The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი (ივნისი, 2005 №6)


ცხელი შოკოლადი (ივნისი, 2005 №6)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბურჭულაძე ზაზა, კიკალეიშვილი სალომე, კვინიკაძე ნესტან, ტურაშვილი დათო, კოღუაშვილი ლევან, ნუცუბიძე ლევან, ჩუბინიშვილი ნინო, მაჭავარიანი ანრი, გვახარია გიორგი, ახვლედიანი ერლომ, ბაბუაძე თამარ
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედაქტორი: შორენა შავერდაშვილი რედაქტორის თანაშემწე: ნატა ფედოსეევა არტ რედაქტორი: ლევან ნუცუბიძე ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე, გიო სუმბაძე დიზაინი: დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე დისტრიბუცია: დავით ნარიმანიძე ნომერზე მუშაობდნენ: ნესტან კვინიკაძე ანა კორძაია-სამადაშვილი თამარ ბაბუაძე თამარ სუხიშვილი სალომე კიკალეიშვილი დათო ტურაშვილი ლევან ნუცუბიძე ზაზა ბურჭულაძე გიორგი გვახარია გამომცემელი შპს „ემ ფაბლიშინგი“ მისამართი: თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“ მისამართი: ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge სტამბა შპს „სეზანი“ მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com



1 რედაქტორისგან

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„რედაქტორის სვეტის“ აუცილებლობას ჩვენს ჟურნალში აქამდე ვერ ვხედავდით. გვინდოდა იმდენი მოგვეხერხებინა, რომ თქვენთვის, ჩვენი მკითხველისთვის, ჟურნალი დამატებითი გზამკვლევების გარეშეც გასაგები ყოფილიყო. თუმცა, ამ ნომერში ისეთი სიახლეები გვაქვს, რომ მოუთმენლობამ გვძლია და ვჩქარობთ, ეს სიახლეები ჟურნალის პირველივე გვერდებიდან გაცნობოთ. თუ აქამდე ხუთი ქართველი და ერთი უცხოელი პერსონაჟის ისტორიას, ერთ ფოტო, ერთ თემატურ და ერთ გასვლით სპეც-პროექტს, ერთ ნოველას, ერთ სერიალს და ერთადერთი და განუმეორებელი დათო ტურაშვილის ფოტო-მოთხრობებს გთავაზობდით, „ცხელი შოკოლადის“ მეექვსე ნომრიდან ვიწყებთ ორ ახალ რუბრიკას. გთავაზობთ გიორგი გვახარიას კულტურულ ქრონიკებს, მემუარული სანტიმენტალურობით და მისივე კინოსამყაროს ყველაზე ინტიმური და ღირებული ამბებით, და ზაზა ბურჭულაძის ესსეს „თბილისირი“. ესსეს სახელი, ალბათ, კონკრეტულ მოლოდინს გკარნახობთ, მით უფრო მაშინ, როცა საქმე ზაზა ბურჭულაძესთან გვაქვს. მაგრამ, ზუსტად ორი სიტყვით მინდა გითხრათ, რატომ ავიტეხეთ ეს თავსატეხი, - ცხადია, თუ ვინმეს ეს თავსატეხად მოეჩვენება. ჩვენ არ ვიზიარებთ პათოსს - „ჩვენ კარგები ვართ, თქვენ - ცუდები“. პირველ ყოვლისა ვცდილობთ, ვიყოთ თვითირონიულები და ამით გახალისება შევძლოთ; მით უფრო მაშინ, როცა საქმე საუკეთესო თბილისურ ამბებს და საუკეთესო მექართულეს, ზაზა ბურჭულაძეს ეხება. ასე რომ, ჩვენი „საუკეთესო ავტორების“ გუნდს, კიდევ ორი ავტორი შეემატა და ვიმედოვნებთ, რომ ამიერიდან „ცხელ შოკოლადში“ უფრო მეტი საკითხავი გექნებათ.

მათ, ვისაც სერიალის დასრულებამ გული დასწყვიტა, გვინდა ვანუგეშოთ, რომ ახალი საჟურნალე სერიალი უახლოესი ნომრებიდან დაიწყება. ამასობაში, ბატონი აკა მორჩილაძე სამოგზაუროდ მიდის და მომავალი ნომრიდან „მოგზაურის ამბებით“ გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას.

ერთადერთი, მინდა შემოგჩივლოთ: გვაკლია თქვენთან, ჩვენს მკითხველთან კიდევ მეტი კონტაქტი. ამიტომ, სულ მალე გვექნება ვებ-საიტი, სადაც შეძლებთ, რომ თქვენი გამოხმაურებები, შენიშვნები და მოსაზრებები მოგვწეროთ. მხოლოდ ასე შევძლებთ, რომ თქვენ სულმოუთქმელად ელოდეთ ყოველი თვის 25 რიცხს. ანუ 25 „ცხელი შოკოლადის“ დღეა!

P.S. მანამდე, არ დაიზაროთ და გამოგვეხმაურეთ ელ-ფოსტით, მისამართზე: mpublishing@caucasus.net

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზაზა ბურჭულაძე

შეიძლება ვინმეს ახსოვს, ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი გამოთქმა თუ მოქნეული ფრაზა-შეკითხვა: „ამოხეთქა ვაკეში ყავამ?“ არ ვიცი, ეს შეკითხვა დღეს როგორ ჟღერს ან, ისევე მუშაობს თუ არა, როგორც თავის დროზე მუშაობდა, თუმცა, რაც შემეხება მე, უნდა მოგახსენოთ, რომ დღემდე არ ამომსვლია თავიდან იგი. ბავშვობაში გულუბრყვილოდ მწამდა, რომ ადრე და მალე ჭავჭავაძის პროსპექტი უთუოდ შუაზე გაიხსნებოდა ღრჭიალით და ნაპრალიდანაც მდუღარე ყავა ღმუილით ამოხეთქავდა. იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც ფიქრობს, ამას რა მძიმე ბავშვობა ჰქონია, რომ ჩემდათავად ბავშვობაზე ტკბილად არაფერი მახსენდება. ესა, შეიძლება ასაკისა და ათასი კლიაოზნი რამის ბრალია, თუმცა ეს აქ არაფერ შუაშია. მთავარი ისაა, რომ მე დღემდე მწამს და ვუცდი ვაკეში ყავის ამოხეთქვას. დიაღ, სწორედ დღეს, როცა ათასი ფირმისა და ქვეყნის ყავამ ლამის წალეკოს თბილისი. ისე სათქმელია, რომ მაშინ, ანუ ჩემს ბავშვობაში, ათმანეთიანი ინდური ხსნადი ყავისა (ახლაც მახსოვს მისი ნარეცხივით გემო) და მოსახალ-დასაფქვავი მარცვლების მეტი არაფერი იყო. მოკლედ, არ ვიცი, ასაკის თუ რის ბრალია, მაგრამ ჩემში დღითიდღე სულ უფრო და უფრო მტკიცდება იმის რწმენა, რომ ვაკის ქვეშ უთუოდ უზარმაზარი ყავის საბადოა, უკვე გამზადებული - მოხარშულ-დაშაქრული ყავისა, და ოდენ დროის ამბავია და ჭავჭავაძის პროსპექტი უთუოდ შუა გაიხსნება ღრჭიალით და იქიდანაც მდუღარე ყავა ამოხეთქავს.

ხუმრობა იქით იყოს და, ხვდებით მაინც, რა მიმტკიცებს ამ რწმენას? რა და, ამ ქალაქში „ცხელი შოკოლადის“ გამოჩენა, რომელიც თანახმაა, წინამდებარე სვეტისდარი სისულელე დაბეჭდოს თავის ფურცლებზე. ანუ, თუკი საქართველოში შეიძლება გაჩნდეს ჟურნალი, რომელიც თუნდა ჩემნაირ ხურუშიან ავტორებს (თუმცა სათქმელია, რომ ჩემნაირი ხურუშიანი მეორე იშვიათია) არ შეზღუდავს და მათ ნაბოდვარში ჰონორარსაც გადაიხდის, რატომ არ შეიძლება ვაკეში ყავამ ამოხეთქოს? ბოლოსდაბოლოს, შოკოლადი უყავოდ ვის მიურთმევია?

0x01 graphic

სალომე კიკალეიშვილი

ვინაიდან და რადგანაც დავალება მაქვს მთავარი რედაქტორისგან, რომ რამე უნდა დავწერო - ვწერ. რამეს.

რამე - შეიძლება იყოს ყველაფერი: ის, რაც მაწუხებს; ის, რაც მიყვარს; ის, რაც მაღიზიანებს...

დღეს, „რამე“ ის ნათურაა, რომელიც მაინცდამაინც სტუმრის თვალწინ გადაიწვა და ახალი მაქვს საყიდელი; ჩემი ქმრის ის თვალებია, რომელიც ამ სვეტის წერისას იქითა ოთახიდან მიყურებს - საჭმელი რა გვაქვსო?! ჩემი შვილია, რომელსაც ბევრი სამუშაოს დროს, ბებიასთან ვაგდებ ხოლმე და საშინლად განვიცდი...

ამ ნომრის სპეც-პროექტზე მუშაობისას, პირველად მოხდა, რომ ერთდროულად გადავეყარე ბევრ, ბევრ რესპონდენტს - სხვადასხვა ასაკის, პროფესიის ქალბატონებს. „რა, მართლა 9 საათზე მოხვალთ?“, „არ შევიღებო?“, „ღმერთო რა სისასტიკეა!“... - სიტყვები, რომელიც ბოლო ორი კვირის მანძილზე ყველაზე ხშირად მესმოდა ტელეფონის ყურმილში. „ქალები დილის ცხრა საათზე“ - რამდენად შევძელით ამ რთული მისიის წარმატებით შესრულება, უკვე თქვენი შესაფასებელია.

ბოლოს კი... ბანალურად, მაგრამ მაინც. რამდენიმე რჩევა უკეთესი განწყობისათვის:

იკითხეთ „ცხელი შოკოლადი“.
მიირთვით ცხელი შოკოლადი.

და ხშირად გაიხსენეთ ხოლმე გენიალური კაბირიას ღიმილი!

0x01 graphic

ნესტან კვინიკაძე

მიყვარს: ზაზა ბურჭულაძის და შორენა შავერდაშვილის კონფლიქტის მოსმენა; ლევან ნუცუბიძის რეპლიკები, - განსაკუთრებით მაშინ, როცა დაღლილობისგან ზღვარგადასულია ხოლმე ხუმრობა; ტურაშვილის აჩემებული ფრაზა, რითაც შემოსვლისთანავე მიმართავს ნატა ფედოსეევას: რა ჰქენი, გაიყვანე ჯარი? გაგა ლომიძის კორექტირებულ ტექსტებში შეცდომების აღმოჩენა; სუჭი, გამუდმებით ხელდამშვენებული რომ ბრუნდება ოფისში; ქეთი, ჩვენს გატრანსულ იდეებს მომენტალურად რომ ანარცხებს მიწაზე; პარიზში მივლინება და უკანა გზაზე თვითმფრინავის რეისზე დაგვიანება.

ვერ ვიტან: story-ს წერას წარმატებულ ქართველებზე; კასეტის გაშიფვრასა და შენიშვნების მიღებას, მაშინაც კი, როცა სამართლიანია ეს შენიშვნები.

იმედი მაქვს: ბეჭდურ სივრცეში „ცხელი შოკოლადი“ საამაყო ადგილს დაიკავებს; ჩვენი დიდი იმედები გამართლდება; და შევძლებთ მოვიგონოთ სხვა რამ უკეთესი, ვიდრე დემოკრატიაა.

P.S.

წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი, გაევრორემონტებული ბინა, სადაც ერთ ოთახში დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზაზა ბურჭულაძე სხედან და წერენ. ელ.ფოსტას პერიოდულად აკა მორჩილაძისა და გიორგი ლობჟანიძის ტექსტები მოაქვს, მეორე ოთახში დიზაინერები ფერად გვერდებს აწყობენ, რომ ყოველი თვის 25-ში თქვენ გქონდეთ ჟურნალი - საუკეთესო ავტორების მიერ დაწერილი საუკეთესო ისტორიებით.

0x01 graphic

დავით ტურაშვილი

აღმოვაჩინე, რომ ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია.

აღმოვაჩინე მარტივად: ერთხელ მივდიოდი ქუჩაში (სინამდვილეში სულ მივდივარ) და არ შევედი გალერეაში, სადაც ერთი მხატვრის გამოფენა სწორედ მაშინ გაიხსნა, როცა იქ ჩავიარე. მაგრამ იქვე, რამდენიმე ნაბიჯში, შევედი მეზობელ გალერეაში, სადაც ფოტოგამოფენა იყო გახსნილი და მიუხედავად იმისა, რომ მეჩქარებოდა (სინამდვილეში ყოველთვის მეჩქარება), მაინც დავათვალიერე შავ-თეთრი, ერთხელ უკვე ნანახი ფოტოები. მოკლედ, არჩევანი გავაკეთე - ფოტოგრაფიის სასარგებლოდ.

ფოტო რომ უფრო მაინტერესებს, ვიდრე ფერწერა, - ეს ალბათ ჩემი მწირი განათლებისა და შესაბამისი გემოვნების ბრალია, მაგრამ ჩემთვის გულწრფელობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი და მართლა მინახავს ფოტოები, რომელთა კარნახით შემიძლია წიგნები ვწერო. თუმცა, მე არ ვწერ ფოტორომანებს, რადგან რომანს ეს ჟურნალი, უბრალოდ, ვერ დაიტევს და თანაც, ძალიან მინდა, ვიღაცას მაინც ეგონოს, რომ სინდისი, თუნდაც სულ მცირე დოზით, ჯერ კიდევ შემრჩა.

ამიტომაც ვწერ ფოტო-მოთხრობებს ამ ჟურნალისთვის და (როგორც მარიკა ერქომაიშვილი ამბობს) ზოგი მოთხრობა ცუდია, ზოგი ისე რა და ზოგი კი - უბრალოდ გადასარევი.

ანუ ჩვენი მოთხრობები, ყველაზე მეტად, თვითონ მკითხველებს ჰგვანან და უკეთესობა, რა თქმა უნდა, სასურველია.

უკეთეს მოთხრობებს კი, აუცილებლად დავწერ, როცა წერისათვის ამ ჟურნალის რედაქციაში უკეთესი პირობები იქნება. არაფერი განსაკუთრებული - შემოშველებული ჭიქა ჩაი (სასურველია მწვანე, შაქარი - ორი კოვზი) და სითბო.

სითბო ყველას გვაკლია და მეც ამიტომ ვწერ. ვწერ და ვთბები, რადგან ამ ჟურნალის რედაქციაში ყოველთვის ცივა.

და თუ რომელიმე ჩემი მოთხრობა რომელიმე თქვენგანსაც გაათბობს, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიქნები...

3 ნატო მეტონიძე - დაახლოებით მაინც

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შთაბეჭდილება

9 ივნისის საღამო. ოპერის თეატრი. ჩაბნელებული სცენა და ჩაბნელებული დარბაზი თითქოს გაერთიანდა. ისედაც სავსე შავ ფერს თანდათან მუსიკა პირთამდე ავსებს. მერე უკვე დარბაზს სცენისგან ლურჯი განათება აცალკევებს. ჩნდებიან თეთრი, თხელი სხეულები, ალაყაფის კარს აღებენ და სცენაზე კიდევ ერთი თეთრი გოგონა გამოჰყავთ. მსხვილი პლანი გოგონას სახეზე და შიშისგან დამრგვალებული წყვილი თვალი.

ეს ნატო მეტონიძეა, შიში კი - ყველაზე დიდი ვნება, რომელიც გია ყანჩელის მუსიკას ეზავება და ახალ სიმფონიას წერს.

ნატოს სცენის ხშირად ეშინია, მაგრამ დღეს მაინც სულ სხვა პასუხისმგებლობას გრძნობს. თუმცა, აი, კიდევ ერთი ნაბიჯი სცენაზე, პირველი აკორდი სრულ სითეთრესა და სიჩუმეში და შიშიც თანდათან მუსიკალურ თამაშად გარდაიქმნება.

„ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ - მღერის ის რამდენიმე ტაქტში და უკვე მსახიობს ემსგავსება. ხმასთან ერთად მიმიკაც, აცახცახებული ყბაც, გაფართოებული თვალებიც, თხელი, თეთრი სხეულიც და წინ გაწვდილი თითებიც თანაბრად განიცდის და გადმოსცემს კინოდან და თეატრიდან ამოჭრილ და ახლებურად გააზრებულ მელოდიებს; ხან იმას, რომ: „ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“, და ხანაც იმას, რომ „სულს ნისლისკენ სვლაში სევდა ლევს“...

სახსოვარი

- აქსესუარი, რომლის გარეშეც ვერ ძლებ.

- ასეთი არ არსებობს. ნივთებს არ ვიჩემებ. თუმცა, არა, არის ასეთიც. მაგალითად, ეს ბეჭედი. ძალიან მიყვარს და სულ ვატარებ. გია ყანჩელმა გამომიგზავნა კონცერტების შემდეგ, მადლიერების ნიშნად.

ეს ბეჭედი, სიმღერისგან მიღებულ სიამოვნებასთან და ყანჩელის კომპლიმენტთან ერთად, ნატო მეტონიძის უძვირფასესი სახსოვარია.

. . .

იმისთვის, რომ კარგად დაინახო, გაიცნო და შეიცნო, ნატო მეტონიძე კარს ფართოდ არ აღებს. ბევრ სიტყვას არ ხარჯავს. ხელებით არაფერს გიხსნის. არც გულიანად იცინის. არც თვალები ენთება.

დაბალი ტემბრი, ნელი ინტონაცია, ღრმა გამოხედვა, სადა აზრები, გულითადი დამოკიდებულება და ეგაა. ნატო მეტონიძეს ამ სიმშვიდეში უნდა შეხვდე. თუ მიაგნებ, ხომ კარგი, თუ არადა, სხვა გზა არაა, უკან უნდა გაბრუნდე. ამბობს: „არ ვიცი, რაოდენობრივად ბევრი მეგობარი მყავს თუ ცოტა, მაგრამ რამდენიც მყავს, ხარისხიანია. მათთან იმ დონეზე ვიხსნები, რამდენადაც საერთოდ შემიძლია“.

ალბათ, ასეთი პოზის (თუმცა, ბუნებრივი პოზის) გამოა, რომ ნატო მეტონიძეს ბულვარულმა პრესამ ვერაფერი გაუგო. ალბათ, ამის გამოა, რომ ნატო მეტონიძე ქართველებმა დანარჩენი ვარსკვლავებივით ჩვეულებრივად ვერ შეიყვარა. მკითხველები მის გარშემო არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმს მწირი ცნობებით ვერ ივსებენ და რადგან მისი ხმა ამ ცნობების გარეშეც ძალიან მოსწონთ, ნებას რთავენ, ოდნავ განზე იდგეს; ნებას რთავენ, პრესის ყვითელ ფურცლებზე სხვებივით არ გამოფინოს ტრივიალური დეტალები, სკანდალურს რომ ეძახიან.

ნატო მეტონიძეს სწორედ იქ შევხვდი, სადაც ხშირად არის ხოლმე - დაბალ ტემბრში, ნელ ინტონაციაში, ღრმა გამოხედვაში, სადა აზრებში, გულითად დამოკიდებულებაში და გულწრფელობაში.

ვსაუბრობთ დიდხანს, ძირითადად, მუსიკაზე, მერე რეკავს ტელეფონი, თან ჩაიც ადუღდა. მალე ბრუნდება: „სად გავჩერდით? ხო, „მეფე ლირზე“. ნუ, რადგან უკვე ამ პროექტზე გიყვებოდი, ესე იგი, ბოლოშიც გავსულვართ“.

ჩვენ კი ახლა თავიდან დავიწყოთ, რადგან ნატო თავიდანვე მღერის. ბავშვობიდან.

მზიური ბავშვობა მზიურში

ხუთი წლის იყო, როცა დედამ შენიშნა: მუსიკის გაგონებაზე ნატო სმენას ძაბავდა და ხმას აყოლებდა. „მზიურის“ ფირფიტას როცა ასმენინებდნენ, აღტაცებას ვერ მალავდა. ხვდებოდა, რომ პატარა ბავშვები მღერიან და ეს მოსწონდა. მერე უკვე ინსტრუმენტთანაც გათამამდა და ფირფიტაზე მოსმენილს ფორტეპიანოზე აწყობდა. დის ოთახიდან კლასიკური მუსიკის ჰანგები ესმოდა. ჯარიდან დაბრუნებული ძმის ფირსაკრავი კი ბარი უაითს, დონა სამერს და „Bee Geese“-ს უკრავდა. მათი წყალობით გროვდებოდა მუსიკალური შთაბეჭდილება, თუმცა, არა იმდენად ძლიერი, რომ ეს დღეს მუსიკალურ გავლენად განიხილოს:

0x01 graphic

„არასდროს არ მაქვს პასუხი კითხვაზე, თუ ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა. ვერასდროს ვერ ვხვდები. ალბათ, თავისთავად ყველაფერმა“.

მიიყვანეს რკინიგზელთა სახლში, ვოკალურ ჯგუფში. პირველი კონცერტიც იქვე შედგა. იქვე განიცადა პირველი შიში.

„სამნი ვმღეროდით. რუსული საბავშვო სიმღერა იყო. რომ დაგვაწყვეს და მოგვამზადეს კულისებში, დედა დარბაზში ჩავიდა. რა მოხდა, აღარ მახსოვს, ან რა ვიგრძენი. მაგრამ იმდენად დიდი იყო განცდა, რომ სცენაზე აღარ გავედი. სქელი ხავერდის ფარდაში შევიყუჟე და დავიმალე. ბავშვს ხომ ფაქიზი ტვინი აქვს, რაღაცეები ალბათ წინასწარ უნდა აუხსნა, თორემ მოქმედებს. თან უკვალოდ არაფერი ქრება. და, ალბათ, ეს არანორმალური შიშიც სცენის მიმართ ბავშვობიდან ამყვა“.

მერე, ალბათ, აუხსნეს, რომ საშიში არაფერია და ურთულესი ნაბიჯიც კულისებიდან სცენამდე მარტომ გადადგა. მართალია, ეს შიში, დროდადრო, ახლაც იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ პირველი ბგერის აღება გარეემოციებს მაშინვე აქრობს და უკვე რამდენიმე წამში, ნატოს გარემოც მხოლოდ იმ მელოდიით ივსება, რომელსაც ასრულებს.

რკინიგზელთა სახლის ჯგუფიდან მესამე თაობის „მზიურში“ მოხვდა. ურეკში ბანაკში წასულ „მზიურის“ გოგონებს ნატოც შეუერთდა. მეგობრები და რეპერტუარი თითქმის ერთდროულად გაიჩინა.

„მზიური“ კი ბავშვობას მხიარულ ხაზად გაჰყვა. „არ ვიცი, თუ შეიძლება არსებობდეს ამაზე უფრო დატვირთული და სახალისო ბავშვობა, როგორიც ჩვენ გვქონდა. ვმოგზაურობდით პოლონეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ვცხოვრობდით ბანაკებში. თან პროფესიული თვალსაზრისითაც უდიდეს სკოლას გავდიოდით. ერთმანეთს ვენაცვლებოდით სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, ჩვენ თვითონ ვშლიდით სიმღერებს ხმებში და ვარჩევდით ახლებსაც. 13-14 წლის ვიყავით და ორგანყოფილებიან კონცერტებს ვატარებდით. ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად ხდებოდა. მახსოვს, „მაკნატუნაზე“ წაგვიყვანეს მოსკოვის დიდ თეატრში, სამეფო ლოჟაში დაგვსვეს, ჩვენ კი, დაღლილებს, ჩაგვეძინა. ამისთვის მერე დაგვსაჯეს კიდეც.

საერთოდ, ამაზე ბევრს არ ვფიქრობდით ხოლმე, მაგრამ ხანდახან საბჭოური სისტემა, რომელშიც გვაცხოვრებდნენ, ძალიან გვღლიდა. რუსი ბავშვებისთვის ეს მისაღები რეჟიმი იყო, ჩვენთვის კი უცხო და ამიტომ ჩნდებოდა გაქცევის ბუნებრივი სურვილიც. ერთხელ კოჯრის ბანაკიდან გავიპარეთ. ღამით თბილი ტანსაცმელი ჩავალაგეთ, დილას ვისაუზმეთ, და ჩვენი ჩანთებიანად მესერზე დავიწყეთ გადაძრომა. რამდენიმე გოგო უკვე ტყეში იყო გადასული, როცა ბანაკიდან რუპორის ხმა გაისმა: „ნატო მეტონიძე გამოცხადდეს ჭიშკართან“. თურმე, დედაჩემი ჩამოსულა სანახავად. ყველანი უსიტყვოდ დავბრუნდით უკან. მაგრამ მერე უკვე ჭიშკრიდან გავიპარეთ და კოჯრის კინოთეატრში „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“ ვნახეთ. მახსოვს, პოლიციის მანქანებით გვეძებდნენ, გვიპოვეს, დაგვაბრუნეს და დაგვსაჯეს - ვახშამი არ გვაჭამეს“.

მეორე გაქცევა არტეკის ბანაკში მოაწყვეს. დათქმულ დღეს, ნატო, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლიტინფორმაციით უნდა გამოსულიყო დანარჩენების წინაშე. „რა პრობლემაა, გავიპაროთო“ - იპოვეს გამოსავალი და გაიპარნენ. ბანაკს გორაკის მხრიდან მოექცნენ და ქვევით გადასარევად ხედავდნენ, როგორ დაეძებდნენ ყველანი „მზიურის“ გოგოებს. მერე გაქცევაც გაამართლეს, არტეკის ბანაკის დამაარსებლის სოლოვიოვის საფლავთან მივიდნენ, წრე დაარტყეს და „შენ ხარ ვენახი“ უმღერეს. უკან დაბრუნებულები, ცხადია, ისევ ვახშმის გარეშე დატოვეს.

მერე კი დამთავრდა სკოლა და დამთავრდა „მზიურიც“.

„როგორი პატარა პერიოდი იყო და ამ დროს, როგორი დატვირთულიც - შთაბეჭდილებებით, ამბებით. ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა. თითქოს, ჩვენ თვითონ ვიგონებდით ჩვენივე ცხოვრებას. ამიტომ ბოლო, გამოსამშვიდობებელი კონცერტი ფილარმონიაში ძალიან მძიმედ მახსენდება. ყველაფერი დამთავრდა და უცხო სხეულში აღმოვჩნდით, მე და რამდენიმე „მზიურელი“ - პედაგოგიურ ინსტიტუტში“.

პედაგოგიკა ესტრადის თანხლებით

„კითხვაზე, ვინ გინდა, გამოხვიდე, არასდროს არ ვპასუხობდი: ექიმი, პოლიციელი, კოსმონავტი. მე სულ მომღერლობა მინდოდა. ოღონდ, არ ვიცოდი, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. და რადგან ბავშვობიდან ვმღეროდი, მეგონა, რომ სულ ასე უნდა გაგრძელებულიყო“.

პრინციპში, ასეც მოხდა. გზა თავისით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გამოიკვეთა. ნატომ და ორმა „მზიურელმა“ გოგონამ პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩამოაყალიბეს ტრიო „ნატალი“ და პაუზის გარეშე განაგრძეს სიმღერა.

„გვიწვევდნენ გეპეის თეატრში, შემოქმედებით საღამოებზე. მე პარალელურად მოვხვდი ჯაზ-კვარტეტშიც „3+1“. „მანჰეტენის“, ჩიკ კორეას, ელ ჯეროს კომპოზიციებს ვასრულებდით. ცხადია, ეს იყო მიბაძვა, მაგრამ სიმღერა მაინც გვსიამოვნებდა“.

„3+1“ ახლად გახსნილ დათოს ჯაზ-სოულ კლუბში გამოდიოდა. 90-იანების თბილისის ჯაზ-კლუბში - ჯაზური სითბო და განწყობა იყო. სახლიდან გარბოდნენ, რომ იქ ჩასულიყვნენ და საკუთარი თავისთვის კარგ განწყობაზე დადგომის, გაღიმების უფლება მიეცათ. ჯაზ-კლუბში შეყუჟვა, ჩიკ კორეას შესრულება და თბილისური გარემოს ამ გზით დავიწყება, ალბათ, რაღაც გაგებით თამაშიც იყო, რომელმაც მომღერლები შემოქმედებითად გადაარჩინა, მსმენელი - მორალურად.

მუსიკალური დინება, რომელიც ბავშვობიდან დაიწყო, არც მერე გამქრალა, პირიქით, ფართო კალაპოტიან მდინარეს შეუერთდა. „ნატალი“ დაიშალა, ჯაზ-კვარტეტმაც მისი ბედი გაიზიარა, მაგრამ ნატომ მარტო განაგრძო სიმღერა.

Q&A ანალიზის პრეტენზიით

სიმღერა „საით მიდიხარ“ სპექტაკლიდან „ხანუმა“ - ნატო მეტონიძე ბევრისთვის სწორედ ამ სიმღერასთან ასოცირდება, ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ - მით უფრო. საქმეში ცოტა უფრო ჩახედულები იხსენებენ ბიძინა კვერნაძის საღამოს და რევაზ ლაღიძის სიმღერებსაც, რომლებიც ნატოს უმღერია. თუმცა, გონების დაძაბვა და გვერდზე მდგომის თითების მოშველიება მეტონიძის რეპერტუარში შემავალი სიმღერების ჩამოსათვლელად საჭირო არ არის. მას უკვე დიდი ხანია, ერთი და იგივე რეპერტუარი აქვს. თუ სხვებისთვის ეს ერთფეროვნებას ნიშნავს, ნატოსთვის კარგი ხარისხით მაქსიმალური ტკბობაა და სხვა არაფერი. ამიტომაც არის, როცა ეუბნები, რომ პრეტენზიულია, თანხმობის ნიშნად თავს გიქნევს.

„სულ ერთი არ არის, რას ვიმღერებ. უკვე წლებია, რამდენიმე სიმღერის ამარა ვარ, მაგრამ ამას არ განვიცდი. ალბათ, არც აქტიური ტიპი არ ვარ და ესეც ერთ-ერთი მიზეზია. არიან მომღერლები, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე პროექტზე შეუძლიათ მუშაობა. მე კი სულ მჭირდება ბიძგი, შემოთავაზება, ინიციატივა, იდეა“.

თუმცა, შემოთავაზებაზე რეაგირებას სიმულტანურად არ ახდენს. როგორც უკვე ვთქვით, ნატოს რიცხობრივად მწირ რეპერტუარს ორი გამართლება აქვს: „არ ვარ აქტიური ტიპი“ და პრეტენზიულობა. შემოთავაზების მიღების დროსაც ორივე გარემოება მონაწილეობს. ხან „არ გამომივა“ ჭარბობს, ხან - „არ მომწონს, ჩემად ვერ აღვიქვამ“. და თუ მაინც სთხოვ, დაგიკონკრეტოს, რა კრიტერიუმებით ირჩევს სიმღერებს, გიპასუხებს: „მთავარია, ჩემს განწყობას ესადაგებოდეს. შეიძლება, არაფრით გამორჩეული არ იყოს, მაგრამ მე სხვანაირად შემეხოს და მაშინვე მომანდომოს ამღერება. მაქვს ამის პრეტენზია, მინდა, სიმღერა ჩემთვის იყოს მოფიქრებული და დაწერილი“.

ასეთი გამორჩეული ეგოთი, ქართული ესტრადის ნიშაში სად გრძნობს თავს? - მაინტერესებს.

პასუხი მშვიდია და სადა:

„თავისთავად, მეც აქ ვიგულისხმები და რაღაცეებს თავისთავად, გაუპროტესტებლად ვიზიარებ, მეც მისი ნაწილი ვარ და იმიტომ. უბრალოდ, ერთია - ცხოვრების წესი მაქვს ოდნავ განსხვავებული - პასიური. თუ სხვები აქტიურად შრომობენ, კლიპებს იღებენ, თუ შეუძლიათ, ყოველ კონცერტზე ახალი სიმღერა გაიტანონ, მე - არა. მე მიყვარს სიმღერები, რომელთაც უკვე ჩემი ჰქვიათ და არ მაწუხებს ის, რომ არ მაქვს კლიპები. ამ სიმღერებს შარშანაც ვმღეროდი, შარშანწინაც და მომავალ წელსაც ვიმღერებ, თუ ვინმემ რამე ახალი არ შემომაშველა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვების აქტიურობა მაღიზიანებს. თუ აქ ყოფნა გინდა, შრომა და ბრძოლაც უნდა შეგეძლოს.

მე? ჩემს შემთხვევაში ყველაფერი თავისთავად ხდება. თავიდანვე ასე აეწყო. მინდოდა მომღერლობა და სიმღერა მართლაც არასდროს შემიწყვეტია. მაგრამ ეს თითქოს დინებას აყოლა, ცხადია, შრომას არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს. თითოეული ჩემი პროექტი და, განსაკუთრებით გია ყანჩელის პროექტი, უდიდესი შრომის შედეგია“.

ჩემი ცნობისმოყვარეობა კი არ ცხრება. ახლა კომპრომისებით ვინტერესდები, რადგან თუ სიმღერების არჩევისას ნატო კარგი გაგებით, პრეტენზიულია და თუ ამავე დროს განუვითარებელი ქართული ესტრადის ბუნებრივ ნაწილადაც მოიაზრებს თავს, მაშინ, უდავოდ, სადღაც ეს კომპრომისებიც უნდა იმალებოდნენ. და იმალებიან კიდეც:

„დაკონკრეტება მიჭირს, მაგრამ მახსოვს კონცერტები, რომლებშიც ჩემი ადგილი არაფრით არ იყო, მაგრამ მაინც გამოვსულვარ და ამის გამო საშინელი დისკომფორტი მიგრძვნია. ასეთ დროს არაფერი არ გაინტერესებს, არც სხვისი რეპერტუარი, უბრალოდ, თავს ამოვარდნილად გრძნობ და მეტი არაფერი. თუმცა, სცენაზე გასვლის შემდეგ, შენი საქმე მაინც უნდა გააკეთო - უნდა იმღერო და დისკომფორტიც არ უნდა შეიმჩნიო.

კომპრომისი სიმღერის არჩევის დროსაც მქონია. მაგრამ განსაკუთრებული გაღიზიანება არც ამ ფაქტორს გამოუწვევია. ზუსტად ვიცი, რომ ამით ბევრი არაფერი დამიშავებია, რადგან ხანდახან, პირიქით, ასეთი რაღაცეები საჭიროც არის. პოპია თუ მისი მსგავსი, ვცდილობ, ჩემთვის იყოს მუსიკალურად მისაღები და სასიამოვნო“.

პასუხს მიახლოებით მაინც ვხვდები, მაგრამ შემდეგ კითხვას მაინც ვსვამ. და რა არის ის, რისი შესრულებაც წარმოუდგენლად გეჩვენება?

„ჰევი მეტალი. არის რაღაცეები, რასაც ვერც ვუსმენ, არათუ ვიმღერებ. მაგალითად, რეპი, ჰიპ-ჰოპი. შეიძლება მე არ მესმის და კარგია, მაგრამ ვერ ვუსმენ“.

იუმორის დოზა პასუხში აშკარად საგრძნობია, მაგრამ ჟანრების ეს მკვეთრი გამიჯვნა, ნიშნავს თუ არა ცალსახა უარს ექსპერიმენტებზეც?

„არა, ექსპერიმენტების წინააღმდეგი არ ვარ. თუნდაც ბასას კლიპი „სიყვარული დაფრინავს“ ლიზასთან და უცნობთან ერთად. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ცუდი არჩევანი იყო, მაგრამ მე უსიამო განცდა არ დამრჩენია, პირიქით, მომეწონა. გააჩნია, ვისთან ერთად ვერთვები ექსპერიმენტებში. არიან ადამიანები, რომელთაც ვენდობი“.

ამ დროს მახსენდება ნატოს ბავშვობა „მზიურში“, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციებში ინსცენირებული გაქცევები და ვეკითხები, ნუთუ, თუნდაც ქართულ ესტრადაში გამეფებული სიტუაციის გამო, თუნდაც სცენაზე ფეხმოკიდებული სუფრული სიმღერების გამო, არასდროს მონდომებია აქედან გაქცევა. აი, ასე - გაქცევა. თბილი ტანსაცმლის ჩალაგება, მესერზე გადაძრომა და გაქცევა. ანდა, გორაკზე ასვლა და ვინმე სოლოვიოვის საფლავზე ქართული საგალობლის დამღერება - წასვლა.

გამოდის, რომ ეს „მზიური რადიკალიზმი“ მზიურ ბავშვობაში ჩარჩა.

„ქართულ ესტრადაში რაც არ მომწონს, ვფიქრობ, სამართლიანად არ მომწონს: უხარისხო სიმღერები, მათი ხშირი გამოჩენა ტელე და რადიოეთერში... სუფრულ თემატიკას კი - გააჩნია, როგორი ტიპის კონცერტში ჩასვამ და რა ხარისხით. მოკლედ, არის რაღაცეები, რაც არ მომწონს, მაგრამ მე შემიძლია უბრალოდ არ მომეწონოს და ამაზე გავიცინო, მეტი არაფერი. აქედან გაქცევა კი ნამდვილად არ შემიძლია. სხვა ენაზე მოლაპარაკე სოციუმში ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩემი სტიქია სახლია. შემიძლია სულ სახლში ვიყო. ცხადია, გასტროლი დისკომფორტს არ მიქმნის, პირიქით, მომწონს კიდეც, მაგრამ შინ დაბრუნება ყოველთვის უფრო სასიამოვნოა ხოლმე. ერთადერთხელ მომინდა საზღვარგარეთ დარჩენა. მაშინ თბილისი საშინლად არეული იყო, ჩვენ კიდევ ვენაში ვიყავით. მოვიხიბლე იქაური სიმშვიდით და ერთი გაფიქრება, ვიფიქრე, რომ იქ, იმ ქალაქში, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი. მსგავსი განცდა არ განმეორებულა“.

რაც შეეხება თვითკმაყოფილებას?

„შრომის შედეგს ეს გრძნობა ხშირად ახლავს ხოლმე. მაგრამ მე, ძირითადად, უკმაყოფილო ვარ. მგონია, რომ რაღაცეებში ხელს ნერვიულობაც მიშლის. ხანდახან იმდენს ვნერვიულობ სცენაზე გასვლამდე, რომ მერე აღარაფრის თავი აღარ მაქვს. ვმღერი, ტაშია, გავდივარ სცენიდან და იმწამსვე ვიცი, რა არ გამომივიდა ისე, როგორც მინდოდა. ხანდახან ვამბობ კიდეც, აი, ახლა უკან დაბრუნების შანსი რომ მქონდეს, ზუსტად ვიცი, რასაც გამოვასწორებ“.

და სასცენო იმიჯი?

„მაქსიმალურად სადა. ჩემთვის მთავარია, არ მაწუხებდეს რაიმე დეტალი. არც ფერების და სტილის არჩევის დროს გამოვირჩევი სითამამით. საერთოდაც, კაბაზე ზრუნვა ყველაზე საშინელი მომენტია. როგორც წესი, ლიზა მეხმარება ხოლმე, რადგან მე ნერვები მეშლება და მერე შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად ჩავიცვა, დავივარცხნო და ისე გავიდე სცენაზე“.

0x01 graphic

გმადლობ, რომ სწორად გაატარე

„გია ყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის“ საათზე მეტხანს გრძელდება, მაგრამ ათეულობით წელს იტევს, თან განახლებულს, რეტროსპექტირებულს. უკვე ვიცით, რომ იდუმალ ფრაზაში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“, ნატო მეტონიძისთვის, პირველ რიგში, სწორედ ეს პროექტი მოიაზრება. თუმცა, აზრს ისევ სადად და უბრალოდ გამოხატავს: „ეს ჩემთვის ძალიან ბევრი იყო“.

როცა პროექტზე დაიწყეს მუშაობა, გია ყანჩელს პირველად შეხვდა. ამ შეხვედრამდე სულ ეგონა, რომ ინიციატივა იდეის დონეზე დარჩებოდა, ან თვითონ ვერ გაართმევდა სამუშაოს თავს. მაგრამ შეხვედრამ და იმან, რომ კომპოზიტორი ჩანაფიქრით უკმაყოფილო არ დარჩა, დაარწმუნა, რომ საქმე ადგილიდან დაიძრებოდა. ასეც მოხდა. ნიკა მემანიშვილმა არანჟირება, მუსიკალური მასალის მომზადება დაიწყო, თვითონ ვოკალზე უნდა ეზრუნა. იყო კომპოზიციები, რომელთაც ტექსტი არ ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი იყო მუსიკა სპექტაკლიდან „როლი დამწყები მსახიობისთვის“. „თვითონ ბატონმა გიამ შესთავაზათ „ქარი ქრის“.

„ასე დავიწყეთ მუშაობა. ვფიქრობდით ძალიან ბევრს. ყველასთვის იმდენად საყვარელ კომპოზიციებთან ვიწყებდით ურთიერთობას, რომ ძალიან საფრთხილოდ გვეჩვენებოდა. ეს მუსიკა ხომ ყველანაირ დროს უძლებს, უფრო ზუსტად, ყველანაირი დროის ადექვატურია. ვშიშობდით, რაიმე არ გაგვეფუჭებინა.

ამდენი დეტალის გამო ძალიან გაგრძელდა სამუშაო პროცესი. „მიმინოს“ თემით დავიწყეთ. ბუბა კიკაბიძე მღეროდა - „გზები, გზები“. ეს ქართული ვარიანტი ირინა სანიკიძის ტექსტით შევცვალეთ. „ნუ მეძახი“ - ასე დაერქვა მუსიკალურ თემას, რომელიც ბატონ გიასაც ძალიან მოეწონა. მისმა კომპლიმენტმა კიდევ უფრო გაგვათამამა და ვცდილობდით, მუშაობის პროცესში რაღაცეები პერიოდულად მისთვის მოგვესმენინებინა. მაგალითად, უტექსტო მუსიკალური თემისთვის ფილმიდან „დათვის კოცნა“ ტექსტი თვითონ შეარჩია. ნიკამ აჩუქა რატი ამაღლობელის ლექსების კრებული. თვითმფრინავში წაუკითხავს და ანტვერპენიდან დარეკა, ერთი ლექსი მომეწონაო, ნახეთ „სევდა“ და იქნებ მოერგოსო. შედეგი რატისაც ძალიან მოეწონა.

სცენაზე გადატანილმა იდეებმა პუბლიკა აღაფრთოვანა. მაგრამ მთავარი, ჩუმი და ყველაზე მასშტაბური სიამოვნებები მაინც მუშაობის პროცესში იყო - ფიქრების, მიგნებების, შემოქმედებითი აღგზნების.

„რამდენჯერ დაგვთენებია თავზე. დოიც სულ ჩვენთან ერთად იყო ხოლმე. ნიკას ეხმარებოდა, ძველი სპექტაკლები წარმოსახვაში ზუსტი ემოციებით აღედგინა, მერე კომპოზიციაც ძალიან რომ არ დამახინჯებულიყო. სწორედ ამ პროცესში მივხვდით, რომ ვამუშავებთ მასალას, რომელიც ცოდოა მხოლოდ კომპაქტ-დისკისთვის; რომ საჭიროა მისი სცენაზე გადატანა.

