![]() |
ერთად ჩვენ შევძლებთ №3 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მუხაშავრია ლია |
თემატური კატალოგი ერთად ჩვენ შევძლებთ |
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: © გაზეთი მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ მისამართი: თბილისი, 0105 ორბელიანის ქ. 35 ტელ (+995 32) 92 28 39; 99 04 43; 93 64 75; ფაქსი: (+995 32) 92 24 61 e-mail: together@economists.ge www.economists.ge რედაქტორი დოდო ჭუმბურიძე ფოტო და დიზაინი: ნათია ზედელაშვილი კორექტურა ნათია დაღელიშვილი „წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ჩართვის გზით“ განმახორციელებელი პარტნიორები. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.“ 2010, აპრილი |
![]() |
1 ერთად ჩვენ შევძლებთ |
▲ზევით დაბრუნება |
პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მობილიზაციის ჯგუფმა მეორე ვიზიტის შედეგად პროექტით გათვალისწინებული 32 ლოკაციიდან მოპოვებული ინფორმაცია შეაჯამა. პრობლემების იდენტიფიცირებას ხელი შეუწყო მობილიზებული სათემო ჯგუფების შექმნამ, აღნიშნული ჯგუფები უკვე არსებობს ზემოაღნიშნულ 32 ლოკაციაზე. მიღებულმა შედეგებმა ცხადყო, რომ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს მსგავსი ტიპის პრობლემები აქვთ, კერძოდ: სასმელი წყალი; უმუშევრობა; თბოიზოლაცია (ძველ შენობებში); გაუმართავი სახურავი (ძველ შენობებში); მიწის ფართობი; სათავსი ფართის არქონა; კანალიზაციის პრობლემა (ხაშური, ბაგა-ბაღის შენობა); მიწების ინდივიდუალური შემოღობვა; ინფორმირებულობის დაბალი დონე პოლისების გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით; დევნილისა და სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა; გზები და უტრანსპორტობა.
შიდა ქართლის რეგიონში დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ ძველ შენობებში, აქვთ თბოიზოლაციისა და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის პრობლემა, რიგ შემთხვევებში მიწოდებული წყალი უარგისია სასმელად; ასევე პრობლემატურია მიწის ფართის არქონა. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის რეგიონში, პროექტით გათვალისწინებულ ლოკაციებზე დევნილი მოსახლეობა არ არის ინფორმირებული სოციალური შემწეობების, დევნილებისათვის გათვალისწინებული შემწეობების, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებისა და კომუნალური გადასახადების შესახებ.
ერთად ჩვენ შევძლებთ
„ოქსფამ დიდი ბრიტანეთი“ (Oxfam GB), საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და „velfear faundeiSeni“ (Welfare Foundation) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართვის გზით“. საზოგადოება პროექტს იცნობს შემდეგი სახელწოდებით: „ერთად ჩვენ შევძლებთ“. აღნიშნული პროექტის განხორციელების პერიოდია სექტემბერი, 2009 - მარტი, 2011. |
სურამში, სანატორიუმ „ფოლადში“ მცხოვრები დევნილები ძირითად პრობლემებად მიიჩნევენ შემდეგს: უმუშევრობას, შენობა-ნაგებობის ავარიულ მდგომარეობას, ინფორმირებულობის დაბალ დონეს სოციალურ შემწეობებთან დაკავშირებით, კერძოდ, არ ფლობენ ინფორმაციას ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის შესახებ (ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები უარს აცხადებენ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით მომსახურებაზე, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიები მათ არ უნაზღაურებს ხარჯებს). აღნიშნულ დასახლებაში გაერო განაგრძობს პროექტს სასურსათო პროგრამით, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგებას. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს სახელმწიფო სტრუქტურის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მათი აზრით, უფრო მეტი ყურადღება ექცევა ახალ დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პროექტით - „ერთად ჩვენ შევძლებთ“ - გათვალისწინებულ ლოკაციებში მცხოვრები დევნილები, ძირითადად, ინტერესდებიან იმ პროექტებით, რომლებიც მატერიალური ხასიათისაა. დევნილები იღებენ დაპირებებს დახმარების შესახებ, რომლებიც ხშირად ვერ სრულდება. ამის შედეგად დევნილები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ; აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ პროექტით გათვალისწინებულ ლოკაციებზე, განსაკუთრებით, ძველ შენობებში ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო უწყებებისა და მასმედიის მიმართ ნეგატიურია. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ხშირად დევნილები მიმართავენ როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ უწყებებს სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მათგან იღებენ დაპირებებს, რომლებიც, საბოლოოდ, არ სრულდება.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ ფრეზეთის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს უწევთ უმძიმეს პირობებში ცხოვრება - დასახლება აბსოლუტურად მოწყვეტილია გარე სამყაროს და მრავალი ისეთი პრობლემა აწუხებთ მათ, რომლებიც მცხეთა-მთიანეთის სხვა მხარის კომპაქტური დასახლებებისათვის არ არის დამახასიათებელი. პრობლემებს შორის აღსანიშნავია უგზოობა; სავაჭრო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულების სიშორე და სხვ.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ძირითადად, ყურადღებას როგორც მატერიალური, ისე მორალური თვალსაზრისით, აქცევენ მხოლოდ წილკანისა და წეროვანის (ახალგორის) დევნილთა დასახლებას, რაც სხვა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს
კახეთის რეგიონში არსებულ 3 ლოკაციაზე - საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის დევნილთა დასახლებებში მოსახლეობის დაინტერესება დევნილებთან დაკავშირებული პროექტების მიმართ არის დაბალი. დევნილები ამ შემთხვევაშიც ინტერესს გამოხატავენ იმ პროექტების მიმართ, რომლებიც ითვალისწინებს მატერიალურ დახმარებას. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, არის ის, რომ კახეთის რეგიონში ჩასახლებულ დევნილი მოსახლეობისათვის დახმარება არ გაუწევია არც ერთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას. დევნილი მოსახლეობის თქმით, დასახლებაში იყო მისული რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც დაჰპირდნენ გამათბობლებს, გაზქურებს და ა.შ., რაც რეალურად არ შესრულდა. აქედან გამომდინარე, კახეთის რეგიონში ჩასახლებული დევნილების დამოკიდებულება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ არის ნეგატიური. კახეთის რეგიონის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა იღებს მხოლოდ გაეროს სასურსათო პროგრამით გათვალისწინებულ საკვებ პროდუქტებს.
მობილიზაციის ჯგუფის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ მცხეთამთიანეთისა და კახეთის რეგიონში პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში სამობილიზაციო სამუშაოების განხორციელებისას, კერძოდ, მობილიზებული სათემო ჯგუფების მონაწილეთა შერჩევის პროცესში, დევნილმა მოსახლეობამ მოსალოდნელზე გაცილებით დაბალი დაინტერესება გამოიჩინა.
საქაშეთის დასახლება
შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, საქაშეთის დასახლებაში დევნილთა ჩასახლება განხორციელდა 2009 წლის დეკემბერში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში მობილიზაციის ჯგუფის მიერ პირველი ვიზიტი განხორციელდა 2010 წლის თებერვალში.
საქაშეთის დასახლებაში ამჟამად ცხოვრობს 100 დევნილი ოჯახი, რომელთა ძირითადი პრობლემებია: კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები; გაეროს სასურსათო პროგრამით გათვალისწინებული პროდუქტების ნოემბრის თვიდან არმიღება; სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებული პრობლემები; ჯამრთელობის დაზღვევის პოლისებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალი დონე; უყურადღებობა ადგილობრივი და სახელმწიფო უწყებების მხრიდან.
აღნიშნულ დასახლებაში მოსახლეობა არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას სხვადასხვა სოციალური პროგრამების შესახებ; დასახლება არაა ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული, რაც, დავალიანების დაფარვის თვალსაზრისით, მოსახლეობაში იწვევს კონფლიქტს. მოსახლეობა ასევე სკეპტიკურად არის განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ შეუსრულებელი დაპირებების გამო.
განხორციელებული საქმიანობები
თებერვალი: პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაოს მაძიებელი დევნილი მოსახლეობის მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 1000-ზე მეტი აპლიკანტის შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ მიმდინარეობს დამსაქმებელი კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებების წარმოება. ასოციაცია მზადაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიასთან.
თებერვალი: პროექტის ფარ გლებში გამოიცა გაზეთის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ მეორე ნომერი. აღნიშნული გაზეთი გამოიცა 15-ათასიანი ტირაჟით და უსასყიდლოდ გავრცელდა პროექტით გათვალისწინებულ რეგიონებში: სამეგრელოში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში ჩასახლებულ დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.
გაზეთი ასევე დაურიგდათ ცენტრალური და ადგილობრივი სამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
თებერვალი: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მობილიზაციის ჯგუფმა დაასრულა მესამე ვიზიტი დევნილთა 32 დასახლებაში, რაც მიზნად ისახავდა სათემო ჯგუფების უნარების გაზრდას. მობილიზაციის ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს ტრენინგ-კურსი - „ინფორმაციის გავრცელება და პრობლემების იდენტიფიცირება“.
ტრენინგ-კურსის მსვლელობისას მონაწილეების მიერ გამოვლენილ იქნა დევნილთა პრობლემები და საჭიროებები.
17 თებერვალს ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას ოფისში მხარდამჭერთა ქსელის შესაქმნელად შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
26 თებერვალს ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას ოფისში მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებისა და სათემო ჯგუფების ლიდერებს შორის.
თებერვალი: ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას ორგანიზებით ჩატარდა სემინარები 15 სათემო ჯგუფისათვის შემდეგ თემებზე: „ინფორმაციის საჯაროობა და მისი მოთხოვნის ფორმები“ და „თვითმმართველობის ინსტიტუტი საქართველოში“.
თებერვალი: ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას მობილიზაციის ჯგუფმა განახორციელა საინფორმაციო ვიზიტები თემებში.
თებერვალი: ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა თემში დაიწყო გაზეთის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ და „ველფეარ ფაუნდეიშენის“ (Welfare Foundation) მიერ მოწოდებული საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება, პროცესი დასრულდება მარტში
12 და 19 თებერვალს „ველფეარ ფაუნდეიშენის“ (Welfare Foundation) ორგანიზებით სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების, სოფლის ექიმისა და ექთნის მოვალეობებისა და ვალდებულებების გაცნობის მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს (ადგილობრივ ექიმებსა და ექთნებს).
აღნიშნული ტრენინგების ფასილიტატორი იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი - კახა ხელაძე.
22 თებერვალს „ველფეარ ფაუნდეიშენის“ (Welfare Foundation) ორგანიზებით განხორციელდა სამუშაო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი მთავრობისა და რეგიონული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. შეხვედრის დროს განხილული იყო ცვლილებები ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში, შეფასდა სამედიცინო სერვისის მიწოდების ხარისხი, ასევე წარმოდგენილი იყო „ველფეარ ფაუნდეიშენის“ (Welfare Foundation) მიერ სამეგრელოს რეგიონსა და ბათუმში ჩატარებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კვლევის“ შედეგები.
![]() |
2 რუბრიკა: სიახლეები |
▲ზევით დაბრუნება |
კობა სუბელიანი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
მიმდინარე წლის მარტში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი წეროვანში სტიქიის შედეგად დაზარალებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა ყველა სახლი დაათვალიერა, რომელიც სტიქიის შედეგად დაიტბორა. როგორც კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, სტიქიის შედეგების აღმოფხვრა დაწყებულია და ოპერატიულად დასრულდება.
კობა სუბელიანი: „ეს არის სტიქიური მოვლენა, რომლის წინაშეც უძლურია არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო. მთავარია, რომ ამ შედეგებს აღმოვფხვრით, არ გვძინავს და გულხელდაკრეფილნი არ ვსხედვართ. ყველა ოჯახი შესაბამისი პირობებით იქნება უზრუნველყოფილი. ბევრი სახლი დაიტბორა სოფელ კარალეთშიც. თექნიკა იქაც მუშაობს და მოდინებული წყლის გასასვლელად არხი კეთდება. მთავარი, რაც შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა, არის ის, რომ შედეგებს აღმოვფხვრით და საცხოვრებელ პირობებს გავაუმჯობესებთ. სტიქიას რაც შეეხება, ეს არ იყო ტი პური წვიმა, ეს გახლდათ უჩვეულო მოვლენა, რომლის წინაშეც პრევენციის ზომა ძალიან ძნელი წარმოსადგენია“.
კობა სუბელიანმა აჭარაში დევნილებისათვის რეაბილიტირებული ობიექტები დაათვალიერა
2010 წლის თებერვალში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი აჭარის რეგიონს ესტუმრა. მინისტრმა რეგიონში აფხაზეთიდან დევნილებისათვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი ობიექტები დაათვალიერა. მან დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთში დაბრუნებამდე ყველა დევნილი ნორმალურ პირობებში იცხოვრებს. ერთ-ერთი ობიექტი, სადაც მინისტრი მივიდა, არის ყოფილი მექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელი. აღნიშნული შენობა სრულად გარემონტდა და დღესდღეობით 38 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ღოგორც დევნილები აცხადებენ, ისინი შენობის რეაბილიტაციამდე საკმაოდ ცუდ პირობებში იყვნენ: „ადრე ერთ ოთახში 5-6 სული ვცხოვრობდით. ახალი ობიექტის გარემონტებით კი ფართის პრობლემა სრულად მოგვეხსნა, ორ და სამოთახიანი ბინები მივიღეთ. ერთადერთი, რასაც ამჯერად ვითხოვთ, ეზოს მოწესრიგება და საბავშვო მოედნის გაკეთებაა. დაგვპირდნენ, რომ ესეც იქნება“.
მინისტრმა დევნილებს მიმართა: „როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, აფხაზეთიდან დევნილი არც ერთი ოჯახი თავშესაფრის გარეშე არ უნდა დარჩეს. დაბრუნებამდე ყველა დევნილმა ნორმალურ პირობებში უნდა იცხოვროს. დღეს 38 ოჯახი დავაკმაყოფილეთ, ხვალ 48 ოჯახს დავაკმაყოფილებთ და ასე, ნელ-ნელა ბოლოში გავალთ. მაქსიმუმ ერთ თვეში აღნიშნულ ობიექტზე საკუთრების მოწმობა გადმოგეცემათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თქვენი საკუთრება იქნება. შეგეძლებათ მისი გაყიდვა, გაყოფა, კრედიტის აღება და სხვ.“.
მექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელში დევნილთა ოჯახები ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებით სარგებლობენ, რაც ელექტროენერგიის გადახარჯვის გამო პრობლემებს თითქმის გამორიცხავს.
სუბელიანმა დევნილებს სახლის გასაღები პირადად გადასცა
მიმდინარე წლის თებერვალში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დონორებთან ერთად სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა. მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილებისათვის სენაკში რეაბილიტირებული ობიექტები დაათვალიერა და დევნილებს სახლების გასაღებები თავად გადასცა.
მინისტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელთან - პიტერ ნიკოლაუსთან და ევროკავშირის ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელთან - პერ ეკლუნდთან ერთად სენაკში დევნილთა 2 ობიექტი გახსნა. აღნიშნული ობიექტები სრულად გარემონტდა და დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. ორივე ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 68 ოჯახი ცხოვრობს.
ევროკავშირმა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად 9,7 მილიონი ევრო გამოყო, სენაკში 2 ობიექტის რეაბილიტაციისათვის 662 000 ლარი დაიხარჯა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი იმერეთში დევნილებს შეხვდა
2010 წლის თებერვალში კობა სუბელიანი იმერეთის რეგიონს ესტუმრა და დევნილებისათვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსები მოინახულა. კოპიტნარის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მინისტრმა სრულად აღდგენილი 13 კორპუსი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ აფხაზეთიდან დევნილი 452 ოჯახი უკვე უკეთ იცხოვრებს.
13 ხუთსართულიან კორპუსში შეიცვალა როგორც შიდა, ისე გარე კომუნიკაცია, გაკეთდა მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა, შეიცვალა წყალგაყვანილობა, სახურავი, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა და გარემონტდა ოთახები. როგორც დასახლებაში მცხოვრები დევნილები აცხადებენ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა: „დიდებული საქმე გაკეთდა. ადრე ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდით. კარგია, რომ ყველა პრობლემა მოგვიხსნეს. ყველაფერი ერთიანად ვერ გაკეთდება. ჩვენც ამ დროს დიდხანს ველოდით. იმედია, სხვა დევნილებთანაც მივლენ“. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა აღნიშნა: „გაკეთდა ის, რასაც ვერავინ დაიჯერებდა და წარ წარმოიდგენდა. თავადაც ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამას მივაღწევდით. შიტყვა შესრულდა და, რაც მთავარია, ეს ფართები, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, დევნილების საკუთრება იქნება. 452 ოჯახით მეტი უკეთესად იცხოვრებს, ვიდრე აქამდე ცხოვრობდა“. კოპიტნარის ყოფილ სამხედრო დასახლებაში ასევე ფუნქციონირებს პურის საცხობი, სამრეცხაო, აბანო, ბავშვთა მცირე ატრაქციონი და სკოლა.
ნუცუბიძეზე მცხოვრებ დევნილებს ფართები უკანონდება
მიმდინარე წლის თებერვალში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად ნუცუბიძის მე-3 მ/რ-ში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. გიგი უგულავამ დევნილებს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი 2010 წლის პროექტები გააცნო, კობა სუბელიანმა კი ფართების დაკანონების პროცედურებზე ისაუბრა.
ნუცუბიძეზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „აკადემიურში“ 17 წელია აფხაზეთიდან დევნილი 141 ოჯახი ცხოვრობს. თებერვალში საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა აღნიშნულ ობიექტზე ფართების აზომვითი სამუშაოები დაიწყეს და, დაახლოებით, ერთ თვეში აღნიშნული ობიექტი დევნილთა საკუთრება გახდება. მათ სრული უფლება ექნებათ, საკუთრება გაყიდონ, გადაცვალონ ან ბანკიდან სესხი აიღონ.
კობა სუბელიანის თქმით: „აღნიშნულ ობიექტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს ერთ თვეში მიიღებენ. ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც გავაკეთებთ და გამოსახლებისა თუ ელექტროენერგიის გათიშვის პრობლემა არასდროს ექნებათ. რაც ყველაზე მთავარია, უახლოეს 2 წელიწადში აფხაზეთიდან დევნილი ყველა ოჯახი ანალოგიური პირობებით დაკმაყოფილდება. სახელმწიფოს ყურადღების გარეშე არც ერთი ოჯახი არ დარჩება“.
პარლამენტში კობა სუბელიანის ანგარიში მოისმინეს
2010 წლის თებერვალში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის 2009 წლის ანგარიში მოისმინეს. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა როგორც დევნილთა განსახლების პროგრამაზე, ისე კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციაზე, პრივატიზაციასა და დონორების მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე.
ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპისათვის, აფხაზეთიდან დევნილებისათვის რეაბილიტირებულია 243 კოლექტიური ცენტრი და 42 კარკასული ობიექტი. 10 414 ოჯახს ფართები საკუთრებაში გადაეცათ ან დაკანონების პროცესი დღემდე გრძელდება. ღაც შეეხება აგვისტოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას, შეიქმნა 38 ახალი დასახება.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე დონორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილები. მათ მიერ დასმულ კითხვას დევნილთა გამოსახლებაზე მინისტრმა უპასუხა: „არც ერთი დევნილი საკუთარი ჭერის გარეშე არ დარჩება. წელს დასრულდება კოლექტიურ ცენტრებში განსახლებული დევნილებისათვის ფართის დაკანონება და რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში ეს პროცესი კერძო სექტორში განთავსებულ დევნილებსაც შეეხება“.
კობა სუბელიანმა ასევე განაცხადა, რომ დიდი მოცულობის სამუშაოების განხორციელების მიუხედავად, პრობლემები კვლავ რჩება. მისი თქმით, ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან საქართველოში დევნილთა პრობლემა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს, რასაც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად გაჩენილი დევნილთა ახალი ტალღაც დაემატა: „დღესდღეობით სამინისტრომ იმდენს მიაღწია, რომ უკმაყოფილო დევნილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ თავშესაფარი ყველა დევნილს ჰქონდეს. ქუჩაში არავის ვტოვებთ. უკმაყოფილებას ხშირ შემთხვევაში ის იწვევს, რომ რეალური შეთავაზება მათ მოლოდინს არ ემთხვევა“.
მინისტრმა 2010 წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ქირით და ნათესავებთან მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილნი იქნებიან.
კობა სუბელიანი ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის გადახურვის პროცესს დაესწრო
მიმდინარე წლის თებერვალში ძლიერმა ქარიშხალმა სახურავის გარეშე დევნილთა 27 საცხოვრებელი ობიექტი დატოვა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ზარალი უკვე დათვალა და აღნიშნული ობიექტების გადახურვაც ოპერატიულად დაიწყო. ერთ-ერთი ობიექტის (თბილისი, შატილის №3), ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის გადახურვის პროცესს კობა სუბელიანი დაესწრო. როგორც მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულ ობიექტს 4-5 თვეში ვერავინ იცნობს.
ყოფილ საბავშვო ბაღის შენობაში მაცხოვრებელმა აფხაზეთიდან დევნილმა თამარ წურწუმიამ აღნიშნა: „წვიმა რომ წამოსულიყო, რა გვეშველებოდა, არ ვიცით. კმაყოფილები ვართ, რომ გვერდში დაგვიდგნენ და ადამიანურად დაგვეხმარნენ. ჩვენს შენობას ქარმა სახურავი საერთოდ არ დაუტოვა. მთლიანად ახადა და დალეწა. ნეტა ჩვენი სახელმწიფო იმდენად ძლიერი იყოს, რომ ნებისმიერ პრობლემაზე ასე ოპერატიულად დაგვეხმაროს“.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დევნილებს აღნიშნული ობიექტის საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა: „მიუხედავად უამინდობისა, გადახურვის სამუშაოებს არ ვაჩერებთ. ბრიგადები სხვადასხვა ობიექტებზე მუშაობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადახურვის სამუშაოებზე თავად დევნილები დასაქმდნენ. თითო კაცი ოჯახში 400-500 ლარს მაინც შეიტანს. ხარისხიც გარანტირებულია, თავიანთთვის ცუდს ხომ არ გააკეთებენ?! აქ აფხაზეთიდან დევნილი 14 ოჯახი 17 წელია ცხოვრობს. აღნიშნულ ობიექტს მათ საკუთრებაში გადავცემთ და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც გავუკეთებთ. დაკანონების პროცესი ზაფხულიდან დაიწყება და, დაახლოებით, 4-5 თვეში ამ ობიექტს ვეღარ იცნობენ“.
პარალელურ რეჟიმში დევნილთა იმ ობიექტების გადახურვაც მიმდინარეობს, რომლებიც ქარმა სახურავების გარეშე დატოვა.
![]() |
3 რუსთავში დევნილთა 158 ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცათ |
▲ზევით დაბრუნება |
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, პეტერ ნიკოლაუსთან ერთად, რუსთავში აფხაზეთიდან დევნილებისათვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა. დევნილებს 4 ობიექტი საკუთრებაში გადაეცათ. როგორც მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფოს ყოველდღიური შრომითა და დონორთა დახმარებით დევნილი ოჯახები თანდათანობით უკეთ იცხოვრებენ.
კობა სუბელიანი: „ამიერიდან 158 ოჯახით მეტი დევნილი უკეთეს პირობებში იცხოვრებს. ეს არის დაკანონებული, გარემონტებული ობიექტები, რომლებიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად გავაკეთეთ. ასე, ყოველდღიურ რეჟიმში, ასობით ოჯახი უკეთეს პირობებში იცხოვრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ორ წელიწადში შესრულებული იქნება პრეზიდენტის სიტყვა, რომელიც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი იჯახების ნორმალურ და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს გულისხმობს“.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით გაეროს უმაღლესმა კომისარიატმა რუსთავში დევნილებისათვის რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაცია მოახდინა. მათ შორისაა ლესელიძის №52-ა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 50 ოჯახი ცხოვრობს; ლომოურის №6, სადაც 22 დევნილი ოჯახი ცხოვრობს; შარტავას №4, სადაც 57 ოჯახი ცხოვრობს და 9 მაისის №8, სადაც 22 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
აღნიშნულ ობიექტებში 17 წელია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ფართები სრულად გარემონტდა. შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, მოწესრიგდა საერთო ფართები, სველი წერტილები და დამონტაჟდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ინდივიდუალური მრიცხველები.
დევნილები კმაყოფილები არიან, რომ სახელმწიფო მათთვის მიცემულ პირობას ასრულებს და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. როგორც მათ მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს: „რაც მთავარია, საკუთარი ჭერი გვაქვს. მადლობის მეტი რა გვეთქმის როგორც სახელმწიფოსათვის, ისე დონორებისათვის, რომლებიც არა მხოლოდ ფართების დაკანონებაში, არამედ დასაქმებასა და საკუთარი შემოსავლის წყაროს გაჩენაში გვეხმარებიან“.
პეტერ ნიკოლაუსის თქმით, წელს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება: „პროექტის „თავშესაფარს პლიუს პროგრამა“ მიზანია დევნილთა არა მხოლოდ თავშესაფრით დაკმაყოფილება, არამედ ხელშეწყობა მცირე ბიზნესის წამოსაწყებად და საკუთარი შემოსავლის წყაროს გასაჩენად. ჩვენი სურვილია, ბატონი მინისტრი დიდხანს იყოს, რომ დევნილთა ყველა პრობლემა გადაიჭრას“.
![]() |
4 „უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა“ |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წლის 3-5 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - „უსაფრთხოება - 21-ე საუკუნის გამოწვევა“ - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა 15 ქვეყნის წამყვან საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის, ისე 90-იანი წლების შედეგად დევნილთა მდგომარეობაზე, განსახლების პროგამაზე, დევნილთა მიმართ განხორციელებულ საქმიანობებსა და მიღწევებზე.
