![]() |
ახალი აზრი № 7(13), 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: აფრასიძე დავით, ნატროშვილი გიორგი, ცაგარელი ქეთევან, ჩიტაძე ნიკა , ღირსიაშვილი ლევან, პიპინაშვილი დავით |
თემატური კატალოგი ახალი აზრი |
წყარო: ISSN 1512-1844 |
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჟურნალ ,,ახალი აზრი“-ს გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“ ჟურნალი ,,ახალი აზრი“ გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და რეგიონში. ჟუნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსსა და მათში გამოთქმულ შეხედულებათა თაობაზე სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს. სარედაქციო კოლეგია: ლევან გელაშვილი (მთავარი რედაქტორი/პროექტის ხელმთძვანელი) ნიკა თარაშვილი (რედაქტორი) კახა ოქროჯანაშვილი ლევან ღირსიაშვილი ვალერიან მეტრეველი ( დიზაინერი) The Journal ,,Akhali Azri” (New Opinion) is being published by support of Friedrich Ebert Foundation პოლიტიკური კვლევების ცენტრი, ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 4-43, ტელ: (99532) 988537, ფაქსი: (99532) 291209 ელ-ფოსტა: akhali-azri@cpr.org.ge ©2003 პოლიტიკური კვლევევბის ცენტრი |
![]() |
1 ბიუროკრატიულ-პატრიმონიალური სახელმწიფო საქართველოში: ახალი შანსები ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ? |
▲ზევით დაბრუნება |
უსაფრთხოება
ბიუროკრატიულ-პატრიმონიალური სახელმწიფო საქართველოში: ახალი შანსები ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ?1
დავით აფრასიძე
ფილოსოფიის დოქტორი (პოლიტიკური მეცნიერებები, ჰამბურგის უნივერსირტეტი); ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის თანამშრომელი
შესავალი
დემოკრატიზაციის მესამე ტალღაში, რომელიც სათავეს 1970-იან წლებში სამხრეთ ევროპაში დაწყებული პროცესებით იღებს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ე. წ. სოციალისტურ ფაზას, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და აღმოსავლეთის ბლოკისა და საბჭოთა კავშირის დაშლაში გადაიზარდა.2 პოსტსოციალისტური, განსაკუთრებით კი პოსტკომუნისტური დემოკრატიზაციის პროცესების შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ სისტემურ ტრანსფორმაციაზე, ანუ გარდაქმნათა თანადროულ და კომპლექსურ პროცესებზე, რომლებმაც არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის ავტორიტარულიდან დემოკრატიულზე გადასვლა, არამედ, ასევე, ეკონომიკური და საზოგადოებრივი სისტემების რადიკალური ცვლილებები განაპირობეს.3 პოსტსაბჭოურ ფაზაში მიმდინარეობს არა მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დანერგვა, არამედ, ასევე, გეგმიური ეკონომიკიდან თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლა და, რაც მთავარია, ახალი ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გარდაქმნები სოციალურ სტრუქტურებში. უმთავრესი ფენომენი კი, რასაც პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის დროს ვაწყდებით და რასაც იგივე პოსტსოციალისტური ქვეყნების შემთხევაში, ბალკანეთის გამოკლებით, არ ჰქონია ადგილი, არის სახელმწიფოს შენების ფაქტი. ყოფილი აღმოსავლეთის ტერიტორიაზე 1990-იან წლებში 22 ახალი სახელმწიფო შეიქმნა. მაშინ როცა ჩეხოსლოვაკიის დაშლა უმტკივნეულოდ მოხდა, საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლა სისხლიანი კონფლიქტების ფონზე მიმდინარეობდა და ამ კონფლიქტების შედეგები დღემდე მოქმედებს. საინტერესოა, რომ სახელმწიფოთა შენების პროცესი ამ რეგიონში მიმდინარეობს იმ დროს, როცა სახელმწიფოს ფენომენი ზოგადად სულ უფრო მზარდი ზეწოლის ქვეშ ექცევა, როგორც გარეშე, გლობალიზაციის ფაქტორების, ასევე შიდა, საზოგადოებრივი ფრაგმენტაციის ფაქტორების ზეგავლენით.4 საზოგადოდ აღიარებულია აზრი, რომ დღეს სახელმწიფო ბევრი პრობლემისათვის პატარა და შესაძლებლებებს მოკლებულია, ხოლო ბევრი პრობლემისათვის - დიდი და მოუქნელი5 პირველ შემთხვევაში იგულიხმება ისეთი გლობალური პრობლემები, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, ეკოლოგია, დემოგრაფია და ა.შ. და რომელთა მოგვარებაც ცალკე აღებულ რომელიმე სახელმწიფოს არ ძალუძს. მეორე შემთხვევა კი, თავს იჩენს მაშინ, როცა საზოგადოებრივი დაკვეთების ცვლილებების ფონზე, ამ მოთხოვნების სწრაფი და ეფექტური დაკმაყოფილებისათვის სახელმწიფო ინსტიტუტები მოუქნელი და ზანტი აღმოჩნდება. ასეთ შემთხვევაში მათ ენაცვლება სამოქალაქო საზოგადოება ან სხვა სახის არაფორმალური ინსტიტუტები.
ამიტომაც, პოსტკომუნისტური სახელმწიფოს მიმართებით, თავიდან ყველას ეგონა, რომ დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს როლის შემცირება. ამ შეხედულებით, სახელმწიფოს უნდა დაეთმო სხვადასხვა საზოგადოებრივი სისტემების ტოტალური კონტროლი და მიახლოებოდა ლიბერალური სახელმწიფოს კლასიკურ მოდელს. შესაბამისად ხდებოდა სახელმწიფოს ფენომენის გააზრება და რეფლექცია პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის ლიტერატურაშიც.6
საინტერესოა, რომ მსგავს განვითარებასთან გვაქვს საქმე პოსტკოლონიურ კვლევებშიც.7 1960-იან წლებში არსებობდა ,,ძლიერი სახელმწიფოს”, როგორც ,,განვითარების ლოკომოტივის” მოდელი. დღეს ამ მოდელს ენაცვლება ,,მოქნილი სახელმწიფოს” მოდელი, რომელსაც სარეთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სხვა დონორები უჭერენ მხარს.8 სახელმწიფოსაგან გამოთავისუფლებულ ადგილს კი ის არაფორმალური ინსტიტუტები და აქტორები იკავებენ, რომელიც ხშირად განვითარების აგენტებად კი არ გვევლინებიან, არამედ, ამ ეტაპზე მაინც, ფაქტობრივად სახელმწიფოს რღვევას უწყობენ ხელს.
წინამდებარე სტატიის მიზანია აჩვენოს, რომ სახელმწიფოს შენების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია ტრანსფორმაციის პროცესში. პოსტსაბჭოურ სინამდვილეში ამ პროცესის აღწერა დღემდე სახელმწიფოს განვითარების დასავლური მოდელის ანალიზიდან მიღებული კატეგორიებით ხდებოდა, რაც რეალობის დამახინჯებულ სურათს გვაძლევს. პოსტსაბჭოური სახელმწიფოს შენება დიდ მსგავსებას ამჟღავნებს პოსტკოლონიური სახელმწიფოების განვითარების გზასთან. შესაბამისად, თუ მოხდება ამ მოდელთან დაკავშირებული კონცეფციების დახვეწა, შესაძლებელია მათი ადაპტაცია ჩვენი სინამდვილისათვის.
სტატიაში გთავაზობთ პოსტსაბჭოური სახელმწიფოს თეორიული მოდელის მონახაზს, რომლის ანალიტიკურ ღირებულებას პოსტსაბჭოური საქართველოს მაგალითზე გადავამოწმებთ. პოსტსაბჭოური საზოგადოებებისათვის დამახასიათებელი რიგი მსგავსების გამო მიგვაჩნია, რომ ეს მოდელი მეტნაკლები წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხრეთი კავკასიის სხვა ქვეყნებისა და ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფოებრივი განვითარების ანალიზისას.
სტატიის პირველი ნაწილი ეძღვნება სახელმწიფოს ფენომენის მოკლე მიმოხილვას, სადაც ნაჩვენებია, რომ სახელმწიფოს კლასიკური მოდელები პოსტსაბჭოური სინამდვილისათვის ანალიტიკურ ღირებულებას მოკლებულია. აუცილებელია სახელმწიფოს ე. წ. დინამიკური, სოციოლოგიური მოდელების ადაპტაცია, რომელიც სახელმწიფოს სხვა სოციალურ სტრუქტურებთან კავშირში განიხილავს. შემდეგ ნაბიჯად, პოსტკოლონიური ლიტერატურის საფუძველზე შევეცდებით დავახასიათოთ ე. წ. ,,ნეოპატრიმონიალური სახელმწიფო”, გამოვყოთ მისი ძირითადი ინდიკატორები. მიგვაჩნია, რომ ნეოპატრიმონიალური სახელმწიფოს მოდელი, შესაბამისი კორექტირებით, შეიძლება გამოვიყენოთ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესის ანალიზისათვის. შემდეგ ეტაპზე ვნახავთ, თუ როგორ მუშაობს ეს მოდელი სინამდვილეში. ამას საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ერთი-ერთი სეგმენტის - საქართველოს ეროვნული გვარდიის შექმნისა და განვითარების პირველი ეტაპის საფუძველზე შევაფასებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, საჭიროდ მივიჩნიეთ, მოგვეხდინა ერთგვარი პროგნოზი, თუ რა გზით შეიძლება განვითარდეს სახელმწიფოს შენების პროცესი საქართველოში.
რამდენიმე მოსაზრება სახელმწიფოს შესახებ
თეორიაში სახელმწიფოს მრავალგვარი დეფინიცია არსებობს. მათი ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანდა. ჩვენ ვირჩევთ დეფინიციას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არის კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე აღასრულებს ,,ძალადობაზე მონოპოლიას” (Gეწალტმონოპოლ) და ახდენს ხალხისაგან ხალხის მართვას ლეგიტიმურ საფუძველზე. ეს დეფინიცია ეფუძნება სახელმწიფოს ვებერისეულ გაგებას.9 ლეგიტიმაციის ფორმებს, საფუძვლებსა და შედეგებზე საუბარი ჩვენი მიზანი არაა. უნდა ითქვას მხოლოდ ერთი, რომ თანამედროვე ტიპის სამართლებრივი, ერი-სახელმწიფო ევროპული ცივილიზაციის პირმშოა. დასავლეთში სახელმწიფოს ჩამოყალიბება ისტორიული პროცესია, რომელიც გამოიხატა ფეოდალური ტიპის პოლიტიკური ერთობებიდან ჯერ ტერიტორიული სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებით. მე-20 საუკუნიდან ეს სახელმწიფო დემოკრატიულ ნიშნებს იძენს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოციალური სახელმწიფოს ფუნქციებსაც. სახელმწიფოს წარმოქმნის უმთავრესი ფაქტორები უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის (პოლიტიკისა და ეკონომიკის) პრობლემების მოგვარება იყო. ამას დაემატა არამატერიალური ფაქტორები, როგორიცაა ლეგიტიმაცია და თვითშეგნება (სამართალი და იდეოლოგია).10 სახელმწიფოები ჩამოყალიბდნენ ინსტიტუტებად, რომლებიც დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსების მობილიზაციასა და გამოყენებაში ყველა სხვა ინსტიტუტებთან შედარებით (მაგ. თავისუფალი ქალაქები თუ ფეოდალური ერთობები) ეფექტურნი აღმოჩდნენ.11 შესაბამისად, დაახლოებით მე-17 საუკუნის ბოლოდან, სახელმწიფოები იქცნენ უზენაეს სუბიექტებად ერთი ტერიტორიის შიგნით და თანაბარ სუბიექტებად საერთაშორისო არენაზე. ამგვარი არენა პირველად სწორედ ერი-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით შეიქმნა.
მოკლე ექსკურსიდან ჩანს, რომ თანამედროვე ტიპის სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური (ანუ სოციალური) ინსტიტუტის ჩამოყალიბება, იყო საზოგადოების ისტორიული განვითარების შედეგი, თუმცა არა აუცილებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო არაა მუდმივი მოცემულობა და ისტორიულ განვითარებაში არსებული ერთადერთი პოლიტიკური ინსტიტუტი. შესაბამისად, ისმის კითხვა, არის კი აუცილებელი და გარდაუვალი, რომ განვითარებადი საზოგადოებები გაივლიან იგივე გზას, რაც ევროპულმა ხალხებმა გაიარეს.
ემპირიული გამოკვლევები ადასტურებენ, რომ დღეს არსებულ განვითარებად საზოგადოებებში არ ჩამოყალიბდა დასავლური ტიპის სახელმწიფოები. მესამე სამყაროში პოლიტიკური ძალაუფლება სოციალური სფეროს ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი მოდელის მიხედვით, სახელმწიფო არის დინამიკური ინსტიტუტი, რომელიც არსებობს სხვა სოციალურ ინსტიტუტების პარალელურად.12 განვითარებად ქვეყნებში ამგვარი პარალელიზმი კიდევ უფრო თვალში საცემია. სახელმწიფო აქ არ წარმოგვიდგება როგორც დანარჩენი საზოგადოებისაგან ავტონომიური ერთეული. უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ლეგიტიმაციისა და იდენტიფიკაციის ზემოთ დასახელებულ უმთავრეს ფუნქციებს ამგვარ საზოგადოებებში არა მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს, არამედ სხვა არაფორმალური ინსტიტუტებიც. მაგალითად შეიძლება დასახელდეს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ტიპის პიროვნული კავშირები.13 შედეგად სახეზე გვაქვს ფორმალური (სახელმწიფოს) და არაფორმალური ინსტიტუტების არა მხოლოდ პარალელური არსებობა, არამედ ურთიერთდგადაჯაჭვა და აღრევა. ამგვარი აღრევის, ჰიბრიდიზაციის უმთავრესი ნიშნებია პიროვნულსა და საჯაროს, ფორმალურსა და არაფორმალურს, პოლიტიკასა და ეკონომიკას და ა.შ. შორის ზღვარის მოშლა.14
პოსტსაბჭოური სახელმწიფო როგორც პატრიმონიალური ბიუროკრატია
სახელმწიფოს შექმნა დასავლეთში საზოგადოების განვითარების, მოდერნიზაციის შედეგია. როგორც ჩანს, სოციალური მოდერნიზაცია განვითარებად საზოგადოებებში არაა ისე შორის წასული, როგორც ეს დასავლურ საზოგადოებებშია. იმავდროულად, საგარეო ფაქტორების გავლენით, განვითარებად ქვეყნებში ადგილი აქვს სახელმწიფოს დასავლური მოდელის გადმოტანას, რაც უმთავრესად ფორმალური ინსტიტუტების - კონსტიტუციის, ძალაუფლების სამშტოიანი დაყოფის, მართვის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების - დანერგვაში გამოიხატება. პარალელურად, თუ ღრმად ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ საზოგადოებრივი ინტერაქციები იმართება არა ამ ფორმალური ინსტიტუტების, არამედ ტრადიციული ხერხებით, რომლის უმთავრესი მახასიათებელი არაფორმალობაა. ანუ ფორმალური ინსტიტუტები მხოლოდ ფასადის როლს ასრულებს.
ფორმალური ინსტიტუტები საზოგადოებრივ ურთიერთობათა მყარად განსაზღვრული, ჩამოყალიბებული და ხშირად კოდიფიცირებული ფორმებია. ფორმალურ ინსტიტუტებს განეკუთვნება კონსტიტუცია, კანონები, სახელმწიფო ინსტიტუტები და მათი საქმიანობის რეგლამენტირებული წესები. მათგან განსხვავებით არაფორმალური ინსტიტუტები საზოგადოებრივ ურთიერთობათა სპონტანური შედეგია. არფორმალიზმი გარკვეულწილად ფორმალიზებულია, უფრო სწორად ჰაბიტუალიზებულია ტრადიციებში.15 ზემოდასახელებულ ფორმალურ ინსტიტუტებთან მიმართებით არაფორმალიზმის გამოვლინება ხდება იმაში, თუ როგორ იცავენ კონსტიტუციას, კანონებს, ენდობიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და მიმართავენ მათ გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად. დავასახელოთ ერთი მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოგპარეს ავტომანქანა. თუ თქვენ სასწრაფოდ პოლიციას მიმართავთ და მის მიმართ ნდობაც გაქვთ, ე.ი. პრობლემის მოგვარების ფორმალურ გზას ირჩევთ, ხოლო თუ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ე. წ. ქურდულ სამყაროს მიიჩნევთ უფრო ეფექტურად, მაშინ თქვენ არაფორმალურ ინსტიტუტებს ემხრობით. უნდა ითქვას, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ფორმალური ინსტიტუტი - პოლიცია, რომელსაც თქვენ მიმართეთ, თავის მხრივ ქურდულ სამყაროსთან მჭიდრო კავშირშია ან მსგავსი მეთოდებით მოქმედებს, ანუ ჩვენ საქმე გვაქვს არაფორმალური და ფორმალური ინსტიტუტების აღრევასთან, ჰიბრიდიზაციასთან.
ასეთი სახის სახელმწიფოები არსებითად განსხვავდება დასავლური ტიპის სახელმწიფოსაგან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებებში არ არსებობს პოლიტიკური მართვის ინსტიტუტები. ამდენად, მცდარია შეხედულება, რომ ამგვარი ქვეყნების შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს არშემდგარ სახელმწიფოსთან. რამდენიმე ავტორი აღნიშნავს, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნების შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს არა სახელმწიფოს რღვევასთან, არამედ ,,სახელმწიფოს დასავლური მოდელის” არშედგომასთან.16 ამ ქვეყნებში იქმნება სახელმწიფოს ახალი ტიპი, რომლის მთავარი ნიშანია ფორმალურისა და არაფორმალურის, საჯაროსა და კერძოს აღრევა, ჰიბრიდიზაცია. ვებერზე დაყრდნობით, ამგვარ სახელმწიფოს ჩვენ ბიუროკრატიულ-პატრიმონიალურს ვუწოდებთ. პატრიმონიალიზმი უპირველეს ყოვლისა მმართველობაში არაფორმალური, პირად კონტაქტებზე დამყარებული ურთიერთობების უპირატესობაში გამოიხატება. ასეთი მმართველობა იყო გაბატონებული ფეოდალურ ხანაში. თანამედროვე, დასავლური ტიპის დემოკრატიისათვის კი დამახასიათებელია რაციონალურ-ბიუროკრატიული სახელმწიფო, რაც საზოგადოების და, მასთან ერთად, მმართველობის მოდერნიზაციის შედეგია. ასეთი ტიპის მმართველობაში არაფორმალური კავშირები თუმცა კი შემორჩენილია, მაგრამ იგი მხოლოდ ავსებს ფორმალურ ინსტიტუტებს და არ უთხრის მას ძირს. საჯარო და კერძო სფეროები მკვეთრად გამიჯნულია ერთმანეთისაგან, ისევე როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა.17
პატრიმონიალიზმის თემა აქტუალური გახდა აფრიკული სახელმწიფოების კვლევაში, სადაც განსაკუთრებულ ფაქტორად გამოიხატა ტრაიბალიზმის თემა და მისი თავსებადობა თანამედროვე ტიპის სახელმწიფო ინსტიტუტებთან. აფრიკაში კოლონიალიზმის დროს და განსაკუთრებით მის დასრულებასთან ერთად დაიწყო დასავლური სახის ფორმალური ინსტიტუტების დანერგვა, თუმცა ამის ნოყიერი საზოგადოებრივი ნიადაგი იქ არ არსებობდა. ამან მმართველობის ტრადიციული და თანამედროვე ტიპების ჰიბრიდიზაცია გამოიწვია. ჰიბრიდიზაციის პროდუქტად მივიღეთ მმართველობის ტიპი, რომელსაც ,,ნეოპატრიმონიალიზმი” ეწოდა. ეს ცნება ასახავს პატრიმონიალიზმის ახალ გამოვლინებას, მის შერწყმას თანამედროვე ინსტიტუტებთან.18 ჩვენს შემთხვევაში ნეოპატრიმონიალიზმის ადგილზე გვინდა ვიხმაროთ ტერმინი ბიუროკრატიულ-პატრიმონიალური, რადგან, მიგვაჩნია, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში და, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებრივი მოდერნიზაცია და ბიუროკრატიული აპარატის დანერგვა ბევრად შორსაა წასული, ვიდრე რიგ აფრიკულ ქვეყნებში. პოსტსაბჭოური ნეოპატრიმონიალიზმი არის შედეგი საბჭოთა კავშირის ტოტალიტარიზმის პირობებში ჩამოყალიბებული მმართველობის ფორმისა, როცა ბიუროკრატიული აპარატის ტოტალურობის და მოუქნელობის პირობებში, პატრიმონიალური კავშირები იქცა ბიუროკრატიის შიგნით მმართველობის ეფექტურ საშუალებად.19 შესაბამისად, ამ ცნებით გვინდა გამოვხატოთ, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ბიუროკრატია საკმაოდაა განვითარებული, მაგრამ მკვეთრად გამოხატული პატრიმონიალური ნიშნები სწორედ ამ ბიუროკრატიის შიგნითაა ჩასახლებული. სახელმწიფოს ამგვარი მოდელის ფუნქციონირების ჩვენებას პოსტსაბჭოური საქართველოს, კერძოდ მისი უსაფრთხოების კომპლექსის ერთ-ერთი სეგმენტის, ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებისა და დაშლის მაგალითზე შევეცდებით. სამოქალაქო ომების ეპოქა ყოველთვის ნათლად გვიჩვენებს, თუ რა ლოგიკით არსებობენ ფორმალური თუ არაფორმალური ინსტიტუტები პოლიტიკური მმართველობის სფეროში.
ეროვნული გვარდიის განვითარება და შევარდნაძის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია 1991-1995 წლებში
საბჭოთა კავშირში გარდაქმნების დაწყებას საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა მოჰყვა. საქართველოში 1990 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლებას კომუნისტები ჩამოშორდნენ და გზა დაუთმეს ეროვნული მოძრაობიდან მოსულ ძალებს ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, რომელიც მალევე საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა. საქართველო ფორმალურად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის რიგებში რჩებოდა, როცა დაიწყო სამხედრო აღმშენებლობა. საქართველოს, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკებს, საკუთარი შეიარაღებული ძალები არ ჰყავდა. არ არსებობდა ეროვნული თავდაცვის სამინისტრო. 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გადაწყვიტა, შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეექმნა. მისი დანიშნულება შიდა, ნახევრადპოლიციური საკითხების მოგვარება იყო. კანონი ასევე ითვალისწინებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ფუნქციასაც.20 საქართველოს ეროვნული გვარდია თავიდანვე მიიჩნეოდა, როგორც სამხედრო აღმშენებლობის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი.21
საკანონმდებლო აქტები არაფერს ამბობდნენ ეროვნული გვარდიის კონტროლის მექანიზმებზე. ერთი მხრივ, გვარდია შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა, სადაც შესაბამისი სამმართველო უნდა შექმნილიყო მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით. მეორე მხრივ, მთავრობაში შეიქმნა თავდაცვის საკითხების კომისია, რომელიც სამხედრო აღმშენებლობის თემით იყო დაკავებული და ეროვნული გვარდიის მიმართაც გარკვეული პრეროგატივები ჰქონდა. ეროვნულ გვარდიას უშუალოდ მეთაურობდა გვარდიის სარდალი, რომელსაც ჯერ პარლამენტი ირჩევდა, ხოლო საპრეზიდენტო პოსტის შემოღების შემდეგ, პრეზიდენტი ნიშნავდა.
ამგვარად, გვარდიის სტრუქტურა და მისი სამოქალაქო კონტროლის საკითხი ფორმალურად ბოლომდე მოწესრიგებული არ იყო. ეს ხელს უწყობდა არაფორმალური კავშირების ისედაც ძლიერი გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებას გვარდიაში. არაფორმალიზმი მომდინარეობდა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში წარმოქმნილმა პარტიებმა (რომლებიც ასევე არაფორმალურ და პირად ლოიალობაზე დაფუძნებულნი იყვნენ) საკუთარი გასამხედროებული ჯგუფები შექმნეს. ეს ჯგუფები, როგორც წესი, მხოლოდ უშუალო პარტიულ ლიდერებს ემორჩილებოდნენ. გამსახურდიამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეროვნულ გვარდიის შექმნა და ამ ჯგუფების იქ თავმოყრა სცადა. გარკვეული ნაწილი ამ იდეას დაეთანხმა. ასე მაგალითად, სახალხო ფრონტის სამხედრო შენაერთი ,,იმედი” შევიდა ეროვნულ გვარდიაში, თუმცა მისი მებრძოლები კვლავაც საკუთარი, უშუალო სამხედრო და პარტიული მეთაურების მიმართ ლოიალურნი რჩებოდნენ. სამხედრო დაჯგუფებათა მეორე ნაწილი კი, გამსახურდიასთან (ხაზს ვუსვამ) პიროვნული უთანხმოების გამო, არ შევიდა გვარდიაში. ასეთი იყო ერთ-ერთი ძლიერი ფორმირება ,,მხედრიონი”, რომელშიც დისციპლინის უმთავრეს საფუძველს ლიდერის, ოდიოზური ფიგურის ჯაბა იოსელიანის მიმართ ერთგულება წარმოადგენდა. სხვათა შორის, თავად იოსელიანი დისციპლინის თემას ძირითადად ირონიით უყურებდა. გამსახურდიაც ასევე პიროვნული ლოიალობის ნიშნით ეძებდა თანამებრძოლებს. ეროვნული გვარდიის სარდლად დაინიშნა პროფესიით მხატვარი თენგიზ კიტოვანი, რომელიც გამსახურდიას სკოლის მეგობარი იყო.22 ამასთან, ამბობენ, რომ კიტოვანის ღირსებებად ითვლებოდა მისი პირადი კავშირები რუს სამხედროებთან და ქურდულ სამყაროსთან, რაც გვარდიისათვის იარაღის შოვნის ,,კარგ” საფუძველს ქმნიდა.
გვარდიის ოფიცრობა შედგებოდა საბჭოთა კავშირის არმიიდან წამოსული ეთნიკური ქართველი ოფიცრებისა და გვარდიაში გაერთიანებული სხვადასხვა დაჯგუფებების ლიდერებისაგან, რომელთაც ხშირად საეჭვო წარსული ჰქონდათ. ვერ მოხერხდა ამ დაჯგუფებების ეროვნულ გვარდიაში სრული ინტეგრაცია. თავად კიტოვანი აღნიშნავდა, რომ გვარდიას დიდ საფრთხეს უქმნიდა რეგიონალიზმი,23 ანუ, როცა გაწვეული ჯარისკაცები საკუთარი სახლის ახლოს მსახურობდნენ. ასეთ დროს იქმნებოდა რეგიონალიზმზე დამყარებული ლოიალობა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთ რეგიონში დისლოცირებული ნაწილის მებრძოლები მათი ადგილობრივი ლიდერის მიმართ ლოიალურნი ხდებოდნენ. ასე მაგალითად, ლოთი ქობალიას ზუგდიდის ბატალიონი რეგიონული ნიშნით იყო დაკომპლექტებული და 1991-1994 წლების სამოქალაქო დაპირისპირების დროს დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სამეგრელო ზვიადიზმის საყრდენად იქცა.
კიტოვანმა თავადაც შეძლო ეროვნული გვარდიის ოფიცრობაში, მეტნაკლები გამოკლებით, ლოიალური დასაყრდენის შექმნა. ეს ლოიალობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, როცა 1991 წლის სექტემბერში გვარდიიდან წვევამდელები სახლებში გაუშვეს და გვარდიაში მხოლოდ ოფიცრები დარჩნენ. 1991 წლის აგვისტო-სექტემბერში განვითარებულმა მოვლენებმა ეროვნული გვარდიის ორ ნაწილად გახლეჩა გამოიწვია: დიდმა ნაწილმა უარი თქვა დამორჩილებოდა პრეზიდენტის ბრძანებებს, გვერდით დაუდგა სარდალ კიტოვანს და გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციას დაიცავდა. კიტოვანის მხარეს აღმოჩდნენ ის ბატალიონები, რომელთა მეთაურებიც კიტოვანთან იყვნენ დაახლოებულნი. ასე მოიქცა ქარელის ბატალიონი, რომლის წევრებიც მეთაურის საახლობლოს წარმოადგენდნენ, ხოლო მეთაურს გარკვეული კავშირები ჰქონდა კიტოვანთან.24 გვარდიის ერთი ნაწილი პრეზიდენტის ერთგული დარჩა. ეს იყო ზუგდიდის ბატალიონი, რომელიც მის სარდალს, პოლკოვნიკ ქობალიას დაექვემდებარა.
