![]() |
თავისუფლება № 11 (35), ნოემბერი, 2004 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: პაიჭაძე დავით, ვაცლავჩიკი ვესლავ, კვესელავა ხათუნა, ჰაბერმასი იურგენ, შნაიდერი მარკუს |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ყველა უფლება დაცულია ვრცელდება უფასოდ რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: აკაკი მინაშვილი გიორგი მელაძე ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი ხათუნა კვესელავა დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო: გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge |
![]() |
1 რევოლუციის წლისთავი - აწმყო განგრძობითი დრო |
▲ზევით დაბრუნება |
დავით პაიჭაძე
რას მოველოდით ვარდების რევოლუციისგან - უკვე არასწორი შეკითხვაა, რადგან არ მოველოდით თავად რევოლუციას. ხელისუფლების სათავეში დღეს მყოფი პოლიტიკური ძალის 2 ნოემბრამდელი დაპირებები, საეჭვოა, ვინმეს კარგად ახსოვდეს: გლეხების გათავისუფლება მიწის გადასახადისაგან, მცირე მეწარმეთა გათავისუფლება საერთოდ გადასახადისაგან, ოღონდ ორი წლით... მეტს ვერ ვიხსენებ. ის დაპირება-პროგრამები შედგენილი იყო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე გათვლით და არა მთელი ხელისუფლების ხელში აღების იმედით. სამაგიეროდ, იყო ერთი ტექსტი, რომლის შინაარსის ხორცშესხმა სწორედ ხელისუფლების სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში შეიძლებოდა. თან ეს გახლდათ ტექსტი, რომელიც შეადგინეს არა პოლიტიკოსებმა მოქალაქეთათვის შესათავაზებლად - სწორედ პირიქით: მოკლე, ათპუნქტიანი კონტრაქტით ქართული არასამთავრობო სექტორის უკეთესი (აქტიური, ცნობილი, რჩეული, ანგაჟირებული - როგორც გნებავთ) ნაწილი არაფორმალურად შეუთანხმდა მაშინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას იმ საქმეებზე, რასაც მისგან გამარჯვების შემდეგ მოელოდა. ,,კმარა ანუ 10 ნაბიჯი თავისუფლებისაკენ“ იყო ყველაზე გასაგები პროგრამა იმხანად. დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ მცირე წვლილი ,,ათმა ნაბიჯმაც“ არ შეიტანა საზოგადოებაში იმ განწყობისა და შემართების გამოსაწვევად, რასაც ერთ თვეში მმართველი პოლიტიკური კლასის მეყსეული გადაშენება მოჰყვა.
ამიტომაც, რევოლუციის შემდგომ მოლოდინებზე ლაპარაკის დროს, ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შესრულდა არა ის, რასაც პოლიტიკოსები დაგვპირდნენ, არამედ - რაზეც ისინი დავითანხმეთ. 10 ნაბიჯის ხელმომწერი სამივე პოლიტიკური ჯგუფი დღეს საქართველოს პარლამენტში მოღვაწეობს: რევოლუციის წლისთავზე ერთქმნილი ბურჯანაძე-დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები, რომელთაც მტკივნეული მეორე ნაბიჯის (დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა) გარდა, ცხრავე ნაბიჯი გაიზიარეს.
10 ნაბიჯს, როგორც ხელშეკრულებას, ერთი ნაკლი ჰქონდა: არ ითვალისწინებდა შესრულების ვადებს. თუმცა, იგულისხმებოდა და დღეს აშკარაა, რომ ვადა განსაზღვრულია - ოთხი წელიწადი, პარლამენტის სამოქმედო დრო. ნუ ვიკამათებთ, საიდან დავიწყოთ ათვლა - იმ პარლამენტიდან, 28 მარტს რომ ავირჩიეთ, თუ იმ პარლამენტიდან, დღევანდელზე გაცილებით უპრობლემოდ რომ ასრულებდა პრეზიდენტ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივებს 28 მარტამდე. მოკლედ, ერთი წელი თითქმის გავიდა. ამასობაში კონტრაქტის ერთი მხარის ნაწილი მეორე მხარეს შეემატა. ასე რომ, ყველა პირობა გვაქვს, ვიკითხოთ: მოგვეწყო კი იმავე საწყაულით, რომლითაც ვითხოვდით?
ნაბიჯი 1
სახელმწიფო მართვის საბჭოური სისტემის რეფორმა და მისი დაწყებისათვის საბჭოთა უშიშროების სამსახურების თანამშრომელთა და კომუნისტური პარტიის ნომენკლატურის (ცკ-ის წევრი, განყოფილების გამგე, რაიკომისა და ქალაქკომის მდივანი, პარტკომი) წარმომადგენელთათვის მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების შეზღუდვა.
თავისუფლებისაკენ მისამართით 10 ნაბიჯიდან ეს პირველია. რანგით თუ უბრალოდ, რიგით - მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ მართვის არავითარი (და, მაშასადამე, საბჭოური) სისტემის რეფორმა ჩვენში არ დაწყებულა. კონსტიტუციის შეცვლა, მინისტრთა კაბინეტის შემოღება არავის აღუქვია ძველებური მართვის დემონტაჟად. სტრუქტურის შეცვლა არ ნიშნავს სისტემის გამოცვლას. საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა უფრო პოლიტიკურ ძალთა ახალი განლაგების საილუსტრაციოდ. ჰო, მართლა, ლუსტრაციაზე გამახსენდა: შარშან, 2-დან 23 ნოემბრამდე, მართლაც მოხდა გრანდიოზული თვითლუსტრაცია. ათობით ყოფილი მაღალი თუ საშუალო რანგის კომუნისტი და კომკავშირელი ჩამოსცილდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას (პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და, რა თქმა უნდა, ვიტალი ხაზარაძე...), მაგრამ არ არსებობს არავითარი კანონი, რომელიც წარსულის აჩრდილებს სახელმწიფო მმართველობაში შესასვლელ ბჭეს დაუვიწროვებდა. იმის კონსტატაცია, რომ თვითლუსტრაცია მოხდა, საკმარისი არ არის. საბჭოთა უშკომელებისა და ,,პარტაპარატჩიკების“ შებრკოლებას პოლიტიკურ იერარქიაში აღმასვლისას ფოლკლორული ტრადიცია რომ არ ჰყოფნის, ამასწინანდელმა გამოკლებულმა არჩევნებმაც დაადასტურა: თვით პრეზიდენტის ხელდასხმით გორის მაჟორიტარ დეპუტატად საქართველოს კომპარტიის ცეკას კიდევ ერთი ყოფილი პირველი მდივანი მოგვევლინა. საქართველოს პარლამენტში სიტყვა ლუსტრაცია აღარ ისმის. ლუსტრაციის კანონის შესაქმენლად საჭირო მცირე სასიკეთო სიგნალად შეიძლება აღვიქვათ საქართველოს რატომღაც განრისხებული პრეზიდენტის სიტყვა 22 ნოემბრის გამაერთიანებელ ყრილობაზე, სადაც მან ძალიან მკაცრად მოიხსენია გურამ შარაძე. სხვა მეტი არაფერი.
ნაბიჯი 2
სახელმწიფო თანამდებობების პირთათვის დაუსაბუთებელი ქონებისა და შემოსავლების ჩამორთმევის კანონის მიღება.
ახალმა ხელისუფლებამ ძველ პარლამენტს მისცა შანსი, ,,გამოესწორებინა შეცდომა“ და კანონი გაემკაცრებინა: ამჟამად არსებობს ორი გზა, რათა სახელმწიფომ შესძლოს უკანონოდ მითვისებული ქონების ჩამორთმევა ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირებისათვის. ძირითად გზას წარმოადგენს პროკურატურის მიერ შესაბამისი სარჩელის წარდგენა კანონის დამრღვევი ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირისათვის (ესეც მხლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე საქმეა აღძრული და მიმდინარეობს ძიება). მეორე გზას წარმოადგენს ნებისმიერი პირის მიერ სასამართლოში ჩივილი, თუ ამ თანამდებობის პირმა უშუალოდ მას მიაყენა ზიანი მისი უკანონო მოქმედების შედეგად.
გარდა ამისა, განხილვისა და მიღების პროცესშია კანონპროექტი არადეკლარირებული შემოსავლებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ, ე.წ. ფინანსური ამნისტიის კანონი, რომელიც თავდაპირველი სახით თანამდებობის პირებზეც უნდა გავრცელებულიყო. მარტივად რომ ვთქვათ, ყველას, ბიზნესმენებს, თანამდებობის პირებს, ყოფილ ბიზნესმენებსა და ახლა საჯარო პირებს, ყოფილ მაღალი რანგის მოხელეებსა და ახლა ბიზნესმენებს მიეტევებოდათ ყველა ის დამალული შემოსავალი, რომელიც მათ 2004 წლის 1 იანვრამდე დაიუნჯეს.
კანონპროექტის ამ სახით გამოჩენას კრიტიკულად შეხვდა მესამე სექტორის ნაწილი, რომელსაც აღმოაჩნდა მოკავშირეები პარლამენტში. იურიდიული კომიტეტი წინააღმდეგია იმისა, რომ ფინანსური ამნისტია სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირებზეც გავრცელდეს. მთავრობისა და პარლამენტის ეკონომიკური პროფილის ხელმძღვანელები, პირიქით, ემხრობიან, რომ ამინისტია ყველას შეეხოს. თავისთავად, კარგია, რომ პოლიტიკური კლასი და საზოგადოება კანონპროექტზე კამათობს, თორემ რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ იმდენ ყოფილ ჩინოსანს ჩამოართვა, ხშირად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაუსაბუთებელი ფული და ქონება, ლამის არის, ვიფიქროთ: რა საჭიროა კანონი, თუ მის გარეშეც ესხმება ხორცი იდეებს და სრულდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. მოკლედ, 10 ნაბიჯიდან მეორე თითქოს გადავდგით, მაგრამ არაზუსტი მიმართულებით, რევოლუციური ბანგით ცოტა ფეხარეულებმა.
ნაბიჯი 3
კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების გაძლიერება; ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება; თავისუფალი მეწარმეობის შემზღუდავი კანონების გაუქმება; მეწარმეთა დაცვა სამართალდამცველი და მაკონტროლებელი ორგანოების უკანონო ზეწოლისაგან; ლიბერალური სადაგასახადო კოდექსის მიღება; ფისკალური პოლიტიკისა და კანონმდებლობის სტაბილურობა.
ყველაფერს, რასაც მესამე ნაბიჯი გულისხმობს, ხშირად იმეორებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ლიბერალურად განწყობილი პოლიტიკოსები თუ მოხელეები. მაგრამ იმეორებენ, როგორც იდეებს, პლატფორმას, თვალსაზრისებს და არა როგორც კანონმდებლობაში რეალიზებულ პრინციპებს. ერთადერთი, რაც აქამდე მოხერხდა, ახალი საგადასახადო კოდექსის პირველი მოსმენით მიღება იყო. ეს კოდექსიც სულაც არ წარმოადგენს ლიბერალიზმის მწვერვალს. საქართველოს ფინანსთა მინისტრს თავისი ამოცანები აქვს - გადასახადების აკრეფა და ბიუჯეტის შევსება. ამ ამოცანათა შესასრულებლად ფისკალურ ორგანოებს იმხელა უფლებამოსილება ენიჭება, შეიძლება თავისუფალმა მეწარმეებმა შემზღუდავი კანონმდებლობის ძალაში დატოვება ითხოვონ. მცირე მეწარმეებმა უკვე გამოხატეს ნეგატიური მიმართება ახალი კოდექსის პროექტისადმი. მკვეთრად დაუპირისპირდა მას პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც მიაჩნია, რომ ახალი კანონი გლეხს უმძიმებს საგადასახადო ტვირთს. რაც შეეხება პრეზიდენტს, მისი ყველაზე დასამახსოვრებელი ნაბიჯი ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, გაზაფხულზე კანცელარიიდან პირიმზეში ფეხით დაშვება და იქ წვრილ ხელოსანთა განკითხვა თუ წყალობისყოფა გახლდათ: პრეზიდენტი მათ (მცირე მე-წარმეებს) გადასახადების მოხსნას დაპირდა.
უსამართლობა იქნება, არ ვთქვათ, რომ სამართალდამცავ (იგივე ძალოვან) სამსახურებს აეკრძალათ საწარმოებში ,,შესეირნება“ და მეწარმეებისათვის რაგინდარა ბეგარის ,,შეწერვა“. კერძო ბიზნესის გადასახადებით მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო ინტერესდება, ეგ არის, კერძო ბიზნესი, ალბათ ინერციით, თავისთავად აღძრავს ხელისუფლების ცალკეულ ფიგურათა არაჯანსაღ, მაგრამ სრულიად გასაგებ ინტერესს. ამ მხრივ, უკეთეს შემთხვევაში, წინ დიდი მხილებები გვაქვს. ისევე, როგორც წინ გვიძევს თავისუფლებისაკენ მესამე ნაბიჯის გადადგმა.
ნაბიჯი 4
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და თანმიმდევრული განხორციელება.
საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, მეოთხე ნაბიჯი თავისუფლებისკენ ნახტომისებურად გადაედგა. ერთი წყალწაღებული მოძღვრების თანახმად, რაოდენობრიობა სწორედ ნახტომისებურად გადადის თვისებრიობაში. მაგრამ ნახტომი არ შედგა - ჩამოყალიბებული პოლიტიკის გარეშე ურთიერთობა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან, ერგნეთის კონტრაბანდული ხვრელის ამოქოლვისა და ჰუმანიტარული იერიშის შემდეგ, გამწვავდა, ტყვიაც გავარდა და მსხვერპლიც მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებამ მინავლებული კონფლიქტის გაღვივებისა და მისი მილიტარულ კალაპოტში გადასვლის შემდგომ დაკარგა ინიციატივა და კარგი სასტარტო პოზიციები. ჯერ კიდევ ივნისში სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი კრიმინალური კლანის ლიდერი, იმავდროულად ,,რესპუბლიკის პრეზიდენტი“ ედუარდ კოკოითი დღეს უალტერნატივო ხელმძღვანელია ქართველების წინაშე კონსოლიდირებული ოსი მოსახლეობისა. საქართველოს მხარემ უკანდახევის (ვთქვათ პირდაპირ: ჭკუის წაგების) შემდეგ დაიწყო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ლაპარაკი: ახლა სამხრეთ ოსეთს სთავაზობენ დემილიტარიზაციას, როკის გვირაბის ერთობლივ კონტროლს საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ, შეღავათიან ეკონომიკურ რეჟიმს ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად. ამბობენ, რომ უარის შემთხვევაში კიდევ არსებობს სხვა არაერთი გეგმა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხრეთი ოსეთის ინტეგრაცია საქართველოს შემადგენლობაში თვეების საკითხია. მაგრამ არ ამბობს - როგორ.
რაც შეეხება აფხაზეთს, დღეს იქ ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენათა ფონზე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა არასოდეს ყოფილა ასე ადექვატური და ლამის ბრძნული. თვითაღიარებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ხელისუფლებამ პირველად არ მოუწოდა იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, არ მიეღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევაში. არავის აქვს ილუზია, რომ აფხაზეთი მალე იბრუნებს პირს საქართველოსკენ, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, იქ ვითარების მოწესრიგების შემდეგ საქართველოს მეტი საშუალება აქვს, შეეცადოს მეტ-ნაკლებად პროდუქტიულ მოლაპარაკებას აფხაზებთან, ვიდრე, ვთქვათ, ერთი წლის წინ ჰქონდა. ოღონდ, აქაც ჯერ უცნობია, რა მიდგომები აქვს საქართველოს ხელისუფლებას განდგომილ რეგიონთან. ეგებ არ ვიცით და ეს მიდგომები თავს იჩენს მცდელობაში, საქართველომ გადადგას მე-6
(იხ. ქვემოთ) ნაბიჯი თავისუფლებისაკენ? მაგრამ პრეზიდენტი რომ ამბობს, ომს ჩვენ არ ვაპირებთო? საქართველოს ხელისუფლება უწინარეს ამოცანად ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენას მიიჩნევს, მაგრამ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ საზოგადოებისათვის მას არ შეუთავაზებია ხედვა, თანმიმდევრული და ჩამოყალიბებული პოლიტიკური კონცეფცია ამ ამოცანის გადასაჭრელად.
ნაბიჯი 5
თბილისისა და ფოთის მერების არჩევითობა; ევროპული თვითმმართველობის ქარტიის რატიფიკაცია; ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ქონების გადაცემა და ფინანსური ავტონომიურობის მინიჭება; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღება.
ნაბიჯი, რომ იტყვიან, კომპლექსურია. როგორც ჩვეულებრივი ნაბიჯის გადადგმა რამდენიმე კუნთს ამუშავებს, ისევე სჭირდება, ვთქვათ, თვითმმართველობის დამკვიდრებას ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების ხორცშესხმა. ერთადერთი, რაც თავისუფლებისკენ გადასადგმელი მე-5 ნაბიჯიდან ხელისუფლებამ შეასრულა, ევროპული თვითმმართველობის ქარტიის რატიფიკაციაა. ეს პარლამენტმა გააკეთა ოქტომბრის მიწურულს. ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონებისა და ფინანსური ავტონომიის მინიჭებას ჩვენში ძველებურად უფრთხიან. არადა, უამისოდ თვითმმართველობა სიმულაციურია. ფრთხილი სვლა თვითმმართველობის გასაფარ- თოებლად შეიძლება იყოს ხსენებული ქარტიის რატიფიკაციის შემდეგ გახმიანებული განზრახვა, დაუშვან თბილისსა და ფოთში მერების არჩევა, ოღონდ - საკრებულოთა მიერ. ცოცხალია შიში, რომ პირდაპირი არჩევის შემთხვევაში ქალაქს სათავეში ჩაუდგება ცენტრალური ხელისუფლებისაგან ზედმეტად დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიც, რა თქმა უნდა, პრობლემებს შექმნის. რაც შეეხება რაიონებისა და რეგიონების ხელმძღვანელთა პირდაპირი წესით არჩევითობას, ეს ვარიანტი არც განიხილება, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსასვლელად საეჭვო რეპუტაციის ადამიანებს უფენს წითელ ხალიჩას. გაუგებარია, როგორ ხედავს საქართველო მომავალ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას: არც პოლიტიკურ კლასში და არც მის მიღმა დებატები ფედერალიზმისა და უნიტარიზმის მჯობინებაზე არ მიმდინარეობს.
ნაბიჯი 6
2007 წლამდე საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა; ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად სახელმწიფო სტრატეგიული გეგმის შემუშავება და თანმიმდევრული განხორციელება; შეიარაღებულ ძალებში გაწვევის სისტემის გაუქმება და პროფესიული არმიის ჩამოყალიბება.
