![]() |
ახალი აზრი № 6 (12), 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ქადაგიძე ნინო, ცაგარელი ქეთევან, აბრამია პაატა, ღირსიაშვილი ლევან , ბატიაშვილი ზურაბ , პიპინაშვილი დავით , ხელაშვილი გიორგი |
თემატური კატალოგი ახალი აზრი |
წყარო: ISSN 1512-1844 |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჟურნალ ,,ახალი აზრი“-ს გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“ ჟურნალი ,,ახალი აზრი“ გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და რეგიონში. ჟუნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსსა და მათში გამოთქმულ შეხედულებათა თაობაზე სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს. სარედაქციო კოლეგია: ლევან გელაშვილი (მთავარი რედაქტორი/პროექტის ხელმთძვანელი) ნიკა თარაშვილი (რედაქტორი) კახა ოქროჯანაშვილი ლევან ღირსიაშვილი ვალერიან მეტრეველი (დიზაინერი) The Journal ,,Akhali Azri” (New Opinion) is being published by support of Friedrich Ebert Foundation პოლიტიკური კვლევების ცენტრი, ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 4-43, ტელ: (99532) 988537, ფაქსი: (99532) 291209 ელ-ფოსტა: akhali-azri@cpr.org.ge ©2003 პოლიტიკური კვლევევბის ცენტრი |
![]() |
1 ჩრდილოეთი და სამხრეთი - მდიდრები და ღარიბები |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო ურთიერთობები
ნინო ქადაგიძე
საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი
საერთაშორისო ეკონომიკა შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ცალკე დამოუკიდებლად მოქმედი სისტემა, თავისი საკუთარი კანონებითა და წესებით, რომელსაც საკუთარი სტრუქტურა და დინამიკა ახასიათებს. კაპიტალი, ადამიანების მოთხოვნილებებსა და სურვილებთან ერთად, ამ დინამიკის ძირითადი წყარო, ხოლო შრომის საერთაშორისო დანაწილება მისი ფუნდამენტური სტრუქტურაა. საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემას ანუ მსოფლიო მეურნეობას, მეტად რთული და დინამიკური ისტორია აქვს, რომლის გენერატორები იყვნენ: მოსახლეობის რიცხვის ზრდა, ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები, კლასობრივი ბრძოლა, პოლიტიკური ორგანიზაციის დახვეწა და ეკონომიკური თეორიის განვითარება. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების რთული სისტემა და პირველ რიგში, საერთაშორისო ვაჭრობა კაცობრიობის არსებობის აუცილებელ და განუყოფელ პირობად იქცა. საერთაშორისო ეკონომიკურმა პროცესმა მოგვცა ჭეშმარიტად გლობალური ეკონომიკა.
საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე პროცესების, კონფლიქტებისა და თანამშრომლობის მიზეზებისა და შედეგების ანალიზის მიზნით, ამერიკელი ეკონომისტი ჯოან სპირო გვთავაზობს ეკონომიკურ სისტემაში სამი შემადგენელი ქვესისტემის გამოყოფას. ესენია: დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ქვესისტემები.
ჩვენ შევეხებით ჩრდილო-სამხრეთის ქვესისტემას, რომელშიც მკაფიოდ გამოხატული დაპირისპირება და დაქვემდებარება შეიმჩნევა განვითარებულ და ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის. ერთ სულ მოსახლეზე ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მაჩვენებლის, ტექნოლოგიური და სხვა მახასიათებლების მიხედვით, ამ ქვესისტემაში, ყველაზე განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებამდე, უზარმაზარი სხვაობა არსებობს. სამწუხაროდ ეს სხვაობა, (ზოგის თქმით უფსკრული) კიდევ უფრო ღრმავდება.
ამ ქვესისტემის მთავარი თავისებურება დაქვემდებარებაა, რაც ნიშნავს უთანასწორო ეკონომიკურ ურთიერთობებს და ბაზრის კონიუნქტურის მიმართ ძალზე განსხვავებულ მგრძნობიარობას.
მესამე მსოფლიო - არსებობს ასეთი ცნება, რადგან ის არც მდიდარი და დემოკრატიული დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პირველი მსოფლიოა და არც კომუნისტური ტირანიის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის მეორე მსოფლიო. სახელმწიფოებს ამ რეგიონში სხვადასხვაგვარად იხსენიებენ: მესამე მსოფლიოს ქვეყნები, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, ან განვითარებადი ქვეყნები. მაგრამ მკაცრი საზღვრების დადგენა შეუძლებელია და ყოველთვის არსებობს გამონაკლისები, თუმცა მისი ყველაზე დამახასიათებელი ნიშან-თვისება სიღარიბეა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გამონაკლისები. ნავთობის მწარმოებელ ქუვეითსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს სპარსეთის ყურეში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ ერთ სულ მოსახლეზე, მაგრამ, ძირითადად, მესამე მსოფლიო ღარიბია და მრავალ ქვეყანაში წლიური ერთიანი შიდა პროდუქტი 1.000$-ზე ნაკლებია. ათჯერ ნაკლები, ვიდრე ინდუსტრიული დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მოქალაქეების საშუალო შემოსავალი.
ზოგი მესამე მსოფლიოს განსაზღვრავს ტერიტორიად, სადაც მსოფლიოს არათეთრი მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ ლათინური ამერიკის, არაბული მსოფლიოს, ისრაელის, თურქეთისა და ირანის ნაწილი დასახლებულია თეთრკანიანი ხალხით, ასევე აზიელი ხალხი ცხოვრობს პირველ მსოფლიოში. ასე რომ, რასობრივი კლასიფიკაციაც არ არის გამართლებული.
პრაქტიკულად, თითქმის მთელი მესამე მსოფლიო ერთ დროს კოლონია იყო, ანუ უცხო ქვეყნების კონტროლქვეშ იყო მოქცეული. ლათინურმა ამერიკამ თავისუფლება XIX საუკუნეში მოიპოვა, აზიის დიდმა ნაწილმა - 1940-იან წლებში, აფრიკამ კი - 1960-იან წლებში. მესამე მსოფლიოს უმეტესი ნაწილი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა პირველ და მეორე მსოფლიოს შორის, თუმცა ზოგიერთ მათგანს ყოველთვის ჰქონდა პრო-ამერიკული ან ანტი-დასავლური მიმართულება. აქაც, კვლავ, ძნელია მკაცრი დაყოფა.
ერთი, რაც შეიძლება მთელ მესამე მსოფლიოზე ნათლად ითქვას, არის მათი პოლიტიკური არასტაბილურობა. მრავალმა მათგანმა გაიარა პოლიტიკური რეჟიმების ცვლა, რევოლუციები და სამხედრო გადატრიალებები და დღესაც იშვიათად მოიძებნება მესამე მსოფლიოში ნამდვილი დემოკრატია. ერთ-ერთი მკვლევარის აზრით ერთი აღსანიშნავი გამონაკლისია ინდოეთი. პაკისტანიც მეტნაკლებად წარმომადგენლობითია. მაგრამ ყველა ამ სახელმწიფოებში პოლიტიკური ინსტიტუტები ძალიან სუსტია და არ ძალუძთ შეინარჩუნონ ნებისმიერი სახის (სამოქალაქო თუ სამხედრო) ეფექტური მთავრობა. მესამე მსოფლიო არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც დასახვეწი და განსავითარებელია.
როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთი მკვლევარი მესამე მსოფლიოს განვითარებად არეს უწოდებს, მაგრამ რეალურად ყველა ქვეყანა არ არის განვითარების პროცესში. ზოგი მათგანი სტაგნაციას განიცდის, ზოგიც კი, მხოლოდ რეგრესის პროცესშია.
ერთ-ერთი ავტორი ამბობს, მესამე მსოფლიოს ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი განვითარებაა, მაგრამ ისინი, როგორც წესი, უფრო პირად ძალაუფლებასა და პრესტიჟზე ზრუნავენ და ატარებენ დამღუპველ პოლიტიკასო.
მოკლედ, მესამე მსოფლიო მთელს რუქაზეა გაფენილი. ზოგი მკვლევარის აზრით ქვეყნების ასეთი დიდი რაოდენობა არ შეიძლება მოქცეულ იქნას ერთ საზომში. შეიძლება დავამატოთ ორი კატეგორია: მეოთხე მსოფლიო - ქვეყნები, რომლებსაც ისეთი მიღწევები აქვთ, რომ ცოტა ხანში პირველ მსოფლიოს შეუერთდებიან და მეხუთე მსოფლიო, რომელიც განწირულია სამუდამო სიღარიბისთვის. მეოთხე მსოფლიო ხანდახან მოიხსენიება, როგორც NIC - ახალი ინდუსტრიული ქვეყნები, როგორიც არის სამხრეთი კორეა, ბრაზილია და სხვ.
მესამე მსოფლიოს ძირითად პრობლემად მაინც სიღარიბე რჩება. სიღარიბე შეიძლება დანახულ იქნას რამდენიმე თეორიული პერსპექტივიდან. საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარები არ თანხმდებიან ვერც ამ სიღარიბის მიზეზებზე და ვერც მისი დაძლევის გზებზე. ისინი ასევე ვერ თანხმდებიან ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობების ხასიათზე. მაგრამ ყველა აღიარებს, რომ სამხრეთის ქვეყნები უკიდურეს გაჭირვებაში არიან. გოლდსტაინის თქმით ეს სიღარიბე ძნელად მისახვედრია ჩრდილოეთ ამერიკისათვის. ეს არის უკიდურესი გაჭირვება, აქ არის შიმშილი და მისგან გამოწვეული სიკვდილი, ამას ჩვენ ვხედავთ სომალისა და სუდანის სურათებში და ეს უაღრესად შემაძრწუნებელია. მაგრამ ეს არ არის სიღარიბის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. ხშირად შიმშილობის მიზეზი ომი ან გვალვაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც იღუპება ღარიბ ქვეყნებში კი არ შიმშილობენ, არამედ ხშირად ისინი იღუპებიან სხვადასხვა დაავადებებისგან, რომლებიც გამოწვეულია უხარისხო საკვების მიღებით. უხარისხო საკვებით გაცილებით მეტი ხალხი იღუპება, ვიდრე სრული შიმშილით, მაგრამ ეს ნაკლებად დრამატულია, რადგან ისინი კვდებიან სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა გარემოებებში, სხვადასხვა დროს და არა ერთი და იმავე ადგილას თანაბარ პირობებში.
ხშირად ხალხი, რომელიც იღუპება შიმშილით, იღუპება არა იმიტომ, რომ მსოფლიოში ან მათ სახელმწიფოში საკვების ნაკლებობაა, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ მათ არ აქვთ საშუალება შეიძინონ ეს საკვები. ისინი განიცდიან უსაფრთხო წყლის, ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი პირობების ნაკლებობას. ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შიმშილის შემთხვევები, რომელიც გამოწვეულია ომით, ან გვალვით, რადგან ქრონიკული სიღარიბე ეფექტს ახდენს გაცილებით ბევრ ხალხზე.
უამრავი ხალხი ცხოვრობს საცხოვრებელად უვარგის პირობებში, ბევრი საერთოდ უსახლკაროა. მესამე მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს საერთოდ არ გააჩნია დაწყებითი განათლებაც კი.
1990-იან წლებში გლობალიზაციამ კიდევ უფრო გააღრმავა უფსკრული მსოფლიოს უღარიბეს და უმდიდრეს ქვეყნებს შორის. ხალხის რაოდენობა, რომელიც ცხოვრობს 1 დოლარი შემოსავლით დღეში 1987 წელს 1.2 მილიარდს შეადგენდა, ხოლო 1999 წლისათვის 1.5 მილიარდამდე გაიზარდა. 60 ქვეყანა ახლა გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ისინი 20 წლის წინ იყვნენ. თუ ჩრდილოეთ ამერიკა და დასავლეთი ევროპა აღზევებულია, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში შემოსავლები თითქმის განახევრდა. თუ ჩინეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და ლათინური ამერიკის დიდი ნაწილი თავს აღწევენ სიღარიბეს, აფრიკის დიდი ნაწილი უფრო და უფრო ღრმად ეფლობა გაჭირვებაში.
ამგვარად, გლობალიზაცია სამხრეთში ქმნის გამარჯვებულებსაც და დამარცხებულებსაც, მაგრამ მსოფლიოს უღარიბესი მილიონობით ხალხი დამარცხებულია. ისინი ძირითადად თავმოყრილნი არიან სამხრეთ აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე სამხრეთ აზიაში სადაც 2 მილიარდი მაცხოვრებელია წელიწადში 2.500$-ია, აფრიკაში კი - 1.500$-ზე ნაკლები. ათასობით ადამიანს ამაზე ბევრად ნაკლები შემოსავალი აქვს. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კი დღეში 2$-ზე ნაკლები შემოსავალი აქვს (წელიწადში 730$). თუ ამ სტატისტიკით ძნელია წარმოდგენის შექმნა, მაშინ ვთქვათ, რომ ყოველ სამ წამში მსოფლიოში ერთი ბავშვი მაინც იღუპება შიმშილისგან. ეს არის 800 ბავშვი საათში, 20,000-მდე დღეში და 7 მილიონზე მეტი წელიწადში. მსოფლიო აწარმოებს საკმარის საკვებს იმისათვის, რომ გამოკვებოს ეს ბავშვები, მაგრამ მათ ოჯახებს და სახელმწიფოებს არ აქვთ საკმარისი შემოსავალი ამისთვის. ამავე დროს, ამ სამ წამში, როცა ბავშვები იღუპებიან, მსოფლიოში იხარჯება 75,000$ სამხედრო შეიარაღებაზე. ეს რეალობა ასახავს მორალს და პოლიტიკურ დებატებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების შესახებ.
რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ქვეყანა მდიდარია და ზოგიერთი კი ღარიბი? ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება - შიდა და გარე მიზეზები. მარქსისტები და მესამე მსოფლიოს რადიკალები ამ პრობლემას ხსნიან გარე მიზეზებით. ეს არის არა თვით კარლ მარქსის მიერ, არამედ უფრო გვიანდელი მკველევარების ინგლისელი ეკონომისტის ჰობსონისა და გერმანელი მარქსისიტის როზა ლუქსემბურგის მიერ ჩამოყალიბებული შეხედულება. ისინი კონცენტრირებას ახდენდნენ კლასების სტრუქტურაზე ქვეყნებს შიგნით, რომ აეხსნათ პროგრესი, ან მისი ნაკლებობა. ისინი ამბობდნენ, რომ კაპიტალიზმი გავრცელდა მთელ მსოფლიოში იმპერიების ფორმით. კოლონიების ექსპლოატაციით - იაფი მუშახელის, იაფი ნედლეულის წარმოების და მათი პროდუქციით დაპყრობილი ბაზრების მეშვეობით კაპიტალისტურმა იმპერიებმა უფრო დიდხას გასტანა, ვიდრე მარქსი წარმოიდგენდა შესაძლებლად.
პირადად კაპიტალისტები მდიდრდებოდნენ კოლონიური ვაჭრობის შედეგად, მაგრამ კოლონიების მართვა იმპერილისტური მთავრობისთვის ხშირად უფრო მეტი ჯდებოდა, ვიდრე მისგან მიღებული მოგება. სამ უმდიდრეს ქვეყანას ევროპაში - ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია - არასოდეს ჰქონიათ კოლონიები. მეოთხე უმდიდრესმა ქვეყანამ - გერმანიამ 1919 წელს ყველა კოლონია დაკარგა. საფრანგეთის ეკონომიკა გამოცოცხლდა 1960-იან წლებში, მას შემდეგ, რაც თავის კოლონიებს დამოუკიდებლობა მიანიჭა. დასავლეთ ევროპის უღარიბესი ქვეყანა - პორტუგალია იყო პირველი და უკანასკნელი კოლონიური იმპერია. ეკონომისტები, ადამ სმიტიდან მოყოლებული, ევროპის ქვეყნებს ურჩევდნენ გაენთავისუფლებინათ კოლონიები, რადგან ისინი ფულის უაზროდ ხარჯვის საშუალებად მიაჩნდათ.
უმნიშვნელოვანესია ამ ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი განვითარებულ სახელმწიფოებთან. ღარიბი ქვეყნები, რომლებსაც მხოლოდ ნედლეული აქვთ საექსპორტოდ, იღებენ დაბალ ფასს პირველი მსოფლიოს ქვეყნებისგან. ეს იწვევს სიმდიდრის გადინებას და მესამე მსოფლიოს ქვეყნებს კიდევ უფრო მიჯაჭვულს ხდის კაპიტალისტურ ქვეყნებზე. კოლონიალიზმის ნაცვლად ახლა მესამე მსოფლიო ნეოკოლონიალიზმს განიცდის. იმპერიების გადაშენებისა და ყოფილი კოლონიების სუვერენულ სახელმწიფოებად გადაქცევის შემდეგ დარჩა ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც უხილავ ან აშკარა ეკონომიკურ ან პოლიტიკურ დომინირებას, ბატონობას გულისხმობენ. ამ ახალი ტიპის ბატონობას უწოდებენ ნეოიმპერიალიზმს ან ნეოკოლონიალიზმს.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს სიტუაცია არ არის აუცილებლად კაპიტალისტური ქვეყნების შეთქმულების შედეგი. თუ ქვეყნის იაფი პროდუქციის მიწოდება ბაზარზე მაღალია, ის ვერ მიიღებს ამისთვის დიდ ფულს. როდესაც ყავა, შაქარი და რკინა კონკურენციას უწევენ ერთმანეთს გაჯერებულ მსოფლიო ბაზარზე, რა თქმა უნდა ამ პროდუქციებზე ფასები ეცემა, ხანდახან, მათ თვითღირებულებაზე უფრო დაბლა. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან ის არის, რომ ამ ქვეყნებმა უნდა შეავსონ თავიანთი წარმოება ახალი პროდუქციით. სწორედ ასე მოიქცა ბრაზილია და იგი დღეს არავის ნეოკოლონიას აღარ წარმოადგენს. არსებობს ასევე მეორე გზა, როგორიც არის კარტელის შექმნა ოპეკის მსგავსად, რომელიც დააწესებს ლიმიტს პროდუქციის წარმოებაზე და ამის საშუალებით მოხდება ფასების აწევა. სწორედ ამ გზით, ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა ,,დაიპყრეს“ ნავთობის იმპორტიორი ქვეყნები.
კონსერვატორები მხარს უჭერენ შეხედულებას, სადაც ამ პრობლემის გარე მიზეზები სახელდება. ისინი ამბობენ, რომ ღარიბ ქვეყნებთან დაკავშირებით არსებობს სამი ძირითადი პრობლემა. აღსანიშნავია, რომ თითქმის არცერთი მათგანი არ განიცდის ბუნებრივი რესურსების ნაკლებობას. ქვეყნებმა, რომლებიც ღარიბია რესურსებით, შექმნეს ძლიერი ეკონომიკა ადამიანურ რესურსებზე დაყრდნობით (იაპონია და სინგაპური), ამავე დროს არის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები, მაგრამ ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ (ბირმა და ნიგერია).
თანამედროვე მიდგომით, ადამიანური რესურსები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებითა და დაუღალავი მუშაობით შესაძლებელია მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება. მაგრამ ასეთი მიდგომა მიუღებელია ტრადიციული საზოგადოებისთვის, სადაც ხალხი ითხოვს ძალიან ცოტას და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა. ჩვენ შეგვიძლია განვასხვავოთ ,,თანამედროვე“ და ,,ტრადიციული“ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა. თანამედროვე გონება აკეთებს ყველაფერს სწორად, სწრაფად და მისი მუშაობა ყოველთვის მაღალპროდუქტიულია. ტრადიციულ საზოგადოებაში ხალხი ვერ ხედავს საჭიროებას, რომ საქმე აკეთოს ყურადღებით და სწრაფად. დრო ფულია - ამბობს თანამედროვე ადამიანი, ხვალ - ამბობს ტრადიციული ადამიანი.
რატომ არის, რომ ქვეყნების ნაწილმა შეძლო დაეძლია ჩამორჩენილობა? დასაწყისში ყველა ჩამორჩენილი იყო, მაგრამ ზოგმა შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა. მაგალითად, ევროპა შუა საუკუნეების მანძილზე იყო ტრადიციული საზოგადოება და განათლების, მეცნიერებისა და კომერციის სფეროში ბევრად უფრო უკან იდგა, ვიდრე არაბეთის და ჩინეთის იმპერია, მაგრამ XVI საუკუნეში ევროპის გარკვეული ნაწილი უფრო განვითარდა, ვიდრე არაბეთი და ჩინეთი და ეს განსხვავება უფრო და უფრო იზრდება საუკუნეების მანძილზე.
ევროპის მოდერნიზაციის მიზეზები ბევრია, მაგრამ მრავალი ისტორიკოსი მთავარ მიზეზად იტალიის რენესანსს ასახელებს, რომელიც XIII საუკუნეში დაიწყო. საფრანგეთიდან მოყოლებული, მონარქებმა დაიწყეს თავიანთი ძალაუფლების გაფართოება და გაგზავნეს ექსპედიციები, რათა შეესწავლათ ის ტერიტორიები, რომლის დაპყრობასაც აპირებდნენ. ნელ-ნელა ჩნდებოდა ახალი მიდგომა ფულის და მატერიალური პროგრესის მიმართ. ტრადიციულ საზოგადოებებში ხალხი არ ცდილობდა დაეგროვებინა ფული. ისინი არ მუშაობდნენ თავდადებით სიმდიდრის დასაგროვებლად. ხალხი, რომელიც ეწეოდა ბიზნესს ცდილობდა შეექმნა ნორმალური საცხოვრებელი პირობები თავისი ოჯახისთვის, მაგრამ ამაზე მეტის სურვილი არავის გააჩნდა.
დაახლოებით XV საუკუნეში ევროპის გარკვეულ ნაწილში გაჩნდა კაპიტალისტური მენტალიტეტი. გაჩნდა მისწრაფება დაეგროვებინათ შესაძლებლად მეტი ფული და სიმდიდრე, იმაზე მეტი, ვიდრე ოჯახს ესაჭიროებოდა და შეეძლო დაეხარჯა. ბიზნესმენებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ დაეგროვებინათ სიმდიდრე რაიმე ლიმიტის გარეშე. მკვლევარების აზრით, სწორედ ეს მენტალიტეტი არ არსებობს მესამე მსოფლიოში, რის გარეშეც შეუძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა.
რატომ მოხდა ეს ცვლილება არ არის დადგენილი. ზოგი მკვლევარი ხაზს უსვამს ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ინოვაციას, განვითარებულ ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციის საშუალებებს, სამეფოების ცენტრალიზაციასა და კონსოლიდაციას. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს არსებობდა სხვა ცივილიზაციებშიც, როგორიც იყო რომი, ჩინეთი, არაბეთი, და ეს არ გამხდარა მყარი ეკონომიკის განვითარების საფუძველი.
სხვა მკვლევარები მიუთითებენ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, განსაკუთრებით რელიგიაზე (პროტესტანტიზმი). ძველი კათოლიკური ეკლესია არ იყო ორიენტირებული ეკონომიკურ ზრდაზე, ის უქადაგებდა ხალხს მიეღოთ თავიანთი ადგილი ცხოვრებაში. ფულის სესხება რაიმე ინტერესით ამორალურად ითვლებოდა და აკრძალული იყო. პროტესტანტიზმი კი უარყოფდა ასეთ აკრძალვებს და მოიტანა მისწრაფება ეკონომიკური კეთილდღეობისკენ.
ყველაფერი ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროპამ დაიპყრო დანარჩენი მსოფლიო, კოლონიურმა მმართველებმა შეცვალეს მსოფლიოს პოლიტიკური რუქა და ცდილობდნენ მოეწყოთ ის დასავლეთის სურვილის მიხედვით. იყო თუ არა ეს უსამართლო სადავოა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნებს არ შესწევდათ ძალა წინააღმდეგობის გასაწევად.
მესამე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ აითვისა დასავლეთის ტექნოლოლოგიური მიღწევები და განიცადა მოდერნიზაცია. ოსმალეთის იმპერიამ XIX საუკუნეში აითვისა ევროპული შეარაღება, უნიფორმები, სამხედრო ორგანიზაცია. იაპონელებმა ევროპისგან გადაიღეს არა მარტო სამხედრო ტექნიკა, არამედ ინდუსტრიული პროცესები, ჩინეთმა შეითვისა მხოლოდ დასავლეთის სამხედრო მეთოდები. მაგრამ იმისათვის რომ შეითვისო მთელი დასავლური სისტემის ფასეულობები და ეკონომიკა, არ არის საკმარისი მხოლოდ დასავლური ცივილიზაციის მხოლოდ ერთი ნაწილი, როგორიცაა სამხედრო სფერო, არამედ საჭიროა დასავლური განათლება, ეკონომიკა და ნაციონალიზმი, რათა სამხედრო ძალებმა იმოქმედონ სწორი გზით.
ნიშანდობლივია, რომ ხშირ შემთხვევაში მესამე მსოფლიო წინააღმდეგი იყო დასავლურ კულტურასთან ზიარებისა. მესამე მსოფლიოს ხალხისთვის ძნელი აღსაქმელია ის ფაქტი, რომ რითაც ისინი აქამდე ცხოვრობდნენ - მათი რელიგია, ფასეულობები, სოციალური სტრუქტურა და გაცნობიერება მიუღებელი და შესაცვლელია. ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა, მაშინ, როცა ითვისებენ დასავლეთის ტექნოლოგიას, მაგრამ ამას იშვიათად აქვს შედეგი. სპარსეთის ყურის ქვეყნები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ისლამი, როდესაც აშენებდნენ ნავთობის ეკონომიკას, მაგრამ შედეგი იყო მხოლოდ არასტაბილურობა და მარცხი. ისლამი ეწინააღმდეგება დასავლურ კულტურასთან დაახლოებას, ისლამი არ არის მხოლოდ რელიგია, არამედ ცივილიზაცია, რომელიც თავს მიიჩნევს უფრო მაღალი მორალის მქონედ დასავლეთის მატერიალიზმთან შედარებით.
ამა თუ იმ გზით, დასავლეთმა გაავრცელა თავისი ფასეულობები მთელ პლანეტაზე. შედეგად მსოფლიოში არ არსებობს წმინდად ტრადიციული ქვეყანა, ყველა მათგანი არის თანამედროვეობისა და ტრადიციულის არასტაბილურ კომბინაციაში, რაც უამრავ პრობლემას ქმნის.
* * *
დაქვემდებარების თეორიის თანახმად, საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ჩარჩოებში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული უფსკრული, არის პირველის მიერ მეორის ექსპლოატაციის შედეგი. ჩრდილოეთის განვითარებული ცენტრისა და სამხრეთის - განუვითარებელი პერიფერიის ურთიერთმიმართება ამ თეორიის მიხედვით თანასწორთა თანამშრომლობა კი არ არის, არამედ ერთის მიერ, მეორის ექსპლოატაცია, რადგან პირველის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა ძირეულად განსხვავდება მეორისაგან.
სტრუქტურალიზმის თეორიის თანახმად, ლიბერალური კაპიტალისტური მსოფლიო ეკონომიკა ხელს უწყობს განვითარებულ და განვთარებად ქვეყნებს შორის არსებულ სხვაობათა შენარჩუნებას და აფერხებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ აღმავლობას. ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებს განვითარების საშუალებას საერთაშორისო ეკონომიკის ხასიათი არ აძლევს. ისინი იყვლიფებიან განვითარებული ცენტრის მიერ და მათი ეკონომიკური განვითარება შენელებულია იმის გამო, რომ ისინი ექსპლოატაციიის მარწუხებში არიან მოქცეულნი.
მკვლევარების უმეტესობა ამის საფუძვლად იმპერიალიზმს ასახელებს. კოლონიური ქვეყნების მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებამ ვერ უზრუნველყო ვერც განთავისუფლებული ქვეყნების მეტროპოლიებზე ეკონომიკური დამოკიდებულების ლიკვიდაცია, ვერც მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებული სხვაობის შემცირება. კოლონიური სისტემის რღვევის შემდეგ ყოფილ მეტროპოლიებში ეკონომიკის ეტაპობრივი სტრუქტურული გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ უპირატესობას განვითარებად ქვეყნებთან შედარებით.
