![]() |
თავისუფლება N 11 (23), ნოემბერი, 2003 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: პაიჭაძე დავით, ტორო ჰენრი დევიდ, კოტეტიშვილი ირაკლი, აბრამსონი ჯეფრი, პაპუაშვილი ნუგზარ, ბაქრაძე ლაშა, ბუღაძე ლაშა, ხაინდრავა გოგა, ტურაშვილი დათო, გულედანი აჩიკო , სამადაშვილი ზაალ , მაღრაძე დათო , შენგელაია ნიკუშა, ხერხეულიძე მამუკა, ბაბუნაშვილი ვახო, ჩარკვიანი ირაკლი, ლიპარტელიანი გვანცა |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: ტატო კოტეტიშვილის ფოტო თბილისი. 2003 წლის ნოემბერი ყველა უფლება დაცულია WWW.LIBERTY.GE თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 ტორო ანუ სამოქალაქო კორიდა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
დავით პაიჭაძე
ხარს ვგევარ ნაიალაღარს.
ვაჟა-ფშაველა
უკვე შევთანხმდით, რომ ქართულ რევოლუციას ანალოგი არა აქვს არც თანამედროვე მსოფლიოში და არც, მით უმეტეს, საქართველოს ისტორიაში. ფიქრი და სჯა იმაზე, რაც საქართველოში 3-დან 23 ნოემბრამდე მოხდა, წინ არის. ჯერ არ გაგვიცნობიერებია, საიდან გამოვიხმეთ ქართული რევოლუციის სულები, სად იყო დაფარული ცოდნა, უხილავი საფუძველი, რომელიც რევოლუციის განხორციელებისას გამოვიყენეთ. მაგრამ ასეთი სიტყვებით - სულები, უხილავი, დაფარული ცოდნა და სხვა - ოპერირება ნიშნავს, რომ ქართულ რევოლუციას ირაციონალური მოტივები, გონებისათვის უწვდომელი დემონები წარმართავდნენ. არადა, მთელი ეს სამკვირიანი ისტორია სწორედ რომ გონების, რაციონალური საწყისის, თანმიმდევრულობის, ანგარიშისა და დრამატურგიის კანონების ტრიუმფით დასრულდა.
ჩვენ 13 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შევეცადეთ, გაგვესტუმრებინა კომუნიზმი საქართველოდან და აღმოჩნდა, რომ შევძელით, დაუსრულებლად არ გვეღეჭა ერთი და იგივე ლუკმა. ჩვენ დავივიწყეთ დამარცხებული ნაციონალიზმის რიტორიკა, აღარ გვეყურებოდა ყავლგასული [პოსტ]კომუნისტური მეტყველებაც. ამ პირობებში ერთადერთი გასაგები ენა აღმოჩნდა დასავლური პოლიტიკის ენა, საკომუნიკაციო ნიშანთა ის სისტემა, რომელსაც დასავლელი პოლიტიკოსები იყენებენ. სწორედ ამ ენაზე ლაპარაკობდნენ ადამიანები, რომელთაც სწამდათ და სხვებსაც არწმუნებდნენ, რომ კომუნიზმსა და პოსტკომუნისტურ ერაში ცხოვრებამ მოსახლეობას ვერ წაართვა საკუთარი ძალების რწმენა.
ამ ენას რამდენიმე საკვანძო სიტყვა თუ ტერმინი აქვს: კონსტიტუცია, კანონის უზენაესობა, პიროვნება და პიროვნული ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ხალხის ნება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, სამართლიანობა... კიდევ ბევრი, მაგრამ ახლა შევჩერდეთ ერთ ცნებაზე, რომელსაც კარგა ხანია ვიცნობთ, მაგრამ სულ ახლახანს გავიგეთ ადეკვატურად.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობა საქართველოში აქამდე ერთხელ თითქოს სცადეს, მაგრამ ძნელად გაიხსენებ, რა მოჰყვა ამას კონკრეტულად. ჯერ ერთი, გასული საუკუნის 80-90-ანი წლების მიჯნაზე სიტყვა ,,სამოქალაქო“ მხოლოდ ,,სამხედროს“ ანტონიმი იყო და რომელიმე არსებით სახელზე მისი დართვა ცნებას ახალ შინაარსს ვერ მიანიჭებდა. ამიტომაც, მაშინდელი ლიდერები ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე ლაპარაკობდნენ. პირველი (და, ალბათ, უკანასკნელი) ასოციაცია, რასაც ეროვნული დაუმორჩილებლობის ხსენება იწვევს, სამტრედიის სარკინიგზო კვანძის გადაკეტვაა. ვერც ზვიად გამსახურდიამ და ვერც, მით უმეტეს, ირაკლი წერეთელმა იმპერიის წინააღმდეგ ეროვნული დაუმორჩილებლობის რეალიზება ვერ მოახერხეს. დიდწილად იმიტომაც, რომ ცხადად ვერავის გააგებინეს, რა აზრი და მიზანი ჰქონდა ამ ცნებას.
დაუმორჩილებლობა ქართულმა საზოგადოებამ მთელი სისავსით ახლაღა გამოხატა: ახლა, როცა მას უთხრეს, რას ნიშნავს სამოქალაქო (და არა ეროვნული) დაუმორჩილებლობა; ახლა, როცა საზოგადოების ცნობიერებაში ცნება სამოქალაქო გასცდა რუსული ,,гражданский”-ს სემანტიკურ ველს და ინგლისური ,,ცივილ“-ის მნიშვნელობაც შეითავსა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობას საქართველოში არ დაუფრთხია ჩვენში მოსახლე ეთნიკური უმცირესობები, რადგან ნათელი იყო: ეს არ გახლდათ მხოლოდ ქართველების დაუმორჩილებლობა. ყველა, ვინც ამ დღეებში დაუმორჩილებლობაზე ლაპარაკობდა, ბუნებრივად არ ახსენებდა ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა ეროვნული, სატიტულო, ავტოქტონური და ა.შ. ადამიანებს მოუწოდებდნენ საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ და ყოველი მოწოდებისას ახალი კონკრეტული შინაარსით ამდიდრებდნენ ამ ცნებას.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კონცეფცია მე-19 საუკუნის შუახანებში ჩამოაყალიბა ამერიკელმა მოაზროვნემ ჰენრი დევიდ ტორომ. ნაწყვეტები მისი ცნობილი ესედან ,,სამოქალაქო მმართველობის წინააღმდეგ ანუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ წინამდებარე ჟურნალის წლევანდელ ნომრებში ქვეყნდებოდა. მე არ ვიცი, რამდენმა ადამიანმა წაიკითხა ეს პუბლიკაცია, მაგრამ ფაქტია: ტოროს 160 წლის წინანდელ ნაწერში პოულობ სიტყვებს, რომელიც პირდაპირ ქართული რევოლუციის აღსაძვრელ, მისი მამოძრავებელი ძალების გამომწვევ შელოცვად გაისმის. საქართველოში 70 წლის მანძილზე ცრუმეცნიერებისა და ცრურელიგიის, მარქსიზმ-ლენინიზმის სახელით კომუნიზმის ძალადობრივ და, როგორც გაირკვა, მარცხიან ექსპერიმენტს ატარებდნენ. 2003 წლის ნოემბერში კი სამ კვირაში გაიმარჯვა პრაქტიკამ, რომლის თეორიაც სულ ოციოდ გვერდზე ეტევა. ქვემოთ ჩვენ მოვიხმობთ რამდენიმე ამონარიდს ჰენრი დევიდ ტოროს ესედან იმის დასტურად, თუ როგორ მუშაობს და რას უნდა დაეფუძნოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.
მაგრამ მანამდე გავიხსენოთ, როგორ გვთავაზობდა საკუთარ თავს ხელისუფლება. სამოქალაქო ომის დასრულება, კონსტიტუციის მიღება, ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება, შეიარაღებულთა თარეშის აღკვეთა, ნავთობსადენის პროექტის წამოწყება - ამ და კიდევ სხვა ყველაფერს გამუდმებით შეგვახსენებდნენ, ვითარცა მოქმედი ხელისუფლებისა და პირადად უმაღლესი ხელისუფალის გაუხუნარ მიღწევას. ჩვენ ვხედავდით, თუმცაღა ვდუმდით, როცა მიღწევას ახლდა პოლიტიკური კორუფცია, ჩრდილოვანი ბიზნესი, პოლიციის ძალადობა, ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევა და ხელისუფლების გულგრილობა ამ მოვლენებისადმი. როგორც ტორო იტყვის,
,,მმართველობის სხვადასხვა ფორმა თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რაოდენი წარმატებით შეიძლება ხალხის მოტყუება და მეტიც, თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე როგორი წარმატებით იტყუებს ხალხი თავს.”
თავის მოტყუება, ფარისევლობა, შემგუებლობა, უმრავლესობის ჩუმი დასტური, სამოქალაქო სექტორისა და ნაწილობრივ თავისუფალი მედიის თითქოსდა ამაო გარჯა, ოფიციალური და ოფიციოზური არხებისა და გაზეთების მოუღლელი პროპაგანდა - ეს იყო ფონი, რომელზედაც ჩვენ ტოროსებრ ვფიქრობდით:
,,საკითხს ზერელედ თუ შევხედავთ, ეს კონსტიტუცია, მთელი თავისი ხარვეზებით, არც ისე ცუდია, კანონები და სასამართლოებიც ღირსეული გვაქვს; ეს შტატი და ამერიკის ეს მთავრობაც კი, მრავალი თვალსაზრისით, მხოლოდ აღტაცებას იმსახურებენ და, როგორც არაერთხელ აღუნიშნავთ, მათი დიდად მადლიერნი უნდა ვიყოთ, მაგრამ მდგომარეობას პრინციპულად თუ შევაფასებთ, ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ ესენი თუნდაც იმის ღირსნი იყვნენ, რომ ვინმემ სერიოზულად იმსჯელოს და იფიქროს მათზე?”
ჭეშმარიტების მომენტი, ანუ ზერელე თვალსაზრისზე უარის თქმისა და პრინციპული შეფასების დრო ამა წლის ნოემბერში დადგა. ბათილი საპარლამენტო არჩევნების დღიდან გიორგობის ჩათვლით ქართული საზოგადოება უსისხლოდ ეომებოდა მისსავე ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკური წინაპარი ათწლეულების მანძილზე ხალხში მორჩილებას ამკვიდრებდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის უმეტეს ნაწილში ხელისუფლებამ სასურველი შედეგიც მიიღო: ხალხმა თითქმის დაკარგა გადაწყვეტილების მიღებისა და დაცვის უნარი, დღესაც ბრძანებულებათა მოლოდინით ცხოვრობს, ვერ ახერხებს საკუთარი ბედის განსაზღვრას და ძლიერ ხელს ან ნატრობს, ან უკვე ემორჩილება. საქართველოს ხელისუფლებასაც, როგორც ჩანს, სწორედ ხალხის მორჩილება ეიმედებოდა. მან მორჩილებად აღიქვა წინა ორი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან შეგუება და ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა 2002 წლის 2 ივნისი თბილისში - ადგილობრივი არჩევნების დღე. 2 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებამ ღიად მოითხოვა მორჩილება ხალხისაგან, როცა წარბშეუხრელად აქვეყნებდა არჩევნების შედეგთა ,,საკანცელარიო“ ვერსიას და მთელ საქართველოს აშინებდა მისი ყველაზე ავტორიტარული რეგიონის ,,წესრიგით“. ხელისუფლება ცდილობდა კანონზე აპელირებას და, ამდენად, მორჩილების ლეგიტიმაციას. მაგრამ საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს, მათ შორის იმ სამხედრო პირებს, რომელთაც იარაღი, ფარები და ხელკეტები მიწაზე დაალაგეს და განზე გადგნენ, თითქოს წაკითხული, გააზრებული და გათავისებული ჰქონდათ ჰენრი დევიდ ტოროს ეს სიტყვები:
,,თუკი საქმე სამართლიანობას ეხება, არ ღირს კანონმორჩილება ჩავუნერგოთ ადამიანს. ერთადერთი ვალდებულება, რომლის აღების უფლებაც მაქვს, არის ვალდებულება, ყოველთვის ვაკეთო ის, რაც სამართლიანად მიმაჩნია. პრინციპული ქმედება, სამართლიანობის გაცნობიერება და მისი აღსრულება არსებითად ცვლის გარემოს და ურთიერთობებს; ის რევოლუციურია თავისი ბუნებით და ვერ შეეთავსება ყველაფერ იმას, რაც იქამდე ყოფილა. არ ცდებიან, როცა ამბობენ, რომ საზოგადოებას არ აქვს სინდისი. მაგრამ შეგნებული ადამიანების საზოგადოებას აქვს ცნობიერება. კანონის მოქმედება ვერ აიძულებს ადამიანს იყოს უფრო სამართლიანი; ამავე დროს, კანონმორჩილება ადამიანთა შორის საუკეთესოებსაც კი უსამართლობის იარაღად აქცევს. სწორედ მეტისმეტი კანონმორჩილების ბუნებრივი შედეგია ჯარისკაცების, პოლკოვნიკების, კაპიტნების, კაპრალებისა და რიგითების მწყობრი კოლონები, რომლებსაც სად აღარ აგზავნიან საომრად, ისე, რომ სულაც არ ადარდებთ მათი ნება, საღი აზრი თუ სინდისის ქენჯნა.”
ერთი სული მაქვს, ტოროს მორიგი ციტატა შეგახსენოთ, რომელიც, უნებლიეთ, იმ გმირული და დრამატული სამი კვირის ლაიტმოტივი იყო:
,,ყველა აღიარებს რევოლუციის შესაძლებლობას; ანუ იმ მთავრობის მიმართ არალოიალურობისა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რომლის ტირანიაცა და უუნარობაც უსაზღვრო და აუტანელია.”
შესაძლოა, ვინმეს ეჩვენოს, რომ ტირანია აქ, ანუ საქართველოს ყოფილ მთავრობასთან მიმართებით, უადგილო და უსამართლო სიტყვაა. მაგრამ ტირანია იმთავითვე სულაც არ ნიშნავდა მაინცდამაინც სისხლიან დიქტატურას. ძველ საბერძნეთში ტირანს უწოდებდნენ ხელისუფლების სათავეში არალეგიტიმური გზით მოსულ კაცს, ხოლო ტირანია, შესაბამისად, იყო ასეთი კაცისა და მისი მემკვიდრეების მმართველობა.
ქართულ საზოგადოებას, ცხადია, უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ჰეპი ენდის არავითარი გარანტია არ ჰქონდა, როცა არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოვიდა და წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყო. არ ჰქონდა არც თავდაჯერება, რომ აიძულებდა ხელისუფლებას, პატიოსნად დაეთვალა ხმები; უმაღლესი ხელისუფალის გადადგომაზე ხომ არაფერს ვამბობ. ბევრ ჩვენგანს ჯერ ფილარმონიაში, მერე თავისუფლების მოედანზე და პარლამენტის წინ მსუბუქად მაინც აწვალებდა კითხვები და ეჭვი, რომელიც, ალბათ, ეიმედებოდა ხელისუფლებას. ამ ეჭვს ჰენრი ტორო ასე აყალიბებს:
,,არსებობენ უსამართლო კანონები: როგორ უნდა მოვიქცეთ, დავემორჩილოთ მათ, შევეცადოთ მათ შეცვლას და ვიდრე ამას მოვახერხებდეთ, არ დავარღვიოთ, თუ იმთავითვე არ დავემორჩილოთ ასეთ კანონებს? ასეთი მმართველობის პირობებში ხალხი, როგორც წესი, ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ მოიცდის, ვიდრე შეძლებდეს უმრავლესობის დარწმუნებას მათი შეცვლის აუცილებლობაში. მათი აზრით, თუკი აჯანყდებიან, შედეგი უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ეს დღესაა. მაგრამ თუკი უკეთურებას კიდევ უფრო დაამძიმებს მისი გამოსწორების მცდელობა, ამაში ხომ მთავრობაა დამნაშავე. სწორედ ის ამძიმებს მდგომარეობას. რატომ არ ცდილობს რეფორმების დროულ გატარებას? რატომ არ ისმენს უმცირესობის საღ აზრს? რატომ ტეხს ალიაქოთს და მიმართავს ძალისმიერ ზომებს იქამდე, ვიდრე ვინმე რამეს დაუშავებდეს? რატომ არ თავაზობს თავის მოქალაქეებს გამოავლინონ მისი შეცდომები?”
საზოგადოების ყოყმანსა და ეჭვებს ტორო მარტივი და ისევ განსაცვიფრებლად პროფეტული სიტყვებით უპასუხებს:
,,მოქალაქეთა მიერ მთავრობის უფლებამოსილების გააზრებული და ქმედითი უარყოფა ის ერთადერთი დარღვევაა, რომლის შესაძლებლობა იმავე მთავრობას ვერც კი წარმოედგინა.”
