![]() |
ტაბულა №101 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მაჭარაშვილი ნინო, კოკიჩაიშვილი თეონა, ნოდია გია, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, მჭედლიძე თამაზ, ჯგერენაია ემზარ, სუთიძე ლევან, ქურდაძე თამარა, ჩერგოლეიშვილი თამარ, კრაუტჰამერი ჩარლზ, ჯამარაული ლარა, კაკაბაძე შოთა, გუნია ირაკლი, კვანჭილაშვილი ელენე, ტორონჯაძე მირიან, ფირცხელანი გიორგი, თალაკვაძე ზურაბ, ამურველაშვილი მარიამ, ჩიხლაძე დავით, ჯაფარიძე თეონა, ხარბედია მალხაზ |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 21 - 27 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 322420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ბიძინა ივანიშვილს ჩასატარებელი აქვს კვეთებულის საეკლესიო ლოცვა. მისი აურა არ მომეწონა. კონტაქტი აქვს უამრავ ადამიანთან, რომელიც ენერგეტიკულად დაბინძურებულია“.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ასავალ-დასავალის გარეკანზე. 14 მაისი.
ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გეი-ქორწინებას, დემონიზებულნი არიან მომხრეთა მიერ, როგორც ბნელები, მოძულეები და ხშირად ხდება მათი ბოიკოტირება. ვფიქრობ, მას (ობამას) ქვეყნისთვის უნდა ეთქვა, რომ ორივე მხარემ ერთმანეთს პატივი უნდა სცეს და არ მოხდეს მათი დემონიზება
პულიცერის პრემიის ლაურეატი, მესვეტე ჩარლზ კრაუტჰამერი პრეზიდენტ ობამას მიერ გეი-ქორწინების მხარდაჭერაზე საუბრობს. მისი აზრით, ორივე მხარეს დასაფასებელი არგუმენტები აქვს და პრეზიდენტმა გეი-ქორწინების მოწინააღმდეგეების მიმართაც უნდა გამოხატოს პატივისცემა. ობამას გადაწყვეტილება, ღიად დაუჭიროს მხარი გეი-ქორწინებას, წინასაარჩევნოდ გეი და ლიბერალური ჯგუფების მხარდაჭერის მოსაპოვებელ სვლად განიხილება.
სინგაპურელები მომსახურე ხალხია და არ მინდა საქართველოში ქართველ ხალხი მონად იქცეს, რადგან ქართველები სხვა შესაძლებლობების ხალხი ვართ
რუსეთში მოქმედი ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია. 13 მაისი.
„მე არა ვარ რობოტი და ხისგან აწყობილი რაღაც ნივთი, რომ ადამიანმა ამდენი მლანძღოს - თან რიკაშეტით მაგინებს, პარტიას მილანძღავს - ამდენი მლანძღოს, ამდენი მაგინოს და მე ამ ყველაფერს თმენით შევხვდე. მე მაპატიეთ, რა, ვარ ქართველი კაცი, ვარ სვანი კაცი და მე ასე არავის არ გავუზრდივარ, რომ ამდენი ვითმინო. მოთმინებასაც აქვს თავისი საზღვარი“.
ისანი-სამგორის გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანი უხსნის მაესტროს ჟურნალისტებს, თუ რატომ დაიწყო მოქალაქის ცემა. 14 მაისი.
„სკოლაში როგორც წესი ბლომად უნდა წერო და იკითხო. მე ასეთი რაღაცები არ მევასება.
პოპვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი ხსნის, თუ რატომ არ აპირებს სწავლის გაგრძელებას.
„ერთ-ერთი პირველი, რაც ბარაკმა თქვა, იყო - მართლა ვისურვებდი, რომ სანამ ნოემბრის არჩევნები არ ჩაივლის, საჯაროდ აღარ გელაპარაკა, - იცი, რა არის შენი პრობლემა?.. სულ გჭირდება სიმართლე ილაპარაკო.“
რადიკალი შავკანიანი პასტორი ჯერემია რაითი უყვება ჟურნალისტს, როგორ სთხოვდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერთ-ერთი შეხვედრისას, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე აღარ ექადაგა. რაითი, რომელთანაც ობამას დიდი ხნის კავშირი აქვს, როგორც „სულიერ შვილს“, განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი რამდენიმე სკანდალური ანტიამერიკული განცხადების შემდეგ გახდა. პასტორის განცხადებებს შორისაა მოწოდება, რომ ნაცვლად „ღმერთო, დალოცე ამერიკა“, მორწმუნეებმა უნდა იმღერონ „ღმერთო, დაწყევლე ამერიკა“ და მტკიცება, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი ღვთიური სასჯელია. გავრცელებულია აზრი, რომ რაითის გამოსვლები და მისი ობამასთან კავშირები მნიშვნელოვნად ვნებს მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას. რაითის მტკიცებით, ობამასთან დაახლოებული პირი მას სიჩუმის სანაცვლოდ ირიბად სთავაზობდა ქრთამს, 150 ათას დოლარს. 13 მაისი.
ეს არის ის იშვიათი კაცი, რომელიც შეიძლება ძალიან მაგარი იყოს მინდორზე და ჰქონდეს საცვლების საკუთარი ხაზი“
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხუმრობით მიმართავს ფეხბურთელ დევიდ ბექემს, მისივე საცვლების ხაზის გამოშვებასთან დაკავშირებით. 16 მაისი.
![]() |
2 მაისის სტიქია |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ნინო მაჭარაშვილი, თეონა კოკიჩაიშვილი
13 მაისის ღამეს თბილისსა და საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებს თავს სტიქია დაატყდა. დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამინდის პროგნოზები წვიმას კი წინასწარმეტყველებდა, თუმცა, როგორც ჩანს, წყალდიდობას არავინ ელოდა. სტიქიის შედეგად ქვეყანა მილიონობით ლარით დაზარალდა და მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა ტრაგედიამ - დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
ძლიერი წვიმა 12 მაისის საღამოს დაიწყო. დედაქალაქის მცხოვრებლები არც ისე ხშირად შესწრებიან მსგავს სურათს: მდინარეებს ქალაქის ქუჩებში, მოტივტივე მანქანებს და დატბორილ საცხოვრებლებთან ტივებით მოსიარულე სამაშველოებს. სტიქიის ეპიცენტრში ორთაჭალა, გულიას მოედანი აღმოჩნდა, სადაც წყლის დონე 2 მეტრს აღწევდა. გარდა გზის სავალი ნაწილისა, დაიტბორა გორგასლის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლები. ყველაზე რთული მდგომარეობა იქვე არსებულ ე.წ. ბარაკებში შეიქმნა - უკანონოდ ნაშენებ მიწურებში ღვარცოფი შევარდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ საცხოვრებელში დაიხრჩო ორი ქალი და ორი ბავშვი: გორის რაიონიდან ჩამოსული ანა წკრიალაშვილი თავის გოგონებთან (5 წლის და 6 თვის) ერთად მაია ხუდოევთან სტუმრად იმყოფებოდა. ოთხივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. სტიქიამ 84 წლის ქალბატონიც იმსხვერპლა.
გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გარდა, ხსენებული ბარაკები ძალიან სახიფათოა - ისინი პირდაპირ კოლექტორის კედელზეა მიშენებული და მუდმივად რისკის ქვეშაა.
თავდაპირველი ცნობები მტკვრის ადიდების შესახებ მალევე უარყვეს - აღმოჩნდა, რომ ტრაგედია კრწანისის ხევიდან ჩამოსულმა წლის მძლავრმა ნაკადმა გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, ღვარცოფი კრწანისის ყოფილ რეზიდენციასთან არსებული ტბიდან მოვარდა. აქვე მდებარეობს წყლის კოლექტორი. მსგავს შემთხვევებში ის ატარებს წყალს, რომელიც შემდეგ მიწის ქვეშ ჩადის და მტკვარს უერთდება. ტაბულას მერიაში განუცხადეს, რომ ნალექი წავკისისა და შინდისის ფერდობებიდან კოლექტორამდე ჩავიდა და ის მოგლეჯილი ხეებითა და ქვა-ღორღით აავსო. შემდეგ წყალი მისი გვერდის ავლით დასახლებულ ადგილებს დაატყდა თავს.
წვიმას მძიმე შედეგი მოჰყვა სოფელ გლდანში, მუხიანის დასახლებაში - დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მანქანები. ამას ემატება ნუცუბიძის ფერდობი და ვერის სასაფლაოს ტერიტორია.
ზარალი ჯერ არ არის დათვლილი. მერიის ინფორმაციით, მხოლოდ თბილისის ინფრასტრუქტურამ სულ მცირე 3 მილიონი ლარით იზარალა და დღის წესრიგში მალევე დადგა უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების საკითხი. სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას თქმით, თავიდანვე გამოიკვეთა უმწეო მდგომარეობაში დარჩენილი 11 ოჯახი, რომელთაგან უმრავლესობა რაიონის მცხოვრებია და დედაქალაქში ნაქირავებ ბინებში იმყოფებოდა. მათთვის ალტერნატიული ბინები და თავშესაფრები მერიამ უკვე იქირავა და დროებით ქირასაც გადაიხდის. ქაცარავა ამბობს, რომ საარსებო პირობები დაზარალებულებს ოპერატიულად შეუქმნეს, ორთაჭალაში მდებარე სასადილოს მიამაგრეს და ჰიგიენური თუ პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყვეს.
ჭალის დასახლებაში დახმარებას კიდევ 28 ოჯახი საჭიროებს. ნაწილმა თავი ნათესავებს შეაფარა, ნაწილს, სანამ მათი საცხოვრებელი აღდგება, ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდება, ქირას მერია დაუფარავს. დახმარების სურვილი ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმაც გამოთქვეს. 5 ოჯახს 500-500 ლარი კარიტასმა გადასცა, იმავე თანხას 10 ოჯახს აძლევს ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, ტექნიკის შესაძენად 10 ათასი დოლარის გამოსაყოფადაა მზად ამქორი.
სტიქიამ რეგიონებიც დააზარალა. აღმოსავლეთ საქართველოში მოსულმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელი სახლები, ვენახები და სახნავ-სათესი მიწები დატბორა, დაიხოცა შინაური პირუტყვი. გურჯაანში, სადაც შუაღამისას წვიმამ ახტალისა და ნავთის ხევის ადიდება გამოიწვია, დაზიანდა ცენტრალური გზა და წყალსადენი. ამას დაემატა ყვარლისა და ახმეტის რაიონებიც. ზარალი დათვლილი ჯერ არ არის, მაგრამ ამჟამინდელი ინფორმაციით, ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს.
როდესაც მშფოთვარე ღამემ გადაიარა, სამთავრობო სტრუქტურებმა, არასამთავრობოებმა და საზოგადოებამ მომხდარის შეფასება დაიწყეს.
სტიქიის დროს გამოჩნდა, რომ სამაშველო სამსახურმა თავდაუზოგავად იმუშავა. სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროდან გამოსული მძიმე ტექნიკაც. სულ 800-მდე ადამიანი მუშაობდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიას სარეზერვო ფონდის გაზრდაც მოუწია - 3 მილიონი ლარი გამოიყო პროგრამაში „ძველი თბილისის ახალი სოცოცხლე” გაწეული ეკონომიის ხარჯზე. მალევე მოგვარდა ელექტროენერგიის პრობლემა, რომელიც თბილისის გარკვეულ უბნებსა და კახეთში შეიქმნა. ჯანმრთელობისთვის საშიში არც თბილისის სასმელი წყალი გამხდარა.
სახლი, რომელშიც ერთ-ერთი მსხვერპლი დაიღუპა
რესურსების მობილიზაცია პოსტ ფაქტუმ მოხდა, როცა შედეგი უკვე დამდგარი იყო. ყველა თანხმდება, რომ სტიქიებისგან დაზღვეული არავინაა. განვითარებულ ქვეყნებში, უკეთესი ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, ხშირია ზარალი, მსხვერპლი - რიგ შემთხვევებში, გაცილებით დიდიც. ამ შემთხვევაში გაჩენილი კითხვები უკავშირდება შესაბამისი სამსახურების მუშაობას, პრევენციული ზომების არსებობა-არარსებობასა და, ზოგადად, ქალაქის და რეგიონების ინფრასტრუქტურის მზაობას სტიქიური მოვლენების დროს არსებული საგანგებო მდგომარეობისას.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ქსელის ხელმძღვანელი რევაზ გეთიაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ სტიქიის პროგნოზირება შესაძლებელი იყო. მისი თქმით, აუცილებელია არსებობდეს წინასწარი მზაობა - საფრთხეების ცოდნა და მათი თავიდან აცილების გზების დაგეგმვა. თბილისში არსებობს 50-ზე მეტი ღვარცოფული ხევი, ათამდე მცირე მდინარე და 60-ზე მეტი მეწყრული ზონა. გარდა იმისა, რომ დედაქალაქზე ყველაზე დიდი ანთოპოგენული ზეწოლა მოდის, მას ასევე რთული გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა აქვს. ანუ თბილისში ბუნებრივი კატასტროფების რისკი მაღალია.
გეთიაშვილის შეფასებით, წყლის სამეურნეო სისტემები მოუწესრიგებელია. მერია, რომელიც გარკვეულ სამუშაოებს ატარებს, მზად მაინც არ აღმოჩნდა, რადგან ამ ხევების მუდმივი მონიტორინგი არ ტარდება. მისივე თქმით, ყველა წინაპირობა არსებობდა, რომ კოლექტორს წყალი არ გაეტარებინა. თბილისში უნდა არსებობდეს სპეციალური სამსახური, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს და პრევენციულ ზომებს მიიღებს.
არასამთავრობოების წარმომადგენელი თვლის, რომ ვითარება რთულია რეგიონებშიც, პრევენციული სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა კი არაადეკვატურად მცირეა - წლის განმავლობაში გამოყოფილი იყო 5 მილიონი ლარი. ეს მაშინ, როცა გარკვეული გამოთვლებით, სტიქიებისგან ეკონომიკა 150 მილიონი დოლარით ზარალდება.
ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსი სვეტა ნიორაძე ამბობს, რომ სამსახური ასეთი ძლიერი წვიმის შესახებ წინასწარ მონაცემებს არ ფლობდა - იყო ხანმოკლე წვიმის და სეტყვის პროგნოზი, თუმცა არსებული მოდელები მსგავსი რაოდენობის ნალექს არ მოასწავებდა. შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოსალოდნელი სტიქიის შესახებ არავინ გაუფრთხილებია. საბოლოოდ, თბილისში სამი საათის მანძილზე 93 მილიმეტრი ნალექი მოვიდა,
სახლი, რომელშიც ერთ-ერთი მსხვერპლი დაიღუპა მაგრამ ქალაქს უფრო ძლიერი წვიმებიც ახსოვს. მაგალითად, 2008 წლის სექტემბერში მოსული ნალექი 180 მილიმეტრზე მეტი იყო და ამან ფონიჭალაში საცხოვრებლების დატბორვა და მსხვერპლიც გამოიწვია.
ტაბულა დაუკავშირდა გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური სამმართველოს უფროსს მერაბ გაფრინდაშვილსაც. მისი თქმით, ეს სამსახური მონიტორინგს უფრო ინტენსიურად რეგიონებში აწარმოებს და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ კახეთი სტიქიას სრულ მზადყოფნაში შეხვდა: რომ არა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოები, ზარალი ბევრად დიდი იქნებოდა. რაც შეეხება თბილისს, პერმანენტული კვლევები აქ მხოლოდ გასული წლიდან დაიწყო - თუმცა სტიქიის ამჟამინდელი ეპიცენტრი შესწავლილი არ იყო. დღეისთვის თბილისში პრობლემური ადგილების დასათვალიერებლად სპეციალური ჯგუფია გასული.
რაც შეეხება თბილისის მერიას, აქ ირწმუნებიან, რომ ყველაფერი უარესად შეიძლება დამთავრებულიყო. მერის მოადგილის, ტარიელ ხიზანეიშვილის თქმით, გამართულად მუშაობდა კოლექტორი, რომელიც სიმაღლეში ოთხი, ხოლო სიგანეში შვიდ მეტრზე მეტია. ამასთან, მერია ფლობდა ინფორმაციას მოსალოდნელი ნალექის შესახებ, მაგრამ საევაკუაციო სამუშაოების აუცილებლობა არ ჩანდა. მისივე თქმით, ყველაზე მეტად დაშავებული საცხოვრებლების ნაწილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყო - იქ მოხვედრა მხოლოდ ავტოფარეხის გავლით შეიძლება - ამიტომ, მერიას ზოგი ასეთი საცხოვრებლის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა. ამიერიდან ქალაქის მთავრობა აპირებს, „წესრიგი დაამყაროს” - გარკვეული დახმარების სანაცვლოდ, მოსახლეობა უკანონო მშენებლობებიდან გამოიყვანოს.
მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ ქალაქში ბევრი პრობლემაა. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება კი დიდ თანხებთან და დროსთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, ქალაქის მთავრობა ამ საკითხებზე მუშაობს - უკვე ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, წარსულში სახიფათო ადგილებში პრობლემა აღარ შექმნილა.
კიდევ ერთი თემა პასუხისმგებლობის საკითხია. ხიზანეიშვილის თქმით, სამართალდამცველები მომხდარს სწავლობენ და გამოიძიებენ, ტრაგედიაში კონკრეტულად ვინმეს ხომ არ მიუძღვის ბრალი.
![]() |
3 რა არის კონფორმიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
პოლემიკური ხმარებისას, სიტყვების მნიშვნელობა ხშირად მახინჯდება. ჩვენში ასეთი სიტყვის მაგალითია „კონფორმიზმი“.
მას აზრი აქვს ორთოდოქსიასთან, ანუ აზროვნების და ქცევის დადგენილ, გაბატონებულ წესთან მიმართებაში. კონფორმისტი ჰქვია იმას, ვინც იზიარებს ორთოდოქსიას არა შინაგანი რწმენით, არამედ იმიტომ, რომ ეს მოსახერხებელია, მომგებიანია, კომფორტულია. ხვალ რომ ახალი ორთოდოქსია დამკვიდრდეს, ისიც იცვლის ფერს: კონფორმისტი გარემოს ერგება.
მისი ანტიპოდი თავის ქცევაში და შეხედულებებში საკუთარი გონების და სინდისის ხმას მიჰყვება და ამ დროს გაბატნებულ, მოდურ შეხედულებებთან კონფლიქტის არ ეშინია. ის, უბრალოდ, თავისუფალი და გამბედავი ადამიანია, ან, კლასიკური ფილოსოფიის ცნება რომ ვიხმაროთ, ავტონომიური ინდივიდია.
ის, რომ კონფორმისტობა ცუდია, ხოლო არაკონფორმისტობა - კარგი, თანამედროვე (მოდერნული) სამყაროს ღირებულებებიდან გამომდინარეობს. ახალი დრო ადამიანში სწორედ მის ავტონომიურობას აფასებს, განსხვავებით ტრადიციული სამყაროსგან, სადაც კაცი იმით ფასობდა, რამდენად ერთგულად მიჰყვებოდა წინაპართაგან მემკვიდრეობით მიღებულ რწმენებს და ადათებს.
მარტივი და ტრივიალურია, არა? მე კი ასე მგონია, მაგრამ...
რის მიმართ კონფორმისტი?
როცა თანამედროვე ქართული პროგრესული ინტელექტუალები და აქტივისტები ხმარობენ სიტყვას „კონფორმისტი“, ისინი, როგორც წესი, გულისხმობენ მხოლოდ ერთ განზომილებას: მთავრობასთან დამოკიდებულებას. მათთვის „კონფორმისტი“ ჰქვია ადამიანს, ვინც მთავრობის სასარგებლოდ იტყვის ან გააკეთებს რასმე, ხოლო „ნონკონფორმისტია“ ის, ვინც მთავრობას უპირისპირდება.
ამის მაგალითია დისკუსია, რომელშიც დროდადრო აბრუნებენ ვიდეოკლიპის „მიშა მაგარია“ შემქმნელებს. ამ ადამიანებს არ ვიცნობ, მაგრამ მათ შემოქმედებით საქმიანობას და სამოქალაქო პოზიციებს რომ ვაკვირდები, მეჩვენება, რომ ნიჭიერი, გონებაგახსნილი და შინაგანად თავისუფალი ადამიანები არიან. ოპონენტები მუდამ ერთსა და იმავეს უკიჟინებენ: თქვენ გადაიღეთ ხელისუფლების მხარდამჭერი კლიპი, მაშასადამე, კონფორმისტები ხართ. ეს ლოგიკური სქემა იმდენად ცხადი ეჩვენებათ, რომ საერთოდ ვერ აღიქვამენ კონტრმოსაზრებას: იმ კონტექსტში ამ კლიპის გადაღება მისი ავტორების შინაგან რწმენას და სამოქალაქო პოზიციას შეესაბამებოდა.
აზროვნების ეს ავტომატიზმი გამომდინარეობს ცნობიერების იმ მდგომარეობიდან, რომელსაც ამ ჟურნალში ცოტა ხნის წინ „მთავრობოცენტრიზმი“ ვუწოდე: მთავრობა აღიქმება სამყაროს ლოგიკურ ცენტრად, ადამიანები კარგავენ უნარს, რეალობას სხვა კუთხით შეხედონ.
ჩემი აზრით, ეს საბჭოთა გადმონაშთია: თუ სადმე განსაზღვრავ და მთავრობა ცხოვრების ყველა სფეროს, ეს საბჭოთა კავშირი იყო, ამიტომ ბუნებრივია, რომ აზროვნების და ქცევის თავისუფლება სწორედ ხელისუფლების პოლიტიკასთან და იდეოლოგიასთან მიმართებაში ფასდებოდა.
თუმცა, სინამდვილეში, საბჭოთა სამყაროც არ იყო ერთგანზომილებიანი. იმ პერიოდში, რასაც მე მოვესწარი (ე.წ. ბრეჟნევის ეპოქაში), მარქსისტული კომუნიზმი აღარ იყო რეალური ორთოდოქსია. 1970-იან წლებში დავამთავრე ფილოსოფიის ფაკულტეტი და მხოლოდ ერთი მარქსისტი პროფესორი მახსოვს - უკვე მაშინ საპენსიო ასაკის. კი, საჯაროდ რეჟიმს არავინ უპირისპირდებოდა (დისიდენტები საქართველოში თითქმის არ გვყავდა), მაგრამ პრაქტიკულად სავალდებულო იყო, პრივატულ სივრცეში დაგეცინა ყველაფრისთვის, რაც კომუნიზმთან და მარქსიზმთან იყო დაკავშირებული: სხვანაირად თვითონ გახდებოდი დაცინვის საგანი, როგორც ჩამორჩენილი „ხიხო“. ყალიბდებოდა პოზიტიური ღირებულებების ალტერნატული ხედვაც: ნაწილობრივ ქუჩურ-კაი-ბიჭური გაგებიდან, ნაწილობრივ კი - ეთნო - და, შემდეგ, რელიგიური ნაციონალიზმის იდეებიდან. საბჭოური რეჟიმი რომ ჩამოიშალა, ეს ყველაფერი თვალნათლივი გახდა.
აქედანაც ჩანს, რომ ის, რის მიმართაც ადამიანი კონფორმისტია, არ არის აუცილებელი, სახელმწიფო იყოს. მთავარი აგენტი, რომელიც ადამიანისგან კონფორმულობას ითხოვს, არის მისი უშუალო საზოგადოებრივი გარემო, რომელზეც მისი სტატუსი და აღიარებაა დამოკიდებული. ისევ ის ბრეჟნევის დრო რომ გავიხსენოთ, ოფიციალურ სისულელეებზე ყველა ლაზღანდარობდა (თუმცა, არა საჯა როდ); მაგრამ იშვიათად თუ ვინმე გაბედავდა, სუფრაზე სტალინის სადღეგრძელო არ დაელია (თუმცა მთავრობას უკვე ამოშლილი ჰყავდა ეს ბელადი თავისი პანთეონიდან).
კონფორმიზმების პლურალიზმი
თანამედროვე ანუ ლიბერალურ სამყაროში ერთმანეთს მრავალი ორთოდოქსია ებრძვის. ზოგს ევანგელური ქრისტიანობის ერთადერთობის სჯერა, ზოგს - ისლამის მსოფლიო ბატონობის, ზოგი მემარცხენე „პოლიტკორექტულობას“ ამკვიდრებს, ზოგი ბაზრის შეუმცდარობას ასაბუთებს, ფემინისტები ფალოსის კულტს ებრძვიან, ცხოველთა დამცველები - ექსპერიმენტატორ ბიოლოგებს და მონადირეებს. თითოეული ეს მიმდინარეობა შეიძლება არანაკლებ აგრესიული იყოს, ვიდრე შუა საუკუნეების კათოლიკეები ან კალვინისტები, მაგრამ ყველა კოლექტიურად შეურიგდა ვითარე ბას, რომ, სამწუხაროდ, ოპონენტს ვერც კოცონზე დაწვავ და ვერც ციხეში ჩასვამ.
ასეთ საზოგადოებაში „კონფორმიზმზე“ ლაპარაკი აზრიანია მხოლოდ ადამიანსა და მის კონკრეტულ სოციალურ წრესთან მიმართებაში, რომლის წევრობაც ინდივიდისგან გარკვეული შეხედულებების და ქცევის სტანდარტების გაზიარებას სთხოვს, სხვა შემთხვევაში კი დაცინვა და გარიყვა ემუქრება. მაგალითად, ნონკონფორმისტი შეიძლება ვუწოდოთ ამერიკული უნვერსიტეტის პროფესორს, რომელიც არ ემხრობა აფირმატული ქმედების მოთხოვნას (ანუ სპეციალურ შეღავათებს გარკვეული რასობრივი უმცირესობების მიმართ). მაგრამ მთელი საზოგადოების მიმართ „კონფორმიზმი“ რაღაა?
გვაქვს თუ არა დღეს საქართველოში ურთიერთ დაპირისპირებული ორთოდოქსიები? ჩემი დაკვირვებით, ისინი ახლა ყალიბდება - რაც ძალიან მახარებს, რადგან ეს თავისუფალი საზოგადოების ძირითადი ნიშანია. სულ მცირე, სამი მიმდინარეობა გამოიკვეთა: (1) ორთოდოქსული ორთოდოქსია ანუ მართლმადიდებლური ნაციონალიზმი; (2) ლიბერტარიანული ორთოდოქსია - მისი ძირითადი ტრიბუნა ეს ჟურნალია; (3) მემარცხენე ორთოდოქსია თავისი „პოლიტკორექტულობით“. ცხადია, მათ შიგნით შეიძლება კიდევ სხვა მიმდინარეობები გამოვარჩიოთ.
არსებობს სამთავრობო ან „მიშისტური“ ორთოდოქსია? ასე შეიძლება ვუწოდოთ განწყობებს, რომლებიც სახელმწიფო პატრიოტიზმის და დაჩქარებული ეკონომიკური მოდერნიზაციის ნაჯვარს ეყრდნობა. თუმცა, სინამდვილეში, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პრაქტიკაც და საჯარო რიტორიკაც სხვადასხვა მიდგომების და იდეოლოგიების პრაგმატული ნარევია.
ამ პირობებში, სიტყვა „კონფორმიზმი“ იქცა ჩვეულებრივ იარლიყად (მრავალ სხვა იარლიყს შორის), რომელსაც ინტელექტუალურად ზარმაცი ადამიანები იყენებენ შემდეგი რამის სათქმელად: თავისუფლად (და სწორად) აზროვნებს მხოლოდ ის, ვინც ჩემნაირად ფიქრობს, რადგან შეუძლებელია, ნორმალურ ადამიანს ჩემგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს. მაგრამ, როგორც ვთქვი, „კონფორმიზმის“ ცნებას პლურალისტურ საზოგადოებაშიც შეიძლება შევუნარჩუნოთ რეალური მნიშვნელობა: ის მიეყენება ადამიანს, ვისაც უჭირს, საკუთარი „სასტავისგან“ დამოუკიდებლად იმსჯელოს. ამ მხრივ დიდი განსხვავება არ არის, ლიბერტარიანელი ხარ თუ მემარცხენე, „მიშისტი“ თუ ნაციონალ - მართლმადიდებელი. ან ბედავ, გქონდეს საკუთარი აზრი, ან - არა.
![]() |
4 „ჯამაათის“ საქმე |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
რუსეთის სპეცსამსახურებმა 10 მაისს მასშტაბური ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადეს. „ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის“ ცნობით, რუსულმა ФСБ-მ, აფხაზურ სპეცსამსახურებთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინა ათი სამალავი, რომლებშიც დიდი რაოდენობით შეიარაღება ინახებოდა. აღმოჩენილ არსენალში შედიოდა: გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები Игла და Стрела, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვები, ნაღმმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები, ნაღმები და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
ყოველივე ეს, რუსული სპეცსამსახურების განცხადებით, ტერორისტებს რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ, სადაც 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის მსვლელობისას ტერაქტები უნდა განეხორციელებინათ. ტერაქტების დამკვეთად კი „კავკასიის იმარატის“ ლიდერი დოკუ უმაროვი დასახელდა. ამ საქმეზე დააკავეს სამი ადამიანი, რომლებიც, რუსული ვერსიით,„იმარატთან“ კავშირში იყვნენ და „აფხაზეთის ჯამაათში“ შედიოდნენ.
მოსკოვმა ამ შემთხვევაშიც „ქართული კვალი“ აღმოაჩინა - რუსული სპეცსამსახურების მონაცემებით, შეიარაღების ნაწილი, კერძოდ - ასაფეთქებლების დეტონატორები, აფხაზეთში თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხვდა.
ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეებთან კავშირში და სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ პროვოკაციების მზადებაში მოსკოვი თბილისს პირველად არ ადანაშაულებს. გასული წლის თებერვალში, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ძალოვნებს მოუწოდა, ეზრუნათ სოჭის უსაფრთხოებაზე, რადგან „არსებობს გარკვეული პრობლემები ჩვენს მეზობელთან, საქართველოსთან დაკავშირებით“.
