![]() |
ტაბულა №113 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მაჭავარიანი ლექსო, უგულავა სალომე, ქორიძე ავთო, დეკანოიძე ხატია, ლადარია ნოდარ, კვანჭილაშვილი ელენე, ჩერგოლეიშვილი თამარ, ავალიანი დიმიტრი, ზუკაკიშვილი ქეთი, გუნია ირაკლი, ჩხიკვაძე ანი, კაკაბაძე შოთა, დუნდუა ნინო, ელერდაშვილი ვახო, გოდუაძე ლაშა, მაღრაძე ირაკლი, ესებუა ნიკა, მაჩაბელი სიმონ, ბაგაური ირინა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 10 - 16 სექტემბერი 2012 მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი,გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონმაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევანმეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახადოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ:+ 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციისნებართვის გარეშე აკრძალულია.გარეკანი - ფოტო: დარო სულაკაური. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ყველა ქართული ოჯახისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გაფრენა ყველა მიმართულებით“
მიხეილ სააკაშვილი 3 სექტემბერი
„არაერთი ქართული ოჯახი ვიცი, სადაც უკვე აფრენენ თითქმის ყველა მიმართულებით“
ჟურნალისტი დავით პაიჭაძე პრეზიდენტის სიტყვებს Facebook-ზე გამოეხმაურა. 3 სექტემბერი
ასეც ვიცოდი, დაიწყეს ჩვენმა „მშვიდობის მაძიებლლებმა“ სამხედრო პროვოკაციები. ჩათვალეთ, რომ სამოქალაქო ომი საქართველოში სააკაშვილმა მარიამობას დაიწყო. აი, ნამდვილი მორწმუნე ქართველი მორწმუნე „ვაჟკაცი“. ახლა ივანიშვილს Persona non grata-დ გამოაცხადებს და სამშობლოდან გააძევებს. მერე ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერებს დაიჭერს, აწამებს, გააქრობს, ისედაც უკვე გაყალბებულ არჩევნებს უფრო გააყალბებს, დარჩება ბედკრულ საქართველოს მმართველად, ერთი-ორი უგემოვნო ქალაქით, შენობებით დაამშვენებს ჩვენს ქვეყანას და თავის რექტორ-დედიკოსთან და ბებია-ბიზნესმენთან ერთად თათქარაძეებივით რუსულ თვითმფრინავებს ჭერზე ბუზებივით დაითვლის“.
რობერტ სტურუამ ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით საკუთარი რეაქცია Facebook-ის გვერდზე გაავრცელა. 29 აგვისტო
„ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამერიკისთვის ერთი ადგილის ლოკვამ დააქცია და დაღუპა საქართველო“
მესტიის მაჟორიტარი კანდიდატი ქართული ოცნებიდან სოსო ჯაჭვლიანი. გაზეთი საქართველო და მსოფლიო, 15 აგვისტო
„ჩვენ ვართ ახალგაზრდა გუნდი... ჩვენს კოლექციაში ბევრი ახალგაზრდა პოლიტიკოსია და სოსო ჯაჭვლიანიც ასეთი გახლავთ“.
განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. საგულისხმოა, რომ სოსო ჯაჭვლიანი 1958 წელსაა დაბადებული. 31 აგვისტო.
„მხოლოდ ერთი რამ გვაკლია ახლა ლიდერობა (ლიდერი)... ბატონო პრეზიდენტო, რეალური ლიდერები სოციოლოგიურ გამოკვლევებს არ მიჰყვებიან. რეალური ლიდერები გამოკითხვის შედეგებს ცვლიან.
ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორმა კრის კრისტიმ რესპუბლიკური პარტიის ყრილობიდან მოქმედ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მიმართა. 28 აგვისტო
„ჩემი მმართველობის დროს, ჩვენი მოკავშირეები მეტ ლოიალურობას მიიღებენ, პუტინი კი ჩვენი მხრიდან ნაკლებ სირბილეს და დიდ სიმტკიცეს დაინახავს“
რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა მიტ რომნიმ, ბარაკ ობამა რუსეთთან რბილი პოზიციის გამო გააკრიტიკა. 28 აგვისტო
„რამდენიმე წლის ეს ბიჭი ჩვენს ჩანთებს ატარებდა“
ასე დაახასიათა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ბარაკ ობამა სენატორ ტედ კენედისთან საუბარში. 2008 წლის არჩევნებში ბილ კლინტონი საკუთარი მეუღლისთვის დემოკრატიული პარტიის გავლენიანი წევრების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. გამოცემა New Yorker. სექტემბერი
![]() |
2 Pussy Riot: ჩვენ ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ლექსო მაჭავარიანი
2012 წლის 17 აგვისტოს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რელიგიური სიძულვილის მოტივებით ჩადენილ ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა Pussy Riot-ის წევრებს: ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას, მარია ალიოხინას და ეკატერინა სამუჩევიჩს. თავად ჯგუფის წევრებმა ბრალი არ აღიარეს და განაცხადეს, რომ მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქცია, რომლის დროსაც საკურთხეველთან პანკ-ლოცვა „ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი” შესრულდა, მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის იყო და მორწმუნეთა შეურაცხყოფას მიზნად არ ისახავდა. განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე წუთით ადრე, სასამართლოს მოპირდაპირე შენობის ერთ-ერთი ბინიდან გაჟღერდა Pussy Riot-ის ახალი სიმღერა, რომლითაც ჯგუფის თავისუფლებაზე დარჩენილი წევრები საზოგადოებას ჩეკისტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებენ. Amnesty International-მა გოგონები სინდისის პატიმრებად აღიარა, რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ დაპატიმრებულთა მხარდამჭერი აქციები მოეწყო, რუსეთის ხელისუფლება კი უპრეცედენტო კრიტიკის ქვეშ მოექცა.
ისტორია, რომელმაც ბოლო თვეების მანძილზე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, 2011 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ფერად ნიღბებში გამოწყობილმა რამდენიმე გოგონამ მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურებსა და ტროლეიბუსების სახურავებზე ქალების რთული ცხოვრების, არაბულ ქვეყნებში დიქტატორული რეჟიმების დამხობის და მამაკაცების სწორად ჩაგვრის შესახებ სიმღერა შეასრულა, შემდეგ კი ამ ღონისძიების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტით გაავრცელა. ამას მოჰყვა შეჭრა ელიტარულ ბუტიკებში, ბარებსა და მოდების ჩვენებებზე და ახალი სიმღერა, რომელშიც Pussy Riot ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მის მდედრობით ნაწილს, სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებდა.
ჯგუფის მომდევნო აქცია უკვე იმ საპატიმროს სახურავზე მოეწყო, სადაც რუსეთის დუმის არჩევნების შემდეგ ჩატარებული საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულები იმყოფებოდნენ. ამჯერად გოგონები, გისოსებს მიღმა მყოფ ადამიანებთან ერთად, მოედნების ოკუპაციაზე, პოლიციელებისთვის იარაღის წართმევასა და ციხეებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მღეროდნენ. იანვარში კი Pussy Riot-ისთვის სცენად წითელი მოედანი იქცა. სწორედ იქ, სიმღერის „ამბოხი რუსეთში - პუტინმა ჩაისვარა“ შესრულების შემდეგ, მოხდა ჯგუფის წევრების პირველი დაკავება.
საზოგადოებრივ ადგილებში შეჭრა და კონცერტების გამართვა სიახლე არ არის. არც მუსიკოსების მიერ მოწყობილი პოლიტიკური აქციები და მათი მონაწილეების დაპატიმრებაა იშვიათობა. ჯერ კიდევ სამოციანებში Jefferson Airplane-მა, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ნიუ იორკის ერთ-ერთი სახლის სახურავი დაიკავა და პოლიციის მოსვლამდე გარშემომყოფებს საკუთარი მუსიკით ართობდა. სამოცდაათიანებში კი Sex Pistols-მა ტემზაზე გემი იქირავა და პარლამენტის შენობის წინ God Save The Queen შეასრულა, რის შემდეგაც ჯგუფის Pussy Riot-ის წევრები: ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუჩევიჩი სასამართლო პროცესზე მენეჯერი და მუსიკოსები ციხეში აღმოჩნდნენ.
შეიძლება ანალოგიების გატარება ოთხმოცდაათიანებში პოლიტიკური ტექსტებით და რადიკალური ფემინისტური ლოზუნგებით ცნობილ ამერიკულ ჯგუფთან Bikini Kill და, ამავე დროს, პანკ როკში წარმოქმნილ ფემინისტურ მოძრაობასთან Riott Grrrl. თუმცა არის ერთი რამ, რაც გოგონებს წინამორბედებისგან განასხვავებს - Pussy Riot სტანდარტული მუსიკალური ბენდი არ არის, ეს უფრო არტ-პარტიზანული დაჯგუფებაა, რომლის ფესვებიც რუსულ აქციონიზმშია საძებნი. შემთხვევითი არაა, რომ ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა არტჯგუფ Война-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი ყველა მნიშვნელოვანი აქციის მონაწილეა. თანამედროვე ხელოვნების ამ მიმართულებასთან კავშირის ხაზგასასმელად კი შეგვიძლია ისიც გავიხსენოთ, რომ მაცხოვრის ტაძარში შესრულებულ პანკლოცვამდე რამდენიმე წლით ადრე, რუსული აქციონიზმის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ბრენერმა მსგავსი პერფორმანსი ჩაატარა - ეკლესიაში საკურთხეველს მივარდა ყვირილით „ჩეჩნეთი, ჩეჩნეთი“.
მსოფლიო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, Pussy Riot-ის სამი მონაწილე დღეს ციხეშია, თავისუფლებაზე დარჩენილებზე კი ძებნაა გამოცხადებული. ტაბულამ შეძლო დაკავშირებოდა გოგონებს და რამდენიმე კითხვა დაესვა მათთვის.
დიდი მადლობა, რომ დათანხმდით ინტერვიუს ჩვენს ჟურნალთან. საუბრის დასაწყისში მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც თქვენ მიმართ რუსეთის გარეთ მცხოვრებმა ადამიანებმა გამოხატეს და რას ეტყოდით მათ, ვისაც Pussy Riot-ის საქმე რუსეთის შიდა პრობლემად მიაჩნია?
სპექტაკლის საზოგადოება არ იცავს დრამატურგიის კლასიკურ წესებს. ის არ იზღუდავს თავს დროში, ადგილსა და მოქმედებაში. ამიტომ გარეგანი არ არის გამოყოფილი შინაგანისგან და პირიქით. „პრობლემა“ გაცდა სახელმწიფოს მასშტაბებს, გავიდა მის ფარგლებს გარეთ; მისი სახელმწიფოებრიობა (ინსტრუმენტალიზმი) არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას გამკლავებოდა.
პროტესტის ადგილმა - ეკლესიამ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. რას უპასუხებდით ამ ადამიანებს?
ჩვენს ბლოგზე LiveJournal-ში სრულად და დეტალურად არის აღწერილი, რატომ ავარჩიეთ ჩვენი აქციისთვის ადგილი მეტროს სადგურ კროპოტკინსკაიას პირდაპირ. ადამიანების შეურაცხყოფა, ზოგადად ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის მორწმუნეების ჩათვლით, ჩვენ არც არასდროს გვინდოდა და არც ახლა გვინდა. ხელისუფლება საკრალიზებულია და ტოტემური ცხოველების სახით წარმოგვიდგება - აი, ეს უნდა იწვევდეს საზოგადოების ამ ნაწილის სამართლიან რისხვას.
რით ახსნით ასეთ დიდ მობილიზებას Pussy Riot-ის მხარდასაჭერად მაშინ, როდესაც პოლიტიკური აქტივისტების დაკავება რუსეთში მიღებული პრაქტიკაა?
Pussy Riot-ის წევრები: ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუჩევიჩი სასამართლო პროცესზე
პოლიტიკური აქტივისტები და სამი უჩვეულოდ მამაცი გოგონა - ალბათ მაინც სხვადასხვა რამეა. მხარდაჭერას თავად ის ფაქტი იწვევს, რომ საზოგადოებას ეშინია მსგავსი აქციების ჩატარების, ვინაიდან ეს არ არის ერთკაციანი პიკეტი ან მიტინგზე სიტყვით გამოსვლა - თავად პროტესტის ფორმაა ახალი მაშინ, როდესაც მისი შინაარსი, შეიძლება ითქვას, იგივე დარჩა.
თქვენ სოლიდარობა გამოგიცხადათ მადონამ, ბიორკმა, სტინგმა, პოლ მაკარტნიმ და მუსიკის სხვა ვარსკვლავებმა, ამავე დროს, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა - მაგალითად, პუგაჩოვამ, გაზმანოვმა, კობზონმა და ა.შ., Pussy Riot-ის წინააღმდეგ გაილაშქრა, რა არის ამის მიზეზი?
სამწუხაროდ, რუსული შოუბიზნესის ის ნაწილი, რომელსაც თქვენ ახსენებთ, ჩვენთვის უცნობია - ჩვენ მათ არ ვიცნობთ, მაგრამ შეიძლება მიხვედრა, რომ საუბარია სამსხვერპლო ცეცხლის გულმოდგინე მცველებზე. როგორც ჩანს, მათ იმედი აქვთ, რომ თავად შეავსებენ ტოტემური ბესტიარიუმის რიგებს.
რამდენად ეფექტიანია თქვენი აქციები? არსებობს მოსაზრება, რომ ისინი რუსეთის გარეთ მცხოვრებ ადამიანებზე უფროა გათვლილი, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებზე. ეს განსაკუთრებით ტაძარში შესრულებულ პანკ-ლოცვას ეხება. ხომ არ მოხდება ისე, რომ, რაც უფრო მეტი უცხოელი გამოხატავს სოლიდარობას თქვენ მიმართ, მით უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე დაიჯერებს ლეგენდას გარყვნილი დასავლეთის შესახებ. რომ პუტინი და პუგაჩოვა იცავენ სულიერებას, პოლიციელი Pussy Riot-ის მხარდამჭერის დაპატიმრებას ცდილობს დასავლეთი და მადონა კი ღმერთის და რელიგიის წინააღმდეგ ილაშქრებენ.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება მყისიერი წარმატების იმედი გვქონდეს, მაგრამ ამასთანავე ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება. ჩვენი ყველა ქმედება სინქრონიზებულია იმასთან, რაც ხდება ქვეყანაში და არა მის ფარგლებს გარეთ. ზოგიერთებს ეშინიათ, რომ პანკ-ლოცვა შედეგს მოიტანს, მაშინ, როდესაც სხვებმა იციან, რომ მან შედეგი უკვე მოიტანა. თუმცა ჩვენი სამოქმედო ველი ჩვენი ქვეყანა და მისი პრობლემებია.
პოლიციელი Pussy Riot-ის მხარდამჭერის დაპატიმრებას ცდილობს
2010 წელს არტჯგუფმა Война, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც ნადეჟდა ტოლოკონნიკოვაა, მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც კი რუსეთში თანამედროვე ხელოვნების სფეროში არსებობს - სახელმწიფო პრემია „ინოვაცია“. წელს კი უკვე Pussy Riot-ია წარდგენილი არანაკლებ პრესტიჟულ - კანდინსკის პრემიაზე. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს? პოლიტიკურმა კონიუნქტურამ, თუ იმან, რომ თქვენ მართლაც ხელოვნების ნიმუშებს ქმნით?
ეს არ ვიცით, ჩვენ ხომ არტკრიტიკოსები არ ვართ. უბრალოდ, მხატვრულ საშუალებებს ვიყენებთ ჩვენი აქციებისთვის.
Pussy Riot-ის სამი წევრისთვის განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პოლიციამ ჯგუფის დანარჩენ წევრებზე თებერვლის აქციაში მონაწილეობის გამო ძებნა გამოაცხადა. შეიძლება ითქვას, რომ არალეგალურ მდგომარეობაში ხართ. რას აპირებთ იმ პირობებში, როდესაც იცით, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია დაგაპატიმრონ და თქვენი მეგობრების ბედი გაიზიაროთ? ხომ არ ფიქრობთ ქვეყნის დატოვებაზე?
ჯგუფის მხოლოდ ორმა წევრმა დატოვა რუსეთი, ჩვენ კი ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. გაქცევა - უკანასკნელი ჩინური სტრატაგემაა და, როგორც კომენტატორები აღნიშნავენ, ყველა სტრატაგემიდან - საუკეთესო. ჩვენი ოპონენტებისთვის ჯერ კიდევ არ არის გვიან ამ სტრატაგემით სარგებლობა.
როგორ ხედავთ Pussy Riot-ის მომავალს? იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს დაგეგმილი, დღეს თქვენ პოპვარსკვლავები ხართ. Pitchfork თქვენს ახალ სიმღერას საკუთარ ვებგვერდზე ათავსებს, Playboy კი ფოტოსესიაზე გეპატიჟებათ. რა იქნება შემდგომში? სადებიუტო ალბომი რომელიმე ცნობილ ლეიბლზე, საკონცერტო ტურნე, თუ ისევ ბარიკადები და სპონტანური არტაქციები მოსკოვის ქუჩებში?
ჩვენ დაკავებული ვართ მხოლოდ არასანქცირებული, არალეგალური გამოსვლებით, პოლიტიკური აქტივიზმით. კაპიტალიზმის სისტემაში მონაწილეობა ჩვენთვის საინტერესო არ არის, წესს „იყიდე-გაყიდე” - არ ვცნობთ. დიდ პატივს ვცემთ მადონას და ბიორკს, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ მიერ შემოთავაზებულ მოედნებზე გამოსვლა არ შეგვიძლია. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას მოსკოვში. იმ განსხვავებით, რომ ახლა აქციები უნდა იყოს უფრო მძლავრი და უკეთ მომზადებული.
სოციალური გამოკითხვებით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა თვლის, რომ სასამართლო პროცესი Pussy Riot-ის წინააღმდეგ სამართლიანად ჩატარდა. ამავე გამოკითხვის მიხედვით, საზოგადოებრივი აზრი თქვენს მხარეზე არ არის და მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას ემხრობა. მკვლევართა განმარტებით, ამის მიზეზია ის, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, სადაც თქვენი საწინააღმდეგო პროპაგანდა მიმდინარეობს და აგრეთვე რუსეთის საზოგადოების მდგომარეობა, კონსერვატორი უმრავლესობა, რომელიც თქვენგან განსხვავებული ღირებულებებით ცხოვრობს. ასეთ პირობებში რა გაძლევთ იმედს, რომ თქვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება?
ეს ყველაფერი სპექტაკლის შემადგენელი ნაწილია; ჩვენ არაერთხელ დავრწმუნებულვართ, რომ „უმრავლესობა“ არაუფლებამოსილია არა მხოლოდ იმისთვის, რომ რამე გადაწყვიტოს, არამედ იმისთვისაც, რომ საღად შეაფასოს მოვლენები. ხელისუფლება აგრძელებს მის კვებას სიმულაკრებით. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ რამე ადამიანების თუნდაც იმ ერთი პროცენტისთვის, რომელიც აზროვნებს და პროგრესულ იდეებს იზიარებს.
და ჩვენი საუბრის ბოლოს, მოკლე შეკითხვა და სასურველია მასზე ამომწურავი პასუხი გასცეთ - რა გინდათ?
რომ ადამიანებმა ნაკლებად იტანჯონ, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოსგანაც.
![]() |
3 ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
ცოტა ხნის წინ ბლოკმა ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება საარჩევნო პროგრამა წარუდგინა ამომრჩეველს. ის სხვადასხვა საკითხებთან ერთად კოალიციის საგარეო პოლიტიკურ ხედვებსაც გვაცნობს. ქართული ოცნება რომ ეკლექტური პოლიტიკური ძალაა, სიახლე არავისთვისაა - მით უმეტეს, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით. კოალიცია დეკლარირებულად საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს და პროგრამაც ამასვე გვამცნობს, თუმცა მისი ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები და შეხედულებები არცთუ იშვიათად მოდის წინააღმდეგობაში დეკლარირებულ პოზიციებთან. ზოგი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, სხვები დასავლეთის დემონიზებას ცდილობენ და ანტიამერიკული განცხადებებითაც გამოდიან.
გასულ თვეში ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა გლდანში, სოსო ჯაჭვლიანმა, „საქართველო და მსოფლიოსთან“ ისაუბრა იმ ზიანზე, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობამ მოუტანა საქართველოს: „ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ავიღოთ, ხომ გვეუბნებიან, მეგობარია ჩვენიო, რეალურად რა მოგვიტანა ამ ე.წ. მეგობრობამ? - ჯერ იყო, NATO-ს გავიძახოდით და ხელი დაგვიქნიეს, შემდეგ ომი დაგვატყდა თავს. 300 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დაგვიტოვეს, ტერიტორიების ერთი მეხუთედი დავკარგეთ, რუსეთი გადავიმტერეთ და ბოლოს ხელში შეგვრჩა ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდა წასვლა. მე თქვენ გეკითხებით, მთელი ამ უბედურების შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი შეიძლება კიდევ მომხრე იყოს ამ კურსის და, საერთოდ, ამ პოლიტიკის?!“. ის მიიჩნევს, რომ „ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამერიკისთვის ერთი ადგილის ლოკვამ დააქცია და დაღუპა საქართველო“.
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე მანანა კობახიძე კი გასულ წელს საქინფორმთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მართლმადიდებელ სარწმუნოებას ქვეყნის განვითარების დამაბრკოლებლად განიხილავს. საქართველო კი მისი გულის მოგებას უმცირესობების უფლებების დაცვით ცდილობს. მან ისაუბრა ევროპის შესახებაც. „ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის“, - აცხადებდა კობახიძე.