ძალიან საეჭვოა, 2007 წლამდე საქართველოდან რუსეთის ბაზები გავიდეს. ეს საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობაში თითქოს მივიწყებულიცაა. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება კი ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს. ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს. ნატომ მას ერთხმად დაუჭირა მხარი ფორმატში 26+1, სადაც 26 - ნატოს წევრი ქვეყანაა, ხოლო 1 - საქართველო. ამ გეგმის თანმიმდევრული განხორციელება არ გულისხმობს რეფორმებს მხოლოდ სამხედრო სფეროში: აქ არის მოთხოვნა, განავითარო დემოკრატია, გააძლიერო სასამართლო, ხელი შეუწყო საბაზრო ურთიერთობებს.
საკუთრივ სამხედრო სფეროს რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შინაგანი ჯარის გაუქმება, მისი ჩამოცილება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და თავდაცვის სამინისტროსთვის დაქვემდებარება, ცხადია, არა ძველი სტატუსით. ქვეყანას აღარ ჰყავს ოფიციალური შეიარაღებული ფორმირება, რომლის მოვალეობაც, თუ დასჭირდა, თანამოქალაქეებისათვის იარაღის დამიზნება იყო. გაწვევა ჯერ სრულად არ გაუქმებულა, სამაგიეროდ სამჯერ შემცირდა. შემცირდა მოთხოვნა გაწვევაზე, რადგან გაწვეულ კონტინგენტში ვერ იზრდება დეფიციტურ სამხედრო სპეციალობას დაუფლებული ჯარისკაცი, რომელიც პროფესიულ ჯარს სჭირდება.
ნამდვილ პროფესიულ არმიას საფუძველი ჩაუყარა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამამ. 32 მილიონი დოლარი, რომელსაც აშშ აძლევს საქართველოს, არსებითად, ამავე პროგრამის გაგრძელებას მოხმარდება - ამ ფულით გადამზადდება რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე, ძირითადად დასავლეთის ოპერატიული მიმართულების შეიარაღებულ ძალებში. ევროკავშირში გაწევრიანება კი... მოდი ამაზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის განხორციელებას შევუდგებით, რევოლუციით მიღებულ ინდულგენციებს ვადა გაუვა, ადამიანის უფლებებს უკეთ დავიცავთ, ჩავატარებთ სამართლიან და ეჭვშეუვალ არჩევნებს და ეკონომიკურად მოვღონიერდებით.
ნაბიჯი 7
ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შემოღება; სამართალდამცავი ორგანოების დეცენტრალიზაცია; ადგილობრივი პოლიციის უფროსებისა და პროკურორების არჩევითობა; ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ადამიანის უფლებების დაცვის, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნება.
მთავრობისათვის სასურველი გადაწყვეტილებები დღევანდელივით ინტენსიურად სასამართლოს ნამდვილად არ დაუშტამპავს შევარდნაძის დროსაც კი, თუმცა 10 ნაბიჯიდან მე-7 სწორედ იმ პერიოდშია ფორმულირებული. სასამართლოს კრიზისზე ლაპარაკობს ყველა, პრეზიდენტით დამთავრებული. ნაფიც მსაჯულებზე ჩვენში კამათობენ: საქართველო პატარა ქვეყანაა, ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, შეუძლებელია, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა მიუკერძოებლად იმუშაოს; მეორე მხრივ, მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეთა ჩართვას მართლმსაჯულებაში სწორედ მოსამართლეთა მიკერძოების გასანეიტრალებლად, დაცვისა და ბრალდების მხარეთა კომპეტენციის ქცევას საზოგადოებრივი განსჯის საგნად. ასეა თუ ისე, დღეს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება უახლოვდება მდგომარეობას, საიდანაც უფრო ადვილი იქნება მისი დაკანონება - როგორც ახლა იტყვიან, პოლიტიკური გადაწყვეტილება ამის თაობაზე უკვე მიღებულია. სასამართლოს გასაუმჯობესებლად სხვა გზასაც სახავენ - ეს გახლავთ მოსამართლეთა პირადი შემადგენლობის (გინათუ კორპუსის) ძირეულად გადახალისება.
პოლიციის არჩევითობაზე სულ ახლახანს გავიგონეთ განცხადება ისევ პრეზიდენტისგან. მან არ გამორიცხა, რომ მუნიციპალური პოლიციის შექმნის შემდეგ პოლიციის უფროსის თანამდებობა არჩევითი იქნება. შეგვიძლია, სამართალდამცავ ორგანოთა დეცენტრალიზაციის ცდად ხელისუფლებას ჩავუთვალოთ საგზაო პოლიციის გაუქმება და საპატრულოს შემოღება? როგორც გნებავთ. პროკურორების არჩევითობა კი, ვფიქრობ, დღესაც გაუგებარია ბევრი ჩვენგანისთვის. პროკურატურაში, იქ მისული წესიერი და გონიერი ზურაბ ადეიშვილის მიუხედავად, არავითარი რეფორმა არ დაწყებულა, თუ არ ჩავთვლით დარგობრივი პროკურატურების გაუქმებასა და თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი ჯერ არ წარუდგენიათ არათუ პარლამენტისთვის, არამედ საზოგადოებაში განსახილველადაც.
ნაბიჯი 8
საპენსიო და სახელფასო დავალიანებების 2006 წლამდე სრული დაფარვა; სახელმწიფო სექტორში მინიმალური ხელფასის სამომხმარებლო კალათასთან გათანაბრება; ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტული მიმართვა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისკენ; ქველმოქმედების ხელშემწყობი საგადასახადო კანონმდებლობის მიღება.
სახელმწიფო სექტორში მინიმალური ხელფასის სამომხარებლო კალათასთან გათანაბრება ის პრობლემა გახლდათ, რომელზედაც ერთ დროს ოპოზიციონერი ზურაბ ჟვანია შევარდნაძის ხელისუფლების წამოკიდებას ცდილობდა. დღეს პრემიერ-მინისტრ ჟვანიას ამოცანა, ალბათ, მისი ოდინდელი დანაქადის ასრულებაც უნდა იყოს. ჯერ ამას პირი არ უჩანს. ჟვანიას არ ახსენებენ და თვითონაც ხშირად არ იხსენებს, რას სთხოვდა შევარდნაძის საპარლამენტო უმრავლესობას - სხვათა შორის, სრულიად ლოგიკურად.
რაც შეეხება საპენსიო და სახელფასო დავალიანებათა გასტუმრებას, აქ, რომ იტყვიან, პროცესი დაწყებულია და შეიძლება, 2006 წლამდე მართლაც დასრულდეს. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტად სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ქცევაზე ვერაფერს მოგახსენებთ: ერთი ის მახსოვს, ფეხმძიმე ქალებს 200 ლარი რომ ეძლევათ. და კიდევ ვხედავ, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს ადრინდელივით უჭირთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ქველმოქმედების ხელშეწყობას და განვითარებას კი არა მარტო ახალი საგადასახადო კანონმდებლობა, არამედ ცნობიერებაში სერიოზული ძვრა სჭირდება: ქველმოქმედება არ გახლავთ მხოლოდ მდიდარი ხალხის საქმე. დღეს ქველმოქმედება მდიდართა ინსტრუმენტია ლოიალობის გამოსახატად. ქველმოქმედებაში ხშირად საეჭვო ფული იხარჯება, ანუ ირეცხება, თეთრდება. ეგებ თანდათან ნათელი გახდეს, რომ გაცილებით ფასეულია ბევრი ადამიანის მიერ საქველმოქმედოდ გაღებული მცირე თანხა, ვიდრე ერთი ადამიანის მიერ გაღებული მილიონი. სხვათა შორის, მცირე თანხათა ჯამი შეიძლება მილიონს აღემატებოდეს კიდეც. მოკლედ, საგადასახადო შეღავათები ქველმოქმედებისათვის ჯერ არ არსებობს. ამიტომ ნუ გიკვირთ და მხოლოდ თავმდაბლობას ნუ მიაწერთ იმას, თუ, ვთქვათ, 40 (სხვა წყაროებით, 100) მილიონიანი მშენებლობის ძირითადი სპონსორი შენობის კურთხევაზე არ გამოჩნდება.
ნაბიჯი 9
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის მინიჭება, სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევითობა; განათლების დაფინანსების სტიპენდიური სისტემის შემოღება, განათლების ხარჯების გაზრდა სულ მცირე ორჯერ; უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების ერთიანი სახელმწიფო სტანდარტიზირებული გამოცდების საფუძველზე მიღება.
მეცხრე ნაბიჯის დებულებები ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც მეტნაკლებად მოხვდა განათლების სამინისტროს მომზადებულ კანონპროექტში. ის ჯერ კანონად არ ქცეულა, მაგრამ, ჩანს, პრინციპები დიდად არ შეიცვლება. ზოგადსაგანამანთლებლო სკოლები გახდებიან იურიდიული პირები, ექნებათ საკუთარი ანგარიში. სკოლებში არჩეული მშობლები და მასწავლებლები შეადგენენ სამეურვეო საბჭოებს, სამეურვეო საბჭო აირჩევს დირექტორს. სკოლებს დააფინანსებენ იქ მოსწავლე ბავშვების რაოდენობის მიხედვით, ამასთან, ქალაქში, სოფლად და მთიან რეგიონებში დაფინანსება განსხვავებული იქნება: ყველაზე მეტი ბავშვის სწავლება, ცხადია, მთაში ეღირება. უნივერსიტეტებს ჩამოსცილდება მისაღები გამოცდები. იქ სტუდენტები ჩაირიცხებიან ერთიანი გამოცდების შედეგად. თითოეულ სტუდენტს უნივერსიტეტში მიაქვს დაფინანსება. განათლების სამინისტრო უსაზღვრავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს, რამდენი სტუდენტის სწავლება შეუძლია და შესაბამისად, რამდენ სტუდენტს გადაუხდის სწავლის საფასურს... ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონპროექტების მიმოხილვას აქ არ შევუდგებით. შეიძლება ითქვას, განათლების სფეროში ,,დაკვეთილი“ რეფორმის მაგალითზე ჩანს, რომ ნაბიჯებს, თუნდაც ყველა მათგანი შემართული იყოს, გადასადგმელად ერთი წელი არ ჰყოფნის. თან ყველაფერი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. უმაღლესი განათლების კანონი პარლამენტში უპრობლემოდ გავა, ბრძოლა უფრო ზოგადი განათლების კანონის წინააღმდეგ მიდის. ერთი შეკითხვა: თავისუფლების მე-9 ნაბიჯი იმიტომაც ხომ არ მომზადდა ყველაზე სრულად, რომ განათლების პოლიტიკას არასამთავრობოდან პოლიტიკურ სექტორში გადანაცვლებული ხალხი წარმართავს? ისინი, ვინც 2003 წლის ნოემბრამდე ხელისუფლებას ,,კმარა ანუ 10 ნაბიჯის“ კონტრაქტი დაუდო?
ნაბიჯი 10
სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება; სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლობად.
ეს ნაბიჯიც ჯერჯერობით სანახევროდ არის გადადგმული. მართალია, პარლამენტმა მიიღო კანონი პრესისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, მაგრამ პირველსავე კრიტიკულ სიტუაციაში მას გვერდი აუარეს. გორის ,,სახალხო გაზეთის“ რედაქტორი, რევაზ ოქრუაშვილი თითქოს იმიტომ დააპატიმრეს, რომ რედაქციის მაგიდის უჯრაში გასაყიდ ნარკოტიკებს ინახავდა. ნამდვილი მიზეზი კი ზედაპირზე იდო: ის ბეჭდავდა კრიტიკულ წერილებს რეგიონის ხელისუფლებაზე, მოჰყავდა, მისი აზრით, ხელისუფლების (ამ შემთხვევაში, გუბერნატორ ქარელისა და სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსანთა) მადისკრედიტებელი ფაქტები. ოქრუაშვილის გაზეთი სარგებლობდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით, მოიძიოს, მიიღოს, შეინახოს, დაამუშაოს, შექმნას (სიც!) და გაავრცელოს ნებისმიერი ფორმის იდეები და ინფორმაცია.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩამოყალიბებას საქართველოში ასევე არაერთი შებრკოლების ლოდი დახვდა. სახელმწიფო ტელევიზია და რადიო, რომელიც საზოგადოებრივად უნდა გარდაიქმნას, უწინარესად, განტვირთვას საჭიროებდა. 2004 წელს იქიდან მართლაც მრავალი ადამიანი გაუშვეს, ბევრი ძველი პროგრამა დახურეს, ფაქტიურად, სიკვდილის პირას მიიყვანეს, საერთოდ, სახელმწიფო მაუწყებლობის იდეა, რაც თავისთავად ცუდი არ არის. მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი პირველივე სესიაზე მოიცლიდა მაუწყებლობის კანონის განსახილველად, არ გამართლდა. კანონი ჯერ პირველი მოსმენითაც არ არის მიღებული. ამას ვერ დააბრალებ წინააღმდეგობას ოპოზიციაში ან აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში, სადაც არ ესმით (და ამას არც მალავენ) საზოგადოებრივი ტელევიზიის არსი. მეორეც, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ კარგი კანონის მიღების შემდეგ საზოგადოებრივი ტელევიზია და რადიო ზუსტად ისე დაიწყებს მუშაობას, როგორც ამას კანონი განუსაზღვრავს. მაღალი ალბათობით, ვერც ხელისუფლება შეელევა იმ გათაფლული ალიკაპის პატრონობას, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიას აქამდე ჰქონდა ამოდებული და თავად მომავალ საზოგადოებრივ მაუწყებლობასაც დასჭირდება ძველი პროფესიული ჩვევებისა და ქცევითი ინერციის დაძლევა. წინ არის მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს დამტკიცება, რაც ცხადყოფს ხელისუფლების დამოკიდებულებასა და განზრახვებს საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან მიმართებით. მანამდე კი ტელევიზიას შემზადება სჭირდება - ახალი სტუდიები, ახალი ტექნიკა, მანქანები, კამერები, კომპიუტერები, მაგიდები და სკამებიც კი... ახალი ადამიანები და სახეები ეკრანზე. ზოგი რამ მზად არის, დიდი ნაწილი - ჯერ არა. ასე რომ, თავად განსაჯეთ, გადავდგით თუ არა ნაბიჯი №10 თავისუფლებისაკენ.
ინგლისურ გრამატიკაში არის ასეთი გრამატიკული დრო The Present Continuous. ქართულად მას თარგმნიან, როგორც აწმყო განგრძობით დროს. საბჭოთა სკოლაში ხშირად პრობლემა იყო, აეხსნათ ბავშვებისათვის, რა მოქმედებას გამოხატავს ეს დრო: მოქმედებას, რომელიც დაუსრულებლად ან დიდხანს გრძელდება, თუ მოქმედებას, რომელიც განსაზღვრულ მომენტში მიმდინარეობს. ჩვენს შემთხვევაში ვლაპარაკობთ კონკრეტულ მომენტზე, რევოლუციის ერთი წლის თავზე და ვხედავთ, რომ 10 ნაბიჯიდან ბოლომდე არც ერთი არ გადაუდგამთ. მივხვდით იმასაც, რომ შეთანხმებაში დაუთქმელი ვადა კონტრაქტორებს საშუალებას აძლევს, პირობათა შესასრულებლად The Present Continuous-ის პირველი (სხვათა შორის, გრამატიკულად მცდარი) გაგება გამოიყენონ. მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ასე მალე, ერთ წელიწადში ვერ დაეხსნები საკუთარ წარსულსა და წლების მანძილზე შეთვისებულ პოლიტიკური მართვის გამოცდილებას. ამავე დრიოს, ერთი წელი, შესაძლოა, ობიექტურად ცოტა იყოს თავისუფლებისაკენ ათივე ნაბიჯის გადასადგმელად.
P.S. რომის იმპერიის მესაფუძვლის, ოქტავიანუს ავგუსტუსის 44-წლიანი მმართველობის შემდეგ იმპერატორი გახდა ტიბერიუსი, რომლის მმართველობას რომაელებმა დასაწყისში ვერაფერი გაუგეს. ცნობილია ერთი რომაელის შეძახილი: ზოგიერთები აყოვნებენ შეგვისრულონ ის, რასაც დაგვპირდნენ, ეს კი აყოვნებს დაგვპირდეს ის, რასაც უკვე აკეთებსო. საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა იმის შესრულება, რასაც არ დაგვპირებია (,,ასლანი გაიქცა. აჭარა თავისუფალია!“). ამ ზეამოცანას 2003 წელს არასამთავრობო სექტორი მაშინდელ ოპოზიციას ვერ დაუსახავდა. მიუხედავად ამ მიღწევისა, არაფორმალური კონტრაქტის არც ერთი პირობა შემსუბუქებას არ ექვემდებარება.
![]() |
2 შეიძენს თუ არა სიტყვის თავისუფლება იდეათა თავისუფალი ბაზრის მნიშვნელობას? |
▲ზევით დაბრუნება |
ვესლავ ვაცლავჩიკი
რუს დისიდენტს ვალერი ბუკოვსკის უთქვემს:
,,დასავლეთი სხვა არაფერია თუ არა იდეათა გაცვლა, აღმოსავლეთი იდეათა თავს მოხვევა“
მართალია ბუკოვსკი?
როდესაც ამაზე ვფიქრობ, მაგონდება ტელეგადაცემა - ,,საღამო ჯეი ლინოსთან ერთად“, რომელსაც ამერიკელი ახლობლის გარემოცვაში ოთხი წლის წინათ CNN-ის არხზე ვუყურებდი. ეს თოქ-შოუ უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო აშშ-ში და ამის მიზეზი გადაცემის წამყვანის პიროვნული თვისებებია. მას მახვილგონიერ და თავშესაქცევ პიროვნებად თვლიან. ხსენებულ გადაცემაში ჯეი ლინო ქუჩაში გამვლელ ორ გოგონას ეკითხებოდა, თუ რა იცოდნენ მათ ათი მცნების შესახებ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ გოგონებმა ბევრი არაფერი იცოდნენ. ისინი გაუბედავად იღიმებოდნენ, წამდაუწუმ ფეხს იცვლიდნენ და ცდილობდნენ რაიმეს თქმას. შემდეგ კვლავ იღიმებოდნენ, რათა კარგი შთაბეჭდილება მოეხდინათ... ლინოს უნდოდა ისინი სწორ კვალზე დაეყენებინა და ამიტომ შესთავაზა, გაეხსენებინათ თუნდაც ერთი მცნება. ერთმა გოგონამ გადაწყვიტა ეპასუხა. ,,მიდი, მიდი, თქვი...“ - აქეზებდა მას ლინო. ,,სიტყვის თავისუფლება“, - გაისმა მხიარული პასუხი. გაოგნებული ლინო დადუმდა, შემდეგ კი ხარხარი ვეღარ შეიკავა. ჩვეულებრივ ის აცინებდა ხოლმე გადაცემის სტუმრებსა და მაყურებელს, მაგრამ ამჯერად საქმე სხვაგვარად იყო. იცინოდა ხალხი, იცინოდა ჩემი ამერიკელი ახლობელიც.