და მართლაც, კომპაქტი ჯერაც არ გამოსულა. ის ორი კონცერტი-დადგმა ოპერაში კი დღემდე ყველას ახსოვს“.

გია ყანჩელი პრემიერის წინა პერიოდში ჩამოვიდა თბილისში. ერთ-ერთ რეპეტიციაზე დასწრებაც სცადა. მოულოდნელად დაადგა შემოქმედებით ჯგუფს თავზე. კართან ახლოს, სიბნელეში დადგა. „ვერავინ ხედავდა. დოი და ნიკა ზურგით ისხდნენ, მე კი სცენიდან შევნიშნე და გავჩერდი, ხმა ვეღარ ამოვიღე. თავი ვიმართლე, კონცერტის წინ არ მინდა, თავი დავიტვირთო-მეთქი. მაგრამ მერე ჟანრი ლოლაშვილს ვუთხარი, რაც მოხდა და მან სთხოვა გიას, ისედაც ნერვიულობენ და ცოდოები არიანო. შორიდან მოგვესალმა და გავიდა“.

მერე იყო კონცერტი. „შიში აღარ ერქვა იმას, რასაც ვგრძნობდი. მეგონა, რომ გაიღებოდა კარი, საიდანაც სცენაზე უნდა გავიდე და იქ დამთავრდებოდა ყველაფერი. ზუსტად იქ, ზღურბლზე, ფაქტის წინაშე როცა დავდექი, როცა ჯერ ხალხს ვერ ვხედავდი დარბაზში, მაგრამ ვხვდებოდი, რომ გადავსებული დარბაზის წინაშე მიწევდა გასვლა. გავაცნობიერე ყველაფრის მნიშვნელობა, ჩემი პასუხისმგებლობა. მივხვდი, რომ მორჩა, გამიშრება ყელი და წყალს ვერავინ მომაწვდის, შემეშლება რამე და თავიდან ვერ დავიწყებ“...

იყო ორი კონცერტი და ორ საღამოს განცდილი უდიდესი სიამოვნება.

„ყველაზე დიდი კომპლიმენტი გია ყანჩელმა მითხრა. მადლობა გადამიხადა იმისთვის, ჩემი მუსიკა ასე სწორად რომ გაიგე და გაატარეო; რადგან თვითონაც თვლის, რომ არ არის ასე მარტივად გასატარებელი. მოსასმენად - შეიძლება კი, მაგრამ შესასრულებლად - არა“.

„აი, ზუსტად ეს პროექტი მივსებს უქმად გატარებულ დროს. მართლაც იმდენად პასიური ვარ, რომ თავის დროზეც ბოლომდე ამავსო და ახლაც მყოფნის. მას შემდეგ მხოლოდ ერთი სიმღერა ჩავწერე, მაკა ცქიტიშვილის სიმღერა, რატი ამაღლობელის ლექსზე. რადიოში ტრიალებს, მაგრამ ნაკლებად პოპულარულია. ეს არ მადარდებს. მთავარია, რომ მე მომწონს ძალიან“.

ეს ჩემი სახლია

ბევრი ვილაპარაკეთ სახსოვრებზე. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სახსოვარი თბილისის ჯაზ-ფესტივალი და აღფრთოვანებული კრის ბოტიც იყო:

„ეს რაღაცით მართლაც ჰგავდა ზღაპარს. ყანჩელის პრემიერისთვის ჩაწერილი სინგლი კრის ბოტის ამერიკაში ჩემმა მეგობარმა სერგი ნაკაიძემ მოასმენინა“. მან კი თქვა, რომ ასეთი კარგი რამ დიდი ხანია არ მოუსმენია და სურვილი გამოთქვა, რომ თბილისში ჩამოსულს, ნატოსთან ერთად შეესრულებინა ეს და კიდევ ერთი კომპოზიცია, რომელიც მას სტინგმა აჩუქა. ასეც მოხდა. იმ საღამოს ჯაზ-ფესტივალზე ნატო მეტონიძემ და კრის ბოტიმ შეასრულეს „მიმინო“ და სტინგის ნაჩუქარი მელოდია. ნიკა მემანიშვილთან ერთად შესრულდა „ყვითელი ფოთლებიც“. შემდეგ ეს კომპოზიცია კრისმა თავის კომპაქტშიც შეიტანა. მოკლედ, რაღაცით ეს საღამო მართლა ჰგავდა ზღაპარს.

თუმცა, ასეა თუ ისე, უკვე ზეპირად ვიცი, რომ ნატოს ამ ყველაფრის განცდა და თავისთვის გახსენება უფრო სიამოვნებს, ვიდრე სხვებთან გაზიარება. ეს სულ არ მაღიზიანებს, რადგან უკვე მითხრა, რომ ასეთია - მშვიდი, სახლის მოყვარული. „სახლი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. დედა მიყვება, თურმე, პატარაობაში, თავს მოვუყრიდი ხოლმე ჩემს თოჯინებს, მაგიდის ქვეშ შევძვრებოდი და იქ ვთამაშობდი - რადგან მომწონდა, რომ მქონდა ჩემი სივრცე, არავისთან გაყოფილი, მხოლოდ ჩემი“.

ასეა ახლაც. სახლის დასრულებას, რომელსაც მეუღლესთან, დათო ოძელაშვილთან ერთად იშენებს, სულმოუთქმელად ელის. დათო მევიოლინეა, ერთხანს „რეროში“ უკრავდა, მაგრამ ახლა საკონცერტო ხმის რეჟისორია. ერთად სამი წელია, რაც ცხოვრობენ. ერთმანეთი ჯაზ-კლუბში გაიცნეს, აი, სწორედ მაშინ, თბილისში ცუდი დრო რომ იყო, აჭარის კლუბში კი - ჯაზური სითბო და განწყობა. ალბათ, მაშინ ამანაც იმოქმედა. რომანი თითქოს დაიწყო და არც დაიწყო. ნატოსთვის მძიმე აღმოჩნდა ის, რომ დათოს იმ პერიოდში ოჯახი ჰყავდა. ამიტომაც ერთმანეთს დაშორდნენ და ურთიერთობა მხოლოდ სამი წლის წინ აღადგინეს.

და ახლა უკვე ნატოს ოჯახს ასე ჰქვია: „მე და დათო“. „ძალიან მიყვარს. ახლა ხმამაღლა მომინდა, ეს მეთქვა. რადგან ასე მგონია, თვითონ არც იცის, რა კარგი ადამიანია და ასე მგონია, ეს მარტო მე ვიცი. უბრალოდ, ხშირად, ისე გადის ხოლმე დრო, რომ ამის სათქმელად ვერ ვიცლი. არადა, საჭიროა“.

მანამ კი, სანამ სახლი აშენდება, კომფორტს ძველი სიმღერები, მეუღლე და შეჩვეული ცხოვრების წესი უქმნის: 12 საათამდე ძილი, ფინჯანი ყავა და სიგარეტი, და ის აღმოჩენები საკუთარ თავში, თუ თუნდაც მეუღლეში, რომელიც ყოველდღიურობისა და საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრების ყველაზე დიდი ხიბლია. კიდევ რა უყვარს? „როცა სიტყვების გარეშე შემიძლია ურთიერთობა, როცა უხილავი ძაფებია გაბმული შენსა და მას შორის და როცა ყველაფერი უთქმელად გესმის“.

ეს არის ნატო მეტონიძე. დაახლოებით მაინც. სულ - არავინ იცის.

4 სახლიდან წასვლა - მსოფლიოს ნახვა...

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: ნესტან კვინიკაძე

ინტერვიუ ლევან კოღუაშვილთან

ნენე: „ანო და ვანოთი“ რომ დავიწყოთ, წინააღმდეგი ხომ არ იქნები? თუ არა, მაშინ გაიხსენე და მოგვიყევი, წლების მანძილზე პოპულარობის ზენიტში მყოფი სიმღერის ვიდეო როგორ მოამზადე?

ლეკა: „ანო და ვანო“ ავანტიურა იყო, გამოცდილება ნოლი მქონდა. ძმაკაცის დედამ, რომელმაც იცოდა, რომ ტელევიზიაში ვიყავი და ვრეჟისორობდი, მითხრა, კლიპს ხომ არ გადაიღებთო. მაშინ უარს არაფერზე ვამბობდი. რა თქმა უნდა, გავაკეთებ-მეთქი.

კლიპი გიორგი შარაძესთან ერთად გადავიღე, რომელსაც რამდენიმე კლიპი უკვე ჰქონდა გაკეთებული. არა სცენარი, არა კადრირება, უბრალოდ, ბეტაკამი, ბლომად ბავშვები და ახალგაზრდა დედები გადასაღებ მოედანზე, რომლებსაც შიგადაშიგ ვეპრანჭებოდით. აი, ეგ იყო „ანო და ვანო“.

რეჟისორობას რაც შეეხება, ერთი რამ შევნიშნე: გიორგი უფრო რიტმში მუშაობდა, სამონტაჟო კადრებს იღებდა, ლამაზებს და ეფექტურებს. კლიპების კარგი მემონტაჟე იყო და წინასწარ იცოდა, რა დასჭირდებოდა. მე უფრო სიუჟეტებს ვაკეთებდი, ანუ პატარა „ამბუშკებს“. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მართლა პირველი რეჟისორული გამოცდილება იყო. თან, კლიპმაც იმ დროისათვის გაამართლა, - ხშირად ატრიალებდნენ.

სხვათა შორის, ახლა რომ ვკითხულობ, მაგალითად, ამერიკაში როგორ იწყებოდა კინოწარმოება და დიდი რეჟისორები როგორ სწავლობდნენ პროფესიას, - აი, ანო-ვანოსეულ დამოკიდებულებასთან ბევრ საერთოს იპოვი. იქაც ეგრე იყო, მოვიდოდა დილით ვიღაც ტიპი და რომელიმე რეჟისორს ეტყოდა, რომ დღეს 10 წუთიანი ფილმი არის გადასაღები. ინდიელები, ცხენები, კოვბოები, სროლა და მორჩა. არა სცენარი, არა ამბავი. ასე იწყებდა ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი ჯონ ფორდი. გადიოდა დილით და საღამოს კინო მოჰქონდა. მეორე დღეს ახალს იღებდა და ასე გრძელდებოდა თვეობით. ბოლოს შედევრები გადაიღო.

ეს ამბავი ჩემმა მასწავლებელმა მიამბო ნიუ იორკში, თან ძალიან საჭირო დროს. მეორე დღეს საკურსო ფილმის გადაღებას ვიწყებდი და ძალიან ვღელავდი იმიტომ, რომ ვგრძნობდი, სცენარი დასრულებული არ მქონდა. ამით გამამხნევა, - მიდი, დაწყნარდი, რაც გაქვს, გაქვს; შეეცადე, რომ პროცესისგან სიამოვნება მიიღო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ხულიგნური სულისკვეთების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა მოამზადო, მაგრამ აწყობილი სცენარის და წარმოების პირობებშიც კი აუცილებელია ამ დამოკიდებულების შენარჩუნება. გულში, აი ის ხულიგანი უნდა დარჩე (კარგი გაგებით, ხულიგანი), რომელიც დილით დგება და არაფრისგან საღამოს სახლში კინო მოაქვს. საიდუმლო იმაშია, რომ გასვლის არ უნდა შეგეშინდეს და ქართველების შემთხვევაში, არ უნდა დაგვეზაროს. (მით უმეტეს, ამ ვიდეო ხანაში).

ნენე: შენს CV-ს რომ გადახედო, თვალში ყველაზე მეტად მოსახვედრი „პენთჰაუზის“ რედაქტორობაა. საიდან მოხვდი ამ ჟურნალში და რა ხდებოდა რედაქციაში?

ლეკა: „იბერვიზიაში“ ვიყავი, როდესაც ავსტრიულ კომპანია „დიავესტში“ შემომთავაზეს მუშაობა. კომპანია, სხვა საქმიანობასთან ერთად, საგამომცემლო საქმითაც იყო დაკავებული. თავიდან არ მინდოდა წასვლა. რთული იყო „იბერვიზიისა“ და „მონიტორის“ მიტოვება, მაგრამ მერე მივხვდი, - „იბერვიზია“ უკვე განვლილი ეტაპი იყო და ახალი რამ უნდა მეცადა.

თან 20 წლის ვიყავი, ამბიციებითა და მუშაობის სურვილით აღსავსე (ეს ახლაც არ მაკლია, მაგრამ თინეიჯერული დრაივი მაინც სხვაა). შესაძლებლობა მომეცა. თან ეს ყველაფერი ვენაში ხდებოდა, ევროპა, რამე... შადრევნები, მუზეუმები, კაფეები, ყავა, სალათები. თან, იმავე კომპანიაში ჩემი ბავშვობის ძმაკაცი მეგულებოდა, რომლის რეკომენდაციის წყალობითაც მიმიწვიეს სამუშაოდ. მაგრამ მთავარი მაინც იყო ის, ყველა ახალგაზრდისთვის დამახასიათებელი და მამოძრავებელი - სახლიდან წასვლის და მსოფლიოს ნახვის სურვილი. ახალი ემოციები მაინტერესებდა, ახალი გამოცდილება. და მართალია, ტელე-ჟურნალისტობა საოცრად მიყვარდა, მაგრამ სადღაც გულში უკვე ვგრძნობდი, რომ მთელ ცხოვრებას ამას ვერ მივუძღვნიდი.

კინო-სარეჟისორო ფაკულტეტზე უკვე ვფიქრობდი, მაგრამ სერიოზულად არა.

თან, ჩემი მაშინდელი მორალური კრიტერიუმები გაცილებით უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე ვთქვათ ახლა, და ამიტომ იმაზე არც კი დავფიქრებულვარ, რომ თითქმის პორნოგრაფიულ ჟურნალში მუშაობა ახალგაზრდა ადამიანის სწორ შინაგან განვითარებას ნაკლებად შეუწყობდა ხელს. ეს საკითხი დღის წესრიგში არც კი მდგარა. თან, რა არის, იცი? რეალურად, მე იმ ქალბატონების ფოტოებთან თითქმის არ მქონდა შეხება. ამას გარდა, ჟურნალში იბეჭდებოდა ჩვეულებრივი სტატიებიც - პოლიტიკაზე, მაფიაზე, ტერორიზმზე, კარგ მანქანებზე, ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან, ანუ ის, რაც ნებისმიერ ხარისხიან დასავლურ გამოცემაში არის. ჩემი მთავარი მოვალეობა სწორედ ამ სტატიების შოვნა და საბოლოოდ ნომრის აწყობა იყო.

თავიდანვე, რა თქმა უნდა, რედაქტორი არ ვყოფილვარ. ჩვეულებრივ, ოფისმენეჯერი ვიყავი, მაგრამ მერე აქტიურობა დავიწყე და ეს ფირმის პრეზიდენტმა მიხეილ სურგულაძემ დაინახა და, ასე ვთქვათ, დამაწინაურა. ჯერ ერთი სტატიის გაკეთება დამავალა, მერე ერთი კონტრაქტის მომზადება, მერე მთელი ნომრის... და ასე, ნელ-ნელა რედაქტორად ვიქეცი.

თან, ბევრი რამეც ვისწავლე, დასავლური მუშაობის ანბანს ვეზიარე (უამრავი შეცდომა დავუშვი. ერთი პერიოდი, ჩემი სიტუტუცის გამო, მთელი რედაქცია გადავიკიდე და ვერ მიტანდნენ, ანუ, მოკლედ, ცხვირიც კარგა მაგრად წავიტეხე), რაღაცეებიც გამოვიდა. ბოლო ნომრებს არა უშავდა. სერიოზულ ხელფასს მიხდიდნენ.

მერე მოსკოვში გამიშვეს, მივლინებაში. საქმეები რომ დავამთავრე, ვგიკში შევიარე და მარლენ ხუციევს მის სახელოსნოში თავისუფალ მსმენელად სიარულის შესახებ მოველაპარაკე.

რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ფულიც კარგია და ევროპაც, მაგრამ დიდხანს „პენთჰაუზი“ ჩემმა მტერმა აკეთოს-მეთქი და რედაქტორიდან უეცრად სტუდენტად გადავიქეცი.

ნენე: ერთი წელი თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, ამის შემდეგ შემოქმედება მოსკოვში, ვგიკ-ში... როგორი იყო ტენდენციები, შენი დამოკიდებულება და კინოფირთან ზიარების პირველი შეგრძნება?

0x01 graphic

კადრი . ბრესონის ფილმიდან ჯიბის ქურდი

0x01 graphic

ლეკა: სამწუხაროდ, ჩემს დროს ვგიკი ის ვგიკი აღარ იყო, რაც წინათ, 50-იან, 60-იან და 70-იან წლებში (ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესი კინოსკოლა), რამაც, ჩემი აზრით, ქართული კინოს აყვავებას ჩაუყარა საფუძველი, რადგანაც თითქმის ყველა ჩვენი წამყვანი რეჟისორი იქ სწავლობდა. ჩემს დროს ვგიკი დაშლილი იყო. სტუდენტები საკურსოებს თითქმის აღარ იღებდნენ. ბევრი დიპლომს სცენარითა და კადრირების წარმოდგენით იცავდა. ამის გამო, როგორც კინემატოგრაფისტს, პროფესიული კუთხით, ვგიკში ბევრი არაფერი მისწავლია. მაგრამ ვისწავლე სხვა რამ - კინოს სიყვარული. კინო ძალიან დიდი დოზით მივიღე. მოსკოვში კინო-მუზეუმია და ვგიკელები უსასყიდლოდ სარგებლობენ. ყოველდღე იქ ვიყავით. ერთად არც კი ვსხდებოდით. ეკრანიდან წამოსული ემოცია, ხშირად იმდენად დიდი იყო, რომ გვერდით სხვა არც გინდოდა. ეს იგივეა, შეყვარებულთან ერთად რომ ხარ, მაშინ ხომ არავინ გჭირდება. კინოს ყურებაც ეგრე იყო მაშინ.

ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, რომ კინოს კეთება ორი გზით შეიძლებაო, - ან ყურებით, ან კეთებით (კეთებით უფრო მალე ისწავლი). აი, მაშინ კინოს ყურებას ვსწავლობდი და ვგიკი ამით იყო საინტერესო. თან იქ იყო ხალხი - სტუდენტები, უცნაური და ნიჭიერი ტიპები მთელი მსოფლიოდან.

მათთან ურთიერთობა, საუბრები, რაღაც გართობები და კინოდან ჩუმად, ემოციით დამუხტული გამოსვლა, ჩუმი გადახედვები და მერე მეტროში ხანგრძლივი ჩაქ-ჩაქი, ახალახალი წიგნების რყევა-რყევით კითხვა, კონცერტები, გამოფენები; ანუ მოსკოვი, რომელიც ძალიან მიყვარს და სტუდენტობა, რომელიც არ შეიძლება, რომ არ გიყვარდეს.

რამდენიმე ფანტასტიური მასწავლებელი მყავდა. პირველ რიგში, მარლენ ხუციევის სახელოსნოში ვიყავი. არაჩვეულებრივი ადამიანია და ბრწყინვალე რეჟისორი. სამწუხაროდ, მის ფილმებს მაშინ ისე არ ვაფასებდი. ამას წინათ კი, „მაისის თვე“ ვნახე და გავგიჟდი - შედევრია. ტარკოვსკის ყველა ფილმს („ივანეს ბავშვობის“ გარდა) მირჩევნია.

თუმცა მარლენ ხუციევისაგან კინორეჟისორისათვის საჭირო პრაქტიკული ცოდნის მიღება, მგონი, ძალიან რთულია. ამიტომ მისი, როგორც პედაგოგის მიმართ, გაორებული გრძნობა მაქვს. ცხოვრების და პროფესიის მიმართ მისი დამოკიდებულება უკვე დიდი სკოლა იყო ჩემთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, გამიჭირდება იმის გახსენება, თუ პრაქტიკულად, რა ვისწავლე მისგან.

ამას მივხვდი ნიუ იორკში, სადაც ჩემი პროფესიული ცხოვრების მთავარი მასწავლებელი - ბორის ფრუმინი შემხვდა და პედაგოგის ფასსა და მნიშვნელობას რეალურად მაშინ მივხვდი.

ნენე: „2“ ლეგენდარულ ოპერატორთან ერთად გადაიღე. იქ გარემოა განწყობის შემქმნელი და დომინანტური, რაც ბოლო პერიოდის შენს ფილმებში აღარ შეიმჩნევა. რატომ? შემთხვევით, თუ გარემო პირობითობა აღმოჩნდა?

ლეკა: „2“-ში, მგონი, მართლა არის რაღაც განწყობა, ნამდვილად არის რაღაც შინაგანი განცდის თუ ტკივილის გულწრფელად გადმოცემის მცდელობა და ამის გამო, ეს ნამუშევარი ჩემთვის ძვირფასია. მაგრამ რეჟისორული საზომით რომ მივუდგეთ, არაფერი ნამუშევარი არ არის. ეგეთი კინოს კეთება ადვილია. საკმარისია, რაღაც შინაგანი მუხტი გქონდეს და ცოტა გემოვნება. ტაშსაც დაგიკრავენ (ოღონდ დიდხანს არა).

ნამდვილი კინოს კეთება კი, ბევრად უფრო რთულია და თუ „2“-ის მსგავს კინოს აღარ ვაკეთებ, ეს მხოლოდ მიხარია. თან, „2“-ზე მუშაობისას, სუფიზმით და აღმოსავლური მისტიკით ვიყავი გატაცებული და სიუჟეტიც, უფრო სწორად, სათქმელიც ამაზე ავაგე. „2“-მა ჩემთვის აქტუალობა დაკარგა. ის, რაც მაშინ მაინტერესებდა, დღეს ჩემთვის არაფრითაა საინტერესო.

ბატონ ლევანთან მუშაობა კი, ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ყველაზე დიდი ხელოვანია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. ხელოვანი არამარტო პროფესიით, არამედ, პირველ რიგში, ცხოვრების წესით.

მჯერა, რომ ნამდვილი ხელოვანის დამახასიათებელი ნიშანი ბოჰემურობა როდია, არამედ სისადავე, უბრალოება და თავმდაბლობა, და ამასთან, შინაგანი მუდმივი პროცესი (ოღონდ ეს სხვა თემაა). ლევანი ამის 200 პროცენტიანი განსახიერებაა. სისადავე და თავმდაბლობა ადამიანებისთვის აუცილებელია. შინაგანი პროცესი (რომელსაც პოეტური პროცესი შეიძლება ეწოდოს) იმდენად მძაფრი და მდიდარია, რომ მას თუ აჰყევი, სხვასაც შეაწუხებ და თვითონაც შეწუხდები. პროცესი რაღაცნაირად უნდა აკონტროლო და საქმისათვის სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. ამისთვის კი სწორედ ის უბრალოება და თავმდაბლობაა საჭირო.

ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მასთან მუშაობა. რეჟისორის ღიმილი გაქვსო, მითხრა და ერთი კოლოფი ფირი მაჩუქა. რაიმე მარტივი მოიფიქრე და გადავიღოთო. ეგრე გაჩნდა „2“.

ამას წინათ, ნიუ იორკში 60-იან წლებში მის მიერ რუსეთში გადაღებული ფილმი („მშვიდობით, ბიჭებო“, რეჟ.: მ. კალიკი)

ვნახე. თითოეულ კადრში იმდენად დიდი ლირიზმი და რაღაცნაირი სევდა - ქართული, დალოცვილი სევდა იყო, რომ თავს ვერ ვიკავებდი, ცრემლები მომდიოდა და ისე ვუყურებდი. მერე მოსკოვში დავურეკე და უნიჭოდ შევეცადე მეთქვა, რა მაგარი ხარ, ძია ლევან-მეთქი!

მართლაო? - გაუკვირდა და გაეხარდა იმიტომ, რომ ყველას მიერ დავიწყებულია... ქართულ კინოსკოლაში ვერ ხვდებიან ამ ადამიანის ფასს (ან ხვდებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ, რომ ჩამოიყვანონ). ის ერთადერთია, რომელსაც პროფესიის სწავლება შეუძლია, რაც ჩვენი, ძალიან დაბალ დონეზე დასული კინოსთვის აუცილებელია. ახალ თაობაში ნამდვილ კინოს და შემოქმედებას აღარ სცემენ პატივს. ამ გენიალურ ოპერატორს უკვე აღარ სჯერა, რომ ვინმეს მისი არსებობა ახსოვს და - რაც შემოქმედისათვის ყველაზე გულსატკენია, - რომ ვინმეს მისი შრომის ფასი ესმის.

ბატონ ლევანზე შემიძლია საათობით ვილაპარაკო იმიტომ, რომ ჩემთვის სამაგალითოა. მართალია, ქართველები, უდავოდ, ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ სერიოზულ, მსოფლიო დონეზე, რეალურად, ძალიან ცოტა ქართველს უმუშავია. ლევან პაატაშვილი სწორედ მათ რიცხვს განეკუთვნება.

ეტყობა, ამისთვის, ნიჭის გარდა, კიდევ ბევრი სხვა რამაა საჭირო. პირველ რიგში კი, ალბათ, აი ის, ლევან პაატაშვილის თავმდაბლობა, ერთგულება და უკომპრომისობა -

ბოლო წამამდე, ბოლო კადრამდე.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან 2

0x01 graphic

კადრი ფილმიდან 2

უნდა გენახათ, ეს 75 წლის კაცი, ბოლო ხმაზე რომ ჩხუბობდა და კაბინეტიდან კაბინეტში დარბოდა, ჩვენი 10 წუთიანი სტუდენტური ფილმი (რომელზეც უფასოდ იმუშავა) ნორმალურად რომ დაებეჭდათ მოსფილმის ლაბორატორიაში. და ბოლოს, მიაღწია თავისას. აი, ასე გაატარა მთელი ცხოვრება. არასოდეს წასულა კომპრომისზე. არ დამავიწყდება, მოსფილმში რაღაცაზე ერთი კორპუსიდან მეორეში გაგვაგზავნეს. უკვე ყველასთან ნაჩხუბრები ვიყავით, დაღლილები, თან ზაფხული იყო და ცხელოდა. ეს მოსფილმიც ხომ უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშლილი და, მოკლედ, მივდივართ ბატონი ლევანი და მე. უცებ შემომიტრიალდა და მეუბნება:

- იცოდე, თუ პატიოსნად ცხოვრებას აპირებ, ახლავე მზად იყავი, რომ ძალიან რთული იქნება, საშინლად გაგიჭირდება. შეიძლება თავ-ბედი იწყევლო.

გააგრძელა სიარული. 5 ნაბიჯში ისევ გაჩერდა და შემომიტრიალდა:

- მაგრამ იცოდე, სხვა გზა არ არსებობს.

შეტრიალდა და წავიდა და აღარც გაჩერებულა იმიტომ, რომ რისი თქმაც სურდა, მითხრა.

ნენე: ექცევა თუ არა შენი კინო კონკრეტული ლიტერატურის, გმირის, საყვარელი რეჟისორის ან რაიმე სხვა ესთეტიკის გავლენის ქვეშ?

ლეკა: რა თქმა უნდა. თუ ხელოვნებამ გავლენის ქვეშ არ მოგაქცია, თუ შენზე ძლიერად არ იმოქმედა, არ დაგაფიქრა, მაშინ რა ხელოვნებაა?!

ნენე: პირადად შენზე, რას მოუხდენია ყველაზე ხანგრძლივი გავლენა (პირადად შენ, და არა კინოეფექტში შეფუთული სათქმელი, ანუ შემოქმედება)?

ლეკა: არ ვიცი, ძალიან ბევრ რამეს. აღარც მახსოვს, იმდენია... ამ ეტაპზე... ვუსმენ ხოლმე კომპიუტერში ჩატვირთულ გალაკტიონის „ნიკორწმინდას“ და როცა საგმირო-პოეტურ განწყობაზე მინდა მოსვლა და თან, საკუთარი ქართველობის მოქოქვა, რაც ნიუ იორკში აქტუალური ამბავია, ბოლო ხმაზე ვუსმენ ხოლმე. სადღაც მეოთხე-მეხუთე გაჟრიალება-დაბურძგვლაზე ვრთავ ხოლმე და ქალაქ ნიუ იორკში გავდივარ.

კიდევ ყანჩელის სიმფონიები, რომლებიც ადრე მოსმენილი არ მქონდა და მხოლოდ აქ მოვუსმინე. უდიდესი შემოქმედია. კიდევ რა? ხო, ამას წინათ ერთმა კარგმა ადამიანმა გამომიგზავნა თუშური სიმღერების დისკი და ისეთი მაგარია, რომ რა ვიცი, აბა.

კიდევ 3 დღის წინ ვნახე სკორსეზეს პირველი სერიოზული ფილმი („ბოროტი ქუჩები“, დე ნიროს დებიუტი) და სამი დღეა ამ კინოზე ვფიქრობ. თან რაღაც სცენარის დაწერას ვცდილობ. ამ ფილმმა ყველაფერი სხვანაირად დამანახა.

ნენე: კულტურული შოკები, თუ იყო ასეთი?

ლეკა: შოკები არა. უბრალოდ, რაღაც მოგწონს და რაღაც - არა.

ნენე: Let's talk about love... შენი ვერსია...?

ლეკა: აბა, რა გითხრა, ჩემო ნენე, რით გაგახარო? იმედია, შენც და მეც მალე შევქმნით ოჯახებს და გვეყოლება ბევრი შვილი. ნამდვილი სიყვარული, მგონი, ეგაა. სხვა ყველაფერი დროებითი ამბავია. დღეს არის, ხვალ - აღარ.

ნენე: არაფერი იყო უჩვეულო იმაში, რომ ნიუ იორკის დიდი ტრადიციების კინო-სკოლაში, მისაღებ გამოცდებზე 900 კაციდან 34 აირჩიეს და ერთ-ერთი შენ იყავი? თუ არ ვცდები, NYU-მ ცოცხალი ლეგენდები გამოუშვა, რეჟისორები: ვუდი ალენი, ჯიმ ჯარმუში, მარტინ სკორსეზე, ძმები კოენები და უამრავი სხვა.

ლეკა: არ ვიცი, იყო თუ არა ეს უჩვეულო. კონკურსი მართლა დიდია და საკმაოდ მკაცრი. თუმცა, სიმართლე რომ გითხრა, საქართველოში ჩემი თაობის რეჟისორებმა, ვისაც ვიცნობ, თუ მოინდომეს, ყველას შეუძლია ამ კონკურსის გავლა. შენ სწავლისთვის ფულის შოვნა იკითხე...

ნენე: რა არის NYU-ს ძირითადი აქცენტები?

ლეკა: ხელობის სწავლა, თან ყველა ასპექტის - სცენარის წერიდან დაწყებული, მიკროფონის სწორად ჭერით დამთავრებული.

ძალიან ბევრს მუშაობ პრაქტიკულად. სამი საკურსო და სადიპლომო უნდა გადაიღო - როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული, ფირზეც და ვიდეოზეც.

გარდა ამისა, ვალდებული ხარ, სხვა გადაღებებზეც იმუშავო - ოპერატორად, ხმის რეჟისორად, გამნათებლად, მტვირთავად, მემონტაჟედ, პროდიუსერად, რეჟისორის ასისტენტად. საკუთარი ფილმების გარდა, ყოველწლიურად (სამწლიანი პროგრამაა) 4-5 ფილმზე მუშაობ. ეს საკმაოდ დიდი გამოცდილებაა. ფაქტობრივად, გადასაღებ მოედანზე მუშაობას სწავლობ. ინტენსიური პროგრამაა. სამი წლის განმავლობაში, 100%25-ით დაკავებული ხარ. მაგრამ მთავარი, რაც ნიუ იორკის უნივერსიტეტმა მომცა, ეს იყო ბორის ფრუმინთან შეხვედრა. მგონი, ჩინური გამონათქვამია, რომ ბედნიერია ის კაცი, ვინც თავის ცხოვრებაში მასწავლებელს შეხვდაო. მე სწორედ ის ერთ-ერთი ბედნიერი ადამიანი ვარ. წარმოშობით რუსეთიდან არის. დაამთავრა ვგიკი და ძალიან ახალგაზრდამ, 70-იანი წლების ბოლოს, „ლენფილმში“ საოცრად საინტერესო ორი ფილმი გადაიღო. მეორე ფილმი კომუნისტებმა აკრძალეს და ბორისი მაგარ პრესში გაატარეს. ხასიათი ფიცხი აქვს და ვერ მოითმინა. ებრაული წარმოშობის გამო, ამერიკაში წავიდა. იმედი ჰქონდა, რომ ჰოლივუდში მოხვდებოდა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს არ მოხერხდა და ამერიკაში მან მხოლოდ ერთი ფილმი გადაიღო. სამაგიეროდ, უნიკალური სწავლების მეთოდის გამო, ის ბრწყინვალე პედაგოგი აღმოჩნდა (ნიუ იორკში მასზე ლეგენდები დადის). ბორისმა აბსოლუტურად ყველაფერი გვასწვალა, რისი სწავლაც შეიძლება. მეტის სწავლა საჭირო აღარ არის. დანარჩენი მხოლოდ პრაქტიკული მუშაობაა.

ბორის ფრუმინმა 100%25-ით შეცვალა პროფესიის და საქმის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. უფრო სწორად, მან დამანახა ის, რაც ჩემი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს მიშლიდა. თავიდანვე მითხრა: ნამდვილი ქართველი ხარ, ნიჭი გაქვს, თვალი გაქვს, ყური გაქვს, გემოვნებაც გაქვს, მაგრამ საქმე არ მიგყავს ბოლომდე. ამერიკაში, პირველ რიგში, ეს უნდა ისწავლო. ეს ყველაფერზე იყო ნათქვამი. პირველ რიგში კი, კომპრომისის გამორიცხვაზე - იქნებოდა ეს სცენარის ბოლომდე მიყვანა, ნატურის არჩევა, თუ მსახიობთან მუშაობა. ნებისმიერ ეტაპზე უნდა ეცადო, რომ შენი მაქსიმუმი გააკეთო. ეს რაღაც შინაგანი სამუშაო ეთიკის ჩამოყალიბებას გულისხმობს. არდაზარება ამ ეთიკის ქვაკუთხედია.

ნენე: ტელეკომპანია „მზისთვის“ დამზადებული შენი სიუჟეტები, უახლესი წარსულის ყველაზე მტკივნეული პრობლემის გამჟღავნებაა. ქართველი ემიგრანტები... აგრძელებ ამ თემას?

ლეკა: ემიგრანტების თემატიკა ჩემთვის ბუნებრივი არჩევანი იყო. არა მხოლოდ „მზის“ გამო. მჯერა, რომ კინორეჟისორმა იმ მასალაზე უნდა იმუშაოს, რომელსაც ზედმიწევნით კარგად იცნობს. არა მხოლოდ იცნობს, არამედ გრძნობს. გრძნობს ფაქტურას, ემოციას, დინამიკას. ასეთი მასალა ჩემთვის ამერიკაში მხოლოდ ქართველი ემიგრანტები იყო. ამიტომ, არა მხოლოდ ჩემი ტელესიუჟეტები, არამედ ჩემი ყველა საკურსო ფილმი მათ შესახებაა. გარდა ამისა, ამჯერად ორ სხვადახვა სრულმეტრაჟიან სცენარზე ვმუშაობ, რომელთა მოქმედება ნიუ იორკში ვითარდება. ორივეს მთავარი გმირები აქ მყოფი ქართველები არიან.

მე რომ ამერიკელ გმირზე დავწერო სცენარი, იმთავითვე არ ივარგებს. სხვა კულტურის წიაღში ვარ გაზრდილი, ჩემი გადაწყობა გამორიცხულია და რაც მთავარია, არ მინდა. ობიექტურადაც რომ ვუფიქრდები, ეს თემატიკა, ეს მგრძნობელობა, ეს დარტყმული ქართული მენტალიტეტი, დიალოგები, სიყვარულები, და ეს რაღაც უცნაური მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი, - სადაც იმდენად არეულია სიცილი და ცრემლი, რომ თავს და ბოლოს ვერ გაუგებ, - ჩემთვის იმდენად პოეტური და დრამატულია, რომ ჩემს ფილმებში ამის მცირე ნაწილის გადმოცემა მაინც თუ შევძელი, მეტი ნაღდად არაფერი მინდა.

ნენე: NYU-ს კონკურსში, რომელმაც სულ ახლახან გამოავლინა გამარჯვებულები, მეორე ადგილი აიღე ფილმისთვის „ვალი“. რა კომენტარები გაკეთდა და რას უნდა ველოდეთ ამ უმნიშვნელოვანესი წარმატებისგან?

ლეკა: უნდა ველოდო 7 000 $, რომელსაც სულ მალე მომცემენ. ასევე, 24 მაისს ჩვენება ლოს ანჯელესში, ამერიკის რეჟისორთა გილდიაში გვექნება. ეს ყველაფერი, პროდიუსერთა მხრიდან, გარკვეულ ინტერესს იწვევს. ისინი ახალ სახეებს ეძებენ, ანუ რაღაც ნიადაგი მზადდება. მთავარია, ახლა ძლიერი სცენარი, რომ ამ ყველაფერმა კონკრეტული შედეგი გამოიღოს.

ნენე: ყველაზე მეტად რა აკლია ქალაქს, რომელშიც ამჯერად ცხოვრობ? არის თუ არა გამაოგნებლად სწრაფი ნიუ იორკი შენი განწყობის ადექვატური?

ლეკა: ნიუ იორკს მეტი ხეები და ბუნება, მეტი ადამიანური სითბო სჭირდება, და ნაკლები ფიქრი - ფულზე, საკუთარ წარმატებასა და კარიერაზე. ნიუ იორკი ცალკე სკოლაა. რთულია, აქ არ დაიკარგო, შენი შინაგანი სამყარო არ გაფლანგო. თუ ამას მოახერხებ, მაშინ ამ ქალაქში ბევრ რამეს ისწავლი. ტემპი კი ყველგან შენი უნდა იპოვო და გარემოებებს არ უნდა აჰყვე.

ნენე: უცხოეთთან მჭიდრო კავშირის შესაძლებლობას „მივლინებად“ აღიქვამ. „ტურისტად“ რჩები, თუ ეს სათქმელის რეალიზების შანსია?

ლეკა: ყველაფერი ერთად: ვარ მივლინებაში, ვარ ტურისტი და თან ცოტა აქაურიც. სათქმელის რეალიზების შანსი კი, ნამდვილად მაქვს. ალბათ არცერთ ქალაქში არ მიმუშავია ისე პროდუქტიულად, როგორც აქ.

ნენე: Your best day...?

ლეკა: საუკეთესო დღე იყო, როცა მივხვდი, რომ ყველა დღე კარგი შეიძლება იყოს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

ერთ-ერთი დიდი სიბრძნე, რაც წამიკითხავს და გამიგია, არის ის, რომ ყოველი დღე ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, თითქოს უკანასკნელი დღეა და მაშინ ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და ნაკლებს იზარმაცებსო.

ამ ცხოვრებაში ყველაფერი კარგია და ღმერთმა ჩვენს სასარგებლოდ შექმნა. მთავარია, დავინახოთ და დავაფასოთ. მაშინ ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, ტკივილიც კი სიხარულად იქცევა, ყველაზე ცუდი დღე კი - საუკეთესოდ.

ნენე: რას დაემთხვევა შენი სამშობლოში დაბრუნება?

ლეკა: ზაფხულს.

ნენე: და ბოლოს, შენი subject-ი, ანუ - ერთი სიტყვით...

ლეკა: ჩვენ ყველაფრისგან გამორჩეული, დიდებული ქართული კინო დაგვიტოვეს. ვისაც ახლა ასაკით ამ სფეროში მუშაობა გვეკუთვნის, უფლება არ გვაქვს, რომ საკუთარი თავი დავზოგოთ და ამ ფენომენის აღორძინება არ ვცადოთ.

ყველაფერი ისე სწრაფად რომ ხდებოდეს, როგორც ჩემმა შეკითხვებმა წამებში გადალახეს კონტინენტები; გადაუფრინეს ოკეანის ორაგულებს; გაარღვიეს ფაბრიკების გამონაბოლქვი, თუმცა მაინც გამჭვირვალეები დარჩნენ; ჩაუქროლეს მილიარდობით რეკლამას, აბრას და სლოგანს - ხან ერთმანეთის სიყვარულს, ხანაც ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებას რომ მოუწოდებენ; ისე სწრაფად, როგორც სამყაროს ეპიცენტრში - ნიუ იორკში აღმოჩნდა, გაარღვია მანჰეტენის მაღალჭერიანი ბინების ორგანიზებული სიმშვიდე; შეაღწია ლეკას ლეპტოპში და მონიტორზე გაჩნდა.

და მერე უკან: აზერბაიჯანიდან ზოროასტრის სუნთქვა; კოლხეთიდან მედეას კივილი; გოგირდის აბანოები... თავადები სისხლის გარეშე; ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი აგარაკები; ჭიშკრები, რატომღაც მწვანე... გზა - ტკეცილები; მთა - გრეხილები; მე - ლექსეები; მე - სვეტეები და ბიოლოგიური დერეფნები, რომ ჩვენ, ყველას გვქონდეს გადაადგილების საშუალება და უფლება... ვაკე, სულ ვაკე, რედაქციის ოთახი და ჩემი მონიტორი...

5 ქალები დილის 9 საათზე

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

სოფო ჭყონია - ბიზნესმენი

0x01 graphic

ერთნაირი დილა არასდროს არ მაქვს. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვიღვიძებ. თუმცა, დილა საკმაოდ რთულად გადამაქვს:

სამსახურის გამო, 9-ის ნახევარზე მიწევს ადგომა... მაგრამ თუ არსად არ მივდივარ...

ბასა ფოცხიშვილი - რეჟისორი

0x01 graphic

აქედან სრულ მზადყოფნაში მყოფი ჟურნალისტის ხმა: - „ბასა, უკვე 11 საათია. ერთ საათში მანდ ვარ“;

იქედან გათიშული, ნამძინარევი ხმა - „აუ, გეხვეწები, 10 წუთი დააგვიანე რა?!“

ერთი საათის და 10 წუთის შემდეგ: „ძალიან ძნელად ვიღვიძებ, ეს რაღაც რიტუალს უფრო ჰგავს. როცა სადმე მივდივარ, სამი საათით ადრე ვიწყებ თვალის გახელას, მერე ყოველ შემოძახილზე - ადექი! - ხელით ვაჩვენებ ხოლმე 2-ს ან 5-ს, რაც ნიშნავს - დამაცადეთ ორი-ხუთი წუთი; მერე ვიწყებ ჟურნალების თვალიერებას, საწოლში პასეანსის გაშლას, რამდენიმე ჭიქა ყავითა და ფორთოხლის წვენით. ეს ყველაფერი ერთ საათს გრძელდება სამზარეულოში... მაგრამ როცა ვმუშაობ, შემიძლია, 24 საათი თვალი არ მოვხუჭო.

