![]() |
ტაბულა №105 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჯაფარიძე ზურა, სოკორი ვლადიმირ, მეკაჩი მატეო, ავალიანი დიმიტრი, შაშკინი დიმიტრი, ჯგერენაია ემზარ, კოკიჩაიშვილი თეონა, კვანჭილაშვილი ელენე, ჯანდიერი გია, სუთიძე ლევან, დეკანოზი თეოდორე, კაკაბაძე შოთა, ბაძაღუა ივანე, ზუკაკიშვილი ქეთი, ჩაფიჩაძე გუგა, ბასილაია მიხეილ, ბუგაისკი იანუშ, გამცემლიძე მაკა, ტორონჯაძე მირიან, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, ფირცხელანი გიორგი, შულცი ქეთრინ, ჩიკვაიძე დიმა, ახლოური ნინა, ხარბედია მალხაზ |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 18- 24 ივნისი 2012 მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხანმოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, email: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„არცერთი დღე პარტიის დაარსების დღიდან არ დაგვისვენია და საჯარო გამოსვლები არ შეგვიწყვეტია. ერთადერთი შემთხვევა იყო გასული კვირა, როდესაც ჩვენ დროშები დავუშვით, იმიტომ რომ გავრეცხეთ და ჩავიკეტეთ პარტიის თეზისებზე სამუშაოდ“.
შალვა ნათელაშვილი უარყოფს გავრცელებულ ხმებს ლეიბორისტული პარტიის დაშლის შესახებ.11 ივნისი.
„NDI-ს და IRI-ს კვლევებსაც მერაბიშვილი ატარებდა. დიახ, იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ აწარმოებდნენ გამოკითხვას, მერაბიშვილი უწევდა კოორდინაციას“.
ბიძინა ივანიშვილი ასავალ - დასავალთან ინტერვიუში. 11 ივნისი.
„როდესაც ქირურგი საოპერაციო ოთახშია... ჭრის, ასუფთავებს, ამპუტირებას აკეთებს და ჭრილობიდან სისხლი მოდის, განა ვეუბნებით - „შენი ხელები სისხლშია გასვრილი“?“
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი საკუთარ ქმედებებს ქირურგიულ ოპერაციას ადარებს, რითაც ამართლებს ქვეყანაში მიმდინარე სისხლისღვრას, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა. 4 ივნისი.
„ტყიბულში იქნება ჩვენი საყვარელი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე. ელისო ჩაფიძე არის ჩემთვის ეტალონი ჟურნალისტობის. სხვათა შორის, კარგად დააკვირდით: გასათხოვარია და ძალიან ლამაზი“.
ბიძინა ივანიშვილი ტყიბულის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს გაზეთ რეზონანსის ჟურნალისტს ელისო ჩაფიძეს.10 ივნისი.
„არცერთი დღე პარტიის დაარსების დღიდან არ დაგვისვენია და საჯარო გამოსვლები არ შეგვიწყვეტია. ერთადერთი შემთხვევა იყო გასული კვირა, როდესაც ჩვენ დროშები დავუშვით, იმიტომ რომ გავრეცხეთ და ჩავიკეტეთ პარტიის თეზისებზე სამუშაოდ“.
შალვა ნათელაშვილი უარყოფს გავრცელებულ ხმებს ლეიბორისტული პარტიის დაშლის შესახებ.11 ივნისი. 6 2012
„მსოფლიოში მხოლოდ სამი ქვეყანა დარჩა, სადაც დიქტატურაა - ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსი და საქართველო!“. „დღეს ისეთი ანტიამერიკული განწყობაა საქართველოში, როგორიც არასდროს ყოფილა. მეც კი, რომელიც ამერიკის დიდი მოტრფიალე ვიყავი, დღეს უკვე სიძულვილი გამიჩნდა მის მიმართ, რადგან ამერიკელები უზნეო პოლიტიკას ატარებენ“.
რეჟისორი რობერტ სტურუა. 11 ივნისი, ასავალდასავალი.
„სტალინის დროს იყო ხოცვა-ჟლეტა; ბრეჟნევის დროს იყო სტაგნაცია; ელცინის დროს იყო ქურდობა; პუტინის დროს ამ ყველაფრის კომბინირება გადაწყვიტეს“.
მოჭადრაკე გარი კასპაროვი, რომელიც ამჟამად აქტიურად მოღვაწეობს რუსულ პოლიტიკაში, World Policy- სთან ინტერვიუში ციტირებს ანონიმურ რუს ბლოგერს. ბოლო წლებში რუსეთში არაერთი ბლოგერი გახდა სამართლებრივი დევნის ობიექტი, მათ შორის, პუტინის შეურაცხყოფის ბრალდებით.
„კლინტონის ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა რომ არ შედგა, ამით გულდაწყვეტილი უნდა იყოს დიდი პოლიტიკიდან მიმავალი კლინტონი და არა დიდ პოლიტიკაში მოსვლისთვის გამზადებული ივანიშვილი“.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. 5 ივნისი.
![]() |
2 როგორ არ უნდა დავეხმაროთ მედიას |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ზურა ჯაფარიძე
რამდენიმე კვირაა აქტიურად განიხილება ე.წ. must carry პრინციპის შემოღება, რომელიც საკაბელო და ციფრული სატელევიზიო ქსელებისთვის, ადგილობრივი სატელევიზიო მაუწყებლების სიგნალის აბონენტებისთვის მიწოდების ვალდებულებას გულისხმობს. რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. იმავე საკითხზე ერთერთ მიმართვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში აშშის ელჩმა, ჯონ ბასმა. ამ ინიციატივის ადგილობრივი მხარდამჭერები must carryს პრინციპის საქართველოში დანერგვის აუცილებლობას წინასაარჩევნოდ მედიაპლურალიზმის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობით ხსნიან და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაზე აპელირე ბენ - „იქ რად გან ასე ა, ესე იგი ასეა სწო რი, ისი ნი ხომ ჩვენზე წინ არიან წასული“ ლოგიკით.
Must carryზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი მხრივ ორმა კერძო სატელევიზიო მაუწყებელმა (რუსთავი2მა და იმედმა) ერთერთი ციფრული სატელევიზიო ქსელისგან (გლობალ TV) საკუთარი სიგნალის ამოღება მოითხოვა. გარდა ამისა, რამდენიმე თვეა, თბილისის ბაზარზე არსებული ორი ყველაზე პოპულარული საკაბელო ქსელი (Silknet და Caucasus Online) მომხმარებლებისთვის მიწოდებულ არხთა პაკეტში არ სვამს ორი ტელეკომპანიის გადაცემებს (მაესტრო და მე - 9 არხი). დიდი ალბათობით, შექმნილი სიტუაცია პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებითაა განპირობებული და ქართული სამოქალაქო სექტორი ტრადიციულად ცდილობს არსებული რეალობის „გაკეთილშობილებას“ მორიგი რეგულაციის შემოღებით.
საკაბელო ქსელების მომხმარებლისთვის მომზადებულ პაკეტებში რომელიმე არხის მაუწყებლობის ჩასმის ვალდებულება, ამ ქსელების მეპატრონეების საკუთრების უფლების უხეში ხელყოფაა. ქსელს ჰყავს პატრონი და ის თავად წყვეტს, რომელი არხის მიწოდება ურჩევნია / მომგებიანად მიაჩნია, და რომლის - არა. მეპატრონეს, კომერციულ მოსაზრებებთან ერთად, უფლება აქვს პოლიტიკური ან სხვა სახის მოსაზრებებით უარი თქვას ამა თუ იმ არხის ტრანსლირებაზე. იგივე შეიძლება ითქვას კერძო სატელევიზიო მაუწყებლებზე. თუ მათ მეპატრონეებს არ სურთ, რომ ეს არხები გადაიცემოდეს რომელიმე საკაბელო თუ ციფრული ქსელის მიერ, ეს მათი ნებაა. საბოლოო ჯამში ისინი დაზარალდებიან, რადგან დაკარგავენ მაყურებლის ნაწილს - პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ეკონომიკურად წაგებიანია.
ასევე დაზარალდებიან საკაბელო ქსელების მფლობელები, რადგან მომხმარებელთა ნაწილი, ვისაც სურს უყუროს მაესტროს ან მე9 არხს, მოძებნის საკუთარი სურვილის დაკმაყოფილების ალტერნატიულ გზას. მეორე მხრივ, must carryს შემოღების შემთხვევაში, ნებისმიერ ფაშისტურად განწყობილ ჯგუფს უფლება ექნება მივიდეს საკაბელო ქსელის ოპერატორთან და მოსთხოვოს საკუთარი მაუწყებლობის გადაცემა. გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ქსელის მფლობელს უფლება, უარი უთხრას ასეთ ჯგუფს საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე და რატომ უნდა ვაიძულოთ ის, იმოქმედოს საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ?
ახალი ინიციატივის მხარდამჭერები თვლიან, რომ მედიაპლურალიზმი ე.წ. საზოგადოებრივი სიკეთეა, ხოლო საკუთრების უფლება აბსოლუტური არ არის. ამიტომ, მათი გადმოსახედიდან არათუ დასაშვები, აუცილებელიც კია, რომ სახელმწიფომ კერძო მაუწყებლებისა და საკაბელო ქსელების მეპატრონეების საკუთრების უფლება შეზღუდოს „საზოგადოებრივი სიკეთის“ მიღების მიზნით. როდესაც საკითხს ამგვარად ვუდგებით, რამდენიმე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ:
უპირველეს ყოვლისა, უცხოურ პრაქტიკაზე აპელირება must carryს ლობირების პროცესში არც ისე მოგებიანია, რადგან ასეთი მიდგომა მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება (კანადა, აშშ, ინდოეთი, ჩეხეთი, ირლანდია). ამ ქვეყნებიდან ყველაზე საინტერესო აშშის გამოცდილებაა, სადაც მსგავსი რეგულაცია გასული საუკუნის 70იან წლებში შემოიღეს. თუმცა იქ must carryს შემოღების მიზეზი არა მედიაპლურალიზმი, არამედ ადგილობრივი მცირე ზომის სატელევიზიო არხების დაცვა იყო საკაბელო ქსელებთან კონკურენციის პროცესში, რომლებიც სულ უფრო ინტენსიურად სთავაზობდნენ მაყურებელს საკუთარ პროგრამებს.
გარდა ამისა, აშშში must carry ეხებოდა მხოლოდ არაკომერციულსაგანმანათლებლო მაუწყებლების პროგრამების საკაბელო ქსელებით ტრანსლირებას და არ არეგულირებდა კომერციული მაუწყებლების პროგრამების ტრანსლირებას. 80იან წლებში რამდენიმე საკაბელო ქსელმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა საჩივარი და მოითხოვა must carryს არაკონსტიტუციურად ცნობა. უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ must carry წინააღმდეგობაში მოდიოდა აშშის კონსტიტუციის პირველ დამატებასთან, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია პრესის თავისუფლების ხელყოფა.
1992 წლამდე საკაბელო ქსელებს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების მომხმარებლებისთვის მიწოდების ვალდებულება დარჩათ. 1994 წლიდან კი, ახალი კანონმდებლობით, კერძო მაუწყებლებს must carryს პრინციპის პარალელურად აქვთ ე.წ. retransmission consentის არჩევის უფლება. ეს უფლება საშუალებას აძლევს კერძო მაუწყებელს, საკაბელო ქსელს კომპენსაციის გადახდა მოსთხოვოს მისი პროგრამების ჩვენების სანაცვლოდ. ეს კი ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მაინც კერძო მაუწყებლის გადასაწყვეტია, ჩართავს თუ არა საკუთარ მაუწყებლობას რომელიმე საკაბელო ქსელში. შესაბამისად, აშშ - ის პრაქტიკა პრინციპულად განსხვავდება იმისგან, რასაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს საქართველოში.
იმავე აშშ-ის პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკაბელო ოპერატორები, როგორც წესი, თავადაც ხდებიან მაუწყებლები და გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყებენ საკუთარი არხებისა და პროგრამების შექმნას. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, საკაბელო მაუწყებლობა საქართველოში აღარ საჭიროებს სახელმწიფოსგან შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მიღებას. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, შექმნას სატელევიზიო პროდუქტი და ააწყოს საკუთარი საკაბელო ქსელი სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.
ასეთ პირობებში ახალი რეგულაციების შემოღება მხოლოდ ხელს შეუშლის ჩანასახის სტადიაზე მყოფი საკაბელო მაუწყებლობის ბიზნესის განვითარებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, აღარც სატელიტზე მაუწყებლობისთვის იქნება საჭირო ლიცენზიის აღება (თუ მაინცდამაინც რამის მოთხოვნა გვინდა, ეს უნდა მოვითხოვოთ), ხოლო 2015 წლიდან ვაპირებთ გადავიდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე (რაც საშუალებას მოგვცემს, არსებულ სიხშირეებზე განუზომლად მეტი არხის ტრანსლირება მოვახდინოთ), must carry-ს პრინციპის შემოღება საერთოდ აზრს კარგავს. პირიქით, მეტი მედიაპლურალიზმის მისაღწევად, საკომუნიკაციო ბაზრის კიდევ უფრო დერეგულირებას უნდა ვითხოვდეთ.
ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ must carry-ს პრინციპის შემოღებით მედიაპლურალიზმის დონე გაუმჯობესდება. თუ ვინმეს სურვილი აქვს, უყუროს როგორც რუსთავი2-ს, ისე მაესტროს - ამის მარტივი გზები არსებობს და მოქალაქეთა ასეთმა ნაწილმა უკვე შეძლო ერთი შეხედვით „ურთიერთგამომრიცხავი“ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ინფორმაციის წყარო მხოლოდ ტელევიზია არ არის და ყველა, ვისაც სურს რაიმე სახის, მათ შორის, პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციის მიღება - ამას ახერხებს ინტერნეტით თუ მეზობლის მიერ შეძენილი ასავალ-დასავალით. ხოლო მათთვის, ვინც არ ინტერესდება ქვეყნის პოლიტიკური მოვლენებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ საკაბელო ქსელში რა არხები იქნება.
ილუზიებს რომ თავი დავანებოთ, თუ დავუშვებთ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, შეზღუდოს რიგითი მესაკუთრის უფლებები „საზოგადოებრივი სიკეთის“ შექმნის მიზნით, მაშინ სად გადის ზღვარი, როდის არის ასეთი შეზღუდვა დასაშვები და როდის არა? ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია „საზოგადოებრივ სიკეთედ“ შეფუთოს ნებისმიერი ინიციატივა და შესაბამისი მიზნის მისაღწევად კერძო მესაკუთრეების უფლებები უგულებელყოს. და თუ კერძო საკუთრების უფლება არ იქნება აბსოლუტური, ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას მოსახლეობისგან ექნება (პირობითად) მანდატი, რაც უნდა, ის აკეთოს.
უკანასკნელ წლებში არაერთხელ ვიხილეთ, როგორ ხდება კერძო მესაკუთრის უფლებების შელახვა „სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან“ გამომდინარე. მაგალითად, მნიშვნელოვანი მაგისტრალის გაყვანის მიზნით, მოსახლეობას დაატოვებინეს საცხოვრებელი სახლები, მნიშვნელოვანი ობიექტის აშენების მიზნით, ვიღაცას ჩამოართვეს საკუთრებაში არსებული მიწა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ამ მოქალაქეებს სახელმწიფო სთავაზობდა გარკვეულ კომპენსაციას, მათი ნაწილი მაინც არ იყო თანახმა, სახელმწიფოსთვის გადაეცა საკუთრება. თუმცა, საბოლოოდ, „თემს რაც სწადია მას იზამს, თავის თემობის წესითა“ აღსრულდა.
საინტერესოა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, იგივე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ სწორედ იმ მოქალაქეების მხარდამჭერებად, რომელთა საკუთრების უფლებაც სახელმწიფომ შელახა. რითი არის საკაბელო ქსელის ან კერძო მაუწყებლის მფლობელის საკუთრების უფლება უფრო დაბალი რანგის, ვიდრე კერძო სახლის ან მიწის მფლობელის? ან რატომ არის „მედიაპლურალიზმი“ უფრო მაღალი კატეგორიის „სიკეთე“, ვიდრე ათობითკილომეტრიანი ოთხზოლიანი მაგისტრალი?
და თუ მაინცდამაინც პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციის თითოეულ მოქალაქემდე მიტანაა უმთავრესი სიკეთე (მიუხედავად იმისა, უნდათ ამ ინფორმაციის მიღება თუ არა), რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს განაპირობებს, რატომ არ დავავალდებულებთ ყველა მოქალაქეს, რომ საკუთარ ბინაში, აღმოსავლეთ კედელზე გამოაკრას ყველა ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის საარჩევნო პროგრამა? მით უმეტეს, რომ ასეთი ვალდებულება ავტომატურად განაპირობებს იმავე კვალიფიციური სუბიექტებისთვის საარჩევნო პროგრამის შექმნის და გამოქვეყნების ვალდებულებას, რაც, ბუნებრივია, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული პოლიტიკური კულტურის ამაღლების პროცესში.
ასევე შეგვიძლია დავავალდებულოთ ყველა ბეჭდური გამოცემა, რომელიც პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებს, რომ ერთი მხრივ, გაზარდოს ტირაჟი ისე, რომ საქართველოს ყოველ 3 ზრდასრულ მოქალაქეზე ერთი ეგზემპლარი მოდიოდეს, ხოლო მეორე მხრივ, დავავალდებულოთ მოქალაქეები, ზედმიწევნით ყურადღებით წაიკითხონ ეს გამოცემები. ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ ყოველ კენტ საათზე ყურსასმენებით რადიოს საინფორმაციო საშუალებების სმენის ვალდებულებას, შეგვიძლია დამშვიდებული ვიყოთ - ოქტომბერში ქართველი ერი ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს.
![]() |
3 ჰილარი კლინტონი საქართველოში - ვიზიტი შედეგებით |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ავტორი: ვლადიმირ სოკორი
4-7 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს ეწვია. სამხრეთ კავკასიაში კლინტონის პირველი ვიზიტი, რომელსაც „გაცნობითი” ეწოდა, 2010 წლის ივლისის დასაწყისში შედგა. თითქმის ორი წლის თავზე სახელმწიფო მდივნის მეორე სტუმრობა კი, თავისი მნიშვნელობით და რამდენიმე საკვანძო შედეგით გამოირჩევა. ესენია:
1. მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში
ობამას ადმინისტრაცია ოდნავ ასუსტებს საქართველოს შეიარაღებაზე ფაქტობრივად დაწესებულ აკრძალვას, რომელიც ქვეყანას საკუთარი ტერიტორიის თავდაცვისთვის სჭირდება (აკრძალვა არ ეხება ავღანეთში მებრძოლ ქართულ სამხედრო ნაწილებს). ბათუმში კლინტონი დაესწრო სანაპირო დაცვის სამსახურისთვის ოთხი კატარღის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს. მათი მოდერნიზება აშშ-ის დახმარებით მოხდა. აშშ-მა უკვე 10 მილიონი დოლარი დახარჯა იმ 16,5-მილიონიანი დახმარებიდან, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის მხარდასაჭერად არის გამოყოფილი. კერძოდ, ამ კატარღების თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და დეტექტორული აპარატურით აღჭურვისათვის და სანაპირო რადარებისთვის. საქართველოს სანაპირო დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
კლინტონმა ასევე გამოაცხადა აშშ-ის ახალი პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც ორმაგი გამოყენების (სამოქალაქო-სამხედრო) სატრანსპორტო ვერტმფრენების მოდერნიზებას ითვალისწინებს და არ გამორიცხა ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების წვრთნის პროგრამის შემდგომი გაფართოება. მან ასევე მიანიშნა შემდგომ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას საქართველოს ტერიტორიული, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის, ასევე, NATO-ს ჯარებთან თავსებადობის გაუმჯობესებისთვის (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზი, 5 ივნისი; Civil Georgia, 5-6 ივნისი).
თუმცა საკუთარი ქვეყნის დასაცავად საქართველოს აღჭურვა ნახსენები არ იყო. ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი იარაღი დოკუმენტებში არ არის. როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაციას ჰგონია, რომ სამხედრო სფეროში საქართველოს მოთხოვნები შორეულ მიწებზე ამერიკის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობითა და NATO-ს ძალებთან თავსებადობით შემოიფარგლება და ნაკლებად ეხება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაცვას.
ცხადია, არარეალური იქნება ვაშინგტონის მხრიდან რაიმე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინი მაშინ, როცა ორივე ქვეყანაში - ამერიკაშიც და საქართველოშიც - არჩევნები მოდის. ამის გათვალისწინებით, კლინტონის განცხადებები წინ გადადგმული ნაბიჯია, რასაც მომავალში შეიძლება კონკრეტული შედეგები მოჰყვეს. მანამდე კლინტონმა მადლიერება გამოხატა ავღანეთში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისათვის. საქართველო, რომელიც NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ავღანეთში გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობით პირველია, მალე, შეიძლება, მეორე აღმოჩნდეს ყველა იმ ქვეყანას შორის, რომელიც ავღანეთის მისიაშია ჩართული.
2. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის საქართველოში შემუშავებული „სტატუსნეიტრალური“ სამგზავრო დოკუმენტის აღიარება აშშ-ის მხრიდან
კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები, ამიერიდან, ვიზაზე განაცხადთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებისგან ამგვარ პასპორტებსაც მიიღებენ. სტატუსნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები საქართველოს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა დახმარების პროგრამაა. სტატუსნეიტრალური ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტები არ აკონკრეტებს მფლობელის მოქალაქეობას და პროცედურა შესაძლებლობას აძლევს ამ რეზიდენტებს გაემგზავრონ აშშ-ში (და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში). ამით შეიძლება შეიცვალოს ამ ხალხის ორიენტირება რუსეთზე და საქართველო გადაიქცეს შუალედურ სადგურად, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებას. საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტრომ ეს პროგრამა „ჩართულობა აღიარების გარეშე“ კონცეფციის ფარგლებში შეიმუშავა (Civil Georgia, 5-6 ივნისი).
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეზიდენტებს აქვთ ამ ტერიტორიების „მოქალაქეობა“ და პასპორტები, ან რუსული მოქალაქეობა და პასპორტები, ან ორივე - ადგილობრივიც და რუსულიც. ქართული სტატუსნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი მათ მგზავრობის უფრო მიმზიდველ შესაძლებლობებს სთავაზობს დღემდე ხელმისაწვდომ ალტერნატიულ ვარიანტებთან შედარებით. სტატუსნეიტრალურ დოკუმენტს საქართველოს სახელმწიფო გასცემს და მასზე საქართველო, როგორც დაბადების ადგილი, კოდირებული ციფრებით არის დატანილი. ეს პროცედურა შეესაბამება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი სუვერენიტეტის სამართლებრივ სტატუსს. აქამდე ქართული სტატუსნეიტრალური დოკუმენტები ბალტიის ქვეყნებმა და იაპონიამ აღიარეს და მიიღეს. მას შემდეგ, რაც აშშ-მაც იგივე გააკეთა, სავარაუდოა, რომ ამ პროგრამას კიდევ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს.
3. საქართველოს არჩევნებზე აშშ-ის მასშტაბური მონიტორინგი
კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია, კონგრესთან ერთად, თანახმაა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გამოგზავნოს დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი მონიტორინგისთვის. არჩევნები დანიშნულია ოქტომბრის დასაწყისისთვის და საქართველოს მთავრობას სურს, რაც შეიძლება მეტი ამერიკელი და ევროპელი დელეგატი დააკვირდეს როგორც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, ისე უშუალოდ ხმის მიცემის პროცესს.
არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად წარმართვა და შედეგის ლეგიტიმურობა მთავრობის ერთადერთი ამოცანა არ არის. მაშინაც კი, თუ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა სამართლიანად აღიარებს, ქართველ რადიკალ ოპოზიციონერებს მაინც შეუძლიათ, არ აღიარონ შედეგები, მოაწყონ არეულობა ან ახლადარჩეულ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ. საქართველოს 1991 წლის შემდგომი ისტორია სავსეა ამგვარი მოვლენებით. 2008 წლის შემდგომი სიტუაცია კიდევ უფრო რთულია, რადგან რუსეთის სამხედრო ნაწილები განლაგებულია თბილისიდან მხოლოდ 40 კილომეტრის მანძილზე და ისინი “წესრიგის აღსადგენად” მუდმივად მზად არიან.
ახლანდელ საარჩევნო კამპანიის პროცესში, ზომიერმა ოპოზიციამაც რამდენჯერმე დადო პირობა, რომ „მისი“ ორგანიზაცია „თავის“ ეგზიტპოლს ჩაატარებს და თუ საბოლოო შედეგები „თავის“ შედეგებს არ დაემთხვევა, ის აუცილებლად გააპროტესტებს. მეტიც, დასავლეთში ექსპორტირებული რუსული „პოლიტიკური ტექნოლოგებით“ უხვად შეიქმნა „არჩევნებზე დამკვირვებელთა“ დასავლური სახელების მქონე ადამიანების გაუგებარი ჯგუფები, რომელთაც არ აქვთ საერთაშორისო აკრედიტაცია, მაგრამ შეუძლიათ ვებსაიტებზე ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც არეულობისკენ უბიძგებს.
თუ ქართული არჩევნები დადებითად შეფასდება, დასავლელ დამკვირვებელთა სიმრავლე ამ შეფასებას წონას შემატებს, ხელს შეუწყობს არჩევნების შემდგომი ნებისმიერი არეულობის განმუხტვას და, ამავდროულად, შეუძლებელს გახდის, კრიტიკულ შემთხვევაში, რუსეთის ჩარევას. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლინტონთან საუბრისას „ყალბი დამკვირვებლების“ ფენომენთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა (ტელეკომპანია იმედი, 5 ივნისი).
4. აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება
როგორც სპეციალური საჩუქარი საქართველოსათვის, კლინტონმა გამოაცხადა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება, დაიწყოს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს წინადადება იანვარში, თეთრ სახლში სააკაშვილთან შეხვედრის დროს წამოაყენა. აშკარაა, თბილისს ეს საჩუქარი იმიტომ ერგო, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მოსკოვის გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა (მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საბაჟო ტერიტორიების ოკუპირებისა და იქ საბაჟო პუნქტების მოწყობისა). ამ პროცესმა ახლა უკვე ოფიციალური, აშშ-საქართველოს უმაღლესი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის ფორმა მიიღო. ამჟამად აშშ-ში საქართველოს საექსპორტო პოტენციალი არც ისე მაღალია, თუმცა, მომავალში, საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებული ქართული პროდუქციის ექსპორტირების შესაძლებლობა ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს წარმოებაში.
ჰილარი კლინტონი და ნიკა გილაური
კლინტონისა და საქართველოს პრემიერმინისტრის, ნიკა გილაურის თანათავმჯდომარეობით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის რიგით მესამე სხდომა ჩატარდა. აღნიშნული კომისია ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ 2009 წლის იანვარში დაარსდა. ამ ვიზიტის დროს კლინტონმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ ყველაზე ძლიერი განცხადება გააკეთა, რაც კი რომელიმე ამერიკელ ლიდერს გაუკეთებია მისი 2010 წლის ვიზიტის შემდეგ. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია“ და „შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სამხედრო ნაწილების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ“ (სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზი, 5 ივნისი). თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, კლინტონმა სატელევიზიო ინტერვიუში (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, 6 ივნისი) აღიარა, რომ „აშშ-ს და რუსეთს უამრავი რამ აქვთ ერთად გასაკეთებელი“ სხვა, მაღალპრიორიტეტულ საკითხებში.
![]() |
4 ეუთო უნდა დაბრუნდეს და დარჩეს საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
მატეო მეკაჩი
მატეო მეკაჩი არის იტალიის პარლამენტის წევრი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
12-14 მაისს, საქართველოს პარლამენტის მოწვევით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ეკონომიკური ფორუმი ჩაატარა. ეს პირველი პოლიტიკური შეხვედრა იყო, რომელიც ეუთომ 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული დრამატული მოვლენების შემდეგ საქართველოში გამართა. მას ეუთოს 56 წევრი ქვეყნიდან ასობით დელეგატი ესწრებოდა. მართალია, მსჯელობა ეუთოს სივრცეში ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით კი, ამ სფეროებში საქართველოს ბოლო წლების მიღწევებზე იყო ფოკუსირებული, შეხვედრაზე მაინც იგრძნობოდა აშკარა ინტერესი ერთ-ერთი მთავარი საკითხისადმი - საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენასთან დაკავშირებით.
1992 წლიდან მოყოლებული, ეუთოს მისია საქართველოში 17 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მანდატი მრავალ სფეროს მოიცავდა - კონფლიქტების მოგვარებით (1992 წლის ქართულ-ოსური და 1993 წლის ქართულ-აფხაზური კონფლიქტები. ამ უკანასკნელის მოგვარებაში ეუთო ასევე დახურული გაეროს მისიის დამხმარე მექანიზმი იყო) და ადამიანის უფლებათა დაცვით (სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ჩათვლით) დაწყებული, იარაღის მარაგების განადგურებით და პოლიციის რეფორმით დამთავრებული. მისიის საქმიანობის უმთავრესი ელემენტი იყო მონიტორინგის ჩატარება, რომლის შედეგადაც ეუთოს წევრი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოებრიობა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ღირებულ ინფორმაციას იღებდა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა, რუსეთის ფედერაციამ მხარი არ დაუჭირა კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების ეუთოსეულ სისტემას. შედეგად, მისია საქართველოში დაიხურა მაშინ, როდესაც, ალბათ, ყველაზე მეტად იყო საჭირო - ათიათასობით ქართველი გამოიდევნა სამხრეთ ოსეთიდან და დღესაც იძულებით გადაადგილებულ პირად რჩება. მათ შინ დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.
სამწუხაროდ, ეს ეუთოს მისიის დახურვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ორი წლის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ უარი თქვა მინსკში ეუთოს წარმომადგენლობის მანდატის გაგრძელებაზე. ეს მოხდა მაშინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის წარმომადგენლები და თითქმის ყველა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, რომლებიც მოედანზე იყვნენ შეკრებილები, დაიჭირეს და მკაცრი სასჯელები მიუსაჯეს. რამდენიმე წამყვანი ოპოზიციური ფიგურა ბელარუსში დღესაც ციხეშია მხოლოდ იმის გამო, რომ 2010 წლის 19 დეკემბრის არჩევნების შესახებ ეუთოს დასკვნა გაიმეორა. არჩევნების მეორე დღეს, მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე, ეუთომ განაცხადა, რომ არჩევნები პრეზიდენტ ლუკაშენკოს სასარგებლოდ გაყალბდა.
ეს შემთხვევები მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ეუთო დგას და რომელიც, თუ ორგანიზაციას სურს, რომ საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩეს, მალე უნდა გადაიჭრას. პრობლემა კი ის არის, რომ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევის წესი, რომელიც გარანტიაა გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არ შეიძლება დარჩეს დღეს არსებული ფორმით: ნებისმიერ საკითხზე ვეტოს უფლება ხომ ეჭვქვეშ აყენებს ეუთოს როლს. ეს დღევანდელი რეალობაა და ამის ასე დატოვება ძალიან სახიფათო იქნება როგორც რეგიონში უსაფრთხოების სფეროში მომავალი თანამშრომლობისათვის, ასევე თავად ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მომავლისათვის. ეს განსაკუთრებით საშიშია, თუ არ გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც ამ წინააღმდეგობების დაძლევას შეძლებს.