ეჭვი არ არის, რომ ეს თინეიჯერები არ იყვნენ ერუდიციის გიგანტები; მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდა ამერიკელი გოგონას პასუხი, რომელმაც ამ, რაც არ უნდა ვთქვათ, ქრისტიანულ ქვეყანაში შეიძლება, ერთნი გაამხიარულოს, მეორენი დააბნიოს, სხვები კი აღაშფოთოს, არ იყო მხოლოდ უმეცრების მიზეზი. ეს პასუხი იმასაც მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება იმ გარემოში, სადაც გოგონა იზრდებოდა. მან ხომ ის ყველაზე მნიშვნელოვან მცნებად მიიჩნია.
ამერიკაში, სადაც ახალი სახელმწიფოს - შეერთებული შტატების შექმნის ისტორიის გარიჟრაჟზე ფუნქციონირებდა მატერიალური საქონლის თავისუფალი ბაზარი, 85 წლის წინ იდეათა თავისუფალ ბაზარზე საუბარიც წამოიწყეს. პირველად ეს ცნება უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე ოლივერ უენდელ ჰოლმსმა შემოიტანა. ეს 1919 წელს იყო, როდესაც უმაღლესი სასამართლო განიხილავდა საქმეს - აბრამსი აშშ-ს წინააღმდეგ (,,Abrams v. United States“)1. ამ საქმეში მსჯავრდებული იყო რუსეთის ოთხი ახალგაზრდა მოქალაქე, რომლებიც 10 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ აშშ-ში. ისინი პრორუსი და პროგერმანელი კომუნისტები იყვნენ და ბრალი ედებოდათ აშშ-ის საწინააღმდეგო ქმედებებში გერმანელებთან ომის დროს. ბრალდებულები ავრცელებდნენ პროკლამაციებს, რომლებშიც პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთში ამერიკული ინტერვენციისადმი პროტესტის ნიშნად მუშებს იარაღის წარმოების შეწყვეტისაკენ მოუწოდებდნენ2. ოთხ ახალგაზრდას ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
თუმცა, ამ სასამართლოს ყველა მოსამართლემ როდი გაიზიარა ეს გადაწყვეტილება. ერთმა მათგანმა კი განსაკუთრებული აზრი დააფიქსირა. ეს მოსამართლე სწორედ ოლივერ უენდელ ჰოლმსი გახლდათ. მისი აზრით, ბრალდებულები კომუნიზმისადმი რწმენის გამო გაასამართლეს, აგრეთვე, როგორც ხაზს უსვამდა ჰოლმსი, იმ რწმენისათვის, რომელიც ამ ,,ოთხეულის“ უმეცრებასა და უმწიფრობაზე მეტყველებდა. მაგრამ ამას, ჰოლმსის აზრით, გავლენა არ უნდა მოეხდინა საბოლოო განაჩენზე. საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისას ჰოლმსი წერდა:
,,ვფიქრობ, რომ მუდმივი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ იმ აზრების გამოხატვის შეზღუდვისას, რომლებიც გვძულს და მომაკვდინებლად მიგვაჩნია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს აზრები იმდენად უშლიან ხელს სამართლის განხორციელებას, რომ მათი გამოთქმის დაუყოვნებელი შეწყვეტა აუცილებელი ხდება ქვეყნის გადარჩენისათვის.”
საქმეში აბრამსი აშშ-ს წინააღმდეგ მოსამართლე ჰოლმსის მიერ გამოთქმულმა ამ მოსაზრებამ იდეათა ,,თავისუფალი ბაზრის“ სახელწოდება მიიღო. ამ თეორიის მიხედვით, მავნე გამონათქვამების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება მათთვის სხვა აზრების დაპირისპირებაა, სანამ, საბოლოოდ, სწორი აზრი არ გაიმარჯვებს.
თუმცა განა იდეათა თავისუფალი ბაზრის თეორია ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა იდეას აქვს ამ ბაზარზე შეღწევის უფლება? სხვანაირად რომ ვთქვათ, უნდა იყოს თუ არა იდეათა თავისუფალი ბაზარი უსაზღვროდ თავისუფალი და აბსოლუტურად დაცულია თუ არა სიტყვის თავისუფლების სახელით ნებისმიერი ინფორმაცია, შეხედულება და აზრი?
მოსამართლე ჰოლმსი ასე არ თვლიდა. მისი აზრით, გარკვეულ ვითარებებში ეს თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. შეზღუდვის საფუძვლად, მისი აზრით, გამოდგება შემდეგი კრიტერიუმი:
,,შეეძლო თუ არა კონკრეტულ გამონათქვამს - გარემოებებისა და ხასიათის მიხედვით - შეექმნა მავნე შედეგების გამოწვევის უეჭველი და მყისიერი საფრთხე (ინგლისურად - clear and present danger), რომლის თავიდან აცილების უფლება აქვს კონგრესს?”
ამ შეხედულების საილუსტრაციოდ მოსამართლე ჰოლმსმა გამოიყენა ფრაზა, რომლის ციტირებას შემდგომში არაერთხელ ახდენდნენ:
მოსამართლე ჰოლმსი
,,სიტყვის თავისუფლების უმკაცრესი დაცვაც კი ვერ გაამართლებს ადამიანს, რომელიც ხალხით გაჭედილ თატრში შეგნებულად ტეხს ცრუ განგაშს შეძახილით - ხანძარი! და იწვევს პანიკას.”
ვიმეორებთ, მოსამართლე ჰოლმსის აზრით, მხოლოდ მავნე შედეგების გამოწვევის უეჭველი და აქტუალური საფრთხე შეიძლება იყოს ის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.
მაინც რას ნიშნავს უფრო ზუსტად ეს განმარტება: მავნე შედეგების გამოწვევის უეჭველი და აქტუალური საფრთხე?
ამის გარკვევას ცდილობდა აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს სხვა მოსამართლე, ლუი ბრანდეისი, როდესაც 1927წელს ეს სასამართლო იხილავდა საქმეს - უიტნი კალიფორნიის წინააღმდეგ (,,Wnitney v. California“). მოსამარ- თლე ბრანდეისმა მაშინ, სახელდობრ, სთქვა:
,,იმისათვის, რომ უტყუარი გავხადოთ უეჭველი და აქტუალური საფრთხის არსებობა, უნდა დავამტკიცოთ, რომ მოსალოდნელი იყო პირდაპირი და მნიშვნელოვანი ძალადობა, ან რომ ამგვარი ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.”
მოსამართლე ლუი ბრანდეისი
ლუის ბრანდეისმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანები, რომლებმაც ამერიკას რევოლუციის გზით მოუპოვეს დამოუკიდებლობა, არ იყვნენ ლაჩრები და არ აყენებდნენ წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა. მოსამართლე ბრანდეისის აზრით, საფრთხე, როგორც აზრის გამოხატვის შედეგი, შეიძლება ჩაითვალოს უეჭველად და აქტუალურად მხოლოდ მაშინ,
,,როდესაც ბოროტება, რომელსაც ჩვენ ვუფრთხით, იმდენად ახლოსაა, რომ ის შეიძლება დატრიალდეს მანამ, ვიდრე საქმე ჭეშმარიტ დისკუსიამდე მივა. ამასთან, თუკი გვაქვს საკმარისი დრო, რათა ვამხილოთ სიყალბე და სიცრუე დისკუსიის მეშვეობით და თავიდან ავიცილოთ ბოროტება საგანმანათლებლო პროცესების წყალობით, უნდა გამოვიყენოთ საყოველთაო დისკუსია და არა იძულებითი დუმილი.”
ამის გამეორებაც ღირს: საკამათო საკითხების ირგვლივ გამართული საყოველთაო დისკუსია, მოსამართლე ბრანდეისის აზრით, სიმართლისათვის ბრძოლის უკეთესი მეთოდია იძულებით დუმილთან შედარებით. მართლაც ასეა? თუ ეს მხოლოდ ლუის ბრანდეისის კეთილი სურვილებია?
ეს მოსაზრება ამერიკელმა მოსამართლემ უკვე მას შემდეგ გამოთქვა, რაც მსოფლიო ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოლოგიას გაეცნო. ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ თუნდაც აბსოლუტურად არასწორი აზრების გამოხატვა, საბოლოო ჯამში, ჯობია ძალადობასა და ცემა-ტყეპას. პირველად სწორედ ფროიდმა ჩათვალა სალანძღავი სიტყვები ცივილიზაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად: აგრესიის სიტყვიერი განმუხტვა თავიდან გვაცილებს ძალადობასა და მკვლელობებს. აი, სულის მხარდამჭერი თეზისი, მიუხედავად იმისა, რომ ის შავბნელ პესიმიზმში არაერთხელ ბრალდებულმა ფროიდმა წარმოსთქვა! ამერიკაში, სადაც ფსიქოლოგიაში ბიჰევიორიზმმა მოიპოვა გამარჯვება, ფროიდის აზრებს, ევროპასთან შედარებით,ნაკლები აღიარება ხვდათ წილად. მაგრამ განა ძნელია ანალოგიის დანახვა ფსიქოანალიზის მამის ზიგმუნდ ფროიდისა და მოსამართლე ლუის ბრანდეისის სიტყვებში, როდესაც ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ? საკმარისია გავიხსენოთ, თუ რა თქვა ერთმა მათგანმა აშშ-ის მამა-დამაარსებელთა შესახებ ზემოდ ხსენებულ საქმესთან - უიტნი კალიფორნიის წინააღმდეგ - დაკავშირებით:
,,მათ ესმოდათ, რომ წესრიგის გარანტია არ შეიძლება იყოს მხოლოდ სასჯელის შიში ამ წესრიგის დარღვევისათვის; რომ სახიფათოა ადამიანთა დატოვება აზროვნების, იმედის და წარმოდგენების გარეშე; რომ შიში შობს რეპრესიებს, რეპრესიები კი სიძულვილს; რომ უსაფრთხო გზა . მიუღებლად მიჩნეული წინადადებების თავისუფალი განხილვაა; და, რომ, საბოლოოდ, ცუდი მრჩევლებისაგან საუკეთესო დაცვა კარგი მრჩევლებია. ესმოდათ რა საჯარო განხილვისას გამჟღავნებული გონიერების ძალა, შესწორების ავტორებმა უარი თქვეს იძულებითი დუმილის უფლებაზე . ძალის არგუმენტზე მისი ყველაზე ცუდი ფორმით.”
მოსამართლეებმა ჰოლმსმა და ბრანდეისმა ჩამოაყალიბეს იდეათა თავისუფალი ბაზრის თეორია, თუმცა მან თავიდანვე ვერ ჰპოვა ასახვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში. მათი პოზიცია სიტყვის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით სასამართლომ მხოლოდ სამოციან წლებში გაიზიარა, როდესაც 1964 წელს იხილავდა უმნიშვნელოვანეს საქმეს ამ სფეროში - ,,ნიუ-იორკ თაიმსი სალივენის წინააღმდეგ“ (,,New York Times v. Sullivan“).
ალაბამის შტატის ქალაქ მონტგომერის პოლიციის კომისარმა სალივენმა სარჩელი შეიტანა ოთხი შავკანიანი სასულიერო პირისა და გაზეთ ,,ნიუ-იორკ თაიმსის“ რედაქციის წინააღმდეგ. ის ამტკიცებდა, რომ ხსენებულ გაზეთში გამოქვეყნებული ფასიანი განცხადება ცილისწამებლური იყო. განცხადებაში სასულიერო პირები მიმართავდნენ მკითხველებს, რათა ფინანსური მხარდაჭერა აღმოეჩინათ მარტინ ლუთერ კინგის დაცვის კომიტეტისა და სამხრეთის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. სალივენი აღნიშნავდა, რომ განცხადებაში მოყვანილი მონაცემები არ შეეფერებოდა სიმართლეს. მარტინ ლუთერ კინგი პოლიციამ შვიდჯერ კი არა, როგორც ამას სასულიერო პირები აღნიშნავდნენ, არამედ ოთხჯერ დააკავა. მცდარი იყო, აგრეთვე, მათი მტკიცება, რომ შავკანიანი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტის ადგილებში თოფებითა და ცრემლსადენი გაზით შეიარაღებული პოლიციელები სატვირთო მანქანებით მიჰყავდათ, რათა მათ შესძლებოდათ საუნივერსიტეტო ქალაქის ალყაში მოქცევა. კომისარმა, რომელიც მოპასუხეთაგან ცილისწამებისათვის 500 000 დოლარს ითხოვდა, შეძლო დაემტკიცებინა, რომ განცხადებაში სხვა უზუსტობებიც იყო . და დაარწმუნა ალაბამის სასამართლო, რათა მისთვის იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა მიეკუთვნებინათ.
უმაღლესმა სასამართლომ არ მიიჩნია მართებულად ალაბამის სასამართლოს გადაწყვეტილება. მან ხაზი გაუსვა, რომ საჯარო ფუნქციონერთა ქცევის კრიტიკის შემთხვევაში გარკვეული საკონსტიტუციო დაცვაა აუცილებელი, ვინაიდან
,,თავისუფალ დებატებში მცდარი კონსტატაციების თავიდან აცილება შეუძლებელია [...]; ის დაცვას უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან სასურველია, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლებას შეექმნას მისი გადარჩენისათვის აუცილებელი ,,საჰაერო ბალიში.”
ხაზს ვუსვამთ: აზრის გამოხატვის თავისუფლებისათვის აუცილებელია ,,საჰაერო ბალიში“, რომლის შესახებაც საუბრობდნენ მოსამართლენი საქმეში ,,სალივენი ნიუ-იორკ თაიმსის წინააღმდეგ“ - იმ პირთა შეცდომის უფლების განხორციელებაა, რომლებიც ღიად გამოხატავენ აზრს საჯარო ფუნქციონერების მოღვაწეობის შესახებ. მაგრამ მისცეს თუ არა ამ მოსამართლეებმა ჟურნალისტებს უფლება, დაუსჯე ლად შეასხან ლაფი ამერიკელ სახელმწიფო მოხელეებს სიცრუითა და მონაჩმახით?
არა. სიტყვის თავისუფლებასა და საჯარო მოხელეთა კეთილი სახელის დაცვას შორის თანხმობის მისაღწევად უმაღლესმა სასამართლომ მიიღო პრინციპი, რომელსაც ის შემდგომში ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებში იყენებდა. ეს პრინციპი ასე ჟღერს:
,,კონსტიტუციურ გარანტიებს უცილობლად მივყავართ იმ წესამდე, რომელიც კრძალავს კომპენსაციის მინიჭებას საჯარო ფუნქციონერისათვის მის თანამდებობასთან დაკავშირებული ცრუ, ცილისწამებლური ინფორმაციის გამო, თუკი მან არ დაამტკიცა, რომ ეს გამონათქვამები ,,აშკარად ბოროტი განზრახვით. (ინგლისურად - actual milice გაკეთდა.”
მოსამართლეებმა ,,აშკარად ბოროტი განზრახვის“ ცნება უფრო ზუსტად განსაზღვრეს. მათი აზრით, ის შეიძლება ვიგულისხმოთ მაშინ,
,,როდესაც გამონათქვამის ავტორმა იცოდა, რომ ცრუობდა, ან აშკარად ზერელე დამოკიდებულება გამოიჩინა გამონათქვამის მართებულობის მიმართ.”
უმაღლესი სასამართლოს განაჩენის დასაბუთებისას საქმეში - სალივენი ნიუ-იორკ თაიმსის წინააღმდეგ მოსამართლე უილიამ ბრენანმა აღნიშნა:
,,ჩვენ ვიხილავთ ამ საქმეს ჩვენს ქვეყანაში სრულად გაზიარებული პრინციპით, რომლის მიხედვითაც, დებატები საზოგადოებრივ თემებზე უნდა იყოს თავისუფალი, ცოცხალი და ღია. ამასთან, დაშვებულია მკვეთრი, ღვარძლიანი, ზოგჯერ კი უსიამოვნო და მწვავე თავდასხმები ხელისუფლებასა და საჯარო ფუნქციონერებზე.”
ძნელია უფრო აშკარად დაუჭირო მხარი იდეათა თავისუფალი ბაზრის თეორიას. ეჭვს არ იწვევს, რომ ამ თეორიას ასეთი მხარდაჭერა წილად ხვდა ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების წყალობით. მასში, კერძოდ, ნათქვამია:
,,კონგრესს არ შეუძლია, მიიღოს კანონები, რომლებიც ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას.”
ცხადია, რომ შესწორების ავტორებს მხედველობაში ინგლისური გამოცდილება ჰქონდათ. იმდროინდელ ინგლისში სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად ორ მეთოდს იყენებდნენ. ერთი იყო წინასწარი ცენზურა, რომელიც დაწერილი მასალის კონტროლის საშუალებას გამოქვეყნებამდე იძლეოდა. მეორე მეთოდი კი გულისხმობდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აჯანყებისაკენ მომწოდებელი პასკვილის (setidius libel) შექმნაში გამოიხატებოდა. ასე უწოდებდნენ ინგლისში გამონათქვამებს, რომლებსაც შეეძლოთ საზოგადოების თვალში ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვა მათი დამცირების, ან საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის გზით. აშშ-ის მამა-დამფუძნებლებს ხელს არ აძლევდათ ამგვარი ინგლისური და ევროპული ტრადიცია, ამიტომაც გაემიჯნენ მას პირველი შესწორებით.
საინტერესოა, როგორ შეაფასებდნენ იდეათა თავისუფალი ბაზრის შემქმნელნი და მქადაგებელნი სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დღევანდელ ევროპულ სტანდარტებს? უფრო მოკლედაც შეიძლება ვიკითხოთ: ფუნქციონირებს თუ არა დღეს ევროპაში იდეათა თავისუფალი ბაზარი?
ცხადია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეხება, ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორებისგან განსხავებით, იძლევა ამ თავისუფლების შეზღუდვის საშუალებას. ასეთი შეზღუდვის წინაპირობად სახელდება სახელმწიფო უშიშროების ინტერესები, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობა, სწრაფვა საზოგადოებრივი სიმშვიდისაკენ, დამნაშავეობის თავიდან აცილება, ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის აუცილებლობა, სხვა პირთა რეპუტაციისა და უფლებების დაცვა, სასამართლოების ავტორიტეტის უზრუნველყოფა... მართალია, მე-10 მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელი ხდება დემოკრატიული საზოგადოებისათვის და მხოლოდ მაშინ, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით, მაგრამ, როდესაც ამერიკის კონსტიტუციის მეტად ლაკონურ პირველ შესწორებასა და ევროპული კონვენციის საკმაოდ ტევად მე-10 მუხლს ვკითხულობთ, შეიძლება დავეჭვდეთ - იძლევა თუ არა საშუალებას ამ დოკუმენტთაგან მეორე, თუნდაც თეორიულად, ისევე დაიცვას სიტყვის თავისუფლება, როგორც პირველმა.