ე. წ. დეკემბერ-იანვრის აღდგომის პუტჩის შემდეგ, გვარდიის გახლეჩა სამოქალაქო ომში გადაიზარდა. კიტოვანისადმი ერთგულ ნაწილებს გვერდით დაუდგა ასევე პიროვნულ ლოიალობაზე დამყარებული მხედრიონი. შედეგად, საქართველოს პირველი პრეზიდენტი დაემხო, თუმცა სამოქალაქო ომი ცვალებადი ინტენსივობით 1995 წლამდე გრძელდებოდა. ეროვნული გვარდიის ისტორია, მისი შექმნიდან გახლეჩამდე ადასტურებს, რომ სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციონალური სფერო - უსაფრთხოების სექტორი, ხასიათდებოდა პატრიმონიალიზმის ნიშნებით, კერძოდ, ფორმალური ხასიათის ურთიერთობებთან შედარებით პიროვნული ლოიალობის უპირატესობით. ეროვნული გვარდია არ იყო ერთიანი ორგანიზმი, მის შიგნით სხვადასხვა ბატალიონები ასევე პიროვნული ლოიალობის ნიშნით იქმნებოდა. როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს: ,,კლანური მიდგომა, რომელიც მხოლოდ ბატალიონების დონეზე არ ჩერდებოდა და სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში აღწევდა, თავისთავად აბრკოლებდა ოფიცერთა პროფესიული მორალისა და კორპორატიულობის განვითარებას”.25 აღსანიშნავია ასევე, რომ ბარიკადის ორივე მხარეს მყოფნი საკუთარ თავს კანონიერ ეროვნულ გვარდიას უწოდებდნენ, ანუ ცდილობდნენ ფორმალური ინსტიტუტების ჩარჩოებში დარჩენილიყვნენ.
შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ, თანდათანობით, მოხდა ეროვნული გვარდიის, მხედრიონისა და სხვა გასამხედროებული ფორმირებების გაუქმება-დაქვემდებარება. თუმცა, ეს პროცესი მოხდა არა უცილობლად სახელმწიფოს ფორმალური ინსტიტუტების გამყარების ხარჯზე, არამედ ე. წ. ,,შევარდნაძის სისტემის” შექმნით. შევარდნაძის სისტემა ჰიბრიდული ტიპის იყო: ამ სისტემასაც ახასიათებდა როგორც ბიუროკრატიული ასევე პატრიმონიალური ნიშნები. ერთი მხრივ, მიიღეს კონსტიტუცია, შეიქმნა სახელმწიფოს ინსტიტუტები, რამაც დასავლური სახელმწიფოებრიობის ფასადი შექმნა, ხოლო, მეორე მხრივ, ამ სისტემის სტაბილურობის ღერძს შეადგენდა პერსონიფიცირებული, არაფორმალური ურთიერთობები, რაც კორუფციის სხვადასხვა ფორმებსა და პარტონაჟის ქსელებში გამოიხატებოდა. თანამედროვე სახელმწიფოს ფასადი, უპირველეს ყოვლისა, მოწოდებული იყო, რათა საერთაშორისო არენაზე არსებული ვითარებისათვის გაეწია ანგარიში. იმავდროულად, ეს სისტემა ეყრდნობოდა პატრიმონიალურ საფუძვლებს, სადაც პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა არაფორმალური, უაღრესად პერსონიფიცირებული გზით ხდებოდა.26 როგორც ჯოუნსი აღნიშნავს, ,,შევარდნაძის მიერ ძალაუფლების პერსონიფიცირება გამოხატავდა სახელმწიფო ინსტიტუტების კოლაფსს”.27 ამგვარ პირობებში უცვლელი დარჩა უსაფრთხოების სექტორის სტაბილურობის ძირითადი პრინციპებიც. როგორც დარჩიაშვილი აღნიშნვდა: „დღემდე არსებული სისტემა იმდენადაა პერსონიფიცირებული ინსტიტუციონალიზმის საზიანოდ, რომ ძნელი სათქმელია, როგორ იმუშავებს, საით წავა იგი სხვა პიროვნებათა ხელში.“28 ლოგიკურია, რომ ამგვარი სისტემა დიდი ხნით ვერ იქნება სტაბილური, თუმცა, მისი ტრანსფორმაცია არაა აუცილებელი ფორმალური ინსტიტუტების გაძლიერების გზით წავიდეს.
საქართველო: ,,ვარდების რევოლუცია” - ცვლილება თუ ჩანაცვლება?
ეს თავი ერთგვარად შემაჯამებელ ფუნქციას ასრულებს. თუმცა, ამ შემთხვევაში დასკვნებზე მეტად სამომავლო პერსპექტივებს შევეხებით. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ბიუროკრატიულ-პატრიმონიალური სახელმწიფო არცთუ ისე სტაბილურია. მასში იმთავითვე ჩადებულია არასტაბილურობის მუხტი, რადგან ემყარება არა ფორმალიზებულ ინსტუტუტებს, არამედ ამ ინსტიტუტებს შიგნით განლაგებულ არაფორმალურ ქსელებს. რღვევის ალბათობა მით უფრო დიდია, როცა სახელმწიფო-ბიუროკრატიული რესურსების ამოწურვის პარალელურად, იზრდება ქსელში მონაწილეთა უკმაყოფილება, იქმნება ცალკეული ავტონომიური ლოიალური დაჯგუფებები. აფრიკის განვითარებად ქვეყნებში ამგვარი საფრთხის პრევენციას ლიდერები, როგორც წესი, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებით, მუდმივი ურთიერთბალანსითა და კადრების სწრაფი გადაადგილებით ცდილობენ.29 ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა საქართველოშიც, როცა სამხედრო აღმშენებლობა პრინციპში განზრახ ფერხდებოდა, როცა უსაფრთხოების სექტორში იქმნებოდა დამატებითი სტრუქტურები და როცა განზრახ ხდებოდა ძალოვან სტრუქტურებში კორუფციის წახალისება. აღმოჩნდა, რომ კრიზისის პირობებში, ისევე როგორც 90-იანი წლების დასაწყისში, ხელისუფლების ლოიალური ძალები ფაქტობრივად ისევ პერსონალური ლოიალობის ნიშნით მოქმედებდნენ. ამასვე დაემატა ისეთი საგარეო თუ საშინაო ფაქტორები, როგორიცაა მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებრიობის ზეწოლა და სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახების გაჩენა. შეცვლილ პირობებში, პატრიმონიალური ბიუროკრატია უსუსური აღმოჩნდა და შევარდნაძემ ვერ შეძლო საკუთარი სისტემის გამყარება. საქართველოში ,,ძალაუფლების დაბრუნება” არ მოხერხდა.30
იქნება თუ არა ,,ვარდების რევოლუცია” რეალური წყალგამყოფი ამ მხრივ? პარლამენტის წინ, მიმდინარე აქციის მხარდასაჭერად, ერთ-ერთი რაიონის პოლიციელები მოვიდნენ, რომლებიც არა იმდენად დემოკრატიულ იდეალებს უჭერდნენ მხარს, რამდენადაც პოლიციელთა რიგებში ავტორიტეტულ პიროვნებას, რომელიც წარმოშობით მათი რაიონიდანაა, ხელისუფლებისგან კარგა ხნის შერისხულია და, ამიტომაც, მხარს ოპოზიციას უჭერს. იგივე აფრიკული სახელმწიფოების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რევოლუცია, თუნდაც უსისხლო და თუნდაც ყველაზე სასტიკი დიქტატორის დამხობის შემთხევაშიც კი, ჯერ კიდევ წარმატების სრული გარანტია არაა. მმართველობის ძველი სტრუქტურები და ტრადიციები უკვალოდ არ ქრება. არაფორმალური კავშირები, ცხადია, ახალ რეჟიმსაც გადმოჰყვება თან.
რა მიმართულებით განვითარდება ბიუროკრატიულ-პატრიმონიალური სახელმწიფო საქართველოში? ამის ინდიკატორად ჯერჯერობით პირველი საკადრო ცვლილებები და განცხადებები გამოდგება. ეს კი როგორც იმედის, ასევე იმედგაცრუების საფუძველს იძლევა. გენერალურ პროკურატურაში რევოლუციის მესამე დღეს, მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის ახლო ნათესავი. ასევე დაწინაურდნენ სხვა ლიდერების ,,ახლობლები”.31 ეს, და შესაძლო სხვა დანიშვნები, რომლებიც უთუოდ მრავლად იქნება სახელმწიფო აპარატში და განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორში, გვახსენებს შემთხევევებს, როცა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლა, როგორც წესი, მხოლოდ პერსონალიების მასშტაბურ ჩანაცვლებაზე აისახება.32
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციური გარდაქმნების დროს ამგვარი საკადრო ცვლილებები ლოგიკურია და იგი ძველ რეჟიმთან გამოთხოვების ნიშანია. იმედის საფუძველს იძლევა საქართველოს ახალ ხელისუფალთა განცხადებები. მათ არ მოიწონეს ახალი საკადრო გადაადგილებები და ზოგიერთი გადაწყვეტილება გაუქმდა კიდეც. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა პარლამენტში დამტკიცებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სისტემაში გაბატონებულია კლანური მმართველობა, კორუფცია და ა.შ. მან პირობა დადო, რომ შეებრძოლება პატრიმონიალიზმის ყველა გამოვლენას.33 აღსანიშნავია, რომ გიორგი ბარამიძე პირველი სამოქალაქო მინისტრია შსს-ში, რომელსაც აღნიშნულ სტრუქტურასთან კავშირი არ ჰქონია. ახალი სახეების გამოჩენა აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეებთან და მოსახლეობის არნახული აქტივობა საარჩევნო და არჩევნებისშემდგომ პერიოდში იძლევა იმედს, რომ ეს სოციალური კაპიტალი სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარებასა და მისდამი საზოგადოების ნდობის ზრდას მოხმარდება, რაც პატრიმონიალური კავშირების შერყევას უთუოდ გამოიწვევს.
იქნება თუ არა ეპოქალური წყალგამყოფი ,,ვარდების რევოლუცია”, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ამ სტატიის ლოგიკიდან გამომდინარე, საზოგადოების არასრული მოდერნიზაციის პირობებში, რაციონალურ-ბიუროკრატიული სახელმწიფოს აშენება საკმაოდ რთულია, შეუძლებელი თუ არა. შევარდნაძის რეჟიმის სტაბილურობა პატრიმონიალურ ბიუროკრატიაში იყო, მომავალი გვიჩვენებს, რას დაეყრდნობა ახალი რეჟიმი. ამ მხრივ, საქართველო, შესაძლოა, პოსტსაბჭოური სახელმწიფოების განვითარების ერთგვარ მოდელადაც კი იქცეს.
_____________________
1. წინამდებარე სტატია დაიწერა ჰამბურგის მშვიდობის კვლევისა და უსაფრთხოების პოლიტკის ინსტიტუტში მიმდინარე პროექტის ,,უსაფრთხოების სექტორის პრივატიზაცია პოსტსაბჭოურ პერიფერიულ ქვეყნებში” მიმდინარე კვლევების საფუძველზე.
2. ზოგიერთი მეცნიერი ახალი, მეოთხე ტალღის გამოყოფას ემხრობა, იხ. Michael McFaul, The Fourth Wave of Democracy and Dictatorship, in: World Politics, Vol. 54, January 2002, გვ. 212-244. mesame talRaze იხ. Samuel P. untington, The Third Wave: Democratization in the Late Twentieth Century, Oklahoma 1991
3. Claus Offe, Der Tunell am Ende des Lichts: Erkundigungen der politischen Transformation im Neuen Osten, Frankfurt a. M./New York 1994 განსაკუთრებით გვ. 57-79.
4. Ulrich Menzel, Globalisierung versus Fragmentierung, Frankfurt a. M 1998.
5. Michael Zürn, Regieren jenseits des Nationalstaates, Frankfurt a. M 1998.
6. Anna Grzymala-Busse/Pauline Jones Loung, The Ignored Transition: Post-Communist State Development, Harvard University, March 2002, გვ.1-3.
7. პოსტკოლონიური და პოსტტოტალიტარული ტრანსფორმაციების კვლევების შეჯერებას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ამგვარი სინთეზი, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული დატვირთვის მქონე კონცეფციების შემუშავების კუთხით.
8. Klaus Schlichte/Boris Wilke, Der Staat und eigene seiner Zeitgenossen, in: Zeitschrift für Internationale Beziehungen, 7. Jg, 2/2000, გვ. 359-384.
9. შდრ. Klaus Schubert, Das Politiklexikon, Bonn 1997, გვ. 274.
10. Zürn 1998.
11. Norbert Elias, Über den Prozeß der Zivilisation. Soziogenetische und psychogenetische Untersuchungen, Zweiter Band. Wandlungen der Gesellschaft. Entwurf zu einer Theorie der Zivilisation, Frankfurt a. M 1997; Charles Tilly (ed.), The Formation of National States in Western Europe, Princeton 1975.
12. Migdal 1988.
13. შდრ. Carl H. Landé, Introduction: The Dyadic Basis of Clientelism, in: Steffen W. Schmidt e. a. (ed.), Friends, Followers, and Factions. A Reader in Political Clientelism გვ. XIII-XXXIX.
14. Schlichte/Wilke 2000; Gero Erdmann, Neopatrimonialer Herrschaft - oder: Warum es in Afrika so viele Hybridregime gibt, in: Petra Bendel u.a. (Hrsg.), Demokratie und Staatlichkeit, Opladen 2003, გვ. 323-342.
15. Wolfgang Merkel/Auriel Croissant: Formale und Informale Institutionen in defekten Demokratien, in: Politische Vierteljahresschrift, Vol. 41, 1/2000, S. 3-31.
16. Barbara Christophe, Zwischen Fassaden der Anarchie und staatlicher Allmacht. Die Blockade von Entwicklungspotentionalien in der post-sowjetischen Peripherie des Transkaukasus, Manuskript 2002.
17. შდრ.Erdmann 2003, გვ. 329-334.
18. Klaus Schlichte, Krieg und Vergesellschaftung in Afrika. Ein Beitrag zur Theorie des Krieges, Münster 1996; Schlichte/Wilke 2000; Erdmann 2003.
19. პატრიმონიალიზმზე საბჭოთა საქართველოში იხ. Charles H. Fairbanks, Jr., Clientelism and the Roots of Post-Soviet Disorder, in: Ronald G. Suny (ed.), Transcaucasia, Nationalism, and Social Change, Michigan 1983, გვ. 341-374.
20. საქართველოს რესპუბლიკის კანონი შინაგანი ჯარები-ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ, ,,საქართველოს რესპუბლიკა”, № 13, 21.12.90, გვ. 1.
21. საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების შესახებ იხ. დავით დარჩიაშვილი, პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ანალიზი, თბილისი 2000.
22. Stephen F. Jones, Adventurers or Commanders: Civil-Military Relations in Georgia, in: Constantine Danapoulos/Daniel Ziker (Hrsg.), Civil-Military Relations in the Soviet and Yugoslav Successor States, Westview Press 1996, გვ. 35-52, აქ გვ. 40.
23. ინტერვიუ თენგიზ კიტოვანთaნ, ,,დრონი”, № 22 (39), 14.06.91, გვ. 5.
24. დარჩიაშვილი 2000, გვ. 227.
25. იქვე.
26. შდრ. გიგი თევზაძე, საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები, თბილისი 1999; საქართველო: ძaლaუფლების დაბრუნება, თბილისი 2003.
27. Jones 1996, გვ. 46.
28. დარჩიაშვილი 2000, გვ. 326.
29. Migdal 1988.
30. თევზაძე 2003.
31. ტელეკომპანია რუსთავი 2, კურიერი ცხრა საათზე, 26.11.03
32. ალბანეთში, 1997 წელს ხელისუფლებაში სოციალისტების მოსვლის შემდეგ, თითქმის მთლიანად გამოიცვალა უშიშროების სისტემის თანამშრომლები, პოლიციის პირადი შემადგენლობის 3/4 და ა.შ. Stephan Nesell, Aspekte der staatlichen Gewaltordnung in Albanien, DVPW ad hoc-Gruppe ,,Ordnung der Gewalt”, 25.09.03.
33. ტელეკომპანია რუსთავი 2, ღამის კურიერი, 27.11.03.
![]() |
2 საქართველოს შიდა ეკონომიკური საფრთხეები და მათი მართვის გზების ძიება |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
გიორგი ნატროშვილი
ეკონომისტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი
გასულ საუკუნეში ნათლად გამოიხატა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც თითოეული ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარებისათვის ამოსავალი წერტილი მდგრადი ეკონომიკის შექმნაა. ყოველი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტრატეგიის განსაზღვრა მიმართულია მდგრადი ეკონომიკის ფორმირებისაკენ, რაშიც უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება.
თანამედროვე პირობებში, სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამეურნეო ცხოვრების ინტერნაციონალიზაციასა და ინტეგრაციას, მრავალი ქვეყნისათვის, მათ შორის საქართველოსათვის, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ყოველი ქვეყნის წინაშე მეტნაკლები დონით არსებობს ეკონომიკაში დესტაბილიზაციის წარმოშობის საშიშროება, რის გამოც სახელმწოფოს უმთავრეს ფუნქციას ეკონომიკური საფრთხის წინასწარ განჭვრეტა და იმ შესაბამისი ზომების მიღება წარმოადგენს, რომელიც წინ აღუდგება საშიშროებას.
ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემა სხვადასხვანაირად აღიქმება ნორმალურად მოქმედ და კრიზისულ, ან გარდამავალ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ქვეყნებში. განსაკუთრებით მწვავედ დგას აღნიშნული პრობლემა საქართველოში, სადაც კრიზისიდან გამოსვლის პროცესში შეინიშნება შიდა და გარე ძალების მრავალმხრივ იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ფაქტები.
საქართველოს ვერ ასცდა ყველა გარდამავალი ეკონომიკის ძირითადი პრობლემები. დენაციონალიზაციის პროცესმა ვერ შექმნა ქვეყანაში მწარმოებლური შრომის განვითარების ეფექტიანი პირობები, რეალური პრივატიზაცია დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადდა, იგი იქცა სახელმწიფო ქონების ფართომასშტაბიან გადანაწილებად ნომენკლატურასა და დირექტორთა კორპუსის სასარგებლოდ. სუსტად არის განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნილებათა ადეკვატური სტრატეგიული აზროვნების ფორმები, აღმასრულებელ ფარგლებში ჯერ კიდევ სუსტად მიმდინარეობს მართვის პოლიტიკური და სამეურნეო ფუნქციების გამიჯვნის პროცესი, იქმნება მონოპოლიური სტრუქტურები, იზრდება არაჯანსაღ ეკონომიკურ ინტერესთა რეალიზაციისათვის პოლიტიკური ხელშეწყობა.
სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი დეფიციტი ქვეყნის უშიშროებას უდიდეს საფრთხეს უქმნის. საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ საერთაშორისო ტექნიკური დახმარების რესურსთა ხარჯზე ივსება, რაც აძლიერებს მათ პოლიტიკურ გავლენას ქვეყანაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების შინაგანი სტანდარტული წყაროების ათვისება არაეფექტურად ხდება, შესაბამისი ადმინისტრაციული სამსახურები სუსტია და ბოლომდე ჩამოუყალიბებელი. არსებული საგადასახადო სისტემა არასრულყოფილია, რასაც მწარმოებლები ხშირად ჩრდილოვანი ფორმებით მოქმედების აუცილებლობის გასამართლებელ არგუმენტად იყენებენ. არსებული ფინანსური სისტემის არასრულყოფილებას ზოგიერთი სამინისტრო იყენებს საკუთარი დამატებითი თვითდაფინანსების ფონდების შესაქმნელად ხაზინის ავლით, რაც უწყებრივი თვითნებობის საფუძველი ხდება. უდავოდ უარყოფითი მხარე გააჩნია საქართველოს ბიუჯეტის შესრულების სტატისტიკურ მონაცემებს, რის მიხედვითაც 2002 წლის იანვრის თვემდე არცერთი თვის ბიუჯეტი 100%-ით არ შესრულებულა.
საქართველოს ეკონომიკური სისტემის გაჯანსაღება არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი პირობა. ქვეყანაში მწარმოებლური შრომის ინტენსიური განვითარება, პირველ ყოვლისა, მოითხოვს ქვეყნის ეკონომიკის მართვის სისტემის გაძლიერებას, რომელსაც ექმნება მაკროეკონომიკური პირობებისა და მიკროეკონომიკურ აქტივობათა ინტენსიფიცირების მოთხოვნილებათა მოქნილი და ეფექტური ჰარმონიზაციის უნარი. ეს სისტემა შეძლებს რაციონალურად გადალახოს გარდამავალ პერიოდში ის წინააღმდეგობები, რომლებიც იქმნება ეკონომიკის ახლო და შორეული მიზნების ბუნებრივი დაპირისპირებით. ეს სისტემა შეძლებს მოქნილი სახელმწიფო რეგულირების ფორმით კომპენსირება გაუწიოს ბაზრის ყველა ტიპის შეცდომას. იგი სტიმულს მისცემს ადგილობრივ მწარმოებელს და შექმნის საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს მიმართულებათა სწრაფი განვითარების პირობებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომიკური უსაფრთხოების ამოცანას წარმოადგენს მოსალოდნელი ეკონომიკური საფრთხის გამოვლენა და მისი აღმოფხვრისათვის ადეკვატური ზომების მიღება. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა დგება შიდა და გარე მადესტაბილიზებელი ფაქტორების არსებობის წინაშე. ამიტომ, ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის ფორმირებისას განხილულ უნდა იქნას როგორც შიდა, ისე გარე ეკონომიკური ფაქტორები, მოხდეს მათ მიერ მოსალოდნელი საფრთხის მონიტორინგი, დადგინდეს შესაბამისი ინდიკატორები და შემუშავდეს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ წონასწორობას.
ქვემოთ მოცემულია საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების წინაშე მდგარი შიდა ფაქტორები:
მონოპოლიური სტრუქტურები. მონოპოლიური სტრუქტურების არსებობა და მათი რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამომწვევი ერთ-ერთი შიდა ფაქტორია. მონოპოლიების არსებობა ზღუდავს კონკურენციას და ხელს უშლის საბაზრო მექანიზმების სრულფასოვან მოქმედებას. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, მონოპოლიების ძლიერ პოლიტიკურ გავლენასაც იძენენ ქვეყანაში და ცდილობენ მათთვის სასარგებლო (მთლიანად ქვეყნისათვის კი, საზიანო) პოლიტიკური გადაწყვეტილება მიაღებინონ ხელისუფლებას.
ძირითადი ინდიკატორები, რომლებითაც შეიძლება შეფასდეს ბაზარზე კომპანიების მონოპოლიური ძალაუფლება, შემდეგია:
- ლერნერის ინდექსი. აჩვენებს, თუ რამდენად მეტ მოგებას იღებს კონკრეტული მონოპოლიური საწარმო იმასთან შედარებით, რასაც ის სამართლიანი კონკურენციის პირობებში მიიღებდა. ამ ინდექსით შეიძლება კონკრეტული მონოპოლიის მიერ ,,ბაზრის დამახინჯების” დონის შეფასება;
- ხირშმან-ხერფინდერის ინდექსი. იგი ცალკეული დარგის კონცენტრაციის ხარისხს აჩვენებს. ამ ინდექსის მიხედვით მიიღება ანტიმონოპოლიური გადაწყვეტილებები ხელისუფლების მიერ (დარგის საწარმოების მცირე საწარმოებად დაშლა, სხვადასხვა საწარმოების შეერთების აკრძალვა და სხვა).
- კროსს-ელასტიურობის მაჩვენებელი. იგი აჩვენებს ახლო სუბსტიტუტების არსებობას.
არსებობს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს მონოპოლიების პოტენციური ხიფათების აცილების მიზნით. ესენია:
1. ინსტიტუციონალური და სამართლებრივი (ანტიმონოპოლიური კომიტეტის შექმნა, მონოპოლიების რეგულირების კანონმდებლობის შექმნა, მონოპოლიების ზოგიერთი მოქმედებების შეზღუდვა);
2. ეკონომიკური (ფასების რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან, მონოპოლიების სახელმწიფო სუბსიდირება სახელმწიფო მონოპოლიების შემთხვევებში, საგადასახადო სისტემის რეგულირება);
3. საგარეო ეკონომიკური (კვოტებითა და ტარიფებით მანიპულირება);
4. სოციალური ზომები (ფასთა დისკრიმინაციის შეზღუდვა, მომხმარებელთა დაცვა, გარემოს დაცვა).
ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის განხორციელებით სახელმწიფოს შეუძლია თავიდან აიცილოს მონოპოლიური მდგომარეობა ეკონომიკაში.
სადღეისოდ ანტიმონოპოლიური კომიტეტის მიერ საქართველოში დარეგისტრირებულია 20-მდე მონოპოლიური საწარმო, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი ბუნებრივ მონოპოლიებს წარმოადგენს.1 ძირითადად, მონოპოლიების არსებობის დარგებია: ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი (ნავსადგურები, აეროპორტები, მილსადენები, რკინიგზა), წყალმომარაგება.
ეკონომიკური განვითარების რეგიონული უთანაბრობა. საქართველოს ცალკეული რაიონები ძალზედ სპეციფიკური და მრავალფეროვანია. ეს მრავალფეროვნება გამოიხატება მათ ეროვნულ შემადგენლობაში, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების დონეში, ეკონომიკურ განვითარებაში და სხვა.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგიონულმა უთანაბრობამ შეიძლება გამოიწვიოს მიგრაციული პროცესების გაძლიერება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს რეგიონული განვითარების უთანაბრობას და დამატებით სოციალურ სირთულეებს ქმნის იმ რაიონებში, საითკენაც მიმართულია მიგრაციული პოცესები; ქვეყნის რაიონებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რაიონებისათვის (პოლიტიკური დაძაბულობა შეიძლება სეპარატიზმში გადაიზარდოს); ზღვისპირა რაიონების მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაცია (ზღვისპირა რაიონმა მეზობელ ქვეყანაში შეიძლება ნახოს გასაღების ძირითადი ბაზარი და რესურსების წყარო და ეკონომიკურად ,,მოსწყდეს” საქართველოს ტერიტორიას).
ეკონომიკური განვითარების რაიონული უთანაბრობის დასაფიქსირებლად გამოყენებული უნდა იქნას ცალკეული რაიონების განვითარების სოციალური და ეკონომიკური პარამეტრები და ამ პარამეტრების დინამიკა. ეს პარამეტრებია: ჯანდაცვისა და განათლების დონე, ეკოლოგიური მდგომარეობა, უმუშევრობა, ოჯახების საშუალო შემოსავალი.
სახელმწიფო პოლიტიკა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკის, როგორც ერთიანი სისტემის ფუნქციონირება. ეს გულისხმობს ერთიანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაიონებს შორის ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაციის ხელშეწყობას, ცალკეული რაიონების განვითარების ხელშეწყობას.
სახელმწიფო ფინანსების მდგრადობა. სახელმწიფო საფინანსო სისტემის სტაბილიზაცია წარმოადგენს ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. სახელმწიფოს სტრატეგიული როლი ეკონომიკის მართვაში წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის ზონის ისეთ საკითხებამდე შეზღუდვას, როგორიც არის თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი საქონლის მიწოდება, სოციალური დაცვა და ამასთან ერთად, საწარმოო სფეროს გადაცემა ძირითადად კერძო სექტორისათვის. რეფორმების პირველ წლებში ნათელი გახდა, რომ ძირითადი პრობლემები სწორედ სახელმწიფო საფინანსო სისტემაში იქმნება. საქართველოში უზარმაზარი ფისკალური დეფიციტის (რომელიც ძირითადად გამოწვეული იყო გადასახადების აკრეფის არაეფექტური სისტემით) გამო ხელისუფლება იძულებული იყო მკვეთრად შეემცირებინა საბიუჯეტო ხარჯები. განსაკუთრებით ეს შეეხო კაპიტალურ ხარჯებს და სოციალურ პროგრამებს. ასეთი პოლიტიკა კი გარკვეულ ხიფათებს შეიცავს. ხიფათებს შეიცავს აგრეთვე ბიუჯეტის დეფიციტის ფინანსირების პოლიტიკაც.
ძირითადი საშიშროებანი, რომლებიც ემუქრება საქართველოს ეკონომიკას შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
- საგადასახადო აკრეფის დაბალი დონე, რაც იწვევს ფისკალური პოლიტიკის შეზღუდვას, საბიუჯეტო დეფიციტის ზრდას, სამთავრობო ვალების ზრდას;
- ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების დაბალი დონე, რაც იწვევს აუცილებელი ინფრასტრუქტურის შენარჩუნების პრობლემას, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების შეფერხებას;
- სოციალური პროგრამების შეზღუდვა, რომელსაც არაეფექტიანი სისტემის პირობებში სერიოზული სოციალური პრობლემები შეიძლება მოჰყვეს;
- საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა, რაც იწვევს კორუფციის სტიმულირებას;
- ეროვნული ბანკის კრედიტები, რასაც მოსდევს ინფლაციის ზრდა;
- უცხოური კრედიტები, ზრდის საგარეო ვალს;
- არასაბაკნო ფინანსირება, ზრდის საპროცენტო განაკვეთს და ზღუდავს კერძო ინვესტიციებს, რამაც ქვეყნის განვითარება შეიძლება შეაფერხოს;
- რეზერვების შემცირება, რაც პრობლემას უქმნის სავალუტო კურსის შენარჩუნებას.
იმის შესაბამისად, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყნის საფინანსო სექტორი, გამოიყენება შემდეგი ინდიკატორები: დეფიციტისათვის ვალის შეფარდება ერთობლივ შიდა პროდუქტთან, შიდა ვალის წილი საერთო დავალიანებაში, შიდა ვალის გადაუხდელობა, საგადასახადო სისტემის ეფექტიანობის საზომი ელასტიურობა (ტანცის ინდექსები).
სახელმწიფო საფინანსო სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები: საფინანსო დისციპლინის დამკვიდრება, გადასახადების აკრეფის სისტემის სრულყოფა, საბიუჯეტო ხარჯების მოწესრიგება, სახელმწიფო ვალის მოწესრიგება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოღება, მდგრადი ფისკალური პოლიტიკის გატარება, საბიუჯეტო დეფიციტის უკონტროლო ზრდის თავიდან აცილება.
