![]() |
ტაბულა №100 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბერეზოვსკი ბორის, უგულავა სალომე, ავალიანი დიმიტრი, კოკაია ზაალ, თოდუა მაია, ჩაფიჩაძე გუგა, სუთიძე ლევან, ჯანდიერი გია, ჩერგოლეიშვილი თამარ, ლუკასი ედვარდ, ბასილაია მიხეილ, გუნია ირაკლი, კაკაბაძე შოთა, ბაძაღუა ივანე, კვანჭილაშვილი ელენე, ტორონჯაძე მირიან, ხელაია ამბროსი, თალაკვაძე ზურაბ, ახლოური ნინა, კეკელიძე გიორგი, ჯაფარიძე თეონა, ესებუა ნიკა, მესხიშვილი გიგო |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012|14 - 20 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„კომუნისტების დროს შეიძლება რელიგიურობა არ ყვაოდა, მაგრამ ზნეობა არსებობდა და ადამიანი იმ 70 წლის მანძილზეც ადამიანურ სახეს ინარჩუნებდა. ამ შემთხვევაში ინტელიგენცია თავის ფუნქციას მშვენივრად ასრულებდა. დღეს ის აღმოჩნდა დემონური სულის წინააღმდეგ, რომელსაც, ვაი რომ, მარტო განათლებით კარგი მამულიშვილობითა და კულტურით ვეღარ დაუპირისპირდები“.
თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის დეკანოზი. თეოდორე გიგნაძე. 4 მაისი
„ვერც კი შეადარებთ საერო ბავშვთა სახლების მკვიდრებს, ჩვენთან ბევრი სტუმარი მოდის და ყველა ერთხმად აღნიშნავს: იმ ბავშვების თვალებში მაინც ბოროტმოქმედია ჩამალულიო. ეს იმიტომ ხდება, რომ იქ არ აქვთ ეშმაკისგან ჩაღვრილი ბოროტი თესლის ამოსაძირკვი იარაღი. ეს იარაღი ხშირი აღსარება და ზიარებაა“.
მეუფე სპირიდონი, ზესტაფონისა და ნინოწმინდაში მდებარე საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონატების ხელმძღვანელი. 19 აპრილი
„კიდევ რბილად ნათქვამი გამოვიდა. დაჭრილი ომონელის გამო მომიტინგეთა ღვიძლები ასფალტზე უნდა მიასრისო“.
რუსეთის სათათბიროში ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანს, დმიტრი პესკოვს, დეპუტატებმა ჰკითხეს - ხომ არ გადააჭარბა მან, როდესაც ტელეკომპანია Дождъ-ში გამოთქვა მოსაზრება, რომ 6 მაისს ოპოზიციის მიტინგისდაშლისას პოლიციას უფრო მკაცრად უნდა ემოქმედა. 8 მაისი
„ტრამპმა რომ დაინახა ჩვენი პალმების განათება, სასწრაფოდ შეუკვეთა - 500 ბროშურა გაგვაგზავნინა თავისი ობიექტებისათვის ფლორიდასა და კალიფორნიაში. ლუსტრაზე პირი გააღდო და ასე შემდეგ“.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 4 მაისი.
„მონა ლიზასთან ერთად, ეს ყველაზე ცნობილი გამოსახულებაა ხელოვნების ისტორიაში“.
სახელოვნებო კონსულტანტი მაიკლ ფრამი კომენტარს უკეთებს ედვარდ მუნკის „კივილის“ რეკორდულ თანხად, 120 მილიონ დოლარად გაყიდვას.
3 მაისი.
„8 თვის განმავლობაში იმდენი უაზრო რამ თქვა, რომ თითქმის ყოველდღე საკუთარი გამონათქვამების უარყოფა უწევს. ვინმე თუ ურჩევს, რაც ნაკლებს ილაპარაკებს, გამარჯვების მით უკეთესი შანსი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც“.
ქართული პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ, თითქოს მას „ოქრუაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს“
6 მაისი.
![]() |
2 ბორის ბერეზოვსკი: ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლების წესებით თამაშობს |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
თამარ ჩერგოლეიშვილი
დევნილი რუსი ოლიგარქი, ბორის ბერეზოვსკი რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურაა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას აქტიურად უჭერდა მხარს, 2000 წელს, ის პუტინს დაუპირისპირდა. დიდ ბრიტანეთს შეფარებული, საეჭვო წარსულის მქონე მილიარდერი რუსულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ემიგრაციიდანაც აქტიურად ცდილობს. ამის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ, მისი სამშობლოში ექსტრადიცია არაერთხელ მოითხოვა. მაგრამ,
საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბერეზოვსკიმ პუტინს „სისხლიანი რევოლუცია“ უწინასწარმეტყველა. ასევე გამოვიდა ინიციატივით ქრისტიანული პარტიის შექმნის შესახებ, რომელიც რეჟიმს დაუპირისპირდებოდა.
მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა მისი სასამართლო დავა მეორე რუს ოლიგარქთან - რომან აბრამოვიჩთან. ბერეზოვსკის მტკიცებით, აბრამოვიჩმა, ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მას და ბადრი პატარკაციშვილს კუთვნილი აქტივების დაბალ ფასად გაყიდვა აიძულა. ამ პროცესმა მრავალი შოკისმომგვრელი დეტალი გამოააშკარავა იმის შესახებ, თუ როგორ კეთდებოდა ბიზნესი და პოლიტიკა რუსეთში ბოლო 20 წლის მანძილზე. დევნილი ოლიგარქი, თავისი უახლოესი მეგობრის და პარტნიორის - ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეობისთვისაც სასამართლოში დავობს.
ტაბულასთან ინტერვიუში ბორის ბერეზოვსკიმ რუსეთში შექმნილ სიტუაციაზე და პუტინის რეჟიმის პერსპექტივებზე ისაუბრა. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დებიუტსაც შეეხო.
რამდენიმე ხნის წინ თქვენ პუტინს „სისხლიანი რევოლუცია“ უწინასწარმეტყველეთ, მართლა მიგაჩნიათ, რომ რუსეთში რეჟიმის ცვლილება შესაძლებელია და თვლით, რომ ეს ძალადობრივი გზით მოხდება?
მე ვფიქრობ, პუტინის რეჟიმისთვის არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნების გზით ძალაუფლება დათმოს. ანუ რეჟიმმა იმ დონეს მიაღწია, როდესაც გააკეთებს ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც აქვს, რათა ხელისუფლებაში დარჩეს. რადგანაც თავად რეჟიმს, პუტინსა და მის გარემოცვას, ესმის, რომ ისინი დამნაშავეები არიან. მათ ბევრი დანაშაული ჩაიდინეს.
ბოლო ასეთი დანაშაული ძალაუფლების უზურპაციაა. პუტინი ახლა ხელისუფლებაში რუსეთის კონსტიტუციის დარღვევით მოვიდა და აუცილებელია ეს გვესმოდეს. არჩევნების გაყალბება, რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა, რა კარუსელები იყო - ეს ყველაფერი შეიძლება სასამართლოებში ვარკვიოთ და ამაზე დისკუსიები გავმართოთ. მაგრამ ის, რაც არანაირ განხილვას არ ექვემდებარება, რაც მხოლოდ ფორმალური ლოგიკის ფარგლებში ჯდება, ისაა, რომ რუსეთის კონსტიტუცია ისეა დაწერილი, რომ მესამე საპრეზიდენტო ვადა გამორიცხულია. სიტყვა „ზედიზედ“, რომელიც კონსტიტუციაშია ნახსენები, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. რადგან ამ თემაზე უკვე იყო დისკუსია ჯერ კიდევ 1998 წელს. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება ამ თემაზე. არსებობს 2009 წლის კომენტარი ამ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოსამართლე ზორკინმა დაამტკიცა - სწორედ იმან, ვინც 7 მაისს აპირებს პუტინისგან ფიცი მიიღოს. სწორედ მან გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მესამე საპრეზიდენტო ვადა რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება!
შეამჩნევდით, ხელისფლება შეეცადა მთელი დისკუსია არჩევნების გარშემო მოექცია გარკვეულ კალაპოტში - იყო თუ არა კარუსელი, რამდენი პროცენტი მიიღო და ა.შ. ამას საკითხის არსთან არანაირი კავშირი არ აქვს! მთავარი ისაა, რომ პუტინს არ ჰქონდა უფლება მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩეულიყო. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია, სისულელეა. ამიტომაც, ოპოზიციის ლოზუნგი „სამართლიანი არჩევნებისთვის“ წმინდა წყლის КГБ-ს თაღლითობაა (гебешная разводка). ეს არჩევნებად ვერ ჩაითვლება.
რაც შეეხება პატიოსნებას - აბა სცადეთ მოუგოთ პროფესიონალ სათითეებით მოთამაშეებს (наперсточники), ამას ვერასდროს შეძლებთ. ყველა ბერკეტი მათ ხელშია. 64 პროცენტი დაუხატეს? თუ მოინდომებდნენ, 90 პროცენტს დაუწერდნენ. ამიტომაც, ხელისუფლებამ რუსეთში ლეგიტიმურობა აბსოლუტურად დაკარგა. და ხელისუფლება ყველა საკითხზე მსჯელობს მესამე ვადის გარდა, რადგან კარგად იცის, რომ ამის ახსნა არ არსებობს. თუ ასეა, ხელისუფლებასაც კარგად ესმის, რომ ის დამნაშავეა, ეს ესმის მრავალ ადამიანს რუსეთში.
ამიტომ მათი, ხელისუფლების ადგილი სახრჩობელაზეა, უკეთეს შემთხვევაში - ჰააგის სასამართლოში. ეს ყველას ესმის, ამიტომ ხელისუფლების რაიმე დემოკრატიული გზით გადაცემაზე საუბარი გამორიცხულია. ეს მხოლოდ ძალისმიერი გზით შეიძლება მოხდეს. რამდენად სისხლიანი გზა იქნება - ეს სხვა საკითხია. შეიძლება ისე მოხდეს, როგორც საქართველოში. სააკაშვილი ხომ ხელისუფლებაში ძალისმიერი გზით მოვიდა? შევარდნაძე პარლამენტიდან გააძევეს.
კი, ვარდების რევოლუცია მოხდა მას შემდეგ, რაც არჩევნები გაყალბდა...
ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ არსებობს მხოლოდ ძალისმიერი გადაწყვეტა. ამიტომაც, ამას წინათ საკუთარ ბლოგზე და Facebook-ზე სრულიად ღიად მოვუწოდე ხალხს აჯანყებისკენ. რადგან ხალხს აქვს ამის უფლება, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის თანახმად, რომელსაც რუსეთმაც მოწერა ხელი. იქ ნათქვამია - როდესაც ხელისუფლება თავად არღვევს კანონს, როდესაც განუკითხავი (беспредельной) ხდება, ხალხს აჯანყების უფლება აქვს.
ხელისუფლებამ ამბავი ატეხა, ჩემს ექსტრადირებაზე ალაპარაკდა - ნახეთ, ბერეზოვსკი გადატრიალებისკენ მოუწოდებსო. მე ვადასტურებ, დიახ, მოვუწოდებ. და მოგიწოდებთ თქვენ (ხელისუფლებას), მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ჩემი ექსტრადირების მოთხოვნით. მაშინ მე შევძლებ ჩემი პოზიციის გახმოვანებას ბრიტანულ სასამართლოში. დაე, მათ დამიმტკიცონ სამართლებრივად, რომ პუტინის მესამე ვადა კონსტიტუციურია.
ამას არანაირი პასუხი არ მოჰყოლია. გენერალური პროკურატურა დუმს, თუმცა მანამდე ძალიან აქტიურად მოითხოვდა ჩემს დაპატიმრებას, გადატრიალებისკენ მოწოდებისათვის. მაგრამ, მე მოვუწოდებ არა გადატრიალებისკენ, არამედ აჯანყებისკენ, ამ ხელისუფლების დამხობისკენ. ამას თქვენც ღიად გეუბნებით.
პუტინის ამბავი გასაგებია. თქვენი აზრით, რას წარმოადგენენ დღეს პუტინის ოპონენტები რუსეთის შიგნით? რას ფიქრობთ რუსულ ოპოზიციაზე?
ასე ვიტყოდი - ოპოზიცია ორ ნაწილად უნდა დავყოთ. ამ ორ ნაწილს განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. პირველი ნაწილის გამორჩეული წარმომადგენლები, მაგალითად, ბორის ნემცოვი და გარი კასპაროვი არიან. მეორე ნაწილს წარმოადგენენ ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი და სხვები. ამ ორ ნაწილს შორის პრინციპული სხვაობა არსებობს. უდალცოვსა და ნავალნის მე „არა საბჭოთა კავშირში დაბადებულებს“ ვუწოდებ. არა ფიზიკურად, ასაკის მხრივ, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ მათი მენტალიტეტი ძირითადად ელცინის დროს, 90-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში ჩამოყალიბდა. ეს არის ღია, გამჭვირვალე სამყაროში გაზრდილი ხალხი.
ბორის ნემცოვი, სერგეი უდალცოვი და ალექსეი ნავალნი საპროტესტო აქციაზე. მოსკოვი
სახარებაში ნათქვამია - არაფერია საიდუმლო, რაც არ გაცხადდება. ამ წინასწარმეტყველების აღსრულება ჩვენ თვალწინ ხდება. თუ ადრე საიდუმლო ცხადდებოდა 10 წლის, ზოგჯერ საუკუნეების შემდეგ, დღეს ყველაფერი დროის რეალურ მასშტაბში ხდება. ასეთი მენტალიტეტის მთავარი შედეგი სიცრუის უარყოფაა. ისინი შინაგანად უარყოფენ ტყუილს, მათთვის ტყუილთან თანაარსებობა არაკომფორტულია, იმიტომ რომ დღეს უკვე შეუძლებელია იცრუო ისე, როგორც ადრე. მე არ ვამბობ, რომ ნემცოვი ან კასპაროვი ცრუობენ. ჩემი აზრით, ისინიც გულწრფელი ადამიანები არიან. მაგრამ მათი მენტალიტეტი კარდინალურად განსხვავებულია. საბჭოთა კავშირში დაბადებულთა მენტალიტეტი გარკვეულწილად კონსპიროლოგიურია და ეს მეც მეხება.
რამდენად ქმედუნარიანია ოპოზიცია? მიმაჩნია, რომ „არა საბჭოთა კავშირში“ დაბადებულები უფრო ქმედუნარიანები არიან, ვიდრე ძველი თაობა, ალბათ, რამდენიმე პიროვნების გამოკლებით. ვფიქრობ, ოპოზიციის პირველ ნაწილში გაცილებით ნაკლებად ესმით, რომ სხვა გზა, ძალისმიერის გარდა, არ არსებობს. ახალ თაობაში კი ამის გაგება არსებობს. ძალისმიერი გზის გარდუვალობის ყველაზე აშკარა გამომხატველი, რასაკვირველია, უდალცოვია.
ამასთან, მაგალითად, ნავალნიმ თქვა ის, რასაც ძალიან ბევრი ამბობდა - პუტინი და მისი გარემოცვა თაღლითები, ქურდები და დამნაშავეები არიან. მე თვითონ ამას 2000 წლიდან ვიძახი. ჩემი არ ესმოდათ, ნავალნის მოუსმინეს. რატომ? მაგალითად, რით განსხვავდება პირველი სიტყვა პოლიტიკაში პირველი სიტყვისგან მეცნიერებაში? მეცნიერებაში პირველი ისაა, ვინც პირველმა გააკეთა აღმოჩენა. პოლიტიკაში პირველი ისაა, ვისაც პირველს მოუსმინეს. ნავალნის ახალი არაფერი უთქვამს. მაგრამ ის გამოვიდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც საზოგადოება მზად იყო მისთვის მოესმინა. თანაც, მან ამგვარად მიზანში რამდენიმეჯერ გაარტყა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი, ვინც ცოტა უფროსია - ნემცოვი, რიჟკოვი და ა.შ., საუბრობენ სწორ რაღაცებზე, მაგრამ მათი არ ესმით. იმის მიზეზით, თუ როგორ საუბრობენ და რა მომენტში. მაკიაველიმ თქვა - პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებააო. შესაძლებლობა ნიშნავს - აქ და ახლა. ხვალ გვიან იქნება, გუშინ ადრე იყო.
თქვენ ფიქრობთ, ნავალნის მომავალი...
მაგრამ ოპოზიციას კოლოსალური პრობლემა აქვს - არ არსებობს მკაფიო იდეოლოგია, რასაც საზოგადოება მოუსმენდა და გაიგებდა. ისინი ამბობენ, რომ მთავარი პუტინის მოცილებაა. პოზიტიური პროგრამა კი არ აქვთ. ხშირად საუბრობენ, რომ ოპოზიციას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ოპოზიციას ჰყავს ლიდერი, მას ხელისუფლება ზრდიდა წლების განმავლობაში. ეს მიხაილ ხოდორკოვსკია. როგორც კი ხოდორკოვსკი ციხიდან გამოვა... ლებედევთან ერთად, რასაკვირველია. ლებედევს არანაკლები როლი ენიჭება, შეიძლება უფრო მეტიც. ლებედევი საზოგადოების უფრო მეტი ნაწილის მენტალიტეტში ჯდება. თავისი ქცევით - არა თვალშისაცემი, მაგრამ ხოდორკოვსკიზე არანაკლებად თანმიმდევრულით. ერთად ისინი ნამდვილი ტანდემია, ამ (სახელისუფლებო) პრიმიტიული (лубочный) ტანდემისგან განსხვავებით.
კი, მაგრამ დღეს ხოდორკოვსკი ციხეშია, როგორ...
მე მხოლოდ იმას ვამბობ, ოპოზიციას რომ არ შეშინებოდა თავის ლიდერებად ხოდორკოვსკისა და ლებედევის დასახელება, სულ სხვა ამბავი იქნებოდა. ისინი ამას ერიდებიან, რადგან თითოეულ მათგანს თავად სურს კვარცხლბეკზე მოექცეს. კონკურენცია, ამბიციები - ეს ნორმალურია. ამბიციების გარეშე პოლიტიკოსი არ არსებობს. მაგრამ ვფიქრობ, ისინი შეცდომას უშვებენ, როდესაც არ აყალიბებენ საკუთარ პოზიციას და არ ცდილობენ ამ პოზიციის მეშვეობით ჩამოაყალიბონ სხვების აზრიც - რომ ლიდერი არსებობს. არ არსებობს იდეოლოგია. მე გამოვედი წინადადებით მოძრაობა Воскресение-ს შექმნის თაობაზე. ჩამოვაყალიბე ათი იდეა, რომელიც იდეოლოგიას დაედება საფუძვლად. მე არ ვარ ერთადერთი, ამას სხვებიც ცდილობენ. მთავარი ისაა, რომ შეიქმნას იდეოლოგია, რომელსაც მხარს დაუჭერს რეჟიმის მოწინააღმდეგეთა უმეტესობა.
რუსი კომუნისტები საპირველმაისო აქციაზე
რელიგიური მიმართულებაც ამის გამო მიეცით?
რელიგიური მიმართულება ჩემი საკუთარი მსოფლმხედველობისგან გამომდინარეობს, რის გაზიარებასაც სხვებისთვისაც ვცდილობ. მეტიც, მიმაჩნია, რომ რუსეთი წარმართული ქვეყანაა, ჯერ ვერ გახდა ქრისტიანული სახელმწიფო. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერები დღეს იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ მართლმადიდებლები კი არა, წარმართები არიან.
Pussy Riots-ის საქმე გაგახსენდათ?
არამხოლოდ, არის სხვა გახმაურებული თემებიც - პატრიარქის საათი, ბინა. საერთოდ ყველაფერი, რაც მათ გარშემოა, ეს საშინელი კირკოროვი ეკლესიაში... მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ არსებობს იდეოლოგია, რომელსაც ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გაიზიარებდა და მიიღებდა. მათ არ სურთ, აღიარონ, რომ ლიდერი არსებობს და არ გააჩნიათ ინტელექტუალური უნარი წამოაყენონ იდეოლოგია, რომელიც ოპოზიციას გააერთიანებდა. თუმცა, როგორც უახლოესი ისტორია გვიჩვენებს, რეჟიმის დამხობისთვის ეს არ არის აუცილებელი პირობები. რაც ვნახეთ ტუნისში, ეგვიპტეში - იქ არ ყოფილა მკაფიოდ ფორმულირებული ალტერნატივა, არც გამოკვეთილი ლიდერები. თუმცა, იქ ყველაფერი წარმატებით განხორციელდა. მაგრამ, ჩემი აზრით, რუსეთში ინტელექტუალური მოთხოვნები უფრო მაღალია.
დღესდღეობით თუ უწევთ მხარდაჭერას რომელიმე ჯგუფს რუსეთში?
მე თვითონ ვარ ჯგუფი, ამიტომ ვეხმარები საკუთარ თავს. და იმ ხალხს, ვინც ჩემს იდეებს იზიარებს.
რამდენი დრო დარჩა, თქვენი აზრით, ახლანდელ ხელისუფლებას?
რუსეთში ყველაფერი არაპროგნოზირებადია. როგორც ბერდიაევი იტყოდა, რუსები ექსტრემისტები ვართ. და რაც სხვა ქვეყნებში უტოპია ჰგონიათ, რუსეთში ყველაზე რეალურია. ამიტომ მგონია, რომ ეს შეიძლება მოხდეს თუნდაც ხვალ. შეხედეთ, როგორ ეშინია კრემლს 6-7 მაისისთვის დაგეგმილი „მილიონების მარშის“. კი გაჰყვირიან , რომ 20 ათასი კაცი გამოდის და მათ ყურადღებას არავინ აქცევსო. მაგრამ ამ უდალცოვს ყველგან დასდევენ და, რაღაც დროით მაინც მის იზოლირებას ცდილობენ. და, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, თვალსაჩინო გახდა, რომ აგრესიის დონე ოპოზიციაში იზრდება. მიმდინარეობს დაყოფა, არიან ისეთები, ვინც ამბობს - დაველოდოთ ორი-სამი წელი და რეჟიმი დაეცემა. მაგრამ არის ხალხი, რომელიც აპირებს, პუტინი კრემლში არ შეუშვას.
მიმაჩნია, რომ საბოლოო გამარჯვება ამ რადიკალურ ძალებს დარჩებათ. ეს როდის მოხდება ვერ ვიტყვი, შეიძლება 7-ში, შეიძლება შემოდგომაზე, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ეს უბრალოდ გარდაუვალია. ნახეთ პირველი მაისის დემონსტრაციის კადრები? ისინი, ხელისუფლება, დროის გარეთ ცხოვრობენ.
თუ გახსოვთ, 80-იანი წლების შუაში, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა და საქართველოც მისი ნაწილი იყო, ყველამ, ვინც სამშობლოზე ფიქრობდა და მისი ბედი აღელვებდა, რა ენთუზიაზმით მიიღო გორბაჩოვის მოსვლა? გორბაჩოვი შეუდგა ამხელა მატარებლის მართვას და წაიყვანა ნათელი მომავლისკენ, დემოკრატიისკენ, როგორც უწოდებდა, ადამიანური სოციალიზმისკენ (социализм с человеческим лицом). დაიწყო პერესტროიკა, საჯაროობა და ა. შ. მაგრამ გორბაჩოვი მატარებლიდან ჩავიდა და საჭეს ელცინი მიუჯდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ საბჭოთა კავშირი ბუნებრივად დაიშალა. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რუსეთის მაგალითს ყველამ მიბაძა, მათ შორის საქართველომ. დაიწყეს სვლა დემოკრატიისკენ. რუსეთი ამ პროცესის ლიდერი იყო მრავალი წლის განმავლობაში. თუმცა, იყო შეცდომები, პრობლემები და ა.შ. გორბაჩოვი კი სადღაც შორს დარჩა და აღარ ჩანდა. შემდეგ ელცინი პუტინმა შეცვალა და მატარებელი შემოაბრუნა. და უცებ ყველამ შეამჩნია გორბაჩოვი. გორბაჩოვი ისევ იქ დარჩა, სადაც იყო. მაგრამ დღეს უფრო ახლოსაა იმასთან, რაც ხდება. მატარებელი ისე შორს წავიდა უკან, რომ გორბაჩოვი მის წინ მოექცა! ასეთი პარადოქსი მოხდა.
მინდა ვთქვა, რომ არსებობს საზოგადოების განვითარების კანონები. მათ ვერ შეებრძოლები. და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 21-ე საუკუნე დიდად განსხვავდება თუნდაც მეოცე საუკუნისგან. ინფორმაციის გავრცელების სისწრაფის წყალობით დრო შეიკუმშა. ყველა პროცესი დაჩქარდა. კი, დიდი ხანია, ჯერ კიდევ 2000 წლიდან ვამბობ, რომ რეჟიმი დაემხობა. მეუბნებოდნენ, რომ გიჟი ვარ, რომ პუტინი კარგია. რომ მე ოლიგარქი ვარ, პუტინი კი ქვეყანას ჩემნაირებისგან წმენდს. ეს ამბავი უკვე დაავიწყდათ. პასუხი კითხვაზე - ვინ არის მისტერ პუტინი - უკვე ყველამ მიიღო. მისტერ პუტინი ბანდიტია. კითხვა დღეს ასე დგას - რა ვქნათ?
დღეს დასვლეთი, ევროპა და შეერთებული შტატები, აბსოლუტურად თვალთმაქცი (лицемерный), ინტელექტუალურად და ნებისყოფის თვალსაზრისით სუსტია. ჩემთვის თითქოს უხერხულია ამაზე ლაპარაკი, რადგან სწორედ დასავლეთმა შემიფარა. მაგრამ შემიფარა ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემამ და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსები ამის წინააღმდეგი იყვნენ და მე მათ ვძულვარ. ისინი სიამოვნებით დაივიწყებდნენ ლიტვინენკოსაც, რომელიც შუა ლონდონში მოწამლეს, რათა პუტინს მოელაპარაკონ გაზზე, ნავთობზე და ა.შ.
თქვენ სასამართლო დავა გაქვთ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან. რა არის თქვენი მოთხოვნები და მართლა გატყუებდათ თუ არა პატარკაციშვილი, როგორც ეს მედიაში შუქდება?
მიდის სასამართლო პროცესი, არა ოჯახის, არამედ estate, მემკვიდრეობის წინააღმდეგ. ადმინისტრაციისა და სტრუქტურის წინააღმდეგ, რასაც მემკვიდრეობა ჰქვია. სხვა საქმეა, რომ მემკვიდრეობის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები - ბადრის მეუღლე და მისი სხვა ნათესავები. არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ეს არაკორექტული იქნებოდა. პირადად ბადრისთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, როგორც მეგობართან, რომელთან ერთადაც საოცარი 20 წელი გავატარე. ის, რაც მოხდა, ჩემი პირადი პრობლემაა, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ასე მოწყობილი. უსასრულოდ ვენდობი ადამიანებს. პუტინისაც და აბრამოვიჩისაც მჯეროდა. ამ მხრივ ჩემი სასამართლოს ამბავი არის ჩემი თავის პროექცია ბადრისთან ურთიერთობებზე. ამ ეტაპზე ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, როდესაც ყველაფერი მორჩება, მზად ვიქნები ვრცლად ვისაუბრო.
პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ თქვენ იმაში გადანაშაულებდნენ, რომ მასზე ზეწოლას ახდენდით, რათა საქართველოზე გავლენა მოგეპოვებინათ. ამის შესახებ პატარკაციშვილის ნათესავი ჯოზეფ კეი საუბრობდა. თქვენ ეს ბრალდებები უარყავით. საუბრობდით თუ არა პატარკაციშვილთან მის პოლიტიკურ საქმიანობაზე? თქვენი აზრით, რა სურდა მას?
რადგან ჯოზეფ კეი ახსენეთ, მინდა პირდაპირ განვაცხადო - ჯოზეფ კეი თაღლითია, ქურდია და ამ ამბავს არანაირი კავშირი ბადრისთან არ აქვს. იგი ატყუებდა ბადრის, ატყუებდა სხვებს. იქ იყო კიდევ ზელცერი - კიდევ ერთი თაღლითი. ამიტომ ბადრის მაშინდელი გეგმების კომენტირება თაღლითების სიტყვებზე დაყრდნობის გარეშე მირჩევნია.
ჩემთვის უდავო ფაქტია, რომ ბადრის უყვარდა საქართველო და საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. საუბარი მაქვს საქველმოქმედო საქმიანობაზე, ასევე საქართველოსთვის მნიშვნელოვან კოლოსალურ პროექტებზე. იმ კაპიტალზე, რაც მან საქართველოში ჩამოიტანა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კაპიტალი რუსეთში დააგროვა და მისი უდიდესი ნაწილი საქარათველოში, მის განვითარებაში ჩადო. ბადრი მხარს უჭერდა სააკაშვილს, როდესაც ის ხელისუფლებაში მოდიოდა. ამ მხრივ, მიმაჩნია, რომ ბადრი ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რაც, მისი აზრით, საქართველოს მისცემდა შესაძლებლობას გამხდარიყო ეფექტური, თანამედროვე, დამოუკიდებელი ქვეყანა. მე და ბადრი ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, იგი სერიოზულ გადაწყვეტილებებს მარტო არ იღებდა, რჩევებისთვის მომმართავდა მეც და სხვებსაც. მაგრამ საუბრები იმის შესახებ, რომ მე რაღაცას ვითხოვდი და ბადრი წინააღმდეგი იყო, ძალზე პრიმიტიული მსჯელობაა.
კიდევ ერთხელ ვამბობ - ბადრისთვის მთავარი პრიორიტეტი საქართველო იყო. მას მიაჩნდა, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქმეს უკეთესად გააკეთებდა, ვიდრე სააკაშვილი. ეს მისი ერთადერთი მოტივაცია იყო.
მეტიც, ბადრიმ დაამტკიცა, რომ მას ცარიელ ადგილზე საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამის შექმნა შეუძლია. მხედველობაში მაქვს იმედი. ეს იყო პირველი პროფესიული დამოუკიდებელი არხი საქართველოში. ეს ამბავი არსად გაქრება. ისევე როგორც НТВ-მ, იმის მიუხედავად, რომ დღეს განადგურებულია, სამუდამოდ შეცვალა რუსული ტელეჟურნალისტიკა. ასევე იმედმა სამუდამოდ შეცვალა საქართველოს ტელევიზია და ჟურნალისტიკა. მე ვასახელებ მაგალითს, რაზეც მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს ბადრიმ შექმნა.
