![]() |
ტაბულა №29 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კრამერი დევიდ, ანჯაფარიძე ზურაბ, კოვზირიძე დავით, შენგელაია ირაკლი, მიქუტიშვილი შალვა, მაყაშვილი ანა, ქუიქი ენდრიუ, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010 | 25 - 31 ოქტომბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.│პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲ზევით დაბრუნება |
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge
მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ბ-ნი კახა ბენდუქიძის სტატიას განათლების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ განათლება ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემაა, რისი მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ჩვენ 200-წლოვანი კულტურული წყვეტა გვაქვს. ამ ხნის მანძილზე ჩვენ სხვა ერის კანონებით და ფასეულობებით ვცხოვრობდით. ჩვენ ჯერ გვზრდიდნენ როგორც რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომებს, შემდეგ კი როგორც საბჭოთა ადამიანებს, რუსული ენის და რუსული კულტურის დომინანტობით. ამ მიზნით სკოლაში მთავარი იყო ქართული ენა-ლიტერატურის და ისტორიის „თავისებური” სწავლება. მაგ. ისტორიის მე-5 კლასის სახელმძღვანელო გვასწავლიდა, რომ ქართველთა შორეული წინაპრები სლავები იყვნენ, მაღალი კლასების ისტორიის სახელმძღვანელოში გაკვრით იყო მოხსენიებული თამარ მეფე და საერთოდაც, კაცობრიობის ისტორია იწყებოდა ოქტომბრის დიდი სოციალისტური რევოლუციის ღირსშესანიშნავი თარიღით, 1917 წლის 7 ნოემბრით (ბავშვისთვის პირველი ტყუილით და გაუგებრობით - რატომ ვზეიმობთ ოქტომბრის რევოლუციას ნოემბერში). ქართული ლიტერატურის პროგრამა მოიცავდა „ვეფხისტყაოსნიდან” რამდენიმე საზეპიროს და შეკვეთილ თემებს - სიყვარული „ვეფხისტყაოსანში”, მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში”, ქალთა ტიპები და რაღაც მსგავსი, გრიგოლ ხანძთელიდან და შუშანიკიდან რამდენიმე ამონარიდი ზეპირად - სულ ეს იყო. ხოლო თანამედროვე ქართული მწერლობიდან ჩვენი გმირები იყვნენ გაჭირვებული გოგია უიშვილი (როგორც სოციალური უსამართლობის მსხვერპლი და არავითარ შემთხვევაში - როგორც რუსული ძალმომრეობის) და გამარჯვებული მექი ვაშაკიძე. განათლების ხარისხი ფასდებოდა რუსი კლასიკოსების ცოდნით, რამდენიმე სტროფი ევგენი ონეგინიდან, ტოლსტოი და დოსტოევსკი და თუ ეს ყველაფერი სუფთა რუსულზე იყო დამყნილი, განსაკუთრებით с московским акцентом, ეს უკვე უმაღლესი პილოტაჟი იყო. სკოლის პერიოდში შეძენილი მცნებები, რაზეც უნდა აშენებულიყო მოსწავლის მომავალი ცხოვრება, დაახლოებით ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: მოიტყუე (ბევრი), მოიპარე (ცოტა) და არავის არ ენდო (არავითარ შემთხვევაში). სკოლა იყო მარტენის ღუმელი, სადაც იჭედებოდა საბჭოთა ადამიანი.
დღეს ჩვენ - საბჭოთა თაობას, არეული გვაქვს что такое хорошо и что такое плохо - ის, რაც გვასწავლეს, რომ კარგია - მოიტყუე (ბევრი), მოიპარე (ცოტა) დაარ ენდო (არავითარ შემთხვევეში), ამისთვის ვისჯებით. სკოლამ უნდა დაუბრუნოს ბავშვს ის ძირეული ფასეულობები, რაც მიღებულია ყველა კულტურულ საზოგადოებაში - რომ ტყუილი და ქრთამი ცუდია, რომ ადამიანები სანდონი არიან, იმიტომ რომ სადაც უნდობლობაა, იქ საზოგადოება არ არსებობს.
რა მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს დღეს სკოლის წინაშე - სხეულის და სულის სრულყოფა კარგია, მაგრამ ამისთვის სპორტი და რელიგია არსებობს და თან სულის სრულყოფას, საეჭვოა, სკოლის და თუნდაც უმაღლესის წლები ეყოს, ეს საქმე მთელ სიცოცხლეზეა გათვლილი. ჩემი აზრით, სკოლა უნდა ემსახურებოდეს მოქალაქის აღზრდას - პიროვნების, ვინც თავის ინტერესებს იაზრებს საზოგადოებრივი ინტერესების კონტექსტში. მოქალაქისთვის „საკუთარი” არ მთავრდება სახლის კარებთან, მოქალაქისთვის სახელმწიფო მისი საკუთრებაა და თვითონ არის მისი ნაწილი. მოქალაქეს, რომლის უგზაო ქვეყანაში გზა გაყავთ, არასდროს უჩნდება კითხვა - რა, ასფალტი ვჭამოთ? მოქალაქეებს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები თანასწორი და ჰორიზონტალურია. მოქალაქე არ ეძებს ნაცნობებს მთავრობაში, პატრონს, რომელიც მოუგვარებს პრობლემებს.
და კიდევ - უნდა ისწავლებოდეს კანონები და კანონმორჩილება, როგორც მოქალაქის აუცილებელი თვისება. და თუ ყველაფერ ამას დავუმატებთ იმ რეფორმებს, რაც დღეს ჩვენს სკოლებში მიმდინარეობს, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალი თაობა გვეყოლება ისეთი, როგორც ვახუშტი ბაგრატიონმა დაგვიხასიათა: მხნენი მუშაკნი, მხიარულნი, საუნჯეთა არა მმესველნი, გონიერნი, მსწრაფლ მიმხვდომნი, სწავლის მოყვარენი, ურთიერთის მიმყოლნი, სიკეთის დამსწავლელნი და მიმგებელნი, სირცხვილის მდევარნი.
ნესტან აბდუშელიშვილი
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„დღეს ბრიტანეთი უფსკრულში გადაჩეხვას გადაურჩა”.
ჯორჯოს ბორნი, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სახელმწიფო ხარჯების მკვეთრად შეკვეცას გულისხმობს. მათ შორის, სამთავრობო სტრუქტურებში 500 ათასი სამუშაო ადგილის შემცირება იგულისხმება. 20 ოქტომბერი
„თითქოს შინაგანი ხმა მეუბნებოდა, განაგრძე ძიება, განაგრძე ძიე ბა, არ დანებდე”.
სებასტიან პინერა, ჩილეს პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ დევიდ კამერონსა და დედოფალ ელიზაბეთ II-ს უყვება თავისი გადაწყვეტილების შესახებ, როცა 33 - მაღაროელის გადარჩენა განიზრახა. 19 ოქტომბერი
„იმპერიალიზმი ვარდნის გადამწყვეტ ფაზაშია და როგორც მომაკვდავი სპილო, სასაფლაოზე მიდის”.
ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა თეირანში ვიზიტისას მაჰმუდ აჰმადინეჟადს ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ სტრატეგიული თანამშრომლობისკენ მოუწოდა და „დასავლეთის ბატონობის” დასასრული იწინასწარმეტყველა. 21 ოქტომბერი
„როცა საზოგადოება მიხვდება, რომ მის აზრს არაფრად აგდებენ და მასზე არაფერია დამოკიდებული, ხალხი ქუჩაში გამოვა. ხელისუფლების გულგრილობის გამო ჩვენი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება”.
მიხაილ გორბაჩოვმა Christian Science Monitor-თან ინტერვიუში პუტინ - მედვედევის ტანდემი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთი აპათიისა და კორუფციის ჭაობად იქცა. 21 ოქტომბერი
16 ოქტომბერი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პარლამენტის ექსვიცესპიკერი ედვარდ სურმანიძე და კიდევ ორი პირი დააკავეს. მათ ბრალი გერმანელი ინვესტორისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ედებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები გერმანელ ინვესტორს დაშინებით და მუქარით 270 ათასი ამერიკული დოლარის გადახდას სთხოვდნენ.
ახალი ორმხრივი ენერგო - ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი ვენესუელაში ბირთვული ენერგიის ქარხანას ააშენებს. ამავე დროს, რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი, ნავთობის გიგანტი როსნეფტი ვენესუელის ნავთობის გადამამუშავებელი სახელმწიფო კომპანიის 50%25-იან წილს იყიდის.
17 ოქტომბერი
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანაში მრავალ კულტურული საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა. იმიგრანტები კვლავაც არარი ან ინტეგრირებულნი და საჭიროა გერმანულის შესწავლა. ქვეყანაში გაიზარდა ანტიიმიგრაციული განწყობა. ბოლო გამოკვლევის თანახმად, მოსახლეობის 30%25 უცხოელია.
18 ოქტომბერი
საქართველოში ნატოს დღეები გაიხსნა. სპეციალურად ამ მოვლენის გამო თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ალიანსისსა ხალხო დიპლომატიის სამმართველოს წარმომადგენლები და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები. კვირეული სიღნაღის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა და 23 ოქტომბერს ქუთაისში აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში საზეიმო კონცერტით დაიხურა.
ყველა ფოტო: REUTERS ©
ჩინეთის ვიცე - პრეზიდენტი ქსი ძინპინგი გავლენიანი ცენტრალური სამხედრო კომისიის ვიცე - ხელმძღვანელად დაასახელეს. შესაძლოა, ეს დაწინაურება მის მიერ პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს შენაცვლებაზე მიუთითებს. ეს უკანასკნელი 2013 წელს პრეზიდენტის პოსტს ტოვებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საუდის არაბეთმა საფრანგეთი ალ - ყაიდას გარდაუვალი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. არაბი სადაზვერვო აგენტების თქმით, ევროპას და განსაკუთრებით საფრანგეთს საფრთხე ემუქრებათ. საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ზომები მიიღეს. სექტემბერში ეიფელის კოშკი განგაშის გამო ორჯერ დაცალეს. 19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი
ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება მხოლოდ აგრესორ მხარესთან - რუსეთთან გააფორმოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მოწოდების საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
ევროკომისია წევრ ქვეყნებზე ევროკავშირის მიერ პირდაპირ დაწესებული დამატებითი ღირებულების გადასახადის ინიციატივით გამოდის. ინიციატივა გაერთიანების ბიუჯეტის შემოსავლების გასაზრდელად ახალი რესურსების ძიების ერთი- ერთი ვარიანტია. 20 ოქტომბერი
20 ოქტომბერი
მოსკოვი აცნობიერებს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანების გზაზე დაბრკოლების მოსახსნელად „გარკვეული კრეატიული გადაწყვეტაა” საჭირო, განაცხადა აშშ- ის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლოურენს სამერსმა. კრეატიული გადაწყვეტილების დეტალებზე მას არ უსაუბრია. სამერსმა მოლაპარაკებები გამართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსკოვში და აღნიშნა, რომ რუსეთის განაცხადი WTO-ში გაწევრიანებაზე შესაძლოა, წარმატებით დასრულდეს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სურთ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიჰყიდონ საუდის არაბეთს. მათ შორის ვერტმფრენები და შვეულმფრენებიცაა გათვალისწინებული. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეთანხმების დეტალები კონგრესს გაუგზავნეს, რომელსაც 30 დღის განმავლობაში შეუძლია შეეწინააღმდეგოს ინიციატივას. განხორციელების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ეს ყველაზე მომგებიანი სამხედრო შეთანხმება იქნება. იგი დამატებით 75 ათას სამსახურს წარმოქმნის.
21 ოქტომბერი
საფრანგეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო ცვლილებების გამო. სახელისუფლებო გეგმა საპენსიო ასაკის 60-დან 62 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. პროფკავშირების განცხადებით, დემონსტრაციები 28 ოქტომბერსა და 6 ნოემბერს კვლავაც მოეწყობა. ამასობაში კი სენატმა კანონპროექტის დაახლოებით ათასამდე შესწორებაზე დებატები შეწყვიტა და გვიან ღამით დაჩქარებულად კენჭი უყარა.
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთს სექსუალური უმცირესობის აღლუმის მოსკოვში მოწყობის აკრძალვისთვის ჯარიმა დააკისრა. წამყვან აქტივისტ ნიკოლაი ალექსეევს ადგილობრივი ხელისუფლება აღლუმის მოწყობის ნებართვაზე მუდმივად უარს უცხადებდა, რის გამოც მან სასამართლოში უჩივლა. ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, მოვლენა ძალადობას გამოიწვევდა. სტრასბურგის სასამართლომ კი აღნიშნულ ფაქტს დისკრიმინაცია უწოდა.
თბილისს 50-მდე ქალაქის მერი ესტუმრა. ისინი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც „ქალაქის მერებს შორის შეთანხმების” ფარგლებში გაიმართა. თბილისი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პირველი დედაქალაქია, რომელმაც ხელი მოაწერა 2008 წელს ინიცირებულ „ქალაქის მერებს შორის შეთანხმებას”. ეს არის ოფიციალური დასტური, რომ ქალაქი ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგეტიკის გამოყენებით მზადაა 20%25-ით შეამციროს ნახშირორჟანგის გამოყოფა.
რუსეთმა 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბური პრივატიზაციის გეგმის დეტალები გამოაცხადა. იგეგმება 900-მდე კომპანიის წილების მთლიანი ან ნაწილობრივი გაყიდვა. მათ შორისაა ნავთობ გიგანტი როსნეფტი და რუსეთის რკინიგზა, აღნიშნა პრემიერ - მინისტრის პირველმა მოადგილემ, იგორ შუვალოვმა. რუსეთს ფული ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად სჭირდება. ამ წლის მონაცემებით იგი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%25-ს შეადგენდა.
21 ოქტომბერი
ამერიკულმა კომპანიამ Greenberg Quinlan Rosner-მა 2010 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სულ 1 200 ინტერვიუერი გამოიკითხა. რესპონდენტთა 58%25 მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება, 26%25 ამ მოსაზრებას არ იზიარებს. კვლევის თანახმად, სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას გამოკითხულთა 67%25 ეთანხმება, 28%25 კი - არა.
![]() |
3 „აუცილებელია აშშ-ის და ევროკავშირის ერთობლივი ზეწოლა რუსეთზე” |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
დევიდ კრამერი - ახლახან არასამთავრობო ორგანიზაციის Freedom House აღმასრულებელი დირექტორი გახდა. დაამთავრა ტაფტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ და საბჭოთა მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოგვიანებით ჰარვარდის უნივერსიტეტში სოვიეტოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიიღო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჟურნალ The Christian Science Monitor Network-ში წერდა. ვაშინგტონში გადასვლის შემდეგ მუშაობდა ე.წ. think tank-ებში: კარნეგის ფონდსა და სტრატეგიის და საერთაშორისო მეცნიერებების ცენტრში. მოგვიანებით მოღვაწეობა განაგრძო პოლიტიკის დაგეგმვის შტაბში სპეციალურ მრჩევლად. 2005 წლის ივლისიდან იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში. 2008 წლის მარტიდან კი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა.
ინტერვიუ აღებულია 2010 წლის აგვისტოში
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
„შეჭრა” და „ოკუპაცია” - ეს ტერმინები თბილისში ვიზიტისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას გამოიყენა. თქვენი აზრით, როგორია აშშ - ის შემდგომი ნაბიჯი და არსებობს თუ არა თეთრ სახლში სტრატეგია, ან თუნდაც, პოლიტიკური ნება ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად?
ადმინისტრაციის მხრიდან ამ ტერმინოლოგიის გამოყენება სწორი ნაბიჯი იყო. ტერმინი „ოკუპაცია” პირველად გაჩნდა პრეზიდენტ მედვედევის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, 2010 წლის ივნისში, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო მასალებში. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა დაამატა ტერმინი „შეჭრა”. მისი კომენტარები თბილისში ვიზიტისას სწორი და დროული იყო. იგი ყველა მთავარ საკითხს შეეხო: ისაუბრა ჟენევის პროცესის გაცოცხლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხზე შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა უნდა განახორციელონ. მოსკოვს მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ მისი პოზიციების გამყარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, უბრალოდ, მიუღებელია. უნდა დავუბრუნდეთ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიკავონ 2008 წლის აგვისტომდე დაკავებული პოზიციები, შეწყვიტონ ოკუპაცია და სამხედრო ბაზების განლაგების მცდელობები ორივე რეგიონში. აუცილებელია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთობლივი მოქმედება - რუსეთმა ვერ უნდა მოძებნოს განსხვავებები ჩვენს მიდგომებში. ვიმედოვნებ, რომ ობამას ადმინისტრაცია განაგრძობს სახელმწიფო მდივნის ხაზს და შეინარჩუნებს რუსეთზე ზეწოლის პოლიტიკას.
პანევროპული სტრუქტურები საქართველოს საკითხზე შტატების სათანადო მოკავშირეებად მიგაჩნიათ?
ვფიქრობ, რომ ალტერნატიული ვარიანტები უკეთესი არ არის. ეუთო სწორად შერჩეული პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ რუსები არ სწყალობენ ამ ორგანიზაციას. ამ ზაფხულს შედგა სხვა მაღალი რანგის ვიზიტებიც საქართველოში: თბილისს სტუმრობდნენ ბარონესა ეშტონი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი. ეს ვიზიტები მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნიშანია. მთავარია ამ პოლიტიკის შენარჩუნება და შეერთებული შტატებისა და ევროპის კონსოლიდირებული მოქმედება - ამ საკითხზე ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და მოსკოვზე ზეწოლა უნდა განვაგრძოთ.
რუსეთი ყოველთვის იყო, და დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ, რევიზიონისტ სახელმწიფოდ. როგორ უნდა დაუპირისპირდეს დასავლეთი რუსული ექსპანსიონიზმის პოლიტიკას?
აშშ- სა და დასავლეთისათვის საუკეთესო გზაა ურთიერთობების გამყარება რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიული განვითარების გზაზე დგანან, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე არიან ორიენტირებული და პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს. ეს საუკეთესო გზაა რუსეთის იმპერიალისტური და რევიზიონისტული ტენდენციების შესაჩერებლად. შტატებმა და ევროკავშირმა უნდა გაამყარონ კავშირები საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან და სხვა სახელმწიფოებთან ამ რეგიონში. აუცილებელია ამ ქვეყნების მხარდაჭერა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესში. მათი გაძლიერება, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო გზაა. ევროპული პერსპექტივების შეთავაზება საქართველოსა და მოლდოვისთვის უმნიშვნელოვანესია - თუ საქართველოს ექნება ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობა, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირებული შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზით, ადრე თუ გვიან, აფხაზები და ოსები აუცილებლად მოისურვებენ ამ პროცესში ჩართვას.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2009 წელს გაფორმდა ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც დღეს იშვიათად ახსენებენ. თვლით თუ არა, რომ ქარტია კვლავ მისაღები ჩარჩოა ორ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისთვის, თუ საჭიროა ახალი სტრატეგია?
ობამას ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ქარტიას, რაც ჰილარი კლინტონმაც აღნიშნა თბილისში ვიზიტის დროს. მნიშვნელოვანია ამ ქარტიის შენარჩუნება და მისთვის კონკრეტული დატვირთვის მინიჭება. ბუშის ადმინისტრაციის ბოლო პერიოდში მსგავსი ქარტია გაფორმდა უკრაინასთანაც. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, ვაშინგტონს არ აქვს შემუშავებული პოლიტიკა საქართველოსთან და სრულიად კავკასიასთან დაკავშირებით. თავისთავად კარგია, რომ სახელმწიფო მდივანი კლინტონი ჩავიდა რეგიონში, რასაც წინ უსწრებდა თავდაცვის მინისტრ გეიტსის ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში. გამოჩენა, სხვათა შორის, ძალიან ბევრს ნიშნავს - როგორც ვუდი ალენმა თქვა, „გამოჩენა ცხოვრების 80-85%25-ს შეადგენს”. მაგრამ, საჭიროა სწორი პოლიტიკა, რაც უფრო მეტია, ვიდრე ვიზიტი, ან სიტყვით გამოსვლა. საჭიროა დიალოგის შენარჩუნება და ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური რეფორმებისა და ენერგეტიკის სფეროში, სამხედრო კონტაქტები, გაცვლითი პროგრამები კულტურისა და საზოგადოებრივ სფეროებში. ამ მიმართულებით ბევრად მეტის გაკეთებაა საჭირო.
ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში საქართველო განიხილებოდა როგორც დემოკრატიული განვითარების წარმატებული მაგალითი რეგიონში. რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ამერიკისთვის დღეს?
საქართველომ მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რადგან ეს იყო სერიოზული წინსვლის მაგალითი რეგიონში და ეს ქვეყანა დღესაც მნიშვნელოვანია სწორედ ამ კუთხით. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ტრაექტორია მყარი დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ამიტომ, ისეთ ვითარებებში, როგორიც შეიქმნა თბილისში 2007 წლის ნოემბერში, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოთქვას საკუთარი პოზიცია და შეშფოთება. ნებისმიერ ქვეყანას აქვს ვარდნისა და აღმასვლის პერიოდები, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც. საქართველო მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანა, რომელიც რთული მეზობლების გარემოცვაში ახერხებს დემოკრატიის კონსოლიდაციას და საბაზრო ეკონომიკის განმტკიცებას. რუსეთის მხრიდან საქართველოს მოსაზღვრე რეგიონი ძალზე არასტაბილურია. თბილისს, დროთა განმავლობაში, შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ჩრდილოეთ კავკასიაში, ისევე როგორც არასტაბილურობას ჩრდილოეთ კავკასიაში შეუძლია უარყოფითი გავლენის მოხდენა საქართველოზე. ამ ურთულეს რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშეწყობა ყველას ინტერესში შედის.
უნდა მოეხსნას თუ არა საქართველოს დე ფაქტო ემბარგო შეიარაღების შესყიდვაზე?
დე ფაქტო ემბარგო მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ- ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უარყოფენ ამას. ეს საკმაოდ რთული თემაა, თუმცა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს, რომელიც ეძებს თავდაცვითი ტიპის შეიარაღებას, უარი არ უნდა უთხრან. საკითხი უნდა გადაისინჯოს და დე ფაქტო ემბარგო უნდა მოიხსნას.
რამდენად რეალურია სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების ტრანზიტი ავღანეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით?
შესაძლებელია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს საკუთარი მონაწილეობით უდიდესი წვლილი შეაქვს სამხედრო კამპანიებში ავღანეთსა და ერაყში, თუმცა ტვირთების ტრანზიტის თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანია. თავისთავად მისასალმებელია, როცა გყავს მეგობრები, რომლებიც მზად არიან უზრუნველყონ გადაზიდვები, მაგრამ, ჩემი აზრით, აზერბაიჯანი, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო.
ცენტრალური ევროპის პოლიტიკურმა ლიდერებმა და ინტელექტუალებმა 2009 წელს გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამდნენ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო რეგიონში. შეიცვალა რამე ამ წერილის შედეგად ვაშინგტონში?
არა მგონია... ამ წერილმა თეთრი სახლი ნამდვილად არ გააბედნიერა. აქ განსაკუთრებით გაღიზიანდნენ მისი საჯაროობის გამო - შესაძლებელი იყო წერილი უფრო კერძო ხასიათის ყოფილიყო. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებას ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესახებ არასწორი მენეჯმენტი ჰქონდა და ამ საკითხზე, ალბათ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დამეთანხმებიან. თუმცა, ამ წერილის შემდეგ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს მეტი ყურადღება ექცევათ. გასულ სექტემბერს შედგა ვიცე- პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში, ჩეხეთსა და რუმინეთში. პრეზიდენტი ობამა უკვე ორჯერ იყო პრაღაში. მაგრამ მე კვლავინდებურად ვერ ვხედავ თანმიმდევრულ, გააზრებულ პოლიტიკას რეგიონის მიმართ და ამას რეგიონის მოსახლეობაც გრძნობს. ერთი მხრივ, პროგრესის მაჩვენებელია, რომ ამ ქვეყნებს აღარ სჭირდებათ ჩვენი აქტიური დახმარება, რადგან განვითარების კონკრეტულ დონეს მიაღწიეს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ისინი - არა იმიტომ, რომ ისინი რუსეთის ორბიტას დაუბრუნდებიან, არამედ იმიტომ, რომ როცა საჭირო იქნება, შესაძლოა, ვეღარ მივიღოთ მათი მხარდაჭერა. მოკავშირეებს უნდა მოვუაროთ, შევინარჩუნოთ მეგობრობა და გავამყაროთ კონტაქტები.
უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე?
საქართველოსთვის მარტო უფრო რთულია ნატოში გაწევრიანება, ვიდრე უკრაინასთან ერთად იქნებოდა. სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის, და ეს სწორია. ფაქტია ისიც, რომ კიევისთვის ეს საკითხი აღარ არის პრიორიტეტული. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ასეთ ქვეყანას წევრობაზე უარი არ უნდა ეთქვას და, ამ მხრივ, ბუქარესტის დეკლარაცია საკმაოდ ერთმნიშვნელოვანია. საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმების გატარება ამ მიმართულებით. თუმცა არ მინდა, რომ მოსახლეობას ამ საკითხზე გადაჭარბებული მოლოდინები შეექმნას, რადგან საქართველოს გაწევრიანება ნატოში უახლოესი მომავლის პერსპექტივა არ არის.
რუსეთი ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიული პრინციპების გაზიარებაზე. არ არის გამორიცხული, რომ პუტინი დაუბრუნდება პრეზიდენტობას 2012 წელს. ამ ფონზე, როგორია ამერიკა - რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივა?
ამ საკითხისადმი არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა არის გარკვეული გაუმჯობესება ზოგადი ტონისა და რიტორიკის თვალსაზრისით. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში წარმატებების გაზვიადება ობამას ადმინისტრაციის შეცდომაა, რაც მოსკოვს არასწორ, გადაჭარბებულ წარმოდგენას უქმნის საკუთარ მნიშვნელობაზე. ზოგიერთ სფეროში პროგრესი ნათელია, მაგრამ ბევრ საკითხზე ნაადრევია იმის თქმა, რომ ჩვენსა და მოსკოვს შორის სრული ურთიერთგაგებაა. რუსეთი კვლავ არასწორი მიმართულებით ვითარდება. ალბათობა იმისა, რომ პუტინი დაუბრუნდება პრეზიდენტობას, საკმაოდ მაღალია. არ ვიცი, ემზადება თუ არა ადმინისტრაცია მოვლენების ასეთი განვითარებისათვის, რადგან მათ სერიოზული ინვესტირება მოახდინეს მედვედევის ფიგურაში, ხოლო პუტინთან ამის ნახევარიც არ გაუკეთებიათ. სჯობს, ახლავე დაიწყონ იმაზე ფიქრი, რომ 2012 წელს პუტინი, შესაძლოა, კვლავ გახდეს პრეზიდენტი და, ასეთ შემთხვევაში, ვითარების გაუმჯობესების შესაძლებლობას ვერ ვხედავ.
![]() |
4 სპეკულაციები პერევის ირგვლივ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ფოტო: REUTERS ©
რუსეთის საოკუპაციო ჯარმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დატოვა. 18 სექტემბერს, საღამოს მათ დაცალეს სამორიგეო შენობა და სოფელ ქარძმანში გადავიდნენ. ქარძმანი საქართველოში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაციული ოლქის ფარგლებში მდებარეობს. საქართველოს პოლიციის დანაყოფები და ევროკავშირის დამკვირვებლები პერევში 19 ოქტომბერს გამთენიისას შევიდნენ. განაღმვითი სამუშაოების შემდეგ სოფელმა შედარებით მშვიდობიან რეჟიმში ცხოვრება დაიწყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვმა სცადა პერევის უკანდახევა საქართველოს სრულ დეოკუპაციად გამოეცხადებინა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სოფელ პერევიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანით სარკოზი-მედვედევის თითქოსდა შეუსრულებელი შეთანხმების საკითხი საბოლოოდ დახურულია”.
ჯერ კიდევ პერევის დაცლამდე, ეხო კავკაზა წერდა, რომ პერევის გავლით გზა ოსურ სოფელ ქარძმანისკენ და ოკუპირებული ტერიტორიის ცენტრისკენ გადის. სწორედ ამ გზით სცადეს 2008 წელს ქართულმა პოლიციურმა ნაწილებმა ჯავის სამხედრო ბაზაში შეღწევა. ახალი გზით რუსული საოკუპაციო ჯარი პერევზე გაუვლელად ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით მყოფ ქართულ ე.წ. სასაზღვრო სოფლებს გააკონტროლებს. საჭიროების შემთხვევაში იგი სოფელს ამ გზით წუთებში დაიკავებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთისთვის პერევმა სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა. მანაც სოფლის დატოვება ამ მიზეზის და არა კეთილი ნების გამო გადაწყვიტა. პარალელურად, კრემლმა ამ ფაქტით საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში პოლიტიკური ქულების დაგროვება სცადა.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების დრო და ადგილი. პერევის დატოვების განზრახვის შესახებ განცხადება ჟენევის შეხვედრაზე გაკეთდა. ის ამ მოლაპარაკებების უპერსპექტივობაზე და რუსეთის ხისტ პოზიციაზე მსჯელობის გაბათილებას ისახავდა მიზნად. ამასთან, პერევიდან ჯარების გაყვანა, „დაემთხვა” რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის შეხვედრას საფრანგეთისა და გერმანიის პირველ პირებთან - ნიკოლა სარკოზსა და ანგელა მერკელთან. უნდა ითქვას, რომ ევროპელ პარტნიორებს რუსულმა არგუმენტმა კარგ დროს მიუსწრო. ნიკოლა სარკოზიმ მედვედევს პერევისთვის მადლობა გადაუხადა. აქვე მან ხაზი გაუსვა „სხვაშესათანხმებელი საკითხების” არსებობასაც. საინტერესოა, რომ ამ საკითხებში რუსეთის მიერ გადასადგმელი ნაბიჯების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდაუსხმელობის დამატებითი გარანტიების შექმნაც შედის.
