზე შეთანხმება. მინსკის ჯგუფის მიერ მრავალი ვარიანტი იქნა შემუშავებული, მაგრამ მათი უმრავლესობა უარყოფილ იქნა აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის მიერ. 1994 წლის დეკემბერში ბუდაპეშტის სამიტზე ეუთო-მ მიიღო რეზოლუცია კონფლიქტის ზონაში მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების (3 000 კაცი) გაგზავნის თაობაზე, მაგრამ იგი უნდა განთავსებულიყო იქ მხოლოდ საოკუპაციო ძალების მიერ კონფლიქტის ზონის დატოვების შემდეგ. შემდეგი ორი წლის მანძილზე ეუთო-ს წარმომადგენლები ჩადიოდნენ რეგიონში, რათა მოენახათ კონფლიქტის დარეგულირების გზები, მაგრამ მთელი ეს ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.
1996 წლის ლისაბონის სამიტზე ეუთო-ს განცხადებაში მოცემული იყო კონფლიქტის გადაჭრის შემდეგი პრინციპები:
● სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება;
● ლეგალური სტატუსის დადგენა მთიან ყარაბაღთან შეთანხმებით თვითგამორკვევის უფლებაზე დაყრდნობით, რაც მიანიჭებდა ადგილობრივ თვითმმართველობას უმაღლეს სტატუსს აზერბაიჯანის იურისდიქციის ფარგლებში;
● მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამ პრინციპებს მხარი დაუჭირა ეუთო-ს 53 წევრმა სომხეთის გარდა. ზავის მისაღწევად აზერბაიჯანმაც დაუჭირა მხარი ამ დოკუმენტის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი მის ინტერესებს სრულად არ გამოხატავდა.
სომხეთი და აზერბაიჯანი გაერო-ს წევრები გახდნენ 1992 წლის მარტში. თუმცა, გაერო კონფლიქტში, აქტიურად, 1993 წელს სომხური სამხედრო ფორმირებების მიერ ქელბაჯარის აღების შემდეგ ჩაერთო. უშიშროების საბჭომ მიიღო 822-ე რეზოლუცია ოკუპირებული რაიონიდან სომხეთის შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყვანის შესახებ. სომხური ძალების მიერ აზერბაიჯანის ხუთი რაიონის ოკუპაციის შემდეგ უშიშროების საბჭომ მიიღო კიდევ სამი რეზოლუცია (853, 874 და 884), რომელთაგან არც ერთი არ შესრულებულა, რაც განაპირობა იმან, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა არ მიიღეს გადამჭრელი ზომები. 1993 წელს გაერო-ს ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე კომიტეტმა ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა 53 000 ადამიანს. დახმარების პროგრამა გაიზარდა 1994 წლისათვის, რადგან ამ პროგრამის ფარგლებში მოხვდნენ არა მხოლოდ ის პირები, ვინც საერთაშორისო საზღვრები გადაკვეთა, არამედ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულნიც.
საერთაშორისო სამართალი ლტოლვილებსა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებს განსხვავებულ ჭრილში განიხილავს. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან ლტოლვილების შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებრიობა ვალდებულია ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს მათ. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში დახმარების გაწევის ვალდებულება, პირველ რიგში, იმავე სახელმწიფოს ევალება, სადაც ამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ თავი აარიდონ ამ მოვალეობის შესრულებას.
1988 და 1989 წლებში იმ აზერბაიჯანლებს, რომლებმაც სომხეთი დატოვეს, ლტოლვილები უწოდეს. თუმცა, 1988 წელს სომხეთიც და აზერბაიჯანიც სსრკ-ის შემადგენლობაში იყვნენ. ის ფაქტი, რომ ისინი სხვადასხვა ერებს წარმოადგენდნენ არ იყო მნიშვნელოვანი მანამდე, სანამ არ მოხდა მათი საზღვრების აღიარება. შესაბამისად, ეს ხალხი უფრო იძულებით გადაადგილებული პირები იყვნენ 1991 წლამდე. ამდენად, მათ ლტოლვილთა სტატუსი მიენიჭათ სომხეთის დატოვებიდან დიდი ხნის შემდეგ.