თუმცა, ბევრის მტკიცებით, იმედი პატარკაციშვილის პოლიტიკური იარაღი იყო, ამისთვის შექმნა...
იაირაღი მის ხელში სიმართლე, ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება იყო. მან შექმნა ტელეკომპანია, რომელსაც შეეძლო თავისუფლად, დამოუკიდებლად ჩამოეყალიბებინა საკუთარი პოზიცია, საზოგადოების პოზიცია. ეს იმის მაგალითია, რომ ბადრის შენება შეეძლო. ეს თვალსაჩინო ფაქტია. ბადრის განზრახვები მხოლოდ ამით განისაზღვრებოდა. შეიძლება განსხვავებულად ვაფასებდეთ იმას, რასაც აკეთებდა სააკაშვილი, მისი მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის იმ რეპრესიულ მეთოდებს, რაც გამოიყენებოდა ბადრის, იმედის, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. მე ამას, რასაკვირველია, ვგმობ.
მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. სააკაშვილმა მართლაც მოახერხა დაეწყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა. მართალია, ამდენი ხარვეზებით, ნაკლოვანებებით, პრობლებებით, დღესაც დგას ხელისუფლების საკითხი. მაგრამ მე ამ მხრივ, როგორც რუსეთში არსებული რეჟიმის აბსოლუტური მტერი, იმავე მხარეს ვდგავარ, სადაც სააკშვილი დგას. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ასე, როგორც სააკაშვილი აკეთებს რუსეთთან ურთიერთობებში, შესაძლებელია დამოუკდებლობის შენარჩუნება.
დიახ, დღეს ასეულ ათასობით ქართველს პრობლემები აქვს, რადგან რუსეთთან ასეთი დიდი კავშირები იყო. მაგრამ, რუსეთში დღეს არსებული რეჟიმის პირობებში სხვა გზას ვერ ვხედავ. მეტიც, მინდა ვთქვა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მას შემდეგ, რაც რუსეთი ავტოკრატიას დაუბრუნდა, ზოგიერთმა ქვეყანამ დემოკრატიული ვექტორის შენარჩუნება სცადა. მხედველობაში მაქვს, პირველ რიგში, უკრაინა და საქართველო. არ მინდა ვთქვა, რომ უკრაინაში ყველაფერი კრახით დასრულდა. იუშჩენკოს ხუთმა წელმა ერის მენტალიტეტი ძალიან შეცვალა. მაგრამ, ფაქტობრივად, ძალიან ბევრი მიმართულებით უკრაინა უკან მიდის. ძალიან რთულია გაუძლო ისეთ მეზობელს, როგორიც რუსეთია. საქართველომ ეს მოახერხა. საქართველომ განვითარების დემოკრატიული ვექტორი შეინარჩუნა. ამიტომაც, დღემდე მიმაჩნია, რომ მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული რუსეთში სიტუაციის შესაცვლელად. რომ რუსეთი ისევ დემოკრატიისკენ შემობრუნდეს. მაშინ ყველა ამოისუნთქავს, მათ შორის საქართველოც. და მაშინ, თუ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ, ბევრად ადვილი იქნება იმის გადაწყვეტა, გაგრძელდეს თუ არა ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს. ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, თუმცა დიდი ხანი არ მქონია მასთან ურთიერთობა. თუ საქართველოს ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად განვიხილავთ რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გაგრძელებას, იმას, რომ ქვეყანა ზეწოლას არ დაემორჩილოს, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილი ამ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
ამას ივანიშვილის ოპონენტები ამტკიცებენ, ისინი თვლიან, რომ შეუძლებელია, მან პუტინისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს. თქვენ რას ფიქრობთ?
მე არაპირდაპირი ნიშნებით ვმსჯელობ. მე ვიცი, რომ ივანიშვილს რუსეთში პრობლემები არ აქვს. ჩემთვის ეს ყოველთვის არის ზუსტი კრიტერიუმი იმისა, რომ ეს ბიზნესმენი რუსეთის ხელისუფლების წესებით თამაშობს. როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ. მაგრამ ეს არის ასპროცენტიანი მტკიცებულება რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთქმედების (взаимодействия) სასარგებლოდ. რუსეთში არ არიან ბიზნესმენები, რომლებსაც არ აქვთ პრობლემები ხელისუფლებასთან და, იმავდროულად, არ არიან მისი პოლიტიკის მხარდამჭერები და გამტარებლები. რადგანაც საქართველო რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპული ნაწილია, ამ ფაქტზე, ასევე რიგ სხვა ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებ ახლა საუბარი არ მინდა (თანაც არ მინდა ვულგარულად გამოვჩნდე, თითქოს კონსპიროლოგიით ვარ დაკავებული), მიმაჩნია, რომ ივანიშვილი საქართველოს განვითარების დამოუკიდებელ ვექტორს ვერ შეინარჩუნებს. ამასთან, მე არ ვამბობ, რომ იგი დღეს რუსეთის ხელისუფლებასთან შეკრულია. მაგრამ, ამ ვარიანტსაც ვერ გამოვრიცხავ.
როგორ აფასებთ ივანიშვილის როლს ცნობილ „სემიბანკირშინაში“, რომელმაც ელცინის მეორე ვადით არჩევას შეუწყო ხელი?
ივანიშვილი არ შედიოდა მის ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენელთა რიგებში. თუმცა, წინა ხაზზე იმყოფებოდა. ამ მხრივ ივანიშვილს მართლაც დიდი დამსახურება აქვს. იგი იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც დაარწმუნა ლებედი (რომელიც საკვანძო ფიგურა იყო ელცინსა და ზიუგანოვს შორის ბრძოლაში), ელცინის მხარე დაეჭირა. მახსოვს რამდენიმე შეხვედრა ივანიშვილთან და მის პარტნიორ მალკინთან. ასევე მათი შეხვედრები ლებედთან, რომელსაც მეც ვიცნობდი, თუმცა, ივანიშვილისგან განსხვავებით, მასთან აწყობილი ურთიერთობა არ მქონია.
რა ურთიერთობა ჰქონდა ივანიშვილს ლებედთან? ამის შესახებ არაფერი ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ლებედთან ჩემი ურთიერთობის გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ იგი არ იყო მერკანტილური ადამიანი. უხეშად რომ ვთქვათ, არ იყიდებოდა. რა თქმა უნდა, რუსულ პოლიტიკაში ლებედი წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო, მაგრამ რუსეთის ინტერესები მისთვის მატერიალურზე მაღლა იდგა, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით. ივანიშვილისგან არასდროს გამიგია, რომ მათ ლებედთან რაიმე ბიზნესპროექტები ან რამე მსგავსი ჰქონოდათ. მაგრამ ლებედი ივანიშვილსა და მალკინს ძალიან ენდობოდა და მათ აზრს ყურადღებას აქცევდა. რაც მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.
![]() |
3 კიდევ ერთი სიკვდილი ქართულ ციხეში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
ზურაბ დელიანიძის ცხედარზე დაფიქსირებული დაზიანებები
ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა პატიმარი ზურაბ დელიანიძე, რომლის სიკვდილმაც კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური პენიტენციარული სისტემაში შექმნილი მდგომარეობა. მედიით გავრცელდა დელიანიძის ფოტოები, სადაც გვამს კანის დაზიანებები და სილურჯეები აღენიშნებოდა. ოჯახი აცხადებდა, რომ ის ნაწამები იყო და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.
დელიანიძე სასჯელს მარიხუანის უკანონოდ შეძენა/შენახვისთვის იხდიდა და ექვსი წელი ჰქონდა მისჯილი. ის გასული წლის ბოლოდან ბათუმის ციხეში იმყოფებოდა, შემდეგ კი, ამა წლის მარტში, თბილისში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში, მაისში, 39 წლის დელიანიძე ოჯახს გარდაცვლილი დაუბრუნეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მისი გარდაცვალების მიზეზად ვენერიული დაავადების მწვავე ფორმა დაასახელა. საქმეზე არაერთი ეჭვი და კითხვა გაჩნდა. შემთხვევას საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.
ოჯახის წევრები სამინისტროს ვერსიას არ იჯერებენ და აცხადებენ, რომ დელიანიძე ციხეში მოხვედრამდე ჯანმრთელი იყო. ოჯახის თხოვნის საფუძველზე, პატიმრის გვამი შეამოწმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ექსპერტიზის ბიურო ვექტორის დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ. მან განაცხადა, რომ რასაც ოჯახი წამების შედეგად მიიჩნევდა, ნაწოლები იყო. ეს კი, თავის მხრივ, უყურადღებობისა და არასათანადო მკურნალობის შედეგად მიიჩნია. საუბრობენ იმაზეც, რომ მსგავს ნაწოლებს 2-3-კვირიანი უმოძრაობა თუ გამოიწვევდა.
არსებული ინფორმაცია მხოლოდ ფრაგმენტულ სურათს ქმნის და გამოძიებამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - პატიმარზე ფიზიკური ზემოქმედება, რამდენად დროულად მოხდა მისი დაავადების დიაგნოსტირება, რაც სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ხშირად მკურნალობა სწორედ დაგვიანების გამოა უშედეგო. ასევე კითხვები ჩნდება იმაზე, რამდენად ადეკვატური იყო პატიმრის მოვლა-მკურნალობა.
გარდა იმისა, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია - გასულ წელს გარდაცვლილი 140 პატიმრისგან დიდი უმეტესობა სწორედ ამ დაწესებულებაზე მოდის - და აქ მკურნალობის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, არც პატიმრებზე ფიზიკური ზემოქმედებაა უცხო პრაქტიკა. დაწესებულებაში არსებული ვითარება სახალხო დამცველის ბოლო წლიურ ანგარიშშიცაა მიმოხილული. იქ ხაზგასმულია, რომ მსჯავრდებულები დაწესებულებაში არსებულ ძალიან მკაცრ რეჟიმზე საუბრობდნენ, რის გამოც, საჭიროების შემთხვევაშიც კი, არ სურდათ სამკურნალოდ დაბრუნება და იქაურობას ხშირად საკუთარი განცხადებით ტოვებდნენ. ასევე, კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, უარს ამბობდნენ სასეირნოდ გასვლაზე და ასახელებდნენ კონკრეტულ პიროვნებებს, ვინც პატიმრებს არასათანადოდ ეპყრობოდა და სცემდა. წარსულში სამკურნალო დაწესებულების რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა.
რამდენად ადეკვატურად მკურნალობდნენ დელიანიძეს, რთული სათქმელია. ზოგადად, სხვადასხვა დროს ჩატარებულმა მონიტორინგმა პენიტენციარულ სისტემაში ჯანდაცვის კუთხით ბევრი პრობლემა გამოავლინა - იქნება ეს ტუბერკულოზი, ვირუსული ჰეპატიტები, არასაკმარისი რესურსები და ნების არქონა სამკურნალო დაწესებულებებში სიტუციის გამოსასწორებლად. ზოგჯერ ყოვნდება პატიმართა სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანა, იყენებენ ნაკლებად ეფექტიან სამკურნალო საშუალებებს, სპეციალისტების ნაკლებობის გამო ექიმებს მათთვის არაპროფილური სამუშაოს შესრულება უწევთ, რაც უკანონოა და ასე შემდეგ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის, გიორგი არსოშვილის თქმით, ბათუმის ციხეში პატიმარს თავიდანვე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და იმ დროისთვის არანაირი დაავადება არ აღენიშნებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მან ფსიქიკური აშლილობის ნიშნები გამოავლინა. არსოშვილი ამბობს, რომ პატიმარს სწორედ იმ პერიოდიდან მკურნალობდნენ, თუმცა ის ხშირად ამბობდა უარს მედიკამენტების მიღებაზე და ამიტომაც გადმოიყვანეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. აქ მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, ჰქონდა კონსულტაცია ფსიქიატრთან, შეამოწმა დერმატო-ვენეროლოგმა, რა ეტაპზეც ფარული ვენერიული დაავადება დაუდგინდა გართულებული ფორმით. არსოშვილის თქმით, ინკუბაციური პერიოდი ამ დაავადებას 3 თვიდან 6 წლამდე აქვს. ის ამტკიცებს, რომ პატიმარი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო, როგორც ფსიქიატრის, ასევე დერმატო-ვენეროლოგის მხრიდან, მაგრამ დაავადება „ცუდად განვითარდა“ და პატიმარი გარდაიცვალა.
პროცესებს მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველის აპარატი. მისი წარმომადგენლები შეხვდნენ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებსაც. გარდა ამისა, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე აღნიშნავს, რომ მათ უკვე გამოითხოვეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, მკურნალობასთან დაკავშირებული. ასევე, მომხდარის შესწავლის თხოვნით მიმართეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმნაძე ამბობს, რომ როდესაც ექსპერტიზის დასკვნა ექნებათ და სხვადასხვა დოკუმენტაციას მოიპოვებენ, საკითხს უფრო ღრმად შეისწავლიან.
გამოძიება ახალი დაწყებულია და პროკურატურაში მხოლოდ იმას გვპასუხობენ, რომ ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნას ელოდებიან. საინტერესოა, რა გამოცდილება არსებობს ამ კუთხით პროკურატურაში. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ არასათანადო მოპყრობის არაერთ ფაქტზე მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა გამოძიება ტრადიციულად ჭიანურდება, ან წყდება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო 2 წლის განმავლობაში არასათანადო მოპყრობის მხოლოდ ერთი საქმე დასრულდა სასჯელაღსრულების დაწესებულების ორი თანამშრომლის დაპატიმრებით.
ამ კუთხით დეტალური სტატისტიკა არ არსებობს. სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ 2011 წელს რამდენ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყეს გამოძიება წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების კუთხით. აპარატში აინტერესებდათ, რამდენ ასეთ საქმეზე დაიწყო წინასწარი გამოძიება, რამდენი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან რამდენი იყო საჯარო მოხელე (უწყების მითითებით), რამდენი საქმე განიხილეს სასამართლოში არსებითად, რამდენზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რამდენ საქმეზე შეწყდა გამოძიება და რის საფუძველზე.
სახალხო დამცველის აპარატმა პასუხად არასრული ინფორმაცია მიიღო. მაგალითად, შეუძლებელია იმის გარკვევა, პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენი იყო საჯარო მოხელე. ასევე ის, მოხელე თავისუფლებააღკვეთილი პირისადმი არასათანადო მოპყრობისათვის დაისაჯა თუ სხვა სამსახურებრივი გადაცდენისთვის. პასუხებში არაა მითითებული დასჯილი პირების უწყებრივი კუთვნილება.
ზოგადად, 2011 წელს წამების 20 საქმეზე დაიწყო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამ პირზე. წამების მუქარაზე არცერთი საქმის გამოძიება არ დაწყებულა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის კი გამოძიება 9 საქმეზე დაიწყო, საიდანაც ერთზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 78 პირი გაამტყუნეს, უფლებამოსილების გადამეტებისთვის კი - 32.
![]() |
4 კავკასიური სტრაგეგია საქართველოს „რბილი ძალა“ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგიას მიიღებს - დოკუმენტის პროექტი პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად შეიმუშავა.
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მიმართულებით თბილისი რამდენიმე წელია საკუთარ პოლიტიკას ახორციელებს და ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კავკასია ერთიანი, თავისუფალი და სტაბილური რეგიონი უნდა გახდეს.
ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. საქართველო
იმავე წლის ოქტომბერში საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მცხოვრებთათვის უვიზო მიმოსვლა შემოიღო, რამაც მალე გამოიღო შედეგი - საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩრდილოკავკასიელმა მუსლიმმა მომლოცველებმაც ჩვენთან გამავალი სატრანზიტო გზის გამოყენება ჰაჯისთვის დაიწყეს.
ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. რუსეთი
მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველომ უვიზო რეჟიმი უკვე რუსეთის ყველა მოქალაქეზე გაავრცელა.
2010 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტს ეწვია დაღესტანში მცხოვრები დიდოელების დელეგაცია, რომელმაც თბილისს ამ მცირერიცხოვანი ხალხის პრობლემები გააცნო და დახმარება სთხოვა.
შარშან მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში ჩერქეზთა დევნა და განადგურება გენოციდად შეაფასა. დღეისთვის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩერქეზების გენოციდი ოფიციალურად ცნო. გარდა ამისა, შეიქმნა ჩერქეზული კულტურის ცენტრი, გენოციდის მსხვერპლთა პატივსაცემად კი მონუმენტის აგებაა დაგეგმილი.
ამას გამოხმაურება მოჰყვა ჩერქეზულ მოძრაობაში, როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. ჩერქეზი აქტივისტები საქართველოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ. ზოგიერთმა ჩრდილოკავკასიელმა აქტივისტმა, მათ შორის მათ, ვინც საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში 90-იან წლებში იბრძოდა, ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. ზოგიერთმა ლიდერმა სოხუმი პრორუსული პოზიციის გამო გააკრიტიკა და აფხაზებს მოუწოდა, თბილისთან საერთო ენა გამონახონ.
რეგიონის მიმართ თბილისის პოლიტიკა დღემდე ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა, არ იყო მკაფიოდ განსაზღვრული ამ პოლიტიკის მიზნები და ამოცანები, რის გამოც, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა ხშირად გაუგებარი იყო დასავლელი პარტნიორებისთვისაც, რომლებიც ამაში დესტაბილიზაციის საფრთხეს ხედავდნენ.
ახალ დოკუმენტში კი მკაფიოდ არის განმარტებული ყველა მიმართულება, რომლითაც თბილისი მეზობელი რეგიონის ხალხებთან ურთიერთობის განვითარებას გეგმავს. სტრატეგიის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო დაინტერესებულია, ჩრდილოეთ კავკასია „იყოს სტაბილური, უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებული რეგიონი”. ხოლო სტრატეგიის მიზანია საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, კომერციის, ვაჭრობისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების დამყარება.
თანამშრომლობის მიმართულებებად „ადამიანური კავშირები“, განათლება და მეცნიერება, ეკონომიკა და ვაჭრობა, ჯანდაცვა, ტრადიციები და სპორტი განისაზღვრა. გარდა ამისა, საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი სიტუაციის გამო და მზადაა ჩრდილოკავკასიელი უფლებადამცველებისთვის გახდეს „თავისუფალი არენა“.
პროექტის თანახმად, თბილისი ასევე მზადაა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს დაეხმაროს ისტორიული სიმართლის აღდგენასა და წარსულში ამ ხალხების მიმართ ჩადენილი დანაშაულებების ფაქტების დეტალურ დადგენაში.
დოკუმენტი ადამიანური კავშირების დამყარების გზებს შორის მოიხსენიებს საქართველოში მეზობელი რეგიონიდან ტურიზმის წახალისებას, ასევე ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკებისა და სკოლების მოწყობას.
საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიწოდების გზით უნდა იზრუნოს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული საინფორმაციო ვაკუუმის დაძლევაზე - ობიექტური ინფორმაციის გაცვლას ხელი უნდა შეუწყოს ჟურნალისტთა და ბლოგერთა ერთობლივი სიმპოზიუმების, ტრენინგებისა და კონფერენციების მოწყობამ.
საქართველოში განათლების მისაღებად დაგეგმილია ჩრდილოკავკასიელი სტუდენტებისთვის პირობების შექმნა. მათ შორის, ქართული ენის შემსწავლელი სპეციალური პროგრამის მეშვეობით. საქართველო, ასევე, ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ სტუდენტებს, რომ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა.
დოკუმენტი აგრეთვე ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას მეცნიერების სფეროში - საქართველოში ჩრდილოკავკასიური ენების შესწავლის წახალისებას, საზაფხულო სკოლებისა და ტრენინგების ჩატარებას, ჩრდილოკავკასიელი მეცნიერებისთვის საქართველოს არქივებში, საცავებსა და ბიბლიოთეკებში დაცული მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
როგორც ტაბულასთან საუბრისას პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სპეციალისტმა გიორგი საბედაშვილმა აღნიშნა, სამომავლოდ სტრატეგია უნდა გადაიქცეს სამოქმედო გეგმად, რომელშიც კონკრეტული უწყებების ამოცანები იქნება გაწერილი.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ საქართველოს პოლიტიკის ოპონენტები თბილისს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ის რეგიონში „დესტრუქციულ როლს თამაშობს“. „ახლა მათ საშუალება აქვთ, ამ სტრატეგიას გაეცნონ და მიხვდნენ, რომ ჩვენ ხალხებთან ურთიერთობის დამყარების მშვიდობიანი სურვილი გვამოძრავებს“, - აღნიშნა საბედაშვილმა.
პროექტის ინიციატორთა განცხადებით, შემუშავებული სტრატეგია არ ეხება რუსეთის ტერიტორიულ მოწყობას და არ ითვალისწინებს ჩარევას რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. თუმცა, ჩრდილოკავკასიური სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ მეზობელი რეგიონის მოსახლეობაში საქართველოს მიმართ არ იყოს მტრული განწყობა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
გამოცემა Eurasia Daily Monitor-ს მოჰყავს რუსი ექსპერტის სერგეი მიხაილოვის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ საქართველო შესაძლოა უფრო შორს წავიდეს და ვაინახების (ჩეჩნებისა და ინგუშების) 1944 წლის დეპორტაციაც გენოციდად აღიაროს.
თავის მხრივ, რუსი მიმომხილველი იანა ამელინა აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის არადემოკრატიული Eurasia Daily Monitor გაუქმების შემდეგ, „საქართველოს გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ უფრო გაიზრდება და ეს საშიში სიმპტომია“.
საქართველოს გავლენა მართლაც გაიზრდება, - წერს ავტორი და დასძენს, რომ ეს რეგიონში შექმნილი სიტუაციის ბუნებრივი შედეგია.
პირველ რიგში, წერს Eurasia Daily Monitor-ი, ჩრდილოეთ კავკასიასთან საქართველოს მეზობლობა თავისთავად გულისხმობს, რომ ამ ქვეყანას რეგიონთან გარკვეული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, საქართველოს გავლენის გაძლიერებას ხელს უწყობს რეგიონის ხელოვნური იზოლაციის პოლიტიკა, რაშიც „რუსმა მაღალჩინოსნებმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ“.
„არადემოკრატიული მმართველობის სისტემა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოყალიბდა, ძალიან მგრძნობიარეა ახალი ინფორმაციის, ადამიანებისა და იდეების შემოსვლის მიმართ. და ეს საქართველოს ბრალი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.
Eurasia Daily Monitor-ის მიმომხილველის აზრით, საქართველო არ უჭერს მხარს ჩრდილო კავკასიაში „აჯანყებას ან ამბოხს“ და მან „რბილი ძალის“ კონცეფცია აირჩია. იქვე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს აქტიურობა ხელს უწყობს რეგიონში არსებული სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსავლის ძიებას, რაც რუსეთის პოლიტიკამ დღემდე ვერ მოახერხა.
![]() |
5 ქალის თუ კაცის ტვინი? |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ზაალ კოკაია
ამ წერილის დაწერის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც შევიტყვ დაკავშირებული: ახალი კომპიუტერული ჩიპი ადამიანის ტვინს იმიტირებს დავით სერგეენკო: 2 მილიონ მოქალაქეს სამედიცინო მომსახურება 100%25-ით დაეფარება დავით ზურაბიშვილი: გაჩნდა შესაძლებლობა დოქტორანტურის დაფინანსების ე, რომ ჩემი მეგობარი, ასევე ბიოლოგი, დარწმუნებულია - კაცის და ქალის ტვინი აბსოლუტურად იდენტურია და განსხვავებას მხოლოდ ის გარემო განაპირობებს, რომელშიც ადამიანი იზრდება.
თავდაპირველად, ეს საბჭოთა იდეოლოგიის გავლენას მივაწერე, რომელშიც ორივე გავიზარდეთ და რომლის მიხედვითაც არანაირად არ შეიძლებოდა, ქალი და კაცი რამით, მით უმეტეს ტვინის აგებულებით, განსხვავებულნი ყოფილიყვნენ. შემდეგ, როდესაც დავფიქრდი, მივხვდი, რომ ამ სტერეოტიპის ჩამოყალიბებაში დასავლურმა ფემინიზმმაც არანაკლები როლი ითამაშა: ქალები არაფრით განსხვავდებიან მამაკაცებისგან, მათაც ზუსტად ისეთივე ფიზიკური და გონებრივი თვისებები უნდა ჰქონდეთ, როგორც მამაკაცებს. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ მთავარი აქ არც საბჭოური იდეოლოგიაა და არც ფემინისტური მოძრაობა - თავი და თავი ჩვენი მცდარი შეხედულებაა, რომლის მიხედვითაც განსხვავებული აუცილებლად გულისხმობს უკეთესს და უარესს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ქალის და კაცის ტვინი განსხვავებულია, ბევრისთვის ავტომატურად გულისხმობს ერთის უპირატესობას მეორეზე.
ეს ასე არაა. ჩემი ბავშვობისდროინდელი ფილმი, „ღიმილის ბიჭები“ მახსენდება - სახლის სახურავზე გამართული დიდი დისკუსია იმის თაობაზე, ერთ ორთქმავალს მეტი ძალა აქვს თუ ორს. ფილმში კამათის ერთ-ერთი მონაწილე ამ კითხვას ასე პასუხობს: „გააჩნია რა შემთხვევაში...“. მართლაც, გააჩნია, რა შემთხვევაში - გააჩნია, რას ვადარებთ, რას ვირჩევთ ათვლის ან შედარების წერტილად.
მაშ ასე, შევთანხმდეთ, რომ განსხვავებული არ გულისხმობს უკეთესს და უარესს. როდესაც ტვინებს ერთმანეთს ვადარებთ, განსხვავება შეიძლება იყოს სტრუქტურული - თუ როგორაა აგებული მთლიანობაში ტვინი ან მისი ცალკეული ნაწილები. განსხვავება შეიძლება იყოს ფუნქციურიც - თუ როგორ მუშაობს მთლიანად ტვინი ან მისი ცალკეული უბნები. ქალის და კაცის ტვინი განსხვავდება როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური პარამეტრით. განსხვავების საჩვენებლად რამდენიმე დასაბუთებულ მაგალითს მოგიყვანთ:
კაცის ტვინი დაახლოებით 10%25-ით უფრო დიდია, მაგრამ ქალებში ტვინის ქერქის მრავალი უბანი ფარდობითად უფრო სქელია. მამაკაცებში ტვინის ნერვული უჯრედების რაოდენობა მეტია, ვიდრე ქალებში, სამაგიეროდ ქალებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული კავშირები ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის. საინტერესოა, რომ სტრუქტურა, რომელიც ტვინის ორ ნახევარსფეროს აკავშირებს, მამაკაცებში უფრო მცირეა. ეს კი შეიძლება ნიშნავდეს, რომ ქალებს ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევრებს შორის ინფორმაციის გაცვლა უფრო ადვილად შეუძლიათ. ტვინის ქერქის ის უბნები, რომლებიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი, უფრო დიდი ზომისაა ქალებში - სწორედ ამის გამო, ქალებში სიტყვიერი აზროვნება უფრო გამოხატულია, ვიდრე მამაკაცებში.
ალბათ ბევრს სმენია გამოთქმა, რომ კაცებს მათემატიკური ტვინი აქვთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის, რომ ტვინის ქერქის საფეთქელთან განლაგებული უბანი მამაკაცებში უფრო დიდია, ვიდრე ქალებში. ეს სწორედ ის უბანია, რომელიც ალბერტ აინშტაინის ტვინში ძალიან დიდი იყო და, ზოგადად, მკვეთრადაა გამოხატული ფიზიკოსებსა და მათემატიკოსებში.
ვგონებ, დიდი დისკუსია არ სჭირდება, რომ ქალები და კაცები ემოციურობით და გრძნობების გამოხატვის უნარით განსხვავდებიან. ზოგადად, ქალებს უკეთ შეუძლიათ ემოციების კონტროლი და მათი გადმოცემა, ამასთან, სხვა ადამიანებთან კონტაქტის დამყარების უკეთესი უნარი აქვთ. ეს ყოველივე კი გამოწვეულია იმით, რომ ტვინის ზოგი ნაწილი (მაგალითად, ლომბური სისტემა), რომელიც ემოციებს განაგებს, ქალებში უფრო დიდია, ვიდრე კაცებში.
მრავალი მკვლევარი ემხრობა მოსაზრებას, რომ სქესზე დამოკიდებული ყველა განსხვავება სასქესო ჰორმონების დონის სხვაობით აიხსნება. უდავოა, სასქესო ჰორმონებს დიდი გავლენა აქვს ადამიანების ტვინზე და ქცევაზე. თუმცა უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნდა მრავალი ნაშრომი, სადაც მითითებულია - არსებობს სქესთა შორის განსხვავებული ქცევა, რომელიც არანაირად არაა დაკავშირებული ჰორმონებთან.
როგორც წესი, ადამიანის გარკვეული ტიპის ქცევას ტვინის განსაზღვრული უბანი განაპირობებს. ამის დადგენა დღეს საკმაოდ მარტივად შეიძლება ფუნქციური კომპიუტერული ტომოგრაფიით, რომელიც აჩვენებს, ტვინის რომელი უბნები აქტიურდება ამა თუ იმ ფუნქციის დროს. ამ მეთოდის გამოყენებით, ქალებს და კაცებს შორის ძალიან საინტერესო განსხვავებები გამოვლინდა. მაგალითად, მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომ გამოეკვლიათ, როგორ იხსენებენ განსხვავებული სქესის ინდივიდები საკუთარი წარსულიდან ემოციურ ფაქტებს, ან როგორ ცნობენ ადრე ნანახ სურათს. აღმოჩნდა, რომ ქალებსა და კაცებში ეს ფუნქციები იდენტურად ხორციელდება, თუმცა ამ დროს ტვინის განსხვავებული უბნები აქტიურდება.