აქვე დადასტურდა ინფორმაცია ნოემბერში რუსეთის ნატოს სამიტზე მიწვევის შესახებ. სამიტზე ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე უნდა იმსჯელონ. ამ სქემაში ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა რუსეთს ევროპის სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრებს. New York Times-ი გერმანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიწვევა ლისაბონში შესაძლებელი გახდა მხოლოდ რუსეთის სამხედროების მიერ პერევის ტერიტორიის დატოვების შემდეგ. აქვე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მედვედევს ნატოს სამიტზე უმაღლესი დონის შეხვედრებს გაუმარტივებს.
თუმცა, კრემლის ეს მცდელობა ბოლომდე წარმატებით არ დასრულებულა. რუსეთის ნაბიჯს ევროპელებთან შედარებით აშშ-ში ნაკლები ოპტიმიზმით შეხვდნენ. 18 ოქტომბერს საზოგადოებრივ ორგანიზაცია თანამეგობრობის კლუბში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავ ღიად განიხილავს რუსეთთან საქართველოს ოკუპაციის საკითხს. პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რეგიონში ეუთოს მისიის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს. ამაზე აქცენტი, პერევიდან საოკუპაციო ჯარის გაყვანის კომენტირებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეუთოს მისიის მუშაობა ადგილზე უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის, რაც დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს მიესალმება, თუმცა განცხადებაში საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენებს, რომ რუსეთი ისევ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას. მას ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, სადაც ადამიანების უფლებების დარღვევა გრძელდება. ასობით ათასი დევნილი საკუთარ საცხოვრებელს ვერ უბრუნდება. კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების შესვლასაც უშლის ხელს.
![]() |
5 როსნეფტი აფხაზეთში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტი შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიების სამუშაოებს იწყებს. ინფორმაცია გაზეთ კომერსანტთან ინტერვიუში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დაადასტურა. წინასწარი კვლევითი სამუშაოები აფხაზეთში უკვე დაწყებულია.
2010 წლის სექტემბერში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთის სასწავლო ცენტრის სპეციალისტებმა აფხაზეთის სანაპიროს გრუნტის სინჯების შესწავლა დაიწყეს. სააგენტო რიანოვოსტი იუწყება, რომ სინჯების კვლევა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ნავთობისა და გაზის არსებობის ნიშნების შემთხვევაში კი მომავალ წელს კიდევ ერთი ექსპედიცია შედგება. მომდევნო ექსპედიცია საბადოების მოცულობის დასადგენად 1300 სინჯს აიღებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, კვლევა როსნეფტმა დაუკვეთა.
კომერსანტთან საუბარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ როსნეფტმა უკვე ჩაიტანა აფხაზეთში საძიებო აღჭურვილობის ნაწილი. იგი განმარტავს, რომ ნავთობის ძირითადი ნაწილი ე.წ. გუდაუთის ღრმულში - გაგრასა და სოხუმს შორის უნდა იყოს კონცენტრირებული, სადაც საბჭოთა პერიოდში 22 ჭაბურღილი იდგა.
როსნეფტის განზრახვა ამ დღეებში, სოხუმში გამართულ ბიზნესფორუმზე კომპანიის ხელმძღვანელმა ედუარდ ხუდაინატოვმაც დაადასტურა. მისი ინფორმაციით, აფხაზეთში ამჟამად უკვე იმყოფება ორი გეოფიზიკური ხომალდი, რომლებიც შავი ზღვის ფსკერის შესწავლას იწყებენ. აქვე მან აღნიშნა, რომ როსნეფტს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობგასამართი სადგურების ქსელის განვითარებაში დღემდე 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული.
კომპანია როსნეფტი რუსული ნავთობმომპოვებელი დარგის ერთ-ერთი ლიდერია და რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიათა ნუსხაში შედის. კომპანიის მთავარი აქციონერი (75,16%25-ის მფლობელი) არის 100%25-იან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი როსნეფტგაზი. ე.წ. თავისუფალ მიმოქცევაში კი როსნეფტის აქციების სულ 15%25-ია.
როსნეფტმა მოძრაობა აფხაზეთში ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაიწყო, ომის შემდეგ კი კიდევ უფრო გაააქტიურა. 2009 წლის 24 დეკემბერს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო კომპანია აბხაზტობთან ერთობლივი საწარმოს რნ-აფხაზიას შექმნის შესახებ. ერთობლივი საწარმოს %25 რუსული კომპანიის კუთვნილებაა. პარალელურად, ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ეკონომიკის მინისტრმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანიას შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიების და საბადოების განვითარების უფლება გადაეცა.
როსნეფტის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გუდაუთის მონაკვეთის საერთო ფართობი 3856 კვ. კილომეტრია. რესურსების მარაგის წინასწარი შეფასება დაახლოებით 270 მილიონი ტონაა. ჯამში, სხვადასხვა მონაცემებით, შავი ზღვის ფსკერის ქვეშ 4,6 მილიარდი ბარელი ნავთობია და აქ 180 ჭაბურღილის გაბურღვა შეიძლება, აქედან - 28-ის ბულგარეთის, 82-ის რუმინეთის, 20-ის თურქეთისა და 2-ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. როსნეფტის წარმომადგენელმა ხელშეკრულების გაფორმების დღესვე განაცხადა, რომ სალიცენზიო ხელშეკრულება კომპანიას ერთი ჭაბურღილის გათხრის უფლებას აძლევდა, თუმცა კომპანია ერთდროულად ორი ჭაბურღილის გათხრას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის შელფი საძიებო სამუშაოების წარმოებისთვის ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძვირი მონაკვეთია. სწორედ ამიტომ, როსნეფტის ეკონომიკურ ინტერესებზე საუბრისას, მედიაში ხშირად ხაზს უსვამენ ამ პროცესში პოლიტიკური ინტერესების დომინირებას.
როსნეფტის აქტივობას ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისთვის და დღესაც, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სოხუმშიც, ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან, წინააღმდეგობა მოჰყვა. სოხუმში საძიებო სამუშაოების დაწყებას ძირითადად ეკოლოგიური მოსაზრებებით აკრიტიკებენ.
ოქტომბერში დაწყებული სამუშაოების კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ თბილისი ხსენებულ აქტივობას აპროტესტებს როგორც გარემოს დაცვის ინტერესებიდან, ისე - საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. „ამ ტიპის სამუშაოები, რომლებიც იქ განხორციელდება, თავისთავად, ეკოლოგიური თვალსაზრისით სახიფათოა, მაგრამ საერთაშორისო სამართლის კუთხითაც გაუმართავი და სახიფათოა. თუმცა, ეს უკანასკნელი მაინც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ, როგორც კი აღდგება საქართველოს იურისდიქცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ მაშინვე შევძლებთ საზიანო ქმედებები სამართლებრივი კუთხით მაინც აღვკვეთოთ”, - განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მხედველობაში ჰქონდა საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოში მოქმედი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. მათი მიხედვით, ინვესტორს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კომერციული საქმიანობის უფლება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ნებართვის შემთხვევაში ეძლევა.
![]() |
6 ქართველმა სამართალდამცავებმა ისრაელის ორი მოქალაქე დააკავეს |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათუმში დაკავებულ ისრაელის მოქალაქეებს, ბიზნესმენებს - რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკიელს - ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ცნობით, ისინი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძეს ქრთამის სახით შვიდ მილიონ დოლარს სთავაზობდნენ. სანაცვლოდ ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. მის მიხედვით, საქართველოს რონი ფუქსისა და მისი პარტნიორი იოანის კარდასოპოლუსისათვის 98 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ამ უკანასკნელს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ფუქსის ადვოკატი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მისი კლიენტი მოლაპარაკებებში ქართულ მხარეს საკომპენსაციო თანხის ნაწილის უკან, ინვესტიციის სახით, დაბრუნებას სთავაზობდა, საქართველოს ხელისუფლება კი ამის ქრთამად წარმოჩენას ცდილობს.
საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის წესდების საფუძველზე შექმნილმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს 100 მილიონამდე კომპენსაციის გადახდა მიმდინარე წელს დააკისრა. ყველაფერი კი 1991 წელს დაიწყო. კომპანია ტრამექსი საქართველოს ენერგოსექტორით სწორედ მაშინ დაინტერესდა. კომპანიას ფუქსი და კარდასოპოლუსი წარმოადგენდნენ. უკვე 1992 წელს ტრამექსმა და საქნავთობმა ერთობლივი საწარმო - ჯითიაი - დააარსეს. ჯითიაი მონოპოლისტად იქცა. მას - დაწყებული მილსადენების მშენებლობა - მართვიდან, ექსპორტით დამთავრებული - ექსკლუზიური უფლებები ჰქონდა. 1996 წელს საქართველომ ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია შექმნა და ტრამექსთან შეთანხმება გააუქმა. მას შემდეგ, წლების განმავლობაში, ტრამექსი სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვდა.
2004 წელს მთავრობამ აცნობა ბიზნესმენებს, რომ მათი პრეტენზიები ფინანსური ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლო იყო. ფუქსმა და კარდასოპოლუსმა საქართველოს უჩივლეს. ქვეყანას მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
პროკურატურის ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებთან გადასახდელი თანხის ოდენობისა და ანგარიშსწორების პირობების შესახებ მოლაპარაკება ავთანდილ ხარაიძეს დაევალა. ფუქსმა და კარდასოპოლუსმა კი მას ზეევ ფრენკიელის მეშვეობით შესთავაზეს ქრთამი, რათა საქართველოს ტრიბუნალის გადაწყვეტილება არ გაესაჩივრებინა. სამართალდამცავების ცნობით, სხვადასხვა შეხვედრაზე ხარაიძეს განსხვავებული ოდენობის თანხას სთავაზობდნენ. შსს-მ გაავრცელა სტამბოლის შეხვედრის ვიდეომასალაც, რომელიც 15 სექტემბერს შედგა. შეხვედრისას მამაკაცი, რომელიც, ჩანაწერის მიხედვით, რონი ფუქსია, საქართველოს წარმომადგენელს ეუბნება, რომ მას 80 მილიონი დოლარი სჭირდება, დანარჩენ თანხას კი უკან დააბრუნებს. საუბარია 10-20 მილიონზე.
იგი ამ თანხის გადმოსარიცხ სქემასაც აღწერს: მეორე მხარეს სთავაზობს, რომ დააარსოს რაიმე ორგანიზაცია, რომელსაც ის ფულს შემოწირულობის სახით გადაუგზავნის. გამოძიების მიხედვით, ისინი საბოლოოდ ხარაიძისთვის 7-მილიონიანი ქრთამის გადახდაზე შეთანხმდნენ. ხოლო ბათუმში, სადაც ბიზნესმენები დააკავეს, გარიგების უკანასკნელ დეტალებს აზუსტებდნენ. ფუქსის ადვოკატი კი ამბობს, რომ ბიზნესმენები უფრო ნაკლები თანხის მიღებას და ვის მალე დასრულების მიზნით დათანხმდნენ და არა საარბიტრაჟო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების თავიდან ასაცილებლად. დანარჩენ თანხას ისინი ინვესტიციის სახით დააბრუნებდნენ. მისივე თქმით, ფუქსი საქართველოში პრემიერ ნიკა გილაურის თხოვნით ჩამოვიდა. ამ ფაქტს გილაური არ ადასტურებს.
ვინაიდან დაკავებულები ისრაელის მოქალაქეები არიან, ქართველი სამართალდამცავები ისრაელის ელჩს უკვე შეხვდნენ. მას ბიზნესმენების დაკავებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია და მტკიცებულებები გადასცეს. ებრაული მედიის ცნობით, დაკავებულთა მდგომარეობის მოსაკითხად საქართველოს პრეზიდენტს ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა დაურეკა. თუმცა, იქვეა განმარტებული, რომ მსგავსი საუბრები პრეზიდენტს თვეში ერთხელ მაინც აქვს, რადგან მას უცხოეთში დაკავებულ ისრაელის მოქალაქეთა ოჯახის წევრები დახმარებას სთხოვენ. როგორც გაზეთ ჰაარეცს პერესის თანაშემწემ განუცხადა, ეს ბიზნესმენთა გათავისუფლების თხოვნა არ იყო.
აღსანიშნავია, რომ ისრაელში ვიზიტისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ იქაურ მედიას განუცხადა, რომ ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოში საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების საშუალება ექნებათ.
![]() |
7 პრესის თავისუფლების ახალი ინდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაცია - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე - პრესის თავისუფლების 2010 წლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველო 178 ქვეყანას შორის 99-ე ადგილზე ამისი მაჩვენებელი რეიტინგში გაუარესებულია. გასულ წელს ანალოგიურ რეიტინგში ქვეყანა 81-ე ადგილზე იყო.
კვლევის თანახმად, პრესა ყველაზე თავისუფალი ფინეთში, ისლანდიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და შვეიცარიაშია.ეს ქვეყნები ერთნაირი მაჩვენებლით პირველ ადგილს იყოფენ. ყველაზე უარესი მაჩვენებელი კი ირანს, თურქმენეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ერიტრეას აქვს.
ინდექსი გარკვეულ ტენდენციებსაც ასახავს. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტს ჩივიან პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაზე ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 13 ქვეყანა პირველ ოცეულშია, მაგრამ დანარჩენი 14 სიაში ქვედა ადგილებს იკავებს. მაგალითად, იტალია 49-ე, რუმინეთი 52- ე, საბერძნეთი და ბულგარეთი კი 70-ე ად გილზე არიან. გასულ წელს საბერძნეთი 35-ე იყო, ბულგარეთი - 68-ე. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე იმასაც უსვამენ ხაზს, რომ ეკონო მიკური ზრდა არ ნიშნავს პრესის თავისუფლებას. ე.წ. დიდი ოთხეულის ქვეყნებიდან ბრაზილიას აქვს შედარებით დადებითი მაჩვენებელი. ის 12 ადგილით დაწინაურდა და 58-ეა. ინდოეთი სიაში 17 ადგილით ჩამოქვეითდა და 122-ე ად გილს იკავებს. რუსეთი 140-ეა, ჩინეთი კი 171-ე.
ორგანიზაცია მსგავს კვლევას ყოველ წელს ატარებს. ეს კვლევა 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე 43 კრიტერიუმის საფუძველზე შეადგინეს კითხვარი. კრიტერიუმები მოიცავს როგორც ჟურნალისტებზე პირდაპირ ძალადობას, ასევე ცენზურასა და პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობას. კრიტერიუმებში შედის თვითცენზურის ხარისხი და ფინანსური დამოუკიდებლობა. ორგანიზაციის ცნობით, ეს კითხვარი 15 პარტნიორ ორგანიზაციას და სხვა დამოუკიდებელ სუბიექტებს - იქნებიან ესენი ჟურნალისტები, თუ ადამიანის უფლებათა დამცველები - დაეგზავნა საკვლევ ქვეყნებში.
![]() |
8 ქართული ენერგეტიკის ახალი პერსპექტივები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
საქართველო საკუთარი ჰიდროენერგო პოტენციალის ათვისებას იწყებს. მთავრობას იმედი აქვს, რომ 10 წელიწადში ქვეყანა ჰიდროელექტროენერგიის ექსპორტის მხრივ რეგიონის ლიდერი გახდება. იდეას სკეპტიკოსები არ ელევა.
საქართველოს ტერიტორიაზე 26 ათასი მდინარეა დათვლილი. 300 მათგანის წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათას მეგავატს, ხოლო წლიური ენერგია 50 მილიარდ კილოვატსაათს შეადგენს.
საქართველო დღეს საკუთარი ჰიდრო პოტენციალის მხოლოდ 18%25-ს იყენებს. ამ მაჩვენებლის გასაზრდელად, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა: შენდება 5 ელექტროსადგური, კიდევ 16-ის ასაშენებლად კონტრაქტები ხელმოწერილია.
ამერიკის შეერთებული შტატები, მაგალითად, საქართველოს ენერგოინფრასტრუქტურაში 124 მილიონ აშშ დოლარს აბანდებს. საქართველოს მთავრობასთან ნამახვანში ჰესების კასკადის მშენებლობისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე ხელი შარშანვე მოაწერა კორეულმა კომპანიამ - Korea Electric Power Corporation (KEPCO)-მაც. მშენებლობა 2011 წელს დაიწყება და 6 წლის შემდეგ დასრულდება. შავი ზღვის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაც დაწყებულია. 380 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს სამი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია - რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტიციის ფონდი აფინანსებს. მშენებლობა სავარაუდოდ 2012 წლისთვის უნდა დასრულდეს. ახალი ელექტროგადამცემი ხაზით საქართველო თურქეთში 10-ჯერ მეტი ელექტროენერგიის ექსპორტირებას შეძლებს. მას შემდეგ კი, რაც თურქულ ელექტროსისტემას დაუკავშირდება, საქართველო ელექტროენერგიის გაყიდვას უკვე აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, სირიასა და ერაყშიც შეძლებს.
ელექტროენერგიის წარმოების ხარჯი საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა იქნება. სხვადასხვა გათვლით, საქართველოში ერთი საათის ელექტროენერგიის მიღება 5-6 აშშ ცენტი ჯდება. თურქეთში ელექტროენერგიის გაყიდვა მხოლოდ 10 ცენტად იქნება შესაძლებელი.
სრული ენერგო პოტენციალის ათვისება იოლი არ არის: საქართველოს მდინარეებში სეზონურად წყლის დონე ხან მკვეთრად იკლებს, ხან - იმატებს. ჰიდროელექტროენერგიის მისაღებად კი აუცილებელია, წყლის დონე დარეგულირდეს. ამისთვის შეიძლება ხელოვნურად მარეგულირებელი წყალსაცავებიანი ელექტროსადგურები აშენდეს. თუმცა ასეთი ელექტროსადგურების ოპერირება დიდ ეკოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული: წყლის ბუნებრივი დინებისა და დონის დარღვევამ შეიძლება მისი დაშრობაც კი გამოიწვიოს.
გამოსავალი მაინც არსებობს - მცირეწყალსაცავებიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. სრული ენერგო პოტენციალის ასათვისებლად, ამ მიმართულებით 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველო, გლობალური ფინანსური კრიზისისა და საგარეო პოლიტიკის საფრთხეების გათვალისწინებით, ამ თანხის მოზიდვას ვერ შეძლებს.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, წინა წლებთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, საშუალოდ, გასამმაგდა. 2010 წლის I კვარტალში, ინვესტიციები 42%25-ით შემცირდა. 1.6 მილიარდდოლარიანი შემცირება რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია: ფინანსურმა კრიზისმა, შიდა პოლიტიკურმა არეულობამ და 2008 წლის აგვისტოს ომმა. 2010 წლის II კვარტალში საქართველოში უკვე 197 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. ეს 11%25-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ადგილი კორუფციის აღქმის ინდექსშიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყოველწლიურად საშუალოდ 8 ადგილით უმჯობესდებოდა. დღეს საქართველო 180 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, მასზე წინ მხოლოდ თურქეთია და 5 ადგილით უსწრებს. დანარჩენ მეზობლებთან შედარებით - რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი - საქართველო საშუალოდ 70 ადგილით წინაა.
საქართველოს საკუთარი ენერგოსექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების წარმატებული ისტორია უკვე აქვს. ამას ენერგოსექტორის დივერსიფიკაციისა და პრივატიზაციის გზით მიაღწია. ჰიდროელექტროსადგურებისა და ენერგოგამანაწილებლების პრივატიზაცია დღის წესრიგში 2006 წლის იანვარში დადგა. ეს მას შემდეგ, რაც რუსული გაზის გიგანტმა - გაზპრომმა საქართველო დააშანტაჟა და გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ერთი წლის შემდეგ საქართველომ, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხარჯზე, რუსული გაზის იმპორტი შეამცირა. თან ენერგეტიკულ მიქსში გაზის წილის შემცირებაც გადაწყვიტა. ამისათვის ჰიდრო პოტენციალის ათვისება და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იყო საჭირო. ჩეხურმა კომპანიამ - Energo Pro - ელექტროენერგიის აქტივები პირველად თანხაზე (312 მილიონი აშშ დოლარი) გაცილებით იაფად (132 მილიონი აშშ დოლარი) იყიდა, ოღონდ იმ პირობით, რომ დამატებით 285 მილიონ აშშ დოლარს ინფრასტრუქტურაში, აქტივების რეაბილიტაციასა და ახალი სიმძლავრის გამომუშავებაში დააბანდებდა. 2007 წელს, თავის ისტორიაში პირველად, საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანა.
![]() |
9 დრაკონის ენერგოწყურვილი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ეკონომიკურ განვითარებას თან გარკვეული გვერდითი მოვლენებიც ახლავს. ჩინეთის შემთხვევაში ეს არის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. ეს ქვეყანა დღეში 3.7 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს (სიდიდით მეხუთე მწარმოებელი მსოფლიოში), თუმცა ეს მის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. 1980 წელს ჩინეთი მსოფლიოში წარმოებული ნავთობის 3%25-ს მოიხმარდა. 2010 წლისთვის ის მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელია ამერიკის შემდეგ და წლიურად 10%25-ს მოიხმარს. მზარდი ენერგოწყურვილი ჩინეთს აიძულებს, დედამიწის ყველა კუთხეში ეძებოს ნავთობისა და გაზის პოტენციური მიმწოდებელი. მსოფლიოში ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნის გამო კი ის სხვა ქვეყნების ინტერესებს ეჯახება.
ცენტრალური აზია ჩინეთისთვის აღთქმულ მიწად იქცა. გეოგრაფიული მიზეზების გამო თურქმენეთსა და ყაზახეთს წლების მანძილზე არ ჰქონდათ საშუალება საკუთარი რესურსები მსოფლიო ბაზარზე გაეტანათ. რუსეთი მათგან გაზს იაფად ყიდულობდა, შემდეგ კი ევროპაში ხუთჯერ უფრო ძვირად ჰყიდდა. პეკინი ცენტრალურ აზიაში იმ ტაქტიკას იყენებს, რომელმაც აფრიკასა და ირანში გაამართლა. ჩინეთი ნავთობისა და გაზის სანაცვლოდ ქვეყნებს კაპიტალს, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტექნოლოგიურ სიახლეებს სთავაზობს. ყაზახეთიდან ჩინეთს დღეში 120 ათასი ბარელი ნავთობი მიეწოდება, თუმცა შესაძლებელია გაზსადენის გაფართოება. 2009 წელს გაიხსნა მსოფლიოში უდიდე სი, 7 ათასი კილომეტრი სიგრძის გაზსადენი, რომელსაც თურქმენული გაზი ჩინეთამდე მიაქვს. გაზსადენის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ჩინეთი წელიწადში 40 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. პეკინი ამით არ დაკმაყოფილდა და თურქმენეთს ახალი, 4 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების სესხი გამოუყო ერთ-ერთი უმდიდრესი გაზის საბადოს, სამხრეთ იოლოტანის განვითარებისათვის. ჩინეთის ჩარევის შემდეგ რუსეთში გაზის ექსპორტმა 30 მილიონიდან 10 მილიონ კუბურ მეტრამდე დაიკლო. თურქმენეთი 14 მილიონ კუბურ მეტრ აირს ირანსაც აწვდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის პრაქტიკულად ადგილი არ რჩება.
ცენტრალურ აზიაში კონკურენციის მიუხედავად, რუსეთი არ არის წინააღმდეგი ჩინეთს ენერგორესურსები მიაწოდოს. უკვე დაიწყო 4000-კილომეტრიანი, აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის ნავთობსადენის მშენებლობა. შორეულ აღმოსავლეთში უკვე მუშაობს შედარებით მცირე ნავთობსადენი, სკოვოროდინოდან დაქინგამდე. ორიოდე წელიწადში რუსეთის ნავთობექსპორტი ჩინეთში წელიწადში 50 მილიონ ტონას მიაღწევს (შედარებისთვის: რუსეთი ევროპას წელიწადში 130 მილიონ ტონა ნავთობს აწვდის).
ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში ქვეყანა შედარებით ახალი მოთამაშეა. საუდის არაბეთი ჩინეთისთვის მთავარი მიმწოდებელია (800 ათასი ბარელი დღეში), რომელსაც ირანი მოსდევს (600 ათასი ბარელი დღეში). დასავლური ეკონომიკური სანქციების გამო ირანს უჭირს ინფრასტრუქტურის განვითარება და ტექნოლოგიური განახლება. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ ჩინეთი მისთვის ერთადერთი ალტერნატივაა, რომელმაც 5 წლის მანძილზე ირანის ენერგოსექტორში 120 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მაგალითად, ჩინურმა სახელმწიფო კორპორაცია სინოპეკმა ირანში ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 6.5 მილიარდი დოლარი დახარჯა.
არსებობს რამდენიმე მილსადენის პროექტი, რომელმაც ცენტრალური აზიიდან ნავთობი და გაზი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უნდა მიიტანოს. მათ შორისაა თურქმენეთ-ავღანეთ-პაკისტან-ინდოეთის გაზსადენი და ირან-პაკისტან-ინდოეთის ნავთობსადენი. მართალია, ახლანდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ორივე პროექტი მხოლოდ ქაღალდზე რჩება, თუმცა ჩინეთი დაინტერესებული იქნება ახალი ენერგომატარებლების პაკისტანზე გასვლით. ორ ქვეყანას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები აქვს, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩინეთს ენერგორესურსების არა საზღვაო, არამედ სახმელეთო გზით მიღება სურს. ახლო აღმოსავლეთიდან მომავალმა ნავთობმა აუცილებლად უნდა გაიაროს ორმუზის სრუტეში, რომლის ყველაზე ვიწრო ადგილი 20 კილომეტრის სიგანისაა. სრუტის ერთ მხარეს ირანია, მეორე მხარეს კი - ომანი. მისი უსაფრთხოება ამერიკის ფლოტზეა დამოკიდებული. საზღვაო გზით ჩინეთისკენ მიმავალ ნავთობს მალაკის სრუტის (მალაიზიასა და ინდონეზიას შორის) გადალახვაც უწევს. ინდოეთის ოკეანეში ამერიკული ფლოტის არსებობა კი ჩინეთს დისკომფორტს უქმნის.
ჩინური კორპორაციები აქტიურობენ ერაყშიც, სადაც ფინანსებს არ იშურებენ ტენდერებისა და აუქციონების მოსაგებად. ახლანდელი გათვლებით, 2015 წლისათვის ერაყის ნავთობის წარმოებამ დღეში 4 მილიონ ბარელს უნდა მიაღწიოს, რითაც ირანს გაასწრებს. ჩინელები გააქტიურდნენ ამერიკის კონტინენტზეც, სადაც ნავთობით მდიდარ ვენესუელასთან კონტაქტებს აღრმავებენ. ჩინურმა კორპორაცია სინოპეკმა კანადაში ნავთობის საბადოების განვითარებისთვის 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. აფრიკაში კი ჩინეთს ფეხი მყარად აქვს მოკიდებული. ანგოლა მისთვის სიდიდით მესამე მიმწოდებელია (500 ათასი ბარელი დღეში), სუდანიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან კი დღეში დამატებით 300 ათას ბარელ ნავთობს იღებს.
სახელმწიფო კორპორაციების მიერ ფინანსების უხვად ხარჯვა ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ტემპების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. მეორე მხრივ, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მთავრობები თანხებს ხარჯავენ ალტერნატიული ენერგიის განვითარებაზე, ჩინეთი კი უახლეს ტექნოლოგიებში მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მსოფლიოში ნავთობის რეზერვების ამოწურვის შესახებ განსხვავებული პროგნოზები არსებობს. შესაძლოა, ოციოდე წელიწადში უძვირესი ნავთობსადენები დაცარიელდეს. იქამდე კი ჩინეთი აგრძელებს ნავთობის საბადოების ძიებას და ეს ამერიკასა და ევროპაზე უკეთ გამოსდის.
ფოტო: REUTERS ©
![]() |
10 ეკონომიკური ზღაპარი |
▲ზევით დაბრუნება |
ზურაბ ანჯაფარიძე|სვეტი
იყო ერთი სოფელი, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ. ზოგი ხე-ტყეს ამზადებდა, ზოგი ნადირობდა, ზოგს ხორბალი მოჰყავდა, ხოლო ზოგი წყალს ეზიდებოდა მოშორებით ჩამდინარე ნაკადულიდან. ჩვეულებრივი სოფელი იყო, არაფერი განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სოფელში არ არსებობდა ფული. უფრო ზუსტად კი, ამ სოფლის მცხოვრებლებმა საერთოდ არ იცოდნენ სიტყვა „ფული”-ს რაობა. პრინციპში არც სჭირდებოდათ. თუ მონადირეს ხორბალი დასჭირდებოდა პურის გამოსაცხობად, ნანადირევს ხორბალში ცვლიდა, თუ შეშა დასჭირდებოდა - შეშაში, ხოლო თუ წყალი - წყალში. ცხოვრობდნენ ასე, შრომობდნენ და საკუთარი შრომის ნაყოფის სხვა საქონელში გაცვლით სრულად იკმაყოფილებდნენ საკუთარ მოთხოვნილებებს.
