![]() |
ტაბულა №104 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბასილაია მიხეილ, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, ნოდია გია, სუთიძე ლევან, მაჭარაშვილი ნინო, კოკიჩაიშვილი თეონა, ნადირაძე ლევან, ხიდაშელი თინა, გუნია ირაკლი, მიქავა მარიამ, კაკაბაძე შოთა, ბაძაღუა ივანე, ჩაფიჩაძე გუგა, კვანჭილაშვილი ელენე, ტორონჯაძე მირიან, ჭავჭავაძე ილია, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, ახლოური ნინა, ამურველაშვილი მარიამ, ესებუა ნიკა, კეკელიძე გიორგი, ხარბედია მალხაზ |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 11 - 17 ივნისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. ფოტო გარეკანზე: ირაკლი ბლუიშვილი © ტაბულა |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ძველი ქართველები გარეგნობით თქვენნაირები იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემნაირები გახდნენ, მაგრამ გვინდა თქვენნაირები ვიყოთ“
განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს ქედაში ღვინის მარნის დათვალიერებისას. 5 ივნისი.
„აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ „პოლონური სიკვდილის ბანაკების“ შესახებ გუშინ წარმოთქმული სიტყვები ყველა პოლონელს შეეხო. ჩვენ ყოველთვის ერთნაირად ვრეაგირებთ, როდესაც უცოდინრობა, ინფორმაციის უქონლობა ან ცუდი განზრახვები ისტორიის ასეთ დამახინჯებას იწვევს. ეს მტკივნეულია პოლონეთისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც ისე დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც სხვა არავინ“
პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი ხსნის პოლონური მხარის მწვავე რეაქციას ობამას შეცდომაზე, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გერმანული საკონცენტრაციო ბანაკი „პოლონურ სიკვდილის ბანაკად“ მოიხსენია.
30 მაისი
„ევროპას უნდა, რომ საქართველო მგლების საარსებო არეალად იქცეს. ევროპა, რომელსაც მგელი არ ჰყავს, იცავს მგელს საქართველოში. არაერთხელ მითქვამს, გავუგზავნით, თუ ასე ძალიან უნდათ. ჩვენ კი, საქართველო პირველ რიგში ადამიანებისთვის გვინდა, რომ ბუნება და ადამიანი ჰარმონიულად თანაარსებობდეს“.
გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე ასაბუთებს კოლხეთის დაცული ტერიტორიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც სახელმწიფოს ბათუმისა და ანაკლიის შემაერთებელი მოკლე გზის აშენების საშუალებას მისცემს. 31 მაისი.
„პოლიტიკაში, ჯარში, ძველად თუ ახლა საერთოდ ასეა ხოლმე - როდესაც ლიდერის და ხელმძღვანელის ადგილი სადღაც არ არის, მისი რანგიდან გამომდინარე და შქმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ფსევდოოპოზიციას გისვამენ გვერდით... ლიდერის, ასე ვთქვათ, გვერდში მდგომი ადამიანები სწორედ იმას ემსახურებიან, რომ იყონ იქ, სადაც ლიდერი ვერ იქნება“
თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარს ახალი მემარჯვენეებისა და ქრისტიან-დემოკრატების დასწრებით ხსნის. 5 ივნისი.
„ის ხდება ბარაკ ჰუსეინ კარდაშიანი... ის არის შეერთებული შტატების „სელებრითი“ ის არ არის პრეზიდენტი.
კონსერვატორმა კომენტატორმა, რაშ ლიმბომ, ბარაკ ობამა პოპულარული რეალითი შოუს გმირს, კიმ კარდაშიანს შეადარა, რითიც ხაზი გაუსვა იმას, რომ ობამას კამპანია და იმიჯი სულ უფრო არასერიოზული და პოლიტიკური პრობლემებისგან მოწყვეტილი ხდება. 5 ივნისი.
„მართალია, ქუჩები კეთდება, მაგრამ ჩვენ ის ერი არა ვართ, საკუთარ ქვეყანაში სხვა ერის წარმომადგენლებს მოსამსახურეებად დავუდგეთ... მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ეროვნულობასთან მას საერთო არაფერი აქვს. თუ მათ დიდხანს ვაბოგინებთ, ეროვნული გადაგვარება გველის“.
მანანა კობახიძე, ქართული ოცნების ბათუმის ოფისის გახსნისას, აქცენტს შოვინისტურ არგუმენტებზე და „ეროვნულობაზე“ აკეთებს. ოფისის გახსნაში მონაწილეობა მიიღო მურმან დუმბაძემაც, რომელმაც გაზაფხულზე ყურადღება იმით მიიქცია, რომ გიორგი მასალკინის კრიტიკისას არგუმენტად მისი „არაქართული სისხლი“ მოიშველია.
![]() |
2 ვისკონსინური ცივი შხაპი დემოკრატებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ამერიკა
მიხეილ ბასილაია
სკოტ უოკერი
5 ივნისს ვისკონსინის შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა სკოტ უოკერმა გამოწვევაში დაამარცხა ქალაქ მილოუკის მერი დემოკრატი ტიმ ბარეტი და პოსტი შეინარ ჩუნა. უოკერი გუბერნატორი 2010 წელს გახდა და მან მაშინაც ბარეტს სძლია, პოსტი კი 2011 წლის იანვარში ჩაიბარა და წინასაარჩევნოდ დაპირებული იმ რეფორმების გატარებას შეუდგა, რომლებიც შტატის ბიუჯეტს, საპენსიო ფონდებსა და პენსიაზე გასული ადამიანების შეღავათებს ეხებოდა.
მას შემდეგ, რაც უოკერი გუბერნატორი გახდა, ვისკონსინს გამოწვევების ტალღამ გადაუარა. ვადის ამოწურვამდე არჩევნებზე გასვლა შტატის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს 9 სენატორს მოუწია, მათ შორის, 6 რესპუბლიკელი (ორმა პოსტი დაკარგა კიდეც) და 3 დემოკრატი იყო. გა მოწ ვევა არ ასცდა უოკერსაც.
სენატორებისა და გუბერნატორის გამოწვევები დემოკრატიული პარტიისა და მათი მოკავშირე პროფკავშირების ორგანიზებული იყო. თავდაპირველად უოკერის რეფორმებისთვის ხელის შეშლა დემოკრატმა სენატორებმა შტატის დატოვებით გადაწყვიტეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ რესპუბლიკელები კვორუმს ვერ მოაგროვებდნენ. შემდეგ შტატის საკანონმდებლო ორგანოსთან პროფკავშირებმა დემონსტრაცია მოაწყვეს და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შენობაში არ უშვებდნენ, თუმცა უოკერმა ცვლილებების გატანა მაინც მოახერხა. ამის შემდეგ დემოკრატები და პროფკავშირები გამოწვევების ექსტრემალურ ტაქტიკაზე გადავიდნენ.
ამერიკაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა პირველი პროფკავშირი (შტატის, საგრაფოს და მუნიციპალიტეტის მუშაკების ამერიკული ფედერაცია - AFSCME) სწორედ ვისკონსინში შეიქმნა 1932 წელს. საჯარო სექტორის მოხელეთა ამ ორგანიზაციამ შტატის მთავრობა აქცია ინტერესთა ჯგუფად, რომელიც საკუთარ გაფართოებას ლობირებდა. AFSCME უზრუნველყოფდა, რომ მის წევრებს ამერიკულ საშუალო მაჩვენებელზე უკეთ ეცხოვრათ და კერძო სექტორის მოხელეებთან შედარებით, მეტი შეღავათები მიეღოთ.
უოკერის რეფორმა ე.წ. „5 და 12“ გეგმას ითვალისწინებდა. მისი მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები თავიანთი ხელფასის 5.8 პროცენტს საპენსიო ფონდებში გადარიცხავენ, მაშინ როცა აქამდე 1 პროცენტზე ნაკლებს იხდიდნენ. კერძო სექტორში დასაქმებულებს ან საერთოდ არ აქვთ პენსია, ან (ვისაცაქვს) 5.8 პროცენტზე გაცილებით მეტს იხდიან. საჯარო სექტორის მოხელეებს პენსიაზე გასვლის შემდეგ საკუთარი ხელფასიდან სამედიცინო შეღავათების მისაღებად გადასახდელი თანხაც 6-დან 12.6 პროცენტამდე გაეზარდათ. კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები იმავე შეღავათებისთვის საკუთარი ხელფასის საშუალოდ 21 პროცენტს იხდიან.
უოკერის ცვლილებებს შტატის მოსახლეობა ემხრობა. ბოლოდროინდელი გამოკითხვებით, ვისკონსინის მოსახლეობის 65 პროცენტს სჯერა, რომ საჯარო სექტორის მუშაკები უფრო ხელსაყრელ საპენსიო პაკეტს იღებენ, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები. მართალია, საჯარო სექტორის მოხელეთათვის შეღავათების გაუქმებას მოსახლეობის მხოლოდ 46%25 ემხრობა, 74 პროცენტს სურს, რომ საჯარო სექტორში და საქმებულებმა თავიანთი სოციალური უზრუნველყოფისთვის მეტი გადაიხადონ.
პროფკავშირების გააფთრება საპენსიო რეფორმებზე მეტად იმან გამოიწვია, რომ უოკერმა მათი ე.წ. კოლექტიური მოლაპარაკების შესაძლებლობებიც დაასუსტა. ამ უფლებით პროფკავშირებს ხელფასის, სამუშაო განაწესისა და შეღავათების შესახებ მოლაპარაკებაზე უპირატესობა ჰქონდათ. უოკერმა კი მათ კოლექტიური გარიგების პრეროგატივა მხოლოდ ხელფასის საკითხზე დაუტოვა. პროფკავშირებმა დაკარგეს შტატის, საგრაფოებისა და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების ბიუჯეტებზე გავლენის ბერკეტი. მათ პრაქტიკულად შეეძლოთ ბიუჯეტების გეგმისთვის ვეტო დაედოთ, თუ მათთვის ხელსაყრელი პირობები გათვალისწინებული არ იქნებოდა.
კიდევ ერთი დარტყმა უოკერმა პროფკავშირებს იმით მიაყენა, რომ სამთავრობო სექტორის მოხელეთა ხელფასიდან პროფკავშირში წევრობის თანხის ავტომატური გადარიცხვა გააუქმა და პროფკავშირების წევრობაც არჩევანი გახდა. შესაბამისად, შემადგენლობა შეთხელდა. AFSCME-ს წევრების რაოდენობამ 2011 წლის თებერვლიდან მარტამდე 63,000-დან 29,000-მდე იკლო, მასწავლებელთა ამერიკული ფედერაციის წევრთა რაოდენობამ კი -17,000-დან 6,000-მდე. პროფკავშირებს მოუწევთ, მოხელეები თავიანთ სარგებლიანობაში დაარწმუნონ, თუმცა ამის გაკეთება გაუჭირდებათ, რადგან კოლექტიური მოლაპარაკების შესაძლებლობის შეზღუდვით საკუთარი წევრებისთვის შეღავათების გარანტირების საშუალება დაკარგეს.
უოკერის ოპონენტების აზრით, კოლექტიური მოლაპარაკების შესაძლებლობის მოსპობას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა - დემოკრატიული პარტიის დასუსტება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ძალაუფლება, ხშირ შემთხვევაში, კორუფციულ პროცესად გარდაიქმნება. პროფკავშირები საწევროებიდან მიღებული თანხით აფინანსებენ პოლიტიკოსების კამპანიებს. ეს პოლიტიკოსები, გამარჯვების შემთხვევაში, ბიუჯეტის განაწილებისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მოლაპარაკებისას მაგიდაზე პროფკავშირებთან ერთად აღმოჩნდებიან. ზოგ შემთხვევაში თანამდებობის პირები, რომლებიც მთელი შტატის გადასახადების გა დამხდელთა ინტერესებს უნდა ითვალისწინებდნენ, შეღავათებსა და ხელსაყრელ პირობებს პროფკავშირების წევრებს უწესებენ.
უოკერის მიერ გუბერნატორის პოსტის შენარჩუნების შემდეგ, დემოკრატებს გამოწვევის წამოწყება, შესაძლოა, სანანებელი გაუხდეთ. არაა გამორიცხული, გამოწვევის ჩავარდნას დემოკრატთა ნაწილის მხრიდან ობამას დადანაშაულება მოჰყვეს. პრეზიდენტმა ბარეტისთვის ღია მხარდაჭერის გამოხატვა სავარაუდოდ იმ მიზეზით გადაიფიქრა, რომ ამას საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი შანსებისთვის არ ევნო. მემარცხენე მიმომხილველთა ნაწილი ობამათი უკმაყოფილოა, რადგან ვისკონსინს სოციალურ უზრუნველ ყოფაში მთავრობის როლის მაგალითად მიიჩნევდნენ, ხოლო ობამამ ამისთვის არ იბრძოლა.
დემოკრატები შიშობენ, რომ უოკერის წარმატება რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის, მიტ რომნის, გამარჯვების შანსებს გაზრდის. ვისკონსინში რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს 1984 წლის შემდეგ არ გაუმარჯვია, 2008-ში კი ობამამ ჯონ მაკკეინს დაახლოებით 14 პროცენტით აჯობა. თუმცა ამ მომენტისთვის შტატში ობამასა და რომნის თანაბარი, 46-პროცენტიანი რეიტინგები აქვთ. რომნის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ბარეტის მარცხმა შეიძლება ნოემბრისთვის დემოკრატი ამომრჩევლის ენთუზიაზმი ჩააქროს.
ტიმ ბარეტი
რომნისთვის დადებითი ფაქტია ისიც, რომ იმ 5 შტატს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ითვლება (ფლორიდა, მიჩიგანი, ოჰაიო, ვირჯინია და ვისკონსინი), მცირე მთავრობისა და ხარჯების შემცირებისკენ ორიენტირებული რესპუბლიკელები მართავენ. რესპუბლიკელი გუბერნატორების შტატებს დემოკრატების მიერ დომინირებულ შტატებზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლებიც აქვთ. კალიფორნია და ნიუ-იორკი ხომ ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე ცუდ შტატებად დასახელდნენ მაღალი გადასახადებისა და ეკონომიკური რეგულაციების გამო, სასურველი ბიზნეს გარემოს მხრივ პირველი 10 ადგილი კი რესპუბლიკელთა შტატებმა დაიკავეს. მათ შორის ტეხასი ლიდერობს. ჟურნალ Chief Executive-ის მიხედვით, 2010 წელს ამერიკის შტატებს შორის ვისკონსინი ბიზნესის კეთების სიადვილის მიხედვით 41-ე ადგილზე იყო. უოკერის გუბერნატორად გახდომის შემდეგ კი მე-20 პოზიციაზე აინაცვლა. ამას გარდა, უოკერმა 3.6-მილიარდ დოლარიანი საბიუჯეტო დეფიციტი აღმოფხვრა. შტატის საშემოსავლო დეპარტამენტი კი 2013 წლის ზაფხულისთვის 154 მილიონი დოლარის პროფიციტს ელოდება.
ილინოისი, ორეგონი და კალიფორნია, რომლებიც ობამას ეკონომიკურ გეგმას მიჰყვებიან და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს გადასახადებს უწევენ, თავიანთი საბიუჯეტო დეფიციტის საკითხს მაინც ვერ აგვარებენ. კალიფორნიაში უმუშევრობა 11 პროცენტს აღწევს და ბოლო 10 წლის მანძილზე სამუშაო ადგილების რაოდენობა დაახლოებით 5 პროცენტით შემცირდა. იანვარში ილინოისში საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა და შტატმა დამატებით 7 მილიარდი მიიღო, თუმცა 9-მილიარდიან დეფიციტს ვერ ეშველა. ნაწილობრივ იმის გამოც, რომ საჯარო სექტორის მუშაკების შეღავათები უფრო და უფრო იზრდება - 2008 წელს შტატის ბიუჯეტიდან ისინი 2.7 მილიარდს იღებდნენ, ახლა კი მათი წილი 5.7 მილიარდამდე ავიდა. ილინოისს ახალი პრობლემებიც ემატება - გადასახადების გაზრდის შემდეგ, შტატს ყოველ 10 წუთში საშუალოდ 1 მცხოვრები ტოვებდა.
რესპუბლიკელთა მიერ ხარჯვის შეზღუდვისა და გადასახადების დაწევის უპირატესობას ამერიკული საგანმანათლებლო ორგანიზაციის American Legislative Exchange Council-ის კვლევა Rich States, Poor States-იც უსვამს ხაზს. მისი მიხედვით, ბოლო 40 წლის მანძილზე დაბალი საშემოსავლო გადასახადების მქონე შტატები უფრო პროდუქტიულები იყვნენ, ვიდრე მაღალი საშემოსავლო გადასახადების. 1980 წელს ამერიკის 10 შტატს ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი ჰქონდა. 1980-იან წლებში მათი ეკონომიკა საშუალოდ 32.3 პროცენტით უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე იმ 10 შტატის ეკონომიკა, რომელთაც ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადები ჰქონდათ დაწესებული.
მიმომხილველთა ნაწილმა ვისკონსინის ხელახალი არჩევნები, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამერიკის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა. უოკერის კიდევ ერთმა გამარჯვებამ აჩვენა, რომ პროფკავშირების პრივილეგიებთან წარმატებით ბრძოლა შეიძლება და მისი წარმატება სხვა რეფორმისტი რესპუბლიკელი გუბერნატორებისთვის წამახალისებელი იქნება. ნოემბერში კი ვისკონსინური გამოწვევის ჩავარდნა დემოკრატებს შეიძლება მწარედ გაახსენდეთ.
![]() |
3 ამერიკა-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, 5 ივნისს, საქართველოში ვიზიტის დროს, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ისაუბრა. კერძოდ - ვაშინგტონი აღიარებს სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებს, რომელსაც თბილისი ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებზე გასცემს. ასევე, კლინტონმა აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ახალი მიმართულებები გაახმოვანა. სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში თავისუფალი და გამჭვირვალე იქნება და საქართველოს ხელისუფლებას დამკვირვებლების გამოგზავნას დაჰპირდა.
ჰილარი კლინტონმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ბათუმში ყოფნისას კლინტონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და აღნიშნა, რომ აშშ კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირებას ემხრობა. მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები მთელ მსოფლიოში თბილისის მიერ გაცემულ სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებს მიიღებენ, რათა გასცენ ვიზები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას „წარმოუდგენელი დიპლომატიური მხარდაჭერა“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის შემდეგ, სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებს ლეგალურ სამგზავრო საშუალებად სხვა სახელმწიფოებიც აღიარებენ.
კანონი ნეიტრალური დოკუმენტების შესახებ საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ზაფხულში მიიღო. ეს დოკუმენტი მფლობელს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის ყველა უფლებით ისარგებლოს (საზღვარგარეთ მოგზაურობის ჩათვლით), თან საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე. დღემდე მას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა - იაპონია, ჩეხეთი, ლატვია და ლიტვა აღიარებდა და ამ დრომდე დაახლოებით 200 ასეთი დოკუმენტია გაცემული.
ჰილარი კლინტონი ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვისთვის ორი სამხედრო კატარღის გადაცემას დაესწრო. მათი მოდერნიზაცია აშშ-ის დახმარებით განხორციელდა.
კლინტონის განცხადებით, თბილისი და ვაშინგტონი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. კერძოდ, აშშ საქართველოს დახმარებას გაუწევს საზღვაო და საჰაერო სივრცის გაკონტროლებაში, სამხედრო ვერტმფრენების მოდერნიზაციაში და ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ოფიცრებისა და პირადი შემადგენლობის გაწვრთნაში.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ბათუ ქუთელიას განმარტებით, გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ იანვარში აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტები შეთანხმდნენ. ამის შემდეგ მხარეები კონკრეტულ გეგმებზე მუშაობდნენ. ქუთელიას განცხადებით, აშშ მზადაა საქართველოს დაეხმაროს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში და ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში, რათა ქვეყანა არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
სამხედრო თანამშრომლობის ახალი მიმართულებები აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მიდგომის ცვლილებაზე მეტყველებს - თუ აქამდე ვაშინგტონი თბილისს მხოლოდ ავღანეთის ოპერაციის საჭიროებისთვის უწევდა დახმარებას, ამჯერად მზადაა, ხელი საკუთრივ ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას შეუწყოს.
საქართველოში ყოფნისას სახელმწიფო მდივანმა თბილისს მოუწოდა, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება: „მჯერა, ეს იქნება ძალიან დიდი ინდიკატორი იმ პროგრესისა, რაც საქართველომ განიცადა დემოკრატიის გზაზე... ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს იქნება სანიმუშო არჩევნები“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ არჩევნები ქვეყანაში სამართლიანად ჩატარდება და, იმავდროულად, ვაშინგტონს დამკვირვებლების გამოგზავნა სთხოვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან კლინტონისგან პირობა მიიღო, რომ შეერთებული შტატებიდან საქართველოში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებელი ჩამოვა. მისი აზრით, მომავალ არჩევნებზე „ნამდვილი და არა ყალბი დამკვირვებლების“ ყოფნა, „რომლებსაც ვერ მოისყიდიან და ვერ დააშანტაჟებენ“, იმის გარანტი გახდება, რომ „შიდა სიტუაციით მანიპულაციის მსურველები“ პროვოკაციებს ვერ მოაწყობენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართა. მათ შორის, ახალი მემარჯვენეებისა და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერებთან და ქართული ოცნების წევრებთან. ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კლინტონთან პირისპირ შეხვედრას ითხოვდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ივანიშვილს სახელმწიფო მდივანთან საუბარი სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად მოუწევდა, კოალიციამ კლინტონთან დავით უსუფაშვილი, თეა წულუკიანი და მანანა კობახიძე მიავლინა.
როგორც ივანიშვილმა Associated Press-ს განუცხადა, მას „მიხეილ სააკაშვილის აგენტებთან“ ერთად შეხვედრაში მონაწილეობა არ სურდა. როგორც მოგვიანებით წულუკიანმა განმარტა, „როდესაც ლიდერის და ხელმძღვანელის ადგილი სადღაც არ არის, მისი რანგიდან გამომდინარე და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ფსევდოოპოზიციას გისვამენ გვერდით... ლიდერის გვერდში მდგომი ადამიანები სწორედ იმას ემსახურებიან, რომ იყონ იქ, სადაც ლიდერი ვერ იქნება“.
ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, კლინტონთან ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, მომავალ არჩევნებზე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.
![]() |
4 ასპირანტთა ლიგა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა, დიმიტრი ავალიანი
ცოტა ხნის წინ ჩიკაგოში გამართულ NATO-ს სამიტზე საქართველო ასპირანტი ქვეყნების ჯგუფში ბალკანეთის სამ ქვეყანასთან - მაკედონიასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და მონტენეგროსთან ერთად მოექცა. ჩიკაგოში მათ თბილი სიტყვები და დაპირებები მოისმინეს, თუმცა ეს გაფართოების სამიტი არ ყოფილა. შესაბამისად, ქვეყნები მომავალს შეჰყურებენ იმედით. მით უმეტეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა - ჩიკაგოს სამიტი უკანასკნელი იქნება, სადაც ალიანსის გაფართოება არ მოხდაო. ბოლოს NATO 2009 წელს გაფართოვდა, როდესაც ალიანსში ალბანეთი და ხორვატია მიიღეს.
რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი შანსი, ალიანსში სხვაზე ადრე გაწევრიანდეს, ამის შეფასება რთულია. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრებმა საბოლოოდ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უამრავ კომპლექსურ ფაქტორზეა დამოკიდებული. უმნიშვნელოვანესია ასპირანტ ქვეყნებში არსებული ვითარება - განვითარების, დემოკრატიულობის და სხვა თვალსაზრისით.
ბალკანეთის ქვეყნები NATO-ში გაწევრიანებასთან საკმაოდ ახლოს არიან, თუმცა სამივეს სხვადასხვა დაბრკოლება თუ გამოწვევა აქვთ - მაკედონიას წევრობის სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ 1999 წელს აქვს მიღებული, ალიანსში მის მიღებას კი საბერძნეთი ბლოკავს, რომელიც მაკედონიას სახელის შეცვლას სთხოვს. ქვეყნებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება ვერ ხერხდება. თავის მხრივ, 2008 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი უარს აცხადებდა სახელის შეცვალაზე NATO-ში გაწევრიანების მიზნით, თუმცა ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერა მაკედონიის მოსახლეობაში ასევე მაღალია.
ბოსნია-ჰერცეგოვინამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა 2010 წელს მიიღო. ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის დიდი ხანია ჩამოყალიბდა კონსენსუსი ალიანსში გაწევრიანების თაობაზე. მთავრობამ შეიარაღებული ძალების მასშტაბური რეფორმა წამოიწყო, რათა ალიანსის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
ამავე დროს, ალიანსის წევრობის გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება საზოგადოებრივი აზრი. ბოსნია-ჰერცეგოვინა ორი სუბიექტისგან შედგება - ხორვატ-მუსლიმური ფედერაციისა და სერბებით დასახლებული რესპუბლიკა სერბსკასგან. მართალია, 2009 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტი NATO-ს წევრობას ემხრობოდა, მაგრამ მოქალაქეების აზრი ამ საკითხზე ეთნიკური ნიშნით გაიყო - თუ ალიანსში გაწევრიანებას მუსლიმთა და ხორვატთა 90 პროცენტამდე ემხრობოდა, სერბებს შორის NATO -ში ინტეგრაციის მხარდაჭერა 35 პროცენტს არ აღემატებოდა. ქვეყნისთვის, რომელმაც 90-იან წლებში უსასტიკესი ეთნიკური კონფლიქტი გადაიტანა, საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ძირითად ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონსენსუსის არარსებობა შიდა სტაბილურობისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
ალიანსში გაწევრიანების კიდევ ერთი ოფიციალური კანდიდატის - მონტენეგროს მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ პრიორიტეტებად ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანება დაასახელა. MAP-ი მას 2009 წელს მიენიჭა. ქვეყანამ შეიარაღებული ძალების სრული გადაიარაღება დაიწყო და ალიანსის ოპერაციებში მონაწილეობს.
მაგრამ ინტეგრაციის პროცესისთვის მთავარი გამოწვევა მონტენეგროს შემთხვევაშიც საზოგადოებრივი აზრია. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 40-დან 50 პროცენტამდე მხარს უჭერდა NATO-ში გაწევრიანებას, დაახლოებით 40 პროცენტი კი - წინააღმდეგია. ამის მიზეზი ისაა, რომ მონტენეგროს მრავალი მოქალაქე უარყოფითად აფასებს NATO-ს ძალების მიერ 1999 წელს განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას იუგოსლავიის წინააღმდეგ, რომლის შემადგენლობაშიც მაშინ მონტენეგროც შედიოდა.
საზოგადოების განწყობის პრობლემა, დანარჩენი ასპირანტებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად არ დგას საქართველოში. 2008 წელს პლებისციტზე ქვეყნის მოსახლეობის 77 პროცენტმა NATO-ში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. მიმდინარე წლის მარტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 53 პროცენტი მხარს უჭერდა, 17 პროცენტი კი „სრულად უჭერდა მხარს” საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. წინააღმდეგი რესპონდენტთა მხოლოდ 7 პროცენტი აღმოჩნდა.
რაც შეეხება ასპირანტი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას, ის საკმაოდ განსხვავებულია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია მონტენეგროში - 13 ათასი აშშ დოლარი (საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2011 წლის მონაცემებით, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით). მაკედონიაში ეს მაჩვენებელი 11 ათასს, ბოსნია-ჰერცეგოვინაში - 8500-ს, საქართველოში - 5500 აშშ დოლარამდე შეადგენს.
გაწევრიანების მომენტისთვის (2008 წლის მონაცემებით) ალბანეთში მშპ ერთ სულზე 7740 დოლარს შეადგენდა, ხორვატიაში - 18 200-ს.
უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, CIA - The World Factbook-ის თანახმად, ამ ქვეყნებს შორის აქვს ბოსნიას - 43 პროცენტამდე. მაკედონიაში უმუშევრობა 30 პროცენტს აღწევს. ხორვატიაში - 18; საქართველოში - 16,3; ალბანეთში - 13, მონტენეგროში კი 11,5 პროცენტს არ აღემატება.
ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან დასაქმების სტრუქტურის მხრივაც. საქართველოში მოსახლეობის 55 პროცენტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მრეწველობაში - 9 პროცენტი, მომსახურებაში კი - 36. ალბანეთში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 47%25, 23 - მრეწველობაში და 30 - მომსახურებაში. ინდუსტრიასა და სერვისზე დასაქმების შედარებით დიდი წილი მოდის ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მაკედონიაში, სადაც მომსახურებაში მოსახლეობის 50-60 პროცენტია დასაქმებული. მონტენეგროსა და ხორვატიაში დასაქმების უდიდესი წილი მომსახურებაზე, 20-30 პროცენტი კი მრეწველობაზე მოდის.
ოთხივე ასპირანტსა და ალიანსის ახალ წევრებს ურბანიზაციის მსგავსი მაჩვენებლები ახასიათებთ. საქართველოში ქალაქის მოსახლეობის წილი 53 პროცენტია. ყველაზე დაბალი ეს მაჩვენებელი ბოსნიაშია (49%25), ყველაზე მაღალი - მონტენეგროში (61%25).
დემოკრატიის განვითარების ხარისხი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ამ მხრივაც ასპირანტებს განსხვავებული მდგომარეობა აქვთ. Freedom House-ის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, თავისუფალ ქვეყნებს მონტენეგრო განეკუთვნება, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო - ნაწილობრივ თავისუფალს.
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ოთხივე ქვეყანაში მედია ნაწილობრივ თავისუფალია. ამავე ნიშნით იმავე კატეგორიაში დღემდე რჩებიან ალიანსში ახალგაწევრიანებული ხორვატია და ალბანეთი. ეს უკანასკნელი დღემდე ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოდ მიიჩნევა.
გასულ წელთან შედარებით, საქართველომ მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაიუმჯობესა და Freedom House-ის რეიტინგში 111-ე ადგილი უკავია. ასპირანტებს შორის საქართველო ამ მხრივ უსწრებს მაკედონიას, რომელიც 115-ე ადგილზეა, თუმცა ჩამორჩება მონტენეგროს (75-ე ადგილი) და ბოსნია-ჰერცეგოვინას (95).
ამავე დროს, პრესის თავისუფლების მხრივ ოთხივე ასპირანტი საკმაოდ უსწრებს ალიანსის სტაჟიან წევრს, თურქეთს, რომელიც 117-ე ადგილზეა და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს განეკუთვნება.
კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, თუ Transparency International-ის რეიტინგებს დავეყრდნობით, საქართველოს ოთხივე ასპირანტს შორის პირველი ადგილი უკავია. კორუფციის აღქმის 2012 წლის ინდექსით (CPI), საქართველო 64-ე ადგილზე იმყოფება 4,1 ქულით და უმნიშვნელოდ უსწრებს მონტენეგროს (66 - 4,0). კორუფციის დონე მკვეთრად მაღალია ბოსნია-ჰერცეგოვინაში (3,2 ქულა და 91-ე ადგილი) და მაკედონიაში (3,9 - 69).
ხორვატია, ალიანსში გაწევრიანებისას, ანუ 2008 წლის მონაცემებით, იმავე ადგილზე იმყოფებოდა, რაზეც საქართველო, ალბანეთი კი მათ საგრძნობლად ჩამორჩებოდა.
Transparency International-ის კიდევ ერთი კვლევა - გლობალური კორუფციის ბარომეტრი, კორუფციის შესახებ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ეყრდნობა. 2011 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 77 პროცენტმა მიიჩნია, რომ ხელისუფლება კორუფციას ეფექტურად ებრძვის. ბოსნიაში ანალოგიური კვლევის შედეგად კორუფციასთან ბრძოლას ეფექტურად მხოლოდ 23 პროცენტი აფასებდა. მაკედონიაში - 53, NATO-ს წევრ ხორვატიაში - 28.