დაქვემდებარების თეორიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო ვაჭრობის მექანიზმების თავისებურებებს, რომლებიც უარყოფით როლს ასრულებენ განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში. საგარეო ვაჭრობას სასიცოცხლო მნიშვენლობა აქვს სუსტად განვითარებული ქვეყნებისათვის. ამ ქვეყნების საგარეო ვაჭრობის 2/3 განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. სუსტად განვითარებული ქვეყნებისათვის უცხოური ვალუტის წყაროებს წარმოადგენს: ექსპორტი, უცხოეთის ქვეყნების დახმარება, კომერციული სესხები და კერძო კაპიტალდაბანდებები. განვითარებადი სახელმწიფოების უმრავლესობა არასაკმარისი ეკონომიკური განვითარების გამო მცირე, არატევადი შიდა ბაზრის მქონეა. მათი მეურნეობა და ექსპორტი არ არის დივერსიფიცირებული. ამიტომ ისინი დიდად არიან დამოკიდებულნი ჩრდილოეთის განვითარებული ქვეყნების მძლავრ, ტევად შიდა ბაზარზე, მათი მოსახლეობის მაღალ მსყიდველობით უნარზე. ამის გამო სამხრეთის განვითარებადი ქვეყნები თითქმის მთლიანად დამოკიდებულნი არიან განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც იმპორტზე განვითარებული ქვეყნების მოთხოვნილებას განსაზღვრავს. ეს იმპორტი კი იმავე მნიშვნელობის სასიცოცხლო ექსპორტია განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომლებიც, როგორც წესი, მინერალურ და სასოფლო სამეურნეო ნედლეულს, ნახევარფაბრიკატებსა და ზოგიერთი სახეობის სამრეწველო პროდუქციას ყიდიან. თუ განვითარებადმა ქვეყანამ ვერ მოახერხა თავისი პროდუქციის რეალიზება, მისი ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება.
დევიდ რიკარდოს შედარებითი უპირატესობის იდეამ, რომლის მიხედვითაც ყველა ქვეყანამ უნდა აწარმოოს ის, რისი წარმოებაც სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო რენტაბელურია, არ გაამართლა. სამხარეთის ეკონომიკა განვითარებულია ძალზედ ვიწრო მოცულობით, რაც მიმართულია მხოლოდ ერთი, ან ორი პროდუქციის ექსპორტზე. ასეთი ვიწრო მოცულობის ექსპორტის ეკონომიკა ხელსაყრელია ქვეყნის შედარებითი უპირატესობისათვის, მსოფლიოს ერთი დარგის სპეციალიზაციისთვის, მაგრამ ეს ქვეყანას დაუცველს ხდის მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილებასთან მიმართებაში.
ამგვარად, ამ თეორიის მიმდევრების აზრით, განვითარებადი ქვეყნების ძირითადი პრობლემა სტრუქტურული ხასიათისაა, რადგან სუსტად განვითარებული ქვეყნები ძირითადად ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების ექსპორტიორები არიან და ამავე დროს მათ უნდა შემოიტანონ დიდძალი სამრეწველო საქონელი. აქედან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების ექსპორტის მოცულობის სტაბილურობა, გაზრდა, მასზე ფასების სტაბილურობა ამ ქვეყნებისათვის ყოფნა-არყოფნის ტოლფასია. (რაულ პრებიშის სკოლის იდეების გამარჯვებად მიიჩნევა 1964 წ. UNCTAD-ის შექმნა. UNCTAD-მა გაატარა რამდენიმე შეღავათიანი პროგრამა და ღონისძიება, რომლებმაც სუსტად განვითარებული ქვეყნების მდგომარეობა მათი ექსპორტის სტაბილიზაციისა და სავალუტო შემოსავალის ზრდის თვალსაზრისით ერთგვარად შეამსუბუქა).
წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების დომინირება შრომის საერთაშორისო დანაწილებაში მნიშვნელოვნად განაპირობა სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ. ენერგოტევადი წარმოების შემცირებამ და რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვამ მკვეთრად შეამცირა მსოფლიო ბაზარზე განვითარებადი ქვეყნების ნედლეულ პროდუქციაზე მოთხოვნილება. შემცირდა, აგრეთვე, განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებად ქვეყნებში ენერგო და მასალტევადი წარმოების გადატანა. სახეზეა სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის შენელებული მოქმედების ეფექტის შედეგი.
მკვლევარების ნაწილი თვლის, რომ გლობალური ეკონომიკური ურთიერთობები იმგვარად არის აგებული, რომ განვითარებულ ქვყნებს მომგებიანი პოზიცია უჭირავთ. ეს პოზიცია არაეკვივალენტური გაცვლის პრინციპით არის განპირობებული: ყოველი სავაჭრო ოპერაცია მსოფლიო ბაზრის ფასებში ხდება. ვინაიდან შრომის ანაზღაურება არაერთგვაროვანია განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში, ამიტომ მათ მიერ წარმოებული საქონელი სხვადასხვა ფასისაა. მაგალითად, განვითარებულ ქვეყანაში წარმოებული რაიმე სახის საქონლის ფასი ბევრად უფრო აღემატება, ვთქვათ რომელიმე განვითარებად ქვეყანაში წარმოებული იმავე საქონლის ფასს. მაგალითად 1996 წელს განვითარებადი ქვეყნების მიერ მსოფლიო ბაზარზე 45 მლრდ. დოლარის ღირებულების საქონელი იქნა გატანილი. სპეციალისტთა შეფასებით, იგივე საქონელი, წარმოებული რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში 75 მლრდ. დოლარი ეღირებოდა. 30 მლრდ. დოლარის განსხვავება კი ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე განვითარებული ქვეყნების მიერ მესამე მსოფლიოსადმი გაეწული დახმარების ხარჯები.
დაქვემდებარება ვლინდება კაპიტალდაბანდებათა სფეროშიც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში კაპიტალდაბანდებათა მნიშვნელოვანი, ან უდიდესი ნაწილი განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. ეს კაპიტალადბანდებანი, ბუნებრივია, მიედინება იმ დარგებში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი, თანამედროვე სამრეწველო განვითარება შესაძლებელია; და აქვე უნდა ვიგულისხმოთ საექსპორტო დარგები ე. ი. მიმღები ქვეყნის ეკონომიკის საკვანძო, სასიცოცხლო სფეროები. მაშასადამე, მიმღები ქვეყანა დაქვემდებარებულია განვითარებულ ქვეყნებზე, საიდანაც შემოდის მისი ეკონომიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინვესტიციები.
თანამედროვე არაფორმალური იმპერიალიზმის მთავარ მოქმედ პირებს ე.წ. ტრანსნაციონალური კორპორაციები წარმოადგენენ. ჩვეულებრივ ტრანსნაციონალური კორპორაციები აკონტროლებენ მიმღები ქვეყნების ყველაზე მნიშვნელოვან საწარმოო და მომსახურების დარგებს, საექსპორტო სექტორს. მიმღები ქვეყნის მთვრობისათვის კი ძალიან ძნელია ეფექტიანად გააკონტროლოს ისეთი კორპორაციის საქმიანობა, რომელიც სრულიადაც არ ემორჩილება არცერთი მიმღები ქვეყნის კანონებს. მათი უმრავლესობის შტაბ-ბინები თავმოყრილია ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. ცალკეული ტრანსნაციონალური კორპორაციების სავალუტო რესურსები ზოგიერთი განვითარებადი ცენტრალური ბანკის რესურსებს აღემატება. Mმათი მოქმედების ასპარეზი თითქმის მთლიანად მოიცავს მესამე მსოფლიოს. აკონტროლებენ რა ეკონომიკის წამყვან დარგებს, ისინი აქტიურ ექსპლოატაციას უწევენ ადგილობრივ, ბუნებრივ და შრომით რესურსებს. ტრანსნაციონალური კორპორაციების ასეთი გაბატონებული მდგომარეობა პირველ რიგში კაპიტალის გადატანას ეფუძნება, რაც პირდაპირი ინვესტიციების ფორმით და მათ ბაზაზე ფილიალების ქსელის შექმნით ხდება.
მრავალეროვნული კორპორაციები დებენ ინვესტიციებს ამა თუ იმ ქვეყნებში, რათა მიიღონ მოგება ამ ბიზნესით. ზოგ შემთხვევაში ეს არის მინერალებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების არსებობა, ხანდახან იაფი მუშახელი, ზოგჯერ კი, ტერიტორიული დამკვიდრებაა განმსაზღვრელი ფაქტორი. ზოგ სახელმწიფოს აქვს ინვესტიციების მიზიდვის მეტი შესაძლებლობა გამომდინარე უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურიდან და მაღალი დონის სპეციალისტებიდან. ესენი ძირითადად არიან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ინვესტიციების მიზიდვის მაღალი შესაძლებლობის მქონე ქვეყნები კიდევ უფრო ზრდიან არსებულ განსხვავებას ღარიბ ქვეყნებთან მიმართებაში.
მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები, ამავე დროს კაპიტალის, ახალი ტექნოლოგიების, დასაქმების, მენეჯმენტის პროგრესული ფორმების, მარკეტინგის გამოცდილებისა და სხვა სახის სიახლეების შეტანით საკმაოდ უწყობენ ხელს ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების აღმავლობას.
დაქვემდებარების კიდევ ერთი ფორმაა საფინანსო დაქვემდებარება. სუსტად განვითარებული ქვეყანა საფინანსო დახმარებას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, რომელიც სესხისა თუ დახმარების მიმღები ქვეყნის საშინაო, თუ საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის უფლებას იტოვებს. განვითარებადი ქვეყნები სესხს იღებენ ასევე განვითარებული ქვეყნების კერძო კომერციული ბანკებისა და კომპანიებისაგანაც. სხვადასხვა სესხის გამცემი მხარეები - ბანკები და სახელმწიფოები ცდილობენ მიიღონ მაქსიმალურად მეტი მოგება და ეს ხშირად მიმღები ქვეყნის დანაკარგების ხარჯზე ხდება.
ბევრი მკვლევარი ამის მიზეზად არა სისტემის სპეციფიკას ასახელებს, არამედ ხაზს უსვამს ჩამორჩენილი ქვეყნების მიერ საკუთარი რესურსების და პოტენციალის არარაციონალურ გამოყენებას.
ბევრი მათგანი ამ ქვეყნების სიღარიბის მიზეზად მოსახლეობოს სწრაფ ზრდას ასახელებს და განვითარებად ქვეყნებს ურჩევს აღარ იყოლიონ ბევრი შვილები, ბევრი კი ხაზს უსვამს განვითარებულ ქვეყნებში კორუმპირებულ მთავრობებს, რაც ალბათ მართლაც უმნიშვნელოვანესია, რადგან მოდინებული ინვესტიციებისა თუ აღებული სესხების არამიზნობრივი ხარჯვა ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის მესამე მსოფლიოს სახელმწიფოებს და მათ სამუდამო მევალის პოზიციაში აგდებს.
რაც შეეხება გლობალიზაციას, არ შეიძლება ეს პროცესი განვიხილოთ მხოლოდ უარყოფითი კუთხით და ვთქვათ, რომ გლობალიზაცია უფრო ზრდის დაპირისპირებას და განსხვავებას განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის. გლობალიზაციას თან სდევს ისეთი შედეგები, რომლებიც განვითარებადი ქვეყნებისთვის მხოლოდ დადებით მოვლენად შეიძლება განიხილოს (ტექნოლოგიების, გამოცდილების, განათლების გაზიარება). ამგვარად, ზოგიერთი მკვლევარის აზრით გლობალიზაცია კი არ ზრდის უთანასწორობას ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის, ის უბრალოდ უფრო ნათელს ხდის ამ განსხვავებას.
და ბოლოს, უმრავლესობა მკვლევარებისა ამ სიტუაციიდან გამოსავალს მესამე მსოფლიოს ინდუსტრიალიზაციაში ხედავს და აღნიშნავს, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნები უნდა შეეგუონ თავისუფალ წარმოებას და მსოფლიო ბაზარს, რომელსაც შეუძლია მათი ბუნებრივი უპირატესობების გამოყენება.
![]() |
2 ფინანსური ბაზრის გლობალიზაციის თანამედროვე ტენდენციები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ქეთევან ცაგარელი
დამოუკიდებელი ექსპერტი
საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური განვითარების გლობალიზაციამ მოითხოვა ფინანსური ბაზრების კონსოლიდაციის აუცილებლობა. კაპიტალის გატანის ინტერნაციონალიზაციამ სერიოზული კორექტივები შეიტანა მსოფლიოს ფინანსურ ინტეგრაციაში.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაისახა ტენდენციები, რომლებიც განაპირობებენ მსოფლიო ეკონომიკის და მსოფლიო საფინანსო ბაზრის შემდგომ განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, წამყვანი ვალუტების ირგვლივ იქმნება გარკვეული სავალუტო ზონები. ევროპის განვითარებულმა ქვეყნებმა უარი თქვეს ეროვნულ ვალუტებზე და შემოიღეს ერთიანი ევრო ვალუტა; შექმნეს ერთიანი ცენტრალური ბანკი და შეიმუშავეს ერთიანი სავალუტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ევროპის ქვეყნებს შორის სავალუტო საზღვრების წაშლამ გამოიწვია ევროს ფართო გავრცელება და ფინანსური და სამრეწველო კაპიტალის კონცენტრაცია, რაზეც მეტყველებს მსოფლიოს საფინანსო ბაზარზე მიმდინარე კონსოლიდაციის პროცესები. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა ცდილობს შეუერთდეს ევროს ზონას, მათ შორის - ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. იგივე ტიპის პროცესები მიმდინარეობს ამერიკული დოლარის ბლოკში შემავალი ქვეყნების ირგვლივაც, რომელიც ჯერჯერობით არაფორმარულ ხასიათს ატარებს:პირველია სისტემა (Currency board), რომელსაც 1991 წლიდან მხარს უჭერს არგენტინა; მეორე, უარის თქმა ნაციონალურ ვალუტაზე და აშშ დოლარის აღიარება კანონიერ საგადასახდელო საშუალებად (ეკვადორი, პანამა). აგრეთვე არსებობს ალბათობა იმისა, რომ რამოდენიმე ვალუტის გაერთიანებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შეიქმნას ახალი სავალუტო ზონა.
საფინანსო კრიზისის შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა და იაპონიამ შეძლეს ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება: აღადგინეს კრიზისამდე მიღწეული სავალუტო-საფინანსო პოტენციალის დონე და ეროვნული ფინანსური სისტემები. ისმის კითხვა:შეძლებს თუ არა იაპონური იენი თავის ირგვლივ გააერთიანოს აზიის ქვეყნების ვალუტები? - ეს დამოკიდებული იქნება იაპონიის ფინანსურ სტაბილურობაზე, იენის სიმტკიცესა და მის აღიარებაზე სარეზერვო ვალუტად, რაც ხელს შეუწყობს აზიის ქვეყნების სავალუტო პოლიტიკის ორიენტაციას. ამის შემდეგ აშშ დოლარს, ევროს და იაპონურ იენს დაეკისრებათ ძალზე დიდი პასუხისმგებლობა, რადგანაც მათზე იქნება დამოკიდებული იმ ქვეყნების ფინანსური სტაბილურობა, რომლებიც ორიენტაციას აიღებენ ამ ვალუტებზე.
ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღებამ გამოიწვია საბირჟო კავშირების და ალიანსების ფორმირება. 1998 წლიდან დღის წესრიგში დგას დასავლეთ ევროპის ბირჟის გაერთიანებისა და საერთო ევროპული საბირჟო ბაზრის შექმნის პრობლემა. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად გეგმავენ საერთო ტექნიკური ბაზრის შექმნას, სადაც 300 უმსხვილეს ევროპულ ემიტენტს თავისი აქციებით ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცემა. აქ ინვესტორები და შუამავლები ერთდროულად დაიშვებიან ბაზრებზე, თუმცა ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. ბირჟის კომპრომისის ნაცვლად შეთანხმდნენ იმაზე, რომ შეექმნათ ინტერფეისის სისტემა-ელექტრონული სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულს მონაწილეობა მიიღოს სხვა მოედნებზე მიმდინარე ვაჭრობაშიც.
1999 წელს, მაინის ფრანკფურტის ბირჟის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ისინი ღია სააქციო საზოგადოებად გადაკეთების შემდეგ მზად არიან თავისი სახელწოდება შეცვალონ EUROBOARD-ზე და მიიღონ აქციებით ვაჭრობაზე არაგერმანული ბანკები. ამის საპასუხოდ 2000 წელს ამსტერდამის, ბრიუსელის და პარიზის ბირჟებმა გადაწყვიტეს გაერთიანება და ერთიანი სავაჭრო სისტემის შექმნა, სადაც მოხდება თითოეული ბირჟის სპეციალიზაცია:პარიზის - აქციებით ვაჭრობაზე, ბრიუსელის ბირჟაზე - უპირატესად მცირე ზომის კომპანიების აქციებით ვაჭრობაზე, ამსტერდამის - წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაზე.
ამჟამად, დასავლეთ ევროპის საფონდო ბაზრების განვითარება ხდება სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, ხდება ეროვნული ბაზრების გარდაქმნა, იწყება საფონდო ვაჭრობის განვითარება და ფასების თამაში დროის რეალური რეჟიმით. ელექტრონული ვაჭრობის სისტემაში არსებობს ქვესისტემები, რომლებიც ინფორმაციას იძლევიან უშუალოდ ფასებზე.
იმ დროს, როდესაც დასავლეთ ევროპის ბირჟები და სავაჭრო სისტემები ცდილობენ შექმნან ერთიანი ევროპული სავაჭრო სივრცე, მოწინავე ამერიკული სავაჭრო ბირჟები ფიქრობენ საფონდო ბაზრების გლობალიზაციაზე. ამ მიმართულებით აქტიურად მოქმედებს არასაბირჟო სავაჭრო სისტემა NASDAQ-ი, რომელმაც წარმატებული პოზიციები დაიკავა ამერიკულ ბაზარზე და შევიდა 1999 წლის მოწინავე ბაზრების სიაში. NASDAQ-ი აპირებს სავაჭრო მოედნების შექმნას ევროპასა და იაპონიაში. 1999 წელს NASDAQ შეუდგა ამ პროექტის განხორციელებას. მან დადო შეთანხმება შოფტბანკ-თან - იაპონიის მოწინავე ინტერნეტ საინვესტიციო კომპანიასთან და NASDAQJAPAN ინტერნეტ-ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნა NASDAQ-JAPAN-ი. ამ სავაჭრო მოედნის მიმართ დაინტერესება გამოიჩინა 3000 იაპონურმა კომპანიამ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს გაევლოთ რეგისტრაცია. ამასთან, ამერიკელი ინვესტორები დაიშვებიან იმ 3000 იაპონური კომპანიის აქციებით ვაჭრობაზე, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ რეგისტრაციაში, ხოლო იაპონელი ინვესტორები დაიშვებიან იმ 5000 ამერიკული კომპანიის აქციებით ვაჭრობაზე, რომლებიც კოდირებენ NASDAQ-ში.
1999 წელს NASDAQ-EUROPE ჩამოყალიბებაში დაინტერესება გამოიჩინა დიდმა ბრიტანეთმა. NASDAQ-ი ატარებს გლობალურ სტრატეგიას და პარტნიორებს ეძებს სხვადასხვა ქვეყნებში. გარკვეული შეთანხმება იქნა მიღწეული შანხაის საფონდო ბირჟასა და ჰონკონგის ბირჟასთან. ხელი მოეწერა შეთანხმებას ევროპულ სავაჭრო სისტემასთან-EUROPE, რომელიც ინფორმაციას მიაწოდებს იმ კომპანიების შესახებ, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს NASDAQ-სა და EUROPE-ში. თავის კონკურენტებს არ ჩამორჩა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაც. მან განაცხადა, რომ აპირებს თავისი ელექტრონული პლატფორმის შექმნას იმ აქციებით ვაჭრობისთვის, რომლებმაც ლისტინგი გაიარეს ბირჟაზე განცხადებების ელექტრონული წიგნის საფუძველზე, რომელსაც იღებენ ინტერნეტიდან. ამის მიზანია NASDAQ კოტირებული აქციების ხელმისაწვდომობა.
აუცილებელია თანამედროვე საფონდო ბირჟების საკლირინგო პროცესების მოდერნიზაცია. ყველაზე აქტუალურად ეს პრობლემა დგას დასავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე. ამ ქვეყნების საკლირინგო მომსახურება ძირითადად დაფუძნებულია გასული საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების ტექნოლოგიებზე. ხშირად ხდება ფუნქციების დუბლირება. მაგალითად, საკლირინგო ოპერაციები დასავლეთ ევროპაში 8-ჯერ ძვირია ვიდრე იგივე ოპერაციები, რომლებიც ტარდება აშშ-ს Depositary Trust Company-ს მიერ, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს ანგარიშსწორების ცენტრს.
სავაჭრო მოედნების კონსოლიდაცია ითხოვს ახალი საანგარიშსწორებო-სადეპოზიტო მომსახურების და საკლირინგო ტექნოლოგიების დანერგვას. ამჟამდ არ არსებობს ერთიანი მიდგომა ამ პრობლემის მიმართ. მიმდინარეობს კონკურენცია EUROCLEAR-ს და NEWCEDEL-ს შორის, მათ და საინვესტიციო ბანკებს შორის. მომავალში ევროპის კონტინენტზე დაგეგმილია ისეთი გლობალური სუპერმარკეტის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება კლირინგის ერთიანი სისტემით, მომსახურების და ფინანსური პროდუქტების ფართო სპექტრით, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საკლირინგო ხარჯები.
მსოფლიოს საფინანსო ბაზარი წარმოდგენილია ორსაფეხურიანი სისტემის სახით:ზედა ანუ გლობალური დონე წარმოდგენილია მოწინავე საერთაშორისო კორპორაციების ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის სფეროდ, რომელიც გლობალურ ხასიათს ატარებს. ქვედა დონეზე მიმოიქცევა ნაციონალური კომპანიების ფასიანი ქაღალდები, რისი უზრუნველყოფაც ხდება ლოკალური საფინანსო ბაზრების ინფრასტრუქტურით. მათ შორის გარკვეული ზღვარი არ არსებობს და მათ განსაზღვრავს საკუთრივ ის კომპანიები, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც მიმოიქცევა ბაზარზე. ფინანსური ბაზრის სტრუქტურაში გლობალიზაციასთან დაკავშირებით იზრდება საინვესტიციო ბანკების და კომპანიების როლი, ხოლო სუსტდება კომერციული ბანკების პოზიციები. ამიტომაც 90-იანი წლებიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფიანანსური მომსახურების გლობალიზაციის პროცესში გამოყოფს 2 ტენდენციას: პირველი, ტრადიციული საბანკო ინსტიტუტების გარდაქმნას ფინანსურ კომპანიებად, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა ტიპის მომსახურებას. ასე მაგალითად, ბანკები აქტიურად აფართოვებენ თავისი საქმიანობის არეალს, რისთვისაც ქმნიან ახალ-ახალ განყოფილებებს, რომლებიც აფართოვებენ საინვესტიციო და სადაზღვევო ოპერაციების არეალს; მეორე, საბანკო და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს შორის კონკურენციას თავისუფალი ფულადი სახსრების მოზიდვის პოზიციიდან.
გლობალურ საფინანსო ინსტიტუტებს შორის ლიდერობენ ამერიკული საინვესტიციო ბანკები: ,,Merill Lynch“, ,,Morgan Stanley“, ,,Dean Witter“, ,,Golden Sachs”. ისინი წარმატებებს აღწევენ მათ მიერ დანერგილი პროგრესული საბანკო-საინვესტიციო სტანდარტების და მეთოდების საშუალებით, რომლებიც გამოიყენება კონკურენტ კლიენტებთან ურთიერთობაში, რითაც ეძლევათ საშუალება ღრმად შეაღწიონ სხვა ქვეყნების ფინანსური ბაზრების სტრუქტურაში.
ლიდერებს შორის გამოირჩევა ბანკი Morgan, რომელიც XXI საუკუნის გარიჟრაჟზე გარდაიქმნა უნივერსალურ ბანკად. ის უარს არ ამბობს ტრადიციულ საბანკო ოპერაციებზე, ასევე საფინანსო საინვესტიციო ბაზარზე მიმდინარე ოპერაციებზე. გლობალურ დონეზე ხდება ტრადიციული კომერციული ბანკების გამოდევნა, ხოლო ეროვნულ დონეზე ისინი ასრულებენ ძირითადი შუამავლის ფუნქციას.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ტრადიციული სავაჭრო სისტემების როგორც საბირჟო, ასევე არასაბირჟო გარდაქმნა. ჩნდება ავტომატური სავაჭრო სისტემები, რომლებიც გადადიან ელექტრონულ ტექნოლოგიებზე. დაშორებული ტერმინალების მეშვეობით საბირჟო ვაჭრობა სცილდება საზღვრებს.
დასავლეთ ევროპა გადავიდა ერთიანი ევროპული ბირჟის შექმნის ახალ ეტაპზე. ამას საფუძველი ჩაუყარა ლონდონის და მაინის ფრანკფურტის საფონდო ბირჟებს შორის შეთანხმებამ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მათთან გაერთიანების სურვილი გამოთქვა სხვა დასავლეთევროპული ქვეყნების საფონდო ბირჟებმა. მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ რთულია. აუცილებელია საგადასახდელო რეჟიმის, სამართლებრივი ნორმების, საგადასახდელო მოთხოვნების, ლიზინგის, საბუღალტრო ანგარიშის და ანგარიშგების სისტემების, ვაჭრობის წესების უნიფიცირება, რომელიც განხვავებულია სხვადასხვა ეროვნული ბირჟისათვის. დასავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების ბირჟების ორგანიზატორები ცდილობენ გააფართოვონ და გაზარდონ ბირჟებზე კოტირებული ფასიანი ქაღალდების რიცხვი.
საფონდო ბაზრის ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები, რომლებიც ძირითადად მუშაობენ რესურსების მოზიდვასა და მათ განთავსებაზე და აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაზე, დგანან ორი ურთიერთსაპირისპირო მოვლენის წინაშე. ერთი მხრივ, ესაა მოთხოვნები ბაზრის ოპერაციებზე, მაღალკვალიფიციურ და მაღალტექნოლოგიურ მომსახურებაზე; მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურულ ორგანიზაციებს შორის იზრდება კონკურენციული ბრძოლა, რაც სტიმულს იძლევა გამოყენებული იქნეს თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები და სატელეკომუნიკაციური სისტემები.
მკაცრი კონკურენციის გამო ბირჟები იძულებული არიან ისეთი სერიოზული კორექტივები შეიტანონ თავის საქმიანობაში, როგორიცაა:
1. ბირჟების ინტერნაციონალიზაცია, ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესება, სავალუტო რეგულირების ლიბელარიზაცია და კონკურენტებთან ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად ეროვნული ჩარჩოებიდან გამოსვლა;
2. უნივერსალიზაცია, ბირჟები თავის კლიენტებს სთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს:ვაჭრობის ორგანიზაციის შეთავსებას საკლირინგო საქმიანობასთან, სადეპოზიტო საანგარიშსწორებო მომსახურებას, საინფორმაციო მომსახურებას;
3. ტექნოლოგიის გაუმჯობესება ელექტრონული ვაჭრობის სისტემის დანერგვით;
4. კომერციალიზაცია და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემოღება, კონკურენციის გაძლიერება ბირჟებსა და საბროკერო და სადილერო კომპანიებს შორის;
5. ინვესტიციების დაბანდების საიმედოობის უზრუნველყოფა.
ამრიგად, საერთაშორისო საფინანსო ბაზრების გლობალიზაცია და კაპიტალის გაცვლა გარდაუვალი პროცესია, რომელსაც გააჩნია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. კაპიტალის გატანა ხელს უწყობს ნაციონალური ეკონომიკის ურთიერთშერწყმას, ფულის მიმოქცევის გაუმჯობესებას, უფრო ეფექტიან გამოყენებას. მაგრამ მას აგრეთვე ახლავს სპეკულაციური პროცესებიც:კაპიტალგაცვლაში ებმებიან ქვეყნები, რომლებიც მზად არ არიან ფინანსური მონაწილეობისათვის. ამიტომ, ამ ქვეყნების ჩართვამ გლობალურ საფინანსო ბაზარში, შეიძლება, ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. ასე მაგალითად, გასული საუკუნის 90-იან წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მოხდა ფინანსური კრიზისი, რომელიც შემდგომში გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაზე.