როგორ გამოიყურება ყოველივე ეს ევროპაში პრაქტიკულად? 1976 წელს საქმეში ჰანდისაიდი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (,,Handyside v. The United Kingdom”)3 ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეზისი ჩამოაყალიბა, რომლის წყალობითაც, ძველი კონტინენტი იდეათა თავისუფალი ბაზრისათვის გაიხსნა. ეს თეზისი მე-10 მუხლის გამოყენების ძირითადი წინაპირობაა:
,,სიტყვის თავისუფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით ან მოსაზრებებით, რომლებიც აღიქმება დადებითად, ან უვნებლად და გულგრილად, არამედ ვრცელდება იმ მოსაზრებებზეც, რომლებიც შეურაცხყოფენ, აღაშფოთებენ ან შეშფოთებას იწვევენ. ასეთია პლურალიზმისა და შემწყნარებლობის მოთხოვნა, რომლის გარეშე დემოკრატია არ არსებობს.”
10 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა სასამართლომ უფრო მკაფიოდ აღიარა საჯარო ფუნქციონერების მოღვაწეობის მწვავე კრიტიკის უფლება ჟურნალისტების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა საზოგადოებრივი ინტერესების სახელით გამკრიტიკებელს საჯარო მოხელეთა პირადი ცხოვრების გარემოებების გამომზეურების უფლებას აძლევს - დაასკვნა სასამართლომ საქმეში ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (,,Lingens V. Zustria“)4 . გაზეთ ,,პროფილში“ ლინგენსმა ორი სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც მაშინდელი კანცლერი ბრუნო კრაისკი ნაცისტური წარსულის მქონე პოლიტიკოსებთან კავშირის გამო გააკრიტიკა. ჟურნალისტი საყვედურობდა კრაისკის ოპორტუნიზმისა და ანტი- სემიტიზმისათვის ხელის შეწყობის გამო. სტატიებში მან გამოიყენა ისეთი განსაზღვრებები, როგორიცაა: ,,ყველაზე საზიზღარი სახის პოლიტიკური ოპორტუნიზმი“, ,,უსირცხვილობა“, ,,ღირსების არქონა“. ლინგენსისათვის ხელსაყრელი განაჩენის დასაბუთებისას სასამართლომ აღნიშნა:
,,მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დაცული აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტია და მისი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობა, აგრეთვე, თითოეული ადამიანის თვითრეალიზაციის პირობაც. ეს მხოლოდ იმ ინფორმაციასა და შეხედულებებს როდი ეხება, რომლებიც დადებითად აღიქმება, არ ითვლება საჩოთიროდ ან აღიქმება გულგრილად, არამედ იმათაც, რომლებიც შეურაცგვყოფენ, შოკში გვაგდებენ ან გვაშფოთებენ. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობის და შეხედულებათა საჯაროობის მოთხოვნა, რომლის გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.”
ხომ არ გვაგონებს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პოზიცია საქმეში ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსაზრებას სალივანი ნიუ-იორკ თაიმსის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით?
ერთ-ერთ დასკვნაში სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკოსის მოღვაწეობის კრიტიკისას ჟურნალისტს შეუძლია, მას ,,იდიოტი“ უწოდოს. საჯარო ფუნქციონერმა უნდა აიტანოს კრიტიკა, რომლის ჩარჩოები, კერძო პირის კრიტიკისაგან განსხვავებით, გაცილებით ფართოა- ასეთია ბოლო წლების სასამართლო დასკვნები. ეს მკაფიოდ ითქვა 1992 წელს, როდესაც სასამართლო განიხილავდა საქმეს - კასტელსი ე სპანეთის წინააღმდეგ (,,Castells v. Spain“)5 - მაშინ გაუქმდა განაჩენი, რომლითაც ბრალი დასდეს ერთ-ერთ სენატორს ბასკების მიმართ მთავრობის პოლიტიკის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიისათვის. ამ სტატიაში ავტორმა მთავრობის მიერ გამოყენებული მეთოდები ფაშისტურ ქმედებებს შეადარა.
ეჭვს არ იწვევს, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმეებში აშშ-ის უმაღლესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ბევრი დასკვნა დღეს არსებულ ერთიან ფილოსოფიურ მიდგომაზე მიგვანიშნებს, რომელიც ამ დასკვნების საფუძველი ხდება. ამ ფილოსოფიის მთავარი დებულებაა რწმენა, რომ საზოგადოებაში, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, ინფორმაციის საშუალებები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამასთან დაკავშირებით შეიძლებოდა გვეკითხა, ვინ უნდა იყვნენ ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამომთქმელი ადამიანები (ლაპარაკია, ძირითადად, ჟურნალისტებზე), რომელთაც ორივე სასამართლომ ხელისუფლებაში მყოფთა კრიტიკის ასეთი ფართო უფლება მისცა. უნდა იყვნენ თუ არა ისინი პროკურორების ან მოსამართლეების მსგავსნი?
ამერიკაში ხშირად ამბობენ, რომ ჟურნალისტი ხელისუფლების მიმართ ,,უოთს დოგი“ (Watch dog) როლს ასრულებს. ,,უოთს დოგი“ თვალყურს უნდა ადევნებდეს ხელისუფალთა წამოწყებებს და განგაშს ტეხდეს, როდესაც რაღაც ისე არ ხდება. ხოლო როდესაც ხელისუფალნი სერიოზულად ლახავენ საზოგადოების ინტერესებს, ,,უოთს დოგი“ არა მხოლოდ ყეფს, არამედ იკბინება კიდეც. ამერიკის უმაღლესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ეს უწყებები ჟურნალისტებს სწორედ ამ როლს მიაკუთვნებენ.
შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ ინფორმაციის საშუალებები, როგორც ხელისუფალთა კონტროლის საშუალება და ჟურნალისტი, როგორც ,,უოთს დოგი“ - დღეს უკვე სტანდარტია, მიღებული არა მხოლოდ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის, არამედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიერ, ანუ მსოფლიოს იმ ნაწილის მიერაც, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს? განა უკვე აღარ არის აქტუალური ჩემს მიერ ციტირებული ვლადიმერ ბუკოვსკის მოსაზრება დასავლეთზე, რომელსაც სჯერა იდეათა გაცვლისა და აღმოსავლეთზე, რომელიც იდეათა თავსმოხვევის დაჟინებული მომხრეა? ნაწილობრივ, ალბათ, ჰო. სიტყვის თავისუფლება, როგორც ადამიანის ბუნებითი უფლება, უკვე ჩაწერილია ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის უმრავლესი ქვეყნის კონსტიტუციებში. ამ ქვეყნებში დიდად შეიცვალა ოდესღაც ხელისუფალთა ლაქიების - ინფორმაციის საშუალებათა როლი. მაგრამ...
როდესაც, ამას წინათ, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ მეცადინეობებში - ,,ინფორმაციის საშუალებები და ხელისუფლება“ ვმონაწილეობდი, დავრწმუნდი, რომ პრესისა და ჟურნალისტების როლის წარსულში დამკვიდრებული გაგება არც ისე სწრაფად იცვლება, როგორც ეს შეიძლება ჩანდეს. მახსოვს, რა ძნელად აღწევდა ზოგიერთ მსმენელამდე BBC-ის გამოცდილი ჟურნალისტის სიტყვები, რომელიც ამტკიცებდა, რომ ინფორმაციის საშუალებათა მიუკერძოებლობა მათი არსებობის საფუძველია. კარგად დამამახსოვრდა ის მეცადინეობაც, რომელიც ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთ ლექტორს მიჰყავდა. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ სჯერა ინფორმაციის საშუალებების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობისა. ეს საშუალებები, მისი აზრით, ქვეყნიერების შეცვლის ინსტრუმენტები უნდა იყვნენ და ეს ქვეყნიერება ჟურნალისტებმა უნდა შეცვალონ. როდესაც შევეკითხე, თუ სად არის ასეთ მსოფლიოში პოლიტიკოსის ადგილი, მივიღე პასუხი, რომ პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.
იდეათა თავისუფალი ბაზრისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვადასხვა მოსაზრება. ასევე საჭიროა და ღირს დისკუსიების გამართვა სხვადსხვა კონცეფციებზე. როდესაც ამაზე ვფიქრობ, ეჭვი მიჩნდება. პოლიტიკოსთან მჭიდროდ მოთანამშრომლე ,,ქვეყნიერების შემცვლელი“ ჟურნალისტი ვერ შეასრულებს მის მიმართ ,,უოთს დოგი როლს“ . ეს ცხადია. გახდება კი ის პოლიტიკოსის თანაბარი პარტნიორი იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივი ხელისუფლება ამ უკანასკნელის ხელშია? ხომ არ დამთავრდება ამგვარი თანამშრომლობა იმით, რომ ჟურნალისტი მორჩილად დაჰყვება პოლიტიკოსის აზრებსა და გადაწყვეტილებებს? ისე ხომ არ მოხდება, რომ ხელისუფლებისადმი მყეფარე და მისი შარვლის თათს კბილჩაჭიდებული ,,უოთს დოგი“ ნაცვლად ხელში ხელისუფლების თვალებში შემყურე და მისთვის კუდის მოქიცინე ოთახის ფინია (lap dog) შეგვრჩება? და ხომ არ იქნება ეს ტოტალიტარიზმისაკენ გადადგმული ნაბიჯი, რომლის ჭრილობები ჯერ კიდევ არ შეხორცებულა - და არა მხოლოდ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში?
სიტყვის თავისუფლება აღმოსავლეთისათვის ჯერ კიდევ მიზანია. ამერიკის უმაღლესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ზოგი დასკვნა გვახსენებს, რომ სიტყვის თავისუფლება ჯერ კიდევ არ არის აბსოლუტური უფლება. 2000 წლის 7 აპრილს სასამართლომ აუკრძალა ავსტრიელ პოლიტიკოს ანდრეას ვაბელს - განსაზღვრების - ,,ნაცისტური ჟურნალისტიკა“ გამოყენება გაზეთ ,,ნეიე კრონენ-ცეიტუნგის“ მიმართ, რომელშიც არასწორად იყო მითითებული, რომ პოლიტიკოსი ავადაა შიდსით6 - ,,რატომ? - კითხულობს ცენზურასთან მებრძოლი ბრიტანული ორგანიზაცია ,,Article 19“ და გვახსენებს, რომ ნაცისტური ბრძოლის მეთოდები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ მათთვის არარსებული დაავადებების დაბრალება იყო.
იქ, სადაც საქმე სიტყვის თავისუფლებას ეხება, სავარაუდოა, რომ ასეთი კითხვები მუდამ გაჩნდება. აზრის გამოხატვის თავისუფლება ადამიანის სხვა უფლებების დაცვის პირობაა, როგორიცაა: შეკრებების თვისუფლება, სინდისის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება... ის, აგრეთვე, დემოკრატიის განუყოფელი ელემენტია. თუკი დემოკრატია ნიშნავს სიმართლისა და თავისუფლებისათვისდაუღალავ შრომას, აზრის გამოხატვის თავისუფლება ,,დემოკრატიის ჟანგბადია“, როგორც ამას ხსენებული ორგანიზაცია ,,Article 19“ აღნიშნავს.
თუმცა ეს, ალბათ, იმ ნაკლებად განათლებულმა გოგონამაც იცოდა, რომელმაც სიტყვის თავისუფლება ათი მცნებიდან ყველაზე მნიშვნელოვ- ნად მიიჩნია.
თარგმანი და შენიშვნები ფრიდონ საყვარელიძისა
ბიბლიოგრაფია:
1. Stanislaw Frankowski, Roger Goldman, Ewa Letowska. Sad Najwyzszy USA. Prawa i wolnosci obywatelskie.OSCE
2. Robert J. Wagman. The First Amendment book. Pharos Books, New York 1991.
3. Jean-Marie Rouart. Old tolerancji do neeoccenzury. ,,Le Point”. 2. VI.2000
____________________
* ვესლავ ვაცლავჩიკი (Wieslaw Waclawczyk) - ჟურნალისტი, პედაგოგი და ადამიანის უფლებათა დამცველი, ამჟამად ადამიანის უფლებათა პოლონეთის ჰელსინკის ფონდის თანამშრომელი, მრავალრიცხოვანი პუბლიკაციის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.
1. ამ სტატიაში მოყვანილი ამერიკის უმაღლესი სასამართლოს საქმეების სრული ტექსტები შეიძლება ვიხილოთ ინტერნეტში წიგნის ,,Freedom of the Speech in the United States” ელექტრონულ ვერსიაში მისამართზე: http://www.bc.edu/bc_org/avp/cas/comm/ free_speech/decisions.html (შენიშვნები აქაც და შემდგომშიც მთარგმნელისაა).
2. აქ იგულისხმება ამერიკული ინტერვენცია ბოლშევიკურ რუსეთში 1918-1920 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ.
3. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს საქმეთა სრული ტექსტები შესაძლებელია ვიხილოთ ვებსაიტზე: http://hudoc.echr.coe.int HUDOC-ის ძებნის სისტემის მეშვეობით. საკმარისია შესაბამის გრაფაში შევიტანოთ საქმის დასახელება, აპლიკაციის ნომერი, განაჩენის თარიღი, ან ნებისმიერი სხვა მითითებული ინფორმაცია. ხსენებული საქმის ,,Handyside v. The United Kingdom“ აპლიკაციის ნომერია 00005493/72, თარიღი 07/12/1976.
4. საქმის Lingens v. Austria აპლიკაციის ნომერია 00009815/82, თარიღი 08/07/1986.
5. საქმის Castells.v. Spain აპლიკაციის ნომერია 00011798/85, თარიღი 23/04/1992.
6. საქმის Andreas Wabl v. Austria აპლიკაციის ნომერია 00024773/94, თარიღი 21/03/2000.
![]() |
3 ვიწრო წრე |
▲ზევით დაბრუნება |
ხათუნა კვესელავა
ინფორმაციის თავისუფლება - ქართული მედიის შეუსრულებელი მისია
როცა მთავრობასა და მედიას შორის ზავი იდება, ერთადერთი მხარე, რომელიც თანაარსებობის ამ მოდელში დამარცხებულია, საზოგადოებაა. შეუძლია თუ არა მედიას, რომელიც ინფორმაციას ძირითადად კონფიდენციალური წყაროებისა და პირადი კონტაქტების საშუალებით მოიპოვოებს, საზოგადოება იმ ინფორმაციით უზრუნველყოს, რომელიც ხალხს საკუთარ ხელისუფლებაზე კონტროლისათვის სჭირდება?
1999 წელს, როცა საქართველოს პარლამენტი ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს იღებდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მოლოდინით, ამ კანონს მედიისა და რიგითი მოქალაქეებისათვის სამთავრობო სტრუქტურებში დაცული არქივების კარი უნდა გაეხსნა და საჯარო ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ადმინისტრაციული კოდექსის მიღებამ ეს შედეგი მხოლოდ ნაწილობრივ გამოიღო და საჯარო ინსტიტუტებში არსებული დოკუმენტები სახელმწიფო, პირადი, კომერციული და პროფესიული საიდუმლოების გარდა, კანონით საჯაროდ და, შესაბამისად, ყველასათვის ხელმისაწვდომად გამოაცხადა. თუმცა ინფორმაციის თავისუფლების, როგორც ყოველდღიური ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის მხოლოდ კანონის მიღება საკმარისი არ აღმოჩნდა.
,,თავისუფლების ინსტიტუტისა“ და ბრიტანული ორგანიზცია ,,Article 19“-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტებისა და სახელმწიფო მოხელეების გამოკითხვის თანახმად, პირადი კონტაქტები და სხვა კონფიდენციალური წყაროები მედიისათვის ინფორმაციის მოპოვების შეუცვლელი მეთოდია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი, ანუ კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, ქართული დემოკრატიის არარეალიზებულ პოტენციალად რჩება.
,,თავისუფლების ინსტიტუტის“ და ,,Article 19“-ის მიერ მედიის წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირების გამოკითხვა ,,მედია და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“ თბილისსა და საქართველოს სამ რეგიონში, იმერეთში, აჭარასა და კახეთში 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. მედიის 55 წარმომადგენლისა და 25 საჯარო მოხელის პარალელური გამოკითხვა ,,თავისუფლების ინსტიტუტის“ დაკვეთით ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფმა, BCG-მ ,,Article 19“-ის ექსპერტების მიერ შედგენილი კითხვარებით განახორციელა. თბილისში ჩატარებულ გამოკითხვაში ოთხი, მათ შორის ერთი სახელმწიფო და სამი კერძო ტელევიზიის წარმომადგენლები და ხუთი გაზეთის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ხოლო საქართველოს რეგიონებში ექსპერტებმა თითო-თითო ტელევიზიისა და გაზეთის წარმომადგენლები გამოკითხეს. საჯარო მოხელეების გამოკითხვა მხოლოდ თბილისში ჩატარდა და მასში სამინისტროების, პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, სხვადასხვა დონის სასამართლოს, პოლიციის, მერიის თანამშრომლები და სხვ. მონაწილეობდნენ. კვლევის შედეგების თანახმად:
- მედიის წარმომადგენლები კარგად იცნობენ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს და უფლებებს, რომელთაც მათ კანონმდებლობა ანიჭებს, თუმცა იშვიათად იყენებენ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის მოთხოვნისას იშვიათად ავსებენ წერილობით განაცხადს, ხოლო ინფორმაციაზე უარის შემთხვევაში თითქმის არასოდეს იცავენ საკუთარ უფლებებს სასამართლოში.
- საჯარო მოხელეები ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობას ხშირად არღვევენ. ინფორმაციის განაცხადზე დაუსაბუთებელი უარით პასუხობენ ან მოთხოვნის სრულ იგნორირებას ახდენენ. სახელმწიფო სტრუქტურებში მედიას დაუბრკოლებლად მხოლოდ იმ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რომლის გავრცელებაც ამ სტრუქტურის, ან მისი პირველი პირების ინტერესებში შედის. ჟურნალისტები პრობლემებს ისეთი ტიპის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას აწყდებიან, რომლის გამოქვეყნებაც, შესაძლოა, კონკრეტული პირების ინტერესებისათვის საზაიანო აღმოჩნდეს.
- ჟურნალისტების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში ინფორმაციის მოპოვების ყველაზე ეფექტურ საშუალებად პირად კონტაქტებსა და სხვა კონფიდენციალურ წყაროებს მიიჩნევს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მედიის წარმომადგენლები საჯარო ინფორმაციას ოფიციალურ სტრუქტურებში ითხოვენ, ისინი პირადი კონტაქტების აუცილებლობაზე მიუთითებენ.
- ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს რეგიონებში უფრო ხშირად და უხეში ფორმებით ირღვევა. რეგიონებში ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის მიწოდების, ან საჯარო სხდომებზე დაშვების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი სურვილის საფუძველზე წყდება და არა კანონის შესაბამისად. რეგიონებში ინფორმაცია ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისათვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომია ვიდრე ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის.
- ინფორმაციის გაცემისას სახელმწიფო სტრუქტურებში ე.წ. პრიორიტეტული მედიის სია მუშაობს, რაც ზოგიერთი მედიის წარმომადგენლისათვის საჯარო მოხელეების მხრიდან ინფორმაციის გაცემისას უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება. მთავარი კრიტერიუმი მაღალი რეიტინგი ან გავრცელების ფართო არეალია. სახელმწიფო სტრუქტუტრებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სახელმწიფო და კერძო მედიას შორის განსხვავება არ შეიმჩნევა.
- საჯარო ინსტიტუტებში ინფორმაციის გაცემის წესები და პროცედურები არ არის დახვეწილი და დამკვიდრებული, რაც ინფორმაციის გაცემის ან საჯარო დაწესებულებაში შესული განაცხადების რეგისტრაციას და მათზე სათანადო რეაგირებას ართულებს.
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, საქართველოში ხელისუფლების სხვა შტოებთან შედარებით აღმასრულებელი ხელისუფლება უფრო დახურულია, თუმცა ჟურნალისტები ინფორმაციას ყველაზე ხშირად სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში ითხოვენ.
როგორ ირღვევა ინფორმაციის თავისუფლება
მედიის მხრიდან პირადი კონტაქტებისა და კონფიდენციალური წყაროებისადმი განსაკუთრებული ერთგულება, პირველ რიგში, სხვადასხვა დონის საჯარო ინსტიტუტებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გავრცელებული პრაქტიკითაა განპირობებული. საჯარო მოხელეები ინფორმაციის არგაცემის წლების მანძილზე აპრობირებულ მეთოდებს იყენებენ, რის გამოც ჟურნალისტებს ინფორმაციის მოსაპოვებლად თავად ამ სტრუქტურებში პირადი კონტაქტების გააქტიურება, ან იგივე ინფორმაციის სხვა წყაროებიდან მოპოვება უხდებათ.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული ჟურნალისტების 91%25-ს ოფიცაილურ სტრუქტურებში კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნის გამოცდილება აქვს. მათ შორის 60%25 აცხადებს, რომ საჯარო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას უარი მიუღია, აქედან 44%25-ის ინფორმაციით უარი დაუსაბუთებელი და უკანონო იყო. თუმცა საჯარო მოხელეების 90%25 აცხადებს, რომ უარს ინფორმაციაზე ან ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემას ყოველთვის კანონის შესაბამისად ასაბუთებს და დასაბუთებას განაცხადის ავტორს წერილობითი ფორმით აწვდის.
საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მრავალფეროვანი მეთოდებია დამკვიდრებული, რომლის მიღმაც საჯარო მოხელეების მიერ კანონის, საკუთარი მოვალეობების არცოდნა ან პირადი დაინტერესება იკითხება:
ინფორმაციის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარი, ან მოთხოვნის სრული იგნორირება საჯარო დაწესებულებების მხრიდან.
გორში, ,,ხალხის გაზეთის“ ჟურნალისტმა ქეთევან გიკაშვილმა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატში საკადრო ცვლილებებისა და რწმუნებულის ფონდში 2004 წლის მარტი-აპრილის პერიოდში ჩარიცხული თანხებისა და მათი ხარჯვის თაობაზე ინფორმაცია 2004 წლის აპრილში მოითხოვა. 5 თვის მანძილზე გაზეთს არც ინფორმაცია მიუღია და არც მის გაცემაზე ოფიციალური უარი. ჟურნალისტმა ინფორმაციის არგაცემა გორის რაიონის სასამართლოში გაასაჩივრა. მომჩივანი მხარის გამოუცხადებლობის გამო მოსამართლე თინა შავერდაშვილმა გადაწყვეტილება სარჩელის განუხილველობის თაობაზე გამოიტანა.
საჯარო სხდომებზე ჟურნალისტების არდაშვება, აკრედიტაციის გაუქმება.
2004 წლის 29 სექტემბერს, ფოთში 14-მა ჟურნალისტმა ხელი მოაწერა მიმართვას, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებას და მერს, ვახტანგ ალანიას პრესის უფლებებისა და ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდა.
ერთი კვირით ადრე ვახტანგ ალანიამ მერიისა და საკრებულოს შენობაში შესვლის ახალი სისტემა შემოიღო, რომლის თანახმადაც ყველა ჟურნალისტს, რომელიც სხდომებზე დასწრებას ან მერიის შენობაში შესვლას დააპირებდა სპეციალური, ერთდღიანი საშვი უნდა აეღო. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ შენობის კარი, რომელშიც მერია და საკრებულოა განთავსებული ჟურნალისტებისათვის დაიხურა. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ადმინისტრაციული კოდექსის სრულ იგნორირებას ახდენს, ხოლო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირება კვირების მანძილზე არ ხდება. მედიისა და არასამთავრობოების პროტესტის ფონზე, ვახტანგ ალანიამ უკან დაიხია და პოზიცია შეარბილა.
სტრუქტურებს შიგნით მიმდინარე რეფორმები და ახალი კადრების არაკომპეტენტურობა ინფორმაციის არგაცემის მიზეზად საქართველოში რევოლუციის შემდეგ არაერთხელ დასახელდა.
2004 წლის 17 სექტემბერს ჟურნალისტმა სოფო ედიბერიძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების პირველი პირების ზუსტ ვინაობასა და მოკლე ბიოგრაფიებს ითხოვდა, პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, გურამ დონაძის ოფიციალური პასუხი მიიღო: შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო საიდუმლო, სამინისტრო თავს იკავებდა კონკრეტული ინფორმაციის გაცემისაგან მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძრომელ ველზე. მსგავს შემთხვევას პროგრამა ,,60 წუთის“ ჟურნალისტებიც იხსენებენ. 2004 წლის სექტემბერში მათ ჯანდაცვის სამინისტროში ამ უწყების მიერ განხორციელებული და დაფინანსებული პროგრამების თაობაზე ინფორმაცია მოითხოვეს. სამინისტროდან ჟურნალისტებმა ოფიციალური პასუხი მიიღეს, რომლის თანახმადაც, სამინისტროს შტატი რევოლუციის შემდეგ ახალი კადრებით დაკომპლექტდა და არაკომპეტენტურობის გამო თანამშრომლები ჟურნალისტების მოთხოვნაზე სათანადო რეაგირებას ვერ მოახდენდნენ.
2004 წლის თებერვალში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმის კორუფციული სქემების გამოძიებაზე მუშაობდა. ვახტანგ კომახიძის ინფორმაციით, ასლან აბაშიძემ აჭარის ახალი კონსტიტუციის ტექსტი და მასში შეტანილი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში განხილვის გარეშე, ოფიციალური ტექსტის სახით გამოაქვეყნა. კონსტიტუტციის ტექსტი ადგილობრივ გაზეთში ძველი თარიღით დაიბეჭდა. კომახიძემ ბათუმში ამ გაზეთის ერთი დღით დათარიღებული ორი გამოცემა აღმოაჩინა - ერთი ნამდვილი, კონსტიტუციის გარეშე, ხოლო მეორე კონსტიტუციის ტექსტით, მოგვიანებით, ოღონდ ძველი თარიღით დაბეჭდილი. კომახიძის თხოვნით, ბათუმის ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ, აჭარის იუსტიციის სამინისტროში ადმინისტრაციულ კოდექსზე დაყრდნობით, აჭარის კონსტიტუტციის ოფიციალური ტექსტი მოითხოვა. იუსტიციის სამინისტრომ მოთხოვნას უპასუხა - სამინისტროს აჭარაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო მიზანშეწონილად არ მიაჩნდა კონსტიტუციის ტექსტის გაცემა.
კანონი ვიცით, მოგვწონს, ვერ ვიყენებთ
გამოკითხულთა 100%25 აცხადებს, რომ ჟურნალისტებს აქვთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების კანონიერი უფლება, ხოლო საჯარო დაწესებულებები ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ვალდებულნი არიან გასცენ ინფორმაცია თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პირად, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას.
საჯარო მოხელეების 84%25-ის აზრით, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად გააადვილა მედიისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ამ აზრს მედიის წარმომადგენელთა მხოლოდ 56%25 იზიარებს. ჟურნალისტების აზრით, ადმინისტრაციულმა კოდექსმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაზარდა, რადგან საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია მედიისათვის ხელმისაწვდომი გახადა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მექანიზმები განსაზღვრა, თუმცა მედიის წარმომადგენელ- თა ნაწილის აზრით, მიუხდავად კანონისა, ოფიციალურ სტრუქტურებში პირადი კონტაქტების გარეშე ინფორმაციის მოპოვება მაინც შეუძლებელია.
ჟურნალისტებისა და საჯარო მოხელეების უმრავლესობის აზრით, ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველოში პრობლემებს საჯარო ინსტიტუტებში ინფორმაციის გაცემის წესებისა და პროცედურების არარსებობა განაპირობებს.
ოფიციალური პირების 96%25 აცხადებს, რომ მათ უშუალო მოვალეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემა შედის და მათ სტრუქტურას ჟურნალისტები ინფორმაციის მოთხოვნებით მიმართავენ, თუმცა გამოკითხულთა 56%25 ვერ ასახელებს მათ დაწესებულებაში ჟურნალის ტების მიერ შეტანილი ინფორმაციის მოთხოვნების კონკრეტულ რაოდენობას.
ოფიციალური პირების აზრით, მედიის წარმომადგენლებმა კარგად არ იციან საკუთარი უფლებები და კანონზე დაყრდნობით ოფიციალური მოთხოვნის ნაცვლად, რაც მათ ინფორმაციის მოპოვებას გაუადვილებდა, საკუთარი პროფესიული მოვალეობებით აპელირებენ ან საჯარო დაწესებულების პირველ პირებზე ,,ნადირობენ“ კომენტარის ძიებაში. მედიაში არსებულ თვითცენზურას ოფიციალური პირები ასევე ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული სირთულეების მიზეზად ასახელებენ. ჟურნალისტების აზრით, კი არანაკლებ სერიოზულ დაბრკოლებებს ინფორმაციის მოპოვებისას საჯარო მოხელეების მენტალიტეტი და მათი ჩაკეტილობა ქმნის. გამოკითხვამ ის საჯარო ინსტიტუტებიც გამოავლინა, სადაც ინფორმაციის მოპოვება რთულია. ჟურნალისტებისათვის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობებისადა საშინაო პოლიტიკის სფეროში, ასევე კორუფციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება ყველაზე რთულია. მედიის წარმომადგენელთა თქმით, სტრუქტურებში, სადაც კანონით საიდუმლო ინფორმაცია ინახება, ზოგადად გასაიდუმლოების პრაქტიკა დომინირებს. ამ სტრუქტურებში ჩინოვნიკები სახელმწიფო საიდუმლოების არგუმენტის მოხმობით, იმ ინფორმაციის გაცემაზეც უარს აცხადებენ, რომელიც კანონით საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიას არ განეკუთვნება.
რატომ არ იცავს მედია საკუთარ უფლებებს სასამართლოში
ჟურნალისტების 55 კაციანი ფოკუს ჯგუფიდან, მხოლოდ 7%25 აცხადებს, რომ ინფორმაციაზე უარის მიღების შემთხვევაში საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავს. 2004 წელს ინფორმაციის მოთხოვნით სასამართლოში სულ სამი სარჩელი შევიდა. ჟურნალისტების მიერ შეტანილი სამივე სარჩელი ადგილობრივი დონის ხელისუფლებას ეხება. ჟურნალისტების პასიურობას გასაჩივრების უფლების გამოყენების თვალსაზრისით, მედიის მხრიდან ადრე გაკვალული ბილიკებით ან სახელისუფლო დერეფნებით სიარულის სურვილის გარდა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგიერთი ნორმაც განაპირობებს. ჟურნალისტების აზრით, ინფორმაციის განაცხადზე უარის სასამართლო წესით გასაჩივრება დროში გაწელილ პროცედურებს გულისხმობს, რაც ოპერატიულობის პრინციპით შეზღუდული მედიისათვის შეუსრულებელი მისიაა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვის 5 თვიან ვადას აწესებს, რის გამოც გასაჩივრება, როგორც ინფორმაციის მოპოვების მეთოდი, არაეფექტურია.
,,თავისუფლების ინსტიტუტის“ რეკომენდაციები
- ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების შესრულება - საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა და ინფორმაციის გაცემის წესებისა და პროცედურების თაობაზე ინფორმაციის საჯაროობა და გამჭვირვალობა.
- ინფორმაციის თავისუფლებაზე საჯარო მოხელეებისა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება - საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ზედამხედველობის საბჭოების შექმნა. სახალხო დამცველის ოფისს დაეკისროს ინფორმაციის თავისუფლებაზე ზედამხედველობის ფუნქცია.
- გაუქმდეს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ.
- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების პროცედურების გამარტივება და სასამართლო განხილვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზრვრული ხუთთვიანი ვადის 10 დღემდე შემცირება.
- სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალური ვებ-გვერდების შექმნა და პერიოდული განახლების უზრუნველყოფა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ
- ხელი შეუწყონ მედიის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და დაცვას.
- ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ ადმინისტრაციული კოდექსის და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სხვა კანონების თაობაზე მედიისა და სახელმწიფო მოხელეებისათვის ტრეინინგების ციკლის ჩატარება.
- უზრუნველყონ მედიის მონიტორინგის პროგრამების განხორციელება და შედეგების პერიოდული გამოქვეყნება.
,,ხალხის გაზეთი“ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წინააღმდეგ
2004 წლის 10 ივნისს, გორის ადგილობრივი გაზეთის, ,,ხალხის გაზეთის“ კორესპონდენტმა ქეთევან გიკაშვილმა შიდა ქართლის რწმუნებულის აპარატში მოითხოვა რწმუნებულის, მიხეილ ქარელის, ბიოგრაფია და ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამი დღის შემდეგ ჟურნალისტმა კანცელარიიდან ოფიციალური პასუხი მიიღო, რომლის თანახმადაც კორესპონდენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ადგილობრივი გაზეთის, ,,თრიალეთის“ მე-14 ნომერში იყო გამოქვეყნებული. ჟურნალისტმა პასუხი არადამაკმაყოფილებლად ჩათვალა და ადმინისტრაციულ კოდექსზე დაყრდნობით გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2004 წლის 22 ივლისს პროცესზე სასამართლომ გაზეთის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე გოჩა გოჩიტაშვილმა მიუთითა, რომ რწმუნებულის თანამდებობა ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის თანახმად სახელმწიფო კანცელარიის ნომენკლატურას განეკუთვნება; აქედან გამომდინარე, გაზეთის მიერ შეტანილი სარჩელი არასათანადო პირს ეხება, რადგან შიდა ქართლში რწმუნებულის აპარატი არ არის პასუხისმგებელი მოთხოვნილ ინფორმაციაზე.
სახელმწიფო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გაზეთმა იგივე ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო კანცელარიას მიმართა, საიდანაც ცოტა ხნის წინ პასუხი მიიღო, რომ სახელმწიფო კანცელარიაში მიხეილ ქარლის ბიოგრაფია არ ინახება.
,,თავისუფლების ინსტიტუტმა“ მოსამართლე გოჩა გოჩიტაშვილის გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოში გაასაჩივრა, რადგან კანონი ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, რომელზე დაყრდნობითაც მოსამართლემ გაზეთის სარჩელი არ დააკმაყოფილა, 2004 წლის 11 თებერვალს გაუქმდა და შესაბამისად მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის უკვე ძალადაკარგული იყო.