ქართული ოცნების რიგი წევრები კი წლების განმავლობაში გამოდიოდნენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ. მაგალითად, გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ საქართველო NATO-სკენ სწრაფვამ „დაღუპა”. გუბაზ სანიკიძე და მისი თანაპარტიელები კი ჯერ კიდევ 2007 წელს აცხადებდნენ, რომ NATO-ში გაწევრიანებით საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფა ემუქრებოდა, ხოლო ალიანსის წევრობის სურვილსა და ქვეყნის ღალატს შორის ტოლობის ნიშანს სვამდნენ. ამ განცხადებების ავტორები - კობახიძე, სანიკიძე და თოფაძე - დღეს ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველ ათეულში იმყოფებიან.
ამ ყველაფრის პარალელურად, ქართული ოცნება ერიდება რუსეთის კრიტიკას და საქართველოს ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას საქართველოსვე აკისრებს. პროგრამა საქართველოს ახასიათებს აგრესორად, რომელმაც ვერ მოიპოვა დასავლეთის საკმარისი მხარდაჭერა რუსეთისგან დასაცავად, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას კი მხოლოდ და მხოლოდ 2008 წლიდან ითვლის. ივანიშვილი რუსეთს არც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განიხილავს დაბრკოლებად და, შესაბამისად, არც ამ დაბრკოლების გადალახვის გზებს გვთავაზობს. მეტიც, დაბრკოლებად მას თავად საქართველო მიაჩნია - ოღონდ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში. პროგრამაში ვკითხულობთ: „საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში“, რაც პრაქტიკულად NATO-ში შესვლაზე უარის თქმას ნიშნავს.
რუსეთისთვის ხელსაყრელი გარემოებების შექმნას გულისხმობს ქართული ოცნების ხედვა კონფლიქტის მოგვარებაზეც. ისინი მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უნდა იმართებოდეს, როგორც მხარეებთან - წარსული პრაქტიკის შესაბამისად. არადა, წლების განმავლობაში, რუსეთი სწორედ იმით მანიპულირებდა, რომ თავად არ იყო კონფლიქტის მხარე, სიტუაციას ეთნოკონფლიქტებად და თავის თავს შუამავლად წარმოაჩენდა. საქართველოს ხელისუფლებაც 2003 წლამდე სწორედ ამ ნარატივში მოქმედებდა, რასაც თავის დროზე დადებითი არაფერი მოუტანია. ვარდების რევოლუციის შემდგომ კი მცდელობები სწორედ „საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში“ - ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა იქითკენ იყო მიმართული, რომ რუსეთის როლი გამოაშკარავებულიყო, როგორც კონფლიქტის რეალური მხარე, რომელიც ნებისმიერ პროგრესს ბლოკავდა.
2008 წლის ომმა კონფლიქტის საერთაშორისო ხასიათი ნათლად აჩვენა და საქართველოს ოკუპაციაც საერთაშორისო ასპარეზზე იქნა აღიარებული. ოკუპაციის აღიარება კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ყველა მოვლენაზე, რომელიც ამ რეგიონებში ხდება, რუსეთია პასუხისმგებელი. ამან და თავისუფალი სამყაროს მიერ არაღიარების პოლიტიკამ რუსეთი აგრესორად და კონფლიქტის მხარედ წარმოაჩინა. რუსეთის დიპლომატიის ამოცანა კვლავ შუამავლის სტატუსის მიღებაა, რათა ერთი მხრივ განაგრძოს ამ ტერიტორიების ოკუპაცია, მეორე მხრივ კი საკუთარი პრესტიჟი მეტ-ნაკლებად აღადგინოს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კვლავ მხარეებად აღიარება რუსეთისთვის ხელ-ფეხის გახსნას ნიშნავს, რათა ყველანაირი პროგრესის მცდელობა ისევ აფხაზეთისა და ოსეთის მარიონეტული ხელისუფლებების პირით დაბლოკოს და პასუხისმგებლობები თავიდან აირიდოს.
ამჟამად დიალოგი რუსეთსა და საქართველოს შორის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს, სადაც დეოკუპაციაა მთავარი საკითხი. მასში სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, თუმცა დამოუკიდებელი მხარეების სტატუსი არ აქვთ.
ერთ-ერთი მთავარი თემა მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების საკითხებია, რაზეც მხარეებს დიდი წინააღმდეგობა აქვთ. რუსული მხარის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ საქართველომ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებთან მოაწეროს ხელი შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობაზე. გარდა ამისა, ამბობენ, რომ უკვე პოსტკონფლიქტური სიტუაციაა და საქართველომ რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა აღიაროს, რასაც საქართველო, ბუნებრივია, არ ეთანხმება. ისევე, როგორც რაიმე ხელშეკრულების ხელმოწერას საოკუპაციო რეჟიმებთან, რომელიც მათ ლეგიტიმაციას მისცემს, ხოლო რუსეთს ფასადს შეუქმნის. ქართული ოცნების პროგრამაში კი იმაზეა საუბარი, რომ ქართულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი უნდა გასცეს წინადადებას უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე და მზად იყოს კომპრომისისათვის.
მთელი გასული წლების განმავლობაში, ომამდე, რუსეთის ტაქტიკა სწორედ ის იყო, რომ საქართველოს ძალის არგამოყენებაზე ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვდა ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან მაშინ, როდესაც ასეთი არაერთი დოკუმენტი არსებობდა, თან ყველა მხრიდან ხელმოწერილი.
საქართველოს ძალის არგამოყენების შესახებ ცალმხრივად აქვს პირობა დადებული და იმავეს მოითხოვს რუსეთისგან. ისევე, როგორც ევროკავშირი და NATO. ქართული ოცნების პროგრამა ამ საკითხსაც ეხმიანება. იქ ნათქვამია, რომ რუსეთთან ურთიერთობა კონფრონტაციული არ უნდა იყოს, ხოლო რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობა არა ცალმხრივი განცხადებით უნდა იქნეს გარანტირებული, არამედ მოლაპარაკებებში ჩართვით. თუმცა გაუგებარია, რა მოლაპარაკებებში ჩართვაზეა საუბარი. გაუგებარია ისიც, რატომ არ უნდა მოეთხოვოს რუსეთს ძალის არგამოყენების პირობის დადება, მით უმეტეს, რომ ამაზე საერთაშორისო საზოგადოებაში კონსენსუსიც არსებობს.
საქართველოს ერთ-ერთი მოთხოვნა და პუნქტი ჟენევის დღის წესრიგში არის ის, რომ ამ რეგიონებში დაიშვას საერთაშორისო მისიები. რეალურად, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ საერთაშორისო მექანიზმების შექმნას გულისხმობს. ევროკავშირის მონიტორების დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულებაც ითვალისწინებს, თუმცა რუსები, მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, არღვევენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და მათ ტერიტორიებზე დაშვებას არ აპირებენ. დღესდღეობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს საერთაშორისო წარმომადგენლობა - იქნება ეს სამხედრო, საპოლიციო მონიტორინგი თუ სხვა. ამ სიტუაციის მოსაგვარებლად კი ადრესატი სწორედ გადაწყვეტილების მიმღები - რუსეთი შეიძლება იყოს. და არავინ სხვა.
საოკუპაციო რეჟიმების მხარეებად გამოცხადება ფაქტობრივად ჟენევის ფორმატის გაუქმებასაც ნიშნავს იმ სახით, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ ამუშავდა და ამ კონფლიქტის ისტორიაში არსებულთაგან ყველაზე ხელსაყრელი ფორმატია. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარედ აღიარება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე აცხადებს ტაბულასთან საუბარში, წარსულში დაბრუნებას ნიშნავს - იმ დროში, როდესაც რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემად კი არა, პრობლემის გასაღებად განიხილებოდა.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების შემოთავაზებული საგარეო პოლიტიკური სტრატეგია საქართველოსთვის იმ კოზირების წართმევას გულისხმობს, რომელიც მას დღეს აქვს - როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე დეოკუპაციის მიმართულებით.
![]() |
4 წინასაარჩევნო პოლარიზაცია საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთებას იწვევს |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ავთო ქორიძე
საქართველოში საარჩევნო გარემოს დასახასიათებლად საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად იყენებენ ტერმინს - პოლარიზაცია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც 3 სექტემბერს გამოქვეყნდა, მთავარი ყურადღება სწორედ პოლარიზაციას ეთმობა.
პოლარიზაციის მთავარ გამომწვევ მიზეზად NDI-ის ანგარიშში ორი პოლიტიკური ძალის მკვეთრი რიტორიკაა დასახელებული. ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს საფრთხის შემცველად წარმოაჩენენ: ქართული ოცნება ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიის შემაფერხებელი ძალაა, ნაციონალური მოძრაობა კი ქართულ ოცნებას საქართველოს სუვერენიტეტისთვის მთავარ საფრთხედ ხედავს. პოლარიზაციის ასეთი დონის პირობებში, სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება მცირე პარტიებისთვის, რომელთაც ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით ნაკლები რესურსები აქვთ.
პოლიტიკური პოლარიზაცია თავისთავად უარყოფით მოვლენას არ წარმოადგენს, აშშ-ის შიდა პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, უფრო პოლარიზებულია, ვიდრე ქართული. თუმცა საქართველოში პოლარიზაციას ხშირად ფიზიკური დაპირისპირება და კანონისთვის გვერდის ავლით უპირატესობის მიღების მცდელობა მოჰყვება. დამკვირვებლების თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არა უბრალოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ ერთმანეთის მტრები არიან.
ფიზიკური დაპირისპირებების შესახებ საუბარია NDI-ის ანგარიშშიც. დამკვირვებლები აღნიშნავენ - მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების აქციებმა დიდ ქალაქებში მშვიდობიანად ჩაიარა, მაინც არსებობს ძალადობის ცალკეული შემთხვევები. ამის მაგალითად მოყვანილია კარალეთის და მერეთის ფაქტები, როცა დამკვირვებლებმა ვერ შეძლეს დაედგინათ, თუ ვინ მოახერხა კონფლიქტის ინიცირება.
NDI-ის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფოს - აუდიტის სამსახურის, უწყებათაშორისი კომისიის და ცესკო-ს - მოქმედებებზე. აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან კომუნიკაცია ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, თუმცა დამკვირვებლებისთვის ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებებს იმეორებენ, რომელთა მიხედვითაც აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებები დამსჯელი და არაპროპორციული ხასიათისაა. ამ მხრივ, ანგარიშში კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაა მოყვანილი.
კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ცნობილი საქმე, რომელიც ანგარიშში მოხვდა, ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი პარტიების ანგარიშებისთვის უკანონო შემოწირულობებისთვის ინკასოს დადებაა. დამკვირვებლების მიხედვით, ერთი მხრივ, გაუგებარი იყო, თუ რა ფორმულა გამოიყენა აღსრულების სააგენტომ ინკასოს დადებისას, მეორე მხრივ კი, არ დადასტურდა ქართული ოცნების ბრალდება, რომ ყველა პარტიული ანგარიში გაყინული იყო. დამკვირვებლები ხაზს უსვამენ, რომ კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხს განსაკუთრებით ართულებს ქართული ოცნების მხრიდან, კოალიციის შეფასებით, „უკანონო“ ჯარიმების გადაუხდელობა.
დამკვირვებლების თქმით, სახელმწიფოს სხვა მექანიზმები, ცესკო და უწყებათაშორისი კომისია საზოგადოებაში დადებითი შეფასებით სარგებლობენ. თუმცა NDI-მ გააჟღერა არასამთავრობო ორგანიზაციების წუხილი ცესკო-ს მიერ ქართული ოცნებისთვის საარჩევნო ნომრის, 41-ის მინიჭებაზე. დამკვირვებლების შეფასებით, ცესკო-მ კანონის ვიწრო ინტერპრეტაცია გააკეთა, თუმცა კანონმდებლობა არ დაურღვევია. ამასთან, ქართულმა ოცნებამ არ მიიღო ადეკვატური ზომები მომხდარის თავიდან ასაცილებლად: ნომერი 7-ის მოსაპოვებლად კოალიცია ჯერ მხოლოდ წინა არჩევნებზე მონაწილე პარტიების შემადგენლობით უნდა დარეგისტრირებულიყო, შემდეგ კი კოალიციას შეერთებოდა სხვა ახალი პარტიები. ამასთან, ქართულმა ოცნებამ არ გაასაჩივრა ცესკო-ს გადაწყვეტილება.
ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ბრალდებაზეც. იქ მითითებულია, რომ უწყებათაშორისი კომისია უმრავლეს შემთხვევებში ადეკვატურად რეაგირებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ბრალდებებზე, თუმცა მოყვანილია სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის კრიტიკა რეაქციის სისწრაფეზე. გარდა ამისა, დამკვირვებლები ახსენებენ საზოგადოებაში არსებულ გაურკვევლობას, თუ რა წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას. არსებობს ბრალდებები, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ შენობებსა თუ მანქანებს იყენებს, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი მთავრობის მხრიდან უკანასკნელ წლებში ხიდების და გზების მშენებლობას, ასევე სოციალურ პროგრამებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად თვლის.
კიდევ ერთი საინტერესო საკითხი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის ამომრჩეველთა სიებია. სადამკვირვებლო მისია დადებითად აფასებს ამომრჩეველთა სიის დაზუსტების კომისიის შექმნას. ანგარიშში მოხვდა ოპოზიციური პარტიების შენიშვნები სიებში ერთ ადგილზე ბევრი ამომრჩევლის დარეგისტრირებასა და სპეციალურ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით.
ანგარიში დადებითად შეაფასა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა. მისი თქმით, იქ სახელმწიფო უწყებების წარმატებული მუშაობა ხაზგასმით არის აღნიშნული და ოპოზიციისგან მომდინარე ბრალდებების უმრავლესობა დაუსაბუთებელია. ამასთან, მისი სიტყვებით, სახელმწიფოს რეაგირება ექნება ყველა იმ ხარვეზზე, რომელიც ანგარიშშია ნახსენები.
![]() |
5 61%25 თვლის, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, 30%25 ამ მოსაზრებას არ იზიარებს |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ავთო ქორიძე
მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხები სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობაა. უმრავლესობის აზრით, 2008 წლის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა პენსიების, განათლების და კორუფციის მხრივ. ყველაზე მეტად გაუარესება შეინიშნება რუსეთთან ურთიერთობასა და ინფლაციაში. მოსახლეობის 51%25 ამბობს, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა 2008 წლის შემდეგ არ შეცვლილა, 23%25-ის შეფასებით გაუმჯობესდა, 24%25-ის კი - გაუარესდა.
წინა კვლევასთან შედარებით იმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო დემოკრატიაა. თუ წინა კვლევაში ამ წინადადებას 38%25 ეთანხმებოდა, ახლა ასეთი ადამიანების რაოდენობა 42%25-ია. 40%25-ის აზრით, საქართველო დემოკრატია არ არის. წინა კვლევასთან შედარებით, ეს მონაცემი ცდომილების ზღვრის ფარგლებში შეიცვალა, 43%25-დან 40%25-მდე ჩამოვიდა.
გამოკითხულთა 54%25 თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, მონაცემი წინა კვლევასთან შედარებით არ შეცვლილა. ასევე უცვლელია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.
მოსახლეობის 61%25 თვლის, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, 30%25 ამ მოსაზრებას არ იზიარებს. წინა კვლევასთან შედარებით, ამ მხრივაც არ არის ცვლილებები.
რაც შეეხება ივლისში მომხდარ წყალდიდობას კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში, 65%25 მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარება ადეკვატური იყო, 17%25-ის აზრით - არა.
განსაკუთრებით საინტერესოა მოსახლეობის ინფორმირებულობა და მათი შეფასებები პარტიების პროგრამების თაობაზე.
კვლევის მიხედვით, მერაბიშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებას ეთანხმება გამოკითხულთა 63%25, ხოლო არ ეთანხმება - 16%25. რაც შეეხება მერაბიშვილის მიერ წარდგენილ მთავრობის 4-წლიან გეგმას, მის შესახებ 47%25-მა იცის, 46%25-მა კი - არა.
ამ გეგმის მცოდნეთა 26%25-სთვის მასში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი 1000-ლარიანი ვაუჩერია, 20%25-სთვის სამუშაო ადგილები, 19%25-სთვის კი - სოფლის მეურნეობა. ტერიტორიულ მთლიანობას ყველაზე მნიშვნელოვნად 6%25 მიიჩნევს, სიღარიბეს - 4%25, სიტყვის თავისუფლებასა და რუსეთთან ურთიერთობას - 1%25. გეგმას მხარს უჭერს მცოდნეთა 85%25, არ უჭერს - 9%25.
გამოკითხულთა 75%25-მა იცის დასაქმების სამინისტროს დაარსების შესახებ, 68%25 მის დაარსებას ეთანხმება. 48%25-ის აზრით, ეს გააუმჯობესებს დასაქმების მდგომარეობას საქართველოში.
ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო გეგმის შესახებ მოსახლეობის 22%25-მა იცის, 66%25 კი ინფორმაციას არ ფლობს. მცოდნეთაგან გეგმას მხარს უჭერს 82%25, არ უჭერს - 11%25. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევა ვანო მერაბიშვილის პრემიერმინისტრის კანდიდატად დასახელებამდე ჩატარდა.
ივანიშვილის გეგმაში ყველაზე მნიშვნელოვნად მოსახლეობის ის 22%25, რომელიც პროგრამაზე ინფორმაცია ფლობდა, სამუშაო ადგილებს, სოფლის მეურნეობას და სიღარიბის დაძლევას ასახელებს.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდების შემთხვევაში აქციაზე გამოსვლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად, 27%25-დან 16%25-მდე დაეცა. ამასთან, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქუჩაში არ გამოვიდოდნენ - 53%25-დან 62%25-მდე.
წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გახმაურებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. გამოკითხულთა 73%25-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი გლობალ TV-სთან დაკავშირებულ საქმეზე 74 მილიონი ლარით დაჯარიმდა. სახელმწიფო აუდიტის ამ ქმედებას აღნიშნულ საქმეზე ინფორმაციის მქონეთა 16%25 ეთანხმება, 41%25 კი - არა. განსაკუთრებით მაღალია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ამ საკითხზე აზრი არ აქვთ ჩამოყალიბებული - 39%25. ასევე, 67%25-ს აქვს ინფორმაცია პროკურატურის მიერ მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღების შესახებ. ამ ქმედებას ეთანხმება იმ ადამიანების 14%25, ვინც აღნიშნულზე ინფორმაციას ფლობდა, 44%25 კი არ იზიარებს აუდიტის სამსახურის ქმედებებს. 36%25-ს მაესტროს საქმესთან დაკავშირებით მოსაზრება არ გააჩნია.
ხშირია ბრალდებები სახელმწიფოს და მმართველი პარტიის მიმართ, რომ ხდება პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ადამიანთა სამსახურიდან გათავისუფლება. მოსახლეობის 74%25 არ იცნობს ისეთ ადამიანს, რომელიც პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს, 14%25 კი ამბობს, რომ ასეთ ადამიანს იცნობს.
ტრადიციულად, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა მოსახლეობის შეხედულება საგარეო საკითხებზე. მოსახლეობის 48%25 თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, 30%25 იზიარებს პოზიციას, რომ რუსეთი საფრთხეა, თუმცა ამბობს, რომ ეს საფრთხე გადაჭარბებულია. 9%25-ის თქმით, რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში 4%25-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთს რეალურ საფრთხედ აღიქვამენ. დანარჩენი ორ პასუხის შემთხვევაში ცვლილება ცდომილების ზღვარში შედიოდა.
მოსახლეობის 89%25 უკმაყოფილოა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით, ეს მონაცემი წინა კვლევასთან შედარებით არ შეცვლილა. კვლავ მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს ევროკავშირსა (68%25) და NATO-ში (62%25) ინტეგრაცია. მოსახლეობის აზრი წინა კვლევის შემდეგ არც ამ შემთხვევაში შეცვლილა.
საინტერესოა თუ როგორ შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება მედიის მიმართ ე.წ. Must Carry-ის წესების შემოღების შემდეგ. მოსახლეობის 41%25 ფლობს ინფორმაციას ამ წესების შემოღების შესახებ, მათგან 46%25 ეთანხმება ამ ინიციატივას, 6%25 - არა, 44%25-ს კი მოსაზრება არ აქვს. ამასთან, 47%25 თვლის, რომ Must Carry არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს, 44%25-ს ამის შესახებ აზრი არ გააჩნია.
მოსახლეობის უმრავლესობისთვის, 88%25 ინფორმაციის პირველადი წყარო კვლავ ტელევიზიაა. ინტერნეტი პირველწყარო მხოლოდ მოსახლეობის 5%25-სთვისაა. მოსახლეობის 54%25 სატელევიზიო სიგნალს ანტენის საშუალებით იღებს, 27%25 - სატელიტური თეფშის, 23%25 კი - საკაბელოთი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი სიგნალს ორი ან მეტი წყაროდან იღებს. ანტენითა და საკაბელოთი სიგნალს მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქებსა და თბილისში იღებს, სოფლებში სიგნალის მიღების მთავარი საშუალება ანტენა (63%25) და სატელიტური თეფშია (40%25).
მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ რუსთავი 2-ზე (89%25), იმედზე (85%25) და პირველ არხზე (58%25) ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. ამ არხებზე მაყურებელთა რაოდენობა არ შეცვლილა. კავკასიას, მაესტროს და მეცხრე არხს მოსახლეობის შესაბამისად 20%25, 23%25 და 12%25 უყურებს. ამასთან, Must Carry-ის ძალაში შესვლის მიუხედავად, არ შეცვლილა კავკასიისა და მაესტროს მაყურებელთა რაოდენობა, მეცხრე არხის მაყურებლების რიცხვი კი 5%25-დან 12%25-მდე გაიზრდა.