ეუთოს წარმატებული საქმიანობის მაგალითია კოსოვოში მცხოვრები სერბი მოქალაქეებისთვის სერბეთის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლების მინიჭება. ეს არჩევნები ეუთოს მეთვალყურეობით ჩატარდა, რათა უსაფრთხოება და მოქალაქეთა ფუნდამენტური პოლიტიკური უფლებები დაცული ყოფილიყო. ამ ძალისხმევის წარმატება იმ საერთო ნდობის შედეგია, რომელიც ეუთოს მიმართ იმ ქვეყნის მოსახლეობისა და ხელისუფლების მხრიდან არსებობს, სადაც იგი მოღვაწეობს.
დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ 1990-იანი წლების შემდეგ საქართველო რადიკალურად შეიცვალა და ეუთოს ნებისმიერი ახალი მისია ამ ქვეყანაში ახალ რეალობას უნდა მოერგოს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანა კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა დაძლევა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებით ჯერჯერობით ვერ მოხერხდა - მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მკაფიო და ურყევი ვალდებულების აღება.
ეს კი ნიშნავს, რომ ევროპის ლიდერებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს ხელისუფლების მიმართვას ეუთოსადმი, ქვეყანაში წარმომადგენლობა აღადგინოს ისეთი მანდატით, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე გავრცელდება. გარდა ამისა, ისინი წინ უნდა აღუდგნენ რუსეთის ფედერაციის მოტივებს.
ეუთო მშვიდობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად შეიქმნა და არა კონფლიქტის რომელიმე მონაწილის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის საქართველოდან განდევნა ის შეუსაბამობაა, რომელსაც უარყოფითი შედეგები მოჰყვება. მშვიდობის დამყარება მხოლოდ ომის შემდეგ არ ხდება. ჩვენი, როგორც ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა მშვიდობის მშენებლობა და გაძლიერება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვემეხები დუმს.
ჩვენ, როგორც პარლამენტარები, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი დემოკრატიული მთავრობები უმოკლეს ვადებში იკისრებენ ამ პასუხისმგებლობებს და გამოავლენენ ისეთ თვისებებს და პრინციპულობას, რომელიც ამ გამოწვევების დასაძლევადაა საჭირო.
![]() |
5 საქართველო NATO-ში: ორაზროვანი დაპირება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
11 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი NATO-ს სპეცწარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, კიდევ ერთხელ შეეხო ალიანსის ჩიკაგოს სამიტის შედეგებს საქართველოსთვის. მისი თქმით, მართალია, სამიტზე ალიანსის გაფართოების საკითხი არ განიხილებოდა, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ „საქართველო დანახულია, როგორც NATO-ს მომავალი წევრი. ეს არის დიდი წარმატება და იმ რეფორმების დამსახურება, რომელიც ქვეყანამ გაატარა“.
ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები უკვე ტრადიციულად ქცეული ფორმით აისახა: „2008 წელს ბუქარესტში შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს შემდგომი გადაწყვეტილებებით ვადასტურებთ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საკუთარი ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად“. დეკლარაციაში ხაზგასმულია საქართველოს მიღწევები რეფორმების კუთხით, ასევე დიდი დამსახურება ISAF-ის დაკავშირებული: რასმუსენი: რუსეთს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლება არ აქვს რასმუსენი: ჩვენ ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადების ერთგული ვრჩებით 4 და 5 დეკემბერს NATO-ს მინისტერიალი გაიმართება ოპერაციაში. თუმცა დოკუმენტი, ფაქტობრივად, უცვლელად ტოვებს იმ ფორმალურ პროცედურას, რომელიც ქვეყანამ ალიანსში გასაწევრიანებლად უნდა გაიაროს.
2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მიხედვით, საქართველო NATO-ს წევრი მომავალში გახდება. ამ ფორმულირების შეტანა სამიტის დასკვნით დოკუმენტში მას შემდეგ გადაწყდა, რაც ალიანსმა ვერ მიაღწია კონსენსუსს საქართველოსა და უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე. იმავე სამიტზე დადასტურდა, რომ ამ ქვეყნებისთვის MAP-ი NATO-ში ინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯად რჩება.
როგორც 2009 წელს სტრასბურგი-კელის, ასევე 2010-ში ლისაბონის სამიტზე, NATO-მ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების „ყველა ელემენტის“ ერთგულება დაადასტურა. შესაბამისად, MAP-ის მიღება ქვეყნისთვის ალიანსში გასაწევრიანებლად კვლავაც სავალდებულოდ რჩებოდა.
იგივე პრინციპი ალიანსმა ჩიკაგოს დეკლარაციაშიც დატოვა ძალაში. ამავე დროს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრინციპული სიახლე გახდა სამიტის ფარგლებში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მაკედონიასთან და მონტენეგროსთან ერთად ალიანსის „ასპირანტებს“ შორის მოხსენიება. თანაც, საქართველო ასპირანტი ქვეყნების სიის სათავეში დასახელდა. მაგრამ თანაასპირანტებისგან საქართველოს ის გარემოება განასხვავებს, რომ სამივე მათგანს, 2009-2010 წლებში, ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმა აქვს მიღებული. თავად „ასპირანტობის“ სტატუსი კი არაფორმალური ხასიათისაა.
როგორც ჩიკაგოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, ალიანსის კარი კვლავ ღია რჩება და ჩიკაგოს სამიტი უკანასკნელი უნდა გახდეს, რომელზეც NATO-ს გაფართოება არ მომხდარა.
თუ რა შანსი აქვს საქართველოს, გაფართოების ახალ ტალღაში მოხვდეს, იმაზეც იქნება დამოკიდებული, მიაღწევს თუ არა ალიანსი მომავალ სამიტამდე კონსენსუსს საქართველოს ინტეგრაციის ფორმალურ პროცედურასთან დაკავშირებით.
გამოცემა EURASIA DAILY MONITOR-ში ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი ყურადღებას ამახვილებს გერმანიის როლზე ბუქარესტის სამიტისა და NATO-ს შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებში. სწორედ ბერლინმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ 2008 წელს საქართველომ და უკრაინამ სამოქმედო გეგმა ვერ მიიღეს.
სოკორი აღნიშნავს, რომ ბოლო სამიტზეც, აშშ-სა და საქართველოს სხვა მხარდამჭერების აქტიურობის მიუხედავად, „გერმანია კვლავ ცდილობდა დაბრკოლებები შეექმნა საქართველოსთვის NATO-ს ღია კარისკენ მიმავალ გზაზე“.
კერძოდ, ჩიკაგოში სწორედ გერმანიის ძალისხმევით შევიდა დეკლარაციაში ჩანაწერი, რომელიც ბუქარესტის გადაწყვეტილების „ყველა ელემენტის” ერთგულებას ადასტურებს. ეს, სოკორის აზრით, წინა სამიტებზე გერმანიის პოზიციის კოპირებას წარმოადგენს, რომელიც „ერთი მხრივ, ითვალისწინებს MAP-ს, როგორც სავალდებულო საფეხურს ალიანსში გასაწევრიანებლად. მეორე მხრივ, წლიდან წლამდე, საქართველოსთვის MAP-ზე უარის თქმას გულისხმობს“.
შესაბამისად, ანალიტიკოსის აზრით, MAP-ი, საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანების გზის ნაცვლად (როგორც ეს გაფართოების წინა სამი რაუნდის დროს ხდებოდა), „ამ გზის ბლოკირების ინსტრუმენტად გადაიქცა“.
ვლადიმირ სოკორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მხარდამჭერებმა სამიტის წინ სცადეს, რომ დეკლარაციაში ბუქარესტის გადაწყვეტილების „ყველა ელემენტის“ ხსენება არ ჩაედოთ.
მანამდე, აშშ-ის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თაობაზე მოწოდებით გამოდიოდა. კერძოდ, ასეთი განცხადება გასული წლის ოქტომბერში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა გააკეთა. ამავე დროს, ამერიკელი ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების ნაწილი საჭიროდ მიიჩნევდა, უკვე ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების ისეთი პროცედურის შემოთავაზებას, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემდა, ინტეგრაციის ყველა პროცედურა არსებული მექანიზმების ფარგლებში გაევლო და ალიანსს MAP-ის მიღების გარეშე შეერთებოდა. ასეთი რეკომენდაციით გასული წლის ბოლოს ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფი გამოვიდა. ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან სენატორები: ჯინ შაჰინი და ლინდსი გრეჰემი.
უშუალოდ სამიტის წინ დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველო წევრობის გზაზე პროგრესსა და წინსვლას იმსახურებდა და ამ ქვეყნის „დაჯილდოებით“, NATO დაადასტურებდა, რომ მისი ღია კარის პოლიტიკა ნამდვილია. თავის მხრივ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ილეანა როს-ლეტინენიც მიმართავდა ადმინისტრაციას, ემუშავა მოკავშირეებთან, რომ საქართველო ალიანსში მაქსიმალურად მალე გაწევრიანებულიყო.
MAP-ის ჩანაცვლებაზე თანამშრომლობის არსებული ინსტრუმენტებით - საქართველო-NATO-ს კომისიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით, დიდი ხანია თბილისიც საუბრობს. წლის დასაწყისში საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი, გამოცემა World Politics Review-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავდა, რომ საქართველოსთვის MAP-ის მიღება სასურველი იქნებოდა. მაგრამ თბილისი არ მიიჩნევს, რომ ეს NATO-ში გაწევრიანების ერთადერთი გზაა. მისი აზრით, „საქართველოს მოქმედი მექანიზმების ფარგლებში შეუძლია, ყველა აუცილებელ შედეგს მიაღწიოს“.
მართალია, ალიანსმა ჩიკაგოს სამიტზე MAP-ის პროცედურა ძალაში დატოვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა და NATO-საქართველოს კომისია „ცენტრალურ როლს თამაშობენ ბუქარესტის სამიტზე დაწყებულ პროცესზე მეთვალყურეობაში“.
რუსეთის ფაქტორზე, როგორც ალიანსის წევრთა ნაწილისთვის საქართველოს ინტეგრაციის გაჭიანურების მოტივაციაზე, ყურადღებას Heritage Foundation-ის ავტორი ლუკ კოფი ამახვილებს. ის აღნიშნავს, რომ საქართველო რთულ რეგიონში მდებარეობს და სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება უწევს. ამავდროულად, NATO თავს იკავებს მისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებისგან, რაც, ავტორის აზრით, უცნაურია იმ ფონზე, როცა ლიბიელ აჯანყებულებს, რომელთა ნაწილი აშკარად ალ-ქაიდასთან იყო კავშირში, ასეთი იარაღი მიეწოდებოდათ.
„ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიიჩნევს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება გამოიწვევს რუსეთთან ომს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის, - აღნიშნავს ავტორი, - მაგრამ საქართველოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ NATO-ში გაწევრიანებისას მზად არიან კომპრომისზე წავიდნენ, რათა ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე NATO-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდეს მანამ, სანამ რუსეთის საკითხი მშვიდობიანად არ გადაწყდება“.
„ბოლოსდაბოლოს, ამ სიტუაციაში საქართველო აგრესორი არ ყოფილა. სააკაშვილმა კი ძალის გამოუყენებლობის პირობა დადო, რაც რუსეთს არ გაუკეთებია“, - დასძენს ავტორი.
როგორც, თავის მხრივ, ვლადიმირ სოკორი აღნიშნავს, „თუ NATO ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება, გაწევრიანების პერსპექტივები მხოლოდ ქვეყნების მიღწევებზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამ მხრივ საქართველო სხვა პრეტენდენტებს უსწრებს და NATO-ს ღია კარის წინ ლოდინს დიდხანს ვერ გააგრძელებს“.
![]() |
6 დიმიტრი შაშკინი: რეფორმა ველოსიპედია - როგორც გაჩერდები, ჩამოვარდები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
მომავალი წლიდან საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში გამოცდების სისტემა იცვლება. ერთიანი ეროვნული გამოცდების მაგიერ, უმაღლესში ჩასაბარებლად 8+1 სისტემა იმოქმედებს, რაც 8 საატესტატო და ერთ უნარების გამოცდას გულისხმობს. ამ საკითხზე, ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის გათავისუფლების თემაზე ტაბულა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.
დავიწყოთ თემით, რომელიც უკანასკნელ პერიოდში აქტუალური იყო - გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ვგულისხმობ. მაია მიმინოშვილის გაშვების მიზეზად პრინციპული შეუთანხმებლობა დასახელდა. რატომ გახდა გამოცდების წინ მისი გათავისუფლება საჭირო, ან აქამდე რატომ არ დაითხოვეთ?
საქართველოში სისტემებს მართავენ არა პიროვნებები, არამედ ინსტიტუციები. როდესაც ერთი ადამიანი წავა და სხვა მოვა, დემოკრატიულ ქვეყნებში ინსტიტუციაა გარანტი, რომ ქვეყანა განვითარდება.
ერთ-ერთი სსიპ-ის ხელმძღვანელის გათავისუფლება მინისტრის უფლებამოსილებაა. სამინისტროში შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, ასე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გარდა, არსებობს სხვადასხვა პოლიტიკა. განათლების სისტემაში პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თუ მისი პოლიტიკა ერთია და ერთ-ერთი დეპარტამენტის - სხვა, ეს რეფორმებს შეაფერხებს.
თუმცა ქალბატონი მიმინოშვილი ამბობს, რომ ბოლო სიტყვა ყოველთვის მინისტრს ეკუთვნოდა. რა მოხდა განსხვავებული ახლა?
ეს შეკითხვა უსასრულოა: 6 თვის წინ რომ გამეთავისუფლებინა, მკითხავდნენ, რატომ არ ვეცადე, დამერწმუნებინა იგი. გამოცდების შემდეგაც შემეკითხებოდნენ - რატომ ახლა? და ა.შ. მინისტრს უნდა ჰქონდეს რწმენა და გარანტია, რომ მისი გადაწყვეტილება შესრულდება. საბოტაჟის მცდელობები მიუღებელია და ამის გაგრძელებას ვერ დავუშვებდი. ყველაფერი გავაკეთე, რომ ქალბატონი მაია განათლების სფეროში ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში დამერწმუნებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი იყო.
ახალი პოლიტიკა ახსენეთ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წელს ეროვნული გამოცდები უკანასკნელად ჩატარდება, ამის ნაცვლად 8+1 სისტემა იქნება. რატომ გახდა საჭირო ეს ცვლილება?
საზოგადოებას ახსოვს, რა სიტუაცია იყო 2003 წლამდე. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანა იდგა გამოწვევის წინაშე - განათლების სფეროში არსებული კორუფცია სახელმწიფო სისტემებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო. გარდა ამისა, 2003 წელს მასწავლებლის ხელფასი იყო 28 ლარი. სკოლებში კომპიუტერზე საუბარიც არ იყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დანერგვის შემდეგ აშენდა ახალი სკოლები და მიმდინარეობს ძველების რეაბილიტაცია, მოსწავლეების კომპიუტერების რაოდენობით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ. ხარისხობრივად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლების ხელფასი და სკოლების დაფინანსება. სკოლები უსაფრთხო გახდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო ანტიკორუფციული ზომა და თავისი ამოცანა შეასრულა. რეფორმა ველოსიპედია - როგორც გაჩერდები, ჩამოვარდები. დადგა დრო, კიდევ გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი. ამისთვის ბავშვებმა უნდა ჩააბარონ 9 გამოცდა. 8 სავალდებულო საგანი და გამოცდა ზოგად უნარებში. ამ სისტემის დატვირთვა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა და გადმოღებულია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან.
ერთიანი ეროვნული გამოცდები სამ დისციპლინაში ტარდებოდა. შემდეგ დავამატეთ მეოთხე გამოცდა, შემოვიღეთ კიდევ ერთი საგანი - ბავშვები აქცენტს მაინც მხოლოდ ამ საგნებზე აკეთებდნენ. 2 წლის წინ დანერგილმა საატესტატო გამოცდებმა გვაჩვენა, რომ განათლების სისტემა ხარისხობრივად გაუმჯობესდა. მათემატიკაში წელს 1%25-ზე ნაკლები ბავშვი ჩაიჭრა. ფიზიკაში ჩაიჭრა 3%25-ზე ნაკლები, როცა შარშან იჭრებოდა 20%25-მდე. ეს ძალიან კარგი შედეგია.
მთლიანობაში, შარშან 17%25 ჩაიჭრა საატესტატო გამოცდებზე, წელს 5%25 - ხომ არ განაპირობა ეს გამოცდების გამარტივებამ, ან ბავშვების გამოცდებამდე გაცხრილვამ - საეჭვოა, ერთ წელიწადში განათლების ხარისხის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა მომხდარიყო.
წელს, გამოსაშვები გამოცდები, პირიქით, გართულდა. ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც თეთრზე იტყვის შავს. ხარისხის ზრდა დასაჯერებელია, თუ შეხვალთ სკოლაში და დაელაპარაკებით ბავშვებს. ბევრს არ სჯეროდა, რომ ქურდული ინსტიტუტი დამარცხდებოდა. პატრულზეც, მანდატურებზეც ამბობდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა. მოსახლეობის 92%25 ახლა ხედავს, რომ სკოლა უსაფრთხოა.
საატესტატო გამოცდებზე დიდი წინააღმდეგობა იყო, მიტინგებსაც ატარებდნენ. ახლა აქებენ, რადგან ბავშვები დაბრუნდნენ სკოლაში და იქ იღებენ განათლებას. ყველას შეუძლია, ჰქონდეს თავისი მოსაზრება, მაგრამ განათლების სისტემაში, წახალისებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კომპონენტია დაძალება - არა ცუდი გაგებით, არამედ სკოლის, მშობლის, საზოგადოების მხრიდან, რომ ბავშვმა ისწავლოს.
გამოითქვა მოსაზრებები, რომ სკოლის საატესტატო გამოცდების როლის ზრდამ, შესაძლოა, რეპეტიტორების როლი გაზარდოს, როგორ გესახებათ ეს პროცესი?
ვერ გაზრდის. კამათით, ჩხუბით გავიტანეთ ეს ორი წელი: საატესტატო გამოცდების დანერგვის შემდეგ, მუდმივად იყო მცდელობა, ერთიანი ეროვნული გამოცდები გართულებულიყო. საბოლოო ჯამში, შეიძლება მივსულიყავით იქამდე, რომ გამოცდები აღარ ყოფილიყო ერთიან სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული. ეს გამოიწვევდა რეპეტიტორების ბუმს, რაც არავის გვჭირდება. სკოლაში მიღებული განათლება საკმარისი უნდა იყოს. საატესტატო გამოცდა ამას აგვარებს - მთლიანად ეროვნულ სასწავლო გეგმაზეა დაფუძნებული.
მომავალი წლიდან 8 გამოსაშვები გამოცდის ფორმატი შეიცვლება? შეჯიბრებითობა იქნება თუ კვლავ დაწესებული ბარიერის გადალახვა დასჭირდებათ მოსწავლეებს?
ექსპერტები მუშაობენ, რომ ყველა დეტალი სათანადოდ აიწონოს. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. კომისია მუშაობას აგვისტოში დაამთავრებს, შეიქმნება ტესტები და დეკემბერში დავიწყებთ მათ აპრობაციას. მთავარი ამოცანა, რაც ექსპერტების წინაშე დავსვი, ისაა, რომ ტესტი უნდა გამოდიოდეს ცოდნიდან, რომელიც გათვალისწინებულია ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით და არ უნდა იყოს დამოკიდებული რეპეტიტორთან სიარულზე.
აპრობაციებისა და პრეტესტების მეშვეობით დადგინდება გამოსაშვები გამოცდებისთვის საჭირო ბარიერი და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად საჭირო ქულები. რეგულირებად პროფესიებზე ბარიერს სახელმწიფო დააწესებს, მაგრამ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, ეს ბარიერი კიდევ უფრო გაზარდონ.
ასევე, 8+1-ის სისტემა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიოს საერთაშორისო სერტიფიკატების აღიარებისთვის. რატომ უნდა ვაწვალოთ ბავშვი, რომელმაც მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი და კიდევ ერთხელ ჩავაბარებინოთ მაგისტრატურის გამოცდები? თუ გაქვთ, მაგალითად, ტოეფელის სერტიფიკატი, ინგლისურს არ ჩააბარებთ - მის ქულას ექნება საატესტატო გამოცდის ეკვივალენტი წონა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - თუ ბავშვს რამე დაემართება და ვერ გავა ეროვნულ გამოცდებზე, ერთ წელს კარგავს. გასაგებია, რომ გამოცდებზე შეჯიბრია, მაგრამ რატომ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, კიდევ მოასწროს ჩაბარება? გრანტზე პრეტენზია არ ექნება, მაგრამ სწავლის საშუალებას არ დაკარგავს. თანაც, ივლისი რთულია გამოცდებისთვის. ახლა, საწუხაროდ, ვერ ვასწრებთ ამის შეცვლას. ეს იქნება მაისში.
რა როლი ექნება ამ პროცესში უნივერსიტეტებს?
8+1 მათ მეტ თავისუფლებას მისცემს. უნივერსიტეტს შეეძლება, მაპროფილებელ გამოცდად აირჩიოს კონკრეტული ბლოკი - ვთქვათ, საბუნებისმეტყველო, ზუსტი ან ჰუმანიტარული. მაგალითად, ახლანდელი სისტემით x უნივერსიტეტი ამბობს, რომ მაპროფირებელი გამოცდაა მათემატიკა. ბავშვი, რომელიც სოფელში სწავლობს და კარგი მოსწავლეა ფიზიკაში, დაიჩაგრება, რადგან უნივერსიტეტი ითხოვს მაღალ შედეგს მხოლოდ მათემატიკაში. არადა, ეს ორი დისციპლინა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ახალი სისტემა ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, გათვალისწინებული იყოს მისი ცოდნა ფიზიკაშიც, ბიოლოგიაშიც და ქიმიაშიც, ანუ მთელ ბლოკში. მთელი საბუნებისმეტყველო და ზუსტი დისციპლინების მაჩვენებლების გათვალისწინება იქნება შესაძლებელი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან სწორედ გამოცდების არსში ვერ ვთანხმდებოდით. ჩვენთვის გამოცდა არაა თვითმიზანი. ის სამართლიანობის საშუალებაა.
მიმინოშვილთან შეუთანხმებლობის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები. თქვენმა მოადგილემ თქვა, რომ სამინისტროს მიზანია „მეტი კომფორტი შეუქმნას მასწავლებელს“. დარჩა შთაბეჭდილება, რომ მასწავლებლებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდების გამარტივება იგულისხმება. მაშინ ისმის კითხვა, ვინ არის განათლების პოლიტიკის ობიექტი - მოსწავლეები, რომელთაც სერტიფიცირებულმა და უკეთ მომზადებულმა მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ, თუ თავად მასწავლებლები - რომლებსაც გამოცდები უნდა გაუმარტივდეთ?
გამოცდების ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელთან ამ თემაზე ხშირად ვკამათობდით. ის გამოცდების პოზიციიდან გამოდიოდა და არა მასწავლებლების, რომლებიც არიან როგორც 25, ასევე 60 წლის. როდესაც ისინი ითხოვენ, რომ გამოცდაზე ნახევარი საათით მეტი მიეცეთ - რადგან ზოგს სჭირდება სათვალე, ივლისში ცხელა, ჯანმრთელობის კონდიცია არ აძლევს საშუალებას - რატომ უნდა უხდებოდეს მინისტრს იმაზე კამათი, რომ ნახევარი საათით მეტის მიცემა არაფერს დაანგრევს?
მასწავლებლის სახლს აქვს პროგრამა, რომლითაც ამზადებს მასწავლებლებს. მესამე წელია, გია მამულაშვილის ექსპერტები დაწერდნენ გეგმას, შემდეგ მას რაღაცები ემატებოდა, რაც არაა სავალდებულო მასწავლებლებისთვის, რადგან მათ ამაში არ ვამზადებთ. ახლა ეს ყველაფერი ტესტებიდან ამოღებულია, მაგრამ გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელთან ყოველ წელს ბრძოლა არ უნდა მჭირდებოდეს.
ამაზე საუბრობდა კოკა სეფერთელაძე. რა პრობლემაა, რომ მასწავლებლები გავიყვანოთ გამოცდაზე ნოემბერში, დეკემბერში, ოქტომბერში ან ნებისმიერ სხვა დროს?
კიდევ ერთი საკითხი: ატესტატების გაცემა 2011 წელს 300 სკოლადამთავრებულისთვის (ეროვნული უმცირესობებისთვის), ვინც ატესტატი გამოცდებზე ვერ აიღო - ეს ატესტატი მათ საშუალებას აძლევს, სწავლა საქართველოს გარეთ განაგრძონ - თუმცა საქართველოს განათლების სისტემაში ვეღარ დაბრუნდებიან. ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ბოლონიის პროცესით განსაზღვრულ მობილობის პრინციპს?
300-მდე სპეცსერიის ატესტატი გაიცა საქართველოს ზოგადი განათლების კანონის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს კანონი მინისტრს აძლევს უფლებას, თავისი ბრძანებით გასცეს სპეცსერიის ატესტატები. ეს ატესტატები გაიცა სომხური და აზერბაიჯანული სკოლების იმ მოსწავლეებზე, ვისაც სწავლის გაგრძელება სურდათ ერევანსა და ბაქოში.
შარშან საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ავამოქმედეთ პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის''. ერთ წელიწადში 600%25-ით გავაუმჯობესეთ ქართული ენის სწავლების დონე სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში: შარშან ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდას ვერ აბარებდა ამ სკოლების მოსწავლეების 60%25, წელს 10%25 ჩაიჭრა. შარშან, ახალდაწყებულმა პროგრამამ გავლენა ვერ მოახდინა შედეგებზე.
ჩემ წინაშე იმ სამასი ბავშვის პრობლემა დადგა, რომლებსაც ბაქოსა და ერევანში სწავლა სურდათ, მაგრამ ეს ქვეყნები არ აღიარებდნენ ზოგადი განათლების სერტიფიკატს და ითხოვდნენ ატესტატს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მათ მიეღოთ სპეცსერიის ატესტატი. ამ ატესტატებით საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში სწავლა შეუძლებელია, მაგრამ ბაქოსა და ერევანში სწავლების უფლებას აძლევს.
ეს არ ეწინააღმდეგება არც ლისაბონის ხელშეკრულებას, არც ბოლონიის პროცესს - ბოლონიის პროცესი საუბრობს მობილობის შესაძლებლობაზე, მაგრამ არ გამორიცხავს კონკრეტულ ბარიერებს, რომელთაც თითოეული ქვეყანა საგამოცდო სისტემის მეშვეობით აწესებს.
ანუ ამ სპეცსერიის ატესტატების მქონე ბავშვებს მობილობაში ჩართულობა შეუძლიათ, თუმცა ამისთვის საჭირო იქნება საატესტატო გამოცდების ხელახლა ჩაბარება. ამგვარი ბარიერები არსებობს ქვეყნის შიგნითაც - პირობითად, ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ავტომატურად ვერ გადავა სამედიცინო უნივერსიტეტში, მაპროფირებელი საგნის ჩაბარება მოუწევს.
ჩემი ბრძანების გამოცემის დროს ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის პრეცედენტი, რომელიც იყო დაშვებული და მოქმედებდა მაია მიმინოშვილის განათლების მინისტრობის დროს, როდესაც საქართველოში არალიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომები არ არის აღიარებული საქართველოს სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ამ დიპლომებს სახელმწიფო ამოწმებს აპოსტილით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ის მოქმედებს ჩვეულებრივ რეჟიმში.
![]() |
7 რატომ არ ვართ შვეიცარია |
▲ზევით დაბრუნება |
ემზარ ჯგერენაია|სვეტი
მრავალი ჩვენგანი შვეიცარიაში მგზავრობისას უთუოდ დამტკბარა შვეიცარიის ჭიუხების, მთების, ტყეების, ანკარა მდინარეებისა და ტბების სილამაზით. ჩვენი ქვეყანაც მოგვგონებია და შვეიცარიისა და საქართველოს გეოგრაფიული რელიეფის მსგავსებით აღფრთოვანებულებს, არაერთგზის დაგვისვამს კითხვა საკუთარი თავისათვის: გარემოებათა რა გადაჯაჭვამ აქცია მთიანი, წიაღისეულით არცთუ მდიდარი, მრავალენოვანი და კონფესიურად ჭრელი, დიდი, ძლიერი და მადიანი სახელმწიფოების გვერდით მყოფი პატარა ქვეყანა - შვეიცარია - იმად, რაც დღეს არის? ამ კითხვაზე პასუხს ადვილად იპოვით პაულ ვიდმერის შესანიშნავ ნაშრომში „შვეიცარია, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა“ (Paul Widmer, Die Schweiz als Sonderfall, Grundlagen-Geschichte-Gestaltung, Zürich, 2007), რომლის ასევე შესანიშნავი თარგმანი, უკვე ყველა ქართულენოვანი მკითხველისათვის ხელმისაწვდომია (Paul Widmer, Die Schweiz als Sonderfall). მე პირველი არ ვარ, ვინც საქართველო და შვეიცარია ერთმანეთს შეადარა. ქართველ მკითხველს ვურჩევ გადაიკითხოს ცნობილი ქართველი ინტელექტუალისა და მწერლის, გერონტი ქიქოძის სრულებით თანამედროვე ესე „შვეიცარია“. გ. ქიქოძე შვეიცარიის ბუნებაზე ერთგან წერს: „განსაკუთრებული ელფერი ეძლევა მშვენიერს ბუნებას, როცა მას კულტურაც ეუღლება: ის კარგავს ველურ ქალწულებრივობას, მაგრამ სამაგიეროდ რაღაც გამოუთქმელ ინტიმურ ხასიათს იღებს“ (გ. ქიქოძე, რჩეული თხზულებანი, ტ. II, 1964, გვ. 317). „კულტურის შეუღლება“ ბუნებასთან გულისხმობს ადამიანის ჩარევას ბუნებაში, მის „მოშინაურებას“, მეცნიერების და ტექნოლოგიების მეშვეობით ბუნებაში „შეღწევას“. ზოგადად, ეს „შეღწევა“, გნებავთ, შეჭრა, და ასევე ბუნებაში ჩარევის შეგნებული, გააზრებული რეგლამენტაცია, ადამიანური ფაქტორის გარემოზე ზეგავლენის შეგნებული შემცირება - ცივილიზებულობის გამოვლენის ორი, განსხვავებული ფორმაა. და მაინც, გეოგრაფიული რელიეფითა და კულტურულ-ენობრივი მრავალფეროვნებით შვეიცარიის მსგავსმა საქართველომ რატომ ვერ მიაღწია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობის იმ სიმაღლეს, რაც დღეს არის შვეიცარიაში?