კ.ს.: „საქართველოში 2008 წელს რუსეთთან ომის შედეგად 26 000 ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. ისინი ომის პერიოდში განთავსდნენ სხვადასხვა ობიექტებში, მათი უმეტესობა კარვებში ცხოვრობდა. საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა იყო მათი დაბინავება და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით შევძელით ის, რომ ომიდან რამდენიმე თვეში დევნილებისათვის აშენდა სახლები, რომლებიც გაზიფიცირებული და ელექტროფიცირებულია. დევნილებს ამ სახლებში ავეჯიც დავახვედრეთ. იქ იყო ყველა საჭირო ნივთი, რაც შეიძლება ოჯახს მოეხმარებინა. კვების პროდუქტები კი ყოველთვიურად გაეროს სასურსათო პროგრამის ფარგლებში ურიგდებათ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამას მივაღწიეთ, მაგრამ ამითი, რა თქმა უნდა, არ დავკმაყოფილდებით. Kიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით.
ომიდან, დაახლოებით, 3 თვეში დევნილებისათვის შეიქმნა 38 ახალი ჩასახლება, სადაც 4500 კოტეჯი აშენდა. კოტეჯის საცხოვრებელი ფართი არის 65 კვადრატული მეტრი. დევნილთა ჩასახლებები არსებულ სოფლებთან გავაშენეთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაცია მომხდარიყო. კოტეჯების გარდა, მოვიძიეთ 1500-მდე კარკასული შენობა, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო. ისინი ბინებად გადავაკეთეთ, მოვაწესრიგეთ წყალ-საკანალიზაციო, გაზისა და ელექტროენერგიის კომუნიკაციები და შევასახლეთ დევნილები. ყველა დევნილს ელექტროენერგიისა და გაზის საფასურს ვუნაზღაურებთ ლიმიტის ფარგლებში. ბუნებრივია, ეს კომუნალური დახმარებები 90-93 წლებში რუსეთთან მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზეც ვრცელდება. აგრეთვე, მათ საკუთრებაში გადაეცათ იმ კოლექტიური ცენტრების ფართი, სადაც ახლა ცხოვრობენ.
კოტეჯებში შესახლებისას თითოეულ დევნილს ერთ სულზე 200 ლარი გადაეცა. დამატებით მიიღეს 100 ლარი თითოეულ ბავშვზე სკოლისათვის საჭირო ნივთების შესაძენად. ოჯახებს, ვინც კოტეჯებში შესახლდნენ, გადაეცათ მიწები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის. გაეროს სასურსათო პროგრამამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მოახდინა ამ მიწების დამუშავება. მათთვის უფასო იყო სახნავსათესი საშუალებები.
ომით დაზარალებული 1000-მდე ბავშვი გაიგზავნა თურქეთში, ბულგარეთში, უკრაინაში, პოლონეთსა და ლატვიაში 2-3 კვირით, სადაც, დასვენებასა და გართობასთან ერთად, მათ ჩაუტარდათ სარეაბილიტაციო ტრენინგები.
გარდა ამისა, ამ ჩასახლებებში გაიხსნა მსხვილი საწარმოები, სადაც დასაქმდა დევნილების ნაწილი. ომამდე ვინც მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში, ყველას შეუნარჩუნდა შტატი. ამაში იგულისხმებიან: მასწავლებლები, სამედიცინო პერსონალი, საპატრულო პოლიციეს თანამშრომლები და ა.შ. ამ ახალი ჩასახლებული პუნქტების მიხედვით მოხდა მათთვის შტატების დაშვება.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ხშირად შემოვლითი გზებით გადმოდის და ოპერაციების დაფინანსებას გვთხოვს. ჩვენ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ ვეხმარებით მათ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი ხარჯებით უმკურნალონ შვილებს. ისინი მოგვმართავენ ჩვენ და ამას აკეთებენ ჩუმად, რომ საყვედური არ მიიღონ დე-ფაქტო ხელისუფლებისაგან. ეს ყველაფერი მე დაუშვებლად მიმაჩნია. მათ ჯანდაცვის უფასო პროგრამებით სარგებლობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, მათი შემოსვლა და უკან დაბრუნება ჩუმად, შემოვლითი გზებით ხდება. ბავშვის ჯანმრთელობა პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს. ჩემი მინისტრობის პერიოდში, დაახლოებით, 70 ბავშვს ვუმკურნალეთ, რომლებიც შემოვლითი გზებით გადმოიყვანეს აფხაზეთიდან, თუმცა საჭიროება უფრო მეტი არსებობს. ეს 70-მდე მაგალითი იყო ძალიან განსხვავებული, როდესაც მშობელს სხვა გზა აღარ რჩებოდა, რისკზე უნდა წასულიყო და შემოვლითი გზებით გადმოეყვანა ბავშვი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსული საოკუპაციო ჯარები არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ავადმყოფები სამკურნალოდ თავისუფლად გადმოიყვანონ.“
კონფერენციას ქართველი ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და უცხოელთა საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელები დაესწრნენ. უცხოელებმა აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოში დევნილთა პრობლემების გასაცნობად ჩამოვიდნენ.
![]() |
5 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების საფუძველზე, „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევისა“ და ასევე „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამები 2010 წლის 1-ლი იანვრიდან ექვემდებარება „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო). საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2010 წლის 1-ლ თებერვლამდე სააგენტოს უკვე გადასცა და შემდგომ ყოველთვიურად მიაწოდებს განახლებულ მონაცემებს იმ პირთა შესახებ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და განსახლებული იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად შეძენილ საცხოვრებელ ადგილებში.
სადაზღვევო ვაუჩერის გაცემა არ მოხდება იმ პირთათვის, რომლებიც უკვე არიან 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში“ და, რომლებიც სურვილს არ გამოთქვამენ სადაზღვევო კომპანიის შეცვლის თაობაზე ან რომელთა მზღვეველი კომპანია არ წყვეტს ამ პროგრამაში მონაწილეობას. მათ სამედიცინო დაზღვევა ავტომატურად უგრძელდებათ.
სადაზღვევო ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელება არ მოხდება იმ პირებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც შეიცვალა სადაზღვევო ვადის ამოწურვის პერიოდისათვის და 70 000-ს აღემატება. მაგრამ, თუ სარეიტინგო ქულის ცვლილება ან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის გაუქმება მოხდება უშუალოდ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, მაშინ დაზღვეული ოჯახის ყველა წევრი ინარჩუნებს სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას და მხოლოდ სადაზღვევო პერიოდის ამოწურვის შემდეგ უწყდებათ მათ სადაზღვევო ხელშეკრულება.
ახალი სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება 3 წლის ვადით, ამიტომ ყველა იმ ოჯახს, რომელთაც დაურიგდათ ვაუჩერი ან რომლებიც უკვე დაზღვეულნი იყვნენ და ორ თვეში ეწურებათ სადაზღვევო პერიოდი, ვურჩევთ, ყურადღებით გაეცნონ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ პირობებს; ძირითადად, ყურადღება მიაქციონ მათ კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებს (საავადმყოფოები, პოლიკლინიკები), რადგან სწორედ ამ დაწესებულებებში მოხდება დაზღვეული ოჯახის წევრების სამედიცინო დახმარების გაწევა.
იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ოჯახი გამოთქვამს სადაზღვევო კომპანიის გამოცვლის სურვილს, მათ სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე ორი თვით ადრე უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს განცხადებით სადაზღვევო კომპანიის შეცვლის თაობაზე. განცხადება სააგენტოში თავად უნდა მიიტანოს ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.
ყველა ოჯახს აქვს უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი, რომელ სადაზღვევო კომპანიასთან სურს სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება. იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა მოქალაქის, ოჯახის უფლება, მიიღოს ვაუჩერი და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი სადაზღვევო კომპანიასთან მიმართებაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოპერატიულ სამმართველოს შემდეგ ნომერზე: (+995 32) 95 22 28
„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით ადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევისა“ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ ახელმწიფო პროგრამები
პროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
ბ) პირები, რომლებიც 2008 წლის კონფლიქტის შედეგად იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და, რომლებიც განსახლებულნი იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად შეძენილ საცხოვრებელ ადგილებში;
გ) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, მცირე ტი პის საოჯახო სახლებსა და სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, ობოლ, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) ბავშვები;
დ) ბავშვები, რომელთა ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას.
მომსახურების მოცულობა
ამბულატორიული მომსახურება
ოჯახის ექიმის მომსახურება;
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება;
სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება;
ოჯახის ექიმის, უბნის ექიმისა და ექთნის მომსახურება ბინაზე საჭიროების შემთხვევაში.
გამოკვლევები
ელექტროკარდიოგრაფია;
ექოსკოპია;
რენტგენოლოგიური გამოკვლევები;
სისხლის საერთო ანალიზი;
შარდის საერთო ანალიზი და კრეატინი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
ორსულობის ტესტი;
ჰემოგლობინი;
განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე.
ცნობები
ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობისა და რეცეპტის გაცემა (გარდა ფორმა №IV - 100/ა სამსახურის დაწყებასთნ დაკავშირებული, შსს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვა/ტრების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა).
სტაციონარული მომსახურება
გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;
გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მ.შ. დღის სტაციონარი), სადაზღვევო წლიური ლიმიტი - 15 000 ლარი;
ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები; სადაზღვევო წლიური ლიმიტი - 12 000 ლარი;
მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები - 400 ლარი.
მედიკამენტები დამტკიცებული
ნუსხის შესაბამისად
წლიური ლიმიტი - 50 ლარი, 50%25-იანი თანაგადახდა.
GPI ჰოლდინგის მომსახურება „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში
GPI ჰოლდინგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აქტიურად შემოვიდა 2002 წლის დასაწყისიდან და საქმიანობის პირველსავე წელლს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში. დღეს GPI ჰოლდინგს აქვს საქართველოში ყველაზე ფართო სააგენტო ქსელი და მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს. „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში არსებული მომსახურების შესახებ გვესაუბრა GPI ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - თინათინ სტამბოლიშვილი.
- ქალბატონო თინათინ, როგორ და სად შეუძლიათ დევნილებს პოლისით სარგებლობა?
- დევნილებს შეუძლიათ, მიმართონ მათ დასახლებასთან მდებარე უახლოეს პოლიკლინიკას ან ამბოლატორიული ტიპის დაწესებულებას, სადაც არიან უბნისა და სოფლის ექიმები. რეგიონებში ყველა სოფლისა და უბნის ექიმმა დეტალურად იცის სადაზღვევო კომპანიის დანიშნულება და, ამასთან, დაზღვეულებს რა მომსახურება ეკუთვნით. სოფლისა და უბნის ექიმები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში. ეს ხალხი ემსახურება ჩვენს კომპანიაში დაზღვეულ პირებს.
- რომელ რეგიონებს მოიცავს GPI ჰოლდინგის მომსახურება?
- GPI ჰოლდინგის მომსახურება მოიცავს მთელ საქართველოს. აღნიშნული კომპანია ემსახურება არა მხოლოდ დევნილ მოსახლეობას, არამედ ნებისმიერ მსურველს. GPI ჰოლდინგში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში, დაახლოებით, 200 000 დაზღვეული პირია. როგორც იცით, სახელმწიფოს მიერ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რეგისტრაცია ხდება ერთიან ბაზაში და ვისაც აქვს 70 000 ქულაზე ნაკლები, ეკუთვნის უფასო სადაზღვევო პაკეტი. ასეთი კატეგორიის ხალხზე ვრცელდება ეს დახმარება, მათ შორის არიან დევნილებიც. მათ სახელმწიფო ურიგებს სადაზღვევო ვაუჩერს და ისინი ირჩევენ სადაზღვევო კომპანიას. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველგან ხელმისაწვდომობის პრინციპი დაცულია, რათა ყველამ შესძლოს მომსახურების მიღება. თუ ვინმეს დასჭირდება ისეთი ტიპის სამედიცინო ბავშმომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია პოლისის პირობებით, უნდა მიმართოს რაიონულ პოლიკლინიკას, სადაც, უბნის ექიმის დასკვნის საფუძველზე, პაციენტს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მომსახურება. აღნიშნული პოლისი მოიცავს: ექიმის ყველანაირი სახის სამედიცინო კონსულტაციას, რენტგენის გადაღებას, ექოსკოპიურ მომსახურებასა და ელექტროკარდიოგრამას. ეს არის ინსტრუმენტული გამოკვლევები. ლაბორატორიულ გამოკვლევებში შედის: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინი, გლუკოზის შემცველობა სისხლში, ორსულობის ტესტი, ჰემოგლობინისა და განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე. სტაციონარული მკურნალობის დროს საჭირო მედიკამენტების ხარჯები მთლიანად იფარება. სტაციონარული მკურნალობა მოიცავს ქიმიოთერაპიასაც და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯებს 400 ლარის ოდენობით.
- რა პერიოდს მოიცავს პოლისის ხანგრძლივობის ვადა?
- 2010 წლიდან გაფორმებული პოლსების ვადა მოიცავს სამ წელს.
- ვაუჩერის არსებობის შემთხვევაში, როგორ უნდა მიმართოს პირმა სადაზღვევო კომპანიას?
GPI ჰოლდინგის მომსახურების მიღების მსურველთან ურთიერთობა იწყება მას შემდეგ, რაც ადამიანს აქვს სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერი. ვაუჩერის მიღების შემდეგ დევნილებს აქვთ შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ სადაზღვევო კომპანიებზე. GPI ჰოლდინგის პოლისის გაფორმება შესაძლებელია როგორც ჩვენს ცენტრალურ ოფისში, ისე რეგიონულ ფილიალებში: გორში, მცხეთასა და სხვა რაიონულ ცენტრებში. სრული ინფორმაციის გაგება შეიძლება ჩვენს ცხელ ხაზზე (+995 22) 50 51 11. პოლისის არსებობის შემთხვევაში ადამიანი მიდის რაიონულ პოლიკლინიკაში, რომელიც, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ემსახურება შესაბამის დასახლებას. ღაიონების შემთხვევაში ეს არის ძალიან მარტივი იმიტომ, რომ იქ სამედიცინო დაწესებულებების ფართო არჩევანი არ არის. ჩვენ იმ დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმება გვაქვს, სადაც მიდის ეს ადამიანი თავისი უბნის ექიმის დახმარებით ან პოლიკლინიკაში ჩვენი წარმომადგენლის დახმარებით და ღებულობს კონკრეტულ მომსახურებას. დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი. აღსანიშნავია, რომ ამბულატორიული მომსახურების გარდა, იფარება ასევე სტაციონარული მომსახურება: გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციები, ქიმიოთერაპია, მშობიარობა და ა.შ.
![]() |
6 როცა ბენეფიციარს არ მოსწონს სადაზღვევო კომპანია ?! |
▲ზევით დაბრუნება |
დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ ვერ სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით. ამ პრობლემებსა და დაზღვევასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე კომენტარისათვის მივმართეთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელს, კახა ხელაძეს.
- ბატონო კახა, როგორ შეაფასებთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებს?
- ცვლილებების ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გადავდივართ სხვა ურთიერთობებზე, რასაც ჰქვია მოქალაქის პასუხისმგებლობის შემოტანა საკუთარი ჯანმრთელობის მეთვალყურეობაში, წინასწარ გადახდის მექანიზმით და ეს არის სწორედ დაზღვევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველთვიურად სადაზღვევო კომპანიაში პრემიუმი სადაზღვევო შენატანის სახით შეაქვს მოქალაქეს ან მოქალაქის ნაცვლად სახელმწიფოს. შემდგომ, კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ანაზღურებას ახორციელებს სადაზღვევო კომპანია. ფინანსური რისკებისაგან თავის არიდებასთან ერთად მოსახლეობა არ რისკავს საკუთარ ჯანმრთელობას. გადავდივართ სადაზღვევო ურთიერთობებზე, რაც ნიშნავს, რომ სამი ძირითადი მოთამაშეა: სერვისის მიმწოდებელი, ე.წ. საექიმო საზოგადოება (პოლიკლინიკა, სოფლის ამბულატორია თუ სხვა), სადაზღვეო კომპანია და თავად მოქალაქე. ამ სამკუთხედში მოქალაქეებმა უნდა შესძლონ საკუთარი უფლებების დაცვა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
სახელმწიფო სადაზღვევო პრემიუმს (ყოველთვიურ სადაზღვევო შენატანს) უფინანსებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას, თუმცა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სადაზღვევო პაკეტი ასევე გადასცეს 2008 წლის კონფლიქტის შედეგად კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს განურჩევლად იმისა, არიან თუ არა ისინი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.
- რა დამატებით ვალდებულებებს ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები და რას მოიცავს სადაზღვევო პაკეტი?
- 2010 წელს „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“; „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“; „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევისა“ და „მზრუნველობამოკლებულ ბავშ ვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ითვალისწინებს დამატებით ვალდებულებებს, 2009 წლის პროგრამების რედაქციისაგან განსხვავებით. კერძოდ, სადაზღვევო პაკეტი მოიცავს სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეული მოსახლეობის განსაზღვრული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, რაც მოსარგებლეებისათვის გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის, შემდგომი გართულებების პრევენციისა და კატასტროფული ხარჯების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ამასთან, მედიკამენტები მოსარგებლეებს მიეწოდება ექიმის დანიშნულების შესაბამისად - რეცეპტული სისტემის დანერგვის გზით. აღნიშნული მიდგომა როგორც ხარისხის უზრუნველყოფის კონტროლის მექანიზმის განვითარების, ისე მედიკამეტების ეფექტური ხარჯვის მენეჯმენტის საშუალებას იძლევა.
- როგორ შეაფასებდით სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის გახანგრძლივებას?
- რადგანაც შეიცვალა სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდი 1-დან 3-წლამდე, ვფიქრობ, რომ მოსარგებლეებისა და მზღვეველების ხანგრძლივი ურთიერთობა დაზღვეულთათვის მზღვეველების მიერ პრევენციული და პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაფართოების მოტივაციას შექმნის. სადაზღვევო კომპანია უფრო მეტად დაინტერესდება, კმაყოფილი ჰყავდეს თავისი მომხმარებელი.
- რატომ არის ერთ დასახლებაში ერთდროულად ჩასახლებული დევნილებიდან ზოგი დაზღვეული, ზოგი - არა?
- წესით, კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები ყველა დევნილი უნდა იყოს დაზღვეული. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბენეფიციარიეს განსაზღვრა, ბაზების შექმნა და მასში ცვლილებების შეტანა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრეროგატივაა.
სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დააფინანსოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევა. დევნილებში არის გარკვეული კატეგორია, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩდა და მოხვდა 70 000 ქულის ზემოთ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სადაზღვევო პოლისით უზრუნველყოფს ყველა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ დევნილს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვათანაბრებთ ღარიბებთან, უბრალოდ, ბენეფიტის თვალსაზრისით, იგივე სერვისით მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნება დევნილ მოსახლეობას.
ახალი დადგენილების მიხედვით, სიებში ახალი ბენეფიციარების განსაზღვრის პერიოდულობაც არის გათვალისწინებული. ასევე პრობლემას წარმოადგენდა, რომ ადრე წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აზღვევდნენ მოქალაქეს, შესაბამისად, მთელი ერთი წელი უწევდა ადამიანს ახალ დაზღვევამდე ლოდინი. ახლა ეს მიდგომა შეიცვალა და დავუშვათ, თუ პიროვნება გამორჩენილია ბაზაში, ცვლილებიდან მესამე თვეს მას ვაუჩერს მიუტანენ, მეოთხე თვიდან მისი დაზღვევა ავტომატურად დაიწყება, ანუ საუბარი აღარ არის ერთწლიან მოლოდინზე.
შეიცვალა ასევე ვაუჩერის მიტანის მექანიზმი. იყო მთელი რიგი დარღვევები - ექიმები თავად არიგებდნენ ვაუჩერს და ამაში საკურიერო თანხასაც იღებდნენ; იყო შემთხვევები, რომ ექიმს ვაუჩერი ჯერ სადაზღვევო კომპანიაში მიჰქონდა და შემდეგ ოჯახში აძლევდა ბენეფიციარს შევსებულ სადაზღვევო პოლისს. ახალი განკარგულების მიხედვით, ვაუჩერს არიგებს სოციალური აგენტი, რომელიც არის საჯარო მოხელე. მასზე მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსის პასუხისმგებლობა და ურთიერთობაში სახელმწიფო უფრო მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს არაკეთილსინდისიერი ქმედების დაფიქსირების შემთხვევაში. თავად სადაზღვევო კომპანიებიც მკაცრად არიან გაფრთხილებულნი, რომ ითანამშრომლონ სოციალურ აგენტთან.
- როდესაც ბენეფიციარს არ მოსწონს სადაზღვევო კომპანია და სხვა სადაზღვევო კომპანიაში გადასვლა სურს, როგორ შეიძლება მოიქცეს?
- როცა ბენეფიციარს არ მოსცონს სადაზღვევო კომპანია, მას შეცვლის სრული თავისუფლება აქვს, ოღონდ გარკვეულ ჩარჩოებში. უნდა გაიგოს როდის გასდის მის პოლისს ვადა და ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე (უმჯობესია მანამდეც) დაწეროს განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოში სადაზღვევო კომპანიის შეცვლის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალი აქვს ყველა რეგიონში).
განცხადების წარდგენის შემდგომ, არაუგვიანეს 2 თვისა, ბენეფიციარს მიუტანენ ვაუჩერს, რომელსაც ხელახლა გადაცვლის სადაზღვევო პოლისში. ეს ორი თვე საჭიროა იმისათვის, რომ წყვეტა არ იყოს. კერძოდ, ერთიან ბაზაში უნდა დაფიქსირდეს, რომ ბენეფიციარს სადაზღვევო კომპანიის შეცვლის სურვილი აქვს და მისთვის ახალი ვაუჩერი უნდა მომზადდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვინც უკმაყოფილებას სიტყვიერად აჟღერებს და განცხადებას არ წერს, ავტომატურად უგრძელდება პოლისი იგივე სადაზღვევო კომპანიაში. როდესაც 2009 წელს დავიწყეთ დევნილთა დაზღვევა, ზოგიერთმა ბენეფიციარმა განაცხადა არსებული სადაზღვევო კომპანიის შესახებ უკმაყოფილება. საპასუხოდ, მივეცით სადაზღვევო ვაუჩერი, რომელიც მისთვის სასურველ სადაზღვევო კომპანიაში უნდა მიეტანა და, რიგ შემთხვევებში, ვაუჩერი დღესაც არ არის არსად მიტანილი. აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული ბენეფიციარები ავტომატურად რჩებიან იგივე სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულნი.
![]() |
7 ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია და საქმიანობა
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური დაფუძნდა 2008 წელს. მედიაციის სამსახური არის არაკომერციული, არასამთავრობო და მიუკერძოებელი ორგანო, რომლის ძირითადი ამოცანაა სადაზღვევო ურთიერთობის სუბიექტების დახმარება დავების არასასამართლო გზით მოგვარებაში.
მედიაცია - ეს არის კონფლიქტური მხარეების მორიგების პროცედურა, მათი მოლაპარაკებაში ნებაყოფლობით ჩართვის გზით, ნეიტრალური მხარის, მედიატორის (შუამავლის) თანდასწრებით და ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით.
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის შექმნა განაპირობა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომხდარმა ცვლილებებმა. 2007 წლის აგვისტოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიწყო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დაზღვევისათვის. ამ ინიციატივამ თავდაპირველად მოიცვა 200 000 ადამიანი თბილისსა და იმერეთის რეგიონში, რასაც 2008 წლიდან დაემატა 500 000 ადამიანი; ივარაუდება, რომ სამომავლოდ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული კერძო სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციარების რიცხვი დაახლოებით 1 მილიონს მიაღწევს. გარდა ამისა, 2008 წლიდან უმწეო მოსახლეობის გარდა, ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობენ სპეციალური ჯგუფები - პედაგოგები, ძალოვანი სტრუქტურები, საჯარო მოხელეები და ა.შ.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამებიდან ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის სისტემაზე გადასვლა ასეთ მოკლე დროში, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ზრდის დაზღვევასთან დაკავშირებული საჩივრებისა და დავების რიცხვს. ამ დავების ძირითადი მიზეზი მზღვეველისა და დაზღვეულის მიერ სადაზღვევო პოლისის არასწორი და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციაა. ხშირად წარმოიშობა გაუგებრობები და დავები, რომელთა მოგვარების ერთი გზა სასამართლოა, თუმცა მედიაციის სამსახური ყოველთვის ცდილობს დავების მოგვარებას არასასამართლო გზით და გააჩნია გარკვეული უპირატესობები სასამართლოსთან მიმართებაში, კერძოდ:
მოწინააღმდეგე მხარესთან შეხვედრისას მაღალია შეცდომების გაანალიზებისა და აღიარების ალბათობა;
მომრიგებლობის პროცედურა გაცილებით ნაკლებად სტრესულია სასამართლო პროცედურებთან შედარებით;
მედიაციის პროცედურის დროს მხარეები ურთიერთშეთანხმებით მიდიან საერთო გადაწყვეტილებამდე;
მედიაციის დროს მხარეთა შორის ურთიერთდამოკიდებულება არ უარესდება, ზოგჯერ პირიქით, უმჯობესდება;
რაც მთავარია, მედიაციის პროცესი სრულიად უსასყიდლოა.
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური ცდილობს, მაქსიმალურად დეტალურად განუმარტოს მომჩივანს საჩივრებთან დაკავშირებული საკითხები. Iმ შემთხვევაში, თუკი ამით პრობლემა ვერ გადაიჭრა, სამსახურის თანამშრომელი დაუკავშირდება სადაზღვევო კომპანიას და მიიღებს მათ ახსნა-განმარტებას მომჩივნის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.
მედიაციის სამსახური საჩივრების უმეტესობას აგვარებს ტელეფონით, ელ. ფოსტითა და წერილობითი მომართვით, რადგან ხშირად დავის მიზეზი ტერმინოლოგიის არასწორი ინტერპრეტირება ან პირობის არასწორი გაგებაა. აქედან გამომდინარე, საჩივრების უმრავლესობა სწრაფად რეგულირდება. როდესაც საჩივარი არის უფრო რთული, მედიაციის სამსახური წერილობით მიმართავს სადაზღვევო კომპანიას, რათა მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურს შეუძლია მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა იმ შემთხვევაშიც კი, როცა საჩივრის საგანი სცილდება მის კომპეტენციას. მედიაციის სამსახური თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების, პაციენტების, ექიმებისა და სხვათა უფლებების დაცვას და ეხმარებიან დაზღვეულს სათანადო ინსტანციასთან მიმართვაში.