როგორც ჩანს, ტვინის სტრუქტურაში არსებული სქესობრივი განსხვავებები, თავის მხრივ, განაპირობებს განსხვავებებს ქალის და კაცის ქცევაში. საკუთარი წვლილი აქვს იმასაც, რომ ქალები და კაცები ერთნაირად არ აღიქვამენ დროს და საგნების მოძრაობის სიჩქარეს, არათანაბარ დროს ანდომებენ მათემატიკურ გაანგარიშებას, აქვთ მათი სქესისთვის დამახასიათებელი სივრცითი ორიენტაციის და საგნების სამ განზომილებაში აღქმის უნარი, განსხვავებულად ახდენენ სიტყვიერი ინფორმაციის გადამუშავებას.
თავს აღარ შეგაწყენთ სხვა უამრავი სამეცნიერო მონაცემის აღწერით, რომლებიც ქალის და კაცის ტვინებს შორის არსებულ განსხვავებებს ადასტურებს. მსურველებს შეუძლიათ, შესაბამისი მასალა სამეცნიერო ლიტერატურაში მოიპოვონ. ერთ რამეს კი გირჩევთ: როდესაც გაიგონებთ ფრაზებს, რომ „ამ ქალს კაცის ტვინი აქვს“ ან „ის კაცი ქალივით იქცევა“, ნუ ჩათვლით, რომ ან პირველია მაგარი, ან მეორე იქცევა ცუდად. უბრალოდ გაიხსენეთ - ქალის და კაცის ტვინები განსხვავებულია და ეს განსხვავება სულაც არ ნიშნავს, რომ ერთი სჯობს მეორეს.
![]() |
6 როგორ საზღვრავენ დედამიწის ასაკს |
▲ზევით დაბრუნება |
მაია თოდუა|სვეტი
დიდი ხანია მინდოდა დამეწერა იმის შესახებ, თუ როგორ ადგენენ დედამიწისა და ციური სხეულების ასაკს. და აი, საბაბიც მომეცა: გასულ თვეს, ჟურნალ Science-ში ამ თემაზე სტატია გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ ფიზიკოსებმა რადიოაქტიური ნივთიერების, სამარიუმ-146-ის ნახევარდაშლის პერიოდი დაადგინეს, რაც ადრინდელ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა. ეს გარემოება კი მნიშვნელოვნად ცვლის მზის სისტემის ადრეული ეპოქის შესახებ დღევანდელ წარმოდგენას: პლანეტების წარმოშობის ტემპი უფრო ჩქარი გამოდის, ვიდრე აქამდე ეგონათ.
რა კავშირშია ეს ორი რამ, სამარიუმი და მზის სისტემის ფორმირება ერთმანეთთან? სანამ ამ კითხვას გავცემდეთ პასუხს, ვნახოთ, თუ როგორ ადგენენ მეცნიერები ნივთიერების ასაკს.
მზის სისტემის წარმოშობა
გეოლოგიური ფენების, ქანების, წიაღისეულების, მინერალების, ცოცხალი ორგანიზმების ნაშთების ასაკის განსაზღვრას საფუძვლად რადიოაქტივობა უდევს. ამ დროს ერთი სახის ქიმიური ელემენტი მეორე სახის ელემენტად გარდაიქმნება. ასე ხდება, მაგალითად, ნახშირბადის ნაირსახეობის, ანუ იზოტოპის, С-14-ის შემთხვევაში, რომელიც, ჩვეულებრივი ნახშირბადის С-12-ისაგან განსხვავებით, რადიოაქტიურია. С-14-ის ბირთვში ერთ-ერთი ნეიტრონი გარდაიქმნება პროტონად და მიიღება აზოტი N-14. ამ ბირთვულ რეაქციას ჰქვია ბეტა-დაშლა. დროთა განმავლობაში, ბეტა-დაშლის გამო, С-14-ის რაოდენობა კლებულობს. დროს, რომლის შემდეგაც რადიოაქტიური ნივთიერების საწყისი რაოდენობის ნახევარი რჩება, ნახევარდაშლის პერიოდი ჰქვია. ყოველ რადიოაქტიურ ელემენტს თავისი ნახევარდაშლის პერიოდი აქვს და ისინი ძალიან განსხვავებულია: 10-24 წამიდან (წყალბადი-7) 1024 წლამდე (ტელურიუმ-128).
ბეტა-დაშლის რეაქცია
С-14-ის ნახევარდაშლის პერიოდია 5700 წელი. ეს ნიშნავს, რომ თუ რაიმე საგანი შეიცავს, მაგალითად, 100 ატომ С-14-ს, დაახლოებით 5700 წლის შემდეგ მისგან დარჩება 50 ატომი. რადიოაქტიური С-14-ის ეს თვისება საფუძვლად დაედო ასაკის განსაზღვრის ნახშირბადოვან მეთოდს, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა გასული საუკუნის შუა წლებში შეიმუშავეს და რისთვისაც შემდგომ ნობელის პრემია მიენიჭათ.
მეცნიერებმა ცოცხალ ორგანიზმში ნახშირბადისა და მისი იზოტოპების თანაფარდობა მაღალი სიზუსტით დაადგინეს: ჩვეულებრივი, სტაბილური ნახშირბადის (С-12) ყოველ ტრილიონ ატომზე მოდის რადიოაქტიური С-14-ის ერთი ატომი. ის შედის რეაქციაში ჟანგბადთან, წარმოქმნის ნახშირორჟანგს და ცოცხალ ორგანიზმებში ფოტოსინთეზისა და საკვების ჯაჭვის გზით ხვდება - ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ნახშირბადი.
მცენარეები და ცხოველები (აგრეთვე, ადამიანიც) ითვისებენ ამ С-14-ს. როდესაც ცოცხალი ორგანიზმი კვდება, ის წყვეტს მეტაბოლიზმს, ანუ ნივთიერებათა ცვლას და ნახშირბადს აღარ იღებს. ამის შემდეგ С-14 მხოლოდ იშლება, ხოლო მისი შემცირებული კონცენტრაციის მიხედვით შეგვიძლია დაახლოებით გამოვიანგარიშოთ, თუ რამდენი წელი გავიდა ორგანიზმის სიკვდილიდან.
როგორც ვხედავთ, დროის განსაზღვრის პრინციპი საკმაოდ მარტივია. სირთულე დეტალებშია: მისი ტექნიკური განხორციელება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამას გარდა, საწყისი მასალა უნდა გაიწმინდოს დაბინძურებისაგან. რამდენიმე გრამი ნივთიერების ანალიზისათვის უზარმაზარი და ძვირადღირებული აგრეგატებია საჭირო. თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ერთ-ერთ უახლეს ასეთ ხელსაწყოს ამაჩქარებელი მას-სპექტრომეტრი ჰქვია. დღეს მსოფლიოში ნივთიერების ასაკის განსაზღვრის სულ 150-მდე ინსტრუმენტია.
არსებობს ასაკის დადგენის სხვა საშუალებებიც, მაგალითად, ათასწლოვანი ხეების რგოლების რაოდენობის მიხედვით. ამ განსხვავებული ხერხებით მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი ერთმანეთს კარგად ემთხვევა. ეს კი ნიშნავს, რომ რადიოაქტიური მეთოდი საკმაოდ ზუსტია და მისი გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ასაკის განსაზღვრის სხვა საშუალება არ არსებობს. С-14-ის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი იმ ნივთიერების ასაკის დადგენა, რომელიც ნახშირბადს შეიცავს. მისი გამოყენების არეალი მეტად ფართოა: გეოლოგია, არქეოლოგია, ბიოლოგია, ასტრონომია და ასე შემდეგ.
ნახევარდაშლის დაახლოებით 10 პერიოდის შემდეგ С-14 იმდენად ცოტა რჩება, რომ მისი გამოყენება უკვე არ შეიძლება. ამიტომ, რადიონახშირბადოვანი მეთოდი 50 000- 60 000 წელზე მეტი ასაკის შემთხვევაში აღარ გამოიყენება. მას სხვა, გაცილებით უფრო ხანგრძლივი ნარევარდაშლის პერიოდის მქონე რადიოაქტიური იზოტოპები ანაცვლებს. მაგალითად, დედამიწის ასაკის განსასაზღვრად გამოიყენება ურანი-238, რომლის ნახევარდაშლის პერიოდია 4.47 მილიარდი წელი. უძველესი ქანებისა და მეტეორიტების ანალიზმა აჩვენა, რომ დედამიწა 4.6 მილიარდი წლისაა. ამავე ასაკისაა მზის სისტემაც, ვინაიდან ეს მეტეორიტები მისი ფორმირების დასაწყისში წარმოიშვნენ.
მეცნიერები რადიოაქტივობის აღმოჩენამდეც, სულ მცირე, მე-18 საუკუნიდან ცდილობდნენ დედამიწის ასაკის დადგენას, როდესაც იმანუილ კანტმა და პიერ-სიმონ ლაპლასმა მზის სისტემის წარმოშობის ჰიპოთეზა ჩამოაყალიბეს. მე-19 საუკუნეში დედამიწის ასაკის შეფასებას ცდილობდნენ იმ ფიზიკური პროცესების ხანგრძლივობის მიხედვით, რომლებიც მის ფორმირებას სჭირდებოდა. კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რა დრო დასჭირდებოდა დედამიწის ზედაპირს თხევადიდან მყარ მდგომარეობაში გადასასვლელად და დღევანდელ ტემპერატურამდე გასაციებლად. ეს გათვლები 20-40 მილიონ წელს იძლევა - თითქმის 100-ჯერ ნაკლებს, ვიდრე დღესაა მიღებული. ასაკის განსაზღვრა რადიოაქტივობის საშუალებით მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა იყო.
სრულიად სხვაგვარად წარმოებს მზისა და ვარსკვლავების ასაკის დადგენა, ვინაიდან მათი შემადგენელი ნივთიერება ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. ეს ხდება ვარსკვლავთწარმოშობისა და ევოლუციის თეორიის მიხედვით. საოცარია, რომ ამ სრულიად განსხვავებული მეთოდით გამოთვლილი მზის ასაკი რადიომეტრულად გამოთვლილი უძველესი მეტეორიტებისას ემთხვევა: მზე და მისი შემადგენელი სხეულები თითქმის ერთდროულად წარმოიშვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მეთოდების საიმედოობას.
დაბოლოს, დავუბრუნდები ჟურნალ Science-ის სტატიას, რომლითაც დავიწყე. როგორც უკვე ითქვა, მისმა ავტორებმა გამოთვალეს სამარიუმ-146-ის ნახევარდაშლის პერიოდი და მიიღეს 68 მილიონი წელი, ნაცვლად 103 მილიონისა, რაც აქამდე იყო მიღებული. ეს საკმაოდ დიდი განსხვავებაა. მართალია, ის არ ცვლის მზის სისტემის ასაკს, მაგრამ, როგორც მეცნიერები ამბობენ, მიუთითებს იმაზე, რომ პლანეტების წარმოშობა (მათ შორის, დედამიწისაც), ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ. შესაძლოა, სამარიუმის შემცველი უძველესი ქანები, მაგალითად გრენლანდიაში, მზის სისტემის ჩამოყალიბებიდან სულ რაღაც 120 მილიონ წელიწადში შეიქმნა.
![]() |
7 ობამას ამერიკა უსინათლო ჩინელის თვალით |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
გუგა ჩაფიჩაძე, ლევან სუთიძე
ცოტა ხნის წინ მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა 40 წლის ჩინელი დისიდენტი ჩენ გუანჩენი. აპრილში ჩენი ჩინეთის ხელისუფლების რეპრესიებს გაექცა და პეკინში ამერიკის საელჩოს 6 დღის მანძილზე აფარებდა თავს. მისივე მონაყოლის მიხედვით, საელჩოს დატოვება და საავადმყოფოში გადასვლა ამერიკელი დიპლომატების წაქეზებით გადაწყვიტა. ჩენს გარანტიები მისცეს, რომ ამერიკის საელჩო ჩინური პოლიციისგან დაიცავდა, თუმცა „მე მომატყუეს“ - განუცხადა პრესას უსინათლო უფლებადამცველმა.
„იშვიათად, მაგრამ ერის მომავალი, თუნდაც 1.3 მილიარდი ადამიანის, ერთი კაცის ბედს გადაებმება. შესაძლოა, ჩინეთს ახლა სწორედ ასეთი მომენტი უდგას - თუ მართლაც ასეა, ეს ადამიანი ჩენ გუანჩენია“, - ასე ეხმაურება ჟურნალი Economist-ი დისიდენტის გარშემო ატეხილ საერთაშორისო სკანდალს.
ჩენ გუანჩენი გამოჰყავთ ჩინეთში შეერთებული შტატების საელჩოდან
ობამას ადმინისტრაცია მომხდარის გამო ოპონენტებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს - ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევასა და დევნილებისადმი სოლიდარობის ამერიკული ტრადიციის უგულებელყოფაში დასდეს ბრალი.
საყოველთაო ინტერესის ობიექტად ჩენი პირველად შვიდი წლის წინ იქცა, როცა ქალაქ ლინისში, აქტივისტებთან ერთად, ჩინეთის სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა „ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი“ გააპროტესტა და სავალდებულო აბორტის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო. მას შემდეგ, რაც უსინათლო აქტივისტმა ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალ Times-ს ინტერვიუ მისცა, ჩენსა და მის ოჯახს ჩინელმა სამართალდამცავებმა ერთი წლის განმავლობაში არაოფიციალური შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივი სამართალდამცავების მხრიდან რეპრესიები შემდგომშიც გაგრძელდა: 2006 წელს იგი ოთხი წლით ციხეში ჩასვეს, გათავისუფლებულს კი კვლავ შინაპატიმრობა მიესაჯა სოფელ დონშიგუში.
ამ საქმეზე საერთაშორისო ინტერესი შარშან განახლდა, როდესაც ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ჩენის სახლის ვიდეო გაავრცელეს. ჩანაწერმა ცხადყო, რომ პოლიცია ჩენსა და მის ოჯახს მუდმივად მეთვალყურეობდა და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და Human Rights Watch-მა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ჩენის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, მაგრამ აქტივისტისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ რეპრესიები არათუ არ შემცირებულა, უფრო მძიმე ფორმებიც მიიღო.
22 აპრილს, დისიდენტ ხუ ძიას დახმარებით, ჩენმა შინაპატიმრობიდან გაქცევა მოახერხა. ხუ ამბობს, რომ ჩენი მრავალი დღის განმავლობაში არ გამოდიოდა სახლიდან, ამას მეთვალყურე მცველები მიეჩვივნენ და მისი გაუჩინარება გვიან აღმოაჩინეს.
ძიას თქმით: „27 აპრილს ჩენი თავისი სახლიდან მაღალ კედელზე გადაძრომით ცდილობდა გაქცევას. ის 200-ჯერ მაინც ჩამოვარდა კედლიდან“. გაქცევას 20 საათზე მეტი დასჭირდა. საბოლოოდ, მან თავი აშშ-ის საელჩოს შეაფარა.
ჩენის საქმეს რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი გამოეხმაურა. მან მომხდარს „თავისუფლების ბნელი დღე“ და „ობამას ადმინისტრაციის სირცხვილი“ უწოდა. „თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ჩვენმა ადმინისტრაციამ ჩენი ნებით თუ უნებლიეთ აიძულა, დაეტოვებინა საელჩოს შენობა. ამ საქციელით ჩვენმა დიპლომატებმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები შელახეს“, - განაცხადა რომნიმ საარჩევნო სიტყვაში.
„თუ ეს ცნობები მართალია, მაშინ ჩვენმა საელჩომ ვერ შეძლო იმ მისიის შესრულება, რომელსაც ბატონი ჩენის და მისი ოჯახის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო“, - თქვა რომნიმ და დაამატა - „ჩვენ უნდა დავდგეთ იმ თავისუფლების დასაცავად, რომელიც დღეს საფრთხეშია“.
უფლებადამცველის საქმემ ობამას ადმინისტრაცია არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო და ჩინეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს საფრთხე შეუქმნა. ამ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გეიტნერი პეკინში იმყოფებოდნენ ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე. ჩენს სურდა, კლინტონის დახმარებით დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა ფაქტია, რომ მისი მდგომარეობა ამერიკულმა მხარემ არ გაითვალისწინა.
ჩენის საქმე პირველი შემთხვევა არ არის, როცა ობამას ადმინისტრაცია ჩინეთის მიერ დევნილ ადამიანებს თავშესაფარზე უარს ეუბნება. თებერვალში, ქალაქ ჩენდუში მდებარე ამერიკის საელჩოს დახმარება კომუნისტმა პოლიციელმა, ვან ლიძუანმა სთხოვა. თუმცა ამერიკულმა მხარემ მას თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. მაშინ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავშესაფრის მიცემას ჩინეთის ვიცეპრეზიდენტის, სი ძინპინის ამერიკაში ვიზიტის გამო ეწინააღმდეგებოდა. საქმე ისაა, რომ ამერიკას აქვს დიდი ხნის ტრადიცია - უზრუნველყოს ადამიანის თავისუფლება და არ უთხრას დევნილებს უარი თავშესაფარზე. ჩენის შემთხვევა, სხვებთან ერთად, თავისუფლების დაცვის ამერიკულ ტრადიციებს ჩრდილს აყენებს. პრეზიდენტი ობამა, რომელიც ხელისუფლებაში იდეალისტურ ნოტებზე მოვიდა, ადამიანის უფლებების დაცვას სულ უფრო ხშირად არჩევს პრაგმატულობას.
დღეისთვის შინაპატიმრობიდან გაქცეული ჩენის მდგომარეობა იგივე რჩება. ბობ ფუმ, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, ChinaAid-ის პრეზიდენტმა, დისიდენტის მდგომარეობაზე ისაუბრა: „ის თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. მას ჩინეთიდან ოჯახთან ერთად გამგზავრებაში აშშ-ის დახმარება სჭირდება“.
ჩინეთში აშშ-ის ელჩმა გარი ლოკმა NBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩენს, პროვინციის დატოვებისა და დიპლომატებთან გამოცხადების შემდეგ, საელჩომ სრული მხარდაჭერა აღმოუჩინა: „ჩვენ მას შევხვდით და თითქმის შეუსრულებელ მისიას შევეჭიდეთ, საელჩოში შევიფარეთ. შენობის დატოვება კი მხოლოდ მისი სურვილი იყო“.
პეკინში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქციელი, უფლებათა დამცველი ორგანიზაციების გარდა, ჩინეთის მთავრობამაც გააკრიტიკა და ჩენისთვის 6 დღით თავშესაფრის მიცემის გამო ამ ფაქტს „ჩინეთის საქმეებში უხეში ჩარევა“ დაარქვა. ჩინეთი ამერიკისგან ბოდიშის მოხდას, საფუძვლიან გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი განაცხადა და აღნიშნული მოთხოვნა უკომენტაროდ დატოვა.
ჰილარი კლინტონის დამხმარემ აღმოსავლეთ აზიის საკითხებში, კურტ კემპბელმა, ბოდიშის მოხდის თემას თავი აარიდა, მაგრამ კომენტარი მაინც გააკეთა: „ეს იყო განსაკუთრებული და უჩვეულო შემთხვევა, ჩვენ არ ველოდებით ამგვარი ფაქტის განმეორებას“.
ჩინეთ-ამერიკის დაძაბული ურთიერთობების სავარაუდო განვითარებაზე თეთრი სახლის პრესატაშემ ჯეი კარნიმ ჟურნალისტებთან განაცხადა: „გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე არ ზრუნავს. ობამა მხოლოდ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული“.
![]() |
8 შეიძლებოდა თუ არა უფრო მეტის მიღწევა და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში |
▲ზევით დაბრუნება |
გია ჯანდიერი|სვეტი
ცხადია, ყველასგვინდა, რომ მალე გამოვიდეთ სიღარიბიდან და ისევე კარგად ვიცხოვროთ, როგორც, მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში. გერმანიაში ან ბრიტანეთში მოგზაურობა მართლაც მომხიბვლელია: იქ ყველაფერი კარგად მუშაობს, ნაკლები ძალისხმევა გჭირდება და ყოველ დღიურ საკითხებზე დროც ნაკლები გეხარჯება. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არის და ეს.
მემარცხენე პოლიტიკის მომძლავრების გამო, ამ ქვეყნების მთავრობებმა იმდენი ვალი და ვალდებულება აიკიდეს, რომ უკვე შეუძლებელია განჭვრეტა, როდის მოხერხდება ამ პრობლემების გადაჭრა. სირაქლემის პოზაში დგომა, უკეთეს შემთხვევაში, პრობლემების გადაწყვეტას მხოლოდ გადაავადებს. მთავრობების ხელთ არსებული ბიუჯეტი მუდმივად მზარდ ვალდებულებებს ვერ გაწვდება: ზუსტად ამ დღეებში გაცხადდა, რომ ბიუჯეტში მეტი შემოსავლის მობილიზებისთვის, კანცლერ მერკელის ახალი ინიციატივით, დამატებით 1%25-იანი გადასახადი შემოიღეს.
საკუთარი პრობლემების გადაჭრა განვითარებულ ქვეყნებს დავუთმოთ, თუმცა ჯობს, ასეთ ვალდებულებებში ჩვენ არ გავეხვეთ. დღეს ასეთი ვალდებულებები ორი რამის გამო არ გვაქვს: ხანგრძლივი პერიოდით შეწყდა მათი დაგროვება და შემდგომი კეთილგონივრული პოლიტიკით, ახალ დაგროვებასაც თავი ავარიდეთ. ახლა საქართველო, ამ თვალსაზრისით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია და შეუძლია, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ მახეში აღარ შევიდეს.
შეიძლებოდა თუ არა ბოლო წლებში მეტის მიღწევა? შეიძლებოდა - მაგალითად მაშინ, თუ თავისუფალი ბაზრისკენ უფრო ადრე გადავუხვევდით. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ყველაზე სასურველ და პრაგმატულ პოლიტეკონომიკურ გზას დავადგეთ და ყველაზე თავისუფალ ბაზარს მივაღწიოთ, მაგრამ დღეს უკვე ბევრს არ მოსწონს ეს ტენდენცია და ფიქრობს, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რეგულირება, სახელმწიფო ხარჯები და მთავრობის ჩარევა გვჭირდება.
ერთხელ შევეცადე, ერთი ევროპელი პოლიტიკოსისთვის თავისუფალი ბაზრისკენ ჩვენი სწრაფვა ასე ამეხსნა: ერთი და იმავე დონის სახელმწიფო ხარჯების დარეგულირების პირობებში, ინვესტორები ბულგარეთში წავლენ. ბულგარეთი NATO-ს წევრიცაა და ევროკავშირისაც. მას არ აქვს ისეთი რისკები და რთული სამეზობლო, როგორც - ჩვენ.
გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების პრობლემები საქართველოსთვის ახალი არ არის: რაც ეს ქვეყანა არსებობს, ეს პრობლემები სულ თან სდევს, რაც გვაიძულებს უფრო მობილიზებული და პრაგმატულები ვიყოთ - კერძოდ, ავირჩიოთ მყარ პარტნიორობაზე დამყარებული ღია და გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკა. ამიტომ ვიხრებით მკვეთრად დასავლეთისკენ: ამ სივრცისთვის ეს პოლიტიკა გასაგებია. ამას ჩვენი კონკურენტებიც ამჩნევენ და ხელს გვიშლიან - რაც ბუნებრივია.
ამ პირობებში მარტივია, ადამიანმა დაინახოს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტა დასავლეთთან პარტნიორობასა და ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულ პოლიტიკაზე გადის. დღევანდელ მსოფლიოში მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკითვე რას გახდები: აუცილებელია პოლიტიკური თანამშრომლობაც. ამასთან, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა აღწევდეს ზრდის ისეთ ტემპებს, რომ ადამიანების უკმაყოფილებამ ნებისმიერ კეთილგონიერ საგარეო პოლიტიკას ძირი არ გამოუთხაროს.
თავისუფალი ბაზრის ყველაზე ტრადიციული არგუმენტები რომ მთლიანად გამოვტოვოთ, არსებობს უბრალოდ პრაგმატული ხედვები, რომლებიც მკაფიოდ აჩვენებს, რატომ გვჭირდება თავისუფალი ბაზარი აქ და დღეს:
- საქართველოს შრომითი რესურსები არა კონკურენტუნარიანია;
- ჩვენი რეგიონი, მიუხედავად საქართველოს მცდელობისა, ეკონომიკურად დანაწევრებულია;
- ჩვენი რეგიონი არ არის მდიდარი;
- ჩვენი რეგიონის სავაჭრო და ეკონომიკური ცოდნა-გამოცდილება კონკურენტუნარიანი ქვეყნებისას ჩამოუვარდება;
- ჩვენი რეგიონის ქვეყნებისგან ბიზნესში ბევრს ვერაფერს ისწავლი;
- ჩვენი რეგიონის ქვეყნები არ წარმოადგენენ ყველაზე კონკურენტუნარიანს მსოფლიო ბაზრებზე;
- ჩვენს რეგიონში არსებობენ აგრესიული და ნახევრად აგრესიული ქვეყნები;
- ჩვენს რეგიონში არსებობს ოკუპაცია, კონფლიქტები და არასტაბილურობა.
თუ გადავხედავთ ყველაზე წარმატებულ აღმოსავლეთ ევროპელებს, რომლებიც დაახლოებით ჩვენნაირი პირობებიდან დაადგნენ საბაზრო ეკონომიკის გზას, აღმოვაჩენთ, რომ მრავალ მათგანს მეზობლებში
- თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით - უბრალოდ, გაუმართლა. მაგალითად, ავიღოთ სლოვენია - თუ ჩვენი მეზობლები იქნებოდნენ იტალია და ავსტრია, თითოეული ჩვენგანი, სლოვენიის მცხოვრებლებივით, ადვილად:
- ავდგებოდით დილით 7 საათზე და ოფისში არ დავაგვიანებდით, რადგან გვეცოდინებოდა, რომ ჩვენმა უშუალო კონკურენტებმა უკვე გახსნეს მაღაზია;
- ვისწავლიდით ბიზნესის კეთებას; თუ რამე არ გვეცოდინებოდა, ჩავსხდებოდით ავტომობილში და გადავიდოდით მეზობლად, ინსბრუკში ან ტრიესტში, თვითგანათლების study-tour-ში;
- შევეცდებოდით დაგვერწმუნებინა მდიდარი მეზობელი, რომ ჩვენთან ინვესტირება ღირს;
- მოვახერხებდით ურთიერთობას მეზობლებთან, რომლებიც, სულ მცირე, ნაკლებად აგრესიულები იქნებოდნენ;
- დავპატიჟებდით უფრო შეძლებულ ტურისტებს მეზობელი ქვეყნებიდან.დაახლოებით ასე მოხდა ჩეხეთში, ესტონეთში, მოგვიანებით პოლონეთში, სლოვაკეთში და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენ უარეს მდგომარეობაში ვიყავით:
1. ჩვენი სამეზობლო, ეკონომიკური თვალსაზრისით, გაცილებით პრობლემატურია: ღარიბია და არა კონკურენტუნარიანი (ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის). თანამშრომლობა შეზღუდულია;
2. ჩვენ გადავიტანეთ ომები, 20-წლიანი აგრესია, გრძელვადიანი ენერგეტიკული და სავაჭრო ბლოკადები, რომლებმაც ჩვენი ეკონომიკა გააჩერა და შეაფერხა განვითარება;
3. საქართველოს ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში განიცდიდა ორმაგ სირთულეს: ა. გეგმიურიდან საბაზრო სისტემაზე გადასვლა. ბ. კოლონიური ეკონომიკის მსხვრევა. ასეთი პრობლემა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების უმეტესობას არ ჰქონია. სწორედ ამის გამოა ჩვენი შრომითი რესურსები არაკონკურენტუნარიანი;
4. არანაკლებ მნიშვნელოვანია დასავლური მემარცხენე იდეოლოგიური ზეწოლა, რომელიც საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპისგან განსხვავებით, ყოველგვარი ინტეგრაციული პროცესების გარეშე მიმდინარეობდა;
5. გლობალურმა კრიზისმა შეაჩერა ჩვენი ყველა პარტნიორის განვითარება, ხოლო მსოფლიო სავალუტო მანიპულირებამ მთელი რესურსები მიმართა მთავრობების ჩავარდნების შედეგთა შემცირებისაკენ (კარგ ბიზნეს გარემოში ინვესტირების ნაცვლად).
ამ პირობებში გრძელვადიანი, სტაბილური და მაღალი ზრდის (ორნიშნა) მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაქსიმალურად თავისუფალი ბიზნეს საინვესტიციო გარემოს მიღწევით. რაც ნიშნავს: 1. გადასახადის განაკვეთების კიდევ უფრო შემცირებას; სახელმწიფო და სოციალური ხარჯების მკვეთრ კლებას. 2. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას და სახელმწიფო საკუთრების საბოლოო დენაციონალიზაციას. 3. დერეგულირებით ბიზნესის კიდევ უფრო გაადვილებას. 4. მონეტარული და ფისკალური დისციპლინის გამყარებას და 5. კიდევ უფრო მეტი თავისუფალი ვაჭრობის მიღწევას.
ნებისმიერი სხვა გზა მიგვიყვანს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე, რომლის ეკონომიკური ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ნებისმიერი საერთაშორისო დახმარება. დასავლეთის მკვეთრი გადახვევა მემარცხენეობისკენ ჩვენს სარგებლად უნდა ვაქციოთ: გვეძლევა შანსი, რომ მათი დაკარგული ინვესტიციები ჩვენკენ მოვიზიდოთ.
![]() |
9 პუტინოკრატია |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
თამარ ჩერგოლეიშვილი
„ვფიცავ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისას პატივს ვცემ და დავიცავ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს“... ასე იწყება ფიცი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა ბოლო 12 წლის მანძილზე უკვე მესამედ წარმოთქვა და გამოგვიტყდა, რომ მისი ცხოვრების აზრი, სამშობლოს და ერის სამსახურია.
