![]() |
თავისუფლება № 10 (34), ოქტომბერი, 2004 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ოსტროვსკი არკადი, კვესიტაძე ეკა, კოტეტიშვილი ირაკლი, ბერგერი პიტერ ლუდვიგ, შარპი ჯინ, ჯენკინსი ბრუს |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ყველა უფლება დაცულია ვრცელდება უფასოდ რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: აკაკი მინაშვილი გიორგი მელაძე ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი ხათუნა კვესელავა დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო: გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge |
![]() |
1 კმარა ანუ ნაბიჯი წინ, 21 უკან |
▲ზევით დაბრუნება |
,,თუკი ოდესმე გაუმჯობესდება კაცობრიობის მდგომარეობა, ფილოსოფოსები, თეოლოგები, კანონმდებლები, პოლიტიკოსები და მორალისტები აღმოაჩენენ, რომ პრესის რეგულირება არის ყველაზე რთული, სახიფათო და მნიშვნელოვანი იმ საკითხთა შორის, რაც კი ოდესმე მათ გადაუწყვეტიათ“.
ჯონ ადამსი
ასე წერდა აშშ-ს მეორე პრეზიდენტი ჯონ ადამსი თავის მეგობარს ჯონ ლოიდს 1815 წლის 11 თებერვალს. შემდგომში, 1947 წელს, ეს ციტატა პრესის თავისუფლების კომისიამ თავისი მოხსენების ეპიგრაფად გამოიყენა.
სიტყვის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე ყოველწლიურად ადგენს, 2004 წელს საქართველო 94-ე ადგილზე აღმოჩნდა და 95-ზე მყოფი ტაჯიკეთის სამეზობლოში იპოვა თავისი ადგილი. ხოლო იმ 73-ე ადგილიდან, რომელიც საქართველოს 2003 წელს ეკავა, 21 ნაბიჯით უკან ჩამოიჩოჩა და შარშანდელი პოზიცია, ანუ 73-ე ადგილი ბურუნდისა და მონგოლეთს დაუთმო. თავად საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ასეთ ვარდნას აჭარაში ჟურნალისტების შევიწროებას და აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს.
ჩვენ ახლა შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ მხოლოდ იმით, რომ ბევრი რამ გვაშორებს გეოგრაფიული მეზობელი რუსეთისგან, რომელიც წელს 140-ე ადგილს დასჯერდა. თუმცა ეს სიხარულიც ნაადრევი აღმოჩნდება, თუ გვერდზე გადავდებთ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სტატისტიკურ მონაცემებს და ,,ფაინანშელ თაიმსში“ რუსული მედიის შესახებ 2004 წლის 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიას წავიკითხავთ.
შანსი იმისა, რომ მომავალ წელს ბურუნდიმ კი არა, თვით რუსეთმა მოგვიტოვოს უკან, გადაჭარბებული სრულებითაც არ არის. რუსული პერსპექტივა ქართულ მედია სივრცეში, სამწუხაროდ, ის თემაა, რომლის შესახებაც კანტიკუნტად დღეს ქართულ ბეჭდურ მედიაშიც კი საუბრობენ. ამ პრობლემატიკის აქტუალობის გათვალისწინებით, ჟურნალი ,,თავისუფლება“ გთავაზობთ ,,ფაინანშელ თაიმსის“ ხსენებულ პუბლიკაციას და რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის სტატიას ქართულ-რუსული ანალოგიებს შესახებ, რომელიც გაზეთ ,,24 საათში“ გამოქვეყნდა. ამასთანავე გთავაზობთ კომენტარებს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თაობაზე. მით უფრო, რომ რევოლუციამდე დეკლარირებული 10 ნაბიჯიდან (,,კმარა ანუ 10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ“) გამოხატვის თავისუფლების შესახებ ლიბერალური საკანონმდებლო ბერკეტების შექმნა ლამის ერთადერთი ნაბიჯია, რომელიც ამ მიმართულებით ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე განახორციელა.
![]() |
2 რუსული მედია: არკადი ოსტროვსკი ხელისუფლების ხმა |
▲ზევით დაბრუნება |
არკადი ოსტროვსკი
ბესლანი, სამხრეთ ოსეთი. 3 სექტემბერი, შუადღე.
ჩეჩენმა ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს ასობით ბავშვი და მშობელი. მსოფლიო მედია გაფაციცებით ადევნებს თვალს ბესლანის ნომერ პირველ სკოლაში განვითარებულ მოვლენებს. ბი-ბი-სი და სი-ენ-ენი პირდაპირ ეთერში გადასცემენ ტრაგედიის ადგილს, რუსეთის ხელისუფლების მფლობელობაში მყოფი არხები კი ჩვეულებრივ მაუწყებლობას განაგრძობენ. რუსულმა არხებმა ბესლანს ყურადღება მაშინ მიაპყრეს, როცა სკოლის ეზოში დაწყებული ბრძოლა ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. თუმცა მოვლენის გაშუქება საკმაოდ მოკლე და დამაბნეველი იყო. რუსეთის მთავარმა საზოგადოებრივმა არხმა საკუთარ ქვეყანაში მომხდარ ამ შემაძრწუნებელ ტერორისტულ აქტს მხოლოდ ათი წუთი დაუთმო, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდა ნორმალურ მაუწყებლობას და ეთერში ბრაზილიული საპნის ოპერა ,,შეყვარებული ქალები“ გაუშვა. ტელეკომპანია ,,როსია“, რომელიც კრემლის ოფიციალურ რუპორს წარმოადგენს, ბესლანის ტრაგედიას უფრო მეტ დროს, ერთ საათს უთმობს. რუსეთის ლიბერალური რადიო ,,ეხო მოსკვი“, მსმენელს ბესლანში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციებს სი-ენ-ენის რეპორტაჟებზე დაყრდნობით აწვდის.
ორივე რუსული არხი მთელი დღის განმავლობაში ერთი და იმავეს აცხადებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ გეგმავდა სკოლის შენობის შტურმით აღებას, რომ შეტევაზე გადასვლა ტერორისტებმა დაიწყეს, რომ ბესლანი საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლი აღმოჩნდა და ტერორისტებს შორის არაბები და აფრიკელები იყვნენ.
რუსული მასმედია ასევე მუდმივად ავრცელებდა ოფიციალურ ვერსიას, რომ ტერორისტებს მხოლოდ 354 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი. მაშინ, როცა თვითმხილველები მძევალთა სულ სხვა რაოდენობას ასახელებდნენ. გადარჩენილი მძევლები მოგვიანებით აცხადებდენ, რომ სატელევიზიო არხების მიერ გადაცემულმა
არასწორმა ინფორმაციამ ისე გააღიზიანა ტერორისტები, რომ ისინი ბავშვებს ონკანიდან წყლის დალევის უფლებას არ აძლევდნენ და აიძულებდნენ, საკუთარი შარდი დაელიათ.
ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სატელევიზიო არხი ,,როსია“ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს უკვე ყველაფერი დამთავრებულია. მაყურებლები ხედავენ ბავშვებს, რომლებიც თავიანთ მშობლებს მოჰყავთ. კორესპოდენტი კი ამბობს -
,,აქ ისევ ტირიან, მაგრამ ეს უკვე სიხარულის ცრემლებია.“
არხის წამყვანი კადრში აჩვენებს მათ, ვინც საშინელ ტერორისტულ აქტს გადაურჩა, მაგრამ გვერდს უვლის იმაზე საუბარს, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა სკოლის შტურმისას. პირველი არხი აცხადებს, რომ დაღუპულია 100 ადამიანი, მაგრამ მოგვიანებით აშკარა ხდება, რომ ეს ციფრი მკვეთრად შემცირებულია.
რუსული ტელევიზიების მიერ ბესლანის ტრაგედიის გაშუქებამ რუსული გაზეთების აღშფოთება გამოიწვია. ეუთომ გააკრიტიკა ოფიციალური მოსკოვი იმისათვის, რომ სიმართლე დამალა. კრიტიკის ობიექტი გახდა რუსული მედიაც, რომელმაც ეუთოს შეფასებით, მოსახლეობას დროული და ზუსტი ინფორმაცია არ მიაწოდა.
ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ ნათლად აჩვენა, რომ მხოლოდ მოსახლეობის 13 პროცენტმა ჩათვალა სანდოდ ბესლანის ტრაგედიის შესახებ მიღებული ინფორმაცია. გაჩნდა უნდობლობა მედიასა და ხელისუფლებას, მედიასა და საზოგადოებას, ხელისუფლებასა და ხალხს შორის, - დაასკვნა ეუთომ.
ყველაზე მკაცრი განაჩენი ტელევიზიებს მაინც ბესლანის მოსახლეობამ გამოუტანა, როცა მუშტებით გაუსწორდა გადამღებ ჯგუფს, რომელიც სკოლის შენობაში აყვანილ მძევალთა რაოდენობაზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა. შედარებით მცირე, მაგრამ მაინც შესამჩნევი ზიანი მიადგა ხალხის ნდობას საკუთარი საინფორმაციო საშუალებების მიმართ.
ჩნდება ცდუნება, რომ რუსეთის სატელევიზიო სივრცეში შექმნილ არასახარბიელო სიტუაციზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაეკისროს, რომელმაც ეგრეთ წოდებული მართული დემოკრატიის სახელით ცენზურა დააწესა ყველა ნაციონალურ არხზე. მაგრამ მედიაში შექმნილი პრობლემის არსი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ელენა სავინა გამომშვებ რედაქტორად ჯერ კიდევ საბჭოთა ტელევიზიაში მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის კერძო ტელეკომპანიაში, ენ-ტე-ვეში გადავიდა სამუშაოდ. ტელეკომპანია ცნობილ მედია მაგნატს, ვლადიმერ გუსინსკის ეკუთვნოდა, რომელიც ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ ცოტა ხნით ციხეში აღმოჩნდა, შემდეგ კი თავშესაფარი ესპანეთში იპოვა.
ოსტანკინოს ყავახანაში სავინა თავის შეხედულებებს გამოთქვამს დღევანდელ რუსულ მედიაზე:
,,ჩვენ თვითცენზურის მექანიზმი ჩავრთეთ. ათი წლის წინ მზად ვიყავით მოვმკვდარიყავით, ოღონდ ინფორმაცია მოგვეპოვებინა, ახლა კი რაღაცეების კეთებას აღარც კი ვცდილობთ. რადგან ვიცით, რომ მისი გაშვების უფლებას მაინც არ მოგვცემენ. ადრე გუსინსკის სურვილებს გადაცემის შემდეგ გადმომცემდნენ, ახლა კი უკვე გადაცემის დაწყებამდე მეუბნებიან, რა სურს კრემლს.“
თავისუფლების დაკარგვა ბევრი რუსი ჟურნალისტისთვის საყვარელი თემაა, რომელიც მათმა უცხოელმა კოლეგებმაც აიტაცეს. დასავლეთში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბესლანის ტრაგედიის შემდეგ პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციის მიზნით, შეუბრალებლად ახშობს რუსეთში სიტყვის თავისუფლებას. თუმცა ყველა პრობლემის პუტინზე გადაბრალება ნიშნავს იმას, რომ დავივიწყოთ ყველაზე მთავარი - ის, რომ რუსეთის სატელევიზიო არხები თავისუფალი სიტყვის ჩახშობის პროცესის თანამონაწილე თავად გახდნენ.
,,ბესლანის ყველაზე დიდი და შემაშფოთებელი გაკვეთილი იყო ის, რომ რუსულმა ტელევიზიებმა სრული მზადყოფნა გამოხატეს, გამხდარიყვნენ ოფიციალური სიცრუის რეტრანსლატორები. როგორც ირკვევა, ათი წლის დემოკრატია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დამკვიდრებულიყო და ამაში დამნაშავე მასმედიაცაა“,
- ამბობს ირინა პეტროვსკაია, ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული რუსი კრიტიკოსი, რომელიც ტელეგადაცემებზე რეცენზიებს გაზეთ ,,იზვესტიასთვის“ წერს.
ბესლანის ტრაგედიის შემდეგ უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პუტინმა ხელისუფლებასა და მედიას შორის ურთიერთობა ქალისა და კაცის ურთიერთობას შეადარა:
,,ნამდვილი მამაკაცი ყოველთვის ცდილობს, ნამდვილი ქალი კი ყოველთვის წინააღმდეგობას უწევს.“
,,თუ ამ მეტაფორას განვავრცობთ, მაშინ რუსულმა ჟურნალისტიკამ არასაკმარისი წინააღმდეგობა გაუწია ახალ ხელისუფლებას და მის მკლავებში ადვილად აღმოჩნდა. ათი წლის წინ რუს ჟურნალისტებს თავი მეოთხე ხელისუფლებად მიაჩნდათ, დღეს კი პრეზიდენტმა მათ აუხსნა, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ უძველესი პროფესიის წარმომადგენლები არიან,“
- განაცხადა მაშინ პეტროვსკაიამ.
როგორც ჩანს, თავისუფალი პრესისთვის ბრძოლამ ვერ გადაწონა მაღალი ხელფასის, გავლენისა და პოპულარობის დაკარგვის შიში.
დღეს რუსული ტელევიზიები ძალიან ჩამოჰგავს დასავლურს - პროგრამებს შორის ჭარბობს კულინარული გადაცემები, დეტექტიური სერიალები და საპნის ოპერები. სარეკლამო რგოლებში კი გრძელფეხება მოდელები ყველაფერს უკეთებენ რეკლამას, მობილური ტელეფონებიდან დაწყებული, საპარსი საშუალებებით დამთავრებული. ის, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ჩემი ბავშვობის დროინდელი საბჭოთა ტელევიზიისგან, სადაც ხანშიშესული დიქტორები, მასიურ სათვალეებში კითხულობდნენ ოფიციალურ ინფორმაციებს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმატებებზე.
მაშინ პარტია ყველა არხს აკონტროლებდა და პირდაპირ ეთერზე საუბარიც არ იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ რეკლამაზე. ,,პანასონიკი“ და ,,ნესკაფე“ ჩვენთვის მხოლოდ ჯადოსნურ უცხოურ სიტყვებად რჩებოდა. ეკრანზე კარგი ფეხების ნახვა კი ბალეტ ,,გედების ტბაში“ თუ შეიძლებოდა.
პოსტსაბჭოურმა ტელევიზიებმა ამ აბსურდს ბოლო მოუღეს.
ჟურნალისტების ის თაობა, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსული ტელევიზიის სახე შექმნა, ყველაზე ნიჭიერი და ამბიციური იყო. ეს იყო ელიტა, რომელიც საბჭოთა ეპოქის დასასრულს ჩამოყალიბდა და რომელიც ყველაზე მეტად ვერ იტანდა მაშინ დაწესებულ ჩარჩოებსა და შეზღუდვებს.
მათ ისწავლეს დასავლურ სტილზე პროგრამების კეთება და დასავლელი კოლეგების ცხოვრების სტილიც გადმოიღეს. მათი ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ქვეყანაში. მაგრამ მათ ვერ შესძლეს ისეთი ჟურნალისტიკის შექმნა, რომელიც საზოგადოებას მოემსახურებოდა და ხელისუფლებას ლაგამს ამოსდებდა. ამიტომ, არც ხელისუფლებას გასჭირვებია, საჭირო დროს მათთვის საჭირო ადგილი მიეჩინა.
,,საბჭოთა კავშირის დაშლამ უზარმაზარი ჟურნალისტური ენერგია გამოათავისუფლა. მაგრამ ეს იყო დამანგრეველი ენერგია. ეს ენერგია მაღალ ხელფასებში, პირად კომფორტში, პატრონის მსახურების იდეასა და ოლიგარქებს შორის ინფორმაციულ ომში გარდაიქმნა,“
- ასე ჟღერს პეტროვსკაიას ვერდიქტი.
პოსტ-საბჭოთა ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სახე ევგენი კისილიოვი იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა რუსეთში ბი-ბი-სის მსგავსი ტელევიზიის შექმნაში. თუმცა მაშინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ კისილიოვი, ისევე როგორც ბევრი ლიბერალი, უფრო პოლიტიკური პროცესების თანამონაწილედ აქცია, ვიდრე მის დამკვირვებლად.
ივლისში 48 წლის კისილიოვი დამთახმდა, ლანჩზე შემხვედროდა და გვესაუბრა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა ათი წლის შემდეგ ასე თავისუფალი მედიის პერსპექტივა. ჩვენ ერთმანეთს კაფე ,,გრინში“, მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში შევხვდით. თეთრ, ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილი კისილიოვი შავი აუდით მოვიდა. როცა ის კიბეებზე ამოდიოდა, ყველა ოფიციანტმა იცნო არა როგორც ცნობილი ტელეწამყვანი, არამედ როგორც რესტორნის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმარი.
კისილიოვი - ღვინის კარგი მცოდნე და გურმანია. ის თავის შეხედულებითა და გემოვნებით წარმატებულ ბიზნესმენს უფრო ჰგავს, ვიდრე თავისუფალი პრესისათვის მებრძოლს. მაგრამ რუსეთში ცხოვრება ისეთი პარადოქსალურია, რომ ის ერთიცაა და მეორეც.
მისი აღმავლობა 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა ის ენ-ტე-ვეს გენერალური დირექტორი და არხის მთავარი პოლიტიკური პროგრამის წამყვანი გახდა. მისი ტახტიდან ჩამოგდება კი პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო კრემლის მხრიდან, კონტროლი აღედგინა დამოუკიდებელ ელექტრონულ მედიაზე. მაშინ კისილიოვმა, რომელსაც ენ-ტე-ვე-ზე ძალიან მაღალ ხელფასს უხდიდნენ, ბრძოლა არა მარტო მედიის თავისუფლებისთვის, არამედ თავისი სტატუსის შენარჩუნებითვისაც დაიწყო.
როგორც პოსტ-საბჭოთა ტელევიზიის ბევრი ვარსკვლავი, კისილიოვიც იმ რადიო ,,მოსკვადან“ მოვიდა, რომელიც საბჭოთა პროპაგანდას უცხოურ ენებზე ახმოვანებდა. შესაბამისად, რადიოს ბევრ ჟურნალისტს კარგი განათლება ჰქონდა და რამდენიმე უცხოურ ენასაც ფლობდა. მათ ბევრი რამ იცოდნენ დასავლეთზე და უფრო მეტად ისწრაფვოდნენ მისკენ, ვიდრე მათი კოლეგები საბჭოთა ტელევიზიებიდან. ეს ადამიანები კითხულობდნენ დასავლურ პრესას, უსმენდნენ ბი-ბი-სის და ეცნობოდნენ საბჭოთა დისიდენტების ნაშრომებს. ამ თაობიდან წარმოსადეგმა კისილიოვმა ყველაზე კარგად შესძლო საკუთარი ავტორიტეტის შექმნა. ეკრანზე, ორბორტიან, კონსერავატორულ კოსტიუმში გამოწყობილი ხშირად ჩუმდებოდა, რომ აზრის გამოსახატად შესაფერისი სიტყვები მოეძებნა. ის ღრმად და აუჩქარებლად მეტყველებდა, და ამით ინტელექტუალი და საღად მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
,,1991 წელს არშემდგარი პუტჩის შემდეგ ჩვენ ჟურნალისტებმა ერთი ამოცანა დავისახეთ - არ გვეცრუა,“ - ამბობს კისილიოვი.
მაშინ ის სახელწიფო ტელევიზიაში ყოველკვირეული ანალიტიკური პროგრამის ,,იტოგის“ წამყვანი იყო. თუმცა სახელმწიფო ტელევიზიაში არსებული ცენზურა, იმ ქაოტურ წლებშიც კი, ძალინ ზღუდავდა, ეთქვა სიმართლე.
1993 წელს კისილიოვი გუსინსკის დაუკავშირდა და ენ-ეტ-ევე-ზე გადაიტანა ,,იტოგი“, რომელიც მალე არხის წამყვანი გადაცემა გახდა.