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური ზრდის მოსახლეობის ინფორმირებულობას ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაზღვევო კომპანიასთან მოქალაქის ურთიერთობისას, პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, ახდენს მათთვის პროფესიონალური და ადვილად ხელმისაწვდომი დახმარების უზრუნველყოფას.
მედიაციის ექსპერტული გუნდი, მათი ყოველდღიური საქმიანობების გარდა, აქტიურადაა ჩართული ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში არსებული სისტემური პრობლემების წარმოჩენასა და ერთობლივი თანამშრომლობითი მეთოდებით მათ მოგვარებაში, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის დახვეწაში. ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური ამზადებს კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, სადაც უშუალოდ არის მოცემული როგორც მათი საქმიანობის ანგარიში, ისე საჩივრების ანალიზი სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.
მედიაციის სამსახური და იძულებით გადაადგილებული პირები
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის მომსახურებით შესაძლებელია ისარგებლოს სადაზღვევო ურთიერთობაში ჩართულმა ნებისმიერმა პირმა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა. 2009 წლის განმავლობაში მედიაციის სამსახურის მიერ მიმდინარეობდა აქტიური საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა რეგიონებში, რათა გაზრდილიყო მოსახლეობის ცნობიერების დონე. აღნიშნული საინფორმაციო ღონისძიებები მედიაციის სამსახურმა განახორციელა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობითა და თანამშრომლობით. 2009 წლის აგვისტოსექტემბრის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ჩოღეფორმ-ის მხარდაჭერით მედიაციის სამსახურმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა გასვლითი შეხვედრები ცხინვალისა და კოდორის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან კომპაქტურად დასახლებულ ცენტრებში. სულ ჩატარდა 34 შეხვედრა 5000-მდე ოჯახთან, რაც დაახლოებით შეადგენს 16000 ადამიანს.
მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის შესახებ, დეტალურად განემარტათ ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები და სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის წესები.
მედიაციის სამსახურის მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები
№ |
კომპაქტური დასახლება |
სულადობა |
ოჯახების |
1 |
მცხეთა - წეროვანი |
6559 |
2001 |
2 |
მცხეთა - ფრეზეთი |
960 |
268 |
3 |
მცხეთა - წილკანი |
1351 |
397 |
4 |
მცხეთა - წინამძღვრიანთკარი, |
209 |
61 |
5 |
მცხეთა - წინამძღვრიანთკარი, |
138 |
40 |
6 |
მცხეთა - საგურამო, ინტერნატი |
136 |
36 |
7 |
მცხეთა - საგურამო, |
75 |
24 |
8 |
მცხეთა - საგურამო, |
46 |
11 |
9 |
დუშეთი - ბაზალეთი |
311 |
102 |
10 |
ქარელი - ახალსოფელი |
341 |
100 |
11 |
ქარელი - მოხისი |
226 |
58 |
12 |
ქარელი - ელ. ტექნიკუმი |
187 |
64 |
13 |
ქარელი - პროფტექნიკუმი |
148 |
48 |
14 |
კასპი - მეტეხი |
125 |
35 |
15 |
კასპი - თელიანი |
169 |
54 |
16 |
გორი - ბერბუკი |
449 |
134 |
17 |
გორი - კვერნათი |
13 |
9 |
18 |
გორი - მუსიკალური სკოლა |
83 |
40 |
19 |
გორი - ნარკოლოგიური |
111 |
64 |
20 |
გორი - ხურვალეთი |
440 |
139 |
21 |
გორი - შავშვები |
591 |
177 |
22 |
ხაშური - პროფტექნიკუმი |
195 |
50 |
23 |
ხაშური - საბავშვო ბაღი |
75 |
22 |
24 |
სურამი - პროფტექნიკუმი |
79 |
28 |
25 |
სურამი - სანატორიუმი |
95 |
40 |
26 |
სურამი - კოტეჯი |
22 |
13 |
27 |
სურამი - ჩუმათელეთი |
114 |
38 |
28 |
საგარეჯო |
75 |
24 |
29 |
ლაგოდეხი |
54 |
18 |
30 |
თელავი |
80 |
26 |
31 |
თეთრიწყარო - კოდა |
1370 |
446 |
32 |
გარდაბანი |
321 |
125 |
33 |
ბოლნისი - ქვემო ბოლნისი |
68 |
20 |
34 |
მარნეული - შუშანი |
556 |
209 |
სასარგებლო ცნობები
მედიატორის მუშაობის პრინციპები:
მედიაციის პროცესში ჩართული ნებისმიერი მხარისათვის მედიატორის მიერ მიცემული რეკომენდაცია არის მიუკერძოებელი, კონფიდენციალური, კეთილსინდისიერი და დასაბუთებული;
მიმმართველსა და მედიატორის ოფისს შორის წარმოებული მიმოწერისას მიმმართველს ჰყავს კონკრეტული საკონტაქტო პირი;
მედიაციის სამსახური ყოველთვის ცდილობს პრობლემის დროულად მოგვარებას;
მედიაციის ოფისმა შესაძლოა, მხოლოდ მიმმართველის ნებართვის შემდეგ მოიძიოს საჭირო სამედიცინო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას მედიატორი მჭიდროდ თანამშრომლობს მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან;
მედიატორი უზრუნველყოფს მიმმართველისათვის სარწმუნო ინფორმაციისა და კვალიფიციური რჩევის მიწოდებას;
მედიატორი ასაბუთებს და იძლევა განმარტებებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესახებ და შემდეგ უწევს კონტროლს გამოტანილი დასკვნისა თუ რეკომენდაციის შესრულებას.
რას მოელის მედიატორი მიმმართველისაგან?
მედიატორი მოელის კეთილსინდისიერი, არაცრუ ინფორმაციის მიღებას, მოთხოვნის შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის დროულად მიწოდებას, რომელიც დაეხმარება მედიატორს მომართვის განხილვასა და მოგვარებაში.
რის შესახებ შეიძლება იყოს მომართვა?
მომართვა, რომელიც წარედგინება მედიატორს, უნდა შეეხებოდეს ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხს. თავდაპირველად მოქალაქემ უნდა მიმართოს სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც შესაძლოა, მიმმართველის სასარგებლოდ გადაწყვიტოს საკითხი. თუ ამის შედეგად არ მოგვარდა პრობლემა, შემდეგ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიატორს.
რა ტიპის მომართვებს არ განიხილავს მედიატორი?
მედიაციის სამსახური არ განიხილავს მომართვებს, რომლებიც შეეხება დაწესებულებების ან სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ან ჩატარებული მკურნალობის ხარისხს. ესეთი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია უნდა წარედგინოს სათანადო ორგანოს, როგორიცაა, მაგალითად, ომბუცმენი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
მედიაციის სამსახური ასევე არ განიხილავს წმინდა კომერციული სახის მომართვებს.
ვის შეუძლია მომართვის წარდგენა?
მედიაციის სამსახურში მომართვის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც მონაწილეობს ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში.
რა სახის ინფორმაცია ესაჭიროება მედიატორს?
მიმმართველმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა და ამ ფორმის მეშვეობით უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
მომართვის დეტალური აღწერა;
სადაზღვევო კოპანიის დასახელება და პოლისის (ბარათის) ნომერი;
მიმმართველის ხედვა, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემა. მედიატორის ოფისი მიმმართველს აცნობებს რაიმე სხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საჭიროების შემთხვევაში.
ვინ არის ჩართული მედიაციის პროცესში?
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის მხრიდან მედიაციის პროცესში ჩართულები არიან: მედიატორი, იურიდიული კონსულტანტი და ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალისტები.
რა მოჰყვება მომართვას?
ხშირად მომართვის მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული გაუგებრობა. მედიატორის ოფისის თანამშრომელი მომმართველს აუხსნის და განუმარტავს მომართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ძალიან ხშირად ეს საკმარისია პრობლემის გადასაჭრელად. სხვა შემთხვევაში, მედიატორის ოფისის თანამშრომელი დაუკავშირდება მომმართველის სადაზღვევო კომპანიას და მიიღებს მის ახსნა-განმარტებებსა და მოსაზრებებს მომმართველის პრობლემების მოსაგვარებლად.
მედიატორი მომართვების უმეტესობას აგვარებს ტელეფონით და ელ. ფოსტით და, ამდენად, მათი უმრავლესობა რეგულირდება სწრაფად. როდესაც მომართვა არის უფრო რთული, მედიატორი წერილობით მიმართავს სადაზღვევო კომპანიას, რათა მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია პრობლემის გადასაჭრელად. ასეთ შემთხვევაში მომართვის განხილვას მეტი დრო სჭირდება, მაგრამ მედიატორის ოფისი რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი მომართვის განხილვის შესახებ.
როგორ დავუკავშირდეთ მედიატორს?
მედიატორთან დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 10:00 - 18:00 სთ-მდე;
წერილობით ან ელ. ფოსტით.
მედიაციის სამსახურის ვებ-გვერდი: www.him.ge
ელ. ფოსტა: info@him.ge
ტელ: (+995 32) 555 115
![]() |
8 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი |
▲ზევით დაბრუნება |
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან და აქვს მუდმივად მოქმედი წარმომადგენლობა შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ზუგდიდში, სოხუმში, გალსა და ცხინვალში. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ კი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“ გახსნა წარმომადგენლობა გორში.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო“ კომიტეტი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ექსკლუზიურად მუშაობს ჰუმანიტარული მისიით და მისი მიზანია ომისა და შიდა კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარება.
დადგენილი მანდატის შესაბამისად, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ ახორციელებს მუდმივ ზედამხედველობას კონფლიქტურ რეგიონებში. 2009 წელს ორგანიზაციამ განახორციელა 33 ოჯახის გაერთიანება ადმინისტრაციული საზღვრის გარშემო, ასევე ჩაატარა ცხინვალსა და მის შემოგარენში მცხოვრები 20 ადამიანის სამედიცინო გამოკვლევა.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ ინტენსიურად მუშაობს კონფლიქტის შედეგად დაკარგული ადამიანების ოჯახებთან მათი ინფორმირებისა და მხარდაჭერისათვის. 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაკარგული ადამიანების თაობაზე მუშაობის პროცესში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“, როგორც მედიატორმა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის (რუსეთი, საქართველო და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება), შექმნა კოორდინაციის მექანიზმი. აღნიშნული ინიციატივა ეხმარება ოფიციალურ და არაოფიციალურ წარმომადგენლობებს ადამიანთა ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ პროცედურებში, ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში მიუხედავად იმისა, საქმე ეხება სამხედრო თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს.
ერთ-ერთი აქტიური მიმართულება, რაზეც „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ მუშაობდა აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, არის ფეთქებადი ნარჩენების საშიში ზეგავლენის შემცირება მოსახლეობაზე პოსტკონფლიქტურ რეგიონებში. ამ მიზნით „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლები რეგულარულად აწვდიდნენ ინფორმაციას კონფლიქტით დაზარალებული ტერიტორიის მოსახლეობას არსებული საფრთხეების შესახებ. სახელმწიფო უწყებები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ, იყვნენ მობილიზებული, დაუყოვნებლივ მოეხდინათ რეაქცია ფეთქებადი ნარჩენების გასანეიტრალებლად. მარტისა და აპრილის თვეში, ას სამმა მოხალისემ საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ოთხივე ფილიალიდან გაიარა მომზადების ტრენინგი უსაფრთხო განაღმვასთან დაკავშირებით. ამასთან, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ თანამშრომლებმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ პოსტკონფლიქტურ რეგიონებში მოსახლეობასთან, გაიარეს მოსამზადებელი კურსი პოსტკონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით. ცხინვალისა და მიმდებარე ტერიტორიების 72 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია ფეთქებად ნარჩენებთან დაკავშირებულ ძირითადი რისკების შესახებ. ზემოაღნიშნულის გარდა, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“ საქართველოს ომის ფეთქებადი ნარჩენების კოორდინაციის ცენტრთან ერთად შექმნა მონაცემთა ბაზა, სადაც დაფიქსირდა ფეთებადი ნარჩენების აღმოჩენის შემთხვევები.
შემდეგი მთავარი მიმართულება, რომელზეც მუშაობს „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“, გახლავთ ჯანდაცვა. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი პირველად ჯანდაცვაზე სოფლის მიდამოებში, განხორციელდა ადგილზე ვიზიტები ხანდაზმული მოსახლეობის მომსახურების მიზნით. ამასთან, პირველადი ჯანდაცვის სამი ობიექტი გარემონტდა და აღჭურვილ იქნა შემდეგ სოფლებში: ხეთაგუროვო, გერი და მუგუთი; სამედიცინო მომსახურების 19 ცენტრს მიეწოდა პირველადი მოხმარების მასალა; ინვალიდის 11 ეტლი გადაეცა ცხინვალისა და ხეთაგუროვოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პაციენტებს; იანვარიმარტის პერიოდში 6 ამბულატორიას გორის რაიონში და 2 ამბულატორიას კარალეთის რაიონში გადაეცათ სამედიცინო აღჭურვილობა (ელექტროკარდიოგრაფი, ოტოსკოპიისა და ოფთალმოსკოპიის აპარატები).
ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებთან ერთად, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მიერ დიდი ყურადღება ეთმობა ეკონომიკური უსაფრთხოების კომპონენტს. 2008 წლის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამის ფარგლებში, გორისა და კარალეთის მოსახლეობაში დარიგდა პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები 21 682 სულისთვის (6 595 ოჯახი), ასევე პირველადი მოხმარების ჰიგიენური პროდუქტები 21 992 სულისთვის (6 686 ოჯახი). ამასთან, 8 548 კუბური მეტრი შეშა გადაეცა შიდა ქართლის რვა სოფლის მოსახლეობას.
2009 წელს „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“ განახორციელა სოციალური კეთილდღეობის პროექტი. პროექტის მთავარი მიზანი იყო შემდეგი: 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ დევნილებში მათი სტატუსის, რეგისტრაციის პროცედურების სისწორის გადამოწმება, დახმარების საკითხის კონტროლი და უზრუნველყოფა. ამ მიზნით შერჩეულ იქნა გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებიდან 83 ოჯახი.
საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“ განაახლა საირიგაციო სისტემა ე.წ. ბუფერული ზონის სოფლებში (შინდისი, ფხვენისი, მერეთი, დიცი, ბროწლეთი და საქაშეთი). ამასთან, დასავლეთ საქართველოში განახლდა 4 კოლექტიურ ცენტრის რეაბილიტაცია, რომელშიც 707 დევნილია ჩასახლებული. იტალიური მხარის თანადრომითა და დახმარებით „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“ ააშენა 35 ინდივიდუალური აბაზანა და ტუალეტი მეტეხის დასახლებაში, რომელშიც 140 დევნილია ჩასახლებული.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ 2010 წლიდან კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას მრავალი წლის მანძილზე დადგენილი პრიორიტეტების მიხედვით.
![]() |
9 რუბრიკა: თვითმმართველობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო მონაწილების ფორმები
მოქალაქეთა მონაწილეობა ხელისუფლების საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დემოკრატიის თეორიისა და პრაქტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს კომპონენტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძოდ, თვითმმართველობებთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მმართველობის საფუძველთა საფუძველია. ცნობილია, რომ მოქალაქეები მმართველობით პროცესებში ორი გზით მონაწილეობენ - პირველი გზა არის არჩევნები, როდესაც ისინი ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს ხელისუფლების ორგანოებში; მეორე გზა კი არის მოქალაქეების უშუალო ჩართულობა მმართველობით პროცესებში. შესაბამისად, პირველ გზას ეწოდება საარჩევნო დემოკრატია, მეორეს კი - პირდაპირი (მონაწილეობითი) დემოკრატია.
არჩევნებს შორის პერიოდში უბრალო მოქალაქეებისათვის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნა არის ეფექტური მართვისა და დემოკრატიული პოლიტიკის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მოქალაქეთა მონაწილეობა ყველაზე ეფექტურად ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. სწორედ აქ შეუძლია მოქალაქეების მონაწილეობას ყველაზე მეტი ზეგავლენის მოხდენა საბოლოო შედეგზე.
მსოფლიო პრაქტიკაში მონაწილეობისა და ჩართულობის ბევრი განსხვავებული მექანიზმი არსებობს როგორც საკანონმდებლო, ისე ტრადიციებისა და სამოქალაქო კულტურის დონეზე. ამ მექანიზმების გამართულ მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტურობა. ბუნებრივია, ეს საკითხი აქტუალურია საქართველოსთვისაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგად 2006 წლის ბოლოდან ჩამოყალიბდა გამსხვილებული ტიპის თვითმმართველი ერთეულები. გამსხვილებამ გამოიწვია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და მოსახლეობას შორის დისტანციის გაზრდა, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ისეთი მექანიზმების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას, თვითმმართველობის ორგანოების საჯაროობასა და ანგარიშვალდებულებას, აგრეთვე მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში.
ზოგადად, მოქალაქეთა მონაწილეობა სამ დონედ იყოფა: პირველი დონეა არამონაწილეობა, როცა რეალური მონაწილეობის ჩანაცვლება ხდება გარეგნული ეფექტით და ხელისუფლება ცდილობს, მოქალაქეები „გაანათლოს“ სამთავრობო პროგრამების სფეროში; მეორე დონეა იმიტაცია/ჩანაცვლება, როცა მოქალაქეებს აქვთ აზრის გამომოთქმის საშუალება, მაგრამ არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის რეალური შესაძლებლობა; მესამე დონეა მოქალაქეთა ძალაუფლება, როცა მოქალაქეს აქვს უფლება და საშუალება, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცეში და იქონიოს ზემოქმედება მისაღებ გადაწყვეტილებებზე.
რაც შეეხება მონაწილეობის ფორმებს, ესენია: მოქალაქეთა საერთო კრება, მოქალაქეთა კომიტეტები, მრჩეველთა საბჭოები, ღია სხდომები, საჯარო მოსმენები, ახალგაზრდული საბჭოები, დისკუსია ღია ეთერში და მრავალი სხვა ინოვაცია.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ხშირად გამოიყენება საჯარო მოსმენები და საკრებულოს ღია სხდომები, შემდეგ მოდის მოქალაქეთა კომიტეტები, შეხვედრები არჩეულ პირებთან და ბოლო ადგილზე დგას დისკუსიები მედიაში.
უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეთა მონაწილეობის რომელიმე ფორმის გამოყენება მონაწილეობის მაღალ დონეს თავისთავად არ განაპირობებს. პირიქით, როგორც წესი, სხვადასხვა დონეები ერთი და იგივე ფორმებს იყენებენ. მაგალითად, მოქალაქეთა კომიტეტი შესანიშნავად შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც მონაწილების უმაღლეს დონეზე, ასევე მონაწილეობის ყველაზე დაბალი დონის დროს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მონაწილეობის ფორმები თავად არაფერს განსაზღვრავენ, განმსაზღვრელია საზოგადოებრივი კულტურა, საზოგადოებრივი ჯგუფების შესაძლებლობანი და ხელისუფლების პოლიტიკური ნება.
მოქალაქეთა მონაწილეობა, როგორც კონსტრუქციული პროცესი, შეუძლებელია ინსტიტუტების გარეშე. ასეთი ინსტიტუტებია: ინტერესთა ჯგუფები, საზოგადოებრივი გაერთიანებები და ხელისუფლების ორგანოები.
ინტერესთა ჯგუფები. ქართული საზოგადოება, როგორც ყველა პოსტსაბჭოთა საზოგადოება, მეტად ფრაგმენტირებულია - ქვეყანაში არ არსებობს ფართო საშუალო ფენა მკვეთრად ჩამოყალიბებული საჯარო ინტერესებით, შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო მონაწილეობის სოციალური დასაყრდენი, რომელიც საზოგადოების თვითორგანიზების უმთავრესი საფუძველია. უმეტეს შემთხვევაში სახეზეა ორმაგი ცნობიერება, როდესაც საზოგადობის წევრი, ერთი მხრივ, აპელირებს პატრიოტიზმისა და სოლიდარობის იდეებით, მეორე მხრივ კი, საკუთარი გარემოსა და ხელისუფლების მიმართ მხოლოდ მომხმარებლური და მოკლევადიანი მიდგომები გააჩნია.
საზოგადოებრივი გაერთიანებები, ძირიდადად, ე.წ. მექანიკურ სოლიდარობას ეფუძნებიან, როდესაც ერთნაირი შეხედულების მატარებელი ან ერთ არეალზე მცხოვრები ადამიანები თვითორგანიზებას ახდენენ. დღეს საქართველოში 4 ათასზე მეტი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რომლებიც მოსახლეობის 1%25-საც კი ვერ მოიცავს. რეალურად მხოლოდ 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს და აქედან მხოლოდ 14-ია მეტ-ნაკლებად წარმატებული.
ხელისუფლება. ჩვენ ყურადღებას, ძირითადად, ადგილობრივ ხელისუფლებაზე გავამახვილებთ, რადგანაც ისინი სამოქალაქო მონაწილეობის მთავარი აქტორები არიან.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა 1998 წელს შეიქმნა, რამაც სათავე დაუდო დეცენტრალიზაციის ხანგძლივ და წინააღმდეგობრივ პროცესს. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და ადგილობრივი ხელისუფლების ძალაუფლება კვლავ შეზღუდულია.
1998 წელს არჩეულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობა პატარა სოფლებსა და ქალაქებში. ამ სისტემაში სოფლებსა და პატარა ქალაქების თვითმმართველობები (1,011 ერთეული) მხოლოდ ნომინალურად არსებობდა და გადაწყვეტილებები რაიონისა და მსხვილი ქალაქების დონეზე მიიღებოდა. ეს უკანასკნელნი კი ცენტრალური ხელისუფლების ნაწილები იყვნენ. ამან მეტად გაართულა მონაწილეობა, მოსახლეობა ურთიერთობდა საკრებულოებთან, რომელთაც არანაირი ფუქნცია არ გააჩნდათ, ხოლო რაიონული დონეზე, სადაც ძალუფლება იყო კონცენტრირებული, არანაირი წარმომადგენლობა არ არსებობდა.
მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2006 წელი, როდესაც ახალი ორგანული კანონის საფუძვლეზე გაუქმდა უფუნქციო თვითმმართველობები სოფლებსა და პატარა ქალაქებში და ძველი რაიონი გადაკეთდა თვითმმართველ ერთეულად. შედეგად მივიღეთ ქვეყანაში 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი.
აღიარებულია, რომ მსხვილი მუნიციპალიტეტი ნიშნავს დიდ დისტანციას მოსახლეობასა და ადმინისტრაციას შორის. ცხადია, მონაწილეობა უფრო იოლია იქ, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულში 500 მოსახლეა და ძნელია იქ, სადაც მუნიციპალიტეტი 50 000 მოქალაქეს ითვლის. ამ კუთხით 2006 წლის ადგილობრივ რეფორმას მოქალაქეთა მონაწილეობაზე უარყოფითი გავლენა უნდა ჰქონოდა, მაგრამ ასეთი ტენდენცია არ გამოკვეთილა, რადგან, სამწუხაროდ, არც 2006 წლამდე ამტვრევდა ადგილობრივი მოსახლეობა პატარა სოფლებისა და ქალაქების ადმინისტრაციის კარებს მონაწილეობისათვის.
2006 წლიდან გამოიკვეთა სუსტი ტენდენცია, როდესაც თვითმმართველობა თავად ცდილობს მოსახლოების მიზიდვას. ძირითადად, ხდება საჯარო მოსმენების ორგანიზება, თუმცა ამ ღონისძიებებში მოსახლების ფართო ფენები არ მონაწილეობს და ძირითად, ე.წ. „აქტივით“ შემოიფარგლება ყველაფერი. ასეთი საჯარო მოსმენების პრაქტიკის დამკვიდრებას ხელი შეუწყო ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულმა „სოფლის დახმარების პროგრამამ“, სადაც პრიორიტებები ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სწორედ მოსახლეობის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს.
უმაღლესი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობის უფლებას, არის საქართველოს კონსტიტუცია. შემდეგი საკანონმდებლო აქტი, რომელიც აკონკრეტებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. იგი საშულებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მონაწილეობა მიიღოს მმართველობის კოლეგიალური ორგანოს სხდომებში და ხელისუფლების ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები, პროექტები თუ წინადადებები. აღსანიშნავია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ასეთი უფლება აქვს როგორც ადამიანთა ჯგუფს, ისე თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად.
შემდეგი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ეხება მოქალაქეთა მონაწილეობას, არის საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“. ეს კანონი კიდევ უფრო აზუსტებს და აკონკრეტებს მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებსა და ჩარჩოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიმართებაში. ორგანული კანონი აწესებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ხორციელდებოდეს მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპის დაცვით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი სამსახურები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა კონტროლის გამჭვირვალობისათვის.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, ადგილობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით გამოაქვეყნონ:
ინიცირებული გადაწყვეტილებათა პროექტები;
ინიცირებული გადაწყვეტილებათა პროექტების განხილვის პროცედურები და ვადები;
საკრებულოს, საკრებულოს კომისიის სხდომების დღის წესრიგი, ჩატარების ადგილი და თარიღი; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოსა და საკრებულოს კომისიის სხდომებში;
მიღებული ნორმატიული, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული აქტები, მათი გასაჩივრების ვადები და პროცედურები;
გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლში მოქალაქეთა მონაწილეობის ვადები და პროცედურები.
ამავე დროს, ორგანული კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარდგნენ მათ წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით, აგრეთვე უპასუხონ ანგარიშის მოსმენისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
სიახლე, რაც ორგანულმა კანონმა შემოიტანა, არის პეტიცია. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%25-ს უფლება აქვს, მოამზადოს და შეიტანოს საკრებულოს დადგენილების პროექტი ან წარადგინოს წინადადება საკრებულოს ნორმატიული აქტის გაუქმების, ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან დამატებების შეტანის შესახებ. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს თან უნდა ერთოდეს ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება, პროექტის ავტორისა (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი. საკრებულო ვალდებულია, პეტიციის წესით შემოტანილი პროექტი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი.