მიმდინარე ფინანსური კრიზისის გამომწვევ ძირითად ფაქტორებს შორის აღსანიშნავია:სახელმწიფოს უარყოფითი როლი კრიზისში ჩართული ქვეყნების ეკონომიკაში; ინფრასტრუქტურის განვითარებლობა; არასრულფასოვანი სამართლებრივი ბაზა, რამაც შეაფერხა სტრატეგიულ დარგებში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა; ეროვნული ვალუტების ხელოვნური სტაბილიზაციის პოლიტიკა, რომელმაც, ერთი მხრივ, გამოიწვია ინფლაციის ტემპების შეჩერება, რამაც ბიძგი მისცა ეროვნული საფინანსო ბაზრების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, კერძო სტრუქტურები გარკვეულწილად დამოკიდებული გახდა სტაბილურ და წინასწარ პროგნოზირებად კურსებზე.
![]() |
3 საქართველო-აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სამხედრო სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
უსაფრთხოება
პაატა აბრამია
დამოუკიდებელი ექსპერტი
საქართველო თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტის წინაშე იმყოფება. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მან არა მარტო დამოუკიდებლობა მოიპოვა, არამედ საკუთარი საზოგადოების თვისებრივი გარდაქმნის გზასაც დაადგა. დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ნათელი გახდა, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა მოპოვებული სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და მის განსამტკიცებლად. ასევე, თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ საქართველოს მხოლოდ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერით შეეძლო უსაფრთხოების გარანტიების შექმნა/მიღება. ამ მხარდაჭერისა და გარანტიების მისაღებად საქართველო უნდა მოქცეულიყო დასავლეთის სტრატეგიული ინტერესების არეალში, რისთვისაც მას ყოველი ღონე უნდა ეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ განვლილი წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა ამ პროცესს წარმართავდა შინაომების, სახელმწიფოში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიური და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციების ფონზე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის მიზანი მიღწეულია: 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლის სუვერენული სუბიექტი ერთმნიშვნელოვნად განიხილება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და მოიაზრება, როგორც ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების, NATO-ს პოტენციური წევრი. ნათელია, რომ თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს დღევანდელი სტატუსის მოპოვება/დამკვიდრებაში უპირველესი დამსახურება მიუძღვის აშშ-ს. სწორედ შეერთებული შტატების მხრიდან სხვადასხვა დონესა თუ ფორმატში ნათლად გამოკვეთილი მხარდაჭერისა და ქმედითი დახმარების შედეგია ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნა და განამტკიცა თავისი საგარეო პოლიტიკის პროდასავლური ვექტორი, რომელიც სხვადასხვა გარემოებების გამო სავსებით შესაძლებელი იყო შეცვლილიყო ჩრდილოეთის მიმართულებით. დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ საქართველოსთვის არის უპირველესი სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო ჩვენ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში წარმოებული ორმხრივი თანამშრომლობა კი წარმოადგენს ამ ურთიერთოების უმთავრეს პრიორიტეტს. საქართველო-აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა მისი დაწყებიდან დღემდე ანუ განვლილი ცხრა წლის მანძილზე ეტაპობრივად ვითარდებოდა და მუდმივად განიცდიდა მნიშვნელოვან შინაარსობრივ და მოცულობით პროგრესს. ასე, რომ სავსებით ლოგიკურად მიმაჩნია დღევანდელობაში ამ ურთიერთობების ასე მაღალ დონეზე ასვლა. საქართველო-აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა განვითარების დინამიკაში შესაძლოა დაიყოს 3 ეტაპად:
პირველი ეტაპი დაიწყო, როდესაც 1994 წელს საქართველო გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის ბილ კლინტონის მიერ ინიცირებულ ,,ვარშავის ინიციატივას“ და შეუერთდა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამას (PfP). ძირითადში სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ვითარდებოდა თანამშრომლობა ამერიკულ მხარესთან 1998 წლამდე. ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ორმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივ ბაზას, კერძოდ: 1997 წლის 17 ივლისს ვაშინგტონში ხელი მოეწერა ,,ჩარჩო“ შეთანხმებას ,,საქართველოსა და აშშ-ის მთავრობას შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ (საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, ხოლო აშშ-ის მხრიდან თავდაცვის მდივანმა უილიამ კოენმა. ძალაში შევიდა 1997 წლის 10 ნოემბერს).
მეორე ეტაპად შესაძლოა ჩაითვალოს 1998-2001 წწ.. უნდა აღინიშნოს, რომ 1998 წლიდან მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორმხრივი თანამშრომლობა: ქართული მხარე უფრო გახსნილი გახდა, ხოლო ამერიკულმა მხარემ დაიწყო ქმედითი ღონისძიებების გატარება. ხელმოწერილ იქნა მთელი რიგი სრულიად ახალი სახის დოკუმენტესებისა: 1998 წლის თანამშრომლობის გეგმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის (ხელმოწერილია ვაშინგტონში 1998 წლის 24 მარტს), 1999 წლის ,,სამხედრო კონტაქტების პროგრამა საქართველოსა და აშშ-ს შორის“ (ხელმოწერილია 1998 წლის 10 ნოემბერს). ,,ხელშეკრულება საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სამხედრო სფეროში დახმარების შესახებ“ (დაიდო ნოტების გაცვლით 1999 წ.) აღნიშნული ხელშეკრულებებით შესაძლებელი გახდა თვისობრივად ახალი მიმართულებებით თანამშრომლობის დაწყება, რაც შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავებულ იქნა 1999 და 2000 წწ. ხელმოწერილ დოკუმენტებით, კერძოდ: საქართველო მიუერთდა აშშ-ის ევროპული სარდლობის ,,გაერთიანებული საკონტაქტო გუნდების პროგრამას“ (Joint Contact Team Program) და ჩაერთო ,,უსაფრთხოების სფეროში დახმარების პროგრამის“ (Security Assistance Program) საქართველოსთვის აქამდე დახურულ ქვეპროგრამებში, რადგანაც ჩვენი ქვეყანა ამოღებულ იქნა აშშ-„ს ,,იარაღით საერთაშორისო რეგულირების სიიდან”. აღნიშნული პროგრამების ეფექტურად წარმართვის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 1999 წელს გაიხსნა აშშ-ის ევროპული სარდლობის სამხედრო მეკავშირე გუნდის (Military Liaison Team - MLT) ოფისი, ხოლო ცოტა მოგვიანებით კი ,,უსაფრთხოების სფეროში დახმარების პროგრამის“ ოფისი (შენიშვნა: დღეისათვის ეს ორი ოფისი გაერთიანებულ და გადაკეთებულ იქნა ,,ორმხრივი ურთიერთობების“ ოფისად).
მოკლედ მიმოვიხილავ ზემოხსენებულ პროგრამებსა და მოცემული დროის მონაკვეთისთვის ორმხრივი თანამშრომლობის სტატისტიკას: ,,სამხედრო კონტაქტების“ (Military to Military Contacts Program) პროგრამების ჩარჩოებში მოქმედი ,,გაერთიანებული საკონტაქტო გუნდებისა“ (JCTP) და ,,სახელმწიფოთა შორის პარტნიორობის“ (State Partnership Program) პროგრამების ფარგლებში განხორციელდა დაახლოებით 300-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება. იმისათვის, რომ უფრო ნათელი წარმოადგენა შეგექმნათ თუ რას ემსახურება ეს პროგრამა დავასახელებ საქმიანობის რამდენიმე ძირითად მიმართულებებს: უმაღლესი ხელმძღვანელობის, სარდლების ვიზიტები, საშტაბო ვიზიტები და გაცვლები, კომბინირებული წვრთნები, სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელთა ვიზიტები და გაცვლები, სასწავლო კურსები, სემინარები და კონფერენციები ჯ. მარშალის სახელობის უსაფრთხოებათმცოდნეობის შემსწავლელ ევროპულ ცენტრში, ღონისძიებები საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის და სხვა.
,,უსაფრთხოების სფეროში დახმარების“ პროგრამა (SAP) წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ეფექტურ ინსტრუმენტს და მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: ,,საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ (International Military Education and Training - IMET) პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე უკვე მე-10 წელია ამზადებს სხვადასხვა დარგის სამხედრო სპეციალისტებს, ინგლისური ენის პედაგოგებსა და სხვა. აღსანიშნავია, რომ IMET-ის ბიუჯეტი ამ დროის მანძილზე 250 000 აშშ დოლარიდან გაიზარდა 1,2 მლნ.-მდე (მომავალ წელს 1,8 მლნ.). საგარეო სამხედრო გაყიდვების (Foreign Military Sales - FMS), საგარეო სამხედრო დაფინანსებისა (Foreign Military Financing - FMF) და ჭარბი თავდაცვითი აღჭურვილობის (Excess Defense Articles - EDA) პროგრამების ფარგლებში საერთო ჯამში 1997 წლიდან 2001 წლამდე FMF-ის ფარგლებში საქართველოს გამოეყო 25 მლნ. აშშ დოლარზე მეტი. აღნიშნული თანხებით ჭარბი თავდაცვითი აღჭურვილობის პროგრამის (EDA) მეშვეობით დაფინანსდა და განხორციელდა შემდეგი ქვეპროგრამები:
1. ვერტმფრენების პროგრამა ა) 2001 წლის სექტემბერში საქართველოს გადმოეცა ამერიკული წარმოების 10 UH-1H ტიპის ვერტმფრენი (აქედან 4 მათგანი სათადარიგო ნაწილებისთვის). ბ) აშშ-ში გადამზადებულ იქნა 12 ქართველი მფრინავი და 30 ინჟინერ-ტექნიკოსი. ალექსეევკის სამხედრო ბაზაზე ამერიკული მხარის მიერ დამონტაჟდა ვერტმფრენების ანგარი (ღირებულება 100 000 აშშ დოლარი).
2. საკომუნიკაციო აპარატურის პროგრამა - მის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2000 წლის აგვისტოში გადმოეცა შINGAAღ-ის ფირმის საკომუნიკაციო აპარატურა (55 ერთ. გადასატანი და 8 სტაციონარია. საერთო ღირებულება 1 500 000 აშშ დოლარი).
3. საველე ფორმების პროგრამა - მის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 2000 წელს მოეწოდა 1 619 541 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია (10 399 საველე ქურთუკი, 9 040 ერთ. კომუფლირებული შარვალი, 9 788 ერთ. ქუდი და 21 027 წყვილი ფეხსაცმელი), ხოლო 2001 წელს კი 1 800 000 აშშ დოლარის ღირებულების ანალოგიური პროდუქცია.
4. აშშ-ის ,,თავისუფლების მხარდაჭერის აქტით“ (Freedom Support Act) ასევე EDA-ს ფარგლებში სახელმწიფო საზღვრის დეპარტამენტს 2001 წლის 2 დეკემბერს გადაეცა 82 ფუტიანი საპატრულო კატარღა.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამერიკული მხარის მიერ ,,საჰაერო სივრცის უსაფრთხოების ინიციატივის“ (Air Safety Initiative - ASI) ფარგლებში 1998-99 წ.წ. განხორციელებული საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის სისტემების შესწავლა-შეფასება, რის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს საჰაერო მართვის სისტემის მოდერნიზაცია უკვე არსებული სისტემის ელემენტების გამოყენებით. საბოლოო მიზანს წარმოადგენს საქართველოში დასავლური (ICAO-ს და NATO-ს) სტანდარტების სამოქალაქო-სამხედრო საჰაერო სივრცის მართვის სისტემის შექმნა, რომელიც საშუალებას იძლევა დანახულ იქნას სურათი, თუ რა ხდება ქვეყნის საჰაერო სივრცეში.
ასევე ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებისა და კანონის აღსრულების პროგრამის“ (Georgia Border Security and Law Enforcement Program Review) დაწყება, რომელშიც საწყის სტადიაზე ქართული მხრიდან ჩართული იყო საზღვრის დაცვისა და საბაჟო დეპარტამენტები. მოგვიანებით, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო..
აგრეთვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2000 წელს აშშ-ის მთავრობამ პირველად პირდაპირ უზრუნველყო ეუთო-ს მანდატით საქართველო-რუსეთის საზღვრის მონიტორინგი, რისთვისაც გამოყო 925 000 აშშ დოლარი.
როგორც უკვე მიხვდით, აშშ-სთან სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობას საკმაოდ კომპლექსური ხასიათი აქვს და მნიშვნელოვნად ფოკუსირებულია მთლიანობაში საქართველოს უსაფრთხოების სისტემისა და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. ეს საქმიანობა მიზნად ისახავს თანამედროვე ტიპის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, ეფექტური მართველობის სტრუქტურითა და ქმედითუნარიანი სამხედრო ქვედანაყოფებით. ამ პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასთან ერთად ძალზედ მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის კონცეპტუალური განვითარების კუთხით. კერძოდ, ამერიკული მხარის აქტიურობის შედეგად მომზადებულ იქნა სამი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლებიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობის შეფასებასა და მისი სრულყოფისთვის საჭირო რეკომენდაციებს შეიცავს. ეს დოკუმენტებია: ,,უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს“ (ISAB) 1999 წლის აპრილის ანგარიში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსადმი; თავდაცვის რესურსების მართვის ჯგუფისა (შეიქმნა 1999 წლის ნოემბერში) და აშშ-ის თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტის მიერ მომზადებული 2001-2010 წლების ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების სახელმძღვანელო“ (Ministerial Guidance); აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის (J5) წარმომადგენლების მიერ 1999 წელს მომზადებული საქართველოს თავდაცვის სისტემის სრულმასშტაბიანი შესწავლა-შეფასების დოკუმენტი (EUCOM Full Scale Defense Assessment). აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველოს გარდა მსგავსი პროგრამა განხორციელდა მხოლოდ ლიტვაში. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დოკუმენტები დღესაც მეტად აქტუალური. ასევე წარმატებად უნდა იქნას მიჩნეული საქართველოს შეიარაღებული ძალების 2000 წლის ,,თეთრი წიგნის“ პირველი გამოცემის მომზადება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის სამუშაო შეხვედრები, რომლებიც შედგა განვლილი წლების მანძილზე. მაგალითად: საქართველო აშშ-ს შორის უსაფრთხოების დიალოგის (Security Dialog) მე-4 რაუნდი (2000 წლის აპრილი), თბილისსა (2000 წ. 21-22 ივნისი) და ქ. სავანაში (2001 წ. 20-25 მაისი) გამართული საქართველო-აშშ-ს ორმხრივი სამუშაო ჯგუფების (Bilateral Working Group - BWG) შეხვედრები. განსაკუთრებით წარმატებული იყო გასულ წელს თბილისში (ნოემბერი) გამართული საქართველო-აშშ-ის ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომელზეც პრაქტიკულად პირველად იქნა შეთანხმებული მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები.
საქართველო-აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მესამე ეტაპის ანუ მკვეთრად გამოკვეთილი სტრატეგიული ურთიერთობების დაწყების მომენტს წარმოადგენს 2001 წელი. 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდგომ უფრო ნათლად წარმოჩინდა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის სტრატეგიული კურსი (საგარეო სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით) კიდევ უფრო გააღრმავოს/განავრცოს თეთრი სახლის წინამორბედი ხელმძღვანელობის მიერ საქართველოსადმი აღებული კურსი და მეტი დინამიურობა შესძინოს ამ ურთიერთობას, მით უმეტეს რომ საქართველო შეუერთდა ანტიტერორისტულ კოალიციას და მისი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში. აშშ-ის კონგრესის მიერ 2001 წელს საგარეო სამხედრო ვაჭრობაზე (საბრძოლო შეიარაღება) შეზღუდვების მოხსნით ამჟამინდელ ადმინისტრაციას მიეცა მნიშვნელოვანი საშუალება კომპლექსურად განახორციელოს თავისი სტრატეგიული ინტერესები. უდაოა, რომ მთლიანობაში ამიერკავკასიის რეგიონი და მისი სამხედრო-პოლიტიკური სტაბილურობის სიმძიმის ცენტრი საქართველო ამჟამად მოქცეულია სწორედ ამ ინტერესების ქვეშ, რაც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყანას გადადგას მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები მისი დასავლეთზე ორიენტირებული საგარეო კურსისა და თავისი უსაფრთხოების განსამტკიცებლად. მაგალითისათვის, დღეისათვის უკვე შესაძლებელია ამერიკული მხრიდან მივიღოთ გარკვეული ტიპის საბრძოლო აღჭურვილობა და შეიარაღება.
სწორედ ამ ახლებური მიდგომის შედეგად 2001 წლის ოქტომბერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მითითებით აშშ-ის ევროპული სარდლობის ჯგუფმა ჩაატარა საქართველოს შეიარაღებული ძალების შერჩეული შენაერთების შეფასება, რომლის მიზანი იყო დაედგინათ ამ სამხედრო შენაერთებისათვის საჭირო წრთვნისა და აღჭურვილობის ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებითაც საქართველოს 2002 წლისთვის გაუჩნდებოდა ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობები.
სწორედ ზემოხსენებული შესაძლებლობების ჩამოყალიბებისათვის აშშ-ის მიერ ინიცირებულ იქნა ე.წ. ,,წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა. ამერიკული მხრიდან აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის უმთავრეს პრიორიტეტს და განიხილება როგორც საქართველოში თანამედროვე ტიპის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის განმტკიცების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. პროგრამის საერთო ბიუჯეტმა შეადგინა დაახლოებით 64 მლნ. აშშ დოლარი, საიდანაც 30 მლნ. დაფინანსებულ იქნა ,,უსაფრთხოების სფეროში დახმარების“ პროგრამიდან.
,,წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის არსია: იმისათვის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომზადდეს მცირე მოცულობის საბრძოლო (მოიცავს ანტიტერორისტულს) ოპერაციების ჩასატარებლად აშშ-ის ევროპული სარდლობა უზრუნველყოფს შერჩეული ქართული სამხედრო შენაერთების გაწრთვნასა და აღჭურვას, ოპერატიული შტაბის წვრთნას და ეროვნულ დონეზე საშტაბო ელემენტებისათვის ეროვნული სამხედრო სამეთაურო ცენტრის ჩამოყალიბება-აღჭურვას.
ტაქტიკურ დონეზე ამერიკული მხარე გაწრთვნის და აღჭურავს:
- 1 ოპერატიულ შტაბს (სახმელეთო ძალების შტაბი);
- 1 სპეც. დანიშნულების ბატალიონს;
- 3 მსუბუქ ქვეითთა ბატალიონს. მათგან ერთი გაიწრთვნება საჰაერო ოპერაციებისათვის (სადესანტო-სატრანსპორტო - Airmobile Operations) (აშშ-ის მხარის მიერ მოწოდებული UH-1H ტიპის ვერტმფრენების გამოყენებით);
- 1 მძიმე შეიარაღების ასეულს რომელშიც შედის:
- 2 მექანიზირებული ქვეითი ოცეული
- 2 ჯავშან-სატანკო ოცეული.
ამერიკულ მხარის ხედვით საბოლოოდ შედეგად უნდა მივიღოთ:
- ეროვნული საშტაბო ელემენტი, ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობით. მოიცავს შუალედურ ოპერატიულ საშტაბო ელემენტებს, მანევრირების 3 ბატალიონს და შერჩეულ უზრუნველყოფის ელემენტებს;
- შეიქმნება ეროვნული მართვის ცენტრი, რომელსაც შეეძლება ქვეყნის შიგნით ყველა სამხედრო ხასიათის საქმიანობაზე თვალყურის დევნება. ცენტრი განლაგებული იქნება თავდაცვის სამინისტროს შენობაში, ექნება კავშირი სასაზღვრო ძალებსა და შსს-ს შტაბებთან და მასში შევა კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების დაგეგმვის უჯრედი, შესაბამისი საჭირო ტექნიკური საშუალებებით.
- საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფებს სამანევრო შენაერთების შემადგენლობაში შესაძლებლობა ექნებათ აწარმოონ შეტევითი ოპერაციები ასეულის დონეზე დღის საათებში, დღისა და ღამის საათებში ჩასაფრების ოპერაციები. ეს საქმიანობა განხორციელდება უფრო მაღალი საფეხურის შტაბთან კოორდინირებულად და ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
,,წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამამ მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ჩვენში თანამედროვე ტიპის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთ რეალურ ნაბიჯად შესაძლოა მივიჩნიოთ პროფესიული არმიის საფუძვლების ჩამოყალიბება. ამ დროისთვის წარმატებით განხორციელებულდა რამოდენი ფაზა და მაისის შუა რიცხვებიდან იწყება ახალი ბატალიონის გაწვრთნა.
გარდა ზემოხსენებულისა, აუცილებელია გამოვყოთ ის მიდგომები, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის, კერძოდ: ამერიკული მხარე მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საქართველოში არსებული შიდა დაგეგმარების სისტემის (სტარტეგიული და ოპერატიული დონე, საბიუჯეტო დაგეგმარება და სხვა) გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი დაგეგმარების სისტემის ჩამოყალიბებაზე. ამ პროცესში ამოსავალ წერტილად მიჩნეულია დაბალ პრიორიტეტებზე რესურსების ხარჯვის გამორიცხვა. აღნიშნული მიმართულებით სწორი პოლიტიკის გატარების ანუ საერთაშორსიო დახმარებისა და შიდა რესურსების გეგმაზომიერი სინთეზის შემთხვევაში (მიზნობრივი ხარჯვა) საკმაოდ მოკლე პერიოდში სავსებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა.
უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მხარდაჭერისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებითი დახმარების დემონსტრირება გააკეთა. ნათელია, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში დამკვიდრებული ამ დადებითი ტენდენციების ლოგიკური შედეგია ჩვენი ქვეყნის მიერ ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების საომარი კამპანიის ცალსახა მხარდაჭერა და ანტიერაყული კოალიციის წევრობა. ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველო-აშშ-ის შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ ორ ქვეყანას შორის ნდობის ფაქტორისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის ქართული მხარე ვალდებულია გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. ეს საპასუხო ძალისხმევა აუცილებლად უნდა გამოიხატოს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის სწრაფად რეფორმირებით ანუ ისეთი ქმედითუნარიანი სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოს გამხდარიყო ევრო-ატლანტიკურ და რეგიონულ უსაფრთხოებაში არსებითი წვლილის შემტანი ქვეყანა და არა მარტო ამ უსაფრთხოების მომხმარებელი ერთეული.
![]() |
4 მსოფლიოში არსებული ნარკოვითარება და ტრანსნაციონალური ნარკობიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
უსაფრთხოება
II ნაწილი
ლევან ღირსიაშვილი
პოლიტიკური კვლევების ცენტრი
ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების შემოსავლების ერთ-ერთ გავრცელებულ წყაროს ნარკოტიკთა უკანონო წარმოება და გავრცელება წარმოადგენს. სწორედ ნარკობიზნესის დინამიკამ განსაზღვრა XX სუკუნის ბოლოს ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების განვითარების საერთო პერსპექტივები.
ვირტუალურმა, მაგრამ სინამდვილეში ფაქტიურმა კორპორაციამ, მენეჯმენტის თეორეტიკოსთა მიერ ესოდენ სიჯიუტით გავცელებულმა XXI საუკუნის წამყვან კონკურენტუნარიან სამეწარმეო სტრუქტურად, უკვე იპოვა თავისი რეალური განხორციელება: 1) ნარკოსაქმოსნები ანვითარებენ დამოუკიდებელ კომპანიათა საერთო ქსელურ სტრუქტურას; 2) ისინი ცვლიან ინფორმაციას, ერთმანეთს უზიარებენ პროფესიულ ჩვევებს, ფასთა დარეგულირების მეთოდებს; 3) ერთმანეთის უხსნიან გზას ბაზრისკენ; 4) აერთიანებენ საკუთარ პოტენციალს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში საკუთარი ბაზრების შესაქმნელად და გამოსაყენებლად.
ექსპერტები კამათობენ, თუ რომელი ტიპის ორგანიზაციებს მიეკუთვნებიან ნარკოკარტელები. აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების სპეციალისტები საზღვრავენ კარტელს, როგორც ,,დიდ კორპორაციას, რომელსაც საკუთარი ვიცე-პრემიერები ჰყავს“. ყოველი მათგანი მეთაურობს რომელიმე განყოფილებას ან ,,კონსორციუმს“, რომელთა წევრებიც ერთად მუშაობენ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აწყობთ. როდესაც ამის აუცილებლობა აღარ არის, ისინი საკუთარი რისკის ფასად მოქმედებენ. ამერიკული ჟურნალი ,,თიმე” კარტელს ,,კრიმინალურ ოჯახთა კონფედერაციად“ თვლის, ხოლო კოლუმბიური ჟურნალი ,,სემანა“ მას ,,მრავალრიცხოვან დამოუკიდებელ ჯგუფებად“ ახასიათებს, რომლებიც დრო და დრო დებენ სტრატეგიულ კავშირებს. ინგლისური ყოველკვირეული ,,ეკონომისტი“ უარყოფს ამ განსაზღვრებას, და აცხადებს, რომ ტერმინი ,,კარტელი“ აიოლებს ნარკოტრაფიკით დაკავებული კორპორაციის ორგანიზაციულ სტუქტურას, რასაც ხშირად მათთან ბრძოლის დროს შეცდომებამდე მივყავართ. ჩილელი სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ ნარკობიზნესის ტრანსნაციონალურ ხასიათს.: ,,ნარკოტრაფიკი არ წარმოადგენს უკანონო საქმიანობის ერთ-ერთ სახეს. ეს უზარმაზარი და რთული ტრანსნაციონალური საწარმოა, რომელმაც თანამედროვე მსოფლიოში ახალი მოვლენის გენერირება მოახდინა, და ამიტომააც დაერქვა ნარკოეკონომიკა“.
მრავალი ანალიტიკოსი თვლის, რომ საერთაშორისო ნარკოოპერაციები უკვე გასცდნენ ,,მეპატრონეთა საქმიანობის“ ჩარჩოებს. ამ პრობლემის ერთ-ერთი მკვლევარი, ჯეიმს მილზი, ნარკობიზნესს შემდეგნაირად ახასიათებს: ,,ნარკოტიკთა საერთაშორისო ინდუსტია - ეს სინამდვილეში სულაც არ არის ინდუსტრია, იგი იმპერიაა. სუვენერული, თვითკმაყოფილი და ექსპანსიონისტური, ეს ჭეშმარიტი იმპერიაა, თუნდაც შინაგანი ბრძოლებით ხშირად გახლეჩილი, იგი ყოველთვის გამოდიოდა მსოფლიო საზოგადოების წინაშე შეკრული ფრონტით. იგი მსოფლიოს ისევე სასტიკ ექსპლუატატორად ევლინება, როგორც გასული საუკუნეების ნებისმიერი იმპერიული სახელმწიფო, ისეთივე დიდი როგორც ბრიტანეთის იმპერია, ისეთივე მზა გადაწყვეტილებისათვის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. ეს მიწისქვეშა იმპერიაა, აგრესიული და მოძალადე საკუთარი ბუნებით. ჰყავს საკუთარი არმია, დიპლომატიური და სადაზვერვო სამსახურები, ბანკები, სავაჭრო ფლოტი და ავიახაზები. ის საკუთარი ბატონობის გაფართოვებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობს, არალეგალური ძირსგამომთხრელი საქმიანობით დაწყებული, და ღია ომებით დამთავრებული.“
კარტელთა მრავალფეროვნების მიუხედავად იქ შიში და დისციპლინა მეფობს, რადგან დასჯა ერთია - სიკვდილი. ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების სიცოცხლის-უნარიანობა ისეა დაკავშირებულია მასთან, რომ ოპერაციების ჩატარების დროს ისინი სრულ იგნორირებას უწევენ სახელმწიფოთა საზღვრებს, ნაციონალურ სუვენერიტეტს, იმ დროს, როდესაც მათთან მებრძოლი საერთაშორისო და ეროვნული სამსახურები, იძულებულნი არიან იმოქმედონ სახელმწიფოებრივი ატრიბუტების მკაცრი წესებით.
World Report 1997 განსაზღვრავს შემდეგ დამნაშავეობრივ დაჯგუფებებს, რომლებიც აკონტროლებენ გლობალური ნარკობიზნესის მართვის ბერკეტებს.
