![]() |
თავისუფლება № 10 (22), ოქტომბერი, 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ზურაბიშვილი დავით, სუბარი სოზარ, მინდიაშვილი ბექა, პროდი რომანო, დესტენი ვალერი ჯისკარ, შირაკი ჟაკ, პეშიცი მილიცა, თევზაძე გიგი |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო ყველა უფლება დაცულია WWW.LIBERTY.GE თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 რა ჰქნას ამომრჩეველმა,თუ მას არჩევანს ართმევენ? |
▲ზევით დაბრუნება |
რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის.
ილია ჭავჭავაძე
,,მგზავრის წერილები“
დავით ზურაბიშვილი
თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების არჩევა რომ ნებისმიერი თავისუფალი ქვეყნის უცილობელი ნიშანია, ამაზე ჩვენთან ისინიც კი არ დაობენ, ვისაც თავისუფლებაზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და ,,ჭეშმარიტი“ თავისუფლება ის ჰგონია, როცა დაშვებულია, რაც მას მოსწონს და აკრძალულია, რაც არ მოსწონს.
არჩევნების თემა ყველაზე აქტუალური სწორედ არჩევნების დროს, უფრო ზუსტად, წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები შედარებით ახალი ხილია. სიახლის გათავისება კი საერთოდ არაა ადვილი საქმე. მით უმეტეს, ძნელად მიმდინარეობს ეს პროცესი პოსტსაბჭოურ ქვეყნებში.
ამ მხრივ საქართველოც არაა გამონაკლისი. დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობაზე. ლაპარაკობენ ერთსა და იგივეს, ოღონდ სხვადასხვა მისამართით: ერთის მხრივ, ყველა სამართლიანობას მოითხოვს, მეორეს მხრივ კი, მოწინააღმდეგე მხარეს ადანაშაულებს უსამართლობაში. აზერბაიჯანის ცნობილი მოვლენების შემდეგ, სადაც არჩევნების შედეგების გამოცხადებას ნამდვილი სისხლისღვრა მოჰყვა, წინა პლანზე წამოიწია კიდევ ერთმა საკითხმა. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ არსებობს დესტაბილიზაციის საფრთხე: არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკურმა პარტიებმა შესაძლოა პროტესტის ნიშნად ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, გამართონ მიტინგები, მანიფესტაციები, რაც სერიოზული დესტაბილიზაციის საშიშროებას შექმნის და არ არის გამორიცხული ბაქოს ტრაგედია თბილისშიც განმეორდეს.
პერმანენტული დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებათა კალეიდოსკოპის ფონზე ადამიანი შეიძლება დაიბნეს და ერთი პირობა ისიც იფიქროს: ღირს კი ამხელა აყალმაყალის ატეხვად ეს არჩევნები? მივალ, ხმას მივცემ და მერე პოლიტიკოსებმა არკვიონ ერთმანეთში, ვინ მოიგო და ვინ წააგოო. თუმცა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, ზედმეტი არ იქნება, თუ რამდენიმე სრულიად ბანალურ ჭეშმარიტებას გავიხსენებთ:
1. ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე პასუხისმგებელია ამავე ქვეყნის მთავრობა. ეს ისეთივე ცხადია, როგორც ორჯერ ორი რომ არის ოთხი. აქცენტების გადატანა პოლიტიკურ ოპოზიციაზე პრინციპულად არასწორია. ეს იგივეა, ფეხბურთის მატჩის დროს მსაჯი მოთამაშეებისგან რომ ითხოვდეს, თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას. რამდენადაც მთავრობის განმგებლობაშია პოლიცია და სხვა ძალოვანი სტრუქტურები, სწორედ მთავრობა აგებს პასუხს იმაზე, რომ ხმის მიცემის პროცედურა წარიმართოს სამართლიანად, სერიოზული ექსცესების გარეშე, არ მოხდეს ამომრჩეველზე ზეწოლა ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელთა მხრიდან და ა. შ. როდესაც მთავრობა ამას არ აკეთებს და მთლიანად აიგივებს თავს არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან, აქ უკვე არჩევნების სამართლიანად ჩატარება დიდი და საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დგება, რადგან არბიტრი თვითონ ხდება ერთ-ერთი მხარის მოთამაშე.
2. ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაციის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამავე ქვეყნის მთავრობის საქმიანობა. ესეც ელემენტარულია. წესრიგის უზრუნველყოფა სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივაა. თუკი ვინმეს დივერსია აქვს ჩაფიქრებულიდა ყუმბარებს ამზადებს, უშიშროება და პოლიციაც იმისთვის არსებობს, რომ ასეთი ქმედებები აღკვეთოს. თუკი ძალოვან სტრუქტურებს ეს არ შეუძლიათ და ყველა თოფიანი ბანდიტი გალაღებული დასეირნობს, მაშინ დესტაბილიზაციის საფრთხე კი არ არსებობს, არამედ ეს დესტაბილიზაცია უკვე მომხდარა. არის მესამე ვარიანტიც, როცა ხელისუფლების ქმედება რადიკალურად ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და თან ძალდატანებით ცდილობს თავისი გაიტანოს - ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, დესტაბილიზაციის წყარო მთავრობაა და არა ის ხალხი, ვინც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს. ეს უკანასკნელი მომენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არჩევნებთან მიმართებაში. თუკი არჩევნებს ერთი ძალა იგებს, მეორე ძალა კი სხვადასხვა მაქინაციების წყალობით თავის თავს აცხადებს გამარჯვებულად, ამას ბუნებრივია, მძაფრი პროტესტი მოჰყვება და უნდა მოჰყვეს კიდეც! მთავრობა პირველ რიგშია ვალდებული, დაიცვას პატიოსანი თამაშის წესები, რადგან ის თვითონაა წესების დამდგენი. თუკი ხელისუფლება ღიად აფიქსირებს, რომ მას ფეხებზე ჰკიდია ხალხის ნება, აკეთებს რაც მოესურვება და თან აქეთ გვეუბნება: ყველამ კეთილი ინებეთ და დამემორჩილეთ, თორემ დესტაბილიზაცია მოხდებაო - ის თვითონ გამოდის ყველაზე მთავარი დესტაბილიზატორის როლში.
რაც შეეხება ამომრჩევლის პოზიციას, ჯერ ერთი, მიტინგებში და მანიფესტაციებში მონაწილეობას მას ვერავინ დააყვედრებს, რადგან ეს ადამიანის უფლებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ეს უფლება საქართველოს კონსტიტუციითაც აქვს უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო: არჩევნების მიმდინარეობის პროცესი გააკონტროლა უამრავმა ქართველმა და უცხოელმა დამკვირვებელმა, მოხდა არაერთჯერადი გადამოწმება, ხმების პარალელური დათვლა და ა. შ. ამ პირობებში, არჩევნების შედეგები, ფაქტობრივად, მის ოფიციალურ გამოცხადებამდე გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის და ყველაფერს სამართლიანად რომ ჩაევლო, არანაირ არეულობაზე არ იქნებოდა ლაპარაკი. როდესაც შედეგის სამართლიანობაში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობაა დარწმუნებული, უკმაყოფილოებს ისღა დარჩენიათ, ცივი წყალი დალიონ. აი, როდესაც ამომრჩევლის ნება პრაქტიკულად უგულვებელყოფილია და მას წართმეული აქვს არჩევანი, მაშინ მასიური პროტესტი სრულიად ბუნებრივი და სამართლიანია. დანაშაულს გამყალბებელი ჩადის და არა ის, ვინც ამ სიყალბეს ეწინააღმდეგება.
ადამიანი, რომელსაც გააჩნია ღირსების გრძნობა და თავის თავს პატივს სცემს, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა შეეცადოს კიდეც საკუთარი ხმის დაცვას და ამისთვის სამოქალაქო პროტესტის სხვადასხვა ფორმებიც გამოიყენოს. სწორედ ასეთი პიროვნებები ჰქმნიან თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალ ქვეყანას, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ მოხშირებული ღაღადისი დესტაბილიზაციაზე, როდესაც უსამართლობის გამო სამოქალაქო პროტესტს სტაბილურობის ალტერნატივად წარმოაჩენენ, თავისი არსით, ყალბი ალტერნატივაა. ასეთი ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ალტერნატივა სამართლიანობასა და უსამართლობას შორის.
საბჭოთა პერიოდში, ერთ პოლიტიკურ მიმომხილველს აშშ-ს პრეზიდენტზე ანეკდოტური ფრაზა დასცდა: ,,ეტყობა რეიგანს დაავიწყდა ქართული ანდაზა - რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.“ ის დრო წარსულს ჩაბარდა და დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, კარგი იქნება, თუ ჩვენ მაინც არ დაგვავიწყდება რონალდ რეიგანის სიტყვები:
,,ერი, რომელიც თავისუფლების სანაცვლოდ უსაფრთხოებას ირჩევს, ვერც თავისუფლებას ეღირსება და ვერც უსაფრთხოებას!“
![]() |
2 მოსახლეობა მზად არის, საპროტესტო აქციებით დაიცვას თავისი არჩევანი |
▲ზევით დაბრუნება |
სოზარ სუბარი
ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისის მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა ამა თუ იმ სახის საპროტესტო აქციაში, თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ამგვარ აქციებში და აქტიურად გამოხატოს თავისი პროტესტი - ასეთია შედეგი, რაც ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის (BCG) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა. კვლევის მიზანი იყო მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობების გარკვევა, თბილისის მასშტაბით გამოკითხული იქნა 1500 ინტერვიუერი, ხოლო კვლევა დაფინანსებულია ფონდ ,,ღია საზოგადოებასაქართველოს მიერ,“. გამოკითხვა 2003 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა და, შესაბამისად, მოსახლეობის იმდროინდელ განწყობებს ასახავს. გამოკითხულთა 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია არის ,,ძალიან ცუდი“, ხოლო 71 პროცენტი დარწმუნებულია, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული ვითარება პრაქტიკულად უცვლელი დარჩება. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოკითხულთა მხოლოდ 4.6 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებში (ცხრილი №1).
თავისთავად, ეს სურათი არ უნდა იყოს მოულოდნელი: საზოგადოებას ჯერ კიდევ ცოცხლად ახსოვს გასული საუკუნის 80-იანი წლებისა და 90-იანი წლების დასაწყისის ხალხმრავალი აქციები და პირდაპირ კავშირსაც ხედავს ამ აქციებსა და დღეს არსებულ მდგომარეობას შორის. ამგვარი კავშირის დანახვა სავსებით ლოგიკურია, რადგან ერთი შეხედვით მართლაც ამ აქციებს მოჰყვა საზოგადოების დაყოფა ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებულ მხარეებად, რაც საბოლოოდ სამოქალაქო ომით, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, ეკონომიკის გაჩანაგებითა და მოსახლეობის გაღატაკებით დამთავრდა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის გამოცდილებას უკავშირდება კვლევის კიდევ ერთი შედეგი: მოსახლეობის მესამედზე მეტი - 37.2 პროცენტი - აცხადებს, რომ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია აქციის ჩატარება საზოგადოებრივი პროტესტის გამოსახატავად. გაცილებით დაბალია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც აქციის ჩატარების გზით პროტესტის გამოხატვა აბსოლუტურად მისაღები ფორმაა.
ამგვარ კატეგორიულობას გამოკითხულთა მხოლოდ 11.9 პროცენტი ამჟღავნებს. სამაგიეროდ, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი - 49.3 პროცენტი - დასაშვებად მიიჩნევს აქციების ჩატარებას, თუკი არსებობს სერიოზული მიზანი, რაც ამ აქციის ჩატარებას გაამართლებს (ცხრილი №2). ანუ, თუკი ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს, მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიესალმება აქციების ჩატარებას და მზადყოფნასაც გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო გამოსვლებში.
აქვე შეიძლება განვიხილოთ BCG-ის მიერ უფრო ადრე - 2003 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევის მიზანი მაშინაც მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობების გარკვევა იყო, ხოლო კვლევისათვის გამოიყენეს იყო თვისობრივი კვლევის - ფოკუსური ჯგუფების - მეთოდი. კვლევა 32 ფოკუსურ ჯგუფში ჩატარდა და რესპონდენტებს სხვა საკითხებთან ერთად მოძრაობა ,,კმარასა” და მის მიერ ჩატარებული აქციების მიმართაც სთხოვდნენ პოზიციის გამოხატვას. კვლევის შედეგად ასეთი სურათი გამოიკვეთა: საზოგადოების ერთ ნაწილს, განსაკუთრებით 25-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, აღიზიანებს მოძრაობა ,,კმარას” მიერ მოწყობილი აქციები. მეორე ნაწილი, პირიქით, პოზიტიურად არის განწყობილი და გამოთქვამს მზადყოფნას, თვითონაც მიიღოს მონაწილეობა მსგავს აქციებში და თავის შვილებსა და შვილიშვილებსაც იგივეს ურჩევს. თუმცა, ის ნაწილიც, რომელიც პოზიტიურად არის განწყობილი, მიიჩნევს, რომ ,,კმარას“ მოქმედებებს შედეგი არ მოჰყვება, თუ მას არ ექნება რეალური სამოქმედო გეგმა და თუ მას გვერდში არ ამოუდგებიან ცნობილი ადამიანები.