ქვეყნების განვითარების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსიც (HDI), რომელსაც გაეროს განვითარების სააგენტო აქვეყნებს. ინდექსი კეთილდღეობის დონის დასადგენად ისეთ მონაცემებს ეყრდნობა, როგორიცაა ეკონომიკის განვითარება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, განათლებისა და ცხოვრების დონე.
ოთხივე ასპირანტი კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. მათ შორის პირველ ადგილზე მონტენეგროა, რომელსაც მსოფლიოში ამ ნიშნით 54-ე ადგილი უკავია. შემდეგ მოდის ბოსნია-ჰერცეგოვინა (74), საქართველო (75), მაკედონია (78).
ხორვატია ასპირანტებს საგრძნობლად უსწრებს და „ძალიან მაღალი“ კეთილდღეობის სახელმწიფოებს შორის იმყოფება (46-ე ადგილი). ალბანეთი კი მხოლოდ 70-ე ადგილზეა და ასპირანტ მონტენეგროს ჩამორჩება.
ამ ქვეყნებში განათლების დონე შესაძლებელია სტუდენტების მიღწევათა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) რეიტინგის მიხედვით შეფასდეს. სახელმწიფოებს ცალ-ცალკე ქულები ენიჭებათ კითხვის, მათემატიკისა და დანარჩენი მეცნიერებების მიხედვით. 2009 წლის კვლევაში ხორვატია, მონტენეგრო და ალბანეთი მონაწილეობდნენ, 2010 წელს ორგანიზაციამ რეიტინგს საქართველოს შეფასებაც დაამატა. ამ მონაცემებით, მოწინავე პოზიციებზე იმყოფება ხორვატია (შესაბამისად, 476, 460 და 486 ქულით). საქართველო (374, 379 და 373) როგორც ხორვატიას, ისე მონტენეგროს და ალბანეთს ჩამორჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეიტინგის თანახმად, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობასა და მედიცინის ხელმისაწვდომობას აფასებს, საქართველო 114-ე ადგილზეა. ამ მხრივ მას უსწრებენ ასპირანტი ქვეყნებიც და ასევე, ხორვატია და ალბანეთი. მოწინავე ადგილი (43) ხორვატიას უკავია.
საქართველოს გამორჩეული მდგომარეობა აქვს მსოფლიო ბანკის 2012 წლის ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგის მიხედვით. ქვეყანა მსოფლიოში მე-16 ადგილზე მოხვდა და უსწრებს როგორც თანაასპირანტებს, ასევე ალიანსში ახალგაწევრიანებულ ქვეყნებს. მაკედონია 22-ე ადგილზეა, შემდეგ მოდიან: მონტენეგრო (56), ხორვატია (80), ალბანეთი (82), ბოსნია-ჰერცეგოვინა (125).
ასევე მოწინავე ადგილზეა საქართველო Heritage Foundation-ის მიერ შედგენილი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, სადაც 34-ეა და „საშუალოდ თავისუფალი“ ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. ამავე კატეგორიაში, თუმცა უფრო დაბალ პოზიციებზე, არიან მაკედონია (43) და მონტენეგრო (72), ასევე ალიანსის წევრები ალბანეთი (57) და ხორვატია (83). ბოსნია-ჰერცეგოვინა 104-ე ადგილზეა და „მეტწილად არათავისუფალი“ ეკონომიკის კატეგორიაში იმყოფება.
გლობალური კონკურენტუნარიანობის ბოლო ინდექსის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა შეადგინა, სხვა ასპირანტ ქვეყნებს მონტენეგრო უსწრებს (მე-60 ადგილი). მას ჩამორჩებიან - ხორვატია (76), ალბანეთი (78), მაკედონია (79) და საქართველო (88). თუმცა საქართველო ბოსნია-ჰერცეგოვინას (100) უსწრებს.
ამავე დროს, საქართველო გამორჩეულ ადგილს იკავებს კრიმინოგენული სიტუაციის კუთხით. ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ვიქტიმოლოგიისა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხთა ცნობილმა სპეციალისტმა, ჰოლანდიელმა ან ვან დაიკმა ჩაატარა.
კვლევა მოქალაქეთა გამოკითხვას ითვალისწინებდა იმის თაობაზე, თუ რამდენად დაზარალდნენ ისინი კრიმინალისგან 2011 წელს. ავტომანქანის გატაცება, ქურდობა, ძარცვა და თავდასხმა-მუქარა - ამ დანაშაულებისგან გამოკითხულთა მხოლოდ 0-დან 0,5 პროცენტამდე დაზარალდა. ბოლო წლებში საქართველოში დანაშაულის მაჩვენებლები მუდმივად იკლებდა.
ვან დაიკის დასკვნით, „საქართველო დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან, რამდენიმე წელიწადში, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნა“.
საქართველოში პრაქტიკულად დამარცხებულია ორგანიზებული დანაშაული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ 2009 წლის შემდეგ ძალადობრივი დანაშაული გაიზარდა ალბანეთში. ქვეყანაში კვლავ მაღალ დონეზეა ორგანიზებული დანაშაული. ბოლო წლებში კრიმინალი გაიზარდა ბოსნიაშიც - უმეტესად შეიარაღებული ძარცვა და ავტომანქანების გატაცება. ქურდობა და ორგანიზებული დანაშაული ასევე გავრცელებულია მაკედონიაში. შედარებით დაბალ დონეზე რჩება კრიმინალი ხორვატიასა და მონტენეგროში.
ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობა, როგორც ალიანსის ამოცანების პრაქტიკული მხარდაჭერა და მისი წევრების უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თითოეული ქვეყნისთვის NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. პოლიტიკურის გარდა, ავღანეთის მისიას წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის სამხედრო განზომილებაც აქვს - სწორედ ერთობლივი საბრძოლო მისიების დროს იხვეწება ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავსებადობა ალიანსის სამხედრო ძალებთან და ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობით საბრძოლო გამოცდილების დონეც იზრდება.
ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის NATO-ს და მოკავშირე ქვეყნების ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუსვამთ ხაზი. დღეისთვის ავღანეთში 800-მდე ქართველი სამხედრო იმყოფება. მათი უდიდესი ნაწილი, ერთი ბატალიონის სახით, საბრძოლო დავალებებს ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებს. კიდევ ერთი ბატალიონი ავღანეთში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.
საქართველოს ფონზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება როგორც სხვა ასპირანტი ქვეყნების, ასევე NATO-ს ახალი წევრების წვლილი. ალბანეთს ავღანეთში 290 სამხედრო ჰყავს, ქაბულსა და დასავლეთ რეგიონში. ხორვატიას - 320, დედაქალაქსა და შედარებით უსაფრთხო ჩრდილოეთში. მონტენეგროს კონტინგენტი 39 სამხედრო მოსამსახურით შემოიფარგლება, ბოსნიის - 59, ორივე კონტინგენტი ჩრდილოეთ რეგიონშია. მაკედონია ISAF-ის ოპერაციაში საერთოდ არ მონაწილეობს.
![]() |
5 რას ემყარება ოცნება უკეთეს დემოკრატიაზე |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
ვთქვათ, მიშა დიქტატორია.
ეს რომ დავწერე, გავიფიქრე: ახლა სიტყვას „ვთქვათ“ მოაჭრიან და სიხარულით დაატრიალებენ ინტერნეტფორუმებზე: გია ნოდიამაც იგრძნო, ქარი საით უბერავს და „ჩვენკენ“ გადმოდისო. მაგრამ რა ვქნა, არც ისე პატიოსანი ან არც ისე ჭკვიანი ხალხის შიშით ხომ არ გავჩუმდები.
რისთვის ვაკეთებ ასეთ დაშვებას? ბევრ მათგანს, ვინც მიხეილ სააკაშვილს დიქტატორად თვლის, ჰგონია, რომ თუ არჩევნებში ქართული ოცნება გაიმარჯვებს, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა გახდება. ამ სტატიას სწორედ ამ ხალხისთვის ვწერ, თორემ განა არ მესმის, რომ „დიქტატურაზე“ მოყვირალთაგან ძალიან ბევრს სინამდვილეში სწორედ რომ დიქტატურა უნდა, ოღონდ თავისიანების.
რას ემყარება ეს იმედი? მიუკერძოებლობის პრეტენზიის მქონე ექსპერტებს ძალიან არ უყვართ ამ საკითხის დასმა, იმიტომ რომ ცეცხლივით ეშინიათ, ფარული „მიშისტობა“ არ დაგვაბრალონო. მაგრამ საღად მოაზროვნე ამომრჩეველთა უმრავლესობა სწორედ ამ კითხვას სვამს: კი ბატონო, მთავრობას ბევრი რაღაცა ეშლება, მაგრამ საიდან ვიცით, რომ „ესენი“ უკეთესები იქნებიან?
ლოგიკის და პასუხისმგებლობის დეფიციტი
ჯერ ლოგიკურ შეუსაბამობაზე მივუთითებ, რომელსაც რატომღაც ვერავინ ამჩნევს. თუ არჩევნებში ქართული ოცნება გაიმარჯვებს (აქაც დავაზუსტებ არც ისე ჭკვიანი და პატიოსანი ხალხისთვის: „თუ“- მეთქი, იმას კი არ ვამბობ, რომ ველი ასეთ გამარჯვებას), ეს იმის საბუთი იქნება, რომ საქართველო დიქტატურა არ ყოფილა (ნამდვილი დიქტატურების ბოლო არაბულ ქვეყნებში ვნახეთ). შესაბამისად, ხალხს, ვინც ამ ორ რამეს ამბობს: (1) საქართველო დიქტატურაა, და (2) ქართული ოცნება არჩევნებში გაიმარჯვებს, სიტყვა „დიქტატურის“ მნიშვნელობა არ ესმის.
მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ჩვეულებრივ ქართულ ჰიპერბოლასთან გვაქვს საქმე: „დიქტატურაში“ იგულისხმება არა მართლა დიქტატურა, არამედ მეტად არასრულყოფილი დემოკრატია (ამაში მეც დავეთანხმები). ჰოდა, რატომ სწამთ, რომ ქართული ოცნება მას სრულყოფილ დემოკრატიად აქცევს?
ასე მოფიქრალთა შორის ბევრია ისეთი, ვინც თავის დროზე არანაკლები ენთუზიაზმით შეუერთდა „ვარდების რევოლუციას“. მის ყველა ჭკუათმყოფელ მომხრეს ესმოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მოჰყავდა ხელისუფლებაში. მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის ინტელექტუალ წარმომადგენლებს ხშირად ეკითხებიან: რომ იძახით სააკაშვილზე, მისი გუნდი კრიმინალთა ბანდააო, თქვენი მოყვანილი არ არისო? ამაზე იშმუშნებიან: არა, მაინც სწორი ვიყავით, შევარდნაძის დროს სტაგნაცია იყოო (ანუ კრიმინალთა ბანდის თარეში ჯობია „სტაგნაციას“).
აქ პრობლემა ის კი არაა, რომ პოლიტიკოსებს არ უყვართ შეცდომების აღიარება. მთავარია, რომ მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის განცდა აქვთ ატროფირებული. ეს ეხმარებათ, დღესაც გვერდით დაუდგნენ პოლიტიკოსს, ვინც ასავალ-დასავალის ღირებულებებით აზროვნებს და ღიად გვემუქრება ისეთი გარემოს შექმნით, სადაც საჯაროდ ვეღარავინ „იტყვის ტყუილს“ და ვერ „იდემაგოგებს“ - ანუ შეუძლებელი გახდება მისი პერსონის კრიტიკა. მერე, იმ წარმოსახვით ვითარებაში, როცა ივანიშვილს მართლა მიეცემა თავისი ნამდვილი პროგრამის განხორციელების საშუალება და რესპუბლიკელებს მოჰკითხავენ, ამის ხელისუფლებაში მოსვლას რატომ შეუწყვეთ ხელი, იტყვიან, რა ვქნათ, რა ჩვენი ბრალია, ჩვენ ხომ კარგი გვინდოდაო.
უკრაინული დილემა
ერთი არგუმენტი, რაც მესმის, შემდეგია: ქართული ოცნების გამარჯვება კარგია დემოკრატიისთვის თვით იმ გარემოების გამო, რომ ის არჩევნებით მოვა ხელისუფლებაში და არა რევოლუციით. ეს ჩემთვის სერიოზული მოსაზრებაა და რევოლუციური მეთოდებისგან გამიჯვნისთვის სულ ვაქებ ბ-ნ ბიძინას (ვინ გიფასებს, მაგრამ არაუშავს). გამოცდილება ნამდვილად გვიჩვენებს, რომ მეტი შანსია, არჩევნებით მოსული ხელისუფლება მერე დემოკრატიის წესებს დაემორჩილოს.
თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს. საუკეთესო მაგალითი ჩვენი ყოფილი სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინაა. როცა „ნარინჯისფერმა“ ხელისუფლებამ იქ არჩევნები წააგო, ყველა სააკაშვილს უყიჟინებდა: აი, შეხედე ნამდვილ დემოკრატებს, არჩევნები წააგესო, უკრაინა დემოკრატიაა, საქართველო კი - დიქტატურაო. მაგრამ იმ არჩევნებში გამარჯვებულმა იანუკოვიჩმა გადადგა ნაბიჯები, რის შედეგადაც უკრაინამ თავისუფლების ყველა რეიტინგში დაიწია და დღეს აღარ თვლიან ჩვენზე დემოკრატიულ ქვეყნად.
რისი თქმა მინდა - ესე იგი, ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში არჩევნები არ უნდა მოვაგებინოთ? არა, ბატონო. მაგრამ ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის წესები დამკვიდრებული არაა, ძალიან ყურადღებით უნდა შევხედოთ, რა ღირებულებების მატარებელია ოპოზიცია და რის გაკეთებას აპირებს გამარჯვების შემდეგ. თუ მისი ლიდერი ყოველ ნაბიჯზე აცხადებს, აუცილებლად კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მოვიდე და მერე კონსტიტუცია ჩემს ჭკუაზე გადავკეროო, რომ ჩემ გარდა არავინაა ნამდვილი ოპოზიცია, რომ ჩემი მაკრიტიკებელი ყველა ჟურნალისტი გაყიდულია და ა.შ., ზედმეტი ილუზიები არ უნდა გვქონდეს.
კოალიციური დემოკრატიის მირაჟი
ოპოზიციური დემოკრატების სეფე-არგუმენტია, რომ მათი წარმოსახული ახალი ხელისუფლება კოალიციური იქნება და სწორედ ამიტომ მოიტანს დემოკრატიას. იმავე რესპუბლიკელებს დღესაც ვერ მოუნელებიათ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ მათთან ფორმალური კოალიცია არ გააფორმა და ერთიანი სიით პარლამენტში შემოსვლა შესთავაზა - სწორედ ეს ჩაუთვალეს ავტორიტარიზმის პირველ ნიშნად.
(აქვე განვმარტავ: რესპუბლიკელებს ასე ხშირად იმიტომ ვახსენებ, რომ ოპოზიციური სწრაფვების ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე ყველაზე მეტად ისინი ზრუნავენ).
ზოგადად, არის დემოკრატიული ქვეყნები, სადაც მთავრობები როგორც წესი კოალიციურია, და სხვა ქვეყნები, სადაც მთავრობები როგორც წესი ერთპარტიულია. რომელი ჯობია - ამაზე თეორეტიკოსები კამათობენ, თუმცა თანხმდებიან, რომ ორივე სავსებით დემოკრატიულია.
მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამაზე ლაპარაკი დროის ფლანგვაა, რადგან ქართული ოცნება ფსევდოკოალიციაა. კოალიცია ნიშნავს გაერთიანებას, სადაც წევრები თავისი ძალებით, რესურსებით შემოდიან და ამის შესაბამისად მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღებაში. პოლიტიკაში მთავარი რესურსია ამომრჩეველთა მხარდაჭერა. ამიტომ, დემოკრატიული ქვეყნებში კოალიციები არჩევნების შემდეგ დგება: ერთ პარტიას შემოაქვს, ვთქვათ, 25 პროცენტი, მეორეს - 15, მესამეს 5 და ასე შემდეგ, სანამ 50-ს გადააჭარბებენ.
წინასაარჩევნო კოალიციები ახასიათებს მხოლოდ გარდამავალ, ჩამოუყალიბებელ დემოკრატიებს, სადაც პოლიტიკური პარტიების სისტემები ჯერ ნედლია. მაგრამ აქაც კოალიციები ადამიანური და ფინანსური რესურსების გასაერთიანებლად იქმნება.
რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ სიამაყით განაცხადა, ქართულ ოცნებაში გადაწყვეტილებებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი იღებსო. ეს იმათ მოსაგერიებლად დასჭირდა, ვინც მის პარტიას აბრალებდა, ივანიშვილს თავის აზრს ახვევენო. მაგრამ ამით ისიც აღიარა, რომ ქართული ოცნება არავითარი კოალიცია არ არის. აქ აქციების საკონტროლო პაკეტს ერთი კაცი ფლობს, ამიტომ, სრულიად სამართლიანად, გადაწყვეტილებებსაც ის იღებს. ალბათ, სხვასაც უსმენს, რჩევებს ითვალისწინებს: არ ვიცი, შიგნით რა და როგორ ხდება, მაგრამ ეს მხოლოდ მენეჯმენტის ტექნიკაა. „ოცნება“ ფირმაა, რომლის უფროსი თავისი გემოვნების მიხედვით ქირაობს თანამშრომლებს: ვთქვათ, იყვანს ზვიად ძიძიგურს და იწუნებს კახა კუკავას, ან პირიქით. რა მნიშვნელობა აქვს?
აქედან არ გამომდინარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია ან ცუდი მენეჯერი. უბრალოდ, ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, პრინციპულად შეუძლებელია, ქართული ოცნება შინაგანად უფრო პლურალისტური პოლიტიკური ძალა იყოს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. მისი კოალიციურობა იურიდიული ფიქციაა. თუ ვინმეს უნდა, დაგვარწმუნოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის უფრო დემოკრატიულად მოიქცევა, „კოალიციურობის“ არგუმენტი არ უნდა მოიყვანოს.
![]() |
6 თავისუფლების ფრონტი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე აშშ-ში აბორტის მომხრეების რაოდენობა რეკორდულად დაეცა. Gallup-ის სტატისტიკით, აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 41%25 აიგივებს თავს „არჩევანის“, ანუ აბორტის მომხრეებთან. მათმა რიცხვმა შარშანდელთან შედარებით ექვსი პროცენტით იკლო. 1995 წელთან შედარებით, აბორტის მომხრე საზოგადოების წილი 15%25-ითაა შემცირებული. პარალელურად, სიცოცხლის მხარდამჭერთა ოდენობამ 50%25-ს მიაღწია, მაშინ როცა ოციოდე წლის წინ ეს მაჩვენებელი 33%25 იყო.
აბორტის მზარდი მიუღებლობის პარალელურად, ამერიკელები ჰომოსექსუალთა მიმართ სულ უფრო შემწყნარებლები ხდებიან. ათი წლის მანძილზე მათ მიმართ ტოლერანტობა სწრაფად, 14%25-ით გაიზარდა. ამერიკულ ჯარში ცოტა ხნის წინ გაუქმდა დამკვიდრებული წესი „არ იკითხო, არ თქვა“, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის სამხედრო პირს საკუთარ ორიენტაციაზე საუბარს უკრძალავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა მაისში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ერთსქესიანი წყვილების სამოქალაქო ქორწინების შემოღებას - ამასვე ფიქრობს მოსახლეობის 54%25.
ერთი მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჰომოსექსუალთა ემანსიპაცია პროგრესისტული იდეოლოგიის გამარჯვების ნიშანია და საზოგადოებრივი განვითარების ობიექტურ კანონზომიერებას წარმოადგენს. მეორე მხრივ, ამ ვარაუდს ეწინააღმდეგება აბორტის მიუღებლობის მზარდი მაჩვენებელი. თანაც, კვლევებიც მოწმობს, რომ ამერიკული საზოგადოება ბევრად კონსერვატული გახდა. 1992 წელს, როცა ბილ კლინტონი იყრიდა კენჭს, ზრდასრული მოსახლეობის 43%25 თავს ზომიერად თვლიდა, 36%25 კონსერვატორად და 17%25 ლიბერალად. 2012 წლის დასაწყისში ზომიერთა რაოდენობა 35%25-მდე შემცირდა, ხოლო ლიბერალებმა და კონსერვატორებმა 4 პროცენტით წაიწიეს - 40%25-სა და 21%25-ს მიაღწიეს.
თუ ნაყოფის მოცილებას ქალის საკუთარ სხეულზე უფლების ნაწილად განვიხილავთ, აბორტის მოწინააღმდეგეების და ჰომოსექსუალთა მიმღებლობის ერთდროული ზრდა წინააღმდეგობრივ სურათს გვაძლევს. გამოდის, რომ საზოგადოება ქალთა მიმართ ნაკლებად, ხოლო ჰომოსექსუალთა მიმართ მეტად ტოლერანტული ხდება. ეს პროცესი ან იდეოლოგიური შიზოფრენიით უნდა ავხსნათ, ან მიზეზი სხვაგან ვეძიოთ.
ამერიკის, როგორც ერის იდეა დაფუძნებულია ბუნებითი თავისუფლების ფასეულობაზე: „ჩვენთვის თავისთავად ცხადია ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილნი არიან როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა“ - აცხადებს აშშ-ის აბორტის მზარდი მიუღებლობის პარალელურად, ამერიკელები ჰომოსექსუალთა მიმართ სულ უფრო შემწყნარებლები ხდებიან. დამოუკიდებლობის დეკლარაცია. აქედან გამომდინარე, ამერიკელები, განურჩევლად პარტიული თუ იდეოლოგიური კუთვნილებისა, მიდრეკილნი არიან, მხარი დაუჭირონ თავისუფლების გაფართოებას ნებისმიერი კატეგორიის ადამიანთა ჯგუფისთვის.
ამ პროცესს ფრონტირსაც ადარებენ - ამერიკის კოლონიზებულ და ველურ ტერიტორიებს შორის არსებულ საზღვარს, რომელიც თანდათან ფართოვდებოდა. ანალოგიურად, უუფლებო ჯგუფები ნაბიჯ-ნაბიჯ ექცეოდნენ სამოქალაქო უფლებების საზღვარს შიგნით. ასე მივიდა ამერიკული საზოგადოება ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების აღიარებასთან, რასობრივი სეგრეგაციისა და ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციის დამარცხებასთან. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე შავკანიანი ახალი ქალი იყო, ჰომოსექსუალი - ახალი შავკანიანი. ამ ლოგიკით, ჩანასახი ახალი ჰომოსექსუალი გამოდის - თუ გავითვალისწინებთ, რომ ტენდენცია დაუბადებელი ადამიანების უფლებათა თანასწორობის აღიარებისკენ იხრება.
თუმცა ეს განწყობები ჯერ საკმარისად ძლიერი არაა, რომ განვითარების პირველ ეტაპზე მყოფთა უფლებები კანონში აისახოს. მაგალითად, გასულ კვირას ხმათა საკმარისი რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლო ამერიკის სენატში შესულმა კანონპროექტმა სქესობრივი შერჩევით გაკეთებული აბორტის აკრძალვის შესახებ.
მსოფლიოში სელექციური აბორტის მსხვერპლი ყოველწლიურად 100 მილიონამდე დაუბადებელი ქალი ხდება. შედეგად, ყოველ 100 ქალზე 105 კაცი იბადება, რაც სქესობრივ ბალანსს არღვევს და ეს კვლავ ქალების წინააღმდეგაა მიმართული. ქალთა უფლებების სახელით დამკვიდრებულმა აბორტმა, საბოლოოდ, მათვე შეუქმნა პრობლემები. გინოციდი შობადობის კონტროლის უტოპიური იდეებიდან მომდინარეობს. მიდგომა, რომელიც ნაყოფს ქალის საკუთრებად განიხილავს და მას საკუთარი შვილის დემიურგად აცხადებს, საბოლოოდ, სიცოცხლეზე ძალადობის მრავალგვარ, მათ შორის, ფაშისტურ ნაირსახეობად გვევლინება.
შობადობის კონტროლის იდეის დაარსებაში ევგენიკაც იმალება. ევგენიკა ფსევდოსამეცნიერო იდეოლოგიაა, რომლის მიხედვით, ადამიანური მოდგმა შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ შეჩერდება გენეტიკური დეფექტებითა და „არასასურველი პიროვნული ნიშნით“ დაბადებულ „უნარშეზღუდულთა“ რეპროდუქცია. ამის მაგალითი შობადობის კონტროლისთვის მებრძოლი ფემინისტი მარგარეტ სენგერია. სენგერი თავის წიგნში ღიად წერდა, რომ აბორტებისა და ოჯახის დაგეგმვის მიზანი იყო „მეტი ბავშვი სასურველთაგან - ნაკლები არასასურველთაგან“.
არასასურველი პიროვნული ნიშანი კი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაფერი, რასაც განათლებული ელიტა საჭიროდ ჩათვლის. აბორტის უფლებისთვის მებრძოლებს, არცთუ იშვიათად, შავკანიანი მოსახლეობის გამრავლებისთვის ხელის შეშლა სურდათ. მეოცე საუკუნეში ეს ჯგუფები არ მალავდნენ, რომ კონტრაცეფციის ბენეფიტად შავკანიანთა რაოდენობის შემცირებას ელოდნენ. ამას, თავის მხრივ, დანაშაულის შემცირება უნდა მოჰყოლოდა.
ფემინისტური გამოცემები აქტიურად უჭერდნენ მხარს გებელსისა და ჰიტლერის სტერილიზაციის იდეებს და მათ „შობადობის კონტროლის აუცილებელ ჰიგიენას“ ეძახდნენ. აბორტის შემთხვევაში, განსხვავება ისაა, რომ არასასურველი ადამიანთა ჯგუფის წარმომადგენლების მოშორება ამჯერად არა გაზის კამერებში, არამედ გინეკოლოგიურ კაბინეტებში ხდება.
აბორტის თანამედროვე მომხრეებს რასისტული და ევგენიკური იდეები იშვიათად ამოძრავებთ და ძირითადად ქალთა სხეულებრივ უფლებაზე აპელირებენ. ისინი ჩანასახის მოცილებას პლასტიკური ქირურგიისგან ვერ ანსხვავებენ. თუმცა, თავად ჩანასახის სრულუფლებიან ადამიანად არაღიარება ძველ სპარტასა თუ ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში გაბატონებულ მიდგომებს იყენებს: პიროვნების ღირსება ქმედუნარიანობისა თუ განვითარების ეტაპის მიხედვით განისაზღვრება და არა მისი არსებობის ფაქტის გამო.
ჭირს გააზრება, რომ ემბრიონი ისეთივე უფლებებს უნდა ფლობდეს, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. უმრავლესობა ჩვენთაგანი იცნობს მინიმუმ ერთს, რომელსაც აბორტისთვის მიუმართავს. არავის ხიბლავს იდეა, რომ მისი ოჯახის წევრი, მეგობარი ან თავად, ოდესღაც ადამიანური სიცოცხლის ხელმყოფი გამხდარა. ამიტომ, ხშირად უარს ვამბობთ, ვაღიაროთ, რომ ოდესღაც ყველანი ვიყავით ჩანასახი და ეს ჩვენი სიცოცხლის პირველი ეტაპი იყო: განაყოფიერებულ უჯრედში უკვე ვარსებობდით გენეტიკით, ხასიათით, თვალის ფერით და ყველა იმ ნიშან-თვისებით, რომელიც ბიოლოგიურად გვეკუთვნის. მაშინ არ შეგვეძლო აზროვნება, მეტყველება, სიარული და არ გვქონდა იმგვარი ანატომიური აგებულება, როგორიც ახლა, თუმცა ჩვენ გვერდით დღესაც არსებობენ უფრო „ხილული“ ადამიანები, ვინც ამ „სტანდარტებს“ ვერ პასუხობენ - ახალშობილები, უნარშეზღუდული თუ ვეგეტაციურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. აქამდე განსხვავება ის იყო, რომ ჩანასახს ვერ ვხედავდით, დღეს ტექნოლოგიათა განვითარებამ ამის საშუალებაც მოგვცა.
სხვა ჯგუფები აბორტის მსხვერპლთაგან იმით განსხვავდებიან, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. მაგალითად, ლგბტ უფლებადამცველები ქორწინების თანასწორობაზე საუბრობენ. მათ სურთ, ერთსქესიანმა წყვილებმა შეძლონ ისეთივე სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა, როგორც ჰეტეროსექსუალებმა. თუმცა, ზოგადად სახელმწიფო რეგულაციებისგან ქორწინების თავისუფლებაზე უფრო სწორი იქნებოდა საუბარი. აბორტის შემთხვევაში, სახელმწიფოს დისკრიმინირებული ჯგუფის პრივილეგირება არ უწევს - მან ადამიანის სიცოცხლე განვითარების ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას.
![]() |
7 ინტერნეტი საერთაშორისო საფრთხის პირისპირ |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
ინტერნეტის გავლენის ზრდასთან ერთად, მატულობს მასზე კონტროლის მოპოვების სურვილიც. ამჟამად, ვების მართვის სადავეების ხელში ჩაგდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სურს. ამისათვის კი გაეროს მოუწევს, რომ ამერიკას ინტერნეტზე კონტროლის მექანიზმები ჩამოართვას. თავის მხრივ, აშშ პირობას დებს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს.
გლობალური ქსელის მომავალს დეკემბერში დუბაიში განიხილავენ - კონფერენციაზე გაეროს 193 ქვეყნის დელეგატი საერთაშორისო კომუნიკაციების რეგულაციებს გადახედავს. ამჟამად საერთაშორისო ტელეკომუნიკაციებზე მოქმედ „ძირითად პრინციპებს“ ადგენს 1988 წელს მიღებული ხელშეკრულება, რომელზეც ხელი 178 ქვეყანას აქვს მოწერილი. თუმცა, ბოლო ათწლეულებმა ბევრი რამ შეცვალა: ტელეკომუნიკაციებმა სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი განიცადა, გაფართოვდა კონკურენცია ლიბერალურ ბაზრებს შორის და მოხდა ნაციონალური ტელეკომუნიკაციების პროვაიდერების პრივატიზაცია. შედეგად, პირველად მისი მიღების შემდეგ, დუბაიში ხელშეკრულების მოდერნიზება სურთ.
გაეროს ერთ-ერთი ორგანოს, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის მთავარი არგუმენტი შემდეგია: რადგან ინტერნეტი გლობალურია, მისი მართვა გლობალური სტანდარტებითვე უნდა მოხდეს. ამიტომ ქსელზე საერთაშორისო კონტროლი უფრო სამართლიანი იქნება, ვიდრე ერთი კონკრეტული ქვეყნის. წინადადებას რუსეთი და ჩინეთი ლობირებენ, მხარს უჭერენ ინდოეთი და ბრაზილიაც.
ამ მიმართულებით გაერო პირველად არ გააქტიურებულა. 2005 წელს ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტზე (WSIS), საერთაშორისო ორგანიზაციამ ინტერნეტის მართვის ინტერნაციონალიზების გზების მოძიებისთვის მანდატი მიიღო. გასულ ივნისს ვლადიმირ პუტინმაც განაცხადა, რომ მისი მიზანია დამყარდეს „საერთაშორისო კონტროლი ინტერნეტზე“ და ამის საფუძველი სწორედ საერთაშორისო კომუნიკაციების ხელშეკრულება უნდა გახდეს. რუსეთისა და ჩინეთის აზრით, ინტერნეტის კონტროლის გაეროს კომპეტენციაში გადასვლა განვითარებად ქვეყნებს მეტ წონას შესძენს, თან აშშ-ისგან დამოუკიდებლად.
საქმე ისაა, რომ ინტერნეტი დღემდე რჩება თავისუფალი სიტყვის უმთავრეს სივრცედ. ამას ქსელის დეცენტრალიზებული ხასიათი და მის შინაარსზე მთავრობების მინიმალური გავლენა განაპირობებს, გარდა გამონაკლისი ტოტალიტარული სახელმწიფოებისა. როგორც წესი, ინტერნეტთან წვდომას, ვებჰოსტინგს თუ დომეინის (მისამართის) რეგისტრაციას კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.