დროთა განმავლობაში სოფლელები ისე გაიწაფნენ საქმის კეთებაში, რომ ძნელად თუ ვინმე შეედრებოდა მეტყევეს შეშის ჭრაში, მთესავს ხორბლის მოყვანაში, მონადირეს ნადირობასა, ხოლო წყლის მზიდავს - წყლის ზიდვაში. მეტიც, მათ სამუშაოს შესაბამისი იარაღებიც შექმნეს (მონადირემ მშვილდი, მთესავმა გუთანი და ა.შ.), რითიც კიდევ უფრო გაიზარდა მათი პროდუქტიულობა. და რადგან გაწაფულობისა და იარაღების ხარჯზე ახლა უკვე ბევრად მეტი პროდუქტის მოპოვება შეეძლოთ, დაიწყეს მარაგების გაკეთება და მეზობელი სოფლების მცხოვრებლებთან სხვა პროდუქტებზე გაცვლა.
ხანდახან ამინდი ქმნიდა პრობლემებს. ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში ხორბლის მოსავალი მცირდებოდა, ხოლო გვალვის შემთხვევაში - ნაკადულში წყალი იკლებდა. მაგრამ სოფლელები მალე მიხვდნენ, რომ მცირე რაოდენობით ხორბალი თუ წყალი უფრო მეტად ფასობდა და, შესაბამისად, მეტ შეშასა თუ ნანადირევში იცვლებოდა.
მოკლედ, ცხოვრობდნენ ასეთ იდილიაში - ქმნიდნენ პროდუქტს, რომელიც მათ გარდა სხვებსაც სჭირდებოდათ, შემდეგ კი ცვლიდნენ ამ პროდუქტს სხვა, მათთვის სასურველ პროდუქტებში. თითოეული სოფლელი მოტივირებული იყო მაქსიმალურად დაეკმაყოფილებინა სხვა სოფლელების მოთხოვნები, რაც იმის გარანტია იყო, რომ გაცვლის შედეგად საკუთარ მოთხოვნებსაც დაიკმაყოფილებდა. იდილია გრძელდებოდა მანამ, სანამ სოფელში რამდენიმე თითის მწოველი არ გამოჩნდა (საიდან გამოჩნდა, ამის შესახებ ისტორია დუმს. ზოგიერთი მემატიანეს აზრით კი, ისინი მუდამ სოფელში ცხოვრობდნენ).
თითის მწოველები არც უცხოპლანეტელები იყვნენ და, მით უმეტეს, არც მასონები. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ყოველგვარი გენეტიკური დეფექტის გარეშე. ერთადერთი, რაც მათ გამოარჩევდათ მოკვდავი სოფლელებისგან, იყო ის, რომ - ისინი თითს წოვდნენ; სხვას არაფერს აკეთებდნენ და მხოლოდ თითს წოვდნენ.
დისონანსი საყოველთაო ჰარმონიაში თითის მწოველთა პირველმა მოთხოვნამ შეიტანა, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა - ჩვენც ამ მიწაზე ვცხოვრობთ და ამიტომ ჩვენც ისევე გვეკუთვნის ამ მიწის ყველა ნაყოფი, როგორც დანარჩენ სოფლელებსო; შესაბამისად, ყოველთვიურად ცოტა შეშა, პური, წყალი და ნანადირევი უნდა გვიწილადოთო.
თავდაპირველად სოფლელებმა იუარეს, რატომ უნდა გაგიყოთ ჩვენი ნაშრომი, თუ თქვენ არაფერს ისეთს არ ქმნით, რაშიც შეიძლება ჩვენი პროდუქტები გაგიცვალოთო. მაგრამ თითის მწოველებმა უპასუხეს - ეს ჩვენი უფლებააო. თანაც, თუ პროდუქტებს არ გვიწილადებთ, შიმშილით დავიხოცებით და შთამომავლობას ვერ დავტოვებთო; თქვენ ხომ წინასწარ არ იცით რა სიკეთის მოტანა შეუძლია თითის მწოველების შთამომავლობას თქვენი შთამომავლობისთვის - ამიტომ თუ შიმშილით დავიხოცეთ: 1. არაჰუმანურად მოიქცევით და მუდმივად სინდისი შეგაწუხებთ, 2. პოტენციურ სიკეთეებს მოაკლებთ საკუთარ შთამომავლობასო. იფიქრეს სოფლელებ მა და გადაწყვიტეს მიეცათ - მაინც ბევრი გვაქვს პროდუქტები, თან ამათ მართლა შიმშილით ხომ არ დავხოცავთო.
სოფელმა გააგრძელა ასეთ რეჟიმში ცხოვრება და ცოტა ხანში არა მარტო თითის მწოველები, არამედ მშრომელი სოფლელებიც კი თვლიდნენ, რომ უსაქმურებისთვის მუშაობით მოპოვებული პროდუქტის ნაწილის მიცემა ჩვეულებრივი ამბავი იყო.
მაგრამ გავიდა დრო და თითის მწოველებმა ახალი მოთხოვნა დააყენეს სოფლელების წინაშე. მათ ჩათვალეს, რომ პროდუქტის განაწილების არსებული სისტემა უსამართლო იყო, რადგან პროდუქციის უმეტესი ნაწილი სოფლელებს რჩებოდათ, ხოლო თითის მწოველებს მხოლოდ მცირედს უწილადებდნენ. ეს კი უსამართლობა იყო, რადგან არათანაბარ პირობებში აყენებდა სოფლის სხვადასხვა მცხოვრებს და ხელს უწყობდა ადამიანთა მდიდარ და ღარიბ კლასებად დაყოფას.
თავდაპირველად სოფლელებს ცუდად ენიშნათ თითის მწოველების მხრიდან წამოსული მსგავსი პრეტენზია, მაგრამ სოფლისშიდა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, გადაწყვიტეს დათანხმებოდნენ ამ მოთხოვნასაც.
გავიდა დრო და სოფლელები მიხვდნენ, რომ ვეღარ ახერხებდნენ მარაგების შექმნას და მეზობელი სოფლების მოსახლეობასთან მათ გაცვლას. მეტიც, მათ გააცნობიერეს, რომ, მიუხედავად იმისა თუ რა მონდომებით იშრომებდნენ, შექმნილი პროდუქციის წილი, რომელიც მათ სარგებლობაში რჩებოდა - არ მატულობდა. რაც უფრო მეტს შექმნიდნენ - მით მეტი მიჰქონდათ თითის მწოველებს. მიხვდნენ, მაგრამ უკვე გვიან იყო. თითის მწოველები ზედმიწევნით გულდასმით ითვლიდნენ სოფლელების დოვლათს და არ აპირებდნენ საკუთარი „ლეგიტიმური” წილის მცირედით დათმობასაც კი.
ასე გააგრძელა სოფელმა ცხოვრება, სანამ თითის მწოველები მორიგი მოთხოვნით არ დაუპირისპირდნენ რიგით სოფლელებს. რამდენიმე მათგანმა ყველა თითის მწოველის სახელით განაცხადა შემდეგი:
სოფლელების მიერ თითის მწოველებზე გადაცემული პროდუქცია არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მათ მოეხდინათ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია, რითიც იზღუდებოდა მათი გამოხატვის თავისუფლება;
თითის წოვა წარმოადგენდა ხელოვნების დარგს, რომელიც აღიარებული იყო ყველგან გარდა ამ სოფლისა (ამასთან დაკავშირებით მათ რამდენიმე სხვა სოფლის მაგალითიც მოიყვანეს); და ამ დარგს, როგორც თითის მწოველთა კულტურის ნაწილსა და მათი იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელს, მეტი მოვლა- პატრონობა სჭირდებოდა;
შესაბამისად, სოფლელებს უფრო მეტი პროდუქტი უნდა დაეთმოთ თითის მწოველთა სასარგებლოდ.
სოფლელები შეწუხდნენ. მიხვდნენ, რომ თუ ამ მოთხოვნას დათანხმდებოდნენ, არათუ მარაგების შექმნას, საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც ვეღარ შეძლებდნენ. შეეცადნენ აეხსნათ თითის მწოველთათვის, რომ მათ ფიზიკურად არ შეეძლოთ მეტი პროდუქტის მიცემა და რომ ასეთ შემთხვევაში თვითონაც უპროდუქტოდ დარჩებოდნენ. რამდენიმე სოფლელმა თითის მწოველების მიერ გამოყენებული „თანასწორობის” არგუმენტიც კი მოიხმო, მაგრამ უშედეგოდ. თითის მწოველები დათმობას არ აპირებდნენ და ულტიმატუმის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შრომის პროცესში ხელის შეშლით იმუქრებოდნენ. სოფლელები დათანხმდნენ.
ცხოვრება ასე გაგრძელდა. სოფლელები შრომობდნენ, თითის მწოველები კი წოვდნენ. ძალიან მალე სოფლელებს პროდუქტები შემოაკლდათ. მეტი ძალისხმევით დაიწყეს მუშაობა, უარი თქვეს დასვენების დღეებზე, მაგრამ უშედეგოდ. ბევრი მათგანი მეზობელ სოფლებში გადასახლდა, სადაც შრომისა და მოპოვებული პროდუქციის გაცვლისთვის მეტი თავისუფლება არსებობდა. შედეგად სოფელი მნიშვნელოვნად გაღარიბდა და, შესაბამისად, იკლო თითის მწოველებისთვის გადასაცემი პროდუქციის მოცულობამაც. მაგრამ თითის მწოველები რისი თითის მწოველები იყვნენ, თუ რთული მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ მიაგნებდნენ?
გამოსავალი კი შემდეგში მდგომარეობდა. თითის მწოველებმა განუცხადეს სოფლელებს, რომ პროდუქციის რაოდენობის კლება არსებული რესურსების დაუგეგმავი და ქაოსური მოხმარების ბრალი იყო. ამიტომ საჭიროება მოითხოვდა სამუშაოები უკეთ დაეგეგმათ და შეექმნათ ცენტრალიზებული კოორდინაციის მექანიზმი. მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებდნენ ჯერ პროდუქციის საკმარისი რაოდენობის შექმნას, შემდეგ კი მარაგების შევსებასაც. დაგეგმვისა და კოორდინაციის როლი, ცხადია, თავად თითის მწოველებმა ჩაიბარეს, რაშიც ისედაც გაღარიბებულ სოფლელებს პროდუქციის დამატებითი წილი მოსთხოვეს.
გავიდა დრო და დაგეგმვამ არ გაამართლა. არ გაამართლა, რადგან ვერ ითვლიდნენ რამდენი კუბური მეტრი შეშა რამდენ ლიტრ წყალში უნდა გაცვლილიყო, ან საერთო ჯამში რომელი პროდუქტის რა ოდენობით დამზადება იყო საჭირო. შესაბამისად, ხან რომელ პროდუქტს მოისაკლისებდნენ და ხან რომელს. ან როგორ გაამართლებდა, როცა პროდუქციას მხოლოდ სოფლელები ქმნიდნენ და მისი უმეტესი ნაწილი თითის მწოველებს მიჰქონდათ?
სოფლელებმა ითმინეს, ითმინეს და ბოლოს გადაწყვიტეს უარი ეთქვათ თითის მწოველებისთვის პროდუქციის განაწილებაზე, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ შიმშილით ამოხდებოდათ სული.
აღშფოთებულმა თითის მწოველებმა კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
![]() |
11 სარკოზის რუსული თამაშები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვის
კეთილგანწყობას და ალბათ, პრობლემებს ეძიებს
კენეთ რ. ვაინშტაინი, 13 ოქტომბერი, 2010 წელი, Wall Street Journal
ახალი ამბები საფრანგეთიდან ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მმართველობის დროინდელი. მეოთხე რესპუბლიკის შემდეგ სარკოზი ყველაზე პროამერიკელი ფრანგი ლიდერია. მან გასულ წელს თავისი ქვეყანა ნატოს სამხედრო სტრუქტურაშიც კი აღადგინა. მსოფლიო ლიდერებს შორის მას, ალბათ, ისრაელის პრემიერ- მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ თუ სჯობნის უფრო მკვეთრი განცხადებებით სერიოზული გლობალური საფრთხის შესახებ, რომელსაც მსოფლიოს ირანის ბირთვული პროგრამა უქადის.
ყველაფერი ეს კიდევ უფრო გამაოგნებელს ხდის ბატონი სარკოზის ლაქუცს რუსეთთან. ორშაბათს [18 ოქტომბერს] იგი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უმასპინძლებს ნორმანდიის ზღვისპირა კურორტ დოვილში. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ამ შეხვედრის მთავარი თემაა - უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელიც, კრემლის განცხადებით, საშუალებას მისცემს ამ სამ ერს „განავითარონ პარტნიორობა საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სივრცის ჩამოყალიბებაში”.
ეს პარტნიორობა ფუჭი ლაყბობა არ გეგონოთ. საფრანგეთფოტო: მა უკვე განაცხადა, რომ აპირებს ოთხი (ჯერ აუშენებელი) სამხედრო ხომალდის, მისტრალის, რუსეთისთვის მიყიდვას, რათა მას სამხედრო ფლოტის მოდერნიზებაში დაეხმაროს. მოსკოვმა აღიარა, რომ ორი წლის წინ მეზობელ საქართველოსთან 26-საათიანმა ომმა რუსეთის ტაქტიკური არსენალის სისუსტე გამოავლინა და მისტრალის ვერტმფრენმზიდები მას მისი სამხედრო ამოცანების შესრულებას საათების ნაცვლად წუთებში შეაძლებინებდა. სწორედ ბატონი სარკოზი იყო ის ადამიანი, 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის პრეზიდენტის სტატუსით რომ მოქმედებდა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დასადებად მოსკოვთან მოლაპარაკებები გამართა, იმ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებისა, რომელსაც, ქართველების მტკიცებით, რუსეთი ხშირად არღვევს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდია შანსი, მოსკოვმა მისტრალის სამხედრო ვერტმფრენმზიდი ხომალდები „ახლო საზღვარგარეთში” გამოიყენოს ისეთი სუსტი მეზობლების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა, პრეზიდენტ სარკოზის გადაწყვეტილება - დაასრულოს ეს გაყიდვა, შემაშფოთებელია.
ასევე გაუგებარია საფრანგეთის ქცევა, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი ირანის ძირითადი მიმწოდებელია. მოსკოვის სტრატეგიულ პერსპექტივას ირანთან დაკავშირებით ბევრი არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო საფრანგეთის წინააღმდეგობასთან ირანის ბირთვულ პროგრამასთან.
ბატონი სარკოზი არ არის პირველი ფრანგი პრეზიდენტი, რომელიც რუსულ თამაშს თამაშობს. შარლ დე გოლი უკვე ოცნებობდა „ატლანტიკიდან ურალამდე” გადაჭიმულ ერთიან ევროპაზე. პარიზიდან ნატოს შტაბბინის გაძევებით და სამხედრო სტრუქტურიდან გამოსვლით, დე გოლი გამოეყო ცივი ომის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ვაშინგტონი უძღვებოდა. ბატონი სარკოზი, შესაძლოა, ახლო წარსულის გამეორებაზეც ფიქრობდეს: ის ვითარება, რომ ევროპაში ობამას ადმინისტრაციის ძლიერი ხელმძღვანელობა არ არსებობს, შესაძლოა, ხელსაყრელი იყოს საფრანგეთის ისტორიული მისწრაფებისთვის, ძალთა ბალანსი აღმოსავლეთისკენ გადახაროს.
თუმცა, ნიკოლა სარკოზი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმით აირჩიეს. პრეზიდენტობამდე იგი ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო პუტინის აგრესიული პოლიტიკისა „ახლო საზღვარგარეთში”. ბატონ სარკოზის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი - რომელზეც ამბობენ, მთავრობიდან მიდისო - ცდილობდა, საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში აქცენტები რეალპოლიტიკის ისტორიული პრაქტიკიდან ადამიანის უფლებებზე გადაეტანა. ყველაზე მეტად, რაც პუტინის რუსეთს სურს, საკუთარი ექსპანსიური ჩვევების დიპლომატიური აღიარების მოპოვებაა.
პრეზიდენტ სარკოზის არ შეიძლება, არ ესმოდეს ეს საფრთხეები და ჯერჯერობით, იგი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკას გარკვეული ხარისხის გამბედაობით უძღვება. მას საკუთარი თავი, შესაძლოა, ატლანტიკისა და ურალის დამაკავშირებელ ხიდად წარმოუდგენია, რომელიც რაღაც შემაკავებელ გავლენას ახდენს ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა აღდგენის პროცესში მყოფ რუსეთზე. ან, ეგებ, სულ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული.
კენეთ რ. ვაინშტაინი არის ჰადსონის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.
![]() |
12 სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგი იწყება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ფოტო: REUTERS ©
11-14 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, სამდღიანი ვიზიტით ბალკანეთს სტუმრობდა. ვიზიტისას განსაკუთრებული აქცენტი კოსოვოსა და სერბეთს შორის დიალოგის დაწყებაზე გაკეთდა.
სახელმწიფო მდივანი სერბეთის პრეზიდენტ ბორის ტადიჩს შეხვდა. განხილვის ძირითადი თემა კოსოვოსთან თანამშრომლობის გზების გამონახვა იყო. მართალია, სერბმა ლიდერმა კოსოვოს აღიარებაზე მტკიცე უარი განაცხადა, მაგრამ პრიშტინასთან დიალოგის დაწყების დაპირების ერთგული რჩება. მხარეებმა კონსულტაციები უნდა გამართონ ისეთ პრაქტიკულ საკითხებზე, როგორიცაა კომუნიკაცია, ტრანსპორტი, ავიაცია. აღსანიშნავია, რომ კოსოვო დღეისათვის 70-მა ქვეყანამ აღიარა. მეზობლებთან ურთიერთობების გარდა, სერბეთში ბოლო დროს უმცირესობების პრობლემაც აქტუალური გახდა. კლინტონის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, დედაქალაქის ქუჩები სექსუალური უმცირესობის პარადის გამართვის საწინააღმდეგო გამოსვლებმა მოიცვა. 6 ათასი ადამიანისგან შემდგარმა თავზეხელაღებულთა ჯგუფმა იერიში პოლიციაზე, მაღაზიებზე, მანქანებსა და მმართველი დემოკრატიული პარტიის შტაბბინაზე მიიტანა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ დაძაბულობას.
კლინტონმა კოსოვოშიც მთავარი აქცენტი რეგიონულ თანამშრომლობასა და მხარეებს შორის დიალოგის დაწყებაზე გააკეთა. „დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მეზობლებს შორის მშვიდობის გაღრმავების და გრძელვადიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის დროა” - ეს იყო სახელმწიფო მდივნის მთავარი მესიჯი. მან ასევე ისაუბრა რეფორმების საჭიროებაზე ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად.
ბალკანეთში გამართული შეხვედრების შემდეგ სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში გაემართა ევროპელ ლიდერებთან ამ ქვეყნების შესახებ მოსალაპარაკებლად. 25 ოქტომბრისთვის სერბები ევროკავშირში ინტეგრაციის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას ელოდებიან.
რეგიონში ვითარების გამოსწორებას, ქვეყნების ლიდერთა შორის კონსტრუქციული ურთიერთობების წახალისებას, როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად ცდილობენ. სწორედ ევროპელმა ლიდერებმა დაითანხმეს ბელგრადი კოსოვოსთან დიალოგის დაწყებაზე. კლინტონის განცხადებით კი, „ევროპის ინტეგრაციის პროცესი ბალკანეთის გარეშე ვერ დასრულდება”.
![]() |
13 სამი იმპერატორის ახალი ლიგა ანუ ამერიკა გარეთ, რუსეთი შიგნით და გერმანია მაღლა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
სამიტი დოვილში
ფოტო: REUTERS ©
გადატვირთვის ციებ-ცხელება ძველ კონტინენტსაც გადაედო. გასულ კვირას საფრანგეთის ქალაქ დოვილში რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი ერთმანეთს შეხვდნენ. სამიტის მასპინძელმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ევროპამ და რუსეთმა უნდა ერთობლივად იმუშაონ 2025 წლისათვის ერთიანი ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და უვიზო სივრცის შესაქმნელად.
სამიტზე მხარეებმა ევროპის უსაფრთხოებაზე და ევროკავშირსა და რუსეთს შორის პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობებისათვის ოფიციალური სახის მიცემაზე ისაუბრეს. დმიტრი მედვედევმა წარმოადგინა ინიციატივა ევროპაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის შესახებ. მისი გეგმის თანახმად, რუსეთს ვეტოს უფლება უნდა ჰქონდეს ნატოსა და ევროკავშირის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უსაფრთხოებას შეეხება. ამ გეგმით აშშ-ის როლი ნატოში შემცირდება.
ადრე ევროპელი ლიდერები მედვედევის ინიციატივას განხილვის ღირსადაც არ თვლიდნენ, ახლა მართალია განხილვას დათანხმდნენ, მაგრამ მის მიღებას კვლავინდებურად არ აპირებენ.
სანაცვლოდ, ივნისის შეხვედრაზე ანგელა მერკელმა და მედვედევმა ახალი ორგანოს, ევროკავშირ- რუსეთის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის შექმნაზე ისაუბრეს. ჩანაფიქრის მიხედვით, კომიტეტში ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც იქნება.
ამ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ ბევრი დეტალია შესათანხმებელი. მანამდე კი მოსკოვს სურს რეგულარულად მონაწილეობდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დამდგენ კომისიაში.
სამმხრივმა სამიტმა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში ერთგვარი გაღიზიანება გამოიწვია. მერკელ- მედვედევ- სარკოზის სამიტს სწორი დღის წესრიგი აქვს, თუმცა მონაწილეთა შემადგენლობა - არასწორი. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არ მოსწონს, რომ ასეთ პრობლემატურ სახელმწიფოსთან ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარი მათ გარეშე მიმდინარეობს. საქართველოსთან აგვისტოს ომი, გაზის მრავალჯერად შეწყვეტა და რუსეთის აგრესიული რიტორიკა, ძველი ევროპისაგან განსხვავებით, მის სამეზობლოში შიშსა და უნდობლობას აძლიერებს.
ევროპის უსაფრთხოების შესახებ მის გარეშე წარმართული საუბრები ვაშინგტონისთვის სასიამოვნო არ არის. საფრანგეთი ეცდება დაარწმუნოს აშშ, რომელსაც უმთავრესი როლი ეკავა ევროატლანტიკურ ურთიერთობებში და შესაბამისად ევროპის უსაფრთხოებაში, რომ ის ამ საკითხს არ ჩამოშორდება. “მაინტერესებს, როდის აქეთ აღარ არის ევროპული უსაფრთხოება ამერიკის სადარდებელი, და მხოლოდ ევროპისა და რუსეთის მსჯელობის საგანია? 70 წლის განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების ცენტრში ყოფნის შემდეგ, უცნაურია, როცა მესმის, რომ ეს აშშ- ის საქმე აღარაა”, - განუცხადა ერთ- ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა New York Times-ს, ანონიმურობის დაცვის პირობით მიცემულ ინტერვიუში.
სარკოზის ერთ- ერთმა თანაშემწემ განაცხადა: „[აშშ-სა და ევროკავშირის] ურთიერთობები შეუცვლელია, მაგრამ ევროპელებს უსაფრთხოების შესახებ ერთმანეთში საუბარიც არ ეკრძალებათ''. სხვა თანაშემწემ კი სამიტს მოსამზადებელი და აზრების გაზიარებისთვის საჭირო შეხვედრა უწოდა.
დოვილის შეხვედრას მისი ევროპელი მასპინძლები რუსეთისათვის ერთგვარ სანუგეშო პრიზად ასაღებენ. ნოემბერში ლისაბონში ნატოს სამიტი ჩატარდება, რომელზეც წევრი ქვეყნები ანტისარაკეტო სისტემის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მოსკოვს სურდა, რომ ამ შეხვედრაზე ევროპულ უსაფრთხოებაზე მისი გეგმა განხილულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდება. დოვილის ექსკლუზიური სამიტი კი ამის დაბალანსებას ემსახურება.
ტრილატერული შეხვედრა პირველია მერკელის, სარკოზის და მედვედევის არჩევის შემდეგ. დოვილის სამიტმა ძალაუნებურად იქ შეკრებილი ლიდერების წინამორბედების - გერჰარდ შროდერის, ვლადიმირ პუტინისა და ჟაკ შირაკის შეხვედრების ასოციაცია წარმოშვა. სამმხრივი კავშირის გაფორმება ერაყის ომის ფონზე მოხდა.
მაშინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ პრეზიდენტ ბუშის ამპარტავნულმა საგარეო პოლიტიკამ ძველი ევროპის ამერიკისაგან გაუცხოება და მისი რუსეთთან დაახლოება გამოიწვია.
აშშ- ში ყველაზე ევროპული პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ ის ბებერ კონტინენტს კვლავ ამერიკისკენ შემოატრიალებდა. თუმცა, იმედისა და ცვლილებების პოლიტიკის მიმართ თავდაპირველი ენთუზიაზმი მალევე მინავლდა და ადგილი კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას დაუთმო.
ესპანეთის ყოფილი კონსერვატიული პრემიერის აზრით, ბარაკ ობამა ამერიკის ისტორიაში ევროპით ყველაზე ნაკლებად დაინტერესებული პრეზიდენტია. „ჩვენ შეიძლება ზოგჯერ სასარგებლონი ვიყოთ, მაგრამ პრიორიტეტი არ ვართ. პრიორიტეტი ჩინეთი, მუსლიმური სამყარო და რუსეთთან ურთიერთობაა”, - თქვა ხოსე მარია აზნარმა.
ორი რეგიონალური ომისა და დიდი რეცესიის პირობებში ამერიკის ჩართულობა ძველი კონტინენტის საქმეებში სულ უფრო კლებულობს. გაერთიანებული გერმანიის წონა ევროპულ პოლიტიკაში სულ უფრო იზრდება. „გათიშე და იბატონეს” პრინციპით მოქმედი რუსეთი ევროპულ პოლიტიკაში სერიოზულ გავლენას იძენს. ის არასდროს შეგუებია ცივი ომის შემდგომ მდგომარეობას, ახლა კი საკმაოდ ძლიერია, რომ მისი ცვლილება უკვე ღიად მოითხოვოს.
ამ ყველაფერთან ერთად, ნელ- ნელა იცვლება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული წესრიგი, რომელიც ლორდ ისმეის ცნობილ გამოთქმას „რუსეთი გარეთ, ამერიკა შიგნით, გერმანია ქვემოთ'' ეფუძნებოდა.
დღეს საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რუსეთთან არსებული ეკონომიკური კავშირები პოლიტიკური და უსაფრთხოების შეთანხმებებით გაამყარონ. გერმანია ეკონომიკურად უფრო ახლოს არის რუსეთთან და მის გაზზეა დამოკიდებული. საფრანგეთი ენერგეტიკულად დამოუკიდებულია, მაგრამ ბერლინისა და მოსკოვის დაახლოების პასუხად, რუსეთთან სტრატეგიულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს.
სწორედ ამიტომ, გასულ წელს საფრანგეთმა რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება გააფორმა და მისთვის მისტრალის მიყიდვაც გადაწყვიტა. ევროპის უსაფრთხოების საკითხში რუსეთის ჩართვის შესახებ გერმანიის ინიციატივა კი საფრანგეთის ხელშეკრულებაზე ერთგვარი პასუხი იყო.
ახალ საერთაშორისო წესრიგზე სასაუბროდ ფრანგულ კურორტზე შეკრებილთა იდილიას ერთი გარემოება არღვევდა - შიდაპოლიტიკური ლანდშაფტი. გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები სულ უფრო კარგავენ ამომრჩეველთა მხარდაჭერას.
სარკოზისა და მერკელისაგან განსხვავებით, მედვედევს აქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე არ ინერვიულოს, მაგრამ თავისი ამომრჩეველი მასაც ჰყავს. თავის დროზე პრეზიდენტის კაბინეტში ის ხომ ერთი ამომრჩევლის არჩევანმა მოახვედრა. 2012 წლისათვის კრემლში ამ ამომრჩევლის დაბრუნებას ელიან, მედვედევის მომავალი კი ჰაერშია გამოკიდებული.
![]() |
14 ლულას შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
დილმა რუსეფი
ფოტო: REUTERS ©
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები
ერთი შეხედვით ადვილად მოსაგები არჩევნები მოულოდნელად ნამდვილ დოღად გადაიქცა. ბრაზილიამ 3 ოქტომბერს პოპულარული პრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას შემცვლელი ვერ შეარჩია. 31 ოქტომბერს ბრაზილიელებს კიდევ ერთხელ მოუწევთ ხმის მიცემა. არადა, წინასაარჩევნო მარათონის უპირობო ლიდერი მმართველი პარტიის კანდიდატი და თვით ლულას შერჩეული დილმა რუსეფი გახლდათ. იგი თავის მთავარ ოპონენტს - ჟოზე სერას - 25 ქულითაც უსწრებდა. თუმცა, არჩევნების პირველ ტურში რუსეფმა ვერ დააგროვა ხმათა 47%25-ზე მეტი, ბარიერი კი 50%25-იანი იყო. გამარჯვების შემთხვევაში ის ბრაზილიის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნებოდა. დღეს, რუსეფსა და სერას რეიტინგებს შორის სხვაობა მხოლოდ 5-6%25-ია, რაც გამოკითხვის ცდომილების ზღვარს ოდნავ აღემატება.