თავისთავად ცხადია, როცა ადამიანებს არ სჯერათ, რომ არსებობს მკაფიო სამოქმედო გეგმა, შესაბამისად ისინი ვერც იმას დაიჯერებენ, რომ აქციებს რაიმე შედეგი მოჰყვება და არც მიიღებენ მათში მონაწილეობას. ეს დასკვნა პირდაპირ შეეხება იმ 49 პროცენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აქციის ჩატარება გამართლებულია. ამიტომაც, თუ საქმე ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, გამოკითხულთა 27.4 პროცენტი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მიიღოს აქციებში, ხოლო 29.8 პროცენტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაკუთრებული პრობლემის დროს არის მზად, იგივე გააკეთოს (ცხრილი №3).
გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ არჩევნები ერთ-ერთი ის პრობლემაა, რაც მოსახლეობას სერიოზულად აწუხებს და სერიოზულ პრობლემადაც მიაჩნია. ერთ-ერთი ისეთი მიზანი, რის გამოც მოსახლეობა მზად არის, მკვეთრად გამოხატოს თავისი პროტესტი და სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებშიც მიიღოს მონაწილეობა, საკუთარი ხმის დაცვაა. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი - 46.8 პროცენტი - მზად არის, გამოხატოს პროტესტი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში (ცხრილი №4). თანაც, საკმაოდ მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არ მოერიდებიან პროტესტის აქტიურ ფორმებს: ისინი მზად არიან, შეუერთდნენ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომლებიც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ან პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომისკენ იქნება მიმართული.
მეორე მხრივ, მხოლოდ 2.6 პროცენტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში სასამართლოში იჩივლებს. როგორც ჩანს, ადამიანებს ნაკლებად სჯერათ, რომ საქართველოს სასამართლოებში შეიძლება იპოვონ სამართალი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამგვარი უნდობლობა განსაკუთრებით მაშინ იმატებს, როცა საქმე არჩევნებს შეეხება, რადგან ამ დროს განსაკუთრებით ძლიერდება აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე. სამაგიეროდ, ამომრჩევლები მზად არიან, საკუთარი ხმის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. როგორც ჩანს, მათ იმედი აქვთ, რომ სასურველ შედეგს (არჩევნების დაცვას გაყალბებისგან) საპროტესტო აქციების გზით უფრო მეტად მიაღწევენ, ვიდრე სასამართლოში ჩივილით. შეიძლება მათ ამგვარი დასკვნის საფუძველს 2001 წლის ნოემბრის გამოცდილებაც აძლევს, როცა ხელისუფლება სრულიად უძლური აღმოჩნდა, რამე მოემოქმედებინა მაქსიმუმ 20 ათასი დემონსტრანტის წინააღმდეგ. საბოლოოდ, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა, ვითარების განსამუხტად მთავრობა დაეთხოვა, რათა საკუთარი ძალაუფლება შეენარჩუნებინა: ქუჩაში სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამოსული მომიტინგეები სულ უფრო აგრესიულად მოითხოვდნენ მთელი ხელისუფლების და პირველ რიგში პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას.
ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლების ყველაზე მძლავრი საპროტესტო გამოსვლები სწორედ ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების - სიტყვის თავისუფლების - დასაცავად მოეწყო. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, იმ ოთხნახევარ პროცენტში, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, სამოქალაქო უფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვას საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უკავია (შესაბამისად 17.4 და 10.1%25) (ცხრილი №5). სამაგიეროდ, გამოკითხულთა ყველაზე მეტი (93.1) პროცენტი მიიჩნევს, რომ აქციის მოწყობა სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაშია გამართლებული (ცხრილი №6). დანარჩენ პრობლემებს (სოციალური და კომუნალური საკითხები, სამოქალაქო უფლებების დარღვევა, ეკოლოგიური პრობლემატიკა და პოლიტიკური საკითხები) ამ ჩამონათვალში მხოლოდ შემდეგი ადგილები უკავიათ.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე საპროტესტო აქციებში მონაწილეები პროტესტს სწორედ პოლიტიკურ საკითხებზე გამოთქვამდნენ (34.8%25), რასაც კომუნალური და სოციალური საკითხები მოსდევდა (შესაბამისად 27.5 და 24.6%25), ხოლო ეკოლოგიური პრობლემატიკა ბოლო ადგილზე იდგა (1.4%25).
კვლევის შედეგების თანახმად, კიდევ ერთი კანონზომიერების დაჭერა შეიძლება: ყველაზე ნაკლებად მოქალაქეები პროტესტის გამოხატვის ძალისმიერ მოქმედებებს (შენობაში შეჭრა, კარების აჭედვა, საბურავების დაჭრა) იწონებენ, სამაგიეროდ პოპულარობით სარგებლობს ისეთი აქციების ჩატარება, როგორიცაა მიტინგი, დემონსტრაცია, საპროტესტო შეკრება, საპროტესტო განცხადების გაკეთება და სხვა (ცხრილი №7). გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ბოლო 4 სახის აქციაში უფრო მეტად მიიღებს მონაწილეობას, ვიდრე რომელიმე დანარჩენში, განსაკუთრებით - ძალისმიერ აქციებში. ძალისმიერი აქციების მიმართ ამგვარი ანტიპათია სავსებით ლოგიკურია, რადგან ამგვარი აქციები ავტომატურად იწვევს ანალოგიას გასული საუკუნის 90-იან წლებთან და სამოქალაქო ომთან, რაც ამ აქციებს მოჰყვა.
ფოკუს-ჯგუფებში ჩატარებულმა კვლევამ არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სურათი აჩვენა: რესპონდენტები აცხადებენ, რომ წარსული არჩევნების დროს მათზე რაიმე სახის ზეწოლა და ზემოქმედება არ მომხდარა: ისინი ხმას აძლევდნენ იმ ძალას, ვინც ღირსეულად მიაჩნდათ. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ არჩევნები ყალბდება, ოღონდ გაყალბება ხდება არა ადგილზე, არამედ ,,სადღაც ზევით, სხვა დონეზე“, საოლქო ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. ამასთან, რესპონდენტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ
,,გაყალბება არ შეხებია იმ ბიულეტენებს, რომლებიც მოსახლეობამ საარჩევნო ყუთში ჩაყარა - ყველა ჩაგდებული ბიულეტენი იყო სათვალავში მიღებული. გაყალბება მოხდა არჩევნების მერე ახალი ბიულეტენების დამატებით.”(თბილისი, 18-25).
აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია ის დამოკიდებულება, რაც გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოხატა და რაც ერთ-ერთმა რესპონდენტმა შემდეგი ფრაზით გამოთქვა -
,,ყოველთვის მოქმედება სჯობს უმოქმედობას, უიმედობადამღუპველია.”
ზოგადად, არჩევნებზე მისვლასთან დაკავშირებით ასეთი სურათი გამოიკვეთა:
● არჩევნებზე ,,მოქალაქეობრივი მოვალეობის მოხდის მიზნით მივალ - ჩემმა ხმამ მართლა შეიძლება რაღაც ქნას, რატომ უნდა დავაკლო?!” (თბილისი, 18-25);
● ,,ბევრისგან გამიგია, რომ არ მისულა არჩევნებზე. ამით ის თავის ჭიას ახარებს და გულს იფხანს. იმაზე არ დაფიქრებულა, რომ გაყალბების საშუალებას აძლევს?! მისი ცარიელი ბიულეტენი უქმად არ დაიკარგება, ვისთვის გამოიყენებენ, არავინ იცის. ამიტომაც მივალ არჩევნებზე, რომ გაყალბების საშუალება არ მივცე.” (გორი, 60+);
● ,,შენი ხმა შენია, როცა შენ რაღაც გეკუთვნის, სხვას არ უნდა დაუთმო, არ უნდა მისცე საშუალება, რომ სხვამ მიითვისოს. ჩემი ხმა სხვამ რომ გამოიყენოს, არა მაქვს ამის სურვილი… თუ არავინ მოგწონს, მაშინ ყველა გადაშალე, მაგრამ საკუთარი უფლება, საკუთარი ხმა აუცილებლად გამოიყენე.” (რუსთავი, 18-25);
● ,,ისევ ისე ვეღარ იქნება, ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ვისაც ვინც მოსწონს, ის აირჩიოს: შენ ვინც გსურს, ის აირჩიე, მე ვინც მსურს, იმას ავირჩევ. ერთადერთი რაც გვიშველის, ნორმალური არჩევნების ჩატარებაა. ყველას უნდა ავუხსნათ, რომ დაფიქრდეს, გააანალიზოს და არჩევნებზე აუცილებლად მივიდეს”. (თელავი, 45-60);
● ,,ხალხმა გამოცდილება მიიღო, უფრო აკვირდება ყველაფერს, უფრო მომთხოვნია, უფრო აქტიურია. ხალხია მთავარი. ხალხმა თუ გაიწია, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ხალხმა შეიძლება აიძულოს მთავრობა, ობიექტური არჩევნები ჩაატაროს.” (გორი, 60+);
● ,,ხალხის მოთმინების ფიალაც აივსო და მონდომებულია, რომ მოვიდეს ახალი ძალა ხელისუფლებაში.” (ქუთაისი, 18-25);
● ,,ახლა თითქოს ყველა მობილიზებულია, ყველა დარაზმულია და აღარ დაუშვებს შეცდომებს. გამოცდილებაც მეტი აქვთ, უფრო მეტად ხვდებიან სიყალბეს.” (რუსთავი, 45-60).
ზოგადი სურათიდან გამონაკლისს წარმოადგენდნენ თელავის, მარნეულის და ახალციხის ჯგუფები, სადაც თითქმის ყველა რესპონდენტი დარწმუნებული იყო, რომ გაყალბება მოხდა არა სადღაც ზემოთ, არამედ იქვე ადგილზე, უბნებში, სადაც ,,ნამდვილი ბიულეტენები წინასწარ გამზადებულით შეცვალეს”.
P.S.
სურათი, რაც ზემოთ განხილული გამოკითხვებიდან გამოჩნდა, ამ გამოკითხვების ჩატარების პერიოდსა და შემდგომში მომხდარი მოვლენებიდანაც დადასტურდა: მოსახლეობა მზად არის, საპროტესტო აქციებში მონაწილეობით გამოხატოს თავისი პოზიცია და საჭიროების შემთხვევაში დაიცვას როგორც არჩევანის უფლება, ისე თავისი არჩევანიც. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა ისეთ რეგიონებში, სადაც ბოლო დრომდე ამგვარი პოლიტიკური აქტიურობა პრაქტიკულად არ შეიმჩნეოდა. ოქტომბრის განმავლობაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები ჩატარდა: თელავსა და თელავის რაიონში, სადაც რაიონის გამგებელი მედიკო მეზვრიშვილი ერთპიროვნულად მართავდა სიტუაციას და საპროტესტო აქციის ჩატარების საშუალებას არავის აძლევდა; ქვემო ქართლში, სადაც უმრავლესობას ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომლებიც ყოველთვის ხელისუფლებას აძლევდნენ ხმას და რაიმე საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ იღებდნენ; აჭარაში, სადაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არა მხოლოდ საპროტესტო აქციის ჩატარება იყო წარმოუდგენელი, არამედ ავტონომიის მეთაურის, ასლან აბაშიძის ხმამაღალ კრიტიკასაც კი ვერავინ ბედავდა.
![]() |
3 ქრისტიანობა და ევროკონსტიტუცია |
▲ზევით დაბრუნება |
მოამზადა ბექა მინდიაშვილმა
დიდებული საქმეა ღმერთზე საუბარი, მაგრამ უმჯობესია მდუმარედ აკეთო სიკეთე.
გრიგოლ ღვთისმეტყველი
უნდა განვიხილოთ თუ არა ევროპა ქრისტიანულ კონტინენტად? ევროპაში ქრისტეს რელიგია დაახლოებით 50 წელს პავლე მოციქულმა შემოიტანა. მოგვიანებით ის კათოლიციზმისა და პროტესტანტული რეფორმაციის სამშობლოდ იქცა. მაგრამ რა ვითარებაა დღეს? თანამედროვე ევროპაში ხომ ქრისტიანების გვერდით იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმისა და სხვა სარწმუნოებების მიმდევრები თანაარსებობენ.
,,იყო დრო, როცა ისეთ რომანტიკულ მოაზროვნეს, როგორიც გახლდათ ნოვალისი, თავისი თხზულებისთვის შეეძლო ეწოდებინა ,,ქრისტიანული მსოფლიო, ანუ ევროპა“. რა თქმა უნდა, იმ დროსაც, სწორედ ვოლტერისა და დიდროს საუკუნის მიწურულს, იაკობინური ,,დექრისტიანიზების“ პოლიტიკის შემდეგ ასეთი სათაური ეგებ არქაიზმადაც მოენათლათ, მაგრამ იგი მაინც რეალობის საზღვრებში რჩებოდა. სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს? ,,ქრისტიანული მსოფლიო“ შუა საუკუნეებმა შვა და ნოვალისის დროს კიდევ რაღაცაზე მიანიშნებდა ევროპაში, თანამედროვე ევროპელებისთვის კი უკვე ძალიან შორეულ ცნებად იქცა“
- ამბობს სერგეი ავერინცევი. მსგავსს პოზიციაზე დგას რელიგიის მკვლევართა საკმაოდ დიდი ნაწილი.