გასული წლის მაისში, თბილისში ოპოზიციის ქუჩის აქციების პარალელურად, რუსულმა მედიამ და ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა აქტიურად აიტაცეს უმაროვის თემა, რომელიც თითქოს საქართველოში იმყოფებოდა. ან, ყოველ შემთხვევაში, ქართულ სპეცსამსახურებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.
ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, თბილისმა მოსკოვის ბრალდებები ამჯერადაც კატეგორიულად უარყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული მხარის ინფორმაციას ყოველგვარ საფუძველს მოკლებული უწოდა. შსს-მ მოსკოვს შეახსენა, რომ უკანასკნელ პერიოდში სწორედ რუსულმა სპეცსამსახურებმა სცადეს საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული თუ დივერსიული აქტის განხორციელება.
საინტერესოა, რომ მოსკოვის ვერსია არა მხოლოდ თბილისმა, სოხუმმაც კი არ გაიზიარა. აფხაზი ძალოვნები მიიჩნევენ - მხილებული დაჯგუფება სოჭის ოლიმპიადის დროს აფეთქებას არ გეგმავდა, ის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმასთან იყო კავშირში.
ალექსანდრ ანქვაბს ცეცხლი 22 თებერვალს, გუდაუთა-სოხუმის გზაზე გაუხსნეს და თავდამსხმელები მიიმალნენ. 12 აპრილს, აფხაზმა ძალოვნებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააკავეს. მათ შორის, გავლენიანი ბიზნესმენი ანზორ ბუთბა. 17 აპრილს კი კიდევ ერთი ეჭვმიტანილის - „შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის“, ალმასბეი კჩაჩის დაკავება სცადეს. ამ უკანასკნელმა დაპატიმრების დროს თავი მოიკლა.
„აფხაზური ჯამაათის“ საქმეზე სულ სამი ადამიანი დააკავეს - ძმები ედგარ და ედნარ ჭითანავები და რუსტამ გიცბა. აფხაზური წყაროების ინფორმაციით, გამოძიება ამ პირებზე ალმასბეი კჩაჩის კავშირების შესწავლის შედეგად გავიდა. დაჯგუფების და მისი შეიარაღების აღმოჩენის შემდეგ აფხაზურმა „ეროვნული უშიშროების საბჭომ“ განაცხადა, რომ ანქვაბზე თავდასხმის მიზანი „სახელმწიფო გადატრიალება“ იყო. თანაც, დაკავებული ძმები ჭითანავები არა მხოლოდ ბოლო, არამედ ანქვაბზე ჯერ კიდევ 2007 წელს მოწყობილ სოხუმში უჭირთ იმის ახსნა, როგორც შეიძლება უკავშირდებოდეს ერთმანეთს მუსლიმების გარშემო განვითარებული კონფლიქტი და პოლიტიკური შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი.
თუ ადგილობრივი საზოგადოების თვალში არძინბასა და ბაღაფშის მთავრობებთან დაახლოებული პირების - კჩაჩის, ბუთბასა და მათი თანამზრახველების ანქვაბის წინააღმდეგ ბრძოლა მეტ-ნაკლებად ბუნებრივად გამოიყურება, საქმესთან რუსტამ გიცბას კავშირი და რელიგიური ნიშნით „ჯამაათის“ შექმნა ნამდვილი მოულოდნელობა გახდა.
რუსტამ გიცბა 2010 წლის ოქტომბერში, გუდაუთის მეჩეთთან შეკრებილ მუსლიმებზე თავდასხმისას დაიჭრა. მისი ძმა, შამილ ბასაევის თანამებრძოლი ჰამზატ გიცბა, ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში, გუდაუთის მეჩეთთან ჩაცხრილეს 2007 წელს. 2010-ის ზაფხულში კი აფხაზი მუსლიმები ნამდვილი ტერორის ქვეშ მოექცნენ - ჯერ საკუთარ სახლში მოკლეს აფხაზეთის მუსლიმთა კავშირის სასულიერო საბჭოს წევრი ემიკ ჩაქმაქ-ოღლუ; ცოტა ხანში სოხუმის მეჩეთის იმამის, სალეხ კვარაცხელიას მანქანის აფეთქებას შეეცადნენ; ოქტომბერში კი მეჩეთზე თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა - რუსტამ გიცბა და მისი კიდევ ერთი ძმა.
არცერთი ეს თავდასხმა არ გახსნილა, სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები კი ბუნდოვან განცხადებებს აკეთებდნენ „გარეშე ძალების“ ჩარევის შესახებ. აფხაზეთში გავრცელებული არაოფიციალური ვერსიის თანახმად, მუსლიმებზე თავდასხმები რუსული სპეცსამსახურების ნახელავი იყო და ისინი ამ თავდასხმებს „პროფილაქტიკის მიზნით“ ახორციელებდნენ. როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც პარალელურად იგივე ხდებოდა, ანალოგიური მეთოდებით.
აფხაზეთში მუსლიმად თავს დღევანდელი მოსახლეობის 16 პროცენტი მიიჩნევს, თუმცა რელიგიურად აქტიური მათი ძალიან მცირე ნაწილია. აფხაზ მუსლიმებს არ უცდიათ პოლიტიკაში ჩართვა და მათი რაიმე კავშირი ჩრდილოკავკასიელ რადიკალ ისლამისტებთან დღემდე არ დასტურდებოდა.
დღეს კი მოსკოვი და სოხუმი ამტკიცებენ, რომ რეგიონის ტერიტორიაზე ფარულად მოქმედებდა რადიკალი მუსლიმების „ჯამაათი“, რომელიც სოჭის აფეთქებას ან აფხაზეთში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. თუმცა სოხუმში უჭირთ იმის ახსნა, როგორც შეიძლება უკავშირდებოდეს ერთმანეთს მუსლიმების გარშემო განვითარებული კონფლიქტი და პოლიტიკური შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით.
რუსული პროპაგანდისტული ვერსია „სოჭის ოლიმპიადის აფეთქების“ შესახებ სარწმუნოდ არც აფხაზეთში მიაჩნიათ.
„ჯამაათის“ სახით აფხაზეთში ახალი ფენომენი გაჩნდა. თუ იქაური ძალოვნების ვერსიას დავეყრდნობით, რეგიონში შეიქმნა რადიკალი ისლამისტების კარგად შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, არა მხოლოდ სოხუმის ხელისუფლება, არამედ რუსეთი და აფხაზეთში მისი ინტერესების გამტარებელი ძალებიც უნდა გამხდარიყვნენ.
![]() |
5 3D ბიუროკრატია მოქალაქეთა სამსახურში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ელექტრონული მმართველობა
სალომე უგულავა
ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონულ მმართველობაზე ისაუბრა. „ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა, დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D გამოსახულებით, ძალიან მოცულობითი, მაგალითად, მოცულობითი ზურაბ ადეიშვილი გამოჩნდება შენ წინ“, - ამგვარად აგვიხსნა პრეზიდენტმა სამომავლო „ელექტრონული მთავრობის“ მუშაობის პრინციპი ყვარელში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციისას და დაამატა, რომ ეს ფანტაზიის სფეროს სულაც არ განეკუთვნება.
მართალია, მინისტრების ჰოლოგრამული გამოსახულებები ჯერ მსოფლიოში არსად დანერგილა და, ალბათ, არც საქართველოში ვიხილავთ ახლო მომავალში, თუმცა ელექტრონული მმართველობის პრინციპი ახალი ნამდვილად არაა - ის არაერთ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. ელექტრონული მმართველობა სხვადასხვა ელემენტს მოიცავს და გულისხმობს, როგორც საჯარო ინფორმაციის ონლაინგამოქვეყნებას და სერვისების ონლაინმიწოდებას, ისე მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის აქტიური ინტერაქციისთვის პლატფორმების შექმნას, ხმის ონლაინ მიცემის საშუალებებსა და სხვა შესაძლებლობებს.
ელექტრონულ მმართველობას რამდენიმე უპირატესობა აქვს; ამცირებს ბიუროკრატიულ საფეხურებს, ზოგავს დროსა და სხვა რესურსებს, ხელს უწყობს პროაქტიულ კომუნიკაციას, გამჭვირვალობის ზრდას და ა.შ. ასეთი მმართველობა ნაკლებად იერარქიული, მოქნილი და ინტერაქციულია. უფრო ფართო გაგებით, ელექტრონული მმართველობა სისტემური გარდაქმნისა და დახვეწის საშუალებად განიხილება. ივარაუდება, რომ ის არა მხოლოდ მთავრობასა და მოქალაქეებს, ან მთავრობასა და ბიზნესებს შორის, არამედ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ურთიერთობასაც გაამარტივებს.
ბოლო პერიოდში საქართველოც აქტიურად ცდილობს ელექტრონული მმართველობის დანერგვას და აქ უკვე არაერთი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი ონლაინრეჟიმში. მაგალითად, ასეთი სერვისებია იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო და საჯარო რეესტრის მთელი რიგი მომსახურებები, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სერვისები. ონლაინმომსახურებები აქვს დანერგილი ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, თბილისის მერიას, საჯარო სამსახურის ბიუროს და კიდევ რამდენიმე უწყებას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ რამდენიმე საბაზისო ნაბიჯს გამოყოფს, რითაც ელექტრონული მმართველობის განსავითარებლად ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პირველი მონაცემთა გაცვლის ერთიანი პლატფორმის დანერგვა იყო, შემდეგ კი ID ბარათების გაცემა დაიწყო. ეს უკანასკნელი მოქალაქის ონლაინიდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მისი საშუალებით ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერაა შესაძლებელი. მესამე საფეხურზე, სულ ახლახან, შეიქმნა ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო ორგანიზაციები თუ კერძო პირები სხვადასხვა მომსახურებების მიწოდება-მიმოცვლას შეძლებენ. ამავე საიტის მეშვეობით, მოქალაქეები სხვადასხვა უწყებებში დაცულ პირად ინფორმაციას თავადვე მართავენ.
კიდევ ერთი პროექტი, სადაც მოქალაქეები თავად შეძლებენ ინფორმაციის მართვას, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაა. აქ, მაგალითად, მათი ავადმყოფობის ისტორიის განთავსება იქნება შესაძლებელი - ინფორმაცია ჩატარებულ პროცედურებზე, მკურნალობაზე, ალერგიულობაზე, სისხლის ჯგუფზე თუ სხვა მსგავს საკითხებზე.
გარდა ამისა, შეიქმნება პორტალი მოქალაქეებისთვის, სადაც იდეების მიმოცვლა და მათი მთავრობისთვის შეთავაზება იქნება შესაძლებელი. ასევე ამოქმედდება საჯარო ინფორმაციის ერთიანი ვებგვერდი, საიდანაც ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა მოხდება და ადრესატი დაწესებულების ცოდნაც არ იქნება აუცილებელი. იგეგმება სხვა პროექტებიც - მათ შორის, ელექტრონული თვითმმართველობის მიმართულებით და განათლების სფეროში ონლაინმმართველობის უფრო ფართოდ დასანერგად.
ბუნებრივია, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უკვე ამუშავებული და დაგეგმილი სერვისების მიღება და კომუნიკაცია შეძლონ, ინტერნეტზე მისაწვდომობა და კომპიუტერული უნარ-ჩვევები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი მოიხმარს მხოლოდ. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ცოტა ხნის წინ, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება შეიქმნა. გარდა ამისა, ახლო მომავალში, საქართველოს სოფლების 80%25-ში ინტერნეტი იქნება, თბილისი და ბათუმი კი მთლიანად დაიფარება უკაბელო, WI-FI სისტემით.
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტი, პირველ ეტაპზე, 300 ყველაზე დიდ სოფელში დაიწყება. თითოეულში შეირჩევა 2-2 ადამიანი, რომელთაც გადაეცემათ 3 კომპიუტერი და შესაბამისი აღჭურვილობა, რათა გაიხსნას მინიცენტრები. ისინი ოთხი მიმართულებით იმუშავებენ: პირველი - ცოდნის გავრცელებაა. ასევე, მოსახლეობა შეძლებს გარკვეული სახელმწიფო და კერძო სერვისების ადგილზე მიღებას. ცენტრებს კომუნიკატორის ფუნქციაც ექნება - შეგროვდება ყველა მცხოვრებლის ტელეფონის ნომრები, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი ინფორმირება მოხდეს. მაგალითად, სესხებზე და პესტიციდებზე. მათ გაუწევენ ისეთ მარტივ მომსახურებებსაც, როგორიცაა დოკუმენტების ასლის გადაღება და იმეილის გაგზავნა.
ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ მიღებული ცოდნა მოსახლეობამ ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს. მაგალითად, საკუთარი პროდუქცია ონლაინ გაყიდოს. როგორც პროექტის იდეის ავტორი, გიორგი ვაშაძე ამბობს, არავის აქვს ილუზია, რომ სოფლად მცხოვრები მილიონ ორასი ათასი კაცი თავიდანვე აქტიურად ჩაერთვება პროცესებში, თუმცა სჯერა, რომ იქნება საუკეთესო გამოცდილებები. დროთა განმავლობაში ამას სხვებიც დაინახავენ და დაინტერესდებიან. ვაშაძე ვარაუდობს, რომ რამდენიმე წელიწადში სისტემა საკუთარი თავის მართვას დაიწყებს. პროექტში მონაწილეობით უკვე დაინტერესებულია კერძო სექტორიც.
კერძო სექტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული ვაჭრობის ხელშეწყობაში. განვითარებულ ქვეყნებში სწორედ მისი, და არა სახელმწიფოს, ძალისხმევით მიაღწიეს E-commerce-ის განვითარებას. არსებული ინფრასტრუქტურა კერძო სექტორის აქტივობის გარეშე აუთვისებელი დარჩება და ონლაინსიკეთეებით სარგებლობას დიდწილად კვლავ ისინი გააგრძელებენ, ვინც მას უკვე იყენებდა.
ამ მხრივ დიდი როლი აქვს საბანკო სექტორს და იმას, რამდენად იყენებენ საბანკო მომსახურებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შემოსავლებიც. საქართველოში, 2012 წლის მარტის მონაცემებით, მიმოქცევაში იყო 600 ათასზე მეტი საკრედიტო პლასტიკური ბარათი, ვადიანი დეპოზიტი კი 2 მილიონ 600 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს ჰქონდა. თუმცა მთლიანობაში, როგორც ორგანიზაცია ACT-ის 2011 წლის კვლევამ გვიჩვენა, ფულის დაზოგვას მოსახლეობის 84%25, როგორც წესი, ვერ ახერხებს. ამასთან, მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორიც. ვინც ფულს ზოგავს, თბილისსა და დიდ ქალაქებში მას ბანკში ინახავს, ხოლო სოფლებში ბანკების მიმართ ნდობა დაბალია და თანხებს უმეტესად სამალავებში ათავსებენ.
ამჟამად ელექტრონული მმართველობის მსოფლიო ინდექსში საქართველო 72-ე ადგილზეა 190 ქვეყანას შორის. 2010 წელთან შედარებით პროგრესი აშკარაა - მაშინ ქვეყანა მე-100 ადგილზე იმყოფებოდა. საქართველოს წინსვლა აქვს საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით და სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდების სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციის მხრივაც.
მსოფლიოში ელექტრონულ მმართველობას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იკვლევს და სწორედ ის ადგენს შესაბამის ინდექსსაც. მსოფლიო ინდექსი ზომავს ქვეყნების წარმატებას ელექტრონული მთავრობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში, ამ მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. 2012 წლის ანგარიშში დიდი ყურადღება დაეთმო ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას არაურბანულ ნაწილში, ანუ დაშორებულ რეგიონებში.
ელექტრონული მმართველობის ინდექსის მიხედვით, ყველაზე წარმატებული ქვეყნებია: სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო მაჩვენებელი ესტონეთს აქვს.
![]() |
6 პარლამენტი ორ კანონპროექტს განიხილავს |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნარკოპოლიტიკა
თამაზ მჭედლიძე
„ავტოსადგომზე მდგომი ბიჭებიდან არცერთი არ იყო 21 წლის, მაგრამ მათ ნებისმიერი არალეგალური ნარკოტიკის შოვნა შეეძლოთ. ისინი ხშირად მთხოვდნენ სუპერმარკეტში ლუდის ყიდვას... „ჩვენთვის ჯერ აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების შეძენა“. რა იწვევს ასეთ პარადოქსულ სიტუაციას? პასუხი ძალიან მარტივია - ლუდი და სიგარეტი კანონიერი პროდუქტებია, მათ გამყიდველებს ყოველთვის აქვთ ლიცენზია. ისინი ამით თავს ირჩენენ, ამიტომ ისეთს არაფერს გააკეთებენ, რაც ამ ლიცენზიას დააკარგვინებს“.
ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა ჯეკ კოულმა 2006 წელს ტაილანდში გამართულ კონფერენციაზე - „პოლიცია და ზიანის შემცირება“. კოული 26 წელი მუშაობდა ნიუ-ჯერსის სამძებრო პოლიციაში, აქედან 12 წლის განმავლობაში უაღრესად სარისკო დავალებებს ასრულებდა: ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის ნარკომაფიაში ჩანერგილი აგენტი იყო. ამჟამად პენსიაზე გასული კოული კატეგორიულად აცხადებს: „შეწყვიტეთ უაზრო ომი ნარკოტიკებთან“.
რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებაში სერიოზული წინააღმდეგობების დანახვაც შეიძლება - კოულისვე მონათხრობიდან აშკარაა, რომ მოზარდები მესამე პირის დახმარებით ადვილად ახერხებდნენ ალკოჰოლური სასმელების შეძენას. ეს გარემოება მით ჰოლანდიაში, სადაც მსუბუქი ნარკოტიკი 1976 წლიდან ლეგალიზებულია, დამამთავრებელ კლასებში ნარკოტიკის მოხმარების კვლევებმა აჩვენა, რომ ის მოზარდთა 28%25-ს ჰქონდა გასინჯული. ხოლო 2003 წელს აშშ-ში, სადაც მარიხუანა „ეშმაკეულ მცენარედაა“ აღიარებული, იმავე ასაკში ეს მაჩვენებელი 41%25 იყო. უმეტეს გასათვალისწინებელია ჩვენთან, სადაც ბოლო დრომდე ლეგალური და არალეგალური პროდუქტების ბრუნვა ერთნაირად არაკონტროლირებადი იყო.
უკვე სამ წელზე მეტია, პარლამენტში განსახილველადაა შეტანილი „ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის“ 2 ვარიანტი. როგორც ჩანს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ძველი კანონი შეიცვლება, კანონმდებლებს ამისკენ უკვე დიდი ხანია მოუწოდებენ ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
კანონპროექტის მესამე ვარიანტის განხილვაში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორი. ზიანის შემცირების ქსელის და ორგანიზაცია ალტერნატივა-გეორგიას მთავარი იურისტი ნინო ბალანჩივაძე ამბობს, რომ ეს თანამშრომლობის და კოორდინაციის კარგი დასაწყისია, თუმცა ლიბერალიზაცია მცირედით ხდება. სწორედ ეს ორგანიზაციები იყვნენ წლების წინ პირველი, უფრო ლიბერალური კანონპროექტის შეტანის ინიციატორები. ბალანჩივაძის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას ანიჭებენ უპირატესობას: „ახალი კანონპროექტი ამ გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ სერიოზულ ცვლილებებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. როცა რაღაც ძვრებს დავინახავთ, მაშინ ვიტყვით, რომ ცივილიზებულ სამყაროში ადაპტირებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გზაზე ვდგავართ“.
ცივილიზებული ქვეყნების ნარკოკანონმდებლობიდან გამომდინარე, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ნაწილობრივი ლიბერალიზაცია ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის შედარებით ეფექტური გზაა. 100 წლის წინ აშშ-ში არცერთი ნარკოტიკი ფედერალურად უკანონოდ არ ითვლებოდა. 1914 წელს დაადგინეს, რომ მოსახლეობის 1,3%25 ნარკოდამოკიდებული იყო და მიიღეს ჰარისონის ანტინარკოტიკული აქტი. 56 წლის შემდეგ, მიზეზად, რომელიც ნარკოტიკებთან ახალი ომის დაწყებას გაამართლებდა, ისევ მოსახლეობის 1,3%25-ის ნარკოდამოკიდებულება გამოცხადდა (მაშინ ნარკოტიკებთან ბრძოლაში თითქმის ტრილიონი დოლარი ჩაიდო და 38 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს).
ჰოლანდიაში, სადაც მსუბუქი ნარკოტიკი 1976 წლიდან ლეგალიზებულია, დამამთავრებელ კლასებში ნარკოტიკის მოხმარების კვლევებმა აჩვენა, რომ ის მოზარდთა 28%25-ს ჰქონდა გასინჯული. ხოლო 2003 წელს აშშ-ში, სადაც მარიხუანა „ეშმაკეულ მცენარედაა” აღიარებული, იმავე ასაკში ეს მაჩვენებელი 41%25 იყო.
რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ქვეყნის კონტექსტიც: მოსახლეობის სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ნარკოლოგიური მომსახურების დარგში არსებული ობიექტური პრობლემები და ბოლოს, სუბიექტური ფაქტორებიც - იდეოლოგიური მომენტები და საზოგადოებრივი აზრის განწყობა. ახალი კანონპროექტის ლიბერალიზაციის ხარისხს ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები სხვადასხვანაირად აფასებენ. ექსპერტთა უმეტესობა, გარკვეული მინუსების მიუხედავად, კანონის ახალ ვარიანტს მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
ნარკოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი გამყრელიძე კანონპროექტის ღირსებად იმას თვლის, რომ იცვლება კონტროლირებად ნივთიერებათა სიები და სრულ შესაბამისობაში მოდის გაეროს კონვენციების სტანდარტებთან. იხვეწება ლეგალური ბრუნვის წესები, შემოდის საჯარო მოხელეების პერიოდული შემოწმების პრინციპი, ივსება ახალი სინთეტური ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიები, რომლებსაც 100-ზე მეტი ახალი ნივთიერება დაემატა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი ისაა, რომ ნარკოდანაშაულზე ჯარიმებიდან და საპროცესო გარიგებებიდან შემოსული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბებას და შემდგომ დაფინანსებას მოხმარდება. ეს, სავარაუდოდ, ნარკოლოგიური დახმარების განვითარებული ინფრასტრუქტურის შექმნას გამოიწვევს. ახალ კანონში აისახება მკურნალობის, როგორც სასჯელის ალტერნატივის შესაძლებლობა.
ბოლო პერიოდის ცვლილებებიდან აგრეთვე მნიშვნელოვანია „ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ შექმნა, რომელშიც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შედიან ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. საბჭოს ერთ-ერთი მიზანია ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ ახალი სტრატეგიის და მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც საქართველოში აქამდე არ არსებობდა.
ექსპერტთა უმეტესობა კანონპროექტის ერთ-ერთ ყველაზე საეჭვო პუნქტად მიიჩნევს 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაწილობრივ ცვლილებას, რომლის თანახმადაც შპრიცში ნარკოტიკის კვალის აღმოჩენაც კი დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვას უტოლდებოდა და ისჯებოდა 7-დან 14 წლამდე ვადით. ახალი კანონის თანახმად, დგინდება მცირე დოზა - ჰეროინის 0,02 გ. და მეტადონის შემთხვევაში 2-4 დოზა - რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი გზის ხელმძღვანელი დალი უშარიძე აღნიშნავს, რომ ამ პუნქტს მკვეთრად დისკრიმინაციული ხასიათი აქვს, რადგან მცირე დოზა არ დადგენილა საქართველოში ყველაზე პრობლემური პრეპარატების - კუსტარულად დამზადებული ამფეტამინების (ვინტი, ჯეფი), „კრაკადილის“ და ჯანმრთელობისთვის უკიდურესად დამანგრეველი სხვა ნივთიერებების მიმართ. ეს გარემოება განსაკუთრებით ურტყამს ღარიბ ნარკომომხმარებლებს, რადგან აფთიაქში ლეგალურად ნაყიდი პრეპარატებისგან დამზადებული კუსტარული ნარკოტიკი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე შავი ბაზრიდან ფაქტობრივად გამქრალი ჰეროინი, მეტადონი და სხვა ოპიატები.
ამ პუნქტის გასამართლებლად ავტორები აცხადებენ, რომ კუსტარული პრეპარატები დღეს გაცილებით დიდ ზიანს იწვევს, ვიდრე ჰეროინი და მეტადონი, რომელთა ბრუნვაც მინიმალურია. ამიტომ, მათი აზრით, ამ ოპიატებთან დაკავშირებით გარკვეული ექსპერიმენტული მიდგომა უნდა განხორციელდეს, ხოლო კუსტარულ პრეპარატებზე მკაცრად რეპრესიული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია.
უშარიძის აზრით, ილუზიაა, რომ საქართველოში მკაცრმა რეპრესიულმა პოლიტიკამ რამე დადებითი შედეგი მოიტანა. მისი თქმით, მოხმარებამ თითქოს იკლო, მაგრამ ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი არ შემცირებულა. განსაკუთრებით მძიმე დამოკიდებულების მქონეები კი ისეთი პრეპარატების მოხმარებაზე გადავიდნენ, რომელთაც ექსპერტიზა ვერ ადგენს, მაგრამ განსაკუთრებით დამანგრეველია ორგანიზმისთვის და ფსიქიკისთვის.
ასევე ფიქრობს ამიერკავკასიაში ერთადერთი ნარკოდამოკიდებულთა თვითდახმარების ორგანიზაციის, ახალი ვექტორის ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავაც. მისი აზრით, აუცილებელია, განისაზღვროს მცირე დოზა ყველანაირ ნარკოტიკზე: „ზიანის შემცირების პროგრამებს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს და გლობალური ფონდიდანაც ფინანსდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი კანონმდებლობა შეუძლებელს ხდის ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის - შპრიცების გაცვლის ფუნქციონირებას, რადგან ნახმარი შპრიცის საუტილიზაციოდ წაღებას და მის ნაცვლად ახლის მიღებას არავინ გარისკავს, როცა მისი აღმოჩენის შემთხვევაში 14-წლიანი პატიმრობა ემუქრება“.
ლაბარტყავას აზრით, ლიბერალიზაციის ტენდენცია შეინიშნება, მაგალითად, ჯარიმებიდან ამოღებული თანხების ნაწილის მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფაში, მაგრამ სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი. ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა და, შესაბამისად, რემისიის და მწვავე პერიოდების მონაცვლეობით ხასიათდება. როგორც ყველა ქრონიკული დაავადება, ის არ იკურნება იზოლაციით: „გაეროს მაღალი ტრიბუნებიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის, რომ ნარკომანიასთან 40-წლიანი ომი წაგებულია და კოლოსალური თანხები წყალშია გადაყრილი. ამიტომ ცივილიზებულ სამყაროში საყოველთაოდ აღიარებულია მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდებით - ზიანის შემცირების და მკურნალობა-რეაბილიტაციის გზით ნარკოდამოკიდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიღწევა. რესოციალიზაცია მთლიანად საზოგადოებისთვისაა სასარგებლო, რადგან ამ ადამიანების პროფესიონალური რესურსები არ დაიკარგება. ისტორიულად ცნობილია - მრავალი ნარკოდამოკიდებულის განსაკუთრებულმა უნარებმა მსოფლიოს ბევრი ღირებული აღმოჩენა მისცა“.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ორგანიზაცია ბემონის ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე თვლის, რომ მიუხედავად მოხმარების დეკრიმინალიზაციის გადადებისა, ეს სიახლე მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. პროგრესულია ჯარიმებიდან ამოღებული თანხების მკურნალობაზე გამოყენება. გარდა ამისა, კანონში ჩადებული მომენტები უშვებს შემდგომი ლიბერალიზაციის შესაძლებლობებსაც, მთავარი კი ისაა, რომ ამ თემაზე სერიოზული, კოორდინირებული ფიქრი და მუშაობა დაიწყო.
![]() |
7 „ზღვა და საზღვარი” |
▲ზევით დაბრუნება |
ემზარ ჯგერენაია|სვეტი
„სანთლის გუთანს გავაკეთებ.
შიგ შევაბამ უღელ დევსა,
ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ,
მშრალზე ვინადირებ თევზსა“.
ხალხური
ენათმეცნიერი არ ვარ, არც ვალოდია ნებიერიძე, ცნობილი ქართველი მწერლის რომანის პერსონაჟი და გამიჭირდება მტკიცება, რომ სიტყვა „ზღვარი” ან „საზღვარი“ „ზღვისგან“ იყოს ნაწარმოები, მაგრამ ყველანი დამეთანხმებით ამ სიტყვების ფონეტიკურ მსგავსებაში. ფონეტიკური მსგავსებიდან კი ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ: ქართული ენის მატარებლისთვის ზღვა საზღვარზე, აკრძალულ ზონაზე, საშიშ სივრცეზე მიუთითებს. ძნელია მოიძებნოს ხალხი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ზღვის ნაპირზე ეცხოვროს და მისთვის ზღვა ისეთი უმნიშვნელო რამ იყოს, როგორიც ჩვენთვის, ქართველებისთვისაა. ოთარ ჭილაძის რომანში „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ზღვა ერთი ნაბიჯით უკან იხევს, როცა ფრიქსე, ბერძენი უფლისწული, კოლხეთის მიწას ადგამს ფეხს. უკან დახევა შეიძლება ასე გავიგოთ: ზღვას მოჰყავს სტუმარი, ამ სტუმარს სიკეთე არ მოაქვს, მისი უკან დახევა ავის მომასწავებელია. ქართულ მწერლობაში იშვიათად წავაწყდებით ზღვაოსანს, როგორც ნაწარმოების გმირს. რუსთაველის ფრიდონი, როგორც ზღვაოსანი, ზღვის მკვიდრი, პოპულარობით ბევრად ჩამოუვარდება მის ორ მეგობარს. პოემაში მისი როლი საკმარისად მარგინალურია. ის მესამე, ძმობის ყველაზე ბოლოს შემოერთებული, წევრია. ვიცით მისი „ამბავი“, მაგრამ არც მისი „ანდერძი“ გვიფორიაქებს სულს და არც მისი სასიყვარულო ისტორია გვიდაღავს გულ-ღვიძლს. ნოდარ დუმბაძის შესანიშნავ მოთხრობაშიც, “HELLADOS”, ნაწარმოების პროტაგონისტს, ბერძენ ყმაწვილს, იანგულს, რომელიც სოხუმის მკვიდრ ბერძნებთან ერთად წინაპრების სამშობლოში, საბერძნეთში, მიემგზავრება, დამხრჩვალს ზღვა უკან - საქართველოში (აფხაზეთში) - გამორიყავს. ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მთავარი პერსონაჟებიც, მამა-შვილი ივანე და ნიკო, პალიასტომის ტბაში იხრჩობიან, ტბაში, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა შავი ზღვის აპენდიქსი. თვით „პალიასტომის ტბის წარმოშობის ლეგენდაც ზღვის მიმართ შიშს აღძრავს.