ადგილობრივი ნორმატიული აქტი, რომელშიც დეტალურადაა მოცემული მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტები, გახლავთ საკრებულოს რეგლამენტი. მისი მეოთხე მუხლი აღიარებს მოქალაქეთა მონაწილეობის პრიმატს. მუხლი 9 ამბობს, რომ საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეს აქვს დასწრების უფლება თავმჯდომარის მიწვევით. მუხლ 11-ს შემოაქვს მონაწილეობის ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა „ღია სხდომა“. იგი იმართება სესიის ბოლო დღის პირველ ნახევარში. მოქალაქემ, რომელსაც უნდა ამ სხდომაზე გამოსვლა, 3 დღით ადრე უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და მას მიეცემა 5 წუთი გამოსვლისათვის. ყველა ასეთი გამოსვლის შემდეგ საკრებულო ხმათა უმრავლესობით წყვეტს, რომელი საკითხი გადასცეს რეაგირებისათვის აღმასრულებელს. საკრებულოს აპარატი ვალდებულია, საკითხის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეს. საკრებულო ასევე ვალდებულია, ტერიტორიულ ერთეულში ჩაატაროს გასვლითი სხდომა, თუ ამას ითხოვს ამომრჩეველთა 3%25 (მუხლი 47). რეგლამენტში მითითებულია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები უნდა განიხილონ საჯარო მოსმენის წესით (მუხლი 70). მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველი ერთეულების დებულებების უმრავლესობაში სხვადასხვა ხარისხით არის გათვალისწინებული მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმები, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკაში არ გამოიყენება. ისეთი მექანიზმები, როგორებიცაა პეტიცია, საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა, საკრებულოს გასვლითი სხდომა, საკრებულოში საკითხის საჯარო განხილვა, იშვიათი შემთხვევების გარდა, პრაქტიკულად არ მუშაობს. ამის გამომწვევ მიზეზებად მოსახლეობის არასაკმარისი ინფორმირებულობა, აგრეთვე ამ კუთხით თვითმმართველი ერთეულებისა და მოსახლეობის არასაკმარისი აქტიურობა უნდა დავასახელოთ.
საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობა სხვადასხვა ფორმით მეტ-ნაკლებად იღებს ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ, თუმცა თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობის კონკრეტული მექანიზმებისა და პროცედურების შესახებ მათი ინფორმირებულობის დონე დაბალია.
![]() |
10 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორინგის შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ახორციელებს პატრულირებას მისი ლურჯი ან თეთრი ფერის მანქანებით ან ესაუბრებით დამკვირვებლებს, იცოდეთ, რომ ისინი მუშაობენ ობიექტური ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელიც მიეწოდება გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მომავალ გამოცემებში თქვენ უფრო მეტს შეიტყობთ ჩვენ შესახებ.
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანლის სტივ ბერდის თქმით: „აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება ხელმოწერილი იყო პრეზიდენტებს - სარკოზისა და მედვედევს - შორის. ისინი ასევე შეთანხმდნენ 8 სექტემბრის გეგმებზე 6-პუნქტიანი შეთანხმების განსახორციელებლად. აგვისტოს შეთანხმების მე-6 პუნქტი ეხება საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით - 8 სექტემბრის შეთანხმებათა შესაბამისად, გადაწყვეტილი იყო ამ დისკუსიების გამართვა ჟენევაში 2008 წლის 15 ოქტომბერს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესამოწმებლად და ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხის მოსაგვარებლად საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და პოსტკონფლიქტური დარეგულირების პრაქტიკის საფუძველზე.
ამ შეთანხმებათა ნაწილს შეადგენდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დაარსება მათი განხორციელების სამეთვალყურეოდ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატე მოიცავს ნორმალიზაციას, რომელიც ნიშნავს სამოქალაქო მმართველობის პროცესის და, როგორც ძველი, ისე ახალი ნაკადის იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისა და საარსებო პირობების მონიტორინგს. ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების ფარგლებში ჩვენ ასევე ვაკვირდებით ადგილობრივი მოსახლეობის ზოგად მდგომარეობას. ეს არის მისიის მანდატი 2010 წლის სექტემბრამდე.“
საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მთელი ძალისხმევით მუშაობს ამ ხალხისათვის პირობების გასაუმჯობესებლად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აკვირდება ამ პროცესის პროგრესსა და ნაკლოვანებებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გორის რეგიონულ ოფისში დასაქმებულია 100 საერთაშორისო დამკვირვებელი ევროპის 17 სხვადასხვა ქვეყნდან. შამი სხვადასხვა გუნდი მუშაობს ადმინისტრაციულ საზღვარზე ნდობს აღდგენის, შესაბამისობის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხებზე.
გორის რეგიონულ ოფისის პასუხისმგებლობის სფეროს წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდებარე ზონა (რომელიც რუკაზე ლურჯი ფერით არის აღნიშნული).
გორის რეგიონულ ოფისის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე გუნდის მთავარ ამოცანას წამოადგენს ჩვენი პასუხისმგებლობის ზონაში ადმიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დაკავშირებული სიტუაციის მონიტორინგი, როგორიცაა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჭირვებული ხალხის მხარდაჭერა. მთავარი ყურადღება ეთმობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფლებს. გუნდი აგროვებს ინფორმაციას ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.
ჰუმანიტარული სიტუაციის მონიტორინგის ერთ-ერთ პოზიტიურ მაგალითს ოძისის სკოლის რემონტი წარმოადგენს. ოძისის სკოლის დირექტორმა გამოხატა თავისი მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიმართ სკოლის რემონტისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტის ბოლოდროინდელ გაზრდასთან დაკავშირებით. დუშეთის საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის მიერ განსაზღვრული ბიუჯეტი მოიცავდა 55 00 ლარს. იმის წყლობით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) თავის ანგარიშში გაამახვილა ყურადღება ოძისის სკოლის სავალალო მდგომარეობაზე და გადასცა შეგროვებული ინფორმაცია შესაბამის დეპარტმენტს, ბიუჯეტი 80 000 ლარამდე გაიზარდა.
2009 წლის დეკემბერსა და 2010 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების გუნდი ყურადღებას ამახვილებდა თემაზე: „ბოლო მოეღოს დისკრიმინაციას და მივემხროთ მრავალფეროვნებას“. გორის რეგიონულმა ოფისმა მოაწყო 11 პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სკოლებსა და იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებებში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დამკვირვებლები ეწვივნენ სკოლებს დვანში, სტეფანწმინდაში, ფასანაურში, ანანურში, ოძისში, დიდ ხურვალეთში, დირბში, მერეთში, ახალუბანში, ბაზალეთსა და გრემისხევში. თითოეულ პრეზენტაციას, დაახლოებით, 30-50 ადამიანი დაესწრო - მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და გამგებლები. ზოგიერთ სკოლაში მასწავლებლებმა წინასწარ ჩაატარეს გაკვეთიელები ადამიანის უფლებათა თემაზე და ზოგ ბავშვს უკვე ჰქონდა საბაზისო ცოდნა ადამიანის უფლებათა შესახებ.
თითქმის ყველა სკოლაში მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ჰქონდათ კითხვები გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით.
2010 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხების გუნდმა ორგანიზაცია გაუწია 5 შეხვედრას დვანის, დირბის, დიდი მეჯვრისხევის, ქვემო ჭალისა და დიცის ადმინისტრაციულ ცენტრებში. ერთმანეთს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, მოსახლეობის, პოლიციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ სოფლებში არსებულ სიტუაციას ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.
ყველა შეხვედრა მონაწილეთა მიერ დადებითად შეფასდა. შეხვედრების დროს, ძირითადად, განიხილებოდა გადაადგილების თავისუფლებასთან, ინფრასტრუქტურასთან (ცუდი გზები), წყლისა და ენერგომომარაგებასთან და ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული პრობლემები.
სხვადასხვა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავიანთი პროექტები წარმოადგინეს. შეხვედრების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებებთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მონაწილის ერთმანეთთან დაკავშირება განუწყვეტელი თანამშრომლობისა და კოორდინაციის მისაღწევად.
![]() |
11 რუბრიკა: დევნილთა უფლებები და მათი ინტერესების დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
მოსახლეობის აქტიურობა დარღვეული უფლებების აღდგენის საწინდარია
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც ნათელყოფს დევნილთა უფლებების უხეშ დარღვევას. ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ დირექტორი ლია მუხაშავრია გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარება შეიძლება მიიღონ დევნილებმა „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტში“.
ლია მუხაშავრია: „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ დაარსდა 2007 წელს, რომლის მისიაა ადამიანის უფლებების დაცვა. თავდაპირველად, ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ევროსასამართლოს საქმეებით, ანუ ჩვენ ვიღებდით საქმეს მას შემდეგ, რაც ამოწურული იყო ყველა შიდა სამართლებრივი საშუალება. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ომით დაზარალებული მოსახლეობისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის საჭიროება იმდენად დიდი იყო, რომ არ შეიძლებოდა ამ ფაქტებისათვის ზურგის შექცევა. როდესაც დავიწყეთ სამართლებრივი დახმარების გაწევა, მივედით იმ დასკვნამდე, რომ პოლიტიკა და სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების მიმართ საკმაოდ ნეგატიურია. დარღვეულია ამ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები, რომლის აღდგენაში სახელმწიფო თუ ასეთ მინიმალურ როლს შეასრულებდა, დაუჯერებლად გვეჩენებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად გვემუშავა, ვინაიდან მიგვაჩნია, აქტიური სამართლებრივი დახმარება ნიშნავს დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენას. პირველ ეტაპზე, ძალიან წარმატებული იყო სასამართლოში ჩვენი წასვლა, შიდა სასამართლო მექანიზმების გამოყენება დევნილის სტატუსთან დაკავშირებით. საოცარი იყო, რომ ამდენ ადამიანს, რომლებიც ყველა საერთაშორისო დონეზე აგვისტოს დღეებში მოხსენიებულნი იყვნენ დევნილებად და იძულებით ადგილნაცვალ პირებად, ასეთი სტატუსი იური-დიულად, სამართლებრივად ამ სახელმწიფომ არ მისცა და ამ უფლების რეალიზაცია არ მოახდინა. ჩვენ ვიყავით ის ორგანიზაცია, რომლებმაც ვაიძულეთ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოში ეღიარებინა, რომ მართლაც ეკუთვნის ამ ხალხს დევნილის სტატუსი. სამინისტრომ დათანხმება ამჯობინა და გამოაცხადა მასმედიით, რომ ისინი ამ პროცესს იწყებენ და მიიყვანენ ბოლომდე.
ჩვენი სამართლებრივი დახმარება არის ე.წ. სტრატეგიული ხასიათის, ანუ ჩვენ ვირჩევთ ისეთ საქმეებს, რომლის ერთჯერადი გადაწვეტა ასობით და ხანდახან ათასობით ადამიანის საკითხს გადაწყვეტს დადებითად. ეს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანისათვის დარღვეული უფლების აღდგენა სხვა, მსგავსი ტიპობრივი შემთხვევებისათვის იქნება პრეცედენტული.
დაახლოებით ნახევარი წელია, ჩვენ წამოვიწყეთ სასამართლო საქმეები ომით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. როდესაც ჩვენ სამართლებრივად შევისწავლეთ ეს საკითხი, აღმოვაჩინეთ, რომ ომმა მხოლოდ დევნილები კი არ წარმოშვა, არამედ - ომით დაზარალებული მოსახლეობის კატეგორიაც, რომელსაც აქვს სპეციფიკური პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ სამართლებრივი გზით. ერთი მხრივ, ესენი არიან დევნილები, მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც მცირე ხნის მანძილზე იყვნენ დევნილები და დაბრუნდნენ შინ, სადაც დახვდათ ან გადამწვარი სახლ-კარი, ან გაძარცვული ქონება, ან, უბრალოდ, ზიანი მიადგათ იმის გამო, რომ ვერ აიღეს მოსავალი. თუ ქონებრივი ზიანი არ მიადგათ, მიადგათ ჯანმრთელობის ზიანი ან ადამიანი დაიღუპა, ან დაზიანდა, დაიჭრა ან იყო ტყვედ. ეს არის იმ ადამინათა კატეგორია, რომლებსაც ჩვენ მოვიაზრებთ, როგორც ომით დაზარალებულთა კატეგორიად. ეს კრიტერიუმი ძალიან ფართოა, მაგრამ შევეცდებით, რომ ყველა მათგანი მოვიცვათ. ვინაიდან სტრატეგიული მიმართულებით ვმუშაობთ, ვცდილობთ, ყველა კატეგორიისათვის ერთი პრეცედენტი მაინც შეიქმნას.
ძალიან რთული აღმოჩნდა ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ჩვენ დავიწყეთ ამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ომით დაზარალებულ იმ პირთათვის, ვინც დაბრუნდნენ და, ვისაც სახლი ადგილზე დამწვარი დახვდათ. ზიანის ასანაზღაურებლად ძალიან ადვილია ახლა თუნდაც აუდიტორული შეფასების გაკეთება თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მოპასუხეები არიან: საქართველოს მთავრობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება, ჩვენს შემთხვევაში, ეს არის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ახლა ვიკვლევთ, ხომ არ შეიძლება მოპასუხედ ჩაერთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ, რომ სწორედ მას აქვს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი. ჩვენ ძალიან მიზანმიმართულად ვმუშაობთ ამ საქმეებზე. დაზარალებულთა რაოდენობა არის ათასობით, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, ავირჩიოთ მხოლოდ ისეთი საქმეები, როდესაც ჩვენს კლიენტებს აქვთ საკუთრების დამადასტურებელი უტყუარი საბუთები, როდესაც შესაძლებელია თვლადი მაჩვენებლებით გამოისახოს მიყენებული ზიანის ოდენობა და ძალიან ადვილი იყოს მტკიცებულებებით ამ მოთხოვნის დასაბუთება. კარგი იქნება, ამ ტიპის ერთი საქმე მაინც რომ მოვიგოთ და მერე გავავრცელოთ სხვა კატეგორიაზე, მათ შორის იმ კატეგორიაზეც, რომელიც ვერ უბრუნდება თავის სახლ-კარს. ამ კატეგორიის დავები ჩვენს სასამართლოში ჯერ არ გადაწყვეტილა და ეს პირველად ხდება, მაგრამ სასამართლოს მხრიდან იგნორირებასა და თავის დაძვრენის პოლიტიკას ვაწყდებით.
ჩვენ ამ კატეგორიის საქმეების წარმოებას არ შევწყვეტთ და ყველაფერს გავაკეთბთ, რომ შევქმნათ პრეცედენტი და მერე სხვებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ გზაზე იარონ და ყველა სხვა საქმე გაიტანონ. ჩვენ ძალიან დიდი შემართებით ვართ განწყობილნი, რომ შიდა სასამართლო მექანიზმები ვაიძულოთ, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და იქ, როდესაც ამ ადამიანების ზიანზეა საუბარი, აქვე მოვახდინოთ ამ საქმეების რეალიზაცია და არ დაგვჭირდება ამ საქმეებზე ევროპაში წასვლა, თორემ იქ, რა თქმა უნდა, უდავოდ მოვიგებთ.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩვენს სახელმწიფოს აქვს საერთაშორისო სასამართლოებში დავა რუსეთთან და ჩვენ მიერ ასეთი საქმეების მოგება, წაადგებოდა იმ საქმეებსაც. მაგალითად, თუ ჩვენი სასამართლო იტყვის, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად მიადგათ ზიანი და საქართველოს სახელმწიფო ნებაყოფლობით მათ უნაზღაურებს ზიანს, ეს ქართულ მხარეს აძლევს უფლებას, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგის ტრიბუნალზე და სტრასბურგის სასამართლოში, სადაც 2 საქმე არის სახელმწიფოთაშორის დავის ფორმატში, დააყენონ ეს საკითხი. მათ უნდა თქვან, რომ მე კი ავუნაზღაურე ჩემს მოქალაქეს მიყენებული ზიანი, მაგრამ ახლა შენ, მოპასუხე რუსეთის ფედერაციამ უნდა ამინაზღაურო რეგრესის წესით. ეს იქნებოდა კიდევ ერთი კარგად დასაბუთებული არგუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ არ მგონია, რომ ისინი ასე კარგად ხედავდნენ სამართლებრივ ლოგიკას. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ იქნებ რომელიმე მოსამართლემ ან საჯარო მოხელემ წაიკითხოს ეს სტატია და გაიაზროს, რომ ასეთი შესაძლებლობა არ უნდა დაკარგონ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში სხვა კატეგორიის საქმეებსაც წამოვიწყებთ. ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი სამუშაო იმიტომ, რომ თავიდანვე დაწყებული მიდგომა ომით დაზარალებულთა საქმეების მიმართ როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, იმდენად ცუდად არის გაკეთებული, რომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალიან თავდაუზოგავი შრომის გარეშე, ეს ადამიანები დარღვეულ ელემენტარულ უფლებებსაც კი ვერ აღიდგენენ.
- თქვენ ახსენეთ, რომ მოგებული საქმეებით პრეცედენტტული მიდგომა ჩამოაყალიბეთ, მაგრამ ქართული სამართალწარმოება არ სცნობს პრეცედენტტულ სამართალს. ამ შემთხვევაში, როგორ მოხდება შემდგომი განვითარება? შეიძლება რაღაც საქმეები მოიგოთ, მაგრამ, თქვენი ვარაუდით, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს?
- ეგ დებულება, რომ ქართული სამართალი პრეცედენტულ სამართალს არ სცნობს, მთლად ჭეშმარიტი არ არის. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდით ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და ევროსასამართლოს იურისდიაქცია ვაღიარეთ და ასევე მას შემდეგ, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, მიმართონ ევროსასამართლოს და იქ აღიდგინონ დარღვეული უფლებები, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები არის პრეცედენტული და მათ აქვთ პირდაპირი მოქმედების ძალა ჩვენს სამართალწარმოების სისტემაში. ამიტომ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, რომ ევროსასამართლოს მიერ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება არ აღსრულდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილების აღსრულება ნიშნავს არა მხოლოდ იმ კონკრეტული ინდივიდის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, არამედ ამ პრეცედენტის შედეგად ეს გადაწყვეტილება ითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომლის გამოც და, რომლის საფუძველზეც, უნდა გადაისინჯოს ამ საქმეზე საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული ყველა სამართლებრივი გადაწყვეტილება, ამ გადასინჯვის პროცესში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ის პრეცედენტი. გარდა ამ პრაქტიკული საქმეების გადასინჯვისა, თუ კანონმდებლობა იყო ხარვეზიანი და შექმნა ასეთი დარღვევის მოხდენის შესაძლებლობა, უნდა გადაისინჯოს კანონმდებლობაც. ამისი ვალდებულება, ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, აღებული გვაქვს მაშინაც, როდესაც ხელი მოვაწერეთ და რატიფიკაცია გავუკეთეთ ევროპულ კონვენციას, ეს არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის ნაწილი. არსებობს 35 პრეცედენტტული გადაწვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა. ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ ვთქვათ, ეს პრეცედენტტები დამკვიდრდა ამ სივრცეში და, ე.ი. ჩვენი სამართალიც, ჩვენი მართლმსაჯულებაც, რამდენადმე პრეცედენტულია. მაგალითად, თუ კანონიერ ძალაში შევა ან უზენაეს სასამართლოში დადგინდება რაღაც გადაწყვეტილება, ყველა ადვოკატსა და ყველა მხარეს სხვა სასამართლო დავაში, თუ მსგავსი ტიპის სამართლებრივი საკითხია სადაო, შეუძლია დაეყრდნოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ძალაში შესულ ყველა გადაწყვეტილებას აქვს ე.წ. პრეიუდიციული ძალა ყოველი მომდევნო მსგავსი სადავო საკითხის გადაწყვეტისას. თუ ჩვენ მოვიგებთ ერთ საქმეს ზიანის ანაზღაურების საკითხზე, გარდა იმისა, რომ მას ექნება პრეიუდიციული ძალა ყველა მომდევნო მსგავსი ტიპის საკითხზე, ასევე ჩვენ მოვახდენთ მის გასაჯაროებას, რათა ყველა ადვოკატმა, ყველა დევნილმა, ყველა ომით დაზარალებულმა შეიტყოს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღწეულია.
- თქვენ ბრძანეთ, რომ თავდაპირველად სასამართლოში ბრძოლა დაიწყეთ დევნილთა სტატუსზე. ამის შესახებ წინასწარი მოკვლევა ჩაატარეთ? დაახლოებით რამდენ ადამიანს არ ჰქონდა დევნილის სტატუსი?
- 30 000 დევნილიდან არც ერთს არ ჰქონდა დევნილის სტატუსი. ის ფაქტი, რომ არავის არ ჰქონდა დევნილის სტატუსი ოფიციალურად მინიჭებული, აღმოვაჩინეთ 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის დასაწყისში. ჩვენ სასამართლოში წავედით მოხუცი ქალბატონის, ერთ-ერთი სახელით. აღმოჩნდა, რომ თავად მოსამართლე იყო აფხაზეთიდან დევნილი. მოსამზადებელ სხდომაზე მოსამართლემ გაოცება არ დამალა და იკითხა, ნეტა ამ ქალბატონს რატომ არ მისცეს დევნილის სტატუსიო. მას ეგონა, რომ ყველა სხვას ჰქონდა და ეს ქალბატონი ან გამორჩათ, ან რამე პრობლემა იყო მის სტატუსთან დაკავშირებით. როდესაც ავუხსენით, რომ ეს გამონაკლისი არ იყო და ქალბატონი ბაბუციძე იყო პირველი, ვინც ხმა ამოიღო და სასამართლოს მიმართა, მოსამართლე ძალიან გაოცებული დარჩა. მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ, ანუ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აღიარა, რომ ნამდვილად არავის არ ჰქონდა დევნილის სტატუსი. ეს მოხდა 2009 წლის გაზაფხულზე.
ჩვენ ჩავატარეთ მოკლვევა და სანამ არ დავრწმუნდით, რომ არც ერთი ადამიანი არ იყო, ვისაც ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა, არ არსებობდა არც შესაბამისი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ე.ი. არ არსებობდა არც მათი სტატუსი, მანმადე ვერც ჩვენ ვბედავდით ხმის ამოღებას, იმდენად გასაკვირი იყო ეს ამბავი. დაახლოებით, 2 თვე მოვანდომეთ დარწმუნებას, რომ არც თბილისში და არც რეგიონებში არავის არ ჰქონდა დევნილის სტატუსი. მერე დავიწყეთ ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წერილობით უნდა მიმართო და 1 თვის ვადაში თუ არ დააკმაყოფილა შენი მოთხოვნა, მერე გაქვს უფლება, სასამართლოში გაასაჩივრო. როდესაც ამაზე სისტემურად მუშაობა დავიწყეთ და სამინისტროში დაინახეს, რომ მათ კანცელარიაში საკმაოდ დიდი რაოდენობით გაჩნდა ასეთი განცხადებები, თან ჩვენ ამაზე პრესკონფერენციებიც მოვაწყეთ და გავახმაურეთ ეს ამბავი, იქ უკვე იცოდნენ, რომ 1 თვე როგორც გავიდოდა, სასამართლოს მივმართავდით. ისინი უკვე შემზადებულები იყვნენ. ყველა ბარიერი გადავლახეთ, რადგან როდესაც გინდა, რომ რაღაც გააკეთო, ეს არის შენი სტრატეგიული მიზანი და ტაქტიკა გაქვს გააზრებული, კანონმდებლობა და პრაქტიკა იცი, რა თქმა უნდა, ვერავინ შეგაკავებს.
- მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიმართეთ დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი?
- 2009 წლის ივნისში კობა სუბელიანმა მასმედიით გამოაცხადა, რომ მათ დაიწყეს დევნილთა სტატუსის გაცემა. ამ დროისათვის უკვე რამდენიმე ასეული განცხადება იყო შესული სამინისტროში ჩვენი და სხვა ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდათ. გამოაცხადეს და დაიწყეს კიდეც. იმიტომ, რომ იცოდნენ, თუ არ დაიწყებდნენ, სასამართლო დაავალებდათ და აიძულებდათ. სასამართლო პროცესი ჩვენ მორიგებით დავასრულეთ. სამინისტრომ თავად იკისრა ვალდებულება, რომ დევნილებს მისცემდნენ სტატუსს. რაც მთავარია, პროცესი მიდის. ჩვენ გვესმის, რომ თუნდაც 1 თვეში ეს პროცესი ვერ მოგვარდებოდა. მთავარია, რომ სტრატეგიულად პრეცედენტი შევქმენით და ვერავინ გაბედავს, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმე დევნილია, მას დევნილის სტატუსი არ მისცეს, დაუმალოს ან გაუჭიანუროს. კანონში არ არის არანაირი კონკრეტული პასუხისმგებლობის მექანიზმები და სწორედ ეგ აძლევდა საფუძველს სამინისტროს, თავი დაეძვრინა. აბა რას აკეთებს სამინისტრო, თუ არ აძლევს დევნილის სტატუსს, არ აღრიცხავს მას, რეგისტრაციას არ აკეთებს და ამ სტატუსთან დაკავშირებულ ყველა კანონით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს?!