საბანკო და მონეტარული არასტაბილურობა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ სერიოზული შედეგები გამოიღო ინფლაციის დარეგულირებაში და საერთოდ ეკონომიკის სტაბილიზაციაში. ამავე დროს, მონეტარული პოლიტიკის ჩამოყალიბება და გატარება აწყდება ისეთ სირთულეებს, როგორიც არის მისი ინტრუმენტების შეზღუდულობა და საბანკო სექტორის სტრუქტურული სისუსტე. ეს ხელს უშლის საბანკო სექტორს განახორციელოს მონეტარული კონტროლი, შეასრულოს საფინანსო შუამავლის როლი და მოიზიდოს რესურსები გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ეს უარყოფითი ფაქტორები ძლიერდება იმით, რომ საქართველოში არ არის არასაბანკო საფინანსო შუამავლების სისტემა. ეს პროცესები კი, თავის მხრივ, საბანკო სექტორის არასტაბილურობას იწვევს, რასაც შემდგომ მოსდევს მთელი რიგი უარყოფითი მოვლენები (ინფლაციის ზრდა, საგარეო ვალის ზრდა, სავალუტო კურსის და მთლიანად საგარეო სექტორის დესტაბილიზაცია, ეკონომიკური ზრდის შეფერხება).
იმის შესაფასებლად, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყნის მონეტარული და საბანკო სისტემა, გამოიყენება შემდეგი ინდიკატორები:
- ინფლაციის მონიტორინგისათვის - ინდექსები CPI, PPI, PGDP; რეალური ხელფასის ინდექსი.
- საბანკო სისტემის ინდიკატორები;
- სავალუტო კურსის დინამიკა.
მონეტარული და საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის უნდა მოხდეს: ეროვნული ბანკის ოპერაციების სრულყოფა, კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის გაუმჯობესება, გადახდის სისტემის გაუმჯობესება და ბანკთაშორის ურთიერთობათა განვითარება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოღება, არასაბანკო ფინანსური შუამავლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, საგარეო ინვესტიციების ხელშეწყობა.
ეკონომიკის რეალური სექტორის ფუნქციონირება. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ქვეყანა წააწყდა ეკონომიკური რეფორმების პროცესში, იყო წარმოების მოცულობის კატასტროფული შემცირება, რომელმაც გამოიწვია ეკონომიკის საშინაო და საგარეო დისბალანსი. ამ პროცესის მთავარი გამომწვევი მიზეზი იყო საბაზრო ეკონომიკის მექანიზმების განუვითარებლობა, ტრადიციული სავაჭრო კავშირების დარღვევა, სავაჭრო და სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკადა რუსეთის მხრიდან და ენერგოკრიზისი.
წარმოების კრიზისის დასაძლევად ხელისუფლების მიერ გატარდა მთელი რიგი ზომები, რომლებმაც მოკლე პერიოდის მანძილზე (1996-97 წლებში) გარკვეული შედეგი გამოიღო. ამის მიუხედავად, აღნიშნულ სფეროში რჩება მრავალი გადაუჭრელი პრობლემა. ეკონომიკის რეალურ სფეროში ჯერ კიდევ ხდება საბაზრო სიგნალების დამახინჯება.
ზემოაღნიშნულმა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს ექსპორტის პოტენციალის შემცირება, იმპორტის ზრდა და იმ წარმოების მოცულობის შემცირება, რომლებიც იმპორტს კონკურენციას უწევენ, ამასთანავე, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის სავალუტო კურსზე უარყოფითი ზემოქმედება, გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივების შეზღუდვა.
ეკონომიკის რეალურ სექტორში საბაზრო მექანიზმების შესუსტება შემდეგი მექანიზმებით შეიძლება დაფიქსირდეს: რეალური ერთობლივი შიდა პროდუქტის დინამიკა, ინფლაცია და უმუშევრობა, იმპორტისა და ექსპორტის წილი სავაჭრო ბალანსში, ჩრდილოვანი ფასები, ინვესტიციების წილი მშპ-ში და წარმოების ენერგოტევადობა.
რეალურ სექტორში აუცილებელია ხელი შეეწყოს საბაზრო მექანიზმების განვითარებას ეს გულისხმობს ვაჭრობისა და ფასების შემდგომ ლიბერალიზაციას, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარებას, დიდი და საშუალო საწარმოების რესტრუქტურიზაციას და პრივატიზაციას, ინვესტიციების სტიმულირებას და სხვა.
ჩრდილოვანი ეკონომიკა. ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკა ეროვნული მეურნეობის ის ნაწილია, რომელიც მოქმედებს კანონის დარღვევით, ვერ აღირიცხება სახელმწიფო მართვის ორგანოების მიერ და არ იხდის სახელმწიფო გადასახადებს. სადღეისოდ, ძნელი სათქმელია, თუ რა წილი უკავია ჩრდილოვან ეკონომიკას ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში. თუმცა სხვადასხვა შეფასების საფუძველზე (კონტრაბანდა, გადასახადებისათვის თავის არიდება) შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს წილი მნიშვნელოვანია.
ჩრდილოვან ეკონომიკას უდიდესი დანაკარგები მოაქვს ქვეყნისათვის, რაც, პირველ რიგში, აისახება შემოსავლების მეტად უთანაბრო განაწილებაში. მისი არსებობა ასევე იწვევს ეკონომიკური არაეფექტურობის ზრდას, სახელმწიფო შემოსავლების შემცირებას გადასახადებისაგან თავის არიდების გამო, სახელმწიფო უწყებებში კორუფციის სტიმულირებას.
ჩრდილოვანი ეკონომიკის შეფასებისათვის მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკა არ გამოდგება, გამოყენებული უნდა იქნას არაპირდაპირი მეთოდებიც, ისეთები როგორიც არის: ამორჩევითი გამოკითხვა, ეკონომიკური ანალიზი და სხვა.
ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების პოლიტიკის გატარებისას თავდაპირველად ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს და გაიმიჯნოს ლეგალური და არალეგალური (მაგალითად ნარკოტიკები) ბიზნესის სფეროები. ამავე დროს უზრუნველყოფილი უნდა იყო ისეთი პირობები, როდესაც მეწარმისათვის უფრო მომგებიანი იქნება ფორმალურ ეკონომიკაში ყოფნა, ვიდრე ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლა.
სოციალური ფაქტორი. ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს - საზოგადოებაში იცვლება როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ ურთიერთობათა ფორმები. ქვეყნის მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ეს პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს. იზრდება საზოგადოების სოციალური დიფერენციაცია და შედეგად სოციალური დაძაბულობა, იზრდება უმუშევრობა, რაც იწვევს მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლების მკვეთრ შემცირებას. სახელმწიფოს ვალია სხვადასხვა საშუალებებით შეამციროს სოციალური დაძაბულობის ზრდა, რაც გარკვეულ ხიფათს უქმნის ქვეყნის განვითარებას.
სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით შემუშავებულია სიღარიბის დაძლევის პროგრამა, რომლის მიზანია სოციალური პრობლემების გადაჭრა. თუმცა არსებული სიტუაციის პირობებში სახელმწიფოს არ გააჩნია ღარიბი ფენების დახმარების ქმედითი მექანიზმები.
სოციალური პრობლემები (უმუშევრობის ზრდა, ოჯახების დაბალი შემოსავალები, სოციალური დიფერენციაციის ზრდა, ჯანდაცვის და განათლების სისტემის მოშლა) აფერხებს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას - იკარგება და აღარ განახლდება მუშახელის კვალიფიკაცია, ადგილობრივი ბაზრის დაბალი მოთხოვნა აფერხებს წარმოების განვითარებას, იზრდება სახელმწიფო ხარჯები მიმდინარე სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. ასევე, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესება იწვევს დანაშაულთა რიცხვის ზრდას, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სოციალური ინდიკატორები იყოფა ორ ჯგუფად: გრძელვადიან და მოკლევადიანად. გრძელვადიანი ინდიკატორები საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე გარკვეული დაგვიანებით რეაგირებენ: მოსახლეობის განათლების დონე, საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა. ხოლო მოკლევადიან მაჩვენებლებს მიეკუთვნება: უმუშევრობის დონე, ოჯახების საშუალო შემოსავალი, შემოსავლების განაწილების უთანაბრობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დარჩენილი ოჯახების რაოდენობა, ჯანდაცვის პარამეტრები, დანაშაულთა რაოდენობის ცვლის დინამიკა.2
ეკონომიკური რეფორმების პროცესის განხორციელება აუცილებლად მოითხოვს სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის გატარებას. ამ პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს შეადგენს:
- ქვეყნის ბიუჯეტიდან სოციალური ტრანსფერტების განხორციელება.
- კერძო ინიციატივის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს მოქალაქეებისადმი დახმარებას საკუთარი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
- დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, კადრების მომზადება-გადამზადებას და სხვა.
- ჯანდაცვის, განათლების და საპენსიო სისტემის რეორგანიზაცია, რომლის მიზანია მათი ეფექტურობის გაზრდა.
პოლიტიკური ფაქტორები. პოლიტიკურ ფაქტორებში იგულისხმება ინტერესთა ჯგუფის გავლენა სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკაზე - საკუთარი თავისათვის სხვადასხვა უპირატესობების მოპოვების მიზნით. სახელმწიფო მართვის დემოკრატიული ფორმებისათვის დამახასიათებელმა ამ თვისებამ შეიძლება ეფექტიანი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებას შეუქმნას პრობლემები.3
ძირითადი საშიშროება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პროცესს თან ახლავს, არის ეკონომიკური ეფექტურობის და ზოგადად კეთილდღეობის შემცირება. ამასთან, როგორც წესი, ეს პროცესები ხელისუფლებაში კორუფციის სტიმულირებას იწვევენ.
პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფების ლობირების უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე ვერ შეფასდება რაიმე სტანდარტული ინდიკატორთა სისტემით. ეს მოითხოვს ქვეყანაში დარგობრივი და რეგიონული ინტერესთა ჯგუფების მოქმედების კომპლექსურ ანალიზს. ამიტომ ამ პრობლემის აღმოფხვრა საჭიროებს წმინდა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ღონოსძიებების განხორციელებას.
ზემოთ აღნიშნული თითოეული ფაქტორი მწვავედ დგას დღეისათვის საქართველოს ეკონომიკის წინაშე. თუკი მოვახდენთ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების შიდა ფაქტორების ინდიკატორთა სისტემის მონიტორინგს, დავინახავთ, რომ უდიდეს ნეგატიურ გადახრებს აქვს ადგილი. ამ ნეგატიური გადახრების აღმოსაფხვრელად მხოლოდ ეკონომიკური სტრუქტურების კარგი მუშაობა არ არის საკმარისი. მათ გასანეიტრალებლად საჭიროა ერთიანი სისტემის შემუშავება, სადაც ჩართული იქნება ყველა სახელმწიფო რგოლი, რის შედეგადაც ადგილი ექნება ჰარმონიულ და შეთანხმებულ მუშაობას პრობლემის საბოლოოდ დაძლევის მიზნით.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
_____________________
1. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ინფორმაცია ,,საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“ 2002 წ.
3. ა. რონდელი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები 1999 წ.
![]() |
3 სავალუტო ბაზრის სტრუქტურა და ინსტრუმენტები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ქეთევან ცაგარელი
ეკონომისტი. ვ. მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკურ და რეგიონულ პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი
კაპიტალის საერთაშორისო მოძროაბამ და საფინანსო ბაზრების გლობალიზაციამ XX საუკუნის ბოლოს მსოფლიო საფინანსო სიტემაში უდიდესი ძვრები გამოიწვია. მსოფლიოს ერთიან საფინანსო სისტემაში გაერთიანებული სავალუტო ბაზარი შედგება მრავალი ნაციონალური სავალუტო ბაზრებისაგან. უნდა განვასხვავოთ შიდა სავალუტო ბაზრები საერთაშორისო ბაზრებისაგან, რომლებიც შედგებიან ისეთი სავალუტო-საფინანსო ცენტრებისაგან, როგორიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი, ფრანკფურტი, ტოკიო, სინგაპური და სხვა. განვიხილოთ საქართელოს შიდა სავალუტო ბაზარი, რომლის ფორმირებაშიც პრიორიტეტული როლი ენიჭება ეროვნულ ბანკს, რომელიც ფაქტობრივად ასრულებს ,,ბაზრის შემქმნელის” (market maker) ფუნქციას.
საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარი სხვა ფინანსურ აზრებთან შედარებით მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა, რაც განაპირობებს მის აქტიურობას. მას საფუძველი ჩაეყარა 1993 წელს თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ჩამოყალიბებასთან ერთად. განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია არასაბანკო ოპერატორების (მსხვილი კორპორაციების, საბროკერო და სადილერო ფირმების, სატრასტო კომპანიების, იპოთეკური ბანკების) მაღალი ხვედრითი წილი, საქართველოს სავალუტო ბაზარი წარმოადგენილია კომერციული ბანკებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების სიუხვით, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა სავალუტო ბაზარი ნაკლებად დივერსიფიცირებულია.
საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარი შედგება 4 სეგმენტისაგან. კერძოდ:
- შიდა საბანკო სავალუტო ბაზარი;
- ბირჟის გარეშე ბანკთაშორისი სავალუტო ანუ სადილინგო ბაზარი;
- თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა
- უცხოური ვალუტი გადამცვლელი საბანკო და არასაბანკო პუნქტები.
შიდა სავალუტო ბაზრის უდიდეს სეგმენტს საქართველოში წარმოადგენს შიდა საბანკო (in house) სავალუტო ბაზარი, რომელშიაც იგულისხმება გარიგებები კომერციულ ბანკებსა და მათ კლიენტებს შორის და ბევრად აღემატება საბირჟO და სადილინგო სეგმენტების ერთობლივ ხვედრით წილს. 1999 წელს მისმა ხვედრითმა წილმა შიდა სავალუტო ბაზრის ოფიციალური ბრუნვის მოცულობაში 81 პროცენტს გადააჭარბა. 2000 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 11,5 პროცენტით შემცირდა, მაგრამ მაინც ბევრად მაღალია საბირჟო და სადილინგო სეგმენტების ერთად აღებულ ხვედრით წილზე.1 ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი სერიოზულ ზეგავლენას ახდენს კლიენტურ ბაზარზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციების შედეგად კლიენტურ ბაზარს მიაწოდებს უცხოურ ვალუტას, რამაც განაპირობა ბაზრის სტაბილურობა და პროგნოზირებადობა.
საქართველოს შიდა სავალუტო ბაზრის ყველაზე მობილური სუბიექტის როლში გამოდიან კომერციული ბანკები, რომლებიც უმეტესწილად ახორციელებენ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს. მათ შორის გამოირჩევა ათამდე კომერციული ბანკი, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ,,ბაზრის შემქმნელები”, რადგანაც მათ ჯერ კიდევ არ ჰყავთ შესაბამისი კვალიფიკაციის დილერები და არ გააჩნიათ სათანადო ტექნიკა. ამავდროულად სავალუტო გარიგებათა მოცულობა მცირეა და არ შეესაბამება მსოფლიოში მიღებულ ,,ბაზრის შემქმნელების” გარიგებათა სტანდარტულ მოცულობას. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა ბანკებმა 2001 წლის პირველ ნახევარში სხვა ბანკებზე ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის გვერდის ავლით, სულ 8 მლნ. აშშ დოალრი გაყიდეს. მაშინ, როდესაც ბაზრის შემქმნელის ერთი გარიგების მინიმალური მოცულობა 3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.2
საქართველოს შიდა სავალუტო ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სეგმენტს ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი წარმოადგენს, რომელიც მოიცავს საბირჟო და დილინგურ ბაზრებს. პირველი მოიცავს თბილისის სავალუტო ბირჟაზე დადებულ გარიგებებს, ხოლო მეორე - არასაბირჟო ოპერაციებს, ანუ პირდაპირ განხორციელებულ სავალუტო ოპერაციებს. ბირჟა წარმოადგენს სავალუტო ოპერაციების განხორციელების ძირიტად სავაჭრო მოედანს, სადაც ეროვნული და კომერციული ბანკები ახპრციელებენ უნდაღდო ვალუტის შედარებით დიდი პარტიებით ვაჭრობას ღია ფიქსინგის წესით. 1999 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის და თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ინიციატივით ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში დამონტაჟდა არასაბირჟო ელექტრონული ვაჭრობის სისტემა, რომელშიც ჩართულია საქართველოს შიდასავალუტო ოპერატორი ოცამდე კომერციული ბანკი. აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა როგანიზებული სავაჭრო მოედნის მიღმა კონტრაგენტებმა პირდაპირ აწარმოონ გაცვლითი ოპერაციები თავისუფალი განცხადების გაკეთების მეშვეობით, ხოლო ეროვნულ ბანკს საშუალება ეძლევა პარალელურად თვალყური ადევნოს არასაბირჟო ბანკთაშორის ბაზარზე გაცვლითი კურსების დინამიკას. მხოლო ბირჟაზე არის შესაძლებელი ერთბაშად ვალუტის დიდი პარტიებით ვაჭრობა, რაც განპირობებულია ეროვნული ბანკის მონაწილეობით, რომელიც ეროვნული ვალუტის მიმართ ინტერვენციებს აწარმოებს. ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის სტრატეგიულ ამოცანად საბირჟო გარიგებების დადებისა და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად საიმედო, სამართლიანი და იაფი მექანიზმების შექმნა რჩება, რადგანაც სწორედ აღნიშნული ნიშანთვისებების განსაზღვრავს მის ეფექტიანობას როგორც ორგანიზებული ბაზრის მონაწილეთათვის, ისე მათი კლიენტებისათვის. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თბსბ-ზე დაფიქსირებული გარიგებების მოცულობა გარკვეული არასტაბილურობით ხასიათდება. ასე მაგალითად, თუ 2000 წელს გარიგებათა გარიგებათა მოცულობა შეადგენდა 149,3 მლნ. აშშ დოლარს, მომდევნო წლებში იგი შემცირდა და 100-104 მლნ. აშშ დოლარს არ აღემატება. კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება სებ-ის როლი თბსბ-ის ფუნქციონირებაში. 1999 წლის 7 დეკემბრიდან ეროვნულმა ბანკმა შეწყვიტა ინტერვენციები აშს დოლარის მიმართ, რის შედეგადაც 2000-2002 წლებში მის მიერ ბირჟაზე შესყიდულ იქნა შესაბამისად 71,4, 25,4 და 40,5 მლნ. აშშ დოლარი, რაც საერთაშორისო რეზერვების შესავსებად მიიმართა.3
საქართველოში ბანკთაშორის საბირჟო ბაზრის პარალელურად მოქმედებს სადილინგო ბაზარიც. მისი ხვედრითი წილი შიდა სავალუტო ბაზრის ოფიციალური ბრუნვის მოცულობაში 1999 წელს სულ რაღაც 4%-ს შეადგენდა, ხოლო მომდევნო წელს 2%-ით შემცირდა კიდეც.4 ბანკთაშორის ბაზართან შედარებით მას გარკვეული უპირატესობები გააჩნია, რომელთაგან აღსანიშნავია ტრანსაქციული ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა, ოპერაციების ნაკლები სტანდარტიზაცია, პირდაპირი ვაჭრობის განხორციელება მთელი დღის განმავლობაში, ვაჭრობის წარმოება როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.
სავალუტო ბაზრის ბანკნოტური სეგმენტი, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტებით, ნაკლებად ორგანიზებული და კონტროლირებადია. ამიტომაც, ის გარკვეულწილად ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სისტემის კოორდინატორის როლში გვევლინება. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მონაწილეობს ბირჟაზე გამართულ ვაჭრობაში და შეისყიდის ჭარბ უცხოურ ვალუტას, რათა, ერთი მხრივ, თავიდან აიცილოს ლარის არასასურველი გამყარება, ხოლო მეორე მხრივ, გაზარდოს სავალუტო რეზერვების საერთო მოცულობა.
სავალუტო ოპერაციებს შორის საქართველოში პრიორიტეტს საკასო გარიგებებს ანუ სპოტ ოპერაციებს ანიჭებენ, რომელიც გულისხმობს ანგარიშსწორების აგნხორციელებას მეორე ან ორისაბანკო დღის განმავლობაში. იშვიათად გამოიყენება ვადიანი ანუ ფორვარდული ოპერაციები და ვადიანი საბაჟო გარიგებები (ფიუჩერსები), რომლის დროსაც ანგარიშსწორება ხდება მომავალში. აღნიშნული ტიპის ოპერაციების შეზღუდულობა განპირობებულია იმით, რომ საქართველოს საბანკო სისტემა და აგრეთვე საიმპორტო-საექსპორტო საქმიანობის სუბიექტები ჯერ კიდევ არიან მზად ვადიანი სავალუტო გარიგებების წარმოებისათვის.
საფინანსო ინსტრუმენტების ფართო შესაძლებობების გამოყენება სპეკულაციურ და საჰეჯირო ოპერაციებში კიდევ უფრო ადასტურებს მათი მომხმარებლების ზრდას. როცა საქმე გვაქვს სესხების გაცემასთან და გამოყენებასთან არსებობს მუდმივი მოთხოვნა საპროცენტო განაკვეთების და სავალუტო კურსების მერყეობით გამოწვეული დანაკარგებისაგან თავის დაზღვევის აუცილებლობა. მსოფლიოს ბაზარზე მიმოქცევა რამოდენიმე ინსტრუმენტი, რომელთაც ევალებათ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა. პრაქტიკულად ბაზარზე გამოირჩევა სამი ასეთი ჯგუფი:
- ტრადიციული (ფორვარდები, ფიუჩერსები, ოფციონები);
- ჰიბრიდული ინსტრუმენტები (შეიცავენ ფორვარდების, ფიუჩერსების და ოფციონების ელემენტებს, რომლებიც გამოიყენება საპროცენტო განაკვეთების და სავალუტო კურსების მერყეობით გამოწვეული რისკების დაზღვევაში);
- საფინანსო ტექნოლოგიები (სვოპები და რეპო კონტრაქტები).
ფორარდული სავალუტო გარიგებების ხორციელდება ბირჟის გარეშე. მას იყენებენ როგორც ექსპორტიორები, ასევე იმპორტიორები. მაგალითად, თუ მოსალოდნელია იმ ვალუტის კურსის ზრდა, რომელშიც იმპორტიორი ახორციელებს გადახდებს კონტრაქტის მიხედივთ, მაშინ იმპორტიორისათვის უფრო ხელსაყრელია აღნიშნული ვალუტა იყიდოს ფორვარდული კურსით იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული კურსი რეალურ საბაზრო კურსზე უფრო მაღალი შეიძლება იყოს, მაგრამ ამით თავი დაიცვას მოცემული ვალუტის კურსის უფრო მნიშვნელოვანი ზრდისაგან კონტრაქტის მიხედვით გადახდების შესრულების მომენტისათვის. საბირჟო ბიულეტენებში ქვეყნდება კურსები სპოტ გარიგებებისათვის და აგრეთვე პრემიები და დისკონტები ფორვარდული გარიგებების კურსების დასადგენად. თუ ვალუტის კურსი ფორვარდული გარიგებების მიხედვით კოტირდება უფრო ძვირად, ვიდრე სპოტ გარიგებების დროს, მაშინ ის კოტირდება პრემიით. დისკონტი ნიშნავს საპირისპიროს, ვინაიდან კურსს, რომელშიც გათვალისწინებულია პრემია ან დისკონტი, აუტრაიტის კურსი ეწოდება.
პრემიის და დისკონტის განმსაზღვრელ მომენტს ფორვარდული კურსის დადგენისას მოკლევადიან დეპოზიტებზე საპროცენტო გააკვეთების სხვაობა წარმოადგენს, ხოლო პრემიის ან დისკონტის ოდენობა შეესაბამება ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების სხვაობას იმ ვადაზე, რომელიც ფორვარდული გარიგებების ვადას შეესაბამება.
ვალუტით ვაჭრობის ორგანიზაციის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა სავალუტო ფიუჩერსების რეალიზაციაა. იგი ხორციელდება სპეციალურ ბირჟებზე, რომლებსაც ფინანსური ფიუჩერსების ბაზრები ეწოდებათ. ფიუჩერსული კონტრაქტი წარმოადგენს საფინანსო ინსტრუმენტების სტანდარტული რაოდენობის ყიდვა-გაყიდვის ვალდებულებას გარკვეული თარიღისათვის მომავალში წინასწარ შეთანხმებული ფასით. გარიგების დადების დროს მყიდველსა და გამყიდველს შორის შუამავლის რანგში გამოდის საკლირინგო ორგანიზაცია. სავალუტო ფიუჩერსების ბაზარმა, როგორც მსოფლიოს სავალუტო ბაზრის ნაწილმა, თავისი განვითარება 1972 წლიდან დაიწყო, როდესაც პირველად დაიდო გარიგება საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე (IMM - International Monetary Market), რომელიც შეიქმნა ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე (Chicago Mercantile Exchnge - CME). მოგვიანებით შეიქმნა ჩიკაგოს ოფციონების ბირჟა (CBOE), რომელიც დღესაც ორგანიზაციული ოფციონების ბაზრის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.
არსებობს ფიუჩერსული კონტრაქტების ორი სახე:
1. სასაქონლო ფიუჩერსები, რომლებიც დაფუძნებულია საქონლის ყიდვა-გაყიდვაზე (სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მეტალურგია და ა.შ.) და ძირითადში მათი გამოყენება ხდება საგარე-სავაჭრო ურთიერთობების დროს;
2. საფინანსო ფიუჩერსები, რომელთა ბაზას გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტები წარმოადგენს (დეპოზიტები, ობლიგაციები, ვალუტა, ინდექსები და ა.შ.)
კონტრაქტების სტანდარტულობის გამო მათი პირობები არ არის დამოკიდებული მხარეების სურვილზე და ერთნაირია ვაჭრობის ყველა მონაწილისათვის. მხოლოდ ფასი წარმოადგენს მოლაპარაკების საგანს. კლიენტების დაშვება ფიუჩერსების ბაზარზე და ამ ოპერაციების გამოყენება პრაქტიკაში მნიშვნელოვნად გაიოლდა. ფაქტობრივად, ფიუჩერსი ფორვარდისაგან გარკვეული სტანდარტიზაციის გამო განსხვავდება. სავალუტო ფიუჩერსების და ფორვარდების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები შემდეგში მდგომარეობს:
- ფიუჩერსებით ვაჭრობა წარმოადგენს სტანდარტული კონტრაქტებით ვაჭრობას;
- ფიუჩერსისი აუცილებელ პირობას წარმოადგენს საგარანტიო დეპოზიტი;
- ანგარიშსწორება კონტრაგენტებს შორის ხორციელდება სავალუტო ბირჟის საკლირინგო პალატის მეშვეობით, რომელიც გარიგების დროს გარკვეული შუამავლისა და გარანტის როლში გამოდის;
- ფიუჩერსული გარიგების უპირატესობა ფორვარდულ კონტრაქტთან შედარებით მის მაღალ ლიკვიდურობასა და სავალუტო ბაზარზე მუდმივ კოტირებაში მდგომარეობს. ფიუჩერსების მეშვეობით ექსპორტიორებს თავიანთი ოპერაციების ჰეჯირების შესაძლებლობა ეძლევათ.
ფიუჩერსული კონტრაქტები კოტირდება, იყიდება და მიმოიქცევა ბირჟებზე, რომელთა შორისაც ყველაზე მსხვილი ჩიკაოგოს სავაჭრო ბირჟა და ლონდონის ფინანსური ფიუჩერსების საერთაშორისო ბირჟა გახლავთ. უშუალოდ ფიუჩერსებთან მუშაობენ ბროკერები, რომლებიც კლიენტების დავალებით და მათ ხარჯზე მოქმედებენ. ყველა ფიუჩერსული გარიგების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გარიგებაში რეალური პარტნიორის როლში გამოდის ანგარიშსწორების პალატა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ გარანტს კონტრაქტის შესრულების დროს. პალატას გააჩნია საწესდებო კაპიტალი, საწსდებო და საგარანტიო ფონდები. მის ფუნქციებში შედის აგრეთვე ყველა პოზიციის დახურვა, ფასთა სხვაობის დაფარვა ან მატერიალური ფასეულობების გადაცემა. ბროკერები, როგორც წესი არიან საანგარიშსწორებო პალატის წევრები. ბირჟის კომისიის მოთხოვნით ბროკერებმა ხელი უნდა მოაწერონ დოკუმენტს, რომელშიც კლიენტებმა ოპერაციის მიზანი უნდა მიუთითონ: ჰეჯირება ან სპეკულაცია. დოკუმენტში აგრეთვე უნდა აღინიშნოს ოპერაციის რისკის დონე და ამიტომ ბროკერებსაც, რომლების არიან საანგარიშსწორებო პალატის წევრები გააჩნიათ გარკვეული ვალდებულებები. ხოლო ბროკერები, რომლებიც არ არიან პალატის წევრები დაიშვებიან მასთან და მოქმედებენ პალატის წევრების მეშვეობით. საანგარიშსწორებო პალატა ამარტივებს ოპერაციებს და ხელს უწყობს ბაზრის რაციონალიზაციას. პალატა აგრეთვე არეგისტრირებს კონტრაქტების პირობებს და ამოწმებს მათ.