საქართველოს მთავრობას ნამდვილად ვერ წარმოედგინა, რომ მისთვის ჩვეულ, ,,უწყინარ“ პრაქტიკას - არჩევნების გაყალბებას - არ შეარჩენდნენ და მმართველობის დასასრულად შემოუბრუნებდნენ. მთავრობას ეგონა, რომ კარგად იცნობდა ხალხს და ტრადიციულად, კრიტიკული ანგარიშების, ინტელექტუალთა ბუზღუნისა და ჩუმი საჯარო უთანხმოების ფონზე თავისას გაიტანდა. სულ ცოტა ხნის წინ, ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა ქართულ რევოლუციას გონიერი ადამიანების რევოლუცია უწოდა. საქართველოს ხელისუფლება არ ელოდა, თუ ხალხი ესოდენ გონიერი იყო. მაგრამ, აი, რას ამბობს ტორო:
,,ხმის მიმცემი არაფერზე არ აგებს პასუხს. მე ხმას ვაძლევ ჩემი სურვილისამებრ, ხმას ვაძლევ იმას, რაც სამართლიანად მიმაჩნია; მაგრამ დიდად არ დაგიდევთ, გაიმარჯვებს თუ არა ეს სამართალი. დაე, ეს უმრავლესობამ გადაწყვიტოს. ამდენად, მორალური ვალდებულება არასდროს არ დაჩრდილავს მიზანშეწონილობის მოთხოვნას. მაშინაც კი, როცა ხმას აძლევთ სამართლიანობას, ბევრს არაფერს აკეთებთ მისი დამკვიდრებისთვის. თქვენ მხოლოდ მოკრძალებით გამოხატავთ თქვენ სურვილს. კეთილგონიერი ადამიანი სამართალს არასდროს მიატოვებს ბედის ანაბარა და არც უმრავლესობას გადაულოცავს მის აღსრულებას. მიეცით ხმა, ოღონდ მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯს კი ნუ ჩააგდებთ ყუთში, გამოიყენეთ მთელი თქვენი გავლენა და შესაძლებლობები. უმცირესობა იქამდეა სუსტი, ვიდრე უმრავლესობის ნებას მიჰყვება, მაგრამ ის უძლეველი იქნება, თუკი პრინციპულობას გამოიჩენს. საზოგადოებამ, ისევე როგორც ცალკეულმა ადამიანმა, ნებისმიერ ფასად უნდა მიაღწიოს სამართლიანობას. თუკი მე წყალწაღებულს ხელიდან გამოვგლიჯე ხის ნაფოტი, მე ვალდებული ვარ, დავუბრუნო ის ამ ადამიანს, თუნდაც თვითონ დავიხრჩო”.
შეგნება, რომ საზოგადოება სამართლიანობის აღსადგენად მზად იყო, ნებისმიერი ფასი გადაეხადა, თანდათან მოვიდა. აქამდე კეთილგონიერება ჩვენში დათმობის, შეგუების, კონფორმიზმის სინონიმი იყო. ჩვენს თვალწინ, 3 ნოემბრიდან კეთილგონიერება უწყვილდება ისეთ ცნებებს, როგორიცაა რისკი, შეუპოვრობა, ვაჟკაცობა. ვთქვათ პირდაპირ: წინააღმდეგობის პირველ დღეებში ქუჩაში გამოსული მოქალაქეები უმცირესობაში იყვნენ, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით იცოდნენ: ამ (უკაცრავად, იმ) მთავრობის დასაცავად ქუჩაში არავინ გამოვიდოდა. მაგრამ საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობამდე ჯერ ბევრი რჩებოდა. გარდა ქუჩაში გამოსულთა მეტი რაოდენობისა, საჭირო იყო დაუმორჩილებლობის რამდენიმე ნიშანი. ამ ნიშანთა გაჩენა მიხეილ სააკაშვილმა იკისრა, რომელსაც, ვერავინ დამაჯერებს, რომ ჰენრი ტორო თუ არ წაუკითხავს, არ გაუგონია მაინც:
,,წელს ათასმა კაცმა რომ არ გადაიხადოს თავისი გადასახადი, ამას ვერ დავარქმევთ სისხლიან და ძალადობრივ აქციას, პირიქით, გადახდის შემთხვევაში ისინი საშუალებას აძლევენ შტატს განაგრძოს ძალადობა და ღვაროს უმანკო სისხლი. ფაქტიურად, მშვიდობიანი რევოლუციაც ხომ სხვა არაფერია, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი რამ საერთოდ არის შესაძლებელი. თუ გადასახადების ამკრეფი ან სხვა რომელიმე მოხელე მკითხავს, როგორ მოვიქცეო (როგორც ეს ერთმა მათგანმა გააკეთა), მე მას ვპასუხობ - თუკი მართლა გსურს რაიმეს გაკეთება, უარი თქვი ამ სამუშაოზე. როცა მოქალაქე უარს ამბობს ლოიალურობაზე მთავრობის მიმართ, მოხელე კი თავს ანებებს სამსახურს, ჩათვალეთ, რომ რევოლუცია უკვე მოხდა.”
მოწოდებას, მოქალაქეებს არ გადაეხადათ გადასახადები და მოეხდინათ მმართველობის ორგანოთა პარალიზება, საქართველოში ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ცნობილმა მეწარმემ უარი განაცხადა გადახდაზე, რეგიონებში ბევრგან განხორციელდა მმართველობითი ფუნქციების მოშლა. და მაინც, სიტყვა რევოლუციას ბოლო დღეებამდე არავინ ხმარობდა. ასევე არავინ იყო დარწმუნებული, რომ ხელისუფლების მთავარი საყრდენი - ჯარი და პოლიცია უარს იტყოდა ძალის გამოყენებაზე. აქ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს კათალიკოსპატრიარქის სიტყვებმა, რომ სისხლისღვრა არც ერთ მხარეს არ უნდა დაეშვა. რადგან სისხლის დაღვრა მხოლოდ ერთ მხარეს - ხელისუფლებას შეეძლო, პატრიარქის მიმართვა, ფაქტიურად, განიარაღების ბრძანების ტოლფასი იყო ოფიციალური შეიარაღებული სტრუქტურებისათვის. ესეც კიდევ ერთი ბიძგი გახლდათ რევოლუციისკენ. განზე გამდგარი პოლიცია, ძალა, რომელიც ხელისუფლებას დააკლდა, თავისთავად გახდა ხალხის მოკავშირე. ტოროს მოვუსმინოთ:
,,ვფიქრობ, საკმარისია, რომ ღმერთი მათკენაა, და აღარაა საჭირო კიდევ რაღაცის ლოდინი. მეტიც, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უფრო მართალია, ვიდრე მისი მეზობელი, უკვე თავად წარმოადგენს უმრავლესობას.”
22 ნოემბერს უმრავლესობა უკვე კრიტიკულ მასად იქცა. ის საკმარისი იყო კანცელარიის ალყისთვის, ფლობდა პარლამენტს და ეყოფოდა კრწანისის აღებას. მიხვდებით, რატომ მოვიხმობ აქ ისევ ჰენრი დევიდ ტოროს:
,,ამ მთავრობის მხრიდან რაიმე სასარგებლო წამოწყების მხარდაჭერა მხოლოდ იმით თუ გამოიხატებოდა, რომ დროულად ხვდებოდა, როდის უნდა ჩამოცლოდა გზიდან საზოგადოებას.”
30 წლის მანძილზე ხნიერი ტორეადორი ყოველთვის უვნებელი რჩებოდა. მარტო ორჯერ სასიკვდილო დარტყმებს გადაურჩა. მაინც არ იშლიდა თავისას: გამუდმებით აფრიალებდა წითელ მულეტს და სასწაულად ახერხებდა თავის დაძვრენას. ხარიც რამდენჯერმე დაჭრა მძიმედ, მაგრამ რატომღაც ინდობდა. გადამწყვეტი დარტყმის წინ კი აღმოჩნდა, რომ არც ძალა შერჩენოდა და აღარც მოქნილობა. ის დროზე გაათრიეს არენიდან. სამოქალაქო კორიდა საქართველოში დასრულდა.
P.S. ,,სახელმწიფო ჭეშმარიტად თავისუფალი და განათლებული მხოლოდ მაშინ გახდება, როცა აღიარებს და საკადრისი პატივისცემითაც მოეპყრობა პიროვნებას, როგორც უმაღლეს და თვითკმარ ფასეულობას, რომელსაც ეფუძნება სახელმწიფოს მთელი ძლიერება და ძალაუფლება. მე ვოცნებობ ისეთ სახელმწიფოზე, რომელიც სამართლიანი იქნება ყველა თავისი ქვეშევრდომის მიმართ და ყოველ პიროვნებას, როგორც თავის მოყვასს, ისე მოეპყრობა; რომელსაც სრულიადაც არ დაურღვევს სიმშვიდეს განს გამდგარ ადამიანთა ის მცირერიცხოვანი კატეგორია, აქტიურად რომ არ იქნება ჩართული მის საქმეებში და არც განაკუთრებული ქვეშევრდომული აღტყინებით ნიშანდებული, მაგრამ პატიოსნად მოიხდის თავის ვალს მოყვასთა მიმართ. სახელმწიფო, რომელიც მოისხამს ამგვარ ნაყოფს და დამწიფებისთანავე დაუნანებლად მოიწყვეტს ტოტიდან - ასეთი სახელმწიფო ნიადაგს შეამზადებს სხვა, კიდევ უფრო სრულყოფილი სახელმწიფოსათვის,რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ ოცნება თუ შემიძლია.“
ჰენრი დევიდ ტორო
![]() |
2 მეხუთე |
▲ზევით დაბრუნება |
ირაკლი კოტეტიშვილი
შეესაბამება თუ არა პიროვნების უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის შესახებ არსებული ქართული კანონმდებლობა ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-5 მუხლს?
მოგეხსენებათ, საქართველოში მიმდინარეობს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შემუშავება, რომლის ძირითადი მიზანი (იმედი გვინა ვიქონიოთ) ევროპულ სტანდარტებთან ქართული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლის დაახლოებაა. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას და მისი სასამართლო პრაქტიკის მოთხოვნათა ქართულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას. ქვემოთ ჩვენ შევეცდებით პარალელები გავავლოთ ქართულ კანონმდებლობასა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს შორის, რომელიც ერთერთ ფუნდამენტურ სისხლის სამართლის საპროცესო უფლებას, ადამიანის პირად ხელშეუხებლობას ეხება.
ყოველ ადამიანს აქვს პიროვნების ხელშეუხებლობის უფლება. ეს უფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 18-ე, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლით. თუმცა, გარანტიები, რომლებსაც აწესებს კონვენცია, სრულად არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობაში და ამდენად ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
I.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151(III )-ე მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას, წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს პირს მხოლოდ იმის გამო, რომ მას წარდგენილი აქვს ბრალდება მძიმე დანაშაულში. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ევროსასამართლომ ჩამოაყალიბა წინასწარი პატიმრობის შეფარდების ამომწურავი საფუძვლები:
ა) საშიშროება, რომ ბრალდებული არ დაესწრება სასამართლო განხილვას;
ბ) ბრალდებულის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევის შესაძლებლობა;
გ) სხვა დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება;
დ) საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება.
წინასწარი პატიმრობისთვის სახეზე უნდა იყოს მინიმუმ ერთი მაინც. ხოლო საქართველოს საპროცესო კოდექსი შესაძლებლად მიიჩნევს პირისათვის პატიმრობის შეფარდებას მხოლოდ იმის გამო, რომ მას მძიმე ბრალდება აქვს წარდგენილი. ამდენად, 151-ე მუხლი ეწინააღმდეგება კონვენციის 5(III )-ე მუხლს.
II.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაძლებლად მიიჩნევს სასაზღვრო ძალების მიერ, სასამართლოს გარეშე, პირის დაკავებას მაქსიმუმ 10 დღით. აღსანიშნავია, რომ კონვენციის 5(III) პუნქტი სახელმწიფოებს ავალებს, რომ დანაშაულის (კონვენციის მიზნებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც დანაშაულია, თუმცა მასზე სასამართლოს დაცვის გაცილებით მაღალი სტანდარტები აქვს დადგენილი, რადგანაც ნაკლებ საზოგადოებრივ საშიშროებას წარმოადგენს) ჩადენის ან მისი თავიდან აცილების გამო დაკავებული პირი დაუყოვნებლივ წარადგინონ კომპეტენტური სასამართლოს წინაშე. ევროსასამართლოს პრაქტიკაში მკაფიოდ არის განმარტებული სიტყვა ,,დაუყოვნებლივ“, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის ე.წ. Incomunicado მდგომარეობაში ყოფნისთვის 4 დღეც კი ძალზედ ბევრია (Brogan V Great Britain). ამდენად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ეს დებულება აშკარად ეწინააღმდეგება ევროკონვენციის 5-ე მუხლს.
III.ევროკონვენციასთან გარკვეული პრობლემები აქვს ასევე საქართველოს კანონს ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“. ეს კანონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ფსიქონევრული დისპანსერის და ფსიქიატრიული სტაციონარის მორიგე ექიმებს ნებას რთავს, გადაუდებელი სტაციონარული დახმარების კრიტერიუმის არსებობისას, პირი მისი თანხმობის გარეშე მოათავსონ სტაციონარში 48 საათის განმავლობაში(აქვე გასათვალისწინებელია, რომ ამ ვადაში არ იგულისხმება უქმე დღეები). კანონი ,,უფრო შორს“ მიდის და პირის სტაციონარში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან კიდევ დამატებით 48 საათს აძლევს ექიმებს, რათა ამის შესახებ აცნობონ პროკურორს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დაკავების ეს წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვით, სასამართლოს თანხმობის გარეშე პირის დაკავებისა თუ თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვისათვის მხოლოდ 72 საათია დაწესებული. ამასთან თავისუფლებაშეზღუდული ნებისმიერი პირი 48 საათის შემდეგ უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. უმთავრესი ფაქტორი, რასაც ევროსასამართლო მე-5 მუხლთან დაკავშირებულ საქმეებში აქცევს ყურადღებას არის ის, რომ დაკავება თუ თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს ევროსასამართლოს წინაშე შეუძლია ამტკიცოს, რომ ფსიქიატრიულ სტაციონარში მის დაკავებას 72 საათზე მეტ ხანს არ ,,ითვალისწინებდა კანონი“, რადგანაც საქართველოს კონსტიტუცია მოქმედ კანონზე მაღლა დგას.
IV. მიუხედავად იმისა, რომ ევროკონვენციის 5(I)(ე)-ე მუხლი სახელმწიფოებს აძლევს ფსიქიურად დაავადებული პირების დაკავების და მათი შესაბამის დაწესებულებებში მოთავსების უფლებას, ამავდროულად აწესებს დაცვის გარანტიებს. პირველ რიგში პირის დაკავებისათვის საკმარისი პირობა არ არის მხოლოდ ის, რომ აღნიშნული პირი უბრალოდ აღგზნებული და ექსცენტრულია (Litwa v. Poland). აუცილებელია, რომ სახეზე იყოს Winterwerp-ის საქმეში დადგენილი სტანდარტი:
ა) პირზე ამგვარი იძულების განხორციელებისათვის საჭიროა ობიექტური სამედიცინო დასკვნის არსებობა(რა თქმა უნდა, ეს არ ეხება გადაუდებელ შემთხვევებს, როდესაც ვერ ხერხდება დროული სამედიცინო დასკვნის მიღება);
ბ) პაციენტი საფრთხეს უნდა უქმნიდეს თავის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს;
გ) სულიერი აშლილობა უნდა ატარებდეს განგრძობით ხასიათს. ზემოთ დასახელებული კანონი სულიერი აშლილობის საფუძველზე პირის დაკავებისათვის ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებს. ეს კი წარმოშობს წინააღმდეგობას კონვენციასთან.
V. კიდევ ერთი გარანტია, რომელსაც ევროკონვენცია აწესებს, არის მე-5 მუხლში გარანტირებული უფლებების დარღვევისათვის ანაზღაურებადი კომპენსაციის უფლება. აღსანიშნავია, რომ ეს უფლება ვრცელდება არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივი წესით შეცდომით დაკავებული პირის მიმართ, არამედ ფსიქიკური მოშლილობის გამო თავისუფლებაშეზღუდულ პირებზე. რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას, ის ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე შეცდომით დაკავებული პირისათვის ანაზღაურებადი კომპენსაციის შესაძლებლობას (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გამოყენებულია ტარიფი: 500-2500 ფუნტი ყოველ 24 საათზე) არ ითვალისწინებს.
![]() |
3 დგას თუ არა ამერიკის ნაფიცი მსაჯულების სისტემა სამართლიანობის გზაზე? |
▲ზევით დაბრუნება |
ჯეფრი აბრამსონი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთმა ბოლოდროინდელმა სასამართლო პროცესმა საზოგადოების ყურადღება მიაპყრო ნაფიცი მსაჯულების სისტემის როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ასპექტებზე.