ზღვა მტერია, ზღვის ჰავა ნესტიანი და მავნე. ზღვისგან მონაბერი ქარიც კი სიმტკიცესა და გამბედაობას გვართმევს. ამიტომ უმჯობესია, მისგან შორს იყო ან იცხოვრო მის გვერდით და ის საერთოდ არ შეამჩნიო. ზღვას მთა გვირჩევნია. მთაა ჩვენი სამშობლო. ფილოსოფოს სერგი დანელიას ერთმა მეგრელმა მწყემსმა უთხრა: „მთაა ყველაფერი“. ქართველის წარმოდგენაში მთა ცოცხალია, ის ჰილოძოისტური-ცოცხალი არსებაა: „დღემ დაიხურა პირ-ბადე, მთებმა დახუჭეს თვალები“, „ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი“, „იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი“ (ვაჟა-ფშაველა), „გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო“ (ნ. ბარათაშვილი). „სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა“ (ი. ჭავჭავაძე). მთა გარკვეულობაა, ზღვა ბუნდოვანება. ჩვენს წარმოდგენაში მთიდან მოდის ვაჟკაცობა, რაინდული ეთიკა, შეუდრეკელობა და შვილის არდამნდობი სამართლიანობაც. სულაც არ არის გასაკვირი ქალაქის მკვიდრთა პერმანენტული ლტოლვა ფშავ-ხევსურეთისაკენ და დედაქალაქის თავს დატეხილი, მოდერნიზებულ ფშავ-ხევსურულ ლექსსა და მუსიკალურ მოტივზე შექმნილი სიმღერების პოპულარობა, რომლის მოსმენა ყველაზე ფარისეველ ქართველ ინტელექტუალსაც კი აღუძრავს სენტიმენტებს.
ბერძნები ტყუილუბრალოდ როდი უწოდებდნენ შავ ზღვას Aξεινος Πόντος - „არასტუმართმოყვარე ზღვას“. ზღვას ქართველი ერიდება, ეგებ ამის მიზეზი წარღვნის განდევნილი მეხსიერებაა; ხომ არსებობს ვარაუდი, რომ შავი ზღვის ნაპირები ძველი ცივილიზაციის ნაშთებს ინახავს, რომლის გადარჩენილი ნაწილიც შესაძლოა ჩვენ, ქართველები, ვიყოთ. მეგრელები წყევლაში ზღვას ხშირად იყენებენ: „უჩა ზღვას გელაფედა“, „შავ ზღვაში ჩავარდნილიყავ“, თითქოს სიავის სურვებისათვის ენგური და ტეხური არ იყოს საკმარისი. შესაძლოა, „ზღვის მოშინაურება“ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს უმთავრესი პრობლემაც კი იყოს. მოშინაურების პროცესი კი დაწყებულია. ჩვენ ვხედავთ ზღვის კომერციალიზაციას, რომელიც საზოგადოების ლიბერალიზაციასთან ხელიხელჩაკიდებული მიდის. მახსოვს ღრმა ბავშვობაში წაკითხული ერთი მოთხრობა, სადაც მეგრელი გლეხი, ზაფხულის ხვატში კონსერვატულად ჩაცმული, სანაპიროს მიუყვება. დარცხვენილი თვალს არიდებს სანაპიროზე წამოწოლილ ლამის შიშველ ქალებს. საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ მსგავსად არასოდეს მოიქცევა, ბოლოს თვითონაც იხდის და მზეს მიეფიცხება. დღეს „გარუჯვა“ და „ნარუჯი“ კეთილდღეობის, მაღალი სოციალური სტატუსის მაჩვენებელი გახდა, ხოლო იქ მიღებული არაორთოდოქსული პრაქტიკა Facebook-ის უმთავრესი თემა, გადახდილი ფული - ქვეყნის სიმდიდრე და ეკონომიკური აღმავლობა.
ზღვა ლიბერალიზმია, მთა კონსერვატიზმი. მთა წმინდაა, მთა ეკლესიაა (შარდენი აღნიშნავს, რომ „ქართველებსა და, აგრეთვე, სხვა ქრისტიანებს, რომელნიც საქართველოს ჩრდილოეთითა და დასავლეთით ცხოვრობენ, ერთი უცნაური ჩვეულება აქვთ. თავიანთ ეკლესიებს აშენებენ უმეტეს წილად მთის წვერებზე, განშორებულ და თითქმის მიუდგომელ ადგილას“. ჟ. შარდენი, „მოგზაურობა საქართველოში“, სახელგამი 1935, გვ.87). ჩვენთვის, ქართველებისათვის, თვით მთაც ეკლესიაა, ბუნების მიერ აშენებული ეკლესია. ზღვა ცდუნება და ავხორცობა. მართალია, მთის კომერციალიზაციასაც სტარტი აქვს აღებული, „თეთნულდი“ უკვე აღარ არის ქალწული (შალვა დადიანის პიესაში „თეთნულდი“: „თეთნულდი მიუვალია! თეთნულდს ჯერ კაცის ფეხი არ გაჰკარებია! თეთნულდი სპეტაკია! თეთნულდი წმინდაა! შეუხებელია თეთნულდი! მიუვალია თეთნულდი!“ შ. დადიანი, ტ.IV, საბჭოთა საქართველო, გვ.117.), მაგრამ ზღვისა და მთის ოპოზიციას ჯერ არ დაუკარგავს ძალა. ამიტომ მართებულია კითხვა: ვინ გაიმარჯვებს ამ ჭიდილში? ზღვა თუ მთა? შედეგმა შესაძლოა განსაზღვროს ჩვენი ხვალინდელი დღე. ხვალინდელი დღე კი ჩვენგან მოითხოვს სივრცის ხელახალ გადააზრებას, ზღვის ათვისებას, ზღვის შიშის - „თალასოფობიის“ - დაძლევას.
![]() |
8 დავით გარეჯის კომპლექსი - მთის თხემზე გავლებული პრობლემა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
6 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილთან, უდაბნოს მონასტერთან, რომელიც დავით გარეჯის ლავრის მომიჯნავე მთაზე მდებარეობს, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და ქართველ ტურისტებს მონასტერში შესვლის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ საზოგადოებამ დავით გარეჯელი ბერ-მონაზვნებისგან შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს ეს შესაძლებლობა კვლავ დაუტოვეს, მონასტრის ძმობა კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე პილიგრიმთა თავისუფლად გადაადგილების აღდგენასა და ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელებას მოითხოვს. მათი თქმით, საზღვრები ჯერ დადგენილი არ არის, ამიტომ აზერბაიჯანულ მხარეს სამონასტრო კომპლექსის შემადგენელ ძეგლთა კონტროლის უფლება არ აქვს.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
თავშივე უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ბერლინის კედლის მსგავსი ბარიერი არ აღუმართავთ და მონასტერი ორად არ გაუყვიათ. შესაძლოა, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩენოდა, თუ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მედიაორგანიზაციისა თუ სასულიერო პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თვალს მივადევნებდით. ზოგი უფრო შორსაც წავიდა და დავით გარეჯის მთლიანად დაკარგვის საფრთხეზე ალაპარაკდა. საქმე, რა თქმა უნდა, სხვაგვარადაა.
დავით გარეჯის კომპლექსი უდაბნოს პერიმეტრზეა განფენილი და მრავალი, ერთმანეთისგან დაშორებული ნაგებობისა და კლდეში ნაკვეთი სენაკებისგან შედგება. აქედან გამომდინარე, მისი ცენტრალური ნაწილი - მამა დავითის ლავრა - ხელშეუხებელია და მონაზვნებს იქ მშვიდად სძინავთ, ხოლო მომლოცველები და მნახველები შეუფერხებლად მოძრაობენ.
პრობლემა, კიდევ ერთხელ, სამონასტრო კომპლექსის სხვა, მცირე ნაწილზე შეიქმნა. 1921 წელს დე ფაქტოდ, ხოლო 1924 წელს დე იურედ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ადმინისტრაციული საზღვარი მთის თხემზე გაივლო. კომუნისტებს ნაკლებ აღელვებდათ კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა. ამიტომ თხემის ერთ, აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩნდა პრაქტიკულად მთელი ბერთუბანი და უდაბნოს მონასტრის უდიდესი ნაწილი, ხოლო ჩიჩხიტური საზღვარს დაემთხვა.
70-იანი წლებიდან საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საზღვრის ტერიტორიების გაცვლაზე დაიწყო მოლაპარაკებები, საქართველოს ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებამ, დავით გარეჯის აზერბაიჯანის ნაწილის გადმოცემაზე საკითხი წამოჭრა. იყო მზადყოფნა, რომ სამონასტრო კომპლექსის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს საზღვრებში დაბრუნებულიყო, მაგრამ ამ მხრივ პროგრესი არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა სახელმწიფომ სუვერენიტეტი გამოაცხადა იმ საზღვრებში, რაც საბჭოთა სახელმწიფოს დაშლისას ჰქონდა. ამავე საზღვრებში აღიარა ისინი საერთაშორისო საზოგადოებამ და ეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლშიც აისახა.
1995 წლიდან დაიწყო სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამუშაოები, შეიქმნა სპეციალური კომისია. შეთანხმდა საზღვრის ორი მესამედი. დღეისთვის შეუთანხმებელია დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიის 2%25. ამას გარდა, არის კიდევ 15 მონაკვეთი, რომელზეც ჯერ შეთანხმება არ არსებობს. ვინაიდან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ორივე სახელმწიფო განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება საზღვრების ურღვეობის საკითხს და ამაზე საუბარი ორივე მხარის ვნებათაღელვას იწვევს.
არსებობს მორატორიუმი, რომელიც საზღვრის საბოლოო დადგენამდე სტატუს კვოს შენარჩუნებისკენ არის მიმართული. მორატორიუმის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებმა ამ ტერიტორიაზე უპრობლემოდ უნდა შეძლონ გადასვლა. ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა. ჩვენი მოქალაქეები პერიოდულად დაბრკოლებას აწყდებიან. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ სასულიერო პირებს მონასტრებში უშვებენ, მაგრამ საეროებს ამ შესაძლებლობას არ აძლევენ. რამდენიმე ასეთი შემთხვევიდან ზოგი გახმაურდა, ზოგი - არა. პერიოდულად ეს პრობლემები იქმნებოდა და გვარდებოდა. ყველა ასეთი ფაქტისას მორატორიუმი ძალაში რჩებოდა. საეროებისთვის გადაადგილების ხელის შეშლის მიზეზად კი, ადგილობრივი მესაზღვრეების თვითშემოქმედება სახელდებოდა.
თითოეული მსგავსი შემთხვევისას, ორივე ქვეყანაში ჩნდებიან ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არა საკითხის გადაწყვეტით, თითოეული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საფუძველზე, არამედ თემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებით. ორივე მხარეს მდგომ ასეთ ძალებში, როგორც წესი, პარაისტორიული და ექსტრემისტული პოზიციები ისმის.
წარსულში აზერბაიჯანულ წრეებში გამოითქვა მოსაზრებები, რომ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მყოფი კომპლექსის ნაწილი ალბანური კულტურის ძეგლია, ხოლო აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა ჰიპოთეტურად იგივე პოზიცია გაიზიარეს - მიუხედავად ამისა, ოფიციალური ბაქო ამ თემაზე პედალირებას არ ცდილობს. ის, როგორც წესი, მთის თხემის სტრატეგიულ სიმაღლეზე აკეთებს აქცენტს.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა: „ჩვენ დიდი იმედი გვქონდა გუშინდლამდე, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი ძეგლები, მოლაპარაკების გზით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, გუშინ საღამოს ვიგებთ, რომ ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიც არის ბერთუბანი, ჩიჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ხორციელდება“.
საპატრიარქოს განცხადებამ შესაძლოა კვლავ გაამწვავოს სიტუაცია. 21 მაისს მღვდლები მთელი საქართველოდან ჩავლენ დავით გარეჯში და ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ილოცებენ. თუმცა გაუგებარია, სიტუაციის ესკალაციის გზითა და ანტიაზერბაიჯანული რიტორიკით, როგორ შეძლებენ მეზობელი ქვეყნის დარწმუნებას, წავიდეს დათმობებზე. მონასტრის კომპლექსში უკვე ჩნდებიან გაურკვეველი „შავფაროსნები“, რომლებიც მესაზღვრეებთან კონტაქტში შესვლას ცდილობენ. პარალელურად, პოლიტიკური ძალები საარჩევნო წელს ქულების დაწერას ცდილობენ. მეორე მხრივ, მათთან უნისონში მოქმედი სასულიერო პირები საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებენ ღალატში.
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი მწვავე და სენსიტიურია. აზერბაიჯანის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და მისთვის, საქართველოს მსგავსად, თითოეული გოჯის დათმობის ან გაცვლის საკითხი მტკივნეულია.
საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევაც, დღეს, პირველ რიგში, მორატორიუმის აღდგენისკენ არის მიმართული. ვისაც სიწმინდეების ბედი აღელვებს, ალბათ სჯობს, კეისარს კეისრისა მიანდოს და სიტუაციის გამწვავებას მოერიდოს. ხოლო ღმერთს რამე უფრო რეალისტური სთხოვოს, ვიდრე საქართველოს ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე გაერთიანებაა.
წარსულში აზერბაიჯანულ წრეებში გამოითქვა მოსაზრებები, რომ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მყოფი კომპლექსის ნაწილი ალბანური კულტურის ძეგლია, ხოლო აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა ჰიპოთეტურად იგივე პოზიცია გაიზიარეს - მიუხედავად ამისა, ოფიციალური ბაქო ამ თემაზე პედალირებას არ ცდილობს. ის, როგორც წესი, მთის თხემის სტრატეგიულ სიმაღლეზე აკეთებს აქცენტს.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა: „ჩვენ დიდი იმედი გვქონდა გუშინდლამდე, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი ძეგლები, მოლაპარაკების გზით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, გუშინ საღამოს ვიგებთ, რომ ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიც არის ბერთუბანი, ჩიჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ხორციელდება“.
საპატრიარქოს განცხადებამ შესაძლოა კვლავ გაამწვავოს სიტუაცია. 21 მაისს მღვდლები მთელი საქართველოდან ჩავლენ დავით გარეჯში და ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ილოცებენ. თუმცა გაუგებარია, სიტუაციის ესკალაციის გზითა და ანტიაზერბაიჯანული რიტორიკით, როგორ შეძლებენ მეზობელი ქვეყნის დარწმუნებას, წავიდეს დათმობებზე. მონასტრის კომპლექსში უკვე ჩნდებიან გაურკვეველი „შავფაროსნები“, რომლებიც მესაზღვრეებთან კონტაქტში შესვლას ცდილობენ. პარალელურად, პოლიტიკური ძალები საარჩევნო წელს ქულების დაწერას ცდილობენ. მეორე მხრივ, მათთან უნისონში მოქმედი სასულიერო პირები საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებენ ღალატში.
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი მწვავე და სენსიტიურია. აზერბაიჯანის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და მისთვის, საქართველოს მსგავსად, თითოეული გოჯის დათმობის ან გაცვლის საკითხი მტკივნეულია.
საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევაც, დღეს, პირველ რიგში, მორატორიუმის აღდგენისკენ არის მიმართული. ვისაც სიწმინდეების ბედი აღელვებს, ალბათ სჯობს, კეისარს კეისრისა მიანდოს და სიტუაციის გამწვავებას მოერიდოს. ხოლო ღმერთს რამე უფრო რეალისტური სთხოვოს, ვიდრე საქართველოს ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე გაერთიანებაა.
![]() |
9 რეგულონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
თამარა ქურდაძე
„არ მოწიო“, „არ დაანაგვიანო“, „დროზე მოდი სახლში“, „არ დალიო“, „კომპიუტერი გამორთე, დილის 4 საათია”... ტიპური აკრძალვათა კასკადი, რომლებსაც ოჯახების უმრავლესობა ახალგაზრდებს უწესებს.
შედეგი: ზოგჯერ მაინც ეწევი, სახლში 11-ის მერე მოდიხარ ღვინის და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი, ხსნი ლეპტოპს და დილის 4 საათამდე არ გძინავს.
ამ აკრძალვების შინა- არსში თავისთავად ცუდი არაფერია, გარდა თავად იმ ფაქტისა, რომ ეს აკრძალვაა. უმეტესობა ჩვენგანს კარგად ესმის, რომ სიგარეტის მოწევა ფილტვის კიბოს რისკს ზრდის და დილის 4 საათზე დაძინება საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის, როდესაც მეორე დილით 9-ზე ხარ ასადგომი, ხოლო ჭიქა ღვინოსთან სიგარეტი მისწრებაა, მით უმეტეს კარგ კამპანიაში; სახლში მისულს კი The big bang theory-ს მთლიანი სეზონი გელოდება და მერვე სერიისკენ, ალბათ, ჩაგეძინება კიდეც.
მორალი - ყველა აკრძალვა უსაფუძვლო ახირება არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ - პირველი: აკრძალვა არაბუნებრივად ცვლის ქცევას, რამაც შესაძლოა ბევრად მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი. მეორე: როგორც წესი, ამავე ქმედებიდან მიღებული ინდივიდუალური სარგებელი მიყენებულ ზიანს აღემატება, ამიტომაც არ ანებებ თავს სიგარეტის მოწევას და გვიანობამდე კომპიუტერთან ჯდომას. ჯანმრთელი ცხოვრების დაწყებას კი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე წყვეტ, რადგან მესამე სართულზე სამჯერ შესვენების გარეშე ვეღარ ადიხარ. ანუ, დაშვებული შეცდომის მაგალითზე შეიძინე გამოცდილება, მიიღე ზომები და გაიუმჯობესე მდგომარეობა.
ნაცნობი ოჯახური სიტუაციის ანალოგიიდან გამომდინარე უფრო ადვილი აღსაქმელი ხდება რეგულაციების გავლენა ადამიანის ქცევაზე. და ქვეყნის ეკონომიკაზეც.
მაგალითისთვის ავიღოთ საქართველოს მთავრობის დადგენილება #173, რომელიც სურსათის უვნებლობის სანიტარული ნორმების დაცვას ეხება. ცალმხრივად კარგია, რომ საკვები პროდუქტის გამყიდველ დაწესებულებებს სანიტარული წესრიგი უნდა ჰქონდეთ და ამან უნდა ასარგებლოს მომხმარებელი, რომელიც მოწამვლის ნაკლები რისკის წინაშე დგას. ეს სურსათის ეროვნული სააგენტოს პირდაპირ მოვალეობაში შედის, თუმცა რეგულაცია ყურადღებას არ აქცევს მედლის მეორე მხარეს - მსგავსი შეზღუდვები შესამჩნევად ზრდის საკვები პროდუქტის ფასს, ანუ ხალხს, რომელიც ხორცს ყიდულობდა 10 ლარად, ამ რეგულაციის გამო, შესაძლოა, 10.50 ლარის გადახდა მოუწიოს. ეს კი ხორცის მოხმარებას შეზღუდავს და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს დააზარალებს.
ის, თუ სად, როდის და როგორ პირობებში დამზადებულ ხორცს იყიდის მომხმარებელი, მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დროთა განმავლობაში მომხმარებელთა სტანდარტი ბუნებრივად იზრდება და სწორედ ეს ბუნებრივი ზრდა მოიტანს სანიტარული სტანდარტების შეუქცევად ამაღლებას, მაშინ როდესაც რეგულაციის გამო ხელოვნურად გაძვირებულმა ხორცმა შეიძლება ბევრად მეტი ხალხი აზარალოს, ვიდრე ასარგებლოს. ამ დროს ეკონომიკური აქტივობის ნაწილი გადადის ჩრდილში და მივიღებთ მძლავრ შავ ბაზარს (ნათელი მაგალითი: ნარკოტიკული საშუალებები). დადგენილების ზუსტი შინაარსის გასაცნობად, შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს მთავობის ვებგვერდს (www.government.gov.ge).
სახელმწიფო შეზღუდვების შედეგად, არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი კორპორაციებისკენ არის მიმართული თუ საშუალო ფენის მოსახლეობისაკენ, საბოლოოდ მაინც მომხმარებელი ზარალდება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სააგენტოს მიერ ხორცის შენახვის პირობების ზუსტად განსაზღვრისას საზოგადოება თავს უფრო დაცულად გრძნობს, დაზარალებული ისევ და ისევ მომხმარებელი რჩება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შეიზღუდება მომხმარებლის არჩევანი - ფასის თუ ნაკლები კონკურენციის გამო - საბოლოო ჯამში, პროდუქციაზე ფასი მაინც გაიზრდება, ხოლო ხარისხი - შემცირდება.
ყოველი დამოუკიდებელი სააგენტო - სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში, EPA ამერიკაში, თუ SIDA შვედეთში - თავის მიმართულებაში ტენდენციურია. ანუ, მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სწორედ ის დარგი, რომელსაც ემსახურები ანდა ნაკლებად ითვალისწინებენ მათ მიერ შემუშავებული რეგულაციის ეფექტს სხვა სფეროს წარმომადგენლებზე. ყოველ შეზღუდვას, რომელსაც ბაზარს უწესებენ, მიზეზ - შედეგობრივი კავშირი აქვს შემდგომში განვითარებულ მოვლენებთან.
რეგულაცია, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად არის მიმართული რომელიმე კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისკენ, აუცილებლად გამოიწვევს ქცევის შეცვლას განსხვავებული მიმართულებით, ვიდრე ეს რეგულაციის შემოღების დროს იყო ჩაფიქრებული (ე.წ. Offsetting Effect) და უმეტეს შემთხვევაში, ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს, ანუ ზარალის შემცირებას (დაიხარჯება მეტი რესურსი და დრო). ეს კანონზომიერება ცნობილია, როგორც პელცმანის ეფექტი.
პელცმანის ეფექტის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა რეგულაციას აქვს ე.წ. Offsetting Effect და აუცილებელია, ეს ეფექტი მარეგულირებელმა ყოველი ახალი რეგულაციის მიღებისას გაითვალისწინოს. ამით ისინი დარწმუნდებიან, რომ ნოვაცია სინამდვილეში დანერგვად მართლაც ღირს. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო რეგულაციების უმეტესობა კეთი ლი განზრახვით არის შემუშავებული, გვერდითი ეფექტების ჯამური ღირებულების დაანგარიშება საკმაოდ რთულია. უმეტეს შემთხვევაში - შეუძლებელიც. აქედან გამომდინარე, საუკეთესო მსაჯული თავად ბაზარი და თავისუფალი მომხმარებელია, რომელიც უკეთ წყვეტს, რა არის მისთვის საუკეთესო.
ის, თუ რამდენად რთულია ამა თუ იმ რეგულაციის უკუ ეფექტის დათვლა, ან ამ რეგულაციის მიღების მიზეზის დადგენა, ადვილი წარმოსადგენია ევრო პარლამენტის მაგალითზე. იქ ყოველწლიურად ხელს აწერენ რამდენიმე ათასგვერდიან დადგენილებებს. დელეგატებს ფიზიკურად დრო არ რჩებათ, რომ დოკუმენტებს გულდასმით გაეცნონ, გაანალიზებასა და უკუ ეფექტების დათვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ევროკავშირი, რომელიც გაცილებით დიდ მასშტაბებზე მოქმედებს, ვიდრე საქართველო, ათასობით მსგავს დადგენილებას იღებს და თითოეულ მათგანს აქვს უკუ ეფექტი, რომელიც საბოლოოდ ერთმანეთს ემატება და შედეგად ვხედავთ არაეფექტიან ბაზარს.
ეფექტიანი კი მხოლოდ თავისუფალი ბაზარია. ამ სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შედგება უამრავი მყიდველისა და გამყიდველისაგან; ყველა მათგანს აქვს ინდივიდუალური მახასიათებლები, გემოვნება, საქციელი. თავისუფალი ინტერაქციის პირობებში ყველა ცდილობს ოპტიმალური გამოსავლის პოვნას და შედეგად ვიღებთ ბაზრის დინამიკურ, გაწონასწორებულ მდგომარეობას, რომელიც მონაწილეთა გემოვნების ცვლილებასთან ერთად წამიერად იცვლება და მაქსიმალურად ოპტიმალურ შედეგს იძლევა.
სტანდარტების ასამაღლებლად არსებობს თავისუფალი საბაზრო ალტერნატივებიც. გარდა ორგანული ზრდისა და განვითარებისა, რომელიც გამოწვეულია მომხმარებელთა გემოვნების დახვეწით, არსებობს დამოუკიდებელი სააგენტოები, რომლებიც ბაზარს განსხვავებულ პროდუქციას სთავაზობენ შედარებით მაღალ ფასად (მაღალი ფასის გამო მსგავს პროდუქციაზე მოთხოვნა უმეტესად დაბალია).
ერთ-ერთი მსგავსი სააგენტოა Fair Trade. ის ცდილობს, სამთავრობო რეგულაციების ლობირების ნაცვლად, საბაზრო მიდგომით ძალით ასწიოს ფასი ყავაზე, შაქარზე, ჩაიზე, კაკაოზე და ასე შემდეგ. მისი მიზანია, აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში არაადამიანურ პირობებში მყოფმა მუშებმა შედარებით მაღალი ანაზღაურება მიიღონ. ამის მისაღწევად კი უთანხმდება სხვადასხვა წამყვან კომპანიებს და პრო დუქციაზე Fair Traid-ის მარკის და ტანის სანაცვლოდ, პლანტაციებში დასაქმებული ხალხისთვის მაღალი ხელფასის გადახდას ითხოვს. შედეგად, როდესაც მომხმარებელი შედის სუპერმარკეტში, მას შეუძლია გადაიხადოს 6 ლარი ჩვეულებრივ ყავაში, ან 6.50 ლარი პროდუქტში, რომელსაც აქვს Fair Traid-ის მარკა. ეს კი მიანიშნებს, რომ ყავის ფასში შესულია პლანტაციებში მომუშავე ხალხის ანაზღაურების ნამატი. აქ გადაწყვეტილება უკვე მომხმარებელზეა.
არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ალტერნატივის პირობებში, უპირატესობას დაბალფასიან ყავას მიანიჭებენ. თუმცა იარსებებენ ისეთებიც, ვინც იაფიან ყავას არ იყიდის. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ინდივიდის მიერ პასუხისმგებლობის აღქმა არ არის უნივერსალური და ყოველი მომხმარებელი იმის მიხედვით იქცე ვა, თუ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ აფასებს მიღებულ სარგებელსა და მის მისაღებად გაწეულ დანახარჯს. მოსახლეობის ნაწილს უღირს FairTrade-ის მარკის პროდუქციის შეძენა, ნაწილს ურჩევნია ჭიქა ყავა 50 თეთრზე მეტი არ დაუჯდეს.
ამ შემთხვევაში კომპანია საბაზრო სიგნალებს იყენებს იმის გასაგებად, თუ რამდენად ღირებული გადაწყ ვეტილება მიიღო. მაგალითად: ნესტლე უშვებს რამდენიმე სახეობის ხსნად ყავას, ერთ-ერთ მათ განს FairTrade-ის მარკით. თუ რამდენი გამოუშვას თითოეული სახეობა, კომპანია გაყიდვების რაოდენობის, ანუ მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით ხვდება. ამ შემთხვევაში ყველა ალერნატიული პროდუქცია ზუსტად იმ ოდენობით დამზადდება, რამდენიც გაიყიდება და საერთო მოგებას გაზრდის.
სამთავრობო რეგულაციის შემთხვევაში, როდესაც შეიძლება აიკრძალოს ქვეყანაში ისეთი ყავის შემოტანა, რომლის მწარმოებელი კომპანიაც ფულს არ იხდიდა შრომით რესურსში, სუპერმარკეტში გაიყიდებოდა მხოლოდ და მხოლოდ შედარებით ძვირიანი ყავა. ეს გამოიწვევდა მომხმარებელთა უკმაყოფილებას და პროდუქტს ძალიან ცოტა თუ შეიძენდა.
დამოუკიდებელი სტანდარტების არსებობა არა მარტო არჩევანის მრავალფე როვნებას, არამედ მომავალში სტანდარტის ამაღლებასაც განაპირობებს და მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს.
ერთ-ერთი მზარდად რეგულირებადი სფერო ეკო სისტემაა. გლობალური დათბობა უკვე ყოველმხრივ განხილული თემაა, როგორც მისი დაფინანსების მომხრე, ისე მოწინააღმდეგე ორგანიზაციების მიერ. თუმცა ეს მთავრობის მიერ მეცნიერებაში ჩარევის და ინტერესის სფეროების არასწორი სტიმულაციის შედეგად მიღებული გაუგებრობის კარგი მაგალითიცაა.
გლობალური დათბობის ფენომენი დღესდღეობით გაუგებრობაა და სხვა არაფერი. ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერები სწრაფად იცვლიან აზრს და ყოველწლიურად აქვეყნებენ სხვადასხვა შედეგებს, რომლებიც „ითხოვს ჩაღრმავებას“ და თან ამ მიმართულებით ყოველწლიურად იხარჯება სახელწიფო ბიუჯეტის ნაწილი. ეს მაშინ, როცა ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურამ კი არ იმატა, დაიკლო. იმან, რომ გარემო და, კერძოდ, გლობალური დათბობა „სახელმწიფო პრიორიტეტად“ გამოცხადდა და ამასთან დაკავშირებით მრავალი კონფერენცია ჩატარდა, ამ მიმართულებით მეცნიერთა გააქტიურებას და ფსევდო მეცნიერების განვითარებას შეუწყო ხელი.