ზოგიერთ ბირჟაზე საანგარიშსწორებო პალატა გამოდის ბირჟის ქვედანაყოფის როლში, მაგალითად ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე და ოპციონების და ფიუჩერსების სავაჭრო ბირჟაზე. სხვა ბირჟებზე საანგარიშსწორებო პალატა გამოდის დამოუკიდებელი ერთეულის როლში. მაგრამ აღნიშნულ შემთხვევებშიც კი საანგარიშსწორებო პალატა ექვემდებარება ბირჟის დირექტიულ ორგანოებს, ხოლო ზოგ შემთხვევაში რეგულირდება კანონით, როგორც ეს ხდება საფრანგეთში, რადგანაც ბირჟაზე ოპერაციებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზეც ატარებენ. ბროკერებთან ერთად ბირჟაზე არბიტრაჟორებიც მუშაობენ, რომლებიც ცდილობენ ვალუტა მაქსიმალურად იაფად იყიდონ ერთ-ერთ საფინანსო ცენტრში და იმავდროულად იგი მეორე ბაზარზე მომგებიანად გაყიდონ. ამრიგად, არბიტრაჟორი ერთდროულად ორ ან მეტ ურთიერთკომპენსირებად გარიგებას აფორმებს. ფიუჩერსებით ვაჭრობის ერთ-ერთ პრინციპულ ელემენტს თავდაპირველი შენატანების სისტემა წარმოადგენს, რომელიც კონტრაქტის პირობების შესრულების გარანტიას იძლევა. საგარანტიო შენატანების დანიშნულებაა სპეკულაციური ტალღების შესაძლო აფეთქებების ნეიტრალიზაცია და ბირჟაზე კლიენტების საიმედოობის, გადახდისუნარიანობისა და ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. ჰეჯერებთან ერთად ბირჟაზე აქტიურად მოღვაწეობენ სავალუტო სპეკულიანტებიც. ტექნიკურად მათი და ჰეჯერების მოქმედებები ანალოგიურია, მაგრამ სპეკულიანტები ჰეჯერებისგან განსხვავებით არაფერს არ აზღვევენ. მსოფლიო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სრულყოფილი ფიუჩერსული ბაზარი არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სპეკულიანტებისგან, რადგან დროის ხანგრლივი პერიოდის განმავლობაში ოპერაციებიდან მიღებული საშუალო შემოსავალი უტოლდება ნულს და ბაზარი წყვეტს თავის არსებობას. ამიტომაც ბაზრის რეალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ჰეჯერები. აქაც არსებობს გარკვეული პრობლემა: კლიენტის ინტერესები, რომელთა დავალებითაც ისინიაწარმოებენ გარიგების ჰეჯირებას და ბროკერის ინტერესები უპიირსპირდება ერთმანეთს. ბროკერი დაინტერესებულია მინიმალურ ფასად ნაყიდი ფიუჩერსი გაყიდოს მაქსიმალურ ფასად და მიიღოს შემოსავალი. ჰეჯერი კი პირიქით, საბირჟო კურსის ზრდისას დაინტერესებულია შეინარჩუნოს იაფი ფიუჩერსი საანგარიშსწორებო დღემდე, რადგანაც ის გარანტიას იძლევა მისი შემოსავლების სტაბილურობაზე. მაშინ როდესაც, ჰეჯერი თვითონ გამოსდის ბაზარზე, მისი ქმედება არ არის მიმართული ვადიანი და სპოტ გარიგებებიდან შემოსავლების მიღებაზე, ხოლო სპეკულიანტები, რომელთაც გააჩნიათ დდიი თანხები, გარკვეულ გავლენას ახდენენ ბაზარზე და ,,თამაშის” შედეგად იწვევენ დამატებით სავალუტო რისკების წარმოაშობას. არსენბობს ჰეჯირების ორი ტიპი: მოკლე და გრძელი ჰეჯირება. მოკლე ჰეჯირება გულისხმობს მყიდველის დაზღვევას და წარმოადგენს გაყიდვას ვადაზე და ყიდვას სპოტზე ნაღდი ანგარიშსწორებით. ხოლო გრძელი ჰეჯირება კიგულისხმობს გამყიდველის დაზღვევას და წარმოადგენს ყიდვას ვადაზე და გაყიდვას სპოტზე მომავალში მიწოდებით.
მარჟის ქვეშ იგულისხმება გირაო, რომელიც შეაქვს ბაზრის მოანწილეს. გირაო შეიძლება წარმოადგენილი იყოს ფულადი ფორმით ან ფასიანი ქაღალდების სახით. ფასიანი ქაღალდების სახეები, რომლებიც მიიღება გირაოს ქვეშ, განისაზღვრება ბირჯის კომიტეტის (ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო) მიერ დამოუკიდებლად. როგორც წესი, ისინი წარმოადგენენ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს (სახაზინო ობლიგაციები და თამასუქები). გირაოს ღირებულება იცვლება, რაც გამოწვეულია ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ფასების მერყეობით. ამიტომაც, კონტრაქტის კურსის ცვლილების დროს, დანაკარგების შემთხვევაში კი თანხების ნაწილობრივი დაბრუნება (ჩათვლა). განასხვავებენ ორი ტიპის მარჟას: თავდაპირველ და ვარიაცულ მარჟას. თავდაპირველი მარჟა წარმოადგენს გირაოს, როემლიც შეაქვს მყიდველს და გამყიდველს გარიგების დადების დროს ბაზარზე პოზიციის გასახსნელად. ვარიაციული მარჟის ოდენობა განისაზღვრება ამა თუ იმ საფინანსო ინსტრუმენტის კურსის მერყეობის სიხშირით და დიაპაზონით. როგორც წესი, თავდაპირველი მარჟა წარმოადგენს მცირე პროცენტს კონტრაქტის თანხიდან (1-5%). რადგანაც ფიუჩერსული გარიგებები შეიძლება იყოსდროში გაწელილი, ნებისმიერი დაწყებული და დაუმთავრებელი გარიგება წარმოადგენს პოზიციას, რომელიც შეიძლება იყოს ,,მოკლე” ან ,,გრძელი”. ასეთი პროცედურა საშუალებას იძლევა თავი აარიდო ერთდროულ დანაკარგებს და ნიშნავს კონტრაქტის ყოველდღიურ დახურვას ან ყოველი კონტრაქტის ხელახალ გახსნას. ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით (ბირჟის წესების შესაბამისად) შეიძლება წინასწაარ განისაზღვროს კურსის დღიური მერყეობის საზღვრები აბსოლუტურ გამოსახულებაში ე. წ. ზედა და ქვედა ლიმიტები. რადგანაც ფასების ყოველი მოძრაობის შედეგად მარჟის დამატება და ნაწილობრივი დაბრუნება შეუძლებელია, იყენებენ ე. წ. ვარიაციულ მარჟას. ეს მარჟა გულისხმობს თავდაპირველი მარჟის მინიმალურ სიდიდეს ანუ იმ სიდიდეს, რომლის ქვემოთაც თავდაპირველი მარჟის სიდიდის მნიშვნელობა არ უნდა ჩამოვიდეს ღია პოზიციის მთელი ვადის განმავლობაში. თავდაპირველი მარჯა მერყეობს ვარიაციული მარჟის ფარგლებში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თავდაპირველი მარჟის მნიშვნელობა დაეცემა შემანარჩუნებელი მარჟის ქვემოთ მხარე, რომელსაც გააჩნია დანაკარგები იქნება ვალდებული შეიტანოს დამატებითი გირაო თავდაპირველი მარჟის აღსადგენად საწყის თანხამდე. თუ ფასები მერყეობს შემანარჩუნებელი მარჟის ფარგლებში ის მხარე, რომელიც აგებს, არ არის ვალდებული შეიტანოს თანხა აღნიშნული მარჟის ფარგლებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახსრები რჩება მის სამარჟO ანგარიშზე. ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოიწერება კონტრქაგენტის სასრგებლოდ თავდაპირველი მარჟის ხარჯზე. ამტომაც მოგებულ მხარეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია თავისი ანგარიშიდან მოხსნას ნამატი, რომელიც წარმოადგენს სხვაობას თავის ანგარიშსა და თავდაპირველ მარჟას შორის, ხოლო წაგებული მხარე კი კარგავს თანხებს თავისი ანგარიშIდან და არ არის ვალდებული ეძებოს დამატებითი სახსრები ბალანსის აღსადგენად, ვიდრე ფასის მოძრაობა არ გამოიწვევს შემანარჩუნებელი მარჟის დარღვევას. თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში შემანარჩუნებელი მარჯა შეადგენს თავდაპირველი მარჟის 75-80%-ს.
სპეკულაციური ოპერაციების შესაზღუდავად ბირჟა ასევე ადგენს პოზიციურ ლიმიტს და ამით, შესაბამისად, ზღუდავს კონტრაქტების რაოდენობას. საფინანსო ფიუჩერსების აბსოლუტური უმრავლესობა არ გლისხმობს აქტივების ფიზიკურ მიწოდებას და სრულდება ნაღდი ფულის მეშვეობით ანუ ბოლო სავაჭრო დღის შესასყიდ ასსა და ანგარისსწორების ფასს შორის სხვაობის გადახდით, ყოველი ფიუჩერსული კონტრაქტისათვის გათვალისწინებული შესრულების თვეები და ფიუჩერსებით ვაჭრობის განსაკუთრებული პირობები მათი შესრულების თვეში. სავაჭრო სესის დასრულებიასს კონტრაქტით ვაჭრობის ბოლო დღეს ბირჟის კლირინგული პალატა აყალიბებს მონწილეთა სიას, რომელთაც შესრულების დღისათვსი კონტრაქტზე გააჩნიათ ღია პოზიცია და აქვთ ვალდებულება მიაწოდონ შესაბამისი საფინანსო ინსტრუმენტები.
რისკების შემცირების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია სავალუტო კურსების მკვეთრ მერყეობასთან, სპეკულაციური ოპერაციებისა და საარბიტრაჟO გარიგების ჩატარებასთან, სავალუტო ფიუჩერსების გარდა 80-იანი წლებიდან ფართოდ გამოიყენება სავალუტო ოფციონები. პირველი სავალუტო ოფციონი დაიდო ფილადელფიის ბირჟაზე 1982 წელს. მარტო აშშ-ში 1997 წელს საბირჟო ოფციონების რიცხვმა მიაღწია 273 მლნ. კონტრაქტს, რაც 37^%-ზე მეტია 1996 წლის მაჩვენებელზე.5 სდავალუტო ოფციონები გამოიყენება ჰეჯირებისათვის, არსებულ სავალუტო თანხებზე კონტროლის გაწევის მიზნით, გაცვლითი კურსის პროგნზირებით. სავალუტო ოფციონი იძლევა უფლებას და არა ვალდებულებას ვალუტის გარკვეული რაოდენობის ყიდვა-გაყიდვაზე, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით (სტრიკე პრიცე), დროის გარკვეულ მონაკვეთში. სავალუტო ოფციონი წარმოადგენს სავალუტო ბაზარზე ჰეჯირების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება ოფციონსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტს შორის არის ის, რომ ოფციონი წარმოადგენს უფლებას და არა ვალდებულებას. ოფციონის მფლობელი არ იღებს თავის თავზე იგივე ვალდებულებებს, როგორც ფორვარდული და ფიუჩერსული გარიგებების დადებსი დროს. თუ ჩვეულებრივი ფორვარდული გარიგების დადების დროს ვალუტირება ხდება კონტრაქტის ვადის დასრულების დღეს, ოფციონის დროს იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დღეს ხელმოწერის თარიღსა და კონტრაქტის შესრულების თარიღებს შორის. გავიხილოთ ზოგიერთი ტერმინი, რომელიც გამოიყენება საოფციონო ბაზარზე.
გარიგება პრემიის წინასწარი გადახდით ოფციონის მფლობელს აძლევს უფლებას იყიდოს ვალუტის გარკვეული რაოდენობა შეთანხმებული გაცვლითი კურსით გარკვეული დროსი განმავლობაში. გარიგება დისკონტით ოფციონის მფლობელს აძლევს უფლებას გაყიდოს ვალუტის გარკვეული რაოდენობა შეთანხმებული კურსით გარკვეული დროის განმავლობაში. ოფციონის ფასს წარმოადგენს პრემია, რომელიც გამოისახება ან თანხის პროცენტის სახით ან თანხის ერთეულის პროცენტის სახით, როგორც წესი ის გადახდილი უნდა იყოს მთლიანად და დროულად. განასხვავებენ ორი ტიპის ოფციონს: ევროპულს და ამერიკულს. ევროპული ოფციონი შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ბოლო დღეს, ხოლო ამერიკული ოფციონი შეიძლება შესრულდეს გარიგების ვადის გასვლამდე ნებისმიერ დღეს. ცალლ ოფციონის მყიდველი იხდის პრემიას და ღებულობს უფლებას გარკვეული რაოდენობის ვალუტის ყიდვაზე ფიქსირებული კურსით. უის ვინც ყიდის ცალლ ოფციონს ღებულბოს პრემიას და ვალდებულია მიაწოდოს ვალუტა ცალლ ოფციონის მფლობელს მოთხოვნისამებტრ. პუტ ოფციონის მყიდველი იხდის პრემიას და ღებულობს უფლებას ვალუტის გაყიდვაზე ფიქსირებული ფასით. პუტ ოფციონის გამყიდველი ღებულობს პრემიას და ვალდებულია იყიდოს ვალუტა პუტ ოფციონის მფლობელის მოთხოვნისამებრ. სავალუტო ოფციონები შეიძლება იყოს როგორც საბირჟო, ასევე არასაბირჟო. საბირჟO ოფციონები სტანდარტული კონტრაქტებია დადგენილი დაფარვის თარიღით, გარიგების კურსებით, კონტრაქწყტის მოცულობის მითითებით იმისდა მიუხედავად, რომ ყველა ბირჟას აქვს თავისი საკუთარი მოთხოვნები კონტრაქტების მიმართ და გარიგების დადების თავისი საკუთარი წესები. არასაბირჟO კონტრაქტების პირობები კი გასხვავებულია ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის და წარმოადგენენ მოლაპარაკების საგანს.
ფიუჩერსული და ოფციონური ბირჟების სიმრავლე და მათი გავრცელების გზები მდგომარეობს მკაცრ კონკურენციაში. ამიტომ აღსანიშნავია შემდეგი მომენტები. ამჟამად ბირჟები სთავაზობენ ერთნაირ საფინანსო ინსტრუმენტებს, ხოლო ბაზრის ეფექტურობა, როგორც ცნობილია დამოკიდებულია მის ლიკვიდურობაზე. გადასარჩენად ბირჯები იძულებულნი არიან გააერთიანონ ძალები წარმოებული ინსტრუმენტების ბაზრის განვითარებისათვის. პარიზის, ფრანკფურტისა და ციურიხის ბირჯების ელექტრონული სისტემების გაერთიანება ამ მიმართულებით წარმოადგენდა პირველ წინგადადმულ ნაბიჯს. ამ ბირჟების გაერთიანება არ ნიშნავს მათი დამოუკიდებლობის დაკარგვას, არამედ მხოლოდ იმას, რომ ბირჟის წევრებს საშუალება ეძლევათ ციურიხის ბირჟიდან ოპერაციები აწარმოონ პარიზის და ფრანკფურიტს ბირჟებზე. ნალიტიკოსების აზრით დანარჩენი ფიუჩერსული და ოფციონური ბირჟების ელექტრონული სისტემების გაერთიანება ერთიან სისტემაში მოხდება თანდათანობით დროთა განმავლობაში. 1998 წელს გაფორმებული ლონდონისა და ფრანკფურტის ბირჟების სტრატეგიული ალიანსი გულისხმობს სუპერევროპული ბირჟების შექმნას.
სავალუტო ბაზრის ფუნქციონირების პრობლემის შესწავლას ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცევა. პრაქტიკა გვკარნახობს ამ ბაზრის ძირითადი მექანიზმებისა და კონიუნქტურის გააზრების აუცილებლობას, კადრების მომზადებას, რომლებიც მინიმალური დანაკარგებით შეძლებენ სავალუტო გარიგებების რეალიზაციას.
_______________________
1. საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერატიული მონაცემები
2. მერაბ კაკულია, სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში, თბილისი, 2001, გვ.33
3. მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი, საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი, №1 (49) 2003, გვ. 56
5. Д. М. Михайлов, Мировой финансовый рынок, Москва, 2000 стр.98
![]() |
4 ნავთობის მსოფლიო გეოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკური კვლევის ცენტრი
ნავთობის მსოფლიო ბაზრის მნიშვნელობა და განვითარების ისტორია
სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ შექმნა იმის წინაპირობა, რომ კაცობრიობას ეტაპობრივად გაეხსნა ბუნების მრავალი საიდუმლოებანი. არსებობს გარკვეული წარმოდგენა, თუ როგორი ქიმიური ნივთიერებისაგან შედგება მთვარის გრუნტი, რით განსხვავდება ერთმანეთისაგან მთვარის ,,ზღვები” და ,,კონტინენტები”, როგორია ვენერის ატმოსფერული შემადგენლობა, არსებობს თუ არა ცხოვრება მზის სისტემაში შემავალ პლანეტებზე. მიუხედავად უდიდესი წარმატებებისა, ჯერ კიდევ დიდი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებია ჩასატარებელი როგორც ჩვენს პლანეტაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. XXI საუკუნის დასაწყისშიც კი, ჩვენი მშობლიური დედამიწა ჯერ კიდევ მრავალ საიდუმლოს ინახავს, ერთ-ერთ ასეთ საიდუმლოს წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსი, როგორიცაა ნავთობი, რომელსაც ბევრი ,,შავ ოქროს” უწოდებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოქროსთან ნავთობის შედარება ამ უკანასკნელის ნამდვილ ღირებულებას ამცირებს, რადგან ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების გარეშე შეიძლება ცხოვრება, მრეწველობის პროცესში შესაძლებელია მათი სხვა ლითონით შეცვლა, ხოლო ნავთობპროდუქტის გარეშე ვერ იმოძრავებს ვერც ერთი ავტომობილი, ვერ იფუნქციონირებს მრავალი სამრეწველო საწარმო, ვერ იმუშავებს ვერც ერთი ძრავა და ა. შ.
კაცობრიობას რამდენიმე ათასი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ესწავლა ნავთობის შედარებით რაციონალური სამეურნეო გამოყენება და უეჭველია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებასთან ერთად მისი გამოყენების ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. მომავალში ნავთობი იქნება არა მარტო ენერგიის წყარო, არამედ აგრეთვე სხვა იშვიათი ელემენტების მისაღები ნედლეულიც.
ნავთობი, ეს არის ენერგიის შენადედი; მხოლოდ 1სმ3 ნავთობია საჭირო იმისათვის, რომ გავათბოთ 10ჩ-ით წყლით სავსე სათლი, ხოლო მის ასადუღებლად საკმარისია ნახევარი ჭიქა. ერთეულ მოცულობაში კონცენტრირებული ენერგიის მიხედვით ნავთობი, ბუნებრივ ნივთიერებებს შორის, პირველ ადგილზეა. ამ მხრივ ნავთობს კონკურენციას ვერ უწევენ რადიოაქტიური მადნებიც კი, ვინაიდან რადიოაქტიური ნივთიერებები მიწის წიაღში გაბნეულია, რომ მათი ერთი მილიგრამის მოსაპოვებლად რამდენიმე ტონა ქანის ამოღება და გადამუშავებაა საჭირო.
სხვა მნიშვნელოვან თვისებებთან ერთად ,,შავ ოქროს” კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება ახასიათებს. ეს გახლავთ მისი დედამიწის ზედაპირზე ამოსვლის უნარი სხვა ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე, ე.ი. მოსაპოვებლად საჭირო არ არის ადამიანების ყოფნა მიწის ქვეშ, ისე როგორც მაგალითად ქვანახშირის, საწვავი ფიქლებისა და რადიოაქტიური მადნების მოპოვებისას. ერთი ჭაბურღილიდან დღე-ღამის განმავლობაში ზედაპირზე ამოსული ნედლი ნავთობის რაოდენობამ შეიძლება 10-20 ათას ტონასაც კი მიაღწიოს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ნავთობის კიდევ ერთი, ადამიანისათვის სასარგებლო თვისება, მისი ,,კომპანიური” ხასიათი. ნავთობი დედამიწის წიაღში თითქმის არასოდეს არ გვხვდება ნახშირწყალბადოვანი საწვავი გაზის გარეშე. თუმცა საწვავი გაზი ნავთობის გარეშე ძალიან ხშირად და მნიშვნელოვანი რაოდენობით გვხვდება.
ნავთობის მსოფლიო ბაზრის განვითარების ისტორია
ნავთობის წარმოშობის შესახებ პირველი, არცთუ მთლიანად ცხადი წარმოდგენები ძველი რომაელი არქიტექტორის ვიტრევიუსის (ჩვ. წ.აღ-მდე I საუკუნე) ნაშრომებში გვხვდება.
თითქმის იმავე წლებში ნავთობის წარმოშობის შესახებ თავისი შეხედულება აქვს გამოთქმული ძველ ბერძენ გეოგრაფსა და ისტორიკოსს სტრაბონს (ჩვ. წ.აღ-მდე I საუკუნე), ხოლო 100 წლის შემდეგ პლუტარქეს. 950 წლებში იმავე თემაზე მსჯელობდა არაბი მეცნიერი იხვან-ეს-საფა, ხოლო კიდევ 300 წლის შემდეგ მეორე არაბი მკლევარი ელ-კაზვინი. 1546-1550 წლების ნაშრომში ნავთობის წარმოშობის შესახებ გადმოცემული აქვს გ. აგრიკოლას, 1697 წელს იტალიელ მეცნიერს პ. პაკონეს.
პირველი ნავთობის ჭაბურღილი 1883 წელს იქნა გათხრილი პენსილვანიის შტატში (აშშ). იმ პერიოდში მსოფლიოს სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში წამყვანი ადგილი შეშას ეკავა. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან პირველ ადგილზე ქვანახშირი გამოდის. ამავე პერიოდიდან მსოფლიო არენაზე ჩნდება ნავთობი. პირველ და მეორე მსოფლიო ომის წლებში, რომელმაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხალხს უბედურება და ნგრევა მოუტანა, განსაკუთრებით გამოიკვეთა ნავთობის, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნედლეულის როლი. მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს, მასში მონაწილეობდა 40 მლნ ავტომობილი და საწევარი, 150 ათასი ტანკი, 200 ათასი თვითმფრინავი. ამ ომში (1939-1945 წ წ.) აშშ-მ დახარჯა 146,1 მლნ. ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, დიდმა ბრიტანეთმა 93,5 მლნ. ტონა, გერმანიამ და იტალიამ მეორე მსოფლიო ომის წლებში დახარჯეს 52,7 მლნ. ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები.
ომის შემდგომ წლებში ნავთობზე მოთხოვნილება გაიზარდა იმის გამო, რომ ისინი ნედლეულის წყაროდ იქცნენ მრეწველობის ნავთობქიმიური დარგისათვის, რომლის გარეშეც ამჟამად ტექნიკური პროგრესი წარმოუდგენელია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1910 წლისათვის მსოფლიოს თბურ ენერგეტიკულ ბალანსში ნავთობზე მოდიოდა მხოლოდ 3%, ბუნებრივი საწვავი აირი კი საერთოდ არ გამოიყენებოდა. მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მდგომარეობა შეიცვალა. თბურ ბალანსში შემცირდა ქვანახშირის წილი (მანამდე 65%-ს შეადგენდა), დაიწყეს გაზის გამოყენებაც (3%). 1970 წელს მსოფლიოს თბურ ბალანსში ნავთობზე მოდიოდა უკვე 34%, ხოლო გაზზე 18%. 80-იანი წლების დასაწყისში ნავთობი და გაზი უზრუნველყოფდა მსოფლიოს ენერგეტიკული ბალანსის 75%, ხოლო ტრანსპორტისათვის საწვავის 100%.
აღსანიშნავია, რომ უკვე 1990 წლისათვის ნახშირწყალბადების წილი შემცირდა 58%-მდე, სინთეზური საწვავისა და ატომური ენერგიის წილის ზრდის ხარჯზე.
კიდევ უფრო მკვეთრი გადახრა ნავთობისა და გაზის მხარეს დამახასიათებელია მსოფლიოში ყველაზე განვითარებული მრეწველობის მქონე ქვეყნებისათვის. აშშ-ის ენერგობალანსში 70-იანი წლების დასაწყისისათვის ნავთობის წილი 43% შეადგენდა, ხოლო გაზისა კი 13%. 1990 წელს შესაბამისად 41% და 22%. კიდევ უფრო მეტი იყო ნავთობისა და გაზის წილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებში ნავთობის მოხმარება თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემები მეტყველებს, კვლავაც აღინიშნება ნავთობის მოხმარების ზრდის ტენდენცია. საშუალოდ 2%-ით იზრდება მოხმარება როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ისე იაპონიაში.
ნავთობისა და გაზის წილი მსოფლიოს ქვეყნების ენერგეტიკულ ბალანსში, ენერგიის სხვა წყაროებთან შედარებით, უფრო სწრაფად იზრდება. თუ ენერგიის სხვა სახეობაზე მოთხოვნილება საშუალოდ 5%-ით იზრდება წელიწადში, ნავთობისათვის იგი 7-8%-ს შეადგენს. მეცნიერთა აზრით, ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდა, მთელ მსოფლიოში მინიმუმ 2010 წლამდე გაგრძელდება. ეს აიხსნება ნავთობისა და გაზის მაღალი თბოუნარიანობით. 1 კგ ნავთობის სრული დაწვით გამოიყოფა დაახლოებით 11 ათასი კკალ სითბო, 1 მ3 გაზისაგან 9 ათასი კკალ, ხოლო 1 კგ ქვანახშირისაგან 7 ათასი კკალ.
ნავთობის მსოფლიო რესურსები, წარმოება და მოხმარება
ჩვენს პლანეტაზე ნავთობისა და გაზის შემცვლელი ტერიტორიის საერთო ფართობი დაახლოებით 75 მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. დედამიწაზე არსებული ნავთობის პოტენციური (ნავთობშემცველი ფიქლების ჩათვლით) რესურსები შეფასებულია 250-400 მლრდ ტონის ოდენობით, ხოლო ნავთობის დამტკიცებული მარაგი მსოფლიოში 1,02 ტრლნ. ბარელს (170 მლრდ ტონა) შეადგენს.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნავთობის მოპოვების ზრდა ზღვის ფსკერზე არსებული საბადოების ათვისების ხარჯზე ხდება. მსოფლიოს ნავთობისა და გაზის შემცველი მთელი პერსპექტიული ფართობიდან ზღვის აკვატორიის წილად მოდის არანაკლებ 1/3-ისა. საზღვაო ნავთობის პოტენციური მარაგი შეადგენს 150-160 მლრდ ტონას, მათ შორის დადგენილი 25-30 მლრდ-ს. რაც შეეხება ნავთობის საბადოების საერთო რაოდენობას დედამიწის ზედაპირზე, იგი დაახლოებით 30 ათასს შეადგენს. დამტკიცებული მარაგი რეგიონების მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: ახლო აღმოსავლეთი-66,4%; დასავლეთი ნახევარსფერო-15,0%; აფრიკა-6,9%; ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია-5,8%; აზია/წყნარი ოკეანეთი-4,1%; დასავლეთი ევროპა-1,8%. საინტერესოა, რომ სპარსეთის ყურის დადგენილი მარაგი 600 მლრდ ბარელს (დაახლოებით 100 მლრდ ტონას) შეადგენს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში ნავთობის საბადოების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 30 ათასს. აქედან მხოლოდ 200 საბადოა განლაგებული ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მაგრამ ამ უკანასკნელთა შორის ბევრია მსხვილი და უმსხვილესი საბადო, რომლებიც უზრუნველყოფენ მოპოვების უნიკალურ კონცენტრაციას, მაგალითად გჰავარის (საუდის არაბეთი) და ბურგანია (ქუვეიტი) საბადოებს გააჩნიათ 10-10 მლრდ ტონაზე მეტი ნავთობი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ნავთობის არსებული მარაგის ნახევარზე მეტი თავმოყრილია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნავთობი საუდის არაბეთს (22-26 მლრდ ტონა) და კუვეიტს (დაახლოებით 10 მლრდ ტონა) გააჩნია.
რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე არსებულ ნავთობის მარაგებს, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, ,,შავი ოქროს” რესურსების 60%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა განლაგებული, რომელზეც მოდის ყოფილ სსრკ-ში მოპოვებული ნავთობის 86%, ნავთობის რესურსების 13% განლაგებულია ყაზახეთში, რომელზეც მოდის მოპოვების-7%, ხოლო რაც შეეხება აზერბაიჯანს, მასზე მოდის მოპოვებული ნავთობის-3%.
ნავთობის მოხმარების გეოგრაფია განსხვავდება მისი მოპოვების გეოგრაფიისაგან. ნავთობის ნახევარზე მეტი მოიხმარება იმ ქვეყნების ფარგლებს გარეთ, სადაც ის მოიპოვება. მაგ: დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნავთობზე მოთხოვნილების ორი მესამედი, აშშ-ის-50%, ხოლო იაპონიის 100%-იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოში ცნობილი იყო ნავთობის მომპოვებელი მხოლოდ ორი ძირითადი რაიონი: აზერბაიჯანი და პენსილვანია (აშშ). XX საუკუნის დასაწყისში ნავთობს უკვე 19 ქვეყანაში მოიპოვებდნენ. ნავთობის მოპოვება არსებითად გაფართოვდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1945 წელს ნავთობმომპოვებელი ქვეყნების რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, 1975 წლისათვის 75-მდე, ხოლო დღეისათვის ნავთობსა და ბუნებრივ გაზს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში მოიპოვებენ.