არ შეცვლილა მოსახლეობის აზრი მედიის მიკერძოებულობასთან დაკავშირებითაც: რუსთავი 2, იმედი და პირველი არხი კვლავ აღიქმება პროსახელისუფლებოდ, მაესტრო, კავკასია და მეცხრე არხი კი - პროოპოზიციურად. თუმცა განსაკუთრებით მაღალია (69%25) იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც არ იციან, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს მეცხრე არხი.
მოსახლეობის 54%25 თვლის, რომ საკმარის ინფორმაციას იღებს მათთვის საინტერესო პარტიის შესახებ, 23%25 კი - ვერ იღებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ 31ივლის-12 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში 2038 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 3%25-ია.
![]() |
6 ხატია დეკანოიძე: სკოლას ფასი დაედო |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ესაუბრა ნინო მაჭარაშვილი
ორი თვეა, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა. მომავალი წლიდან სამინისტრო ახალი საგამოცდო სისტემის, 8+1-ის დანერგვას აპირებს. ახალი ტიპის გამოცდებისთვის სამზადისზე, სწავლის ხარისხზე, განათლების სისტემის პრიორიტეტებსა და რეფორმასთან დაკავშირებულ ზოგად ხედვებზე, ტაბულა განათლების ახალ მინისტრს, ხატია დეკანოიძეს ესაუბრა.
თქვენი მინისტრობის პირველ პერიოდს დაემთხვა ისეთი მასშტაბური მოვლენა, როგორიცაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. მინისტრობასთან ერთად გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასაც ითავსებთ. რა სირთულეებს წააწყდით? ახლა, როდესაც გამოცდები დასრულდა, ეყოლება თუ არა გამოცდების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი?
გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობასთან შეხება მხოლოდ მინისტრის რანგში არ მქონია. მოგეხსენებათ, სამინისტროს ხელმძღვანელობამდე, ეროვნული ცენტრის დირექტორი ვიყავი - დავინიშნე საკმაოდ ცხელ პერიოდში, გამოცდები კარზე იყო მომდგარი. მთელ წინასაგამოცდო სამზადისთან მქონდა შეხება. ასე რომ, მინისტრის რანგში ჩემთვის ეს უცხო არ ყოფილა. პირიქით, დღესაც აქტიურად ვარ ჩაბმული გამოცდების ცენტრის მუშაობაში. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა ყოველგვარი ტექნიკური თუ ლოგისტიკური პრობლემის გარეშე. კარგად ჩატარდა მასწავლებლების სერტიფიცირების გამოცდებიც.
რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, გამოცდების ცენტრს ჯერჯერობით ძალიან ბევრი საქმე აქვს: დაგეგმილია 8+1 სისტემის შემოტანა, სწავლის დაწყების პირველივე დღეებში ვაპირებთ, აქტიურად ჩავებათ ამ სტრატეგიის ადგილზე გაცნობაში მე-12 კლასელებისთვის. ამიტომ, უახლოესი პერიოდის მანძილზე, ალბათ კვლავ მექნება პატივი, უშუალოდ ვიყო პასუხისმგებელი გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობაზე.
თავად ცენტრი გამართულად ფუნქციონირებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამოცდების პერიოდში მონაწილეობა მიიღო ამ საქმიანობაში - ძალიან შრომატევადი იყო.
დასრულდა თუ არა ახალ საგამოცდო 8+1 სტრატეგიაზე მუშაობა? ცნობილი იყო, რომ ახალი სტრატეგია აგვისტოს ბოლოს მზად უნდა ყოფილიყო. როდის გახდება ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი?
სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. 8+1 სისტემით ადამიანთა ბევრი ჯგუფია დაინტერესებული: განათლების სფეროში ჩართულია მშობელი, ბავშვი, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, უმაღლესი სასწავლებლები. არცერთი დაინტერესებული პირის კითხვა უპასუხოდ არ დაგვიტოვებია.
მინდა, 8+1 უშუალოდ გავაცნო აბიტურიენტებს. მინისტრობის მთელი ეს პერიოდი მასწავლებლებს ვხვდები, ვესაუბრები 8+1 მოდელზე. ბევრი იდეა წამოვიდა თავად პედაგოგებისგან. ეს ადამიანები უშუალოდ არიან ჩართული პროცესში, ამიტომ მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
როგორც გამოვაცხადეთ, ნოემბრის ბოლოს ვაპირებთ, გავაკეთოთ იმ აბიტურიენტების რეგისტრაცია, რომელთაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ან კონკურსში ქულები არ ეყოთ. ვფიქრობთ, იანვრისთვის თავიანთი შედეგის გაუმჯობესება შეეძლებათ. 8+1-ის მთავარი იდეა სწორედ ისაა, რომ ბავშვმა შედეგის გაუმჯობესება შეძლოს და არ ელოდოს მეორე ზაფხულს. გვინდა, სისტემა შევცვალოთ - გამოცდები არ იყოს ერთ თვეზე მიბმული და იყოს მუდმივი.
ახალი სისტემის მთავარი იდეაა ისიც, რომ ბავშვებმა გამოცდები სკოლებში ჩააბარონ - საკლასო ოთახებში, კომპიუტერებთან - ახლა ყველა სკოლა იძლევა ამის საშუალებას. ჩვეულ გარემოში გამოცდების ჩაბარება მათთვის უკეთესი იქნება. რასაკვირველია, უნდა გავმიჯნოთ გარემოს კეთილგანწყობა და ლმობიერება ცოდნის მიმართ. ეს უკანასკნელი არ შეიძლება, მაგრამ კეთილგანწყობა და ბავშვისთვის ნაცნობი სიტუაცია სასურველია.
ტესტების აპრობაციები როდის დაიწყება?
ტესტები უკვე იწერება. გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისვლიდან, შესაბამის ადამიანებს ტესტებზე მუშაობის მითითება აქვთ და წერენ. ტესტის რამდენიმე ვარიანტის ნაცვლად, გვინდა, ბევრი ვარიანტი გვქონდეს, რაც შრომატევადი პროცესია.
აპრობაციები აუცილებლად დამთავრდება მანამ, სანამ მორჩება საბოლოო რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტესტი გამართული ვერ იქნება. ვთვლით, რომ მომავალი წლის დასაწყისისთვის უკვე მზად ვიქნებით, გამოცდების ეს რევოლუციური მოდელი ავამოქმედოთ.
თუ არის შესაძლებელი ამ სტრატეგიის დეტალებზე საუბარი - რომ აღვწეროთ 8+1 მოდელი. მაგალითად, საინტერესოა, საატესტატო გამოცდების დროს იქნება შეჯიბრებითობის პრინციპი თუ უბრალოდ ბარიერი, რომლის გადალახვაც მოუწევს მოსწავლეს?
შემიძლია საიდუმლო გავამჟღავნო, თუმცა ეს უკვე ბევრმა პედაგოგმა იცის: დაწესდება ატესტატის ასაღები ბარიერი. კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით, რადგან ტესტები მთლიანად შეიცვლება და ექსპერტების გადასაწყვეტია, რომელ საგანს რა კოეფიციენტი მიენიჭება. ბარიერის გადალახვის შემდეგ ბავშვი აიღებს ატესტატს, შემდეგ კი შეუძლია, გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა უმაღლესში ჩასაბარებლად.
რაც შეეხება უმაღლესში მოსახევრად თითოეული საგნის ბარიერს, ჩვენ მივეცით თავისუფლება უმაღლესებს და ახლა მათ ვესაუბრებით. ვფიქრობთ, რომ ყველაზე სამართლიანი შეჯიბრებითობის პრინციპია, მაგრამ უნივერსიტეტებთან შეთანხმებით. მათი გადასაწყვეტია, რა ცოდნის და ხარისხის სტუდენტი სჭირდებათ სხვადასხვა ფაკულტეტზე. ვფიქრობთ, უკვე მე-12 კლასელებთან შეხვედრისას გვექნება იმ ბარიერების ნუსხა, რომელიც შეიძლება იყოს 8+1 მოდელზე.
8+1 კარგი მოდელია იმისთვის, რომ ბავშვი კიდევ უფრო დაბრუნდეს სკოლაში - ზოგადი განათლება ყველა ბავშვის უფლებაა. ზოგად განათლებაში ვგულისხმობთ, რომ ყველა ის საგანი, რომელიც ისწავლება სკოლაში, ბავშვმა უნდა აითვისოს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს, როდესაც საატესტატო გამოცდების გარდა, აბიტურიენტებს კიდევ ოთხი გამოცდის ჩაბარება უწევდათ და ამისთვის ბევრი მათგანი რეპეტიტორთან დადიოდა, გამოდიოდა, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იყო უმაღლესში ჩასაბარებლად. რა გაძლევთ იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სკოლის საატესტატო გამოცდებით უმაღლესში მოხვედრის სტანდარტი არ დაიწევს?
ეს ტესტების მოვალეობაა: პროფესიონალურად შედგენილი ტესტები იძლევა გარანტიას, რომ ბავშვის ცოდნა ობიექტურად შეფასდება.
მე არ ვთვლი, რომ ეს სტანდარტს დაწევს. პირიქით, როდესაც ბავშვი იქნება ორიენტირებული სწავლაზე და ეცოდინება, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით შეეძლება აიღოს ატესტატი და მოხვდეს უნივერსიტეტში, ეს დაეხმარება გადაწყვეტილებაში, რომ სკოლაში კარგად უნდა ისწავლოს.
გარდა ამისა, ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. გვინდა შემოვიღოთ ცენტრალიზებული სასკოლო წერები - მეტი საკონტროლოები თუ სასკოლო წერები დაწერონ ბავშვებმა, მეტად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ოლიმპიადებში. ვინც ამ ყველაფერს წარმატებით გაართმევს თავს, შეგვიძლია წავახალისოთ, თუნდაც რაღაც კოეფიციენტით შევუმსუბუქოთ გამოცდები.
ეს მოიტანს თანმიმდევრულ ცოდნას - პირველიდან მე-12 კლასამდე და არა მხოლოდ ბოლო ორი წელი გამოცდებისთვის. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა ავამაღლოთ ზოგადი განათლების ხარისხი.
რაც შეეხება ხარისხს: განათლების სამინისტრო ხშირად აცხადებს, რომ სკოლაში სწავლის ხარისხი ამაღლდა - რით შეგიძლიათ ამის დადასტურება?
მარტივად გეტყვით - ჯერ კიდევ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, აღფრთოვანებული ვიყავი, რომ მან მოახერხა, ბავშვი დაებრუნებინა სკოლაში. სკოლას ფასი დაედო.
მნიშვნელოვანია, ბავშვმა იაროს სკოლაში. ესაა ადგილი, სადაც ხდება ცოდნის აკუმულირება. მიმაჩნია, რომ, მაგალითად, არასაპატიო მიზეზით გაცდენა, ზოგადი განათლების მიღებას შეუშლის ხელს.
ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია მასწავლებელი. სერტიფიცირებული და კვალიფიცირებული მასწავლებელი თავისთავად ნიშნავს ზოგადი განათლების კარგ ხარისხს. სერტიფიცირების რამდენიმე ტალღა იყო იმისთვის, რომ მუდმივად ხდებოდეს მასწავლებლის პროფესიული ზრდა.
ვფიქრობ, მასწავლებელთა ტრენინგი უნდა იყოს არა მხოლოდ სერტიფიცირების, არამედ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. კვალიფიკაციის ამაღლება გამოიწვევს სწავლის ხარისხის გაზრდას. ამიტომ ვგეგმავთ ფართომასშტაბიან ტრენინგს, რომელშიც პრაქტიკულად მთელი საქართველო ჩაერთვება. სწავლის დაწყებისთანავე ყველა სკოლაში დარიგდება კითხვარები, სადაც მასწავლებლები ჩაწერენ, რა სახის ტრენინგი სჭირდებათ. შემდეგ შევაჯერებთ ამ მოსაზრებებს და ყველაფერს დავგეგმავთ. ეს საშუალებას მოგვცემს, სამინისტროსა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია უფრო ინტერაქტიული გახდეს.
რა ბედი ეწევათ ადამიანებს, რომლებსაც ატესტატი წინა წლებში აქვთ აღებული, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას კი ახლა გეგმავენ?
იმ პირებს, რომლებსაც სასკოლო ატესტატი უკვე აქვთ, უმაღლესში ჩასაბარებლად საატესტატო გამოცდებზე გასვლა აღარ მოუწევთ.
ამ კუთხით ჩემი მიდგომა ლიბერალურია. ვფიქრობ, არავითარი შეზღუდვა არ უნდა იყოს. ტესტები შეიძლება ჩაბარდეს რამდენჯერმე და თუ ადამიანს არ მოსწონს თავისი შედეგი, შეუძლია გააუმჯობესოს. მათ, ვინც დაამთავრა შარშან, შარშანწინ ან წელს კონკურსის გამო ვერ მოხვდნენ უმაღლესში, შეუძლიათ გაიუმჯობესონ ქულები.
თუმცა, უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება ერთხელ, ამიტომ მათი ქულები დაითვლება ზაფხულში, როდესაც ჩატარდება და დაგეგმილი იქნება 8+1.
მასწავლებლების თემაც რომ ამოვწუროთ, სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ორნახევარჯერ, 8000-მდე გაიზარდა. რამ გამოიწვია ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა? გამოცდების გამარტივებამ ხომ არა? ლოზუნგმა „კომფორტი უნდა შევუქმნათ მასწავლებლებს” თავის დროზე გააჩინა ეჭვი, რომ იგეგმებოდა მათთვის ტესტების გამარტივება.
ტესტები ვერ გამარტივდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უკვე შედგენილი იყო, როდესაც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორად მივედი. მე, ბევრი მასწავლებლის მსგავსად, შენიშვნები მაქვს ამ ტესტებთან, მაგრამ ეს უკვე წარსულია, მომავალზე ვიყოთ ორიენტირებულნი.
რაც შეეხება მეტი კომფორტის შექმნას მასწავლებლებისთვის, მასწავლებლის სახლი იყო პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე და მომსწრე ვარ, რა ენთუზიაზმი იყო მასში ჩადებული. ვგეგმავთ, რომ თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში იყოს მასწავლებლის სახლი და პედაგოგებს ერთი რაიონიდან მეორეში არ მოუწიოთ სიარული.
ვიმეორებ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ცოდნის მიმართ უნდა ვიყოთ ლმობიერები. მაგრამ პედაგოგს უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც ცოდნის გაღრმავება შესაძლებელია.
უფრო ზოგადად რომ ვისაუბროთ განათლების სისტემაზე: საქართველოს სამთავრობო პროგრამაში „მეტი სარგებელი ხალხს“ ნათქვამია, რომ განათლების დაფინანსება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 4 მილიარდს შეადგენს. ამ პირობებში, რა იქნება თქვენი პრიორიტეტი და როგორ გადანაწილდება გაზრდილი დაფინანსება?
ჩემი პრიორიტეტია უფრო მაღალი დონის ზოგადი განათლება, მეტად დაფასებული მასწავლებელი და ყველა სკოლის რეაბილიტაცია. ჯერაც არის სკოლები, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც სასწრაფო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებენ. მათი რეაბილიტირების გეგმა უკვე გვაქვს. ასევე, გვინდა გავზარდოთ სერტიფიცირებული მასწავლებლების საშუალო ხელფასი, შევიტანოთ ლაბორატორიები ყველა სკოლაში, შევიყვანოთ ოპტიკური ინტერნეტი.
საინტერესოა სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხი. რა შეგიძლიათ თქვათ შედეგებზე, რაც გრიფის მინიჭების გამკაცრებული წესსა და ფასის ზედა ზღვარის (10 ლარის) დაწესებას მოჰყვა? ხომ არ დააზარალა ამან გამომცემლობები, რომელთაც წიგნის ფასს არა ბაზარი, არამედ სახელმწიფო უწესებს? როგორია თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით?
პირიქით, ფასის დარეგულირებამ და იმან, რომ ყველა სკოლამ იცის, რა წიგნებით ისწავლიან ბავშვები, შვილისთვის განათლების მიცემის შესაძლებლობა გაუჩინა მშობელს, რომელსაც ხშირად ძვირადღირებული სახელმძღვანელოების ყიდვა არ შეეძლო.
ვერ კონტროლდებოდა ფასი, თუ რა წიგნები იყიდებოდა შავ ბაზარზე. ბავშვის სკოლაში მისვლამდე მშობლებმა არ იცოდნენ, რა წიგნები დასჭირდებოდათ. ახლა ეს ღიაა, წიგნები ყველა სკოლას არჩეული აქვს.
მათი გრიფირება მოხდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით - ეს დიდი შეღავათი იყო მშობლებისთვის და ძალიან კარგი ზოგადი განათლებისთვის.
გასულ წლებში განათლების სამინისტროს მისამართით გარკვეული პრეტენზიები დაგროვდა. ძირითადად, ეს სისტემის ცენტრალიზებასა და განათლების სისტემაში სახელმწიფოს მზარდ ჩარევას ეხება. ამის მაგალითად გამოდგება ზემოთ ნახსენები გრიფირების წესი. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ რეგენტთა საბჭოს არსებობა, რის გამოც უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას ბევრი ფასადურად მიიჩნევს. თუნდაც პრივილეგირებული ფაკულტეტების არსებობა, სკოლების ბრენდირება და სხვა. როგორია თქვენი ხედვა განათლების რეფორმის მომავალთან დაკავშირებით - ის დეცენტრალიზებისკენ უნდა წავიდეს, თუ პირიქით?
არ ვიცი, რატომ ითვლება ცენტრალიზებად გრიფირება, როცა მოვახერხეთ და სახელმძღვანელოები ეროვნულ სასწავლო გეგმას შევუსაბამეთ.
რაც შეეხება ჩემს ხედვას, ავიღოთ სკოლა, სადაც დირექტორს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება... როდესაც ეს ადამიანები იქნებიან აბსოლუტურად ჩამოყალიბებულნი, გავლილი ექნებათ ფინანსური, სამართლებრივი ტრენინგი, რომელიც დაწყებულია და გაგრძელებას ვგეგმავთ, დირექტორი გაატარებს იმ ძირითად მიმართულებებს, რასაც მისი სკოლისთვის სწორად მიიჩნევს. თუმცა, ამას გარდა, არსებობს წესები, მაგალითად, სკოლის შინაგანაწესი, მინისტრის ბრძანება თუ ნორმატიული აქტები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.
ვფიქრობ, დირექტორი უნდა იყოს ადამიანი, ვინც სკოლაში გადაწყვეტს საკადრო რეფორმას, მან ყველაზე კარგად იცის რომელ კლასში რა ხდება.
საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: საჯარო სკოლებს განათლების სამინისტროსთან კოორდინაცია და მისი ნებართვა მოეთხოვებათ, როგორც მედიასთან ურთიერთობის დროს, ასევე მაშინ, თუ ლექციის, სემინარის თუ ტრენინგის ჩატარება სურთ. სკოლა დამოუკიდებელი იურიდიული პირია - რატომ არ უნდა ჰქონდეს მას მსგავსი საკითხების თავად გადაწყვეტის უფლება?
არ ვიცი, რამდენად ხდება ეს. საქართველოში 2000-ზე მეტი სკოლაა - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თითოეული მათგანის დირექტორი რეკავს ჩვენთან და გვეკითხება რამეს, თუნდაც პრესასთან ურთიერთობას? პირიქით, შეხვედრებისას ვცდილობ, წავახალისო პედაგოგები, რომ ბევრი ლექცია-სემინარი ჩაატარონ, ოღონდ ეს უნდა იყოს ზოგადი განათლების პრინციპებზე და სასწავლო გეგმაზე მორგებული.
რაც არ უნდა კარგი ცენტრალიზებული სისტემა იყოს, 2000 სკოლის ცენტრალიზებულად გაკონტროლება შეუძლებელია - რომც გვინდოდეს, გაგვიჭირდება. თუმცა კარგი დირექტორების, პედაგოგების, ადმინისტრაციის თანამშრომლების სანდოობა და პროფესიონალიზმი საშუალებას გვაძლევს, თუნდაც ნაწილობრივ, მათ მივანდოთ მართვის სადავეები, ყოველ შემთხვევაში, მე ასე წარმომიდგენია.
თუმცა, ვფიქრობ, დირექტორის და სხვების მთავარი მოვალეობაა, სასწავლო დაწესებულებაში იყოს წესრიგი, ბავშვებმა იარონ სკოლაში, ყველა სახელმძღვანელო შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ზოგადად, ყველა სკოლის ძირითადი მიზანი უნდა იყოს კარგი შედეგის მიღწევა. ჩემთვის მაინტერესებდა, რამდენი პედაგოგი გვყავს, რომელსაც არ გაუვლია სერტიფიცირება, მაგრამ კარგი შედეგი აქვს ეროვნულ გამოცდებზე. ბევრია ასეთი და მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ, მივიჩნევ, რომ პედაგოგის პროფესიონალიზმის ერთ-ერთი სერიოზული საზომი კლასში მისი შედეგია.
![]() |
7 ქლიავიანი ჩაი |
▲ზევით დაბრუნება |
ნოდარ ლადარია|სვეტი
„ინგლისის დედოფალი საუზმეზე მიირთმევს ქლიავიან ჩაის და ამბობს ორ სადღეგრძელოს“.
მიეწერება Real-TV-ს დილის გადაცემას.
«Завтрак английской королевы состоит из чая со сливками и двух тостов».
87%25 სიზუსტით მოდელირებული სავარაუდო ორიგინალი.