1995 წელს ლოს-ანჯელესის ნაფიცი მსაჯულების მიერ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული ო.ჯ. სიმფსონის უდანაშაულოდ გამოცხადებამ, საფუძველი დაუდო დებატებს იმ გავლენაზე, რომელიც ნაფიც მსაჯულებზე სიმფსონების რასობრივმა კუთვნილებამ, ფულმა და პოპულარობამ მოახდინა. განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა წარმოიქმნა რასობრივი კუთვნილების ფაქტორის გამო: გამოითქვა ვარაუდი, ხომ არ მოახდინა გავლენა სიმფსონის - ცნობილი შავკანიანისა და ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავის - გამართლებაზე იმ გარემოებამ, რომ 12 ნაფიც მსაჯულთაგან 9 შავკანიანი იყო. აღნიშნულმა პროცესმა წარმოშვა არაერთი საკითხი, მათ შორის საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რამდენად რთულია მასობრივი საჯაროობის ეპოქაში მიუკერძოებელი მსაჯულების პოვნა და როგორია ანაზღაურებადი კონსულტანტების როლი მსაჯულთა შერჩევის პროცესში. სიმფსონის პროცესს ნაფიც მსაჯულთა არაერთი საკამათო ვერდიქტი მოჰყვა, წამოიჭრა საკითხი იმის თაობაზე, ახდენდა თუ არა მსაჯულთა გადაწყვეტილებაზე გავლენას მათი რასობრივი, სქესობრივი თუ ეთნიკური კუთვნილება:
● 1994 წელს იმის გარკვევისას, რამდენად იყვნენ მშობლების მკვლელობაში დამნაშავე საკმაოდ შეძლებული ბრალდებულები, ერიკ და ლაილ მენენდესები, ორო სხვადასხვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჩიხში შევიდა. მენენდესების დაცვა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ისინი მოძალადე მამისგან თავს იცავდნენ. ერიკ მენენდესის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას მსაჯულების აზრი სქესის მიხედვით გაიყო: ექვსმა მამაკაცმა მხარი დაუჭირა მის განზრახ მკვლელობაში დადანაშაულებას, ხოლო ექვსმა ქალმა სარწმუნოდ ჩათვალა ერიკის არგუმენტები იმის შესახებ, რომ მამა ცუდად ეპყრობოდა და არაგანზრახ მკვლელობას დაუჭირა მხარი. მსაჯულები ჩიხში შევიდნენ ლაილ მენენდესის შემთხვევაშიც, მაგრამ არა სქესობრივი ნიშნის გამო.
● 1992 წელს ნაფიც მსაჯულეთა სასამართლომ, რომელშიც არც ერთი შავკანიანი არ შედიოდა, დამნაშავედ არ სცნო ოთხი თეთრკანიანი პოლიციის ოფიცერი, რომელთაც შავკანიანი როდნი კინგის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ედებოდათ ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯულებმა იხილეს მტკიცებულება ვიდეოჩანაწერის სახით, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ სცემდნენ პოლიციელები კინგს. გამამართლებელ ვერდიქტს ლოს-ანჯელესის ზოგიერთ უბანში გამოსვლები მოჰყვა. წამოიჭრა საკითხი იმის შესახებ, თუ შავკანიანი წევრის გარეშე რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ ნაფიც მსაჯულებს, მითუფრო, რომ საქმე რასათა შორის ძალადობას შეეხებოდა. მოგვიანებით ფედერალური ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ, რომელიც რასობრივი თვალსაზრისით შერეული იყო, კინგის სამოქალაქო უფლებების დარღვევაში დამნაშავედ პოლიციის ორი ოფიცერი სცნო.
● 1992 წელს, ბრუკლინში მეტწილად შავკანიანებით დაკომპლექტებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო შავკანიანი თინეიჯერი ლემრიკ ნელსონი, რომელსაც ებრაელი სტუდენტის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, მიუხედავად იმისა, რომ ნელსონს დაპატიმრებისას უპოვეს მკვლელობის იარაღი და ამასთანავე ის თავად მომაკვდავმა ამოიცნო.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეებმა გამოიწვია აზრთა სხვადასხაობა ნაფიც მსაჯულთა სისტემის შესახებ, სამოქალაქო პროცესებში მსაჯულთა გამოყენების მიზანშეწონილობა კვლავაც განსჯის საკითხია. პერსონალურ ტრავმებთან დაკავშირებულ საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებები უფრო ემოციებს რომ ეფუძნება, ვიდრე ფაქტებს, ცხადი 1994 წელს ალბუკვერკში(ნიუ მექსიკო) გახდა: ნაფიცმა მსაჯულებმა მაკდონალდსს დააკისრეს 3 მილიონი დოლარის გადახდა იმ ქალბატონის სასარგებლოდ, რომელმაც ცხელი ყავის გადასხმის შედეგად მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. აღნიშნული თანხიდან მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად მხოლოდ 160 000 დოლარი იყო საჭირო, დანარჩენი 2,7 მილიონი კი იყო სადამსჯელო სანქცია1, რომელიც მაკდონალდს მიყენებული ზარალისთვის დააკისრეს. ნაფიც მსაჯულთა აშკარა გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მაკდონალდსმა ყურად არ იღო ადრე შესული 700 საჩივარი იმის შესახებ, რომ ყავა დამფუფქველად ცხელი იყო. სასამართლო პროცესის თავმჯდომარემ ეს თანხა ძალზედ გაზვიადებულად ჩათვალა და ის 480 000 დოლარამდე შეამცირა.
ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ისტორია
როგორ გახდა ნაფიც მსაჯულთა სისტემა ამერიკული დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი? ამერიკის ნაფიც მსაჯულთა სისტემა ინგლისური კანონმდებლობის მემკვიდრეობას წარმოადგენს. ის დაკომპლექტებულია მხოლოდ არაპროფესიონალებით, რომლებიც გადაწყვეტილებებს მოსამართლესთან კონსულტაციის გარეშე იღებენ. ამ ტიპის სისტემას არსად შევხვედრივართ დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი თანამეგობრობის ქვეყნის გარდა, როგორიც არის მაგალითად კანადა, რომლის საკანონმდებლო სისტემაც ინლისურიდან იღებს სათავეს.
ნაფიც მსაჯულთა სისტემა ინგლისში შუა საუკუნეებში წარმოიშვა და არსებული სასამართლო სისტემა ორდალის2 სისტემით ჩაანაცვლა. ამ ტიპის გასამართლება სხვადასხვა მექანიზმებს ითვალისწინებდა: მაგალითად, ცივი წყლის ორდალისას, ბრალდებულს უდანაშაულოდ ცნობდნენ, თუ წყალში მოთავსებისას, ის ჩაიძირებოდა. არსებობდა სხვა სახის ორდალიც, მაგალითად, ბრალდებულს მცირე ხნით გავარვარებული რკინა უნდა დაეკავებინა. მოგვიანებით მას ხელს შეუხვევდნენ და თუ ამის შედეგად იარა მოუშუშდებოდა, ამას აღიქვამდენენ, როგორც უდანაშაულობის ნიშანს.
1215 წელს პაპმა ინოკენტი III სასულიერო პირებს ასეთი ტიპის გასამართლებაში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ორდალის სასამართლოში მონაწილეობდა, როგორც სადამსჯელო კომიტეტი, თანდათანობით გარდაიქმნა მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ტრიბუნალად. მე-14 საუკუნისთვის უკვე ჩვეულებად იქცა კრიმინალურ საქმეებზე 12 ნაფიცი მსაჯულის მონაწილეობა და მათი გადაწყვეტილების ანონიმურობა. XVII ს-ისათვის ნაფიც მსაჯულთა სისტემა თავისუფლების მთავარ მოკავშირედ და ტირანული ხელისუფლებისაგან ბრალდებულის საუკეთესო დამცველად მოგვევლინა. ინგლისელ კოლონისტებთან ერთად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამ სახით დასახლდა ამერიკის კონტინეტზე.
ნაფიც მსაჯულთა სისტემამ ამერიკელი კოლონისტებისთვის, როგორც იურიდიულმა, ასევე პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. კოლონისტები ყველაზე მეტად უჩიოდნენ იმას, რომ მათ ინგლისის პარლამენტში თავიანთი არჩეული წარმომადგენლები არ ჰყავდათ. თუმცა, კოლონისტებს შეეძლოთ ემსახურათ, როგორც ნაფიც მსაჯულებს, რაც მათ აძლევდა საშუალებას, ხმა მიეცათ იმისათვის, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამერიკაში ინგლისური კანონების განხორციელება.
1735 წელს გაბედულმა კოლონისტებმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს პოლიტიკური დატვირთვა შესძინეს, როდესაც გაამართლეს ნიუ იორკელი გამომცემელი ჯონ პეტერ ზენგერი, რომელმაც სამეფო მმართველის წინააღმდეგ ცილისმწამებლური გამონათქვამები გამოაქვეყნა. იმ დროისათვის, ინგლისის კანონის თანახმად, ზენგერის საქციელი - სამეფო ხელისუფლების წარმომადგენლის კრიტიკა - დანაშაულად ითვლებოდა, მაგრამ კოლონისტთა ნაფიცმა მსაჯულებმა პრესის თავისუფლების დაცვის მიზნით უგულველყვეს ინგლისური კანონი. 1760 წელს, ამერიკის რევოლუციის მოახლოებისას, მასაჩუსეტსის ნაფიცი მსაჯულები გაცილებით მძლავრ პოლიტიკურ იარაღად იქცნენ. ისინი ფაქტიურად უარს აცხადებდნენ საძულველი საგადასახადო კანონების გატარებაზე. მსაჯულებმა გაამართლეს ვაჭარი და რევოლუციონერი აგიტატორი ჯონ ჰანკოკი, რომელსაც საქონლის კონტრაბანდაში ედებოდა ბრალი.
რევოლუციის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა სისტემა საკონსტიტუციო რანგში ავიდა. კონსტიტუციის მეექვე შესწორება ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებელი სასამართლოს გარანტიას აძლევს. მეშვიდე შესწორება კი იგივე უფლებას ანიჭებს პირს სამოქალაქო საქმეებში. უფლებათა ბილის ეს ნორმები მეტყველებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც კონსტიტუციის ავტორებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიანიჭეს და ხანგრძლივი ვადით უზრუნველყვეს მისი საპატიო ადგილი ამერიკულ პოლიტიკურ წარმოსახვებში.
ნაფიც მსაჯულთა სისტემის ფილოსოფია
ბევრი ამერიკელი ნაფიც მსაჯულთა სისტემას განიხილავს, როგორც მნიშვნელოვანი დემოკრატიული ღირებულებების კონკრეტულ გამოხატულებას, მათ შორის პრინციპებს, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს ასაკისა და განათლების მხრივ, თანაბრად კომპეტენტურია, იმსახუროს ნაფიც მსაჯულად. მსაჯულების შერჩევა საზოგადოების ფართო ფენიდან, შემთხვევითობის პრინციპითა და ჯვარედინი შერჩევის წესით უნდა მოხდეს. არც ერთ მოქალაქეს არ უნდა ეთქვას უარი ნაფიც მსაჯულთა სამსახურზე რასობრივი, რელიგიური, სექსუალური თუ ეროვნული წარმომავლობის გამო. ვერდიქტი უნდა გამოხატავდეს საზოგადოების განწყობას და არ წარმოადგენდეს მხოლოდ კანონის რაღაც ფრაგმენტს. ნაფიც მსაჯულთა სისტემა არის უფრო პირდაპირი, ვიდრე წარმომადგენლობითი დემოკრატიის საუკეთესო მაგალითი. პირდაპირ დემოკრატიაში მოქალაქეები თავის თავს თვითონ მართავენ, როცა არჩევითი დემოკრატიის დროს არჩეული პირები მათ ნაცვლად მართავენ.
თუმცა, 1968 წლამდე მსაჯულთა შერჩევის პროცედურა კონფლიქტში იყო დემოკრატიულ იდეალებთან. ზოგიერთ შტატში ნაფიც მსაჯულად ყოფნის უფლება მხოლოდ მაღალი ინტელექტის, განათლებისა და ზნეობის ადამიანებს ჰქონდათ. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ 1880 წელს საქმეში სტრაუდერი დასავლეთ ვირჯინიის წინააღმდეგ აკრძალა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესში რასობრივი ნიშნით დისკრიმინაცია და თავად შერჩევის პროცესისადმი ელიტარული მიდგომა. XX საუკუნის შუა პერიოდამდე ქალები მოკლებული იყვნენ უფლებას, ემსახურათ ნაფიც მსაჯულებად. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქალი ნაფიც მსაჯულად 1898 წელს იუტას შტატში მოგვევლინა, 1940 წლამდე უმეტეს შტატებში ქალთა მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში შეუძლებელი იყო.
1968 წელს კონგრესმა მიიღო ნაფიც მსაჯულთა შერჩევისა და სამსახურის აქტი, რომელმაც სათავე დაუდო მსაჯულთა სისტემის დემოკრატიული რეფორმების ახალ ერას. კანონმა გააუქმა ფედერალური მსაჯულების შერჩევისათვის დაწესებული სპეციალური მოთხოვნები და დააწესა შემთხვევითი შერჩევის პრინციპი მთელი საზოგადოების ფართო სპექტრიდან. 1975 წლის გადაწყვეტილებაში ტეილორი ლუიზიანის წინააღმდეგ, უზენაესმა სასამართლომ დააწესა, რომ ნაფიცი მსაჯულების შერჩევა უნდა მომხდარიყო შტატის დონეზე საზოგადოების ფართო ფენებიდან. ამავე გადაწყვეტილებით, ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა მსაჯულთა სქესობრივი დისკრიმინაციის ნიშნით შერჩევა და შტატებს დაევალათ მამრობითი და მდედრობითი სქესის მსაჯულთა შერჩევისას ერთი და იგივე პროცედურით ესარგებლათ.
ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურები
ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დღეს ოთხ ძირითად ეტაპს ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე დგება იმ ადამიანთა სია, რომლებიც შეესაბამებიან მსაჯულის პოზიციას. ფედერალურ სასამართლოებში რეგისტრირებული ამომრჩევლის სია არის ძირითადი წყარო ნაფიც მსაჯულთა შერჩევისათვის. ცხადია, შერჩევის ასეთი მეთოდის შედეგად ხშირად ნაფიც მსაჯულთა შორის არ არიან წარმოდგენილი ღარიბები და უმცირესობები, რადგანაც ისინი არ აძლევენ ხმას მოსახლეობაში მათი პროპორციული შემადგენლობის შესაბამისად. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შტატების უმრავლესობა ამომრჩევლების სიას სხვა წყაროებით ავსებს, ისეთებით, როგორიცაა მაგალითად, ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირთა სია ან აღწერის მონაცემები, საიდანაც შეიძლება შეიქმნას პოტენციურ ნაფიც მსაჯულთა სია.
მეორე ეტაპზე ძირითადი სიიდან შემთხვევით შერჩეულ პირებს ეგზავნებათ უწყება თხოვნით, ამა და ამ დღეს გამოცხადდნენ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესასრულებლად. მათ, ვისაც კანონი ათავისუფლებს ნაფიც მსაჯულთა მოვალეობისგან, შეუძლიათ, წერილობით მიმართონ სასამართლოს და გათავისუფლდნენ ამ ვალდებულების შესრულებისგან. გათავისუფლების საფუძველი შტატების მიხედვით სხვადასხვაა, თუმცა ძირითადად ის ვრცელდება იმათზე, ვინც არ იცის ინგლისური, აქვს გარკვეულ ფიზიკური ნაკლი; ასევე თავისუფლდებიან გარკვეული პროფესიების წარმომადგენლები, მაგალითად ექიმები; ნასამართლევები ან ისინი, ვინც ცოტა ხნით ადრე სხვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მსახურობდა. პრობლემას ქმნის ის, რომ ადამიანები, რომელთაც გათავისუფლება არ ეხებათ, ხშირად არ ეხმაურებიან გამოძახებას. მათ, ვინც ნაფიც მსაჯულთა მოვალეობის შესასრულებლად ცხადდება, ეწოდებათ Jury venire.
შერჩევის მესამე ეტაპზე პოტენციურ ნაფიც მსაჯულს კითხვებით მიმართავენ მოსამართლე ან ადვოკატები. ამ პროცედურას ჰქვია voir dire (ძველი ფრანგული ტერმინი, რომელიც ნიშნავს სიმართლის თქმას) და მისი მიზანია, გამორიცხოს მიკერძოებული პრეტენდენტები. ადამიანი შეიძლება იყოს მიკერძოებული, თუკი მას აქვს ცრურწმენები განსასჯელის რასის ან ეთნიკური წარმომავლობის შესახებ. ტენდენციურად ითვლებიან ისინიც, ვინც მედიის საშუალებებიდან ფლობს სოლიდურ ინფორმაციას განსახილველ საკითხზე მანამ, ვიდრე მას სასამართლოში მსაჯულის მოვალეობის შესასრულებლად გამოიძახებდნენ.
