The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №110


ტაბულა №110


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სუთიძე ლევან, ნოდია გია, ქორიძე ავთო, ავალიანი დიმიტრი, კოკიჩაიშვილი თეონა, მაჭავარიანი ლექსო, გეგელია გრიგოლ, კვანჭილაშვილი ელენე, ჩერგოლეიშვილი თამარ, გოდუაძე ლაშა, ბაძაღუა ივანე, გუნია ირაკლი, ლუკიანოვიჩი ქშიშტოფ, ჩხიკვაძე ანი, ელერდაშვილი ვახო, თალაკვაძე ზურაბ, ესებუა ნიკა, ბლუიშვილი ირაკლი, ზუკაკიშვილი ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012|23-29 ივლისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა , ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907/© 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


„კიდევ ერთხელ ვნახავ ასეთ რაღაცას და საერთოდ ჩამოვართმევ ბანკს საპენსიო ლიცენზიას… დღეიდან არცერთ საპენსიო განყოფილებაში არავინ რიგში არ ჩადგება და თუ ჩადგება, გადავცემთ ამას იმ ბანკს, ვინც ამას განახორციელებს რიგში ჩაყენების, გაზულუქების და თავზე წამოჯდომის გარეშე”.

  • პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიბერთი ბანკს ფილიალებში პენსიის ასაღები რიგების წარმოქმნისთვის აკრიტიკებს.

16 ივლისი.

„ID ბარათებით ებრაელები არაბებს აკონტროლებენ. მთავარი დაწოლა საქართველოზე, როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანაზე ხორციელდება და ეს ხდება არსებული ხელისუფლების ხელშეწყობით... თუ ისევ არსებული ხელისუფლება დარჩა, მე გარწმუნებთ, რომ საქართველო აღარ იარსებებს და შეიძლება საქართველოს სახელიც კი შეუცვალონ და ამის მცდელობა არის”.

  • მეუფე იობ აქიაშვილი პასუხობს სინოდის გადაწყვეტილებას, რომ ეკლესიის მსახურებმა პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობისგან თავი უნდა შეიკავონ. აქიაშვილი ამტკიცებს - ხელისუფლება აკონტროლებს ეკლესიას და ებრძვის მართლმადიდებლობას. მეუფე იობი ასევე იმეორებს, რომ ახალი პირადობის მოწმობები ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

14 ივლისი.

„ქართული ოცნების წარმომადგენლებს იქ არაკაცები დახვდნენ... კურდღლები, რომლებმაც პირველებმა მიატოვეს თავიანთი ტერიტორიები და მტერს დაუტოვეს ცოლები, დედები, დები, მამები”.

  • ქართული ოცნების მხარდამჭერი პოლიტიკოსი გოგა ხაინდრავა საუბრობს კარალეთის ინციდენტის მონაწილეებზე, რომლებმაც ქართული ოცნების წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს.

17 ივლისი.

ქართული საზოგადოება უნდა იყოს ისეთ დონეზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას არ აკადროს ლუის ნავარო”.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი For.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ, შეიძლება, NDI-ის დირექტორი ლუის ნავარო იყოს კორუმპირებული და არაკეთილსინდისიერი. თუმცა, იქვე ამატებს, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეჭვი უნდა შეიტანოს თავისუფლების ქარტიაში, ჯეფერსონისა და ადამსის მემკვიდრეობაში.

17 ივლისი.

ჩვენ,ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში, ლეგალურად აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობას... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც ერთხელ და საბოლოოდ დალაგდება”.

  • ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ერგნეთის ბაზრობის დახურვისთვის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ქმედება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სურვილის არქონაზე მეტყველებს. მსგავსი კრიტიკა წარსულში გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდანაც ისმოდა. ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია.

15 ივლისი.

„მთელი ცხოვრება რომ ვაშლის ხის ჩრდილქვეშ აქვს გატარებული, იმ ხალხის პრეტენზიებს ვერ მივიღებ. დღესაც რომ შეიცვალოს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, ისინი პირველები გაიტანენ ვაშლს რუსეთში. ვაშლის გამყიდველზე მეტი მესმის ჩემი აზროვნებით”.

  • ქართული ოცნების წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი კარალეთის იმ ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც ადგილობრივებმა ქართული ოცნების წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს.

13 ივლისი.

ჩემი სუსტი გონება ვერ ხარშავს ერთად საბჭოთა კავშირსა და საოცარ დემოკრატიას”.

  • კახა ბენდუქიძე პასუხობს ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს. ივანიშვილი ამომრჩეველს ერთდროულად ჰპირდება: მოკლე ვადებში ევროპისთვის მისაბაძი დემოკრატიის აშენებას და ისეთი „საინტერესო” ქვეყნის მოწყობას, „როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო”.

პრაიმტაიმი, 9 ივლისი.

2 როგორსა და რატომს შორის

▲ზევით დაბრუნება


არენა

ლევან სუთიძე

ჰიგსის ბოზონის აღმოჩენამ რწმენის, რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ დისკუსია კიდევ ერთხელ გამოაცოცხლა. ბოზონი, რომლის პოვნაც ფიზიკის სტანდარტული მოდელის მართებულობას ადასტურებს და ხსნის, რატომ აქვს სხეულებს მასა, თამამად შეფასდა საუკუნის აღმოჩენად. და როგორც ისტორიის მანძილზე გონების მიერ მიღწეული ყველა დიდი წარმატებისას ხდებოდა ხოლმე, მაშინვე დაიწყო საუბარი ისედაც მკვდრად მიჩნეული ღმერთის საბოლოოდ დამარხვაზე.

სამეცნიერო აღმოჩენებს ყოველთვის თან ახლავს მოსაზრება, რომ სამყაროს შესახებ ცოდნის გაღრმავება, რელიგიისა და რწმენისთვის სულ უფრო მცირე ადგილს ტოვებს. მიუხედავად ამისა, კაცობრიობის აბსოლუტური უმრავლესობა ღვთიური ძალების მიმართ რწმენას არ კარგავს. თანაც მეცნიერება და რელიგია, როგორც საუკუნის დასაწყისში კვანტური მექანიკის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ვერნერ ჰეიზენბერგმა მეგობარს, ნობელის პრემიის ლაურეატ ვოლფგანგ პაულის აუხსნა, სხვადასხვა კითხვებზე გვპასუხობენ. მეცნიერება გვპასუხობს კითხვაზე „როგორ”, ხოლო რელიგია უკვე დიდი ხანია გვიხსნის - „რატომ”.

„კოპენჰაგენის პორტში შემომავალი გემის მოძრაობაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ დამონტაჟებულია ასეთი და ასეთი ძრავი, იწვის ესა და ეს საწვავი, წვისას დგუშს გაზი აწვება... და შედეგად გემი მიცურავს. კიდევ შეიძლება ითქვას, რომ გემი მოძრაობს იმიტომ, რომ ის რომელიღაც ფირმამ დაიქირავა ამერიკიდან ევროპაში ბარგის გადასატანად. პირველი აღწერა სამეცნიერო იქნება, ხოლო მეორე - რელიგიური”, - აუხსნა ჰეიზენბერგმა პაულის.

1956 წელს, დაახლოებით იგივე თქვა ალბერტ აინშტაინმა ამერიკულ The Citadel Press-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „მეცნიერება და რელიგია” - „სამეცნიერო მეთოდმა ჩვენ უნდა აგვიხსნას მხოლოდ ის, თუ როგორ არიან ფაქტები ერთმანეთთან დაკავშირებულნი და ურთიერთგანპირობებულნი... თუმცა ცხადია, რომ იმის ცოდნა, რაც არის, არ გვიხსნის კარს იმისკენ - რა უნდა იყოს. შესაძლოა იცოდე, რა არის, მაგრამ იმავდროულად უძლური იყო განსაჯო, აქედან რა უნდა იყოს ჩვენი ადამიანური მისწრაფებების მიზანი” - მიზნებს თითოეული რელიგია თუ პიროვნება რწმენის შესაბამისად განსაზღვრავს.

თუმცა, როდესაც რელიგიისა და მეცნიერების შესაძლო ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ყველა რელიგიას, გამომდინარე მათი მრავალფეროვნებიდან, სამეცნიერო აზრთან მშვიდობიანი თანაარსებობა გაუჭირდება. ისინი ადამიანური ცხოვრების საზრისზე გვესაუბრებიან, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა იმის ახსნაზეც აცხადებდნენ პრეტენზიას, რაც თავიდან ბოლომდე მეცნიერების კომპეტენციაა. აქ კონფლიქტი იწყება.

მაგალითად, ანტიკურ სამყაროში ღმერთი ბუნების ძალა იყო, ის ამ სამყაროში ცხოვრობდა და მის უშუალო ჩარევას მიეწერებოდა ადამიანებისთვის ცნობილი ბუნებრივი მოვლენები. შესაბამისად, სამყაროში გამომწყვდეულ ღმერთს, რომელსაც ამბიცია აქვს უპასუხოს კითხვას როგორ მოდის წვიმა და საიდან ჩნდება ჭექა-ქუხილი, ადამიანის გონება მეცნიერების მეშვეობით ადვილად მოუღებს ბოლოს. ის აზრს დაკარგავს. ასეთ ღმერთთან მიმართებაში იური გაგარინიც კი, რომელიც კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადებს, რომ იქ ღმერთი ვერ ნახა, მართალი აღმოჩნდება. თუმცა მსგავს განსჯას გაუჭირდება იმასთან ბრძოლის მოგება, ვისი სასუფეველიც „ამქვეყნად არ არის”.

ებრაელმა რაბინმა, პავლე მოციქულმა, წარმართულ სამყაროს სწორედ ასეთი ღმერთი გააცნო - „დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს”! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს”.

პავლეს მიერ ნაქადაგები ღმერთი, რომელიც სამყაროს არაფრისგან ქმნის და საკუთარი ქმნილებისგან უსასრულოდ განსხვავდება, კრიტიკის მიმართ ბევრად იმუნურია. როლან ბარტი ამბობდა, რომ ქრისტიანთა ღმერთსა და ადამიანს შორის უზარმაზარი კედელია აღმართული და ამ კედლის გადალახვა ადამიანის გონების მიერ შეუძლებელია, სანამ ის თავად არ ისურვებს კარი გაჭრას ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის.

რასაკვირველია შეუძლებელია როგორც ამ კედლის, ისე მიღმური ღმერთის არსებობის გონების მეშვეობით დადასტურება. ის რწმენის ობიექტია. ეს რელიგიური ნარატივი, რომელიც ღმერთს და მის სამყაროსთან დამოკიდებულებას აღგვიწერს, გონების მიერ მისი კრიტიკის პერსპექტივას ალოგიკურად აქცევს. ასეთ ღმერთთან მიახლოებისას გონება აღმოაჩენს, რომ მას საზღვრები აქვს. ამ საზღვრებზე საუბრობს არა მხოლოდ რელიგია, არამედ ევროპული რაციონალური ფილოსოფიაც. კანტიდან დაწყებული - ვიტგენშტაინით დამთავრებული, ფილოსოფია მიდის აზრამდე, რომ ადამიანის გონება, როგორც ცოდნის მიმღები აპარატი, შემეცნებაში დასაზღვრულია. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი დასაზღვრული და ნაკლოვანი არსებაა, მისთვის შეუძლებელია ჰქონდეს სრული ცოდნა და სრული წარმოდგენა.

ამის მაგალითად შეგვიძლია საკუთარ თავს გამოცდა აქვე მოვუწყოთ: მაგალითად, შევეცადოთ წარმოვიდგინოთ „არაფერი”. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს როგორია „არაფერი” და ჩვეულებრივ, მასზე ფიქრისას, თავში სივრცის გამოსახულება ამოტივტივდება ხოლმე, თუმცა თავად სივრცეც რაღაც არის. ან შევეცადოთ, ჩვენი სამგანზომილებიანი სამყაროს გამოცდილებით, წარმოვიდგინოთ ერთგანზომილებიანი სიმი, რომელზეც თანამედროვე ფიზიკა საუბრობს. ანუ ისეთი რამ, რომელსაც სიმაღლე და სიგანე არ გააჩნია - მხოლოდ სიგრძე. ეს ისეთივე რთულად აღსაქმელი და გასაგები გახდება, როგორც სამების დოგმატი. ერთი ღმერთი, სამი ჰიპოსტასით. კიდევ უფრო შეუძლებელი, 11-განზომილებიანი მემბრანის წარმოდგენაა. გამოდის, რომ თანამედროვე ფიზიკაც და თეოლოგიაც ორ წარმოუდგენელ რამეზე გვესაუბრება, იმ განსხვავებით, რომ ერთამდე მათემატიკური ფორმულებით მიდიხარ, ხოლო მეორე აქამდე არ დაიყვანება.

0x01 graphic

ადამიანებს შეუძლიათ არ სწამდეთ იუდეო-ქრისტიანული ტრადიციის ღმერთის, მაგრამ შეუძლებელია დაადასტურონ მისი არარსებობა მაშინაც კი, თუ მეცნიერებას 4%25-ზე მეტი ცოდნა ექნება სამყაროს შესახებ (დღეისთვის სამყაროს 96%25 ადამიანის თვალისგან დაფარულია). ჩვენ გველის გავიგოთ სამყაროზე უფრო მეტი, მაგრამ თუ რაციონალური აზრის განვითარებამაც კი, თავად რაციოს საზღვრები დაგვანახა, მაშინ ყველაფრის ცოდნა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც - არაფრის.

დასავლეთში სწორედ იუდეო-ქრისტიანული რელიგიის ამ მიღმური ღმერთის სწავლებამ შეუწყო ხელი დესაკრალიზებული გარემოს შექმნას. ბუნების კვლევისა და მეცნიერების წარმოშობისთვის ეს საუკეთესო ნიადაგი აღმოჩნდა. იმ გარემოში, სადაც მზე და მთვარე თაყვანისცემის ობიექტია, მისი კვლევა შესაძლოა მკრეხელობადაც მიიჩნიონ, ხოლო იქ, სადაც ის სამყაროს არქიტექტორის ერთ-ერთ ქმნილებას წარმოადგენს, მეცნიერული აზრის წარმოშობისა და მიღებისთვის საუკეთესო კლიმატია. სწორედ ასეთ გარემოში გაჩნდა მეცნიერება იმ სახით, როგორიც დღესაა და სწორედ ასეთ რელიგიას შეეძლო სხვებზე უმტკივნეულოდ გადაეტანა მისი ყველა აღმოჩენა.

მართალია, იყო შემთხვევები, როცა ეკლესია სამეცნიერო აზრს წინააღმდეგობით ხვდებოდა ან პრეტენზიას აცხადებდა თავად გაეცა პასუხები კითხვაზე „როგორ” - მაგრამ საბოლოოდ მეცნიერებამ და რელიგიამ გვერდიგვერდ თანაცხოვრება ისწავლეს.

მაგალითად, ცოტამ იცის, რომ „დიდი აფეთქების” თეორია, რომელიც თანამედროვე ფიზიკაში სამყაროს გაჩენის აღიარებულ სცენარად არის მიჩნეული, პირველად ჟორჟ ლემეტრიმ, ბელგიური წარმოშობის კათოლიკე აბატმა წამოაყენა. სწორედ დიდი აფეთქების სცენარში არსებობს როგორც ჰიგსის ველი, ისე მისივე სახელობის ჰიგსის ბოზონი. მეცნიერების ისტორიკოსი, სტენლი ჯაკი ვარაუდობს, რომ მონსენიორ ლემეტრის, ამგვარი ექსტრავაგანტული თეორიის წამოყენებაში კათოლიკური ღვთისმეტყველების შესწავლა დაეხმარა. „პირველატომის” - იგივე სინგულარობის წერტილის იდეა გულისხმობს, რომ ამ ფიზიკურ წერტილში კონცენტრირებული იყო სამყაროსეული ყოფიერების მთელი სისავსე. ხოლო ევქარისტიის შესახებ დოგმატი გვეუბნება, რომ პატარა პურის ნამცეცში, რომელიც წირვაზე ქრისტეს ხორცად გადაიქცევა, სრულიად იმყოფება ქრისტე.

მეცნიერული აზრისა და ქრისტიანული რელიგიის დაპირისპირება, როგორც წესი, თავს იჩენს იქ, სადაც ან რწმენა ამპარტავნდება, ან გონება. ერთი მხრივ, ახსნა ყველაფერი ღვთაებრივი ძალის მეშვეობით, ხოლო მეორე მხრივ, გონებას დააკისრო ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მთელი ტვირთი.

პირველ საუკუნეში, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რაც ქრისტიანებს დაუდგათ, სწორედ რწმენისა და ცოდნის დამოკიდებულების განსაზღვრა იყო. როგორც ფილოსოფიის ისტორიკოსი, ეტიენ ჟილსონი განმარტავს, ეკლესია არჩევანის წინ დადგა - ან უნდა გამოეცხადებინა სახარება და ღვთაებრივი გამოცხადება ერთადერთ საჭირო ცოდნად, რომელშიც უკვე ყველაფერია, რაც გვჭირდება, ან ეღიარებინა, რომ წარმართთა და ფილოსოფოსთა ცოდნაც შეიცავს ისეთს, რასაც შეუძლია ადამიანს სარგებელი მოუტანოს. ანუ მხოლოდ ის კი არ არის სასარგებლო, რაც ღმერთმა მისი მოციქულების მეშვეობით გვასწავლა, არამედ ისიც, რასაც მის მიერ მოცემული გონების დახმარებით გავიაზრებთ. საბოლოოდ, ეკლესიაში გაიმარჯვა აზრმა, რომლის მიხედვითაც - თუ გონება ღვთის მიერ მოცემულია, მაშინ მისი შემოქმედება არსებითად კარგია. თუმცა დღესაც და მაშინაც ფუნდამენტალისტები მიიჩნევენ, რომ ბუნების აღსაწერად შეიძლება წმინდა წიგნი გამოვიყენოთ.

ფუნდამენტალიზმის მსგავს შემთხვევებს ვხვდებით სამეცნიერო მხარესაც. როდესაც ის საკუთარ თავზე იღებს იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელსაც მისი მეთოდოლოგია ვერ დაადგენს.

ჰარმონიის დარღვევას რწმენას, გონებასა და სამართალს შორის, რასაც პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე დასავლური ცივილიზაციის სამ საყრდენად წარმოგვიდგენს, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. მეოცე საუკუნის დიდ კულტურულ პოსტმოდერნს, სკეპსისსა და მეტაფიზიკურ ნიჰილიზმს ღმერთის სიკვდილი მოჰყვა. ანრი დე ლიუბაკის კვლევის, „ათეისტური ჰუმანიზმის დრამის” მიხედვით, რწმენის კრიზისის შემდეგ, ამ ცივილიზაციის მეორე ბოძმაც, ბერძნულმა რაციონალიზმმაც დაიწყო დაშლა. პროცესის პირველი ნიშნები, მისი აზრით, გამოიხატა ირაციონალიზმში, რომელიც კაცობრიობას თავს ორ მსოფლიო ომად დაატყდა. დღეს კი, როგორც ამერიკელი ავტორი, ჯორჯ ვაიგელი ამბობს, სიტუაცია უფრო რთულად არის. ბიბლიური რელიგია და გონების ხელოვნება აღარ არსებობს, ამიტომ დასავლური ცივილიზაციის მესამე საყრდენიც, სახელად „სამართალი” - დაშლას იწყებს.

ეს სიტუაცია ბენედიქტე მეთექვსმეტეს მიერ ხშირად აღიწერება, როგორც „რელატივისტური დიქტატურა”: თანხმობაში მყოფი მორალური ორიენტირების არარსებობით, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ რელიგიურ თავისუფლებას, არამედ თავისუფლების გაგებას, როგორც ასეთს. ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დასავლური მრწამსი, რომელიც პიროვნების ღირსებაზე დგას, საფუძველს კარგავს, რადგან პიროვნების ღირსება თანამედროვე რაციონალიზმისთვის ზედმეტად დაუსაბუთებელი რამ არის. ის ეფუძნება რწმენას, რომ ადამიანი საკუთარი არსებობის ფაქტის გამო პატივსაცემია. ამგვარი განმარტება კი შორს დგას მათგან, ვინც კაცობრიობის თანაცხოვრებასა და ევოლუციურ გამოცდილებას, გონების ყოვლისშემძლეობის რწმენით უპირისპირდება.

თავის წიგნში „წესრიგი და ისტორია, მეცნიერება, პოლიტიკა და გნოსტიციზმი”, პოლიტიკის ფილოსოფოსმა ერიკ ვოგელინმა გონების შესაძლებლობების კრიტიკული ანალიზის გარეშე ნდობა, ძველ ქრისტიანულ ერესს, გნოსტიციზმს შეადარა. ის მოდერნისტულ პოლიტიკურ იდეოლოგიებს, მაგალითად, მარქსიზმსა და ნაციზმს გნოსტიკურად აცხადებდა. ვოგელინი წერდა, რომ სწორედ ისე, როგორც გნოსტიკოსებისთვის იყო მიუღებელი ეს სამყარო მთელი მისი წესრიგით და ესწრაფვოდნენ მის რადიკალურ გარდაქმნას, მაგიისა და ეზოთერიკული ცოდნის მეშვეობით - მარქსიზმი და ნაციზმი ცდილობდნენ რევოლუციური გეგმების განხორციელებას განსაკუთრებული მეცნიერული მეთოდოლოგიის მეშვეობით.

ძველსა და ახალ გნოსტიკოსებს სწამთ, რომ სამყაროს „დარღვევები” შეიძლება გამოვასწოროთ განსაკუთრებული შემეცნებით, განსწავლით ან ცოდნით. ეს მისწრაფება მიზნად ისახავს, განახორციელოს სპეკულაციური პოლიტიკა, ანუ „იმანენტიზდეს ესქატონი” - შექმნას სასუფეველი დედამიწაზე.

ვოგელინის აზრით, გნოსტიციზმი მოტივირებულია ადამიანისა და სამყაროს ძირფესვიანად გარდაქმნისა და მისი სრულყოფისკენ. თავის მხრივ, სასუფეველი უნდა დადგეს ადამიანთა ერთი გამორჩეული ჯგუფის, ელიტის, ზე-კაცთა მიერ, რომლებიც აღჭურვილნი არიან განსაკუთრებული ცოდნით (მაგია - მეცნიერება) იმის შესახებ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ადამიანი.

ეს რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანული გამოსყიდვის სწავლებისგან, სადაც თითოეული ადამიანი ღმერთთან შერიგებაში პოულობს ხსნას. ვოგელინი ააშკარავებს ტოტალიტარულ იმპულსს, რომელსაც ვიღებთ ადამიანთა ერთი ჯგუფის გამოცალკევებით დანარჩენი საზოგადოებისგან.

ეს მაშინ, როცა ქრისტიანულ საფუძვლებზე აღმოცენებული ჰუმანისტური ტრადიცია საბოლოოდ მივიდა აზრამდე, რომ რწმენა შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის თავისუფალი ნების ხელშეუვალობის გამო. მან შეიძლება მისცეს თავისუფლება ცოდვასა და მკრეხელობას. საპირისპიროდ, რაციონალისტი ფუნდამენტალისტებისთვის ტოტალურად მიუღებელია ყველაფერი, რასაც ისინი სისულელედ მიიჩნევენ. ამგვარად, მეცნიერებისა და რელიგიის საზღვრების დარღვევა, მათი ურთიერთშეჭრა, ერთი მხრივ გვაძლევს რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, ხოლო მეორე მხრივ - რაციონალისტურ შეუწყნარებლობას.

3 შანსები და საფრთხეები

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია|სვეტი

0x01 graphic

ის, რაც დემოკრატიის შანსს ქმნის, ამავე დროს, დიდი საფრთხის წყაროც შეიძლება იყოს. დემოკრატიის მთავარი ნიშანია ძალაუფლებისთვის ღია და საჯარო ბრძოლა, ოღონდ წესების ფარგლებში. მაგრამ რა გარანტიაა, რომ მხარეები წესებს დაიცავენ, როცა ფსონი ეგზომ მაღალია? საიდან ვიცით, რომ დაპირისპირება სამოქალაქო ომში არ გადაიზრდება? მეორე მხრივ, თუ ძალაუფლებისთვის ღია კონკურენციას არ დაუშვებ, ნებისმიერი (სულერთია, კარგი თუ ცუდი) მთავრობის მოქმედება შეიძლება ტირანიაში გადაიზარდოს.

შიშების ჰიბრიდი

ჩვენი დღევანდელი სიტუაციის მიმართ გამოთქმა „სამოქალაქო ომი”, რა თქმა უნდა, გაზვიადებაა - ისევე, როგორც „ტირანია”. მაგრამ, ლოგიკურად, სწორედ ამ პოლუსებს შორის ვმოძრაობთ. როგორც კი საქართველოში პოლიტიკური კონკურენციის დონე იზრდება და ოპოზიციას გამარჯვების იმედი უჩნდება, იწყება საუბარი, რომ „საზოგადოება გაიხლიჩა”, რომ ყველაფერი შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს და, საბოლოოდ, „ქვეყანა აირიოს”. თუ, პირიქით, ვითარება დაწყნარდა, ვიწყებთ წუხილს იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი მოკვდა და მმართველ ძალას აღარაფერი აწონასწორებს. ჩვენი ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმის არსს შეიძლება სწორედ ამ ორი შიშის მონაცვლეობა გამოხატავდეს.

ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შანსი ძალადობის რისკზე გადის. ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში, სამწუხაროდ, რთულია წარმოვიდგინოთ მწვავე პოლიტიკური კონკურენცია ამ რისკის გარეშე. მისი თავიდან აცილება შეუძლებელია - რაც არ ნიშნავს, რომ თვით ძალადობაა გარდუვალი. რა უნდა გაკეთდეს მისი თავიდან ასაცილებლად?

ინციდენტები და პასუხისმგებლობა

მერეთის და კარალეთის ინციდენტებმა სამოქალაქო დაპირისპირე ბის აჩრდილს რეალური კონტურები შესძინა. ყველას მაშინვე გაახსენდა 2003 წელი, როცა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მცდელობებს, მიტინგები გაემართა ბოლნისში, ზუგდიდსა თუ ბათუმში, ცემა-ტყეპით და ქვებით დახვდნენ. ძალადობის მასშტაბი მაშინ გაცილებით დიდი იყო, მაგრამ პარალელები ბუნებრივია.

ასევე ბუნებრივია, რომ ძალადობრივი ეპიზოდებისთვის პოლიტიკური მხარეები ერთმანეთის დადანაშაულებას ეცდებიან. მიუკერძოებელი არბიტრის ფუნქციის არ ვიტვირთავ - მით უმეტეს, რომ ასეთად მაინც არავინ მაღიარებს. მაგრამ ერთი ცხადია: თუ ამ ყველაფერმა მეტ-ნაკლებად სისტემური სახე მიიღო, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. საუკეთესო შემთხვევაში, ძალადობის შეწყნარება მას სისუსტედ ჩაეთვლება, უარესში კი - ოპოზიციის მიმართ რეპრესიის შეგნებულ პოლიტიკად.

რა შეიძლე ბა გაკეთდეს?

მართალია, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მაგრამ რეალური შედეგის მისაღწევად ძირითადი მხარეები თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდნენ. ხელისუფლების ბოლოდროინდელი შეთავაზება ამ მიმართულებით სავსებით რაციონალურია. მაგრამ, როგორც ოპოზიციის რეაქციიდან დავინახეთ, მისი წარმატების შანსი მინიმალურია. რატომ?

მიზეზი ორია: ღრმა უნდობლობა და პოლიტიკური ინტერესი. პირველი თვალსაჩინოა და მასზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს. მაგრამ ვის ინტერესს უფრო პასუხობს ძალადობრივი ინციდენტების გაგრძელება? ბიძინა ივანიშვილმა, რადიკალურ-რევოლუციური მეთოდების უარყოფით, ხაზი გაუსვა თავის კონტრასტს „ძველ” ოპოზიციასთან და ეს მიდგომა აშკარად მომგებიანი აღმოჩნდა. მაგრამ მერეთ-კარალეთის ტიპის ინციდენტები მას აშკარად აძლევს ხელს, ოღონდ ერთი პირობით: თუ ისინი მთავრობას დაბრალდა.

ასეთი გათვლა კარგად ჯდება მის ზოგად სტრატეგიაში. ისღიად აცხადებს (სრულიად სწორად), რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და არმინიჭება ხელს აძლევს, ის დემონსტრაციულად არ იხდის კონტროლის პალატის დაკისრებულ ჯარიმებს, რათა მას ქონება დაუყადაღონ და, რაც განსაკუთრებით მოგებიანია, ხელისუფლებას ცოდვად დაედოს დამოუკიდებელი მედიის სიგნალის გავრცელებისთვის ხელის შეშლა. პარალელურად, ის დიდ თანხებს უხდის ლობისტურ კომპანიებს დასავლეთში, რათა საქართველოს ხელისუფლება დიქტატურად წარმოაჩინონ.