თუმცა, ასეთ პოზიციას შესაძლოა ის გარემოება აქარწყლებდეს, რომ XXI საუკუნის დასაწყისში ევროპაში რელიგიური ორგანიზაციები კვლავ ქმედითად მონაწილეობენ საზოგადოებრივ პროცესებში. ევროპულ ეკლესიათა ლიდერები უფრო და უფრო აქტიურად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების თაობაზე. ევროპელ პოლიტიკოსებს კი სულ უფრო ხშირად უწევთ იმ საკითხების გათვალისწინება, ერთიან ევროპაში რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუციების როლსა და ადგილს რომ ეხება.
ევროკავშირის ქვეყნებისა და თანამეგობრობის მომავალი წევრების მხრიდან რელიგიურ თემატიკაზე ყურადღების გამახვილება, პირველ რიგში, ახალი ევროპული იდენტობის ფორმირების პროცესითაა განპირობებული. ევროპული თანამეგობრობისთვის საერთო ნიშანთვისებების ძიება მრავალ სიბრტყეზე, მათ შორის ფასეულობათა სფეროშიც მიმდინარეობს. უნივერსალურ, დემოკრატიულ ფასეულობებთან ერთად გარკვეული თვალსაზრისით სწორედ ქრისტიანობა წარმოადგენს ევროპელების ცივილიზაციურ მახასიათებელს. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე რელიგიის გავლენა ყველაზე მეტად ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის ფორმირებაზე იგრძნობა. ამასთან რელიგიური მემკვიდრეობა არცთუ იშვიათად საერთო ევროპულ სტრუქტურებში ცალკეული ქვეყნების ინტეგრირების ხელშემწყობი ან ხელშემშლელი ფაქტორი ხდება.
რელიგიური ორგანიზაციების ერთიანმა კომუნიტარულმა სივრცემ განაპირობა ის, რომ ქრისტიანთაშორისი კონტაქტების დონე ხშირად წინ უსწრებდა ინტეგრაციულ პროცესებს პოლიტიკის სფეროში. თავის დროზე ეკლესიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დაპირისპირებული ევროპული ერების შერიგებაში. რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა საფრანგეთისა და გერმანიის, გერმანიისა და პოლონეთის შერიგების აქტები.
ქრისტიანობა კონსტიტუციაში
ყველაზე პრობლემატური და აქტუალური ევროკავშირის ინტეგრაციისა და გაფართოების პროცესში დღესდღეობით მომავალ ევროკონსტიტუციაში რელიგიის ადგილის განსაზღვრა და თურქეთის ევროკავშირში მიღების საკითხებია.
ქრისტიანული ეკლესიები ევროკავშირის კონსტიტუციაში ქრისტიანობის განსაკუთრებულ მოხსენიებას მოითხოვენ და მხარდასაჭერად ხშირად პოლიტიკურ ძალებს მიმართავენ.
თავის მხრივ, რელიგიური ლიდერების მოწოდებები გამოხმაურებას პოულობს პოლიტიკაში. პირველ რიგში მათთან თანამშრომლობაზე ე.წ. კათოლიკური ქვეყნების წარმომადგენლები მიდიან. ევროკომისიის თავმჯდომარე რომანო პროდი ევროპის ქრისტიანთა საბჭოსადმი თავის წერილში ამბობს:
რომანო პროდი
,,ახალი ევროპის შექმნის პროცესში შეუძლებელია არ მოხდეს რელიგიური და კულტურული ტრადიციების, კერძოდ, ქრისტიანული ტრადიციის, გათვალისწინება. ქრისტიანული ტრადიცია იყო და დღესაც აუცილებელიაევროპის მომავლისათვის.“
ევროკავშირის კონსტიტუციური პროცესის მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ქრისტიანობის მოხსენიების საკითხთან დაკავშირებული დებატები გაცილებით დიდ ვნებათაღელვას იწვევს, ვიდრე პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირების თაობაზე გამართული პოლემიკა. ეკლესიების წინადადებებს არა მარტო ე.წ. კათოლიკურმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი, არამედ - პროტესტანტულმა დანიამაც.
ამა წლის 25 მაისს ევროპელებმა პირველად იხილეს გაერთიანებული ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომელშიც ღმერთისა და ქრისტიანობის ადგილი ვერ გამოიძებნა. პროექტი შეადგინა ევროპელი პოლიტიკოსების კონვენტმა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჯისკარ დესტენის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ მაგიდაზე შესწორებების 80-ზე მეტი ვარიანტი დაიდო და ყველა მათგანი კონსტიტუციის ,,ევროპის ფასეულობათა“ მუხლში რელიგიის მოხსენიებას ითვალისწინებს. კონტინენტის მომავლის განმსაზღვრელი კონვენციის დასრულება 2004 წლისთვის იგეგმება. ამავე პერიოდში კავშირმა 10 ახალი წევრი უნდა გააერთიანოს თავის რიგებში, ყოფილი კომუნისტური აღმოსავლეთის ბლოკის რამდენიმე ქვეყნის ჩათვლით. ოდნავ მოგვიანებით გაწევრიანების იმედი აქვს თურქეთსაც. კონვენცია შესაძლოა გახდეს საფუძველი კონსტიტუციისა, რომელიც ევროპული კავშირის ფუძემდებლურ შეთანხმებად იქცევა. ასე რომ, ზოგიერთი ქრისტიანული ორგანიზაცია აღნიშნულ მომენტს ხელსაყრელად მიიჩნევს დოკუმენტის პრეამბულაში კონტინენტის რელიგიური მემკვიდრეობის მოსახსენიებლად.
,,ეს ჩვენი ისტორიის აღიარება იქნება“
- აცხადებს ბრიუსელში განთავსებული ევროპული ეკლესიების კონფერენციის გენერალური მდივანი ქეით ჯენქინსი. მაგრამ მოხდება თუ არა ქრისტიანობის ცნობა, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ჯენქინსის თქმით,
,,არავის სურს, ევროპის კონსტიტუციის პრეამბულა თეოლოგიურ ტრაქტატად იქცეს. თუმცა... უმთავრესი მაინც ის არის, რომ დისკუსია მიმდინარეობს ფასეულობების შესახებ; რომ ევროპას განვიხილავთ ფასეულობათა, და არა მხოლოდ პოლიტიკური გაანგარიშების პოზიციებიდან. ეკლესიამ და რელიგიურმა გაერთიანებებმა დიდი როლი უნდა ითამაშონ გაცილებით ფართო საზოგადოებრივი დებატების წარმართვის მიზნით. ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა ისტორიული ფაქტია და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. მშვიდობა, სამართლიანობა, შერიგება, სოლიდარობა, ურთიერთმხარდაჭერა: ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ბევრი ევროპელი იზიარებს - ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანული სახარების გულზეა ამოტვიფრული.“
იოანე პავლე II დებატებში მოგვიანებით ჩაერთო. ბულგარეთში ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ ქრისტიანობის მოხსენიება კონსტიტუციაში სწორედ იმათთვის არის ხელსაყრელი, ვინც ევროპის უნიფიკაციის მისაღწევად იღწვის.
,,საკუთარი თავისთავადობის ძიებისას შეუძლებელია, კონტინენტი თავის ქრისტიანულ ფესვებს არ მიუბრუნდეს“
- თქვა პაპმა. ვატიკანში დაბრუნების შემდეგ პონტიფექსმა თავისი დამოკიდებულება შემდეგი სიტყვებით გამოხატა:
,,არ უნდა მოხდეს ცივილიზაციის ქრისტიანული მემკვიდრეობის, რომელმაც ევროპაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და სოლიდარობის დაცვაში უდიდესი წვლილი შეიტანა, არც მიჩქმალვა და არც უგულებელყოფა.“
იოანე პავლე II
პაპის მოთხოვნამ წინააღმდეგობა გამოიწვია იმათი მხრიდან, ვინც კონსტიტუციაში რელიგიური აღმსარებლობების მოხსენიებას უადგილოდ მიიჩნევს. ცნობილმა კათოლიკე თეოლოგმა, ,,რელიგიათა დაზავების“ პროექტის ავტორმა, ჰანს კიუნგმა აღნიშნა:
,,ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ შეიძლება ქრისტიანობა ევროპის რელიგიად გამოვაცხადოთ. მე კათოლიკე თეოლოგი ვარ და არავითარი პროტესტი არ მექნებოდა ღვთის სახელის კონსტიტუციაში მოხსენიებასთან დაკავშირებით.“
მაგრამ ამავე დროს, კიუნგი პაპს მცდარი ,,მესიჯის“ მიმწოდებლად მიიჩნევს:
,,ბევრს ექმნება შთაბეჭდილება, რომ პაპი მართებულად გვთავაზობს ევროპის მოდელს, რომელიც უმთავრესად რომაულ-კათოლიკური იქნება და შეიწყნარებს სხვა რელიგიებს, მაგრამ საერთო არაფერი აქვს მათთან.“
პაპის პოზიციას აკრიტიკებს მულუ აიენიც, ანტირასისტული და ადამიანთა მშვიდობიანი თანაარსებობის მოძრაობის ლიდერი. მისი თქმით, შეერთებულ შტატებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ევროპაში სერიოზული ,,ისლამოფობია“ აღმოცენდა. შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს პაპის ,,გამთიშველი“ კომენტარები.
იოანე პავლეს იდეების დამცველთა შორისაა ჯონ ქლუნი, კათოლიკური ლობის ჯგუფის - ეკეკკ-ის (ევროპის კავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციის კომისია) - წარმომადგენელი. მისი თქმით, იოანე პავლეს პოზიციებთან დაკავშირებით გარკვეულ გაუგებრობას აქვს ადგილი.
,,საუბარია ამ კონსტიტუციის პრეამბულაში ევროპის რელიგიური მემკვიდრეობის აღიარებაზე. დღეს ეს მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. ეს არ არის მხოლოდ ქრისტიანული მემკვიდრეობა. პაპი აღიარებს, რომ ისლამური და იუდაური რელიგიები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ”
- მიიჩნევს ქლუნი. მისი სიტყვებით, მუსულმანებს და იუდეველებს პაპზე განაწყენების საფუძველი არა აქვთ. მისი თქმით, წინააღმდეგობას ძირითადად ის ადამიანები გამოხატავენ, რომლებიც კონსტიტუციის ფრანგულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას. საფრანგეთის კონსტიტუცია სრულიად მიჯნავს ერთმანეთისგან სეკულარულ და სახელმწიფო ეკლესიას და მასში არაფერია ნათქვამი სულიერი ცხოვრების შესახებ. ქლუნი არ იზიარებს ამ ტოტალური სეპარაციის იდეალს.
,,თუ გვინდა, რომ მომავალი ევროპის კავშირი იქცეს ხალხების კავშირად და არა უბრალოდ სახელმწიფოების ერთობად, უნდა დავეყრდნოთ რაღაც ახლობელს, რომელსაც, როგორც მოქალაქეები, ვაღიარებთ; რომელიც შთაგვაგონებს, ვიღვაწოთ ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ეს ღირებულებები ღვთისადმი მათ რწმენაშია ფესვგადგმული.“
მსგავსს პოზიციას გამოხატავენ ევროპის მართლმადიდებელი ეკლესიებიც. ევროკონსტიტუციის პროექტში ქრისტიანობის იგნორირებას ისტორიული სიბეცე უწოდა სრულიად საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმა ქრისტოდულოსმა. ერთ-ერთი მართლმადიდებელი ლიდერი კი ამბობს, რომ ქრისტიანობის მოხსენიების გარეშე არ არსებობს იმის გარანტია, რომ სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისას (იგულისხმება ადამიანის უფლებები, აბორტისა და ევთანაზიის საკითხები, ეკოლოგიური პრობლემები და სხვ.) ანგარიშს გაუწევენ ,,ცხოვრებისაგან განუყოფელ რელიგიურ მორალს“.
რელიგიის კონსტიტუციაში მოხსენიებას იუდეველი ლიდერებიც უჭერენ მხარს. რაბი აბა დუნერმა, ევროპელ რაბინთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა:
,,მსურს კონსტიტუციაში, ამა თუ იმ ფორმით, ვიხილო სიტყვა ,,ღმერთი“. მთელ ევროპაში მნიშვნელოვანი რელიგიური ძალაა თავმოყრილი და საჭიროა ამ ძალის მხარდაჭერა მართებული გზით განვითარდეს. ეს შეხედულებები უკეთესი საზოგადოების შექმნას ითვალისწინებს.“
ვალერი ჯისკარ დესტენი
ამა წლის 25 მაისს ევროპელებმა პირველად იხილეს გაერთიანებული ევროპის კონსტიტუციის პროექტი, რომელშიც ღმერთისა და ქრისტიანობის ადგილი ვერ გამოიძებნა. პროექტი შეადგინა ევროპელი პოლიტიკოსების კონვენტმა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჯისკარ დესტენის ხელმძღვანელობით.