ნავთობის მოპოვება მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის წინ. 1938 წელს მსოფლიოში მოიპოვეს 280 მლნ. ტონა ნავთობი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნავთობის მოპოვება კიდევ უფრო მაღალი ტემპით წარიმართა. 1945 წელს მთელ მსოფლიოში ამოიღეს 350 მლნ. ტონა ნავთობი, 1950 წელს - 549 მლნ. ტ, 1960 წელს 1,1მლრდ. ტონა, 1970 წელს უკვე - 2,4 მლრდ. ტონა, 1980 წლიდან დღევანდელი პერიოდის ჩათვლით ყოველწლიურად 3 მლრდ ტონაზე მეტ ნავთობს მოიპოვებენ.
ნავთობის მოპოვებით განსაკუთრებით გამოირჩევა შემდეგი ქვეყნები: აშშ-400 მლნ ტ. წელიწადში, რუსეთი-300-350 მლნ ტონა, ირანი-100 მლნ ტონა, ერაყი-50 მლნ ტონა, ვენესუელა-90 მლნ ტონა, ნიგერია-70 მლნ ტონა, ინდონეზია-70 მლნ, კუვეიტი-60 მლნ ტონა.
ზემოაღნიშნული მონაცემები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიოში ნავთობის მოპოვების გეოგრაფია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ მეორე მსოფლიო ომამდე ნავთობის მსოფლიო მოპოვების 2/3 მოდიოდა აშშ-ის (ალასკა, ტეხასის შტატი) წილად, ომის შემდგომ პერიოდში აშშ-სთან ერთად ნავთობის მსხვილი მომპოვებლები და ექსპორტიორები გახდნენ ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი. ასევე ვენესუელა, ნიგერია და ინდონეზია. 70-იანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ ზღვის აკვატორიაში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციის დაწყების გამო ნავთობის მსხვილ მწარმოებელთა რიცხვს შეუერთდა დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია.
ამჟამად მსოფლიოში ნავთობის მოხმარება დღეში 70 მლნ. ბარელს (დაახლოებით 11 მლნ. ტონას) შეადგენს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, 2010 წლისათვის ნავთობზე მოთხოვნა 1/3-ით გაიზრდება და დღეში 92-97 მლნ. ბარელს მიაღწევს. ხოლო 21-ე საუკუნის პირველი მესამედის მიწურულისათვის მსოფლიოში ნავთობის მოხმარება გაორმაგდება.
ნავთობის მოხმარების გეოგრაფია განსხვავდება მისი მოპოვების გეოგრაფიისაგან. ნავთობის ნახევარზე მეტი მოიხმარება იმ ქვეყნების ფარგლებს გარეთ, სადაც ის მოიპოვება. ასეთი მკვეთრი ტერიტორიული სხვაობა არ არის მრეწველობის არც ერთ დარგში. მის გამო ნავთობი და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები გადაიქცნენ მსოფლიო ვაჭრობის მთავარ საქონლად, ხოლო სახელმწიფოთა უმრავლესობა საკმაოდ გამოკვეთილად იყოფა ნავთობის ექსპორტიორებად და იმპორტიორებად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნავთობის ძირითადი მოპოვება კონცენტრირებულია ეკონომიკურად განვითარებად, ხოლო მოხმარება ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში. განვითარებად ქვეყნებს გააქვთ მოპოვებული ნავთობის 4/5-ზე მეტი, მათ შორის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (ოპეკ-ში) შემავალი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საექსპორტო მიწოდების საგრძნობ ნაწილს. პირველ ადგილზე ნავთობის ექსპორტში არიან ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებსაც წელიწადში გააქვთ ერთ მილიარდ ტონაზე მეტი ნავთობი. მეორე მნიშვნელოვან ნავთობ-ექსპორტიორს შეადგენს რუსეთის ფედერაცია. მისი ექსპორტის სტრუქტურაში ნავთობის წილი 50%-ზე მეტია. მესამე მნიშვნელოვან ნავთობ-ექსპორტიორ რეგიონს აფრიკა წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვან როლს მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე ლათინური ამერიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია წარმოადგენს. რაც შეეხება სამ მთავარ ნავთობიმპორტიორ რეგიონს, ესენია დასავლეთი ევროპა, აშშ და იაპონია. დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნავთობზე მოთხოვნილების ორი მესამედი, აშშ-ის-50%, ხოლო იაპონიის 100% - ,,შავი ოქროს” იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება.
საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების მოპოვების პერსპექტივები
საქართველოში ნავთობის მოპოვებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი პირობითად შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს. პირველი პერიოდი მოიცავს ნავთობის მოპოვების ისტორიას უხსოვარი დროიდან 1929 წლამდე, როდესაც ჩამოყალიბდა ტრესტი ,,საქნავთობი”. მეორე, შედარებით ხანმოკლე პერიოდი გაგრძელდა 1929 წლიდან 1974 წლამდე, ხოლო მესამე კი - 1974 წლიდან დღევანდელ პერიოდამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პერიოდები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მარტო ხანგრძლივობით, არამედ რაც მთავარია, ამ პერიოდებში განხორციელებული სამუშაოების მოცულობისა და ხასიათის და მათგან მიღებული პრაქტიკული შედეგების მიხედვით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების მესამე პერიოდი. 1974 წლამდე საქართველოში მთლიანად მოპოვებული ნავთობის რაოდენობა არ აღემატებოდა 1,5 მილიონ ტონას. 1974 წლიდან დღემდე მოპოვებულ იქნა 25,5 მლნ ტონაზე მეტი ნავთობი, რომლის რეალიზაციამ მთლიანად აანაზღაურა წინა პერიოდის დაბალი ეფექტურობით გამოწვეული დეფიციტი და საგრძნობი მოგებაც მოუტანა რესპუბლიკას.
საინტერესოა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 1980 წელს საქართველოში მოპოვებული იქნა 3,2 მილიონი ტონა ნავთობი, თუმცა შემდგომ წლებში მოპოვება საგრძნობლად შემცირდა. მაგალითად, 1986-91 წლებში რესპუბლიკაში ნავთობის წლიური მოპოვება მხოლოდ 180 ათასი ტონა იყო. ამის მიზეზი, როგორც შემდგომში გამოირკვა, სამგორი-პატარძეულის საბადოზე (რომლის წილი საერთო მოპოვების 90%-ს შეადგენდა) ნავთობის მარაგის ამოწურვით იყო განპირობებული.
1991 წლიდან ნავთობის მოპოვება კიდევ უფრო მცირდებოდა და 1992 წელს შეადგინა 100 ათასი ტონა, 1994 წელს - 67 ათასი ტონა, 1995 წელს კი მხოლოდ 45 ათასი ტონა. ამის მიზეზი, ზემოთ აღნიშნულის გარდა, საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სიტუაციის გამწვავება იყო. კერძოდ კი, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, შეწყდა საკავშირო ნავთობის სამინისტროდან (რომელსაც ექვემდეგარებოდა ,,საქნავთობი”) დაფინანსება და ცენტრალური მომარაგება, გახშირდა სარეწებიდან და სამგორი-ბათუმის ნავთობსადენიდან შეიარაღებული ბანდებისა და მოსახლეობის მიერ ნავთობის დატაცების ფაქტები. გაჩერდა მრავალი მოქმედი ჭაბურღილი, ვინაიდან მათი ელექტროდანადგარებიდან დაიტაცეს ფერადი ლითონები. ამის შედეგად თითქმის მთლიანად შეწყდა ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის სამუშაოები.
1995-1996 წლებში ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილიზაციის დამყარებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ნავთობისა და გაზის სექტორში უცხოელ ინვესტორთა მოზიდვისა და ნავთობის მოპოვების გაზრდის საქმეში. ამ პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ერთობლივი საწარმო, კერძოდ: ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია, ქართულ-შვეიცარული ,,იორის ველი”, ქართულ-ბრიტანული ,,კახეთი-ოილ”, ქართულ-ამერიკული ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”. შედეგმაც არ დააყოვნა, 1996 წელს ნავთობის მოპოვება წინა წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და 128 ათასი ტონა შეადგინა.
ზემოაღნიშნული კომპანიები ნავთობს აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად კახეთის რეგიონში მოიპოვებდნენ, თუმცა 2000 წელს ,,შავი ოქროს” მოპოვება განახლდა დასავლეთ საქართველოშიც, კერძოდ გურიაში (სუფსა-ჭალადიდი), სადაც საქმინობას შეუდგა ქართულ-გერმანული ერთობლივი კომპანია ,,გეოგეროილი”. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ იმავე წელს საქართველოს ნავთობმოპოვების ისტორიაში პირველად, დაიწყო საძიებო სამუშაოები შავი ზღვის აკვატორიაში. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ნავთობისა და გაზის რესურსების დადგენისა და მოპოვების მიზნით სამუშაოების ჩატარების სურვილი გამოთქვა აშშ-ის ერთ-ერთმა წამყვანმა ნავთობკომპანია - ,,ანადარკომ”. 2000 წლის 26 ივნისს ხელი მოეწერა ე. წ. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ზემოაღნულ კომპანიას შორის, რომლის შემდეგაც ამერიკელი სპეციალისტები შეუდგნენ გეოლოგიური და გეოფიზიკური სამუშაოების ჩატარებას ქ. ფოთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვაო სექტორის მიდამოებში.
დღეისათვის საქართველოში ცნობილია 15 ნავთობისა და 2 გაზის საბადო. ქვეყნის ტერიტორიის 69,7 ათასი კვადრატული კილომეტრიდან ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისათვის პერსპექტიულად მიჩნეულია 26,5 ათასი კვადრატული კილომეტრი ხმელეთზე და 9 ათასი კვადრატული კილომეტრიც შავი ზღვის აკვატორიის ფარგლებში.
2002 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვებამ 73 941 ათასი ტონა შეადგინა, რაც 25 ათასი ტონით ნაკლები იყო 2001 წლის შედეგებთან შედარებით, ამავე დროს მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიების მიერ მოპოვებულ იქნა 94 ათასი ტონა ნავთობი, რაც 67% - ით მეტია გასული წლის ცხრა თვის შედეგებთან შედარებით.
ნავთობის მოპოვების რაოდენობით მიმდინარე წელს პირველ ადგილზეა ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია, რომელიც ნავთობმოპოვებით სამუშაოებს საგარეჯოს რაიონში ახორციელებს. მის მიერ მოპოვებული ნავთობის რაოდენობამ მიმდინარე წელს 60 ათასი ტონა შეადგინა. ქართულ-შვეიცარულმა კომპანია ,,იორის ველმა”, რომელიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მოიპოვებს ნავთობს, 2003 წელს 24 ათასი ტონა მოიპოვა, ხოლო კომპანია ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიამ” (სამუშაოებს აწარმოებს დედოფლისწყაროს რაიონში) 5 ათას 300 ტონა. რაც შეეხება ეროვნულ კომპანია ,,საქნავთობს” მან ცხრა თვის განმავლობაში 6 ათასი ტონა მოიპოვა.
საინტერესოა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კომპანია ,,ანადარკოს” მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ჩატარებული გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების შედეგები მეტად დამაიმედებელ სურათს იძლევა შავ ზღვაში არსებული რესურსების შესახებ. გარდა ამისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2001 წლამდე საქართველოში ნავთობის პოტენციური რესურსების მოცულობა განისაზღვრებოდა 600 მილიონი ტონით, თუმცა ეროვნული კომპანია ,,საქნავთობის” მიერ საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე ჩატარებული გეოლოგიური და გეოფიზიკური სამუშაოების შემდეგ, ამ ორგანიზაციის მიერ ქვეყანაში ნავთობის პოტენციური რესურსების რაოდენობა 2 მილიარდ 240 მილიონი ტონით განისაზღვრა. რაც შეეხება გაზის რესურსებს, უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით, მისი პოტენციური რაოდენობა როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, შეფასებულია 180 მილიარდი მ3-ით, ნაცვლად 98 მლრდ მ3-ისა (ეს მონაცემიც ოფიციალურად 2001 წლამდე არსებობდა).
ზემოაღნიშული ფაქტორები, აგრეთვე ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორში უცხოური ინვესტიციების დაბანდების პერსპექტივები იძლევა იმის წინაპირობას, რომ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვება გაიზრდება, რაც მეტად დადებითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, ასევე გაზრდის საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს, როგორც, არა მხოლოდ ნავთობის სატრანზიტო, არამედ როგორც ნავთობმომპოვებელი ქვეყნის.
![]() |
5 მსოფლიოში არსებული ნარკოვითარება და ტრანსნაციონალური ნარკობიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
III ნაწილი
ლევან ღირსიაშვილი
პოლიტიკური კვლევების ცენტრი
ნარკოტიკთა უკანონო წარმოება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული კაცობრიობის სხვა გლობალურ პრობლემებთან. იქნება ეს შიდსის გავრცელება, ტერორისტთა საქმიანობის დაფინანსება თუ ორგანიზებული დამნაშავეობის განვითარება.
კიდევ ერთი გლობალური ხასიათის პრობლემა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნარკოტიკთა უკანონო მიმოქცევასთან - სახელმწიფოთა პოლიარიზაციაა, ანუ საწარმო უთანასწორობის უფრო მეტი გაღრმავება. მესამე სამყაროს ქვეყანათა პრობლემების განხილვისას, ერთ-ერთ საკითხად განიხილება ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის გაკონტროლების საკითხი. გაეროს ექსპერტთა აზრით ის, რომ ნარკოტიკთა გეოგრაფიული წარმოება უფრო და უფრო ხშირად ამ ქვეყნების ტერიტორიებს ემთხევა, სულაც არ არის შემთხვევითი. ამ საკითხს უნდა მივუდგეთ არა იმ პოზიციიდან, თითქოს მესამე სამყაროს ქვეყნები შეგნებულად არიან ნარკობიზნესით დაკავებულნი, - არა, ნარკოტიკტთა უკანონო მიმოქცევა ამ ქვეყნების ღრმა პრობლემათა სიმპტომია, და ნარკოპრობლემა ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასაჭრელი პრობლემაა.
ეს ეხება იმ სახელმწიფოებს, რომელთა ინსტიტუტებც იმდენად სუსტია, რომ არ შეუძლიათ თავი აარიდონ შიდა და გარე საფრთხეებს. ეს ასევე ეხება სახელმწიფოებს, რომელთაც არ შეუძლიათ ან არ სურთ საკუთარი მოსახლეობის დაცვა. გარდა ამისა, სადღეისოდ, მსოფლიოში 250 მეტნაკლები ინტენსივობის კონფლიქტი არსებობს, დაახლოებით 30 მათგანი საერთაშორისო ხასიათს ატარებს. სახელმწიფოთა სისუსტე დამნაშავე დაჯგუფებებისთვის სასურველ გარემოებას ქმნის. იზრდება დამნაშავეობა, სახელმწიფო ინსტიტუტთა კორუმპირებულობა, და შედეგად, კანონი თავის ძალას კარგავს. მას შემდეგ, რაც დაჯგუფებები გრძნობენ და რწმუნდებიან საკუთარ ძალებში, კანონზე და ეფექტურად ფუნქციონირებად სახელმწიფოზე ლაპარაკიც კი აზრს კარგავს. მსგავსი კრიმინალური სახელმწიფოებრივი ორგანიზაციები ყველაზე ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ადამიანთა უფლებების დაცვით. თუ სახელმწიფოს შეემთხვა რამე მსგავსი - ნორმალური გარემოს აღდგენა ხანგძლივი, რთული და ძვირადღირებული პროცესია, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებზე, არამედ ქვეყნის მოსახლეობის შორის ურთიერთდაპირისპირების აღკვეთაზე, უნდობლობის აღმოფხვრაზე.
ყოველივე ზემოხსენებული განაპირობებს მესამე სამყაროს სახელმწიფოთა ჩათრევას ნარკოტიკთა უკანონო წარმოებაში. ამ თვალსაზრისით, ავღანეთში არასტაბილური მდგომარეობის, ყოველდღიური საფრთხისა და შიდა სახელმწიფოებრივი კონფლიქტის პირობებში ოპიუმის ყაყაჩოს წარმოება გლეხისთვის გადარჩენის საშუალებაა. სხვა შემთხვევებში ნარკოტიკთა მწარმოებლები იხდიან ე. წ. ,,გადასახადს” თავიანთი წარმოებიდან, რომელიც შემდეგ სხვა უკანონო საქმიანობას ხმარდება (მაგალითად, კოლუმბიის რევოლუციური ძალების შეიარაღებას). ორივე შემთხვევაში ნარკოტიკთა წარმოება უფრო დიდი მიზნების მისაღწევი ინსტრუმენტია. კოკა ან ოპიუმის ყაყაჩო აქ მხოლოდ საქონლის როლს თამაშობს, რომლის კარგად გაყიდვა შეიძლება.
ნარკოტიკთა უკანონო წარმოების პრობლემის გადაჭრას უნდა ახლდეს რიგი ზომები, მიმართული მესამე სამყაროს სახელმწიფოთა დახმარებაზე ამ რთული შიდა მდგომარეობის გამოსასწორებლად. საერთაშორისო საზოგადოების მიერ უნდა იქნეს მიღებული სიღარიბის დაძლევის, მოსახლების უსაფრთხოების დამცავი ზომები, და თუ ეს ღონისძიებები კარგად წარიმართება, ამ ქვეყნებში ნორმალურად ამუშავდება სახელმწიფო ინსტიტუტებიც.
და სწორედ მესამე სამყაროს სახელმწიფოთა პრობლემების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს საფრთხე, რომელიც ბოლო დროს ესოდენ მწვავედ დგას კაცობრიობის წინაშე - ნარკოსაქმოსნებს და ტერორისტებს შორის კავშირი. ტერორიზმიც და ნარკოტიკტთა უკანონო მიმოქცევაც საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანთა სიცოცხლეს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეროვნულ უსაფრთხოებას.
აშშ-ის ტეროროზმთან ბრძოლის სახელწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის მაიკლ შიხანის განცხადებით: ,,ნარკოვაჭრები და ნარკოტიკტთა მწარმოებლები, ისევე როგორც საერთაშორისო დამნაშავევები ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც მოახერხებენ ხელისუფლების მხრიდან დაუსჯელად მოქმედებას. Gგასაკვირი არ არის, რომ ისინი ხშირად არიან ტერორისტთა და სხვა აკრძალული საქმიანობით დაკავებული დაჯგუფებებს შორის.”
დაფინანსების შეუნელებელი შემცირების გამო ტერორისტები უფრო ხშირად მიმართავენ დაფინანსების სხვა წყაროებს, როგორიცაა ნარკოტიკტთა წარმოება და გაყიდვა. უკანასკნელი ათწლეული აღინიშნებოდა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებით და კონსოლიდაციით ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ნარკოტიკების მომწოდებლებს შორის, ასევე უფრო ხშირად არიან დაკავებული ტერორისტები ნარკოტიკების გადაზიდვით, საკუთარი ოპერაციის დასაფინანსებლად.
ტერორისტები, რომლებსაც სანახევროდ საომარი გამოცდლება აქვთ, ნარკოსაქმოსნებს იარაღით ამარაგებენ. ნარკოტიკტთა მომწოდებლებს ,,მეწველ ძროხებად” იყენებენ, ისინი უზრუნველყოფენ ფინანსურ წყაროებს. ნარკოსაქმოსნებსავე გააჩნიათ უკანონო გადაზიდვის და ფულის გათეთრების გამოცდილება. ამგვარად, ნარკობიზნესი და ტერორიზმი სულ უფრო ხშირად მოქმედებენ ერთად. ნარკოტიკებით ვაჭრობა დაკავშირებულია იარაღის უკანონო მიწოდებასთან და სხვა სახის კონტრაბანდასთან. კოლუმბიის შეიარაღებული ძალები და ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია მისაბაძი მაგალითები გახდნენ სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, მათ შორის რელიგიური მოტივაციის ჯგუფებისთვისაც. ასე მაგალითად, ავღანეთში თალიბების რეჟიმი საკუთარ ტერიტორიაზე აძლევდა ბინ ლადენს მოქმედების საშუალებას, ხელს უწყობდა ნარკოვაჭრობას და იღებდა მოგებას. ზოგიერთი ისლამისტური ექსტერმისტები ნარკობიზნესს განიხილავენ როგორც იარაღს დასავლეთის წინააღმდეგ და საკუთარი საქმიანობის დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ.
,,ნარკოდოლართა” მსურველ სხვა ჯგუფებად ითვლებიან ,,სენდერო ლუმინოსო” (ნათელი გზა) პერუში, PKK (ქურთთა მუშათა პარტია) თურქეთში, ,,ჰეზბოლა” ლიბანში, ,,თამილის განთავისუფლების ვეფხვები” შრი-ლანკის რესპუბლიკაში, ირლანდიის რესპუბლიკური არმია დიდ ბრიტანეთში, ,,ვას რესპუბლიკის გაერთიანებული არმია” ბირმაში, სხვადასხვა ექსტერმისტული და ტერორისტული დაჯგუფებები, ტერორისტი მარტოხელები აშშ-ში.
ნარკოტიკებით ვაჭრობა უზრუნველყოფს აშშ-დან და ევროპიდან დიდი სიმდიდრის გადინებას ლათინურ ამერიკაში, აზიასა და შუა აღმოსავლეთში. ნარკოტიკები საშუალებას იძლევა სუბსიდირება გაუწიონ ტერორისტულ დაჯგუფებებს მთელს მსოფლიოში.
კოლუმბია
ეს ქვეყანა, როგორც უკვე ნათქვამი იყო, მსოფლიო ლიდერია კოკაინის წარმოება-გავრცელებაში და ჰეროინის და მარიხუანის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
მიუხედავად ფართობთა 50%-იანი ზრდისა, რომლებზეც სპეციალური სამთავრობო პროგრამით განადგურებულ იქნა კოკას ნათესები, ასევე პერუში და ბოლივიაში კოკას მინდვრების 66% და 55% -ით შემცირებისა, მეზობელი ქვეყნების ნარკოვაჭრებმა სასურველი პირობები იპოვეს კოკას პლანტაციების კოლუმბიაში გადატანისათვის, ნაწილობრივ რაიონებში, რომელთაც აკონტროლებენ სანახევროდ სამხედრო დაჯგუფებები. დეფოლიანტით დამტვერილი მინდვრების ზრდასთან ერთად, კოკის მთესველ გლეხებს გადააქვთ სათესი მინდვრები სხვა რაიონებში, რაც ასევე მნიშვნელოვანია ისეთ რაიონებში, რომლებიც ვერ კონტროლდება დეფოლიანტის მომფრქვეველი სპეციალური ავიაციის თვითმფრინავების მიერ. რადგან დღესდღობით ,,რვსკ” და ნოას მიერ კონტროლდება კოლუმბიის ტერიტორიის ნახევარი, კოკას პლანტაციების მფლობელებს გააჩნიათ საკმაოდ ალტერნატიული ვარიანტები სათესი მინდვრების ასარჩევად.
ნარკოტიკებით ვაჭრობა საკმაოდ მაცდუნებელია, რადგან კოლუმბიელ ნარკობარონებს წელიწადში 3-5 მილიარდი დოლარი აქვთ. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ,,რვსკ” და ნოა ასევე იღებენ წელიწადში დაახლოებით 900 მილიარდ დოლარს ,,გადასახადების” სახით. სხვა შეფასებებით, ,,რვსკ” ნარკობიზნესმენთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის 600 მილიარდ დოლარს იღებს. ყველა შემთხვევაში ეს მაჩვენებლები რამდენმე ასეულ მილიარდ დოლარს აღწევს. ბევრი მეამბოხე ჯგუფი ნარკოჯგუფებს მხოლოდ ფულის ხათრით უერთდება. კოლუმბიის ეროვნული პოლიციის შეფასებით, 1997 წელს 3155 ,,ბოევიკი” უშუალოდ იყო ჩართული მოსავლის, ლაბორატორიების, ასაფრენი ბილიკების, ასევე საგადასახადო აკრეფვის უსაფრთხოების პროცესში, ,,რვსკ” ასევეე სპეციალიზირდება მძევალთა და საქონლის გატაცებებზე, გამომძალველობაში. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ტერორისტული დაჯგუფებების შემოსავლის ლომის წილს ნარკოტიკები შეადგენს.
ნარკოსაქმოსნების და ტერორისტების თანამშრომლობა ყოველთვის აწყობილი არ არის. ზოგიერთი კოლუმბიური ნარკოკარტელი თანამშრომლობა დაიწყო კოლუმბიის შეიარაღებულ ძალებთან ტერორისტების წინაააღმდეგ. რადგან ნარკომოვაჭრეთა მცირერიცხვოვანი ორგანიზაციებს არ აქვთ ძალა წინააღმდეგობა გაუწიონ ტერორისტთა მოთხოვნებს. მეორეს მხრივ, ტერორისტები იძულებულნი არიან ნარკოსაქმოსნების აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში მიმავალი საექსპორტო არხები და მათი მარშრუტები გამოიყენონ. მთლიანობაში კი მსხვილი ნარკოკარტელების ინტერესები მიმართულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. მათი მხრივ, ნახევრად სამხედრო ორგანიზაციები ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ ნარკოტიკების გადაზიდვაში საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოებისთვის, ,,რვსკ” და ,,ნაო” ბოევიკები უყოყმანოდ უხსნაინ ცეცხლს კოლუმბიის და ამერიკის თვითმფრინავებს, რომლებიც კაკის ნათესების განადგურების ოპერაციებში მონაწილეობენ.
აშს-ს ერთ-ერთ სამთავრობო დოკუმენტში პირდაპირ ხაზგასმულია, რომ მცირე სიმაღლეებიდან გატარებული ოპერაციები კვლავ სახიფათო რჩება მიწიდან განხორციელებული თავდასხმების გამო. 1998 წელს მსგავსი ოპერაციების მსვლელობების დროს თვოთმფრინავებს 48-ჯერ დაესხნენ თავს, და რისკი ყოველტვის მატულობდა. არსებული მონაცემებით, ,,რვსკ”-ს ხელმძღვანელობამ ნარკოტიკებით მიღებული მოგებიდან იყიდა სარაკეტო-საზენიტო კომპლექსები (პრზკ), ნარკოდოლარები გამოიყენებოდა ტერორისტების მხრიდან რუსეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან იარაღის ნაკადის მიწოდებისთვის, იაპონიიდან და დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან ელექტრონული აპარატურების შესაძენად, კავშირები და გამშიფრავი აპარატურა, ასევე მცირე საფრნი აპარატების პარკი. ბოლოს, ნარკოდოლარებმა გახადა ,,რვსკ” და ნოა უფრო მსხილი და ტექნიკურად უზრუნველყოფილი, ვიდრე როდესმე. ამერიკული და კოლუმბიური მთავრობის აზრით, ყველაზე არსებითად ითვლება ის, რომ ,,რვსკ”-ს ხელმძღვანელობას აქვს შესაძლებლობა, თავის 15 000 ადამიანისგან შემდგარ არმიის თითოეულ ბოევიკს გადაუხადოს, სამთავრობო ჯარების სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურებაზე სამჯერ მეტი.
პერუ
პერუში სპეციალური სამთავრობო პროგრამის გატარების შემდეგ კოკას წარმოება 1995-1998 წელს ორჯერ შემცირდა. ამ პროგრამამ, ნარკოტიკების მიწოდების ინფრასტუქტურების ნგრევასთან ერთად კოკაინის ფასებში კოლაფსი გამოიწვია, რის შედეგადაც ბევრი ფერმერი სხვა სოფლის მეურნეობის კულტურის მოყვანაზე გადავიდა. ამასთან 1998 წელს კოკაზე ფასებმა კვლავ აიწია, რაც შესაძლოა, ტრანსპორტირების ახალი მეთოდების და ახალი ბაზრების შექმნამ გამოიწვია. მიუხედავად საბაზრო სტრუქტურის მერყეობისა კოკაინის საფუძველად კვალვ რჩებოდა პერუული ექსპორტის მთავარ ნარკოტიკად. და თან მისი დიდი წილი ხვდებოდა კოლუმბიაში, შემდეგი დამუშავებისთვის.
ნარკომოვაჭრეებს პერუში არ ჰქონდათ სხვა არჩევანი, გარდა მსხვილი ტერორისტულ ორგანიზაციასთან „სენდერო ლუმინოსო” (ნათელი გზა) თანამშრომლობისა. საქმე იმაშია, რომ ამ ორგანიზაციის წევრები უზრუნველყოფდნენ კოკაინის მთესველების და ნარკომოვაჭრეების უსაფრთხოებას, მოგებიდან გარკევული წილის საფასურად. ტერორისტებს ნარკოდოლარები საშუალებას აძლევდა მთავრობის ჩამოსაგდებ კამპანიის გატარებას. ფაქტიურად, ეს კავშირი წარმოადგენს ,,საქმიან ურთიერთობას, რომელსაც ერთი მხარე უყენებს მეორეს საკუთარი მიზნების მისაღწევად.”
დაჯგუფების ,,სენდერო ლუმინოსო” წევრები საკმარის საშუალებებს იღებენ ნარკოტიკების ტრანსპორტირების მარშუტის ექპლუატაციისგან ხუალაგას ხეობიდან და ნაწილობრივ ,,სამხედრო გადასახადის” ამოღებიდან კოლუმბიელი და პერუანული ორგანიზაციებიდან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ნარკოტიკების ტრანსპორტირებაში. დაჯგუფება ,,სენდერო ლუმინოსო” ნარკობიზნესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გამომძალველობის სხვადასხვა ფორმით ფულის მიღებისა და გამოსასყიდლის მიზნით ადამიანთა გატაცებაში არიან ჩაბმულნი.