0x01 graphic

ნანა შონია - მსახიობი

0x01 graphic

ძალიან მიყვარს დილა! მიყვარს დილით მაღაზიაში პროდუქტებზე გასვლა. ეს ბოლო პერიოდია, ჩემი დილა იწყება მაშინ, როცა პატარა გაბრიელი იღვიძებს...

ნინო დარასელი - ჟურნალისტი

0x01 graphic

24 საათიც არ მყოფნის ცხოვრებაში, ამიტომ დილით ძილი არ მიყვარს. პრეზიდენტი რომ მოდიოდეს, თუ შხაპი არ მივიღე და არ ვისაუზმე, გარეთ არ გავალ. აი, მარტო ამის შემდეგ იწყება ჩემი ცხოვრება.

თინა ხიდაშელი - ურისტი

0x01 graphic

ჩემი დილა? გააჩნია, როდის და სად ვარ წასასვლელი. ისე, საერთოდ, 7 საათიდან იწყება, როცა სანდრო ძვრება საწოლში და თავზე მაჯდება. მერე სტანდარტული ყავის სმა და... ელ-ფოსტის შემოწმება. ესაა და ეს.

მაკა მახარაძე - ბალერინა

0x01 graphic

პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე ვაკეთებ, თვალები უნდა დავიხატო. ვდგები ყველაზე ადრე, ტელევიზორთან ურთიერთობის დროც სწორედ დილითაა, ყავით ხელში; ვუყურებ, რა ხდება ქვეყანაში; ხან აქეთ ვრთავ, ხან იქით...

დიდი არაფერი. სულ ესაა ჩემი რიტუალი.

ნანუკა ხუსკივაძე - მსახიობი

0x01 graphic

მთელ ჩემს დღეს: ოჯახს, შვილს, სახლს - დილის 7-დან 11-საათამდე ვატევ, რადგან მერე რეპეტიციები იწყება. ამიტომ რასაც დიასახლისები მთელი დღის მანძილზე აკეთებენ, ამ ყველაფრის 4 საათში ჩატევა მიწევს ხოლმე.

ნანკა კალატოზიშვილი - მსახიობი, ტელეწამყვანი

0x01 graphic

აბაზანა, ვაშლი და არავითარი ყავა. ჰო, კიდევ, ცოტა ყინული სახეზე.

6 ერთსაათიანი მოგზაურობა ნანა ჯორჯაძის ბიოგრაფიაში

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

როგორც კი საუბარი მომავალ გეგმებს შეეხო, მაშინვე მითხრა - ამაზე არაფერი არ მკითხო, მაინც არ გეტყვიო. ამიტომ, თუ ვინმე ამ მიზნით აპირებს სტატიის წაკითხვას, რჩევა: ტყუილად ნუ გაირჯებით, ამდაგვარს აქ ვერაფერს ნახავთ.

P.S. განსაკუთრებით ცნობისმოყვარეთათვის: ვიცი, რომ რაღაც ხდება.

ქართველი კარლსონი

დილა მშვიდობისა!

გათენდა!

პატარა სარკმლიდან შემოჭრილი მზის სხივი უცებ მოეფინება მოცუცქნული ოთახის ყოველ კუთხე-კუნჭულს და...

ვაშა, გათენდა! ახლა თავიდან დავიწყებ დილის რიტუალს, - გაიფიქრებს თავისთვის პატარა ადამიანი. სასწრაფოდ ჩამოხტება საწოლიდან და ფეხშიშველი, გაჩეჩილი თმებით, ნამძინარევი სახით - აი ისე, ერთი ხელით თვალებს რომ იფშვნეტ და მეორეთი ჯერ კიდევ იზმორები; ტრუსების და მაისურის ამარა, პირდაპირ სარკმლისკენ იღებს გეზს; სწრაფი მოძრაობით აღებს მასსავით მოცუცქნულ სარკმელს და ჰოპ... ერთი მოქნილი ნახტომი და ის უკვე სახურავზეა. ქვემოთ - ჭოროხის ქუჩა, თავისი ბევრი, ბევრი მოფუსფუსე მობინადრით; ზემოთ უსაშველოდ დიდი, უსასრულო ცა... შუაში? შუაში თვითონ! - აუ, რა მაგარია სხვენზე ცხოვრება! - ალბათ მერამდენედ გაიფიქრებს თავისთვის და ბედნიერი სახით იწყებს დილის საქმიან, ძალიან საქმიან რიტუალს: ხომ უნდა მოინახულოს სახურავზე წყლის ჟოლობთან ობლად ამოსული პატარა ხე?! შეამოწმოს, წესრიგშია თუ არა მერცხლის ბუდეები?! რა იცი, იქნებ სადმე უკვე ბარტყებიც გამოიჩეკა?! ოო, ეს საზიზღარი კატები ხომ... ეე, ეს რა ისმის? ისევ მოვიდნენ მუსიკოსები?! ეს ხომ ერთი პატარა, მოხეტიალე ტრიოა, ცოტაოდენი ფულის შოვნის მიზნით რომ ჩამოუყვებიან ხოლმე ქუჩებს. ფეხშიშველი, სახლის სახურავებზე სწრაფად, ხტუნვა-ხტუნვით მისდევს საყვარელ მუსიკოსებს - რა კარგად უკრავენ... მერე ჩაქანდება კიბეებზე და... აი, ისინიც: ერთი გიტარით, მეორე ვიოლინოთი და მესამეც აკორდეონით. არ ვიცი, იცოდნენ თუ არა ჭოროხის ქუჩის მუსიკოსებმა, როგორი ერთგული მსმენელი ჰყავდათ სახურავზე, რომელიც მრავალი წლის შემდეგ, როცა გაიზრდება და დიდი გახდება, მათზე ფილმს გადაიღებს „ტრიოს“ და ყოველთვის ემახსოვრება - „ერთი გიტარით, მეორე ვიოლინოთი და მესამეც აკორდეონით.“

0x01 graphic

ნანა და თემურ ჯორჯაძეები. ახალდაბა

ამის მერე კი, ახალი გართობა იწყება - მეხანძრეები. სახლთან ახლოს მდებარე სახანძრო, რომელსაც მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა,“ - ვგიჟდებოდი მათზე და სულ მინდოდა, მეც მეხანძრე გამოვსულიყავი, მაგარი, ბრჭყვიალა, ვერცხლისფერი ქუდით თავზე!“; მათთან ერთად ხომ ხშირად რეცხავდა დიდ, სახანძრო მანქანებს! სწორედ ამ ნეტარებაში იყო ხოლმე, როცა ბებია გამოჩნდებოდა, და იწყებოდა საშინელება, აბსოლუტური კატასტროფა: ფეხზე ჩაცმა (რაც დაახლოებით სიკვდილის ტოლფასი იყო) და მეორე, კიდევ უარესი - თმების დავარცხნა! - „მთელი ბავშვობა ფეხშიშველა დავრბოდი. ფეხსაცმელს ძალით რომ მაცმევდნენ, ასე მეგონა, ხაფანგში მაყოფინებდნენ ფეხებს! იცით, ეს რა საშინელება იყო?!“ - განაგრძობს აბსოლუტური აღშფოთებით. ერთხელაც, სახურავზე მორიგი შემოვლის დროს იყო, რომ კატის კლანჭებისგან ცოცხალ-მკვდარი მერცხლის ბარტყი გადაარჩინა და გულის ფანცქალით გააქანა სახლში, შეხტა ფანჯარაში და - „დე, ნახე“. გაზარდა, მოამაგრა, თქვენ წარმოიდგინეთ, ფრენაც კი ასწავლა! აი, ასე უნდაო, უხსნიდა - დაიჭერდა ფრთებით და აქეთ-იქით აქანავებდა.

მოკლედ, მთავარია, ჩიტმა ფრენა ისწავლა, ოღონდ ისე კარგად, რომ ერთ დღესაც ღია სარკმლიდან გაფრინდა და გაფრინდა. მართალი გითხრათ, ალბათ დროც იყო გაფრენის, რადგან როგორც დროთა განმავლობაში გაირკვა, ოჯახის ახალი წევრი სრულებითაც არ იყო მერცხალი - „უზარმაზარი ნისკარტით, მტაცებელი გახდა, რომელიც მაგიდაზე იჯდა და სათითაოდ ყველას თეფშზე გვინისკარტებდა. რაღაც უსაშველო იყო. არადა, ამ პატარა ბინაში ვცხოვრობდით მე, ჩემი ძმა, დედა, მამა, ბებია და დეიდა. ბევრია, არა?!“.

ნაძვის ხე ცაში?!

აქ ისე არაფერი ხდებოდა. როგორც ასეთი, სიტყვა - ყოველდღიურობა, ხომ საერთოდ არ არსებობდა. ხშირ-ხშირად კი დაუჯერებელი, ზღაპრული ამბები ხდებოდა: მაგალითად, როდესაც საზიზღარი ქუნთრუშის გამო, საახალწლო საღამოს ლექსების და სიმღერების შესრულება ჩაეშალა, და სანატრელი კონცერტის მაგივრად, სრულიად იზოლირებული, საწოლში ჩაბუდნული აღმოჩნდა. ალბათ იმასაც კი ფიქრობდა, რომ მასსავით უბედური ადამიანი მთელ დედამიწის ზურგზე არ არსებობდა, როცა უეცრად სარკმლიდან ანთებული ნაძვის ხე დაინახა! ნამდვილი ნაძვის ხე, რომელიც ნელ-ნელა ეშვებოდა ციდან და... მაშინვე აუტანელი სიყვარულით აღივსო საყვარელი თოვლის ბაბუის მიმართ, რომელმაც არ დაივიწყა ქუნთრუშიანი გოგონა და საჩუქარი მოუვლინა ციდან. არა, ამ ასაკში თქვენც ასე იფიქრებდით, რადგან ამის დაჯერება უფრო ადვილი იყო, ვიდრე იმის, რომ დედა და დეიდა თოვლში და ყინვაში სახურავზე იდგნენ და მძიმე ნაძვის ხეს სარკმელთან თოკით უშვებდნენ! ეს ხომ მაშინ აზრადაც არ მოუვიდოდა! (ასე იწერენ ხოლმე ზოგიერთები ცხოვრებაში სხვების მიღწევებს.).

0x01 graphic

ნანა ჯორჯაძე. 1990 წელი. სინჯები ამერიკული ფილმისათვის

მერე? მერე უსასრულობამდე შეიძლება მოყოლა: ერთი წლის შემდეგ, როგორ დაბრუნდა ის ჩიტი, მერცხალს რომ ჰგავდა. მან ოთახს შემოუფრინა, ეტყობა - აქა მშვიდობა, გმადლობთ, ფეხზე რომ დამაყენეთ და ფრენაც მასწავლეთო, - და ისევ გაფრინდა; გულამოსკვნილი როგორ ეძებდა ყოველ აღდგომას კურდღელს, რომელიც და-ძმას სადარბაზოს კარებთან თურმე სააღდგომო კვერცხებს უტოვებდა; როგორ ჯდებოდა და სეირნობდა დედას მოსწავლის (რომლის სახელი ახლაც ახსოვს და დაე, თქვენც იცოდეთ - მერაბ გაჩეჩილაძე) უშველებელ დოგზე, რომელიც დიდხანს ცხენი ეგონა და - „ცხენოსნობით გატაცებაც აი, იმ დოღიდან დაიწყო. მერე მოტოციკლეტი იყო...“

0x01 graphic

ნანა ჯორჯაძე და ირაკლი კვირიკაძე. ფოტო: თომას კორფერი

- თქვენ რა, მოტოციკლეტსაც ატარებდით?

- რას ამბობ, 6 წელი მოტო - „გონშჩიცა“ ვიყავი, - გაისმა სრულიად მოულოდნელად.

ჯადოსნური სამყარო და სახურავზე ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როცა ოჯახი მაშინდელი პეკინის ქუჩის ბოლოში, ახლად აშენებულ სახლში დასახლდა. ჩვეულებრივ, როგორც თვითონ ეძახის, 4-კედლიან სახლში აღმოჩნდა, სადაც დასრულდა ტრუსების ამარა სახურავზე სირბილის, მეხანძრეების დიდი მანქანების რეცხვის და მუსიკოსების საოცარი ისტორიები.

არა, ახალგაზრდა ჯორიკა (როგორც მაშინ ეძახდნენ) რომ ნამდვილი ექსტრემალი იყო, - ფაქტია. უამრავი, დაახლოებით ასე, 9 ტვინის შერყევით... ოღონდ ისე კი არა, ადამიანურად მიღებული შერყევებით, არა! ველოსიპედით ბეტონის ორმოში ჩავარდა; მე-4 სართულიდან ქოლგით გადმოხტა - ეს ჩემი პარაშუტიაო; სკოლაში, ფიზკულტურის დარბაზში ჰაერში იფრინა და აგურები თავით გაიტანა; მოტოციკლეტით რაღაცეებს შეასკდა...

ეს ისე, ცნობისათვის.

სტუდენტური ამბები

მატარებლის ბორბლები სწრაფად მიგუგუნებს რელსებზე. თან, რაღაც აუტანელად გაჰკივის. კუპეში, არა, უფრო სწორად, კუპეს ზემოთ, სადაც ბარგს დებენ ხოლმე, ორი სტუდენტია გასუსული. ჩუმად! მათ ხომ ბილეთის ფული არ აქვთ, იპარებიან ხოლმე ვაგონებში და ასე ახერხებენ „არალეგალურ“ მოგზაურობას. 8 თვე და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა! მან და ნესტანმა, სამხატვრო აკადემიიდან ტალინში, არქიტექტურის პრაქტიკები დროზე ადრე დაამთავრეს, და რა უნდა ექნათ? „არალეგალური“ მოგზაურობაც დაიწყეს. ოღონდ ისე, რომ მშობლებისთვის არც არაფერი უთქვამთ. თუ დაიჭირეს? დიდი არაფერი, პასპორტიდან რაღაცეებს ამოინიშნავენ და „ბედნიერ“ მშობლებს ჯარიმებს უგზავნიან. ეს უკანასკნელნი კი, ლამის ყოველთვე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა წერტილიდან ასეთ ქვითრებს ღებულობდნენ - „ასე რომ, ჩვენი მშობლები ამ ჯარიმებით სულ ხვდებოდნენ როდის, სად ვიყავით. მამა სულ მეუბნებოდა - აი, ამას შევინახავ! და როცა შვილები გეყოლება, ვაჩვენებ, რა მაწანწალა დედა ჰყავდათო! ისე, ამ ქვითრებს დღესაც ვინახავ“. ამ 8 თვეზე რომ ჰკითხოთ, გეტყვით, ეს საუკეთესო პერიოდი იყო, რომლის დროსაც მიღებული შთაბეჭდილებები და მოსმენილი ისტორიები დღესაც ასაზრდოებს - „ყველაფერი, რაც ფიზიკურია, კვდება! ეს კი ისაა, რასაც ვერასდროს, ვერსად ვერ დაკარგავ“.

მის ოჯახში ხომ ყოველთვის ყველაზე მთავარი - მოგზაურობები, წიგნები და სამყაროს გაცნობა იყო... სადაც არავინ ზრუნავდა ძვირფას ავეჯზე ან, თუნდაც, ლამაზ ჭურჭელზე! მამა რომანსებს უმღეროდა დედას, ლექსებს უკითხავდა... და უცებ, იცით რა ფრაზას მეუბნება - „ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ასეთი მშობლების ოჯახში დავიბადეო!“ ბედნიერია კიდევ იმით, რომ მუშაობისას საშინლად სწყალობს ბედი; რომ ნიჭიერ კომპოზიტორებთან, ოპერატორებთან, მსახიობებთან თანამშრომლობს... მიუხედავად ბევრი სირთულისა, მალევე ივიწყებს წყენას, ამბობს, - რაც წასაღებია, წყალს მიაქვს... თუმცა, ზოგჯერ მაინც რჩება რაღაც ამბები ფილმის სცენარისთვისო. „ჩემი ცხოვრება ხომ ძალიან კოლაჟურია: საინტერესო შეხვედრებით, ადამიანებით, ლამაზი მოგზაურობებით, სახლებით, ეზოებით... მიჭირს კიდეც მისი ქრონოლოგიურად გახსენება. ხან რა ამოტივტივდება, და ხან - რა.“

ყველაზე ხშირად „ამოტივტივებაში“ სურნელი ეხმარება: დარიჩინის, ბალახის, ირისის და თქვენ წარმოიდგინეთ, თევზისაც კი, რომელიც სულ იმ საოცარ ვეშაპს ახსენებს, წყლიდან რომ ამოვარდა და თავი მოიკლა; ანდა იმ გასაოცარი ფილოსოფოსი ჩიტს, ლოს ანჯელესში, ოკეანის პირას რომ დგას გაუნძრევლად და წყალს საათობით უყურებს - „მე და ჩემი შვილიშვილი ნიკუშაც იქ ყოფნისას სულ ამ საოცარ ჩიტს ვუყურებდით და...“ ჰო, ისე ბებია ნანამ ისე გემრიელად ამიხსნა ნახევრად ეთიოპელი შვილიშვილის ფერი, რომ... - „არა, შავი არ არის. ესაა უფრო кофе с молоком“.

რადგან შვილიშვილი ვახსენეთ, გეტყვით, რომ ისინი სულ სამი ჰყავს: ერთი кофе с молоком ნიკუშა და მეორე შვილისგან - ორი: პოეტი-სიმბოლისტი ალექსანდრე (მართალია, ალექსანდრე 6 თვისაა, მაგრამ ისეთი თვალებით უყურებს ბებიას, „რომ არ ვიცი, სად წავიდეო“. თან ამატებს, „სულ დელფინივით იცინისო“) და 5 წლის ნანუკა - „საშინელი ხულიგანი და გადარეული“.

ეტყობა ბებიას ჰგავს.

სიყვარული კუჭის აშლამდე

ყოველთვის ძალიან, ძალიან უნდოდა რეჟისორობა და სწორედ მაშინ, როდესაც მოსკოვში, არქიტექტურის ფაკულტეტის ასპირანტი ხდება, თბილისში სარეჟისორო ფაკულტეტი იხსნება. თენგიზ აბულაძის და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო. ნანა რჩება და საბუთები შეაქვს. სწავლა ზუსტად პირველ ოქტომბერს იწყება. 27 ოქტომბერს კი ცოლად ირაკლი კვირიკაძეს მიჰყვება. - „რამეს თუ დავგეგმავ, არ გამოდის. ამიტომაა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან სპონტანურად ხდება და არასდროს არაფერს ვგეგმავ. ეტყობა, ღმერთის ხელით ხდება ის, რაც უნდა მოხდეს“.

- შეიძლება ისე შეგიყვარდეს, რომ კუჭი აგეშალოს? - მახსენდება
ფრაზა ფილმიდან 27 მოპარული კოცნა

- კი. მთელი ცხოვრება სულ ასეთი შეყვარებული ვარ. მახსოვს, 5 წლის ასაკში როგორ შემიყვარდა მეზობელი, 26 წლის მხატვარი; როგორ მეკუმშებოდა გული მის დანახვაზე...“ აი აქ, უკვე კარგად მოშინაურებულს, ჩემი ლამაზი თანაბაღელი მახსენდება და - „მე არა. მე ყოველთვის ჩემზე უფროსები მომწონდა. არასდროს ვყოფილვარ თანატოლზე შეყვარებული.“

აქედან კი, ბუნებრივია, საუბარში ახალი პერსონაჟი - მეუღლე და პედაგოგი ბატონი ირაკლი ჩნდება.

0x01 graphic

ნანა ჯორჯაძე და პიერ რიშარი. გადაღებები ფილმისათვის 27 მოპარული კოცნა. 2000 წელი. ფოტო: მიხო კვირიკაძე

0x01 graphic

პარიზი. 1997 წელი

- „ის ხომ გასაოცარი ადამიანია. თავით ფეხებამდე ხელოვანია, შემოქმედი, გამომგონებელი. არასოდეს არ ყოფილა მეუღლე, ტრადიციული გაგებით... ყოველთვის იცოდა, რომ ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, და ეს იყო ყველაზე მთავარი. ყველაფერი, რაც კინოს ეხება, ჩემი და ირაკლის ცხოვრებაა. ეს ყველაფერში მეხმარება. მართალია, სამუშაოს გამო, ხშირად გვიწევს სხვადასხვა ადგილას ყოფნა და ზოგჯერ თვეობით ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს განშორება იმდენად მნიშვნელოვანია... რადგან მერე იწყება მოლოდინი, სატელეფონო რომანი, ეპისტოლური რომანი. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ყველაფერი თავიდან იწყება... ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ირაკლი მაჩუქა... და, საერთოდ, მთავარი სიყვარულია! ბევრი სირთულე გვაქვს გამოვლილი, მაგრამ როცა ერთმანეთი გიყვართ, ყველაფერს აიტან, ყველაფერს გაუძლებ.

- მონტაჟსაც?

- მონტაჟი?! არა, ეს ჩვენთან პრობლემაა. ირაკლი დიდი ხანია სცენარების წერაზე გადავიდა, მაგრამ მას editing director-ს ეძახიან, რადგან სრულიად უიმედო ფილმებიც კი ფეხზე დაუყენებია. ამ საქმის ვირტუოზია. სწორედ ამის გამო გვაქვს სულ ომი; ყოველ კადრზე, ყოველ ეპიზოდზე ისეთი ჩხუბი გვაქვს, რომ გამოეფინება ხოლმე გარეთ მთელი სამონტაჟო და მიდის - აი, დახოცეს ერთმანეთი; აი, ან ეს გადარჩება, ან ის... მაგრამ, გამთენიისას, როდესაც შინ ვბრუნდებით, ირაკლი ხელს გადამხვევს ხოლმე და მეუბნება - „ნანუკა, რა ბედნიერებაა, ამდენი წელია ერთად ვართ, და არცერთი კონფლიქტი არ გვქონია!“ და მართლაც, კონფლიქტი არ გვქონია. თუ ვკლავთ ერთმანეთს, მარტო კადრის გამო: რა სად ჩაჯდება. ასეთია ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა.“

შემოქმედება და მუშაობა - ყველაფერია. ღამეში 4 საათი თუ გამოიძინა, ესე იგი კარგად ეძინა. წარმოუდგენლად მიაჩნია საწოლში კოტრიალი და საქმის კეთებას დილიდან იწყებს; თუ ფილმზე არ მუშაობს, მაშინ წერს, ან ხატავს ან... ნუ, რაღაცას აკეთებს. ჰო, მაგალითად, სახლებს აპროექტებს! იცოდით? ნანას ხომ არამარტო თბილისში, არამედ საზღვარგარეთაც დაპროექტებული აქვს ვილები, საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, ხელოვნების სახლი... მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესი მაინც მაღაზიის ვიტრინების გაფორმება, ფილმის აფიშების ხატვა, და ინტერიერის მოწყობაა; გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკაში... ანუ იქ, სადაც იქნება სამუშაო. თავადვე ასე პასუხობს, ძალიან მოკლედ - ვარ იქ, სადაც სამუშაოაო. ამ ორ პროფესიას ხომ ბევრი რამ აკავშირებს: სივრცის ორგანიზება, მისი მთლიანობაში აღქმა და რაც მთავარია, მშენებლობა! ისე, დღეს განსაკუთრებული წუხილით საუბრობს დღევანდელი თბილისის იერსახეზე და - „როგორც ჩვენ ვამაყობდით ჩვენი ქალაქით, ჩვენმა შვილებმაც ხომ უნდა იამაყონ?! როდემდე შეიძლება, უსახური მშენებლობებისთვის არ არსებობდეს წითელი ზღვარი?!

P.S. გადასაღებ მოედანზე ახალი ტანსაცმლის ჩაცმა არ უყვარს და, ძირითადად, ბებიის ფეხსაცმელებით, ან ბაბუის ჟილეტით, ან დედის კაბით მიდის. მათ ენერგიას ვგრძნობო, - ამბობს.

ცუდი რაღაცეები საბჭოთა კავშირზე

ყველაზე რთული ალბათ მაშინ იყო, როცა იწყებდა. როცა უსამართლოდ იხურებოდა ფილმები, ირეცხებოდა ფირები. მართალია, ნანა ყველაფერი ცუდის და უსიამოვნოს გახსენების შემდეგ სულ იმეორებს - „ეჰ, რაც იყო, იყო“... მაგრამ ერთხელ ისე გააბრაზეს, რომ წლების მერეც დეტალურად ახსოვს მოსკოვის ცენტრალური ტელევიზია და მისი ისტერიული კივილი, ფაშისტებო, ფაშისტებოო. ეს იყო დრო, როცა მთლიანად დაუბნელდა გონება, თავი ვეღარ შეიკავა და საკუთარ თავს ისეთი რაღაცეების თქმის უფლება მისცა, რასაც სხვა დროს არ ვიზამდიო; როდესაც დიდი ხნის და საკმაოდ მძიმე გადაღებების შემდეგ, ფილმი „დამეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“ შეიქმნა. მოსკოვის ცენტრალურმა ტელევიზიამ კი, ზუსტად ერთ ღამეში ფილმი „შეასწორა“; ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი მოკლემეტრაჟიანი გახდა და მთელი 40 წუთი გაქრა. გადააკეთეს ფინალი, დაადეს ახალი ხმები და მერე ამაყად მოუთათუნეს მხარზე - აი, ჩვენც დაგეხმარეთ იალბუზზე ასვლაშიო. „აი, აქ კი გადამეკეტა! რას ვეძახდი და რას ვყვიროდი, აღარ მახსოვს. თქვე, ფაშისტებო! ვყვიროდი ცუდ რაღაცეებს საბჭოთა კავშირზე, რომ ის დალპება და ჭაობში ჩაიძირება... და თან მახსოვს, ჩვენი საწყალი, უბედური მთავარი რედაქტორი, რომელიც თან მიმათრევდა და თან - „ნანა გაჩერდი! ნანა დაგვღუპავ!

0x01 graphic

ბუენოს აირესი. 1997 წელი

ნანა, დაგვიჭერენ! ნანა!...“ მართალია, არავინ დაუჭერიათ, მაგრამ ფილმი ისე გაქრა, როგორც ქრებოდა ხოლმე ფირები. რა ბედი ეწია? ჩარეცხეს ან ვერცხლად გადაადნეს. უბრალოდ, მოპარვა, დიახ, მოპარვა ვერ მოასწრეს, თორემ... იქნებ გადარჩენილიყო ისევე, როგორც ირაკლი კვირიკაძის „მოცურავე“. ვინ იცის?!

ჰო, „მოცურავეზე“ გამახსენდა. ამ ისტორიას ნანა ძალიან უწესო ამბავს უწოდებს.

მას შემდეგ, რაც რეჟისორი ირაკლი კვირკაძე საგრძნობლად შეუზღუდა მთავრობამ გადაღებები, იგი ხშირად სტუმრობდა ყაზახეთს, ადგილს, სადაც მეტ-ნაკლებად პოულობდა თავისუფლებას და სამუშაო პირობებს.

ეს ჩვენი ამბავი კი ყაზახეთის სოფელ კარაოიში ხდება - უდაბნოში, რომლის სახელიც თარგმანში - შავი ჯურღმული, ასი პროცენტით ამართლებს სახელს; სადაც, წყლის უქონლობის გამო, დაბანის ერთობ ველური მეთოდი არსებობდა: გარკვეული დროით წვებოდი ქვიშაში, იქიდან ამოსული კი მოწებებულ ქვიშას მთელი ძალღონით ზედ იხეხავდი და... საქმეც გაკეთებული იყო. ახლა ამის მკითხველი, იმასაც მიხვდებით, რომ არც დანარჩენ საქმეებში იყო დიდი კომფორტი და ნეტარება. ჰოდა, (დიდი ბოდიში ასეთი დაკონკრეტებისთვის, მაგრამ საქმე მოითხოვს) არც საჭირო ოთახში შესული განებივრდებოდით საჭირო ქაღალდით. ამიტომ გადაწყვეტილება, უმალ მიიღეს. გამოყენებულ იქნას ერთადერთი ქაღალდი, რომელიც მთელ დასახლებაში არსებობდა - ირაკლის სცენარი. ასეც მოხდა. იკითხავთ, და რა არის აქ საინტერესოო? საინტერესო კი მაშინ დაიწყო, როდესაც სოფელში, უბრალო გაზეთში შეფუთული ამანათი გამოიგზავნა. ამანათმა დანიშნულების ადგილს მიაღწია ისევე, როგორც გაზეთმა - საჭირო ოთახს. ამ ამბიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, რომ საჭირო ოთახიდან ირაკლის ხმა გაისმა - „ნანა!!!“... მოხეულ გაზეთზე ეწერა: „სან-რემოს კინოფესტივალის გრან-პრი გადაეცა ირაკლი კვირიკაძეს, ფილმისათვის „მოცურავე“. როგორია?

0x01 graphic

ნანა და ლარი. ლოს ანჯელესი. 1997 წელი.

სიზმარია?

გადავსებული დარბაზი; ათასი ბრჭყვიალა ძვირფასი თვლები, თვალისმომჭრელი ლამაზი ქალები... ყველა რა ნაცნობია!... ისინი ხომ არაერთხელ უნახავს ეკრანზე... სიზმარია? ალბათ. სიზმრის ნაწილია სცენაზე გამარჯვებულის დასასახელებლად ასული ივ მონტანიცა და კაროლ ბუკეც; საერთოდ, ყველაფერი სიზმარია... ეჩვენება, თუ რა არის?! მისი გვარი თითქოს რამდენჯერმე დაიწერა... ბოლოს ვიღაცამ ხელიც კი ჰკრა - მიდი, გადი დროზეო და მიხვდა, რომ რაღაც ხდება... სცენაზე გაბრუებული ავიდა, საუკეთესო დებიუტისთვის „ოქროს კამერა“ და კონვერტი გადასცეს... რაღაც თქვა... შემობრუნდა და უკან წამოვიდა. გილოცავთ! - ისმის რუსულად და კულისებში ჩასაფრებული ძვირფასი „გოს.კინოელი“ კაცი ელვის სისწრაფით ართმევს კონვერტს... რატომ? უცებ ვერ მიხვდა. „თურმე იქ, ძალიან დიდი თანხა იდო“. კანის კინოფესტივალის წარმომადგენლის დაჟინებული მოთხოვნა რომ არა, ეს ფილმი („რობინზონიადა“) არათუ ფესტივალზე, „გოს.კინოს“ დამტვერილ თაროზე აღმოჩნდებოდა. აქაც მოხდა ის, რასაც ნანა ბედის წყალობას უწოდებს: ფილმს ბიძიები უყურებდნენ და ამბობდნენ - ამას აუცილებლად დავხურავთო. ამ დროს, უკანა რიგებიდან დარბაზში შემთხვევით შემოსული ფრანგი მამაკაცი წამოხტა, მე კანის კინოფესტივალის ამომრჩეველი ვარ, მომეცით, ეს ფილმი ფესტივალზე მიმაქვსო; - მოიცა, რას ამბობთ, ეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელია და თან რეჟისორიც სასტიკი წინააღმდეგიაო, - ბიძიები არ დაიბნენ. თქვენ თანახმა ხართ? - ფრანგმა უცებ ნანას გახედა. მეე?... დიახ.

დამიჯერეთ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ სად ხარ. კანში, გაგანია ფესტივალის დროს, გაბრდღვიალებულ ჯადოსნურ სამყაროში, თბილისში, სასურსათო მაღაზიაში თუ... თუ სადმე. ყველგან საჭიროა - რა? ფული. საზიზღარი, აუტანელი, აუცილებელი ფული. ჩვენი „გოს. კინო“ კი რა თანხის მომცემი იყო, როცა დღედაღამ იქით წართმევაზე ფიქრობდა. ამიტომ იყო, რომ ნანა კანის მშვენიერ ქუჩებში დაბორიალობდა და იცოდა, რომ როგორც არ უნდა მოესურვებინა, მაინც ვერაფერს იყიდდა. მაგრამ როცა პატარა, „კინო ხლაპუშკის“ ფორმის გულსაბნევი დაინახა, ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის და ავტორის სახელით - Robinzoniada, Nana Djordjadze - თან, სულ რაღაც საზიზღარ 40 ფრანკად?! მაშინ?! რა დაავიწყებს ნიკიტა მიხალკოვს, რომელიც მფარველ ანგელოზად მოევლინა. ჯერ იყო და სანატრელი გულსაბნევი უყიდა. მერე შერემეტიევოს აეროპორტში ისეთი სკანდალი მოაწყო, რომ... იცით, რატომ? წარმოიდგინეთ, ჩამოდიან მოსკოვში და სად არის „რობინზონიადას“ „ოქროს კამერა“?! მოიპარეს! - „Подонки! Сволочи! Узнаю запах отечества! - ღრიალებდა ნიკიტა აეროპორტში და... დაახლოებით 4-5 საათში, პრიზი უკან მოუტანეს. ნუ, ერთადერთი ის იყო, რომ ობიექტივი აღარ იყო ზედ, მოიპარეს. დიდი და ძვირფასი ყოფილა. ღმერთო, ობიექტივს ვინ სჩიოდა, პრიზის ნაწილი ხომ მაინც ერგო?!

ბევრი, ბევრი საინტერესო რამ

ეს ყველაფერი არა უშავს, რადგან მერე ნანას ცხოვრებაში უამრავი საინტერესო ადამიანი იყო. „ოსკარის“ ნომინაცია... მოგვიანებით, კანის ჟიურიში ყოფნისას, დახურულ ტერიტორიაზე გამოკეტილი მსოფლიო კინოს ვარსკვლავები. კენჭისყრის დღეს, ზეწოლა არავისზე რომ არ მომხდარიყო, „რა უნდა გვეკეთებინა მთელი დღე, დავბოდიალობდით მშვენიერ ბუნებაში და მზეს ვეფიცხებოდით“. სრულიად სპონტანურად, მაგიდასთან დაწყებული ახალი საინტერესო დაპროექტი, სადაც ჟერარ დეპარდიე რასპუტინს განასახიერებდა, ფილმს გენიალური გოდარის მემონტაჟე დაამონტაჟებდა, ოპერატორი თავად კარლო დი პალმა იქნებოდა... ყველაფერი მზად იყო - მოლაპარაკებები, ჩანახატები. მუშაობა უნდა დაეწყოთ, პროდიუსერი რომ გარდაიცვალა და მისმა შვილმა რუსეთის მხარესთან საქმის დაჭერაზე უარი განაცხადა. არ გამოვიდა არც მაშინ, როცა მარჩელო მასტროიანი და მარია ტრენტინიანი უნდა გადაეღო... აფხაზეთის ომი დაიწყო და შეშინებული იტალიელები მთავრობამ სასწრაფოდ უკან წაიყვანა. არც მაშინ გამოვიდა რამე, როცა შვილები აფხაზეთში იყვნენ და მას ცნობილმა „ერის ლინგვისტმა“ მიტინგზე ნაძირალა ნანა ჯორჯაძე უწოდა, რომელსაც თურმე, ვიღაც გომბეშო ცვეტაევაზე უნდა გადაეღო ფილმი.

რა დროს ფილმი იყო? აი, მაშინ კი, მართლა შეეშინდა...

ლარის წითელი ტრუსი და ცაში დაწერილი NANA

აღარ გვინდა ცუდი, და ნანას ბიოგრაფიიდან ერთ, თითქმის დაუჯერებელ და ერთ ძალიან რომანტიულ ამბავს მოგიყვებით. „უი, აქ ცაზე ნანა წერია?“ - ფოტოსურათის თვალიერებისას ვიკითხე. - „ჰო, იყო ერთი... მეპრანჭებოდა და... მფრინავი იყო. ჰოდა, იმან დაწერა ცაზე, კანში როცა ვიყავი“ - ისე, სასხვათაშორისოდ მეუბნება.

რაც შეეხება დაუჯერებელ ამბავს, მისი მოქმედების ადგილი... არა, ამას ჯერ არ გეტყვით, ბოლოში უფრო ეფექტური იქნება.

ფოტო: ნანა ჯორჯაძე. კანი. 1992 წელი.

მოკლედ, ნანას ერთი ძალიან საინტერესო და უცნაური მეგობარი ჰყავს. სახელად ლარის ეძახიან. ის ისეთი მდიდარია, რომ რა გითხრათ? თვითმფრინავიც ჰყავს, ბევრი მაგარი მანქანაც, უიშვიათესი ჯიშის ცხოველებიც, და წითელი ტრუსიც. ოკეანის პირას უზარმაზარი მთა აქვს ნაყიდი, სადაც დატუნტულებს სრულებით შიშველი, ანუ - რაღაც კარგად ჟღერს - დედიშობილა; სძინავს ხევთან დაკიდულ საწოლზე, რომელიც სულ ქანაობს; ეტყობა, თმას არ ივარცხნის, ანდა რისთვის უნდა? დაცუნცულებს დიდი, გაჩეჩილი ქერა თმებით; ალბათ ასევე გაჩეჩილი შვილები ჰყავს.

ძვირფასი მანქანები კი მთაზე ლაბირინთივით დაკლაკნილ გზებზეა დაყრილი: ზოგან თავის დროზე ბენზინი გათავდა, ზოგან საბურავი დაეშვა... ნუ, კარგი რა?! ხომ არ დაიწყებდა ახლა ან საბურავზე ზრუნვას ან ბენზინის ჩასხმას?! არ სჯობია, ჩიტებს დაუთმოს, რომელთაც მშვენიერი ბუდეები აქვთ შიგნით მოწყობილი?! სჯობია. სანამ ესტუმრებით, კარის ზღურბლზე სტუმრად მისული, ზარს რეკავთ ხოლმე. აქაც ჩერდებით და ასიგნალებთ. ჩვენი ლარი უშველებელი დურბინდით ზემოდან გაკვირდებათ და თუ შენი ნახვის ხასიათზეა, ისტერიულად იწყებს ერთადერთი წითელი ტრუსის ხელით ქნევას - აქ, ვარ, მოდიო! მერე წითელ ბაირაღს დაუშვებს, ფეხებს გაუყრის და ჰოპ, ტრუსიც ადგილზეა. ხოლო თუ შენი ნახვის გუნებაზე არ არის, არც ტრუსს დაგიქნევს და არც არაფერს. მერე მიდი და ეძებე დახლართულ ბილიკებში, მაინც ვერ იპოვი.

წელიწადში ერთი-ორჯერ ჩაფრინდება ხოლმე ნიუ იორკში, ისიც საშობაოდ, ან საახალწლოდ... ამ სავანეში კი, ათასი სხვადასხვა ჯიშის ცხოველი ბინადრობს. არ გეგონოთ, რომ მთლად ღარიბულად ცხოვრობენ. უძვირფასესი შუშისგან დამზადებული თასებით სვამენ წყალს, შესასვლელს კი მე-16 საუკუნის ვენეციური ჭიშკარი ამშვენებს. ნანა პირველივე დანახვაზე მოეწონა - ჯერ თმაზე მოჰკიდა ხელი, მერე თავის თმას შეეხო და საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუსვა, რაც დაახლოებით მაუგლის ტექსტის არ იყოს, ასე იშიფრებოდა - „მე და შენ ერთი სისხლის ვართ“. მერე მიწიდან სტაფილო ამოგლიჯა და გაუწოდა - მიდი, ჭამეო. მორჩა. მიიღო.

მაგრამ არ გეგონოთ, რომ ასე სამოთხესავით ტკბილ-სიამობაში ცხოვრობს ლარი თავის ცხოველებთან ერთად. როგორც ყველგან, ცხოვრება ცხოვრებაა, თავისი პრობლემებით და კლასობრივი წინააღმეგობებით:

ლამა და აქლემი

- „საშინელი ტერორისტი, ხულიგანი ლამა ჰყავთ, რომელიც გადაკიდებულია ერთ საწყალ აქლემს და სადაც კი ხელთ ჩაიგდებს, სულ კბენს, წიხლებს ურტყამს და გარბის. ერთხელაც, საწყალი აქლემის შეშინება ისე მოინდომა, რომ გამოვარდნილა და უბედური ცხოველისთვის მთელი ძალით ჩაუცხია ჩლიქები“ - ჰყვება ნანა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ აქლემი მთიდან გადავარდნილა და... ზემოდან დაასკდა მანქანას. წარმოიდგინეთ, მისრიალებ შენთვის ტრასაზე, ღიღინებ კიდეც ნაცნობ მელოდიას და უცებ ციდან მოფრინავს აქლემი?! აქლემი წამებში გადაჰყავთ საავადმყოფოში, ხოლო დაშავებულ მძღოლს ცოტა ხნით ფსიქიატრიულში ათავსებენ - „ეს ვერაა, გაიგე? აქლემი დამეცა თავზეო...“ - დასცინოდნენ ექიმები. ოო, მერე იცით რა მოხდა? სასამართლო გამართეს და... ვინ გაასამართლეს? ლამა! რომელსაც 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სად? ზოოპარკში! ეტყობა, ვადამდელი გასაჩივრების უფლების გარეშე!

- რა, მართლა? კი, მაგრამ სად ხდება ეს?

- Los Angeles!!! Hollywood!!!

შყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი გადაღებები. ფოტო: იური მეჩითოვი. 1995 წელი

7 ნინო ჩუბინიშვილი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ლევან ნუცუბიძე

0x01 graphic

ფაქტები

განათლება:

თბილისის თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო აკადემია - სცენისა და კოსტიუმების დიზაინერის დიპლომი

2000 კენზო, პარიზი (სტაჟირება)

2005 Istitut Franзais De La Mode, პარიზი

მოდების სოლო ჩვენებები:

Dead Army 1996
ავანგარდული მოდის პირველი ასამბლეა, თბილისი (მე-3 პრიზი)

Airlines 1999
საერთაშორისო ფესტივალი „სუბტროპიკი“, ბათუმი
სოლო ჩვენება ხელოვნების სახელმწიფო გალერეაში, თბილისი
თანამედროვე მოდის ფესტივალი Line

Lines 2000
საერთაშორისო მოდის კონკურსი
Русский Силуэт, თბილისი
Русский Силуэт, მოსკოვი (გრანპრი)
Русский Силуэт, მონტე-კარლო

2002 გოსლაბის წარმოდგენა ფესტივალზე Exit, პარიზი

0x01 graphic

ინტერვიუ

ნინუცა, გწერ ინტერვიუს კითხვებს. შეეცადე ვრცელი პასუხები გასცე. თუ რომელიმე ზედმეტად ინტიმური ან ფილოსოფიური მოგეჩვენება, დაუფიქრებლად წაშალე.

თეატრალური დადგმები:

სცენისა და კოსტიუმების დიზაინი;

2003 გია ყანჩელისადმი მიძღვნილი წარმოდგენის კოსტიუმების დიზაინი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი;

2003 „არტერია“, კურატორი: გოსლაბი; საგამოფენო ცენტრი: „ქარვასლა“, თბილისი

1996 სცენისა და კოსტიუმების დიზაინი სპექტაკლისთვის „Marat Sade“, პიტერ ვაისის მიხედვით; რუსთაველის სახელმწიფო თეატრი, თბილისი;

1994 სცენისა და კოსტიუმების დიზაინი სპექტაკლისთვის „საპოვნელა“, მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი, თბილისი

1992 სცენისა და კოსტიუმების დიზაინი სპექტაკლისთვის No Exit, ჟან-პოლ სარტრის მიხედვით, რუსთაველის სახელმწიფო თეატრი, თბილისი

1991 სტუდენტური სემინარი: ლონდონის წმ. მარტინის ცენტრალურ კოლეჯსა და თბილისის თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში;

1988 კოსტიუმების დიზაინი. ზამთრის კარნავალი, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“. გუდაური.