ცნობილმა ამერიკელმა იურისტმა იოზეფ ვაილერმა აბსურდი უწოდა ევროპის კონსტიტუციის პროექტში ქრისტიანობის განსაკუთრებული როლის იგნორირებას. აღმსარებლობით იუდეველმა ვაილერმა განაცხადა:
,,თუ გერმანიის, ირლანდიისა და პოლონეთის კონსტიტუციებში მოხსენიებულია ღმერთი და ამ ქვეყნების კულტურის ქრისტიანული ფესვები, რატომ მიანიჭა კონვენციამ უპირატესობა საფრანგეთისსეკულარულ მოდელს? სიტყვა ,,სეკულარული“ ,,ნეიტრალურის“ სინონიმი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია კულტურული პლურალიზმის დეკლარირებას ახდენს, სინამდვილეში იგი იმპერიალიზმს გამოიწვევს.“
პროფესორმა პროექტის ავტორების პოზიციას უწოდა ,,არა ნეიტრალობის დემონსტრირება, არამედ იაკობინელობა“. ვაილერის აზრით, კონტინენტის კონსტიტუციაში ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანული ფესვების დამოწმება არ ნიშნავს ათეისტებისა და სხვა რელიგიების მიმდევრების მიმართ შეუწყნარებლობის გამოხატვას.
,,ეკლესია ადამიანებს თავს კი არ ახვევს რაიმეს, არამედ ქრისტეს სიმართლესთან აზიარებს“
- განაცხადა პროფესორმა.
,,შემწყნარებლობა ნიშნავს არა საკუთარი შეხედულებების დაფარვას, არამედ მათი თავზე მოხვევის ცდუნებისგან თავისდაღწევას. ამიტომაცაა, რომ მე, ორთოდოქსი იუდეველი, ევროპას მოვუწოდებ, არშეეშინდეს საკუთარი წარსულის და ქრისტიანული მემკვიდრეობის. თუკი დღესევროპა მიწიერი ცხოვრების არასწორი გაგებით არ ცნობს კონსტიტუციაში საკუთარ ქრისტიანულ წარსულს, ხვალ ის შესაძლოა, იუდეველების ან მუსულმანების მტრად იქცეს, ასევე შემწყნარებლობისა და სეკულარიზმის სახელით.“
ქრისტიანობა კონსტიტუციის მიღმა
ევროკავშირის წევრებსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის წარმოიშვა უცნაური ალიანსები. პოლონეთისა და ესპანეთის დელეგატები ერთობლივად უჭერენ მხარს ტექსტში რელიგიის მოხსენიებას. ამას, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება თურქეთი და კათოლიკური საფრანგეთი.
,,ჩვენ არ გავექცევით საკითხს ევროპის ქრისტიანულიფესვების, ღირებულებების, რწმენის მნიშვნელობისა და რელიგიური მოტივაციების შესახებ“
- თქვა ბრიუსელში პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ევროპის კონსტიტუციური სასამართლოს წევრმა იოზეფ ოლესკიმ. ჟაკ შირაკმა კი ესპანეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრისას განაცხადა:
,,საფრანგეთი საერო სახელმწიფოა და მას არ სჩვევია საკონსტიტუციო ტექსტში რელიგიურ კუთვნილებაზე საუბარი.“
ჟაკ შირაკი
თურქეთი ნებისმიერი რელიგიური დამოწმების წინააღმდეგ გამოდის.
,,ჩვენ სეკულარული ქვეყანა ვართ“
- ამბობს თურქი დიპლომატი.
,,ჩვენი კონსტიტუცია სეკულარულია. ყოველი ორგანიზაცია, რომელშიც გავწევრიანდებით, სეკულარული უნდა იყოს.“
ქრისტიანთა პოზიცია მწვავე კრიტიკის ობიექტად იქცა შვედეთში, სადაც სახელმწიფო ეკლესიის არსებობის წლებმა საზოგადოების დიდ ნაწილში რელიგიისა და პოლიტიკის აღრევის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება წარმოშვა. შვედებმა ეკლესია და სახელმწიფო ორი წლისწინ დააცალკევეს და ლუთერანული ეკლესიისთვის ადრე დაწესებული საშემოსავლო გადასახადი არასავალდებულო გახადეს.
ევროპელი ლიბერალების აზრით, თანამედროვე პლურალისტურ საზოგადოებაში, რომელსაც ზოგიერთმა თეოლოგმა ,,პოსტქრისტიანული“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ევროპელიდან სამზე მეტი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, ქრისტიანობის წინა პლანზე წამოწევა მიზანშეუწონელია. ასეთი დამოკიდებულების შედეგად, ორი წლის წინ შემუშავებული ევროპული კავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიიდან გამოირიცხა რელიგიის ყოველგვარი ხსენება.
,,ევროკავშირი წინ უნდა აღუდგეს, კონსტიტუციურ დეკლარაციებში ჩართვის მიზნით, რომელიმე რელიგიის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას“
- განაცხადა ბრიტანეთის ნაციონალური სეკულარული საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ქეით პორციუს ვუდმა. მისი თქმით,
,,ევროპა მრავალი სარწმუნოებისა და სრულიად ურწმუნო ადამიანების საზოგადოებას მოიცავს. რომელიმესარწმუნოების, როგორც სხვაზე უპირატესის, მხარდაჭერა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიწვევს აღშფოთებას.“
სეკულარისტები და ლიბერალები შიშობენ, რომ ქრისტიანული მემკვიდრეობის ხაზგასმა შექმნის ევროპულ პოლიტიკაზე ეკლესიის ზეგავლენის გავრცელების წინა პირობას.
,,ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ ევროპის ყოველმა მოქალაქემ თანასწორუფლებიანად იგრძნოს თავი, არის რელიგიის დეკლარირებისგან გათავისუფლება და მისი სტრუქტურისა და ქმედებების სეკულარიზება“
- თქვა ვუდმა. კრიტიკოსების აზრით, რელიგიის მოხსენიება ფეხს ვერ უწყობს მზარდ სეკულარულ საზოგადოებას. მათი თქმით, კონტინენტის რელიგიური მემკვიდრეობის დამოწმებას ითხოვს მხოლოდ ,,ქრისტიანული კლუბი“, რომელიც ახდენს კონტინენტის ზომიერი იუდაური და მუსულმანური გაერთიანებების იგნორირებას და არაფრად აგდებს ევროკავშირის პოტენციურ კანდიდატს - თურქეთს.
ამერიკული გამოცდილება
უნდა აღიაროს თუ არა კონსტიტუციამ ღმერთი? უნდა მოიხსენიოს თუ არა ქრისტიანობა ან რომელიმე რელიგია? ეს ფეთქებადსაშიში შეკითხვები 1787 წელს მწვავე დებატების საგანი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
რა თქვეს ამერიკულ კანონთა ერთობ რელიგიურმა ავტორებმა ღმერთის ან ქრისტიანობის შესახებ 1787 წელს მიღებულ კონსტიტუციაში? არაფერი, საერთოდ არაფერი. რელიგია მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული კონსტიტუციის ტექსტში. მე-6 მუხლში ნათქვამია, რომ
,,შეერთებულ შტატებში არასოდეს, არავითარი რელიგიური კრიტერიუმი არ გახდება საზომი ადმინისტრაციული თუ საზოგადოებრივი ნდობისა.“
ასეთი გაბედული სვლით კონსტიტუციის ავტორებმა კავშირიგაწყვიტეს ევროპასთან და საზოგადოებრივი სამსახური ხელმისაწვდომი გახადეს ნებისმიერი რელიგიის ან საერთოდ არარელიგიური მოქალაქეებისთვის.მაგრამ ამ მიდგომამ გამოიწვია საყოველთაო დებატები, რომელიც XIX საუკუნეში ერთგვარ კულტურულ ომში გადაიზარდა. კონსტიტუციაში ,,ქრისტიანული შესწორების“ ჩართვის პერიოდულმა მცდელობებმა, განსაკუთრებით სამოქალაქო ომისა და კრიზისების დროს, ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა მაინც მარცხით დასრულდა.
რელიგიისა და კონსტიტუციის შესახებ ევროპაში მიმდინარე დავა წააგავს ძველ ამერიკულ დებატებს. ერთი მხარე - ქრისტიანული ძალების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კონსტიტუციაში აღიარებული უნდა იყოს ევროპის ისტორიაში ქრისტიანობის როლი. მეორე მხარე კი ფრთხილობს, რადგან ევროპის ისტორიაში ეკლესიისა და სახელმწიფოს დახლართული ურთიერთობები მუდმივი კონფლიქტების წყარო იყო. ასევე აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციამ პრივილეგია არ უნდა მიანიჭოს ქრისტიანობას და ამით არ უნდა გაართულოს გაერთიანებულ ევროპაში იმ ქვეყნების მიღება, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ისლამს აღიარებს.
ცხადია, რომ ეს დავა მხოლოდ რელიგიის მოხსენიების გამო არ წამოჭრილა. ევროპელთა ნაწილი იმასაცითვალისწინებს, რომ ამერიკული გამოცდილება ცხადად მოწმობს - ე.წ ,,უღმერთო კონსტიტუცია“ სრულებითაც არ წარმოშობს ,,უღვთო საზოგადოებას“. დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, სადაც რელიგიური აქტივობა მეტად შესუსტებულია, აშშ-ში რელიგიურად აქტიური მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს. უახლესი სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკის მოსახლეობის 84 პროცენტს არათუ სწამს ღმერთი, არამედ ცოდვის არსებობასაც აღიარებს.
ღმერთთან და რელიგიასთან დაკავშირებით კონსტიტუციური დუმილი ამერიკული მიდგომის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. უმთავრესი ამ შემთხვევაში ,,არავითარი რელიგიური კრიტერიუმის“ პრინციპი და რელიგიური თავისუფლების სრული გარანტიაა, რასაც ამერიკის კონსტიტუციაში ,,პირველი შესწორების“ პირველი თექვსმეტი სიტყვა გვთავაზობს. მაგრამ, იმის მიუხედავად, ჩაიწერება თუ არა ღმერთი და ქრისტიანობა ახალ კონსტიტუციაში, ამერიკული სტილის რელიგიური თავისუფლება შეიძლება დაბრკოლებებს წააწყდეს ევროპაში.
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, საფრანგეთმა, ბელგიამ და გერმანიამ ახლახანს მიიღეს კანონები, რომლებიც ზღუდავენ ე.წ. სექტების რელიგიურ უფლებებს. აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უშუალოდ პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, აქციონ დომინანტური რელიგია სახელმწიფო იდეოლოგიად (საქართველო ამის თვალსაჩინო ნიმუშია). ის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფოებრივი სტატუსი მომგებიანია რელიგიისთვის, ესტუმროს ევროპის დიდ ტაძრებს კვირა დილით... უკეთეს შემთხვევაში, ტურისტებს აღმოაჩენს.
ქრისტიანობის ინსტიტუციონალიზება, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდება ევროპაში და ეს არ უნდა აღვიქვათ აპოკალიპსურ კატასტროფად. იმისათვის, რომ ეკლესიებმა სასურველ შედეგს მიაღწიონ, ქრისტიანობა ,,ევროპის რელიგია“ კი არა, ,,ევროპელთა რელიგია“ უნდა გახდეს. ალბათ საჭიროა, რომ ქრისტიანულმა ელიტამ ,,ზემოდან“ - კონსტიტუციაში ქრისტიანობის ხსენების მეშვეობით კი არა, ,,ქვემოდან“ - უბრალო ადამიანების გვერდში დგომით - იაროს დასახული მიზნისკენ - ქრისტესკენ.
თავისუფლების ინსტიტუტმა და ევროპის საბჭომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 15-16 ოქტომბერს სასტუმრო ,,მერიოტში“ გამართეს მორიგი საერთაშორისო სემინარი, სახელწოდებით ,,ვაშენოთ ხიდები ეთნიკურ უმცირესობებს შორის“.
უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა - მარია პოლზნერსირენცმა, მილიცა პეშიცმა, გიუნტერ რაუტცმა, ზურაბ ადეიშვილმა, გია ნოდიამ, დავით ზურაბიშვილმა, ვახტანგ აბაშიძემ - ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამოხატვის თავისუფლება; მათი მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში; სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში; მედიის როლი ეთნიკური თანასწორობის უზრუნველყოფაში და სხვა მრავალი.
გთავაზობთ ლექციას, რომელიც მედიის მრავალფეროვნების ინსტიტუტის (MDI) დირექტორმა მილიცა პეშიცმა აღნიშნულ სემინარზე ,,მრავალფეროვნების“ გაშუქების თემაზე წაიკითხა. ვფიქრობთ, პრობლემები, რომელზეც მილიცა პეშიცი საუბრობს, მეტად აქტუალურია საქართველოსთვის.მით უფრო, რომ ამ თემების გაშუქებისას არც ქართველი ჟურნალისტები არიან უცოდველები.
![]() |
4 მრავალფეროვნების გაშუქება: მედია - საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის საშუალება |
▲ზევით დაბრუნება |
მილიცა პეშიცი
შესავალი - დისკრიმინაცია ხალხს შორის და დისკრიმინაცია ხალხის წინააღმდეგ
საკითხი, რომელიც შეეხება მედიაში მულტიკულტურული საზოგადოების წარმოჩენას, უფრო ადეკვატურ გამონათქვამს თუ ვიხმართ, გაშუქების პრობლემას, ხალია როგორც ე.წ. განვითარებული, ასევე განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებისთვის.