პუტინის მესამე (ფაქტობრივად, მეოთხე) ვადის დაწყება, უფრო თვითმპყრობელი ხელმწიფის კორონაციას ჰგავდა, ვიდრე არჩეული ლიდერის ინაუგურაციას. იმ განსხვავებით, რომ „მეფედ კურთხევის“ ცერემონიამ მოზეიმე ხალხის გარემოცვის ნაცვლად, დაცარიელებულ ქალაქის ცენტრში ჩაიარა.
საქმე ისაა, რომ ერთი დღით ადრე, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ადამიანის უფლებების პატივისცემის აღთქმას დადებდა, პოლიცია გაუსწორდა მათ, ვინც პროტესტი სცადა. დაკავებები მეორე დღესაც გაგრძელდა - დაპატიმრებულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. დაიჭირეს ყველა, ვისშიც აქციის გამართვის პოტენციალი დაინახეს. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები ბორის ნემცოვი, ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი. დაარბიეს რესტორანი, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებოდნენ. ჩაიკეტა ყველა ქუჩა, რომელიც პუტინს უნდა გაევლო წითელ მოედნამდე მისასვლელად. დაკავებულთა უმეტესობა მცირედი თანხით დაჯარიმდა, ნავალნისა და უდალცოვს 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ზოგიერთი ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ინაუგურაცია დასრულდა.
ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაყრდნობით, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს „სამშობლოს სამსახურში“, ანუ რუსეთის სათავეში ყოფნის ხანგრძლივობით, ლეონიდ ბრეჟნევს აჯობოს. ამ უკანასკნელმა საბჭოთა კავშირის ლიდერის პოსტზე თვრამეტი წელი გაძლო. აშკარაა, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძე, შემდეგი თორმეტი წელიც იქ აპირებს დარჩენას, სადაც წინა თორმეტი გაატარა. მაგრამ რამდენად მოახერხებს, ცალკე საკითხია.
ბევრი მიიჩნევს, რომ პუტინი ამ ვადასაც ვერ დაასრულებს, რადგან მისი პოპულარობა, რასაც რამდენიმე წლის წინ საბაზრო ეკონომიკისა და ნავთობის შემოსავლების მკვეთრი ზრდა უმაგრებდა ზურგს, დღეს სწრაფად ეცემა. თუმცა, სკეპტიკოსები ასეთ პროგნოზებს სასურველის რეალურად გასაღების მცდელობად ნათლავენ და მაგალითად სხვა დიქტატორები მოჰყავთ, რომელთაც მასობრივი უკმაყოფილების მიუხედავად, ხელისუფლებაში დიდხანს გაძლეს.
„მას არ სჭირდება მასობრივი მხარდაჭერა, - განაცხადა Wall Street Journal-თან საუბარში ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ბუენო დე მესკიტამ, რომელიც თანაავტორია წიგნისა „დიქტატორის სახელმძღვანელო“, - მთავარია ნავთობიდან საკმარისი შემოსავალი მიიღოს საიმისოდ, რომ ვიწრო წრე დააკმაყოფილოს. პირველ რიგში, არმია და უშიშროების სამსახური“.
1999 წლის მიწურულს, ელცინის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინმა ლუბიანკაზე შეკრებილ ФСБ-ს თანამშრომლებს განუცხადა, რომ უშიშროების ოფიცერთა ჯგუფი, რომელიც ფარულად ჩაინერგა ხელისუფლებაში, წარმატებით ახორციელებდა თავის მისიას. როცა ეს ამბავი გახმაურდა, ბევრმა ხუმრობად მიიჩნია. თუმცა დღეს ყველასთვის ცხადია, რომ თანამედროვე რუსეთი მართლაც საბჭოთა უშიშროების პროდუქტია, სახელწოდებით „Кооператив Озеро“. ეს ამხანაგობა პუტინმა და მისმა მეგობრებმა 1996 წელს შექმნეს, როცა ერთმანეთის მახლობლად, სანკტ-პეტერბურგის შემოგარენში აგარაკები შეიძინეს. დღეს რუსეთს სწორედ ამ ამხანაგობის წევრები განაგებენ. ზოგი უშუალოდ მთავრობაშია, დანარჩენები Газпром-ს, ნავთობის ექსპორტს და სხვა მნიშვნელოვან ბიზნესმიმართულებებს მართავენ და მილიარდერები არიან.
ქვეყანა, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების უფლებები არ ადარდებს, ვერც მეზობლების თავისუფლებას სცემს პატივს. ისტორია გვიჩვენებს, რომ ქვეყნების საშინაო და საგარეო ქცევას შორის ურთიერთკავშირი არსებობს - ფაქტია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთთან არ ომობენ. მაგრამ დღეს, რუსეთის დემოკრატიზაციაზე ზრუნვა, საერთაშორისო პრიორიტეტების რიცხვში ვერ ხვდება.
პუტინი თავის მთავარ დამსახურებად რუსეთის ეროვნული ღირსების აღდგენას მიიჩნევს. რუსეთის ხელისუფლებას რომ ღირსებაზე თავისებური წარმოდგენა აქვს, ყველა თანხმდება. ისინიც კი, ვინც პუტინის ფიგურის ერთგვარ რომანტიზებაშია შემჩნეული. „ვცდილობდი, მისთვის ამეხსნა, თუ რატომ არ ენდობოდა რუსეთს დასავლეთი, - ჰყვება კრემლის ყოფილი მრჩეველი და BBC-ს ყოფილი ჟურნალისტი ანგუს როქსბურგი, - დემოკრატიას არ ახარებთ, მედიას აკონტროლებთ, საბჭოთა წარსულის დაგმობაზე უარს ამბობთ, სტალინსაც კი ნორმალურ პოლიტიკოსად მიიჩნევთ. ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ დასავლეთმა შიშით შემოგხედოთ. პასუხი ყოველთვის ერთი იყო - დასავლეთის ლექციები დემოკრატიაზე არავის სჭირდება, ჩვენ ყველაფერს ჩვენებურად გავაკეთებთ“.
მართლაც, პუტინი ყველაფერს თავისებურად აკეთებს, ზუსტად ისე, როგორც КГБ-ში ასწავლეს - მას შემდეგ, რაც კომუნიზმი ჩაფლავდა, შექმნა კაპიტალისტური, მაგრამ ტოტალურად კორუმპირებული სახელმწიფო. სადაც უშიშროების სამსახური აკონტროლებს ეკონომიკას, ბანკებს და მედიას. ხოლო მათ, ვინც კონტროლს არ ექვემდებარება - კლავს ან ციხეში ალპობს.
უფრო მეტიც, უკვე არაერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ რუსეთი იქით კარნახობს დასავლეთს თამაშის წესებს. „200 ათასი რუსი ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში, - წუხს ბრიტანელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი, სერ მაქს ჰასტინგსი, - მათი სახით ბრიტანულ ყოფაცხოვრებაში განგსტერთა კულტურა მკვიდრდება. საეჭვო გზებით ნაშოვნი ფულით ყიდულობენ სასახლეებს და ფეხბურთის გუნდებს - მთავრობა ამაზე თვალს ხუჭავს. ლონდონი ფულის გათეთრების მსოფლიო დედაქალაქად იქცა“.
„მზაკვრობა - ჯაშუშები და სიცრუე, ანუ როგორ აბრიყვებს რუსეთი დასავლეთს“, ასე ჰქვია The Economist-ის საერთაშორისო სექციის რედაქტორის, ვეტერანი ჟურნალისტის, ედვარდ ლუკასის წიგნს, რომელიც პუტინის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა.
ავტორი, რომელსაც რუსეთში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, კონკრეტული მაგალითების მეშვეობით, ზუსტად აღწერს, თუ როგორ მოქმედებს პუტინის ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის დაზვერვა და რა მეთოდებს იყენებს ის დასავლეთზე გავლენის მოსახდენად.
თანამედროვე რუსი ჯაშუში ძველი საბჭოთა შპიონისგან განსხვავდება. განსხვავების აღსაწერად ლუკასი, ამერიკის ცენტრალური საგამოძიებო სააგენტოს დირექტორთან, ჯეიმს უოლსისთან საუბარს იხსენებს - „თუ შეხვდი ინგლისურად ბრწყინვალედ მოლაპარაკე რუსს, რომელიც თავს ბიზნესმენად წარმოგიდგენს, 3000-დოლარიანი კოსტიუმი და Gucci-ს ფეხსაცმელი აცვია, ოთხი ვარიანტი განიხილე: მართლაც ის არის, რადაც თავს ასაღებს; რუსეთის დაზვერვის აგენტია და ბიზნესის საფარქვეშ მუშაობს; დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის წევრია; მაგრამ მეოთხე და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შეიძლება სამივე ერთად იყოს. იმიტომ რომ რუსეთში ეს სტრუქტურები უპრობლემოდ ითავსებენ ერთმანეთს“.
პუტინის დაზვერვის თანამშრომელი, ხშირად საკუთარი სახელით და გვარით, რომელიმე კვლევით ორგანიზაციაში, ანაც გავლენიანი პერსონის სამსახურში ეწყობა და, ერთი მხრივ, ინფორმაციას აგროვებს, მეორე მხრივ - გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ცდილობს. თუ ქალია, შესაძლოა მეტსაც მიაღწიოს. ამის მაგალითი კატია ზატულივეტერია - ახალგაზრდა ქალბატონმა ჯერ მუშაობა დაიწყო, ხოლო შემდეგ, უფრო მეტად „დაუახლოვდა“ თავისზე 40 წლით უფროს ბრიტანელ პარლამენტარს, მაიკ ჰენკოკს, რომელიც ამავდროულად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც იყო. როგორც გაირკვა, ზატულივეტერის მიზანს, ბრიტანეთის თავდაცვის შესახებ ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენდა. თუმცა უარს არც სხვა სერვისებზე ამბობდა.
ასე მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჰენკოკი თავგამოდებით უხდიდა მადლობას რუსეთის ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის შეჩერებისთვის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც იმავესკენ მოუწოდებდა.
ავტორის მტკიცებით, დასავლური საზოგადოება კრემლის აგენტურის სამოთხეა - „მიუხედავად მეტალოდეტექტორისა ყველა კუთხე - კუნჭულში, ჩვენ განსაცვიფრებელ, თვითმკვლელობის ტოლფას ნდობას ვიჩენთ, როცა საქმე რეალურ უსაფრთხოებას ეხება… გავრცელებული აზრია, რომ ჩვენ საიდუმლოებები აღარ გაგვაჩნია, რომც გვქონდეს, რუსეთს ისინი არ აინტერესებს და არც იმის უნარი აქვს, რომ მოიპოვოს… ეს არასწორია!“.
მნიშვნელოვანი განსხვავება რუსულ და დასავლურ დაზვერვას შორის ისაა, რომ დასავლეთის მოტივაციას საჭიროება წარმოადგენს. თუ სჭირდება ინფორმაცია, ინვესტირებას ახდენს მის მოპოვებაში. რუსები სხვაგვარად მოქმედებენ: მათ შპიონები ყოველი შემთხვევისთვის ჰყავთ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ. ისინი ყიდულობენ ყველას, ვინც იყიდება და ვინც გავლენის გავრცელებასა და მიმდინარე დისკუსიის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ შემობრუნებაში შეუწყობს ხელს.
ამას ემატება უანგარო „სასარგებლო იდიოტთა“ არმია და, რაც მთავარია, ის, რომ რუსეთს მკაფიო განზრახვა აქვს, რომელსაც გულისყურით ეკიდება, განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისაგან, რომლებიც პუტინის რეჟიმს არაადეკვატურად და არასერიოზულად აღიქვამენ - რუსეთი ხომ საბჭოთა კავშირი არაა.
ლონდონში ყოფნისას საშუალება მომეცა, ედვარდ ლუკასს თავად შევხვედროდი და მისი ახალი წიგნის შესახებ გვესაუბრა.
![]() |
10 ედვარდ ლუკასი: ერთ დროს „ყოვლისშემძლე შტირლიცი“ დღეს ძალიან დასუსტებულია |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
თამარ ჩერგოლეიშვილი
თქვენი ბოლო წიგნი - Deception - Spies, Lies and How Russia Dupes the West (მზაკვრობა - ჯაშუშები და სიცრუე, ანუ როგორ აბრიყვებს რუსეთი დასავლეთს), დასავლეთში რუსული აგენტურის დიდი დოზით ინფილტრაციას ეხება და წარმოადგენს ერთგვარ გაფრთხილებას, რომელსაც, როგორც ვაცლავ ჰაველი გვირჩევს, „სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ“. რატომ? რა საფრთხის შემცველია რუსეთის მიერ „საიდუმლოებების ქურდობა“? რაში შეიძლება გამოიხატოს ის?
ვფიქრობ, უფრო შორიდან უნდა დავიწყოთ და ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანას (დიდ ბრიტანეთს) კვლავინდებურად აქვს სახელმწიფო საიდუმლოებები და ეროვნული ინტერესები, რომლებიც კონფლიქტშია რუსეთის ინტერესებთან. ბევრი ბრიტანეთში, და კიდევ უფრო მეტი კონტინენტურ ევროპაში, თვლის, რომ ჩვენ დასამალი აღარაფერი გვაქვს. ამდენად სანერვიულო არაფერია.
მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთს აინტერესებს, როგორ მუშაობს ჩვენი თავდაცვის სისტემა, ფინანსური სექტორი, როგორ ვიკვლევთ ფულის გათეთრების შემთხვევებს, როგორ მუშაობს ლონდონის საფონდო ბირჟა და ასე შემდეგ. ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ისინი აგენტურის მეშვეობით ცდილობენ. გარდა ინფორმაციისა, მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენაც სურთ და ამას ახერხებენ კიდეც.
ასე მაგალითად, შესაძლოა ჯაშუში დაუმეგობრდეს თეთრ სახლში მიღებულ პირს და მისი მეშვეობით შეეცადოს ინფორმაციის მოპოვებას - 2010 წელს მსგავსი შემთხვევა მოხდა კიდეც, როდესაც რუსეთის აგენტურამ ჰილარი კლინტონის ნდობით აღჭურვილი პირი, ალან პატრიკოვი ამოიღო მიზანში. ამას გარდა, სავსებით შესაძლებელია რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდეს ევროკომისიის რიგითი თანამშრომელი, რომელსაც შეხება აქვს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ საკითხებზე მოლაპარაკებებთან და ხელეწიფება, რომ ამ თემაზე ევროკავშირის პოზიციის შესახებ რუსეთს აცნობოს. ანდაც საქართველო ავიღოთ. ბუნებრივია, რუსეთს სურს იცოდეს, რა რეაქციას ელოდოს დასავლეთისგან იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ქვეყანაში კიდევ ერთ კრიზისს შექმნის - აღშფოთებას, შეშფოთებას თუ რაღაც სხვას, ანუ რა ფასი დაუჯდება. ის ამის გარკვევას თავისუფლად მოახერხებს აგენტურის მეშვეობით.
ამავე წიგნში თქვენივე კოლეგის, დონალდ ჯენსენის ციტატა მოგყავთ, რომელიც ამტკიცებს - რუსეთის მთავარი საექსპორტო საქონელი არა გაზი და ნავთობი, არამედ კორუფციაა. შეგიძლიათ ეს თემა გაშალოთ?
NATO-ს სამიტი. ბუქარესტი, 2008 წლის აპრილი
რა თქმა უნდა. ამისთვის საბჭოთა კავშირი გავიხსენოთ - ის კომუნიზმმა დააჩაჩანაკა. ყველა ხედავდა, რომ რადგან კომუნიზმი სახლში არ მუშაობდა, არც საზღვარგარეთ იმუშავებდა. ის მიმზიდველი არ იყო. ახლა სხვა რამ ხდება - რუსეთს მართავს КГБ-ს ყოფილ თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებმაც იქ კაპიტალიზმი დაამყარეს და საკითხი კარგად ესმით. შესაძლოა ჩვენზე უკეთესადაც. ისინი კარგად ხვდებიან, რომ დასავლური კაპიტალიზმის სუსტი წერტილი კორუფციაა და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ კაპიტალიზმი გარკვეული წესებით მოქმედებს. წესებს ადამიანები ადგენენ, ადამიანები კი მოსყიდვადნი არიან. რუსეთი მიხვდა, რომ პოლიტიკური გავლენა საკმაოდ იაფია, ბიუროკრატები იყიდებიან. ასე რომ, რომელიმე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრად ქალიშვილის ან ძმისშვილის არჩევა, ან რომელიმე წევრის მოქრთამვა, გაზეთის ყიდვა ან კვლევითი ორგანიზაციის დაფინანსება მშვენიერი იარაღია შენი პოზიციის დასაცავად. ეს ტაქტიკა რუსებს არ მოუგონიათ. საუდის არაბეთი დიდი ხანია ასე მოქმედებს, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში. რუსები ბევრად აგრესიულები არიან და ზიანიც მეტი მოაქვთ.
ამის მიუხედავად, ბევრი თვლის, რომ რუსული საფრთხე რეგიონის ფარგლებს არ სცდება და გლობალურ საშიშროებას არ წარმოადგენს…
რუსეთი გლობალურ ძალად მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს შეგვეძლო განგვეხილა. მიუხედავად თავდაცვის მიმართულებით სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი ზრდისა, რუსეთის სამხედრო ძალა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სისტემის უბადრუკი აჩრდილია. სადამდეც ტანკით მივა, მხოლოდ იმ ქვეყნებს თუ შეუტევს. ეს ცუდი ამბავია საქართველოსთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, შესაძლოა მონღოლეთისთვის. აი, მაქსიმუმი, რასაც შესაძლოა მან მიაღწიოს. თუმცა წარმატებით ართმევს თავს დიპლომატიური „ამრევის“ როლს: ბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს, ევროპაში მოქმედებს პრინციპით „დაყავი და იბატონე“ - ცდილობს ევროპული ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპიროს.
რუსეთის ანტიდასავლური განწყობის ერთ-ერთ მიზეზად მის არასრულფასოვნების კომპლექსს და დასავლური სიმდიდრით გამოწვეულ გაღიზიანებას ასახელებთ. ასე მარტივად დგას საქმე? რუსეთს შურს?
კი, ეს ჩეკისტური მსოფლაღქმის ნაწილია - ყველაფერი, რაც კარგია დასავლეთისთვის, ცუდია რუსეთისთვის. თუ დასავლეთი იგებს, რუსეთი აუცილებლად აგებს.
თქვენ ამბობთ, რომ ყოველივე ეს ფსიქოლოგიურია?
მთლიანად ფსიქოლოგიური არ არის, მაგრამ დიდწილად - კი. გაიხსენეთ წიგნიდან ჰერმან სიმის ისტორია - ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა. მას ესტონეთის ტერიტორიიდან რუსეთზე NATO-ს თავდასხმის საიდუმლო გეგმის მოპოვება დაავალეს. რუსეთს ვერ წარმოედგინა, თუ რატომ შეიძლებოდა, ბალტიის ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიეღოთ, თუ ეს უკანასკნელი რუსეთზე შეტევას არ აპირებდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დროისთვის NATO-ს არამც თუ ესტონეთიდან რუსეთზე შეტევის გეგმა არ ჰქონდა, ბალტიისპირეთი როგორ დაეცვა რუსეთისგან, ისიც კი არ იცოდა.
რუსეთი ყველაფერს ვიღაცის ჯიბრით აკეთებს. თავისთავად, ძალაუფლებისთვის შეჯიბრში არანორმალური არაფერია და მასში ყველა ქვეყანაა ამა თუ იმ ფორმით ჩართული, მაგრამ უმეტესობა თანამშრომლობის სიკეთესაც ხედავს. რუსეთი - არა. ისინი მხოლოდ კონკურენციაში ხედავენ სიკეთეს და ბინძური წესებით თამაშობენ.
ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისტორიული ანტიამერიკანიზმი. КГБ-ს ვეტერანები, მაგალითად ვლადიმირ პუტინი, აღიზარდნენ მაშინ, როცა ამერიკა „გლავნი ვრაგ“ - მთავარი მტერი იყო. ისინი დღესაც ასე ფიქრობენ - ამერიკელების ხელს ხედავენ ყველა პრობლემის უკან, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამერიკა ფაქტორი სულაც არაა.
ლენინს დაესესხეთ და თქვენს წიგნში მთელი თავი მიუძღვენით „სასარგებლო იდიოტებს“ დასავლეთში, რომლებიც პუტინის რეჟიმის გაძლიერებას უწყობენ ხელს. თუმცა მათ არ ასახელებთ. რატომ არ აკონკრეტებთ, ვის გულისხმობთ?
რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა საქართველოში. 2008 წლის აგვისტო
ცილისწამების შესახებ კანონმდებლობა ბრიტანეთში ძალიან მკაცრია. მე რომ დამესახელებინა წამყვანი გერმანული კვლევითი ორგანიზაცია (think tank), ან ამერიკული, ანდაც ბრიტანული, რომლებიც მუდმივად ამართლებენ პუტინს და ამავდროულად ბევრი ფული აქვთ, აუცილებლად სასამართლოში ამოვყოფდი თავს და შესაძლოა, ჩემს გამომცემელს ბევრი ფულის გადახდა დასჭირვებოდა იმიტომ, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება გამიჭირდებოდა.
ამიტომ მხოლოდ მინიშნებას ვაკეთებ იმაზე, რომ დასავლეთში ბევრი გულწრფელი იდიოტია, რომელიც პუტინის რეჟიმს ამართლებს. ესენი პატიოსანი იდიოტები არიან და თავისუფლად ვამბობ, იმიტომ რომ ვიღაცისთვის იდიოტის წოდება ცილისწამებად არ ჩამეთვლება. მაგრამ არიან სასარგებლო ცინიკოსებიც, რომლებიც ფულს იღებენ და რეჟიმებზე მუშაობენ - იქნება ეს ჩინეთი, საუდის არაბეთი თუ ბელარუსი. მაგრამ რუსეთის შემთხვევა განსხვავებულია - მათ ყველა დონეზე შეაღწიეს. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენთან სხვებზე ახლოს არიან. საუდის არაბეთს არ ენაღვლება, ვინ გააკრიტიკებს, მათ იარაღის თემა აინტერესებთ და შესაძლოა, ამა თუ იმ უნივერსიტეტში ყურანის შესწავლა დააფინანსონ. რუსების შემთხვევა განსხვავებულია - ისინი ამ გზით ცდილობენ, აღკვეთონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება და მასში განხეთქილება შეიტანონ, გადაგვაფიქრებინონ მისი მეზობელი პატარა ქვეყნების დახმარება, მოშალონ ჩვენი ფინანსური სისტემა და ასე შემდეგ. ამისთვის ისინი იყენებენ მშვენიერ ასისტენტებს, რომლებიც ბრიტანელ პარლამენტარებთან იყოფენ საწოლს, ქრთამავენ მინისტრებს, რომლებიც თანამდებობებიდან წასვლისას, რუსულ კომპანიებში ინიშნებიან მაღალ პოსტებზე. ასე რომ, რუსეთის შემთხვევა ბევრად უფრო შემაშფოთებელია.
ბევრი საუბრობს ამერიკის ჰეგემონიის დაღმასვლასა და პოსტამერიკულ მსოფლიოზე. ზოგიერთი ამას გარდაუვალ რეალობად ასაღებს, თუმცა ამასწინათ გამოქვეყნდა ჩარლზ კრაუტჰამერის სტატია, სადაც ის ამტკიცებს, რომ ამერიკის დაღმასვლა მისი დღევანდელი ხელისუფლების არჩევანია. თქვენ რას ფიქრობთ?
პოსტამერიკული მსოფლიო ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრანსატლანტიკური ერთობა მართლაც შესუსტებულია. მგონი, ბუში ბოლო ატლანტისტი პრეზიდენტი იყო, არცთუ კარგი, მაგრამ ბოლო. ვფიქრობ, ერაყის და ავღანეთის ომების მთავარი მსხვერპლი ამერიკისთვის არიან ევროპელი მოკავშირეები, რომლებმაც მის ომში იბრძოლეს - ამის შედეგად ტრანსატლანტიკური ერთობა დაზარალდა. ამერიკამ ეს ომები ვერ მოიგო, მაგრამ დიდი ფასი გადაიხადა. სწორედ ამიტომ, როდესაც ევროპაში ამერიკის გავლენაზე ვსაუბრობთ, 2001 წლის 11 სექტემბერი წყალგამყოფი მგონია. ამერიკის ჰეგემონიამ ევროპაში იმ დროიდან დაიწყო დაღმასვლა. მან ევროპის სოლიდარობის რესურსი ერაყის და ავღანეთის ომების შედეგად ამოწურა.
თუმცა ცხადია, რომ დღესაც, ამერიკა და ევროპა ერთად მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა და მას შეუძლია მსოფლიოს მართვა, მაგრამ ეს უფრო იშვიათად ხდება. ამერიკული სამხედრო შენაერთები ევროპას ტოვებენ და ვერაფერს გავაწყობთ.
თქვენ გადატვირთვის პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებთ, ამბობთ, რომ ის უშედეგოა. მაგრამ სხვა კუთხით რომ შევხედოთ, რა დაშავდა? პუტინი გადატვირთვამდეც ახერხებდა თავისის გატანას, მაშინ როდესაც ამერიკისა და რუსეთის ხელმძღვანელობის რიტორიკა მტრული იყო. მაგალითად, ბუქარესტის სამიტი ავიღოთ, სადაც საქართველოს და უკრაინას MAP-ზე უარი ეთქვა, ანდაც საქართველო-რუსეთის ომი…
გადატვირთვა ფანდი იყო და როგორც ფანდს შეეფერება, მან გარკვეული დიპლომატიური სივრცე შექმნა. კი, შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთის თუ სლოვაკეთის ახალი ცივი ომის ფრონტის ხაზზე ყოფნა არცთუ კომფორტული იყო და ამერიკა-რუსეთს შორის რიტორიკის გამოსწორებამ, ამ ქვეყნებს კრემლთან ამოსუნთქვის და მცირე მანევრირების საშუალება მისცა. ვიღაცამ შეიძლება ისიც ამტკიცოს, რომ გადატვირთვის შედეგია ავღანეთში მიღწეული თანამშრომლობა და START-ი, მაგრამ მთავარია, რომ რუსეთმა დათმო მხოლოდ ის, რის დათმობასაც გადატვირთვის გარეშეც აპირებდა და მისივე ინტერესებში იყო. რუსეთს ხელს აძლევდა ამერიკის წარმატება ავღანეთში, ისევე როგორც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება. მეტი არაფერი მიგვიღია.
წიგნში ამბობთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა, განსაკუთრებით გერმანია, მცდარად მიიჩნევს, რომ რუსეთთან დაძაბულობა გაუგებრობის შედეგია და არა ფასეულობათა დაპირისპირების და ამიტომ რუსეთის შეკავებაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ იმაზე, რომ მას უკეთ გავუგოთ. თვლით თუ არა, რომ ბუქარესტის სამიტი, სადაც გერმანიამ საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება დაბლოკა, ამის მაგალითი იყო?
ბუქარესტის სამიტის შედეგი უფრო ამერიკის „დამსახურებაა“, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის. მას NATO-ს ფარგლებში ყველაფრის მიღწევა შეუძლია, თუ საკმარის დროს და ძალისხმევას დაუთმობს. ამერიკელებს რომ კარგად ემუშავათ, ბუქარესტი ისევე დასრულდებოდა, როგორც პრაღა და დღეს მსოფლიო უკეთესი ადგილი იქნებოდა. მათ MAP-ი უკრაინისა და საქართველოს წევრობის გარანტიად წარმოაჩინეს, როდესაც ის მხოლოდ დაახლოების მექანიზმია. ამან ევროპელები დააფრთხო - მათ არ სურდათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლი იმ ქვეყნებზე გავრცელებულიყო, სადაც ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამერიკელებმა გერმანელები საკითხის სერიოზულობაში ვერ დაარწმუნეს.
კი, მაგრამ საბოლოოდ ბუქარესტის სამიტი ისე დამთავრდა, რომ საქართველომ და უკრაინამ გარკვეული გარანტია მაინც მიიღეს - ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, ვიცით, რომ ჩვენ გავხდებით NATO-ს წევრები და რომ მისი კარი ჩვენთვის ღიაა…
ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი პოლკოვნიკი ალექსეი ზაგოროდნი. 2006 წლის ოქტომბერი
ეს დიპლომატიური ილეთი იყო და არა რეალური პირობა. მე ეს ძალიან არ მესიამოვნა - ერთი იმიტომ, რომ ცარიელმა დაპირებამ ქართველები გაათამამა. ამას გარდა, რუსებმა ეს პირობა სერიოზულად აღიქვეს. ალბათ ეს ყველაზე უარესი შედეგი იყო. ცარიელ დაპირებას სჯობდა, გადაწყვეტილების მიღება შემდეგი სამიტისთვის გადაედოთ. ბუქარესტის სამიტის დასრულებისთანავე მივხვდი, რომ ომი დაიწყებოდა. აგვისტოს ომს მე ბუქარესტის სამიტს ვაბრალებ.
თქვენს წიგნში წუხილს გამოთქვამთ რუსული შპიონაჟის მიმართ დასავლეთის ინდიფერენტული დამოკიდებულების გამო. ამან 2006 წელი გამახსენა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსი ჯაშუშები გამოააშკარავა და საჯაროდ შეარცხვინა. ეს ნაბიჯი ბევრმა არაკონსტრუქციულად ჩათვალა და საქართველოს ხელისუფლება გაკიცხა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
როგორც წესი, სხვა ქვეყნის ჯაშუშებს ისევე ექცევი, როგორც შენსას გინდა მოექცნენ. ამიტომ წყნარად ყრი ქვეყნიდან და დიდ აჟიოტაჟს არ ტეხ. თუმცა, ხანდახან საჯარო სიგნალის გაგზავნა გჭირდება იმის სათქმელად, რომ შენს ქვეყანაში ასეთი მოქმედება დაუშვებელია - მაგალითად მაშინ, როცა ეს ხალხი ტერორისტულ აქტს გეგმავს.