ამგვარი ეპიგრაფის შემდეგ ქართული „მედიასივრცის” მიმოხილვა არც არის საჭირო - ისედაც გასაგებია ყველაფერი. სხვათა შორის, არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინმე გესლიანად გონებამახვილი ოპოზიციონერის მოგონილია ეს ციტატა, თუ მართლაც ითქვა დილის ეთერში. რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ გონებამახვილი ოპოზიციონერები იშვიათობაა, არამედ იმიტომ, რომ ციტატა ზომაზე მეტად რეალისტურია...
მეტსაც ვიტყოდი: სინამდვილისადმი მიბაძვის, მისი იმიტირების მისწრაფება ბევრად უფრო დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით სინამდვილე, რომელსაც ზოგჯერ უარესიც წასცდება ხოლმე. ეპიგრაფად მოყვანილი სიტყვები პირადად არ მსმენია, მზად ვარ გამონაგონადაც მივიჩნიო, რადგან ამგვარად შემთხვევითობას გამოვრიცხავთ და პრობლემის არსს უშუალოდ ჩავწვდებით. გამონაგონი სინამდვილესავით ბრმა არ არის, ის მოთხოვნილების გამო და გამიზნულად იქმნება. აქ მოთხოვნილება სრულიად ცალსახაა: იდეურ მიმართულებას კი არ ვსაყვედურობთ, არამედ უვიცობას, ეს კი ნიშნავს, რომ ისეთი მედია გვწადია, რომელიც არ დაკმაყოფილდება ჩვენი სოციალური წყლულების გაღიზიანებით და რაღაც ახალს გაგვაგებინებს. სარკაზმის სამიზნეც არაა შემთხვევითი: ინტელექტუალური დონე, რომელზედაც მსგავსი ხუმრობები იბადება, მშვიდად ურიგდება მაესტროსა და მეცხრე არხს - სხვა თუ არაფერი, სრულყოფილად დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ადგილებიც შევსებული უნდა იყოს - აი, Real-TV-ს ფენომენს კი სულიერი დისკომფორტი შემოაქვს, რადგან აღმოჩნდება, რომ ამომრჩევლის სოციალური როლი ისეთ ადამიანებთან ერთიანობას გვიქადის, რომლებთანაც საერთო ძალიან ცოტა გვაქვს, ან სულაც არაფერი.
ქართული მედიის პოლიტიკური ასპექტი ძნელი გასაგებია საღად მოაზროვნე ადამიანისათვის. ჯერ მარტო ტერმინოლოგიის ათვისებაც ჭირს, რადგან ხან აბსურდულ სიტყვაშეთანხმებებს ვაწყდებით („თეფშების დაყადაღება“), ხან ონომასტიკურ რელიქტებს („ალისტრახო“), ხანაც აშკარად ნაკლულ გამოთქმებს („ანატომია“, რომელმაც სადღაც დაკარგა ზედსართავი „პათოლოგიური“). უეჭველი მხოლოდ ერთი რამ არის: საინფორმაციო ასპარეზზე გამოსული პოლიტიკური სუბიექტები და მათ სამსახურში ჩამდგარი მედია-რაინდები წელებზე ფეხს იდგამენ იმისათვის, რომ ოპონენტს რაც შეიძლება ადვილად გაეხსნას გზა ამომრჩევლის გულამდე. ამიტომაც ეს ასპექტი გამოვტოვოთ...
სერიოზულად კი პოლიტიკური პოლარიზაციის სიმწვავე არ არის თვით დაავადება, ის მხოლოდ სიმპტომია. რისი?
ჩემი ურთიერთობა ქართული მედიის იმ ნაწილთან, რომელსაც ერთნი „თავისუფალ ტელევიზიებს“ უწოდებენ, სხვანი კი „ჟოპო-ტივიებს“, სავსებით გამოიხატება ერთი სატელეფონო საუბრით. მაესტროში მიმიწვიეს (გადაცემის სათაურს ტაქტიანად გამოვტოვებ) და მთხოვეს მელაპარაკა სხვადასხვა წინასაარჩევნო კვლევის სანდოობაზე, საზოგადოების პოლიტიკურ აქტივობაზე, პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგებზე და ა.შ. მივუგე, რომ ამ საქმეში ჩახედული არა ვარ. პასუხი იყო: „არა უშავს, რამენაირად მაინც ხომ ხართ ჩახედული...“. თემის გასახსნელად საკმარისია.
უფრო საინტერესოა მეორე ნაწილი, კერძოდ, რუსთავი 2 და იმედი. ამათი შეფასება ბევრად უფრო სასიამოვნოა, რადგან გვიანდელი ანტიკურობის ხანაში გასეირნებისა და, შესაბამისად, ერუდიციით თავის გამოჩენის საშუალებას გვაძლევს: ოდესღაც ოფიციალურად აღიარებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ რომის იმპერიაში ადგილი იმით დაიმკვიდრა, რომ ქრისტიანობის სასტიკი მდევნელის, იმპერატორ დიოკლეტიანეს მოფიქრებული მმართველობის სისტემა აითვისა და მისი ინსტიტუტები გამოიყენა. ზუსტად ასე კიწმარიშვილისა და პატარკაციშვილის სახსრებითა და მარიფათით შექმნილი ტელევიზიები ლამის ინერციით განაგრძობენ არსებობას. ავტომატიზმამდე მიყვანილი უნარ-ჩვევების კომპლექსი პროფესიონალიზმად საღდება, ნამდვილი პროფესიონალიზმის ნაკლებობა კი რამდენიმე სუსტ წერტილში იჩენს თავს: ძირითადად, სხვა ქვეყნების ტელევიზიებიდან გადმოღებული „სეკონდ ჰენდ“ სიუჟეტები (ჩვეულებრივ, საქართველოს შესახებ და, უმეტესად, არჩევნებს შორის მშვიდ პერიოდებში), რომლებშიც საეთერო დროს მოყოლილის მოყოლით კლავენ, და ეგრეთ წოდებული „კულტურის“ გაშუქება, სადაც ვერ გამოიყენებ მაშველ ფრაზებს - „პრეზიდენტმა მოინახულა“, „გუგავამ განაცხადა“ და ა.შ. - და სადაც ცოტა ტვინის განძრევაც საჭიროა.
ბუნებრივია, რომ განახლებულ სინამდვილეს, თუ ის მართლაც განახლებულია, ვერ აღწერ შევარდნაძის ან ელცინის დროინდელი სწორხაზოვნებით. მანკიერია ასეთი სტრატეგია: მაყურებელი საბოლოოდ გადაეჩვევა უგულავასა და ზოდელავას შორის განსხვავების შემჩნევას.
სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო ტელეკომპანიების მაიმუნადაა ქცეული და იქ არსებული პროექტების მქრქალ ორეულებს ქმნის... ან იქნებ არც ქმნის... ერთხელაც გადავრთავ მაგ არხზე და თუ რამე გავიგე, შეგატყობინებთ...
აი, რუსულენოვანი არხი კი ცალკე საკითხია. არათუ საჭირო, აუცილებელიცაა, ოღონდ ეს უნდა იყოს ქართული არხი რუსულ ენაზე და მით უკეთესად მიაღწევს სასურველ მიზანს, რაც ნაკლებად შეეცდება აუხსნას რუსებს, რა ცუდ სახელმწიფოში ცხოვრობენ ისინი, და მეტი გულწრფელობით აჩვენებს, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო.
ასეთ პირობებში ცხადია, რომ მედიის პოლარიზაცია არის, ერთი მხრივ, პოლიტიკური კლასის განუვითარებლობის, მეორე მხრივ, საკუთარი პროფესიული ჩამორჩენილობის შედეგი. სწორედ ამ პირობებმა წარმოქმნა სოციალურ ქსელებში ტერმინი „შუაშისტი“. ეს არ არის უპოზიციო, მერყევი ან აპოლიტიკური სუბიექტი. „შუაშისტი“, უპირველეს ყოვლისა, ისაა, ვისაც ქართულ მედიაში გავრცელებული პარადიგმებით ეთაკილება აზრის გამოთქმა.
უბედურება კი ის არის, რომ ცუდი მედიაც ისევე ძლიერად მოქმედებს საზოგადოებაზე, როგორც კარგი: უბრალოდ, მისი მოქმედება იმით გამოიხატება, რომ ბრიყვები მეტყველებენ, გონიერნი კი დუმან, ხოლო იმით, რომ პოლიტიკური პოზიციის სრული და აქცენტირებული გამოხატვისათვის ინდივიდებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს მხოლოდ მაესტროსა და Real-TV-ს ენა რჩება, მთელი საქართველო წააგებს.
![]() |
8 მოგებულები და წაგებულები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ენერგეტიკული რევოლუცია
ელენე კვანჭილაშვილი
ექსპერტები წლების განმავლობაში დამაჯერებელი ტონით საუბრობდნენ იმაზე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მსოფლიოს ნავთობის მარაგი გაუთავდებოდა, რასაც სერიოზული ცვლილებები უნდა მოეტანა; ხოლო თუ ამ ახალ თამაშში ამერიკას გლობალური გავლენის შენარჩუნება სურდა, მწვანე ენერგიაზე უნდა ეფიქრა.
ამ რიტორიკას ეკონომისტმა მაიკ მანგერმა რამდენიმე წლის წინათ ასე უპასუხა: „ყველა იმ იდიოტობას შორის, რასაც ხალხი იჯერებს ხოლმე, ნავთობის პიკს უდავოდ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკუთვნის“.
როგორც ჩანს, მანგერი მართალი იყო და ნავთობის პიკი ჯერ არ დადგება - ფიქლის ნავთობისა და სხვა არაკონვენციური წყაროების წყალობით კი, პირიქით, შეიძლება უფრო მშვიდი, ენერგეტიკულად დივერსიფიცირებული და დაბალანსებული მსოფლიოც კი მივიღოთ.
ვინ დარჩება მოგებული?
კანადა - დაახლოებით სამი ტრილიონი ბარელი კონვენციური ნავთობით თავის კუპრის ქვიშებში და შეერთებული შტატები - დაახლოებით ტრილიონი ბარელი ფიქლის ნავთობით შეიძლება უახლოეს მომავალში მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის გიგანტებად ჩამოყალიბდნენ. უოლტერ რასელ მიდის შეფასებით, თითოეული ეს ქვეყანა ნავთობით უფრო მდიდარია, ვიდრე ერაყი, ირანი და საუდის არაბეთი ერთად აღებული.
გამოკვეთილ მოგებულებს შორის შეიძლება ასევე ვიხილოთ ისრაელიც. მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოს მიხედვით, რომელიც 93 ქვეყნის ორგანიზაციებს და კომპეტენტურ პირებს აერთიანებს, ისრაელს მოცულობით შეიძლება ფიქლის ნავთობის მესამე ყველაზე დიდი რეზერვი ჰქონდეს - დაახლოებით 250 მილიარდი ბარელი. ისრაელში ფიქლის ნავთობზე მომუშავე კომპანიებმა უკვე მიაგნეს დაახლოებით 5 მილიარდი ბარელის ოდენობის ნავთობს და დაახლოებით ტრილიონი კუბური ფუტის ოდენობის გაზს. ისრაელის გაზის ზღვისქვეშა რეზერვები დღეის მდგომარეობით 16 ტრილიონ კუბურ ფუტად არის შეფასებული. ამასთან, უკვე აღმოჩენილს ახალი პოტენციური რეზერვებიც სულ უფრო სწრაფად ემატება.
კიდევ ერთი მოგებული, თუმცა ბევრად ნაკლები მასშტაბით, ჩინეთიცაა. ფიქლის ნავთობის რეზერვებით ეს ქვეყანა მსოფლიოში მეორეა ამერიკის შემდეგ და აშშ-ის რეზერვების ნახევარს ფლობს. რასელ მიდის შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკამ თუ ზრდის ტემპი შეინარჩუნა, მაშინ ფიქლის ნავთობის მარაგი მისი მხრიდან ენერგიის იმპორტს კი შეამცირებს, მაგრამ მთელ მოთხოვნას მაინც ვერ დააკმაყოფილებს. მაშინ, როცა კანადამ, ახალი ტექნოლოგიების დამუშავებით, შეიძლება მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლოს, ისრაელმა კი - მესამეზე.
ვინ დარჩება წაგებული?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო ადვილია, ვიდრე მოგებულების შემთხვევაში. ახალ ენერგეტიკულ თამაშში აშკარა წაგებულები გამოდიან რუსეთი და სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარი ქვეყნები. თუმცა ეს ორი სხვადასხვა ტიპის წაგებაა. სპარსეთის ყურის ქვეყნების შემთხვევაში, ნავთობის ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას დიდი ეკონომიკური გავლენა არ ექნება, რადგან მათ მსოფლიოს უიაფესი ნავთობი ერგოთ, მისი დამუშავება და წარმოება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე არაკონვენციური გზით მიღებული ნავთობის, ამიტომ მათი ნავთობის ველები ამ ქვეყნებს მოგებას ყოველთვის მოუტანს.
რაც შეეხება რუსეთს, ის გაცილებით დიდი დარტყმის ქვეშ მოყვება: მისი ნავთობის და გაზის წარმოება უფრო ძვირია, ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქვეყნის მოგება შემცირდება. თუმცა ეკონომიკურზე მეტად, ნავთობის არაკონვენციური წყაროები ამ ქვეყანას პოლიტიკურ დარტყმას აყენებს: ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში, რუსეთს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა ექნება, იმპორტიორი ქვეყნები დააშანტაჟოს და ნავთობსა და გაზზე ფასების მანიპულირებით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. ნავთობი და გაზი რუსეთის ხელში ისეთი გამორჩეული იარაღი ვეღარ იქნება, როცა სხვა ქვეყნების მარაგები გაიზრდება და მათი დისტრიბუცია უფრო ფართო არეალზე მოხდება.
დღეს რუსეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე და, ამასთან, მისი ყველაზე დიდი იმედი, ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი გაზის დიდი რეზერვებია. საფრთხე იმიტომ, რომ ეს ქვეყნები - საბერძნეთი, კვიპროსი და ისრაელი მისი პირდაპირი კონკურენტები გამოდიან. იმედი იმიტომ, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა როგორმე ამ წყაროების ექსპლუატაციის პროცესში ჩაერთოს: ყველა ეს ქვეყანა მზადაა რუსეთთან ითანამშრომლოს, როცა საქმე რეზერვების აღმოჩენასა და მათ დამუშავებას ეხება.
რასელ მიდის თქმით, გაზპრომი მშიერი არ დარჩება, თუმცა მას ნამდვილად აღარ ექნება იმის ძალა, რომ დასავლეთ ევროპაში გაზის მიწოდება ერთპიროვნულად აკონტროლოს. საბერძნეთი აპირებს, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ახალი მილსადენები ააშენოს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს საბერძნეთის მთავრობასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და რუსული კომპანიებიც ამ ქვეყანაში გაზის ბიზნესში საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილნი, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბერძნები რუსებს ევროპისთვის გაზის ონკანების თვითნებურად გახსნა-ჩაკეტვის უფლებას მისცემენ. ამდენად, რუსეთი გააგრძელებს ფულის კეთებას ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიყიდვის ხარჯზე, თუმცა გაცილებით ნაკლებ ფასად და ნაკლები პოლიტიკური დივიდენდებით.
ქვეყნებს თუ მოვშორდებით და ენერგეტიკული რევოლუციის მიერ გლობალურ ჭადრაკის დაფაზე გადანაცვლებულ ფიგურებს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სხვა ტიპის წაგებულებიც არსებობენ - მწვანეები - მათთვის მსოფლიოზე ავბედით შავ ღრუბლად დაკიდებული ენერგეტიკული კრიზისი კარგი ამბავი იყო: მოსალოდნელი საფრთხით ისინი მზის და ქარის ენერგიას ლობირებდნენ, რითაც ჭკვიან მწვანე ენერგიაზე ორიენტირებულ ინვესტორებს დიდი შემოსავალი გარანტირებული ჰქონდათ. თავიანთი მწვანე პოლიტიკის მხარდასაჭერად, ლობისტები ხშირად აპელირებდნენ არადემოკრატიულ, საფრთხის შემცველ შუა აღმოსავლეთზე და ცდილობდნენ, ხალხის უარყოფითი დამოკიდებულებები ამერიკაში და მთელ მსოფლიოში ძვირადღირებული მწვანე პოლიტიკის გატარებისთვის აუცილებელ მხარდაჭერაში გადაეზარდათ: ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სწორედ ის არგუმენტი იყო, რომელიც ხალხისთვის ყველაზე დამაჯერებელი ჩანდა.
ფიქლის ბუმი მწვანეებისთვის ცუდი ამბავია: ქვანახშირთან შედარებით, გაცილებით სუფთაა გარემოსთვის და თან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის რეალური ბერკეტია.
ფიქლის წინააღმდეგ მწვანეების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მისი დამუშავებისთვის აუცილებელმა პროცედურამ, ქანების გაბურღვამ, შეიძლება მიწისქვეშა წყლები დააბინძუროს, თუმცა დღემდე ვერც ამერიკის ენერგეტიკულმა ბიურომ და ვერც სხვა რომელიმე ორგანიზაციამ მიწისქვეშა წყლების დაბინძურების ფაქტები ვერ აღმოაჩინა.
ფიქლის და სხვა არაკონვენციური წყაროების დამამუშავებელი ახალი ტექნოლოგიების სწრაფი პროგრესი ამ რეზერვების უპრობლემოდ დამუშავებას სულ უფრო მეტად აადვილებს. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ფიქლის დამამუშავებელ ტექნოლოგიებს ბოლომდე აითვისებს და დახვეწს და, ამასთან, ქვანახშირთან შედარებით ფიქლის უპირატესობები უფრო აშკარა გახდება, მსოფლიო სულ უფრო მეტად მოტივირებული იქნება, რომ თავისი პოტენციალი აითვისოს. ამ შემთხვევაში ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ცარიელი სიტყვები აღარ იქნება.
უხვი ენერგია გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. შედეგად, მსოფლიო სისტემა უფრო ძლიერი და სტაბილური იქნება. ქვეყნებისთვის თანამშრომლობა მაშინ უფრო ადვილია, როცა ეკონომიკურად წელში გამართულები არიან.
ამერიკაში, 2008 წლის კრიზისის შემდეგ, მხოლოდ ფიქლის ბურღვით სამუშაოებზე 600 ათასი ადამიანი დასაქმდა. ამას რომ დავუმატოთ პერსონალი, რომელიც საჭიროა ფიქლის ქანებისგან ნავთობის და გაზის გამოთავისუფლებისთვის, ასევე, წარმოებისა და დამუშავებისთვის, გამოვა, რომ ფიქლის ბუმი არა მხოლოდ ენერგეტიკული რევოლუცია, არამედ დასაქმების რევოლუციაცაა.
ამ ტიპის სამუშაოზე ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. მართალია, დაბალი კვალიფიკაციის მქონე, ინგლისური ენის არმცოდნე ადამიანებს ამ ინდუსტრიაში სამსახურის შოვნა გაუჭირდებათ, მაგრამ სამაგიეროდ, მათ შესაძლებლობა გაუჩნდებათ, შედარებით უფრო დაბალანაზღაურებად საქმეს - ინდუსტრიისა და მისი მუშახელის სერვისის უზრუნველყოფას მოჰკიდონ ხელი: ისინი ააშენებენ სახლებს იმისთვის, რომ ნავთობის მოპოვებაზე დასაქმებულმა ადამიანებმა სამუშაოს ახლოს ცხოვრება შეძლონ ან მოემსახურებიან რესტორნებს, სადაც სწორედ ეს მუშახელი დატოვებს ფულს. გარდა ამისა, ენერგეტიკული ბუმი ასევე შეუწყობს ხელს არაენერგეტიკულ სექტორებში ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი პროდუქტების განვითარებას.
გათვლები იმაზე, რომ ნაკლები ნავთობისა და გაზის პირობებში მწვანე ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიები განვითარდებოდა, არასწორი იმ კუთხითაც გამოდგა, რომ ასეთი ტექნოლოგიების სიძვირის გამო, ქვანახშირის მოხმარებამ იმატა. ამასთან, იმის შიშით, რომ ოდესმე ნავთობი შეიძლება გამოილიოს, კაცობრიობამ გამოიგონა ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელია ქვანახშირისგან თხევადი საწვავი მივიღოთ. ეს არც იაფია და არც სუფთა, მაგრამ მუშაობს.
ეს ბუნებრივიცაა: გაღარიბებულ საზოგადოებას, რომელიც მწვანე ენერგიის განვითარების გამო ეკონომიკაზე არსებული გამუდმებული, მაღალი წნეხის პირობებში ცხოვრობს, თუ დასჭირდება, აუცილებლად დაწვავს ქვანახშირს. და პირიქით, მდიდარი, ეკონომიკურად მზარდი ქვეყნის საზოგადოება გაცილებით მეტ ფულს დახარჯავს იმისთვის, რომ მზის და ქარის ენერგია განავითაროს და ამით, საწვავის უკეთესი ალტერნატივები დანერგოს.
ექსპერტები ერთ რამეში არ შემცდარან: გლობალური ჭადრაკის დაფა იცვლება - მასზე ზოგი საკუთარ პოზიციებს იმყარებს, ზოგის მდგომარეობა კი სუსტდება. ამასთან, ენერგეტიკული ბერკეტები, რუსეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების გარდა, დიდი ალბათობით, მსოფლიოს უფრო დემოკრატიულ, ნაკლებად კორუმპირებულ და ეკონომიკურად უფრო დივერსიფიცირებულ ქვეყნებსაც გაუჩნდებათ. შედეგად, ნაკლები შანსია, ნავთობის გლობალურ ბაზარზე კიდევ ერთი ნიგერია და რუსეთი მივიღოთ.
ამით ყველა მოიგებს.