ეს თამაში ჯერჯერობით საკმაოდ წარმატებულია: ხელისუფლება კანონების მუხლებზე აკეთებს აპელირებას, მაგრამ ესენი დიდად არავის აინტერესებს (მით უმეტეს, რომ თავად ეს მუხლები ხშირად სწორედ ივანიშვილის გამოა მიღებული). ოპოზიციის პროპაგანდისტებს კი სულ ახალი და ახალი საბუთები ეძლევა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდით ებრძვის ოპოზიციას და დამოუკიდებელ მედიას.

ამიტომ, ხელისუფლებას ნაკლებად უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ქართული ოცნება არჩევნებამდე რამეზე საჯაროდ შეუთანხმდება. ძალადობის ტალღის გაუვრცელებლობაზე მას მარტო მოუხდება ზრუნვა.

სადაა ყველაზე დიდი საფრთხე?

ჩემი ვარაუდით, მსხვილმასშტაბიანი ძალადობა არჩევნების წინა პერიოდში ან არჩევნების დღეს არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს და მისი ალბათობა მცირეა. მთავარი საფრთხეები შემდგომ პერიოდს ეხება.

ცხადია, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას ვერ გამოვრიცხავთ. მაგრამ ივანიშვილის საკმაოდ წარმატებული მიტინგო-კამპანიის შემდეგ გაკეთებული კვლევები მაინც ხელისუფლების დამაჯერებელ გამარჯვებას წინასწარმეტყველებს, ამიტომ ეს სცენარი უფრო ალბათური რჩება. თუ ასეა, მიიღებს თუ არა ოპოზიცია დამარცხებას? ეს ამ წუთში ყველაზე უფრო რთული კითხვაა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველაფერი ცხადი იყო: ოპოზიცია წინასწარ ემზადებოდა წაგების შემთხვევაში შედეგების არცნობისა და, შემდეგ, „ვარდების რევოლუციის” გამეორებისთვის. მაშინ ბადრი პატარკაციშვილმა კონკრეტული გეგმაც კი გაგვაცნო, როგორ აპირებდა არჩევნების შედეგების გაყალბების ინსცენირებას. სხვა საკითხია, ბოლოს რატომ ვეღარ გაბედეს გამწვავებაზე წასვლა - გამოუყენებელ შანსს ბევრი დღესაც გლოვობს.

დღევანდელი ოპოზიცია რას აპირებს? მისი ქცევა ჯერჯერობით არ გვაძლევს საშუალებას, ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი გავცეთ. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმის ხშირი განმეორება, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს, ქმნის მოლოდინს, რომ ის უკიდურეს გამწვავებაზე არ წავა. მეორე მხრივ, ვერ გამოვრიცხავთ, დღევანდელი ხაზგასმული ზომიერება მომავალი რადიკალიზმის წინასწარ ლეგიტიმაციას ემსახურებოდეს: „მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, მაგრამ სისხლიანმა დიქტატურამ რევოლუციის გარდა სხვა შანსი აღარ დაგვიტოვა”.

მაგრამ ამის გასაკეთებლად მხოლოდ სიტყვები არ კმარა. „ვარდების რევოლუციის” ლეგიტიმურობა დიდწილად იმაზე იყო დამოკიდებული, რომ მაშინდელმა სამოქალაქო საზოგადოებამ არჩევნების მასობრივი გაყალბების უტყუარი საბუთები მოიპოვა ეგზიტ-პოლებისა და ხმების პარალელური დათვლის სახით, რომელთაც, თავის მხრივ, დასავლეთის ავტორიტეტი უმაგრებდა ზურგს. ასეთი რამ შემდეგ აღარ განმეორებულა.

ქართველი ხალხის ახალი მტრები

ამ კონტექსტში ოპოზიციის განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორია მისი დამოკიდებულება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიმართ. მათი შედეგების ეჭვის ქვეშ დაყენება განვითარებულ დემოკრატიებშიც „მოსულა”, მაგრამ იქ შეგნებულ ფალსიფიკაციაზე არავინ საუბრობს. როცა ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციების (NDI და IRI) მიერ ჩატარებულ კვლევებს სინამდვილეში ვანო მერაბიშვილი ატარებს (მომავალში ამ საქმეს, ალბათ, ბაჩო ახალაია გადაიბარებს), ხოლო მისი პროპაგანდისტები ამ მოსაზრებას შემდეგ კბილებით იცავენ, ეს ძალიან ცუდ პრეცედენტს ქმნის და ხელს უწყობს პესიმისტურ პროგნოზებს არჩევნების შემდგო მისი ტუაციის მიმართ.

ასეთი რამის მთქმელი ნაკლებად გაუწევს ანგარიშს ვისიმე დასკვნას არჩევნების სამართლიანობის თაობაზე. ავად თუ კარგად, საერთაშორისო საზოგადოება არბიტრის როლს ასრულებდა საქართველოში: მის ცალკეულ რეკომენდაციებს არ ეთანხმებოდნენ და აკრიტიკებდნენ, მაგრამ ქვეყნის შეგნებულ მტრობას და „ქართული საზოგადოების აზრის გაუპატიურებას” (ივანიშვილის ერთ-ერთი პროპაგანდისტის ფრაზაა) ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები მაინც არ აბრალებდნენ.

ის, რომ 2007-2009 წლების კრიზისული სიტუაციები საბოლოოდ უკონტროლო პროცესებით არ დასრულდა, იმითაც იყო გაპირობებული, რომ ორივე მხარე საბოლოოდ ანგარიშს უწევდა და სავლეთის შეფასებებს. ქართული ოცნების სისტემური მედიაკამპანია ამერიკული ორგანიზაციების სახელის გასატეხად, საბოლოო ჯამში, უმიზნებს დასავლეთის მორალურ ავტორიტეტს, რომელიც აქამდე საქართველოში თავშეკავების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

4 NDI-ის ივნისის რეიტინგი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობა - 36%25, ქართული ოცნება - 18%25

ავთო ქორიძე

როვნული დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის 36%25 ხმას ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა, 18%25 კი ქართულ ოცნებას. დღევანდელი მხარდაჭერის დონით სხვა ვერცერთი პარტია 5%25-იან ბარიერს ვერ გადალახავ და: ქრისტიან-დემოკრატებს ხმას მხოლოდ 3%25 მისცემდა, ყველა სხვა ოპოზიციური პარტია კი ერთად 1%25-ს მოაგროვებდა. ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა სავარაუდო ამომრჩევლებს შორის 11%25-ით (ერთეულით) შემცირდა, მაშინ როცა კოალიცია ქართული ოცნების რეიტინგი 8%25-ით გაიზარდა. ქრისტიან-დემოკრატების მაჩვენებელი თებერვლის შემდეგ არ შეცვლილა.

განსაკუთრებით მაღალია მოსახლეობის წილი (22%25), ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის მისცემს ხმას საპარლამენტო არჩევნებში. ამას ემატება იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი თქვეს კითხვაზე პასუხის გაცემაზე - 16%25. სწორედ მოსახლეობის ეს ნაწილი არის ყველაზე მიმზიდველი პარტიებისთვის და მათ გადაბირებას ეცდებიან.

ამასთან ერთად, მოსახლეობის 34%25 თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე ახლოს დგას მათ შეხედულებებთან. ქართული ოცნება მოსახლეობის 20%25-ისთვის არის ახლობელი.

გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ კვლევა ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნამდე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ჯერ მოსახლეობისთვის ცნობილი არ იყო, გამოკითხულები არჩევანს მთავრობიდან უკვე მიღებული შედეგების მიხედვით აკეთებდნენ და არა სამომავლო გეგმის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის გამოკითხვასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არჩევნებზე წასვლას აპირებს. ეს მონაცემი თებერვლის შემდეგ 11%25-ით, წინა წლის სექტემბერთან შედარებით კი 24%25-ით გაიზარდა. ეს შეიძლება ბიძინა ივანიშვილის კამპანიის გააქტიურებით იყოს გამოწვეული. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გააქტიურებულ 24%25-ში ნაწილი ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობაა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება არ მოსწონს, თუმცა აქამდე მის ალტერნატივას ვერ ხედავდა. მეორე ნაწილი კი ნაციონალური მოძრაობის ის მხარდამჭერები არიან, რომლებიც თვლიდნენ, რომ არჩევნებზე მათ წასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან ნაციონალური მოძრაობა მაინც მოიგებდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გააქტიურებული მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ პირველ ჯგუფს, ოპოზიციურად განწყობილებს მიეკუთვნება, რადგან ქართული ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა ამ პერიოდში გაიზარდა, ნაციონალური მოძრაობის კი შემცირდა.

მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა უკეთ შეძლებს NATO-ში გაწევრიანების (33%25), განათლების (33%25), ჯანდაცვის (30%25) და დემოკრატიის განვითარების (29%25) საკითხების მოგვარებას. დასაქმების,სოფლის მეურნეობის, ტერიტორიული მთლიანობის და გადასახადების საკითხებზე მმართველი პარტიისა და ქართული ოცნების მიმართ რწმენა დაახლოეობით ერთნაირია. მოსახლეობის 25%25-ს სჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობას ქართული ოცნება უკეთ მოაგვარებს, ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში იგივე მონაცემი 22%25-ია. ყველა აღნიშნულ საკითხზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ეფექტიანობის მოსახლეობის მხოლოდ 2-5%25-ს სწამს.

NDI-ის კვლევაში მერაბიშვილის რეიტინგს თუ ვნახავთ, მაშინ კიდევ უფრო გასაგები ხდება მისი პრემიერად დანიშვნა. მერაბიშვილის საქმიანობას ყველაზე დადებითად აფასებენ ილია მეორის შემდეგ. მოსახლეობის 49%25 დადებითად აფასებს პრემიერ მინისტრის საქმიანობას, უკმაყოფილო კი მხოლოდ 9%25-ია. იმავე რეიტინგში ივანიშვილის საქმიანობას დადებითად 33%25 აფასებს, უარყოფითად 15%25, 22%25 კი საერთოდ შეფასებას ვერ იძლევა. საქმიანობის შეფასებით რეიტინგის სათავეში ასევე არიან გიგი უგულავა (40%25), მიხეილ სააკაშვილი (39%25) და დავით ბაქრაძე (33%25).

რეიტინგით მოსახლეობის პირადი სიმპათიებიც გაიზომა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი მოწონებით, პატრიარქის (92%25) შემდეგ, გიგი უგულავა (60%25), მიხეილ სააკაშვილი (58%25) და ვანო მერაბიშვილი (55%25) სარგებლობენ. ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის 46%25-ს მოსწონს, 25%25-ს არ მოსწონს, 21%25-ს კი ჯერ კიდევ არ აქვს მასზე ჩამოყალიბებული აზრი. ქართული ოცნების სხვა ლიდერები ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ - ირაკლი ალასანია უფრო მეტი ანტიპათიით სარგებლობს (39%25), ვიდრე მოწონებით (32%25), თინა ხიდაშელი მოსახლეობის 43%25-ს არ მოსწონს და მხოლოდ 26%25-ს მოსწონს.

პარტიებს შორის ყველაზე კმაყოფილი მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის საქმიანობით არის - 37%25 მას დადებითად აფასებს. მმართველ პარტიას მოსდევს ქართული ოცნება, რომლის საქმიანობასაც პოზიტიური შეფასება 29%25-მა მისცა. ქრისტიან-დემოკრატებით კმაყოფილია 21%25.

NDI-მ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ოფიციალურად პირველად გამოაქვეყნა. აქამდე ის მხოლოდ პარტიებს აცნობდა მათი რეიტინგის შესახებ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 4-22 ივნისს ჩატარდა და 6,299 ადამიანი გამოიკითხა.

ზოგიერთი სოციოლოგი NDI-ის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი კვლევები რეალობას ნაკლებად ასახავს. ხშირად ამბობენ, რომ პასუხებზე - არ ვიცი და უარი - მონაცემის სიდიდის გამო, ოპოზიციურ პარტიებს რეიტინგი აკლდებათ. 2010 წლის NDI-ის მონაცემებით ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი აპრილში 48%25 იყო, მაისში გამართულ საკრებულოს არჩევნებში კი პარტიამ ხმათა 66%25 აიღო. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი NDI-ის მონაცემებით 8%25 იყო, საკრებულოს არჩევნებზე კი პარტიამ 12%25 აიღო. ალიანსი საქართველოსათვის შემთხვევაში რეიტინგი 6%25 იყო, არჩევნებზე კი 9%25 დააგროვა. შესაბამისად, იმ რესპონდენტებს შორის, რომლებიც პასუხზე უარს აცხადებენ ან არ ვიცის პასუხობენ, ყველა პოლიტიკური ძალის მომხრენი არიან.

NDI-ის კვლევაში ინსტიტუტების საქმიანობით კმაყოფილებაც გაიზომა. ინტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი შეფასებით საქართველოს პოლიცია და ჯარი სარგებლობს. მოსახლეობის 58%25 დადებითად აფასებს პოლიციის საქმიანობას, იგივე მაჩვენებელი ჯარის შემთხვევაში 57%25-ია. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეიტინგი პოლიციის რეიტინგისგან დამოუკიდებლად გაიზომა და მოსახლეობამ მისი საქმიანობაც დადებითად შეაფასა - 43%25, უკმაყოფილო კი 8%25-ია. კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ მოსახლეობის უმრავლესობა არაინფორმირებულია. 39%25-მა არ იცის კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ, მონაცემი თითქმის არ შეცვლილა თებერვლის შემდეგ.

NDI-მ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც დასვა კითხვა. მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაწყვეტილი არა ქვს, თუ რომელი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას - 25%25. ასევე დიდია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელთაც უარი განაცხადეს პასუხის გაცემაზე - 17%25. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს 22%25 მისცემდა ხმას, ივანიშვილის კანდიდატს კი 20%25. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები ინფორმირებული იყვნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს კენჭისყრის საშუალება აღარ ექნება, 6%25-მა მაინც სააკაშვილი დაასახელა სასურველ კანდიდატად. გიორგი თარგამაძეს მხოლოდ 4%25 მისცემდა ხმას.

5 გაუგებრობა რეზოლუციის გარშემო

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

საერთაშორისო დოკუმენტში „ოკუპირებული ტერიტორიების” მოხსენიებასთან დაკავშირებით მოსკოვმა პოზიცია შეიცვალა? ეს კითხვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ გაჩნდა. რუსული დელეგაციის „კონსტრუქციულობამ” შეშფოთება სოხუმსა და ცხინვალში გამოიწვია, სადაც მისი „თავშეკავებული” პოზიცია უკან დახევად აღიქვეს.

რეზოლუცია, რომელიც ასამბლეამ 9 ივლისს დაამტკიცა, მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს.

პოლონელი დეპუტატის, მიხაელ შჩერბას მომზადებული დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას მოსკოვისა და „დე ფაქტო ხელისუფლებების” მიმართ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლების მისია დაუშვან. ასევე - უზრუნველყონ დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს აღადგინონ ორგანიზაციის მისია საქართველოში, როგორც ნდობის აღდგენის ერთ-ერთი მექანიზმი.

რეზოლუციაზე მსჯელობის დროს რუსული დელეგაცია დოკუმენტის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ტექსტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად იყვნენ მოხსენიებულნი. რუსი დეპუტატების აზრით, ეს „სუვერენული სახელმწიფოებია”, რეზოლუციის პროექტი კი - ტენდენციური.

მაგრამ, დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, რუსული დელეგაცია მოულოდნელად ალაპარაკდა საკუთარ კონსტრუქციულ პოზიციაზე. სააგენტო REGNUM-თან საუბრისას დელეგაციის ხელმძღვანელმა, მმართველი ედინაია როსიას წევრმა ნიკოლაი კოვალიოვმა განაცხადა, რომ რეზოლუცია საერთო ჯამში „ტენდენციური და ანტირუსულია”. თუმცა, დელეგაციამ თავი შეიკავა მის წინააღმდეგ ხმის მიცემისგან, ვინაიდან დოკუმენტში იყო „სწორი და გონივრული საკითხები, რის წინააღმდეგაც გამოსვლა არამიზანშეწონილი იქნებოდა”. დეპუტატის განცხადებით, რუსული დელეგაციის პოზიცია ამ საკითხებზე დაბალანსებული იყო, რათა „დაპირისპირება აბსურდამდე არ მიგვეყვანა”.

ამ პოზიციამ სოხუმსა და ცხინვალში ზოგიერთი ექსპერტი აღაშფოთა. აფხაზი ექსპერტისთვის, „ხალხთა უფლებების დაცვის მოძრაობის” კოორდინატორ ბესლან კობახიასთვის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მოსაზრება „სრულიად გაუგებარი” აღმოჩნდა. „თუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იღებს დოკუმენტს, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაციაა” ნახსენები, ნიშნავს თუ არა ეს ამ ოკუპაციის აღიარებას რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მიერ?” - კითხულობს კობახია. „თუ ეს ასეა, ჩვენ ამ საკითხებზე რუსეთის ფედერაციის პოზიციის რადიკალური ცვლილების მოწმეები ვართ და თუ ამ ლოგიკას მივყვებით, გადაწყვეტილებას უნდა მოჰყვეს „დეოკუპაცია”, ანუ რუსული ძალების გაყვანა ამ ქვეყნებიდან”, - აცხადებს აფხაზი ექსპერტი.

თუმცა მას კრემლის პოზიციის შეცვლის არ სჯერა. კობახიამ მოუწოდა რუსეთის საგარეო უწყებას, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადების „დეზავუირება” მოეხდინა და ასევე გაეანალიზებინა, „თუ როგორ გახდა შესაძლებელი, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელს ქვეყნის პოზიციისგან განსხვავებული განცხადებები გაეკეთებინა”.

კოვალიოვის სიტყვები იმის შესახებ, რომ მიღებულ რეზოლუციაში იყო „სწორი და გონივრული საკითხები, რის წინააღმდეგაც გამოსვლა არამიზანშეწონილი იქნებოდა”, მიუღებელი აღმოჩნდა ცხინვალელი ექსპერტის ინალ პლიევისთვის.

„შეუძლებელია, გონივრული და სწორი იყოს ის, რაც ზიანს აყენებს შენი ქვეყნის ინტერესებსა და ავტორიტეტს და მას ოკუპანტის იმიჯს უქმნის”, - განუცხადა REGNUM-ს პლიევმა. მისი თქმით, რუსულ დელეგაციას „ხმა არ მიუცია რუსეთისთვის შეურაცხმყოფელი ფორმულირებების წინააღმდეგ. შთაბეჭდილება იქმნება, რომ დელეგაციის წევრებისთვის არ აქვს მნიშვნელობა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სახელმწიფო მაღალ პოლიტიკურ დონეზე იღებს”.

რუსული დელეგაციის გაურკვეველმა პოზიციამ ეუთოში ზოგიერთ ექსპერტს აფიქრებინა, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პოზიციის შესაცვლელად მზად არის, მაგრამ განცხადებას, რომელიც 14 ივლისს რუსეთის საგარეო უწყებამ გააკეთა, ეჭვი აღარ უნდა დაეტოვებინა მოსკოვის ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით. უწყებამ დაგმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენიება და განაცხადა, რომ „რუსული დელეგაცია ამ ტენდენციური დოკუმენტის მკვეთრი წინააღმდეგი იყო და ის აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნია”.

„ასამბლეის დეპუტატთა უმრავლესობას კვლავ არ სურს ობიექტურად აღიქვას დღეისთვის კავკასიაში შექმნილი რეალობა. ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, ეუთო-ს ამ სტრუქტურას არ აძლევს შესაძლებლობას, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს”, - მიიჩნევს ოფიციალური მოსკოვი.

16 ივლისს კი თავის მართლება თავად დელეგაციის ხელმძღვანელს, კოვალიოვს მოუხდა. მან სიცრუე უწოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსულმა დელეგაციამ ხმის მიცემისას თავი შეიკავა და ამ ინფორმაციის გავრცელებას „ქართული მედიის პროვოკაცია” უწოდა. სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, კოვალიოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა და „ადეკვატური პასუხით” დაუმუქრა ყველას, ვინც განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ტაბულა ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი კანდელაკს ესაუბრა, რომელიც მონაკოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობდა. კანდელაკის განმარტებით, რუსულმა დელეგაციამ მართლაც მისცა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ, როდესაც დოკუმენტი ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტზე განიხილებოდა. თუმცა მეორე დღეს, დოკუმენტის საბოლოოდ დამტკიცების დროს, კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. ყველა სხვა ქვეყნის დელეგაციამ რეზოლუციას ხმა მისცა.

კანდელაკის თქმით, ასამბლეაზე რუსეთისთვის ძალიან მძიმე ატმოსფერო შეიქმნა, რადგან საქართველოს საკითხის გარდა, მიღებული იყო მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელიც ამ დანაშაულში ბრალდებული თანამდებობის პირებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების შემოღებას მიესალმება.

„რუსულ დელეგაციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია და შესაძლოა, ამის გამო კონსტრუქციულობის მუზა მოუვიდა”, - უთხრა ტაბულას კანდელაკმა. დეპუტატის განცხადებით, „იმ ხალხისთვისაც, ვინც რუსეთის საგარეო პოლიტიკის აღსრულებაში მონაწილეობს, ამ პოლიტიკის უაზრობა ცხადი ხდება”.

6 მნიშვნელოვანი ევროპული ტრიბუნა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

„ახალი მიდგომები რთულ პერიოდში: ევროპა და მსოფლიო კრიზისთან ბრძოლაში” - ამ დევიზით პოლონეთის ქალაქ კრინიცაში 4-6 სექტემბერს მორიგი, 22-ე ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. მისი ორგანიზატორია პოლონეთის აღმოსავლური კვლევების ინსტიტუტი.

კრინიცას ყოველწლიური ფორუმი, რომელიც 1991 წლიდან იმართება, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ელიტის შეხვედრის ადგილად იქცა. გასულ წელს ფორუმში 2600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ევროპის, ამერიკისა და აზიის 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

მასში რეგულარულად მონაწილეობენ ქვეყნების მეთაურები, წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაციები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.

ფორუმზე, რომელსაც მედიამ „აღმოსავლური დავოსი” უწოდა, ტრადიციულად განიხილება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, მაკროეკონომიკის, ბიზნესის, საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. მის ფარგლებში, ყოველწლიურად, ყველა აქტუალურ თემაზე 100-ზე მეტი დისკუსია იმართება.

როგორც გასულ წელს ფორუმზე გამოსვლისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ეჟი ბუზეკმა აღნიშნა, „ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ყოველწლიურ შეხვედრებში ისაა, რომ ევროპა უარს ამბობს ახალი საზღვრების და გამყოფი ხაზების შექმნაზე და უპირატესობას ეკონომიკურ და პოლიტიკურ დისკუსიებს ანიჭებს, ეს ევროპის საუკეთესო მომავალია”. ბუზეკის განცხადებით, შეხვედრები კრინიცაში ხელს უწყობს რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლებას და „მილიონობით ადამიანის აზრის შეცვლას ევროპისა და მასში თითოეული ქვეყნის ადგილის შესახებ”.

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე. კრინიცას ყოველწლიური ფორუმი

კრინიცას ფორუმი მნიშვნელოვან ტრიბუნად იქცა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემები ფორუმზე არაერთხელ განხილულა. დისკუსიებსა და შეხვედრებზე საქართველოს წარმომადგენლებს არაერთხელ ჰქონიათ შესაძლებლობა, ევროპასა და მსოფლიოსთვის საკუთარი პოზიცია მიეწოდებინათ.

შარშან კრინიცას ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილი გახსნაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება საქართველოში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა. მან ასევე ისაუბრა რუსულ აგრესიაზე და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის ნაწილი დევნილია, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანა წინსვლას განაგრძობს.

„პოლონეთი სანიმუშო მაგალითად და სტიმულად იქცა სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპისკენ ისწრაფვიან, დღემდე სწამთ ევროპული ინტეგრაციის უდიდესი პროექტის და არ არიან ევროპისადმი ცინიკურად განწყობილი”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, პოლონეთის ეკონომიკა გამართულად მუშაობს, რაც სწორედ 90-იანი წლების დასაწყისში განხორციელებული რადიკალური რეფორმების დამსახურებაა.

სწორედ კრინიცას შარშანდელ ფორუმზე გამოსვლისას, პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ევროკავშირის ქვეყნებმა „ძალიან მძლავრი გზავნილი” უნდა გაუგზავნონ ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველებს, რათა ხელი შეუწყონ ამ ქვეყნების მისწრაფებებს.

ფორუმს მიხეილ სააკაშვილი 2006 წელსაც ეწვია. მაშინ კრინიცაში საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის წლის ადამიანად დასახელდა. ეს ჯილდო ენიჭებათ გამორჩეულ პიროვნებებს, რომელთა მიღწევებმა აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. სხვადასხვა დროს ჯილდო ერგოთ ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს ეჟი ბუზეკს და ა.შ. 2011-ში „წლის ადამიანი” მოლდოვის პრემიერი ვლად ფილატი გახდა.

წლის ადამიანის გარდა, კრინიცას ფორუმზე ყოველწლიურად კიდევ ორი ნომინანტი ჯილდოვდება - წლის კომპანია და „ახალი ევროპის ახალი კულტურა”.

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა ევროპის სამხრეთში შექმნილი ვალების კრიზისი და გამოსავლის გზების ძიებაა. „ცვალებადი სიტუაცია გვაიძულებს ვიფიქროთ მიზნებზე, რომელთა მიღწევასაც ვაპირებთ, ვიღებთ რა შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამ სიტუაციაში როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეკონომიკური პოლიტიკის ახალი მოდელი და განისაზღვროს მისი პრინციპები?” - ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ 22-ე ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს პასუხის გაცემა სწორედ ამ კითხვაზე მოუწევთ.

როგორც ფორუმის ანონსშია აღნიშნული, კრიზისი ასევე უშუალოდ შეეხება ევროპის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის განვითარების მოდელს. დემოკრატიის პრინციპებიდან გადახვევა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა, აგრეთვე რევოლუციები ჩრდილოეთ აფრიკაში, ბადებს კითხვებს ამ რეგიონებთან ევროკავშირის თანამშრომლობის, ასევე დემოკრატიის არსისა და მასში ინვესტირების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის შესახებ მსჯელობაც ფორუმზე შედგება, დინამიკურად განვითარებადი სოციალური ქსელებია, „რომლებიც მთავრობების გადაწყვეტილებებზე რეაგირებენ არა თავსმოხვეული სტანდარტებით, არამედ საკუთარი შეფასებების საფუძველზე”.

„იბადება ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობის ახალი ფორმა. ნიშნავს თუ არა ეს ინფორმაციით მანიპულირების გზით დომინირების დასასრულს და დემოკრატიის ახალი პრინციპების დაბადებას, რაც ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს დაეფუძნება?

ფორუმის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ „ბევრ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. იმისთვის, რომ ისინი გაჩნდეს, აუცილებელია ფართო დისკუსია. 2012 წელს ეკონომიკური ფორუმი ამისთვის შესანიშნავი საშუალება იქნება”.

ტაბულა კრინიცას 22- ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური მედიაპარტნიორია. ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე http://www.forum-ekonomiczne.pl

7 საზაფხულო პრობლემები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

თავისუფალი და უზრუნველი პერიოდის გამო ზაფხულის არდადეგებს ბავშვები განსაკუთრებული სიხარულით ელიან, რადგან მათთვის სკოლა მუშაობასთან ასოცირდება, ზაფხულის არდადეგები კი - თამაშსა და გართობასთან. სამაგიეროდ, არდადეგების მოახლოება ახალ საზრუნავს უჩენს ქალაქში მცხოვრებ მშობლებს - ითვლება, რომ შვილის სიცხისგან გარიდება მათ ნებისმიერ ფასად უნდა მოახერხონ, ფინანსური შესაძლებლობების ან დროის უქონლობის მიუხედავად. საქმე შედარებით მარტივადაა, თუ ბავშვს სოფელში ბებია-ბაბუა ელოდება, ასე ზედმეტი ხარჯის არიდება შეიძლება - კვლევებიც მოწმობს, რომ ქართველი დამსვენებელი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილზე დასვენებას ანიჭებს უპირატესობას, მათ შორის, ფინანსური მოსაზრებების გამო.

კვლევითი კომპანია ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ცხელი ზაფხულისგან თავის დაღწევას ქალაქგარეთ გასვლით მოსახლეობის დაახლოებით 54%25 ცდილობს. აქედან რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ (2,3%25), ხოლო საქართველოში მთის კურორტებზე, აგარაკზე და შავი ზღვის კურორტებზე დასასვენებლად თბილისისა და საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 51%25 მიდის.

BCG Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, თბილისელთა დაახლოებით 25%25 ქალაქში რჩება. დასასვენებლად წასულთა უმეტესობა (53%25) მიზეზად რეკრეაციას ასახელებს, 17%25 ქალაქიდან მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად გადის.