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი შეიძლება განხილულ იქნეს სამ სამართლებრივ ჩარჩოში. პირველი, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციის მიხედვით; მეორე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ხელშეკრულების მიხედვით; და მესამე, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით.1
საბჭოთა კონსტიტუციის თანახმად, კავშირში შემავალ რესპუბლიკებს ჰქონდათ სსრკ-დან გამოყოფის ,,თეორიული“ უფლება. ავტონომიურ რესპუბლიკებს გააჩნდათ კონსტიტუციები, განსხვავებით ავტონომიური რეგიონებისგან (ოლქებისაგან). ამგვარად, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მიზანი და გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო.
ხელშეკრულების თანახმად, სომხეთიც და აზერბაიჯანიც (ეს უკანასკნელი რუსეთის ზეწოლის ქვეშ შევიდა თანამეგობრობაში) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შედიან. ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი მასში შემავალ სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობაა. მიუხედავად ამისა, მთიანი ყარაბაღის სომხურმა მოსახლეობამ ჩაატარა რეფერენდუმი, გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
კარგად თუ გადავხედავთ კონფლიქტის გაანალიზების მცდელობებს, აღმოჩნდება, რომ მისი განსაზღვრა შიდა კონფლიქტად არა თუ შეცდომაა, არამედ დანაშაულიც. ამგვარმა გაუგებრობამ გამოიწვია ის, რომ ძლიერმა სახელმწიფოებმა საკმარისი ნება არ გამოიჩინეს მის მოსაგვარებლად და არ აღიარეს იქ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და ძალის გამოყენების აუცილებლობა აღიარებული საერთაშორისო საზღვრების შესაცვლელად.
მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის პრეტენზია ემყარებოდა ,,ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას“. მაგრამ ხალხებსა და უმცირესობებს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. აზერბაიჯანში მცხოვრები სომხები შეუძლებელია ,,ხალხი“-ს ტერმინით განისაზღვროს, რადგან მათ გააჩნიათ სამშობლო. სამართლებრივი თვალსაზრისით, ისინი ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ და სარგებლობენ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის 27 მუხლით, რომელიც აცხადებს, რომ ,,არ შეიძლება უმცირესობებს ჩამოერთვათ უფლება, განავითარონ საკუთარი კულტურა, იყვნენ საკუთარი რელიგიის აღმსარებლები და ილაპარაკონ საკუთარ ენაზე“. მთიანი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობას აქვს უფლება თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა აზერბაიჯანის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქტიურად ჩაეთონ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. თვითგამორკვევა არ ნიშნავს აუცილებლად გამოყოფას.
აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებში არსებულ წინააღმდეგობრიობას; კერძოდ, ხალხთა თვითგამორკვევისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შეუთავსებლობას. თუმცა, ერთი რამ აშკარაა, რომ თვითგამორკვევის უფლება არ იძლევა საერთაშორისო საზღვრების დარღვევის ან ეთნიკური წმენდის ჩატარების უფლებას. გამომდინარე აქედან, ყარაბაღის სომხური მოსახლეობის მოქმედება თვითგამორკვევის ან სომხეთთან შეერთების მოთხოვნით დემოკრატიული ფორმით უნდა ხორციელდებოდეს. ეს არ იქნებოდა არც არალეგიტიმური და არც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, როცა ბიპოლარული სისტემა დაირღვა და საუბარი დაიწყეს უკვე ახალ მსოფლიო წესრიგზე, სტრატეგიული, ეკონომიკური და ეთნიკური პრობლემებისადმი მიდგომებიც შეიცვალა. ბევრისთვის მისაღები გახდა ახალი სახელმწიფოების ფორმირება. ამერიკელი ექსპერტების, მორტონ ჰალპერინისა და დევიდ შეფერის თანახმად, უკვე ,,შემოქმედებითი პოლიტიკის გატარების დრო დადგა, რომელიც გაითვალისწინებდა თითოეული სიტუაციის განსაკუთრებულობას“.2
თანამედროვე კონფლიქტოლოგიაში, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილელები მოხდა, რადგან შესაძლებელი გახდა თვითგამორკვევის მოთხოვნების კლასიფიცირება.3 იგი დაიყო შემდეგ კატეგორიებად:
1. ანტიკოლონიური თვითგამორკვევა, რომელიც გულისხმობს საკითხის გადაწყვეტას გაერო-ს 1960 წლის დეკლარაციის შესაბამისად;
2. ქვესახელმწიფოებრივი თვითგამორკვევა. რაშიც იგულისხმება უკვე არსებულ სახელმწიფოში რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიერ ახალი სახელმწიფოს შექმნის მიზნით თვითგამორკვევის მოთხოვნა. ამ კატეგორიას განეკუთვნება ჩინეთში ტიბეტი, სინგჰების ერთობა პენჯაბში (ინდოეთი), ტაივანი და ა.შ.;
3. ტრანსსახელმწიფოებრივი თვითგამორკვევა. ამ კატეგორიაში შედიან ის ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც არ ცხოვრობენ მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში, რომლის კლასიკურ მაგალითსაც წარმოადგენს მთიანი ყარაბაღი. ამავე კატეგორიას მიეკუთვნებიან მოლდავეთში მცხოვრები რუმინელები, ყირიმში მცხოვრები რუსები და ქაშმირის ზოგიერთი მოძრაობა, რომელთაც სურთ პაკისტანთან შეერთება.
სხვა კატეგორიებია გაბნეული ხალხის თვითგამორკვევა, აბორიგენი (ტომობრივი) ხალხის თვითგამორკვევა (გვატემალა, ნიკარაგუა, აშშ, კანადა, ავსტრალია) და წარმომადგენლობითი თვითგამორკვევა, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფოს პოლიტიკური სტრუქტურის ცვლილებით (სამხრეთი აფრიკა, ჰაიტი, ბირმა, კოლუმბია და სხვა.).
მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში ამათგან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ორი კატეგორია. ესენია: ქვესახელმწიფოებრივი და ტრანსსახელმწიფოებრივი თვითგამორკვევა.
ახლა კი განვიხილოთ კონკრეტულად ის ვარიანტები კონფლიქტის დარეგულირებისა, რომლებიც შემოთავაზებული იყო სხვადასხვა მხარის მიერ.
1. აზერბაიჯანული ვარიანტი.
აზერბაიჯანი არ ცნობს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ სტატუსს, წინააღმდეგია მისი სომხეთთან შეერთების (ესაა ტრანსსახელმწიფოებრივი თვითგამორკვევის მოდელი) ან/და მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა (ქვესახელმწიფოებრივი თვითგამორკვევის მოდელი).
აზერბაიჯანის ოფიციალური მოთხოვნებია:
ა) აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. ეს საკითხი არც შეიძლება მოლაპარაკების საგნად იქცეს;
ბ) აზერბაიჯანიდან მთიანი ყარბაღის გამოყოფის, სეცესიის უარყოფა;
გ) მთიანი ყარაბაღის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არაღიარება;
დ) ყველა დაკავებული ტერიტორიიდან ლაჩინიდან, ქელბაჯარიდან, კუბატლიდან, აგდამიდან, ფიზულიდან, ჯებრაილიდან და ზანგელანიდან მთიანი ყარაბღის შეიარაღებული ძალების გაყვანა;
ე) მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოსა და სომხეთის უზენაესი საბჭოს 1990 წლის გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანებას ითვალისწინებდა;
ვ) მთიანი ყარაბაღის არმიის განიარაღება და დაშლა;
ზ) მთიანი ყარაბაღის სრული დაქვემდებარება აზერბაიჯანის კანონებისა და იურისდიქციისადმი;
თ) ყველა ზემოჩამოთვლილი მოთხოვნის შერსულების შემდეგ უკვე მთიანი ყარაბაღის სტატუსის განხილვა.