გამოფენები:

1998 ახალგაზრდა ფოტოგრაფთა კონკურსი, თბილისი (მე-3 პრიზი);

1995 Delayed Winter, სახელმწიფო ბიბლიოთეკა, თბილისი

1991 Rice Letter, ცისფერი გალერეა, თბილისი

1990 „ქართული ავანგარდი“, თბილისი

სად და რით დაიწყო?

- პირველად იქ დაიწყო, სადაც გავაცნობიერე, თუ როგორ ასხვავებენ უფროსები, მარჯვენა ფეხსაცმელი რომ მარჯვენა ფეხზე უნდა ჩამაცვან და მარცხენა - მარცხენაზე. მერე დაიწყო წესების და სტერეოტიპების შენება, რაც სულ გრძელდება რაღაც ეტაპამდე, როგორც ყველას ცხოვრებაში: გარემოსგან, კანონებისგან, კინოებისგან, ქცევებისგან; სანამ მიხვდები, რომ სტერეოტიპები და იმიჯები მხოლოდ ზედაპირია და ხელოვნებაში უკვე განვლილი ეტაპი. როდესაც მივხვდი, რომ სტერეოტიპები ლიმიტია და შემზღუდველი ციხე, სადაც ადამიანი ამ ჩარჩოს მონა ხდება და არა თავისი ცხოვრების თავისუფალი შემქმნელი - მაშინ დაიწყო პირველად იმის გაცნობიერება, რომ სიყვარულის და ბედნიერების იმიჯი ხსნადი ყავაა ანუ ფალსიფიკაცია; ნამდვილი სიყვარული კი - მარცვლებიანი, ყველაზე ნატურალური, რომელიც უნდა დაფქვა და დიდხანს ადუღო. და ეს ყველაფერი მარტო სიყვარულს არ ეხება. ეხება იმას, რომ ჩემში ჩემივე თავის იმიჯი და სტერეოტიპი დაინგრა; მივხვდი, რომ მე ის ვარ, რომელიც ყველანაირია და ის ვარ, რომელიც სულ იცვლება; თან უცვლელია და თან სულ ვიბადები და სულ თავიდან ვიკარგები; და რომ გზაც ეგ არის.

რა ფასეულობები გქონდა, რომელიც დღემდე გამოგყვა?

- არ ვიცი, რა გამომყვა, მაგრამ ვიცი, რომ ერთი პერიოდი ყველა ფასეულობა დავკარგე და დიდ სიცარიელეში გადავვარდი. იქ მივხვდი, რომ უფასეულობებო ცხოვრება იმას ჰგავს, როდესაც მხოლოდ კედლებს ხედავ, სახეებს და ვერ გრძნობ, რომ ყველაფერი ეს ცოცხალია და კონტაქტშია ერთმანეთთან. რომ ვთქვა, რა ფასეულობებს ვემსახურები და რის შენარჩუნებას ვცდილობ, მგონი, უფრო სწორი იქნება, ვიდრე ვთქვა, რომ „ეს მე მაქვს“. არც არაფერი არ მაქვს... არავინ იცის, სად და რა დროს აღმოჩნდები, და რაზე იტყვი უარს. რას ვცდილობ - სხვა არის... ვცდილობ, პატარა სიმართლე აღმოვაჩინო და პატარა სიყვარული, და პატარა ერთგულება, ჩემშიც და სამყაროშიც, ოღონდ ყოველდღიურად. ადრე ვიტყოდი: „მე მართალი ვარ“. დღეს ვიტყვი, „ძალიან ვცდილობ და მინდა, რომ სიმართლეს შევეხო!“.

რაზე ფიქრი გაკარგვინებს დროის შეგრძნებას?

ყველაფერ იმაზე, რაც უსასრულოა: ადამიანზე, სამყაროზე, კინოზე, ხელოვნებაზე. არ ვიტყვი, რომ მოდაზე; იმიტომ, რომ ეს ცნება ჩემთვის მხოლოდ ცარიელია და წარმავალი, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებსაც ეს სფერო ხელოვნების რანგში აჰყავთ.

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ დროსთან მიმართებაში დარჩე ადექვატური?

არ უნდა გააიგივო შენი თავი რაიმე დროსთან. არ უნდა უთხრა შენს თავს, „აი, ეს მე ვარ“ და „ეს არის ჩემი დრო“. არ უნდა შექმნა ჩარჩო იმიტომ, რომ რომელიმე დროში უფრო კომფორტულად იგრძნო თავი. ყველა დროში ბევრი საინტერესო რამ ხდება, და შენშიც. ადექვატურად იცვლები და თუ თავს არ შებოჭავ და არ შექმნი ისევ და ისევ შენი თავის იმიჯს, დაინახავ, რომ დროც და შენც უსასრულო სიცარიელეები ხართ, რომლებიც ერთად, ერთი ინფორმაციის გამტარები არიან.

ყველაზე ხშირად საიდან იღებ ინსპირაციას?

ნებისმიერი ახალი აღმოჩენა შეიძლება ინსპირაციის წყარო გახდეს: ეს იქნება კვადრატზე ფიქრი თუ სისტემაზე. შეიძლება ინსპირაცია ერთი სიტყვაც იყოს. ძირითადად, გაუაზრებლად ვხატავ და ისტორია ხატვის პროცესში მიყალიბდება. ძალიან ხშირად, ინსპირაციის წყარო ჩემი მეგობრების ხელოვნებაა. ასე იყო, სანამ პარიზში წამოვიდოდი. ახლა სხვა რეალობას შევეხე; უფრო სწორად, უფრო დიდ ინფორმაციას, რაც ალბათ სხვა გზითაც წამიყვანს.

0x01 graphic

რა განსხვავებას ხედავ მოდასა და იმას შორის, რასაც შენ აკეთებ?

მოდა ის არის, რაც დღეს არის „მოდაში“. ანუ ის იდეა, რაც ვიღაცამ მოიტანა, დროსთან გააიგივა და თქვა - „აი, ეს არის დღევანდელი დღე, და ეს - ხვალინდელი“. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, არამედ ბევრი დიზაინერისთვის, რომლებიც ამ დროის ფენომენს ისეთ უპირატესობას არ ანიჭებენ, არამედ უფრო თავიანთი სამყაროდან და ძიებებიდან ქმნიან თავიანთ „მოდას“ - ნაწილობრივ მაინც, არ ექვემდებარებიან დროის მოთხოვნებს. მათთვის „მოდა“ ხელოვნების საფეხურზე გადადის. ასეთი დიზაინერები ჩემთვის ბევრად უფრო ფასეულს და „გრძელვადიანს“ ქმნიან, ვიდრე ისინი, ვინც კომერციით არიან დაინტერესებულები, და იმით, თუ რა იქნება ამ წელიწადს მოდური. თუმცა, მათაც აქვთ თავიანთი ფუნქცია; ეგენი დღევანდელობის იმიჯს ქმნიან; როგორც ფართო მასისთვის GUCCI-ა დროის იმიჯი და არა Hussein Chalayan ან Alexander Mcqueen.

0x01 graphic

რომელი სისტემაა შენთვის ყველაზე მისაღები?

- არცერთი სისტემა არ არის სრულყოფილი. ყველას თავისი მინუსიც აქვს და პლიუსიც. მატერიალურ სამყაროში მატერიის განვითარებისთვის საუკეთესო წყობა ჯერ-ჯერობით კაპიტალიზმია და სულიერ პლანში - ყველა წყობა მონსტრია, ზოგი ჭკვიანი, ზოგი კი უტვინო. კაპიტალიზმს იმის ჭკუა აქვს, რომ თავისუფალი აზრი ციხეში კი არ ჩასვას, არამედ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, „გააპაპსავოს“ და თავის პროდუქტად გაასაღოს. „კუკუშკა“ ამერიკაშია გადაღებული, ფილმი, რომელიც სისტემის პირველი დამანგრეველია. ანუ ეს იდეა კომერციად აქციეს და ყველას დააჯერეს: „ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც თავისუფალი აზრი ასეთი მნიშვნელოვანია.“ სინამდვილეში, ინდივიდების და თავისუფალი აზრის ყველას ეშინია. ის, რაც სისტემის გარეთაა, სისტემის მტერია. თავისუფლება კი სისტემას არ ექვემდებარება.

ასე რომ, მისაღები სისტემა ის არის, რომელიც ჩემს თავისუფლებას მინიმალურად შეეხება, თორემ ზოგადად, შინაგან თავისუფლებას ვერცერთი სისტემა ვერ დაანგრევს, მე ამის მჯერა.

მთავარი მამოძრავებელი ძალა?

- ვისთვის რა ძალაა მამოძრავებელი და ვისთვის - რა; გააჩნია, რომელ ძალას აღმოაჩენ შენში და გზას გაუხსნი. მეც, როგორც ყველა ადამიანს, ბევრი სისუსტე მაქვს და ხან რა ძალა დამძლევს 2 წუთით, ხან - რა. მაგრამ ვცდილობ, იქვე მოვიხელთო და მაინც კარგისკენ მივმართო ჩემი ენერგია.

როგორ გგონია, რაზე ფიქრობენ ირანელი ქალები?

- არ ვიცი, რაზე ფიქრობენ ირანელი ქალები; მაგრამ ქართველ ქალებსაც, მგონი, იგივე პრობლემა აქვთ. ჩემი აზრით, ტრადიცია ძალიან საჭირო რამაა, მაგრამ გააჩნია, რაში ეთანხმები ამ ტრადიციას. ქართველი ქალების პრობლემა ისაა, რომ ტრადიციებს პირად ურთიერთობებში იყენებენ - მაშინ, როდესაც თავისუფალი და ინდივიდუალური სივრცეა. არ არსებობს კანონი, რომელიც მეტყვის - „ოჯახი ასეთი უნდა იყოს“. ეს კანონი მხოლოდ ჩვენი წინაპრების მიერ დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომელიც თავის ჩარჩოებს ქმნის. ქართველი ქალების უმეტესობა ოჯახზე მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი იდეალური წარმოდგენის მსხვერპლი ხდება და ვერც ერთი ნაბიჯით ვერ უახლოვდებიან რეალურ ურთიერთობებს.

0x01 graphic

ბოლოს ალბათ სამოთხეში გინდა. როგორი წარმოგიდგენია?

- 10 წლის წინ, სამოთხე ბოტიჩელის ნახატი მეგონა. მერე მეგონა, რომ სამოთხე შენივე საუკეთესო მდგომარეობაა, რასაც შენში ატარებ, ოღონდ უსასრულოდ გაგრძელებული. მერე მივხვდი, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც აქვეა. ახლა, უბრალოდ, მგონია, რომ სხვა რეალობაა, რომელიც ყველაზე ძალიან, ყველაზე მშვიდ, უსასრულო და სავსე მდგომარეობას ჰგავს.

აი, ნინუცა, სულ ეს იყო. ხო ვარ ჭკუის კოლოფი? 10 მაისამდე, თუ შეძლებ, მიპასუხე.

P.S. ხო, ბუში ჩამოდის და, ალბათ, თავი რომ სახლში იგრძნოს, თბილისი დისნეილენდს დაამსგავსეს; (აზერ ვერსია) შენობები - ალაგ წითელ, ალაგ ყვითელ, ალაგ ალისფერია. მალე ალბათ მიკი მაუსებსაც გაუშვებენ ქუჩებში. „ქართულმა სტუმართმოყვარეობამ“ კულმინაციას მიაღწია, მაგრამ სინოპტიკოსები გვამცნობენ, მთელი მაისი წვიმები იქნებაო, და იმედი გვაქვს, წვიმა ჩარეცხავს იმ ნაჩალიჩარ სევდას, რითაც თბილისია შეღებილი.

ძვირფასო ნინუცა, ისღა დამრჩენია, დაგემშვიდობო.
დიდი მადლობა.
პატივისცემით,
ლევანი

ფოტო: გიო სუმბაძე
ესკიზები: ნინო ჩუბინიშვილი

8 ფოტომოთხრობა ვენდი

▲ზევით დაბრუნება


დათო ტურაშვილი

ბებიაჩემი მეუბნებოდა, შპიონ ქალებს ერიდეო და ცოლს თუ მოიყვან, აუცილებლად თეთრი უნდა იყოსო. რასაკვირველია, სიტყვა შპიონს და, რასაკვირველია, სიტყვა თეთრს, ცხონებული ბებია სულ სხვა მნიშვნელობით ხმარობდა (ვიდრე დანარჩენი კაცობრიობა), მაგრამ როცა თეთრი ქალი (როგორც იქნა) გავიცანი, ცოლი უკვე მყავდა (მიმოყვანილი) და ბებიაჩემიც გარდაცვლილი იყო. რასაკვირველია გარდა სითეთრისა, ვენდის კიდევ ერთი ხიბლი ჰქონდა - ის არ იყო შპიონი, მაგრამ ამას, (მოგვიანებით), მერე მივხვდი, თორემ დასაწყისში, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი შპიონი მეგონა.

0x01 graphic

არადა, პირველი უცხოელი ქალები საქართველოში, მართლა აგენტები იყვნენ და ამერიკელებმაც, სანამ ოფიცერ კაცებს შემოიყვანდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჯერ ქალები გამოუშვეს დასაზვერად და მხოლოდ მერე გაიხსენეს, რომ ჩვენ სულ სხვა დახმარების იმედი გვქონდა მათგან და მხოლოდ სექსი რომ გვდომოდა, რუსეთიდან გამოყოფაზე სიტყვაც არასოდეს დაგვცდებოდა.

სხვათა შორის, 1921 წლის ანექსიამდე, რუსებმაც იგივე გააკეთეს საქართველოში და ოკუპაციის დაწყებამდე, ჯერ ქალები შემოაგზავნეს ჩვენს ქვეყანაში და ქართლის სოფლებ- ში, თურმე, მსხვერპლიც კი მოჰყვა რუსების ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს. ჩანაფიქრი კი, მართლაც, ვერაგული იყო და მიზნად ისახავდა ქართველი კაცების „ვერბოვკას“ არავერბალური გზით. რუსების სექსდესანტით სავსე მატარებელი ჩერდებოდა იქ, სადაც ლიანდაგის სიახლოვეს, ქართლელი მშრომელი გლეხკაცობა თოხმომარჯვებული ზრუნავდა უკეთესი მოსავლისათვის და ვაგონებიდან გადმომდგარი შიშველი ქალები კი ომახიანად მოუწოდებდნენ მათ ეროტიული შესვენებისაკენ. ვაგონს ქართულად რონოდი ჰქვია (ნიკო ლორთქიფანიძის ვერსიით), მაგრამ ვის გაახსენდებოდა მაშინ ქართული სიტყვა საერთოდ, რადგან უსიტყვოდაც გასაგები იყო, რას ითხოვდნენ რუსი დედაკაცები ქართველი მამაკაცებისაგან და მათ მიერ იქვე დაყრილ თოხებს უკაკუნებდნენ სწორედ მათი ცოლები რონოდის ჩარაზულ კარებს. ცოლები ითხოვდნენ ამ აღვირახსნილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ქმრებს ემუქრებოდნენ ერობაში ჩივილით. ერობები ერქვათ (მაშინდელ საქართველოში) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და ეს არ იყო უბრალოდ მუქარა. ვისაც წაუკითხავს 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების (იგივე მაშინდელი პარლამენტის) ოქმები, აუცილებლად ემახსოვრება ქართლის რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა ერთობლივი მიმართვა ნოე ჟორდანიასა და მაშინდელი მთავრობისადმი დახმარების თხოვნით. 1920 წელს ქმრებზეკონტროლდაკარგულმა ცოლებმა (ქართლის რამდენიმე სოფლიდან) მართლა თხოვეს საქართველოს ხელისუფლებას იმ მატარებლის გაყვანა, საიდანაც სექსისაგან დამტკბარი ქართველი გლეხკაცობის დახსნა, უკვე შეუძლებელი იყო და დეპუტატმა (მაშინ დეპუტატს ხმოსანი ერქვა) რევაზ გაბაშვილმა პატრიოტ ქალებს სიტყვაც შეაწია და მხარიც დაუჭირა. რევაზ გაბაშვილმა, (როგორც ჩანს, კარგად ინფორმირებული იყო), ვრცლად ისაუბრა ამ უცნაური პრობლემის შესახებ და ბოლოს მოწოდებაც კი გააკეთა - თუ მენშევიკური მთავრობა, რუსი კახპებით სავსე იმ ავადხსენებულ მატარებელს საქართველოდან არ გაიყვანს, ჩვენი გლეხკაცობა სიტკბოს ისე მიეჩვევა, ხვალ რომ რუსები ჯარებს შემოიყვანენ, ქართლელები წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევენ და ქართლელების გარეშე, დამოუკი დებლობის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდებაო. მსურველი ბევრი იყო (უმრავლესობიდან), მაგრამ ნოე ჟორდანიამ თვითონ უპასუხა რევაზ გაბაშვილს და იგი იყო კატეგორიული: ჯერ ეს ერთი, ლენინი ჩვენი მეგობარიაო, მეორეც - რუსები შეთანხმებას არ დაარღვევენ და მესამეც - ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და მოსახლეობის პირად ცხოვრებაში, აბა, როგორ ჩავერევითო...

მოკლედ, მენშევიკურმა ხელისუფლებამ რუსეთიდან შემოგზავნილ სექსდივერსანტებს საქართველო არ დაატოვებინა და მაშინ კი ქართველმა ქალებმა (იმ წელს, ბერნარდო ბერტოლუჩი ჯერ დაბადებულიც რომ არ იყო), ფიწლებით დახოცეს რუსი დედაკაცები და ასე დაიბრუნეს მოღალატე ქმრები. ქართლელი კაცი ცოლს თუ უღალატებს, თორემ სამშობლოსთვის როდის უღალატია და მათ, სხვა ქართველებთან ერთად, მონდომებით იბრძოლეს კიდეც, მაგრამ მაშინ რუსეთის არმია ისეთი ძალა იყო, რომელიც არა მხოლოდ აღმართს ხნავდა...

ამერიკელებმაც, საქართველოში შემოსვლა რომ გადაწყვიტეს, ჯერ ქალები გამოაგზავნეს და ალბათ ეს ილეთი ( ჩვენი სისუსტეების გამოყენების მიზნით), რუსებისგან ისწავლეს. (სხვათა შორის, ამერიკელებმა ჯერ ის ქართველი აგენტები გადაიბირეს, რომლებიც მანამდე რუსეთზე მუშაობდნენ და დასაწყისში ეს პოლიტიკა საკმაოდ უცნაურად მეჩვენებოდა. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი ამ უცნაურობის ლოგიკას - ალბათ გაცილებით იოლია იმ ადამიანების გადაბირება, ვინც უკვე (თუნდაც ერთხელ) იყვნენ აგენტები (და თუნდაც ისეთი ქვეყნის, როგორიც რუსეთია)...

შეიძლება ასეთი ქართველებისგან გაიგეს კიდეც, თუ როგორი იყო აქილევსის ქართული ქუსლი ან თვითონ (მანამდეც) შეისწავლეს ქართველი კაცის სისუსტეები და ხასიათის თავისებურება.

ასე იყო თუ ისე, პირველად ქალები მოვიდნენ.

0x01 graphic

პირადად, პირველი ამერიკელიც, საქართველოში რომ გავიცანი, ქალი იყო და ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მე მომადგა, მაგრამ რომ მომადგა ფაქტია და მეც მივადექი. შპიონი რომ იყო, არც ვიცოდი და მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი მქონდა, მაინც არ ვიმჩნევდი, რადგან რაც ჩემგან თავიდანვე სურდა, იმაზე ვერ დამითანხმებდა, როგორც არ უნდა მოენდომებინა და უბრალოდ ვხალისობდი. თუმცა ცეცხლთან ხალისობა რომ არ შეიძლება, აღარც მახსოვდა (ბავშვობის შემდეგ) და ამ ხალისს კინაღამ ვემსხვერპლე კიდეც. ბოლოს ისე გავმწარდი, რომ საქართველოში ჩამოსული ნებისმიერი ამერიკელი, შპიონი მეგონა და მათთან უბრალოდ კონტაქტსაც კი, შეშინებული გავურბოდი. ისეთი შიშები დამჩემდა, რომ სწორედ იმ პერიოდში, ერთ ღვთისნიერ ამერიკელ ქალს, რომელსაც (როგორც მერე გაირკვა), მართლა გულწრფელად სურდა საქართველოს დახმარება, უშნოდ ვეხუმრე და ამერიკელებს კი ( მოგეხსენებათ) იუმორის სპეციფიკური, ჩვენგან განსხვავებული გრძნობა აქვთ. როცა მეოთხედ მკითხა, რით დაგეხმაროთ, რა გაკლიათო (და მე ესეც ჩვეულებრივი შპიონი მეგონა), ვიფიქრე, დამეთხუება-თქო და გავეხუმრე - სახანძრო მანქანებში გვიჭირს და ამ მიმართულებით დაგვეხმარეთ-მეთქი. კი ბატონოო, - დამემშვიდობა და წავიდა.

რამდენიმე თვის შემდეგ დამირეკეს ფოთიდან, - თქვენს სახელზე ამერიკიდან სახანძრო მანქანა მოვიდა, პორტში დგას და წაიყვანეთო. ის ამერიკელი ქალი, რასაკვირველია, არც გამხსენებია და ვიფიქრე, რომ ფოთელები მასხრად მიგდებდნენ და რასაკვირველია, არ წავედი. ფოთის პორტის ადმინისტრაცია კი ისეთი დაჟინებით ითხოვდა ამერიკული სახანძრო მანქანის წაყვანას, რომ თბილისელ მეხანძრეებს ყველაფერი მოვუყევი და მათაც ციმ-ციმ, სიხარულისგან ხელში ატატებული ჩამოაბრძანეს დედაქალაქში უზარმაზარი, გაპრიალებული ამერიკული სახანძრო მანქანა. მეხანძრეებმა კი მლოცეს, მაგრამ საკუთარ თავზე ძალიან გავბრაზდი, რადგან იმ პატიოსან, ღვთისნიერ ამერიკელ ქალს მადლობაც კი არ ვუთხარი და თანაც ისეთი ნაძირალა ვარ, რომ საქართველოზე გულწრფელად შეყვარებული ასეთი ტკბილი ადამიანი, შპიონი მეგონა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ უარი მეთქვა ეჭვიანობაზე, აგენტების გამოვლენაზე და ერთხელ და საბოლოოდ დამეჯერებინა, რომ ამერიკელებს ქართველებისა და საქართველოს მიმართ ამოძრავებთ მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური, პატიოსანი და მეგობრული მიზნები და სურვილები. ასეც მოვიქეცი: დავდიოდი ყველა წვეულებაზე, სადაც ამერიკელები მეპატიჟებოდნენ თბილისში უკვე მრავლადგახსნილ ოფისებში და მიუხედავად იმისა, რომ ცხენივით ფეხზე დგომა და რაღაც სირების ჭამა პატარა სირტაკებით სულ არ მეხალისებოდა, მაინც მონდომებით ვუღიმოდი ამერიკელებს და ჩემს თავსაც ვამხნევებდი, რომ ჩემი სამშობლოს კეთილდღეობისთვის ასეთი უმნიშვნელო მსხვერპლის გაღება (ჩემი მხრიდან), უთუოდ ღირდა. თანაც, მე აღარ ვიყავი ეჭვიანი (ასე გადავწყვიტე) და სინანულსაც კი განვიცდიდი იმ აზრების გამო, რაც ამერიკელებთან დაკავშირებით მანამდე მაწუხებდა. მაგრამ ვწვალობდი მარტო, რადგან ასეთი აღსარებით ვერცერთ მოძღვარს ვერ მივაკი თხავდი (აბა, რომელი ქართველი მღვდელი შემინდობდა ამ ცოდვას, რომელ ქართველ მღვდელს ვეტყოდი, - დამლოცე, მამაო, დღეიდან ამერიკელებს პატივი უნდა ვცე-მეთქი) და ამიტომაც დავრჩი მარტო, სრულიად მარტოდმარტო, საკუთარი სინანულის ამარა...

ჰოდა, ვარ ასე ეულად, საკუთარ დარდებში ჩაფლული და მირეკავს ვიღაც ქალი და მეუბნება - ამერიკელი ჟურნალისტი ვარ, თბილისში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩვენი გაზეთისთვის რამდენიმე ადამიანს ინტერვიუ უნდა ჩამოვართვა, მათ შორის თქვენც და როდის შევხვდეთო. რადგან ამერიკელებთან შერცხვენილი ვიყავი, ხვალვე-მეთქი ვუთხარი და გაზეთის სახელი ვკითხე. რომ მითხრა, Wall Street Journal, - გაკვირვებისგან სხაპასხუპით დავემშვიდობე და მეორე დღისთვის შეხვედრაზე შევუთანხმდი. ჩემი გაკვირვება კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბუნებრივი იყო და საფუძვლიანიც - მთელს მსოფლიოში ასეთი ცნობილი, მრავალმილიონიანი ტირაჟის მქონე გაზეთის დაინტერესება ჩემი უბადრუკი არსებით, მართლა გასაკვირი იყო და მეორე დღეს, სანამ საუბარს დავიწყებდი, იმ ამერიკელ ქალბატონს სწორედ ეს მოვახსენე. როგორ გეკადრებათო, ჩვენ გვაინტერესებს, რას ფიქრობს ახალგაზრდა ქართველი მწერალი ყველაფერი იმის შესახებ, რასაც ახლა შეგეკითხებითო. მე ვუთხარი (ნამდვილად, გულწრფელად) - ახალგაზრდა უკვე აღარ ვარ და მწერალი კი ჯერ არ გავმხდარვარ, მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს ვწერ-მეთქი, მაგრამ ჩათვალა, რომ თავმდაბლობის გამო ვლაყბობდი ამდენს და გამიღიმა. მეც გავუღიმე და გისმენთ-მეთქი, რადგან მწარე სახანძრო გამოცდილება გამახსენდა (ამერიკული დარდისა) და აღარ გავაგრძელე. მე კი გავჩერდი, მაგრამ მან დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო - ყველაფერი მკითხა, რაც შეიძლება ადამიანს ჰკითხო, თუ არ გეზარება და ბოლოს, 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი ბებიაჩემის შეყვარებულის ამბავიც რომ მომაყოლა, უკვე მართლა დაღლილი ვიყავი. თვითონაც შემატყო, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, თანაც უკვე ყველაფერი იცოდა ჩემს შესახებ და როგორც იქნა, დაამთავრა. სულ ბოლოს კი, ბარემ სურათებსაც გადაგიღებო, ფოტოაპარატი ამოიღო, დააწკაპუნა და ღიმილით დამემშვიდობა. როდის იქნება-მეთქი. მალე იქნება, შეგატყობინებთო, - და ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით დავშორდით. წამოვედი დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი და ერთი კვირა ველოდი ამერიკელი ჟურნალისტის ზარს, თუმცა ამაოდ. ერთი კვირის თავზე ჩემს მეგობარს დავურეკე ამერიკაში და ვთხოვე, ყურადღებით ყოფილიყო - ამ დღეებში, ამა და ამ გაზეთში ჩემთან ინტერვიუ უნდა იყოს, ის ნომერი იყიდე და შემინახე-მეთქი. როგორ მოვძებნო შენი ინტერვიუ ამხელა გაზეთშიო, - გაიკვირვა. რა უნდა ჩემი ინტერვიუს მოძებნას, - მე უფრო მეტად გავიკვირვე. - გადაფურცლავ გაზეთს და სადაც ჩემს ფოტოს დაინახავ, ჩემი ინტერვიუც იქ იქნება-მეთქი. ფოტოც გადაგიღოო? - კიმეთქი. ტელეფონში ხმამაღლა გაეცინა - ეგ გაზეთი მთელს მსოფლიოში იმით არის ცნობილი, რომ ფოტოებს საერთოდ არ ბეჭდავენო.

როგორ-მეთქი? - ჭრელადო. აბა, ერთი გაიხსენე, როგორი ფოტოები გადაგიღო და რამდენიო და მართლა გავიხსენე ის, რისთვისაც მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება და რამდენიმე წამი, უბრალოდ, ვდუმდი. ჩემს მეგობარს კი (რომ აღარ მომეშვა), ტელეფონში ვუთხარი, როგორც იყო ყველაფერი და როცა ვყვებოდი, მახსოვს, როგორ დამისველდა შუბლი და ნიკაპი. მაშინ, როცა იმ ამერიკელმა ქალბატონმა ფოტოაპარატი ამოაძვრინა ჩანთიდან, დააწკაპუნა და გადამიღო, მეორე ფოტოს გადაღებისას, ცოტა უხერხულად კი მთხოვა, ახლა თავი გვერდზე მიაბრუნეო და მეც ისეთი ხალისით მივაბრუნე პროფილისკენ, რომ მაშინ აზრადაც არ მომსვლია რაიმე მზაკვრობა მისი მხრიდან და მერე კი ზუსტად აღვიდგინე, რომ ზუსტად ორი ფოტო გადამიღო. მაშინ არც იმაზე მიფიქრია, რაც ჩემმა მეგობარმა ტელეფონში მითხრა: - ალბათ ვერბოვკისთვის სჭირდებოდათ მონაცემები, მაგის შპიონი დედა მოვტყანო, - და ბოლოს მაინც იხუმრა, - ქუთაისში ხიდი თუ ააშენესო? - და პასუხს აღარ დაელოდა, ისე დაკიდა...

რაც მერე დამჩემდა, იმას შიში აღარ ერქვა - სწორედ ისე ვიქცეოდი, როგორც უცხოეთში პირველად წასვლის წინ დავით საყვარელიძე დამოძღვრა მამამისმა, ბატონმა ივიკო საყვარელიძემ: ვთქვათ, მიდიხარ ქუჩაში, ხედავ, შენსკენ მოდის უცხოელი, გადაჭერი ქუჩა და გადადი იქითა ტროტუარზე... ჰოდა, მოვდივარ ერთხელ პეროვსკაიაზე, ვხედავ მოდის აშკარად უცხოელი ქალი, ვხედავ, რომ აშკარად ლამაზია, მაგრამ ვაი და ამერიკელია! - გადავჭერი ქუჩა და გადავედი მოპირდაპირე მხარეს, იქითა ტროტუარზე. გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და გავჩერდი. ვერ ვიტყვი, რომ გულის კარნახით გავჩერდი, რადგან ასეთ დროს სხეულის სულ სხვა ნაწილებს უფრო ეხერხებათ კარნახი, მაგრამ მაინც გავჩერ დი. მოვტრიალდი, მოვიხედე უკან - მიდის ზუსტად ისეთი თეთრი გოგო, ბებიაჩემი რომ ოცნებობდა, (ჩემთვის რომ უნდოდა ცოლად) და მგონი, არც არის ამერიკელი - ასეთი კარგი ტანი ამერიკაში იმდენად იშვიათობაა, რომ როგორც კი წააწყდებიან ვინმეს, მაშინვე ჰოლივუდში მიარბენინებენ და პეროვსკაიაზე სასეირნოდ, ამერიკელი რომ ყოფილიყო, ვინ გამოუშვებდა. სეირნობდა თუ რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა, მაშინ ვერ მივხვდი და ამის გასარკვევად არც მივსულვარ, ვიდექი და უბრალოდ ვუყურებდი - საქმე არაფერი მქონდა, ცოლი უკვე სახლში მყავდა დაბინავებული და აბა, სადღა მეჩქარებოდა. ვიდექი და ვუყურებდი.

მეორედ რომ ვნახე ვენდი და გავიცანი, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ვკითხე, ამერიკელი ხომ არა ხარ-მეთქი და ეტყობა ისეთი შეშინებული სახე მქონდა, რომ არც მიპასუხა, დიდი ბრიტანული პასპორტი ამოიღო და გამომიწოდა. პასპორტს სახელმწიფოს სახელი გარედანაც გარკვევით ეწერა, მაგრამ მაინც გადავშალე, გვარი მაინტერესებდა (მაინც, ყოველი შემთხვევისთვის) და უკან დავუბრუნე. ჩაის სმა რომ დავიწყეთ, მაშინ ვკითხე - საქართველოში რატომ ჩამოხვედიმეთქი და ჟურნალისტი ვარო. ჟურნალისტის ხსენებაზე, ჩაის ჭიქაში შაქრის მორევისას ჩარჩენილი კოვზი თვალში ვიტაკე და სიმწრისა და შიშისაგან პეროვსკაიადან კოსტავამდე ვირბინე და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გზაში სავარცხელი ისე გადავაგდე, უკან არ მომიხედავს. კოსტავადან სახლისკენ ტაქსით წავედი და მაკამ მხოლოდ დილით მითხრა, ძალიან ცუდი ფერი გაქვს, ღამითაც რაღაც გაუგებარ, უცნაურ სიტყვებს აბოდებდი და ექიმთან უნდა წაგიყვანოო. ვგიჟდები ექიმებზე, წამლებზე, საავადმყოფოების პიურეზე და სიხარულით წავყევი. ექიმმა რომ მკითხა, რა გჭირსო, დამალვას აზრი არ ჰქონდა (ფაქტიურად, ჩიხში ვიყავი) და პირდაპირ ვუთხარი, ადრე ამერიკელი შპიონები დამდევდნენ, ახლა ინგლისელი აგენტი მომამაგრეს-მეთქი. რასაკვირველია, მაკას უფრო გაოცებული სახე ჰქონდა, ვიდრე იმ ექიმს და იმ ექიმს, მგონი, გაეღიმა კიდეც, მაგრამ თამამად რომ დამამშვიდა, მახსოვს - ამ წამლებს დალევ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგო და ხელი ჩამომართვა. უკანა გზაზე, მაკამ კი მკითხა - ვინ სად მოგიგზავნეს, რაებს ბოდავო, მაგრამ არაფერი მითქვამს. გულს ხომ არ ვატკენდი და ხომ არ ვეტყოდი, პირიქით იყო - ერთი ინგლისელი გოგო მომეწონა და პეროვსკაიას დასაწყისში დავინახე და ქუჩის ბოლომდე მე ვდიე-მეთქი.

წამალმა მიშველა. სამჯერ დალევას ვერ ვახერხებდი, ძირითადად, ორჯერ მაჭმევდნენ დღეში და, შესაბამისად, ორჯერ ვიღებდი წამალსაც, მაგრამ მაინც მიშველა. ერთი თვის შემდეგ, როცა ვენდი მესამედ ვნახე, უკვე აღარ მეჩვენებოდა, რომ შპიონი იყო; მითუმეტეს, რომ ჩემს მიმართ არანაირი დაინტერესება არ გამოუმჟღავნებია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი ინტერესი საერთოდ არ ჰქონია. ჰქონდა ინტერესი სხვების მიმართ და რამდენჯერმე ერთ ახალგაზრდა ქართველ კაცთან ერთად შემხვდა კიდეც ეგრეთ წოდებულ თბილისურ ტუსოვკებზე, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ გათხოვდა. ალბათ იმიტომ, რომ ვენდი რომ ეძებდა, ისეთი კაცი ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდა, ან ვინც მას შეუყვარდა, იმან უბრალოდ ჩაიჯვა, (როგორც ხდება ხოლმე კაცებში), მაგრამ არც იმათ გაემტყუნებათ, რადგან ვენდის მსგავსი ნონკონფორმისტი ქალი, პირადად, მართლა არ შემხვედრია და როგორც წესი, ასეთი ქალების ყველაზე გაბედულ კაცებსაც კი საკმაოდ ეშინიათ. თვითონ ვენდის კი, ყველაზე მეტად ეშინოდა საქართველოს დაკარგვის და თავისი „ნივით“ მთელს საქართველოში დაუსრულებლად დახეტიალობდა, რადგან მართლა ფიქრობდა, რომ ჩვენ დავკარგავდით მთავარს, რის გამოც მას უყვარდა ეს ქვეყანა და ეს ხალხი და მერე, როცა დავმეგობრდით, ხშირად იმეორებდა ამ ფრაზას - დარჩით ისეთები, როგორებიც ხართ, არ შეიცვალოთ და ბოლომდე შეინარჩუნეთ ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევთო...

ალბათ ვენდი ხედავდა ისეთ საქართველოს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და როგორც ნიჭიერ უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში ხშირად ემართებათ, ვენდიც მწერალი გახდა. მწერალი გახდა აქ, საქართველოში, როგორც სხვები (დანარჩენები), ვინც აქ ჩამოვიდა ოცი, ან ათი, ან თუნდაც, ერთი საუკუნის წინ, მაგრამ ვენდიმ დაწერა საკმაოდ განსხვავებული წიგნი იმისგან, რასაც უცხოელმა ავტორებმა საქართველოს შესახებ შეგვაჩვიეს და ვფიქრობ, რომ ზემოთქმულის მთავარი მიზეზი მისი გულწრფელობა იყო. მას სურდა, რომ ჩვენც ისეთი გულწრფელები ვყოფილიყავით, როგორი გულწრფელიც თვითონ იყო. და მას უნდოდა, რომ ჩვენც შიშველი ვნებებით გვეცხოვრა ბოლომდე, მანამდე, სანამ ეს ქვეყანა საერთოდ იარსებებდა ამ დაღლილ დედამიწაზე და თვითონ იმდენად სძულდა ყველაფერი ზედმეტი (და ვინ იცის, კიდევ რამდენი მიზეზის გამო), ერთხელ სრულიად შიშველი გავიდა აივანზე და ეს ალბათ პროტესტიც იყო (როგორც მერე თვითონ მითხრა) და ალბათ მოწოდებაც, მაგრამ ვენდის მეზობლებმა ყველაფერი, რა თქმა უნდა, სხვაგვარად გაიგეს.

დამირეკა და მითხრა, - მოდი, მიშველე, ვიღაც ქართველი კაცები კარზე მიკაკუნებენ და ვერ მაგებინებენ რა უნდათო. მივედი და ყოველ ოც წუთში ერთხელ, ვიღაც უცნობი კაცები მართლა უკაკუნებდნენ კარზე, მაგრამ ჩემს დანახვაზე რაღაც შუალედური, შეცბუნებასა და გაკვირვებას შორის, სახეებზე ეხატებოდათ და მიდიოდნენ. საღამოსკენ ამ დამუნჯებული კაცების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, მაგრამ ყოველი სტუმრის წასვლის შემდეგ, მართლა გულწრფელად ვეკითხებოდი ვინ არიან და რა უნდათ-მეთქი. რა უნდათ, არ ვიცი, მაგრამ მგონი ჩემი მეზობლები არიანო და მხოლოდ საღამოს მითხრა, რომ დილით ადგა და როგორც ეძინა (დეტალები არ დაუზუსტებია), ასევე (შიშველ მდგომარეობაში) გავიდა აივანზე. შიგნით რომ შემოვედი, პირველივე მსურველმა მაშინვე დააკაკუნა, მაგრამ რა უნდოდა, ვერ გავიგეო. მერე მე მკითხა, - შენ ხომ არ იცი, რა უნდათ ამ კაცებსო. არა-მეთქი. მერე მხრები აიჩეჩა და მკითხა, შენ რა გინდაო. მე არაფერი მინდოდა ვენდისგან. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიყვარდა.

- What you mean love? - ზუსტად ასე მკითხა და მე, რა თქმა უნდა, ვერ ავხსენი, რას ნიშნავდა სიყვარული და, უბრალოდ, ისევ გავუმეორე, რომ ის ძალიან მიყვარდა. კარგა ხანს ჩუმად იყო, მერე გაიხსენა, რომ ცოლი მყავდა, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ვენდი მიყვარდა, როგორც მეგობარი და ადამიანი. გაიღიმა და მოკლედ მიპასუხა:

- Fuck you...

თავი იმით დავიმშვიდე, რომ არა მხოლოდ მე მაგინებდა - საერთოდ, კაცთა მოდგმას და შენი სურათი მაჩუქე-მეთქი, - ვთხოვე. მომცა ჯიბის კალენდარი, რომლის უკანა მხარეს იყო ჰაიბერის სტადიონზე გადაღებული ფოტო - „არსენალის“ ორმოცი ათასი გულშემატკივარი ერთად, დასავლეთ ტრიბუნაზე. ფოტო იმდენად პატარა იყო, რომ ადამიანები მხოლოდ წერტილებად ჩანდნენ. შენ რომელი ხარ-მეთქი და რომელიღაც წერტილს თავისი ლამაზი თითი დაადო - აი, ეს მე ვარო. რა იცი-მეთქი და აბონემენტი მაქვს, მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ადგილას ვზივარ, როგორ შემეშლებაო. სხვა სურათს ხომ არ მომცემ-მეთქი, - და არა მაქვსო.

სახლში რომ მივედი, დამირეკა, - დამავიწყდა მეთქვა, აფხაზეთში მივდივარ და რა ჩამოგიტანოო. არ ვიცი-მეთქი.

- ყველაზე მეტად რა გენატრება?

- სუნი...

- რა სუნი?

- აფხაზეთის სუნი...

კარგიო და მეორე დღეს წავიდა. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, მგონი, უფრო ლამაზი, ვიდრე იყო და ქვა ჩამომიტანა - სოხუმიდან წამოგიღე, ზღვის პირას ვიდექი და გამახსენდიო. ჩვეულებრივი ქვა იყო, მაგრამ სუნი მართლაც ისეთი ჰქონდა, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა, როცა აფხაზეთში ჩავდიოდით ხოლმე და მერე ეს სუნი, თბილისში მესიზმრებოდა კიდეც, სანამ ისევ არ მოვიდოდა ზაფხული და სანამ ისევ არ შემოვარდებოდა მატარებლის ღია ფანჯრიდან აფხაზეთის ზღვა...

ფეხის წვერებზე ავიწიე და ვენდის მადლობის ნიშნად ვაკოცე. მასაც აფხაზეთის სუნი ჰქონდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მხოლოდ აფხაზეთის ზღვას შეიძლება ჰქონდეს და მე ძალიან მომინდა ამ ზღვაში შესვლა და კიდევ ერთხელ ავიწიე და ვაკოცე ვენდის, მერე კიდევ ერთხელ და როცა აფხაზეთის დაბრუნება უკვე ძალიან ახლოს იყო, მან მითხრა სწორედ ის, რასაც ჩვენ ერთმანეთს ვუმალავთ:

- აფხაზეთს მანამ ვერ დაიბრუნებთ, სანამ აფხაზეთი თქვენთვის მხოლოდ კურორტიაო. სამშობლოა-მეთქი. არაო, სამშობლოში დასასვენებლად არ დადიანო, - და ვეღარ გადავათქმევინე. გაბრაზდა ბავშვივით და წავიდა.