არის თუ არა ზაფხულში ქალაქიდან გასვლა და ბავშვის გაყვანა მართლაც ასეთი გადაუდებელი საჭიროება? პედიატრები თითქმის ერთხმად ამბობენ, რომ დასვენება და ჰაერის შეცვლა აუცილებელია: სუფთა ჰაერი ყველა ორგანოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა - ფილტვებს ალერგენებისა და მტვრისგან ასუფთავებს, აუმჯობესებს ზედა სასუნთქი მილების ფუნქციონირებას. გარდა ამისა, სეირნობისა და თამაშის დროს ენერგიის ხარჯვა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემისთვის. პედიატრებისგან იმასაც ხშირად მოისმენთ, თუ რა მნიშვნელოვანია მზის სხივების ზემოქმედება - ამ დროს კანში D ვიტამინი გამოიყოფა, მისმა ნაკლებობამ კი შეიძლება რაქიტი გამოიწვიოს. მეტიც, ექიმები გეტყვიან, რომ სუფთა ჰაერი ბავშვის ტვინის განვითარებისთვისაა აუცილებელი.

ამრიგად, ქალაქგარეთ დასვენება სასარგებლოა, თუმცა, ზაფხულის ხანგრძლივ შესვენებას სხვა მხარეც აქვს - უარყოფითი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს. არსებობს მოსაზრება, რომ ის სკოლის ასაკის ბავშვების გონებრივ განვითარებას აფერხებს. ორი წლის წინ ჟურნალი Time-იც წერდა, რომ მილიონობით დაბალშემოსავლიანი ოჯახის შვილი არდადეგებზე კარგავს იმ ცოდნის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში მიიღო.

უკანასკნელი 13 კვლევის მიხედვით კი, ზაფხულის შესვენება განსაკუთრებით მათემატიკური უნარების განვითარებას უშლის ხელს - ზაფხულში ბავშვები იშვიათად, ან საერთოდ არ მეცადინეობენ. ამ სფეროს სპეციალისტმა Duke University-დან, ჰარის კუპერმა, აღმოაჩინა, რომ სამთვიანი პასიური დასვენების შემდეგ, გამოთვლით მათემატიკაში ისინი ერთი თვით უკან იხევენ. ოპონენტები, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ საჭირო არაა ბავშვების თავისუფალი დროის შევსება სხვადასხვა დავალებებითა და ამოცანებით. შემოდგომიდან ისინი სასწავლო პროცესს თავისთავად დაუბრუნდებიან.

სასწავლო წლის ხანგრძლივობა ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც სწავლა ყველაზე დიდხანს, 240 დღეს გრძელდება, იაპონიაა. აშშ-ში ეს ვადა 175-180 დღეა, საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით კი 167 დღით განისაზღვრება.

ბუნებრივია, დაკარგული დროის კომპენსირება მხატვრული ლიტერატურითაც შეიძლება, თუმცა, საბოლოო შედეგი, კუპერის აზრით, მაინც სავალალოა. როგორც აღმოჩნდა, ხანგრძლივი დასვენება იწვევს მეხსიერების დაქვეითებასაც - კონცეპტუალურ ცოდნასთან შედარებით, ადვილად ხდება ფაქტებზე დაფუძნებული ცოდნის დავიწყება.

ამ პრობლემაზე მასწავლებლებიც საუბრობენ. მათი თქმით, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, ბავშვებს სასწავლო პროცესში სწრაფი ინტეგრირება უჭირთ, დავიწყებული აქვთ ის, რაც წინა სასწავლო წლის განმავლობაში გაიარეს და სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლის მაგიერ, დიდი დრო განვლილი მასალის გამეორებას ეთმობა.

ამ სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ გვსურს, ზაფხულის განმავლობაში ბავშვები აკადემიურ განათლებას არ ჩამორჩნენ, აუცილებელია, საკუთარ თავზე იმუშაონ ან მშობლებმა სპეციალურ საზაფხულო ბანაკებსა და სკოლებში გაუშვან, რათა სკოლის პროგრამისგან განსხვავებული ცოდნის მიღებაც შეძლონ. საზაფხულო ბანაკები თითქმის ყველა ქვეყანაში პოპულარულია. ასეთი ბანაკები და საზაფხულო სკოლები საქართველოშიც არის. როგორც წესი, სწავლების კურსი ერთიდან ოთხ კვირამდე გრძელდება, თუმცა მათი უმრავლესობა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ასეა თუ ისე, არდადეგების ხანგრძლივობა მშობლების ნება-სურვილზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ხოლო თუ ქალაქგარეთ გასვლა ვერ ხერხდება, ალტერნატივად თბილისის არცთუ მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონები რჩება.

8 Rainbow Gathering რაჭაში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლექსო მაჭავარიანი

2012 წლის 19 ივნისს, რაჭაში, სოფელ ტბეთთან ახლოს, Rainbow Gathering დაიწყო. შუააზიური ცისარტყელას შესახებ შეტყობინება ნახევრად კონსპირაციულად, ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა და მასში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს რუკები, რომლებზეც აღნიშნული იყო ბანაკის ზუსტი ადგილმდებარეობა.

ცისარტყელას ოჯახების შეხვედრა - მშვიდობის, სიყვარულის, თავისუფლების, ჰარმონიისა და თანამშრომლობის იდეალების მხარდამჭერი ადამიანების ტრადიციული ყოველწლიური შეკრებაა, რომელიც საფუძველს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს. ყველაზე ახლოს ცისარტყელასთან ჰიპების და ნიუ ეიჯის მოძრაობებია. პირველი Rainbow Gathering 1972 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა, 80-იანი წლებიდან კი ეს მოძრაობა მთელ მსოფლიოში გავრცელდა და დღეისთვის, ორი კვირიდან ერთ თვემდე ხანგრძლივობის შეხვედრები, ზაფხულის შუა პერიოდში იმართება.

შეკრებებს არ აქვთ არანაირი პოლიტიკური ან რელიგიური მიზანი და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეხვედრაზე ჩამოსული ადამიანები ძირითადად კარვებში ცხოვრობენ. ცისარტყელაზე არსებობს მხოლოდ ერთი წესი - არანაირი წესები. თუმცა არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც სასურველია გაითვალისწინოს ყველამ, ვინც შეხვედრაზე მოხვდება. საერთო თავშეყრის ადგილზე არ მიესალმებიან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებას. აგრეთვე იმ ქიმიური ნივთიერებებით სარგებლობას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს. ფოტო და ვიდეო გადაღება შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში და მხოლოდ იმ პირთა ნებართვით, ვისი გადაღებაც გსურთ.

დღეში ორჯერ ხდება საერთო შეკრება რიტუალურ დიდ კოცონთან - ე.წ. წრესთან, სადაც არიგებენ საკვებს, რომელსაც მოხალისეები საერთო სამზარეულოში ამზადებენ. იქვე, ე.წ. ჯადოსნური ქუდის ჩამოტარებით იკრიბება ფული, რომლითაც შემდგომში იძენენ საკვებ პროდუქტებს. არ შეიძლება ხის მოჭრა - კოცონისთვის მხოლოდ ფიჩხი და გამხმარი ტოტები გამოიყენება. არ არის სასურველი ტუალეტის ქაღალდით სარგებლობა, მის ნაცვლად გამოიყენება წყალი. ხელების „დასაბანად” იყენებენ ფერფლს რიტუალურ წრეში დანთებული კოცონიდან. ამიტომ, მასში შეშის გარდა, არაფრის დაწვა შეიძლება. მდინარიდან და წყაროდან 20 მეტრის სიახლოვეს არ იყენებენ შამპუნს, საპონს და კბილის პასტას.

0x01 graphic

ფოტო: ლექსო მაჭავარიანი©

ყველა მონაწილეობს შეშის შეგროვებაში, წყლის მოტანაში, საპირფარეშოებისთვის ორმოების ამოთხრა ში, ბანაკის დალაგებასა და საკვების მომზადებაში. მიუღებელია შეკრების ადგილზე ფულით ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელება, თუმცა დაშვებულია საქონლის ბარტერული გაცვლა. მობილური ტელეფონით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ ბანაკიდან მოშორებით. რაჭაში ჩამომსვლელთათვის გავრცელებულ რეკომენდაციებში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობისა და მათი ტრადიციების პატივისცემის და ზოგადი უსაფრთხოების მიზნით, არ იყო სასურველი ტანსაცმლის გარეშე სიარული.

ცისარტყელაზე არ არსებობენ ხელმძღვანელები ან ლიდერები. ყველა გადაწყვეტილება მიიღება კოცონის გარშემო შეკრებილი ოჯახის ყველა წევრის ერთსულოვანი თანხმობით. გამოიყენება ჯოხი, რომელიც რიგრიგობით გადაეცემა წრეში მჯდომ თითოეულ ადამიანს. ის, ვის ხელშიცაა ჯოხი, დროის შეუზღუდავად საუბრობს მისთვის სასურველ ნებისმიერ თემაზე. როდესაც ჯოხი შემოივლის ერთ წრეს ისე, რომ არავის ექნება რაიმეს თქმის სურვილი, კოცონის გარშემო მსხდომი ადამიანები დგებიან, მღერიან რიტუალურ აუმ-ს და შეკრება სრულდება.

რაჭაში ცისარტყელაზე ჩასულს 60-მდე ადამიანი დამხვდა საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ისრაელიდან, ჩეხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან. იყო რამდენიმე ქართველიც. ეროვნული ან ენობრივი ნიშნით შეკრებილი ოჯახები ცხოვრობდნენ კარვებში. როგორც მომიყვნენ, კოცონის გარშემო შეკრებების და ტრადიციული აუმ-ის სიმღერის გამო, ახლომდებარე სოფლის ცოტა არ იყოს შეფიქრიანებულმა მოსახლეობამ, გამგეობას მიმართა თხოვნით, ყურადღება მიექციათ ჩამოსული „სექტანტებისთვის”. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტუაცია ადეკვატურად შეაფასეს და არა მარტო ადგილობრივებს აუხსნეს, რომ სტუმრები მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, არამედ კომუნაზე ზრუნვაც საკუთარ თავზე აიღეს - სოფლიდან ბანაკამდე ავტობუსის რეისი დანიშნეს და ბანაკის შესასვლელთან 24 საათის განმავლობაში სამორიგეოდ პოლიციის მანქანა გამოყვეს.

რუსეთსა და სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ჩატარებული შეკრებებისას ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ურთიერთობის არც ისე კარგი გამოცდილების გამო, რაჭაში ჩამოსული სტუმრები პოლიციის გამოჩენას, თავდაპირველად, ცოტა უფრთხოდნენ, მაგრამ რამდენიმე დღეში, პოლიციელს მანქანით საყიდლებზე წაყვანა სთხოვეს, შემდეგ აბროლაურში ჩამოსული თანამოაზრეების ბანაკში ამოყვანა, შემდეგ უკან ქალაქში ჩაყვანა და, როგორც პოლიციელმა ღიმილით შემომჩივლა, დროთა განმავლობაში, ფაქტობრივად, პირად მძღოლად აქციეს. ადგილობრივებიც მალე შეეჩვიენ უცნაურ სამოსში გამოწყობილ, მუდამ მომღიმარ ადამიანებს და მათთან ამოსვლა დაიწყეს. შედეგად, საღამოობით მთავარ კოცონთან ირანულ, თურქულ თუ ჩეხურ სიმღერებთან ერთად ქართული სიმღერებიც გაისმა.

შუააზიური ცისარტყელა რაჭაში 19 ივლისს დამთავრდა.

9 არქიმანდრიტთა გამბიტი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

გრიგოლ გეგელია

ახლახან, მშვიდობის ხიდზე შემჩნეული იყო მღვდელი, რომელიც ქალაქის ესოდენ წმინდა კვარტალში - ენერგიულად და ყოვლად უსირცხვილოდ - გორგოლაჭებზე მდგომი გადაადგილდებოდა.

მაგრამ, ვინ აცალა. მას შესაშური სისწრაფით მიუვარდა მართლმადიდებლობის დამცველი რიგითი საძმო და მღვდლის უზნეო საქციელი მყისიერად აღიკვეთა. მაგრამ, ეს მღვდელი სინამდვილეში იყო არა მღვდელი, არამედ მსახიობი, რომელიც მღვდლის როლს ასრულებდა. მოქმედება კი ფილმში ხდებოდა, რომელიც, მოგეხსენებათ, ხელოვანის წარმოსახვის ნაწილია - ფიქტიური პროდუქტი.

ასე და ამგვარად, ხიდზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლი არა რეალობა, არამედი ფიქცია იყო, არტისტული თხზულება. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქვეყანაში, სადაც კვაზირეალურს თავს ესხმიან და მის „ნორმალიზაციას” ცდილობენ, ყურადღების ნაკლებობას არც რეალობა უჩივის.

ისტორიულად, ეკლესიის ერთ-ერთი ფუნქცია ოდითგანვე იყო კონტროლი. ეს ისევე ეხება ვატიკანს, როგორც მცხეთას, მაგრამ თანამედროვე საქართველოში ამ ტენდენციამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია და, როგორც ჩანს, გაჩერებას არ ლამობს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს პრეტენზია გააკონტროლოს რეალობის უკლებლივ ყველა ასპექტი: რას ფიქრობს ხალხი, რას უყურებს ხალხი, რას ამბობს ხალხი, რა აცვია ხალხს, რას მიირთმევს ხალხი.

თითქოს ხელოვნებაში მკაცრი ჩარევა საკმარისი არ იყო, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართველმა ღვთისმსახურებმა ყოვლად მიწიური, ამქვეყნიური იდეალებით თამაში კიდევ ერთხელ განაახლეს. მათ ღიად გამოხატეს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები. „ნეტავ, ღმერთი ვის უჭერს მხარს?”, შევეკითხე საკუთარ თავს და შემდეგ მივხვდი, რომ ამის გაგება შეუძლებელია, რადგან ღვთის ერთგული მსახურები ყველა მიმართულებით უხვად არიგებენ პოლიტიკურ მესიჯებს. მართლაც, თანამედროვე ქართველი ღვთისმოსავი მამები ქრისტიანულ „იმანუელს” (ებრაულად: „ჩვენთან არს ღმერთი”), რომელიც ყოვლისმომცველი სიმბოლური სახელია, მოურიდებლად ცვლიან მოცემულობით - „მასთან არს ღმერთი”.

თუმცა, ამ წერილში არც პოლიტიკაზე და არც ხელოვნებაზე საუბარს არ ვაპირებ. ორივე შემთხვევაში, იქნება ეს ხელოვნების გაკონტროლების მცდელობა თუ პოლიტიკური სიმპათიებით თამაში, შეხება ერთსა და იმავე ტენდენციასთან გვაქვს - ღვთაებრივი ავტორიტეტის გამოხმობის მეშვეობით გარკვეული იდეალის დასახვასა და მისი განხორციელების მცდელობასთან.

მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირების მიერ დაწესებული იდეალები ღვთაებრივობას ხშირად გულისშემაწუხებლად მოკლებულია, ადამიანი, რომელიც გაბედავს დაფიქრდეს, ან განსხვავებული აზრი ჰქონდეს, საკუთარ თავს ერთობ სარისკო პოზიციაში აყენებს. ღვთისმსახურთა ერთი ნაწილის მიერ ასეთი ადამიანი, უკეთეს შემთხვევაში, მტრად გამოცხადდება, ხოლო უარეს შემთხვევაში - სატანის მიერ შთაგონებულ დემონად. დემონი კი „სხვაა”, რომელიც რეალობას აბინძურებს. არავის სურს იყოს დემონი.

შესაბამისად, დუმს მრევლი და დუმს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი. და, რაც მთავარია, დუმს სამღვდელოების მეორე ნაწილი, რომელიც შესაძლოა სრულიად განსხვავებულად ფიქრობდეს. ამ წერილში სწორედ დემონიზირების ტრადიციის და რეალობის განწმენდის თანმდევი სურვილის შესახებ მსურს საუბარი.

დემონიზირების მაგალითებს ქართველი სასულიერო პირები იმდენად უხვად გვაწვდიან, რომ, ვფიქრობ, უკვე თავისუფლად შესაძლებელია ვრცელი ანთოლოგიის შედგენა. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე, რომელმაც განაცხადა, რომ „ვისაც არ უყვარს პრეზიდენტი [შევარდნაძე - გ. გ.], არის ეშმაკი” და შემდეგ მათ ეკლესიაში შესვლა აუკრძალა.

იმავე ტრადიციას ამაყად აგრძელებს ბერი თომა ბეთანელი, რომელიც სატანად აცხადებს საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს და ყველას, ვისაც პრეზიდენტი მოსწონს. ბერი თომა იშვიათად გაუნათლებელი ადამიანია, რომელიც ქრისტეს სახელით ზიზღსა და აგრესიას ავრცელებს. მაგალითად, იგი ვერ განასხვავებს ინდიელებსა და ინდოელებს. სამაგიეროდ, ბერი თომა ეფექტურად იწყევლება, ფაფუკი წვერი აქვს და დროდადრო „ვარდების რევოლუციის მოედანზე” ქალწული მარიამის ხატს ისეთივე წარმატებით იქნევს, როგორც ლენინი საბჭოთა კავშირის დროშას.

ორივე სასულიერო პირი ადგენს გარკვეულ იდეალს და, რაც მთავარია, ორივე გამოხატავს მათი ძალისმიერი მეთოდებით განხორციელების მზადყოფნას. მაგალითად, აშკარად ერთობ აღტყინებული, შიო გაბრიჭიძე საგმირო ენას გამოიხმობს და ამით თავის აქამომდე ღვთაებრივ ქადაგებას მილიტარისტულ ელფერს სძენს. „თუ საჭიროა, უნდა სიკვდილით ვპასუხობდეთ”, ამბიონიდან ქადაგებს შიო. ხოლო ის, ვინც ბერი თომას მიერ დადგენილ წესრიგს არ დაექვემდებარება, არც მეტი და არც ნაკლები: „უნდა განიწმინდოს ეს სატანები!”.

ისტორიულად, დემონიზირების პროცესი ყოველთვის ერთი და იმავე პარადიგმის მიხედვით ხორციელდებოდა. პროცესის პირველი და განუყრელი ნაწილია გარკვეული იდეალის დადგენა. ეს იდეალი - ჭეშმარიტება ან, გნებავთ, ნორმა - აპოდიქტურია. ანუ, იგი ყოველთვის აბსოლუტურად მართალი და თავისთავად ცხადია და განსჯას არ ექვემდებარება. ასეთი იდეალი შეიძლება ნებისმიერი მახასიათებელი იყოს, მაგალითად: „ქრისტიანობა” ან „ნაცისტობა”, „იაპონელობა” ან „კომუნისტობა”. ხოლო ის, ვინც მოცემულ იდეალს არ იზიარებს - ან, შესაბამისად, გარკვეული ნორმიდან გადახრილია - ავტომატურად იქცევა იმ „სხვად”, რომელიც აღქმულ რეალობას აბინძურებს.

რეალობა, რომელიც დაბინძურებულად აღიქმება, აწმყოს და მომავალს საფრთხეში აგდებს და კოლექტიურ პანიკას წარმოშობს. ამის ბრწყინვალე მაგალითია სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი”, სადაც დრამატული კვანძი სწორედაც რომ დაბინძურებული რეალობის ირგვლივ იკვრება. მაშინ, როდესაც თებე განადგურების ზღვარზეა, ღმერთთან რჩევის საკითხავად მივლინებული კრეონტი დაბრუნებისას ოიდიპოსს მოახსენებს, რომ თებეს აბინძურებს ერთი მანკიერი არსება, რომელიც უნდა „გავაძევოთ და სენისაგან დავიხსნათ, თებე”.

რა სჭირს აღქმულ რეალობას? რეალობა ინფიცირებულია, რადგან უტოპიური იდეალი, რომელზეც „კარგი” რეალობა აუცილებლად უნდა იდგეს, დარღვეულია. შესაბამისად, უკეთესი მომავლის შესაქმნელად ხდება დაკარგული იდეალის რესტავრაცია, რომელიც ხშირად მითიური იდეალია. მსგავს მისიაში მონაწილეობით, ადამიანი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ იგი ამ ქმედებებით რეალობას იმ სახეს უბრუნებს, როგორც მას დასაბამისას ჰქონდა, მაგრამ აღარ აქვს. სინამდვილეში, ამ პროცესის ფარგლებში, იგი მითის გაცოცხლებას ცდილობს.

მაგრამ რეალობისათვის მითიური სახის დაბრუნების მისია მსხვერპლს ითხოვს. მართლაც, აპოდიქტური იდეალის განხორციელების თუ რომელიმე ნორმის აღდგენის ხათრით, ადამიანები რეალობისათვის სახელის დარქმევას, ხშირად მის საზარელ ასპექტებზე თვალის დახუჭვას ამჯობინებენ.

მაგალითად მაშინ, როდესაც ქალაქის ქუჩებს კვეთენ ებრაელებით სავსე ვაგონები, რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით მიდიან და ყოველთვის ცარიელი ბრუნდებიან. მაშინაც, როდესაც დილაუთენია მეზობლები ქრებიან და შემდეგ აღარასდროს ბრუნდებიან. და მაშინ, როდესაც ქალაქის ქუჩებში ქრისტესმიერი სიყვარულით აღტყინებული ადამიანები საკუთარ თანამოქალაქეებს თავში ჯვარს ურტყამენ და შემდეგ გოგირდის წვიმით ემუქრებიან.

ბრიტანელმა ანთროპოლოგმა, მერი დაგლასმა, რეალობისა და სისუფთავის საკითხს შესანიშნავი კვლევა უძღვნა - „სისუფთავე და საფრთხე” - რომელშიც იგი ნათლად აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი ყურადღებით ეკიდება ე.წ. პრიმიტიული კულტურების ადამიანი სისუფთავის დაცვას. თუმცა, თუ თანამედროვე ადამიანის აზროვნებაში „სისუფთავის დაცვა” კონკრეტულად ჰიგიენური ნორმების დაცვას უკავშირდება, პრიმიტიული კულტურების შემთხვევაში, ეს, უპირველეს ყოვლისა, რეალობის მუდმივ განწმენდას გულისხმობს - მაგალითად, ბოროტი სულებისაგან.

არქაული ადამიანის წარმოსახვაში, ყველაფერ ამქვეყნიურს ციური არქეტიპი გააჩნია. ეს კოსმიური წესრიგის ნაწილია და კარგია. მაგრამ, კოსმიური წესრიგი არ ვრცელდება დემონებითა და ალქაჯებით დასახლებულ უდაბნოებზე, რომლებიც არა კოსმოსის, არამედ ქაოსის ნაწილს წარმოადგენენ და, შესაბამისად, ნეგატიური მნიშვნელობით არიან დატვირთული. ანუ იქ, სადაც „სხვა” ცხოვრობს, რეალობა დაბინძურებულია და სუფევს ქაოსი.

სწორედ ამიტომ, „განუწმენდელი” ტერიტორიის დაპყრობის შემთხვევაში, არქაული ადამიანი დაუყოვნებლივ ატარებს განწმენდის რიტუალს, რომლის შედეგადაც იგი ქაოსს კოსმოსად გარდაქმნის. მეტიც, იგი ახლადდაპყრობილ ტერიტორიას თავის საკუთრებად მხოლოდ და მხოლოდ რიტუალური განწმენდის შემდეგ აცხადებს.

შუა საუკუნეების დასავლეთში - განსაკუთრებულად, მეთორმეტე საუკუნეში - წარმოებული ინტენსიური ბრძოლა ერესთან, ჰომოსექსუალობასთან და, ზოგადად, ყველა „სხვასთან”: ებრაელებთან, მუსლიმებთან ან კეთროვნებთან, პირველ რიგში, სწორედაც რომ რეალობის განწმენდის მცდელობაა. ყველა ამ მაგალითს ერთი თარგი აერთიანებს. ის, ვინც/რაც მოცემულ, ნორმატიულ წესრიგს არ ემორჩილება, რეალობას აბინძურებს და, შესაბამისად, მტრის ფუნქციას იძენს.

რეალობის განწმენდის მისია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი იდეოლოგიურ საზღვრებს სცდება და ჭეშმარიტად საერთო-ეროვნულ მისიად იქცევა. მაგალითად, ჰიტლერის მიერ დასახული იდეალი თუ დედამიწის ებრაული რასისაგან განწმენდა იყო, კომუნისტური რეჟიმი „სახელმწიფოს მტრებისაგან” წმენდდა ქვეყანას. აქ შეხება გვაქვს ორი განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ხელისუფლებასთან, რომელიც სრულ მზადყოფნაშია, რომელიღაც მარადიული ჭეშმარიტებისა თუ იდეალის წარმატებულად განხორციელების ხათრით, მილიონობით ადამიანი დახოცოს.

კლასიკური პარადიგმის მიხედვით, მომავალი მსხვერპლი ცხადდება „სახელმწიფოს მტრად”, „სატანისტად”, „ავადმყოფად” ან „შეთქმულად”. ანუ, ხდება ადამიანის დეჰუმანიზაცია - მისი ნაკლებ ადამიანად წარმოჩენა. მაგრამ რატომ? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი პირდაპირ და სრულად არ მიეკუთვნება იდეალს, რომელიც აპოდიქტურად მიიჩნევა. დეჰუმანიზაცია კი დევნის, წამებისა და განადგურების ლეგიტიმიზაციის პირველი ნაბიჯია; იგი ამ პროცესის დასაბუთებულ ახსნა-განმარტებას იძლევა.

თუ რეალობა ნამდვილად დაბინძურებულია, ლოგიკურად, განწმენდასაც საჭიროებს; „უკეთესი მომავალისთვის”, „ბედნიერი აწმყოს ასაშენებლად”, „ჩვენი შვილებისთვის”, გვეტყვიან ისინი. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, ვინც პასიურად ეთანხმება, რომ „სხვა” რეალობას აბინძურებს იმიტომ, რომ იგი არის „სხვა” და განსხვავებული, თანამონაწილე ხდება იმ ტერორისა, რომელიც რეალობის განწმენდის მცდელობას მოჰყვება ხოლმე.

„გამბეტო” ძველი იტალიური სიტყვაა და „ფეხის დადებას” ნიშნავს. ჭადრაკში გამბიტი პირველი სვლაა, რომელიც შემდგომი თამაშის პოლიტიკას და მის წარმატებას განსაზღვრავს. უტოპიური იდეალებით თამაში და იაფფასიანი დემონიზირება არქიმანდრიტთა გამბიტია.

რა არის შემდეგი სვლა?

10 გაზი, ნავთობი და განახლებადი ენერგია

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის განვითარების პერსპექტივები

ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

განახლებადი ენერგიის განვითარება, რაც ძვირი და ჯერჯერობით არაკომერციული პროცესია, შეიძლება დროებით წარსულს ჩაბარდეს. ამით მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად გლობალური მშპ-ის 1%25-ის ოდენობის ტვირთი მოსცილდება.

მიზეზი ისაა, რომ პროგნოზები, რომლებსაც განახლებადი ენერგიის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები ემყარებოდა, სულ უფრო არადამაჯერებელი ხდება: ჯერ ნავთობის გლობალური რეზერვები უნდა დაცლილიყო. შესაბამისად, მსოფლიო ენერგიის მეორე უმთავრეს წყაროზე - ნახშირზე დამოკიდებული გახდებოდა. სასათბურე გაზები დიდი რაოდენობით გამოიყოფოდა და გარემოს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. ამ სცენარით, თანამედროვე აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გამოსავალი სუფთა, განახლებადი ენერგიის განვითარება იყო. IEA-ის უახლესი ანგარიში აჩვენებს, რომ დასკვნები, ეკონომიკურზე მეტად, პოლიტიკური ხასიათისაა.

პროგნოზების არცერთი ნაწილი არ მართლდება: მსოფლიო შედის ნავთობის ოქროს ხანაში, ხოლო ნახშირს, როგორც ნავთობის შემდეგ ენერგიის მეორე უმთავრეს წყაროს, ბუნებრივი და არაკონვენციური გაზი, მათ შორის, ყველაზე აქტიურად - ფიქლის გაზი, დაბეჯითებით ანაცვლებს.

IEA-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2010-2035 წლებში გაზზე გლობალური მოთხოვნა 50%25-ზე მეტით გაიზრდება. გაზზე მოთხოვნა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ერთად აღებულ ნახშირზე, ნავთობსა და ბირთვულ ენერგიაზე. გლობალური ენერგიის მიქსში 2035 წლისთვის გაზის წილი 25%25-ს მიაღწევს, რითაც ჩაანაცვლებს ნახშირს, როგორც ნავთობის შემდეგ მეორე უმსხვილეს წყაროს.

ამ გაზის უდიდესი წილი ფიქლისაა. ფიქლის გაზის წარმოება 2035 წლისთვის გასამმაგდება და 1.6 ტრილიონ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. შესაბამისად, გაზის მთლიან წარმოებაში მისი წილი დღევანდელი 14%25-დან, 2035 წელს 32%25-მდე, თითქმის 2-ჯერ გაიზრდება. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი 2020 წლიდან იქნება. ამ დროს ახალი მწარმოებელი ქვეყნები კომერციულ ინდუსტრიად ჩამოყალიბებას მოანდომებენ.