![]() |
9 პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
სტატისტიკა
ელენე კვანჭილაშვილი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) უახლესი, დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 2011 წელს გაიზარდა როგორც საქართველოში შემოსული ინვესტიციების, ისე ინვესტორი ქვეყნების რაოდენობაც.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი 2011 წელს
2011 წელს ქვეყანაში სულ 1.117 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა. წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 37%25-ით გაიზარდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. 2006-2011 წ.წ.
(მლნ. აშშ დოლარი)
საქართველოში ინვესტიციები 65 ქვეყნიდან განხორციელდა. 2011 წლის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია. ამ ქვეყნიდან საქართველოში ერთი წლის მანძილზე 241.8 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც მთელი ინვესტიციების 22%25-ია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83%25 ათ უმსხვილეს ინვესტორზე მოდის. მათ შორისაა, აზერბაიჯანი, დანია, საერთაშორისო ორგანიზაციები, თურქეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, ჩეხეთი, ლუქსემბურგი და ვირჯინის კუნძულები.
2011 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო. აქ ინვესტიციებმა 200 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ენერგეტიკის სექტორთან ერთად, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა განსაკუთრებით გაიზარდა ჯანდაცვისა და მშენებლობის სექტორებშიც.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მთელი ინვესტიციების 83%25 შვიდ ძირითად სექტორზე მოდის. ინვესტიციებისთვის მიმზიდველ დარგებს შორისაა: საფინანსო, კონსულტირების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორები.
2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა მშპ-ში 7.8%25 შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.8%25-ით მეტია. 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და აგვისტოს ომის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში მუდმივად იზრდება.
![]() |
10 ვიღაცამ კრაზანის ბუდეს გადაუფრინა |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
თამარ ჩერგოლეიშვილი
ქართული პოლიცია ლაფანყურის ქუჩებს აკონტროლებს
„ჩვენს ხელთაა ოპერატიული ინფორმაცია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფი ბანდიტური დაჯგუფებების ცალკეულ ლიდერებს განზრახული აქვთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია ჩვენთან, ჩრდილო კავკასიაში შემოსაღწევად“, - ეს განცხადება გასული წლის ივლისში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა გააკეთა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ნათქვამს რუსული სპეცსამსახურების მორიგი ბოდვა უწოდა.
ФСБ-ს შეფის ბრალდება საქართველოში განსაკუთრებული ინტერესის საგანი არ გამხდარა - მსგავსი განცხადებები რუსეთისგან არავის უკვირს. ხშირად კეთდება და, როგორც წესი, უსაფუძვლოა.
ამ კომუნიკაციიდან ერთი წლის შემდეგ, 26 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის 5 მკვიდრი დაიკარგა. ახალგაზრდებს ორი დღის შემდეგ, 28 აგვისტოს მიაგნეს. ლაფანყურელების პოვნის შესახებ გვაცნობეს, მაგრამ დაკარგვის მიზეზის თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
28 აგვისტოს, ღამით ადგილობრივმა ინტერნეტმედიამ ლოპოტის ხეობაში პოლიციის მაღალი აქტივობის შესახებ გვამცნო. იმავე ღამეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი და მიმდინარეობს მათი „დევნის ოპერაცია“. განცხადებაში ლაფანყურელი ახალგაზრდების დაკარგვისა და ლოპოტის ხეობაში დაწყებული ოპერაციის ურთიერთკავშირზე არაფერი თქმულა.
29 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჯგუფის წევრები „დივერსანტები“ არიან, ხოლო „დევნის ოპერაციად“ წოდებული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს მძევალთა გათავისუფლება.
ინფორმაციამ დივერსიისა და მძევლების შესახებ, საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. იმ დროისთვის ლაფანყურის ხუთი მცხოვრები ნაპოვნი იყო, სხვა დაკარგულების შესახებ არაფერი ვიცოდით. უფრო მეტად ისინი ღელავდნენ, ვინც დაღესტანში მიმდინარე მოვლენებსაც ადევნებდა თვალს.
მოგვიანებით, ხელისუფლებამ განმარტა, რომ დაკარგული ლაფანყურელები ორი დღის განმავლობაში იმ შეიარაღებული დაჯგუფების მძევლები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც სპეცოპერაცია ჩატარდა. 28 აგვისტოს მათ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მიაგნეს. სამოქალაქო პირების ნაცვლად, მძევლად სექტორის უფროსი, რამაზ ფარადაშვილი დარჩა.
ოფიციალური ვერსიით, როდესაც მესაზღვრის მძევლად აყვანის შესახებ შეიტყვეს, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მივიდა მოსალაპარაკებლად. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მესაზღვრე გაათავისუფლა და მის ნაცვლად, სამართალდამცავი დაიტოვა.
შსს-ს მტკიცებით, შეიარაღებული შეტაკება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხსენებულმა სამართალდამცავმა შეიარაღებული ბანდისგან კატეგორიული უარი მიიღო თხოვნაზე, განიარაღებულიყვნენ და ჩაბარებოდნენ ქართველ სამართალდამცავებს. სამწუხაროდ, ოპერაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი შეეწირა.
ხელისუფლების მიერ აღწერილ სურათს ფაქტობრივ (და არა შეფასებით) ნაწილში დიდწილად ემთხვევა ქართულ მედიაში გავრცელებული ადგილობრივების მონათხრობი. ჟურნალ ლიბერალის ანონიმური წყარო, რომელსაც ავტორი „შუა ხნის ლაფანყურელ მამაკაცად“ მოიხსენიებს, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს „მებრძოლებს“ ეძახის და ადასტურებს, რომ ახალგაზრდა თანასოფლელების მაგივრად მათთან მესაზღვრე დარჩა, ვიდრე ისინი სამართალდამცავებმა არ ჩაანაცვლეს - “მებრძოლები არაფერს არ ითხოვდნენ, მაგათ დაღესტანში გადასვლა უნდოდათ, იქ უფროსი მოუკლეს და ალბათ, იქ მიდიოდნენ“.
შეიარაღებულ ჯგუფს რომ რუსეთის საზღვარი უნდა გადაეკვეთა, ადასტურებს ჩრდილოკავკასიური წინააღმდეგობის - კავკასიური იმარატის - მთავარი ვებგვერდი, კავკაზცენტრი. მათი ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „მოხალისე ახალწვეულთა ჯგუფი შეიკრიბა, რომელიც დაღესტნის ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის ჩასატარებლად მიემართებოდა“. საინტერესოა, რომ ამ განცხადებამდე, მათ გაცილებით მკაცრი მიმართვა გაავრცელეს, რომელიც მოგვიანებით ვებგვერდიდან გაქრა. თავდაპირველ ტექსტში მოჯაჰედები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებდნენ და შეიარაღებული ჯგუფის განადგურებისთვის შურისძიებითაც ემუქრებოდნენ.
ხელისუფლებას არ დაუდასტურებია, რომ „დივერსანტები“ მოჯაჰედები იყვნენ. მათ ჯერჯერობით არ უთქვამთ სად მიდიოდა ეს ჯგუფი, ან როგორ აღმოჩნდა ის საქართველოს ტერიტორიაზე.
არც ის ვიცით, რატომ უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დივერსანტებს - დაგეგმილი დივერსიის შესახებ აქვთ ინფორმაცია და გამოძიების ინტერესების გამო არ ამჟღავნებენ, თუ ტერმინების აღრევასთან გვაქვს საქმე.
ვერც ის გავიგეთ, რატომ ირწმუნებოდნენ, რომ დაჯგუფების 11 წევრიდან არცერთი საქართველოს მოქალაქე არ არის, მაშინ როდესაც მეორე დღეს თავადვე განაცხადეს, რომ მხოლოდ შვიდი გვამი ამოიცნეს და აქედან ორი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, პანკისიდან. დანარჩენები - რუსეთის.
თავისთავად, არანორმალური იმაში არაფერია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავი ორგანოები არ მიიჩნევდნენ საჭიროდ ამა თუ იმ დეტალის გამომჟღავნებას - მოქალაქეობა იქნება, მიზანი, თუ სხვა რამ. მით უმეტეს, რომ ინციდენტიდან ჯერ სულ რამდენიმე დღე გავიდა და გამოძიება არ დასრულებულა. მაგრამ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს - ეს მის მიმართ უნდობლობას კვებავს.
30 აგვისტოს ლოპოტის ხეობის ამბებს ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მან ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელები ქართული ოცნების მხარდამჭერებად გამოაცხადა. მართალია, საკმარისი არ ვიცოდით, იმისთვის რომ მომხდარი შეგვეფასებინა, მაგრამ ოპოზიციის ლიდერმა ეჭვი გამოთქვა, რომ ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ხელისუფლების ავანტიურა იყო. საგულისხმოა, რომ მსგავსი განცხადებები მისმა თანაპარტიელებმა სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში გააკეთეს. მათ სააკაშვილი „სკამის შენარჩუნების“ მიზნით სისხლისღვრის მოწყობასა და პროვოკაციის დადგმაში ამხილეს. თუმცა არ განუმარტავთ, როგორ შეუწყობდა ხელს საქართველორუსეთის საზღვართან შეიარაღებული შეტაკების ინსცენირება მმართველი პარტიის პოზიციის განმტკიცებას.
ივანიშვილმა აღიარა, რომ განვითარებული მოვლენების შესახებ ცოტა იცის, მაგრამ ამის მიუხედავად დარწმუნებულია, რომ თვითონ „რაღაც მარტივს“ მოიფიქრებდა და „ჩვენ ხალხს არ ჩაახოცინებდა“. „ისინი [შეიარაღებული ჯგუფი] იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული და ითხოვდნენ უკან გაეშვათ? რატომ არ უნდა გაეშვათ? ბავშვები [ლაფანყურელი მძევლები] დაეტოვებინათ და ისინი უკან გაეშვათ პრინციპში. საიდანაც შემოვიდნენ, უკან გავიდოდნენ ჰო?“ - იკითხა ოპოზიციის ლიდერმა.
ივანიშვილის და სხვა „სავარძლის გენერლებისგან“ განსხვავებით, ჩვენ, ვისაც „მენცარის“ სკოლა არ გაგვივლია, ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რამდენად პროფესიონალურად ჩატარდა ეს ოპერაცია. მძევლები ცოცხლად გადარჩნენ და ეს კარგია. თუმცა, არ ვიცით შესაძლებელი იყო თუ არა, ქართველ ძალოვანთა შორის მსხვერპლის თავიდან აცილება ან შეიარაღებული ბანდის წევრების ცოცხლად აყვანა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს - გამოძიება არ დასრულებულა და როცა დასრულდება, მაშინაც შეიძლება მხოლოდ ის გავიგოთ, რასაც ხელისუფლება ეროვნული უშიშროების ინტერესების გათვალისწინებით გაგვიმხელს.
მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ვუპასუხოთ ივანიშვილის შეკითხვას, თუ „რატომ არ უნდა გაეშვათ“ შეიარაღებული ბანდის წევრები რუსეთში. ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ რა ხდებოდა დაღესტანში იმ დღეებში, როდესაც ე. წ. ახალწვეულები რუსეთში გაღწევას ცდილობდნენ; გავიხსენოთ, რა საშინაო და საგარეო საფრთხეების წინაშე იდგა საქართველო ათიოდე წლის წინ - მაშინ, როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობა საქართველოს ტერორისტების თავშესაფრად მოიხსენიებდა - ჩვენი ხელისუფლების უუნარობის წყალობით, არცთუ უსაფუძვლოდ; შემდეგ შევადაროთ ფინანსურად ჯერ კიდევ სუსტი, ჩეჩნეთში ომისგან დაღლილი 2002 ლაფანყურიწლის რუსეთი ჩვენს ამჟამინდელ ჩრდილოელ მეზობელს და პასუხიც ნათელი იქნება.
საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თავს „ეპოქის გონებად, ღირსებად და სინდისად“ მიიჩნევს სააკაშვილის ხელისუფლებას შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს. ზოგიერთი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ პანკისელ ჭირისუფალთან სამართალდამცავის მკვლელის ცხედარმა სამი დღე დაიგვიანა, როგორც ხელისუფლება ამბობს, გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე. „მთელი სოფელი ისევე დავტირით იმ 11 მებრძოლს, როგორც ჩვენს სპეცნაზელებს, არ იყვნენ ისინი მოსაკლავები…“ - უყვება ლიბერალის გულაჩუყებულ ავტორს „შუა ხნის ლაფანყურელი“.
მსხვერპლის მხრიდან მოძალადის მიმართ გამოვლენილი სიმპათია უნიკალური მოვლენა არ არის. მას სტოკჰოლმის სინდრომის სახელით იცნობენ. ამის გამოვლენის საუკეთესო მაგალითი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე ვიხილეთ, სადაც ერთ-ერთი მძევლის დედა კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ მის შვილს გამტაცებლები არც ჭამას აკლებდნენ და არც სმას - „ერთადერთი ეგ იყო, რომ დაატყვევეს და წაიყვანეს“.
ლაფანყურსა და მის შემოგარენში ასეთ ირაციონალურ დამოკიდებულებას, შესაძლოა, ვაჰაბიტი მებრძოლების შიში და ახლო წარსულში მიღებული გამოცდილება კვებავდეს. მაგრამ ლიბერალის ზემოხსენებული ავტორის, ბექა ქურხულის მდგომარეობა ცოტა უფრო რთული ასახსნელია. აი, რას წერს ის: „არავინ უარყოფს იმას, რომ ისინი შესაძლოა საბრძოლველად მიდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ რატომ ვერ მოხერხდა მათი ცოცხლად აყვანა? მით უმეტეს, რომ საუბარია 19-20 წლის ბიჭებზე, რომელთაც მიაჩნდათ, რომ რუსებმა მათი სამშობლო დაიპყრეს, მათი რელიგია შეურაცხყვეს და მათი თანამემამულეები დახოცეს. ფაქტია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ კავკასიის იმარატს, მის მებრძოლებს - მოჯაჰედინებს და მათ ლიდერს, დოკუ უმაროვს, რომლებიც თავგამოდებით ებრძვიან რუსეთს, არასოდეს, არც სიტყვით და არც საქმით, საქართველოს ან საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს“.
მანამდე, სანამ „ეპოქის გონება, ღირსება და სინდისი“ გაარკვევს, რომ მისი მტრის მტერი მაინცდამაინც მეგობარი არ არის, ჩვენ „19-20 წლის ბიჭების“ საკითხს დავუბრუნდეთ.
3 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 დაღუპულიდან 7 მათგანის ვინაობა გაასაჯაროვა. 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰუდინ ქავთარაშვილი საქართველოს მოქალაქეები არიან. ქისტები, პანკისიდან. დანარჩენები - რუსეთის. 26 წლის ბაჰუდინ ბაღაკაშვილი ქისტია, მაგრამ გროზნოშია დაბადებული, პანკისში ნათესავები ჰყავს. 44 წლის დუკვახა დოშუევი, 20 წლის სალამ ზაურბეკოვი და 31 წლის მუსა ადუევი ჩეჩნები არიან. 23 წლის ჯაბრაილ ხაშიევი ინგუშია.
როგორც უკვე ითქვა, კავკასიის იმარატის მტკიცებით, ისინი ახალწვეულები იყვნენ და დაღესტანში მიემართებოდნენ. თუმცა გასაკვირია, როგორ შეძლო „ახალწვეულთა“ 17-კაციანმა რაზმმა კარგად გაწვრთნილი შავნაბადის ბატალიონისთვის ამხელა დარტყმა მიეყენებინა? ამას გარდა, მათ გამოუცდელობას ეჭვქვეშ აყენებს მათივე აღჭურვილობა - სნაიპერის შაშხანები, ღამის ხედვის აპარატურა, კავშირგაბმულობის დახვეწილი სისტემები, РПГ ყუმბარმტყორცნები - ექპერტების მტკიცებით, იმ იარაღის გამოყენებას, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ვნახეთ, სულ მცირე, ერთწლიანი მომზადება სჭირდება.
ლაფანყური
ისრაელელი პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში აბრაამ შმულევიჩი შეიარაღებული ჯგუფის თანამედროვე აღჭურვილობაზე დაყრდნობით უფრო შორს მიდის და მათ რუსეთთან კავშირზე საუბრობს. პოლიტოლოგი ამტკიცებს, რომ ავსტრიული წარმოების 2700-დოლარიანი Steyr Scout-ის შაშხანები ისლამისტებზე არ უნახავთ, მაგრამ რუსეთის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГРУ) წელს შეიძინა. თუ შმულევიჩის ვერსიას გავყვებით, შესაძლოა იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქე შეიარაღებული პანკისელების ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებთან ერთად დაღესტანში გადასვლა „საბრძოლო ოპერაციის ჩასატარებლად“ არა რუსეთის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი იყო.
ამ „19-20 წლის ბიჭებიდან“ ყველაზე საინტერესო და გავლენიანი დუკვახა დოშუევია, ჩეჩენი ლიდერის აჰმედ ზაკაევის დაცვის ყოფილი თანამშრომელი. 2000-იანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ზაკაევი რუსეთის ხელისუფლებას საზღვარგარეთ გაექცა, დოშუევი დააპატიმრეს, თუმცა მალევე ამნისტია შეეხო.
რუსული გამოცემა Коммерсантъ-ის ცნობით, 2003 წელს, ლონდონის სასამართლოში, აჰმედ ზაკაევის ექსტრადიციის საქმის მოსმენაზე რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ დოშუევის ჩვენება წარმოადგინა, სადაც დაცვის თანამშრომელი თავის ყოფილ უფროსს ყველა იმ დანაშაულში ამხელდა, რასაც რუსეთის ხელისუფლება აბრალებდა. თუმცა რუსეთიდან გაქცეულმა დოშუევმა ლონდონში საკუთარი ჩვენება უარყო და განაცხადა, რომ ის მრავალდღიანი სასტიკი წამების შედეგად მისცა.
ლაფანყურის შემთხვევა საღი აზრის მიხედვით საწინააღმდეგოს უნდა ადასტურებდეს, მაგრამ ქართული ოცნების წევრები ხელისუფლებას უკანონო შეიარაღებულ ბანდებთან კოლაბორაციაში ადანაშაულებენ. ერთი მაჟორიტარი კანდიდატი, პაატა ზაქარეიშვილი, სააკაშვილს „გადამგდებს“ უწოდებს იმის გამო, რომ შეიარაღებული ჯგუფის წევრები აქ შემოიტყუა, „დაასვენა ან მოამზადა“ და მერე სასტიკად გაუსწორდა. ხოლო მეორე - მამუკა არეშიძე ამტკიცებს, რომ პანკისის ხეობას ხელისუფლება ვაჰაბიტების მეშვეობით აკონტროლებს და რომ ეს ახალგაზრდებიც ამ ჯგუფის წევრები იყვნენ. ქართული ოცნების წევრების რიტორიკას მხარს უბამს რუსული სახელისუფლო პრესა - „რუსეთში ტერაქტების კოორდინირება შესაძლოა პანკისიდან ხდებოდეს“, - წერს Известия.
პანკისი 1999-2005
1999 წელს, ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში, საქართველოს თავი დაახლოებით 6 ათასმა დევნილმა შეაფარა. ბევრ მათგანს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებთან ნათესაური კავშირი ჰქონდა.
ამ გარემოებამ სიტუაციის გართულება გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მკვეთრად იმატა ადამიანების გატაცებამ, ნარკოტიკებით ვაჭრობამ, ყაჩაღობამ და მკვლელობებმა. ამით შეწუხებული მოსახლეობა მაღალჩინოსნებს ჩრდილოკავკასიელ კრიმინალებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.
უკმაყოფილებამ პიკს 2002 წლის იანვარში მიაღწია, მაშინ როცა სამართალდამცავებმა სამი ახმეტელი მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი რესტორანში მოხდა. ახმეტელების მტკიცებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ჩეჩენ კრიმინალებთან ერთად ისხდნენ სუფრასთან და ქეიფობდნენ, რაზეც ადგილობრივებისგან შენიშვნა მიიღეს. შელაპარაკებას სამართალდამცავების მხრიდან სროლა მოჰყვა.
რუსეთის ხელისუფლება შევარდნაძის მთავრობას ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა. ამ საბაბით პუტინს საქართველოში ჯარის შემოყვანა სურდა. დაძაბულობამ განსაკუთრებით იმატა 2002 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც რუსეთის სამხედრო ძალებს, საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით, სამოცი ჩეჩენი მებრძოლი დაესხა თავს. პასუხად რუსეთმა 2002 წლის 23 აგვისტოს პანკისი დაბომბა. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, შვიდი დაიჭრა.
შევარდნაძე იძულებული გახდა რაღაც ზომები მაინც მიეღო. პანკისში პოლიცია და უშიშროების უწყება შევიდა, ნაცნობ კრიმინალებს სთხოვა გაცლოდნენ იქაურობას. ხოლო შემდეგ, განაცხადეს, რომ ამბოხებულებმა და ტერორისტებმა სპეცოპერაციის გამოცხადებისთანავე საქართველო დატოვეს.
4 სექტემბერს შევარდნაძემ პუტინისგან წერილი მიიღო, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ტერორისტების „განეიტრალებას“ ითხოვდა. ამის პარალელურად პუტინმა თავდაცვის, უშიშროებისა და სასაზღვრო უწყებებს ინტერვენციის გეგმის მომზადება დაავალა. პრეზიდენტ ბუშს, გაეროს უშიშროების საბჭოს და ეუთოს წევრებს წერილი მისწერა და გაეროს ქარტიით მინიჭებული თავდაცვის უფლების გამოყენებით დაიმუქრა.