როცა საქმე კლასიკურ შპიონაჟთან გაქვს - დაზვერვის თანამშრომლებთან, რომლებიც საელჩოს საფარქვეშ მუშაობენ და ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ, ერთია. მაშინ წესებით თამაშობ. მაგრამ როცა უცხო ქვეყნის დაზვერვა შენს ქვეყანაში გადატრიალებას ან აფეთქებებს გეგმავს - საჯარო სიგნალის გაგზავნის სასარგებლო არგუმენტის წონა მკვეთრად იმატებს. ამასთან, შენ თუ დასავლური მოწყობის ქვეყანა ხარ, რუსეთის ტერიტორიაზე იმავე მოქმედებებს არ დაგეგმავ, შესაბამისად, იმავე საქმიანობისთვის შენს ჯაშუშებს რუსეთში ვერ დაიჭერენ.
ასე რომ, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, 2006-ში დაბრუნება რომ შეეძლოს, საქართველოს ხელისუფლება იგივენაირად არ მოიქცეოდა.
რა გაძლევთ ასე ფიქრის საფუძველს?
ინსტინქტი მკარნახობს. შეიძლება ვცდები. ზოგადად, შურისძიება ისეთი კერძია, რომ ცივად უკეთ იჭმევა. როდესაც მშვიდად მოქმედებ, უფრო მეტს მიიღებ, ვიდრე მყისიერი, ცხელი რეაქციით.
სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების მთავარი პირობა რუსეთთან ურთიერთობის „დალაგებაა“, თანაც საქართველოს დასავლური კურსის შეცვლის გარეშე. რამდენად რეალისტურად გესახებათ ეს დაპირება? ჯორჯ კენანი ამტკიცებდა, რომ რუსეთთან კეთილმეზობლობა შეუძლებელია, ან მისი ვასალი უნდა იყო, ან მტერი. თქვენ რას ფიქრობთ?
ამ კითხვაზე ერთი კარგი წიგნი გამახსენდა - „მოლაპარაკება საბჭოთა კავშირთან“ (Negotiating with Soviets), ასე ჰქვია. ვფიქრობ, კენანი მართალია, რუსეთთან ურთიერთობაში ან „ია ნაჩალნიკ, ტი დურაკ“ უნდა იყოს, ანდაც პირიქით. მასთან თანასწორი ურთიერთობა აბსურდია. საქართველო ვერ იმეგობრებს რუსეთთან.
ამას გარდა, გაიხედ-გამოიხედეთ, მაჩვენეთ ქვეყანა, რომელთანაც რუსეთს ნორმალური ურთიერთობა აქვს - გნებავთ დიდი, გნებავთ პატარა. ერთადერთი შროდერის გერმანია მახსენდება, ვისთანაც რუსეთმა ნორმალური ურთიერთობა შეძლო, ისიც იმიტომ, რომ შროდერს თავიანთ ჭკუაზე ატარებდნენ. მაგრამ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომელიც რუსეთთან ურთიერთობით კმაყოფილია.
მაგალითად, დანია და გერმანია, ან ნიდერლანდები და გერმანია ავიღოთ. მათ ისტორიული საფუძველი აქვთ იმისთვის, რომ დაპირისპირებულნი იყვნენ, მაგრამ გერმანია ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობა იქონიოს. რუსეთის შემთხვევაში, ასეთ ქვეყანას ვერ იპოვით - ვენესუელას თუ არ ჩავთვლით, ისიც იმიტომ, რომ იქაურ დიქტატორს რუსული ავტოკრატია მოსწონს.
ასე რომ - არა, თუ რუსეთში რეჟიმი არ შეიცვალა, საქართველო-რუსეთის ნორმალური ურთიერთობა რეალისტურად არ მეჩვენება.
რადგან რეჟიმის ცვლილება ახსენეთ, შეგეკითხებით - რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მოწმობს, რომ საზოგადოების ნაწილს მოთმინება ამოეწურა და მდგომარეობის შეცვლას ცდილობს. როგორ შეაფასებდით ამ პროცესს?
ერთი რამ ცხადია, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოვახდინოთ. მაგრამ შეგვიძლია მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველო და ბალტიის ქვეყნებია. მეორე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ისაა, რომ საკუთარი თავების კორუმპირება შევწყვიტოთ - შემოვიღოთ ფულის გათეთრების მკაცრი რეგულაციები, რაც რუსებს ფულით მანიპულირების არეალს შეუზღუდავს.
მოახერხებს კი უკმაყოფილო საშუალო ფენა რუსეთის დემოკრატიის გზით წაყვანას? მეეჭვება.
ჩვენ პუტინის პერსონა რეჟიმისგან უნდა გავაცალკევოთ. პუტინი მძიმე დღეშია. ერთ დროს „ყოვლისშემძლე შტირლიცი“ დღეს ძალიან დასუსტებულია, რუსული პოლიტიკა კი სუსტებს ვერ ეგუება. მან გაძლიერება უნდა იჩქაროს, თუმცა მგონია, რომ ამას ვერ შეძლებს - ძველ ავტორიტეტს ვეღარ აღიდგენს.
თავი ამოწურა იმ ბიზნესმოდელმაც, რომლის ფარგლებშიც ბუნებრივ რესურსებში აღებული ფულით ყიდულობ პოლიტიკურ კეთილგანწყობას - მონსტრის გამოკვებას ეგ ფული აღარ ყოფნის.
რეჟიმს რაც შეეხება, ის უფრო დიდხანს გაძლებს, თუკი განდევნის პუტინს და შეცვლის იმ ბიზნესმოდელს, რომლითაც მოქმედებს, გადადგამს ნაბიჯებს მოდერნიზაციისკენ, მოიშორებს რამდენიმე ოლიგარქს და შეეცდება ეკონომიკის დივერსიფიკაციას. მაგრამ ის კვლავინდებურად КГБ-ს რეჟიმად დარჩება და კეთილ მეზობლად არ იქცევა.
ჩემი ვარაუდი ასეთია და ვშიშობ, რომ დასავლეთს ისე გაუხარდება პუტინის წასვლა, ზედმეტი ფიქრის გარეშე ჩავიხუტებთ გულში ახალ, მაგრამ რეალურად ძველ რეჟიმს. იმის გაუაზრებლად, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა.
![]() |
11 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
სპილოების თავშესაფარი.
კენდი, შრი-ლანკა
![]() |
12 ოლანდის გზა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
საფრანგეთი
მიხეილ ბასილაია
6 მაისს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა. გამარჯვება ოლანდის მხარდამჭერებმა პომპეზურად აღნიშნეს, მაგრამ ახალ პრეზიდენტს ტრიუმფით ტკბობისთვის დიდი დრო არ ექნება. მისი ინაუგურაცია 16 მაისს შედგება, რის შემდეგაც პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა. 18 მაისს ოლანდი ოკეანის გაღმა გაემგზავრება და კემპ დევიდში დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერებს გააცნობს თავს. 20-21 მაისს ოლანდს ჩიკაგოში NATO-ს სამიტი ელის, ივნისში კი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ოლანდის მთავრობის ფორმირება იქნება დამოკიდებული და რადგან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ორთვიანი შუალედით ტარდება, ივნისში ფავორიტად სოციალისტური პარტია ითვლება. იქამდე საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა სასურველი პრემიერმინისტრი უნდა მოიძიოს. პრემიერის პოსტზე უპირველეს კანდიდატად ქალაქ ნანტის მერი და საფრანგეთის პარლამენტში სოციალისტური პარტიის ჯგუფის ლიდერი ჟან-მარკ ეირო მოიაზრება. 62 წლის ეირო პარტიაში ავტორიტეტით სარგებლობს და გერმანიის პოლიტიკურ ელიტასთან ახლო ურთიერთობები აკავშირებს. პრემიერმინისტრის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატი სოციალისტური პარტიის ლიდერი და ქალაქ ლილის მერი მარტინ ობრია. 61 წლის ობრი ოლანდის მენტორისა და 1985-1995 წლებში ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟაკ დელორის ქალიშვილია. სწორედ ის იყო 35-საათიანი სამუშაო გრაფიკის შემოღების ინიციატორი. 2008 წელს ობრიმ სოციალისტური პარტიის ლიდერის პოსტზე ოლანდი შეცვალა, 2011 წელს კი მასთან საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზში დამარცხდა. ობრის პრემიერმინისტრად დანიშვნას პარტიის მარცხენა ფლანგი მიესალმება.
ოლანდი საფრანგეთის ეკონომიკაში გადასახადების გაზრდასა და ძვირი სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შენარჩუნებას აპირებს. არჩევნებში გამარჯვებისთანავე მან განაცხადა, რომ ქამრის შემოჭერის პოლიტიკა უკვე აღარ არის გარდაუვალი. ის უახლოეს 5 წელიწადში დამატებით 20 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს. ექსპერტთა ვარაუდით, მასშტაბური ხარჯვითი პოლიტიკის გაგრძელება ინვესტორებს დააფრთხობს, რადგან საფრანგეთის საჯარო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 90 პროცენტს აღწევს. ამას მდიდრებისთვის გადასახადების 75%25-მდე გაზრდა ემატება.ოლანდის გამარჯვებასთან ერთად, დოლართან მიმართებაში ევროს კურსი კიდევ უფრო დაეცა.
გაზრდილი ხარჯების მიუხედავად, ოლანდი იმედოვნებს, რომ 2013 წლისთვის საფრანგეთი მოახერხებს ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებას და საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-ს 3 პროცენტამდე ჩამოყვანას. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, 2013 წლის ბოლოსთვის დეფიციტი მშპ-ს 3.9%25 იქნება. საფრანგეთის მთავრობას მოუწევს, რომ მხოლოდ შემდეგ წელს საკუთარი ხარჯები 18 მილიონი ევროთი შეამციროს. დაბალანსებული ბიუჯეტი საფრანგეთს ბოლოს 1974 წელს ჰქონდა. არაა გამორიცხული, გადასახადების ზრდასთან ერთად ქვეყნიდან კაპიტალის გადინება გაგრძელდეს. სავარაუდოდ, ფრანგული ფული ლონდონში აღმოჩნდება.
ჟან-მარკ ეირო
ოლანდის გაპრეზიდენტებით დაიშალა მერკელისა და სარკოზის დუეტი - მერკოზი. მერკელი არჩევნებზე ნიკოლა სარკოზის უჭერდა მხარს, ოლანდმა კი წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ გერმანია მთელი ევროპის ბედს არ უნდა წყვეტდეს. ოლანდსა და მერკელს თავდაპირველად ევროპის ფისკალურ აქტზე მოუწევთ მოლაპარაკება, რომელიც სამთავრობო ხარჯების შემცირებასა და ბიუჯეტების დაბალანსებას ისახავს მიზნად. ოლანდს სურს შეთანხმებაში მინიმალური ზრდის მიღწევის პუნქტი ჩადოს. აქტზე მოლაპარაკებების განახლება მის რატიფიკაციას ჩააგდებს. მერკელს არ სურს შეთანხმების გადახედვა და ამას 6 მაისამდეც ამბობდა. გერმანიის კანცლერმა საკუთარი პოზიცია საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს სატელეფონო მილოცვაშიც შეახსენა.
მარტინ ობრი
მერკელის კოალიციამ (ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და თავისუფალ დემოკრატთა ალიანსი) შლეზვიგ-ჰოლშტაინის ადგილობრივ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, რის შემდეგაც მას კიდევ უფრო ნაკლები სურვილი ექნება, რომ კომპრომისზე წავიდეს. მეორე მხრივ, ვერც საბერძნეთის არჩევნებში გაიმარჯვეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამასა და რეფორმების გატარებას ეთანხმებოდნენ. გერმანელებმა ფრანგებს შეიძლება ეკონომიკური ზრდის მიღწევის ალტერნატიული მექანიზმების შემუშავება (და არა ფისკალური აქტის შესწორება) შესთავაზონ.
ფისკალური რეფორმებიდან გადახვევამ შეიძლება გამოიწვიოს ევროსკეპტიკოსების - პირველ რიგში კი ბრიტანეთის - ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკასთან კიდევ უფრო გაუცხოება. მიუხედავად იმისა, რომ ფისკალურ შეთანხმებას არ შეუერთდა, ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი სამთავრობო ხარჯების შემცირებას ემხრობა, რაც შესაძლოა ბრიტანეთისა და გერმანიის დაახლოების წინაპირობა გახდეს.
როდესაც ოლანდი და მისი თანამოაზრეები ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ, ისინი კეინსიანურ პოლიტიკას - შიდა ბაზრების წახალისებას, ინფრასტრუქტურული პროექტებისა (ოლანდს სურს ევროკავშირში ისინი ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დააფინანსოს) და მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას (ევროპის საინვესტიციო ბანკიდან) გულისხმობენ. ევროპის საინვესტიციო ბანკი თანხებს სამთავრობო გარანტიების საფუძველზე გასცემს, სამხრეთის ქვეყნებს (პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი) კი დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ.
ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მეტ სამთავრობო ხარჯებს გულისხმობს. ექსპერტთა მოსაზრებით, ხარჯვის პოლიტიკის გაგრძელებას (რამაც ევროკავშირი კრიზისამდე მიიყვანა) ფინანსური ბაზრები უარყოფითად უპასუხებენ, გარკვეული პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების მიუხედავად კი, საბოლოო შედეგი გადასახადების, საბიუჯეტო დეფიციტის, საჯარო ვალისა და ინფლაციის გაზრდა იქნება.
ევროპის ქვეყნების პრობლემა, გადახარჯვის გარდა, კონკურენტუნარიანობის დაკარგვაა. ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ტემპს ვერ აყვა: 1974 წელს დასავლეთ ევროპის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის 36 პროცენტს შეადგენდა, 2011 წლისთვის ეს მაჩვენებელი 26 პროცენტამდე დავარდა, 2020 წლისთვის კი 15 პროცენტამდე დაიწევს. 1970-იანი წლების შემდეგ ამერიკის მაჩვენებელი (26%25) არ შემცირებულა.
ოლანდის წინასაარჩევნო პროგრამის 60 პუნქტიდან საგარეო პოლიტიკას 10-ზე ნაკლები ეთმობოდა, ანუ სავარაუდოდ, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ოლანდი სარკოზიზე ნაკლებად აქტიური იქნება. ამ უკანასკნელის მარცხი ეწყინათ ლიბიაში, სადაც საფრანგეთის ექსპრეზიდენტი NATO-ს ინტერვენციის ინიციატორი იყო და ამან აფრიკული ქვეყანა მუამარ კადაფისგან გაათავისუფლა. სამაგიეროდ, ოლანდის გამარჯვება გაუხარდათ სირიაში, სადაც ბაშარ ასადის ავტორიტარული რეჟიმი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ხელისუფლებას, სარკოზი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჟუპე კი მისი დისკომფორტის მიზეზები იყვნენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სარკოზი საფრანგეთის ყველაზე პროამერიკულ პრეზიდენტად ითვლებოდა, ოლანდი კი ავღანეთიდან საფრანგეთის ჯარების სასწრაფოდ გამოყვანას აპირებს. მას ექნება საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება 18 მაისს, დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირადად ამცნოს.
![]() |
13 სომხეთში მმართველი პარტია იმარჯვებს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ირაკლი გუნია
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ადგილების უმეტესობა მოიპოვა. საკუთარი პარტიის გამარჯვებამ, მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედ პრეზიდენტს პოზიციები უფრო გაუმყარა.
საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 44%25 მიიღო. მეორე ადგილზე 30%25-ით ამჟამინდელ სამთავრობო კოალიციაში მყოფი აყვავებული სომხეთის პარტია გავიდა. პარლამენტში მოხვედრა ხმების 7%25-ით ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის ცენტრისტულმა სომხეთის ეროვნულმა კონგრესმაც შეძლო. 5%25-იანი საარჩევნო ზღვარის გადალახვა აგრეთვე სამმა პარტიამ მოახერხა: ლიბერალურ-ცენტრისტულმა მემკვიდრეობამ, ცენტრისტულმა კანონის ძალაუფლებამ და სოციალისტურმა სომხურმა რევოლუციურმა ფედერაციამ, იგივე დაშნაკცუტიუნმა.
სომხეთის ეროვნულ კრებაში 131 ადგილია. 90 დეპუტატი პარტიების პროპორციული სიებით ირჩევა, 44 კი - მაჟორიტარული სისტემით. წინა, 2007 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ სამთავრობო კოალიციაში შედიოდა ოთხი პარტია, რომელთაგან ერთი მას 2009 წელს გამოეყო საგარეო პოლიტიკაში განსხვავებული ხედვის გამო. წლევანდელი არჩევნები ნაკლებად იყო დამძიმებული ტრადიციული კონფლიქტებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის - ის უფრო მმართველი კოალიციის წევრებს შორის ადგილების გადანაწილებას მოგვაგონებდა.
მმართველი რესპუბლიკური პარტია ქვეყნის უდიდესი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალაა. მისი იდეოლოგია მეოცე საუკუნის დასაწყისში წარმოქმნილ ნაციონალისტურ წეგაკრონს (ითარგმნება, როგორც „ერი-რელიგია“) ემყარება, რომლის მიხედვით, სომხურ ეროვნულ იდენტობას აუცილებლად რელიგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ლევონ ტერ-პეტროსიანის სომხეთის ეროვნული კონგრესი ცამეტი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაა, რომლის უშუალო წინამორბედი, ლიბერალური პანსომხური ეროვნული მოძრაობა, 1998 წელს ტერ-პეტროსიანის გადადგომამდე პარლამენტში დომინანტ ძალას წარმოადგენდა.
მეორე ადგილზე გასული კონსერვატორული აყვავებული სომხეთის პარტიის ლიდერი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი გაგიკ ცარუკიანია. ის მთავრობასთან დაკავშირებულ ყველაზე გავლენიან ოლიგარქად და წინა პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის მთავარ ბიზნესპარტნიორად მიიჩნევა. ექსცენტრული ცარუკიანი ევროპის ყოფილი ჩემპიონია მკლავჭიდში და ცნობილია თეთრი ტანისამოსისა და ლომის ბოკვერების განსაკუთრებული სიყვარულით. წელს ცარუკიანმა, საარჩევნო კამპანიის დროს, ქველმოქმედების სახით 500 ტრაქტორი დაარიგა, ხოლო 2007 წელს სოფლის მცხოვრებლებზე დიდი რაოდენობით კარტოფილი გასცა. სომხეთში ხუმრობენ, რომ დროის გასვლასთან ერთად ცარუკიანის ქრთამი უმჯობესდება.
საარჩევნო კამპანიის მთავარ თემებს უმუშევრობა, სიღარიბე და ემიგრაცია წარმოადგენდა. ყარაბაღის კონფლიქტის ნაცვლად სოციალური პრობლემების პრიორიტეტულობა სომხეთისთვის უჩვეულოა. დიდი განსხვავება ორი წამყვანი მემარჯვენე პარტიის ეკონომიკურ პროგრამებს შორის არ ყოფილა და ყურადღება უფრო საშინაო მრეწველობის აქტიურ განვითარებას, ასევე რუსეთთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგრძელებას ეთმობა. 2008-2009 წლების გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა სომხეთს დიდი დარტყმა მიაყენა - მისი მშპ 14,2%25-ით შემცირდა.
ტრადიციულ დარღვევებს მიჩვეული სომეხი ამომრჩეველი წლევანდელ არჩევნებს დემოკრატიის ათვლის წერტილად მიიჩნევს. პროცესის მშვიდობიანად ჩატარებას ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 2008 წლის თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუ ევროპელი დამკვირვებლების მხრიდან დაბალი შეფასება იქნება, მაშინ ევროკავშირის დახმარების პროექტებში სომხეთის მონაწილეობას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას საფრთხე ემუქრება. წლევანდელ განცხადებაში ეუთომ საარჩევნო რეფორმების და ღია გარემოს შექმნისთვის სომხეთის მთავრობა კი შეაქო, თუმცა ხაზი გაუსვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის ნდობის ნაკლებობას.
შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში 2013 წლის თებერვალში გაიმართება და უმთავრესი კანდიდატები იქნებიან მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, სერჟ სარგსიანი და ლევონ ტერ-პეტროსიანი. მათ გარდა, ბრძოლაში შესაძლოა კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ კოჩარიანი ჩაერთოს. მისი მთავარი მხარდამჭერი გაგიკ ცარუკიანის აყვავებული სომხეთის პარტია იქნება.
![]() |
14 მომავალს არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
სერბეთი
შოთა კაკაბაძე
ბორის ტადიჩი
ტომისლავ ნიკოლიჩი
ივიცა დასიჩი
6 მაისს სერბეთის მოსახლეობა ერთდროულად ირჩევდა პრეზიდენტს, პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას. ყველაზე დიდი მოულოდნელობა სოციალისტური პარტიის მაღალი მხარდაჭერაიყო, ვინაიდან ეს პოლიტიკური გაერთიანება სლობოდან მილოშევიჩთან ასოცირდება. გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, სოციალისტურმა პარტიამ ხმათა 16,6%25 აიღო, მაშინ, როდესაც პირველ ადგილზე გასულმა ოპოზიციურმა პროგრესის პარტიამ 24,7%25 დააგროვა, მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ კი - 23,2%25.
სოციალისტური პარტიის მაღალ ეშელონებში არჩევნების შედეგები უკვე ტრიუმფად შერაცხეს. ეს პარტია 1990 წელს დაარსდა სლობოდან მილოშევიჩის სერბეთის კომუნისტური ლიგისა და მშრომელ ხალხთა სოციალისტური ალიანსის შერწყმის შედეგად. 2006 წელს, მილოშევიჩის გარდაცვალების შემდეგ, პარტიის სათავეში მოექცა ივიცა დასიჩი, რომელმაც პოლიტიკური გაერთიანების მოდერნიზაცია და მისი ულტრანაციონალისტური წარსულის ჩამოშორება დაიწყო.
2008 წლის არჩევნების შედეგად, როდესაც პარტიას ხმათა 7,5%25 ერგო, სოციალისტებმა დემოკრატიულ პარტიასთან ერთად კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს, სადაც ოთხი მინისტრისა და პირველი ვიცეპრემიერის პორტფელები ერგოთ. წლევანდელი არჩევნების შედეგების შეფასებისას დასიჩმა აღნიშნა: „სერბეთის შემდეგი პრეზიდენტის ვინაობა ჯერ შეიძლება უცნობია, თუმცა ცნობილია, თუ ვინ იქნება პრემიერმინისტრი“. ამით მან ხაზი გაუსვა პარტიის ტრიუმფს და საკუთარ თავს პრემიერობა უწინასწარმეტყველა.
1989 წელს დაფუძნებული დემოკრატიული პარტია პირველი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება იყო სერბეთში. ის ევროპული ღირებულებებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა. 2008 წლის არჩევნების დროს მისი სლოგანი შემდეგნაირად ჟღერდა: „ორივე - კოსოვო და ევროკავშირი“. დღეს მმართველი დემოკრატიული პარტია წევრთა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა, ხოლო მისი მეთაური არის სერბეთის უკანასკნელი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი, რომელიც ამავე პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.
რაც შეეხება პროგრესის პარტიას, ის შედარებით ახალი ძალაა სერბეთის პოლიტიკურ არენაზე. იგი 2008 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ზოგიერთი პარლამენტარი, ტომისლავ ნიკოლიჩის მეთაურობით, სერბეთის რადიკალურ პარტიას გამოეყო. მათ შორის წყალგამყოფი გახდა ევროკავშირში სერბეთის შესაძლო წევრობა. 2008 წლის 11 სექტემბერს, რადიკალთა პარტიის პრეზიდენტის ვოჩისლავ სესელიჩის ანტიგლობალიზმის, სერბული ნაციონალიზმისა და პრორუსული პოლიტიკისაკენ მოწოდებას, მეორე დღეს, ნიკოლიჩის და მისი ჯგუფის პარტიისგან ოფიციალურად გამოყოფა მოჰყვა. მალევე შეიქმნა ახალი, პროგრესის პარტია, რომლის დამფუძნებელი ყრილობაც ერთ თვეში შედგა.
რადიკალურმა პარტიამ, პირველად თავისი არსებობის განმავლობაში, ხუთ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. 1991 წელს დაფუძნებულ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც მისი ხელმძღვანელობა ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგა ბალკანეთის ომების დროს დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.
საინტერესოა, თუ როგორ მოხდება კოალიციური მთავრობის ფორმირება. პირველ ადგილზე გასულმა პროგრესის პარტიამ 250 ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 72 ადგილის მოპოვება შეძლო, დემოკრატიულმა პარტიამ კი - 670 - ის. სოციალისტებს მოულოდნელად ბევრი, 48 მანდატი შეხვდათ. დანარჩენი ადგილები ლიბერალურმა პარტიამ, სერბეთის გაერთიანებული რეგიონების პარტიამ და სერბეთის დემოკრატიულმა პარტიამ გადაინაწილეს. მართალია, პროგრესის პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, ეს არ არის საკმარისი მთავრობის ფორმირებისათვის და ამისათვის, სავარაუდოდ, სოციალისტებთან მოუწევს საერთო ენის გამონახვა. თუმცა ეს უკანასკნელი დემოკრატიულ პარტიასთან ალიანსს ამჯობინებს. ექსპერტთა აზრით, მოვლენები ისევე განვითარდება, როგორც ოთხი წლის წინ, უკანასკნელი არჩევნების შემდეგ, როდესაც დემოკრატიულმა პარტიამ სოციალისტებთან ერთად შექმნა კოალიციური მთავრობა.
განსხვავებით საპარლამენტო არჩევნებისგან, სადაც მდგომარეობა, ასე თუ ისე, უკვე ნათელია, ყველაფერი წინაა საპრეზიდენტო რბოლაში. 6 მაისის არჩევნების შედეგების მიხედვით, 26,7%25 - ით ლიდერობს მმართველი პარტიის კანდიდატი და ექსპრეზიდენტი ბორის ტადიჩი, რომელსაც 25,5%25 - ით ტომისლავ ნიკოლიჩი მოსდევს, ხოლო მესამე ადგილი 15%25 - ით დასიჩს ერგო. ეს კი ნიშნავს, რომ 20 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ტადიჩი და ნიკოლიჩი დაუპირისპირდებიან.
ბორის ტადიჩი დემოკრატიული პარტიის კანდიდატი და სერბეთის უკანასკნელი პრეზიდენტია, რომელიც აპრილში გადადგა და ამას მაისის საპარლამენტო არჩევნებთან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მიბმა მოჰყვა. ექსპერტთააზრით, გადადგომა მის ბოლო დროს დაცემულ რეიტინგსა და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას უკავშირდება. ტადიჩი ითვლება პროდასავლურ პოლიტიკოსად, რომლის მოღვაწეობაც სერბეთის იზოლაციიდან გამოსვლასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან ასოცირდება. ამ ბალკანური სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაც ტადიჩის სახელს უკავშირდება.
მეორე მხრივ, ნიკოლიჩის შესაძლო გამარჯვება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, განსაკუთრებით მისი წარსულის გამო, რადგან სლობოდან მილოშევიჩის პრეზიდენტობის დროს მას მთავრობაში მაღალი თანამდებობა ეკავა. ამავდროულად, განსხვავებით რადიკალური პარტიისგან, ის მაინც პროდასავლელი პოლიტიკოსია და ევროკავშირში სერბეთის შესაძლო წევრობას დადებითად აფასებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლიჩის მხარდამჭერები მასში ცვლილებების შესაძლებლობას და იმ შეცდომების გამოსწორების შანსს ხედავენ, რომელიც ბოლო წლებში მმართველმა გუნდმა დაუშვა.
![]() |
15 ნეოფაშისტები და კომუნისტები საბერძნეთის პარლამენტში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
არჩევნები
ივანე ბაძაღუა
კვირას, 6 მაისს, ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად, საბერძნეთმა ახალი პარლამენტი აირჩია. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მომავალ თვეში ბერძნებს არჩევანის გაკეთება ერთხელაც მოუწიოთ - მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი არცერთ პარტიას არ ყოფნის, პოლიტიკურ შეხედულებებში ფუნდამენტური სხვაობა კი კოალიციის შექმნის შანსებს ამცირებს.
2009 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას კონსერვატორების (ახალი დემოკრატია, ND) და სოციალ-დემოკრატების (საერთობერძნული სოციალისტური მოძრაობა, PASOC) კოალიცია მართავდა. მაშინ მათ ამომრჩეველთა ხმების 77%25 მოიპოვეს (ND - 33%25, PASOC - 44%25). 6 მაისს გამართულ არჩევნებში კი ყოფილმა კოალიციამ ხმების დაახლოებით მესამედს მოუყარა თავი ( ND - 18,85%25, PASOC - 13,18%25). თუ შევაჯამებთ, სამი წლის განმავლობაში მათ 3.3 მილიონი ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგეს.
მოსახლეობის იმედგაცრუების ახსნა ერთი წინადადებითაც შეიძლება: როდესაც უმუშევრობა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 25%25-მდეა, ხოლო ახალგაზრდებში 45%25-ს აღწევს, უკეთესი შედეგის მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას ემატება ბრიუსელთან თებერვალში გაფორმებული ანტიკრიზისული პაკეტით ნაკისრი ვალდებულებები სახელმწიფო დანახარჯების შემცირების შესახებ, რისი შესრულებაც ხელფასებისა და პენსიების კლებისა და უმუშევრობის გაზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს.
ND-მ და PASOC-მა პოპულარობა სწორედ სახელმწიფო დანახარჯების - ხელფასების, პრემიებისა და პენსიების „ულიმიტო გაზრდის“ საშუალებით მოიპოვეს. მაშინ ამის შედეგებს არავინ უფიქრდებოდა, რადგან მომავლის საქმედ თვლიდნენ. ახლა კი, როცა ეს მომავალი შეიძლება ძალიან ახლოს იყოს გაბანკროტების სახით, სწორედ ეს ორი პარტია უჭერს მხარს „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას, რომელიც მოსახლეობაში, ცხადია, მეტად არაპოპულარულია.
6 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ბერძნებმა ზუსტად ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრეს. პოლიტიკური მიმომხილველების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ამომრჩევლების მთავარი მიზანი არა ახალი მთავრობის ფორმირება, არამედ პროტესტის გამოხატვა იყო.