ტრანსნაციონალური ნარკოკარტელები
|
ძირითადი საქმიანობა |
ჯგუფის სიდიდე |
საერთაშორისო კავშირები |
კოკაინის კარტელები |
შტაბ-ბინები განლაგებულია ძირითადად კოლუმბიაში და მექსიკაში. ხელმძღვანელობენ სრულ ციკლს, დაწყებული წარმოებიდან და დამთავრებული კოკაინის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიწოდებით. |
აქვთ მკაცრი პირამიდისებური სტრუქტურა, გავლენის სფეროები დანაწილებულია გეოგრაფიულად. |
კოზა-ნოსტრა, ლა კოზა ნოსტრა, ტრიადა, იაკუძა |
ჩინური ტრიადები |
ნარკოტიკები, ფულის სესხები, სათამაშო ბიზნესი, რეკეტი, სერვის ცენტრის ჩადებული ფული, ინვესტიციები ფულის გათეთრების მიზნით, იატაკქვეშა ემიგრაციის კონტროლი |
დაახლოებით 170 000 ადამიანი, სტრუქტურული პირამიდის თავში დგას ბოსი, მისი მოადგილეები და საკადრო არჩევის ბოსები.ძირითად ძვალს შეადგენენ მებრძოლები, ჯარისკაცები. შედარებით ცნობილნი არიან ჰონგკონგის ,,სუნ ი ონ”, ,,14”, ,,ვო ფედერეიშენ”, ტაივანდური “იუნაიტედბამბოო”/,,ფორციზ ბენდ,” ,,გრეიტ სიოლკ” |
აწარმოებენ აქტიურ საქმიანობას აზიაში, ევროპაში, აშშ-ში, საქმიანობის ძირითადი სფეროები - ჰონგკონგი, მიანმა, ტაივანი, ფილიპინები და აშშ. |
იაპონური იაკუძა |
ჩათრეულია კრიმინალური საქმიანობის ყველა სფეროში: რეკეტი, ჯიბგირობა, ნარკოტიკები, პროსტიტუცია, პორნოგრაფია. აზიაში მეტამფეტამინის ტრაფიკით სპეციალიზირდება |
შემადგენლობა: 60000 მუდმივი წევრი და 25000 დამხმარე. საკმაოდ რთული სტრუქტურა, შედგება ათასობით პატარა ოჯახისა და ჯგუფისგან |
დაკავშირებულია აშშ-ს ოპგ-ს, კოლუმბიას, გერმანიას, ჩინეთს, დსთ-ს ქვეყნებს. |
კოზა ნოსტრა (იტალია) |
შედარებით ცნობილი ოპგ, დაკავებულია ნარკოტრაფიკ-თან. ფართომასშტაბიანი კონტრაბანდით, ქმნის და ანვითარებს ახალ მარშუტებს. ფინანსებს, ფულს უთეთრებს სხვა მცირე ოპგ-ებს, ასევე გამომძალველობითაც არის დაკავებული.
|
გააჩნია ორგანიზაციის ვერტიკალური სტრუქტურა, ითვლის დახლოებით 5000 ადამიანს რეგიონალურ დროებით კომისიებში. |
ადგილმდებარეო-ბა კუნძულ სიცილიაზე, მაგრამ აქვს თავისი ფილიალები ყველა კონტინენტ-ზე. დაკავშირებულია ყველა ნარკო-დაჯგუფებასთან და კარტელთან, ლა კოზა ნოსტრასთან და დსთ-ს ქვეყნების მაფიასთან. |
ლა კოზა ნოსტრა (აშშ, ნიუ-იორკი) |
დაკავებულია ნარკობიზნესით, უკანონო სათამაშო ბიზნესით, იარაღით კონტრაბანდით, პროსტიტუციი, გამომძალველობით, გავლენა აქვს აშშ-ს პროფკავშირებზე. |
შედგება 3000 ბოევიკისგან და 25 ოჯახისგან, ხუთი მათგანი განსაკუთებით ძლიერები, ნიუ-იორკში არიან |
ძირითადად დაკავშირებულია ნარკოკარტელებთან (კოკაინი) და კოზა ნოსტრასთან, ასევე დსთ-ს ქვეყნების მაფიასთან |
აღმოსავლეთ ევროპის მაფიოზური დაჯგუფებები |
ნარკობიზნესი, ბირთვული იარაღით ვაჭრობა, ადამიანთა და საქონლის კონტრაბანდა |
დახლოებით 5700 ბანდა, 200 მათგანს გააჩნია რთული სტრუქტურა და 29 ქვეყანაში დილერები. |
დაკავშირებულია აშშ-ს ოპგ-თან, კოკაინის კარტელებთან და კოზა ნოსტრასთან |
ნარკობიზნესით დაკავებული ტრანსნაციონალური ორგანიზაციებს, გააჩნიათ გარკვეული გასაღების ბაზრები, არა მხოლოდ ტერიტორიული გაგებით, არამედ პროდუქციის მიხედვითაც (კოკაინი, ჰეროინი, მარიხუანა და სხვები,). გარდა ამისა, ისინი შეიძლება ფუნქციურად იყვნენ დეფინიცირებულნი, ნარკოტიკთა წარმოების ეტაპების და გასაღების მიხედვით.
ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციების ნაწილი ორიენტირებულია მრავალეტაპიან პროცესზე: რომელიმე ნარკოტიკის წარმეობიდან გასაღებამდე. ნარკობიზნესის ინდუსტრიაში მთელი ამ ჯაჭვის კონტროლი, დაწყებული მცენარეთა დათესვით და ბუნებრივი და სინთეტიკური ნარკოტიკების წარმოებით დამთავრებული, მათ გასაღებამდე და გადარჩენის ლეგალიზაცია - საშუალებას აძლევს ამგვარ ორგანიზაციებს შეასუსტონ კანონდამცავ ორგანოთა მოქმედება (მათი კორუმპირებულობის საშუალებით) და მრავალჯერ აწიონ საცალო და საბითუმო ვაჭრობის ფასთა სხვაობა. ამის ნათელი მაგალითია კოლუმბიური ნარკოკარტელები, რომლებიც თავისთავად წარმოადგენენ კოკაინის საწარმო კონცერენებს მთელს სამხრეთ ამერიკაში მოყვანილი ნედლეულით, ასევე აკონტროლებენ კოკაინის ექსპორტს აშშ-ს, კანადისა და ევროპის ბაზრებზე.
სხვა ტრანსნაციონალურ ნარკოორგანიზაციებს ურჩევნიათ საქმიანობა განახორციელონ ნარკოტიკთა უკანონო მიმოქცევის მხოლოდ გარკვეულ სტადიებზე. ასე მაგალითად, ნიგერიული დამნაშავეობრივი ორგანიზაციები დაკავებულნი არიან ძირითადად სხვადასხვა სახის ნარკოტიკთა ტრანსპორტირებით და გავრცელებით. ნიგერია კვლავ მთავარი ძარღვია აფრიკული კონტინენტის ნარკოვაჭრობის სტრუქტურაში, ასევე მთავარი გზაჯვარედინი, სადაც ხორციელდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობა. მექსიკურ კარტელები არ აწარმეობენ ნარკოტიკებს, მხოლოდ გადააქვთ და ავრცელებენ. თურქული ორგანიზაციები ცნობილნი არიან ჰერონის გადამუშავებით და მისი მიწოდებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ამგვარად, ნარკობიზნესი მრავალასპექტური ფენომენია. მისი დახასიათება ხორციელდება რამდენიმე პარამეტრით: ნარკოტიკთა სახეობით, მათი წარმოებისა და გავცელების სტადიებით, გასაღების და წარმოების ტერიტორიებით, ძირითადი მარშუტით და საშუალებებით, ამ პარამეტრების ცვლის ტენდენციით უკანასკნელი წლების მაძილზე.
თუ ამ სქემას მივადევნებთ თვალს, შემდეგ სურათს დავინახავთ:
კოკაინი
კოკაინის ექსკლუზიურ მწარმოებლად ითვლებიან ჯოჯოხეთის ჯგუფის“ ქვეყნები: კოლუმბია, ბოლივია და პერუ. ამ სამ ქვეყანაში თავმოყრილია მსოფლიო კოკის 90%. ასევე ბრაზილიაშიც იზრდება კოკაინის წარმოება. შედარებით მცირეა ეკვადორში, ვენესუელაში, არგენტინაში წარმოებული კოკაინის რაოდენობა. ბოლივიური და პერუს ნედლეული კოლუმბიაში მუშავდება და კოკაინი გარე ბაზრებს ამ ქვეყნიდან მიეწოდება. XX საუკუნის 90-იან წლებში, ექსპერტთა აზრით კოლუმბიური ნარკობიზნესის იატაკქვეშა ლაბორატორიების სიმძლავრე შეადგენდა 350 ტონას წელიწადში. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კოკაინის მწარმოებელი ქვეყნები ნარკოტიკთა უკანონო მიმოქცევის ხარჯზე 20-დან 30% მთლიან შიდა პროდუქტს იღებენ. სხვა მონაცემებით, მხოლოდ კალის კარტელმა 1995 წელს 8 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ამერიკულ კორპორაციათა მოგებამაც ვერ გადააჭარბა ამ თანხას. ,,ჯენერალ ელექტრიკის“ მოგებამ 7,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ,,ფილიპ მორისის“ 6,3 მილიარდი.
უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე წარმოება კონცენტრირდებოდა კოლუმბიაში. ისტორიულად მოხდა ისე, რომ კოლუმბია კოკაინის ჰიდროქლორიდის ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა, რომლისთვისაც აუცილებელი ნედლეული პერუდან და ბოლივიიდან შემოჰქონდათ. რაც შეეეხება კოკას ფოთლის გაზრდას, კოლუმბიამ პირველობაBბოლივიას და პერუს დაუთმო. 1990 წელს სიტუაცია შეიცვალა. 1997 წელს კოლუმბია პერუს დაეწია კოკაინის წარმოებაში და 1999 წელს გაერო-ს ექსპერტთა მონაცემებით კოკას ფოთლის მსოფლიო წარმოების ორი მესამედი კოლუმბიის ხარჯზე მოდიოდა. ამავე დროის განმავლობაში პერუსა და ბოლივიაში კოკაინის წარმოება შემცირდა.
ეს ცვლილებები განპირობებული იყო მრავალი ფაქტორით. 1990 წლების დასაწყისში კოკას ნათესები პერუში თითქმის მთლიანად განადგურდა სოკოთი. დაიხურა ,,საჰაერო დერეფნები“, რომელთა საშუალებითაც კოკას ფოთოლი პერუდან კოლუმბიის ლაბორატორიებში იგზავნებოდა. რადგან კოლუმბიელმა მწარმოებლებმა დაკარგეს პერუში ნედლეულის შოვნის საშუალება, მათ მოუწიათ ნედლეულის ქვეყანაში ძიება. შესაძლოა ,,მედელენის“ და ,,კალის“ კარტელთა დაშლამაც ითამაშა გარკვეული როლი, რომელთა მემკვიდრეებსაც აღარ ჰქონდათ იმდენად განვითარებული ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც აღარ იძლეოდა დიდი რაოდენობით კოკას ფოთლის, კოკას პასტის სხვა ქვეყნებიდან შემოტანის საშუალებას. კოლუმბიაში კოკას ფოთლის შიდა წარმოების გაფართოვების ერთ-ერთ წინაპირობად სამოქალაქო ომი იქცა. თუმცა კოლუმბიის მთავრობა დიდ ძალისხმევას იჩენდა ნარკოტიკებთან ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ განადგურებულ ნათესთა რიცხვი ყველაზე დიდია მსოფლიო მასშტაბით. თუმცა კოლუმბიის ტერიტორის ყველა ნაწილი ვერ კონტროლდება მთავრობის მიერ. პოლიტიკური არამდგრადობა კოკას მთელს მსოფლიოში გავრცელებას უწყობს ხელს, და ხშირად აქედან სარგებელს პარტიზანული და სხვა სამხედრო ჯგუფები პოულობენ.
გაძლიერებულმა კონტროლმა და განვითარების ალტერნატიული გზების ჩანერგვამ კოკას ფოთლის წარმოების შემცირება განაპირობა. პერუდან ბოლივიაში ,,საჰაერო ხიდის“ განადგურებამ ტონა ფოთოლზე ფასების 1500 ამერიკული დოლარამდე დავარდნა გამოიწვია. (1500$-ზე დაბალი ფასი ჩვეულებრივ აჩერებს წარმოებას, მაშინ როდესაც 1000$-ზე ნაკლები ფასები იწვევენ საკუთარი ნებით უარის თქმას წარმოებაზე, როგორც ეს 1995 წელს მოხდა).
პერუსა და ბოლივიაში იყო საკუთარი ნედლეულის გადამამუშავებელი ლაბორატორიების შექმნის მცდელობები. ეს ნათლად გვაჩვენებს ამ ქვეყანაში კონფისკირებული ნარკოტიკების რაოდენობას, ამასთან ერთად ამ ქვეყნების ნარკოსაქმოსნებმა დაიწყეს საკუთარი ნარკომარშუტების შექმნა ბაზარზე პროდუქციის გასატანად.
გაერო-ს მონაცემებით, კოკაინით ვაჭრობამ უკანასკნელ წლებში შემდეგი ტენდენციები გამოავლინა: 1980-იანი წლების სწრაფი ზრდა 1990 წლებში შესამჩნევად შენელდა, 1980-იან წლებში ამ ნარკოტიკების მიღება 38%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 1990-1998 წლებში მხოლოდ 3%-ით.
ყველაზე ინტენსიური ზრდა აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში მოხდა. ეს განპირობებულია ანდების ქვეყნების ევროპამდე სავაჭრო მარშუტთა განვითარებით და ნარკოტიკთა დალექვით ტრანზიტულ ქვეყნებში.
97% ევროპაში კონფისკირებული კოკაინიდან 1997-1998 წლებში დასავლეთ ევროპაზე მოდის. ამ ნარკოტიკთა დიდი ნაწილი ანდების სახელმწიფოთაგან კარიბის რეგიონის გავლით ან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან - ბრაზილიიდან, არგენტინიდან, ეკვადორიდან, ვენესუელიდან და პარაგვაიდან მოდის.
ყველაზე მეტი კოკაინი ევროპაში 1997/98 წლებში კონფისკირებულია ესპანეთში და ნიდერლანდებში - საერთო ევროპული რაოდენობის 63%. Gგარდა ამისა, 1999 წელს ევროპაში კოკაინის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, საფრანგეთი და შვეიცარია. კოკაინის მსხვილი პარტიების მიღება მოხდა 1999 წელს სკანდინავიურ საზღვაო პორტებში და ბალტიის ქვეყნებში.
ჩრდილოეთ ამერიკისაგან განსხვავებით, ევროპაში კოკაინით ვაჭრობა ისე კარგად არ არის ორგანიზებული. თუმცა ინტერპოლს აქვს მონაცემები ალბანელი და ნიგერიელი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობაზე ევროპაში. ტრადიციულად ასეთი კავშირები აქვთ კოლუმბიელ ნარკოტიკთა მომწოდებლებს და იტალიურ მაფიას. ევროპაში კოკაინით ვაჭრობით რუსეთის კრიმინალური დაჯგუფებებიც საქმიანობენ.
სამხრეთამერიკულმა კოკაინმა ციმბირსაც მიაღწია. 1997 წელს ტრანსნაციონალური გაკონტროლებისას რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბრიტანელ და დანიელ კოლეგებთან ერთად გამოავლინეს ვენესუელიდან ირკუტსკის ოლქში კოკაკინის კონტრადბანდის არხი. ამ ოპერაციის შედეგად ამოღებულ იქნა კვების პროდუქტების კონტეინერებში შეფუთული 20 კგ კოკაინი.
პირველობა კოკაინის კონფისკაციებში ამერიკას უკავია -1997/98 წლებში საერთო მსოფლიო რაოდენობის 88%. კოკაინის ყველაზე დიდი ბაზარი აშშ-ია - კონფისკირებული გლობალური რაოდენობის მესამედი (31% 1997/98), შემდეგ მოდის კოლუმბია (21,5%) და მექსიკა (8%). ანდების სახელმწიფოთა შორის კოლუმბიის წილი კონფისკაციაში 80%-ია.
კოკაინის კონფისკაციის ყველაზე ინტენსიური ზრდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მოხდა. იმ ქვეყნებში, რომლებიც ესაზღვრებიან კოკაინის მწარმოებელ სახელმწიფოებს (ჩილე, ეკვადორი, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები, ვენესუელა და პარაგვაი). ეს ზრდა ასახავს ნარკოტიკთა მოსაზღვრე ქვეყნების გავლით ტრანსპორტირების ტენდენციას. 1998/99 წლებში ნარკოტიკთა დიდი რაოდენობა გადაგზავნილ იქნა ბრაზილიისა და ვენესუელის გავლით საზღვაო და საჰაერო გზებით.
კოკაინის ერთ-ერთ ძირითად სატრანზიტო ქვეყანად მექსიკა იქცა. მექსიკელი ნარკოსაქმოსნები ამჟამად კოკაინს აშშ-ს დასავლეთით სამხრეთ-დასავლეთ შტატების გავლით აწოდებენ. დასავლეთ ევროპაში კოკაინი ძირითადად კარიბის რეგიონის გავლით შემოაქვთ.
ანდების სახელმწიფოთა მოსაზღვრე ქვეყნების ტრანზიტისთვის გამოყენებამ, კოკაინის ახალი ბაზრების გაჩენაზე იმოქმედა. აშშ-ში კი პირიქით, კოკაინის ბოროტად გამოყენების დონემ დაიწია. გარდა ამისა, აშშ-ში კოკაინის კონფისკაცია ისე არ იზრდება, როგორც გასულ ათწლეულებში.
სამკუთხედის ,,ამერიკა-აფრიკა-ევროპა“ საზღვრებს გარეთ კოკაინის მიწოდება არც ისე მასშტაბურია, თუმცა აქაც შეინიშნება ზრდა. სხვაგვარი სიტუაციაა ავსტრალიაში, სადაც კოკაინის ბოროტადგამოყენების დონეც იზრება და ამ მიწოდების მოცულობაც. ვაჭრობის ძირითადი რეგიონების გარდა კოკაინი ყველაზე დიდი რაოდენობით ამოღებულ იქნა ჰონგკონგში, ავსტრალიაში, ისრაელსა და ლიბანში.
კოკაინის ტრანსპორტირება ჩვეულებრივად ტრადიციული საშუალებებით სრულდება: ნარკოკურიერების გამოყენება, რომლებიც ტვირთის გადაზიდვას კომერციული ავიახაზებით ასრულებენ. 1991 წლიან ნიგერიულმა დაჯგუფებებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ კოკაინის გადასროლაში ევროპას, აზიასა და აფრიკაში, საკუთარ საქმიანობაში სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებიც ჩაითრიეს, (აშშ). მსგავსი პრაქტიკა ნარკოკურიერებად სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეების გამოყენებისა, ასევე ნარკოტიკების მომხმარებელ პირთა მიზიდვა, უკვე 10 წელზე მეტ ხანს გრძელდება.
გაცილებით დიდ პარტიებს კონტეინერებში მალავენ, რომლებსაც აგზავნიან ევროპას და აშშ-ში საზღვაო ტრანსპორტით. ჩვეულებრივ ამისთვის გამოიყენება კომერციული ხომალდები, რომლებსაც გადააქვთ კანონიერი ტვირთი და შემდეგ ღია ზღვაში ახდენენ კურსის შეცვლას, კარიბის ზღვის აუზის მიმართულებით, რათა გადასცენ კოკაინის ტვირთი, რომელიც შემედგ მსხვილ საზღვაო პორტებში იგზავნება ან საზღვაო სანაპირო ხაზებით მიემართება.
ჰეროინი
გაეროს მონაცემებით, 1990 წლების ბოლოს ოპიუმის წარმოება სტაბილური გახდა, წინა 2 ათწლეულისგან განსხვავებით, როდესაც ზრდის ტენდენცია შეიმჩნეოდა.
სპეციფიკური კლიმატურ-ბუნებრივი მოთხოვნების საფუძველზე ოპიუმის ყაყაჩოს გამოზრდა კონცენტრირებულია ორ საკმაოდ კომპაქტურ არეალში, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში - ,,ოქროს სამკუთხედის“ ქვეყნებში (მიანმა, ლაოსი, ტაილანდი) და ,,ოქროს ნახევარმთვარის ,, (ავღანეთი, ირანი, პაკისტანი). ამასთან ოპიუმის მსოფლიო წარმოების 90% იმ სახელმწიფოებშია, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა ნარკოტიკების წინააღმდეგ შეზღუდულია (მიანმა, ავღანეთი, ირანი, ლიბანი).
1989 წელს, ცსს-ს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ოპიუმის უმსხვილეს მწარმოებლებად ითვლებოდნენ: ბირმა (1100-1500 ტონა), ავღანეთი (700-800 ტ), ირანი (200-400), ლაოსი (210-300), პაკისტანი (105-175), მექსიკა(40-50), და ტაილანდი (23-33ტ). ათი წლის წინ ,,ოქროს ნახვარმთვარის“ ქვეყნებში იწარმოებოდა მაღალი ხარისხის წმენდის 60-70% ჰეროინი, გამიზნული ნარკოტიკთა მსოფლიო ბაზრებზე გასატანად. ინგლისელ სპეციალისტთა შეფასებით, იქ წარმოებული იყო 2,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ჰეროინი - თანხა, რომელიც ამეტებს პაკისტანის ლეგალურ ექსპორტს.
1993 წლის მონაცემებით ირანში ოპიუმის პლანტაციებად გამოყენებულ იყო 3500 ჰექტარი მიწა. 1989 წელს ავღანეთში, საბჭოთა ჯარების გაყვანამდე, ყაყაჩოს პლანტაციების რაოდენობა არ იყო მნიშვნელოვანი. თუმცა, ბოლო ათი წლის მანძილზე სიტუაცია შეიცვალა.
ირანში და პაკისტანში, მთავრობის მონდომებით, პლანტაციების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა. 1990 წლბში ოპიუმის ყაყაჩოს და კოკაინის წარმოება კონცენტრირებულ იქნა ნაკლებ ქვეყნებში, ვიდრე წინა ათწლეულებში. ავღანეთში და მიანმაში უკანასკნელ წლებში მთელი არალეგალური ოპიუმის 90% აწარმოებდნენ, 1999 წელს ეს რიცხვი 95% შეადგენდა. მსოფლიო წარმოების 70% 1999 წელს ავღანეთის ხარჯზეა. 2000 წელს ოპიუმის წარმოება ავღანეთში 30% დაეცა გვალვის გამო და ზოგიერთში ანტინარკოტიკული პროგრამის წარმატებით განხორციელების წყალობით, ამასთან ოპიუმის მსოფლიო წარმოება 4800 ტონამდე შემცირდა. (მიახლოებითი შეფასებით)
და მაინც, ავღანეთი - ოპიუმის, მორფის და ჰეროინის მთავარი მომწოდებელია მეზობელ ქვეყნებში (ირანი, ინდოეთი და ცენტრალური აზია) და ჰეროინის ევროპაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთ აფრიკაში. ავღანეთში დამზადებულ და ექსპორტისთვის განკუთვნილ უმაღლესი ხარისხის ჰეროინს უკვე შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნებში წარმოებულ ჰეროინს. მისი მაღალი კონკურენტუნარიანობა განპირობებულია აგრეთვე იმით, რომ ავღანური ჰეროინი დიდი რაოდენობით მზადდება და დაბალი ფასი აქვს. საბითუმო პარტიების ფასი ჩრდილოეთ ავღანეთში 2000 წელს დაუჯერებლად დაეცა - 400 აშშ დოლარი.
თალიბური რეჟიმის დამხობა, ყაყაჩოს პლანტაციების განადგურება უახლოეს დროში ვერ შეცვლიან ავღანეთში ნარკოსიტუაციას. ათეულობით მილიონი დოლარი, გამოყოფილი აშშ-ის მიერ სპეციალური პროგრამით ავღანელი გლეხებისთვის მარცვლოვანი კულტურის საყიდლად ისევ ყაყაჩოს თესლის შესასყიდად იხარჯება, რადგანაც გლეხებისთვის უფრო მომგებიანი და ჩვეულია მოიყვანონ ოპიუმის ნედლეული, მით უმეტეს რომ მსგავსი წარმოებიდან მოგება მეტია, ვიდრე ხორბლის ან ბრინჯის მოყვანით.
ავღანეთის და მიანმას შემდეგ ოპიუმის შედარებით ცნობილი მწამოებელნი არიან - ლაოსი, კოლუმბია და მექსიკა. ლათინურ ამერიკაში წარმოებული ოპიუმი, აშშ-ის ბაზარზე მიდის. იმ დროს როდესაც, 1990 წლებში ცენტრალური ამერიკის გვატემალის ტიპის ქვეყნებმა შეწყვიტეს ოპიუმის წარმოება, კოლუმბიამ ქვეყნის შიგნით მოწეული ოპიუმის ყაყაჩოსგან მიღებული ჰეროინის მიწოდება დაიწყო. გლობალური სტანდარტებით კოლუმბიის ოპიუმის წარმოებას არ გააჩია სახიფათო მასშტაბები, მაგრამ აშშ-ში 1990 წელს კონფისკირებული 65% ჰეროინის მწარმოებელი ქვეყანა კოლუმბია იყო.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჰეროინის მოხმარების ზრდასთან ერთად ოპიუმის წარმოების დაცემა მოხდა. მნიშვნელოვნად შეამცირეს წარმოება ტაილანდმა, ირანმა, პაკისტანმა და ლიბანმა. თურქეთი დღემდე ითვლება სატრანზიტო ქვეყნად, დე-ფაქტო ოპიუმის წარმოება 1970 წლებში განადგურდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ადრეულ სტადიაში აღმოფხვრილ იქნა ოპიუმის წარმოება ეგვიპტეში. წარმატებით ჩატარდა ანტიოპიუმიური კამპანია ჩინეთში, რომელიც ორ მსოფლიო ომის შორის პერიოდში (1919-1939) წარმოების ყველაზე დიდი მოცულობით გამოირჩეოდა.
მიუხედავად, ავღანეთში ყველაზე რეკორდული მოსავლისა, რომლის წყალობითაც ოპიუმის მსოფლიო წარმოება შესამჩნევად გაიზარდა, მიუახლოვდა რა 5800 ტონას (1994-1999 წლებში ის საშუალოდ 4900 ტონას შეადგენდა), 1980 წელთან შედარებით მაინც ზომიერად გამოიყურება (1980 წელს ოპიუმის წარმოება 3ჯერ გიზარდა).
ყაყაჩოს კულტივირებისთვის განკუთვნილი სათესი მინდვრები, 1988 წელს ყველაზე დაბალ ზღვარზე გავიდნენ და 1999 წელს 17%-ით შემცირდნენ მინდვრები სადაც კულტივირდებოდა კოკა, 1990 წელთან შედარებით. 1999 წელს კოკას ნათესები 1990 წელთან შედარებით 14% ფართობს იკავებდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ალტერნატიული განვითარების პროგრამებით და უკანონო კულტივირებით შეშფოთებული სახელმწიფოთა მონდომებამ დადებითი შედეგები გამოიღო. ეს რეზულტატები მიღწეული შეიძლება ყოფილიყო მოთხოვნის სტაბილიზაციით, მაგრამ როგორც ქვემოთ იქნება აღნიშნული მსოფლიო ტენდენციად ეს ვერ ჩაითვლება.
ეს ტენდენციები მეტი დარწმუნებით შეიძლება ჩავთვალოთ წარმატებულად, ნათესთა მინდვრების შემცირებასთან ერთად წარმოების ინტენსიურობაც რომ მცირდებოდეს.
1999 წელს, ნათესთა მინდვრები, ოპიუმის ყაყაჩოს (217 000 ჰა) და კოკას ფოთლის (183 000 ჰა) გლობალური მასშტაბით უზარმაზარად არ ითვლება. ყაყაჩოთი და კოკით დაკავებული ტერიტორიები შეადგენენ მაგალითად პუერტო-რიკოს მეოთხედს, ან ორ მესამედს ისეთი ქალაქებისა, როგორიცაა ნიუ-იორკი ან ბერლინი. ნარკოტიკული ნედლეულის მწარმოებელ ქვეყნებშიც კი კულიტივირებული ნათესები მხოლოდ 1% სათეს მიწას იკავებენ. მაგრამ ეს 1% საკმარისია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ჰეროინის და კოკაინის გლობალური მოთხოვნილება.
ოპიუმის ყაყაჩოს და კოკას ფოთლის წარმოებიდან საერთო მოგება (შემდეგი დამუშავების გარეშე) 1999 წელს შეადგენდა 1,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ეს დიდი თანხა მცირედ გამოიყურება ნარკომოვაჭრეთა მიერ მიღებული ასობით მილიარდ დოლარ მოგებასთან შედარებით. ან თუნდაც ნარკოტიკთა ბოროტად გამოყენებით გამოწვეულ ხარჯებთან შედარებითაც. აშშ-ში 1990 შუაწლებში ეს დანახარჯები დაახლოებითი გათვლებით შეადგენდა 110 მილიარდ აშშ დოლარს ყოველწლიურად.