გაერთიანებულ სამეფოში დღესდღეობით 200-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ. ტრადიციულად კონსერვატიულმა ,,ბი-ბი-სი“-მ უკანასკნელ ხანებში დაამკვიდრა ახალი ლოგო, რომელიც განასახიერებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთში დაფუძნებული მილიონობით ემიგრანტისა თუ ლტოლვილის ,,ყველა ფერს“, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. არადა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათწლეულის წინ, ესოდენ მულტიკულტურულ ბრიტანეთშიც კი ძნელად შეხვდებოდით ადამიანს, რომელსაც სიტყვა ,,მრავალფეროვნების“ მნიშვნელობა ესმოდა.
1998 წლის ნოემბერში, როდესაც ,,მედიის მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ მოაწყო თავისი პირველი საერთაშორისო კონფერენცია ,,მრავალფეროვნების გაშუქების“ თემაზე (კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა ,,მრავალფეროვნების გაშუქების ქსელი“, რომელიც, თავის მხრივ, დღეს ინსტიტუტის ხერხემალს წარმოადგენს), ბევრმა მონაწილემ, მათი საერთო რიცხვი კი 100-ს აჭარბებდა, აღმოაჩინა, რომ თავად ეს ტერმინი მათთვის სიახლე იყო. ეს ეხებოდა დელეგატებს როგორც გაერთიანებული სამეფოდან, ასევე შეერთებული შტატებიდან, სადაც ევროპასთან შედარებით, ,,მრავალფეროვნებას“ მაშინაც და დღესაც გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა.
მაშინ შემახსენეს, - და ვფიქრობ, ხუთი წლის შემდეგაც არაა ზედმეტი ამის აღნიშვნა - რომ 1965 წლამდე აშშ-ს სამხრეთ შტატებში შავკანიან მოსახლეობას არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება; რომ ზოგიერთ ქვეყანაში - მაგალითად, როგორიცაა კანადა - მკვიდრი მოსახლეობა დღესაც აგრძელებს ბრძოლას სამოქალაქო საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისთვის.
ცნობილმა მეცნიერმა და კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა, მიხაილ იგნატიევმა აღნიშნა:
,,საფრანგეთის რევოლუციის დროიდან მოყოლებული, დასავლური საზოგადოება ცდილობს ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებას ამ პროცესში საზოგადოების ჩართვის და არა გარიყვის გზით. თავდაპირველად ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ თეთრკანიანი, მესაკუთრე მამაკაცები, და ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში იყო ხანგრძლივი ბრძოლა იმისათვის, რომ საზოგადოებრივ პროცესებში ჩაერთოთ ისინი, ვინც ამ პროცესებისგან გარიყული იყო.“
ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. თვით განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი კვლავ არსებობს რასიზმი, ქსენოფობია, ნაციონალიზმი, ეთნიკური და რელიგიური შუღლი. მრავალფეროვნების პრობლემა დღესაც არ არის მოგვარებული - მაგრამ საქმე აშკარად უკეთესობისკენ მიდის.
მრავალფეროვნება - დეფინიცია, პრინციპები
,,მედიის მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ საქმიანობა ეფუძნება ,,მრავალფეროვნების“ შემდეგ განმარტებას:
,,განსხვავებულობა“, ანუ ადამიანური თვისებები, რომლებიც გამოირჩევა საკუთრივ ჩვენი თვისებებისაგან და არაა დამახასიათებელი ადამიანთა იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით, მაგრამ დამახასიათებელია სხვა ინდივიდებისა და ჯგუფებისათვის.“
მრავალფეროვნება მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
● პირველადი განზომილებები: ასაკი, ეთნიკური კუთვნილება, სქესი, ფიზიკური შესაძლებლობები/მონაცემები, რასობრივი კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია;
● მეორადი განზომილებები ცვალებად ნიშნებს მიეკუთვნება. მათ შორისაა: რელიგიური მრწამსი, შემოსავალი, განათლების დონე, გეოგრაფიული მდებარეობა, ოჯახური მდგომარეობა, სამხედრო გამოცდილება, ჰყავს თუ არა შვილები და სამუშაო გამოცდილება.
სამწუხაროდ, ისტორია გვიჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ ჯგუფს მივეკუთვნებით (ან ვაკუთვნებთ საკუთარ თავს), შესაძლოა, აღმოვჩნდეთ როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის როლში. ლოს ანჯელეს ტაიმსის რედაქტორის ერთი გამონათქვამისა არ იყოს, დღის ბოლოსთვის ჩვენ ყველანი უმცირესობის წარმომადგენლებად ვგრძნობთ თავს.
ზოგჯერ, მხოლოდ იმის გამო, რომ ვგავართ სხვებს, გვძულს, ან გვეჩვენება, რომ გვძულს ერთმანეთი. ბალკანეთის კონფლიქტზე მსჯელობისას, მიხაილ იგნატიევი თავის წიგნში ,,მეომრის ღირსება: ეთნიკური ომი და თანამედროვე ცნობიერება“ იყენებს ზიგმუნდ ფროიდის ცნობილ გამონათქვამს ,,მცირედი გამორჩეულობით ნარცისიზმი“. თუ ყოველივე ამას დავუმატებთ მედიის როლს, რომელიც ხშირად მეორე მხარეს წარმოაჩენს როგორც ,,სხვას“/მტერს/ ბოროტებას, მაშინ იქმნება ისეთი პირობები, როდესაც ომი თითქმის გარდაუვალია.
ბალკანეთის მაგალითი ცხადყოფს, რომ მრავალფეროვენების - ამ შემთხვევაში ეთნიკურის - ხაზგასმა თანაბრად მნიშვნელოვანია კონფლიქტის ნებისმიერ ეტაპზე: წინასაომარ, საომარ და ომისშემდგომ პერიოდში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ მედია ქმნის ძირითად რესურსს, რომლის პოტენციალი განუზომელია როგორც კონფლიქტის თავიდან აცილების, ისე დარეგულირების მხრივ.
MDI-ის კვლევები და გამოცდილება ცხადყოფს, რომ მასმედიას საკმაოდ ხშირად იყენებენ იარაღად უმცირესობების და სხვა დაუცველი ჯგუფების წინააღმდეგ. თუმცა, ამასთანავე შესაძლებელია მედიის გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვისა და მრავალფეროვნების სტიმულირების და, შესაბამისად, დემოკრატიის განმტკიცების მიზნით. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ MDI-ის ფარგლებში.
სამართლიანი, ზუსტი, თანაგრძნობით გამსჭვალული და სიღრმისეული გაშუქება აუცილებელი პირობაა სხვადასხვა ეროვნებებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობის მისაღწევად. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, გავაქარწყლოთ უგუნური ცრურწმენები და დავუპირისპირდეთ ექსტრემისტთაპოლიტიკურ გამოწვევას. ასეთი გაშუქება სერიოზულ ბარიერს შეუქმნის კონფლიქტების გაღვივებას როგორც ქვეყნის შიგნით (განსაკუთრებით ეთნიკურ ჯგუფებს შორის), ასევე გარეთ, ქვეყნის ფარგლებს მიღმა. თანამედროვე მსოფლიოში ვერ ნახავთ სახელმწიფოს, სადაც ეთნიკური თუ რელიგიური თვალსაზრისით სრულიად ერთგვაროვანი მოქალაქეები იქნებოდნენ. უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ ზოგჯერ ესა თუ ის საზოგადოება ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით, მაშინ, როცა წინათ სწორედ მრავალფეროვნება იყო კონფლიქტის გაღვივების მიზეზი. როგორიც არ უნდა იყოს ვითარება, სხვადასხვაობა არ უნდა აღიქმებოდეს აბსოლუტურ და ურყევ რეალობად - არ უნდა გვეგონოს, რომ ეს არის ისეთი უძველესი და ისტორიულად ფესვგადგმული მახასიათებელი, რომელიც ცვლილებებს არ ექვემდებარება.
მოგვწონს თუ არა ეს, მასმედია ამ დიდი თამაშის მნიშვნელოვანი მონაწილეა. მედიას განუზომლად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ,,სხვისი“, ,,უცხოს“ იმიჯის შექმნაში. რამდენადაც არც ერთი საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი, და თუ ჩვენ, ჟურნალისტებს, გვსურს სრულად ავსახოთ ეს მრავალფეროვნება, კულტურული სხვადასხვაგვარობა, თუ გვსურს, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრს, მაშინ უნდა ვეძიოთ კიდეც გზები და შევიმუშაოთ მეთოდები ამ მიზნის მისაღწევად. რაც უფრო სრულად ასახავს მედია საზოგადოების მრავალფეროვნებას, მით უფრო ფართო აუდიტორიას მიიზიდავს ის და თავადაც უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. შედეგად კი მედია შეიძლება იქცეს იმ ქმედით ფორუმად, სადაც გაეცნობიან და განიხილავენ ნებისმიერ განსხვავებულ აზრსა თუ შეხედულებას.
თუკი მედია გადაიქცევა ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მთავარ ინსტრუმენტად, საზოგადოებას უეჭველად განუმტკიცდება ნდობა ჟურნალისტების მიმართ, ხოლო თავად მასმედია გაცილებით მეტ წონას შეიძენს.
რატომ ენიჭება მრავალფეროვნებას ასეთი მნიშვნელობა?
იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი ეთნიკური, პოლიტიკური, ასაკობრივი, სქესობრივი, რელიგიური თუ ეკონომიური არაერთგვაროვნებისა, ყველანი იმ საზოგადოების წევრები ვართ, რომელშიც ვცხოვრობთ და ვიღწვით; თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ საზოგადოებამ აღიაროს ის, როგორც თავისთვის სასარგებლო წევრი; ყველას გვინდა, ადამიანურად ვცხოვრობდეთ და ჩვენს გარშემო მშვიდობა იყოს; ყველას გვსურს პატივს გვცემდნენ და ანგარიშს გვიწევდნენ; ჩვენი წვლილი შეგვქონდეს იმ საზოგადოების განვითარებაში, რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ; იმავდრულად ისიც გვინდა, რომ საზოგადოებასაც ესმოდეს ჩვენი და გვამჩნევდეს ჩვენ. სწორედ ყველა ჩვენთაგანის წყალობითაა ეს საზოგადოება ასეთი მრავალფეროვანი, არაერთგვაროვანი და ეს განსხვავებულობა შეიძლება ვაქციოთ ჩვენი თანხმობის - და არა გათიშულობის - საწინდრად, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისტორიაში.
ჟურნალისტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ პროცესში. მათ შესწევთ ძალა და აქვთ იმის საშუალება, რომ დაეხმარონ საზოგადოების თითოეულ წევრს, შეამჩნიონ და გაუგონ მას. მათ აქვთ შესაძლებლობა, დაამსხვრიონ სტერეოტიპები და ის წარმოდგენები სხვადასხვა ეთნიკურ, რასობრივ თუ რელიგიურ ჯგუფზე, რომლებიც ჩვენ საზოგადოებაშია გაბატონებული და ხელს უწყობს კონფლიქტების გაღვივებასა და სოციალურ გათიშულობას.
MDI-ის საქმიანობა ცხადყოფს, რომ ზუსტი და მიუკერძოებელი გაშუქებით მედიას შესწევს ძალა, ხელი შეუწყოს მხარეთა შორის დისკუსიების წარმართვას და განსაზღვროს მათი ინტერესთა თანხვედრის სფეროები. მას შეუძლია უკეთ წარმოაჩინოს მრავალფეროვნება, თუკი თვითგამოხატვის საშუალებას მისცემს უმცირესობის წარმომადგენლებს და ამით უფრო სრულ და ცოცხალ წარმოდგენას შეგვიქმნის შესაბამისი ჯგუფის ცხოვრებაზე. გარდა ამისა, აუდიტორია მეტ მზაობას იჩენს იმ ადამიანებთან კონტაქტის დამყარების თვალსაზრისით, რომელთა ცხოვრებაც, მათივე მსგავსად, მედიაშია ასახული. თუკი ჟურნალისტები საზოგადოების ყველა წევრს დაუთმობენ საგაზეთო ფართსა და საეთერო სივრცეს და ამით ახალ ამბებში მრავალფეროვნების ასახვას მიაღწევენ, შესაძლებლი გახდება ყველამ გაიზიაროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, უფლება-მოვალეობები და ყველას ღირსეულად მიეზღოს.
,,მრავალფეროვნების“ დაბალანსებული, სამართლიანი და ზუსტი ასახვა საშუალებას აძლევს ჟურნალისტებს, უფრო მრავალსახოვანი გახადონ და გაამდიდრონ მედია; უფრო მჭიდრო კონტაქტი დაამყარონ აუდიტორიასთან; მოიპოვონ იმათი ნდობაც, ვისაც მიაჩნდა, რომ მედია არ ასახავდა მათ ცხოვრებას და შეხედულებებს. ქვემოთ მოყვანილია სხვადასხვა მეთოდი, რომელიც MDI-მ შეიმუშავა თავის პარტნიორებთან და ფილიალებთან ერთობლივი თანამშრომლობით. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მართალია, მედიას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია მულტიკულტურალიზმის კონცეფციის რეალიზებაში, მაგრამ ის ვერ შეძლებს ამ იდეის განხორციელებას, თუკი საზოგადოება და ხელისუფლება არ გააცნობიერებენ და არ გაიზიარებენ ,,მრავალფეროვნების“ აუცილებლობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მედია მხოლოდ ისეთ გარემოში შეძლებს სოციალური ცვლილებების წარმართვას, სადაც საზოგადოებრივი აზრი კეთილგანწყობილია განსხვავებული კულტურების მიმართ.