მთავარი კონკურენტების ბედი არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გასული კანდიდატის, მწვანეთა პარტიის ლიდერის - მარინა სილვას, ამომრჩეველზეა დამოკიდებული. პირველ ტურში მან 19%25 მიიღო. რუსეფი უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ოპონენტების ბრალდებების მოგერიებით იყო დაკავებული. დილმა სკანდალში გაეხვა: მისი ყოფილი თანაშემწე კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს; თავად კი აბორტის მარეგულირებელი კანონმდებლობის ლიბერალიზაციის სასარგებლოდ გაკეთებული ძველი განცხადებები გაუხსენეს. ამ მიზეზების გამო მისი გარდაუვალი გამარჯვების მითი შეირყა, რითაც არჩევნები მეტად კონკურენტული გახდა.
დილმა რუსეფი, ყოფილი მარქსისტი აქტივისტი, მონაწილეობას იღებდა 1964 წლის სამხედრო დიქტატურის დამხობის მცდელობაში. 70-იან წლებში იგი ბრაზილიის სამხედრო რეჟიმმა სამი წლით ციხეში გამოამწყვდია. მოგვიანებით დილმამ მეამბოხის წარსული უკან მოიტოვა და პრაგმატული ბიუროკრატის კარიერა გაიკეთა. იგი დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი თანადამაარსებელი გახდა, 2000 წელს კი მშრომელთა პარტიაში გადავიდა. ბოლო ხანებში მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა.
სულ რამდენიმე თვის წინ ბრაზილიის ელექტორატს წარმოდგენა არ ჰქონდა იმის შესახებ, თუ ვინ იყო რუსეფი. მისი პოპულარობა ივნისის შემდეგ გაიზარდა, როდესაც პრეზიდენტმა სილვამ იგი მმართველი პარტიის კანდიდატად დაასახელა. ლულა, რომელიც მალე დაასრულებს ქვეყნის მეორე საპრეზიდენტო ვადით მართვას, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს (უკანასკნელი გამოკითხვით - 80%25). მისი მმართველობის პერიოდში 20 მილიონი ბრაზილიელი შეუერთდა საბაზრო ეკონომიკას და სიღარიბე დაძლია. სახელფასო მინიმუმმა, ისევე როგორც დასაქმებულთა რაოდენობამ, 1979 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ახალგაჩენილი მომხმარებლების არმია მზადაა შეიძინოს ყველაფერი - მსუბუქი ავტომანქანიდან დაწყებული, გაზქურით და მაცივრით დასრულებული. ამგვარ ტურბულენტურ შიდა ბაზარს, ემატება ჩინეთის მადა ბრაზილიურ რკინაზე, ხორცზე, სოიოსა და სხვა პროდუქციაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ალბათ “საუკეთესო მომენტია ბრაზილიის ისტორიაში”, - წერს ჟურნალი Economist-ი. მართლაც, გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ამ ქვეყნამდე ყველაზე გვიან მიაღწია და თავიც ერთ- ერთმა პირველმა დააღწია.
ჟოზე სერა
ლულას მიღწევებზე აპელირებას ცდილობდა მის მიერვე შერჩეული კანდიდატი - დილმა რუსეფი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. თუმცა ლულასგან განსხვავებით ქალბატონ რუსეფს სურს, სახელმწიფომ უფრო დიდი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით ეს ნავთობის მრეწველობას ეხება. იგი ემხრობა საჯარო სახსრებით მსხვილი ბიზნესის სუბსიდირებას, მისგან სანაცვლოდ კი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფოს ჩართვას მოითხოვს.
მოქმედი პრეზიდენტის კურსიდან გადახვევას არც დილმას მთავარი ოპონენტი - ბრაზილიის სოციალ- დემოკრატიული პარტიის ლიდერი და სან პაულოს ყოფილი მერი და გუბერნატორი, ჟოზე სერა აპირებს. სერამ 3 ოქტომბრის არჩევნებში ხმათა 33%25 მიიღო. იგი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც 90-იან წლებში ფერნანდო ენრიკე კარდოსოს მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სერაც სამხედრო დიქტატურის ოპოზიციაში იყო და რამდენიმე წელი ქვეყნის გარეთ ცხოვრობდა. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო - „ბრაზილიას უკეთესის გაკეთებაც შეუძლია“. იგი გადასახადების დაწევასა და მეტი ინვესტიციების მოზიდვას ჰპირდება ამომრჩეველს და ძირითადად აქცენტს ინფრასტრუქტურის გამართვაზე აკეთებს. ბრაზილიის ინფრასტრუქტურას ნამდვილად აქვს პრობლემები - გადატვირთული აეროპორტები და ცუდი გზები. სერას აზრით, ბრაზილიის ეკონომიკა თითქმის 50%25-ით გაიზრდებოდა, მას რომ უკეთესი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. თუმცა ერთი რამ ცხადია - ჟოზე სერა ეთანხმება ლულას მიღწეულ წარმატების გზას და მისი კურსის მეტ - ნაკლებად შენარჩუნებას აპირებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები ადასტურებენ, რომ ბრაზილიელი ამომრჩეველი არჩევნების შედეგად მკვეთრ ცვლილებებს ნაკლებად ელის. თუმცა, მათ სურთ, მომავალმა პრეზიდენტმა სტრუქტურულ რეფორმებს, განსაკუთრებით კი საგადასახადო სფეროში, გაცილებით დიდი ყურადღება დაუთმოს.
![]() |
15 უხერხული სიმართლე 2 |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
წიგნი „გააგრილე“ (Cool It)
ბი ორნ ლომ ბორგი
ფოტო: REUTERS ©
ვისაც საზღვარგარეთ მოგზაურობისას კინო-თეატრში სიარული გიყვართ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი რჩეული ფილმის დაწყებამდე გასული სარეკლამო ტრეილერების ყურებისას, ბავშვების შეშფოთებული ხმები შემოგესმათ - „ყინული მთლიანად დადნება… ხეები გახმება და წაიქცევა… ქვეყნები წყლით დაიფარება… მეშინია, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდება”. უცაბედად კი, უჩინარი, თავდაჯერებული ხმა გამცნობთ: „კლიმატზე დისკუსიას შიში მართავს, დროა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე მიდგომა არ მუშაობს”. უჩინარი და თავდაჯერებული ხმა დანიელ ეკონომისტს, ბიორნ ლომბორგს ეკუთვნის, რომელიც თავს სკეპტიკოს გარემოს დამცველს უწოდებს და მსოფლიოს გლობალურ დათბობას თანბრძოლის მისეულ მიდგომას როგორც პანაცეას, ისე სთავაზობს. მისი და ამერიკელი კინორეჟისორის ონდი თაიმონერის მიერ გადაღებული ფილმი სახელწოდებით „გააგრილე” (Cool It) კინო თეატრებში 12 ნოემბერს გამოვა.
გლობალურ დათბობაზე მსჯელობისას ორი მიდგომა იკვეთება. ერთის მიხედვით, გლობალური დათბობა მითია, ის, რაც დღეს ხდება, არის კლიმატის ცვლილება, რომელიც ციკლური ხასიათისაა და ადამიანი მასზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ მიდგომის დამცველებს არგუმენტად მოჰყავთ, რომ შუა საუკუნეებში ტემპერატურა დღევანდელზე 2,5C0-ით მაღალი იყო, რაც საშუალებას იძლეო და, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ყურძენი მოეყვანათ. გრენლანდია კი, როდესაც ვიკინგებმა აღმოაჩინეს, მწვანე იყო. სწორედ ამიტომ ჰქვია მას მწვანე მიწა.
ამ მხრივ საყურადღებოა, 1992 წელს, ეკოლოგიური ორგანიზაციის Greenpeace International-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი კლიმატოლოგები მონაწილეობდნენ. გამოკითხული ოთხასი მეცნიერიდან, მხოლოდ თხუთმეტმა მათგანმა აღიარა, რომ გლობალური დათბობის სჯერა, თუმცა ოთხასივეს შემოსავლის წყაროს სწორედ გლობალური დათბობა წარმოადგენს. Greenpeace-ისთვის კვლევის შედეგი ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მის მიჩქმალვას შეეცადა.
მეორე მიდგომის მიხედვით კი, გლობალური დათბობა რეალობაა და ეს პროცესი ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია. წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამონაბოლქვი ნახშირბადი დედამიწის გარშემო წარმოქმნის ერთგვარ ზეწარს, რომელიც ჩვენი პლანეტის მიერ არეკლილ და გამოსხივებულ სითბოს არ ატარებს. ეს სათბურის ეფექტს ქმნის და დედამიწაზე კლიმატი იცვლება.
ამ პოზიციაზე მყოფნი მიიჩნევენ, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა სამყაროს მთავარ ამოცანად უნდა იქცეს. თუმცა ბრძოლის მეთოდებზე ვერ შეთანხმებულან. ერთი ჯგუფი სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების გამოყოფაზე შეზღუდვების დაწესების მომხრეა, ხოლო მეორე, გამოსავალს ახალი ტექნოლოგიების წახალისებაში ხედავს.
კილიმანჯარო
ლომბორგის ფილმი სწორედ ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციას გვთავაზობს. თავად ავტორი, საკუთარ ნამუშევარს, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ალ გორის ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმის „უხერხული სიმართლე” (Inconvenient Truth) ერთგვარ პასუხად მიიჩნევს - „ალ გორმა პრობლემაზე მიუთითა, მოდით ახლა გადაჭრის გზებზე ვისაუბროთ”.
ალ გორის კარიკატურა
აღსანიშნავია, რომ ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, გლობალური დათბობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გამო, გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის პანელთან (IPCC) ერთად, 2007 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
ამავდროულად იგი სკანდალშიც გაეხვია - ბრიტანეთის სასამართლომ დაადასტურა, რომ „უხერხული სიმართლის” მთქმელი განგაშის ასატეხად ტყუილების თქმასაც არ ერიდებოდა. მათ შორისაა გლობალური დათბობის გამო ჩადის ტბის გაქრობა, უახლოეს მომავალში ზღვის დონის 7 მეტრით მომატება, კილიმანჯაროს მწვერვალზე თოვლის დნობა, პოლარული დათვების ამოწყვეტა და ა.შ. პირიქით, ზოგიერთი მეცნიერი, მათ შორის კანადელი მიტჩელ ტეილორი ამტკიცებს, რომ პოლარული დათვების რიცხვი, არათუ მცირდება, არამედ იზრდება.
ამ მხრივ საინტერესოა, Greenpeace International-ის ლიდერის, გერდ ლეიპოლდის ინტერვიუ, რომელიც 2009 წლის 5 აგვისტოს BBC-ის მისცა. მწვანე აქტივისტმა აღიარა, რომ მისი ორგანიზაციის განცხადება 2030 წლისათვის არქტიკის ყინულოვანი საფარის გალღობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ბატონმა ლეიპოლდმა მონაცემების გაზვიადება იმით გაამართლა, რომ მიზანი საზოგადოების გამოფხიზლება იყო.
კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიორნ ლომბორგმა არჩეულ გზას უღალატა და გლობალური დათბობის არსებობა აღიარა. ბესტსელერად ქცეულ წიგნში „სკეპტიკოსი გარემოსდამცველი” (Skeptical Environmentalist), რომელიც 1998 წელს გამოვიდა, ავტორი ამბობს, რომ გლობალური დათბობის შესაძლო ზიანი მკვეთრად გაზვიადებულია. თუმცა თვითონ ბრალდება უარყო და შენიშნა, რომ მას გლობალური დათბობა ყოველთვის პრობლემად მიაჩნდა, მაგრამ „გლობალურ დათბობაზე დისკუსიას ფუნდამენტური პრობლემა აქვს - ჩვენ ორ უკიდურეს პოზიციაში გავიჭედეთ - მიმდინარე პროცესებს ან სამყაროს დასასრულისკენ მივყავართ, ან პრობლემა არც არსებობს”.
ლომბორგის გათვლებით, ნახშირბადის გამონაბოლქვზე ლიმიტის დაწესებით მსოფლიო ეკონომიკის ზარალი 2100 წლისათვის წელიწადში 40 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, შედეგი კი უმნიშვნელო იქნება. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დღეს მალარია, შიდსი და შიმშილი სტანჯავს. ავტორი გაუმართლებლად მიიჩნევს მსგავს ეკონომიკურ დანაკარგს მაშინ, როდესაც ფული არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას შეიძლება მოხმარდეს.
ამავდროულად, ის მიიჩნევს, რომ საზოგადოება არ იტყვის უარს იაფ წიაღისეულ საწვავზე, რადგან სწორედ ამ უკანასკნელმა გააუმჯობესა მკვეთრად ცხოვრების ხარისხი და ჯერჯერობით მას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, ლომბორგი გამოსავლად მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%25-ის, ანუ 100 მილიარდი დოლარისეკოლოგიურად სუფთა, ალტერნატიული ენერგიის კვლევასა და განვითარებაში ინვესტირებას მიიჩნევს.
კლიმატის ცვლილების თემას დასავლურ პრესაში მე-19 საუკუნიდან ვხვდებით. ჯერ კიდევ 1855 წელს, New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია „კლიმატოლოგია” ცდილობს დაამტკიცოს, რომ კლიმატი ადამიანების ქცევის მიხედვით იცვლება. მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე, მეცნიერები გლობალურ გამყინვარებაზე საუბრობდნენ. როდესაც პროგნოზი არ გამართლდა, ამავე თეორიის მომხრეები, გლობალურ დათბობაზე ალაპარაკდნენ. ამ დროიდან დისკუსია გაცხარდა, თანაც იმდენად, რომ კლიმატის ცვლილებისადმი დამოკიდებულება იდეოლოგიურ საკითხად იქცა და ელექტორალური მნიშვნელობა შეიძინა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პირველი მსოფლიო ლიდერი, ვინც გლობალური დათბობის შესახებ განგაში ატეხა, მარგარეტ თეტჩერია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თეტჩერმა ეს ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოებაში საკუთარი ნიშის დაკავების მიზნით გადადგა. ვარაუდობენ იმასაც, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ეს სვლა, თავის დროზე გაფიცვების მოყვარული მაღაროელების შესავიწროვებლად დასჭირდა. 1979 წელს თეტჩერის მეთაურობით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატორები, იმ დროინდელ ბრიტანეთის ეკონომიკურ კრიზისს სწორედ მაღაროელებს აბრალებდნენ. ქვანახშირზე მომუშავე ენერგო სადგურები ნახშირბადს გამოყოფს, ხოლო ატომური ენერგო სადგურები - არა. თეტჩერისთვის გლობალური დათბობა საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა ქვეყნის ქვანახშირზე, შესაბამისად მაღაროელებზე, დამოკიდებულების შესამცირებლად და ატომურ ენერგიაზე გადასასვლელად.
ამას დაემთხვა მაილის კუნძულის და ჩერნობილის ატომურ სადგურებზე მომხდარი ავარიები, რამაც მკვეთრად და აზარალა ბირთვული ტექნოლოგიების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა. ამგვარად, გლობალური დათბობა თეტჩერისთვის ხელსაყრელ არგუმენტად იქცა ატომურ ინდუსტრიაში ინვესტირების გასამართლებლად, რაც თავის მხრივ ატომური იარაღის წარმოებისთვის იყო საჭირო.
თეტჩერის მიერ ატეხილ განგაშს, 1992 წელს რიო-დეჟანეიროში გაეროს ეგიდით ჩატარებული ე. წ. დედამიწის სამიტი მოჰყვა. კონფერენციის მთავარი თემა, ადვილი მისახვედრია, რომ კლიმატის ცვლილება გახლდათ. სწორედ ამ სამიტზე მიიღეს გაეროს კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, რომლის მიზანია „სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების კონცენტრაციის შეზღუდვა ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული კლიმატური სისტემის სახიფათო ანთროპოგენული ცვლილებები”.
აღსანიშნავია, რომ კონვენცია სავალდებულო არ არის, ის ცალკეული ქვეყნებისთვის არც ნახშირბადის გამოყოფის ლიმიტს აწესებს და არც აღსრულების მექანიზმს შეიცავს, განსხვავებით მისი ოქმისგან, რომელიც 1997 წელს, კიოტოში გაეროს ეგიდით გამართულ კონფერენციაზე შეიმუშავეს და შესაბამისად, მსოფლიომ კი ოტოს ოქმის სახელით გაიცნო.
მარგარეტ თეტჩერის წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება”
ოქმის მიხედვით, 39 ინდუსტრიული ქვეყანა და ევროკავშირი ვალდებულებას იღებს, შეამციროს სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების გამოყოფა. აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ხელი მოაწერა ოქმს, მაგრამ რატიფიკაცია სენატში დაიბლოკა.
ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ კიოტოს ოქმი, არც მეტი, არც ნაკლები, თაღლითობაა. აი რას წერს საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, უოლტერ რასელ მიდი, ამერიკულ გამოცემა American Interest-ში გამოქვეყნებულ წერილში: „უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, რომ კიოტო ზუსტად იმ მასშტაბის თაღლითობაა, როგორადაც ყველაზე აქტიური სკეპტიკოსი გარემოსდამცველები მიიჩნევდნენ. ირკვევა, რომ ის 95 ამერიკელი სენატორი, რომელთაც ამ დოკუმენტის რატიფიკაცია დაბლოკეს, 100 პროცენტით მართლები იყვნენ: ესოდენ ნაქები ოქმი სოციალური ინჟინერიის კონტრპროდუქტიული და იდიოტური პირმშოა და მან მხოლოდ სამუშაო ადგილების ჩინეთში მიგრაციამდე მიგვიყვანა, ხოლო გარემოს, არაფრით უშველა”.
მემარცხენე ბრიტანული გამოცემა Guardian-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ნახშირბადის გამონაბოლქვი 1990-დან 2010 წლამდე პერიოდში 17%25-ით შემცირდა, პროგრესი მხოლოდ მოჩვენებითია. კი, პროდუქციის წარმოებამ, რომელიც ჰაერის დაბინძურებას იწვევს, იკლო, მაგრამ ამავე პროდუქციის მოხმარება - გაიზარდა, ოღონდ პროდუქცია სხვა ქვეყნებში იწარმოება. აქედან დასკვნა - ევროპელებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ დაბინძურება თავიანთი ქვეყნებიდან, იმ ქვეყნებში გაიტანეს, სადაც ნახშირბადის გამოყოფაზე რეგულაციები არ არსებობს. შედეგი კი ის არის, რომ ევროპა 2010 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით 40%25-ით მეტი ნახშირბადის გამოყოფაზე აგებს პასუხს, ვიდრე 1990 წელს.
შეიძლება ითქვას, რომ ირიბი გავლენა კიოტოს ოქმმა საქართველოს მდგომარეობაზეც იქონია. ნახშირბადის გამონაბოლქვზე დაწესებული შეზღუდვების გამო ევროპაში ეკოლოგიურად ბინძური ქვანახშირის, სუფთა ბუნებრივი აირით ჩანაცვლება ხდება. ევროპაში იმპორტირებული ბუნებრივი აირის 40%25 რუსეთზე მოდის, ვარაუდობენ, რომ კიოტოს პროტოკოლით დაწესებული შეზღუდვები, ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ავტომატურად ნიშნავს ევროპის გაზრდილ ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე.
წარუმატებელი აღმოჩნდა 2009 წელს გაეროს ეგიდით გამართული კოპენჰაგენის სამიტიც. წარუმატებლობის მიზეზად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ინტერესთა შეუთავსებლობა დასახელდა. როგორც ჩანს, მდიდარ ქვეყნებს უჭირთ იმის შეგნება, რომ ინდუსტრიალიზაციის შეფერხება ეკოლოგიური მოტივებით, არამც და არამც არ შედის ღარიბი ქვეყნების ინტერესებში.
ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი გლობალური დათბობის თემას ფულისა და გავლენის მოსახვეჭად მოგონილ შეთქმულებად მიიჩნევს. მათი პოზიციები 2009 წლის ნოემბერში გამსკდარმა სკანდალმა განსაკუთრებით გააძლიერა, რომელიც წინ უძღვოდა კოპენჰაგენის კლიმატის სამიტს. გამოქვეყნდა 3000-მდე ელექტრონული წერილი, რომელიც East Anglia-ს უნივერსიტეტის კლიმატის კვლევის ჯგუფის (CRU) სერვერიდან მოიპარეს. მიმოწერა ცხადყოფს, რომ დარგის წამყვანი მეცნიერები, რომლებიც გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის პანელთან (IPCC) თანამშრომლობდნენ, ისეთ ინფორმაციას მალავდნენ, რომელიც გლობალურ დათბობას ეჭვქვეშ აყენებდა.
პარადოქსია, მაგრამ გლობალური დათბობის იდეას, დიდი დარტყმა სწორედ იმ ადამიანმა მიაყენა, რომელმაც ის პოლიტიკურ თემად აქცია. 2003 წელს მარგარეტ თეტჩერმა თავისი უკანასკნელი წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება” (Statecraft) გამოსცა, სადაც გლობალური დათბობის არსებობა უარყო - მან დასცინა ალ გორს და ნახშირბადის გამონაბოლქვზე ლიმიტის დაწესება ეკონომიკური კატასტროფის საფრთხის შემცველად შერაცხა. საკუთარ წიგნში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებულ ისტერიას კაპიტალიზმის წინააღმდეგ მემარცხენე პოლიტიკური ძალების შენიღბული ბრძოლა უწოდა და კაცობრიობის პროგრესის შემაფერხებლად მიიჩნია.
![]() |
16 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი. ტაბულა
Tbilisi Altervision/newcomers 2010 ახალი რჩეულები:
![]() |
17 69 დღე მიწის ქვეშ |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
გადარჩენილი მაღაროელები პრეზიდენტ პინერას ხვდებიან
ყველა ფოტო: REUTERS ©
ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩილესადმი ინტერესი თანდათან იზრდება. მან პიკს 13 ოქტომბერს მიაღწია, როდესაც ყველა შეფასებით რეკორდული მასშტაბის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. 33 ჩილელი მაღაროელი, რომელიც 69 დღის განმავლობაში თითქმის შვიდასი მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა, იძულებითი ტყვეობიდან ცოცხლები და უვნებლები ამოიყვანეს.
5 აგვისტოს ჩილეში, სან ხოსეს სპილენძისა და ოქროს მაღაროში კატასტროფა მოხდა. გვირაბის ჩამონგრევის შემდეგ 33 მაღაროელი რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა. ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მაშველები უშედეგოდ ეძებდნენ მათ კვალს. გაურკვევლობა მხოლოდ მე-17 დღეს დასრულდა, როდესაც მაღაროელების გადარჩენის შესახებ ცნობილი გახდა.
როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთ-ერთ სარეზერვო გვირაბს შეეფარნენ. პირველმა სამაშველო ჭაბურღილმა სწორედ ამ გვირაბამდე ჩააღწია. მისი დიამეტრი მხოლოდ იმის საშუალებას იძლეოდა, რომ წყალი და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაეგზავნათ. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ 700 მეტრზე მყოფი მაღაროელებისთვის და მიწის ზედაპირზე მომლოდინე ახლობლებისთვის იმედი ჩაენერგა. მთელმა მსოფლიომ იხილა მათი ვიდეომიმართვა, რომელშიც იუწყებოდნენ, რომ „ყველა კარგადაა და იმედს არ კარგავენ”.
სამაშველო ოპერაცია ერთ-ერთ ურთულესად შეფასდა. ის თავდაპირველი გათვლებით 4 თვეში უნდა დასრულებულიყო. გეგმაში იყო სამი ჭაბურღილის გაკეთება, რომელთაგან თითოეულის სიღრმე 600-700 მეტრი იქნებოდა, დიამეტრი კი იმხელა, რომ ერთი ადამიანისათვის სამყოფი სამაშველო კაფსულა ჩატეულიყო. სამუშაოების ღირებულება, ჩილეს პრეზიდენტ სებასტიან პინერას თქმით, „სადღაც 10-დან 20 მილიონ დოლარამდე მერყეობდა”. ამ თანხის მესამედი შემოწირულობებით დაიფარა, დანარჩენი კი მაღაროს მფლობელმა კომპანია კოდელკომ და ჩილეს მთავრობამ გაიღო. ოპერაციის მიმდინარეობა უამრავი საინფორმაციო სააგენტოს მიერ პირდაპირ ეთერში შუქდებოდა. სამრეწველო ქალაქი კოპიაპო კი, სადაც მაღაროელთა უმეტესობა ცხოვრობს, დროებით ტურისტულ ცენტრად იქცა. აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ათასობით გულშემატკივარი დიდ ეკრანებზე ადევნებდა თვალყურს სამაშველო სამუშაოებს. კომერციალიზაციას ვერც ეს საერთო-სახალხო მოვლენა გადაურჩა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კოპიაპოს მაღაზიებში ჩილეს დროშები და მაღაროელთა გამოსახულებიანი პლაკატები გაყიდვების ჰიტად იქცა.
ჭაბურღილმა, რომელიც „B” გეგმის სახელით იყო ცნობილი, ოთხის მაგივრად ორ თვეზე ნაკლებ დროში ჩააღწია დანიშნულების ადგილამდე. ნასას კონსულტანტების დახმარებით დამზადებული სამაშველო შატლი ფენიქს 2 პირველად 12 ოქტომბერს მიწის სიღრმეში მაშველებითურთ ჩაეშვა. გადარჩენილები 23 საათის განმავლობაში სათითაოდ ამოჰყავდათ. მათ მიწის ზედაპირზე შეკრები ლი ახლობელთა და გულშემატკივართა არმია ოვაციებით ხვდებოდა. ამოყვანის შემდეგ მეშახტეები სპეციალური ვერტმფრენებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჩილეს ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მას შემდეგ, რაც საყოველთაო აღტყინება მინელდა, რამდენიმე კითხვა გახდა აქტუალური. მათ შორის მთავარი - ჰქონდა თუ არა კომპანიას 125 წლის წინანდელი მაღაროს ოპერირების უფლება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები არ იყო დაცული, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ჩილეში, სადაც სამთო მრეწველობა ეკონომიკის 40%25-ს შეადგენს, ხოლო ამ სფეროში 10 ათასი ადამიანია დასაქმებული, მსგავსი უბედური შემთხვევების შედეგად წელიწადში საშუალოდ 34 ადამიანი იღუპება. როგორც ცნობილი გახდა, გადარჩენილი 33 მაღაროელიდან 27 აპირებს კომპანიისგან სასამართლოს გზით კომპენსაციის მოთხოვნას. ჩივილს აპირებს გინო კორტეზი, 40 წლის მაღაროელი, რომელმაც ამ ცნობილ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე გვირაბის ჩამონგრევის დროს მარცხენა ფეხი დაკარგა. მისი განცხადებით, მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება, რადგანაც გვირაბებში არასაკმარისი რაოდენობის მეტალის სამაგრებია, რომლებიც მათ ჩამონგრევისგან დაიცავდა. მართალია, პრეზიდენტ პინერას თქმით, „არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც მაღაროს უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი”, მაგრამ ეს ფრიად საეჭვო ნუგეშია უკვე დაღუპული მუშების ოჯახებისთვის. ასეთ პირობებში სამთო მრეწველობის მომავლის საკითხი მთლიანად ეჭვის ქვეშ დგება.
ამ ყველაფრის ფონზე The Wall Street Journal-ში გაჩნდა კითხვა - რა იქნებოდა, ეს კატასტროფა 25 წლის წინ რომ მომხდარიყო? მაღაროელები დაიღუპებოდნენ, რადგან მაშინ უბრალოდ არ არსებობდა ის ტექნოლოგიები, რომლის დახმარებითაც მოხერხდა მათი ამოყვანა. სტატიის ავტორის, დანიელ ჰენინგერის აზრით, მაღაროელები კაპიტალიზმმა იხსნა. 74 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა ბერლინურმა კომპანიამ Central Rock Inc, მაღალტექნოლოგიური ბურღი შექმნა და ჩილეს დახმარება შესთავაზა. ეს უკანასკნელიც დათანხმდა და შედეგი სახეზეა - მაღაროელები გადარჩნენ.
ჰენინგერი ამით ხაზს უსვამს თავისუფალი ბაზრის როლს ტექნოლოგიურ წინსვლაში. ამ პატარა ბერლინურ კომპანიას ჰქონდა ფინანსური მოგების იმედი, რის საფუძველზეც გაბედა და შეეჭიდა სრულიად ახალი ტიპის ტექნოლოგიის, ამ შემთხვევაში „სუპერბურღის“ იდეას, რომლის გარეშეც 700-მეტრიანი ჭაბურღილის ასეთი სიზუსტით გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა მაღალტექნოლოგიური კომპანიების დახმარება აქ არ შეწყვეტილა. სამხრეთ კორეულმა Samsung-მა მაშველებს მიაწოდა ისეთი ტელეფონი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მიწის ჯურღმულიდან გადარჩენილების ხმის გაგონება. კომპანია Cupron Inc-მა კი მართლაც საოცარი, სპილენძის ბადიანი წინდები გაუგზავნა მაღაროელებს, რომელიც მათ ამ რთულ პირობებში გარე ინფექციებისგან იცავდა. ჩილეს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს „წარმოდგენაც არ ჰქონდა, მსგავსი რამე თუკი არსებობდა სადმე”. ღია ეკონომიკის პირობებში ეს არცაა გასაკვირი. შეუძლებელია ყველა იმ სიახლეზე თვალის მიდევნება, რაც ტექნოლოგიურ სფეროში ხდება. „ვიღაცამ გამოიგონა რაღაც, საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის, ერთ დღეს კი ამ გამოგონებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს”, ასკვნის ჰენინგერი.