2. მთიანი ყარაბაღის ვარიანტი და პოზიცია
მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებას პრიორიტეტად სტატუსის განსაზღვრა მიაჩნია.
ა) მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის გამოცხადება სავსებით შეესატყვისებოდა 1990 წლის 3 აპრილს სსრკ-ის პრეზიდენტის მიერ გაცემულ დეკრეტს, რაც შეეხებოდა ,,სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას“;
ბ) მთიანი ყარაბაღი ძველი სტატუს კვოს აღდგენისა და აზერბაიჯანის იურისდიქციის გავრცელების წინააღმდეგია. ყარაბაღის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სტატუსის განხილვისას მხედველობაში, აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული შეიარაღებულ დაპირისპირებაში აზერბაიჯანის მარცხი და მთიანი ყარაბაღის სამხედრო ძალების გამარჯვება;
გ) აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს პოლიტიკური თანასწორობის პრინციპს. გამორიცხულია მათ შორის ვერტიკალური ურთიერდამოკიდებულების ჩამოყალიბება და დასაშვებია სხვადასხვა მოდიფიკაციით ჰორიზონტალური დამოკიდებულება;
დ) მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება და უსაფრთხოების გარანტირება, რაც უზრუნველყოფს ამ რეგიონში ეთნიკური სომხების დარჩენას;
ე) მთიანი ყარაბაღის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება მისი სომხეთთან შეერთების საკითხი. ყარაბაღის ხელისუფლება ამ გარემოებას კომპრომისად და ორ სომხურ სახელმწიფოს გაერთიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დაძაბულობის შენელების მზადყოფნად მიიჩნევს, რაც აზერბაიჯანისთვის მიუღებელია;
ვ) მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობა წინააღმდეგია მისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებისა, როგორც ამას აზერბაიჯანი სთავაზობს;
ზ) ყარაბაღის არმიის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბრუნების საკითხი მთიანი ყარაბაღის სტატუსთან ერთად უნდა იქნეს განხილული. როგორც ყარაბაღის პრეზიდენტმა აღნიშნა ,,უნდა ვიყოთ რეალისტები, რადგან დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება ეს ის საფასურია, რასაც ყარაბაღის სტატუსში გადავიხდით“;
თ) რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის არმიის განიარაღებასა და დაშლას, რეგიონის ხელისუფლება სრულიად უარყოფს აზერბაიჯანის ამ წინადადებას, რადგან მათი თქმით, სწორედ არმიაა რესპუბლიკისა და მისი მოსახლეობის ძირითადი დამცველი.
3. სომხეთის პოზიცია
ყარაბაღთან სომხეთის დამოკიდებულებაში ორი უმთავრესი ფაქტორი თამაშობს დიდ როლს. პირველი, უსაფრთხოება, რომელიც უმთავრესია და სხვა დანარჩენი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამიტომ, სომხური მხარე არ იყო წინააღმდეგი კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო ძალების განთავსებისა. და მეორე, სომხეთი დაეთანხმება პრობლემის გადაჭრის ყველა გზას თუ იგი მისაღები იქნება ყარაბაღისთვის, იგივე ითქმის სტატუსზეც. სომხეთი წინააღმდეგია სამხედრო მოქმედებების განახლებისა და ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო მეთოდებით გადაწყვეტის.
სხვა ვარიანტები კონფლიქტის მოგვარებისა არის ტერიტორიული გაცვლა, ასოცირებული სახელმწიფოს შექმნა, სინთეზური ვარიანტი, კვიპროსის მოდელი, დამოუკიდებლობის ვარიანტი და ჩეჩნური მოდელი.