უმუშევრობის ზრდამ, ხელფასებისა და პენსიების შემცირებამ და მუდმივმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მოსახლეობის რადიკალიზება გამოიწვია. შედეგად, პარლამენტში ექსტრემისტული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხვდა. ოქროს განთიადი (Golden Dawn), არსებობის მანძილზე პირველად, პარლამენტში 21 წევრს წარადგენს. პარტია ღიად ეწინააღმდეგება ინდუსტრიულ რევოლუციას, აპირებს „გაანადგუროს“ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ყველა, ვინც მსოფლიოს უზურპირება მოახდინა. პარტიის ლიდერმა, ნიკოს მიჩალოლიაკოსმა პარლამენტში შესვლა შემდეგი სიტყვებით აღნიშნა: „შიშის დრო დადგა“.
ახალი მოწვევის პარლამენტში 52 ადგილი შეხვდა რადიკალ მემარცხენეთა კოალიციას - სირიზა. კოალიციის არსზე ბევრს მეტყველებს მასში შემავალი პარტიების სახელწოდებები: AKOA (განახლებული კომუნისტური ეკოლოგიური მემარცხენეები), KOE (საბერძნეთის კომუნისტური ორგანიზაცია), DEA (ინტერნაციონალური მუშა მემარცხენეები) და ასე შემდეგ.
პარლამენტში ასევე მოხვდნენ დამოუკიდებელი ბერძნები 10.6%25-ით, საბერძნეთის კომუნისტური პარტია - 8.48%25 და დემოკრატიული მემარცხენეები - 6.11%25.
ამ პარტიების მთავარი გამაერთიანებელი „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის წინააღმდეგობაა და მოსალოდნელია, რომ ისინი პარლამენტში სირიზას ირგვლივ გაერთიანდებიან. ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან სწორედ მისმა ლიდერმა უნდა შექმნას კოალიცია ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ამ მიმართულებით უშედეგო აღმოჩნდა კონსერვატორების ლიდერის, ანტონის სამარასის მცდელობა, როგორც თავად ამბობს - „ევროზონაში დარჩენისა და „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის მხარდაჭერის გამო“.
ბერძნულ პოლიტიკაში ექსტრემისტებისა და რადიკალი მემარცხენეების დაწინაურებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოშვას. თუ კრედიტორები ჩათვლიან, რომ საბერძნეთმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, მომდევნო დახმარებას არ გამოყოფენ, რასაც შეიძლება საბერძნეთის საბოლოო გაბანკროტება მოჰყვეს. ეს კი მთელ ევროკავშირს შეუქმნის პრობლემებს.
ევროპულ პოლიტიკაში ექსტრემისტული ძალების პოპულარობის ზრდა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, და ეს გამოწვევა მხოლოდ საბერძნეთის შემთხვევაში არ არსებობს. საფრანგეთში, ისევე როგორც საბერძნეთში, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი ექსტრემისტულ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებს დაუჭირა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტი ლე პენი და ტროცკისტი მელანშონი ხმების დაახლოებით ერთ მესამედს იყოფდნენ. ლე პენის ანტიიმიგრაციული და ნაციონალისტური რიტორიკა ყველასთვის ცნობილია, მელანშონის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი კი მდიდრებისთვის შემოსავლების კონფისკაცია იყო.
მნიშვნელოვანწილად სწორედ მელანშონის ამომრჩევლებმა განაპირობეს მეორე ტურში ოლანდის გამარჯვება. „სანაცვლოდ“, ოლანდი მდიდრებისთვის გადასახადების 75%25-მდე გაზრდას და ევროპის ფისკალური პაქტის იდეის გადახედვას გეგმავს.
![]() |
16 სიძულვილი მშვიდობის სახელით |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანტისემიტიზმი
გრასი, გალტუნგი: ვინ იქნება შემდეგი?
მიხეილ ბასილაია
იოჰან გალტუნგი
გერმანელი პოეტის გიუნტერ გრასის შემდეგ, ანტისემიტური ხასიათის მოსაზრებებით ნორვეგიელი სოციოლოგი იოჰან გალტუნგი გამოვიდა. 81 წლის პროფესორმა, რომელმაც 1959 წელს ოსლოში მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი დააარსა და მსოფლიოში მშვიდობის კვლევების მამას უწოდებენ, თავისი მოსაზრებები ოსლოს უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციასა და ნორვეგიულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილში გამოთქვა, შემდეგ კი ისრაელურ გამოცემა Haaretz - საც ესაუბრა. გალტუნგის თქმით: არაა გამორიცხული, რომ ანდერს ბრეივიკსა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურ მოსადს შორის რაიმე კავშირი არსებობდეს; ამერიკულ მედიას ებრაელები აკონტროლებენ; აუშვიცამდე (საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა) კი საქმე იმ ებრაელების გამო მივიდა, რომელთაც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გერმანულ საზოგადოებაში მაღალი ადგილი ეკავათ. გალტუნგმა საზოგადოებას ეგრეთ წოდებული სიონის უხუცესთა პროტოკოლების წაკითხვაც ურჩია.
ნორვეგიელი პროფესორის აზრით, ბრეივიკი (რომელმაც 2011 წლის ზაფხულში ჯერ ოსლოში მოაწყო აფეთქება, შემდეგ კი საზაფხულო ბანაკში ათეულობით მოზარდი დახვრიტა) თავისუფალ მასონთა ორგანიზაციასთან კავშირის გამო, შესაძლოა, მოსადთანაც ყოფილიყო დაახლოებული. გალტუნგის განმარტებით, თავისუფალ მასონთა ალიანსი ებრაული ორგანიზაციაა და უსაფუძვლო არაა ეჭვი, რომ ბრეივიკმა მითითებები სწორედ მოსადისგან მიიღო.
Haaretz - თან საუბარში გალტუნგმა საკუთარი თეორია შეასწორა. მისი თქმით, არავინ იცის, ვინ დგას (ან დგას თუ არა საერთოდ) ბრეივიკის უკან და, შესაბამისად, ჰიპოთეზების გამორიცხვა არასწორი იქნებოდა. გალტუნგმა პარალელები გაავლო ებრაული იატაკქვეშა ორგანიზაცია ეტცელის (ირგუნის) მიერ 1946 წელს იერუსალიმში, სასტუმრო King Davidის აფეთქებასთან. როგორც ბრეივიკის, ისე ეტცელის თავდასხმა 22 ივლისს მოხდა.
გალტუნგის შემდეგი ჰიპოთეზა ჰოლოკოსტის მიზეზებს ეხება. ნორვეგიელმა სოციოლოგმა დაგმო ებრაელთა დევნა, თუმცა აღნიშნა, რომ ჰოლოკოსტის მეორე მხარე პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ და ომის შემდგომი ვერსალის კონფერენციით დამცირებულ გერმანიაში ებრაელთა გავლენა იყო. მან მაგალითი შუა საუკუნეებიდანაც მოიყვანა - ებრაელთა პოგრომებში თავად მათ ითამაშეს გარკვეული როლი, ითხოვდნენ რა გადასახადების დაბრუნებას სავალო კაბალაში ჩავარდნილი გლეხებისგან.
გალტუნგი ამერიკასაც გადასწვდა და განაცხადა, რომ ამერიკულ მედიას ებრაელები აკონტროლებენ და ამერიკული მედიის 96%25 ექვსი ებრაული კომპანიის ხელშია. მან სიას ავსტრალიელი მედიამაგნატი რუპერტ მერდოკიც მიათვალა. გალტუნგის თქმით, თავად მერდოკი ებრაელი არ არის, მაგრამ მის დაქვემდებარებაში მრავალი ებრაული წარმოშობის ადამიანია, ვინც მისი კომპანიების საქმიანობაზე გავლენას ახდენს. პროფესორის აზრით, მედიაზე ებრაული კონტროლი ინტელექტუალური და ხარისხობრივი თვალსაზრისით შესაძლოა ცუდი არ იყოს, თუმცა იზღუდება იმ თემების დისკურსი, რომელიც ისრაელს ეხება.
ამერიკული მედიისა და საზოგადოებრივი საქმეების (მაგალითად, საგადასახადო სისტემის) ებრაელთა მიერ კონტროლის ჰიპოთეზას საფუძვლად უილიამ ლუთერ პირსის მოსაზრებები უდევს. თეთრკანიანთა რასობრივ უპირატესობებში დარწმუნებული პირსის ნაშრომებმა გავლენა მოახდინეს ტერორისტ ტიმოთი მაკვეიზე, რომელმაც 1995 წელს ქალაქ ოკლაჰომაში შენობა ააფეთქა. ტერაქტს ორასამდე ადამიანი შეეწირა.
გალტუნგი მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე პოპულარულ შეთქმულების თეორიამდეც მივიდა. მან ყველას ურჩია სიონის უხუცესთა პროტოკოლების წაკითხვა და გააკრიტიკა ის ადამიანები, რომლებიც ამ ნაწარმოებს წაუკითხავად ლანძღავენ. დოკუმენტი მე - 20 საუკუნის დასაწყისში მეფის რუსეთის სპეცსამსახურებმა შეთხზეს პოლიტიკური მიზნებით. ის თითქოს ამხელდა საყოველთაო ებრაულ შეთქმულებას, რომლის მიზანიც მსოფლიო ბატონობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიყალბე დამტკიცებულია, პროტოკოლები ანტისემიტების მიერ ყველაზე ხშირად ციტირებული დოკუმენტია. გალტუნგის განცხადებით, მან არ იცის დოკუმენტის ავტორის ვინაობა, მაგრამ საეჭვოა, რომ მეფის რუსეთის პოლიციას მასში აღწერილი დეტალები სცოდნოდა.
გალტუნგის შემთხვევას გრასის მსგავსი ვნებათაღელვა და მისი ისრაელში პერსონა ნონგრატად გამოცხადება არ მოჰყოლია, თუმცა მსოფლიოში მშვიდობის კვლევებისა და კონფლიქტების მოგვარების ყველაზე გამოჩენილმა მკვლევარმა მიკერძოებული გამოთქმებით საკუთარ რეპუტაციას ავნო. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის, გადიარის მოსაზრებით, გასაკვირია, როცა მშვიდობის კვლევების პროფესორი საკუთარ მოსაზრებებს ნეონაცისტურ პუბლიკაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს. გალტუნგი ნორვეგიულმა მედიამაც გააკრიტიკა. პუბლიცისტმა ჰალვორ თონმა ნორვეგიის უმსხვილეს გამოცემა Aftenposten - ში გამოქვეყნებულ წერილში გალტუნგის მოსაზრებებს „სულ მცირე, დაუსაბუთებელი“ უწოდა. სამაგიეროდ, ნორვეგიელი პროფესორის პოპულარობამ პიკს მიაღწია ნეონაცისტურ და ანტისემიტურ საიტებზე.
![]() |
17 ჩინურ საფრთხეზე იაპონიის პასუხი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
შოთა კაკაბაძე
მიმდინარე წლის აპრილში განვითარებულმა მოვლენებმა აზია - ოკეანეთის რეგიონი კვლავ მოაქცია მედიის ყურადღების ცენტრში. 13 აპრილს ფხენიანის მიერ წარუმატებლად დასრულებულ რაკეტის გაშვების მცდელობას თან დაერთო თვის ბოლოს იაპონიის პრემიერის, იოშიჰიკო ნოდას ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც მას ამერიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ქვეყნების მეთაურთა პირველი შეხვედრაა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. ობამას გაპრეზიდენტებიდან მოყოლებული, იოშიჰიკო ნოდა ამომავალი მზის ქვეყნის უკვე რიგით მეოთხე პრემიერია. არადა, იაპონიასთან ალიანსი ობამას ახალი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ სტრატეგიას, რომელსაც ამერიკა ახორციელებს, Offshore Balancing ეწოდება. მისი არსი ასეთია: ფლოტისა და საჰაერო ძალების გაძლიერება, სახმელეთო ოპერაციებში ნაკლებად მონაწილეობა და პატარა ქვეყნების გაერთიანება საერთო საფრთხის წინააღმდეგ. ეს მიდგომა, ტექნოლოგიურად ძლიერი და დანაკარგების მიმართ მგრძნობიარე ამერიკის პოლიტიკას მთელი მეოცე საუკუნე ფონად გასდევდა - დაწყებული მსოფლიო ომების დროს უშუალოდ ხმელეთზე ბრძოლებში ნაკლებად მონაწილეობით და დამთავრებული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იაპონიისა და დასავლეთ ევროპის გაძლიერებით.
დღეს ამ პოლიტიკამ აღმოსავლეთ აზიისკენ გადაინაცვლა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს წყნარი ოკეანისა და აზიის ქვეყნების გაერთიანებას, რომ ჩინეთის სულ უფრო მზარდ როლს საერთო ძალებით დაუპირისპირდეს. ამისთვის ობამას ადმინისტრაცია ეხმარება იმ შედარებით პატარა ქვეყნებს, რომლებსაც ტერიტორიული უთანხმოებები აქვთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ჩინეთის მნიშვნელოვან მოკავშირედ განხილული მიანმა უკვე აშკარად პროამერიკულ ბლოკში აღმოჩნდა. მისივე გზას დაადგა ფილიპინებიც. ამერიკა ასევე თანამშრომლობს ინდოეთთან, რომელიც ატომური იარაღითა და მილიარდზე მეტი მოსახლეობით, ანგარიშგასაწევ დამაბალანსებელ ძალას წარმოადგენს.
ამერიკის ამ პოლიტიკაში სარგებელს ხედავს იაპონიაც, რომელიც ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის დასაბალანსებლად ჩრდილოამერიკულ სახელმწიფოსთან უფრო ახლო თანამშრომლობას ამჯობინებს.
26 აპრილს, იაპონიისა და ამერიკის მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც იაპონიაში, ოკინავას კუნძულზე განლაგებული ამერიკული ფლოტის თითქმის ნახევარს, 9 ათას სამხედრო მოსამსახურეს, ამერიკის სარდლობა წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებზე გადაანაწილებს. მათი ძირითადი ნაწილი, 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე, გუამზე გამწესდება, ხოლო დანარჩენები ჰავაიზე, ავსტრალიაში და ასე შემდეგ. მათი რაოდენობის შემცირება მნიშვნელოვანი პროგრესია ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რადგან ამერიკული სამხედრო ბაზის არსებობა იაპონურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. 2010 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვებით, ოკინავას მოსახლეობის 71%25 მიიჩნევს, რომ ამერიკული ბაზის არსებობა აუცილებელი არ არის. საინტერესოა ისიც, რომ მოსახლეობაში ამერიკელ სამხედროებთან დაკავშირებული მსგავსი ანტაგონიზმი არაერთი ინციდენტით არის გამოწვეული. 1952 წლიდან დღემდე ადგილი ჰქონდა დაახლოებით 200 ათას კრიმინალურ შემთხვევას, რომელშიც ამერიკელი სამხედროები იყვნენ გარეულნი.
მეორე მხრივ, ამერიკული სამხედრო ბაზის არსებობა იაპონიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით კორეის ნახევარკუნძულზე გამწვავებული ვითარების ფონზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის მიერ იაპონიისთვის დაწერილი კონსტიტუციის მეცხრე მუხლი იაპონიას მუდმივი ჯარის შენარჩუნებას და რომელიმე ქვეყნისათვის ომის გამოცხადებას უკრძალავს.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, იაპონია პაციფისტური სახელმწიფოს საუკეთესო მაგალითად იქცა, მაგრამ ბოლო დროს კორეაში განვითარებული მოვლენები და ჩინეთის მზარდი შეიარაღება, იაპონიას შეიარაღებისა და მეცხრე მუხლის გადახედვას აიძულებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავის თავზე იღებს იაპონიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულება მას მნიშვნელოვნად ზღუდავს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას. სწორედ ამიტომაც მიმდინარეობს სერიოზულად შეიარაღების განვითარება. კავასაკის მძიმე ინდუსტრიამ უკვე დაიწყო იაპონიის ჯარისათვის საჭირო სამხედრო ტექნიკაზე მუშაობა. ასევე ნავარაუდებია, რომ მიცუბიში 2014 წლისთვის გამოუშვებს ATDX საბრძოლო მანქანას. თუმცა სანამ იაპონია საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაზრდას შეძლებს, ამერიკასთან თანამშრომლობა და იქაური სამხედროების აზიაოკეანეთში განლაგება, მის სასიცოცხლო ინტერესებში შედის.
გარდა ამერიკისა, იაპონიისთვის კვლავ აქტუალურია ინდოეთთან საერთო ენის გამონახვაც. წინა წლის დეკემბერში იქ პრემიერმინისტრ ნოდას ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების დასაწყისია. იაპონია და ინდოეთი ცდილობენ ძალების გაერთიანებას ეგრეთ წოდებულ პოსტამერიკულ აზიაში, სადაც ჩინეთის როლი სულ უფრო და უფრო იზრდება.
პრემიერი ოიშიჰიკო ნოდა და პრეზიდენტი ობამა
![]() |
18 Nabucco-ს კრიზისი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
უნგრეთმა Nabucco-ს პროექტის დაფინანსებაზე უარი თქვა და 2012 წლის ბიუჯეტი არ დაამტკიცა. ქვეყნის პრემიერმინისტრის განცხადებით, Nabucco-ს პროექტი „შარშია“. მის მაგივრად, უნგრეთი მხარს დაუჭერს რუსეთის ენერგოგიგანტის - Gazprom-ის პროექტს - სამხრეთის ნაკადის მილსადენს.
თავის დროზე Nabucco დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ 6 წლის წინათ Gazprom-ის გაზზე დამოკიდებულ ევროპას, კომპანიამ გაზის მიწოდება ყველა კონტრაქტის დარღვევით შეუწყვიტა მოულოდნელად. მაშინ ითქვა, რომ უკრაინასთან - მთავარ ტრანზიტორ ქვეყანასთან, გაზის ფასზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. სხვადასხვა მიზეზით, მსგავსი შანტაჟი რუსეთმა ევროპას ბოლო პერიოდშიც რამდენჯერმე მოუწყო.
ამას დაემატა ამავე პერიოდში რუსეთის ენერგობაზარზე მიმდინარე პროცესებიც: მსხვილ ნავთობკომპანიებს Shell-სა და BP-ის რუსეთის ენერგოგიგანტის სასარგებლოდ საკუთარი აქტივების იძულებით დათმობა მოუწიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიები რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის პირას იდგნენ. მიუხედავად ამისა, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა ევროპულმა ქვეყნებმა მის მიმართ ეკონომიკური სანქციები არ გამოიყენეს. შედეგმაც არ დააყოვნა და სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირმა პასუხად გაზის კრიზისი მიიღო.
2006 წლის შემდეგ ევროპამ აქტიურად დაიწყო ენერგოდივერსიფიკაციაზე ფიქრი. Nabucco იყო პირველი პროექტი, სადაც რუსეთის გვერდის ავლით ევროპისთვის გაზის მიწოდების პერსპექტივა გამოჩნდა: მილსადენს კასპიის რეგიონიდან ევროკავშირში გაზი უნგრეთის გავლით უნდა მიეტანა. ამ შემთხვევაში Gazprom-ი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა.
რუსეთმა Nabucco-ს პროექტის საპირწონედ სამხრეთის ნაკადის პროექტის განვითარება დაიწყო. ამ შემთხვევაშიც ძირითადი ტრანზიტორი ქვეყანა უნგრეთი გამოდიოდა.
სამხრეთ ნაკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მილსადენის საშუალებით ევროპა ყოველწლიურად 63 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ეს ევროპაში რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას გაზრდის. პროექტში ჩართულ და მილსადენის მარშრუტის გარშემო არსებულ ქვეყნებში მოხმარებული გაზის 63%25 რუსულია. სხვადასხვა შეფასებით, სამხრეთის ნაკადის ამოქმედების შემდეგ, ეს მაჩვენებელი, სულ მცირე, 85%25-მდე გაიზრდება. ამ პირობებში რუსეთს ექნება საშუალება, თავი აარიდოს კონკურენციას და ფასები ერთპიროვნულად დააწესოს. ეკონომიკური მონოპოლია კრემლის პოლიტიკურ ბერკეტებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
რუსეთის სტრატეგია ცბიერია: ხელშეკრულებას დებს ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან და საშუალება აქვს, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა პირობა წაუყენოს. ამით რუსეთი თავის აპრობირებულ მეთოდს გამოიყენებს და ევროკავშირში შუღლის წარმოქმნას ხელს შეუწყობს. ეს კი, საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის, როგორც ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის როლს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს.
ამ ეტაპზე ევროპის კრიზისმა რუსეთზე იმუშავა: მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთის ნაკადის ამოქმედება დიდ ხარჯებს უკავშირდება - სხვადასხვა გათვლებით, სულ მცირე, 25 მილიარდი ევრო - დაფინანსების წყაროები ამ დრომდე არ არის საჯარო; რუსეთს კი შავი ზღვის ფსკერზე მილის ასაშენებლად არც საკმარისი გამოცდილება და არც აღჭურვილობა აქვს, მაგრამ მაინც მოახერხა უნგრეთის დარწმუნება, რომ კასპიის რეგიონზე თავისი დიდი გავლენის პირობებში, Nabucco-ს მილსადენს საჭირო ოდენობის გაზის მოძიება კიდევ უფრო გაუჭირდება.
ევროკავშირის პოზიცია იმდენად მკვეთრი არ არის, რომ უნგრეთს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ოფიციალური განცხადებით, ევროპისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კორიდორის გახსნა, თუმცა ევროპაში კონკრეტულად რომელ პუნქტამდე მივა გაზი - აქ რამე პრეფერენციები არ არსებობს: ევროკავშირი მხარს უჭერს როგორც Nabucco-ს, ისე ნებისმიერ სხვა პროექტს, რომელიც ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს.
Nabucco-ს ამ მხრივ კონკურენტები ნამდვილად არ აკლია. მათგან ყველაზე რეალური ორია - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მილსადენი (SEEP) და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP).
TAP-ის მფლობელი და აქტიური მხარდამჭერია სამი წამყვანი ევროპული ენერგოკომპანია - შვეიცარიის EGL (42.5%25), ნორვეგიული Statoil (42.5%25) და გერმანული E.ON Ruhrgas (15%25). TAP-ის მიზანია, აითვისოს შაჰ-დენიზის მარაგები და გაზი კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებამდე მიიტანოს. მილსადენი სათავეს აიღებს საბერძნეთში, გადაკვეთს ალბანეთს, ადრიატიკის ზღვას და სამხრეთ იტალიის სანაპირომდე მივა. შაჰ-დენიზის გაზით მილსადენი თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მომარაგდება.
SEEP შაჰ-დენიზის გაზს აღმოსავლეთ თურქეთიდან ავსტრიამდე მიიტანს. მთელი მარშრუტი 3800 კილომეტრს შეადგენს და მის უდიდეს ნაწილს უკვე არსებული მილსადენები დაფარავს. თუმცა SEEP-ს სხვადასხვა ქვეყანაში, სულ მცირე, 1000 კილომეტრი სიგრძის მილის გაყვანა მაინც მოუწევს. მილსადენის პროექტი ეკუთვნის BP-ის.
როგორც გამოჩნდა, Nabucco-ს კონკურენტი ორივე პროექტი, მის მსგავსად, აზერბაიჯანულ გაზზეა ორიენტირებული. იმისთვის, რომ Nabucco რეალურად კონკურენტუნარიანი გახდეს, საჭირო იქნება SOCAR-მა და შაჰ-დენიზის რამდენიმე მეწილემ, ამ პროექტში თავისი ინტერესი ჩადოს.
ანალიტიკოსების შეფასებით, უნგრეთის გადაწყვეტილება Nabucco-სთვის დიდი დარტყმა, Gazprom-ისთვის კი პოზიციების გამყარებაა. რუსეთმა Nabucco-ს პროექტის საბოლოოდ ჩასაკლავად მშვენიერი დრო შეარჩია, რადგან ევროს კრიზისმა ევროპის პრიორიტეტები აშკარად შეცვალა.
![]() |
19 ჟესტებით მართვის სისტემა SoundWave |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
მირიან ტორონჯაძე
დღეს კომპიუტერის რაიმე მოწყობილობის გარეშე, მხოლოდ საკუთარი სხეულის გამოყენებით მართვით ვერავის გააოცებ. ამის მაგალითად Microsoft-ის სათამაშო გაჯეტი, Kinect-იც გამოდგება. ის აღჭურვილია სპეციალური კამერით, რომელიც მის წინ მდგომი ადამიანის მოძრაობას აღიქვამს, პროგრამული ნაწილი კი მას ამუშავებს და საშუალებას გვაძლევს, თამაშები მხოლოდ საკუთარი მოძრაობით ვმართოთ. თუმცა ეს ტექნოლოგია სპეციალურად მისთვის შექმნილ აპარატურულ უზრუნველყოფას მოითხოვს და ამიტომ იაფიც არ არის.
Microsoft Research-ში მომუშავე მკვლევრების ერთმა ჯგუფმა კი ისეთ დეტალს მიაგნო, რაც სხეულის მოძრაობით კომპიუტერის მართვაში შეიძლება რევოლუციური აღმოჩენა გახდეს. ახალი ტექნოლოგია დამყარებულია დოპლერის ეფექტზე, რომელიც ფიზიკაში დიდი ხანია ცნობილია და მისი არსი ხმის ტონალობის ცვლილებაში მდგომარეობს (როდესაც ბგერის წყარო მოძრაობს). დოპლერის ეფექტზე დაკვირვება ძალიან ადვილია, თუნდაც ქუჩაში. მაგალითად გამოდგება სასწრაფო დახმარების მანქანა - როდესაც ის გვერდზე ჩაგვივლის, მისი სირენის ტონალობა იცვლება. სწორედ ამ ეფექტზე ლაბორატორიული დაკვირვებისას აღმოაჩინეს Microsoft-ის მკვლევრებმა მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა. ერთ-ერთი ცდის დროს, როდესაც ისინი ულტრაბგერების გამოსხივებას და შთანთქმას სწავლობდნენ, შეამჩნიეს, რომ თუკი ექსპერიმენტის დროს ოთახში ვინმე მოძრაობდა, მიკროფონის მიერ აღქმული ბგერის ტონი საწყისისგან განსხვავდებოდა. ეს განსხვავება კი მოძრავი ადამიანების სიჩქარისა და მოძრაობის მიმართულების მიხედვით იცვლებოდა. მკვლევრები მალევე მიხვდნენ, რომ ამის გამოყენება მოძრაობის დეტექტორად შეიძლება.
რადგან დღეს თითქმის ყველა ლეპტოპს აქვს ქარხნულად ჩამონტაჟებული სპიკერები და მიკროფონები, ექსპერიმენტი მათზეც ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ საშუალო ხარისხის აუდიოსისტემის მქონე კომპიუტერს თავისუფლად შეუძლია ულტრაბგერის გამოცემა 20-22 კილოჰერცის ფარგლებში, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. მიკროფონი კი მას ასევე ადვილად იღებს და სპეციალურად დაწერილ პროგრამას, SoundWave-ს გადასცემს. თუკი ამ დროს გარშემო ყველაფერი უძრავადაა, მიკროფონში შესული ხმა საწყისს ჰგავს, მაგრამ საკმარისია თუნდაც ეკრანის წინ ხელის გაქნევა, რომ ხმის ტონი იცვლება. ამ ცვლილების მიხედვით, პროგრამული ნაწილი მოძრაობის მიმართულებას და სიჩქარეს გამოთვლის. დამუშავების ამ ეტაპზე, პროგრამას შეუძლია, ეს 90%25-იანი სიზუსტით განსაზღვროს. აღსანიშნავია, რომ ულტრაბგერების გამოცემის პარალელურად, შეიძლება აუდიოსისტემის დანიშნულების მიხედვით გამოყენებაც, თუნდაც მუსიკის მოსასმენად.
SoundWave-ი ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და Microsoft-ის კოლაბორაციის პროდუქტი გახლავთ. Microsoft Research-ის კვლევების ხელმძღვანელი და SoundWave-ის ჯგუფის წევრი, დესნი ტანი ამბობს, რომ ტექნოლოგიის გამოყენება უკვე შესაძლებელია რამდენიმე ჟესტის აღსაქმელად. სამომავლოდ კი, თუკი სმარტფონები და ლეპტოპები რამდენიმე მიკროფონითა და სპიკერით აღჭურვილი გამოვა, სიზუსტე გაიზრდება. პროგრამის ოფიციალური რელიზი ჯერ არ შემდგარა, თუმცა სავარაუდოდ, ახლო მომავალში მისი დაყენება ნებისმიერ კომპიუტერზე იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ყოველგვარი დამატებითი აპარატურის გარეშე მივიღებთ იმავე ეფექტს, რასაც დღეს სპეციალური კამერები და დეტექტორები გვაძლევს.
![]() |
20 მიმართვა გენუის კონფერენციისადმი საქართველოში თეოლოგიური განათლების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ამბროსი ხელაია
ამბროსი ხელაია ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული სასულიერო პირია მეოცე საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. განათლებული, პატიოსანი, მამაცი, პატრიოტი, ღრმად მორწმუნე - ამ ეპითეტებს ხშირად გაიგონებთ მის მიმართ. უწმინდესი ამბროსის პიროვნებაზე, მის შეხედულებებზე ეს ორი წერილი ყველაზე კარგად მეტყველებს.
დეკანოზი ილია ოქრუაშვილი
„…1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულ - კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რა საკვირველია ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი.
მან დასძრა საქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე!
ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემს მთავრულ მოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას. ამიტომ ვითხოვ:
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწაწყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა - მიტაცებისაგან.
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა…“
საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება.
წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია „ოფიციალურ” საგნად იყო მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე, და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია როგორც მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა.
გრიგოლ ფერაძე ამ ქართველთაგან პირველია, რომელსაც განზრახული აქვს მომავალში თავისი ცოდნა და ენერგია ქართულ ეკლესიას მოახმაროს.
მე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ამ ღვთის მოსაწონ საქმეში მას კურთხევას ვაძლევ და მესამე საეკლესიო კრებამაც ერთხმად დაადგინა, შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდას.
ფერაძე გერმანიის დიდი მოყვარული და თაყვანისმცემელია. ამდენად, მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საშუალება გვექნება საეკლესიო საკითხებში გერმანიასთან დავამყაროთ კავშირი.