ევროკავშირის ქვეყნებში დაწესდა გადასახადი გამონაბოლქვზე და გაძვირდა გადასახადები შედარებით ძველ მანქანებზე, რომლებიც, რეგულატორთა მტკიცებით, „ძალიან აზიანებენ გარემოს“. შედეგად მივიღეთ რესურსების და წარმოებული პროდუქციის გაძვირება. ჩინეთში დიდი ქარხნებისთვის ე.წ. აუთსორსინგის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამ გადასახადის გაზრდა გახდა. ანუ გაძვირდა რესურსები და გაიზარდა დროებითი უმუშევრობა.
არასწორად შემუშავებული რეგულაციები (რომლებიც კომპლექსური ფენომენების მხოლოდ ერთი ასპექტის რეგულირებისკენ არის მიმართული და არ ითვალისწინებს ბაზრის დინამიკურობას და სხვა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს), უარყოფითად მოქმედებს მომხმარებლის კეთილდღეობაზე. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ასეა, მაშინაც კი, როცა მომხმარე ბელს შესაძლოა მეტი რეგულაცია მეტი დაცულობისა და უკეთესი ცხოვრების წინაპირობად მიაჩნდეს.
პრიორიტეტების განსაზღვრა ინდივიდების საქმეა. წესები მომხმარებლებმა უნდა დაადგინონ და არა სახელმწიფომ. აქვე შეიძლება დავამატოთ ტექნოლოგიური პროგრესიც, რომელიც სწრაფად ვითარდება და მომავალში აუცილებლად მოუძებნის მაღალ ტექნოლოგიურ ახსნას ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გაჩეხილი ტყეების სანაცვლოდ ხელოვნური ტყეებით ტერიტორიების გაშენება, გამონაბოლქვის შემცირება გაცილებით უფრო იაფად თუ ქარის გენერატორების მეშვეობით ჰიდრორესურსების დაზოგვა.
ბაზარი, ეს არ არის განზოგადებული თემა, რომლის არსი და მუშაობის პრინციპიც მხოლოდ ფინანსისტებსა და ეკონომისტებს ესმით და სხვას - არავის. პირიქით, ბაზარს ინდივიდის მსგავსი ძალიან ბევრი თვისება გააჩნია, მაგალითად, ინფორმაციის გადამუშავების პროცესი თუ შემდეგ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, როგორც არ არსებობს უნივერსალურად კარგი ინდივიდი, ისე არ არსებობს უნივერსალურად კარგი საბაზრო რეგულაციები.
წარმოიდგინეთ, ფეხბურთს თამაშობთ და წესები ყოველ წელს, ყოველდღიურად იცვლება. ფეხბურთის თამაში ამ შემთხვევაში საკმაოდ რთული და ხარჯიანი იქნება. ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ ბიზნესის წარმოებისა და ეკონომიკური განვითარების შემთხვევაშიც. როგორც ფეხბურთში, აქაც აუცილებელია ძირითად წესებზე შევთანხმდეთ - მაგალითად, დავიცვათ საკუთრების უფლება - და ნარჩენს კი ბაზარი დაარეგულირებს. საუკეთესო რეგულაცია მოქმედების თავისუფლება და მინიმალური რეგულაციებია.
![]() |
10 თავისუფლების იმპერია არჩევანის წინაშე |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
თამარ ჩერგოლეიშვილი
„კოსმოსურმა ხომალდმა Discovery-მ ვაშინგტონის ცას სამი წრე დაარტყა და ასე დაგვემშვიდობა. შემდეგ დალასის აეროპორტში დაეშვა და მუზეუმში დაიდო ბინა. სანახაობას დედამიწიდან ათასობით აღფრთოვანებული და ამაყი თვალი შესცქეროდა. ისინი ელეგანტური სამგლოვიარო მარშის მომსწრენი გახდნენ“, - ასე იხსენებს ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი, ჩარლზ კრაუტჰამერი 17 აპრილის დილას, როცა თავისი კაბინეტიდან ჩემთან ერთად ცდილობდა ბოინგ 747-ის ზურგზე დასვენებული ვეტერანი ხომალდის დანახვას. თან ვსაუბრობდით. ჩემი მასპინძელი ხან ერთ ფანჯარას მიუახლოვდებოდა, ხან მეორეს იმ იმედით, რომ თვალს მოკრავდა. აივნები ხალხით იყო სავსე. ამ დროს დავინახე - სახლების თავზე. „შენ იპოვე! შენ აქაურიც კი არ ხარ… მე მგონი უნდა ახსენო სტატიაში, რომ ეს ის დღეა, როცა Discovery დაგვემშვიდობა“, - მირჩია მან. მაგრძნობინა, რომ რაღაც უფრო დიდი ხდებოდა, ვიდრე მეგონა.
ამერიკის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური კომენტატორი - ასე მოიხსენიებს ჩარლზ კრაუტჰამერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი. ამერიკული ჟურნალი National Review მას ობამას მთავარ კრიტიკოსს უწოდებს. ზოგადად, ყველა თანხმდება, რომ ის ამერიკელი კონსერვატორების ინტელექტუალური საყრდენია. თავად, პოლიტიკურ ფილოსოფოსებს შორის ჯონ სტუარტ მილს არჩევს, საყვარელი მწერალი ბორხესია, ინსპირაციის წყაროდ ისაია ბერლინის წიგნს ასახელებს, სათაურით „ოთხი ესე თავისუფლებაზე“. როგორც თვითონ ამბობს, ამ ავტორის გავლენით იოლად აიცრა 60-70-იან წლებში გამეფებულ მემარცხენე რადიკალიზმზე.
დღეს თავს ნეოკონსერვატორად მიიჩნევს, თუმცა დემოკრატად დაიწყო. განსხვავებას ნეოკონებსა და კონსერვატორებს შორის ასე განმარტავს: „ნეოკონსერვატორები ყოფილი დემოკრატები არიან, რომლებიც რეალობამ კონსერვატორებად ჩამოაყალიბა. თუ ჰკითხავ, ვის მისცა ხმა 1964 წელს, ნეოკონსერვატორი გიპასუხებს, რომ ლინდონ ჯონსონს, კონსერვატორი - ბარი გოლდუოტერს. ესაა განსხვავება“.
დაიბადა ნიუ იორკში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში, რომელთაც ერთმანეთი კუბაში გაიცნეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დედა წარმოშობით ბელგიიდან იყო, ხოლო მამა - საფრანგეთის მკვიდრი უკრაინელი. შემდეგ, ოჯახთან ერთად, კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. C-SPAN-თან საუბარში იხსენებს, რომ მამამისი 9 ენაზე საუბრობდა, ხოლო გარდაცვალების წინ, ყველა ენაზე - ერთდროულად.
განათლებით ფსიქიატრია, ჰარვარდის სამედიცინო სკოლა დაამთავრა. მაგრამ, მანამდე პოლიტიკურ მეცნიერებას სწავლობდა. გარკვეული დრო ოქსფორდში დაჰყო, როგორც თავად აღნიშნავს - არასერიოზულად. „იქ ყველა ამერიკელი გასართობად მიდის… შესანიშნავი ქვეყანა, ახალი გამოცდილება, დროის სატარებლად მიგიწევს გული“. მოგვიანებით ისევ პოლიტიკას დაუბრუნდა.
ამბობს, რომ მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ერთი პროფესია მეორესთან გამკლავებაში არ ეხმარება - „ფსიქიატრიას ადამიანის სულში ჩაწვდომა არ შეუძლია. მე და თქვენ პოლიტიკოსთა მოტივაციის გაანალიზების თანაბარი უნარი გვაქვს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ამ დარგის ცოდნა გეხმარება უკეთ აღიქვა, რა ამოძრავებთ ადამიანებს… სულ ტყუილად“, - პასუხობს ჟურნალისტს.
თუმცა ფსიქიატრიამ სხვა ვითარებაში უშველა - სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლისას უბედურება შეემთხვა. ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის აუზში გადახტა, თავი ფსკერს დაარტყა და, როგორც თვითონ ხუმრობს, „არაფერი დაუზიანებია, ხერხემლის გარდა“. შედეგად, 22 წლის ახალგაზრდა ეტლს მიეჯაჭვა. „ბედის ირონიაა, რომ აუზზე წიგნს ვკითხულობდი ნეიროანატომიის შესახებ, - იხსენებს კრაუტჰამერი 40 წლის შემდეგ, - ზუსტად მივხვდი რა მოხდა, იმ წამსვე, როცა მოხდა. შედეგიც ვიცოდი და ისიც, თუ რა მელოდა წინ. ეს ერთგვარი შველა იყო, იმიტომ რომ ილუზიების ტყვეობაში არასოდეს ვყოფილვარ“.
აცნობიერებდა, რომ ორი არჩევანი ჰქონდა - დანებებოდა, ან არ შეემჩნია. „გადავწყვიტე მეცადა, უბედურ შემთხვევას ჩემს ცხოვრებაზე გავლენა არ მოეხდინა. გამიმართლა, რომ ფსიქიატრია მედიცინის ერთადერთი დარგი აღმოჩნდა, რადიოლოგიასთან ერთად, რისი დაძლევაც ფიზიკურად შემეძლო. ასე რომ, არ გავჩერებულვარ“. საავადმყოფოში მეცადინეობდა, იმის გამო, რომ ჰარვარდის ჰოსპიტალში იწვა, ლექტორებიც იქვე აკითხავდნენ. ექიმის ხარისხი შეუფერხებლად მიიღო.
სპორტი ენატრება. იხსენებს, რომ სანამ ეტლში აღმოჩნდებოდა, მისი დროის 80%25 სპორტს მიჰქონდა. მაგრამ, როგორც თავად ამბობს - „ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. ჩემი განსაკუთრებით აშკარაა და მძიმე, მაგრამ არასოდეს მიკითხავს - რატომ მე?! რატომაც არა? ყველას თავისი ტრაგედია აქვს. მე ჩემი ადრე შემემთხვა“.
აქტიური სპორტული ცხოვრება ჭადრაკით ჩაანაცვლა. კაბინეტშიც აქვს დაფა გაშლილი.
საკუთარ თავს მორწმუნედ არ მიიჩნევს, თუმცა ებრაული ტრადიციებით აღიზარდა. ამბობს, რომ სკეპტიკოსია და არა ათეისტი. თვლის, რომ ათეიზმი ყველა რელიგიაზე უარესია. „ადამიანს უნდა აინტერესებდეს ახსნას, როგორ გაჩნდა სამყარო. იმის მტკიცება, რომ ყველაფერი თავისით გაჩნდა, უცნაურია“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.
უნდა, რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლოს, იმისთვის რომ ნახოს რა მოხდება. სიკვდილის უარყოფით მხარესაც ამაში ხედავს - „გაქრები და ვერ გაიგებ რა მოხდა ახლო აღმოსავლეთში, რა მოუვიდა ყველაფერს, რაც ასე გაინტერესებდა“.
1978 წელს ფსიქიატრია მიატოვა და ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში აღმოჩნდა, ვიცეპრეზიდენტის, უოლტერ მონდეილის თანაშემწედ - მის გამოსვლებს წერდა. ორ წელიწადში კარტერმა რეიგანთან წააგო არჩევნები და უმუშევრად დარჩენილი კრაუტჰამერი დათანხმდა შემოთავაზებას, ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალის New Republic-ის კონტრიბუტორი გამხდარიყო.
ასე დაიწყო მისი ჟურნალისტური კარიერა. შემდეგ გამოჩნდა TIME-ი, Washington Post-ი. დღეს, პულიცერის პრემიის ლაურეატი ავტორი ყოველკვირეულად 275 გამოცემაში ქვეყნდება მსოფლიოს მასშტაბით. ამას გარდა, ყოველ საღამოს მონაწილეობს სატელევიზიო შოუში FOX-ზე.
იმისთვის, რომ დაწეროს, ჯერ გეგმას აწყობს. როცა სტრუქტურა მზადაა, მოყოლას იწყებს, თითქოს მეგობრებს ელაპარაკება. შემდეგ საათობით არედაქტირებს და „აპრიალებს“.
„ოპოზიციის კეთილი ლიდერი“, როგორც მას Politico უწოდებს, არა მხოლოდ მიმოიხილავს პოლიტიკას, არამედ თავად განსაზღვრავს დისკუსიის კალაპოტს. ის თანმიმდევრულია, დახვეწილი და ზუსტი. პირველად ყურადღება 1985 წელს მიიპყრო, მაშინ როცა TIME-ის ფურცლებზე „რეიგანის დოქტრინა“ აღწერა, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირის შეკავების პოლიტიკიდან, მისი უკუქცევის პოლიტიკაზე გადავიდა და მსოფლიოს მასშტაბით ანტიკომუნისტური მოძრაობების დახმარება დაიწყო.
კრაუტჰამერის დამკვიდრებულია „ბუშის დოქტრინაც“, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღისა და თვითმკვლელი ტერორიზმის ერაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს განსაზღვრავს. ბირთვული ტერაქტის თუნდაც ერთპროცენტიანი რისკი არ უნდა დაიშვას. უშუალო საფრთხეების განეიტრალება პრევენციულ სამხედრო ზომებს საჭიროებს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა. აუცილებელია იმ ნიადაგის მოშლა, რომელიც სასოწარკვეთას, აგრესიას და რადიკალიზმს წარმოშობს. ეს კი თავისუფლების გავრცელების გარეშე შეუძლებელია.
ამ მიზნების მისაღწევად, ამერიკამ უკან არ უნდა დაიხიოს, თუნდაც, ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს და უნილატერალურად ანუ ცალმხრივად მოუწიოს მოქმედება. „უნილატერალიზმი არ ნიშნავს მარტოდ მოქმედების სურვილს. თუ ეს შესაძლებელია, სხვებთან შეთანხმებით მოქმედებ. უნილატერალიზმი გაზღვევს, რომ სხვების მძევალი არ გახდე. არცერთი უნილატერალისტი იტყვის უარს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ერაყში შეჭრასთან დაკავშირებით… მაგრამ, რას იზამ, თუ ის მხარს არ დაგიჭერს? უარს იტყვი შენი სასიცოცხლო ეროვნული და საერთაშორისო ინტერესების დაცვაზე?“ - წერდა კრაუტჰამერი 2002 წელს, National Interest-ში.
იდეალისტია, მსოფლიოს დემოკრატიზაცია, მისი შეცვლა სურს, თვლის, რომ უკეთესი მსოფლიო ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია. სჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ამერიკას შეუძლია ძალის გამოყენებით. გაეროსა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების შესაძლებლობებზე ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს. ძირითადად, ეს განასხვავებს ნეოკონების საგარეო პოლიტიკურ ხედვას დემოკრატების შეხედულებებისგან, რომლებსაც საერთაშორისო სამართლისა და კოლექტიური უსაფრთხოების საფუძველზე სურთ მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა. რაც შეეხება ტრადიციულ კონსერვატორებს, ისინი მსოფლიოს დემოკრატიზაციას სკეპტიკურად უყურებენ.
შეიძლება ითქვას, რომ ნეოკონებმა, როგორც ყოფილმა მემარცხენეებმა, დემოკრატებისა და კონსერვატორების მიდგომა გააერთიანეს. მათი მიზნები იდეალისტურია, საშუალებები - რეალისტური. ეს ხედვა კრაუტჰამერმა აღწერა წიგნში „დემოკრატიული რეალიზმი“ - 9/11-ის შემდგომი მსოფლიოს პრობლემების გასაღებს იგი ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის გავრცელებაში ხედავს.
სწორედ ამიტომ ემხრობოდა ერაყში შეჭრას. ოღონდ არა მასობრივი განადგურების იარაღის გამო, არამედ იმ კულტურის შეცვლის მიზნით, რამაც ტერორიზმი შვა. თვლის, რომ ბუშს მასობრივი განადგურების იარაღის არგუმენტი გაეროს თანხმობის მოსაპოვებლად დასჭირდა, ისიც იმიტომ, რომ ნახევარი ამერიკა, მისდა სამწუხაროდ, „გაეროს ტაძარში ლოცულობს“.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა უმრავლესობა ცივი ომის დროინდელი ორპოლუსიანი სამყაროს ნაცვლად, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს დაბადებაზე საუბრობდა, კრაუტჰამერმა ამერიკის ჰეგემონია იწინასწარმეტყველა და ტერმინი - ერთპოლუსიანი სამყარო დაამკვიდრა.
„შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ძველი, ორპოლუსიანი სამყარო მრავალპოლუსიანად გარდაიქმნება და იაპონიას, გერმანიას (და/ან ევროპას), ჩინეთს და დაპატარავებულ საბჭოთა კავშირს/რუსეთს დაეყრდნობა. ცივი ომის შემდგომი სამყარო მრავალპოლუსიანი არ არის. მსოფლიოს ცენტრი შეერთებული შტატებია. ის სუპერძალაა. მისი დასავლელი პარტნიორებიც იქვე არიან“, - წერდა ის 1990 წელს ჟურნალ Foreign Affairs-ში. კრაუტჰამერის აზრით, მრავალპოლუსიან სამყაროზე საუბარი არასწორი იყო იმ პირობებში, როდესაც ამერიკის ძალა ამდენად აღემატებოდა ყველა დანარჩენისას. ზოგიერთმა მას ეს მოსაზრება ამპარტავნებად ჩაუთვალა.
კომენტატორმა კრიტიკოსებს 12 წლის შემდეგ უპასუხა - „დღეს, ამერიკის სამხედრო ხარჯები აღემატება შემდეგი ოცი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს ერთად. მის საზღვაო, საჰაერო და კოსმოსურ ძალასთან ვერაფერი მივა. ტექნოლოგიური კუთხით შეუდარებელია. ის ყველა სფეროში დომინირებს: სამხედრო, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, დიპლომატიურ, კულტურულ, ლინგვისტურშიც კი“, - წერდა National Interest-ში.
მიიჩნევს, რომ ჯეფერსონის წინასწარმეტყველება ახდა და ამერიკა თავისუფლების იმპერიად იქცა. მისი განსაკუთრებულობის სჯერა - თვლის, რომ თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმატება, ზოგადად, თავისუფლების ბედს განსაზღვრავს. ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების ლიდერობა, მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს. კრაუტჰამერის აზრით, ამერიკა „შემთხვევითი ჰეგემონია“ - ის პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ჩაერთო არა იმიტომ, რომ ლიდერი გამხდარიყო, არამედ საფრთხე დაემუქრა და, შედეგად, ცივილიზაცია გადაარჩინა. ისტორიულად, ამერიკა იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ლიდერობას არ ესწრაფოდა.
ცივი ომის დასრულებისას, როდესაც ამერიკის ჰეგემონია იწინასწარმეტყველა, მიაჩნდა, რომ ეს პერიოდი 30-40 წელს გასტანდა. 2002 წელს კი დაასკვნა, რომ ჰეგემონიის ხანგრძლივობა თავად ამერიკაზე იყო დამოკიდებული და შესაძლოა დიდხანს გაგრძელებულიყო, თუ შეერთებული შტატები ველური რეჟიმების მიერ ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას არ დაუშვებდა. „ერთპოლუსიან სამყაროს საფრთხე არა გარედან, არამედ შიგნიდან ემუქრება… არჩევანი ჩვენზეა“ - ის თვლიდა, რომ ყველაფერი ამერიკელ ხალხზე იყო დამოკიდებული, იმის მიხედვით, თავისუფლების ქომაგის მისიას ტვირთად მიიჩნევდა თუ ჯილდოდ.
მრავალპოლუსიანი მსოფლიოს თემა დღესაც აქტუალურია. ბევრი საუბრობს აღმავალ ჩინეთზე და პოსტამერიკულ სამყაროზე. თვლიან, რომ პოსტსაბჭოთა ერთპოლუსიანი მსოფლიოს ხანა დასასრულს მიუახლოვდა და შეერთებული შტატები რამდენიმე ცენტრს უნდა შეეგუოს. თუმცა ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს - ისინი ამტკიცებენ, რომ მსგავს წინასწარმეტყველებებს ციკლური ხასიათი აქვს და 80-იანი წლების ბოლოზე მიუთითებენ, როცა ამერიკის დაღმასვლაზე საუბარი მოდაში იყო.
კრაუტჰამერი არც ერთს ეთანხმება, არც მეორეს. ის დღესაც მიიჩნევს, რომ ამერიკის დაღმასვლა არა გარდაუვალი რეალობა, არამედ არჩევანია, ოღონდ არა ხალხის, არამედ ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების. ეს კი პირველ რიგში იმით გამოიხატება, რომ პრეზიდენტი შეერთებული შტატების განსაკუთრებულობას აბაიბურებს და ადგილის დამკვიდრებას საკუთარი ქვეყნის კრიტიკით ცდილობს.
„მშვიდობით, ახალო ჰორიზონტებო“ - ამ შინაარსის წერილი გამოქვეყნდა Washington Post-ში ჩვენი შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ და გასაგები გახდა რატომ ღელავდა ჩემი მასპინძელი, როცა Discovery-ს აცილებდა. მან კოსმოსური ხომალდის მუზეუმში გადატანა ამერიკის დაღმასვლის სიმბოლოდ აღიქვა. „სამწუხარო არა კოსმოსურ ხომალდთან გამომშვიდობება… არამედ ისაა, რომ მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა“, - წუხს ავტორი და დასძენს, რომ 2010 წელს Discovery-ს მემკვიდრის დაფინანსებაზე უარის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ადამიანის კოსმოსში გაშვებაზე უარი თქვა და ამ სივრცის კონტროლი რუსეთს და ჩინეთს დაუთმო. ამ უკანასკნელს კი სიმბოლოების მნიშვნელობა კარგად ესმის და 2025 წლისთვის მთვარეზე ადამიანის გაგზავნას გეგმავს.
![]() |
11 ჩარლზ კრაუტჰამერი: ჩვენთან თანასწორობის კი არა, თავისუფლების ქანდაკება დგას |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი
ბევრი ამტკიცებს, რომ ამერიკის ჰეგემონია დაღმა მიდის და ეს გარდაუვალი პროცესია. თქვენ ამბობთ, რომ ეს შეერთებული შტატების ამჟამინდელი ხელისუფლების არჩევანია და არა გარდაუვალობა. რატომ ხელისუფლების და ხალხის არა? ეგებ ამერიკელ ხალხს სურს ასე?
ზოგადად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება ხალხის ნებას გამოხატავს. მაგრამ ამ შემთხვევაში თვალნათელია, რომ მოსახლეობამ არჩევანი დღევანდელ ლიდერზე შიდა პოლიტიკური თემების გამო შეაჩერა. საგარეო საკითხებიდან ამომრჩეველი მხოლოდ მიმდინარე ომების დასრულებით იყო დაინტერესებული. უმთავრესად კი, ადგილობრივი პრობლემების მოგვარება სურდა. ასე რომ, არ მგონია ამერიკის ჰეგემონიის დასრულება ამერიკელი ხალხის ნება იყოს.
ვფიქრობ, ამ კითხვაზე უფრო ზუსტ პასუხს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღებთ. მიტ რომნის წინასაარჩევნო კამპანია ამერიკის ჰეგემონიის იდეას ეფუძნება - ვნახოთ, გაიმარჯვებს თუ არა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამ არჩევნების ბედსაც შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა გადაწყვეტს. საგარეო პოლიტიკა ყოველთვის მეორეხარისხოვანია შეერთებულ შტატებში.
ერთი სიტყვით, ჩემი აზრით, ამერიკის დაღმასვლა არჩევანია - ჩვენ დაღლილი ხელისუფლება გვყავს, რომელიც სოციალ-დემოკრატიას ესწრაფვის. სურს იმ გზას დაადგეს, რაც დასავლეთ ევროპამ გაიარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ააშენა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო, ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, სამაგიეროდ დათმო იმპერია. არ მგონია, ამერიკელ ხალხს პირველობის დათმობა სურდეს. მას ომებიდან თავის დაღწევა უნდა და არა დაღმასვლა. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. რვაწლიანი დაღმასვლის შედეგად, შესაძლოა, ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რომ ძალები ვეღარ აღვიდგინოთ. თუ თავდაცვის ბიუჯეტი იმდენად შევამცირეთ, რომ იმპერიული როლი ვეღარ შევასრულეთ, იმპერია აღარ ვიქნებით.
ამ პროცესში ევროპა რა როლს თამაშობს? ცივი ომის დროს მის უსაფრთხოებას შეერთებული შტატები უზრუნველყოფდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირიც მყარი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის სახით, საფრთხე გაქრა, ამ ერთობაში ბზარები გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, ჩრდილოატლანტიკური ერთობის დასუსტებაც ხომ არ უწყობს ამერიკის დაღმასვლას ხელს?
არ მგონია ეს ფაქტორი იყოს. კი, ევროპასთან ალიანსი დასუსტდა, იმიტომ რომ მას აღმოსავლეთიდან საბჭოთა კავშირის ზომის და გაქანების საფრთხე აღარ ემუქრება. რუსეთი ევროპისთვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც ასეა. მაგრამ საბჭოთა გამოცდილება სულ სხვა იყო.
NATO-ს მეშვეობით ექსპერიმენტი ჩავატარეთ ავღანეთში, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. არ მგონია ასეთი რამ კიდევ მოხდეს (მე-5 მუხლი პირველად ამოქმედდა).
მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ერთობის დასუსტება, შეერთებული შტატების დაღმასვლასთან კავშირში არ არის. მიზეზი უშუალოდ ამერიკის თვითაღქმაში უნდა ვეძებოთ - ამერიკელი ხალხი ფინანსურმა კრიზისმა პანიკაში ჩააგდო და მან აირჩია ლიდერი, რომელიც სახელმწიფოს სახლში შენებას დაჰპირდა. ეს იზოლაციონიზმის დევიზია, იზოლაციონიზმის ევფემიზმია. ევროპასთან ჩვენი კავშირის დასუსტება არაფერ შუაშია. ის, რომ NATO დასუსტდა და ნაკლებად რელევანტურია, ჩვენს არჩევანს არ განაპირობებს.
ავღანეთს მივუბრუნდები. თქვით, რომ მისია წარუმატებელია...
დიახ, წარუმატებელია. ორ წელიწადში იქიდან გამოვალთ, მაგრამ სამოქალაქო ომი გაგრძელდება. საიგონი არ განმეორდება, მაგრამ პრობლემას მოუგვარებელს ვტოვებთ, თანაც დიდი მსხვერპლი გავიღეთ.
ბოლო დრომდე, ხშირად ავლებდნენ პარალელს ბილ კლინტონთან და ფიქრობდნენ, რომ ბარაკ ობამა საგარეო ფრონტზე მეორე ვადიდან გააქტიურდებოდა. მით უმეტეს, რომ დღევანდელ კონგრესში, ისე როგორც კლინტონის დროს, უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიას აქვს, რომელიც პრეზიდენტის შიდა პოლიტიკურ გავლენას ზღუდავს. თუმცა, ჩართული მიკროფონის ინციდენტის შემდეგ...
ოჰ, ბევრად უარესს უნდა ველოდოთ. მიკროფონის ინციდენტი იმაზე მიუთითებს, რომ ობამა კიდევ უფრო მოქნილი გახდება. აკვირდებით როგორ დაიჟინა რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა? რა მიიღო ამ პოლიტიკით? არაფერი! ირანზე არ დაგვხმარებიან. არც საქართველოსა და უკრაინაზე შეუნელებიათ ზეწოლა. სირიაში, როგორც ხედავთ, რეჟიმს სიცოცხლეს უნარჩუნებენ. ჩვენ არაფერი მიგვიღია, გარდა ახალი შეთანხმებისა სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე (START). მაგრამ ის ჩვენ არ გვჭირდება, რუსებს სჭირდებათ. ახლა დათმობებს ითხოვენ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საკითხში. ეს მაშინ, როცა ჩვენ უკვე დავიხიეთ უკან - პოლონეთში განთავსებაზე უარი ვთქვით. ერთი სიტყვით, ეს ყოველთვის ცალმხრივი პროცესი იყო.
ობამას ეს არ ანაღვლებს. ობამას ჰგონია, რომ კარგი ურთიერთობა უკვე წარმატებაა. ის თვლის, რომ ყველაფრის დათმობის შედეგად მიღწეული სიმშვიდე წარმატებას ნიშნავს. კარგი ურთიერთობები - ეს რაღას ნიშნავს? მე ის კი არ მაღელვებს, რუსები ჩვენზე გაბრაზდებიან თუ არა, ის მაინტერესებს - რას გააკეთებენ. ობამა კი იმაზე ნერვიულობს, რუსები რას იგრძნობენ.
გნებავთ ირანი ავიღოთ - მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მაგრამ რაზე? ერთ-ერთ გაზეთში შესანიშნავ სათაურს გადავაწყდი: „მოლაპარაკებები, სადაც სამხედრო კონფლიქტის პრევენციის გზებს ეძებენ, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა”. კი, მაგრამ მოლაპარაკებების საგანი ბირთვული იარაღის შექმნაში ირანისთვის ხელის შეშლა არ უნდა ყოფილიყო? ახლა, ამოცანა სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებაა. სხვა სიტყვებით - ისრაელის შეტევის პრევენცია. ასე რომ, გამოდის, აშშ-სა და ირანის მთავრობას ერთი მიზანი აქვთ, შეიმუშაონ ფორმულა, რომელიც ირანზე ისრაელის თავდასხმას შეაჩერებს. ოღონდ ამით ირანის ბირთვულ პროგრამას არაფერი დააკლდება.
ბევრი შიშობს, რომ თუ ისრაელი ირანს შეუტევს, საფრთხე დაემუქრება კოალიციას და სანქციებს; ამ უკანასკნელის ზემოქმედების იმედი, როგორც ჩანს, კიდევ აქვთ...
ეს არის მიზნებისა და საშუალებების აღრევის კარგი მაგალითი. კოალიცია საშუალებაა მიზნის მისაღწევად და არა თავისთავად მიზანი. ამ შემთხვევაში კოალიციის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებაა. უკვე 5-6 წელია, რაც ძალიან ძლიერი კოალიცია გვაქვს და იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ჩვენმა დაზვერვამ კონგრესს წარუდგინა, მისი ეფექტი ირანის ბირთვულ პროგრამაზე ნულია. მაშ, რა საჭიროა კოალიცია? ის ერთგვარ ფეტიშად, ტოტემად, თვითმიზნად იქცა. კოალიცია იმისთვის გვინდა, რომ ბირთვული პროგრამა შეაჩეროს.