ჯერ ავღანეთში წავიდა, თითქმის ერთი წელი იქ იყო და წერილებს არ მწერდა. არ მპასუხობდა შეკითხვაზე - ავღანეთში რას ეძებ-მეთქი და მერე ერაყში წავიდა. თავგადასავალს არ ეძებდა - ეძებდა რაღაც სხვას. მერე გათხოვდა, სხვებისგან გავიგე აქ, თბილისში და მივწერე - მილოცვა მინდოდა. არ მიპასუხა. მერე ერაყში ომი დაიწყო და ისიც კი ვიფიქრე - ალბათ ამერიკელებს, ერაყელ ქმართან ერთად, პარტიზანულად ებრძვის-მეთქი. აქ, საქართველოში რომ გათხოვილიყო, ალბათ რუსების წინააღმდეგ იბრძოლებდა, ზუსტად არ ვიცი.

მენატრება ხოლმე,

აფხაზეთივით...

9 პარიზი - ნანსი - პარიზი

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი:

ავტორი: ნესტან კვინიკაძე
ფოტო: დავით მესხი

I AMazing

0x01 graphic

თქვენი კოორდინატები დავკარგე! მერე აღმოჩნდა, რომ ყველამ შეიცვალეთ ელექტრონული ფოსტის მისამართები. რამენაირად მოგაწოდებთ ამ წერილს. იმედს ვიტოვებ, წყენამ გადაგიარათ. რა მოხდა?! პარიზში დავრჩი! მუშაობა დავიწყე სენის სანაპიროზე, 37№-ში, უოლტ უიტმანის შვილიშვილის წიგნების მაღაზიაში - Shakespeare And Company, ხომ გაგიგიათ? იცით რა ბიბლოთეკაა?!... ოდესმე თუ დავბრუნდები, ზუსტად ასეთ მაღაზიას გავხსნი. აქ ახალი რომანის წერა დავიწყე. ერთი კუთხეა, Mirror of Love, სადაც ყველა შემომსვლელი ტოვებს წერილს. ხოდა, ამ წერილებს ვაგროვებ, ტექსტებს სიტუაციებში ვსვამ და მგონი, საინტერესო გამოდის. წიგნს აქ დავბეჭდავ. ბევრი მეგობარი შევიძინე: მსუქანი და საყვარელი სილვია, არიზონადან, იუნკა - პეტერბურგელი, შესანიშნავი გოგო. პირველი პერიოდი სწორედ მასთან ვცხოვრობდი, - ჩინურ კვარტალში. დილით ადრე ვიღვიძებდით, ჟასმინის ჩაის ვსვამდით და პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობდით. საღამოობით იუნკასთან მეგობრები მოდიოდნენ, რატომღაც ყველა სტუმარი ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ხოდა, რა ჯობდა მათთან საუბარს, თანამედროვე ტენდენციებზე, ღემბოზე, ბღესონზე და ბეღნაღ მაღი კოლტესზე?!

მოკლედ, სხვა დრო დადგა. მჯერა, თბილისში ფრანგულის მასწავლებლები მოსწავლეებს ზღაპრებს აღარ უყვებიან: ვარ პარიზში, ძვირფას რესტორანში ვზივარ. უეცრად მიმტანს დიდი ყვავილების თაიგული მოაქვს, - ეს თქვენ. თაიგულზე დაკრულ ბარათს კი ასეთი წარწერა აქვს: ერთადერთ ქალბატონს, რომელმაც არ შემიმჩნია, ალენ დელონი.

დღეს უკვე მეცინება იმაზე, რაც ადრე შოკში მაგდებდა: ფოსტაში მისულს, ჩემს პასპორტს დიდხანს რომ აკვირდებოდნენ ხოლმე; მერე თანამშრომლებს ეძახდნენ, ნახეთ, ქართული პასპორტიო. მერე ჩემს გვარს წარმოთქვამდნენ, ერთხელ კი არა, ბევრჯერ და სახეზე ღიმილი ეფინებოდათ. დღეს აღარ ვბრაზდები.

0x01 graphic

ამას წინათ, ჩემს საყვარელ პომპიდუს ცენტრში ფასბინდერის რეტროსპექტივა იყო. რა დამემართებოდა, ერთმანეთის მიყოლებით გამოფენილ აფიშებს, ფოტოებს ფილმებიდან, ესკიზებს, კადრირებებს და ორ ეკრანზე გადაჭიმულ დოკუმენტურ ფილმს როცა ვნახავდი, ერთიდან მეორეში სხეულის ნელი რწევით რომ გადიოდა ჰანა შიგულა?! მოკლედ, იმ დღეს შოკირებული გამოვედი გარეთ და გამთბარ ქათქათა ქვაფენილზე წამოვწექი. თავზე ვიღაც წამომადგა, ასანთი მთხოვა. მერე ჩამომიჯდა და გავიცანი. ეს მაროკოელი აბდილა იყო, ფრანგი არაბი, რომელმაც საერთოდ არ იცოდა ინგლისური (მე - ფრანგული), მაგრამ მაინც გავაგებინეთ ერთმანეთს ჩვენი სათქმელი, ღიმილით და ჟესტებით: სამი თვის შვილი მყავს, ცოლს მამამ გამაშორა, არ უნდოდა ქრისტიანი რძალიო. მერე ჩემს ჯვარს მოკრა თვალი, თეთრი პერანგიდან რომ მოჩანდა. მაგარიაო, ხელით მანიშნა, - აი ასე, ცერა თითს რომ აწევენ ზევით.

ეჰ, აბდილა, აბდილა! რა ვუყოთ ამ კონფლიქტებს, როგორ დავძლიოთ? მერე წავიდა. მისი ტრიუკების დრო დადგა. პომპიდუს წინ, მაყურებელს ართობს, დახტის და ოხუნჯობს. აბდილა ჩემი მეგობარი გახდა. კვირაში ორჯერ ვხვდებოდი და, ჩვეული ენით, ახალ ამბებს ვუთხრობდი.

იცით, რა განსხვავებული გრძნობაა, როცა ტურისტი აღარ ხარ?! როცა ზუსტად იცი, რომელი ქუჩით ჯობია შინ დაბრუნება, სად იყიდება საუკეთესო ნაყინი და ვინ ლიდერობს „როლიკებით“ შეჯიბრში.

იმ დღეს გოგი ძოძუაშვილს და ნინო ჩუბინიშვილს უნდა შევხვედროდი. ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ აღარც ველოდი, მაგრამ მაინც მოვიდნენ. ჯერ მეტროს შევაფარეთ თავი. ნინო, ჩვეულებისამებრ, ლამაზი იყო, ფოტოგადაღებებიც შედგა და გოგისაც გავესაუბრე. გოგი ის პოსტინდუსტრიული ბიჭია, რომელმაც ელექტრონული მუსიკის კეთება მაშინ დაიწყო, საქართველოში ენერგოკრიზისის ხანა რომ იდგა. შესაძლოა, ეს ჩემზე უკეთ იცით, მაგრამ მომხიბვლელი გარეგნობის მქონე თავშეკავებული მოსაუბრე, მაინც თავიდან მიამბობდა ყველაფერს.

„ზვიადის დროს, ზემელზე, ყურებთან გამყოფი პუნქტი იყო; ერთ მხარეს გამსახურდიას მომხრეები, მეორე მხარეს - ოპოზიცია. სხვა ჯგუფებთან ერთად, შემრიგებლური კონცერტის ჩატარება გადავწყვიტეთ. შუაში გავმაგრდით, ტრანსპარანტები დავხატეთ: არ გვინდა ომი! მთელი დღე ვაწყობდით სცენას. როცა ყველაფერი გავამზადეთ და კონცერტის გახსნას ვიწყებდით, უცნობები მოვიდნენ - ხუთ წუთში აქედან გაქრითო. კონცერტის ჩატარების უფლება არ მოგვცეს.

1994-ში, ჯგუფთან ერთად, მოსკოვში გავემგზავრე. რამდენიმე თვე იქ ვცხოვრობდი, კლუბებში ვუკრავდით...“

სულ ახლახანს, გოგი ტურნედან დაბრუნდა. საგაზაფხულო „ელექტრონები“ პორტუგალიასა და ესპანეთში: „პორტუგალიაში მიწვევით ვიყავით მე, ტუსია ბერიძე და თომას ბრიკმანი. ერთად ვუკრავდით. კონცერტები გვქონდა ლისაბონში და პორტუში, მერე ესპანეთში - ვიგოში, მანამდე იყო დიუსელდორფი. კონცერტები კლუბებში, ღამის კაფე-კლუბებში ტარდებოდა. ლისაბონში დიდი გამოფენის გახსნაზე დავუკარით. ამ ქვეყნებში პირველად ვიყავი. მაყურებელთან ენერგიის გაცვლა ყველაზე კარგად ამ ხერხით შედგა, - როცა სცენაზე დგახარ და დარბაზში თავმოყრილ მაყურებელს სახეზე აწერია, რომ ზუსტად ამის მოსასმენად არის მოსული“.

მეც ამის მოსმენა მინდოდა 33 წლის მუსიკოსისაგან, რომელსაც რთული პერიოდისას, არაერთხელ უფიქრია - მორჩა, აღარ გავაკეთებ მუსიკას, მაგრამ ის მაინც რჩება იქ, რაც ახლა უკვე მისი ცხოვრების ნაწილია: „ის არსებობს თავისთვის, ჩემში...13 წლის შემდეგ, სულ ასეა.“

მწეველების ვაგონს მიბმული არამწეველების ვაგონი, და ისევ მწეველების... და, ასე უსასრულოდ, მატარებელი აღმოსავლეთ საფრანგეთის მიმართულებით მიქრის. ქალაქი ნანსი. სამსახურეობრივი მივლინება ფოტოგრაფთან ერთად.

გაზღაპრებული გზა, ტბებით გარშემორტყმული აღმოსავლეთ საფრანგეთის აგარაკები, მწვანე მოლები და საუცხოოდ აყვავებული რაღაც ყვითელი, დიდი სასაფლაოები... და ამინდი, ერთდროულად ყველაფრის მომგვრელი: სახლშიც მინდა და ამ ქალაქშიც... ყავაც და სიგარეტიც. ორი ბიჭი მომწონს ერთდროულად... სადგურზე ბიჭი გოგოს ეხვევა. რა მაგარია! ჩემს გვერდით მჯდომის ლეპტოპში პორნოფოტოებს ვხედავ.

ჩვენი სასტუმრო სადგურთან ახლოს ყოფილა. გვიანია, სადღაც 22:00. ისე ვიძინებ, წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ ქალაქში ჩამოვედი.

დილაა. ფოტოგრაფი ჩემს ნომერში შემოდის, ფანჯარასთან დგება, და მოულოდნელად კივილით იხევს უკან: - ვაიმე! გოთიკა!

0x01 graphic

მახსოვს, ვენიდან დაბრუნებული ანა კორძაია-სამადაშვილი ფოტოგრაფზე მეუბნებოდა, ბავშვს გოთიკის ფობია აქვს, ისე, რო იცოდეო.

არა უშავს, თავისი ნომრიდან სულ სხვა ლანდშაფტი იჭრება - ძველი ზღაპრის ილუსტრაცია.

მოკლედ, წარმოიდგინეთ, ტიპური ფრანგული ქალაქი: კუთხის კაფეებით, ქოთნის ყვავილებით. დინჯი ტემპი და ნაოჭები. ამ ქალაქში არის მოოქროვილ გალავნებში ჩასმული,თეთრი ქვაფენილით გაწყობილი სტანისლასის მოედანი, საიდანაც გზა ხუთი მიმართულებით მიდის. ყველაზე ხშირად Pepiniere-ის პარკში ვსეირნობდით. ღია კაფეებიდან თვალისმომჭრელი, მშრალ ყინულებში გარეული მანგოს, ჟოლოს და ლიმონის წვენი მოჩანდა.

ეკლესიებში წირვები, მთავარ მოედანზე კი - ქორალის ფესტივალი. ხალხი მორწმუნეა და, შესაბამისად, მშვიდი. მოკლედ, კარგი ფრანგული პროვინციაა. ორი უნივერსიტეტია და ამიტომ ბევრი სტუდენტი ცხოვრობს. უამრავი დასი. ამდენივე მუსიკალური ფესტივალი. აქ გამუდმებით რაღაც ხდება.

ნანსი ხელოვნების დიდ ტრადიციებს აგრძელებს. მე-20 საუკუნის დასაწყისში, ეს Art nouveau ერთ-ერთი დედაქალაქი იყო. აქაური ოპერა საფრანგეთის კულტურის ნაწილია.

ასე რომ, მუზეუმური განცდით დაღლილებს, მთელი დღის მანძილზე კულტურულ წარმოდგენებზე დასწრება გვიწევს, - მივლინებაა ასეთი, წიგნების მაღაზია გაზეთს უშვებს და რეპორტაჟზე მოგვავლინეს.

მეორე დილით ქალაქს ციკლონი დაატყდა. ჩემოდნებში მხოლოდ ფრანგული მაისის ადექვატური სამოსი გვიწყვია. რა ვქნათ? ქურთუკების შეძენა მოგვიწევს.

ფოტოგრაფი ისევ ჩემი ნომრის ფანჯარასთან დგას. ქარიშხალს გასცქერის და ამბობს, - მოდი, ძაღლები დავიჭიროთ, კუდებით ერთმანეთს გადავაბათ და ჩავიცვათ.

- კრუელა! გამოდი ფანჯრიდან, საუზმეზე ჩავდივართ.

ზანგის მიმტანს მკერდთან დამაგრებულ წარწერაზე ვაშტერდები. არ არსებობს. ნენე?!?!?! გამხიარულებული ფოტოგრაფი მიმტანს იხმობს და ეუბნება, რომ მეც ნენე მქვია.

- Really??? Where are you from?
- From Georgia, and you?
- I am from Senegal. - მპასუხობს საოცრად გახარებული.

გულს კი რაღაც სევდისმაგვარი ედება - ორი გაჭირვებული ქვეყნის ნენეების შეხვედრა.

სინემა „კამეოდან“ - „მანუფაქტურის“ თეატრამდე, რეგიონული კონსერვატორიიდან - სასტუმრო „პარკ ინნ“-ამდე. ყოველდღე ამ მარშრუტს გავდივართ და დაქანცულები, უსიზმროდ ვიძინებთ.

სხვა არაფერი, ვერთობი სასიამოვნოდ, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე. მე გავიზარდე და სულ სხვანაირად ვცხოვრობ. თქვენსკენ რა ამბებია? ამბობენ, ახალი „სტაფი“ ჰყავთო.

ისევ პარიზში ვბრუნდები. სამსახურში მასალები მიმაქვს და რომანზე მუშაობას ვაგრძელებ.

ალბათ არც გაინტერესებთ, რასაც გწერთ. ჯერ არც გადამიწყვეტია, გამოვაგზავნი თუ არა ამ ტექსტს, მაგრამ მაინც... მაგრამ მაინც...

შარლ დე გოლი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი წუწუნებდა, შეუძლებელი მართო ქვეყანა, რომელიც 246 სახეობის ყველს აწარმოებსო.

იცით, რას გეტყვით, ძვირფასო შარლ?!...

P.S.

იმ დღეს პარიზის გარეუბანში ტერაქტი მოხდა, ღამის კლუბში ნაღმი აფეთქდა. ყველა გადარჩა. საინფორმაციო გამოშვებაში ეჭვმიტანილი ამოვიცანი. ეს ჩემი მეგობარი აბდილა იყო.

ხომ ხედავთ, რაები ხდება. ამის მერეც არ შემირიგდებით?

I am amazingStill

თქვენი ნენე
პარიზი
2005

10 ცენტრალური ევროპის აღმოსავლური პასაჟი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნესტან კვინიკაძე
ფოტო: დავით მესხი

ნანსის თეატრალური ფესტივალი პასაჟი

დაინგრა კომუნალური ბინები და მასთან ერთად, დაინგრა რაღაც ძალიან დიდი. მერე, ყველას „ენატრებოდა“ კომუნალური სითბო, მაგრამ იქ დაბრუნება არავის სურდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ძვირად უჯდებოდათ საკუთარი გზების გაკვლევა, რკინის ფარდა უკვე ჩამოხსნილი იყო, მოძრაობა კი - კლიშეებისაგან გათავისუფლებული.

რადიო თავისუფალ ქვეყნებზე ალაპარაკდა. ევროპა ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ პროცესს. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ეს ქვეყნები გადარჩნენ, შექმნეს პრეცედენტები და, რაც მთავარია, ყურადღება მიიპყრეს.

ფესტივალი „პასაჟი“, რომელიც მაისში საფრანგეთის მდიდარ პროვინციაში იმართება, სწორედ აღმოსავლეთ ევროპაზე აკეთებს აქცენტს. ეს არის ქალაქ ნანსიში 60-იანი წლების ტრადიციის აღდგენა, სადაც მაშინდელი კულტურის მინისტრის, ჟაკ ლანგის მიერ ორგანიზებული ყველაზე პოპულარული ფესტივალი, მთელი მსოფლიოდან იწვევდა თეატრებს. 80-იან წლებში დაფინანსებისა და ორგანიზების შეფერხების მიზეზით, ფესტივალის პომპეზურობა ჩაცხრა.

1996 წელს თეატრ „მანუფაქტურის“ დირექტორად დაინიშნა შარლ ტოჯმანი, რომელმაც ფესტივალის აღდგენა გადაწყვიტა:

შარლ ტოჯმანი (ფესტივალის პრეზიდენტი): „პირველ რიგში, მსურდა, ნანსის საერთაშორისო ფესტივალის ტრადიცია აღმედგინა. ამასთანავე, მე კომუნისტი და, შესაბამისად, კომუნიზმის თაყვანისმცემელი გახლდით. ვნანობ თუ არა, ეს ასე იყო. ამას აღმოსავლეთის უსაზღვრო სიყვარული ემატებოდა. მართლაც მჯეროდა, რომ მზე იქედან ამოდის. ამიტომაც, პირველად მაიაკოვსკის „ბავშვი“ დავდგი სცენაზე. პოეზია აღმოსავლეთ ევროპელის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ლენინის ძეგლები ინგრეოდა და პრესა ახალი, დამოუკიდებელი ქვეყნების შესახებ წერდა, ჩემთვის ინტერესის საგანი პოლიტიკა არ გამხდარა; მსურდა, ეს ქვეყნები გამეცნო, მომეწვია და მათთვის საშუალება მიმეცა, რომ სპექტაკლები თავიანთ ენაზე წარმოედგინათ, - იქნებოდა ეს პოლონური, ქართული, სომხური თუ სხვა. მსურდა, რომ აქაურებს ენახათ. მათ კი ფაშისტებისთვის და ინტეგრაციის მომხრეთათვის დაემტკიცებინათ - „აი, აქაც გრძელდება ცხოვრება! გადარჩნენ ადამიანები!“

პირველ წელიწადს „პასაჟი“ ბულგარელებს, სომხებს და რუსებს მასპინძლობდა. ძალიან მალე კი, იმ თეატრებისა და სპექტაკლების მოწვევაზე გადავედით, რომლებიც საფრანგეთისთვის ახალი და ძალიან უცხო იქნებოდა. დიდ ქალაქებს პროვინციები დაემატა და ბოლოს იაკუტიამდე მივიდნენ. შარლ ტოჯმანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა: „მეგონა, რომ 1996 წელს ახალ მაიაკოვსკებს აღმოვაჩენდი. ეს ასე არ მოხდა მაშინ, მაგრამ წელს ისინი ჩვენთან არიან: ვიცი, მათ სამყაროს შეცვლა სურთ.“

2003 წელს გადაწყდა: ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ, აუცილებლად მაისში ჩატარდებოდა,.

ოლგა ტკაჩენკო (ფესტივალის ორგანიზატორი): „მაისში თეატრალური სეზონი მთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „პასაჟის“ ფესტივალზე მაყურებელი, აქ წარმოდგენილ სპექტაკლებზე საგანგებოდ დასასწრებად, მიზანმიმართულად მოდის. ისინი სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან. 1996 წელს 2500 მაყურებელი იყო, 2003-ში - 15 000. წელს ვიმედოვნებთ, რომ ეს ციფრი ოცი ათასამდე გაიზრდება“.

0x01 graphic

წარმოდგენები ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა თეატრში და ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს, რასაც თან ახლავს ცენტრალურ „სტანისლასის“ მოედანზე გამართული ქორალის ფესტივალი, და ასევე, ფილმების ჩვენება კინოთეატრებში. ცენტრალური ევროპის აღმოსავლური პასაჟი ერთგვარ თანადგომადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, როცა გამოცდილი და საკუთარი ნაოჭებით ამაყი ევროპა, დახმარების ხელს უწვდის ქვეყნებს, რომლებიც მცირე ბიუჯეტით სცენაზე დღესასწაულებს აწყობენ.

შარლ ტოჯმანი: „პირადად მე, ყველაზე მეტად მაოცებს ის, რომ ჩვენს მიერ მოწვეული თეატრები სპექტაკლებს მიზერული თანხებით აკეთებენ. ეს მათი ცხოვრებაა და ამ ცხოვრებას გასაოცარი ხელოვნებით აჩვენებენ. ჩვენგან განსხვავებით, მათ ამისთვის ფული არ აქვთ. აი, მაგალითად, წლევანდელი უზბეკი სტუმრები. მათ არაფერი აქვთ და მაქმანებით მორთული, ზღაპრული და ფანტასტიური სანახაობა გვიჩვენეს. ეს ძალიან ამაღელვებელია.

მახსოვს, როდესაც თბილისში ვიყავი, 5-6 წლის წინ, ერთერთ ოჯახში ვახშამზე დამპატიჟეს; მითხრეს, მომღერლები იქნებიანო. მე ის სამი ქალბატონი არასოდეს დამავიწყდება. მივხვდი, რომ ამ ადამიანებს გონებიდან კი არა, გულიდან მოდით ყველაფერი. აი, რა მაინტერესებს. ამას ეძებს ფესტივალი „პასაჟიც“.

წინა ფესტივალებს არ დავსწრებივარ და, შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რით იყო გამორჩეული 2005 წლის ნანსი. თუმცა, როგორც იტყვიან, „ყველაფერი ალტერნატიული - კარგად დამახსოვრებული კლასიკააო“ (ნ.კ.), და მეც განვაცხადებ: განსაკუთრებული იყო იმით, რომ ჩვენ ვესწრებოდით! განსაკუთრებული იყო იმით, რომ ჯერ კიდევ ვუდსტოკზე ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ფესტივალზე მოწვეული რამდენიმე დასი, მუსიკოსი, დრამატურგი, რეჟისორი და ჟურნალისტი - ყველა ერთ სასტუმროში ცხოვრობდა და ყოველდღე ვეებერთელა, თეთრი „პასაჟის“ კარავში 14:00-ზე სადილად შეკრებილები, ფრანგული ღვინით მოხასიათებულები, მზერას ვცვლიდით, ერთმანეთს პროფესიულ კომპლიმენტებს ვეუბნებოდით. თან, ერთმანეთის ენაზე წარმოვთქვამდით, - ხან „გამარჯობის“ შესატყვისს, ხანაც „მე შენ მიყვარხარ“; ვყვებოდით, ვინ როდის დააღწია თავი დამპყრობელს და ამჟამად სად როგორი ვითარებაა. მოგვწონდა ერთმანეთის გვარების ჟღერადობა და ელექტრონული ფოსტის მისამართებს ვცვლიდით. მერე ვჩქარობდით, რომ სპექტაკლებზე არ დაგვეგვიანა.

ალფონსო ვან ვორდერის ხელნაწერი

თეატრი მოგზაურობის სააგენტო

0x01 graphic

პოზნანი (პოლონეთი)

ამ ადგილს ნანსიში ელისეს მინდვრებს ადარებენ. მყუდრო ხეივანი ცენტრალური პარკის თეთრ ქვაფენილიან მოედანს მთავრობის სახლთან აერთებს. აქ დილიდან ხალხმრავლობა იყო, აწყობდნენ დეკორაციას და ასწორებდნენ ხმას. შებინდებისას განათებაც მზად იყო და თეატრი-ბიურო „პოდროზი“ სანახაობრივი წარმოდგენისთვის მოემზადა.

ცნობილი პოლონელი მწერლის, იან პოტოცკის რომანის, „სარგოსაში ნაპოვნი ხელნაწერის“ მიხედვით დაწერილი ტექსტი, 1797 წელს ვალონის გვარდიის კაპიტნის, ალფონსო ვან ვორდენის თავგადასავალს აღწერს. მადრიდში გამგზავრებული კაპიტანი გზიდან გადაუხვევს და სწორედ აქედან იწყება ფათერაკებით აღსავსე გზა: მეფის ასულების სასახლე, ჯადოსნური ტაროს კარტი, და კაპიტანი საბოლოოდ ხაფანგში გაებმება.

რეჟისორი პაველ ჟკოტაკი, დიდებისა და პატარებისთვის განკუთვნილ სპექტაკლში, სხვადასხვა ეფექტს იყენებს: ცეცხლი, მარიონეტები, მუსიკა. ეს ყველაფერი კი იმისთვისაა, რომ მძაფრად აისახოს ისეთი ადამიანების აღმავლობა და ტრაგიკული აღსასრული, როგორებიც იყვნენ ჯორდანო ბრუნო, დანიელ ჰარმსი, ან თუნდაც, ქრისტე.

SEPTEMBER.DOC

სოციალური ექსპერიმენტი

მოსკოვი (რუსეთი)

მიხაილ უგაროვი (რეჟისორი):

„ცენზურა განახორციელეს იმ ფორმით, რომ კულტურის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი განაცხადა - ამ სპექტაკლისთვის ფულს არ მოგცემთ!

თუმცა სხვა გზებით გრანტი მაინც ვიშოვეთ. არ მეშინოდა, უბრალოდ, სხვა სირთულის წინაშე ვიდექი. ყველა მსახიობს თავისი ინდივიდუალური მოსაზრება აქვს, ყველა ადამიანს თავისებური შეხედულება აქვს. ვთქვათ, პატრიოტია და თვლის, რომ ყველა არარუსი უნდა დაიხოცოს, ან პირიქით, - ვიღაც თვლის, რომ ჩეჩნებს რუსეთმა საბოლოოდ თავი უნდა დაანებოს და ა.შ. ამ სპექტაკლის კეთება პატარა სოციალური ექსპერიმენტი იყო. მსახიობებმა საკუთარი მოსაზრებები გვერდზე გადადეს იმისთვის, რომ მთავარი სათქმელი გამოკვეთილიყო. წარმოიდგინეთ, რა საინტერესოა, როცა მსახიობი, რომელიც ვერ იტანს ჩეჩნებს, უეცრად სცენაზე რადიკალურად განსხვავებულ კონცეფციას აყალიბებს, ამას ბოლომდე განიცდის; ან პირიქით, როცა მსახიობი ამ პრობლემის მიმართ ლოიალურია, სცენაზე კი სასტიკი ტექსტის წარმოთქმა უწევს.“

თემა მძიმეა და, როგორც თვით რეჟისორმა აღნიშნა, რუსეთში არ არსებობს ამის გამოცდილება. მათ არ იციან, ტაში დაუკრან თუ არა, რადგან ეს საშინელი ამბავია! აქ ხალხი რეალურად დაიღუპა. დასი დაადანაშაულეს, თითქოს მათ პატრიოტული პოზიცია არ აქვთ და ჩეჩნების მხარეს არიან. მიხაილ უგაროვი:

„არადა, შევეცადეთ, ორივე მხარე გვეჩვენებინა, შუაში დავმდგარიყავით და მაყურებლისთვის საშუალება მიგვეცა, რომ მოესმინა ის პარანოია, რაც საზოგადოებაში არსებობს. მაყურებელი სცენაზე საკუთარ თავს ცნობს და ეს არ მოსწონს. რეაქცია სხვადასხვანაირია. გროზნოში რომ წავიღოთ, იქ კიდევ განსხვავებული შეფასება ექნება“.

0x01 graphic

ზეციური ცეკვები

ექსპრესიული მეტამორფოზების ზღაპარი

კარში (უზბეკეთი)

მეთოთხმეტე საუკენეში ირანის შაჰს ჩინეთის პრინცესა შეუყვარდა. შეუყვარდა თავდავიწყებით და თქვა: ყველაფერს გავიღებ, ოღონდ პრინცესა მომიყვანეთო!

ამ სიუჟეტზე ბევრი დაიწერა. უზბეკმა რეჟისორმა ოვლიაკული კოჯიაკულიევმა კი არშერ ნავოის ვერსიის („შვიდი პლანეტა“) მხოლოდ ერთი ნაწილი წარმოადგინა: როდესაც უგონოდ შეყვარებული შაჰი ზესიყვარულის მოპოვების შესაძლებლობას დაიჯერებს და სახელმწიფოს წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას დაივიწყებს. იგი მრჩევლებს ყურს არ უგდებს. საბოლოოდ, შაჰი მიხვდება, რომ ზესიყვარული მხოლოდ ღმერთია, და საკუთარი თავის დასჯას გადაწყვეტს: მისი ბრძანებით პრინცესას თავს მოკვეთენ.

სასტიკი ზღაპარი, მარია სოშინას ფანტასტიური მხატვრული გაფორმებით, სადაც იგი, ფაქტობრივად, თანაავტორად გვევლინება, საუცხოო სანახაობას ქმნის. ევროპული თეატრალური სკოლის გააზრებით, ტრადიციული რითმების და სუფისტური ცეკვებისგან შექმნილი ამბის პარალელურად, ექსპრესიული მეტამორფოზების ხელოვნებაც აღდგენილია.

კარშიში მცხოვრები დასი, რომელსაც აშხაბადში, ტაშკენტში, ბიშკეკში, ლვოვში, კიევში, მოსკოვში, ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე - პოლონეთში, გერმანიასა და იტალიაში ჩატარებული აქვს გასტროლები, ყველგან მაყურებლის ერთგვაროვან რეაქციას - გაოგნებას ხვდებოდა: მაქმანებით მორთული სცენით და მსახიობებით გაცოცხლებული ზღაპარი, სადაც შაჰის ბრძანებით, ქვეშევრდომები სიკვდილამდე ცეკვავენ; სადაც ასეთი სიზუსტით არის ნაგრძნობი ფაქტურები; სადაც ცდილობენ, რომ ადგილობრივი კოლორიტი არ დაიკარგოს.

თავშეკავებული მოსაუბრის, 46 წლის უზბეკი რეჟისორის მომავალი სპექტაკლი, იმავე ავტორის, არშერ ნავოის და, ასევე, სპარსი მწერლის, ატორის შეერთებული ტექსტების მიხედვით დაიდგმება.

ოვლიაკული კოჯიაკულიევი: „მათაც აქვთ დაწერილი ღმერთის სიყვარულზე. მსახიობებს სხვადასხვა ქვეყნიდან - ირანიდან, ტაჯიკეთიდან, ავღანეთიდან და უზბეკეთიდან მოვიწვევ და ერთად დავდგამთ.“

0x01 graphic

აღშფოთებული ტატიანა

თანამედროვე ტექსტი

(ლაშა ბუღაძის მიხედვით, რეჟ. მიხაილ უგაროვი. მოსკოვი)

ქართული სივრცისთვის საუკეთესოდ ნაცნობი ტექსტები, რომლებიც არა მხოლოდ თეატრალურ დარბაზებში, არამედ ფესტივალ „მზიურის“ ლიტერატურულ საღამოებზეც უხვად მოგვისმენია, ამჯერად თეატრ „მანუფაქტურში“ რუსული ინსცენირებით გათამაშდა. ირაკლი ჩარკვიანის გამომწვევი სიმღერებით გაფორმებული დადგმა, ერთდროულად დასის ყველა წევრისთვის ძვირფასია. ყოველ შემთხვევაში, გამჟღავნებული იყო სიყვარული არა მხოლოდ როლების, არამედ თვით დრამატურგის და საქართველოს მიმართ.

მაია მამალაძის შესანიშნავი თარგმანის წყალობით, პიესებმა ლოკალური სივრცე გაარღვიეს და ერთი შეხედვით ტრადიციული და ნაციონალური ამბები, კოსმოპოლიტური პრიზმით მოიტანეს. ისინი თამაშობდნენ ოთარს, ნოდარს და გულიკოს, მაგრამ ფრანგი მაყურებლისთვის მაინც ნაცნობი და გასაგები იყო სათქმელი.

კითხვაზე, რატომ ლაშა ბუღაძე? - რეჟისორი პასუხობს, რომ, პირველ რიგში, ტექსტია შესანიშნავი და მეორე: „ორი წლის წინ, რუსეთში საერთოდ არ არსებობდა ისეთი დრამატურგია, სადაც შეიტყობდი, რომ ამ ქვეყანაში ომია. უეცრად, ვკითხულობ ლაშა ბუღაძის პიესებს, სადაც დრამატურგი თავისი ქვეყნის ომის ფონზე ავითარებს მოქმედებას. მოკლედ, გადავწყვიტე, თუ არ არის რუსული დრამატურგია, არის ქართული და მუშაობა დავიწყეთ“.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, თეატრალური ატმოსფერო რადიკალურად შეიცვალა. აქამდე ძალიან მოსაწყენი სიტუაცია იყო, დაუსრულებლად იდგმებოდა ჩეხოვი. ბოლო წლებში გაჩნდა ფესტივალი „ახალი დრამა“, რომელმაც ახალგაზრდა დრამატურგებს მოუყარა თავი და რეალობამ აქ უკვე გამოჟონა. მოსკოვში თანამედროვე ავტორების დადგმა ძალიან მოდურია. იკვეთება უახლესი ტენდენციები. ძლიერი დრამატურგია გამოიკვეთა ეკატერინბურგში, ტოლიატისა და პეტერბურგში. ახალგაზრდა რეჟისორების ახალი გენერაცია გაჩნდა. მათ თანამედროვე ტექსტების მოთხოვნილება აქვთ, - ეს ნორმალური და დროის ადექვატურია.

როგორც მიხაილ უგაროვმა მითხრა, ახლა თანამედროვე უკრაინელ ავტორზე მუშაობს: „უცნაურად გამომდის, თითქოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპეციალისტი ვიყო. არ ვიცი, რატომ ხდება ასე?! ალბათ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში დავიბადე და იმპერიული ცნობიერება მქონდა; აგრესია კი არა, უბრალოდ, როგორც ყველა, ვერც მე ვხვდებოდი, რით განსხვავდება ქართველი სომეხისაგან. დღეს უკვე ვიცი. ნაგრძნობი მაქვს და ამიტომაც განვიცდი ტექსტებს, რომლებსაც აღფრთოვანებაში მოვყავარ.

რაც შეეხება ლაშა ბუღაძეს, რომელიც ფესტივალ „პასაჟზე“ იყო მოწვეული, ძირითად დროს საკუთარი სასტუმროს ნომრის შეცნობაში ატარებდა. მარტო სეირნობდა ნანსის ქუჩებში, Fnac-ში დისკებს ათვალიერებდა და კლასიკას ეცნობოდა. სადღაც ქრებოდა, მაგრამ დილაობით საუზმეზე არასოდეს აგვიანებდა.

BLACKLAND

შეგროვებული მესიჯები

ან

HUNGARIANS WITH MARVELOUS FACE

ბუდაპეშტი (უნგრეთი)

რას მოიმოქმედებთ თეტრში მისული, გადანათებამდე თეთრ დეკორაციაში ჩაფლულ სცენაზე, საღამოს შავ კაბაში, სასიამოვნო გარეგნობის გოგონა ფლეიტით რომ გამოვიდეს, ცენტრში მოკალათებულ სკამზე დაჯდეს და ფლეიტით ორალური სექსის დაახლოებით 6-7 წუთიანი იმიტაცია გაითამაშოს? თქვენი არ ვიცი, მაგრამ არც მე და არც ჩემს ფოტოგრაფს დარბაზის დატოვება აზრად არ მოგვსვლია. პირიქით, კომფორტულად მოვკალათდით და სკანდალური სპექტაკლის ჩინებულ დინამიკას ავყევით.

„ბავშვების სპექტაკლი, განკუთვნილია ასევე უფროსებისთვის“ - აცხადებს დასი „კრეტაკორი“ და სცენაზე იმ საზოგადოებას გვიჩვენებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირში გაერთიანდა (2004 წელს უნგრეთი ევროკავშირის წევრი გახდა).

0x01 graphic

არპად შილინგის „ველური პიესა“, სადაც სმოკინგებსა და საღამოს შავ კაბებში გამოწყობილი ადამიანები, ფერმკრთალი კედლების წინ, სხვადასხვა სიტუაციებში გვევლინებიან, ასევე მუსიკოსები და კომპოზიტორები (სპექტაკლს მიუზიკლის ელემენტებიც აქვს), 2004 წლის მაისიდან მესიჯებს აგროვებენ. რედაქტირებული ტექსტები კი, სპექტაკლის განმავლობაში, სამ მონიტორზე ერთდროულად მიდის, შეჯამებას უკეთებს თანამედროვე ცხოვრებას, კრიმინალურ ამბებს და პოლიტიკას.

როგორები ვიქნებით მალე?! თანამედროვე უნგრული აქცენტი ევროკავშირის თემაზე შეჩერდა და საკუთარ თავს დაუნდობელი მომავალი დაუხატა, რაც პირდაპირ, რეალური ფაქტებით, ცინიზმში, სადიზმსა და გულგრილობაში გამოიხატება; საკუთარ ნაჭუჭში შეკეტილი და ზღვარს გადასული სურვილების საზოგადოება, სადაც ელვა მშრალ მიწაზე ეცემა.

ესთერ ქსაკანი (მსახიობი): „ეს პერფორმანსი ბუდაპეშტში ძალიან პოპულარულია. ადამიანებს სცენაზე საკუთარი თავის ხილვა მოსწონთ. ზოგს რცხვენია. ვითამაშეთ პარიზში, ამსტერდამში, როტერდამში, ყველგან სხვადასხვა რეაქციაა. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ამბავს ვუჩვენებთ. ამიტომ, სხვების მსგავსად, სახლში თამაში გვირჩევნია.

0x01 graphic

სურვილი გამოვთქვით, რომ Blackland-ის გასტროლები საქართველოში დაგვეგეგმა. თუმცა, იქვე დავამატეთ, რომ გრანდიოზული დეკორაცია, შესაძლოა, შემაფერხებელი აღმოჩნდეს.

- საერთოდ, გვაქვს სპექტაკლები, დეკორაციის გარეშე, - იყო პასუხი. ასე რომ,...

0x01 graphic

ტაბუ

NO MORE TABOOS

(ირანი)

დავიღალეთ სპექტაკლებით. სასტუმროს შორიახლოს, კინოთეატრ „კამეოში“ სამი დარბაზიდან ერთი - „ფელინი“ ავარჩიეთ და ირანული ფილმის დაწყებას დაველოდეთ. დარბაზში ათი კაცი იქნებოდა, ჩვენი ჩათვლით. მეთერთმეტე უნგრელი მსახიობი ატილა ტოტი იყო, რომელიც ნახევრად ჩამქრალ დარბაზში შემოვიდა და ჩემს უკან დაჯდა. ისე კი, გადაჯდებოდა კაცი :). ფილმი ფრანგული სუბტიტრებით დაიწყო. არაფერი მესმის, მაგრამ როგორც ჭეშმარიტი ქართველი, ვგრძნობ: თუ როგორ საუბრობენ სექსზე ირანელი ქალები და მამაკაცები. 1979 წლის რევოლუციის შემდგომი ცვლილებები, რასაც მათი უფლებები უნდა შეემსუბუქებინა, მოჩვენებითი აღმოჩნდა. მიჯნურთა შორის ურთიერთობა კვლავინდებურად ძალდატანებითია და რთული პროცესი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

რეჟისორი მიტრა ფარაჰანი ამ პრობლემას ფარდას ხდის და დღევანდელი ირანის საზოგადოებას აჩვენებს.

ირანის გასაოცარი ლანდშაფტების და წითელპომადიანი, ჩადრმოხსნილი ქალბატონების აღსარებების სინთეზი, - ერთი სიტყვით, 21-ე საუკუნის მაინც გაზღაპრებული ირანი.

დარბაზში შუქი ინთება. ვუბრუნდებით რეალობას, მაგრამ არც ეს რეალობაა დამაჯერებელი - ნანსიში მეხუთე დღეა წვიმს... რომ არა ეს კინოთეატრები, ნეტა, რას ვიზამდით?...

0x01 graphic

ახლა ცოტა გართობა გვინდა! რაიმე თანამედროვე! საბანკეტო დარბაზში, სადაც „პასაჟელები“ ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ, სხვადასხვა მუსიკა უკრავდა. იმ დღეს კი, ის ასრულდა, რაც ვინატრეთ: სამი მშვენიერი გარეგნობის მქონე ახალგაზრდა სცენაზე ავიდა - ორი ბიჭი, ერთი გოგონა. „მაკინტოშის“ ლეპტოპები გაიხსნა და გაისმა: ელექტრონული ვერსიები, გაისმა იაპონელი ვოკალისტის ხმაც.

კულტურათა დიალოგით სასიამოვნოდ დაღლილს, მგონი, ძალაც აღარ შემწევს, რომ ფესტივალს დასკვნა გავუკეთო, სპექტაკლები ერთმანეთს შევადარო, ან ფავორიტები გამოვყო. მთავარია, რომ არსებობს! მთელი წლის მანძილზე, ინფორმაციას აგროვებს იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყნებში, რომლებმაც სულ ახლახანს, „ქუჩაში მარტო სიარული“ - დამოუკიდებლად არსებობა დაიწყეს; რა აღელვებთ და რა მოიგონეს ახალი; როგორია მათი დეკორაცია; რამდენი ასოა მათ ანბანში. მთავარია, რომ ასეთი ქვეყნები გადარჩნენ და შეიძლება სპექტაკლის დასადგმელად არაფერი გააჩნიათ, მაგრამ ყველგან მოიძებნება ძველი, დიდი ბებიების ნაქონი მაქმანები, რომელთაც ერთმანეთს გადააბამ, სცენას მორთავ და სათქმელს იტყვი, თუნდაც ესთეტურობაში ასე შეყვარებულ საფრანგეთში.

იმ დიდ ბებიებს ხომ ძალიან გაეხარდებოდათ, ახლა რომ გვხედავდნენ - ვართ თავისუფლები და მალე „მაკინტოშებიც“ გვექნება!

Georgia is waiting for you
nestan@poetic.com

11 La efeqti

▲ზევით დაბრუნება


მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, - გრძნობს სხეული.
ანრი მაჭავარიანი

0x01 graphic

სენ-მარტენის არხის გაყოლებით, 1822-1825 წლებში გათხრილ აუზს, პარიზი სასმელი წყლით უნდა მოემარაგებინა. თუჯის ხიდებით გადახურული წვრილი არხი, იმ ძველ კვარტალსაც კვეთს, სადაც 1760 წელს ცნობილი 60 კაციანი სახრჩობელა იყო და რომელზეც არაერთმა ცნობილმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე. მერე, როგორც ყველაფერი სხვა, აქაც შემოდიოდა ხან მე-19 საუკუნის საოცრება, ხანაც მეოცესი. დადგა მშვიდი დრო და სანაპიროს მიდამოებში ტურისტები უკვე გემებით სეირნობდნენ. ბარჟა რომ დაიქირავო, გაცურო და გაცურო, ბელგიასაც მიადგები და ჰოლანდიასაც.

ასეა თუ ისე, ტკბილი თუ მწარე მოგონებების ადგილი - სენ-მარტენის სანაპირო ზოლი, დღეს მხატვრებისა და, ზოგადად, შემოქმედთა საოცნებო ადგილია, - ამ ქუჩაზე სახელოსნო მხოლოდ რჩეულების ხვედრია.