ქართული სამეცნიერო ლიტერატურა და ისტორიული წყაროები საქართველოს „ბედუკუღმართობის“ მიზეზად რამდენიმე გარემოებას ასახელებს. მათ შორისაა ქართველთა ეთნო-ნაციონალური ხასიათი, ე.წ. ბუნება. ასე მაგალითად, „ქართლის ცხოვრება“ წერს: „ნათესავი ქართველთაი ორგულ-ბუნება არს პირველითაგან თვისთა უფალთა; რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და მშვიდობაი პოონ და განსუენებაი იწყონ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძუელი მატიანე ქართლისაი და საქმენი აწ ხილულნი“ (ცხოვრებაი მეფეთ-მეფისა დავითისი). მეორე, რასაც ქართველ მეცნიერთა ნაშრომებში ვიპოვით, ჩვენი დიდი მეზობლებია, რომელთა დამპყრობლური პოლიტიკა ქვეყნის ინტენსიურ განვითარებას უშლიდა ხელს; მესამე, ქართველებს არ ჰყავთ ნათესავი ერები (თითქოს პოლიტიკაში ნათესაობა რაიმეს ნიშნავდეს). ყველა ამ და კიდევ მსგავსი ფაქტორების ერთობლიობით შეიქმნა „მსხვერპლის“, „წამებული ერის“ ნარატივი, „მოთქმა-ვაების“ ჟანრი, რომლის თანახმადაც, ჩვენი „ბედუკუღმართობის“ ყველა მიზეზი ან ჩვენ მიღმაა, ჩვენგან დამოუკიდებელია, ან კიდევ, ბუნებით, ბიოლოგიურად განპირობებული ჩვენი ხასიათია.
პატრიოტიზმი ნებისმიერ საფუძველზე პოულობს ნოყიერ ნიადაგს. თუ ძლიერი და წარმატებული ქვეყნა ხარ, ეს თავისთავად წარმოშობს სიამაყის განცდას. მაგრამ, არცთუ იშვიათად, წარუმატებლობა და ვაგლახი სოციალური ყოფა, ნაციონალური გამორჩეულობის იდეით კომპენსირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების მოწყობა არ შეგიძლია, მაშინ ისტორია და ისტორიული სიამაყე იძენს გადამეტებულ მნიშვნელობას. „ახლა არაფერი არ ვარ, მაგრამ დიდებული წარსული მქონდა“. წარსულის განდიდება, ისტორიის ფეტიშად ქცევა, ზარმაცი, არაფრისმკეთებელი, უსაქმური საზოგადოების თვისებაა.
ფატალიზმი, წინასწარგანწირულობა და სხვათა გადაწყვეტილებებზე ჩვენი ბედის სრული დამოკიდებულობა, თანამედროვე ქართული ნაციონალური შეგნების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. არცთუ იშვიათად, გამორჩეული თუ საშუალო სტატისტიკური ქართველისაგან დღესაც გავიგონებთ ფრაზებს: „თუ ამერიკას ნებავს...“, „...გასაღები მოსკოვშია“, „ისინი მოლაპარაკებულები არიან...“ და ა.შ., რაც პრაქტიკულად გამორიცხავს თვით ჩვენი, ინდივიდუალური ძალისხმევის მნიშვნელობას. ამ ფილოსოფიას თუ გავყვებით, ქართული კულტურის ლამის ერთადერთი ორიგინალური თავისებურება - აწ უკვე საყოველთაოდ ცნობილი ჩვენი ბინძური სადარბაზოები - სულ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების (ახლა უკვე ქართული სახელმწიფოს) დამსახურებაა და არა ჩვენი სამოქალაქო, საზოგადოებრივი შეგნების მაჩვენებელი. ასე იქმნება „მსხვერპლის“ და „ჯვარზე გაკრული ერის, კავკასიაზე მიჯაჭვული პრომეთე/ამირანის“ კონცეფცია, რომელიც ყოველ ჩვენგანს სოციალური და, გნებავთ, მორალური პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს. აბა, რა უნდა გვექნა? ჩვენზე არაფერი იყო დამოკიდებული? ირანი და თურქეთი, რუსეთი და დაღესტანი, იეღოველები და გეები და კიდევ ვინ იცის, ვის დავაბრალებთ მომავალში (იქნებ უცხოპლანეტელებს) ჩვენს არასახარბიელო მდგომარეობას.
მიზეზები კი ყოველთვის გარეთ არ არის. ის არის ჩვენში და ჩვენს კულტურაში; ჩვენი კულტურის გამოკვეთილ თავისებურებაში: სპონტანურობასა და მჭვრეტელობაში; მეოცნებეობასა და ნატვრაში. შვეიცარია და ევროპა, ევროპული საზოგადოების კეთილდღეობა, რომელსაც ასე მიელტვის მთელი სამყარო, არის არა მხოლოდ კონტემპლაციის-მჭვრეტელობის, არამედ მჭვრეტელობასა და მეოცნებობასთან დაპირისპირების, აქტიური მოქალაქეობის და რაციონალური აზროვნების, გამიზნული, თვლად შედეგებზე ორიენტირებული ქცევის შედეგი, რომელსაც დასავლელი ადამიანის ცხოვრებაში „დღის წესრიგის“ ფორმა აქვს. ეს ჩემი მოსაზრება არ გახლავთ უბრალოდ სხვათა და საკუთარ თავზე მარტივი დაკვირვების შედეგი. უკვე რამდენიმე წელია ილიას უნივერსიტეტში ვკითხულობ კურსს „ვებერი. პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება. ტექსტი და კომენტარი“. უფრო სწორად, მე და ჩემი სტუდენტები ერთად ვკითხულობთ ტექსტს და შემდეგ ვმართავთ დისკუსიას. „დიდი წიგნების“ კითხვის პრაქტიკა, სტუდენტებთან ერთად კვლევითი პროექტების განხორციელება საუკეთესო საშუალებაა თავიდან აიცდინო ის „სიჩლუნგე“, რომელიც ზოგჯერ აკადემიურ, კაბინეტურ საქმიანობას ახლავს თან. თავს არ შეგაწყენთ ვებერის კონცეფციის დეტალების გადმოცემით. მისი კონცეფციის მხოლოდ ერთ ასპექტს აღვნიშნავ. ევროპულ ცივილიზაციას, ვებერის აზრით, „უნივერსალური მნიშვნელობა და ვარგისიანობა“ რაციონალიზმმა მიანიჭა. ყოფით ენაზე „რაციონალიზმში“ უნდა ვიგულისხმოთ მოვლენათა ახსნის ისეთი ხერხების გამოყენება, როგორიცაა დასაბუთება - არგუმენტაცია და თეორიის ექსპერიმენტით დადასტურება. პრაქტიკულ ცხოვრებაში რაციონალიზმი გულისხმობს საკუთარი მოქმედების დაგეგმვას, მიზანდასახულ მოქმედებას, დღის წესრიგს, დროის იმგვარ ხარჯვასა და განაწილებას, რომელსაც მოგება მოაქვს. ჩემი და ჩემი სტუდენტების ყურადღება სწორედ „დღის წესრიგმა“ და საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის ვებერისეულმა კონცეფციამ მიიქცია. გადავწყვიტეთ, მცირეოდენი კვლევა ჩაგვეტარებინა და სტუდენტებისთვის გვეკითხა, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს ხუთი, ათი წლის შემდეგ. ცხადია, ეს კვლევა ვერ იქნებოდა რეპრეზენტაციული, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა შედეგი, რომელიც მივიღეთ. ჩვენ მიერ გამოკითხული სტუდენტების დიდი უმრავლესობა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ოცნებობდა, მაგრამ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა მეტ-ნაკლები გეგმა საკუთარი მიზნების მისაღწევად. „ბიზნესგეგმის“ არქონა ჩვენი კულტურის ადამიანის ერთ-ერთი თავისებურებაა. ჩვენს კულტურაში ადამიანები არაფერს გეგმავენ, დროის დინებას მიყოლილები, გარეგან გამაღიზიანებელზე სპონტანურად პასუხობენ. ამიტომაც კითხვაზე „რას შვრები, რას აკეთებ?“ ხშირად ვპასუხობთ: „რა ვიცი რა, ვარ“. დიახაც რომ ვართ, მაგრამ არასოდეს გვაქვს მომავლის მეტ-ნაკლებად რაციონალურად გააზრებული გეგმა. ეს გამოარჩევს ჩვენს კულტურას დასავლური ევროპული კულტურისაგან. ჩვენი კულტურის ადამიანის „ბუნებრივი მდგომარეობა“ არის „დღესასწაული“. ჩვენ მას ველოდებით, ის თავისთავად უნდა დადგეს ჩვენი აქტიური მოქმედების და კონკრეტული გეგმის დაუსახავად.
უყურებ საზეიმოდ გამოწყობილ მაღალ ქუსლებზე შემდგარ სტუდენტ გოგონებს და უზურგჩანთებო, ჯიბეებში ხელებჩაწყობილ ვაჟებს და გახსენდება ცნობილი ხელოვანის ნახატი სახელწოდებით: „როდის თხოვდები“.
![]() |
8 მიკროჩიპის იმპლანტაციით მხედველობის აღდგენა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
მეცნიერებმა სინათლის მიმართ მგრძნობიარე მიკროჩიპი შექმნეს - თვალის ბადურის გარსის ქვეშ მისი ჩანერგვით, მხედველობის აღდგენაა შესაძლებელი. სიახლე იმ პაციენტებისთვისაა, რომელთა სიბრმავეც ბადურა გარსის სინათლეზე და ფერზე მგრძნობიარე უჯრედების დეგენერაციამ გამოიწვია.
გერმანიის შემდეგ, იმპლანტაციის წარმატებით ჩატარება ამჯერად ბრიტანეთში, Oxford-ის ქირურგებმა შეძლეს. მათ მხედველობა ნაწილობრივ აღუდგინეს ორ ბრიტანელ მამაკაცს - 54 წლის კრის ჯეიმსმა და 60 წლის რობინ მილერმა მხედველობა ახალგაზრდობაში დაკარგეს, მიზეზი თვალის ბადისებრი გარსის ანთება იყო. ეს დაავადება იწვევს ფოტორეცეპტორების დეგენერაციას ბადურაში, საბოლოოდ კი - სიბრმავეს.
ოპერაცია, რომელიც დაახლოებით 8 საათს გრძელდებოდა, Oxford Eye Hospital-ში პროფესორმა რობერტ მაკლარენმა King's College Hospital-ის ოფთალმოლოგის, ტიმ ჯეკსონის დახმარებით ჩაატარა. ოპერაციამ აჩვენა, რომ მცირე ზომის ჩიპი, რომლის იმპლანტაცია თვალის უკანა ნაწილში ხდება, მხედველობადაკარგულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, კვლავ დაინახონ ნივთები და გაარჩიონ მსხვილი შრიფტი. როგორც ქირურგები ირწმუნებიან, იმპლანტი თანდაყოლილი სიბრმავის მქონე ადამიანებსაც დაეხმარება. იმედოვნებენ, რომ ეს სიბრმავის მკურნალობის ახალი ეტაპია და ადამიანების ცხოვრებას ისევე შეცვლის, როგორც ეს თავის დროზე კოხლეარულმა (სიყრუის) იმპლანტატებმა მოახერხა.
ჩიპი გერმანულ ფირმაში - Retina Implant AG - არის წარმოებული და დაახლოებით 3მმ-ია. მაკლარენის განმარტებით, ეს მეთოდი უნიკალურია, რადგან თვალის ბადისებრი გარსის ყველა ფუნქციას ჩიპი ასრულებს. მიკროჩიპი 1,5 ათასამდე სინათლის სენსორით არის აღჭურვილი და სწორედ ეს ელემენტები აგზავნიან იმპულსებს ნერვული უჯრედებისკენ, მხედველობის ნერვი კი სიგნალს ტვინს გადასცემს. „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგით. თუ ეს კვლევა წარმატებით დასრულდება, მიკროჩიპი შესაძლოა ფოტორეცეპტორების დეგენერაციისგან გამოწვეული უსინათლობის მკურნალობის სტანდარტულ მეთოდად იქცეს“, - ამბობს პროფესორი მაკლარენი.
მოწყობილობა დაახლოებით 20 000-45 000 გირვანქა ღირს, თუმცა, ჯერჯერობით, ყველა შემთხვევისათვის არ გამოდგება. როგორც პროფესორი მაკლარენი ამბობს, ეს უშუალოდ თვალის პათოლოგიებს ეხება, ამ შემთხვევაში ჩხირისებრი და კოლბისებრი უჯრედების დაზიანებას, მაგრამ როცა პრობლემა მხედველობის ნერვის ატროფიაა, მაგალითად გლაუკომა, აღნიშნული ჩიპები გამოუსადეგარია.
თვალის ბადისებრი გარსის იმპლანტაციაზე კლინიკები ექვს წელზე მეტია მუშაობენ. პირველი კვლევის შედეგი 2010 წლის ნოემბერში, Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს უცხო სხეულების ამოცნობა და კითხვა შეეძლოთ. მეორე კლინიკური კვლევა 2010 წლის მაისში დაიწყო გერმანიაში, 2011 წლის ბოლოს კი ის სხვა ცენტრებმაც განავრცეს.
ამჟამად კვლევები Oxford University-სა და King's College Hospital-ში 12 მხედველობადაკარგულ პაციენტზე ტარდება. კრის ჯეიმსისა და რობინ მილერის მსგავსად, თვალის ბადურის უკან მათაც მიკროჩიპებს ჩაუმაგრებენ. აღნიშნული კვლევა National Institute of Health Research-ისა და Oxford Biomedical Research Centre-ის მხარდაჭერით ტარდება.
![]() |
9 საქართველოს ელექტრონული საკმუნიკაციო ბაზრის მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 2011 წლის ანგარიში
თუ გიფიქრიათ, რა მოხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, ინტერნეტით, ტელევიზორით და ტელეფონით სარგებლობა რომ არ შეგეძლოთ? სავარაუდოდ, მხოლოდ კომუნიკაცია არ გაგიჭირდებოდათ. ვერც სამსახურს იშოვიდით ან თუ უკვე გაქვთ, დროთა განმავლობაში მისი შენარჩუნება გართულდებოდა, რადგან ნელ-ნელა სამუშაო ბაზარზე სულ უფრო ნაკლებად კონკურენტული გახდებოდით. წარმოდგენა არ გექნებოდათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. მოკლედ, ბევრ რამეს დაკარგავდით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ მათ, ვინც დიდ ქალაქებში ცხოვრობს, ეს საფრთხეები ნაკლებად ემუქრება.
მათი 80%25, ვისაც სახლში ტელეფონი უდგას, 4 დიდ ქალაქშია თავმოყრილი: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. როგორც ანგარიში აჩვენებს - 2011 წლის ბოლოს თუ ამ ქალაქებში ყოველ მესამე მოსახლეს სახლში ტელეფონი ჰქონდა, დანარჩენ საქართველოში - მხოლოდ ყოველ მეათეს. ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს სულ უფრო მეტი აბონენტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ანიჭებს უპირატესობას უსადენო ტელეფონს ან მობილურს.
შარშან, წინა წელთან შედარებით, საქართველოში მობილურით 11.3%25-ით მეტი აბონენტი სარგებლობდა. ანგარიშის თანახმად, მობილური ტელეფონი თითქმის ყველას (99.1%25) აქვს.
მობილური კომუნიკაციების ბაზარზე 4 ძირითადი მოთამაშეა - ჯეოსელი, მაგთიკომი, მობიტელი და სილქნეტი. აქედან ყველაზე დიდი საბაზრო წილი (41.7%25) ჯეოსელს, ყველაზე მცირე კი სილქნეტს აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ მობილური კომუნიკაციების სფეროში ოპერირება 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ პერიოდში აბონენტების რიცხვმა ათასს გადააჭარბა.
ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი იყო 2011 წელი, რადგან 2010 წლის თებერვალში ახალი ნოვაციის, ნომრის პორტაბელურობის დანერგვიდან ერთი წელი გავიდა და პირველი ეფექტების გაზომვა უკვე შესაძლებელია. ამ სიახლის შედეგად, საქართველოს ფიჭური კავშირის მომხმარებელს მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ისე შეუძლია გახდეს ახალი ქსელის აბონენტი, რომ არც ნომერი შეიცვალოს და არც ინდექსი.
როგორც მოსალოდნელი იყო, პორტირების შესაძლებლობამ მობილურ ოპერატორებს შორის კონკურენცია გაზარდა. ამ ერთი წლის განმავლობაში მოიმატა აქტიური სიმბარათების რაოდენობამ და თითქმის განახევრდა მობილურით დარეკვის საშუალო ტარიფი.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ფარგლებში მობილურით დარეკვის საშუალო ტარიფი შარშან წლის ბოლოს წუთი 6.6 თეთრი ღირდა. ამავე წელს სულ 74 ათასამდე ნომრის პორტირება მოხდა. აქედან ყველაზე მეტი შეიძინა ჯეოსელმა, ხოლო ყველაზე მეტი მაგთიკომმა დაკარგა.
ტარიფის შემცირების კვალდაკვალ სიმბარათებიც უფრო გააქტიურდა. 2011 წლის ყველაზე პოპულარული სერვისი ხმოვანი მომსახურებაა, რამაც მობილურ ოპერატორებს გასულ წელს საშუალოდ 10-ჯერ მეტი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე ყველა სხვა სერვისმა ერთად. აბონენტები მობილურიდან ყველაზე იშვიათად სახლის ტელეფონზე ან საზღვარგარეთ რეკავენ, ყველაზე ხშირად კი - თავისივე მობილური ოპერატორების ქსელზე. სხვა ქსელებზე - თითქმის სამჯერ უფრო ნაკლებად. ეს ტენდენცია საკმაოდ საინტერესოა, რადგან ერთი წლის წინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომუნიკაციამ ურთიერთჩართვის ტარიფი ანუ ერთი ქსელიდან მეორესთან დაკავშირების ფასი თითქმის გაანახევრა.
ლოგიკა მაშინ ასეთი იყო: ამ ნაბიჯს კომპანიებისთვის ხარჯები უნდა შეემცირებინა, რასაც, წესით, აბონენტებისთვის წუთობრივი ტარიფის კლება მოჰყვებოდა. თუმცა ასე არ მოხდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მობილური კავშირგაბმულობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, მოკლე დროში მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია ინერგება და დაზოგილი თანხაც, ტარიფის კლების ნაცვლად, რეინვესტირებას მოხმარდა.
კომისიის შემდეგი ნაბიჯი ყველა მობილური ოპერატორისთვის ერთნაირი, ზღვრული ტარიფის, წუთზე 24 თეთრის დადგენა იყო. ასეთი სატარიფო პოლიტიკის შედეგებზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია, თუმცა მომსახურების ხელოვნურად გაიაფება სავარაუდოდ კიდევ გაზრდის მობილური სერვისების მომხმარებელთა რაოდენობას. ეს, თავის მხრივ, უფრო გაზრდის დატვირთვას კომპანიების გადამცემ დანადგარებზე. თუ ისინი მზად არ არიან ასეთი დატვირთვის მისაღებად, ეს ფიჭური კავშირის დროს შეფერხებებს გამოიწვევს. მომხმარებელთა დაკვირვებით, ბოლო დროს ასეთი შეფერხებები საკმაოდ მომრავლდა.
მეორე მხრივ, ნომრის პორტაბელურობა გრძელვადიან პერსპექტივაში და თავისუფალი ბაზრის პირობებში უფრო ეფექტიანი იქნებოდა, რადგან ზღვრული ტარიფის თუ სხვა რეგულაციების გარეშე, მობილურ ოპერატორებს მეტი მოტივაცია და ფინანსური რესურსი ექნებოდათ სხვადასხვა აქციების თუ ინოვაციური სერვისების შეთავაზებისთვის, რაც არა მხოლოდ დაზოგავდა აბონენტების ხარჯებს, არამედ მათ უფრო საინტერესოდ დაბანდებას შეუწყობდა ხელს.
კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც შარშან გამოიკვეთა, აბონენტების მხრიდან მობილური ინტერნეტმომსახურების მიმართ საგრძნობლად გაზრდილი ინტერესია: 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, მობილურ ინტერნეტს 50%25-ით მეტი - სულ 1.2 მილიონი მომხმარებელი გამოუჩნდა. მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლის (441 მილიონი ლარი) დაახლოებით 4%25 მობილურ ინტერნეტზე მოდის. თითქმის სამჯერ გაიზარდა აბონენტების მიერ მოხმარებული ინტერნეტის ტრაფიკის რაოდენობაც.
2011 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, მათ შორის მობილურითაც, 49%25-ით გაიზარდა და 1.6 მილიონს გადააჭარბა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის 7 ტექნოლოგიაა გავრცელებული. მათგან ყველაზე ხშირი DSL-ია 204 ათასი მომხმარებლით, რომელთა ნახევარი თბილისშია თავმოყრილი. დანარჩენები ძირითადად ქუთაისსა და რუსთავზე ნაწილდებიან. 2011 წელს საგრძნობლად, 47%25-ით გაიზარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინტერნეტაბონენტების რაოდენობაც: ეს ქსელი ჯერ მხოლოდ თბილისსა და რუსთავშია ხელმისაწვდომი.
ანგარიში აჩვენებს, რომ 2011 წელს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის შემოსავლები დაახლოებით 103 მილიონი ლარით შემცირდა. ამ წელს შემოსავლების გაზრდა მხოლოდ მაუწყებლებმა და საკაბელო ოპერატორებმა მოახერხეს. საკაბელო ოპერატორების შემოსავლები 2011 წელს 21.8 მილიონი ლარი იყო. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბევრი საკაბელო ქსელია, თუმცა ბაზრის უდიდესი წილი კომპანია სილქნეტს ეკუთვნის. მაუწყებელთა შემოსავლები 2011 წელს 17%25-ით გაიზარდა. ძირითადად, რეკლამებიდან.
ელექტრონული კომუნიკაციების ყველა ეს სექტორი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეგულირების საფასურს - თავისი შემოსავლების საშუალოდ 0.7%25-ს უხდის. 2011 წლის განმავლობაში კომისიამ შემოსავლის სახით 7.3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
![]() |
10 თავისუფლებადა პასუხისმგებლობა ანუ წერილი იმას, ვისაც ფრიდრიხ ჰაიეკი წაუკითხავს |
▲ზევით დაბრუნება |
გია ჯანდიერი|სვეტი
თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ როდესაც გაიფიქრებ, თუ მისი რაიმე ნაწარმოები ოდესმე წაგიკითხავს, მაშინვე ფრიდრიხ ჰაიეკი უნდა გაგახსენდეს. ამ წერილის დაწერა იმან მაფიქრებინა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც, დანამდვილებით ვიცი, რომ ჰაიეკი წაკითხული აქვს, ეს უმნიშვნელოვანესი ფორმულა გავახსენო.
პოლიტიკურ კამპანიას საკუთარი წესები რომ აქვს, არახალია. ჰაიეკის გარდა ამ თემაზე ბევრი სხვა ეკონომისტიც წერდა და სამი მათგანი ნობელის პრემიის მფლობელია. სწორედ მათი ნააზრევის კვალდაკვალ, 1960 წლიდან, ეკონომიკის ახალი სკოლაც გაჩნდა - საჯარო არჩევანის სკოლა, რომელმაც ახალ სიმაღლეზე აიყვანა პოლიტიკის ანალიზი და დაგვანახა, რომ დემოკრატიის ინსტიტუტმა ადამიანის სასარგებლოდ მხოლოდ შეზღუდული მთავრობის პირობებში შეიძლება იმუშაოს. სხვა შემთხვევაში, მთავრობას ყოველთვის ექნება მიდრეკილება გაბეროს ხარჯები, გამოიგონოს ფუნქციები, აიღოს ვალები - მოკლედ, გახდეს ყველას პატრონი და ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა პოლიტიკურით ჩაანაცვლოს.
რა მოჰყვება, მაგალითად, ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯს, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ ყველას დაზღვევა, როგორც ამას ახლა ბ - ნი ივანიშვილი გვიყიჟინებს? უზარმაზარი გაფლანგვა, სამედიცინო ხარჯების და მომსახურების ფასების მუდმივი ზრდა, არა ეფექტიანი და უხარისხო ჯანდაცვა, ეკონომიკის შენელება. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს სიღარიბეში დარჩენას და მუდმივ პოლიტიკურ არასტაბილურობას.
საჯარო არჩევანის სკოლამ „აღმოაჩინა“, რომ ასეთი პროგრამა სინამდვილეში მახეა, საიდანაც უკან გამოსვლა შეუძლებელი გახდება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა მის გაუქმებას მხარს არ დაუჭერს. ამის ნაცვლად, მომავალში ყველა ეცდება ამ მახის რეფორმირებას და გარდაქმნას, შესაბამისად, მეტი ფულის ხარჯვას და გაფლანგვას. ამას მსოფლიო გამოცდილება ნათლად გვიჩვენებს - სახელმწიფოს მიერ ამ მახის გაუქმების რაიმე წარმატებული გამოცდილება არ არსებობს!
უფრო დიდი პრობლემა, რომელსაც საჯარო არჩევანის ეკონომისტები ამჩნევენ, ისაა, რომ არჩევნების დროს დაპირებული ზღაპრული იდეები ამომრჩევლის სურვილის თამასას მაღლა სწევს. ერთი ასეთი დაპირების შემდეგ მათ უკვე მტკიცედ სჯერათ, რომ მისი შესრულება შესაძლებელია, ხოლო თუ არ სრულდება, მხოლოდ ცუდი პოლიტიკოსების გამო, ვინც ბევრს იპარავენ. მომავალში ამ დაპირების გაუქმებას ან გაქარწყლებას ვერანაირი ექსპერტიზა, გამოცდილება ან შეგონება ვეღარ შველის.
ცხადია, ის, ვინც დღეს ამ დაპირებებით სცოდავს, ხვალ შეიძლება იმავე მახეში აღმოჩნდეს, მაგრამ მას ამ დროს მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს - მოსახლეობა დაარწმუნოს. რა მოხდება მომავალში, მნიშვნელობა არ აქვს, ან ხელისუფლებაში იქნება და მთელი პროგანდისტული მანქანა მის ხელში იმუშავებს, ან არა და, ოპოზიციაში დარჩება და ხელისუფლების კრიტიკას გააგრძელებს.
საჯარო არჩევანის თეორია ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ბაზარზე, ადამიანები პოლიტიკურ სცენაზეც კონკურენციას ეჯახებიან. ეს მათ აიძულებთ, კონკურენტებთან შედარებით უფრო მიმზიდველი დაპირებები აკეთონ და ამით შეეჯიბრონ მოწინააღმდეგეებს. იმის გამო, რომ ამ დაპირებებისას პოლიტიკოსები სხვისი რესურსების გამო ყენებას განიხილავენ, მათი საზღვარი სხვაგან გადის - გაცილებით უფრო შორს რეალობისაგან. ასეთ რისკზე ვერცერთი ყველაზე თამამი ბიზნესი ვერ წავა.
პოლიტიკოსებისთვის სხვისი რესურსების გაფლანგვა უფრო ადვილია, რადგან მათ პირდაპირი პასუხისმგებლობა არ ელით. პირიქით, მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოც დარჩება - არ დააცადესო, იფიქრებენ. ეს გრძნობა მოსახლეობაში მით უფრო ძლიერდება, როცა მათ იციან, ან ჰგონიათ, რომ მთავრობა სხვის რესურსებს წირავს და არა მათ პირადს.
მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარებას ყველა პოლიტიკოსი სხვის ხარჯზე გვპირდება - იმათი მეშვეობით, ვინც დღეს წარმატებულია და ხვალ ამ წარმატებისთვის დაისჯება. შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგ რამ რაც მეტ ფულს და ხარ ჯავს ახლა მთავრობა სოფლის მეურნეობაში, მით ნაკლები შანსია იგი განვითარდეს: ქალაქი სოფლად დარჩენილი ადამიანების დასაქმებას ვეღარ შეძლებს. აგრარულ სექტორში დარჩება იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე ამ სექტორს შეუძლია, რომ ეფექტიანად დაასაქმოს ანუ პროდუქცია გაამრავლოს, მოგება გაზარდოს და დანახარჯები შეამციროს. მთავრობის ნებისმიერი მოქმედება ახლა სწორედ აგრარული სექტორის საწინააღმდეგოა, მათ შორის, დღგ - ის გადახდისგან გათავისუფლებაც. ეს დაუდევრობაა მომავლის მიმართ, რადგან, როგორც ევროპული გამოცდილება გვიმტკიცებს, ერთხელ დაწყებული ასეთი პოლიტიკის გამოსწორება შეუძლებელია.
სულ მცირე, დიდი შეცდომა და ჰაიეკის იდეების სრული უგულებელყოფა მგონია მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი იდეა, რომლის მიხედვით მოქალაქეების შე მო სავ ლე ბი დან 2%25 (ეს დღეს, 2015 წლი დან კი 5%25) სავალდებულოდ მიიმართება სპეციალურ ფონდში, რომელიც მას მოქალაქის სურვილის მიხედვით განათავსებს სხვადასხვა ბიზნესაქტივებში. ეს არის სერიოზული მახე, რომელსაც ვერასდროს დავაღწევთ თავს. რა არ მომწონს ამ იდეაში, მოკლედ აქ ჩამოვთვლი:
1. მთავრობა აპირებს პირი გატეხოს და 20%25 გადასახადი დატოვოს - მართალია, 2%25 პირდაპირ არ შედის ბიუჯეტში, მაგრამ არც პიროვნების და არც ბიზნესის ჯიბეში არ მიდის. შესაძლებელია, საშემოსავლო გადასახადის ეს 2%25- იანი შემცირება დაბეგრილი პიროვნების სასარგებლოდ მართლაც არ მომხდარიყო, მაგრამ იგი დარჩებოდა ბიზნესს, რათა გაფართოებულიყო და ახალი სამუშაო ადგილებიც შეექმნა.
2. არასწორია ის, თითქოს ამ რესურსის (სავალდებულო შენატანით მიღებული 2%25) გამოყენება უკეთესად შეიძლება, თუ ამას სახელმწიფო გააკონტროლებს. ყველაზე გამოცდილი და მდიდარი ქვეყნების დღევანდელი მდგომარეობა სწორედ ამას გვითითებს, რომ მათი ცოდნის ხარისხის აღმატებულობის მიუხედავად, უამრავ შეცდომას უშვებენ და გამოიწვიეს კიდეც მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ჰაიეკის და მისი მიმდევრების იდეა სწორედ ისაა, რომ მთავრობას არასოდეს აქვს ისეთი ხარისხის ცოდნა და ინფორმაცია, რომ ასეთი სირთულის დაგეგმვის ამოცანები დაძლიოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ცხადია, რისკი ამოცანების მოცულობასთან ერთად იზრდება, ხოლო ამ გადაწყვეტილებების შეჩერება შეუძლებელია.
3. ამ იდეის ერთერთი სუსტი წერტილი მისი განხორციელების კონტროლშია. პროექტის მიხედვით, ეს უნდა გააკეთოს ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც, თუ ჰაიეკს და მის მიმდევრებს დავუჯერებთ, თავად წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ რისკს, რომლის გამოც საკრედიტო რესურსები ძვირდება. სტივ ჰენკი და რობერტ შულერი თავიანთ წიგნში აღნიშნავენ: ცენტრალური ბანკი გაუმჭვირვალე დაწესებულებაა. მის მიერ საბანკო რისკებისგადაზღვევა მხოლოდ რისკების ზრდას იწვევს და მისმა მონეტარულმა უდისციპლინობამ, შესაძლოა, ყველაზე კარგი ეკონომიკური რეფორმაც ჩააფლაოს.