ფერაძე პირველი თეოლოგია, რომელიც გერმანიაში მიდის, შემდეგ კი სხვებიც გაჰყვებიან მის კვალს.
![]() |
21 ევრო 2012: A ჯგუფი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ევრო 2012: A ჯგუფი
ფეხბურთის ფედერაცია - PZPN -
დაარსდა 1919 წლის 20 დეკემბერს ვარშავაში.
პოლონეთი ფიფას რეიტინგი - 65
პირველი საერთაშორისო მატჩი: 18.12.1921 უნგრეთი - 0:1
ყველაზე დიდი გამარჯვება: 01.04.2009 სან მარინო - 10:0
ყველაზე დიდი მარცხი: 26.06.1948 დანია - 0:8
ყველაზე მეტი თამაში: მიხალ ჟევლაკოვი - 102
ყველაზე მეტი გოლი: ვლოძიმიერჟ ლუბანსკი - 48
მსოფლიოს 1974 და 1982 წლების ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, ოლიმპიური ჩემპიონი - 1972 და ვერცხლის მედალოსანი - 1976, 1992.
ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს მეორედ. 2008 წელს ჯგუფიდან ვერ გავიდა.
პოლონეთი პირველად მასპინძლობს დიდ საფეხბურთო ტურნირს, ქვეყნის პირველი გუნდისთვის კი კარსმომდგარი ევროპირველობა მეორეა ისტორიაში: ოთხი წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანციშეკ შმუდამ უკვე დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა. ის რჩეულებს ამხანაგური მატჩების შემდეგ გამოავლენს: 22 მაისს პოლონელები კლაგენფურტში ლატვიას გაეჯიბრებიან, 26 მაისს კი იქვე დაუხვდებიან სლოვაკეთს. 2 ივნისს პოლონეთის ნაკრები მესამე და უკანასკნელ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - ვარშავაში ანდორას უმასპინძლებს.
პოლონური ფეხბურთის ოქროს ერად გასული საუკუნის 70-იანი წლები და 80-იანების დასაწყისი ითვლება: ნაკრებმა ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები და ერთხელ, 1978 წელს, მეოთხე ადგილზე გავიდა. 1974 წელს, გერმანიაში, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო პოლონელმა ფეხბურთელმა გრჟეგორჟ ლატომ 7 გოლით მსოფლიო პირველობის ბომბარდირის ტიტული და ოქროს ბუცი მოიგო.
გუნდის მეტსახელია ბიალე ორლი (თეთრი არწივები), სხვანაირად კი ბიალო-ჩერვონისაც (თეთრ-წითლები) უწოდებენ.
მწვრთნელი: ფრაციშეკ შმუდა
63 წლის სპეციალიტი გუნდის თავკაცად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მის სამწვრთნელო კარიერაში პოლონეთი პირველი ნაკრებია - აქამდე ის მხოლოდ კლუბებში მოღვაწეობდა.
ლოძის ვიძევში ორჯერ, ხოლო კრაკოვის ვისლასთან ერთად ერთხელ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, პოზნანის ლეხში მოღვაწეობისას კი ქვეყნის თასი აღმართა.
1996 წელს ვიძევს ჩემპიონთა ლიგაში შეუძღვა, ხოლო 2008 წელს ლეხი უეფას თასის ჯგუფურ ტურნირში გაიყვანა.
ვარსკვლავი: რობერტ ლევანდოვსკი
23 წლის თავდამსხმელი მესამე წელია დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობს. გერმანულ კლუბში ის 2010 წლის ზაფხულში გადავიდა პოზნანის ლეხიდან და მას შემდეგ 88 ოფიციალურ მატჩში 36 გოლი შეაგდო. ბორუსიასთან ერთად ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა. ლევანდოვსკიმ პოლონეთის სამივე პროფესიული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა, შარშან კი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ნაკრებში 40 მატჩში 13 გოლი შეაგდო.
ტაბულას რეიტინგი
ათბალიანი სისტემით:
მეკარე - 7
დაცვა - 6
ნახევარდაცვა - 7
თავდასხმა - 7
ჯამი: 27
ფეხბურთის ფედერაცია - HFF -
დაარსდა 1926 წელს ათენში.
საბერძნეთი ფიფას რეიტინგი - 14
პირველი საერთაშორისო მატჩი: 07.04.1929 იტალია - 1:4
ყველაზე დიდი გამარჯვება: 25.11.1949 სირია - 8:0
ყველაზე დიდი მარცხი: 25.11.1938 უნგრეთი - 1:11
ყველაზე მეტი თამაში: თეოდოროს ზაგორაკისი - 120
ყველაზე მეტი გოლი: ნიკოს ანასტოპულოსი - 29
მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა ორჯერ (1994, 2010) და ორჯერვე ჯგუფში ჩარჩა. ფიფას კონფედერაციათა თასზე (2005) ჯგუფიდან ვერ გავიდა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს მეოთხედ: 1980 წელს ჯგუფიდან ვერ გავიდა, 2004 წელს ანრი დელონეს სახელობის თასი მოიგო, 2008 წელს კი კვლავ ჯგუფში ჩარჩა.
საბერძნეთის ნაკრები პოლონეთ-უკრაინის საგზურს F შესარჩევ ჯგუფში დაეუფლა, სადაც სხვებთან ერთად საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობდა. ბერძნებმა საკვალიფიკაციო ტურნირი სწორედ თემურ ქეცბაიას გუნდთან საშინაო მატჩით დაიწყეს - 1:1, საბოლოოდ კი 24 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. ბერძნებმა 10 მატჩიდან 7 მოიგეს, მათ შორის თბილისში 2:1 და ევრო 2012-ის საგზური აქ გაინაღდეს.
ევროპის ჩემპიონატამდე ფერნანდუ სანტუშის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 26 მაისს სლოვაკეთს უმასპინძლებს, 31 მაისს კი სომხეთს გაეჯიბრება. საბერძნეთის ნაკრების უდიდესი გამარჯვება ევროპირველობებს უკავშირდება: გერმანელი სპეციალისტის ოტო რეჰაგელის გაწვრთნილმა ბერძნებმა 2004 წელს პორტუგალიაში ყველასთვის მოულოდნელად მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ მათ ორჯერ სძლიეს ტურნირის მასპინძელ პორტუგალიას - ჯერ გახსნის მატჩში, შემდეგ კი ფინალში.
გუნდის მეტსახელია ეთნიკი (ეროვნული), სხვანაირად კი გალანოლეფკისაც (ლურჯ-თეთრები) უწოდებენ.
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია)
57 წლის ფერნანდუ მანუელ ფერნანდეშ და კოშტა სანტუში საბერძნეთის ნაკრების თავკაცად 2010 წლის 1 ივლისს დაინიშნა. რამდენიმე თვით ადრე, 4 თებერვალს, საბერძნეთის საფეხბურთო ლიგამ ის ათწლეულის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად აღიარა.
სანტუშმა პორტუში მუშაობისას 2-2-ჯერ მოიგო პორტუგალიის თასი და სუპერთასი, ერთხელ კი ჩემპიონატი, ათენის აეკ-ს კი 2002 წელს საბერძნეთის თასი მოაგებინა.
ვარსკვლავი გიორგოს კარაგუნისი
ნაკრების ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი ასაკოვანი ფეხბურთელი, ლიდერი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ქვეყნის პირველ გუნდში. დღეს მის აქტივში 115 სანაკრებო კეპი და 8 გოლია. ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების მხრივ ის მხოლოდ თეოდოროს ზაგორაკისს ჩამორჩება.
კარაგუნისი 2007 წლიდან ათენის პანათინაიკოსში თამაშობს, ახლო წარსულში კი მილანის ინტერის და ლისაბონის ბენფიკას ფეხბურთელი იყო.
ტაბულას რეიტინგი
ათბალიანი სისტემით:
მეკარე - 6
დაცვა - 7
ნახევარდაცვა - 6
თავდასხმა - 5
ჯამი: 24
საფეხბურთო კავშირი - RFU -
დაარსდა 1912 წლის 19 იანვარს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი აღდგა
1992 წლის 8 თებერვალს.
რუსეთი ფიფას რეიტინგი - 11
პირველი საერთაშორისო მატჩი: 30.06.1912 ფინეთი - 1:2
ყველაზე დიდი გამარჯვება: 07.06.1995 სან მარინო - 7:0
ყველაზე დიდი მარცხი: 01.07.1912 გერმანია - 0:16
ყველაზე მეტი თამაში: ვიქტორ ონოპკო - 109
ყველაზე მეტი გოლი: ვლადიმირ ბესჩასტნიხი - 26
ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა 1996, 2004 და 2008 წლებში. საუკეთესო შედეგია ნახევარფინალი ევროპის წინა პირველობაზე, ავსტრია-შვეიცარიაში.
რუსეთის ნაკრები პირველი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია: დიკ ადვოკაატის გუნდმა შესარჩევი ტურნირი დამაჯერებლად მოიგო და წელს ჩატარებულ ერთადერთ შეხვედრაშიც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა - დანიას კოპენჰაგენში 2:0 სძლია.
გუნდს ნამდვილად არ ეთქმის ახალგაზრდული - ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 27-28 წელია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მოთამაშეთა გამოცდილებაზეც მიუთითებს. ძირითადი შემადგენლობა წლების მანძილზე ყალიბდებოდა, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზი.
საგულისხმოა, რომ დანიასთან ამხანაგური მატჩისთვის ადვოკაატის განკარგულებაში ერთადერთი ლეგიონერი იყო: ლონდონის ფულემის ფორვარდი პაველ პოგრებნიაკი - დანარჩენები რუსეთის კლუბებში თამაშობენ, უმეტესობა მოსკოვის ცსკა-სა და ქვეყნის ჩემპიონ სანკტ-პეტერბურგის ზენიტში.
ევრო 2012-ის დაწყებამდე რუსეთის ნაკრები 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 25 მაისს მოსკოვში უმასპინძლებს ურუგვაის, 29 მაისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ლიტვას გაეჯიბრება, 1 ივნისს კი ჟენევაში იტალიას დაუპირისპირდება.
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი (ჰოლანდია)
64 წლის სპეციალისტი ნაკრების ისტორიაში მეორე უცხოელი მწვრთნელია - 2010 წელს მან შეცვალა თანამემამულე გუს ჰიდინკი, რომელიც გუნდს 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა. დიკ ადვოკაატი საკლუბო ასპარეზზე წარმატებული მწვრთნელია: პსვ ეინდჰოვენში, გლაზგო რეინჯერსსა და სანკტ-პეტერბურგის ზენიტში უამრავი ჯილდო მოიპოვა.
2008 წელს ზენიტმა სწორედ მისი თავკაცობით მოიგო უეფას თასი და ევროპის სუპერთასი, რის გამოც მას სანკტ-პეტერბურგის მერიამ საპატიო მოქალაქის ტიტული
ვარსკვლავი ანდრეი არშავინი
30 წლის ნახევარმცველი, ვის აქტივშიც 68 კეპი და 17 გოლია, დღეს გუნდის კაპიტანია, მასზე ხშირად კი ნაკრებში მხოლოდ გამოცდილ მცველს სერგეი იგნაშევიჩს უთამაშია - 72-ჯერ.
არშავინი ლონდონის არსენალში გატარებული სამწელიწად-ნახევრის შემდეგ ახლახან დაუბრუნდა მშობლიურ ზენიტს და რამდენიმე დღის წინ მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
ევრო 2008-ზე ანდრეი გუნდის ლიდერი იყო და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ტაბულას რეიტინგი
ათბალიანი სისტემით:
მეკარე - 7
დაცვა - 8
ნახევარდაცვა - 7
თავდასხმა - 7
ჯამი: 29
საფეხბურთო ასოციაცია - FACR -
დაარსდა 1901 წელს, ჩეხოსლოვაკიის დაშლის
შემდეგ კი 1992 წლიდან მოქმედებს.
ჩეხეთი ფიფას რეიტინგი - 26
პირველი საერთაშორისო მატჩი: 23.02.1994 თურქეთი - 4:1
ყველაზე დიდი გამარჯვება: 04.06.2005 ანდორა - 8:1
ყველაზე დიდი მარცხი: 20.04.1994 შვეიცარიასთან და 10.08.2011 ნორვეგიასთან - 0:3
ყველაზე მეტი თამაში: კარელ პობორსკი - 118
ყველაზე მეტი გოლი: იან კოლერი - 55
ჩეხეთის ნაკრებს ევროპირველობა არ გამოუტოვებია: 1996 წელს ვიცეჩემპიონი გახდა, 2004 წელს ნახევარფინალში გავიდა, 2000 და 2008 წლებში კი ჯგუფში ჩარჩა.
ჩეხეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა უჭირს - უდიდეს ტურნირზე მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს იასპარეზა - თორემ ევროჩემპიონატები ჯერ არ ჩაუგდია.
მიხალ ბილეკის გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის თანამასპინძელ პოლონეთთან ერთად მოხვდა ჯგუფში, მეოთხედფინალში გასვლის ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტია - არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.
ჩეხეთს 7 ოქტომბერს, ესპანეთთან 0:2 მარცხის შემდეგ აღარ წაუგია: სტუმრად სძლია ლიტვას, ორჯერ დაამარცხა მონტენეგრო, 29 თებერვალს კი ირლანდიაში ფრედ 1:1 ითამაშა.
ჯერჯერობით ნაკრებს ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი - 26 მაისს, ავსტრიის ქალაქ გრაცში ისრაელთან.
მწვრთნელი: მიხალ ბილეკი
2002-2003 წლებში 47 წლის სპეციალისტი ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა, შემდეგ ბლშანის ხმელში, პლზენის ვიკტორიაში, პრაღის სპარტასა და რუზომბეროკშიც იმუშავა, 2009 წელს კი ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
თავის დროზე ბილეკი მარჯვენა ნახევარმცველი იყო, ითამაშა ჩეხოსლოვაკიის და ჩეხეთის ნაკრებებში, 1990 წელს კი, იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის ყველა, ხუთივე მატჩში იასპარეზა და 2 გოლიც გაიტანა.
2001-02 წლებში ბილეკი კოსტა რიკაში, კლუბ კარტახენას მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
ვარსკვლავი პეტრ ჩეხი
ლონდონის ჩელსის მეკარე 29 წლისაა, თუმცა ნაკრებში უკვე მოასწრო 89-ჯერ თამაში. ეროვნულში ტიტული არ მოუგია, სამაგიეროდ, 2002 წელს ახალგაზრდათა ევროპირველობაზე იმარჯვა.
ჩეხი 2004 წლიდან ჩელსის ძირითადი მეკარეა: 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 4-ჯერ მოიგო ასოციაციის თასი, 2008 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. 19 მაისს მისი კლუბი კიდევ ერთხელ ეცდება მთავარი საკლუბო ევროტიტულის მოგებას - მიუნხენში ბაიერნის წინა-აღმდეგ ფინალში ითამაშებს.
პეტრ ჩეხი 2005 წლიდან ჩეხე-თის საფეხბურთო ასოციაციამ 5-ჯერ, ჟურნალისტებმა კი 6-ჯერ დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ.
ტაბულას რეიტინგი
ათბალიანი სისტემით:
მეკარე - 10
დაცვა - 7
ნახევარდაცვა - 7
თავდასხმა - 7
ჯამი: 31
![]() |
22 წითელი ქვიშის რაფაელი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ჩოგბურთი
ზურაბ თალაკვაძე
ესპანელი როლან გაროს თითქმის სულ იგებს. ნადალი შვიდჯერ ჩადის ტურნირზე და ექვსი ბონუსი მოაქვს. რაფაელი ღია ერაში (1968 წლის შემდეგ) როლან გაროს ჩემპიონებში პირველზე ზის.
როლან გარო რაფაელ ნადალის ტერიტორია, ესპანელის პატარა პლაჟია, სადაც ის ისვენებს. როლან გარომდე კი პრო ტური რამდენიმე საინტერესო გრუნტის ღონისძიებას ატარებს. მადრიდის ლურჯ და რომის სტანდარტულ, წითელ ქვიშას ორ სასპარინგო ტურნირს (დიუსელდორფის World Team Cup და ნიცა) უზავებენ და მერე მოდის პარიზის ამბები. წელს როლან გარო 27 მაისს იწყება. პარიზში ჩადის რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი, პარიზში ჩავა ჩოგბურთის ბობ დილანი, მისტერ როჯერ ფედერერი. პარიზში ჩავა ერთჯერადი ენდი მარი. პარიზში ჩავა ხუან მარტინ დელ პოტრო. ხუან მარტინი მარტინ პალერმოსთან ერთად იქნება და იქვე, მაღალი ბიჭის ძალიან ლამაზი მეგობარი გოგონა წამოწვება. პარიზის ფესტივალზე რაფაელ ნადალიც ჩადის.
ნადალი რეიტინგში მეორეზე ზის. ხდება ხოლმე. ნადალამდე პირველი ფედერერი იყო და ესპანელმა როჯერს სტამინა, ბევრი ქულა, ბევრი ფინალი და უფრო მეტი ევრო წაართვა. ჯოკოვიჩმა სერბულად, მოურიდებლად აქაჩა, ნადალი რაფაელის ტერიტორიაზე აჭრა და შარშან ესპანელს შვიდივე პირადული მოუგო. შარშან ჯოკოვიჩი არარეალური იყო. ნადალი იგებდა სხვებთან და იშლებოდა ჯოკოვიჩთან. სერბმა როლან გაროს გარდა ყველაფერი წამოიღო - პარიზში ნოვაკს ფედერერმა დაუკრა. როჯერის რიფინგმა სერბი ანაკონდა მიაძინა და ფედერერმა ჯოკოვიჩი ნახევარფინალში, 7:6, 6:3, 3:6, 7:6 გააჩერა. ბოლო გარჩევაში ნადალმა ფედერერს 7:5, 7:6, 5:7, 6:1 დაუსვა. Game, Set, Match Nadal. როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ესპანელი როლან გაროს თითქმის სულ იგებს. ნადალი შვიდჯერ ჩადის ტურნირზე და ექვსი ბონუსი მოაქვს. რაფაელი ღია ერაში (1968 წლის შემდეგ) როლან გაროს ჩემპიონებში პირველზე ზის. ბიორნ ბორგთან ერთად. ლორედანა ბერტეს ყოფილმა სიყვარულმაც ექვსჯერ დაირტყა მთავარი პრიზი.
ნადალის შვიდი როლან გარო განსხვავებული დატვირთვის იყო. არ იცვლება რაფაელის სტატუსი და იცვლებიან ასაჩეხი პერსონაჟები. ნადალის ნავახა უფრო ლეტალურია, ვიდრე დენი ტრეხოს მაჩეტე და რაფაელი გემოვნებით იგებს.
ნადალის პირველი როლან გარო. 18 წლის ბიჭი საკურსოს წერას ლარს ბურგსმიულერთან ერთად იწყებს. გერმანელი 6:1, 7:6, 6:1 განადგურდა და მეორე ტესტში ქსავიე მალისი დაიჭრა (6:2, 62, 6:4). ნახევარფინალამდე რაფაელი აგებს ერთ სეტს, სებასტიან გროჟანთან და მერე მოდის ფედერერი. ნადალმა როჯს ერთი, მეორე სეტი მიუგდო, სამი წამოიღო და ფინალში მარიანო პუერტაზე გავიდა. არგენტინელი იმ სეზონში ხმაურობდა და ფინალიც საინტერესოდ დაიწყო. მერე ნადალის ხვნეშის სეანსები მოდის - 6:7, 6:3, 6:1, 7:5. თავის 1 103 960 დოლართან ერთად.
II როლან გარო. ნადალმა თითო სეტი ლეიტონ ჰიუიტს (1/8 ფინალი) და პოლ-ანრი მატიოს (III წრე) ათხოვა. ბოლო გაჩერება -ფედერერი. როჯერი პირველ სეტში ნადალია (6:1) და მეორე სეტიდან რაფაელის რაფსოდია მოდის. სმენადი, ცოტა დამღლელი და აგრესიული რაფსოდია. ნადალმა ფინალი 1:6, 6:1, 6:4, 7:6 შეახვევინა. საბანკო ანგარიშზე 1 196 700 დოლარი მოდის. ჯიბის ფული.
III როლან გარო. პირველ წრეში ხუან მარტინ დელ პოტროს მოხვდა. მერე ფლავიო ჩიპოლას, ალბერტ მონტანიესს, ისევ ჰიუიტს, კარლოს მოიას. მატადორის შემდეგ გატყდა ჯოკოვიჩი (7:5, 6:4, 6:2) და ფინალში ისევ ფედერერი მოდის. ნადალმა 190 წუთში ოთხი ბრეიქი აიღო და 6:3, 4:6, 6:3, 6:4 დატოვა. იმ სეზონში ტურნირის ორგანიზატორებმა კარგი სპონსორები იპოვეს და საპრიზო ფონდიც ცოტა გაიზარდა. ნადალმა 1 343 550 დოლარი აიღო.
IV როლან გარო. სპორტმა ჩოგბურთის კლაივ ბარკერი მიიღო. ნადალის ჩოგბურთი ბარკერის სადისტური შტრიხებით ივსება, სტივენ კინგის ცივი სუნთქვით იკვრება და ნადალი ვენსან კასელის ღიმილით გემშვიდობება. შვიდ გარჩევაში ესპანელმა მხოლოდ 41 გეიმი ვერ მოიგო. ერთ თამაშში საშუალოდ, 6 გეიმზე ნაკლები. ფენომენალური სტატისტიკა. ნადალი ფინალში ფედერერს დაჟანგული სამართებლით აცლის კანს - 6:1, 6:3, 6:0. შვიდ თამაშში ესპანელი შვიდ შედევრს ტოვებს და ორგანიზატორებისგან 1 000 000 ევროც მოაქვს.
V როლან გარო. რაფაელი ბოლომდე ვერ დაიტენა. ნადალი მეოთხე წრეში დაჯდა და უემოციო, სხვა ესპანელი რობინ სოდერლინგმა წაიკითხა. პირველ სამ წრეში სამი სოლოს (მარკოს დანიელთან, თეიმურაზ გაბაშვილთან და ჰიუიტთან) შემდეგ, შვედმა ოთხიდან სამი სეტი წაართვა ნადალს. 6:2, 6:7, 6:4, 7:6. სოდერლინგი იგებს, გადის ფინალში და იქ ფედერერმა ფილ ანსელმოზე მაგრად დაიღრიალა, ნადალი რომ ვერ დაინახა. როჯერმა სოდერლინგს საჩოგბურთო Mission Impossible აყურებინა.
VI როლან გარო. სოდერლინგმა აკრიფა. რობინმა ზედიზედ მეორედ შემოარტყა წინა სეზონის ჩემპიონს და უკვე ფედერერი გააგდო. ნადალი სეტის წაუგებლად გადის რობინზე. პირველ ექვს სერიაში რაფაელის კასტინგი ვერ გაიარეს ჯანი მინამ, ჰორასიო სებალიოსმა, ჰიუიტმა, ტომაზ ბელუჩიმ, ნიკოლას ალმაგრომ და იურგენ მელცერმა. ფინალში რაფაელმა 6:4, 6:2, 6:4 გადაშალა. 1 120 000 ევრო ნადალს.
VII როლან გარო. მშრალი სტატისტიკა - 241 წუთი ჯონი იზნერთან, პირველ წრეში. ნადალმა ამერიკელი გააჩერა - 6:4, 6:7, 6:7, 6:2, 6:4. შემდეგი თემა - 7:5, 6:3, 7:6 პაბლო ანდუხართან (ესპანეთი). 6:1, 6:3, 6:0 ანტონიო ვეიჩთან. ვეიჩი ხორვატია და ხორვატია ივან ლიუბიჩიჩიც. ნადალმა ჩოგბურთის იულ ბრინერს 7:5, 6:3, 6:3 აჩუქა. 6:4, 6:1, 7:6 სოდერლინგთან. 6:4, 7:5, 6:4 ენდი მარისთან და მერე იყო ფედერერი.
როლან გარო ისევ რაფაელის ტერიტორია იქნება. რაღაცები ვერ იცვლება.
![]() |
23 ალესანდრო და ძველი პოსტერი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ზურაბ თალაკვაძე
ალესანდრო დელ პიერო მარადონაზე გაიზარდა, ამიტომ ბურთს არგენტინულად, ცოტა ქუჩურად ეფერება და ელეგანტურად, დიეგოს მოძრაობით გტეხავს. ბავშვობაში მამამ, სენიორ ჯინომ, ალესანდროს მარადონას პატარა პოსტერი მიუტანა. სადღაც, მეგობრის ჯიხურში ნახა გაბზარულ სარკეზე აკრული და მოხსნა. დელ პიეროს ის დღემდე შენახული აქვს. ფრანც ბეკენბაუერის, მიშელ პლატინის და რობერტო ბაჯოს ფოტოებიც იმ კედელზეა.
დელ პიერო: „პირველი ბურთი უფროსმა ძმამ, სტეფანომ მაჩუქა, ვიღაცას მილანის ფორმაში გაუცვალა. მაშინ დედა ეზოში არ მიშვებდა - ალეს სუსტი ფილტვები აქვს, არ გაცივდეს, ფეხი არ იტკინოს. ერთხელ ჩამომყვა, შემოვიდა მოედანზე, თამაში გააჩერა, ბურთი აიღო, მომკიდა ხელი და კარში ჩამაყენა. აქ ნაკლებად გაოფლიანდები, მუხლებსაც არ იტკენ და ბასტა, კარში უნდა იდგეო. იმ თამაშზე ბოლომდე დარჩა. ერთ მომენტში ბურთი მომიგორეს, გავხედე დედას, რომელიც მეგობარს, სენიორიტა ამელიას ეჭორავებოდა. ჰოდა, დრო ვიხელთე, ჩვენი კარიდან მეორე კარამდე ჩავირბინე და კარში ბურთთან ერთად შევვარდი. გოლი ყველას მოეწონა, მაგრამ დედამ ეგრევე სახლში ამიყვანა. მას შემდეგ უბნის დიდი ბიჭები ჩვენთან სახლში მოდიოდნენ, სენიორიტა ბრუნა, ალე ერთი საათით გამოუშვით, კარში ჩავაყენებთ, მეტი არაფერიო. მართლა კარში ვდგებოდი, თუმცა 4, 5 ან მეტი გოლი აუცილებლად უნდა გამეტანა“.
დელ პიეროსთვის ფეხბურთი მარადონაა. ალესანდრო 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩანაწერს რთავს. იტალია-არგენტინა. ბავშვობაში სწორედ ამ თამაშის პირველივე ტაიმში მოიწამლა დიეგოთი. მარადონამ წაიცეკვა და ჯოვანი გალის ბურთი შორეულ კუთხეში ჩაუსვა.
დელ პიერო: „დიეგოს ის გოლი კარგად მახსოვს და უბანში მეგობრები ხმას არ მცემდნენ, მოედანზე მარადონას ფორმით თუ გავდიოდი. არადა, ფეხბურთში ჩემთვის ეროვნებას დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. დიეგო კი ფეხბურთი იყო. იტალიაში გვყავდა მიშელ პლატინი, ელეგანტური, ემოციური ბიჭი. მარადონას ენერგია ყველაფერს ფარავდა და პლატინი ფეხბურთით გელაპარაკებოდა, ყველაფერს გიხსნიდა. მიშელი ყველაზე რთულ მოძრაობასაც მარტივად, გასაგებად აკეთებდა და დიეგოს შემდეგ, პლატინი ნამდვილად პირველია“.
დელ პიეროც ფეხბურთით გელაპარაკება. ის მარადონას და პლატინის მიქსტია. დელ პიერო ძირითადად ისვენებს, იუვენტუსში კი ფორვარდებს მეორადში აწყობილ ბიჭებს ეძახიან. ეს იუვენტუსის, ანტონიო კონტეს პრობლემაა. კონტე კარგი მწვრთნელია და პრობლემებს ჯერ აგვარებს. აგერ, ჩემპიონიც გახდა. თუმცა დელ პიეროს შოუსთვის მაინც მეტი დრო უნდა გამოეყო. თუნდაც ამ სიტყვებისთვის: „ფეხბურთის ისტორიაში ბევრი დიდი მოთამაშეა. ჩემთვის ფეხბურთი იმპროვიზაცია და მსუბუქად აზროვნებაა. მარადონა, პლატინი, ბაჯო, ბეკენბაუერი. დღეს მესი და ინიესტა. ეს ორი მსუბუქად აზროვნებს, ბურთს უხეშად არ ელაპარაკება. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემზეც იტყვიან, რომ თავისუფალი, მსუბუქი მოთამაშე ვიყავი. რომ ასაკმა ჩემს ფეხბურთით აღფრთოვანებას ვერაფერი დააკლო“.
![]() |
24 ლეონ ვერტს. როდესაც ის პატარა ბიჭი იყო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
თუ გეოგრაფიაში ძალიან არ მოიკოჭლებთ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ გარდა ისეთი დიდი პლანეტებისა, როგორიცაა დედამიწა, იუპიტერი, მარსი და ვენერა, რომლებსაც ჩვენ სახელებიც კი შევარქვით, არსებობს მრავალი სხვა პლანეტა და ზოგი ისეთი პატარაა, რომ დანახვა ტელესკოპითაც კი ჭირს. ხოლო მაშინ, როცა ასტრონომი ასეთ პლანეტას აღმოაჩენს, სახელის ნაცვლად ნომრით აღნიშნავს. მაგალითად, „ასტეროიდი ბ612“.
ისე, თუ სიტყვა „გეოგრაფიის” ეტიმოლოგიაშიც კი გაჭირვებით ერკვევით და საერთოდ, მზის სისტემაზე არც არაფერი გსმენიათ, „ასტეროიდ ბ612“-ზე ან წაკითხული გექნებათ, ან, უბრალოდ, ყურმოკრული მაინც. იმიტომ არა, რომ ეს ასტეროიდი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს - როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, ის მხოლოდ ერთხელ, 1909 წელს შენიშნა ტელესკოპით ერთმა თურქმა ასტრონომმა, მაგრამ საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესზე არაფრით არ დაუჯერეს, რადგან ეროვნული ტანსაცმელი ეცვა.