1992 წელს ამ ორგანიზაციის დამაარესებლის ა. გუზმანის დაპატიმრებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ორგანიზაცის გავლენა. მოგვიანებით დაკავებულ იქნენ აღნიშნული ორგანიზაციის მსხვილი ლიდერები. თუმცა ორგანიზაცია ჯერ არ მორჩენილა მისი წევრები მაინც გადავიდნენ შეტევაზე, ,,სენდერო ლუმინოსო”-ს ჩამოშორებული ჯგუფი ,,წითელი გზა” 1999 წელს იჩენდა განსაკუთრებულ აქტიურობას პერუს ჯუნგლების ცენტრალურ რეგიონში. არსებული მონაცემებით, ამავე დროს ,,წითელი გზის ” ლიდერი ო. რ. დურანდო დაკავებულ იქნა 1999 წლის ივლისში. ამის შედეგად ახალი ხემძღვანელი ფ.ს. კარდოზომ ჩაიგდო ხელში ,,სენდერო ლუმინოსოს ” მთელი ნარჩენები.
კიდევ ერთი მსხვილი პერუული ტერორისტული ორგანიზაცია - რევოლუციური მოძრაობა ,,თუპაკ ამარუ”, ასევე იღებს თანხებს ნარკოტიკების ტარანსპორტირებისთვის. უკანასკნელ წლებში მათი წევრების რაოდენობა 10 ჯერ შემცირდა მთავრობის წარმატებული კონტრტერორისტული ოპერაციების შედეგად. 1996 წლის დეკემბერში ლიმაში იაპონიის საელჩოს დაპყრობიდან ორგანიზაციამ ვერ შეძლო ვერც ერთი მსხვილი აქციის ჩატარება. აქციის შედეგად, თითქმის ოთხთვიანი კონტრტერორისტული ოპერაცია, რომლიც 1997 წლის აპრილში დამთავრდა, როდესაც სამთავრობო სამხედრო ძალებმა შტურმით აიღეს იაპონიის საელჩო, გაანთავისუფლეს მძევლები და გაანადგურეს მრტას- ყველა ტერორისტი.
მიუხედავად იმისა, რომ პერუს მთავრობამ შეძლო ,,სენდერო ლუმინოსოს“ და რმთა-ს წინააღმდეგ სერიოზული წარმატების მიღწევა, ამ ჯგუფების ცნობილ ლიდერებს ნარკოდოლარებთან კავშირი წლების განმავლობაში აღნიშნულ ორგანიზაციათა დანაყოფებისა და მათი ოპერაციების დაფინანსების საშუალებას აძლევს.
თურქეთი
თურქეთში მრავალი წლის მანძილზე მოქმედი ქურთების მუშათა პარტია, ფინანსდბა ქურთი მოსახლეობიდან აკრეფილი ,,რევოლუციური გადასახადის” აკრეფით და ჰეროინით მსოფლიო ვაჭრობაში. 1984 წელს ქმპ-ს 300 წევრი დაპატიმრებულ იქნა ნარკოტიკების გავცელებასთან ასე თუ ისე დაკავშირებული ბრალდებებით. ამ საქმეთა ნახევარზე მეტი აღძრულ იქნა გერმანიაში. ქმპ-ს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია ნარკოტიკების არალეგალურ ვაჭრობაში, რაც უმრავლეს შემთხვევაში განპირობებულია თურქეთის მდებარეობით, როგორც ოპიატების გადასროლის მნიშვნელოვანი ტრანზიტული ელემენტი, სამხრეთ-დასავლეთ აზია-ევროპის მარშუტში. ქმპ, რომელთა რიგებშიც ითვლება 10 000-15 000 წევრი და ათასობით მომხრე თურქეთში და ევროპაში, უშუალოდ ეხება ნარკოტიკების გადატანას და იღებს ,,გადასახადს” კონტრაბანდიტებისგან ე. წ. ,,მფარველობის” სანაცვლოდ.
1999 წლის მარტში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბ. ეჯევითმა გაეროს და ევროპის საბჭოს მიმართულ საკუთარ წერილში შემდეგნაირად დაახასიათა ქმპ-ს კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა: ,,დასავლეთის ქვეყნებში მიღებულ დემოკრატიული თავისუფლების და მოთმინების ატმოსფეროს გამოყენებით, ქმპ-მ შეძლო ევროპაში ფესვების გადგმა და სერიოზული ზიანის მიყენება არა მხოლოდ თურქი ერისთვის, არამედ დასავლური საზოგადოებისთვისაც, გამომძალველობის, ნარკოტიკების იძულებითი გავრცელების გზებით.”
1999 წლის აპრილში მასმედიაში გამოჩნდა შეტყობინებები იმაზე, რომ სტამბულში პოლიციამ შეძლო ქმპ-ს ერთი წევრის დაპატიმრება, რომელიც მიემგზავრებოდა ევროპაში 73 კგ ჰეროინის ტვირთით, რომლის ღირებულება ,,შავ ბაზარზე” 8 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამასთან, ივლისში გერმანიაში პოლიციამ შეძლო ჰანოვერში და ჰამბურგში მსხვილი ჰეროინის ბანდების დარბევა, რომლებიც ასევე იყვენ დაკავშირებულნი ქმპ-თან. ჰამბურგის ბანდა ყოველწლიურად ყიდდა 125 მილიონი ევროს ღირებულების ჰეროინს. პოლიციის შეფასებით, ქმპ ჰეროინის გავრცელებით 550 ათას ევროს ოდენობის სუფთა შემოსავალს იღებდა.
საფრანგეთში სამართალდამცავი ორგანოების სპეციალისტები თვლიან, რომ პარიზში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ჰეროინის დაახლოებით 80% ხორციელდება ქმპ-ს წევრების მიერ. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ ქმპ-ს თვითონ მოყავს ოპიუმის ყაყაჩო და კანაფი ბეკაას ხეობაში ლიბანში და ირანის ჩრდილოეთ რაიონებში, ასევე ავრცელებს სხვა რეგიონებში.
ავღანეთი
მართალია თალიბები ოფიციალურად ნარკოტიკების მოხმარებას, ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანას და ჰეროინის მოხმარებას შარიათის კანონების დარღვევად თვლიან, ავღანეთი მაინც მსოფლიოში ოპიუმის უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება. მიუხედავად თალიბების განცხადებისა, რომ ისინი არ აძლევენ ოპიუმისა და ჰეროინის გაყიდვის ნებას არავის, გაეროს ნარკოტიკების კონტროლის პროგრამის მიხედვით, ავღანეთში ოპიუმის წარმეობამ 1999 წელს 4 600 ტონას მიაღწია აქედან 96% თალიბების მიერ კონტროლირებად რაიონებში იზრდებოდა. ოპიუმის ყაყაჩო ეხლაც კი, თალიბების რეჟიმის დამხობის შემდეგ, ყველაზე მომგებიან სასოფლო-სამეურნეო კულტურად რჩება ავღანეთში, ხოლო ადრე ის თალიბების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო. 1997 წლის შეფასებით, თალიბები ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონ დოლარს იღებდნენ ოპიუმის მწარმოებლებისგან ისლამური გადასახადის 20% ხარჯზე (ზაკატი). უფრო მეტიც, არსებული მონაცემები, მიანიშნებენ რომ, ისინი გადასახადებს კრეფდნენ იატაკქვეშა ჰეროინის ლაბორატორიებიდან, ხოლო ნარკოტიკების გადამტანები, დაუბრკოლებლად გადიოდნენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს.
თალიბები შეგნებულად მიდიოდნენ ისლამური კანონების არჩევითობაზე, განსაკუთებით როდესაც ჩნდებოდა ავღანელი გლეხებისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები და თვითონაც მყარ ვალუტას იღებდნენ. ავღანეთში დაახლოებით 200 ათასი ფერმერი დამოკიდებულია ყაყაჩოს მოყვანაზე, რომელსაც სამჯერ-ექვსჯერ მეტი მოგება მოაქვს იგივე რაოდენობის სხვა ნათესებთან შედარებით.
ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული ოსამა ბინ ლადენი, მიუხედავად მდიდარი ადამიანის რეპუტაციისა ასევე სარგებლობდა ნარკოტიკების კონტრაბანდიდან შემოსავლის მიღებით.
ლიბანი
მრავალი წლის განმავლობაში ექსტრემისტული ორგანიზაცია ,,ჰეზბოლა” სირის მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობდა ლიბანში ბეკაას ხეობაში ნარკოტიკთა ექსპორტში, ატარებდა თავის ოპერაციებს, როგორც აშშ-ს და დასავლეთის წინაააღმდეგ ომის ნაწილს. თუმცა, ლიბანის მთავრობამ სირიის მხარდაჭერით, მიიღო გადამწყვეტი ზომები ნარკოშემცველობის მცენარეეების გამრავლების საწინააღმდეგოდ. 1997 წლიდან დაწყებული სირიულ-ლიბანური სამხედრო ქვედანაყოფები შეუდგნენ კანაფის და ყაყაჩოს ნათესების განადგურების ერთობლივ ოპერაციებს ბეკაას ხეობაში. 1998 წელს ლიბანურმა ძალებმა ,,ჰეზბოლას” სულიერი ლიდერის შეიხ ტუფალის ოფისში რეიდი ჩაატარეს, რომლის მომხრეებიც აქტიურ როლს თამაშობდნენ ნარკოშემცველ მცენარეთა წარმოებაში.
მიუხედავად ამისა, ლიბანის მთავრობამ დაკარგა კონტროლი ბეკაას ხეობის ტერიტორიაზე, რამაც ნაწილობრივ ხელი შეუწყო ნარკოტიკტთა ნაწილის გადანახვას. ნარკოშემცველ მცენარეთა სათესი მინდვრები შემცირდა, თუმცა ნარკოტიკთა წარმოება და მათი კონტრაბანდული გადაზიდვა, რომლის შეზღუდვა, გაცილებით რთულია, გრძელდება. პრესის თქმით, ,,ჰეზბოლას” ხელმძღვანელობა აკონტროლებს ჰეროინის მწარმოებელ ლაბორატორიებს, საიდანაც შემდეგ პროდუქტი მიეწოდებათ ევროპაში.
აშშ-ს მთავრობის წყაროები ირწმუნებიან, რომ ირანი ყოველწლიურად უგზავნის ,,ჰეზბოლას ” ხელმძღვანელობას დაახლოებით 100 მილიონი დოლარს, ასევე იარაღს, ასაფეთქებელ მასალას და უზიარებს ბოევიკთა გამოცდილებას. თუმცა, უკანასკნელ დროს, გაჩნდა მოსაზრება, რომ ირანი მოხარული იქნებოდა თუ ,,ჰეზბოლა” დამოუკიდებელად მოახერხებდა საკუთარი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მაგრამ, თუ ეს ესეა, ,,ჰეზბოლას” არა მარტო შეუძლია გააგრძელოს ნარკოტიკთა გავცელება, არამედ გააფრთოვოს ისიც.
შრი-ლანკა
,,თამილის განმათავისუფელბელი ვეფხვები” უკაასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე აწარმოებენ სამოქალაქო ომს შრი-ლანკის მთავრობასთან. გარკვეული დროის მანძილზე ის მონაწილეობდა ნარკოტიკების გადაზიდვაში, რათა მიეღო ფული იარაღისთვის და საკუთარი ახალი სატრანსპორტო არხების გასაყვანად. თუმცა, ლანკის პოლიციის მონაცემებით, ამ საქმიანობის დამამტკიცებელ გარემოებებს ფრაგმენტური ხასიათი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, შრი-ლანკის ხელისუფლებას მშვენივრად ესმის, რომ მათი ქვეყანა მნიშვნელოვანი პუნქტია ნარკოტიკთა მოძრაობის მარშუტებში. გარდა ამისა, სამთავრობო ჯარების საქმიანობა თამილის განმათავისუფლებელი ვეფხვების წინააღმდეგ ფიტავენ ეროვნულ რესურსებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო მიმართული ნარკოტიკების გავცელების საერთო სახელმწიფო პრობლემის გადასაწყვეტად. ამგვარად, შრი-ლანკის მთავრობა იძულებულია ბრძოლა ორ ფრონტზე აწარმოოს.
,,თგვ”-ს ლიდერებს, შესაძლოა ჰქონდეთ მჭიდრო კავშირები მიმარის წამყვან ნარკობარონებთან და სამხედრო ლიდერებთან. ისინი, ალბთ იღებენ დახმარებას ბოევიკების გაწვრთნის და იარაღის სახით, ჰეროინის გადატანის უზრუნველყოფის სანაცვლოდ. თამილელი ემიგრანტები ასევე მონაწილეობენ ავღანურ და პაკისტანურ ჰეროინის ტრანსპორტირებაში აზიის რეგიონებიდან ევროპაში.
1999 წლის აგვისტოში ინდოეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა დამნაშავეობრივი სამყაროს და დასავლეთ ბენგალის ბანდის ლიდერი, რომელმაც მისცა ჩვენება ნარკობიზნესში უშუალოდ ჩართულ თგვ წევრებთან კავშირებზე. თგვ-ს საიდუმლო სამალავების ძებნამ 14. 5 კგ ჰეროინი და 1100 კგ ოპიუმი აპოვნინათ. ამ მოვლენების კომენტირებისას, ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თგვ- წევრები ჩუმად იმიტომ ეწევიან ნარკოტიკების ტრანსპორტირებას, რომ არ სურთ საკუთარი რეპუტაციის შელახვა, და ამასთან დაკავშირებით არ უნდათ დაკარგონ პოლტიკური თავშესაფრის საშუალება დასავლეთ სამყაროში. გარდა ამისა, თგვ- ხელმძღვანელობა ასევე იმედოვნებს თამილელ თანამემამულეთა დახმარებაზე ევროპის და აზიის სამყაროში შრი-ლანკის ბოევიკთა უზრუნველსაყოფად. ზოგიერთი მათგანი ჩათრეულია ნარკოტიკთა კონტრაბანდაში.
დიდი ბრიტანეთი
,,ირლანდიური რესპუბლიკური არმია“ ევროპის ერთ-ერთი მსხვილი ტერორისტული ოგანიზაციაა. მრავალი წლის მანძილზე ირა ეჭვმიტანილია ფინანსური საშუალების მისაღებად ნარკოგადაზიდვების მარშუტებით სარგებლობაში; გამომძალველობასა და გამოსასყიდის მიზნით ხალხის გატაცებასთან კავშირებზე. პოლიცია ბრალად სდებთ ირას და ოლსტერის მოხალისეთა ძალებს ნარკოვაჭრობით მიღებული მოგების მიღებაზე. თუმცა ისინი გამუდმებით ამტკიცებენ საპირისპიროს. 1997 წლის ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად ზოგიერთი მონაცემებით, ირამ ტრანსფორმაცია განიცადა და ჩამოყალიბდა დამნაშავეობრივ ორგანიზაციად, რომელიც აქტიურად არის ჩართული თაღლითობის, ყალბიფულის მჭრელობის და ნარკოტიკების გადაზიდვის სხვადასხვა ფორმებში.
მიანმა (ბირმა)
,,ვას სახელმწიფოს გაერთიანებული არმია” ქვეყანაში უმსხვილესი სტუქტურაა, რომელიც ნარკო ნარკოვაჭრობას აკონტროლებს. ეს პოზიცია მან დაიკავა მას შემდეგ, რაც შანის პროვინციის არმიამ ხელი მოაწერა 1996 წლის იანვარში ბირმელ სეპარატისტებთან კაპიტულაციას. Eეს განპირობებულია ამ რეგიონიდან ამფეტამინი გაყიდვების მოცულობის ზრდით. ვსგა” მოქმედებს ძირითადად ტაილანდის საზღვრების გასწვრივ და იღებს მის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლებას მიანმას მმართველი სამხედრო ხუნტის მიერ.
ამფეტამინი ძირითადად ტაილანდის ბაზარზე შედის. ეს ნარკოტიკები ძირითადაა ცნობილია, როგორც ,,შეშლილი წამალი” და ფართოდ გამოიყენება ახალგაზრდებსა და სამუშაო გარემოში. 1999 წლის აგვისტოში ტაილანდმა გადაკეტა თავისი მთავარი გამშვები პუნქტი ,,ვას სახელმწიფოს” საზღვარზე, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ნარკოტიკების ,,მორევს”. საპასუხოდ მიანმარმა დაკეტა თავისი სასაზღვრო გამშვები პუნქტი, შეწყვიტა რა ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის.
ახლა ,,ვსგა“, შესაძლოა, იყენებს ზემსუბუქ საფრენ აპარატებს ნარკოტიკთა გადასასროლად ტაილანდის საზღვარზე. ამავე დროს, ტაილანდის სამხედროებმა შეწყვიტეს ფრენები ამ ზონაზე, რადგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ვსგა-მ შეიძინა რუსეთის ПЗРК SA-7 ადგილობრივი იარაღის მოვაჭრეებისგან.
ჩრდილოეთ კორეა
მიუხედავად აშშ-ს მიერ ჩრდილოეთ კორეაში ტერორისტების მიმართ სახელწიფო მხარდაჭერის წაყენებული ბრალდებებისა, 1987 წლიდან ეს ქვეყანა არ არის დაკავშირებული საერთაშორისო ტერორიზმის აქტებთან. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეა ჩათრეულია ჰეროინის და მეტამფეტამინის გადატანაში. აშშ-ს კონგრესის საგამოძიებო სამსახურის შეფასებით, ფხენიანმა ყოველწლიურად დაახლოებით 71 მილიონ დოლარს იღებს ნარკოტიკთა არალეგალური გავრცელებით. როგორც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობის ოქმიდან ვიტყობთ, შექმნილია კორეის სამუშაო პარტიის განსაკუთებული ორგანო (ბიურო № 3911) უცხოური ვალუტის მისაღებად, როგორც კრიმინალური ოპერაციების გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ტრანსპორტირებითაც. მიღებული საშუალებები თითქმის მთლიანად ახალი სამხედრო ტექნიკის შესამუშავებლად და გამოიყენებოდა ბირთვული იარაღის შესაქმენლი სამუშაოებისთვის. პრაქტიკულად უპერსპექტივოა ელოდო, რომ რეჟიმი, რომელიც განიცდის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის მწვავე აუცილებლობას, უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს თავის მონაცემებს ნარკოტიკების ტრანსპორტირების საქმიანობაში.
1999 წლის მარტში ვაშინგტონ პოსტი წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეა 10000-17000 აკრ ფართობს იყენებს ოპიუმის ყაყაჩოს გამოსაზრდელად, შემდგომში მისი ჰეროინად გადამუშავების მიზნით. 1994 წელს საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფმა აღმოაჩინა 1,2 ჰა ფართობის მინდორი ნეიბინის ბირთვული რეაქტორის შენობის მთავარი შესასვლელიდან 3,5 მეტრის მოშორებით, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენება. იაპონია და ტაილანდი, ალბათ წარმოადგენენ ჩრდილოკორეელი ნარკოკონტრაბანდისტების შეღწევის ძირითად ობიექტებს. 1997 წელს იაპონიის პოლიციის მიერ აღმოჩენილი იქნა თაფლიან ჭურჭელში დამალული 60 კგ-მდე მეტამფეტამინი. ტვირთი იმ დროისთვის ყველაზე მსხვილი იყო, როდესმე პოლიციის მიერ დაკავებულ ტვირთებს შორის.
აშშ
აშშ-ში არსებული ექსტრემისტული ჯგუფებმა ასევე მიმართეს ნარკობიზნესს, ნაღდი ფულის მისაღებად. საკუთარი არჩევანი მათ მარიხუანასა და მეტამფეტამინზე შეაჩერეს, თუმცა უარს არც კოკაინზე ამბობენ.
ის, ვინც ჩართულია ამ ბიზნესში, არ მიეკუთვნებიან უკვე ჩამოყალიბებულ, კარგად ორგანიზებულ ტერორისტულ ჯგუფებს, მათ შეიძლება უფრო პოტენციური ტერორისტები ვუწოდოთ. ისინი ,,ულიდეროდ წინააღმდეგობის” ლოზუნგის ქვეშ ერთიანდებიან. მსგავსი ჯგუფების ქმედებები ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი სააგენტოს და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების იურისდიქციის ქვეშ ხვდებიან, და არა გფბ-სი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა ტერორისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად. შედეგად ნარკო-ტერორისტულ კავშირებს ხშირად არ აღიარებენ. ერთი კანზასელი სამართალდამცველი ანალიტიკოსი ამტკიცებდა, რომ უმეტეს შემთხევაში ჩინოვნიკები არ არიან დაინტერესებულნი ნარკომოვაჭრეების ტერორისტებთან კავშირის აღმოჩენაში.
კანზასის, მისურის, ფლორიდის, ჯორჯიის და ორეგონის შტატების კრიმინალურმა საქმეებმა შესაძლებელი გახადა ნარკოსაქმოსნებს და უკიდურეს მემარჯვენეთა ექსტრემისტებს შორის კავშირების გამოააშკარავება. 1997 წელს ორეგონის სამი მცხოვრები გასამართლებულნი იქნენ საკუათრ რანჩოზე შტატის ისტორიაში მეტამფეტამინის მწარმოებელი უდიდესი ლაბორატორიის შექმნის ბრალდებით. არსებობს საფუძველი იმისა, რომ ისინი ანტისამთავრობო ჯგუფებთან იყვნენ დაკავშირებულნი. მეტამფეტამინის წარმოება აძლევდა მათ საშუალებას მიეღოთ ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 1 მილიონი დოლარის სახით. ჩხრეკის მწარმოებელი ფედერალური აგენტები მივიდნენ დასკვნამდე რომ, ჯგუფმა დაახლოებით 6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აშს-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ზედამხედველობდა ამ საქმეს, ამტკიცებდა ,,ჩვენ შეგვიძლია ვამტკიცოთ რომ, ამ საქმიანობისგან მიღებული ფული გასამხედროებული საქმიანობებისთვის გამოიყენებოდა”. 1999 წლის ნოემბრის დასაწყისში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააპატიმრეს არიზონაში ერთი ადამიანი მეტამფეტამინის წარმოებისა და შენახვისთვის. მას აღმოაჩნდა იარაღი და პლასტიკური ასაფეთქებელი ც-4, რამაც დაადასტურა მისი ექსრემისტულ ელემენტებთან კავშირი.
მიღებული ფულადი სახსრები, ტერორისტულ ჯგუფებს, ყველაზე თანამედროვე აღჭურვულობის შეძენის, კომპიუტერების და თანამგზავრული კავშირების ტელეფონების, ასევე უახლესი იარაღის და სხვადასხვა შესაძლებლობების ფართო არჩევანის საშუალებას აძლევს. ამასთან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს უჩნდება მასობრივი განადგურების იარაღების- ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური შესაქმნელი ან შესაძენი პირობები - რაც გაცილებით დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ტრადიციული სახის იარაღების შეძენაა სჭირდება (ვინტოვკები და ბომბები). რადგან, მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად ძალიან დიდი თანხები და სპეციალური ცოდნაა საჭირო, არ იყო საფრთხე ამ სფეროში ტერორისტთა შემოჭრისა. ამასთან, მათი უზარმაზარი რაოდენობა ,,ნარკოდოლარებისა” დაფიქრების საფუძველს იწვევს. უფრო ხშირად ,,ნარკოდოლარები” ზოგიერთ ტერორისტს აძლევს საშუალებას შეიძინოს მასობრივი განადგურების იარაღი და/ან ტექნიკური სპეციალისტები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ამ იარაღის შესაქმნელად და გამოსაყენებლად.
ნარკობიზნესი და ტერორიზმს შორის მომძლავრებული კავშირის პოლიტიკური მნიშვნელობა აღიარებულ იქნა 1990 წლის ივლისში ნარკოტიკების ეროვნული კონტროლის ბიუროს დირექტორის ბ. მაკკაფრის მოხსენებაში. თავის მოხსენებაში მან გამოხატა დარწმუნება, რომ უახლოეს მომავალში უნდა გაქრეს საზღვარი, რომელიც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ტერორიზმთან ბრძოლისგან მიჯნავს.
სამწუხაროდ, ჯერ გაურკვეველია, სრულად აღიქმება თუ არა ნარკობიზნესს და ტერორიზმს შორის მჭიდრო კავშირი ამ ორ მოვლენასთან უშუალოდ მებრძოლ სამსახურების მიერ. ნათელია, რომ საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოები და კონტრტერორისტული სამსახურებს ჯერ კიდევ მოუწევთ ახალი მეთოდების შემუშავება, უფრო გულმოდგინე დაკვირვებისთვის, არალეგალური ნარკოდოლარები როგორ გავლენას ახდენენ ტერორისტთა საქმიანობაზე, რათა თანადროულად მიიღონ ამ კავშირების გადამჭრელი ზომები.
რა თქმა უნდა, აუცილებელია ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ და ტერორისტთა წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციათა შორის მოქმედებათა და სადაზვერვო ინფორმაციის საშუალებათა სრულყოფა. ნარკო-ტერორისტული კავშირების შეწყვეტა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოთა ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. თუ ერთობლივი მოქმედებების მცდელობაში დამარცხდებიან, მაშინ შეიძლება გახდება, დაუყოვნებელი ზრდა საფრთხისა, როგორც ტერორიტების მხრიდან, ასევე ნარკოტიკების მწარმოებელთა და გამავრცელებელთა მხრიდანაც. თუ სამართალდამცავი ორგანოები იპოვნიან ერთობლივი ოპერაციების ჩატარების გზებს, ისინი შეძლებენ უფრო ეფექტურად ებრძოლონ თანამედროვე სამყაროს ორ ძირითად უბედურებას.
![]() |
6 გლობალური მოვლენები XXI საუკუნის დასაწყისში: ერაყის კრიზისი და ახალი მსოფლიო წესრიგი |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო ურთიერთობები
დავით პიპინაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის ასპირანტი
მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან ერთ-ერთი ზესახელმწიფოს - საბჭოთა კავშირისა (სსრკ) და სხვა სოციალისტური ქვეყნების გაქრობას, ქართველ და უცხოელ პოლიტოლოგთა გარკვეული ნაწილი გეოპოლიტიკური კატასტროფის ტოლფასად აღიქვამს. დაინგრა სოციალიზმის საერთაშორისო სისტემა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო რეგიონული კონფლიქტების ესკალაციას. სოციალიზმის ნგრევამ და პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი სუვერენული სახელმწიფოების აღმოცენებამ გამოიწვია, როგორც მსოფლიოს პოლიტიკური რუკის კორექტირება, ისე გლობალური გეოსტრატეგიული ცვლილებები, რამაც ფაქტიურად, სათავე დაუდო საერთაშორისო ურთიერთობათა ახალ ეპოქას. ,,პირველად ისტორიაში არა ევროპული სახელმწიფო (აშშ) გახდა არა მხოლოდ არბიტრი ევრაზიის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, არამედ ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო მსოფლიოში”.1 ამასთან, წარმოიშვა ძალთა ახალი ცენტრები, რომელთა შორის გავლენის სფეროებისთვის გაჩაღებულმა ბრძოლამ კიდევ უფრო დაძაბა ისედაც რთული საერთაშორისო წინააღმდეგობები.
უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე საერთაშორისო სისტემამ განიცადა არსებითი ტრანსფორმაცია და დღევანდელი მისი სახე სრულიად განსხვავებულია იმისაგან, რაც XX საუკუნის 80-იან წლებამდე იყო. იდეოლოგიურად დაპირისპირებული მსოფლიოს ნაცვლად თანდათან მკვიდრდება სრულიად სხვა სახის და შინაარსის საერთაშორისო სისტემა, რომელსაც ახალი, არანაკლებ ძნელადგადასაჭრელი პრობლემები მოაქვს კაცობრიობისთვის.2 სსრკ-ის დაშლის, ,,ცივი ომის” დასრულებისა და ,,ბი-პოლარული” (ორ პოლუსიანი) მსოფლიოს დემონტაჟის შემდეგ, ერთგვარად შესუსტდა გლობალური ბირთვული შეტაკების საფრთხის ალბათობაც. თუმცა, ამავდროულად იმატა რეგიონული კონფლიქტების რიცხვმა, რამაც დესტრუქციული ზეგავლენა იქონია საერთაშორისო სისტემაზე.