,,როცა ენ-ტე-ვეს შექმნა დავიწყეთ, მაღალ მატერიებზე არ ვფიქრობდით. მაშინ ჩვენი ყველაზე დიდი სადარდებელი კარგი კამერები, ახალი განათება და თანამედროვე კომპიუტერული გრაფიკა იყო. ჩვენ გვინდოდა, რომ მიგვეღწია ძალიან კარგი ვიზუალური გამომსახველობისთვის.“
ენ-ტე-ვე-მ სწრაფად დაამტკიცა, რომ ობიექტური და ძლიერი სიუჟეტების მომზადება შეეძლო. არხის დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ჯარი შეიყვანა ჩეჩნეთში. ეს იყო რუსეთისათვის პირველი ფართომასშტაბიანი ომი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს ომი კი ენ-ტე-ვე-ზე უპრეცედენტოდ შუქდებოდა ენერგიულად, შეუბრალებლად და გარკვეულ დონემდე ობიექტურად.
მალე ენ-ტე-ვე ჩეჩნეთის ომის შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო გახდა. მის მასალებს ყიდულობდნენ ბი-ბი-სი და სი-ენ-ენი. ენ-ტე-ვემ მაყურებლის დიდი სიმპათია და ნდობა მოიპოვა და უკან ჩამოიტოვა სხვა არხები.
მაგრამ იმ დროს უკვე პრეზიდენტ ელცინის პოპულარობა ნულს უახლოვდებოდა და კისილიოვს მალე მოუწია იმის გაცნობიერება, რომ გაცილებით იოლი იყო ჩეჩნეთის ომზე უფრო სიუჟეტების კეთება, ვიდრე ბალანსის დაცვა რუს ოლიგარქებსა და პრეზიდენტს შორის. თუ ჩეჩნეთის ომის გაშუქებამ ენ-ტე-ვეს დიდი წარმატება მოუტანა, 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის სერიოზულ გამოცდად იქცა.
ოლიგარქებმა გადაწყვიტეს არჩევნებში პრეზიდენტ ელცინს დახმარებოდნენ, ოღონდ ქვეყნის მსხვილ კომპანიებში აქციების მიღების სანაცვლოდ (ეს გარიგება შემდეგ ცნობილი იყო პრივატიზაცია ,,აქციები სესხის სანაცვლოდ“ სქემით). ერთ-ერთი ასეთი ოლიგარქი იყო გუსინსკი, რომელმაც ენ-ტე-ვეს მაშინდელი პრეზიდენტი იგორ მალაშენკო ელცინის წინასაარჩევნო შტაბის უფროსად გაამწესა. კისილიოვმაც დროებით დაივიწყა მოვლენების ობიექტურად გაშუქება და პრეზიდენტ ელცინის აგიტაციაში ბოლომდე ჩაერთო.
ყველა მისი პროგრამა ელცინის გმირული პოლიტიკური კარიერის მიმოხილვით იწყებოდა. როგორ ხვდებოდა ის ღარიბ მოსახლეობას იეროსლავში და ასე შემდეგ. მის მთავარ კონკურენტ კომუნისტ გენადი ზიუგანოვს კი დავოსის პრესკონფერენციებზე ან აეროპორტის ვიპ გასასავლელებში ოლიგარქებთან მეგობრულად მოსაუბრეს აჩვენებდნენ, რაც სინამდვილის აშკარა დამახინჯება იყო. მაგრამ ამგვარი სიუჟეტები არა მხოლოდ ტელეკომპანიის მფლობელთა შეკვეთის გამო მზადდებოდა. მაშინ ყველა რუს ლიბერალს ეშინოდა იმის, რომ ელცინის წაგების შემთხვევაში ხელისუფლებაში ისევ კომუნისტები დაბრუნდებოდნენ.
,,ჩვენ არავინ გვეუბნებოდა, როგორ უნდა გაგვეშუქებინა წინასაარჩევნო კამპანია. დიახ, ჩვენ ვიყავით მიკერძოებულები, მაგრამ მაშინ გულრწფელად გვჯეროდა, რომ ელცინის გამარჯვება ქვეყანას გადაარჩენდა. ზიუგანოვი კი უკან, წარსულში დაგვაბრუნებდა და ამით წერტილი დაესმებოდა სიტყვის თავისუფლებასაც. ჩვენ საკუთარ თავს ვიცავდით და ამიტომ ვერ განგვსჯით დასავლური დემოკრატიის სტანდარტების მიხედვით. რუსეთი გზის გასაყარზე იდგა. ხოლო როცა სახლი იწვის, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ წყალი წიგნებსა და ხალიჩებს გააფუჭებს. არამედ სახლის გადასარჩენად ყველა დასაშვებ მეთოდს იყენებენ“, - ამბობს კისილიოვი.
ელცინის გამარჯვების შემდეგ ოლიგარქებმა დაპირებული აქციები მიიღეს. გუსინსკის ,,გაზპრომიდან“ სესხები და მუდმივი სიხშირე ერგო. კისილიოვიც გამარჯვებულთა შორის იყო და მაშინ უკვე ცხადი გახდა, რომ თუ როდესმე გადახვალ ზღვარს, რომელიც ჟურნალისტს პოლიტიკოსისაგან ანსხვავებს, უკან ჟურნალისტიკაში დაბრუნება რთული იქნება.
,,მთავარი შეცდომები 1996 წლის არჩევნების შემდეგ დავუშვით, როცა ელცინის ოჯახს ზედმეტად დავუახლოვდით, - ამბობს კისილიოვი -
,,მალაშენკო ენ-ტე-ვეს გენერალური დირექტორის პოსტს დაუბრუნდა, მაგრამ ყოველთვის შეეძლო კრემლის ნებისმიერი ოთახის კარი თავისუფლად შეეღო. კვირაში ერთხელ შეხვედრებს პრეზიდენტის აგარაკზე ვაწყობდით, სადაც ელცინის ქალიშვილი, სიძე და მისი მეგობრები ამოდიოდნენ, მათ შორის იყო რომან აბრამოვიჩიც. ხოლო მაშინ, როცა ჩვენ და მედიის სხვა საშუალებებმა კრემლისაგან დისტანცირება გადავწყვიტეთ, ეს მოღალატეობად იქნა აღქმული.“
ცვლილებები ენ-ტე-ვე-ს მაყურებლისთვისაც თვალშისაცემი გახდა. არჩევნების შემდეგ ერთ წელიწადში პეტროვსკაიამ დაწერა:
,,კისილიოვი თავის პროგრამაში კი არ მოგვითხრობს, არამედ გვიქადაგებს. ის უკვე ისე ლაპარაკობს, როგორც პრეზიდენტის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირი.“
პრეზიდენტის კლუბის წევრობამ ისეთი სიკეთეები გახადა ხელმისაწვდომი, რომ მასზე უარის თქმა ჟურნალისტებსა და მათ ხელმძღვანელობას ძალზედ გაუჭირდათ.
ამასთან ერთად სხვა პრობლემამაც იჩინა თავი. ოლიგარქებმა, რომლებიც დარწმუნდნენ მედიის გავლენაში, მისი გამოყენება ახალი მიზნების მისაღწევად და ერთმანეთთან ბრძოლისათვის დაიწყეს.
ბორის ბერეზოვსკიმ, პირველი არხის მფლობელმა, მისი წამყვანი ჟურნალისტი სერგეი დორენკო მოსკოვის მერზე, იური ლუჟკოვზე იერიშის მისატანად გამოიყენა. გუსინსკი კი ლუჟკოვს უჭერდა მხარს. ამიტომ მან ენ-ტე-ვეს საშუალებით საპასუხო ინფორმაციული ცეცხლი გაუხსნა ბერეზოვსკის.
2000 წელს რუსეთის პრეზიდენტი კაგებეს ყოფილი თანამშრომელი, ვლადიმერ პუტინი გახდა. მან მაშინვე გაცილებით უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა ჩეჩნეთში დაწყებულ ომსა და მედიასთან მიმართებაში.
თავდაპირველად პუტინმა გუსინსკის შეუტია და რამდენიმე დღით ციხეშიც ჩასვა. ხოლო ,,გაზპრომმა“ ენ-ტე-ვეს ძველი დავალიანებები გამოიყენა და ტელეკომპანიაზე კონტროლი მოიპოვა. შემდეგ პუტინმა უკვე იმ ბერეზოვსკისთვისაც მოიცალა, რომელიც თავის დროზე მას ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა.
2001 წლის დასასრულს ორივე ოლიგარქი გაქცეული იყო ქვეყნიდან. კისილიოვი კი, რომელიც მაშინ ენ-ტე-ვეს გენერალური დირექტორი იყო, შეეცადა არხისათვის საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოეპოვებინა. მაგრამ იმ დროისათვის მის მიმართ ნდობის კრედიტი უკვე ამოწურული იყო.
2001 წლის დასაწყისში ლიბერალების მცდელობა, მოეწყოთ დემონსტრაცია ენ-ტე-ვეს მხარდასაჭერად, უშედეგო აღმოჩნდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელიც პუტინისა და გუსინსკის ბრძოლას ადევნებდა თვალყურს, ეს არა თავისუფალი მედიის ჩახშობის მცდელობად, არამედ ოლიგარქსა და ახალ პრეზიდენტს შორის შეტაკებად მიიჩნია.
2001 წლის 14 აპრილს კისილიოვი და მისი გუნდი ენ-ტე-ვედან ,,გაზპრომის“ მიერ დანიშნულმა ახალმა მენეჯერმა გამოაგდო. ბერეზოვსკიმ ცნობილ წამყვანს ტვ-6-ზე გადასვლა შესთავაზა. მაგრამ მალე ეს არხიც დაიხურა. კისილიოვი შემდეგ ლიბერალურ გაზეთში ,,მოსკოვსკიე ნოვოსტი-ში“ აღმოჩნდა. გაზეთი იმ დროს ოლიგარქ მიხეილ ხადარკოვსკის ეკუთვნოდა, რომელიც ახლა ციხეში ზის და აკვირდება, თუ როგორ ანადგურებს კრემლი მის ნავთობგიგანტს ,,იუკოსს“.
რესტორანიდან წამოსვლის წინ კისილიოვი ამბობს:
,,უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვერ შევქმენით პირობები, სადაც კერძო და სახელმწიფო არხები თანაარსებობას შესძლებდნენ. ამაზე პასუხისმგებლობა კი მათ საკუთარ თავზე უნდა აიღონ.“
ერთი კვირით ადრე, ვიდრე კისილიოვი ენ-ტევედან წავიდოდა, არხის ერთ-ერთმა ყველაზე ძვირადღირებულმა ჟურნალისტმა, 44 წლის ლეონიდ პარფიონოვმა ,,კომერსანტში“ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც არხის გენერალურ დირექტორს თანამდებობიდან გადადგომისაკენ მოუწოდებდა. ის წერდა, რომ მას არ სურდა კისილიოვთან ერთად ბარიკადებზე დადგომა და ვერ ეგუებოდა იმას, თუ როგორ მიჰყავდა ამ უკანასკნელს არხის ახალგაზრდა ჟურნალისტები გუსინსკის და პუტინის ბრძოლის სამსხვერპლოზე.
,,მე უკვე აღარ შემიძლია თქვენი ათწუთიანი ნოტაციის მოსმენა სტუდიიდან, მაგრამ მე არ შემიძლია ყურადღების გარეშე დავტოვო ის, სანამ ენ-ტე-ვეზე ვმუშაობ,“
- ამბობდა ის თავის წერილში.
იმისდა მიუხედავად, მართალი იყო თუ არა პარფიონოვი, ამ წერილმა მის მიმართ ენ-ტე-ვეს ბევრი თანამშრომლის სიძულვილი და კრიტიკა გამოიწვია. გამყიდველო - ასე უყვიროდა მას ეთერში ღამის თოქ-შოუს წამყვანი დიმიტრი დიბროვი:
,,შენ უღალატე ჩვენ საერთო ბრძოლას თავისუფალი მედიისათვის. შენ უღალატე იმ ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ.“
პარფიონოვმა კი აუღელვებლად, ირონიით უპასუხა: თქვენ ფიქრობთ, რომ სიტყვები ,,გამყიდველო“, ,,თავისუფლება“ და ,,ბრძოლა“, სამი ძახილის ნიშნით უნდა წარმოითქვას?
თუმცა გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად პარფიონოვი კისილიოვზე არანაკლებ შეშფოთებული იყო იმ პერსპექტივით, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ემუქრებოდა:
,,მე პროფესიონალი ჟურნალისტი ვარ და არა პროფესიონალი რევოლუციონერი. ჩემი საქმე მაყურებლებლის ინფორმირებაა და არა ბარიკადებზე ბრძოლა. კისილიოვმა კი ეს ზღვარი გადალახა. ის, რასაც ის აკეთებდა, პოლიტიკაა და არა ჟურნალისტიკა“, - ამბობს ის.
მას შემდეგ, რაც ენ-ტე-ვე ,,გაზპრომის“ ხელში გადავიდა, პარფიონოვი დაბრუნდა და არხის მთავარი წამყვანის პოსტზე კისილიოვი შეცვალა. მაგრამ პოსტ-კისილიოვის და პოსტ-გუსინსკის ენ-ტე-ვედან პროფესიონალი ჟურნალისტი პარფიონოვიც გააგდეს.
ეთერიდან ,,ნამედნის“ მოხსნის ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ ჟურნალისტმა კორპორატიული ეთიკა დაარღვია მაშინ, როდესაც ,,კომერსანტს“ გაუმხილა შიდა განკარგულების შინაარსი - ეთერში არ გაეშვა ინტერვიუ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოკლული ჩეჩენი ლიდერის ქვრივთან. თუმცა ,,ნამედნის“ დახურვა რუსი ლიბერალებისათვის თავისუფალი პრესის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი ნიშანი გახდა.
სიმშვიდეს პარფიონოვი არც მაშინ დაუტოვებია. მას არ უცდია თავისი თავი სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლად წარმოეჩინა.
,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ ზიგზაგური მოძრაობაა და არა საბჭოთა დროში დაბრუნება. მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი დღეს უფრო ლიბერალურია, ვიდრე გასულ წელს ან ორი წლის წინ. მაგრამ ეს ლიბერალიზმი გამოიხატა არა პოლიტიკაში, არამედ ინტერნეტში, მოდურ მაღაზიებსა და აი, ამ კაფეში,“ - ამბობს ის.
ენ-ტე-ვედან მისი გაგდების შემდეგ რამდენიმე კვირაა გასული. ჩვენ კაფე ,,ბოსკოში“ ვზივართ. ეს კაფე, რომელიც სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე იტალიური და ფრანგული ბუტიკებს შორისაა განთავსებული, რუსული ლიბერალიზმის სიმბოლოა. პარფიონოვიც რუსული ლიბერალიზმის ნაყოფია, ის კისილიოვისაგან განსხვავებით არ ყოფილა პოლიტიკური მებრძოლი ან დისიდენტი. მას არ ჰქონია პრივილეგირებული წარსული, არ ლაპარაკობს რამდენიმე უცხო ენაზე და ნაკლებად ინტერესდება პოლიტიკით.
პროგრამა ,,ნამედნი“, რომელმაც ის პოპულარული გახადა, თავიდან არაპოლიტიკური გადაცემა იყო, სიუჟეტები კეთდებოდა ყველაფერზე - მოდაზე, მუსიკაზე, მაგრამ არა პოლიტიკაზე. მთავარი იყო სტილი, როგორ გაკეთდებოდა სიუჟეტები, და არა ის, თუ რა თემაზე გაკეთდებოდა. პროგრამის მთავარი მახასიათებელი პოსტ-მოდერნული სარკაზმი იყო. სერიოზული ჟურნალისტიკის არარსებობის პირობებში კი ეს სტილი რეპორტაჟების მთავარი მახასიათებელი გახდა.
კისილიოვის წასვლის შემდეგ პარფიონოვმა ,,ნამედნი“ ენ-ტე-ვეს მთავრ პროგრამად აქცია. თუ კისილიოვი ეთერიდან ქადაგებდა, პარფიონოვი მაყურებელს ინფორმაციას აძლევდა და ართობდა. თუ კისილიოვი პაუზებს იყენებდა იმისათვის, რომ მოვლენის მნიშვნელობისათვის გაესვა ხაზი, ის სარკაზმსა და ირონიას იშველიებდა.
პარფიონოვი არც აკრიტიკებდა და არც აქებდა პუტინს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პუტინის რუსეთისათვის მისი ირონია და სარკაზმიც მიუღებელი იყო. როცა ,,ნამედნი“ ეკრანიდან მოხსნეს, მაშინ ბევრ რუს ლიბერალს გაახსენდა რუსი კრიტიკოსი და დისიდენტი ანდრეი სინიავსკი, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ მისი წინააღმდეგობა საბჭოთა კავშირთან სუფთა სტილისტური ხასიათის იყო.
ასე იყო პარფიონოვისა და კრემლის შემთხვევაშიც.
,,ნამედნის“ წამყვანს კოლეგებმა ჩვეულებრივი გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყვეს. იქ არ ისმოდა არც ლოზუნგები და არც მოწოდებები. ყველა კარგად აცნობიერებდა, რომ ბარიკადებზე ასვლა არ ღირდა, რადგან ამას პარფიონოვი არ მოიწონებდა. თუმცა რომც ასულიყვნენ, იქ მაინც მარტო აღმოჩნდებოდნენ.
ჟურნალისტების იმ თაობიდან, რომელმაც თავიანთი კარიერა 80-იანი წლების დასასრულს დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტანტინ ერნსტი იყო, რუსეთის პირველი არხის გენერალური დირექტორი, რომელსაც ბესლანის ტრაგედიის არაობიექტური გაშუქებისათვის მკაცრად აკრიტიკებდნენ.
ჟურნალისტიკაში ერნსტი 30 წლის ასაკში მოვიდა, 1995 წელს ბორის ბერეზოვსკიმ ის თავისი მიზანდასახულობისა და ამბიციურობის გამო გამოარჩია და პირველ არხზე პროგრამების დირექტორად დანიშნა. ოთხი წლის შემდეგ ის უკვე არხის გენერალური დირექტორი გახდა.
ერნსტს ,,ოსტანკინოში“ მის კაბინეტში შევხვდი, ის ახალი ჩამოსული იყო ლოს-ანჯელესიდან, სადაც მან კომპანია ,,თვენთი სენჩერი ფოქს“ პირველი არხის მიერ შექმნილი ფილმის ,,ღამის მზვერავის“ გავრცელების უფლება მიჰყიდა. ეს ფილმი პოსტ-საბჭოთა ისტორიაში პირველი ბლოკბასტერია, რომელმაც გამოსვლის შემდეგ ოთხ კვირაში 16 მილიონი დოლარი მოუტანა ფილმის შემქმნელებს და ამით ,,ბეჭდების ბრძანებელის“ რეკორდიც კი მოხსნა.
ფილმის ერთ-ერთ სცენაში ნაჩვენებია, როგორ გადასცემს საინფრომაციო პროგრამა ,,ვრემია“ ცნობას ავიაკატასტროფის შესახებ. ერნსტი ამბობს, რომ ,,ვრემიას“ ინფრომაციებზე დაყრდობა მნიშვნელოვანია, რადგან ის სტაბილურობის და ბალანსის განცდას ქმნის კეთილსა და ბორტს შორის. სტაბილურობის გარანტი კი პრეზიდენტი პუტინია.
საინფორმაციო პროგრამა ,,ვრემია“, რომელმაც დასათაურებაც კი საბჭოთა დროიდან მიიღო, არც შინაარსობრივად განსხვავდება თავისი წინამორბედისაგან. პროგრამა, როგორც წესი, ახლაც იმ ინფორმაციით იწყება, რომელიც უშუალოდ პუტინს შეეხება. სად იმოგზაურა მან, ან ვის შეხვდა თავის კაბინეტში. თითქმის ყველა გამოშვებაში ერთი და იგივე სურათი მეორდება, დაფიქრებული პრეზიდენტი თავის სავარძელში ზის და მინისტრებს ეუბნება:
,,თქვენს მიერ მიღწეული შედეგები დამაკმაყოფილებელია, მაგრამ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.“
პროგრამის მიზანია, დაარწმუნოს მაყურებელი, რომ შეუძლია ღამე მშვიდად იძინოს, რომ ქვეყანას მზრუნველი და ბრძენი პრეზიდენტი მართავს, რომელიც სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, დამნაშავეები და ტერორისტები დაისჯებიან, ხოლო შრომის გმირებს დააჯილდოვებენ.