ასეთ ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ჩამოყალიბებას IEA ჩინეთს უწინასწარმეტყველებს: არაკონვენციური რესურსებით უჩვეულოდ მდიდარი ბაზა ამ ქვეყანას სწრაფი ზრდის შესაძლებლობას უქმნის. ანგარიშის მიხედვით, 2010-2035 წლებში არაკონვენციური გაზის უმსხვილესი მწარმოებელი იქნება აშშ, რომელიც ამ პერიოდში რუსეთსაც უკან ჩამოიტოვებს.

გლობალურად გაზის ბაზარზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ამ ორ ქვეყანაში - ჩინეთსა და აშშ-ში - არაკონვენციური გაზის წარმოებას ექნება. ამით გაიზრდება როგორც მსოფლიოში გაზის მოცულობა, ისე გლობალური ენერგოუსაფრთხოებაც: ჩინეთი შეძლებს დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს გაზზე ადგილობრივი მოთხოვნილება, ხოლო აშშ ჩრდილოეთ ამერიკიდან გაზის ექსპორტირებას შეძლებს. ამ ორი ტენდენციის ტანდემი საერთაშორისო ბაზარზე გაზის, განსაკუთრებით კი თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობას გაზრდის, რაც 2020 წლიდან საერთაშორისო ბაზარს უფრო კონკურენტულს და, შესაბამისად, უფრო ჯანსაღს გახდის. IEA-ის გათვლებით, რუსეთის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების წილი გაზით საერთაშორისო ვაჭრობაში 2010 წლის 45%25-დან, 2035 წელს 35%25-მდე შემცირდება. მეტიც, ეს მოხდება იმ ფონზე, როცა ამ ქვეყნების მხრიდან გაზის ექსპორტი ამ პერიოდში 20%25-ით გაიზრდება.

ამავე პერიოდში მსოფლიოს 1 მილიონზე მეტი გაზის ახალი ჭა დასჭირდება - ეს რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია ჭების იმ რაოდენობაზე, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზეა განთავსებული.

აშშ: გაზის რესურსები და წარმოება

სულ ცოტა ხნის წინ, არაკონვენციური ბუნებრივი გაზის წარმოება ექსკლუზიურად ამერიკული ფენომენი იყო.

ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ისტორია შეკუმშული გაზის წარმოებას აქვს. შეკუმშული გაზი ისეთი ტიპის ბუნებრივი გაზია, რომელიც მიწაში ღრმად არის ჩამარხული და ისეთ ქანებშია მოყოლილი, რომ მისი მიღება რთულია.

1980-იან წლებში ამერიკამ ქვანახშირის მეთანის კომერციული წარმოება დაიწყო, თუმცა რეალური მოთხოვნა ასეთ გაზზე 90-იან წლებამდე არ ყოფილა. ბოლო წლებში ქვანახშირის მეთანზე მოთხოვნა გარემოსდაცვითი შეხედულებების გამო ისევ დაეცა.

ფიქლის გაზის აღმოჩენაც აშშ-ს უკავშირდება. პირველად ამ ტიპის გაზს რამდენიმე ათეული წლის წინ მიაგნეს, თუმცა მან განსაკუთრებული მნიშვნელობა 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან შეიძინა: 2005-2010 წლებში ფიქლის გაზის მოცულობა ყოველწლიურად 45%25-ით იზრდებოდა.

2010 წელს არაკონვენციური გაზის წარმოება შეერთებულ შტატებში მთლიანი წარმოების თითქმის 60%25-ს აღწევდა. ამ მოცულობის უდიდესი წილი შეკუმშულ და ფიქლის გაზზე მოდის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ფიქლის გაზი კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის გაზის მარაგების ზრდის უპირობო წყაროდ დარჩება.

აშშ-ში სამივე ტიპის არაკონვენციური გაზის დიდი რესურსია. 2011 წლის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი 74 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის რესურსების თითქმის ნახევარი არაკონვენციურია. ამ მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, გაზის საწარმოებლად ამერიკას ეს რესურსები დაახლოებით 110 წელიწადს ეყოფა.

ქვანახშირის მეთანის საბადოები უმეტესწილად ვაიომინგის, იუტის, ნიუ მექსიკოს, კოლორადოსა და მონტანის შტატებშია. რაც შეეხება შეკუმშულ და ფიქლის გაზს, მათი რესურსები შეერთებული შტატების თითქმის მთელ ტერიტორიაზეა. ნაწილს ქვეყანა კანადასთან და მექსიკასთანაც კი იყოფს. ამერიკას ფიქლის გაზის ორი იმხელა რეზერვუარი აქვს, რომ თითოეული მათგანი მსოფლიოში გაზის უდიდეს საბადოდ ითვლება.

IEA-ის შეფასებით, გაზის მთლიანი წარმოება აშშ-ში 2010 წელს 610 მილიარდი კუბური მეტრიდან, 2035 წელს 820 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. მთელი ამ ზრდის მამოძრავებელი ფიქლის გაზია. კონვენციური გაზის, ქვანახშირის მეთანისა და შეკუმშული გაზის წარმოება აშშ-ში დღეს არსებულ დონეზე შენარჩუნდება. ამის შედეგად, ფიქლის გაზის წილი მთლიან წარმოებაში (2010-2035 წლებში) თითქმის გასამმაგდება და 2035 წლისთვის არაკონვენციური წარმოება მთლიანი გაზის 71%25-ს მიაღწევს.

შეერთებული შტატები და კანადა ამ დრომდე მსოფლიოში წარმოებული თითქმის მთელი ფიქლის გაზის კომერციული მწარმოებლები არიან. თუმცა მსოფლიოში უკვე ბევრი ქვეყანა ცდილობს ამ რეკორდის მოხსნას.

ჩინეთი: გაზის რესურსები და წარმოება

ჩინეთში არაკონვენციური გაზის რესურსები შეფასების ადრეულ სტადიაშია, თუმცა უკვე არავინ ეჭვობს, რომ ქვეყანა ამ რესურსებით საკმაოდ მდიდარია. 2011 წლის მონაცემებით, ჩინეთის ჯერ კიდევ აუთვისებელი არაკონვენციური გაზის რესურსები 50 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. აქედან 36 ტრილიონი ფიქლის გაზია, 9 ტრილიონი - ქვანახშირის მეთანი, ხოლო 3 ტრილიონი კუბური მეტრი - შეკუმშული გაზი.

დღეს ჩინეთში არაკონვენციური გაზის მთავარი წყარო ქვანახშირის მეთანია: 2010 წელს ამ ტიპის გაზის წარმოებამ 10 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამ მოცულობის უდიდესი წილი ნახშირის მწარმოებლებზე - Petro China-სა და United Coal Bed Methane Company-ზე მოდის.

ფიქლის გაზის რესურსების ათვისებაზე ზრუნვა ჩინეთმა ბოლო წლებში დაიწყო. იქაურმა კომპანიებმა 2012 წლის დასაწყისში ფიქლის გაზის 20 ჭა გაბურღეს.

რამდენიმე პილოტური პროგრამის წინასწარი შეფასებით, ფიქლის გაზის ყველაზე დიდი მარაგები სიჩუანისა და ტარიმის აუზებში უნდა იყოს დაცული. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩინეთის მთავრობა სიჩუანში კვლევების დასრულებას და 2020 წლისთვის ფიქლის გაზის მოცულობის 60-100 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას გეგმავს.

გაზს ჩინეთის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს. IEA-ის შეფასებით, არაკონვენციური გაზის წარმოება 2020 წლამდე თითქმის 10-ჯერ, ხოლო 2035 წლისთვის თითქმის 30-ჯერ უნდა გაიზარდოს. გაზის წარმოება 2010 წლის 100 მილიარდი კუბური მეტრიდან, 2035 წლისთვის 475 მილიარდამდე გაიზრდება. არაკონვენციური გაზი მთლიანი წარმოების 83%25-ს მიაღწევს. 2035 წელს დიდი წილი - 56%25 - ფიქალზე, 38%25 - ქვანახშირის მეთანზე, ხოლო მხოლოდ 6%25 - შეკუმშულ გაზზე მოვა.

არაკონვენციური გაზის სწრაფი ტემპით ზრდა გააძლიერებს ჩინეთის ენერგოდამოუკიდებლობას და სერიოზულ გავლენას მოახდენს გაზით საერთაშორისო ვაჭრობაზე. ჩინეთი გაზის ნაკლები მოცულობით იმპორტს გასწევს, რაც უარყოფითად პირველ რიგში რუსეთზე აისახება, რადგან რუსული გაზის დიდი წილი სწორედ ჩინეთის და ევროპის ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. ევროპაში ფიქლის გაზის მარაგები უკვე აღმოაჩინეს, თუმცა აქ, სხვა ყველა ქვეყანასთან შედარებით, ფიქლის პოტენციალის ათვისებას გარემოსდაცვითი მოსაზრებები უფრო აფერხებს.

ევროპა: გაზის რესურსები და წარმოება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროპის არაკონვენციური გაზის რესურსები დიდ ყურადღებას იმსახურებს დანარჩენი მსოფლიოს მხრიდან. თუმცა პრაქტიკაში ამ რესურსების ათვისებაზე დახარჯული დრო, ენერგია და თანხები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ადგილობრივი საწვავები არსებობს და რისი იმპორტირება ხდება, ასევე იმაზე, თუ რამხელაა ენერგოუსაფრთხოების თუ გარემოსადმი მიყენებული ზიანის რისკი.

თავიდან, როცა ევროპამ არაკონვენციური გაზის პოტენციალის ათვისებაზე ფიქრი სერიოზულად დაიწყო, ძირითადი აქცენტი ქვანახშირის მეთანსა და შეკუმშულ გაზზე კეთდებოდა. ბოლო პერიოდში კი უფრო პრიორიტეტული ფიქლის გაზი გახდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სხვადასხვა დროს ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევამ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ფიქლის გაზის დიდ მარაგებზე მიუთითა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ამ მარაგების დამუშავება კომერციულად რამდენად მოგებიანი იქნება. 

ევროპის ფიქლის გაზის რესურსები სამი ტიპის ადგილებში არის განაწილებული - იქ, სადაც რამდენიმე აუზი იკვეთება, ქვე-აუზები არსებობს და ფიქლის გაზით მდიდარი დიდი ველებია: დანიიდან და სამხრეთ შვედეთიდან, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პოლონეთამდე; ჩრდილო-დასავლეთ ინგლისიდან, ნიდერლანდების გავლით და ჩრდილო-დასავლეთ გერმანიიდან, სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთამდე; და სამხრეთ ინგლისიდან პარიზის აუზის გავლით, ნიდერლანდებში, ჩრდილოეთ გერმანიასა და შვეიცარიაში. საკმაოდ დიდი რაოდენობით ფიქლის გაზია ნორვეგიაში, უკრაინაში, შვედეთში, დანიასა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქვეყნების უმეტესობაში ასევე დიდი რაოდენობით მოიპოვება ქვანახშირის მეთანი.

ფიქლის გაზი მთელ ევროპაში ყველაზე დიდი რაოდენობით საფრანგეთსა და პოლონეთშია. სხვადასხვა შეფასებით, თითოეულ ამ ქვეყანაში, სულ მცირე, 768 მილიარდი კუბური მეტრი ფიქლის გაზის რესურსია.

პოლონეთს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ნავთობინდუსტრია გააჩნია. აქ ნავთობისა და გაზის მიღება კონვენციური რეზერვუარებიდან 1850-იანი წლებიდან იწყება, თუმცა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში წარმოების ტემპები და მოცულობა მკვეთრად დაეცა. შედეგად, ბოლო დეკადის მანძილზე ფიქლისა და შეკუმშული გაზის მიმართ ქვეყნის ინტერესი განსაკუთრებით გამოიკვეთა.

ფიქლის გაზის მოსაპოვებელი ჭის გასაბურღად აუცილებელი ლიცენზიების დიდ ნაწილს პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია ფლობს. თუმცა, ბოლო პერიოდში, ქვეყნის ფიქლის პოტენციალით საერთაშორისო კომპანიებიც დაინტერესდნენ: ExxonMobil, Chevron, Eni, Talisman და Marathon - ყველა ეს კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს აშშ-შიც, ჭის ბურღვის ლიცენზიას ან უკვე ფლობს, ანაც რიგში დგას.

კომპანიები პოლონეთში სკრუპულოზურად და დაჟინებით ეძებენ ფიქლის გაზს: ExxonMobil-მა ორი ჭა კომერციულ პროექტად არ ჩათვალა, თუმცა იმის მაგივრად, რომ ბურღვითი სამუშაოები გაეჩერებინა, ტექნოლოგიის დახვეწაზე დაიწყო ფიქრი.

მას შემდეგ, რაც პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიამ 2009 წელს პირველი ჭა დაასრულა, პოლონეთის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 18 ახალი ჭა გაჩნდა, 14 სულ მალე იქნება მზად, ხოლო კიდევ 39 უკვე დაგეგმილია.

საფრანგეთში თითქმის იმდენივე რესურსია, რამდენიც პოლონეთში. ყველა გათვლით, საფრანგეთი უნდა ყოფილიყო პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ფიქლის გაზის კომერციული წარმოება უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის აღმოჩნდა პირველი ქვეყანა კონტინენტზე, რომელმაც რესურსების დამუშავებაზე უარი თქვა გარემოსდაცვითი მოსაზრებების გამო.

გარემოსდამცველი ლობისტები ამტკიცებენ, რომ ჭის ბურღვა რისკიანი პროცესია, რადგან ფიქლის მიწისქვეშა ქანებისგან გამოთავისუფლების დროს შეიძლება მიწისქვეშა წყლები დაბინძურდეს. თუმცა ბოლო კვლევები, მათ შორის, IEA-ის უახლესი კვლევაც აჩვენებს, რომ ეს შიშები გადაჭარბებულია: სტატისტიკურად ძალიან იშვიათად თუ იხვრიტება თვითონ ჭა და ამ დრომდე არცერთი ასეთი შემთხვევის დროს, არსად მიწისქვეშა წყლების დაბინძურება არ მომხდარა.

IEA-ის გათვლებით, ევროკავშირში არაკონვენციური გაზის წარმოება 2020 წელს 10 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება. 2035 წლამდე წარმოების ტემპი მოიმატებს და 80 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ამ ზრდის უდიდესი წილი ფიქლის გაზზე მოვა.

IEA

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო არის ავტონომიური საერთაშორისო ორგანო, რომელშიც 28 წევრი ქვეყანაა. შეიქმნა 1974 წელს, პარიზში. იკვლევს ენერგო რესურსებსა და გლობალურ ენერგობაზარს.

ფიქლის გაზი ევროპაში ჩუმ რევოლუციას ახდენს: 2035 წლისთვის არაკონვენციური გაზი მთლიანი წარმოების თითქმის ნახევარი იქნება, თუმცა მოთხოვნის მხოლოდ 10%25-ის დაკმაყოფილებას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბალანსში დრამატული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, 2020 წლიდან არაკონვენციური წარმოების ზრდა თანდათანობით დააბალანსებს კონვენციური გაზის დანაკლისს.

ევროკავშირი მსოფლიოში გაზის მეორე უმსხვილესი ბაზარია. მასზე მოთხოვნა 2010 წელს 550 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. ამასთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ ბუნებრივ გაზზე ფასი უფრო მაღალია, რაც ახალი რესურსების განვითარებას მიმზიდველობას მატებს.

ევროპაში, ჩინეთსა და ამერიკაში გაზის მარაგები იმის წინაპირობაა, რომ მისმა ფასმა არ მოიმატოს. შესაბამისად, ნახშირზე მომუშავე ელექტროენერგიის გამანაწილებლები გაზზე გადაერთვებიან, რაც ბევრად უფრო სუფთა წვით გამოირჩევა. „უკვე შესამჩნევია, რომ ნახშირს გაზი ანაცვლებს დაბალი ფასის გამო, რასაც უდავოდ პოზიტიური ეფექტი აქვს სასათბურე გაზების ემისიაზე”, - ამბობს ვაშინგტონის კვლევითი ორგანიზაციის, CNA-ის უფროსი მკვლევარი პოლ ფაეტი.

გლობალურად კლიმატის ცვლილების ლობირებაც, ერთი შეხედვით, პოპულარული აღარ არის: აშშ-ში დემოკრატები ამ თემას თითქმის აღარ განიხილავენ, რესპუბლიკელებმა კი თავიდანვე პოლიტიკურ თაღლითობად მონათლეს. რიო დე ჟანეიროში დედამიწის სამიტის მეოცე წლისთავს სხვადასხვა მიზეზით არ დაესწრნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

საერთაშორისო მედიის შეფასებით, 2009 წელს კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხებოდა, ამ პოლიტიკოსებმა დებატებში ისეთი მარცხი განიცადეს, რომ ეკონომიკური კრიზისის ეფექტის ბოლომდე განეიტრალებამდე ამ თემაზე საუბარს გაურბიან. პრეზიდენტ ობამასთვის კი საარჩევნო პერიოდში ნავთობისა და გაზის ოქროს ხანაზე აქცენტირება უფრო მოგებიანია.

IHS Global Insight-ის შეფასებით, ფიქლის გაზის წარმოების ზრდა გაზზე ფასს შეამცირებს. შედეგად, 2012-2015 წლებში ყოველ ამერიკულ ოჯახს, ყოველწლიურად, გაზზე 926 აშშ დოლარის დაზოგვა შეეძლება. იაფი გაზი, თავის მხრივ, იმ პროდუქციას გახდის უფრო ხელმისაწვდომს, რომელთა დასამზადებლად ენერგიის წყაროდ სწორედ გაზი გამოდგება.

IHS

უმსხვილესი ეკონომიკური ორგანიზაცია. მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება 3800-ზე მეტ კლიენტს, მათ შორის, მთავრობის და სამრეწველო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 2006 წლის მონაცემებით, მისი შემოსავალი 95 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. დასაქმებულია 700-მდე ადამიანი მსოფლიოს 14 ქვეყანაში.

მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს საერთაშორისო მედია სვამს, ისაა, თუ რამდენ ხანს იქნება გლობალური დათბობის საკითხი მარგინალიზებული - მომდევნო ერთი, ორი, სამი წლის თუ ათწლეულების განმავლობაში? დასკვნა ასეთია: არაკონვენციური გაზის ათვისებამ ტემპი თუ აკრიფა - შეიძლება უფრო დიდხანსაც.

11 თანამედროვე ბაბილონი ოლიმპიადის მოლოდინში

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

თამარ ჩერგოლეიშვილი

0x01 graphic

თანამედროვე ბაბილონი, როგორც მას პრემიერმინისტრი ბენჯამინ დიზრაელი უწოდებდა, სულ მალე ოლიმპიურ ქალაქად იქცევა, უკვე მესამედ. ოღონდ ამჯერად, მოვლენის მასპინძელი მხოლოდ დედაქალაქია და არა მთელი გაერთიანებული სამეფო. ელისაბედ მეორის კორონაციის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი, საუცხოოდ ორგანიზებული ცერემონიის შემდეგ, ეს მიმდინარე წლის მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

პირველი ოლიმპიადა ბრიტანეთში 1904 წელს ჩატარდა, ხოლო მომდევნო - 1948 წელს. ომისშემდგომ თამაშებზე იმდენად მწირი ბიუჯეტი იყო გამოყოფილი, რომ სპორტსმენები მშივრები ასპარეზობდნენ. ალბათ, ამ მიზეზის გამოც არ უნდა გაგვიკვირდეს ორგანიზატორთა მონდომება, რომ წლევანდელმა მოვლენამ უნაკლოდ ჩაიაროს. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ლონდონისთვის ზედმეტი ტვირთია - “ოლიმპიადა შესანიშნავი სპორტული ღონისძიებაა. მაგრამ იმ ქალაქებს, რომლებსაც რუკაზე თავიანთი ადგილი დამკვიდრებული აქვთ, მისი მასპინძლობა არაფერს აძლევთ”, - ამბობს ნიუ იორკის უნივერსიტეტის ურბანული პოლიტიკის პროფესორი, მიტჩელ მოსი.

ლონდონი კი მსოფლიოს ფინანსური ცენტრია - ბევრად მეტი, ვიდრე ადგილი რუკაზე.

მისმა აღმასვლამ პიკს დედოფალ ვიქტორიას დროს მიაღწია. ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში, მსოფლიოს ყველაზე დიდი იმპერიის დედაქალაქმა არნახული წინსვლა განიცადა - კოლონიებიდან მოდიოდა ნედლეული, ხოლო იმპერიის დედაქალაქიდან გადიოდა პროდუქცია. იზრდებოდა მოსახლეობაც. სულ რაღაც 100 წელიწადში, 1800-დან 1900 წლამდე, ლონდონის მცხოვრებთა რიცხვი ექვსჯერ გაიზარდა და ექვს მილიონს გადააჭარბა, რამაც თავის მხრივ სამშენებლო ბუმი წარმოქმნა. ამ პროცესს 23 ეკლესია შეეწირა, აქედან 18 სერ კრისტოფერ რენის აშენებული იყო, იმ არქიტექტორის, ვინც სენტ პოლის ცნობილი კათედრალი ააგო ლონდონში. ვიქტორიას ქვეშევრდომებს, როგორც ჩანს, საკუთარი ეპოქის დიდების განცდა, წარსულის დედოფალი ვიქტორიასაკრალური ძეგლების გაფრთხილების სურვილს არ აღუძრავდა. ქალაქის სახლების უმეტესობა დღესაც ვიქტორიანული ეპოქისაა. მის იერსახეს დარაჯად პრინცი ჩარლზი უდგას - დედოფლის ვაჟი თანამედროვე არქიტექტურას არ სწყალობს და მოდერნულ შენობებს “საყვარელი მეგობრის სახეზე ამოსულ კარბუნკულებს” უწოდებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმპერია დაიშალა. ბრიტანეთმა ზესახელმწიფოს სტატუსზე უარი თქვა საკუთარი მოქალაქეების “აკვნიდან სამარემდე” კეთილდღეობის უზრუნველყოფის სანაცვლოდ. იმპერიის დათმობის მიუხედავად, ბრიტანეთმა სოციალური ხარჯებით და ეკონომიკის ზედმეტი რეგულირებით გამოწვეული ტვირთის ზიდვა ვეღარ შეძლო და ღრმა კრიზისში შევიდა, რომელმაც პიკს 1970-იან წლებში მარგარეტ თეტჩერიმიაღწია. ბუნებრივია, დაღმასვლამ არც ლონდონს აუარა გვერდი - 1980 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა მეოთხედით შემცირდა.

ამასობაში გამოჩნდა მარგარეტ თეტჩერი, რომელმაც ჯერ მარტივად ახსნა რაში მდგომარეობს სოციალიზმის პრობლემა - “ადრე თუ გვიან სხვისი ფული თავდება”, ამის შემდეგ კი ეკონომიკის დერეგულირება, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზება და საბიუჯეტო ხარჯების შემცირება დაიწყო.

ლიბერალურმა პოლიტიკამ ლონდონს მსოფლიოს ფინანსური ცენტრის სტატუსი დაუბრუნა. ის უკვე მეოთხედი საუკუნეა დინამიკურად ვითარდება და ეკონომიკური მაჩვენებლებით ნიუ იორკთან ერთად ლიდერობს. თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ლონდონი უფრო იოლად იზიდავს უცხოურ კაპიტალს, იმ მიზეზით, რომ ნაკლებად ეძიება მის წარმომავლობას და ამის გამო, ხშირად აკრიტიკებენ კიდეც.

მდიდრების მიგრაციის შედეგია ნაწილობრივ ის, რომ ამ ქალაქში ერთი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს, თუ არ ჩავთვლით მონაკოს.

0x01 graphic

ბრიტანელი დიზაინერის პოლ სმიტის შექმნილი საფოსტო მარკები ლონდონის ოლიმპიადისთვის

ილუსტრაციისთვის, გაერთიანებული სამეფოს 3 ყველაზე მდიდარი მოქალაქიდან, არცერთი დაბადებულა ბრიტანეთში, მით უმეტეს ლონდონში - ლაკშმი მიტალი ინდოელია, ალიშერ უსმანოვი - უზბეკი, რომან აბრამოვიჩი - რუსი. გაერთიანებულ სამეფოში დაბადებული ბრიტანელებიდან ყველაზე მდიდარი - ვესტმინსტერის ჰერცოგი მეშვიდე ადგილზეა.

სხვათა შორის, ლაკშმი მიტალის დაფინანსებულია ანიშ კაპურის მიერ ლონდონის თამაშებისთვის შექმნილი სათვალთვალო კოშკი. 115 მეტრი სიმაღლის სკულპტურა ოლიმპიურ პარკთან დაიდგა ქალაქის მერის, ბორის ოლიმპიადის უსაფრთხოებას ბრიტანელი სამხედროები უზრუნველყოფენ ჯონსონის ინიციატივით და იქვე დარჩება ოცდამეათე ოლიმპიადის მოსაგონრად. კოშკზე ცხრამეტი მილიონი ფუნტი დაიხარჯა, აქედან თექვსმეტი მილიონი ყველაზე მდიდარმა ბრიტანელმა გაიღო, ხოლო სამი მილიონი ლონდონის განვითარების ფონდმა გადაიხადა.

0x01 graphic

დედოფალი ვიქტორია

0x01 graphic

მარგარეტ თეტჩერი

ლონდონის თამაშების ბიუჯეტი უკვე კარგა ხანია პოლიტიკური დისკუსიის საგანია. თუმცა ეს არავის უნდა გაუკვირდეს - კამათი ოლიმპიადის ხარჯების შესახებ, ცალკე სახეობის სპორტად ითვლება ყველგან, სადაც ეს ღონისძიება ჩატარებულა. გარდა იმ ქვეყნებისა, რომელთა მთავრობაც ინფორმაციას ხარჯების შესახებ არ ასაჯაროებს - მაგალითად, ჩინეთი.

საორგანიზაციო კომიტეტმა 2005 წელს ლონდონის თამაშების ბიუჯეტი 2.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგით განსაზღვრა. თუმცა შემდეგ ეს თანხა გაიზარდა და დღეს სახელმწიფოს 9.3 მილიარდი აქვს გამოყოფილი. არ წყდება სპეკულაციები ფარული ხარჯების შესახებ. წლის დასაწყისში გამოქვეყნდა Sky Sport-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც საბოლოო ბიუჯეტი რეალურად 24 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გაუტოლდებოდა.

0x01 graphic

ოლიმპიადის უსაფრთხოებას ბრიტანელი სამხედროები უზრუნველყოფენ

“ოლიმპიური თამაშები ცარიელი ჩეკის ხელმოწერასავითაა”, ამბობს CBS-თან საუბარში ოქსფორდის პროფესორი ბენტ ფლივბერგი, ერთ-ერთი ავტორი კვლევისა, რომელიც ასკვნის, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე გათვალისწინებულზე 101%25-ით მეტი ფული დაიხარჯა.

ამ კვლევის მიხედვით, ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა დაგეგმილის საშუალოდ 170%25-ს ხარჯავს, როგორც წესი. თუმცა, მაგალითად, მონრეალის თამაშები 1976 წელს თავიდან განსაზღვრულზე 7-ჯერ ძვირი დაჯდა და ქალაქი იმდროინდელი ვალებიდან ახლახან ამოძვრა. კვლევა მიმოიხილავს ათენის მაგალითსაც, სადაც 2004 წლის ოლიმპიადის დროს აშენებულ ინფრასტრუქტურას ჟანგი ჭამს და დღეს იმაზე ორჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე აშენებას დასჭირდა.

როგორც ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა აღნიშნა: “ოლიმპიურ თამაშებზე კამათისას ორი პოზიცია შეიძლება დაიკავო. შეგიძლია თქვა, რომ ქამრების შემოჭერის დროა და რაც შეიძლება ნაკლები უნდა დავხარჯოთ. ან გადაწყვიტო, რომ ქამრების შემოჭერის დროა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ”.

ისინი, ვინც პირველ პოზიციაზეა, ფიქრობენ, რომ პრესტიჟული ღონისძიების მასპინძლობით ნაკვები პატივმოყვარეობა გაწეული ხარჯებით განპირობებულ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას ვერ გაანელებს. სხვები თვლიან, რომ ამ პროექტის განხორციელებაში დახარჯული გადასახადის გადამხდელის ფული მასვე დაუბრუნდება და შედეგებისკენ უთითებენ - ბრიტანეთში ბოლო სამი თვის განმავლობაში უმუშევრობა 0.1 პროცენტით შემცირდა, 65 000 ადამიანი დასაქმდა, აქედან 61 000 ლონდონში, რაც აშკარად თამაშებს უკავშირდება. თუმცა ცხადია, ეს ნაწილობრივ დროებითი სამსახურებია.

ორგანიზატორების მნიშვნელოვანი გამოწვევა ტრანსპორტია. ეს უკანასკნელი ყველაზე სუსტ რგოლად შეაფასა ოლიმპიურმა კომისიამ 2005 წელს, წინადადების განხილვის დროს. ლონდონის მერმა მოსახლეობა მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გააფრთხილა კიდეც და მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

0x01 graphic

ArcelorMittal Orbit ოლიმპიური სამეთვალყურეო კოშკი

პირველი ინციდენტი უკვე მოხდა. რამდენიმე დღის წინ ამერიკელი და ავსტრალიელი სპორტსმენებით დატვირთული ავტობუსები დაიკარგა და ოლიმპიურ სოფელს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ აგნებდა - დაქირავებული მძღოლების დიდი ნაწილი ლონდონიდან არაა და გზის გაკვლევა უჭირს. ხანგრძლივი მგზავრობით უკმაყოფილო სპორტსმენები სოციალურ ქსელებში გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას.