ერთ ასეთ რჩეულს ჩვენც მივაგენით. პარიზს თავს დამტყდარი ციკლონის მიუხედავად, წამით გამონათებულ მზეზე, დიდი შუშაბანდიდან ათასი ნივთი აირეკლა. ვეებერთელა შესასვლელი კარი ღია დაგვხვდა. რატომღაც ნორა ჯონსი ბოლო ხმაზე იყო ჩართული. შევედით - perfect დიზაინი, კარგა ხნის წინ გადახარშული ენდი უორჰოლიც და თანამედროვეობის კლიშეებს თავდაღწეული ინტერიერი. თეთრ, ხვეულ კიბეზე ასაკოვანი, ჭაღარა მამაკაცი საოცარი სიმსუბუქით დაეშვა. Bonjour.

ეს ის შემთხვევაა, როცა შემოქმედება ერთგვარ თამაშს ემსგავსება. ყოველ შემთხვევაში, ასე მომეჩვენა, როცა ქართული წარმოშობის მხატვარმა გაიღიმა და მითხრა, ოღონდ არ მკითხო, როდის დაიწყე ხატვა, - მე ფუნჯით დავიბადეო.

- სად არის, არ გინახავთ? - გვკითხა.

- ვინ? - დავიბენით.

მან ფრანგულად ჩაილაპარაკა და აქეთ-იქით მიმოიხედა.

„როდესაც რუსები საქართველოს დაეპატრონენ, მამა იქ ვეღარ გაჩერდა, პარიზში გადმოვიდა. მერე დედაჩემი, რუმინელი ქალბატონი გაიცნო, იქორწინა და მეც გავჩნდი. მამას სურდა, ექიმი გამოვსულიყავი, მე ხატვა მინდოდა. წავედი და აკადემიაში ჩავაბარე. შინ დაბრუნებულმა, როდესაც დედას ეს ამბავი ვაუწყე, - მითხრა - ვაიმე, რა ვუთხრათ მამას?!

0x01 graphic

საღამოს, ვახშამზე მამაჩემს გამოვუცხადე: მამა, მე აკადემიაში ამიყვანეს.

- ბოლოს და ბოლოს მაინც შენი გაიტანე! - იყო პასუხი.

ერთ დროს სარეკლამო ინდუსტრიაში გამოცდილი ანრი - იგივე ჰენრი - ყველასთვის მოულოდნელად თავს ანებებს ფილმების გადაღებას: „რასაც ვაკეთებდი, არ იყო არტი!“

შემდეგ საფრანგეთში ყველაზე ცნობილ აგენტს უკავშირდება და ეუბნება, რომ ინივიდუალურ მუშაობას - ხატვას აპირებს. 1983 წლიდან ისინი თანამშრომლობას იწყებენ და ტრიუმფალური წარმატებები ერთიმეორეს ცვლიან.

სახელოსნო ვერ იტევს ნახატებს, სუფთა ფურცლებს, „რომლებიც, მე მელოდებიან. ისეთი ბედნიერი ვარ, როცა სხვას ლამაზ ნამუშევარს ვაჩვენებ“. ასეთი ნამუშევრები კი, სახელოსნოს ყველა კუთხეშია მიმოფანტული, იქნება ეს სამურაების სერია, სუნამოების ექსპოზიცია, თუ მოდელები. რატომღაც მხოლოდ ქალებს მიკვეთავენ“. ეს არის გიგანტური აფიშები ტოკიოსთვის თუ პარიზული დეფილეებისთვის, კოსტიუმები თეატრებისთვის. არის ფოტოებიც, რომლებსაც გარკვეული პერიოდის მანძილზე იღებდა, „მაგრამ მაინც, ხატვასთან შედარებით, ყველაფერი მოსაწყენი იყო. ერთმა თეთრმა ფურცელმა გადაწონა ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი. მგონი, ყველაფერი დასაშვებია. სულაც არ არის აუცილებელი, ლამაზად ან სწორად ხატო“. მთავარი მისთვის მოძრაობა და ეფექტის მოხდენაა, - ეს მოდურია.

0x01 graphic

11th edition Of The Christmas Trees Of The Creators (Pompidou Center)

„როდესაც ვიღაც საუბრობს და შემდეგ ჩუმდება, ამაშიც ხომ არის რაღაც. სიჩუმე ნახატში რაღაცას ნიშნავს. ჩემს ნახატებში ეს სიჩუმე სიცარიელეა, ჩემთვის მოსაწონი და მისაღები“.

სახელოსნოში ტელეფონი რეკავს. ზარი ისეთია, როგორც ფრანგულ კინოებში. ჩვენ პაუზით ვსარგებლობთ და ნახატების და სავარძლების უკან მიმოფანტულ ნივთებს ვაკვირდებით. დისკებს ვაყოლებ მზერას: ზაპაც, ჯაზიც, კლასიკაც, თანამედროვე ფრანგული საკლუბო „ელექტრონებიც“ და მოკლედ, ყველაფერი იმისთვის, რომ რაც უნდა მოხდეს, „ყველაფერი კარგად იქნება, სხეული გრძნობს!“

ანრი ყურმილს კიდებს.

- არ გინახავთ? არ გამოჩენილა?

- ვინ? - ვეკითხებით.

ანრი თემიდან უხვევს, ძველ ნახატზე გვითითებს და გვეუბნება: ვიღაცას ამის ნახვა უნდა, ეს ნიკოლა პუსენია, 1600-იანი წლები, ასლი. 30 წლის წინ მივაკვლიე, შინ მოვიტანე, გავასუფთავე და ნახეთ, რა შესანიშნავად გამოიყურება!

მოდისადმი ინტერესი ახალ ტენდენციას მიჰყვება, ვინაიდან დეფილეებზე მოდელები სწრაფად უჩინარდებიან და მათ სათანადო აღქმას ვერ ახერხებ. ამიტომ ესკიზები ვიდეო ჩანაწერებიდან კეთდება. ანრის მოდელებს შორის უზარმაზარი მხრები და ასეთივე საჯდომები ჭარბობს. ისევ იმეორებს: ვიცი, ეს არ არის ნორმალური, მაგრამ ხომ ეფექტურია?! ჩვენ ვეთანხმებით, რადგან მართლაც ასეა. სენ-მარტენის არხის შორიახლოს, ჭაღარა ქართველს, შინაგანი ფესვების, შეგრძნებების, გვარისა და კიდევ რამდენიმე ახლობლის გარდა, ტელეფონით რომ ესაუბრება ხოლმე, არაფერი აკავშირებს საქართველოსთან. სწორედ ასეთი ადამიანი, ჩვენთვის სასწაულ დღეს აწყობს, უფრო სწორად, დღესასწაულს.

ხან პირველი სამურაი, ხან სუნამოების ექსპოზიცია, რომლის დასამზადებლად უამრავი წიგნის წაკითხვა და ამ ყველაფრის შეგრძნება მოუხდა: „ყველაფერი სულიერი უნდა იყოს.“

ლოგიკურად გაჩნდა კითხვა, ჰყავს თუ არა მოსწავლეები. აღმოჩნდა, რომ ლექციები სულ რაღაც ოთხი თვის წინ დასრულდა, სადაც კვირაში ერთხელ, მეთოდურად, სრულიად განსხვავებულ გაკვეთილებს ატარებდა. „თავდაპირველად წრეების კეთებით, წრეების ხატვით ვიწყებ. ხელი მოუქნელი აქვთ. არადა, პირველ რიგში, ხელი უნდა იყოს თავისუფალი. პირველ კურსს დაამთავრებენ თუ არა, დიდი რაღაცეების შექმნა სურთ. არადა, ზუსტად უნდა იცოდე, რომ ეს თავია, ეს - ხელი. უნდა სუნთქავდეს! ნახატში ფოტოების კეთება არ არის საჭირო“.

საკუთარ თავთან დადებული კონტრაქტისთვის, თამაშის აუცილებელი წესისთვის, ერთხელაც არ უღალატია. უეცრად მოხდა ისე, რომ ლეონარდო და ვინჩის როლზე დაამტკიცეს: „ვიცოდი, ამ როლზე აუცილებლად ამიყვანდნენ. მიმამსგავსეს. მარცხენა ხელით ხატვა მომიწია - ეს საშინელება იყო. ბრწყინვალე მაკიაჟი მქონდა.“

მსგავსი მოულოდნელობები ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. 11th edition Of The Christmas Trees Of The Creators (Pompidou Center) - პომპიდუს ცენტრის აფიშები, 2004 წლისთვის ნაძვისხეების გამოფენას სთავაზობდა მნახველს. მოდის ამინდის შემქმნელი დიზაინერები, მაგალითად, ჟან-პოლ გოტიე, ჰერმესი, კრისტიან ლაკრუა და ბევრი სხვა ცოცხალი ლეგენდა, საშობაო ნაძვისხეებს წარმოადგენდნენ. მათ შორის მხოლოდ ერთი აღიარეს საუკეთესოდ. ეს ანრი მაჭავარიანის მიერ მარაოებისგან გაკეთებული ვეებერთელა ხე იყო. „კარლ ლაგერფელდს იდიოტობა ჰქონდა გამოტანილი. რა დაემართა, არ ვიცი. არადა, არ არის ცუდი დიზაინერი,“ - ანრი ბომონდურ ამბებს გვიყვება.

მაგრამ მაინც არის რაღაც, ჩვენში სანტიმენტებს რომ ეძახიან: „მერე, როდესაც რევოლუციურ წარმატებებს ვაღწევდი, ჩემს გვერდით აღარ იყო მამა. ის ვერ ხედავდა, თუ რატომ ჩავაბარე აკადემიაში. მერე ამ ყველაფერს ჩემი ვაჟიც გამოაკლდა. თუმცა ისინი სულ ჩემთან ერთად არიან“.

მერე მოგონებები სადღაც ქრება. ისევ ნახატების თვალიერებას ვუბრუნდებით. აღმოსავლურ კალიგრაფიას ვადევნებთ თვალს. ანრი სამახსოვროდ ჩვენს სახელებს ხატავს დიდ, თეთრ ფურცლებზე, რომლებსაც ჯერ ეფერება, შემდეგ ხელს აწერს. გვიხსნის, როგორ უნდა დავიჭიროთ ფურცელი ისე, რომ არ დაზიანდეს. დროდადრო ჩაილაპარაკებს ხოლმე, რომ პოეზია სამკაულია… აზრის მარგალიტი… რომ არსებობს სიტყვების აფეთქება... ამბობს, რომ ადამიანებს ცვლილებების ეშინიათ, ვერ ელევიან ძველ ნახატებს; ვერ ახერხებენ, რომ ძველი უკან გადაკიდონ, როცა ახალი ჩნდება და ახლით დაიწყონ ტკბობა. ამაზე ფიქრობს იმიტომ, რომ მის შემთხვევაში, სულ სხვანაირად ხდება. ათიათასობით უკან გადაადგილებული ნივთით არის სავსე სახელოსნო, სადაც ყოველდღე პოპ-არტის თუ ფეშენ რევოლუციების, სამურაების და ტოკიოს გიგანტურ სტანდარტებზე გათვლილი აფიშები ცვლის ერთმანეთს. დედით - რუმინელი და მამით - ქართველი, ფრანგული დიზაინის ერთ-ერთი პოპულარული წარმომადგენელი, მარტო ცხოვრობს. მართალია, ქართულად ვერ მეტყველებს, მაგრამ ქართველებთან იმ რუსულით ინარჩუნებს კონტაქტს, რომელზეც ერთ დროს პარიზში შეხვედრილი მშობლები საუბრობდნენ. ანრი მაჭავარიანი სიამოვნებით გამართავდა გამოფენას საქართველოში, სადაც ბოლოს, რამდენიმე ათეული წლის წინ იყო. სხვა ემიგრანტთა მსგავსად, მისი ცნობიერებაც საგულდაგულოდ ინახავს ღვინის გემოს, ერთხელ თუ გასინჯე, მთელი ცხოვრება რომ გაგყვება, - თითქოს ლოტოსის თორმეტფურცლიან ყვავილს იგემოვნებდე.

- აი, მოვიდა ჩემი ლამაზი, - და სახელოსნოში სამურაივით შემოიჭრა ხავერდისბეწვიანი კატა, ანრის ერთგული მეგობარი და ისეთი მონაცემების მქონე არსება, როგორსაც სენ-მარტენის არხის სანაპიროზე მცხოვრები მხატვარი იმსახურებს.

როდესაც ეზოში გამოგვაცილა, მეზობლად მცხოვრები ცნობილი ადამიანების შესახებ გვიამბო: აქ აღიარებული რეჟისორი ცხოვრობს; იქ - გენიალური მხატვარი; აი, ამის იქით კი - ერთი ქართველი მხატვარიო.

საღამოს ისევ შევხვდით, ამჯერად რესტორანში. ფრანგულ ღვინოს მივირთმევდით, ფოტოებს ვიღებდით. ანრი იტალიაში გატარებულ ვრცელ პერიოდზე გვიამბობდა. მერე კი ისევ ხატავდა. სამახსოვროდ. მართალია ხელსაწმენდზე, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ეს ცარიელი, თეთრი ფურცელი გიგანტური ეფექტისთვის გამზადებული სივრცე იყო.

12 გიორგი გვახარია/ცრემლიანი სათვალე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

წიგნის დაბეჭდვის შიში, ანუ ჭიჭიკო და ბიჭიკო

31 მაისს რაინერ ვერნერ ფასბინდერს 60 წელი შეუსრულდებოდა. ახალი გერმანული კინოს მონარქი, და, ამავე დროს, ონავარი ბავშვი, რომელმაც ათასგვარ სისაძაგლეში დაადანაშაულა გერმანული კულტურა, თავისი ქვეყნის სამარცხვინო მარცხის დღეებში ჩაისახა. დაადანაშაულა და ააღორძინა კიდეც დავრდომილი გერმანული კინემატოგრაფი, რომლის ტრიუმფზე 70-იან წლებში მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა.

ისევ ტრიუმფი. ისევ თავბრუდახვევა. პირველი „ოსკარი“ დასავლეთგერმანულ ფილმს - შლენდორფის „თუნუქის დოლს“, „ოქროს დათვები“, „ლომები“, „ლეოპარდები“.

სწორება ფასბინდერზე, რომელიც გერმანიის დამარცხების დროს ჩაისახა.

1982 წელს მარცხის დღეებში ჩასახული ტრიუმფატორი, რომელმაც იმ დროისთვის ორმოცამდე ფილმის გადაღება მოასწრო, მოულოდნელ განცხადებას აკეთებს, ჩემი ფილმები ერთჯერადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ჩემი სიკვდილის შემდეგ დაწვით ყველაფერი, რაც გამიკეთებიაო.

37 წლის კინომონარქის ანდერძი სერიოზულად არავინ აღიქვა. გერმანია შეჩვეული იყო ფასბინდერის ექსტრავაგანტურ გამოთქმებს. მსოფლიო მისი ახალი ფილმის, ჟან ჟენეს ნაწარმოების ეკრანიზაციას ელოდა.

მაგრამ ფასბინდერი „კერელის“ პრემიერას ვერ მოესწრო. 10 ივნისს გერმანული კინოს სიამაყეს გულმა უმტყუნა, როგორც ამბობენ, ნარკოტიკების ჭარბი დოზის გამო.

ანდერძი, ცხადია, არ შეუსრულეს. პირიქით, ამრავლეს და ამრავლეს მისი ფილმების ასლები. კინოდარბაზებს მისი სახელი უწოდეს, დაიცვეს დისერტაციები, გამოსცეს წიგნები. მაგრამ მონარქის სიკვდილის შემდეგ, გერმანული კინოს მზე მაინც ჩაესვენა და დღეს ეს კინო დაახლოებით ისეთ დღეში აღმოჩნდა, როგორც 1969 წლამდე, როცა ეკრანებზე გამოვიდა რაინერ ვერნერ ფასბინდერის პირველი ფილმი სახელწოდებით „სიყვარული სიკვდილზე უფრო ცივია“

ვისაც ეს სურათი ახსოვს, უთუოდ დამეთანხმება, ალბათ, რომ ცივ სიყვარულში ფასბინდერმა ამ გრძნობის გამოვლინების ყველაზე გავრცელებული ფორმა - საკუთარი თავის სიყვარული იგულისხმა, ჩვენი განვითარების ის ეტაპი, როცა „დედის წიაღიდან“ გამოგლეჯილნი პირველად დავინახავთ ჩვენს თავს სარკეში. მას მერე ეს სახე ფეხდაფეხ მოგვყვება ცხოვრებაში - ჩვენ ვქორწინდებით და პარტნიორად დედის, თუ მამის „ასლებს“ ვირჩევთ (ე.ი. საკუთარი თავის ასლებს), ჩვენი მშობელი, ჩვენი შვილი ყველაზე ლამაზი გვგონია, ყველაზე მეტად გული გვიჩუყდება სიტყვაზე „სამშობლო“ და ყველაზე მყუდროდ ჩვენს სახლებში ვგრძნობთ თავს.

ნარცისს შეუყვარდა თავისი ორეული და გაშეშდა, გაქვავდა, ე.ი. მოკვდა. მოკვდა იმ გერმანიასავით, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო დაჯერება, რომ საუკეთესოა მთელ პლანეტაზე, ყველაზე „სწორი“ თავის ქალა აქვს, ყველაზე ჭკვიანი ფილოსოფოსები, მწერლები, კომპოზიტორები ჰყავს.

მერე ამ ფილოსოფოსებმა, მწერლებმა, კომპოზიტორებმა მოინანიეს. მოინანიეს კინემატოგრაფისტებმაც - ანტიფაშისტურ ფილმებს იღებდნენ, მაგრამ ამ კინოს არავინ უყურებდა. სანამ ფასბინდერი არ მოვიდა და განაცხადა - დაწვით ჩემი ფილმების ასლებიო.

რა სჯიდა ამ ფლობერს, როცა თქვა, „მადამ ბოვარი - მე ვარო“, არ ვიცი. სხვათა შორის, ისიც თქვა, „მხატვარი თავის ნაწარმოებში ისევე უნდა არსებობდეს, როგორც უფალი - ამ სამყაროშიო.

რა სჯით ამ მხატვრებს, საიდან უჩნდებათ ეს ვნება, გახდნენ „უფალი“? რა სჯიდა ვან-გოგს, ასეთი მონდომებით რომ აწერდა თავის სახელს „მზესუმზირებსა“ და „სკამებზე“?

თანაც, რაოდენ მორიდებულად დაიწყეს ამ ევროპელმა მხატვრებმა სახელების მიწერა სურათებზე. ჯერ პატარა ასოებით, სადღაც ქვედა კუთხეში, მერე ნელ-ნელა გაზარდეს ავტოგრაფი და როცა არც ამით დაკმაყოფილდნენ, ავტოპორტრეტის ჟანრმა გაიტაცა.

ამ ავტოპორტრეტებსაც ნელ-ნელა გაეთამაშნენ. მაზაჩო და ბოტიჩელი ჯერ ვერ ბედავდნენ და თავიანთი გამოსახულება „დიდ“ რელიგიურ სიუჟეტებში შეჰყავდათ, მოკრძალებულად. მერე მხატვრები „აღორძინდნენ“ და თავს უფლება მისცეს, ახლოდან ეჩვენებინათ თავიანთი თავი. მერე ისე შეუყვარდათ ავტორი, რომ გალამაზებული, რომანტიკული, ელეგანტური ავტოპორტრეტები დახატეს. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ვან დეიკმა მეფეც კი თავის ავტოპორტრეტებს დაამსგავსა.

ევროპელებს უყვართ, როცა ღმერთად თუ არა, მეფედ მაინც გრძნობენ საკუთარ თავს. ამტკიცებენ, ინდივიდუალისტები ვართო. ამიტომაც გამოდის, რომ ჩვენ, „უძველესი ევროპელები“ - „უძველესი ინდივიდუალისტები“ ვართ. მერე რა, რომ ჩვენი წინაპრები არასდროს აწერდნენ ხელს ტაძრებზე, ფრესკებზე. მერე რა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქვეყანაში იქმნებოდა ანონიმური კულტურა - მთავარი, რითაც ვამაყობთ დღეს.

„დღეს ბოკერია მყავს“, „შენ ვინ გყავს?“, „ეგ უკვე მყავდა ეთერში“

ვისაც ტელევიზიასთან რაიმე კავშირი ჰქონია, არაერთხელ გაუგია, ალბათ, ეს ფრაზა ჩვენი ტელეარხების ვარსკვლავებისგან. უხარიათ, ვიღაც რომ „ჰყავთ“ იმათგან, ვინც ქვეყანას მართავს. უხარიათ, ხალხის დასანახად თვითონ რომ დაიწყებენ მეფეების და ბატონების მართვას გადაცემაში, რომელსაც „საავტოროს“ უწოდებენ.

ტელევიზიის ვარსკვლავებმა ჰარმონიულად დაიმკვიდრეს ადგილი თანამედროვე ქართულ კულტურულ ზესკნელზე. როგორც კი ქართველებმა, „მაშასადამე ევროპელებმა“ გაიაზრეს, რომ „უძველესი ევროპელები“ არიან, პარლამენტმა ეგრეთ წოდებული „საავტორო უფლებების დაცვის“ კანონი მიიღო. იმ მუსიკოსებმაც კი, რომლებიც მთელი ცხოვრება ქუჩაში, ან მიწისქვეშა გადასასვლელებში უკრავდნენ, თავიანთი საავტორო უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყეს.

ევროპაშიც ასე მოხდა. ჭკვიანი ხალხი თავიანთ წიგნებში ამტკიცებდა, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში „ავტორის“ ცნება აღარ არის აქტუალურიო, წიგნის ყდაზე კი „კოპირაიტის“ მაგიური ნიშანი იყო გამოსახული... და თუ ცივილიზებულ ევროპაში ასეა, საქართველომ რა დააშავა?... თუკი ცივილიზებულ ევროპაში ასეა, რატომ არ უნდა გახდეს შემოქმედება ჩვენთვის, ქართველებისთვის - თვითდამკვიდრების, სახელისა და პოპულარობის მოპოვების ანგარებიანი საშუალება, ის, რაც არა მარტო ფულს მოგვიტანს, არამედ სახელს და, რაც მთავარია, ძალაუფლებას?

ასე გადაიქცა საქართველოში კულტურა უბრალო ავტოგრაფად, თუ ავტოპორტრეტად, მოსწყდა რეალობას, მიიღო სახე ტუსოვკისა, რომლის სიმბოლო მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ვარდს. სინამდვილეში კი ცივი ყვავილი - ნარცისია.

ასე დაპატარავდა საქართველო, ასე შეიკრა მისი კულტურა დედაქალაქის ერთ, პატარა სივრცეში - ვაკეში, ან, დიდი დიდი ვერაზე, რუსთაველზე. თბილისის მოსახლეობა მატულობდა, ქალაქი დევნილებით გაივსო, მაგრამ კულტურა სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა თავის საზღვრებში.

კულტურაც და პოლიტიკაც, პრინციპით - „ვინც ჩვენთან არ არის, იგი ჩვენი მტერია“... ნარცისების სნობურმა ბაღნარმა, შესაბამისად, გააყვითლა ხელოვნებაც და პოლიტიკაც. ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო პროექტებში აღორძინდა პოსტმოდერნიზმის ეპოქაში დავიწყებული ჟანრი - პაროდია (და არა სტილიზაცია). ყველაზე პოპულარული გახდა ის, ვინც სხვას დასცინოდა, თუმცა თავად არაფრის შექმნა არ შეეძლო, 60-70-იანი წლებში პოპულარულ, ვასო აბაშიძის მუსკომედიის თეატრის მსგავსად.

და მერე ჭიჭიკო და ბიჭიკოც გამოჩნდნენ; ისინიც უზრდელობენ, ქილიკობენ და დასცინიან. მაგრამ ჯერჯერობით არა აქვთ სურვილი, ავტოგრაფის მოყვარულთა მრავალათასიან არმიას ქედმაღლურად შეხედონ, მეფეებივით და ამით „მოიფხანონ ეგო“. ქალაქი მკითხაობს, ჭიჭიკო-ბიჭიკოს ვინაობას აზუსტებს, ისინი კი თავიანთ სახელებს (და ხმას) მალავენ. ვირტუალური რობოტი-კაცუნები დასცინიან ნარცისიზმის კულტს ქართული შოუ-ტუსოვკაში, ნარცისებს და იმათაც, ვისაც ყვითელი ყვავილის სურნელება ათრობს.

ევროპელები ამაყობენ, რომ სწორედ ბებერ კონტინენტზე დამკვიდრდა ტერმინი „საავტორო კინო“. არ ესმით ჰოლივუდის, სადაც, ამერიკის კინოაკადემიის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალზე „ოსკარს“ საუკეთესო ფილმისთვის არა რეჟისორს, არამედ პროდიუსერების ჯგუფს გადასცემენ ხოლმე.

ევროპელმა რეჟისორებმაც მხატვრებივით, ასე, თანდათან გაიაზრეს თავიანთი ძლევამოსილება და „ავტორებად“ მოინათლნენ. ფედერიკო ფელინი იმდენად შორს წავიდა, რომ თავის გვიანდელ ფილმებს „ფელინი-კაზანოვა“, „ფელინი-რომი“ უწოდა.

მაგრამ ეს არ არის ფელინის საუკეთესო ფილმები. ეს „პერსონალიზებული ფელინის“ ფილმებია. ეს არაა „გზა“, სადაც პატარა ჯელსომინა დარწმუნებულია, რომ იგი არავის სჭირდება ამ ქვეყანაზე... ბედნიერია, როცა მატო კენჭს უჩვენებს და ეტყვის, ამქვეყნად ყველაფერი, აი, ეს კენჭიც კი ფასეულიაო. მერე, როცა ძალიან ატკენენ, როცა ისევ ინატრებს სიკვდილს, ამ კენჭს შეხედავს ხოლმე და გაეღიმება.

ჯელსომინა ჰგავდა გოეთეს წვიმის წვეთს, რომელიც ღრუბლებიდან ზღვაში მოხვდა, იქ, ნიჟარაში შეაღწია და მშვენიერ მარგალიტად იქცა. ჯელსომინა ისე მოკვდა, რომ ვერ გაიაზრა თავისი მნიშვნელობა... და ამიტომ, სწორედ ამიტომ აატირა მილიონობით მაყურებელი.

მანამდე კი ჩვენ „კაბირია“ ვნახეთ.

ჯულიეტა მაზინას კაბირიას ღიმილი პირველი კინემატოგრაფიული სახე იყო, რომელიც ჩემს ცნობიერებაში აღიბეჭდა, სახე, რომელმაც კინო შემაყვარა. იმ დღეს, 1971 წლის სექტემბერში, თბილისის ერთ ნახევრად დანგრეულ კინოთეატრში, გორკის ბაღში, რომელსაც დღეს „ვარდების ბაღი“ ჰქვია, 14 წლის ბიჭი პირველად ავტირდი ფილმზე... მაგრამ ცრემლი განსაკუთრებით მაშინ მომივიდა, როცა თითქმის სრულიად ცარიელ დარბაზში დაახლოებით ჩემხელა ბიჭებმა, მთელი სეანსის დროს მზესუმზირას რომ აკნატუნებდნენ, ხორხოცი ატეხეს კაბირიას სიტყვებზე: „მომკალი, აღარ მინდა ცხოვრება“

იმ დღიდან ამ ორმა ხატმა - ეკრანმა და მაყურებელმა მთელი ჩემი ცხოვრების წესზე, „პირად ისტორიაზე“, ე.ი. ბიოგრაფიაზე იმოქმედა. მას შემდეგ ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით - ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები - რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა.

ამ ცრემლის ისტორია - თაობის ისტორიაა, იმ თაობისა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და „ოტტეპელის“ დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და „პერესტროიკის“ ხანაში დაიწყო მუშაობა... მერე კი დაიშალა, დანაწევრდა - სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევით და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით.

კინოს მოყვარულები ცნობილი „ვუაირესტები“ რომ არიან, ამას უკვე თავად აღიარებენ. ჩვენ ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე ცხოვრება. დაკვირვება, ცქერა და თვალთვალი მთელ ქვეყანას გვირჩევნია. ჩვენ თითქოს არა ვართ ამ ქვეყანაზე, არ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესებში. მხოლოდ ვაკვირდებით... და ვითომ რატომ არ უნდა მოინდომოს კაცმა, დაწეროს ერთი წიგნი მაინც იმაზე, რაც ნახა და რასაც დააკვირდა.

მაგრამ ჩვენს შორის ისეთი ხალხიც ბევრია, ვისაც არა აქვს გამრავლებისა და ტირაჟირების სურვილი. ჩვენ არ გვსურს „სახელის დატოვება“, ჩვენ არ გვინდა საყვარელმა საქმემ „ეგო მოგვფხანოს“. შეიძლება ეს სულაც არ არის თავმდაბლობა, შეიძლება, პირიქით, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, კრიტიკის შიში და ფარული ნარცისიზმიც იყოს. ყოველ შემთხვევაში, გული მიგრძნობს, რომ არის ამ პრინციპულობაში რაღაც ამპარტავნული. თუკი აირჩიე კრიტიკოსის, მოსამართლის პროფესია, კეთილი ინებე და კრიტიკაც აიტანე, გაიგე, ბოლოს და ბოლოს, რომ გვერდიდან შეიძლება სულ სხვანაირი იყო, ვიდრე სარკეში.

ჟურნალი და ჟურნალში გამოქვეყნებული წერილების ციკლი - კარგი გამოსავალია. ჟურნალი - წიგნი არ არის. წერილების ციკლში ერთი ნომერიც რომ გამოტოვო, „სერიალს“ ვეღარ შეაფასებ.

ეს სერიალი იქნება - „ცრემლიანი სათვალე“... საპნის ოპერა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოზე და იმ ფილმებზე, რომელზედაც ჩვენ, ტირაჟირებისა და ავტოგრაფების შიშით შეპყრობილ თაობას გვეტირებოდა.

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

13 HANNA SCHYGULLA

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნესტან კვინიკაძე

დავით მესხის ფოტორეპორტაჟი პომპიდუს ცენტრიდან; „.. ფასბინდერის
რეტროსპექტივა

0x01 graphic

ვერ გადავეჩვიე ერთ უჩვეულო ახირებას - წერას რაინერ ვერნერ ფასბინდერის შესახებ. არ ვიცი, ეს ჩემი საყვარელი რეჟისორი birth name-ით რომ მოვიხსენიო, შევცვლი რაიმეს? კაი, იყოს - ბად ვიორისჰოფენი.

რატომ ავიჩემე და იმიტომ, რომ მას არასოდეს უთქვამს ის, რისი გაგონებაც მსურდა; კიდევ იმიტომ, რომ პატარა ადამიანებშიც პოულობდა ვეებერთელა გრძნობებს; არ ეძინა ღამით და 44 ფილმი, რამდენიმე სპექტაკლი, უამრავი პიესა, მუსიკალური კომპოზიცია და როლები შექმნა; იმიტომ, რომ გერმანული კინოს ლიდერი, უტოპიას ანარქიით ებრძოდა, იმ ანარქიით კი არა ტერორიზმს, ან ცხოვრებას ტკივილის გარეშე რომ მოიაზრებს, - ყველა ადამიანმა საკუთარი თავი უნდა იპოვოსო, - ამბობდა. ეძებდა ცხვრების ახლებურ ფორმას და ყოველი ფილმის დასასრული ამ მთავარის პოვნა იყო კიდეც. ვერ ვეშვები იმიტომ, რომ ივნისი იყო ბოლო თვე მის ცხოვრებაში, - 1982 წელს 36 წლის ბად ვიორისჰოფენი ნარკოტიკებზე ჭარბად მიღებული ალკოჰოლის შედეგად, მოციმციმე ეკრანის წინ გარდაიცვალა. ამბობენ, ფეხებთან უკვე დასრულებული სცენარი ეგდო - „როზა ლუქსემბურგი“. ამბობდნენ იმასაც, რომ მთავარი როლი რომი შნაიდერს უნდა ეთამაშა.

კიდევ ბევრ რამეს ამბობდნენ გერმანელი „კინო-ევერესტის“ სიკვდილით დამწუხრებულ გერმანიაში, რომელსაც, იმავდროულად, სიმშვიდე დაეტყო, - ბუნებრივია, აღარ არის ფასბინდერი: მებრძოლი, უკომპრომისო და ერთადერთი მამხილებელი. ის აღარ მონაწილეობს ცხოვრებაში, რაც ნიშნავს: ახლა, მის შესახებ დაწერილი ასი და ათასი ისტორია ვერაფერს

დააკლებს მსოფლიო სირცხვილიდან რამდენიმე ათეული წლის წინ თავდაღწეულ გერმანიას.

მე კი, მაინც მინდა დავწერო... მაგრამ ამჯერად, ამ ფურცლებს დავუთმობ ქალბატონს, რომელიც გამუდმებით ანგრევდა სტერეოტიპს, რომ რაინერი ჰომოსექსუალი იყო. მის გვერდით იყო ჰანა შიგულა - მისი აღმოჩენა, მუზა და მისი ლილი მარლენი.

გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში 1944 წელს დაბადებული ჰანა შიგულა, ენებისა და ლიტერატურის შესასწავლად მიუნხენის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე აბარებს. მოგვიანებით, მსახიობობით გატაცებული, მიუნხენის დრამის სკოლაში გადადის, სადაც მსახიობს, რეჟისორს და მწერალს - რაინერ ვერნერ ფასბინდერს გაიცნობს.

ეს აბზაცი ფასბინდერს რომ წაეკითხა, აუცილებლად იტყოდა - I don't like this. It's too natural, too normal...

ასე რომ, თავიდან... ვარ შვაბინგში, ტურკენშტრასეზე, ყავახანაში. იდეალური განათება და ხეში ჩასმული ოთახი. ხელს არ ვაშორებ ჭიქას, რომელშიც ყავა ცხელია. ვეწევი საოცრად ბევრს. გაშტერებული ვუყურებ გოგონას, რომელიც ხვეული თმით და მოკლე, ჭრელი სარაფნით, უკვე სამი საათია, რაც მუსიკალური ავტომატის წინ ცეკვავს. მზერა გადამაქვს ბიჭზე, რომელიც სვამს ლუდს და საათობით უცქერის ხვეულთმიანს.

აქ ყოველდღე მოვდივარ - აშკარად გამოცდილების დასაგროვებლად. მეცხრე დღეა, რაც არფერი იცვლება, გარდა ხვეულთმიანი გოგონას სამოსისა.

0x01 graphic

დღეს, მაგალითად, ეს წყვილი ჩემს მოპირდაპირე მაგიდაზე ზის. გოგონას აცვია უმოკლესი ჯინსის სარაფანი, ვხედავ მის თეთრ საცვალს და ნერწყვი მიშრება. გოგონას თვალს არ აშორებს დაახლოებით ოცდაათი წლის ბიჭი, თუ კაცი?! - რაღაცას უხსნის ან უმტკიცებს. თეთრსაცვლიანი კი, გასაოცარი ინფანტილურობით, ამარცხებს წვერებიან ბავარიელს.

ეს გოგონა ჰანა შიგულა იყო, ბიჭი კი, რომელიც თვალს ვერ წყვეტდა ხვეულთმიანს - რაინერი. ასეთი დაამახსოვრდა პირველად ნანახი შესანიშნავი წყვილი რეჟისორ ვიმ ვენდერსს. მაგრამ სულ სულ თავიდან როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?!

პირველად, დრამის სკოლაში შეხვდნენ. რაინერს უხეში სახის კანი ჰქონდა, ძალიან მორცხვი და, იმავდროულად, ამაყი ჩანდა. თვალებში მტაცებლურს და სათუთს ერთდროულად ამოიკითხავდი.

ჰანა ამ სკოლაში შემთხვევით მოხვდა: უნივერსიტეტი მობეზრდა, ვიღაცამ სამსახიობო გაკვეთილების შესახებ გაბრწყინებული თვალებით უამბო და... მსახიობობა? რატომაც არა!

რაინერი ამ სკოლაში მას შემდეგ მოხვდა, რაც კინოაკადემიის მისაღებ გამოცდებზე ჩაიჭრა (ჩემს ფასბინდეროლოგიის უნიკალურ არქივში, ამ გამოცდებზე ფასბინდერის მიერ შევსებული ტესტები, პასუხები და დავალებებიც ინახება. ოდესმე ამასაც გამოვაჩენ).

0x01 graphic

მან ყოველთვის იცოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფილმებს გადაიღებდა, აქედან გამომდინარე, სხვა გზით უნდა მიეღო განათლება: დღეში სამჯერ კინოში სიარულით და სამსახიობო ხელოვნების დაუფლების მეშვეობით. თან, ამის უდიდესი ნიჭი ჰქონდა ისევე, როგორც სხვა დანარჩენში.

იმთავითვე შეეწყვნენ ერთმანეთს. ფასბინდერისეულ „სამგროშიან ოპერაში“, რომელიც ბავარიული დიალექტით თამაშდებოდა, ჰანას პოლის როლი ერგო, რაინერი კი მექი მესეს თამაშობდა. „სცენაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოვჩნდით, ჩვენ ერთმანეთს ფიზიკურად ვეხებოდით... ის მიზიდავს და მეც მის მკლავებში ვექცევი, შემდეგ ხელს მკრავს და მე უკან ვიხევ, ვეშვები მუხლებზე... ვითიშები... სხვადასხვა მხარეს ვიყურებით - სივრცეს ვაშტერდებით. აბსოლუტურად განსხვავებული ჟესტების ანბანი, - ჟესტები, რომლებიც ერთდროულად გამოხატავენ განშორებას და ერთად ყოფნას“.

პირველი შეხვედრისთანავე, მათი ურთიერთობა „წრიული“ ხასითის იყო. როდესაც დრამის სკოლაში ჰანამ პირველად მოჰკრა თვალი რაინერს, გაიფიქრა, „ამას ნამდვილად არ მოვეწონები“. მერე, როდესაც მეგობრისგან შეიტყო, რომ რაინერი ჰანას თამაშით აღფრთოვანებული დარჩა, ახალბედა არტისტისთვის ეს ძნელი დასაჯერებელი იყო.

დრამის სკოლაში ჰანას დებიუტი გოეთეს „არჩევითი ნათესაობა“ იყო, პიესა ჰანას ძველმოდურად ეჩვენებოდა. თამაშობდა შეყვარებულ დას, რომელიც გამუდმებით ქარგავდა და ამით ცდილობდა ძმის მიმართ სიყვარული დაემალა.

„გაკვირვებული დავრჩი, როგორ მოახდინა ამან რაინერზე შთაბეჭდილება, ის ხომ რევოლუციური სულის პატრონია?!“

გარკვეული დროის შემდეგ, ჰანა დრამის სკოლას ნაადრევად ტოვებს: „მოკლე ხანი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი - არაფერი მესაქმება მსახიობობასთან“. მას არც რაინერის ფაქტორი აფერხებდა, რადგან ვერც კი წარმოედგინა, თუ რა როლს შეასრულებდა ახალგაზრდა ბიჭი მის ცხოვრებაში. თან, რაინერისაგან გაგებული ჰქონდა, „თხის რქებთან“ არანაირი საერთოს ქონა არ მსურსო, - ყველაზე აუტანელი ადამიანები არიანო. და ჰანამ, როგორც „თხის რქამ“, დატოვა სკოლა.

ერთი წლის შემდეგ, რაინერი, რომელმაც ასევე დატოვა დრამის სკოლა, ჰანა შიგულას ძებნას იწყებს. ანდერგრაუნდის თეატრისგან გამიჯნული, სპექტაკლების დადგმას იწყებს. ბედი თუ შემთხვევა... მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ავად ხდება და რაინერს ახსენდება შიგულა.

ერთი ჩვეულებრივი დილა იყო. ჰანამ საფოსტო ყუთი გახსნა, წერილი ამოიღო და ტექსტი ჩაიკითხა: გინდა ანტიგონეს თამაში? პრემიერა ორ დღეშია. მოდი მიულენშტრასეზე, კინოში. გელოდები. რაინერი“.

ასე დაიწყო ლეგენდა, 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წყვილის შესახებ.

გაჩნდა ჯგუფი, „ანტითეატრის“ სახელწოდებით, - ერთად ცხოვრება: საერთო ლოგინები და სამოსი, პიესები და სცენა.

0x01 graphic

მხოლოდ 13 წლის შემდეგ იტყვის ფასბინდერი - მე საოცარი ინტუიცია მაქვს, სკოლაში დანახვისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ფილმების ვარსკვლავად იქცეოდიო... თუმცა იტყვის არა პირდაპირ, არამედ ირიბად, წერილებით...

„მეც დასაწყისშივე ვგრძნობდი, რომ ის ჩემი რეჟისორი იყო“, - ამბობს ჰანა.

არა იმიტომ, რომ მათ ბევრი საერთო ჰქონდათ; პირიქით, მათი შეხედულება სრულიად განსხვავდებოდა, ყველაფერზე - სიამოვნებებზეც კი. მუდმივი კონტრასტების ძიება... ისინი გამუდმებით მსჯელობდნენ, რა იყო საერთო, რა მიჯნავდა, რა აცალკევებდა მათ. „მე არასოდეს მიკითხავს მისთვის, რატომ არის სიყვარული სიკვდილზე უფრო ცივი? („სიყვარული სიკვდილზე უფრო ცივია“ - რეჟ. რ.ვ. ფასბინდერი, 1969 წელი). მე ხომ აბსოლუტურად განსხვავებული აზრი მქონდა... მისი რეჟისურა განმარტებებისა და დისკუსიების გარეშე მიმდინარეობდა. ყველაფერში ქარიზმა იგრძნობოდა.

0x01 graphic

ჰანა შიგულა მთავარი როლებით გათამამებული იყო, მაგრამ ფასბინდერის ფილმებში ის პატარა, ეპიზოდური როლებითაც ჩნდებოდა, რომ წამიერი, მაგრამ განუმეორებელი მზერა მოევლო მაყურებლისთვის. შესაძლოა, ეს მხოლოდ რეჟისორისთვის იყო აუცილებელი, რადგან პირველად სწორედ მას აღმოეჩინა ჰანაში ამოუწურავი რაოდენობის იმიჯი: ხან მიმზიდველი, გამაოგნებელი მზერის მქონე გამყიდველი გოგონა - მარია; ხან ენერგიული, ეროტიული კარენი ფილმში „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“; მოხუცი ბარონის ცოლი - ახალგაზრდა ოფიცერი რომ შეუყვარდება, - ეს „ეფფი ბრისტში“ იყო, რამაც უდიდესი კომერციული მოგება მოიტანა. ყველა გაზეთი და ჟურნალი ჰანას ფოტოებით იყო აჭრელებული. შიგულას და ფასბინდერს ეროვნული გმირების სახელით მოიხსენიებდნენ.

მართალია, ჰანამ ამ როლის შექმნისას რაინერის თითოეული მითითება გაითვალისწინა და უდიდესი აღიარებაც მოიპოვა, მაგრამ შინაგანად მაინც არ ეთანხმებოდა საზოგადოებრივ აზრს. განუმეორებელ ჰანა შიგულას გაუსაძლისი დისკომფორტი ექმნება და ის კინოდან მიდის.