4. საქართველო წარმოადგენს უნიკალურ შემთხვევას, რომელშიც სახელმწიფოს ვალდებულებები და კვაზი ვალდებულებები პრაგმატულ ბალანსშია. ბოლო წლებში ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება მოხერხდა და შედეგად, ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, უახლოეს წლებში შანსი გვაქვს მსოფლიოს ყველაზე დაბალი ფინანსური რისკის ქვეყნად ვიქცეთ. ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ შევინარჩუნებთ მცირე სახელმწიფო ვალდებულებებს და არ მოვახდენთ მათ უსაზღვრო აკუმულირებას, რაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია განვითარებული ქვეყნების თავზე. ამ პროექტის ავტორებისთვის ალბათ სასარგებლო იქნება ცოდნა, რომ იმის აზრით, ვინც ასეთი მოდელი ყველაზე ადრე ჩილეში სცადა - გამოჩენილი ეკონომისტი და ჩილეში ინდივიდუალურ დანაზოგებზე დაფუძნებული კერძო საპენსიო სისტემის დანგრევის ინიციატორი ხოსე პინერა (რომელსაც ავტორებისაგან განსხვავებით მე პირადად ვიცნობ) - საქართველოში დღეს არსებული მოდელი უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჩილესი.
5. დაბოლოს, საქართველოს მოსახლეობას სწორედ პასუხისმგებლობის ადამიანებზე გადანაწილების პოლიტიკა და სახელმწიფოს ვალდებულებების შემცირება სჭირდება - სწორედ ადამიანების, და არა თუნდაც ყველაზე ხარისხიანი ბიუროკრატიის, პირად ინიციატივას და მოტივაციას შეუძლია წარმატების მოტანა.
ზუსტად ასეთ პასუხისმგებლობას ველოდები იმ ადამიანებისაგან, ვისაც ფრიდრიხ ჰაიეკი წაუკითხავს.
![]() |
11 დეკანოზი თეოდორე: უსუსურია მღვდელი, რომელსაც კეისრის დახმარება სჭირდება |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
ავტორი: ლევან სუთიძე
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე მართლმადიდებელი მისიონერია. ცოტა ხნის წინ ილიას უნივერსიტეტში მის ლექციას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა მართლმადიდებელი სასულიერო პირებისგან ის ქარიზმატულობითა და აქტიური სამისიონერო მოღვაწეობით გამოირჩევა. მამა თეოდორეს ქადაგებების ბეჭდური, აუდიო თუ ვიდეოჩანაწერები მართლმადიდებელ მრევლში დიდ ინტერესს იწვევს. მასთან ინტერვიუ ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში ჩაიწერა, სადაც ის ცხრა წელია მსახურებს. ერთი საათის განმავლობაში ჩვენ იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს. შევეხეთ სხვადასხვა თემას, მათ შორის, ეკლესიის სოციალურ მსახურებას, საბჭოთა დანატოვარს, აბორტსა და უმცირესობებისადმი ეკლესიის დამოკიდებულებას.
რა კვალი დაატყო ჯერ ცარისტულმა და შემდეგ საბჭოთა მმართველობამ, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ - ეკლესიას, როგორც სოციალურ ინსტიტუტს?
არა მგონია, ადამიანი საქართველოში ცხოვრობდეს და ეს არ აწუხებდეს. თუ ამ პრობლემაზე არ ფიქრობს, ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე არაა. ეს უნდა გტკიოდეს. შეუძლებელია ეს პრობლემა არ გვეხებოდეს - ამით ვცხოვრობთ, ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
ორასწლოვან პერიოდს წინ უძღოდა ის, რამაც ეს ორასი წელი განაპირობა. შემთხვევით არაფერი ხდება. მიზეზშედეგობრივი ჯაჭვიდან გამომდინარე, ეს ორასი წელი ბოლო რგოლი იყო სხვა პრობლემებისა - პოლიტიკურ ცხოვრებაში, ზნეობრივ მდგომარეობასა და ეკლესიურ ცხოვრებაშიც. ამ პერიოდმა დადებითი რაც მოიტანა, ისაა, თითქოს ერთი სახელმწიფოს საზღვრებში გავერთიანდით - მაგრამ ჩექმის, ძალადობის, ცარისტული იმპერიალისტური წნეხის ქვეშ. დღეს შედეგებს ვიმკით.
ჩვენ დავკარგეთ საკუთრების შეგრძნება, რომ ჩვენი სამშობლო ჩვენვე გვეკუთვნის. ეს საშინელი პრობლემაა და ამის აღმოსაფხვრელად თვითაღზრდა გვჭირდება.
ეკლესიას როგორ დაატყო ამ პერიოდმა კვალი, რა პრობლემები წარმოშვა და სად ხედავთ ამ პრობლემებს?
რა თქმა უნდა, დაატყო. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, რელიგიურ ცხოვრებას მოწყურებულმა ხალხმა დაიწყო ეკლესიაში სიარული. ეკლესიები ივსება, ტაძრები და მონასტრები შენდება, იზრდება სასულიერო პირთა რაოდენობა, მაგრამ ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებას გარეგნული ფორმებით ვახერხებთ. მთავარი პრობლემა დღეს ეს არის - ჩვენ ქრისტიანობა გარეგნულად აღვადგინეთ.
ეკლესიას, როგორც ორგანიზმს, ფორმაც გააჩნია და არსიც. ჩვენში გარეგნული მხარე ქრისტეს ფარავს. ეს პრობლემა წარმოშობს მითებს მართლმადიდებლობის შესახებ. ამ მითოლოგიის გავრცელებას ხელს ვუწყობთ ჩვენ, ქრისტიანები, მათ შორის სასულიერო პირებიც.
გათავისებული არ გვაქვს ის შინაარსი, რაც ფორმაშია. ეს მართლმადიდებლობიდან გადახვევაა და უკურეაქციას ბადებს ღმერთის მაძებარ ადამიანში, რადგან ღმერთს კანონებით და წესებით არ ეძებ, ღმერთს სხვა რამით ეძებ და ეს ქმნის დაპირისპირებას ეკლესიასა და საზოგადოებას შორის.
ეკლესია ხშირად პოულობს დროს, დააარსოს სინოდალური კომისიები, ვთქვათ, ID ბარათებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს კომუნისტური წარსულის შეფასების დოკუმენტი...
ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ამ საკითხის საკვლევად კომისიას დავაარსებდი.
რაც შეეხება ID ბარათებს, ამ კომისიის დაარსებას ხელი მე შევუწყვე. არასწორად არის გავრცელებული ინფორმაცია ამ ბარათებთან დაკავშირებით, იმდენი არასწორი ვნებათაღელვა დაუკავშირდა, მსურდა, დარეგულირებულიყო.
ელექტრონული ბარათების სულიერ სფეროში გადატანა, ხომ არ მიუთითებს სწორედ ფორმისა და შინაარსის აღრევაზე ეკლესიაში?
როცა ამ ბარათებზე მეკითხებიან, მე ვპასუხობ - პავლე მოციქული მასწავლის, რომ დედამიწაზე არ არსებობს ძალა, არათუ ბარათი, რომელიც ჩემსა და უფალს შორის დადგება.
სამოქალაქო თვალსაზრისით თუ ვინმეს თავისუფლება შეიძლება შეუზღუდოს, ეს ცუდია. კონტროლის მექანიზმი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პასპორტიც. თუ ეს პრობლემა იარსებებს, მაშინ უნდა შევეწინააღმდეგოთ. პრობლემა მარტო აქ ხომ არ არის, თვით არამართლმადიდებლურ სახელმწიფოებშიც იყო შიშები, როგორც მე ვიცი - ინგლისსა და გერმანიაშიც.
ადამიანის თავისუფლების ხარისხი და სწრაფვა ღვთისაკენ ვერ შეიზღუდება ნორმატიული აქტებით. პავლე მოციქული ამბობს, ჩემი ჯაჭვებით უფრო თავისუფალი ვიყავიო. ხომ საოცარი სიტყვებია? ამიტომ არ აქვს ამას სულიერი თვალსაზრისით მნიშვნელობა. იმ ავადსახსენებელ კომუნისტურ წლებსა და ქრისტიანობის პირველ სამი საუკუნეში რამდენი წმინდანი შეემატა ეკლესიას? ხედავთ როგორ ძლიერდება ამ დროს თავისუფლების ხარისხი?
ცოტა ხნის წინ ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ლუსტრაციამ გამოავლინა, რომ 15 უმაღლესი იერარქიდან, 11 საბჭოთა სპეცსამსახურებთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდა. ზემოხსენებული დოკუმენტის არმიღების ერთ-ერთი მიზეზი...
რომ აქაც არიან ასეთი ეპისკოპოსები?
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოსაზე ჩაგრული იყო?
წარმოიდგინეთ სამოცდაათწლიანი ტირანული სახელმწიფო. მე იქ მიცხოვრია. არ არსებობდა ადამიანი, რომელიც რაღაც იერარქიულ საფეხურს მიაღწევდა, გნებავთ, სამოქალაქო ცხოვრებაში და, გნებავთ, ეკლესიაში, მით უმეტეს, თუ მოუწევდა ურთიერთობა უცხოეთთან - მისი სახელი, გვარი აუცილებლად დაფიქსირდებოდა უშიშროების სამსახურში და მასზე კონტროლი იქნებოდა. შედგებოდა დოსიე და ეს ყველაფერი დაიდებოდა КГБ-ში.
არ ვიცი, შეიძლება თუ არა ეს თანამშრომლობად მოვიაზროთ. მე მაინც ვერ ჩავთვლი, რომ ეს ურთიერთობა ადამიანის მოსყიდვას ნიშნავს, თუ ის ადამიანი სუფთად აკეთებდა თავის სულიერ საქმეს. მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ილაშქრებს ხმალამოღებული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ვერ მიდის ასეთ გმირობაზე, არ ნიშნავს, რომ ის აგენტია.
დიდმარხვის წინ, ჩვენ ვხედავთ როგორ გამოდის მისი უწმინდესობა და დაჩოქილი შენდობას ითხოვს, მაგრამ არასდროს ამბობს რაიმე კონკრეტულს...
წარმოიდგინე, შენ ხარ პატრიარქი 30 წლის განმავლობაში. დიდი ხნის მანძილზე უძლებ შევარდნაძის ხელისუფლებას...
თუმცა შევარდნაძესთან არც ისე ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, მის დაბადების დღეზეც გამოსულა სიტყვით...
არ მინდა გამოვიდე პატრიარქის ადვოკატის როლში, რადგან ჩემთვის ეს გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ მიცხოვრია იმ დროში. ამ ლოგიკით იმ პერიოდს ჩვენ შეიძლება ხაზი საერთოდ გადავუსვათ. შეუძლებელია წარსული მოვიჭრათ. იმდროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა იოლი არ იყო, იმ ხელისუფლებაშიც ვინც იყვნენ, ვინც იყო ცეკას მდივანი, ვინც იყო აღმასკომის თავმჯდომარე და ა.შ., არ შეგვიძლია მათ ხაზი გადავუსვათ. ეს იყო ნომენკლატურა, რომლითაც ფუნქციონირებდა ეს სახელმწიფო.
როცა არ ჩანს ამასთან დაკავშირებით სინანული, უხერხული დუმილია ეკლესიის მხრიდან...
უნდა მოინანიო ცოდვა და დანაშაული. გვაქვს ცოდვა და დანაშაული? მე პირიქით ვფიქრობ - ამბროსი ხელაიადან, დღევანდელ პატრიარქამდე, ყველა პირველიერარქი მოწამე მგონია, ამ საშინელ მონსტრს რომ უძლებდნენ. და დღეს რას შვრება სახელმწიფო უშიშროების სამსახური? როგორ ფიქრობთ, ნებისმიერი იერარქი შეიძლება უშიშროების სამსახურის თვალყურის გარეშე გავიდეს?
პატრიარქ კირილის იუბილეზე, მოსკოვში პატრიარქმა თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის „გაუგებრობა” მოხდა. როცა ყველა დასავლური სახელმწიფო ამას ოკუპაციად აფასებს, ჩვენი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს ოკუპაციაა, ეს რბილი სიტყვები არ იყო მისი მხრიდან?
პატრიარქი ხომ ძალიან ბევრ შეფასებას აკეთებს აფხაზეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით. პატრიარქის ადვოკატირება არ მსურს. მას ეს არ სჭირდება. მისი დიპლომატიის ნიჭი რომ გამოყენებულიყო, უფრო მეტი შესაძლებლობა იქნებოდა იმისა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაკარგულიყო.
პატრიარქი, გარდა იმისა, რომ ერის მამაა და ეკლესიის მეთაური, თავისი მდგომარეობით დიპლომატიც არის. ვიცით, როგორი მჭიდრო კავშირია რუსეთში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ეს დიპლომატიური ნაბიჯი იყო კირილისადმი, ასევე როგორც დიპლომატისადმი.
აქამდე რა შედეგი მოიტანა ამ დიპლომატიამ?
ჩვენ არ ვიცით, მინიმუმ, ეს დიპლომატია რომ არ ყოფილიყო, კიდევ რა უარესი შედეგები შეიძლება დამდგარიყო. სჯობს მის უწმინდესობას გაესაუბროთ. მე რომ მეკითხებით ისეთ რამეს, რაც ქრისტოლოგიურ ფარგლებს სცილდება, რა პასუხი უნდა მქონდეს? მე ჩავთვალე დიპლომატიურ ჟესტად, ამას ზურგს უმაგრებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე გაკეთებული მისი კომენტარები.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აფხაზეთის ეპარქიის ფაქტობრივი მმართველია. ეპარქია უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პირად იურისდიქციაში შედის. ყველა მღვდელი რუსეთის პატრიარქის ნაკურთხია. მხოლოდ ორი მღვდელი, ბესარიონ აპლიაა და დავით სარსანიაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ხელდასხმული. რატომ არ არიან ისინი ჯერ კიდევ განკვეთილები?
არ ვიცი. ეგეც მისი უწმინდესობის კომპეტენციაში შედის. შეიძლება ესეც დიპლომატიური სვლაა. შანსს უტოვებს სინანულისა და მიტევების.
იურუსალიმის პატრიარქმა ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მხოლოდ იმიტომ, რომ რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ იერუსალიმში მისი კურთხევის გარეშე დაიწყო ტაძრის აშენება. 20 წლის მანძილზე რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში იჭრება. ის ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერებს მილოცვებსაც არ აკლებს. საქართველოს ეკლესია ზედმეტი მეგობრულობით ხომ არ გამოირჩევა მოსკოვის საპატრიარქოს მიმართ?
ეს თემები, რა თქმა უნდა, მტკივნეული და მძიმეა. ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა რუსეთთან რას მოგვიტანს? იერუსალიმის მდგომარეობა სხვანაირია. ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული... მე მეშინია. ეგების, რაღაც ძაფებს ვიტოვებ, მომავალში რაღაცის შეცვლისთვის.
საბჭოთა პერიოდში სხვა რელიგიური ინსტიტუტებიც დაზარალდნენ. დღეს კათოლიკური და სომხური თემი რამდენიმე ტაძრის გადაცემას მოითხოვს. კათოლიკურ ტაძრებში მართლმადიდებლები წირავენ. ეს ქრისტიანობას შეეფერება?
მე დიპლომატია არ მეხერხება, კახელი ვარ, ქიზიყელი. პირდაპირ გეტყვი - მოვიწვევდი ორმხრივ კომისიას. თუ ისტორიულად დადგინდებოდა, რომ ეს არის შენი და ეს არის ჩემი, პრობლემას ვერ ვხედავ. როგორც მართლმადიდებელს, არ მეშინია, რომ მონოფიზიტებს, კათოლიკეებს თავიანთი სალოცავები ჰქონდეთ. მიმაჩნია, რაც შენია, შენი უნდა იყოს. ჩემი ძალა კონკრეტულ ტაძარში არ არის, ცოცხალ ურთიერთობაში, ღმერთთან ურთიერთობაშია. ჩვენ დასაკარგი შვილები არ გვყავს. უნდობლობა და ერთმანეთის ჭამა ცუდია. თუ ეს პრობლემა გვაწუხებს, ერთად უნდა მოვაგვაროთ, უფსკრულები ამოვავსოთ. დიალოგი უნდა გვქონდეს. არის რაღაცები, რაშიც ჩვენ ვერ ვუგებთ.
ცოტა ხნის წინ პარლამენტმა რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონი მიიღო. ამან რელიგიურ ორგანიზაციებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესაძლებლობა მისცა. რას ფიქრობთ ამ კანონთან დაკავშირებით?
ძნელია ილაპარაკო წიგნზე, რომელიც წაკითხული არ გაქვს და ილაპარაკო თემაზე, რომელიც შენთვის უცხოა. არ ვარ იურისტი. რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით იგივე პრინციპი მაქვს: ეს იმისი იყო - ჰქონდეს იმას. ჰქონდეთ სალოცავი და ილოცონ, მათი უფლებაა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც მაწუხებს, პროზელიტიზმია. აგრესიული პროზელიტიზმი. დღევანდელ სამყაროში ეს მიუღებელია. მთელ რიგ სახელმწიფოებში ზოგიერთი ტოტალიტარული სექტა აკრძალულიც კია. როცა შენ თანხის დიდი რესურსი გაქვს და ჩემთან ერთად თანაბარ პირობებში ხარ, მე შემიძლია ვთქვა სიტყვა და შენ ეს სიტყვა თქვა გაცილებით ძლიერ, შეგიძლია საკუთარი ტელევიზიაც გქონდეს და ყველაფერი გქონდეს. ბუნებრივია, გული მტკივა, რომ ის პატარა ქართველი ბავშვი, რომელიც იზრდება და დარბის, უცებ ვერ იგებს მართლმადიდებლობის სიდიადეს და შეიძლება მიემხროს მათ.
იქნებ გამოსავალი ის არის, რომ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა დატოვონ ტაძარი და იარონ ქუჩა-ქუჩა, როგორც ამას მოციქულები აკეთებდნენ... და არა სახელმწიფოს დახმარება მოითხოვონ.
მე ასე ვაკეთებ. ღვთის წინაშე გეუბნები - უსუსურია მღვდელი, რომელსაც კეისრის დახმარება სჭირდება. ეს არის სამარცხვინო და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
და ის ოცდახუთი მილიონი, რომელსაც საპატრიარქოს ვაძლევთ ბიუჯეტიდან, რა არის ეს?
მანახე ეს ოცდახუთი მილიონი. მე რა ვიცი. საიდან შეიძლება, მამა თეოდორემ იცოდეს რა თანხა ერიცხება საპატრიარქოს?
ეს მარტო ჩვენთან ხომ არ არის ასე. უცხოურ ქვეყნებში არ არის? არ ფინანსდებიან უცხოურ ქვეყნებში მთელი რიგი ეკლესიები და ხელფასებიც კი არ ეძლევათ?
ვიმეორებ, ისეთ რაღაცას მეკითხები, რაც არ ვიცი. სად მიდის ეს თანხები, ან რატოა ამდენი? ვიცი ერთი რამ - ჩემი კომპეტენციაა ეს სამრევლო სულიერად განმტკიცდეს და ვიყო მისიონერი.
სოციალური მსახურებაც ხომ არის...
ჩვენი ტაძარი როგორ ახერხებს ამას, ეს ხომ საყვირალი არ არის. მე რომ მქონდეს ფინანსები, უპირატესობას მივანიჭებდი მისიონერობას საქართველოში, ვიდრე რაღაც გრანდიოზულ მშენებლობებს. თუმცა, ეს არ ეხება დიდ სამებას. მაგრამ, ზოგადად, მისიონერობა უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს. ეს არის ყველაზე მთავარი საქმიანობა. ჯერ მისიონერული საქმიანობა და შემდეგ სოციალური მსახურება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი საერთოდ არ არის მიმართული მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. არსებობს რამდენიმე ბავშვთა სახლი და 1 მოხუცთა თავშესაფარი, რომლის სტანდარტებზეც დავა შეიძლება. ფაქტია, რომ ეს ცოტაა 84%25-იან მრევლში, საპატრიარქოს სამშობიარო სახლი უფასო არ არის. საქველმოქმედო ფონდი ლაზარე, რომელიც დიდხანს ჰუმანიტარულად მოღვაწეობდა, დახმარებას იღებდა პროტესტანტული, კათოლიკური ფონდებიდან ანუ იმ ფონდებიდან, რომელსაც ახლა მწვალებელსაც კი ეძახიან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს სოციალური მსახურების ნაკლებობაა?
მისიონერულ საქმიანობაში მოვიკოჭლებთ, ეგ ვიცი. რაც შეეხება სოციალურ მსახურებას, თუ ჩვენი სოციალური მსახურება გაცილებით დაბალია, ვიდრე შესაძლებლობები, ეს ცუდია. მე თუ მკითხავთ, ღვთის წინაშე დანაშაულიც არის.
აბორტებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. კვლევების მიხედვით, აბორტის მეშვეობით ყოველწლიურად 30 ათასი ადამიანი კვდება. ეკლესიის პრიორიტეტებში რომ ჩამოვყვეთ, განცდა იმისა, რომ ისინი ადამიანები არიან, არ ჩანს. კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეებში, ქადაგებებში ამას დრო არ ეთმობა. ხალხი შეიძლება გამოვიდეს ID ბარათების გასაპროტესტებლად, მაგრამ 30 ათასი ადამიანის მკვლელობაზე დუმდეს. არ მიგაჩნიათ ეს ეკლესიის სისუსტედ და არათანმიმდევრულობად?
რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მინუსია მთლიანობაში, ეკლესიის მინუსი. მრევლის ნაწილი ID ბარათებზე ერთ ამბავს ტეხს, მაშინ როცა საშინელი ამბავი უნდა იყოს ატეხილი ამასთან დაკავშირებით. თუმცა ეკლესიის რეაქციის შემთხვევაში, ჩვენ წინააღმდეგობა გვექნებოდა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რომ ვლახავთ ქალთა უფლებებს, მაგრამ ძალიანაც კარგი, გვქონოდა წინააღმდეგობა. ძალიან უცნაური კანონია, 3 თვემდე აბორტი სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, ხოლო თუ 3 თვისა და ერთი დღისაა ბავშვი, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს აბსურდული კანონია და ამაზე უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
დავით გარეჯის საკითხს რომ შევეხოთ. ცოტა ხნის წინ მწვავე კომენტარები გაისმა ამ საკითხთან დაკავშირებით, მოეწყო მსვლელობები. დავით გარეჯის წინამძღვარმა, მამა ილარიონმა განაცხადა, რომ ომიც კი უნდა დაიწყო, თუ საჭიროა ამ ტერიტორიების დაბრუნება...
ჯერ კიდევ ილია ამბობდა, რომ ხმლით ომის დრო წავიდა. ჩვენი ომი უნდა იყოს გონებით და გულით და ცოდნით. რა ომზეა ლაპარაკი!
ასეთი მსვლელობები ილორთან დაკავშირებით არ მომხდარა.
უნდა მოეწყოს. მსვლელობა უნდა მოეწყოს. ასეთი მსვლელობები უშუალოდ ამ პრობლემას ვერ გადაჭრიდა. შეიძლება გაემწვავებინა.
ბოლო პერიოდში, თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ რამდენიმე აქცია გაიმართა. არ ფიქრობთ, რომ სასულიერო პირების ნაწილი, მათ შორის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი აგრესიულობით გამოირჩევა?
თუ მათგან იყო აგრესია, აგრესია არ არის ქრისტიანული ცხოვრების წესი. აგრესიული ფორმით არაფერი არ წყდება და აზრობრივად სწორი არ არის. ანუ აგრესია აზრშივე არასწორია. მე ვწყდები იმ ფესვებს, რომლიდანაც ვარ წარმომავლობით. თუ ეს იყო, არასწორია.
ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრა, ილიას უნივერსიტეტის წინ ადამიანის ცემა... ეკლესია ამაზე არ რეაგირებს. პირიქით, გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლებით ჯილდოვდებიან აგრესორები. ქრისტეს სწავლების გავრცელებას ძალადობის გზით საპატრიარქო არ გმობს...
მე ვგმობ ნებისმიერ ძალადობას სასულიერო პირების მხრიდან. პიროვნულად ჰომოსექსუალის შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის ადამიანია. მაგრამ, ამავე დროს, უსიყვარულობა და გულგრილობაა ამ ადამიანის მიმართ, თუ მას მამაშვილურად არ განუმარტავ და არ აჩვენებ, რომ ეს არის არასწორი. ასეთები ჩემთან მოდიან, მე მყავს განკურნებული ადამიანები.
მეცნიერებას გაუჭირდება დაგეთანხმოთ, რადგან ოცი წლის წინ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ დაადგინა, რომ ჰომოსექსუალობა არ არის დაავადება. ორიენტაციის ცვლილება ისეთივე შეუძლებლად მიაჩნია მეცნიერებას, როგორც სხვა იდენტობების.
მეცნიერები რას იტყვიან, ჩემთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფრით ვერ ვეთანხმები. ჯერ ერთი, იმის გამო, რომ პავლე მოციქული მეუბნება პირდაპირ, რომ ჰომოსექსუალები, მრუშები, მემთვრალეეები და ა.შ., სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
ეს მიდრეკილება თავისთავად ცოდვად, იმ ცოდვად, რომელიც ადამიანს ღმერთს დააცილებს, არ განიხილება. რა თქმა უნდა, ადამიანს მრუშობის მიდრეკილება აქვს, მემთვრალეობის მიდრეკილება აქვს - მიდრეკილება თავისთავად ღმერთს არ განაშორებს. ადამიანი ღმერთს შორდება მაშინ, როცა პიროვნული არჩევანით ქვენა გრძნობებს ემორჩილება. აქედან გამომდინარე, როცა ემორჩილება ამ ქვენა გრძნობებს და პიროვნულ არჩევანს აკეთებს ხორციელი მიდრეკილების სასარგებლოდ, სცოდავს.
მე რომ ვამბობ, რომ ეს არის ავადმყოფობა, ამით ამ ადამიანს ვეხმარები. ადამიანს, რომელიც ჩემთან ამ მიდრეკილებით მოდის, მე რომ ვუთხრა, რომ ეს ნორმაა - ის არ შეებრძოლება მას.
თქვენ თქვით, რომ ჰომოსექსუალობა მკვლელობაზე მძიმე ცოდვაა. ხომ არ უბიძგებს ასეთი რიტორიკა ადამიანებს ძალადობისკენ. თქვენ იცით რა შეიძლება წარმოშვას ამან ახალგაზრდა ადამიანის თავში, რომელიც ქუჩას მოსცილდა და ეკლესიაში წავიდა?
მაწუხებს ახლა რასაც ამბობ, იმიტომ რომ ჩემთან რომ მოდიან ასეთი ადამიანები, ძმურად ხელს გადავხვევ და ვცდილობ დახმარებას. ვიმეორებ, არავის არ შეიძლება, ატკინო. ბევრ სასულიერო პირს ვიცნობ, რომელიც ასე გულით ეკიდება ამ საქმეს. პირიქით, ადრე ნათქვამი მაქვს, რომ სასოწარკვეთილება ჰომოსექსუალიზმზე მძიმე ცოდვაა. ასე არ უნდა აღიქვას არავინ ჩემი სიტყვები.
აგრესიის ხმა, რომელიც მძაფრად ისმის ეკლესიისგან, ხელს ხომ არ უშლის თავად მართლმადიდებელ ეკლესიას, მოაქციოს ჰომოსექსუალი ადამიანები?
აგრესია ხელს შეუშლის. ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ეს პოზიცია. არ შეიძლება არცერთი ადამიანის ცემა, შეურაცხყოფა. ეკლესია არასდროს არის მოძალადე. თუმცა, ძველ აღთქმაში ჰომოსექსუალიზმი გათანაბრებულია ზოოფილიასთან. პავლე მოციქულიც ამას ამბობს, მაგრამ ხელს არ კრავს არცერთ ცოდვილს. რა მიდრეკილებაც უნდა ჰქონდეს, ქრისტეს ვაჩვენებ. როცა ქრისტეს დაინახავს, ის გამოასწორებს.
მთლიანად საზოგადოებაშია არასწორი დამოკიდებულება, თუ აგრესიას გამოხატავენ. თუ ისინი სიყვარულით ექცევიან ამ ადამიანებს და თან მიუთითებენ და თვლიან, რომ ეს არ არის ნორმა, მაშინ მათი პოზიცია სწორია.
ჩვენი საზოგადოება რითი შეხვდა ქრისტიანობის გამრავლებას და აყვავებას საქართველოში? ფორმებით - არსი გაცნობიერებული არ ჰქონდა. აქ იმიტომ ვართ, რომ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა ვისწავლოთ, ქრისტე ვისწავლოთ. როცა მთელი ჩვენი ცნობიერება არის ქრისტესკენ, ადამიანს ვერ შეიძულებ. რაც უნდა ცოდვაში იყოს, ადამიანი ღმერთის შვილია, მისი ხატია. ამიტომ, თუ რამე უჭირს, დავეხმარები სიყვარულით. როცა ღმერთს ვერ ვხედავ და ჩემთვის ქრისტიანობა შიშველი კანონებია, დამთავრდა - მე უკვე კანონებით გაფასებ და არა მაცხოვრით. პრობლემა ამაშია.
![]() |
12 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე ამერიკული ფოტოგრაფია
ბობ დილანი. 1968
ფოტო: ელიოტ ლენდი
ფოტო: ლარი ფინკი
![]() |
13 დენთის სუნი ყარაბაღში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
შოთა კაკაბაძე
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ტურნე სამხრეთ კავკასიაში და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა უკიდურესობამდე დაიძაბა. BBC - ის შეფასებით, ორივ ექვეყანა საომარ მზადყოფნაშია, თუმცა ოფიციალურმა ბაქომ მობილიზაციის გამოცხადები საუცილებლობა გამორიცხა.
6 ივნისს, გამთენიისას, მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ გორადიზის რაიონში აზერბაიჯანელი სამხედროების თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. სომხური მედია იუწყება, რომ შეტაკებების შედეგად დაიღუპა ყარაბაღის არმიის უმცროსი სერჟანტი და დაიჭრა ორი რიგითი.
თავისმხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ 6 ივნისს, სომხეთის სამხედრო შენაერთები არაერთგზის არღვევდნენ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას- ყარაბაღის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იცხრილებოდა აზერბაიჯანული ქალაქები ქედაბეკი და თოვუზი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საპასუხო ცეცხლით მოხდა მოწინააღმდეგის დაშოშმინება, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს დანაკარგი არ ჰქონია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკანასკნელ პერიოდში ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული შეტაკებების სიხშირე განსაკუთრებით გაიზარდა. 5 ივნისს, მსგავსი დაპირისპირების შედეგად, დაიღუპა 5 აზერბაიჯანელი და 3 სომეხი სამხედრო.
აზერბაიჯანის გაერთიანებულმა შტაბმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალური ბაქო ნებისმიერ დროს არის მზად, ძალის გამოყენებით გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები. სულ რაღაც 10 დღეში აზერბაიჯანელ სამხედროებს შეუძლიათ ყარაბაღის აღება და ირან - სომხეთის საზღვრამდე მიღწევა.
ამ დღეებში მედიაში გავრცელდა სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის განცხადებაც, რომელშიც ქვეყნის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთი მკაცრ პასუხს გასცემს ნებისმიერი სახის პროვოკაციას. მისივე შეფასებით, ამ პროვოკაციის უკან ანაზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები დგანან, ან უბრალოდ, არმია აღარ ემორჩილება მის მეთაურებს.
მთიანი ყარაბაღი ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე, სომხეთის მხარდაჭერით, აზერბაიჯანისგან გამოყოფა შეძლო. ამას მოჰყვა სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა. თუმც ამის შემდეგ ეს შეთანხმება არაერთგზის დაირღვა.