0x01 graphic

ჩარლი გილმორი კენოტაფზე

ამას ემატება ტურისტების მოზღვავებით გამოწვეული უსაშველო საცობები და ლონდონელი ტაქსისტების უკმაყოფილება იმით, რომ ოლიმპიადისთვის მოწყობილ გზის სექციებზე მხოლოდ იმ ავტობუსებს და მანქანებს უშვებენ, ვინც სპორტსმენებს და VIP სტუმრებს გადააადგილებს. სხვებისთვის კი მაღალი ჯარიმებია დაწესებული.

არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა უსაფრთხოება.

“ბედი მქონია, ბრიტანეთის მხარდასაჭერად ხტუნვის განწყობა რომ არ მაქვს, იმიტომ რომ ოლიმპიური თამაშების დროს ლონდონში დარჩენა ამიკრძალეს. პოლიციამ და პრობაციის სამსახურმა გადაწყვიტეს, რომ საფრთხეს წარმოვადგენ. ეს ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აფასებენ ისინი ბრიტანეთის სასჯელაღსრულებითი სისტემის რეაბილიტაციურ შესაძლებლობებს”, - განაცხადა Pink Floyd-ის ლეგენდარული გიტარისტის, მულტიმილიონერი დევიდ გილმორის ვაჟმა ჩარლი გილმორმა ციხიდან გამოსვლისას თვის დასაწყისში. კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი შარშანდელ პროტესტში მონაწილეობდა და გასულ ივლისს დააპატიმრეს, როდესაც LSD-ს, ვისკის და ვალიუმის ზემოქმედების ქვეშ კენოტაფზე აძვრა და დროშას ჩამოეკიდა.

როგორც ჩანს, ორგანიზატორები შარშანდელი პროტესტის განმეორებას უფრთხიან. მით უმეტეს, რომ მილიარდობით გირვანქა სტერლინგი, რაც ოლიმპიადაზე ბიუჯეტიდან იხარჯება, “მეამბოხეებს” სულ სხვა მისამართზე სურდათ გაეშვათ.

თუმცა მთავარი საფრთხე მაინც ტერორიზმია.

1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მასშტაბის ტრაგედიით შეიძლება დასრულდეს ყურადღების მოდუნება ამ მიმართულებით. მით უმეტეს, რომ დიდი ბრიტანეთი, ამერიკასთან ერთად, უკვე წლებია ტერორისტების მთავარი სამიზნეა.

შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს ის აჟიოტაჟი, რაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაქირავებული მულტინაციონალური კომპანიის, G4S-ის დირექტორის განცხადებამ გამოიწვია - ბატონი ნიკ ბაკლი ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამოტყდა, რომ თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.

საკითხის გადასაჭრელად, დამატებით 3500 ბრიტანელი ჯარისკაცის გამოძახება გახდა საჭირო. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ახლახან დაბრუნდა ავღანეთიდან. სულ, ოლიმპიადას 17000 სამხედრო დაიცავს.

Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკელი სამართალდამცავები პირად საუბრებში ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდნენ, რომ ლონდონის თამაშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი პერსონალის მოგროვება შესაძლოა პრობლემა გამხდარიყო. იგივე გამოცემა, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ათეულობით აგენტი გააგზავნა ლონდონში ამ მიმართულებით სამუშაოდ.

ბრიტანეთის კონტრდაზვერვისა და დაზვერვის უწყებებმა (MI5, MI6) მონაცემები შეაჯერეს და ხუთბალიან შკალაზე ტერორიზმის საშიშროება 3 ბალით შეაფასეს. ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე გასული 11 წლის განმავლობაში იყო. თუმცა, არავის ავიწყდება ტრაგედია, რაც 2005 წლის ივლისში დატრიალდა - წლევანდელი ოლიმპიადის მასპინძლად ლონდონის გამოცხადებიდან მეორე დღეს ტერორისტული აქტების სერიამ 56 ადამიანი იმსხვერპლა.

ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სამხრეთ ლონდონში გაშენებული ოლიმპიური პარკი გასამხედროებულ ტერიტორიას ჰგავს. 14 ივლისიდან სამეფო საჰაერო და სახმელეთო ძალებმა დედაქალაქის გარშემო 45-კილომეტრიანი ზონის კონტროლი დაიწყეს. კომერციული ავიარეისების გარდა, ქალაქის თავზე ყველანაირი გადაფრენა აიკრძალა. დამკვირვებლები ირონიით აღნიშნავენ, რომ ასეთი მობილიზაცია ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გამოუცხადებია.

12 მსოფლიო ხუთ რგოლში

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

ოლიმპიადა 2012

ლაშა გოდუაძე

ჩვენი ნებაა, დავუჯერებთ ამ ამბავს თუ არა, მაგრამ ამბობენ, რომ ყველაფერი ასე დაიწყო: ერთ მშვენიერ დღეს ოლიმპოს მწვერვალზე მყოფმა ღმერთთა ღმერთმა ზევსმა ვაჟიშვილის, ჰერაკლეს გამოცდა ინება.

მოკვდავი ქალის, ალკმენეს და ჭექა-ქუხილის მეუფის ძემ - ჰერაკლემ, ჯერ ნემეის ლომი განგმირა, შემდეგ ლერნეს ჰიდრა მოკლა, კერინიის ფურირემი ცოცხლად ჩაიყვანა მიკენში, ერიმანთოსის ტახიც დაიჭირა...

მოკლედ, ვაჟმა მამის თორმეტი დავალება გმირულად შეასრულა. მერე მინდორზე ორასი ნაბიჯი, როგორც მაშინ ამბობდნენ, ერთი სტადიონი გაიარა და ტრიბუნებიც ააგო, ცოტა ხანში კი ის თამაშებიც მოაწყო, რომელსაც მამის და სხვა ღმერთების პატივსაცემად „ოლიმპიური” უწოდა.

ამ ლეგენდას ოლიმპიურ თემატიკაზე გამოცემულ არაერთ წიგნში წაიკითხავთ. იქვე ისიც იქნება მითითებული, რომ ძველ საბერძნეთში ყველაზე პოპულარული დღესასწაული სწორედ ოლიმპიური თამაშები იყო - ის ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობოდა...

დღეს სპორტის ყველა მკვლევარმა იცის, რომ პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული თამაშები საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს ჩატარდა.

წლების შემდეგ ძლევამოსილი ელადა რომაელებმა დაიპყრეს, მათ კი სხვა ინტერესი ჰქონდათ...

* * *

1894 წლის 23 ივნისს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პედაგოგის, ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, ბარონ პიერ დე კუბერტენის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო სპორტული კონგრესი, რომლის მთავარი მიზანი ანტიკური ოლიმპიური თამაშების აღორძინება იყო.

იქვე დაარსდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის წევრებმა თამაშების ჩატარება 1896 წელს გადაწყვიტეს. ტურნირის მასპინძელზე ბევრი არ უფიქრიათ - საბერძნეთი, ათენი, პანათენაიკის სტადიონი.

თანამედროვეობის პირველ ოლიმპიადაში 14 ქვეყნის 241 სპორტსმენი მონაწილეობდა.

დღეს თამაშები მხოლოდ სპორტული მოვლენა აღარაა - ეს ოთხწლეულის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ათასობით სპორტსმენს და მილიარდობით გულშემატკივარს აერთიანებს. კარსმომდგარი ოლიმპიადაც ამის დასტურია: ლონდონში ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვა 201 ქვეყნის 10 ათასზე მეტმა სპორტსმენმა. ჯერჯერობით, სოკ-ის მხოლოდ სამი წევრია დარჩენილი წლევანდელი თამაშების ლიცენზიის გარეშე: ეკვატორული გვინეა, მავრიტანია და სან ტომე და პრინსიპი.

* * *

თანამედროვე ოლიმპიადების სათავეებთან მდგომი ბარონი პიერ დე კუბერტენი ვერც იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ თამაშები სპორტსმენისთვის და პოლიტიკოსისთვის, ან ხელოვანისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და საინტერესო, ოლიმპიური კომიტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი საერთაშორისო ორგანიზაცია გახდებოდა.

1972 წელს, როცა სოკ-ის მეხუთე პრეზიდენტმა, ამერიკელმა ეივრი ბრენდიჯმა თანამდებობა დატოვა, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ 2 მილიონი დოლარი ირიცხებოდა. ის 1952 წლიდან ხელმძღვანელობდა სოკ-ს და ოლიმპიური მოძრაობის კომერციალიზაციის წინააღმდეგი იყო.

1980 წელს, მოსკოვში გამართულ სესიაზე პრეზიდენტად ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩი აირჩიეს. მადრიდის გაზეთ ლა პრენსას ყოფილმა ჟურნალისტმა პირველ რიგში ოლიმპიადის სპონსორების ძიება დაიწყო.

შედეგად, 1984 წელს, ლოს ანჯელესის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა იმ დროისთვის არნახული მოგება ნახა - 225 მილიონი დოლარი, თავად სოკ-ის აქტივები კი თითქმის 40-ჯერ გაიზარდა.

ახლა ის 225 მილიონიც სასაცილოა: ლონდონი 2012-ის მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 9,3 მილიარდი დოლარია, თუმცა სხვადასხვა კვლევა და ჟურნალისტური გამოძიება გაცილებით მეტს ანგარიშობს. საორგანიზაციო კომიტეტი კი მაინც მოგებას ელის.

დღეს სოკ-ს რამდენიმე ზღაპრული კონტრაქტი აკავშირებს ტრანსკონტინენტალურ მეგაკომპანიებთან, სატელევიზიო მედიის სწრაფმა განვითარებამ კი ოლიმპიური თამაშების არნახულ პოპულარიზაციას და, შესაბამისად, კომერციალიზაციას შეუწყო ხელი.

მაგალითად, თუ მეხიკოს 1968 წლის თამაშების ტელეაუდიტორია 600 მილიონი იყო და ეს რიცხვი 1984 წლამდე „მხოლოდ” 300 მილიონით გაიზარდა, 1992 წელს, ბარსელონაში გამართულ თამაშებს უკვე 3,5 მილიარდი ტელემაყურებელი ჰყავდა.

ბოლო, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა 4,7 მილიარდმა ადამიანმა იხილა.

და სადაც ამდენი გულშემატკივარია, აღარავის უკვირს, რომ სატელევიზიო უფლებებიც ძალიან ძვირია: 1999 წელს NBC-მ სოკ-ისგან 3,5 მილიარდ დოლარად შეიძინა 2000-2012 წლების ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების უფლება!

* * *

უამრავჯერ უთქვამთ, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ უმეტესად ეს სიტყვები მხოლოდ მოწოდებად რჩება. ოლიმპიური თამაშები ამის ნათელი დადასტურებაა - პოლიტიკური მოვლენები ყველაზე უკეთ სწორედ ოთხწლეულის მთავარ სპორტულ თამაშებზე აირეკლება.

1916 წელს ბერლინის ოლიმპიადა პირველი მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა, 1940 წლის ტოკიოს და 1944 წლის ლონდონის თამაშები კი უკვე მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარდა.

უცნაურია, მაგრამ 1896 წლიდან დღემდე, ზაფხულის ოლიმპიადებზე უცვლელად მხოლოდ 5 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს - საბერძნეთის, ავსტრალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის.

თამაშების ისტორიას არაერთი ბოიკოტი ახსოვს:

1956 წელს, მელბურნში ჰოლანდიის და ესპანეთის გუნდები საბჭოთა ჯარების უნგრეთში შეჭრის გამო არ ჩავიდნენ, კამბოჯამ, ეგვიპტემ, ერაყმა და ლიბანმა კი სპორტსმენები სუეცის არხის კრიზისის გამო არ გაუშვეს ავსტრალიაში. განზე გადგა ჩინეთიც, რადგან სოკ-მა ტაივანს თამაშებში მონაწილეობის უფლება დართო...

ფრანგი ბარონის ძალისხმევით აღორძინებულ სპორტულ მოძრაობაზე XX საუკუნის 70-80 წლების ცივი ომი ყველაზე ნათლად აისახა: აშშ-ის ინიციატივით, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას 65-მა ქვეყანამ გამოუცხადა ბოიკოტი. საბჭოთა კავშირში მხოლოდ 81 გუნდი ჩავიდა - ყველაზე ცოტა მელბურნის ხსენებული თამაშების შემდეგ.

თავის მხრივ, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა მომდევნო, ლოს ანჯელესის 1984 წლის თამაშებს აქციეს ზურგი - საბჭოთა კავშირის გარდა, ატლანტიკის ოკეანის გაღმა კიდევ 14 ქვეყნის ნაკრები არ გაემგზავრა.

2004 წელს ირანელმა ძიუდოკამ არაშ მირესმაელიმ ისრაელის ნაკრების წარმომადგენელთან პაექრობა პოლიტიკური მოტივით იუარა (ირანი ყველგან უარობდა ისრაელთან დაპირისპირებას, მათ შორის, სპორტშიც). მირესმაელი, ცხადია, თამაშებიდან მოკვეთეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებული უხვად დაასაჩუქრეს: ხელისუფლებამ ზუსტად ის თანხა უბოძა, რაც ჩემპიონებს - 125 ათასი დოლარი.

პროტესტის გარეშე არც ბოლო, პეკინის 2008 წლის თამაშებს ჩაუვლია: არაერთი ქვეყნის ხელისუფალი დაიმუქრა თამაშების ბოიკოტით იმ მიზეზით, რომ ჩინეთის მთავრობა უხეშად არღვევდა ტიბეტელთა უფლებებს.

ეს თამაშების დაწყებამდე იყო, უშუალოდ შეჯიბრების დღეებში კი ჩვენმა ნაკრებმა საქართველოში რუსეთის აგრესია გააპროტესტა.

* * *

თამაშების ხანგრძლივ და ძალიან საინტერესო ისტორიას, სამწუხაროდ, სისხლისღვრაც ახსოვს.

1972 წელს, მიუნხენში, პალესტინელ ტერორისტთა ჯგუფმა - შავი სექტემბერი - ისრაელის ოლიმპიური გუნდის 11 წევრი აიყვანა მძევლად: ორი მალევე მოკლა, დანარჩენები კი სამაშველო ოპერაციის დაწყებისთანავე გამოასალმა სიცოცხლეს. ტრაგედიას 5 ტერორისტის გარდა ერთი გერმანელი სამართალდამცავიც შეეწირა...

1996 წელს, ატლანტაში, ცენტრალურ ოლიმპიურ პარკში ნაღმის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 111 კი დაშავდა. უსაფრთხოების სამსახურმა მალევე დააკავა ერიკ რობერტ რუდოლფი. ის დღემდე ციხეშია - სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

* * *

ქართველები მეთექვსმეტედ იასპარეზებენ ოლიმპიადაზე, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით კი - მეხუთედ.

ოლიმპიური ცეცხლი 27 ივლისს აინთება.

13 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


გადასამუშავებელი პლასტმასის ბოთლებით დატვირთული სამთვლიანი მოტოციკლი. ჩინეთი

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

14 ბესესკუს კიდევ ერთი იმპიჩმენტი ავტორიტარიზმის გზაზე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

რუმინეთი

ივანე ბაძაღუა

6 ივლისს, რუმინეთის პარლამენტმა 256 ხმით 114 წინააღმდეგ პრეზიდენტ ტრაიან ბესესკუს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. ვიქტორ პონტას მმართველმა კოალიციამ, სოციალურ ლიბერალურმა კავშირმა, ბესესკუს ბრალი უფლებამოსილებების გადაჭარბებასა და კონსტიტუციური ნორმების დარღვევაში დასდო. პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტს კენჭი საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების საწინააღმდეგოდ უყარეს - ამ დადგენილებამ პონტას მთავრობის ბრალდებები უსაფუძვლოდ ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა სავალდებულო იყო.

0x01 graphic

ტრაიან ბესესკუ

ბესესკუს ბედი საბოლოოდ 29 ივლისის რეფერენდუმზე გადაწყდება. 2007 წელს სწორედ რეფერენდუმმა გააუქმა მისი იმპიჩმენტის გადაწყვეტილება - 74%25-მა მას მხარი დაუჭირა. თუმცა, ამჯერად პოლიტიკური კლიმატი განსხვავებულია. 2009 წლის ეკონომიკური კრიზისისგან თავის დასაღწევად რუმინეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან რამდენიმე სესხი მიიღო, რის სანაცვლოდაც არაპოპულარული რეფორმების გატარება მოუხდა: შემცირდა სახელმწიფო ხარჯები და ხელფასები, სანაცვლოდ კი გაიზარდა გადასახადები. მოსახლეობის უმრავლესობა ამ რეფორმების მთავარ შემოქმედად ბესესკუს მიიჩნევს. განსხვავებულია რეფერენდუმის ჩატარების წესიც: პონტას მთავრობამ ანტიკონსტიტუციური დეკრეტით რეფერენდუმის კანონი შეცვალა - იმისთვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, უკვე საჭირო აღარ არის ამომრჩევლების სიითი უმრავლესობა - ყველაფერს უბრალო უმრავლესობა გადაწყვეტს.

0x01 graphic

ვიქტორ პონტა

ბესესკუს იმპიჩმენტი ივლისის პირველ კვირაში რუმინეთში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ერთი ფრაგმენტია. ეს პროცესები დასავლურ პრესაში „სახელმწიფო გადატრიალებად” შეაფასეს. მმართველმა კოალიციამ ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრაციისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლა პარლამენტის ორივე პალატის, დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეები, რომლებიც პონტასადმი ლოიალურად განწყობილებმა შეცვალეს.

ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო დეკრეტი, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოერთვა პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება. რუმინეთის კონსტიტუციის 115/6 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება, რომ „დეკრეტი ჩაერიოს სახელმწიფოს ფუნდამენტური ინსტიტუტების საქმიანობაში”. თუმცა ომბუდსმენს - ერთადერთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო პარლამენტის მიერ მიღებული დეკრეტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ასევე შეუწყდა უფლებამოსილება და ის მთავრობის მხარდამჭერმა შეცვალა.

რუმინეთში განვითარებულ მოვლენებს დანარჩენ ევროკავშირში სუსტი რეაქცია მოჰყვა - როგორც ეს უნგრეთის შემთხვევაში იყო. ბრიუსელსა და ბერლინში შეშფოთება გამოთქვეს „დემოკრატიის უკანდახევის” გამო, მაგრამ რაიმე ქმედითი ზომების მიღებაზე საუბარი არ ყოფილა. ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოთხოვნების სია, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციის პატივისცემას და გმობს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნა/გათავისუფლებას.

ევროკავშირის სუსტ პოზიციას პოლიტიკური მიმომხილველების მნიშვნელოვანი ნაწილი ორი ძირითადი მიზეზით ხსნის. პირველი ევროზონის კრიზისია - ევროკავშირის ძირითადი ყურადღება ევროზონის გადარჩენისკენაა მიმართული და ნაკლებ ყურადღებას უთმობს კონსტიტუციურ ცვლილებებს რუმინეთსა და უნგრეთში.

მეორე და მთავარი მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირს წევრ სახელმწიფოებში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის ძალა უბრალოდ არ შესწევს. უნგრეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები უშედეგო გამოდგა. ევროკავშირმა უნგრეთს დემოკრატიის დონის შემცირების გამო ბუდაპეშტის განვითარების ფონდის ფარგლებში გათვალისწინებული თანხის, 495 მილიონი ევროს გადარიცხვაზე უარი უთხრა, თუმცა ორბანის მთავრობას კურსიდან არ გადაუხვევია.

პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ „ორბანი და პონტა არ გრძნობენ თავს ვალდებულად, შეასრულონ ევროკავშირის და რიგებები”, რადგან ევროკავშირი ხშირად თვითონ ცვლის დამკვიდრებულ წესებს და იზღუდება წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტიც (მაგალითად, სამთავრობო ცვლილებები საბერძნეთსა და იტალიაში).

15 უკანასკნელი რევიზიონისტი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

იცჰაკ შამირი, 1915-2012

ირაკლი გუნია

0x01 graphic

იცჰაკ შამირი ებრაელ ჯარისკაცებთან ერთად

2012 წლის 30 ივნისს, 96 წლის ასაკში, თელ-ავივში გარდაიცვალა ისრაელის მე-7 პრემიერმინისტრი იცჰაკ შამირი. მას 1983-1984 და 1986-1992 წლებში ქვეყნის პრემიერის თანამდებობა ეკავა და იმავე პერიოდში პარტია ლიკუდის ლიდერიც იყო. შამირის უკომპრომისო პოზიცია და დამოკიდებულება პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ გამოხატულია მის ცნობილ ფრაზაში - „ზღვა იგივე ზღვაა, ხოლო არაბები იგივე არაბები არიან”. როგორც ეკლესიასტე ამბობს, „არა რაი არს ყოველივე ახალ მზესა ქვეშე”. შამირის შეხედულებები აქტუალობას დღესაც ინარჩუნებს და ერთგვარი გზამკლევია ყველაზე ცხელი რეგიონის პრობლემების უკეთ გასაცნობად.

შამირმა, რომელსაც სიცოცხლის ბოლოს ალცჰაიმერის დაავადება განუვითარდა, უკანასკნელი წლები მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა. „იცჰაკ შამირი იყო მამაცი მეომარი ისრაელისთვის, მის წარმოშობამდე და შემდეგ. ის იყო დიდი პატრიოტი და მისი უზარმაზარი დამსახურება სამუდამოდ დარჩება ჩვენს მატიანეში”, - განაცხადა წარსულში მისმა უმთავრესმა პოლიტიკურმა ოპონენტმა, შიმონ პერესმა. ამჟამინდელი პრემიერის, ბინიამინ ნეთანიაჰუს სიტყვებით, „შამირი მიეკუთვნებოდა გიგანტების თაობას, რომლებმაც დააარსეს ისრაელის სახელმწიფო და მის მიწაზე ებრაელი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ”.

იცჰაკ ეზერნიცკი 1915 წელს, რუსეთის იმპერიაში მდებარე პოლონურ დასახლება რუჟანში დაიბადა, დღევანდელი ბელარუსის ტერიტორიაზე. ოცი წლის ასაკში ის პალესტინის ტერიტორიაზე გადასახლდა და გვარად „შამირი” აიღო, რაც „ეკალს” აღნიშნავს. შამირის ოჯახის რამდენიმე წევრი ჰოლოკოსტს შეეწირა, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, რომლითაც სამყარო კეთილისა და ბოროტის დაუსრულებელი ბრძოლა იყო. იცჰაკ შამირი ახალგაზრდობიდანვე მოიხიბლა რევიზიონისტული სიონიზმით და მისი მთავარი იდეოლოგის, ვლადიმირ (ზეევ) ჟაბოტინსკის იდეებით, რომლებიც უმთავრესად ისრაელის ბიბლიურ საზღვრებში აღდგენასა და ანტისოციალიზმში გამოიხატებოდა. რევიზიონისტული სიონიზმი და ჰოლოკოსტის გამოცდილება ახლობელი თემებია მოქმედი პრემიერის, ნეთანიაჰუსთვისაც, რომელიც ხშირად იყენებს წარსულის გაკვეთილებს საკუთარი ქმედებების ასახსნელად.

იმავე პერიოდში, შამირი ნაციონალისტურ სამხედრო დაჯგუფება ირგუნს შეუერთდა და მოგვიანებით მისი გამოცალკევებული ჯგუფის, ლეჰის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მომავალი პრემიერის ხელმძღვანელობის ქვეშ ლეჰი „პირადი ტერორის” კამპანიას მიმართავდა და მოქმედი ბრიტანული ადმინისტრაციის სამხედრო და ოფიციალურ პირებს სიცოცხლეს ასალმებდა. თავისი საქმიანობისთვის შამირი ბრიტანულმა მმართველობამ ორჯერ დააპატიმრა, თუმცა ორივეჯერ ციხიდან გაქცევა მოახერხა. დროის ამ მონაკვეთს თავად შამირი სიცოცხლის „საუკეთესო წლებს” უწოდებდა.

ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, 1955-1965 წლებში, იცჰაკ შამირი სადაზვერვო სამსახურში (მოსადი) მუშაობდა, 1970 წელს კი პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და ლიკუდის წინამორბედ ჰერუთში შიმონ პერესი და იცჰაკ შამირი. 1985 გაწევრიანდა. შამირი პარტიულ იერარქიაში მალევე დაწინაურდა - საკანონმდებლო ორგანო ქნესეთის სპიკერობის შემდეგ, 1980 წელს, საგარეო მინისტრად დაინიშნა. 1983 წელს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მან შეცვალა თანაპარტიელი მენაჰიმ ბეგინი, რომლის რეპუტაცია ლიბანში წამოწყებულ არაპოპულარულ ომს შეეწირა.

1984 წლის არჩევნებზე ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა სამთავრობო კოალიციის ფორმირება. ამის გამო, ორი დომინანტური პარტია, ლეიბორისტული და ლიკუდი, ძალაუფლების გამყოფ უნიკალურ ინიციატივაზე შეთანხმდა - ლეიბორისტთა ლიდერი შიმონ პერესი და შამირი ერთმანეთის მონაცვლეობით, ნახევარი ვადის განმავლობაში იქნებოდნენ პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ამის შემდეგ ამგვარი გარიგება მხოლოდ წლეულს განმეორდა, როდესაც ოპოზიციური კადიმა მმართველ ლიკუდის მთავრობას შეუერთდა.

შამირის საზოგადოებრივი იმიჯი დიდწილადაა განპირობებული 1991 წლის სპარსეთის ყურის კრიზისის სამაგალითო გამკლავებით. სადამის მიერ ისრაელის ქალაქების Scud-ის რაკეტებით დაბომბვის შემდეგ, მან გაუძლო სამხედრო ისტებლიშმენტის ზეწოლას და ერაყზე საპასუხო იერიში არ მიიტანა. ამგვარ გაუთვლელ ნაბიჯს შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყოლოდა და იმ ომის დროს, არაბული სამყარო ისრაელისა და დასავლეთის წინააღმდეგ დაერაზმა. ამ გადაწყვეტილებით შამირმა უზარმაზარი პატივისცემა მოიპოვა აშშ-ის მაშინდელ ადმინისტრაციასა და მსოფლიო საზოგადოებაში.

0x01 graphic

შიმონ პერესი და იცჰაკ შამირი. 1985

იცჰაკ შამირის სახელს უკავშირდება ისტორიულ სამშობლოში ებრაელთა რეპატრიაციის, იმავე ალიის ერთ-ერთი უდიდესი ტალღის განხორციელება. ის ალიას ებრაული სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად და ზრდის წინაპირობად მიიჩნევდა. შამირის აზრით, ალია მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა მდინარე იორდანესა და ხმელთაშუა ზღვას შორის ებრაულ-არაბულ დემოგრაფიულ ბალანსს. ამ მხრივ უდიდესი მიღწევა იყო აბსორბცია მილიონზე მეტი საბჭოთა ებრაელისა, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმის მიერ იმიგრაციის საშუალება მიეცათ. შამირი ვაშინგტონს არწმუნებდა, რომ ებრაელებისთვის აშშ-ში დასაბრუნებლად სირთულეები შეექმნა, რათა მათთვის ისრაელის გარდა სხვა ალტერნატივა არ ყოფილიყო. პრემიერმინისტრი აგრეთვე გახლდათ 1991 წელს ჩატარებული ოპერაცია სოლომონის მთავარი სულისჩამდგმელი - მაშინ, საჰაერო კორიდორის უზრუნველყოფით, 15,000 ეთიოპიელი ებრაელი გადაურჩა მენგისტუ ჰაილე მარიამის მთავრობის კოლაფსის შემდეგ წარმოქმნილ პოლიტიკურ მღელვარებას.

შამირის რწმენა დიდი ისრაელისადმი, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოს და 1967 წელს დაპყრობილ ტერიტორიებს მოიცავდა, სამშვიდობო პროცესს აფერხებდა. მისი აზრით, ასე მიღწეული მშვიდობა არაბთა მხრიდან მეტ მოთხოვნებს მოიტანდა მანამ, სანამ მათ იერუსალიმზე პრეტენზიასაც არ დაუკმაყოფილებდნენ.

შამირი მისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს იჩენდა, როდესაც საქმე სამშობლოს საზღვრების შემცირებას ეხებოდა. ქნესეთის სპიკერობისას, მან ეგვიპტესთან შეთანხმების დამტკიცებაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, 1987 წელს, შამირმა დაბლოკა შიმონ პერესის და იორდანიის მეფე ჰუსეინის შეთანხმება, რომლითაც პალესტინური ტერიტორიები იორდანიის კონტროლქვეშ გადადიოდა.

1991 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ჰერბერტ ბუშის ზეწოლის შედეგად, იგი უხალისოდ დათანხმდა მადრიდის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას. გამოცემა ჰაარეცის ყოფილი რედაქტორის, დავიდ ლანდაუს თქმით, შამირი მოლაპარაკებებს მოლაპარაკებებისთვის აწარმოებდა და მიზნად მისი დაუსრულებლად გაგრძელება ჰქონდა დასახული.