უნივერსიტეტს თავშეფარებული, დიპლომის წერას იწყებს... თუმცა „კინოთი მოწამლული“ მალევე ხვდება, რომ სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. მაგრამ კინოში დასაბრუნებლად ჰანას პირველი ნაბიჯი არ გადაუდგამს, - ამ შემთხვევაშიც ფასბინდერმა იჩქარა და ძვირფას არტისტს ახალი სცენარი „მარია ბრაუნის ქორწინება“ გაუგზავნა.

ამ დროისთვის მასში უკვე მომწიფებული იყო მარია ბრაუნი. ქალი, რომელიც ისეთი თვალებით გამოიხედავდა ეკრანიდან, რომ მთელი სამყაროსთვის, ერთსა და იმავე დროს, მომაჯადოებელი და გულგრილი იქნებოდა ეს მზერა. ამას მაყურებელი „ვერ უძლებდა“, უფრო მეტად კი ვერ უძლებდა გერმანია, რომელსაც სინამდვილეში ეძღვნებოდა კიდეც ეს ფილმი. 1979 წელს „მარია ბრაუნმა“ ბერლინის კინოფესტივალის ჯილდო მიიღო. „მესამე თაობისა“ და „ბერლინი, ალექსანდერპლაცის“ შემდეგ, ჰანა შიგულას კიდევ ერთი ტრიუმფი ელოდა - „ლილი მარლენი“. სფინქსის გამომეტყველებით, XX საუკუნის ყველაზე ცნობილი სიმღერის შემსრულებელი, მსოფლიო კინოვარსკვლავების რიცხვში ჩაეწერა. მას ხან გრეტა გარბოს, ხანაც მარლენ დიტრიხს ადარებდნენ. თუმცა ჰანა შიგულა ყოველთვის მოკლებული იყო ხმაურიან რეკლამას. დასავლეთ გერმანელი რეჟისორი ამერიკული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს არ ჰგავდა. ამიტომ მისი ცხოვრების შესახებ არასოდეს აუტეხავთ მითქმა-მოთქმა. ლოგიკურია, ჯადოქრობაში დახელოვნებულებს სულ სხვა გეგმები ჰქონდათ.

ფასბინდერის გამოჩენისას, ხალხი ჩურჩულს იწყებდა: ნახე ჯადოქარი მოდის! ნეტა, კარგ ხასიათზე იყოს და არ დასჭირდეს ადრენალინი.

„მისთვის თამაშს არაფერი სჯობს. იმ შემთხვევაში კი, როცა თვითონაა მსახიობის ამპლუაში, კამერის და მსახიობის პოზიციას ერთდროულად იკავებს. ამ გზით ის ხვეწს წარმოდგენებს - იმას, რაც თავში აქვს, უფრო სწორად იმას, რაც მეტწილად ესკიზებში, პატარა შავ-თეთრ ნახატებშია გაფანტული.

„ჩვენ მისი მარიონეტები ვართ, იქ ყველაფერი მისი სურვილისამებრ ხდება, მაგრამ მას შეუძლია, ინდივიდუალური მოქმედებისკენ გვიბიძგოს... მისი რეპლიკები? - რამდენიც გნებავთ: ერთხელაც, თუ შეიძლება... ეს ჩემთვის ძალიან უტრირებული... ან პირიქით, - არ მომწონს, ეს მეტისმეტად ბუნებრივია, ძალიან ნორმალურია... ჟანა მოროს მარტივად ეუბნება - უბრალოდ, იყავი ბრწყინვალე“.

თავიდან, გადაღებებზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ბედნიერი ბავშვივით დახტოდა ხოლმე. მოგვიანებით, გულგრილი, მტაცებლური მზერა გაუხდა; მზერა - იმპერატორის, საკუთარ თავს ფუფუნების ნებას რომ აძლევს. ასეთ დროს თვალწინ ზღვარს გადასული ფანტაზიები ლივლივებს.

რა თქმა უნდა, რაინერმა ცხოვრებას კინო ჩაანაცვლა, რასაც „სიგიჟის ფორმას“ უწოდებდა. ფილმის მერე, კვლავ ფილმს აკეთებდა, ნონსტოპ... გამუდმებით მოულოდნელობის მონატრება და საკუთარი სიკვდილის საიდუმლო...

ყველასთვის მოულოდნელად, 1982 წელს 70-იანი წლების ჯადოსნური წყვილის ურთიერთობა უეცრად შეწყდა. ის აღარ იყო.

„არ ვიცი, - ასეთი ახალგაზრდა იმიტომ მოკვდა, რომ არანორმალურად ისწრაფვოდა, თუ ასე იმიტომ ისწრაფვოდა, რომ ახალგაზრდა უნდა მომკვდარიყო?“ - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს მარია ბრაუნის, ლილი მარლენის, კარენის და კიდევ უამრავი „წმინდა დამნაშავე“ ქალის როლის შემსრულებელს, ეროტიული საწყისის განსახიერებას, ჰანა შიგულას, რომელსაც ფასბინდერის გარდაცვალების შემდეგ, მართალია ჰქონდა როლები ვიმ ვენდერსის, ფოლკერ შლონდორფის, ჟან ლიუკ გოდარისა თუ ანჟეი ვაიდას ფილმებში; ჰქონდა 20-ზე მეტი დაუვიწყარი კინოროლი; ჰქონდა ბერლინალესა და კანის ფესტივალებზე მოპოვებული ჯილდოები - ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. იყო ლეგენდები და მითები; ჰქონდა სახელი და აღიარება, ჰყავდა უერთგულესი თაყვანისმცემლები; ჰქონდა ელიტური კინომსახიობის წოდება. მას მუდამ ფასბინდერთან აიგივებდნენ, მაგრამ ის აღარ იყო, რაინერი... ურთულეს როლებს რომ ანდობდა შესანიშნავ ქალს და წლიდან წლამდე, მსოფლიო კინოს რადიკალურად განსხვავებულ კინოსახეებს სთავაზობდა. მხოლოდ აქ, რაინერის ფილმებში იხსნებოდა ჰანას საიდუმლო, სურვილი და პოტენცია. მიუხედავად იმისა, რომ ფასბინდერმა ქალების მთელი ერთი თაობა აღზარდა, რატომღაც მხოლოდ ჰანა იქცა მისი შემოქმედების სიმბოლოდ. ფაქტია: რაინერის მაგიის ცენტრში ერთადერთი ქალი იდგა - ფრაუ შიგულა.

0x01 graphic

ჰანას ცხოვრება ამასობაში too normal გამხდარიყო. მას მოემატა წლები, თუმცა, როგორც ყველა ლამაზმანი, ის, ასაკოვანიც სავსეა დამანგრეველი ენერგიით. მაგრამ რაღაც აკლია თითქოს... მძაფრდება ინტერესი მისი ცხოვრებისეული დეტალების მიმართ. მაგრამ, როგორც იტყვიან, არ არის საჭირო ბევრი იკითხო „მათი“ ცხოვრების შესახებ, უმჯობესია ნახო! ამ შემთხვევაში კი, სჯობს, ნახო ფასბინდერის კინო, 44 ფილმი და 44-ჯერ 44 მილიონი შთაბეჭდილება; კინო, სადაც ჰანა შიგულა ჯადოქარის „30 ცოლიდან“ მაინც ყველაზე საყვარელი და განყენებულია.

რა ხდება სულში ასეთ დროს, არავინ იცის; მით უმეტეს, იმ ქალის სულის სიღრმეში, რომელსაც წლების მომატებასთან ერთად, სულ უფრო დიდი საიდუმლო დაეტყო სახეზე. ვერც იმ ჯადოქრის სულის საიდუმლო ამოიცნეს, - a man who died much too young.

14 ნოველები

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ერლომ ახვლედიანი
ილუსტრაცია: გიო სუმბაძე

გამომგონებელი კაცის ამბავი

გამომგონებელი კაცი იყო. ყველაფერს იგონებდა. იგონებდა იმას, რაც ჯერ არ გამოუგონებიათ და იმასაც იგონებდა, რაც უკვე დიდი ხანია გამოიგონეს. იგონებდა იმას, რაც არ ღირდა გამოგონებად და იმასაც იგონებდა, რისი გამოგონებაც შეუძლებელია.

ერთობ გამოუსწორებელი კაცი იყო გამომგონებელი კაცი. ჯერ იყო და თავისი თავი გამოიგონა. შემდეგ ერთი მთა გამოიგონა და მთის ძირას ერთი ქოხი გამოიგონა. შემდეგ მშვიდი ცხოვრება გამოიგონა და მთის ძირას ერთი ქოხი რომ გამოიგონა, იქ დაიწყო ცხოვრება.

სხვებმა გაიგეს გამომგონებელი კაცის არსებობა, მივიდნენ, თხოვეს მას, ჩვენც გამოგვიგონეო, და გამომგონებელმა კაცმა ყველა ჩვენ გამოგვიგონა.

ბოლოს მან უსასრულო გზა გამოიგონა და მას დაადგა.

ერთი კაცის ამბავი

ერთი კაცი იყო და სადარდელიც ერთი ჰქონდა - ერთი რატომა ვარო. ხან აქეთ ეცა - მაინც ერთი იყო. ხან იქით ეცა - ერთი იყო და ერთი.

სხვები ამშვიდებდნენ - რა გადარდებს, კაცო?! განა ყველა თითო-თითო არა ვართო?!

- არაო, უპასუხებდა - ამდენი კაცია ქვეყნად, რამდენიც გინდათ იმდენი, და, ნუთუ, ჩემს გარდა, არცერთი იმათგანი არა ვარ მეო.

გაუდგა გზას - იქნებ მეორეც ვიყოო.

ოცნებობდა: ერთი რომ ცას შევხედავდი, მეორე მიწას ჩავაშტერდებოდიო; ერთი რომ ვიმღერებდი, მეორე ვიცეკვებდიო; ერთს რომ მეტკინებოდა, მეორე ვიქნებოდიო; ერთი რომ მოვკვდებოდი, მეორე დავრჩებოდიო...

დაიღალა და ჩაეძინა.

ესიზმრა: მის გარდა ყველა თვითონ იყო.

შეშინებულს გამოეღვიძა და საჩქაროდ დაბრუნდა თავის სოფელში.

0x01 graphic

უბედური კაცის ამბავი

უბედური კაცი იყო. უბედურზე უბედური და კიდევ უფრო უბედური.

ახლობლები მივიდნენ და ჰკითხეს - როგორა ხარო?

- რაღა როგორა ვარო, - უპასუხა უბედურმა კაცმა, - ერთი მამალი მყავს. დილით გავიღვიძებ, მგონია ჩემით გამოვიღვიძე, თურმე იმ მამალს არ გამოვუღვიძებივარ?! ავდგები და დავკლავ. სადილს მოვამზადებ, შევჭამ... მომბეზრდა სულ მუდამ ქათმის ხორცი.

- მართლა უბედური კაცი ყოფილხარო - ამშვიდებდნენ ახლობლები.

ახლა ნაცნობები მოვიდნენ და ჰკითხეს - როგორა ხარო?

- როგორ ვიქნები, - ამოიოხრა უბედურმა კაცმა - ერთი თხა მყავს. ძალზე შემაწუხა. ყოველ დილით ვყიდი და ყოველ საღამოს მიბრუნდება. აი, ხომ ხედავთ, ახლაც მოდის. ვერ იქნა და ვერ მოვიშორე.

- მართლა უბედური კაცი ყოფილხარო, - თქვეს ნაცნობებმა და წავიდნენ.

მოვიდნენ სხვები, სულ უცნობები. მათ გაეგონათ უბედური კაცის უბედურების ამბავი და ამიტომ მოსულიყვნენ.

- როგორა ხარო? - ჰკითხეს.

- ეჰ - ხელი ჩაიქნია უბედურმა კაცმა, - ერთი ცოლი მყავს. ძალზე ვუყვარვარ. ძალზე მიყვარს. მაგრამ კაცნი ვართ და მხოლოდ სიყვარულზე ცხოვრება ვის აუგია. წავიყვან, წყალში გადავაგდებ, დილას გავიღვიძებ და რას ვხედავ - გვერდით მიწევს და მეალერსება. კიდევ უფრო ვუყვარვარ და კიდევ უფრო მიყვარს... ყოველდღე ამ გასაჭირში ვარ და შემდეგ კიდევ, ვისაც არ ეზარება, მოდის და მეკითხება - როგორა ხარო... გულს მიღონებენ, დარდს მახსენებენ...

მარტოხელა კაცის ამბავი

მარტოხელა კაცი იყო. ერთ მშვენიერ დღეს შინ ერთი მამალი მიუვიდა.

მეზობელმა ჰკითხა: როგორია შენი მამალიო.

ამ კაცმა უპასუხა: კარგიაო. დილას მაღვიძებს და სამუშაოზე აღარ მაგვიანდებაო.

სხვა მეზობელმა ჰკითხა: რასა იქმს შენი მამალიო.

- ასეთი მამალი არსად იქნებაო, - უპასუხა, - შინ როცა ვბრუნდები, გემრიელ კერძებს მახვედრებსო.

- მამალი როგორა გყავსო? - ჰკითხეს.

უპასუხა: საღამოობით ჩონგურს უკრავს და ზედ ტკბილად ამღერებსო.

- აბა, ერთი კიდევ გვითხარი შენს მამალზეო?

- ძმაკაცი შევიძინე, ნამდვილი ძმაკაცი. ამას წინათ ჩემმა მამალმა მგლებისაგან გადამარჩინაო.

მეზობლების კითხვებს რა გამოლევს და კვლავ ჰკითხეს - როგორაა შენი მამალიო.

- რაღა როგორ არისო, - უპასუხა, - წუხელ მე და მამალმა დავლიეთ. ღვინო ბლომად გვქონდა, საჭმელი ნაკლებად. ძმაკაცობაზე მოგვივიდა დავა. წავკინკლავდით და დანებზე გავისვით ხელი... შემდეგ ცუდად მახსოვს, რა მოხდა. დილას გავიღვიძე და რას ვხედავ - თეფშზე მამლის ძვლებიღა ყრიაო.

კვლავ მარტოხელა დარჩა ის კაცი.

გულმავიწყი კაცის ამბავი

გულმავიწყი კაცი იყო. ყველაფერი ავიწყდებოდა.

ჯერ იყო და წუხანდელი სიზმარი დაავიწყდა. შემდეგ ხელ-პირის დაბანა დაავიწყდა. შემდეგ აღარ ახსოვდა, ისაუზმა თუ არა და, ყოველი შემთხვევისათვის, რამდენჯერმე ისაუზმა. შემდეგ სამსახურში წასვლა დაავიწყდა და შინ დარჩა. შემდეგ ისიც დაავიწყდა, რომ შინ დარჩა და ხელმეორედ დარჩა შინ. დაავიწყდა გულმავიწყ კაცს, ცოლი რომ ჰყავდა და მეორე ცოლი მოიყვანა. მაგრამ დაავიწყდა პირველი გაეშვა. შემდეგ ისიც დაავიწყდა, მეორე ცოლი გაეშვა და მესამე მოიყვანა.

მხოლოდ ერთხელ გაახსენდა გულმავიწყ კაცს, გულმავიწყი რომ იყო: ყველა თავისის ვალი გაახსენდა. შეწუხდა გულმავიწყი კაცი. დიდხანს იხსენებდა თავის გულმავიწყობას და როგორც იქნა, გაიხსენა. და მას კიდევ უფრო მეტი დაავიწყდა, ვიდრე იცოდა.

ბოლოს, გულმავიწყ კაცს ისიც დაავიწყდა, რომ დაიბადა და ხელახლა დაიბადა, ოღონდ ამჯერადაც გულმავიწყი დაიბადა.

ბოლოს არაფერი დარჩა დასავიწყებელი და გულმავიწყ კაცს სიცოცხლეც დაავიწყდა.

კეთილი კაცის ამბავი

კეთილი კაცი იყო. ცოლიც კეთილი ჰყავდა იმ კაცს და შვილებიც. ერთი ვირიც ჰყავდა. ვირიც კეთილი იქნებოდა, ვირად რომ არ გაჩენილიყო.

ერთხელ კეთილი კაცი ერთი სოფლიდან მეორეში უნდა გადასულიყო. შეჯდა თავის ვირზე და გაუდგა გზას.

ცოტა გზა გაიარა და შეხვდა ერთი მოხუცი. კეთილი იყო კეთილი კაცი და შესვა მოხუცი ვირზე.

ცოტა გზა გაიარა და შეხვდა ერთი ბავშვი. კეთილი იყო კეთილი კაცი და შესვა ბავშვი ვირზე.

ცოტა გზა გაიარა და შეხვდა ორი ქალი: ერთიც ლამაზი და ერთიც ულამაზო. ორივე ვირზე შესვა.

ცოტა გზა გაიარა და ხედავს: აქლემი წაქცეულა, ტვირთი გვერდზე აგდია. იქვე ზის აქლემის პატრონი და ტირის. კეთილი იყო კეთილი კაცი და აქლემი თავის ტვირთითა და აქლემის პატრონი თავისი ცრემლებით ვირზე დასვა.

ცოტა გზა გაიარა და ხედავს, გზის პირას ლოდი აგდია. კეთილი იყო კეთილი კაცი და ლოდიც ვირს აჰკიდა.

ცოტა გზაც გაიარა და ვირმა უთხრა კეთილ კაცს - კეთილო კაცო, მეც შემსვი ვირზეო.

კეთილი იყო კეთილი კაცი და ვირიც თავისი ტვირთით შესვა ვირზე.

ცოტა გზა გაიარეს და მიაღწიეს მეორე სოფელს.

ამბავი კაცისა, რომელსაც სამშობლო ძალიან უყვარს

კაცი იყო, სამშობლო ძალიან უყვარდა.

ჰკითხეს: მაინც როგორ გიყვარს სამშობლოო?

უპასუხა: ძალიან მიყვარსო. მისთვის რას არ მოვიმოქმედებო.

ჰკითხეს: ვთქვათ, შეიტყვე, რომ შენს მოყვასს სამშობლო შენსავით არ უყვარს. რას უზამ?

უპასუხა: სულ ნაკუწ-ნაკუწ ავქნი და ყვავ-ყორნებს გადავუყრი საჯიჯგნადაო.

ჰკითხეს: მის ლამაზ ცოლს რას უზამ?

უპასუხა: ხარჭად დავისვამო.

ჰკითხეს: მის წვრილშვილს რაღას უზამ?

უპასუხა: სტამბულს მონებად დავყიდიო.

ჰკითხეს: მის ეზო-კარს, ყანას, საქონელს და ყოველივეს, რაც მას ეკუთვნის, რას უზამ?

უპასუხა: გავუნაწილებ იმათ, რომელთაც სამშობლო ჩემსავით უყვართო.

შურიანი კაცის ამბავი

კაცი იყო შურიანი, ყველასი და ყველაფრის შურდა. შინ იყო და შური ახრჩობდა, შინიდან გავიდოდა და შური თვალებს უბნელებდა და გზა-კვალს უბნევდა.

ადგებოდა და დაწოლისა შურდა. თვალს გაახელდა და თვალის დახუჭვისა შურდა. მარჯვნივ გაიხედავდა და მარცხნივ გახედვისა შურდა. სძულდა შურიან კაცს და სიყვარულისა შურდა. უყვარდა შურიან კაცს და სიძულვილის შურდა.

დიდი შურით იყო შეპყრობილი შურიანი კაცი...

ერთხელ გადაწყვიტა, შურზე შური ეძია.

ჯერ თევზის შეშურდა და ცურვა ისწავლა.

ფრინველისა შეშურდა და ფრენა ისწავლა.

ძაღლის ერთგულებისა შეშურდა და ძაღლივით ერთგული გახდა.

ცხვრის თვინიერებისა შეშურდა და ცხვარივით თვინიერი გახდა.

ბოლოს ხის შეშურდა, ერთ ადგილზე რომ იდგა და რომ მას მაგრილობელი ჩრდილი ჰქონდა და რომ მას ნაყოფი ჰქონდა და რომ მისის ფოთლები შრიალებდნენ და რომ მის ტოტებზე ფრინველები ისვენებდნენ და ბუდეებს თხზავდნენ. და შინიდან გავიდა შურიანი კაცი.

ბევრი იარა, მრავალი მწვანედ შეფოთლილი კორდი გადაიარა და, ბოლოს, მონახა მწირი, ხრიოკი ადგილი, ერთიც მოხედა თავის განვლილ გზას და დადგა. დადგა და მიწაში ფესვები გაიდგა. მერე მარადმწვანე ფოთლებით შეიმოსა, ხოლო ნაყოფად ზეთისხილი მოისხა. ახლაც იქა დგას შურისგან დამცხრალი კაცი. დგას და შრიალებს.

0x01 graphic

დღეგრძელი კაცის ამბავი

ნუ ზრუნავთ ხვალისთვის,
რამეთუ ხვალემან იზრუნოს
თავისა თვისისა. კმა არს
დღისა მის სიბოროტე
თვისი.

მათე 6,34

კაცი იყო, ღამით მპარავმა ხვალინდელი დღე მოპარა.

დადარდიანდა კაცი, რადგან ხვალინდელ დღეს გაჰყვა ხვალინდელი მზის ამოსვლა და ხვალინდელი მაღალი შუადღე, ხვალინდელი მშვიდი საღამო და ხვალინდელი ღამე, დამშვენებული სავსე მთვარითა და მოციმციმე ვარსკვლავებით.

ხვალინდელ დღეს გაჰყვა იმედი ხვალინდელი დღისა. ოცნება ხვალინდელ დღეზე. დღევანდელი დღის მოგონება ხვალ და ყველა სიხარული და სიტკბოება განვლილ დღეთა ნაყოფსა ზედა.

ხვალინდელ დღეს გაჰყვა მისთვის განკუთვნილი მომავლის დღეები.

დარჩა კაცი დღევანდელი დღის ანაბარა.

სისხამ დილით წამოდგა კაცი სარეცელიდან, დახედა ტკბილ ძილში ჩაფლულ თავის ცოლ-შვილს, დღევანდელი დღის სანთელი დაანთო და შინიდან გამოვიდა.

დღევანდელი დღის მზე ამოდიოდა. კაცის უკანასკნელი ამომავალი მზე...

და შეუდგა კაცი დღევანდელ დღეს:

ძაღლს მიეფერა;

საქონელი სოფლის ნახირს გააყოლა;

ეზო მოიარა, გარღვეული ღობე შეავსო, დადაბლებული აამაღლა;

ვენახი გასხლა;

ხეებს ხმელი ტოტები მოაშორა;

უფროსი ვაჟი დაასაქმა;

შუათანა დატუქსა;

უმცროსს ენა მოუჩლიქა;

ცოლს თვალი აარიდა;

მეზობელს გადასძახა; მეზობელმაც გადმოსძახა.

დასაბარი დაბარა. გასათოხნი გათოხნა. დასამყნობი დაამყნო. დასათესი დათესა. მოსამკელი მოიმკო.

დასამარხი დამარხა. გასაცემი გასცა.

ვალი გაისტუმრა.

დადგა შუადღე.

კაცი ხის ჩრდილში ჩამოჯდა დასასვენებლად.

მოსაგონი მოაგონდა. დასავიწყებელი დაივიწყა. მოსანანიებელი მოინანია. სიხარულმა გაახარა. მწუხარებამ დაამწუხრა. შიშმა შეაშინა. სიცივემ შეამცივნა. სითბომ გაათბო.

წამით გაუელვა, ხვალინდელი დღე რომ აღარ ჰქონდა და ნაღველი მოაწვა.

მყისვე წამოდგა, წამოიმართა.

ხოლო მერე:

უფროსი ვაჟი შეაქო;

შუათანა დაასაქმა;

უმცროსს ამჯერადაც ენა ამოუჩლიქა;

ცოლს მოუალერსა;

ზამთრისათვის შეშა დააპო;

დგებოდა საღამო;

აყეფდა ძაღლი;

სოფლის ნახირი შინ ბრუნდებოდა...

მის ეზო-კარს დამაშვრალი, მშიერ-მწყურვალი მგზავრი მოადგა არგნით ხელში.

შეიპატიჟა. უმასპინძლა. ბუხარი დაუნთო. ფეხები დააბანინა. პური აჭამა. ღვინო ასვა.

წაიღიღინეს. წაიმღერეს.

სტუმარი წამოდგა. წასვლა ინება.

მთელი ჯალაბი სტუმრის გასაცილებლად აივანზე გამოეფინა...

დღევანდელი დღის მზე არ ჩასულიყო.

მოსულიყო წვიმა და წასულიყო წვიმა და ცა ცისარტყელით დამშვენებულიყო.

დამდგარიყო მაღალი შუადღე, თავისი მაგრილებელი ჩრდილებითა და მაცოცხლებელი ნიავით და რა წასულიყო.

დამდგარიყო მშვიდი საღამო და გალობდა შაშვი.

მერე სავსე მთვარეც ამოსულიყო და ციმციმებდნენ ვარსკვლავები.

მგზავრი არგნით ხელში თავის გზას მიუყვებოდა დასავლეთისაკენ...

დღევანდელი დღის სანთელი არ ჩამქრალიყო.

ამბავი კაცისა, რომელმაც კარგად ივაჭრა

ჩვენს სოფელში ერთი ჩვენი მოგვარე კაცი ცხოვრობდა. ადრე ამ კაცს ერთი მცირე კარ-მიდამო ჰქონდა ტყრუშული ღობით შემორაგული. ვენახი და ხეხილის ბაღი გაეშენებინა. ეზოს ერთ კუთხეში ჭა გაეთხარა, რომელშიც მუდამ ცივი და ანკარა წყალი ედგა. ეზოში შინაური ფრინველები და ცხოველები მრავლად დაუდიოდა, ხოლო ბომბორა ძაღლი ამ კარმიდამოს ერთგულად დარაჯობდა.

დილიდან, ეზოში მზის პირველი სხივი ჩამოვარდებოდა თუ არა, კაცი საქმეს შეუდგებოდა და საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობდა.

ხოლო საღამოს, შრომისგან დაღლილ-დამაშვრალი კაცი და მისი ცოლ-შვილი კერიასთან მომყუდროვდებოდნენ და ტკბილად, ხმაშეწყობილად მღეროდნენ.

ღამღამობით კი, როცა ყველას მშვიდად ეძინა, კაცი შორეულ ვარსკვლავებს ესაუბრებოდა. იქვე, ახლოს, გალობდა შაშვი.

ერთი სიტყვით, ჩვენს მოგვარე კაცს, თავისი კარ-მიდამო ჭირადაც ჰყოფნიდა და ლხინადაც.

მაგრამ ერთხელ, ალბათ, ბედი კარს მოადგა, ამ კაცმა თავისი მამული ერთიანად გაყიდა; გაყიდა ვაზიც და ხეხილის ბაღიც; ჭის ცივი და ანკარა წყალიც და ხასხასა მოლიც ქოხის წინ, სადაც შინაური ცხოველები და ფრინველები დაუდიოდა; გაყიდა თავისი ერთგული ძაღლიც; გაყიდა ეზოს ღამის ცა მოსაუბრე ვარსკვლავებითურთ... და შაშვის გალობაც გაყიდა.

სამაგიეროდ, აღებული თანხით ნახევარი სოფელი მოივაჭრა. მაგრამ საოცარი ის იყო, რომ მისი პატარა მამულიც იმ ნახევარ სოფელში აღმოჩნდა.

სათემოდ ყველანი ვკიცხავდით ჩვენს მოგვარე კაცს, მაგრამ გულში გვშურდა მისი და შემთხვევა რომ მოგვცემოდა, ამგვარი პირობით უყოყმანოდ დავყიდიდით ჩვენ-ჩვენს მამულებს.

ერთი კი არის, ამ კაცს სიკვდილამდე ერთხელაც არ მოუნახულებია თავისი მამაპაპისეული ეზო-კარი, რადგან გაყიდა იგი...

და ერთხელაც აღარ აუხედავს ცისკენ ვარსკვლავებთან სასაუბროდ.

მეოცნებე კაცის ამბავი

კაცი იყო, გამოუსწორებელი მეოცნებე...

სავსე ოჯახის პატრონი. რაც დაოჯახდა, მის კერაში ცეცხლი არასოდეს ჩამქრალა. ჰყავდა სათნო და ლამაზი ცოლი, შვიდი ქალ-ვაჟი.

სტუმართმოყვარე იყო, ქვრივ-ობოლთა შემწყნარებელი.

გულლმობიერი, მისგან ნაწყენი ამ სოფლად არავინ მოიძიებოდა.

ტიროდა მოტირალთა თანა და უხაროდა მოხარულთა თანა.

გამრჯე იყო, შრომისმოყვარე.

ჭამდა საკუთარი ხელით მოწეულ ნაყოფს.

ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა: ადამიანს თუ პირუტყვს; ვაზსა თუ ხეხილს; მუხასა თუ სამყურას; წვიმასა თუ ქარს; ანკარა წყაროსა თუ ხავსიან ლოდებს; განთიადსა თუ მწუხრს.

და კიდევ ჰყავდა ერთი შავ-თეთრი კატა, ოღონ აქამდე ვერ გაერკვია, შავი იყო ეს კატა თეთრი ლაქებით, თუ თეთრი იყო შავი ლაქებით.

მეოცნებე კაცი ძილის წინ სახლს დაივლიდა, მშვიდად მიძინებული ჯალაბის სუნთქვას ყურს მიუგდებდა და, მერე, თავის საწოლს მიაშურებდა, ლოგინში ჩაწვებოდა, შავ-თეთრი კატაც მის ფერხთით მოიკალათებდა და ჩაიძინებდა, ხოლო თვითონ ხელებს თავქვეშ ამოიდებდა, ჭერისაკენ აღაპყრობდა მზერას და ოცნებაში გადაეშვებოდა: ნეტა მარტო ვიყო, უთვისტომო; არავინ მიყვარდეს და არავის ვუყვარდე; სხვისი დარდი არ მადარდებდეს და სხვისი სიხარული არ მახარებდეს; გულქვა ვიყო, გაუტანელი; ცოდვას ვეტანებოდე და მით ვლაღობდე; შურისმაძიებელი ვიყო და არავის არაფერს ვპატიებდე;

ჩემი ეშინოდეთ და ძრწოდნენ ჩემს წინაშე...

და ამ ნეტარა-ოცნებაში მასაც ჩაეძინებოდა.

ამგვარად მიედინებოდა მისი ცხოვრება, ოღონდ ოცნება არა და არ უსრულდებოდა.

ამბავი კაცისა, თავი რომ დაკარგა

კაცი იყო, თავი დაკარგა...

გათენდა და კაცმაც გაიღვიძა.

დილიდანვე რაღაც სიცარიელე აჰყვა. სიზმრიდანაც ვერაფერი გამოიტანა, გარდა შიშისა და სასოწარკვეთისა.

უგემურად წაიხემსა და მაშინვე შეუდგა ძებნას, ოღონდ არ იცოდა, რას ეძებდა.

ეძებდა ოთახის ბნელ და ნათელ კუთხეებში.

ეძებდა სარკეგაცრეცილ კარადაში, ახალსა და ძველ ტანსაცმელს შორის; ეძებდა განჯინაში, გაურეცხავ და გარეცხილ თეთრეულში; ეძებდა საწოლქვეშ დაგროვილ მტვერში; ეძებდა წიგნების თაროებზე.

წიგნებში და წიგნებს შორის; ეძებდა საწერ მაგიდაზე დახვავებულ ნივთებში; ეძებდა უჯრებში - გაყვითლებულ, თაგვისაგან კიდეებდაღრღნილ ხელნაწერებში, დასტა-დასტად შეკრულ ძველ წერილებში.

ამოძრავდა მოგონებებიც და ახლა მათში დაიწყო ძებნა იმისა, რაც დაკარგა, მაგრამ ის რაღაც მოგონების მიღმა რჩებოდა.

მოწყურდა და წყალი შესვა.

იქნებ ქალის ალერსში დაკარგა, იქნებ ღალატში, ანდა სულაც ერთგულებაში.

იქნებ ქარში, ანდა წვიმაში. იქნებ მთვარიან ღამეში დაკარგა ის, რასაც ეძებდა, ანდა ვარსკვლავებს შორის.

იქნებ ამომავალი მზის, ანდა ჩამავალი მზის ფერებში ჩაიკარგა ის, რასაც ეძებდა.

რაღაც ჰანგები აჟღერდა მასში, რაღაც სიმღერები და ახლა იქ დაუწყო ძებნა.

ხედები ხედებს ცვლიდა: მდინარის ჩაბურული ნაპირები; ველს შესეული ყაყაჩოების ჯარი; უდაბური, ურწყული, დახეთქილი მიწა; მწვანედ შეფოთლილი კორდები; ცივი, ნისლიანი მთები; ზღვა მღელვარე და ზღვა წყნარი.

ნაცნობი და უცნობი სახეები: მწუხარენი, მომღიმარნი, ჩაფიქრებულნი, პირდაპირი და ირიბი მზერით, ცოცხალნი და მკვდარნი.

წამოწვა. დაძინება სცადა. ძილი არ მიეკარა. თვალები დახუჭა და ჩაკეტა სხეული. როგორც მიტოვებული სახლი, შიდა მზერით მოიარა. რაღაცას ეძებდა, ოღონდ არ იცოდა, რას. იქნებ ტკივილს ეძებდა.

დაუნდობლად არაფერი ტკიოდა.

დადგა საღამო. ნიავი თხელ, გამჭვირვალე ფარდას არხევდა. კაცმა სავარძელი ფანჯარასთან მიდგა და ჩაფიქრდა. მერე ხელებს დახედა და ეუცხოვა ისინი.

ახლაღა მიხვდა, რომ თავი დაკარგა.

ერთხანს სავარძელში იჯდა.

მერე წამოდგა და შინიდან გავიდა.

კარი ჩარაზა.

მთელი საღამო ეძებდა კაცი თავის თავს, მთელი ღამე. ეძებდა ნაცნობ და უცნობ ქუჩებში. უკაცრიელ სანაპიროებზე. გაბრდღვიალებულ, ხალხმრავალ მოედნებზე. ყველა უმიზნოდ და ჩუმად დადიოდა აღმა-წაღმა. მხოლოდ მათი ფეხის ხმა ისმოდა.

კაცი აჰყვა ამ ბრბოს.

გაველურებულ ბაღში მოხვდა. აქა-იქ, ფოთლებს შორის, მბჟუტავი ნათურები თავის თავს ძლივს ანათებდა. ბაღშიც უამრავი ადამიანი ეძებდა თავის დაკარგულ თავს და, მათ შორის იყვნენ თავის თავისგან მიტოვებულნიც. ისინი ეძებდნენ ერთმანეთს ხელისცეცებით, სასოწარკვეთილი შეძახილებით, ოხვრითა და კვნესით.

ნელ-ნელა უჩინარდებოდნენ ადამიანები, სხეულისგან დაცლილნი და ლანდადქცეულნი სიბნელეს ერწყმოდნენ.

დაცარიელდა ბაღი და ბნელად აშრიალდნენ ფოთლები.

კაციც გამოვიდა ბაღიდან და მას ჩრდილივით აედევნა დიდი თეთრი ძაღლი.

კაცი შინ ბრუნდებოდა.

მთელი გზა სახლამდე ძაღლი მისდევდა კაცს. შეჩერდებოდა კაცი და, შორიახლო, ძაღლიც შეჩერდებოდა.

როდესაც თავისი სახლის კარს მიადგა და მოიხედა, ძაღლი აღარსად ჩანდა.

კარი ოდნავ შეღებული დახვდა.

შევიდა ოთახში და სინათლე ჩართო.

ფანჯარაში მიდგმულ სავარძელში ვიღაც უცნობი იჯდა. მან უცხოდ გამოხედა შემოსულს, ხოლო მერე თავის ხელებს დააჩერდა.

თხელ, გამჭვირვალე ფარდას ნიავი ოდნავ არხევდა.

მიხვდა კაცი, რომ თავად აღარ იყო. მის ადგილას, სარკეგაცრეცილი ძველი კარადა იდგა.

თენდებოდა.

ამბავი კაცისა, რომელმაც თავისი ნება ქარს მიაბარა

ცეცხლი, სეტყვაი, თოვლი
მყინვარი, სული ნიავქარისაი,
რომელნი ჰყოფენ
სიტყვასა მისსა.

(ფს. 148.8.)

კაცი იყო, თავისი ნება ქარს მიაბარა.

ქარმა ბუმბულივით აიტაცა და მიწას გადმოახედა.

ნეტარებაში მყოფი სეტყვასავით დაამძიმა და ძირს დაანარცხა.

ქვევით კი ქვა დახვდა.

ხან ცეცხლით გამოაწრთო, ხან წყალს მიანდო. ხან ბეწვის ხიდზე გაატარა, ხან ფართო გზაზე დააბრკოლა.

ხან შეხვედრით გაახარა, ხან განშორებით დაამწუხრა.

ყველასგან მიტოვებული ნაგავში გარია.

უსამართლობის სიმწარე აგემა, სამართლიანობის სიტკბოებით აავსო.

შიშით შეაშინა, სიმშვიდით დაამშვიდა.

ოცნებით ვალში ჩააგდო, დღითიდღე შრომა-გარჯით გამოასყიდინა.

ციდვაში გარია, მერე სინანულის ცრემლით სული მოულბო და სიწმინდეს აზიარა.

სიმდიდრით სიძუნწე შეაძულა, სიღარიბით ხელგაშლილობა შეაყვარა.

სასოწარკვეთისაგან გათოშილი, სასოებით შემოსა და გაათბო.

ავი ვნებების წყლულები სიყვარულით მოუშუშა.

ურწმუნოებით დაცემული, რწმენით აღადგინა.

ბოლოს კი, გვალვისას, ღრუბლად აქცია და წვიმად მოიყვანა.

ამბავი კაცისა, თავი რომ ვერ გაიცნო

რადგან ვინც ისმენს და არ
ასრულებს სიტყვას, იმ კაცს
ჰგავს, რომელიც უმზერს თავის
ნამდვილ სახეს სარკეში
დაინახავს თავის თავს, წავა და
ავიწყდება, როგორი არის.

იაკობი, I, 23-24

კაცი იყო, თავი ვერ გაიცნო...

როცა კაცი იძინებდა, თვითონ იღვიძებდა;

როცა კაცი იღვიძებდა, თვითონ იდგა;

როცა კაცი იდგა, თვითონ იჯდა;

როცა კაცი იჯდა, თვითონ მიდიოდა;

როცა კაცი მიდიოდა, თვითონ მოდიოდა...

და მერე:

როცა თვითონ ტიროდა, კაცი იცინოდა;

როცა თვითონ სიჩუმეს უსმენდა, კაცი ღიღინებდა;

როცა თვითონ სინათლისკენ მიილტვოდა, კაცი სიბნელეში შთანთქმას ლამობდა;

როცა თვითონ თავს სიმართლეს ეუბნებოდა, კაცი თავს იტყუებდა;

როცა თვითონ სინანულის განცდა ეუფლებოდა, კაცი გულს იქვავებდა...

და კვლავ:

როცა თვითონ შინ იყო, მარტოდმარტო, კაცი ბრბოსთან ერთად აღმა-წაღმა დაეხეტებოდა;

როცა თვითონ შორ გზას ადგა, კაცი იქვე, ახლომახლო დაბორიალობდა...

და ბოლოს კაცი მოკვდა. თვითონ კი თავზე ადგა და დასცქეროდა მიცვალებულს, მაგრამ ვერ იცნო თავი, ოღონდ სადღაც ენახა მისი სახე.

ამბავი კაცისა, რომელიც ყველას ეგონა, რომ არ იყო

მოველთ ჩემდა ყოველნი
მაშურალნი და ტვირთმძიმენი,
და მე განგისუენო თქუენ.

მთ. XI, 28.

უვნებია და
ამიტომ უწოდებენ
არარას.

ლაო-ძი, დაო დე ძინი

იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყო და ყველას ეგონა, რომ არ იყო.

იყო ცა და მიწა; იყო ნათელი და ბნელი; იყო მზე და მთვარე; იყო ვარსკვლავები.

და იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყო...

იყო ცისკარი და მწუხრი; იყო ჩრდილოეთი და სამხრეთი; იყო აღმოსავლეთი და დასავლეთი; იყო წამი და საუკუნე; იყო სიახლოვე და სიშორე; იყო მარჯვენა და მარცხენა...

და იყო კაცი, რომელიც ყველას ეგონა, რომ არ იყო, რადგან თავისთვის იყო.

იყო სიყვარული და სიძულვილი; იყო ერთგულება და ღალატი; იყო სასოება და სასოწარკვეთა; იყო სიმწარე და სიტკბოება; იყო სიმშვიდე და მშფოთვარება...

და იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყო და ყველას ეგონა, რომ არ იყო.

იყო სამართლიანობა და იყო უსამართლობა; იყო დაუნდობლობა და პატიება; იყო მოკლული და მკვლელი;

იყო სისავსე და სიცარიელეც იყო...

და ჩვენ ყველანი აქვე ვიყავით...

და იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყო და მასში შემოდიოდა ყველაფერი და ყოველი, რაც იყო და თავის კუთვნილ ადგილს იკავებდა: მოკლული და მკვლელი; შეურაცხყოფილი და შეურაცხმყოფელი;

ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი; ნათელი და ბნელი; სიშორე და სიახლოვე; კანონი და უკანონობა; მზე, მთვარე და ვარსკვლავები...

შემოდიოდნენ და პოულობდნენ ერთმანეთს, ესაუბრებოდნენ და ურიგდებოდნენ ერთმანეთს... და მშვიდდებოდნენ...

და ბოლოს შემოვიდა მასში სიკვდილი და თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა...

ის კი იყო თავისთვის...