რადგან ირანი მაინც აგრძელებს ბირთვულ პროგრამას, გამოდის - კოალიცია წარუმატებელია. ჩვენ ერთად დგომაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ირანს ხელში ბირთვული იარაღი არ ჩაუვარდეს. ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ. სანქციებმა შესაძლოა შედეგი გამოიღოს და კარგი იქნებოდა მათი გამკაცრება. თუმცა, ახლა სანქციების შესუსტებაზე მიდის საუბარი და თანაც იქ, სადაც შედეგი მოაქვს, რაღაც თაღლითური შეთანხმების მაგივრად, რომლის მიხედვითაც ირანი ურანს მხოლოდ 3.5%25-ით გაამდიდრებს 20%25-ის ნაცვლად. მე აქედან ერთი სიტყვისაც არ მჯერა.
რამდენად შეძლებს ამერიკა გვერდზე გადგეს, თუ ისრაელმა ირანს დაარტყა?
ეს გარკვეულწილად ირანის პასუხზე იქნება დამოკიდებული. თუ ხელისუფლებას თავში ჭკუა აქვს, არ უნდა გამოგვიწვიოს. მაგრამ შეიძლება ირაციონალურად მოიქცეს და ჰორმუზის სრუტის ბლოკირება სცადოს, ანდაც ბაჰრეინში ჩვენს სამხედრო ფლოტს დაესხას თავს. ეს მისთვის მომაკვდინებელი იქნება - აშშ-ის სამხედრო ფლოტი ირანს მიწასთან გაასწორებს და ომში აღმოვჩნდებით. ამ ქვეყნის ხელისუფლება ომის კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ ფლოტი იძულებული იქნება უპასუხოს.
თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ დარტყმის შემთხვევაში, ირანი პირდაპირ ისრაელს შეუტევს ჰეზბოლას პოზიციებიდან. ჰამასი მიგვანიშნებს, რომ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, ომი რეგიონული მასშტაბის იყოს.
თქვენს ერთ-ერთ სტატიაში სათაურით „ეს მხოლოდ თავისუფლებას არ ეხება” წერთ, რომ იმპერიული რეჟიმები ტყდებიან, როდესაც მათ თავიანთი საგარეო ფორპოსტებიდან აძევებენ. თქვენ ამბობთ, რომ სირიის ასადისგან გათავისუფლება, ირანსაც დააზარალებს. რამდენად შესაძლებელია იგივე თეზა რუსეთ-საქართველოზე გავავრცელოთ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ მოქმედებს რუსეთზე მისი ყოფილი სატელიტების NATO-ში ინტეგრაცია?
კრემლის შიში რაციონალურია. როცა ყოფილი სატელიტები მოწინააღმდეგე, დასავლურ მხარესთან ინტეგრირდებიან, რუსეთს ა) უკვდება გავლენის სფეროს აღდგენის ოცნება; ბ) თავს ალყაში მოქცეულად გრძნობს, თუმცა ამის საფუძველი არ აქვს. სისულელეა იმაზე ფიქრიც კი, რომ ჩვენ, მისი ყოფილი სატელიტების ტერიტორიიდან, ოდესმე რუსეთში შევიჭრებით. ვიღაცებმა ეს ადრე სცადეს - ნაპოლეონმა, ჰიტლერმა - და კარგად არ დაამთავრეს.
მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ქვეყანა ბუნებით იმპერიალისტია. როგორც ჰენრი კისინჯერმა თქვა, პეტრე დიდის შემდეგ რუსეთს 300 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ბელგიისოდენა ტერიტორია ემატებოდა. ისინი ბუნებით ექსპანსიონისტები არიან. პუტინი რუსულ სენტიმენტს გამოხატავდა, როდესაც განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა იყო. მათ ყველაფერი დაკარგეს, რასაც 300 წელი აშენებდნენ.
საქართველოზე კონტროლის მოპოვება რუსეთს მნიშვნელოვნად არ გააძლიერებს. უკრაინა სხვა საქმეა - ის სტრატეგიული აქტივია. მართალია, ახლა მოახერხეს და უკრაინაში უფრო მეგობრულად განწყობილი რეჟიმი დაამყარეს, მაგრამ არ მგონია, რუსეთმა იმპერიის აღდგენა შეძლოს. აღარც საფრთხედ მივიჩნევ. იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა, თავიდან ბოლომდე, ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე დგას, კორუფცია ყველანაირ ზღვარს სცილდება, ხოლო სტაბილურობას КГБ ინარჩუნებს. ასე შეიძლება ერთხანს გაგრძელდეს, მაგრამ არა უსასრულოდ. კი, რუსეთი გააგრძელებს ზეწოლას საქართველოზე, შეეცდება უკრაინა შეისრუტოს, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეულწილად, ის მაინც შეკავებულია.
ხშირად აკრიტიკებთ აშშ-ის ადმინისტრაციას აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეებისა და საქართველოს მიმართ გულგრილობისთვის. თქვენი აზრით, რატომ უნდა დაეხმაროს აშშ ამ რეგიონის ქვეყნებს? ზოგიერთი ამერიკაში Realpolitik-ის გატარების მომხრეა და თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთი არ უნდა გააღიზიანოს მის „უკანა ეზოში” ცხვირის ჩაყოფით...
მე აქ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. გაინტერესებთ, რატომ უნდა იმეგობროს შეერთებულმა შტატებმა ამ ქვეყნებთან, რუსეთთან მეგობრობის ნაცვლად? იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთის შეკავება გვინდა, ამისთვის კი მოკავშირეთა რკალი უნდა შევქმნათ მის ირგვლივ.
საქმე ისაა, რომ ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დამყარებულია იდეაზე და არა სისხლზე. ის არ ემყარება ისტორიას, არ ემყარება რასას, ის ეფუძნება იდეას. ეს ძალიან უცნაურია და ხალხი ხანდახან ამას ვერ აფასებს. ეს იდეა თავისუფლებაა - ჩვენთან თანასწორობის კი არა, თავისუფლების ქანდაკება დგას. ეს არის ჩვენი მისია და კარგად ვაცნობიერებთ, რომ თავისუფლების მცველები ვართ. ამის გასაკეთებლად თავს არ მოვიკლავთ, მხოლოდ იშვიათად თუ გადავალთ ზღვარს - მაგალითად, არ ვაპირებთ კონგოში შევიჭრათ, მაგრამ როცა თავისუფალ ქვეყანას ვხედავთ, ვეხმარებით, იმიტომ რომ მსგავსები ვართ. ეს ასეა, რუსები თავის თავს იმპერიად ხედავენ, ჩვენ - თავისუფლების დამცველად.
ევროპელებს ეს არ ესმით, მათ ჰგონიათ ამერიკა პრიმიტიული, მორალისტი სახელმწიფოა, რომელსაც Realpolitik არ ესმის. მშვენივრად გვესმის, მაგრამ ჩვენ ვალდებულების ის გრძნობა გვაქვს მსოფლიოს წინაშე. მათ ეს დაკარგეს. იყო დრო, როცა ზოგიერთი მათგანი - ფრანგები, ბრიტანელები - იმავეს განიცდიდა, ფიქრობდა, რომ მისია აკისრია, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც იმპერიულ ძალას წარმოადგენდნენ. ახლა - აღარ.
სწორედ მოვალეობის გრძნობაა ჩვენი მოტივატორი. აღგვაფრთოვანებს პოლონეთი, აღგვაფრთოვანებს საქართველო, რომელიც დიდ დათვს აღუდგა. რეგიონში საქართველოს ბევრი მეგობარი არ ჰყავს - ერთი მხრიდან ზღვა გაქვთ, მეორე მხრიდან რუსეთი. ვინ არის თქვენი მეგობარი სამეზობლოში? ალბათ, მხოლოდ აზერბაიჯანი.
კი, მაგრამ ისიც რუსეთის ზეწოლის ქვეშაა...
ზუსტად. თქვენი პატარა სახელმწიფოს თავისუფლება საფრთხეშია, ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ დაგეხმაროთ. როდესაც ჯონ მაკკეინი ეხმაურება თქვენთან მიმდინარე პროცესებს, ის ამერიკელების გულწრფელ გრძნობებს გამოხატავს.
დასავლეთთან ინტეგრაციას საქართველოში ძალიან მაღალი მხარდაჭერა აქვს. მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი უჭერს მხარს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. პროცესი დაძრულია, მაგრამ ჭიანურდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა მიიღონ საქართველო NATO-ში?
პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ამ ნაბიჯით რუსებს ვეტყვით, რომ საქართველოში შეჭრა ჩვენზე თავდასხმას ნიშნავს. NATO-ს კიდევ ერთი სახმელეთო ომის წარმოების გამბედაობა არ ეტყობა. ამდენად, ამას უფრო სიმბოლური დატვირთვა ექნება. იმუშავებს? როგორ გითხრათ, 50 წლის განმავლობაში რუსებს ვეუბნებოდით, რომ დასავლეთ ბერლინში თუ შეიჭრებოდა, ბირთვულ ომს მიიღებდა. რამდენად რეალური იყო ეს დაპირება, არ ვიცით, ვინაიდან დასავლეთ გერმანიაში შეჭრა არავის უცდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გაფრთხილებას ეფექტი ჰქონდა.
მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებენ. საქმე ისაა, რომ პოლონეთის მიღება ადვილი იყო. ის დიდი ქვეყანაა, საკუთარი თავდაცვა აქვს, გეოგრაფიულად მეგობარი ქვეყნებით არის გარშემორტყმული და ადვილად მისადგომია - არა მხოლოდ აშშ, მთელი NATO მივა. საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტს მოუწევს მისვლა და ისევ მარტო ჩვენ ვიქნებით. ავღანეთისა და ერაყის გამოცდილების გათვალისწინებით, ამისთვის მზადყოფნა არ არსებობს.
ამიტომ ვფიქრობ, აშშ ჯერჯერობით ბუნდოვან სიტუაციას შეინარჩუნებს. თქვენი გაწევრიანების კონკრეტული სქემა ჯერ არ არსებობს. თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელი გაიმარჯვებს, ისინი უფრო მკაცრად მოექცევიან რუსებს და ეტყვიან წითელი ხაზი სად გადის. ობამას შემთხვევაში კი არავინ იცის - ის უფრო მოქნილი იქნება.
პრობლემა კი ის არის, რომ რაც უფრო მოქნილია აშშ და არასანდოა გარანტია, რომელსაც იძლევა (ან საერთოდ არ იძლევა), მით მეტი ცდუნება უჩნდებათ რუსებს.
რა საკითხებზე იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგი?
უმუშევრობის მაჩვენებელზე, ბენზინის ფასზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ძალიან ბინძური კამპანია იქნება, იმაზეც, ვის მეტი ფული აქვს ნეგატიური რეკლამების დასაფინანსებლად, მოკლედ, თუ სადმე ომი არ დაიწყო, მთავარი ფაქტორი ეკონომიკა იქნება. ობამა მოსახლეობას დაჰპირდება დამატებით გადასახადებს მდიდრებისათვის, რასაც არანაირი შედეგი არ მოაქვს, გარდა კლასთა შორის დაპირისპირებისა, რასაც ობამა თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ის ლათინოამერიკელების, შავკანიანების ხმების მოპოვებაზე იმუშავებს. ერთი სიტყვით, მისი სტრატეგია ამომრჩევლის სეგმენტებად დაყოფა და ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება იქნება. თუ ეკონომიკა გაუმჯობესდა, ობამა მოიგებს - თუ არა და, რომნის გამარჯვების კარგი შანსი აქვს.
![]() |
12 სტრასბურგის სასამართლოს რეფორმა დაიწყო |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ლარა ჯამარაული
ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი
ბრაიტონში გამართულ კონფერენციაზე ევროსაბჭოს 47-მა წევრმა სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმას მხარი დაუჭირა. დისკუსია ძირითადად საერთაშორისო სასამართლოს მომავალსა და შიდა სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის იმპლემენტაციას ეხებოდა.
სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების საჭიროება გასული თვეების განმავლობაში ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა არაერთხელ გააჟღერა.
მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ აბუ ქატადას დეპორტაცია მიზანშეუწონლად მიიჩნია და პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა უკანონოდ ცნო, დევიდ კამერონის მხრიდან სასამართლოს საქმიანობაში ცვლილების შეტანაზე პოლიტიკური ზეწოლა მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად ბრიტანეთი ევროსაბჭოს თავმჯდომარეობს და კამერონმა სასამართლოს რეფორმისათვის ყველაზე ხელსაყრელი დრო გამოიყენა.
ბრიტანეთის მიერ ინიცირებული რეფორმის მიზანი სტრასბურგის სასამართლოს ეფექტურობის გაზრდაა. დასახული გეგმის მიხედვით, საქმეების დიდი რაოდენობისგან გადატვირთული ევროპული სასამართლოს კომპეტენცია ქვეყნების შიდა სასამართლოებმა უნდა გაინაწილონ. 2011 წლის ბოლოს სტრასბურგის სასამართლოს 151,600 განუხილველი საქმე დაუგროვდა, აქედან 40,250 რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელებია. ევროპულ სასამართლოში სარჩელების უმრავლესობა რუსეთის და თურქეთის წინააღმდეგაა შესული. ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევებია.
ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც სარჩელები სტრასბურგის განსჯადობას არ ექვემდებარება. ბრიტანეთს მიაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ იმ საქმეების განხილვაზე უარის თქმის პროცედურა უნდა გამარტივდეს, რომლებიც საერთაშორისო მართლმსაჯულებას არ ექვემდებარება.
1999-2010 წლებში სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან მიღებული სარჩელებიდან 39-ზე მიიღო გადაწყვეტილება, აქედან 32-ში დარღვევა დადგინდა, 1901 სარჩელი კი დაუშვებლად იყო ცნობილი. 2011 წელს შესული 3045 სარჩელიდან მხოლოდ ოთხი შემთხვევა დასრულდა გადაწყვეტილებით. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა განსაკუთრებით 2008-2009 წლებში გაიზარდა და ძირითადად, განაცხადები რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგაა შეტანილი. მათი უმრავლესობა, სასამართლოს გადატვირთულობის გამო, განხილვის მოლოდინშია.
ბრაიტონის დეკლარაცია ითვალისწინებს სუბსიდიარობის პრინციპთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კონვენციაში ცვლილებების შეტანას, რაც შიდა სასამართლოებს საშუალებას მისცემს, აქამდე სტრასბურგის სასამართლოს განსახილველი საქმეების ნაწილი თავად გადაწყვიტონ. დეკლარაციის თავდაპირველი ვარიანტი კონვენციაში სუბსიდიარობის პრინციპის შესახებ ახალი ჩანაწერის გაკეთებას ითვალისწინებდა, თუმცა წინააღმდეგობის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ეს ცვლილება მხოლოდ პრეამბულაში შევიდეს.
ასევე შეიცვლება სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმები, რათა ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები გაიცხრილოს და ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ სერიოზული დარღვევები განიხილოს.
გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით, გასაჩივრების ექვსთვიანი ვადა ოთხ თვემდე შემცირდება და მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა დაიხვეწება. დეკლარაციაში ასევე გათვალისწინებულია მომავალ წლებში ევროპული სასამართლოსთვის დაფინანსების მომატება რესურსებისა და პერსონალის გაზრდის მიზნით.
ცვლილებების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ შიდა სასამართლოების როლის გაზრდა სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელობას არათუ დააკნინებს, არამედ ხაზს გაუსვამს მის განსაკუთრებულ ფუნქციას - აღასრულოს საერთაშორისო მართლმსაჯულება ადამიანის უფლებების კუთხით.
სკეპტიკოსების აზრით კი, რეფორმა არა მხოლოდ განსახილველი საქმეების რაოდენობას, თავად სასამართლოს ძალაუფლებასაც შეამცირებს. მათი თქმით, ეს ძალაუფლება შესაძლოა ადამიანის უფლებათა დაცვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არ იყოს გერმანიისა და ბრიტანეთის მსგავს ქვეყნებში, თუმცა ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, სადაც სასამართლო სისტემა არაეფექტურია და დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა, სტრასბურგის სასამართლო ერთადერთ ინსტანციას წარმოადგენს სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის.
ჯერ კიდევ 2005 წელს, პარლამენტის წევრი დევიდ კამერონი ამბობდა, რომ საჭიროა შემცირდეს სტრასბურგის მხრიდან ბრიტანულ მართლმსაჯულებაში ჩარევა. მისი თქმით, თუ ბრიტანეთს ტერორისტების დეპორტაცია სურს, ამისთვის ან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში უნდა შეიტანოს ცვლილებები, ან ევროპული სასამართლო დატოვოს. შვიდი წლის შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრის რანგში კამერონმა სასამართლოს რეფორმირების იდეა წამოაყენა.
ევროპული სასამართლოს რეფორმის პარალელურად, ბრიტანეთში იურისტების, აკადემიური და სამოქალაქო პირებისაგან შემდგარი კომისია ადამიანის უფლებათა აქტის ადამიანის უფლებათა ბილით შეცვლაზე მუშაობს.
ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ბრიტანეთში ადამიანის უფლებათა აქტის სახით მოქმედებს. ბოლო წლებში სამასამდე უცხოელმა დამნაშავემ, მათ შორის მკვლელებმაც, ადამიანის უფლებათა აქტის მერვე მუხლის საშუალებით, რომლითაც პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება გარანტირებულია, ბრიტანეთიდან დეპორტაციას თავი დააღწიეს. ხშირია უკმაყოფილება იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებების დანერგვას ხელს უშლის ბრიტანეთის პარლამენტის უფლებათა აქტითა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მათი შებოჭვა.
მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებებით ბრიტანეთის საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი გამოიწვია, კონსერვატიულმა პარტიამ უფლებათა აქტის უფლებათა ახალი ბილით შეცვლის ინიციატივა წამოაყენა, რომლის საშუალებითაც ადამიანის უფლებათა დარღვევების სტრასბურგისგან დამოუკიდებლად განხილვა უშუალოდ შიდა სასამართლოებს შეეძლებათ.
გამორიცხული არ არის, ბილში ტრადიციული ბრიტანული სამართლისთვის დამახასიათებელი უფლებებიც შეიტანონ. მაგალითად, როგორიცაა მსაჯულთა სასამართლოს მიერ გასამართლების უფლება. ასევე მოსალოდნელია აქტში არსებული უფლებების, მაგალითად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ჩანაწერში ცვლილების შეტანა. ადამიანის უფლებათა აქტი, გეგმის მიხედვით, 2013 წელს გაუქმდება და მის ნაცვლად ახალი უფლებათა ბილი ამოქმედდება.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი საკანონმდებლო აქტის მეორეთი ჩანაცვლება ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს, ბრიტანეთის საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ახალი უფლებათა ბილი უფრო მეტად შეიძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას, ვიდრე მისი წინამორბედი.
უახლოეს წარსულში ევროპულმა სასამართლომ არაერთი გახმაურებული საქმე განიხილა. ტერორიზმში ეჭვმიტანილმა აბუ ქატადამ, მისი ბრიტანეთიდან დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. გასულ თვეს, სტრასბურგის სასამართლომ უკრაინის მთავრობას ყოფილი პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოსთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისაკენ მოუწოდა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ევროპული სასამართლოს განმარტება ერთსქესიანი წყვილების მხრიდან ბავშვების შვილად აყვანასთან დაკავშირებით. ამ განმარტების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ეს უფლება დაცული არ არის.
ყველა წევრმა სახელმწიფომ დეკლარაციის რატიფიცირება 2013 წელს უნდა დაასრულოს. ბრაიტონის სამიტის შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან რეფორმის გატარებას წლები დასჭირდება. სკეპტიკოსების აზრით, რეფორმის დამტკიცების მიუხედავად ძნელია იმის თქმა, რომ მთავრობები დასახული გეგმების მისაღწევად გრძელვადიან თანამშრომლობას შეძლებენ.
![]() |
13 ადგილობრივ არჩევნებზე წამყვანმა პარტიებმა ხმების ნახევარი დაკარგეს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
იტალია
მაისის დასაწყისში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა იტალიის ტექნოკრატიული მთავრობის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები კიდევ ერთხელ აჩვენა. ცენტრისტული მემარჯვენე კოალიციის წევრების პოზიციები, შედეგების თანახმად, საკმაოდ შერყეულია, რისი მიზეზიც მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკით განაწყენებული მოსახლეობაა. მოქალაქეთა ამ სეგმენტმა ან მემარცხენე ძალებზე გააკეთა არჩევანი, ან უბრალოდ, კენჭისყრაზე არ გამოცხადდა. აშკარაა, მარიო მონტის მთავრობას 2013 წლის საყოველთაო არჩევნებისთვის დიდი თავსატეხი გაუჩნდა.
ბეპე გრილო
პრემიერმინისტრი მარიო მონტი
იტალიელებმა ხმა ქვეყნის მასშტაბით ცხრაასზე მეტ ქალაქში მისცეს. შედეგად, არჩევნებში ქვეყნის საერთო მოსახლეობის 20%25-ს შეეძლო მონაწილეობის მიღება. შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია მემარჯვენე ძალებისთვის: კოალიციის წევრმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა (ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის) თავისუფლების ხალხისა (PDL) და მემარცხენე-ცენტრისტულმა, დემოკრატიულმა პარტიებმა (PD) თავი არადამაჯერებლად წარმოაჩინეს. PDL-მ თუ 2008 წლის არჩევნებში 37,6%25 აიღო, დღეს მისი საშუალო მაჩვენებელი 11,6%25-ს შეადგენს. PD-ის შემთხვევაში, ხმათა 33,9%25 დავიდა16,4%25-მდე.
დიდი იყო დანაკლისი ჩრდილოეთის ლიგისთვისაც: მისმა მხარდაჭერამ 6,4%25-დან 2,7%25-მდე იკლო. ყველაზე სუსტი მაჩვენებელი თავისუფლების ხალხის პარტიამ აჩვენა. შედეგად, მართალია, საერთო ჯამში დემოკრატიული პარტია ჩაითვალა გამარჯვებულად, თუმცა 26 ქალაქში მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიებმა 37%25-ზე მეტი აიღეს.
არჩევნების კიდევ ერთი თავისებურება არატრადიციული, საპროტესტო ძალების გააქტიურებაა. მათ შორის ლიდერობს ცნობილი ბლოგერის, ბეპე გრილოს მიერ დაფუძნებული მოძრაობა 5 ვარსკვლავი. მან ჩრდილოეთის ლიგაზე უკეთესი მაჩვენებლით დაასრულა კენჭისყრა (7,1%25). კომიკოსი პოლიტიკური აქტივისტის წარმატების მიზეზი მისი ევროსკეპტიციზმი გახდა: იგი ევროზონის დატოვებას ქომაგობდა.
ტრადიციული, მემარჯვენე პარტიების წარუმატებლობის მიზეზი არაპოპულარული ზომების მიღება გახდა. ნოემბერში ტექნოკრატიული მთავრობის არჩევა მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების სურვილმა განაპირობა. თუმცა ფასების მომატებამ და დანახარჯების და პენსიების შემცირებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად, კრიზისის ფონზე მოსახლეობისთვის მიცემული პოპულისტური დაპირებები უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.
რიგითი მოქალაქეების ნეგატიურ განწყობაზე მეტყველებს მათი აქტივობაც - ხუთი წლის წინ ჩატარებულ მსგავს არჩევნებში, ეს მაჩვენებელი 74%25-ს შეადგენდა, დღეს კი 67%25-მდეა ჩამოსული.
PDL-ის მესვეურებმა ისიც კი განაცხადეს, რომ მათი პარტიის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ტექნოკრატიული მთავრობისადმი მხარდაჭერა გახდა. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ მომავალი არჩევნებისთვის მემარჯვენე ძალამ შეიძლება კოალიციისგან თავი შორს დაიჭიროს. ამასთან ერთად, პოლიტიკური ძალის წევრები და, რაც მთავარია, მისი ყოფილი ლიდერი ბერლუსკონი სკანდალებში იყვნენ გახვეულნი. მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას ჩრდილოეთის ლიგაც: მისი ყოფილი ხელმძღვანელის, უმბერტო ბოსის ოჯახს პარტიის ფინანსების გამოყენებაში ადანაშაულებენ.
![]() |
14 ცენზურა პოსტრევოლუციურ ტუნისში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
პრესპოლისი
ლამარა ჯამარაული
ტუნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კერძო ტელეარხის ხელმძღვანელი ნაბილ კარუი ფრანგული ფილმის, „პერსეპოლისის” ჩვენებისთვის დაჯარიმდა. ამ პროცესმა სეკულარისტებსა და ისლამისტებს შორის უთანხმოება კიდევ უფრო გააღრმავა.
ნაბილ კარუი
სასამართლომ ტელეკომპანიის უფროსი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ზნეობრივი ღირებულებების ხელყოფისთვის ცნო დამნაშავედ. ანიმაციური ფილმი, რომელმაც ტუნისელების გაღიზიანება გამოიწვია, ირანელი გოგონას ცხოვრებას ასახავს, ერთ-ერთ ეპიზოდში კი არის ალაჰის ამსახველი კადრი, რაც ისლამის მიხედვით აკრძალულია. პროტესტის ნიშნად ისლამისტმა აქტივისტებმა ტელეკომპანიის შენობასა და კარუის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ისინი ტელეარხის ხელმძღვანელის დაპატიმრებას მოითხოვდნენ.
ტუნისში Freedom House-ის წარმომადგენელი ფატი ზაბაარი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი დამნაშავედ ცნეს მაშინ, როცა მოძალადე აქტივისტები დაუსჯელები რჩებიან.
მიუხედავად იმისა, რომ კარუის მიმართ წაყენებული ბრალდება 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, სასამართლო ჯარიმას დასჯერდა. თუმცა მაშინ, როდესაც ხშირია ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები, კარუისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით საშიში პრეცედენტი შეიქმნა.
თებერვალში ერთ-ერთი ჟურნალის გამომცემლები იმისთვის დააპატიმრეს, რომ მათ „თითქმის შიშველი” ფოტოსურათები დაბეჭდეს. რამდენიმე თვით ადრე კი „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის” 7 წელი მიესაჯა ორ ბლოგერს, რომლებმაც ისლამის შესახებ ინტერნეტში კრიტიკული სტატიები გამოაქვეყნეს.
რევოლუციის შემდეგ უკიდურესი ისლამისტური დაჯგუფებების საქმიანობაზე აკრძალვები მოიხსნა, ახლა მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. ბოლო პერიოდში ისინი აგრესიული მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებაში რელიგიის როლის განმტკიცებას. აქტივისტების თქმით, „პერსეპოლისის” ტელევიზიით ჩვენება მუსლიმების შეურაცხყოფა და მიზანმიმართული პროვოკაციაა, ზოგიერთმა ულტრაკონსერვატორმა ისლამისტმა კი ნაბილ კარუის სიკვდილით დასჯაც მოითხოვა.
სეკულარისტებმა კარუის გასამართლება გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიღეს და ამ მოსაზრებას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიც იზიარებენ. მათი შეფასებით, ეს პროცესი ნათელი გამოხატულებაა, თუ როგორ ცდილობს ტუნისი რევოლუციიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ სენსიტიური რელიგიური თემების დაბალანსებას გამოხატვის თავისუფლებასთან.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა ტუნისის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. აშშ-ის ელჩმა გორდონ გრეიმ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ტელეკომპანიის ხელმძღვანელის გასამართლებით და იმედოვნებს, რომ განაჩენის გასაჩივრებისას კარუის გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება. ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყნის მთავრობა გაკვირვებულია ელჩის ნათქვამით, რადგან სასამართლო დამოუკიდებელია და არავის აქვს მართლმსაჯულებაში ჩარევის უფლება. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ტუნისის ურთიერთობები ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას უნდა ემყარებოდეს.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ტუნისის სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმეს და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფად შეაფასეს. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში Amnesty International-ის წარმომადგენელი ენ ჰარისონი კარუის გასამართლებას იმის ნათელ მაგალითად მიიჩნევს, თუ როგორი წარუმატებელია ტუნისი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით. მისი თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელს საკუთარი შეხედულებების მშვიდობიანი გზით გამოხატვის უფლება წაართვეს.
![]() |
15 თურქეთმა ჩიკაგოს სამიტზე ისრაელის მიწვევა დაბლოკა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
NATO
შოთა კაკაბაძე
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაადასტურა, რომ 20-21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილ NATO-ს სამიტში ისრაელი მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე თქმით, ამას არაფერი აქვს საერთო გავრცელებულ ინფორმაციასთან, თითქოს თურქეთმა სამიტზე ოფიციალური იერუსალიმის ყოფნა დაბლოკა. მიზეზი უფრო ისაა, რომ ისრაელი ალიანსის სამხედრო მისიების მონაწილე არ არის.
ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად განიხილება თურქეთის მკაცრი პოზიცია სამიტში ისრაელის მონაწილეობაზე. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებიან, ანკარა მანამდე არ დათანხმდება ისრაელთან თანამშრომლობას, სანამ 2010 წელს თურქულ გემებზე რეიდის გამო ოფიციალური იერუსალიმი ბოდიშს არ მოიხდის და თურქეთის მოქალაქეებს კომპენსაციას არ გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მაისში, ისრაელმა რეიდი მოაწყო თურქულ გემებზე, რომლებიც ღაზის ბლოკადის გარღვევასა და იქ ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას ცდილობდნენ. შედეგად, დაიღუპა ფლოტილიის ეკიპაჟის ათამდე წევრი. გაეროს მიერ დადებული დასკვნა ისრაელს გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს, თუმცა თურქეთის მხრიდან პროვოკაციაზეც არის საუბარი. ინციდენტის შემდეგ თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გამოიწვია და ერთად დაგეგმილი სწავლებები გააუქმა.