თუმცა ჰეროინის ვაჭრობის მოცულობა უკანასკნელ 3 ათწლეულის მანძილზე გაიზარდა, 1990 წლებში ეს ზრდა ისეთი ინტენსიური არ იყო, როგორც 1980 წელს. ამასთან კონფისკაციის მოცულობის საშუალო ინტენსივობა 25%-დან 5%-მდე დაეცა წელიწადში 1990-1998 წლებში. ყველაზე მეტი ჰეროინს იღებენ აზიიდან 70%, 23% ევროპიდან და 4% ამერიკიდან.
მიუხედავად სავაჭრო მარშუტების გაფართოვებისა, რომლებზეც ნარკოტიკები გადის ავღანეთიდან, ჰეროინის და მორფის დიდი ნაწილი 1997-1998 წლებში კონფისკირებულ იქნა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. აქ ლიდერობს ირანი, რომლის წილიც მსოფლიო მასშტაბით კონფისკირებულ კოკაინზე 1987/88 წლების 9%დან 1997/98 წლებში 42% მდე გაიზარდა. ჰეროინის და მორფის რაოდენობა და მოცულობა ირანში კვლავ გაიზარდა. ეს განპირობებულია არა მხოლოდ ირანის მთავრობის წარმატებული ბრძოლით ნარკოტიკების წინააღმდეგ, არამედ ავღანეთში ოპიუმის წარმოების ზრდითაც. გარდა ამისა, ნარკომოვაჭრეები სულ უფრო ხშირად იყენებენ ირანს ნარკოტიკთა ტრანზიტისთვის.
კანაფი
კანაფისგან მზადდება მარიხუანა, ჰაშიში, ჰაშიშის ზეთი. იგი კოკასგან და ოპიუმის ყაყაჩოსგან განსხვავებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მზადდება. კანაფი, არის რა საკმარისად სუსტი ნარკოტიკი, ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა მომხმარებელში.
უკანასკნელი ათი წლის მანძილზე 120 ქვეყანამ განაცხადა მის ტერიტორიებზე კანაფის უკანონო კულტივირების შესახებ. რაოდენობით და მოცულობით ინტერპოლი გამოყოფს - კანაფის ძირითად მწარმოებელ 67 ქვეყანას. ამათგან 22 აფრიკის კონტინენტზეა, 15 აზიური, 13 ევროპული და 13 ამერიკის ქვეყნებია.
ძნელია შეაფასო კანაფის უკანონო კულტივირების მასშტაბები მისი მრავალფეროვანი სახეობების გამო. სხვა კულტივირებული ნარკოტიკებისგან განსხვავებით, კანაფი შეიძლება სამი განსხვავებული წყაროსგან მივიღოთ.: სათეს მინდვრებზე კულტივირება, ველური კანაფის შეგროვება და კანაფის მოყვანა დახურულ სივრცეში რთული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ინტერპოლის შეფასებით, კანაფის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები არიან - მაროკო, ავღანეთი და პაკისტანი: მარიხუანის - კოლუმბია, მექსიკა, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა. კანაფის ზეთი - იამაიკა. ჰაშიშის შიდა კულტივირება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც გრძელდება, განსაკუთრებით ნიდერლანდებში, კანადაში და აშშ-ში და შედარებით მცირე დოზებით დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში.
კანაფი მსოფლიო ლიდერია კონფისკაციის მოცულობის და რაოდენობის მიხედვით. განსაკუთრებით ინტენსიური მარიხუანით და კანაფის ბალახით ვაჭრობა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაშია, კანაფის ფისით კი ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში.
ამ ნარკოტიკით ვაჭრობა - ნარკოვაჭრობის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. 1960/70 წლებში ინტენსიური ზრდის შემდეგ, 1980 წლებში კანაფის ვაჭრობამ დაცემა განიცადა აშშ-ში მოთხოვნის შემცირების (რომელიც ძირითადი მომხმარებელი იყო) და ლათინური ამერიკაში კანაფის განადგურების გამო. მაგრამ ევროპაში 1990-იანი წლების პირველ ნახევარში მოთხოვნის გაზრდის გამო ვაჭრობის ახალი ინტენსიური ზრდა გამოიწვია. 1990 წლების მეორე ნახევარში სიტუაცია სტაბილური გახდა.
უკანასკნელ ათწლეულებში მნიშვნელოვნად შემცირდა კონფისკაციები მექსიკაში, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში. ბრაზილიასა და პარაგვაიში. ამასთან, კოლუმბიასა და კარიბის რეგიონში კონფისკაციის რაოდენობა მცირდება. შედეგად ლათინური ამერიკის ქვეყნებში 2.6%-ით შემცირება შეინიშნება. ლათინური ამერიკის ქვეყნებში წარმოებული კანაფი ძირითადად კონტინეტის საზღვრებში გამოიყენება. მაგალითად, პარგვაიში წარმოებული კანაფი, მეზობელ ქვეყნებში ექსპორტირდება.
აფრიკაში კონფისკირებული კანაფის მოცულობა და რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე ევროპაში, (14% საერთო მსოფლიო რაოდენობისა). ნარკოტიკების დიდი რაოდენობაა ამოღებული ეგვიპტეში, კენიაში, ლესოტოში, ნიგერიასა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სენეგალსა და ტანზანიაში.
სამხრეთ აფრიკას, მიუხედავად კანაფის მსხვილმასშტაბიანი განადგურებისა, მესამე ადგილი უჭირავს, აშშ-სა და მექსიკის შემდეგ. წარმოებული ნარკოტიკის ძირითადი მოცულობა ექსპორტირდება. 1999 წლისთვის სამხრეთ აფრიკა რიგით მესამე მომმარაგებელია აშშ-სთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის. კონფისკაციის ინტენსიური ზრდა მოხდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში (14%), აღმოსავლეთ აფრიკაში (13%). ეს ზრდა ასახავს კანაფის შინაგან ზრდას და წარმოებას. ამ ქვეყნებიდან ნარკოტიკი ძირითადად დასავლეთ ევროპის ბაზარზე ხვდება. დასავლეთ აფრიკული ნარკოტიკის დიდი რაოდენობა, ამოღებული ევროპაში, წარმოებულია განასა და სენეგალში.
მარიხუანა იკავებს რუსეთში შეტანილ ნარკოტიკთა შორის მნიშვნელოვან ადგილს. მისი ძირითადი ნაკადი უკრაინიდან, ყაზახეთის, ბალტიის ქვეყნების საზღვრებს მიუყვება, რკინიგზის ტრანსპორტის გამოყენებით. თითქმის 30% მარიხუანას მთელი მოცულობისა, შუა აზიის სახელმწიფოებიდან არის გამოგზავნილი. ნიგერიული მარიხუანა ევროპისა და რუსეთის გავლით ექსპორტირდება. ვიეტნამური მარიხუანა, პაკისტანური და ავღანური ჰაშიში უფრო ხშირად საზღვაო გზებით ექსპორტირდებიან სამხედრო და კომერციული გემების საშუალებით.
სინთეტიკური ნარკოტიკები
სინთეტიკურ ნარკოტიკებს მიეკუთვნება პრეპარატთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებსაც გააჩნიათ მოქმედების განსხვავებული სპექტრი - სტიმულატორებიდან დაწყებული ბარბიტურატებით დამთავრებული, რაც თავისთავად საძილე საშუალებას წარმოადგენს.
უკანასკნელი ათი წლის მანძილზე შეინიშნებოდა ამფეტამინის ტიპის სტიმულატორთა ვაჭრობის ზრდა. სტიმულატორთა კონფისკაცია 1990 წლიდან 1998 წლებში ოთხჯერ გაიზარდა, იმ დროს როდესაც კოკაინის და ჰეროინისა არა უმეტეს 50%-ისა.
სინთეტიკური სტიმულატორებით ვაჭრობის ზრდა 1980-იან წლებში შეზღუდული იყო რამდენიმე რეგიონით (ჩრდილოეთ ამერიკა, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყანა, ახლო აღმოსავლეთის და დასავლეთ აფრიკის). სინთეტიკური სტიმულატორების გამოყენება რამდენიმე სოციალურ ჯგუფს შეეხო, - ბაიკერთა ბანდები აშშ-ში, მეთევზეები, ვინც დაკავებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სექსუალური მომსახურებით, ასევე სტუდენტები ევროპასა და ამერიკაში. 1990-იან წლებში სიტუაცია შეიცვალა და სინთეტიკური ნარკოტიკების გამოყენება, მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობაში გავრცელდა. წინა ნარკოტიკებისგან განსხვავებით სინთეტიკური ნარკოტიკის გავრცელება ახალგაზდრობის ყველა სოციალურ ჯგუფს შეეხო. 1990-იან წლებში სინთეტიკური სტიმულატორები იგივე გახდა, რაც ათი წლის წინ კოკაინი იყო.
1990-იანი წლების ბოლოს შეიმჩნეოდა სტიმულატორებზე მოთხოვნის შენელება დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მაგრამ ეს კომპენსირებულ იქნა სხვა რეგიონებში მოთხოვნით.
სინთეტიკური ნარკოტიკებით ვაჭრობა კონცენტრირებულია სამ რეგიონში: აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, (41%), დასაველთ ევროპაში (38%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (16%). ავსტრალიის და ოკეანიის რეგიონებში მოხმარების ძირითად ბაზრად ავსტრალია იქცა. (1.5%)/სტიმულატორთა ძირითად ბაზრად ევროპაში დიდი ბრიტანეთია.
აზიის აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში უფრო გავცელებულია მეტამფეტამინი, ევროპაში ამფეტამინი და ექსტაზი (მეთილენდიოქსიმეთილამფეტამინი - ძლიერი სტიმულატორი სუსტი ჰალუცინოგენური მოქმედებით) მეტამფეტამინით ვაჭრობა ევროპაში ჯერ კიდევ შეზღუდულია, გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ ჩეხეთი, სადაც ის იწარმოება და გამოიყენება ,,პერვიტინის“ სახელწოდებით. აღმოსავლეთ აზიაში და ჰავაიზე ძირითად ნარკოტიკებად ითვლება ,,ყინულოვანი“ მეტამფეტამინი - მაღალი ხარისხის წმენდის მეტამფეტამინი, მას ეწევიან. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავცელებული მეტამფეტამინი შედარებით დაბალი წმენდის ხარისხისაა, ტაბლეტების ფორმით. აშშ-ში მეტამფეტამინი ძირითადად ინტრავენური საშუალებით გამოიყენება.
ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში გავრცელებულია ეფედრინი. სამხრეთ ამერიკაში - ,,ანორეკტიკი“ (წონის დასაკლები წამალი), რომელიც იყიდება აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე. ახლო აღმოსავლეთში ფენეტელინი - (კაპტაგონი), ეგვიპტეში - მაქსიტონ ფორტე. ეს ნარკოტიკი, პირველად ცნობილი, როგორც დექსამფეტამინი, იწარმოებოდა ევროპაში, მაგრამ ეხლა მას ეგვიპტის იატაკქვეშეთში აწარმოებენ სხვა სახელით.
სტიმულატორთა კონფისკაციის ყველაზე მეტი ზრდა ევროპაში შეიმჩნეოდა (1987/1997/98) 25%-ით, ოკეანეთში - 21% და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - 12% ამავე რეგიონებში შედარებით გაიზარდა ნარკოტიკთა მოხმარებაც. მცირდება სტიმულატორთა კონფისკაციაც სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. ამ ქვეყნებში სტიმულატორები არალეგალურ ბაზარზე ძირითადად ლეგალური წყაროებიდან ხვდებიან. ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უკანონო ნარკოტიკტთა დიდი ნაწილი იატაკქვეშა ლაბორატორიებში მზადდება, ლეგალური წარმოებიდან ამ ლაბორატორიებში პრეკურსორები ხვდებიან. რადგანაც პრეკურსორები ფართოდ გამოიყენება, ძალიან ძნელია აკონტროლო მსგავსი წარმოება.
სტიმულატორთა წარმოების იატაკქვეშა ლაბორატორიები 1960-იან წლებში გამოჩნდა აშშ-ში, ევროპაში, კორეაში, ფილიპინებზე, ტაივანზე, ჩინეთში და ჰონგკონგში. 1990-იან წლებში სინთეტიკური სტიმულატორები იწარმოებოდა პრაქტიკულად მსოფლიოს მთელ რიგ რეგიონებში. მიანმაში და ტაილანდში ჰეროინისთვის განკუთვნილი ლაბორტორიები, საშუალებას გვაძლევენ პარალელი გავავლოთ ამფეტამინთან. დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით ნიდერლანდებში და დიდი ბრიტანეთში, გავრცელებულია დიდი სიძლიერის პატარა ლაბორატორიები. გაფართოვდა სტიმულატორთა წარმოებაც, ბალტიის სახელმწიფოებშიც, ბულგარეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მექსიკაში, პოლონეთში და აშშ-ში.
იმ დროს როდესაც, სხვა ნარკოტიკებით ვაჭრობა საერთორეგიონულია, სტიმულატორთა ვაჭრობა იმავე რეგიონში ხდება სადაც იწარმოება. გამონაკლისს წარმოადგენს ,,ექსტაზი“. ამ ნარკოტიკის უდიდესი ნაწილი იწარმოება ევროპულ ლაბორატორიებში ჰოლანდიაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, თავდაპირველად ,,ექსტაზი“ მოიხმარებოდა მხოლოდ ევროპაში, რომელიც კვლაც რჩება ვაჭრობის და მოხმარების ძირითად რეგიონად. მაგრამ 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან შესამჩნევად გაიზარდა ,,ექსტაზის“ ექსპორტი ევროპიდან ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და აზიის ქვეყნებში. 1999 წლიდან აშშ ამოღებულ იქნა ევროპული წარმოების ამ ნარკოტიკის ყველაზე დიდი პარტია. ერთი დოზა ექსტაზი აშშ-ში 30 დოლარად იყიდება, რუსეთში 60-ად.
მთლიანობაში სინთეტიკური ნარკოტიკები წამყვან როლს თამაშობენ ნარკოტიკულ და ძლიერმოქმედ საშუალებად სხვადასხვა ჯგუფებს შორის. ისინი არ საჭიროებენ დიდი ხნის მოშენებას, და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო დანაკარგისაგანაც დაზღვეულნი არიან. (მაგ.: გვალვა, პლანტაციის განადგურება და ა.შ.) ნივთიერების მინიმალური მოცულობა, (დოზა შეიძლება შეადგენდეს მილიგრამის წილს) ხელს უწყობს უსაფრთხო ტრანსპორტირებას, ხოლო მომხმარებელთა ფართო წრე მაღალ შემოსავალს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი საშუალებას იძლევა ახალი თაობის ნარკოტიკტთა სინთეზისა, გაცილებით იაფის და გაცილებით ძლიერის.
ამგვარად, ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების შემცირებული მოხმარების მიუხედავად, ნარკობიზნესი რჩება მაღალშემოსავლიან ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ საქმიანობად. საქმიანობის ტრანსნაციონალური ხასიათი სამართალდამცავ ორგანოებს არ აძლევთ ეფექტური ბრძოლის საშუალებას. ამასთან, ნარკობიზნესი დიდ სტიმულს აძლევს ტრანსნაციონალური დამნაშავეობის სხვა სახეობებსაც.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
![]() |
5 ჰანტინგტონის თეორია და თურქეთ-კავკასიის ურთიერთოები |
▲ზევით დაბრუნება |
რეგიონი
ზურაბ ბატიაშვილი
აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი
ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული ჯ. ოლინის სახელობის სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა სემუელ ჰანტინგტონმა 1993 წელს ჟურნალ ,,Foreign Affairs“-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით - ,,ცივილიზაციათა შეჯახება“, რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. სამი წლის შემდეგ გამოვიდა მისი წიგნი ,,ცივილიზაციათა შეჯახება და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა“, სადაც ავტორმა განავრცო სტატიაში მოყვანილი ძირითადი დებულებები. პროფესორის მიერ შემოთავაზებულ მსოფლიო პოლიტიკის ახალ ,,ცივილიზაციის მოდელს“ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვუწოდოთ უდიდესი მოვლენა XX საუკუნის პოლიტიკურ მეცნიერებაში. ეჭვგარეშეა, რომ იგი სერიოზულ გავლენას ახდენს პოლიტიკოსთა თუ მეცნიერთა შორის საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ჩამოყალიბებულ შეხედულებებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ თეორიამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შეიძინა.
თურქეთის როლი
ჰანტიგტონის ნაშრომში მნიშნელოვანი ადგილი ეთმობა თურქეთს. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამ ქვეყნის, როგორც დასავლეთის მოკავშირის როლი, შეიცვალა, თუმცა თავად ქვეყანამ შეინარჩუნა თავისი გეოპოლიტიკური ღირებულება.1 ამერიკელი პროფესორი განიხილავს ე.წ. გახლეჩილ ქვეყნებს, რომელთა რიცხვს იგი ისეთ სახელმწიფოებს მიაკუთვნებს, სადაც სხვადასხვა ცივილიზაციათა წარმომადეგენლები ცხოვრობენ. მათ შორისაა: მექსიკა, ყოფილი იუგოსლავია, სამხ. აფრიკა, რუსეთი და თურქეთი.
თურქეთის XX საუკუნის ისტორიის კარგად მცოდნე ჰანთინგთონი აცხადებს: ,,არსებობს შინაგანად გახლეჩილი ქვეყნები, - კულტურული გაგებით თითქოსდა ერთგვარნი, მაგრამ რომლებშიც იმ საკითხზე, თუ რომელ ცივილიზაციას მიეკუთვნებიან არ არსებობს საერთო აზრი. მათ მთავრობებს, როგორც წესი, სურთ ,,შეახტნენ მატარებელს“ და დასავლეთს მიეტმასნონ, მაგრამ ამ ქვეყნების არც ისტორიას, არც კულტურას და არც ტრადიციებს არავითარი საერთო დასავლეთთან არა აქვთ.“
შინაგანად გახლეჩილი სახელმწიფოს ყველაზე ნათელი და ტიპიური მაგალითი თურქეთია. თურქეთის მმართველი ელიტა დღესაც კი ათათურქის ტრადიციების ერთგულია და თავის თავს თანამედროვე, სეკულარიზებულ, დასავლური ტიპის ერ-სახელმწიფოთა კატეგორიას მიაკუთვნებს. სწორედ ამ ტრადიციებმა გახადა თურქეთი დასავლეთის მოკავშირედ ნატოს განხრით, ხოლო სპარსეთის ყურის ომის დროს ქვეყნის ელიტა ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრინებისკენ ილტვოდა. ამავდროულად, თურქული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ისლამური ტრადიციების აღდგენას ემხრობა და ამტკიცებს, რომ თურქეთი ახლოაღმოსავლური მუსლიმური სახელმწიფოა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პოლიტიკური ელიტა თავის ქვეყანას დასავლურ საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს, დასავლეთის პოლიტიკური ელიტა ამას არ ცნობს. თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ და ამის ნამდვილი მიზეზი პრეზიდენტ ოზალის სიტყვებით ისაა, რომ ,,ჩვენ მუსლიმები ვართ, ხოლო ისინი - ქრისტიანები, მაგრამ ისინი ამას პირდაპირ არ ამბობენ“. საით მიმართოს თურქეთმა, რომელმაც უარი თქვა მექაზე და თავად უარყოფილია ბრიუსელის მიერ? არ არის გამორიცხული, რომ პასუხი შემდეგი იყოს: ,,ტაშკენტი“. საბჭოთა კავშირის კრახმა თურქეთს უნიკალური შესაძლებლობა მისცა აღორძინებული თურქული ცივილიზაციის, რომელიც საბერძნეთის ნაპირებიდან ჩინეთამდე გადაჭიმული სივრცის 7 ქვეყანას მოიცავს, ლიდერი გახდეს. დასავლეთისაგან წაქეზებული თურქეთი ყველაფერს ცდილობს, რათა ეს ახალი როლი შეიძინოს.2
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი ჯისკარ დ'ესტენი თურქეთის ევროკავშირში მიღების წინააღმდეგ გამოვიდა. მან აქცენტი სწორედ ცივილიზაციურ განსხვავებაზე გააკეთა: ,,თურქეთი სხვა კულტურის ნაწილია, მას განსხვავებული მიდგომები და ცხოვრების სტილი აქვს“.3 ამას ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯაკ ატალიც: ,,ძირითადი ხელისშემშლელი მიზეზი თურქეთის ევროკავშირში გაერთიანებისათვის ისლამია“.4 თუმცა, თურქეთის ყოფილამა პრემიერ-მინისტრმა მესუდ ილმაზმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების სანაცვლოდ რელიგიის შეცვლას.
ცხადია, რომ მხარეთა პოზიციები საკმაოდ მკვეთრია და სავარაუდოდ მომავალში არ შეიცვლება. თუმცა, ევროკავშირის მოთხოვნით თურქეთს უკვე მოუხდა კონსტიტუციისა და კანონების შეცვლა (ძირითადად ეროვნულ უმცირესობათა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში), მაგრამ ევროპაში მიაჩნიათ, რომ კანონმდებლობაში ფორმალური ცვლილებები არაფერს ნიშნავს, თუ ისინი რეალიზებული არ იქნება ცხოვრებაში.
შესაძლოა, ჰანთინგთონის თეორიის გამოძახილს წარმოადგენდეს რუსი და სომეხი ანალიტიკოსების მიერ წამოყენებული ბიზანტიის კავშირის იდეა, რომელიც თურქეთის მეზობელ ქრისტიანულ სახელმწიფოებს გააერთიანებს. ამ იდეის რეალიზაციის პრაქტიკულ დასაწყისად შეიძლება მივიჩიოთ რუსეთსა და სომხეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომელმაც ანკარის გაღიზიანება გამოიწვია. ვარაუდობდნენ, რომ ბიზანტიური კავშირის წევრი გახდებოდა საბერძნეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, რუმინეთი, სომხეთი, საქართველო და რუსეთი. ლიდერად, რა თქმა უნდა რუსეთი იგულისხმებოდა.5
ჰანთინგთონის თეორიიის ერთ-ერთ დამამტკიცებლად შეიძლება მივიჩნიოთ თურქეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც პროისლამურმა პარტიამ ,,სამართლიანობა და განვითარება“ ხმათა 34,2% მოიპოვა და მილი მეჯლისში 363 დეპუტატი გაიყვანა (ქვეყნის პარლამენტში სულ 550 ადგილია). ამგვარად, პირველად რესპუბლიკის ისტორიაში პროისლამურმა ძალებმა მიიღეს საშუალება ჩამოეყალიბებინათ მთავრობა. მართალია, ისინი ამბობენ, რომ ზომიერნი და ლოიალურნი არიან არსებული რეჟიმის მიმართ, მაინც ვერავინ შეძლებს იწინასწარმეტყველოს მოვლენათა შესაძლო განვითარება. უთანხმოების ნიშნები არჩევნებში გამარჯვებულ პარტიასა და ხელისუფლებას შორის სახეზეა.
ჰანტინგტონთან დისკუსიაში ჩაერთვნენ ფუად აჯამი, აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პროფესორი; კიშორე მახბუბანი, სინგაპურის საგარეო საქმეთა მდვნის მოადგილე, სინგაპურის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში 1984-1989წწ.; რობერტ ლ. ბარტლი, ,,ჭალლ-შტრეეტჟოურნალ“-ის მთავარი რედაქტორი; ლი ბინიანი, ჩინელი დისიდენტი, ჩინეთის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი პრინსტონში და აბვტორი ცნობილი წიგნისა ,,ლოიალობის უმაღლესი ფორმა: მოგონებები“; ჯინ კირკპატრიკი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკის მეწარმეთა ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი, აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში; ალბერტ ლ. უიკსი, ნიუ-იორკის უინივერსიტეტის საპატიო პროფესორი; ჯერარდ პაილი, ამერიკის სამეცნიერო კორპორაცის საპატიო პრეზიდენტი.6 ჰჰანთინგთონის წინააღმდეგ გამოდიან ორი ამერიკელი პოლიტოლოგი - ფულერი და ლესერი. დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის იდეოლოგიურ ბრძოლას, რომელიც ცივი ომის დამთავრებას უკავშირდება, ისინი მოდურ სპეკულაციას უწოდებენ.7
თურქეთში ჰანთინგთონის თეორიას 1993 წლის ზაფხულში გაეცვნენ, ანუ სტატიის გამოქვეყნებისთანავე. იგი თარგმნილი იქნა თურქულად და გამოქვეყნდა ჟურნალ ,,Türkiye Gündemi“-ში. 2002 წელს კი თურქულ ენაზე გამოვიდა სემუელ ჰანთინგთონის ზემოაღნიშნული წიგნი. ჰანთინგთონის თეორიის გარშემო დისკუსიები ქვეყანაში 1994 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მაშინ, ისტორიკოსმა მუზაფერ ოზდაგმა ჟურნალ ,,Avrasya Dosyasi`-ში გამოაქვეყნა სტატია ,,ცივილიზაციათა შეჯახების“ შესახებ, სადაც იგი ამერიკელ პოლიტოლოგს ,,ეგოცენტრიზმს“, ,,რასიზმს“, რელიგიურ ფანატიზმს, კულტურულ შოვინიზმსა და იმპერიულ ამბიციურობაში სდებდა ბრალს.8 ასეთივე ტონი ისმის ოზდაგის მიერ ორი წლის შემდეგ კრებულ ,,Yeni Türkiye“-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუშიც. აქ იგი ჰანტინგტონს რუს პოლიტიკოსჟირინოვსკის ადარებს, ბრალს დებს ამერიკელ პროფესორს ხალხთა შორის სიძულვილის გაღვივებაში, მოუწოდებს მას შეეშვას ომის ღმერთის - მარსის თაყვანისცემას და ქრისტეს მცნებების ერთგული იყოს.9
უფრო კონკრეტულად და კონსტრუქციულად აკრიტიკებს ჰანგტონს თურქი მოაზროვნე ემრე კონგარი. იგი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ქვეყანათა ერთ ცივილიზაციაში მხოლოდ რელიგიური ნიშნით გაერთიანებას. ,,ვისთან უფრო ახლოსაა დღეს თურქეთი კულტურული და ცივილიზაციური თვალსაზრისით - საუდის არაბეთთან, ირანთან, თუ დასავლეთთან? რა მიმართულებით ვითარდება თურქეთი? იგი ერაყისა და ლიბიის გზით მიდის, თუ გერმანიისა და საფრანგეთის?“ - კითხულობს კონგარი. იგი მკითხველს ახსენებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მთელი ისტორიის მანძილზე უპირატესობა ეროვნულ ინტერესებს ენიჭებდა და არა გრძნობებსა და კულტურულ ერთგვაროვნებას.
ჰანთინგთონის თეორიის გარშემო კამათი, ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მართალია, ამერიკელი პროფესორი აყენებს ჰიპოთეზას, რომ ზოგიერთი ,,გახლეჩილი“ არადასავლური სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტები დასავლურთა რიგებში შესვლას შეეცდებიან, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, მათ სეროიზულ წინაღობებთან შეჯახება მოუწევთ (მაგალითისათვის, საკამარისია თურქეთის ევროკავშირიში გაწევრიანების საკითხი). თუმცაღა, ჩემი თვალსაზრისით, ჰანთინგთონი თურქეთთან მიმართებაში არ აკეთებს პესიმისტურ პროგნოზებს. იგი დასავლეთს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, მათ შორის ესენია: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფა, იმ ჯუფთა მხარდაჭერა, რომელნიც დასავლურ ფასეულებობზე არიან ორიენტირებულნი.
ეს ნიშნავს, რომ შენარჩუნებული იქნება ნატოს ინჯირლიყის სამხედრო ბაზა თურქეთში, გაგრძელდება დასავლეთის, პირველ რიგში აშშ-ის მხრიდან ქემალისტური ძალების მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის რეგიონალურ ზესახელმწიფოდ შენარჩუნებას.11
კავკასიის მნიშვნელობა
კავკასიის ტერიტორიაზე ისტორიული პროცესების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მის მაცხოვრებთა ეთნოკულტურული თავისებურებების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანწილად გავლენა მოახდინა სამმა რელიგიამ: მაზდეანობამ, ქრისტიანობამ და ისლამმა. რელიგია იმ დროს არ იყო თავისუფალი არჩევანის საგანი: მას მოსდევდა პოლიტიკა, ან, რაც იგივეა, პოლიტიკას მოსდევდა რელიგია.