მსოფლიო წესრიგის ქვეშ ძირითადად იგულისხმება რეგიონული და გლობალური საერთაშორისო ურთიერთობების საკმაოდ სტაბილური სტრუქტურა, რაც მთლიანობაში განაპირობებს საზოგადოების განვითარებას ისტორიის მოცემულ მონაკვეთში და განსაზღვრავს ურთიერთობებს საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად მონაწილეებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წესრიგი ეს არის ,,სისტემის დინამიური წონასწორობა, მასში მომხდარ ძირეულ და ხარისხობრივ ცვლილებებს შორის პერიოდში”.3 სისტემის დინამიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია მსოფლიოში მიმდინარე რეგიონული კონფლიქტების დარეგულირება და სამართლიანი მშვიდობის დამყარება. ვინაიდან, მთავარი როლი სახელმწიფოებს შორის ძალთა განლაგებას ენიჭება, პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება 1989 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც დაინგრა პოლიტიკური და ეკონომიკური ბლოკის სოციალისტური მოდელი აღმოსავლეთ ევროპაში.4
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდგომ მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა. 11 სექტემბრის ტრაგიკულმა მოვლენებმა წარუშლელი ზიანი მიაყენა აშშ-ის ეროვნულ ცნობიერებას.5 11 სექტემბრის შემდგომ, მთელი მსოფლიო და, მათ შორის, არაბული სამყაროც, კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ დაიწყო თვისობრივად ახალი ეპოქა, კაცობრიობამ შეაბიჯა ახალ საუკუნეში, სადაც წარმმართველ როლს თამაშობს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ ძალის ფაქტორი, რომელიც მსოფლიოს კიდევ უფრო დაუცველს ხდის. მიუხედავად დიდი ზიანისა, აშშ მაქსიმალურად შეეცადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ალ-კაიდას”-ს მიერ ორგანიზებული ტერაქტები თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა. 11 სექტემბრის შემდგომ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციამ შემდეგი პოლიტიკური მიზნები დაისახა:
● ისლამური ფუნდამენტალიზმის პოლიტიკური განადგურება;
● კონტროლის დამყარება აშშ-სთვის მიუღებელ ქვეყნებზე;
● კონტროლის გაძლიერება კასპიის ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის მდებარე ნავთობით მდიდარ რეგიონებზე, აგრეთვე ენერგეტიკული ნაკადების მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
● ბირთვული იარაღის მქონე სამი უძლიერესი სახელმწიფოს - რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის პოლიტიკური როლის მკვეთრი შემცირება;
● აშშ-ის ნატოელ პარტნიორთა პოლიტიკური სტატუსის შემცირება;
● ევროპისთვის მთლიანად აშშ-ზე დამოკიდებული, დეპოლიტიზირებული ეკონომიკური ზონის სტატუსის დაბრუნება (როგორც ეს 1945 წლის შემდგომ პერიოდში იყო).
პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო სამართალზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი ჯერ კიდევ 1999 წელს დაირღვა, როდესაც ნატო-ს ბლოკმა იერიში იუგოსლავიაზე მიიტანა. თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ, მაშინ გამოდის რომ 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენები უკვე მსხვრევის პროცესში მყოფი მსოფლიო წესრიგის პირობებში განხორციელდა.
აშშ-ში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ტერაქტების შემდეგ, გაერომ კვლავ რამდენჯერმე მიავლინა თავისი დამკვირვებლები ერაყში. 2003 წლის თებერვალში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის მიერ მომზადდა გაეროს რეზოლუციის პროექტი, რასაც უნდა მოჰყოლოდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ლეგალიზება. საბოლოოდ ის მოიხსნა დღის წესრიგიდან ინიციატორი ქვეყნების მიერვე, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს ორმა მუდმივმა წევრმა - საფრანგეთმა და რუსეთმა თავიდანვე დააფიქსირეს თავიანთი ნეგატიური პოზიცია რეზოლუციის პროექტის მიმართ, რაც ფაქტობრივად მათი მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენებას ნიშნავდა.
მიუხედავად უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის (მათ შორის ნატოელი პარტნიორების) მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობისა, 2003 წლის მარტში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივმა კოალიციურმა ძალებმა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აპრილში მათ უკვე დაიკავეს ქვეყნის მთელი ტერიტორია დედაქალაქ ბაღდადის ჩათვლით.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა კატეგორიულად გამორიცხა ამერიკელების მიერ წამოწყებულ ,,თავგადასავალში” გერმანიის მონაწილეობა იმისდა მიუხედავად მიიღებდა თუ არა გაერო რაიმე რეზოლუციას. ოდნავ განსხვავებული მიდგომა დააფიქსირა საფრანგეთმა, რომლის პრეზიდენტმაც ჟაკ შირაკმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ მიიღებდა მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში თუ, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა გაეროს გადაწყვეტილება. 2003 წლის 20 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის მიერ ინიცირებულ სამხედრო ოპერაციას გაუმართლებელი და საერთაშორისო სისტემისთვის ,,საფრთხის შემქმნელი” უწოდა.
საკმაოდ ფრთხილი პოზიცია ეჭირა ირანის ისლამურ რესპუბლიკას. მათთვის სადამ ჰუსეინის რეჟიმი მუდმივი თავისტკივილი იყო. ამდენად, თეირანი მიესალმა ჰუსეინის ხელისუფლების დამხობას. თუმცა, ირანისთვის ასევე მიუღებელია რეგიონული დესტაბილიზაცია და სპარსეთის ყურეში აშშ-ის პოზიციების გამყარება. ირანის ისლამური რესპუბლიკა უბრალოდ იძულებულია ანგარიში გაუწიოს შექმნილ რეალობას. უფრო მეტიც, ირანი ფაქტიურად ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბლოკადაში მოექცა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა თეირანი ,,ბოროტების ღერძის” შემადგენელ ნაწილად გამოაცხადა. ერაყის სამხედრო კამპანიის შემდეგ კი მასობრივი ინფორმაციის ცალკეულ საშუალებებში ერთხანს აქტიურად მუსირებდა აზრი, რომლის თანახმადაც პენტაგონმა ირანზე სამხედრო თავდასხმის სპეციალური გეგმაც კი შეიმუშავა. ამ გეგმის საბოლოო მიზანი ქვეყანაში ისლამისტური რეჟიმის შეცვლა უნდა ყოფილიყო. ირანის წინააღმდეგ ,,დარტყმების” განხორციელების ძირითად პლაცდარმად, ბუნებრივია, ერაყის ტერიტორია მოიაზრებოდა. გარდა ამისა, არსებობდა ვერსია, რომ საბრძოლო ოპერაციების საწარმოებლად ვაშინგტონი აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების გამოყენებასაც შეეცდებოდა. თუმცა, შემდგომმა პერიოდმა გვიჩვენა, რომ მიუხედავად რიგი სერიოზული პრობლემებისა, აშშ არ აპირებს რაიმე სადამსჯელო ზომების გატარებას ირანის წინააღმდეგ.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველომ, ისევე როგორც აზერბაიჯანმა ცალსახად დაუჭირა მხარი ანტიერაყული კოალიციის სამხედრო კამპანიას (რუსეთის ინტერესების საპირისპიროდ). დღეს მსოფლიო იმდენად გლობალიზებულია, რომ არა მარტო საქართველოს სამეზობლოში (შუამდინარეთი კი სწორედ ასეთად შეიძლება ჩაითვალოს), არამედ შორეულ წერტილებში მიმდინარე მოვლენებმაც შესაძლოა სერიოზული ზეგავლენა იქონიონ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ამდენად, ერაყის კრიზისის დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ პრინციპული პოზიციის დროულ დაფიქსირებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ეს გარკვეულ რისკთანაც იყო დაკავშირებული.
ერაყის ომმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ რეჟიმის დამარცხება სამხედრო ძლიერების მეშვეობით გაცილებით უფრო იოლი საქმეა, ვიდრე ახალი სახელმწიფოს აშენება განადგურებული პოლიტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის პირობებში. ამას აცნობიერებენ თვით ვაშინგტონშიც და სწორედ ამის გამოა, რომ აშშ-მა აქტიურად ჩართო მრავალი ქვეყანა ერაყის პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში. უდავოა, რომ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაერთიანებული ძალისხმევით ერაყის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების სისტემატიზაციის უზრუნველყოფას და ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. შესაბამისად, საქართველომ მზადყოფნა გამოხატა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში შეეტანა გარკვეული წვლილი ერაყის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში (კოალიციის ფარგლებში გაიგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მცირერიცხოვანი კონტიგენტი).
ერაყის დაპყრობით აშშ კიდევ უფრო გაიმყარებს საკუთარ პოზიციებს სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარ რეგიონში. ალბათ იქნება მცდელობები ირანზე გავლენის გასაძლიერებლადაც, რომ აღარაფერი ვთქვათ საუდის არაბეთზე. მსოფლიოს ნავთობით მდიდარ რეგიონზე კონტროლის დაწესებით, ვაშინგტონს შესაძლებლობა ექნება მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ადევნოს თვალყური ენერგომატარებლების დინებებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის, ჩინეთშიც. ერაყის პრობლემის საბოლოოდ მოგვარების შემდგომ, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-მა სცადოს გავლენის მოპოვება სირიაზე, ლიბანზე, ეგვიპტესა და იორდანიაზე. სწორედ ამაში მდგომარეობს ამერიკელი სტრატეგების ოცნებაც - აღადგინონ ძველი სანავთობო გზები ერაყიდან ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით თურქეთის, ლიბანისა და ისრაელის გავლით.6 ცხადია, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის განადგურება, აუცილებლად გამოიწვევს აშშ-ის გავლენის ზრდას ახლო აღმოსავლეთში. პარალელურად, ვაშინგტონი აუცილებლად შეეცდება პოზიციების გამყარებას კასპიისპირეთსა და შუა აზიაში. არც ის არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში დაიწყება აქტიური მოლაპარაკებები დსთ-ის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ფედერაციის ინტერესებთან.
თანამედროვე ეტაპზე, სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით აშშ-ს გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა მსოფლიოს ყველა სხვა დანარჩენ სახელმწიფოსთან შედარებით.7 მომდევნო წლებში აშშ, ალბათ, მთლიანად დაამყარებს კონტროლს კოსმოსურ სივრცეზე, სადაც საკუთარ სამხედრო ობიექტებსაც განათავსებს. მკვეთრად შემცირდება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენა, როგორიცაა გაერო, ეუთო და ,,დიდი რვიანი”, სამაგიეროდ გაიზრდება აშშ-ის ერთხელისუფლებიანობა ნატო-ს ფარგლებში. ევროკავშირი ამ დროისთვის საკმაოდ სუსტი იქნება, რათა შეძლოს საკუთარი რესურსების მობილიზება და ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ევროკავშირისა და ნატო-ს ახალი წევრები - აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები დღეს პროამერიკულ განწყობებს უფრო აფიქსირებენ, ვიდრე პროევროპულს. მოვლენათა მსგავსი განვითარების შემთხვევაში, ევროკავშირი ფაქტიურად უძლური აღმოჩნდება რაიმე ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს აშშ-ის გეგმებს კონტინენტზე. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ, ევროპამ თითქოს დაკარგა თავისი ევროპული სტრატეგია და კონცეფცია. ევროპის კონტინენტის მოწყობის საკითხებზე გადამწყვეტ გავლენას ვაშინგტონი ახდენს. სწორედ ამერიკელები და არა ევროპელები აკონტროლებენ დღეს ბალკანეთში მიმდინარე პროცესებს. აშშ-ზე და არა ევროკავშირზეა დამოკიდებული კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხიც. ამერიკამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების თაობაზე. მხოლოდ ამერიკას ძალუძს დღეს ზეგავლენა იქონიოს ნატო-ს შემდგომ ექსპანსიაზე ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ისე კავკასიასთან, შუა აზიასთან და უკრაინასთან მიმართებაში. ამდენად, გამოდის, რომ სწორედ ამერიკელები (და არა ევროპელები) ქმნიან ევროპის მომავალს, რომელსაც ისინი ტრანსატლანტიკური კავშირის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ.
ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში, რომლის ფორმირებაც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ სულ სხვა ტემპებით წარიმართა და დღესაც გრძელდება, წინა პლანზე გამოვლენ ის სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად შეუერთდებიან აშშ-ის მეთაურობით შექმნილ ანტიტერორისტულ კოალიციას. ავღანეთისა და ერაყის ,,დასჯის” შემდეგ, ამ პროცესმა კიდევ უფრო მზარდი ხასიათი შეიძინა. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა მნიშვნელოვნად აიმაღლა თავისი პოლიტიკური წონა საერთაშორისო არენაზე ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში. რაც შეეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ნეიტრალური პოზიციის დაკავებას ამჯობინებენ ან შეეცდებიან წინ აღუდგნენ მსგავსი ტიპის მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, აუცილებლად დაკარგავენ თავიანთ მნიშვნელობასა და გავლენას მსოფლიო პოლიტიკაში.
აშშ-ში ტრადიციულად განიხილავენ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ორ ძირითად ვარიანტს. განსხვავება ამ ორ ვარიანტს შორის ერთპიროვნულ და კოლექტიურ ქმედებათა თანაფარდობაში უნდა ვეძიოთ. XX საუკუნის მიწურულს ჰ. კისინჯერმა ეს გაორება შემდეგნაირად გამოხატა: ,,ახალი მსოფლიო წესრიგის დროს იარსებებს ბევრი ძალთა ცენტრი ... ასეთ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორიდან ერთ შემთხვევაში - ბატონობის ან წონასწორობის პირობებში”.8 ბევრი არ ეთანხმება მსოფლიოს განვითარების ამგვარ მოდელს. თუმცა, ნატო-ს ბლოკის 78 დღიანმა ომმა ბელგრადის წინააღმდეგ და კოსოვოში მიღწეულმა გამარჯვებამ, ავღანეთსა და, განსაკუთრებით, ერაყში განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოება კვლავ დააფიქრა იმაზე, თუ რა როლს ითამაშებს ამერიკა XXI საუკუნეში ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების თვალსაზრისით. აშშ-მა ყველას ერთხელ და სამუდამოდ დაუმტკიცა, რომ მას შეუძლია აიძულოს ნებისმიერი ქვეყანა დაემორჩილოს იმ წესებსა და ნორმებს, რომლებიც უშუალოდ ვაშინგტონისთვის არის მისაღები მოცემულ მომენტში. ანალიტიკოსთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ დღესდღეობით საერთაშორისო სისტემა უკვე ერთპოლუსიანი გახდა, სადაც ერთპიროვნული ლიდერის პოზიციებზე აშშ იმყოფება.
ერაყში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანწილად შეარყია საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტი. ამან რიგ ექსპერტებს აფიქრებინა, რომ საერთაშორისო სამართალი დღესდღეობით მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს ატარებს და აღარ წარმოადგენს ძალაუფლების წყაროს. მთავარი დღესდღეობით სამხედრო ძლიერებაა. ამ თვალსაზრისით კი აშშ-ს ჯერ-ჯერობით კონკურენტი არ ჰყავს. შექმნილი ვითარება, ჩვენის აზრით, არასასურველია. მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა და, მათ შორის, აშშ-მაც მაქსიმალურად უნდა სცენ პატივი საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს მაინც.
იბადება სავსებით ბუნებრივი კითხვა: საჭიროა თუ არა საერთაშორისო სამართლის კორექტირება და, შესაბამისად, გაეროს რეფორმა თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერაყის ბოლოდროინდელმა კრიზისმა და მსოფლიოში შექმნილმა ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალიებმა აშკარა გახადა გაეროს რეფორმის აუცილებლობა, ისევე, როგორც დღის წესრიგში დადგა საერთაშორისო სამართალში ცვლილებების შეტანის საკითხი. ამ ომმა დღის წესრიგში დააყენა ისეთი გლობალური და რეგიონული ინსტიტუტების რეფორმირების საკითხი, როგორიცაა გაერო, ნატო და ევროკავშირი. აშკარა სამხედრო უპირატესობასთან ერთად, აშშ-ს გააჩნია საკმარისი ეკონომიკური რესურსიც მსოფლიოში საკუთარი ,,თამაშის წესების” დასამკვიდრებლად.
მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ხუთმა ქვეყანამ (სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის სტატუსი და ვეტოს უფლება მოიპოვა (დანარჩენ 10 არამუდმივ წევრს ირჩევენ ორი წლის ვადით), საერთაშორისო არენაზე ბევრი რამ შეიცვალა. ცვლილებებთან ერთად კი უშიშროების საბჭოს გაფართოებაზეც დაიწყო საუბარი. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში აშშ საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოვიდა, იაპონიასა და გერმანიას კი მუდმივი წევრის სტატუსი უნდა მიეღო. საქართველო მხარს უჭერს უშიშროების საბჭოს როგორც მუდმივი, ასევე არამუდმივი წევრებით გაფართოებას.9 ეს არის უშიშროების საბჭოს რეფორმის მხარდაჭერა ,,2 + 3” ფორმულის შესაბამისად, რაც გულისხმობს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებად განვითარებული ქვეყნებიდან ორის (გერმანია და იაპონია), ხოლო განვითარებადიდან კი სამი სახელმწიფოს მიღებას. საქართველოს ხელისუფლების აზრით, სრულყოფას მოითხოვს ვეტოს უფლების გამოყენების მექანიზმიც.
გაეროს რეფორმასთან ერთად, დღევანდელ მსოფლიოში საჭიროა შეიქმნას ახალი გეოპოლიტიკური ეთიკა, ახალი გეოპოლიტიკური მორალი, რომელიც დაეფუძნება არა იარაღის ძალას, არამედ თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს.
ცნობილი ამერიკელი დიპლომატის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰ. კისინჯერის ერთ-ერთი გამონათქვამია: ,,თუ მსოფლიოს მართლაც სურს მშვიდობა, მან უნდა მიიღოს ამერიკის ყველა წინადადება ... და განუხრელად იხელმძღვანელოს საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის მხოლოდ ამერიკული პოსტულატებით”.10 მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ თეზისს გააჩნია თავისი ობიექტური საფუძველი, მსოფლიოში მიმდინარე რეგიონული კონფლიქტების დარეგულირების პროცესებთან მიმართებაში მისი გამოყენება, ალბათ, მაინც არ გამოგვადგება. მსგავსი ცალსახა მიდგომა, ჩვენის აზრით, კიდევ უფრო დაძაბავს არსებულ წინააღმდეგობებს და დისკომფორტს შეუქმნის მსოფლიოში ფორმირების პროცესში მყოფ ძალთა ბალანსს. მსგავსი მიდგომის შედეგად, კონფლიქტების საბოლოო გადაწყვეტის ნებისმიერი კონცეფცია მხოლოდ თეორიული მსჯელობის საგანი გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ დღესდღეობით წარმოადგენს ერთადერთ ზესახელმწიფოს მსოფლიოში, მას მაინც არ ძალუძს ერთპიროვნულად გაუმკლავდეს იმ გლობალურ გამოწვევებს (საერთაშორისო ტერორიზმი, ბირთვული იარაღის გავრცელება, რეგიონული კონფლიქტები, ეკოლოგიური პრობლებები და ა.შ.), რომლებიც დღესდღეობით საფრთხეს უქმნიან მსოფლიო საზოგადოებრიობას. ის ფაქტი, რომ ერაყის კრიზისის დროს, ვაშინგტონი მოკავშირეების აქტიურ ძიებაში იყო, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ამ დასკვნის სისწორეში.
რაც შეეხება თანამედროვე საერთაშორისო სისტემას, ვვარაუდობთ, რომ ამ ეტაპზე მსოფლიო მერყეობს ,,ერთ-პოლარულ” და ,,მრავალ-პოლარულ” სისტემებს შორის. თუ რა მიმართულებით წარიმართება საერთაშორისო სისტემის შემდგომი განვითარება, ჯერ უცნობია. თუმცა, ერთი რამ უდავოა, რომ ახალი სისტემა დაეფუძნება ახალ მსოფლიო წესრიგს, რომლის ფორმირებაშიც წარმმართველ როლს ამერიკის შეერთებული შტატები ითამაშებს.
_____________________
1. Бжезинский З. Великая шахматная доска. М., ,,Международные отношения”, 1999, C. 11.
2. დავითაშვილი ზ. ნაციონალიზმი და გლობალიზაცია. თბ., ,,მეცნიერება”, 2003.
3. Косолапов Н.Н. Порядок и формирующиеся факторы европейской геополитики. Россия и будущее европейской геополитики. Россия и будущее европейского устройства. Ч.1., М., РАН ИМЭМО, 1994, С.18.
4. Nye J. What New World Order? Foreign Affairs. Vol. 71, № 2, 1992.
5. Кокошин А. О явлениях и тенденциях, определяющих облик мировой политики в первой декаде XXI века // Вестник Аналитики. М., ИСОА, № 1, 2003, C.7.
6. Рар А. О возможных последствиях войны в Ираке//Вестник Аналитики. М., ИСОА, № 1, 2003, C.15.
7. Кокошин А. О явлениях и тенденциях, определяющих облик мировой политики в первой декаде XXI века // Вестник Аналитики. М., ИСОА, № 1, 2003, C.4.
8. Kissinger H. Diplomacy. New York, 1994.
9. დოღონაძე შ. საქართველო: გზა საერთაშორისო აღიარებიდან საერთაშორისო თანამეგობრობისაკენ. თბ., ,,მეცნიერება”, 2002, გვ. 47.
10. Kissinger H. Diplomacy. New York, 1994, P. 17.
![]() |
7 შევარდნაძე, ,,ვარდების რევოლუცია” და საქართველოს მომავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო ურთიერთობები
ნოემბრის თვეში საქართველოში მომხდარმა მოვლენებმა ქართველ ხალხს იმედი გაუღვიძა. საზოგადოება მკვეთრ ცვლილებებს ელოდება და დიდ იმედებს ამყარებს ახალ ხელისუფლებაზე. ჯერ, ალბათ ნაადრევია მომხდარისათვის სრული შეფასების მიცემა და კიდევ გარკვეული დროა საჭირო იმისათვის, რომ ცივი გონებით, ემოციებისაგან განთავისუფლებულებმა განვსაჯოთ მომხდარი. დრო გვიჩვენებს თუ რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა და გამართლდება თუ არა მათი მოლოდინი. თუმცა, უკვე დღეს შესაძლებელია ვისაუბროთ ,,ვარდების რევოლუციის” ძირითად შედეგებზე, ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე, მისი საქართველოში მოღვაწეობის დადებით და უარყოფით მხარეებზე, და იმაზე, პირველ რიგში, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს მომავლისათვის. ამის თაობაზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის პრეზიდენტს ბ-ნ ალექსანდრე რონდელს.
ესაუბრნენ კახა ოქროჯანაშვილი და ნიკა თარაშვილი.
- ბ-ნო ალექსანდრე, ერთხელ თქვენ განაცხადეთ, რომ ,,ჩვენი მასა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბურანშია” - ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ მოხდა თუ არა ამ ,,მასის” ჩამოყალიბება საზოგადოებად და შედგა თუ არა ,,გამოღვიძება”?
- ასეთ მაღალფარდოვან სიტყვას - ,,გამოღვიძება” არ ვიტყოდი, მაგრამ ერთი აშკარაა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მძიმე ძილში ვართ, ჩვენ ერში არის საკმაოდ დიდი ოდენობით დემოკრატიული მუხტი და ჩვენ ამ დამოუკიდებლობის თორმეტი წლის მანძილზე რაღაც დემოკრატიული ფასეულობებისკენ შეგნებული სწრაფვა გამოგვიმუშავდა. ადრე ჩვენ მხოლოდ წიგნებიდან ვიცოდით რომ დემოკრატია კარგია. ხალხმა დაინახა, რომ დემოკრატია არის გამჭვირვალობა, პასუხისგება-ანგარიშგება ხალხის წინაშე. ჩვენი წინა ხელისუფლებისთვის ორივე უცხო იყო. ეს იყო პირამიდა, რომლის სათავეში იდგა ერთი კაცი და მას ემორჩილებოდა დაახლოებით სამი ათასი სახელმწიფო მოხელე. ეს იყო ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინაშე პასუხს არ აგებდა. ადრე საქართველოში ყოველთვის ამგვარი ხელისუფლებები იყო, და არცერთი მათგანი ხალხის წინაშე პასუხს არ აგებდა. ნელ-ნელა ხალხმა გააცნობიერა ეს ფაქტი და აღარ მოეწონა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. რა თქმა უნდა, აქ იყო რევოლუციური ელემენტებიც, უკმაყოფილებაც, იყვნენ ლიდერები, ორგანიზაციები და პარტიები, მათ გარეშე ხელისუფლების შეცვლა, შეიძლება, ასეთი ფორმით არ მომხდარიყო, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს, მთელი მსოფლიოს აგენტურაც რომ ჩამოიყვანო (ახლა ძალიან პოპულარულია ასეთი გამონათქვამები, რომ ეს ყველაფერი აგენტურის გაკეთებულია), ამდენ ხალხს მისი სურვილის გარეშე ფეხზე ვერ დააყენებ. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ მართალია ბევრ საკითხში ჯერ კიდევ ,,ბურანში” ვართ, მაგრამ ბევრ რამეში უკვე ,,აზრზე მოვსულვართ”. მე ვფიქრობ ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, ყველაზე კარგი რამ რაც ჩვენ ამ მოვლენებიდან დავინახეთ.
- ანუ თქვენ თვლით, რომ, რაც არ უნდა ილაპარაკონ გარე ძალებზე, ეს ყველაფერი მაინც მეტწილად ხალხის დამსახურებაა?
- საბოლოო ჯამში კი. ხალხი დაიღალა ხელისუფლების უნიათობითა და უსაქმურობით, უბრალოდ მობეზრდა ამდენი ტყუილი. სხვანაირად ვერ მოხდებოდა ათეული ათასობით ადამიანის მობილიზაცია, თანაც ასეთი უამინდობის დროს. ძალიან ძნელია ყველაფერს დაანებო თავი, წამოხვიდე საიდანღაც მანქანით და ქუჩაში დადგე. ხალხს აღარ შეეძლო მეტის მოთმენა, ყველაფერი ყელში ჰქონდა ამოსული.
- ე.ი არჩევანი გაკეთდა, შეიძლება ბუნდოვანიც, მაგრამ ცალსახა, რომ ასეთი ხელისფლება აღარ უნდოდათ...
- კი, ერთი რამ აშკარაა, ხალხი გამოვიდა არსებული წყობის წინააღმდეგ, გამოჩნდნენ ახალგაზრდა ლიდერები, შედარებით ახალგაზრდა ძალები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ ხალხზე. ყოველ შემთხვევაში მათ არა აქვთ საბჭოური მართვის გამოცდილება და ხალხმაც ჩათვალა, რომ ყველაფერი სჯობია იმას, რაც აქამდე იყო.
- ალბათ, ჯერ ნაადრევია ნოემბერის მოვლენებისთვის საბოლოო შეფასების მიცემა, მაგრამ როგორ შეაფასებდით თავად შევარდნაძის მოღვაწეობას, რა გააკეთა მან თორმეტი წლის განმავლობაში ან რა ვერ გააკეთა?
- როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი მარცხით ამთავრებს კარიერას, ყველა იწყებს მის კრიტიკას. იმის ჩვენებას, თუ რა კარგად ერკვევა პოლიტიკაში, რა კარგად შეუძლია მისი შეფასება და სხვა. მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ შევარდნაძის პოლიტიკა მთლიანად შევაფასო. ამას დროს ჭირდება. შევარდნაძისნაირი პოლიტიკოსების შეფასება წლების გასვლის შემდეგ უფრო ადვილია. ადამიანები ხშირად ძალიან სუბიექტურები ვართ იმ მოვლენებისადმი, რომელშიც გარკვეულწილად თავადაც ვმონაწილეობთ. თუმცა, საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველაფერი კარგად ჩანდა რაც კეთდებოდა, ამიტომ შეიძლება თავს უფლება მივცე და კიდეც შევაფასო შევარდნაძე, როგორც პოლიტიკოსი. ძალიან რთული ფიგურაა. ის პირველ ყოვლისა ნამდვილი ქართველია, თავისი ერის შვილი, ქართველებისათვის დამახასიათებელი ყველა პლიუსით და მინუსით. ამ სოციალურ-კულტურული გარემოს შვილია, დროთა განმავლობაში არ შეცვლილა, როგორიც იყო ისეთი დარჩა და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ხანს. როგორც პიროვნება, ამბობენ, რომ სასიამოვნო კაცია, მე რამდენჯერაც შევხვედრივარ ყოველთვის კარგი მანერებითა და იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა და არც შეიძლება სხვანაირი იყოს გურული კაცი, ეს გასაგებია. ჩვენ მას ვახასიათებთ როგორც პოლიტიკოსს, ეს ცოტა უფრო რთულია. საბჭოთა ხელისუფლების დროს ის იყო ტიპიური საბჭოთა პარტიული მუშაკი. ზოგი იტყოდა კარიერისტი, თუმცა მაშინ ყველა ასე აკეთებდა. თუ მიზნად წინსვლა გქონდა დასახული, უნდა ყოფილიყავი კიდეც ასეთი. მან მიაღწია მიზანს, ე.ი. კარგი პოლიტიკოსი იყო იმ დროისთვის. როდესაც საქართველოში დაბრუნდა, საქართველო ყველას ავიწყდება მაშინ რა იყო. სასოწარკვეთილება სწორედ მაშინ იყო. თუმცა, ზოგს გულში იმის იმედიც ჰქონდა, რომ თუ ქვყანას კარგად მოვუვლიდით 4-5 წლიწადში საქართველო შვეიცარიასავით იქნებოდა. ბორჯომი, ჩაი და გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაცხოვრებდა. კიდევ კარგი, რომ ამგვარი ზღაპრები დასრულდა და 12 წლის შემდეგ მივხვდით, რომ მხოლოდ მძიმე შრომა გამოგვიყვანს მძიმე მდგომარეობიდან. შევარდნაძე აქ დაბრუნდა. ზოგი ამბობს, რომ სხვაგან წასასვლელი არც ჰქონდა, თუმცა მე მახსოვს, რომ იმ პერიოდში მას იმხელა გავლენა და სახელი ჰქონდა დასავლეთში, რომ ადგილსაც მოუნახავდნენ და შეინახავდნენ კიდეც. მაგრამ შევარდნაძე შევარდნაძე არ იქნებოდა, რომ წასულიყო და სამშობლო ასეთ დღეში მიეტოვებინა. ამის მორალური უფლებაც არ ჰქონდა, რადგან ხალხი მასზე ამყარებდა იმედებს. გარდა ამისა, უნდა ეჩვენებინა, რომ მაგარია, ეჩვენებინა, რომ ქართველია. ბუნებრივია ბევრი ურჩევდა ჩამოსულიყო, ზოგიც ეუბნებოდა, რომ არ დაბრუნებულიყო, თვითონაც იცოდა, რომ ძნელი იქნებოდა დაბრუნება. მახსოვს ახალი ჩამოსული იყო, როდესაც ამერიკულ ჟურნალ ,,თიმე”-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნება მისი პირადი ტრაგედია იყო. მე მაშინ დავინახე, რომ ამ კაცს შესანიშნავად ესმოდა რასაც აკეთებდა. ფაქტია, რომ ჩვენ მაინც მადლობა უნდა ვუთხრათ მას, რომ ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რომ არ ჩამოსულიყო რა მოხდებოდა ჩვენ არ ვიცით. მაშინ შევარდნაძის ჩამოსვლა ყველამ დადებით მოვლენად მიიჩნია. ამ ფაქტს დასავლეთშიც ამგვარი შეფასება ჰქონდა. ამხელა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა პატარა ქვეყნისათვის ძალიან კარგი იყო. ამას მოჰყვა კონტაქტები დასავლეთთან და ეს მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ, ამავე დროს, იგი მიუღებელი იყო რუსული პოლიტიკური ელიტისთვის, განსაკუთრებით სამხედროებისთვის (ხშირად ეს ერთი და იგივეს ნიშნავს). მათ სულ ეგონათ, რომ საბჭოთა კავშირი ვიღაცამ დაანგრია. მე კი მგონია, რომ თვითონ დაინგრა. მერე მისი ქართული წარმოშობა, ამასაც მნიშვნელობა აქვს. ეს ყოველთვის ასეა ხოლმე...