,,სტაბილურობა ახალი ამბების ტონს უფრო მშვიდს ხდის. თუ ახალი ამბები ნერვებზე მოქმედებს, როგორც ეს 90-იან წლებში იყო, ეს არასტაბილურობის ნიშანი უფროა, ვიდრე სიტყვის თავისუფლების,“
- ამბობს ერნსტი. მას მიაჩნია, რომ მისი მოვალეობა პუტინის ხელისუფლების და მისი დადებითი ინიციატივების მხარდაჭერაა.
,,მე არავინ მირეკავს და არ მაძლევს მითითებებს. მაგრამ ხელისუფლებას აქვს უფლება, აუხსნას თავისი მოქმედება ხალხს იმ არხის მეშვეობით, რომლის აქციონერიც თავად არის,“ - ამბობს ერნსტი.
ერნსტი არ ეთანხმება მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ბესლანის ტრაგედიის გაშუქებასთან დაკავშირებით:
,,მე არ მიმაჩნია, რომ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი სიუჟეტების. მართალია, მძევლად აყვანილ ადამიანთა რაოდენობაზე არასწორი ინფორმაცია გავავრცელეთ, მაგრამ ოფიციალური ინფორმაცია ერთადერთი იყო, რომელიც მაშინ ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა მძევალთა არასწორი რაოდენობის გამოცხადებას არაფერი შეუცვლია, რადგან ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით არავითარი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.“
,,ჩვენი ამოცანა იყო, რომ მძველებს არაფერი დაშავებოდათ და გარდა ამისა, მოსახლეობისათვის მოვლენათა განვითარების შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა. დღეს ტელევიზიის მთავარი დანიშნულებაა, ქვეყნის მობილიზაცია და იმის ახსნა, რომ ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რუსეთს დღეს კონსოლიდაცია სჭირდება, პუტინი კი ის ფიგურაა, რომელიც ამას შეძლებს.“
რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, ის ამბობს, რომ არ არსებობს სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება არის შესაძლებლობა, ის ინფორმაცია მიაწოდო მაყურებელს, რომლის დამალვა ადამიანებს ზიანს მოუტანს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მიზნის მიღწევას აპირებ ანუ მთავარი კითხვა შემდეგია - რა არის მიზანი და ვინ წყვეტს, რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ამ მიზანს მიაღწიო.
,,საოპერაციოში ექიმი არ ეკითხება პაციენტს, რა არის მისთვის უკეთესი. ის უბრალოდ მის გადარჩენას ცდილობს.“
![]() |
3 ერთადერთი შანსი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკა კვესიტაძე
პოსტრევოლუციური პერიოდი ვერ იქნება ,,ზედმეტად“ დემოკრატიული. ამ ეტაპზე ძალაუფლების კონსოლიდირებაა აუცილებელი - დაახლოებით ასე ჟღერს ის არგუმენტები, რომელსაც დღეს ხელისუფლება და თავად პრეზიდენტი იშველიებს. ამ არგუმენტებს იშველიებდნენ მაშინ, როცა ახალ მთავრობაზე მორგებულ კონსტიტუციას იღებდნენ, მაშინ როცა ადგილობრივ თვითმმართველობაზე ითქვა უარი, მაშინ როცა პოლიტიკური თოკშოუების დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაშინ როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოტივით მასმედიის ცენზურა სახელმწიფო ინტერესის დაცვის რანგში იქნა აყვანილი.
ყველამ კარგად იცოდა, რომ რევოლუციის შემდეგ სასწაული ერთ დღეში ვერ მოხდებოდა და ხელშესახები შედეგების მისაღწევად გარკვეული დრო იქნებოდა საჭირო. მაგრამ ის, რასაც ყველა ელოდა და უფრო მეტიც ითხოვდა რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლებისგან, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა და გაძლიერება იყო.
სასამართლო, თავისუფალი მედია და პარლამენტი - ის სამი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელთა გამართული ფუნქციონირება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის წარმართვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კითხვაზე - გვაქვს თუ არა დღეს თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი სასამართლო და პლურალისტური პარლამენტი - პასუხი მარტივია - არა. ისევე როგორც პასუხი - არა - ცალსახაა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე - გვაქვს თუ არა დღეს კანონის უზენაესობა - როგორც ფუნდამეტი, რომლის გარეშე დემოკრატიის შემქნის მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ დიდი ილუზიაა.
სააკაშვილის ხელისუფლებას უარი არ უთქვამს შევარდნაძის მმართველობიდან მიღებულ ,,ტკბილ ლუკმაზე“, ბოლომდე გაეკონტროლებინა სასამართლო და ის პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის ლეგიტიმაციის მიმნიჭებელ ადგილად ექცია. დღეს სასამართლოზე ეს პოლიტიკური ზეწოლა გაცილებით უფრო პრობლემატურია, ვიდრე ის, რომ რომელიმე მოსამართლე ქრთამად ხუთას დოლარს იღებს. ხელისუფლება მათ იჭერს, მაგრამ მათი დაჭერა, ცხადია, ვერანაირად ვერ გადაჭრის სასამართლოში და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას - კანონის უზენაესობის უგულვებელყოფას. დღეს კორუფიასთან მებრძოლი ხელისუფლება გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ ვის დაიჭერს, მაშინ როცა დემოკრატიის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ დაიჭერ, თუნდაც ყველაზე დიდ დამნაშავესაც და შემდგომ როგორ მოექცევი მას. წამების გაზრდილი ფაქტები კი აშკარად მიუთი- თებს იმაზე, რომ ამაზე ხელისუფლებაში დიდად არ წუხან. ისევე როგორც დიდად არ წუხან იმაზე, რომ ყველა დამნაშავის მიმართ ერთიანი სტანდარტი მოქმედებდეს. რა ნიშნით აირჩია ახალმა ხელისუფლებამ მსხვერპლად შევარდნაძის რეჟიმის წარმომადგენელთა მხოლოდ ერთი ნაწილი და რა ნიშნით შეიწყალა მეორე ნაწილი? - ამ კითხაზე დასაბუთებული პასუხის მიღება შეუძლებელია.
თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა, წარმატებული პიარ კამპანია ნაწილობრივ ვანო ჩხარტიშვილის კრიტიკაზე ააგო. თუმცა ჩხარტიშვილი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ მინისტრად ითვლებოდა, დღეს კომფორტულად გრძნობს თავს ხელისუფლების გარშემო თავმოყრილ ბიზნეს ელიტაში.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მხოლოდ ნაწილი იყო იმ გავლენიანი გუნდისა, რომლის შემადგენლობაში ბადი პატარკაციშვილი და კახა თარგამაძე შედიოდა და რომელიც ლამის შევარდნაძის რეჟიმის სიმბოლო იყო. დღეს სააკაშვილი ღიმილით ირგებს ფეიერვერკებს, რომელსაც პატარკაციშვილი უწყობს და არც ჩხარტიშვილის საეჭვო წარსულს იხსენებს. ყოფილი რეჟიმის დაკავებულ მსახურთა სიაში ბევრი უმნიშვნელო ჩინოვნიკიც კი მოხვდა, მაგრამ მათ შორის კახა თარგამაძე დღემდე არ ფიგურირებს.
უკვე დიდი ხანია საუბრობენ საქართველოს პრეზიდენტის პუტინიზაციაზე და არა მარტო ქართველი ექსპერტები, ამ თემაზე რამდენიმე ხნის წინ წერილი ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა სტივენ სესტანოვიჩმაც დაწერა.
სააკაშვილი პუტინი არ არის, მაგრამ საფრთხე, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს დაემსგავსოს, საკმაოდ დიდია.
მოსალოდნელი საფრთხეების შიშით დროებით გაუქმებული თვითმართველობა (თუმცა ვერავინ გვიხსნის როდის აღარ იქნება ეს საფრთხეები და რამდენ ხანს გულისხმობს ეს ,,დროებითობა“), კონსტიტუციით გარანტირებული მორჩილი პარლამენტი, თავისუფალი მედიის ცენზურის აშკარა მცდელობა და ეგრეთწოდებული ძალაუფლების კონსოლიდაციის გაზრდილი მადა. ეს ყველაფერი იმ ობიექტური რეალობის ფონზე, როცა არ არსებობს ოპოზიციური პარტიები, ანუ არ არსებობს ალტერნატივა, საგრძნობლად შესუსტდა აქამდე გავლენიანი სამოქალაქო სექტორი და რაც მთავარია მასმედია, რომელიც ცენზურისა და თვითცენზურის ძლიერი პრესის ქვეშ აღმოჩნდა, ხელსაყრელ ფონს ქმნის სააკაშვილის პუტინიზაციისთვის.
პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული აგრესიული განცხადება - რომ ის არ აპირებს პარლამენტიდან ნოტაციების მოსმენას, საშიშ ტენდენციებზე უკვე მიუთითებს.
მთავრობა ვალდებულია, საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნები მოისმინოს, რადგან პარლამენტის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის უპირველესი დანიშნულება, სწორედ რომ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს გაკონტროლებაა.
თუ დღეს პრემიერ მინისტრს ის აშფოთებს, რომ ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ამ ბუნებრივ ფუნქციას მის წინააღმდეგ გამოიყენებს, ბიუჯეტის ჩაგდებით პრეზიდენტს შანტაჟს მოუწყობს და არჩევანის წინაშე დააყენებს - ან მთავრობის შეცვლა ან ახალი საპარლამენტო არჩევნები - მაშინ იმის შეხსენებაც ღირს, რომ ახალი კონსტიტუცია, რომელიც ასეთი ,,შანტაჟის“ საშულებას იძლევა, სწორედ რომ ზურაბ ჟვანიას თავგანწირული ლობირებით იქნა მიღებული. როგორც ჩანს, მაშინ პრემიერს, როგორც კულუარული პოლიტიკის დიდოსტატს, იმედი ჰქონდა, რომ ბურჯანაძისნაირ მცირე წინააღმდეგობას ადვილად გაუძლებდა. გუშინ სწორედ ამ წინააღმდეგობის გადალახვის მცდელობა თუ მცდელობის დასაწყისი იყო. წარმატების მთავარი გასაღები კი პრეზიდენტის პირადი უმრავლესობაა, რომელიც, ძალზე საეჭვოა, რომ გადამწყვეტ მომენტში მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდეს. და ბოლოს, თავისუფალი მედია, რომლის არსებობა საქართველოში უკვე ძალზე სერიოზული კითხვის ქვეშ დგება. რამდენიმე ხნის წინ ,,ფაინანშალ თაიმსში“ დაიბეჭდა წერილი, რომელიც რუსული მედიის ბოლო ათი წლის განმავლობაში განვლილ გზას დეტალურად აღწერდა. სამწუხაროდ, პარალელები, რომელიც რუსულ და ქართული დამოუკიდებელ მასმედიას შორის შეიძლება გაივლოს, უფრო დიდ და არსებით მსგავსებაზე მიუთითებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
რუსეთში ყველა გავლენიანი მედია გავლენიან ოლიგარქებს ეკუთვნოდათ. საბოლოო ჯამში თავად ოლიგარქებს შორის დაპირისპირებამ და პუტინთან ბრძოლამ გადაიყოლა ოლიგარქებიც და თავისუფალი მედიაც.
საქართველოში დღეს ყველა ცნობილ ტელეკომპანიას ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ფლობენ. ბადრი პატარკაციშვილი, ჩხარტიშვილ- ბეჟუაშვილის დუეტი და ეროსი კიწმარიშვილი. თუმცა ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის წინ დატოვა რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორის პოსტი. ხოლო პასუხი კითხვაზე - ვის ეკუთვნის დღეს რუსთავი ორი, სრულიად ბუნდოვანია. დიდი ეჭვია, რომ მისი ბატონ-პატრონი ხელისუფლებაა.
პატარკაციშვილის და ჩხარტიშვილ-ბეჟუაშვილის წინააღმდეგ ყოველთვის არსებობდა ის ბერკეტი, რომლის გამოყენება ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტს ძალიან ადვილად შეუძლია, მაშინ როდესაც ის ამას მოისურვებს. ამიტომ დღეს ამ არხების დამოუკიდებლობა მხოლოდ დიდი ილუზიაა და მეტი არაფერი.
სააკაშვილისათვის კარგი პიარი ყველაზე წარმატებული იარაღი იყო მოსახლეობის გულის დასაპყრობად, ასე იყო მაშინ, როცა ის ოპოზიციის ლიდერი იყო, და ასეა ახლა, როცა ის პრეზიდენტია. პიარის ანუ რეკლამის მნიშვნელობა მისთვის დღეს განსაკუთრებით დიდია, რადგან დაპირისპირების მოგება პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც შესაძლოა მისი გუნდიდან წამოვიდნენ, მას სწორედ ამ იარაღის მეშვეობით შეეძლება.
საქართველოში თავისუფალი მედიის პრობლემის სათავე ერთი დილემაა - როგორ შევინახოთ ტელევიზია მაშინ, როცა ქვეყანაში არსებული მცირე სარეკლამო ბაზარი ყველაზე პოპულარულ არხებსაც კი არ აძლევს არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელ სახსრებს. იმისათვის, რომ საქართველოში ტელევიზია შეინახო აუცილებელია დოტაცია, რომელიც ან უცხოური ინვესტიციებისაგან უნდა მოდიოდეს, ან ქვეყნის შიგნით არსებული კერძო ბიზნესისგან.
მედიაში უცხოურ ინვესტიციას დღეს არავინ დებს. ხოლო საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს გამო, დიდი ფულის შოვნა მხოლოდ დიდ წილებში ჩაჯდომასთან არის დაკავშირებული. წილებს კი დღეს ხელისუფლება აკონტროლებს და ანაწილებს. გაანაწილებს მათზე, ვინც მის მიმართ ლოიალობას შეინარჩუნებს და ,,კრიტიკის დასაშვებ ზღვარს“ არ გადაცდება.
რუსული მედიის მსგავსად, ქართული მედიის მეორე დიდი პრობლემა არის ის, რომ მან თავისი უმთავრესი როლი - ფაქტების მიუკერძოებელი გაშუქება დაივიწყა და სხვადასხვა ტიპის დაპირისპირებაში (ოლიგარქებს შორის, ოლიგარქებსა და მთავრობას შორის) ერთ-ერთ მხარედ იქცა. უფრო სწორედ ასე მოინდომეს მისმა მფლობელებმა და ეს არც ჟურნალისტებს გაუპროტესტებიათ. ასეთი მიდგომა შესაძლოა, რევოლუციამდე ამართლებდა, როცა არსებობდა კონკრეტული ,,მტერი“ და კონკრეტული ალტერნატივა, მაგრამ დღეს უკვე მიდგომების შეცვლის აუცილებლობა აშკარა გახდა.
ნოემბრის შემდეგ ტელეკომპანიის მფლობელებს, რომლებიც პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან მეგობრობენ თუ მეგობრობდნენ, გაუჩნდათ განცდა, რომ ხელისუფლება, ეს თვითონაა. ეს იყო რუსთავი ორის და პირადად ეროსი კიწმარიშვილის ყველაზე დიდი პრობლემა. ყველაზე პოპულარული და პროფესიონალური არხის გენერალურ დირექტორს რევოლუციის შემდეგ პოლიტიკიდან უკან ჟურნალისტიკაში დაბრუნდება ძალიან გაუჭირდა.
დღეს ქვეყანაში არსებული ობიქტური და სუბიექტური პრობლემები სრულ შესაძლებლობას ქმნის სააკაშვილისთვის, რომ ქართველი პუტინი გახდეს. თუმცა სანამ ამ ცდუნებას აჰყვება, კარგად უნდა გააცნობიეროს ის პრინციპული განსხვავება, რაც მას პუტინისაგან ძალზე აშორებს. პუტინი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა, შეცდომებს მაინც პატიობენ. საქართველო კი ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ მისმა პრეზიდენტმა თავს მსგავსი შეცდომების დაშვების უფლება მისცეს. დღეს დემოკრატია ერთადერთია, რასაც შეუძლია საქართველოს მიმართ დასავლეთის სიმპათიები შეუქცევადი გახადოს და რაც მთავრია დემოკრატია, უკანასკნელი შანსია ამ ქვეყნისთვის, საბოლოოდ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
ხოლო იმისათვის, რომ არსებობდეს დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს თავისუფალი პრესა, რომელიც კონსტრუქციულად გააკრიტიკებს ხელისუფლებას და ნათლად მიახვედრებს პრეზიდენტს, რომ მსგავსი ფრაზები
,,ვაი თქვე საცოდავები, ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ...“
აღარასოდეს გაიმეოროს.
![]() |
4 კომენტარები საქართველოს კანონზე ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ |
▲ზევით დაბრუნება |
ირაკლი კოტეტიშვილი
,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. კანონპროექტმა, რომელიც წინამორბედ ხელისუფლებას 1997 წლიდან მოყოლებული თაროზე ჰქონდა შემოდებული, კანონის სახე მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიიღო. საქართველს პარლამენტმა 2004 წლის 24 ივნისს მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას ისეთი ლიბერალური ფასეულობისათვის, როგორიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ კანონის ავკარგიანობაზე, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტმა შეიმუშავა (თუმცა საბოლოოდ თავდაპირველმა ვარიანტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა), ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა მაინც ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პრეცედენტებს შექმნის სასამართლო ხელისუფლებაახალი კანონის საფუძველზე.
რა სიახლეებს ითვალისწინებს ახალი კანონი?
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კანონმა მოახდინა დეფამაციის დეკრიმინალიზაცია, ანუ აღარ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი (148-ე), რომელიც ცილისწამებისთვის სასჯელს ითვალისწინებდა. ცილისწამების დეკრიმინალიზაცია, შესაძლოა, ძალზედ მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითავლოს, რადგან რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი დემოკრატიული ქვეყანა ამბობს უარს ამ ინსტიტუტის არსებობაზე. საქართველო იმ ერთეულ ქვეყანათა (აშშ, უკრაინა, ბოსნია-ჰერცოგოვინა და ხორვატია) რიცხვშია, რომლებმაც უარი განაცხადეს დეფამაციის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებაზე.
რატომ არის კარგი დეფამაციის დეკრიმინალიზაცია?
ალბათ, გაცილებით მართებული იქნებოდა, თუ კითხვას სხვაგვარად დავსვამდით: რატომ არის საჭირი პირის სისხლის სამართლებრივი დევნა იმის გამო, რომ ის სიტყვის თავისუფლების უფლებით სარგებლობს? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ხელისუფლებას არასოდეს ჩაუსვამს ციხეში პირი აღნიშნული ბრალდებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ნეგატიურად არ იყენებდა აღნიშნულ მუხლს თავისუფალი პრესის დასაშინებლად (არსებობს ათამდე საქმე, სადაც ბრალდებულები აღნიშნული ბრალდებით გაამტყუნეს, მათ გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯათ, მაგრამ სასამართლომ ყველა შემთხვევაში შეცვალა სასჯელი პირობით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით). ანუ მაინც არსებობდა ამ ნორმის ეგრეთწოდებული გამყინავი ეფექტი, რაც თავისუფალი მასმედიის არსებობას საფრთხეს უქმნიდა.
რა სიახლეებია არასისხლისსამართლებრივ დავებში სიტყვის თავისუფლების გარანტიების მხრივ?
აწ უკვე გაუქმებული სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლისაგან განსხვავებით, ახალი კანონი აწესებს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვან გარანტიებს, რაც მრავალ ასპექტში გამოიხატება. სახელდობრ:
1) ახალი კანონი უფრო ფართოდ განმარტავს, თუ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება:
ა) აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას;
ბ) პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას;
გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;
დ) ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები;
ე) სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
ვ) ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას;
ზ) ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას;
თ) ქველმოქმედების უფლებას;
ი) მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას;
კ) თავისუფლებას იძულებისაგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, აგრეთვე ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება გახდეს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი.
2) ძველი კანონმდებლობისგან განსხვავებით, ახალ კანონში ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ფაქტები და აზრები.
აზრი განმარტებულია, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.
აზრისა და ფაქტის ერთმანეთისაგან გამიჯვნით გადაიჭრა ის ძირითიადი პრობლემა, რომელიც ახასიათებდა უწინდელ კანონმდებლობას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს კანონი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ), რომელიც ფაქტებისა და შეფასებით მსჯელობის გამიჯვნას არ ითვალისწინებდა. ეს კი მახინჯ სასამართლო პრაქტიკაში აისახებოდა და არეართხელ გამხდარა სასამართლოების მხრიდან კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი.