„თავდაპირველად, ამიერკავკასიაში მაზდეანობა გავრცელდა. შემდეგ მე-4 საუკუნეში, ირანის დასუსტებასთან ერთად, ვრცელდება ქრისტიანობა, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასიაც მოიცვა. ნათელია საქართველოს მისიონერული როლი ქრისტიანობის გავრცელებაში. მე-14 საუკუნისათვის დაღესტანი და ვაინახთა მხარე, როგორც ქრისტიანული თემები, საქართველოს პატრიარქის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდნენ.12
ისლამი კავკასიაში მე-8 საუკუნეში გავრცელდა, ხოლო მე-18 საუკუნის ბოლოს უკვე იყო პირველი მცდელობები მომხდარიყო მისი ჩრდილოეთ ნაწილის მუსლიმური ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებისა, რაღა თქმა უნდა პანისლამიზმის დროშის ქვეშ. შამილის ომების საბოლოო მიზანიც სწორედ ეს იყო. ,,მართალია ჰაზავათის მიზნად დამოუკიდებლობის მოპოვება ცხადდებოდა, ბუნებრივია, გამარჯვების შემთხვევაში ისლამური ექსპანსია მთელ სამხრეთ კავკასიაზეც გარვცელდებოდა. ამგვარ მცდელობებს დღესაც აქვს ადგილი“.13
თურქეთის ექსპანსიის შემდეგ, 1918 წელს ოსმალეთის იმპერია შეეცადა მიეერთებინა დაპყრობილი ტერიტორიები ამიერკავკასიაში. კავკასიის დანარჩენ ნაწილს თურქეთი ხედავდა როგორც ფედერაციულ სახელმწიფოს. სწორედ ამ იდეის გატანას ნცდილობდა თურქეთის დელეგაცია ბათუმის კონფერენციაზე, სადაც მოითხოვდა ამიერკავკასიის ფედერაციის ტრანსფორმაციას ერთიან კავკასიურ სახელმწიფოდ. ამ ჩანაფიქრის მიზანი რეგიონის შემდგომი ისლამიზაცია იყო. და ეს ზრახვები რომ განხორციელებულიყო, აზერბაიაჯანის მოსახლეობასთან ერთად, კავკასიის მუსლიმები უმრავლეოსბას შეადგენდენენ, რაც თურქი სტრატეგების აზრით ხელს შეუწყობდა მთელი კავკასიის პროთურქულ ორიენტაციას.14
მეცნიერთა აზრით, არ შეიძლება ლაპარაკი რიმე საერთოკავკასიურ ცივილიზაციაზე, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური და სხვაგვარი განსხვავებები მის მცხოვრებლებს შორის. ამის გარდა, აქ ჯერ კიდევ მოსაგავარებელია სადავო ტერიტორიების საკითხები. ,,საერთოკავკასიურად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ზოგიერთი ტრაიდიციებისა და წესჩვეულებების ერთგვარობა. ყოველ შემთხვევაში საფუძველსმოკლებულია ლაპარაკი ამ ხალხთა საერთო ცივილიზაციაზე“.15
სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამიერკავკასიის თითოეულმა რესპუბლიკამ განვითარების საკუთარი გზა აირჩია. რელიგიური განწყობსი ზრდასთან ერთად ეს ქვეყნები სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს, სხვაგვარად აფასებენ მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ,,საბოლოო ჯამში რას წარმიოადგენს კავკასია?“ - კითხულობს ცნობილი ქართველი პროფესორი ზ. კიკნაძე და თავადვე პასუხობს: ,,ჩვენ გვაქვს ერთი სახლი, სადაც თითოეულმა მცხოვრებმა გააკეთა თავისი არჩევანი. თითოეული ხალხის ეთნოგენეზისი ფორმირდებოდა სხვადასხვა კონფესიური თუ ისტორიული ფაქტორების ზეგავლენით... ისლამი, მართლმადიდებლობა და მონოფიზიტობა - არ არის მარტო რელიგია, რომელსაც თითოეული ერი საკუთარი სურვილით ირჩევს. ეს არ არის არც პოლიტიკური კურსის არჩევანი. რწმენა - ეს პირველ რიგში, ძლიერი კულტუროგენული ფაქტორია, ცხოვრების ფორმა, მენტალიტეტი“.16
კავკასიაში პოლიტიკურმა დაძაბულობამ ,,მოძმე ქვეყნის“ სინდრომი წარმოშვა. საქართველო ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს აშშ-სთან, აზერბაიჯანი - თურქეთთან, სომხეთი - რუსეთთან, რასაც ამ ქვეყნების მოსახლეობა სრული გაგებით ხვდება. როდესაც საუბარია მომქმედ პოლიტიკოსთა ცვლილებაზე, ქვეყნის ორიენტაციის შეცვლაზე, საზოგადოების რეაქციახც არ აყოვნებს და შესაბამისია.
შევეცდებით განვიხილოთ კავკასიის სახელმწიფოები ჰანთინგთონის თეორიის მიხედვით.
აღნიშნული ავტორი ამბობს, რომ ორ მართლმადიდებლურ ქვეყანას, საქართველოსა და რუსეთს შორის მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებაც. ქართველები გამოიჩევიან ძლიერი ეროვნული შეგნებით. ჰანთინგთონი თვლის, რომ რუსეთი გაცილებით მჭიდროდ არის დაკავშირებული მართლმადიდებელ სერბეთთან, ბულგარეთთან, საბერძნეთთან და კვიპროსთან, ვიდრე თავის უახლოეს მეზობლებთან - უკრაინასა და საქართვლეოსთან.
ამერიკელი პოლიტოლოგი განიხილავს საქართველოს ისტორიას, აღნიშნავს მის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ, აღწერს 1990-იანი წლების მოვლენებს, ლაპარაკობს მოსკოვის აფხაზეთისადმი მხარდაჭერაზე და მის უხეშ ჩარევაზე საქართველოს საშინაო საქმეებში. ამასთანავე, იგი თვლის, რომ სწრედ ამ ჩარევის შედეგია რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა და რომ მოსკოვი ძალით აკავებს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში.17
შეგახსენებთ, რომ ეს წიგნი 1996 წელს გამოვიდა, როდესაც საქართველო ძალით იქნა შეყვანილი დსთ-ში. გავიდა რამდენიმე წელი და ყველაფერი საკუთარ ადგილზე დადგა: საქართველო დაუბრუნდა ტრადიციულ დასავლურ ორიენტაციას. მართალია იგი მართლმადიდებლური ქვეყანაა, მაგრამ არ არის სლავური სახელმწიფო და ყოველთვის მიმართული იყო დასავლეთისაკენ. ზოგიერთმა ქართველმა საერო და სასულიერო ელიტის წარმომადგენელმა კათოლიციზმი მიიღო. ისტორიულად კათოლიკური დასავლეთისაგან საქართველო მხარდაჭერას და მუსლიმ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ელოდა. ევროპული ცივილიზაცია საქართველოსათვის უფრო მისაღები იყო, ვიდრე მეზობელი ისლამური სახელმწიფოების ტრადიციები და რწმენა.18
არ არსებობს მეთოდი, რომლითაც მათემატიკური სიზუსტით გამოთვლიდა თანამედროვე ქართველის მენტალიტეტში დასავლური, აღმოსავლური ან ჩრდილოური ელემენტების თანაფარდობას.19 ქართულ კულტურუაში შეიძლება აღმოვაჩინოთ როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ცივილიზაციების გავლენა. თუ ვისაუბრებთ ქართულ კულტურაზე დასავლეთისა და აღმოსავლეთის გავლენის დონეზე, აუცილებელია ვაღიაროთ, რომ საქართველო მეტწილად დასავლური ფასეულობების მატარებელია, მაგრამ ეს არ არის დასავლეთი კლასიკური გაგებით, საქართველო, შეიძლება ითქვას, დასავლური ცივილიზაციის ასოცირებული წევრობის კანდიდატია.
ეჭვგარეშეა, ქართულ კულტურაზე გავლენა იქონია ანტიკურმა ეპოქამ. შემდეგ მოხდა ქრისტიანობის მიღება, ქვეყნის გაერთიანება, ხოლო XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე გამოჩნდა რენესანსის პირველი ნიშნები (ლიტერატრუაში ,,ვეფხისტყასანი“, პოლიტიკაში - კარავი ანუ პარლამენტი). თუმცა მონღოლთა შემოსევამ ბოლო მოუღო ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებას. სწორედ ამ მოვლენამ მოწყვიტა ქვეყანა ევროპას.
რაც შეხება სომხეთს, მისი სახელმწიოებრიობა დასრულდა XI საუკუნეში. ხოლო XVI-XVII საუკუნეებში მისი საერო და სასულიერო მმართველობის წამომადგენლები არაერთხელ მიმართავდნენ ევროპულ სახელმწიფოებს უცხოელი დამპყრობლებისაგან დასაცავად. მიუხედავად ამისა, დახმარება არსაიდან ყოფილა. ჰანთინგთონის აზრით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მან თავისი ბედი რუსეთს დაუკავშირა. მიუხედავად კონფესიური განსხვავებებისა, სომხეთი ყველაზე ერთგული მოკავშირე აღმოჩნდა მეფის რუსეთისათვის კავკასიაში. თუმცა მოსკოვთან ურთიერთობების აქტუალიზაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. ერევანი მასზე დამოკიდებული გახდა ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით. თუ რუსეთს პრობლემები ექნება ყოფილ საკავშირო რესპუბლიკებთან, სომხეთი ყოველთვის მის გვერდით დგება.20
სომხები მსოფლიოში ერთადერთი მონოფიზიტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანა ძირითადად რუსეთზეა ორიენტირებული, თავისი მრავალრიცხოვანი დიასპორის წყალობით (მათ შორის კათოლოკეებიც არიან და პროტესტანტებიც) მისთვის ძნელი არ არის დასავლეთს დაუახლოვდეს. ასეთი დაახლოების მომხრეა სომხური ეკლესიაც. დოგმატური განსხვავებების მიუხედავად, სომხური ეკლესია პირველ ნაბიჯებს დგამს დასავლურ ქრისტიანობასთან დასაახლოვებლად. თანამშრომლობისათვის მზადაა დასავლეთიც. გავიხსენოთ, თუნდაც აშშ-ის კონგრესის 907-ე რეზოლუცია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს უკრძალავს რამე სახის დახმარებას აზერბაიჯანისათვის და არა სომხეთისათვის.
აზერბაიჯანი კი, ჰანთინგთონის კლასიფიკაციით, ისლამური სამყაროს შემადგენელი ნაწილია. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამდე აზერბაიჯანი კლასიკური აღმოსავლეთი იყო, ხოლო იმპერიის შემადგენლობაში საგრძნობი ევროპიზაცია განიცადა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა, მაგრამ სრულად უბრუნდება ისლამურ სამყაროს. წლიდან წლამდე მის ცხოვრებაში რელიგიის მნიშვნელობა იზრდება. მუსლიმებისათვის წმინდა დღესასაწაულ რამადანის დროს, სულ უფრო მეტი აზერბაიჯანელი ინახავს მარხვას, აწყობენ წმინდა ადგილებში პილიგრიმობას და ა.შ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკურ ნებაზე, ალბათ, დიდად იქნება დამოკიდებული მოვლენების განვითარება კავკასიაში. ეს რესპუბლიკა, მისი ნავთობის მარაგის წყალობით, შეიძლება ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო გახდეს რეგიონში, სადაც იგი პოტენციურად ადგილობრივ მუსლიმთა წარმართველი ძალა იქნება. კერძოდ, ბაქოში მდებარეობს კავკასიის მუსლიმთა სამმართველო, და რაც მთავარია, აზერბაიჯანელები აქ ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსლიმი ერია. თუმცა მოვლენების განვითარება დიდადაა დამოკიდებული მეზობელ თურქეთში შექმნილ სიტუაციაზე. რაც უფრო გაძლიერდება რელიგიური ფაქტორი თურქეთში, მით უფრო ,,ისლამური“ გახდება აზერბაიჯანი.
ბევრი ფიქრობდა, რომ ალიევისა და შევარდნაძის მოსვლით სათავეში, ეს ქვეყნები შეიცვლიდნენ საგარეო ორიენტაციას. მაგრამ ეს ასე არ მომხდარა და საეჭვოა, რომ მომავალში მოხდეს.
აზერბაიჯანი თურქეთის ყველზდე ბუნებრივი მოკავშირეა კავკასიაში. თუ საქართველო-თურქეთის თანამშორმლობა ეკონომიკურ და სამხედრ-პოლიტიკურ კავშირებს ემყარება, თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს უფრო მტკიცე საფუძველი აქვთ: ენობრივი ნათესაობა, საერთო რელიგია, კულტურული ტრადიციების სიახლოვე.
თურქეთ-კავკასიის ურთიერთობები
თავისი თეორიის ილუსტრაციისათვის ჰანთინგთონს ხშირად მოყავს კავკასიის მაგალითი და განიხილავს მეზობელი ქვეყნების ურთიერთობებს. მოსკოვი ანკარის მთავარი კონკურენტია ამ რეგიონში. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე თურქეთისა და რუსეთის მიდგომები რეგიონული საკითხების გადაწყვეტისას პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან: რუსეთი მხარს უჭერს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს, თურქეთი - ერთმორწმუნე აზერბაიჯანს; რუსეთი ადანაშაულებს თურქეთს ჩეჩნების მხარდაჭერაში, თურქეთი, პირიქით, - რუსეთს PKK-ს (ქურთისტანის მუშათა პარტია) მხარდაჭერაში.; თურქეთი საფრთხეს ხედავს რუსული სამხედრო ძალების ყოფნაში საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე - რუსეთი შეშფოთებულია თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გაძლიერებით შავ ზღვაზე, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ძალების შესუსტების შემდეგ.
კავკასიაზე საუბრისას ჰანთინგთონი ყურადღებას ამახვილებს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე, ამასთანავე გვერდს არ უვლის ოსეთ-ინგუშეთის და რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტებს. იგი ხაზს უსვამს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის გამწვავების პერიოდში თურქეთმა და ირანმა, მიუხედავად მათ შორის მრავალწლიანი მნიშვნელოვანი უთანხმოებისა, გამონახეს საერთო ენა და სომხეთს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლება მოსთხოვეს. თურქეთი აპირებდა ჯარის შეყვანას აზერბაიჯანში, ხოლო ირანი - თავისი სამხედრო კონტინგენტის განლაგებას სასაზღვრო ზონაში. რუსეთმა მკვეთრი კრიტიკის ქარცეცხლში მოახვედრა თავისი სტრატგიული პარტნიორი, ანუ ირანი და იგი დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა. რუსი პოლიტიკოსების აზრით თეირანმა პრობლემა საშიშ ზღვრამდე მიიყვანა.21
ჰანთინგთონი ამას ,,მოძმე ქვეყნების“ სინდრომს უწოდებს, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტების დროსაც ვლინდება. სომეხთა სამხედრო წარმატებებმა 1992-1993 წლებში თურქეთს იმისაკენ უბიძგა, რომ მისთვის რელიგიურად, ეთნიკურად და ენობრივად მონათესავე აზერბაიჯანისათვის დახმარება გაეზარდა. ,,თურქი ხალხი იგივეს განიცდის, რასაც აზერბაიჯანელები“, - განაცხადა 1992 წელს თურქმა მაღალჩინოსანმა - ,,ჩვენ ზეწლის ქვეშ აღმოვჩნდით. ჩვენი გაზეთები სავსეა ფოტოსურათებით, რომლებზეც აღბეჭდილია სომეხთა სისასტიკე. ჩვენ გვეკითხებიან: ნუთუ თურქეთი კვლავაც გააგრძელებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას? ალბათ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სომხეთს, რომ ამ რეგიონში დიდი თურქეთია“. ამას დაეთანხმა თურქეთის პრეზიდენტი თურგუთ ოზალიც, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროა სომხეთი ცოტა შეაშინონ. 1993 წელს მან გაიმეორა მუქარა: ,,თურქეთი კიდევ გამოაჩენს თავის ეშვებს!“ ქვეყნის სამხედრო-საჰარეო ძალები ახორციელებენ დაზვერვით გაფრენებს სომხეთის საზღვრის გასწვრივ. თურქეთი აყოვნებს სურსათის მიწოდებასა და საჰარეო რეისებს სომხეთში. თურქეთმა და ირანმა განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ აზერბაიჯანის დანაწევრებას. არსებობის უკანასკნელ წლებში საბჭოთა ხელისუფლება აზერბაიჯანს უჭერდა მხარს, სადაც ჯერ კიდევ კომუნისტები იყვნენ სათავეში. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლიტიკური მოტივები რელიგიურმა შეცვალა. ახლა რუსული ჯარები სომეხთა გვერდით იბრძოდნენ და აზერბაიჯანი ადანაშაულებდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ იგი 180 გრადუსით შემობრუნდა და მხარს უჭერს ქრისტიან სომხეთს.22
სრულფასოვანი სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში 1992 წელს დაიწყო. მაშინ სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სომეხთა მხრიდან მასში მონაწილეობდნენ, მხოლოდ ყარაბაღელი სომხები. თუმცა, ყველასათვსი ცნობილია, რომ ყარაბაღელ მოხალისეთა წარმატება მთლიანად განპირობებული იყო სომხეთის მხარდაჭერით, რომელსაც თავის მხრივ რუსეთი უზრუნველყოფდა შეიარაღებით.
თურქეთის ინიციატივით, ეუთოს კონფერენციაზე (1992 წლის 28 თებერვალს) წამოყენებულ იქნა საზღვრების გადასინჯვისას ძალისმიერი მეთოდების გამოყენების საკითხი. მთიანი ყარაბაღი მიჩნეულ იქნა აზერბაიჯანის შემადგენელ ნაწილად. თუმცა ამან არ შეუშალა ხელი სომხეთს დაეკავიბინათ მთიანი ყარაბაღის მთელი ტერიტორია და გაეკეთებინათ დერეფანი ანკლავასა და სომხეთს შორის. ამის გარდა, სომხეთის სამხედრო ძალებმა ნახჭევანის ტეროტორიის დასავლეთი დაბომბეს, რომელიც გეოგრაფიულად მოწყვეტილია აზერბაიჯანს და თურქეთს ესაზღვრება.
ნახჭევანზე თავდასხმა, რომელიც სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა განხორციელებული, კრიტიკულ მომენტად იქცა თურქეთისათვის, იმდენად რამდენადაც სამხედრო მოქმედებები მის საზღვარს მიუახლოვდა. სომხების მიერ ნახჭევანის დაპყრობა თურქეთსა და საბჭოთა კავშრს შორის მეგობრობის შესახებ 1921 წელს გაფორმებული ხელშეკრუელბის დარღვევას ნიშნავდა, რომლის მიხედვითაც ნახჭევანის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადდა, სხვა მხარისათვის გადაცემის უფლების გარეშე. მაშინ თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდალმა მუხიტდინ ფისუნოგლუმ (ამჟამად გადამდგარია) განაცხადა, რომ შესაძლო საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად ყველა მოსამზადებული სამუშაო ჩატარებულია.. ამ განცხადების პასუხად დსთ-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მარშალმა შაპოშნიკოვმა გააკეთა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ნებისმიერი მხრიდან ინტერვენცია (ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა თურქეთი) შეიძლება დიდ ომში გადაიზარდოსო. შესაბამისი გაფრთხილება გააკეთა რუსეთის ელჩმა ალბერტ ჩერნიშევმაც ანკარაში.23 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში ორივე მხრიდან მრავალი მოხალისე ღებულობდა მონაწილეობას, რომლებიც რელიგიური მოტივებით ხელმძღვანელობდნენ.
კონფლიქტის დარეგულირებისათვის შეიქმნა მინსკის ჯგუფი. მასში შევიდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ჩეხეთი და ბელორუსი. ყველა ეს ქვეყნები, აზერბაიჯანისა და თურქეთის გამოკლებით ქრისტიანული ქვეყნები არიან. სამწუხაროდ, ამ ჯგუფის მუშაობას რაიმე წარმატება არ ჰქონია, რასაც საკმაოდ ხშირად აღნიშნავს ბაქო.
თურქეთის საპარლამენტო არჩევნების, რომელიც 2002 წლის 3 ნოემბერს ჩატარდა, თითქმის მეორე დღესვე გამარჯვებული ,,სამართლიანობისა და განვითარების“ თავჯდომარემ რეჯეპ ტაიპ ერდოჰანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მხარს არ დაუჭერს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ცალმხრივ მოქმედებებს ერაყის წინააღმდეგ. ამავე დღესვე, აზერბაიჯანის ტელევიზიით გამოსვლისას, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბიულენთ არინჩიმ (რომელიც შემდგომში მილი მეჯლისის თავმჯდოამრე გახდა) ყარაბაღს აზერბაიჯანის სხეულში ჩასობილი ხანჯალი უწოდა, გააკრიტიკა თურქეთის წინამორბედი მთავრობების პოლიტიკა ყარაბაღთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება უფრო აქტიურად გადაწყვეტს ამ საკითხს. ის, აგრეთვე, საუბრობდა სომხეთთან ურთიერთობების აღდგენის დაუშვებლობაზე. ხოლო ერდოჰანის მოადგილემ პარტიაში, აბდულა გიულიმ, რომელიც შემდგომში პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, აღნიშნა: ,,თურქეთის ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ისევე როგორც სხვა თურქულ სახელმწიფოებთან, არ არის სათანადო დონეზე. ორმხრივი ვიზიტები ფორმალურ ხასიათს ატარებენ და არაფრის მომტანნი ჩანან. ჩვენ უნდა განვავითაროთ უფრო ინტენსიურად ეს კავშირები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით გადაუდებელ ზომებს მიიღებს, რამეთუ თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირი ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობისაა. ჩვენ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას. დაახლოებით მილიონი აზერბაიჯანელი ლტოლვილი ცხოვრობს კარვის ქალაქებში, ხოლო მსოფლიო თანამეგობრობა თითიქოსდა ვერ ამჩნევს ამას. უნდა მივაღწიოთ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე უარის თქმას. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებს კონფლიქტრის მოგვარებას და აზერბაიჯანული მიწების განთავისუფლებას ოკუპანტებისაგან.
ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა, მათ შორის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია. ეს მიმართულებაც, რასაკვირველია, განხილული იქნება. სამწუხაროდ, დღემდე გატარებული არ ყოფილა შესაბამისი მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და საქმე ხშირად ჩვეულებრივ საუბარს არ გაცილებია. ახლა უკვე დროა შეუდგეთ შესრულებას. აღვნიშნავ, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლაობა ინტენსიფიკაციას ექვემდებარება.“24
მართალია, აფხაზეთის კონფლიქტი ჰანტინგტონს დაწვრილებით არ შეუსწავლია, მასში ის მაინც ხედავს ცივილიზაციათა შეჯახების ნიშნებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვისაუბროთ ორმაგ დაპირისპირებაზე (რუსულ-ქართულ და მუსლიმურ-ქრისტიანულ). აფხაზებმა თურქეთში ჩაატარეს კამპანია, რომლის მიზანიც იყო წარმოედგინათ აფხაზები როგორც თურქულენოვანი მუსლიმები და მიაღწიეს კიდეც თურქეთის ხელისუფლების კეთილგანწყობას. როგორც თურქული ჟურნალი ,,ნოქტა“ იუწყებოდა, ომის დასაწყისში აფხაზებმა შეძლეს რამდენიმე დღის განმავლობასი ათეულობით მოხალისე შეეგროვებინათ თურქეთში და ისინი საომარი მოქმედებების ზონაში გაეგზავნათ.25
,,მოძმე“ აფხაზი ხალხისათვის დასახმარებლად კიდევ უფრო მეტი მუსლიმი მებრძოლი ჩამოვიდა ჩრდილოეთ კავკასიიდან. ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურადაც მოგვჩვენებოდა ერთობლივი რუსულ-ისლამური დახმარება აფხაზეთისათვის. თუმცა, მოვლენების სიღრმეში თუ ჩავიხედავთ ნათელი გახდება, რომ აქ ერთმანეთს დაემთხვა რუსულ-მუსლიმური ინტერესი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. სავარაუდოა, რომ ქართულმა საზოგადოებამ სწორედ ამიტომ დაუკავშირა კონფლიქტის მოგვარება დასავლურ დახმარებას.
ჩრდილოეთ კავკასიაზე საუბრისას ჰანთინგთონი ასევე აღნიშავს, ჩეჩნეთ-რუსეთისა და ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტებს. ოსების დიდი მოკავშირეები იყვნენ რუსი კაზაკები. ჩეჩნეთის ომში თურქეთის მნიშვნელოვანი ნაწილი თანაუგრძნობდა ჩეჩნებს, აწყობდა მიტინგებს და აგროვებდა დახმარებას. რუსული საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით საომარ მოქმედებებში ჩეჩნების მხარეზე მონაწილეობდნენ თურქეთის მოქალაქეებიც.
დასკვნის მაგიერ
ჰანთინგთონის თეორია, ეჭვგარეშეა, სერიოზულ შესწავლას იმსახურებს, თუმცა უკვე მისი სუსტი მხარეებიც ჩანს. კავკასიისათვის ფრიად სახიფათოა თუ მოვლენები ამერიკელი პოლიტოლოგის სცენარის მიხედვით განვითარდება, განსაკუთრებით საქართველოსათვის, სადაც საკმარისზე მეტი სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენელი ცხოვრობს. გამორიცხული არაა, რომ ამ ცივილიზაციებს შორის საზღვრები მის ტერიტორიაზე გაივლის. ამ შემთხვევაში წაგებული კვკასიის ყველა ქვეყანა და ხალხი აღმოჩნდება.
ჰანთინგთონი გვაფრთხილებს: ,,უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიან ომში გადასვლის საფრთხეს ამჟღავნებენ ის კონფლიქტები, რომლებიც, ბოსნიისა და კავკასიის კონფლიქტების მსგავსად, ცივილიზაციათა შორის საზღვარზე მდებარეობენ. მომავალი მსოფლიო ომი, თუ იგი რა თქმა უნდა მოხდა, ცივილიზაციათა შორის ომი იქნება“.26
სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დარეგულირდეს კავკასიაში არსებული კონფლიქტები (მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ჩეჩნეთი, ოსეთ-ინგუშეთის დაპირისპირება). კავკასიის ხალხათა შორის განსხვავებები თვალსაჩინოა. ისინი შენარჩუნებული იქნება მომავალშიც. თუმცა, მიუხედევად რელიგიური მსოფლმხედველობრივი და სხვა განსხვავებებისა, აუცილებელია მოინახოს მშვიდობიანი თანაარსებობის ფორმები. ეს ჩვენი ხალხის ვალია, წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. მშვიდობის ერთადერთ ალტერნატივას ომი წარმოადგენს, მაგარამ მან ხომ უკვე უამრავი უბედურება მოგვიტანა. კავკასიაში ხომ ერთ შემთხვევით გასროლასაც კი შეუძლია მთელი რიგი დიდი უბედურებები გამოიწვიოს.
___________________
1. იხ.: ზ. ბატიაშვილი. თურქეთის ცნობარი. საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი, თბილისი, აპრილი 1999წ. N23
2. იხ. Хантингтон С. Столновение цивилизации?//Полис (Москва), 1994. 1 (19). გვ. 44
3. გაზეთი ,,24 საათი“, 2002 წლის 9 აპრილი
4. Yeni Yüzyil, 13 ნოემბერი 1997 წ.
5. გაზეთი რეზონანსი, 11 აგვისტო 1997 წ.
6. იხ. Fouad A. The Summoning (P.2-9); Mahbubani K. Dangers of Decadence (P.10-14); Bartley Robert L., The Case for Optimism (P. 15-18); Binyan Liu. Civilization Grafting (P.19-21); Kirkpatrick Jeane J. The Modernizing Imperative (P. 22-24); Weeks Albert L. Does Civilization Hold? (P. 24-25) Fiel Gerard. The West Is Best (25-26)//Foreign Affairs, September/October 1993, Vol.72, No 4; დისკუსია ცივილიზაციური მოდელების ირგვლივ: ჰანთინგთონის პასუხი ოპონენტებს//პოლისი, 1994, No1 (19), გვ.49
7. იხ.: Fuller G.E., Lesser I.O. A Sense of Siege: The Geopolitics of Islam and The West. Boulder, Colo.: Westview, 1995, p.1
8. იხ.: Şenel S.A.