- მასზე უფრო მეტი ბოღმაა ვიდრე გორბაჩოვზე...
- რა თქმა უნდა, ისინი თვლიან, რომ გორბაჩოვი სულელი იყო და ქვეყანას ძირს შევარდნაძე უთხრიდა. რუსებს საერთოდ კონსპირაციის თემა აწუხებთ (როგორც ქართველებს ხშირად). თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მთელი მისი საქმიანობა სტაბილიზაციის მიღწევისკენ იყო მიმართული, რომ თავისი ხელისუფლების კონსოლიდირება მოეხდინა. მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ თავდაპირველად შევარდნაძეს დიდი ძალაუფლება არ ჰქონდა ხელში. მას წამდაუწუმ ახსენებდნენ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი, რომ ისინი არიან მმართველები და არა შევარდნაძე. შევარდნაძე არ იქნებოდა შევარდნაძე, რომ ეს დიდი ხანი მოეთმინა, თუმცა მაინც ძალინ დიდი დრო დაჭირდა. მან ძალიან ოსტატურად შეძლო საკუთარ ხელში ძალების კონსოლიდირება, საკვანძო ადგილებზე თავისი ხალხის დანიშვნა და ამ ,,გაუგებრობების” მოცილება პოლიტიკიდან. ამ ხალხმა დიდი უბედურება მოუტანეს ერს. ისინი ყოველთვის ცდილობენ ყველაფერი შევარდნაძეს გადააბრალონ. რასაკვირველია, მე არ ვამბობ, რომ შევარდნაძეს არაფერი ეკითხებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ პერიოდში ისინი ყველაზე მეტად არიან დამნაშავეები. რისთვის სჭირდებოდა მას ეს კონსოლიდირება? როგორც შემდგომში გამოჩნდა, იმისთვის, რომ თვითონ ყოფილიყო ძლიერი. ამავე დროს ჩვენ ყველანი დაინტერესებული უნდა ვყოფილიყავით, რომ ასე მომხდარიყო. იმიტომ, რომ მაშინ ერთმმართველურად შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება. რეფორმების გატარება, ვიღაცეების შეკავება, ვიღაცეების გაჩერება, ვიღაცეების დაპატიმრება და ა.შ. ამიტომ ეს ჩვენს ინტერესებში, ხალხის ინტერესებში იყო. გარდა ამისა, მან დაიწყო რეფორმების გატარება. მაკროეკონომიკური რეფორმები, მონეტარული რეფორმები და ა.შ. ეს ყველაფერი მის დროს გაკეთდა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მან ბევრი გააკეთა ამ მხრივ. ამავე დროს მან დაიწყო იმ კადრების გამოყენება, რომელიც მის ხელთ იყო. შევარდნაძეს ყოველთვის უჩივიან, რომ კადრების შერჩევაში ცუდი გემოვნება ჰქონდა. მეც ვფიქრობ, რომ ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ყველა ლიდერი იმ საშენ მასალას იყენებს, რაც მას აქვს. სხვა საკითხია, რომ მას უკეთესი კადრების მოძებნაც შეეძლო, შემდგომ ეტაპზე მაინც, მაგრამ რაც ჩემთვის ყველაზე მეტად გაუგებარია, რაც უფრო დრო გადიოდა, მით უარესი ხალხი მოჰყავდა. ბოლო დროს კი მის ირგვლივ შეიკრიბნენ ისეთი პიროვნებები, რომელთა საქმიანობასაც სიკეთე არ მოჰყვებოდა.. ასე მარტივი გადასაწყვეტი ეს საკითხი არ იყო, ალბათ წლოვანებამ და გადაღლილობამ თავისი ქნა, მით უმეტეს, რომ შევარდნაძეს ადვილი ცხოვრების გზა არ გაუვლია. ყველა ვინც მის ახლომახლო ტრიალებდა, ჩემთვის კარგად ნაცნობი ხალხი, ამბობს, რომ უკანასკნელი წელიწადი-წელიწადნახევრის განმავლობაში ვეღარ სცნობდნენ. შეიძლება, სწორედ ამის გამო გახდა ტოლერანტული ბევრი რამის მიმართ, რასაც აქამდე არ დაუშვებდა, მაგრამ ფაქტია, რომ კადრების საკითხს ყველა უჩიოდა. ეხლა თუ შევაფასებთ 1995 წლის მოვლენებს, როდესაც პრეზიდენტზე ტერაქტი განხორციელდა, ამ პერიოდის შემდეგ ჩვენში რაღაც დინამიზმი შეინიშნებოდა. მანამდე იმდენად ცუდად იყო საქმე, რომ შემდეგ რაც კი ხდებოდა, ყველაფერი კარგი და მისაღები იყო ჩვენთვის. რაღაც რეფორმები ტარდებოდა, ეკონომიკური მაჩვენებლები მაღალი იყო. ამას თან ერთვოდა საერთაშორისო მხარდაჭერა. შევარდნაძეს ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდა, მაგრამ მიატოვა და თავის ქვეყანაში ჩამოვიდა, სადაც ძალიან რთული გზა გაიარა (ტერიტორიების დაკარგვა, სამოქალაქო ომი, არეულობა) და მაინც მოახერხა ქვეყნის ფეხზე დაყენება. ყველაზე მთავარი იყო მისი პროდასავლური კურსი, რომლის გარეშეც საქართველოს არსებობა მართლაც გარდაუვალია. სწორედ ეს პროდასავლური კურსი იზიდავდა ყველაზე მეტად ბევრ მის მომხრეს, მათ შორის მეც. ამან ფანტასტიკური იმიჯი შექმნა საქართველოზე. პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ შევარდნაძე თავის პატრონაჟის სისტემას ავითარებდა, როდესაც თვითონ არის პატრონი და დანარჩენები მას ემსახურებიან. მაგრამ ხალხი უკმაყოფილო იყო ამ სისტემით. ქუჩაში ხალხი ხაზინის დაცარიელებამ, ხელისუფალთა უმოქმედობამ და ხალხისადმი გულგრილობამ გამოიყვანა. ამან მოუღო ბოლო შევარდნაძის რეჟიმს, და არა სოროსმა ან შეთქმულებამ, რაზეც ხშირად თავად საუბრობს ხოლმე. ფაქტობრივად შეჩერდა სახელმწიფოს შენება და დაიწყო უკუსვლა. ინერციით გრძელდებოდა საკუთარი ხელისუფლების გაძლიერების ტენდენცია და არა სტაბილურობის ინსტიტუტების მშენებლობის ტენდენცია. ამავე დროს შევარდნაძემ მშვენივრად იცოდა, რომ მისი ტიპის ხელისუფალისთვის აუცილებელი იყო ბალანსირების პოლიტიკა. ის ცდილობდა, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან არცერთი გაძლიერებულიყო ძალიან, რადგან გაძლიერებული ძალოვანი სტრუქტურები მის მოწინააღმდეგეებს არ გამოეყენებინათ. შევარდნაძე მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მის რეჟიმს საფრთხე არ შექმნოდა. რადგან მან გამოაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს, მთლიანად დემოკრატიული გზით უნდა წასულიყო. მან დემოკრატიის რაღაც ელემენტები შემოიტანა კიდეც ქვეყანაში, თუმცა ისიც ნათელია, რომ იგი ხალხს დემოკრატიისთვის ჯერ მოუმზადებლად თვლიდა. მას ეშინოდა, რომ ისედაც დაქუცმაცებულ საქართველოში, სადაც დემოკრატიული ტრადიციები არ არსებობს, ეს საფრთხეს შეუქმნიდა მის რეჟიმს. პრეზიდენტმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ასეთი გზა აირჩია. თუმცა მან საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნისაგან იხსნა და მაინც შეძლო ახალი სახელმწიფოს საძირკველის ჩაყრა. შევარდნაძემ გარემოცვის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად, მაინც შეინარჩუნა დემოკრატიულობა მასმედიისადმი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საბოლოოდ თავისუფალმა მედიამ და იმ სამოქალაქო ძალებმა მოუღეს ბოლო, რომლებსაც, როგორც თავად ამბობს, ბევრის უფლება მისცა. მაგრამ ეს ალბათ უფრო გაბრაზებული კაცის პოზიციაა.
მე მიმაჩნია, რომ შევარდნაძე ვერ მოერია ენერგეტიკის სფეროში არსებულ სირთულეებს, მაფიოზური კლანების გაბატონებას ქვეყანაში, ასევე სათანადოდ არ მიხედა განათლების სფეროს. განათლების სფერო კი ქვეყნის მომავალია. არ ვიცი რატომ, ვერ მოიცალა თუ არ მოიცალა, ვერ გაიგო ამის მნიშვნელობა, არ იყო ამის საშუალება, თუ ყველაფერი ერთად, - არ ვიცი. ფაქტია, რომ ამ მხრივ მომავალი არ არის და რომ ჩვენ კაი ხანი განათლებული ხალხი არ გვეყოლება. მე მიმაჩნია, რომ ეს ორი სტრატეგიული სფერო - ენერგეტიკა და განათლება სრულიად ჩავარდნილი იყო. დანარჩენების გამოსწორებას შედარებით მოკლე დრო სჭირდება. ეს ორი, სტრატეგიული სფეროა და ვფიქრობ მათი არმიხედვა უდიდესი შეცდომა იყო. და ალბათ ამის გამოც მოხდა, - უკმაყოფილო სტუდენტობა და რაც მთავარია ენერგეტიკაში დიდი კატასტროფა და შემდეგ მისი გადაცემა რუსეთისათვის.
მიუხედავად მსგავსი შეცდომებისა, შევარდნაძის მმართველობის დროს ხალხი დამოუკიდებლად არსებობის ჩვევებს იძენდა. შეიძლება ეს სხვა მმართველის პერიოდშიც მომხდარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ხელმძღვანელი შევარდნაძე იყო. მან ვერ შეძლო უფრო მეტის გაკეთება. ჩვენ კი მისგან სწორედ ამას ველოდით. შევარდნაძე იმხელა მოვლენა იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, რომ ყველას ეგონა, ის მეტის გაკეთებას მოახერხებდა თავისი პატარა ქვეყნისათვის.
- იქნებ ის იყო მთავარი პრობლემა, რომ დიდ პოლიტიკოსს პატარა ქვეყანაში მოუწია მოღვაწეობის გაგრძელება?
- შეიძლება, ესეც იყოს. მაგრამ პატარა ქვეყანაში უფრო ადვილი გასაკეთებელია ბევრი რამე, თუმცა არა ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩვენ, მართალია, მცირერიცხოვანი ერი ვართ, მაგრამ ამბიციურობითა და ემოციებით შეიძლება ჩემპიონებიც ვიყოთ მსოფლიოში. საქართველო არ იყო ის ქვეყანა, სადაც წყნარად შეიძლებოდა მშენებლობა, ესაა ურთულესი ქვეყანა, ძალიან რთული სამეზობლოთი. რუსეთს არასოდეს დაუნდია ჩვენი ქვეყანა და რუსეთის მხრიდან ასეთი ზეწოლის, ასეთი შანტაჟის პირობებში ძალიან ძნელია სწორი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გატარება. შევარდნაძემ საგარეო ასპარეზზე უფრო მეტის გაკეთება მოახერხა, შეიძლება ეს უფრო ადვილიც იყო მისთვის, საერთაშორისო იმიჯისა და კონტაქტების გამო. ირონია ის არის, რომ მოღვაწეობის უკანასკნელ დღეებში შევარდნაძე სწორედ მას (რუსეთს) ჩაბარდა, ვისაც ებრძოდა. დღეს ამაზე საუბარს ერიდებიან, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, თუ რა მოხდა ბოლო დღეებში და ბოლო თვეებში, ივლისიდან დაწყებული, როდესაც ენერგეტიკა რუსეთს გადაეცა. აქ კიდევ გასარკვევია ვისი ხელშეწყობით მოხდა ეს. აქ რამდენიმე კაცია დამნაშავე. მაგრამ რა თქმა უნდა, პრეზიდენტის სანქციის გარეშე არ მოხდებოდა. დასავლეთისაკენ გზა ჩაიკეტა, ჩატყდა ის ხიდი რომელიც დასავლეთთან მის ხელისუფლებას აკავშირებდა. ხელისუფლებამ დასავლეთის არცერთი თხოვნა თუ მოთხოვნა არ გაიზიარა. ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვუბრუნდებოდით იმ ფასეულობებს, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა. ხალხის ქუჩაში გამოსვლაც, ვფიქრობ სწორედ ამის შიშმა განაპირობა, ნოემბრის მოვლენებში მონაწილეთა უმრავლესობა ქუჩაში გამოსვლის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ შევარდნაძის რეჟიმს ქვეყანა უკან, კვლავ რუსეთისკენ მიჰყავდა. რეჟიმის დაცემის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახდა. არ ვიცი თვითონ თუ იცოდა ამის შესახებ. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ არ იცოდა. ამიტომ ჩემთვის ბევრი რამე გაუგებარია რაც იმ დღეებში მოხდა. ჩემი აზრით, ეს შევარდნაძის ცხოვრებაში ძალიან ტრაგიკული მომენტი იყო, როდესაც 12 წლის წინააღმდეგობის შემდეგ ასე ადვილად ნებდებოდა. შეიძლება ადვილად არც ნებდებოდა. ალბათ ამას თვითონ იტყვის როდესმე. მაგრამ ბოლოს მე მაინც მინდა ვიფიქრო, რომ ბოლო მომენტში თვითონაც მიხვდა რას აკეთებდა. ფაქტია, რომ საქართველო ბეწვზე გადაურჩა იმ ხალხის ხელში ჩავარდნას, რომელიც მას რუსეთს გადასცემდა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ უკვე და მე მგონი სხვა მიზანიც არ ჰქონიათ. გამოსავალი იმიტომ, რომ ეს იყო მათთვის გადარჩენა. და ჩემთვის გაუგებარია, თუ 12 წლის შემდეგ, როგორ ხდება ასეთი უკუსვლა. როგორც ჩანს ეს 12 წელიწადი მისთვის ადვილი არ იყო. გაუთავებელი დავა რუსეთთან, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა, შემდეგ ფაქტია, რომ მისმა სისტემამ, მისმა რეჟიმმა დასავლეთში თანდათან გაღიზიანება გამოიწია. იმიტომ რომ ამ სისტემაში სხვა ფასეულოებები იყო. ეს კარგად გამოჩნდა ბეიკერის აქ ჩამოსვლითაც, ასევე სხვა მომენტებშიც. ეს ოპოზიციამაც კარგად დაინახა და მიხვდა, რომ ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იყო მთავრობის შესაცვლელად. სხვათაშორის რუსეთსაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული აღნიშნული მომენტის გადამწყვეტი მნიშვნელობა და ეცადნენ კიდეც გამოეყენებინათ იგი, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. რამდენიმე საათში განვითარებულმა მოვლენებმა და იმ პიროვნებებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ მოვლენებში, გადაარჩინეს საქართველო. აქ შევარდნაძის როლი ჩემთვის გაუგებარია. მე არ მინდა დავიჯერო ბევრი რამ. 12 წელი ვუყურებდი ამ კაცის ბრძოლას ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან და არ მინდა დავიჯერო, რომ ასე უცებ მოტყდა, შეიძლება უცებ არც იყო. აქ ისმის კითხვები, რომლებზეც პასუხი იქნება სხვამ უკეთესად იცოდეს. შევარდნაძე მაინც შევა ისტორიაში, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი, მისი სუვერენულობის მშენებელი. თანაავტორი ან ავტორი ყოველივე ცუდის და კარგისაც, რაც ამ დროს მოხდა. მისი სახელი არც საერთაშორისო ისტორიიდან ამოიშლება და არც საქართველოს ისტორიიდან. რა თქმა უნდა ყოველთვის ოქროს ასოებით ჩაწერილი არ იქნება, ზოგჯერ უფრო უბრალო ლითონებით, ზოგჯერ საერთოდ არალითონებით, - არ ვიცი. მე მაინც ვიტყოდი რომ ჯერ, შეიძლება ნაადრევიც კია მისი შეფასება, ჯერ კიდევ ემოციები ჭარბობს. საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა. ეს დიდი მოვლენაა.
- თუ გადავხედავთ საქართველოს უახლეს ისტორიას დავინახავთ, რომ ბოლო 4-5 წელიწადი ქვეყანაში პროგრესი აღარ შეიმჩნეოდა, შევარდნაძის რეჟიმი იყო უნიათო, საკუთარ გადარჩენაზე მზრუნველი სისტემა. საქართველო იმიჯს კარგავდა საერთაშორისო ასპარეზზე. შევარდნაძემ თავის შემდგომ ხელისუფლებას ძალიან მძიმე პრობლემები დაუტოვა გადასაწყვეტად, რომლებიც მხოლოდ მისი შექმნილი და მოგონილი არ არის. საერთოდ შევარდნაძის ფაქტორი, მისი გავლენა და მისი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს იქნება. ერთი რამ ნათელია - შევარდნაძე იყო სისხლითხორცამდე ქართველი. მისი მართვის სტილი ქართული ფეოდალური მართვის სტილია, სადაც არაფერია დასავლური. იგი მეფესავით მართავდა ქვეყანას. თუმცა ცდილობდა, რომ დემოკრატი მეფე ყოფილიყო, მაგრამ არ გამოდის თან მეფე იყო და თან დემოკრატიულად მართო.
- ამ კუთხით თუ შევხედავთ, ხომ არ გგონიათ, რომ ამ პერიოდში თანამედროვე სამეფო კარის მსგავსი რამ ყალიბდებოდა და ფაქტიურად სახელმწიფო არ შენდებოდა?
- სიმბოლური იყო ჩემთვის ერთი მომენტი. საქართველოში 1997 წელს ჩამოსული იყო UNDP-ის სისტემაში ნამუშევარი ერთი ირანელი კაცი. ერთხელ პროგრამების შესახებ ვკითხე და მან მიპასუხა, რომ შევარდნაძე მეფეა ამ ქვეყანაში და UNDP-მაც ისე უნდა გაუკეთოს პროგრამა, როგორც მას მოსწონს. მართალია ეს სიტყვები ირონიით იყო ნათქვამი, მაგრამ ამავე დროს სრული სეროზულობით. მას შემდეგ სულ ვფიქრობდი ამაზე და დროთა განმავლობაში უფრო მიძლიერდებოდა ეს განცდა. ჩვენ ახლა შევარდნაძის პოლიტიკურ მოღვაწეობას იმ კუთხით უნდა შევხედოთ, თუ რისი სწავლა შეგვიძლია მისი საქმიანობიდან, რა გამოგვადგება მისი გამოცდილებიდან.
- ხშირად, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში ექს-პრეზიდენტის გარემოცვას ადანაშაულებენ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც ერთი წარუმატებლობა ან წარმატება ვეზირებს არ ბრალდებათ, მეფეა ყოველთვის დამნაშავეც და გმირიც.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ თეზისს დავუბრუნდები. ჰყავს თუ არა საქართველოს ნამდვილი პოლიტიკური ელიტა? როგორც ჩანს, არ ჰყავს. ჰიტლერმა თქვა ერთხელ (ჰიტლერი რა მოსატანია, მაგრამ საინტერესო პიროვნება იყო), ,,თუ შენ გყავს კარგი მეურნე, მაგრამ ცუდი ნაციონალ-სოციალისტი, ამუშავე შენთან. და თუ პირიქით, კარგი ნაციონალ-სოციალისტია, მაგრამ ცუდი მეურნე, არ ამუშავოო”. იდეალური ვარიანტია როდესაც ორივე ერთად არის, მაგრამ თუ არ ხდება ასე, მეურნე მაინც პირველ ადგილზე დგას. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ელიტა, რომელსაც სახელმწიფოს მართვის საკითხი არ აწუხებს და არც ესმის. აწუხებს მხოლოდ საკუთარი ჯიბის, საკუთარი ოჯახის მეურნეობა. ოჯახის მეურნეობას ვერ გაცდა ძალიან ბევრი ჩინოვნიკი. სახელმწიფო სამსახურში ისინი სახელმწიფო საქმეებს თავისუფალ დროს უთმობდნენ. მოქმედებდნენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და არა სახელმწიფო ინტერესებიდან. სახელმწიფო მართვის სისტემაში ყოფნა მათთვის ყველაზე მომგებიანი საქმე იყო, ყველაზე მომგებიანი ბიზნესი. რატომ ეპოტინებოდა სახელმწიფო სამსახურს ამდენი ხალხი? სხვათაშორის ახლაც რატომ უნდა ამდენ ხალხს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა? იმიტომ, რომ ახლაც ბევრს აქვს ახალი რეჟიმის პირობებში რამეს შოვნის იმედი.
შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ შევარდნაძე ამ გარემოში მუშაობდა, საერთოდ გაიზარდა ამ გარემოში და ეს ჩვევები მათგან ისწავლა, მან კი არ დაამკვიდრა, პირიქით ამ ჩვევების შვილია. ამ ურთიერთობების შვილია - დაუნდობლობის, ,,გადაგდების” და ა.შ. ჩვენ რატომ ველოდით მისგან წმინდანობას?
- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი სისტემის შეცვლა და შევარდნაძის დანატოვარის მოცილება უნდა იყოს?
- ჩემი აზრით, ახალი ხელისუფლება უმძიმესი ამოცანის წინაშე დგას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათგან ელიან ყველა პრობლემის გადაჭრას, რაც თორმეტი წლის მანძილზე ვერ გადაჭრა იმ კაცმა, რომლისგანაც თავის დროზე ასევე ძალიან ბევრს ელოდნენ, მისი გამოცდილების, მსოფლიო სახელის გამო. პირიქით ძალიან ბევრი რამე გაფუჭდა კიდეც. საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამის დაკარგვის საშიშროება, საბედნიეროდ, არ არსებობს. თუმცა არსებობს რეალური საფრთხე ქვეყნის დეზინტეგრაციის გაგრძელებისა. ამიტომ ამ ხელისუფლების წინაშე დგას რამდენიმე ამოცანა, მათ შორის პირველი ხალხისათვის იმედის დაბრუნებაა. უბრალო მაგალითი მინდა მოვიყვანო ფეხბურთიდან: როდესაც გუნდი სულ აგებს და შემდეგ ჯერ რამდენიმე ფრეს გააკეთებს, მერე შეიძლება ძალიან ძლიერთან მცირე სხვაობით წაგოს, ბოლოს მოიგოს კიდეც. ასე ბრუნდება იმედი და მაყურებელი მივა ბოლოს სტადიონზე. აბა თბილისის ,,დინამომ” რაიმე სერიოზულ გუნდს მოუგოს, მაშინ ხალხი თამაშის საყურებლად მივა და არა ავეჯის, ახლა რომ ხდება. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რისი მოგვარებაც გაუჭირდება ამ ხელისუფლებას, კადრების საკითხია. უკვე აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ ფაქტიურად მომზადებული პოლიტიკური ელიტა არ გვყავს. პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებს თუ გადავავლებთ თვალს, იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, რომელიც ხალხის ყურადღების ღირსია. პირველ რიგში გასარკვევია სტრატეგია, თუ რა ქვეყანას ვაშენებთ, შემდეგ რესურსების მოძებნა და მობილიზაცია, კადრების მოძებნა და მათთვის სწორად ორგანიზების გაკეთებაა, ეს ალბათ ყველაზე რთული იქნება. არავინ ელოდება მათგან სასწაულს. ქვეყანა არის ნულს ქვემოთ. მაგრამ თუ დავინახავთ, რომ სწორი გზით მივდივართ და მიზნებიც სწორად არის განსაზღვრული, ეს საკმარისი იქნება ხალხისთვის. ხალხმა ბევრი მოითმინა და კიდევ ბევრსაც მოითმენს. მაგრამ უნდა დაინახოს, რომ კორუფციისთვის ვიღაცა დაისჯება, რომ რაღაცა შეიცვლება...
- მაგრამ ხომ ხედავთ, უკვე საუბრობენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე...
- კი, მაგრამ ძველებურად გაგრძელებაც აღარ შეიძლება. ახლა რომ ვთქვათ სიმართლე, ამ წლების განმავლობაში არავის უგია პასუხი კორუფციისთვის, ამ უდიდესი დანაშაულისათვის, მეტიც - სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებისათვის. მე კი არ ვამბობ, რომ დაიჭირონ ვინმე, მაგრამ ლოგიკურად ვიღაც ხომ უნდა დაისაჯოს? როდესმე ხომ უნდა აღმოიფხვრას დაუსჯელობის სინდრომი.
ისევ დავუბრუნდები კადრების თემას. სადაა ხალხი ვინც შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას?
- ცოტა უკეთ რომ მოიძებნოს?
- მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ გვყავს ათეულობით ძალიან მაგარი და ასობით საშუალო ახალგაზრდა, რომელმაც საზღვარგარეთ მიიღო განათლება და უკვე რაღაცას მიაღწია იქ. მათ ეს მოახერხეს 12 წლის (ზოგმა არც ამდენის) განმავლობაში და დღეს სერიოზულ კომპანიებში მუშაობენ. მათ სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს საბანკო საქმეში, მენეჯმენტში, ბიზნესში და ა. შ. ისინი სერიოზულ ხელფასებს იღებენ. ეს ხალხი არის მდიდარი ხალხი, ჩვენი გაგებით ძალიან მდიდარიც და რაც მთავარია, მათ ფული ნაშოვნი აქვს ნამდვილი საქმით და არა ქურდობით. რომ დაბრუნდნენ საქართველოში, რა თანამდებობა უნდა შევთავაზოთ? რა ანაზღაურება უნდა მივცეთ? ადეკვატური თუ არა, ოჯახი რომ შეინახონ და მოპარვა არ დაჭირდეთ იმდენი ხომ მაინც უნდა მივცეთ? რომ დაბრუნდნენ მათ უნდა მიატოვონ ყველაფერი, რაც აქამდე შეუქმნიათ, რაშიც შედეგს მიაღწიეს. მათ უნდა დაინახონ, რომ ის რაც საქართველოსთვის კეთდება არის კარგი და მომავლის მქონე. ზოგიერთი ამ შემთხვევაში დაბრუნდება. ჩვენ შეიძლება მათ ვუთხრათ სად იყავით, როცა ჩვენ აქ ცუდად ვცხოვრობდითო? ეს წინააღმდეგობაც არის აქ. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც დაბრუნდებიან. ფული ხომ არ არის მთავარი, მთავარი სხვა რამეა. ამ ხალხის გამოყენება შეიძლება, მაგრამ ამისთვის სისტემა უნდა შეიცვალოს. მოახერხებენ ახალი ლიდერები სისტემის შეცვლას? ამაზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. ძველის უკუგდება ძნელია. ძველ სისტემაში შედიან ადამიანები თავიანთი ინტერესებითა და ძალით. ამიტომ ახალი ხელისუფლების საქმიანობა ნაკლებად იქნება შემოსილი რომანტიკული ელფერით, ძალიან მძიმე იქნება ყველაფრის კეთება, ეს დაკავშირებულია არამარტო მათ ენერგიასთან, არამედ მათ პირად უსაფრთხოებასთან. ამ წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა ძალიან ძლიერი სტრუქტურები, რომლებიც ვერ ეგუებიან სიახლეს და ცვლილებებს. ხალხის მობილიზაცია სწორედ ამ საკითხშია ყველაზე მნიშვნელოვანი. თორემ ჩვენ თუ ხელისუფლებაში მოსულ რამდენიმე კაცს ვუყურეთ, მათ ხალხის გარეშე ძალა არა აქვთ. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მთავარი როლი საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეასრულოს.
- ალბათ ასეც უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში...
- ნოემბრის მოვლენების ყველაზე დიდი შედეგი ეს არის, რომ ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ მოსახლეობამ დაიკავა, რომლის გარკვეული ნაწილი ისევ ბურანშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გამოერკვა ამ ბურანიდან. ეს არის საკმაოდ დემოკრატიული ნაწილი, რომელსაც კარგი მოთხოვნები აქვს საკუთარი თავის მიმართაც და ხელისუფლების მიმართაც.