ისრაელის მონაწილეობის დაბლოკვის გარდა, თურქეთი სხვა მოთხოვნებსაც აყენებს. თუ სამიტს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან, მაშინ თურქული მხარე სამიტზე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის დაშვებასაც ითხოვს. ამ ორგანიზაციამ ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად დაიწყო ავღანეთის საკითხზე მუშაობა, რასაც, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებიც მიესალმება. 2010 წელს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ მიიღო თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების წინადადება ავღანეთში საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. ანალიტიკოსთა აზრით, NATO-ს სამიტის წინ თურქეთის ასეთი გააქტიურება მისი, როგორც რეგიონის ახალი ლიდერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, თურქეთისთვის უბრალოდ პრინციპის ამბავია, რომ ისლამური ორგანიზაცია სამიტს სიმბოლურად დაესწროს.
ამავდროულად, დასავლეთის ქვეყნები სერიოზულად არიან დაინტერესებულები, რომ თურქეთი, როგორც ახლო პარტნიორი, შეინარჩუნონ და ანკარასთან გაუცხოება არ მოხდეს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის დაკარგვის შიში NATO-ს წევრ სხვა სახელმწიფოებს აიძულებს, მისი ღია კრიტიკისგან თავი შეიკავონ. თურქეთიც უკვე შედარებით პროდასავლურ პოლიტიკას ატარებს, რაც კარგად ჩანს მის პოზიციაში სირიის საკითხის მიმართ.
უკანასკნელ ხანებში პრესაში ფართოდ განიხილება თურქეთის სირიაში შესაძლო ინტერვენციის თემა და ვარაუდობენ, რომ ის ამ ნაბიჯს ჩრდილოატლანტიკური ქარტიის მე-5 მუხლით (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) გაამართლებს, ხოლო მიზეზი სირიის მთავრობის მხრიდან ქურთული სეპარატიზმის მხარდაჭერა იქნება. ერთ დროს მეგობრებად შერაცხულ ერდოღანსა და სირიის პრეზიდენტ ასადს შორის პირადი წყენა არსებობს - ამ უკანასკნელმა რეფორმების შესახებ თურქეთის პრემიერისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა.
ასე რომ, აშკარაა - რეგიონში გამოჩნდა ახალი, გავლენიანი სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარი ხედვა და პოზიცია აქვს. დასავლეთს კი, სტრატეგიული პარტნიორის დაკარგვის შიშით, სულ უფრო ხშირად უწევს დათმობაზე წასვლა და თურქეთისთვის ანგარიშის გაწევა.
![]() |
16 ათონის მთა სეპარატისტულ ვნებებში ჩაიძირა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ლევან სუთიძე
14 მაისს, ათონის სამონაზვნო რესპუბლიკის საგანგებო ოცწევრიანი ყრილობა საბერძნეთის მიერ შემოღებულ საგადასახადო კანონმდებლობაზე წმინდა მთის რეაქციას განიხილავს, რომელიც, მონასტრების განცხადებით, მათ ბიუჯეტს ზიანს აყენებს. უფრო ადრე, 30 აპრილს, იმავე საგანგებო ოცწევრიანმა კრებამ, რომელიც სამონასტრო თვითმმართველობის უმაღლესი მმართველი ორგანოა და ოცი მონასტრის წარმომადგენლისგან შედგება, საბერძნეთის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა.
გეორგიოს პაპანდრეუ და პატრიარქი ბართლომეოსი
უპოვრების აღთქმაში მყოფი მონაზვნები იმუქრებიან, რომ თუ საბერძნეთის ხელისუფლება მათ საგადასახადო უპირატესობებს არ დაუწესებს, ისინი გაყინავენ ოფიციალურ ურთიერთობას ათენთან და შესაძლოა, სუვერენიტეტიც გამოაცხადონ. საქმე ეხება არა ათონის მთის ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო ქონების დაბეგვრას, რომელიც ისედაც სარგებლობს საგადასახადო უპირატესობებით - არამედ მოცემული ტერიტორიის მიღმა, მონასტრის საკუთრებაში მყოფი მაღაზიების, სახლებისა და მომლოცველთა სახლებისთვის ბეგარის შემცირებას.
ათენმა გაუუქმა საგადასახადო შეღავათები ჩამოთვლილ ქონებას, რამაც ჯერ კიდევ წინა წელს კონფლიქტი წარმოშვა. საბერძნეთის მთავრობას წაყენებულ ულტიმატუმზე პასუხი ჯერ არ გაუცია. პირველად მსგავსი მუქარა შარშან გაისმა. მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად (რომლის იურისდიქციაშიც ათონის მთა შედის), ათონზე სტუმრად მყოფი საბერძნეთის მაშინდელი პრემიერმინისტრი გეორგიოს პაპანდრეუ მონაზვნებს საგადასახადო უპირატესობების საკითხის განხილვას დაჰპირდა.
პარალელურად გავრცელდა ხმები, რომ მონასტრები მოცემული საკითხის გადასაწყვეტად მოსკოვისა და პირადად ვლადიმირ პუტინის ჩარევას აპირებდნენ, რამაც ათენი ღალატზე აალაპარაკა. ეს მოსაზრებები ნაწილობრივ დადასტურდა. ათენთან კავშირის გაწყვეტის რადიკალი მომხრეები მოუწოდებენ მონასტრებს, გააძევონ წმინდა მთის ტერიტორიიდან ათონის სამოქალაქო გუბერნატორი. უფრო შემრიგებლური პოზიცია კი იმ ქვეყნების დიპლომატიური ბერკეტის გამოყენებას ემხრობა, რომელთა მონასტრებიც მთაზე მდებარეობს - კერძოდ, რუსეთის, სერბეთისა და ბულგარეთის. საგანგებო კრებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს სლავურ ქვეყნებს „მორალური და მატერიალური მხარდაჭერისთვის“.
ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, არა მხოლოდ საბერძნეთთან წმინდა მთის ურთიერთობები დაძაბოს, არამედ კონფლიქტი წარმოშვას კონსტანტინოპოლის დედა საპატრიარქოსთან, რომელიც მწვავედ რეაგირებს სლავურ ქვეყნებთან ათონის მთის ნებისმიერ კავშირზე. დროდადრო ათონის მთის პრორუსული მიმართულება მოსკოვსა და კონსტანტინოპოლში მჯდომ პატრიარქს შორის დიპლომატიურ სკანდალს იწვევდა. ახლა კი ათონის მონასტრების იღუმენები და არქიმანდრიტები დახმარებას პირდაპირ მოსკოვისგან, ბელგრადისგან და სოფიასგან ითხოვენ. არავინ იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ბერ-მონაზვნების საკმაოდ მძიმე მუქარას. გაურკვეველია, რა ნაბიჯებს გადადგამს ათონის სამონასტრო რესპუბლიკა, რომელიც საბერძნეთის თვითმმართველი ერთეულია. შესაძლოა, სეპარატისტული განცხადებები მას მძიმედ შემოუბრუნდეს.
![]() |
17 დიდი გარიგება ისრაელში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთი
ირაკლი გუნია
ისრაელში პოლიტიკური ამინდი მოულოდნელად შეიცვალა - ვადამდელი არჩევნების ნაცვლად, პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მთავარ ოპოზიციურ პარტია კადიმასთან კოალიციის ფორმირება გამოაცხადა. დიდი გარიგების მიხედვით, კადიმა მთავრობას შეუერთდება და ვადის ამოწურვამდე ნეთანიაჰუს პოლიტიკის მხარდამჭერი იქნება. ამის სანაცვლოდ, პარტიის ახალარჩეული ლიდერი შაულ მოფაზი ვიცეპრემიერის პორტფელს ჩაიბარებს, ხოლო კადიმას წევრები მინისტრის და საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტებს მიიღებენ. ბირთვული ირანის საფრთხის წინაშე ისრაელი პოლიტიკურად გაერთიანდა, ნეთანიაჰუმ კი სამოქმედოდ არნახულად ფართო არეალი შეიძინა.
შაულ მოფაზი და ბინიამინ ნეთანიაჰუ
შაულ მოფაზმა ოპოზიციის ლიდერის პოზიციაზე რეკორდულად მცირე პერიოდი გაატარა. ნეთანიაჰუს კრიტიკოსიდან პარტნიორად გადაქცევამ ისრაელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პრეზიდენტმა შიმონ პერესმა „ისრაელის ხალხის კეთილდღეობისთვის“ ეროვნული გაერთიანების მთავრობის შექმნა მოიწონა, ოპოზიციის ლიდერებმა კი შეთანხმება ბინძურ პოლიტიკურ გარიგებად მონათლეს. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შელი იახიმოვიჩმა კოალიციას უწოდა „მშიშრების ალიანსი“, რომლის მთავარ მოტივაციასაც გადარჩენა წარმოადგენს.
კადიმას სამთავრობო კოალიციაში ჩართვით, ნეთანიაჰუმ ისრაელის ისტორიაში უდიდესი საპარლამენტო უმრავლესობა შექმნა. პოლიტიკურად გამოუცდელი ოპოზიციური ლიდერების სახით მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე რეალური კონკურენტი არ ჰყავს.
ნეთანიაჰუს გარდა, გარიგების შედეგად, გამარჯვებულთა მხარეს აღმოჩნდნენ თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ეჰუდ ბარაკი და ავიგდორ ლიბერმანი, რომლებმაც თანამდებობები კიდევ ერთი წლით შეინარჩუნეს. ბარაკი, ვისაც საკუთარი დამოუკიდებლობის პარტიით არჩევის მიზერული შანსი ჰქონდა, შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორიც იყო. რაც შეეხება ლიბერმანს, ის ულტრაორთოდოქსი ებრაელების მიმართ დათმობების მოწინააღმდეგეა, რასაც ახალი კოალიციაც უპირისპირდება.
არჩევნების გადადებამ მემარცხენე პარტიები საგრძნობლად დააზარალა. გაურკვეველია, შეინარჩუნებენ თუ არა (ძირითადად, კადიმას ხმების ხარჯზე მომატებულ) ამომრჩევლებს ლეიბორისტები და პოპულარული ტელეწამყვანის, იაირ ლაპიდის მიერ დაარსებული პარტია იეშ ატიდი - მომავალი არსებობს.
სექტემბერში დაგეგმილი არჩევნების თავიდან აცილებით შაულ მოფაზმა საკუთარი პარტია სამარცხვინო წაგებას გადაარჩინა, რადგან წინასწარი გამოკითხვებით, კადიმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში (ქნესეთი) ადგილების ნახევარზე მეტს დაკარგავდა. საზოგადოებისგან ნდობის აღდგენა და ამომრჩევლის თვალში ლიკუდისგან გამოცალკევება მოფაზს მეტად გაუჭირდება. თავის მხრივ, ბინიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთის 120 ადგილიდან 94-ის მოპოვებით პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა და ცენტრისტების დამატებით რადიკალ მემარჯვენე პარტნიორთა მხრიდან გავლენა შეამცირა. პრემიერის განცხადებით, ახალი კოალიციისთვის პრიორიტეტული იქნება ოთხი მთავარი საკითხი: ულტრაორთოდოქსი ახალგაზრდებისთვის სამხედრო სამსახურის შემოღება (ტალის წესი), პოლიტიკური სისტემის რეფორმირება, ეკონომიკის დაცვა და პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო პროცესის წარმართვა.
ისრაელის სეკულარული მოსახლეობის უმრავლესობა ულტრაორთოდოქსი თანამემამულეების (ჰარედი) სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას ეწინააღმდეგება. ისრაელის პირველმა პრემიერმინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა რამდენიმე ასეულ ჰარედი სტუდენტს სხვა მოქალაქეებთან შედარებით ამგვარი პრივილეგია მიანიჭა, რადგან მათი ცხოვრების სტილის თანდათანობით გაქრობას მოელოდა. დღეისთვის, ულტრაორთოდოქსები ისრაელის 7,8 მილიონი მოქალაქის მეათედს შეადგენენ, აქედან 60 ათასი სტუდენტი კი ტალის წესით სარგებლობს. ზოგიერთი მათგანი მესიის მოსვლამდე ისრაელის სახელმწიფოს არსებობას ეწინააღმდეგება და საგზაო ტრანსპორტში გენდერულ სეგრეგაციას მოითხოვს. კადიმასთან ალიანსი ნეთანიაჰუს შესაძლებლობას აძლევს, რომ კანონმდებლობის შესაცვლელად მასთან კოალიციაში მყოფი რადიკალი მემარჯვენეების წინააღმდეგობა გადალახოს და საზოგადოების მხარდაჭერა განიმტკიცოს.
კოალიციის განახლებამ ნეთანიაჰუს ხელსაყრელი პოზიცია შეუქმნა სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად. მან წერილი მისწერა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და ოფიციალურ დოკუმენტში პირველად ისაუბრა პალესტინური სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობის შესახებ. საპასუხო განცხადებაში პალესტინურმა მხარემ აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს წერილი არ შეიცავდა მკაფიო პასუხებს არსებით საკითხებზე - აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობის შეჩერებაზე, 1967 წლის საზღვრების ცნობასა და პატიმართა გაშვებაზე.
ეროვნული გაერთიანების მთავრობა ნეთანიაჰუს ირანის მიმართ მეტ მოქნილობას შესძენს. მცირე ხნის წინ, ისრაელის შიდა დაზვერვის (შინ ბეთ) სამსახურის ყოფილმა უფროსმა იუვალ დისკინმა ქვეყნის პირველი პირები ირანული საფრთხის გადამეტებაში და გადაწყვეტილებების „მესიანურ გრძნობებზე“ დაყრდნობით მიღებაში დაადანაშაულა. წინა ზაფხულს საგარეო დაზვერვის სამსახურის (მოსადი) ყოფილმა ხელმძღვანელმა მეირ დაგანმა სამხედრო შეტევის იდეას „სულელური“ უწოდა. კოალიციის სიდიდე ნეთანიაჰუს საშუალებას აძლევს, დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნებისგან შემდგარი პრევენციული შეტევის მოწინააღმდეგეთა ბანაკი მარგინალურ ფენომენად გამოიყვანოს. შაულ მოფაზის სახით მთავრობაში გენერლის არსებობამ ისრაელში შეიძლება დიდი ეფექტი იქონიოს, რადგან იქ უმაღლესი სამხედრო პირების შეხედულებებს ტრადიციულად დიდი წონა აქვს.
ისრაელში ფართო კოალიციის პრეცედენტი უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება. უკანასკნელად, განსხვავებული იდეოლოგიური სპექტრის პარტიები კოალიციაში გაერთიანდნენ 1984 წელს, როდესაც ეკონომიკური კრიზისის დროს ინფლაციამ 400%25-ს მიაღწია. პოლიტიკური მიმომხილველი ჩარლზ კრაუტჰამერი 1967 წელთან ავლებს პარალელს, როდესაც ექვსდღიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციური და სამთავრობო პარტიები საერთო საფრთხის გამო მორიგდნენ კოალიციის შექმნაზე.
განსაკუთრებით ცხელი შესაძლოა აღმოჩნდეს შემოდგომა, როდესაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე დიდი ზეგავლენა ექნება საარჩევნო კამპანიას. სტაბილური შიდა მდგომარეობის და დიპლომატიური რაუნდების გადავლის ფონზე ნეთანიაჰუს მეტი შესაძლებლობა მიეცემა, რომ ამომრჩეველზე დამოკიდებული ბარაკ ობამასგან სამხედრო მხარდაჭერა მოიპოვოს.
![]() |
18 ინოვაცია: პირველი ბეჭდური სახლი დანიაში |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
დანიაში პირველი ბეჭდური სახლი, ეგრეთ წოდებული printable house გამოჩნდა. ის იმითაა გამორჩეული, რომ საცხოვრებელი სახლის შესახებ ყველა კონვენციურ მოსაზრებას არღვევს.
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ სახლი მხოლოდ აგურისგან და ცემენტისგან არ შენდება: არსებობს შუშის, მეტალის, თაბაშირ-მუყაოს და სხვა მასალების სახლები. მათ ასაშენებლად არქიტექტორები, მშენებლები, მღებავები და სხვა პროფესიონალები არიან საჭირო. საშუალო ზომის სახლის აშენებას რამდენიმე თვე სჭირდება, მუშა პერსონალის და აშენებისთვის საჭირო თვეების რაოდენობა კი იმის მიხედვით იზრდება, თუ რამდენად დიდია ასაშენებელი სახლი.
ბეჭდური სახლის ასაშენებლად საკმარისია კომპიუტერი, ფანერები და მხოლოდ რამდენიმე კვირა. კოპენჰაგენის ჩრდილოეთ ნაწილში ორმა დანიელმა არქიტექტორმა ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოსცადა: ჯერ კომპიუტერში შექმნეს სასურველი სახლის სამგანზომილებიანი მოდელი, შემდეგ კი CNC მანქანაზე მოჭრეს.
CNC სპეციალური, სრულად კომპიუტერიზებული მანქანაა, რომელიც ფანერებს პრინტერის მსგავსად, კომპიუტერის ბრძანების შესაბამისად ჭრის. დაჭრილი ნაწილების შეერთება მარტივად, ზედმეტი დანაკარგების გარეშეა შესაძლებელი. ფოლადის კარკასი მინიმალურია. ერთადერთი მასალა, რომელიც მშენებლობისთვის გამოიყენება, არის ხე (თუ არ ჩავთვლით შუშის ფანჯრებს). დაპროექტების, დამზადების და აშენების სრულიად კომპიუტერიზებული მეთოდი, დანიელი არქიტექტორების მტკიცებით, ზრდის ეფექტიანობას, ამცირებს მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების რაოდენობას და გარემოზე უარყოფით გავლენას.
ბეჭდური სახლის კონცეფციის მთავარი ხიბლი ისაა,რომ ადვილად ერგება სხვადასხვა სიტუაციებს და ადგილმდებარეობას. მაგალითად, ბუნებრივი თუ სხვა კატასტროფის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის განაშენიანება მსგავსი სახლებით ძალიან სწრაფად შეიძლება.
მშენებლობის მთელი ჯაჭვის ყველა რგოლი ციფრულ ტექნოლოგიებს ეფუძნება. ამ ტექნოლოგიების პორტატული ბუნება მთელი პროცესის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი მიღწევაა: სრული ინფორმაცია - დიზაინი, ინტერფეისი ყველაფერი,რაც საჭიროა,ციფრულ პლატფორმაზეა მოცემული და ამ ფაილის ნებისმიერ ადგილას გაგზავნაა შესაძლებელი. ყველაკონკრეტული პროექტი კი შემდეგ ადგილორივ საბაზრო მოთხოვნებს და გემოვნებას ერგება.
დანიელი დიზაინერები გეგმავენ,რომ ბეჭდური სახლები თავიანთ სავაჭრო მარკად აქციონ,მასობრივ წარმოებაში გაუშვან და დაინტერესებულ კლიენტებს ადგილზე დაუმზადონ.მათი შეფასებით,ნედლი მასალების, კომპიუტერული ტექნიკის და სპეციალური პრინტერის პირობებში,პროცესი მარტივიდ ამოგებიანი უნდა იყოს:მთელი სახლის ასაშენებლად მხოლოდ ორი ადამიანია საჭირო.და არავითარი მძიმე ტექნიკა.
პირველი სახლი, რომელიც დანიაში აშენდა,125 კვადრატული მეტრი ფართობისაა.მის დამზადებას 820 ცალი ფანერი და მხოლოდ 4 კვირა დასჭირდა.
![]() |
19 ევრობონდებით მოზიდული სახსრები კასკადის მშენებლობისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
ლონდონის საფონდო ბირჟაზე სს საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ საკუთარი ობლიგაციები განათავსა და 250 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ბონდები 5-წლიანია, ხოლო წლიური განაკვეთი 7.125%25-ს შეადგენს.
მიღებული ფული მდინარე რიონზე, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას მოხმარდება. კორპორაცია ორ სადგურს ააშენებს, მათი სიმძლავრე კი 200 მეგავატი იქნება. სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება და 3-4 წელიწადში დასრულდება. ორივე სადგურის აშენება 270 მილიონი აშშ დოლარი ჯდება.
ნამახვანის კასკადი მდინარე რიონის ჰიდროპოტენციალს იყენებს და ის სამ - ტვიშის, ნამახვანის და ჟონეთის - ჰიდროელექტროსადგურს აერთიანებს. აქედან ტვიშისა და ჟონეთის ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრე 100-100 მეგავატია, ნამახვანისა კი - 250. წინასწარი გათვლებით, ნამახვანის კასკადი წლიურად 1.6 მილიარდ კილოვატ საათ ენერგიასგამოიმუშავებს.
კასკადში ინვესტირებით 3 წლის წინ კორეული და თურქული კომპანიები დაინტერესდნენ, თუმცა საქართველოს მთავრობასთან პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებგ ვერდის მიხედვით, განახლებულ ტენდერში 40 კომპანია მონაწილეობს. პროექტის სრული ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია.
სამინისტროს შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 10%25-ით გაიზარდა. ნამახვანის კასკადის პროექტი საქართველოს იმ გეგმის ნაწილია, რომლის თანახმადაც ქვეყნისთვის საჭირო მთელი ელექტროენერგია ჰიდრორესურსების ეფექტიანი გამოყენების ხარჯზე უნდა მიიღოს. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, საქართველო ნორვეგიის შემდეგ იქნება მეორე ქვეყანა, რომელიც ელექტროენერგიაზე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას ჰიდროელექტროენერგიის გამოყენებით ევრო ბონდებით მოზიდული სახსრები კასკადის მშენებლობისთვის სრულად ჩაანაცვლებს. საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის შეფასებით, ამ მიზნის მიღწევას 5-7 წელიწადი დასჭირდება.
ნამატ ელექტროენერგიას საქართველო ექსპორტზე გაიტანს თურქეთში, რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მთავრობისშეფასებით, მსგავსი პროექტები, ქვეყნის მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღების პარალელურად, მნიშვნელოვან შემოსავალსაც მოიტანს, რაც დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
Ft.com-ისთვის მიცემული ნტერვიუში საქართველოს პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ წინასწარი გათვლებით, ქვეყნის ეკონომიკა 2012 წლის ბოლომდე 6%25-ით უნდა გაიზარდოს. ამასთან, წელს საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის 3.5%25-მდე, ხოლო 2013 წელს-3%25-მდე შემცირდება. მისი თქმით, მთავრობის ვალი მშპ-ის 38%25-ზე ნაკლებია და მომდევნო წლებში კიდევ უფრო დაიკლებს.
![]() |
20 ახალი მონსტრი? |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
მირიან ტორონჯაძე
ჯერ კიდევ იანვარში Google-მა ძებნის ახალი მოდელი შემოგვთავაზა და საძიებო სისტემა საკუთარ სოციალურ ქსელს, Google Plus-ს დაუკავშირა. მას შემდეგ Google-ი, გარდა ძიების ჩვეულებრივი შედეგებისა, ჩვენი „გუგლპლუსელი“ მეგობრების მიერ საძებნ თემაზე დაწერილ ინფორმაციასაც ამუშავებს და შედეგებად გამოაქვს. ამით, გარდა იმისა, რომ ძებნის ხარისხი გაიზარდა, კომპანიამ არცთუ წარმატებული და რეიტინგული სოციალური ქსელის გაპოპულარულებაც სცადა. ახლა კი ამ პრაქტიკის გამოყენება გადაწყვიტა Microsoft-მა, რომელიც Google-ის კონკურენტ საძიებო სისტემას, Bing-ს ფლობს. ამისთვის ის Facebook-ის გამოყენებას აპირებს. პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე კვირაში იგეგმება.
ყოველივე ამის შესახებ Microsoft Bing-ის კორპორატიულმა ვიცეპრეზიდენტმა, დერიკ კონელმა განაცხადა და განმარტების სახით ბლოგპოსტიც მოაყოლა. მისი თქმით, Bing-ში ძებნისას სისტემა თავად შემოგვთავაზებს იმ მეგობრების სავარაუდო სიას, რომლებმაც შესაძლოა ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი იცოდნენ. შემდეგი პროცედურა კი ძალიან მარტივია და მასში თითქმის არაფერია ნოვატორული - მეგობრების მონიშვნის („დატაგვის“) შემდეგ კითხვა მათ ავტომატურად გაუზიარდებათ და შემდეგ, იმედია, პასუხიც არ დააყოვნებს. სისტემას „სოციალური ძებნა“ ეწოდება და ორიენტირებულია მომხმარებლების მიერ გენერირებული კონტენტის უფრო დიდი დოზით გამოყენებაზე, ინფორმაციის ტრადიციულ წყაროებთან ერთად.
ამ მექანიზმის გამართულად ასამუშავებლად საჭიროა, რომ Bing-ის საძიებო სისტემა Facebook-ის თითოეული მომხმარებლის მიერ საჯაროდ გამოფენილი ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდეს. სხვანაირად შეუძლებელი იქნება იმის ცოდნა, ვის რა თემასთან აქვს უფრო ახლო კავშირი. ზოგიერთ სკეპტიკოსს უკვე გაუჩნდა კითხვა, რამდენად პატიოსნად გამოიყენებს Microsoft-ი თითოეული ჩვენგანის მიერ საკუთარ კედლებზე დაწერილ სტატუსებს თუ გამართულ დისკუსიებს და მათი რა ნაწილი აისახება საძიებო შედეგებში. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.
Microsoft-ის მხრიდან ეს ნაბიჯი შეიძლება აღვიქვათ, როგორც მისი საძიებო სისტემის გადარჩენის უკანასკნელი ხერხი. მართლაც, საძიებო სისტემა Bing-ი ნაკლებად პოპულარულია. მიუხედავად უკვე დახარჯული 5.5 მილიარდი დოლარისა, ამერიკის მასშტაბით მას მომხმარებელთა მხოლოდ 15%25 იყენებს, Google-ს კი - 66%25. მსოფლიო მასშტაბით მისი მდგომარეობა უფრო სავალალოა - Bing-ს, როგორც მთავარ საძიებო საშუალებას, მომხმარებელთა მხოლოდ 4%25 ენდობა. ამ მონაცემით ის Yahoo-სა და Baidu-ს გვერდით დგას. მობილურ მოწყობილობებზე კი მას მხოლოდ 1%25, ანუ თითქმის არავინ იყენებს.
მეორე მხრივ, Facebook-ი სოციალურ ქსელებში ჯერაც პირველ ადგილზეა, როგორც მომხმარებელთა რაოდენობით, ასევე პოპულარობით. აღსანიშნავია, რომ დარეგისტრირებული მომხმარებლების მიხედვით შედარებით კარგ მდგომარეობაშია Google Plus-იც, მაგრამ მისი პოპულარობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია. მართალია, Google-ი ოფიციალურ მონაცემებს არ ასაჯაროებს, მაგრამ ზოგიერთი კვლევით, Facebook-თან შედარებით, მასზე აქტიურია დარეგისტრირებულ მომხმარებელთა გაცილებით ნაკლები პროცენტი.
ასე რომ, არაპოპულარული Bing-ისა და სუპერპოპულარული Facebook-ის შერწყმით იდეის ავტორები წარმატების მიღწევას ვარაუდობენ. თუმცა საეჭვოა, რომ Google-მა საძიებო ბაზარზე წლების განმავლობაში მოპოვებული ადგილი უბრძოლველად დათმოს და უახლოეს მომავალში ნოვაციებით არ გაგვაოცოს.
![]() |
21 რა გითხრათ? რით გაგახაროთ? |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ილიას ეს პუბლიცისტური წერილი მის ნაწერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებადია. წლების განმავლობაში მისი პოპულარობა მუდმივად იზრდება - უკვე სკოლაშიც კი ისწავლება. სანამ ამ თემაზე დაწერას გადავწყვეტდი ბევრი ვიფიქრე რატომაა მაინცდამაინც ეს ესეი ასე ცნობადი? ამის მიზეზი რამდენიმეა.
პირველ რიგში, ეს „სიმართლე“ თითქოს ყველას სიამოვნებს, ყველა იგებს რისი თქმა სურდა ილიას - არადა, ასე სულაც არ არის. ეს ნაწერი ილიამ სოციალისტებთან და მარქსისტებთან დაპირისპირების დროს დაწერა, მისი სულისკვეთება და ამოჭრილი ნაწილები მთლიანად ბატონი ჟორდანიასა და მისი გუნდის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს წერილი კი იმ ხალხშია განსაკუთრებით პოპულარული, რომლებიც ჟორდანიას პათოსს მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც იზიარებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ საინტერესო იქნება ამ სტატიის წაკითხვა, განსაკუთრებით ტაბულას ფურცლებზე. ილია, როგორც თავისი დროის ყველაზე მარჯვნივ მდგომი მოაზროვნე, საქართველოში დღესაც აქტუალური და საინტერესოა.
ნინო ჩლაიძე
ისტორიკოსი
აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
ნუთუ ისევე ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი...“ სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს. ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს - ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბერტყაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის. რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ სამართლიანად სთქვან: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება. ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულის-თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა - რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა... იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. „სილბო გვქონდა ნაქსოვისა“ - ვით ქრისტიანებს „და სიმტკიცე ნაჭედისა“ - ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი. დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობდა და გამრჯელობა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა, ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ხმლიანმა მტერმა ვერ დაგმათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, „მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია“. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი რომ არა. მაშ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის.
ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკრისგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცო ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვს: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
1987 წ. 31 დეკემბერი
![]() |
22 ევრო 2012: B ჯგუფი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
მწვრთნელი
ბერტ ვან მარვიიკი
ფეხბურთელობისას თავდამსხმელი გახლდათ, ნაკრებში კი ერთადერთხელ ითამაშა, რინუს მიხელსის გუნდში იუგოსლავიელთა წინააღმდეგ.
1982 წლიდან მწვრთნელია: თავდაპირველად იუნიორებს ავარჯიშებდა, 1990 წლიდან კი პირველ გუნდებში მოღვაწეობს. ფეიენოორდთან ერთად 2002 წელს უეფას თასი, 2008 წელს კი ჰოლანდიის თასი მოიგო.