![]() |
4 როდის უნდა ვიყოთ ტოლერანტულნი? |
▲ზევით დაბრუნება |
იურგენ ჰაბერმასი
მსოფლმხედველობების, ღირებულებების, თეორიების კონკურენციის შესახებ
მოხსენება წაკითხულ იქნა ლაიბნიცში 2002 წლის 29 ივნისს ბერლინბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე
(1) სიტყვა ,,ტოლერანტობა“ XVI საუკუნეში ლათინურ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში დამკვიდრდა და კონფესიურ განხეთქილებას დაუკავშირდა. ამ კონტექსტში მან, უპირველეს ყოვლისა, სხვა რელიგიურ აღმსარებლობათა მიმართ შემწყნარებლობის ვიწრო მნიშვნელობა შეიძინა.1 XVI-XVII საუკუნეებში რელიგიური ტოლერანტობა უკვე სამართლებრივ ცნებად გვევლინება. მთავრობები გამოსცემენ ტოლერანტულ აქტებს, რომელიც სახელმწიფო მოხელეებსა და მართლმორწმუნე მოსახლეობას რელიგიურ უმცირესობებთან: ლუთერანებთან, ჰუგენოტებთან, პაპისტებთან მიმართებაში ტოლერანტულ ქცევას აკისრებს.2 განსხვავებული რწმენის ადამიანებისა და მათი პრაქტიკის ადმინისტრაციული ფორმით შეწყნარების სამართლებრივი აქტები დღემდე განსაზღვრავენ ტოლერანტული დამოკიდებულების მოთხოვნას ჩაგრული და დევნილი რელიგიური გაერთიანებების წევრების მიმართ. ინგლისური ენა უფრო მკაფიოდ განასხვავებს ტოლერანტობას (,,tolerance“), როგორც ქცევის ნორმასა თუ სიკეთეს და ტოლერანტობას (,,toletation“), როგორც სამართლებრივ აქტს, ვიდრე გერმანული ენა. ჩვენ ტოლერანტობის ორივე გამოვლინებას შევეხებით: 1. ტოლერანტობაზე ორიენტირებულ სამართლებრივ წესრიგს; 2. ტოლერანტული საზოგადოების პოლიტიკურ სიკეთეს. მონტესკიე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს შემწყნარებლობისა და შეწყალების ურთიერთკავშირის საკითხზე:
,,ვინაიდან ქვეყნის კანონმდებლობამ ხვადასხვა რელიგიების თანაარსებობა დაუშვა, ამ რელიგიებს ერთმანეთის მიმართ ტოლერანტობა კიდევაც მოეთხოვებათ... აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ კანონებმასხვადასხვა რელიგიებს მოსთხოვონ არა მხოლოდ ის, რომ მათ სახელმწიფოს მშვიდობა არ დაურღვიონ, არამედ ერთმანეთს შორისაც სიმშვიდე შეინარჩუნონ.“3
როგორც ეს ციტატაც მიგვანიშნებს, აღნიშნული ცნება რევოლუციის საუკუნეში, რელიგიურ ადრესატებთან მიმართებაში არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ, ასევე, მან ადმინისტრაციულ-ხელისუფლებრივ კონოტაციას შეწყალებაზემიუთითა. თავისთავად ცხადია: რელიგიური ტოლერანტობის ფილოსოფიური დასაბუთებანი, რაც ჯერ კიდევ სპინოზასთან და ლოკთან გვხვდება, გვიჩვენებს გზას ცალმხრივად აღიარებული რელიგიური შეწყნარების ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და რელიგიური აღმსარებლობის ნამდვილ თავისუფლებას შორის. ეს უკანასკნელი რელიგიური თავისუფლების ურთიერთაღიარებას ნიშნავს. ხელისუფლების ,,ნებართვის კონცეფციასთან“ მიმართებაში, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას უზრუნველყოფს, რაინერ ფორსტი ,,პატივისცემის კონცეფციას“ განიხილავს, რაც რელიგიური თავისუფლების ჩვენეულ გაგებას შეესაბამება და ძირითადი კანონის მნიშვნელობა აქვს.4
პიერ ბაილეს ახალ-ახალი მაგალითები მოჰყავს, რათა თავის არატოლერანტ ოპონენტებს ბიძგი მისცეს, რომ მათ საპირისპირო მხარის პერსპექტივა გაითვალისწინონ და საკუთარი მასშტაბები მოწინააღმდეგეებისთვისაც გამოიყენონ: ,,ხომ შეიძლება ერთხელ მუფტისაც გაუჩნდეს სურვილი, რომ ქრისტიანთა შორის თავისი მისიონერები მიავლინოს, როგორც პაპი მიავლენს ხოლმე მათნაირებს ინდოეთში? და თუ ამ თურქ მისიონერებს ერთხელაც თავზე წაადგებიან, როდესაც ისინი ჩვენს სახლებში შემოდიან, რათა განახორციელონ თავიანთი მისიონერული მიზნები, განა სამართლიანი იქნებოდა მათი დასჯა? ისინი ისეთივე პასუხს გაგვცემენ, როგორც ქრისტიანი მისიონერები იაპონიაში: ჩვენ გავისარჯეთ, რათა ჭეშმარიტი რელიგია გაგვეცნო მათთვის, რომლებიც მას ადრე არ იცნობდნენ და გვინდოდა, რომ მოყვასის სიკეთეზე გვეზრუნა. დავუშვათ, ეს თურქები ჩამოახრჩვეს. როგორღა გავამტყუნებთ ჩვენ იაპონელებს, თუკი ისინიც ანალოგიურ შემთხვევაში ანალოგიურად მოიქცევიან?5 ბაილე, პრაქტიკულად, როგორც ამ თვალსაზრისით კანტის წინამორბედი, იღებს საწინააღმდეგო პერსპექტივას საკუთარ თავზე და იმ იდეათა განზოგადებისაკენ ისწრაფვის, რომლის შუქზეც ჩვენ ,,ადამიანური ქცევის ბუნებას“ განვსჯით.6
ტოლერანტული საზოგადოების წესების ურთიერთაღიარების საფუძველზე შესაძლებელი ხდება იმ მოჩვენებითი პარადოქსის მოხსნა, რამაც, როგორც ცნობილია, გოეთესაც კი მისცა საბაბი, რომ უარეყო ტოლერანტობა, როგორც დამამცირებელი კეთილგანწყობა, რასაც მისი აზრით, ქედმაღლობა წარმოშობს. პარადოქსი მდგომარეობს მასში, რომ შეწყნარების ყოველი აქტი მიზნად ისახავს იმ ნიშან-თვისებათა გადმოღებას, რაც უდავოდ მისაღებია და ამით ის ამავე დროს ადგენს ტოლერანტობის ზღვარს. არ დავამყაროთ არავითარი ურთიერთობა განსხვავებული ნიშან-თვისებების მქონე საზოგადოებებთან ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ვიდრე ადგილი ექნება ავტორიტარულ გამიჯვნასა და ცალმხრივ ინიციატივებს, ამგვარი შეწყნარება ვერ მოხსნის განსხვავებული საზოგადოების იგნორირების პრობლემას და ეს პრობლება, როგორც წესი, აღნიშნული მოვლენის სუბიექტურ და თვითნებურ ხასიათში გამოიხატება.
მხოლოდ ტოლერანტობის არსის განსაზღვრებას ძალუძს, რომ თანაბრად დაარწმუნოს ყველა, ვისაც ეს ეხება, რათა ტოლერანტობას არატოლერანტობის ეკალი ამოაძროს. მათ კი, რომელთაც ამ საგანთან შეხება ექნებათ, უნდა გაითვალისწინონ ერთმანეთის პერსპექტივები, თუ კი მათ სურთ, რომ შეთანხმდნენ იმ პირობებზე, რომლებშიც ისინი ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულ თანაცხოვრებას აპირებენ.
ამგვარი ურთიერთობების დასამყარებლად საკმარისი არ არის სხვადასხვა რელიგიურ ერთობათა ლიბერალური თანაცხოვრების ნაცნობი პირობები, რაც, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ძალადობის საშუალებების უარყოფა?? და ასოციაციათა თავისუფლებას გულისხმობს. ვითარება მაშინაა იდეალური, როდესაც მორწმუნეების სინდისზე ზეწოლა გამოირიცხება. ამგვარი ტიპის ნორმების მიზანი იმ სუბიექტური მიზეზების დაძლევაა, რომლებიც უცხო რელიგიური რწმენებისა და პრაქტიკის უარყოფას ცდილობენ. ეს ნორმები მხოლოდ მაშინ იქნებიან მოსაწონნი, თუკი ისინი ინტერსუბიექტურ აღიარებას კონფესიურ საზღვრებს მიღმა მოიპოვებენ. ამასთანავე: ელინეკისეულმა თეზამ, რომ ადამიანის უფლებებს რელიგიური თავისუფლება უდევს საფუძვლად, ისტორიული მნიშვნელობა დაკარგა. ამის მიუხედავად, რელიგიური თავისუფლების ძირითადი კანონის უნივერსალურ დასაბუთებასა და კონსტიტუციური სახელმწიფოს ნორმატიულ საფუძვლებს ე.ი. დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს შორის, არსობრივი კავშირი მაინც არსებობს.
საკუთარი რელიგიის თავისუფალი აღმსარებლობის უფლება და შესაბამისი ნეგატიური თავისუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში, მოჩვენებითი პარადოქსის მოხსნას განაპირობებს და სხვათა რელიგიის შევიწროვებას გამორიცხავს. რელიგიური ტოლერანტობა კი ტოლერანტული გზებით მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გარანტირებული, თუკი დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეებს შორის ერთმანეთის მიმართ რელიგიური თავისუფლების შეგნება დაისადგურებს. დემოკრატი კანონმდებლები, რომელთა მიერ კანონის ადრესატები მის ავტორებად გვევლინებიან, აღნიშნავენ, რომ ურთიერთშეწყნარების სამართლებრივი აქტი ტოლერანტული ქცევისა და სათნოებით გამსჭვალული თვითმოვალეობის შერწყმას გულისხმობს.
(2) რელიგიურ ტოლერანტობას (აქ მე გამოსყიდვის პრეტენზიის მქონე მსოფლიო რელიგიების მიმათ ტოლერანტობას მოვიაზრებ), რომელიც საერთოდ ტოლერანტობის პროტოტიპად ითვლება, მარტო ის ისტორიული საფუძვლები როდი აქვს, რომელიც ევროპული წარმომავლობის კონტექსტშია საძიებელი. თავისთავად ცხადია, რომ განსხვავებული რწმენის მქონეთა მიმართ რელიგიური ტოლერანტობა, ამავე დროს სხვაგვარად მოაზროვნეებისადმი ტოლერანტობად ზოგადდება. ტოლერანტობის რელიგიურ საფუძვლებს, რომელიც დღეს ნებისმიერი ლიბერალური პოლიტიკური კულტურის ბირთვად განიხილება, აქვს ასევე სისტემატიური მნიშვნელობა, ვინაიდან ის იმ უარყოფაზე მიგვანიშნებს, რომელსაც საფუძვლად რწმენისმიერი არგუმენტები უდევს. ჩვენ შეგვიძლია ტოლერანტულნი ვიყოთ არგუმენტირებულად უარყოფილი რწმენის მიმართ, სახელდობრ, იმგვარად ტოლერანტულნი, რომ ამ კოგნიტიურ უარყოფას, შედეგად არ მოჰყვეს პრაქტიკულად ,,გადაულახავი“ ანტიპათია. ჩვენ არ გვჭირდება ტოლერანტობა მაშინ, როდესაც უცხო შეხედულებებისა და თვალსაზრისების მიმართ კვლავაც ინდიფერენტულად ვართ განწყობილნი ან საერთოდ
უგულვებელვყოფთ ,,სხვათა“ ღირებულებებს. ტოლერანტობა ჩვენგან მოითხოვს იმას, რომ კოგნიტიურ დონეზე არსებული შეუთანხმებლობა, რომელიც საკუთარი კონსისტენციიდან გამომდინარე დაპირისპირების შეწყვეტისაკენ ისწრაფვის, შენარჩუნდეს სოციალური ინტერაქციის სიბრტყეზე იმ მოსაზრებით, რომ იგი მისაღები იყოს თანამედროვე ვითარებაში.
რელიგიურ შეხედულებათა შეჯახების ტოლერანტობის რკალში მოქცევა დღემდე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკონტროლოთ მნიშვნელოვნებაზე კონკურენტული პრეტენზიების უარყოფა, რომელიც განსაკუთრებული ხედვითაა დასაბუთებული. ეს პრეტენზიები მანამ დარჩებიან ქმედითუუნარონი, სანამ მათ მიერ სამოქალაქო საზოგადოება და განსხვავებული აზროვნების მქონე მოქალაქეები უგულებელყოფილნი იქნებიან. ასე რომ, ტოლერანტობა არის პოლიტიკური, სახელდობრ, ლიბერალური საზოგადოების მოქალაქეთათვის აუცილებელი სიკეთე. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მას სამოქალაქო ურთიერთობების სიკეთე ჩავანაცვლოთ. ლიბერალობის ამ არასპეციფიურ ტიპს ჯონ როულზი უწოდებს ,,civility“-ს და მას შემდეგნაირად აღგვიწერს:
,,ეს მოვალეობა გულისხმობს მზადყოფნას - მოუსმინო სხვას და თუკი ეს ასეა, მაშინ უნდა გეყოს სამართლიანობა, რომ გადაწყვიტო, როდის უნდა გააკეთო გონივრული დათმობა სხვათა შეხედულებების მიმართ.“7
მზადყოფნა კოოპერაციისათვის და კომპრომისის უნარი, სამართლიანობა, დისტანციის შენარჩუნება და ინტერესთა ჭკვიანური აწონდაწონვა, ანუ საბოლოო ჯამში, სამოქალაქო კულტურა საკმარისია მანამ, ვიდრე წარმოიქმნება მხარეთა შორის კონფლიქტი კონკრეტული პრობლემის მიმართ. მოლაპარაკება მათ შორის შეიძლება წარიმართოს მორალისა და კანონის ფარგლებში, ყველა მოქალაქისათვის საერთო ენაზე, აღიარებული წესებისა და მეთოდების მიხედვით, ლეგიტიმური გადაწყვეტილების, ან სულაც კონსენსუსის იმედით. როდესაც ადგილი აქვს რწმენათა შეჯახებას, რისთვისაც პოლიტიკურ კულტურას არ მოეპოვება საერთო ენა და რაიმე გონივრული შეთანხმებაც არაა მოსალოდნელი, მაშინ აუცილებელია არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების სიკეთე, არამედ ასევე ტოლერანტობაც, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ორივე ფორმა უნდა ფუნქციონირებდეს.
სამოქალაქო საზოგადოება მოჭრილია უფრო განმუხტვის თარგზე, მაშინ, როდესაც ტოლერანტობა შინაგანად იქითკენ მიისწრაფვის, რომ კონფლიქტები თავიდან იქნას აცილებული. ტოლერატობის პოლიტიკურ სიკეთეზე მოთხოვნილება მხოლოდ მაშინ მძაფრდება, როდესაც ერთი მხარის პრეტენზია ჭეშმარიტებაზე კონფლიქტშია სხვების პრეტენზიებთან და მათ შორის ,,შეთანხმება“ შეუძლებლად მიიჩნევა, მაგრამ არსებული აზრობრივი განსხვავების საკითხს მაინც ღიად ტოვებენ, რათა პოლიტიკური თანაცხოვრების დონეზე შენარჩუნდეს საზოგადოების საერთო ბაზისი. რელევანტურ კოგნიტიურ დონეზე კონფლიქტი ვერ გადაიჭრება. უნდა მოხდეს მისი განსაზ ღვრული წესით სეგმენტაცია და საკუთარი ქცევის ქმედითობაში ნეიტრალიზება, რაც ნებისმიერ შემთხვევაში კონფლიქტისათვის დაბრკოლებას შექმნის, რათა სოციალური ურთიერთობების დონეზე დაცულ იქნას ერთობა.8 ლაპარაკია არა მხოლოდ მსოფლიო რელიგიებზე, არამედ, ასევე, სამყაროს მეტაფიზიკურ ინტერპრეტაციებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებზე ე.ი. მსოფლმხედველობებზე, არტიკულაციის ყველა სიბრტყეზე.
მე ახლა მაინტერესებს იმ პოზიციის რაციონალური სტრუქტურა, რაც ტოლერანტ პიროვნებას უნდა ახასიათებდეს, უფრო ზუსტად, რისი ,,მატარებელი“ უნდა იყოს ასეთი პიროვნება? ეს არ არის დაპირისპირება კონკურენტული მსოფლმხედველობების, როგორც ასეთის, წინაპირობასა და გამონათქვამს შორის, რაც ,,მისაღები უნდა იყოს“. პიროვნებების რწმენებს შორის დაპირისპირება გადაუჭრელი რჩება მხოლოდ სოციალურ განზომილებაში. აქ უფრო იმ შეზღუდვებზეა საუბარი, რომლებიც პიროვნებებს შორის გადაულახავ დაპირისპირებას გაანეიტრალებენ. ამიტომაც მე მსურს, რომ, უპირველეს ყოვლისა, მოხდეს ,,უარყოფის კომპონენტების“ (რაინერ ფორსტის ტერმინი, რომელიც ტოლერანტობის ცნების ჩვენეულ განსაზღვრებაში შემოგვყავს) ორი მიმართულებით კვალიფიცირება. ტოლერანტობის მოთხოვნა შეიძლება გონივრული იყოს თუკი, ერთის მხრივ, უარყოფა ქმედებისათვის მოტივაციის მიმნიჭებელ რწმენას ეხება, და თუკი, მეორეს მხრივ, ლიბერალური საზოგადოების ჩარჩოებში აზრთა სხვადასხვაობის კვლავწარმოქმნაა მოსალოდნელი.
(3) პირველი ასპექტის გარკვევისათვის რეკომენდირებულია, რათა ტოლერანტობა, რომელიც მორწმუნეებმა უცხო რელიგიის ჭეშმარიტებათა მიმართ გამოავლინეს, იმ პოზიციებს შევადაროთ, რაც მეცნიერთა მიერ კონკურენტული თეორიების თაობაზეა გაზიარებული. ორივე შემთხვევაში კონკურენტული მიდგომები ერთმანეთს უპირისპირდება. დისკუსიებს, რომელიც თეორიების შედარებების გამო წარმოიქმნება, შეიძლება გვერდით დავუყენოთ დისპუტი, რომელიც რელიგიათაშორისი თუ ეკლესიათაშორისი შეხვედრების ვითარებაშ იმართება. ორთავე დისკურსი იდეალური წინაპირობებით აღიწერება, როგორც ჭეშმარიტების კოოპერაციული ძიება. მაგრამ მეცნიერები განსხვავდებიან თეოლოგებისაგან, როგორც ფალიბილისტური ცნობიერებით, ასევე - ყოველ შემთხვევაში უშუალოდ - ეთიკური ქმედების ორიენტაციისათვის მეცნიერული ცოდნის ნაკლები რელევანტურობით.
იდეალური ტიპის გამარტივებაში მეცნიერები საკუთარ თავს კოლექტიური სწავლების პროცესის მონაწილეებად მოიაზრებენ. ისინი გამოდიან იქედან, რომ გარკვეულ პრობლემებზე მუშაობისას, როგორც წესი, ამ პრობლემათა გადასაჭრელად დამაჯერებელ და ასევე საფუძვლიანად არგუმენტირებულ მოსაზრებებს გვთავაზობენ. ისინი იმყოფებიან აღმოუჩენელი, ჩვენთვის ჯერ კიდევ სამომავლო ჭეშმარიტების ძიებაში. თეოლოგები კი საკუთარ თავს მოიაზრებენ, როგორც წარსულში უკვე მიგნებული, რევიზიას დაუქვემდებარებელი ჭეშმარიტების ინტერპრეტატორებად, რომელთაც კონკურენტულ რწმენისეულ ჭეშმარიტებათა დაპირისპირებაში თავდაცვისათვის კარგი საფუძვლები გააჩნიათ.9 ცხადია ისიც, რომ ისინი სხვადასხვა ინტერპრეტაციების შეჯახებისას ანგარიშს უწევენ არა სიცხადესა და მიზეზთა ტიპების ახსნის შესაძლებლობებს, არამედ იმას, რომ ოპონენტებმა რაციონალურად აღიარებულ სხვადასხვა მოსაზრებებს შორის არჩევანის გაკეთება შეძლონ და ერთი პოზიცია დაიკავონ. ისინი უფრო ფინალურ კონსესუსს ელოდებიან, რაც უკვე მიგნებული ჭეშმარიტების გაფართოვებაზეა დამოკიდებულია.
რომ დავუკვირდეთ, დავინახავთ, რომ მორწმუნეთა რწმენის გასამყარებლად წინასწარმეტყველთა მოძღვრებანი თავად აცხადებენ პრეტენზიას არაფალიბილიზმზე (შეუმცდარობაზე) და ეს რწმენის, როგორც ჭეშმარიტებისა და სინდისის დიფერენცირების ეპისტემოლოგიურ სტატუსში აისახება. ეს დაშორება რელიგიური ცოდნის, როგორც წმინდა ცოდნის პრაქტიკული ბუნებით აიხსნება. წმინდა სინდისი მისი ეგზისტენციალური მნიშვნელობით იმ ძალას შეიძენს, რომელიც უშუალო ქმედებაზეა ორიენტირებული. ამით კი შესაძლებელი ხდება კონფლიქტის იმ პოტენციალის განმარტება, რომელიც რელიგიური კამათის საფუძველს წარმოადგენს. მეცნიერული კვლევა კი პირიქით, თეორიისა და პრაქტიკის სფეროებს ერთმანეთისაგან მიჯნავს, ყოველ შემთხვევაში, კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა ჭეშმარიტებაზე კონკურენტული პრეტენზიების მიმართ, ძირითადად, ჰიპოტეტური მოსაზრებები უნდა შეინარჩუნონ და ყურადღების მიღმა დატოვონ პრაქტიკული რელევანტობა, რომლის შემეცნებითი საზღვრები აკადემიურ ჩარჩოებს სცილდება.