კალიფორნიაში 1998 წლიდან არსებობს არასამთავრობო არასამეწარმეო ორგანიზაცია „მინიჭებული სახელების და ნომრების ინტერნეტკორპორაცია“ (ICAAN), რომელიც ინტერნეტის რამდენიმე ფუნდამენტურ მექანიზმს აკონტროლებს. ერთ-ერთია დომეინების განაწილება - რაც ანალოგიური მისამართების მრავალჯერ დარეგისტრირებას გამორიცხავს. ორგანიზაცია აკონტროლებს IP მისამართებსაც, რომელიც ყველა კომპიუტერს საკუთარი აქვს. ეს ფუნქციები, ICAAN-ის შექმნამდე, მთავრობის კონტროლქვეშ იყო.
ინტერნეტზე საერთაშორისო კონტროლი ტარიფებისა და სხვა სახის შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ცვლილება უცხოურ სატელეფონო კომპანიებს მისცემს შანსს, ფასი დაადონ „საერთაშორისო“ ინტერნეტტრაფიკს; ამასთან, დააწესებს ეკონომიკურ რეგულაციებსა და პირობებს ამჟამად არარეგულირებული ურთიერთობებისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებარებს ინტერნეტსაზოგადოებასა და სხვა ჯგუფებს, რომლებიც ინტერნეტის მუშაობის ტექნიკურ სტანდარტებს ქმნიან. საბოლოოდ, მსოფლიო ქსელი ცენტრალიზებული მართვის სისტემაში მოექცევა.
გასულ კვირას, კონგრესზე განხილვის შემდეგ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, კანონმდებლებმა და ტექნოლოგიურმა ლიდერებმა, ინტერნეტის გაეროს კონტროლქვეშ გადასვლას ერთმნიშვნელოვნად განუცხადეს „არა“. ობამას ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ ყველაფერს იზამს, რათა დუბაიში ეს წინადადება არ გავიდეს.
„ინტერნეტის წარმატებამ ზოგიერთი ქვეყანის მთავრობას გაუღვიძა მშფოთვარე სურვილი, შექმნას ახალი საერთაშორისო წესები, რომლებიც ქსელის განვითარებას და მის მრავალასპექტიან წარმატებას საფრთხეს შეუქმნიან“, - განაცხადა ვინტ სერფმა, მეცნიერმა, რომელსაც ხშირად „ინტერნეტის მამასაც“ უწოდებენ. მისივე თქმით, გაეროს კონტროლი „შეიცავს საფუძვლიან და სარისკო შედეგებს ინტერნეტისა და მისი მომხმარებლის მომავლისთვის. თუ უყურადღებოდ დავტოვებთ იმას, რაც ხდება, მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლები ღია და თავისუფალი ინტერნეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგებიან“.
შტატებში შიშობენ, რომ კომერციული საფრთხეების გარდა, დარტყმის ქვეშ დადგება გამოხატვის თავისუფლებაც, განსაკუთრებით, ავტორიტარულ ქვეყნებში. აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის რესპუბლიკელმა წევრმა, რობერტ მაკდაუელმა განაცხადა, რომ რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების მცდელობამ, ინტერნეტზე გაეროს კონტროლის ზრდას მიაღწიონ, შესაძლოა, ცენზურასთანაც მიგვიყვანოს.
შემთხვევითი არ არის, რომ წინადადებას რუსეთის და ჩინეთის მსგავსი არათავისუფალი ქვეყნები ლობირებენ. საბოლოო ჯამში, სწორედ მათ არ აძლევთ ხელს ამ მნიშვნელოვანი სერვისის ამერიკის მიერ კონტროლი. ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ ინტერნეტის პოტენციალს, შეარყიოს ავტორიტარული რეჟიმები.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის წევრთა ნაწილი, რომელიც ახლა ინტერნეტის კონტროლის არდაშვებას გვპირდება, გასულ წელს თავად უჭერდა მხარს გახმაურებულ SOPA-ს და PIPA-ს კანონპროექტებს, რომლებიც საავტორო უფლებების დაცვის მოტივით ფართო ვალდებულებებს დააკისრებდა ინტერნეტპროვაიდერებს და სხვა ჯგუფებს. თავის დროზე ობამას ადმინისტრაცია ამისთვის გააკრიტიკეს და გამოხატვის თავისუფლებასა და ღია ინტერნეტზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. აშშ-ში ხსენებული კანონპროექტები ჩავარდა, თუმცა უფრო სახიფათოა ინტერნეტზე გაეროს კონტროლი, რადგან მრავალ ძლიერ და არცთუ თავისუფალ სახელმწიფოს სურს გავლენის მოპოვება. თან ბევრად საფუძვლიანის, ვიდრე ეს SOPA-ს ან PIPA-ს შეეძლო.
მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში ინტერნეტზე ცენზურაა დაწესებული, მაგრამ ცალკეულ მთავრობებს დანარჩენ მსოფლიოზე ზემოქმედების ბერკეტები არ აქვთ: ჩინეთს შეუძლია, საკუთარ მოქალაქეებს კიბერთავისუფლება შეუზღუდოს, თუმცა ის ვერ შეზღუდავს დანარჩენ სახელმწიფოებს. საერთაშორისო კონტროლი მეტად სარისკოა: მაგალითად, შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი კრიტიკული ვებსაიტის არადემოკრატიულად ან არაპოლიტკორექტულად გამოცხადება და მისი ერთბაშად ყველასათვის აკრძალვა. დიდი ალბათობით, ამ შანსით სწორედ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მსურველი ქვეყნები ისარგებლებენ - საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირში თითოეულ წევრს თითო ხმის უფლება აქვს.
უკანასკნელი ათწლეულების მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ში არსებული მინიმალური კონტროლის სისტემა მსოფლიო ქსელის თავისუფლების უზრუნველყოფას კარგად ახერხებს: 1992 წლიდან ვებგვერდების რაოდენობა 50-დან 377 მილიონამდე გაიზარდა. 1995 წელს სულ 16 მილიონი ინტერნეტმომხმარებელი არსებობდა, დღეს კი მათი რიცხვი 2 მილიარდზე მეტია. გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს იმ წესების ცვლილება, რომლებიც ისედაც კარგად მუშაობს, თუმცა სხვადასხვა ჯგუფებსა თუ რიგით მომხმარებელს სულ უფრო ხშირად უწევს ნერვიულობა საფრთხეებზე, რომლის წინაშეც თავისუფალი ვებსივრცე დგება.
![]() |
8 სუროგატი დედები - ხელოვნური განაყოფიერება |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
ახალშობილის გაჩენასთან დაკავშირებული დადებითი ემოციები, როგორც ამბობენ, წყვილს ორსულობის პერიოდის ყველა უსიამოვნო მომენტს ავიწყებს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ბავშვს ცხრა თვის განმავლობაში ატარებს, აჩენს და შემდეგ სამუდამოდ ემშვიდობება. მათ სუროგატ დედებს ეძახიან.
სუროგატ დედებს ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ისინი უშვილო წყვილებს შვილის გაჩენაში ეხმარებიან და ამისთვის, რიგ ქვეყანებში, სოლიდურ თანხას იღებენ. ზოგან სუროგაცია კანონითაა აკრძალული, მაგალითად - გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, იტალიასა და შვეიცარიაში. ისრაელში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და ავსტრალიაში კანონი მხოლოდ კომერციულ სუროგაციას კრძალავს, თუმცა ალტრუისტი სუროგატი დედების დეფიციტის გამო, ამ ქვეყნებში სუროგაცია პრაქტიკულად მკვდარია.
სუროგატთათვის ფულის გადახდა მიღებულია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში: რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში. სუროგაცია, როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა, საქართველოს კანონმდებლობითაც (1997 წელს მიღებული კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ) დაშვებულია. ამასთან, პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯების სიმცირე, განსაკუთრებით, უცხოელ უშვილო წყვილებს იზიდავთ.
უცხოელ წყვილს, რომელსაც დონორ-სუროგატი სჭირდება და პირველივე ცდაზე იღებს სასურველ შედეგს, მთელი ეს პროცესი 29 ათას დოლარამდე უჯდება: დაახლოებით 12 ათასი დოლარი სუროგატ დედას ეკუთვნის, 1000-მდე - დონორს, დანარჩენი კი მედიკამენტებისა და მომსახურების ხარჯებია. ქართველებს 3-4 ათასით ნაკლების გადახდა უწევთ. თუ წყვილს პირველ ცდაზე არ გაუმართლებს, ხელოვნური განაყოფიერებისთვის თანხის გადახდა ყოველ ჯერზე ახლიდან მოუწევს. ერთი პროცედურა დაახლოებით 3000-5000 ლარი ღირს.
მთავარი, რაც საქართველოში წყვილებსა და დონორებს დისკომფორტს უქმნის, თებერვლიდან ამოქმედებული კანონია: ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისთვის სამოქალაქო რეესტრს უნდა წარედგინოს ხელოვნურ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორს შორის. სხვა ქვეყნის კანონებისგან განსხვავებით, ეს ანონიმურობის პრინციპს არღვევს - დონორსა და წყვილს ერთმანეთის საპასპორტო მონაცემები გადაეცემათ.
საქართველოში სუროგატ დედებს, წყვილებსა და დონორებს შორის ხელშეკრულებების გაფორმება სამ ორგანიზაციაში ხდება: Human Georgia, New Life Georgia და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის კომპანია. დონორ-სუროგატების შერჩევის კრიტერიუმები თითქმის ყველგან იდენტურია - სუროგატი დედობის მსურველი უნდა იყოს 35 წლამდე, ჯანმრთელი, სასურველია ჰყავდეს მეუღლე და ცხოვრობდეს თბილისში, რათა პროცედურებზე სიარული არ გაუჭირდეს. არ უნდა ეტანებოდეს ალკოჰოლურ სასმელს, სიგარეტს და არ უნდა უწევდეს ფიზიკური შრომა. აუცილებელია, ჰყავდეს საკუთარი შვილები.
Human Georgia-ს დირექტორის, თამარ ხაჭაპურიძის თქმით, ცენტრში დონორ სუროგატები სპეციალურ ფორმას ავსებენ. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული კანონი ანონიმურობის პრინციპს არღვევს - დონორსა და წყვილს ერთმანეთის საპასპორტო მონაცემები გადაეცემათ. დონორები ფოტოსურათსაც ტოვებენ, რადგან ბავშვის გარეგნობას გენეტიკა განაპირობებს. სუროგატების შემთხვევაში ეს აუცილებელი არ არის, რადგან ბავშვს მასთან გენეტიკური კავშირი არ ექნება.
შემდეგ დონორ-სუროგატი ფსიქოთერაპევტთან და ცენტრის დირექტორთან გადის გასაუბრებას. მას ფსიქოლოგიურ გამოკვლევასაც უტარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ სანდოა და მომავალში რომელიმე პროცედურას არ ჩაშლის. ამას ემატება გინეკოლოგის კონსულტაცია და ინფორმირება, თუ რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება და მედიკამენტების მიღება იქნება საჭირო.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც რეპროდუქციული დარღვევის დროს გამოიყენება, ინ ვიტრო (IVF) განაყოფიერებაა. შესაბამისი პროცედურა თბილისის ხუთ კლინიკაში ტარდება. ამ გზით დაბადებულებს „სინჯარის ბავშვებს“ ეძახიან, რადგან ემბრიონის წარმოქმნის და განვითარების პირველი ეტაპები ლაბორატორიის სინჯარაში ხდება.
ქალის საკვერცხეების სტიმულაცია, რაც აუცილებელია კვერცხუჯრედის მოსამწიფებლად, საშუალოდ, ორ კვირას გრძელდება. შემდეგ, განაყოფიერების მიზნით, კვერცხუჯრედებს იღებენ და სპერმატოზოიდთან ერთად სპეციალურ სინჯარაში ათავსებენ, სადაც განაყოფიერება ხდება. 2-5 დღეს ემბრიონი ინკუბატორში ვითარდება, შემდეგ კი ჯანმრთელი ემბრიონი საშვილოსნოს ღრუში სპეციალური დრეკადი კათეტერის მეშვეობით გადააქვთ.
ეს მანიპულაცია უმტკივნეულოა და არც განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს. ემბრიონების რაოდენობა დამოკიდებულია მათ ხარისხზე, წყვილის ასაკსა და საშვილოსნოს მდგომარეობაზე. უმეტესად 2-3 ემბრიონი გადააქვთ, რადგან მათი რაოდენობის გაზრდით, დაორსულების ალბათობასთან ერთად, მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკიც იზრდება. სურვილის შემთხვევაში, დარჩენილ ემბრიონებს, ისევე როგორც სპერმას, შემდგომში გამოყენების მიზნით ყინავენ. გადატანიდან 12 დღის შემდეგ უკვე შესაძლებელია გაგება, დადგა თუ არა სასურველი შედეგი. ერთ კვირაში კი ორსულობაზე დაკვირვება ულტრაბგერითი კვლევითაც ხდება.
საქართველოში უშვილოა 15-18%25, თუმცა აქედან ხელოვნური განაყოფიერება დაახლოებით 1%25-ს სჭირდება. დღესდღეობით, თბილისის კლინიკებში ხელოვნური განაყოფიერების გზით დაორსულებულ ქალთა ერთიანი ბაზა არ არსებობს, შესაბამისად, პაციენტებს კლინიკის შერჩევისას ერთგვარ რისკზე უწევთ წასვლა. პირველ ცდაზე დაორსულების შანსი 45%25-მდეა.
Human Georgia-ს დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოში უშვილო წყვილების ბედი ექიმების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რადგან მათ არავინ აკონტროლებს. თამარ ხაჭაპურიძის აზრით, ეს პრობლემაა: კლინიკას შეუძლია სპეციალურად არ დააორსულოს პაციენტი, რათა განმეორებითი ინ ვიტრო ცდა გახდეს საჭირო. მისივე თქმით, ემბრიოლოგს შეუძლია, ერთი პაციენტის გენეტიკური მასალა (კვერცხუჯრედი, სპერმატოზოიდი) პაციენტისგან უნებართვოდ მეორე პაციენტის განაყოფიერებას მოახმაროს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, განცხადებითაც აცნობა.
თამარ ხაჭაპურიძე გამოსავალს სავალდებულო ელექტრონული შეტყობინების ფორმის ამოქმედებაში ხედავს - ასეთ შემთხვევაში კლინიკები ვალდებულნი იქნებიან, ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის თითოეული მცდელობისას, ჯანდაცვის სამინისტროს შეატყობინონ პროცესში მონაწილე უშვილო წყვილების პირადი მონაცემები, ასევე დონორისა და სუროგატი დედის მონაცემები და, ამასთან ერთად, შედეგი - დადგა თუ არა ორსულობა.
პაციენტების გენეტიკური მასალის შეცვლის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს კლინიკა ინ ვიტროს ექიმი რეპროდუქტოლოგი, ქეთევან ოსიძე. იგი ირწმუნება, რომ ლაბორატორიებში არევა შეუძლებელია, ყველა პაციენტის გამეტას თავისი ადგილი და შესაბამისი კოდი აქვს, ემბრიოლოგს კი დამხმარე ემბრიოლოგიც აკონტროლებს. გარდა ამისა, სავალდებულოა თითოეული პაციენტის ისტორიის წარმოება - ყველაფერი ფორმა 100-ში იწერება. ელექტრონული ისტორიების დანერგვასთან ერთად კი, პაციენტების მონაცემები მუდმივად, ელექტრონულად განახლდება.
![]() |
9 უხილავი მსაჯი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ლევან ნადირაძე
კანადის პრემიერ მინისტრს პიერ ტრიუდოს უთქვამს: სახელმწიფოს არაფერი ესაქმება მოქალაქეების საწოლ ოთახშიო. მინდა დავამატო, რომ არც მაცივარში, თუნდაც გულწრფელად აღელვებდეს, რამდენად ჯანსაღ საკვებს მივირთმევ. მოდი, არჩევანი მე და ჩემს გემოვნებას მოგვანდოს.
რომელი პროდუქტია უვნებელი? ის, რომელიც მეყსეულად არ კლავს? ის, რომელიც უგემურია, მაგრამ - სასარგებლო? და სარგებლიანობის ზღვარი სად ძევს? რა ჰქვია პროდუქტს, რომელსაც ადამიანისთვის არც ვნება და არც სიკეთე მოაქვს? და სად გადის სიკეთის ზღვარი? ექიმები ამტკიცებენ, რომ ჭარბი წონისგან მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ნარკოტიკის მოხმარებისგან. იქნებ მაღალკალორიული საკვებიც აგვეკრძალა? წარმოიდგინეთ, სუპერმარკეტის ცარიელი დახლები, სადაც მხოლოდ ე. წ. ჯანსაღი პროდუქტი დევს.
თქმა არ უნდა, სახელმწიფოს ყველა ბერკეტი აქვს, რომ მავნე თუ მის მიერ მავნედ მიჩნეული სურსათი ჩემს მაცივრამდე არ მოუშვას, მაგრამ - რის ფასად? იმ ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა ტიპის პროდუქტის (არა მხოლოდ სურსათის) ხარისხის კონტროლისა და რეგულირების მრავალწლიანი გამოცდილებაა (ზოგან საუკუნეზე მეტსაც ითვლის), ერთ შედეგს ნამდვილად მიაღწიეს - რეგულირებამ ბაზარზე არჩევანის გაღარიბებასა და ფასების ზრდას წარმატებით შეუწყო ხელი. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, თუნდაც, ამერიკელი ეკონომისტის, რენდალ ჰოლქომბის ნაშრომები, რომელიც აგერ უკვე 20 წელიწადია ამ საკითხებს სწავლობს.
რეგულაცია კომპანიებს უბიძგებს, მეტი ძალისხმევა მოახმარონ კანონმდებლობაში „ხვრელებისა“ და „უკანა კარის“ ძიებას, მეტიც, რეგულაციის არსებობის შემთხვევაში, კომპანიების ფინანსურ ლობისტური რესურსები კონკურენტების წინააღმდეგ მიემართება ამ რეგულატორების გამოყენებისთვის. კარგი მაგალითია გენმოდიფიცირებული პროდუქტი - რაკი ევროპულმა კომპანიებმა დაიგვიანეს და ბევრად ჩამორჩნენ ამერიკულსა და კანადურს, ახლა რეგულაციების მეშვეობით ასეთ პროდუქტს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიან.
საარაკო თავგადასავლები გადახდა თავს ამერიკული Monsanto-ს გენმოდიფიცირებულ სიმინდს (კოდური სახელწოდებით MON 810), რომლის მოყვანაც ევროპის რიგი ქვეყნების მაკონტროლებელ ორგანოებს აკრძალული აქვთ (მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კვლევა, მათ შორის 2009 წელს ევროპული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ორგანიზაციის, EFSA-ს მიერ ჩატარებული, რომელიც ადასტურებს - MON 810 უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არც გარემოსთვის მოაქვს ზიანი). 2011 წელს Monsanto-მ მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოშიც მოიგო სარჩელი საფრანგეთის წინააღმდეგ-აკრძალვა გაუქმდა, მაგრამ სულ ახლახან, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სიმინდი MON 810 ხელახლა აკრძალა.
1845 წელს ფრედერიკ ბასტი ამ სანთლის, კანდელების, შანდლების, ქალაქის სანათების, ცვილის, კანიფოლის, სპირტისა და გასანათებელ მოწყობილობებთან დაკავშირებული ყველა სხვა საქონლის მწარმოებელთა სახელით პეტიცია აფრინა პატივცემულ დეპუტატებთან, ადგილობრივი ბაზრის გადამთიელი კონკურენტის, მზისგან დაცვის მოთხოვნით. ფრანგი ეკონომისტი, ცხადია, ჩვეული სარკაზმით დასცინოდა ბაზრის რეგულირების იდეას, მაგრამ აგერ უკვე საუკუნე-ნახევარი მიილია მას შემდეგ და ურემი, გადაბრუნებას ვინ ჩივის, არც შეტოკებულა.
სანამ ერთი მხრივ Monsanto და მეორე მხრივ მისი ევროპელი კონკურენტები მთელ ძალისხმევას და ლობისტურ რესურსებს კაბინეტებში ბრძოლისკენ მიმართავენ, ბრიტანელ მეცნიერთა სამეფო ასოციაცია Royal Society გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული კულტურების მოყვანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 30 წელიწადში საკვების კატასტროფულ დეფიციტსა და შიმშილს პროგნოზირებს.
არავინ იცის ჩვენზე, მომხმარებლებზე უკეთ, თუ რა გვსურს. არც სოფლის უხუცესებმა, არც სწავლულ კაცთა კომისიამ და არც ჩინოვნიკებმა კაბინეტებში. ხშირად ამბობენ, რომ უუნარონი ვართ, რომ პროდუქტის ავკარგიანობაში გავერკვეთ. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ქენეთ ეროუმ 60-იანებში გამოთქვა მოსაზრება, რომ ინფორმაცია ბაზარზე ასიმეტრიულად ნაწილდება - მყიდველი მის ნაკლებობას განიცდის და გამყიდველს კი ყოველთვის მეტი აქვს სათქმელი, ვიდრე სინამდვილეში ამბობს.
მაგრამ დრონი მეფობენ და არა მეფენი. ტექნოლოგიების განვითარებამ ჩვენს ინფორმაციულ, ინტერნეტისა და სოციალური მედიის საუკუნეში ეს დისპროპორცია მინიმუმამდე შეამცირა. დღეს მომხმარებელი შეიარაღებულია და მეტად საშიში. თუკი ინფორმაციაზე მოთხოვნა არსებობს, მყიდველს მას მიაწვდის ყველა, ვისაც არ დაეზარება - სხვა მომხმარებლები, მომხმარებელთა ასოციაციები, მედია და… თქმაც არ უნდა - ჩასაფრებული კონკურენტები. ქართულ ინტერნეტსივრცეშიც არის რესურსები, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს გამოცდილებასა და რჩევებს ვუზიარებთ.
სახელმწიფო რეგულატორის გაჩენა მომხმარებელს დაცულობის შეგრძნებას უქმნის. მაკონტროლებლის არსებობა მის ყურადღებას ადუნებს, რადგან მომხმარებელი ნაკლებად აქტიურად ეძებს ინფორმაციას. ამგვარ ინფორმაციაზე მოთხოვნა მცირდება, რაც ბაზრიდან დევნის სხვა დამოუკიდებელ მაკონტროლებლებს. შედეგი? ბაზარზე ნაკლები მოდარაჯე ძაღლია. სახელმწიფო ქოფაკმა ყველანი გააძევა.
არადა, დამოუკიდებელი მაკონტროლებლები ბაზრის ბუნებრივი მოთამაშეები არიან და ჩნდებიან იქ, სადაც მათ მომსახურებაზე მოთხოვნაა, სახელმწიფო რეგულატორი კი ბაზრის ბუნებრივი მოთამაშე არაა, ამიტომაც ის თავისი, განსაკუთრებული ფილოსოფიით ხელმძღვანელობს.
რამდენიმე წლის წინ, ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ, FDA-მ, ერთ-ერთი მედიკამენტის რეგისტრაციის ნება ფარმაცევტულ კომპანია Merck-ს მხოლოდ იმ მოტივით არ მისცა, რომ პრეპარატს უნიკალური თვისებები არ გააჩნდა და არ იყო ბაზარზე არსებული ანალოგებისგან პრინციპულად განსხვავებული.
ამერიკის მსგავსად, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულაციამ ბრიტანეთის ბაზარზე ახალი პრეპარატების შეღწევა დააბრკოლა, შესაბამისად, შეამცირა არჩევანი და ხელი შეუწყო მაღალი ფასების შენარჩუნებას. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა და რეგულირება შეარბილა.
დავუშვათ, რომ რეგულატორებმა მართლაც დაიცვეს ბაზრები მავნე წამლებისგან, მაგრამ ასევე დააბრკოლეს არაერთი საჭირო მედიკამენტის შემოსვლა. ვინ აწონის იმ პაციენტთა სიცოცხლეს, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელი იყო დროული მკურნალობით?
მსგავსი პრობლემები საქართველოშიც იყო, როდესაც მთელი რიგი, დასავლეთის ქვეყნებში უკვე რეგისტრირებული წამლის ქართულ ბაზარზე დაშვებას წამლის სააგენტო თვეობით აჯანჯლებდა. რამდენიმე წლის წინ ეს სააგენტო რეგულაციებს თავადვე გადაჰყვა.
საქმე ის კი არაა, რომ დერეგულაცია გარანტირებულად გამოიწვევს ბაზრის გამრავალფეროვნებას, ხარისხის გაუმჯობესებასა და ფასების შემცირებას, საქმე ისაა, რომ რეგულაცია გარანტირებულად უწყობს ხელს არჩევანის შემცირებას, ფასების აწევასა და ხარისხის არგაუმჯობესებას. ჩერჩილიუთუოდიტყოდა, რომ თუ საბაზრო ბერკეტები ცუდი რეგულატორებია, ყველა დანარჩენი, რაც ვცადეთ, ბევრად უარესია.
ეკონომისტები საბაზრო ეკონომიკას ადარებენ ფართო ქუჩას, სადაც მოძრაობა თვით მოწესრიგებულია. მაგრამ აი, ფანჯრიდან ვიყურები და ვხედავ, რომ გზის მაგალითი საქართველოსთვის არ გამოდგება. ამიტომ სხვაგვარად ვიტყვი - სახელმწიფო მსაჯს ჰგავს ფეხბურთის მოედანზე. გულშემატკივრები დამეთანხმებიან, რომ კარგი მსაჯი ისაა, ვინც მოედანზე არ ჩანს და თამაშის დასრულების შემდეგ არ გვახსენდება.
![]() |
10 თინა ხიდაშელი - საქართველო ტოტალური სახელმწიფოა |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
ესაუბრა სალომე უგულავა
საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კოალიცია ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიას ააქტიურებს. კოალიციის გეგმებზე, დაპირებებზე, მათი შესრულების გზებზე, ქართული ოცნების ლობისტურ ძალისხმევებსა და სხვა მსგავს საკითხებზე ტაბულა კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ თინა ხიდაშელს ესაუბრა. მან წარსული გამოცდილებაც გაიხსენა და განმარტა, რას ეფუძნება არჩევნებში გამარჯვების მოლოდინები.
საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში გადახვედით. კოალიცია იმედოვნებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. რას ეფუძნება თქვენი მოლოდინი, როდესაც NDI-ის და IRI-ის უკანასკნელ გამოკითხვებში ქართული ოცნების რეიტინგი 10-15%25-ის ფარგლებშია?
NDI-ის და IRI-ის გამოკითხვებს მე სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი. იმედები ეფუძნება იმას, რომ NDI-ის მიერ ქვეყნის მასშტაბით დათვლილი 10%25 ჩვენ ერთ ქალაქში წარმოვადგინეთ 27 მაისს და ყველა დიდ ქალაქში წარმოვადგენთ ქუჩაში გამოსულებს: 10-10, 15-15, 20-20%25-ად.
გამარჯვების მოლოდინი რამდენიმე ფაქტორისგან შედგება: ერთი, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს არის არჩევნები, სადაც ერთმანეთს ეპაექრება ორი პოლიტიკური ძალა, რომელთაგან ერთს არანაირი რესურსი აღარ აქვს. მას ჰქონდა რვა წელი, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა. შესაბამისად, მის შესახებ აზრი სრულად ჩამოყალიბებულია და ყველასთვის ნათელია, რა ტიპის ძალაზეა საუბარი.
ამასობაში, მოდის მეორე პოლიტიკური ძალა, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არსებობს. როდესაც არსებობს ბევრი კითხვა, შესაბამისად, საზოგადოების ნაწილს ამის გამო აქვს იმედები და ზოგს პირიქით - სკეპტიციზმი. ჩვენი ამოცანაა, რომ კითხვები იმედებში - დასაბუთებულ, შედეგზე ორიენტირებულ პერსპექტივაში გადავიყვანოთ. ამომრჩეველთან სამუშაოდ რესურსი მეორე მხარეს გაცილებით დიდია, ვიდრე ხელისუფლებას აქვს.
ჩვენი კვლევები ამას ადასტურებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოსნაირ ქვეყნებში კვლევების საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს.
თუ არა კვლევა, რა შეიძლება იყოს საზოგადოებრივი აზრის საზომი?
საქართველო არის ტოტალიტარული სახელმწიფო. საბჭოთა კავშირში კვლევას არ ატარებდნენ. საქართველო ჩემთვის მოდერნიზებული, ინგლისურენოვანი საბჭოთა კავშირია და ამიტომაც არ მაქვს კვლევების მიმართ პოზიტიური განწყობა.
ფიქრობთ, ადამიანებს ეშინიათ აზრის გამოთქმის?
ვფიქრობ, საქართველო არის საბჭოთა კავშირი, სადაც ადამიანებმა იციან, როგორ უნდა გადარჩნენ. არ მჯერა მითების და იმის, რომ ქვეყანაში არის ტოტალური შიში. ქართველები ძალიან რაციონალურები არიან და იციან, როგორ გადარჩნენ.
ბოლო წლებში რამდენიმე მრავალრიცხოვანი აქცია ჩატარდა, თუმცა ეს არჩევნების შედეგებზე დრამატულად არ ასახულა. ეს რატომ იქნება განსხვავებული შედეგის მომტანი?
უბრალოდ რიცხვებით რომ არ ვითამაშოთ, როგორც 1988 წლის შემდეგ ამ ქალაქში ჩატარებული ყველა აქციის მონაწილე, გეტყვით - თბილისში ამდენი ხალხი არასოდეს გამოსულა. ვარდების რევოლუციის დროს ამის ნახევარიც არ ყოფილა.
ეს ყოველთვის აისახება არჩევნების შედეგებზე. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მიხეილ სააკაშვილმა წააგო.
ქართული ოცნებისგან ჯერჯერობით რამდენიმე კონკრეტული დაპირება გვაქვს. ერთ-ერთია, რომ სახელმწიფო დააზღვევს ყველა მოქალაქეს. ვსაუბრობთ ძალიან დიდ თანხებზე, დაზღვეულია დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი, რასაც, გამოდის, უნდა დაემატოს დაახლოებით 3 მილიონი. ამჟამად დაზღვევა ერთ კაცზე თვეში 15 ლარი ჯდება. თქვენ, ალბათ, გათვლილი გაქვთ, რა შეიძლება ღირდეს თქვენი შეთავაზებული პაკეტი და კიდევ რამდენი მილიონი ლარის რესურსის გამოყოფა შეიძლება დაგჭირდეთ. საიდან უნდა მოვიდეს ეს თანხა? უხეში გათვლებით, ათი ლარიც რომ ღირდეს, დაახლოებით 300 მილიონის დამატებითი რესურსი დაგჭირდებათ.
მე მაგ საქმის პროფესიონალი არ ვარ. არ მაქვს მაგ კითხვებზე პასუხი. კოალიციაში არიან ადამიანები, ვინც ამ თემებზე საუბრობს.
ანუ თქვენ არ იცით, რას სთავაზობთ ამომრჩეველს?
თქვენ კონკრეტული კითხვები დამისვით და არ შემიძლია, გამოგყვეთ კონკრეტიკაში. შემიძლია გითხრათ ძირითადი პრინციპი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, დეტალებში შემიძლია გესაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი საპროგრამო ამოცანებია და რომელიც ჩემს პროფესიაზე გადის.
ზოგადი პასუხი თქვენს კითხვაზე 2 ნაწილისაგან შედგება - პირველი არის ფუნდამენტი. აქ საუბარია უმარტივეს სქემაზე. არაფრის დამატებაზე არ ვლაპარაკობთ. აქ საუბარია იმაზე, რომ საშემოსავლო 20%25-იანი გადასახადიდან 7%25 პირდაპირ ირიცხება სადაზღვევო ფონდში. გადასახადი არ იმატებს.
ეს არის სოციალური სოლიდარობის ნიშანიც - ვინც დასაქმებული არაა, ის ჩვენი გადახდილი გადასახადიდან იღებს სადაზღვევო პაკეტს. მეორე საკითხია, საიდან გამოთავისუფლდება ეს თანხა. გასაგებია, რომ ეს 20%25 ახლაც მიდის და სხვა რამეზე იხარჯება, ანუ რაღაცას უნდა მოაკლდეს.