ამგვარი დეფინიციის შემოღებით ჩვენ მივუახლოვდით (თუ არ გავუსწარით კიდეც) ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომელიც პრაქტიკულად არ ითვალისწინებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას შეფასებითი მსჯელობებისათვის, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა. ამგვარად, ახალი კანონმდებლობით, აზრი აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული.
რას ნიშნავს აბსოლუტური პრივილეგია?
აბსოლუტური პროვილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება.
რა ტიპის განცხადებებს იცნობს ახალი კანონი?
ესენია: აზრი, მოწოდება, ცილისწამება, უხამსობა.
მოწოდება - განცხადება, რომლის ავტორიც მიზნად ისახავს ან აშკარად უშვებს გარკვეული ქმედების გამოწვევას.
ცილისწამება - არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
უხამსობა - განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.
კანონის IV მუხლის II პუნქტი ადგენს, რომ მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით და ის პასუხისმგებლობას იწვევს მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
თუმცა ეს მუხლი ბუნდოვანია, რადგან კანონი არ აკონკრეტებს, თუ ვის მიერ ჩადენილ განზრახ ქმედებას გულისხმობს - იმ პირის, ვინც აკეთებს განცხადებას, თუ იმისა, ვინც ამ განცხადების საფუძველზე ჩაიდენს განზრახ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
3) წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს კანონის მიერ იმის ხაზგასმა, რომ ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია:
ა) პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის ან საკრებულოს, აგრეთვე მათი კომიტეტის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ კანონი არ აკონკრეტებს, თუ როგორი პრივილეგიით სარგებლობს პირი ამგვარი გარემოებების არსებობისას - აბსოლუტურით თუ კვალიფიციურით.
კვალიფიციური პრივილეგიის ცნების განმარტებას გვთავაზობს კანონის I მუხლის ქ) პუნქტი: კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლება. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით, პირმა ბრალეული ქმედების ჩადენისათვის შეიძლება დაკარგოს პრივილეგია, თუ ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ბუნდოვანია, თუ როგორ და რა ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაში შეიძლება დაკარგოს პირმა კვალიფიციური პრივილეგია. საპროცესო კანონმდებლობაში არ მოიპოვება ამგვარი სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი არც ერთი ნორმა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, პრაქტიკულად გამორიცხულია პირის გამტყუნება მის მიერ პოლიტიკური და სასამართლო სიტყვის თავისუფლების კონტექსტში გაკეთებული განცხადების გამო1.
კანონის მიხედვით, ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მოპასუხეს უფლება აქვს, მოითხოვოს მოსარჩელისაგან ფულადი ანაზღაურების მიღება გონივრულ ფარგლებში. აქედან გამომდინარე იბადება კითხვა: გამოიწვევს თუ არა ცილისწამების შესახებ უსაფუძვლო სარჩელისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას პირის მიერ წარდგენილი სარჩელი, რომლითაც მეორე პირს ბრალი ედება პოლიტიკური და სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული განცხადების გამო?
პასუხი უარყოფითია, რადგან მე-5 მუხლის II ნაწილის თანახმად, ასეთი გარემოების დადასტურებისას, სასამართლოს გამოაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებული განჩინება, რაც არ იწვევს ცილისწამების შესახებ უსაფუძვლო სარჩელისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4) როგორ განსაზღვრავს ახალი კანონი სათანადო მოპასუხეობის საკითხს
მეტად საინტერესო სიახლეს გვთავაზობს კანონი ასევე სასამართლო დავისას მოპასუხის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ადრე მოქმედი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ყალბი ცნობების გავრცელებისათვის, მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განზრახ შეურაცხყოფისა და ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მათ ხელმძღვანელებს, რედაქტორს (მთავრ რედაქტორს) და მასალების ავტორებს, რომლებმაც დაარღვიეს კანონი.
აღნიშნული ჩანაწერი ძალზედ ბუნდოვანი იყო, რის გამოც სასამართლოები ხშირად ერთ საქმეში რამდენიმე მოპასუხეს რთავდნენ, რაც არაეფექტური იყო და სრულებითაც არ უწყობდა ხელს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.
ახალი კანონის მიხედვით კი, ჟურნალისტის სტატიასთან თუ სიუჟეტთან დაკავშირებით წარმოქმნილი სასამართლო დავებისას, მოპასუხე არის მედიის მესაკუთრე. აღნიშნული პრინციპი გაზიარებული და დამკვიდრებულია ასევე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აღნიშნული ხელს უწყობს მედია ორგანიზაციებში თვითრეგულირების მექანიზმების განვითარებას. თუმცა, მეორეს მხრივ, ზემოთ განხილული დებულება გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის ამავე მუხლის V პუნქტთან, რომლის მიხედვითაც, სასამართლო დავისას არასათანადო მოპასუხეა პირი, რომელიც არ არის განცხადების ავტორი ან რედაქტორი, ან პირი, რომელმაც ტექნიკურად უზრუნველყო განცხადების გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის აშკარად და პირდაპირ უჭერს მხარს განცხადებას.
აღნიშნული კონსტრუქციიდან ლოგიკურად გამომდინარეობს 2 დასკვნა:
ა) ანუ სასამართლომ შეიძლება მიიჩნიოს სათანადო მოპასუხედ პირი, რომელიც არის განცხადების ავტორი ან რედაქტორი, ან ის, ვინც ტექნიკურად უზრუნველყო განცხადების გავრცელება. ეს კი ეწინააღმდეგება ზემოთ ნახსენებ პრინციპს, რომლის თანამხმად, მედიაში ჟურნალისტის სტატიასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა;
ბ) ანუ შესაძლოა, ბუნებაში არსებობდეს ვიღაც მესამე პირი, რომელიც არ არის არც ავტორი, არც მოპასუხე და არც ტექნიკურად გამავრცელებელი და ამავდროულად ითვლებოდეს სათანადო მოპასუხედ.
5) კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს კანონის მიერ იმის აღნიშვნა, რომ სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
ძველ კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერის არარსებობა მრავალჯერ გამხდარა სასამართლოების მიერ მოპასუხე საინფორმაციო საშუალებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამოტანის მიზეზი ისეთ საქმეებზე, სადაც .პატივი და ღირსება შელახული. ჰქონდათ არაიდენტიფიცირებულ პირებს (როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევებში ამგვარ .პირებს. წარმოადგენდნენ არა ფიზიკური, არამედ იურიდიული პირები, სხვადასხვა სამინისტრო ებისა და სახელმწიფო უწყებების სახით).
საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეხმიანება ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს2, სადაც სასამართლომ განაცხადა, რომ არაგონივრულია, პრესას პასუხი მოსთხოვო საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი იმ ინფორმაციის გავრცელებისათვის, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს.
თუმცა ევროპული პრაქტიკა ნაწილობრივ განსხვავდება აშშ-ს უზენაესი სასამართლოს იურისპრუდენიციისაგან, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, პირმა სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი ერთმნიშვნელოვნად არ იყო იდენტიფიცირებული სტატიაში, თუ იგი ამავრდოულად დაამტკიცებს, რომ აშშ-ს საშუალო დონის მოქალაქე სტატიის წაკითხვისას მას ამოიცნობდა3.
6) მე-6 მუხლის IV პუნქტის თანამხად, სასამართლო დავა არ შეიძლება ეხებოდეს გარდაცვლილი პირის, სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ორგანოს პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას.
ბუნებრივია, სახელმწიფოსა და ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია პატივი ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია და შესაბამისად, იგი ვერც იდავებს მათი შელახვის გამო. რაც შეეხება ახალი კანონის მიერ გარდაცვლილი პირის რეპუტაციის დაცვის შესაძლებლობის გამორიცხვას, ესეც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ნორმაა, რადგან გამოხატვის თავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანი ფასეულობაა დემოკრატიული საზოგადოებისათვის, რომ მასში ჩარევა დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ამ უფლების შეზღუდვის ძლიერი სოციალური მოთხოვნილება. ბუნებრივია, ასეთი რამ არ არსებობს გარდაცვლილი პირის ნაცვლად სარჩელის წარდგენისას.
თუმცა არსებობს გარკვეული სახის წინააღმდეგობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და ახალი კანონის აღნიშნულ დებულებას შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19-ე მუხლის თანახმად, მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.
ანუ, ზემოთ მოყვანილი ორი ჩანაწერი ურთიერთგამომრიცხავია, რადგნ ერთი (სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის IV პუნქტი) კრძალავს გარდაცვილი პირის მაგივრად სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას, მაშინ როდესაც მეორე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19-ე მუხლი) პირდაპირ იძლევა შესაძლებლობას, გარდაცვლილი პირის ნაცვლად სარჩელი შეიტანოს იმ პირმა, ვისაც გააჩნია საამისო დაცვის ღირსი ინტერესი (ასეთი, როგორც წესი, მისი შთამომავლები არიან). თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ასევე კანონის ნორმათა კოლიზიის გადაწყვეტის წესი, რომლის მიხედვით, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე აქტებს შორის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონები თანაბარი იურიდიული ძალის მქონე აქტებია) უპირატესი ძალა ენიჭება გვიან მიღებულ აქტს, ანუ ამ შემთხვევაში კანონს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ". ჩვენი აზრით, კანონმდებლების მიერ დაშვებული ამგვარი იურიდიული ხარვეზის აღმოსაფხვრელად საკმარისია, უბრალოდ გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 19-ე მუხლი.
7) მტკიცებულებათა სტანდარტი და ტვირთი ახალი კანონის მიხედვით
მნიშვნელოვან სიახლედ უნდა მივიჩნიოთ ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილება. კანონის მიხედვით, ყოველგვაარი ეჭვი, რომელიც არსებობს სასამართლოში საქმის განხილვისას, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. ეჭვი შეიძლება ეხებოდეს მრავალ საკითხს მათ შორის:
ა) კერძო ან საჯარო პირის სტატუსის მინიჭების საკითხს;
ბ) საზოგადოებრივი ყურადღების ან ცნობისმოყვარეობის სტატუსის მინიჭების საკითხს;
გ) აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხს. ადრე მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის II ნაწილი მხარეებს შორის მტკიცების ტვირთს შემდეგნაირად ანაწილებდა: მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა მისი პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტი და ასევე ის, რომ გავრცელებული ცნობებით ილახებოდა მისი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, დაედასტურებინა მის მიერ გავრცელებული ცნობების ნამდვილობა.
ახალმა კანონმა კი მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელის მხარეს მოაქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა, და არა მოპასუხე, ვალდებული ამტკიცოს, რომ:
1) მოპასუხის მიერ გავრცელდა სადავო განცხადება;
2) სადავო განცხადება ლახავს მის პატივსა და ღირსებას;
3) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს;
4) განცხადება არ გაკეთებულა პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში; ამასთანავე, თუ მოსარჩელე საჯარო პირია, მას ეკისრება ვალდებულება, დაამტკიცოს, რომ გაცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
8) კანონის თანახმად, დაცულია ნებისმიერი შინაარსის შემცველი გამოხატვა
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები განცხადების შინაარსის მიხედვით. შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს, თუ განცხადება შეიცავს:
ა) ცილისწამებას;
ბ) უხამსობას;
გ) პირისპირ შეურაცხყოფას;
დ) დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას;
ე) მუქარას;
ვ) სახელმწიფო, კომერციულ, პირად ან პროფესიულ საიდუმლოებას;
ზ) რეკლამას, ტელეშოპინგს ან სპონსორობას;
თ) სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;
ი) თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;
კ) ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედობაუნარიანობის მქონე პირის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
9) პასუხისმგებლობა საიდუმლოების გამხელისათვის
ახალი კანონი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეს ჟურნალისტის მიერ საიდუმლოების გამხელის თვალსაზრისით, სახელდობრ, პირი პასუხს აგებს მხოლოდ იმ საიდუმლოების გამხელისათვის, რომლის დაცვაც მას ევალება სამსახურებრივად ან სამოქალაქო გარიგებით და რომლის გამხელა აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის კანონით დაცულ სიკეთეებს.
ანუ თუკი მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი უშიშროების სამინისტროს პოლკოვნიკი ჟურნალისტს გაანდობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომელსაც ჟურნალისტი მეორე დღესვე გაზეთის პირველივე გვერდზე დაბეჭდავს, აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ უშიშროროების თანამშრომელს და არა ჟურნალისტს.
10) რა შემთხვევაში ეკისრება პირს პასუხისმგებლობა ცილისწამების4 საქმეში?
პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
11) მტკიცების სტანდარტი
კანონის მიხედვით, არსებობს ორი სახის სტანდარტი, რომელსაც დიფამაციის საქმეებში იყენებენ. რიგითი მოქალაქის მიერ სარჩელის წარდგენისას, იგი ვალდებულია, დაამტკიცოს მხოლოდ ორი გარემოება:
1) რომ მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები;
2) აღნიშნული განცხადებები ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას.
განსხვავებული სტანდარტია დადგენილი საჯარო პირის მიმართ. კანონის მიხედვით, პირს შეიძლება, დაეკისროს პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით ზიანი მიადგა მას და გაცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
ამით ახალი კანონი მიუახლოვდა იმ სტანდარტს, რომელიც პირველად აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგენა საქმეზე ნიუ-იორკი სულივანის წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ განაცხადა, რომ თუ სახეზე არ არის მედიის მხრიდან ბოროტი განზრახვა (actual malice) ან უხეში დაუდევრობა, არ შეიძლება ჟურნალისტმა პასუხი აგოს საჯარო პირის შესახებ არასწორი და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაშიც კი.
ამგვარად, შესაძლებელია ითქვას, რომ ახალი კანონის მიღებით საქართველო მიუახლოვდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა ფაქტია, რომ რაც არ უნდა კარგი იყოს კანონი, ის ფარატინა ქაღალდად დარჩება იმ შემთხვევაში, თუკი მოწოდების სიმაღლეზე არ დადგება ის ორგანო, რომელსაც კანონის ოფიციალური განმარტება ევალება. ასეთი ორგანო კი საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ სასამართლოა.
______________________
1. იხ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები: „ნიკულა ფინეთის წინააღმდეგ“; „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ”.
2. იხ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,ტორგეისონი ისლანდიის წინააღმდეგ..
3. იხ. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნიუ-იორკ ტაიმსი სულივანის წინააღმდეგ”.
4. ცილისწამება ანუ, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყინებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
![]() |
5 ეკლესია, როგორც მეწარმე |
▲ზევით დაბრუნება |
პლურალიზმის ეპოქაში საზოგადოება ახალ სტრატეგიას მოითხოვს
პიტერ ლუდვიგ ბერგერი
პიტერ ლუდვიგ ბერგერი - ამერიკელი ცოციოლოგი, ბოსტონის უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის, სოციოლოგიისა და თეოლოგიის პროფსორი. იგი მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერია და ითვლება ცოდნის ფენომენოლოგიური სოციოლოგიის დამაარსებლად. მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია: ,,რეალობის სოციალური კონსტრუირება“ (თომას ლუკმანთან ერთად, 1966), ,,წმინდა კრეტსაბმელი“ (1967), ,,ხმები ანგელოზების შესახებ“ (1969), ,,უსახლკარო ცნობიერება“ (1973), ,,მსხვერპლთა პირამიდები“ (1975), ,,სახით თანამედროვეობისაკენ“ (1977), ,,კაპიტალისტური რევოლუცია“ (1986), ,,განვითარების აღმოსავლურ-აზიური მოდელის ძიებაში“ (1988), ,,მხსნელი სიცილი“ (1977). თავის ნაშრომებში ბერგმანი გადმოსცემს საზოგადოების სეკულარიზაციის ისტორიას, იკვლევს თანამედროვე მსოფლიოში რელიგიის როლსა და მნიშვნელობას. სტატია ,,McJesus, Incorporated” რომლის თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს, გაზეთის ,,Süddeutsche Zeitung” საკვირაო დამატებაში (,,Süddeutsche Zeitung am Wochenende”) 1999 წლის 6-7 მარტს გამოქვეყნდა.
ბოლო დროს ხშირად გაიგონებ მოსაზრებას, რომ ეკლესია ერთგვარ კრიზისს განიცდის. ,,კრიზისი“ - ინტელექტუალების საყვარელი სიტყვაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი, ანუ ინტელექტუალების გარეშე ვერაფერს გახდები: მხოლოდ მათ, ინტელექტუალებს შეუძლიათ ახსნან, რა ხდება სინამდვილეში; მხოლოდ ისინი გვისახავენ ამ კრიზისის დაძლევის გზებს. აქ უპრიანი იქნება, გავიხსენოთ ე.წ. ამერიკული სამხრეთის პერიოდი, როცა პროტესტანტი პასტორები ხალისით ქადაგებდნენ საშინელი სამსჯავროს შესახებ და ცხადია, გამუდმებით იმოწმებდნენ ლუკა მახარებელს: ,,იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა“. შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ემატება პასტორს მგზნებარება და დაჟინებით იმეორებს: ,,ტირილი და კბილთა ღრჭენა“. ბოლოს კი მავან თავზეხელაღებულ კოვბოის მოთმინების ფიალა ევსება და ქადაგად დაცემულს აწყვეტინებს შეკითხვით: ,,იმათ რაღა მოუვათ, უკბილოებს?“ მაგრამ საყვარელი თემიდან მღვდლის მოწყვეტა ხომ შეუძლებელია და ისიც უმალვე პასუხობს: ,,ძმაო ჩემო, მაშინ ყველას მიეცემა საჭირო კბილები“. იმის რეცეპტს არ ვფლობ, თუ როგორ უნდა ,,მოიპოვონ“ ეკლესიურმა ადამიანებმა ისეთი კბილები, რომ შემდეგ ხმამაღლა ღრჭენა შესძლონ. არც კრიზისის დაძლევის გზები ვიცი. მხოლოდ სოციოლოგიური კომენტარის მოცემა შემიძლია იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელშიც ეკლესია თანამედროვე ევროპაში აღმოჩნდა. იმყოფება კი თანამედროვე ევროპის ეკლესია საერთოდ კრიზისულ სიტუაციაში? პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა კონტექსტში განვიხილავთ სიტყვას ,,კრიზისი“. თუ იგი აღნიშნავს იმ საფრთხეს, რომელიც თავად ეკლესიის არსებობას ემუქრება, მაშინ პასუხი უარყოფითი იქნება. მაგრამ თუკი ,,კრიზისში“ ვიგულისხმებთ იმას, რომ ეკლესია ახალ რეალობაშია, რომელშიც უკვე აღარ მოქმედებს ძველი წეს-ჩვეულებები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება ,,დიახ“.
ქრისტიანულ ეკლესიასა და იმ მსოფლიოს შორის, სადაც საქმიანობს კომპანია McKinsey, პირდაპირი ნათესაური კავშირი არ არსებოს. მხოლოდ ჩემთვის როდია მიუღებელი გამოთქმა ,,კომერციული საწარმო - ეკლესია“, ან ეკლესია, როგორც ,,McJesus, Incorporated“. ისეთი ცნებები, როგორიცაა ,,მენეჯმენტი“ და ,,მარკეტინგი“, შეუძლებელია, პირდაპირ მოვარგოთ ეკლესიის სავაჭრო საქმიანობას, მაგრამ თავად ეკლესიის ინტერესები მოითხოვს, რომ გონივრულად მოხდეს საქმიანი სამყაროდან მომდინარე ზოგიერთი წარმოდგენისა და პრაქტიკული უნარის გამოყენება. კაპიტალისტური ეკონომიკის ტრიუმფს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ეს საკითხები საეკლესიო წრეებში საერთოდ განიხილება და მათზე ყურადღების გამახვილება ხდება. ასე რომ, პრობლემა, რომელსაც ვუწოდებთ ,,ეკლესია კაპიტალიზმის პირობებში“, შეძლებისდაგვარად ფხიზელ განხილვას საჭიროებს.