თუკი ადვოკატი ნაფიცი მსაჯულის კანდიდატს შეუფერებლად მიიჩნევს, მან უნდა განმარტოს მიზეზი, თუ რატომ შეიძლება იყოს ეს პიროვნება მიკერძოებული მსაჯული. ამ საქმის მოსამართლე შემდეგ წყვეტს, დატოვოს თუ არა ეს პიროვნება ნაფიც მსაჯულთა შორის. სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში როგორც მოსარჩლეს, ასევე მოპასუხეს აქვს უფლება, დააყენოს მსაჯულების დასაბუთებული აცილების შუამდგომლობა განუსაზღვრელი ოდენობით.
მსაჯულთა შერჩევისას მოქალაქეებს უფლება აქვთ, მოითხოვონ მსაჯულის მოვალეობისგან გათავისუფლება, ფინანსური პრობლემების ან სხვა ვალდებულებების გამო. მოსამართლეს აქვს დისკრეცია, დააკმაყოფილოს ან უარყოს მოთხოვნა. ნაფიცი მსაჯულების ანაზღაურება შედარებით მცირეა. კალიფორნიაში სიმფსონის საქმეზემსაჯულებს დღეში 5 დოლარს უხდიდნენ, ფედერალურ სასამართლოში კი დღეში - 40 დოლარს.
შერჩევის მეოთხე და საბოლოო საფეხურზე ორივე მხარეს შეუძლია, დააყენოს შეუმდგომლობა მსაჯულთა დაუსაბუთებელი აცილების მოთხოვნით. ისტორიულად დაუსაბუთებელი აცილებები გამოიყენებოდა იმ მსაჯულთა უმიზეზოდ ასაცილებლად, ვინც სხვა მხირვ იყო კვალიფიციური. მხარეებს არ ევალებოდათ მოსამართლისთვის იმის განმარტება, თუ რატომ ითხოვდნენ ამა თუ იმ პირის მსაჯულთა შემადგენლობიდან გარიცხვას. ყოველგვარი განმარტების გარეშე სასამართლოს შეეძლო, მოეთხოვა ადამიანთა გარკვეული რაოდენობის ჩამოცილება. უაპელაციო აცილების რაოდენობა დამოკიდებულია საქმის ტიპზე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე, ბრალდებულთა რაოდენობასა და იურისდიქციაზე.
1986 წლიდან უზენაესმა სასამართლომ საქმეში ბატსონი კენტკუკის წინააღმდეგ შეცვალა დაუსაბუთებელი აცილების სისტემა და აუკრძალა მხარეებს დაუსაბუთებელი აცილებების საფუძვლად მხოლოდ რასობრივი ნიშნის გამოყენება. უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ადვოკატებს ეჭვი შეჰქონდათ მსაჯულთა მიუკერძოებლობაში მხოლოდ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელები და განსასჯელები ერთი და იმავე რასის წარმომადგენლები იყვნენ. დღესდღეობით, თუ მოსამართლეს გაუჩნდება ეჭვი, რომ მხარე შეგნებულად იყენებს დაუსაბუთებელ აცილებას ერთი რასის წარმომადგენლის მსაჯულთა შემადგენლობიდან გამოსარიცხად, მაშინ მოსამართლე სთხოვს მხარეს, განმარტოს, თუ რაში ვლინდება რასიზმი. აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მხარე დაარწმუნებს მოსამართლეს, რომ აცილების მიზეზი რასობრივი ნიშანი არ არის. 1994 წელს საქმეში J.E.B ალაბამას წინააღმდეგ, უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და აკრძალა სქესობრივი ნიშნით მსაჯულთა დაუსაბუთებელი აცილება. თუმცა, მხარეებს შეუძლიათ, გამოიყენონ უპირობო აცილება ამ შეზღუდვის ფარგლებშიც, თუ პირი სიმპათიებს გამოხატავს მეორე მხარისადმი.
იმ შემთხვევაში, როცა სასიკვდილო განაჩენთან დაკავშირებული საქმეები განიხილება, მოქმედებს შერჩევის კიდევ ერთი წესი. ასეთ შემთხვევაში კანდიდატებს ეკითხებიან, არის თუ არა მათი პოზიცია იმდენად კატეგორიული სასჯელის უმაღლეს ზომასთან მიმართებაში, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ სასჯელის ამ ზომას ნებისმიერი გარემოებების პირობებეში. 1985 წელს საქმეში უეინვრაიტი ვიტის წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შესაძლებელია ასეთი პირების აცილება მსაჯულთა ჯიურიდან.
შერჩევის პროცესი ნაფიც მსაჯულთა ჟიურის დაკომპლექტებით მთავრდება. მათი საერთო რაოდენობა ძირითადად 12 კაცს შეადგენს. 1970 წელს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რიცხვი 12 სულაც არ იყო მაგიური, თუმცა შემდგომმა საქმეებმა აჩვენა, რომ ჟიური არანაკლებ 6 მსაჯულისგან უნდა შედგებოდეს. არ არსებობს ცალსახა ვალდებულება, რომ ჟიური საზოგადოების ფართო ფენებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, არც იმის გარანტია, რომ ჟიურიში იქნებიან ბრალდებულის რასის, სქესისა ან ეკონომიკური შესაძლებლობების წარმომადგენლები. უზენაესმა სასამართლომ ასევე უარყო სხვადასხვა ჯგუფებისთვის გარკვეული კვოტების დაწესების იდეა, როგორც განუხორციელებელი და ანტიკონსტიტუციური. ერთადერთი, რასაც კანონი მოითხოვს არის ის, რომ თავდაპირველი სიიდან, რომელიც საზოგადოებას ასახავს, მოხდეს მსაჯულთა შერჩევა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა სისტემა კეთილშობილურ პრინციპებს ეფუძნება, ზოგჯერ ხდება ამ სისტემის ბოროტად გამოყენება. ამის ერთ-ერთი დასტურია ნაფიც მსაჯულთა ჟიურის კონსულტანტთა ინდუსტრიის ზრდა, რაც დაახლოებით წელიწადში 400 მილიონი დოლარი ჯდება. კონსულტანტები რჩევებს აძლევენ იურისტებს, თუ როგორ იპოვონ მათი საქმისათვის შესაფერისი მსაჯულები. ისინი იყენებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს და გააჩნიათ ინფორმაცია, თუ როგორი შეხედულებები აქვთ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს ამა თუ იმ საკითხზე. კონსულტანტები ასევე არკვევენ, თუ როგორია კანდიდატების ,,ხელწერა“, მათი სახის გამომეტყველება და ჟესტების ენა შესარჩევი ინტერვიუს დროს, რათა მოხდეს მათი სიმპათიების გათვლა. იურისტები ამ მონაცემებს იყენებენ დაუსაბუთებელი აცილებების უკეთ მოსამზადებლად. კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობს არა მხოლოდ დაცვის მხარე, არამედ პროკურორიც.
კრიტიკოსები თვლიან, რომ ნაფიც მსაჯულთა მეცნიერული ნიშნით შერჩევა საფრთხეს უქმნის სისტემის არსს, რადგან ორივე მხარე ცდილობს, შეარჩიოს მისთვის სასურველად მიკერძოებული მსაჯულები, ვიდრე პირუთვნელი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეს აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი კონსულტანტების დასაქირავებლად, შედეგად ამ მხარეს შეუძლია, მიიღოს განსახილველი საქმისადმი სიმპათიით განწყობილი მსაჯულებით დაკომპლექტებული ჟიური.
კრიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ რამდენიმე ბოლოდროინდელი საქმე, როდესაც ნაფიც მსაჯულთა კონსულტანტებმა აშკარა ზეგავლენა მოახდინეს ვერდიქტზე, მათ შორისაა სიმფსონის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანა; 1991 წელს ვილიამ კენედი სმიტის საქმე და 1992 წელს როდნი კინგის საქმე.
კონსულტანტებს სამოქალაქო საქმეებშიც იყენებენ. კორპორაციები, რომლებიც დიდი სარჩელების საფრთხის წინაშე დგანან, თითქმის ყოველთვის ეყრდნობიან კონსულტანტებს. IBM-მ, MCI-მ და ფეხბურთის ეროვნულმა ლიგამ კონსულტანტებს მიმართეს და საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს 80-იანი წლების ანტიმონოპოლიურ საქმეებში.
საკმაოდ გავრცელებულია ე.წ. იმიტირებული ნაფიცი მსაჯულების გამოყენებაც. კომუნიკაციების კორპორაციამ 1980 წელს საქმეში AT&T წინააღმდეგ პირველად მიმართა სწორედ ამ ტაქტიკას. მეცნიერული ნიშნით შერჩეულმა მოხალისეების ამ ჯგუფმა განიზრახა, აესახა ჟიურის დემოგრაფიული სტრუქტურა, რომლიდანაც რეალური ჟიური აირჩეოდა. პირველივე რეპეტიციაზე MCI-მ დააკონკრეტა ის ზიანი (100 მილიონი აშშ დოლარი), რომელსაც AT&T-ისგან არაკეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოების გამო ითხოვდა. იმიტირებულმა ჟიურიმ მოპასუხეს ეს თანხა დააკისრა. მეორე რეპეტიციის დროს MCI-მ თანხა არ დააკონკრეტა და თავად ჟიურის მიანდო ზიანის განსაზვრა. ამ შემთხვევაში ჟიურიმ მოპასუხეს 900 მილიონი დოლარი დააკისრა. გასაკვირი არ არის, რომ ნამდვილი პროცესის დროსაც MCI-მ ჟიურის მიანდო ზიანის თანხის განსაზღვრა, მსაჯულებმა კი კომპანიის ზიანი 600 მილიონ დოლარად შეაფასეს (მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გადამეტებულად ჩათვალა ეს თანხა და ჯარიმა შეამცირა). მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მიმომხილველი აკრიტიკებს იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა ჯიურისა და კონსულტანტების ინსტიტუტს, სხვა მიმომხილველები თვლიან, რომ კონსულტანტები მხოლოდ ეხმარებიან იურისტებს ნაფიცი მსაჯულების შერჩევაში. ასევე არ არსებობს მყარი ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ მეცნიერული ნიშნით ჟიურის შერჩევა რეალურად მუშაობს. ემპირიულ კვლევათა უმეტესობა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი გამონაკლისების მიუხედავად, ჟიურის გადაწყვეტილებებს უფრო მეტად განსაზღვრავს საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვიდრე რასობრივი, სქესობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობა.
სამართლებრივი ინსტრუქციები
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რამდენად ესმით და ასრულებენ ნაფიცი მსაჯულები იმ სამართლებრივ ინსტრუქციებს, რომლებსაც მათ მოსამართლე აძლევს. ტიპიური საქმისას, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს აძლევს ინსტრუქციას იმ კანონების შესახებ, რომლებიც აღნიშნულ საქმეს არეგულირებენ, მხოლოდ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ. ამ დროისათვის მსაჯულებს შესაძლოა, ჩამოყალიბებული ჰქონდეთ თავიანთი პოზიცია. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ეს ინსტრუქციები დაწერილია მეტისმეტად რთულ იურიდიულ ენაზე, რაც უმეტესობისთვის რთულად აღსაქმელია. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნაფიცი მსაჯულები არ იღებენ წერილობით ინსტრუქციებს და ამდენად იძულებულნი არიან, მოუსმინონ მოსამართლეს, რომელიც ხმამაღლა კითხულობს ამ ნორმებს. რამოდენიმე შტატში - არიზონა, ილიონისი და ნიუ იორკი - დაიწყეს ამ ინსტრუქციების გადასინჯვა, რათა ისინი უფრო გასაგები გახადონ.
როგორც წესი, ნაფიც მსაჯულებს აფრთხილებენ, არ ილაპარაკონ ერთმანეთში მტკიცებულებების შესახებ, ვიდრე არ მოხდება ყველა ჩვენების მიცემა. ცხადია, ამ მოთხოვნის შესრულება დროში გაწელილ პროცესებზე შეუძლებელია, განსაკუთრებით ისეთ საქმეებზე, სადაც ჟიური იზოლირებულია. არიზონაში ექსპერიმენტის სახით ნაფიც მსაჯულებს ნება დართეს ერთმანეთს შორის მტკიცებულებებზე ელაპარაკათ, სამოქალაქო პროცესებზე თავად საქმის განხილვამდე. ცხადია, მათ ამავე დროს აფრთხილებენ, რომ ჩვენებების მიცემამდე გადაწყვეტილება არ მიიღონ.
სიმფსონის პროცესმა წამოჭრა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად მართებულია ნაფიცი მსაჯულების იზოლირება. ჟიურის წევრებს არა აქვთ უფლება, მთელი სასამართო პროცესის განმავლობაში წავიდნენ სახლში, ისინი საზოგადოების ხარჯზე ცხოვრობენ და იმყოფებიან მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. იზოლირების მიზანია, მოარიდონ ნაფიცი მსაჯულები მედიის გავლენას, რამაც შესაძლოა, ააცდინოს მსაჯულების გადაწყვეტილება იმ რეალობას, რომელიც მხარეთა ჩვენებებს ეფუძნება. იზოლაცია ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ნაფიც მსაჯულებზე და მათ ციხეში ყოფნის განცდა ეუფლებათ. სწორედ ამიტომაც არის, რომ ყოველი 100-დან 1 ჟიურია იზოლირებული.
არაერთგვაროვანი აზრი გამოიწვია ერთსულოვნად მიღებულმა გადაწყვეტილებებმაც. შეერთებულ შტატებში მხოლოდ ლუიზიანასა და ორეგონშია დაშვებული არაერთსულოვანი გადაწყვეტილებები მძიმე სისხლის სამართლის საქმეებზე. დიდ ბრიტანეთში ერთსულოვანი გადაწყვეტილების წესი 1976 წელს გაუქმდა, დღეისათვის ინგლისში დაშვებულია გადაწყვეტილების მიღება ფარდობით - 10:2 ან 11:1-ზე იმ შემთხვევაში, თუ ჟიური ორი საათის განმავლობაში ვერ მიიღებს ერთსულოვან გადაწყვეტილებას.
როდესაც არსებობს ერთსულოვანი გადაწყვეტილების მოთხოვნა და ჟიური ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ასეთ ჟიურის ჩიხში შესულს უწოდებენ. ასეთ შემთხვევებში განსასჯელი არც გამართლებულია და არც გამტყუნებული, თუმცა, არის შესაძლებელი განსასჯელის ხელახლა გასამართლება, თუ პროკურორი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. ფედერალურ დონეზე ჩიხში შესული პროცესის ოდენობა 5 პროცენტზე ნაკლებია. კალიფორნიაში კი ეს რიცხვი 5-10 პროცენტამდეა, ამიტომ ოლქის პროკურორთა ასოციაციამ მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, გააუქმოს ერთსულოანი გადაწყვეტილებების წესი.
ერთსულოვნების პრინციპი სამოქალაქო საქმეებში განსხვავებულია. ერთსულოვნება აუცილებელია ფედერალურ დონეზე, თუმცა მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ამ წესის შეცვლაზე. შტატების უმრავლესობაში სამოქალაქო საქმეებზე ერთსულოვნების წესი აუცილებელი არ არის.
სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებული სპეციალური პრობლემები
სამოქალაქო პროცესებზე ნაფიც მსაჯულებს ძირითადად აკრიტიკებენ იმის გამო, თუ რამდენად აქვთ მათ უნარი, რომ სათანადოდ გაიგონ რთულ საქმეებზე მიცემული ექსპერტული ჩვენებები. თეორიულად ნაფიც მსაჯულებს აქვთ საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა სათანადოდ აღიქვან პროცესზე განსახილველი საკითხები. პრაქტიკაში კი მათ ხშირად უწევთ ისეთი საკითხების გადაწყვეტა, რაც მათთვის საკმაოდ უცხოა. მაგალითად, რამდენიმე პროცესზე, რომელიც ეხებოდა აზბესტის მოწინავე მწარმოებელს და რომელსაც ბრალად ედებოდა კიბოს გამომწვევი პროდუქტის გაყიდვა, ნაფიც მსაჯულებს მოუწიათ ისეთი საკითხებში გარკვევა, როგორიცაა მტკიცებულებები ფილტვების დაავადების შესახებ, რთული სტატისტიკა, რომლითაც შესაძლოა გამოთვალო ასბესტზე მომუშავე მუშებში კიბოს განვითარების შესაძლებლობა.