სამაშველო შატლი ფენიქს 2. სანტიაგო
ჩილეს მაღაროელთა სამაშველო ოპერაცია, სირთულიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უდიდესია მსგავს ოპერაციებში. თუმცა მის დასრულებამდე TIME-მა გამოაქვეყნა ყველაზე საოცარი სამაშველო ოპერაციების ათეული, სადაც მაშველები მინიმალურ შანსსაც კი იყენებდნენ.
10 - ჩინეთის სასწაული
ანუ რვა დღის შემდეგ გადარჩენილი მაღაროელები. 28 მარტს, ჩინეთის ერთ- ერთ ნახშირის მაღაროში მუშებმა, რომლებიც ახალ გვირაბს თხრიდნენ, შემთხვევით გამოთხარეს ძველი, გაუქმებული გვირაბი, რომელიც წყლით იყო სავსე. შედეგად 153 მაღაროელი წყლით სავსე მიწისქვეშეთში აღმოჩნდა. მათი ცოცხლად გამოღწევის შანსები მინიმალურად შეფასდა. თუმცა რვა დღის შემდეგ მაშველებმა 115 მათგანის გამოყვანა მაინც შეძლეს. ნახშირის წარმოება, სამთო საქმეში ყველაზე დიდი სიკვდილიანობით გამოირჩევა.
9-ჰუძონის სასწაული
2009 წლის 15 იანვარს ამერიკელი ტელემაყურებლები საოცარი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ისინი პირდაპირ ეთერში უყურებდნენ ნიუ იორკში, მდინარე ჰუძონზე მოტივტივე თვითმფრინავს, საიდანაც მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უჩვეულოდ ორგანიზებულად და უსაფრთხოდ მოძვრებოდნენ. თვითმფრინავის მდინარეზე ავარიულად დაშვების მიზეზი ბატების გუნდი გახდა. ფრინველები ძრავებში გაიჭედნენ და მწყობრიდან გამოიყვანეს. ინციდენტის დროს არავინ დაღუპულა.
8 - პატარა ჯესიკა
...რომელიც ჭაში გაიჭედა. 1987 წლის 14 ოქტომბერს, ტეხასში ამერიკის მედიის ისტორიაში უდიდესი მოვლენა მოხდა. ისინი აშუქებდნენ სამაშველო ოპერაციას, რომლის მიზანიც იყო 18 თვის ჯესიკა მაკკლურის გადარჩენა. ის წამით უყურადღებოდ დატოვეს და 20 სანტიმეტრის დიამეტრის და 6 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა, საიდანაც მის ამოყვანას 58 საათი დასჭირდა. ჯესიკა ახლა 24 წლისაა და ერთ წელზე ნაკლები აშორებს იმ დროს, როდესაც მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე წვდომა შეეძლება. ეს ანგარიში ძველი შემოწირულობებით გაიხსნა და ამჟამად 1 მილიონ დოლარს აღწევს.
7 - ჰაბლის ტელესკოპის გადარჩენა
ჰაბლის ცნობილი ტელესკოპი ნასამ ორბიტაზე 1990 წლის აპრილში გაუშვა. 2000-იან წლებამდე მას მხოლოდ ოთხი, მცირე მასშტაბის შეკეთება დასჭირდა, სანამ საბოლოოდ არ გამოვიდა მწყობრიდან. 2004 წლის წარუმატებელი სარესტავრაციო ოპერაციის შემდეგ ნასამ 2009 წელს კოსმონავტების ახალი ჯგუფი გაგზავნა ჰაბლისკენ. მათ გიგანტური ხელის დახმარებით ტელესკოპი თავიანთი ხომალდის საბარგო განყოფილებაში „ჩადეს”, შეაკეთეს და უკანვე „დაჰკიდეს” ორბიტაზე, სადაც ის 2014 წლამდე შეკეთების გარეშე იმუშავებს.
6 - პენსილვანიის მაღაროელების გადარჩენა
2002 წლის 24 ივლისს, ცხრა პენსილვანიელი მაღაროელი, არასწორი რუკის გამო, მიტოვებულ მაღაროს გადააწყდა, რომელიც წლების განმავლობაში წყლით ივსებოდა. მიტოვებული გვირაბებიდან ათასობით ტონა წყალმა გადმოხეთქა და მუშები 71 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდნენ გვირაბის პატარა მონაკვეთში ჩაკეტილები. მათ გადასარჩენად რამდენიმე ჭაბურღილის გაკეთება გახდა საჭირო, რასაც 77 საათი დასჭირდა. მაშველებს იმაზეც უნდა ეზრუნათ, რომ წყლის დონე ზედმეტად არ მომატებულიყო. მათ ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს.
5 - ურუგვაის საჰაერო ძალები
1972 წლის 13 ოქტომბერს, ურუგვაულმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 45 ადამიანი იმყოფებოდა, ანდების მთებში კატასტროფა განიცადა. ბორტზე ურუგვაის რაგბის გუნდის წევრები, მათი ოჯახები და მეგობრები იმყოფებოდნენ. მათი გადარჩენის შანსი იმდენად მიზერული იყო, რომ რვა დღის შემდეგ მაშველებმა ძებნა შეწყვიტეს. ვინც კატასტროფისას არ დაიღუპა, მათ საკვები მალევე გაუთავდათ და იძულებული გახდნენ მანამდე დაღუპულების ხორცი ეჭამათ. თუმცა 16 მათგანი მაინც გადარჩა. ისინი მთებში 12-დღიანი სიარულის შემდეგ 23 დეკემბერს სამშვიდობოს გამოვიდნენ. მათ თოვლიან მაღალმთიანეთში 72 დღე გაატარეს. ამ ისტორიის მიხედვით 1993 წელს ფილმი “Alive” გადაიღეს.
4 - 1891 წელი, პენსილვანია
პენსილვანიის ნახშირის მაღაროში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს უამრავი ადამიანი დაიღუპა. მაგალითად, მხოლოდ 1891 წელს მაღაროებმა 956 ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა საოცარი გადარჩენის ისტორია აქაც გვხვდება. 5 მაღაროელი 19 დღის განმავლობაში წყლით სავსე გვირაბში იყო ჩაკეტილი. მათ დახმარების გარეშე გამოაღწიეს გარეთ. ამ ხნის განმავლობაში ისინი სანათების ზეთს სვამდნენ, რადგან საჭმელი არ ჰქონდათ.
3 - მსოფლიო ომის ტყვეები
1945 წელს 72 ათასი ამერიკელი ტყვე, რომლებიც იაპონელების სამხედრო ტყვეების ბანაკზე თავდასხმის შემდეგ გათავისუფლდა, 85 კილომეტრის მანძილზე გაურბოდა იაპონელებს, ფილიპინების ჯუნგლებში. მათგან მხოლოდ 54 ათასი გადარჩა. ეს ისტორიაც გახდა რეჟისორების შთაგონების წყარო. 2005 წელს ჯონ დალიმ ფილმი „დიდი რეიდი” გადაიღო.
2 - ჩაძირული წყალქვეშა ნავი
ერთ-ერთი გამოცდის დროს ამერიკის სანაპიროსთან უახლესი მოდელის წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, რომელმაც 26 ადამიანის სიცოცხლე მაშინვე შეიწირა. ეს ხდებოდა 1939 წელს. 33 გადარჩენილი ადამიანი, მორზეს ანბანით დაუკავშირდა გარე სამყაროს, კერძოდ კი გვერდით მცურავ მეორე წყალქვეშა ნავს. „კარგად ვართ, მაგრამ გვცივა”, - გადმოსცა კაპიტანმა. ორდღიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელიც ახლაც კი ურთულეს კატეგორიად ჩაითვლებოდა, ყველა მათგანი უვნებელი ამოიყვანეს წყლის ზედაპირზე.
1 - ჰაიტის ნანგრევებში
ჰაიტის 7.0 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შემდეგ უამრავი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა იცოდნენ, რომ გადარჩენის შანსი საკმაოდ მცირე იყო, ამიტომ სახლების ნანგრევებიდან მე-5, მე-7 და მე-11 დღეს გადარჩენილების ამოყვანას დაუჯერებელი ამბავი უწოდეს. მაგრამ როდესაც 17 წლის დარლენი ეტიენი ნანგრევებში გატარებული 15 დღის შემდეგ ცოცხალი დახვდათ, ეს ნამდვილ სასწაულად შეფასდა. იგი მოტეხილი ფეხით და ძლიერი გაუწყლოვნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სხვა მხრივ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა.
![]() |
18 ამნისტია დაჯარიმებულთათვის |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ალბათ ხშირად დაგინახავთ ავტობუსებში, ქაღალდის ფულით ხელში მდგარი დაბნეული ადამიანი, რომელიც ვერსად ახერხებდა ფულის დახურდავებას და გზის საფასურის გადახდას. ამას კი აუცილებლად მოჰყვებოდა ხოლმე კონტროლიორის მძიმე ნაბიჯები და... ჯარიმა. ე.წ. ყვითელ ავტობუსებში ხომ კონტროლიორები დღეში საშუალოდ 500 საჯარიმო ოქმს ადგენდნენ და უბილეთო მგზავრებს 5 ლარით აჯარიმებდნენ. 2009 წლიდან მგზავრი ბილეთს სპეციალურად დამონტაჟებულ აპარატში ხურდის ჩაყრის, ან პლასტიკური ბარათის გატარების შემდეგ იღებდა.
2010 წლის 1 ოქტომბრიდან ბარათების დასატენი აპარატები ყველა მეტროსადგურში დაიდგა, რაც მომხმარებელს, თანხის ბარათზე ჩარიცხვას გაუმარტივებს. როგორც პარლამენტში აცხადებენ, ძველი სისტემა საკმაოდ გაუმართავი იყო და ამიტომ, 1 აგვისტომდე დაჯარიმებულ ყველა უბილეთო მგზავრზე ამნისტია გამოცხადდა. პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან, ეს ერთგვარი ჰუმანური აქტია. თუმცა ალბათ გადაწყვეტილება ბევრი მოქალაქის გაღიზიანებას გამოიწვევს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყვითელ ავტობუსებში ჯარიმების გაცემა 2009 წლიდან დაიწყო და ამ დროის განმავლობაში 70 ათასი ადამიანი დაჯარიმდა. უმეტესობამ, თანხა უკვე გადაიხადა.
2010 წელს მერიამ 900-მდე ავტობუსიდან 640 დატოვა. 2011 წელს კი ავტობუსების ელექტროტრანსპორტით, კერძოდ ტრამვაით, ჩანაცვლების გეგმაზე იმუშავებს. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ავტობუსები 29 მილიონის დიზელს მოიხმარენ. გარდა იმისა, რომ ეს ფული საქართველოდან გაედინება, გამონაბოლქვი ქალაქს მნიშვნელოვნად აბინძურებს. მერიაში აცხადებენ, რომ ტრამვაი მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებში იმოძრავებს. შეგახსენებთ, რომ თბილისში ელექტროტრამვაი პირველად 1904 წელს, ბელგიური კომპანიის თაოსნობით გაჩნდა. ქალაქში უკვე არსებობდა ცხენებშებმული სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. კონკა. ტრამვაი საბოლოოდ 2006 წელს გაუქმდა.
![]() |
19 კათარზისი მიუსაფართა სახლი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
გრძელი, ვიწრო ოთახი; ორრიგად ჩაწყობილი ცამეტი რკინის საწოლი; ცენტრში - მაგიდა, ირგვლივ შემოწყობილი სკამებით. ტელევიზორი სადღაც იქვე გუგუნებს - ეს კათარზისის პანსიონატია. ამ ოთახში, დღეს ცამეტი ხანში შესული ქალბატონი ცხოვრობს. მათ ახლა ერთმანეთისა და მომვლელების გარდა არავინ ჰყავთ. ამ ასაკში ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდე და მზრუნველობაა. თითოეულს, ადრე სახლიც ჰქონდა და პირადი ცხოვრებაც. მაგრამ ზოგიერთმა ბინა და კარგა, ზოგი მოტყუებით აღმოჩნდა უსახლკარო. ზოგიერთ მათგანს ოჯახში იმდენად გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება, რომ „კინაღამ მოკვდა” და სახლიდან საკუთარი სურვილით წამოვიდა. არიან ისეთებიც, რომლებმაც სიკვდილი გამოსავლად მიიჩნიეს - „თავის მოკვლას აპირებდა და პატრულის თანამშრომელმა ჩვენთან მოიყვანა”, - ამ ბობს ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი, ზაურ ალადაშვილი ერთ-ერთი ბენეფიციარის შესახებ. 80 წლის ლიდა ჯავახიშვილის შვილებმა მისი პანსიონატში ცხოვრების შესახებ, სატელევიზიო შოუდან გაიგეს. მართალია, დედა მოინახულეს, მაგრამ მისი სახლში წაყვანა არც უფიქრიათ. როგორც ამბობს, კათარზისის პანსიონატში გაჭირვებამ მოიყვანა - ადრე უდარდელად ვცხოვრობდიო. ლიდა და მისი მეუღლე პედაგოგები იყვნენ, ორი ქალიშვილი ჰყავდათ. წლებთან ერთად ოჯახური იდილია სადღაც გაქრა. საშინელი ყოფა ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. იმისათვის რომ მეუღლე დაესაფლავებინა, ბინა გაყიდა. ერთი ქალიშვილი თურქეთში წავიდა და ორი შვილი გასაზრდელად დაუტოვა. მეორე ქალიშვილის შვიდ წევრიან ოჯახთან ერთად, ნაქირავებში გადავიდა. რამდენიმე წელიწადში აღარც ბინის და აღარც საჭმლის ფული აღარ შემორჩა. ნაცნობის დახმარებით მიტოვებულ აფთიაქში შესახლდნენ. გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება, ორჯერ ინსულტი დაემართა. დროებით საცხოვრებლად ბიძაშვილთან წავი და, მაგრამ - „რამდენ ხანს შეიძლება სხვის ოჯახში იცხოვრო?!”. ახლა კი კათარზისში „თანატოლებთან” ერთად მშვიდად ცხოვრობს. კარგად იკვებება, კითხულობს და სხვადასხვა ღონისძიებას ესწრება.
გარდა ცამეტი მოხუცებულისა, რომელიც პანსიონატში ცხოვრობს, სათნოების სახლში ყოველდღიურად 385 ადამიანი იკრიბება. ჰოლში მოფუსფუსე ბებია-ბაბუები, ტელევიზორის ოთახში სერიალით გატაცებული მოხუცები, ბანქოს თამაშით გართული ბაბუები და ცხელი სადილის სუნი - ასეთია ყოველი დღე კათარზისში. ამ ადამიანებს საზოგადოების მხრიდან ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებათ, იქ ვიზიტის მთავარი მიზეზი კი, სადილია. ცხელი კერძი, რითაც მოსულ სტუმრებს ყოველდღიურად უმასპინძლდებიან. შემოწირულობებით მომზადებულმა უფასო სადილმა ხომ ოცი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა.
სოციალური დახმარების ამ ცენტრში, უფასო სასადილოს გარდა, ფუნქციონირებს - სამედიცინო კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური, ბიბლიოთეკა, სილამაზის სალონი და ტანსაცმ ლისშეკეთების სამსახური. მოხუცებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცეკვის, სიმღერისა და თეატრალურ წრეებში. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი მოთხოვნა ვოკალურ ჯგუფებზეა. პანსიონატის პერსონალმა აღნიშნა, რომ მინიმალური მონაცემების მქონე მსურველები გუნდში ვერ ხვდები ან, მათ იწუნებენ ხოლმე. მაგრამ ამის მერე მეორე პრობლემა ჩნდება - შემორიგება. დაწუნებულებს, საშინელი გაბუტვა სცოდნიათ.
საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი კათარზისი 1990 წლიდან ფუნქციონირებს. ქველმოქმედებს თავდაპირველად ჰუმანიტარული დახმარება - საკვების, ტანისამოსისა და მედიკამენტების სახით - ქაშუეთის ეზოში მიჰქონდათ. მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბრძანებით, ასოციაციას შენობა გადაეცა, ქველმოქმედები თავად მიდიან კათარზისში და დახმარება მიაქვთ. დაარსების დღიდან ორგანიზაციის ფუნქციონირება და განვითარება მხოლოდ შემოწირულობაზეა დამოკიდებული.
ესმა მჭედლიშვილი 69 წლისაა. დღესდღეობით ჩემს ცხოვრებაში კათარზისი ნათელი წერტილიაო. დილის ათი საათიდან აქ მოდის ხოლმე. გარდა იმისა, რომ უფასოდ სადილობს, გაწევრიანებულია სიმღერისა და ცეკვის წრეებში, ამიტომ თანაგუნდელებთან ერთად ხუთ-ექვს საათამდე გადის რეპეტიციებს. სახლში კი, მხოლოდ დასაძინებლად მიდის - „შვილს თავისი ოჯახი ჰყავს და ჩემთვის ვერ იცლის. მე გარდაცვლილი ვაჟის შვილთან ერთად ნაქირავებში ვცხოვრობ, მაგრამ მასაც თავისი საქმე აქვს. აქ მოსვლა მიხარია. აბა, ოთხ კედელში გამოკეტილმა რა უნდა ვაკეთო მთელ დღეს?!”. სათნოების სახლი ოფიციალურად 11-დან 17 საათამდეა ღია - „ხშირად ისე ერთობიან, დრო ავიწყდებათ. ვახსენებთ, რომ სახლში წასვლის დროა. აბა, შინ ხომ უნდა მივიდნენ მშვიდობით”. მართალია, პანსიონატში მუდმივად ცხოვრების სურვილი არა ერთმა ხანშიშესულმა გამოთქვა, მაგრამ შეზღუდული ადგილების გამო თითოეულის რიგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა, თუ პანსიონატში მცხოვრებთაგან რომელიმეს ოჯახის წევრი წაიყვანს ან გარდაიცვლება. სწორედ ამიტომ, ხანდაზმულთა თავშესაფრის გაფართოების მიზნით სამი ოქტომბრიდან თბილისის მერიის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი - „მეც დავბერდები”. მისი პირველი ეტაპი იყო საქველმოქმედო მარათონი, რომელიც ტელეკომპანია იმედისა და საპატრიარქოს ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გავიდა. მართალია, მარათონზე პანსიონატისთვის საჭირო გარკვეული თანხის შეგროვება მოხერხდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ არსებული თავშესაფრის კეთილმოწყობა და მისი გაფართოება მოხდეს. სწორედ ამიტომ, ზაურ ალადაშვილმა განაცხადა, რომ „მართალია, მარათონი დასრულდა, მაგრამ პროექტი „მეც დავბერდები” გრძელდება”. გრძელდება მანამ, სანამ შეწირულობებზე მყოფი ორგანიზაცია, კიდევ უფრო მეტი ხანდაზმულის დახმარებას არ შეძლებს.
![]() |
20 ღიმილის ნიჭები |
▲ზევით დაბრუნება |
დავით კოვზირიძე|სვეტი
თბილისის ომის დროს ჩემი ორი მეგობარი ერთ-ერთთან მიდიოდა სახლში მთაწმინდაზე. გზაში შეიარაღებული გვარდიელები გადაუდგნენ, რატომღაც პუტჩისტებად მონათლეს და შტაბში წაიყვანეს ვითარებაში გასარკვევად. ვითარება კი ასე გაირკვა: ამ რამდენიმე გვარდიელის მეთაურმა, დაზეთილღაბაბიანმა მრგვალმა ცხოველმა 16 წლის ბიჭებს ზიზღით შეხედა და ერთადერთი სიტყვა თქვა: დახვრიტეთ!
ისინი ტყეში წაიყვანეს დასახვრეტად. თუმცა დაზეთილღაბაბიანების უფროსთან საიდანღაც ხმა მივიდა დასახვრეტთა ვინაობაზე, გაირკვა, რომ ნაცნობია და ბრძანების გაუქმების ბრძანება ტყის პირას დააწია. სიკვდილმისჯილები სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ სახლი დამწვარი დახვდათ...
რა გასაკვირია, რომ მაშინ არავინ იღიმოდა. არც მრგვალიცხოველები, არც პატარა უსახლკარო დასახვრეტები, არც გაავებული ერთნაირი ქალები, არც მორფინისტი მეომრები და არც კაგებეშნიკი მამულიშვილები. მაშინ გაღიმება უფრო ფსიქიური აშლილობის ნიშანი იყო, ვიდრე კარგი განწყობის იმიტომ, რომ ამის მიზეზი არ არსებობდა. ეს იყო უფსკრული.
უფსკრული, საიდანაც ამოვაღწიეთ. გავთბით, გავნათდით, დავნაყრდით, აქეთ - იქით მიმოვიხედეთ, რაღაცები გავარკვიეთ, თითქოს გართობისთვისაც მოვიცალეთ, მაგრამ ამ ღიმილს არ დაადგა საშველი. ვართ სერიოზულები, გაბრაზებულები, დაძაბულები, ვიცინით, ვხარხარებთ, დავცინით, მაგრამ არ ვიღიმით. ჩვენ ერთმანეთს არ ვუღიმით. არ ვუღიმით ისე, უბრალოდ და არ ვუღიმით მაშინაც, როცა ეს სავალდებულოა.
იმ დღეს პარფიუმერიის მაღაზიაში გახლდით. შევედი თუ არა, სოუზის (?!) სუნი მეცა - სხვა შემთხვევაში მადისაღმძვრელი, იქ კიგულისამრევი. მაღაზიაში არავინ ჩანდა, მხოლოდ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახის კარი იყო შეღებული და არომატიც იქიდან იფრქვეოდა. მასპინძელო! ამას ხომ არ დავიძახებდი? (არადა, ზუსტად ამას ითხოვდა სიტუაცია). დახლზე დავაკაკუნე რკინის ორლარიანით რამდენჯერმე და როგორც იქნა, „მასპინძელიც” გამოგოგმანდა. სქესით ქალი. ძალიან ნელა მომიახლოვდა, ცხიმიანი ტუჩები უელავდა, წინ ჩამომიდგა და ძალიან გაბრაზებულმა თვალითვალში გამიყარა - მე მას ტრაპეზი შევაწყვეტინე! თბილისის ომის დრო რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაიყვირებდა: დახვრიტეთ!
ამ ბრძანებას დღესაც დიდი სიამოვნებით გასცემდნენ მოლარეები, ტაქსის მძღოლები, ისე მძღოლები, ფეხით მავალნი, მიმტანები, პროფესორ-მასწავლებლები, სასტუმროების თანამშრომლები, სუპერმარკეტებში მოწამლული ბუზებივით მცოცავი პერსონალი, ჟურნალისტები და მათი რესპონდენტები, უკმაყოფილო მომღერლები, მსახიობები, მოდელები, პოლიტიკოსები და მეზობლები.
ყველა, ვინც უნდა გვიღიმოდეს, დიდი სიამოვნებით დაგვხვრეტდა!
კი მაგრამ, რატომ? რატომ ვერ ვიღიმით? ისტორიამ სახის მოტორიკა დაგვიჩლუნგა? თუ ამ რეფლექსისთვის საჭირო იმპულსებს ვეღარ გამოვიმუშავებთ? ვარჯიში ხომ არ დაგვეწყო? დილით ავდგეთ და სარკეში საკუთარ თავს ვუღიმოთ 510 წუთი, ეგებ ჩვევაში გადაგვივიდეს. ან იქნებ ამას ნიჭი უნდა და ჩვენ, ნიჭიერი ზარმაცები, სწორედ ამაში ვართ უნიჭოები?
არადა, თითქოს არაა რთული ამბავი, სხვა ქვეყნებში ხოვიღიმით? იმიტომ, რომ გვიღიმიან. ანუ ჩვენ აქ ერთმანეთს ველოდებით და ამ ლოდინში გაუღიმებელი წლები, ათწლეულები და საუკუნეები გადის.
![]() |
21 ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება|ამბები
სისხლიანი სიყვარული
ბრიუსელის სკოლის მასწავლებელი ელს კლოტემანსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება კონკურენტი ქალის, ელს ვან დორენის მკვლელობა. მკვლელობის მოტივად სახელდება ის, რომ ორივე ქალს ერთი და იგივე მამაკაცი უყვარდა, ჰოლანდიელი სკაიდაივერი, რომელიც კლოტემანსს მხოლოდ თავისთვის უნდოდა. მან მკვლელობის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა - პარაშუტით გადმოხტომის წინ კონკურენტს თოკები დაუსერა, რის გამოც იგი ათასი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა. სარეზერვო პარაშუტის გახსნის უშედეგო მცდელობები მის ჩაფხუტზე დამაგრებულმა კამერამაც დააფიქსირა.
ხალხი Google-ის წინააღმდეგ
კარლა ფრანკლინმა, ამერიკელმა ბიზნეს-კონსულტანტმა, Youtube- ზე განთავსებულ თავის ვიდეოებზე შეურაცხმყოფელი კომენტარები ვეღარ აიტანა და კომპანიას სასამართლოში უჩივლა. ამერიკის სასამართლომ Google-ს, რომელიც საიტ Youtube-ის მფლობელია, ორი კვირის ვადა მისცა იმისათვის, რომ მან კომენტარების ავტორთა ვინაობა გაამხილოს. როგორც ფრანკლინი ამბობს, ერთი წლის წინ გადაღებული რამდენიმე ვიდეო, სადაც თავადაც არის, გარდა იმისა, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარების წყაროდ იქცა, საიტზეც უნებართვოდაა ატვირთული. ეს ყველაფერი კი მის კარიერაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. ფრანკლინი პირველი არაა, ვინც სასამართლოს მსგავსი საკითხის გამო მიმართა. შარშან, ვოგის მოდელმა ლისკულა კოენმა ასევე წარმატებით „დასტყუა” Google-ს იმ ბლოგერის ვინაობა, რომელმაც მისი ჰიგიენის შესახებ დაწერა. თუმცა ბლოგერი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ამით მისი პირადი აზრის გამოთქმის უფლება დაირღვა.
უბედური შემთხვევა
ინგლისში, ქალაქ ვიდნესში პოლიციამ ქალის გვამი იპოვა, რომელიც საკუთარი მანქანის ბორბლებქვეშ მოყვა. იგი მეზობელმა იპოვა მისივე ფიატ პანდას ქვეშ, დილის 7 საათზე და მაშინვე სასწრაფო გამოიძახა, თუმცა დაგვიანებით. პოლიციის ვარაუდით, ქალი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება, დილით გაყინული მანქანის დაქოქვას ცდილობდა, მაგრამ დაუგორდა და ქვეშ მოყვა, რაც გახდა კიდეც მისი დაღუპვის მიზეზი.
![]() |
22 ჩიხში |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|რაზა
ირაკლი შენგელაია
ისევ რეზოლუციის თაობაზე
გაეროს გენერალური ასამბლეის 65ე სესიის დაწყების წინ საქართველოს წარმომადგენლობამ უმაღლეს ფორუმს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოში და ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ” (A/64/L.62). პროექტის სახით წარდგენილი რეზოლუცია ეყრდნობოდა გენერალური ასამბლეის 62/153 (18.12.2007), 62/249 (15.05.2008), 63/307 (09.09.2009) და 64/162 (18.12.2009) რეზოლუციებს შიდა ადგილნაცვალ პირთა დაცვისა და დახმარების შესახებ; ხაზს უსვამდა 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში დაწყებული დისკუსიების მნიშვნელობას ადგილ ნაცვალ პირთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ, შეუფერხებელ დაბრუნებაში; ითვალისწინებდა გაეროს გენერალური მდივნის A/64/819 (17.07.2010) მოხსენებას გენერალური ასამბლეის 63/307 რეზოლუციის შესრულების თაობაზე.
ტექსტი ეხებოდა: ადგილნაცვალ პირთა (და ლტოლვილთა) დაბრუნებისა და საკუთრების უფლებას; დემოგრაფიული ვითარების იძულებითი შეცვლის დაუშვებლობას; შეუფერხებელ ჰუმანიტარულ დახმარებას; ჟენევის მოლაპარაკების ძალისხმევას მშვიდობისა და ურთიერთნდობის დასამკვიდრებლად, ადამიანთა უფლებების დასაცავად, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად; ღირსეული დაბრუნების დროითი გრაფიკის შედგენას.
გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა 65-ე სესიის წინასწარ დღის წესრიგში პუნქტის - „სუამის სივრცეში გაჭიანურებული კონფლიქტები და მათი შედეგები საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის” - ჩართვა და ამ თემაზე სესიის განმავლობაში გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების მოსმენა.
მსუბუქი კოლიზია
ქართულ პრესაში უკვე აღინიშნა გარკვეული წინააღმდეგობის არსებობა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების (A/64/819) 33-ე მუხლსა და მიღებული რეზოლუციის (A/64/L.62) მე-6 მუხლს შორის. გენერალური მდივანი აღნიშნავდა, რომ ვითარების სირთულისა და მხარეთა შეუთანხმებლობის (!) გამო „…ამ ეტაპზე ნაადრევი იქნებოდა ყველა ლტოლვილისა და შიდა ადგილნაცვალი პირის ნებაყოფლობითი დაბრუნების გრაფიკის შედგენა…”. გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ „დაბრუნების გრაფიკის შედგენის აუცილებლობა” ხაზგასმით დაადასტურა.
„სიახლე”
ქართულსა ზოგადოებაში 7 სექტემბერს მიღებულმა რეზოლუციამ გასაკვირად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საინტერესო ისაა, რომ გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ წელს შეტანილი რეზოლუციის პროექტი თითქმის არაფრით განსხვავდებოდა შარშანდელი პროექტისგან. შეიცვალა (გაიზარდა) დამოწმებულ რეზოლუციათა რაოდენობა. რაც შეეხება ტექსტს, A/64/L.62 ზუსტად იმეორებდა 63/307ს.