თქვენ სამასი მილიონი ახსენეთ. ვერ შემოგეკამათებით, ვიმეორებ, რომ ეს მე არ ვიცი. არის თემები, რომლებიც არ ვიცი და არ გეკამათებით. ოღონდ, 300-ზე კი არა, 900-ზეც მაქვს პასუხი, საიდან შეიძლება მოვიდეს. მარტივი პასუხები არსებობს მაგ კითხვაზე - საქართველოს ბიუჯეტიდან.
2011 წლის ბოლოს, როდესაც ბიუჯეტი გამოქვეყნდა, მაშინვე გამოვაქვეყნე თანხა და ეს არის მილიარდ-ნახევარი ლარი, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომელიც, ჩემი რწმენით, ჰაერში იყო გასროლილი. ეს ფული იხარჯება გართობაზე, სცენებზე, ფეიერვერკზე, შადრევნებზე, მშენებლობებზე, რომელიც ამ ქვეყანაში არავის სჭირდება, იუსტიციის სამინისტროს ახალ შენობაზე, რომელიც გვაქვს. ეს სია ძალიან გრძელია.
მარტო თბილისის ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხა იხარჯება, ზუსტად აღარ მახსოვს, არაპირდაპირ და „შავად“ (თუ არ ჩაეძიე, ვერ გაიგებ) შსს-სთვის. უჭირს შსს-ს სახელმწიფო-საბიუჯეტო რესურსი?!
ისევ თანხის მასშტაბს რომ დავუბრუნდეთ და თქვენ მიერ დასახელებული მილიარდ-ნახევრის ანატომიას. ძალიან დიდი თანხაა. პირველ რიგში ახსენეთ და ხშირად ახსენებენ - გართობას, კონცერტებს და ა.შ. ეს თანხები მოდის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ფონდიდან. ეს ფონდები წლიურად100 მილიონ ლარზე მეტს არ აღწევს.
მე იქ კიდევ ბევრი რამ ჩამოვთვალე.
დიახ, დაახლოებით ნახევარი მილიარდი იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დანარჩენი თანხა საიდან მოდის, როდესაც მილიარდ-ნახევარზე საუბრობთ?
ანალოგიური ტიპის პროექტებიდან.
რომელია ეს ანალოგიური ტიპის პროექტები?
სამწუხაროდ, აბსოლუტური სიზუსტე შეუძლებელია. ცოტა არ მჯერა, რომ პრეზიდენტის ფონდზე ზუსტი ინფორმაცია გქონდეთ. ბიუჯეტში რა წერია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რამდენი იხარჯება. დავანებოთ მაგას თავი, ყველაფერს თავისი მასშტაბი აქვს. თბილისის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 51%25 არის „სხვა ხარჯები“, რაც არ ვიცი, რაზე იხარჯება. ზუსტად იგივეა საქართველოს ბიუჯეტი, იქ გაცილებით მაღალი თანხაა. 2011 წელს 36%25 იყო ასეთი - სხვა ხარჯები.
რა გამოდის, რაც სხვა ხარჯებში გადის, რომელიც თქვენ არ იცით რაზე იხარჯება, იმის მოკლებას აპირებთ?
ეს არის ფუნდამენტურად არასწორი მიდგომა. ბიუჯეტს იმის მიხედვით კი არ ავაწყობთ, მიშა სააკაშვილი როგორ ფლანგავდა. ნულიდან ავაწყობთ.
ჰოდა, მაგას გეკითხებით, როგორ გადაანაწილებთ ამ თანხებს? თქვენ ვერ მეუბნებით კონკრეტულად. არ იცით, რამდენი დაიხარჯება დაზღვევაზე?
მაგაზე არ გიპასუხეთ? მე არ ვსაუბრობ იმ თემებზე, რომელშიც არ ვარ პროფესიონალი. მე არ ვიცი. რა არის მაგაში პრობლემა? ვიქტორ დოლიძეს დაელაპარაკეთ, კობა დავითაშვილს. დეტალებში მოგიყვებიან ჯანდაცვის პროგრამაზე.
გადავიდეთ პენსიების საკითხზე - კიდევ ერთი კონკრეტული დაპირება არის ის, რომ პენსია უნდა გახდეს 220 ლარი.
ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დისკუსიაში არ შემოვალ. რომ მოდიხართ, უნდა იცოდეთ, ვინაა კონკრეტულ სფეროში პროფესიონალი.
თქვენ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ხართ. სულ რამდენიმე კონკრეტული დაპირება გაქვთ გახმოვანებული და თუ არ იცით, ეს როგორ უნდა გაკეთდეს, მაშინ, როგორ ამბობთ, რომ საერთოდ გაკეთდება?
მე ვიცი, მაგრამ არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერზე ლაპარაკობენ.
თუ იცით, ზუსტად მაგას გეკითხებით. 220 ლარი უნდა გახდეს პენსია. დაახლოებით რომ გავთვალოთ, დღევანდელი, მინიმუმ 100-ლარიანი პენსიის ფარგლებში, 65 მილიონი ჯდება მხოლოდ ასაკით პენსიონერებისთვის გადახდა, რაც წელიწადში 800 მილიონამდეა. თქვენი დაპირება ამ თანხის გაორმაგებას ნიშნავს. როგორ გაქვთ გათვლილი, საიდან მოდის ეს თანხა?
ისევ იქიდან მისვამთ კითხვას. პასუხი მარტივია - სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ დაგეგმავთ?
არა, ჩვენი ბიუჯეტი გამოქვეყნდება წინასაარჩევნოდ.
წამლის ფული რომ არ აქვს, იმ ადამიანის თავში NATO-ში გაწევრიანებაა, თუ ის, წამალი რითი იყიდოს?!
ამ ეტაპზე ამაზე პასუხი არ გაქვთ?
გვაქვს და წინასაარჩევნოდ გამოქვეყნდება.
კარგი, ნუღარ გავაგრძელებთ ამ თემაზე, რადგან ამ წუთას კონკრეტული მონაცემები არ გაქვთ.
როგორ არ მაქვს. მაგიდაზე მიდევს და ახლავე შემიძლია, გაჩვენოთ.
მინდა, რომ გვაჩვენოთ. ამომრჩეველს აინტერესებს.
ამომრჩეველი სახლში მიიღებს ამ ინფორმაციას.
ანუ თქვენ ეს თანხები განსაზღვრული გაქვთ, თუმცა ახლა არ მეუბნებით?
1300-გვერდიანი დოკუმენტია. იქ ყველა კონკრეტული ასპექტი და პროგრამული დასაბუთებაა.
და ვერ გვეტყვით, ორ მთავარ დაპირებაზე რა დაფინანსებაა გათვალისწინებული?
არა მგონია, ეს მათემატიკა ვინმეს აინტერესებდეს. ჩემი პოზიცია ასეთია.
რესპუბლიკური პარტია თავის დროზე ეროვნულ საბჭოში იყო და მხარი დაუჭირა ლევან გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო კანდიდატურას. იყავით ალიანსშიც, სადაც ლიდერი ირაკლი ალასანია იყო და დღეს ხართ კოალიცია ქართულ ოცნებაში. ლიდერის გარდა, რა განასხვავებდა ამ კოალიციებს ერთმანეთისგან?
არცერთი კოალიცია არ არის ერთი და იგივე. ჯერ ერთი, მოცემულობები და ფაქტობრივი მდგომარეობებია განსხვავებული - შემადგენლობა არ არის რადიკალურად განსხვავებული.
გაჩეჩილაძე გახდა ლიდერი ძალიან კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ „ომი“ გამოგვიცხადა ხელისუფლებამ. სააკაშვილის გადადგომის შემდეგ იმ ბრძოლას სჭირდებოდა ლევან გაჩეჩილაძის მსგავსი ლიდერი, „მიშა, მოვდივარ“ ლიდერი სჭირდებოდა და არა ემოციურად მეტად გაწონასწორებული და უფრო მეტად დაფიქრებული...
რაც შეეხება ალიანსს, სხვა კონტექსტი იყო, სხვა არჩევნებზე ვლაპარაკობთ. ეს არ იყო ხელისუფლების ცვლის არჩევნები. ის იყო ძალიან ლოკალური ფუნქციის მატარებელი, როგორც საარჩევნო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.
დღევანდელი კოალიცია რატომ არის განსხვავებული, ვთქვათ, 7 ნოემბრის კოალიციისგან? პირველად მოხდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როდესაც ლიდერმა შექმნა კოალიცია და არა პირიქით. ამიტომ ეს განასხვავებს ამ ერთობას.
მოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა, ხელისუფლებამ დამიტოვა ორი არჩევანი: ან ქვეყნიდან უნდა წავიდე და ვთქვა, რომ უბრალოდ აღარ ვარ ქართველი, ან უნდა ვიბრძოლო ჩემი ქვეყნისთვის და ამას მარტო ვერ გავაკეთებ. დასახა ამ ბრძოლაში მონაწილე გუნდის შემადგენლობაც. დასაწყისში ამ შემადგენლობაში იყვნენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები, რითიც მან საკუთარი პოლიტიკური განაცხადი ყველას ნათლად აჩვენა. უკვე შემდეგ, კოალიცია ბრძოლის გაძლიერებისთვის გააფართოვა.
რას სთავაზობს საზოგადოებას ეს კოალიცია განსხვავებულს?
სთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ კამპანიას, როგორიც არასდროს ყოფილა საქართველოში. ეს არის ემოციისგან, პოპულიზმისგან, ვაშა ვაშას და ჯოს ჯოს ძახილისგან სრულად დაცლილი კამპანია.
ერთი მხრივ, შვიდი თვეა ვუყურებთ შეურაცხად კაცს, მუმიებს და ვამპირებს რომ დასდევს მთელ საქართველოში და ყველა გამოსვლაში ჩხუბობს. მეორე მხარეს არის კაცი, რომელსაც ჯერ ხმისთვის არ აუწევია და მშვიდად, მიზანმიმართულად აწარმოებს კამპანიას. კონტრასტი იმდენად დიდია, რომ თვითონ ქმნის სრულიად განსხვავებულ დისკურსს.
ისევ კოალიციაზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, კოალიციის ზოგიერთი წევრი ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს...
მაგალითად?
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე მანანა კობახიძე 2011 წელს სააგენტო საქინფორმთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ უმცირესობათა დაცვით საქართველო დასავლელ მეგობრებს დემოკრატიულობას უმტკიცებს. იქვე ამატებდა: „ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ, თანასწორ წევრებად თვლიან, ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის“ ანტისომხური განწყობები გამოამჟღავნა გუბაზ სანიკიძემ შემდეგი განცხადებით: „სომხური ეკლესია საქართველოს გარეთ უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული და თუ მას შიგნით ისეთივე სტატუსი ექნება, ჩვენ სომხები გადაგვივლიან“.
მანანაზე რაც თქვით, ამ ციტატას არ ვიცნობ და კომენტარს არ გავაკეთებ. იგივე შემიძლია გითხრათ სხვა ციტატებზე, მე არ მაქვს მოსმენილი.
მანანას უკვე არ ვიცი, რამდენი წელია ვიცნობ. ის ადამიანის უფლებათა დამცველია. ასეთად ვიცნობ, ასე გავიცანით ერთმანეთი და აბსოლუტურად წარმოუდგენლად მიმაჩნია, ის ეთქვას, რასაც თქვენ ციტირებთ.
გავიხსენოთ აზიზიეს მეჩეთის საკითხიც. იქ ჩართული იყო თქვენი თანაპარტიელი მურმან დუმბაძე, რომელიც ამის გამო პარტიიდან გარიცხეთ.
ჩვენ არ გაგვირიცხავს მურმან დუმბაძე პარტიიდან არც ქსენოფობიური განცხადებების და არც რაიმე მსგავსის გამო, იმიტომ რომ სანამ პარტიის წევრი იყო, ეს არ ხდებოდა. ის პარტიიდან გაირიცხა ძალიან კონკრეტული მიზეზის გამო, როცა ტელეკომპანია 25-ე არხის ეთერში დაურეკა რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და თურქეთის სპეცსამსახურების აგენტი უწოდა. ეს პარტიის წესდებასთან შეუსაბამო იყო.
იმაში, რომ დუმბაძე ქართული ოცნების კოალიციის წევრია, პრობლემას ვერ ვხედავ. რესპუბლიკელებმა პირველივე დღეს ვთქვით, ჩვენ მოვედით კოალიციაში იმიტომ, რომ აქაა ქვეყნის გადარჩენა. ივანიშვილი პარტიაში წევრებად ვის მიიღებს, ეს არაა ჩვენი გადასაწყვეტი.
თუ ადამიანებს ამ კოალიციაში რაიმე პრინციპულად მიუღებელი პოზიციები ექნებათ, არც დაგვიმალავს და არც დღეს ვაპირებთ. თუმცა, ვიღაცამ 1905-ში რაღაცა თქვა, დღეს აღარაა რელევანტური. ადამიანები სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ, განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ეს მათი პირადი პრობლემაა. დღეს ეს არ არის პოლიტიკური პრობლემა ქვეყნისთვის.
მურმან დუმბაძის თქვენს თანამებრძოლად ყოფნა პრობლემად არ მიგაჩნიათ?
მურმანს ვიცნობ ძალიან ბევრი წელია, თან ძალიან კარგად. ზუსტად ვიცი, რომ ის არც ქსენოფობია და არც რაიმე მსგავსი. რაღაც კონიუნქტურის გამო, რაღაც სიტუაციის გამო, ვიღაცამ რაღაც განცხადება გააკეთა, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის.
გავაგრძელოთ ქართულ ოცნებაზე საუბარი. კოალიციის წარმომადგენლები - ეროვნული ფორუმის ლიდერები კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძე 2007 წელს ღიად უწოდებდნენ ღალატს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებას. NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება გოგი თოფაძეც. თქვენ ერთ კოალიციაში ხართ და მთავრობის ფორმირებას აპირებთ - ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე შეუთანხმებლობა, როგორიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაა, რაზე მეტყველებს?
2007 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი დოკუმენტი შედგა - საგურამოს მანიფესტი. ეს იყო მაშინდელი პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი სამოქმედო განაცხადი. ეროვნულ ფორუმს მასზე ხელი მოწერილი აქვს. 2007 წელს, პარლამენტმა პირველად მიიღო ოფიციალური დეკლარაცია NATO-ში ინტეგრაციაზე და იქ ბატონი გოგი თოფაძის ხელმოწერაცაა. ჩემთვის ესაა ფაქტები - ვინ რომელ სატელევიზიო გადაცემაში რა თქვა, ეგ ნაკლებად მაინტერესებს.
ეგეც ფაქტებია...
ფაქტები არის დოკუმენტები, რომელიც არსებობს. როდესაც სახელმწიფოებრივი განცხადებები კეთდებოდა, ორივე პოლიტიკურმა ძალამ ხელი მოაწერა. გულში ვინ რას ფიქრობს...
გულში არა, ღიად...
კი, ხანდახან ღიად, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რა ოფიციალური განაცხადი აქვთ გაკეთებული. არ მინდა, ხელისუფლებაზე ვილაპარაკო, მაგრამ შეგვიძლია მისი წარმომადგენლების მრავალი განცხადება გავიხსენოთ, რომლებიც პრინციპულად განსხვავებულია დეკლარირებული პოზიციებისგან - ევროინტეგრაციაზეც, რელიგიაზეც, უმცირესობებზეც.
ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც პოლიტიკურ ძალებში არსებობენ ადამიანები, მათ შორის ლიდერები, რომლებსაც შეიძლება პიროვნულად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ.
საგარეო პოლიტიკაზეც?
ფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა ქართველი ხალხის ცხოვრებაში?
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოებრივი განვითარებისთვისაა და არა რიგითი მოქალაქისთვის, რომელსაც გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს.
საგარეო პოლიტიკა არ უკავშირდება გადარჩენისთვის ბრძოლას? საქართველოზე ეგ რომ ვთქვათ, მგონი, სასაცილოა.
სასაცილო ის არის, ადამიანს ბავშვი რომ უკვდება შიმშილით, ან ფილტვების ანთების გამო. წამლის ფული რომ არ აქვს, იმ ადამიანის თავში NATO-ში გაწევრიანებაა, თუ ის, წამალი რითი იყიდოს?!
კოალიცია ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობების ე.წ. დალაგებას. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ისე, რომ საქართველომ უარი არ თქვას ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე? შევარდნაძემაც და სააკაშვილმაც პრეზიდენტობა ურთიერთობების მოწესრიგების მცდელობებით დაიწყეს და შედეგი ყველამ ვიხილეთ.
ეს არის ძალიან რთული პროცესი. ამაზე „კი“ და „არა“ პასუხი არ არსებობს. არც კონკრეტული დროის მითითება შეგვიძლია, რასაც სამივე ხელისუფლება აკეთებდა სხვადასხვა მასშტაბით.
ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ აქ არ არსებობს სწრაფი მოგვარება, არავის უნდა შევუქმნათ ყალბი მოლოდინები, რომ ვიღაცა ჯოხს აიქნევს და პრობლემა მოგვარდება.
ევროპაში მეორე მსოფლიო ომი იყო და იმაზე უარესი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ჩვენ არაფერი დაგვმართნია. მაგას არ აქვს მნიშვნელობა - ზომებს, სტატისტიკებს, მოსახლეობის რაოდენობას. მნიშვნელობა აქვს პრინციპულ დამოკიდებულებებს, სახელმწიფოს როლსა და ფუნქციებს. მაგრამ სახელმწიფოები კრიტიკული ურთიერთობებიდანაც გამოდიან დათმობების გარეშე.
ჩვენ ხომ ახლა თანაზომად სახელმწიფოებს არ ვგულისხმობთ, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომისას იყო?
მაგას არ აქვს მნიშვნელობა - ზომებს, სტატისტიკებს, მოსახლეობის რაოდენობას. მნიშვნელობა აქვს პრინციპულ დამოკიდებულებებს, სახელმწიფოს როლსა და ფუნქციებს. საქართველოს, ამ ხელისუფლების მოშორების შემდეგ, ჰქონდა და ექნება შანსი, გახდეს უნიკალური შემთხვევა. ჩვენზე პატარა ქვეყნებია ევროპაში, მათ შორის, ბალტიისპირეთის, რომლებსაც უბატონოდ ვერავინ ვერაფერს უბედავს.
NATO-ს წევრი ქვეყნები...
კი, გახდნენ, მაგრამ იყო დრო, როცა არ იყვნენ, მაგრამ რუსეთს მათ წინააღმდეგ ჯარები არ შეუყვანია. ჩვენს არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა მოთმინება და სტრატეგიული ხედვა, როგორ უნდა გვექცია საქართველო სახელმწიფოდ, რომელსაც სახეში სილას ვეღარ გააწნავდნენ.
ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ყველას გადააჭარბა. მთელი ტრაგიზმი ყველაზე კარგად იმ დღეს გამოჩნდა, როდესაც სააკაშვილმა თქვა და მას შემდეგ იმეორებს, რომ საქართველო გადარჩა იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება არ შეცვლილა.
კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლების ამოცანა იყო ის, თუ რამდენი წელი იქნებოდა ხელისუფლების მეთაური მიშა სააკაშვილი. მე არ ვამბობ, რომ მეორე დღეს უნდა გამოსულიყო და გადამდგარიყო. უბრალოდ, არ უნდა ელაპარაკა, რომ მთავარი მიღწევა მისი პრეზიდენტობის შენარჩუნებაა მაშინ, როდესაც ქვეყანას ამდენი პრობლემა აქვს.
მგონი, თემას გადავუხვიეთ. თქვენ როგორ დაალაგებთ, იმაზე რომ ვისაუბროთ.
ეს არის პასუხი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო და როგორ მოვედით აქამდე. რატომ გვაქვს პრინციპული განსხვავება, როცა სასტარტო მდგომარეობა ზუსტად ისეთი გვქონდა, როგორც ბალტიის ქვეყნებს. პრინციპული, კორექტული პოზიცია უნდა გვქონდეს...
თვლით, რომ ჩვენ და ბალტიის ქვეყნებს ერთნაირი სასტარტო პირობები გვქონდა?
90-იან წლებში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად იდენტური გვქონდა და კიდევ სადავოა, ვინ უკეთეს მდგომარეობაში იყო. დასაწყისზე ვსაუბრობ.
თქვენს ნაბიჯებზე რომ გვითხრათ, რას გააკეთებთ თქვენ? ხომ არსებობს სტრატეგია?
რა თქმა უნდა, არსებობს და ეს სტრატეგიაც გაწერილია. ეს სწორედ იმ ტიპის სტრატეგიაა, რომელზეც ტელევიზორში არ ლაპარაკობენ. ეს არის სახელმწიფოს საქმიანობის სწორედ ის ნაწილი, რომელიც მაქსიმალურად დახურული უნდა იყოს.
პრინციპების დონეზეც არ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ?
პრინციპული მიდგომა და არაფრის ხარჯზე დიპლომატია. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. ქუჩაში მიტინგზე ლილიპუტინი ეძახო, ეს კი, ბატონო,ზოგიერთი პოლიტიკოსის არჩევანია.
თქვენ ლილიპუტინის წოდება გგონიათ პრობლემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში?
არა, ლილიპუტინი არ არის პრობლემა, ეს არის ყველაფერი იმის გამოხატულება, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ხდებოდა სააკაშვილის დროს.
და რუსეთს რატომ უნდა მოუნდეს საქართველოსთან ურთიერთობების შეცვლა, თუ ის არ ცვლის ორიენტირს?
იმიტომ, რომ რუსეთი არ ცხოვრობს ჩაკეტილ სივრცეში, ლიმბო არ აქვს შემოკრული. იმიტომ, რომ რუსეთს ისევე სჭირდება დასავლეთი, როგორც პირიქით.
იმიტომ, რომ საქართველო გახდება ქვეყანა, რომლისთვისაც იბრძოლებენ - განსხვავებული, მათნაირი, მათი კლუბის წევრი, არა ფორმალურად NATO-ს წევრობით, არამედ თავისი არსით, თავისი ცხოვრების წესით, დემოკრატიულობით და სახელმწიფოებრიობის ხარისხით.
ძალიან მარტივ მაგალითს ვიყენებ ხოლმე ამისთვის, და არა მარტო რუსეთთან მიმართებაში. მყავს ორი შვილი. ჯერ, საბედნიეროდ, პატარები არიან. 10 წლის შემდეგ მექნება სერიოზული კითხვა: აი, ახლა როგორ, თუ ასე გაგრძელდა ამ ქვეყანაში ცხოვრება? ასეთი დედები ძალიან ბევრი არიან სოხუმში, გუდაუთაში, ცხინვალში და ჯავაში და იგივე კითხვები აქვთ, რაც მე. მათთვის ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი უნდა იყოს თბილისი. ეს არის პრობლემების მოგვარების ერთადერთი შანსი. როდესაც ამ კითხვაზე აბსოლუტურად და უკიდურესად უარყოფითი პასუხი არის თბილისი და ის დედა სხვაგან იწყებს ყურებას, ჩვენ გადარჩენის შანსი არ გვაქვს. ამ ნაწილში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ვგულისხმობ.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს აშშ-სა და ევროკავშირს ყოველდღიურად უყიჟინოს, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთი დაუყოვნებლივ გააძევონ. თქვენი სტრატეგია როგორია, ან ყიჟინას რას ეძახით?
ყიჟინას ვეძახით ყიჟინას. ყოველგვარი განმარტებების გარეშე.
არ აპირებთ დეოკუპაციის საკითხის აქტიურად დაყენებას?
უკვე გითხარით ამაზე, დიპლომატიურად და დახურულ კარს მიღმა ვაპირებთ და არა ყიჟინით. ზუსტი სიტყვა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა. ღიად ეგ საკითხი დაყენებულია და არ არის საჭირო დილა-საღამოს ამაზე ვილაპარაკოთ.
დოკუმენტში თავად აშშ და ევროკავშირიც ამაზე საუბრობენ, ღიად.
საუბრობს, კი ბატონო, უკვე საუბრობს და რა, საუბრის მერე რა ხდება?
რა ხდება ერთია, მაგრამ თქვენ აპირებთ თუ არა აქტიურად გააგრძელოთ ეს პოლიტიკა?
დილით რომ გავიღვიძებთ, ვიყიჟინოთ, საღამოს სანამ დავიძინებთ, კიდევ ერთხელ ვიყიჟინოთ. და მერე დილით რომ გავიღვიძებთ, ისევ ვიყიჟინოთ? არა.
თქვენ რას გააკეთებთ დეოკუპაციის მიმართულებით?
ჩვენ გვინდა დეოკუპაცია ვაქციოთ რეალურ შედეგად და არა მხოლოდ სალაპარაკო თემად.
როგორ?
გიპასუხეთ უკვე. მეორე მსოფლიო ომი მოხდა ევროპაში და დღეს ეს სახელმწიფოები ერთმანეთის ყველაზე დიდი პარტნიორები არიან. ეს შესაძლებელია, ოღონდ საათები არ უნდა ვაჩუქოთ დევნილ გლეხებს და არ უნდა ვუთხრათ: ბატარეას რომ ძალა გაუვა, თქვენ უკვე სახლში იქნებით. აი, ეს ყალბი მოლოდინები, საომარი რიტორიკა, მუდმივი აჟიტირება უქმნის პრობლემებს საკითხის მოგვარებას.
ვაშინგტონის გამოცემა POLITICO-ში ჩამოთვლილი იყო ლობისტური კომპანიები, რომლებიც თქვენთვის მუშაობენ. რა არის ამ ლობისტური საქმიანობის მიზანი? თქვენი განცხადებაც ვნახეთ, რომ კონგრესში საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ მითი დაინგრა. რას აძლევს ეს საქართველოს?
ეს არ მიხარია. პირიქით, გამიხარდებოდა, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია. ამ ლობისტურ საქმიანობას აქვს კონკრეტული მიზეზი - ესაა ქვეყნის იმიჯის გადარჩენა და ის, რომ საქართველოში პროგრესზე ორიენტირებული, დემოკრატიული სახელმწიფო შედგეს.
ქვეყანას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავეხმარებით, თუ იქნება ადეკვატური ინფორმაცია, რაში სჭირდება მას დახმარება. აჟიოტაჟი, რომ ბიძინა ივანიშვილმა იქირავა ლობისტური კომპანიები, ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ ადამიანი თავისი ჯიბიდან რაში გადაიხდის ფულს, ეს ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს. უფრო საინტერესოა, რაში ხარჯავს საქართველო ბიუჯეტის იმ მილიონებს, რაც სხვა რამეს შეიძლება მოხმარებოდა და არა ლობისტურ საქმიანობას. მილიონობით დოლარს ხარჯავენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომ ხან მიშა სააკაშვილის და ხან ნიკა გილაურის უზარმაზარი სურათები დაიბეჭდოს Financial Times-ში.
თუ მუშაობთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების, დეოკუპაციის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის მიმართულებით?
ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩიკაგოს სამიტის წინ. მთავარი ამოცანა, რომელიც თვე-ნახევრის განმავლობაში ჩვენს მეგობრებს დავუსახეთ, იყო ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ინფორმირება, რომ მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში, NATO არის საერთო არჩევანი. არის თემები, რომელზეც განსხვავებული აზრები არ არსებობს. საქართველოს წინსვლის ლობირება ძალიან რთული იყო იმიტომ, რომ თავიდანვე ცნობილი გახლდათ - იქ რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ იქნებოდა.
ევროკავშირს რაც შეეხება, იქაც აბსოლუტურად ანალოგიური სიტუაციაა. რომ გითხრათ, კონკრეტულად ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ვმუშაობთ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ თუ ვისაუბრებთ ინტეგრაციაზე, უფრო ზოგად კონტექსტში თუ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
![]() |
11 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
ამერიკელი ჯარისკაცები თალიბებთან ორმხრივი სროლის დროს.
ყანდაღარის პროვინცია
![]() |
12 ახალი ძველი ეგვიპტე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთი
ირაკლი გუნია
ტაჰრირის მოედანი
ეგვიპტის პირველი თავისუფალი საპრეზიდენტო რბოლა ძველი დაპირისპირებით დასრულდა. 16-17 ივნისს დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურში მუსლიმური საძმოს კანდიდატი მუჰამედ მურსი და ძველი რეჟიმის წარმომადგენელი აჰმედ შაფიქი გავიდნენ. გასული ათწლეულების მსგავსად, მოსახლეობას ახლაც ორ გავლენიან პოლუსს შორის უწევს არჩევანის გაკეთება - ან პოლიტიკური ისლამი ან სეკულარული ერთმმართველობა. არაბულმა გაზაფხულმა ისტორიული ტრადიციის დარღვევა ვერ შეძლო.
არჩევნების პირველ ტურში ხმების დაახლოებით მეოთხედი მუსლიმური საძმოს სტრატეგმა, მუჰამედ მურსიმ მიიღო. მას რამდენიმე პროცენტით ჩამორჩა მუბარაქის მთავრობის უკანასკნელი პრემიერმინისტრი და ყოფილი გენერალი აჰმედ შაფიქი. სეკულარი სამხედროს და ისლამისტის დაწინაურებით ძალაუფლებისთვის ბრძოლა ძველი სცენარით განვითარდა და არჩევნების შედეგებმა გააქარწყლა იმედი, რომ გასული წლის რევოლუცია ლიბერალურ, საშუალო გზას წარმოაჩენდა. ეგვიპტის მოსახლეობის არჩევანს კვლავ რელიგიური რადიკალიზმის ან პოლიციური რეჟიმის დამყარების შიში განაპირობებს.
მრავალი ეგვიპტელისთვის არჩევნები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა. ამომრჩეველთა უმეტესობისთვის პირველი ტურის გამარჯვებულები მისაღები არ იყო, რადგან მათ სხვა კანდიდატებს მისცეს ხმა. ზომიერ ისლამისტ აბდელ აბულ ფოტუჰს, ზომიერ ლიბერალ ნაციონალისტ ამრ მუსას და სოციალისტ ჰამდინ საბაჰის შორის ხმების დაყოფამ მეორე ტურში ეგვიპტელების უმრავლესობა არჩევანის გარეშე დატოვა. ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ვეტერანი დიპლომატის, ამრ მუსას დაბალი მაჩვენებელი - წინასაარჩევნო გამოკითხვებში ის გამოკვეთილი ფავორიტი იყო.
მუსლიმური საძმოს ყოფილ წევრ აბდელ აბულ ფოტუჰს მხარს უჭერდა ვრცელი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ერთდროულად სალაფისტ მორწმუნეებს და რევოლუციის ახალგაზრდა მონაწილეებს მოიცავდა. ამრ მუსას და აბულ ფოტუჰს შორის გამართულმა სატელევიზიო დებატებმა ორივეს შანსები შეარყია, რადგან მათ გამოკვეთილი პოზიციების წარმოდგენა ვერ შეძლეს. არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე არნახული აღმასვლა ჰქონდა პოპულისტ ნასერისტს ჰამდინ საბაჰის, რომელმაც რევოლუციის მთავარ კერებში (კაირო, ალექსანდრია, პოსტ-საიდი) გაიმარჯვა და უმთავრეს მოულოდნელობად გადაიქცა.
აჰმედ შაფიქის პრეზიდენტობაზე განაცხადი უმთავრესად დაფუძნებულია ისლამისტების მიერ ძალაუფლების მონოპოლიის თავიდან აცილებაზე და წესრიგის დამყარების პირობაზე. მის ელექტორატს ძველი რეჟიმის მხარდამჭერი ბიუროკრატები და ბიზნესმენები, კოპტური ქრისტიანული უმცირესობა, ყოფილი სამხედროები და რევოლუციის შედეგად დანაშაულის მატებით შეშფოთებული სოფლის მოსახლეობა შეადგენს. მისდამი კეთილგანწყობილია სახელმწიფო მედიაც.
შაფიქმა ფინანსური ხელშეწყობა მიიღო მუბარაქის ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიისგან, რომელმაც მისი კანდიდატურის უკან სახელმწიფო ბიუროკრატიული მანქანის მობილიზება მოახერხა. ძველი რეჟიმის ზედა წრეებს, არჩევნების შედეგებმა გააქარწყლა იმედი, რომ გასული წლის რევოლუცია ლიბერალურ, საშუალო გზას წარმოაჩენდა. ეგვიპტის მოსახლეობის არჩევანს კვლავ რელიგიური რადიკალიზმის ან პოლიციური რეჟიმის დამყარების შიში განაპირობებს. მუსლიმური საძმოს გაძლიერებით უსაფრთხოების და ბიზნესის ინტერესებზე არსებული სტატუსკვოს დარღვევა აშინებთ. შაფიქს ეგვიპტის სამხედრო მმართველობის მხარდაჭერაც აქვს და მუსლიმური საძმოს ეკონომიკურ აქტივობას „სტრატეგიულ აუცილებლობას“ უწოდებს.