ამჟამად ბევრს საუბრობენ უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფებისთვის სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მედიის ხელმისაწვდომობაზე. ეს ნაწილობრივ ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას. მაგრამ, მთავარია მედიის ნებისმიერ საშუალებაში, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, შეიქმნას გარემო, სადაც აქცენტი გადატანილი იქნება უკლებლივ ყველა სათვისტომოს ცხოვრების სამართლიან და დაბალანსებულ გაშუქებაზე. ასეთი მიდგომის შემთხვევაში ნებისმიერ სათვისტომოს ექნება საშუალება, იყოს წამყვანი მედია საშუალებების აქტიური თანამონაწილე და არა უბრალოდ მათი დაკვირვების ობიექტი.
ძალზედ იოლია დემოკრატიისა და მრავალფეროვნების ერთმანეთთან დაკავშირება, თუკი ვიგულისხმებთ, რომ დემოკრატია ვერ დამკვიდრდება საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების მიმართ პატივისცემის გარეშე. დემოკრატია ნიშნავს ყველა ასეთი ჯგუფის ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არა მათ გარიყვას.
,,ყველას აქვს რაღაც ცრურწმენა“
მედიის მონიტორინგი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - ძირითადი დასკვნები
1. მედიაში სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის პრობლემების გაშუქების ხარისხი დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებულ ურთიერთობებზე.
● ამ საკითხთა გაშუქება უფრო პოლიტიზირებულ და კონფლიქტურ ხასიათს იძენს, როცა ქვეყანაში არის არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, ხოლო ურთიერთობები ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულია.
● როგორც კი სიტუაცია მშვიდდება, მედია შედარებით ნაკლებ დროს უთმობს ეთნიკური განსხვავებულობის თემას და განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფთა მიმართ შეუწყნარებელი განწყობაც რბილდება.
● კონფლიქტის მოგვარების შემდეგ მედია უკვე ნაკლებ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს და ეთნიკურ პრობლემებს.
● კონფლიქტის არარსებობის პირობებში, პრესა, როგორც წესი, მეტ ყურადღებას უთმობს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს.
2. პრესაში ძირითადად ვხვდებით იმ ფართოდ გავრცელებულ და ღრმად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და ცრურწმენებს, რომლებიც განსაზღვრავენ ზოგად წარმოდგენებს უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ურთიერთობათა შესახებ. პოლიტიკური ვითარებისდა მიუხედავად, სწორედ ამ მოდელზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული, თუ როგორ აღიქმება ეთნიკური არაერთგვაროვნება შესაბამის საზოგადოებაში და როგორია მისი განწყობა ძირითად ეთნიკურ ჯგუფთა მიმართ.
● ეთნიკური მრავალფეროვნება, ზოგადად, პოლიტიკური საკითხია. ეთნიკურ განსხვავებულობას, როგორც წესი, პოლიტიკური ინტერპრეტაცია ეძლევა: იგი განიხილება როგორც საფრთხე, რომელიც ემუქრება ეროვნულ ერთიანობას, ან - როგორც შესაძლო პოლიტიკური კონფლიქტის მაპროვოცირებელი ფაქტორი.
● ეთნიკურ უმცირესობას, როგორც წესი, აღიქვამენ ერთ განურჩეველ მთლიანობად: ,,ისინი ყველანი ერთნაირები არიან“.
● თითქმის ყველა ქვეყანაში მოიძებნება ერთი ისეთი ეთნიკური ჯგუფი, რომლის მიმართაც მედია განსაკუთრებით ტენდენციურია.
3. ხშირად მთელი რეგიონის მასშტაბით მედიაში დამკვიდრებულია ისეთი სტანდარტები და ჟურნალისტური პრაქტიკა, რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობს
მრავალფეროვნებას და ნაკლებშემწყნარებლურია უმცირესობათა მიმართ (,,ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები სოციალურად ნაკლებაქტიურნი არიან და ქვეყნის ცხოვრებაში მათი როლიც უმნიშვნელოა“).
● ტაბლოიდური პრესის მიდგომა პრიმიტიულია, გაშუქება სენსაციურ და დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
● ჟურნალისტიკის არაადეკვატური სტანდარტები საშუალებას აძლევს მედიას, ეთნიკური ჯგუფები უსახო (არაპერსონიფიცირებულ) და პასიურ მასად წარმოაჩინოს. საკმაოდ ხშირად არ ხდება ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ციტირება, ეკრანზე მათი ვიზუალური ჩვენება; მათ არც იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ თავადგანმარტონ საკუთარი ქმედებები. ამის გარდა, ეთნიკურ ჯგუფთა გენდერული სტრუქტურა მრავალმხრივ დისკრიმინაციაზე მეტყველებს - ისედაც მარგინალიზებული ქალები კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას განიცდიან, თუკი ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებიან. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტიკა უფრო ყურადღებით რომ ეკიდებოდეს ეთნიკურ მრავალფეროვნებას, იგი მეტ ადგილს დაუთმობდა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყული ჯგუფების პრობლემებს.
დემოკრატია ნიშნავს საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართვას ქვეყნის ცხოვრებაში და არა მათ გარიყვას. ყველას აქვს რაღაც ცრურწმენა.
![]() |
5 საქართველო: ძალაუფლების დაბრუნება |
▲ზევით დაბრუნება |
გიგი თევზაძე
(ფრაგმენტები)
ძირითადი უმსჯელობა, რომელიც საქართველოში არსებობს
1. კარიერა და კარიერაზე მიმართულობა ცუდია. თავმდაბლობა, მცირეთი დაკმაყოფილება - მაღალი ღირებულებაა; |
ეს ცრურწმენა/დევიზი ამბობს, რომ კარიერაზე შენ არ უნდა იზრუნო. ის შენ მოგეცემა, თუკი შენ კარგად მოიქცევი. შენი კარგად ქცევა კი არის შენი საქმისადმი, შენი უფროსებისადმი ერთგულება. შენი კარგად ქცევა აუცილებლად დაფასდება. ამ ცრურწმენის ყველაზე ხშირი არეკვლა გვხვდება მთავრობის წარმომადგენელი პოლიტიკოსების დისკურსში, რომელთაც ხშირად წამოსცდებათ ხოლმე ოპოზიციის მიმართ - ,,მაგათ ხომ ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ“. ასევე, არც თუ ისე იშვიათია ამ უმსჯელო აზრის გამონათება ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც, რომლებიც ერთმანეთს ძალაუფლებისაკენ სწრაფვაში ადანაშაულებენ. ცოტა ხნის წინათ ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტის მიერ ბრალდების ტონით დასმულ შეკითხვაზე - ,,თქვენ ხელისუფლებაში ხომ არ გინდათ მოსვლა?“ - ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იბნეოდა და ხშირად წითლდებოდა.
ასეთი განწყობის მიზეზი მნიშვნელოვანწილად ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემაშია საძიებელი. სასწავლო წიგნები და ლიტერატურა სავსეა კარიერაზე ორიენტირებული უარყოფითი გმირებით და თავმდაბალი, მორცხვი დადებითი პროტაგონისტებით. ქართველი მწერლები და კინორეჟისორები, საბჭოთა პერიოდში და შემდეგაც, გატაცებით ასურათხატებდნენ ამ ბინარულ ოპოზიციას.
საბჭოთა ხელისუფლება ამ უმსჯელობის დამკვიდრებას აქტიურად უწყობდა ხელს. ამისათვის ის სოციალური კონტროლის ფარულ მექანიზმებსაც იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი კანონიერი ქურდების ინსტიტუტი იყო, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თავმდაბლობას, პოლიტიკაში ჩაურევლობას, ანტი-კარიერიზმს, ბერულ ცხოვრებას ქადაგებდა.
2. საქმის ჩუმად, ჩაძიებულად (სიყვარულით) კეთებაა საჭირო; გაკეთებულ ან გასაკეთებელ საქმეზე ყვირილი, ანუ PR-ი სირცხვილია; |
არანაკლებ გავრცელებულია ეს მეორე უმსჯელობაც, რომელიც პირველიდან გამომდინარეობს და საქმისადმი უპირობო ერთგულებას ქადაგებს. აქ ისევ წინა დებულების დამსაბუთებელი სტრუქტურაა გამეორებული: ადამიანი იმდენად უნდა იყოს თავისი მოწოდების ერთგული, ჩაფლული მასში, რომ სირცხვილია იფიქროს ანაზღაურებაზე ან თვითრეკლამაზე. ეს მას თავისით მიუვა, თუკი თავს შეაკლავს თავისი საქმის კეთებას. ყოველი საქმე არის თვითკმარი ფენომენი, რომლის ღირებულება მარადიულია და ის არ არის დამოკიდებული არც ყოველდღიურობაზე, არც ისტორიულ პირობებზე, არც ანაზღაურებაზე. ამ უმსჯელობის ანარეკლს და კვალს თანამედროვე1 საქართველოს სახელმწიფო სამსახურის გამართლების იდეოლოგიაში ვპოულობთ: ის, რომ დღევანდელ საქართველოში მინისტრის ხელფასი ოდნავ თუ აღემატება 100 აშშ დოლარს, კორუმპირებულობაში ცხადად არტიკულირებულ ბრალდებას არასოდეს წარმოშობს. არავინ კითხულობს, როგორ უნდა შესძლოს მინისტრმა, სხვა, უფრო დაბალანაზღაურებიან სახელმწიფო სამსახურზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ხელფასით არსებობა. ეს არ წარმოშობს საზოგადოებრივ წუხილს და, შესაბამისად, არ გარდაიქმნება არც ჟურნალისტურ შეკითხვად, არც ჟურნალისტურ გამოძიებად. ასეთი განწყობის საფუძველი ერთის მხრივ, მართალია, სოციალური ინდიფერენტიზმია, მაგრამ მეორესმხრივ, ამ განწყობის უკან აშკარად ჩანს თავის საქმეს შეწირული ადამიანის/ასკეტის ლანდი, რომელიც მცირედით უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ის საქმე, რომელიც მას ავალია, უნდა შეასრულოს. ასევე, ასეთი ლანდების გამოა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ფიქრობს სერიოზული პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც სახელმწიფო მოხელეების ანაზღაურებას გაზრდის. სახელმწიფო მოხელის/ასკეტის/საქმისთვის შეწირული ადამიანის სამება მკვიდრად არის დაფუძნებული მეორე უმსჯელობაზე.
რაც შეეხება საკუთარი მიღწევების შესახებ ლაპარაკს - ეს ქედმაღლობაა და სირცხვილია. ის, რაც CV-ს საფუძველშია, არ არის სწორი, იმიტომ, რომ ქედმაღლობის ნიშანია. ყველაზე კარგად სხვებმა იციან, რაც გააკეთე, და საქმენმან შენმან უნდა წარმოგაჩინოს. არა სიტყვებმა. მით უმეტეს, შენმა სიტყვებმა.
3. პოლიტიკა საშინელებაა. იგი ჩვეულებრივი ხალხის საქმე არ არის. პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიო (დაუშვებელია ვინმეს - მაგ., სტუდენტების - პოლიტიზირება); პოლიტიზაცია უარყოფითი, ლამის ეშმაკეული ცნებაა; |
ბუნებრივია, წინა ორი უმსჯელობიდან პირდაპირ გამომდინარეობს აზრი, რომ პოლიტიკა - ეს განსაკუთრებული ადამიანების საქმეა, რომელიც არც უნდა განსაჯო, არც უნდა ჩაერიო მასში. ღმერთმა დაგვიფაროს ხელისუფლებაში მოსვლის ან მისი მოპოვების სურვილისაგან. პოლიტიკას მიაღწევ, თუკი მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად იშრომებ, თავს შეაკლავ საქმეს. ბოლოს ციდან ეტლი მოგევლინება და ზეცაში აგიყვანს, სადაც ისეთივე დამსახურების ხალხში, როგორიც შენ ხარ, პოვებ ადგილს. მანამ, სანამ ეს არ მოხდება, უზნეობაა ზეცაში ასვლის სურვილი. კიდევ უფრო მეტი საშინელებაა, თუკი ვინმეს ახალგაზრდების გარევა მოუნდება პოლიტიკაში - ეს ხომ იგივეა, რომ პატარა ბავშვებს კამასუტრა უკითხო. პოლიტიკაში ჩარევა მხოლოდ გარკვეული ასაკიდანაა შესაძლებელი. ეს ასაკი კი ნამდვილად არ ემთხვევა სტუდენტობის ასაკს.
გარდა ამისა, პოლიტიკაში ჩარევა გაგსვრის. საკუთარ თავს, სულს დაგავიწყებინებს.