2009 წელს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გენერალური ასამბლეისთვის წარდგენილი რეზოლუციის პროექტი ქართული ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. წელს კი, პოლიტიკური ელიტის თითქმის ყველა წევრმა გამოთქვა საკუთარი „მაღალი აზრი” აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
Lapsus calami
გაეროს ოფიციალურ ენათა შორის ერთ - ერთი რუსულია და დოკუმენტაცია ამ ენაზეც დგება. უცნაური რამ „შეემთხვა” 2010 წლის რეზოლუციის პროექტის რუსულ ვარიანტს. მასში გაჩნდა ფრაზა - насильственно перемещенные лица (A/64/L.62), საბოლოო ინგლისურ ტექსტში (General Assembly, GA/10976) კი წინადადებამ „ჩვეული” ფორმა მიიღო - internally displaced persons - რაც ნათარგმნია, როგორც იძულებით (და არა ძალადობით) გადაადგილებული პირები. საინტერესო ისაა, რომ შარშანდელი რეზოლუციის ტექსტში, უფრო ზუსტად მის რუსულ ვარიანტში (A/63/L.79), ფრაზა ასევე ჩვეულებრივ კონიუნქტურულად ჟღერ და - принудительно перемещенные лица.
ტექსტში მოტანილი კალმის მიერი შეცდომა არანაირი დასკვნის საშუალებას არ იძლევა. ერთი ცხადია, დროდადრო „ღრჭიალი გაუდის” ხოლმე პოლიტიკურ კონიუნქტურულობას საერთაშორისო ურთიერთობებშიც კი.
პოლიტიკურ ბლოკებში
საქართველო და რუსეთი რამდენიმე პოლიტიკურ გაერთიანებას წევრობენ: საქართველო - სუამს, რუსეთი BRIC-ს, SOC-ს, СНГ-ს, ОДКБ-ს და კიდევ რამდენიმე გაურკვეველ წარმონაქმნს. რუსეთის „დიდ პოლიტიკურ კლუბებში” თოთხმეტი წევრია და ოთხი მეთვალყურე. სახელმწიფოთა არითმეტიკული ჯამი თვრამეტია, პოლიტიკური - ჩვიდმეტი. საქმე ისაა, რომ ინდოეთი BRIC-ის წევრია და SOC-ის მეთვალ ყურე.
ქართული რეზოლუციის ტექსტის მიღება არ მიღებასთან დაკავშირებულმა კენჭის ყრამ „მორუსეთო” ხმები შემდეგნაირად დაალაგა: ჩვიდმეტი წევრი - სახელმწიფოდან რეზოლუციას შეეწინააღმდეგნენ სომხეთი და თავად რუსეთი; მიემხრნენ მოლდოვა და აზერბაიჯანი; გათავშეკავდნენ ბრაზილია, ბელარუსი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, მონღოლეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი; გათავარიდდნენ უკრაინა, ირანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი. სუამმა კი უკეთესი ერთსულოვნებით დაჯაბნა „მოწინააღმდეგეები”: რეზოლუციას მიემხრნენ საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი; გათავარიდდა უკრაინა.
მოწინააღმდეგეთა კონტინენტური განშლა
საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა: სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სამი (კუბა, ვენესუელა, ნიკარაგუა); СНГევრაზიის ორი (სომხეთი, რუსეთი), აზიის ექვსი (სირია, კომუნისტური კორეა, ლაოსი, მიანმაბირმა, შრი - ლანკა, ვიეტნამი), აფრიკის ორი (სუდანი, ზიმბაბვე), ოკეანეთის სამი (ახალი პაპუა - გვინეა, სოლომონის კუნძულები, ნაურუ) - სახელმწიფო. ჩანს, რუსეთის ფედერაციას სომხეთის გარდა კუნძულოვან და „პოლიტიკური კანიბალიზმის” ქვეყნებზეც აქვს დიდი გავლენა.
სერბეთი მოწინააღმდეგეთა შორის
წლევანდელ კენჭისყრაში რეზოლუციის მოწინააღმდეგეებში აღმოჩნდა სერბეთი - სათვალავით მეჩვიდმეტე. მიზეზად პოლიტიკური წნეხი დასახელდა. 9 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სერბეთის წარმომადგენლობის თხოვნით მხარი დაუჭირა რეზოლუციას A/64/L.65/ Rev.1. მან მხედველობაში მიიღო ICJ-ს სარეკომენდაციო დასკვნა კოსოვოს მხარის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შესაბამისობის შესახებ საერთაშორისო სამართალთან; მოიწონა ევროკავშირის მცდელობა, იშუამავლოს ბელგრადსა და პრიშტინას შორის გასამართ მოლაპარაკებებში.
კულუარული ინფორმაციით, სერბეთს საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ რუსეთის ფედერაციამ მომავალი მხარდაჭერა აღუთქვა.
რუსული წრიალი
რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით გამართულ დებატებში რუსულმა მხარემ ასე ჩამოაყალიბა საკუთარი დამოკიდებულება (GA/10976): გენერალურმა ასამბლეამ არ გაითვალისწინა გაეროს გენერალური მდივნის მოსაზრება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გრაფიკის შედგენის ნაადრეობაზე; რეზოლუცია არ არის ჰუმანიტარული ხასიათისა და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება; იგი ხელს შეუშლის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესს.
გასაგები ენით რომ ითქვას: გენერალური ასამბლეის სამდივნოზე განხორციელებულმა რუსეთის ზეწოლამ მხოლოდ ბანკი მუნის მოხსენებაზე იქონია გავლენა; ასამბლე ამ რუსული წრიალი არად ჩააგდო; რუსეთი ხელს შეუშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას; იგი ყოველ მხრივ შეეცდება ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლას თუ არა, უაზროდ და უვადოდ გაჭიანურებას.
რუსული პოლიტიკური წრიალი წლიდან წლამდე გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ჯერჯერობით მდგომარეობა ჩიხურია, თუმცა არაიმდენად საქართველოსთვის, რამდენადაც რუსეთისთვის. ამ მძიმე ვითარებიდან თავდახსნა ისევ რუსეთის ფედერაციის გამოსაძებნია, ბუნებრივია, პოლიტიკური დათმობების გზით. სხვა გამოსავალი მას არ გააჩნია.
![]() |
23 თურქეთთან საზღვრის მართვა გამარტივდა |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
თურქეთთან საზღვრის მართვა გამარტივდა: ახალი სისტემის მიხედვით, ორმაგი საბაჟო შემოწმება უქმდება. საჭირო დოკუმენტების რაოდენობა ნახევრდება. წინასწარი გათვლებით, ეს ინიციატივები საკონტროლო პუნქტებზე გასატარებელ დროს 40%25-ით შეამცირებს. შედეგად, საბაჟო შემოწმების მომლოდინე ადამიანი 6-7 საათს მოიგებს. ახალი წესები გავრცელდება არა მხოლოდ საქონლის გადამტან საბარგო მანქანებზე, არამედ ნებისმიერ ტრანსპორტზე, რომელიც საზღვარს გადაკვეთს.
ამ გამარტივებას ორი მიზანი აქვს. პირველი, საქართველოს, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლის ტრანსპორტირებისთვის სატრანზიტო დერეფნის როლის განმტკიცებაა. მეორე კი - ქვეყანაში ტურისტთა ნაკადის გაზრდა.
ყველაზე დიდი დენადობის ხუთ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა) შორის, თურქეთი, 2010 წლის 9 თვეში საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, 378 ათასი ვიზიტორით, მესამე ადგილზეა. ამ ქვეყნიდან საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი - 18 ათასი ადამიანი ივლისში შემოვიდა, ყველაზე ნაკლები - 12 ათასი - თებერვალში. თებერვლის თვეში თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა აზერბაიჯანიდან შემოსულებს 1.2-ჯერ, სომხეთიდან - 1.1-ჯერ, რუსეთიდან - 2.4-ჯერ, ხოლო უკრაინიდან - 2.9-ჯერ აღემატებოდა.
ამავე, 2010 წლის იანვარ - აგვისტოს პერიოდში თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიც იყო. ის ექსპორტის მიხედვით - 155 მილიონი აშშ დოლარით ანუ მთლიანი ექსპორტის 15.4%25 - ით, აზერბაიჯანის შემდეგ სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მთლიან ექსპორტში წილის მიხედვით, თურქეთი მხოლოდ 0.4%25-ით ჩამორჩება აზერბაიჯანს. თურქეთში ექსპორტის ღირებულების უდიდესი ნაწილი - 59 მილიონი აშშ დოლარი შავი ლითონების ჯართზე მოდის. იმპორტის მიხედვით, ქვეყანა უპირობო ლიდერია - 527 მილიონი აშშ დოლარით და მთლიან იმპორტში 17.1%25-იანი წილით. ამ თანხის უდიდესი ნაწილი - 24 მილიონი აშშ დოლარი სამკურნალო საშუალებებზე მოდის. ეს მაჩვენებელი, იმავე აზერბაიჯანთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ მეტია.
საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე ორი საბაჟო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს. ერთი სარფში, ბათუმიდან 20 კილომეტრის მოშორებით და მეორე - ვალეში. 2011 წელს კარწახში მესამე ასეთი პუნქტი ამოქმედდება.
![]() |
24 ჩინეთის უმდიდრესი ადამიანები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ჩენ ლიუა
ჭანგ უინი
12 ოქტომბერს ჰურუნის კვლევითმა ინსტიტუტმა ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩინელ მილიარდერთა სიმდიდრე საშუალოდ 2 წლის განმავლობაში 64%25-ით, ხოლო წელს 26%25-ით გაიზარდა. 2010 წელს შიდა საფონდო ბაზარი 10%25-ით დაეცა. ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობისა და ტანსაცმლის სფეროში სწრაფი პროგრესი გრძელდება. სამთო მრეწველობასა და ენერგეტიკაში ზრდა ნაკლებია.
ჩინეთში დაახლოებით 400-დან 500-მდე მილიარდერია, უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. მათი სიმდიდრის 95%25 შიდა მოხმარებაზე ორიენტირებულ წარმოებას უკავშირდება, 5%25-ს კი ექსპორტი შეადგენს. მილიარდერთა 99%25-მა ქონება დამოუკიდებლად დააგროვა.
ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი არის Wahaha-ს დამაარსებელი, 65 წლის ჭონ ცინჰოუ, 12 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონებით. წინა წელთან შედარებით, ცინჰოუმ საკუთარი მაჩვენებელი 11 ადგილით გააუმჯობესა. Wahaha ჩინეთის დომინანტური სასმელის კომპანიაა. კომპანია 30 ათასამდე ადამიანს ასაქმებს. მისი მოგება წელს 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ფარმაცევტული კომპანია ჰეპალინკის მფლობელი ლი ლი & ოჯახი 6 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს და სიმდიდრით მეორე ადგილზეა. ჰეპალინკი, რომელიც 1998 წელს ლი ლიმ, მისმა ცოლმა და ცოლის ბიძაშვილმა დააარსეს, ღორის ნაწლავებისაგან ჰეპარინს ამზადებს. ჰეპარინი სისხლის გამათხელებელი და შედედების საწინააღმდეგო პრეპარატია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფარმაცევტული მრეწველობა ჰურუნის ხუთეულში მოხვდა.
მსოფლიოს 20 უმდიდრესი ქალიდან 11 ჩინელია. 53 წლის ჭანგ უინი ბიზნესმენი ქალია, რომელმაც ქაღალდის წარმოება დამოუკიდებლად შექმნა. მისი ქონება, ორი წლის განმავლობაში, 1 მილიარდი აშშ დოლარიდან 6.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უძრავი ქონების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი, 46 წლის ვუ იაუნი მეორე ადგილზეა - 4.1 მილიარდი აშშ დოლარით.
ჩინელ მილიარდერ ქალთა სამეულს სასტუმროების ქსელის მფლობელი, 69 წლის ჩენ ლიუა ასრულებს - 4 მილიარდი აშშ დოლარით.
ჩინელ ქალთა წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ამ თაობამ მემკვიდრეობით მხოლოდ სიღარიბე მიიღო და იძულებული გახდა, სიმდიდრე თავად შეექმნა.
კომუნისტური ჩინეთი მკვეთრი სოციალური კონტრასტების ქვეყანაა - 1 მილიონზე მეტი მილიონერის გვერდით გვხვდება 300 მილიონამდე ჩინელი მუშა, რომლის დღიური შემოსავალი 1 დოლარზე ნაკლებია.
ჭონ ცინჰოუ
ლი ლი
ვუ იაუნი
![]() |
25 ბრძოლა გრძელდება იუვენტუსი კუთვნილს ითხოვს |
▲ზევით დაბრუნება |
ფეხბურთი|სპორტი
იტალიური ფეხბურთის ისტორიაში 2006 წლის ზაფხულში აგორებული უდიდესი სკანდალი რამდენიმე კლუბისთვის და მაღალჩინოსნისთვის ძალიან ცუდად დასრულდა.
მსაჯების დაშინებასა და მეტოქეების მოსყიდვაში მხილებულთაგან ყველაზე ძალიან იტალიის საუკეთესო კლუბი ტურინის იუვენტუსი დაისაჯა: 2005 და 2006 წლებში მოპოვებული ორი სკუდეტო (ჩემპიონის ტიტული) ჩამოართვეს, სერია ბ-ში გაამწესეს და ჩემპიონატი დაქვითული ქულებით დააწყებინეს. ამას გარდა, იუვენტუსის სამი მმართველიდან ორს - ლუჩანო მოჯის, ანტონიო ჯირაუდოს - 5-5 წლით აუკრძალეს არათუ ფეხბურთში, ზოგადად, სპორტში მოღვაწეობა, ტრიუმვირატის მესამე წევრი, რობერტო ბეტეგა კი მხოლოდ ორი წლით დასაჯეს.
იუვენტუსისთვის ჩამორთმეული ორი სკუდეტოდან ერთი - 2006 წლის - მილანის ინტერს მიაკუთვნეს, თუმცა ახლახან მოძიებული მასალებით ირკვევა, რომ სკანდალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიცაა გახვეული. ყოველ შემთხვევაში, იუვენტუსის ადვოკატები აცხადებენ, რომ სატელეფონო ჩანაწერებში ინტერის ბრალეულობაც იკვეთება - კლუბის წარმომადგენლები მსაჯებზე ზეწოლას ახდენდნენ.
მილანის ინტერის პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია, ცხადია, უარყო, მაგრამ იუვენტუსის კაპიტანს და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ალესანდრო დელ პიეროს ეს ნაკლებად აღელვებს. სააგენტო ანსა-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავდამსხმელმა განაცხადა: 2005 და 2006 წლებში ჩვენ სამართლიანად მოვიგეთ სერია ა, მაგრამ ორივე ტიტული ჩამოგვართვეს. ჩვენმა ადვოკატებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ სკუდეტოების ჩამორთმევა აბსურდული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სასამართლომ აზრი არ შეიცვალა. საბედნიეროდ, ამ უსამართლობის გამოსასწორებლად მუშაობა კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებ, მალე იუვენტუსს სამართლიანად მოგებულ და უსამართლოდ ჩამორთმეულ ორ ტიტულს დაუბრუნებენ.
იტალიური პრესის ცნობით, სკანდალთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა ნოემბრის მიწურულს გაიმართება.
ტურინელები ორი ჩამორთმეული ტიტულისთვის იბრძვიან
ფოტო: REUTERS ©
![]() |
26 დანაშაული და სასჯელი |
▲ზევით დაბრუნება |
ფეხბურთი|სპორტი
ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი
ფიფამ აღმასრულებელი კომიტეტის ორ წევრს, ქრთამის მოთხოვნაში ეჭვმიტანილ ნიგერიელ ამოს ადამუს და ტაიტელ რეინალდ ტემარიის გამოძიების დასრულებამდე შეუჩერა უფლებამოსილება.
ფიფას ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე კლაუდიო სუსლერმა ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს გამართული საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა: დღევანდელი დღე ფიფას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხაროა - აღმასრულებელი კომიტეტის ორი წევრი და კიდევ ოთხი ოფიციალური პირი ფიფას წესდების და ფიფას სადისციპლინო კოდის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. მათ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდათ უფლება-მოვალეობა და ამავდროულად, ფეხბურთში ყველა სახის საქმიანობა აეკრძალათ.
2 დეკემბერს, ციურიხში ფიფა მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატის მასპინძლებს დაასახელებს. ამოს ადამუს და რეინალდ ტემარიის თანხის სანაცვლოდ კუთვნილი ხმების გაყიდვის მცდელობა ედებათ ბრალად, ხოლო ფიფას ოფიციალურ პირებს სლიმ ალულუს, ამადუ დიაკიტეს, აჰონგალუ ფუსიმალოჰის და ისმაელ ბჰამჯეეს - გარიგებაში მონაწილეობა.
სკანდალი ინგლისურ გაზეთ სანდი იმსში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ აგორდა. ირკვევა, რომ თავისი ხმა ამოს ადამუმ 800 ათას აშშ დოლარად შეაფასა - ნიგერიაში ოთხი ხელოვნურსაფარიანი მინდვრის კეთილმოწყობა სურდა, ტემარიიმ კი 2,3 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა: მას ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში საფეხბურთო აკადემიის აშენება დაუგეგმავს. ამას გარდა, ორივე მათგანი ცალკე, პირადი ინტერესებისთვისაც ითხოვდა ქრთამს. სანდი ტაიმსის რედაქციამ ფიფას უკვე მიაწოდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მაღალჩინოსანთა საუბარია ჩაწერილი, ამავდროულად, მომხდარის ტექსტური ვერსიაც.
ფიფას ეთიკის კომიტეტი საბოლოო დასკვნას 15-17 ნოემბერს, ციურიხში დაგეგმილი მორიგი სხდომის შემდეგ გამოიტანს.
გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ევროპაში გაიმართება. ამ უფლებისთვის ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, რუსეთის საფეხბურთო კავშირი და ბელგია-ჰოლანდიის და ესპანეთი-პორტუგალიის საერთო პროექტები იბრძვიან.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა კი აშშ-ს და აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოთხ წევრს: ავსტრალიას, იაპონიას, ყატარს და სამხრეთ კორეას სურს.
რუნი, ფერგიუსონი და მილიონები
ინგლისის ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება გადაწყვიტა. გაზეთ დეილი მეილის ცნობით, შესაძლოა, ფეხბურთელმა იანვარშივე გამოიცვალოს გუნდი. მას შემდეგ, რაც რუნი მეძავებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, კლუბის მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობა გაუფუჭდა. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, რუნიმ ევერტონთან მატჩი გამოტოვა, მომდევნო შეხვედრებში - სანდერლენდთან, ვალენსიასთან და ვესტ ბრომვიჩთან - კი ძირითად შემადგენლობაში დაკარგა ადგილი. მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა.
„მას კაპიტნობისთვის ვამზადებდი, მაგრამ ასეთი საქციელის შემდეგ ის საამისოდ არ გამოდგება”, - განაცხადა სერ ალექსმა.
უეინ რუნის კონტრაქტი წელიწადნახევარში იწურება, თუმცა ხელშეკრულებაში შეტანილია პუნქტი, რის მიხედვითაც ფეხბურთელს შეუძლია კლუბს წლიური ხელფასი გადაუხადოს და თავისუფალი აგენტი გახდეს. ოფიციალური ინფორმაციით, უეინ რუნის გასამრჯელო სეზონში 8 მილიონი დოლარია, კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა კი 110 მილიონი.
ბრიტანელი ჟურნალისტები მოვლენათა ზემოთ აღწერილ განვითარებას კარსმომდგარ კრახს უწოდებენ. ცნობილია, რომ ოლდტრაფორდული გუნდის გრძელვადიანი ვალი 700 მილიონ გირვანქას აჭარბებს, ასეთ დროს კი 110 მილიონის დაკარგვა, სხვა არაფერია, თუ არა კრახი.
და ვის სურს რუნის ხელში ჩაგდება?
ჯერჯერობით ორი კლუბი სახელდება: მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი. ესპანელთა სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ რეალი ზამთრის სატრანსფერო სეზონში ფეხბურთელთა შეძენას არ გეგმავს, მანჩესტერ სიტის მესვეურთა აზრი კი უცნობია. გაზეთ ტაიმსის ინფორმაციით, სიტი მზადაა უეინ რუნის სანაცვლოდ იუნაიტედის საბანკო ანგარიში იანვარში 45 მილიონი გირვანქით შეავსოს.
ასეთ დროს აჩქარება დამღუპველია, არც ნერვების აყოლაა კარგი. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დროდადრო ხდება გაუგებრობა - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამის გამო გუნდი არ უნდა დაზარალდეს. დარწმუნებული ვარ, პრობლემა მალე მოგვარდება, - ეს სიტყვები მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას და ექსკაპიტანს როი კინს ეკუთვნის.
ის 12 წლის მანძილზე თამაშობდა იუნაიტედში, თუმცა გუნდი სწორედ რომ ფერგიუსონთან კონფლიქტის გამო დატოვა...
უეინ რუნი
![]() |
27 კალათბურთის დიეტა იწყება |
▲ზევით დაბრუნება |
კალათბურთი|სპორტი
ევრო ლიგები, მილიონერებისთვის დამღლელი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, იძულებითი ოლიმპიადა, მეორადი მოხმარების საგანი, ანუ საგამოფენო მატჩები - ყველაფერი ეს უკანა პლანზე გადადის. ორი კონფერენცია, ექვსი დივიზიონი, ყველაზე რეკლამირებული სპორტული ლიგა და ზაზა ფაჩულია NBAს რეგულარულს დაიწყებენ. წინათქმა აღმოსავლეთის კონფერენციით დავიწყოთ.
„პენსიომერების” ცირკი
პატ რაილის, საკუთარი სტატუსის განურჩევლად, ყოველთვის აჟიოტაჟი ახლდა. მოთამაშეობის დროს ბევრს, ლამაზად ყრიდა და როგორც კი ვარცხნილობას იცვლიდა, მიდიოდა ამ თემის დაღლამდე ექსპლუატაცია. მწვრთნელობისას ლეიკერსში საკუთარი ფრენჩაიზის ამუნიციიდან არმანის, ბოსის ელეგანტურ სტილზე გადასვლაც პატმა შემოიტანა. ელეიში შოუთაიმი მან, მეჯიქმა, ქარიმმა და ჯეკ ნიკოლსონმა დადგეს. მთლიანად ლიგაში რაილი დღესაც ყველაზე დიდი ესთეტია. არა მარტო ვიზუალურად, რაილი კალათბურთის ესთეტია.
მაიამიში მთავარი მწვრთნელობიდან პრეზიდენტობამდე (და პირიქით და ისევ პრეზიდენტობამდე) გზა პატმა ძალიან სწრაფად გაიარა, გუნდს ერთხელ ჩემპიონობა მოუტანა, ბევრი ასისტენტი გაამწარა და უმუშევარი დატოვა. რაილი დღესაც ყველაფერს მარტო აგვარებს და ზაფხულში ლიგის ისტორიაში ერთ - ერთი უდიდესი სატრანსფერო ოპერაცია ჩაატარა. რამდენიმე საათში პატმა დუეინ უეიდს გვერდით ლებრონ ჯეიმსი და კრისბოში დაუყენა, შემდეგ კი და ნარჩენებით შეავსო რუსტერი.
ჰიტი ქაღალდზე ფავორიტია და რეალურად - მაგარი დაულაგებელი გუნდი, სადაც სასტარტო ხუთეულში სულ ცოტა, სამი ბურთია საჭირო. ფლორიდაში პირველი კაცი უეიდია, ლებრონი პირველი კაცი კლივლენდში იყო და მთელი ტორონტო ბოშზე იყო აწყობილი.
გუნდს არ ჰყავს ძლიერი, სწრაფი ფლეიმეიქერი. უეიდი უფრო მეორე ნომერია, ლებრონი უფრო ყველაფერია და კარლოს აროიოს ამ ხალხთან ხსენება უხერხულია. მთელი რეგულარულიც სამ კაცზე გადაივლის და თუ სამივე გიგანტი ჯანზე იქნება, ჰიტი აღმოსავლეთში პირველზე გავა. არა, ალბათ მთელ გასავარდნ სტადიაზეც საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება, მაგრამ ამ ნიუანსს უკვე მეორე წრიდან დიდი მნიშვნელობა არ ექნება. პირველ წრეში მობალასტო ოპონენტის შემდეგ, მაიამის გამოცდას რეალური გუნდები, ჩემპიონობაზე დაგეშილი პიტბულები ჩაუტარებენ. ჰიტის შემადგენლობაში ბევრი ისეთი პერსონაა, ვინც იცის ფლეიოფში თამაში და დიდ სათამაშო დროსაც მიიღებს. ჟიდრუნას ილგაუსკასი, მაიკ მილერი, ადონის ჰასლემი სამ ვარსკვლავს დაასვენებს, აპრილის მეორე კვირიდან კი რაილის ბრიგადის ნამდვილი ტესტი დაიწყება.
შაკილ ო' ნილი მერი გახდება. ბოლო დეკადის ყველაზე დიდმა დომინატორმა ეს შარშან თქვა და თავისი საარჩევნო სლოგანებიც ბლომად და ბეჭდა. შაკს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად აირჩევენ მერად, მაგრამ ტეხასის რამდენიმე კოვბოის ხმაც რომ მიიღოს, ბუნჩულა და უწყინარი მთაკაცი მაინც ბედნიერი იქნება.
ო' ნილი ბოსტონშია, სადაც დაახლოებით ისეთი კონტინგენტია, როგორც სილვესტერ სტალონეს The Expendablesში. ბევრი ასაკში შესული, დამსახურებული ვეტერანი. იციან, რაც უნდათ. იციან, როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი და შუა გზაზე რომ არ ჩამოსხდნენ, არ დაისვენონ, მისიას ბოლომდე ვერ მიიყვანენ. მარტივია როლების გადანაწილებაც. შაკი ჯეისონ სტეთემია, რეიჯონ რონდო - ჯეტ ლი, კევინ გარნეტი - რენდი კუტური, კენდრიკ პერკინსი - ის ტიპი, ივან დრაგო რომ იყო და პოლ პირსი - მიკი რურკი. სელტიქსის სლაი დოკ რივერსია და ბლოკბასტერის ბოსივით, ყველაფერს მშვენივრად ალაგებს.
სელტიქსს ყველაზე დაბალანსებული გუნდი ჰყავს, რომელსაც დააკლდა შიდი უოლასი და დაემატა შაკი და კიდევ ერთი ო' ნილი (ჯერმეინი). მაღლების მხრივ, რივერსის ბანდა ყველაზე კარგად მომზადებული ხვდება სეზონს და თუ ძირითადმა ბირთვმა აპრილისთვის ენერგიის დაზოგვა და საუკეთესო კონდიციების შენარჩუნება მოახერხა, რაილის შემდეგ ზაფხულს კიდევ ერთი მაგარი ტიპის ყიდვა მოუწევს. ლებრონი, დუეინი და კრისი სელტიქსის გამოცდილებას, ტრადიციას და შაკის ქარიზმას ვერ გადაწონი ან. შაკს მეხუთე ჩემპიონობა უნდა და კობის დაეწევა.
ჰიტის და სელტიქსის შემდეგ მოდის მეჯიქი. ორლანდოს ჰყავს დუაიტ ჰოვარდი, ანუ პირველი ცენტრი ფლორიდაში, დივიზიონში, კონფერენციაში და ლიგაში. დუაიტი ადმირალის და შაკის იდეალური მიქსია, ორმაგ დუბლებს მარტივად აკეთებს და იკარგება ფლეიოფში. უბრალოდ, არ იცის, იქ როგორ უნდა მოიქცეს და მომენტებში იკარგება, უფრო ხშირად კი ვერ ხვდება, აქ საერთოდ რას აკეთებს. ჰოვარდის გვერდით თუნდაც ერთი იდეალური გუნდური მოთამაშე რომ იყოს, მეჯიქი ბევრად მრავალმხრივი გუნდი იქნებოდა. ასეთი მოთამაშე ვერ იქნება ვინსკარტერი, ვისაც საბანკო ანგარიში მშობლებზე მეტად უყვარს. ასეთი ვერ გახდება რაშარდ ლიუისი, რომელმაც მაზერატის ყველა მოდელის ფასი იცის და მწვრთნელის კომბინაციებს ვერ იმახსოვრებს. სხვები კი უკვე მეორე ეშელონის პერსონები არიან.
სერიოზული გუნდი ეყოლება 2-3 სეზონში სკოტ სქაილზს მილუოკიში. ენდი ბოგუტი თითქმის ვარსკვლავია, ერსან ილიასოვა თურქი კირილენკოა და ბრენდონ ჯენინგსი უკვე ვარსკვლავობს. ანუ, ყიდულობს ლოტუსს, ატარებს იარაღს, ეწევა ჰაშიშს. იქვეა ჯონ სალმონსიც.
და იქვეა ფაჩულიას ჰოქსიც. ახალი მწვრთნელით, ძველი ზაზათი და უკეთესი ალ ჰორფორდით. ჰოქსი მოიგებს 47-50 მატჩს, გაივლის პირველ წრეს და მერე რომელიმე უკეთეს გუნდთან წააგებს. ატლანტაში ყველაფერი ისევე უცვლელია, როგორც ანგუს იანგის ერთ ცნობილ ჯგუფში.
ანგელოზების ქალაქი და როდეო
დასავლეთის კონფერენცია წელსაც უფრო ღრმა იქნება, ვიდრე - აღმოსავლეთი. დასავლეთის მეათე, მეთერთმეტე გუნდი აღმოსავლეთში ფლეი ოფში გავა და დასავეთში ლიგის ჩემპიონია.