ანალიტიკოსთა აზრით, მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავების და ორ ქვეყანას შორის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში კონფლიქტი კიდევ უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზრდება და მასში რეგიონის სხვა სახელმწიფოებიც აღმოჩნდებიან ჩართულნი.
რუსეთი ყარაბაღის მოვლენებში ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყების პირველი ეტაპიდანაა აქტიურად ჩართული. ოფიციალური მოსკოვი, როგორც წესი, სომხეთის ტრადიციულ მოკავშირედ განიხილება.
ყარაბაღის კონფლიქტი რუსებმა გამოიყენეს, რათა უფრო ღრმად მოეკიდათ ფეხი სამხრეთ კავკასიაში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტმა რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა, აზერბაიჯანი დსთ - ში შეეყვანა, კასპიის ზღვის რესურსებზე მიეღო წვდომა და გამხდარიყო მთავარი აქტორი სამხრეთ კავკასიაში. სწორედ მსგავსი მიდგომის გაგრძელებაა ოფიციალური მოსკოვის დღევანდელი პოლიტიკაც. გაყინული კონფლიქტის შენარჩუნება და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის დროში გაწელვა ხელს აძლევს რუსეთს, რადგან ეს რეგიონში სამხედრო ძალის შენარჩუნებისა და ლიდერის როლის შეთავსების საუკეთესო გზაა.
გარდა რუსეთისა, გამწვავების შემთხვევაში საქმეში უფრო აქტიურად ჩაერთვება თურქეთიც, რომელიც, გარდა აზერბაიჯანის მიმართ რელიგიური სოლიდარობისა, სულ უფრო მეტად ცდილობს რეგიონის ლიდერის ფუნქციის შესრულებას. თავისი ახალი საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ( ნული პრობლემები მეზობლებთან), ოფიციალური ანკარა ნელ-ნელა დასცილდა რადიკალურად პროაზერბაიჯანულ პოზიციას და ურთიერთობის დაბალანსებას სომხეთთანაც ცდილობს. ამაზე მეტყველებს თურქეთის პრეზიდენტის განცხადება ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთი ყველაფერს აკეთებს, რათა კავკასიაში მშვიდობა დამყარდეს. თურქეთის მხრიდან კონფლიქტის დარეგულირების ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ლიდერის სტატუსის მოსაპოვებლად.
ბუნებრივია, მოვლენებს მიღმა არც სომხეთისა და აზერბაიჯანის მეზობელი ირანი დარჩება. მისთვის ყარაბაღის პრობლემა სერიოზული გამოწვევაა, რადგან ირანის ჩრდილოეთით მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნას. გარდა ამისა, ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტაში მონაწილეობა ირანისათვის რეგიონის ლიდერ ქვეყნებს შორის მოხვედრის საუკეთესო გზაა. თურქეთისთვის, რომელიც რეგიონში პროდასავლურ სახელმწიფოდ მოიაზრება, ირანის პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკა დამაბალანსებელ ძალას წარმოადგენს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით კი, სომხეთისთვის მხარდაჭერის შემთხვევაში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართოდ წარმოდგენილი სომხური დიასპორა ირანის პრესტიჟის ამაღლების კარგი საშუალება იქნება.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ ევროკავშირს, ისინი, რუსეთის და სხვა რეგიონული სახელმწიფოების ფონზე, ყარაბაღში მიმდინარე პროცესებში შედარებით ნაკლებად არიან ჩართულნი- თუ არ ჩავთვლით ჯერ კიდევ 1992 წელს ეუთოს ეგიდით შექმნილ ე. წ. მინსკის ჯგუფს, რომელიც 20 წელია უშედეგოდ ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას. მისი არაეფექტურობა კი იმით არის გამოწვეული, რომ ნებისმიერი სახის დათმობაზე წასვლა ერთიან მეორე მხარის მიერ, მოსახლეობაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.
თუმცა, ბუნებრივია, სიტუაციის გამწვავებას გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, ჯერ კიდევ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტისას ისაუბრა კონფლიქტის ფართო მასშტაბიან ძალადობაში გადაზრდის საშიშროებაზე და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
საფრანგეთმა, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, მხარეებს ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. იგივე მოწოდებაა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის განცხადებაშიც. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის გამწვავებაზე შეშფოთება გამოთქვა NATO - მაც.
![]() |
14 ობამას წინააღმდეგობის მიუხედავად, კონგრესი მაგნიტსკის აქტის მიღებას იწყებს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
რუსეთი
ავტორი: ივანე ბაძაღუა
სერგეი მაგნიტსკი მუშაობდა კომპანიაში Firestone Duncan, რომელიც იურიდიულ მომსახურებას უწევდა Hermitage Capital Managementს. 2008 წლის ოქტომბერში მაგნიტსკიმ რუსი მაღალჩინოსანი სამართალდამცავები 230 მილიონი დოლარის კორუფციულ გარიგებაში ამხილა. Новая Газета - ს ინფორმაციით, მათ შორის იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ანატოლი სერდიუკოვიც. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ნოემბერში, მაგნიტსკი დააპატიმრეს. მას Hermitage Capital Management - ის დირექტორის, უილიამ ბრაუდერისთვის, გადასახადების დაფარვაში ხელშეწყობისთვის წაუყენეს ბრალი. განაჩენის გარეშე მან 358 დღე გაატარა ციხეში. ამ პერიოდში, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ეტყობოდა წამების კვალიც. მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.
7 ივნისს ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ე.წ. მაგნიტსკის სია მიიღო. კანონპროექტი, ითვალისწინებს სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ჟურნალისტების დევნასა და სხვა არაკანონიერ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილი.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი, ფინანსთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ, ამ ადამიანების სიას გამოაქვეყნებს, მათზე აშშ-ის ვიზა არ გაიცემა და მათი ფინანსური აქტივებიც გაიყინება.
კანონპროექტი ასევე ეხმიანება რუსეთში კორუფციის დონეს.
„მაგნიტსკის სიაზე“ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2009 წელს იურისტი სერგეი მაგნიტსკი ციხეში გარდაიცვალა.
იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, პირველ რიგში ის კიდევ ორმა, საფინანსო და იურიდიულმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ, მას კენჭი ეყრება წარმომადგენლობით პალატასა და სენატში, შემდეგ კი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.
ობამას ადმინისტრაცია კანონპროექტს ღიად ეწინააღმდეგება, რის გამოც დღემდე ვერ მოხერხდა მისი მიღება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ „მაგნიტსკის სია“ ჯერ კიდევ 2011 წელს იყო მზად. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ახალი შეზღუდვები გადატვირთვის პოლიტიკის მიღწევებს ჩრდილს მიაყენებს. რუსეთში ამერიკის ელჩი და გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორი, მაიკლ მაკფოლი ასეთი კანონის მიღების აუცილებლობას უბრალოდ ვერ ხედავს.
რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ობამას საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევა. ცხადია, არჩევნების წინ, ობამას კრემლთან ურთიერთობების გაფუჭება ხელს არ აძლევს. რუსეთი, აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საპასუხო ქმედებით იმუქრება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გააკეთა.
საწინააღმდეგო პოზიცია აქვს სენატორების მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ „ურთიერთობების იმიჯის შენარჩუნებაზე მეტად მნიშვნელოვანია რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა“.
Freedom House-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთში სრულიად ავტორიტარული რეჟიმია. როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიტიკური უფლებების მიხედვით, რუსეთს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს (6 და 5). Transparency International-ის მონაცემებით, კორუფციის დონე ძალიან მაღალია. 182 სახელმწიფოს შორის იგი 143-ე ადგილს
უახლოეს თვეებში, იმისთვის, რომ რუსეთმა სრულად ისარგებლობს ვმო-ს წევრის უფლებებით, ობამას ადმინისტრაცია „ჯექსონ-ვენიკის შეზღუდვების“ გაუქმებას და რუსეთთან მუდმივ, ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებზე (PNTR) გადასვლას აპირებს. 1974 წელს კონგრესმა ეს შეზღუდვები სსრკ-ში ებრაელების უფლებების (ემიგრაციის უფლების) დარღვევის გამო მიიღო. შემდგომში ის ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად გამოიყენებოდა, ვინაიდან სსრკ-ს და შემდეგ რუსეთს, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამო, აშშ-სთან ვაჭრობაში მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებდა.
სავარაუდოდ, „მაგნიტსკის აქტი“ „ჯექსონ-ვენიკის შეზღუდვებს“ ჩაანაცვლებს და მას PNTR-თან ერთად მიიღებენ.
პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ კრემლის ხისტი რეაქციის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ეს მნიშვნელოვნად არ აისახება.
მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე პირებისთვის სპეციალური სანქციების დასაწესებლად საკანონმდებლო ინიციატივები განიხილება კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ჰოლანდიის საკანონმდებლო ორგანოებში. ევროპარლამენტმა ორჯერ, 2010-2011 წლებში, მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროკავშირის წევრებს „მაგნიტსკის საქმეზე პასუხისმგებელი პირებისთვის სავიზო სანქციების დაწესებისკენ“ მოუწოდა.
![]() |
15 ამერიკული პარტიების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ავტორი: ქეთი ზუკაკიშვილი
ნოემბერში ამერიკაში ერთდროულად გაიმართება საპრეზიდენტო, სენატის და წარმომადგენელთა პალატის არჩევნები. საარჩევნო კამპანია თანდათან აქტიურ ფაზაში შედის და ყურადღებას იპყრობს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების შეხედულებები საგარეო პოლიტიკის შესახებ. კამპანიის ფარგლებში აქცენტი ძირითადად კანდიდატების განსხვავებულ ხედვაზე კეთდება, თუმცა ბევრ საკითხში ორპარტიული კონსენსუსიც არსებობს.
მაისში, ჟურნალმა Foreign Affairs საგარეო პოლიტიკის ამერიკელი ექსპერტების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა მრავლისმომცველი იყო და აფასებდა რესპონდენტების დამოკიდებულებას ბრეტონ-ვუდსის ინსტიტუტების, საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების, NATO-ს, გაეროს, ადამიანის უფლებების და სხვა პრინციპული საკითხების მიმართ. დემოკრატები და რესპუბლიკელები გამოკითხულთა თანაბარ ნაწილს შეადგენდნენ და კლინტონის, ბუშისა და ობამას ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობები ეკავათ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ორ მთავარ პარტიას შორის საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით განსხვავებებზე საუბარი ხშირად გადაჭარბებულია. გამოკითხულთა უმრავლესობა (რესპუბლიკელები - 100%25, დემოკრატები - 75%25) თანხმდება, რომ ამერიკამ უნდა შეინარჩუნოს მოქმედების თავისუფლება, თუმცა ასევე აღიარებს, რომ დღეს არსებული საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ საკუთარი ძალებით შეუძლებელია (რესპუბლიკელები - 70%25, დემოკრატები - 100%25). დემოკრატები ასეთი კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად ფორმალურ ალიანსებს არჩევენ, რესპუბლიკელებს კი არაფორმალური კოალიციები უფრო ეფექტურად მიაჩნიათ. გაეროს მიმართ დადებითადაა განწყობილი რესპუბლიკელების 30%25, ხოლო დემოკრატების - 77,3%25. გამოკითხულთა უმრავლესობა ამერიკულ კანონმდებლობას გაეროზე უპირატესად მიიჩნევს, თუმცა რესპუბლიკელების 70%25, ხოლო დემოკრატების 100%25 მაინც თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ამერიკის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანი ორგანოა.
რესპონდენტები თანხმდებიან მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობაზეც. მიუხედავად ამისა, დემოკრატების 71,4%25 მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ფინანსური რეგულაციები საჭირო და გარდაუვალია, რასაც რესპუბლიკელების მხოლოდ 31,6%25 იზიარებს.
გამოკითხულებს მსგავსი მოსაზრებები აქვთ საერთაშორისო ვაჭრობის შესახებაც. მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად დემოკრატების 76,4%25, ხოლო რესპუბლიკელების 89,5%25 მიიჩნევს. სავაჭრო ხელშეკრულებებიდან ამ უკანასკნელთა უდავო ფავორიტი ჩრდილოატლანტიკური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც აშშ-ს, კანადასა და მექსიკას 1994 წლიდან აერთიანებს. ზოგადად, რესპუბლიკელები (57,9%25), დემოკრატებისგან განსხვავებით (18,2%25), თვლიან, რომ რეგიონული შეთანხმებები ამერიკულ ინტერესებს უკეთ იცავს, ვიდრე საერთაშორისო ხელშეკრულებები. მიუხედავად ამისა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გამოკითხულთა ორივე ჯგუფში მაღალი რეიტინგით სარგებლობს (85-86,4%25).
სხვა ორგანიზაციებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს NATO, თუმცა არც დემოკრატები (50%25) და არც რესპუბლიკელები (10%25) არ მიესალმებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების ყველა შესაძლო შემთხვევაში გამოყენებას.
ორივე პარტია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ატომური და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობას, თუმცა ამ ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულებებში გაწევრიანებას (როგორიცაა: ქიმიური იარაღების კონვენცია, გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, სტრატეგიული იარაღების შემცირების ხელშეკრულება) რესპუბლიკელები დემოკრატებზე უფრო დიდი სიფრთხილით უყურებენ.
ტერორიზმს მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევს რესპუბლიკელების 89,5%25, ხოლო დემოკრატების მხოლოდ 52,4%25. ადამიანის უფლებების დაცვას პრიორიტეტულად მიიჩნევს დემოკრატების მხოლოდ 47,6%25, განსხვავებით რესპუბლიკელების 84,2%25-საგან. კლიმატის ცვლილების რესპუბლიკელთა მხოლოდ 11%25 მიიჩნევს აქტუალურად, განსხვავებით დემოკრატთა 76%25-სგან.
ასევე მნიშვნელოვანია განსხვავება ინდივიდუალურ საერთაშორისო მოთამაშეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. დემოკრატები ავღანეთსა (9,1%25) და ერაყს (13,6%25) პრიორიტეტად არ მიიჩნევენ და ისრაელთან პარტნიორობას, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით (100%25), ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ (45,5%25).
ამერიკელი ამომრჩევლის საგარეო პოლიტიკური პრეფერენციები არჩევნებზე გამოვლინდება.
![]() |
16 საპენსიო კონტრრეფორმა - სოციალისტური მთავრობის პირველი ნაბიჯი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
საფრანგეთი
ავტორი: გუგა ჩაფიჩაძე
მარისოლ ტურენი
საფრანგეთში უმუშევრობამ დღეისთვის 10%25-ს მიაღწია, საბიუჯეტო დეფიციტი 5,2%25-ია, სახელმწიფო ვალი კი მშპ-ის 85,8%25-ს შეადგენს. ამ ფონზე, ანალიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ რთული სიტუაციის გადასაჭრელად სწრაფი მოქმედებაა საჭირო.
ოლანდის მთავრობამ ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის თანახმადაც ქვეყნის მოქალაქეებისათვის საპენსიო ასაკი 62 წლიდან 60-მდე შემცირდება. ამის შესახებ Reuters-თან საუბარში სოციალური საკითხების მინისტრმა მარისოლ ტურენმა განაცხადა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საპენსიო ასაკის ცვლილებები მხოლოდ 42-წლიანი სამუშაო სტაჟის მქონე პირებს შეეხებათ.
საპენსიო სისტემის რეფორმის აუცილებლობა ოლანდის წინასაარჩევნო დაპირებებმა გამოიწვია. თუმცა მას წინ უსწრებდა 2010 წელს ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ საპენსიო ასაკის 2 წლით, ანუ 62 წლამდე გაზრდა. მაშინ ცვლილებები საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისა და ქამრის შემოჭერის პოლიტიკის გამო განხორციელდა.
სარკოზის ცვლილებებმა კრედიტორები გაახარა. 2010 წელს საფრანგეთმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად შეძლო საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-ის 5,2%25-მდე შემცირება, რაც ექსპრეზიდენტის გეგმის მიხედვით, დეფიციტის შემცირების მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. 2012 წელს მშპ-ის 4,5%25-მდე შემცირება იყო ჩაფიქრებული, ხოლო 2013 წელს - 3%25-მდე.
გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, 2013 წლისთვის საპენსიო რეფორმით დაახლოებით 110 ათასი ადამიანი ისარგებლებს. ეს საფრანგეთს 1,1 მილიარდი ევრო დაუჯდება, ხოლო 2017 წლისათვის ხარჯები 3 მილიარდამდე გაიზრდება. ფრანგი ოპოზიციონერები თვლიან, რომ ახალი ინიციატივის ხარჯები ხსენებულზე ორჯერ უფრო მაღალი იქნება და ოლანდის გეგმების შესრულების შემთხვევაში ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება. მაგალითად, ყოფილი ბიუჯეტის მინისტრი ვალერი პეკრესი საპენსიო ასაკის ცვლილებებს აკრიტიკებს: „მილიონობით ფრანგი, 100 ათას ადამიანს პენსიას თავისი ჯიბიდან, ასობით ევროს გაღების ხარჯზე გადაუხდის“.
გასათვალისწინებელია დემოგრაფიული პრობლემებიც - მაგალითად, დღეს საფრანგეთში 1 პენსიონერის უზრუნველსაყოფად 3 დასაქმებული მუშაობს. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, დიდი შანსია, 2050 წელს თითო პენსიონერს მხოლოდ 2 დასაქმებული შემორჩეს. ამას საფრანგეთში მოსახლეობის სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა და კლებადი შობადობა ემატება.
![]() |
17 საბერძნეთის შესაძლო დეფოლტი გერმანია იხდის, ვინ დაუკვეთავს მუსიკას? |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მიხეილ ბასილაია
დროის გასვლასთან ერთად საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების და დეფოლტის მოლოდინი იზრდება. ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ ქვეყნის მთავრობამ, 1822 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სულ მცირე, 5 - ჯერ თქვა უარი საკუთარი საერთაშორისო ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. ევროზონის კრიზისის პესიმისტური ფონი უფრო გაამუქა 9 ივნისს ესპანეთის მიერ 100 მილიარდიანი დახმარების პაკეტის თხოვნამ.
საბერძნეთის ეკონომიკური პრობლემები, საბიუჯეტო დეფიციტი ( მთლიანი შიდა პროდუქტის 9%25) და საჯარო ვალი (მშპ - ის დაახლოებით 170%25) ფისკალური უპასუხისმგებლობის, ფინანსური თაღლითობისა და კონკურენტუნარიანობის დაკარგვის შედეგია. მიუხედავად ამისა, გერმანია მაინც მზადაა საკუთარი მოსახლეობისგან მიღებული თანხებით საბერძნეთსა და კრიზისით დაზარალებულ სხვა ქვეყნებს დაეხმაროს. დახმარების სანაცვლოდ ფისკალური დისციპლინის მომთხოვნ კანცლერ ანგელა მერკელს ულმობელი პოლიტიკოსის იმიჯი შეექმნა, ბერძნული მედია კი გერმანელებს ნაცისტებს უწოდებს. მათავიწყდებათ, თუ რა რესურსები გამოყო ევროპის პრაქტიკულად ერთადერთმა ჯანმრთელმა ეკონომიკამ კრიზისის აღმოსაფხვრელად.
ევროზონის პრობლემების დასაძლევად შექმნილ ევროპის ფისკალური სტაბილურობის მექანიზმში 750 მილიარდი ევრო მოგროვდა, ხოლო გერმანიამ ყველაზე მეტი, თანხის დაახლოებით 30%25 გაიღო. თუმცა ეს არ იყო გერმანელთა მიერ თანხების გაღების პირველი და უკანასკნელი შემთხვევა. საერთო ჯამში, გერმანელებმა ევროზონის კრიზისის მოსაგვარებლად უფრო მეტი ფული გადაიხადეს, ვიდრე წლის განმავლობაში საკუთარი გადასახადების გადამხდელებისგან იღებენ. ანალიტიკოსები ეჭვობენ, სანამდე შეძლებს გერმანია სხვების დახმარებას. საინვესტიციო კომპანია Carmel Asset Management - ის მიხედვით, ევროზონის გადარჩენა გერმანელებს 580 მილიარდი ევრო დაუჯდებათ, რაც მათ საჯარო ვალს მშპ - ის 81 - დან 103 პროცენტამდე გაზრდის.
ევროზონის უპასუხისმგებლო ქვეყნების დაფინანსებას გერმანელი ამომრჩეველი უკმაყოფილებით შეხვდა, თუმცა ცნობილი მიმომხილველი ფარიდ ზაქარია აღნიშნავს, რომ ეს უკმაყოფილება მოსალოდნელზე მოკრძალებული იყო. თებერვალში, გერმანიის პარლამენტში, ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფას 622 - დან 496 - მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (წინააღმდეგი მხოლოდ 90 იყო). დაგეგმილია ფინანსურ ტრანზაქციებზე ახალი გადასახადის დაწესება. გერმანული თანხების გარეშე, ევროპის ცენტრალური ბანკი ვერ შეძლებდა ევროპული კერძო ბანკებისთვის იმ იაფი სესხების შეთავაზებას, რომლებმაც ისინი გაკოტრებისგან იხსნა.
დახმარების სანაცვლოდ გერმანელების მიერ ფისკალური დისციპლინის მოთხოვნა მხოლოდ ხარჯების შემცირებას არ გულისხმობს, მათ პრობლემურ ქვეყნებში სტრუქტურული ეკონომიკური მათ პრობლემურ ქვეყნებში სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები - შრომითი ბაზრების გახსნა, ეკონომიკის სექტორების ლიბერალიზაცია და სახელმწიფო რეგულაციების შემცირება სურთ.
რეფორმების აუცილებლობას ეკონომიკური ინდიკატორებიც ცხადყოფს. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიადვილის ინდექსში, იტალია და საბერძნეთი, შესაბამისად, 87 - ე და მე - 100 ადგილებზე არიან. ესპანეთი 44 - ეა, მაღალი შემოსავლის მქონე 31 ქვეყანას შორის კი 24 - ე. იტალია და საბერძნეთი აქ ორ უკანასკნელ ადგილს ინაწილებენ.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, Heritage Foundation - ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში იტალია 92 - ე, საბერძნეთი კი 119 - ე ადგილზეა და ისინი მეტწილად არათავისუფალ ეკონომიკათა შორის არიან. ესპანეთი, 36 - ე ადგილით, საშუალოდ თავისუფალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოთა შორისაა.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 142 ქვეყანას შორის იტალია სამუშაოზე აყვანისა და სამუშაოდან გათავისუფლების სიადვილის მიხედვით 125 - ე ადგილზეა, საბერძნეთი 126 - ე ადგილს იკავებს, ესპანეთი კი 137 - ეა. სამივე მათგანი ცხრილის ბოლოშია სამთავრობო რეგულაციების წნეხის მიხედვითაც - იტალია 140 - ე, საბერძნეთი - 133 - ე, ხოლო ესპანეთი 110 - ე პოზიციაზე. იტალიასა და საბერძნეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს კორუფციაც.
დეფოლტი და ევროზონის დატოვება ეჭვქვეშ დააყენებს საბერძნეთში აქტივების მქონე ევროპული კერძო ბანკების საიმედოობას. საფრთხე შეექმნებათ იტალიასა და ესპანეთს, რადგან მათ დამატებითი ფინანსური რესურსები დასჭირდებათ საბერძნეთის ბედის თავიდან ასაცილებლად. 25 მაისს ესპანურმა საბანკო კონგლომერატმა Bankia - მ 19 მილიარდ ევროიანი დახმარება ითხოვა, 15 დღეში კი დახმარების პაკეტის თხოვნა თავად ესპანეთს მოუწია. გარდა 100 მილიარდიანი დახმარების მიღებისა, ესპანეთი ევროპის ფისკალური სტაბილურობის ფონდში 93 მილიარდ ევროს აღარ გადარიცხავს. ბრიტანელი ჟურნალისტისა და ევროპარლამენტის წევრის, დანიელ ჰანანის აზრით, ვალების მკურნალობა დამატებითი ვალების აღებით მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებს. Deutsche Bank - ის გათვლებით, 20142015 წლებისთვის ესპანეთის საჯარო ვალი მისი მშპ-ის 97 პროცენტს მიაღწევს.
კრიზისიდან გამოსვლის ერთ - ერთ საშუალებად ევროზონის ერთიანი ობლიგაციების გამოშვება სახელდება. საბიუჯეტო გარღვევებისა და საჯარო ვალის გამო სამხრეთის ქვეყნებს ფულის სესხება მაღალი საპროცენტო განაკვეთით უწევთ - ორწლიანი სესხის აღება იტალიას 3.5, ესპანეთს 4, ხოლო პორტუგალიას 9 პროცენტიანი განაკვეთით შეუძლიათ. გერმანიისთვის ერთწლიანი სესხის განაკვეთი 0.026%25 ია, ხოლო 10 წლიანის - 1.47%25. დაბალი საპროცენტო განაკვეთით გერმანიის გარდა ჰოლანდია, ფინეთი, ლუქსემბურგი და ავსტრია სარგებლობენ.
ერთიანი ობლიგაციების გამოშვებით საპროცენტო განაკვეთების დაბალანსება ივარაუდება. ევროობლიგაციების პროპონენტები ევროზონის გასაშუალოებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს იშველიებენ, რომლებიც თითქოს იმედის მომცემია. 2011 წელს ევროზონის საბიუჯეტო დეფიციტი მშპ - ის 4.1%25 იყო, სამთავრობო ვალი - მშპ - ის 87.2%25. ამერიკის დეფიციტმა კი მისი მშპ - ის 8.7 პროცენტს, ხოლო ვალმა მშპ - ის 100 პროცენტს მიაღწია.
თუმცა ეკონომისტი საიმონ ჯონსონი განმარტავს, რომ ევროზონის ინდიკატორები წევრი ქვეყნების ბიუჯეტების დაუბალანსებლობას არ ითვალისწინებენ. ევროობლიგაციების გამოშვებით ვალებით დატვირთული სამხრეთის ქვეყნებისკენ კიდევ უფრო მეტი სუბსიდიების გადინებაა მოსალოდნელი, რაც ინვესტორებს ობლიგაციების საიმედოობაში ვერ დაარწმუნებს. ამას გარდა, ევრო ობლიგაციების მცირე რაოდენობით ( 1015 მილიარდის ღირებულების) გამოშვებას, სავარაუდოდ, არანაირი ეფექტი არ ექნება ევროზონის სიდიდის (2011 წლის ჯამური მშპ 9.4 ტრილიონი ევროა) გათვალისწინებით.
ევროობლიგაციების გამოშვების მომხრეებს მაგალითად ამერიკაც მოჰყავთ - მე - 18 საუკუნის ბოლოს, ფინანსთა მინისტრ ალექსანდრ ჰამილტონის ინიციატივით, ამერიკის ფედერალურმა მთავრობამ 13 შტატის ვალები იტვირთა. თუმცა ფედერალურმა მთავრობამ შტატებისგან მხოლოდ არსებული (ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას დაგროვილი) ვალები და არა მომავალი ფინანსური პასუხისმგებლობები გადაიბარა. შტატები თავიანთ ფისკალურ პოლიტიკაზე ისევ თავად დარჩნენ პასუხისმგებელი და მე - 19 საუკუნეში რამდენიმე მათგანი გაკოტრებამდეც მივიდა. ევროზონის შემთხვევაში კი, წევრი სახელმწიფოები კიდევ უფრო მეტი თანხების სესხებას შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი გერმანიის იმედად ხარჯვას გააგრძელებს, ვალები კი გაიზრდება. თავად გერმანელებს, ახლანდელთან შედარებით, თანხის სესხება გაუძვირდებათ.
ამერიკასთან შედარებით კიდევ ერთი განსხვავება ის არის, რომ ევროზონის უკან არ დგას ერთიანი ფისკალური ინსტიტუტი, რომელსაც გადასახადების აკრეფა, ფულის დაბეჭდვა და, ზოგადად, ფინანსურ პასუხისმგებლობებზე თავისგართმევა შეუძლია. სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ევროობლიგაცია იქნება ქაღალდი, რომლის უკან პასუხისმგებელი ინსტიტუტი ან ქვეყანა არ იდგება.
გერმანია ევროობლიგაციების გამოშვებას იმის გამოც ეწინააღმდეგება, რომ ამით ფისკალური პოლიტიკის გამკაცრების, ეკონომიკური რეფორმების მოთხოვნისა და იძულების ბერკეტებს დაკარგავს. ამჟამად გერმანიას შეუძლია, რომ დახმარების ყოველი მომდევნო პაკეტი რეფორმების გატარების ტემპებს მიაბას.
17 ივნისს საბერძნეთში არჩევნები გაიმართა. შეესხმება თუ არა ხორცი ქვეყნის დეფოლტსა და ევროზონიდან გასვლას, მთავრობის ფორმირებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა საკრედიტო სანდოობის და მთავრობის მიერ თანხების სესხების შესაძლებლობის დასაბრუნებლად, ადრე თუ გვიან, ბერძნებს მაინც მოუწევთ იმ რეფორმების გატარება, რასაც ამჟამად გერმანელები ითხოვენ. ფარიდ ზაქარია აღნიშნავს, რომ საბერძნეთის ეკონომიკური მომავალი გერმანიის გარეშე უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე მასთან ერთად.
![]() |
18 საქართველო ვაშინგტონის დებატებში რუსეთის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
იანუშ ბუგაისკი
სამხრეთ კორეაში მარტში გამართულ სამიტზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ რუსი კოლეგის, დმიტრი მედვედევისადმი გაკეთებულმა პირადი ხასიათის შენიშვნებმა თეთრ სახლსა და პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნის შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებული შტორმი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი საფუძვლად დაედო დებატებსაც - რამდენად რჩება რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ მეტოქედ.
მედვედევთან შეხვედრის ბოლოს ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ისეთ არაერთგვაროვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სარაკეტო თავდაცვის პროგრამა, ლავირების მეტი საშუალება ექნებოდა. ხსენებული პროგრამა, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცენტრალური ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით სარგებლობს. რესპუბლიკური პარტიის შეშფოთება იმან გამოიწვია, რომ ობამა, სარაკეტო თავდაცვის პროგრამასთან დაკავშირებული კომპრომისის მეშვეობით, კრემლის გულის მოგებას ცდილობდა. რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა ლიდერმა თეთრი სახლი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე დადებულ საიდუმლო გარიგებაშიც დაადანაშაულა.
საპასუხოდ, რუსეთის აშშ-ის „ნომერ პირველ გეოპოლიტიკურ მტრად“ გამოცხადებისთვის, დემოკრატებმა რომნი „ცივი ომის რაინდად“ შერაცხეს. თუმცა მანამდე ობამამ პირადად გაუსვა ხაზი პუტინის კავშირს ცივი ომისდროინდელ წარსულთან. ამის მიუხედავად, ცივ ომთან დაკავშირებულ ყველა შედარებას ერთი კითხვა აკლია: დღევანდელი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის თანახმად, რუსეთი აშშ-ის პარტნიორია თუ მეტოქე?
აზრი ორად იყოფა: არც ობამა ცდება და არც რომნი.
კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობის ობამასეულ „გადატვირთვას” საფუძვლად ის მოსაზრება უდევს, რომლის თანახმადაც მოსკოვთან თანამშრომლობა კონკრეტულ ერთობლივ ინიციატივებზე ფოკუსირების შედეგადაა შესაძლებელი. ამ მიდგომამ გაამართლა შეიარაღების კონტროლის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში. ხსენებულმა შეთანხმებამ უზრუნველყო ყოფილი საბჭოთა კავშირის გავლით NATO-ს ავღანეთზე წვდომა და გაეროს მიერ ირანისთვის შეზღუდული სანქციების დაკისრება. თუმცა, უფრო ფართო კონტექსტში რომნი მართალია - აღორძინებული რუსეთი ამერიკის ინტერესებს მრავალ სფეროში ეწინააღმდეგება. მის შეხედულებებს რესპუბლიკური პარტიის ბევრი წამყვანი ფიგურა, მათ შორის სენატორი ჯონ მაკკეინიც იზიარებს.
რომნის აზრით, რუსეთის ატომური არსენალი, მისი ენერგეტიკული პოლიტიკა, ევროპასა და აზიაში გეოგრაფიული განლაგება, ვეტო, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში იყენებს და საშინაო ავტორიტარიზმი ვაშინგტონს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს. შეიარაღების კონტროლისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის ხარისხის მიუხედავად, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა კონკურენტულ და პოტენციურად კონფლიქტურ ხასიათს ატარებს.
რომნი არ ცდება, როდესაც აცხადებს, რომ არცერთ ძალას არ აქვს ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის, NATO-ს ალიანსის ეფექტურობისთვის, საფრთხის შექმნის ისეთი პოტენციალი, როგორც რუსეთს და რომ რუსეთის ამჟამინდელი რეგიონალური გამოწვევები ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებია, რომლებიც მოსკოვის მიერ დომინირებად ბლოკში ჩართვის თავიდან აცილებას ცდილობენ.
რომნის პოზიცია ევროპის აღმოსავლეთ ნაწილთან დაკავშირებით კონკრეტული არ არის, ის მხარს უჭერს NATO-ს ახალი დემოკრატიული სახელმწიფოებით გაფართოებას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ემხრობა ცენტრალურ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემის განლაგებას. რესპუბლიკელმა ობამას საგარეო პოლიტიკას სუსტი უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებების უმეტესობა წინასაარჩევნო მუქარის ნაწილია, რუსეთთან დაკავშირებით რომნის განცხადებების გაზვიადებითა და მათი „უპასუხისმგებლოდ და სახიფათოდ“ გამოცხადებით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტის დაცვას ცდილობენ. ისინი, ასევე, ხაზს უსვამენ ალ-ყაიდას ლიდერთა განადგურების, ერაყის ომის დასრულების და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის მომზადების კუთხით ობამას საგარეო პოლიტიკის წარმატებებს.
რომნის ბანაკი ამტკიცებს, რომ ობამამ უგულებელყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ელემენტები - ხელი ვერ შეუწყო ევროპული დემოკრატიების გაძლიერებას და ვერც NATO-ს გაფართოების თვალსაზრისით გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. მოგეხსენებათ, NATO-ს წევრობის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი სწორედ საქართველოა - ბოსნია-ჰერცეგოვინისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში NATO-ში გაწევრიანებაზე სრული კონსენსუსია; მონტენეგროსგან განსხვავებით კი, საქართველო უკვე არსებით კონტრიბუციას უწევს ალიანსის ოპერაციებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ჩიკაგოს სამიტზე ყველას მიუთითა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა მორიგი შეხვედრა გაფართოების სამიტი იქნება. სავარაუდოდ, საქართველო ამ დროისთვის ალიანსში გაწევრიანების მთავარი კანდიდატი გახდება.
საიმისოდ, რომ საქართველომ NATO-ში გაწევრიანების მოწვევა ფორმალურად მიიღოს, შემდეგი 2 წლის მანძილზე აუცილებელია სამი ფაქტორის კომბინაცია - პირველ ყოვლისა, საჭიროა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგას და საპარლამენტო-საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი კონკურენციის პირობებში ჩაატაროს. მეორე - ვაშინგტონმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს NATO-ს წევრების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს გაწევრიანება ალიანსისათვის სასარგებლო იქნება. და მესამე - NATO-მ არ უნდა დაიჯეროს პუტინისეული კრემლის დაშინების მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გაწევრიანება არასტაბილურობასა და კონფლიქტს გამოიწვევს. კითხვა კი ძალაში რჩება: ამერიკის რომელი პრეზიდენტი შეძლებს, რომ პუტინს დაუხამხამებლად გაუსწოროს თვალი?
იანუშ ბუგაისკი ვაშინგტონში სტრატეგიულ და საერთაშორისო მეცნიერებათა ცენტრის ევროპული პროგრამის უფროსი თანამშრომელი
![]() |
19 კერძო საწარმოში დასაქმების ანატომია |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ავტორები: ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის მიხედვით, 2012 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა მთლიანი პროდუქციის გამოშვება წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27.8%25-ით, ხოლო მთლიანი ბრუნვა 29.6%25-ით გაიზარდა. ამ ზრდის უდიდესი წილი თბილისზე, ხოლო ყველაზე ნაკლები - სამეგრელო-ზემო სვანეთზე მოდის.
საწარმოების მთლიანი ბრუნვა და პროდუქციის გამოშვება რეგიონებში (2012წელი, Iკვარტალი, მილიონი ლარი)
კვლევის თანახმად, საწარმოთა ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მთავარი მამოძრავებელი მსხვილი ბიზნესია. როგორც პროდუქციის მთლიან გამოშვებაში, ისე ბრუნვაში, ყველაზე დიდი წილი - დაახლოებით 83%25 - სწორედ მსხვილ ბიზნესს უჭირავს, რაც დაახლოებით 50%25-ით მეტია მცირე და საშუალო ბიზნესთან შედარებით. აქ ხელფასებიც უფრო მაღალია - თვეში საშუალოდ 250 ლარით. წინა წელთან შედარებით, მსხვილ და საშუალო ბიზნესებში ხელფასები გაიზარდა, ხოლო მცირე ბიზნესში - შემცირდა.
2012 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დაბალი ხელფასები მცირე ბიზნესში დასაქმებულებს აქვთ. მეორე მხრივ, პროდუქციის მთლიან გამოშვებასა და ბრუნვაში მცირე ბიზნესს უფრო დიდი წილი აქვს, ვიდრე საშუალოს. კვლევის მიხედვით, მცირე ბიზნესში, დანარჩენებთან შედარებით, უფრო მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი.
საწარმოებში სულ 470 ათასი ადამიანია დასაქმებული. აქედან 95%25 დაქირავებულია. შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა როგორც საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა, ისე დაქირავებულთა წილი. დასაქმებულების ნახევარზე მეტი თბილისშია. ყველაზე ცოტა კი - სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ყველაზე პოპულარული საქმიანობა ვაჭრობა და ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმის თუ პირადი საგნების რემონტია. კვლევის მიხედვით, ამ სფეროში უფრო მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი. ორივე სქესისთვის საერთო საქმიანობის სფეროებში ასევე შედის დამამუშავებელი მრეწველობა და უძრავ ქონებასთან და იჯარასთან დაკავშირებული ოპერაციები. ამ სფეროებში დასაქმებული კაცების რაოდენობა ქალებისას აჭარბებს.
კვლევა ისეთ სფეროებსაც გამოყოფს, სადაც ან ერთი ან მეორე სქესის წარმომადგენლები უფრო დიდი ალბათობით შოულობენ სამსახურს. ქალებისთვის ასეთი სფეროებია ჯანმრთელობა, სოციალური დახმარება და განათლება, ხოლო კაცებისთვის - მშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა.
ყველაზე პროდუქტიული საქმიანობა დამამუშავებელი მრეწველობაა. პროდუქტიულ საქმიანობებში შედის ასევე ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი და მშენებლობა. კვლევის მიხედვით, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ყველაზე მცირე წილი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებას აქვს.
საქსტატს ჯერ ბოლომდე დათვლილი არ აქვს, თუ რეალურად რამხელა წვლილი შეაქვს ბიზნესის სექტორს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. წინასწარი, ჯერ არაოფიციალური გათვლებით, ქვეყნის მშპ-ის 55%25 კერძო საწარმოებზე მოდის.
![]() |
20 Apple-მა ახალი თაობის MacBook Pro წარადგინა |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
მირიან ტორონჯაძე
სან-ფრანცისკოში 11-15 ივნისს Apple-ის დეველოპერთა მსოფლიო კონფერენცია (WWDC 2012) ჩატარდა. აქ წარმოდგენილი მრავალი სიახლიდან უდავოდ გამორჩეული იყო შუშის ყუთში გამოფენილი ახალი თაობის MacBook Pro. კონფერენციის დაწყებამდე ინტერნეტში, როგორც ეს Apple-ის ყველა ღონისძიების წინ ხდება, ვრცელდებოდა მრავალგვარი ინფორმაცია, მათ შორის ისიც, რომ მოსალოდნელია ახალი MacBook-ის გამოსვლა. ამის საფუძველს იძლეოდა ის ფაქტი, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მისი განახლება არ გვინახავს. თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ის MacBook Air-ის მსგავსი იქნებოდა.
სინამდვილეში კი ახალი თაობის MacBook Pro არც 15-დუიმიანი MacBook Air გახლავთ და არც ტრადიციული Pro. ის ამ ორ არსებულ მოწყობილობას შორის სადღაც შუაში დგას. ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რაც Apple-ის ახალ ნოუთბუქს აქვს, არის Retina-ეკრანი. მსგავსი ეკრანი აქვს Apple-ისვე iPhone 4S-ს. თავის დროზე ეს რევოლუციურ გამოგონებად შეაფასეს - თვით Apple-ის საიტზეც კი, iPhone 4S-ის ერთ-ერთ მთავარ განსხვავებად წინა მოდელისგან ამ ტექნოლოგიის ეკრანია დასახელებული.
ახალი MacBook Pro ძალიან თხელია, მისი სისქე მხოლოდ 1.8 სანტიმეტრს შეადგენს, ანუ 25%25-ით ნაკლებს, წინა ვერსიასთან შედარებით. ეს ზუსტად იმდენია, რაც 13-დუიმიანი მონიტორის მქონე MacBook Air-ის სისქე. თუმცა, ამასთანავე, იგი 15-დუიმიანი მონიტორითაა აღჭურვილი. ვისაც ამ ორივე მოწყობილობის რეალურად გატესტვა და შედარების საშუალება უკვე მიეცა, აღნიშნავენ, რომ შეგრძნებები მაინც განსხვავებულია. თუმცა, თუკი Air-თან შედარებით ახალი ნოუთბუქი ოდნავ მოუქნელი ჩანს, თავის პირდაპირ წინაპარ Pro-ს აშკარად სჯობს კომპაქტურობით.
მოდი, ვნახოთ რა დევს ამ ახალ, ლამაზ კორპუსში. ეკრანის აღწერას რომ მოვრჩეთ, საკმარისია იმის აღნიშვნაც, რომ მისი გაფართოება სარეკორდო: 2880 - 1800 პიქსელზეა. ეს ნიშნავს, რომ ერთ დუიმზე 220 პიქსელი მოდის. Apple-ის წარმომადგენლის, ფილ შილერის თქმით, ნოუთბუქებისთვის ეს დღესდღეობით ყველაზე დიდი გაფართოებაა. ასეთი ხარისხის გამოსახულების უზრუნველსაყოფად ლეპტოპი აღჭურვილია Nvidia-ს 384-ბირთვიანი ვიდეობარათით GT 650 M. წარმადობით იგი 2011 წლის ტოპმოდელებს, 460 M-სა და 560 M-ს უახლოვდება. MacBook Pro-ს მთავარი პროცესორია ინტელის i7, ოთხბირთვიანი ძლიერი ჩიპი 2.7 გიგაჰერცი სიხშირით. 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება კი აუცილებლად გაახარებს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც კომპიუტერის ბოლომდე დატვირთვა უყვართ.
რაც შეეხება გარე კონექტორებს - წინა მოდელებისგან განსხვავებით, მას მხოლოდ USB 3.0 პორტები აქვს, კორპუსის თითო მხარეს - თითო. გარე მონიტორის ან HD ტელევიზორის შესაერთებლად გამოიყენება HDMI პორტი. კორპუსზე ასევე აღმოაჩენთ ახალ, MagSafe 2 პორტსაც. საქმე ისაა, რომ ძველი MacBook-ის მფლობელებს მოუწევთ კვების ახალი ადაპტერების შეძენა, რომელიც მხოლოდ ამ პორტზე მუშაობს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, Apple-ის მოყვარულთათვის, რომლებსაც ძლიერი, ლამაზი და მოსახერხებელი ლეპტოპი ესაჭიროებათ, ეს მშვენიერი საჩუქარია. თუმცა მათ ამ „სათამაშოსთვის“ 2199 დოლარის გადადებაც მოუწევთ.
![]() |
21 გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
დიდია გაბრიელეპისკოპოსის ღვაწლი როგორც ქართულ ეკლესიაში, ასევე ქართული იდენტობის, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნაში. უსაზღვროდ განათლებული, პატიოსანი და თავმდაბალი მღვდელმთავარი მაშინდელი ქართული ეკლესიის სახე და სინდისი იყო. ჩამკვდარი, ეგზარხოსების მიერ როგორც სულიერად ასევე მატერიალურად გაძარცვული იმერეთი მისი შრომით კვლავ აღორძინდა, უამრავი მღვდლისთვის, ეპისკოპოსისთვის იყო გაბრიელი მასწავლებელი და წინამძღოლი.
ხათუნა გოგუაძე
ისტორიკოსი
ილია ჭავჭავაძე ტფილისი, 11 თებერვალი [1896წ.]
სტირის და გლოობს მთელი საქართველო. მართლადაც უნდა იტიროს და იგლოვოს. დაკარგვაც არის და დაკარგვაც. დღეს საქართველომ დაჰკარგა ერთი იმისთანა დიდებული კაცი, რომელიც არამც თუ ჩვენში, საცა ასე იშვიათია კაცური კაცობა, სხვაგან ყველგანაც, საცა დიდბუნებოვანება ადამიანისა ხშირია, იქაც კი ამისთანა კაცი სასახელოა და თავმოსაწონებელი მთელის ერისათვის.
აღარა გვყავს ჩვენი სასიქადულო, ჩვენი გათქმული და სამართლიანად სადიდებელი მღვდელმთავარი, ყოვლად ბრწყინვალე და პატიოსანი ეპისკოპოსი გაბრიელ. როცა რომელისამე ერის სიკეთე გნებავთ დაანახვოთ ვისმე, ერის აღმატებულობა დააჯეროთ, სწორედ ამისთანა კაცებს დაასახელებენ ხოლმე, აი ამ ერს ამისთანა კაცები ჰყავსო. ამისთანა კაცების ჩამოთვლით ერისკაცობას ზომავენ. დღეს ჩვენ ამისთანა კაცი დავკარგეთ და მოდით, ნუ იტირებთ, ნუ იგლოვთ!..
ვაი, რომ ჯერ, როცა ამისთანა კაცი საფლავში არ ჩაგვისვენებია, როცა მისი წმინდა გვამით ითქმის არც კი გაციებულა, როცა მისი კუბო ჯერ კიდევ თვალწინ გვისვენია და ველით, საუკუნოდ სახსენებელი ვუთხრათ ცრემლითა და გოდებითა, - ჩვენი რუსული გაზეთი „კავკაზ“ - ი, გვიგინებს მიცვალებულსა, მთელის საქართველოს წმინდა ცრემლში ურევს უწმინდურს დორბლს ილია ხონელისას და ზედ აყრის ჯერ არ გაციებულს გვამსა .
ჩვენ ვიცით საიდამა სტკივა ჭიანი კბილი ილია ხონელს და ის ჭიანი კბილი რისთვის გამოჰკრა ამ პატიოსანს გვამსა, რომელსაც არც კი დააცალა მიჰბარებოდა მიწას. მაგრამ ის კი არ ვიცით, ჩვენი „კავკაზ“ - ი რას გადაგვკიდებია და არ გვაცლის იმოდენას მაინც, რომ ჩვენი სასიქადულო მიცვალებული დავმარხოთ შხამდაუსხმელად ილია ხონელის ცილისწამებისაგან.
რა უნდოდა ეთქვა „კავკაზს“ იმით, რომ ჯერ ამბობს, განსვენებული იყო „უნიჭიერესი და სახელოვანი მღვდელმთავარი საქართველოს ეკლესიისაო“ და მერე უმატებს - როგორც ადმინისტრატორი კი არ ვარგოდაო. მითამ უკეთესი ქართველიც კი უარესი ადმინისტრატორიაო, განა? თუ მართლა ნიჭიერი და ყველაზე მეტად გათქმული ქართველი მღვდელმთავარი ადმინისტრატორად არ ვარგა, ცხადია ამაზე ნაკლები რა ადმინისტრატორი იქნება. ამისი თქმა უნდოდა განა? გვესმის…
შესაძლოა, უნიჭიერესი და სახელოვანი მღვდელმთავარი მართლა კარგი ადმინისტრატორი არ იყოს, ამაზე, რა თქმა უნდა, გძელი ქსელი გაიბმის ლაპარაკისა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაკი იმისთანა მართლა სახელოვანს და უნიჭიერეს მღვდელმთავარზე, როგორიც განსვენებული ბძანდებოდა, სიტყვა ჩამოაგდო „კავკაზმა“, უბრალო წესი მართებულობისა ითხოვდა, საბუთიც ეჩვენებინა, ერთი რამ საბუთი და არ აჰყოლოდა ამისთანაებში ყოვლად ცნობილს ავყიობას და ენაჭარტალობას იმისთანა კაცისას, როგორიც ილია ხონელია.
თუნდ ცოტა ხანს დავუჯეროთ „კავკაზს“, რომ განსვენებული გაბრიელ ეპისკოპოსი ცუდი ადმინისტრატორი ყოფილა და რამოდენადაც ეს მართალია, „კავკაზის“ ნამუსზე მივაგდოთ. საქმე ის არის ვიკითხოთ: განა მარტო ეს გვაკმარა!.. ჩვენი მშვიდობიანი გულმართალი, ჩვეულებრივ წყნარი, ყოველის გაჭირებულის გამკითხველი და შემწყნარებელი, სათნოებით და მადლით სავსე განათლებული მღვდელმთავარი, „კავკაზის“ სიტყვით, ერთი ახირებული, რაღაც გულღვარძლიანი კაცი გამოდის. იგი მისთანა მძიმე ხასიათისა ყოფილა, რომ კაცი თურმე ვერ მიეკარებოდა. ეს ცოტაა: იგი დესპოტურის ბუნებისაც ყოფილა და ამის გამო ისეთი რაღაცეები ჩაუდენია, რომ სამართლიანად დაერქვაო „მაჩხუბარი, თუ მეომარი ბერმონაზონიო”. არც ეს აკმარა „კავკაზმა“: ყველას ეჭვის თვალით უყურებდა, ყველას ზედ მიესევოდა თუ გამოეკიდებოდაო, ყველასთან საომარ ფეხზე იდგაო, ესე იგი, ყველას ეჩხუბებოდაო და სხვანი და სხვანი.
საბუთი, საბუთი!.. ბნ - ო რედაქტორო!.. ყოველ ამაზე საბუთი გვიჩვენეთ, საბუთი! უსაბუთოდ ვერ გაგაქელვინებთ ამისთანა კაცს, ვერ გაგაუპატიურებინებთ გრძნობას საკუთარის ღირსებისას მთელის საქართველოსას. ეგ კაცი ჩვენი სახელი იყო და არის, ჩვენი ღირსება იყო, არის და იქნება კიდეც, ვიდრე ქვეყანაზე სიტყვა „სამართალი“ არ გაუქმდება ისე, როგორც გაუუქმებია იგი თქვენს საყვარელ ილია ხონელს, რომლის პირითაც მოგვდგომიხართ და საყვარელს მკვდარსაც არ გვამარხვინებთ შეუგინებლად. აქ ან საბუთი, ან ბოდიში!.. სხვა არარა დააწყნარებს აღშფოთებულს გულს პატიოსანის კაცისას.
რაგინდ იფიქროს „კავკაზმა“, ჩვენ კი არავის არ შევაგინებინებთ იმისთანა კაცს, როგორიც ჩვენდა სასახელოდ და სასიქადულოდ მოგვივლინა ღმერთმა და აწ წაგვართვა და რომელიც მიჩნეულია უკეთესს მღვდელმთავრად არამც თუ ჩვენში, არამედ ბევრგან სხვაგან. არავის შევაბღალვინებთ ჩვენს ძვირფასს მკვდარს, ჩვენს წმინდა ცხედარს, რომლის კუბოსაც დღეს მუხლმოდრეკით პატივსა სცემს დიდი და პატარა. ამისთანა უსაბუთოდ ავად ხსენებას ყოვლად ღირსეულის კაცისას, რომლის სახელსაც ყოველი ქართველი ილია ხონელის გარდა, დიდი პატივით და სასოებით იხსენებს, რომლის წმინდა გვამსაც მთელი საქართველო თავისს ცრემლს ადენს, უიმისოდ ვერ შევარჩენთ ვერავის, რომ ჩვენი სრული ზიზღი, ჩვენი სამართლიანი წყევლა - კრულვა არ შევუთვალოთ.
ამისთანა ამბებმა განუკითხველად არ უნდა ჩაიაროს. თუ „კავკაზს“ ცალკე ადამიანის ღირსების გრძნობა არაფრად მიაჩნია და არ ერიდება უსაბუთოდ მის გათელვას და შებღალვას, ამ შემთხვევაში პატივი მაინც უნდა შეენახა, სხვა არა იყო რა, მთელის საქართველოს ერისა, რომელსაც სამართლიანად მიაჩნია ლოცვა - კურთხევით გამოეთხოვოს სამუდამოდ თავისს სასიქადულო და დიდებულს კაცსა და ილია ხონელის უწმინდურ დორბლით არ ცდილიყო შეებილწა ჯერ თითქმის არ გაციებული მცხედარი.
ნუთუ „კავკაზს“ ჰგონია, რომ გრძნობა ღირსებისა საქართველოს ერს იმოდენად გაღვიძებული არა აქვს, რომ გაუპატიურებად არ მიიღოს ესეთი უგვანო, უმართებულო, უწმინდური, უშვერი თელვა და გინება მისი, რასაც იგი დღეს თავისს სიქადულად და სახელად სთვლის და საუკუნოდ ესალმება გლოვითა და ტირილითა.
![]() |
22 ძველი მაშა და ახალი სარა |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
რაფაელ ნადალი მერვედ ჩავიდა პარიზში, მეშვიდედ დაშალა ოპოზიციის მიტინგი და კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა გრუნტის მეფის სავარძელი. კომფორტული, რბილი, ცოტა გაცვეთილი სავარძელი. რაფაელმა როლან გაროს ბოლო აკორდი ნოვაკ ჯოკოვიჩთან აიღო, 6: 4,6: 3,2: 6,7: 5 დასვა და დაისვენა. უიმბლდონამდე დიდი ბიჭები საქმეებს ქვინზში და ჰალეში გაარჩევენ. შემდეგ ბალახის, მარწყვის, სადა ბენდენების და სამეფო ოჯახის ტურნირი წამოვა.
ადრე, 31 წლის წინ, ბიორნ ბორგმა მეექვსედ მოიგო როლან გარო. რეკორდი, რომელიც ვერც სეგაზე, ვერც სონიზე და ვერც კორტზე ვერ უნდ ამოეხსნათ. ორ დეკადაში მათს ვილანდერმა, ივან ლენდლმა და გუსტავო კუერტენმა სამჯერ მოხსნეს ჯეკპოტი. ვილანდერი როლან გაროს მოთმინებით იგებდა, ლენდლი - დისციპლინით და კუერტენი - რიოს არომატით.
მერე მოვიდა ნადალი და ყველაფერი გააფუჭა. რაფაელმა 7 წლის წინ გაიცნო როლან გარო და პარიზში, 53 გარჩევიდან, მხოლოდ ერთი ვერ მოიგო. 2009, რობინ სოდერლინგი ფრედი კრიუგერი გახდა და რაფაელი სიზმარში დააშინა. ნადალმა ვერ გაიღვიძა და სოდერლინგი ფინალამდე მივიდა. სხვა შემთხვევაში ნადალი ყველაფერს აგვარებდა. 52 მოგება, 1 ვერ მოგება, მხოლოდ 14 წაგებული სეტი, ერთადერთი ხუთსეტიანი თამაში. ნადალმა ტურნირი ორჯერ სეტის წაუგებლად დახურა. ოთხი წლის წინ როჯერ ფედერერს ყური აუწიეს - ჩოგბურთის მარჩელო მასტროიანის ნადალმა ფინალში ოთხი გეიმი მიუგდო. ფედერერს შერცხვა.
ბორგმა კარიერა 26 წლის ასაკში დახურა. ლორედანა ბერტეს და ბევრ სისულელეს გაეკიდა. ნადალი სერიოზული ბიჭია და ჯერ წასვლას არ აპირებს. ესპანური თემა დავხუროთ და სხვა თემებზე გადავერთოთ.
სერენა უილიამსმა ვირჯინი რაძანოსთან ბევრი შეცდომა დაუშვა. სერენა იგებს პირველ სეტს, აგებს მეორეს და ის, მეორე სეტი არ უნდა წაეგო. ტაი ბრეიქზე ამერიკელმა 5: 1 წაიყვანა და მერე ფრანგი სერენა გახდა. რაძანომ აქაჩა, დამშვიდდა და ქალბატონი უილიამსი აიჭრა. 4: 6,7: 6( 5), 6: 3,Razzano. ვირჯინია კარგი გოგოა, ადრე პირველ ათეულში იჯდა, როლან გარომდე პირველი ასეულის ვიზა წაართვეს და ეგრევე დაუბრუნეს. უილიამსმა ბოლო მეიჯორი შარშანწინ, იქვე, პარიზში აიღო და უკვე 30 წლის არის. ასაკი რთული რაღაცაა. ასაკმა უილიამსს გაუსწრო.
დავიდ გოფენი ტურნირში არ უნდა ყოფილიყო. ბელგიელმა ვერ გაიარა კვალიფიკაცია (პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან 3: 6,6: 7( 5) ჩარჩა) და ჩელენჯერებისთვის მზადება დაიწყო. მერე ვიღაცები აილეწნენ, ვიღაცების ცოლებმა მშობიარობა დაიწყეს და გოფენი ძირითად ბადეში ჩასვეს. ბიჭმა მოუგო ტურნირის ოცდამესამე ნომერს, რადეკ შტეპანეკს, მოხუც არნო კლემანს, პოლონელ ლუკაშ კუბოტს. შემდეგ გაჩერებაზე გოფენს ბილეთი ფედერერმა შეუმოწმა. როჯმა ბიჭს ოთხსეტიანი თერაპია ჩაუტარა და გოფენი მორჩა. დავიდი ერთჯერადზე ბევრჯერადი უნდა იყოს.
იგივე თემაა იაროსლავა შვედოვაც. კვალიფიკაციიდან ნახევარფინალამდე როლან გაროზე ჯერ არავინ მისულა. ყაზახ გოგოს, რომელიც უფრო სექსუალურია, ვიდრე მარი პირსი, პეტრა კვიტოვამ შემოარტყა. ჩეხი ღონიერია, ენერგიას და აგრესიას მშვენივრად აკონტროლებს და შვედოვასთან წვალებით, მაგრამ მაინც მოაგვარა ყველაფერი - 3: 6,6: 2,6: 4. შარშანწინ შვედოვა იქვე, იმავე დონეზე გავიდა და ყაზახური Resident Evil ელენა იანკოვიჩმა დახურა. იაროსლავამ ამ მეოთხედფინალით 80 ადგილი ( 142-62) მოიგო.
ვიკა აზარენკამ სეზონი ავსტრალიაში მიკ ჯაგერივით გახსნა. დღეს ბელორუსი უფრო დიმა ბილანია. აზარენკამ დაკარგა აგრესია, აზარენკამ დაკარგა ლტოლვა და აზარენკამ დაკარგა რეიტინგის პირველი ადგილი. ვიქტორია პარიზში დომინიკა ციბულკოვამ ( სლოვაკეთი)6: 2,7: 6 აჭრა.
ამერიკელების რესტლინგი მოჩვენებითად საინტერესო იყო. რაიან ჰარისონი პირველ წრეში ჟილ სიმონთან აგებს. ბრაიან ბეიკერმა გაიარა ქსავიე მალისი და მეორე წრეში ჟილ სიმონზე გავიდა. ფრანგმა მაზოხიზმებით და წიკვინით მოიგო. ხუთ სეტში, მეხუთე სეტი 6: 0. კლასიკური სიმონი.
ენდი როდიკი ფრანგულ ექსკურსიას ნიკოლა მაიუსთან, პირველ წრეში, ოთხ სეტში ხურავს.
ჯონი იზნერი წელს უგებს ფედერერს, შედის პირველ ათეულში და პოლ - ანრი მატიოსთან იშიფრება. იზნერული, ხუთსეტიანი გარჩევა მატიომ მეხუთე სეტში 18: 16 დაამთავრა. Epic.
დონალდ იანგს გრიგორ დიმიტროვმა დაუსვა ნავახა. ბულგარელმა ბუნჩულა ამერიკელი 7: 6( 3),6: 1,6: 1 დაამშვიდა.
სემ ქუერი იანკო ტიპსარევიჩთან გავარდა და ეს ლოგიკური იყო. სემი ქუერია და ტიპსარევიჩი პირველ ათეულში ზის.
ჯესი ლევაინმა გაშიფრა ბენჟამინ ბეკერი და მეორე წრეში მილოშ რაონიჩთან წააგო. როლან გაროზე ამერიკაც გაშიფრული იყო.
სარა ერანი ტურნირის კონკია, ჰიტი, თბილი მოგონება იყო. ალბათ, დარჩება. იტალიელმა ფინალამდე იარა. ტურნირამდე სარა ოცდამეერთეა, დღეს - მეათე. სარამ მოაგვარა ანა ივანოვიჩის (ტურნირზე განთესვით მეცამეტე), სვეტლანა კუზნეცოვას (26), ანგელიკ კერბერის (10) და სემ სტოსურის (6) პრობლემა. მერე წამოვიდა მარია შარაპოვა. ეს უკვე ფინალში იყო და მაშამ 6: 3,6: 2 დატოვა.
შარაპოვა პირველია. მთელ რეიტინგში. ერანიც პირველია. იტალიელებში.
როლან გარო საინტერესო იყო. ვენსან კასელით, ვენსანის ლამაზი ცოლით, დაკუნთული ნადალით და გაუპარსავი ხუან მარტინ დელ პოტროთი.
ველოდებით უიმბლდონს.
რაფაელ ნადალი
![]() |
23 კონვერტირებადი ფეხბურთი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
ფეხბურთში მხოლოდ ფული რომ წყვეტდეს ყველაფერს, მაშინ ამ წერილს აზრი დაეკარგებოდა: გეცოდინებოდა, რომ ევროპის ჩემპიონი ყველაზე ძვირად შეფასებული ესპანეთის ნაკრები გახდებოდა, ფინალში კი გერმანია ითამაშებდა. სანამ ბებერი კონტინენტის საუკეთესო გუნდები პოლონეთის და უკრაინის სტადიონებზე ბურთს აგორებენ, ჩვენ ცოტა გავერთოთ: ანრი დელონეს სახელობის ევროპის თასის ყველაზე ძვირი და იაფი პრეტენდენტები „გამოვავლინოთ“.