სირთულეები იჩენს თავს ანტიმონოპოლიურ პროცესებზეც. ერთ-ერთ ცნობილ პროცესზე IBM-ის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედებოდა, კომპიუტერული ინდუსტრიის მონოპოლიზირების მცდელობა, საკითხი ისეთ ტექნიკურ ინფორმაციამდე დავიდა, როგორიცაა კომპიუტერის ინტერფეისი და დისკის დიზაინი. მეორე საქმეში, სადაც იაპონურ კომპანიას ბრალად ედებოდა არასამართლიანი კონკურენცია, მსაჯულებს უნდა დაედგინათ, მართლა შემოჰქონდა თუ არა იაპონურ კომპანიას დაბალფასიანი პროდუქცია ბაზარზე, რითაც ის ამერიკული კომპანიების ბაზრიდან განდევნას ცდილობდა. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ რთულ კომერციულ საქმეებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება არ უნდა გავრცელდეს, თუმცა უზენაესს სასამართლოს ეს საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიცი მსაჯულების მიერ დაწესებული დიდი ფინანსური სანქციებიც ერთ-ერთი სადაო საკითხია. ზოგიერთ საქმეზე დაწესებულმა მაღალმა სანქციამ არაერთი კომპანია გააბანკროტა. მაშინაც კი, როდესაც სანქცია გაკოტრებას არ იწვევს, მიმომხილველები უჩივიან, რომ დაზღვევის ფასები პროდუქციის ფასს ზრდის.
ყველაზე დიდი ფინანსური სანქცია, რაც კი ნაფიც მსაჯულებს ოდესმე დაუწესებიათ, Pennzoil Oil Company-ისთვის დაწესებული 10.53 მილიარდი დოლარია. ეს სანქცია Texaco-ს დაეკისრა იმისათვის, რომ იგი არაკანონიერად ჩაერია Pennzual-ის მიერ შეთავაზებულ შერწყმაში Getty Oil Company-სთან. (Texaco -მ გაასაჩივრა ჟიურის გადაწყვეტილება და Pennzual-ი 3 მილიონს დასჯერდა). მეორე უდიდესი სასჯელი - ხუთი მილიარდი - ნაფიცმა მსაჯულებმა დააკისრეს Exxon-ს იმ ზიანისათვის, რაც 1989 წელს Exxon Valgez-ის ნავთობის დაღვრამ ალიასკაზე გამოიწვია; ასევე 1992 წელს 25 მილიონი (მოგვიანებით 6-მდე ჩამოვიდა) ტეხასელი ქალის სასარგებლოდ, რომელსაც მკერდში სილიკონის გელის იმპლატანტის შეყვანის შედეგად, აუტოიმუნური დაავადება განუვითარდა. ზოგიერთს მიაჩნია რომ, ეს გადაწყვეტილებები გადაჭარბებული იყო, თუმცა სხვათა აზრით, ეს არის მესიჯი იმისა, რომ საჭიროა უსაფრთხო პროდუქტები და სამედიცინო პროცედურები.
ნაფიც მსაჯულთა სისტემის ძლიერი მხარეები
მიუხედავად იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა სისტემას ბევრი აკრიტიკებს, ემპირიულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ნაფიც მსაჯულებს შესწევთ უნარი, სათანადოდ აღიქვან საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიჰყვნენ მოსამართლის მიერ გაწეულ ინსტრუქციებს კანონთა შესახებ და გამოიტანონ არა ემოციებზე, არამედ ფაქტებსა და კანონზე დაფუძნებული ვერდიქტი. ჩიკაგოს უნივერსიტეტის სწავლულების მიერ 1966 წელს გამოქვეყნებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ პროცესის მოსამართლე ყოველი ოთხი ვერდიქტიდან ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ სამზე მეტ გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა. სამწუხაროდ, ბოლო წლებში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა და ამდენად, არავის შეუძლია, დანამდვილებით თქვას, გაიზარდა თუ იკლო მოსამართლეთა ნდობამ ნაფიც მსაჯულთა მიმართ. უახლესი გამოკვლევების მიხედვით, ნაფიცი მსაჯულების უმრავლესობა პოზიტიურად აფასებს სასამართლოში თავიანთ საქმიანობას. მათ სჯერათ, რომ ჟიურიში მყოფი მათი კოლეგებიც მართებულად მოქმედებდნენ, იმისდა მიუხედავად, ეთანხმებოდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს.
მოსამართლის მიერ ჩატარებულ პროცესთან შედარებით ნაფიც მსაჯულთა სისტემას სამი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს. პირველი, სისხლის სამართლის ჟიური გამოდის ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, რადგან სახელმწიფოს არა აქვს ბრალდებულის დაპატიმრების უფლება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული ნაფიც მსაჯულთა ჟიური არ დარწმუნდება, რომ ეს ბრალდებული ნამდვილად დამნაშავეა. მეორეც, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობა პროცესში ლეგიტიმურობას სძენს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რადგანაც ფართო საზოგადოება ხედავს, რომ ვერდიქტი მათ მსგავსს ადამიანებს გამოაქვთ. სამართალწარმოებაში ფართო საზოგადოების ჩართულობა სასამართლო გადაწყვეტილებებს ყველასათვის მისაღებს ხდის.
მესამე უპირატესობა, რომელიც ზოგიერთმა კრიტიკოსმა შეიძლება სისუსტედ მიიჩნიოს, არის ის, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა შეიძლება უგულველყონ კანონი იმისათვის, რომ გამოიტანონ მათი მრწამსის შესატყვისი ვერდიქტი. ოფიციალურად, მერილენდისა და ინდიანას შტატის გარდა, ნაფიც მსაჯულებს მთელ ამერიკაში აფრთხილებენ, რომ მათ უნდა იხელმძღვანელონ კანონით, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა ამა თუ იმ კანონის ნორმას. არსებობს ფაქტები, როცა ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ფაქტობრივი დამნაშავეები და ამით გამოხატეს თავიანთი პროტესტი არასამართლიანი კანონის, ასევე კანონის არასამართლიანი აღსრულების წინააღმდეგ. ასეთ პრაქტიკას ანულირებას უწოდებენ.
როდესაც ნაფიცი მსაჯულები დამნაშავის გამართლების მიზნით, კანონის ანულირებას ახდენენ, ზემდგომ ინსტანციებში ჟიურის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეუძლებელი ხდება. ამის მიზეზი კონსტიტუციის მეხუთე შესწორებაში უნდა ვეძებოთ, რომელიც კრძალავს მთავრობის მიერ ერთხელ გამართლებული პირის იმავე ბრალდებით ხელახლა გასამართლებას.
ისტორიაში ცნობილია არაერთი მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი, რომელზეც ანულირება გამოიყენეს. 1670 წელს, ლონდონში ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ რამდენიმე დღე გაძლო წყლისა და საკვების გარეშე და არ ცნო დამნაშავედ კვაკერი ვილიამ პენი, რომელმაც კვაკერული რელიგიის ქადაგებით დაარღვია ინგლისის კანონმდებლობა. შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომამდე ჩრდილოეთ შტატების ნაფიცი მსაჯულები ხშირად უგულვებელყოფდნენ კანონს გაქცეული მონების შესახებ, ამართლებდნენ გაქცეულ მონებს, რითაც ეხმარებოდნენ მათ.
ცხადია, შესაძლებელია ანულირების გამოყენება, როგორც კეთილშობილური, ასევე არაკეთილშობილური მიზნით. მაგალითად, 1954 წელს თეთრკანიანებით დაკომპლექტებულმა მისისიპის ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ არ გაითვალისწინა იმ მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც აშკარად ცხადყოფდნენ ბრალდებულების დანაშაულს. მათ გაამართლეს ორი თეთრკანიანი მამაკაცი, რომელთაც 14 წლის ემეტ ტილის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი.
ბოლო დროინდელმა პროცესებმა წარმოშვა ეჭვი, რომ ნაფიც მსაჯულთა ჟიური ანულირებას კვლავ პროტესტის გამოხატვის მიზნით იყენებს. სიმფსონის საქმის მსვლელობისას გაირკვა, რომ ამ საქმის გამომძიებელი, ლოს ანჯელესის პოლიციის დეტექტივი მარკ ფურმანი ცნობილი იყო თავისი რასისტული გამონათქვამებით. საბოლოო სიტყვაში დაცვის ადვოკატმა ჯონი კორანმა სთხოვა ჟიურის გაემართლებინათ სიმფსონი და ამით გამოეხატათ პროტესტი რასიზმის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სიმფსონი უდანაშაულოდ ცნეს, ცალკეულმა მსაჯულებმა განაცხადეს, რომ ეს ვერდიქტი ანულირებას არ წარმოადგენდა. ანურირების ნათელი მაგალითია დეტროიტში, მიჩიგანში ჩატარებული პროცესი, როდესაც ჟიურიმ უარი თქვა, შეეფარდებინა ევთანაზიის შესახებ მიჩიგანის კანონი ექიმ ჯექ კევორკიანისთვის.
ნაფიც მსაჯულთა სისტემის ალტერნატივები
შეერთებულ შტატებში საკმაოდ იშვიათია პროცესები, რომლებიც ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით იმართება. გამოთვლილია, რომ 5%25-ზე ნაკლები სისხლის სამართლის საქმეებია გადაჭრილი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულთა 90 პროცენტი აღიარებს თავის დანაშაულს და უარს ამბობს საქმის სასამართლო წარმოებაზე. ზოგიერთი კი არ იყენებს თავის უფლებას, წარსდგეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე და უპირატესობას ანიჭებს მოსამართლის გამოტანილ ვერდიქტს.
ნაფიც მსაჯულთა ჟიური მხოლოდ 1-2 პროცენტით გამოიყენება სამოქალაქო საქმეებში. საქმეთა უმეტესობა მორიგებით სრულდება. მაგალითად, შეერთებულ შტატებში შრომითი და კომერციული კონტრაქტების უმეტესობა შეიცავს ნორმას, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილი დავები არბიტრაჟზე გადაწყვიტონ.
დასავლური დემოკრატიების უმეტესობა, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები და შვედეთი ამერიკული ყაიდის ჟიურის ალტერნატივებს მიმართავს. ამ ქვეყნებში პროცესები ტარდება პროფესიონალი მოსამართლეების ან მოსამართლეებითა და დილეტანტებით ერთობლივად დაკომპლექტებული შემადგენლობის წინაშე. სამოქალაქო და ნაკლებად მძიმე ხარისხის სისხლის სამართლის საქმეებს ამ ქვეყნებში მხოლოდ მოსამართლეები იხილავენ. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებს იხილავს პროფესიონალი მოსამართლეებისა და არაპროფესიონალთაგან შემდგარი შერეული კოლეგია. ევროპული კოლეგიები, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს უფრო უმრავლესობით იღებენ, ვიდრე ერთსულოვნად.
შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში არ აპირებს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გაუქმებას. თუმცა, არსებობს ნაფიც მსაჯულთა სამსახურის შესახებ ნორმების გამკაცრების ტენდენცია, რათა გამოძახებული პირი მართლაც გამოცხადდეს და იმსახუროს ჟიურიში. კრიტიკოსთა ნაწილი ითხოვს პროფესიული ნიშნით დაწესებული გამონაკლისების გაუქმებას, მაგალითად იურისტებისა და ექიმებისათვის.
ზოგიერთი შტატი იხილავს შერჩევის პროცესის გამარტივების საკითხს, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით. ეს პროცესი შეიძლება გამარტივდეს, თუ განისაზღვრება შეკითხვათა წრე და შემცირდება დაუსაბუთებელი აცილებების რიცხვი. მსაჯულების ცნობიერების ამაღლება გულისხმობს ინსტრუქციებს საქმეების საწყისს ეტაპზე, პროცესის დროს შენიშვნების ჩაწერისა და ასევე მოწმეთათვის კითხვების დასმის უფლებას, მას შემდეგ რაც ეს კითხვები წინასწარ წერილობით გაეგზავნება მოსამართლეს და მოწინააღმდეგე მხარეს.
მიუხედავად იმისა, რომ სადაო გადაწყვეტილებები ზოგჯერ არყევს ნაფიც მსაჯულთა სისტემისადმი ხალხის რწმენას, ეს სისტემა ამერიკული დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. რეფორმების გატარებამ შესაძლოა, იგი კიდევ უფრო გააძლიეროს.
__________________________
1. სადამსჯელო სანქცია განისაზღვრება არა მოსარჩლისათვის მიყენებული ზარალის მიხედვით, არამედ იმ ოდენობით, რომ მოპასუხეს მიადგეს ზიანი.
2. ,,ღვთიური სამართალი“ - ფიზიკური ტანჯვით გამოცდა, როგორც სამართლებრივი მეთოდი.
![]() |
4 1917 წლის რევოლუცია და წმ. კირიონის გუჯარი |
▲ზევით დაბრუნება |
ნუგზარ პაპუაშვილი
ეპისტოლე, რომლის ტექსტს ახლა ვაქვეყნებთ, საქართველოს საეკლესიო და სამოქალაქო ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. მასში იმ ეპოქის ზოგადი განწყობილება და სულისკვეთებაა არეკლილი, რომელსაც იგი ეკუთვნის და ის შესახებაც ერთმა იმდროინდელმა პოეტმა თქვა: ,,დავინახე, მეხმა როგორ გააპო საქართველოს საყდრული მყუდროება“.
მოხდა რევოლუცია, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს მობეზრდა ძველი ცხოვრება, - დუმილი და ერთფეროვნება. დაიწყო არსებული საზოგადოებრივპოლიტიკური სისტემის ძირფესვიანად შეცვლა, რასაც ფასეულობათა გადაფასება და ახალი აზროვნების, ახალი ცნობიერების, ახალი სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი კრიტერიუმების აღმოცენება მოჰყვა. დაისახა გლობალური გეგმები და მათი რეალიზაციის მეთოდები, გამოიკვეთა პერსპექტივები. მაშინ ყოველი მხრიდან გაიგონებდით ძახილს და მოწოდებებს, რომელთა შინაარსი გალაკტიონ ტაბიძემ ასე გადმოსცა:
,,... და გვესმის ძველების მედგარი ძახილი: ახალი, ახალი, მოგვეცით ახალი!“
იმ პიროვნებათა მხარდამხარ, რევოლუციურ ქარტეხილთა ჟამს ,,ძველსა და ახალს შორის შემაერთავი ხიდის“ მისია რომ იტვირთეს, ნეტარხსენებული მღვდელმთავარი, აწ წმინდანთა გუნდს შეერთებული, კირიონი დგას.
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენის და საეკლესიო-სამოქალაქო რეფორმების ერთ-ერთი ინიციატორი, შემოქმედი და მუშაკი გახლდათ. საეკლესიოსამოქალაქო რეფორმების ქვეშ, პირველ რიგში, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის იდეათა კვალდაკვალ ეკლესიის არა მოძღვრების (დოგმატიკის), არამედ გარეგანი მხარის, ზედაპირის ორგანიზება იგულისხმება, რისკენ სწრაფვა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს არსებით ნიშნად უნდა ჩაითვალოს ზოგადად და მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში კერძოდ.
1917-1921 წლებში ქართველი საზოგადოების წამყვანმა ნაწილმა დასავლური ღირებულებებისადმი შეუნელებელი ინტერესი გამოავლინა. ეს ტენდენციები როგორც საერო, ისე საეკლესიო სარბიელზეც გამოჩნდა. დაიწყო საეკლესიო-კანონიკური წყობილების რამდენადმე გამარტივება, საღვთისმსახურო რეგლამენტის შემცირება, საერო-სამოქალაქო ყოფასთან მისი მისადაგება და მორწმუნეობის იმ კულტურაზე მინიშნება, რომელსაც მაშინ ,,საღ სარწმუნოებას“ ეძახდნენ. ლაპარაკია მორწმუნეობის ანუ პირადი რელიგიური განცდების იმ ფორმით და მეთოდით გამოვლინებაზე, რომელსაც დისონანსი არ შეაქვს ღია სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში და, მაშასადამე, დემოკრატიული, მრავალეროვანი და მრავალრელიგიური სახელმწიფოს ფუნქციონირებაში.
1917-1921 წლებში ქართველი საზოგადოების წამყვანმა ნაწილმა დასავლური ღირებულებებისადმიშეუნელებელი ინტერესი გამოავლინა. ეს ტენდენციები როგორც საერო, ისე საეკლესიო სარბიელზეც გამოჩნდა.