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ახალ მოთამაშეებში 20 მილიონი დოლარი დახარჯა. ანუ, ფილ ჯექსონის გუნდს დამდეგ სეზონში ამ თანხის გადახდა მოუწევს სტივენ ბლეიკში, მეტ ბარნსში, ტეო რატლიფში და ტრეი ჯონსონში.
ტიტულის შენარჩუნებას დიდი გული, დიდი გამოცდილება და ტრადიცია უნდა, ამბობს ფილ ჯექსონი. და ალბათ, უნდა გყავდეს ერთი სუბიექტი, რომელსაც უყვარს: 1. სასტუმროს ლიფტში მიმტანთან სექსი, 2. დევიდ ლეტერმანის შოუს დროს ცოლისთვის სიყვარულის ახსნა და იმავე ღამეს ბორდელში 12 ათასი დოლარის დატოვება, 3. მილანი და რონალდინიო, 4. ლოს ანჯელესი, 5. ფული, 6. კალათბურთი.
კობი ბრაიანტი კალათბურთია და კობი იმაზე დიდია, ვიდრე მთელი მაიამი თავისი პრეზიდენტ - ლებრონებით.
ლეიკერსმა შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი, პოგასოლს მისცა პირობა, რომ გაისიდან ერთ სეზონში კობისავით 20 მილიონს გადაუხდის და ლეიკერსმა შედარებით დაბალი ანაზღაურებით დაიტოვა ის, ვინც სხვებს ამიზერებს. გუნდში რონ არტესტი დარჩა.
კალიფორნიელებს წელსაც ძალიან რთული გზის გავლა მოუწევთ. დასავლეთში პირველივე წრიდან ფლე იოფია და არა - ქუჩის კალათბურთის ტურნირი. შარშან, როდესაც ბრაიანტის გუნდი პირველ წრეში ღლაპების ოკლაჰომას შეხვდა, 4:0 ყველაზე რეალური, პოპულარული პროგნოზი იყო. მერე დაიწყო სერია და კევინ დიურანმა ჯეფ გრინთან ერთად მაგრად მოინდომა შემდეგ წრეში გასვლა. ლეი კერსმა 4:2 მოიგო და ორი მატჩი ბოლო წამზე გასოლმა პირადად გადაარჩინა. სხვაობა ოკლაჰომას და ჯექსონის გუნდს შორის იყო პო.
ჯეკ ნიკოლსონმა მეორე წრეში სპილოსძვლის ბინოკლი უფრო მეტ ჯერ გაწმინდა, ვიდრე - ინერვიულა. ბრაიანტმა პირადად შეუსრულა იუტას, რომელსაც ოკლაჰომაზე ბევრად სერიოზული შემადგენლობა და რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავდა.
ტიმ დანკანი
ლეიკერსის ხუთეული არ შეიცვლება. ფილი (თითქმის) ყველა მატჩს დერეკ ფიშერს, კობის, არტესტს, პოს და ენდრიუ ბაინუმს დააწყებინებს. ოპტიმალური ხალხის საჭირო დროს დასვენების მხრივ, ჯექსონი სათამაშო დროს ბლეიკს, ბარნსს და საშა ვუიაჩიჩსაც გაუზრდის და ლამარ ოდომი გუნდისთვის ისეთივე შეუცვლელია, როგორც - ამერიკის ნაკრებისთვის.
ანგელოზების ქალაქის გუნდის შემდეგ, ძველი დამსახურების და ერთი ტრანსფერის გამო, ფავორიტი სან ანტონიო სპურსია. ასე იყო იმ დღიდან, როდესაც მან დრაფტზე ტიმ დანკანი აიყვანა.
ტიმის და ტეხასელების მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის ტანდემი სამაგალითო და ასაკში შესულია. დანკანი ვერ იგებს მატჩებს, იშვიათად აკეთებს 30 ქულაზე მეტს და შარშან, კარიერაში ყველაზე ცოტა საშუალო ქულა - მოხსნა - დაფარება დააგროვა.
სან ანტონიოს მთავარი ბონუსი არა რიჩარდ ჯეფერსონის შენარჩუნება და არც დასვენებული ემანუელ ჯინობილია. სპურსმა აღარ გაიმეორა რამდენიმე წლის წინ დაშვებული შეცდომა და ევროპიდან ძალიან საჭირო კაცი დაიმატა.
თავის დროზე სან ანტონიომ დრაფტზე არგენტინელი ლუის სკოლა აირჩია. მერე, პოპოვიჩი დაღალა სკოლას გუნდმა, ესპანურმა ტაუმ, ლუისის გამოსასყიდ თანხაზე ვაჭრობა გაიწელა და გრეგმა არგენტინელი ჰიუსტონს მისცა. ანუ, აჩუქა, რადგან როკეტსმა სპურსს ბერძენი ვასილის სპანულისი გადასცა, რომელსაც არც სან ანტონიოში და არც რომელიმე სხვა ამერიკულ გუნდში არ უთამაშია. სკოლა დღეს ლიგის ერთ - ერთი საუკეთესო მეოთხე ნომერია.
პოპოვიჩმა იმავე ტაუს, დღეს კი უკვე კახა ლაბორალის ბრაზილიელი ფორვარდ - ცენტრი ტიაგო სპლიტერი მოიწონა, დაელოდა მოთამაშის და ესპანელების კონტრაქტის დასრულებას და სპლიტერი ტეხასში წაიყვანა.
ტიაგო ამერიკაში ისეთივე ვარსკვლავად ჩადის, როგორც თავის დროზე - ჯინობილი. სპლიტერი შარშან ესპანეთის ლიგის MVP გახდა, ფინალში ევროლიგის ჩემპიონი ბარსელონა მარტომ გაიარა და სან ანტონიოში ტიმისთან ერთად ორმაგი ცენტრი უნდა დააყენოს.
სპლიტერი არ არის ნომინალური მეხუთე ნომერი, მაგრამ ესპანეთშიც და ბრაზილიის ნაკრებშიც უფრო ცენტრია, ვიდრე - მძიმე ფორვარდი. სპურსს ამ დონის ორმაგი ცენტრი დიდი ხანია, კალათბურთიდან ადმირალის წასვლის შემდეგ არ დაუ ყენებია.
სან ანტონიოშია ჯინობილი და მისტერ ლონგორიაც. ტონი პარკერმა და არგენტინელმა ფენომენმა ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატის ნაცვლად, ოჯახებში, ბავშვებთან ითამაშეს და პოპოვიჩის ბანაკში დასვენებულები ჩავიდნენ. ალბათ, პირველად ბოლო 5-6 სეზონში. სპურსის ერთადერთი და მთავარი პრობლემა არის ასაკი. დაღლილმა გუნდმა შარშან ფლეი ოფის პირველ წრეში დირკ ნოვიცკის მავერიქსი მიტყეპა, მერე კი სანზთან ძლივს დადიოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სან ანტონიო დასავლეთში ლეიკერსის მთავარი კონკურენტი იქნება.
პო გასოლი
კობი ბრაიანტი
![]() |
28 ფოკუსის სპეცვერსიები ლე მანის ფორდისეული ტრიუმფატორების სახელზე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
იმ ავტომობილებს, რომლებმაც ფორდს ლე მანის 24-საათიან რბოლებში გაუთქვეს სახელი, ამერიკულმა კომპანიამ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ ფოკუსის სპორტულ მოდელ RS-ის ხუთი სპეციალური ვერსია მიუძღვნა, რომლებიც ლეგენდარული რბოლის ტრიუმფატორების ფერებშივე გამოაწყო.
დირბორნული კომპანია მალე შეწყვეტს მოდელ ფოკუს RS-ის წარმოებას და ლე მანის სერიის სპეცვერსიების (ფორდ ფოკუს RS ლე მანს ედიშნ) შექმნაც სწორედ ამას დაუკავშირა. ფორდის ლეგენდარულმა ავტომობილმა GT 40-მა და მისმა მოდიფიკაციებმა, ასევე ფორდ კაპრიმ 1960-70-იან წლებში ლე მანის რბოლებზე ხუთი გამარჯვება მოიპოვეს.
„ცისფერ ოვალს” პირველი დიდი გამარჯვება GT40-ის მეორე მოდიფიკაციამ 1966 წელს მოაპოვებინა. მის საპატივცემულოდ, სპეციალური ფოკუსი თეთრი ზოლებით გაწყობილ შავად გაფორმდა. შემდეგ სეზონში ლე მანი GT40-ის მეოთხე მოდიფიკაციამ მოიგო, რომლის ფერიც წითელი იყო და მას თეთრი ზოლები ჰქონდა. იმავე სეზონში, წარმატებული გამოდგა მეორე მოდიფიკაციის B ვერსია, რომელიც ლურჯ და თეთრ ფერებში იყო გამოწყობილი. ცისფერისა და ფორთოხლისფერის შეხამებით გაფორმდა ის ფოკუსი, რომელიც ლე მანის 1968 და 1969 წლების გამარჯვებულ GT40-ს მიეძღვნა. დაბოლოს, ფორდ კაპრი RS 2600 ის მანქანაა, რომელმაც 1972 ტურიზმის კლასის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამ მანქანის შესაბამისი ფოკუს RS-ი თეთრადაა შეღებილი და მას ლურჯ-წითელი ზოლების კომბინაცია ამშვენებს.
ხუთივე ავტომობილს ინდივიდუალური ინტერიერი აქვს. მათში რეკაროს წარმოების სპორტული სავარძლები მოთავსდა. სალონები ტყავითაა გაწყობილი. მათს გასაფორმებლად კი ის ფერებია გამოყენებული, რომლებითაც ძარაა შეღებილი.
ხუთივე ავტომობილმა სარბოლ ფესტივალ ლე მანს კლასიკში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ივლისში ჩატარდა. მათ სამართავად, ფორდმა სპეციალურად მიიწვია საპატიო სტუმრები. „ცისფერი ოვალი” ხუთივე ავტომობილის აუქციონზე გაყიდვას გეგმავს.
![]() |
29 პეჟო BB1 - „ფრანგული ლომების” კონცეპტუალური კვადროციკლი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
ფოტო: REUTERS ©
ფრანგულმა კომპანიამ ფრანკფურტის შარშანდელი ავტო შოუს დამთვალიერებლებს საკმაოდ ორიგინალური, უცნაური და ძალიან საინტერესო კონცეპტუალური ნამუშევარი - BB1 წარუდგინა. მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ეს უცნაური ავტომობილი კონცეფციადვე დარჩებოდა და კომპანიის მუზეუმის რომელიმე კუნჭულის სამუდამო ბინადარი გახდებოდა. მაგრამ ახლახან, „ლომებმა” საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს - BB1 კონვეიერზე დადგება!
ერთი შეხედვით, BB1 ავტომობილია, მაგრამ სალონში თუ შეიხედავთ, კვადროციკლი გაგახსენდებათ, რადგან იქ დაახლოებით ისეთსავე (უფრო მოსახერხებელსა და დახვეწილს) საჭეს დაინახავთ, როგორიც კვადროციკლებზე გინახავთ. ისე, ეს მოწყობილობა რაღაცით თვითმფრინავის საჭე შტურვალსაც ჰგავს.
თუმცა, BB1 ავტომობილია, კვადროციკლი, თუ არამფრენი თვითმფრინავის მსგავსი მუტანტი, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი კი ისაა, რომ ის გარემოსადმი მეგობრული პატარა მხეცია (პეჟოს ემბლემა ხომ უნდა გაამართლოს?), რომელიც მოძრაობაში ელექტროძრავს მოჰყავს.
ოღონდ, სანამ ამ ბოკვერის ტექნიკურ შესაძლებლობებზე მოგიყვებით, ორიოდე სიტყვით მის გაბარიტებსა და შეთანწყობაზე შევჩერდებით. ავტომობილის სიგრძე სულ რაღაც 2.5 მეტრია. სალონში ბარგის გადასატანად მოკრძალებული ადგილია (160 ლიტრი) გამოყოფილი, მაგრამ თუ ოთხიდან სამ სავარძელს (უფრო დასაჯდომ ადგილს, რადგან მათზე სავარძელს უნამუსო მატყუარაც ვერ იტყვის) დაკეცავთ, მაშინ ბარგისთვის გამოთავისუფლებული ადგილის მოცულობა 855 ლიტრს მიაღწევს. ეს კი ზოგი უნივერსალისთვისაც კარგი მაჩვენებელი იქნებოდა.
სალონში დასაჯდომები ტანდემებადაა განლაგებული - უკანა მარცხენა მგზავრის სკამი მძღოლისასთანაა შეწყვილებული, უკანა მარჯვენასი კი, შესაბამისად, წინა მგზავრის სკამთან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს BB1-ს შესაქმნელად, ინჟინრებმა ორი ბაიკი შეაწყვილეს. მძღოლის განკარგულებაში კი მხოლოდ საჭეა, რომელზეც მართვის ყველა საშუალებაა განლაგებული, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჩვეულებრივ ავტომობილებში სატერფულების სახით გვხვდება.
ახლა ძრავზეც ვილაპარაკოთ: ავტომობილი, რომელიც 600 კილოგრამს იწონის, მოძრაობაში ორ პატარა ელექტროძრავს მოჰყავს, რომელთა სიმძლავრეც სულ რაღაც 7.57.5 კილოვატია (1010 ცხენის ძალა). შესაბამისად, ამ ავტოკვადროციკლმობილს ძალიან მოკრძალებული დინამიკური მაჩვენებლები აქვს - ადგილიდან 30 კმ/სთის აკრეფას 2.8 წამს ანდომებს, 30დან 60 კმ/ სთმდე კი 4.0 წამი სჭირდება.
ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმიონური კომპაქტური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელთა ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ პეჟო BB1-მა შეუჩერებლად 120 კილომეტრი გაგატაროთ. ქალაქში მოძრაობისას, ეს საკმარისზე გაცილებით მეტია, ქალაქგარეთ მოძრაობისთვის კი ეს ჯუჯა ნაკლებად მიმზიდველად მოჩანს.
აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია უფრო მცირე სვლის მარაგისთვის იქნებოდა საკმარისი, რომ არა მზის ელემენტები, რომლებიც ავტომობილის სახურავზეა დამონტაჟებული. ამ ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგია, რომელიც ძირითადად ავტომობილის დამხმარე ელექტრომოწყობილობათა კვებისთვის გამოიყენება, სრულად დამუხტულ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიის დაახლოებით 16 პროცენტს შეადგენს.
ევროპული მედიის ცნობით, „ფრანგული ლომები” BB1-ს საგზაო გამოცდებს უკვე უტარებენ, მის წარმოებას კი 2013 წელს დაიწყებენ.
![]() |
30 მაჩეტე |
▲ზევით დაბრუნება |
შალვა მიქუტიშვილი|სვეტი
ილუსტრაცია: ლინდა გონსალესი
სასარგებლო, სასახელო, საგმირო თუ საზიანო საქმეების კეთების გარდა, საზოგადოება ადამიანებს კიდევ ერთი ნიშნით გამოარჩევს ხოლმე, - „ვიღაცით” ე.ი. ვინმე ცნობადთან ნათესაური, მეგობრული, სექსუალური, შემოქმედებითი და სხვა ტიპის კავშირებით. ასეა მექსიკელი რეჟისორის რობერტო როდრიგესის შემთხვევაში, ანუ მისი შემოქმედება ხშირად კვენტინ ტარანტინოსთან დუეტში მოიაზრება. ზოგს ამ რეჟისორების ფილმები ერთმანეთში ერევა, ზოგი როდრიგესს მექსიკელ ტარანტინოს უწოდებს (რაც გადაჭარბებული მგონია), ჩვენში ძმაკაცებადაც კი მოიხსენიებენ, გარდა აღნიშნული საუბრებისა, ეკრანზე იუმორთან თუ სისხლთან მათი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა, რეჟისორებს ერთმანეთთან B კატეგორიის (B-Movie) ფილმებით დაინტერესება აკავშირებთ და ხშირად აერთიანებთ კიდეც. ამ კატეგორიის ფილმები არც მაღალი ბიუჯეტით გამოირჩევა და არც მხატვრული დონით, შესაბამისად, როგორც მეინსტრიმულ პროდუქციას, კრიტიკაც არ სწყალობს. თუმცა ორივე ავტორის შემოქმედების ინსპირირების ძირითად წყაროს აღნიშნული კინოსურათები წარმოადგენს. სწორედ ასეთი ფილმების პერსონაჟებით, ჟანრებით, დრამატურგიით და ამ ყველაფერზე სარკაზმით არის შთაგონებული რობერტო როდრიგესის ახალი ფილმი „მაჩეტე”, რომელსაც სოციალური თემატიკა როდრიგესის წინა ნამუშევრებისგან განასხვავებს, აქ არც ანტონიო ბანდერასია და არც სელმა ჰაიეკი, სამაგიეროდ მარადტანჯული სახის მქონე დენი ტრეხო მთავარ როლშია, ის მექსიკელი ემიგრანტის, ყოფილი ფედერალური აგენტის, მეტსახელად მაჩეტეს როლს განასახიერებს. მაჩეტეს სენატორის მოსაკლავად 150 ათას დოლარს შესთავაზებენ და რადგან ეს სენატორი ემიგრანტების მადევარი, მექსიკელ საზღვრისდამრღვევებზე მონადირე მტარვალია, მაჩეტე შემოთავაზებაზე თანხმდება, შემოთავაზება კი სინამდვილეში სენატორის წისქვილზე ასხამს წყალს და მისი რეიტინგის გაზრდას ემსახურება. შესაბამისად მაჩეტე თავად აღმოჩნდება მსხვერპლის როლში და როგორც ხდება ხოლმე, მასზე ნამდვილი ნადირობა იწყება. დევნა, აფეთქებები, მინიმალური ეროტიკა, ხოცვა-ჟლეტა, საფინალო შერკინება, მოკლედ ფილმი სავსეა action ჟანრისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ელემენტით და როდრიგესისეული უსაზღვრო იუმორით - ყვავილებში შეფუთული იარაღი, თოკად გამოყენებული ნაწლავი, სენატორის სატირული საარჩევნო რეკლამა, პადრეს ვიდეოსათვალთვალო აპარატურა ეკლესიაში, ავე მარიას ფონზე ამტყდარი სროლები, ამბოხებული ემიგრანტები და დენი ტრეხოს საფირმო იარაღი - მაჩეტე, როგორც ამბოხების სიმბოლო.
რა თქმა უნდა, „მაჩეტე” ინტელექტუალური წიაღსვლებით გამორჩეული მაღალი დონის ფილმი არ არის, პირიქით პოლიტიკურად არაკორექტული და სწორხაზოვანია. არც რობერტო როდრიგესია „დიდი რეჟისორი” (ჩვენში რომ უყვართ ხოლმე თქმა), თუმცა მას ტარანტინოს მსგავსად აქვს უნარი კინოს ისტორიაში მივიწყებული, გნებავთ კინოსანაგვეზე მოსროლილი ფილმების, გმირების, პერსონაჟებისა თუ ჟანრების მოძიების, გახსენების, ნაციონალურად შეფუთვის, მუსიკალურად გაფორმების და ისე წარდგენის, რომ მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვოს, კინოგაქირავებაში კარგი პოზიციები დაიკავოს, მინიმალური ბიუჯეტით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს (როგორც ეს 1992 წელს, სულ რაღაც 7 ათას დოლარად გადაღებული, ე.წ. home-video-ს მექსიკური ბაზრისთვის გათვლილი ფილმის - El Mariachi-ს შემთხვევაში მოხდა, როდესაც ფილმის ჩვენებისა და გავრცელების უფლება Columbia Pictures-მა შეიძინა და შემქმნელებს სოლიდური მოგებაც მოუტანა) და კრიტიკოსებიც აალაპარაკოს. ე. ი. როდრიგესი ქმნის გასართობ-კომერციულ კინოს, თუმცა ეს ფილმები ხშირად არც პრეტენზიული, მაღალი კინოგემოვნების მქონე მაყურებელს ტოვებს უკმაყოფილოს. რასაც რეჟისორის კინოსთან დამოკიდებულება, სხვადასხვა კინოჟანრებთან, თემებთან, კატეგორიებთან მისი გახსნილობა და უსაზღვრო, რელიგიური თუ სხვა მორალური შეზღუდვებისგან გათავისუფლებული იუმორი განაპირობებს. ეს კი სწორედ ის მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებებია, რომლის ნაკლებობასაც ახლადრეაბილიტირებული ქართული კინო (და არა მხოლოდ კინო) დღეს განიცდის.
![]() |
31 უსათაუროდ - გელა წულაძე |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
1; 3; 9; თუ რაღაც ამდაგვარი რიცხვების კომბინაციაა საჭირო იმისთვის, რომ „ჩარაზულ” სადარბაზოში შეაღწიო. იფიქრებ - რა საჭიროა ეს კოდები და შტრიხკოდები, როცა უფრო მარტივადაც შეიძლება. მანამდე გაგონილი ამბები ფრანგი ფერმწერისა და მისი შემოქმედების შესახებ ხომ თავისუფლების ილუზიას გიქმნის და ეს ბარიერი, ცოტა არ იყოს, გაშინებს. დაუფლებული განცდა მხოლოდ კიბის ათიოდე საფეხურზე გრძელდება, შემდეგ აღარც კი გახსოვს, ალისასავით მყუდრო ოთახში როგორ აღმოჩნდები, სანდომიან, სასიამოვნოდ მოსაუბრე მამაკაცთან ერთად, რომელიც „მოღუღუნე ფრანგული” ინტონაციით ღიად და თავისუფლად საუბრობს თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების, განცდებისა და ემოციების შესახებ.
10 წლის იყო, როდესაც მამამ კირილ ზდანევიჩის სახელოსნოში წაიყვანა. დაამახსოვრდა საღებავების და ფერების აურაცხელი რაოდენობა. მაშინ მიხვდა, რომ ეს ყველაზე უფრო ლამაზი რამ არის ცხოვრებაში და ამაზე ფიქრი არ შეუწყვეტია, სანამ ფერმწერი არ გახდა.
გელა წულაძე დაიბადა თბილისში, დედა ფრანგი ჰყავდა, მამა ქართველი, ამიტომ თვლის, რომ ორივე კულტურის შვილია. თუმცა 1980 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს, სამხატვრო აკადემიიდან საბუთების გადატანა პარიზში მოუხდა. დაამთავრა პარიზის სამხატვრო აკადემია და 1982 წლიდან საკუთარ სახელოსნოში სხვა თანამედროვე ფრანგ მხატვრებთან ერთად თავისუფალი ფიგურაციის მიმართულებით მუშაობს.
„ქართული და ფრანგული მიდგომა ცხოვრებისადმი განსხვავებულია, განსხვავებულია ფერები, მუსიკა, ლიტერატურა, ცხოვრების ფილოსოფიური გააზრება. ეს ორი უკიდურესობა ერთად, ხელს არ მიშლის, პირიქით, მამდიდრებს და მეხმარება შემოქმედებაში. საერთოდ, ყველაზე კარგად თვითმფრინავში ვარ, 4 საათი, როცა ნეიტრალურ ზონაში ვიმყოფები, როცა მხოლოდ ჩემს თავთან და ღრუბლებთან ვარ, ვისვენებ...” თვლის, რომ მის ნამუშევრებში კომპოზიციურად ევროპული მხარე ჭარბობს, რასაც ფრანგულ სკოლას აბრალებს, ფერებიც უფრო დასავლური აქვს - მკვეთრი. „სპონტანურობა, სიყვარული და პოეზია, რომელიც ჩემს ნამუშევრებს ლაიტმოტივად მიჰყვება, ნამდვილად ქართულია”.
ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ბებიასთან და ბიძაშვილებთან პარიზში უწევდა წასვლა, ამიტომ ადაპტაციისა და „კულტურული შოკის” პრობლემა არ ჰქონია, „ერთადერთი ეს იყო სურნელი, რომელიც სრულიად განსხვავებული აქვს თბილისსა და პარიზს, საქართველოს სურნელს ხშირად სიზმარში ვგრძნობდი და განვიცდიდი, საქართველოში ჩამოსულს კი პარიზული ქუჩების, მაღაზიებისა და სადარბაზოების სურნელი მენატრებოდა”.
გელასთვის ბავშვობის განცდები მნიშვნელოვანია, მისი აზრით, ის, რაც იქ ინახება, მომავალში პოეზიად, ფერწერად თუ რაიმე სხვა სამყაროდ გადაიქცევა. მის შემთხვევაში ასეც მოხდა.
„ერთხელ მამამ ოთახში, სადაც პროფესიით ფსიქოანალიტიკოსი,თავის პაციენტებს იღებდა, „ტახტის” გასწვრივ, ჭერზე შავი წერტილი დამასმევინა. წლების მანძილზე მამა იმ წერტილით პაციენტებზე ჰიპნოზს ატარებდა. როდესაც აკადემიაში ჩავაბარე და საფრანგეთში მოვხვდი, სულ ძიებაში ვიყავი, მინდოდა რაღაც ჩემი მეპოვა, გამახსენდა მამის მიერ დასმული შავი წერტილი და მივხვდი, რომ ე.წ. შავი წერტილით მამამ ქვეცნობიერის გასაღები მომცა. მას შემდეგ ვხატავ ყველაფერს, რაც შავ წერტილში ერთიანდება, კოლექტიური თუ ჩემი პირადი ქვეცნობიერი შეგრძნებებით”.
წერტილის თემა აქტუალობას დღესაც არ კარგავს, 2009 წელს მოსკოვის ბიენალეზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მან გამოფენა მამას მიუძღვნა, სადაც ნარაცია ისევ და ისევ წერტილისა და მძიმის საშუალებით ვითარდება. უკიდურესი რეალიზმით, ზეთში შესრულებული ტილოები, გელას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის („Experience”) „სტოპ კადრებს” წარმოადგენს.
„ჩემს თემაში წერტილთან ერთად, დიდი ხანია, სიყვარული დომინირებს. შეყვარებული, რომელიც დადის ხელებზე, სახელწოდებით „ყირამალა”, ბათუმის ბულვარში უკვე დაიდგა. თემა ასეთია: თუ შეყვარებული ხარ, ხელებზე სიარულიც უნდა შეგეძლოს. 30 წლის ვიყავი, როდესაც გულის თემაზე დავიწყე მუშაობა, ჯერ კიდევ იქიდან მოდის „ყირამალას” კონცეფცია. დღეს კი მნახველები მიდიან და „ყირამალასთან” ფოტოებს იღებენ. ვგრძნობ, რომ ეს საქართველოში ახალია და მოსწონთ, სწორედ ეს მაძლევს სტიმულსა და ინსპირაციას, რომელსაც ალბათ უკანვე, ჩემი შემოქმედებით ვაბრუნებ. ერთი წელია, ქანდაკებების თემაზე ვმუშაობ, „ყირამალა” სერიიდან „ვარიაცია სიყვარულზე” პირველია. პროექტს, როგორც აჭარის, ასევე ადგილობრივი მთავრობა და კულტურის სამინისტრო მხარს უჭერს და 25 ოქტომბერს კიდევ ორი „შეყვარებული ქანდაკების” თვითმხილველი გახდება ბათუმი. ერთი მათგანი ზღვის პირას გაიხსნება, ხოლო მეორე ბულვარში, ეს სერია თბილისშიც გაგრძელდება და მომავალ წელს ვაკის პარკშიც შევძლებთ ქანდაკების დადგმას”.
თვითონ როგორც საკუთარი, ასევე საქართველოში მოწვეული სხვა ხელოვანების პროექტის კურატორია. ქანდაკებების იდეა ვილა გარიყულაში, ფესტივალ FEST I NOVA-ს ფარგლებში გაჩნდა. „ამ პროექტში რამდენიმე ფრანგი და ქართველი ხელოვანია გაერთიანებული. ერთ-ერთი მათგანი ფრანგი მხატვარი ჟან დეპუია, რომელიც ზაფხულში თავისი ქანდაკების („WHERE”) გახსნაზე ბათუმში იმყოფებოდა. გარდა ამისა, ვმუშაობთ ელიზა ფანტოზის თემაზე, რომელიც „კვერცხებზე შემდგარი წონასწორობის შესახებ გვეკითხება და გვაფრთხილებს, რომ საზღვარი მყიფეა და მსხვრევადი”, - „კედები კვერცხებზე”, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს თბილისში, მზიურში უნდა დაიდგას. წინ უამრავი პროექტია განსახორციელებელი. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ნელ-ნელა ქართული ხელოვნებაც მიუახლოვდება ხალხს და ის აღარ იქნება მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატი”.
ადამიანებს ამარტივებს, კონტურული ქანდაკებები და ნამუშევრები, რომლებიც იეროგლიფებს ჰგავს, მარტივი და ამავდროულად ორაზროვანია. ეს არის ის ინდივიდუალიზმი, რასაც თვითონ ნარატიულ, თავისუფალ ფიგურაციას უწოდებს. ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდება, ფერწერული ტილოებისა და გობელენების, დოკუმენტური ფილმისა და ქანდაკებების ავტორმა ცხოვრების პირველი ეტაპი დაასრულა, ახლა მეორე ორმოცდაათწლეულს ელოდება.
... სახლიდან გამოსული, სადარბაზოში თბილისურ სუნს გადაამოწმებ, ღრმად ჩაისუნთქავ და მიხვდები, რომ თვალები არ გახსოვს. გახსენდება მისი მუქი სათვალე, რომელიც ხელს გიშლიდა, შეგეხედა თვალებში. ამბიცია წამში დაიმსხვრა:
გეგონა, ადამიანს ერთ „დიქტოფონში” დატევდი?
შეცდი... მან, კიდევ ბევრი დაიტოვა თავისთვის!