კაპიტალიზმის ძრავა
უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოპოვებულმა წარმატებებმა ერთგვარი კაპიტალისტური თაბრუსხვევა გამოიწვია. პირველ რიგში, ეს ეხება ამერიკას, სადაც კაპიტალიზმის თაობაზე თითქმის ისევე საუბრობენ, როგორც რელიგიაზე, უფრო ზუსტად, ფსევდორელიგიაზე. ამასთან დაკავშირებით ხშირად იმოწმებენ ფრენსის ფუკუიამას სახელს, რაც, სიმართლე ითქვას, არცთუ კორექტულია, რადგან მაიკლ ნოვაკმა მასზე ადრე ჩამოაყალიბა კაპიტალიზმის თეოლოგიის განსაკუთრებული ტიპი (ნოვაკმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კათოლიციზმზე, მეტწილად კი სოციალური საკითხებისადმი მიძღვნილ ენციკლიკაზე ,,Centesimus annus“ (მეასე წელი), რომელშიც საბაზრო ეკონომიკა პირველად პოულობს გამართლებას მორალური თვალსაზრისიდან). სადღეისოდ, განსაკუთრებით ევროპაში, კაპიტალიზმის იდეალიზაცია არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს. პირიქით, ცნება ნეოლიბერალიზმი თითქმის სალანძღავ სიტყვად იქცა და ადამიანის გონებას კვლავაც აფორიაქებს ე.წ. მესამე გზა. მაგრამ საეჭვოა, ვინმე სერიოზულად საუბრობდეს სოციალისტური ალტერნატივის შესახებაც, ყოველ შემთხვევაში, ყოფილი რკინის ფარდის დასავლეთით მაინც. მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები კამათობენ საზოგადოებისა და სახელმწიფოს, მაკროეკონომიკის ორგანიზაციის შესახებ. ეს მსჯელობები კი იმას ეფუძნება, რომ კაპიტალიზმის ეკონომიკური ალტერნატივა არ არსებობს.
კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის უპირატესობისა და ნაკლის ურთიერთშედარებისას ცხადი ხდება, რომ მისი მთავარი უპირატესობა აქამდე არნახული სიმდიდრის წარმოქმნის უნარი გახლავთ, ანუ ის, რომ მას შეუძლია სიღარიბიდან გამოიყვანოს ადამიანთა ფართო მასები და უზრუნველყოს მათი ცხოვრების ნორმალური მატერიალური დონე. არანაკლები მონაპოვარია სულ უფრო მეტად ეჭვშეუვალი ფაქტი, რომ მხოლოდ ეს სისტემა წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს, ადამინის უფლებებისა და თავისუფლების შესაბამისი ყველა უპირატესობით. მაგრამ ასევე თვალსაჩინოა ბევრი ნაკლიც: სოციალური დაუცველობა და განხეთქილება წარმატებულთა და წარუმატებელთა შორის, როგორც თავად საზოგადოებაში, ასევე უშუალოდ ამ ფენებს შორისაც.
კაპიტალიზმის მამოძრავებელი ძალა იყო და იქნება კონკურენცია. მის საუკეთესო გამოვლინებას უპირატესობისკენ სწრაფვა წარმოადგენს, ყველაზე უარესს კი - ცინიკური და ხისტი ურთიერთობა თანამოძმესთან, მახლობელთან, როგორსაც, მაგალითად, ორი კომერსანტის შესახებ ისტორიაში ვხვდებით: ისინი აფრიკულ საფარიში მონაწილეობენ. დაფდაფის ხმის ფონზე ტყიდან მონადირე ყვირილით გამორბის: ,,ლომი, ლომი“. ერთ-ერთი კომერსანტი სასწრაფოდ ბუცებიან ბოტასებს იცვამს. ,,რას შვრები? - ეკითხება მას მეორე - მაინც ვერ ირბენ ლომზე სწრაფად!!“ - ,,ამას არც ვაპირებ, - პასუხობს პირველი - მარტო ის მინდა, რომ შენ გაგასწრო“. მაქსიმალისტურ ლოზუნგს - ,,რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება იაფად“ - ეკონომიკურ საქმიანობაში კანონის ძალა აქვს. ვინც ამ კანონს არ ითვალისწინებს, ადრე თუ გვიან კოტრდება. მაგრამ დასაშვებია თუ არა მისი გადატანა ცხოვრების სხვა სფეროებზეც? ჩვენ ვხედავთ, როგორ ხორციელდება ის თითქმის ყველგან, პირველ რიგში, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში: ოჯახში, ბავშვთა აღზრდასა და სექსუალურ ცხოვრებაშიც კი. ყველგან ბატონობს შენატანისა და ამონაგების პრინციპი, მწარმოებლობა...
მაქსიმალური რეალიზაციისკენ სწრაფვა ეკლესიის ყოფაშიც აისახება. აშშ-ში ეს, პირველ რიგში, ე.წ. ,,ეკლესიის ზრდის მოძრაობაა“ (Charch Growth Movement), რომელიც მსხვილი საეკლესიო კომპლექსების მშენებლობაზეა ორიენტირებული. ავიღოთ მაგალითად, გიგანტური ბაპტისტური ეკლესია დალასის ცენტრში. რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ვრცელ ტერიტორიაზე განლაგებულია ნაგებობათა დიდი ქსელი, რომელიც გარს ერტყმის ტაძარს. მთელი კვირის განმავლობაში აქ მიმდინარეობს საქმიანობა, რომელიც ნებისმიერ ინტერესს პასუხობს. ბავშვები და მოხუცები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სხვადასხვა დაავადებათა მატარებელნი თუ სოციალური პრობლემებით შეჭირვებულნი, უცხო ენაზე მოლაპარაკენი და სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის მქონენი აქ თავისას პოულობენ. არის თუ არა ეს უპირობოდ მიუღებელი? ალბათ, არა. მაგრამ საეკლესიო მომსახურების ინდუსტრიალიზაცია ახალ პრობლემებს წარმოშობს. რას იტყოდა ამის თაობაზე მოციქული პავლე, ვთქვათ, ,,ტეხასელთა მიმართ“ ეპისტოლეში?
ევროპაში ეკლესიის კრიზისის მიზეზი არის არა კაპიტალიზმი ანდა სეკულარიზაცია (როგორც ხშირად მიიჩნევენ), არამედ პლურალიზმი, ანუ ეკლესიის მიერ იმ მონოპოლიის დაკარგვა, რომელიც მის მიერ სულიერი ფასეულობებისა და ორიენტირების განსაზღვრაში გამოიხატებოდა. მართლია, დასავლეთ ევროპაში არსებობს სეკულარიზაცია (თავის უმაღლეს წერტილს მან აღმოსავლეთ გერმანიაში მიაღწია), თუმცა ევროპა ამ შემთხვევაში სრულიად გამორჩეულ მდგომარეობაში იმყოფება. თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო, განსაკუთრებით აშშ, დღესდღეობით მძლავრი რელიგიური მოძრაობებითაა შეძრული. დიდი ისლამური რენესანსი და ორმოცდაათიანელთა პროტესტანტული მოძრაობის აფეთქება სულაც არ მიუთითებს სეკულარიზებულ დროზე. თითქმის მთელი მსოფლიო რელიგიური განახლების ვნებიანი იდეითაა აღსავსე: აღმოსავლეთ აზიაში - ბუდიზმი, იაპონიაში - სინტოიზმიდან წამოსული ,,ახალი რელიგია“, ნეოინდუიზმი - ინდოეთში, ორთოდოქსული იუდაიზმი - ისრაელსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, კათოლიკური სახალხო მოძრაობა - ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში აღმავლობას განიცდიან.
მონოპოლიის დაკარგვა
ბოლოდროინდელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ევროპაში ახალი რელიგიური მოძრაობები უფრო სიცოცხლისუნარიანი გამოდგა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ასევე ნათელი გახდა, რომ ეს მოძრაობები (მაგალითად New Age) უპირატესად ორი ტრადიციული ეკლესიის - კათოლიკურისა და პროტესტანტულის - მიღმა არსებობს. მაგრამ ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობა მაინც ქრისიტიანულ ეკლესიებს ეკისრებათ. ეკლესიისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს პლურალიზმი იმ შემთხვევაშიც კი, კაპიტალიზმი და სეკულარიზაცია სულაც რომ არ არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, პლურალიზმი ნიშნავს საზოგადოებაში სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და ფასეულობათა სისტემის თანაარსებობას და ურთიერთქმედებას. ამას გარდა, ეს ნიშნავს, რომ ეკლესია, როგორც ექს-მონოპოლისტი, მიუხედავად მისი სურვილისა, სხვა ინსტიტუტებთან კონკურენციის პირობებში იმყოფება. მთავარი კი ის გახლავთ, რომ უკვე აღარ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ესა თუ ის ეთნოსი აუცილებლად ამა თუ იმ ეკლესიას ეკუთვნის. კონფესიური გადანაწილება წარმოგვიდგება მუდმივად განმეორებად პროცესად, რომელიც ინდივიდუალურ ნებაზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ ხალხი, ეკონომიკურ ტერმინოლოგიას თუ მივმართავთ, წარმოდგენილი რელიგიური პროდუქტის მომხმარებლებისგან შედგება. მომხმარებელი კი უნდა დაარწმუნო, რომ ძველებურად მისი იძულება შეუძლებელია. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფარგლებში სიტუაციის ეკონომიკური ცნებებით განხილვის საშუალებას იძლევა, მაგალითად, ისეთით, როგორიცაა, ,,პროდუქტის განაწილება და სტანდარტიზაცია“.
პლურალიზმის განვითარებას ხელს უწყობს ასევე საზოგადოების დემოკრატიული მოწყობა. დასავლეთში დემოკრატია ნიშნავს სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკლესია მეტად ვეღარ დარჩება იმის იმედზე, რომ პოლიცია მის კონკურენტებს ჩაახშობს, ამიტომ სიცოცხლისუნარიანობას კარგავს ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულების თეზისი (რომლითაც 1648 წელს ოცდაათწლიანი ომი დასრულდა): ,,Cujus regio, eius religio“ (,,ვისიცაა მიწა, მისივეა სარწმუნოებაც“). ახლა regio-religio-ს გაგება განსხვავებულია; ქრისტიანული სამყაროს რუკაზე შემოხაზვა უკვე არც ისე იოლ საქმეს წარმოადგენს, მისიონერული ტერიტორიები კი ყველაგან არსებობს. თითოეულ ადამიანს ყოველთვის აქვს რაიმე პერსპექტიული გეგმა, რომელიც მისი ცხოვრების წესს განსაზღვრავს. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომელი პროფესია აირჩიოს, სად იცხოვროს, როგორ მოაწყოს თავისი საცხოვრებელი, რა გააკეთოს თავისუფალ დროს. ის განსაზღვრავს, როდის დაქორწინდეს, როგორ აღზარდოს ბავშვები და რომელ ,,სექსუალურ ორიენტაციას“ მიანიჭოს უპირატესობა. და ბოლოს, ის თავად ღებულობს მსოფლმხედველობასთან დაკავშირებულ, ანუ მორალური და რელიგიური ხასიათის გადაწყვეტილებებს. ცხადია, ეს გადაწყვეტილებები განპირობებულია ბიოგრაფიული გარემოებებით: ადამიანთა უმრავლესობა დიდად როდი სცილდება ჯერ კიდევ ბავშვურ ასაკში შეძენილ ქცევის მოდელს. რთულია იმის წარმოდგენა, რომ გერმანელი ბიურგერის ვაჟი ბუდისტი ბერი გახდება მონღოლეთში, ძნელია, თუმცა დღესდღეობით უკვე შესაძლებელია. ბედის მსახვრალი ხელი დროთა განმავლობაში სულ უფრო სუსტდება.
თუ გვერდზე გადავდებთ მსჯელობას კაპიტალისტური სისტემის უპირატესობის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია, ისევე როგორც ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაცია, დღეს საბაზრო პირობებში იმყოფება და იძულებულია, პაექრობაში შევიდეს თავის ყველა შესაძლო კონკურენტთან. აშშ-ს ეკლესიებს ამ შემთხვევაში გარკვეული უპირატესობა აქვთ. ისინი ამ პირობებში თითქმის თავიდანვე აღმოჩნდნენ, რადგანაც ევროპიდან იმიგრანტების სხვადასხვა ჯგუფების მოდინებამ შექმნა სიტუაცია, როცა ვერც ერთი რელიგიური გაერთიანება ვერ მოიპოვებდა დომინანტურ მდგომარეობას. პლურალისტურ გარემოში ტრადიციული ეკლესიების მოღვაწეობა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რაც, ცხადია, ყველაზე რთულია კათოლიკური ეკლესიისთვის, რომლის პრეტენზიები მონოპოლიაზე მის თეოლოგიაშია ფესვგადგმული. მაგრამ ახალ ვითარებაში სიძნელეებს პროტესტანტებიც აწყდებიან, რაც რიჩარდ ნიბურმა თავის კლასიკურ ნაშრომში ,,დენომინაციონალიზმის სოციალური საწყისები“ განსაზღვრა, როგორც ტერმინი ,,დენომინაცია“. ნიბური იმ ეკლესიებს აღწერს, რომლებმაც თეორიულადაც და პრაქტიკულადაც განაცხადეს უარი მონოპოლიურ უფლებებზე.
პლურალიზმის გამოწვევას სხვადასხვა ეკლესიამ განსხვავებულად უპასუხა. არსებობს კონკურეტულ ბრძოლაში სრული შეგუების ამერიკული მოდელი, რომელიც პროტესტანტულ ,,Mainline Churches“-ში განხორციელდა. ვფიქრობ, ეს მოდელი, ევროპაშიც განვითარდება და არა ამერიკული გავლენის შედეგად, არამედ იმის გამო, რომ ევროპაში საზოგადოებრივ ცხოვრებაზე სულ უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენს პლურალიზმი. თუმცა ამერიკელი ძმებისგან განსხვავებით, ევროპის ეკლესიები ჯერ კიდევ მოუმზადებელნი არიან, მოერგონ ამ ვითარებას.
არსებობს თანასწორუფლებიან კონკურენტულ ბრძოლაზე უარის თქმის რამდენიმე საშუალება. პირველ რიგში, ეს გახლავთ კონსერვატიული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთი ეკლესია ჩვეულებრივად აგრძელებს ჭეშმარიტებაზე საკუთარი მონოპოლიის დაცვას და თავის ამოცანად ისახავს ამ ჭეშმარიტების ურწმუნო თანამედროვეებამდე მიტანას. შედეგად, საზოგადოება განიხილება როგორც ასპარეზი მისიონერული მოღვაწეობისთვის. ამ თვალსაზრისს აშკარად ემხრობა კათოლიკური რომი დღევანდელი პონტიფექსის თაოსნობით, ასეთივე მიდგომას იზიარებენ პროტესტანტი და ევანგელისტი ორთოდოქსები.
მეორე მხრივ, ევროპულ პროტესტანტიზმში ფართოდაა გავრცელებული ქცევის კიდევ ორი ვარიანტი, როცა თანამედროვე საზოგადოება ასევე მტრის სახითაა წარმოჩენილი. მათი განსაზღვრა შესაძლებელია ,,სუბკულტურის“ ან თუნდაც ,,კონტრკულტურის“ კონტექსტში. ეს მიმართულებები იხრება მემარცხენე ან მემარჯვენე პოლიტიკური ორიენტაციისკენ, ზოგჯერ კი, უბრალოდ, აპოლიტიკურია. მემარცხენე ვარიანტი ეფუძნება ეკლესიის ,,პროფეტულ მოდელს“. ამ შემთხვევაში საზოგადოება წარმოადგენს დაკანონებული უსამართლობის ხორცშესხმას და ეკლესიის ამოცანა სწორედ ამ უსამართლობის წინააღმდეგ ქადაგება და მოქმედებაა. საზოგადოებას ასევე მტრულ გარემოდ აღიქვამს მემარჯვენე და აპოლიტიკური ვერსიები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ეკლესიის ამოცანა ხდება იზოლაცია, ანუ ერთგვარი კატაკომბური ტიპის საწინააღმდეგო თანამეგობრობის შენარჩუნება ან შექმნა.
ყველა ამ ვერსიას თავისი გამართლება მოეძებნება. როგორც ქრისტიანებმა, უნდა ვირწმუნოთ, რომ ეკლესიას მინდობილი აქვს გარკვეული სიმართლე და მის ამოცანას ამ სიმართლის ქადაგება წარმოადგენს.ამ თვალსაზრისით მსოფლიო მისიონერული მოღვაწეობის ასპარეზად იქცევა. ზოგჯერ იქმნება სიტუაცია, როცა ეკლესია უნდა გამოვიდეს ,,წინასწარმეტყველური“ სიტყვით, მაგალითად, როცა არაადამიანური მოპყრობა საზოგადოებაში მიღებულ წესად მკვიდრდება. და ბოლოს, მორწმუნეთა ნებისმიერი გაერთიანება ერთგვარ სუბკულტურას წარმოადგენს.
და მაინც, ვფიქრობ, რომ განვითარების ეს მოდელები სრულებითაც არ უწყობს ხელს თანამედროვე პირობებში ეკლესიის მართებულად თვითგამორკვევას. ძველი ჭეშმარიტებების მქადაგებელი მისიონერები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებენ დამაჯერებელ ძალას, თუ თვითონ იქნებიან დარწმუნებულნი ამ ჭეშმარიტებაში. მსგავსი შემთხვევები დღეს ძალზედ იშვიათია. პლურალიზმის პირობებში ქადაგება უფრო დამაჯერებელ ხასიათს შეიძენს ღია პოლემიკის წარმართვისას. ქცევის პროფეტული და კონტრკულტურული მოდელები საერთოდ არ აღიარებს აქტუალურად დემოკრატიულ და არადემოკრატიულ საზოგადოებებს შორის არსებულ განსხვავებას.
თანამედროვე დემოკრატიის კონტექსტში პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს იშვიათად შეიძლება მიეცეს მხოლოდ ნეგატიური ან პოზიტიური შეფასება. ხშირად მათი სირთულიდან და მორალური არაერთგვაროვნებიდან გამომდინარე, იგი ექცევა ნაცრისფერ, შუალედურ ზონაში. ამიტომ, როცა ქრისტიანები გამოდიან, როგორც წინასწარმეტყველები, ისინი მიექანებიან terrible simplificasion-კენ (საზარელი გაუბრალოებისკენ), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისულელეების ჩადენას იწყებენ (უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ეკლესიის პოლიტიკური აქციები საკმარის მაგალითს იძლევა ასეთი დასკვნის გასაკეთებლად). და ბოლოს, ნაკლებ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეკლესია საკუთარ თავს იატაკქვეშეთისკენ უბიძგებს, როცა მას შეუძლია, თავისუფლად იმოქმედოს საზოგადოებაში.
ვფიქრობ, აქ განვითარების სხვა მოდელის წარმოდგენა შეიძლება. ეკლესიამ თავი უნდა მოიაზროს სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელ ინსტიტუტად. ეს ორიენტირი არა მარტო ცხოვრების სოციალურ პირობებს პასუხობს, არამედ მას თეოლგიური ახსნაც მოეძებნება. ასეთი დამოკიდებულება დამაჯერებლად გადმოსცა ვოლფგანგ ხუბრმა თავის წიგნში ,,ეკლესია ახალ ერაში.. ის ფაქტი, რომ ეკლესია ბერლინ-ბრანდენბურგისფედერალურ მიწაზე ევანგელური ეკლესიის მღვდლის რანგში წარმოგვიდგება, მსგავსი სახის გადმოცემას განსაკუთრებულ პიკანტურობას ანიჭებს. მისი სამრევლო სეკულარიზებული ევროპული სამყაროს შუაგულშია. ხუბერისთვის შეიძლება გვეწოდებინა თანამედროვე ათეიზმის მსოფლიო დედაქალაქის მოძღვარი.
მსახურება მოთხოვნათა შესაბამისად
რას ნიშნავს ეკლესიისათვის, იყოს ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“? სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს იმ ინსტიტუტების ერთობლიობას, რომლებიც განთავსებულნი არიან ცალკეული მოქალაქის კერძო ცხოვრებასა და თანამედროვე მსოფლიოს მსხვილ დაწესებულებებს შორის და უზრუნველყოფენ მათ ურთიერთქმედებას. ეს შუალედური ინსტიტუტები უშუალოდ არც სახელმწიფოს უკავშირდება და არც ეკონომიკას, თუმცა, ცხადია, რომ განიცდის მუდმივ ზეგავლენას ამ ორივე ძალის მხრიდან.