ამთავითვე მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ XX საუკუნის პირველ მეოთხედში ქართველი მართლმადიდებლების (სასულიეროთა და საეროთა) დიდი ნაწილი მორწმუნეობის მაღალ კულტურას და სახელმწიფოებრივი ცნობიერების თანამედროვე სამანებს მიუახლოვდა. მიზეზი, რამაც ეს ვითარება განაპირობა, ცალკე მსჯელობის საგანია. ამ შემთხვევაში საკმარისია აღვნიშნოთ: სარწმუნოებისა და სახელმწიფოს, ერისა და ეკლესიის ურთიერთობის სფეროში სამოქალაქოდემოკრატიულ ცნობიერებას იდეური საფუძველი ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანადასელებმა შეუმზადეს. მათ გვერდით არა ერთი და ორი სასულიერო პირი იდგა, რომლებიც კულტურით, განათლებით და ინტელექტით ცივილიზებული ქვეყნების სამღვდელოებას არ ჩამოუვარდებოდნენ. საკმარისია გავიხსენოთ წმ. ეპისკოპოს გაბრიელის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, მეცნიერული და სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან, მაგალითად ანგლიკან მღვდელ მალანთან, ეკლესიური თანამშრომლობის პრაქტიკა, რათა დავრწმუნდეთ, რომ XIX-XX საუკუნეების შუალედზე მყოფ ქართველ სამღვდელოთა წრეებში სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის სასარგებლო სარწმუნოებრივ განწყობილებას უკვე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. ფაქტია: დამოუკიდებლობის წლებში (1917-1921) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებს იმ დონის სამოძღვრო კულტურა აღმოაჩნდათ, რომ ისინი ცივილიზებულ და დაწინაურებულ ქვეყნებთან ჩვენი განახლებული სახელმწიფოს ინტეგრაციის პროცესს არამც თუ არ ამუხრუჭებდნენ და ხელს არ უშლიდნენ, არამედ გარკვეული აზრით და შეძლებისამებრ გზასაც კი უკაფავდნენ.
სარწმუნოებისა და სახელმწიფოს, ერისა და ეკლესიის ურთიერთობის სფეროში სამოქალაქო-დემოკრატიულ ცნობიერებას იდეური საფუძველი ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანადასელებმა შეუმზადეს. მათ გვერდით არა ერთი და ორი სასულიერო პირი იდგა, რომლებიც კულტურით, განათლებით და ინტელექტით ცივილიზებულიქვეყნების სამღვდელოებას არ ჩამოუვარდებოდნენ.
წმ. კირიონი ილია მართლის (ჭავჭავაძის) და წმ. ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძის) მემკვიდრე და თანამოსაგრე იყო. ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი, ბედით და შემოქმედებით გამორჩეული პიროვნება გახლავთ. ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში დაიბა და გაიზარდა. შეიძინა აკადემიური განათლება: დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და კიევის სასულიერო აკადემია; ეწეოდა კულტუროლოგიურ, სამეცნიერო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. 1896 წელს მას ცოლ-შვილი დაეღუპა და სავარაუდებელია, რომ ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწესა და მკვლევარს მონასტრისაკენ ამ ტრაგედიამაც უბიძგა. იმავე წელს იგი ბერად აღიკვეცა და მღვდლად ეკურთხა; 1898 წელს ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, ხოლო 1917 წლის 9 სექტემბერს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად აირჩიეს და 1 ოქტომბერს, ცხოველმყოფელი სვეტის ხსენების დღეს, აღასაყდრეს. 1918 წლის 27 ივნისს, დილით, მისი უწმინდესობა თავის საზაფხულო რეზიდენციაში, მარტყოფის მონასტერში, საძინებელ ოთახში, განგმირული იპოვეს. სასთუმალთან დაკეტილი რევოლვერი იდო. გამოძიებამ დასკვნა ვერ გამოიტანა. მარტყოფის ტრაგედიას ფარდა დღემდე არ ახდია.
წმ. კირიონის პირადი ცხოვრება, სასულიერო და საზოგადო მოღვაწეობა, ტკივილებით და ბედითი უკუღმართობით იყო სავსე. იგი რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის განახლებისათვის იბრძოდა. ეს ბრძოლა ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა. წმ. კირიონს შინაურ და გარეშე მტრებთან მოუხდა შერკინება. იგი ცილისწამებისა და უსამართლო მსჯავრის მსხვერპლი გახდა; იწვნია გადასახლებისა და პატიმრობის უღელი, მეგობართა და თანამოსაგრეთა ღალატი, საყვარელ და ნალოლიავებ საგანთა მსხვრევა და, ბოლოს, მოწამებრივი აღსასრული.
ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მოწყობისა და, კერძოდ, ეკლესიის სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხში წმ. კირიონი დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისებს ავითარებდა. მას მიაჩნდა, რომ თანამედროვე სახელმწიფოს აშენებისა და ერის კონსოლიდაციისათვის აუცილებელია, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ეთნოსთა და განსხვავებული მრწამსის ეკლესიათა დაახლოების მიზნით. ამ პოზიციას თანამედროვე ენაზე ეკუმენიზმი ჰქვია. ეკუმენიზმის თანახმად კი ქრისტიანულ აღმსარებლობათა ურთიერთობა და თანაცხოვრება იმ მსოფლმხედველობას და ტრადიციას უნდა დაეფუძნოს, რაც საერთოა. თუკი სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევართა შორის მშვიდობისა და სათნოების დასადგურება გვსურს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა იმაზე, რაც გვაშორებს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს და გვაახლოებს.
1917 წლის 25 თებერვალს რუსეთში რევოლუციამ გაიმარჯვა. იმა წლის 3 მარტს სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლება გამოცხადდა, გამოიცა დეკრეტი ერთა თვითგამორკვევის შესახებ. დასუსტდა რეჟიმი, დაიწყო იმპერიის დეცენტრალიზაცია და რღვევა. აღნიშნული წლის 12 მარტს საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, თავი მოიყარა ასი ათასმა ქალმა და კაცმა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები იყვნენ, რომელთაც კარდინალური პრობლემა უნდა გადაეჭრათ - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.
ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მოწყობისა და, კერძოდ, ეკლესიის სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხში წმ. კირიონი დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისებს ავითარებდა. მას მიაჩნდა, რომ თანამედროვე სახელმწიფოს აშენებისა და ერის კონსოლიდაციისათვის აუცილებელია, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ეთნოსთა და განსხვავებული მრწამსის ეკლესიათა დაახლოების მიზნით.
ჟამისწირვა ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძემ) აღასრულა. მან ,,განიცადეზე“ წარმოთქვა სიტყვა და გამოთქვა იმედი, რომ ამიერიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაიწყებს ახალ ცხოვრებას, ავტოკეფალურს და თავისუფალს. წირვის შემდეგ გალავანში გადაიხადეს სამადლობელი პარაკლისი თვითმპყრობელობის დამხობის გამო. ბოლოს წაიკითხეს ოქმი, რომლის თანახმად 1) განახლდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მართვაგამგეობა და 2) გაუქმდა საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობა. მეორე დღეს, 13 მარტს, ეპისკოპოსმა ლეონიდემ ოფიციალურად მოახსენა ეგზარქოს პლატონს, რომ იგი, სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილების თამახმად, გადაყენექვეყნის ბულია დაკავებული თანამდებობიდან, აღარა აქვს უფლება, მართოს ეპარქიები, სასწავლებლები და დაწესებულებები საქართველოს საკათალიკოსოს საზღვრებში; საქართველოს ეკლესიის ყოველი საქმე და ფინანსები უნდა ჩაბარდეს დროებით აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ორგანოს ფუნქციას შეასრულებს ამ ეკლესიის ლეგიტიმური საჭეთმპყრობლის - კათალიკოსპატრიარქის - არჩევამდე.
ამდენად, 1917 წლის 12 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ წყობილებასა და ცხოვრებაში, საერო ენით რომ ვთქვათ, რევოლუცია მოხდა. მას სოლიდარობა სხვა აღმსარებლობათა წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს, - კათოლიკეებმა, პროტესტანტებმა და, წარმოიდგინეთ, ადგილობრივმა მუსლიმებმაც კი. ასე რომ, 1917 წლის რევოლუციამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც მოიცვა და სინდისის თავისუფლების ერთობ ქრისტიანულ იდეას ჩვენს ქვეყანაში მწვანე შუქი აუნთო.
ამ ,,რევოლუციის“ მთავარ შემოქმედთაგანი - ეპისკოპოსი კირიონი - იმხანად სამშობლოში არ იმყოფებოდა. იგი უსამართლოდ, ყალბი ბრალდებების საფუძველზე, იყო დასჯილი და რუსეთის ერთ ცენტრალურ გუბერნიაში გასახლებილი. მცხეთის კრებამ მას მილოცვის დეპეშა გაუგზავნა და საქართველოში დასაბრუნებლად მოუწოდა. იგი თავის ქვეყანას და ეკლესიას იმა წლის ივნისში დაუბრუნდა და საარჩევნო კამპანიას გვიან შეუერთდა. კათალიკოს-პატრიარქის არჩევნები სიონის საკათედრო ტაძარში 17 სექტემბერს გაიმართა. ეპისკოპოს კირიონის პრეტენდენტად ეპისკოპოსი ლეონიდე გამოვიდა. მოეწყო ფარული კენჭისყრა. დეპუტატთა რიცხვი (სასულიერონი და საერონი) 600-მდე აღწევდა. კირიონმა 11 ხმით გაიმარჯვა და ამ აქტის საფუძველზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქად გამოცხადდა. აღსაყდრება (ინტრონიზაცია) მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა. ახლადდადგინებულმა მწყემსმთავარმა, ძველი ტრადიციისამებრ, მოკითხვის ბარათები გაუგზავნა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ პატრიარქებს, რომის პაპს და ყოველთა სომეხთა პატრიარქკათალიკოსს (ჟურნ. ,,სვეტიცხოველი“, 1917, №4), რომლებშიც ქრისტიანულდემოკრატიული და ეკუმენური იდეები წარმოაჩინა. აღსაყდრების დღეს, როდესაც კათალიკოს-პატრიარქად კურთხევისა და ხელდასხმის წესი აღესრულა, მან სამწყსოს საგანგებო სიტყვით მიმართა, რომელშიც ქვეყნისა და ეკლესიის ურთიერთობას, მათ წინაშე მდგომ საჭირბოროტო კითხვებს და პრობლემათა დაძლევის გზებსაც შეეხო. ეს სიტყვა დაედო საფუძვლად მწყემსმთავრულ ეპისტოლეს, რომელიც მოგვიანებით გუჯარის სახელწოდებით გამოქვეყნდა და გავრცელდა.
,,გუჯარი“ სპარსული სიტყვაა და დოკუმენტს ნიშნავს. იგი, როგორც ტერმინი, ქართულ ენაში XV ს-იდან მკვიდრდება, იურიდიული ძალის მქონე წერილობითი დოკუმენტის შინაარსს იძენს და სიგელის, ,,წიგნის“, ,,დაწერილის“, ფირმანის, მანიფესტის, დეკლარაციის სინონიმად გვევლინება. ეს სიტყვა (გუჯარი) საეკლესიო პრაქტიკაშიც გამოიყენებოდა და სამოქალაქოშიც. ჩანს, ძველ ქართულ საეკლესიო და საერო მწერლობის ისტორიაში შესანიშნავად განსწავლულმა მღვდელმთავარმა თავის პირველ სამწყემსო ეპისტოლეს ,,გუჯარი“ საგანგებოდ დაარქვა. ამით მან ხაზი ორ მომენტს გაუსვა:
1) ეკლესია, რომელმაც ავტოკეფალური მართვა-გამგეობა ახალ დროში აღიდგინა, ძველ ეპოქასა და ტრადიციებთან კავშირს არ წყვეტს და
2) ეს ეკლესია სიმფონიაშია სამოქალაქო საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან.
წინამდებარე გუჯარი საყურადღებოა როგორც საკუთრივ საეკლესიო-საღვთისმეტყველო, ისე საეკლესიოსაზოგადოებრივი ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის თვალსაზრისით.
მცხეთის ეპისკოპოსი, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქად აირჩიეს, ცისა და ქვეყნის წინაშე ღაღადებს, რომ იგი აღჭურვილია ,,ცხოველი სარწმუნოებით“ და აღთქმას დებს, - მოღვაწეობას სარწმუნოების შესაბამისად წარმართავს. მისი მთავარი საზრუნავი იმ პრობლემების მოგვარება იქნება, რის წინაშეც ივერიის ძველთუძველესი ეკლესია თანამედროვეობის მკაცრმა სინამდვილემ დააყენა.
13 მარტს, ეპისკოპოსმა ლეონიდემ ოფიციალურად მოახსენა ეგზარქოს პლატონს, რომ იგი, სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილების თამახმად, გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან, აღარა აქვს უფლება, მართოს ეპარქიები, სასწავლებლები და დაწესებულებები საქართველოს საკათალიკოსოს საზღვრებში;
რეალობა და პრობლემები კი ასეთია:
1) ეკლესია, ასწლიანი მონობის გამო, ქვეყნისა და სახელმწიფოსაგან გაუცხოვებულია. ამიტომ იგი ,,განახლებულ უნდა იქნეს თანამედროვე ცხოვრების საჭიროებათა მიხედვით ყოველ სფეროში“. მასასადამე, ეკლესიაშისაჭიროა რეფორმები.
2) ქვეყანა, რომლის საზღვრებში ეს ეკლესია იმყოფება, დღეს ახალი ცხოვრების აშენებას ესწრაფვის. ესაა დამოუკიდებლობა და დემოკრატია. ეკლესიის ამოცანაა, დაეხმაროს სახელმწიფოს და ამ იდეალების სრულყოფის საქმეში მან (ეკლესიამ) წვლილი შეიტანოს. უმთავრესი იდეალი არის შემდეგი: კაცობრიობის ფერხულში საქართველომ ,,შესაფერისი და დამსახურებული“ ადგილი იპოვოს. იმის გამო, რომ ეს პრობლემები მოუგვარებელია და ქვეყანას მძიმე ტვირთად აწევს, პირველმწყემსი ლამის განგაშის ზარებს სცემს. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ჯეროვან განათლებას მოკლებულია, ეკონომიურად გაღატაკებული და სოციალურად დაბეჩავებული. ეპისტოლე გვინერგავს რწმენას და იმედს, - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესწევს ძალა და ვალდებულიცაა, რომ ნაბიჯები ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ გადადგას.
იმ დღეს, როდესაც სვეტიცხოვლის ტაძარში ახლადაღსაყდრებულმა მწყემსმთავარმა სიტყვა წარმოთქვა და ზემოწარმოჩენილი პოზიციები ჩამოაყალიბა, გაზეთ ,,საქართველოში“ ასეთი სტრიქონები დაისტამბა:
,,ჩვენი ეკლესიიდან განიდევნება შეუსაბამო თეატრალობა, ხოლო მმართველობაში მოისპობა ის შესაზარი ბიუროკრატიული წესები, რომლებიც ახშობდა სარწმუნოებას და მის ნაცვლად ამყარებდა კლერიკალობას და მწვალებლობას. განათლებული კათალიკოსის დახმარებით ჩვენი ეკლესია აღადგენს ძველ მარტივ წესებს და ნამდვილ ეროვნულ ადათებს; დაგმობს ცეზაროპაპის პოლიტიკას და მართვაგამგეობის საქმეს მოაწყობს ისე, როგორც მოითხოვს თანამედროვე ცხოვრების პირობები.“
წინამდებარე დოკუმენტი გამოქვეყნებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველკვირეულ ორგანოში ,,სვეტიცხოველი“ (1917, №4). ეს ჟურნალი 1917-1918 წლებში გამოდიოდა; გამოიცა რამდენიმე ნომერი და ისიც მეტად შეზღუდული ტირაჟით. დღეისათვის მათი თითო-ოროლა ეგზემპლარია შემორჩენილი და, ამდენად, ისინი ჩვენს დროში ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენენ. წმ. კირიონის გუჯარის შინაარსი დღესაც აქტუალური და ცოცხალია, რამაც მისი ხელახალი პუბლიკაციის აუცილებლობაში დაგვარწმუნა.
![]() |
5 გუჯარი უწმიდესი და უნეტარესი კათალიკოს-პატრიარქის კირიონისა საქართველოს ეკლესიის |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ტფილისი, 19 ოქტომბერს 1917 წ.
წილხდომილო დედისა ღვთისაო, ივერიავ, დიდებულო და ღვთივდაცულო!
,,დიდება ღმერთსა, სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა“
საქართველოს ეკლესიამ, ასის წლის მონობის შემდეგ, კვლავ ჰპოვა მოწყალება ღვთისა და დაიბრუნა თვისი დამოუკიდებლობა. ამიერიდან ,,არღარა ვართ მონა, არამედ აზნაურ“. ქართველმა ერმა ამა წლის 17 სექტემბერს დამადგინა მე უღირსი ახლად აღდგენილ თვისისა ეკლესიისა მნედ და საჭეთმპყრობელად. აღვალ რა მცხეთის ძველ საპატრიარქო საყდარზედ, მოგმართავთ ყველას მოციქულის სიტყვებით: ,,მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ ყოველთა თანა“. საყვარელო სამშობლო, ღვთის დედის წილხდომოლო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმენდილო! შენთვის ტანჯული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მარად შენკენ მოსწრაფებული, დღეს განვისვენებ ტკბილსა წიაღსა შენსა შინა, არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინიდისი ეკლესიისა შენისა, ვითარცა მეხვაიშნე შენი წინაშე ღვთისა და კაცისა. ვიცი, თვალნი გონებისა შენისანი ამ ჟამად ჩემკენ არიან მოქცეულნი და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდამოსილსა? - ყური მომაპყარ.