ჩვენ დევნილის სტატუსზე ასეთი ამბავი რომ ავტეხეთ, ამას ნამდვილად მოჰყვა შედეგი. ზიანის ანაზღაურების საკითხზეც გვაქვს არაპირდაპირი დადებითი შედეგი. მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო კომისიები უნდა შექმნილიყო ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მათ უნდა ჩამოევლოთ ომით დაზარალებული ოჯახები და შეეფასებინათ ზიანი. ეს არსად არ იყო გაკეთებული. მაშ შემდეგ, რაც ჩვენ ამ სოფლებში სიარული დავიწყეთ და მათ გაიგეს, რომ ჩვენ სასამართლოში გასაჩივრება დავიწყეთ, ეს კომისია გაჩნდა, მართალია, ყველგან არა, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე ადგილას ეს კომისია მივიდა, შეფასებაც გააკეთეს და დაზარალებულებს მასალაც კი მიუტანეს. ზოგან შეაკეთეს კიდეც დაზიანებული სახლები. მაგალითად, გორის რაიონის სოფელ კარბის ერთ-ერთი სამსულიანი ოჯახი, საიდანაც 2 ადამიანი დაიჭრა, ოჯახის მესამე წევრი კი მწოლიარე ავადმყოფი ჰყავდათ, ეს ხალხი უსახურაო სახლში ცხოვრობდა. ამ კომისიის მისვლის შემდეგ მათ სახურავი შეუკეთეს. ამ კომისიამ ზოგს ეს ზიანი შეუფასა და ფულადი სახით მისცეს. 2008 წლის ბოლოს შეშაზე გვქონდა დიდი პრობლემები და როდესაც დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ დევნილებს შეშა არ აქვთ, შუქს არ აძლევენ, სთხოვენ ძველ დავალიანებას, რისი გადახდის თავიც ამ ხალხს არ აქვს, ეს შეღავათები მერე გაავრცელეს - ანუ აქტიურობა ყოველთვის ჭრის.
- გარდა დევნილის სტატუსისა და ზიანის ანაზღაურების საკითხებისა, კიდევ რა პრობლემებია თქვენი ორგანიზაციისათვის პრიორიტეტული?
- გვაქვს სისხლის სამართლის საქმეებიც, როგორებიცაა: მოკლულების, დაჭრილების, ტყვეებისა და ასევე გაუპატიურების 1 საქმე. რა დროც გავიდა, ამ ვადაში გამოძიებას არაფერი არ გაუკეთებია. ჩვენ საკმარისზე მეტი ველოდეთ მათ და ახლა უკვე გზა გახსნილი გვაქვს, რომ სტრასბურგში გავასაჩივროთ. ამ საქმეების ნაწილი აღძრულიც კი არ იყო. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ყველა მათგანი ყოფილიყო დაზარალებულის სტატუსით ცნობილი, მერე უკვე შემდგომ მოქმედებებს ვითხოვდით, მაგრამ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. საქართველოს პროკურატურისაგან, როგორც მინსკის კონვენციის თანახმად პასუხისმგებელი მხარისაგან, მოვითხოვეთ რუსეთში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საკითხის დაყენება, თუმცა პროკურატურას, ამ მხრივ, არაფერი გაუკეთებია. ჩვენთვის ეს საკმარისია იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ. ეს საქმე ძალიან მალე გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში.
- როგორ შეიძლება დევნილებმა მოგმართონ?
- ჩვენი ორგანიზაცია 2009 წლის ივნისიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით შიდა ქართლის 6, ე.წ. სასაზღვრო სოფელში - გუგუთიანკარში, ერგნეთში, მერეთში, კარბში, ბროწლეთსა და კოშკაში - 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ და მოგვიანებით უკან დაბრუნებულ პირებს აღმოუჩენს სამართლებრივ დახმარებას და მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას. შემოთავაზებული სამართლებრივი და საინფორმაციო მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ პირებმა, ვისაც შიდა ქართლის ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მოუწიათ გადაადგილება, თუმცა ომის შემდეგ შეძლეს უკან დაბრუნება ან ვისაც მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, ვისი უფლებებიც ომის დროს შეილახა და დღემდე ირღვევა.
ჩვენი მისამართია: თბილისი,
ლ. ასათიანი ქ. № 10.
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995 32) 47 75 28,
(+995 99) 96 18 63.
![]() |
12 რუბრიკა: ადამიანები ისტორიით |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი რუბრიკის სტუმრები თავიანთ ყოველდღიურ ყოფას, სევდიან მოგონებებსა და სურვილებს გულწრფელად გვიზიარებენ.
„დევნილები“ დევნილებიდან...
შორიდან მომესმა ქალის ძახილი, - „აქეთ შვილო, შემოიხედე ჩვენსას“...
ერთ-ერთი ყოფილი ქარხნის აბანოს ვიწრო ოთახი, ოთახში ორი საწოლი და მაგიდა, ცარიელი ქილები, ორი წყვილი ჯამ-ჭურჭელი, შუშაჩატეხილი სარკმელი, სახურავსა და კედლებს შორის ამოუქოლავი სივრცე, საწოლებს შუა პატარა ქვაბი და ძველი პურის ნატეხები, - ეს იყო სრული საბადებელი გალის ერთ-ერთი რაიონიდან დევნილი შუახნის ცოლ-ქმრისა.
,,ათი წელია ასეთ ყოფაში ვართ, შვილო. ადრე ორივე ვმუშაობდით, დაქირავებულ ბინაში ვცხოვრობდით, მანქანაც გვყავდა. ავადმყოფობამ ორივეს დაგვრია ხელი და აქედან დაიწყო ჩვენი უბადრუკი ცხოვრება. ამ კედლებში ვართ გამოკეტილნი, ქმარმა ინსულტი გადაიტანა, სიარული უჭირს, გაჭირვებით მეტყველებს; მე ცალი ფეხი ამპუტირებული მაქვს, წამლები ძვირი ღირს და ვერ ვყიდულობთ, ინსულინი მეძლევა მხოლოდ უფასოდ, უმეტესად მჟავე და ხმელი პურია ჩვენი საკვები, მჟავე ქვია, თორემ მარილწყალში ჩაყრილი კომბოსტოა, ფერი მაგას არა აქვს და გემო. ეს ოთახი საძინებელიც არის, სამზარეულოც და საპირფარეშოც. გარეთ ჩვენ ვერ გავდივართ, წვალებით გაგვაქვს დღეები. დღეს მზიანი ამინდია და კარის გამოღება შეიძლება, რომ სითბო შემოვიდეს, მაგრამ ზამთარში ისევე ცივა, როგორც ეზოში. ქარიან ამინდში ისე უბერავს, მტვერი და სიცივე ძვალ-რბილში გვატანს ორივეს.
ერთი ქალიშვილი მყავს, მასაც თავისი გასაჭირი აქვს - ცოლქმარი ორივე უმუშევრები არიან, ავადმყოფი ბავშვი ჰყავთ, ბაღში ვერ წაუყვანიათ გადასახადის გამო. აქვე დევნილებისათვის კორპუსი გარემონტდა, ყველა დევნილი იქ ცხოვრობს, ჩემს ქალიშვილსაც ერთი ოთახი აქვს გატიხრული, თვითონ ძლივს ეტევიან და ჩვენ თავისთან საცხოვრებლად ვერ მივყავართ. ვიღაცამ შეიძლება განგვიკითხოს - შვილი თუ ჰყავს, მოუაროს და უპატრონოსო -, მაგრამ ისიც უძლურ მდგომარეობაშია.
მხოლოდ ერთი რამ მინდა ამქვეყნად - გარემონტებულ კორპუსში ოთახი გამომიყონ; მაქვს თუ არა უფლება, სხვა დევნილებივით მეც ნორმალურ პირობებში გავლიო დარჩენილი ცხოვრება? ვთხოვ ხელისუფლებასა და ყველა იმ სტრუქტურას, ვისაც შეუძლია და ევალება პასუხის გაცემა, მითხრას, რატომ უნდა ვიყოთ ინვალიდი ცოლ-ქმარი „დევნილები“ დევნილებიდან? “
გაზაფხულის შემოდგომა
შემოდგომა ანაკლიის სანახებში სხვაგვარად იგრძნობა, გაშლილ მინდვრებს ჭანჭრობი ეძალება, ხაია თავთავდება და ზღვაური მის რხევაში უფრო ხილული ხდება.
დევნილის სახლაკის სასწაულით შერჩენილი მინები ზანზარს იწყებს, კედლებს ნესტი ეპარება, დაცხავებული სახურავიდან წყალი იწყებს ჟონვას, რუხი ფერი ედება მრავალთა გამონაცვალ თუ სოფლის ნაგავსაყრელზე აკრეფილი ფიცრებიდან შეკრულ დგამს.
მაიკო ცამეტი წლისაა, დილით ადრე დგება, ფეხაკრეფით გადის სახლიდან, რომ ავადმყოფ მამას არ დაუფრთხოს ძილი, დედა ამასობაში უკვე ზღვისპირა ჭალაკისკენ ერეკება ერთადერთ ძროხას.
ბილიკი თანდათან იფარება ჭაობით, ფეხის დაუსველებლად ვერ გაივლი, მით უფრო, რომ სასკოლოდ ნაყიდ იაფფასიან ფეხსაცმელს უკვე გაძრობაზე აქვს ლანჩა, ძუნწად წასმული წებო სინოტივეს დიდხანს ვერ უძლებს.
სკოლამდე შვიდი კილომეტრი აქვს გასავლელი, სამარშრუტო ტაქსის ლოდინს აზრი არა აქვს; ჯერ ერთი, მათი განაპირა სახლაკისკენ არც უხვევს და, რომც შემოუხვიოს, ერიდება, როდემდე უნდა დააჯეროს მძღოლი ცარიელ მადლობას. იმ მადლობის თქმაც უჭირს, რაღაცას ლუღლუღებს თავისთვის დარცხვენილი და ამის გამო საკუთარ თავზე ბრაზდება.
ათასში ერთხელ რომ მანქანა წამოეწევა, თავს ხრის, ვითომ ვერ ხედავს, ვითომ სიგნალი არ ესმის, მძღოლის თანაგრძნობისა და ქველმოქმედების მარაგს ზამთრისთვის ინახავს, მაშინ უფრო გაუჭირდება მანქანაში ჩაჯდომაზე უარის თქმა, ვის მოატყუებ, ფეხით გავლა უფრო მეხალისება ამ თოვლსა და წვიმაში, ზღვიდან მობერილ სუსხიან ქარშიო.
ორი კილომეტრი, რომელიც უახლოეს დასახლებას აშორებს, არასოდეს თავდება და დარჩენილ ხუთზე გრძელია, რადგან, თანასკოლელებს რომ შეუერთდება, მანძილი უფრო სწრაფად ილევა. სკოლა უყვარს, მთელი მისი იმედები სწავლასთან არის დაკავშირებული, რაკი წიგნები არა აქვს და ვერც ვერავინ ათხოვებს სიშორის გამო, შინ ვერ იმეცადინებს, გაფაციცებული უსმენს მასწავლებელს, რომ ყველაფერი ზედმიწევნით დაიმახსოვროს. ერთადერთი წიგნი აქვს, მათემატიკის მასწავლებელმა აჩუქა, ძველია, გაცრეცილი, მაგრამ არ წუნობს, არარაობას სჯობია.
შინ დაბრუნებულს ათასი საქმე ხვდება, წყალს ეზიდება შორეული დასახლებიდან, ეჩვენება თუ, იქნებ, ასეც არის, ხელები უგრძელდება ვედროების თრევაში. ზამთარში ქარი ნახევარ წყალს ამოსტაცებს ვედროდან, პალტოს კალთებს უსველებს და ზედ ეყინება, ფეხები ტალახში ეფლობა და ხშირად დამძიმებული ფეხსაცმლის ზიდვა უფრო უჭირს, ვიდრე წყლისა. მამა სულ ჰპირდება ჭანჭრობში სასიარულო მამაპაპურ „ყაყაბს“, ხის ქოშებს გამოგითლიო, მაგრამ პარკინსონის დაავადებისაგან ხელები უცახცახებს და არაფერი გამოსდის.
წყალს რომ მოზიდავს, ზღვისკენ მიემართება, შემოდგომაზე მოდიდებულ მდინარეებს ძირფესვიანად მოთხრილი ხეები და ფიჩხი შემოაქვთ ზღვაში, ის კი უკარებაა და ჯიუტად რიყავს სანაპიროზე. აქაც კონკურენციაა, დევნილთა მთელი დასახლება და ახლომახლო მცხოვრები ადგილობრივი ღარიბებიც ამ გამონარიყით თბებიან ზამთარში. დროდადრო წყალშიც უწევს შესვლა, დედა გამუდმებით შეწუხებულია, ეს გოგონასთვის არ შეიძლებაო, მაგრამ სხვა გზა არ არის. შეშის ფულს დევნილის ერთი წლის დახმარებაც ვერ გასწვდება, რაღა უნდა ჭამონ ან მამის წამლები რიღათი იყიდონ, ისედაც რას ჭამენ და რა წამლებს ყიდულობენ, მაგრამ მაინც...
მრავალთათვის სანატრელი პოლისი აქვთ, ღარიბთათვის გაღებულ ფულად დახმარებაზე კი უარი თქვეს, დევნილთა შემწეობა არჩიეს. მამას შეეშინდა, იქნებ ამის გამო ოდესმე დევნილის სტატუსი მოგვიხსნანო, ვერავინ გადაარწმუნა ამაში, ჯიუტად გაიძახის, მე აფხაზეთზე უარს არ ვიტყვიო.
მაიკოს აფხაზეთი არასოდეს უნახავს, ზუგდიდში დაიბადა, მაგრამ იქაურობა „დაუსწრებლად“ უყვარს და, რაც უნდა სძულდეს სახელი „დევნილი“, რომელსაც აგდებით ან ირონიით ახსენებენ ხშირად, მასზე უარის თქმას არც ის აპირებს, რადგან, როგორც მამა ამბობს, ეს სახელი მძიმეა, მაგრამ მაინც უნდა ატარო, თუ აფხაზეთში დაბრუნება გინდა.
რაკი შუქი არა აქვთ, მათ სახლში უფრო ადრე ღამდება და ვეღარაფერს აკეთებს ოცნებების გარდა. ფანჯარასთან მიჯდება, ზღვას აყურადებს, შორეულ სახლებში მოკიაფე სინათლეებს გაჰყურებს და მომავალზე ფიქრობს. ამ ფიქრებში მისი გაზაფხულის შემოდგომა უკვალოდ ქრება...
პარტახის კუნძულები
ნაზია ღურწკაია და ცაცა ციმინტია მეზობლად ცხოვრობენ, ზედა ეწერის ჩაის ფაბრიკის დასახლებაში. ორივემ მთელი ცხოვრება ფაბრიკასა და ოჯახს შეალია, მაგრამ მოხდა ისე, რომ სიბერეში მარტონი აღმოჩნდნენ, ერთმა საკუთარი ხელით დაუხუჭა შვილს თვალები, სხვა შვილებს თავიანთი ცხოვრება აქვთ, ზოგს უცხოეთშიც მოუხდა გადაბარგება სამუშაოს ძიებაში, ზოგს იქით უყოფენ მწირ პენსიას, რადგან ჩვენს დროში წვრილშვილის გაზრდა უმუშევარი ახალგაზრდებისთვის დიდ პრობლემად არის ქცეული.
როგორც ამბობენ, ვერასოდეს იფიქრებდნენ, რომ ასე გაუჭირდებოდათ სიბერეში, ჩაის მეურნეობა მოიშალა, ფაბრიკის დასახლებაც თანდათან დაიცალა, ხალხი უმუშევრობას გაექცა; ბევრი მშობლიურ, ე.წ. „ფუძე“ სახლებს დაუბრუნდა, საშინაო მეურნეობას, ბევრმა წვრილ ვაჭრობას მიჰყო ხელი და ზუგდიდსა და თბილისს მიაშურა, რაც მოიხსნებოდა და წაიღებოდა, ელექტრო და წყალგაყვანილობის, კარ-ფანჯრების ჩათვლით, თან წაიღეს. სხვაც ბევრი გამოჩნდა წამღები. დაცლილსა და მოუვლელობით გაპარტახებულ ბინებში ხელისუფლებამ აფხაზეთიდან დევნილები განასახლა, სიცოცხლე დაბრუნდა, მაგრამ თან კიდევ უფრო დიდი გაჭირვება მოჰყვა. ნაზიასა და ცაცას უჭირდათ, მაგრამ მათ ფონზე თავი მდიდრებად იგრძნეს, სკამი და თეფში მაინც ჰქონდათ შინ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ღირებული ჯერ კიდევ მათ მოსვლამდე გაიტანეს და გაყიდეს ლუკმაპურისათვის.
დევნილებისათვის, მათგან განსხვავებით, ქილა რომ ქილაა, ისიც დიდი საქმე იყო, ვის სარეცხის გასაკიდებელი თოკი არ ჰქონდა, ვის ვედრო, ვის ჩაქუჩი სჭირდებოდა, ვის ნაჯახი. ყველა მათ კართან იდგა, ისინიც, თუ რამ შეეძლოთ, თხოვნას არ ელოდებოდნენ, თავადაც მიჰქონდათ მათთან, მაგრამ ეს არ იყო მთავარი - სტრესგამოვლილ ხალხს, უპირველეს ყოვლისა, მოსმენა და თანაგრძნობა სჭირდებოდა და ცაცა და ნაზიაც კეთილ სიტყვას არ იშურებდნენ, ნერვებაშლილ ხალხს ამშვიდებდნენ, ჰუმანიტარული და ფულადი დახმარების რიგებში ღამისმთეველთა ოჯახებში დარჩენილ ავადმყოფ მოხუცებსა და ბავშვებს აკითხავდნენ, უვლიდნენ, როგორც შეძლოთ.
ისინიც ცდილობდნენ, ვალში არ დარჩენოდნენ, ხან რას უწილადებდნენ ჰუმანიტარული დახმრებიდან და ხან რას, ვალში პირობითად, თორემ ჰუმანიტარული საპონი შუაში ძაფით კი არა სულითა და გულით იჭრებოდა.
წლები გადიოდა, ბევრმა დევნილმა მოითქვა სული, მძიმე შრომის თუ ნათესავების წყალობით ისევ დადგა ფეხზე, შემოსავალი გაუჩნდა და თავის გაპარტახებულ ბინებსაც მიხედა, ადამიანის საცხოვრისს დაამსგავსა, მაგრამ ბევრ ბინაში ყველაფერი ძველებურად დარჩა ან კიდევ უფრო გაპარტახდა - მილები ჟანგმა შეჭამა, ბათქაში ჩამოცვივდა, ჭერი ჩამოინგრა ან ჩამოიზიდა დაცხავებული სახურავიდან ჩამომდინარე თოვლისა და წვიმისგან. ასე მოხდა ნაზიასა და ცაცას ბინებშიც, თუ რამ ხისა იყო, დალპა და გაშავდა, დროს ვერც ლითონის კონსტრუქციებმა გაუძლო, ყველაფერი გაიღუნა, გაიდრიკა, დაჟანგდა.
ცაცა და ნაზია კოლექტიურ ცენტრში სარემონტო სამუშაოების დაწყებას და გადაწყვეტილებას დევნილთათვის ბინების დაკანონების შესახებ სიხარულით შეხვდნენ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გზა და იმედი ადამიანებისათვის, რომელთაც წლების მანძილზე ასე შეეთვისნენ და რომელთა სატკივარი გაითავისეს; მეორეც, ბინების დაკანონება მეზობლებს შორის ამ მრავალი წლის მანძილზე გამყარებულ კავშირებს უფრო სტაბილურს გახდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირადად მათთვისაც, ვინაიდან განშორება წლების მანძილზე შეთვისებულ ადამიანებთან მათ ასაკში ორმაგად რთულია, მოხუცის მარტოობას კი, სხვაზე, უწინარეს მეზობლის ყურადღება და მზრუნველობა ანაზღაურებს..
დასაწყისში ისინიცა და დევნილი მეზობლებიც ფიქრობდნენ, რომ კომპაქტურ ჩასახლებაში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა ბინას შეეხებოდა, მით უფრო, რომ ამ ჩასახლებებში მცხოვრები ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი საერთო ჯამში არ არის დიდი, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ სარემონტო სამუშაოები მათი ბინების ზღურბლთან დასრულდებოდა.
მეზობლების წუხილი წუხილად დარჩა, რადგან სარემონტო კომპანიისა და სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებსაც, ვისთანაც ამ საკითხზე ლაპარაკის შესაძლებლობა მიეცათ, უარის არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ სამუშაოები მიმდინარეობს დევნილთა განსახლების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, რაც ავტომატურად გამორიცხავს კოლექტიურ ცენტრებში მობინადრე ადგილობრივ მცხოვრებთა ბინების რეაბილიტაციას.
ასე დარჩა ცაცასა და ნაზიას ბინები უბადრუკობისა და პარტახის კუნძულებად დევნილთა გარემონტებული და გალამაზებული ბინების გარემოცვაში, რაც მათზე არანაკლებ დისკომფორტს უქმნის დევნილ მეზობლებს, რომელნიც ძველებური სილაღით ვერ შემოდიან მათ მოსანახულებლად, რადგან, როგორც თავად ამბობენ, სინდისი აწუხებთ.
„განა სიღარიბე სიღარიბე არ არის, გინდ დევნილობა ედოს მას საფუძვლად, გინდ სახელმწიფოს მოუწყობლობა და მოუცლელობა ადამიანებისათვის, რომელთაც მთელი ცხოვრება იშრომეს, პატიოსნად იხდიდნენ გადასახადებს, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდნენ, რა გულით უნდა ვუყუროთ, როგორ წვალობენ ადამიანები, რომელთაც, როცა გვიჭირდა, არაფერი დაიშურეს ჩვენთვის“, - წუხან მეზობლები, მაგრამ წუხილი წუხილად რჩება.
მთელი ცხოვრება ღირსების გრძნობით ვიცხოვრე
თექვსმეტი წელია მე და ჩემი მეუღლე სოფლის ამ ყოფილ მაღაზიას ვართ შეფარებულნი, გვაწვიმს და გვათოვს, ზაფხულში სუნთქვა ჭირს, ზამთარში ვიყინებით; როგორც ხედავთ, კედლები თუნუქისაა, ვერ სიცხეს იჭერს, ვერც სიცივეს, ლინოლეუმი იატაკს ჩვენი მოსვლის დროისთვის გადამძვრალი ჰქონდა, ქვეშ დატანებული ასფალტი ამოიყარა და იატაკად მიწა შეგვრჩა.
ერთადერთი დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან იყო ის, რომ „წითელმა ჯვარმა“ გაგვითხარა ჭა და ბოლო ორი წელი თითქოს ამოვისუნთქეთ, რადგან მანამდე კილომეტრიდან ვეზიდებოდით ვედროებით, მაგრამ ეს პატარა სიხარულიც არ შეგვარჩინა ბედმა: შარშანდელი მიწისძვრის დროს ჩაიქცა და ისევ მიწით ამოივსო.
შუქი დიდი ხანია გადაჭრილი გვაქვს, კომპაქტურად მოსახლენი გვქვია, რადგან სოფლის ცენტრში მდგარ მრავალბინიან შენობასა ვართ მიწერილი, მაგრამ, რადგანაც ჩვენი „კორპუსი“ ცალკე დგას და ერთბინიანია, ეტყობა ფიქრობენ, რომ აქამდე შუქის გამოყვანა არ ღირს, ვის რაში ედარდება ორი ხანდაზმული ადამიანი.
მთელი ცხოვრება ღირსების გრძნობით ვიცხოვრე, უშუქობასა და უწყლობაზე მეტად ამ შემთხვევაში ჩვენი ადამიანური ღირსების უგულებელყოფა მკლავს, ვიღაცისათვის ჩვენ უბრალოდ სტატისტიკა ვართ.
ბევრი ჩემი ნაცნობი დევნილი ჩივის, რომ მათთან განუწყვეტლივ მიდიან სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რაღაცეებს ჰპირდებიან, მაგრამ, როგორც წესი, შემდეგ უკვალოდ იკარგებიან. ჩვენ რა უნდა ვთქვათ, მოსვლითაც არასოდეს მოსულა ვინმე, თუმცა ცრუ დაპირებებით მოსვლას, იქნებ მოუსვლელობა სჯობდეს.
პირველი, რასაც თქვენ და საკუთარ თავს ვუსურვებდი, არის ის, რომ რასაც ერთმანეთს ვეტყვით არადა დავპირდებით, შესრულდეს. ღირსებაზე ვამბობდი ამ წუთში, გულახდილად გეტყვით, რაც ყველაზე მეტად მომეწონა თქვენს პროექტში, არის ის, რომ ჩვენ, დევნილებს, ისე კი არ გვიყურებთ, როგორც უუნარო ადამიანებს, რომელთაც თავი ვერ მოუბამთ თავიანთი ცხო-ვრებისათვის, რაც არაერთხელ მიგრძვნია და გამიგონია პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რომელი მხრიდანაც გნებავთ.
ჩვენ ღარიბები ვართ, უუნაროები კი არა.
მე მთელი ცხოვრება პატარა, მაგრამ მაინც ხელმძღვანელ თანამდებობებზე მიმუშავია, ანუ რაღაც მეც შემიძლია, საკუთარ ცხოვრებაზე სიტყვა მეც მეთქმის, თუ საქმე მომეწონა, ადამიანების აყოლიებასაც შევძლებ, მენდობიან და პატივს მცემენ, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მარტო ერთ ბედში მყოფი ადამიანების დამოკიდებულება არ კმარა, მეტი სტიმული გჭირდება, მეტი ნდობა და შესაძლებლობა, არ მინდა მოვტყუვდე, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს მომენტი პროექტში გათვალისწინებულია და ეს ძალიან მომწონს.
ჩვენ დავბრუნდებით
მშობლიური ადგილების დატოვება 15 წლისას მომიხდა, ოჩამჩირეში ვცხოვრობდი, პატარა ზღვისპირა ქალაქში, სადაც, როგორც მაშინ მეჩვენებოდა, არ იყო პრობლემა, რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდი და ამის აღმოჩენა ჩემთვის მეტად მტკივნეული აღმოჩნდა. ამჟამად ზუგდიდში ვცხოვრობ, სოფელ ახალაბასთუმნის სკოლა-ინტერნატის შენობაში, რომელსაც დევნილობის პირველივე დღეებიდან შევეკედლეთ მშობლებთან ერთად.
ცხოვრებამ დიდი გამოცდა მოგვიწყო, ყველაფერი ერთ დღეში დავკარგეთ, მაგრამ მატერიალურზე მეტად სულიერი დანაკარგები გვტანჯავდა, მე ბავშვი ვიყავი და ბავშვური ღიაობით სწრაფად მივიღე დიდი ცვლილებები, მაგრამ ჩემმა მშობლებმა განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანეს ეს, რადგან თავიდან მოუხდათ თვითდამკვიდრება ახალ წრეში, ახალ გარემოში.