გავაკეთოთ მცირე გადახვევა. ,,საყოველთაო კეთილდღეობისა და განვითარების სახელმწიფოს“ აღმოცენებამდე თითქმის ყველა მის ფუნქციას, მცირეწლოვანთა აღზრდის ჩათვლით, ეკლესია ასრულებდა. დღეს ფუნქციათა უმრავლესობა უკვე აღარ წარმოადგენს აუცილებლობას (თუმცა ასეთი მნიშვნელობა მათ შეიძლება ისევ შეიძინონ). განეკუთვნება თუ არა notae ecclesiae-ს (ეკლესიის ნიშნებს) საბავშვო ბაღების მართვა? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ როცა არავინაა, ვინც ბავშვებს გაუწევს ზედამხედველობას, მაშინ ეს მოყვასისადმი ქრისტიანული სიყვარულის მოვალეობად იქცევა. შუა საუკუნეებში მონასტერი იყო ის ადგილი, სადაც მგზავრი, და არა მხოლოდ პილიგრიმი, საიმედო თავშესაფარს პოულობდა. ეს საქმიანობა არასოდეს აღიქმებოდა ზედმეტად ეკლესიის ცნობიერებაში, თუმცა არ წარმოადგენდა ქრისტიანული მონაზვნობის უმთავრეს მახასიათებელს. მაგრამ თანამედროვე ეტაპზე ჭეშმარიტად უცნაური იქნებოდა, თუკი ეკლესია კონკურენციას დაუწყებდა ,,Sheraton“-სა და ,,Steigenberger“-ის სასტუმროებს. ამიტომაცაა, რომ ფრანკფურტის აეროპორტში საეკლესიო სასტუმროს ვერ შეხვდებით. თუმცა იქ, სადაც ეკლესიას შეუძლია შუამავლის ინსტიტუტის როლი იტვირთოს, და იმ შემთხვევაში, როცა სხვა ინსტიტუტები, როგორიცაა, მაგალითად, უნივერსიტეტი, ვერ ართმევენ თავს ამ როლს, ერთობ საქებარი და ქრისტიანული იქნება, თუკი ეკლესია ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. ასე რომ, ეკლესიის ქრისტიანული მსახურება დროის კონკრეტული მოთხოვნებით განისაზღვრება.
დასასრულს კი ანეკდოტს მოგიყვებით. სამწუხაროდ, ქრისტიანული ანეკდოტები იშვიათობაა (დეფიციტი, რომელიც სერიოზილად უნდა აფიქრებდეს ჩვენს თეოლოგებს), ამიტომ, ებრაულს მივმართავ. ერთხელ, გასული საუკუნის მიწურულს, მავანი მოგზაური ერთ ადგილზე აღმოჩნდა. ზამთარი იდგა. სინაგოგის წინ, სკამზე ცუდად ჩაცმული, სიცივისგან აკანკალებული მოხუცი შენიშნა. ,,აქ რას აკეთებთ?“ - იკითხა მოგზაურმა. - ,,მესიას ველოდები“, - მიუგო მოხუცმა. - ,,მართლაც, ეს მეტად მნიშვნელოვანი საქმეა. ალბათ, თემი ამისთვის კარგ გასამრჯელოს გიხდით“, - უთხრა მოგზაურმა. - ,,არა, არაფერს მიხდიან, - უარყო მან. - ისინი აქ ჯდომას მაიძულებენ და მხოლოდ იშვიათად მოაქვთ რაღაც საკვები“. - ,,ჰო, თქვენი არ მშურს, - თანაუგრძნო მოგზაურმა, - მაშინ, ალბათ, დიდი პატივისცემით სარგებლობთ თემში“. - ,,სულაც არა. - თქვა მოხუცმა. - პირიქით, გიჟად მთვლიან“. - ,,მაშინ რატომ აკეთებთ ამას?“ - ,,იცით, ასე უსაქმოდ ხომ დიდხანს არ დავრჩები“.
თარგმნა ევგენი მიქელაძემ
![]() |
6 გადატრიალების წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯინ შარპი
ბრუს ჯენკინსი
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. თავისუფლება №9(33))
უზურპატორთა ჯარისა და ფუნქციონერების ბოიკოტი
სახელმწიფო გადატრიალების დაწყებისთანავე თავისუფლების დამცველები შეეცდებიან, მიაწვდინონ პუტჩისტებს, მათ ფუნქციონერებსა და ჯარს ინფორმაცია იმ უარყოფითი განწყობის შესახებ, რომელიც მოსახლეობაში გადატრიალების მიმართ სუფევს. წინააღმდეგობის ნების გამოსავლენად, ისინი მიმართავენ სიტყვიერ და სიმბოლურ ქმედებებს, მოახდენენ თავდაცვის მეთოდების დემონსტრირებას და პუტჩისტებს უკან დახევისაკენ მოუწოდებენ.
გადატრიალების ყველა ეტაპზე იქნება პუტჩისტების ლოიალურად განწყობილ ცალკეულ ჯარისკაცთა და ჩინოვნიკთა გადმობირების მცდელობა, რისი განხორციელებაც გაცილებით იოლია წინააღმდეგობის პროცესში, ვიდრე საგარეო აგრესიისას, რადგან, როგორც წესი, ჯარისკაცები და ფუნქციონერები იმავე ენაზე საუბრობენ, რომელზეც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები. სხვა შემთხვევაში კომუნიკაციის სხვაგვარ მეთოდებს მიმართავდნენ, მაგალითად, თარგმნილი ლიფლეტებისა და სლოგანების გავრცელებას, ან გამოიყენებდნენ მოძრაობის იმ წევრებს, ვინც კარგად ფლობს სხვადასხვა ენებს და მიმართავდნენ სიმბოლურ ქმედებებს. პუტჩისტთა ჯარისკაცები თავიდან ინფორმირებულები იქნებიან, რომ მოსალოდნელია წინააღმდეგობა, თუმცა მხოლოდ გარკვეული ტიპის. ეს წინააღმდეგობა მიმართული იქნება გადატრიალების შესაჩერებლად და არაფერს ავნებს ცალკეულ ჯარისკაცებს. თუ ეს შეტყობინება ჯარისკაცებამდე მიაღწევს, ისინი სავარაუდოდ მეტ დახმარებას გაუწევენ თავდაცვის პოზიციაში მყოფ მოსახლეობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული სისასტიკე.
ძალზედ მნიშვნელოვანია ცალკეული ჯარისკაცების მიმართ არაძალადობრივი განზრახვის მუდმივი დემონსტრირება. ეს კომბინაცია გაზრდის შანსს, რომ სახელმწიფო გადატრიალებისგან თავდაცვა წარმატებული იყოს. ძლიერმა, მაგრამ არაძალადობრივმა წინააღმდეგობამ შესაძლოა, წარმოაჩინოს ჯარისკაცების მორალური პრობლემები, რაც შეიძლება გამოვლინდეს პუტჩისტებისადმი არამყარ ლოიალობაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ რეპრესიების განხორციელების გამო საკუთარი თავისადმი პატივისცემის დაკარგვაში და სხვა.
მიუხედავად ამისა, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ პროტესტის მშვიდობიანი ფორმა ზეგავლენას მოახდენს პურჩისტების ჯარზე. ისინი შესაძლოა, მაინც სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოწინააღმდეგეებს. მაგრამ დისციპლინირებულ წინააღმდეგობას შეუძლია, შეასუსტოს პუტჩისტთა სისასტიკე და გააძლიეროს თავდაცვითი ბრძოლა.
ობსტრუქცია და კომუნიკაცია
იმის მიუხედავად, რომ გადატრიალებისგან თავდაცვის ზემოთ შემოთავაზებული ტაქტიკა არ გულისხმობს პუტჩისტთა ჯარების წინააღმდეგ მოქმედებებს, შეტევის პირველ ეტაპზეც კი საჭიროა ისეთი მცირედი ზომების მიღება, რაც გავლენას მოახდენს ჯარზე. პუტჩისტების ჯარის დროებით შეჩერება შესაძლებელია ავტომაგისტრალებზე, ქუჩებში, აეროპორტებში, რკინიგზასა და სხვა ადგილებში, ობსტრუქციული მოქმედებების შედეგად. შესასვლელების ჩახერგვა ან ჯარის გადაადგილების შეფერხება შესაძლებელია ისეთი საშუალებებით, როგორიცაა რკინიგზის მუშაობის ბლოკირება, გზებისა და ქუჩების მანქანებით გადაკეტვა, ზოგჯერ კი ცოცხალი ბარიკადის აღმართვა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ობსტრუქციულ მოქმედებებს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვს, ეს იქნება ერთგვარი აშკარა გზავნილი ცალკეული ჯარისკაცებისთვის, რომ რითაც არ უნდა იმართლონ თავი, მათ მონაწილეობას გადატრიალების პროცესში საზოგადოება უარყოფითად აღიქვამს. ხალხი ასევე შეეცდება დაარწმუნოს ჯარისკაცები, არ აჰყვნენ პუტჩისტების პროპაგანდას.
მოსახლეობამ შესაძლოა, მიმართოს ისეთ სიმბოლურ ქმედებებსაც, როგორიცაა სამგლოვიარო თავსაბურავების ტარება, სახლიდან გაუსვლელობა, გაფიცვების მოწყობა, კომენდატის საათისადმი დაუმორჩილებლობა. ასეთი სიმბოლური ქმედებები ორ მიზანს ემსახურება: ეს იქნება ერთგვარი სიგნალი მტრებისა და მოყვარეებისათვის, რომ გადატრიალებას მტკიცე წინააღმდეგობა შეხვდება. ამავე დროს ასეთი ქმედებები მორალურად მოამზადებს ხალხს საიმისოდ, რომ პუტჩისტების მორჩილებასა და მათთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადონ. ცხადია, ასეთი სიმბოლური ატქივობა მხოლოდ დასაწყისი იქნება მომავალი ნამდვილი წინააღმდეგობისა.
საზოგადოებრივი განწყობის შექმნისათვის შესაძლებელია ისეთი სიმბოლური მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ლიფლეტები, წერილები, სატელევიზიო და რადიოგადაცემები, პირადი საუბრები, გაზეთები, პოსტერები, ბანერები, დიპლომატიური შეტყობინებები, განცხადებები როგორც რეგიონულ, ასევე გაერთანებული ერების ორგანიზაციის შეხვედრებზე, მესამე მხარის დახმარება, ნახატი სლოგანები და შეტყობინებები, და საგანგებო დემონსტრაციები. კომუნიკაციის ამ საშუალებებისა და გაფრთხილებების სამიზნე ჯგუფები უნდა იყვნენ თავდამსხმელთა ჯარი, მათი ლიდერები, მათი არსებული და პოტენციური მხარდამჭერები.
დაუმორჩილებლობა
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის პირველივე საათებიდან აუცილებელია მყისიერი და გადამწყვეტი ზომების მიღება საიმისოდ, რათა არ მოხდეს პუტჩისტების აღიარება საზოგადოების მხრიდან და სახელმწიფო აპარატსა და საზოგადოებაზე მათი კონტროლის დამყარება. იმისათვის, რომ გადატრიალება დროულად იქნეს მოგერიებული, საჭიროა დაუმორჩილებლობის სტრატიგიის მყისიერი გამოყენება, რაც გულისხმობს, როგორც პუტჩისტების ლეგიტიმაციისა და მათთან თანამშრომლობის უარყოფას, ასევე საყოველთაო დაუმორჩილებლობასაც. გადატრიალების ადრეულ ეტაპზევე მოგერიება გამორიცხავს ხანგრძლივ ბრძოლას გაძლიერებულ და დესპოტურ რეჟიმთან.
იმის გამო, რომ გადატრიალების მცდელობები ყველაზე სუსტი საწყის ეტაპზეა, გადამწყვეტი ზომების მყისიერად მიღება სწორედ ამ ეტაპზეა მიზანშეწონილი. თავდაცვა საკმაოდ ფართოდ და საფუძვლიანად უნდა განხორციელდეს, რათა საზოგადოებამ არ აღიაროს პუტჩისტები. პუტჩისტთა მხრიდან აპელირება ,,ეროვნულ ერთობაზე“ მათ მხარდაჭერას გულისხმობს, ამდენად ნათელი უნდა მოეფინოს მათ რეალურ ზრახვებს და არ უნდა მიეცეთ დრო საიმისოდ, რომ დაამტკიცონ საპირისპირო.
პუტჩისტების მმართველობის ბლოკირება
პოლიტიკოსები, სახელწიფო მოხელეები და მოსამართლეები, პუტჩისტების არაკანონიერი მოთხოვნების იგნორირების გზით, დაიცავენ მთავრობასა და სასამართლო სისტემას პუტჩისტთა მმართველობისგან, როგორც ეს გერმანიაში, 1920 წელს კაპის პუტჩის საწინააღმდეგო მოძრაობის დროს მოხდა.
საკანონმდებლო ორგანომ არათუ არ უნდა აღიაროს პუტჩისტების ლეგიტიმურობა, არამედ არ უნდა შეასრულოს მათი რაიმე მოთხოვნა. პირიქით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა გააგრძელოს მუშაობა მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე მანამ, ვიდრე პუტჩისტები მათ ფიზიკურად არ შეეხებიან და შენობიდან არ გამოყრიან. ან მეორეს მხრივ, პარლამენტს შეუძლია, გამოაცხადოს პუტჩისტებისადმი სახელისუფლებო დაუმორჩილებლობა, დაიშალოს და შეუერთდეს მოსახლეობას, რათა სხვა მეთოდებით განაგრძოს ბრძოლა სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ.
არც სახელმწიფო ხაზინამ და არც კერძო ბანკებმა არ უნდა უზრუნველყონ პუტჩისტები ფინანსურად. მაგალითად, 1920 წელს გერმანულმა Reichsbank-მა უარი უთხრა პუტჩისტებს ფულის გაცემაზე, როცა მათ განუცხადა, რომ დოქტორი კაპის (გადატრიალების მთავარი ლიდერი) გვარი არ იყო იმ პირთა სიაში, ვისაც სახელმწიფო სახსრების გატანის უფლება ჰქონდათ.
მართლმსაჯულებამ პუტჩისტები და მათი ხელშემწყობები ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოაცხადოს. სასამართლოებმა უნდა იხელმძღვანელონ გადატრიალებამდე მოქმედი კანონებითადა კონსტიტუციით. მათ არ უნდა გაუწიონ მორალური, სამართლებრივი თუ რეპრესიული დახმარება პუტჩისტებს, სასამართლოების დახურვაც რომ მოუწიოთ. გადამწყვეტი უნდა იყოს სოციალური დაკვეთა, სოლიდარობა ან არაძალადობრივი ქმედებები; შესაძლებელია იატაკქვეშა სასამართლოებისა და დამოუკიდებელი არბიტრების გამოყენება.
პუტჩისტებს მითითებების შესრულებაზე შეიძლება უარი უთხრან ბიუროკრატიულმა აპარატმა და სახელმწიფო მოხელეებმა, როგორც ეს კაპის პუტჩის დროს მოხდა. ან ბიუროკრატიამ და სახელმწიფო მოხელეებმა შესაძლოა, უბრალოდ განაგრძონ ძველი პოლიტიკის შესატყვისად მოქმედება და მოახდინონ პუტჩისტთა ბრძანებების იგნორირება.
პოლიცია ყველაზე ეფექტურად მაშინ მოქმედებს, როცა ის აშკარად ზურგს აქცევს პუტჩისტებს, უარს ამბობს მათი უკანონო მითითებების შესრულებაზე და ცდილობს საკუთარი ჩვეული მოვალეობების შესრულებას. განსაკუთრებით ექსტრემალურ სიტუაციაში მათ შეუძლიათ, თავი მოაჩვენონ პუტჩისტებს, თითქოს მათ ემორჩილებიან, მაგრამ რეალურად არ შეასრულონ მათი დაკვეთა.
ცენზურის მიუხედავად, ჟურნალისტებმა და გამომცემლებმა უნდა განაგრძონ აკრძალული გაზეთებისა და სხვა გამოცემების ბეჭდვა მცირე ან დიდი ტირაჟით. მაუწყებლებმა უნდა აწარმოონ წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ რადიოპროგრამების გადაცემა ფარული გადამცემებიდან ან გამოიყენონ ამ მიზნით პუტჩისტთა მიერ არაკონტროლირებადი, მათ შორის უცხო ქვეყნის ტერიტორიები. მაგალითად, პრეზიდენტ დე გოლისა და პრემიერ-მინისტრ დებრეს დაუმორჩილებლობის მიმართვები პარიზიდან გადაიცემოდა და მოუწოდებდა ალჟირში გადატრიალებაში მონაწილე ფრანგ წვევამდელებსა და ოფიცრებს, არ დამორჩილებოდნენ აჯანყებულ ოფიცრებს.
ამავე დროს საჭიროა ძალისხმევა საიმისოდ, რომ გადატრიალების უშუალო მონაწილეები დაარწმუნო, არ შეასრულონ უკანონო ბარძანებები. ამ ადამიანებმა უნდა მოახერხონ ხიფათისაგან თავის დაღწევა სხვადასხვა გზებით ან საერთოდ უნდა გაუჩინარდნენ მოსახლეობაში და არ უნდა მიემხრონ ანტიკონსტიტუციურ უზურპაციას. ზოგიერთ ადრეულ შემთხვაში, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები აქტიურად ცდილობდნენ, დამეგობრებოდნენ ჯარისკაცებს, რათა დაერწმუნებინათ ისინი, ყოფილიყვნენ თავშეკავებულები ან სულაც შეერთებოდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას. ზოგჯერ ასეთი მცდელობა წარმატებით მთავრდებოდა. გადატრიალების მოწინააღმდეგეებმა უნდა იცოდნენ ასეთი შესაძლებლობების შესახებ და მზად იყვნენ მათ გამოსაყენებლად.
ამგვარი ერთიანი ინსტიტუციონალური დაუმორჩილებლობის შედეგი უნდა იყოს გადატრიალების ლიდერების მხრიდან როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების კონტროლის აღკვეთა, რითაც თავისუფლების დამცველები იკრეფენ ძალებს ხანგრძლივი წინააღმდეგობის გასაწევად.
მუქარისა და რეპრსიების უგულებელყოფა
ძლიერი და კარგად მომზადებული თავდაცვის შემთხვევაში, სავარაუდოა, პუტჩისტები დაშინდნენ და საპასუხოდ რეპრესიები მოაწყონ. ცხდია, რომ ეს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს თავისუფლების დამცველებსა და მთელს მოსახლეობას. დაკავება, დაპატიმრება, ფიზიკური ანგარიშსწორება, საკონცენტრაციო ბანაკები, სროლა - მძიმე დარტყმას მიაყენებს გადატრიალების მოწინააღმდეგეებს. თუმცა თავისთავად რეპრესიულ ზომებს არა აქვს გადამწყვეტი შედეგი მანამ, ვიდრე ის თავისუფლების დამცველებს პუტჩისტების შიშსა და მორჩილებას არ ჩაუნერგავს. ფაქტიურად, მოწინააღმდეგეთა რეპრესიები უკვე არის იმის დასტური, რომ არაძალადობრივ ბრძოლას შესწევს ძალა.
ჩინური ანდაზა ამბობს:
,,მაიმუნის დასაშინებლად ქათამი უნდა მოკლაო.“
თუმცა გამოცდილება ცხადყოფს, რომ ბევრ შემთხვევაში რეპრესიები უშედეგო აღმოჩნდა სწორედ იმის გამო, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები და მოსახლეობა არ დაშინდნენ და არ დაემორჩილნენ პუჩისტებს.
არაძალადობრივ თავდაცვას ხშირად ახლავს მსხვერპლი, თუმცა გაცილებით ნაკლები, ვიდრე ძალადობრივ მოქმედებებს ორთავე მხრიდან. იმავდროულად, არაძალობრივ წინააღმდეგობას წარმატების მეტი შანსი აქვს, ვიდრე შეირაღებულ მოწინააღმდეგესთან ძალით დაპირისპირებას.
პუტჩისტებმა შეიძლება მოახდინონ სისასტიკის დემონსტრირება: მოკლან სახელმწიფოს მეთაური და სხვა წამყვანი პოლიტიკოსები. ამ მეთოდებით პუტჩისტები მხოლოდ ხალხის დამორჩილებას როდი ისახავენ მიზნად, ისინი აგრეთვე ცდილობენ, გამოათავისუფლონ სახელიფლებო თანამდებობები, რათა შემდგომ თავად დაიკავონ სასურველი ადგილები. აქედან გამომდინარე, გადატრიალებისგან თავდაცვის მზადებისას ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური უფლებამონაცვლეობის მკაფიოდ განსაზღვრა.