15 თბილისირი

▲ზევით დაბრუნება


ზაზა ბურჭულაძე

0x01 graphic

ღმერთო მე ამერიკული ოცნება ვარ
თუმცა კი ვაზელინის სუნად ვყარვარ
მე ხომ საბრალო ძაღლიშვილი ვარ
მაგრამ ქალი თუ კაცი... არ ვიცი ვინ ვარ
ფრენკ ზაპა

წარმოდგენა არა მაქვს, იმას გარდა რა დავწერო, რასაც ქვევით მოგახსენებთ - გსმენიათ, ალბათ, ფრენკ ზაპა, იყო ასეთი: კომპოზიტორი, გიტარისტი, მუსიკოს-შემსრულებელი და, უბრალოდ, გენიალური თუ კონგენიალური ან, თუ მსგავსი შეფასება ყურსა გჭრით, მაშ ასე ვთქვათ, კაი კაცი, ასეთს ჩვენებურად ჯიგარს ეტყვიან... აი, სულ ეს არის, სხვა რა გითხრათ, აზრზე არა ვარ... რომც ვიყო, მაგრად მეზარება კია წერა, მით უფრო, ზაპაზედ, მაგრამ რას იზამ, ხომ გაგიგონიათ, ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსაო, ასე რომ, გარჯა მოგვიწევს, ისე არაფერი გამოვა, თითებიდან ზეთი და ერბო კი არა მწვეთს... მოკლედ, ექვსიდან ათ გვერდამდე მაქვს შესავსები, ასეთია ამა ჟურნალის ნაჩალნიცა-ხაზეიკასთან (კიდევ პოპ-არტ-რედახტურთან - ლამაზი, კუკლა ბიჭია, ნანაზი პირის კანითა, მგონი, ლევანი ან ლევიათანი ჰქვიან, თუ არა ვცდები, თუმცა მასზე ოდნავ მოგვიანებით) წარმოებული მოლაპარაკების შედეგი... აუჰუ-ჰუ-ჰუუ!.. ხმამაღალი ნათქვამია, მოლაპარაკება კი არა, ჩვეულებრივი ლაილაი და ტიკტიკი იყო, ალაგ უშვერი სიტყვებით შეზავებული, მოგეხსენებათ, არც უამისობა იქნებოდა, ოღონდ ზომიერად, თითქო საქვეყნოდ თავი მოგვეჭრებოდა, თუკი პირს არ ავიმყრალებდით და ყოველ წინადადებას რასმე ბილწსა და პილწს არ მოვაყოლებდით... ეგრეა, თუ სათქმელი არაფერი გაქვს, ან საიდან უნდა გქონდეს, როს ყველაფერი დიდი ხნის წინათ უკვე ითქვა, - ესაც ხომ უკვე ნათქვამია, - მით უფრო, თუკი მაღალ წრესა თუ ზეპურ საზოგადოებაში იმყოფები, ყოველ მეორე სიტყვას მსუბუქად და ჰაეროვნად ჯადოსნური სიტყვა - ბოზიშვილივიყო, ან რამ ამის მსგავსი მიაყოლე და იოლას ისე გადახვალ, თვითონ გაგიკვირდება... დიაღ, ექვსიდან ათ გვერდამდე... ისე, ზაპა მე ვახსენე, თორემა, წესითა და რიგით, არჩევანი ტომ უეიტსსა, ნიკ კეივსა და ვილიამ ბეროუზს - შესანიშნავი სამეულია, ვერაფერს იტყვი, - შორის უნდა გამეკეთებინა... რამე დამავალეთ, მარტო თარგმანებს ხომ არ გადავყვები-მეთქი, ჰოდა, დაივალეო, ზუსტად ასე მითხრა ხაზეიკამან, ვინმე კულტოვი (და არა საკულტო - ჟურნალის რედაქცია ლიტერატურის ინსტიტუტი ანუ სევდიანი ფიქრების სავანე არ გეგონოთ) ტიპზე გააკეთე მასალა, უეიტსზე, კეივზე, ბეროუზზე ან ვინმე ეგეთზეო, თქვა და მყის შუბლი შეჭმუხნა - კულტოვი ტიპებს თუ იხსენებდა... არ ვაცალე, ზაპა რომ იყოს-მეთქი, ვითომ გახსენებაში დავეხმარე, სინამდვილეში კი ისე, დაუფიქრებლად ჩავეკითხე, რომ იტყვიან, ბანზე ავუგდე თუ როყიოდ ვისროლე სიტყვა. და რომ მე უბორნიაზედ დასკუპებული ზაპა, დიდი მაწაკი და ლაზღანდარა ვინმე, წარმოვიდგინე (უფრო სწორად, და ცხადზე ცხადია, უმალ იმას ჩავხდი, რომ, ბევრიც მეცადა, ხეირიანს ვერას დავწერდი, რაღაი ჩემი შესაძლებლობები, როგორც რომ მეპროზისა, კარგა ხანია შეფასებული და გადაფასებული მაქვს... რას ვგულისხმობ? რასა და, ხომ გაგიგონიათ, რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდესო... მიხვდით, ალბათ, მემცა სწორედ ემაგას ვგულისხმობ, დასწყევლა ღმერთმა), ძალიან კარგი, იყოსო ზაპა, ქალმან მითხრა საუბარი კეკლუც სიტყვად, არ დუხჭირად, ანუ ჩემი ნარქუამი მყის აიტაცა, შუბლიც გახსნა და თავიც ისე მონდომებით დააქნია, ვიფიქრე, ემანდ არ მოსძვრეს (თავი - რასაკვირველია) ამ ოჯახაშენებულს-მეთქი. თქვენ შეიძლება ყველაფერი ეს ახლა გადაჭარბებად მოგეჩვენოთ, თუმც სათქმელია, რომ მთელი სამი თუ ოთხი წამის განმავლობაში, (რომელიც, ხვდებით, ალბათ, სამ-ოთხ საუკუნედ, უმეტესად თუ არ, მომეჩვენა), რაც ხაზეიკა თავს აქნევდა, სული კბილებით მეჭირა. ასე გასინჯეთ, ვითომ როგორი წარმოსადგენია, რედაქტორის მხრებს მომძვრალი თავი, რომელიც რომ იატაკზედ ბურთივითა ჰხტის. ხტუნვა კიდევ არაფერი, ჩემთვის ვანგარიშობდი, ხომ გაჩერდება-მეთქი ადრე თუ გვიან... თუმც საკითხავიც სწორედ ეს იყო, კერძოდ, რა უნდა მექნა მერმე იმისთვის? მე შენ გეტყვი, ამოიღლიავებ რედაქტორის თავს და გახვალ გარეთ (მოგართმევენ) ან ფანჯრიდან გადააგდებ ანთუ... გადააგდებ, როგორ არა! სულ მაგაზედ არა ზრუნავენ?.. მუნ ფანჯრები ისეა ჩასტეკლოებული, გარედან კი ისეგვარად ზრქელი გისოსები ადევს, სალოკი თითის სისხო რკინის ზროები ერთიერთმანეთზე ისეა გადახვეულ-გადაგრაგნილ-გადანასკვული, მკვეთრი და მოქნილი ხაზთა დასრულება არის ამოდქმნილი (ვიღაც ხურუშიანის) ნატვრის ასრულება, უთუოდ ამერიკის საელჩოს ანთუ რომელიღაც ციხე-სიმაგრის სათოფე სარკმლები გეგონება. მოკლედ, ცხაური კი არა, ნამდვილი რკინის ბადეა, დიდიდიდი ცერცვისა, გნებავთ, საამდღეოდ უფრო პოპულარული მცენარე ვთქვათ, ყავის მარცვალი გააძვრინო... მამაძალი, ყველაფერი გათვალისწინებულია, მაგალითად, ხომ შეიძლება ვისმე აუდგეს და მაინცადამაინც რედაქტორის თავის გადაგდება მოუნდეს ფანჯრიდან? ან... შემოგდება, და ისიც სულ სხვა რედაქტორის თავისა, - თქვენ წარმოიდგინეთ, სხვა გამოუსადეგარ ნივთებთან ერთად, ამ ქალაქში მოიძებნება რედაქტორთა თავებიც, - ან, ვთქვათ, მკვდარი კატისა თუ დამჭკნარი ბოლოკისა? ისე, თქვენი არ ვიცი, მე კი სულ მაინტერესებდა, არის თუ არა განსხვავება რომელიც გნებავთ იმ რედაქტორის - სულ რომ ცით მოვლენილი ანგელოზი იყოს ის - თავსა და დამჭკნარ ბოლოკს შორის? ყოფნა-არყოფნა კი არა, საკითხავი, აი, ეს არის! ახლა რომ ვუფიქრდები, მგონი, არ უნდა იყოს, თუმცა თქვენ შეიძლება სულ სხვა აზრისა ბრძანდებოდეთ... უკაცრავად, სიტყვა გაგვექცა, მაშ ასე, ხაზეიკა თავს აქნევს (სხვათა შორის, იმ კუკლა ლევანსა თუ ლევიათანსაც კარგი ქნევა სცოდნია, ღვთის მადლმა, მაგრამ ის რაღაც მოკლე-მოკლედ და მონდომებით აქნევდა, - სხვა რამ არ გეგონოთ, მის თავსა, და არ სირსა, ვგულისხმობთ, - თითქო ბეღურა პურის ყუასა ჰკენკავსო; ასე რომ, ემაგის შიში არა გვქონია... ჰაი-ჰაი, ერთი როგორი ასატანია, და ახლა ორი რედაქტორის თავი!), თქვენს ფერხთა მტვერი და ნაცარი კი ისეთ დღეშია, სიმწრისგან ლამის შარვალშიგან ჩაალაგოს. ჩაალაგებდა კიდეც, რომ არა ბედი თუ შემთხვევა, რომელმაც ყველაფერს თავ-თავისი ადგილი მიუჩინა. კერძოდ, ხაზეიკას თავი მისსავ მხრებზედ დასტოვა და თქვენი ყურმოჭრილი თუ ყვერმოჭმული თუ, რა ვიცი, როგორ იტყვიან ხოლმე ასეთ დროს, მონა-მორჩილაძის გადაქანებული გულიც საგულეს დაუბრუნა.

მოკლედ, რა დასამალია და, კიდევ ერთი სულით ობოლი პოეტი თუ უბრალო მაიმუნი ვირიშვილი, რაც გნებავთ, ის მიწოდეთ, ჩემთავად ნაკლებად მენაღვლება, გადავრჩი, და მაშასადამე, ზაპაზე, კომპოზიტორსა, მუსიკოს-შემსრულებელსა და, როგორც ზევითაც ვთქვით, უბრალოდ, კაი კაცზე უნდა დავწერო... უფრო უკეთ, საქმეში ჩახედულ ხალხს თუ ვენდობით, ვერ უნდა დავწერო... ისე, ჩვენში რომ დარჩეს, და რომც არ დარჩეს, ზაპას კაი კაცობისა და ქველობის შესახებ არასოდეს არაფერი მსმენია, მაგალითად, არა მგონია, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების გასარემონტებლად ანდა სამების ეკლესიის ანგარიშზე, სულაც ამავე ეკლესიის დედოზარის ოქროში ამოსავლებად თუნდა თეთრი გადაერიცხოს... ისე, ცნობისათვის, ზაპამ იქამდე გაჭიმა ორთავ ფეხი, ვინემ ჩვენში თეთრი გაჩნდებოდა (მინდა ბარემ აქავე განვაცხადო, რომ იმ ჭკუისკოლოფთა ჭკუაც ვატირე, ვისაც სურვილი უჩნდება შემომედაოს და მიმითითოს, რომ ჩვენში თეთრი - კოლხური რაღა - იქამდის თეთრობდა, ვინემ ზაპას გვარი გაჩნდებოდაო საერთოდ), აბა, ცას ხომ არ გამოეკერებოდა, მამაძალი... ისე, კარგი სანახავი იქნებოდა, ღმერთმანი, ცას გამოკერებული ანთუ ღრუბლის ქულაზე, როგორც ფოჩიანი კანფეტი საახალწლო ნაძვის ხეზე, დაკიდებული ზაპა... სხვათა შორის, პროსტატის კიბომ თუ კიბორჩხალამ მოუღო ბოლო... ოო, რა ჩემი ბრალია, თუკი ეს სურათი გაცილებით მეძვირფასება, კერძოდ - ღრუბლის ქულაზე კანფეტივით მიბმულ ზაპას ტრაკზედ ასთაკვი აზის, რომელსაც მისთვის მარწუხი საქმის მცოდნე ანთუ მასტერდოხტურსავით უკან გაურჭვია და პროსტატის ჯირკვალზედ მთელი ძალით უჭერს...

თუმცა ჭირსაც წაუღია ზაპა! საერთოდაც, რაღა დროის ზაპაა?.. ან, კიდევაც რომ იყოს, საკითხავია, ჩვენთან რა შუაშია იგი? ნუთუ არა სჯობიან, ჩვენ ჩვენსას მივხედოთ, ჩვენი ვთქვათ, მშობლიური, გულსაც რომ ესიამოვნება და ყურსაც? ვთქვათ, მაგალითად, მთისა და ბარისა, ანუ თბილისქალაქისა - ადგილ კეთილისა და ამოსი, რამეთუ, მოგეხსენებათ, მთელი მთა და ბარი აქ არი... მარტო მთა და ბარი? ნუთუ დაგავიწყდათ, ღმერთიც ხომ ჩვენთან არს და წმიდა მარიამ ღვთისმშობელიც? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად არს! კიდევ მეფე... აბა, უმეფოდ რა თბილისი იქნებოდა? თბილისი ხომ ოდითგანვე სატახტო ქალაქი იყო. ხოდა, საცა ტახტი, იქაც მისი უდიდებულესობა სეფე უფალი. კიდევ მეტი, შემომაქვს წინადადება, თითო ტახტზედ თითო ემირი და ხონ-თქარი შემოვსვათ... არ ვიცი, შეიძლება, ზოგ-ზოგიერთები მართალნი არიან, რომ ამბობენ, ეს მეფე სიაფანდი და თვითმარქვია არისო, თუმცა, უნდა მოგახსენოთ, რომ თვითონ აკურთხა მან მეფედ თავისთავი თუ სხვამ აფურთხა (ბოდიში მომითხოვია, მაგრამ, ჩემი ბრუციანობისა და სიელმის გამო, კურთხევასა და ფურთხებას შორის დიდ განსხვავებას ვერა ვხედამ), პირადად ჩემთვის სულერთია; რამეთუ აქ და ახლა ერთი ძველი შეგონება მახსენდება, რომელიც ამბობს, იყავ რეალისტი - მოითხოვე შეუძლებელიო. ხოდა მოითხოვა კაცმა, რას ერჩი?... ან რომელი საპყარი და დავარდნილი ეგა ჰნახეთ? დაინახეთ? დაუნახეთ? თვალი არ მოგიკრავთ? როგორ! დაინახეთ? ვინ დაინახა? აუჰუ-ჰუ-ჰუუ!.. ვინ შეხედა? თუ ღმერთი გწამთ, ვინ დაინახა? დავარდნილიო?.. ჰმ, ემაგას რომ თავი უჭირავს, აეგეთი უნდა სწორედ! მეფემ - ნაკლებმნიშვნელოვანია, სიაფანდი და თვითმარქვია არის იგი, ტყვეობაში იმყოფება და ვირის აბანოსა ჰხეხამს ანთუ იძულებით დევნილობაშია და სამეფოს გარეშეა დარჩენილი, და ისეთ შავ დღეშია ჩავარდნილი, რომ ამხელა სიმდიდრისა და სახელის პატრონს მოსაშარდი ადგილი ვერ მოუძებნია, - პირველ რიგში თავის დაჭერა უნდა იცოდეს, და მერმე სხვა დანარჩენისა. აბა, სულ ერთის წამით წარმოიდგინეთ, თუნდა თვითმარქვია მეფე ან თვითმპყრობელი იმპერატორი, რომელსაც რომა თავი ხან ერთ მხარეს გადაუვარდება კისერმოგრეხილ ქათამსავით ანთუ ტიკინა თოჯინასებრ, ხან კიდევ მეორე მხარესა... თვითონ როგორა ჰფიქრობთ, დაგვარი მეფე, რომელსაც, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, საკუთარი თავი ვერ დაუჭერია, ქვეყნის მართვის სადავეების დაჭერას შესძლებს? არა, ბატონებო, აეგეთი დორბლიანი და ბრუტიანი მეფეები თქვენსას მოიკითხეთ! ჩვენ ჩვენი გვყავს და ესაც გვეყოფა. გვეყოფა კი არა, თავზეც გადაგვივა, პირობები თუ იქნება საამისო, პირობები... და თუ აცალეს. მართლაცდა, თუ აცალეს, რაღაი, რაჟამსაც ეს ჩვენი მეფე მეფობას შეუდგა, ღმერთი იყოს მისი შემწე ამ სიკეთის დროს, და იმის იმედიც მაქვს, რომ ღვთის ნებით ყველა მისი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება, უმალ გამოჩნდნენ სხუანი არიფნი, რომელთაც მისი მეფობა თავში აუვარდათ და ამის გამო თავიანთი საქმის მიხედვის თავიც აღარა აქვთ, აშარ დედაკაცებსავით იწყევლებიან და მისდღემჩი იმას გასჭყივიან, აეგა მეფე კი არა, ტყუილების გუდა არისო, და სულმუდამ იმის ცდასა და მეცადინეობაში არიან, როგორმე ტახტი შეურყიონ... თუმცა, ვისცა რა უნდა, ის იჭყივლოს, მაწყევარს რა გამოლევს ამ ქვეყანაზედ, რაც შემეხება მე, უნდა მოგახსენოთ, რომა ჩემს თვალში მას მადლი უპოვნია, და შესაბამისად, ჩემთვის ის ნამდვილზე ნამდვილი მეფეა ანუ ძალითა უფლისათა უპყრია საჭენი ამა სოფლისანი... და აღარ უნდა ამას ბევრი ლაილაი, კარგა დააკვირდით და თვითონაც დარწმუნდებით, რომ პიტალო მეფეა... მეფეა, აბა, რა ჩემი ფეხებია! და თუ მაინცადამაინც ჩემი არა გჯერათ, მაშ იმას დახეთ, ტელევიზორშიგან რასა სწერენ... რასა და, მეფესა, მაშ-მაშა! თქვენი არ ვიცი, ჩემი აღა და ჩემთა ფიქრთამპყრობელი კი ჩემი ტელევიზორია, რომლის ყურებაცა და ყურის გდებაცა, ღმერთია მოწამე, მშობელ დედასაც კი მირჩევნიან, ხოლო მის ეკრანზედ რასცა ამოვიკითხავ, ის ხომ უცილოდ ურყევ ჭეშმარიტებად მიმაჩნია. ამიტომ საქვეყნოდ ვაცხადებ: სხვა თუ არავინ, ამ ჩვენს მეფეს ჩემთავად თუნდა სულ მარტოც დავუდგები მუხლჩაუხრელ ქვეშევრდომად, მე ვიქნები მისი ერთგული მეჯორე, და თუ საჭიროება მოითხოვს, მისი გულისთვის ამ ჩემს გასიებულ თავსაც კი დავდებ, რომელიც ისედაც არ ვუწყი, სად მივდრიკო, დალახვრა ღმერთმა!

თუმცა ჭირსაც წაუღია ყველა მეფე და უფლისწული, დიდიან- პატარიანა! წაიღებს კიდეც, მით უფრო, რომ ამ ჩვენმა მრავალჭირნახულმა ქალაქმან სულ ახლახან ისრეთ სტუმარს უმასპინძლა, რომლის დარი არა ჰყოლია ბოლო ბარე ხუთი წლის მანძილზე, ცხადია, თუ არ ჩავთვლით რომის პაპის ერთჯერად და ზურაბ სოტკილავას პერმანენტულ სტუმრობებს... მაგრამ, მოდი და ნუ ჩათვლი! თქვენ რა, ნუთუ მართლა გჯერათ, რომა პაპი ანდა სოტკილავა რასმით დაუვარდება ჟორჟ ბუშსა? იქამდე არაფერი გეტკინოთ. დაუვარდება კი არა, თითოეული ვინძლო აჭარბებდეს კიდეცა! თავ-თავის ამბავში, რასაკვირველია. გააჩნია დროსა და სივრცეს, და რაც მთავარია, გააჩნია - ვისთვის. მაგალითად, პირადად ჩემთვის, და კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მარტო მკვდარი პაპიც კი აჭარბებს, ცოცხალ სოტკილავაზე რომ არაფერი ვთქვათ, და მერმე როგორ აჭარბებს! ჰაი-ჰაი, როგორ გეტყობათ, რომ სხვათა ფეხის ხმას აჰყოლიხართ და ამის გამო მოვლენათა საღად შეფასების უნარი დაგიკარგავთ... მართალია, ბუშის ჩვენსა ვიზიტს ლამის მთელი მსოფლიო აშუქებდა, სოტკილავას ვიზიტების გაშუქება კი აზრადაც არავის მოსდის, მაგრამ ეს, ანუ გაშუქება, ხომ არ არის მთავარი? რას ვგულისხმობ? რასა და, დავუშვათ, მაგალითად, რომ გავაშუქეთ კი არა, გადავაბღვიალეთ, ვთქვათ, გია ბუღაძის რომელიც გნებავთ ის ტილო, ხოლო რომელიღაც პიკასოსი ჩრდილში მოვაქციეთ, როგორ ფიქრობთ, შეიცვლება ამით რამე? ცხადია, არაფერი. მარტო გაშუქებით რომ კეთდებოდეს საქმე, რაღა გვიჭირდა! დია შორსაც რომ არ წავიდეთ, საკუთარი გამოცდილებიდან მოგიყვანთ ერთ მაგალითს: ამ ჩემი თირკმლების გადამკიდე იმდენჯერ გამაშუქეს მასტერდოხტურებმა, მიკვირს, აქამდე ნათელმცემლად როგორ არ ვიქეცი. ასე რომ, რამდენიც უნდა აშუქონ რომელიღაც ბუშები და ნაბუშარები სხვადასხვა ტელევიზიებმა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანთელ-საკმეველი არ დაკარგავს თავის გზასა. მით უფრო, რომ საკითხავია, რატომ არ არი სოტკილავა სანთელი? ისე, ზრდილობის გამო ვკითხულობ, თორემა სოტკილავა ჩემს თვალში დიდი ხანია სანთელია, კერძოდ, ქონის სანთელი. თან კუდრაჭას კანიც მისდღემჩი ისე უპრიალებს, რომ ვუყურებ ხოლმე, თქვენი არ ვიცი, მე კი სულ ბრკიალი და ტკაცა-ტკუცი ჩამესმის, გეგონება, კაცი კი არა, ცეცხლიაო. დაბოლოს, თუკი ბერძნებს დღემდის არ მორიდებიათ ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი ღმრთის, დიონისეს მოყვავილე ხედ გამოსახვა, ხოლო ქრისტეანთ სულიწმიდისა - მტრედადა, ვითომ ჩვენ რატომ უნდა მოგვერიდოს, სოტკილავას სანთლად თუ დავსახავთ და გამოვსახავთ? რა შორს მივდივართ, თვით ქრისტემ არა რქუა, კრავი ვარო? ჰოდა, ახლა ეს მიბრძანეთ, თუკი მაცხოვარი ბატკანია, რატომ მაინცადამაინც სოტკილავა არ არის სანთელი?

თუმცა ჭირსაც წაუღია სოტკილავა! ვინ არის სოტკილავა? სოტკილავაო! ჰმ-ჰმ! იცნობთ თქვენ სოტკილავას? თუმცა რას გეკითხებით? სოტკილავას უკანასკნელი ძაღლიც კი იცნობს ამ ქალაქში. ჰოდა, სწორედ ამიტომაც, დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, და ვამბობთ კიდეც, რომ საიდანაც უნდა მივუდგეთ სოტკილავას, როგორც უნდა გავბეროთ იგი, ან კი რატომ უნდა გავბეროთ, ბაყაყი ხომ არ არი... მოკლედ, სოტკილავა სულ რომ ზიზილ-პიპილებით მოვრთოთ, მხარიღლივ საზეიმო ლენტები დავკიდოთ და ყელამდი ოქროში ჩავსვათ, ისა მაინც უკუნითი უკუნისამდე სოტკილავა იქნება, არც მეტი და აღარც ნაკლები, ანუ მარად დაშთების იმადა, რაიც არს, და ამით, მგონი, ყველაფერი ნათქვამია. და თუ რაღაც ჭირად ეშმაკი შეგიჯდათ და იმასა ფიქრობთ, რომ არამცთუ ყველაფერი, იმის მეათასედიც კი არ არი ნათქვამი, რაც რომ უნდა თქმულიყოო, მაშ მოთმინება იქონიეთ, ჩვენ კი შევეცდებით როგორმე შემდეგ თავში მაინც გამოვასწოროთ ეს სავალალო შეცდომა.

თუმცა იქამდე ერთი დაკვირვების თაობაზე მინდა მოგახსენოთ. ხუმრობა იქით იყოს და, ამ ბუშსა იმისთანა რამეები სცოდნია, დღემდის საგონებელშია ჩავარდნილი ნახევარი მსოფლიო (საუკეთესო ნახევარს ვგულისხმობთ, თორემა მეორე ნახევარზედ მხოლოდ თეთრი დათვები, მღვდლები და თოვლის კაცები მეგულვიან). დიაღ, მის ყბადაღებულ ცეკვაზედ მოგახსენებთ. რაც შემეხება მე, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამდენს ნამდვილად არ მოველოდი ამოტოლა კაცისგან. რა სათქმელია! თქვენი არ ვიცი, მე კი მისმა როკვამ ერთი ინდური ფილმი გამახსენა, კერძოდ - „დისკოს მოცეკვავე“. გახსოვთ ალბათ, ამ ფილმში მთავარი გმირი დისკოსა ჰროკავს, მუხლჩაუხრელად და თავდაუზოგავად; და როგორც ინდურ ფილმების უმეტესობაშია, გარდა ცეკვისა, აქაც უხვადაა ვარდები, ცრემლები, ხვევნა-კოცნა და მტლაშა-მტლუში, და ა.შ., და ა.შ., და რაც მთავარია, ბოლოს ჩვენები იგებენ. ესაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ზოგადად ინდური ფილმის საფირმო ნიშანი. ამის გახსენება კი იმისთვის დამჭირდა, რათა უფრო თვალსაჩინოდ დამენახვებინა თქვენთვის განსჯის საგანი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ, თუ არ ბუში, არც კი ვიცი, ამ მსგავსებას როდის აღმოვაჩენდი, ან კი აღმოვაჩენდი ოდესმე? ამას იმიტომ ვკითხულობ, რაღაი პირადად ვიცნობდი რამდენიმე სახელიან ჭკუისკოლოფს, რომელნიც ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, თავში ერთხელაც არ მოსვლიათ მსგავსი რამ. კერძოდ, დაკვირვებიხართ როგორა ჰგავს ეს ჩვენი ცხოვრება ინდურ ფილმს? ჩვენსა ვარდები, ცრემლები და ხვევნა-კოცნა როა, აეგეთი უნდა სწორედ! ახლა ამას დაუმატეთ ზეიმ-მეჯლისი, ცეკვა-თამაში და ჯგუფური ჭიპხახუნა, კიდევ - კბენაი, ღრენაი და ტრაკში თითის ტენაი, და ყველაფერი ცხადი გახდება. ასე რომ, რა გასაკვირია, ბუშისთვისაც უმალ ცხადი გამხდარიყო. ცოცხალი ადამიანია, მამაძალი, უხორცო სქემა კი არა, და, როგორც გამოჩნდა, საკმაოდ ზნექველიცა და გულჩვილიც. ჰოდა, აღიგზნო კაცი. ერთბაშად ამდენი ხალიჩა, ფარდაგი, ჩოხა-ახალუხი და ჩიხტი-კოპი ცხოვრებაში არ უნახავს მგონია. ან კი სად უნდა ენახა? ხოლო ერთად შეკრებილი ამდენი მომხრე და მისდამი კეთილგანწყობილი კაცი, ქალზედ რომ არაფერი ვთქვათ, მით უფრო ცეკვა-თამაშითა და ტრაკის ქნევით შეგებებული, საქმეში ჩახედულ ხალხს თუ ვენდობით, არც კი დასიზმრებია. ან როგორ დაესიზმრება, როცა ლაყე კვერცხისა, დამპალი პამიდვრისა და გაზეთში გახვეული კურკლის მეტი არა შეხვედრია რა ქუჩაში გამოსულ ხალხისგან? იმ საღამოს, ამბობენ, ნომერადინ პრეზიდენტმა, არც მეტი და აღარც ნაკლები, კულტურული შოკი მიიღოო, თუმცა ეს რბილად როა ნათქვამი, ესა ხომ ძაღლისთვისაც გასაგებია... საბრალო ჭკუიდან შეირყა და მერმე როგორ შეირყა! მართალია, სულ რაღაც წამით, წამისწამით, თუმცა ჩვენთვის ესაც საქმეა. მე შენ გეტყვი, იოლია დღესდღეობით ვინმეს ჭკუიდან აწევა თუნდა წამით, მით უფრო, ისეთ მაღალღირს მამისა, როგორც რო ჯუნიორ ბუშია... დია სამწუხაროა, რომ იმ საღამოს უცხოპლანეტელად გადაცმულ აჩი მეფარიძეს არ უმღერია აბანოთუბანში, თორემა შოკი მერმე გენახა! სამაგიეროდ, წურწუმია ლეილამან იმღერა, და ვფიქრობ, შოკის მისაღებად ესაც საკმარისი იყო. თუ არ შოკმა, მაშ რამ აატოკა ამოტოლა კაცი, ა? მოკლედ, ამდენ მროკავი დედაკაცისა და ფეხის წვერებზე შემდგარ კაცის დანახვაზე ეშმაკი შეუჯდა თუ რა იყო, სხვა დროს თავდაჭერილმა ფერმერმან წამით დაივიწყა ფერმაც, ცოლიც, საყვარელიცა და ოჯახიც, და ისე გახურდა, დაცვას რომ არ ემარჯვა, ვინძლო იქავე ჩაწერილიყო სუხიშვილების ანსამბლში სოლისტად... მაგრამ იმარჯვეს ბიჭებმა - არ გაუშვეს, ვითომ შემთხვევით გადაეღობნენ გზაზე და სულ რაღაც წამით შეაყოვნეს. თუმც, სათქმელია, რომ სწორედ ის წამი აღმოჩნდა გადამწყვეტი... არსებულ ვითარებას კაცმან უცბად აუღო ალღო. შეამჩნევდით, ამ დროს მისმან ცოლმაც ივარგა, ზუსტად არ ვიცი, რა უთხრა თვალით (რაღაც პაროლი მისცა კია), თუმცა რაც უნდა ეთქვა, უებარ წამალსავით უმალ რომ იმოქმედა, ცხადზე ცხადია: ეს ჩვენი ტაშტაშ კაცი დაუყოვნებლივ მანქანისკენ არ გაიქცა! ოღონდ არ დაგვავიწყდეს, ან რა დაგვავიწყებს, რომ, ვინემ ავტოში ისკუპებდა, კაცმან ჯერ თითოეულ დამსწრეს სულ სკუპ-სკუპით დაუარა, ყველა მროკავს, დარაჯს, მეეზოვესა და ქუჩის ძაღლს ხელი ჩამოართვა.

თუმცა ჭირსაც წაუღია ყველა ბუში და ნაბუშარი! ვინ არის ბუში? ახლა არ მითხრათ, ნომერადინ პრეზიდენტიო! ისე, ჩვენში რომ დარჩეს, თავიდან მეც ასე ვფიქრობდი... მეც მეგონა პრეზიდენტი მოდიოდა ჩვენსა და დისკოს მოცეკვავე არ შემოგვაპარეს!

გაგრძელება შემდეგ
ნომერში

16 წიგნები

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: თამარ ბაბუაძე

0x01 graphic

ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისთვის

ბესიკ ხარანაული
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2005 .

„არასერიოზულობა, როგორც ადამიანის ცნობიერების დრეკადობის ძალა სამყაროს სიმძიმის მიმართ…“ - ისე მომწონს ეს ფრაზა „ამბა ბესარიონიდან“, რომ სულ მინდა ამ პრინციპით ვიცხოვრო, მაგრამ დღეს - არა. დღეს საგანგებოდ დავიყენებ სერიოზულ ტონს და ვეცდები, ფრაზის ავტორზე კომპეტენტურად თუ არა, სერიოზულად მაინც გიამბოთ.

წიგნის მაღაზიაში სამი ბესიკ ხარანაული ვიპოვე. ერთი: 2003-ში გამოცემული „წიგნი ამბა ბესარიონისა“ („არეტე“), მეორე: 1991-ში გამოცემული და 1969-1988 წლებში შექმნილი ლექსებისა და პოემების კრებული, და მესამე: „ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის“, რომელიც ბესიკ ხარანაულის პირველი რომანია. გარეკანი - სქელი, პოლიგრაფიული ხარისხი - შესანიშნავი, მოცულობა - 300-მდე გვერდი. ტექსტი - ჯერ შორიდან ვუვლი, ალაგ-ალაგ ვიჭყიტები და ამიტომ კარგად არ ვიცი. თუმცა, რაც ვიცი, ისიც კმარა, კარგად ჩაჯდომა რომ მოანდომოს მკითხველს. იწყება ვედრებით: „ო, ლურჯა-ღმერთო, ფშავ-ხევსურეთის სალოცავებო... თქვენ დაიფარეთ 14-15 წლის პირშიშველა ყმაწვილი კაცი, რომელიც თავისი სოფლიდან მარტოკა აპირებს გამგზავრებას უცხო ქალაქში. მიდის, რათა თავისი ნაცოდვილარი, ანუ ლექსებით გატენილი ორი საერთო რვეული ქალაქში წაუღოს სახელოვან პოეტს...“

მთავარი გმირიც ეს არის, ბიჭი, რომელსაც ავტორი სულ ასე მიმართავს „14-15 წლისა“; სულ სხვადასხვა ბრუნვაში, სულ ქვემდებარედ.

თვალის ერთი ჩაკვრა ნებისმიერ გვერდზე და სავსე და ნოყიერი დეტალების ისეთი წყება შეგხვდებათ, მხოლოდ ბესიკ ხარანაული რომ შეამჩნევდა.

ახლა კი, ფიქრისთვის „ამბა ბესარიონში“ დასმული კითხვის პერიფრაზს დაგიტოვებთ: „მაშინ ჩვენ რაღა ვქნათ? ვიდინოთ და ვილაპარაკოთ?“ არა, მარტო: ვიდინოთ და ვიკითხოთ.

0x01 graphic

არასაფრენი დღეები
რეზო თაბუკაშვილი
საარი
2005 .

და ისევ წიგნის მაღაზიაში ვარ. თაროზე ორ რეზო თაბუკაშვილს ვამჩნევ. ვფურცლავ და მიკვირს - ორივე 2005-ია. ერთს “ABC (ანაპურნის საბაზო ბანაკი)“ ჰქვია, მეორეს „არასაფრენი დღეები“.

პირველი, კვლავ და კვლავ, ნეპალურ შთაბეჭდილებებს ეხება და ასეთი სათუთი ფრაზით მთავრდება: „პლანეტა დღითიდღე პატარავდება, ერთფეროვანი ხდება. ასაკთან ერთად, ცოტავდება დროებითი თავშესაფარი ადგილების რაოდენობა. მთავარია, ეძებდე მათკენ სავალ გზებს“.

მეორე კი - სულ სხვა რამეა; ნეპალისგან განყენებული და დამოუკიდებელი თემატიკის მქონე მოთხრობების კრებული.

„არასაფრენ დღეებში“ ხუთი ტექსტია შესული. მათგან რამდენიმე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა ხოლმე. წიგნის რედაქტორი, ანა კორძაია-სამადაშვილი განგვიმარტავს: „რეზო წერს ქალაქებზე, რომლებიც არ არსებობს, ადამიანებზე, რომელთა ეროვნებასაც ხშირად ვერ დაადგენ, მაგრამ თითოეულ მათგანს მკითხველი მაინც იცნობს, მიუხედავად იმისა, რომ რეზოს გმირებს ერთი პროტოტიპი არ ჰყავთ ხოლმე. მისი პერსონაჟები ძალიან ცოცხლები არიან, ისინი სახეებად გრჩება. ქართველი მკითხველის მავნე ჩვევის თანახმად კი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვიპოვოთ ადამიანი, რომლის შესახებაც ავტორი გადაკვრით წერს. არადა, ვერ ვიპოვით. ეს ძალიან რომანტიკული სამყაროა, მაგრამ სასტიკად რეალურიც“.

ვისაც წიგნის თაროზე ეს მოკრძალებულად თხელი კრებული ჩემსავით მოგჭრით თვალს, გირჩევთ, შეიძინოთ და მეხსიერება და წარმოსახვა რეზო თაბუკაშვილის გამორჩეული პერსონაჟით შეივსოთ.

0x01 graphic

15 საუკეთესო ქართული მოთხრობა

(2004 .)
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2005 .

კრებულის შემდგენლები წინათქმაშივე გვაფრთხილებენ, რომ წიგნს არ აქვს ობიექტურობის პრეტენზია. მიზანი საინტერესო და მრავალფეროვანი კრებულის შედგენა იყო, პრინციპი - ტექსტების სიახლე, ახალი ავტორების გამხნევება და მკითხველისთვის გაცნობა. ამიტომაც, ყველასთვის კარგად ნაცნობ სახელებთან ერთად - ნუგზარ შატაიძე, აკა მორჩილაძე, ბესო ხვედელიძე... - წიგნში ასევე შევიდა მამუკა ხერხეულიძის, მიკა კიკაჩეიშვილის, თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობები.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მოთხრობები „წლის საუკეთესო მოთხრობის“ პრემიის ნომინანტებიც არიან. დავით ქართველიშვილი კი - პირველი პრემიის ლაურეატიც. ამ პრემიას „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ყოველწლიურად, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს გასცემს. ასეთ კრებულს კი უკვე მესამედ უშვებს.

ასე რომ, ვისაც სურს, თვალი ადევნოს ქართული ლიტერატურის განვითარების პროცესს, „15 საუკეთესო“ სწორედ ამ პროცესის შემაჯამებლის პრეტენზიით გამოდის. მოთხრობები ნამდვილად „ცხელ-ცხელია“. ისინი გასულ წელს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში ქვეყნდებოდა: ზოგი „24 საათის“ დამატება „წიგნებში“, ზოგი ჟურნალ „არილში“, ზოგი „პარნასში“, ზოგიც - „ალტერნატივასა“ და „ლიტერატურულ პალიტრაში“. მოკლედ, წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ, რამდენია „15 საუკეთესოში“ - რეალურად საუკეთესო.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

ადამიანი წარსულის გარეშე

სად: კინოდარბაზი ამარკორდი
როდის: ივნისი
რეჟისორი: აკი კაურისმეკი

ჰელსინკიში სამუშაოს საძებნელად ჩასული ადამიანი, ქუჩის ხულიგნების მსხვერპლი ხდება. მძიმე მდგომარეობაში, ის საავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც მკვდრად ჩათვლიან. მაგრამ ის „ცოცხლდება“. „ცოცხლდება“, რათა თავიდან დაიწყოს სიცოცხლე; მეხსიერებადაკარგული იქცეს ადამიანად, - ადამიანად წარსულის გარეშე.

ფინელმა რეჟისორმა აკი კაურისმეკმა ამ ფილმით დიდი აღიარება მოიპოვა. სან-სებასტიანის და სხვა მნიშვნელოვან კინოფესტივალებზე წარმატებული მოგზაურობის და მრავალი პრიზის შემდეგ, კანის კინოფესტივალის ჟიურის გრან-პრით დაჯილდოვდა, რაც ოდესღაც მიქელანჯელო ანტონიონიმ, რობერ ბრესონმა, ინგმარ ბერგმანმა, მილოშ ფორმანმა, ანდრეი ტარკოვსკიმ მოიპოვეს...

„მე შავ-თეთრ ფილმებს ჩემთვის ვაკეთებ, ფერადს კი - კომერციისთვის. ეს ფილმი, უდავოდ, შავ-თეთრი უნდა იყოს, მაგრამ ის იმდენად ლაკონურია, რომ ფერის გარეშე საერთოდ გაქრებოდა“, - ამბობს აკი კაურისმეკი.

0x01 graphic

მოახლის დღიური

სად: კინოდარბაზი ამარკორდი
როდის: ივნისი
რეჟისორი: ლუის ბუნუელი

„მადლობა ღმერთს, რომ ათეისტი ვარ“ - თქვა ერთხელ და დაამახსოვრდათ დიდხანს.

მის კინოს ხშირად „ჭეშმარიტების და თავისუფლების კინემატოგრაფს“ ეძახიან.

დაიბადა ესპანეთის ერთ-ერთ მიყრუებულ პროვინციულ სოფელ კალანდაში; მაშინ, როცა კინო პატარა ბავშვივით ძლივს-ძლიობით დგამდა პირველ ნაბიჯებს. მოვიდა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა: თავისი ჭეშმარიტებით, სიყვარულით, პროტესტით, ფასეულობებით.

სამართებელი, რომელიც ჭრიდა თვალს; ხელზე მოფუთფუთე ჭიანჭველები; დაუოკებელი ვნება და აბსოლუტური ქაოსი - კადრები, რომელიც ყველაზე მეტად გამახსოვრდებოდა სალვადორ დალისთან ერთად გადაღებული „ანდალუზიური ნაგაზის“ ნახვის შემდეგ.

ადამიანი, რომელიც მეგობრობდა გაბრიელ გარსია ლორკასთან; რომელმაც საუკეთესო როლები აჩუქა ქეთრინ დენევს; შექმნა „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“, „ვირიდიანა“, „დღის ლამაზმანი“... 1964 წელს გადაღებული „მოახლის დღიური“ ჟანა მოროსა და მიშელ პიკოლის შესრულებით ისევ და ისევ საზოგადოების ფასეულობებზე, ჭეშმარიტებასა და ცხოვრებაზეა, ბუნუელისეული ძალადობის, სადიზმის, სექსუალურობის სინთეზით.

0x01 graphic

სამყაროთა ომი

სად: კინოთეატრი ამირანი
როდის: ივნისი
რეჟისორი: სთივენ სპილბერგი

„ამ ზაფხულს დედამიწა საომრად ემზადება“...
extraordinary battle for future...

და ბარემ, ინტერნეტ მისამართიც:
www.waroftheworlds.com

ხომ იცით, როგორ გვიყვარს ათასგვარი გამოკითხვები; ფრაზები - „მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ...“ ანდა, „წლის საუკეთესო (არა აქვს მნიშვნელობა, რად) დასახელდა (არა აქვს მნიშვნელობა, ვინ)“ და ა.შ. არც მე ვარ გამონაკლისი და როდესაც ზემოთ ხსენებულ ფილმზე ინფორმაციას ვაგროვებდი, ასეთი აღმოჩენა გავაკეთე - ერთ-ერთ ინგლისურ ტელეარხს (როგორც ჩანს, მათაც ძალიან ყვარებიათ) გამოკითხვა ჩაუტარებია: რომელია ომის თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ფილმიო? და რა დაასახელეს? სთივენ სპილბერგის „რიგითი რაიანის გადასარჩენად“, რასაც ისევ სპილბერგის „შინდლერის სია“ მოჰყვა. ჰო, ახლა კი შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ რადგან სპილბერგი ძალიან მოსწონთ ძვირფას ინგლისელებს, ამ სიას სულ მალე რეჟისორის ეს ახალი ნამუშევარიც შეემატება.

მოკლედ, თუ ჯერ კიდევ არ მოგბეზრდათ სამყაროს გადარჩენები; უხილავ, არაამქვეყნიურ ძალებთან უბრალო ამერიკელის შერკინებები, რაც კარგად ვიცით, როგორც თავდება, - მაშინ კინოთეატრი „ამირანი“ ზუსტად თქვენთვის უშვებს ამ ფილმს. ჰოდა, თუ სიმპათიით ხართ განწყობილი უკანასკნელი სამურაის, ტომ კრუზის მიმართ, რომელიც 2005 წლის ერთერთ ყველაზე ხმაურიან ბლოქბასტერში მთავარ როლს ასრულებს, მაშინ ხომ აუცილებლად უნდა ნახოთ. მით უმეტეს, მსოფლიო პრემიერაა! წარმოიდგინეთ, თქვენთან ერთად მთელს მსოფლიოში რამდენი თვალი შეხედავს დიდ ეკრანს? უუუუუ... ბევრი, ბევრი!