აჰმედ შაფიქი მისაბაძ ადამიანად ჰოსნი მუბარაქს მიიჩნევს. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ მომხდარ რევოლუციას კი მოიხსენიებს უპატივცემულო ბავშვად, რომელიც მზრუნველ მამას სახეში სილას ურტყამს. მუბარაქის მსგავსად, შაფიქიც მებრძოლი პილოტი იყო და პოლიტიკაში წასვლამდე ეგვიპტურ საჰაერო ძალებს მეთაურობდა. სამოქალაქო ავიაციის მინისტრობის პერიოდში მან ეფექტური ტექნოკრატის რეპუტაცია მოიპოვა, რომელმაც წარმატებული მოდერნიზაციული პროგრამები განახორციელა. შაფიქის სახელს კორუფციისა და რეპრესიების მრავალი შემთხვევა უკავშირდება. მათ შორისაა „აქლემების ბრძოლა“ 2011 წლის 2 თებერვალს, როდესაც მუბარაქის მცველები ტაჰრირის მოედანს თავს დაესხნენ და რამდენიმე დემონსტრანტის სიცოცხლე შეიწირეს.
კრიტიკოსები შაფიქს დაცინვით ძველი რეჟიმის „გადმონაშთს“ (ფელულ) უწოდებენ. მრავალი ეგვიპტელისთვის ის უაღრესად წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რომლის არჩევა წარსულში დაბრუნებას ნიშნავს. საჯარო გამოჩენისას ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები მას ფეხსაცმელებს ესვრიან, „ფელულს“ ყვირიან ან ტაჰრირის მოედანზე დაღუპული დემონსტრანტების სურათებს აჩვენებენ. შაფიქის გამარჯვება გააგრძელებს 1952 წლის შემდეგ არსებულ ტრადიციას, რომლითაც ეგვიპტეს ყოფილი ან მიმდინარე სამხედროები მართავენ.
საპრეზიდენტო რბოლაში შემთხვევითი კანდიდატია პირველი ტურის გამარჯვებული ისლამისტი მუჰამედ მორსი. ის მუსლიმური საძმოს არჩევანი მთავარი დამფინანსებელის, ხაირათ ელ-შატერის დისკვალიფიკაციის შემდეგ გახდა, რის გამოც უნივერსიტეტის ყოფილ პროფესორს „სათადარიგო საბურავს“ ეძახიან. ეგვიპტელი ანალიტიკოსების თქმით, ის ორგანიზაციის დომინანტი კონსერვატორული ფრთის მიმართ ერთგულების გამო აირჩიეს. საარჩევნო კამპანიის დროს, მორსიმ საკუთარი თავი ღმერთის კანდიდატად შერაცხა და ყურანის მომავალი კონსტიტუციის საფუძვლად გამოცხადების, ასევე შარიათის მკაცრი ვერსიის შემოტანის პირობა დადო. The Washington Post-თან ადრეულ ინტერვიუში, მორსიმ ეგვიპტის მოდელად საუდის არაბეთი გამოაცხადა, ისრაელის მოქალაქეებს კი გამუდმებით „მკვლელებსა და ვამპირებს“ უწოდებს.
მორსის წარმატება მუსლიმური საძმოს გამართული და გამოცდილი ქსელის დამსახურებაა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საპატრონაჟო სისტემა ქველმოქმედებას და ათასობით მეჩეთთან დაკავშირებულ მომსახურებას, მათ შორის, განათლებას და ჯანდაცვას მოიცავს. ამას გარდა, სხვადასხვა სახის საქმიანობა ათი ათასობით ეგვიპტელს ასაქმებს. საძმოს დისციპლინირებული ინფრასტრუქტურა მორსის სხვა კანდიდატების წინააღმდეგ საგრძნობ უპირატესობას აძლევს.
აჰმად შაფიქი,
მუჰამედ მორსი
პირველი ტურის შემდეგ გამარჯვებულმა კანდიდატებმა პოლიტიკური ცენტრისკენ გადანაცვლება დაიწყეს. აჰმედ შაფიქის თქმით, ის მზადაა იმ კოალიციურ მთავრობასთან სამუშაოდ, რომელშიც მუსლიმი ძმებიც იქნებიან. მორსი გამოხატვის თავისუფლების, ტურიზმის წახალისების, ქალებისა და ქრისტიანების უფლებების სრული დაცვის პირობით გამოდის. სამხედრო ჰოსპიტალიდან კი კანდიდატებზე მუბარაქის ასეთი კომენტარი გავრცელდა: „მათ სიგარეტის ჯიხურიც რომ მართონ, აუცილებლად გაკოტრდებიან“.
ეგვიპტის მომავალ პრეზიდენტს უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში მოუწევს მუშაობის დაწყება. უცხოური ვალუტის რეზერვები სულ უფრო მცირდება, ინფლაცია 12%25-ს აღწევს, ტურიზმი მესამედით შემცირდა. გაფიცვებმა, დანაშაულმა და გაურკვევლობამ, უცხოური ინვესტიციები 2007 წლის მაჩვენებლის მეოცედამდე ჩამოიყვანა. სასწრაფოდ მისაღებია ახალი ბიუჯეტიც. მზარდ ეკონომიკურ კრიზისზე კონცენტრირების ნაცვლად, არჩევნების შედეგებმა ეგვიპტე შეიძლება ახალ უწესრიგობაში ჩაითრიოს.
ქვეყნისთვის უმთავრეს თავის ტკივილად სამხედრო საბჭო (SCAF) რჩება. პრეზიდენტის მანდატი 2011 წლის მარტის კონსტიტუციური დეკლარაციით შემუშავდა, თუმცა სამხედრო მმართველების გადაწყვეტილებით, უფრო დეტალურად მისი უფლებამოსილებები არჩევნების მერე განისაზღვრება, რაც, შეიძლება, ძალაუფლების პრეზიდენტისთვის შემცირებას და არმიისთვის დატოვებას ნიშნავდეს. გენერლებს აღმასრულებელი ძალაუფლების პრეზიდენტისთვის გადაცემა ივლისის დასაწყისში უწევთ. არსებობს ეჭვი, რომ ისინი არეულობის განზრახ შექმნით ამომრჩეველს შაფიქის სასარგებლოდ დააფრთხობენ.
მუბარაქის რეჟიმის დაზვერვის უფროსი, ომარ სულეიმანი ვარაუდობს, რომ მუსლიმური საძმოს გამარჯვების შემთხვევაში არმია გადატრიალებას მოახდენს. ამის საპირისპიროდ, შაფიქის გამარჯვება შეიძლება სამხედროთა ინტერესების გატარებად და რევოლუციის მონაპოვრის დაკარგვად შეფასდეს, რაც დემონსტრანტებს ქუჩაში დააბრუნებს. პოსტრევოლუციურ ეგვიპტეში ჯერჯერობით ყველაფერი უცვლელია.
![]() |
13 ურთიერთობა ცივ ფაზაში შედის |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
გერმანია-რუსეთი
მარიამ მიქავა
რუსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ინაუგურაციის შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი განახორციელა: მინსკი-ბერლინი-პარიზი. ბელარუსში ვიზიტი, რომლის ავტორიტარი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლუკაშენკო, ფაქტობრივად, საერთაშორისო იზოლაციაშია, უარყოფითად შეაფასა გერმანულმა გამოცემამ Die Zeit.
1 ივნისს ბერლინში გაიმართა ვლადიმირ პუტინის ოფიციალური შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და პრეზიდენტ იოაჰიმ გაუკთან. გერჰარდ შრედერთან „მეგობრული“ შეხვედრების ფონზე ეს იყო გერმანიაში პუტინის ყველაზე მოკლევადიანი, დაახლოებით 6-საათიანი ვიზიტი. ანგელა მერკელის დროს რუსულ-გერმანული შეხვედრები უფრო მშრალ და საქმიან ხასიათს იღებს.
როგორც ირკვევა, გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრის მთავარი თემები ეკონომიკური პარტნიორობა, ევროკავშირის კრიზისი, ირანის ბირთვული პროგრამა და სირიის კონფლიქტი იყო. მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში გამოჩნდა, რომ მოცემულ საკითხებში ქვეყნების პოზიცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა - ისინი თანხმდებიან, რომ სირიის კრიზისის აღმოსაფხვრელად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, მაგრამ საკითხის მოგვარების კონკრეტულ გზებზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.
პრესკონფერენციის მსვლელობისას პუტინი აშშ-ის გენერალური მდივნის, ჰილარი კლინტონის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსკოვი დამასკოში სამოქალაქო ომის გაღვივებას უწყობს ხელს. „ის, ვინც ლაპარაკობს, რომ მოსკოვი ბაშარ ასადის რეჟიმს მხარს უჭერს, ცდება. რუსეთი დამასკოს არ აწვდის ისეთ შეიარაღებას, რომელიც შესაძლოა სამოქალაქო კონფლიქტში გამოიყენონ“, - განაცხადა პუტინმა. მერკელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ გერმანია დაინტერესებულია რუსეთში „დემოკრატიული მრავალფეროვნების“ განვითარებით, რისი ნათელი მაგალითიც ანტიპუტინური აქციებია.
ვიზიტის განმავლობაში ფედერალური კანცლერის უწყების წინ საპროტესტო აქცია გაიმართა - დაახლოებით 150 კაცი რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და სირიის საკითხისადმი მოსკოვის პოზიციას აპროტესტებდა.
რუსეთთან კავშირი გერმანიის საგარეო პოლიტიკაში ტრადიციულად განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს და გერმანიის ხელისუფლება საკუთარ თავს რუსეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვან შუამავლად განიხილავს.
ორი ქვეყნის ურთიერთობაში სავაჭრო თანამშრომლობა იდეალურადაა აწყობილი. 2011 წელს გერმანული ექსპორტი რუსეთში 34%25-ით გაიზარდა და 27 მილიარდ ევროს (34 მილიარდი დოლარი) მიაღწია, ხოლო იმპორტმა 27%25-ით მოიმატა და 25 მილიარდი ევრო შეადგინა. გერმანია რუსეთის მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს ჩინეთის შემდეგ.
მიუხედავად რუსეთზე უფრო მეტი დამოკიდებულებისა, ბოლო ათწლეულია, სახელმწიფოების ურთიერთობა უფრო ცივ ფაზაში გადადის. გერმანიისთვის ისევ უმნიშვნელოვანესია რუსული ბუნებრივი აირი. თავის მხრივ, პუტინს გერმანელი ინვესტორები თავისი ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზებისთვის სჭირდება.
მერკელისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, პუტინი მას მაინც ზედმეტად პროამერიკულად განიხილავს. ბერლინში შეხვედრას სიტუაცია არ შეუცვლია - არც რაიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი და არც სადავო საკითხებზე მიუღწევიათ კონსენსუსისთვის. რუსეთი, როგორც ჩანს, საკუთარი პოზიციის გადახედვას არ აპირებს.
![]() |
14 33-წლიანი პატიმრობა ექიმს, რომელმაც ამერიკას ბინ ლადენი აპოვნინა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
პაკისტანი
შოთა კაკაბაძე
ავღანეთში NATO-სა და ამერიკის სამხედროებისათვის პაკისტანის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების აღდგენასთან დაკავშირებული შეთანხმების ჩავარდნიდან ცოტა ხანში ოფიციალურ ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის ახალი კონფლიქტი მომწიფდა.
პაკისტანის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო და 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ადგილობრივ ექიმს, შაქილ აფრიდის, რომელიც ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენაში მთავარ ფიგურად სახელდება. ამერიკის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ შარშან პაკისტანში დაწყებული პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამა ალ-ყაიდას ლიდერის, ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დასადგენად ჩასატარებელი ოპერაციის შესანიღბად გამოიყენა. ექიმთა ჯგუფი, შაქილ აფრიდის ხელმძღვანელობით, ქალაქ აბოტაბადეში (სადაც, ამერიკელთა აზრით, ბინ ლადენი აფარებდა თავს) ადგილობრივი მოსახლეობისგან სისხლის ანალიზს იღებდა. ეს სინჯები შემდგომ ამერიკის დაზვერვას ეგზავნებოდა, რომელიც, თავის მხრივ, დნმ-ის ანალიზს ატარებდა. ამას მოჰყვა 2011 წლის მაისის ცნობილი სპეცოპერაცია და ამერიკელების მიერ მსოფლიოს პირველი ტერორისტის განადგურება.
ბუნებრივია, პაკისტანის შესაბამის ორგანოებს არ გასჭირვებიათ იმ ექიმის აღმოჩენა, რომელიც ამერიკელების მთავარი წყარო გახლდათ. ექიმი აფრიდი დააკავეს, მისი ქონება და საბანკო ანგარიშები კი დააყადაღეს. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, შაქილ აფრიდის ბინ ლადენის განადგურებიდან მალევე შესთავაზეს ოჯახთან ერთად ამერიკაში დასახლება, თან არაერთხელ, თუმცა ექიმისგან უარი მიიღეს. აფრიდის ძმის მტკიცებით კი, ამერიკის მხარეს დახმარება არასდროს შეუთავაზებია და ის განტევების ვაცად გამოიყენეს.
პაკისტანელი ექიმის დაკავებას შესაბამისი რეაქცია მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეფასებით, „აფრიდის დასაკავებლად არანაირი საფუძველი არ არსებობდა“. ამავდროულად, კლინტონმა უსამართლობა უწოდა ექიმისთვის განკუთვნილ სასჯელს და პირობა დადო, რომ პაკისტანის მხრიდან ვერდიქტის გადახედვას მიაღწევდა. ამერიკელი ოფიციალური პირების გაცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლაში მონაწილე პირის სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება მიუღებელია. თავის მხრივ, სენატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პაკისტანს 33 მილიონი დოლარით შეუმცირონ დახმარება - იმდენით, რამდენი წელიც აქვს მისჯილი ექიმს. სიმბოლურად.
გასულ კვირას, ამერიკის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, დააზუსტოს ექიმი აფრიდის დაკავების „ახალი საბაბის“ დეტალები“. ბოლოს გავრცელებული სასამართლო დოკუმენტაციის მიხედვით, შაქილ აფრიდი გასამართლდა არა ამერიკელებთან თანამშრომლობის, არამედ პაკისტანში აკრძალული სამხედრო დაჯგუფების, ლაშქარ-ე-ისლამის მეთაურებთან შეხვედრის და მათთვის დახმარების აღმოჩენის გამო. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ეს ოფიციალური ისლამაბადის მიერ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციასთან წინააღმდეგობაში მოდის. სწორედ ამიტომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს დეტალების გარკვევაზე და ექიმის დახსნაზე.
1 ივნისს Washington Post-ში გამოქვეყნდა კონგრესის დაზვერვის კომიტეტის რესპუბლიკელ კონგრესმენთა წერილი, რომელშიც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია სახელმწიფო საიდუმლოებების გამიზნულად გაჟონვაშია დადანაშაულებული. წერილის ავტორები აცნობიერებენ, რომ მედიაში და, ზოგადად, საზოგადოებაში მსგავსი დეტალების მიმართ ძალიან დიდია ინტერესია, თუმცა, მათივე თქმით, ეს საფრთხეს უქმნის მომავალში მსგავსი ოპერაციების წარმატებას და მასში მონაწილე პირების უსაფრთხოებას.
ამერიკელ ანალიტიკოსთა და პოლიტოლოგთა აზრით, პრეზიდენტ ობამას ამ საკითხის გარშემო მეტი სიმკაცრე და სითამამე მოეთხოვება. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ანალიტიკოსის, ჩარლზ კრაუტჰამერის შეფასებით, პაკისტანისთვის ფინანსური დახმარების შემცირებას ბევრად უფრო მეტი ეფექტი ექნებოდა, თუ ამას თავად პრეზიდენტი განაცხადებდა. მისივე თქმით, ისლამაბადის დაშოშმინება ინდოეთთან ურთიერთობის გაღრმავებით შეიძლება. „თუ გინდათ, მიიღოთ რეაქცია პაკისტანისგან, ახსენეთ ინდოეთი. გამოაცხადეთ, რომ ჰილარი კლინტონი ვიზიტით ეწვევა ნიუ დელის“, - განაცხადა კრაუტჰამერმა.
ოფიციალური ისლამაბადის უკმაყოფილების კიდევ ერთი გამოხატულება იყო ის, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, დევიდ პეტრიუსის და პაკისტანის დაზვერვის ახლადდანიშნული უფროსის, გენერალ ლეიტენანტ ზაჰირ ულ-ისლამის წინა კვირას დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. როგორც პაკისტანელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, ამას მხოლოდ ერთადერთი მიზეზი აქვს - „გადაუდებელი მოვალეობები“.
აფრიდის დაცვის მხარემ კი უკვე განაცხადა ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დაცვის მხარეს მთელი რიგი პრობლემები აქვს გასაჩივრებისათვის საჭირო საბუთების მოგროვების პროცესში. მათი თქმით, აფრიდის ადვოკატებმა ვერ შეძლეს ვერც სასამართლოს ვერდიქტის ასლის მოპოვება და ვერც დაკავებულთან შეხვედრა საჭირო ხელმოწერის მისაღებად. შედეგად, ეს პროცესი დროში იწელება, რაც, ანალიტიკოსთა აზრით, ამერიკასთან ვაჭრობაში პაკისტანის კიდევ ერთი კოზირია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ავღანეთში ტრანზიტთან დაკავშირებით პაკისტანსა და ამერიკას შორის შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
![]() |
15 ლულას რეპუტაციას სერიოზული ჩრდილი მიადგა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ბრაზილია
მარიამ მიქავა
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა, ახალ სკანდალში გაეხვია.საქმე ეხება ძველ, მაგრამ გაჭიანურებულ კორუფციულ საქმეს, რომელმაც მისი პრეზიდენტობის პირველ ვადას ჩრდილი კი მიაყენა, მაგრამ 2006 წელს ხელახლა გაპრეზიდენტებისთვის ხელი არ შეუშლია.
საქმე ეხება ე.წ. mensalao-სთან (შემოწირულობა) დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო კომისიას. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ეს კომისია 2005 წლიდან იძიებდა მაშინდელი მმართველი მუშათა პარტიის წევრების წინააღმდეგ აღძრულ საქმეს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით კონგრესის ხმების მოსყიდვასთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესი დასასრულს მხოლოდ ახლა უახლოვდება.
პარალელურად ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. საკუთარი პარტიის მომავლით შეწუხებული ექსპრეზიდენტი კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ჟილმარ მენდესს არწმუნებდა - მუშათა პარტიის 38 კაცზე საბოლოო სასამართლო პროცესი ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ გადაეტანა.
ბრაზილიურ ჟურნალთან - Veja-ინტერვიუში მოსამართლე მენდესმა განაცხადა, რომ თუ პროცესის გაჭიანურებას დათანხმდებოდა, ლულას დაპირებით, მუშათა პარტია უზრუნველყოფდა, რომ ის აღარ გახდებოდა სამიზნე სხვა მაღალი სასჯელის მქონე კორუფციის გამოძიებაში, რომელიც კონგრესში მიმდინარეობს. „მე განცვიფრებული ვიყავი ყოფილი პრეზიდენტის საქციელითა და შეუსაბამო ცილისწამებით“, - აღნიშნა მოსამართლე მენდესმა.
ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 2010 წლის 31 დეკემბერს დატოვა და მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მენდესთან შეხვედრას აღიარებს, მაგრამ „მცდარი“ ინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისგან პასუხს ითხოვს და მის შინაარსზე „შეშფოთებას“ გამოთქვამს.
„ლულა არასდროს ჩარეულა უზენაესი სასამართლოს ან გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებაში, ე.წ. mensalao-ს ნებისმიერ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მისი 8 წლიანი პრეზიდენტობისას, სასამართლოში ან პროკურატურაში შევიდა“, ნათქვამია ლულას ოფისის განცხადებაში.
მიმდინარე მოვლენები, სავარაუდოდ, უსიამოვნო გავლენას იქონიებს ბრაზილიის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დილმა რუსეფისა და მისი ყოფილი „დამრიგებლის“, ლუის ინასიო ლულა დასილვას მჭიდრო ურთიერთობებზე. სასამართლოს გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა არა მარტო 38 ადამიანის მომავალზე, არამედ ბრაზილიის შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიაზეც ექნება, განაცხადა პოლიტოლოგმა კარლოს პერეირამ. საინტერესოა, ძვირად დაუჯდება თუ არა მუშათა პარტიას ყოფილი ხელმძღვანელის გადამეტებული ზრუნვა.
![]() |
16 ნაპერწკლიდან აინთება ალი - ირანის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო კიბერ იარაღი გამოაშკარავებულია |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ამერიკა
მიხეილ ბასილაია
1 ივნისს The New York Times-ში გამოქვეყნდა ჟურნალისტ დევიდ სანგერის წერილი, რომელიც ამერიკის მხრიდან ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებისთვის კიბერიარაღის გამოყენებას ეხებოდა. ამავე საკითხზე დაწერილი მისი წიგნი კი 5 ივნისს გამოვიდა. სანგერის ნაშრომი ამერიკელი და ევროპელი, ყოფილი და ახლანდელი ოფიციალური პირების, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული.
წერილის მიხედვით, კიბერიარაღზე მუშაობა 2006 წელს, ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის დროს დაიწყო საიდუმლო პროგრამის, „ოლიმპიური თამაშების“ ფარგლებში. ბუში შეშფოთებული იყო ირანის ბირთვული პროგრამით და ისრაელის შესაძლო სამხედრო ჩარევით. მას არ სურდა ახლო აღმოსავლეთში ახალი ცხელი წერტილი გაჩენილიყო და კიბერალტერნატივის გამოჩენისთანავე დათანხმდა მასზე მუშაობის დაწყებას. მას შემდეგ, რაც 2008 წელს ბუშის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა, მან თავის მემკვიდრეს, ბარაკ ობამას სთხოვა, პროგრამა არ დაეხურა. ობამას კიბერიარაღის იდეა მოეწონა, ამიტომ პროგრამის გაფართოება და მოქმედებაში მოყვანა გადაწყვიტა.
ირანის ბირთვული ამბიციების დასათრგუნად შექმნილი მავნე კომპიუტერული პროგრამის (რომელსაც აღმოჩენის შემდეგ Stuxnet-ი ეწოდა) ტექნიკურ მხარეზე ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების პერსონალი მუშაობდა. პროცესში ჩართული იყო ისრაელიც. მათ ამერიკელებს მიაწოდეს როგორც ტექნიკური ექსპერტიზა, ისე მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია.
Stuxnet-ის დასრულებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდა. მას კონკრეტული სამიზნე ჰქონდა - ნათანზის ბირთვული რეაქტორის კომპიუტერული სისტემა (სხვა კომპიუტერულ სისტემებს Stuxnet-ი რაიმე სახის ზიანს არ აყენებს). ამოქმედებამდე პროგრამას ტესტირება უნდა გაევლო, რისთვისაც საჭირო იყო გერმანული კორპორაცია Siemens-ის P-1 მოდელის ცენტრიფუგები და მათი სამართავი სისტემა (რომლებსაც ირანელები ნათანზში იყენებდნენ).
აღმოჩნდა, რომ საჭირო მოდელის ცენტრიფუგები ბედნიერი შემთხვევის წყალობით ამერიკელებსაც ჰქონდათ. 2003 წელს ლიბიის ყოფილმა დიქტატორმა მუამარ კადაფიმ საკუთარი ბირთვული პროგრამის გაგრძელება გადაიფიქრა და ტექნიკური აღჭურვილობა ამერიკას გადასცა.
ტესტირების შემდეგ დღის წესრიგში დადგა Stuxnet-ის ნათანზის კომპიუტერულ სისტემამდე მიტანის საკითხი. ბირთვული რეაქტორი, უსაფრთხოების მოტივით, ინტერნეტთან პირდაპირ დაკავშირებული არ იყო, მაგრამ ამერიკამ და ისრაელმა რეაქტორში მომუშავე ინჟინრების დაუდევრობის თუ შპიონაჟის საშუალებით თავიანთი კიბერიარაღის დანიშნულების ადგილამდე მიტანა მაინც მოახერხეს.
ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა მალე მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ცენტრიფუგები მწყობრიდან გამოდიოდა, ირანელები კი მიზეზს ვერ ხვდებოდნენ. მათ რეაქტორის პერსონალი შეცვალეს. Stuxnet-ის გამორჩეული ღირსება ის იყო, რომ ცენტრიფუგები მწყობრიდან ისე გამოჰყავდა (ზედმეტი და დაუბალანსებელი დატვირთვით), თითქოს მათი სამართავი კომპიუტერული პროგრამის მიხედვით ყველაფერი წესრიგში იყო. ამერიკელები ისრაელთან ერთად აახლებდნენ პროგრამას და გაუმჯობესებულ ვერსიებს უშვებდნენ ნათანზში. საბოლოოდ ამ განახლებებმა კიბერიარაღი გამოააშკარავეს.
პროგრამა ინტერნეტში არ უნდა მოხვედრილიყო, თუმცა ერთ-ერთ განახლებაში პროგრამული შეცდომა გაიპარა და 2010 წლის დასაწყისში რეაქტორში მომუშავე ინჟინრის კომპიუტერიდან Stuxnet-ი ინტერნეტში გავრცელდა. მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო მის შესახებ, თუმცა სანგერის მიერ ციტირებული ექსპერტები პროგრამას მაინც წარმატებულად აფასებენ, რადგან, მათი აზრით, Stuxnet-მა ირანის ბირთვული პროგრამა 1,5-2 წლით დაამუხრუჭა. ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ირანელები მხოლოდ 1 წლით დაყოვნდნენ.
სენგერი აღნიშნავს, რომ ობამა პროგრამის ინტერნეტში გავრცელებამ შეაშფოთა. თეთრი სახლი უარყოფდა საკუთარი ჩარევის ამბავს, ვინაიდან ამერიკის მიერ კიბერიარაღის გამოყენებას სხვა ქვეყნები ან ტერორისტული ორგანიზაციებიც შეიძლებოდა წაეხალისებინა კიბერიარაღის განვითარებისკენ. მიუხედავად ამერიკის კიბერშესაძლებლობებისა, ის ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ინფორმაციულ სისტემებზე.
სანგერი ახალ მავნე კომპიუტერულ პროგრამაზე, Flame-ზეც (ასევე ცნობილია, როგორც Wiper და Viper) საუბრობს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს. თუ Stuxnet-ს კონკრეტული სამიზნე (ნათანზის ბირთვული რეაქტორის ცენტრიფუგები) ჰქონდა, Flame-ი უფრო მრავალფეროვანი პროგრამაა და მისი მიზანი შპიონაჟია. პროგრამის ფუნქციონალურობას ხაზს უსვამს ზომაც (20 მეგაბაიტი), რაც მავნე პროგრამისთვის ძალიან დიდია (Stuxnet-ი დაახლოებით 40-ჯერ ნაკლები მოცულობის, 500 კილობაიტი იყო).
Flame-ი აგროვებს მომხმარებლის მიერ კლავიატურაზე აკრეფილ ყოველ სიმბოლოს და იპარავს კომპიუტერში განთავსებულ ინფორმაციას. თუ მომხმარებელს ელექტრონული ფოსტა ან მესენჯერი პროგრამა (მაგალითად, ICQ) აქვს გახსნილი, მაშინ Flame-ი ყოველ 15 წამში აკეთებს სკრინშოტს. მას აგრეთვე შეუძლია კომპიუტერის მიკროფონის ჩართვა და საუბრის ჩაწერა, Bluetooth-ის ჩართვა და დაკავშირების არეალში არსებული სხვა მოწყობილობებიდან ინფორმაციის მოპოვება. მოგროვებულ ინფორმაციას Flame-ი რამდენიმე დანიშნულების პუნქტისკენ გზავნის.
ექსპერტების განმარტებით, Flame-ის მიზანი მოსახლეობის თვალთვალი არ არის. თუ სერვერზე გაგზავნილი ინფორმაცია პროგრამის შექმნელებისთვის არაა საინტერესო, მაშინ Flame-ი კომპიუტერში თავადვე შლის საკუთარ თავს. ექსპერტები, რომლებიც პროგრამის კომპიუტერულ კოდს იკვლევენ, აღნიშნავენ, რომ Flame-ს საკუთარი კვალის გაქრობა უნაკლოდ შეუძლია.
Flame-ის შექმნისა და ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, ის 2-3 წლის წინ გავრცელდა და მისი მოქმედების არეალი ახლო აღმოსავლეთია. ინფიცირებული კომპიუტერების დიდი ნაწილი პალესტინის, სუდანის, სირიის, ლიბანისა და ირანის სამთავრობო სააგენტოებს, საჯარო ინსტიტუტებსა და კერძო კომპანიებს ეკუთვნით.
გამოითქვა ვარაუდი Stuxnet-ისა და Flame-ის ურთიერთკავშირის შესახებ, თუმცა მიმომხილველები, პროგრამების სირთულის გამო, მათზე ერთი და იმავე ჯგუფის მუშაობას გამორიცხავენ. სანგერი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლებმა Flame-თან კავშირი უარყვეს.
სანგერის წერილის გამოქვეყნებას ობამას ოპონენტები ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. მათ თეთრი სახლი ინფორმაციის გაჟონვის კიდევ ერთი მიზანმიმართული კამპანიის გამო გააკრიტიკეს. მარტში თეთრი სახლიდან გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს აზერბაიჯანი ისრაელს საკუთარ აეროდრომებს უთმობდა ირანზე თავდასხმისთვის. მაშინ თეთრი სახლი ისრაელის სამხედრო გეგმების საბოტაჟს ისახავდა მიზნად, ახლა კი, ობამას კრიტიკოსების აზრით, ადმინისტრაციის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ირანის თემის მანიპულაციით პრეზიდენტის იმიჯის ამაღლებაა. ჩარლზ კრაუტჰამერმა თეთრი სახლის ქმედება სკანდალად შეაფასა. ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა სენატორმა ჯონ მაკკეინმაც.
პოლიტიკურმა მიმომხილველებმა, მათ შორის, კრაუტჰამერმა და უოლტერ რასელ მიდმა, თეთრი სახლი საიდუმლო ინფორმაციის გამხელაშიც დაადანაშაულეს. მათი თქმით, კიბერიარაღზე მუშაობის კოდური სახელწოდების, მასში ჩართული ამერიკისა და ისრაელის სამსახურებისა და ოფიციალური პირების გამჟღავნება მომავალში ორივე ქვეყნის ქმედებებს ხელს შეუშლის. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც სანგერის მიერ ციტირებული მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, კიბეროპერაციები ისევ გრძელდება.
![]() |
17 როგორ გახდა ლონდონი ფრანგებით დასახლებული მე-6 უდიდესი ქალაქი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ივანე ბაძაღუა
ვალდეკ რუსო
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა უმუშევრობა იყო. 5 წლის წინ, როცა სარკოზიმ ჟაკ შირაკისგან პრეზიდენტის პოსტი გადაიბარა, უმუშევრობის დონე 7.9%25-ს არ სცდებოდა, მაშინ როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი დაახლოებით 7.3%25 იყო. სარკოზის პრეზიდენტობის პირველ წელს საფრანგეთში ეს რიცხვი დიდად არ შეცვლილა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად კი უმუშევრობის დონემ 10%25-ს მიაღწია.
უმუშევრობის გამომწვევი მიზეზების განხილვისას ეკონომისტები ძირითადად საფრანგეთის შრომის კანონმდებლობას უთმობენ ყურადღებას. Code du Travail, რომელიც 3200 გვერდისგან შედგება და 102-წლიან ისტორიას ითვლის, არეგულირებს ყველაფერს - სამუშაოს კლასიფიკაციით დაწყებული, თანამშრომლების გათავისუფლების პირობებით დამთავრებული.