,,არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული შენი სახსრად შენდა.“ (მათე 20,28);
მოველ არა ვითარცა მნე, სასყიდლით დადგინებული, არამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი და სიყვარულით აღვსილი.
დიდ არს, მძიმე და პასუხსაგები საჭეთმპყრობელობა ახლად აღდგენილ ეკლესიისა, მეტადრე ჩვენს აწინდელ მძიმე და გასაჭირ დროში. სხვანი, ჩემზედ უფრო მტკიცენი ხასიათითა და მხნეობითა, მუხლს იდრეკდნენ ამ ფრიად მძიმე ტვირთის ქვეშ. ,,ჭეშმარიტად საღმრთო, დიდ და აღმატებულ არს წმიდაი ესე მსახურება, რომლისათვის, - თქმულისაებრ წმიდისა იოანე ოქროპირისა, - საჭირო არს ძალი და ბუნება ანგელოზთა“, გარნა მადლითა და სასოებითა კაცთმოყვარისა მეუფისაითა, მივიღებ აღრჩევასა ქრისტეს მორწმუნისა ერისასა და მოსრული წინაშე ღვთივაღმართებულისა ამის ბრწყინვალე სვეტისა და კვართისა ცხოველმყოფელისა აღთქმასა ვჰყოფ საღმრთოთა წესთა და სარწმუნოებისა დაცვისათვის, - ერთგულებისათვის ამა კათოლიკე ეკლესიისა და თავისა და სულისა დადებისათვის, ვიდრე სისხლის დათხევამდე ერისა ჩემისა კეთილდღეობისათვის. აღჭურვილი ვარ ცხოველითა სარწმუნოებითა, რომ მეოხებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათა ივერიის ეკლესიისათა წარიმართოს საქმე კეთილად და სადიდებელად ღვთისა: ,,დიდი თამარი, ღმრთისა ამარი, ჩვენთვის ვედრებად მარად მზად არი.“
განმტკიცება ახლად აღდგენილ ეკლესიისა მის ისტორიულ უფლებათა ფარგლებში, - აი, პირველი საზრუნავი. ასი წლის მონობის გამო შეირყა საქართველოს ეკლესიის მწყობრი ცხოვრება, ერის გულთან შეთანხმებული; დაირღვა კავშირი, გაქრა სული ცხოველი. განთავისუფლებული ეკლესია პირველყოვლისა განახლებულ უნდა იქმნეს თანამედროვე ცხოვრების საჭიროებათა მიხედვით ყოველ სფეროში და ესრეთ გაცხოველებული კვლავ დაუბრუნდეს ერის მთლიან გვამს, რათა ვიყვნეთ ყოველნი ერთ გვამ და მრჩობლ ვიღვწოდეთ საერთო წარმატებისათვის.
ღელავს და ბობოქრობს მსოფლიო ზღვა, მრისხანეთ ელვარებს ცეცხლი მსოფლიო ომისა, რომელსა შინა
,,ქვეყანა და საქმენი მისნი დაწვად განმზადებულან.“ (2 პეტრე 3,10).
ეხლა უნდა გამოიჭედოს და გარდაიქმნას ბედი სხვადასხვა ქვეყნებისა, განსაკუთრებით კი პატარა ერებისა. ჩვენი ეკლესია მუდამ ედგა დარაჯად ქართველი ერის მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ის იყო დროშა, რომლის ქვეშ ღვიოდა ნაპერწკალი ქართველთა თანხმობის იდეისა. ეროვნულ დროშის ქვეშ ქართველი უძლეველი იყო; გასაჭირის დროს ქუდზედ კაცი გამოდიოდა ოჯახიდან და საქართველო თავზარს სცემდა თვის მტრებს, რომლებიც დიდის პატივისცემით ეკიდებოდნენ მამაც ქართველებს. ტყუილად კი არ ამბობდა ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში ცნობილი გიორგი მერჩული:
,,ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.“
თუ ასე იყო ძველად, დღესაც ვალად აძევს ჩვენს ეკლესიას ემსახუროს იმავე იდეას და მედგრად გაახსენოს კაცობრიობას სახელი ქართველი ერისა; მან უნდა ხელი შეუწყოს ჩვენს განმტკიცება-გაერთიანებას, რათა კაცობრიობის ფერხულში ჩვენც ვპოოთ შესაფერი და დამსახურებული ადგილი. აი, მეორე საზრუნავი ჩვენი.
ჩვენის ეკლესიის სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ ის არასოდეს არ ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობის გამამწვავებელ იარაღად და ფანატიკოსობის დამყარების მიზეზად. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ ქართული სახარება, ისრაელების თორა და მაჰმადიანთა ყურანი მშვიდობიანათ თავსდებოდნენ საქართველოში. ეკლესია იყო თავი მიზეზი იმისა, რომ ყველა უცხო ტომი ჩვენში ჰპოულობდა მეორე სამშობლოს და მისთვის სისხლსა ღვრიდა.
ჩვენის ეკლესიის სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ ის არასოდეს არ ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობის გამამწვავებელ იარაღად და ფანატიკოსობის დამყარების მიზეზად. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ ქართული სახარება, ისრაელების თორა და მაჰმადიანთა ყურანი მშვიდობიანათ თავსდებოდნენ საქართველოში. ეკლესია იყო თავი მიზეზი იმისა, რომ ყველა უცხო ტომი ჩვენში ჰპოულობდა მეორე სამშობლოს და მისთვის სისხლსა ღვრიდა. ერთა შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცება ახლა უნდა მორიგ საკითხად ჩაითვალოს განსაკუთრებით კავკასიაში, სადაც ამ ძმურ განწყობილებას ხელოვნურად არღვევდნენ, ხშირად ძველი საეკლესიო წესწყობილების საშუალებით. განახლებული საქართველოს ეკლესია მიზნად ისახავს კვლავ წამოაყენოს ბევრისაგან დავიწყებული თქმულება:
,,ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩვენ ყოველთა შორის.“ (ეფეს. 4,6)
და ამ ნიადაგზედ ყველა მეზობელ ერებს ძმურ, შემოქმედებით მუშაობისაკენ მოუწოდოს. აჰა, მესამე საზრუნავი ჩვენი!
ეხლა თვალი გადავავლოთ ჩვენს, ქართველ ერის, შინაურ ცხოვრებას. რას დავინახავთ? - ხალხს, ჯეროვან სწავლა-განათლებას მოკლებულს და ამის გამო ეკონომიურად გაღატაკებულს და სოციალურად დაბეჩავებულს. ჩვენი ძველი კულტურა და სწავლა-განათლება ეკლესიათა წიაღში აღმოცენდა. აქ პოულობდნენ ჩვენნი წინაპარნი სულიერ საზრდოს და კეთილდღეობას. ეკლესია დიდი კულტურული ძალაა და ხალხს გაუწევს ფასდაუდებელ სამსახურს და გაუნათებს მას ცხოვრების უმჯობეს გზას. მღვდელი დღესაც ერთადერთი კულტურული ძალაა სოფელში და ჩვენის განახლებულ ეკლესიის საზრუნავია - ეს ძალა ჯეროვან სიმაღლეზე აიყვანოს, ხელი აღუპყრას დაბეჩავებულ ხალხს და დედობრივის გულშემატკივრობით უთხრას მას:
,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ.“ (მათე 11,28)
ჭეშმარიტად, როგორც ხედავთ,
,,ფრიად არს სამკალი.“ (მათე 9,57; ლუკა 10,2)
ვსასოებ, რომ მე უძლურმან, გარნა ღვთისა კურთხევითა და თქვენის დახმარების და თანაგრძნობის იმედით განმხნევებულმან კეთილად განვლომოღვაწეობა ჩემი და ჩემის სიცოცხლის დადებამდე ვემსახურო ურცხვენელითა სამსახურითა ჩემს მომწოდებელს ერს.
,,ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე“ (ფს. 69,3). ამინ.
![]() |
6 მუზები ბარიკადებზე |
▲ზევით დაბრუნება |
ცნობილი სენტენცია იმის შესახებ, რომ ზარბაზნების გრგვინვაში მუზებს დუმილი ჩვევიათ, ,,ვარდების რევოლუციის“ პერიოდში სრულიად საპირისპირო შინაარსით გაცხადდა. იყო ხალხმრავალი გამოსვლები, მიტინგები, დემონსტრაციები, იყო პრეზიდენტის გადადგომა, ხელისუფლების ცვლა, მოკლედ იყო რევოლუცია, მაგრამ არც თოფი გავარდნილა, არც ზარბაზნების ქუხილი გაუგონია ვინმეს და მუზებიც არ დუმდნენ.
რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლა საქართველოში უკვე მესამედ მოხდა. ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს ფორმას, მთავარია შინაარსი. როდესაც ხდება არა უბრალოდ პერსონალიების შეცვლა, არამედ მთელი მმართველი კლასი იძულებული ხდება დათმოს ძალაუფლება, ეს სხვა არაფერია, თუ არა რევოლუციური ცვლილება.
სახელისუფლო ელიტის პირველი რადიკალური განახლება 1989 წლის ოქტომბერში შედგა, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ სსრკ მოკავშირე რესპუბლიკად ითვლებოდა. ეს იყო ყველაზე მშვიდობიანი რევოლუცია - 9 აპრილის ცნობილი მოვლენების ფონზე, სრულიად დემორალიზებულმა კომუნისტურმა ნომენკლატურამ, ფაქტობრივად უბრძოლველად დათმო ხელისუფლება. ზარბაზნები არც მაშინ ქუხდნენ, მაგრამ იმდროინდელი ინტელიგენცია - საზოგადოების ის ფენა, რომელიც საბჭოთა პერიოდში საპროტესტო მუხტის მთავარ გამომხატველად ითვლებოდა, უკანა პლანზე იდგა. მათ მიმართ იყო მოლოდინი, მათ უხმობდნენ, ეძახდნენ, მოუწოდებდნენ, მაგრამ ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი უფრო მიმდინარე პროცესების კომენტირებით იყო დაკავებული, ვიდრე უშუალო მონაწილეობით. მრავალრიცხოვან მიტინგებზე კი სულ სხვა ხალხის ჟრიამული ისმოდა.
მეორე რევოლუცია უკვე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოხდა და. პირდაპირი მნიშვნელობით ზარბაზნების ქუხილის ფონზე. 1991-92 წწ. სამხედრო გადატრიალება ფაქტობრივად სამოქალაქო ომში გადაიზარდა. იყო შეიარაღებული შეტაკებები, სროლა, სისხლისღვრა და იმ უმძიმესი პერიოდის კვალი დღემდე არ ქრება. რაც შეეხება მუზებს, შემოქმედებითი ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი მაშინ ცალსახად იდგა გამსახურდიას ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციაზე. ისინი აქტიურად გამოდიოდნენ მიტინგებზე, აკრიტიკებდნენ, აპროტესტებდნენ, გმობდნენ და ნაკლებად დაგიდევდნენ იმას, თუ ვინ იდგა მათ გვერდით. მაშინ არ იყო გარჩევა - იყვნენ მხოლოდ ,,ზვიადისტები“ და ,,ანტიზვიადიტები.“ ორივე მხარეს იდგნენ პატრიოტებიც და მედროვეებიც, პატიოსნებიც და კორუმპირებულებიც, დემოკრატიის მომხრეებიც და დიქტატურის მოტრფიალენიც. ოღონდ ინტელიგენცია, მისი უდიდესი ნაწილი, ერთ მხარეს იდგა და ეს იყო წმინდა ნეგატიური ნიშნით ერთობა. მათ სხვადასხვა რამ უნდოდათ, მაგრამ ყველას ერთად არ უნდოდა გამსახურდია.
მას შემდეგ ათ წელზე ცოტა მეტი გავიდა და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. 2003 წლის ნოემბრის რევოლუცია არა მარტო უსისხლო იყო. იმ დაძაბულ დღეებში სულ სხვა კუთხით წარმოჩნდა საზოგადოების ის ფენა, რომელიც 80-90-იანი წლების შემოქმედებითი ინტელიგენციის ერთგვარ მემკვიდრედ შეიძლება მივიჩნიოთ.
ახალი თაობის მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები და რეჟისორები არ გამოსულან რაღაც ერთიანი ფრონტით არც ხელისუფლების წინააღმდეგ და არც მის დასაცავად. უბრალოდ იყვნენ შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები,რომლებმაც თავის ადამიანურ მოვალეობად მიიჩნიეს აქტიურად გაეხმოვანებინათ ის, რაც მთელი საზოგადოების, საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა გახლდათ - ხმა აემაღლებინათ უსამართლობისა და ღირსების შელახვის დასაცავად. 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ხმაწართმეულმა და შეურაცხყოფილმა საზოგადოებამ პასუხი მოსთხოვა ხელისუფლებას და ბევრი მათგანი, ვისაც დღეს ინტელიგენციის ნაცვლად ,,ცნობად სახეებს“ უწოდებენ, სწორედ ხალხის გვერდით დადგა და არა საკუთარ პიროვნულ პრეტენზიებს, არამედ სწორედ სახალხო აღშფოთებას განასიტყვებდა.
შედგა თუ არა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება? ქვემოთ გთავაზობთ იმ შემოქმედი ,,სახეების“ პასუხებს, რომლებმაც ნოემბრის დღეებში საკუთარი ინიციატივით ჩამოაყალიბეს ,,დაუმორჩილებლობის კომიტეტი“ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს საზოგადოების მობილიზაციაში. აქ სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ხალხია. გოგა ხაინდრავა სამივე რევოლუციაში აქტიურად მონაწილეობდა, მაშინ როცა, ლაშა ბუღაძე 1989 წელს ჯერ კიდევ სკოლის მოწაფე იყო, მაგრამ მათი პასუხები და განწყობილებები, ისევე როგორც სხვების, საოცრად მსგავსია. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ,,დაუმორჩილებლობის კომიტეტში“ სწორედ ერთი პათოსის, ერთი მიზანმიმართული განწყობილების ადამიანები მივიდნენ. და ეს არ იყო რაღაც ელიტარული საკრებულო, მცირეოდენ რჩეულთა ჯგუფი, არამედ მხოლოდ საზოგადოების ინტერესების გამომხატველი, აქტიური ადამიანების ძალისხმევა. ისინი ლაპარაკობდნენ იმას, რასაც ყველა ვფიქრობდით და მათ სურდათ ის, რაც თითოეულ ჩვენგანს უნდოდა.
და სამოქალაქო საზოგადებაც სწორედ ეს არის.
ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი
ახლა როცა რევოლუცია დამთავრდა, ეიფორია საჭირო აღარაა. გასაკეთებელი ძალიან ბევრია. რევოლუცია დიდი ძვრების მხოლოდ დასაწყისია. ახლა საჭიროა გარდატეხა ხალხში, თვითოეულ მოქალაქეში. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც სოლიდური ფუნდამენტია ახალი საზოგადოების აღსაშენებლად, ნამდვილი შენება შესაძლებელი შეიქმნა მხოლოდ რევოლუციის შემდეგ.
ერთსაც დავძენდი, ყველაფრის გართულება არ მიყვარს, მაგრამ „სამოქალაქო საზოგადოების“ განსხვავებული დეფინიციები არსებობს და ალბათ, ჩვენც ერთი და იგივე შინაარს არ ვდებთ ამ ცნებაში. ესეც დისკუსიების თემა უნდა გახდეს საზოგადოებაში.
ლაშა ბუღაძე, მწერალი
ორი აზრი არ არსებობს, რომ დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება შედგა. ამ პროცესების მამოძრავებელ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ალბათ, გაცილებით დიდი როლი ამ პროცესში სწორედ საზოგადოებამ, ხალხის აქტიურობამ შეასრულა. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიაღწევდა ისეთ შედეგს, როგორსაც ხალხმა მიაღწია. ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ხალხი იყო ერთსულოვანი, ხალხი თვლიდა თავს შეურაცხყოფილად და ღირსებააყრილად. აქედან გამომდინარე მოხდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, უფრო მეტიც, მოხდა საზოგადოებრივი ლუსტრაცია - ყველამ ზუსტად გაიგო, ვინ რას წარმოადგენდა. ანუ, შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ ხალხმა ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა: შავს შავი დაარქვა და თეთრს - თეთრი. საზოგადოება აბსოლუტურად სოლიდარულია შეფასებებში, კერძოდ, იმაში, რომ ამორალური ხალხი ვეღარ წაგვიკითხავს მორალს, ხოლო უწიგნურები ვეღარ მოგვთხოვენ წიგნის კითხვას.
ახლა საჭიროა, რომ ეს ლუსტრაცია იურიდიულ კატეგორიაში მოექცეს, ანუ მოხდეს ლუსტრაციის კანონის ამოქმედება: ადამიანებს, რომლებიც ემსახურებოდნენ საბჭოთა რეჟიმს და ამ დრომდე იყვნენ ხელისუფლებაში, ყოფილი პრეზიდენტის, შევარდნაძის მეთაურობით, უნდა აეკრძალოთ მაღალი თანამდებობის დაკავება. აქ არ არის ლაპარაკი პოლიტიკურ შევიწროებაზე. საზოგადოების გამარჯვებას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ აღარ დავუშვებთ ამ გვარებისა და სახელების პოლიტიკაში ხელახლა შემოსვლას.