0x01 graphic

იცჰაკ შამირი

მაშინ, შამირის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გამო, სამთავრობო კოალიცია დატოვეს მცირე მემარჯვენე პარტიებმა, რამაც ადრეული არჩევნების დანიშვნა განაპირობა. ლეიბორისტულმა ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა შამირის მიერ ახალშენების პრიორიტეტულად გამოცხადება და სამშვიდობო პროცესში პასიურობა. 1992 წელს მათ პოპულარულ საარჩევნო სლოგანს წარმოადგენდა: „ფული ღარიბ სამეზობლოებს და არა ახალშენებს”.

1992 წლის არჩევნებში იცჰაკ რაბინის მეთაურობით ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების შემდეგ, შამირი ლიკუდის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, ოთხი წლის შემდეგ კი ქნესეთსაც ჩამოშორდა. ლეიბორისტებმა, მოკავშირე პარტია მერეცთან ერთად, მოლაპარაკებები 1993 წელს, ოსლოს შეთანხმებებში განავრცეს და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნაც გადაწყდა.

2005 წელს დიდი ებრაელების გამოკითხვაში იცჰაკ შამირი 29-ე ადგილზე დასახელდა. მისი იდეების პოლიტიკური მემკვიდრე ამჟამინდელი პრემიერმინისტრი და ლიკუდის ლიდერი ბინიამინ ნეთანიაჰუა. შამირმა დიდი როლი ითამაშა ამ უკანასკნელის კარიერულ კიბეზე დაწინაურებაში, როდესაც ბიბი გაეროში ელჩის თანამდებობაზე დანიშნა.

დღეს ნეთანიაჰუს წინაშე ის საკითხები დგას, რაც სამი ათეული წლის წინ შამირს აწუხებდა. ნეთანიაჰუს მიერ 2009 წელს, ბარ-ილანის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში „ორი სახელმწიფოს” არსებობის მხარდაჭერა ბევრს 1991 წელს შამირის მიერ „მიწა მშვიდობისთვის” ფორმულის აღიარებას აგონებს.

შამირისეული გაკვეთილი მოჩვენებით უკანდახევასა და ახალშენების ხელშეწყობაში გამოიხატება. კიდევ ერთი მსგავსება გარედან მომდინარე საფრთხეა, რომელზე პასუხზეც რეგიონის სტაბილურობაა დამოკიდებული. ერაყისგან განსხვავებით, ნეთანიაჰუსთვის ირანი უფრო კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს. საკითხავია, რამდენად მოახერხებს ის შამირივით გაუმკლავდეს ირანისგან მომდინარე საფრთხეს. ნეთანიაჰუსთვის შეიძლება მალე დაისვას კითხვა - რას იზამდა შამირი?

16 პოლონეთი-რუსეთი: ახალი გამოწვევები

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი*

0x01 graphic

სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ

ისტორიის განმავლობაში პოლონეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა ხშირად კრიტიკულ ზღვარს აღწევდა. იმას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პოლიტიკა რუსეთის მიმართ, პოლონეთის პოლიტიკური ლიდერები განსაზღვრავდნენ. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ცვალებადი ხასიათი ჰქონდა. ახლანდელი ხელისუფლება აკრიტიკებდა ძმებ კაჩინსკებს მათ მიერ გამოჩენილი ზედმეტი პრინციპულობის გამო, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ვერც დონალდ ტუსკის ღია და ნეიტრალური პოლიტიკის გატარებამ მოიტანა შედეგი. ჰოდა, უნდა ვაღიაროთ თუ არა წინა მთავრობის შეხედულება, რომელიც თვლიდა, რომ ზედმეტი დათმობა და ღია პოლიტიკა მოსკოვთან ურთიერთობებში არა მარტო უნაყოფო, არამედ საშიშიც იქნება?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, თუ რა რთული პარტნიორია რუსეთი, როდესაც კეთილმეზობლობის ყველნაირი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყოველთვის ხასიათდებოდა დიდი მგრძნობელობით. ნებისმიერი მოვლენა, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო, რომელიც ეხებოდა ორ ერს, ყოველთვის იყო პოლიტიკური შეჯიბრების ასპარეზი. ამის ნათელი მაგალითი იყო ევროპის ჩემპიონატი, როდესაც პოლონეთისა და რუსეთის ნაკრებების გულშემატკივრებმა მატჩამდე „ბრძოლა” გამართეს ვარშავის ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ მთელ მსოფლიოში ხდება, ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებს. ზემოხსენებულ შემთხვევაში კი პატარა შეტაკება გადაიზარდა პოლონურ რუსულ დიპლომატიურ კონფლიქტში, რომელშიც პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ და დღემდე ვერ შეთანხმდნენ, ვინ დაიწყო არეულობა.

მაგრამ საკითხავია, ნუთუ აუცილებელი იყო რუსეთის მხრიდან შეკრების ორგანიზება ვარშავის ცენტრში, ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად? რთული წარმოსადგენია, რომ პოლონელები თავიანთ დამოუკიდებლობის დღეს, 11 ნოემბერს, მოსკოვის ცენტრში ზეიმობენ. ჯერ კიდევ გაუგებარია, რატომ შეარჩია რუსეთის მხარემ ევროპის ჩემპიონატის დროს სწორედ ის სასტუმრო, რომელიც პრეზიდენტის სასახლის მეზობლად მდებარეობს და სადაც პოლონელები ყოველ თვე იკრიბებიან სმოლენსკში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა მოსახსენიებლად? ყველამ კარგად ვიცით, რა მგრძნობიარე და რთულია ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის. ისიც საკითხავია, რამდენად ესაჭიროება ასეთ დაძაბულ სიტუაციას პროვოკაციების ორგანიზება? ან იქნებ ერთ მხარეს შერიგება და ურთიერთობების ნორმალიზება საერთოდ არ სურს?

პოლონეთსა დარუსეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობაში დიდი ზეგავლენა მოახდინა ტრაგიკულმა ავიაკატასტროფამ, რომელშიც დაიღუპა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და კიდევ 95 ადამიანი. სწრაფად განხორციელებული რუსული გამოძიება შეცდომებით იყო სავსე და დღეს, ალბათ, მხოლოდ რუსებს სჯერათ მისი შინაარსის. რუსული მხარის ანგარიშის ძირითადი ნაწილის მიხედვით, პოლონელი გენერალი ანდრეი ბლასიკი პილოტის კაბინაში იმყოფებოდა და პილოტებს დაშვებას აიძულებდა. მეტიც, გენერალი ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იყო, თუმცა გრძელი და დეტალური გამოძიების შედეგად, რომელიც ექსპერტებმა ჩაატარეს, გაირკვა, რომ გენერალი ბლასიკი კატასტროფის დროს საერთოდ არ იმყოფებოდა კაბინაში. მართალია, მისი ცხედარი თვითმფრინა ვისპირველ სექტორში იპოვეს (სადაც მდებარეობს კაბინა), მაგრამ მის გარდა იქ კიდევ 12 სხვა გარდაცვლილი იყო.

0x01 graphic

ფეხბურთის პოლონელი და რუსი გულშემატკივრების დაპირისპირება

ასეთ კონტროვერსიულ დასკვნებს კიდევ ბევრს ნახავთ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ოფიციალურ დოკუმენტად არის აღიარებული. პოლონეთში ამჟამად არსებობს 3 განსხვავებული ანგარიში, რომელზეც შეუსვენებლად გრძელდება დისკუსია. პირველი მათგანია ზემოთ აღნიშნული რუსული ვერსია. მეორე ანგარიში წარადგინა კომისიამ იეჟი მილერის ხელმძღვანელობით, რომელიც იმ დროინდელი პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მესამე კი შეიმუშავა პარლამენტის ჯგუფმა, რომლის სათავეში იდგა ლეხ კაჩინსკის ერთ-ერთი თანამშრომელი ანტონი მაციარევიჩი. ამ ბოლო ვერსიის თანახმად, თვითმფრინავის ყველა მექანიზმის მუშაობა 15 მეტრის სიმაღლეზე შეწყდა, რისი სავარაუდო მიზეზიც აფეთქებაა.

ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ერთობლივი თანამშრომლობის და ურთიერთობათა დათბობის იმედი გაჩნდა. დღეს კი აშკარად ჩანს, რომ კატასტროფის პირველ დღეებში რუსეთის მიერ გამოჩენილი „ყურადღება და თანადგომა” არაფერი იყო, თუ არა კარგად შენიღბული „თამაში”. არაობიექტური ანგარიში, დღემდე რუსეთში დარჩენილი თვითმფრინავის ნაწილები და სხვა მიზეზებიც ხელს უშლის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

ასევე შეუძლებელია დავივიწყოთ 1940 წელს, კატინში ათასობით დახოცილი პოლონელი. რუსეთი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და არასოდეს აღიარებს ფაქტებს, რომლებიც ჩირქს მოსცხებს მის საერთაშორისო იმიჯს.

ბოლო წლების განმავლობაში პოლონეთი ახალ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის წყალობით, ახლა ვარშავას შეუძლია მოსკოვს სხვა პერსპექტივიდან უყუროს. პოლონეთს დღეს სხვა გამოწვევები აქვს ევროპაში. რუსული მიმართულება, რომელიც ადრე ერთ-ერთ ძირითად როლს თამაშობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, დღეს მეორე პლანზე გადავიდა. პოლონეთისთვის და მისი სტრატეგიული ინტერესებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება ბრიუსელში, ცენტრალურ ევროპაში, ბალტიის ზღვის სივრცესა და ყველა ქვეყანაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობაშია ჩართული.

ვარშავასა და მოსკოვს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. რუსეთმა უკვე გადაწყვიტა ამ რეგიონში თავისი ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს გაზის მილების გაყვანას გერმანიაში, პოლონეთის ავლით. ეს ფაქტი არც პოლონეთისთვის და არც ამ რეგიონის ბევრი სხვა ქვეყნისთვისაა სახეირო. ენერგეტიკული „შანტაჟი”, მილებით გარშემორტყმა ქვეყნის, რომელსაც არ სურს რუსეთის დომინირება საკუთარ ტერიტორიაზე, იყო და სულ იქნება რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. აქედან გამომდინარე, პოლონეთს სურს პრევენციული ნაბიჯები გადადგას თავის საგარეო პოლიტიკაში.

მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სტრატეგიულ მიმართულებებს. სულ უფრო ხშირად ისმის, რომ რუსეთთან ურთიერთობაში აქცენტი უნდა გაკეთდეს კონკრეტულ საკითხებზე (მაგალითად, კალინინგრადის ოლქთან კონტაქტი, ზღვაოსნობა ამ რეგიონში, ნავსადგურის განვითარება ელბლონგში და ა.შ.). აქამდე ეს შეხედულება პოპულარული არ იყო. ადრე ყველა ერთზე ფიქრობდა: რამდენად ემუქრება ვარშავას რუსეთი და როგორ შეიძლება ამის არიდება. ახლანდელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ეს შეხედულება უნდა შეიცვალოს და მთავრობამ მეტი უნდა იფიქროს იმაზე, რა არის მოგებიანი რუსეთთან კონკრეტულ საკითხებში. პოლონეთი უნდა ეცადოს, უფრო ნაყოფიერად გამოიყენოს აღმოსავლური პარტნიორობა, რომლის მნიშვნელობასაც კარგად ხედავდა ლეხ კაჩინსკი. ამ მიმართულებით სვლამ, პოლონეთს შეიძლება სასურველი შედეგები მოუტანოს მომავალში - როგორც უსაფრთხოების, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებში.

რუსეთთან ურთიერთობა არ იქნება ადვილი, მაგრამ საჭიროა ერთი პრინციპის შემუშავება. ყველა გაფაციცებით ადევნებდა თვალს რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რასაც ოპოზიციის დემონსტრაციები მოჰყვა. ვარაუდი, რომ ლიდერის შეცვლას შეუძლია რუსეთს რადიკალური ცვლილებები მოუტანოს, არასწორია. მოსკოვს აქვს გრძელვადიანი პოლიტიკა და პერსონალური ცვლილებები სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. პოლონეთსაც, მოსკოვთან ურთიერთობებში, ისეთი გრძელვადიანი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რომელიც XXI საუკუნის რეალობას შეესაბამება.

____________________

*ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი - პოლონელია, დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი. ამჟამად ხელმძღვანელობს ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიურ ცენტრს თბილისში. პარალელურად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე თსუ-ში და უსაფრთხოების საკითხზე კავკასიაში.

17 ავღანეთი - შეუსრულებელი მისია

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ანი ჩხიკვაძე

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

„თქვენ ალბათ ავღანეთში მსახურობდით”, - ეუბნება შერლოკ ჰოლმსი ექიმ ჯონ უატსონს პირველი შეხვედრისას. იმ დროისთვის, როდესაც არტურ კონან დოილი წიგნზე მუშაობდა, ავღანეთი რუსეთისა და ბრიტანეთის „დიდი თამაშების” ნაწილი იყო. მას შემდეგ ერთი საუკუნე გავიდა, ქვეყანა კვლავ კონფლიქტშია გახვეული და არ კარგავს აქტუალობას. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებმა მაისში გადაწყვიტეს, რომ NATO-ს სამხედროები იქ სამსახურს 2014 წლისთვის დაასრულებენ. ავღანეთში დარჩებიან მხოლოდ ტრენერები, რომლებიც ეროვნულ არმიას გაწვრთნიან. ქვეყანას ფინანსური დახმარება გაუგრძელდება, თუმცა კრიზისის ფონზე კონტრიბუციის გაზრდას ალიანსის წევრები ვერ მოახერხებენ.

ავღანეთის დატოვების ინიციატორი ბარაკ ობამაა. მისთვის ერაყის დატოვების კვალდაკვალ ავღანეთიდან გამოსვლა საარჩევნო გათვლაა. NATO-ს წევრი ქვეყნები ჩიკაგოში შეხვედრისას ცდილობდნენ, ერთიანი გადაწყვეტილება მიეღოთ, თუმცა საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ამერიკელი კოლეგის მსგავსად, შეასრულა ამომრჩევლებისათვის მიცემული სიტყვა, რომ 2012 წლის ბოლოსთვის ფრანგული შენაერთები ავღანეთს დატოვებდნენ. ანგელა მერკელის ნათქვამი, რომ ალიანსი ერთად დაწყებულ მისიას ერთადვე დაასრულებდა, არ გამართლდა.

ავღანეთის მომავლის გამოსაცნობად საჭიროა წარსული გამოცდილებები გავიხსენოთ. 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირი შეიჭრა. მოჯაჰედებთან წარუმატებელი და გაუთავებელი ბრძოლის შედეგად, გორბაჩოვმა 1989 წელს ავღანეთის დატოვება გადაწყვიტა. მოჯაჰედებს, ანუ „თავისუფლებისთვის მებრძოლებს”, დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატები უწევდა. ავღანეთს „საბჭოთა კავშირის ვიეტნამი” უწოდეს. საბჭოთა კავშირი, გამოსვლის შემდგომ, კვლავ ეხმარებოდა ნაჯიბულას რეჟიმს. ხოლო მას შემდეგ, რაც 1992 წელს, სამხედროსთან ერთად მოსკოვმა ქაბულს ფინანსური დახმარებაც შეუწყვიტა, ნაჯიბულას რეჟიმი მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში დამარცხდა. ქვეყანა სამოქალაქო ომში გაეხვია. ირანი, პაკისტანი და საუდის არაბეთი სხვადასხვა მხარეებს აქეზებდნენ ან დახმარებას უწევდნენ. რეგიონალური მოთამაშეების ინტერესებმა სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. ათიათასობით ადამიანი დაიღუპა სამოქალაქო არეულობისას. პაკისტანელი სამხედროების დახმარებით მმართველობა თალიბანმა ჩაიგდო ხელში.

ორთოდოქსი მუსლიმი პუშტუნებისა და მოჯაჰედებისგან შემდგარი თალიბანის მმართველობა მკაცრი შეზღუდვებით და ისლამური სამართლის მკაცრი ინტერპრეტაციით გამოირჩეოდა. ქალები იძულებულნი იყვნენ თავიდან ფეხებამდე ჩადრში ყოფილიყვნენ გახვეულნი, ხოლო მამაკაცებს, რომლებსაც ზომაზე მოკლე წვერი ჰქონდათ, აპატიმრებდნენ. ტელევიზია აკრძალული იყო. რეჟიმი ტოლერანტობით არ გამოირჩეოდა სხვა რელიგიების მიმართ, რისი დამადასტურებელიც იყო ბამიიანში ბუდას ქანდაკებების დანგრევა. ავღანელი ფერმერები. ჯალალაბადიაღსანიშნავია, რომ თალიბანის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ინფრასტრუქტურა განადგურდა და ბევრი სკოლა თუ უნივერსიტეტი დაიხურა ან დაინგრა. 2001 წლისთვის თალიბანი ავღანეთის 90 პროცენტს აკონტროლებდა.

დღეს თალიბანი ავღანეთის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებს კვლავ აკონტროლებს. ქვეყნის ჩრდილოეთი დასახლებულია ეთნიკური ტაჯიკებით, უზბეკებით და ხაზარებით, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენენ. ქვეყნის ამ ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს „ჩრდილოეთის ალიანსი”, რომელიც თალიბანის მოწინააღმდეგე პოლიტიკური გაერთიანებაა. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი კი პუშტუნებია (44 პროცენტი). ისინი ძირითადად ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთში არიან დასახლებულნი და თალიბანის დასაყრდენ ძალას წარმოადგენენ.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო კამპანიის დაწყების მთავარი მიზეზი, რეგიონიდან ალ-ყაიდას გამოდევნა იყო. ბარაკ ობამას დაპირებით, ავღანეთი აღარასდროს უნდა ყოფილიყო ალ-ყაიდას თავშესაფარი. მართალია, დაჯგუფება დღეისთვის ბევრად სუსტია, ვიდრე 21-ე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ საფრთხეს ჯერ კიდევ წარმოადგენს. თერთმეტწლიანი კამპანიის მანძილზე 2000-მდე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 16,000 დაშავდა, 400 მილიარდამდე დოლარი დაიხარჯა და 12,000 ავღანელი მოქალაქე დაიღუპა. თუმცა საშიშროება იმისა, რომ ISAF-ის ჯარების გასვლის შემდგომ ავღანეთი ტერორიზმის ნავსაყუდელად გადაიქცევა, არ გამქრალა.

ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც 22 წლის ავღანელი ნაჯიბას დახვრეტაა ასახული. ნაჯიბას სასიკვდილო განაჩენი თალიბანის წევრებმა მას შემდეგ გამოუტანეს, რაც აღმოჩნდა, რომ დაჯგუფების ორ წევრს მასთან გაურკვეველი სახის ურთიერთობა ჰქონდა. ისინი ვერ შეთანხმდნენ თუ ვის უნდა დარჩენოდა იგი და ამიტომ მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს. დახვრეტას სოფლის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. ხშირია ასევე შემთხვევები, როდესაც ქალებს კლავენ სკოლაში სიარულის, მუშაობის თუ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გამო.

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქალთა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნავდნენ, რომ ამერიკა არ მიატოვებდა ავღანელ ქალებს. საჭიროა ითქვას, რომ ქალთა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე თალიბანთან მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა არ უნდა მოხდეს. გარდა ქალთა უფლებების ბრუტალური დარღვევებისა, თალიბანი საშიშროებას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებისთვისაც. 1998 წელს 5000-6000 ეთნიკურად ხაზარი, ტაჯიკი თუ უზბეკი დაიღუპა თალიბანის მიერ დაწყებული ეთნიკური წმენდის შედეგად.

0x01 graphic

ავღანელი ფერმერები. ჯალალაბადი

სამომავლო სურათის სრულად აღსაქმელად ავღანეთის სამეზობლოს და ქაბულისადმი მათ ინტერესებს უნდა გადავხედოთ. აქ პაკისტანთან, ინდოეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად ირანიც მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ირანელებს გავლენა აქვთ ავღანეთის დასავლეთ ნაწილზე, კერძოდ ჰერატსა და ხაზარეთზე. პაკისტანი არაპირდაპირ ეხმარება თალიბებს, სანაცვლოდ კი პუშტუნთა მხარდაჭერა აქვს ინდოეთის წინააღმდეგ. პაკისტანის შინაგანი სამსახურების მოხელეებს პირდაპირი კავშირები აქვთ თალიბანის ლიდერებთან, მათი მეამბოხეთა ნაწილი კი სულაც პაკისტანის ჩრდილოეთში ბინადრობს. პაკისტანელთა მიერ პუშტუნთა მხარდაჭერის სანაცვლოდ, სავარაუდოა, რომ 2015 წლისთვის ინდოეთი ჩრდილოეთის თალიბი ჯარისკაცები ხელისუფლებას იარაღს აბარებენალიანსის წევრებს დაუჭერს მხარს. ასევე, შესაძლოა, დელიმ ბელუჯისტანელი მეამბოხეები გამოიყენოს დასაყრდენად ისლამაბადის წინააღმდეგ.

საინტერესოა მოსკოვის როლიც. საბჭოთა პერიოდში რუსეთი ცდილობდა ეთნიკური განსხვავებები კიდევ უფრო გაეღვივებინა და ეს მოახერხა კიდეც. არსებული პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრო მეტად ჩრდილოეთში მცხოვრებ ტაჯიკებს და უზბეკებს მიემხრობა, ვინაიდან ისინი კრემლის ინტერესებს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან.

რაც შეეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, პეკინი უკანასკნელი წლების განმავლობაში ეკონომიკური კავშირებით ცდილობდა ქაბულზე გავლენის მოპოვებას და სამომავლოდ ბუნებრივი რესურსების დონორად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც NATO-მ რეგიონის დატოვება გადაწყვიტა, ჩინეთმა კიდევ უფრო აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ჰამიდ ყარზაის ადმინისტრაციასთან. პეკინის თქმით, ისინი ყოველწლიურად 4,1 მილიარდ დოლარს გაიღებენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განვითარების ფონდისთვის. პეკინს არ სურს, რომ მეზობლად რადიკალური ისლამისტური სახელმწიფო ჰყავდეს.

უკანასკნელი დეკადის მანძილზე დასავლეთის ფულადმა, ინტელექტუალურმა თუ სამხედრო რესურსებმა ქვეყანაში ცვლილებები ვერ გამოიწვია. პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პოლიტიკოსები არ ჩანან. ასევე არ იკვეთება ძლიერი კადრი, რომელიც ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის გაერთიანებას მოახერხებს. შიდა პოლიტიკური გარემო უმეტესწილად კერძო ინტერესების დაპირისპირებით და ეთნიკური დანაწევრებებით ხასიათდება.

0x01 graphic

თალიბი ჯარისკაცები ხელისუფლებას იარაღს აბარებენ

როგორი იქნება ავღანეთის მომავალი მას შემდეგ, რაც მას NATO-ს ძალები დატოვებენ? ამას ავღანეთის ეთნიკური მოზაიკა, საგარეო პოლიტიკური მოთამაშეები და ადგილობრივი პოლიტიკა განსაზღვრავს. 11-წლიანი კამპანია, რომელიც ქვეყნის სტაბილიზაციას და პოლიტიკურ გარდაქმნას ისახავდა მიზნად, ჯერ არ დასრულებულა - ავღანეთის მისია შეუსრულებელია. 2009 წელს ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა წინააღმდეგობას გაუწევდა თალიბანს, რათა მას ავღანეთის მთავრობა არ დაემხო. მიუხედავად ამისა, ეროვნული უსაფრთხოების ძალები, თალიბანთან შედარებით, ბევრად სუსტია და ამერიკის გასვლით, თალიბანის ლიდერები საკუთარ გავლენას გაზრდიან. ისინი ფეხს უფრო მყარად მოიკიდებენ და მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებებზე დასწრებით არ შეიწუხებენ თავს.

ავღანეთის ეკონომიკა საერთაშორისო დონაციებით საზრდოობს. 1988 წლისთვის საბჭოთა კავშირის დახმარება ქვეყნის შემოსავლის 75 პროცენტს შეადგენდა, შიდა შემოსავალზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 30 პროცენტი მოდიოდა. დღეს ავღანეთს არ აქვს უნარი, მხოლოდ საკუთარ ფინანსებზე დაყრდნობით შეინახოს თუნდაც ეროვნული არმია ან პოლიცია. დასავლეთის დახმარების შემცირების კვალდაკვალ უსაფრთხოების შენარჩუნება ავღანეთისთვის საგრძნობლად გართულდება.

ქვეყნის შემოსავლის მთავარი წყარო ოპიუმია, რომლის სიდიდით პირველი ექსპორტიორიც, მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ ავღანეთია. იქ ინფლაციამ, უკანასკნელი წლის მანძილზე, პიკს მიაღწია. თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, 5,4 მილიონი ბავშვი წავიდა სკოლაში. აქედან 1.6 მილიონი გოგონაა. თუმცა მასწავლებელთა დევნა ისევ გრძელდება სამხრეთ პროვინციებში და ასევე ხშირია სკოლების დაწვის ფაქტები.

2014 წლისთვისაა დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები. ჰამიდ ყარზაის თქმით, ის აღარ აპირებს შემდეგი ვადისთვის ბრძოლას. ახალ პრეზიდენტს მოუწევს ავღანეთი ახალი ეტაპიდან მართოს, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება ქაბულის დემოკრატიზაციის მცდელობა, ამის თქმა დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია. ავღანეთში არსებული კორუფციის აღმოფხვრა თითქმის წარმოუდგენელი გახლავთ.

საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მიმდინარე ძალთა დანაწევრება ავღანეთის ეთნიკურ ლაბირინთს კიდევ უფრო გაუვალს ხდის. შიდა და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, ავღანეთს გაუჭირდება ისეთი ერთიანი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელსაც თალიბანზე მეტი გავლენა და რესურსები ექნება. დასავლეთის წასვლის შემდეგ, თალიბანს უფრო ფართო სამოქმედო არეალი შეექმნება და სავარაუდოდ, ავღანეთის მისია, რომელმაც ბევრი ამერიკელი, ქართველი თუ სხვა ევროპელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, შეუსრულებელი დარჩება.

18 აჭარაში შეკერილი მაისურები იტალიის ნაკრებს

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ტექსტილი

ელენე კვანჭილაშვილი

ფეხბურთის გულშემატკივრობა წელს განსაკუთრებით მოდაში იყო. ან, შეიძლება, ასე მეჩვენება, რადგან ეს პირველი ჩემპიონატი იყო, რომელსაც თვალს არა მხოლოდ ეკრანზე, სოციალურ ქსელშიც ვადევნებდი. თუმცა ევრო 2012 მხოლოდ ამიტომ არ ყოფილა გამორჩეული: იტალიის ნაკრებს, რომელმაც, ბევრის აზრით, ფინალამდე ღირსეულად მიაღწია, საქართველოში - კერძოდ კი აჭარაში შეკერილი მაისურები ეცვა.

შპს აჭარა ტექსტილის ქარხანა ქობულეთის რაიონში, სოფელ ბობოყვათში მდებარეობს: ბოლო 18 თვეში მოხდა შენობის რეკონსტრუქცია, ქარხნის ტექნიკური გადაიარაღება და თითქმის ახალი სამკერვალო საწარმოს ამოქმედება. ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ქარხანამ PUMA-ს ბრენდის შეკვეთები მიიღო. მათ შორის, იტალიის ნაკრების მაისურებზეც. ყველა შეკვეთას ქარხნის 600 ადგილობრივი თანამშრომელი ასრულებს.

ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ ერთი გახარებული გულშემატკივარი Facebook-ზე წერდა: „დღეს მაგარი დღეა! შევიძინე იტალიის ნაკრების მაისური და აღმოვაჩინე, რომ შეკერილია/დამზადებულია საქართველოში”.

თუმცა ბევრმა არ იცის, რომ იტალიის გარდა, აჭარის ქარხანაში შეკერილი სპორტული ფორმებით თამაშობენ: ავსტრიის, ჩეხეთის, ახალი ზელანდიის, კამერუნის, ურუგვაის, სენეგალის, ტუნისის, მაროკოს, გვინეის, ბულგარეთის, საუდის არაბეთის და ბაჰამის ეროვნული ნაკრებები.

აჭარაშივე იკერება სპორტული ფორმები საფეხბურთო კლუბებისთვის: აეკი, მონაკო, ბრიუგე, ფეიენორდი, ბორდო, ოლიმპიაკოსი, ლაციო, სპორტინგი, სტრეიდრენერსი, ტოტენჰემი, შტუტგარტი, ბორუსია, ნიცა, პალერმო, უდინეზე.