4. არ უნდა მიიღო მონაწილება გადაწყვეტილების მიღებაში. არ უნდა გაისვარო; არავის არ უნდა ემხრობოდე, უნდა იცავდე სამართლიანობას, ობიექტურობას; |
მაგრამ მაინც, უმაღლესი ღირებულება - არაფერში მონაწილეობაა. მთავარი საზრუნავი შენი სული და კულტურულობაა2. არ უნდა გაისვარო ყოველდღიურობაში და სიმდიდრისკენ/ცნობილობისკენ სწრაფვაში. ეს უღირსი საქციელია: ამ დროს, ბუნებრივია, შენ ივიწყებ საკუთარ თავს, საკუთარ შინაგან ბუნებას ფულზე ცვლი და ჰყიდი. უფრო მეტი საშინელებაა, თუკი გადაწყვეტილების მიღებაში იღებ მონაწილეობას და ამბობ, რომ ეს ასეა და არა სხვაგვარად. ეს ცალმხრივობა და სიბრძნის ნაკლებობაა. ჭეშმარიტება მუდამ სადღაც შუაშია, და მხოლოდ შუაში ყოფნა არის ღირსეული ადგილი3. არც ერთ მხარეს არ უნდა აღმოჩნდე. რადიკალიზმი მიუღებელია და არაფერი კარგი არ მოაქვს.
5. საკუთარი პოზიცია არასოდეს არ უნდა დააფიქსირო მკვეთრად, არაფერი არ უნდა შეაფასო, გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო; |
ხშირად ეს უმსჯელობა საქართველოში რადიკალიზმის დაგმობის სახელით არის ცნობილი. რადიკალიზმი არის უპირველეს ყოვლისა იმის განცხადება, თუ რა მოგწონს და რა არ მოგწონს. ეს კი სირცხვილია, რადგანაც შენ არ იცი (სანამ არ გაიზრდები) რა მოგწონს და რა - არა. რადიკალიზმს, ანუ პოზიციის მკვეთრ დაფიქსირებას მოაქვს უბედურება, ძმათა შორის სისხლისღვრა. ბოლოს და ბოლოს სულ არ არის საჭირო იბრძოლო, იმიტომ რომ ყველას ყველაფერი მიეზღვება ოდესმე.
ეს ხუთი უმსჯელობა ტრადიციული ქრისტიანული რწმენის, მათ შორის მართლმადიდებლობის, ინტერპრეტაციას წარმოადგენს. შუა საუკუნეების ევროპაში ეს ინტერპრეტაცია წარმატებით გამოიყენებოდა საზოგადოების კონტროლისათვის და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების და იდეოლოგიის საშუალებით საზოგადოებრივი ცნობიერების ქვაკუთხედად იყო ქცეული.
ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში კათოლიკურ რელიგიას დიდი გავლენა ჰქონდა და ისიც წარმატებით იყენებდა ამ გავლენას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. რომის პოლიტიკური ინტერესები ძირითადად პატარა სახელმწიფოების წინააღმდეგ იყო მიმართული. გერმანიის სამთავროებში რეფორმაციის მხარდაჭერის საფუძველი სწორედ პოლიტიკური ინტერესების ჭიდილი გახდა: ბიბლიის სხვაგვარი წაკითხვის და ზემოთ მოყვანილი ხუთი უმსჯელობის წინააღმდეგ მებრძოლმა ლუთერმა მხოლოდ იმიტომ მოიპოვა პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ მისი - რელიგიური რეფორმის ლიდერის - და პოლიტიკური სუბიექტების ინტერესები ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს ინტერესები კი მოკლედ შეიძლება ერთი ფრაზით გამოვხატოთ: ავტონომიურობისკენ სწრაფვა და გარე გავლენისაგან შიდა პოლიტიკის მაქსიმალური განთავისუფლება.
ისტორიკოსები, სოციოლოგები და კულტურის თეორეტიკოსები ამ პოლიტიკური ფაქტიდან გამომდინარე შედეგებს სხვადასხვანაირად აღწერენ. მე არ დავიწყებ კამათს, პროტესტანტული ეთიკა თუ რომის გავლენისაგან პოლიტიკური გათავისუფლება გახდა ახალი დროის4 საფუძველი, მაგრამ ფაქტია, რომ ამის შემდეგ ტრადიციული ინტერპრეტაციის პოლიტიკური გამოყენება, რომელიც პასიურობისაკენ, უმოქმედობისაკენ და საერო მმართველებისადმი უპირობო მორჩილებისკენ მოუწოდებდა, სოციალურ ცხოვრებაში გამოირიცხა.
რა თქმა უნდა, ახალი ინტერპრეტაცია, რომელიც ახალ ევროპას დაედო საფუძვლად, არ მოუწოდებდა ქედმაღლობისაკენ, ამპარტავნობისაკენ და რადიკალიზმისაკენ. ის უბრალოდ საკუთარი ქმედების რეალური შეფასების, მიზნის დასახვის და მიღწევის, სოციალურ ცხოვრებაში პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილების მიღების და არჩევანის მნიშვნელობის/გარდაუვალობის დებულებებს ამკვიდრებდა ძველი უმსჯელობების ნაცვლად.
საქართველოს სოციალურ სივრცეში უმსჯელობები, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ, ისევე, როგორც ევროპის შუა საუკუნეებში, მყარადაა ფესვგადგმული. ისევ და ისევ, თუ ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებ ორ პოლიტიკურ პროგრამას დავუბრუნდებით, ამ ხუთ უმსჯელობას ემყარება პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მე მოვალ და ცხოვრებას
გაგიუმჯობესებთ. განსხვავებით მეორე პროგრამისაგან, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი ჩვენი სოციალური სივრცის მოსახლეთა უმეტესობა ხუთ უმსჯელობას შეუპყრია, გამარჯვების მოსურნე პოლიტიკოსმა, იმანაც კი, რომელიც მთლიანად მეორე, შუა საუკუნეებიდან გამოსვლის პროექტის მომხრეა, თავის დისკურსში ბლომად უნდა გაურიოს ,,ქანქარისთვის“5 დამახასიათებელი ელემენტები.
შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ, რომ წინასაარჩევნო სიტყვებში და დაპირებებში ამ ორ პროგრამას ცხადად ამოვიცნობთ და მარტივად დავადგებით შუა საუკუნეებიდან გამოსასვლელ გზას.
გამოსავალი ისევ გადაწყვეტილების მიღებაშია, რომელიც უკვე თავისთავად ეწინააღმდეგება ჩვენში არსებულ უმსჯელობებს და ცრურწმენებს, და მცდარი არჩევნის შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება შუა საუკუნეებიდან თავის დასაღწევად.
ალექსის დე ტოკვილის წინააღმდეგ
დემოკრატიულობის თანამედროვე საზომი პრინციპულად იგივეა, რაც 150 წლის წინათ იყო და მის უცვლელ წყაროს ალექსის დე ტოკვილის ,,დემოკრატია ამერიკაში“ წარმოადგენს. ბუნებრივია, ამდენი ხნის განმავლობაში კრიტერიუმების უცვლელობა ეჭვს უნდა იწვევდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღემდე პოლიტიკური მეცნიერება ტოკვილის შემუშავებული სტრუქტურით ხელმძღვანელობს.
როგორც ცნობილია, ტოკვილისათვის, მის მიერ საფრანგეთში დაკავებული თანამდებობის გამო, ამერიკული დემოკრატიის შეფასების საბაბიც და ემპირიული ამოსავალიც პენიტენციალური სისტემა იყო, უფრო ზუსტად კი ციხეები, რომელთა შესწავლაც მისი და მისი მეგობარი ბომონის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების ოფიციალური საბაბი შეიქნა. შესაბამისად, იურიდიულ სისტემას მის წიგნში ,,დემოკრატია ამერიკაში“ გადამწყვეტი ადგილი უჭირავს: პირველი წიგნი მთლიანად ეძღვნება ქვეყნის ფედერალურ მოწყობას და სასამართლო სისტემას. მეორე ნაწილი საზოგადოების სტრუქტურის აღწერაა. მეორე წიგნის საგანია დემოკრატიის გავლენა ყოველი ამერიკელის ცხოვრებაზე, დემოკრატიის გავლენა ინტელექტუალურ ცხოვრებაზე, ამერიკელების გრძნობებზე, ჩვევებზე, პოლიტიკურ საზოგადოებაზე.
თანამედროვე პოლიტიკური თეორია ამ, ტოკვილის მიერ დასახულ, პარადიგმას არ გასცილებია: XX საუკუნეში დემოკრატიის და ეკონომიკური სისტემების ურთიერთობის განხილვაც არ მიდის შორს ტოკვილისაგან (თავი: ,,როგორ აძვირებენ მიწის რენტას და ამცირებენ მიწის რენტის ვადებს დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩვევები“ და სხვა).
ანუ თანამედროვე პოლიტიკური თეორია, დემოკრატიის აღწერისას, შეფასებისას და დაგეგმვისასაც კი, ისევ ტოკვილის მიერ შემუშავებული პარადიგმით ხელმძღვანელობს.
რა თქმა უნდა, ტოკვილი წერს განათლების შესახებ. მეტიც, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო განათლებას (როგორც ჩვენ მას დღეს ვუწოდებთ) და დიდი სიმპატიით ლაპარაკობს ამერიკელების უნარზე, თავისუფლად და ნათლად ილაპარაკონ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციურ საფუძვლებზე, საკუთარ უფლებებზე, მათი სისტემის უპირატესობაზე, ამერიკელებისათვის დამახასიათებელ აზრის შემუშავებისა და გამოთქმის წესებზე6. მაგრამ ის გადამწყვეტ მნიშვნელობას განათლების შინაარსს ანიჭებს, როგორც თანამედროვე პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენელთა უმეტესობა, და არაფერს ამბობს განათლების ორგანიზაციის შესახებ.
თუმცა, იმპლიციტურად, რა თქმა უნდა, როდესაც ის თვითმმართველობაზე ლაპარაკობს, იგულისხმება, რომ განათლების ორგანიზაციაშიც თვითმმართველობის ხარისხი მაღალი უნდა იყოს. მაგრამ ეს თემა (განათლების თვითმმართველობა) წიგნში ,,დემოკრატია ამერიკაში“ სრულიად არ არის თემატიზებული.
ასევე, იმდენად, რამდენადაც ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სივრცის ცნება ტოკვილის დროს საერთოდ არ არსებობდა, უბრალოდ, საინფორმაციო ელექტრონული საშუალებების არარსებობის გამო, ტოკვილი არაფერს ამბობს საინფორმაციო საშუალებების ფლობის და განაწილების დემოკრატიული პრინციპების აუცილებლობაზე.
ეს არც არის გასაკვირი: XX საუკუნემდე დემოკრატიის და, საერთოდ, დემოკრატიული მმართველობის პრობლემა იყო ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელთაც უნდა შეექმნათ საყოველთაო ჩართულობის უზრუნველმყოფი მართვის ინსტიტუტი. იმ დროს ეკლესიის გარდა არ არსებობდა არც ერთი სოციალური და ადმინისტრაციული ერთეული, რომელშიც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა როგორც ტრადიციის ძალით, ასევე იძულებით იქნებოდა ჩართული. შესაბამისად, შუა საუკუნეების სისტემებიდან თანამედროვეობაზე გადასვლის დასახული პოლიტიკური ამოცანა ეკლესიის ტრადიციული შინაარსის შეცვლის გარდა, მართვის ისეთი სისტემის შემოღება იყო, რომელიც ყოველი მოქალაქის პირდაპირ მონაწილეობას უზრუნველყოფდა. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა ეკლესიისთვის ტრადიციული ეთიკური ნორმების ძირითადი ინტერპრეტაციების შეცვლით. რამაც, თავის მხრივ, ისეთი რელიგიების პოპულარობას შეუწყო ხელი, რომლებიც აზრის გამოხატვის შეზღუდვებისაგან მაქსიმალურად თავისუფალნი იყვნენ. მეორე მხრივ, ისეთი რელიგიები, რომლებსაც შინაგანად ასეთი გადემოკრატიულობა არ შეეძლოთ, მაქსიმალურად ღია გახდნენ გარე სამყაროსადმი (მაგ., კათოლიციზმი, ანგლიკანური ეკლესია). შესაბამისად, ეკლესიები ასე თუ ისე გადემოკრატიულდნენ, მათი გავლენა და ძალაუფლება დემოკრატიის სამსახურში ჩადგა. ეკლესიის პრობლემა მოიხსნა, რელიგია და რელიგიური განწყობები სამართლიანად იქცნენ ქვეყნის და დემოკრატიულობის კრიტერიუმად. ესეც სწორედ ტოკვილის დამსახურებაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილები მიუძღვნა ეკლესიის და რელიგიების როლს დემოკრატიული საზოგადოების აღწერისას. დღესაც საერთაშორისო ორგანიზაციების ფოკუსირების ერთერთ პუნქტად (სრულიად სამართლიანად) აღმსარებლობის თავისუფლებაა მიჩნეული.