ნაკრები ევრო 2008-ის შემდეგ ჩაიბარა და პირველივე დიდ ტურნირზე გუნდს ფინალში გაუძღვა: 2010 წელს ჰოლანდია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჰოლანდია ფიფას რეიტინგი 4
პირველი საერთაშორისო მატჩი: 30.04.1905 ბელგია - 4:1
ყველაზე დიდი გამარჯვება: 02.09.2011 სან მარინო - 11:0
ყველაზე მწარე მარცხი: 21.12.1921 ინგლისი - 2:11
ყველაზე მეტი თამაში: ედვინ ვან დერ სარი - 130
ყველაზე მეტი გოლი: პატრიკ კლუივერტი - 40
ჰოლანდია ევროპის1988წლისჩემპიონია, 1976 წელს კი მესამე ადგილზე გავიდა. 1992, 2000 და 2004 წლებში გუნდმა ნახევარ ფინალში ითამაშა
ნაკრებმა საკვალიფიკაციო ტურნირის საწყის 9 მატჩში იმარჯვა.ბერტ ვან მარვიიკის გუნდი უკანასკნელ თამაშსაც იგებდა სტოკჰოლმში შვედეთთან, მაგრამ 2:3 დამარცხდა.ამის მიუხედავად, ნარინ-ჯისფერებმა 27ქულით პირველი ადგილი დაიკავეს,ბუნდესლიგის ბომბარდირმა კლაას იან ჰუნტელაარმა კი ყველაზე მეტი - 12 გოლი გაიტანა.აღსანიშნავია,რომ ჰოლანდიელებმა სანმარინოს ორ მატჩში 16 გოლი გაუტანეს:სტუმრად 5:0, შინ -11:0.გუნდის ბირთვს ლეგიონერები შეადგენენ-უმრავლესობა გერმანიასა და ინგლისში თამაშობს და თითქმის ყველას უდიდესი სანაკრებო გამოცდილება უმაგრებს ზურგს:რაფაელ ვან დერ ვაარტის აქტივში 93 სანაკრებო მატჩია,დირკ კუიტს 85 კეპი მოუგროვდა,უესლი სნეიდერს - 81, გუნდის კაპიტანს მარკ ვან ბომელს -74...
ევრო 2012 -ის დაწყებამდე ჰოლანდიელები შიმ გაეჯიბრებიან ბულგარეთს (26 მაისი), სლოვაკეთს (30) და ჩრდილოეთ ირლანდიას (2 ივნისი)
სამეფო საფეხბურთო ასოციაცია - KNVB -
დაარსდა 1889 წლის 8 დეკემბერს ამსტერდამში.
KNVB ფიფას ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ვარსკვლავი
რობინ ვან პერსი 28
წლისაა, ლონდონის არსენალის ლიდერია,გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და დაასახელეს სეზონის მოთამაშედ.ჰოლანდიაში ყველა ფიქრობს,რომ ევრო 2012 ვან პერსის ტურნირი იქნება-ტანმაღალი ფორვარდი კონტინენტის პირველობას ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.62 მატჩში 25 გოლი -რობინ ვან პერსი ნაკრების ყველა დროისსაუკეთესო 10 ბომბარდირს შორისაა.
ტაბულას რეიტინგი: 35
ათბალიანი სისტემით:
მეკარე - 8
დაცვა - 8
ნახევარდაცვა - 9
თავდასხმა - 10
მწვრთნელი
მორტენ ოლსენი
1989 წლის აპრილში ის გახდა პირველი დანიელი, რომელმაც ნაკრებში მეასე შეხვედრა ჩაატარა. ორი თვის შემ დეგ, უკანასკნელ, 102-ე სანაკრებო მატჩში კი ბრაზილიას გოლიც გაუტანა. თამაში დანიელებმა 4:0 მოიგეს.მორტენ ოლ სენმა კარიერის საუკეთესო წლები ბელგიაში გაატარა - ანდერლეხტთან ერთად 3-ჯერ მოიგო ბელგიის ჩემპიონატი, 1983 წელს კი უეფას თასი. 1998 წელს მისმა გაწვრთნილმა აიაქსმა ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. იმ აიაქსის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე გახლდათ. 2000 წელს ნაკრები ჩაიბარა და მას შემდეგ „დინამიტებმა“ 125 მატჩიდან 66 მოიგეს, 32 ფრედ დაასრულეს, 27 კი წააგეს.
საფეხბურთო კავშირი - DBU - დაარსდა 1889
წელს კოპენჰაგენში. DBU ფიფას და უეფას ერთ-
ერთი დამფუძნებელია.
დანია ფიფას რეიტინგი - 10
პირველი საერთაშორისო მატჩი: 19.10.1908საფრანგეთი- 9: 0
ყველაზე დიდი გამარჯვება: 22.10.1908 საფრანგეთი - 17: 1
ყველაზე დიდი მარცხი: 16.05.1937 გერმანია - 0: 8
ყველაზე მეტი თამაში: პეტერშმაიხელი - 129
ყველაზე მეტი გოლი: პოლ ნილსენი და იონ დალ ტომასონი- 52
დანიის დებიუტი ევროპირველობაზე 1964 წელს შედგა, 1984 წლიდან კი გუნდმა მხოლოდ ევრო 2008 ჩააგდო. „დინამიტებმა“ ევრო 92-ის ფინალურ ეტაპზე დისკვალიფიცირებული იუგოსლავიის ადგილი დაიკავეს და თასიც მოიგეს!
მორტენ ოლსენის გუნდმა პოლონეთ-უკრაინის საგზური ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა: პორტუგალიას და ნორვეგიას აჯობა. ბედის ირონიით, დანიელებს ჯგუფში კიდევ ერთხელ მოუწევთ კრიშტიან ურონალდუსგუნდთანპაექრობა. საკვალიფიკაციოში მეტოქეებმა საშინაო მატჩები მოიგეს- დანიელებმა 2: 1, პორტუგალიელებმა 3:1.
წელს გუნდმა ერთადერთხელ ითამაშა და დამარცხდა- კოპენჰაგენში რუსეთთან 0:2. მანამდე სკანდინავიელებმა ზედიზედ აჯობეს ნორვეგიას, კვიპროსს, პორტუგალიას, შვედეთს და ფინეთს.
ევროპის ჩემპიონატამდე დანიის საფეხბურთო კავშირმა 2 ამხანაგური მატჩი დაგეგმა: 26 მაისს გუნდი ჰამბურგში ბრაზილიას დაუპირისპირდება, 2 ივნისს კი კოპენჰაგენში ავსტრალიას უმასპინძლებს.
ვარსკვლავი
დანიელ აგერი
27 წლისაა, მეექვსე წელია ლივერპულში თამაშობს, ნაკრებში 44 მატჩში 4 გოლი გაიტანა და სამართლიანად უკეთია კაპიტნის სამკლავური.
აგერმა პირველი სანაკრებო გოლის აქართველოს გაუტანა. 2005 წლის 7 სექტემბერს, გერმანია 2006-ის შესარჩევში, ოლსენის გუნდმა გაიოზ დარსაძის გაწვრთნილი ნაკრები 6:1გაანადგურა, აგერმა კი ანგარიში 3: 1 გახადა.
2007 წელს ის დანიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ტაბულას რეიტინგი: 29
ათბალიანი სისტემით:
მეკარე- 7
დაცვა- 8
ნახევარდაცვა- 7
თავდასხმა- 7
საფეხბურთო კავშირი - DFB - დაარსდა 1900 წლის 28 იანვარს.|
DFB ფიფას და უეფას ერთ-ერთი დამფუძნებელია.
მწვრთნელი
იოახიმ ლიოვი
გუნდი იურგენ კლინსმანისგან ჩაიბარა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ. მის ხელში ნაკრები უფრო გაძლიერდა და ეს ევრო 2012-ის საკვალიფიკაციოშიც გამოჩნდა - გერმანელებმა ათივე მატჩში იმარჯვეს. საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნიერსბახმა განაცხადა, რომ პოლონეთ-უკრაინაში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, ლიოვი თანამდებობაზე კონტრაქტის ბოლომდე, 2014 წლის მუნდიალის დასრულებამდე დარჩება.
ცნობისთვის: ბუნდეს გუნდის ისტორიაში ლიოვს საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს - ჩატარებული თამაშების 68,4%25 მოიგო.
გერმანია ფიფას რეიტინგი - 2
პირველი საერთაშორისო მატჩი: 05.04.1908 შვეიცარია - 3:5
ყველაზე დიდი გამარჯვება: 01.07.1912 რუსეთი - 16:0
ყველაზე დიდი მარცხი: 13.03.1909 ინგლისი-0:9
ყველაზე მეტი თამაში: ლოთარმათეუსი - 150
ყველაზე მეტი გოლი: გერდ მიულერი-68
გერმანია ტურნირის რეკორდსმენია: თასი ყველაზე მეტჯერ, სამჯერ მოიგო -1972, 1980 და 1996 წლებში, სამჯერაც ფინალში ითამაშა: 1976, 1992 და 2008.
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული, ბუნდეს გუნდი ყველა დიდ ტურნირს მედლით ასრულებს: იმ წლის მუნდიალზე მესამე იყო, ევრო 2008 ვერცხლით დაამთავრა და მსოფლიოს ბოლო პირველობაზეც ბრინჯაოს დაეუფლა.
მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ამბობს,რომ ოქროს დროა: მისი გუნდი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ევრონაკრებია და სამართლი ანად ითვლება ამ ჩემპიონატის ფავორიტად.
უკვე გამოქვეყნდა გაფართოებული შემადგენლობა. თვალში საცემია, რომ მწვრთნელის 27 რჩეულიდან მხოლოდ რვაა 26 წლის და უფროსი - უმეტესობა 22-23 წლისანი არიან. ყველაზე ასაკოვანია მიროსლავ კლოზე (33 წლის), რომელიც არცთუ წარმატებული სეზონის მიუხედავად, მაინც ლიოვის ფავორიტად რჩება.
ჯგუფის პირველ მატჩამდე ბუნდეს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 26 მაისს ბაზელში შვეიცარიას ესტუმრება, 31 მაისს კი ლაიპციგში ისრაელს უმასპინძლებს.
ვარსკვლავი
მესუთ იოზილი
23 წლისაა და უკვე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.
2010 წელს ბრემენის ვერდერიდან მადრიდის რეალში გადავიდა და კიდევ უფრო დაიხვეწა. იოზილი სტაბილურად ხვდება ესპანური გრანდის ძირითად შემადგენლობაში: ორ სეზონში 105 მატჩში 17 ზუსტი დარტყმა და 49 საგოლე პასი მიითვალა. შარშან თასი მოიგო, წელს ლა ლიგა.
2008 წელს მან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში იმარჯვა. იმ ტურნირის ფინალში იოზილი საუკეთესოდ ცნეს.
ტაბულას რეიტინგი: 37
ათბალიანი სისტემით:
მეკარე-9
დაცვა-9
ნახევარდაცვა-10
თავდასხმა-8
მწვრთნელი
პაულობენტუ
42 წლის სპეციალისტი მთავარ მწვრთნელად 2010 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა, იმავე წლის 17 ნოემბერს კი მისმაგუნდმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 4:0 გაანადგურა. ეს იყო ესპანელთა ყველაზე მწარე მარცხი 1963 წლის შემდეგ!
სამწვრთნელო კარიერა ბენტუმ ლისაბონის სპორტინგშიდაიწყო 2005 წელს - ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა, 2007და 2008 წლებში კი პირველ გუნდთან ერთად ქვეყნის თასიდა სუპერთასი მოიგო.
1992-2002 წლებში ნაკრებში 35 შეხვედრა ჩაატარა.
ფეხბურთის ფედერაცია - FPF - დაარსდა 1914
წლის 31 მარტს ლისაბონში.
პორტუგალია ფიფას რეიტინგი - 5
პირველი საერთაშორისო მატჩი: 18.12.1921 ესპანეთი- 1: 3
ყველაზე დიდი გამარჯვება: 18.11.1994/09.06.1999 ლიხტენშტაინი და 19.11.2003 ქუვეითი - 8: 0
ყველაზე დიდი მარცხი: 25.05.1947 ინგლისი- 0: 10
ყველაზე მეტი თამაში: ლუიშფიგუ- 127
ყველაზე მეტი გოლი: პედრო პაულეტა- 47
ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1984 წელს ითამაშა და ნახევარფინალში გავიდა. 2000 წელსაც ნაბიჯი დააკლდა ფინალამდე, 2004 წელს კი, სამშობლოში, გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა.
პორტუგალიელებმა პოლონეთ-უკრაინის საგზური შესარჩევის ფლეი-ოფში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით მოიპოვეს-სტუმრად 0:0, შინ - 6:2. მას შემდეგ ნაკრებმა ერთადერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა: ვარშავაში პოლონეთთან - 0:0. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიური გრანდები მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობენ ევროთასებზე, ნაკრების ბირთვს მაინც ლეგიონერები შეადგენენ. იმავე პოლონეთთან მატჩისთვის გუნდში მიწვეული 22 მოთამაშიდან მხოლოდ 6 იყო პორტუგალიის ლიგიდან.
ჯგუფის პირველ მატჩამდე პაულო ბენტუს გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 26 მაისს ლეი-რიაში მაკედონიას უმასპინძლებს, 2 ივნისს კი ლისაბონში თურქეთს შეხვდება.
ბოლო ერთ წელიწადში პორტუგალიელებმა მხოლოდ ერთხელ წააგეს: ევროშესარჩევში დანიასთან. სამაგიეროდ, მოიგეს 5 მატჩი, აქედან 3 დიდი ანგარიშით.
ვარსკვლავი
კრიშტიანუ რონალდუ
მსოფლიოს 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დღეს ნაკრების კაპიტანია. ამავდროულად, გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი (88 მატჩი) და ბომბარდირიც (32 გოლი).
პლანეტის უძვირფასესი მოთამაშე ევრო 2012-ს ბრწყინვალე ფორმაში და შესანიშნავი განწყობით ხვდება: მისისაოცრებებისწყალობით, რეალმა, როგორც იქნა, ბარსას ჰეგემონია დაამხო ლა ლიგაში და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ეს ევროპირველობა რონალდუს ბრწყინვალე კარიერაში მესამეა, მაგრამ წინა ორ ტურნირზე საერთო ჯამში მხოლოდ სამჯერ ითამაშა.
ტაბულას რეიტინგი: 33
ათბალიანი სისტემით:
მეკარე - 7
დაცვა - 8
ნახევარდაცვა - 8
თავდასხმა - 10
![]() |
23 ბინძური ლიდსი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
გიორგი ფირცხელანი
დონ რევი
„მძულს ეს ქალაქი, მისი ავტოსტრადა და რკინიგზა, მისი ქარხნები და მინდვრები, სახლები და გორაკები, ელან როუდი, ლიდსი, ლიდსი, ლიდსი“ - ბრაიან კლაფი, წყეული იუნაიტედი.
ლიდსი მარტოა, თავისთვისაა, პატარა კუბაა დასავლეთ იორკშირში. ლიდსი არ ცნობს ავტორიტეტებს, ლიდსი ტაშს მხოლოდ თავის თავს უკრავს. მხოლოდ 19 წლის ლიდსელს შეუძლია ჰაიბერიზე ჩავიდეს და ტონი ადამსს სახეში გააწნას, დაგდებულ როი კინს ფეხი დააბიჯოს, მხცოვან მაკალისტერს ყური აუწიოს. მხოლოდ ლიდსს შეუძლია ერთდროულად მანჩესტერის, ლივერპულის, ჩელსის და არსენალის საძულველი მეტოქე იყოს. აქ მთავარია ყვითელი, თეთრი, ლურჯი - ლიდსი, ლიდსი, ლიდსი!
გუნდი, რომელსაც ბინძური ლიდსი დაერქვა, სათავეს 1961 წელს იღებს, როდესაც იქ ერთი მეტად „ბინძური“კაცი, დონ რევი მოვიდა. რევიმ მეტიუზის გარღვევებზე, ბასბის ბიჭებზე და შენკლის ციტატებზე აღზრდილ რომანტიკულ ფეხბურთს ისეთი პრაგმატიზმი დააჯახა, რომ კარგა ხანს ყველა ნოკაუტში იმყოფებოდა. მაშინდელი გუნდებისთვის რევის ნოვაცია წელს ქვევით დარტყმა იყო, რადგან ბრიტანელებს საფეხბურთო პრაგმატიზმი, მოკლე პასი და საყრდენები არ უყვართ. ნობი სტაილზის და პოლ ინსის გარდა, მაღალი დონის ჩამშლელი მათ არც ჰყოლიათ, ლიბეროს არსებობის შესახებ პირველად 1990 წლის მსოფლიოზე შეიტყვეს, როდესაც პრესის მიერ განდევნილმა, სარდინიაზე გამოკეტილმა ბობი რობსონმა, მარკ რაიტი სარდინიულად აათამაშა (რამაც ინგლისი ჯგუფში ჩარჩენისგან იხსნა).
რევი ამ ყველაფერს მიხვდა. მიხვდა 1961 წელს.
რევიმდე, იორკშირელების ერთადერთი მიღწევა 1924 წლის მეორე დივიზიონის ჩემპიონობა იყო. ერთადერთი გლობალური მასშტაბის ფიგურა, რომელსაც იორკული თეთრი ვარდი ამშვენებდა, უელსელი ჯონ ჩარლზი გახლდათ. მერე ჩარლზი იუვენტუსმა გადაიბირა სარეკორდო თანხად და ის ტურინული გუნდის ისტორიაში, პაველ ნედვედთან და მიშელ პლატინისთან ერთად, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად ითვლება. იუვეს შემდეგ კი ლიდსში დაბრუნდა (ასევე სარეკორდო თანხად). უკვე დონ რევის ლიდსში.
რევიმ ჩარლზის ავტორიტეტი პირველ 11 თამაშში გააცამტვერა და რომში გაუშვა. ლიდსის გულშემატკივრებს კი აგრძნობინა, რომ გუნდში ახალი ერა იწყებოდა - მარადმწვანე ლეგენდების, ცრემლების და „აივენჰოზე“ აღზრდილი, ინგლისის მხიარული შვილების გარეშე. მან ყველას დაანახა - რეალურად, ლიდსი რიგითი, დაბალი ლიგის გუნდი იყო.
„ეს არ არის ჩემი გუნდი. არ არის ჩემი. არც ყოფილა და არც არასდროს იქნება. ეს მისი გუნდია, მისი ლიდსი, მისი ბინძური, დამპალი ლიდსი და ყოველთვის მისი იქნება“ - ბრაიან კლაფი, წყეული იუნაიტედი.
რევიმ დისციპლინის დამყარებას და გუნდის საჭირო ფეხბურთელებით დაკომპლექტებას 3 სეზონი მოანდომა. ბინძური ლიდსის მშენებლობა გლაზგოელი ხულიგნით, ბობი კოლინსით დაიწყო. ჯეკი ჩარლტონის თქმით, კოლინსს რეზულტატისთვის საკუთარი დედის მოკვლაც შეეძლო. ფეხბურთელობასთან ერთად გუნდში ის „ჩეკერის“ ფუნქციასაც ასრულებდა. კოლინსს მოჰყვა ნორმან ჰანტერი, რომელსაც პატარა შავი წიგნაკი დაჰქონდა, სადაც დასამტვრევი ფეხბურთელების სია ჰქონდა ჩამოწერილი. 1964-ში, ლიდსი პირველ დივიზიონში დაბრუნდა, ახალი რეპუტაციით და ახალი ზედმეტსახელით - ბინძური ლიდსი.
ინგლისელებს ბოლოს ასე ალბათ მესამე რაიხი და ჰიტლერი სძულდათ. საშუალება რომ ჰქონოდათ, ლიდსს ომს გამოუცხადებდნენ. ლიდს იუნაიტედი პირველი გუნდი იყო მოედანთან პოლიციის განყოფილებით, რომელიც კლუბის ინიციატივით გაიხსნა. გუნდში ყველა ბობი კოლინსი არ იყო, ლიდსში ისეთი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ, რომლებსაც ფეხების მტვრევის გარდა სხვა უნარებიც გააჩნდათ. მაგალითად, ბილი ბრემნერი (გუნდის კაპიტანი), ჯონი ჯაილსი, პიტ ლორიმერი, ალან კლარკი და სხვები. კლუბის ისტორიაში ოქროს ეპოქა დაიწყო...
1968 წლის ბაზრობათა თასის (შემდგომში უეფას თასი) მფლობელი ლიდს იუნაიტედი
პირველ დივიზიონში ამოსვლის დღიდან დონ რევის წასვლამდე, ბინძური ლიდსი ოთხეულიდან არ ამოვარდნილა. ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი - 1969 და 1974 წლებში, ხუთჯერ გავიდა მეორე ადგილზე, ორჯერ მოიგო ევროპის ბაზრობათა თასი, დამარცხდა თასების თასის ფინალში. მექსიკის 1970 წლის მუნდიალზე ლიდსიდან 6 ფეხბურთელი გაემგზავრა. ლიდსი ამტვრევდა, ლიდსი იგებდა, ლიდსის ეშინოდათ.
„მე ვზივარ კაბინეტში. დონის კაბინეტში. სავარძელში. დონის სავარძელში. ჩემ წინ არის მაგიდა. დონის მაგიდა“ - ბრაიან კლაფი, წყეული იუნაიტედი.
დონ რევი ლიდს იუნაიტედს 1961-74 წლებში წვრთნიდა. მოიგო 11 ტიტული და საშუალო დონის მეორელიგური კლუბი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად აქცია. იყო ბრწყინვალე ტაქტიკოსი და შესანიშნავი მენეჯერი. დონ რევიმ 1974 წელს ინგლისის ნაკრები ჩაიბარა. დონ რევის ინგლისის ნაკრები ყველა დროის ყველაზე ცუდი ინგლისის ნაკრებია. რევის გუნდი 1976 წლის ევროპის და 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერ მოხვდა. საშინელი თამაშის ხარისხი, საშინელი სელექცია. დონ რევის გუნდში სიტუაცია ისე გაფუჭდა, რომ მოტივაციის ამაღლების მიზნით ასოციაცია ფეხბურთელებს ყოველ თამაშზე ჰონორარის სახით 200 გირვანქას უხდიდა. 1977 წელს რევი გაუშვეს. მუშაობა არაბეთის ნახევარკუნძულზე განაგრძო და კარიერა 1985 წელს ალ-აჰლიში დაასრულა.
ლიდსში დონ რევი ბრაიან კლაფმა ჩაანაცვლა. კლაფს ეზიზღებოდა რევი, ეზიზღებოდა მისი ლიდსი. მაგრამ სამუშაოს დათანხმდა. გუნდში სიტუაციის შეცვლას და რევის ავტორიტეტის დამხობას შეეცადა. ამ ამბავს მისი იორკშირული კარიერა შეეწირა კიდეც - ლიდსისა და კლაფის ურთიერთობა 44 დღეს გაგრძელდა. შემდეგ მოიყვანეს ჯიმი არმფილდი, რომელსაც არაფრის შეცვლა არ უცდია. გუნდმა ინერციით ფორმა შეინარჩუნა და ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა. შიდა ჩემპიონატში, პირველად ბოლო 10 წლის მანძილზე, ლიდსი ოთხეულში ვერ მოხვდა და სწორედ მაშინ, 1975 წლის მაისში, ბინძური ლიდსის ეპოქა დასრულდა.
მას შემდეგ გუნდმა ორჯერ დაიბრუნდა ძველი, რევის შექმნილი იერსახე. ერთხელ ჰოვარდ უილკინსონის და მეორედ, დევიდ ოლირის ხელმძღვანელობით. 2004 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კი ლიდსი დაბალ ლიგებში თამაშობს და უკვე მეცხრე სეზონია, ნიუ დონის გამოჩენას ელის.
აქ იყო ბრემნერი, აქ იყო ბეტი, აქ იყო სმიტი. დღეს სნოდგრასია. სნოდგრასი კარგი ბიჭია. მაგრამ დონს კარგი ბიჭები არ უყვარს. დღევანდელ ლიდსს სიბინძურე აკლია, ზედმეტად სუფთაა - This is what you think we are, This is who we are… Dirty, dirty Leeds, Leeds, Leeds!
![]() |
24 დაცლილი იტალია |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ზურაბ თალაკვაძე
იტალიამ მოიწყინა. ვიწრო ქუჩებში, მაკაგონის მაგიდებთან, ჰამაკებში, უმკლავო მაისურებში იტალიელები იტალიურ ამბებზე ჭორაობენ. საღამოს სენიორ ბენვენუტო ახალ მარგარიტას გამოიტანს. ოთხი ყველის პიცაც წამოვა, ლაზანიას არომატი დაბოღმილ მეზობელს ბოღმას გააგდებინებს. იტალია იტალიურად მოდის აზრზე და იტალია ფიქრობს. ნეაპოლში ბუთხუზა მზარეულს წაეტირა, როდესაც გაზეთის შიდა გვერდზე დიეგო მარადონას ფოტო ნახა. დიეგო ნეაპოლს, კარეკას, იტალიას იხსენებს და ძველი ამბები ენატრება. პიცა ერთჯერადია, ლაზანიასაც ავითვისებთ და იტალიურ ფეხბურთში ცოტა ფეხბურთელი რჩება.
მილანიდან ფილიპო ინძაგი მიდის. ჯენარო გატუზოც. უნდა დაისვენონ კლარენს ზეედორფმა და ალესანდრო ნესტამ. სადმე სხვაგან, მილანისგან შორს. მილანი იცვლება და მილანს მილანი ენატრება. გატუზო მილანის, იტალიის ნაკრების ჯეიმს კაანი იყო. ჯენარო სიცილიაში დაბადებული და შოტლანდიაში გაზრდილი კაცია. ჯენარო დიდი ისტორიაა. მილანის ცამეტწლიანი ისტორია.
ნესტა აგრესიას გასახდელში, ფრანკო ბარეზის პიჯაკის გულის ჯიბეში ტოვებდა. ერთ-ერთი ქართული ვიზიტის დროს, თბილისის აეროპორტში, ნესტას ქართველი გულშემატკივარი დახვდა, ჟილეტიდან პატარა ფოტოაპარატი ამოიღო და დაუყვირა - ფილიპო, ფილიპო, მოდი რა, აქეთ, აქეთ, ერთი ფოტო რა, კაი? ნესტას გაეცინა, აუხსნა, რომ ფილიპო არ არის და მხოლოდ ალესანდრო ნესტაა. ქართველი გულშემატკივარი ქართველი გულშემატკივარივით მოიქცა, ნესტას ცხვირწინ ხელი აუქნია და გაეცალა. ნესტას გაეცინა. ის ქართველი ერთ წამში აღარ ახსოვდა და ცელქ ბუფონს თვალს უკრავდა. ალესანდროს ფეხბურთიც მხოლოდ პოზიტივი იყო.
ალექს ფერგიუსონის ვერსიით ოფსაიდში დაბადებულ ინძაგის გამაღიზიანებლად ბევრი გოლი გაჰქონდა და უფრო მეტს აცილებდა. მეკარის ზონაში ლამაზი ბიჭი ერიკ ლინდროსივით ტრიალებდა. ერიკი ერთი შეხებით შაიბას ეფერებოდა და ფილიპო ერთი შეხებით ბურთს იცნობდა. ინძაგი ბურთის ახლობელი, პოპულარული პერსონაჟი და დიდი კაცია.
ზეედორფი ყველგან მივიდა, ყველაფერი ნახა და ყველაფერი მოიგო.
იუვენტუსიდან კი ალესანდრო დელ პიერო წავიდა. ფეხბურთის მიქელანჯელო ანიელის გალერეაში ზედმეტია და იქ ახალი გამოფენა გაიხსნება. მარკიზიოს, მატრის, ლიხტშტაინერის, დე ჩელიეს, კიდევ ერთი დე ჩელიეს და მეორე მარკიზიოს გამოფენა. იუვენტუსში ყველა დე ჩელიე და მარკიზიოა. გუნდი არ აგებს და იუვეს გულშემატკივარს იუვეს ფეხბურთელები არ ახსოვს. დელ პიეროს შემდეგ, იუვენტუსში ბურთთან ყველაზე ახლოს ანტონიო კონტეა. მწვრთნელი. დელ პიერომ დაატვიტერა - სანდრო, რინო, პიპო, კლარენსი. ჩემი მეგობრები, მოწინააღმდეგეები და არასოდეს - მტრები. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად და თქვენ წინააღმდეგ ვითამაშე. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო.
იტალიამ მოიწყინა. ერთჯერადი პიცის შემდეგ, ერთჯერადი იტალიური ფეხბურთი მოდის. დელ პიეროს, ნესტას, გატუზოს, ზეედორფის და ინძაგის გარეშე.
იტალია ფეხბურთისგან იცლება.
![]() |
25 პროექტი პოდიუმი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
კარლ ლაგერფელდი
ჩინეთის დიდ კედელზე
ამბობენ, რომ ყველაზე შთამბეჭდავი მოსაწვევები მოდის ჩვენებებისთვის პრადას და ჟივანშის აქვთ, ხოლო ყველაზე პომპეზურ შოუს, ტრადიციულად, შანელის სახლი აწყობს. დარწმუნებით მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ამის მტკიცება, თუ რომელიმე მათგანი კოლექციის ჩვენებაზე მიგვიწვევს. სულ სხვაა გარეტ პიუ - მის შოუზე დასასწრებად მოსაწვევი სრულიად არ გვჭირდება. რეჟისორის, რუთ ჰოგბენის დამსახურებით, პიუს მუქ, აეროდინამიკურ და პოსტაპოკალიპტურ სამყაროში შესვლა იოლია. დიდი ეკრანის და მყუდრო გარემოს წყალობით გარეტის ახალ კოლექციაში თავად ვხდებით შოუს მონაწილეები. დამატებითი ბონუსი: შეხვედრის ადგილისა და დროის შერჩევა თვითონვე შეგვიძლია. ასეა - ოცდამეერთე საუკუნეში პოდიუმთან ახლოს ყოფნა, დიზაინის ესთეტიკასთან საზიარებლად, საჭიროა არაა.