ირლანდია
სახელგანთქმული იტალიელი სპეციალისტის ჯოვანი ტრაპატონის გუნდი ევრო 2012-ის მონაწილეთა შორის ყველაზე „იაფია“- მისი ფასი 70,25 მილიონი ევრო გახლავთ. ირლანდიელთა ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე შემტევი ნახევარმცველი ეიდენ მაკგიდია - მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელი 9 მილიონადაა შეფასებული.
პოლონეთი
ევრო პირველობის თანამასპინძლის საერთო ფასი 85,35 მილიონია. პოლონელთა საუკეთესო მოთამაშე, დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი კი, ამავდროულად, ყველაზე ძვირადღირებულიცაა - 15მილიონადაა შეფასებული.
საინტერესოა, რომ ლევანდოვსკის, პიშჩეკის, ბლაშჩიკოვსკის და მეკარე შჩესნის საერთო ფასი უფრო მეტია, ვიდრე გუნდის დანარჩენი წევრების ერთად აღებული.
ჩეხეთი
პირველივე ტურში რუსეთთან განადგურებული გუნდი 101,1 მილიონ ევროდაა შეფასებული, ამ თანხიდან ზუსტად მეოთხედი კი ლონდონის ჩელსის გოლკიპერის, პეტრ ჩეხის ფასია - ჩემპიონთა თასის მფლობელი მეკარის ღირებულება 25 მილიონს უტოლდება.
შვედეთი
სკანდინავიელთა ღირებულება 119,75 მილიონია, მაგრამ რომ არა მილანის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ეს გუნდი ირლანდიის შემდეგ ყველაზე „იაფი“ იქნებოდა - შვედეთის ნაკრების ლიდერის სადღეისო სატრანსფერო ფასი 37 მილიონია!
საბერძნეთი
ევრო 2004-ის ტრიუმფატორებს ყოველთვის კარგი მცველები ჰყავდათ და გამონაკლისი არც ფერნანდო სანტუშის გუნდია.
ჩვენს რეიტინგში საბერძნეთი ბოლოდან მეორეა - მისი ღირებულება 83,7 მილიონი ევროა, ფეხბურთელებს შორის კი მცველები ლიდერობენ: ბუნდესლიგაში მოთამაშე კირიაკოს პაპადოპულოსს და სოკრატის პაპასტათოპულოსს, შესაბამისად, 9 და 8 მილიონ ევროდ აფასებენ.
დანია
მორტენ ოლსენის გუნდმა ევრო 2012-ის პირველ ტურში ჰოლანდია დაამარცხა. ნარინჯისფერების ფასთან შედარებით-277 მილიონი - სკანდინავიელთა „ღირებულება“ „სასაცილოა“ - 86,85! დანიელთა უძვირფასესი ფეხბურთელები ლივერპულის მცველი დანიელ აგერი და აიაქსის ვარსკვლავი კრისტიან ერიკსენი არიან - მსურველმა კლუბებმა 13- 13 მილიონი ევრო უნდა გაიღონ.
უკრაინა
ანდრეი შევჩენკოს საუკეთესო წლებში რომ დაგვეჯამებინა ოლეგ ბლოხინის გუნდის ფასი, უკრაინელები გაცილებით წინ იქნებოდნენ, მაგრამ ახლა 107,4 მილიონით უწევთ „დაკმაყოფილება“.
ევროპის 2004 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული შევჩენკო დღეს უძვირფასესთა შორისაც ვერ ხვდება - ასეთი კიევის დინამოს 22 წლის ამომავალი ვარსკვლავი ანდრეი იარმოლენკოა 9 მილიონით.
ხორვატია
სლავენ ბილიჩის გუნდის შემთხვევაშიც დაახლოებით ის სიტუაციაა, რაც შვედებთან - ბალკანელთა ფასი 150,5 მილიონია, აქედან 40 კი ლუკა მოდრიჩის „წილია“.ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურის ნახევარმცველი კლუბის ხელმძღვანელობამ სწორედ ასე „დააფასა“.
ამბობენ, რომ მოდრიჩი ზაფხულის სატრანსფერო სეზონის ყველაზე ძვირადღირებული გარიგების მონაწილე გახდება - ხორვატის გადაბი- რებარომანაბრამოვიჩისჩელ- სისსურს.
რუსეთი
დიკ ადვოკაატის გუნდმა ევრო 2012-ის წინ იტალია 3: 0 გაანადგურა, პირველ ტურში კი ჩეხეთს 4: 1 სძლია. რუსეთი 160,3 მილიონით მერვეა, გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი მეკარე იგორ აკინფეევია 17 მილიონით.
ჩეხეთის ნაკრების კარში ორი გოლის გამტანი ალან ძაგოევის ღირებულება მილიონით ნაკლებია.
ჰოლანდია
ბერტ ვან მარვიიკის გუნდი „ბრწყინვალე შვიდეულის“ ბოლო წევრია, მისი საერთო ღირებულება კი 116,7 მილიონით მეტია, ვიდრე რუსეთის - 277-ს უტოლდება. თუ ვინაა უძვირფასესი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს: ინგლისის პრემიერლიგის ბომბარდირი და სეზონის რჩეული რობინ ვანპერსი. ლონდონის არსენალის კაპიტნის სატრანსფერო ფასი 45 მილიონს უტოლდება.
მეორე - მესამე ადგილებს 32 - 32 მილიონით უესლი სნეიდერი და არიენ რობენი იყოფენ, ევროჩემპიონატებისყველადროისყველაზეპატარამო- ნაწილეჯეტროვილემსიკინა- რინჯისფერთა„ უიაფესი”წევ- რია- მხოლოდ1,5მილიონი.
იტალია
სკუადრა აძურამ ევრო 2012-ის დაწყებამდე ზედიზედ სამი ამხანაგური თამაში წააგო, მაგრამ პირველივე ტურში ესპანეთთან ღირსეული ფეხბურთი ითამაშა და ქულაც მოიპოვა.
ჩეზარე პრანდელის გუნდის ფასი 296,1 მილიონია, უძვირფასესი კი ახალ გამომცხვარი ცენტრალური მცველი დანიელე დე როსი გახლავთ - 32 მილიონი.
პორტუგალია
ის, რომ პორტუგალია საუკეთესო ხუთეულის წევრია, მხოლოდ და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს დამსახურებაა - მადრიდის რეალის ვარსკვლავი და მესის შემდეგ პლანეტის „ნომერ მეორე“ 90 მილიონადაა შეფასებული!
უცნაურია, მაგრამ პორტუგალიელთა კაპიტანი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ირლანდიის, საბერძნეთის, პოლონეთის ანაც დანიის ნაკრები.
კრიშტიანუს შემდეგ გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული წევრი მანჩესტერ იუნაიტედის გარემარბინანია - 32 მილიონი.
ინგლისი
პირველი სამეულის ბოლო საფეხურზე ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლები არიან: როი ჰოჯსონის ეს გუნდი 403,75 მილიონადაა შეფასებული.
გუნდის უძვირფასესი ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდის ვარსკვლავი უეინ რუნია - 65- მილიონიან ფორვარდს ამ ჩემპიონატზე ჯერ არ უთამაშია, დისკვალიფიკაციას იხდის და სავარაუდოდ, გუნდს უკრაინასთან ჯგუფის უკანასკნელ მატჩში დაუბრუნდება.
ესპანეთი
ბოლო ოთხწელიწადში ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგეს და ფიფას ოქროს თასიც. ყველამ იცის, რომ დიდი გამარჯვებები რჩეული ფეხბურთელების გარეშე წარმოუდგენელია, ასეთები კი ძვირად ფასობენ.
ესპანეთის ნაკრებში არაერთი ბრწყინვალე ფეხბურთელია და ამიტომაცაა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი არის ერთადერთი, რომლის საერთო ფასი ნახევარმილიარდზე მეტია - 658 მილიონი!
და ეს დავიდ ვილიას და კარლეს პუიოლის გარეშე - პირენეელთა ორი ვარსკვლავი ტრავმის გამო დააკლდა ევრო 2012- ს.
![]() |
24 ბრიტანული ლეგიონი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
გიორგი ფირცხელანი
1913 წლის აგვისტოში, რიო დე ჟანეიროს ერთი ლივერპულელი ინგლისური ენის მასწავლებელი ეწვია. ჰარი უელფაირი ანგლო - ბრაზილიურ გიმნაზიაში მუშაობდა და პარალელურად, სამოყვარულო დონეზე, ადგილობრივ გუნდებში ბურთსაც აგორებდა. ერთ - ერთი ასეთი სპარინგმატჩის შემდეგ, უელფაირი ფლუმინენსეში სათამაშოდ მიიწვიეს. მაშინ ფლუს კლუბის დამაარსებელი, ინგლისური წარმოშობის ბრაზილიელი, ოსკარ კოქსი მართავდა. უელფაირი კოქსის წინადადებას დათანხმდა და რამდენიმე თვეში, ფლუმინენსეს ლიდერად იქცა. მას მცირეოდენი პროფესიული გამოცდილება სამშობლოდან გაჰყვა - ოთხი თამაში ლივერპულში და რამდენიმე მატჩი მეზობლად, ტრანმერ როვერსის შემადგენლობაში ჰქონდა ჩატარებული.
ინგლისელი მასწავლებელი ფლუმინენსეს ღირსებას 1913 - 24 წლებში იცავდა. ჩაატარა 166 მატჩი და გაიტანა 163 გოლი. მას არასოდეს უთამაშია ინგლისის ნაკრებში, მშობლიური ქვეყნის ჩემპიონატში კი მისი კარიერა ოთხი თამაშით და მოყვარულის სტატუსით დასრულდა. ჰარი უელფაირი 1966 წელს, რიოს სამხრეთით, ანგრა დოს რეისში გარდაიცვალა.
სამხრეთ ამერიკაში ბრიტანელთა მოგზაურობა ამით არ დასრულებულა. მთავარი ამბავი 1948 წელს დაიწყო, როდესაც კოლუმბიის ლიგის გუნდებმა, მილონარიოსმა და სანტა ფემ, ოთხმაგი ხელფასების გაცემა დაიწყეს. კოლუმბია ფიფას წევრი სახელმწიფო არ გახლდათ, შესაბამისად, ფიფას რეგულაციები და სანქციები კოლუმბიის ჩემპიონატზე არ ვრცელდებოდა. მილონარიოსმა, არგენტინული ტრიო - დი სტეფანო, როსი და პედერნერა მიიწვია სათამაშოდ. ტრიო, ზედმეტსახელად - ლურჯი ბალეტი. სანტა ფემ კი ბრიტანელებზე გააკეთა აქცე ტი, ინგლისის ჩემპიონატიდან ნილ ფრანკლინი და ჯორჯ მაუნტფორდი გადაიბირა, მაგრამ ლომების მთავარი მონაპოვარი, მეტ ბასბის პირველი თაობის პროდუქტი - ჩარლი მიტენი იყო.
მანჩესტერელი „ვიზარდ ვინგი“ ბოგოტაში მაღალი ხელფასის და დიდი ჰონორარის გამო ჩავიდა. მაშინ ინგლისის ჩემპიონატში სახელფასო ჭერი არსებობდა - 12 გირვანქა კვირაში. სანტა ფე 40 - ს იხდიდა, პლუს 5,000 გირვანქას სატრანსფერო ჰონორარის სახით. მიუხედავად ყველაფრისა, ინგლისელებმა „ლურჯი ბალეტის“ დომინაცია ვერ დაამხეს - სანტა ფემ, მდიდრული წლები მილონარიოსის ჩრდილქვეშ გაატარა.
1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კოლუმბიის ნაკრები ბოგოტაში, მსოფლიო ჩემპიონ ურუგვაის და უპირისპირდა. კოლუმბიის სელექციაში ექტორ რიოსი, დი სტეფანო და ჩარლი მიტენი მოხვდნენ. ლეგიონერების დახმარებით კოლუმბიამ 3:1 გაიმარჯვა.
საბოლოოდ, 1953 წელს, ფიფამ მაინც მიაღწია მიზანს და კოლუმბიური გუნდების დომინაციაც იქ დასრულდა - მილონარიოსი და სანტა ფე დაიშალა. მადრიდის რეალმა დი სტეფანოს, რიოსს და მიტენს კონტრაქტები შესთავაზა. არგენტინელებმა თეთრი ფერი მოირგეს, ხოლო ინგლისელი მეუღლის მოთხოვნას დათანხმდა და სამშობლოში დაბრუნდა. მიტენმაც თეთრი ფერი მოირგო, ოღონდ ფულემის. „ჩარლი მიტენი? ის საუკეთესოა“ - ეს სიტყვები ალფრედო დი სტეფანოს ეკუთვნის. მიტენი ინგლისში მსოფლიოს ერთ - ერთი საუკეთესო გარემარბის სტატუსით დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ბოგოტელი ბანდიტი ჯერ მშობლიურმა მანჩესტერმა არ მიიღო, შემდეგ ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს და ბოლოს, კარიერა 1958 წელს მანსფილდ თაუნში დაასრულა.
მიტენის შემდეგ ბრიტანული ფეხბურთის მორიგი წარმატებული ექსპორტი ჯონ ჩარლზი იყო, ლიდსიდან - იუვენტუსში. იუვეს, 1952 წლის შემდეგ, შიდა ჩემპიონატი არ ჰქონდა მოგებული, 1956 - 57 წლების სეზონი, ტურინელებმა მეცხრე ადგილით და საკადრო კრიზისით დაასრულეს. სწორედ ამ წარუმატებელი სეზონების გამო, კლუბის პრეზიდენტმა - უმბერტო ანიელიმ შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტა.
ჯონ ჩარლზი
ანიელიმ, ჯერ რივერ პლეიტიდან გადმოიბირა ომარ სივორი, შემდეგ, სარეკორდო თანხად, ლიდსიდან ჯონ ჩარლზი. პრეზიდენტის იმედები გამართლდა, ჩარლზისა და სივორის წყალობით, იუვენტუსმა სამჯერ სერია A და ორჯერ იტალიის თასი მოიგო. სივორი, 1961 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჩარლზი ამავე დაჯილდოების ნომინანტი 1959 წელს იყო და მესამე ადგილი დაიკავა. კეთილი გიგანტი (ჩარლზის ტურინული ზედმეტსახელი) 1997 წელს, იუვენტუსის 100 წლის იუბილეზე, ქომაგებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს.
ჩარლზის შემდეგ კიდევ ბევრმა ინგლისური სკოლის აღზრდილმა ითამაშა აპენინებზე, მაგრამ მათგან გამოსარჩევი ირლანდიელი ლიამ ბრეიდი იყო. ბრეიდიმ 7 წელი ისაუბრა იტალიურად დუბლინური აქცენტით და ორი სკუდეტო მოიგო. მის მიერ 1982 წელს, კატანძაროს კარში გატანილი პენალტის წყალობით, იუვენტუსი მეოცედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მიშელ პლატინის მოსვლისთანავე, ბრეიდი იუვედან გაუშვეს. შემდეგ ითამაშა სამპდორიაში, ინტერში და იტალიური კარიერა 1987 წელს, ასკოლიში დაასრულა.
ლაიამ ბრეიდი და პაოლო როსი
ბრიტანელი ფეხბურთელები კონტინენტს მასიურად ეიზელის ტრაგედიის შემდეგ მიაწყდნენ, როდესაც ინგლისურ კლუბებს ევროსარბიელზე თამაში აეკრძალათ და იზოლაციის შედეგად, ქვეყნის ჩემპიონატის დონეც დაეცა. საფრანგეთის პირველ ლიგაში თამაშობდნენ: გლენ ჰოდლი, კრის უოდლი, მო ჯონსტონი; ბუნდსელიგაში: მურდო მაკლეოდი და ალან მაკინალი; პრიმერა დივიზიონში: გარი ლინეკერი, ჯონ ოლდრიჯი და სტივ არჩიბალდი; სერია A - ში: გორდონ კოვანსი, რეი უილკინსი და მარკ ჰეიტლი.
ჩარლი მიტენი
მალე ინგლისური კლუბები ევროთასებს დაუბრუნდნენ, შემდეგ პრემიერლიგაც დაარსდა, რამაც ინფრასტრუქტურა და პირობები გააუმჯობესა. შედეგად, კონტინენტზე გადასული ბრიტანული ლეგიონი მშობლიურ ჩემპიონატს დაუბრუნდა.
გლენ ჰოდლი
პრემიერ ლიგის დაარსების შემდეგ ოკეანის გადაღმა სათამაშოდ წასულ ბრიტანელს თუ ირლანდიელს იშვიათად შეხვდებით. ყველაზე ხშირად მათ ამერიკულ MLS - ში თუ ნახავთ. სამხრეთ ამერიკაში არავინაა, აზიურ და ავსტრალიურ ლიგებში რამდენიმეს კი აღმოვაჩენთ, მაგრამ მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
ჯობს, ისევ ბებერ კონტინენტს და ვუბრუნდეთ, სადაც რამდენიმე კარგად გასახსენებელი ამბავი შემოგვრჩა, მაგალითად: პოლ ლამბერტის ერთი სეზონი დორტმუნდის ბორუსიაში, სადაც ის გახდა პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგა უცხო ქვეყნის კლუბის სახელით მოიგო. შემდეგ სტივ მაკმანამანი, რომელმაც ორჯერ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი მადრიდის რეალთან ერთად და ბოლოს დევიდ ბექემი მადრიდულ - მილანურ - კალიფორნიული კარიერით. ფლოპიც ბევრი გვახსოვს: მაიკლ ოუენის და ჯონათან ვუდგეიტის პერიოდი რეალში, რობი კინი ინტერში, ტაირონ მირსი მარსელში, გარი ოკონორი მოსკოვის ლოკომოტივში, დევიდ ვონი სოსიედადში და ასე შემდეგ.
დღეს, კონტინენტზე, რამდენიმე ბრიტანელიღაა შემორჩენილი: მოსკოვის სპარტაკში ეიდენ მაკგიდი, ბურსასფორში სკოტ კარსონი, ჰამბურგში მაიკლ მანსიენი, ოლიმპიაკოსში როი კეროლი და აიკის ლეგენდა კენი პევი, რომელიც დღეს იუნგშილეს ღირსებას იცავს. პრემიერლიგის გლობალური ეფექტი გაიზარდა, თანხებიც მეტი შემოდის, ფეხბურთის დონემ საგრძნობლად მოიმატა, ინგლისური კლუბები ევროტურნირებზე წარმატებულად გამოდიან, ანუ ეიზელიდან - პრემიერლიგის დაარსებამდე არსებული სიტუაცია, რადიკალურადაა შეცვლილი. დღეს ინგლისის ნაკრებში არცერთი ლეგიონერი არაა. წასვლა არავის უნდა, პირიქით, ინგლისში მოდიან!
![]() |
25 ლეოს 20 ზღაპარი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატმა გულშემატკივრებს ახლახან დასრულებული საკლუბო სეზონი უცბად მიავიწყა: ყველა სანაკრებო თამაშებს ადევნებს თვალს.
არა ერთი საინტერესო კითხვა დაისვა: ვინ გახდება ევროპის ჩემპიო ნი?
შეძლებს ესპანეთი ოთხი წლის წინ მოგებული ტიტულის შენარჩუნებას?
რამდენად მზადაა ინგლისი ევრომწვერვალზე ასასვლელად?
ამ და სხვა კითხვებზე ნელ - ნელა გვიპასუხებენ, მანამდე კი ის ვთქვათ, რაც დანამდვილებით ვიცით: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეო მესიმ 2011 - 12 წლების სეზონში 20 რეკორდი დაამყარა! 24 წლის ბიჭისთვის ეს ზღაპრული შედეგია.
1: ლეო მესი პირველია, ვინც ერთ სეზონში ექვს სხვადასხვა ტურნირში შეძლო გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება;
2: 29 საგოლე პასი სეზონში ბარსას მეათე ნომრის ახალი პირადი რეკორდია;
3: 24 წლის მესი ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც პრიმერა დივიზიონში 150 გოლიან ნიშნულს გადააჭარბა;
4: ჩემპიონატში ლეომ ზედიზედ ექვს საშინაო მატჩში შეძლო გოლის გატანა და თან, ასეთი სერია ორჯერ მიითვალა. ეს პირადი რეკორდია;
5: მესიმ მარტინსის (1942 - 43) და რონალდოს (1996 - 97) საკლუბო რეკორდები გაიმეორა: მიჯრით ჩემპიონატის ათ მატჩში გაიტანა გოლი;
6: ბარსას ისტორიაში ლა ლიგაში ყველაზე სწრაფი ჰეთ - თრიქი ახლა არგენტინელს ეკუთვნის: მალიორკასთან 5:0 მოგებულ თამაშში მან სამი გოლი 17 წუთში შეაგდო;
7: 2011 - 12 წლების ჩემპიონატში კატალონიელთა ლიდერმა ათი პენალტი გაიტანა. არგენტინელმა ჰოლანდიელი რონალდ კუმანის საკლუბო რეკორდი გაიმეორა;
8: ბარსას მაისურით პრიმერადივიზიონის ბომბარდირის წოდება ორჯერ მხოლოდ კინიმ და მესიმ მოიგეს. ეგაა მხოლოდ, რომ კინიმ ორ საუკეთესო სეზონში საერთო ჯამში უფრო ნაკლები გაიტანა, ვიდრე ლეომ ახლახან დასრულებულ ჩემპიონატში.
9: მესიმ სამუელ ეტოოს საკლუბო რეკორდი გაიმეორა: ჩემპიონატში ზედიზედ 7 გასვლით მატჩში გაიტანა;
10: სამხრეთამერიკელმა გენიოსმა ბარსას მაისურით ლა ლიგაში უკვე 214 მატჩი ჩაატარა. ამდენი შეხვედრა ჩემპიონატში არცერთ ლეგიონერს არ უთამაშია;
11: განვლილ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა 60 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ეს პირადი რეკორდია;
12: ზედიზედ მეოთხე სეზონია, მესის ყველა ტურნირში 35 - ზე მეტი გოლი გააქვს. წლების წინ ასეთი უხვგოლიანი სერია მხოლოდ რეალის მექსიეკელ გოლეადორს უგო სანჩესს ჰქონდა;
13: ლეომ განვლილ ჩემპიონატში 8 ჰეთთრიქი შეასრულა. ეს ტურნირის რეკორდია;
14: არგენტინელს ლა ლიგაში უკვე 14 ჰეთთრიქი დაუგროვდა. ამ მხრივ ის ბარსას ისტორიაში უკონკურენტოა;
15: მესიმ ზედიზედ მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ეს არ ნახული შედეგია;
16: ჩემპიონთა ლიგის განვლილ სეზონში ლეომ 7 საგარეო თამაშში გაიტანა. აქამდე ასეთი რამ ერნან კრესპომ, იარი ლიტმანენმა და ტიერი ანრიმ მოახერხეს.
17: უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაში გატანილი 14 გოლი ტურნირის ახალი რეკორდია.
18: 24 წლის ლეო ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 50 გოლიან ნიშნულს გადაცდა;
19: ლევერკუზენის ბაიერს არგენტინელმა ერთ მატჩში 5 გოლი გაუტანა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ასეთი შედეგით ვერავინ დაიკვეხნის;
20: განვლილ სეზონში შეგდებული 73 ბურთით, რაც არათუ კლუბის, ევროპის რეკორდია, მესი ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 232 გოლის გამტან სესარს გადაასწრო. არგენტინელის ანგარიშზე დღესდღეობით 253 გოლია.
![]() |
26 როცა ცდები - ინტერვიუ ქეთრინ შულცთან |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ავტორი: ქეთი ზუკაკიშვილი
ივნისის დასაწყისში საქართველოს ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, ქეთრინ შულცი ესტუმრა. მას ბევრი იცნობს ცნობილი ჟურნალების: New York Times Magazine, Foreign Policy, Rolling Stone, The Nation, ფურცლებიდან. შულცის პირველი წიგნი - „როცა ცდები“ - არასამთავრობო ორგანიზაცია რადარამის ინიციატივით ითარგმნა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პრეზენტაციებიც გაიმართა.
„როცა ცდები“ საზოგადოებაში შეცდომის როლის გადაფასებას ისახავს მიზნად. ავტორი ცხოვრებისეული მაგალითებით გვარწმუნებს, რომ „შეცდომების დაშვების უნარი არა მარტო სიცოცხლის ნიშანი, არამედ, გარკვეულწილად - მისი მტკიცებულებაცაა“.
ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ქეთრინ შულცთან.
თქვენ იყავით საერთაშორისო ჟურნალისტი და წერდით მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან, მერე კი მოულოდნელად დაინტერესდით, თუ რა ხდება, „როცა ცდები“, და მწერლად მოგვევლინეთ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
ჩემთვის ჟურნალისტობასა და მწერლობას შორის დიდი განსხვავება არ არის. თუმცა, არც მთლად ერთი და იგივეა. წიგნზე მუშაობისას მქონდა უდიდესი თავისუფლება. როცა ჟურნალისტი ხარ, მუდმივად შეზღუდული ხარ დროსა და შენი სტატიისთვის გამოყოფილ სივრცეში. წიგნის შემთხვევაში კი, საკუთარი პირობების მიხედვით მუშაობა ჩემთვის უდიდესი ფუფუნება იყო.
რატომ - „შეცდომა“? როგორ შეარჩიეთ წიგნის მთავარი თემა?
რაღაც ღვთის გამოცხადებასავით იყო, რომელიც ერთხელ დამემართა და არამგონია, განმეორდეს. რამდენიმე ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელ ისტორიაზე ვმუშაობდი: პოლიტიკურ ამბებზე ტექსასიდან, იელის უნივერსიტეტის ძალიან საინტერესო პროფესორზე... ამ დროს ბრუკლინში ვცხოვრობდი. ერთ დღეს, სახლში რომ ვბრუნდებოდი (ისიც კი შემიძლია გითხრათ, ზუსტად კიბის რომელ საფეხურზე ვიყავი), მივხვდი, რომ ყველაფერი, რაზეც კი ვწერდი, საბოლოოდ ერთი რამის გარშემო ერთიანდებოდა - სხვადასხვა კუთხით ასახავდა ჩვენს დამოკიდებულებას შეცდომასთან და ცდილობდა აეხსნა, როგორ ვიყალიბებთ წარმოდგენებს და რა გვემართება, როდესაც ისინი მცდარი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ მაშინ გავიფიქრე: „ეს წიგნია, და მე მას დავწერ!“.
ეს 2004 წელს მოხდა. ერაყის ომი, მასობრივი განადგურების იარაღი - ამერიკის, ისევე როგორც მსოფლიოს ისტორიაში, ეს იყო დრო, როცა შეცდომის გარდა ვერაფერზე იფიქრებდი. ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ დიდი შეცდომის შედეგები. სწორედ ამ დროს ვიგრძენი, რომ მინდოდა რაღაც ძალიან სწორი გამეკეთებინა და გადავწყვიტე, დამეწერა, თუ რა გავლენას ახდენს შეცდომა თითოეულ ჩვენგანზე.
თქვენი წიგნი თითქოსდა მარტივი შეკითხვით იხსნება: რატომ გვსიამოვნებს ჩვენი სიმართლე? შემდეგ კი მოგყავთ უამრავი საინტერესო მაგალითი იმის დასამტკიცებლად, რომ ყველას უყვარს, როცა მართალია. გარკვეულ როლს, ალბათ, ფართოდ გავრცელებული რელიგიებიც თამაშობენ. მათი უმრავლესობა შეცდომას გმობს, ცოდვად მიიჩნევს. ამ დროს კი მოდის ქეთრინ შულცი და გვიმტკიცებს, რომ შეცდომა არის სრულიად ადამიანური, ნორმალური ამბავი. მაინც რა არის შეცდომის ტრადიციული აღქმის პრობლემა?
რელიგიასთან დაკავშირებით, ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. რელიგიას შეცდომასთან გაორებული დამოკიდებულება აქვს. მართალია, მას ხშირად ცოდვასთან და ბოროტებასთან აიგივებს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველა ფართოდ გავრცელებული რელიგია აღნიშნავს, თუ როგორი არასრულყოფილია ადამიანი. სწორედ ეს განგვასხვავებს ღმერთისგან. რელიგიების უმრავლესობას აქვს მორალური შეცდომების აღიარების გარკვეული მექანიზმები: ქრისტიანობაში ესაა აღსარება, იუდაიზმში - იომ კიპური, ყოველწლიური დღესასწაული, როდესაც ყველა არასწორ საქციელს ინანიებ. რელიგია გაგებით ეკიდება ადამიანის შეცდომისადმი მიდრეკილებას და ეძებს გზებს, რომ ამ თვისებასთან ერთად ცხოვრება გაგვიადვილდეს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვიყვარს, როცა მართლები ვართ - პირველ რიგში იმიტომ, რომ სასიამოვნოა. ძალიან მარტივი ევოლუციონისტური არგუმენტი რომ მოვიყვანო, სიმართლე ჩვენი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. წარმოიდგინეთ, რომ ვეფხვი მოგსდევთ. გადაწყვეტილება წამებში უნდა მიიღოთ და ურიგო არ იქნება, მართალი თუ გამოდგებით. სიმართლეს უდიდესი ევოლუციური უპირატესობა მოაქვს და ჩვენს ცხოვრებაში მისი მნიშვნელობა უდიდესია. შესაბამისად, გარკვეული ბიოლოგიური მოთხოვნილებაც კი გვიჩნდება, ვიყოთ მართალი.
2010 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში - „ამერიკის შეერთებული შეცდომები“ ამტკიცებთ, რომ შეცდომა და მის მიმართ ტოლერანტობა დემოკრატიის ქვაკუთხედია. იქნებ, განვავრცოთ ეს თემა.
შეცდომისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართება სწორად აღნიშნე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამერიკელებს, როგორც ყველა სხვას, უყვართ, როცა მართლები არიან. დღესდღეობით ქვეყანა პარტიული მოსაზრებების მიხედვითაა დაყოფილი, თუმცა ეს სხვაგვარად არც არასდროს ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სისტემა, რომელიც განსხვავებული აზრის არსებობის უფლებას აღიარებს. სწორედ ის რწმენა, რომ განსხვავებული იდეები, ხედვები, ადამიანები მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებისთვის, ქმნის ძალაუფლების გადანაწილების შესაძლებლობას. ამიტომაც ვფიქრობ - შეცდომისადმი ტოლერანტობა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.
პოლიტიკა ახსენეთ. როგორია შეცდომისადმი პოლიტიკოსების დამოკიდებულება?
გასაოცარია, თუ რამდენად განსხვავდება შეცდომის აღიარების უნარი პროფესიების მიხედვით. მეცნიერებს, ინჟინრებს, ეს ძალიან კარგად გამოსდით. პოლიტიკოსები კი, ამ მხრივ, სიის ბოლოში იმყოფებიან. ჩემი აზრით, ამას მოქალაქეებიც ხელს უწყობენ. საბოლოო არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ და ძალიან იშვიათად ვაძლევთ ხმას პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოდიან და ამბობენ: „მე შევცდი“. თუმცა, ამერიკის ისტორიაში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ამის გაკეთება შეეძლოთ. საუკეთესო მაგალითია ბენჯამინ ფრანკლინი, რომელმაც კონსტიტუციის ხელმოწერისას თქვა: „მე ხელს ვაწერ დოკუმენტს, რომლის ნაწილს არ ვეთანხმები, რადგან გამოცდილებამ დამანახა - ზოგჯერ რაღაცას არ ვეთანხმებოდი, შემდეგ კი მივხვდი, რომ ვცდებოდი“. ისტორიულად ასეთი რამ არსებობდა, დღეს კი თითქმის ვეღარ შეხვდებით.