რუსეთის ინტერვენციისგან, გარკვეულწილად, 11 სექტემბრის ტრაგედიამ გადაგვარჩინა. ალ-ყაიდას თავდასხმის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, რომლის ხელისუფლებაც მანამდე იზოლაციონისტურ მიდრეკილებებს ამჟღავნებდა, ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომი წამოიწყო. ამ პოლიტიკის ფარგლებში პანკისის ხეობაც შეერთებული შტატების ინტერესის ზონაში აღმოჩნდა - უშიშროების სამსახურები ეჭვობდნენ, რომ საქართველოს ალ-ყაიდას წევრები აფარებდნენ თავს.
ისე დაემთხვა, რომ 9/11-დან სულ რამდენიმე კვირაში, 5 ოქტომბერს, ედუარდ შევარდნაძე ჯორჯ ბუშს შეხვდა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ წერილში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი, ზეინო ბარანი სინანულით აღნიშნავს, რომ „საქართველომ ვერ შეძლო ჩეჩნეთთან სასაზღვრო მონაკვეთზე ეფექტური კონტროლის დამყარება და ახლა თბილისი მოსკოვის ანტიტერორისტული პოლიტიკის ეპიცენტრში მოექცა“.
ავტორი ამერიკის პრეზიდენტს ურჩევს, წითელი შუქი აუნთოს რუსეთს და არ დაუშვას ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით საქართველოში ინტერვენცია, მაგრამ ამავდროულად, ნათლად აგრძნობინოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ აუცილებელია აღიკვეთოს ქვეყანაში ტერორისტების ყოფნის მტკიცების ყოველგვარი საფუძველი.
ამ შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 64 მილიონი დოლარი გამოუყო ანტიტერორისტული დანაყოფის გასაწვრთნელად. პროექტი GTEP (Georgia Train and Equip Program) 21-თვიანი იყო. ამ ნაბიჯით შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლებას გააგებინა, რომ პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხეს ხედავდა და თავად იყო დაინტერესებული მისი აღმოფხვრით.
პანკისის ხეობის საკითხი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისას. „პირველი, რაც მან მთხოვა, საზღვრის გამაგრება და ჩრდილო კავკასიაში ოპერაციის ჩატარებაში ხელშეწყობა იყო“, - იხსენებს საქართველოს პრეზიდენტი მოგვიანებით. რეალური კონტროლი სახელმწიფომ პანკისის ხეობაზე 2005 წელს დაამყარა.
![]() |
11 დაღესტანი - ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე ცხელი წერტილი |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
დიმიტრი ავალიანი
შეიხი საიდ ალ-ჩირკავი
დაღესტანი კავკასიის ეთნიკურად ყველაზე ჭრელი რეგიონია. ისტორიულად ამ ტერიტორიაზე მრავალი სხვადასხვა სახანო თუ სამთავრო არსებობდა. დაღესტნისა და ჩეჩნეთის უდიდესი ნაწილის გაერთიანება მხოლოდ მე-19 საუკუნეში, კავკასიის ომის დროს, ისლამის დროშის ქვეშ იმამმა შამილმა მოახერხა.
რეგიონში სახელმწიფო ენის სტატუსის მქონე 14 ენაა. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ძალაუფლების სისტემა უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფებს - ავარებს, დარგინებს, კუმიკებს, ლეკებს და ა.შ. შორის მყიფე ეთნიკური ბალანსის შენარჩუნებას ემყარება.
ისევე, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა სუბიექტების უმრავლესობა, დაღესტანი ღარიბი დოტაციური რეგიონია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, 2010 წლის მონაცემებით, დაღესტანში 2600 აშშ დოლარს შეადგენდა. მისი ბიუჯეტის 80 პროცენტამდე ფედერალური დოტაციებით ივსება.
ამავე დროს, შობადობის მაჩვენებლით (ათას მოსახლეზე 19,5) დაღესტანი რუსეთში მესამე ადგილს იკავებს. ამაზე მაღალი შობადობა მხოლოდ მეზობელ, ასევე პრობლემურ რეგიონებში - ჩეჩნეთსა და ინგუშეთშია. მოსახლეობის საშუალო ასაკი 25 წელია, 14-დან 35 წლამდე ახალგაზრდობა მოსახლეობის 40 პროცენტს შეადგენს.
უმუშევრობის დონე დაღესტანში 11 პროცენტია. მართალია, ეს ბევრად დაბალია მეზობელ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში უმუშევრობის დონეზე (40 პროცენტზე მეტი), მაგრამ საშუალო მაჩვენებელს რუსეთის მასშტაბით სამჯერ აღემატება.
გიმრის სასაფლაო
გასული წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის დონე დაღესტანში ყველაზე მაღალია 20-24 წლის ახალგაზრდებში და 25,8 პროცენტს შედგენს. 700 ათასამდე დაღესტნელი სამუშაოს საძიებლად რუსეთის სხვა რეგიონებშია გასული (სულ რეგიონის მოსახლეობა 3 მილიონამდეა).
ამგვარი ვითარება კონფლიქტების გაღვივებისთვის კარგ საფუძველს ქმნის. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც დაღესტანში, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებთან შედარებით, ბევრად უფრო მკვეთრად არის გამოხატული.
დაღესტანი დღეისთვის ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე ცხელი წერტილია. ჩეჩნეთის მეორე ომის დასრულებისა და გროზნოში რამზან კადიროვის პრომოსკოვური რეჟიმის განმტკიცების შემდეგ, ფედერალურ მთავრობასა და მეამბოხეებს შორის ბრძოლის ეპიცენტრმა მეზობელ დაღესტანში გადაინაცვლა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული თავდასხმების 70 პროცენტი სწორედ დაღესტანზე მოდის. ФСБ-ს სტატისტიკით, 2011 წელსა და 2012 წლის პირველ თვეებში დაღესტანში მეამბოხეთა ხელით 160 ძალოვანი განადგურდა. მეამბოხეთა შორის მსხვერპლმა კი 200-ს გადააჭარბა.
თანაც, ამ ბრძოლის სისასტიკეს ისიც განაპირობებს, რომ დაღესტანში ერთმანეთს არა მხოლოდ მეამბოხეები და ხელისუფლება, არამედ ისლამის სხვადასხვა მიმართულების მიმდევრები უპირისპირდებიან. ხშირად ეს ბრძოლა შეურიგებელ და უკომპრომისო ხასითს იძენს, რაც შეიხ საიდ ალ-ჩირკავის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ცნობილი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა ჩირკავის მკვლელობას თავისი მნიშვნელობით რომის პაპის მკვლელობას ადარებს - სწორედ ასეთი უპირობო ავტორიტეტითა და უდიდესი ზეგავლენით სარგებლობდა მოკლული სულიერი ლიდერი დაღესტანში სუფიზმის - ტრადიციული ისლამის - მიმდევრებზე.
სუფიზმი, როგორც ისლამის მისტიკური მიმდინარეობა და ისლამური ფილოსოფიის ერთ-ერთი ტრადიციული მიმართულება, დაღესტანში მე-18-მე-19 საუკუნეებიდან დომინირებს. ამ მიმართულების განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს ტარიკატები - სუფიური ორდენები. თითოეულ მათგანს სათავეში მოძღვარი - შეიხი - უდგას, რომელსაც, თავის მხრივ, უამრავი მიურიდი - მოწაფე და მიმდევარი, ჰყავს. იმამი შამილი, მე-19 საუკუნეში რუსეთის წინააღმდეგ ომში კავკასიელების ლიდერი, ნაკშბადის ტარიკატს ედგა სათავეში.
დღემდე დაღესტანში ნაკშბადის და შაზილის ტარიკატები დომინირებს, რომლებიც სწორედ შეიხმა საიდმა გააერთიანა. როგორც დაღესტნელი სასულიერო პირები ამტკიცებენ, მოკლულ შეიხს ათეულათასობით მიურიდი ჰყავდა. საიდ ჩირკავის მოწაფეებითა და მიმდევრებით მთლიანად იყო დაკომპლექტებული დაღესტნის მუსლიმთა სასულიერო სამმართველო. მის მიურიდად მიიჩნევს თავს რეგიონის ოფიციალური, საერო ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი.
ამგვარი ტრადიციული ისლამის შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად იქცნენ სალაფიტები - ისლამის რადიკალური, ფუნდამენტალისტური მიმართულების მიმდევრები, რომლებიც ღმერთთან შუამავლებად შეიხებს და რომელიმე სხვა ავტორიტეტებს არ აღიარებენ. სალაფიტები (რეგიონში გავრცელებული ტერმინოლოგიით - ვაჰაბიტები), ისლამური სარწმუნოების პირველადი სახით, დაუმახინჯებლად შენარჩუნებას და მუჰამედის სწავლების ზედმიწევნით ერთგულებას ქადაგებენ.
სწორედ სალაფიზმი იქცა 90-იან წლებში ჯერ ჩეჩნეთში, შემდგომ კი ჩრდილო კავკასიის სხვა რეგიონებში საღმრთო ომის, ჯიჰადის მთავარ იდეოლოგიად. „მოჯაჰედების“ აზრით, კავკასია ისლამის მიწაა და ბრძოლა „ურწმუნოებისგან“ მის გასათავისუფლებლად ყველა მუსლიმის ვალია.
სალაფიტების გავლენა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ტრადიციული სუფიური ისლამის ლიდერები და „ტარიკატისტები“ კი სალაფიტების თვალში მოღალატეები და ჭეშმარიტი რწმენის მტრები იყვნენ, რომლებიც უნდა განადგურებულიყვნენ.
იულია ლატინინა მიიჩნევს, რომ სალაფიტების პირველ მცდელობას, დაღესტანზე კონტროლი დაემყარებინათ, ადგილი 1999 წელს ჰქონდა, როდესაც ადგილობრივი სალაფიტების დასახმარებლად დაღესტანში ჩეჩნეთიდან შამილ ბასაევის რაზმები შეიჭრნენ. ამას ჩეჩნეთის მეორე ომი მოჰყვა, რომლის შედეგადაც მეამბოხეები დამარცხდნენ. თუმცა, ლატინინა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ დაღესტანში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და „სალაფიტები მარგინალებიდან წამყვან პოლიტიკურ ძალად იქნენ, რომელთა განაწყენებას ყველა ერიდება და რომელსაც ხარკს უხდიან“.
ჯიჰადის სამიზნედ, რუსი ფედერალების გარდა, სასულიერო პირები იქცნენ. 1998 წელს ტერორისტებმა დაღესტნის მუფტი საიდ-მოჰამად ჰაჯი აბუბაქაროვი მოკლეს. მომდევნო წლებში - კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი. გასულ წელს თავდამსხმელებმა შეიხი სირაჟიდინ ხურიელი ჩაცხრილეს, რომელიც საიდ აფანდის მიმდევარი იყო და ადგილობრივ მუსლიმებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდასხმების საპასუხოდ სალაფიტების წინააღმდეგ ნამდვილი ტერორი გააჩაღა. სამართალდამცავი ორგანოები არა მხოლოდ შეიარაღებულ მოამბოხეებს, არამედ სალაფიზმის მშვიდობიან მიმდევრებსაც დევნიდნენ. უფლებადამცველი ცენტრის - მემორიალის - შეფასებით, დაღესტანში ჩვეულ მოვლენად იქცა რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მკვლელობები, გატაცებები, საიდუმლო ციხეები და სისხლის სამართლის საქმეების გაყალბება.
უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო რელიგიური ექსტრემიზმის პრობლემის გადაჭრას „ერთ-ერთი მხარის - სუფისტების მხარდაჭერითა და სალაფიზმის კანონგარეშედ გამოცხადებით“ ცდილობდა, რამაც რეგიონში განხეთქილება და სამოქალაქო დაპირისპირება კიდევ უფრო გაამძაფრა.
ზოგიერთი წყაროს შეფასებით, რელიგიურ დაპირისპირებას დაღესტანში სამი ათასამდე ადამიანი უკვე შეეწირა.
თუმცა, მემორიალი აღნიშნავს, რომ 2011 წლის დასაწყისში ახალი პრეზიდენტის, მაგომედსამალმ მაგომედოვის მოსვლის შემდეგ, ხელისუფლებამ ამგვარი მიდგომის უპერსპექტივობა გააცნობიერა. ახალი ხელისუფლება სალაფიზმის მიმდევრებთან დიალოგის დაწყებას შეეცადა.
მიმდინარე წლის აპრილში ამ მხრივ ნიშანდობლივი მოვლენა მოხდა - გავლენიანი სასულიერო პირები სუფისტებისა და სალაფიტების მიმდინარეობებიდან, მოლაპარაკებების მაგიდას პირველად მიუსხდნენ. ამ დიალოგის ინიციატორი სწორედ შეიხ საიდ აფანდი ალ-ჩირკავი იყო. ფაქტობრივად, ტრადიციულმა ისლამმა და ხელისუფლებამ სალაფიტების „შვიდობიანი ფრთის“ ლეგალიზება მოახდინეს.
როგორც მემორიალი აღნიშნავს, დიალოგი არც რადიკალებს და არც ძალოვნებს ხელს არ აძლევდა - „მებრძოლები ხელს უშლიან სამშვიდობო პროცესს ტერაქტებითა და მკვლელობებით. ძალოვნები კი „ადაპტაციის კომისიის“ მუშაობის საბოტირებას ახდენენ, ჩაბარებული მებრძოლებისთვის სახელმწიფოს მიერ მიცემულ გარანტიებს არღვევენ და განაგრძობენ ადამიანის უფლებების შელახვას, რაც ასევე რადიკალებს აძლევთ ხელს“.
დაძაბულობის კულმინაცია კი ყველაზე ავტორიტეტული შეიხის მკვლელობა გახდა. იულია ლატინინა აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას აუცილებლად გამოიწვევს და ისლამის ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ორ განშტოებას ერთმანეთთან დიალოგის გაგრძელება გაუჭირდებათ.
თავად ლატინინა მკვლელობას ცალსახად სალაფიტებს მიაწერს. ამის დასადასტურებლად თითქოს უტყუარ მტკიცებულებას თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა წარმოადგენს. სამართალდამცავების ვერსიით, აფეთქება რუსი ეროვნების ამინათ (ალა) საპრიკინამ განახორციელა. ეს ქალი „ვაჰაბიზმის“ მიმდევარი გახდა და ოთხჯერ იყო გათხოვილი, ოთხივეჯერ სალაფიტ მეამბოხეებზე, რომლებიც ძალოვნებმა გაანადგურეს. რუსი ეროვნების კამიკაძე ტერორისტიც, თითქოს, საგანგებოდ შეირჩა, რათა დაღესტნის რომელიმე ეთნიკური ჯგუფი შურისძიების ობიექტი არ გამხდარიყო.
მაგრამ, დაღესტნელ მეამბოხეებს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ. „კავკასიის იმარატის“ ადგილობრივი განშტოების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მეამბოხეებმა საზოგადოებას მოუწოდეს. „არ გააკეთოს ნაჩქარევი დასკვნები“ იმის შესახებ, თუ ვინ დგას საიდ აფანდის მკვლელობის უკან.
მეამბოხეების საინფორმაციო რესურსები არ გამორიცხავენ, რომ ტერაქტის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან, რომლებსაც სალაფიტებსა და სუფისტებს შორის ომის პროვოცირება სურთ.
ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დირექტორი რუსლან გირეევი ამტკიცებს, რომ ბოლო ტერაქტი რეგიონში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობას ემსახურება. მისი თქმით, „ჩვენთან მოგებიანია ყველაფერში ტყეში მყოფი დაჯგუფებების დადანაშაულება. მაგრამ მე მგონია, რომ შეიხის მკვლელობა მესამე ძალებმა ჩაიდინეს, რომლებსაც მოლაპარაკებების პროცესი ხელს არ აძლევთ“.
თუმცა, რუსეთი, როგორც ჩანს, დაღესტანში სიტუაციის აფეთქებას საკმაოდ მომზადებული ხვდება. ცნობები რეგიონში დიდი ოდენობით დამატებითი სამხედრო ძალების შესვლის შესახებ, ადგილობრივ პრესაში და ბლოგებში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში გაჩნდა. წყაროები შეყვანილი ძალების რაოდენობასაც მიუთითებდნენ - 25-30 ათასი სამხედრო მოსამსახურე, შინაგანი ჯარისა და თავდაცვის სამინისტროს ძალებიდან, რაც ორი სრული დივიზიის ეკვივალენტია. დაღესტანში დიდი ოდენობთ მძიმე ტექნიკაც შევიდა. ადგილობრივი წყაროების შეფასებით, ჯარების ასეთი რაოდენობა მათ იქ 2000 წლის შემდეგ არ უნახავთ.
ზაფხულში ადგილობრივი წყაროები იუწყებოდნენ ჯარებისა და ტექნიკის მასირებული გადაადგილების შესახებ საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში. ამას საინფორმაციო სააგენტოების ცნობაც ადასტურებს იმის თაობაზე, რომ 16 აგვისტოს საქართველოს მოსაზღვრე ცუნტის მაღალმთიან რაიონში, გეგმიური წვრთნების დროს, ხევში დესანტის საბრძოლო მანქანა გადავარდა, რასაც ორი სამხედრო ემსხვერპლა.
აგვისტოს თვეში, ადგილობრივ სამართალდამცავთა ცნობების თანახმად, ცუნტის რაიონში (რომელიც ლოპოტის ხეობას უშუალოდ ესაზღვრება) გააქტიურდა შეტაკებები მეამბოხეებსა და ფედერალურ ძალებს შორის, მსხვერპლით ორივე მხრიდან.
ცუნტის რაიონი, იგივე ისტორიული დიდოეთი, ცეზებით, იგივე ცუნტების ან დიდოელების მცირერიცხოვანი (15 ათასი ადამიანი) ეთნიკური ჯგუფითაა დასახლებული. 1944 წელს ეს ხალხი რეპრესიების მსხვერპლი გახდა - ისინი ძალით გადაასახლეს ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში. დეპორტაციის დროს, ზოგიერთი წყაროს თანახმად, დიდოელთა 50-70 პროცენტამდე მალარიით, შიმშილითა და სიცივით დაიღუპა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დიდოელები არაერთხელ გამოსულან საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
2010 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტს დიდოელების დელეგაცია ეწვია, რომელმაც თბილისს ამ მცირერიცხოვანი ხალხის პრობლემები გააცნო და დახმარება სთხოვა. დელეგაციის ხელმძღვანელი მაგომედ გამზატოვი ამტკიცებდა, რომ დიდოელები საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ. 2011 წლის თებერვალში მაგომედ გამზატოვი საკუთარ სახლში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
![]() |
12 რიგითი რაიანი ამერიკის გადასარჩენად |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ქეთი ზუკაკიშვილი
პოლ რაიანი და მიტ რომნი
მზარეული McDonald's-ის ქსელში, სტაჟიორი ვისკონსინელი სენატორის ოფისში, გამყიდველი, რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეკ კემპის თანაშემწე, სპორტული მწვრთნელი, ეკონომისტი კონგრესში, მიმტანი, წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრი - ეს ვისკონსინელი კონგრესმენის, პოლ რაიანის სამსახურების არასრული ჩამონათვალია.
რაიანმა ამერიკული ოცნების ახდენა დაუღალავი შრომისა და პოლიტიკის შეთავსებით ჯერ კიდევ სტუდენტობისას გადაწყვიტა და მას შემდეგ უკან არასოდეს დაუხევია.
6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიტ რომნის მეწყვილე და რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სწორედ 42 წლის პოლ რაიანი იქნება.
სხვადასხვა გამოცემები რაიანის ნომინაციით „მოგებულებს“ ასახელებენ. Washington Post-ის სიაში მოხვდნენ ვისკონსინის შტატი, კონსერვატიული ელიტა და The Weekly Standard, რომელიც რაიანის ნომინაციას დიდი ხანია წინასწარმეტყველებდა. პოლ რაიანის კანდიდატურას ლობირებდნენ გამოცემები National Review და Wall Street Journal-იც.
ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად რაიანის დასახელებით ყველაზე მეტად მაინც მიტ რომნიმ მოიგო. რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო ბილეთი ახლა უკვე აერთიანებს გამოცდილ ბიზნესმენსა და ახალგაზრდა კანონმდებელს, წარმატებულ კომერსანტსა და ცნობილ ბიუჯეტის ჭიას, დაბალანსებულ კონსერვატორსა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იდეოლოგს, მდიდარ რომნის და საშუალო კლასის წარმომადგენელ პოლ რაიანს.
რაიანი ფრიდრიხ ჰაიეკის, მილტონ ფრიდმანის და სხვა კონსერვატორი ავტორების ნააზრევს ჯერ კიდევ ოჰაიოს მაიამის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების გაერთიანებული პროგრამის შესწავლისას გაეცნო. მოგვიანებით თავისუფალი ბაზრის უპირატესობა იმდენად გაითავისა, რომ კარიერის მან ძილზე შეზღუდული მთავრობის იდეისგან არასდროს გადაუხვევია. რაიანი პრეზიდენტობა მას ახალი, უპრეცედენტო გადასახადების შემოღების გამო აკრიტიკებს და არჩევის შემთხვევაში 25%25-იანი საგადასახადოზე და ზღვრის დაწესებას აპირებს.
რაიანი მორწმუნე ქრისტიანია. მეხუთე თაობისვის კონსინელი საკუთარი შტატით ამაყობს და კონგრესისგან თავისუფალ დროს მეუღლესთან და სამშვილთან ერთად მშობლიურ ქალაქ ჯეიმსვილში ატარებს.
ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს მტკიცედ სწამს ამერიკის გამორჩეულობის იდეის და მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები „მსოფლიოში არნახული, პიროვნული თავისუფლების მამოძრავებელი უდიდესი ძალაა“. რაიანი თვლის, რომ ამერიკამ მსოფლიო ლიდერის სტრატეგიული პოზიცია უნდა შეინარჩუნოს და დღევანდელ გლობალიზებულ ეკონომიკაში მშვიდობიანი ბიზნეს გარემო უზრუნველყოს. ამიტომაც, სამხედრო ხარჯების შემცირების კატეგორიული წინააღმდეგია.