მიუხედავად ყველაფრისა, იმდენი შესძლეს, რომ მეც კარგი განათლება მომცეს, პროფესიით სტომატოლოგი ვარ, ისე მოხდა, რომ მეუღლეც კოლეგების წრიდან ავირჩიე, თითქოს შემოსავლიანი პროფესიაა, მაგრამ ვერ იქნა და ვერ ავაწყვე საკუთარი ბიზნესი, რამდენიმე წელია ამაოდ ვცდილობ პატარა კაბინეტის გახსნას, ხელსაწყოებსა და სხვა აღჭურვილობის შესაძენად, ამისთვის არც თანხები მყოფნის, არც ბიზნესგამოცდილება. პროექტმა „ერთად ჩვენ შევძლებთ“ პირველ რიგში იმით მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ ბიზნესის საფუძვლებში გარკვევისა და პრაქტიკული დახმარების შესაძლებლობას გვთავაზობდა, თუმცა არ მეგონა, თუ სიტყვა ასე სწრაფად იქცეოდა საქმედ - დეკემბერში მონაწილეობა მივიღე ბაკურიანში გამართულ ტრენინგებზე, იქ შეძენილი ცოდნითა და გამოცდილებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
თებერვალში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის განახლების თაობაზე. შეხვედრაზე შეაჯამეს 2009 წლის წარმატებული მხარეები, იმსჯელს პრობლემებსა და ხარვეზებზე. ასევე, განახლდა დევნილთა მიმართ 2010 წლის სამოქმედო გეგმა. სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები, დონორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ელჩები და თავად დევნილები დაესწრნენ.
„როცა სახელმწიფო სტრატეგიის განსახორციელებელი გეგმა მივიღეთ, მაშინ დონორებთან შევთანხმდით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ გეგმაში იმ ცვლილებებს შევიტანდით, რომელთაც წლების განმავლობაში გამოცდილების შემდეგ მივიღებდით. ორი წლის განმავლობაში გამოცდილება საკმაოდ დაგროვდა და, შესაბამისად, ის დევნილთა მიმართ სახელმწიფო გეგმაში უნდა აისახოს. შესაბამისად, ყველა დონორი ორგანიზაცია საკუთარ რეკომენდაციას წარმოადგენს, რომელიც დოკუმენტში აისახება და სამოქმედო გეგმის სახით მისი განხორციელება დაიწყება“, - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა.
„გვიხარია, რომ შედეგებს ვხედავთ“
სამუშაო შეხვედრაში დი პლომატიური კორპუსიც მონაწილეობდა. როგორც საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა, პატრიცია ფლორმა, აღნიშნა, გერმანია მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნილთა მიმართ სტრატეგიის განხორციელებას. მისი თქმით: „გერმანიის მთავრობა მოხარულია, რომ ამ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობს. ჩვენი დახმარებით გორში დევნილებისათვის აშენდა სახლები. ასევე, გამოიყოფა, დაახლოებით, 20 მლნ დოლარის დახმარება 90-იანი წლების დევნილებისათვის. გერმანიის ხელისუფლება დევნილთა დახმარების მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. ჩვენ გვიხარია, რომ შედეგებს ვხედავთ“
სამუშაო შეხვედრის ძირითადი პუნქტები:
|
![]() |
13 რუბრიკა: ერთი გმირის ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
ნეტა რა იქნება?!
ჩვენი რუბრიკის სტუმარი ეკა ლომიძე ლიახვის ხეობიდანაა დევნილი. ამჟამად მეუღლესა და 2 შვილთან ერთად დევნილთა დასახლებაში, სკრაში ცხოვრობს. სხვა დევნილების მსგავსად, მასაც უამრავი ყოფითი და პირადი პრობლემა აქვს. ერთი გმირის ისტორიის გაცნობამდე დასახლებაში არსებული საჭიროებათა და პრობლემების შესასწავლად სკრაში მცხოვრებ სხვა დევნილებსაც გავესაუბრეთ. ძირითადი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც დევნილები ითხოვენ, შემდეგია: სათავსოები - „რადგან სათავსოები არ გვაქვს, ერთი ოთახი პარალიზებულია და გასული წლის მოსავალი იქ შევინახეთ, ისე მიწა კარგია, მოსავალი ავიღეთ“; მეორე პრობლემად შესასვლელის გადახურვა სახელდება - „კარის გაღებასთან ერთად თოვლი და წვიმა ოთახში აღწევს“; საკანალიზაციო მილებისა და ბუნკერების არარსებობა - „ახლა ზამთარია და ეს პრობლემა ესე მწვავედ არ დგას, ზაფხულში, ალბათ, ანტისანიტარია წაგვლეკავს“; გათბობა - „შეშის ღუმელით ვთბებით, ცოტაოდენი შეშა მოგვიტანეს, მაგრამ კარგი იქნება, თუ გაზს შემოიყვანენ, ეკონომიურად მოვიხმარდით და როგროღაც გადავიხდიდით“; მართალია წყალი დასახლებას უწყვეტად მიეწოდება, - „მაგრამ წყლის ასაღებად გარეთ გვიწევს გასვლა: სარეცხი, სადილი, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი წყალი გვჭირდება და რამდენჯერ გვიწევს გასვლა, ამის გამო ხშირად ავადვმყოფობთ“... და ვხვდები, რომ პრობლემების ჩამონათვალი უწყვეტია.
პრობლემათა პრობლემა, რომელსაც დევნილები ერთხმად აღიარებენ, არის უმუშევრობა - „დასაქმებული ადამიანი იმედიანი და უფრო ამტანია, ჩვენ კი მივყვებით ცხოვრების დინებას და ერთმანეთს ვეკითხებით: ნეტა რა იქნება?!“
ჩემი რესპონდენტი ხუთი წლის შვილთან ერთად ელოდება ჩემს შეკითხვებს. ლუკა აშკარად უკმაყოფილოა, რადგან მისი საყვარელი დედიკოს ყურადღებას ვი პყრობ, უნდობლად მიმზერს და დედას ეკვრის.
- ეკა, როგორი იყო შენი და შენი ოჯახის ცხოვრება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე?
- ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა - პროეფსიით ჟურნალისტი ვარ და გორში, „ხალხის გაზეთის“ რედაქციაში ვმუშაობდი. მაქვს ასევე მუსიკალური განათლება, სახლში მოსწავლეებს ვამზადებდი მუსიკაში. უფროსი გოგო სკოლაში სწვალობდა, ახლა უკვე 18 წლისაა. მეორე შვილის შეძენის შემდეგ მუშაობას დროებით თავი დავანებე იმ იმედით, რომ საყვარელ საქმეს კვლავ დავუბრუნდებოდი, მაგრამ რუსული აგრესიის შედეგად გამოწვეულმა კონფლიქტმა ჩემი ცხოვრებისეული გეგმები, ისევე, როგორც ბევრი დევნილის, მკვეთრად შეცვალა.
- როგორია თქვენი ცხოვრება დევნილობაში?
- ძალიან რთული, დევნილობაში ყველას უჭირს ცხოვრება. ახალს ვერაფერს ვიტყვი, ყველას თავისი ტკივილიანი ისტორია აქვს. განსაკუთრებით ის ადამიანები მეცოდებიან, ვინც ახლობლები დაკარგეს.
ჩემი ცხოვრება დევნილობაში ძალიან ჩვეულებრივია, არაფრით განსხვავდება დღეები ერთმანეთისაგან, ყოველდღიური პრობლემებიც მსგავსია. ომი, მატერიალურთან ერთად, მორალურადაც ანადგურებს ადმიანებს და იძულებული ხარ, ყველაფრის დაკარგვის მიუხედავად, ძალები იპოვო საკუთარ თავში, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება შესძლო. ძნელია ცხოვრების თავიდან დაწყება და იმ ეტაპების თავიდან გავლა, რომელიც უკვე განვლილი გქონდა...
ცხოვრება გრძელდება და, ყველაფრის მიუხედავად, იძულებულნი ვართ, მის დინებას მივყვეთ. მთელი ოჯახი ვშრომობთ, მიწას ვამუშავებთ. აქ კარგი მიწაა, თუ დაამუშავებ და გარჯას არ დააკლებ, კარგი მოსვალი იცის. ვცდილობთ, ის ცხოვრება ნაწილობრივ მაინც დავიბრუნოთ, რაც ომმა დაგვაკარგინა. უნდა ვეცადოთ...
- რა არის თქვენი ოჯახის ძირითადი პრობლემები?
- ჩემი ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა ამ ეტაპზე არის სველი კედლებისაგან გამოწვეული სინესტე. მეშინია, ბავშვები არ დამიავადდეს. საერთოდ, ეს კოტეჯები ჭაობიან ადგილზეა გაშენებული, ხრეში მოაყარეს და ზედ ააშენეს. იმის გამო, რომ საკანალიზაციო არხები არ არის დასახლებაში, წყალი დაბლობზე მყოფი კოტეჯის ქვეშ გროვდება. კოტეჯის კედლები ნახევრამდე მუდამ სველია, ალბათ, საძირკველია გაჟღენთილი წყლით და ვერ შრება. საკუთარი სახსრებით ამ პრობლემის მოგვარებას ვერ ვახერხებთ. სახლში ელემენტარული სისუფთავე რომ შევინარჩუნო, კვირაში ერთხელ კედლებს ჭურჭლის სახეხითა და ჟელეთი ვწმენდ. სახლში სითბოს შენარჩუნებაც ჭირს, იატაკის ნედლი ფიცრები ერთმანეთს დაშორდა და სიცივე ამოდის; მეორე მხრივ, შემოსასვლელი გადახურული არ არის და აღმოსავლეთის ქარის დროს ჩემი კოტეჯი ისეა განლაგებული, რომ თოვლი და წვიმა კარებსა და ფანჯრებში აღწევს.
კარგი იქნება, თუ გადახურვისა და სათავსოების საკითხს მოგვიგვარებს ვინმე. ნაგვის ბუნკერების დადგმასაც ვითხოვთ, მაგრამ ჯერ ვერ გადაიჭრა ეს პრობლემა. დასახლებაში ნაგავი მიმოფანტულია, რაც გაზაფხულზე შეიძლება ეპიდემიის კერაც კი გახდეს.
უგზოობის პრობლემაც არის, ყოველ გასვლაზე უამრავი ტალახი შემოგვაქვს სახლში, არადა გასვლა ხშირად გვიწევს - დასახლებაში წყალი და საპირფარეშოები გარეთაა დამონტაჟებული. აქ მცხოვრები ქალები ხშირად ვცივდებით, ზოგჯერ თვეში რამდენჯერმეც კი, ავად გახდები და წამლების საკითხი ცალკე პრობლემაა. მოკლედ, პრობლემები მრავლად არის.
- ამ ეტაპზე რა არის თქვენი მთავარი საზრუნავი?
- ამ ეტაპზე დევნილი რომც არ ვიყო, საზრუნავი და საფიქრალი მაინც მექნებოდა - უფროსი გოგონა სკოლას ამთავრებს, 5 წლის ლუკა კი სკოლაში უნდა წავიდეს (თავისი სახელის გაგონებაზე ლუკა გამოცოცხლდა და კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი მოთხოვნა: „დეე, წავიდეთ რა?!“ ვთხოვ, რომ ცოტა ხანი კიდევ მაცადოს, ის კი დედას უბრუნდება კითხვით: „დეე, ცოტა ხანი რამდენია?“).
ზოგჯერ ვფიქრობ, ახლა სკოლას რომ არ ამთავრებდეს ჩემი გოგონა, ალბათ, აჯობებდა. ძალიან კარგად სწავლობს, მაგრამ მაინც მეშინია, უფასოზე რომ ვერ მოხვდეს, როგორ შევძლებთ სწავლის საფასურის გადახდას. ჩემთვის ახლა მთავარია, შვილებს განათლება მივცე - ეს არის ჩემი მთავარი მისწრაფება. მე თვითონ ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა მშობლებმა განათლება მომცეს. მინდა, რომ ჩემი შვილებიც განათლებულები იყვნენ, ღმერთის წყალობით იმედი მაქვს, რომ შევძლებ.
ჩემს გულისხმიერ რესპონდენტს კეთილი სურვილებით ვემშვიდობები, ლუკა ენერგიულად მართმევს ხელს და თვალები უციმციმებს, საუბარი რადგან დამთავრდა იცის, რომ დედიკო სტუმრად წაიყვანს...
![]() |
14 რუბრიკა: ჩემი ტკივილი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი რუბრიკის სტუმრები თავიანთი სულის ტკივილს გვიზიარებენ, ლექსებსა და ჩანახატებში მათი ფიქრები ფოტოკადრებად აღიქმევა.
ცხოვრება ომის შემდეგ
ომის შემდეგ ყოველი დღე მონატრებით იწყება და მონატრებით მთავრდება. სიზმრებშიც კი მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - დავბრუნდე ჩემს პატარა, ლამაზ და ტანჯულ სოფელში. ყოველთვის თვალწინ მიდგას ის დღე, როდესაც სოფელს ვტოვებდით. მაშინ არ ვიცოდი, რომ ასე დიდხანს მომიწევდა მისი დატოვება. მეგონა, მხოლოდ რამდენიმე დღით წამოვედით და აი, უკვე წელიწადზე მეტია, ჩემი უსაყვარლესი ფრონე არ მინახავს.
რომ მახსენდება ჩემი სკოლა დაწვეს ოსებმა, სიბრაზისგან ვტირი. ძალიან მენატრებიან ჩემი დაფანტული მეგობრები, ჩემი ცხოველებიც, მათ სიზმარში ვხედავ ხოლმე - გაბუტულები არიან იქ რომ დავტოვე, მსაყვედურობენ, თუ ასე ძალიან მიყვარდა, მარტოები როგორ დავტოვე. ვუხსნი, რომ მე პატარა გოგო ვარ და არა ყოვლისშემძლე ჯადოქარი, რომელიც რუსეთის ჯარს შეაჩერებდა და ამდენ უბედურებას ააცილებდა ყველას.
ყოველ დილა-საღამოს, როდესაც ვლოცულობ, ღმერთს მხოლოდ ერთს ვთხოვ, დავბრუნდე ჩემს სოფელში და ომი აღარასოდეს იყოს. იმედია, ღმერთი ჩემს ლოცვას შეისმენს და ცხოვრება იმის შემდეგ მონატრებით აღარ დაიწყება.
სოფია კვარიანთაშვილი,
10 წლის
როგორ მენატრები
6 მაისს დევნილის მოწმობა მომცეს. ამან ჩამაფიქრა და დარდიც უფრო მომეძალა. ვინ ვიყავი, ან ვინ და სად ვარ, ან ვინ ვიქნები მომავალში...
ეს ჩემი იმწუთას გულიდან ამოხეთქილი ბავშვური სიტყვებია ჩემს ხეობაზე დაწერილი.
როგორ მენატრები
და როგორ მაკლიხარ,
ჩემო საყვარელო,
ხეობავ ლამაზო,
როგორ მენატრება
შენი ღვთისმშობელი,
აბოს წმინდა ნიში,
პარსეთი საამაყო.
ვაი, რომ იქ აღარ ვარ,
და ვეღარც მოვდივარ
გავხდი საგურამოს მკვიდრი
და ლტოლვილი,
მაგრამ იმედი მაქვს
ისევ დავბრუნდები.
და მაშინ იქნება ზეიმი...
ზეიმი დიდებული.
ქურთას
ლამაზია ჩემი სოფლის
ჭალა-წყარო, ლურჯი მთები,
ყვავილების სურნელებით
გაჟღენთილი მინდორ-ველი.
ბობოქარი ლიახვი და
გადაშლილი მწვანე მდელო
ყველა ხე და ყველა ბუჩქი
ლამაზი და საოცნებო.
მზის ამოსვლას ჩემს სოფელში
არაფერი შეედრება,
მის სხივებზე მოელვარე
გვირილებს და ვარდთა წყებას.
იასამნის სურნელება ეფინება არემარეს
სიამაყით აევსება გული ყველა შემხედვარეს.
ლამაზია ჩემი სოფლის
მონარნარე გაზაფხული
ბარაქიან შემოდგომის
კალთა უხვად დაბერტყილი.
კეკლუც ზაფხულს მოფარფატეს
არაფერი შეედრება,
ზამთარი კი თავს იწონებს,
თავის სისპეტაკით ტკბება.
ყველაფერი ლამაზია
ხე, ტყე, ბუჩქი, მიწა, წყარო,
ციხეები გალავნებით,
და ტაძრები სანეტარო.
ეს სოფელი ქურთა არის
ახლა მარტო დარჩენილი,
შეგინებულ საფლავებით
უმოწყალოდ გათელილი.
მაგრამ მტერი ვერ წაგვართმევს
მის საოცარ სილამაზეს
დავბრუნდებით და კვლავ ვნახავთ
გაზაფხულის სინარნარეს.
ლაშა ბაბუციძე
დიდი ლიახვის ხეობა, სოფელი ქურთა
სულის ტკივილი
ძნელია, მაგრამ მაინც გავუძლებთ
მაინც გავუძლებთ ტკივილს უმკაცრესს,
ეს ჩვენი სულის ტკივილი არის
სული, რომელიც გაგვინადგურეს.
სამაჩაბლოსგან მოწყვეტილები
უცხო ადგილას, რომ გავიღვიძებთ,
გული გვიკვნესის,
ხან კი ღმერთს შევთხოვთ:
ღმერთო, ოღონდაც აღარ გათენდეს.
რადგანაც ძილი ცოტახნით მაინც,
გვავიწყებს ჩვენს დარდს,
და მუდმივ ტკივილს,
მაგრამ მამული ძილშიც გვეძახის,
გვეძახის, გვიხმობს და
ჩვენებრ ტირის.
ტირის გადამწვარ სახლის ნანგრევებს,
გაჩეხილ ხეხილს, დაბუგულ მინდვრებს,
მამა-პაპათა საფლავებს ტირის
უპატრონობით გადათელილებს.
მაშ რაღა დაგვრჩა, უნდა ვილოცოთ
ღმერთს შევავედროთ სამშობლო ჩვენი,
ღმერთი უშველის წილხვედრს კუთხეს
არ მიატოვებს და ამას ვმღერით:
დაე გაბრწყინდეს ჩვენი ქვეყანა,
კიდით-კიდემდე ღმერთო გვიშველე,
შენს გაჩენილებს ნუ გაგვიმეტებ,
ნუ მიგვატოვებ, გადაგვარჩინე.
ჩვენ დავბრუნდებით
ო, როგორ მინდა, რომ დაგინახო,
თუნდ ერთი წამით
შენს მიწაზე დავადგა ფეხი
ისევ შევიგრძნო შენი მიწის სურნელი
გრილი…...
მაგრამ უეცრად შიში მიპყრობს,
რომ ვერ გავუძლებ, იმ გადამწვარი,
დაბუგული სოფლების ხილვას.
ვაი, რა გიქნეს, როგორ დაგწვეს,
როგორ დაგდაღეს,
ამას ოდესღაც ბარბაროსებიც
არ ჩადიოდნენ.
ვინ იცის ვაზი როგორ ტირის,
თუ კიდევ დარჩა,
ჩვენ დავბრუნდებით და სამაჩაბლო
კვლავ აყვავდება, როგორც არასოდროს.
მაია მაისურაძე
დიდი ლიახვის ხეობა, სოფელი ქურთა
„იმედი“
მოსჩქეფს ლიახვი!
მოგუგუნებს თავნება, მალი
მოსჩქეფს და მოაქვს ქვა
და ღორღი სისხლის სმით დაღლილს
გარშემო აკრავს ჯადოსნური
ბუნება ლაღი,
და თან ატყვია სისხლის
მსმელი რუსეთის დაღი.
მაგრამ მოვა დრო, გაიელვებს
ქართველთ მახვილი!
გამარჯვებაო შემოსძახებს
ბრძოლის წადილით
მტერს შეებმება უსამართლო
ბრძოლით დაღლილი,
გზას დაულოცავს ღვთისმშობელიც,
დედის მანდილიც.
სამშობლოს მტერს ვერ დავუთმობთ!
გვიყვარს ჩვენ მისი აჩრდილიც,
ჩვენთვის სამშობლოს წართმევა
მტრისთვის არ არის ადვილი.
შემოგვსევია ოთხის მხრივ!
მტერი სისხლის სმით დაღლილი
მაგრამ არ ვივლით ქართველნი,
მტრების წინ თავ-ქედ დახრილნი.
ვერ შევეჩვევით ქართველნი
მტრების წინ თავის დახრასა
არ შევწყვეტთ მტრების ჯინაზე
ქართული მიწის დახვნასა!
კვლავაც ამოვა მზე და კვლავ
აჩუხჩუხდება მდინარეც
დავუბრუნდებით ჩვენს მხარეს
ამაყად! პირ მომღიმარე.
დაე იცოდეს სუყველამ,
ქართველნი არ ვართ ჯაბანნი!
ბრძოლაში გამოწრთობილან
ქართველთა მამა-პაპანი!
მტრის სისხლით შეუღებიათ,
ქართული მთები და ბარი.
ახლაც ილტვიან საომრად
ჩვენი წინაპრის სულები!
იმათგან გამოგვყოლია
ქართველებს ლომის გულები.
მოდით შევიკრათ ერთ მუშტად
და განვლოთ წლები ულევი!
ნუ დავიჩოქებთ მტრების წინ
სარცხვენად მათი სულების!
გ. ბეღელური
![]() |
15 რუბრიკა: საქმე, რომელიც მიყვარს |
▲ზევით დაბრუნება |
არტთერაპია - არავითარი პრობლემები
ძალიან რთულია იყო შემოქმედი, მოერგო ან მოირგო არაპროგნოზირებადი რეალობა და სამგანზომილებიან სივრცეში დაიმკვიდრო ადგილი. საქმე, რომელიც მიყვარს და გამომდის - ამ ფრაზის ხმამაღლა გაჟღერების უფლება ყველას როდი აქვს. ჩვენი რუბრიკის სტუმარს, ხელოვან ქალბატონს, ლიზი მამულაშვილს, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, წარმატებისაკენ სწრაფვა და ბევრი სხვა უნარ-ჩვევა დაეხმარა, დაეარსებინა ხელოვნების პროფესიული სასწავლებელი.
- ლიზი, რამ განაპირობა ხელოვნების პროფესიული სასწავლებლის დაარსება?
- ხელოვნების პროფესიული სასწავლებლის დაარსება, ალბათ, ხელოვნების სიყვარულმა შემაძლებინა. სამხტვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, პერსონალური გამოფენები ორჯერ მქონდა თბილისში. მუდამ აქტიური ვიყავი, საკუთარ პერსონალურ გამოფენებზე თავად დავპატიჟე სამხატვრო აკადემიის რექტორი. ალბათ, მთავარი ისაა, რომ შექმნის პროცესი მეხმარება ყოველდღიური ყოფითი პრობლემების დავიწყებაში და სურვილი გამიჩდა, სხვებსაც დავხმარებოდი.
თავდაპირველად ნამუშევრებს ჩემთვის ვქმნიდი, ძირითადად, ტაშისკარსა და ქვიშხეთში ზაფხულობით რომ ჩავდიოდი იმ პერიოდში. შემდეგ ეს ყოველივე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
- როდის დააარსეთ ხელოვნების პროფესიული სასწავლებელი და რა მიზანს ემსახურებოდა მისი შექმნა?
- ხელოვნების პროფესიული სასწავლებელი 6 წლის წინათ დავაარსე, როგორც ასოციაცია, იურიდიული პირი. ჩემს ძირითად მიზანს წარმოადგენს ადამიანების დახმარება ხელობის შესწავლაში, რათა მათ გაუადვილდეთ თავის დამკვიდრება. ჩვენი ასოციაციით, ძირითადად, ინტერესდებიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაეუფლონ ხელსაქმეს დასაქმების პერსპექტივით. მათი ნაწილი, ვინც შეისწავლა ხელსაქმე, ჩვენთანაა დასაქმებული, ნაწილი კი ცდილობს, დამოუკიდებლად აქციოს შემოსავლის წყაროდ აქ მიღებული ცოდნა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ახალგაზრდები არ ამჟღავნებენ ინტერესს და სქესთა ბალანსიც თითქმის დაცულია. ასევე, შაბათობით ჩვენი ასოციაცია ახორციელებს გორის ხელოვან პედაგოგთა გადამზადებას. ჩვენი კურსდამთავრებულები ასევე არიან და ამჟამადაც სწავლობენ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობა.
- დევნილებთან დაკავშირებით თუ ახორციელებთ რაიმე სახის პროექტებს?
- 2008 წლის სექტემბეროქტომბერში გორში არსებულ „კარვების ქალაქში“ 60-მდე დევნილ ქალბატონს უფასოდ ჩავუტარეთ არტთერპიის გაკვეთილები. მინდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად მათი დაინტერესება საკმაოდ რთული იყო, დევნილი ქალბატონები მონაწილეობაზე ძლივს დავითანხმეთ. შემდეგ, როდესაც მათ შეძლეს პატარ-პატარა ნამუშევრების შექმნა, ქალბატონების დამოკიდებულება შეიცვალა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ როდესაც ხელსაქმით იყნენ დაკავებულნი, პრობლემებზე აღარ ფიქრობდნენ. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. პირადად ქალბატონ იულია ხარაშვილს მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადავუხადო მასალების მოწოდებისათვის. ზოგადად, ჩვენთვის ყველაზე რთულია მასალების შეძენა, საკმაოდ ძვირი ჯდება ეს კომპონენტი.
2009 ივლისსა და აგვისტოში „გადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children) ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელეთ არტთერაპიის სწავლებები დევნილთა დასახლებებში. დევნილი მოსახლეობა ყველაზე მეტ ინტერესს ამჟღავნებდა თექისა და თიხის ტექნოლოგიის შესწავლაზე. ისინი დეკორატიული თიხით მშვენიერ ნივთებს აკეთებდნენ. კმაყოფილები და ბენიერები იყვნენ, უბრალოდ, ხანმოკლე იყო ეს გაკვეთილები - თითო ცენტრში 3-4 დღე.
გასული წლის დეკემბერში დევნილი მოსახლეობისათვის სათემო განვითარების ცენტრებში არტთერაპიის კურსები ჩატარდა. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „ინტერნაციონალური ქრისტიანული შემწეობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (World Vision) ფინანსური მხარდაჭერით. სწავლების დასასრულს, 2009 წლის 25 დეკემბერს ქ. გორში, ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართა დევნილთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 100-ზე მეტი დევნილი მონაწილეობდა აღნიშნულ გამოფენაში.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ჩემი სამომავლო გეგმები დევნილ მოსახლეობას უკავშირდება, კერძოდ, დევნილები, რომლებიც ამჟამად სწავლობენ ხელოვნების პროფესიულ სასწავლებელში, Premiere Urgence-მა დააფინანსა პროფესიული ხელსაწყოებით. აპრილის დასაწყისიდან აღნიშნული დევნილები შეისწავლიან კულინარიას, ჭრა-კერვასა და თექის დამუშავებას ხელსაწყოების გამოყენებით.