![]() |
32 რენესანსი: მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|მუსიკა
1984 წელს დაარსებულმა თელავის კამერული მუსიკის ფესტივალმა „ქება ვაზისა” მხოლოდ 9 სეზონს უმასპინძლა და 1992 წელს იძულებული გახდა არსებობა შეეწყვიტა. დაშლის პირას მყოფ ქვეყანაში ომმა და რთულმა პერიოდმა, მშვენიერ ტრადიციად ქცეული ეს მუსიკალური მოვლენა შეიწირა.
18-წლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, გამოჩენილი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის დაუღალავი შრომის შედეგად ტრადიცია აღდგა და 17 ოქტომბერს, ფესტივალი ახლადგარემონტებულ დრამატული თეატრის შენობაში ბეთჰოვენის მუსიკით გაიხსნა.
სანამ თეატრის ფოიეს კეთილმოწყობა ჩვეულებისამებრ უკანასკნელ წუთებში სრულდებოდა, დარბაზი თბილისელი და თელაველი მსმენელით ნელ-ნელა აივსო. საფესტივალო ორკესტრი საქართველოს სიმფონიეტას წევრებით სპეციალურად ფესტივალისთვის შეიქმნა. აღსანიშნავია ორკესტრის საერთაშორისო შემადგენლობა და სოლისტების რაოდენობა.
სასიამოვნო იყო გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების - თამაზ ბათიაშვილის და ნოდარ ჟვანიას ორკესტრის შემადგენლობაში ხილვა. სადირიჟორო პულტთან ესტონელი დირიჟორი - ანდრეს მუსტონენი დადგა.
პირველ განყოფილებაში ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია შესრულდა. დირიჟორისა და სოლისტების ერთობლიობამ სიმფონიის ღირსეული, ემოციურად დამუხტული შესრულება განაპირობა. მიუხედავად ორკესტრის კამერული ჟღერადობისა, რაც ჩასაბერი ინსტრუმენტების სიმცირით იყო გამოწვეული, მუსტონენის შესრულება გემოვნებითა და დახვეწილობით გამოირჩეოდა. შესაძლოა, ჰერბერტ ფონ კარაიანის ცნობილი ინტერპრეტაციების მოყვარულებისთვის უჩვეულო ყოფილიყო ბეთჰოვენის სიმფონიის ასეთი კამერული ორკესტირება, თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ ორიგინალური პარტიტურა სწორედ ასეთი შემადგენლობისთვის არის დაწერილი და მუსტონენი ძველებური მუსიკით დაინტერესებული მუსიკოსია, შეიძლება ითქვას, რომ იშვიათად სასიამოვნო შესრულება მოვისმინეთ.
ამ ინტერპრეტაციაზე უჩვეულო მეორე განყოფილება გამოდგა. კოდამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მოსალოდნელი მითქმა- მოთქმაც გამოიწვია. ამის მიზეზი ბეთჰოვენის პროგრამაში თავიდანვე უადგილოდ ჩასმული თანამედროვე ნაწარმოები, გია ყანჩელის Ex Contrario (2006) გახდა. ნახევარსაათიანმა ნაწარმოებმა კონცერტი ორი განყოფილებიდან სამამდე გაზარდა. Ex Contrario შეასრულეს არა კონცერტის ბოლოს, როგორც პროგრამით იყო გამოცხადებული, არამედ შუაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები ბევრით არ განსხვავდებოდა კომპოზიტორის ადრეული ოპუსებისგან (დამახასიათებელი ილუსტრაციულობა, წყვეტილი ფრაზები, აჩემებული ფორტეპიანო, სევდანარევი კანტილენები), მსმენელმა მაინც მოთმინებით მოისმინა ნაწარმოები. კომპოზიტორი ნაწარმოების დასრულების შემდეგ სცენაზე ავიდა და შემსრულებლებს მადლობა გადაუხადა, ხოლო განსაკუთრებული მადლობა ხვდათ „მათ, ვინც ჩემი ნაწარმოების განმავლობაში მოურიდებლად ახველებდა”. მართალია, ბეთჰოვენის სიმფონიის პირველი ნაწილი NOKIA-ს ზარების ძალიან გამაღიზიანებელ ფონზე სრულდებოდა, ამ შემთხვევაში კომპოზიტორის განცხადება სრულიად უსაფუძვლო იყო; ნაწარმოების მიმდინარეობისთვის მსმენელს ნამდვილად არ შეუშლია ხელი.
მესამე განყოფილებაში წარმოდგენილმა ბეთჰოვენის სამმაგმა კონცერტმა, ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (დო მაჟორი, თხზ. 56), რომელიც გამოჩენილი სოლისტების - პაველ ვერნიკოვის (ვიოლინო), ნატალია გუტმანისა (ჩელო) და ელისო ვირსალაძის (ფორტეპიანო) მონაწილეობით შესრულდა - მსმენელს უმალ დაავიწყა მეორე განყოფილება თავისი უადგილო ინციდენტით. მუსტონენის ორკესტრი უფრო ცოცხლად და ენერგიულად ჟღერდა, ნატალია გუტმანის ოდნავ დაღლილმა, თუმცა მაინც ვირტუოზულმა ინტერპრეტაციამ (რამდენიმე ყალბი ნოტის მიუხედავად), ელისო ვირსალაძის სიმტკიცით სავსე ჟღერადობამ მსმენელი პროცესში სრული ყურადღებით ჩართო. საღამოს ვარსკვლავი მევიოლინე პაველ ვერნიკოვი იყო, რომელსაც არც ერთ ფრაზაში არ ღალატობდა სიზუსტე, ემოციის ღრმა გააზრება. ვერნიკოვი ასრულებდა გასაოცარი თავისუფლებით და არტისტულობით. ქართულისგან განსხვავებით, მუსიკალურ შესრულებასა და თამაშს ზოგიერთი ენა არ ასხვავებს. თელავის ეს კონცერტი სწორედ ასეთი თამაში გახლდათ, თამაში ძალიან მაღალი გაგებით, თამაში, რომელიც ტრიუმფით სრულდება.
კონცერტი თელავში
![]() |
33 გოგოები, ბიჭები და ძაღლი |
▲ზევით დაბრუნება |
ანა მაყაშვილი|სვეტი
რა ხდება, როცა ქართველების სექსუალურ ცხოვრებაზე ვფიქრობ? უტრირებულად ორი პოტენციური სექსუალური ცხოვრების მქონე განსხვავებული ჯგუფი მომდის თავში: მაღალრეიტინგული და დაბალხარისხიანი შოუების მაყურებელი და ასეთივე ჟურნალების მკითხველი გოგონები, რომლებიც ამ ჟურნალების „ფსიქოლოგიური რჩევების” გვერდზე დაახლოებით მსგავსი შინაარსის კითხვებს აგზავნიან: „ჩემს შეყვარებულს ვეუბნები, რომ სანამ დავქორწინდებით, ქალებში იაროს. მას არ უნდა. არ მესმის, რატომ`', „ბიჭს პირველად ვაკოცე ტუჩებში, არ ვიცი ისევ ქალიშვილი ვარ, თუ არა”. და მეორე ჯგუფი - სილურჯეში გადასული შავი კანის ფერის მქონე, კანის კიბოს პრეტენდენტი, მოდურად ჩაცმული გოგონები, რომლებიც ამ პირველი ჯგუფის კითხვების დასკანერებულ ვარიანტებს სოციალური ქსელების ფოტოალბომებში ტვირთავენ (ე.ი. ჩუმ-ჩუმად იმ დაბალხარისხიან და მაღალრეიტინგულ ჟურნალებსაც ეცნობიან, წინწასულ ჟურნალებთან ერთად) და იცინიან. ოღონდ, სურვილის მიუხედავად, არც თვითონ აქვთ სექსი. როგორც წესი, თითო შვილი უკვე ჰყავთ ერთწლიანი ოფიციალური (ხელმოწერილ-ჯვარდაწერილი) თანაცხოვრებიდან - ხშირად მათ მიერ ცინიზმით მოხსენიებული, ფიზიკურ ღირსებებს მოკლებული, მაგრამ მათ ლოკალურ წრეში კარგად ცნობილი გვარ-სახელიანი ქმრისგან. მას მერე კიდევ სექსი, პრაქტიკულად, არ ჰქონიათ.
და სად არიან ამ დროს ბიჭები? ბიჭები ამ მეორე ჯგუფის გოგონებს ეხვევიან ირგვლივ ახალი პრიალა ჟურნალების პრეზენტაციებზე, ახალი მაღაზიების გახსნებზე, ბათუმის თეთრ სანაპირო კაფეებში, შარდენის შემოგარენ ტერიტორიებზე და ყველა ერთად მხიარულობს, იცინის. ერთი შეხედვით, ყველაფერი სექსუალურად გამოიყურება, მაგრამ ეს ბიჭები გეები არიან. და მათაც არანაკლები დეფიციტი აქვთ სექსის.
საბოლოოდ ერთი წრე იკვრება. ამასთან დაკავშირებით ჩემი ძველი ჩანაწერი ვიპოვე, მგონი, ამ წლის თებერვალში გაკეთებული, როცა გავიგე, რომ მისტერ მსოფლიოს კონკურსისთვის მისტერ საქართველო ტარდებოდა. მართალია, სამწუხაროდ, წარმოდგენა არა მაქვს, როგორ წარიმართა მოვლენები, მაგრამ გეტყვით, რაც წინასწარ მეწერა: მისტერ საქართველოზე გაიმარჯვებს პირწავარდნილი გეი და დაპატიჟებენ მერე რომელიმე გასართობ შოუში (პირველი ჯგუფის გოგონები რომ უყურებენ) და კითხვების უმეტესობა მომართული იქნება იმაზე, რომ „ახლაშენ ძალიან პოპულარული ბიჭი გახდი. ბევრი რამ შეიცვლებოდა შენს ცხოვრებაში და ბევრი თაყვანისმცემელიც გამოგიჩნდებოდა. როგორ რეაგირებ გოგონების ყურადღებაზე? ქუჩაში თუ გცნობენ და რას გეუბნებიან? ყოფილა შემთხვევა, რომ გოგონას გაუჩერებიხარ ქუჩაში?” ბიჭი რაღაცას ბუნდოვნად და მორიდებით უპასუხებს გაფართოებული და ოდნავ კმაყოფილი თვალებით. „..მაგრამ გვითხარი, ზუკა, შენ თუ გყავს გულის სწორი? არსებობს ის ბედნიერი მანდილოსანი, რომელსაც შენი გული ეკუთვნის?” „ზუკა” კი შანსს იყენებს, რომ ოჯახის და მეგობრების თვალში თავისი მაჩო-მისწრაფებები განამტკიცოს...
მერე „ზუკა” ვინმე გოგოს უყვარდება და იქმნება ისევ სექსუალური გაუგებრობა და არა-სექსი... ქართული ტელეჟურნალისტიკის ნაკლოვანებებზე წერა შორს წაგვიყვანდა, თუმცა სექსუალური განათლების აუცილებლობა ერთი პატარა შეკითხვით მშვენივრად ილუსტრირდება, რომელიც ჩემმა საკუთარმა მეგობარმა დამისვა - რომ დავორსულდე, აუცილებელია ორგაზმი განვიცადო?
მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში ძალიან კონსერვატული საზოგადოება ყოფილა. ყოველთვიურ ჟურნალს უშვებენ - ცინცინატი ჰქვია. ჰოდა, ერთ - ერთი ნომერი სექსს მიუძღვნეს. ჟურნალს თავისი ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელიც მკითხველების პრობლემებით სავსე წერილებს რჩევების სახით პასუხობდა. ერთხელაც, შობის წინა დღეებში, ერთ ქალს წერილი გაუგზავნია - მე და ჩემი ქმარი წვეულებაზე ვიყავით წასულები და ბავშვები ჩემს ძმისშვილ ბიჭს დავუტოვეთო. რომ დავბრუნდით, ყველაფერი რიგზე დაგვხვდა, ბავშვებს ტკბილად ეძინათ, მაგრამ საძინებელ ოთახში რომ ავედით, დავინახეთ, რომ ჩემს ძმისშვილს ძაღლთან სექსი ჰქონდაო. ამ ქალბატონს ფსიქოლოგთან ერთადერთი კითხვა ჰქონდა: „როგორ ფიქრობთ, ძაღლი ვეტერინართან უნდა წავიყვანოთ?”
![]() |
34 კოშმარების ფილოსოფია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|თეატრი
ინტერვიუ ბრიტანელ რეჟისორთან ენდრიუ ქუიქთან
ბრიტანული კომპანიის Imitating The Dod მიერ წარმოდგენილი დადგმა “სასტუმრო მათუსალა” თბილისის თეატრალური ფესტივალის პროგრამაში ყველაზე დამაინტრიგებელი და უჩვეულო იყო. აბა, სხვაგან სად ნახავდით სპექტაკლს, რომელსაც მსახიობები კონვერტის მსგავს ყუთში თამაშობენ. კონსტრუქცია ფართო ეკრანის ილუზიას ქმნიდა, ხოლო ყუთის სიღრმეში კინოპროექცია მიდიოდა, რომელსაც მსახიობები სცენაზე იმეორებდნენ. ჰარი იაფფასიანი სასტუმროს პორტიეა. მან არ იცის ვინ არის, საიდან მოვიდა, რას აკეთებს სასტუმროში. სტუმრები ფრაგმენტულად უყვებიან ისტორიებს... ჰარის, თითქოს ეცნობა ისტორიები, მაგრამ დარწმუნებული არ არის, მართლა მისი წარსულის სურათებია თუ... უცნაური სასტუმროა. აქ ყველაფერი ყოველდღე მეორდება: სატელეფონო ზარი, რომელსაც ჰარი ბოლო წამს უსწრებს, მაგრამ ხაზის მეორე ბოლოდან არავინ პასუხობს; იდუმალი ქალი, მუდამ №14 ოთახში რომ ბინავდება და ჰარის ლოგინში ეპატიჟება; სასტუმროს ძველი ბინადარი მამაკაცი, რომელიც პორტიეს რიტორიკული კითხვებით უშლის ნერვებს და ქალის გვამი დერეფანში, ერთ ხელში პისტოლეტით, მეორეში - საოჯახო ფოტოთი. სურათზე ბედნიერი ოჯახია გამოსახული - ჰარი, მეუღლესთან და შვილთან ერთად.
„სასტუმრო მათუსალა” თანამედროვე ჰორორია სიკვდილსა და სიცოცხლეზე, სექსსა და პასუხისმგებლობაზე. მოკლედ იმაზე, რაც სპექტაკლის რეჟისორ ენდრიუ ქუიქისთვის ოჯახის შექმნას და ბავშვების ყოლას მოჰყვება.
ე.ქ. ჰორორი საუკეთესო საშუალებაა, საკუთარ ბუნებაში იმოგზაურო. ყველაზე ფრთხილი მზერა საზოგადოების ბნელ ტრადიციებში. გავიხსენოთ ფილმები ზომბებზე, რომლებმაც ყველაზე ნათლად აჩვენეს საზოგადოების ბნელი მხარეები, თითქმის დოკუმენტური სურათი გვაჩვენეს...
ენდრიუ არ ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ჰორორი მხოლოდ საპოპკორნე ჟანრია, რომელიც ერთხელ შეიძლება ნახო დროის გასაყვანად.
ე.ქ. დევიდ ლინჩი! ჩემი აზრით, გენიოსი მოქმედ რეჟისორებს შორის. დიახ, ის ჰორორს აკეთებს, მაგრამ მისი ყველა ნამუშევარი მაღალინტელექტუალური, ანალიტიკური ქვეტექსტებით დატვირთული შედევრია. იგივე ეხება ლიტერატურულ ქვეჟანრებს. სამეცნიერო ფანტასტიკამ დიდი როლი ითამაშა ეგრეთ წოდებული „ბურჟუაზიული საზოგადოების” განვითარებაში, რომელიც დღეს უსაფუძვლოდ აკრიტიკებს მისსავე შემქმნელს. არამეინსტრიმულ ხელოვნებას არ აინტერესებს ბურჟუების აზრი და აგრძელებს მათი ცხოვრების მანკიერი მხარეების კრიტიკას.
როგორც თავად ამბობს, თბილისში აუცილებლად დაბრუნდება. თუმცა ამის მიზეზი ანშლაგით ჩატარებული სამი საღამო არ არის. ქალაქმა ის მაყურებლის პარადოქსული სიჭრელით მიიზიდა.
ე.ქ. ინგლისში ჩვენს ექსპერიმენტებს საკუთარი მაყურებელი ჰყავს, ძირითადად ახალგაზრდები, მათ აინტერესებთ მულტიმედიური ხელოვნება. თბილისში ჩვენ გაცილებით აკადემიურ გარემოში მოვხვდით. სახელმწიფო თეატრის სცენა (მარჯანიშვილის თეატრი იგულისხმება) უკვე გამოწვევა იყო. ვფიქრობ, მაყურებელი კმაყოფილი დარჩა და მათ მიიღეს ჩვენი ექსპერიმენტი.
ენდრიუ პრაქტიკულ სამუშაოსთან ერთად პედაგოგიურ მუშაობასაც ეწევა. ვორკშოპები, რომელსაც კოლეგებთან ერთად ატარებს, ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
ე.ქ. ახალგაზრდობას აინტერესებს ტექნოლოგიები. ისინი ცდილობენ, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ სხვადასხვა ჟანრის დასაკავშირებლად. ეს საინტერესოა, ბევრად საინტერესო, ვიდრე კლასიკური თეატრი.
თეატრი ხვალ...
ე.ქ. მულტიმედიური იქნება. სცენოგრაფიულ ექსპერიმენტებში აქტი ურად ვიყენებთ ციფრულ ტექნიკას, ციფრული ტექნიკა კი იაფი და ფუნქციურია. კინოს ცქერა განსხვავდება ცოცხალი წარმოდგენის ყურებისგან, სხვადასხვა ემოციებია. თანამედროვე თეატრი შეეცდება აუდიტორიას სინემატოგრაფიული და სცენოგრაფიული ექსპერიმენტები ერთდროულად შესთავაზოს, რაც სრულიად ახალი შეგრძნებაა.
თანამედროვე თეატრი არასდროს იქნება სწორხაზოვანი. იცი, სწორხაზოვანი ისტორიები მოსაწყენია. მათ უკვე ამოწურეს საკუთარი რესურსი. არასწორხაზოვანი სიუჟეტი, აუდიო, ვიდეომასალა, სამგანზომილებიანი პროექციები, რომელიც ორგანულად შეერწყმება კლასიკური თეატრის ტრადიციებს. ეს არის თეატრის ხვალინდელი დღე.
და ინსპირაცია?
ე.ქ. ინსპირაცია შიგნიდან მოდის. ნებისმიერი დღე შეიძლება ინსპირაციის წყარო გახდეს. ამჟამად შთაგონებას ჩემი პატარა შვილისგან ვიღებ. მისი დაბადების შემდეგ თავიდან დავფიქრდი უკვდავებაზე, სექსუალურ აქტზე, როგორც პასუხისმგებლობაზე. იცი, შვილის „გაკეთება” დიდი ტვირთია. შვილი უკვდავს გხდის, მაგრამ უამრავ პასუხისმგებლობას გაკისრებს.
აუტანელი მიკ ჯაგერი
როლინგ სტოუნზის გიტარისტი კიტ რიჩარდსი თავის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ მიკ ჯაგერი წლების სვლასთან ერთად გახდა აუტანელი და რომ იგი, ვოკალისტის დაჟინებული მოთხოვნით, მას „თქვენო უდიდებულესობავ” და „ბრენდათი” მიმართავს.
მოგონებებს სიცხარეს სხვა ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობების აღწერაც მატებს - დაწყებული ჯონი დეპიდან, ჯონ ლენონით დამთავრებული, თუმცა ყველაზე ეკლიანი და დინამიური 527-გვერდიან წიგნში ჯაგერ-რიჩარდსის ურთიერთობაა.
რიჩარდსი, რომელიც 66 წლისაა და ჯაგერს 4 წლიდან იცნობს, ამბობს, რომ 20 წელია, ვოკალისტის გასახდელ ოთახში ფეხი არ შეუდგამს.
„80-იანი წლების დასაწყისიდან მიკი ნელ-ნელა აუტანელი გახდა”, წერს რიჩარდსი მემუარებში სახელად „სიცოცხლე”, რომელიც Times newspaper-მა სხვა გამომცემლებთან დიდი ომის შემდეგ 7,7 მილიონ დოლარად იყიდა.
რიჩარდსმა და ჯაგერმა 1962 წელს დააარსეს როლინგ სტოუნზი, ბენდის მთავარი ჰიტების ავტორებიც ისინი არიან და მათი უდიდესი დამსახურებაა, რომ ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.
„ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი მეგობარი მენატრება”, - წერს რიჩარდსი, - „და გაოცებული ვარ, სად წავიდა?”
რიჩარდსმა Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯგუფის სხვა წევრებმა წაიკითხეს წიგნი და მხოლოდ ერთი ადგილის ამოღება მოუნდათ, იმ ეპიზოდის, სადაც ჯაგერი ვოკალის მასწავლებელს იყენებს. თუმცა კიტი ამბობს, რომ რაც წიგნში წერია, ყველაფერი სიმართლეა.
„ჩვენ უთანხმოებები გვქონდა, მაგრამ ვის არ ჰქონია? აბა, სცადეთ და 50 წლის განმავლობაში ერთად რაიმე შეინარჩუნეთ”, - ამბობს რიჩარდსი ჯაგერზე და დასძენს, რომ სულ მალე როლინგ სტოუნზი ტურნეს გამართავს.
„სავარაუდოდ ტურნე გვექნება, მე ველაპარაკე… მის უდიდებულესობას. ბრენდას”.
ბენდის უკანასკნელი ტურნე 2007 წელს შედგა და მას შემდეგ არ წყდება სპეკულაციები, რომ ეს ჯგუფის ბოლო კონცერტი იყო.
![]() |
35 წინანდალი - თეთრი კლასიკა |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
„მადლობა იმათ, ვინც შექმნა სიცოცხლის ელექსირი, მადლობა იმათ, ვინც მომცა შესაძლებლობა გამეცნო საუცხოო ღვინით დალოცვილი ქვეყანა. აი თურმე სად ყოფილა ვაზისა და ღვინის საუფლო!.. წინანდალი ჩვენი პლანეტის ერთ - ერთი ულამაზესი და უბრწყინვალესი მარგალიტია!”. ეს სიტყვები 1962 წელს თბილისში ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესზე ჩამოსულმა სახელოვანმა ბარონმა პიერ ლერუამ წარმოთქვა.
საქართველოში მემგონი ყველამ იცის, რომ ეს განსაკუთრებული სახელი, წინანდალი, ჭავჭავაძეებს უკავშირდება. პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე პირველი იყო, ვინც წინანდალი ღვინის სამოთხედ აქცია და ფართოდ გაუთქვა სახელი ქართულ ღვინოს. ასევე მისი დამსახურებაა, რომ დღეს თელიანში, მუკუზანსა და ნაფარეულში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები მზადდება. 1835 წელს მან 20-წლიანი ვადით 1 მილიონი რუბლის სესხი აიღო, რათა მხარე აეღორძინებინა. ააგო მიწისქვეშა მარანი, ჩადგა არყის სახდელები, ჩაყარა ახალი ქვევრები, გახსნა კასრების სახელოსნო. ღვინოების მისი პირადი კოლექცია, რომელიც ნაწილობრივ დღემდეა შემორჩენილი, 17 ათასამდე ბოთლს მოიცავს. მათ შორისაა 150-200 წლის ფრანგული ღვინოები, ასევე 1839 წლისა და 1841 წლის წინანდლური საფერავები.
უკვე კლასიკად ქცეულ თეთრ ღვინოს, წინანდალს, მხარეში 1886 წლიდან აწარმოებენ და მთელი ამ დროის მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა ღვინის სტილიც. პირველ ეტაპზე, როცა საქართველოში ის - ის იყო ფილოქსერა იწყებდა შემოღწევას და ვაზი ჯერ კიდევ თავის ძირზე იდგა, წინანდლის ღვინო სულ სხვანაირი იყო. სტილი პირველად ალბათ მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში შეიცვალა, შემდეგ 50-იანებში, როცა ღვინომ ნომრით გამოსვლა დაიწყო, 70-იან წლებში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩნდა, რამაც კიდევ უფრო შეცვალა ღვინის სტილი და ბოლოს, დადგა 90- იანი წლების მიწურული და კომპანიებმა შექმნეს „წინანდლები”, რომლებსაც ჩვენ დღესაც ვსვამთ. სტილთა ცვალებადობის მიუხედავად, წინანდალში ზოგიერთი რამ უცვლელი რჩებოდა: სინაზე, არომატულობა და ცოცხალი მჟავიანობა.
„წინანდალი” რომ საფლაგმანო ქართული ღვინოა, ამაზე მემგონი ისიც მეტყველებს, რომ მე-20 საუკუნის 50-იანი წლების იმ კანონით, რის საფუძველზეც ღვინოებს სახელები გადაარქვეს და ნომრები ჩამოურიგეს, წინანდალს №1 მიანიჭეს, ანუ თუკი საფერავი №5 იყო, ტიბაანი №12, ტვიში კი №19, „წინანდალი” პირველი იყო. ამ ღვინის წარმოებას მაშინ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ღვინო 3 წლის განმავლობაში ვარგდებოდა მუხაში (დღევანდელი გადასახედიდან 3-წლიანი დაძველება ძალზე დიდ დროდ მოჩანს).
ღვინო „წინანდალი” მხოლოდ წინანდლის მიკროზონაში მოწეული ყურძნიდან უნდა დაიწუროს. დღეს 3-წლიანი დავარგება სავალდებულო აღარ არის, თუმცა ზოგიერთ მარანში ღვინოს საერთოდ არ აკარებენ მუხას, ზოგი 9 თვე აყოვნებს კასრში, სხვები კი 6-ს.
AOC წინანდალი
მიკროზონა მდებარეობს თელავის რაიონში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე. ტერიტორია მოიცავს ერთი მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო - აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ, მთისწინებსა და ალაზნის დაბლობს. ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300- 750 მეტრი სიმაღლის ფარგლებში. ზონაში შედის სოფლები: აკურა, ვანთა, ბუშეთი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი. კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ძირითადი ნიადაგური ტიპებია: ლიოსისებური, კარბონატული, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური წარმოშობის თიხნარი და ღორღიანი ნაფენები. „წინანდალი” რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშისგან მზადდება (85%25-15%25), სწორედ კახური მწვანე ანიჭებს ღვინოს სიხალასეს და ცოცხალ ელფერს. ღვინო გამოირჩევა ვენახის ატმისა და გარგარის ცოცხალი სურნელებით.
![]() |
36 სამეფო კრევეტის შამფურები ტარხუნა-ტყემლის საწებელში |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე
4 ულუფა
მასალა:
16 ცალი სამეფო კრევეტი
300 გრ. მწვანე ტყემლის საწებელი
20-25 წვეთი მწვანე ტობასკოს სოუსი
2 კონა ტარხუნა
1 ლიმონის წვენი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
მარილი,
ფერადი წიწაკა გემოვნებით
ჯამში 30 ლარი
ახალი ქართული სამზარეულო - წინანდლის რეცეპტებიდან
2 ოქტომბერს წინანდალში გამართულ ტაბულას პრეზენტაციაზე წარმოვადგინეთ ახალი ქართული სამზარეულოს მენიუ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შედგა ე.წ. წინანდლის რეცეპტებით: ლოქო კოწახურის სოუსში, გებჟალიას ბურთულები, კალმახის სუში ვაზის ფოთოლში. ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მაგიდებთან რიგები იდგა, მცირე ულუფები უმალვე ქრებოდა. ბევრმა სტუმარმა მხოლოდ ერთი- ორი კერძის დაგემოვნება მოასწრო. უფრო დიდი აღმოჩნდა მითქმა-მოთქმით გამოწვეული ინტერესი. აქედან გამომდინარე, დღევანდელ და მომდევნო ნომრებში ახალი ქართული სამზარეულოს წინანდლის რეცეპტებს შემოგთავაზებთ.
მომზადების წესი:
გაყინული კრევეტი გაალღვეთ ცივ წყალში, გაასუფთავეთ*, გარეცხეთ და მოათავსეთ თუშფალანგში, რომ ზედმეტი წყალი გაიწუროს.
ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, ისე, რომ ტაფის ზედაპირი თხლად დაიფაროს და გააცხელეთ. კრევეტები შეწვით 2-3 წუთის განმავლობაში, ან სანამ ფერს არ შეიცვლის და გავარდისფერდება. ზედმეტად შემწვარი კრევეტი სინაზეს კარგავს.
ამასობაში დააბლენდერეთ მწვანე ტყემლის საწებელი, დაუმატეთ ტარხუნა, ნახევარი ლიმონის წვენი და ტობასკოს სოუსი. გამზადებული სოუსი ჩაასხით არყის ჭიქებში, ნახევრამდე.
შემწვარი კრევეტი ააგეთ ბამბუკის ჩხირებზე, ისევე როგორც შამფურზე და ჩააწყვეთ ტყემლიან არყის ჭიქებში. გაფორმება შეგიძლიათ დაასრულოთ ნახევარმთვარის ფორმის ლიმონის ნაჭრებითა და ტარხუნის ფოთლებით.
მარილი და ფერადი პილპილი მოაყარეთ გემოვნებით.
_________________
*კრევეტს ზურგის სიგრძეზე უკეთდება არაღრმა ჭრილი, რის შედეგადაც ხდება კრევეტის სწორი ნაწლავის მოცილება.
მასალა
შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03 ).