თუმცა, აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის ინოვაციურ ტექნოლოგიებს ყველა დიზაინერი არ იყენებს. ამიტომ, დღესაც, როცა საქმე მოდის ჩვენების მოწყობას ეხება, ადგილი ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას ქმნის იმისთვის, თუ როგორ მიიღებს მაყურებელი კოლექციას. ცუდად მოწყობილი პოდიუმი, ურიგო განათება და ძალიან კარგი ნამუშევარიც კი, შესაძლოა, მაყურებლის ყურადღების მიღმა დარჩეს. პოდიუმის ფაქტორი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პირობებში. ჩვენთან შოურუმების მოწყობა ყოველთვის არ ხერხდება. საზოგადოებას ხანდახან მხოლოდ ჩვენების დროს ეძლევა ახალი კოლექციების დათვალიერებისა და შეფასების საშუალება.
გარეტ პიუ. გაზაფხული-ზაფხული 2012
რთულია, გამოიცნო, რა შთაბეჭდილებებს იღებდნენ მოდის ჩვენების სტუმრები რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა მას ჯერ მუსიკაც არ გასდევდა ფონად და მოდელები პოდიუმზე ნომრებით ხელში გამოდიოდნენ. მაშინ, ალბათ, ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ ჩვენებაში ერთადერთი მთავარი რამ სამოსია. დღეს კი დიზაინერებს კარგად ესმით - სამოსის წარმოსადგენად სწორი გარემოს შერჩევა მისი აღქმის ძირითადი წინაპირობაა. მაგალითად, დათუნა სულიკაშვილის ჩვენებებზე მიღებული ემოცია მხოლოდ აძლიერებს მისი ახალი კოლექციის მიმართ არსებულ ინტერესს. გასულ წელს თბილისის აეროპორტის რკინიგზის სადგურზე მოწყობილი პოდიუმით დიზაინერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემოქმედებითად არამხოლოდ სამოსის შექმნას უდგება. სამწუხაროა, რომ ქართველი დიზაინერების დიდი ნაწილი ამ მიდგომას არ იზიარებს და შოუს მოწყობაზე მინიმალურ ფანტაზიას იყენებს.
კორეული კოსტიუმების
წყალქვეშა „დეფილე”
სწორედ მოდის ჩვენებაა მულტიმილიარდიანი ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალა, პოდიუმი კი ათვლის წერტილი, რომლიდანაც უზარმაზარ აუდიტორიასთან კავშირის დამყარება იწყება. დღეს რთულია იმის წარმოდგენაც კი, რომ მოდის ჩვენებას მხოლოდ საუკუნის ისტორია აქვს - 1903 წელს ნიუ იორკში Ehrlich Brothers-ის მაღაზიაში მოწყობილი შოუს შემდეგ, ის ნელ-ნელა ხდებოდა მეინსტრიმი. 1911 წელს პოლ პუარეს ჩვენებამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ხოლო 20-იანებიდან კოლექციის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენამ თეატრალური დატვირთვაც მიიღო. იქამდე, კარგა ხნის განმავლობაში, ეს პროცესი საკმაოდ მოსაწყენი იყო - პარიზის სალონები, სტუმრების მცირე რაოდენობა, რამდენიმე დამხმარე ქალი, რომლებიც მათ ახალ მოდელებს უჩვენებდნენ...
90-იანებიდან დიზაინერებმა ახალ სივრცეებზე, პოდიუმის განსხვავებულ გარემოში მოწყობაზე დაიწყეს ფიქრი. ექსპერიმენტებს ექსცესის გარეშე არ ჩაუვლია. „ჩვენ გვიყვარს მოდა, მაგრამ არ გვინდა სიკვდილი” - ასეთი იყო რეაქცია მაიკლ კორსის ჩვენებაზე, როდესაც სხვენში მოწყობილ პოდიუმზე მოდელს ჭერიდან ჩამოვარდნილი ბათქაში მოხვდა თავში, რამდენიმე მწერალს კი ფეხებთან დაუვარდა, რის შემდეგაც დანარჩენმა საზოგადოებამ გასაქცევს დაუწყო ძებნა. დღეს მსგავსი რამ თითქმის არ ხდება, არც გენერატორი ითიშება ნახევარი საათით და სტუმრებს სიგარეტის სანთებელებით ხელში სიბნელეში ჯდომას არ აიძულებს. თუმცა 21-ე საუკუნეში ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. მართალია, უსაფრთხოება დაცულია, მაგრამ ჩვეულებრივი, შენობაში მოწყობილი პოდიუმი უკვე, ცოტა არ იყოს, ძველმოდურ და მოსაწყენ ადგილად გადაიქცა.
ვერტიკალური ჩვენება. ნიუ იორკი
ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ Target-ის მაღაზიების ქსელმა 2005 წელს ნიუ იორკში, როკფელერის ცენტრის ცხრასართულიანი შენობის კედელზე ვერტიკალური შოუ მოაწყო. ახალი კოლექციიდან სამოსი აკრობატებმა წარმოადგინეს. გასულ წელს ეს იდეა თბილისის მოდის კვირეულზეც წარმატებით განხორციელდა, როცა შერატონ მეტეხი პალასის სახურავიდან მოდელები კედელზე დაეშვნენ და ასე მოახდინეს სამოსის დემონსტრირება. მართალია, ასეთი ექსტრემალური შოუს პირობებში ყველაზე ბოლოს სწორედ კოსტიუმებს ამჩნევენ ხოლმე, მაგრამ მსგავსი იდეები ჩვენებას მხიარულ და ორიგინალურ მუხტს აძლევს.
ბოლო ხანებში, უცხოელი დიზაინერები სულ უფრო ნაკლებად ცდილობენ, ჩვენებები გრან პალეს მსგავს ადგილებში გამართონ. პიერ კარდენი პოდიუმს შუა უდაბნოში აწყობს და ამით კლიშეების დამსხვრევას ცდილობს. კლიშეებს რაც შეეხება, ის ყველაზე ნაკლებად ალბათ შანელის მოდის სახლში უყვართ - მათი მოდელები ხან აუზთან წარმოადგენენ კოლექციას, ხანაც პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპიდან იწყებენ დეფილეს. ახალგაზრდა დიზაინერები კი ყველა შესაძლო ადგილზე ახდენენ ავანგარდული იდეების რეალიზებას - ეკლესიაში, ქუჩაში, მეტროს ვაგონში, მდინარის ხიდზე... წყალქვეშა „დეფილეს” მოწყობა აუზებსა და აკვარიუმებში ორიგინალურობის კულმინაცია იქნებოდა, რომ არა კარლ ლაგერფელდის უშრეტი ფანტაზია - 2008 წელს მან Fendi-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებისას პოდიუმი ღია ცის ქვეშ, პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელზე მოაწყო.
60-იანი წლების ჩვენება
დიზაინერებისა და ღონისძიების მენეჯერთა დაუღალავი მცდელობის მიუხედავად, ალბათ ძალიან რთულია, პოდიუმი იმაზე უფრო საინტერესო ადგილად იქცეს, ვიდრე ახლაა. უკვე ყველაფერი ვნახეთ - თეატრალიზებული წარმოდგენებიდან დაწყებული, მეტროს ვაგონამდე. უფრო მეტიც, ინტერნეტის როლის ზრდასთან ერთად, ცოცხალი ჩვენებების მოწყობა თავის ხიბლს სულ უფრო კარგავს. ის, რასაც გარეტ პიუ აკეთებს ვიდეოინსტალაციებით, შესაძლოა, პოდიუმის ევოლუციის დასასრულიც იყოს. თუმცა ნეგატიური, ამაში, შესაძლოა, არც არაფერია. კიბერსივრცეში მოდა ხომ უფრო დემოკრატიული ხდება.
![]() |
26 ფოტოგრაფის ერთი ფოტო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
მარიამ ამურველაშვილი
დაკა, ქალაქი, რომელსაც „ლამაზ ჯოჯოხეთს“ ეძახიან. ძველ უბანში ვართ. ვიწრო ქუჩები, უკიდურესი სიღარიბე და გაჭირვება. ყველა ცდილობს ხელი მომკიდოს და ჩემს კამერაში ჩაიხედოს. ხელს მიშლიან გადაღებაში. მართალია, ძირითადად შავ-თეთრში ვიღებ, მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენება აქ ფერის გარეშე მუშაობა. ეს ფოტო ერთ-ერთ ეზოშია გადაღებული. ბავშვები ვიწრო„ეზოში“ თამაშობენ. არ მინდა რამე გამომრჩეს და გამუდმებით ვიღებ. აქ ყველაფერი კადრია და ყველაფერი, ამ ხალხის ისტორიას გიყვება. ნეტა მეტი დრო მქონოდა, რომ ჩანაწერების გაკეთება მომესწრო, ეს ერთადერთია, რაზეც გული მწყდება.
![]() |
27 რისი გაკეთებაც თანამედროვე ხელოვნებაში არ შეიძლება |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|გამოფენა
დავით ჩიხლაძე
ფოტო: თამრი ბოლქვაძე
ერთმა ჩემმა მეგობარმა, არქიტექტორმა შოთა ბოსტანაშვილმა, ამ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი გამოფენის გახსნაზე მითხრა: ეს ყველაფერი უკვე საკონტროლო გასროლას ჰგავს. თანამედროვე ხელოვნება მკვდარია და არტისტები კიდევ ერთხელ ცდილობენ მის საბოლოოდ მოკვლასო.
თანამედროვე ხელოვნება თავიდანვე, ფუტურიზმის და კუბიზმის დროიდან, ტექნიკური პროგრესის პარალელურად ვითარდებოდა. თანამედროვეობისა და მეცნიერებისადმი ასეთი დამოკიდებულების შედეგად მასში ისეთი მკაცრად ტაბუირებული ტერიტორიებიც წარმოიქმნა, როგორიცაა - სული, მიღმიერი ცხოვრება და პორნოგრაფია. დღეს ხელოვნებაში რადიკალურად ახალი თემატიკის ძიება თითქმის შეუძლებელია და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (ხელმძღვანელი ვატო წერეთელი) ახლახან მოწყობილი გამოფენის მსგავსი ძიებები სხვაგანაც არ უნდა იყოს ხშირი. მეორე მხრივ კი, არტის დადგენილი სტანდარტები დიდი ხანია ინტერესის კლების კრიზისს განიცდის; ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონიდან მსოფლიო ავანგარდის რუკაზე ცოტა ხნის წინ კონვერტირებულმა მოსკოველმა კონცეპტუალისტმა მხატვრებმაც კარგად იციან, რომ მარკეტის თვალსაზრისითაც არტი დღეს ნაკლებად აინტერესებთ. თბილისის გამოფენის - „სხვა სხეული“ - კურატორია მარიამ ნატროშვილი და ცხადია, ეს სათაური და კონცეფციაც მას ეკუთვნის. საგამოფენო სივრცეში ასეთი ინოვაცია, სადაც მხატვრები მიღმიერ, წარმოსახულ და არარეალურ სხეულს და ცხოვრებას ეძებენ, ნამდვილად მისასალმებელია - მით უმეტეს, რეგიონალურ კონტექსტში.
გერმანიის კულტურის ფონდმა ორი წლის წინ სოლიდური ბიუჯეტი გამოყო მსგავსი პროექტისთვის. ამით მან თანამედროვე არტისტებს ისეთ განდევნილ და არარენტაბელურ თემებზე მუშაობის სტიმული მიეცა, როგორიცაა სიკვდილის შემდგომი რეალობები, მედიცინა და ონტოლოგია. ცნობილია, რომ მთელი ავანგარდი, მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი თავიდანვე დაკავშირებული იყო ნეომარქსისტულ ფილოსოფიასთან, რომლის მიხედვითაც ნამუშევარში ფორმა იყო ერთადერთი შინაარსი. სხვა სიტყვებით, ხილული სხეულის და ფორმის მიღმა სხვა არანაირი სული არ მოიაზრებოდა.
გერმანულ პროექტს არასრულად „არამკვდართა დაბრუნება“ ერქვა და დანარჩენ პროექტებს შორის პრიორიტეტული იყო. მისი ძირითადი თემა გახლდათ ის, რომ მასკულტურაში მიღმიერი სამყაროს ან აჩრდილთა რეალობა საყოველთაოდ მიღებული ცნებები თუ პირობითობები ხდება („ჰარი პოტერი“, „ბეჭდების მბრძანებელი“ და სხვა), მაშინ როდესაც თანამედროვე ხელოვნებაში ეს ერთგვარად „სასირცხვილოა“ და აქ მხოლოდ ერთეულები ეჭიდებიან მსგავს თემებს. ამათგან კი კიდევ უფრო ცოტა მოჩანს ზედაპირზე - მეთიუ ბარნი ან კენეთ ანგერი. და კიდევ - მარინა აბრამოვიჩი. თუმცა ეს უკანასკნელი ისევ მოკრძალებული აკადემიური აურით წარმოგვიდგება ხოლმე და ტელეპათიის სამეცნიერო კონტექსტთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მიღმიერ სამყაროებთან.
თბილისის გამოფენას რაც შეეხება, გზამკვლევში სწორად იყო აღნიშნული (სოციალური ქსელის მეშვეობით რაც გავრცელდა), რომ აქ უფრო თამაშია. დიახ, ეს იყო თავისუფალი, მეტაფორული დამოკიდებულება და განწყობითი ჟესტები. მაგალითად, მუსიკოსი და პოეტი ზურა ჯიშკარიანი ტრიუკს იყენებს და დარბაზში ფენს ფართოდ დაბეჭდილ კოდს, რომლის ბრაუზერში გადატანისას თქვენი კომპიუტერის ეკრანზე კაზიმირ მალევიჩის „შავ კვადრატს“ იხილავთ. მისი მიდგომა ისევ მარქსისტულია - სხეულის მიღმა ახალ სხეულს ეძებს, საყოველთაოდ აღიარებული ფინალური შავი კვადრატის მიღმა (თუმცა, რამდენი რამე მოხდა მას მერე) პოულობს უხილავ მასალას - ვირტუალურ სივრცეში მდებარეობის ციფრებს და ალგორითმს. არანაირი ჰარი პოტერი ამ გამოფენაზე არ არის, თვალსაც ვერ მოკრავთ ბეჭდების მბრძანებელსაც. ეს ხომ არ შეიძლება, სირცხვილია.
გამოფენაში 13 მონაწილე რომ იყო, ალბათ ესეც რაიმე კოდი და იმის სიმბოლოა, რომ მიღმიერი და ახალი სხეულების ზონა საშიშია. ბესა ქართველიშვილმა და კოკა ვაშაკიძემ თაიგულად შეკრული ნათურები ჩამოკიდეს იატაკის ზედაპირიდან ოდნავ მაღლა და ამით არცთუ არაირონიულად შეგვახსენეს გავრცელებული გამონათქვამი „ნათელში ამყოფოს“. რა თქმა უნდა, სინათლე მატერიალურია და ვიცით, რომ ეს ისევ მარქსისტული კონოტაციაა.
ბესა ქართველიშვილი და კოკა ვაშაკიძე ნამდვილი მკვლევრები არიან, მათზე, ცალკეულ იშვიათ გამოფენებს რომ არ უცადო, საუბრებისგან შედგენილი წიგნის დაწერაც კი შეიძლება. მათი შეკითხვები არის გულწრფელი, კლიშეებისგან თავისუფალი და ხელოვნების სემიოტიკაში ხაზგასმული ინტერესით აღჭურვილი. ამიტომაცაა მათი ნამუშევრები მოქმედი. თუ საქმე ირონიას შეეხება, მათთან ეს მომენტი სწორედ ინტერესის დამადასტურებელი სამხილია.
დანარჩენი მხატვრები აბსტრაქტული პეიზაჟებით შემოიფარგლნენ. აბსტრაქციას ხომ, თუნდაც ლამაზს და დრამატულს, რასაც გინდა იმას დაარქმევ და ძალიან მომგებიანია. ილიკო ზაუტაშვილის დიპტიხი „ბგერა და ვიბრაცია“ მისი შემოქმედების საწყის, ლირიკულ პერიოდთან გვაბრუნებდა, სადაც ადამიანის, ქალის ან მეგობრის მიწაზე არსებობა ჩვენ მიერ ძებნილ მიღმიერ სინამდვილესაც ეკუთვნის.
სხვა სხეულის ძებნა თანამედროვე მხატვრობას, წესით, უნდა გაუჭირდეს, მით უმეტეს ტექნიკით და პოლიტიკით სავსე დღევანდელ სიტუაციაში. მხატვრები ვიდეოს და მედიას აღმერთებენ. ეს აპარატები კი, სხვა სამყაროებს ვერ იღებენ.
![]() |
28 კრეატიული ეკონომიკა და კულტურული ინდუსტრია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
თეონა ჯაფარიძე
„დამიმახსოვრე, მომიგონე“ - ეს მოგზაურობიდან ჩამოტანილი პატარ-პატარა ნივთების, სუვენირების მესიჯია. ნივთების, რომლებიც უამრავ ინფორმაციას იტევენ და რაც მთავარია, ჩვენს მოგონებებს ინახავენ მათი შეძენის ადგილის, გარემოს, ჩვენი მაშინდელი განწყობის შესახებ. ეს შეიძლება იყოს CableCar- ის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშანი სანფრანცისკოდან, ან წითელი ტელეფონის კაბინის მინისკულპტურა ლონდონიდან, ანდა, ამსტერდამის კოფი შოპებიდან წამოღებული რაიმე, სულელური ნივთი.
მიუხედავად იმისა, რომ რეწვის ნიმუშებს აეროპორტიდან მოყოლებული თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ქუჩებსა თუ მაღაზიებში, თბილისში ძნელია უცხოელი სტუმრისთვის სუვენირის შერჩევა. მართალია, ქართველებს რეწვის უძველესი ტრადიციები გაგვაჩნია და ჩვენი მუზეუმები მდიდარია დახვეწილი ნიმუშებით, მაგრამ აქაური სუვენირების ბაზარი მასობრივად მდარე ხარისხის, უგემოვნო პროდუქციითაა სავსე.
თქვენს მუზეუმებში დაცული მასალა ვნახე და ფაქტია, რომ რეწვის მდიდარი, ტრადიციული გამოცდილება გაქვთ, მაგრამის, რაც მუზეუმებს გარეთ, ბაზარზეა წარმოდგენილი, რეწვის დღევანდელი მსოფლიო ბაზრის სტანდარტებს არ შეესაბამება“, - გვითხრა კულტურული ინდუსტრიებისა და ტრადიციული რეწვის სფეროს წამყვანმა ექსპერტმა ინდრასენ ვენკატაშელუმმა. ის ამჟამად მსოფლიო რეწვის საბჭოს (WCC) წარმომადგენელი და რეწვის განვითარების საერთაშორისო ქსელის - RIDA-ს კოორდინატორია. სორბონის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მუშაობდა იუნესკოში, კულტურული ინდუსტრიების ხელშეწყობის პროგრამების დირექტორად. არის საერთაშორისო რეწვის ბაზრობებისთვის შექმნილი გზამკვლევების ავტორი.
საქართველოში მისი ვიზიტი „ევრო-კავშირის პარტნიორობის კულტურული პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი„ ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა განვითარებისათვის“, რომელიც საქართველოში, სომ- ხეთსა და აზერბაიჯანში შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას გულისხმობს, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა - ისტორიალმა განახორციელა. ინდრასენ ვენკატაშელუმმა რეწვის ოსტატებისთვის ორდღიანი უორქშოფი ჩაატარა თბილისში.
„პირველი, რაც თვალში საცემია ქართულ ბაზარზე - რეწვის ოსტატების და დიზაინერების თანამშრომლობის დეფიციტია. რაც უნდა კარგად ფლობდეთ რეწვის ძირძველ ტრადიციებს, შეუძლებელია დიზაინერის კონსულტაციის გარეშე საერთაშორისო ბაზარზე გახვიდეთ. ნაწარმის ფერები, ფორმა, სტანდარტი ადაპტირებული უნდა იყოს თანამედროვეობასთან და, პარალელურად, შენარჩუნებული უნდა იყოს ავთენტურობა. საერთაშორისო ბაზარზე მკაცრი მოთხოვნაა ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმზე, მაღალ ხარისხსა და კონკურენტუნარიან ფასებზე. ამ ბაზარზე წარსადგენად სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საჭირო: მარკირება, შეფუთვა და ფასწარმოქმნა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საერთაშორისო ბაზრობები ფრთხილად უნდა შეირჩეს და თქვენი პროდუქცია ზუსტად უნდა მოარგოთ ისეთი ცნობილი ბაზრობების კრიტერიუმებს, როგორებიცაა ფლორენციის რეწვის საერთაშორისო ბაზრობა, საიუველირო ნაწარმზე ორიენტირებული ბაზრობა მილანში ან ხალხური ხელოვნების ბაზრობა სანტა ფეში (აშშ). გლობალიზაციის პირობებში თქვენი კუთვნილი ადგილი უნდა შეავსოთ“, - აღნიშნა ინდრასენვენ კატაშელუმმა.
იუნესკოს კონვენციის განმარტებით, „ზეპირსიტყვიერების, უძველესი სიმღერების თუ ცეკვების მსგავსად, რეწვა თაობიდან თაობას გადაეცემა, არის მუდმივად განახლებადი, ადაპტირებულია თანამედროვე გარემოსთან და ქმნის საზოგადოების იდენტობისა და უწყვეტობის განცდას“. სწორედ ამ ფორმულირებით უნდა იხელმძღვანელონ დიზაინერებმა რეწვის ოსტატებთან თანამშრომლობისას. უნდა გაკეთდეს ბრენდი, როგორც თავის დროზე ქორეოგრაფიაში შექმნეს სუხიშვილებმა შეფუთეს და დროსთან ადაპტირებული გახადეს უძველესი ცეკვა, რომელიც კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე და რომლის მესიჯი „დამიმახსოვრე“, დღეს ნამდვილად მუშაობს.
![]() |
29 LIFE/GUIDE |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
1) 11 ივნისს სტამბოლის სულთანაჰმედის უბანი გია ყანჩელის კონცერტს უმასპინძლებს - აია ირენეს მუზეუმში კომპოზიტორის სიმფონიური ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა გაიმართება. კონცერტი ეძღვნება ბენიამინ სიონმეზს, თურქ ჩელისტს, რომელსაც ასევე უნდა მიეღო მასში მონაწილეობა, მაგრამ გასული წლის ბოლოს გარდაიცვალა. კონცერტზე დაუკრავენ გიდონ კრემერი, გიედრე დირვანაუსკაიტე და მამუკა ღაღანიძე, ბილეთის ფასი კი 34-დან 250 თურქულ ლირამდე მერყეობს.
2) რა შეიძლება მივიღოთ, თუ ორი ისეთი ბრენდის ძალები გაერთიანდება, როგორებიც არიან Ducati და Diesel-ი? არც მეტი და არც ნაკლები, მონსტრი. რენცო როსო, დუკატის კონსტრუქტორებთან ერთად, მილიტარი სტილში ქმნის Ducati Monster Diesel-ს, მოტოციკლს, რომელიც მსურველებისთვის ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი. სპეციალურად მოტოციკლის მოყვარულებისთვის Diesel-ი სამოსის ხაზსაც უშვებს ბაიკერის ქურთუკებით, მაისურებით და სხვადასხვა აქსესუარებით.
3) Gucci-ს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ სუნამოს Flora ხუთი ახალი არომატი აქვს - Flora Garden Collection მათ გარდენიის, ტუბეროზის, მაგნოლიის, იისა და მანდარინის დომინანტი ნოტებით გვთავაზობს. ფრიდა ჯანინის თქმით, Flora-ს ყველა სუნამო მომხიბვლელი, ოპტიმისტი და რომანტიკული ქალისთვის იქმნება. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ კომპანიამ სარეკლამო სახედ ები ლი კერშოუ აირჩია.
![]() |
30 ახალი მარნები და ქართული ღვინის აღორძინება |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
მალხაზ ხარბედია
ტრადიცია არც წელს დარღვეულა და ახალი ღვინის ფესტივალი მესამეჯერაც ჩატარდა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ისევე, როგორც შარშან და შარშანწინ, წელსაც, ახალი ღვინის ფესტივალი მაისის მეორე შაბათს გაიმართა. მეორე შაბათი ამჯერად 12 მაისს დაემთხვა. წინა დღის თავსხმამ ძალიან კი შეგვაშინა ღვინის კლუბის წევრები და ფესტივალის ბევრი გულშემატკივარიც, მაგრამ 12-ში ისეთი ამინდი გამოვიდა, ღვინის გაგრილებას ვერ აუდიოდნენ მეღვინეები.
წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახლდათ. ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე ახალი მცირე მარნისთვის. უნდა ითქვას, რომ მცირე მარნების ასეთი მრავალფეროვნება აქამდე არ ყოფილა ახალი ღვინის ფესტივალზე. რა თქმა უნდა, ფესტივალზე ტრადიციული მონაწილეებიც იყვნენ, ჩვენი მეგობრები, ღვინის კლუბის წევრი მცირე მარნებიც, მაგრამ ერთბაშად რამდენიმე ძალიან საინტერესო ღვინის მწარმოებლის გამოჩენამ (აქამდე მათ არავინ იცნობდა), კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა თანამედროვე ქართული ღვინის სურათი - ასეთები იყვნენ, ავთანდილ ბედენაშვილის მარანი კარდენახიდან, ბაბანეურის მარანი, ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი, ვლადიმერ გულაშვილის მარანი, სალხინოს დადიანების მარანი.
ძალიან სასიამოვნო იყო იმ ღვინის კომპანიების მონაწილეობა, რომლებიც პირველად გახდნენ ახალი ღვინის ფესტივალის გმირები - ასკანელი ძმები, ბადაგონი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ჩელთი... დარწმუნებული ვარ, ეს კომპანიები ჩვენი ფესტივალის ერთგული მონაწილეები გახდებიან. ცალკე საუბრის თემაა „აგროს“, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის მონაწილეობა ფესტივალში, რომელთაც ძალიან ბევრი იშვიათი ჯიში წარმოადგინეს დასაჭაშნიკებლად, 30-მდე თეთრმა და წითელმა ღვინომ მნახველი ძალიან დააინტერესა და ხალხმრავლობა ფესტივალის ბოლომდე შეინიშნებოდა „აგროს“ კარავთან. და რაც მთავარია, ოჯახური მარნების მონაწილეობა, როგორც ყოველთვის, ძალიან ამშვენებს ხოლმე ჩვენს ფესტივალს. ყოველ წელს სულ ახალ-ახალი სახეები, ახალი ჯიშები, ახალი ტიპის ღვინოები ჩნდება ამ ფლანგზე, იმ დიდ „ფარდულში“, რომელსაც მევენახე-გლეხების ღვინოები ჰქვია. მათ შორის ყველაზე ეკზოტიკური რეგიონებიდან...
სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ღვინის კომპანიამ ახალი ღვინის ფესტივალზე ძველი, 2010, 2009, 2008 და ა.შ. მოსავლის ღვინოები გამოიტანა გასასინჯად. გასაგებია, რომ ბევრ მომხმარებელს შეიძლება საერთოდაც არ აინტერესებდეს რომელი წლის ღვინოს სვამს ანდა საერთოდ, რას სვამს, მაგრამ ფესტივალს თავისი წესები აქვს და მას დაცვა სჭირდება. მითუმეტეს, რომ ამ „წესების დაცვამ“ ბოლო 3 წლის მანძილზე ძალიან საინტერესო შედეგები გვაჩვენა. საქმე ისაა, რომ ფესტივალის პირველ, 2010 წელთან შედარებით, 2012 წლის სტუმრები გაცილებით გათვითცნობიერებულები და მოტივირებულები ჩანდნენ. მათი დიდი ნაწილი კონკრეტული მოსავლის შესაფასებლად მოვიდა, რადგან პირველ რიგში 2011 წლის, ბოლო მოსავლის შესახებ სურდათ შთაბეჭდილების შექმნა.
2011 წლის მოსავლის ავკარგიანობის შესახებ სხვა დროსაც დავწერ, ახლა კი ერთ უცნაურ ტენდენციას მინდა ხაზი გავუსვა, რომელსაც 2010 წლიდან მოყოლებული ვადევნებ თვალყურს. საქმე ისაა, რომ ხშირად ერთი კონკრეტული მხარის წარმომადგენლები, მაგ. რაჭველები, ან გურულები, მხოლოდ თავიანთი კუთხის ღვინით იკმაყოფილებენ ცნობისწადილს და თითქმის არ ინტერესედებიან სხვა კუთხის ღვინოებით, არადა ჩვენი ფესტივალი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს სხვადასხვა მხარის ღვინოები.
დაბოლოს, აუცილებლად მინდა მივმართო ყველა დამწყებს, მათ, ვინაც ფესტივალზე საკმარისი მუხტი მიიღო საიმისოდ, რომ თავისი წამოწყება კიდევ უფრო სრულჰყოს, ზოგიერთმა კი, სულაც პირველად სცადოს თავისი ღვინის დაყენება. შემოდგომამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, გაბედეთ, დაწურეთ თქვენს ვენახში მოყვანილი ყურძნიდან ღვინო, ვინ იცის, იქნებ მომავალ ფესტივალზე წარმოდგენილმა თქვენმა ნაშრომმაც თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ღვინის აღორძინების საქმეში.
![]() |
31 საგაზაფხულო სალათა მწვანე ლობიოთი და ჩერი პომიდვრით |
▲ზევით დაბრუნება |
შეფ-მზარეული:
თეკუნა გაჩეჩილაძე
4 ულუფა
მასალა:
მწვანე ლობიო 0.5 კგ
პამიდორი ჩერი 500 გრ
ბარდა 500 გრ
მწვანე ხახვი 1 კონა
პიტნა 1 კონა
ოხრახუში 1 კონა
ომბალო 1 კონა
ზეითუნის ზეთი 3 სუფრის კოვზი
2 ლიმონის წვენი
ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი
ზღვის მარილი
შავი წიწაკა
ჯამში: 8 ლარი
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და მოწალეთ მწვანე ლობიო დაბარდა. გადაიტანეთ საწურში და დაელოდეთ, სანამ მთლიანად არ გაშრება. ამასობაში დაჭერით მწვანილი, მწვანე ხახვი და პომიდორი ჩერი. გადაურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში, დაამატეთ ლობიო, ბარდა, მოასხით ვინეგრეტი და შეკმაზეთ მარილითა და წიწაკით.
ვინეგრეტისთვის: ზეთი, მდოგვი, მარილი და ლიმონის წვენი ერთად დააბლენდერეთ და შეინახეთ მაცივარში გამოყენებამდე.