ეკლესიები ასე თუ ისე გადემოკრატიულდნენ, მათი გავლენა და ძალაუფლება დემოკრატიის სამსახურში ჩადგა. ეკლესიის პრობლემა მოიხსნა, რელიგია და რელიგიური განწყობები სამართლიანად იქცნენ ქვეყნის და დემოკრატიულობის კრიტერიუმად.
მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენს სამყაროში ვითარება შეიცვალა: გაჩნდა რამდენიმე ინსტიტუტი, რომელმაც მთლიანად და მაქსიმალურად, როგორც ჩანს, ისევე, როგორც ადრე ეკლესიამ, მოიცვა ქვეყნის მოსახლეობა. ზოგადი განათლების უნივერსალურობის პრინციპმა უნიტარულ სახელმწიფოებში დაიწყო ჩამოყალიბება და მიზანი, როგორც წესი, იდეოლოგიის გავრცელება და ბიუროკრატიული აპარატის უზრუნველყოფა იყო. დამატებითმა ფაქტორებმა, როგორიცაა, მაგალითად, ნაციონალიზმი და საბაზრო ეკონომიკა, ზოგად განათლებაზე მოთხოვნილება საყოველთაო და აუცილებელი გახადა. ზოგადი განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობის საფუძველი დემოკრატიული ტიპის მოთხოვნაა, რომ ყველამ იცოდეს ის, რის გარეშეც მას გაუჭირდება თანამედროვე სამყაროში ცხოვრება. მეორე მხრივ, ზოგადი განათლების სისტემა, როგორც საყოველთაო ინსტიტუტი, საკმაოდ ერთმმართველურ ანდა თვითმმართველობამოკლებულ სახელმწიფოებში გაჩნდა. შესაბამისად, თითქოსდა თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ზოგადი განათლების მმართველობა ცენტრალიზებული ან ცენტრალიზებულთან მიახლოებული უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი განათლების დაბადებიდან ყურადღება მის შინაარსს ექცეოდა და არა მის მოწყობას7. ანუ ის, რომ საკმაოდ ძნელია ასწავლო დემოკრატიულობის და პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები სისტემაში, რომელიც ერთმმართველობას და პასუხისმგებლობების ურთიერთმიწერას ემყარება, ჯერაც არ არის სოციალურად და ამიტომ ინტელექტუალურად ცხადი იდეა. თუმცა, ეს წინააღმდეგობა ემპირიულ დონეზე გაცნობიერებულია და განათლების იმ სისტემებში, სადაც თვითმმართველობის პრინციპები არ არსებობს, ან არასრულადაა განხორციელებული, ნეგატიური პასუხიმგებლობის მექანიზმებია დანერგილი8.
დაახლოებით ასევეა საქმე კომუნიკაციების სფეროში: აბსოლუტურად დემოკრატიული მექანიზმის - ინტერნეტის განვითარება - მალე საშუალებას მისცემს ამ ქსელში ჩართულ ყოველ ადამიანს თვითონ შეადგინოს მისთვის სასურველი TV პროგრამა და შემდეგ ცვალოს, როგორც უნდა. მაგრამ მანამ, სანამ ეს შესაძლებელი გახდება, საზოგადოებები შეზღუდული რესურსებით - სატელევიზიო სიხშირეებით - არიან გაერთიანებულები. რაც არ უნდა იზრუნოს ცალკე საზოგადოებრივ აქტივისტთა, ხოლო ცალკე კანონმდებელთა კორპუსებმა, ტელევიზიის პროგრამები მხოლოდ მაშინ გახდება ,,საზოგადოებრივად სასარგებლო“ ბიზნესი, როდესაც როგორც შეზღუდული რესურსების (სიხშირეების) განაწილების, ასევე ტელევიზიების მმართველობების სისტემები დემოკრატიულ, ღია, გამჭვირვალე პრინციპებზე იქნება აგებული9. რა თქმა უნდა, ზემოთქმული გულისხმობს სახელმწიფო ტელევიზიების გაქრობას და მათი საზოგადოებრივი ტელევიზიებით ჩანაცვლებას.
ის, რომ საკმაოდ ძნელია ასწავლო დემოკრატიულობის და პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები სისტემაში, რომელიც ერთმმართველობას და პასუხისმგებლობების ურთიერთმიწერას ემყარება, ჯერაც არ არის სოციალურად და ამიტომ ინტელექტუალურად ცხადი იდეა. თუმცა, ეს წინააღმდეგობა ემპირიულ დონეზე გაცნობიერებულია და განათლების იმ სისტემებში, სადაც თვითმმართველობის პრინციპები არ არსებობს, ან არასრულადაა განხორციელებული, ნეგატიური პასუხიმგებლობის მექანიზმებია დანერგილი.
მაგრამ, მიუხედავად ზემოთქმულისა, ყოველი კონკრეტული ეკლესია, ეკონომიკა და ტელევიზიაც შინაგანად ვერტიკალური სტრუქტურებია. ანუ მოთხოვნა, რომ ისინი შინაგანად დემოკრატიულნი გახდნენ საკმაოდ გულუბრყვილოა, არასამართლიანია და ხანდახან - დამღუპველი. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი ტოტალიტარულ სისტემებში საბაზროს მიმსგავსებული ეკონომიკა, ოღონდ ცოტა ხნით. თუმცა ეს ცოტა ხანი შეიძლება არა ერთი და ორი თაობის სიცოცხლეს უდრიდეს.
ეკლესიების, ეკონომიკების და ტელევიზიების შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში მარკეტინგი, რომელიც მომხმარებლის აზრის გათვალისწინებას გულისხმობს (ტელევიზია - მაყურებლის, ეკლესია - მრევლის), და დემოკრატია, რომელიც აიძულებს სისტემას იმართოს არჩევნების და გამჭვირვალობის საშუალებით. ეს განსხვავება ჩანს გადაწყვეტილების მიღების წესის შემოწმებისას: ეპისკოპოსის ან ბიზნესმენის მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ეფუძნებოდეს ან არ ეფუძნებოდეს უმრავლესობის მოსაზრებას (მარკეტინგულ გამოკვლევას), ხოლო არჩევნების შედეგები უპირობოა და მათი დარღვევა მმართელობითი სისტემის დარღვევას იწვევს.
ამიტომაც დემოკრატია თანამედროვე სამყაროში ქვეყნის კონკრეტულ ინსტიტუტებში იდეოლოგიის, ფუნდამენტალიზმის და ოლიგარქობის არსებობის გაზომვით უნდა დადგინდეს, მით უმეტეს, რომ სამივე ეს ფაქტორი ადვილად და ლამის მათემატიკური სიზუსტით არის გაზომვადი, თუნდაც მხოლოდ კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტების ანალიზით.
________________________
1. საქართველოსთან მიმართებაში ამ სიტყვის გამოყენება ამ წიგნში თანდათან სულ უფრო და უფრო უხერხული ხდება.
2. რაც, საქართველოს შემთხვევაში, ეკლესიასთან და ,,ქართულ რწმენასთან“ იგივდება.
3. ასეთი ცნობიერებისათვის იდეალურ ვითარებად ქანქარაში - შუა საუკუნეების/დემოკრატიის სიმულაცია - მოხვედრა მოჩანს.
4. მათ შორის, აშშ-ს საფუძველი, რომელიც პროტესტანტებმა ააშენეს.
5 პოზიცია, რომელიც ,,შუა საუკუნეები/დემოკრატიის სიმულაციებს“ შორის მუდმივი ქანქარისკენაა მიმართული.
6. იხ. თავები: წიგნი I, ნაწილი II: ,,როგორ ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ამერიკელების განმანათლებლობა, ჩვევები და პრაქტიკული გამოცდილება“; წიგნი II ნაწილი III: ,,შეერთებულ შტატებში გოგონების აღზრდის შესახებ“.
7. სოციალურ სტრუქტურებში შინაარსის და ფორმის შესაბამისობა საკმაოდ ახალი იდეაა და მასზე ყურადღების გამახვილება ძირითადად ფრანკფურტის სკოლის დამსახურებაა. ეს იდეა ჯერ კიდევ ელოდება შესაბამის დამუშავებას.
8. ანუ მოსწავლეს და მშობლებს უფლება აქვთ, უარი თქვან გარკვეულ გაკვეთილებზე დასწრებაზე. ასევე, უფლება აქვთ, უშუალოდ მიმართონ პოლიტიკოსებს საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით.
9. საქართველოსთვის სატელევიზიო სიხშირეების გადანაწილების სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლების სისტემის შეცვლა: შეუძლებელია იმას, რაც თავისი შინაარსით ტოტალიტარულია და ერთპიროვნულ მმართველობაზეა დამყარებული, ლიბერალური დისკურსით მეტყველება მოსთხოვო. შესაბამისად, სოციალური და პოლიტიკური გარემო ისე უნდა მოეწყოს, რომ, მაგალითად, უნდა გამოირიცხოს იდეოლოგიის პროპაგანდა ტელევიზიით (წინაამღდეგ შემთხვევაში მისი მაყურებლის რაოდენობა შემცირდება, მას შეუმცირდება შემოსავალი და საბოლოოდ დაიხურება), მონოპოლისტობა ეკონომიკურ სისტემაში (არ უნდა იყოს ისეთი ვითარება, რომელიც უფლებას მისცემს მეწარმეს, მხოლოდ საკუთარი სურვილ ით დაადგინოსფასები და ამით მოგება მიიღოს) და ფუნდამენტალიზმი ეკლესიების და რელიგიების მხრივ (არავის უნდა მიეცეს საშუალება, სხვა რელიგიების და აღმსარებლობების ჩაგვრით ან ადამიანებზე ძალდატანებით გაზარდოს საკუთარი გავლენა და მრევლი).
![]() |
6 ძალადობა ხელისუფლების სახელით |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტითა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით აღიარებული უფლებები საქართველოში წინასაარჩევნოდ არაერთხელ შეილახა. საქმე ეხება ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც გამოხატვისა დაშეკრებების თავისუფლებაა.
ქვემოთ მოყვანილია მცირედი ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რასაც წინა საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ჰქონდა ადგილი:
● მაისში ზუგდიდში დაარბიეს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა დემონსტრაცია, რომელზეც რეგიონში სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის ვიზიტს აპროტესტებდნენ.
● 27 მაისს სამთავრობო ბლოკის კანდიდატის, გიორგი კანდელაკის მომხრეებმა გორში დაარბიეს ნაციონალური მოძრაობის დემონსტრაცია.
● 4 ივნისს სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მათი მომხრეები შეეცადნენ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის ვანში ამომრჩეველთან შეხვედრის ჩაშლას. თავდამსხმელები ადგილობრივი პოლიციის ხელშეწყობით სარგებლობდნენ.
● 18 აგვისტოს ზუგდიდის ხელისუფლება შეეცადა, დაებლოკა ქალაქში გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელთა შესვლა.
● 5 აგვისტოს ლეიბორისტული პარტიის ოფისის წინ მონარქისტული პარტიის დემონსტრაცია ლეიბორისტთა დარბევაში გადაიზარდა, რომლის დროსაც არა ერთმა ადამიანმა მიიღო დაზიანება. პოლიციამ არ აღკვეთა ეს ძალადობა.
● 30 აგვისტოს ხონში მცხოვრებმა როინ გაბედავამ თავისი სახლის წინ გამოკიდა ბურჯანაძე-დემოკრატების საარჩევნო პლაკატი, რის შემდეგაც მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ. მცირედი გასაუბრების შემდეგ მათ გაბედავა სცემეს და დანით დაჭრეს.
● 26 სექტემბერს პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობა, არ შეეშვათ ბოლნისში ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, შეტაკებაში გადაიზარდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეჯახების შედეგად არა ერთი ადამიანი დაზარალდა ორივე მხრიდან. ბოლნისის გამგებელმა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ ისეთი დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენა, რომელიც მის ეროვნებას უკავშირდება.
● 23 ოქტომბერს, ბათუმში, აჭარის უზენაესი საბჭოს წინ აჭარის ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია ნაციონალური მოძრაობის დემონსტრაცია და ცემა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რის შედეგადაც მათ სერიოზული დაზიანებები მიიღეს. 24 ოქტომბერს ჩოლოქის ე.წ. ,,გამშვებ პუნქტზე“ მანქანიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემეს ბათუმში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი დავით ბერძენიშვილი, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია
მუხლი 10 - გამოხატვის თავისუფლება
1. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი არ შეუშლის ხელს სახელმწიფოებს, მოითხოვონ რადიომაუწყებლობის, ტელევიზიის ან კინოწარმოების ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, ჯანმრთელობისა და მორალის, სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვისთვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ან სასამართლოს ხელისუფლებისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის.
მუხლი 11 - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრებებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლებაზე, რაც მოიცავს ადამიანის უფლებას შექმნას და გაერთიანდეს პროფკავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.
2. შეზღუდვები არ დაწესდება ამ უფლებათა განხორციელებაზე იმათ გარდა, რაც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, დანაშაულისა და უწესრიგობის აღკვეთისათვის, ჯანმრთელობისა და მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის. ეს მუხლი არ შეუშლის ხელს შეიარაღებული ძალების, პოლიციის და სახელმწიფო ადმინისტრაციის წევრების მიერ ამ უფლებების განხორციელებაზე კანონიერი შეზღუდვების დაწესებას.