თეორიების ურთიერთშეჯახების პირობებში მეცნიერული მუშაობა იძენს სპეციფიურ ფუნქციას, რათა სიცოცხლის სამყაროს ქცევითი კონფლიქტები გაანეიტრალოს. ეს კონფლიქტები რელიგიებს შორის ჩამოვარდნილი დაპირისპირებისას - პირადი ცხოვრებისათვის რწმენისეულ ჭეშმარიტებათა უშუალო რელევანტობის გამო - წარმოიქმნება და, აქედან გამომდინარე, ტოლერანტობა აუცილებელი ხდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვლევითი პრაქტიკა (როგორც მაგალითად, ემბრიონთა კვლევის შემთხვევაში) იმ სფეროებში შეაღწევს, რომლებიც კვლევის მიღმაა და პიროვნებათა ეთიკურ გაგებას ეხებიან, არ შეიძლება სიცოცხლის სამყაროსგან მისი ნაუცბადევი გამოყოფა. ასეთ შემთხვევაში მეცნიერები შეიძლება მსგავსი ტიპის კონფლიქტებმა დააბნიონ. სხვათა შორის ჩანს, რომ ამგვარ კონფლიქტებში ნატურალისტური მსოფლმხედველობები, რომლებიც თავიანთ არსებობას მეცნიერული ინფორმაციის სინთეზურ დამუშავებას უმადლიან, ეთიკურ ქმედებაზე ორიენტირებისათვის ცოდნის რელევანტურობის თვალსაზრისით, ,,კოსმოსშ იადამიანის ადგილის“, რელიგიურ თუ სხვა ინტერპრეტაციების სიმაღლეზე დგას.
უარყოფილი რელიგიებისა თუ მსოფლმხედველობების მიმართ ტოლერანტობის გამოვლენა, ბუნებრივია, არ არის რწმენათა სიწმინდის გავლენა პრაქტიკაზე, მაგრამ მას ეს ტრანსფერი გადააქვს ერთი სიბრტყიდან მეორეზე, განსაზღვრულ უსაფრთხო პირობებში. ტოლერანტული წარმოდგენა მოქმედების დისპოზიციის მოდიფიკაციას იმით ახდენს, რომ ის რელიგიურ და მსოფლმხედველობრივ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ განსხვავებული რწმენისა და აზროვნების მქონე პიროვნების, როგორც თანასწორუფლებიანი თანამოქალაქის, ყურადღებისაგან შორს დგას.
ამ მასშტაბებზე დაყრდნობით, კოგნიტიური დიფერენციაცია გონივრულია, თუკი ტოლერანტობა მასზე აზრიან პასუხს წარმოადგენს. ტოლერანტობა შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ მაშინ, თუ მნიშვნელოვნებაზე კონკურენტული პრეტენზიების უარყოფისათვის ლეგიტიმური საფუძვლები არსებობს:
,,თუ ვინმე შავკანიან ადამიანს უარყოფს, ჩვენ ვერ მოვთხოვთ მას ტოლერანტობას განსხვავებული გარეგნობის ადამიანების მიმართ... რადგან ჩვენ მისი ეს ცრურწმენა მისივე ეთიკურ განსჯად ვაღიარეთ. განსხვავებული რელიგიების უარყოფის შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარებაა. რასისტი არ უნდა გახდეს ტოლერანტი, მან უნდა დაძლიოს თავისი რასიზმი.“10
ამ და მსგავს შემთხვევებში ჩვენ ვაკრიტიკებთ ცრურწმენებს და ვებრძვით დისკრიმინაციას და არ გამოვდივართ ,,უფრო მეტი ტოლერანტობის“ მოთხოვნით. მხოლოდ რელიგიური თანასწორობა ახდენს მოქალაქეთა კონფრონტაციას შემდეგი მიზეზის გამო: ისინი ფიქრობენ, თუ როგორ უნდა დაამყარონ სოციალური ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომელთაც განსხვავებული რწმენა აქვთ და, ამავე დროს, თანამოქალაქენი არიან.
ტოლერანტობის საკითხი დგება მხოლოდ ცრურწმენების განადგურების შემდეგ, ცრურწმენებისა, რის საფუძველზეც უმცირესობების დისკრიმინაცია ხდებოდა. მაგრამ რა უფლებით ვუწოდებთ ჩვენ ,,ცრურწმენას“ იმ აღწერებს, რომელთაც რელიგიური ფუნდამენტალისტები, რასისტები, სექსუალური შოვინისტები, რადიკალი ნაციონალისტები თუ ქსენოფობი ეთნოცენტრისტები თავიანთი ,,უცხოს“ შესახებ გვაწოდებენ? ჩვენ უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს, ეგალიტარული და უნივერსალური მასშტაბების შუქზე გავმართოთ სტიგმატური მსჯელობა. სამოქალაქო თანასწორობა მოითხოვს მოქალაქეთა როგორც თანასწორ მოპყრობას, ასევე ერთმანეთის, როგორც პოლიტიკური საზოგადოების ,,თანასწორ“ და ,,სრულუფლებიან“ წევრად აღიარებას. ყველა მოქალაქის სრული ინკლუზიის ნორმა უნდა იყოს აღიარებული, სანამ ტოლერანტული თვითშეგნებით ცხოვრება შეგვეძლება. მხოლოდ დისკრიმინაციის უარყოფის მასშტაბი ქმნის მოქალაქეთა ტოლერანტული ურთიერთობისათვის მორალურ და სამრთლებრივ საფუძვლებს, იმ საფუძვლებს, რომლებიც შეწყნარებული უცხო რწმენებისა და შეხედულებების უარყოფის ეპისტემოლოგიურ მიზეზებს ფარავენ. თუკი ნორმატიული თანხმობის ამგვარ საფუძვლებს დავეყრდნობით, მაშინ კოგნიტიურ განზომილებაში ჯერ კიდევ მყარად ფესვგადგმული მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების სამოქალაქო თანასწორობის სოციალურ განზომილებაში გადატანა შესაძლებელი გახდება და კონფლიქტის პოტენციალიც შემცირდება. ამ თვალსაზრისით ტოლერანტობა მხოლოდ დისკრიმინაციის მიღმა იწყება.
4) თუ ცრურწმენები ფერადკანიანების, ჰომოსექსუალებისა და ქალების მიმართ დაძლეულია, მაშინ აღარ რჩება არავითარი კომპონენტი, რომელიც მათ დამცირებას რამენაირად გაამართლებდა. თუმცა, როგორც ლესინგის წრიულ პარაბოლაში - გათვითცნობიერებულ ქრისტიანებს, მუსლიმებსა და ებრაელთათვის დოგმატური განსხვავება ცრურწმენათა გადალახვის შემდგომაც აგრძელებს არსებობას, რის გამოც, შესაბამისად, მათთვის განსხვავებულ მოძღვრებათა უარყოფა ლოგიკურადაა მოსალოდნელი და, აქედან გამომდინარე, ტოლერანტობის აუცილებელობა კვლავ დღის წესრიგში დგება. აქვს კი ყოველივე ამას რაიმე კავშირი კოგნიტიურ დისონანსთან? რაში მდგომარეობს უფრო ზუსტად ტოლერანტობის მოლოდინთან მჭიდროდ დაკავშირებული თვითმოვალეობა? ვიდრე შევძლებდეთ თვითმოვალეობის რაციონალურ შეფასებას, ჩვენ თავად უნდა მოვახდინოთ საკუთარ თავზე აღებული ტვირთის იდენტიფიკაცია.
უარყოფილი მოსაზრებებისა და მნიშვნელოვნებაზე პრეტენზიების გათვალისწინება შეუძლებელია. ტოლერანტობა არ ეხება ჭეშმარიტებაზე საკუთარ პრეტენზიებსა და რწმენებს. ტვირთი მოდის არა საკუთარი რწმენების ფარდობითობაზე, არამედ იგი ამ უკანასკნელთა მცირე პრაქტიკული ეფექტურობის შედეგია. რწმენამ პრაქტიკული რელევანტობა მხოლოდ იმ საზღვრებში უნდა შეიძინოს, რომელიც ყველა მოქალაქის სრული და თანაბარი ინკლუზიის ნორმითაა დადგენილი. შეწყნარების თვითმოვალეობის ლოგიკა მდგომარეობს შემდეგში: უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკუთარი რელიგიის მიერ ნაკარნახევი ცხოვრების წესის, გნებავთ - საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ეთოსის რეალიზაცია მხოლოდ ყველასათვის თანაბარი უფლებების არსებობის პირობებშია ნებადართული. ეს ტვირთი ყველა მოქალაქეს სიმეტრიულად ეკისრება. ის იმდენადაა კოგნიტიური ტიპი, რამდენადაც ლიბერალური საზოგადოების მორალი და სამართალი თანხმობაშია რწმენებთან, სადაც საკუთარ ეთოსს ფესვები აქვს გადგმული. ის იმ შემეცნებით მიღწევებს მიჰყვება, რომელიც ევროპულ მოდერნში რელიგიურმა ცნობიერებამ მოითხოვა.
ყოველი რელიგია, ტრადიციულად, არის მსოფლმხედველობა ან, როგორც ჯონ როულზი ამბობს ,,comprehesive doctrine“ (საყოველთაო დოქტრინა) იმ გაგებით, რომ მას ავტორიტეტობაზე აქვს პრეტენზია, რათა მთლიანობაში ცხოვრების ფორმის კონსტრუირება მოახდინოს. ცხოვრებისათვის ფორმების მიცემის პრეტენზია რელიგიამ მაშინაც კი უნდა წამოაყენოს, როცა პლურალისტურ საზოგადოებებში პოლიტიკური საზოგადოებისაგან რელიგიური ერთობების დიფერენცირება ხდება. გაბატონებული რელიგიები კარგავენ თავიანთ პოლიტიკურ ძალას, რადგანაც პოლიტიკური წესრიგი განსაზღვრულ რელიგიურ ეთოსს მეტად აღარ ემორჩილება. ემანსიპიცირებული უმცირესობათა რელიგიებიც მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან. მსოფლმხედველობრივი პლურალიზმის გარემოში ყოფნა რელიგიურ მოძღვრებებს აიძულებს, რომ მოახდინონ თვითრეფლექსია, რითაც მოქალაქეებს ადამიანის უფლებათა მორალის ათვისება შეეძლებათ. მას, სხვათა შორის, შედეგად ის მოჰყვება, რომ რწმენისმიერი ჭეშმარიტების დასამყარებლად პოლიტიკური ძალადობა უარყოფილი იქნება და რელიგიური არჩევანის თავისუფლებას დაბრკოლება აღარ შეექმნება. არ შეიძლება ძალადობის გამოყენება არც შიგნით და არც გარეთ.11 დიდმა რელიგიებმა თავად უნდა აითვისონ საკუთარ წინაპირობებში ლიბერალური სახელმწიფოს ნორმატიული საფუძვლები, თუ - როგორც მაგალითად ებრაულ-ქრისტიანული ტრადიციის ევროპულ შემთხვევაში - ორივე მათგანს შორის გენეალოგიური ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. სხვადასხვა რელიგიურ მსოფლმხედველობებში ადამიანის უფლებათა მორალის ,,ამოსაცნობად“ ჯონ როულზმა მოდუსის სახე აირჩია. იმის მიუხედავად, რომ ეს სურათი მხოლოდ მსოფლმხედველობრივად ნეიტრალურ საფუძვლებზეა კონსტრუირებული, ის ორთოდოქსალურ დასაბუთებასაც მჭიდროდ უკავშირდება.12 ეს კონცეფცია უპირატესობას ფლობს რაციონალური რელიგიის იდეასთან შედარებითაც, რომელიც ყველა რელიგიური მოძღვრების საერთო მორალურ სუბსტანციას თავის თავში აერთიანებს. აღნიშნული კონცეფცია გვარწმუნებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზიების სერიოზულობაში და არა ტოლერანტობის რადიკალური გაგების ნეიტრალიზებაში. მოძღვრებათა თითოეული კონტექსტი, დოგმატური თვალსაზრისით, დასაბუთების პრობლემას თავისებურად წყვეტს. ეს უნდა იყოს რაღაც ფიდეიზმის მსგავსი, რომელიც გათვლილია მსოფლიო გონის გახრწნაზე. რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართების აღიარებული გადაულახავობის გამო არჩევენ პრობლემის სხვაგვარ დამუშავებას, ვიდრე ამას კათოლიკური ბუნებითი სამართალი აკეთებს. ეს უკანასკნელი ბუნებითი გონისა და მიგნებული ჭეშმარიტების თანაარსებობის შედეგად მიიღება.
ფუნქციონალური თვალსაზრისით, რელიგიურმა ტოლერანტობამ უნდა გაანეიტრალოს საზოგადოებრივი დესტრუქციულობა, რომელიც აზრთა შეურიგებელი დაპირისპირების შედეგადაა წარმოქმნილი. სოციალური კავშირი, რომელიც მორწმუნეებს, განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანებს და ურწმუნოებს, როგორც ერთი და იმავე სეკულარული საზოგადოების წევრებს, აერთიანებთ, არ უნდა დაიშალოს, მაგრამ ეკლესიის წევრებსა და საზოგადოების მოქალაქეებს შორის როლთა აუცილებელი დიფერენციაცია, რელიგიური თვალსაზრისით, დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს, თუ გვინდა, რომ ლოიალობის პრობლემა უფრო არ გამწვავდეს. რელიგიურ გაერთიანებებში ასოცირება მხოლოდ მაშინ ატარებს სეკულარულ ხასიათს, როდესაც ნორმებისა და ღირებულებებისადმი რაციონალური და დოგმატური ორიენტირების ორთავე წარმოდგენილი მიდგომები, თავიანთი შინაგანი ხედვიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ემიჯნებიან ერთმანეთს, არამედ, ამასთანავე, ერთმანეთს კონსისტურადაც განაპირობებენ.
თუ გაწევრიანების ორივე ამ ფორმის გამიჯვნამ მოდუსი ვივენდი უნდა გადალახოს, მაშინ აღარ იქნება მიზანშეწონილი, რომ რელიგიური ეთოსის კოგნიტიურად უპრეტენზიო შეგუებაში რაიმე ცვლილება მოხდეს, სანამ საზოგადოებისათვის სავალდებულო კანონები თავიანთ თავს არ ამოწურავენ. ასეთი გამიჯვნა მოითხოვს დემოკრატიულ კონსტიტუციაში მყარად ჩაწერილი საზოგადოებრივი მორალის კოგნიტიურ დიფერენციაციას ერთობის ეთოსიდან. ამის გამო ბევრ შემთხვევაში აუცილებელია, რომ იმ წარმოდგენებისა და დადგენილებების რევიზია მოხდეს, რომლებიც (როგორც, მაგალითად, ჰომოსექსუალიზმის დოგმატური დაგმობის შემთხვევაში) საღვთო წიგნების განმარტების ხანგრძლივ ტრადიციას ეყრდნობა.
ყოველ შემთხვევაში დიდი რელიგიური ერთობების მენტალიტეტისა და მოძღვრებების კოგნიტიური რეორგანიზაცია დასრულებული დასავლეთშიც კი არ არის.13 ეს არც ისე დიდი ხნის წინ ფედერალური საკონსტიტუციო სასამრთლოს იმ საგანგაშო რეაქციაშიც აისახა, რომელიც ე.წ. ჯვარცმის განაჩენს მოჰყვა.14 ისლამურ სამყაროში კი ანალოგიური პროცესი მხოლოდ დაიწყო, მაგრამ, როგორც ჩანს, არც მონოთეისტური მოძღვრებები და არც ინდუიზმი არ არიან თავისუფალნი ფუნდამენტალისტური მისწრაფებებისაგან. აზრი იმის შესახებ, რომ მოდერნის დიფერენცირებულ სივრცეში რელიგია ცხოვრებას ახალი ფორმებითა და შინაარსით მხოლოდ მაშინ გამსჭვალავს, როდესაც იგი უარს იტყვის პოლიტიკურ ძალაუფლებაზე და ორიენტაციას უშუალოდ ცალკეული ადამიანის, თავისუფალი ნებით ასოცირებული ერთობის წევრის სინდისისაკენ მიმართავს და თავისი გავლენის ქმედითობას ლიბერალური საზოგადოების მრავალფეროვნებაში გამოავლენს, - აზრთა სხვადასხვაობასა და კამათს იწვევს.
5) ტოლერანტობის ტვირთი, რომელსაც მორწმუნეები საკუთარ თავზე ნებაყოფლობით იღებენ, არა მარტო იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების თანასწორობის ნორმათა საზღვრებში საკუთარი ეთოსის რეალიზაცია ყველამ მოახდინოს, არამედ იმასაც, რომ ამავე საზღვრებში პატივი სხვების ეთოსსაც მიაგონ, მაგრამ ცხადია: ეს მოთხოვნა ნამდვილად რომ არ არის ყველასათვის თანაბარი სიმძიმის ტვირთი.
სეკულარული სული, რომელიც ვიწრო მეტაფიზიკური მარაგით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ეგალიტარული უნივერსალიზმის ავტონომიურ დასაბუთებაზეა ორიენტირებული, მომავალში უმტკივნეულოდ აღიარებს სამართლიანობის უპირატესობას სიკეთესთან მიმართებაში. ტოლერანტობის პრინციპთა თვალთახედვით ეს მომგებიანი პოზიციაა. აქედან გამომდინარე, თუკი თავად მსოფლმხედველობათა პლურალიზმის მიმართ არ არსებობს ინდიფერენტული დამოკიდებულება, მაშინ შესაძლებელია ცხოვრების ფორმათა პლურალიზმმა დაძაბული ურთიერთობების განმუხტვამდე მიგვიყვანოს, ვინაიდან შემდგომში მასში განსახიერდებიან სხვადასხვა ღირებულებითი ორიენტირები და არა ერთმანეთის გამომრიცხავი ჭეშმარიტებანი. ეთიკური განსჯის ფუნქცია, როგორც წესი, განეკუთვნება მხოლობითი თუ მრავლობითი რიცხვის პირველ პირს, ცალკეული ცხოვრების ისტორიას თუ კოლექტიური ცხოვრების ფორმას. ის, რაც ერთისთვის კარგია თავის კონტექსტში, განსხვავებულ კონტექსტში შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს სხვისთვის.