ტექსტილის დამუშავებას დიდი და სკრუპულოზური შრომა სჭირდება: აჭარის ქარხნებში რამდენიმე რიგად ჩალაგებულ გრძელ მაგიდებთან ასობით ადამიანი ზის და ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებს - ზოგი თარგებს ანაწილებს, ზოგი კერავს, ზოგიც აუთოვებს. სამუშაო ოთახში თავს რომ შეყოფ, ყურები გამუდმებული ზუზუნით გევსება. ადამიანის ხმას იქ ვერ გაიგონებ: კონცენტრირება არ უნდა დაირღვეს, ერთი შეცდომა და მთელი სამუშაო შეიძლება წყალში ჩაიყაროს. ყველაზე მთავარი, რაც ამ ქარხნებში თვალში მოგხვდებათ, ისაა, რომ მაგიდებზე საკერავი მანქანის და ალაგ-ალაგ ლამფის გარდა არაფერი დგას: ტექნიკა თითქმის არ მუშაობს, ადამიანები აქ ძირითადად ხელით შრომობენ.

ამას თავისი მიზეზი აქვს. განვითარებულ ქვეყნებში ტექნოლოგიების კვლევასა და დანერგვაზე დიდი თანხები იხარჯება. განვითარებად ქვეყნებს ამის ფუფუნება არ აქვთ. ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომლებიც წარმოებისთვის საჭირო თანხებთან ერთად, ტექნოლოგიურ ცოდნასაც ავრცელებენ.

ბევრი მკვლევარი ადასტურებს, რომ ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული, წარმოების სექტორი ტექნოლოგიური განვითარების მამოძრავებელი მთავარი დარგი იყო. ტექნოლოგიური განვითარება კი, თავის მხრივ, არა მხოლოდ ზრდის ქვეყნის ეკონომიკას, არამედ ამ ზრდის სტრუქტურასაც ცვლის: ის სექტორები და ფირმები, რომლებიც ძველ ტექნოლოგიებთან ასოცირდება, სუსტდება და გზას უხსნის ახალ სექტორებსა და ფირმებს, რომლებიც ბაზარზე ჩნდება და იზრდება. შესაბამისად, უფრო პროდუქტიული და მოგებიანი სექტორები და ფირმები ანაცვლებენ ნაკლებად მოგებიანებსა და პროდუქტიულებს, რის შედეგადაც, ეკონომიკის მთლიანი პროდუქტიულობა მატულობს.

პროდუქტიულობის მთლიანი ზრდის დაჩქარების შემდეგ, კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება: ამ ზრდის ადრეულ ეტაპზე, მრეწველობა სხვა ყველა დარგზე მეტად იზრდება. თუმცა დაბალი შემოსავლების პირობებში, მშპ-ში მრეწველობის დარგის წილი დაბალი რჩება და ეკონომიკის მთლიან ზრდაზე მხოლოდ მცირე გავლენას ახდენს. როცა ეს გავლენა იზრდება - რაც ხშირად ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნის ზრდის შედეგად ხდება - მთლიანი გამოშვებაც მატულობს და შრომის პროდუქტიულობაც.

მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვანია, რადგან დაბალი შემოსავლების პირობებში, ინდივიდები თავიანთი შემოსავლის დიდ წილს საკვებზე ხარჯავენ. შემოსავლების მატებასთან ერთად, ეს წილი მცირდება და ნაწარმზე მოთხოვნა იზრდება. შემოსავლის კიდევ უფრო ზრდის პირობებში, ნაწარმზე მოთხოვნა მცირდება და სწრაფად მატულობს სერვისზე. ამდენად, მოთხოვნის ცვალებადობა კონკრეტულ დარგებში ზრდის ან ამცირებს დასაქმებას, რასაც, თავის მხრივ, გავლენა აქვს ეკონომიკის შრომით პროდუქტიულობაზე.

ტექსტილის ინდუსტრია დღეს უდავოდ ერთი დიდი გლობალური საწარმოა, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ამზადებს პროდუქციას და შემდეგ სხვაგან ყიდის. ამასთან, ბოლო პერიოდში, წარმოება სულ უფრო ჯიუტად და სტაბილურად ინაცვლებს განვითარებადი ქვეყნებისკენ. ინვესტორები პროგნოზირებად ბიზნესგარემოს და ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობებს ეძებენ.

ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც ინდუსტრიული განვითარება სწორედ მსგავსი დარგების ხარჯზე დაიწყო, ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მიაღწია - შესაბამისად, ამ ქვეყნებში შრომა გაძვირდა. სამხრეთ კორეა, ტაივანი და ახლა უკვე ჩინეთიც ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი ქვეყნები გახდა. ამიტომ ინვესტიციები ძირითადად უფრო იაფი მუშახელის მქონე ქვეყნებში - ბანგლადეშში, ვიეტნამსა და ეგვიპტეში იდება. თუმცა განვითარებული, მაღალი კლასის ბაზრებამდე ამ ქვეყნებიდან მზა პროდუქციის მიტანა ძვირი ჯდება.

ტექსტილის სექტორი საქართველოში ის დარგია, რომელმაც მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას გაუძლო და ამ კუთხით ინვესტიციები მოიზიდა. ეს განაპირობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის კომბინაციამ: კორუფციის დაბალმა დონემ, ლიბერალურმა ბიზნესგარემომ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებთან ვაჭრობის პრეფერენციულმა რეჟიმებმა, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და გამართული ინფრასტრუქტურის მოგებიანმა ტანდემმა და სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, კვალიფიციურმა და იაფმა მუშახელმა.

ბოლო პუნქტი, ბევრისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ამ სექტორშია დასაქმებული, კონკურენტულ უპირატესობად რთულად აღიქმება. „უცხოელები შავ მუშებად გვამუშავებენ” - ერთ-ერთი საშიში სტერეოტიპია, რომლის ბოროტად გამოყენებაც საკმაოდ ადვილია.

თუმცა საქართველოში ტექსტილის დარგის განვითარების თეორია და პრაქტიკა რამდენიმე საკითხზე არაორაზროვნად მიუთითებს: ჯერ ერთი, ამა თუ იმ დარგის განვითარებას ბაზარზე მოთხოვნა განსაზღვრავს და არა სხვა რამ, თუნდაც მთავრობის მხრიდან რომელიმე დარგის აკვიატება, როგორც ამის თქმა საქართველოში უყვართ. მთავრობის როლი თავისუფალი, ღია, ჯანსაღი, პროგნოზირებადი, დაცული გარემოს შექმნაა, რომელიც ინვესტორებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში დამატებით პლუსად იმუშავებს. და მეორე - გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ტექნოლოგიები განვითარდება. ამისთვის კი წარმატებული უცხოური კომპანიების მხრიდან ინვესტირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ადგილობრივი მუშახელისთვის თანამედროვე ცოდნის გადაცემა ხდება. ამ ცოდნის გარეშე, დასაქმებული ადამიანის შემოსავლების ზრდა შეუძლებელია.

0x01 graphic

დღეს საქართველო საერთაშორისო ბრენდებისთვის: Tommy Hilfiger, Zara, Marks & Spencer, Koton, Puma, Mexx, Next, Autograph აწარმოებს პროდუქციას.

აჭარაში შპს აჭარა ტექსტილის გარდა კიდევ ოთხი სამკერვალო საწარმო ფუნქციონირებს. ყველა ამ საწარმოში დასაქმებულია 2000-ზე მეტი ადამიანი. აჭარის სამრეწველო-სავაჭრო პალატის შეფასებით, 2013 წლისათვის ამდარგში დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება.

დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. 2012 წლის ბოლოს აჭარაში ახალი - ძაფების საწარმო გაიხსნება, რომელიც დამატებით 450 ადამიანს დაასაქმებს. სამრეწველო-სავაჭრო პალატის ინფორმაციით, საწარმოს გასახსნელად საჭირო ორი მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე მოზიდულია. გარდა ამისა, აჭარას კიდევ ერთი ახალი - ჯინსების მწარმოებელი ფაბრიკაც შეემატება, სადაც 200 ადამიანი იმუშავებს.

როგორც აჭარის სამრეწველო-სავაჭრო პალატაში ამბობენ, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოებულ ტექსტილზე ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნის ზრდა, ტექსტილის გვერდითი დარგების განვითარებასაც გა მოიწვევს. მათ შორის, ყველაზე პერსპექტიული შეიძლება იყოს ხალიჩების ქსოვა აჭარის მაღალმთიანი რაიონების ხეობებში; საოჯახო ატელიეების განვითარება, რომლებიც დიდი სამკერვალო ფაბრიკების შეკვეთებზე იმუშავებენ; საფეიქრო აქსესუარების, მაგალითად, ღილების და ელვების დამამზადებელი და დანადგარების ნაწილების მჩარხავი საამქროების გახსნა.

19 პერსონალური რობოტი Paro

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

0x01 graphic

ივლისის დასაწყისში პარიზში გაიმართა მორიგი Japan Expo, უკვე ტრადიციად ქცეული გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთის დედაქალაქში. გამოფენაზე იაპონელთა უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევები იყო წარმოდგენილი, სადაც უპირატესად სხვადასხვა დანიშნულებისა და ფუნქციონალობის მქონე რობოტები ჭარბობდა. მათ შორის იყო გამოფენის აღმოჩენა, ტაკანორი შიბატას ქმნილება, პერსონალური რობოტი Paro, რომელიც ხანშიშესული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და ერთი კონკრეტული ფუნქცია აქვს: ყველა საშუალებით შეაყვაროს მოხუცებს თავი.

Paro-ს შექმნის იდეა ტაკანორი შიბატას გასული საუკუნის 90-იან წლებში მოუვიდა, როდესაც იაპონია ახალი ტიპის პრობლემის, ერის დაბერების წინაშე დადგა. დღესდღეობით იაპონია ყველაზე „ხანშიშესული” ქვეყანაა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით მთელ მსოფლიოში ლიდერობს, ამას დემოგრაფიული კრიზისიც ერთვის და სპეციალისტების პროგნოზის თანახმად, 2030 წლისათვის იაპონიის მოსახლეობის მესამედი 65 წელს გადაცილებული იქნება. მოხუცებს გართობა და ზრუნვის საგანი სჭირდებათ, საამისოდ ძაღლები და კატები კი არ გამოდგებიან, ვინაიდან მარტოხელა მოხუცებს მათი მოვლის თავი არ აქვთ.

Paro პერსონალური რობოტია, რომელსაც პატარა საყვარელი სელაპის იერსახე აქვს. ის გარემოსთან რეაგირებს. გამოსცემს ხმებს და ცნობს სახელს, რომელსაც პატრონები ეძახიან. მოფერებაზე ადეკვატური რეაქცია აქვს და ყურადღების ნაკლებობას მწვავედ განიცდის. ითხოვს ჭამას, ანუ საწოვარას ფორმის დამტენის პირში ჩადებას, რაც მის ელემენტს ტენის, იღიმება და თვალებს სულგანაბული ხუჭავს, როგორც კი თავზე ხელის გადასმას იგრძნობს. ღამით სძინავს და დღისით აქტიურია. ერთი სიტყვით, Paro-ს კომპანიაში მოხუცებს მოწყენა არ ემუქრებათ.

ის 2,7 კილოგრამს იწონის (დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ახალშობილი), აღჭურვილია ორი 32-ბიტიანი პროცესორით, სამი მიკროფონით და 12 ტაქტილური სენსორით, რომლებიც მის მთელ ბეწვს ფარავს. Paro-ს ასევე აქვს ზემგრძნობიარე ულვაშები და კიდურებისა და თავის ბრუნვის საშუალება. მისი ფასი 6000 დოლარია და როგორც გაზეთი Washington Post წერდა, „ძვირადღირებული ფუმფულა სათამაშო კი არ არის, სამედიცინო მოწყობილობაა”.

ახალი რობოტი პირველად 2001 წელს წარუდგინეს ფართო საზოგადოებას. უკანასკნელი 11 წლის მანძილზე კი მისი მრავალი მოდიფიკაცია გამოიცადა. მას, გარდა „საყვარელი ცხოველის” სტატუსისა, სამედიცინო დანიშნულებაც აქვს.

დღესდღეობით Paro-ს აქტიურად იყენებენ სამედიცინო-სამკურნალო მიზნით. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, მოხუცები, რომლებიც აქტიურად ურთიერთობენ მასთან, გაცილებით ცოტას ჭირვეულობენ და ნაკლები დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება სჭირდებათ. დღესდღეობით Paro-ს აშშ-ის და იაპონიის მასშტაბით სამედიცინო მოწყობილობის სტატუსი აქვს და მისი შემქმნელები იმედოვნებენ, რომ იაპონიისა და ამერიკის მაგალითს მიბაძავენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც, სადაც ხანშიშესულთა ჭარბი რაოდენობა ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს.

20 ამას ვამჩნევ

▲ზევით დაბრუნება


არქივი

ვაჟა-ფშაველა

0x01 graphic

ამ ჩვენმა ქართველებმა და კრიტიკოსებმა ფიქრისა და მსჯელობისას სხვას მაინც მიჰბაძონ, თუ შინაარსით არა, გარეგნობით მაინც, რომ უცხო კაცი დაესწროს, ის არა თქვას: ე რა ღმერთი გამიწყრა, რა ველურს ხალხში მოვემწვდიეო.

აგერ, შორს რად გვინდა წასვლა. შევხედოთ ინგლისელებს.

დაუკვირდეთ გლადსტონს და ირლანდიის შესახებ მის აზრის მოწინააღმდეგეთ, როგორ ეპყრობიან, რა კილოთი საუბრობენ, რა საზომი და სასწორი უჭირავთ ხელში. „მართალია ამა და ამ აზრში მოტყუებულა გლადსტონი, მაგრამ მაინც დიდებული კაციაო, მაინც დიდებაა ინგლისისაო”. აბა კაი ბიჭი ხარ და ქართველ კაცს გააბედინებ, ათქმეინებ თავის მოწინააღმდეგის შესახებ, რომ თუმცა ერთსა სტყუი, მაგრამ ეს ერთი რამ კი სიმართლე სთქვიო. რაკი მოწინააღმდეგე ხარ, სრულიად, თავიდან ბოლომდე მტყუანი ხარ, მართლის თქმა, მართლის ქმნა არ ძალგიძსაო.

ამას ვამჩნევ მე და გული მტკივა. ამ ტკივილმა ისე იმატა, რომ თავსაც მატკიებს. ამგვარი საქციელი, ამისთანა ერთი მეორესთან დამოკიდებულება, ჩემს თავში ვერ თავსდება, გონებას მიძრწუნებს. შენ რას იტყვი, აღარ ვიცი!

ჩვენში ძალიან სათაკილოდ და ვითომ ნიჭის დამამცირებლად მიაჩნიათ მწერალზე სხვის გავლენა. მე კი ეს წესიერ, საღ, ნორმალურ და აუცილებელ მოვლენად მიცნია იმ კანონის ძალით, რომელსაც ჰქვიან კანონი თანდათანობისა. აქ საკვირველი არა არის რა. გამოჩენილი რუსების კრიტიკოსი ბელინსკი განა ტყუილად ამბობს სახელოვანს რუსების პოეტს პუშკინზე: რომ დერჟავინი არ ყოფილიყო, პუშკინიც არ იქნებოდაო. დიდებული პოეტები, გენიოსად ცნობილნი, ხშირად უნიჭო პოეტებს ჰბაძავდენ წინა-პირველად, მაგრამ იმათ თავისებურებას ეს არაფერს უშლიდა. ზემოქმედება მწერალზე აუცილებლად საჭიროა, უამისოდ მწერალი ცარიელი, უშინაარსო არსება იქნებოდა, თუ ამასთანავე იგი ცოცხლად გამომსახავი არ იყოს შთაბეჭდილებათა. რამ უნდა ააჟღეროს მისი ჩანგი თუ ან ამბავი არ გაიგონა, ან ლექსი, ან საქმე, გარემოება ცხოველებისა არა ნახა ამაღელვებელი, ან ბუნების მოვლენათ მიუყრუა ყური? აი ეს გარეგანი ფაქტორებია, ხოლო შინაგანი გული გახლავთ, რომელიც ამათ ითვისებს, ყალიბში ასხამს.

ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს.

ჩემზე უნდა მოგახსენო, ყველაფერს, რაც კარგი და ხელოვნური რამ დაწერილა, ზემოქმედება, ძალა ჰქონია, აღტაცებაში მოვუყვანივარ, მომწონებია. რა თქმა უნდა, თ. რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებურ მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული, სხვანაირად შეძრა იგი. ამასთანავე ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ თუმც მაშინ შეგირდი გახლდით, მაგრამ ხალხური, ფშაური, ხევსურული ლექსები ბევრი ვიცოდი; ეს კილო მიყვარდა, ჩემს გულში განსაკუთრებული კუთხე ეჭირა; თუმც მაშინ ლექსებს ვწერდი, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, ვბღაჯნიდი, მაგრამ ამ საერო კილოზე წერას ვერა ვბედავდი, რადგან მწერლობაში ლექსების წერის კილოდ არ იყო მიღებული, არამედ სხვა კილო მეფობდა. ჯერ დღესაც სჭირს ამ ფშაურს კილოზე ნაწერის ლექსების საზოგადოებისაგან ყურის დაგდება და მაშინ ხომ უფრო საძნელო იქნებოდა. ჩვენმა სახელოვანმა მხცოვანმა მგოსანმა რაკი საერო კილო დაუმკვიდრა ლექსებს და ჟურნალ „ივერიამ” გზა დაუთმო, მეც გაბედულება მომემატა. 1883 წელს დავწერე „შვლის ნუკრის ნაამბობი”, დამლევს იმავე წლისა - „მოხუცის ნათქვამი”.

ორივე ეს ნაწერი ერთად იმავე 1883 წ. წარვუდგინე „ნობათის” რედაქტორს ბ-ნს ანდ. ღულაძეს, მაგრამ ერთს მათგანს, ისიც ნახევარს, „შვლის ნუკრის ნაამბობს”, მესამე წელს ეღირსა დაბეჭდვა, ხოლო მეორეს - „მოხუცის ნათქვამს” არა. იმ ხანებში გამოვიდა „ივერია” გაზეთად და იქ წარვადგინე. „ნობათის” რედაქტორის დაწუნებული პოემა „ივერიის” რედაქტორმა აღტაცებით მიიღო. ასე, ეს პოემა სამი თუ ოთხი წელი უქმად იდვა „ნობათის” რედაქციაში და მე სოფლიდამ გულის ფანცქალით თვალყურს ვადევნებდი, როდის ვნახავდი იმას დაბეჭდილს.

თქვენს უმორჩილეს მონაზე - ვაჟა ფშაველაზედაც, უნდა მოგახსენოთ, დიდი ზემოქმედება აქვს ხალხურ თქმულებათა. უმეტესი ჩემი პოემები ხალხში გაგონილ ორ-სამ სიტყვაზეა აშენებული. იქნება ეს ჭირიც იყოს? რა ვქნათ, ასე კია და... ნათქვამია: კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო.

21 მფრინავი ბიჭები

▲ზევით დაბრუნება


კალათბურთი|სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ლონდონში ამერიკა გაერთობა. კალათბურთის ვუდსტოკზე კოკერები და ჯოპლინები იქნებიან და ამერიკა მთელ პროგრამას მშვიდად დახურავს. ივლის-აგვისტოს მსოფლიო დედაქალაქში ამერიკის ნაკრებში ირბენენ კობი ბრაიანტი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დიურანი, რასელ უესთბრუქი, კრის პოლიდა დერონ უილიამსი. ან, არ ირბენენ და მაინც მოიგებენ.

ამერიკის ნაკრების სელექცია მარტივი და, გარკვეულწილად, რთული პროცესია. ყველა მილიონერს ზედმეტად დაღლა არ უნდა და ზოგი ვერ ხვდება, რომ ოლიმპიადას სხვა მუღამი აქვს. კობიმ წინა ციკლი, პეკინში მშვიდად დახურა. იგივე გააკეთა ლებრონმა. დერონმაც იცელქა და კრის პოლიიმ ნაკრების პიტერ პენი იყო. სხვებმა იწუწუნეს.

ლონდონში არ იქნება დუეინ უეიდი, რომელიც პეკინშიც არ მიდიოდა და ლებრონის თხოვნით წავიდა. უეიდმა ჯეიმსთან ერთად სუპერ ფინალი მოიგო და ლონდონში ტრავმის გამო ვერ მიდის. მისტერ უეიდს ლონდონში ჩასვლა ეზარება.

ლონდონში არ იქნება დუაიტ ჰოვარდი, რომელიც პეკინშიც არ მიდიოდა და ნაკრების ბოსმა, ჯერი კოლანჯელომ განიერ ბიჭს დაუმესიჯა, თუ არ წამოხვალ, არაპატრიოტი გახდები და ბევრ კონტრაქტს დაკარგავო. ჰოვარდი პეკინში ჩავიდა. ლონდონში რამდენიმე ტრავმის გამო ვერ ჩადის და რეალურად, მასაც ეზარება.

ლონდონში არ იქნება კრის ბოში, რომელიც პეკინშიც არ მიდიოდა და ბოლო მომენტში თქვა Yes. ბოში იდგა მეოთხე ნომერზე და თუ ჰოვარდს დანარჩენი სამყაროს ლილიპუტი ცენტრები ნერვებს უშლიდნენ, მეხუთე ნომერზე დგებოდა. კრისი ფლორიდაში და ისვენებს.

ამერიკამ პეკინში დაისვენა. 101:70 ჩინეთთან. უეიდმა 19 ქულა დასვა. 97:76 ანგოლასთან. აფრიკა სწავლობდა, აფრიკამ კალათბურთის პრივატული სეანსი მიიღო და აფრიკამ თამაშის შემდეგ ლებრონი და კობი 20 წუთით ფოტოსესიისთვის დაიტოვა. 92:69 საბერძნეთთან. კობიმ 18 ქულა და რამდენიმე მოჯორდანო მოძრაობა დატოვა. 119:82 ესპანეთთან. ლებრონის კადილაკმა გასოლებს და რეიესს გადაუარა. იქვე გაიშიფრა დირკ ნოვიცკის გერმანია, 106:57. დირკისთვის ცოტა უხერხული იყო.

მეოთხედფინალი, 116:85 ავსტრალიასთან და პირველი მეოთხედი პატრიკ მილსის ძმაკაცებმა რესპექტაბელურად, 24:25 წააგეს. 101:81 გაპიარებულ ჩეხვაში არგენტინასთან. პირველ წუთზე აილეწა ემანუელ ჯინობილი და ამერიკა დამშვიდდა. არგენტინა მანუსთან ერთად, ალბათ, ნაკლებს წააგებდა. ბოლო ტესტი, ფინალი. ესპანეთმა მოინდომა, ესპანეთმა ამერიკული კონსპექტებით ითამაშა და ესპანეთმა 107:118 წააგო. უნდა წაეგო. კალათბურთის ოლიმპზე ღმერთები ავიდნენ და იქ ოთხი წლით ჩამოსხდნენ. ლონდონშიც იგივე სიტუაცია იქნება.

ამერიკის ნაკრებში, ტაისონ ჩენდლერის გარდა, არ არის ნომინალური ცენტრი. ამერიკის ნაკრებმა კევინ ლავის უნივერსალიზმი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს და მინესოტას მაღალი ბიჭი მეოთხე ნომერზეც წაიცეკვებს. დანარჩენები დანარჩენს მიხედავენ.

ჩენდლერმა საქმეს უნდა მიხედოს. ესპანეთებთან, ბრაზილიებთან და არგენტინებთან ტაისონის კუნთები და აგრესია ამერიკას მაგრად უნდა. უჰოვარდოდ, ენდრიუ ბაინუმის გარეშე და ბოშის დეფიციტით, ამერიკა სამწამიანში ჩენდლერით დაისვენებს. ორი წლის წინ, თურქეთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩენდლერი ლიმიტირებულ დროში 2.6 ქულას და 2.7 მოხსნას იღებდა.

თურქეთში კევინ დიურანი ფახლავის დიეტაზე იჯდა და პარალელურად, 22.8 ქულას ტოვებდა. საინტერესო იყო.

ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, ამერიკის ბოსები მაიკ კჟიჟევსკის ცვლიან. მთავარი მწვრთნელის ხელფასს და ნდობას გრეგ პოპოვიჩი მიიღებს. სან ანტონიოს უქარიზმო გენიოსი ნაკრებში ადრეც იყო, ლარი ბრაუნის ასისტენტად. იმ ნაკრებმა, რვა წლის წინ, ათენში იმპოტენტივით ითამაშა, პუერტო რიკოსთან ჯგუფში 73:92 წააგო და ნახევარფინალში არგენტინასთან 81:89 გაილახა. იმ ნაკრებში პოპოვიჩი პასიური მრჩეველი იყო. ახალ ნაკრებში გრეგი ბოსი იქნება.

ლონდონში ამერიკის პირველ ხუთეულში კჟიჟევსკი კობის, ლებრონს, კრის პოლს, დიურანს და ჩენდლერს დააყენებს. მოქნილი, კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ხუთეული. დანარჩენები ოცნების გუნდს შეავსებენ.

ლონდონში ბოლო სეანსზე ჩადის ეს არგენტინა. მანუს, ლუის სკოლას, ანდრეს ნოჩიონის, კარლოს დელფინოს არგენტინა. მერე ახალი, ცუდი არგენტინა მოდის.

ლონდონში უსაინ ბოლტმა ბევრი უნდა ირბინოს და ისინბაევა ყველაფერს უნდა გადაევლოს. ლონდონში კჟიჟევსკის გუნდიც იქნება. თან ბოლომდე.

მაიკ კჟიჟევსკი: „ლებრონს რთული სეზონი ჰქონდა. კევინსაც. არავინ არ არის ვალდებული, ოლიმპიადაზე ჩავიდეს და უხელფასოდ დაიღალოს. ამერიკის ნაკრებში საუკეთესოები და პატრიოტები უნდა იყვნენ. კობიმ რეგულარულის დროს მომწერა, მოვდივარ და ჩემი იმედი გქონდესო. ბარსელონაში ლარი, მეჯიქი და მაიკლი ჩავიდნენ. ის სხვა გუნდი იყო. ეს ნაკრებიც განსაკუთრებულია. ნებისმიერი გუნდი, რომლის პირველ ხუთეულშიც ლებრონი, კობი და კევინი დგანან, უკვე განსაკუთრებულია”.

0x01 graphic

დრიმ თიმის დამრტყმელი ძალა - კობი ბრაიანტი და ლებრონ ჯეიმსი

ლონდონში ამერიკა უნდა გაერთოს. ლონდონში ამერიკის სუპერმენი, ბეტმენი, სპაიდერმენი, ჰელბოი და კაპიტან ამერიკა ირბენენ. ან, არ ირბენენ და მაინც მოიგებენ.

22 საქართველო XXX ოლიმპიადაზე

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ლონდონი 2012

ლაშა გოდუაძე

ივლისიდან 12 აგვისტომდე ლონდონი XXX ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

ქართველი სპორტსმენები მეთექვსმეტედ იასპარეზებენ ოთხწლეულის მთავარ სპორტულ ფორუმში, საქართველოს სახელით კი - მეხუთედ.

ჩვენს ოლიმპიურ გუნდში 35 სპორტსმენია. ტრადიციულად სრული შემადგენლობით, ყველა წონით კატეგორიაში გამოვლენ ძიუდოისტები და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. ექვსი სპორტსმენით ეწვევა ბრიტანეთს კლასიკოსთა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ნაკრები. მათ გარდა ლონდონის არენებზე მძლეოსნები, ძალოსნები და ჩოგბურთელებიც გამოვლენ. სპორტის ამ სახეობაში საქართველო პირველად ჩაერთვება ოლიმპიადაში ბარსელონა 92-ის შემდეგ - მაშინ ლეილა მესხი წყვილთა შეჯიბრებაში მესამე იყო. თითო სპორტსმენი გვყავს ბატუტზე ხტომაში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, ველოსპორტში, კრივსა და ტყვიის სროლაში.

ისტორიაში პირველად, ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით უცხოელი სპორტსმენი გამოვა: პოლონელ მძლეოსანს მასიეჟ როსიევიჩს 50 კმ-ზე სპორტულ სიარულში ვიხილავთ.

საქართველოს გუნდის მედროშე ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება - ის მეშვიდედ იასპარეზებს ოლიმპიადაზე! ნინო ჩვენი გუნდის ყველაზე ტიტულიანი წევრია: მსოფლიოსა და ევროპირველობებზე მოგებულ ოქროებს თავი დავანებოთ, 1988 წელს მან სეულის ოლიმპიადა მოიგო და ვერცხლის მედალსაც დაეუფლა, ოთხი წლის წინ, პეკინში კი მესამე ადგილი დაიკავა და კოლექციაც შეავსო.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, ლონდონის ოლიმპიადის ყველა ჩემპიონი 2 მილიონი ლარით დაჯილდოვდება. ოთხი წლის წინ, პეკინის თამაშების ოქროსმედალოსნებს: ირაკლი ცირეკიძეს, რევაზ მინდორაშვილს და მანუჩარ კვირკველიას თითო მილიონი გადაეცათ.

მათ გარდა, 2008 წელს ჩვენი გუნდის სამმა წევრმა (ნინო სალუქვაძე, ოთარ თუშიშვილი, გიორგი გოგშელიძე) ბრინჯაოს მედალი მოიგო, საქართველოს ნაკრები კი 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში, 204 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზე გავიდა!

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი - უკეთ, ვიდრე პეკინში! - იმედია, ლონდონში სრულად გაამართლებს.