უბრალოდ, „ასტეროიდი ბ612”-ის არსებობის შესახებ რთულია არაფერი იცოდე. ის ხომ რამდენჯერმე არის ნახსენები ნაწარმოებში, რომელიც ფრანგულენოვანი წიგნებიდან ყველაზე ხშირად ითარგმნება უცხო ენებზე (უფრო მეტი სიზუსტისთვის დავძენთ - ორას ორმოცდაათ ენასა თუ დიალექტზე - რადგან სწორედ ამ წიგნის ავტორი გვარწმუნებს, დიდებს ყველაფერს დააჯერებ, თუ ციფრები უხსენე), Le Monde-მა საუკუნის 100 საუკეთესო წიგნის სიის პირველ ხუთეულში შეიყვანა, და საერთოდ, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ „ასტეროიდი ბ612“ ნაწარმოებში რამდენჯერმე იმისთვის ახსენა, რომ სკეპტიკურად განწყობილი დიდებისთვის უფრო სარწმუნო გამხდარიყო - პატარა უფლისწული ნამდვილად არსებობდა და საჰარის უდაბნოში სწორედ ამ ასტეროიდიდან მოვიდა. აბა, რომ ეთქვა, „იყო ერთი პატარა უფლისწული, და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ იგი მშვენიერი იყო, იცინოდა და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ბატკანი, ხოლო ვისაც სურს ჰყავდეს ბატკანი, რა თქმა უნდა, არსებობს კიდეც“, დიდები არა მხოლოდ არ დაუჯერებდნენ, ბავშვადაც ჩათვლიდნენ. ამ ხერხის დამსახურებაა თუ რაიმე სხვის, დღეს პატარა უფლისწულის არსებობაში არც ისე ადვილია ეჭვის შეტანა. მას ნახავთ ლიონში, ბელკურის მოედანზე, შეერთებულ შტატებში - ნორზპორტში, ჰაკონეში (იაპონია), სადაც მას საკუთარი მუზეუმიც კი აქვს...
ამ წიგნთან დაკავშირებულ ფაქტებზე ყველას ბევრი გვსმენია. მთავარი, ანუ ის, ვინ იყო სინამდვილეში პატარა უფლისწულის პერსონაჟის პროტოტიპი, ცნობილი არ არის. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება თავად სენტ-ეგზიუპერი ყოფილიყო. ან კვებეკელი ოქროსთმიანი ბიჭი, ტომას დე კონინკი. ვარდის პერსონაჟის შექმნის შთაგონების წყაროდ მწერლის ცოლი, კონსუელო მოიაზრება, ხოლო წიგნის ყველა თაყვანისმცემელმა იცის, რომ უდაბნოში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების ამბავი სულაც არაა გამოგონილი - სენტ-ეგზიუპერი ანდრე პრევოსთან ერთად თვითმფრინავით 1935 წლის 30 დეკემბერს მართლაც ჩამოვარდა საჰარის უდაბნოში. რამდენიმე ყურძნის, თერმოსში შემორჩენილი ყავის, ფორთოხლისა და ცოტა ღვინის იმედზე დარჩენილებს, ცოტა ხანში მირაჟისა და ჰალუცინაციების ხილვები დაეწყოთ. მეოთხე დღეს ორივე ბედუინმა იპოვა და სიკვდილს გადაარჩინა.
სამაგიეროდ, ცოტას თუ ეცოდინება, თუ პირველად ვის შეხვდა პატარა უფლისწული, როდესაც დედამიწაზე აღმოჩნდა. ეს არ ყოფილა გველი, რომელსაც მთვარის სხივის ფერი დაჰკრავდა, თუმცა აქამდე ყველას ასე გვეგონა. ახლახან, ექსპერტებმა ერთ კოლექციონერთან (რომელმაც არც კი იცოდა, რომ ასეთი დიდი ღირებულების მქონე ნივთის მფლობელი იყო) წიგნის ორიგინალი ხელნაწერი იპოვეს. ეს შავად ნაწერი 1941 წლით თარიღდება, არადა ნაწარმოებმა პირველად 1943 წელს იხილა მზის სინათლე. ხელნაწერი გამოუქვეყნებელ ნაწყვეტებს მოიცავს წიგნის მე-17 და მე-19 თავებიდან. როდესაც ეგზიუპერიმ წიგნი თავიდან გადაწერა, საბოლოო ვარიანტში ეს ნაწყვეტები ვერ მოხვდა.
აუქციონის სახლში Artcurial ამბობენ, რომ ხელნაწერის გარჩევა რთულია, თუმცა ექსპერტებმა ეს მაინც შეძლეს და აღმოაჩინეს, რომ მე-17 თავში წერია შემდეგი: „დედამიწის ყველა მცხოვრებლისთვის რომ ერთად მოგვეყარა თავი, როგორც მიტინგებზე ხდება ხოლმე - თეთრებისთვის, ფერადკანიანებისთვის, შავკანიანებისთვის, ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ქალებისა და კაცებისთვის - მთელი კაცობრიობა ლონგ აილენდზე მოთავსდებოდა”. საბოლოო ვერსიაში ლონგ აილენდი ნახსენები არ არის. ექსპერტების აზრით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ნაწარმოები სწორედ ნიუ იორკში იწერებოდა.
მე-19 თავის გამოუქვეყნებელი ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციას შეიცავს და წარმოგვიდგენს ახალ, სრულიად უცნობ პერსონაჟს, რომელსაც უფლისწული დედამიწაზე მოხვედრის შემდეგ პირველად შეხვდა. ეს არის კროსვორდის ენთუზიასტი, რომელსაც პატარა უფლისწული გზაზე შემოხვდება და იფიქრებს, რომ ის შეიძლება „ადამიანური სულის ელჩი“ იყოს. „ელჩი“ უფლისწულს ეუბნება, რომ ძალიან დაკავებულია. „რა თქმა უნდა, დაკავებული იქნება, როდესაც ამხელა პლანეტაზე ზრუნავს. რამდენი საქმეა გასაკეთებელი“, - გაიფიქრებს უფლისწული. კაცი კროსვორდით მას ეუბნება, რომ უკვე სამი დღეა წარუმატებლად ცდილობს მოიფიქროს ექვსასოიანი სიტყვა, რომელიც იწყება ასო „G“-ზე და ნიშნავს „Gargarisme“ (ქართ. ყელში გამოვლება). ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სიტყვა „Guerre“ - ომი, რადგან მწერალი ამას 1941 წელს წერდა, მაშინ, როდესაც ეს თემა ძალიან აღელვებდა. თუ ეს ასეა, მაშინ სიტყვა ნაწარმოების ინტერპრეტაციას ცოტათი ცვლის და პაციფისტურ ხასიათსაც კი აძლევს.
Artcurial-ში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია - ტექსტს გაგრძელება არ აქვს და ალბათ ასე უკეთესიცაა. აღმოჩენილი ხელნაწერი კი 40-50 ათას ევროდ შეფასდა - ათჯერ უფრო ძვირად, ვიდრე მწერლის ავტოგრაფები. მას აუქციონზე გასაყიდად სულ რამდენიმე დღეში გაიტანენ.
![]() |
25 პოეზიის ქელეხი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კეკელიძე|სვეტი
ანუ ქართული პოსტმოდერნი, როგორც ისეთი
ხოლო მას ტანსა ეცვა სადღაც ოდნავ დახეული ჯინსი... ჩანთა „სტიკერებით“... ერთი შეხედვით თანამედროვე... რაღაც აზრით - მეორე შეხედვითაც... მოვიდა ჩვეულებრივ... დაჯდა მაგიდასთან, როგორც სხვა ათასი მისი მსგავსი ანაც არამსგავსი... ვინმე ახალგარდაცვლილი კაცის ლექსები მოძებნა... რაღა ვინმე... როგორც სხვა ათასმა მსგავსმა და არამსგავსმა... მერე მობილურში მესიჯად აკრიფა და კმაყოფილი სახით გაგზავნა.
მე შენ მიყვარხარ და მეყვარები, რამ დამავიწყოს შენი თვალები, შენი თვალები, როგორც ალები, მე შენ მიყვარხარ და მეყვარები“.
რაღაც ამგვარი...
ხოლო თქვენ მოხვალთ და მეტყვით: აი, პოსტმოდერნიზმი, აი, მაღალი და დაბალი ხელოვნების გათანაბრება, აი, მასკულტურის აღზევება და მერე სიმულაკრები და ჩაკრები და დერიდა და იჰაბ ჰასანი.
ან მოხვალთ და მეტყვით: შეგშურდა. დიახ, შემშურდა. არა, უფრო გავბრაზდი. თუნდაც ბევრი ჩემი მეგობრის გამო. ძალიან საინტერესო და მაგარი პოეტის გამო და მაგივრად.
დღეს რომ საქართველოში პოეზიაა პოპულარული, ასეთი საშინელი ამბავი იშვიათად ყოფილა. თუმცა ჩვენებური ლექსმოყვარეობა დიდწილად ყოველთვის ზერელე გახლდათ. ახლა, ინტერნეტვიდეოთა ერაში უფრო აიშვა თავი. ადრეც დავწერე, ერთმა კაცმა დაიდო ჩვენი ცოდვა და კეთილად მოგვატყუა. ასე თქვა: ყველა ქართველი პოეტია და ყველა ქართველი პოეტი ორჯერ პოეტი. სულ მგონია, რომ ტიციანის ეს სტრიქონები ამაზე პასუხია (თუნდაც დროში და სივრცეში დაშორებული):
„იმერეთში მღერის დანიელა ურია,
კახეთში კიდევ - დედას ლევანა...
საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს
თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი.
დღეს ღვთისმშობელი ძირს რომ ჩამოვიდეს,
მითხარით, მართლა ვინ ეტყვის ლექსს?“
აღქმა კი გვქონდა სხვანაირი. არ დაიჯეროთ. ყველა ქართველის პოეტობა ანუ. არც მკითხველობა დაიჯეროთ. მერე რა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ და „თოვლის“ ქვეყანა გვქვია და აღაზას სცენა ჩვენს ენაზეა დაწერილი და სულხან-საბას ლექსიკონი (ერთ-ერთი უდიდესი პოეტური წიგნი - ჩემი აზრით). ამ ტექსტების დიდმა ნაწილმა ქართველ მკითხველს გვერდი აუარა. უფრო სწორად, მკითხველმა აუარა გვერდი. ბევრს ჩვენთან ვაჟა არ ესმის. არც გურამიშვილი. გალაკტიონის ის ლექსები უყვართ, ბოლოს რომ თვითონვე ეზიზღებოდა. შეიძლება თქვათ, რომ ყველგან ასეა. ყველა ქვეყანაში. შეიძლება. მაგრამ ნუ ვიჟინებთ მაინც იმ ორჯერპოეტობას.
ამ ტელე-ინტერნეტ პოეზიის ორი მიმდინარეობა არსებობს. სამიჯნურო და საკუთრივ პოეტის შესახებ. ანუ გაუტეხელი, უდარდელი, დაუფასებელი, მაგრამ მაინც ღრუბელშემოსილი პოეტის შესახებ. პირველი ისეთია, ზემოთ რომ sms-ით გაიგზავნა. მეორე - დაახლოებით ასეთი:
„ვერვინ დამძალავს, მე ვარ პოეტი,
და მთები ამაქვს ღმერთთან ტკივილით,
არ მინდა ფული, არ მინდა სახლი,
ლექსები უნდა ვშობო კივილით.
ზასე, ასე ვიქნები მარად,
მე არ ვიცვლები, პოეტი მქვია,
სანამ ჩემ ამაყ, ნაჩუქარ პალტოს
არ შეჭამს ჭია.
მე დავბრუნდები მერე მიწაზე,
თქვენ რომ გგონივართ ხუთი წლის მკვდარი,
მე დავბრუნდები. პირამიდები.
ორი ღერი სიგარეტი.
ქარი“.
ეს „ლექსი“ მე დავწერე, რა თქმა უნდა. როგორც წინა. შევეცადე სტილით მიმებაძა. ბევრს ვერაფერს გავხდი და ამასობაში პირველ სიტყვასა ზედა მოვიდეთ. გოგომ რაღაც პასუხი მიიღო. სავარაუდოდ, მეორე სტროფი იყო. კმაყოფილმა გაიღიმა. მაშინ ვიფიქრე, ეგებ მე ვცდები და ეს ქელეხი კი არა, ქორწილია.
ვინ იცის?!
![]() |
26 ფოტოგრაფის ერთი ფოტო: კახა კახიანი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
2009 წელია. მლეთა. ლომისობის დღესასწაული. მომლოცველს მთაზე სამი ცხვარი აჰყავს, შესაწირად. ცხვარი უძალიანდება... უკან, ბერი ისვენებს. ვიღაცას სძინავს... გადაღებისას ტალახში ჩაწოლა მომიწია. ძალიან ლამაზი და ძვირფასია ჩემთვის, ერთერთი პირველი ფოტოა, რაც გადაღება დავიწყე.
![]() |
27 სახელოსნოდან საგამოფენო სივრცეში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|გამოფენა
თეონა ჯაფარიძე
ფოტო: თამრი ბოლქვაძე
პაბლო პიკასოს კერამიკა და მისი ვალორისის სტუდიაც შეიძლება გაგახსენდეთ, თუკი ჩვენსავით თბილისის გარეუბანში, მწვანეში ჩაფლულ სახელოსნოში აღმოჩნდებით ადამიანისთავიანი ჩიტების, თევზების და სფინქსების კერამიკულ ფიგურებში. ოთარ ვეფხვაძის ნამუშევრები მართლაც უკავშირდება პიკასოსა და ვალორისს - ქართველი კერამიკოსი 1982 წელს სწორედ პიკასოს სახელობის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს ვალორისის თანამედროვე კერამიკის საერთაშორისო ბიენალეზე.
მხატვარი პიკასოს კონკურსში გამარჯვებულ ვაზას გვიჩვენებს. ის შამოტისგან - ანუ ცეცხლგამძლე აგურის მასალისგანაა შექმნილი. როგორც წესი, ეს მასალა მძიმე და უხეშია, მაგრამ ოთარ ვეფხვაძე მისგან ყოველთვის ფაიფურივით თხელ და მსუბუქ ნამუშევრებს ქმნის. როგორც თავად ამბობს, ყველაზე მეტად კერამიკის და ფოლადის კომბინაციების კეთება მოსწონს - „ყველა მასალა მიყვარს, რაც ცეცხლთანაა დაკავშირებული“. საკმარისია მის სახელოსნოში მიმოიხედო და ამაში მაშინვე რწმუნდები.
„ეს არის კრისტალური ჭიქური კერამიკა, - ამბობს ცისფერ და მსუბუქ ფინჯანზე, - და ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული მისაღებია. საერთოდ, ფაიფურის მასალა ჩვენთან არ მოიპოვება და კერამიკოსისთვის ისეთივე ძვირფასი მასალაა, როგორც ფერმწერისთვის უინძორის ან გოიას ცნობილი საღებავები. ამიტომაც ვცდილობ, საკუთარი ტექნოლოგია შევიმუშაო, სხვადასხვა ხელმისაწვდომ მასალაზე ვიმუშაო. მაგალითად ისეთზე, როგორიც შამოტია“.
ამ უცნაური კერამიკული ნივთების ფერები პასტელურია, ერთმანეთში ირევა არქაული, მითოლოგიური, ეტრუსკული კულტურების განწყობა და ფრესკების ესთეტიკა. დეკორატიულ ორნამენტად ხშირად უძველეს ლურსმულ და ქართულ დამწერლობებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, კერამიკაზე ამოტვიფრულ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტებსაც კი იყენებს. ყოველივე ეს კი ღუმელში გამოწვის შემდეგ ორიგინალურ დეკორად იქვცევა. საბოლოო ჯამში, ვიღებთ თანამედროვე კერამიკას, რომელიც მსოფლიოს მრავალ საგამოფენო სივრცესა და კერძო კოლექციებში ხვდება: ნიუ იორკის გალერეაში Express avant-Garde, კერამიკის გამოფენებზე ესენსა და ჰატინგენში (გერმანია), ფაენაცას კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე იტალიაში, ჩიკაგოს საერთაშორისო გამოფენაზე, ბენტონ ჰარბორის Glass Gallery-ში...
„სხვათა შორის, ჩიკაგოში მინის ტექნოლოგიასაც გავეცანით მე და ია (მხატვარი ია გიგოშვილი, მისი მეუღლე). კარგი იქნება, თუ მხატვრული მინის წარმოება საქართველოში - ვაზისა და ღვინის ქვეყანაშიც დაინერგება. საერთოდ ვფიქრობ, რომ კერამიკის დარგს მოვლა სჭირდება. თაობა, რომელმაც სამხატვრო აკადემიაში ცნობილ პედაგოგებთან (ალდე კაკაბაძესთან, რეზო იაშვილთან, დავით ციციშვილთან...) კერამიკის საიდუმლო შეისწავლა, 90-იანებში ამ დარგის დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა: სწორედ მაშინ დაიხურა თბილისის ცნობილი მხატვრული კერამიკის კომბინატი, ძნელი მოსაპოვებელი გახდა მასალაც. ეს კრიზისი დღემდე გრძელდება. მთელი ამ წლების მანძილზე საზღვარგარეთ ვარ კერამიკის უორქშოფებსა და სიმპოზიუმებზე და, პარალელურად, ინტერიერების დიზაინითაც დავინტერესდი“, - გვიხსნის მხატვარი.
დღეს თბილისის კაფეებისა და პატარა სასტუმროების ინტერიერებშიც აღმოაჩენთ ოთარ ვეფხვაძის მიერ შექმნილ დიზაინს. საბოლოოდ, მისი ინტერესები ფოტოგრაფიაში, ფერწერაში, დიზაინში და კერამიკის პროფესიული ცოდნა ერთმანეთს გადაეჯაჭვა და ვეფხვაძის ორიგინალურ ხელწერაში შერეული სახით იჩინა თავი. თუმცა თბილისში ამ ტიპის დეკორატიული ნამუშევრების მომხმარებელი რატომღაც ნაკლებადაა. შესაბამისად, ამ ჟანრს გალერეებიც იშვიათად უთმობენ სივრცეებს.
მიუხედავად ამისა, სახელოსნოში ჩვენი სტუმრობიდან რამდენიმე დღეში, ამ უცნაურმა ნივთებმა საჯარო სივრცეში გადაინაცვლა: ლადო გუდიაშვილის საგამოფენო ცენტრი თავისი არსებობის ერთი წლის მანძილზე დიდი სიფრთხილით არჩევდა ავტორებსა და ნამუშევრებს. ცენტრის პირველი სართულის სივრცე ეთმობა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებს, მაგრამ ძირითადი საგამოფენო სივრცე, გუდიაშვილის ცნობილი „სატირული გრაფიკის“ გამოფენის შემდეგ, მხოლოდ მაღალი კლასის ხელოვნებისთვის და განსაკუთრებული ექსპოზიციებისთვისაა განკუთვნილი. ამჯერად, ცენტრის არჩევანი ოთარ ვეფხვაძის კერამიკაზე შეჩერდა. ასე რომ, ადამიანისთავიანი ჩიტების, თევზების და სფინქსების კერამიკის ფიგურები, გუდიაშვილის საგამოფენო ცენტრის სივრცის უნიკალურ განათებაში კიდევ უფრო მითოსური იქნება.
გამოფენა 15 მაისს იხსნება და ერთ თვეს გასტანს.
![]() |
28 კანი 2012 |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|კინო
ნიკა ესებუა
რამდენიმე ამბავი საფესტივალო ცხოვრებიდან
წელს კანის კინოფესტივალი 65-ედ ჩატარდება. ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი რეჟისორი ნანი მორეტია. დევიდ კრონენბერგი, მიხაელ ჰანეკე, აბას კიაროსტამი, ვალტერ სალესი, კენ ლოუჩი, ტომას ვინტერბერგი და მათთან ერთად კიდევ არაერთი გამოჩენილი რეჟისორი წელს სწორედ კანში შეეცდება საუკეთესოს წოდების მოპოვებას. ფესტივალი 16 მაისს გაიხსნება და 27 მაისამდე გასტანს.
ისტორია
1938 წელს ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის წოდება მოიპოვა ლენი რიფენშტალის ნამუშევარმა „ოლიმპია“ და მუსოლინის შვილის გადაღებულმა - „პილოტი ლუჩიანო სერა“. იტალიაში პროპაგანდისტული კინოს ზეიმმა საფრანგეთში, კერძოდ კი კანში, ფესტივალის დაბადებას შეუწყო ხელი. საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან ზეიმ, ბრიტანეთისა და ამერიკის დახმარებით, დააარსა ახალი საერთაშორისო დამოუკიდებელი კინოფესტივალი, რომელიც წლების მანძილზე არ კარგავდა აქტუალობას, პოპულარობას და დღეს, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და აღიარებული კინოფორუმია.
ახალი წესი ბარტონ ფინკის გამო
1991 წელს ძმები კოენების „ბარტონ ფინკი“ გახდა ერთადერთი ფილმი, რომელმაც სამივე მთავარი ჯილდო (ფილმი, რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი) მოიპოვა. ნამუშევრით კრიტიკოსების აღფრთოვანების მიუხედავად, ასეთ წარმატებას ბევრი ჟიურის თავმჯდომარეს, რომან პოლანსკის და მის სიმთვრალეში მიღებულ გადაწყვეტილებას „აბრალებს“. სამი ჯილდოს აღების პრეცედენტი რომ არ განმეორებულიყო, კანის დირექციამ ახალი წესი შემოიღო, რომლის მიხედვითაც ერთ ფილმს მაქსიმუმ ორი პრიზის აღება შეუძლია.
გამარჯვებული კრიტიკოსი
1958 წელს ფრანსუა ტრიუფო ფესტივალზე არ მიიწვიეს. მიზეზი კინოკრიტიკოსის სტატიები იყო, სადაც ის დაუფარავად აკრიტიკებდა ფრანგულ კინოს. ერთი წლის შემდეგ ტრიუფომ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „400 დარტყმა“ გადაიღო და კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის წოდება მოიპოვა.
პირველი და უკანასკნელი
1993 წელს ჯეინ კემპიონი პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქალი რეჟისორი გახდა, რომელმაც ოქროს პალმის რტო მოიპოვა. „პიანინო“ დღემდე კემპიონის საუკეთესო ფილმად რჩება და მან კანის კინოფესტივალთან ერთად 3 ოსკარიც მოიგო. კემპიონი, სულ ცოტა ერთი წელი, კვლავაც ერთადერთი ქალი ლაურეატი იქნება, რადგან წლეულს ყველა ნომინანტი ფილმი მამაკაცის გადაღებულია.
ბრიჯიტ ბარდოს და საშა ბარონ კოენის შესახებ
1953 წელს იმ დროს ნაკლებად ცნობილი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო კანის პლაჟზე ბიკინით გამოჩნდა და სწორედ მაშინ დაიწყო ახალი სექსსიმბოლოს კარიერული აღმასვლა. 2006 წელს კომიკოსმა საშა ბარონ კოენმა „ბარდოს ნომერი“ გაიმეორა, პლაჟზე ორ ლამაზმანთან ერთად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური საცურაო კოსტიუმით გამოცხადდა.
ერთ-ერთი ყველაზე...
The Brown Bunny ვინსენტ გალოს 2003 წლის ფილმია, რომელსაც კანის კინოფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. დარბაზში ნამუშევარს ყველამ დაუსტვინა და არ გამოჩნდა კრიტიკოსი, რომელიც ფილმს დაიცავდა. ვინსენტ გალომ ზოგიერთი სცენის გამო ბოდიშიც კი მოიხადა, ხოლო როჯერ ებერტმა ფილმს კანის კინოფესტივალის ისტორიაში ყველაზე ცუდი ნამუშევარი უწოდა.
![]() |
29 რა მივაყოლოთ არაყს |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი
გიგო მესხიშვილი
არყის სმისას მთავარია გვახსოვდეს, რომ მისი უმთავრესი დანიშნულება თანხლება ჩაყოლებაა, ანუ იგი გვეხმარება კარგად დავაგემოვნოთ გემრიელი საკვები და შევიგრძნოთ ყველა ნიუანსი. მეორე მთავარ ფუნქციას მე ხუმრობით ერეტიკულს (ძვ. ბერძნული ზმნიდან აირეო - ვყოფ, ვთიშავ) ვუწოდებ, რადგან იგი შესანიშნავი გამყოფია, ანუ ყოველი ახალი კერძის შემდეგ ერთი სირჩის ჩარტყმა ცხიმებს რეცხავს და პირის ღრუში კერძის გემოსა თუ სუნს აქარწყლებს. შესაბამისად, ის არა მხოლოდ ძღომის შეგრძნებას აქრობს, არამედ ახალი კერძის დასაგემოვნებლადაც გამზადებს. მესამე ფუნქცია კი ფიზიოლოგიურია - საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.
მისაყოლებელი, ანუ „ზაკუსკა“, არყისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგი ცხელ კერძებთანაც კარგია და ცივთანაც, პირველთან, მეორესთან, მესამესთან... არაყი იდეალურია სოკოს მარინადთან, ხახვიან ქაშაყთან, ცხიმიან ხორცთან ან თევზთან (ორაგულითა და სათალით დაწყებული, კეფალითა და სტავრიდათი დამთავრებული) და შებოლილ ხორცეულთან. ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ პიცაც კი მიდის არაყზე. ასევე არაჩვეულებრივია პელმენი, „სალიანკა“, „ჟარკოე“, ე.წ. ოჯახური, ღორის მწვადი, კუპატი, კიბორჩხალა მწარე სოუსით, უხა, შემწვარი კალმარი, ლორი, შაშხი, მოხარშული ხბოს ხორცი (რომელიც, პრინციპში, მსუბუქ წითელ ღვინოსთან უფრო კარგია, მაგრამ არა უშავს, არაყზეც წავა). ხიზილალას არაფერი სჯობს, კარგია ხამსა, ბადრიჯანი (აჯაფსანდალი მთლად მისწრებაა), ფხალი, კარტოფილი, მწვანე ზეთისხილი და, ჩემი აზრით, ერთ - ერთი საუკეთესო მისაყოლებელი - მიდიები.
მჟავეულზე ან ახლად დამწნილებულ კიტრზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია (ჩეხოვს უთქვამს, მეცნიერები ორასი წელი იმტვრევდნენ თავს საუკეთესო მისაყოლებლის პრობლემაზე და მჟავე კიტრზე უკეთესი ვერაფერი ნახესო). ერთი სიტყვით, მარილიანი და მსუყე საჭმლის გარეშე არაყი ვერ ავლენს თავის ყველა თვისებას. მათ გარეშე არაყს ისევერცხვენია, როგორც კომპლექსებიან მწერალს ინტერვიუს ჩაწერისას. მისი „მორცხვობა“ კი საშიშიცაა, იმიტომ, რომ არ იცი, როდის იფეთქებს ეს მოკრძალებული „კომპლექსარიკი“ და როდის დაგატეხს თავს რისხვა - სიმთვრალეს.
აი, პომიდორი კი ნამდვილად არ მიდის არაყზე. მუცელში დუღილი იწყება და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს სტომაქში ალაო გიფუვდება. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ერთხელ კინაღამ დაგვხოცა არაყმა და პომიდორმა. ეს ჩემს დედულეთში მოხდა, სამეგრელოში. მართალია, არაყი ალუჩის იყო და თანაც სამნახადი, მაგრამ ამდენი პომიდორი რომ არ გვეჭამა, სახლისკენ გზას გამოვყვებოდით და არა მდინარე აბაშას. ასევე არაა რეკომენდებული ყველი და ცხვრის ხორცი - მოგეხსენებათ, ასეთ რამეებს ღვინო უხდება. არაყზე არ მიდის ტკბილეული და რძის ნაწარმიც, თუმცა მე რომ მკითხოთ, ჟოზეფინა მსხალი, გულაბი ან კაცისთავა არაყზე მისწრებაა.
არაფრით არ შეიძლება არაყზე სხვადასხვა სასმელის მიყოლება, არა და დარწმუნებული ვარ, ყველა არყის მსმელი ამ მხრივ ცოდვილია. რას არ აყოლებენ „თეთრს“ - ლუდსა და ტარხუნის ლიმონათს, კოკაკოლასა და ფანტას, ბურახსა და მწნილის წვენს (წათხს), კომპოტსა და ნატურალურ წვენს. ასეთი „მისაბმელი“ არა მხოლოდ ცუდ ტონად ითვლება, არამედ სასმელს მუღამსაც უკარგავს. თუკი მისაყოლებლის გარეშე არ შეგიძლიათ, სჯობს ისევ ბორჯომი, ნაბეღლავი ან ცოტა წყაროს წყალი დაურთოთ.
აი, არყით მთვრალზე კი მწვანე ჩაია კარგი, განსაკუთრებით, ბევრი ცხიმიანი საჭმელი თუ მიირთვით. თანაც დიდი შანსია, დილით შედარებით ლმობიერ ნაბახუსევზე გაიღვიძოთ. ციტრუსებსაც არა უშავს ძილის წინ, უბრალოდ მთავარია, არაყს ფორთოხალი არ მიაყოლოთ.
![]() |
30 კვერცხი სანელებლებით |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული:
ქეთი ბაქრაძე
2 ულუფა
მასალა:
4 კვერცხი
100 გრ. არაჟანი
50 გრ. ნაღები
50 გრ. ყველი
პირშუშხა
მარილი
პილპილი
ჯამში: 8 ლარი
მომზადების წესი: მოხარშეთ კვერცხი. როდესაც კარგად მოიხარშება, გააცივეთ, ფრთხილად გაჭერით შუაში და ამოაცალეთ გული.
გახეხეთ 50 გრ. ყველი, შეურიეთ კვერცხის გულს, დაუმატეთ 100 გრ. არაჟანი, 50 გრ. ნაღები, პირშუშხა გემოვნებით და კარგად გადაურიეთ.
მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი და პილპილი. კვერცხის გულის მასა გადაანაწილეთ 8 ცალ მოხარშულ ცილაში. გასაფორმებლად გამოიყენეთ წითელი წიწაკა.