![]() |
16 დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC) |
▲ზევით დაბრუნება |
დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC) სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მუშაობს 1996 წლიდან. წარმომადგენლობის დაარსებისა და ფუნქციონირების მთავარი მიზეზი არის ის კონფლიქტური სიტუაციები, რომლებიც შეიქმნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში: სამოქალაქო ომები საქართველოში (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი), ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ჩეჩენ ლტოლვილთა მოძრაობა საქართველოსა და აზერბაიჯანში და კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ზაფხულში.
საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, დანიის ლტოლვილთა საბჭომ (DRC) დახმარება გაუწია 80000-ზე მეტ პირდაპირ ბენეფიციარს, ასევე ასზე მეტ სამოქალაქო ორგანიზაციას.
დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) პროგრამები, ძირითადად, გამიზნულია დევნილებისა და დაბრუნებული მოსახლეობის მხარდაჭერასა და დახმარებაზე.
სხვადასხვა პროექტების საშუალებით ხდება ზემოთ აღწერილი ბენეფიციარების სოციალური შესაძლებლობების ზრდა მათი საჭიროებების დადგენისა და გამოვლენის შედეგად.
დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის მიზნით DRC-ი ორიენტირებულია მიკროკრედიტების გაცემაზე პირდაპირ ბენეფიციარებისათვის და ასევე გარკვეული თანხის გადაცემაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის. გარდა ამისა, DRC-ი მხარს უჭერს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას.
ინსტიტუციონალური განვითარების/სწორი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით DRC-ი მუშაობს ადგილობრივ და სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სთავაზობს მათ სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის, სტრატეგიულ დაგეგმვას, ადვოკატირებას და ა.შ.
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტზე რეაგირების მიზნით დანიის ლტოლვილთა საბჭომ დახმარება აღმოუჩინა კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილებს. დახმარების სახით გაიცა არასასურსათო პროდუქცია და, ამასთან, DRC-ი განაგრძობს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამას გორის რაიონში და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებში.
დანიის ლტოლვილთა საბჭოს მთავარი პარტნიორები და დონორები არიან: დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკომისია, შვეიცარიის სააგენტო განვითარებისა და თანამშრომლობისათვის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და დანიის ლტოლვილთა საბჭოს საკუთარი ფონდები.
თბილისი წარმოადგენს დანიის ლტოლვილთა საბჭოს სამხრეთ კავსკასიის რეგიონულ ცენტრს, ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლობები განთავსებულია შემდეგ ქალაქებში: ბაქო, აგდაბეჯი, გალი, სოხუმი, გორი და ზუგდიდი.
საქართველოში DRC-ი მუშაობს დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და მათი ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიმართულებით.
აღმოსავლეთ საქართველოში DRC-ის პროგრამები ორიენტირებულია გადაუდებელ დახმარებაზე, როგორიცაა: თავშესაფრის მოძიება დევნილთათვის, არასასურსათო პროდუქტების დარიგება, სამართლებრივი/იურიდიული დახმარება და მცირე ბიზნესპროგრამები (დევნილთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით).
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გამოიხატება ისეთ საკითხებზე ერთობლივი მუშაობით, როგირცაა: დევნილების დაბრუნება, ინტეგრაცია და მიგრაციის მართვა, რაზეც DRC-ი უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას ზოგადი პოლიტიკის შემუშავებისას.
დასავლეთ საქართველოში და აფზახეთში DRC-ის აქვს საკუთარი წარმომადგენლობა ენგურის ორივე მხარეს.
სამეგრელოს რეგიონში DRC-ი მუშაობს კოლექტიური ცენტრებისა და კერძო სახლების განახლება-გარემონტებაზე. დევნილთა ინტერესების დაცვის მიზნით დანიის დევნილთა საბჭო მიმართავს მათ მობლიზაციას და ეხმარება საკუთარი ინტერესებისა თუ საჭიროებების გახმოვანებაში.
ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით იმ ტერიტორიაზე, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდნებით დევნილები არიან ჩასახლებულნი, DRC-ი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. აფხაზეთში დასახმარებელი პროგრამები, ძირითადად, ორიენტირებულია გალის რაიონის დევნილებზე, თუმცა ასევე ხდება სხვა რაიონებიდან ომით დაზარალებულთა დახმარება.
ზოგადად, დანიის ლტოლვილთა საბჭო მხარს უჭერს სათემო პროექტების განვითარებასა და განხორციელებას.
სწორედ სათემო და კერძო სამეწარმეო ინიციატივების მხადაჭერის მიზნით DRC-ის თბილისის წარმომადგენლობა გეგმავს 2010 წლის მარტის თვეში მცირე ბიზნესგრანტების გაცემას ე.წ. „ბუფერული ზონის“ სოფლის მოსახლეობაზე. ამ ზონაში ერთიანდება 14 სოფელი, რომელიც განთვასებულია საქართველოს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. როგორც DRC-ის თბილისის კოორდინატორმა ბ-მა გიორგი ერქომაიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ამ საგრანტო პროგრამის მთავარი მიზანია ბუფერულ სოფლებში დაბრუნებული მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და ადგილზე ეკონომიკური შემოსავლების წყაროების გაჩენა.
სამომავლოდ ამ საგრანტო პროგრამით იგეგმება 50 მცირე ბიზნესგრანტისა და 3 სათემო ინიციატივის დაფინანსება. მცირე ბიზნესგრანტების მოცულობა მერყეობს 500 ევროს ფარგლებში.
ბენეფიციართა ჯგუფში შედის უკვე დაწყებული ბიზნესები და ასევე ე.წ. „სტარტაპები“, ანუ სრულიად ახალი ბიზნესიდეები, რომლებმაც ფუნქციონირება ამ გრანტით უნდა დაიწყონ.
DRC-ი საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით მუშაობას 2010 წელს კვლავ ინტენსიურად განაგრძობს.
გორის საინფორმაციო ცენტრი
„გორის საინფორმაციო ცენტრის“ შესახებ გვესაუბრა პროექტის კოორდინატორი მიხეილ ჩიტაძე.
„გორის საინფორმაციო ცენტრი“ არსებობს 1997 წლიდან. მისი დაარსების მთავარი მიზანი არის თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა და თვითმმართველობის ურთიერთობა საზოგადოებასა და მედიასთან. გასულ წელს ხორციელდებოდა პროექტი „გორის ანტიკრიზისული საინფორმაციო ცენტრი“, რომელიც ურბანული ინსტიტუტის დაკვეთითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელდა. ეს პროექტი ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების შედეგების ლიკვიდაციის პროცესების საინფორმაციო მხარდაჭერას, ანუ მომზადდა საინფორმაციო ბაზა იმის შესახებ, თუ რომელი ორგანიზაცია რა პროექტს ახორციელებდა. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც საერთაშორისო, ისე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. აღნიშნული პროექტი დასრულდა 2009 წლის სექტემბრის ბოლოს გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ურბანულმა ინსტიტუტმა საქართველოში მუშაობა შეწყვიტა. არსებული საინფორმაციო ბაზა გადაეცა გორის მუნიციპალიტეტს. ამჟამად ამ ცენტრს კოორდინაციას უწევს გორის მუნიციპალიტეტი.
- ბატონო მიხეილ, ამჯერად რა არის „გორის საინფორმაციო ცენტრის“ მუშაობის მიმართულება?
- ახლა მიმდინარეობს პროექტი სახელწოდებით „ჩაერთე მართვაში“. ეს პროექტი ხორციელდება შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში. მისი მიზანია გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების გააქტიურებისა და მართვის პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
- რა ტიპის ღონისძიებები ტარდება ამ პროექტის ფარგლებში?
- პროექტის ფარგლებში ტარდება საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, სატელევიზიო და რადიოგადაცემები; განხორციელდა მოქალაქეთა ინიციატივების რეალიზება; გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით მოხდა მცენარეთა დაცვის აგროვადების შესახებ ინფორმაციის შეძენა, რომელიც უფასოდ მიეწოდება სოფლის მოსახლეობას.
![]() |
17 გორის უნივერსიტეტი შიდა ქართლის რეგიონში ერთადერთი აკრედიტებული სახელმწიფო უნივერსიტეტია |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე სამყაროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათლებასა და პროფესიულ განვითარებას. ჩვენი რუბრიკის სტუმარია გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი.
- ბატონო ზაზა, გვიამბეთ გორის უნივერსიტეტის შესახებ.
- დღევანდელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გორის უნივერსიტეტი - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა 2007 წლის 22 აგვისტოს ცხინვალის ყოფილი სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის ყოფილი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად. ცხინვალის ყოფილი სახელმწიფო უნივერსიტეტი საკმაოდ დიდი ტრადიციების მქონე პედაგოგიური ინსტიტუტი იყო წლების განმავლობაში. ის 1932 წელს ჩამოყალიბდა და შემდგომ სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტის სახელს ატარებდა. XX საუკუნის 90-იან წლებში, პირველი კონფლიქტის დროს, ჩვენ წამოვედით ცხინვალიდან. მე მაშინ ამ ინსტიტუტის მე-3 კურსის სტუდენტი ვიყავი. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაგვითმო ერთ-ერთი კორპუსი. ამის შემდეგ ჩამოვყალიბდით უნივერსიტეტად, შემდეგ გადავედით მე-5 და მე-6 კორპუსებში და იქ ვიყავით განთავსებული.
რაც შეეხება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ის 1935 წლიდან ფუნქციონირებს. მას, ძირითადად, 1-ლი და მე-2 კორპუსები ეკავა, ხოლო ახლანდელი მე-3 კორპუსი მაშინ საერთო საცხოვრებელი იყო. აქ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოღვაწეობდა. განსაკუთრებით იხსენებენ ხოლმე გიორგი ხარაულის რექტორობის ხანას. იგი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო და ყველა გორელს კარგად ახსენდება, რადგან გამუდმებით ზრუნავდა ახალგაზრდობაზე. ასეთ ტრადიციებს ჩვენც ვუფრთხილდებით. ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. გორის უნივერსიტეტში სახელმწიფოებრივი მიდგომები ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად, ჩვენ ვალდებულნი ვართ თითოეული ახალგაზრდის წინაშე. ახლა სკოლებთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ჩარევას მათი შემდგომი ცხოვრების დაგეგმვის საკითხებში დიდი მნიშვნელობა აქვს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიდგომა ასეთია, რომ თითოეული ახალგაზრდა უნდა იყოს განათლების სისტემაში ჩართული. არც ერთი ახალგაზრდა ქუჩაში არ უნდა იყოს და, ბუნებრივია, ეს ეხება დევნილებსაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში, შიდა ქართლში არიან. ჩვენ ერთადერთი აკრედიტებული სახელმწიფო უნივერსიტეტი ვართ აღნიშნულ რეგიონში და გვაქვს მოვალეობა ქვეყნის წინაშე, ამ ხალხის წინაშე. გვინდა, რომ დევნილები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში.
მე ყველას ვურჩევ, რომ ჩააბაროს გორის უნივერსიტეტში, რადგან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კარგი განათლებისათვის. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები მაღალი პასუხისმგებლობით ეპყრობიან თითოეულ სტუდენტს, ასეთივეა ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის მხრიდან სტუდენტებისადმი დამოკიდებულება.
საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა გორის უნივერსიტეტის 1-ლი კორპუსის ინფრასტრუქტურის განვითარება. პირველი ეტაპი დასრულებულია. აქ არის უნიკალური მდგომარეობა სასწავლო პროცესისათვის. მე უკვე მქონდა საუბარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან. როგორც ჩანს, გაგრძელდება დაფინანსება სრული რეაბილიტაციისათვის და შიდა ქართლში იქნება უნიკალური უნივერსიტეტი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდებისათვის კეთდება. სასწავლო გადასახადი საბაკალავრო სწავლებაზე არის 2 250 ლარი, სამაგისტროზე - 2 000 ლარი. ჩვენ ვფიქრობთ სწავლის საფასურის გადახედვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვინდა, ჩვენს პროფესორებს ჰქონდეთ ღირსეული ხელფასი და მათ მარტიდან უკვე ექნებათ საკმაოდ მაღალი ხელფასი, ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ ადამიანი უნდა იღებდეს კარგ განათლებას ისე, რომ მის ოჯახს ეს არ დააწვეს ტვირთად, ანუ ეს სახელმწიფოებრივი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. დევნილებისათვის პროგრამა მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მათი დიდი ნაწილი დააფინანსეს. პრაქტიკულად, ყველა პირველკურსელი დევნილი 100%25-ით დაფინანსებულია.
გარდა სწავლების მაღალი ხარისხისა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ სტუდენტთა პიროვნულ განვითარებასა და მათ ჩართვას სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. 2009 წელს, სასწავლო წლის დაწყებამდე, პირველკურსელთა ურთიერთგაცნობის მიზნით ატენის ხეობაში, გორის უნივერსიტეტის სპორტულ-განაჯანსაღებელ ცენტრში მოეწყო სტუდენტური ბანაკი.
- დღესდღეობით რამდენი სტუდენტი სწავლობს გორის უნივერსიტეტში?
- უნივერსიტეტში ფიქსირდება 1819 სტუდენტი. ახლახან აკრედიტაცია მოგვენიჭა 2015 წლამდე, რამაც სტუდენტთა რაოდენობის 2944-მდე ეტაპობრივად გაზრდის საშუალება მოგვცა. ეს ჩვენი რეგიონისათვის მნიშვნელოვანი ფაქტია.
- რომელი ფაკულტეტები გაქვთ გორის უნივერსიტეტში?
- სულ 3 ფაკულტეტია: განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, სადაც წამყვანი პოზიცია უკავია განათლების სპეციალობას, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობას, მათემატიკასა და ფიზიკას. თუმცა, საბუნებისმეტყველო სხვა სპეციალობები, როგორებიცაა ქიმია და ბიოლოგია, ცოტა რთულ ვითარებაშია. ამ ფაკულტეტის დეკანია ქალბატონი მზია ზანგალაძე, დევნილი. გვაქვს ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რომლის დეკანიც არის გორის მკვიდრი, ქალბატონი ქეთევან ბარბაქაძე. ფაკულტეტზე არის ისტორიის, ქართული ენა-ლიტერატურის, ინგლისური ენა-ლიტერატურის, გერმანული ენა-ლიტერატურისა და რუსული ენა-ლიტერატურის სპეციალობები. ასევე გვაქვს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, რომლის დეკანიც არის ცხინვალიდან დევნილი ნუგზარ აბრამიშვილი. ახლა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით იხსნება ენების ცენტრი, სადაც პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისურ და თურქულ ენებს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთთან ურთიერთობა, პირადად მეც ჩავეწერები თურქული ენის წრეში და აუცილებლად ვისწავლი თურქულს. მე მოვუწოდებ ჩემს სტუდენტებს, რომ მათაც ისწავლონ. თურქეთში საგანმანათლებლო სისტემა ძალიან ვითარდება და ეს იმ თვალსაზრისით არის საინტერესო, რომ უფრო მეტი საშუალება ექნებათ ჩვენს პროფესორებსა და სტუდენტებს მათთან ურთიერთობისათვის.
- რამდენი აკადემიური პერსონალია თქვენს უნივერსიტეტში?
- არჩეული აკადემიური პერსონალი არის 85, მაგრამ სპეციალობების მიხედვით მოწვეული ლექტორიც ბევრი გვყავს. გარდა ამისა, საშტატო განრიგით 90-მდე ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალია. სემესტრულად ვიწვევთ სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. მათი ნაწილი დევნილია. საერთო ჯამში, 330 ადამიანამდე არის დასაქმებული გორის უნივერსიტეტში.
- პროფესიული ცენტრები თუ გაქვთ?
- ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქართულ-კანადურამერიკული უმაღლესი პროფესიული პროგრამები, რომელიც გორის უნივერსიტეტის მე-4 კორპუსში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვამზადებთ მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა ღონისძიებათა ადმინისტრატორებს, ასევე მშენებლობის ბიზნესის ადმინისტრატორებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სწავლების მეთოდოლოგიის სიახლეების თვალსაზრისითაც. იქ აბსოლუტურად განახლებული სასწავლო მიდგომებია. პროექტის მთავარი მენეჯერი გახლავთ ქალბატონი ლალი ღოღელიანი.
ასევე გვაქვს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი, გაეროს განვითარების პროგრამების პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში ხორციელდება. იქ არის სახელობო პროგრამები. ბატონი რეზო საყვარელიძე არის პროექტის მთავარი მენეჯერი, რომლის დიდი დამსახურებაა ამ პროექტის განხორციელება გორის უნივერსიტეტში.
- როდის დაიწყო და რა პერიოდს მოიცავს აღნიშნული პროგრამა?
- ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სახელობო პროგრამები. გრძელვადიანი პროგრამები დაიწყო 2009 წელს და დასრულდება 2010 წლის გაზაფხულზე. არის მოკლევადიანი პროგრამებიც, რომლის კურსდამთავრებულებსაც მალე გადავცემთ სერტიფიკატებს. სერტიფიკატზე არის როგორც ევროკავშირის, ასევე UNDP-სა და გორის უნივერსიტეტის ლოგოები. ეს არის საერთაშორისო დონის სერტიფიკატი და სასწავლო პროცესი მართლაც მაღალ დონეზე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ სპეციალობებში წიგნები გორის უნივერსიტეტის ბაზაზე, პრაქტიკულად, პირველად ითარგმნა ქართულად ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის განხორციელებით. ამ შემთხვევაში ჩვენი წვლილი არის ადამიანური რესურსების ნაწილი და შენობა. ძირითადად, მაინც წამყვანი იყო გაეროს განვითარების პროგრამა.
- მსურველებმა როგორ უნდა მოგმართონ, როდის ცხადდება ამ კურსებზე მიღება?
- მოკლევადიან კურსებზე მიღება ცხადდება 2-3 თვეში ერთხელ, გრძელვადიანზე კი - წელიწადში ერთხელ. პროექტი ასევე ითვალისწინებს დევნილებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. ჩვენი წარმომადგენლები დევნილთა ჩასახლების ადგილებში იყვნენ და მოსახლეობა საქმის კურსში ჩააყენეს. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გორის ადგილობრივი ტელევიზიითა და გორის უნივერსიტეტის გაზეთით.
- რა საბუთები არის საჭირო ამ კურსებზე ჩასარიცხად?
- არასრულწლოვნებს სჭირდებათ მშობლის თანხმობა, ხოლო ვისაც ატესტატი აქვს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოგვმართოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ასაკის მსმენელები გვყავს. არის პროგრამები, სადაც არასრული საშუალო განათლების მქონენიც შეგვიძლია მივიღოთ.
- გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არის თუ არა საჭირო წიგნები?
- გორის უნივერსიტეტს აქვს უნიკალური ბიბლიოთეკა. გვაქვს ნახევარ მილიონამდე წიგნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალი ლიტერატურა არ გვჭირდება. გამუდმებით ვიძენთ ახალ ლიტერატურას და ვამდიდრებთ ჩვენს ბიბლიოთეკას. მხარს გვიჭერს პრეზიდენტის ფონდი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე ლონდონიდან საჩუქრად მოგვივიდა წიგნები. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ რესურსებს არ ვზოგავთ და პირდაპირ ვეუბნებით პროფესორს, რომ სია მოგვცენ, თუ რა წიგნები სჭირდება მათ, შესაბამისად, ამ წიგნებს ვყიდუ ლობთ ჩვენი ბიბლიოთეკისათვის. ლიტერატურა ძალიან ძვირია და UNDP-ის პროექტის ფარგლებში ამ წიგნების უფასოდ გადმოცემა გორის უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთივე სახელმძღვანელოებია შექმნილი უმაღლესი პროფესიული პროგრამის ფარგლებშიც და ამ სფეროშიც გვაქვს ძალიან კარგი წიგნები.
- რამდენად ინტენსიურია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა?
- ჩვენ ინტენსიური ურთიერთობები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ვახორციელებთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მუშაობს. აშშ-ს მთავრობა ასევე იყო ჩვენი საერთაშორისო კონფერენციის თანადამფინანსებელი. მასშტაბური პროექტი განხორციელდა ლატვიის საელჩოს მხირდანაც. ამ პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ახალი ლიტერატურა და გამომცემლობა, რომელიც, სამწუხაროდ, ხანძარს ემსხვერპლა. ამავე პროექტის ფარგლებში გადავამზადეთ ჩვენი ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, პროფესორების ნაწილი. ამ დამსახურებისათვის ლატვიის ელჩი ანდრის ვილკანსი არის გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
- უშუალოდ რამე პროგრამა თუ გაქვთ დევნილებისათვის?
- უნივერსიტეტის ბიუჯეტი, სამწუხაროდ, არ არის იმდენად ძლიერი, თორემ ჩემი ნება რომ იყოს, ყველა დევნილის სწავლას დავაფინანსებდი, მაგრამ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მხოლოდ 50%25-ით დავაფინანსეთ ის დევნილი მაგისტრანტები, რომლებმაც სწავლაში თავი გამოიჩინეს. ისინი იდგნენ აშიშროების წინაშე, რომ ვეღარ შესძლებდნენ სწავლის გაგრძელებას. უნივერსიტეტმა მოძებნა საამისო რესურსი და დაეხმარა მათ სწავლის დასრულებაში. თუმცა, ეს იყო ერთჯერადი პროექტი.
- თქვენ თავად დევნილი ბრძანდებით. თქვენ შესახებ გვიამბეთ ცოტა:
- მე დავიბადე ცხინვალში. ცხინვალი არის ჩემი ბავშვობის ულამაზესი ქალაქი. ჩემი მშობლები წარმოშობით ერედვიდან არიან, რომელიც ჩემთვის უსაყვარლესი ადგილია დედამიწის ზურგზე. ჩემი მშობლების საფლავები ერედვშია. შეიძლება ითქვას, რომ მე ორმაგი დევნილი ვარ, რადგან მამაპაპისეული სახლი მქონდა ერედვში, რომელიც, ამჟამად, გადამწვარია. ჩემი ფესვები ერედვშია და მე ძალიან განვიცადე მისი დატოვება. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მომენტია და, რომ იტყვიან, ჩემი ოცნება ცხოვრებაში არის ის, რომ ჩემი მშობლების საფლავებზე ღირსეულად მივიდე და ამ მიმართულებით ჩემზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ.
![]() |
18 „საერთაშორისო მაშველთა კომიტეტი“ (IRC) დევნილებთან მუშაობას აგრძელებს |
▲ზევით დაბრუნება |
„საერთაშორისო მაშველთა კომიტეტი“ (IRC), სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების მხარდაჭერა.
რესპონდენტი: ნინო კვირტია - სან-ჰიგიენის პროგრამის მენეჯერი
- როდის დაიწყო საქმიანობა IRC-მ საქართველოში?
- IRC-ი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დიწყო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. საცხოვრებლად უვარგის შენობებში, კარვებსა და კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილების საჭიროებებიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა წყლისა და სანიტარიის, ბავშვთა დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების დარიგების სფეროებში.
2009 წლის დეკემბერში IRC-მ ააშენა კომუნალური აბანოები დევნილთა 6 ახალ ჩასახლებაში (ხურვალეთი, შავშვები, ახალსოფელი, მოხისი, სკრა და ბერბუკი). ამის პარალელურად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაფინანსებით, დევნილთა 9 ახალ ჩასახლებაში მიმდინარეობდა სან-ჰიგიენური ნივთების დარიგება და რეგულარული საგანმანათლებლო ლექციები სან-ჰიგიენის საკითხებზე.
ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს უბედურების დახმარების განყოფილების ხელშეწყობით, გორისა და თბილისის 12 კოლექტიურ ცენტრში, ასევე დევნილთა 6 ახალ ჩასახლებაში დასრულდა წყლისა და სანიტარული კვანძების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დევნილებს დაურიგდათ სანჰიგიენური საშუალებები.
- რას საქმიანობთ ამჟამად?
- ამჟამად IRC-ი მუშაობს შიდა ქართლის 23 კოლექტიურ ცენტრსა და დევნილთა 22 ახალ ჩასახლებაში. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ. პროექტი ითვალისწინებს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კერძოდ, საგანმანათლებლო ლექციებს მოზრდილებსა და მოზარდებისათვის, ჰიგიენური ნივთების დარიგებას და წყლისა და სანიტარული კვანძების შეკეთებას.
- რა გაკავშირებთ ჩვენს ორგანიზაციასთან და პროექტთან „ერთად ჩვენ შევძლებთ“?
- IRC-ი 2010 წლის იანვარში გაწევრიანდა პროქტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონის მხარდამჭერთა ქსელში.
ორგანიზაცია იზიარებს პროექტის მიზნებს და მზადაა, მიიღოს აქტიური მონაწილეობა ქსელის საქმიანობებში.
ერთი ოჯახის ამბავი
მალხაზ ზანგალაძისა და ელზა ჯოველიძის მრავალშვილიანი ოჯახი ერთ-ერთი „ახალ“ დევნილთაგანია სოფელ კეხვიდან. მათ 2008 წლის 7 აგვისტოს იძულებით დატოვეს სოფელი და თბილისში, სპორტკომპლექს „ოლიმპში“ დაბინავდნენ. ორიოდე თვის შემდეგ კი გორის მე-5 საბავშვო ბაღში გადავიდნენ.
ოჯახი ექვსი სულისაგან შედგება, რომელთაგან 4 ბავშვია: 15 წლის ნანული I ჯგუფის ინვალიდია და ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული, 13 წლის ელენე, 10 წლის თამუნა და 2 წლის შალვა.
იმ დროისათვის, როცა ოჯახმა თავი გორის მე-5 საბავშვო ბაღს შეაფარა, დაწესებულებაში არანაირი საცხოვრებელი პირობა არ იყო. ამ შენობაში, ზანგალაძეების ოჯახის გარდა, კიდევ 12 ოჯახი შეიხიზნა, ამასთანავე, ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღიც.