ამ მოსაზრებით, ცხოვრების თანასწორუფლებიანი ფორმების პლურალიზმი არ შეიცავს პროვოკაციას. თუ ცხოვრების უცხო ფორმებისა და პროექტების შეფასება არ ითხოვს ისეთივე ზოგად თანხმობას, როგორც სამართლიანი განსჯა ან ფაქტებით საუბარი, ჩვენ შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ორივე მათგანზე ერთნაირი ფორმით, ისე, რომ ყურადღება არ მივაქციოთ ყველასათვის განკუთვნილ ცხოვრების წესებს, მაგრამ ღირებულებათა თანასწორი დაცვა კი უზრუნველვყოთ. ამგვარად, აღარ არსებობს სირთულე იმის ასაღიარებლად, რომ უცხო ეთოსი სხვებისთვის ისევე სარწმუნო და უპირატესია, როგორც საკუთარი ეთოსი შენთვის, მაგრამ ამგვარი ლოგიკის მიღება რთული იქნება მისთვის, ვინც თავის ეთიკურ თვითშეგნებას რელიგიური ჭეშმარიტებით კვებავს. რელიგიური ჭეშმარიტება კი პრეტენზიას აცხადებს უნივერსალური ღირებულების ფლობაზე. მორწმუნეებისათვის ნიშანდობლივია სამართლიანობასთან მიმართებაში სიკეთის ეპისტემოლოგიური უპირატესობის აღიარება დიდი მეტაფიზიკური მარაგით.
ეს პოზიცია ნიშნავს იმას, რომ ეთოსი დამოკიდებულია მსოფლმხედველობაზე, რომლის კონტექსტშიც ის არის მოქცეული. ამ კონტექსტში, კერძოდ - ცხოვრების სხვადასხვა ორიენტირებსა და კონკურენტულ ფორმებში, მნიშვნელოვნებაზე ფუძემდებლურ მსოფლმხედველობათა ურთიერთექსკლუზიური პრეტენზიები ილექება. როგორც კი სწორი ცხოვრების შესახებ საკუთარი წარმოდგენების საზომად სიკეთისა და სიწმინდის ზოგადსაკაცობრიო მოდელებს ვაღიარებთ, წარმოიქმნება პერსპექტივა, საიდანაც ცხოვრების განსხვავებული წესი გამოჩნდება არა მხოლოდ, როგორც განსხვავებული, არამედ, როგორც მცდარი. როდესაც უცხო ეთოსთან დამოკიდებულება არა მხოლოდ უცხო ღირებულების დაცვის, არამედ ასევე ჭეშმარიტება-მცდარობის გარკვევის პრობლემაცაა, მაშინ იმის მოთხოვნა, რომ ყოველ მოქალაქეს, საკუთარი ეთიკური თვითშეგნებისა და ცხოვრების წესის მიუხედავად, თანაბარი ყურადღება შეაგებონ, ნიშნავს, რომ მათ ანუ - უცხოებმა, საკუთარ ეთიკურ განსჯაზე პრაქტიკულად უარი თქვან. იმისთვის, ვინც საკუთარ ცხოვრებას არა მხოლოდ ეთიკურ ღირებულებებს, არამედ ეთიკურ ჭეშმარიტებებსაც უსადაგებს, ცხოვრების იმ წესთან შეხება, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული რწმენითაა გამსჭვალული, იწვევს უარყოფას და აუცილებელი ხდება ტოლერანტობა.
ტოლერანტობა ფილტრავს რწმენათა ნაკადს მათი ადგილმონაცვლეობისას კოგნიტიური სიბრტყიდან, სადაც კვლავაც აგრძელებს არსებობას ეგზისტენციალურად რელევანტური მსოფლმხედველობების შეურიგებლობა, პრაქტიკული სიბრტყისაკენ, სადაც საკუთარმა ეთოსმა, ხელსაყრელ შემთხვევაში, კოგნიტიური ერთობა საზოგადოების სამართალთან და მორალთან ჰპოვა. ამ ცნების განვითარება მე რელიგიური პლურალიზმის მაგალითზე დაყრდნობით მოვახდინე, ვინაიდან ტოლერანტობა უშვებს აზრთა სხვადასხვაობას შეთანხმების გარეშე, მაგრამ ტოლერანტობის ცნების ასეთი მძაფრი ფორმულირება არანაირად არ ნიშნავს მის შეზღუდულ გამოყენებას. რელიგიური თავისუფლება დღეს მის გარეშეც თამაშობს წამყვან როლს შემდგომი კულტურული უფლებების განსახორციელებლად,15 მაგრამ ტოლერანტობის ცნებას არა მხოლოდ რელიგიური ურთიერთობების კონტექსტში გამოიყენებენ, არამედ არარელიგიური ერთობების ურთიერთობათა დაძაბვის დროსაც. საბოლოოდ, ცხოვრების წესების პლურალიზმი და მსოფლმხედველობათა პლურალიზმი განუყოფელ ნაწილებად რჩებიან.
ერთ მშვენიერ დღეს წარმოვიდგინოთ, რომ არა მხოლოდ ქალების, ჰომოსექსუალებისა და ფიზიკურად თუ სულიერად არასრულფასოვანი ადამიანების, არამედ ასევე ძლიერი კოლექტიური იდენტობის მქონე ჯგუფების დისკრიმინაცია წარსულს ჩაბარდა; წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი იდეალურ მდგომარეობაში, როდესაც კულტურული უმრავლესობა თავის რასობრივ, ეთნიკურ, ენობრივ თუ ნაციონალურ უმცირესობებთან არა მხოლოდ ერთმანეთის გვერდიგვერდ და თანაც მშვიდობიან ვითარებაში, არამედ გათანასწორებული ურთიერთმიმართების პირობებშიც იარსებებდა. კოგნიტიური დისონანსის ის ტიპი, რომელსაც ჩვენ რელიგიურ ერთობათა შორის არსებული დაძაბულობებიდან ვიცნობთ, სწორედ ამის შემდეგ აღარ იქნება, უბრალოდ, გადაუჭრელი პრობლემა.
ჩვენ რელიგიური მსოფლმხედველობა იმ ეთოსისაგან განვასხვავეთ, რომელშიც მოძღვრება პრაქტიკულ სახეს ღებულობს. ამგვარი დიფერენციაცია გამოდგება ასევე გაბატონებულ მსოფლიო პერსპექტივებისთვისაც, რომლებიც სხვადასხვა ენობრივი და კულტურული ერთობების ტრადიციებს მათი წევრებისათვის ხელმისაწვდომს ხდის, რადგანაც რაც უფრო ყოვლისმომცველია კულტურული ცხოვრების ფორმები, მით უფრო ძლიერია მათი კოგნიტიური შინაარსი და მით უფრო ჰგვანან ისინი რელიგიური მსოფლმხედველობებით სტრუქტუირებულ ცხოვრების წესებს:
,,გარდაუვალი პრობლემა მდგომარეობს მასში, რომ კულტურებს გააჩნიათ ლოგიკური შინაარსი. ნებისმიერი კულტურის აუცლებელი ასპექტია ის, რომ იგი ეფექტურობის იდეას შეიცავს, რომ ზოგიერთი რწმენა ჭეშმარიტია, ზოგი კი მცდარი, რომ ზოგიერთი რამ სწორია, ზოგი რამ კი არასწორი.“16
მხოლოდ მსოფლმხედველობათა პლურალიზმი როდი ითხოვს დღის წესრიგში ტოლერანტობის დაყენებას. ტოლერანტობა ყოველთვის გამოდგება ასევე ძლიერი იდენტობის შემქმნელი ენობრივი და კულტურული ცხოვრების ფორმების პლურალიზმისთვისაც, იმ შემთხვევაში თუ მათ, თავიანთ კომპლექსურ შინაარსზე დაყრდნობით, შევაფასებთ არა მხოლოდ ეგზისტენციალური რელევანტობის თვალსაზრისით, არამედ ასევე ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ასპექტებშიც.
გერმანულიდან თარგმნა თენგიზ დალალიშვილმა
____________________
1. შდრ. ფილოსოფიურ მეცნიერებათა ზოდაგი ლექსიკონი და იქვე მისი ლიტერატურა და ისტორია (ed. Wilhelm Traugott Kug, 2. Aufl. 1832): ,,ტოლერანტობა“ ზოგადად შემწყნარებლობას ნიშნავს. მაგრამ ეს სიტყვა, ჩვეულებრივ, რელიგიური შემწყნარებლობის ვიწრო გაგებით გამოიყენება, ისევე როგორც მისი საპირისპირო მოვლენა - რელიგიური შეუწყნარებლობა, არატოლერანტობა.
2. 1598 წელს ჰაინრიხ IV-მ გამოსცა ნანტესის ედიქტი, შდრ. ასევე - 1689 წლის ინგლისის მეფის შეწყალების აქტი, ან 1871 წელს ჯოზეფ II-ის ტოლერანტობის პატენტი, როგორც ერთ-ერთი ბოლო ადმინისტარციული ,,ნებართვა“ ამ წყებაში.
3. cit. C. Herdtle, Th. Leeb (Hg.), Toleranz, Texte zur Theorie und politischen Praxis, Stuttg. 1987, 49.
4. J. Rawls, Politischer Liberalismus, Ffm. 1998, 317f.
5. P. Bayle, zit. nach Herdtle und Leeb (1987), 42.
6. იქვე. შ. 38.
7. J. Rawls, Politischer Liberalismus, Ffm. 1998, 317f.
8. ერთდროულად, როგორც უარყოფის, ისევე აღიარების ურთიერთდამოკიდებულებისათვის შდრ. R. Forst, Toleranz, Gerechtigkeit und Vernunft, in: ders.(Hg.), Toleranz, Frankfurt/M. 2000, 144-161; ders., Grenzen der Toleranz, in: W. Brugger, G. Haverkate (Hg.), Grenzen als Thema der Rechts- und Sozialphilosophie, Archiv f. Rechts- und Sozialphilosophie - Beiheft 84, Stuttgart 2002.
9. ამასთან დაკავშირებით იხ. R. Bultmann, Theologische Enzyklopädie, Tübingen, 1984, გვ.14: ,,როგორც თეოლოგია უნდა ფლობდეს ჭეშმარიტებას, კონკრეტული აზრით, რათა ცხადყოს ჭეშმარიტება, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებას შესწავლილი უნდა ჰქონდეს ბუნება, კონკრეტული აზრით, ისტორიულ მეცნიერებას ისტორია დ.ა.შ, რათა თითოეულმა შეძლოს ჭეშმარიტების წარმოჩენა.“ ეს მიდგომა ეყრდნობა პრობლემატურ, ,,დროსა და სივრცეში. განვითარებულ, მაგრამ თავად ჰაიდეგერის მიერ მოგვიანებით უკან წაღებულ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, გამონათქვამთა ჭეშმარიტება არის სამყაროში შეღწევის სუსტი დერივატი.
10. R. Forst, Der schmale Grat zwischen Ablehnung und Akzeptanz, Frankfurter Rundschau vom 28. Dez.2001.
11. J. Rawls (1998), 132-138.
12. J. Rawls (1998), 76 ff.
13. კათოლიკური ეკლესია თეოლოგიურად მხოლოდ ვატიკანის მეორე კრების შემდეგ შერიგდა სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის იდეას. პროტესტანტულ თეოლოგიაში, უახლეს პერიოდში, აღინიშნება ასევე ბიბლიური მართლაზროვნებისა (Rechtdenken) და დემოკრატიული, კონსტიტუციური სახელმწოფოს ნორმატიული საფუძვლების დაახლოება. 14 BverfG EuGRZ 1995, 359ff.
15. შდრ. der Aufsatz von D. Grimm, FAZ vom 21. Juni, S. 49.
16. Barry (2001), 270.
![]() |
5 დემოკრატიის აჩრდილი |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი ,,Focus” 25 ოქტომბერი
მარკუს შნაიდერი
კრემლის დახმარებით და არაკორექტული ბრძოლის ხერხებით, ნომენკლატურა ცდილობს ხელი შეუშალოს მთავრობის ახალ გადანაწილებას
რევოლუციონერის პირობაზე 21 წლის ქსენია კაციაშვილი, რომელიც თავისი მოკლე მაისურით ფოტო მოდელს უფრო ჰგავს, ვიდრე აქტივისტს, უკრაინის მთავრობისათვის მაინც ღამის კოშმარივითაა. ეს თბილისელი სტუდენტი, თანამოაზრეებთან ერთად თერთმეტი თვის წინ იბრძოდა საქართველოში დიქტატურისა და ტირანიის წინააღმდეგ, რის შედეგადაც მოხდა ,,ვარდების რევოლუცია“. ამჟამად კი იგი უკრაინელებს უზიარებს თავის გამოცდილებას ,,საგანში“ - ,,მშვიდობიანი გადატრიალება“. უკრაინის, სიდიდით მეორე ევროპული ქვეყნის, დაახლობით 36 მილიონი ამომრჩევლი ამ კვირის ბოლო დღეს გააკეთებს არჩევანს, თუ ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი. დემოკრატია თუ მონარქია, კურსი დასავლეთისკენ თუ ისევ რუსეთზე ორიენტაცია, ასე აყენებენ საკითხს დასავლეთელი დამკვირვებლები და კიეველი ოპოზიციონერები.
წარმატებული მაგალითი.
,,უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ხელისუფლება ყოველთვის შესძლებს სხვადასხვა მაქინაციებითა და მუქარებით გავლენის მოხდენას ხალხის არჩევანზე“, - ამბობს ქსენია, - ,,ან ხალხი თვითონ გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება მმართველი ძალა, როგორც ჩვენთან საქართველოში“.
თბილისში, 2003 წლის ნოემბრის დემონსტრაციების შედეგად, რაც არჩევნების არნახულ გაყალბებას მოჰყვა, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადააგდეს თავისი საბჭოთა ტოტალიტარული სტილის მმართველობიანად. ასეთია ,,ქართული მოდელი“, რომელშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქსენიას სტუდენტურმა მოძრაობა ,,კმარა“-მ, მათთვის კი მაგალითი მოძრაობა ,,ოტპორი“ იყო, რომელმაც 2000 წელს იუგოსლავიაში სლობოდან მილოშევიჩი უმუშევრად დატოვა. ახლა კი უკრაინელ სტუდენტებს სურთ თავიანთი ძლიერი და მშვიდობიანი პროტესტით მიაღწიონ იგივე შედეგს. მათ ორგანიზაციას ,,პორა“ ეწოდება. კიევში ამის გამო ნერვიული ფონი შეიქმნა, ერთ ოტპორელ ახალგაზრდას, ვიზის ქონის მიუხედავად, ბელგრადიდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. ,,პორას“ აქტივისტებისათვის პოლიცია ხშირი სტუმარია, მათ როგორც გარეულ ცხოველებს ისე სდევნიან, მათი ლიდერი იაროსლავ ჰოდუნოკი კი არარსებული ბომბის შენახვისათვის დააკავეს.
სახელისუფლებო და ოპოზიციის კანდიდატებს შორის გამართულ ღია მარათონს არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაეცემა საბოლოო პასუხი. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რომელსაც ხმამაღლა აგიტაციის უფლება აღარ აქვს, თავის მემკვიდრედ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადა. ძლიერი აპარატჩიკი, რომელიც ერთხელ გისოსებს მიღმა იყო ძალადობის გამო, არ წარმოადგენს მიმზიდველ კანდიდატს ხალხის თვალში, მაგრამ ის ასევე ცნობილია როგორც პენსიების მომმატებელი, გააჩნია მეტი მხარდაჭერა მედიის მხრიდან და მას ასევე მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. კრემლი 54 წლის ყოფილ ავტომექანიკოსს მისაღებ პარტნიორად აღიქვამს, რომელიც უკრაინას ,,ნატო“-სგან გამიჯნავს. კუჩმასა და მისი მხარდამჭერი კლანებისათვის, რომლებიც დღევანდელ პრეზიდენტს მმართველობის შენარჩუნებაში ეხმარებიან, იანუკოვიჩი იქნება ფინანსური კეთილდღეობისა და ხელშეუხებლობის გარანტი.
ოპოზიცია კი ამ მარათონში 50 წლის გამოცდილ ფინანსურ ექსპერტს, ექსპრემიერ ვიკტორ იუშენკოს აგზავნის. იგი დასავლეთური ტიპის მმართველობას, მოქნილ ბიუროკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გვპირდება.
ერთი რამ ცხადია, რომ ვინც არ უნდა გახდეს ახალი პრეზიდენტი, როგორც ეკონომიურ, ასევე საგარეო პოლიტიკაში კორექტივები შევა, მაგრამ ეს ალბათ არ იქნება სრული შემობრუნება, რადგან მთავრობა და ოპოზიცია მაინც არ განსხვავდება ძალიან ერთმანეთისა გან. ევროკავშირის მეზობელს კარგი დამოკიდებულება აქვს როგორც დასავლეთთან, ასევე ძალაუნებურად რუსეთთანაც.
მოსკოვისათვის კი არჩევნები ამ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში მაინც მნიშვნელოვანია, ფიქრობს კიეველი პოლიტოლოგი ვლადიმერ პოლოჩალო:
,,პუტინი ნერვიულობს, კრემლი ამ არჩევნებს რუსეთის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიციად აღიქვავს და არ უნდა დაუშვას ხელისუფლების შეცვლის კიდევ ერთი პრეცენდენტი“.
ამასთან ერთად, ხელისუფლება ბინძური მაქინაციებით ცდილობს დაწიოს ოპოზიციის რეიტინგი, მათ როგორც ტერორისტებს ისე მოიხსენიებენ ხოლმე მასმედიაში. ერთ დროს ტელეგენური იუშენკო კი საეჭვო ავადმყოფობის შემდეგ ძნელად საცნობია, რითაც თვითონ კანდიდატიც უკმაყოფილოა. წინასწარი გამოკითხვებით, მოსახლეობის უმრავლესობა დარწმინებულია, რომ ხელისუფლება არჩევნებით მანიპულირებას შეეცდება. მოსახლეობის ასეთი განწყობა კიდევ უფრო ზრდის იმის ალბათობას, რომ ხელისუფლება ძალაუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ფიქრობს პოლოჩალო:
,,მაგრამ შესაძლებელია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ცვლილებებიც რათა შეიზღუდოს მომავალი პრეზიდენტის ძალაუფლება“.
პოლიტიკოსები მოსკოვიდან შიშობენ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში შესაძლებელია დაიწყოს სამოქალაქო ომი. მაგრამ ასეთი აქტიური მხარდაჭერით და უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევით კრემლი უფრო უკუეფექტს იღებს. იანუკოვიჩის მოწინააღმდეგეები ბოროტ რჩევასაც კი აძლევენ მის საარჩევნო შტაბის წევრებს, რომ გააკრან რაც შეიძლება დიდი რაოდენობით პლაკატები, სადაც იანუკოვიჩს გვერდს პუტინი უმშვენებს.
თარგმნა ლევან ეხვაიამ
ქსენია კაციაშვილი უკრაინელ ,,პორელებს“ ,,კმარას“ გამოცდილებას უზიარებს