არაძალადობრივი დისციპლინის მნიშვნელობა
აცნობიერებენ რა, რომ ძალადობა ასუსტებს მშვიდობიანი ბრძოლის დინამიკას, პუტჩისტებმა შესაძლოა, მოახდინონ მოწინააღმდეგეთა პროვოცირება, რათა ამ უკანასკნელებმა გამოიყენონ ძალა. ძალადობა და ძალის გამოყენების განზრახვა შესაძლოა, შეცდომით გადატრიალების მოწინააღმდეგეებს მიეწეროთ. რეპრესიები შესაძლოა, გამიზნული იყოს წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელთა ჩასათრევად საპასუხო ძალადობრივ მოქმედებაში. ზოგჯერ, პროვოკატორი აგენტები შედიან მოწინააღმდეგეთა ჯგუფებში ან თავად ჩადიან ძალადობრივ ქმედებებს, ან ახდენენ სხვათა პროვოცირებას. საჭიროა, ასეთი სახის ყველა პროვოკაციის თავიდან აცილება.
გადატრიალების საწინააღმდეგო თავდაცვა ეფუძნება არაძალადობრივი ბრძოლის ტექნიკას. არაძალადობრივი ბრძოლა სტრატეგიულად საჭიროებს გამბედავი ბრძოლის შერწყმას არაძალადობრივ დისციპლინასთან. პუტჩისტთა ახალგაზრდა ჯარისკაცების დახოცვა შესაძლოა, იყოს ძალზედ დიდი დანაკარგი, მაგრამ შედეგი არ მოჰყვეს. ძალის გამოყენება, განსაკუთრებით წინააღმდეგობის მოძრაობის წევრთა მხრიდან, ხელს შეუშლის არაძალადობრივ ბრძოლას რამდენიმე მიმართულებით. თავისუფლების დამცველთა მხრიდან ძალის გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს პუტჩისტთა ძალების კონსოლიდაცია მოპირისპირე ძალის წინააღმდეგ. არადა, საპირისპირო სტრატეგიის არსი სწორედ ის არის, რომ მოხდეს ჯარისკაცების დემორალიზება და მათი წაქეზება დაუმორჩილებლობისა და ამბოხებისკენაც კი. ამ მიზნის განხორციელება შეუძლებელია, როცა ჯარისკაცები თავისუფლებისათვის მებრძოლთა ძალადობის სამიზნეები ხდებიან.
წინააღმდეგობის მოძრაობის წევრთა მხრიდან ძალადობას პუტჩისტები გამოიყენებენ იმ რეპრესიების ,,გასამართლებლად“, რომელთა განხორციელებაც მათ ისედაც სურდათ. პუტჩისტები შეეცდებიან, დაამტკიცონ, რომ ისინი იღწვიან ქვეყნის ტერორიზმისა ან სამოქალაქო ომისაგან დასაცავად, ხელს უწყობენ ,,კანონიერებასა და წესრიგს“. თავისუფლების დამცველთა მხრიდან ძალადობის გამოყენებამ შესაძლოა, შეასუსტოს მათივე პოზიციები, რადგან ძალადობრივ ბრძოლას წინააღმდეგობის მომხრეთა შორისაც ნაკლები ქომაგი გამოუჩნდება, ვიდრე არაძალადობრივ წინააღმდეგობას.
დაუმორჩილებელი და დისციპლინირებული მშვიდობიანი მოწინააღმდეგეების რეპრესიას თავიდან შეიძლება იმის საწინააღმდეგო ეფექტიც კი მოჰყვეს, რასაც პუტჩისტები მიზნად ისახავდნენ. ასეთ შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, ძალადობრივმა რეპრესიებმა თავად პუტჩისტთა ძალაუფლება შეასუსტოს. ამ პროცესს ეწოდება ,,პოლიტიკური ჯიუ-ჯიტსუ“.
მამაც, მაგრამ მშვიდობიან მოწინააღმდეგეთა რეპრესირებამ შესაძლოა, ავნოს რეპრესორებს რამოდენიმე მიმართულებით. ასეთ რეპრესიებსა და სისასტიკეს ზოგჯერ უკუეფექტი აქვს და ზრდის წინააღმდეგობისა და შეუპოვრობის გრძნობას მოსახლეობას შორის. ასეთმა მეთოდებმა შესაძლოა, ასევე დათესოს ეჭვები პუტჩისტთა არმიის რიგებსა და მათ მხარდამჭერებში, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს ოპოზიციის ჩამოყალიბებამდე და წინააღმდეგობამდე პუტჩისტების მხარდამჭერ მოსახლეობას, ფუნქციონერებსა და შეიარაღებულ ძალებს შორის. მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ განხორციელებულმა ძლიერმა რეპრესიამ შესაძლოა, წარმოშვას ძლიერი საერთაშორისო ოპოზიცია და მოახდინოს საერთაშორისო აზრის, დიპლომატიური და ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება პუტჩისტთა წინააღმდეგ.
,,პოლიტიკური ჯიუ-ჯიტსუ“-ს ეს პროცესი საკმაოდ დიდი შეღავთია, თუმცა გადატრიალებისგან თავდაცვის სტრატეგია მას არ უნდა ემყარებოდეს. არამედ მიმართული უნდა იყოს პუტჩისტთა ლეგიტიმაციის უარყოფისკენ, მასობრივი დაუმორჩილებლობისა და პოლიტიკური წინააღმდეგობის გზით წინ უნდა აღუდგეს პუტჩისტთა მცდელობას, ხელში ჩაიგდოს სახელისუფლებო ბერკეტები.
და ბოლოს, არაძალადობრივი წინააღმდეგობის მხარდამჭერთა ქმედებას შესაძლოა, მოჰყვეს: (1) სიმპათიისა და მხარადაჭერის მოპოვება, (2) დანაკარგების შემცირება, (3) დაუმორჩილებლობა და ამბოხი მოწინააღმდეგის ჯარის მხრიდან, (4) არაძალადობრივ ბრძოლაში მაქსიმალური ჩართულობა, (5) ფართო მხარდაჭერის მოპოვება. ამ მიზნების მისაღწევად კი გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ არაძალადობრივ დისციპლინას აქვს.
საერთაშორისი მხარდაჭერა
სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ საერთაშორისო დიპლომატიური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოხდა - მაგალითად, საბჭოთა კავშირში 1991 წლის აგვისტოს გადატრიალების დროს და იმავე წლის სექტემბერში ჰაიტიზე. თუმცა როგორც ჰაიტიზე, საერთა- შორისო სანქციების მეშვეობით, პრეზიდენტ არისტიდეს ხელისუფლების აღდგენის მაგალითი გვიჩვენებს, გადატრიალების საწინააღმდეგო თავდაცვა საერთაშორისო ზომების გამოყენებით, შესაძლოა, არაეფექტურიც კი იყოს. პირიქით, წარმატება, პირველ რიგში, დამოკიდებულია დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობაზე თავად ქვეყნის შიგნით.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში საერთაშორისო მხარდაჭერა ხელისშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა შესაძლოა, არ აღიარონ პუტჩისტები და უარი უთხრან მათ ეკონომიკურ დახმარებაზე, როგორც, მაგალითად, შეერთებული შტატები მოიქცა 1991 წელს საბჭოთა კავშირში გადატრიალების მცდელობის დროს. ამ მთავრობებმა და საზოგადოებებმა შესაძლოა, უზრუნველყონ სამოქალაქო დამცველები ტექნიკური და ეკონომიკური დახმარებით, გამოცემებით, რადიო და სატელევიზიო მომსახურებით, აგრეთვე ტელეკომუნიკაციებით. ასეთი ღონისძიებები წინასწარ უნდა დაიგეგმოს.
გადატრიალების წინააღმდეგ არაძალადობრივი ბრძოლა მეტ საჯაროობასა და სიმპათიას გამოიწვევს საერთაშორისო დონეზე, რასაც ზოგჯერ პუტჩისტების წინააღმდეგ დიპლომატიური და საერთაშორისო ეკონომიკური ზეწოლა მოჰყვება. საბჭოთა კავშირში 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დამარცხებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით გადადგმული ნაბიჯები იყო - განსაკუთრებით ის, რომ ჯარისკაცები აღარ ემორჩილებოდნენ პუტჩისტების ბრძანებებს. თუმცა დიპლომატიური ზეწოლა და საერთაშირისო ეკონომიკური სანქციები შეგვიძლია განვიხილოთ დამატებით ფაქტორად. ზემოხსენებული მაგალითი გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ზეწოლამ შესაძლოა შეასუსტოს პუტჩისტები და გააძლიეროს სამოქალაქო დამცველების პოზიციები. ცხადია, არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ საერთაშორისოსაზოგადოებრივი აზრი, ან თუნდაც საერთაშორისო დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა დაამარცხებს გადატრიალებას, თუ თავად საზოგადოება არ გადადგამს ძლიერ ნაბიჯებს პუტჩისტებისაგან თავის დასაცავად.
სტრატეგიის ცვლილება ბრძოლის მიმდინარეობის პროცესში
სამოქალაქო დამცველებს შესაძლოა, მოუწიოთ თავიანთი სტრატეგიის გადახედვა იმისდა მიხედვით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მათი მოწინააღმდეგე; რა სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებს აღმოაჩენენ ისინი თავიანთ რიგებში. ყოველივე ეს კი საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს წინააღმდეგობის მაქსიმალურად გაზრდას - პუტჩისთა ლეგიტიმაციისა და მათთან თანამშრომლობის უარყოფის გზით.
გადატრიალების ლიდერებმა შესაძლოა, მალე აღმოაჩინონ, რომ მათ წინააღმდეგ დარაზმულია საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიერ ორგანიზებული მთელი საზოგადოება. გარკვეულ მომენტში შესაძლოა, პუტჩისტებმა გააცნობიერონ, რომ მათ არ ძალუძთ საზოგადოების დამორჩილება და თავდამცველებს შესწევთ საკმარისი ძალა მათ უკუსაგდებად. წინააღმდეგ შემთხვევაში წინააღმდეგობის მოძრაობამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა პუტჩისტთა რეჟიმის ჩამოსაგდებად.
იქ, სადაც პუტჩისტების კონტროლი მნიშვნელოვნად შესუსტებულია, ან მოსალოდნელია მისი შესუსტება, შესაძლებელია მოხერხდეს სტრატეგიის გადახედვა. ახალი სტრატეგია რეალურად შეიძლება იყოს კონფლიქტის ახალი ფაზა, ან სულაც ბრძოლის უკანასკნელი ფაზა აღმოჩნდეს.
საიმედო წარმატება
გადატრიალების საწინააღმდეგო მოძრაობის წარმატება რამოდენიმე საკვანძო ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის წინააღმდეგობის სულისკვეთებაზე, მოსახლეობის ერთსულოვნებაზე, საზოგადოების სიძლიერეზე, ხალხის უნარზე, შეინარჩუნოს წინააღმდეგობა და არაძალადობრივი დისციპლინა, პუტჩისტების ძლიერ და სუსტ მხარეებზე, პუტჩისტთა მიერ შეტევის სტრატეგიის არჩევასა და თავდაცვითი სტრატეგიების მართებულობაზე.
თავდაცვა მხოლოდ მათ მოუტანს გამარჯვებას, ვინც მას გონივრული სტრატეგიის წყალობით ძლიერ პოლიტიკურ მექანიზმად აქცევს. ისევე, როგორც სამხედრო კონფლიქტებისას, ამ შემთხვევაშიც საჭიროა ძლიერი თავდაცვითი პოტენციალი. კონსტიტუციური წყობის მხარდამჭერთა დამარცხება ისევეა შესაძლებელი, როგორც ტრადიციული ომის დროს. მიუხედავად ამისა, მიზანდასახულ ადამიანებს დიდი შანსი აქვთ, წინააღმდეგობის მოძრაობის შედეგად მიაღწიონ წარმატებას, თანაც გაცილებით ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე ეს სამხედრო მოქმედებებს ახლავს თან.
ხანგრძლივი თავდაცვის საჭიროება
იმ შემთხვევაში, თუ გადატრიალების საწინააღმდეგო თავდაცვა პირველივე დღეების ან კვირეების განმავლობაში წარუმატებელია, მაშინ დღის წესრიგში დგება ახალი სტრატეგიის შემუშავების საკითხი. პუტჩისტები, სავარაუდოდ, შესძლებდნენ წარმატების მოპოვებას ნაწილობრივი ლეგიტიმაციისა და კონტროლის დამყარების შემთხვევაში, რაც გამოიწვევდა მოკლევადიანი წინააღმდეგობის მოძრაობის ნაცვლად, გრძელვადიანი ბრძოლის გაჩაღებას დამყარებული დიქტატურული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ტიპის კონფლიქტურ სიტუაციაში, რომელიც გაცილებით რთულია, შესაძლებელია რამოდენიმე სახის წინააღმდეგობის გაწევა.
ამ შემთხვევაში ახალი მთავრობისათვის ტოტალური დაუმორჩილებლობის გამოცხადება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან საზოგადოება უნდა მოემზადოს გაცილებით ხანგრძლივი ბრძოლისათვის. სამაგიეროდ, აუცილებელია წინააღმდეგობის კონცენტრირება სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხებზე მანამ, ვიდრე არ აღსდგება ბალანსი ძალებს შორის და შედეგად არ წარმოიქმნება საყოველთაო დაუმორჩილებლობის განხორციელების შესაძლებლობა, საბოლოო წარმატების მისაღწევად.
დამყარებული დიქტატორული რეჟიმისაგან თავდაცვის გრძელვადიანი სტრატეგია ორ ძირითად მიზანს უნდა ისახავდეს. პირველი, არ უნდა დავუშვათ, რომ პუტჩისტებმა დიქტატურის გარდა, დაისახონ სხვა რაიმე მიზანი. თუ დიქტატორს, ყველაფერთან ერთად, ეკონომიკური, იდეოლოგიური ან პოლიტიკური მიზნებიც ამოძრავებს, საჭიროა გათავისუფლების მოძრაობამ აღკვეთოს მსგავსი ზრახვები. ეს წარმოშობს ,,შერჩევითი წინააღმდეგობის“ სტრატეგიას, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ ,,სტრატეგიულ საკითხებზე წინააღმდეგობას“.
შერჩევითი წინააღმდეგობის სტრატეგიის თანახმად, სხვადასხვა პროფესიისა და თანამდებობის ადამიანები მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე წევენ წინააღმდეგობას. მაგალითად, პოლიციას, რომელიც საშუალებას არ აძლევს კრიმინალურ ელემენტებს, ისარგებლონ სიტუაციით, შეუძლია, შერჩევითი პრინციპით იმოქმედოს და უარი თქვას წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების დაკავებაზე და გააფრთხილოს ისინი მოსალოდნელი რეპრესიების შესახებ. მასწავლებლებმა უარი უნდა თქვან თავსმოხვეული რეჟიმისათვის სასწავლებლებში პროპაგანდის გაწევაზე. მუშებმა და მენეჯერებმა უნდა მიმართონ გაფიცვებსა და ობსტრუქციონიზმს, რათა შეაფერხონ ქვეყნის ექსპლუატაცია. მღვდლებმა უნდა განაგრძონ ქადაგებები და ყველას შეახსენონ თავიანთი ვალის შესახებ, ხელი არ შეუწყონ დიქტატურას.
გრძელვადიანი თავდაცვითი სტრატეგიის მეორე ძირითადი მიზანია, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ავტონომიის შენარჩუნება. როდესაც წინააღმდეგობის მოძრაობა დასაწყისში ვერ აღწევს სწრაფ წარმატებას, ახალი დიქტატორები ცდილობენ საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაკონტროლებას ან მათ გაჩუმებას. ეს ძირითადად შეეხება იმ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, რომლებიც წინააღმდეგობის ბრძოლაში ადრეულ ეტაპზევე იყვნენ ჩართულნი, მაგალითად, ასეთებია: სასამართლოები, სკოლები, გაერთიანებები, კულტურული ჯგუფები, პროფესიული საზოგადოებები, რელიგიური ინსტიტუტები და სხვა მრავალი. ამ ინსტიტუტების გაკონტროლების შემთხვევაში, საგრძნობლად შესუსტდება საზოგადობის უნარი, შემდეგში წინააღმდეგობა გაუწიოს გადატრიალებას. აქედან გამომდინარე, გრძელვადიანი დემოკრატიული ბრძოლისას, უნდა აღიკვეთოს საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაკონტროლების ყოველგვარი მცდელობა. ასეთი საზოგადოებრივი ინსტიტუტები არიან წინააღმდეგობის მოძრაობის მოქმედი ან პოტენციური ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ საზოგადოების დაცვა დიქტატორისაგან და ლეგიტიმური პოლიტიკური სისტემის აღდგენა.
შერჩევითი წინააღმდეგობის სტრატეგია ამ ნაშრომში მოყვანილია იმის საჩვენებლად, რომ გადატრიალების დამარცხების პირველი წარუმატებელი მცდელობა არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება განწირულია ხანგრძლივი დიქტატურისთის. ცხადია, გადატრიალებისგან თავდაცვის მთავარი მიზანი უნდა იყოს უზურპაციის სწრაფი და სრული დაბლოკვა მანამ, ვიდრე პუტჩისტები საკუთარი კონტროლის გამყარებას მოახერხებენ.
გადატრიალების კრახი
ცხადია, გრძელვადიანი თავდაცვის საჭიროება ყველა შემთხვევაში როდია აუცილებელი. გადატრიალების წინააღმდეგ თავდაპირველი ბრძოლა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს. თუ სამოქალაქო დამცველები შეინარჩუნებენ დისციპლინას და რეპრესიების მიუხედავად, შეუპოვრები იქნებიან თავიანთ წინააღმდეგობასა და ბოიკოტში, რაშიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩართვასაც მოახერხებენ, პუტჩისტთა გეგმები შესაძლოა, განუხორციელებელი დარჩეს.
წინასწარ მომზადებული მოსახლეობისა და ინსტიტუტების წინააღმდეგობა შესაძლოა, მოსალოდნელზე ძლიერი აღმოჩნდეს გადატრიალების ლიდერებისთვის. მათი მცდელობა - გააკონტროლონ საზოგადოება - შესაძლოა, კრახითაც დასრულდეს, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრთა რაოდენობა კი - მუდმივად გაიზარდოს. ეს პროცესები ნათელს გახდის, რომ მედგარი წინააღმდეგობა წარმატებით დაგვირგვინდება.
დიდი სიფრთხილეა საჭირო ძველი კონსტიტუციური სისტემის აღდგენის პროცესში, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ყოფილი პოლიტიკური ლიდერები პუტჩისტებს ფიზიკურად ლიკვიდირებული ჰყავთ. შესაძლებლობის შემთხვევაში, თანამდებობებზე უნდა დააბრუნონ კონსტიტუციურად არჩეული ლიდერები, უნდა აღსდგეს ძველი კონსტიტუცია და კანონმდებლობა და მათში ცვლილებები მხოლოდ მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიტანონ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიდგას ნაბიჯები საზოგადოებაში არსებული სამართლიანი პრობლემისა და უკმაყოფილების გადასაჭრელად. სასურველია, საზოგადოება და ხელისუფლება შეთანხმდნენ, თუ რა გზითაა შესაძლებელი ხელისუფლების დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება.
სახელმწიფო გადატრიალების შეჩერება
სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ კარგად მომზადებულმა თავდაცვამ შესაძლოა, უარი ათქმევინოს პოტენციურ პუტჩისტებს თავიანთ განზრახვაზე. როდესაც ცნობილია, რომ საზოგადოება თავდაცვისუნარიანია, პოტენციური უზურპატორები, დამარცხების შიშით, არც კი შეეცდებიან გადატრიალების მოწყობას.
თუ პოტენციურმა პუტჩისტებმა ან თვით მოქმედი ხელისუფლების ლიდერებმა იციან, რომ კონსტიტუციური უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, დემოკრატიული საზოგადოების ნება ამგვარ ნაბიჯს დაუმორჩილებლობით უპასუხებს, მათ შესაძლოა, ისევ არსებულ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დარჩენა ამჯობინონ.