გორის მე-5 ბაღის შენობა ძველი, ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისია. დევნილებს სასმელი წყალი არ ჰქონდათ. იყო მხოლოდ ეზოში გაზონების მოსავლელად გათვალისწინებული სარწყავი სისტემა. ბაღში შეხიზნულებს მთელი ზამთრის განმავლობაში წყლის სათლით შენობაში შეზიდვა უწევდათ.
ზანგალაძეების მდგომარეობას ნანულის ინვალიდობაც ამძიმებდა, ვინაიდან ის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებდა. ბავშვს ფიცრებით აკრულ საწოლში ეძინა, რომელიც, კარვების ქალაქის დაშლის შემდეგ, მათ ოჯახს ერგო.
გარდა ამისა, შენობის საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელი იყო და სრული ანტისანიტარია სუფევდა, რაც სხვადასხვა ინფექციური დაავადების გავრცელების საფრთხეს ზრდიდა.
IRC-ი და მისი თანამშრომლები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმების დაცვაზე მუშაობდნენ. პროექტი - „წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იძულებით გადაადგილებული პირებისათვის“ - გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ისა და OFDA-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის შედეგად შესაძლებელი გახდა სანიტარული ნორმების დაცვა. დევნილებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები, თუ როგორ შეძლებდნენ საშიში ინფექციების გავრცელების თავიდან არიდებას. შეიქმნა კომიტეტი, რომელიც სისუფთავის დაცვაზე ზრუნავს.
გარდა ამისა, დევნილებს გადაეცათ სანიტარულ-ჰიგიენური ნივთების ნაკრები როგორც პირადი მოხმარებისათვის, ისე იმ გარემოს სისუფთავის დასაცავად, რომელშიც ცხოვრება უხდებოდათ.
IRC-ი განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა ზანგალაძეების ოჯახს, შეუძინა და გადასცა ბავშვების მოვლისათვის აუცილებელი ნივთები.
სწორედ IRC-ის თანამშრომლები დაუკავშირდნენ გორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და წყალკანალს, ჩააყენეს საქმის კურსში და გარეთა საკანალიზაციო სისტემა შეაკეთებინეს. IRC-ი მე-5 ბაღის შიდა საკანალიზაციო და წყლის სისტემები მოაწესრიგა.
IRC-მ უშუამდგომლა ორგანიზაცია CARITAS-სთან, რომელიც ნანულის დახმარებას უწევს.
როდესაც მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ბაღებსა და კომპაქტურ ჩასახლებული მობინადრე დევნილები თურქული და გერმანული სამშენებლო კომპანიების მიერ აშენებულ კოტეჯებში შეასახლეს, ზანგალაძეების ოჯახიც ერთ-ერთ ასეთ კოტეჯში გადაიყვანეს, კერძოდ, „ვერხვების“ დასახლებაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითმა მთავრობამ და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტმა ზანგალაძეების მრავალშვილიან ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გაუწია. გორის მუნიციპალიტეტმა კი ნანული ზანგალაძეს სამკურნალო მასაჟების გასაკეთებლად ვაუჩერი გადასცა.
IRC-ი აგრძელებს მუშაობას „ვერხვების“ დასახლებაში ჰიგიენურ კომიტეტთან ერთად, რომელშიც დასახლების რვა მაცხოვრებელია არჩეული. საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის 300 ოჯახს ჰიგიენური საშუალებებს ურიგებს და ლექცია-ტრენინგებს უტარებს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ.
![]() |
19 პროფესიული განათლება შიდა ქართლის რეგიონში |
▲ზევით დაბრუნება |
შიდა ქართლის რეგიონში პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე გვესაუბრა გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მენეჯერი, ეკატერინე გიგაშვილი.
- ქალბატონო ეკა, გორის უნივერსიტეტის ბაზაზე პროფესიული პროგრამების ჩამოყალიბების იდეა როდის გაჩნდა და რამ განაპირობა მისი აუცილებლობა?
- პროფესიული პროგრამების პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და განმახორციელებელი არის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). ამ პროექტის ფარგლებში მხარეებად განისაზღვრა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შიდა ქართლის რეგიონული მუნიცი პალიტეტი და გორის უნივერსიტეტი. ეს აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდთან იყო დაკავშირებული და რეგიონის რეაბილიტაციის ხელშეწყობისათვის გაკეთდა. ამ პროექტის განხორციელებას წინ უძღვოდა გაეროს მიერ ჩატარებული სეგმენტური კვლევა, რაც გულისხმობდა შიდა ქართლის რეგიონში საჭირო პროფესიების გამოკვლევას. კვლევის შედეგად გამოკვეთილი პროფესიები ამ პროგრამის ფარგლებში ამუშავდა. გამოიკვეთა 3 მიმართულება: სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის მიმართულებები. კვლევის შედეგად აშკარად გამოიკვეთა მოსახლეობის მზარდი და სერიოზული დაინტერესება პროფესიული განათლებისადმი. პროგრამა 3 მიმართულებით წარიმართა: პირველი მიმართულება არის მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა გადამზადების კომპონენტი, მეორე - პროგრამული ნაწილი, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მშენებლობის რეაბილიტაციას გულისხმობდა და მესამე კომპონენტი მოიცავს ინტელექტუალურ კომპონენტს, ანუ სახელმძღვანელოების დაბეჭვდას.
სახელობო პროფესიული განათლება, ვფიქრობ, რომ არის ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისათვის. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ყურადღების გამახვილება პროფესიულ განათლებაზე, რადგან ეს არის განათლება დასაქმებისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური პრობლემების მოგვარებისაკენ მსგავსი ტიპის განათლება მიმართული. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო იყო, პროფესიული განათლების მოცულობა და შინაარსი წინასწარ განსაზღვრულიყო. ევროპული გამოცდილება ცხადყოფს, რომ პროფესიული და სახელობო განათლება გულისხმობს სწავლებასაც და გადამზადებასაც, სადაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია პრაქტიკას. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო რეალური პრაქტიკული სწავლებისათვის იმ გარემოს შექმნა, რომელშიც ჩვენს სტუდენტებსა თუ მსმენელებს მივცემდით პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მართლაც, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ თვალსაზრისით. აქ არის საკლასო ოთახები, სადაც თეორიული სწავლება მიმდინარეობს, არის პრაქტიკული მეცადინეობის ოთახები და ლაბორატორიები. ცალკე კორპუსი გვაქვს, რომელიც ომის დროს დაიბომბა და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია. ამ შენობის ნაწილში იქნება რძის საწარმო, რომელიც აპრილის დასაწყისში შევა ექსპლუატაციაში, მეორე ნაწილში კი არის მშენებლობის პროფესიებისათვის პრაქტიკული ოთახები. აქ გადიან ისეთ პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორებიცაა ხუროს, მებათქაშის, მომპირკეთებლისა და სანტექნიკოსის სპეციალობები. ყველაფერი ხდება იმ ცალკე კორპუსში და სწავლისაგან მოუწყვეტლივ - ვირტუალურად კი არ სწავლობენ, რეალურ გარემოში ეხებიან ყველაფერ იმას, რაც დაკავშირებულია შემდგომში მათ პრაქტიკულ საქმიანობასთან.
ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების ცენტრის შექმნაც, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს კურსდამთავრებულთა ბაზის შექმას და, შესაბამისად, გვეცოდინება რა მოთხოვნებია შრომის ბაზარზე, რა პროფესიის ადამიანები სჭირდებათ.
- მოსახლეობამ გამოთქვა თუ არა ინტერესი პროფესიული პროგრამების მიმართ?
- პირველ ეტაპზე შემოვიდა 280-მდე განაცხადი და მათგან ჩაირიცხა 161 სტუდენტი. ამ კურსებზე ასაკი შეუზღუდავია და დაინტერესება საკმაოდ მაღალია. სწავლა დავიწყეთ 2009 წლის 27 ოქტომბერს. სტუდენტთა რაოდენობა გვიჩვენებს, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. იმ ადამიანებს, რომლებიც გასაუბრების შემდეგ უნდა გახდნენ ჩვენი მსმენელები, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაბამისი განათლება, უნარ-ჩვევები ან უნდა იყვნენ თვითდასაქმებულები და შეხება ჰქონდეთ უშუალოდ ამ სპეციალობასთან. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება ადამიანს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ის ჩვენთან ვერ ჩაირიცხება. გარდა ამისა, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი, ასევე ელექტროშემდუღებელი არ შეიძლება იყოს საშუალო განათლების გარეშე მყოფი ადამიანი. ჩვენთან ძალიან ბევრი სტუდენტი არის ისეთი, რომელმაც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის, მაგრამ მაინც მოდიან ჩვენთან ახალი უნარჩვევების, ახალი ტექნოლოგიების შესასწავლად.
სწავლება დასრულდება აგვისტოში, თუმცა მოკლევადიანი კურსების ერთი ნაკადი უკვე გავუშვით. ახალი ნაკადის მიღება იგეგმება 2010 წლის აგვისტო-სექტემბერში. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს პროფესიულ სტუდენტებსა და მსმენელებს ჰქონდათ სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამის შესწავლის შესაძლებლობა. სპეციალურად 60-საათიანი კურსი შევიტანეთ, რომ სამეწარმეო გამოცდილებაც მიეღოთ. ეს დაეხმარებათ, რომ თვითდასაქმებაზე იყვნენ ორიენტირებულნი ან რამე პატარა საწარმო გააკეთონ. ასევე ვთავაზობთ კომპიუტერისა და ინგლისურის 60-საათიან კურსს. გარდა ამისა, ჩვენს მსმენელებს 18 წლის ასაკიდან მიეცათ საშუალება, რომ დაეწერათ ბიზნესგეგმები და ჩვენი 2 სტუდენტის ბიზნესგეგმა დაფინანსდება „საქართველოს კვლევისა და განვითარების ფონდის“ მიერ. ერთი ბიზნესგეგმა ეხება კომპიუტერულ მომსახურებას, მეორე - ბოსტნეული კულტურების განვითარებას შიდა ქართლის რეგიონში. ახლა სტუდენტების ხელმეორე მიღება რომ გვექნება, იქაც განხორციელდება მსგავსი პროგრამა, ანუ გაივლიან ტრენინგების ციკლს მეწარმეობაში, მიიღებენ იურიდიულ საკითხებში კონსულტაციას, როგორ აწარმოონ ბიზნესგეგმასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები, გაერკვევიან საბუღალტრო-ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნესის მართვასა და ბიზნესტექნოლოგიებში.
გარდა ამისა, დევნილებისათვის ჩვენ ტრანსპორტირებასაც უზრუნველვყოფთ. თუ ერთ დასახლებაში მინიმუმ 8 მსურველი მაინც იქნება, ვინც ჩვენთან განათლების მისაღებად მოვა, ჩვენ უზრუნველვყოფთ უფასო ტრანსპორტირებით. ეს დევნილების ხელშეწყობისათვის კეთდება. დღევანდელი მდგომარეობით, გვყავს 9 დევნილი.
- რა სახის პროფესიული განათლება გაქვთ?
- სულ გვაქვს სწავლების 3 სფერო და 14 პროფესია. მშენებლობის სფერო მოიცავს: ელექტრომემონტაჟის, მებათქაშის, რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებლის; კალატოზის, ელექტროშემდუღაბებლის, მომპირკეთებლის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და ხუროს პროფესიებს. სოფლის მეუნრეობის სფერო მოიცავს: მემცენარის, მებაღე-მევენახის, მეცხოველისა და ფერშალი ვეტერინარის პროფესიებს. გადამამუშავებელი მრეწველობის სფერო მოიცავს: ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლისა და რძის გადამამუშავებლის პროფესიებს. მათგან 12 არის როგორც სწავლება, ისე გადამზადება, ხოლო დანარჩენი ორი - ხუროსა და ფერშალი ვეტერინარის პროფესია - არის მხოლოდ გადამზადების პროგრამა. სწავლება არის უფრო გრძელვადიანი და ადამიანი ნულოვანი ცოდნითაც რომ მოვიდეს, მას ისეთი პროგრამა უნდა შევთავაზოთ, რომლის გავლის შედეგადაც ისწავლის და პრაქტიკულ კომპეტენციებსაც შეიძენს, გადამზადების პროგრამა კი ორიენტირებულია ძალიან მოკლე ვადაში ახალი უნარ-ჩვევების შეძენაზე.
- თითოეული კურსი სწავლების რა პერიოდს მოიცავს?
- ზოგადად, პროფესიული სწავლება მოიცავს, დაახლოებით, 2 წელს, მაგრამ, გამომდიარე იქიდან, რომ ეს პროექტი ომის შემდგომი რეაბილიტაციისათვის გაკეთდა, 10-თვიანი პროგრამა იქნა ნებადართული. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გორის უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც საფეხურებრივი განათლება არის - დაწყებული სახელობო პროგრამებიდან, დამთავრებული დოქტორანტურით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ღირებულია ჩვენი რეგიონისათვის.
- ლექტორები და სახელმძღვანელოები რის ბაზაზე მომზადდა?
- ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი კომპონენტი იყო მასწავლებელთა მომზადებაგადამზადება. ჯერ გამოცხადდა მასწავლებელთა კონკურსი, რის შედეგადაც შეირჩა მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები და მათი გადამზადება მოხდა. მასწავლებლები და ინსტრუქტორები დაეუფლნენ სწავლებისა და შეფასების მეთოდებს, ისწავლეს პედაგოგიკის მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა, რომელიც ამ განათლებისათვის არის ხელსაყრელი. ლიცენზირების პერიოდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩვენი მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების დოსიეები დეტალურად შეისწავლეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვის უნდა ჩაბარდეს ამ ადამიანების პროფესიული მომზადება თუ გადამზადება.
- რამდენი მასწავლებელი და ინსტრუქტორი გყავთ?
- 18 მასწავლებელი და 20 ინსტრუქტორია ჩვენთან დასაქმებული. მაგალითად, ელექტრომემონტაჟე არის როგორც მასწავლებელი, ისე ინსტრუქტორი. ასეთივეა ხილისა და ბოსტნეულის გადამზადებაშიც. მათ შორის 6 აკადემიური ხარისხის მქონდე პიროვნებაა.
- როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი?
- აქ არის ძალიან მკაცრი აღწერა დასწრებაზე, რადგანაც ყოველი კვირის ბოლოს მთავრდება ერთი მოდული და თუ ეს მოდული არ ჩააბარა მსმენელმა, შემდეგზე ვერ გადავა. როდესაც ჩვენ ლიცენზირება გავიარეთ, პროგრამებმა მიიღეს ძალიან მაღალი შეფასება, რადგან ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროგრამებია.
- თქვენთვის თუ მოუმართავს რომელიმე ორგანიზაციას, რომ მას ესაჭიროება თანამშრომლები და შემოუთავაზებიათ თუ არა თქვენი გადამზადებული სტუდენტების წაყვანა?
ჯერჯერობით ასეთ ფაქტი არ დაფიქსირებულა მიუხედავად იმისა, რომ 3 თვე გავიდა, რაც ჩვენ ვარსებობთ და არაერთხელ გვქონდა შეხვედრა ცნობადობისა და აღიარების თვალსაზრისით. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც არა მარტო გამოგვეხ მაურა, არამედ, დაახლოებით, 10-15 მსმენელი გადაამზადა, ეს არის რკინა-ბეტონის კონსტრუქციათა ქარხანა, რომელიც ემსახურება ცენტრალურ მაგისტრალზე გზის მშენებლობას. ამ ქარხნის მუშები ჩვენთან გადამზადდნენ. ეს ის საწარმოა, რომელიც მართლა მუშაობს და საქმეს აკეთებს.
- წარჩინებულ მსმენელებზე რეკომენდაციებს თუ გასცემთ?
- თუკი ასეთი რეკომდენდაცია საჭირო იქნება, ჩვენ ვალდებული ვართ, გავცეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებთან არ ვწყვეტთ ურთიერთობას მას შემდეგ, რაც ისინი ამთავრებენ აქ სწავლას. მსგავსი რამ ჯერ არ გვქონია პრაქტიკაში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გავცემთ.
- თუ არის შესაძლებელი, რომ თქვენი წარმატებული კურსდამთავრებული შემდგომში დარჩეს თქვენთან ინსტრუქტორად ან მასწავლებლად?
- ამ პროექტში ეს არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება არა ინსტრუქტორად ან მასწავლებლად, არამედ დამხმარედ ავიყვანოთ. მაგალითად, რძის საწარმოში როდესაც დავიწყრბთ მუშაობას, ამ ჯგუფში ძალიან მოტივირებული ადამიანები არიან და შეუძლებელია, მათგან 2-3 ადამიანი არ დარჩეს სამუშაოდ იმიტომ, რომ მათ უკვე ჰქონდათ საბაზო განათლება და ახლა დამატებით ეს კომპეტენციებიც შეიძინეს. ძალიან რთული იქნება მათ გარეშე ამ წარმოების ამუშავება.
- როდისთვის იგეგმება ქარხნის გახსნა?
- ქარხნის გახსნა იგეგმება აპრილის დასაწყისისათვის. ლაბორატორიულ პირობებში პროდუქტი უკვე მიღებული გვაქვს: ყველი, მაწონი, ხაჭო და არაჟანი. ამ ეტაპზე მუშავდება ბიზნესგეგმა რძის ქარხანასთან დაკავშირებით, თანხმდება მარკეტინგული ნიუანსები: ლოგო და ეტიკეტი. პროდუქციის წარმოება არ იქნება ძალიან დიდი, ეს არ იქნება მსხვილი საწარმო. ქარხანას 1 დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 1 ტონა რძის გადამუშავება შეუძლია. ქარხანაში სრულიად ახალი აღჭურვილობაა.
- სად გაკეთდა აღნიშნული ქარხანა?
- ეს იყო გორის უნივერსიტეტის მე-6 კურპუსი, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიბომბა. პროექტის ფარგლებში ამ შენობის რეკონსტრუქცია მოხდა და სრულიად ახალი მანქანადანადგარები შევიძინეთ.
- თუ ხდება პროექტის გადახალისება ახალი პროფესიების გამოვლენის მიზნით?
- პროექტის გადახალისება მუდმივი პროცესია, რადგან შრომის ბაზრის მოთხოვნა ძალიან სწრაფად იცვლება და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ გარემოს მოთხოვნებს არ ჩამოვრჩეთ. მაგალითად, თუ დღეს მშენებლობის პროფესია გვაქვს პრიორიტეტული და ხვალ ის აღარ იყო შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, ჩვენ ვერ გავჩერდებით მშენებლობაზე, მუდმივად უნდა მოხდეს ახალი ელემენტების შემოტანა ჩვენს პროგრამაში. ახლა ჩვენს ორგანიზაციასთან თანაშრომლობით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია შიდა ქართლის რეგიონში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის დარგში მომუშავე საწარმოების მასშტაბურ კვლევას ატარებს. ამ კველვის ერთ-ერთი სეგმენტი არის მომავალ პროფესიაზე აქცენტი. ჩვენ გამოვიყენებთ ამ კვლევის შედეგებს და დავინახავთ, რა ტი პის პროფესიები გამოიკვეთება პრიორიტეტად. მეფუტკრეობის შესწავლის ძალიან ბევრი მსურველია. ეს უკვე არის იმის სიგნალი, რომ ადამიანებს აინტერესებთ ესა თუ ის პროფესია. ჩვენ ახლა არ გვაქვს ეს პროფესია, მაგრამ მარტივიც არ არის ახალი პროფესიის შემოტანა, რადგან ეს დაკავშირებულია დამატებით ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებთან. რომ ასწავლო, უნდა გქონდეს შესაბამისი ბაზა, ანუ ჯერ უნდა მოხდეს მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების გადამზადება, თუმცა ჩვენ ამ კუთხით ვიმუშავებთ.
ახლა ვაპირებთ სარესტორნო საქმესთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებას თბილისის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროფესიულ ცენტრ „იკაროსთან“, სადაც გავაგზავნით ერთ ადამიანს. სამომავლოდ ბაზარზე თუ გაჩნდება სარესტორნე და სასტუმროების საქმის შესწავლის მოთხოვნა, შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენთანაც გადავამზადოთ კადრები.
- კურსებზე მიღების ქვედა ასაკობრივი ზღვარი რამდენია?
- ხუროსა და ფერშალი ვეტერინარის გადამზადების პროგრამებზე მოსახვედრად სრული საშუალო განათლება აუცილებელია, დანარჩენ 12 სპეციალობაზე სტუდენტების მიღება ხდება 9 კლასის ბაზითაც.
ახლა ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროგრამას. ეს არის სკოლის მაღალკლასებში პროფესიული ჯგუფების პილოტირების პროგრამა. ეს იქნება ინტეგრირებული პროგრამა, ანუ ბავშვი სკოლას არ დატოვებს და ამის პარალელურად მიიღებს პროფესიულ განათლებასაც. ჩვენ მოვიწვიეთ სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები. დირექტორების მხრიდან საკმაოდ აქტიური გამოხმაურება იყო. ჩვენ ასეთ რამეს ვთავაზობთ: თეორიული კურსი ჩატარდება მათსავე სკოლაში (ხოლო სკოლას ამისი ბაზა თუ არ აქვს, ჩვენთან ვასწავლით), მაგრამ პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლიან ჩვენს ლაბორატორიებში.
- რამდენი სკოლის მოსწავლის მიღებას გეგმავთ?
- ამ კომპონენტს ეყოლება მენეჯერი, რომელიც უშუალოდ განახორციელებს სკოლებთან ურთიერთობას, რომელიც ადმინისტრირებას გაუწევს პროგრამის განხორციელების პროცესს. სასურველია, რომ ამას წინ უძღვოდეს მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის კვლევა. პირადად მე მივდივარ სკოლაში და ვხვდები მოსაწავლეთა ჯგუფს. პროფესიული ორიენტაციის კვლევის შესაბამისად, არსებობს მეთოდოლოგია, როგორ უნდა მოხდეს ამ კველვის ჩატარება - გასაუბრებისა და ტესტირების ჩატარების დონეზე ვადგენთ ვის რისი ნიჭი და უნარი აქვს. მოსწავლეებს, რომლებსაც რაიმე პროფესიის მიმართ მიდრეკილება აქვთ, ჩვენ ვთავაზობთ ამ პროგრამაში მონაწილეობას, რომელიც სრულიად უფასოა. სკოლებში ამ ეტაპზე ძალიან დიდი მონდომება დავინახეთ. ერთ სკოლაში თითო პროფესიაში მაინც თუ გაკეთდება 1 ჯგუფი (ჩვენ ამის უზრუნველყოფა შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ შიდა ქართლში გაჩნდება ქსელი) ეს უკვე იქნება საკმაოდ კარგი დასაყრდენი.
- საშუალო სკოლაში სახელობო პროფესიის მიღების შემთხვევაში, სკოლადამთავრებულს რა უპირატესობა აქვს შემდგომში პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით?
- ჩვენი სერტიფიკატის მფლობელი თუკი ისევ დაბრუნდება ჩვენს პროფესიულ სასწავლებელში კვალიფიკაციის მისაღებად, აუცილებლად მოხდება იმ საათების აღიარება. საშუალო სკოლებში ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ 300-350-საათიანი კურსი. თუ ეს კურსდამთავრებული მერე მოვა გრძელვადიან სწავლებაზე, ეს რაოდენობა აუცილებლად გამოაკლდება. სკოლაში ჩვენ მათ ვაძლევთ მსმენელის სერტიფიკატს, შემდგომ კი, თუკი მოვა სწავლებაზე, ვანიჭებთ კვალიფიკაციას. ეს რაოდენობა, რომელიც მან მსმენელის დონეზე მოისმინა, შეუძლია აღარ გაიაროს და გამოაკლდება.
სტაჟირება აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოებში
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოებში.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 3 მაისი.
აღნიშნული სტიპენდიის პროგრამა საშუალებას აძლევს ათ ქართველ ახალგაზრდას, გაემგზავრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკანონმდებლო ორგანოებში პრაქტიკული ცოდნის მისაღებად.
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ საქართველოში.
ქართველი კანდიდატი ზემოთ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობდეს საქართველოში;
იყოს 25-დან 35 წლამდე ასაკის;
ჰქონდეს უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა);
ფლობდეს ინგლისურ ენას თავისუფლად;
ჰქონდეს სათანადო გამოცდილება და ცოდნა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებთან მიმართებაში;
ჰქონდეს ლიდერობისა და თანამშრომლობის გამოხატული უნარები. თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, შეგიძლიათ, მიმართოთ პროგრამას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://ais.americancouncils.org
ნახევარფინალისტები საქართველოდან შეირჩევიან ვაშინგტონის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომიტეტის მიერ ამერიკის საბჭოების ოფისში, თბილისში. ამერიკაში გამგზავრებამდე შერჩეული სტიპენდიანტები გაივლიან სპეციალურ მოსამზადებელ ეტაპებს, კერძოდ, გაეცნობიან ამერიკის კულტურას, გაივლიან ამერიკის ვიზის მისაღებად საჭირო ეტაპებს და კიდევ ერთხელ დაწვრილებით გაეცნობიან პროგრამას. ამერიკაში ჩასვლიდან პირველი სამი დღის განმავლობაში ისინი მონაწილეობას მიიღებენ 3-დღიან, ინტენსიურ გაცნობით ტრენინგში, დენვერში. ამის შემდეგ სტიპენდიანტები აქტიურად ჩაერთვებიან ამერიკის სახელმწიფო ორგანოების მუშაობის პროცესში.
პროგრამის დასასრულს სტიპენდიანტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამ პროგრამის სხვა სტიპენდიანტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბრაზილია, კოლუმბია, ინდონეზია, ქუვეითი, ნეპალი, პაკისტანი, ფილიპინები, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.
მნიშვნელოვანი თარიღები:
საშემოდგომო პროგრამის აპლიკანტებისათვის აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 3 მაისი, 2010.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ:
ამერიკის საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის საქართველოში:
ჭავჭავაძის გამზირი 27/29, თბილისი
ტელეფონი: (+995 32) 29 21 06;
91 32 72; 91 32 52.
E-mail:lfp.georgia@gmail.com
http://www.americancouncils.ge