9. იხ.: იქვე. გვ. .618-621
10. იხ.: Kongar E. 21. Yüzyilda Türkiye, 2000'1; Yillanda Türkiyenin Toplumsal Yapisi, Istanbul, 1999, გვ. 238-239
11. იხ.: ბატიაშვილი ზ. ჰაბტინგტონის თეორია და თურქეთი//პერსპექტივა XXI (თბილისი), 2001, №3, გვ.57
12. იხ.: კიკნაძე ზ. ეკლესია გუშინ, ეკლესია დღეს. თბილისი, 2002. გვ. 128
13. იხ.: იქვე. გვ.126-128
14. იხ.: გიგინეიშვილი ო. ნარკვევები თურქეთის ისტორიიდან. თბილისი, 1982. გვ. 145-148
15. იხ.: კაციტაძე კ. ცივილიზაციათა შეჯახების თეორია და საქარველოს მომავალი//ახალი 7 დღე, 20-26 მარტი, 1998.
16. კიკნაძე ზ. განკარგულება, შრომები. გვ. 129
17. იხ.: Hantington S.P. The Clashes of Civilizations and Remaking of World Order, Touchstone books, New York, 1998, p. 165
18. იხ.: პაპიაშვილი მ. რომაულ-ქართული ურთიერთობები VI-XVII სს., თბილისი, 1995. გვ. 5-6
19. იხ.: ბერძენიშვილი ლ. შორეული ევროპა//ახალი 7 დღე, 20-26 მარტი 1998
20. იხ.: Hantington S.P. The Clashes of Civilizations and Remaking of World Order, p. 164
21. იხ. Хантингтон С. Столновение цивилизации? გვ. 43
22. იხ.: იქვე. გვ.41
23. იხ.: კომახია მ. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები და სამხრეთ კავკასია. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი, მარტი 2002, №66. გვ. 11
24. სარკე, 5 ნოემბერი 2002
25. იხ.: Nokta, 6 სექტემბერი 1992
26. იხ. Хантингтон С. Столновение цивилизации? გვ. 42
![]() |
6 ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების დარეგულირების ზოგიერთი თეორიული ასპექტი |
▲ზევით დაბრუნება |
კონფლიქტები
დავით პიპინაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის ასპირანტი
სოციალურ რყევებს, ომებსა და კონფლიქტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ კაცობრიობის ისტორიაში. სამწუხაროდ, საზოგადოების დღევანდელი ყოფაც მდიდარია მსგავსი კატაკლიზმებით, რაც განსაკუთრებით სოციალური და ეთნიკური ურთიერთობების სფეროს ეხება. კონფლიქტები და კონფრონტაციები ისევე, როგორც მათ დარეგულირებასთან დაკავშირებული პროცესები, ყოველთვის საგანგებო კვლევის საგანს წარმოადგენდა.
ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტის დარეგულირება, პირველ რიგში, მისი ბუნების ღრმა ანალიზს მოითხოვს. რ. დარენდორფის აზრით, სამოქალაქო ომი, გაფიცვა, საპარლამენტო დისკუსია თუ მშვიდობიანი სატარიფო მოლაპარაკებები - ყველაფერი ეს სოციალური კონფლიქტების სფეროს განეკუთვნება.1 აქედან გამომდინარეობს, რომ პოლიტიკური კონფლიქტი, მათ შორის, ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტიც ერთი განსაზღვრების - ,,სოციალური კონფლიქტის“ ქვეშ მოიაზრება.
დღესდღეობით კონფლიქტის მრავალი განმარტება არსებობს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონფლიქტი, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ფორმაა, ვინაიდან ის საზოგადოებაში რეალურად არსებულ ობიექტურ წინააღმდეგობებს ეფუძნება. თუმცა, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე, მსოფლიო საზოგადოებრიობა არაერთხელ გამხდარა ე.წ. ,,არაბუნებრივი“, შეგნებულად პროვოცირებული კონფლიქტის მოწმე. მსგავსი კონფლიქტები, როგორც წესი, ვლინდება ეთნოსთაშორის, ეროვნებათაშორის და რეგიონთაშორის ურთიერთობებში, რაც უმეტესწილად ნაციონალურად და სეპარატისტულად განწყობილი ჯგუფების საქმიანობის შედეგია, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გარეშე ძალის აქტიური თუ ფარული მხარდაჭერით სარგებლობენ. ამ ტიპის კონფლიქტებს საზოგადოება დამანგრეველ და სისხლისმღვრელ ომებამდე მიჰყავთ. რაც შეეხება ობიექტურ წინააღმდეგობებზე აღმოცენეულ და შემდგომში წარმატებით მოგვარებულ კონფლიქტებს, ზოგიერთი მეცნიერის (ლ. კოზერი, ა. ზდრავომისლოვი და სხვ.) აზრით,2 ისინი პროგრესულ ზეგავლენას ახდენენ საზოგადეობაში მიმდინარე პროცესებზე.
კონფლიქტოლოგთა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთ რეალურ გზას დაპირისპირებული მხარეების მიერ გადადგმული ორმხრივი ნაბიჯები წარმოადგენს, რაც საყოველთაო თანხმობის მიღწევისკენ არის მიმართული. ამასთან, გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ,,ძლიერის“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
დღეისათვის არ არსებობს კონფლიქტების დარეგულირების რაიმე უნივერსალური კონცეფცია. კონფლიქტების თანამედროვე თეორია უმეტესწილად აგებულია ცალკეულ იდეებზე, ფილოსოფოსების, სოციოლოგების, პოლიტოლოგების, პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებზე და მოსაზრებებზე.
ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და პოლიტიკოსი ჯ. ბერტონი გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი, რომლის ძალისხმევის შედეგადაც შემუშავდა კონფლიქტების გადაწყვეტის ზოგადი თეორია. ამ თეორიაში ასახვა ჰპოვეს ფილოსოფიისა და პოლიტიკური სოციოლოგიის სწავლებებმა, ასევე კონფლიქტის გადაწყვეტის ზოგიერთმა პრინციპმა, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების სტაბილურ განვითარებას. ჯ. ბერტონის მიერ შემუშავებული კონცეფცია წარმოადგენდა ლოგიკურ დამატებას იმ კონფლიქტოლოგიური თეორიებისადმი, რომლებიც წინა ათწლეულებში ჩამოყალიბდნენ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებიდან გამომდინარეობდნენ.
მოცემული თეორიის ძირითადი არსის გადმოცემა შესაძლებელია შემდეგი პუნქტების მიხედვით:3
1 ყველა სოციალურ ჯგუფსა და ცალკეულ ინდივიდს გააჩნია რამდენიმე უნივერსალური საბაზისო მოთხოვნილება, მათ შორის, იდენტურობის, უსაფრთხოების, ავტონომიისა და თვითრეალიზაციის თვალსაზრისით.
2. მოცემული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისადმი მისწრაფების ჩახშობა შეუძლებელია. მათი ჩახშობის ნებისმიერი მცდელობა სამომავლო დესტრუქციული გამოვლინებების პერსპექტივას ბადებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური ჯგუფები ან/და ცალკეული ინდივიდები ვერ ახერხებენ საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უკვე არსებული ინსტიტუტებისა და ნორმების ფარგლებში, ისინი აუცილებლად დაიწყებენ ახალი ფორმების ძიებას საამისოდ.
4. საბაზისო მოთხოვნილებების უგულვებელყოფას საზოგადოება კონფლიქტებამდე მიჰყავს. კონფლიქტების გლობალურ წყაროებს წარმოადგენენ სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც, თავის მხრივ, ეყრდნობიან ტრადიციულ ხელისუფლებასა და დომინირებული ელიტის ნორმებს. ასეთ სიტუციებში საჭიროა იმ ადამიანურ ქცევათა და სოციალურ ურთიერთობათა ღრმა ანალიზი, რომლებიც კონფლიქტში მონაწილე მხარეების საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
ჯ. ბერტონის თეორიამ სათავე დაუდო კონფლიქტების გადაწყვეტის სხვადასხვა მოდელების ფორმირებას, რომლებიც გამოსადეგია სოციალურ ურთიერთქმედებათა ყველა დონისთვის, ვინაიდან ადამიანურ მოთხოვნილებათა ბუნება უნივერსალურია.
მარტენ ტეო იანსის აზრით, არსებობს კონფლიქტის დარეგულირების სამი ძირითადი გზა:
1) გარეშე ძალას შეუძლია თავს მოახვიოს გადაწყვეტილება დაპირისპირებულ მხრეებს;
2) პრობლემა შესაძლოა გადაწყდეს ერთ-ერთი მხარის ცალმხრივი ქმედებების შედეგად;
3) კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შეუძლიათ არსებული წინააღმდეგობების დაძლევა ორმხრივი ძალისხმევის საფუძველზე.
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ბოლო მიდგომა როგორც ნორმატიული, ისე ფაქტიური თვალსაზრისითაც წარმოადგენს ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების დარეგულირების საუკეთესო საშუალებას. მსგავს სიტუაციებში კონფლიქტში მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის ფორმულის შემუშავება ორივე მხარის ურთიერთთანხმობაზეა დამოკიდებული. ურთიერთთანხმობის აუცილებლობის აღიარებას, თავის მხრივ, საგრძნობი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია შემდგომში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე.
ურთიერთმისაღები საწყისის ძიება გულისხმობს ურთიერთქმედებათა პროცესს. თავდაპირველად, ორივე მხარისგან ადგილი აქვს საჩივრებისა და მოთხოვნების წაყენებას. შედეგის მისაღწევად, საჭიროა აღნიშნული საჩივრების მიღება და გათვალისწინება, რაც კონფლიქტის მონაწილეებს აიძულებს გაითვალისწინონ თავიანთი ოპონენტების უკმაყოფილების მიზეზები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომებიც მიიღონ. უფრო მეტიც, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას სიცხადე შეაქვს მხარეთა უკმაყოფილების წყაროებში, იმ საკითხებში, რომლებიც დავის საგანს წარმოადგენენ. ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და შემდგომში მისი აღქმის კორექტირების გზით, ოპონენტებს ნათელი წარმოდგენა ექმნებათ იმაზე, თუ რა წარმოადგენს დაპირისპირებული მხარის რეალურ მიზნებს და სად გადის მოწინააღმდეგის შესაძლო დათმობათა ზღვარი. ინფორმაციის ურთიერგაცვლა საგრძნობლად ამცირებს გაურკვევლობის ელემენტს ორმხრივი მოქმედებების დროს. მხარეთა გაურკვევლობა კონფლიქტურ სიტუაციაში ზრდის შიშის ფაქტორს და ბადებს უნდობლობას. მხარეთა გარკვეულობა კი, პირიქით, ხელს უწყობს ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას გადაწყვეტილებათა ერთობლივი მიღების პროცესში.
ამერიკელი მკვლევარი ი. ზარტმანი ზოგიერთი შიდა ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემატურ მახასიათებლად მის ასიმეტრიულობას მიიჩნევს.4 ასიმეტრია, ამ შემთხვევაში, კვალიფიცირდება, როგორც ძალთა უთანასწორობა უკმაყოფილების გამომხატველ უმცირესობაში მყოფ და დომინირებულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის იძულების ზომების გამოყენების შესაძლებლობების თვალსაზრისით, ისევე როგორც სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით. მსგავსი ასიმეტრიული ურთიერთობები ძნელად ექვემდებარება დარეგულირებას, რადგან ძლიერ მხარეს ნაკლები სტიმული გააჩნია თანასწორ საწყისებზე ,,ესაუბროს“ სუსტ მხარეს. სუსტი მხარე კი, თავის მხრივ, მთელ ძალისხმევას მიმართავს არა იმდენად კონფლიქტის დარეგულირებისკენ, რამდენადაც არასასურველი ძალთა თანაფარდობის შეცვლისკენ. ,,ამგვარი ასიმეტრია ითვლება პრობლემატურად, ვინაიდან აღიარებულია, რომ თანასწორი მხარეები უფრო ადვილად აღწევენ მშვიდობას, ვიდრე უთანასწორონი“.5
მოწინააღმდეგეები, რომლებიც მიისწრაფვიან ერთობლივი გადაწყვეტილებებით კონფლიქტის დარეგულირებისკენ აღიარებენ (ირიბად მაინც), რომ პრობლემა გადაიჭრება მხოლოდ მაშინ, როცა ორივე მხარე მიაღწევს შეთანხმებას (ურთიერთთანხმობას). გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება ათანაბრებს ასიმეტრიულ მოწინააღმდეგეთა ფარდობით წონას კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის ფორმულის მიღებისას. ვინაიდან ეს ფორმულა მიიღება ერთხმივი (ერთსულოვანი) გადაწყვეტილების პრინციპით, ყველა უნდა დაეთანხმოს მას, ამდენად, კონფლიქტის თოთოეული მხარე სარგებლობს ვეტოს უფლებით. ერთხმივობის (ერთსულოვნობის) პრინციპი გულისხმობს, რომ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება უნდა აკმაყოფილებდეს კონფლიქტის ყველა მხარის მინიმალურ მოთხოვნებს მაინც. სწორედ გადაწყვეტილებათა ერთობლივი მიღების პროცესში მიიღწევა ის შედეგი, რომელიც თავის თავში თითოეული მხარის მინიმალურ მოთხოვნებს ასახავს. იმ შემთხვევაში კი, როცა რეგულირების პროცესი ორიენტირებულია მხოლოდ ერთი კონკრეტული სუბიექტის ცალმხრივ ქმედებებზე ან/და გარეშე ძალის მიერ თავსმოხვეულ გადაწყვეტილებაზე, არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ კონფლიქტის ყველა მონაწილის მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება პრობლემის გადაწყვეტის საბოლოო ვარიანტში. მინიმალური მოთხოვნების ურთიერთგათვალისწინება მიღწეულ შედეგს გაცილებით უფრო სტაბილურს ხდის, ვინაიდან თითოეულ მხარეს შეუძლია დაკმაყოფილდეს თავისი მოთხოვნების ნაწილობრივი შესრულებით მაინც. რაც შეეხება ცალმხრივ ან გარედან თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს, ისინი როგორც წესი დაპირისპირებისა და ჯგუფთაშორისი მტრული ურთიერთობების შემდგომ განახლებას მოასწავებენ.
მიუხედავად გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღების პროცესის პოზიტიურობისა, მხარეთა ურთიერთსაპირისპირო ინტერესები და მოთხოვნები ამით არ აღმოიფხვრება. ამიტომ, საჭიროა ისეთი შედეგის ძიება, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებს შორის ურთიერთდამაკმაყოფილებელ ბალანსს დაამყარებს. აღნიშნული მიზნის მიღწევა უკავშირდება ე.წ. ,,ვაჭრობის“ ელემენტს, რაც მოლაპარაკებათა პროცესის განვითარებას გულისხმობს.
ვაჭრობის სტანდარტული განსაზღვრება შემოგვთავაზეს ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერებმა ი. რუბინმა და ბ. ბრაუნმა.6 მათი აზრით, ვაჭრობის პროცესი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მახასიათებლებს:
1) სულ ცოტა ორი მხარე მაინც ურთიერთქმედებს ერთმანეთთან;
2) ამ მხარეებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ერთ ან რამდენიმე საკითხზე;
3) მხარეები დროდადრო შედიან ერთმანეთთან ნებაყოფლობით ორმხრივ ურთიერთობებში;
4) ურთულესი ნაბიჯები ამ ორმხრივ ურთიერთობებში დაკავშირებულია: კონფლიქტის სუბიექტებს შორის რომელიმე (ან რამდენიმე) რესურსის გაცვლასთან, რომელიმე (ან რამდენიმე) სადაო საკითხის გადაწყვეტასთან, ან ორივესთან ერთდროულად;
5) ეს ნაბიჯები უფრო თანმიმდევრულია ვიდრე ერთდროული იმ გაგებით, რომ ადგილი აქვს წინადადებებისა და მოთხოვნების წამოყენებას ერთი მხრიდან, რასაც მოსდევს კონტრ-წინადადებების შემუშავება მეორე მხარის მიერ, და ეს პროცესი გრძელდება მანამდე, სანამ არ მოიძებნება გამოსავალი ან მხარეები არ აღმოჩნდებიან ჩიხში.7
რუბინისა და ბრაუნის მიერ შემუშავებული განსაზღვრება აშკარად მიუთითებს ვაჭრობის დინამიკურ ხასიათზე, ხოლო მოლაპარაკებები კი გამოიხატება როგორც პროცესი, რომლის დაყოფაც შესაძლებელია რამდენიმე სტადიის (ფაზის) მიხედვით. ზოგიერთი ავტორები,8 აანალიზებენ რა ვაჭრობასთან დაკავშირებულ პროცესებს, აღნიშნავენ, რომ ვაჭრობა ეტაპობრივი პროცესია, სადაც მოლაპარაკებათა მონაწილენი გარკვეულ ფაზებს გადიან. ამასთან, თითოეული ფაზა სხვადასხვა სახის პრობლემებით ხასითადება.
მოლაპარაკებითი პროცესის ძირითადი ფაზებია:
1. თავდაპირველი ფაზა გამოიხატება უკმაყოფილების გამოხატვასა და აღიარებაში. მხარეები აფიქსირებენ უკმაყოფილებას არსებული ვითარებით, რაც არ რჩება შეუმჩნეველი. არასაჯარო ვაჭრობის გზით მხარეები აგებინებენ ერთმანეთს მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნის შესახებ და თავადაც ამოწმებენ ამ მზადყოფნას.
2. იმ შეთხვევაში, თუ გამოხატულ უკმაყოფილებაზე ადრესატი პოზიტიურად რეაგირებს და აღიარებს პრობლემის არსებობას, მაშინ შესაძლოა დაიწყოს ფაზა - ,,მოლაპარაკებები მოლაპარაკებებზე“. ეს გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მოლაპარაკებათა ურთიერთმისაღები არენის, ფორუმისა და დღის წესრიგის, აგრეთვე თავად მოლაპარაკებათა მონაწილეების რაოდენობის განსაზღვრა და ა.შ.
3. მას შემდეგ რაც შეთანხმდება მოლაპარაკებათა ძირითადი პარამეტრები, შესაძლოა შედგეს ვაჭრობა არსებითი განსახილველი საკითხების ირგვლივ. რეალური ვაჭრობა როგორც წესი იწყება იმით, რომ მისი მონაწილენი, რწმუნებათა სიგელების გადაცემასთან ერთად, მაქსიმალურ მოთხოვნებს უყენებენ ერთმანეთს. პროცესი, რომელიც მოსდევს ამას მიმართულია მხარეთა შორის წინააღმდეგობების გადალახვისკენ. იგი მოითხოვს იმ საკვანძო საკითხების გამოვლენას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ორივე მხარისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარეებს გააჩნიათ პრიორიტეტების ასიმეტრიული ჩამონათვალი, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ორმხრივი დათმობების მეთოდი (ლოგ-როლლინგ ტეცჰნიქუე). ორმხრივი დათმობები - გულისხმობს დათმობებზე წასვლას იმ საკითხებზე, რომლებსაც სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნიათ მოლაპარაკებების მონაწილეებისთვის. თითოეული მხარე ცდილობს მიაღწიოს თავისას მისთვის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, ამის სანაცვლოდ, დათმობაზე მიდის მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე.9
4. ბოლო, და ხშირ შემთხვევაში, არასათანადოდ დაფასებული ფაზა არის შეთანხმების განხორციელება. ეს არის სტადია, რომლის დროსაც ცუდად მოფიქრებული შეთანხმებები კრახს განიცდიან. შეთანხმების განხორციელებისას აუცილებლად გამომჟღავნდება მისი პირობების ორაზროვნობა და რეალური კონსენსუსის ნაკლებობა. მსგავს სიტუაციებში ყველაზე კარგ გამოსავალს მოლაპარაკებების ხელმეორედ გამართვა და მონიტორინგის საშუალებათა გამოყენება წარმოადგენს.
როდესაც კონფლიქტის მოგვარების ალტერნატივები იმდენად მცირეა, რომ სამშვიდობო პროცესის ფიასკო გარდაუვალია, მოლაპარაკებათა მონაწილენი ჩიხში ექცევიან. მათი ერთგულება მოლაპარაკებათა პროცესისადმი დამოკიდებული ხდება იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ჩიხურ სიტუაციას. ურთიერთდამოკიდებულების დონე - წარმოადგენს საბაზო ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს ვაჭრობის მონაწილეთა ერთგულებას მოლაპარაკებათა პროცესისადმი. ურთიერთდამოკიდებულების მაღალი დონე გულისხმობს ალტერნატივების ვიწრო არჩევანსა და ,,ჩიხის“ დიდ ალბათობას მოლაპარაკებების წარუმატებლობის პირობებში. ჩიხი, რომელიც ზიანს აყენებს ორივე მხარეს, განიხილება როგორც ზღვარი, რომლის იქითაც მხარეები გრძნობენ, რომ ვეღარ ახერხებენ ძალის გამოყენებით ცალმხრივი უპირატესობების მოპოვებას და მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა ვარიანტების განხილვაზე. ,,ორმხრივი ზიანის მომტანი ჩიხის“ ცნება თავის თავში გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებისა და მოლაპარაკებათა პროცესის მასტიმულირებელ ფაქტორებს აერთიანებს. მხარეები ათვითცნობიერებენ, რომ ვერ გააუმჯობესებენ საკუთარ პოზიციებს მტრული ქმედებების გაგრძელების პირობებში. უფრო მეტიც, როდესაც პროცესი ჩიხში ექცევა, მხარეები არა მარტო წყვეტენ მტრულ ქმედებებს, არამედ აქტიურ ძალისხმევასაც მიმართავენ ჩიხური სიტუაციიდან გამოსასვლელად.
,,ორმხრივი ზიანის მომტანი ჩიხის“ ზარტმანისეული კონცეფცია წარმოადგენს აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის პირობას იმისათვის, რათა კონფლიქტი მომწიფდეს გადასაწყვეტად. საჭიროა დამატებითი ფაქტორის არსებობა, რომელმაც კონფლიქტის მონაწილეებს უნდა უბიძგოს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომისკენ. კერძოდ, დაპირისპირებული მხარეების გონებაში მყარად უნდა დამკვიდრდეს წარმოდგენა მათი ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. მოწინააღმდეგეებმა უნდა შეიგნონ, რომ მათი ბედ-იღბალი ურთიერთგადაჯაჭვულია ერთიმეორეზე და ეს მომავალშიც ასე იქნება. მანამ, სანამ კონფლიქტის სუბიექტები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტის შედეგი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც არ გაითვალისწინებს მოწინააღმდეგის პოზიციას, ერთობლივი დარეგულირების მიღწევა შეუძლებელია. ამ უკანასკნელის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები გააცნობიერებენ, რომ ოპონენტთან ერთად ცხოვრება (თანაარსებობა) რთულია, ხოლო მის გარეშე კი - შეუძლებელი.
ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების უმთავრესი პრობლემა ე.წ. ერთა თვითგამორკვევას უკავშირდება, რაც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს.10 თუმცა, ერთა თვითგამორკვევის პრინციპის არასწორმა ინტერპრეტაციამ და მხარდაჭერამ შესაძლოა პერსპექტივაში ასეულობით ახალი სუვერენული სახელმწიფოს წარმოქმნა გამოიწვიოს. ამ მოვლენის პერმანენტულად თანმხლები აუცილებლად იქნება დაუსრულებელი ომები, რისი სისხლიანი მაგალითებიც დღევანდელ მსოფლიოს უკვე გააჩნია იგივე რუსულ-ჩეჩნური, ქართულ-აფხაზური თუ სხვა გაჭიანურებული კონფლიქტების სახით. დღევანდელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტებისათვის თვალის ერთი გადავლებითაც სავსებით ცხადი ხდება, რომ პრაქტიკულად ყოველი მათგანი უკავშირდება ეთნიკურ უმცირესობათა მიერ ერთა თვითგამორკვევის უფლების არასწორ ინტერპრეტაციას. თუმცა, ერთა თვითგამორკვევის პრინციპის ბოლომდე უგულვებელყოფაც არ შეიძლება, რადგან ეს დემოკრატიულ ღირებულებებზე უარის თქმას ნიშნავს.
მეორე მხრივ, მსოფლიო საზოგადოებრიობა აღიარებს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და უკვე არსებული საზღვრების ურღვევობის აუცილებლობას.11 ეს უკანასკნელნი ასევე წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს.12
იმ სამართლებრივი წინააღმდეგობების ფონზე, რაც სუფევს ერთა თვითგამორკვევისა და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპებს შორის, ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები გადაიქცა არა მარტო ცალკეული ქვეყნების, არამედ გლობალური უშიშროების ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად.
ქვეყნები, რომელთაც ეთნონაციონალური მრავალფეროვნებით გამოწვეული პრობლემების მოგვარების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნიათ (ბელგია, კანადა, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი), მაინც ვერ ასცდნენ ეთნონაციონალურ მობილიზაციასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს. შვეიცარიასაც კი, რომელიც აღიარებულია, როგორც ეთნონაციონალური სიმშვიდის სამაგალითო ნიმუში, სულ უფრო ხშირად უწევს მთელი რიგი ჯგუფთაშორისი წინააღმდეგობების გადალახვა. ამდენად არ არის გასაკვირი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კომუნიზმის ეპოქის დასრულებისა და დემოკრატიის დამყარების პროცესმა შიდა ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მორიგი ტალღა წარმოშვა.
დღევანდელ წინააღმდეგობებით აღსავსე მსოფლიოში აუცილებელია ყურადღების კონცენტრირება არა მხოლოდ კონფლიქტის მოკლევადიან გადაწყვეტაზე, არამედ სამართლიანობის საფუძველზე გრძელვადიანი და მყარი მშვიდობის დამყარებაზე.
_____________________
1. Darendorf R. Class and Class Conflict in Industrial Society. L., 1959.
2. Здравомыслов А.Г. Социология конфликта. М.: Аспект Пресс, 1996. Cozer L. The Functions of Social Conflict. Glencoe, 1956.
3. Burton J. Conflict: Resolution and Prevention. Washington. DC, USA, 1990
4. Zartman I.W., Kremenyuk V.A. Cooperative Security. Reducing Therd World Wars. Syracuse, N.Y.: Syracuse University Press, 1995
5. Mitchell C.R. Asymmetry and Strategies of Regional Conflict, in: Zartman I.W., Kremenyuk V.A. Cooperative Security.
6. Rubin J.Z., Brown B.R. The Social Psychology of Bargaining and Nagotiation. New York: Academic Press, 1975.
7. Rubin J.Z., Brown B.R. The Social Psychology of Bargaining and Negotiation. New York: Academic Press, 1975. P. 5.
8. Грузины и Абхазцы. Путь к Примирению. Общ. ред.: Б. Коппитерс, Г. Нодиа, Ю. Анчабадзе. Весь Мир. М., 1999.
9. Pruitt D.G. Achieving Integrative Agreements, in: Bazerman M.H., Lewicki R.J. Negotiating in Organizations. Beverly Hills: Sage Publications, 1983. P. 39.
10. ალექსიძე ლ. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი. თბ., 1994. გვ. 43.
11. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება და საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი//გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტი. თბ., 2002.
12. ალექსიძე ლ. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი. თბ., 1994. გვ. 38-40.
![]() |
7 ალექსანდრე რონდელი: პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი წიგნები
გიორგი ხელაშვილი
ფილოსოფიის მაგისტრი (ოქსფორდის უნივერსიტეტი) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის თანამშრომელი
,,პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ,,მეცნიერება”. თბილისი. 2003. 317 გვ. ალექსანდრე რონდელი.
საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებელი არსებობის პირველი ათწლეული გადარჩენისათვის ბრძოლის ნიშნით წარიმართა. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ენერგია იხარჯება იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა უკან ჩამოიტოვოს აღმოსავლური დესპოტიების მმართველობის, ცარიზმისა და კომუნისტური წარსულის მძიმე მემკვიდრეობა და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩადგეს.
2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ საქართველოს დაქსაქსული პოლიტიკურ სპექტრში ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს. ყველა პოლიტიკური პარტია თუ ბლოკი ფორმალურად ერთსა და იმავეს აცხადებს - მათ ქართული სახელმწიფოს აშენება სურთ.