გადატრიალების აღკვეთის შესაძლებლობა მთლიანადაა დამოკიდებული სახელმწიფო გადატრიალებისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევის უნარზე. ამდენად, საშინაო უზურპაციების შეჩერების ერთადერთი საშუალება არის ნიადაგის შექმნა ძლიერი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობისათვის.
როგორც სამხედრო თავდაცვისას არ არსებობს იმის გარანტია, რომ მოხერხდება შეტევის შეჩერება, იგივე შეიძლება ითქვას გადატრიალების შემთხვევაში. თუკი წინააღმდეგობის საფუძვლიანად მომზადების მიუხედავად, სახელმწიფო გადატრიალება მაინც განხორციელდება, წინასწარი მომზადების შედეგად შესაძლებელია გადატრიალების სწრაფად და ეფექტურად დამარცხება და კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა, სამოქალაქო ომის რისკის გარეშე.
გადატრიალებისგან თავდაცვის პოპულარიზაცია
მოძრაობის პოპულარიზაციისათვის საჭიროა თავდაპირველად გადატრაილების საწინააღმდეგო თავდაცვის კონცეფციის საზოგადოებაში გავრცელება და უზურპატორების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებების შესწავლა. შესაძლებელია კონცეფციის წარდგენის ადრეულ ეტაპზე საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროგრამების ინიცირება ცალკეული ადამიანებისა და ორგანიზაციების მხრიდან. ამ დროს შესაძლებელია კომუნიკაციისა და განათლების ისეთი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა სტატიები, საგაზეთო მიმოხილვები, საჯარო შეხვედრები, სადისკუსიო ჯგუფები, რადიო, ტელევიზია, ექსპერტთა დისკუსიები, პამფლეტები და წიგნები. იმის ცოდნა, რომ გადატრიალების დამარცხება შესაძლებელია ბოიკოტისა და დაუმორჩილებლობის გზით, არის მომავალში წამყვანი საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერისა და თავდაცვისთვის ორგანიზებულად მომზადების წინაპირობა.
ცხადია, რომ გადატრიალებისგან თავდაცვითი პოლიტიკის შემუშავება, მიღება და განხორციელება არ უნდა ეფუძნებოდეს პოტენციურ პუტჩისტთა მხრიდან დახმარებას. თუმცა თავდაცვითი პოლიტიკა მხოლოდ გაძლიერდება, თუ ის მიაღწევს ,,ტრანსპარტიზანულ“ მხარდაჭერასა და ჩართულობას. ტრანსპარტიზანული მიდგომა მიზნად ისახავს სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური შეხედულების ადამიანების გაერთიანებას, თავდაცვითი პოლიტიკის შემუშავების, მიღებისა და განხორციელების მიზნით. მოსახლეობა უფრო მეტად დაუჭერს მხარს წინააღმდეგობის მოძრაობას და მეტად გაერთიანდება კონცეფციაში ასახული იდეების ირგვლივ, თუ თავდაცვითი პოლიტიკის განხილვა მაქსიმალურად ასახავს ხალხის შეხედულებებს.
სტრატეგიის აღიარება
სახელმწიფო გადატრიალებისგან ძლიერი თავდაცვის განხორციელება სამი გზითაა შესაძლებელი:
(1) ძირითადი სტრატეგიისა და სახელმწიფო გადატრიალების საწინააღმდეგო მეთოდების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებით საზოგადოების ყველა დონეზე;
(2) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც მზად არიან დაუპირისპირდნენ და წინააღმდეგობა გაუწიონ პუტჩისტთა თავდასხმას;
(3) სამთავრობო სტრუქტურაში ისეთი საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით, რომელიც ხელს არ აძლევს პუტჩისტებს. იდეალურ შემთხვევაში, შესაძლებელია სამივე მეთოდის გამოყენება მონაცვლეობით ან გარკვეული კომბინაციით, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მათგანის განხორციელებაა შესაძლებელი კონკრეტულ სიტუაციაში. თუმცა ამ საკითხებზე მსჯელობისა და საგანმანათლებლო პროცესის დაწყება შესაძლებელია სტრატეგიის საბოლოო სახით ჩამოყალიბების გარეშეც.
სამოქალაქო ინსტიტუტების სამზადისი
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დემოკრატიული ხელისუფლებაა მგრძნობიარე, ყველა პოლიტიკური ლიდერი როდი აცნობიერებს სახელმწიფო გადატრიალებისგან თავდაცვითი თადარიგის დაჭერის აუცილებლობას. ამის მიუხედავად, საჭიროა, სახელმწიფოს ჰქონდეს გადატრიალებისგან თავდაცვის უნარი. იქ, სადაც მთავრობა (იმისდა მიუხედავად,თუ რა მოტივაცია ამოძრავებს მას), არ ცდილობს გადატრიალებისგან თავდაცვითი პოლიტიკის შემუშავებას და თადარიგის დაჭერას, სამოქალაქო უფლებების დამცველ ნებისმიერ საზოგადოებას აქვს უფლება, თავად მიიღოს ზომები. ამ შემთხვევაში წამყვანი როლი სამოქალაქო ინსტიტუტებს ეკისრებათ.
ძირითადი თავდაცვითი კონცეფციისა და წინააღმდეგობის პრინციპების გავრცელება და მათთვის საზოგადოების მომზადება შესაძლებელია, თავად საზოგადოებრივი ინსტიტუტების ინიცირებით, ხელისუფლების ჩაურევლად დაიწყოს.
თავისთავად ამგვარი სამზადისი, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მოქმედ ხელისუფლებას ყველა საუკეთესოდ მიიჩნევს და მის საქმიანობაში სერიოზული პრობლემები არ არსებობს. უბრალოდ არსებობს საშიშრობა, რომ პოტენციური პუტჩისტები გაცილებით უარესს რეჟიმს დაამყარებენ. გადატრიალების გზით უფრო ავტოკრატიული და რეპრესიული რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის აღკვეთა, ხელს შეუწყობს შემდგომში თავად პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების სრულყოფას.
ხშირად სამიზნედ ქცეული არსებული ხელისუფლება ურთულესი პრობლემების წინაშე დგას, როგორიცაა კორუფცია, ან სოციალური განხეთქილება, ,,კანონიერებისა და წესრიგის მოშლა“. პუტჩისტებმა შეიძლება განაცხადონ, რომ სახელმწიფო გადატრიალება სწორედ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლადაა აუცილებელი. ამ მოწოდებას შეიძლება ბევრი მხარდამჭერიც გამოუჩნდეს. მიუხედავად ასეთი განაცხადებისა, გადატრიალებებისგან თავდაცვა მაიც საჭიროა.
ახალმა რეჟიმმა შესაძლოა, ვერ აღმოფხვრას კორუფცია და ,,კანონიერებისა და წესრიგის“ დამყარების განაცხადი თავადვე გამოიყენოს ახალი ავტორიტარული ან დიქტატორული რეჟიმის დასამყარებლად. არსებული პრობლემების გამოსასწორებლად სახელმწიფო გადატრიალების გამოყენება პრობლემატური რეჟიმის შეცვლის სახიფათო პრეცედენტია. გადატრიალებამ შესაძლოა, რეალურად ძალზედ სახიფათო განვითარება ჰპოვოს და უფრო საშიში გახადოს მომდევნო გადატრიალება. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საშუალებაა მოქმედების ტრადიციული ფორმებისათვის კამპანიების გააზრებულად შერჩევა ან მშვიდობიანი პროტესტი და წინააღმდეგობა.
სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც თავისი ბუნებით პოლიტიკური ცვლილების არადემოკრატიულ მეთოდს წარმოადგენს, საშიშია მაშინაც კი, როცა მისი აუცილებლობა მდგომარეობის გამოსწორებით არის დასაბუთებული. პოლიტიკაში ზოგიერთ ქმედებას ხშირად გაუთვალისწინებელი შედეგები მოსდევს და ყველა ჩანაფიქრი როდი ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
არასამთავრობო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს შესწევთ უნარი, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით, ფართოდ გააცნონ საზოგადოებას გადატრიალებისგან თავდაცვითი კონცეფცია. სამოქალაქო ორგანიზაციებს შეუძლიათ იმოქმედონ ინდივიდუალურად ან სხვებთან პარტნიორობით და მოახდინონ თავდაცვითი პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება. ამ მიზნით თითოეულ ორგანიზაციას შეუძლია, მოახდინოს საკუთარი სექტორის განათლება, სათადარიგო სამუშაობის ჩატარება და იმ ღონისძიებების დაგეგმვა, რომელთა გამოყენებითაც საზოგადოება ყველაზე ეფექტურად შესძლებს მომავალში გადატრიალების დამარცხებას. მაგალითად, ცალკეულმა ინდივიდებმა, ჯგუფებმა, და ინსტიტუტებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან კომუნიკაციისა და ტრანსპორტის სისტემებში, სახელმწიფო სამსახურში, პოლიციაში, მონაწილეობენ რელიგიურ ცხოვრებაში, განათლებასა და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში უნდა დასახონ ყველაზე ეფექტური გზები, რათა ვერ მოხერხდეს პუტჩისტთა კონტროლის დამყარება.
ზოგიერთ ვითარებაში სამოქალაქო ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ ორგანიზაციულ სამზადისში შეიძლება ჩართული იყვნენ ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
ასეთი ტიპის დაგეგმვისას საჭიროა ყურადღების ფოკუსირება იმ სექტორებზე, რომლებიც სავარაუდოდ პრიორიტეტული იქნება პუტჩისტთა ლეგიტიმაციისა და მათი მმართველობის დამყარებისთვის. პირველი რიგის პრიორიტეტულ საკითხთა შორისაა სამთავრობო აპარატის (სახელმწიფო მოხელეები, ბიუროკრატია და სხვ.), პოლიციისა და სამხედრო ძალების წარმომადგენელთა კონტროლი. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია გაზეთების, რადიოს, ტელევიზიის, სატელეფონო ქსელის, წყლის სისტემის, ენერგიისა და სურსათის მარაგის საკითხები. განათლების, დაგეგმვისა და მომზადების პროცესში ასეთი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ შესაძლებელი გახდება გადატრიალების აღკვეთის სამომავლო ეროვნული გეგმის შედგენა, რომელიც სპეციფიკური ეროვნული პირობების შესატყვისი იქნება. ამგვარი თავდაცვითი პოლიტიკის შექმნა კი სახელისუფლებო ინიციატივის გარეშეცაა შესაძლებელი.
თუ ასეთი ინსტიტუტები ძლიერია და ის მაქსიმალურად ასახავს საზოგადოების ინტერესებს, მათ შესწევთ ძალა, მოამზადონ და განახორციელონ გადატრიალებისგან თავდაცვის საკმაოდ ძლიერი გეგმა, ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე.
მთავრობის მიერ ინიცირებული სამზადისი
იმ საზოგადოებაში, სადაც დემოკრატიის ხარისხი მაღალია, ან სულ მცირე, არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ საზოგადოება განვითარდეს მშვიდობიანად, სახელმწიფო გადატრიალებით გამოწვეული ყოველგვარი უხეში ცვლილებების გარეშე, ხელისუფლებამ შეიძლება შეიმუშაოს სახელმწიფო გადატრიალებისგან თაცდაცვის პოლიტიკა. საკანონმდებლო ორგანომ და ხელისუფლების სხვა შტოებმა შეიძლება, შეიმუშაონ სამომავლო გადატრიალების თავიდან აცილებისთვის საჭირო ღონისძიებები. ეს ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს საკონსტიტუციო, საკანონმდებლო და ორგანიზაციული ცვლილებების მეშვეობით და მიზნად ისახავდეს პუტჩისტების მიერ ხელისუფლებისა და საზოგადოების კონტროლის აღკვეთას.
მაგალითად, 1997 წელს ტაილანდმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამ მიმართულებით. კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად:
,,ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, მშვიდობიანი წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ძალაუფლების მოპოვებას ისეთი მეთოდებით, რომლებიც ეწინააღმდეგება არსებულ კონსტიტუციურ მოდელს.“
რა თქმა უნდა, ასეთი საკონსტიტუციო დათქმის არსებობა ძალზედ მნიშვნელოვანია. თუმცა იმისათვის, რომ ეს კონსტიტუციური დებულება ეფექტურად ამოქმედდეს, საჭიროა მისი საკანონმდებლო უზრუნველყოფაც, ასევე წინასწარი მომზადება როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო დონეზე.
ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის კონცეფციის პოპულარიზაციისა და სამზადისის პროცესში შეძლებისდაგვარად ჩართული იყოს თავად ხელისუფლებაც. ცხადია, საუკეთესო ვარიანტია საკუთრივ სახელმწიფო მანქანის მომზადება გადატრიალებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. საჭიროა ბიუროკრატიის, სახელმწიფო სამსახურის, მინისტრების, ადმინისტრაციული დეპარტამენტების, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების გაწვრთნა წინააღმდეგობის გაწევისათვის. საჭიროა სპეციალური ვალდებულებებისა და მითითებების შემუშავდება სახელმწიფო მოხელეებისთვის, მედიის მუშაკებისთვის, კომუნიკაციების ოპერატორებისთვის, პოლიციისთვის, სამხედრო ძალებისა და ადგილობრივი, რეგიონული და სამხარეო თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის. თუ პუტჩისტები ვერ მოახერხებენ ისარგებლონ სახელმწიფო მანქანის ამ სეგმენტებით, თავდაცვა უფრო ყოვლისმომცველი და ძლიერი იქნება. სავარაუდოდ ბრძოლაც უფრო ხანმოკლე იქნება და ნაკლები დანაკარგებით დასრულდება.
საკანონმდებლო და სხვა გეგმები თავდაცვის მობილიზების მიზნით
ხელისუფლების მხრიდან სამზადისი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ახალი კანონმდებლობის შემუშავებასა და მის უზრუნველყოფასთან. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
- შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას და პასუხისმგებლობას, წინააღმდეგობა გაუწიონ სახელმწიფო გადატრიალებას და ართმევს მათ უფლებას, ლეგიტიმურად ცნონ გადატრიალება.
- საჭიროა ისეთი კანონის მიღება, რომელიც უკრძალავს პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას ან გადატრიალების მხარდაჭერას.
- შესაძლებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელმწიფო მოხელეს, უარი თქვას უზურპატორების მორჩილებასა და მათთან თანამშრომლობაზე. გადატრიალების პროცესშიც კი მათ უნდა იმოქმედონ არსებული კონსტიტუციისა და სამართლებრივი პროცედურების საფუძველზე.
- შესაძლებელია ისეთი საკანონმდებლო ნორმების შემოღება, რომელიც დაავალდებულებს კომუნიკაციების, მედიისა და ტრანპორტის სისტემის მთელ პერსონალს, წინ აღუდგეს პუტჩისტების ცენზურას და არ ითანამშრომლოს გადატრიალების ლიდერებთან.
- საჭიროა ისეთი კანონის მიღება, რომელიც აუკრძალავს ყველა საჯარო და კერძო ფინანსურ ინსტიტუტს, ჰქონდეს რაიმე ფინანსური კავშირი პუტჩისტებთან.
- კონსტიტუციურ ხელისუფლებას შეუძლია, კრიზისული სიტუაციების წინ მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და მთავრობებს, რათა გადატრიალების შემთხვევაში, მათ მხოლოდ ლეგიტიმური ხელისუფლება ცნონ და უარი თქვან პუტჩისტებთან ყოველგვარ კავშირზე.
- სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ცალკეულ ინდივიდებსა და კონსტიტუციური ხელისუფლების ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ რელიგიურ და სულიერ ლიდერებს, რათა მათ დაგმონ სახელმწიფო გადატრიალება და გადატრიალების მომხრეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდონ.
- კონსტიტუციურ ხელისუფლებას შეუძლია, შეიმუშაოს გეგმა, რათა არ მოხდეს წყვეტა იმ შემთხვევაში, თუ პუტჩისტები დაიკავებენ მნიშვნელოვან სამთავრობო შენობებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს დააპატიმრებენ ან დასჯიან.
- საკანონმდებლო ხელისუფლებას შეუძლია, მოამზადოს გეგმა, თუ როგორ უნდა განაგრძოს ქვეყნის მართვა კონსტიტუციურმა ხელისუფლებამ გადატრიალების დამარცხების შემთხვევაში.
- საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია, თხოვოს სხვადასხვა ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, რათა მათ განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეების გათვითცნობიერებას თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებში, რათა საზოგადოებამ უარი თქვას პუტჩისტებთან თანამშრომლობაზე.
ყველა ამ გეგმის შემუშავებისას ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა არაძალადობრივ ხასიათს ატარებს და არავინ უნდა ჩაიდინოს ძალადობრივი ქმედება იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც გადატრიალებას უკანონოდ უჭერს მხარს. ამასთანავე, ყველამ ცხადად უნდა დაინახოს ისიც, თუ რა სასჯელი მოელით იმ ადამიანებს, ვისაც გადატრიალების მოწყობაში ან პუტჩისტებთან თანამშრომლობაში ამხილენ.
სხვა სახის სამზადისი
ზემოხსენებული მეთოდების გარდა, არსებობს თავდაცვის მომზადების სხვა მეთოდებიც. მაგალითად, შესაძლებელია ტრენინგების ორგანიზება, სადაც იმიტირებული სახელმწიფო გადატრიალების დამარცხება სამოქალაქო წინააღმდეგობის მეშვეობით მოხდება. ასეთი მანევრების განხორციელება შესაძლებელია დასახლებულ ადგილებში, ოფისებსა და ფაბრიკა-ქარხნებში, ქალაქებში, პროვინციებსა და მთელს ქვეყანაში.
ამ ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებელია ტექნიკური მომზადება. მას შემდეგ, რაც პუტჩისტები დაიკავებენ სტრატეგიულ ობიექტებსა და ხელში ჩაიგდებენ მედია საშუალებებს (გაზეთები, რადიო, ტელევიზია), კომუნიკაციისათვის საჭიროგახდება სათანადო აღჭურვილობა და რეზერვი. საგანგებო სიტუაციებისთვის შესაძლებელია პოლიგრაფიული მასალების მარაგისა და გადამცემი საშუალებების გადამალვა იატაკქვეშეთში გაზეთისა და ლიფლეტების გამოსაცემად და რადიო გადაცემების მოსამზადებლად. მიზანშეწონილია, წინასწარ მოხდეს სათანადო აღჭურვილობის - გადამცემი სადგურების, საკომუნიკაციო ცენტრების ან სტამბის განლაგება მეგობარი ქვეყნის ტერიტორიაზე.
მოსალოდნელი შედეგები
თავდაცვითი პოლიტიკის მიზანია, შეინარჩუნოს კონსტიტუციური ხელისუფლება პუტჩისტების მხრიდან მთავრობის დამხობის აღკვეთისა და მოსახლეობისთვის კონტროლის მექანიზმების შენარჩუნების გზით. კონსტიტუციური წყობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოების თითოეულ წევრს. მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია, დაიცვას საკუთარი თავისუფლება და იზრუნოს საზოგადოების სრულყოფაზე, ქვეყნისათვის სანუკვარი პრინციპების საფუძველზე.
გადატრიალებისგან თავდაცვის ეს პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ეფუძნება ხალხს და არა ტყვიებსა და ბომბებს, ეფუძნება საზოგადოებრივ ინსტიტუტებს და არა სამხედრო ტექნოლოგიას. სამოქალაქო ომის ან ახალი დიქტატურის საფრთხის წარმოქმნის ნაცვლად, ეს პოლიტიკა ემსახურება თავისუფლების იდეას. საერთაშორისო მასშტაბით ადაპტირებული და გამოცდილი პოლიტიკის დანერგვა უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს სახელმწიფო გადატრიალების, როგორც მთავარი პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტაში. მან შესაძლოა, შეზღუდოს მსოფლიოში ახალი დიქტატურებისა და ტირანიის გავრცელება.
ეს არის ძლიერი თავდაცვის პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება ხალხის ძალას, უკიდურესი კრიზისების დროსაც კი თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. ამ პოლიტიკის შედეგები კი შეიძლება ძალზედ შთამბეჭდავი იყოს.
თარგმნა თათია ჯულუყიძემ