წლევანდელ არჩევნებზე ქვეყნის შიდა პროცესები საერთაშორისოზე უფრო აქტუალურია, თუმცა რომნი- რაიანის წყვილის სისუსტედ საგარეო პოლიტიკაში გამოუცდელობას მაინც ხშირად ასახელებენ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატურის წარდგენისას ბარაკ ობამას კიდევ უფრო ნაკლები საერთაშორისო გამოცდილება ჰქონდა, ხოლო პოლ რაიანი იმ იშვიათ პოლიტიკოსთაგანია, რომლის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს.
მიტ რომნი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ არჩევის შემთხვევაში ჩინეთს ვალუტით მანიპულატორად გამოაცხადებდა, ხოლო პოლ რაიანისთვის აზიური გიგანტი აშ შ-ის უდიდესი კომერციული პარტნიორია. ამდენად, მნიშვნელოვანია ვაჭრობის გაღრმავება და, ამავდროულად, რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა. თუმცა მანამ, სანამ „მოსახლეობის იძულებით მაკონტროლებელი“ მთავრობა დასავლურ ღირებულებებზე გადაეწყობა, მისი დაბალანსება სამხედრო ძალის დემონსტრირებითაა აუცილებელი.
სამხედრო კონსოლიდაცია საჭიროა ერაყსა და ავღანეთშიც, რომელთა მიტოვება, გლობალური ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით, რაიანს დიდ შეცდომად მიაჩნია.
კონგრესმენი ასევე მკაცრად აკრიტიკებს ბარაკ ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკას რუსეთის მიმართ. რომნი-რაიანის პროგრამა რუსეთის მთავრობას ავტორიტარულად მოიხსენიებს და მშვიდობიანი მეზობლების შევიწროებასა და ბელარუსის სტალინისტი რეჟიმის მფარველობაში ადანაშაულებს. რესპუბლიკელები რუსეთს, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, ამერიკის მოწინააღმდეგედ განიხილავენ და მის დაბალანსებას რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერებით შეეცდებიან.
არჩევის შემთხვევაში, რომნი და რაიანი ევროპაში ობამას მიერ უარყოფილი სარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსების პირობას დებენ. ასევე, რესპუბლიკელების პროგრამა რუსეთის მეზობლებისთვის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში დახმარებასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო კავშირების დამყარებაზეც საუბრობს.
ახლო აღმოსავლეთში, კონგრესმენის პრიორიტეტი ტრადიციულ მოკავშირე ისრაელთან სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნებაა, ხოლო რეგიონის უმნიშვნელოვანეს მოვლენას, „არაბულ გაზაფხულს“, რაიანი სიფრთხილით ეკიდება.
სამაგიეროდ, კონგრესმენი მხარს უჭერს მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო წესრიგში და მათთან სავაჭრო კავშირების გამყარებას „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების“ საშუალებით თუ მათ გარეშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვან კომერციულ პარტნიორებად რაიანი ინდოეთსა და ბრაზილიას მოიაზრებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოლ რაიანი რომნის გარკვეულ სისუსტეებს გააბათილებს და საპრეზიდენტო კამპანიის ფოკუსს მისი პიროვნებიდან კონსერვატიულ იდეოლოგიაზე გადაიტანს.
რაიანი ახალგაზრდა თაობის ყველაზე გავლენიანი რესპუბლიკელია და ზომიერად კონსერვატორ რომნის რადიკალური ფრთის მხარდაჭერასაც მოუტანს. Washington Post-ის კომენტატორი, ჩარლზ კრაუტჰამერი მას რონალდ რეიგანსაც კი ადარებს.
ბიუჯეტის შეკვეცის მუდმივ ინიციატორსა და აბორტის უფლების თავგამოდებულ მოწინააღმდეგე კონგრესმენს გაუთხოვარი ქალები, მოხუცები და ლათინოამერიკელები ნაკლებად სწყალობენ, რაც დემოკრატებმა შესაძლოა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. თუმცა რაიანი კარგი თავდამსხმელია: პრეზიდენტობა მას ეკონომიკურ სტაგნაციაში, უმუშევრობისა და გადასახადების უპრეცედენტო ზრდაში ადანაშაულებს.
რომნი- რაიანის კამპანიის მესიჯი მარტივია: რესპუბლიკელებს თავისუფალი ამერიკის სწამთ, იმ ამერიკის, რომელსაც დემოკრატები სულ უფრო და უფრო მეტად ხდიან მთავრობაზე დამოკიდებულს. არჩევანს ამერიკელი ხალხი სულ მალე გააკეთებს.
![]() |
13 ქურთული ოცნება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთი
ირაკლი გუნია
სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეას მეტი აქტუალობა შესძინა. სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის დამასკოს კონტროლისგან გათავისუფლებამ და ერაყის ქურთისტანის ფართო ავტონომიამ ქურთების მრავალი თაობის ოცნება უფრო რეალური გახადა. სხვა საკითხია, რამდენად ეხმიანება ქურთების დამოუკიდებლობა დიდი სახელმწიფოების ინტერესებს და რა პრობლემები ახლავს მას თან.
ამბოხების ჩასახშობად ასადის რეჟიმმა თურქეთსა და ერაყთან მომიჯნავე ტერიტორიიდან სამხედრო ძალები გამოიწვია, რამაც ქურთულ უმცირესობას საშუალება მისცა საზღვრისპირა რეგიონს დაუფლებოდა. მიმდებარე ქალაქებში აღმართული ქურთული დროშები შესაძლებელია სირიის უნიტარული სახელმწიფოს დასრულებას ნიშნავდეს.
სირიის ქურთული მოსახლეობა ცალსახად ამბოხებულთა მხარეს არაა, რის გამოც ამ უკანასკნელთა მხრიდან ხშირადაა კრიტიკის საგანი. ასადის ტირანიასთან ერთად, ქურთებს მეორე მხარის გამოკვეთილი არაბული იდენტობა, თურქეთის გავლენა და პოსტასადისეულ სირიაში თავიანთი ეროვნული უფლებები აღელვებთ. სამი მილიონი სირიელი ქურთი ქვეყნის მოსახლეობის ათ პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს უდიდეს უმცირესობას, რომელიც რაოდენობით ასადის მშობლიურ ალავიტურ სექტასაც აღემატება. სირიელი ქურთები გეოგრაფიულად გაფანტულები არიან, თუმცა უმრავლესობა ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იყრის თავს. სხვა არაბული სახელმწიფოების მსგავსად, მათი უფლებები სირიაშიც საგრძნობლად შელახული იყო - კანონი სკოლებში მათი ენის გამოყენებას კრძალავდა და პასპორტების მიცემას უშლიდა ხელს.
ასადის წინააღმდეგ მებრძოლ სირიულ ოპოზიციასთან დღეისთვის რამდენიმე ქურთული ჯგუფი თანამშრომლობს და ისინი სირიის ეროვნულ საბჭოში არიან წარმოდგენილი. მათ უპირისპირდება ყველაზე გავლენიანი და საუკეთესოდ აღჭურვილი ქურთული დაჯგუფება დემოკრატიული კავშირის პარტია (PYD), რომელსაც ახლო კავშირები აქვს თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლ ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან. PYD ამბოხებაში მონაწილე ქურთულ ჯგუფებს არაბი ნაციონალისტების მიერ მოტყუებულებს და თურქების პაიკებს უწოდებს. თავის მხრივ, მოწინააღმდეგეები PYD-ს ასადის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ამის გამო, სირიელ ქურთებს შორის ერთიანობა არ არსებობს.
ქურთები მსოფლიოში ყველაზე დიდი ერია სახელმწიფოს გარეშე. მათი რაოდენობა 30 მილიონს აღემატება, უდიდესი ნაწილი კი ოთხ სახელმწიფოში (თურქეთი, ირანი, ერაყი, სირია) ცხოვრობს. ახლო აღმოსავლეთში ქურთები რაოდენობით მხოლოდ არაბებს, ირანელებს და თურქებს ჩამოუვარდებიან. სხვადასხვა დროს ოთხი სახელმწიფოს ხელისუფლება ქურთ რეზიდენტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა (რეჟიმების და გარემოებების შესაბამისად, სხვადასხვაგვარს). ამის გამო თვალსაჩინო სხვაობაა ერაყელი, სირიელი, თურქი და ირანელი ქურთების განვითარებასა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზებში.
ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი
CIA-ს ფაქტების სახელმძღვანელოს ცნობით, თურქეთში 18 მილიონი ქურთი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ბინადარია. თურქეთში ქურთების გამოყოფის მოძრაობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. 1920-30-იან წლებში ქემალისტური თურქეთის მიერ ჩახშობილი რამდენიმე აჯანყების შემდეგ, ქურთულმა ნაციონალიზმმა თავი 1970-იანი წლებიდან ისევ იჩინა, როდესაც სოციალისტურ და მარქსისტულ იდეებს შეერწყა.
1984-1999 წლებში შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთისტანის მშრომელთა პარტიას (PKK), ასევე მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს შორის. ამ პერიოდში თურქეთი ოფიციალურად უარყოფდა ქურთული ეთნიკური იდენტობის არსებობას და 1991 წლამდე ქურთული ენის გამოყენებას არალეგალურად აცხადებდა. 2003 წლიდან თურქეთის ხელისუფლებაში ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მოსვლის შემდეგ, ქურთების მიმართ უფრო ტოლერანტული პოლიტიკა ტარდება, თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პოლიტიკური ძალადობა გრძელდება.
თურქეთში ტერორისტული ქურთისტანის მშრომელთა პარტიის (PKK) გარდა, მრავალი ქურთული პოლიტიკური ორგანიზაცია მოქმედებდა. რამდენიმე ლეგალური პარტია გაუქმდა თურქული სასამართლოს ბრძანებით PKK-სთან და სხვა სეპარატისტულ მოძრაობებთან სავარაუდო კავშირების გამო. დღეისათვის თურქეთში ქურთული უმცირესობის დამცველი წამყვანი პოლიტიკური ძალა სოციალისტური პოზიციის მშვიდობის და დემოკრატიის პარტიაა (BDP). 30-მდე დეპუტატით ის თურქეთის პარლამენტში (მეჯლისი) წარმოდგენილი ოთხი პარტიიდან ერთ-ერთია.
ყველაზე ნაკლები პრობლემა ქურთულ მოსახლეობასთან ირანს აქვს. 1947 წელს შექმნილი მაჰაბადის ქურთული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მარიონეტული სახელმწიფო იყო და მცირე ხანშივე შეწყვიტა არსებობა. მას შემდეგ ირანის ხელისუფლება 7-8-მილიონიან ქურთ მოსახლეობას არჩევნებში და მთავრობაში ნომინალური მონაწილეობის უფლებას აძლევს, ამავდროულად კი, მეტის მომთხოვნებს პერიოდულად სჯის. 2011 წლის ზაფხულში ირანულმა არმიამ ერაყის საზღვართან მასიური შეტევა განახორციელა PKK-სთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფის - ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტიის (PJAK) წინააღმდეგ, რომელიც მთავრობას 1990-იანი წლების ბოლოდან ებრძვის. ოპერაციის შედეგად, ჯგუფმა სავარაუდოდ ირანის ტერიტორია დატოვა.
ერაყის პრეზიდენტი ჯალალ ტალიბანი
მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ქურთების დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება აქტუალური გახადა, ერაყის ქურთისტანის მნიშვნელობის გაზრდაა. ერაყში ქურთები მოსახლეობის 15-20%25-ს შეადგენენ და მათი რაოდენობა ოთხ მილიონს აღემატება. 1970 წელს მიღებული ავტონომია რეალური მხოლოდ 1991 წელს, აშშ-ის დახმარებით გახდა. მანამდე, 1980-იან წლებში, ქურთები ირან-ერაყის ომის და სადამის გენოციდური პოლიტიკის მსხვერპლად მოგვევლინენ. 2005 წლის ერაყის ახალი კონსტიტუციით, ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი საპარლამენტო დემოკრატიაა, რომელსაც საკუთარი ასამბლეა და შეიარაღებული ძალები ჰყავს.
ქურთულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ერაყში მოქმედი ქურთისტანის დემოკრატიული პარტიაა (KDP), რომელსაც ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი უძღვება. 1946 წელს ამ უკანასკნელის ბაბუის, ქურთების ეროვნული გმირის, მუსტაფა ბარზანის მიერ დაარსებულ პარტიას დიდწილად უკავშირდება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ერაყელი ქურთების ისტორია. დღეისთვის პოპულისტური პარტია ტომობრივადაა დაყოფილი და კორუფციაშია ჩაფლული. ბარზანის პარტიის და მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ქურთისტანის პატრიოტული კავშირის (PUK) კონტროლირებად სამხედრო დაჯგუფებებს (პეშმერგა), ერთმანეთთან დაუსრულებელი სისხლიანი დაპირისპირება აქვთ. 2005 წელს KDP და სოციალისტური PUK ძალაუფლების გამყოფ შეთანხმებაზე მორიგდნენ და ერაყის შიგნით გავლენიანი პოლიტიკური ბლოკი შექმნეს. ამავე წლიდან ერაყის პრეზიდენტად PUK-ის უცვლელი ლიდერი ჯალალ ტალიბანი დაინიშნა.
ჩრდილოეთ ერაყში ნავთობის ბუმის გამო 2015 წლისთვის რეგიონის მწარმოებლურობა დღეში მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც ოპეკ-ის წევრებისთვისაც სოლიდური მაჩვენებელია. თურქეთი, რომელიც ავტონომიურ რეგიონში ხშირად აგზავნიდა სამხედრო ძალებს ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ, ერაყის ქურთისტანს ახლა ბიზნესპარტნიორად და ნავთობისა და გაზის მომმარაგებლად მოიაზრებს. იმ მილსადენის გაყვანით, რომლითაც ნავთობის თურქეთში ექსპორტირება მოხდება, დაპირისპირებულ ბაღდადის მთავრობასთან შედარებით, ქურთისტანის ავტონომიას უპირატესობა მიეცემა.
დამოუკიდებელი ქურთისტანი აშშ-სთვის ნაკლებადაა საზიანო. ცივი ომის პერიოდში ამერიკული ადმინისტრაციები ამ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ის საბჭოთა კავშირის ჩანაფიქრი იყო აშშ-ის იმხანად ორი ტრადიციული მოკავშირის, თურქეთის და ირანის წინააღმდეგ. 1991 წელს აშშ-მა ერაყთან ომის დროს არასაფრენი ზონა შექმნა ქურთული უმცირესობისთვის, რამაც მათ დე ფაქტო დამოუკიდებლობა მოუტანა. ახლო აღმოსავლეთში ქურთები ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკულად განწყობილი მოსახლეობაა, ისინი რწმენით უფრო ზომიერი მუსლიმები არიან და სეკულარულ მთავრობას არჩევენ.
ქურთისტანის დამოუკიდებლობას ან სირიაში ავტონომიას თან მნიშვნელოვანი გართულებები ახლავს. სპარსეთის ყურის კრიზისის დროს თურქეთი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ერაყში არასაფრენი ზონის შექმნას, რადგან საკუთარ ქურთულ მოსახლეობაზე დიდი გავლენის ეშინოდა. სავაჭრო კავშირების მიუხედავად, თურქეთი იმავე მიზეზით ვერ დაუშვებს ქურთული ნაციონალიზმის გაძლიერებას და სირიაში ქურთების მეორე ავტონომიური რეგიონის შექმნას. გარდა ამისა, ქურთებს კლანური საზოგადოება აქვთ და ქურთულის განსხვავებული დიალექტები ორმხრივად გასაგები არ არის. მათი პოლიტიკური დაჯგუფებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება - ერთდროულად ჩრდილოეთ ერაყის ფეოდალური და სირიის რევოლუციური პარტიებისგან შედგება.
ქურთული ანდაზის მიხედვით, ქურთებს მეგობრები არ ჰყავთ - მხოლოდ მთები. ამ ფაქტორის გამოც, მათი დამოუკიდებლობაზე ოცნება ჯერაც საკმაოდ შორეულია.
![]() |
14 ჰოლანდია საარჩევნო გზაჯვარედინზე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
გეერტ ვილდერი
ემილ რომერი
ნიდერლანდების სამეფო პოლიტიკურ გზაჯვარედინზე დგას - საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, მომავალ პარლამენტში მემარჯვენე მთავრობა შეიძლება რადიკალურმა მემარცხენე სოციალისტურმა პარტიამ ჩაანაცვლოს. ჰოლანდიის უკანასკნელი მთავრობა ფორმირებულია თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტიის და ქრისტიან-დემოკრატების მიერ.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ამომრჩეველთა ყურადღება სოციალისტურმა პარტიამ (SP) მიიქცია. მას სათავეში უდგას დაწყებითი სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ემილ რომერი. გამოკითხვების მიხედვით, SP-მ შესაძლოა 150-დან 38 ადგილი მოიპოვოს. ხმების რაოდენობით სოციალისტურ პარტიას თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტია მოსდევს.
სოციალისტური პარტია გამოირჩევა ევროსკეპტიციზმით და მოსახლეობას კეთილდღეობის ჰოლანდიური მოდელის შენარჩუნებას ჰპირდება. 90-იანი წლების ცვლილებებამდე SP მაოიზმის იდეებს იზიარებდა. მოგვიანებით პარტიამ მოდერნიზაცია განიცადა და მარქსისტ-ლენინისტური იდეოლოგია შერბილებული ფორმებით ჩაანაცვლა. 2010 წელს SP-მ პარლამენტში 15 ადგილი მოიპოვა. პარტიას 40-წლიანი ისტორიის მანძილზე შეიძლება პირველად მიეცეს კაბინეტის ფორმირების შანსი.
რომერს მეტოქეობას უწევენ თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტია (VVD) და ქრისტიან-დემოკრატები (CDA). ორივე მათგანი ეკონომიკურად ლიბერალურია. მათი კოალიცია ჰოლანდიას 2012 წლის ოქტომბრიდან მართავს, თუმცა მოსახლეობაში პოპულარობამ ევროზონის გადასარჩენი გეგმის არაპოპულარობის გამო დაიკლო. ეს გეგმა ნიდერლანდების სამეფოს აქტიური თანამონაწილეობით იყო შემუშავებული.
აგრესიულ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს რადიკალური მემარჯვენე პარტია თავისუფლებისთვის (PVV) გეერტ ვილდერის ხელმძღვანელობით. პარტია მხარს უჭერს იმიგრანტთა ასიმილაციის იდეას, ევროკავშირისადმი უნდობლობითაა განწყობილი და ეწინააღმდეგება მის მომავალ გაფართოებას. ამ წლის აპრილში საბიუჯეტო მოლაპარაკებებზე შეუთანხმებლობის შედეგად, ვილდერმა პრემიერის, მარკ რუტეს მთავრობისთვის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ამან რუტეს მთავრობის დაშლა გამოიწვია, რამაც ვილდერს მომხრეთა დიდი ნაწილი დააკარგვინა.
12 სექტემბრის არჩევნები გავლენას იქონიებს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო პოლიტიკურ დისკურსზეც. სოციალისტური პარტია, ვილდერის პარტიის მსგავსად, ითვალისწინებს რა პოპულისტურ ტენდენციებს, ევროკავშირის მიმართ კრიტიკულია. რომერს არც ანგელა მერკელის მიერ შეთავაზებული ფისკალური გეგმა ხიბლავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჰოლანდიას ევროკავშირიდან გამოსვლისკენ არ მოუწოდებს, მისი აზრით, ევროკავშირის ბიუჯეტი ორჯერ უნდა შემცირდეს. რომერის პოზიცია ეხმიანება უკანასკნელ კვლევებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლის შემდეგ ჰოლანდიელთა შორის ევროკავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობამ 76 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიწია. ერთ-ერთი გამოსვლისას რომერმა განაცხადა: „გადავიხადო სასაცილო ჯარიმები, თუ საბიუჯეტო დეფიციტი 3 პროცენტს ცდება? მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ“.
SP-ის წარმატება ბრიუსელსაც უნდა აღელვებდეს. სოციალისტური პარტიის მთავრობის ფორმირებამ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ხელმოწერილი დანახარჯების შემცირების და ევროკომისიასთან მიღწეული მკაცრი საბიუჯეტო შეზღუდვების შეთანხმება. იმის გათვალისწინებით, რომ ჰოლანდია სამხრეთის ქვეყნების სამაშველო მისიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია, მომავალ არჩევნებს ევროკავშირისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ჰოლანდიური პოლიტიკური სისტემის ფარგლებში სოციალისტურ პარტიას მთავრობის შესაქმნელად კოალიციის შექმნა დასჭირდება. პოტენციურ პარტნიორად მემარცხენე ლეიბორისტული პარტია განიხილება, თუმცა SP-ის ამ უკანასკნელის მხარდაჭერის შემთხვევაშიც გაუჭირდება უმრავლესობის მოპოვება. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, რომერს თავისი პოლიტიკური პროგრამის ცენტრისაკენ გადახრა მოუწიოს.
ნიდერლანდების სამეფო პოლიტიკურ გზაჯვარედინზე დგას - საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, მომავალ პარლამენტში მემარჯვენე მთავრობა შეიძლება რადიკალურმა მემარცხენე სოციალისტურმა პარტიამ ჩაანაცვლოს. ჰოლანდიის უკანასკნელი მთავრობა ფორმირებულია თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტიის და ქრისტიან-დემოკრატების მიერ.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ამომრჩეველთა ყურადღება სოციალისტურმა პარტიამ (SP) მიიქცია. მას სათავეში უდგას დაწყებითი სკოლის ყოფილი მასწავლებელი, ემილ რომერი. გამოკითხვების მიხედვით, SP-მ შესაძლოა 150-დან 38 ადგილი მოიპოვოს. ხმების რაოდენობით სოციალისტურ პარტიას თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტია მოსდევს.