შრომის პირველი კანონი საფრანგეთში 1884 წელს მიიღეს ვალდეკ რუსოს ინიციატივით. 1938 წელს ამოქმედდა კანონი 12-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების შესახებ. 1968 წლის გრენობლის შეთანხმებით, კვირის სამუშაო საათები 44-მდე შემცირდა და ყველა საწარმოში შეიქმნა პროფკავშირები. შრომის კოდექსის არსებული სახით ჩამოყალიბებაში კი სოციალისტ ლიონელ ჟოსპენის მთავრობას მიუძღვის დიდი წვლილი - სწორედ 90-იანი წლების ბოლოს შევიდა კოდექსში მნიშვნელოვანი შესწორებები. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, სამუშაო კვირა 35 საათამდე შემცირდა.
ამ ცვლილების ავტორი მაშინდელი სოციალურ საქმეთა მინისტრი, მარტინ ობრი იყო. აღსანიშნავია, რომ ობრი, რომელიც 2001 წლიდან ლილის მერი, ხოლო 2008 წლიდან საფრანგეთის სოციალისტური პარტიის პირველი მდივანია, ოლანდის მიერ ფორმირებულ მთავრობის ახალ გუნდში ვერ მოხვდა. პოლიტიკური მიმომხილველები ამის მიზეზად ობრის ულტრამემარცხენე შეხედულებებს ასახელებენ - წინასაარჩევნო კამპანიისას ის არაერთხელ დაუპირისპირდა ოლანდს „რბილი მემარცხენე“ პოზიციის გამო. შედეგად, ინვესტორები რომ არ დაეფრთხო, პრემიერმინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა ნანტის მერი, ნაკლებად ცნობილი ჟან-მარკ ეირო შეარჩია, სხვა თანამდებობა კი მარტინ ობრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი.
Heritage Foundation-ის 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში აღნიშნულია, რომ „საფრანგეთის შრომის ბაზარი დამძიმებულია მკაცრი რეგულაციებით, რის გამოც მას დასაქმების ეფექტური ზრდის უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ აქვს. დასაქმებულთა დაცვის სახელით, კოდექსი ხელს უწყობს უმუშევრობის ზრდას...“ ამავე კვლევაზე დაყრდნობით, შრომის თავისუფლების მიხედვით საფრანგეთი მსოფლიოში 125-ე ადგილზეა.
იმის გამო, რომ მკაცრად რეგულირდება სამსახურიდან დათხოვნის საკითხი, კომპანიები ფრთხილობენ ახალი კადრების მიღებისას. დასაქმება განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდებისთვის. ამიტომ ფრანგები ემიგრაციაში მიდიან ისეთ სახელმწიფოებში, სადაც შრომის კანონმდებლობა უფრო ლიბერალურია, შესაბამისად, სამსახურის შოვნა - უფრო ადვილი. ფრანგებით დასახლებული სიდიდით მეექვსე ქალაქი ლონდონი გამოდის. BBC-ის მონაცემებით, აქ გაცილებით მეტი ფრანგი ცხოვრობს, ვიდრე სტრასბურგში, ბორდოში ან ნანტში - დაახლოებით 400 ათასი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2011-2012 წლის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის კვლევაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთში ბიზნესის წარმოებისთვის მთავარ დაბრკოლებებს შორის პირველ ადგილზეა შემზღუდველი შრომითი რეგულაციები.
რეგულაციები, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ მუტაციებს წარმოშობს. მაგალითად, საფრანგეთის შრომის კოდექსი ავალდებულებს ყველა კომპანიას, რომელსაც საფრანგეთში სულ მცირე 50 თანამშრომელი ჰყავს, შექმნას მუშათა საბჭოები, რომელთაც რესტრუქტურიზაციის გეგმა უნდა შეუთანხმოს, „პერიოდულად მოუწყოს შეხვედრები მუშებთან“... ზემოაღნიშნულისგან თავის არიდების მიზნით, მეწარმეების ნაწილი, არსებული კომპანიის გაფართოების ნაცვლად, ახალ კომპანიას აარსებს, მეორე ნაწილს კი კაპიტალი საფრანგეთის „ახლო საზღვარგარეთში“, ტუნისში, ბულგარეთში, რუმინეთში გააქვს. 2011 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში 1500 კომპანიას ჰყავს 48 თანამშრომელი, 1600 კომპანიას - 49, და მხოლოდ 660-ს - 50.
ბოლო წლებში საფრანგეთმა უფრო მეტი სამრეწველო სამუშაო ადგილი დაკარგა, ვიდრე რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ.
![]() |
18 სირიელი ჩერქეზების დილემა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
გუგა ჩაფიჩაძე
წელიწადზე მეტია, რაც სირიაში სახელისუფლებო ძალებსა და ოპოზიციას შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. კონფლიქტს უკვე 5 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დღეს სირიაში, სხვადასხვა მონაცემების თანახმად, 80-დან 100 ათასამდე ეთნიკური ჩერქეზი ცხოვრობს. ჩრდილოეთ კავკასიიდან იძულებით გადაადგილებული პირები ძირითადად დამასკოში, ალეპოსა და ჰომსში ბინადრობენ.
სირიელი ჩერქეზები სამოქალაქო დაპირისპირების გამო განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ასადის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ძალოვან სტრუქტურებში მსახურობს, ამიტომ მიიჩნევა, რომ სირიელ ჩერქეზებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ: ერთი მხრივ, ოპოზიციური მეამბოხე ძალები ჩერქეზებს მათ გვერდით დგომასა და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში - ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებიან. მეორე მხრივ კი, რუსეთში დაბრუნების აშკარა სურვილის გამოხატვის გამო, დიდი შანსია, ასადის რისხვა დაატყდეთ თავს.
რთული არჩევანის წინაშე დამდგარმა ჩერქეზულმა მოსახლეობამ ისტორიულ სამშობლოში, ჩრდილოეთ კავკასიაში რეპატრიაციის თხოვნით რუსეთის ხელმძღვანელობის გარდა ადიღეის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ფედერალურ მთავრობებს მიმართა. რუსეთის მთავრობამ უკვე 300-მდე ჩერქეზი წარმომავლობის ოჯახის მიმართვა მიიღო.
მოსკოვი მასობრივი რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რასაც ზოგიერთი ექსპერტი „ისლამური ფაქტორის“ შიშით ხსნის. მეორე მნიშვნელოვან მიზეზად ადიღეური ორგანიზაციების ანტირუსული დამოკიდებულება სახელდება, რაც 2011 წელს საქართველოს მხრიდან ჩერქეზი ერის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის აღიარების შემდეგ უფრო გაძლიერდა.
არავინ უარყოფს, რომ ქართული მხარის რუსეთზე ზეწოლა პირდაპირ დაკავშირებულია 2014 წელს დანიშნულ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან. საქმე ისაა, რომ ოლიმპიური ქარტია, ეთნიკური გენოციდის მომწყობის ტერიტორიაზე თამაშების ჩატარებას ოფიციალურად ეწინააღმდეგება. ჩერქეზული რადიკალური ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ჩერქეზთა გენოციდის 150 წლისთავზე რუსულ-ჩერქეზული ომის ტერიტორიაზე ოლიმპიადის ჩატარება მიუღებელი და ამორალურია.
ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩერქეზთა მასობრივი გასახლების პოლიტიკა მე-19 საუკუნეში დაიწყო. 1864 წელს მეფის რუსეთის არმიასა და ჩერქეზებს შორის უკანასკნელი ბრძოლა გაიმართა, სადაც ჩერქეზთა სრული მოსახლეობის 20%25-ზე მეტი დაიღუპა, ხოლო გადარჩენილთა 90%25-მა თავი ძირითადად სირიას, თურქეთსა და იორდანიას შეაფარა. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 5 მილიონი ჩერქეზი ცხოვრობს, ხოლო ისტორიულ სამშობლოში მათი რიცხვი 700 ათასზე ნაკლებია.
სირიელი ჩერქეზების რეპატრიაციის საკითხი დიდწილადაა დაკავშირებული სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ აგორებულ მასობრივ საპროტესტო ტალღასთან. წინააღმდეგობა 2007 წელს დაიწყო, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლად სოჭი გამოაცხადა. რუსეთის არჩევა იმ მომენტშივე მოინათლა პუტინის პირად ტრიუმფად, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეთნიკურად ჩერქეზმა დევნილებმა ინტერნეტსივრცის გამოყენებით დაიწყეს საპროტესტო აქტივიზმი და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არაერთხელ მიმართეს 2014 წელს დანიშნული ოლიმპიადის გაუქმების მოთხოვნით.
ამის მიუხედავად, ძალიან ცოტა ფიქრობს, რომ ჩერქეზული პროტესტი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სოჭის ოლიმპიადაზე. ანალიტიკოსები თვლიან, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება, დააბრუნოს სირიელი ჩერქეზები ისტორიულ სამშობლოში, გამოასწორებს რუსეთის რეპუტაციას და ნაწილობრივ შეაჩერებს ანტიოლიმპიურ კამპანიას.
![]() |
19 გაქრება თუ არა სოციალური ქსელი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
Facebook-ის აქციების ფასი 28 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ეს მაშინ, როცა ბირჟაზე Facebook-ის აქციებით ვაჭრობა 38 დოლარიდან დაიწყო. ვაჭრობის პირველივე საათში აქციების ფასი 11.8%25-ით დაეცა. შედეგად, სოციალური ქსელის მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა და დანარჩენმა ინვესტორებმა 11 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. აქედან პირადად ცუკერბერგმა - 2.6 მილიონი აშშ დოლარი. მან ეს ამბავი პირდაპირ საკუთარ ქორწილში გაიგო. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ საფონდო ბირჟაზე სოციალური ქსელის აქციების წარუმატებელი დებიუტი უფრო ძვირიც დაუჯდა: მსოფლიოში ყველაზე მდიდრების რეიტინგში პირველი 40 გავლენიანი და მდიდარი ადამიანის ჩამონათვალიდან ამოვარდა.
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ამის მიზეზი იყო ის, რომ სინამდვილეში Facebook-ი არც 100 მილიარდი აშშ დოლარი ღირს და არც ისეთი საჭიროა, როგორც ეს ბევრს ჰგონია. დღეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, სოციალური ქსელი მორიგი დიდი საპნის ბუშტია.
ამერიკის ეკონომიკის შესახებ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში ორი უდიდესი მითი გაჩნდა: ერთი ის, რომ უძრავ ქონებაზე ფასები მუდმივად გაიზრდებოდა და მეორე ის, რომ ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ინტერნეტი სულ მალე გახდებოდა ეკონომიკის მამოძრავებელი ახალი ძრავა.
პირველი მითი 2007-2008 წლებში დაიმსხვრა, როცა უძრავი ქონების სექტორში საპნის ბუშტი გასკდა და მთელი ფინანსური სექტორი ქვეშ მოიყოლა, ეს ყველაფერი კი ამერიკის ფარგლებს გასცდა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა. ბევრი ქვეყანა ამ კრიზისის შედეგებს ჯერ კიდევ იმკის.
ინფორმაციული სფერო ერთ-ერთი ის ეკონომიკური სექტორია, რომელიც კრიზისის გავლენას ჯერ კიდევ ვერ დაუძვრა. აშშ-ის შრომითი სტატისტიკის ბიუროს მონაცემები აჩვენებს, რომ უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ სექტორშია, მეტიც, ეს ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმუშევრობა, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა.
ეს მონაცემები ინტერნეტის რევოლუციურ როლს ვერანაირად ვერ აკნინებს, თუმცა ფაქტია, რომ ის კულტურული განვითარების მამოძრავებელი უფრო გამოდგა, ვიდრე ეკონომიკის.
სოციალური ქსელის აქციების სტაბილურმა ვარდნამ უკვე მეორედ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ინტერნეტის კომერციული შესაძლებლობები სინამდვილეში საკმაოდ შეზღუდულია. პირველად ეს ეჭვი 1995 წელს გაჩნდა, როცა კორნელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მეზობლებმა ტოდ კრიზელმანმა და სტივენ პეტერნომ გლობალურ ქსელში TheGlobe.com ჩატვირთეს.
TheGlobe.com ადამიანებს შესაძლებლობას აძლევდა, შეექმნათ პირადი ონლაინსივრცე, აეტვირთათ ფოტოები და ის, რასაც მოგვიანებით ბლოგი დაერქვა. 1998 წლისთვის მომხმარებელთა რაოდენობა 2 მილიონამდე გაიზარდა - მაშინდელი საზომით ეს ძალიან შთამბეჭდავი ზრდა იყო, თუმცა ამას შემოსავლების საგრძნობი მატება არ მოჰყოლია.
TheGlobe.com-მა დოტ-კომის კრიზისს დაუდო საფუძველი და საპნის ბუშტის გასკდომამ თვითონ ტერმინის დისკრედიტაცია მოახდინა. ეს ბუნებრივიცაა, თუმცა საკმაოდ სამწუხარო, რადგან ეს ტერმინი გამოხატავდა დამოკიდებულებას, რომელიც კაცობრიობას ონლაინკომუნიკაციებისა და ონლაინკომერციის განუსაზღვრელი შესაძლებლობებისადმი გაუჩნდა.
Facebook-მა ონლაინსივრცის მიმართ 90-იანი წლების უკვე მიძინებული დამოკიდებულებები გააღვიძა. საფონდო ბირჟაზე გატანილი პირველი აქციები კი ამ ოცნებების მიმზიდველობის და დამღუპველი ზეგავლენის პირველი სიგნალი აღმოჩნდა.
ახლადშექმნილი Facebook-ის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ ერთმანეთთან დააკავშირა ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში ვერაფრით შეხვდებოდნენ. ეს უდავოდ ინოვაციური მიდგომა აღმოჩნდა, თუმცა ინტერნეტქსელის განვითარებაში უფრო დიდი წვლილი შეიტანეს, მაგალითად, Google-ის საძიებო სისტემამ, ფოტოების და ვიდეოების ატვირთვის და ბლოგების დაპოსტვის ცალკეულმა სერვისებმა. ამ უნივერსალური სერვისებით დღეს მთელი მსოფლიო სარგებლობს და მათზე გლობალური ეკონომიკაა დამოკიდებული.
შარშან Google-მა, რომელიც 200 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, 10 მილიარდის მოგება ნახა. Apple-მა, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად ითვლება (მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 500 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს) 25 მილიარდი მოიგო, ხოლო Microsoft-ი, რომლის ღირებულებაც Apple-ის ნახევარია, მხოლოდ გასულ წელს 23 მილიარდით გამდიდრდა. აი, 100-მილიარდიანმა Facebook-მა კი, შარშან მხოლოდ 1.2 მილიარდი მოიგო.
კომპანიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელს ყოველთვიურად 1 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს, ნახევარი მილიარდი ადამიანი კი მას ყოველდღიურად ამოწმებს და ქსელში რამდენიმე საათს ატარებს. ყოველდღიურად სოციალური ქსელის მომხმარებლები 3.2 მილიარდჯერ „ალაიქებენ“ და „აკომენტებენ“. Facebook-ის მომხმარებლებს 125 მილიარდი „მეგობარი“ ჰყავთ.
ეს სწორედ ის ციფრები და მომხმარებელთა ჩართულობაა, რომელსაც რეკლამის დამკვეთები სანთლით ეძებენ. თუმცა, თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, ამ კომპანიამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა, მომხმარებელთა უზარმაზარი ბაზა ისე გამოიყენოს, რომ რეკლამებიდან გაცილებით მეტი მოგება ნახოს.
უახლესი კვლევები აჩვენებს - 25 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დიდ უმრავლესობას Facebook-ი უკვე მობეზრდათ, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვები არც ინტერესდებიან. ხოლო თუ 2009-2010 წლებში ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 154%25-ით გაიზარდა, 2011-2012 წლებში რიცხვი თითქმის განახევრდა.
იმავე კვლევებით, Facebook-ის ხარჯები მის შემოსავლებზე უფრო სწრაფად იზრდება. 2011-2012 წლების პირველ კვარტლებს შორის, სოციალურმა ქსელმა რამდენიმე ახალი ინჟინერი და გაყიდვების მენეჯერი დაიქირავა, ამასთან, საიტში სხვა მიმართულებით ინვესტირებაც გრძელდებოდა - ბოლო ორ თვეში კომპანიამ 1 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა ფოტოების გაზიარების სერვისი Instagram-ი და ონლაინშესყიდვების პროგრამა Karma.
სხვადასხვა შეფასებით, Facebook-ი ცდილობს თანამედროვე ინტერნეტკომპანიების სამი თაობის მახასიათებლები და ფუნქციები შეითავსოს. რაც არასწორი მიდგომაა.
ინტერნეტკომპანიების პირველი თაობა ძირითადად საძიებო სისტემების განვითარებაზეა ორიენტირებული - მაგალითად, Google-ი და Yahoo. მეორე თაობაში წამყვანი ვების სოციალური ფუნქციაა, ხოლო მესამე თაობა ისეთ კომპანიებს წარმოადგენს, რომელთა ერთადერთი მიზანი მობილური ტელეფონების მომხმარებელთა ბაზრის ათვისებაა.
ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ერთი თაობიდან მეორეში გადანაცვლება ადვილი საქმე არ არის. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ბოლო ორი თვის შენაძენების გათვალისწინებით, Facebook-ი აშკარად ცდილობს მესამე თაობის ფუნქციებს გადასწვდეს, თუმცა ეს ინოვაციები მხოლოდ Facebook-ის ხარჯებს დააწვა (97%25-ით გაიზარდა) და შემოსავლებზე, შესაბამისად, არ აისახა. ჯამში, ერთი წლის მანძილზე, მოგება 28 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.
ცუკერბერგმა არაერთ საჯარო გამოსვლაში გაიმეორა, რომ პირადად მისთვის კომპანიის სოციალური როლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება. ამ მოტივით ის აქტიურად აფინანსებდა პრეზიდენტ ობამას კამპანიასაც. სხვადასხვა შეფასებით, ასეთმა კავშირებმაც გამოიწვია ის, რომ ბირჟაზე აქციების განთავსების დროს საჯარო და კერძო ინვესტორებს შორის ბუნებრივი ბალანსი დაირღვა. როცა ეს ბალანსი ირღვევა და მთელი მოგება იმათ რჩებათ, ვისაც მეტი გავლენა აქვს და ვინც კომპანიასთან დაახლოებულია, ჩვეულებრივი ინვესტორები თამაშიდან გადიან. შედეგად, ბაზარზე აქციების ფასი ეცემა.
Facebook-ის აქციების ფასის დინამიკის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ის შეიძლება საერთოდ გაქრეს.
![]() |
20 Chromebook და Chrome box |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
მირიან ტორონჯაძე
Chrome OS არის ოპერაციული სისტემა, რომელიც Google-მა შარშან გამოუშვა და წარმოადგენს იმავე სახელის მქონე ვებბრაუზერზე მიბმულ ოპერაციულ სისტემას. მისი მოქმედების პრინციპი „ღრუბლოვანია“, ანუ ფაილების უმეტესობას - მუსიკას, დოკუმენტებსა და ფოტოებს კომპიუტერის ნაცვლად ინტერნეტსერვერზე ინახავს. Chrome-ის დახმარებით კომპანია Microsoft-ის შევიწროებას გეგმავდა ოპერაციული სისტემების ბაზარზე, თუმცა მცდელობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ბაზარზე მყარად დამკვიდრებული Windows-ის შემცვლელის პოვნა ასე ადვილი არ არის.
Google-მა ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და Windows-ის შევიწროებას კვლავ განაგრძობს. ამისთვის მან იმის მსგავსი ტაქტიკა აირჩია, რაც iPhone-ის წინააღმდეგ Android-ის სისტემის უპირატესობის გასაზრდელად გამოიყენა - შექმნა საკუთარი მოწყობილობა, რომელიც Google-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. თუკი ტელეფონების შემთხვევაში ეს Nexus-ი იყო, კომპიუტერულ ბაზარზე Google-ი ახალი ვერსიის Chromebook-ითა და ნოვატორული Chromebox-ით გამოდის.
Chromebox-ი, ისევე როგორც Chromebook-ი, სახელიდან გამომდინარე, Chrome-ის ოპერაციულ სისტემაზე აწყობილი კომპიუტერია. მათ Google-ი კომპანია Samsung-თან ერთად აწარმოებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი კომპანიის პარტნიორობამ უახლოეს წარსულში უკვე აჩვენა საკმაოდ კარგი შედეგი Nexus-ის და Samsung Galaxy-ს ტელეფონების სახით. ორივე მათგანი Google-ის მიერ შექმნილ სისტემას, Android-ს იყენებს. პირველად Chromebook-ი შარშან გამოჩნდა ბაზარზე, ის ვერსია კი, რომელიც ახლახან წარადგინეს, მისი საკმაოდ შეცვლილი ვარიანტია. „ამ წლის განმავლობაში ჩვენ ოპერაციული სისტემის (Chrome OS) რვა სტაბილური განახლება გამოვუშვით, რითიც რამდენიმე მნიშვნელოვანი და ასეულობით მეორადი ფუნქცია შევძინეთ“, - აცხადებს Google-ის პრესმდივანი.
თუკი Chromebook-ი თითქმის ჩვეულებრივი ნეტბუქის მსგავსია, მისი Box ვერსია საოფისე კომპიუტერთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოწყობილობას წარმოადგენს. გარეგნულად იგი Mac mini-ს იმდენად წააგავს, რომ ეს შეიძლება მორიგი სასამართლო გარჩევის საგანიც კი გახდეს Samsung-სა და Apple-ს შორის. თუმცა ისინი ფუნქციონალურად განსხვავდება. Mac mini-სგან განსხვავებით, Chromebox-ის წინა და უკანა პანელები აღჭურვილია უამრავი პორტით, რომელთა შორისაა 6 USB პორტი კლავიატურის, მაუსის და სხვა პერიფერიული აღჭურვილობის შესაერთებლად, ასევე კომბინირებული 3,5 მმ-იანი კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის. ვიდეოსიგნალისთვის DVI ინტერფეისი გამოიყენება, მისი შეერთება კომპიუტერის მონიტორზეც შეიძლება და ტელევიზორზეც, გარე ქსელის შესაერთებლად კი სტანდარტული ქსელის კონექტორი აქვს. შიდა მეხსიერებად მასში მყარი დისკის ნაცვლად ფლეშ კარტაა ჩამონტაჟებული.
თავად კომპიუტერის ზოგადი ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: 1,9 გიგაჰერციანი Intel Celeron-ის ორბირთვიანი პროცესორი, 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 16 გიგაბაიტი ფლეშ მეხსიერება. ვინაიდან Chrome OS-ის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაილების უმეტესობა კომპიუტერში არ ინახება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქსელურ ნაწილს. ამისთვის Box-ს, გარდა სტანდარტული ქსელისა, შეუძლია Wi-fi და Bluetooth 3.0 შეერთებების დამყარება. ამ უკანასკნელის დახმარებით უსადენო კლავიატურის და მაუსის ამუშავებაა შესაძლებელი, ზოგიერთ მოდელს კი 3G მობილური ინტერნეტის დაჭერაც შეუძლია.
ახალი Chromebook-ის ფასი ჯერჯერობით 449 დოლარია მხოლოდ Wi-fi მოდელისთვის და 549 დოლარი - Wi-fi + 3G მოდელისთვის, მაგრამ ის ნეტბუქია და ამიტომ 12-დუიმიანი მონიტორი და კლავიატურაც აქვს. Chromebox-ის ფასი კი, რომელსაც გარე მონიტორი, კლავიატურა და მაუსი ესაჭიროება, მხოლოდ 329 დოლარს შეადგენს.
![]() |
21 ამერიკის მერმისი |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ეს წერილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნააზრევია, რაც ილიას ივერიას ფურცლებზე გამოუქვეყნებია. პოლიტიკური მდგომარეობისა და მოთამაშეების კარგი ცოდნით, პროფესიონალიზმით დაწერილი ესე დღემდე იქცევს ბევრი მკითხველისა თუ მეცნიერის ყურადღებას.
გია ჩიღიტაშვილი
ისტორიკოსი
ილია ჭავჭავაძე
ერთაშორისი დაუნდობლობა, ომი და სისხლის ღვრა რომ კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სულის შემხუთავი და დამღუპავია, ეს დიდი ხანია შეგნებული აქვთ მეცნიერებისა და მწერლობის წარმომადგენელთ. იმისდა მიუხედავად, რომ ეგ აზრი მეტად ადვილი გასაგებია, მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს; ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ. ასორმოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი მონტესკიე სჩიოდა, რომ ევროპა თანდათან უმატებს ჯარებსა და თოფ-იარაღს, ამისათვის არა ჰზოგავს არავითარ ხარჯს და ამითი თავს იღარიბებს და იღატაკებსო.
მონტესკიეს სიტყვას არავინ გაუფრთხილებია და დღეს ევროპის სახელმწიფონი თოფ-იარაღში სხედან და მზად არიან ერთმანეთი სისხლის მორევში დაარჩონ. ევროპის ამგვარს ყოფა-მდგომარეობას ერის გაღარიბება, გაღატაკება მოსდევს. ამჟამად ევროპას თექვსმეტ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს. ამ მოკლე ხანში ოც მილიონამდე შეისრულებს. ერთის სიტყვით, მთელს ევროპას თოფ-იარაღის ქვეშ ჰყავს ერთი მერვედი მთელის მუშა, მწარმოებელი ხალხისა. ეს ერთი მერვედი წლიდგან წლამდე არაფერს აკეთებს, მხოლოდ სამხედრო ხელობაში ვარჯიშობს და თავის თანამოძმეთა ნაშრომითა და ნაღვაწით იკვებება. საფრანგეთი, რომელსაც ოთხ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს, ჯარსა და ფლოტს ანდომებს წელიწადში 900 მილიონ ფრანკზე მეტს.
ეს ფული ყველა მკვიდრზე რომ გავანაწილოთ, გამოვა, რომ თითო მკვიდრი ჯარისა და ფლოტის შესანახად იხდის წელიწადში 24 ფრანკსა და ნახევარს. ინგლისის თითო მკვიდრი იხდის წელიწადში 21 ფრანკს, და გერმანიისა 12 ½-ს.
ეხლა ვნახოთ, რამდენი ჯარი ჰყავს ჩრდილო ამერიკის შტატებს და რამდენი ეხარჯება. ამ შტატებს ჰყავს მხოლოდ 27 000 ჯარისკაცი. ამ მცირე ჯარის შესანახად თითო მკვიდრი წელიწადში იხდის 4 ½ ფრანკს.
როგორც ჰხედავთ, ამერიკის მხედრობა ბევრად ჩამორჩება ევროპისას. სამაგიეროდ ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოველისფრით წარმატებულნი არიან ევროპაზე და თანდათან იმორჩილებენ ევროპას. თუ საქმე ამგვარად წავიდა, იმედია, რომ შტატები ეკონომიურად სულ ერთიანად დაიმორჩილებენ ევროპას, რომელიც აუცილებლად გაკოტრდება. მაშინ, როდესაც შტატები თანდათან იხდიამ სახელმწიფო ვალებს, ევროპის სახელმმწიფონი-კი თანდათან ვალებში სცვივიან.
რაც დრო მიდის, ევროპაში უფრო და უფრო ძლიერდება ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება.
ამ მხრით ამერიკა სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენს. ამერიკის სახელმწიფოთ აზრად აქვთ სახელმწიფოთა ძმური კავშირი დაადგინონ, რისათვისაც ქალაქ ნიუ-იორკში კონგრესი შეიკრიბება. ამ კონგრესზე ლაპარაკი ექნებათ იმის შესახებ, თუ რა პირობითა და რა საშუალებით უნდა შეერთდნენ ამერიკის სახელმწიფონი ისე, რომ არც ერთი სახელმწიფო ამერიკისა არ დაიჩაგროს. სხვათა შორის, კონგრესზე ისიც გადაწყდება, რომ სახელმწიფოებმა ყოველივე შფოთი, უსიამოვნება და ანგარიში მორიგებითა და მშვიდობიანად გაათავონ ხოლმე. უეჭველია, რომ რაკი ამერიკის სახელმწიფონი ძმურად მორიგდებიან, მხედრობით გატაცებულს ევროპას კიდევ უფრო დასცემს ეკონომიურად და მსოფლიო მეთაურობასაც დაიმკვიდრებს ამერიკა.
ტფილისი, 25 თებერვალი, 1889 წ.
![]() |
22 დიდი გამარჯვება, რომელიც არ გვახსოვს |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
ლევან მოსეშვილი და ამირან სხიერელი ჟენევაში მოგებული ჩემპიონთა თასით
50 წლის წინ, 1962 წლის 29 ივნისს, თბილისის დინამოს კალათბურთელებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს - ყველაზე დიდი საკლუბო ჯილდო, ჩემპიონთა თასი მოიგეს! და მოიგეს მადრიდის რეალთან. სამწუხაროდ, ეს ბევრმა არცკი იცის. არ იცის, რომ ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი დღე სწორედ ის იყო...
...ჟენევაში, კოხტა მოედანი Patinoire des Vernets იმ ერთი თამაშისთვის უფრო გაალამაზეს. დარბაზში ორი გუნდი შევა, ბოლო, ფრიადოსანის სიგელს ერთი მიიღებს და მეორე თავს დახრის. მსაჯი უნგრელი ერვინ კაშაია. ჩვეულებრივი ფინალის ჩვეულებრივი მსაჯი. ევროპის ჩემპიონთა თასი მაშინ კომერციულად ისე ვერ ქაჩავდა, როგორც დღეს - ევროლიგა. იმ ტურნირში ჩემპიონები არჩევდნენ ამბებს და რეიტინგები, კოეფიციენტები და უაილდ ქარდები არმოსული იყო. იგებ ლოკალურ ჩემპიონატს? მობრძანდი, დაბრძანდი, ითამაშე. იგებ ჩემპიონთა თასს და ვერ იგებ ლოკალურ ჩემპიონატს? ჩემპიონთა თასის ვიზას მაინც გაძლევენ. 1961/62 წლების ჩემპიონათა ლიგაზე საბჭოთა კავშირი ორმა გუნდმა წარადგინა. წითელი არმიის წითელმა მანქანამ, ცსკამ და თბილისის დინამომ.
მაშინ სხვა კალათბურთი, სხვა დინამო, სხვა დატვირთვები მოდიოდა. სამიანების, რესტლერების და ანაბოლიკების გარეშე, კალათბურთს კალათბურთით იგებდი. დინამოს კალათბურთიც სხვა თემა იყო. სპორტული ფენტეზი, სადაც ოთარ ქორქია იმპროვიზატორების ჯგუფის დირიჟორი იყო. იმპროვიზატორებში იყვნენ ლევან მოსეშვილი, ილარიონ ხაზარაძე, რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი, ანზორ ლეჟავა, ლევან ინწკირველი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ამირან სხიერელი, ალექსანდრე კილაძე, ალექსანდრე პეტროვი და იმ საძმაკაცოს კაპიტანი, დიდი გურამ მინაშვილი. თბილისის სპორტის სასახლე ჩვენი ალამოდოუმი, ბოსტონ გარდენი იყო. ამერიკულ სპექტაკლებზე ჰამბურგერები, კოკა კოლა და ჩიფსი საღდებოდა. დინამოს თამაშებზე ფენოვანი ხაჭაპური, ბურბუშელა, ლიმონათი იყო. დინამოს თამაშებზე დინამო იყო. ჩვენი დინამო.
იმ სეზონში ევროპის ჩემპიონთა თასზე სერიოზული შემადგენლობა წამოვიდა.
რეალმა ტურნირი კასაბლანკასთან ორი მიზერით (84:46, 83:38) გახსნა და თელ-ავივის ჰაპოელმა პანათინაიკოსთან იცელქა (82:58, 84:72). დღეს სხვა პაოა. მაშინ ჰაპოელი იყო პანათინაიკოსი.
მეორე ეტაპიდან უკეთესი გუნდები მოდიან. რეალი ინერციით იგებს მადრიდში ვარეზესთან 83:62 და იტალიაში 80:82 აგებს. რეალი მეოთხედფინალში მიდის, ვარეზე - სპონსორებთან, მეტი ქეშით მეტი უკეთესი ხალხი რომ იყიდოს. გავარდა ჰაპოელიც. დარუშაფაქასთან. თურქებმა თელავივში მინუს 4 საკუთარ ტერიტორიაზე გადაფარეს და ორსერიანი სერია 140:139 (65:69, 75:70) წამოიღეს.
ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის დინამო. 1962 წელი
დინამო სტიაუაზე გადის. ჩვეულებრივი რუმინული გუნდი ჩვეულებრივი რუმინელი ბიჭებით. არაჩვეულებრივი დინამო კინაღამ ოფსაიდში დარჩა. ორივე თამაში მძიმედ წავიდა, სტიაუამ ირბინა, ჩასაგდები ჩააგდო და კლასით ვერ გადაჯოკრა. დინამომ სერია 159:153 (77:76, 82:77) წამოიღო.
სტიაუასთან სერიას იხსენებს იმ გუნდის წევრი, ლევან მოსეშვილი.
ლ.მ: „სტიაუაზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ორი კარგი ცენტრი ჰყავდა. არ გვქონდა არანაირი ვიდეომასალა, რომელიც მოწინააღმდეგეზე მეტ ინფორმაციას მოგვცემდა. რუმინეთის ნაკრებიც იმ დროს განსაკუთრებული არაფერი იყო. გავედით მოედანზე, ვერ ჩავაგდეთ ერთი, ვერ ჩავაგდეთ ორი, სამი, სტიაუა აკურატულად აკეთებს ყველაფერს და უკვე ვაგებთ რა... დინამო აგებს გუნდთან, რომელსაც ათიდან ათს მშვიდად, კლასით მოუგებს. დავაგდეთ ტემპი, სტიაუა მაინც იგებს. ორივე თამაშში ბევრი შეცდომა დავუშვით და რუმინელებზე ოდნავ უკეთესი გუნდი ნამდვილად მოგვიგებდა“.
სტიაუას მერე წამოვიდა ცსკა.
რუსები
ცსკა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო. წინა ფინალში ცსკა რიგის სკას 148:128 (87:62, 61:66) უგებს. რიგაში ცსკას კალათბურთი იყო პილორამა. მეორე თამაში, მოსკოვში სკამ წამოიღო და თასი რუსებმა დაიტოვეს. იმ სკას მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკია. ლეგენდა, რომელმაც რიგაში ზედიზედ სამჯერ ჩაიტანა ევროპის ჩემპიონთა თასი (1958-60) და რომელიც 1969 წლის რეგულარულიდან, უკვე ცსკას ბოსი გახდა. დინამოსთვის, ჩვენთვის აქტუალურ ტურნირამდე ერთი წლით ადრე, გომელსკი აგებს ფინალს ევგენი ალექსეევთან. ალექსეევიც სოლიდური ფიგურაა, ცსკაში ნდობა, კომუნისტური ჯოკრები და დიდი მათრახი აქვს.
იმ მათრახით და ძალიან მაგარი შემადგენლობით, ალექსეევმა გუნდი დინამომდე მიიყვანა. როგორც მოქმედი ჩემპიონი, ცსკა ტურნირში მეოთხედფინალიდან შედის. რუსებმა ისკრას დაუბღვირეს, 140:110 (85:53, 55:57) შემოარტყეს და დინამოსთან ფავორიტები არიან. ის დინამო იმ ცსკას თბილისში უგებდა. თითქმის სულ უგებდა.
ლ.მ: „ცსკა სხვა დონე იყო. თუ სტიაუსთან ბევრი შეცდომით მოვიგეთ, იგივე ფოკუსი ცსკასთან არ გავიდოდა. მოძრავი, ათლეტური გუნდი, სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერები იყვნენ. პრობლემებს გვიქმნიდნენ გენადი ვოლნოვი, ვიქტორ ხარიტონოვი, სხვებიც ბევრს აკეთებდნენ და დინამოს ეს მანქანა უნდა გაეჩერებინა. ცსკამ იცოდა, რომ დინამო კარგი გუნდი, მათთვის ტოლფასი მოწინააღმდეგე იყო და მაინც ზემოდან გვიყურებდნენ. ხო ხვდებით, არა - აბა, სწრაფად მოვრჩეთ ბიჭებო საქმეს და მერე ან რეალს მოვუგებთ, ან - ოლიმპიას. დინამომ უკეთ ითამაშა. ის სერია უნდა აგვეღო. არა ცსკასთვის, საკუთარი თავისთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ მეტის შნო გვქონდა. ორივე თამაში მოვიგეთ. ვიღაცას მეტი სათამაშო დრო მისცეს, ვიღაცამ ვიღაცა დაასვენა და მაგარი სერია გამოვიდა“.
დინამომ ორივე რაუნდი მოიგო. 75:71 და 77:66.
ლ.მ: „რეალის თამაში ვერ ვნახეთ. ან საიდან ვნახავდით? გვითხრეს, რომ რეალმა ოლიმპიასთან პირველი თამაში, -14 (91:105) მადრიდში ამოქაჩა (69:53) და ფინალში დაჯდა. რეალი? მშვენიერია, იყოს რეალი.
ფინალი ჟენევაში იყო და დინამო ჟენევასთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, პატარა სასტუმროში მოათავსეს. ჩავედით, დავისვენეთ და ცოტა ხანში დარბაზში წაგვიყვანეს. ჩვენ რომ შევედით, რეალი ვარჯიშს ამთავრებდა. გვითხრეს, რომ სამეფო გუნდს ერთი დიდი, ღონიერი ამერიკელი ჰყავს, რომელიც ფარებს ამტვრევს, მაგრად ტენის ბურთს და სახიფათოა. ის ამერიკელი იყო უეინ ჰაიტაუერი. დარბაზში ჰაიტაუერი ვერ ვნახეთ...
რეალი ჩვენ ვარჯიშზე ათი წუთით დარჩა. ესპანელებს აინტერესებდათ იმ გუნდის ნახვა, რომელმაც ცსკა გააგდო“.
28 ივნისს ჟენევაში დინამო-რეალი დაიწყო.
ესპანელებმა საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს ვიზები არ მისცეს და წითელ ტერიტორიაზე ჩასვლაზეც უარი თქვეს. გადაწყდა, რომ ფინალი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ერთთამაშიანი იქნებოდა. ჟენევა მშვიდი, კარგი ადგილი იყო.
ჟენევაში დინამომ ისტორიას, რეალს ყური აუწია.
ფინალი
რეალის პირველი ხუთეული - ხოსე ლუის კორტესი (გამთამაშებელი), ემილიანო როდრიგესი (ფორვარდი), კარლოს სევილიანო (ფორვარდი), სტენ მორისონი (ცენტრი) და უეინ ჰაიატუერი (ცენტრი). მაღალი ხუთეული. ჰაიტაუერივით მაღალი. კოშკების გუნდი ფავორიტია და დინამოც თავისი კოზირებით თამაშობს. ოთარ ქორქია ფინალს ინტელექტის დიდი დოზით იწყებს - მინაშვილი, ხაზარაძე, ალთაბაევი, ლეჟავა და უგრეხელიძე.
პირველ ოთხ ქულას ალთაბაევი იღებს. 4:0 წავიყვანეთ.
იმ რეალში იყო 22 წლის მანუელ საინსი. უკვე მაგარი პოპულარული ბიჭი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ბევრ წუთში ბევრს ასწრებდა. ევროპის ჩემპიონთა თასი სხვა თემაა. იქ რეალის მთავარი მწვრთნელი, კოლორიტული პედრო ფერანდისი საინსზე უფრო სხვებს ღლის. ლოლო ესპანურ და ევროპულ საკალათბურთო პანთეონში ცოტა მერე შევა. იმ ფინალში საინსმა 4 ქულა აიღო. ბოლო წუთებზე აიღო და სიტუაცია დაძაბა.
სენიორ საინსი ლეგენდაა. თითქმის იგივე თემა, რაც საფეხბურთო რეალში ფრანსისკო ხენტო. საინსი ერთადერთია ევროპაში, რომელმაც ჩემპიონთა თასი (ევროლიგა) მოთამაშის და მწვრთნელის რანგში ოთხ-ოთხჯერ მოიგო. საინსი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ცამეტი წლის წინ, მანოლოს ესპანეთმა არვიდას საბონისის, არტურას კარნიშოვასის მეგალიტვა დაამცირა - საფრანგეთში, ევროპის ჩემპიონატზე 74:72 მოუგო. საინსმა ესპანეთი ფინალში გაიყვანა და იქ იტალიელებმა იტალიურად მოიგეს. მანოლომ ბოლომდე გამოიყენა ის ესპანეთი - ალბერტო ერეროსის ინტელექტი, როხერ ესტელერის სტამინა, კარლოს ხიმენესის თითები და საკუთარი გამოცდილება.
ლეგენდას მადრიდში შევეხმიანეთ.
მანუელ საინსი: „ჩემთვის, მთელი რეალისთვის ფინალში გასვლა დიდი მიღწევა იყო. საბჭოთა კავშირის ნაკრები, თქვენი გუნდები საუკეთესოებად ითვლებოდნენ და რეალისთვის ეს განსაკუთრებული გამოწვევა იყო.
ის დინამო უგებს ცსკას და ვხვდებით, რომ ფინალში სერიოზული გუნდი გადის. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია დინამოს მოთამაშეებზე, მაგრამ გუნდს აქვს შედეგი და ეს საკმარისია.
რეალს ორი ლიდერი ჰყავდა. ჩვენი მწვრთნელი, სენიორ ფერანდისი და ემილიანო როდრიგესი. საქმეს დანარჩენებიც აკეთებდნენ, მაგრამ როდრიგესი სხვა დონე იყო“.
დინამომ 8:6 წაიყვანა და რეალმა მორისონის, სევილიანოს, როდრიგესის 6 ქულა მიიღო, 12:8 გაიქცა. დინამოს 6:1 ლეჟავამ და ჩვენმა კაპიტანმა შეკრეს. მისტერ ჰაიტაუერი პირველ ტაიმში 14 ქულას იღებს.
ლ.მ: „ჰაიტაუერი არანორმალური ძალის პატრონი იყო. ოთარ ქორქიამ თამაშამდე დამიძახა და ლევან, რას ფიქრობ, ეს მთა როგორ გავაჩეროთო... როგორ, არ ვიცი, მაგრამ უნდა გავაჩეროთ-მეთქი, ვუთხარი. რეალზე მინიმალური ინფორმაცია გვქონდა. ჰაიატაუერზე ადიოდნენ ანზორ ლეჟავა და ლარიკა (ილარიონ ხაზარაძე). რთული იყო. ამერიკელი ისროდა ახლოდან, საშუალოდან. თითქმის ყველაფერს აგდებდა და მიდი და ეთამაშე ასეთ მხეცს...“
სტიუა - დინამო
უეინ ეი ჰაიტაუერი ლეგენდარულ სან ფრანცისკო უორიორზში იყო. NBA-ში მისტერ უეინი რეალიდან წავა და მეორე სეზონში 13.4 ქულას აიღებს. თავისი 7.2 მოხსნით. იმ უორიორზში ნეით თერმონდი დარბოდა და უილტ ჩემბერლენი 36.9 ქულას იღებდა. 22.3 მოხსნით. რეალში სერიოზული კაცი იდგა. დინამოც სერიოზული იყო. პირველი ტაიმი სწორედ დინამომ მოიგო 38:36. 8 ქულა აქვს ალთაბაევს, 7 - მინაშვილს, 6 - ლეჟავას.
მ.ს: „ჰაიტაუერი ჩვენთან ცოტა ხნით დარჩა. ზარმაცი მოთამაშე იყო. რეალმა ბოლომდე ვერ გამოიყენა მისი პოტენციალი. ალბათ, დინამოსთან ბოლომდე ჰაიტაუერზე უნდა გვეთამაშა. არ ვიცი, რა შეიცვლებოდა, მაგრამ უნდა გვეცადა“.
მეორე ტაიმში, ერთ მომენტში ავკრიფეთ. როდრიგესმა მინუს ოთხამდე (66:70) დაიყვანა სხვაობა და დინამო 7:0 გაიქცა. 77:66 ანზორ ლეჟავამ აანთო. რეალი საინსით 83:87 მოგვიახლოვდა და იქვე ლევან მოსეშვილმა ჩააგდო. ფინალის ბოლო ქულა საჯარიმოთი ლევან ინწკირველმა აიღო.
მანოლო საინსმა ჩვენთან საუბრის ბოლოში თქვა: „ის დინამო ჩვენზე ათლეტური, ჩვენზე მოძრავი და ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო. ჰაიტაუერთან ერთად თუ ამერიკელის გარეშე, რეალი დინამოს ვერ მოუგებდა. ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომელიც შემდეგ სეზონებში უკეთ გამოვიყენეთ. დღეს რეალი დინამოს მოუგებს, მაშინ კი ჩვენზე დიდი გუნდი იყო“.
ჟენევაში მოგებული თასი გვახსოვს და ბოლომდე ვერ ვიხსენებთ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ლეგენდებს რაღაცები აჩუქეს, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დააფასეს გმირები. იმ დინამომ საქართველოს საკალათბურთო დამოუკიდებლობა მისცა. ცსკას წითელ კეფაში ასცხო და რეალსაც ის როიალური ყური აუწია.
ლევან მოსეშვილი: „ალბათ, ჩვენს წარმატებას ისეთი ყურადღება არ მიაქციეს, როგორსაც ვიმსახურებდით. ჩვენ არ გვითამაშია და არ მოგვიგია რეალისთვის იმის გამო, რომ მთავრობას ან ვინმე სხვას ძვირფასი საჩუქარი გადმოეცა. ჩვენ ერთმანეთისთვის ვითამაშეთ და ერთმანეთს გასახდელში გადავეხვიეთ, ჩავეხუტეთ, მივულოცეთ. ძალიან დავიღალეთ და ვერ ვხვდებოდით, რომ რაღაც დიდი მოვიგეთ. დინამომ ისტორია შექმნა“.
ის ისტორია ჩვენია და ის დინამოც ჩვენი იყო. არის. სულ იქნება.
დინამომ ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. და ეს ბევრს არ ახსოვს...
დინამო-რეალი 90:83.
ვალერი ალთაბაევი - 17 ქულა.
ანზორ ლეჟავა - 16.
ვლადიმერ უგრეხელიძე - 14.
ალექსანდრე კილაძე - 14.
ალექსანდრე პეტროვი - 12.
გურამ მინაშვილი - 9.
ლევან მოსეშვილი - 3.
ლევან ინწკირველი - 3.
ილარიონ ხაზარაძე - 2.
ამირან სხიერელი, რევაზ გოგელია.
![]() |
23 ქართული ფეხბურთი: თამაში თუ სათამაშო? |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
საქართველოს თასის მფლობელი გორის დილა
2011-2012 წლების ქართული საკლუბო სეზონი ტრადიციულად, არცთუ სასიამოვნო მოვლენებით დახუნძლული გამოდგა. კაცმა რომ თქვას, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს, მაგრამ გაგიკვირდებათ და მოხდა - ჩვენი ფეხბურთის მესვეურებს ულევი ფანტაზია აღმოაჩნდათ:
პირველობის ფორმატი შეცვალეს, მაგრამ წესდების შესწორება მიავიწყდათ, რის გამოც ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ტურნირის დასრულებისთანავე კი არა, უკანასკნელი ტურიდან რამდენიმე დღეში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კაბინეტში გაირკვა;
თასის ფინალზე დაინიშნა მსაჯი, რომელიც არაერთხელ შეცდა (ყველა შემთხვევაში ერთი გუნდის საზარალოდ) და მატჩი ერთი მსახიობის წარმოდგენას დაემსგავსა;
ყველაფრის გვირგვინი კი სუპერთასი გამოდგა, ოღონდ… შარშანდელი სეზონისა: საქართველოს 2011 წლის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ჯილდო მხოლოდ ახლა გაითამაშეს!
ჩემპიონატი
ვერ გეტყვით, სხვაგან თუ მომხდარა ისეთი რამ, რაც გაზაფხულის მიწურულს ჩვენში დაფიქსირდა: მაისში ჩემპიონის ტიტულის მოგება ორმა გუნდმა იზეიმა - რუსთავის მეტალურგმა პირველობა ფოთში აღნიშნა, ზესტაფონმა კი საშინაო სტადიონზე.
ეგაა მხოლოდ, რომ რუსთაველთა ზეიმი ნაადრევი გამოდგა: ფედერაციის პირველკაცის დომენტი სიჭინავას დაუფიქრებლად ნათქვამით და სფფ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცხრილით წახალისებულება, ჩათვალეს, რომ პირველი ადგილი დაიკავეს.
მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე და ზესტაფონელთა ხელმძღვანელობის სამართლიანი პროტესტის შემდეგ, სიმართლე „გაირკვა“: აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო თათბირის დასრულებისთანავე, სფფ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩემპიონი მეტალურგი კი არა, ზესტაფონია. რამდენიმე საათში ფედერაციის ვებგვერდზე ის ცხრილიც შეიცვალა, რომელიც მანამდე რუსთაველთა პირველობას გვამცნობდა.
ზესტაფონმა შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. და რუსთავის მეტალურგს რა?
ფეხბურთის ფედერაციას ამის გამო კლუბებისთვის და ფეხბურთელებისთვის ბოდიში დღემდე არ მოუხდია.
ეგ კი არა, რამდენიმე დღეში, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სფფ-ს პრეზიდენტი იმის ახსნას ცდილობდა, რომ ეს სამარცხვინო ფაქტი „გაუგებრობა“ იყო და ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირდა!
ივნისის დასაწყისში სფფ-ს პრეზიდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე კიდევ უფრო „შორს წავიდა“ და განაცხადა, რომ თურმე ახლახანს დასრულებული პირველობა „ექსპერიმენტალური“ ყოფილა!
ეს ყველაფერი: ჩემპიონატის ფორმატის ლამის ყოველ მეორე სეზონში ცვლა, წესდების უგულვებელჰყოფა, დომენტი სიჭინავას დაუფიქრებელი ფრაზები, შეცდომის არათუ აღიარება - მიჩუმათება და დაზარალებულთა წაყრუება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ულამაზო და არასერიოზული საქციელია.
ყოველივეს შემდეგ, რაღა გასაკვირია, რომ ქართული ფეხბურთის მაღალჩინოსანთა „სულგრძელობის წყალობით“, განვლილ ჩემპიონატში იმ კლუბებმაც ითამაშეს, რომლებმაც საამისო ლიცენზია ვერ მოიპოვეს…
ფეხბურთი ძალიან პოპულარული და ლამაზი თამაშია, მაგრამ ჩვენთან ზოგ-ზოგიერთს ის სათამაშო ჰგონია.
ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემაც, ვფიქრობთ ესაა.
თასი
„მსაჯობაზე კომენტარს პირველად და უკანასკნელად ვაკეთებ - კვარაცხელიამ თამაში გააფუჭა! როცა არბიტრი ყველა ეპიზოდში შენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს, წარმატების შანსი ნული გაქვს. ფაქტია, ჩემმა გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ ისიც უდავოა, რომ მსაჯმა გამარჯვების შანსი მოგვისპო. ფეხბურთი არც ჭიაბრიშვილისაა, არც შალამბერიძის და არც კვარაცხელიასი, ფეხბურთი არის ხალხის და არ შეიძლება, ყვითელ-წითელი ბარათების ფრიალით ხალხს ზეიმი ჩაუშალო,“ - საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.
„ასე მგონია, რაც დღეს მოხდა, არაფერში წაადგება ქართულ ფეხბურთს. მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული! ამ განცხადებას თამამად ვაკეთებ: მსაჯმა ყველაფერი იღონა, რომ მაყურებელს თამაში არ ეხილა და ენახა სხვა რამ, რაც სიბინძურეა და მეტი არაფერი! ეს არ დაასხამს წყალს ქართული ფეხბურთის განვითარებას! რაც დღეს ხდება, ამაზე ახლავე უნდა ითქვას. და თუ ხვალ ეს არ გამოსწორდება, მაშინ ტყუილად ვლაპარაკობთ ქართული ფეხბურთის მომავალზე. უბრალოდ, ერთმანეთს ვატყუებთ და დროს ვკარგავთ,“ - ზესტაფონის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გიორგი ყიფიანი.
ეს ყველაფერი 26 მაისს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ ითქვა: გორის დილამ გადამწყვეტ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი ზესტაფონი 4:1 დაამარცხა და პირველად მოიგო თასი.
სხვა ვითარებაში ჟურნალისტები, ფინალის მიმოხილვისას, აუცილებლად ვიტყოდით, თუ რა უძღოდა ამ თამაშს, როგორ შეხვდნენ გუნდები სეზონის უკანასკნელ მატჩს, გავიხსენებდით წინა ფინალებს, აღვწერდით გოლებს, ანუ, რეპორტაჟი იქნებოდა კლასიკური - როგორც წესი და რიგია, მაგრამ როცა ტრიბუნაზე მჯდომი უცქერ, თუ როგორ „ცდება“ მსაჯი ზედიზედ და თან, ყველა შემთხვევაში ერთი და იმავე გუნდის გულისგასახეთქად, ხვდები, რომ თუ ჩვეულებრივ რეპორტაჟს დაწერ - ამან გოლი ასე გაიტანა, იმან ისე - თავს მოიტყუებ და ვერც სინდისთან იქნები პირნათელი.
გორის დილას და ზესტაფონის ზესტაფონის ფინალურ მატჩში მთავარი მსაჯი ლევან კვარაცხელია იყო, რომელმაც:
30-ე წუთზე იმერელთა კარში პენალტი არარსებული დარღვევის გამო დანიშნა და მცველი თემურ ღონღაძე არარსებული ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა!
ერთ-ერთი ორთაბრძოლისას ზესტაფონელთა ვეტერანს დავით მუჯირს თავი გაუტყდა, მსაჯმა კი დამნაშავეს არა და დაზარალებულს უჩვენა ყვითელი ბარათი!
იმავე მუჯირმა, გაფრთხილებიდან რამენიმე წუთში, მეტოქეს ბურთი წესების სრული დაცვით აართვა და შეტევა დაიწყო, არბიტრმა კი რატომღაც, წესების დარღვევაში დაადანაშაულა და დააჯარიმა!
შარშანდელი სუპერთასი ზესტაფონმა წელს მოიგო
ამ ოთხი კონკრეტული უხეში შეცდომის გარდა (რაც ვაღიაროთ, რომ თამაშის წასახდენად სავსებით საკმარისია), კიდევ იყო არაერთი მომენტი, როდესაც ლევან კვარაცხელიამ გორელთა მხრიდან წესების დარღვევა ვერ, გნებავთ არ დაინახა.
და შედეგად მივიღეთ ის, რაც ფონად გასდევდა მთელ მატჩს და რის გამოც მოსალოდნელი ზეიმი ჩვენი ფეხბურთის გასვენებას დაემსგავსა:
არასპორტული დაპირისპირება მოედანზე და ტრიბუნებზე;
შეხლა-შემოხლა ფეხბურთელებს და პერსონალს შორის;
ვეტერანი მოთამაშეების და კლუბის მენეჯერის ხელჩართული ჩხუბი;
მოედანზე ნასროლი ბოთლები თუ სანთებლები;
რამდენიმე წუთით შეწყვეტილი ფინალი…
83-ე წუთზე მსაჯმა კიდევ ერთი ზესტაფონელი გააძევა - ეროვნული პირველობის საუკეთესო თავდამსხმელი ჯაბა დვალი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლევან კვარაცხელიამ, ეგებ, არც არაფერი დააშავა - მოთამაშემ შესცოდა და დაისაჯა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ იმავე ფეხბურთელმა ნერვები ისევ და ისევ მთავარი მსაჯის უამრავი შეცდომის გამო ვერ მოთოკა:
ითმინა, ითმინა და ეს ოხერი ფიალაც აევსო.
საფინალო სასტვენის შემდეგ იყო კიდევ ერთი მომენტი, რაც ასე არ უხდება ასეთი რანგის მატჩებს: დამარცხებულმა ზესტაფონმა ქომაგებს ტაშით გადაუხადა მადლობა და გასახდელს მიაშურა.
საქართველოს ჩემპიონებს ამის გამო ვერ გაამტყუნებ - 26 მაისს დავინახეთ, რომ ისინი მოედანზე თავიდანვე თერთმეტნი იყვნენ თორმეტის წინააღმდეგ, მალე ათნი დარჩნენ, ფინალი კი სულაც ცხრა კაცით დაასრულეს.
ასეთ დროს, როცა უსაზღვრო უსამართლობას აწყდები, ცივ გონებას ცხელი გული ჯაბნის და ამიტომაც, ადამიანს გააზრებულ საქციელს ვერ მოსთხოვ.
მით უმეტეს, გაავებულ გუნდს.
გულით გაგვიხარდებოდა თასის ფინალი თვალსასეირო რომ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
მიზეზზე უკვე ვთქვით - ტენდენციურმა მსაჯმა 2011-12 წლების სეზონის უკანასკნელი მატჩი გააფუჭა.
26 მაისს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ლეგენდარული მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მეორე ლეგენდარული ფეხბურთელის დავით ყიფიანის საქართველოს თასის ფინალში იყო ყველაფერი, გარდა საფეხბურთო მატჩისა.
ეს, გულშემატკივრებს რომ თავი დავანებოთ, 26 მაისს და იმავე მესხის და ყიფიანის სახელებს არ ეკადრებოდათ.
სუპერთასი 2011
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საოცარი გადაწყვეტილებებით, უსიამოვნო დაპირისპირებებით და სკანდალებით სავსე 2011-12 წლების ქართული საკლუბო სეზონი საკვირველი თამაშით დასრულდა: ქვეყნის 2011 წლის ჩემპიონმა და 2011 წლის თასის მფლობელმა გაგრამ შარშანდელი სუპერთასი გაითამაშეს.
ახლა სუპერთასზე ზესტაფონი გორის დილას დაუპირისპირდება. იმედია, ქვეყნის რანგით მესამე საკლუბო ჯილდო ამჯერად მაინც არ გათამაშდება გაისად.
![]() |
24 სტენლი გრინი: ჩემი აპარატი ჩემი საყვირია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
სანამ პირადად გავიცნობდი, მის შესახებ მეგობარს მოვუყევი. ფოტო რომ ნახა, მითხრა - ეს კაცი ომის ფოტოგრაფს კი არა, ჯაზმენს უფრო ჰგავსო. იმ დღეს, თბილისის ფოტოფესტივალზე, ამ „ჯაზმენის“ გამოფენა ბევრმა დაათვალიერა - სტენლი გრინის „ჩეჩნეთის გზაზე“ ვინ არ შეგხვდებოდათ, ომის სისასტიკისგან გონებაარეული ადამიანები, ქალაქის ალყაში მოხვედრილი პატარა კატია და მარინა თავიანთი სასაცილო ნახატებით, თავად შამილ ბასაევი, რუსული ბომბებისგან დანგრეული სახლები, ომისგან დაინვალიდებული ადამიანები...
„რა თქმა უნდა, ჯაზს ვუსმენ, - ამბობს გრინი, - ისევე, როგორც ჯაზში, ჩემს საქმეშიც რიტმია მთავარი. მნიშვნელოვანია ის, კამერა როგორ მიჭირავს. ჩემი აპარატი ჩემი საყვირია. კიტ რიჩარდსმა თქვა, რომ მისი გიტარა იყო ინსტრუმენტი, რომელიც გარშემო ყველა ბგერას იჭერდა. ჩემი კამერა კი ის ინსტრუმენტია, რომელიც გარშემო ყველანაირ გამოსახულებას იჭერს“.
სტენლი გრინი სამოცდასამი წლისაა და რამდენიმე ათწლეულია ფოტოებს იღებს. სამუშაოდ, ძირითადად, ისეთ ადგილებს ირჩევს, სადაც ადრენალინის დიდი დოზა გარანტირებული ექნება - ჩეჩნეთი, სომალი, რუანდა, ერაყი, ლიბანი. მუქი სათვალით დადის. როგორც თვითონ ამბობს, თვალების გადამეტებული მგრძნობელობის გამო, მათი მოხსნა არ შეუძლია. ისე, საკმაოდ სევდიანი მზერა აქვს და კიდევ, ხელზე ბევრი ბეჭედი. არ მოსწონს ქენონის ლინზები, თანაც, ბრძოლის ველზე ნიკონი ურჩევნია - უფრო სწრაფია. მაინცდამაინც არც ციფრული ტექნოლოგიითაა აღფრთოვანებული, ფოტოგრაფიის მომავალს კი ეჭვის თვალით უყურებს: „ამდენი აპლიკაციებით დღეს შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც მოგინდება. ისღა დაგრჩენია, წინასწარ მიუთითო, რა გინდა, რომ გამოვიდეს და დააჩხაკუნო. წლების წინ გადაღებულ კადრს ისე დაამუშავებ, თითქოს დღეს გადაიღე. ამიტომ, ფოტოგრაფიაში სიმართლე აღარაა. სააგენტოები და ადამიანები ამ უკანასკნელს ადვილად აყალბებენ. თუ ფოტოგრაფებს გვინდა, რომ სამყარო სერიოზულად აღგვიქვამდეს, პატიოსნები უნდა ვიყოთ, სიმართლის მხარეზე უნდა ვიდგეთ“.
თურმე თავიდან მართლა მუსიკოსობა უნდოდა. ეს სურვილი ბავშვობაში გაუჩნდა, როდესაც ჯიმი ჰენდრიქსს მოუსმინა. „მერე გავაცნობიერე, რომ ჰენდრიქსივით ვერასოდეს დავუკრავდი, ჰოდა, რაღა აზრი ექნებოდა ჩემს მუსიკოსობას“. ამიტომ, კარიერა ხატვით დაიწყო. იხსენებს, ცუდ აბსტრაქტულ სურათებს ვხატავდიო. „ეს მაშინაც ვიცოდი და თავი დავანებე. მერე, როდესაც ხელოვნების სკოლაში დავდიოდი, მივხვდი, რომ ისეთი ელეგანტური ფოტოების გადაღება შემეძლო, რომლებიც სურათებს ჰგავდნენ“. ფოტოგრაფობაც მაშინ გადაწყვიტა...
ნიუ იორკში, ბრუკლინში დაიბადა 1949 წელს. ახალგაზრდობაში ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი და „შავი პანტერების“ წევრი იყო. თავიდან იღებდა როკჯგუფებს, პარიზში - მოდას. 1989 წელს შემთხვევით გახდა ბერლინის კედლის დაცემის მოწმე - მისი ფოტო Kisses To All, Berlin Wall ამ მოვლენის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
მას შემდეგ სიკვდილის საფრთხის წინ ბევრჯერ მდგარა. ჰქონდა ფსიქიკურ მდგომარეობასთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემებიც. ამ ყველაფერს ირიბად, მაგრამ მაინც, ომს უკავშირებს. „ეს სამოციანებში ხდებოდა. ვიეტნამის ომი იყო, ანდერგრაუნდის მოძრაობა, პანტერები... ომი სამყაროს ცვლის. მამაჩემმა მეორე მსოფლიო ომი გამოიარა და ეს ჩემდამი დამოკიდებულებაში იგრძნობოდა...“
როდესაც მეგობარი ფოტოგრაფის, იუჯინ სმიტის ცხოვრებას იხსენებს, ამბობს: „დიდი ხელოვანები იმდენად იხარჯებიან საკუთარი საქმის კეთებისას, რომ საბოლოოდ ყველაფერს გასცემენ. სულით ეცემიან, როდესაც აღარაფერი რჩებათ გასაცემი. ესაა მიზეზი, რომ ნარკოტიკების მიღებას იწყებენ, ეტანებიან ალკოჰოლს, გიჟდებიან... რთულია, როცა უყურებ ფოტოებს და ხედავ შენ მიერ გადაღებულ ადამიანს, რომელიც მეორე წუთში დაიღუპა, მანამდე კი ალბათ შენნაირი იყო, ცხოვრობდა, მუსიკას უსმენდა... ეს ხანდახან მეტისმეტად აუტანელია“.