0x01 graphic

ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ, ძიუდო) 18.03.1991 მწვრთნელი: გურამ მოდებაძე

0x01 graphic

ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) 19.03.1995 მსოფლიოს ვიცეჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი მწვრთნელები: მონიკა პრასპეროვნა, ლაშა მაჩაიძე

0x01 graphic

ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) 20.04.1990 მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში მწვრთნელი: ვლადიმერ გოლოვინი

0x01 graphic

ბეთქილ შუკვანი (60 კგ, ძიუდო) 30.08.1988 • ევროპის ვიცეჩემპიონიმწვრთნელი: ნიკო ბიბილაშვილი

0x01 graphic

ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ, ძიუდო) 31.01.1992 • ევროპის მესამეადგილოსანი მწვრთნელი: ნიკო ბიბილაშვილი

0x01 graphic

ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ, ძიუდო) 20.03.1990 • მწვრთნელი: ნიკო ბიბილაშვილი

0x01 graphic

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) 02.02.1969 • ოლიმპიური ჩემპიონი (1988), მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორიმწვრთნელი: ვახტანგ სალუქვაძე

0x01 graphic

ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ, ძიუდო) 27.02.1989 • ევროპის ჩემპიონი და ვიცეჩემპიონი, მსოფლიოს მესამეადგილოსანი მწვრთნელი: გურამ მოდებაძე

0x01 graphic

მარგალიტა ჩახნაშვილი (ჩოგბურთი) 09.12.1994 მწვრთნელი: რაულ რანცინგერი

0x01 graphic

ლომერ ჟორჟოლიანი (100 კგ, ძიუდო) 20.01.1988 • ევროპის ვიცეჩემპიონიმწვრთნელი: გურამ მოდებაძე

0x01 graphic

დავით ილარიანი (მძლეოსნობა - თარჯმრბენი, 110) 20.01.1981

0x01 graphic

რევაზ ლაშხი (60 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 27.05.1986 • ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეადგილოსანი მწვრთნელი: აკაკი ჩაჩუა

0x01 graphic

მანუჩარ ცხადაია (66 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 19.03.1985 • მსოფლიოს ვიცეჩემპიონი მწვრთნელი: ვაჟა კრავეიშვილი

0x01 graphic

ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 18.06.1991 • მწვრთნელი: ვილიამ ხარაზოვი

0x01 graphic

ანა ტატიშვილი (ჩოგბურთი) 03.02.1990 • მწვრთნელი: დიმიტრი ტატიშვილი

0x01 graphic

სოსო ჯაბიძე (96 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 14.08.1987 • ევროპის მესამეადგილოსანიმწვრთნელები: ვაჟა კრავეიშვილი, ბეგი დარჩია

0x01 graphic

გურამ ფერსელაძე (120 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)16.10.1985 • მწვრთნელი: ვაჟა კრავეიშვილი

0x01 graphic

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ, თავისუფალი ჭიდაობა) 18.04.1991 • ევროპის ვიცეჩემპიონი მწვრთნელი: ნუგზარ სხიერელი

0x01 graphic

მალხაზ ზარქუა (60 კგ, თავისუფალი ჭიდაობა) 19.02.1984 • ევროპის ვიცეჩემპიონი მწვრთნელი: დავით ხურცია

0x01 graphic

23 კრისტოფერ ნოლანის სამი აქტი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|კინო

ნიკა ესებუა

0x01 graphic

კრისტოფერ ნოლანი

ნებისმიერი ილუზიონისტის ნომერი სამი აქტისაგან შედგება. პირველ ნაწილს ეწოდება „დაპირება”. ილუზიონისტი რაღაც ჩვეულებრივს გიჩვენებს: ბანქოს დასტას, ჩიტს ან ადამიანს. შეიძლება გთხოვოს შეამოწმო, ნამდვილია თუ არა ეს საგანი, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ნამდვილი არაა.

კრისტოფერ ნოლანი სცენაზე 1998 წელს გამოჩნდა. „დევნა” - ასე ჰქვია მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს, რომელიც ბრიტანელი რეჟისორის „დაპირებად” შეგვიძლია მივიჩნიოთ. მას 6 000 დოლარი დასჭირდა შავ-თეთრი ინდი ფილმის გადასაღებად და საკუთარი რეჟისორული სტილის ჩამოყალიბების დასაწყებად, რომლისთვისაც არასოდეს უღალატია. ნოლანმა თავისი საფირმო ნიშნებით მაყურებლის მანიპულირება სწორედ „დევნაში” დაიწყო. ის ისტორიის მოყოლას უმეტესად შუიდან ან ბოლოდან იწყებს, მთელ ამბავს ორი მთავარი პერსონაჟის გარშემო აგებს და დასასრული ხშირად ბუნდოვანი და მოულოდნელია. პირველი ფილმი ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი გახდა.

„დევნამ” რეჟისორს პოპულარობა და სახელი ვერ მოუტანა, სამაგიეროდ აშოვნინა სამი მილიონი, რომელიც მას მორიგი პროექტის დასაწყებად სჭირდებოდა. მორიგი ფილმი, მისი ძმის, ჯონათან ნოლანის მოთხრობის, „მემენტო მორის”, ეკრანიზაცია გახდა. “მემენტო” ლეონარდ შელბის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც იშვიათი დაავადება სჭირს და არაფერი ახლის დამახსოვრება არ შეუძლია. უკანასკნელი, რაც მასახსოვს, არის ცოლის სიკვდილი და ის, რომ მკვლელი უნდა იპოვოს. ნოლანი პროტაგონისტის საშუალებით ორ სხვადასხვა ისტორიას ჰყვება, რომლებიც თავსატეხის ნაწილებია და ფილმის ფინალში იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. იმდენად კარგად, რომ ლეონარდ შელბი რეჟისორის უმნიშვნელოვანეს “კინოტატუდ”იქცა, “მემენტო” კი პოლაროიდით გადაღებულ ყველაზე მნიშვნელოვან სურათად. ფილმის წარმატებამ ნოლანს მსხვილი კინოკომპანიებისკენ გაუხსნა გზა - იქ, სადაც მას კომიქსის ეკრანიზაცია, საოცარი მეტამორფოზა ელოდა.

ილუზიონისტის ნომრის მეორე აქტს ეწოდება “გადაქცევა”. ის იღებს ჩვეულებრივ ნივთს და აკეთებს რაიმე ექსტრაორდინარულს. ახლა შენ საიდუმლო გაინტერესებს... მაგრამ ვერ მიაგნებ, იმიტომ რომ სინამდვილეში მას არც ეძებ. შენ არ გინდა, რომ იცოდე. შენ გინდა, რომ გაგასულელონ. მაგრამ ტაშს ჯერ არ უკრავ. გააქრო რაღაც, საკმარისი არ არის. შენ ის უკან უნდა დააბრუნო.

0x01 graphic

ბნელი რაინდი

“უძილობის” შემდეგ ნოლანი ჰოვარდ ჰიუზზე ფილმის გადაღებას აპირებდა, თუმცა გაირკვა, რომ მსგავს პროექტზე მარტინ სკორსეზე მუშაობდა („ავიატორი”) და ნოლანმა ბიოპიკის გადაღებაზე უარი თქვა. სწორედ ამ დროს მას ბეტმენზე ფილმის გადაღება შესთავაზეს. ნოლანიც დათანხმდა Warner Brothers-ის შეთავაზებას და დაიწყო თავისი გამოსვლის მეორე აქტი - “გადაქცევა”.

ნოლანს სასწაული უნდა მოეხდინა, რადგან ადამიან ღამურაზე წინა ფილმი ოქროს ჟოლოს ტრიუმფატორი გახდა და წლის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფილმის წოდება დაიმსახურა. ბრიტანელმა რეჟისორმა გადაწყვიტა მაქსიმალურად რეალისტური სურათის შექმნა, უარი თქვა ფენტეზის ელემენტებზე და შეეცადა გოთემი Blade Runner-ისეული ლოს ანჯელესისთვის დაემსგავსებინა, რაც გასაკვირი არ არის. ნოლანი ყოველთვის აღნიშნავს, რომ რიდლი სკოტის ადრეულმა ფილმებმა მასზე უდიდესი გავლენა იქონია. სცენარზე რეჟისორი თავის ძმასთან და დევიდ გოიერთან ერთად მუშაობდა და შედეგად “ბეტმენის დასაწყისი” მორიგი სტანდარტული კომიქსის ეკრანიზაცია კი არა, კრიმინალური დრამა გამოვიდა - პირქუში ატმოსფეროთი და ფრენკ მილერის კომიქსების სულით.

რეჟისორმა აიღო სტანდარტული სუპერგმირის ისტორია და ექსტრაორდინარულად აქცია, დაახლოებით ისე, როგორც ფილმ “პრესტიჟის” შემთხვევაში მოიქცა. ალფრედ ბორდენისა და რობერტ ენჯის მაგიური ისტორიით, ნოლანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჰოლივუდის “მძიმე არტილერიაში” შესასვლელად. “ბეტმენი დასაწყისი” იმ ტრიუკის დასაწყისი აღმოჩნდა, რომლის გასაგრძელებლად, ნოლანს აუცილებლად სჭირდებოდა ძლიერი გმირი. “ბნელი რაინდის” მთავარი ვილანი გახდა ჯოკერი, პერსონაჟი, რომლის როლსაც ბარტონის “ბეტმენში” ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს და რომელიც, ერთი შეხედვით, არ ჯდებოდა ნოლანის სტილში. თუმცა გმირს, რომელიც ჰიტ ლეჯერმა შექმნა, არანაირი საერთო არ აქვს ნიკოლსონის ჯოკერთან.

2008 წელს ნოლანის სრულყოფილი კრიმინალური დრამა გამოვიდა. მან შექმნა ილუზია, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს რეალობას. ჯოკერის “არასერიოზული” პერსონაჟი წლის ყველაზე სერიოზულ პერფორმანსად იქცა. ნოლანს ერთი ნაბიჯიღა აკლდა კარიერის მესამე აქტის დასაწყებად, მაყურებლისგან “პრესტიჟის” მოსაპოვებლად. საჭირო იყო რაღაც უფრო გრანდიოზული.

როდესაც რამეს გააქრობ, ის უკან უნდა დააბრუნო. ამიტომ აქვს ყველა ჯადოსნურ ხრიკს მესამე აქტი, ურთულესი ნაწილი, რომელსაც “პრესტიჟს” ეძახიან.

0x01 graphic

ბნელი რაინდის აღზევება

„ბნელი რაინდი” კინოგაქირავებაში ძალიან წარმატებული გამოდგა და მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა, რამაც Warner Brothers-ის ბოსებს მორიგი ფილმი მოანდომა. პროდიუსერებმა კრისტოფერისგან უცნაური შეთავაზება მიიღეს - იმ შემთხვევაში, თუ Warner Brothers-ს სურდა, რომ მესამე და დასკვნითი ფილმი მას გადაეღო, მაშინ ნოლანის საიდუმლო პროექტი 160 მილიონით უნდა დაეფინანსებინათ. პროდიუსერებს ისე უნდოდათ, რომ ნოლანს კიდევ ერთი ბეტმენი გადაეღო, სასწრაფოდ დათანხმდნენ ფული ჩაედოთ ისეთ პროექტში, რომლის კომერციულ წარმატებაზეც მხოლოდ მკითხაობა თუ შეიძლებოდა.

0x01 graphic

დევნა

ცოტა „მატრიცა”, ცოტაც სატეში კონის „პაპრიკა”, დიდი დოზით ნოლანის ფანტაზიები და იდეები საკმარისი გამოდგა მაყურებლის გონებაში ახალი იდეების „დასაწყებად”, კითხვების გასაჩენად, რომლებიც ფილმის დასრულებისთანავე თქვენს ტვინს ღრღნიან და პასუხის ძიებაში არ გასვენებენ. ნოლანმა „დასაწყისი” გადაიღო, ფილმი, რომელიც რეჟისორის “ნომრის” მესამე აქტად იქცა.

0x01 graphic

მემენტო

თვის ბოლოს ნოლანის კიდევ ერთი გრანდიოზული ნომერი, „ბნელი რაინდის დაბრუნება”, ბეტმენის ტრილოგიის დასკვნითი ფილმი გამოვა. რეჟისორმა თქვა, რომ ამ პროექტით ის ადამიანი ღამურას ისტორიას ასრულებს და უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ ნოლანი „დაპირებას“ ყოველთვის ასრულებს. მისი ფილმები საგნებია, რომელსაც ნოლანი გვიჩვენებს. პერსონაჟები, რომელსაც აქრობს, შემდეგ თავიდან აბრუნებს. ის „გადაქცევის“ ოსტატია, სიუჟეტს ხლართავს, შემდეგ ამარტივებს, თქვენ კი მაინც ვერ ხვდებით, რა მოხდა. უბრალოდ მოგწონთ, რომ ვერ ხვდებით, ამიტომაც დგებით ფეხზე და ტაშს უკრავთ მას, კრისტოფერ ნოლანს, კაცს, რომელმაც თქვენი „პრესტიჟი“ და იმსახურა.

24 ფოტოგრაფის ერთი ფოტო

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ირაკლი ბლუიშვილი

0x01 graphic

სვანეთში სამი წლის წინ ჩავედი. ეს მხარე ჩემთვის ზღაპრულ წარმოსახვად რჩებოდა: ფოტოებზე ნანახი პირქუში კლდეებით, რუხი კოშკებითა და ლეგენდარული ჭაღარა მახშვებით, თემის საქმეებს რომ განაგებდნენ. მონაყოლიდან ისიც მახსოვდა, რომ თემისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას, მახშვ-უხუცესები ბავშვსაც დაისწრებდნენ და აზრს მასაც ჰკითხავდნენ ხოლმე. ეს ფოტო მესტიის აეროპორტში, 2009 წლის შემოდგომაზეა გადაღებული. თვითმფრინავის კიბე არც მქონდა ბოლომდე ჩავლილი, შავჩექმოსანი უფროსობით გარშემორტყმული ეს სვანი ბიჭი რომ დავინახე. მომწონს ამ ბიჭის მზერის სიმტკიცე. თითქოს რაღაც მტრულს გრძნობს და მზადაა ეს უხილავი საფრთხე ამ ერთი მზერით, იქვე მოიგერიოს.

25 საფრთხეში მყოფი ენები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ქეთი ზუკაკიშვილი

პირველად იყო სიტყვა. ჩვენი წინაპრების მიერ ენის ადგმას ხშირად ღვთის ნებას, ბუნების ხმების მიბაძვას ან უნებლიე წამოძახილებს უკავშირებენ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, პირველი სიტყვები დედის მიერ შვილის ბუტბუტის გამეორების და მათთვის მნიშვნელობის მინიჭების შედეგად შეიქმნა. ობიექტურად შეუძლებელია დადგინდეს ამა თუ იმ ენის დაბადების ზუსტი მომენტი, თუმცა მათი „სიკვდილი” ხშირად ჩვენ თვალწინ ხდება.

ქართველური ენების წინაპრად პროტო-ქართველურ ენას მიიჩნევენ. პროტო-ქართველური დაახლოებით ძვ.წ. XIX-ში გაიყო სვანურად და პროტო-ქართ-ზანურად. სწორედ ამ უკანასკნელისგან განვითარდა ქართული და ზანური ენები.

თანამედროვე ქართულს გაქრობა არ ემუქრება, გადაშენების ზღვარზეა ზანური ენა. ლაზური და მეგრული ენების სათავე - ზანური, დასავლეთ საქართველოში, თურქეთის სიახლოვეს გვხვდება და მას მასობრივად ენაცვლება ქართული და თურქული. ზანურად დღეს მხოლოდ 2030 ათასი ადამიანი საუბრობს.

საშიშროება ემუქრება სვანურ ენასაც. ისტორიულად იზოლირებულ სვანეთში ენის შენარჩუნება ბუნებრივად ხდებოდა, მოგვიანებით კი, სვანური ქართულმა ჩაანაცვლა. გამოყენების არეალის სიმცირის გამო ბევრისთვის სვანურის სწავლა პრიორიტეტული აღარაა. სტატისტიკის დეპარტამენტს ზუსტი მონაცემები არ მოეპოვება, თუმცა მიახლოებითი გათვლებით „ლუშნუნინზე” (სვანური ენის ადგილობრივი სახელწოდება) მესტიის, ლენტეხისა და კოდორის ხეობის მიმდებარე დასახლებებში მხოლოდ 2528 ათასამდე ადამიანი თუ საუბრობს.

არანაკლებ რთული მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოშიც. არაქართველური წარმოშობის ბოჰტანურ ნეოარამაულ ენას, რომელიც აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებშია შემორჩენილი, 10 000-ზე ნაკლები ადამიანი ფლობს. არამაული მსოფლიო მნიშვნელობის ენაა: მის ერთ-ერთ დიალექტზე იესო ქრისტე და მისი მოწაფეები საუბრობდნენ. ბოჰტანური ენა, რომელიც აღმოსავლური ნეოარამაული ენების ჯგუფს განეკუთვნება, საქართველოში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთიდან გამოდევნილმა ასირიელმა ქრისტიანებმა შემოიტანეს.

ქართველური ენებიდან ყველაზე სავალალო მდგომარეობაში წოვათუშების უმწერლობო ენა - ბაცბურია. იბერიულ-კავკასიური ენების ნახური შტოს ამ ენაზე მხოლოდ 3000-მდე ადამიანი საუბრობს. 100 წლის იუბილეზე აკაკი შანიძე სინანულით აღნიშნავდა: „წოვათუშური ენის ტექსტები მრჩება გამოუქვეყნებელი”. ბაცბური ენის შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მან ხომ წოვათუშების განსაკუთრებულობა შემოინახა.

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული საფრთხეში მყოფი ენების გაუჩინარებას ადგილობრივი კულტურის გაფერმკრთალება და რეგიონების უნიკალურობის დაკარგვა მოჰყვება. ამდენად, მათზე ზრუნვა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ნაწილია. ამ ენების შენარჩუნება, ადგილობრივ ძალისხმევასთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობასაც მოითხოვს, რადგან პრობლემები სცდება სახელმწიფო საზღვრებს და მასშტაბურ სახეს იღებს.

2008 წელს ალასკის მკვიდრი რიგითი ამერიკელის, მარი სმიტ ჯონსის გარდაცვალებას ეიაკის ენის გაქრობა მოჰყვა. 2003 წელს რუსეთში აკალა საამის ენა გაუჩინარდა. UNESCO-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, 2500-მდე ენა გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე დგას.

ისტორიულად, ენა მრავალი ერის კონსოლიდაციის საფუძველი და მათი ერთიანობის სიმბოლო იყო. დღესდღეობით კი საკუთარი ენა ეთნიკური ჯგუფის უნიკალურობას უსვამს ხაზს. მსოფლიოს 7 მილიარდიანი მოსახლეობა 7000-მდე განსხვავებულ ენაზე საუბრობს, თუმცა შეუქცევადი გლობალიზაციის წყალობით, ყოველწლიურად საშუალოდ 25 დედაენა იკარგება. ექსპერტების ვარაუდით, 2100 წლისათვის დღეს არსებული ენების მხოლოდ 50%25 შემორჩება. ზოგი ეგუება იმ აზრს, რომ ენების გაქრობა სოციალური განვითარების თანმხლები შეუქცევადი პროცესია და ამას ვერაფერს ვუშველით. თუმცა განვითარებული ერების უმრავლესობა ენას განსაკუთრებულ კულტურულ საგანძურად მიიჩნევს და მის შენარჩუნებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

გაქრობის საშიშროების წინაშე მდგომი ენების დაცვაზე საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ხანია მუშაობენ. 1996 წელს საერთაშორისო პენკლუბმა ლინგვისტური უფლებების უნივერსალური დეკლარაცია მიიღო და პრობლემის გადასაჭრელად დღემდე მრავალ აქტივობას უწევს ორგანიზებას. არსებობს საშიშროების წინაშე მდგომი ენების ფონდიც, რომელიც საერთაშორისო აქტივობებით ცდილობს უმცირესობათა ენების შენარჩუნებას.

ბოლო დროის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა Google Corporation-ისა და Alliance for Linguistic Diversity-ის ერთობლივი Endangered Languages Project-ია, რომელიც ინტერნეტსივრცეს საფრთხეში მყოფი ენების გადასარჩენად იყენებს.

მსგავს ინიციატივებში საზოგადოების ჩართულობის ხარისხი ქვეყნების მიხედვით ძალიან განსხვავდება. ენების გაქრობის პრობლემა ზოგიერთი ერის იდენტობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ზოგს კი ნაკლებად აწუხებს. საინტერესოა, რომ ენობრივი მრავალფეროვნებით პაპუა ახალი გვინეა ლიდერობს: კუნძულოვანი სახელმწიფოს 7 მილიონამდე მცხოვრები რეკორდული რაოდენობის - 832 ენაზე საუბრობს.

მიუხედავად ამისა, პაპუა ახალ გვინეაზე აღმოჩენილ კიდევ 11 ენას არცერთი ცოცხალი მოსაუბრე აღარ შემორჩა და „გამქრალი ენების” კატეგორიაში გადაინაცვლა. არსებობს „მკვდარი ენების” ნუსხაც. ეს უკანასკნელი აერთიანებს ენებს, რომლებსაც მხოლოდ ისტორიულ-მეცნიერული მიზნებისთვის სწავლობენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი აღარ იყენებენ. ასეთებია, მაგალითად, ძველი ინგლისური და ლათინური.

ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე „გამქრალი” და „მკვდარი” ენების ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, თუმცა ლინგვისტების გამოთვლით, ევროპისა და მცირე აზიის ტერიტორიაზე 75, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი - 115 ენა მიეცა დავიწყებას.

1992 წელს ევროპის საბჭომ მიიღო „ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ”. საერთაშორისო შეთანხმება მიზნად ისახავს უმცირესობაში მყოფი ენების დაცვასა და პოპულარიზაციას, მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებასა და მედიაში. საქართველო ევროსაბჭოს 1999 წელს შეუერთდა, რითაც ავტომატურად აიღო ქარტიასთან შეერთების ვალდებულება. მიუხედავად ამისა, ქართული მხრიდან ქარტიის რატიფიკაცია ჯერ არ მომხდარა.

ქარტიის რატიფიკაციის შემთხვევაში სახელმწიფოს არა მარტო ქართველური (სვანური, მეგრული, ლაზური, ზანური, ბაცბური), არამედ საქართველოში გავრცელებული ყველა სხვა წარმომავლობის ავტოქტონი ენის დაცვა დაევალებოდა. ავტოქტონი ეწოდება ისტორიული ეთნიკური უმცირესობის ენას, რომელიც არ არის სახელმწიფო ენა და გაქრობის საფრთხის წინაშეა. საქართველოს შემთხვევაში ასეთი ენების ზუსტი რაოდენობა სადავოა, თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ აფხაზური და ოსური ამ კატეგორიაში თავსდება.

ქარტიის რატიფიკაციის დაყოვნების უმთავრესი მიზეზი „უმცირესობის ენების” განსაზღვრის ზუსტი კრიტერიუმების არ არსებობა და საკითხის მიმართ საზოგადოების განსაკუთრებული მგრძნობელობაა. ქარტიის ძალით თუ მის გარეშე, უმცირესობათა ენების პატივისცემა და დაცვა კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების საწინდარია. ასეთივე იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მამების მიდგომაც. ილიაჭავჭავაძე ენას „საზოგადო საკუთრებად” მიიჩნევდა და მის დაცვას სახელმწიფოს განსაკუთრებულ მოვალეობად თვლიდა.

გარდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა, ენების ცოდნა პირადი მიზნებისთვისაც მნიშვნელოვანია. მეცნიერებმა ერთენოვან და ორენოვან ადამიანებზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ამ უკანასკნელთა ტვინი ასაკის მატებას ბევრად უკეთ უმკლავდება. გარდა ამისა, უცხო ენის მცოდნენი საშუალოდ 8%25-ით მეტ ანაზღაურებას იღებენ.

UNESCO-ს მონაცემებით, პირველი და მეორე ენების ცოდნის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია მანდარინი ჩინური, ინგლისური, ესპანური, ჰინდი, არაბული, ბენგალი, რუსული, პორტუგალიური, იაპონური, გერმანული და ფრანგული. ზოგადად, მსოფლიოს ენებიდან აზიაში 2200, ევროპაში კი მხოლოდ 260 გვხვდება.

მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, მსოფლიო მოსახლეობის 75%25-მა ინგლისური ერთი სიტყვაც კი არ იცის. უნივერსალური Lingua Franca-ს შექმნის არაერთი მცდელობა კრახით დასრულდა. მათ შორის ყველაზე გავრცელებულ Esperanto-ზე (ლათინურის, ინგლისურის, გერმანულისა და რომანული ენების ნაერთი) 2 მილიონამდე ადამიანი საუბრობს. მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, 200-მდე ხელოვნური ენა გამოიგონეს, თუმცა მსოფლიო პოპულარობა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა.

ისტორია ცხადყოფს, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია. ის საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ იბადება, იცვლება და კვდება. სანამ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული 55 ენის ნიმუშები 1977 წელს NASA-ს მიერ გაშვებული ხომალდით Voyager 1&2 კოსმოსში მოგზაურობენ, დედამიწას შესაძლოა დღეს არსებული ენების მხოლოდ ნახევარი შემორჩეს.

26 შუა ქალაქში - ბუნებასთან ახლოს

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

ყვავილების სურნელი, ბუნების სიმწვანე და საკუთარ აივანზე დაკრეფილი ჟოლო - ეს ხომ არამარტო დიდ ვერანდაზე, პატარა აივანზეც შესაძლებელია.

დაჩქარებულ მაცხოვრების რიტმმა და დამღლელმა სამუშაო დღეებმა აშკარად გაგვიჩინა სურვილი - ახლოს ვიყოთ ბუნებასთან. თუ ამას დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებთ, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია თავად შემოვიტანოთ ბუნება ჩვენს სახლში, ფანჯრებსა თუ აივანზე.

სანამ დილით, სამსახურში გავიქცევით, კარგი იქნება, თუ რამდენიმე წუთით მაინც მოვახერხებთ და ჩამოვსხდებით ლამაზად გამწვანებულ აივანზე, მოვსვამთ ყავას და ცოტა ხნით მაინც მივეფიცხებით მზეს.

გირჩევთ, სპეციალისტს მიმართოთ და მისი დახმარებით, გაალამაზოთ გარემო.

27 LIFE/GUIDE

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

1 მოდური ტენდენცია Candy Colors ამ ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა - თბილი პასტელის ტონალობები არა მხოლოდ სამოსში, სხვადასხვა აქსესუარებშიც დომინირებს. „კანფეტის” თემა საინტერესო აღმოჩნდა Vertu-სთვისაც. კომპანიამ ახლახან Constellation Candy გამოუშვა - ახალი სმარტფონი, რომელიც ძლიერი ტექნიკური მონაცემების გარდა, ძვირფასი თვლებითაა აღჭურვილი, უკანა პანელი კი ნიანგის ფერადი ტყავითაა გაფორმებული.

0x01 graphic

Vertu Candy Colors

2 თუ ამ დღეებში საყიდლებზე წასვლა დააპირეთ, მაგრამ არ გაქვთ ნაცნობ მაღაზიებში უკვე ბევრჯერ ნანახი კოლექციების თავიდან დათვალიერების სურვილი, ფალიაშვილის 39ა-ს ესტუმრეთ - Lako Bukia-ს ახალ მაღაზიაში, ბუკიას ნამუშევრების გარდა, ბევრი ახალი ბრენდია წარმოდგენილი - Eudon Choi, Imogen Belfield, Sarah's Bags, Georgia Hardringe, Retro Super Future Sunglasses, ასევე ირინა გაჩეჩილაძის სამკაულები.

0x01 graphic

Lako Bukia

დიორის სუნამოების საკურორტო კოლექციას ახალი არომატი, Escale a Parati შეემატა. ბრენდის ცნობილი “ცხვირის”, ფრანსუა დემაშის შთაგონების წყარო ბრაზილიის ეგზოტიკური სანაპიროები, ცხელი მზე და სამხრეთამერიკული სიხალისე გახდა. შედეგად, საკმაოდ ცოცხალი, ციტრუსოვანი არომატი შეიქმნა, რომელსაც პიტნისა და დარიჩინის სურნელი უნისექს ხასიათს ანიჭებს, კენკრა და მერქნის ტონები კი - სითბოს. მთლიანობაში, ეს კიდევ ერთი „მწვანე” სურნელია, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეს სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნებას დაგიტოვებთ.

0x01 graphic

Dior
Escale a Parati

28 მოხიტო

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

კლუბი UNIQUE
ბარმენი: ელენე ქოჩარიანი

მასალა:

30 გრ პიტნა
30 გრ ლაიმი
3 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
70 მლ რომი
70 მლ სოდიანი წყალი (soda water)
დაფშვნილი ყინული

0x01 graphic

მაღალ ჭიქაში ჩაყარეთ ყავისფერი შაქარი და დაუმატეთ დაჭრილი პიტნა და ლაიმი, ასევე დაფშვნილი ყინული. ჩაასხით რომი, სოდიანი წყალი და კარგად მოურიეთ.