რა არის ტიპური ამერიკული შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში?
განზოგადება ძალიან რთულია, მაგრამ გამოვყოფდი არაჯანსაღ კვებას, ავტომანქანით გადაჭარბებულ სარგებლობას, გარემოსადმი საშინელ დამოკიდებულებას. და მაინც, ყველაფერი მიდის ფუნდამენტურ დილემამდე თავისუფლებასა და საზოგადოების ინტერესებს შორის. ამერიკელები თავისუფლებას გაცილებით მაღლა აყენებენ, რასაც უამრავი ბრწყინვალე რამ უკავშირდება. თუმცა დიდ საფასურსაც ვიხდით: სოციალური დაცვა არ გაგვაჩნია. მილიონობით დაუზღვეველი ადამიანი არის ის უდიდესი შეცდომა, რასაც ამერიკა უშვებს.
მეორე მხრივ, თავისუფლება უმნიშვნელოვანესია. ამერიკის სიამაყე სუბკულტურებია, რაც შეუძლებელი იქნებოდა თავისუფლების, ტოლერანტობის, განსხვავებული კულტურებით აღტაცების გარეშე. შეხედეთ ნიუ იორკს. მსოფლიოს 10 უდიდეს ქალაქში ვარ ნამყოფი და ვერცერთს ვიხსენებ, სადაც ასეთი საოცარი საერთაშორისო, მულტიკულტურული შერწყმა იგრძნობოდეს.
საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, რაში ცდება და რას აკეთებს სწორად ამერიკის შეერთებული შტატები?
საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩემი აზრით, ჩვენ უდიდესი შეცდომა დავუშვით, როცა ერაყში შევედით. მეორე მხრივ, არის ავღანეთი და ჩვენს იქ ყოფნასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ გამაჩნია, თუმცა რამდენჯერაც ავღანეთი მიატოვეს, ჯერ რუსებმა, მერე კი ჩვენ, იმდენჯერ ეს იყო საშინელება. როგორ ვხვდებით, რა გავაკეთოთ ამა თუ იმ სიტუაციაში? შეგვიძლია ისტორიას გადავხედოთ. მაგრამ ისტორიული გაკვეთილები წარმოუდგენლად რთულია. ამერიკის შემთხვევაში, რა უნდა მივიღოთ მხედველობაში: ვიეტნამი თუ რუანდა? თუ ვიეტნამის მაგალითს გავითვალისწინებთ, არ უნდა ჩავერიოთ, ხოლო თუ რუანდას შევხედავთ, გაბრაზება გვიპყრობს, იქ რომ არ ვიყავით. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვითდანიშნული მსოფლიო პოლიცია ხარ. შოუ მე რომ მიმყავდეს, მხოლოდ მორალური გათვლები იარსებებდა, გავითვალისწინებდი, თუ რა ემსახურება უდიდეს სიკეთეს და მშვიდობიან მოსახლეობას. თუმცა რეალურად ასე არ ხდება. ითვალისწინებენ საერთაშორისო ურთიერთობებს, ნავთობს, ფულს, ამერიკული მედიის მოსალოდნელ რეაქციას...
ვთვლი, რომ სირიაში აუცილებლად უნდა ჩავერიოთ და დავეხმაროთ აჯანყებულებს, პირველ რიგში, საჰაერო ძალებით და კულუარული მოლაპარაკებებით. უკვე იქ რომ არ ვართ, ჰუმანიტარული ტრაგედიაა. ცხადია, რომ „არაბულ გაზაფხულს“ მხარს უნდა ვუჭერდეთ, როგორც პრინციპული, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
რაც შეეხება ირანს, ძალიან საინტერესოა საქართველოს პოზიცია: ამერიკის ძლიერი მოკავშირე ღია სავიზო რეჟიმით და საკმაოდ კარგი ურთიერთობით ირანთან. როგორც ვიცი, საქართველო, ვენესუელას თუ არ ჩავთვლით, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ირანელებს უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ. ცხადია, მდებარეობიდან გამომდინარე, ვენესუელა ნაკლებად რელევანტურია.
ჩემი დიდი სურვილია, ირანში შიდა რევოლუცია ვიხილოთ. არავის ეზიზღება ირანის მთავრობა ისე, როგორც თავად ირანელებს. ამ ქვეყნის ტრაგედია ორმაგად მტკივნეულია მისი უაღრესად მდიდარი კულტურის გათვალისწინებით. გინდა იფიქრო, რომ იქ ჯერ კიდევ შესაძლოა შიგნიდან მართული რევოლუციის აღმოცენება, რაც თავისთავად, საუკეთესო გეოპოლიტიკური პერსპექტივაც იქნებოდა. ვფიქრობ, ეგვიპტის მაგალითის განმეორება ირანშიც შესაძლებელია.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება უმცროსი მარტინ ლუთერ კინგის ფრაზა: „მორალური სამყაროს რკალი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობისკენ იხრება“. ეს ასეცაა. გამუდმებით ვხედავთ, რომ რეჟიმები, რომლებიც მუდმივი გვეგონა, ეცემა. საბჭოთა კავშირი დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების 99%25 საწინააღმდეგოს წინასწარმეტყველებდა. ასეთივე რამ მსურს ვიხილო ირანშიც.
თქვენს წიგნში შეცდომას იცავთ, თუმცა უმრავლესობა „აბსოლუტურად არასწორის“ კატეგორიაშია. რა არის ასეთი თქვენთვის?
ძალიან საინტერესო შეკითხვაა, რადგან ჩემი ზემოთ მოყვანილი არგუმენტის საწინააღმდეგოდ მალაპარაკებს. რა თქმა უნდა, არსებობს სრულიად მცდარი რამ. ეს ძირითადად მორალურ მხარეს ეხება. მაგალითად, გენოციდი აბსოლუტურად არასწორია. ასეთივეა სხვა ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დარღვევაც.
წიგნზე მუშაობამ მასწავლა, რომ შესაძლებელია რაღაცის სიმცდარეში დარწმუნებული იყო და მაინც იურთიერთო ადამიანებთან, რომლებიც არ გეთანხმებიან. ზოგი ფიქრობს, რომ ამ თემებზე საუბარიც კი მათ რწმენათა სისტემაზე თავდასხმაა, რაც იმეორებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის ხაზს: „არ ველაპარაკებით დიქტატორებს“. მე ეს ზედმეტად უხეშ მიდგომად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები გარკვეულ წარმოდგენებს, ისინი მაინც მაინტერესებს.
თქვენ ამტკიცებთ, რომ ზოგიერთი თავად ირჩევს, ისტორიაში არასწორ მხარეზე მდგომის სახელით შევიდეს. ცოტა ხნის წინ ქართველ მასწავლებლებს შეხვდით. ისაუბრეთ სწავლების გამოწვევებზე?
როგორ უნდა გაანათლო ახალგაზრდები ისე, რომ „ისტორიის სწორ მხარეს“ დგომა აირჩიონ? ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. განსაკუთრებით, თუ როგორ არ უნდა ასწავლო შეცდომის შიში. უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენი სასკოლო სისტემა (დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოში ისევეა, როგორც ამერიკაში) მოსწავლეებისგან სისწორეს ელის და შეცდომებისთვის სჯის, რაც არასწორია. ადამიანებმა რომ შეძლონ და ისტორიაში სწორ მხარეს დაიმკვიდრონ ადგილი, ორი მთავარი რამ უნდა ისწავლონ: ცნობისმოყვარეობა და თანაგრძნობა. თუკი განსხვავებულის შიშს მისი ინტერესით ჩავანაცვლებთ, ეს განუზომლად დიდი მიღწევა იქნება. ასევე, უმნიშვნელოვანესია ემპათია, ანუ შესაძლებლობა, შეხედო განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანს და გააანალიზო - მათ თავიანთი მიზეზები აქვთ, ხოლო მათი აზრები ისეთივე ღირებულია ამ ხალხისთვის, როგორც ჩვენთვის საკუთარი შეხედულებები. ასევე უნდა ვასწავლოთ, თუ რა საშინელება შეიძლება მოჰყვეს ამ ორი თვისების არარსებობას. ჰოლოკოსტს ვგულისხმობ.
რა შთაბეჭდილებებით ტოვებთ საქართველოს?
საქართველოზე ბევრი მსმენია, თუმცა რეგიონში პირველად ვარ. მთები ძალიან მიყვარს, შესაბამისად, ამ ვიზიტით აღტაცებული ვარ. ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებები მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით მოხიბლული ვარ ხალხის ინტელექტით. თუნდაც ის, რომ ეს წიგნი თარგმნეს, მიუთითებს იდეების პატივისცემაზე, ინტერესზე, თუ რა ხდება მსოფლიოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
![]() |
27 ფოტოგრაფის ერთი ფოტო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
დიმა ჩიკვაიძე
სანამ ჩემი ქალიშვილი, ელენე, ბურგერს მიირთმევდა, გადავწყვიტე ახალი კამერა გამეტესტა. გარეთ გამოვედი და ჩემთვის საინტერესო, მოცულობითი კადრი ეგრევე დავინახე, თუმცა საკმაოდ დიდხანს ველოდებოდი BMX-ის საჭირო ადგილზე გამოჩენას. დაველოდე და მოვასწარი დაჩხაკუნება.
![]() |
28 როცა მიკი მაუსი შეხვდა კაფკას |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
ფილიპ სპალეკი. სერიიდან „წმინდა მარკოზის მემკვიდრეობა“
ბოლო ერთი თვე ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. თბილისის ფოტოფესტივალს მოჰყვა „ქოლგა თბილისი ფოტო 2012“, რომელიც წელს უკვე მეთერთმეტედ ჩატარდა. კონკურსის შედეგად შერჩეული ფოტოების გარდა, გაიმართა სხვა გამოფენებიც. ასევე ჩატარდა უორქშოფები და ლექციები.
ჟიურის წევრს, ფოტოგრაფ ვოლფგანგ ცურბორნს ფოტოკონკურსის გახსნის დღეს შევხვდით ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ჯერ კიდევ დაულაგებელ საგამოფენო დარბაზში. ცდილობდა, ყველაფერი თავის ადგილზე დაეკიდა - თანამედროვე გერმანული ფოტოგრაფიის გამოფენის გახსნამდე სულ რაღაც საათები რჩებოდა.
ვოლფგანგ ცურბორნი: „გერმანული ფოტოგრაფიის სკოლა ცნობილია თავისი კონცეპტუალურობით, არტ ფორმებით. ამ ფოტოების მთავარი იდეა ისაა, რომ ფოტოგრაფია არის რეალობის სუბიექტური ინტერპრეტაცია. ეს ფოტოები კოლაჟია, მონტაჟი იმ ყველაფრის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ჩემზე დიდი გავლენა აქვს ამერიკულ ფოტოგრაფიას. ასევე ძალიან მიყვარს ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ტატის ფილმები. ჩემს შემოქმედებაზე გავლენა აქვს რობერტ რაუშენბერგის ნახატებსაც. ნაიჯელ დიკინსონი ამბობს ხოლმე ჩემს ნამუშევრებზე, რომ ეს ფოტოები კი არა, ნახატებია. მე კი მომწონს, რომ საიმონ ნორფოლკი. „ფოტოები ომის წინააღმდეგ“ რაღაც შუალედურს ვაკეთებ. ერთმა კრიტიკოსმა ძალიან მოკლე და ზუსტი შეფასება მისცა ჩემს ფოტოებს - ეს იმას ჰგავს, მიკი მაუსი და კაფკა ერთმანეთს რომ ხვდებიან და ერთად ძალიან მაგარ დროს ატარებენო“.
საიმონ ნორფოლკი. „ფოტოები ომის წინააღმდეგ“
ჟაკ ანრი ლარტიგი
ეს მართლაც ზუსტი შედარება იყო - როდესაც ჟაკ ანრი ლარტიგის გამოფენიდან გვერდით დარბაზში შევდიოდით, „მისტიგრი - თანამედროვე გერმანული ფოტოგრაფია“ სწორედ ამ კონტრასტს უსვამდა ხაზს. აქ ორი განსხვავებული სამყარო იყო წარმოდგენილი. „მიკი მაუსისა და კაფკას“ პრინციპი მთლიანი პროგრამის ლაიტმოტივად იქცა. ერთმანეთს ენაცვლებოდა ტრადიციული შავ-თეთრი ფოტოგრაფია და თანამედროვე კოლაჟები, კამბოჯა და ცაგარელის ესთეტიკა, ანტიმილიტარისტული განწყობა და ურბანული პეიზაჟები...
თეონა გოგიჩაიშვილმა, ფოტოკონკურსის ორგანიზატორმა, ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ პროგრამა არ იყო შედგენილი რაიმე დოგმის მიხედვით. „ფოტო ბევრნაირი შეიძლება იყოს - დეკორაციული, ექსპერიმენტული, კონცეპტუალური... სულ იყო საუბარი იმაზე, თუ რა საჭიროა მეორე ფოტოფესტივალი, თუმცა მსოფლიოში ეს მიღებული პრაქტიკაა, ერთმანეთის პარალელურად უამრავი ღონისძიება ტარდება. ეს ორი ფესტივალი დროში ერთმანეთს წელს შემთხვევით დაემთხვა, შემდეგი წლიდან „ქოლგა“ შემოდგომობით ჩატარდება ხოლმე“.
ლარტიგისა და მისტიგრის ექსპოზიციების გარდა, „ქოლგის“ ფარგლებში კიდევ ხუთი საინტერესო გამოფენა გაიხსნა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გალერეა გვირაბში წარმოდგენილმა პროექტმა „ფოტოები ომის წინააღმდეგ“, რომელიც ფოტოკონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გერმანელი ფოტოგრაფის თინა შელჰორნის პროექტია. „ძალიან პოლიტიკური პიროვნება ვარ, - გვითხრა შელჰორნმა, - ბევრი ფოტო გადამიღია ომის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი არ აჩვენეს ამერიკაში, რადგან იდეა ბუშის წინააღმდეგ იყო მიმართული. ერაყის ომის დროს დავიწყე ინტერნეტპროექტის „ფოტოები ჟაკ ანრი ლარტიგი ომის წინააღმდეგ“ განხორციელება, რომელშიც სხვადასხვა ფოტოგრაფები იღებენ მონაწილეობას. მჯერა, რომ როდესაც ხალხი ამ ყველაფერს ნახავს, მსოფლიო ცოტათი მაინც შეიცვლება“.
კონკურსანტების ფოტოგამოფენა კი რიყის პარკში, ბუდა ბარის გვერდით მდებარე ახალ შენობაში ვიხილეთ, სადაც დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწე არა მხოლოდ ქართველი, არამედ ბევრი უცხოელი ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. „საინტერესოა, რომ გადაწყვეტილებას Skype-ში ვიღებთ, დისკუსიის მეშვეობით. მე და ჟიურის სხვა წევრებს აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა გვაქვს, მაგრამ, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ბოლოს ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე მივდივართ. შეფასების კრიტერიუმები სულ იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში. მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფიის განვითარებისთვის განათლება უმნიშვნელოვანესია, ამდენ უორქშოფსაც სწორედ ამიტომ ვატარებთ. სხვადასხვა ქვეყნებში გვაქვს სასწავლო პროგრამები ბავშვებისთვის, იქნებ მომავალ წელს აქაც განვახორციელოთ“, - აღნიშნა შელჰორნმა.
ჟიურის წევრებს დიდი სამუშაო ჰქონდათ - ოფისში 21 ქვეყნიდან 5500-მდე ფოტო შევიდა. ქართველმა ფოტოგრაფებმა უცხოურ კონკურენციას ვერ გაუძლეს - არცერთი მათგანის სახელი გამარჯვებულების სიაში არ აღმოჩენილა. როგორც ცურბორნმა ფოტოფესტივალის გახსნის დღეს აღნიშნა, ქართული ფოტოგრაფია ტრადიციულია - აქ იღებენ მშვენიერ პორტრეტებსა და პეიზაჟებს, თუმცა კონცეპტუალური მიმართულება ნაკლებ აინტერესებთ. „მნიშვნელოვანია, რომ ფოტო არ იყოს ათასჯერ ნანახი კლიშე. კონცეპტუალური ფოტოგრაფიაც, ხშირად, ცარიელია ხოლმე. ამიტომ, საჭიროა გარკვეული შუალედის დაცვა“.
ჟიურის კრიტერიუმები დააკმაყოფილა ფილიპ სპალეკმა. პოლიტიკური ცვლილებების დროს დაწყებული რელიგიური კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში - ასეთია მისი რეპორტაჟის, „წმინდა მარკოზის მემკვიდრეობის“ თემა. ამ მშვიდი და ფოკუსირებული შავ-თეთრი ფოტოების სერია გვიჩვენებს, თუ როგორ ეგუება ქრისტიანი კოპტების თემი ყოველდღიურ სისასტიკეს.
დოკუმენტური ფოტოგრაფიის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ემანუელ ლამი, რომელიც თავისი სერიით „ჯონი“, ყოფილი მოცეკვავის მრავალშრიან პორტრეტს ქმნის. ჟიურიმ ასევე ჩათვალა, რომ ქუჩის ფოტოგრაფია საუკეთესოდაა წარმოდგენილი რეინის ფიოდოროვსის ნამუშევარში „რუტინა, ნიუ იორკი“. გამარჯვებული გახდა ტორბენ ჰოკეც, ნამუშევრით „გაურკვეველი ადგილები“.
ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა ჯესიკა ჰაინსის სერია „ჩემი ძმის ომი“. მისმა ძმამ, გარიმ ვიეტნამის ომის გამოცდილებას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ომის პერიოდის ფოტოები და ბარათები აქ ექსპერიმენტული მონტაჟის სახით იყო წარმოდგენილი.
„წელს ფოტოკონკურსში არც ისე ბევრმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. იმედი მაქვს, შემდგომში სიტუაცია შეიცვლება. ქართველ ფოტოგრაფებს ვურჩევდი, რომ უფრო გახსნილები იყვნენ, რადგან კომუნიკაცია მთავარია“, - გვითხრა შელჰორნმა. კულტურათაშორისი კომუნიკაციის დასამყარებლად, რეგიონის მასშტაბით, „ქოლგა თბილისი ფოტო“ მართლაც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს.
![]() |
29 მონატრებული ადამიანი შავებში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ავტორი: ნიკა ესებუა
ჰოლივუდში, თითქმის ოცი წელია, რაც კომერციულად წარმატებული ფილმის შექმნის ფორმულას მიაგნეს. ეს ფორმულა ძალიან მარტივია და ორი სიტყვისგან შედგება - უილ სმიტი. კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის ფილმოგრაფიაში 1996 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ორი ჩავარდნილი პროექტია - ოქროს ჟოლოს ტრიუმფატორი „ველური, ველური დასავლეთი“ და „ლეგენდა ბაგერ ვენსიზე“.
2008 წლიდან უილ სმიტს არცერთ ფილმში არ უთამაშია. შვილების კარიერის განვითარება გადაწყვიტა და ესეც წარმატებით გამოუვიდა. უილოუ სმიტის ალბომი დღემდე წარმატებით იყიდება, ჯეიდენ სმიტი კი იმედისმომცემ მსახიობად იქცა.
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კი ბოქს-ოფისის პრინცი დაბრუნდა პროექტით, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მისი კარიერის წინსვლაში. 1997 წელს მსახიობი პირველად გახდა ადამიანი შავებში და ამჯერად მესამედ მოირგო შავი სამოსი.
„ადამიანები შავებში 3“ ორიგინალის რეჟისორმა, ბარი ზონენფელდმა გადაიღო. პროექტში, რეჟისორისა და უილ სმიტის გარდა, ტომი ლი ჯონსიც დაბრუნდა. აგენტები ჯეი და ქეი კვლავაც გაერთიანდნენ უცხოპლანეტელების გასაკონტროლებლად და დედამიწის დასაცავად. „ადამიანები შავებში“ ძალიან კარგი ფანტასტიკური ჟანრის კომედიაა, ორი ძლიერი პერსონაჟით, სახალისო სიუჟეტით და დენი ელფმანის დაუვიწყარი მთავარი მუსიკალური თემით. ფილმის სიქველი კი სმიტის კარიერაში „ველური, ველური დასავლეთის“ შემდეგ ყველაზე ცუდი ნამუშევარია. პროდიუსერებს თითქმის ათი წელი დასჭირდათ უილ სმიტისა და ტომი ლი ჯონსის პროექტში დასაბრუნებლად. როგორც მსახიობები აცხადებენ, ისინი სცენარით მოიხიბლნენ. სცენარი ფილმს მართლაც კარგი აქვს. მარტივი ფაბულა, ბოროტისა და კეთილის ბრძოლა, დედამიწის გადარჩენის მცდელობა და მეგობრობა, რომლის გამოც ყველაფერია შესაძლებელი.
ცხოველი ბორისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავეა, რომელიც ციხიდან გაიქცევა და წარსულში დაბრუნდება, რათა აგენტი ქეი მოკლას და მომავალი შეცვალოს. ის თავის გეგმას წარმატებით განახორციელებს. აგენტი ჯეი ბორისს ფეხდაფეხ მიჰყვება, რათა მეგობარი სიკვდილისგან იხსნას. წარსულში ის ახალგაზრდა ქეის გაიცნობს, რომელსაც ჯოშ ბროლინი თამაშობს და უილ სმიტთან ერთად ფილმის სული და გულია. ყველა სასაცილო ეპიზოდი, ემოციებით დატვირთული მომენტი სწორედ ამ ორი პერსონაჟის გარშემო ვითარდება. ითან კოენის (ეს სხვა ითან კოენია) სცენარის დამსახურებით, ფილმში ძალიან ცოტა იაფფასიანი, კლიშე ეპიზოდია. კოენმა, ბარი ზონენფელდმა და სამსახიობო ანსამბლმა ფრენჩაიზის რეაბილიტაცია მოახერხეს.
„ადამიანები შავებში 3“ კარგი ზაფხულის პოპკორნფილმია, მონატრებული უილ სმიტით და დენი ელფმანის მუსიკით.
![]() |
30 LIFE/GUIDE |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
1. გახსოვთ ბანგა, პილატე პონტოელის მეგობარი ძაღლი? თუ მის შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ, შეგიძლიათ ბულგაკოვის წიგნში „ოსტატი და მარგარიტა“ ჩაიხედოთ, - გვეუბნება პატი სმიტი. შეგიძლიათ პირდაპირ მომღერლის ახალი ალბომის - Banga - მოსმენაზე გადახვიდეთ, სადაც ბანგას გარდა, არის ემი უაინჰაუზისადმი მიძღვნილი This is the Girl და კიდევ ერთმანეთისგან თემატურად განსხვავებული თერთმეტი სიმღერა.
2. „მარიეტას გზა“ თანამედროვე ქართველი მწერლის, ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობების კრებულია, რომელიც გამომცემლობამ პალიტრა L , „ახალი ქართული ლიტერატურის“ სერიის ფარგლებში გამოსცა. წიგნში შესულია მწერლის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული მოთხრობები კრებულებიდან: „ბერიკაობა“ (2003 წ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურული პრემია საბა ნომინაციისთვის საუკეთესო დებიუტი) და „მე, მარგარიტა“ (2005 წ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
3. თუ ცაბაძის ქუჩაზე გაივლით, მაღალი მხატვრულ -არქიტექტურული ღირებულების ძველი შენობა მოგხვდებათ თვალში. პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე შიმკევიჩის შენობა ეკუთვნის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს, რომელიც არამხოლოდ სტილის ტური თვალსაზრისითაა საინტერესო - მასში იშვიათი კოლექციები და წიგნები ინახება. ამ დღეებში კი მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას „ნიჟარების იდუმალი სამყარო“, რომელიც ბიოლოგის, ვალერი პეტროვის კერძო კოლექციას წარმოგვიდგენს. მასში სხვადასხვა ზღვებისა და ოკეანეების მოლუსკების იშვიათი ნიჟარებია შესული.
![]() |
31 5 ყველაზე ცნობილი ანტიკური ღვინო |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
მალხაზ ხარბედია
ღვინოს ძველ საბერძნეთსა და რომში ჩვენგან განსხვავებული კრიტერიუმების მიხედვით აფასებდნენ. სწორედ ამიტომაა, რომ მისი დამზადების ტექნოლოგიაც ხშირად განსხვავდებოდა თანამედროვე, ან თუნდაც, ტრადიციული ქართული ღვინის ტექნოლოგიისგან.
მაშინ ყველაზე მეტად ტკბილი ღვინოები ფასობდა, ამიტომ დუღილს ხელოვნურად აჩერებდნენ ხოლმე, ზოგჯერ ტემპერატურული რეჟიმითაც, მაგალითად, გაცივებით ან გაცხელებით, ხანდახან კი ზღვის წყლის ან სხვა საშუალებების გარევით. სვამდნენ ახალგაზრდა ღვინოსაც, თუმცა მდიდრები მაინც დაძველებულს არჩევდნენ.
უცნაური იყო შენახვის წესებიც - ხშირად, ფაქტობრივად, ღვინის კონსერვირება ხდებოდა, ანუ ღვინოს ან აორთქლებდნენ, სანამ სიროფის ან ჯემის კონსისტენციას არ მიიღებდნენ, ან უმატებდნენ გარკვეულ ნივთიერებებს, ბუნებრივ ანტისეპტიკებს, რომლებიც ღვინის შენახვის საშუალებას იძლეოდა. ღვინის წყლით, თაფლით და სხვა ათასგვარი არომატიზატორით გაზავება ცალკე საკითხია და როგორმე სხვა დროს შევეხები, ამიტომ, ახლა ჯობს შემოვიფარგლოთ 5 ყველაზე ცნობილი ანტიკური ღვინით, რომელიც მცირე შესავლადაც შეიძლება გამოდგეს ანტიკურ მეღვინეობაში.
ფალერნული (Falernus ager) ფალერნუსი ოლქია კამპანიაში. ეს ღვინო უკვე I საუკუნიდან ჩანს ლიტერატურაში (ჰორაციუსის ოდებში, კატულუსთან). პლინიუსი წერდა, რომ ვაზის ჯიში, საიდანაც ღვინოს წურავდნენ, არსად ხარობდა, გარდა ფალერნუსისა. ეს ღვინო საუკეთესო გემოს იძენდა ათწლიანი დაძველების შემდეგ და ამ გემოს 15-20 წლამდე ინარჩუნებდა. უფრო ძველი თავის ტკივილებს იწვევდა და ცუდად მოქმედებდა სხეულზე. არსებობდა ორი სახეობა - მშრალი და მოტკბო. იყო სამი ტიპის ფალერნული - მსუბუქი მშრალი, მუქი ტკბილი და ოქროსფერი.
პრამინული - ანტიკური სამყაროს ერთ - ერთი ყველაზე სახელოვანი ღვინო. წურავდნენ ძირითადად კუნძულ ლესბოსზე, ასევე იკარიაზეც. სახელთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს: ზოგის აზრით, პრამნიული ჯიშია, სხვები ფიქრობდნენ, რომ ესაა სპეციალური ტერმინი, რომლითაც ზოგადად მუქ ღვინოებს აღნიშნავდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ ღვინის სახელს ძველ ბერძნულ სიტყვას, „პარამონიონს“ უკავშირებდა (ხანგრძლივობა, გამძლეობა), ანდა მის სახელს განმარტავდნენ, როგორც „დამაამებელი“ (პრაუნონტას), რადგან თითქოს დამლევს ამშვიდებდა. ის ძალიან მშრალი, მწკლარტე და მაღალ გრადუსიანი ყოფილა. სიტკბოთი ნაკლებად გამოირჩეოდა. არისტოფანეს სიტყვით, ათენელებს არ უყვარდათ ეს ღვინო და უპირატესობას სხეული ანდა სურნელოვან ღვინოებს ანიჭებდნენ. ზოგიერთი ექიმი პრამნიულს წამლადაც იყენებდა. ეპარქიდეს ცნობით, კუნძულ იკარიაზე ყურძნის ჯიშს, საიდანაც პრამნიულს წურავდნენ, წმიდათაწმიდას უწოდებდნენ, ქალაქ ოინოეში კი დიონისურს. პრამნიულს ეფესოს მახლობლად, სოფელ ლეტოშიც აყენებდნენ.
ქიოსური - (Khian) ძველი სამყაროს ერთ - ერთი ყველაზე სახელგანთქმული ღვინო. არიუსიოსი ქიოსურის საუკეთესო სახეობა ყოფილა. ამ მხარის ნაყოფიერ მიწებზე პლუტარქე წერდა. არიუსიოსი სამნაირი ყოფილა: მშრალი, ტკბილი და გემოთი შუალედური, ე.წ. თვითკმარი. მშრალი საჭმლის მონელებისთვის ყოფილა კარგი, ნოყიერი და შარდმდენი. ტკბილი კი ნოყიერი და სხეულიანი. ქიოსური საერთოდ ძალიან კარგი ყოფილა საჭმლის მონელებისთვის და სისხლის წარმოქმნისთვის. ის მუქი ვარდისფერი (ლალისფერი) იყო და თავს არ ატკიებდა.
ბიბლური - ამ ღვინოს ჰესიოდეც ახსენებს, ევრიპიდეც და თეოკრიტეც. მაღალ გრადუსიანი ღვინო ყოფილა, დაძველების შემდეგ საოცარ არომატს იძენდა და ლმობიერი ნაბახუსევითაც გამოირჩეოდა (ისევე, როგორც სხვა ელიტური ღვინოები). ბიბლურს უწოდებდნენ ე.წ. ხვიარა ვაზსაც (ძვ. ბერძ. eileo).
ალბური - ღვინის სახელწოდება უკავშირდება უძველეს ქალაქს, ალბა ლონგას (Alba Longa), რომელიც გადმოცემით ენეასის შვილს, ასკანიოსს დაუარსებია. მოგვიანებით ქალაქი რომაელებმა დაანგრიეს, თუმცა იმ ადგილას, Mons Albanus-ის მთის ძირას, ვენახები გაუშენებიათ. ათენეუსის მიხედვით, ეს ღვინოც ორი სახეობის არსებობს, მოტკბო და მჟავე; საუკეთესოა 15-წლიანი დაძველების შემდეგ. ხანგრძლივი დაძველების შემდეგ ალბურმა (ისევე, როგორც ფალერნულმა) შესაძლოა შხამივით იმოქმედოს ადამიანზე და გონებაც კი დააკარგვინოს.
![]() |
32 პიცა „მოცარელა“ |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული:
გიორგი რაუში,
პიცერია LocaLino
მასალა:
400 გრ ფქვილი
60 გრ ტომატი
150 გრ გახეხილი მოცარელა
5 ცალი პომიდორი
1 კბილი ნიორი
25/30 გრ დაჭრილი მოცარელა
5 ფოთოლი ბაზილიკი
მომზადების წესი:
ცომი - ღრმა ჭურჭელში ჩაყარეთ 400გრ ფქვილი, დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი და მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ ცომი და მიეცით მრგვალი ფორმა.
ტომატის სოუსი - მოათავსეთ ბლენდერში 60გრ ტომატისსოუსი, 1 კბილი ნიორი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და დააბლენდერეთ.
ცომს მოასხით ტომატის სოუსი, დაალაგეთ ზემოდან გახეხილი მოცარელა, ცოცხალი პომიდორი (მრგვლად დაჭრილი), ამ პომიდორზე თხლად დაჭრილი მოცარელა და ბაზილიკის ფურცლები.
გააცხელეთ ღუმელი 350 გრადუსზე, მოათავსეთ მასში პიცა 5 წუთით და მზადაა.