ჩეჩნეთის ხსენებისას მხრებს იჩეჩავს, თითქოს აქ სალაპარაკო არც არაფერია: „რა უნდა თქვა ჩეჩნებზე, მონსტრების ხელში აღმოჩნდნენ. იქ სამასი ათასი კაცი მოკლეს. არავინ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, როგორც იქ ქალებს და ბავშვებს მოექცნენ. ახალგაზრდა გოგონებს ქუჩაში იჭერდნენ და აწამებდნენ, მსოფლიო კი ამ ყველაფრისგან ზურგშექცევით იდგა - ჩეჩნეთი მარტო დატოვეს. შამილ ბასაევზე ამბობენ, რომ მონსტრი იყო. არა, ის უბრალოდ ადამიანი იყო, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რისიც სჯეროდა. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, რისი თქმა უნდა CNN-ს. ჩეჩნები არ იბრძვიან ჩეჩნეთის გარეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებენ ამას, თუ რუსებს ებრძვიან. ისინი არ ყოფილან ერაყში, ავღანეთში... გუანტანამოში ჩეჩენი არ ყოფილა, ეს ფაქტია. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ საქართველოში პატარა ინციდენტი მოხდა და ამბობდნენ, რომ ამის უკან ჩეჩნები იდგნენ - რა ნონსენსია. უნდათ, ყველაფერი ჩეჩნებს დააბრალონ“.
გზა სამაშკისკენ
გრინი ჩეჩნებს თავისუფლებისთვის მებრძოლებს უწოდებს. რუსეთის მეტროში მომხდარ ტერორისტულ აქტზეც სიფრთხილით საუბრობს: „ამბობენ, რომ ამ დანაშაულთან დაკავშირებული დეტალები მთელმა მსოფლიომ იცის. ჩვენ არაფერი ვიცით. საინტერესოა, რომ სწორედ რუსებმა უბიძგეს ჩეჩნებს რადიკალიზმისკენ, ისლამის მარწუხებში მოაქციეს. მანამდე ჩეჩნებს სულ არ ადარდებდათ ისლამი, იგივე შამილ ბასაევი და მისი მებრძოლები ძალიან ბევრს სვამდნენ და სულაც არ იყვნენ კარგი მუსლიმები.
გროზნო
არ ღირს ამაზე საუბარი. ვისაუბროთ ანა პოლიტკოვსკაიაზე, რა გაუკეთეს მას რუსებმა? ვისაუბროთ სამას კაცზე, რომლებიც მოსკოვში დახოცეს, რომ ჩეჩნეთის ომისთვის გამართლება მოეძებნათ. ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ? ვისაუბროთ ჰილარი სუონკზე, რომელსაც ამ დამნაშავეებთან ერთად შეუძლია იჯდეს ისე, თითქოს ამით არც არაფერი შავდება. ვისაუბროთ ჟერარ დეპარდიეზე, რომელსაც აქვს ნერვები, იჯდეს მაგიდასთან პუტინთან ერთად. ჩვენ მივეცით ამ ნაძირლებს უფლება, მოქცეოდნენ ამ დამნაშავეებს ისე, თითქოს ისინი ადამიანები იყვნენ. არა, ისინი არ არიან ადამიანები.
ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გაუკეთეს რუსებმა თქვენს ქვეყანას, ისინი ხომ ასე ახლოს იყვნენ მიზანთან. რუსები არ დგანან სირიაში დატრიალებული ამბების უკან? ასე რომ, გინდათ ვისაუბროთ რა გაუკეთეს ჩეჩნებმა რუსებს? გსურთ ვილაპარაკოთ რა მოხდა მოსკოვის მეტროში? კარგი, ვილაპარაკოთ. მაგრამ ვისაუბროთ სხვა თემებზეც, რომლებზე საუბარიც არ გვინდა ხოლმე. ჩვენ ყოველთვის წვრილმან დამნაშავეებს დავსდევთ, ნამდვილ დამნაშავეებზე კი არასოდეს ვსაუბრობთ. არ ვახსენებთ მათ, ვინც რეალურად არის მსოფლიოში გამეფებული ტანჯვისა და სიღარიბის მიზეზი... რატომ? იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში ყველას ბიზნესინტერესები ამოძრავებს, სხვა არაფერი აწუხებთ“.
სტენლი გრინი აღელვებას ვერ მალავს. რომანტიკოსი იდეალისტი გეგონებათ, თუმცა, თავად ალბათ ასე არ თვლის. ფიქრობს, რომ მისი პროფესიის კაცის მთავარი ფუნქცია სწორედ იმ სიმართლეზე საუბარია, რომელზეც სხვებმა არაფერი იციან. „წარმოვიდგინოთ ქვის ხანის ადამიანები, რომლებიც სხედან თავიანთ გამოქვაბულში და უცებ უჩნდებათ აზრი, რომ გარეთ გავიდნენ და ბოსტნეული იპოვონ. ერთ-ერთი დგება და გარეთ გადის, იქ კი, შესასვლელთან, კბილებალესილი ვეფხვი ხვდება. ის უკან შერბის, ცდილობს სხვებს აუხსნას, რა ხდება, მაგრამ ისეთ პანიკაშია, ვერ ახერხებს. ამიტომ მიდის კოცონთან, ნაკვერჩხალს იღებს და კედელზე ხატავს - „გარეთ ვეფხვია და ცდილობს შემჭამოს“. გარეთ გასვლის რომ შეშინებოდა და რისკი არ გაეწია, ვეფხვის შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა. ფოტოგრაფიც ასეთი უნდა იყოს - გარისკოს იმისთვის, რომ მერე ამბავს მოჰყვეს, არ უნდა შეეშინდეს. იყო ერთი ფოტოგრაფი, საშინელ ომებს იღებდა, დაღესტანს, ღაზას და იცით როგორ მოკვდა? თავში გაჩენილი ანევრიზმით. ვიღაცებმა თქვეს, რომ მის სიკვდილზე უფრო დიდი ტრაგედია ის იყო, რომ ბრძოლის ველზე არ დაიღუპა. თუმცა, იცით რა, სიკვდილი - სიკვდილია. ეს უკვე ტრაგედიაა...“
სტენლი გრინის აზრით, ყველაზე რთული მის პროფესიაში ემოციების კონტროლია. „წესით, უნდა იყო დამკვირვებელი, რომელიც განზე დგას და მოვლენებს აშუქებს. იმ ადამიანების ხმად უნდა იქცე, რომლებსაც ხმის ამოღების საშუალება არ აქვთ და როდესაც ამ უბედურ ხალხს ხვდები, ისე ბრაზობ, რომ საქმეზე კონცენტრირება, სუნთქვაც კი გიჭირს. იცით, არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც ვიღაცას სიკვდილით სჯიან და ფოტოგრაფები ყვირიან, მიდით, მიდით, ძალიან მაგარი ფოტო გამოვა. ეს მეორე უკიდურესობაა. ვფიქრობ, ჯერ საფრთხეში მყოფ ადამიანს უნდა დაეხმარო და მერე იფიქრო ფოტოს გადაღებაზე“.
„ყველაფერს რომ თავიდან ვიწყებდე, სახლში დავბრუნდებოდი და გიტარაზე დაკვრას გავაგრძელებდი. კარებს დავხურავდი, ბევრ ყავას მოვიმარაგებდი, ჯენის ვნახავდი... არავინ იცის, როგორი ცხოვრება მექნებოდა, იქნებ სცენაზეც აღმოვჩენილიყავი და ოზი ოსბორნივით გემრიელად გავსუქებულიყავი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ფოტოგრაფი გავხდი. არც მდიდარი ვარ და თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ომის ფოტოგრაფობით გამდიდრება შეიძლება, უნდა იცოდეს, რომ ცდება. იქნებ შემეძლო კიდეც ცოტათი გამდიდრება, მაგრამ ჰონორარი ჩემთვის მთავარი ფაქტორი არ ყოფილა“.
„რაო, რაო? რა გინდათ თქვათ, როცა ამბობთ, რომ ჩეჩნეთში წასვლისთვის ფულს არ გადამიხდით? ოჰ, კარგი, მაინც წავალ“, - ამბობდა გრინი და მიდიოდა, ავტომატიანი ქალების, ომის ინვალიდების, დანგრეული ქალაქების გადასაღებად...
რვეულში კი ჩანაწერს ტოვებს: „თავს გაუფრთხილდი. იმედია, ყველა ოცნება აგისრულდება“. იქნებ გრინსაც აუსრულდეს ოცნება - ჰენდრიქსივით დაიწყოს დაკვრა, გასუქდეს და ჯენი იპოვოს. მაშინ მაინც, როცა ომები აღარ იქნება.
![]() |
25 ფოტოგრაფის ერთი ფოტო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
მარიამ ამურველაშვილი
დაკა. მდინარე ბურიგანგაზე ნელნელა თენდება. გემის უცნაური საყვირის ხმა და მეთევზეების ყვირილი ერთმანეთში ირევა. გემბანზე ნისლია, ფაქტობრივად „არარეალური“ გარემოა - ყველაფერი ფოტოგენურია, არ ვიცი, რით დავიწყო გადაღება...
![]() |
26 დიქტატორი ბორატ ბრუნო G კოენი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნიკა ესებუა
წელს მხსნელი დაიბადა. მესია, სახელად ალადინი. სახელმწიფო ვადიის მმართველი. ეგოისტი, უმოწყალო, სექსისტი, ანტისემიტი დიქტატორი, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს. ადამიანი, რომელსაც მეგან ფოქსიდან დაწყებული, არნოლდ შვარცნეგერით დამთავრებული, ასობით ცნობილ ადამიანთან ჰქონია სექსი, მმართველი, რომელსაც მხოლოდ წაწვეტებული რაკეტის ფორმის ბირთვული იარაღი სურს და ახალშობილი თუ ბიჭი არ არის, ნაგავში ისვრის. ის ოსამა ბინ ლადენის უახლოესი მეგობარია (დიახ, ოსამა დღემდე ცოცხალია), მუამარ კადაფი მისი მუზა იყო, სადამ ჰუსეინი - მისაბაძი მაგალითი, კიმ ჩენ ირი კი ინსპირაციის წყარო...
„დიქტატორი“ რეჟისორ ლარი ჩარლზის ახალი ფილმი გახლავთ. ეს სწორედ ის რეჟისორია, რომელმაც „ბორატი“ და „ბრუნო“ გადაიღო. „დიქტატორი“ ბრიტანელი კომიკოსის, საშა ბარონ კოენის პროექტია, სადაც მსახიობმა ოდნავ გადაუხვია თავის სტილს და ბოლო ფილმიდან დოკუმენტური კინოს ელემენტები საერთოდ ამოიღო. „დიქტატორი“ თავიდან ბოლომდე წინასწარ დაწერილი დიალოგებითაა აწყობილი და დოკუმენტური კინოს ატმოსფერო არ იგრძნობა, ეს კი ნამუშევარს „ბორატთან“ შედარებით ნაკლებ სახალისოს ხდის. „დიქტატორი“ კარგი კომედიაა, უამრავი სასაცილო, საშა ბარონ კოენისთვის დამახასიათებელი პერფორმანსით. მაგრამ ფილმი რიგ შემთხვევებში ზედმეტად ვულგარულია, ზოგიერთი ეპიზოდი „ამერიკული ნამცხვარი 5“-ის დონის იუმორს ვერ აკმაყოფილებს. ის ოქროს შუალედი, რომელიც ლარი ჩარლზმა და საშა ბარონ კოენმა „ბორატში“ იპოვეს, ვერც „ბრუნოსა“ და ვერც „დიქტატორში“ ვეღარ გაიმეორეს. თუმცა ყველაფერი თავიდან, პერსონაჟით, Ali G დავიწყოთ.
საშა ბარონ კოენი ისტორიაში მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსის სახელით მაინც შევა. ოცი წლის წინ კი მომავალ მსახიობს არჩევანი უნდა გაეკეთებინა, ან კემბრიჯის უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა, პროფესორის სტატუსი მიეღო და თავად გამხდარიყო ისტორიკოსი, ან საყვარელი საქმე ეკეთებინა, ახალი სახეები შეექმნა და ფილმებში ეთამაშა. კოენმა არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. 1998 წელს ბრიტანულ „11 საათის შოუში“ ახალი პერსონაჟი, Ali G გამოჩნდა. გაუნათლებელი, სტერეოტიპების მსხვერპლი, თეთრკანიანი რეპერი ბრიტანეთიდან, რომელიც ცნობილ ხალხთან ინტერვიუებით გახდა ცნობილი.
ეს ინტერვიუები ყოველთვის პროვოკაციული და ხშირად სასაცილო იყო. საშა ბარონ კოენის პირველი წარმატება Ali G გახდა - ამ როლმა მას ბაფტას ჯილდო და საუკეთესო ახალბედა ბრიტანელი კომიკოსის წოდება მოუტანა.
„რუსეთში ყოფნისას ექიმი გავიცანი, მისი სახელი არ მახსოვს, წარმოუდგენლად სასაცილო კაცი იყო, ოღონდ მისდა უნებურად მაცინებდა. ბორატი ამ კაცის მიხედვით შევქმენი“, - მსახიობმა ეს თავის ყველაზე მნიშვნელოვან პერსონაჟზე განაცხადა. Ali G პოპულარული გახდა, ბორატი კი საკულტო ფიგურად იქცა. ჰომოფობი, სექსისტი, ანტისემიტი ჟურნალისტი ყაზახეთიდან, რომელიც ამერიკაში ადგილობრივი კულტურის შესასწავლად და ყაზახი ერის დასახმარებლად ჩავიდა. 2006 წელს ბორატმა ყველაფერი მოიცვა. ის ერთდროულად ამერიკის, ყაზახეთის, ანტისემიტების, ებრაელების, ფემინისტებისა და ანტიფემინისტების სიმბოლო იყო, ამერიკელ ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა და კანის პლაჟზე თითქმის შიშველი დადიოდა.
წლის ყველაზე პოპულარული ყაზახი გააკრიტიკა ყაზახეთის მთავრობამ, რომლის აზრითაც, ფილმში ასახული სიღატაკე, უვიცობა და ცუდი მანერები სრულიად არ შეესაბამებოდა რეალურ სურათს. თუმცა რამდენიმე თვეში განცხადება შეცვალეს და მსახიობი ყაზახეთშიც კი დაპატიჟეს. მიზეზი ტურისტების რაოდენობის ზრდა გახდა - ხალხი ბორატ საგდიევის სანახავად ყაზახეთში ჩადიოდა.
„ბორატი“ XXI საუკუნის საუკეთესო კომედიაა, ფილმი, სადაც ამერიკელი ერის უვიცი, უაზროდ ამაყი და სტერეოტიპების მსხვერპლი ნაწილია გაშარჟებული. ბორატმა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და არაერთი უხერხული თუ სასაცილო ინციდენტის საბაბი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამბავი წელს მოხდა, როდესაც ქუვეითში, სპორტული სროლის ტურნირზე ყაზახ ჩემპიონს, ნამდვილი ყაზახეთის ჰიმნის მაგივრად „ბორატში“ გამოყენებული სიმღერა ჩაურთეს. ამ ფილმისთვის მსახიობმა ოქროს გლობუსი მოიპოვა და „ბრუნოზე“ მუშაობა დაიწყო.
ბრუნო საშა ბარონ კოენის ერთ-ერთი ძველი პერსონაჟია, რომელიც სხვადასხვა შოუში პერიოდულად ჩნდებოდა. ბრუნო გეიჰარდი ავსტრიელი ჰომოსექსუალი ჟურნალისტია და მოდის ამბებს აშუქებს. „ბრუნო“ კარგი კომედიაა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც მაყურებელი „ბორატის“ შემქმნელისგან ელოდა. ფილმი პროვოკაციულია და ხშირად ეს პროვოკაცია ამართლებს, ისევე, როგორც საშა ბარონ კოენის მთელი კარიერა.
კომიკოსს ბევრჯერ უთქვამს, რომ მისი მისაბაძი მაგალითი მსახიობი პიტერ სელერსია, მაგრამ თავისი პერსონაჟებით და კარიერით ის ენდი კაუფმანს უფრო ჰგავს, იმ ენდის, რომელზეც მილოშ ფორმანმა „ადამიანი მთვარეზე“ გადაიღო. საშა ბარონ კოენი დღევანდელობის ენდი კაუფმანია. მისი პერსონაჟებიც პროვოკაციულები არიან, ისიც ხალხის გასულელებით და ამით სხვისი გაცინებით იღებს სიამოვნებას. კოენი, კაუფმანის მსგავსად, სტერეოტიპებს სტერეოტიპებით ებრძვის და ამას ხალხი ხშირად ვერ იგებს - ხან ჰომოფობიაში, ხან ანტისემიტიზმში, ხანაც სექსიზმში ადანაშაულებენ, მაშინ როცა მთელი მისი კარიერა სწორედ ასეთი ხალხის დაცინვაა.
ებრაელი მსახიობი რეალურ ცხოვრებაში საერთოდ არ ჰგავს თავის პერსონაჟებს. კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა, იზლა ფიშერთან ერთად ორი შვილი ჰყავს და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს. ნანობს, რომ ბორატი, Ali G და ბრუნო ასეთი პოპულარული პერსონაჟები გახდნენ, რადგან ამის შემდეგ მათ ვეღარ გამოიყენებს - ყველა იცნობს და მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა. ამიტომ სამივე „პენსიაზე“ გაუშვა. კოენი ერიდება ხმაურიან წვეულებებს, პაპარაცებს, თითოეულ პროექტზე გულდასმით მუშაობს და ყველა დეტალს ბოლომდე ამუშავებს. ჯონი დეპს, ჯორჯ ქლუნისა და სტივ მარტინს „ბორატში“ თამაშზე უარი უთხრა, რადგან თუ მსახიობებს ეცოდინებოდათ, რა მოხდებოდა, ეს ფილმის მთელ ატმოსფეროს გააფუჭებდა, მისთვის კი მოულოდნელობა უმნიშვნელოვანესია - ბუნებრივი ემოციები, მიმიკები და დიალოგები ყველაზე ძვირად ფასობს.
ახლა საშა ბარონ კოენი „დიქტატორის“ მარკეტინგითაა დაკავებული, ფილმის DVD-ის გამოსვლასთან ერთად ამ პერსონაჟსაც დაივიწყებს და ახალი სახის შექმნას შეუდგება. ისე, როგორც ენდი კაუფმანი აკეთებდა.
![]() |
27 ღმერთი ღმერთის წილ ანუ საბჭოთა და სხვ. ბომონების საგა |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კეკელიძე|სვეტი
(წერილები ეროვნული ბიბლიოთეკიდან)
ადგნენ და მოვიდნენ. როგორც ერთ ამერიკულ რომანშია. აქაოდა, პროგრესის ძალაო, განათლებაო, ოპიუმიო, დარვინიო, „ღმერთი მოკვდაო“. სიცოცხლისას რაც იყო, იმაზე მარქსს კითხეთო. მაგრამ უღმერთოდ მაინც ვერ გაძლეს. ისე არ გამოდიოდა.
ჰოდა, ახლის შენება დაიწყეს. მრავალღმერთიანობას მიაწვნენ. ერთი დიდი ღმერთი, ლენინი, სადღაც შორს იდგა და დანარჩენ ღმერთებს - სტალინი, ხრუშოვი და ა.შ. - შობდა. ზოგიერთი შეიძლება ძმას წაექცია და მისი ადგილიც მიეთვისებინა. თუმცა მთავარი ბომონი - სრულქმნილი ულიანოვი ეჭვის მიღმა სუფევდა. არის ერთი ძალიან კარგი ანიმაციური ფილმი, რაულ სერვაისის „პეგასუსი“. ადვილად შეგიძლიათ ინტერნეტში დაძებნოთ - იქ, ათიოდ წუთში დიდებულადაა მოთხრობილი, თუ როგორ ანაცვლებს სოფლის მჭედელი ერთ უფალს მეორეთი. ამ წერილის თანასამზერელად გირჩევთ. ისე, ირიბად. ცალი თვალით.
ანტირელიგიური კამპანია გაჩაღდა.
ხოლო ჩემს მაგიდაზე ახლა ოცამდე ამგვარი წიგნი დევს. გაზეთი უფრო მეტი იყო. ეს წიგნები პერიოდული გამოცემების ერთგვარ ჯამად შეგვიძლია ვიგულისხმოთ. მანდ იყრიდა თავს მთავარი ინსტრუქციები და, ჩვენებური ახალმეტყველებით რომ ვთქვათ, „ქეისები“. იწყებოდა ყველაფერი ყმაწვილთა აღზრდით. 1932 წელს გამოდის ვინმე პ. მიქაძისა და ან. გველესიანის წიგნი - „პიონერები ანტირელიგიურ ფრონტზე“. ახალი, ლენრელიგია ძალიან აგრესიული იყო. მას მთლიანად უნდა ამოეძირკვა წინამორბედი. ამიტომაც - „ნორჩ უღმერთოთა მოთავსებული იქნება კითხვა-პასუხის ყუთი“, სადაც ასეთ ამბებს ათავსებდნენ: „ერთხელ პიონერები შეგროვდნენ ჩემს ეზოში და გადაწყვიტეს რამენაირად მაინც დაეშალათ მორწმუნენი. პიონერები რამდენიმეჯერ მოვიდნენ ეკლესიაში და იმდენი მოახერხეს, რომ შეუმჩნევლად ეკლესიის გამათბობი მილი გასტეხეს. ამის გამო შესწყდა მორწმუნეთა სიარული ეკლესიაში, რადგან საშინლად ციოდა; ამრიგად, ეკლესიას რელიგიური ცრუმორწმუნეობის საშუალება გამოეცალა“.
სხვებს, უკვე ზრდასრულებს და განსხვავებულ ფერხულში თავშერგულებს „უფრო დიდ“ კუთხეებს უწყობდნენ. მაგალითად: „კუთხეს უნდა ქონდეს თარო და ვიტრინა პოპულიარული ანტირელიგიური ლიტერატურით. კუთხის ლოზუნგები ისე, როგორც სხვა მასალები დაკავშირებული უნდა იქნენ კოლმეურნეობის წარმოებასთან, მაგ: „ძირს ხუცის სასხურებელი, გამოვიყენოთ ქიმიური სასუქი“. თუ ბოლშე-ეზოთერიზმი არ გაჭრიდა, სხვა, პრაგმატული მაგალითებით ცდილობდნენ მშრომელთა მორჯულებას - სანამ კიდევ უფრო „პრაგმატული“ 37 არ დადგა. ასე განსაჯეთ, 1932 წელს გამოცემულ წიგნში, „აღდგომა. მისი წარმომავლობა და მნიშვნელობა“, მთელი ანგარიში მიდის იმ ზარალის, რაც სადღესასწაულო ამბების გამო მიადგა დიად სამშობლოს: „ბეჟიცაში, დასავლეთის ოლქი, ქარხანამ „წითელმა პროფინტერმა“ დაკარგა 1500 კაცზე მეტი თვითნებობითი გაცდენის გამო: ფულზე რომ გადავიტანოთ - 22.754 მანეთი, მაშასადამე, ქარხანამ სოფლის მეურნეობას ვერ მისცა 2.143 სახნისი“. რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. ფოლადის ლოგიკა - უფრო საბჭოურად რომ ვთქვათ. კაპიტალიზმს ხომ ბრალდებოდა და ბრალდებოდა ყველაფერი. ლამის იყო, იესო ქრისტე და მუჰამედი პირველ ბურჟუებად გამოიყვანეს და მათი მოწაფეები გაწაფულ კლერკებად. დ. ციხელაშვილი მიმართულების ოსტატად მიიჩნეოდა. სწორედ მას ავალებდნენ ან ივალებდა ამ საქმეს და საოცარი მხატვრულობით ასრულებდა - ჯვაროსნული ლაშქრობებიდან იწყებდა და მოულოდნელად კულაკთა შეთქმულებებით ასრულებდა. მოკლედ, ახლა სახალისოდ საკითხავია, მაშინ კი სისხლს ითხოვდა ეს ფურცლები.
რაღაც ნაწილი აღარ მომიტანია. აი, ის - სადაც მუქარა იმატებს და სიტყვები ადრესატებს სასაკლაოსკენ მიერეკებიან. რა საჭირო იყო. რბილად მინდოდა მეთქვა ძალიან მარტივი რამ - ყოველგვარი ძალადობა ცუდია.
ხოლო მებრძოლ უღმერთოთა კავშირს უფრო მოკლედ ერქვა „მუკ“-ი. ლოზუნგი კი, რომელიც თითქმის ყველა გამოცემას თან სდევდა, ამგვარი გახლდათ: „არც ერთი საწარმოო, დაწესებულება, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, საბინაო ამხანაგობა, ყაზარმა, კოლმეურნეობა, საბჭოთა მეურნეობა და კომუნა მუკის გარეშე“.
![]() |
28 LIFE/GuIdE |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
1. Vitra მსოფლიოში კარგად ცნობილი, თანამედროვე, მაღალი კლასის ავეჯის მწარმოებელი ევროპული კომპანიაა, რომლის ტრადიციაც სახელოვანი დიზაინერების საკულტო ნივთების სერიების შექმნა გახლავთ. სახლის, ოფისის და საჯარო სივრცისთვის ამ ავეჯის შეძენა უკვე თბილისშიც შესაძლებელი გახდა - Vitra თავის შოუ რუმში, დავით უზნაძის 4 ნომერში გეპატიჟებათ.
2. Dover Street Marketი რეი კავაკუბოს მიერ ლონდონში შექმნილი სიურრეალისტური სამოთხეა, სადაც თანამედროვე დიზაინი მოდერნული საზოგადოების ცხოვრების წესს პასუხობს. ამჯერად, შეუდარებელმა აზედინ ალაიამ ექსკლუზიურად Dover street market-ისთვის შექმნა კაბის ოთხი დიზაინი. მოდელები მხოლოდ შემოდგომამდე გაიყიდება.
3. 8 ივნისს რიდლი სკოტი დაბრუნ და მომავალში - იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. რეჟისორმა უკვე გადაიღო „უცხო“ და „სამართებელზე მორბენალი“ - სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმები, რომლებმაც დროთა განმავლობაში საკულტოს წოდება მოიპოვეს. „პრომეთე“ კი რიდლი სკოტის ახალი პროექტია, რომელიც „უცხოს“ ერთგვარი პრიქველია და გვიყვება ადამიანების ექსპედიციაზე უცნობ პლანეტაზე, სადაც მათ კაცობრიობის მომავლის გადარჩენა მოუწევთ.
![]() |
29 ჯენსისი და ნატურალისტები |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
მალხაზ ხარბედია
„ჯენსისი თუ ვერ მივა ქართულ ღვინოსთან, ქართული ღვინო მივა ჯენსისთან“ - ამ სტატიისთვის ასეთი სათაურიც შეიძლებოდა დამერქმია. საქმე ისაა, რომ წელს, აპრილის ბოლოს ცნობილი ღვინის მწერალი და კრიტიკოსი ჯენსის რობინსონი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, მაგრამ ეს ვიზიტი სამწუხაროდ არ შედგა. ამის მიუხედავად, სულ ცოტა ხნის წინ, 30 მაისს ჯენსის რობინსონის საიტზე ახალი პუბლიკაცია გამოჩნდა, რომელიც მთლიანად ქართულ ღვინოს შეეხებოდა. პირველ რიგში კი ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დაყენებულ ღვინოებს. ერთი სიტყვით, მართალია ჯენსისი ვერ ჩამოვიდა ქართულ ღვინოსთან, სამაგიეროდ ქართულმა ღვინომ მიაღწია ჯენსის რობინსონამდე.
ამას წინათ, ლონდონში ორი მნიშვნელოვანი ღვინის დღესასწაული გაიმართა. წესით, ერთი უნდა გამართულიყო, მაგრამ დამფუძნებლები, როგორც ჩანს, რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და თავ-თავიანთი გზა მონახეს. შედეგად მივიღეთ ნატურალური ღვინის ორი ფესტივალი, რომელიც ერთსა და იმავე დროს დაიწყო, 20 მაისს, ერთს Raw Wine Fair ერქვა, მეორეს კი Real Wine Fair.
პირველი ორი დღე გაგრძელდა, მეორემ კი 22 მაისამდე გაქაჩა. ქართული ღვინო ბარაქიანად იყო წარმოდგენილი ორივე ფესტივალზე. პირველში მონაწილეობას იღებდნენ - კომპანია ჩვენი ღვინო, ნიკოლაძეების მარანი, ანთაძეების მარანი, ჯაყელები, ლექსო ციხელაშვილის მარანი, მარანი ნიკა, კახა ბერიშვილის მარანი, ლაგვინარი, მეორეში კი - იაგოს მარანი, ხოხბის ცრემლები, ალავერდის მონასტრის მარანი, ტყუპების მარანი. ქართველებმა არც ერთ ორგანიზატორს არ აწყენინეს და ამიტომ, თანაბრად გადანაწილდნენ ორივე ღონისძიებაში. სწორედ ამ ღონისძიებებში მონაწილეობის პერიოდში გასინჯა ჯენსის რობინსონმა ქართული ღვინოები და სულ მალე თავისი დახასიათებებიც გამოაქვეყნა საიტზე. ეს, როგორც მახსოვს, ქართული ღვინოების ყველაზე ვრცელი და მრავალფეროვანი ჩამონათვალია, რომელიც კი ასეთ ცნობილ ღვინის მწერალს შეუდგენია. აქამდე არაერთ ქართულ ღვინოზე დაუწერია ჯენსის რობინსონს, რობერტ ჯოზეფს თუ სხვა ცნობილ ღვინის ჟურნალისტს, მაგრამ ეს ლისტი, ჯერ-ჯერობით ყველაზე კარგად გამოხატავს ქართული მეღვინეობის თანამედროვე სურათს.
ჯენსის რობინსონმა 30-მდე ქართული ღვინო გასინჯა და მას ყველაზე მეტად ტრადიციული წესით დაყენებული ღვინოები მოეწონა. შესავალში ისიც აღნიშნა, რომ „მართალია ჩვენს ჩამონათვალში ეს ღვინოები თეთრის კატეგორიაში გადის, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა მათთვის ქარვისფერი გვეწოდებინაო“. ცოტა ხნის მერე კი ახალი ტერმინიც გამოაცხო, აბრევიატურით, SC, რაც ნიშნავს skin contact-ს, ანუ ჭაჭაზე დავარგებულს.
ყველაზე მაღალი, 17 ქულა ჯენსის რობინსონმა ნიკი ანთაძის 2010 წლის მწვანეს დაუწერა. 16,5 ქულა მიიღო ალავერდის მონასტრის სამმა ღვინომ - რქაწითელმა, მწვანემ და საფერავმა. ასევე ხოხბის ცრემლების 2010 წლის მწვანემ. 16 ქულიანებში შემდეგი ღვინოები მოხვდა - ანთაძის რქაწითელი, 2010, იაგოს ღვინო, ჩინური, 2009, ჯაყელის საფერავი, 2010, ჩვენი ღვინო, წარაფის რქაწითელი, 2010, ხოხბის ცრემლების ორი ღვინო, თავკვერი და ჩინური, 2011 წლის. ამ მიმართულების ღვინოების გარდა, ჯენსის რობინსონმა ე.წ. კონვენციური, ანუ როგორც თავად უწოდებს, მეინსტრიმის ღვინოებიც გასინჯა, რომელიც „ასოციაცია ქართულმა ღვინომ“ ჩაიტანა ლონდონში - თბილღვინოს, თელიანის, ბაგრატიონის, ბესინის, კახურის, ვაინმენის, თელავის მარნის, შატო მუხრანისა და შუხმანის ღვინოებს შორის ყველაზე მაღალი, 16 ქულა ხუთმა ღვინომ მიიღო - თბილღვინოს 2011 წლის წინანდალმა, თელავის მარნის ქვევრში დაყენებულმა მწვანემ, 2010, ვაინმენის 2011 წლის როზემ, კომპანია კახურის 2004 წლის მუკუზანმა და თელიანი ველის კაბერნე/საფერავმა, 2009.
![]() |
30 სოკოს კრემ-სუპი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული:
გიორგი რაუში,
პიცერია LocaLino
მომზადების წესი:
სოკო მოვშუშოთ ხახვთან ერთად, დავამატოთ გემოვნებით მარილი და პილპილი. ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ, დავუმატოთ რძე და წამოვადუღოთ.
1 ულუფა
მასალა:
▪100 გრამი სოკო
▪100 გრამი რძე
▪ ხახვი
▪ მარილი
▪ პილპილი
ჯამში: 3 ლარი