სახელმწიფოებრიობის შექმნისა და განმტკიცების საერთო სურვილის მიუხედავად, პარტიებს შორის მძაფრი დაპირისპირებაა, რაც მარტივად აიხსნება - მათ სახელმწიფო სხვადასხვაგვარად წარმოუდგენიათ. ამ თვალსაზრისით ორი ბანაკი შეიძლება გამოიყოს - პირველი, რომელიც სახელმწიფოს აშენებაში თანამედროვე ტიპის დასავლური დემოკრატიის შექმნას გულისხმობს და მეორე, რომელსაც სახელმწიფოს ცნება, ზოგადად, მხოლოდ [მინი-]საბჭოთა კავშირთან აქვს გაიგივებული.
ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირება, რაღა თქმა უნდა, ბუნებრივია და, ხშირად, ბუნებრივია ის გულწრფელი აღშფოთება, რომელიც ორი ბანაკის მომხრეებს ერთმანეთის მიმართ იპყრობს ხოლმე. მართლაც, საბჭოთა ტიპის სახელმწიფოს აპოლოგეტისათვის ძნელი გასაგებია, თუ როგორ შეიძლება ადამიანის უფლებების ხელისუფლების ნებაზე მაღლა დაყენება; ან ეკონომიკისა და ბიზნესის სახელმწიფოს დაქვემდებარებიდან გამოსვლა; ან უცხოური კომპანიების მიერ სახელმწიფოს ქონების შესყიდვა; ან მასმედიის მიერ ხელისუფლების პრობლემებზე ღიად საუბარი; ან საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების უგულებელყოფა; ან ტრადიციების კრიტიკა, და ა. შ.
მეორე მხრივ, თანამედროვე სახელმწიფოს მოდელის აპოლოგეტებისთვის სწორედ რომ საწინააღმდეგოა ნამდვილი სახელმწიფოებრიობის საფუძველი - ადამიანის უფლებების ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დაყენება; ეკონომიკის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად განვითარება; საერთაშორისო კაპიტალთან თანამშრომლობა; საზოგადოებაზე მასმედიის გავლენის ზრდა; და პროგრესის ხელისშემშლელი სტერეოტიპების მსხვრევა.
ამ ორი ბანაკის პოზიციები დღეს იმდენად განსხვავებულია, რომ მათ შორის არამცთუ თანხმობის, არამედ დიალოგის მიღწევაც კი ძნელია.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი პრობლემების სათანადოდ გაგება და შექმნილი ვითარების ახსნა საერთაშორისო პოლიტიკის ცოდნისა და გაანალიზების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი პრობლემის - უსაფრთხოების - გაგება წარმოუდგენელია საერთაშორისო ვითარებაში წვდომის გარეშე. მაგრამ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის უკეთ გასაგებად აუცილებელია გავითვალისწინოთ არა მარტო ის, თუ რა კონკრეტულ გარემოში უხდება არსებობა ამ ქვეყანას, არამედ ისიც, თუ რა პრობლემები ექმნებათ ხოლმე ზოგადად საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს.
საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები არც უნიკალურია და არც გადაულახავი - მსგავსი სისუსტე 1960-2000 წლებში კოლონიური უღლისაგან გათავისუფლებულ ბევრ ქვეყანას ახასიათებდა აზიაში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ყოფილ საბჭოთა კავშირში. არანაკლებ რთული იყო და არის ლათინური ამერიკის ქვეყნების გზა ძლიერი სახელმწიფოებრიობისაკენ.
არაა გასაკვირი, რომ ძლიერი სახელმწიფოებრიობისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებული სიძნელეები პატარა ქვეყნებს ექმნებათ. მათ რიგშია საქართველოც. არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკური დებატებისას საქართველოს, უპირველეს ყოვლისა, საზღვარგარეთის პატარა სახელმწიფოებს ადარებენ ხოლმე - შვეიცარიას, ისრაელს ან რომელიმე მეზობელ პატარა ქვეყანას.
მიუხედავად ამისა, ქართულ პოლიტიკურ დისკურსში თითქმის არ არის გაცნობიერებული იმის საჭიროება, რომ პატარა სახელმწიფო, როგორც ანალიტიკური კატეგორია, ცალკე განიხილონ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. პატარა სახელმწიფოს პრობლემატიკასთან დაკავშირებული ლიტერატურა არც ისე მრავალრიცხოვანია. მეტიც, პატარა ქვეყნის თაობაზე დაწერილი წიგნების უმეტესობა ყურადღებას სახელმწიფოებრიობის ერთ ან ორ ასპექტზე ამახვილებს, მაგრამ ამ პრობლემატიკის კომპლექსური განხილვის შემთხვევები არც ისე ხშირია.
ალექსანდრე რონდელის ,,პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“ სწორედ პატარა სახელმწიფოს პრობლემატიკის კომპლექსურ განხილვას გვთავაზობს. ეს კომპლექსურობა მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ავტორი პატარა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვადასხვა წახნაგებს ეხება, არამედ იმასაც, რომ წიგნში თავმოყრილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული პოლიტიკის საკითხები, რომლებიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებსა და საქართველოს ეხება.
ალექსანდრე რონდელის ახალი ნაშრომი ბოლო წლებში ამ ავტორის რიგით მეორე წიგნია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს ეძღვნება. უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, საქართველოში სულ ათიოდე წლის წინ დაინერგა. საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და მას სათავეში ალექსანდრე რონდელი ჩაუდგა. გზის გამკვალავის საპატიო და რთული მისია მას ამით არ ამოუწურავს.
1996 წელს დღის სინათლე იხილა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის საქართველოში პირველმა სახელმძღვანელომ, რომლის ავტორიც ალექსანდრე რონდელი იყო. წიგნს უბრალო და ტევადი სათაური ჰქონდა - ,,საერთაშორისო ურთიერთობები“. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ხუთი წლის განმავლობაში (1991-1996 წლებში) ალექსანდრე რონდელმა დაუღალავი შრომით შეძლო შეესწავლა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის, მსოფლიო ისტორიის, პოლიტიკური ფილოსოფიის დარგებში დასავლეთში გამოქვეყნებული ასობით ნაშრომი და მათ ბაზაზე დაწერა სახელმძღვანელო, რომელიც დღემდე შეუცვლელია საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული ქართველი მკითხველისა და სტუდენტობისათვის და, როგორც ჩანს, უახლოეს წლებში მას ალტერნატივა არც ექნება.
თუ პირველი წიგნი, ,,საერთაშორისო ურთიერთობები“ წმინდად თეორიული სამეცნიერო ნაშრომი იყო, ალექსანდრე რონდელის მეორე წიგნი - ,,პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“ - უზარმაზარი თეორიული ცოდნის საშუალებით პატარა სახელმწიფოს პოლიტიკის ანალიზს ისახავს მიზნად. ალექსანდრე რონდელს წიგნის შექმნაში ერთის მხრივ ეს ათწლეულების მანძილზე აკუმულირებული ცოდნა დაეხმარა, ხოლო მეორეს მხრივ ის, რომ ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში იგი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების უშუალო მოწმე და მონაწილეა. ამ ორი ფაქტორის დამთხვევა ალექსანდრე რონდელს საუკეთესო ავტორიტეტად აქცევს პატარა სახელმწიფოს, მით უფრო პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნების, საერთაშორისო ქცევის საკითხებში.
და მაინც, თეორიული ცოდნისა და პირადი გამოცდილების გარდა, კიდევ ერთხელ იწვევს აღტაცებას ის, რომ ავტორის ახალ წიგნში გაანალიზებულია მსოფლიოში გამოცემული პრაქტიკულად ყველა (!) მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი წიგნი თუ სამეცნიერო სტატია, რომელიც კი პატარა სახელმწიფოს შეეხება. აშკარაა, რომ ავტორი წლების განმავლობაში მიზანმიმართულად და მოთმინებით აგროვებდა და სწავლობდა ამ ლიტერატურას - როგორც თეორიის, ისე პრაქტიკის სფეროდან - რათა საბოლოოდ მისთვის ერთად მოეყარა თავი და ამ საფუძველზე საკუთარი თვალსაზრისი ჩამოეყალიბებინა.
წიგნი ,,პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“ წინასიტყვაობის, ხუთი თავისა და ბოლოთქმისაგან შედგება. წიგნის პირველივე სიტყვებიდან აშკარა ხდება, რომ ალექსანდრე რონდელის მიერ დასმული კითხვა პატარა სახელმწიფოს ბედის შესახებ ქართულ პოლიტიკაში ახალი არ არის და მასზე არაერთ მოღვაწეს უცდია პასუხის გაცემა. წიგნი ნოეჟორდანიას მიერ ემიგრაციაში დაწერილი ამ პესიმისტური სტრიქონებით იწყება: ,,ყველა არსებული პატარა სახელმწიფოები არსებობენ რომელიმე დიდ სახელმწიფოს თუ სახელმწიფოთა შემწეობით, ე. ი. ყველა ისინი წარმოადგენენ მიუცილებელ ღერძს საერთაშორისო წონასწორობისა... ერთი სიტყვით არც ერთი პატარა ერი არ არის გაშვებული ეულათ, ბაწარ წაძრობილი, გინდ იყავი და გინდ არა. ერი, რომლის თავისუფლება არავის არ ესაჭიროება, სხვის უღელშია... ვერც ერთი პატარა ერი თავს ვერ გაათავისუფლებს დიდისაგან მხოლოდ საკუთარი ძალღონით. სუსტის და მძლავრის კანონი მუდამ ძალაშია“.
წინასწარ უნდა ითქვას, რომ ალექსანდრე რონდელი, ნოეჟორდანიასგან განსხვავებით, სულაც არ მიდის პესიმისტურ დასკვნამდე და ცდილობს თავი აარიდოს ნებისმიერი სახის დეტერმინიზმს. მისთვის პატარა სახელმწიფოს ბედი თავად ამ ქვეყნის მოსახლეობის ხელთაა, თუმცა კი საერთაშორისო პოლიტიკის სინამდვილის გათვალისწინებით, პატარა ქვეყნის თვით არსებობაც კი გაცილებით უფრო სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ნებისმიერი დიდი სახელმწიფოს მოქმედება საერთაშორისო პოლიტიკაში. თუმცა, ავტორი იქვე შენიშნავს: ,,დღეს პატარა ქვეყნებს შედარებით ,,საამური“ დრო დაუდგათ, რადგანაც მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში საერთაშორისო საზოგადოების ელემენტებმა იმძლავრა. პატარა ქვეყნების გადარჩენა და დამოუკიდებელი არსებობა ამჟამად უფრო ადვილია და მათი რიცხვიც განუხრელად მატულობს.“
წიგნის პირველი თავი წმინდად თეორიულ საკითხს ეძღვნება - როგორ განვსაზღვროთ პატარა ქვეყანა და როგორია მისი როლი საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი კონცეფციების მიხედვით. ერთი შეხედვით ისეთი მარტივი საკითხიც კი, როგორიც პატარა ქვეყნის განსაზღვრება და პატარა სახელმწიფოების ტიპოლოგიაა, საკმაოდ რთული გადასაჭრელი ხდება - მარტო პატარა ქვეყნის მახასიათებლების განსაზღვრისას რონდელი 6 სხვადასხვა ავტორისა და ავტორთა ჯგუფის შეხედულებებს გვთავაზობს, თავად კი მაინც არ ღალატობს ტრადიციულ, რეალისტურ შეხედულებას და მიიჩნევს, რომ ქვეყნების ტიპოლოგია მათი ძლიერებისა და საერთაშორისო სისტემაში მათი ,,წონის“ ამსახველია - ,,ყველაზე უფრო არსებითი საერთაშორისო სისტემაზე [პატარა სახელმწიფოს] გავლენის უნარია“ - წერს ავტორი.
ალექსანდრე რონდელი პირველივე თავში კრავს წიგნის ძირითად ინტრიგას, როდესაც წერს, რომ ,,პატარა ქვეყანა თითქმის ყოველთვის იგივე სუსტი ქვეყანაა“. ამ ციტატაში მთავარია სიტყვა ,,თითქმის“ - მთელი დანარჩენი წიგნი ეძღვნება სწორედ იმას, თუ რა პრობლემები უნდა დაძლიოს პატარა ქვეყანამ, რათა სისუსტეს თავი დააღწიოს და ,,პატარა ქვეყნის“ სტატუსის მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის პატივისცემა დაიმსახუროს. წიგნში ბევრგან ფარულად და ზოგჯერ აშკარად იგულისხმება, რომ ავტორის ფიქრი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დასტრიალებს.
წიგნის მეორე თავში ავტორი კვლავ უბრუნდება ,,პატარა/სუსტი სახელმწიფოს“ დიქოტომიის საკითხს და აღნიშნავს, რომ ,,ქვეყანა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით შეიძლება ძლიერი იყოს, მაგრამ, როგორც სახელმწიფო, იყოს საკმაოდ სუსტი“. ეს ცალკე აღებული ფრაზა კარგად გვიჩვენებს ავტორის პოზიციას ქართული პოლიტიკური ბანაკების ზემოთხსენებულ სპექტრში - ალექსანდრე რონდელისათვის ძლიერი სახელმწიფოებრიობა ქვეყნის მართვის პოლიციურ მეთოდებთან და ეკონომიკის სახელმწიფო მონოპოლიასთან კი არ ასოცირდება, არამედ დემოკრატიული პრაქტიკის დამკვიდრებასთან - ,,შიდა სისუსტე, სოციალური და ეთნიკური გათიშულობა, სუსტი ეკონომიკა, ძლიერი და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების უქონლობა, მოსახლეობის დაბალი პოლიტიკური და ეკონომიკური კულტურა, დემოკრატიული ტრადიციების უქონლობა, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა და ადამიანის უფლებათა მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულება ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასóურთულეს პრობლემებს უქმნის“ - ეთანხმება ავტორი ბარი ბიუზანის მოსაზრებას.
სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ ალექსანდრე რონდელის აზრით, პატარა ქვეყნის გადარჩენისათვის მარტო შინაგანი სიმტკიცე და ძლიერი სახელმწიფოებრიობა არ კმარა. ,,რას უნდა უმადლოდნენ პატარა, სუსტი ქვეყნები თავიანთ გადარჩენას და ამჟამინდელ მომრავლებას? მხოლოდ საკუთარ მონდომებას და სიცოცხლისუნარიანობას, თუ სხვა, ობიექტურ გარეშე პირობებსა და ფაქტორებს?“ - კითხულობს ავტორი და იქვე პასუხობს: ,,უნდა ვაღიაროთ, რომ უფრო მეტად - მეორეს.“ ამ წიგნის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებას, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად განსაზღვრავს ისიც, რომ ავტორი თანაბრად ერიდება როგორც პატარა ქვეყნების ,,განწირულ“ მდგომარეობაზე საუბარს, ისე მხოლოდ მათი ძლიერების, როგორც გადარჩენის მთავარი პირობის აქცენტირებას.
პატარა ქვეყანაზე საერთაშორისო სისტემის გავლენის დიდი მნიშვნელობის გამო ალექსანდრე რონდელი ვრცელ ადგილს უთმობს პატარა ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს - უპირველესად იგი აქცენტს აკეთებს (1) შიდა სტაბილურობაზე - როგორც ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტზე და (2) მოქნილ საგარეო პოლიტიკაზე. წიგნს წითელ ხაზად გასდევს მოსაზრება, რომ პატარა სახელმწიფოს ეს ორი სასურველი თვისება - მოქნილი საგარეო პოლიტიკა და შიდა სტაბილურობა - ერთმანეთის გარეშე არ არსებობს: ,,საერთაშორისო ურთიერთობებში საგარეო პოლიტიკის შედეგიანად წარმართვა პატარა სახელმწიფოსაგან სათანადო მოქნილობას მოითხოვს. პატარა ქვეყანა მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისა და ძვრების მიმართ ძალზე მგრძნობიარეა და მოქნილობის უნარის გარეშე ახალ პირობებში გარკვევა, ადაპტირება და მათზე რეაგირება შეუძლებელი ხდება. ყველაზე მეტად კი ხსენებული მოქნილობის უნარს პატარა სახელმწიფოს შიდა სტაბილურობა და სიმტკიცე განაპირობებს. პატარა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, პირველ ყოვლისა, ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და ეთნო-კულტურულ სტაბილურობას ეფუძნება.“ ფაქტობრივად, წიგნის დანარჩენი ნაწილი სწორედ ამ ორი კომპონენტის - მოქნილი საგარეო პოლიტიკისა და შიდა სტაბილურობის - პირობების ძიებას წარმოადგენს.
მოქნილი საგარეო პოლიტიკისა და შიდა სტაბილურობის პირობების ძიების პროცესში ალექსანდრე რონდელი უამრავ ისტორიულ მაგალითზე დაყრდნობით ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, ეკოლოგიური და ინფორმაციული უსაფრთხოების; საგარეო პოლიტიკაზე დემოკრატიული კონტროლისა და დიპლომატიის; საერთაშორისო ალიანსების ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო სისტემაში პატარა ქვეყნისათვის შესაძლო ფუნქციების აღწერასა და ანალიზს.
წიგნის მესამე თავიდან წიგნის ბოლომდე ავტორი საერთაშორისო პოლიტიკის შედარებით ახალი ფენომენის - პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს თავისებურებებს აღწერს და აანალიზებს. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ცალკე კატეგორიად გამოყოფა არ არის ნაკარნახევი მხოლოდ კონიუნქტურული მოსაზრებით - რომ წიგნის აშკარა თუ ფარული სამიზნე ერთ-ერთი ამგვარი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო - საქართველოა. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები მართლაც წარმოადგენენ ცალკე კატეგორიას - ისინი ,,კვაზი-სახელმწიფოებია“, რადგან არ გააჩნიათ სახელმწიფოებრიობის ტრადიციები. პატარა, სუსტი სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი ისეთი ტრადიციული პრობლემების გარდა, როგორებიცაა კორუფცია, სუსტი პოლიტიკური ინსტიტუტები, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, დაუდგენელი საზღვრები, ამ სახელმწიფოებს ახასიათებთ საკუთრივ პოსტ-საბჭოთა ,,დაავადებები“ - სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, ეთნიკური ნაციონალიზმი, საბჭოთა მენტალიტეტი და მართვის საბჭოური კულტურა, ძლიერი ლიდერის ნოსტალგია და მისთ. მნიშვნელოვანია, რომ ავტორი შიდა პოლიტიკური და კულტურული თავისებურებების გარდა ყურადღების გარეშე არ ტოვებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სისუსტის ერთ-ერთ უმთავრეს საერთაშორისო-სისტემურ მიზეზს - გლობალიზაციის პროცესსაც. გლობალიზაციის ხანაში თანამედროვე ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბების ნებისმიერი მცდელობა სერიოზულ ობიექტურ სიძნელეებს აწყდება: ,,ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობას სწორედ თანამედროვე ერი-სახელმწიფოების სასწრაფოდ შექმნით შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებისა და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა. ეს უნდა მოხდეს ისტორიულად მოკლე ვადაში და, რაც მთავარია, მაშინ, როცა ერი-სახელმწიფო, როგორც ადამიანთა თვითმმართველობის, პოლიტიკური ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი, გაბატონებული ფორმა, გადაგვარების პროცესის ნიშნებს ავლენს - ერი-სახელმწიფო უკვე ეროზიას განიცდის როგორც შიგნიდან, ასევე გარეშე ზეეროვნული ძალებისა და ფაქტორების გავლენით.“
ალექსანდრე რონდელი დაწვრილებით აღწერს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს გარდაქმნაზე ახდენს გავლენას. ამ ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია (1) დემოკრატიზაციის გავლენა სახელმწიფოებრიობაზე და (2) ნაციონალიზმის როლი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ალექსანდრე რონდელის ფიქრის ძაფს შემდეგ დასკვნამდე მივყავართ: ,,დემოკრატიზაციასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შესაძლოა ქვეყანა დაასუსტოს და მისი დაშლაც კი გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში დემოკრატიზაციის პროცესი ქმედითუნარიანი სამთავრობო ინსტიტუტების არარსებობისა და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური არასტაბილურობის პირობებში მიმდინარეობს. რაც უფრო სუსტია სახელმწიფო (ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კი სახელმწიფოებრიობა უკიდურესად მყიფეა), მით უფრო მოსალოდნელია, დემოკრატიზაციამ კოლექტიური შიში წარმოშვას, რაც შემდგომ ძალადობაში გადაიზარდოს.“ დემოკრატიზაციას რონდელი რეგიონში კონფლიქტის წარმოქმნის (და, შესაბამისად, დესტაბილიზაციისა და სახელმწიფოს დასუსტების) ,,არასაკმარის” პირობას უწოდებს, თუმცა აღიარებს, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში რეგიონული უსაფრთხოების გაუარესებას დემოკრატიზაციამაც შეუწყო ხელი.
კონფლიქტების წარმოქმნის, დესტაბილიზაციისა და უსაფრთხოების ვითარების გაუარესების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ნაციონალიზმი, უფრო ზუსტად კი ეთნიკური ნაციონალიზმია: ,,პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაციონალიზმი (როგორც წესი, პოპულიზმთან გადანასკვული) არა მხოლოდ მძლავრ გამაერთიანებელ, სოლიდარობისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის აუცილებელ მამობილიზებელ ძალად, არამედ დამანგრეველ, გამთიშველ, სეპარატიზმისა და ეთნიკურ-რელიგიური კონფლიქტების წარმომქმნელ ფაქტორად მოგვევლინა... ამავე დროს ნაციონალიზმის ნეგატიურ გამოვლინებებსა და შედეგებთან ერთად მისი კონსტრუქციული როლიც უნდა აღინიშნოს. იგი ხელს უწყობს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას, ქვეყნის შიდა სტაბილურობას, რადგან თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს მშენებლობის სამსახურში ჩადგომით დადებითი და კონსტრუქციული შედეგების მოტანა შეუძლია.“ და მაინც, ,,ნაციონალიზმი, კონკრეტულად კი პოსტსაბჭოთა სივრცეში გაბატონებული ეთნიკური ნაციონალიზმი, ახალგაზრდა სუვერენული სახელმწიფოების ყველაზე ძნელად დასაძლევ სენად და ყველაზე დიდ პოტენციურ საფრთხედ გვევლინება.“
რონდელის მიერ შემოთავაზებული მოსაზრებების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დემოკრატიზაცია და ნაციონალიზმი, გარკვეულწილად, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების თანამდევი ისეთი ფაქტორები იყო, რომელთა კონტროლი საზოგადოებების მხრიდან რთული აღმოჩნდა (დემოკრატიზაციის დაწყება საერთაშორისო ზეწოლით განხორციელდა, ნაციონალიზმი კი რაციონალურ კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება). წიგნის მეოთხე თავში კი ავტორი სახელმწიფოებრიობის იმ პრობლემებს ეხება, რომლებიც თავად საზოგადოებას უნდა დაბრალდეს და არა საერთაშორისო სისტემას ან ხალხის სოციალურ პირობებსა და კულტურულ გარემოს. უნიათო მართვა, კორუფცია, კუთხურობა, ოჯახსგადაფარებული უზნეობა, ძლიერი ლიდერის მოთხოვნილება და ეკონომიკური პრობლემები ის ფაქტორებია, რომლებიც არსებითად განაპირობებენ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების შიდა სისუსტეს. მათი დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ძალისხმევაზეა დამოკიდებული. საბოლოოდ, სწორედ ამ პრობლემებთან გამკლავება განაპირობებს პატარა სახელმწიფოების შინაგან სიმტკიცეს, რაც მათი სისუსტის დაძლევის მთავარი პირობაა.
როგორც სტატიის დასაწყისში ითქვა, ალექსანდრე რონდელი ერთმნიშვნლოვნად არც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში ,,განწირულია“ და არც იმ პოზიციაზეა, რომ პატარა ქვეყნებს თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოება გადარჩენისა და განვითარების აუცილებელ პირობებს უქმნის. ამ ორ - პესიმისტურ და ოპტიმისტურ უკიდურესობას შორის ავტორი პატარა ქვეყნებს სამოქმედო სივრცეს უტოვებს და ეს სივრცე ზემოთჩამოთვლილი სისუსტეებისთვის (უნიათო მართვა, კორუფცია, კუთხურობა, ოჯახსგადაფარებული უზნეობა, ძლიერი ლიდერის მოთხოვნილება და ეკონომიკური პრობლემები) თავის გართმევაა. არ არის ძნელი მივხვდეთ, რომ ამ პრობლემების სირთულეზე თეორიულად საუბრისას ავტორი ყოველთვის და ყველგან საქართველოს მაგალითს ეყრდნობა. ამასთან, ანალიზში გულისტკივილიც გამოსჭვივის იმის გამო, რომ სუსტი სახელმწიფოს რთული მდგომარეობის თეორიული აღწერისას იმპლიციტურად მას სწორედ საქართველოს მაგალითის მოშველიება უხდება.
წიგნის ბოლოს ალექსანდრე რონდელი ცალკე გამოყოფს ქვეთავს საქართველოს, როგორც პატარა და სუსტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის შესახებ. საგულისხმოა, რომ ავტორი საქართველოს მოიაზრებს, როგორც რეალურად არსებულ, თუნდაც სუსტ სახელმწიფოს, რომელსაც საკუთარი საგარეო პოლიტიკური ხედვა აქვს. ამ მხრივ რონდელის თვალსაზრისი განსხვავდება იმ ავტორების ხედვისაგან, რომლებიც საქართველოს ,,არშემდგარ“ სახელმწიფოთა რიგში აყენებენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ავტორი ზედმეტ ოპტიმიზმსა და ვითარების გაიდეალებას აქაც გაურბის და ასკვნის, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობაში ნათლად ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური ხედვის ორი მიზეზიდან ერთი საზოგადოებასა და ელიტაში ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონსენსუსის არარსებობაა, ხოლო მეორე, მთავრობის სურვილი - არ გააღიზიანოს მეზობელი რუსეთი.
წიგნის დასასრულს, ქვეთავი ,,საქართველოს არჩევანი“ ყველაზე საგულისხმო სტრიქონებს შეიცავს: ,,მიმდინარე გარდამავალ ეტაპზე საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ - ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარად დასავლური არჩევანი გააკეთა, მაგრამ ისმის კითხვა: ეს არჩევანი საბოლოო და შეუქცევადია, თუ მას შეიძლება რაიმე დაემუქროს? საქართველოს არჩევანის შეუქცევადობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაართმევს თავს ადგილობრივი ელიტა სახელმწიფოს მშენებლობისა და ეკონომიკური განვითარების კომპლექსურ პრობლემებს, შეძლებს თუ არა იგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტების მოგვარებას. ამ პრობლემების წარმატებით გადაჭრას შეუძლია არა მარტო გააუმჯობესოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ეკონომიკური მიმზიდველობა, არამედ ქართულ საზოგადოებაში სოციალური და პოლიტიკური შეკავშირების გაძლიერებასაც შეუწყოს ხელი.
საქართველოს მიერ არჩეული პოლიტიკის თანმიმდევრულობის თვალსაზრისით, მეორე უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი საკითხი ხელისუფლების კონსტიტუციური, მშვიდობიანი გზით შეცვლაა. ის ფაქტი, რომ პიროვნებები ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, სახელმწიფო ინსტიტუტების არასრულყოფილების შედეგია. ჯერ მათ იმის უნარი არა აქვთ, ხელისუფლების ავტომატური და უწყვეტი გადაცემა დემოკრატიული მექანიზმებით უზრუნველყონ. ამრიგად, ის, თუ ვინ იქნება პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკური მემკვიდრე, დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს სამომავლო სტრატეგიულ არჩევანს.“
ალექსანდრე რონდელი ახალი წიგნის მიმოხილვა მინდა დავასრულო იმით, რითაც დავიწყე: ჩვენს საზოგადოებაში დღეს მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესები და დაპირისპირება უმთავრესად საერთაშორისო სისტემაში ქვეყნის მდგომარეობის სხვადასხვაგვარი ხედვითა და მომავალი ქართული სახელმწიფოს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული წარმოდგენებითაა განპირობებული. „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“ სწორედ ის წიგნია, რომელიც საქართველოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მდგომარეობის საუკეთესო თეორიულ და, გნებავთ, პრაქტიკულ გზამკვლევს წარმოადგენს. ახლა მთავარი ამოცანა ამ გზამკვლევის ჯეროვნად გამოყენებაა, რათა იგი მხოლოდ შთამომავლობას არ შემორჩეს, როგორც 21-ე საუკუნის დასაწყისის ქართველი პოლიტიკური მოაზროვნის შორსმჭვრეტელობისა და სიბრძნის მოწმობა.