ხალხმა დაძლია ძალიან საეჭვო სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ შენს ისტორიას ქმნის ვიღაც სხვა. არადა, ამ პროცესების მამოძრავებელი ხარ შენ, შენ წერ შენი ქვეყნის ისტორიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ჩვენ მართლაც შეგვიძლია უკვე ვიამაყოთ არა მხოლოდ წარსულით, არამედ აწმყოთიც.
გოგა ხაინდრავა, კინორეჟისორი
მთელი მსოფლიო იყო მოწმე იმისა, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი მისია ბრწყინვალედ შეასრულა და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც საქართველომ მოიპოვა. ჩემთვის საბჭოთა კავშირი 23 ნოემბერს დამთავრდა. ამ სისტემამ პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა ქართული ინტელექტუალური ელიტა, ის ფუძე, რომელზედაც ყოველთვის იდგა საქართველო. სწორედ ამის შედეგებს ვიმკით დღეს ჩვენ, ტერმინი ,,წითელი ინტელიგენცია“ ტყუილად არ იყო მოგონილი. ,,სიწითლის“ ნიშნებს, სამწუხაროდ, დღესაც ვაწყდებით, იგივე უნივერსიტეტთან მიმართებაში, სადაც ე.წ. სამეცნიერო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი რექტორს. აქ პიროვნებაზე არ არის საუბარი, უბრალოდ სირცხვილია, როცა საზოგადოების ნაწილი ისევ ძველ მარწუხებშია მოქცეული. ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რის წინააღმდეგაც აღდგა მთელი საქართველო ამ ბოლო დღეებში. ეს არის იმის მანიშნებელი, თუ რა ღრმად არის ქართული საზოგადოების ნაწილი და განსაკუთრებით საგანმანათლებლო სისტემა გასაბჭოებული და დამყაყებული.
ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მკურნალობა, გეგმაზომიერი მუშაობა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ დაძლევადი.
საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ფეხი ვერ აუწყო ბოლო მოვლენებს და ისევ ძველ დროში დარჩა, თუმცა ამაში არაფერია საკვირველი, უფრო გასაკვირი იყო ქართული საზოგადოების ასეთი მზაობა საკუთარი უფლებების დასაცავად. ეს იყო ყველაზე დიდი კეთილი სიურპრიზი და მე ბოდიშსაც კი მოვიხდი საზოგადოების წინაშე, რომ აქამდე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავდი ამ მიმართულებით. საბედნიეროდ, დღეს მთელ საზოგადოებას აქვს უნიკალური, ღვთისგან ბოძებული შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად დადგეს განვითარებული ქვეყნების რიგში.
დათო ტურაშვილი, მწერალი
სამოქალაქო საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად შედგა და ძალიან დროულადაც მოგვისწრო. ის ზუსტად იმ პროცესში შედგა, როდესაც ყველაზე მეტად დასჭირდა ქვეყანას და ადგილი არ ჰქონია რაღაც პოლიტიკურ გარიგებებს. რა თქმა უნდა, დასაფასებელია პოლიტიკოსების აქტიურობა და თავგანწირული ბრძოლა, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილსაც, მათ შორის, ახალგაზრდა თაობის შემოქმედებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით, ისინი ხალხის მხარდამხარ გულწრფელად მიდიოდნენ გამარჯვებისაკენ და გაიმარჯვეს კიდეც.
ოპოზიციამ იმიტომაც გაიმარჯვა, რომ მასთან ერთად იდგა საზოგადოება, რასაც მართლაც რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
აჩიკო გულედანი, მუსიკოსი
არ შეიძლება გაჩუმდე, როდესაც უკანონობას ხედავ და წინ არ აღუდგე მას. ასეთ სიტუაციაში დუმილი დანაშაულის ტოლფასია. საბედნიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ სწორედ რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ და მნიშვნელოვან პერიოდში გამოავლინა საოცარი მზაობა საკუთარი უფლებების დასაცავად. სწორედ ამ ერთიანი ძალისხმევით მოხდა ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება. საზოგადოება მიხვდა, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანი, ღირებული და გადამწყვეტია. შეიქმნა განუმეორებელი პრეცედენტი ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისა და ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ დაამტკიცა საკუთარი მზაობა და სიძლიერე.
ზაალ სამადაშვილი, მწერალი
ამ ბოლო მოვლენებამდე, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელთან არაერთგზის მისაუბრია და მიოცნებია საქართველოში საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. როგორც ჩანს, ამ მოვლენებამდე ჩვენ ვერ ვამჩნევდით, რომ თურმე ეს საზოგადოება ჩამოყალიბებული ყოფილა. იყო საუბარი იმაზე, რომ ამას სჭირდებოდა დრო, საზოგადოებრივი აზრის მომწიფება და ა.შ. მოხდა ისე, რომ პროცესები თვალსა და ხელს შუა გამოგვეპარა, აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არათუ ჩანასახის მდგომარეობაშია, არამედ ის არის ძლიერი და თუ ზრდასრული არა, საკმაოდ ღონიერი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგას. სწორედ დამოუკიდებელი ნაბიჯები იყო ნოემბრის მოვლენები, და რაც მთავარია, ამ ნაბიჯებისგან შემდგარი მოძრაობა დამთავრდა გამარჯვებით.
აქ ძნელია გამოყო რომელიმე ადამიანი და თქვა, თუ რომელმა უფრო დიდი წვლილი შეიტანა ამ მოვლენების წარმატებისთვის, - ადამიანებმა თავი მოქალაქეებად იგრძნეს. ჩემთვის სამოქალაქო საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, არის მოქალაქეებისაგან შემდგარი საზოგადოება, - სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი. თითოეულმა ადამიანმა, მიუხედავად პროფესიისა, განათლებისა და სოციალური სტატუსისა, თავი მოქალაქედ იგრძნო და გაკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.
ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო, როდესაც 22 ნოემბერს მოდიოდნენ სრულიად უცნობი ადამიანები და უდიდესი სიყვარულით ეხვეოდნენ ერთმანეთს. ეს იყო უდიდესი გრძნობა და მინდა გითხრათ, რომ პირველად ვიგრძენი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რადგან რამდენადაც ეს სასიხარულია, იმდენად მძიმე ტვირთია. დღეს უფლება აღარ გაქვს უკვე რაიმე უკადრისი ნაბიჯი გადადგა, არ იყო საზოგადოების ინტერესების დამცველი და არ იდგე ხალხთან ერთად. ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ძლიერია.
დათო მაღრაძე, მწერალი
როგორც კი გამოჩნდა სამოქალაქო საზოგადოების ნიშნები ჩვენს ქვეყანაში, იმწამსვე აშკარა გახდა მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობა არსებულ ხელისუფლების ჭაობსა და სამოქალაქო საზოგადოების სათავეებს შორის. რაც უფრო განვითარდა საზოგადოება ამ მხრივ და რაც უფრო მეტად მოითხოვა თავისი უფლებებისა და იმ ღირსების აღდგენა, რომელიც ისტორიულად ჰქონდა ქართულ საზოგადოებას, მით უფრო გაღრმავდა მსოფლმხედველობრივი, კულტურული კონფლიქტი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ამ პროცესმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც შევარდნაძემ ხალხის ნება უცბად მიიტაცა და ჯიბეში ჩადება დააპირა. ეს უკვე იყო ბოლო წვეთი იმ შეურაცხყოფისა, რასაც ეს პიროვნება მთელი ცხოვრების მანძილზე აყენებდა ქართულ საზოგადოებას. საქართველოს მოსახლეობა აღსდგა და დაიცვა ეს ღირსება, თავისი კონსტიტუციური, ღვთიური და ბუნებრივი უფლება. საზოგადოებამ ყოველგვარ ზღვარსგასულ კაცს და მის დამქაშებს გამოუცხადა, რომ ისინი და სხვა მათნაირები ვეღარასოდეს მოვლენ ქვეყნის სათავეში, მათი სითავხედე და გარყვნილება ვეღარ დაბრუნდება.
ბოლო მოვლენები ნიშანია იმისა, რომ ქართული საზოგადოება გაცოცხლდა, ფერფლიდან აღსდგა. რა მისწრაფების ადამიანიც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ვეღარავინ გაბედავს და აკადრებს ქართულ საზოგადოებას უკადრებელს. ეს არის გასათვალისწინებელი მაგალითი ყველა მომავალი ხელისუფალისთვის.
ნიკუშა შენგელაია, მხატვარი
როდესაც ადამიანი ასეთი ფორმით გამოხატავს თავისი უფლებების დაცვის უნარს, როცა ადამიანი არ ეგუება იმას, რომ მის მაგიერ თავისი ქვეყანა სხვამ უნდა მართოს და აიძულებს ცუდ ხელისუფალს დათმოს თავისი პოზიციები, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში სამოქალაქო საზოგადოება შემდგარია. სამოქალაქო საზოგადოება შედგა, მაგრამ ის კონტიგენტი, რომელიც ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს, ახლო წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს. პარლამენტში უნდა იყოს ისეთი უმრავლესობა, რომელიც თავისი განათლებით და პატიოსნებით ღირსია, თავის თავზე აიღოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. ნაწილობრივ ეს ხალხი დღეს სახეზეა ოპოზიციური პარტიების სახით, მაგრამ საზოგადოებამ უფრო აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა თავისი ქვეყნის მშენებლობაში. ხელისუფლებაზე რაღაც დონის კონტროლი ყოველთვის აუცილებელია, რათა არასოდეს განმეორდეს ის, რაც ასეთი წარმატებით და ერთსულოვნებით მოიშორა ბოლო დღეებში ქართულმა საზოგადოებამ.
ძალზედ მნიშვნელოვანია, ლუსტრაციის განხორციელება, რათა მომავალში აღარ გვარიგონ ჭკუა იმ რეტროგრადებმა და კონფორმისტებმა, რომლებიც სამწუხაროდ, მრავლად არიან ჩვენ საზოგადოებაში. ამის დრო წავიდა. ჩვენ 12 წელი დავკარგეთ ფუჭად და ახლა მიღწეულის დაკარგვა არაფრით შეიძლება.
ჩუმი სიამაყე, რომ მე ამ ერის წარმომადგენელი ვარ, სწორედ ამ დღეებში, 23 ნოემბერს გამიჩნდა. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების ეს გრძნობა და ღირსება მომავალში შელახოს. ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი შედგა და მე ამით უზომოდ ბედნიერი ვარ.
მამუკა ხერხეულიძე, ჟურნალისტი
2 ნოემბერს, არჩევნების დღეს, როდესაც ეგზიტ პოლის შედეგები გამოცხადდა, რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით ვთქვი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სახელმწიფო ვერ შედგა, შედგა სამოქალაქო საზოგადოება. შემდგომმა მოვლენებმა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო განამტკიცა ეს მოსაზრება. ბოლო მოვლენებმა წარმოაჩინა სრულიად ინდივიდუალებისგან შემდგარი საზოგადოება, აბსოლუტურად გამოხატული საკუთარი პოზიციით. და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, აქ არ იყვნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ლიდერის ფანები, - აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავისუფლების მოთხოვნით და საკუთარი არჩევანის დასაცავად იდგნენ.
მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი არ ვარ, რადგან მიმაჩნია და სადღაც ამოკითხულიც მაქვს, რომ ყველა ჭეშმარიტად გამართლებული პატრიოტი ანარქისტია. ჩვენ თავისუფლების სიყვარულის და თავისუფლების მოთხოვნის გამო გავერთიანდით. საზოგადოება აღმოჩნდა (რაც ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია შემდგომი განვითარებისთვის) აბსოლუტურად სხვა, ახალ დონეზე და ფორმაციაში. რევოლუციაც თავისთავად ძალიან ახლებური და 21-ე საუკუნისთვის სახასიათო გახლდათ, თუნდაც იმით, რომ არ იყო არავითარი აგრესია. ამდენად, ეს ძალიან იმედისმომცემია. არ შემიძლია არ აღვნიშნო ტელეკომპანია რუსთავი-2-ის, გარკვეული ორგანიზაციების და პიროვნებების დიდი წვლილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და ამ წარმატებაში. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ,,თავისუფლების ინსტიტუტის“ როლს - სანამ მოხდებოდა სამოქალაქო საზოგადოების ამდაგვარი ჩამოყალიბება, ,,თავისუფლების ინსტიტუტი“ მუდმივად კარნახობდა და იმპულსებს უშვებდა საზოგადოებაში, რომ საჭიროა საკუთარი პოზიციის რადიკალურად დაფიქსირება. ახლა მთავარია, არ მოვდუნდეთ და ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დარჩეს მოწოდების სიმაღლეზე.
ვახო ბაბუნაშვილი, მუსიკოსი
სამოქალაქო საზოგადოება ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ შედგება, მაგრამ ბოლო მოვლენები იყო იმის დასტური, რომ გადაიდგა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ. საზოგადოება მიხვდა, რომ ის არის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სახელმწიფოში და შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ ხალხი ერთიანი და ერთსულოვანი გახლდათ საკუთარ მოთხოვნებში. ხალხი მიხვდა, რომ ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს მას და არა პირიქით. მთავარია, რომ პრეცედენტი შეიქმნა. ეს იქნება მაგალითი ყოველი მომავალი ხელისუფალისთვის, რომ შეცდომების შემთხვევაში, ხალხი მასაც მოსთხოვს პასუხს და აუცილებლად დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ნოემბრის მოვლენები აშკარად ადასტურებს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან აღმავლობის გზაზეა და რეალური პერსპექტივა გააჩნია.
ირაკლი ჩარკვიანი, მუსიკოსი
რომ არა სამოქალაქო საზოგადოება, არაფერი მოხდებოდა, ანუ პროცესები ასეთი წარმატებით არ განვითარდებოდა. გადამწყვეტი როლი სწორედ საზოგადოებამ შეასრულა. აღმოჩნდა, რომ რაც ჩვენ არ ვიცოდით და რასაც წლების მანძილზე ველოდებოდით, თურმე თავისთავად ჩამოყალიბებულა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ყველა ფაქტიურად იმას ვცდილობდით, რომ როდესღაც მაინც საქართველო ჩამოყალიბებული სახელმწიფო გამხდარიყო. სახელმწიფო კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ამ სახელმწიფოს ნაწილად თვლიდეს თავს. კომუნიზმის დროს, რა თქმა უნდა, ეს შეგრძნება არ არსებობდა, ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც შევცვალოთ. ასე რომ, ამ პროცესებში ყველაზე დიდი როლი სწორედ საზოგადოებამ ითამაშა.
უდაოდ მნიშვნელოვანი იყო ხელოვანი ხალხის როლი ამ პროცესებში. ხელოვანი ხომ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის მოქალაქეა და მერე ხელოვანი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ხელოვანმა გადადგას ასეთი ნაბიჯი, უფრო მეტად შეიყვანოს საკუთარ ხელოვნებაში ის სოციალური პრობლემატიკა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია. თუ რაღაცნაირად მოხერხდება ხელოვნებაში ამ მომენტის უფრო მეტად აქცენტირება, მომავალში გაცილებით მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება საკუთარი და ქვეყნის ბედით. ჩვენ ტრადიცია არ გვქონია სოციალურად აქტიური ხელოვნების და შეიძლება ამ მოვლენებმა მაინც გამოიწვიოს რაღაც ბიძგი. ჯობია ხელოვანი იყოს გაცილებით აქტიური დღეს, სანამ ქვეყანა არ არის მისული იმ სტაბილურობამდე, რასაც დემოკრატიული ფასეულობები ჰქვია. ხელოვანს თავისი აქტიურობით შეუძლია, ხელი შეუწყოს საზოგადოების, მოქალაქეების ჩართულობას სხვადასხვა პრობლემატიკაში, რაც თავისთავად კარგი იქნება.
რევოლუციის დღეებში ძალიან ბევრს ჰქონდა ელემენტარული შიში, რომ მის გარდა იქ არავინ მივიდოდა. მაგრამ, როდესაც ხედავდა, რომ ვიღაც მისთვის საყვარელი, ავტორიტეტული ადამიანიც იქ იდგა, ეს ძალიან დიდი სტიმული იყო. ფაქტიურად გამოჩნდა, რომ თურმე ჩვენთან ხელოვნებაშიც არიან გმირები, არსებობს ხალხი, ვისაც უნდა, რომ კარგი გაგებით მიბაძონ. ანუ, თუ აქტიურია ხალხი, რომელიც ქმნის ხელოვნებას, ის ხალხი, ვისაც უნდა, რომ მათ დაემსგავსოს, უფრო აქტიურდება და ასე ხდება საზოგადოების გამოცოცხლება.
მასალა მოამზადა გვანცა ლიპარტელიანმა