ტერიტორიული გაცვლის ვარიანტი წარმოადგინა ამერიკელმა პოლიტოლოგმა პოლ გობლმა, რაც ითვალისწინებდა მთიანი ყარაბაღის ნაწილის სომხეთისთვის გადაცემას აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის სომხების მიერ კონტროლირებადი ხიდის სანაცვლოდ. ამ ვარიანტის მიღების შემთხვევაში სომხეთი დაკარგავდა ირანთან და აზერბაიჯანთან კავშირს. ირანი კი სომხეთისთვის მნიშვნელოვანი გასასვლელია დანარჩენ მუსლიმურ სამყაროსთან. მისი ჩაკეტვა სომხეთის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას გააუარესებდა და უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა მის ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა, ერთი შესწორება მაინც შეიტანა გობლმა ამ ვარიანტში. მან შესთავაზა სომხეთს ირანს მეგრის რაიონით დაკავშირებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ტერიტორიულ საკითხებს კიდევ ერთი (მეგრის კორიდორი) დაემატებოდა და ვითარებას კიდევ უფრო გაართულებდა. ამდენად, ეს ვარიანტი მიუღებელი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის.
რაც შეეხება ასოცირებული სახელმწიფოს შექმნას, ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგალითად, პუერტო რიკო, მარშალის კუნძულები და მიკრონეზიის ფედერაცია. ყარაბაღთან დაკავშირებით წარმოებულ მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ მარესკამ 1994 წელს წარმოადგინა გეგმა რომლის თანახმადაც, ყარაბაღს ეწოდებოდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, იქნებოდა აბსოლუტურად სამართლებრივი თვითმართველობის მქონე, მხოლოდ აზერბაიჯანის სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში. იგი უნდა ყოფილიყო ასოცირებული აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ეს ვარიანტი მიუღებელი აღმოჩნდა ყარაბაღისთვის, რომ არ იქნებოდა აღიარებული მისი დამოუკიდებლობა, იგი დარჩებოდა აზერბაიჯანის იურისდიქციის ქვეშ ანუ შენარჩუნებული იქნებოდა ვერტიკალური დამოკიდებულება.
სინთეზური ვარიანტი გულისხმობს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან შეერთებას და ნაწილობრივ აზერბაიჯანზე დამოკიდებულად დარჩენას.
დამოუკიდებლობის ვარიანტი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ ერთეულად ცნობას გულისხმობს, რაც იმთავითვე გამორიცხულია აზერბაიჯანის მხრიდან.
არსებობს კიდევ ერთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის ჩეჩნური ვარიანტი. რაშიც მხოლოდ სტატუსის განხილვის გარკვეული პერიოდით გადადება იგულისხმება.
კვიპროსული მოდელი ალბათ ყველაზე მისაღებია, რადგან იგი გულისხმობს დე ფაქტო არსებობას, თუმცა დე იურედ აღიარებული არაა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ყარაბაღის შემთხვევაში ეს ვარიანტი მეტ-ნაკლებად კომპრომისულია და ალბათ ყველაზე პერსპექტიული შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
ფაქტია, რომ საერთაშორისო ინიციატივებმა და დიპლომატიამ კონფლიქტის ზონებში მშვიდობის უზრუნველყოფა ვერ შეძლო, ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ კონლიქტის ,,გაყინვას“ შეუწყო ხელი. დღესდღეობით მთიან ყარაბაღში უსაფრთხო ვითარებაა. თუმცა კოფლიქტის საბოლოოდ აღმოფხვრისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მონაწილე მხარეებს შორის ნდობის ფაქტორის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, კონფლიქტების გადაჭრის გზების საძიებლად მნიშვნელოვანია ისტორიული, გეოგრაფიული, ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მნიშვნელობის ფრთხილად განსაზღვრა.
_____________________
1. Undeclared War, by Svante Cornell., Journal of South Asian and Middle Eastern Studies. Fall 1997
2. Halperin M., Scheffer. D., Self-determination in the New World Order.
3. Оганесян Н., Нагорно-Карабахский конфликт и варианты его решения.1997