სოციალისტური პარტია გამოირჩევა ევროსკეპტიციზმით და მოსახლეობას კეთილდღეობის ჰოლანდიური მოდელის შენარჩუნებას ჰპირდება. 90-იანი წლების ცვლილებებამდე SP მაოიზმის იდეებს იზიარებდა. მოგვიანებით პარტიამ მოდერნიზაცია განიცადა და მარქსისტ-ლენინისტური იდეოლოგია შერბილებული ფორმებით ჩაანაცვლა. 2010 წელს SP-მ პარლამენტში 15 ადგილი მოიპოვა. პარტიას 40-წლიანი ისტორიის მანძილზე შეიძლება პირველად მიეცეს კაბინეტის ფორმირების შანსი.
რომერს მეტოქეობას უწევენ თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტია (VVD) და ქრისტიან-დემოკრატები (CDA). ორივე მათგანი ეკონომიკურად ლიბერალურია. მათი კოალიცია ჰოლანდიას 2012 წლის ოქტომბრიდან მართავს, თუმცა მოსახლეობაში პოპულარობამ ევროზონის გადასარჩენი გეგმის არაპოპულარობის გამო დაიკლო. ეს გეგმა ნიდერლანდების სამეფოს აქტიური თანამონაწილეობით იყო შემუშავებული.
აგრესიულ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს რადიკალური მემარჯვენე პარტია თავისუფლებისთვის (PVV) გეერტ ვილდერის ხელმძღვანელობით. პარტია მხარს უჭერს იმიგრანტთა ასიმილაციის იდეას, ევროკავშირისადმი უნდობლობითაა განწყობილი და ეწინააღმდეგება მის მომავალ გაფართოებას. ამ წლის აპრილში საბიუჯეტო მოლაპარაკებებზე შეუთანხმებლობის შედეგად, ვილდერმა პრემიერის, მარკ რუტეს მთავრობისთვის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ამან რუტეს მთავრობის დაშლა გამოიწვია, რამაც ვილდერს მომხრეთა დიდი ნაწილი დააკარგვინა.
12 სექტემბრის არჩევნები გავლენას იქონიებს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო პოლიტიკურ დისკურსზეც. სოციალისტური პარტია, ვილდერის პარტიის მსგავსად, ითვალისწინებს რა პოპულისტურ ტენდენციებს, ევროკავშირის მიმართ კრიტიკულია. რომერს არც ანგელა მერკელის მიერ შეთავაზებული ფისკალური გეგმა ხიბლავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჰოლანდიას ევროკავშირიდან გამოსვლისკენ არ მოუწოდებს, მისი აზრით, ევროკავშირის ბიუჯეტი ორჯერ უნდა შემცირდეს. რომერის პოზიცია ეხმიანება უკანასკნელ კვლევებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლის შემდეგ ჰოლანდიელთა შორის ევროკავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობამ 76 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიწია. ერთ-ერთი გამოსვლისას რომერმა განაცხადა: „გადავიხადო სასაცილო ჯარიმები, თუ საბიუჯეტო დეფიციტი 3 პროცენტს ცდება? მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ“.
SP-ის წარმატება ბრიუსელსაც უნდა აღელვებდეს. სოციალისტური პარტიის მთავრობის ფორმირებამ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ხელმოწერილი დანახარჯების შემცირების და ევროკომისიასთან მიღწეული მკაცრი საბიუჯეტო შეზღუდვების შეთანხმება. იმის გათვალისწინებით, რომ ჰოლანდია სამხრეთის ქვეყნების სამაშველო მისიის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია, მომავალ არჩევნებს ევროკავშირისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ჰოლანდიური პოლიტიკური სისტემის ფარგლებში სოციალისტურ პარტიას მთავრობის შესაქმნელად კოალიციის შექმნა დასჭირდება. პოტენციურ პარტნიორად მემარცხენე ლეიბორისტული პარტია განიხილება, თუმცა SP-ის ამ უკანასკნელის მხარდაჭერის შემთხვევაშიც გაუჭირდება უმრავლესობის მოპოვება. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, რომერს თავისი პოლიტიკური პროგრამის ცენტრისაკენ გადახრა მოუწიოს.
![]() |
15 ეთიოპიის ბუნდოვანი მომავალი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
შოთა კაკაბაძე
ეთიოპიას, ქვეყანას, რომელსაც 1930 წლიდან დღემდე მხოლოდ სამი ლიდერი ჰყავდა (იმპერატორი სელასიე, პოლკოვნიკი მენგისტუ ჰაილე მარიამი და მელეს ზენავი), სელასიეს კორონაციის შემდეგ პირველად გაუჩნდა ხელისუფლების კანონიერად გადაცემის შანსი. 20 აგვისტოს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ეთიოპიის მოქმედი პრემიერმინისტრი მელეს ზენავი. იგი ქვეყანას 21 წლის განმავლობაში მართავდა, ჯერ პრეზიდენტის, ხოლო შემდეგ პრემიერის რანგში.
თავად მელეს ზენავის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და მისი პიროვნება საზოგადოებაში არაერთგვაროვან განწყობებს იწვევს. ზოგიერთისთვის ზენავი პრემიერია, რომელმაც ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის ეკონომიკას ორნიშნა ზრდა მოუტანა, ზოგი კი მას დაუნდობელ მმართველად აღიქვამს, რომელმაც 2005 წელს დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. სოციალურ ქსელებში, მისი გარდაცვალების ცნობის გავრცელებასთან ერთად, ზენავი ისეთი ეპითეტებით შეამკეს, როგორებიცაა დიქტატორი, მხსნელი, მკვლელი თუ მეოცნებე.
მელეს ზენავი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეა აფრიკის კონტინენტზე. განსხვავებით სხვა აფრიკელი ლიდერებისაგან, რომლებიც „ცივი ომის” დასასრულიდანვე აქტიურად შეუდგნენ იდეოლოგიისგან თავისუფალი ტექნოკრატიული მმართველობის სტილის დანერგვას, მთელი 21-წლიანი მმართველობის განმავლობაში ზენავი გულმოდგინედ იღვწოდა პრაგმატული დემოკრატიისა და მარქსიზმ-ლენინიზმის პრინციპების შეხამებისთვის. საინტერესოა ისიც, რომ ეთიოპიის პრემიერი ტერორიზმთან ბრძოლაში დასავლეთის აქტიურ მოკავშირედ განიხილებოდა და, ამავდროულად, ნეოლიბერალური მმართველობის მოდელის ჩავარდნაზე და პარადიგმის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობდა.
ზენავი ხელისუფლების მთავარი იდეოლოგის როლსაც ითავსებდა. მმართველი პარტიის მიერ გამოცემული მრავალი ტექსტის ავტორად თავად პრემიერი მიიჩნეოდა. საზოგადოებაში ასევე არსებოდა რწმენა, რომ სოციალურ ქსელებში ზენავი ფსევდონიმის ქვეშ, სხვადასხვა იდეოლოგიურ დებატებშიც იღებდა მონაწილეობას.
მელეს ზენავი
როგორც ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი მიიჩნევს, ეთიოპიის ეთნიკურ ფედერაციად გადაქცევის გზაზე, მელეს ზენავი მენესისათვის ძალადობა და რეპრესიები აუცილებელ საშუალებებს წარმოადგენდა. ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რომელიც ეთიოპიის წინაშე დგას, მისი მრავალეთნიკურობაა. ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნოსი ამ ქვეყანაში ორომოა, რომელიც მთლიანი მოსახლეობის 35%25-ს შეადგენს. ეს აფრიკული სახელმწიფო საკმაოდ ჭრელია რელიგიური თვალსაზრისითაც. ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი მართლმადიდებლები არიან, რომელთა რაოდენობა 43%25-ია. მუსლიმები მოსახლეობის 33%25-ს შეადგენენ, ხოლო დანარჩენები ტრადიციული ანიმისტური რელიგიების მიმდევრები, კათოლიკეები და პროტესტანტები არიან. ამავდროულად, ეთიოპია ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა აფრიკის კონტინენტზე. 87-მილიონიანი სახელმწიფო, Freedom House-ის მონაცემებით, არათავისუფალ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება, სადაც არაა თავისუფალი არც პრესა, არც ინტერნეტი.
ქვეყნის მოსახლეობის 51%25-ზე მეტი 15-დან 64 წლამდეა. უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანური რესურსების რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს შიდსი და სხვადასხვა ინფექციური დაავადებები. ურბანიზაციის დონე მხოლოდ 17%25-ია. საკმაოდ დაბალია წერა-კითხვის მაჩვენებელიც და ის 42%25-ს აღწევს.
ეთიოპიის ეკონომიკა დიდწილად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 45%25-ს შეადგენს. ზენავის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ამ სექტორში ლიდერის როლი მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა კომპანიებმა შეითავსეს.
რაც შეეხება მის მემკვიდრეებს, ეთიოპიის პრემიერის პოსტი ამჟამად ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილემ, ჰალიემარიამმა დაიკავა, რომელსაც სამთავრობო პირების განცხადებით, მმართველი პარტიის (ეთიოპიის სახალხო რევოლუციურ-დემოკრატიული ფრონტი) მთლიანი მხარდაჭერა აქვს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით კი, ჰალიემარიამის ხელისუფლება დროებითი და მყიფეა, რაც ეთიოპიის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. მათ მიაჩნიათ, რომ ახალი პრემიერი მხოლოდ 2015 წლის არჩევნებამდე შეასრულებს ქვეყნის დროებითი მეთაურის როლს.
მედიაში ასევე ფართოდ მიმდინარეობს სპეკულაციები იმაზეც, რომ შეიძლება მმართველი პარტიის ელიტასა და ახალ პრემიერს შორის ურთიერთობები დაიძაბოს და არჩევნებამდე მთავრობის მეთაურის ცვლილებაც ვიხილოთ. ეს შესაძლოა იყოს ზენავის მეუღლე, აზებ მესფინი, რომელიც არცთუ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ან ყოფილი ელჩი ევროპასა და ამერიკაში ბეჰრან გებრე კრისტოსი.
თუმცა, ვინც უნდა იყოს ქვეყნის ახალი მეთაური, იგი აუცილებლად შეეცდება წინამორბედის კურსის გაგრძელებას, რაც იმ იდეოლოგიური ძრავის გარეშე, რომელსაც თავად მელეს ზენავი წარმოადგენდა, ადვილი არაა.
![]() |
16 იმუშავა თუ არა სახის დაფარვამ საფრანგეთში - შედეგები ერთი წლის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ნინო დუნდუა
მარსელში რუსული პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის მხარდასაჭერ აქციაზე დემონსტრანტები მოულოდნელად პოლიციის ალყაში აღმოჩნდნენ. შვიდი მათგანი მალევე დააკავეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მათი დაჭერის მიზეზი არც უკანონო დემონსტრაცია იყო და არც პროტესტის მწვავე ფორმები, არამედ ნაქსოვი ჩაფხუტები (ე.წ. balaclavas), რომელსაც აქციის მონაწილეები Pussy Riot-ის გოგონების მსგავსად ატარებდნენ. საფრანგეთში 2011 წლის აპრილში მიღებული რეგულაციის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვა იკრძალება.
აქტი „საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვის აკრძალვის შესახებ“ 2011 წლის 11 აპრილს მიიღეს. ახალი რეგულაციის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში - ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და პარკებში აიკრძალა ისეთი თავსაბურავების ტარება, რომელიც სახეს სრულად ფარავს. რაც შეეხება ჩადრს, ბურქას ან სხვა რელიგიურ თავსაბურავს, იმ შემთხვევაში, თუ სახეს არ ფარავს, მათი ტარება დასაშვებია. კანონი ეხება ყველას, მათ შორის უცხოელ ტურისტებსაც. კანონით დაშვებული გამონაკლისი, მოტოციკლეტის ტარებისას ან სარემონტო სამუშაოების დროს მუშებისთვის გათვალისწინებული სპეციალური უსაფრთხოების მუზარადია.
კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია მკაცრი ჯარიმები. საწყისი ფულადი ჯარიმა 150 ევროა, ხოლო მათთვის კი, ვინც ძალადობით ან მუქარით სხვას აიძულებს სახის დაფარვას, 30 000 ევრო და ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთაა (პასუხისმგებლობის ზომები ორმაგდება, თუ მსხვერპლი 18 წლამდე ასაკისაა).
ისლამი საფრანგეთში სიდიდით მეორე რელიგიაა. მისი მიმდევრების რაოდენობა 5 000 000-ს აღწევს და ყოველდღე იზრდება. დღეს საფრანგეთში ბევრი მუსლიმი თავსაბურავს საერთოდ არ ატარებს. როგორც ვარაუდობდნენ, შემოღებული აკრძალვით, კანონის საზღვრებში 2000-მდე ქალი მოექცეოდა. მათი უმრავლესობა ატარებს ნიღაბს - თავსაბურავზე დამაგრებულ ნაჭერს, რომელიც, თვალების გარდა, მთელ სახეს ფარავს. ნიღაბი აპრილში შემოღებული კანონით აიკრძალა. კანონი ასევე შეეხო ბურქას, რომელიც, სახის გარდა, მთელ სხეულს ფარავს და რომელსაც, ძირითადად, ავღანეთში ატარებენ.
კანონპროექტის ინიციატორის, ნიკოლა სარკოზის თქმით, აქტის მიზანი ფრანგული იდენტობის და სეკულარული საზოგადოების ღირებულებების დაცვაა. კანონი საფრანგეთის სენატმა 246 ხმით მიიღო ერთის წინააღმდეგ. ერთადერთი მოწინააღმდეგე დენიელ გერიგი იყო, კავშირი სახალხო მოძრაობისათვის (UMP) ყოფილი წევრი, რომლის თქმითაც, ექსტრემიზმთან ბრძოლამ ფრანგულ საზოგადოებას ტოტალიტარიზმისკენ ნაბიჯები არ უნდა გადაადგმევინოს.
კანონს საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც უჭერს მხარს: „არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ კანონის დისკრედიტაცია მოვახდინო, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის“, - განაცხადა მან Le Monde-თან ინტერვიუში. რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, საფრანგეთი ორად არის გაყოფილი. კანონის მხარდამჭერთა თქმით, ტერორიზმის მზარდი საფრთხის ფონზე მსგავსი რეგულაციები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი, კანონი ასევე უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობისა და ქალის ღირსების დაცვას. უმცირესობაში მყოფი მოწინააღმდეგეები კი, ადამიანის უფლებებსა და ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვაზე აპელირებენ. Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა 80%25 აკრძალვას ემხრობა.
სენ დენის მუსლიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჰამიდ ჰენიჩი ამბობს, რომ ეს კანონი შიდა პატიმრობის ტოლფასია. ნიღაბის ტარება მუსლიმი ქალისთვის ღირსების საკითხია. მას შემდეგ, რაც რეგულაცია ძალაში შევიდა, ქალებს ურჩევნიათ შეზღუდონ მიმოსვლა და დარჩნენ შინ, ვიდრე ღირსების საწინააღმდეგოდ მოიქცნენ. „ჩვენ მივიღეთ ის, რომ ქალებს თავიანთი რელიგიური მრწამსის თავისუფლად გამოხატვის გამო აჯარიმებენ. კანონი კი არ იცავს მათ, არამედ პატიმრობაში ამყოფებს“, - ამბობს წარმოშობით ალჟირელი ფრანგი ბიზნესმენი რაჰიდ ნეკაზი. ის მუსლიმ საზოგადოებაში ტრადიციების შენარჩუნებისთვის იბრძვის, ამიტომ ხალხს შესთავაზა, რომ ნიღაბის ტარების აკრძალვისთვის გამოწერილ ნებისმიერ ჯარიმას თვითონ გადაიხდიდა. ამჟამად სულ 412 ჯარიმა აქვს გადახდილი, დაახლოებით 50 000 ევრო.
მუსლიმი ქალები ნიღაბის ტარებას დღემდე აგრძელებენ, რადგან ნიღაბი გათხოვილი მუსლიმი ქალისთვის რელიგიურ მოვალეობად მიიჩნევა. ამით ის ნამუსს ინახავს. „როდესაც პოლიცია მოგვიწოდებს მოვიხსნათ ნიღაბი, ასეც ვიქცევით. ამით ისინი ჩვენს ღირსებას შეურაცხყოფენ, თუმცა დავას აზრი არ აქვს, როცა ადგილს გაეცლებიან, ისევ ვიკეთებთ“, - ამბობს კენზა დრაიდერი, კანონის ცნობილი კრიტიკოსი.
საფრანგეთი არ არის ევროპის ერთადერთი სახელმწიფო, სადაც მსგავსი კანონი მოქმედებს. ანალოგიური კანონი მიიღეს ბელგიამ და იტალიის რამდენიმე ქალაქმაც, კანონპროექტი განხილვის დონეზეა ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, აქ თავსაბურავის ტარების საკითხი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დისკრეციას დაუქვემდებარეს.
მიშელ ბუშერონის (union UNSA Police) თქმით, უკანასკნელმა ინციდენტებმა მარსელსა და რუბოში, საფუძვლიანი გახადა ის ეჭვები, რაც კანონპროექტის განხილვისას არსებობდა, გაიზარდა დაძაბულობა პოლიციასა და მუსლიმებს შორის, რომლებიც ღარიბ კვარტლებში ცხოვრობენ და ყოველდღიურად განიცდიან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. ბუშერონი საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს მოუწოდებს, დაემორჩილონ კანონს, მაგრამ ამასთანავე არ შეწყვიტონ ბრძოლა მის გასაუქმებლად. საფრანგეთის სასამართლოებში საჩივრების რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ საჩივრებმა საფრანგეთის უზენაეს სასამართლომდე მიაღწიოს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა რესურსები იქნება ამოწურული, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეეძლება მისი განხილვა რელიგიის თავისუფლების
ჭრილში, რაც გრძელვადიანი, თუმცა შედეგიანი პროცესია.
![]() |
17 ნავთობი, OPEC-ი და ტრანსპორტი: სად გადის ზღვარი ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და ბაზრის ჩაკეტვას შორის |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
ნავთობის ფასები ყველას ადარდებს. ეს ბუნებრივია, რადგან ნავთობი სხვა პროდუქტებზე ფასის შედგენაში დიდ როლს თამაშობს. ამიტომ მის გაძვირებასა და გაიაფებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. როცა ნავთობი ძვირია, იმპორტიორ ქვეყნებზე წნეხი მაღალია და ისინი მუდმივად ცდილობენ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, იმპორტი ადგილობრივი მარაგებით ჩაანაცვლონ. თუმცა როცა ეს რომელიმე სახელმწიფოს თვითმიზანი ხდება, ამას ქვეყანა მეტი რეგულირებისკენ და ბაზრის ჩაკეტვისკენ მიჰყავს. ეს კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, პროდუქციის გაიაფების ნაცვლად, მის დეფიციტს იწვევს.
მსოფლიოს სატრანსპორტო სექტორის 90%25 ნავთობზეა დამოკიდებული. რეზერვების 80%25-ს კი შუა აღმოსავლეთის რვა და ოთხი სხვა ქვეყანა, იგივე OPEC-ი აკონტროლებს. ამასთან, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ ნედლეულის წარმოება შედარებით ადვილი და იაფია. ამიტომ ნავთობის გლობალურ ბაზარზე ყოველთვის იქნებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც, მაგალითად, OPEC-ის არაწევრი კანადის ნაცვლად, უფრო დიდი სიამოვნებით ნავთობს საუდის არაბეთისგან - OPEC-ის წევრი ქვეყნისგან შეიძენენ. აქედან გამომდინარე, OPEC-ს ბაზარზე ნავთობის ფასით მანიპულირება უადვილდება.
მონოპოლიებით, კარტელებით და მსგავსი ტერმინებით თუ არ გავერთობით, მომხმარებლის ჩუსტებს კარებთან დავტოვებთ და ამ ყველაფერს ბიზნესის კუთხით შევხედავთ, აუცილებლად მივალთ დასკვნამდე, რომ სინამდვილეში, OPEC-იც ლოგიკურ სტრატეგიას მიმართავს: ფასის გასაზრდელად და მეტი მოგების მისაღებად, ის ბაზარს საკმარისი რაოდენობის ნავთობს არ აწვდის. სხვადასხვა გათვლებით, OPEC-ი ყოველდღიურად 31 მილიარდ ბარელ ნავთობს ყიდის - თითქმის იმდენივეს, რამდენსაც 40 წლის წინათ ყიდდა, ანუ მაშინ, როცა ნავთობზე მოთხოვნაც და მსოფლიო ეკონომიკაც იმის ნახევარი იყო, რაც დღეს არის.
ამით OPEC-ი დიდ მოგებას ნახულობს: მხოლოდ ამერიკის ბაზარზე ეს ორგანიზაცია ყოველ ამერიკულ ოჯახს ყოველწლიურად 4 ათასი დოლარის ოდენობის ირიბ გადასახადს აკისრებს. ამდენად, პრობლემა ამ შემთხვევაში OPEC-ის მხრიდან ნავთობის ფასის კონტროლია და არა თავისთავად ვაჭრობის ფაქტი.
როგორ შეიძლება შესუსტდეს OPEC-ის გავლენა?
პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, რა არის ამ გავლენის წყარო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს უდავოდ ტრანსპორტის სექტორია. სხვადასხვა გათვლები აჩვენებს, რომ მხოლოდ ამერიკაში მოხმარებული ნავთობის 2/3, 250 მილიონი მანქანის, მსუბუქი სატვირთოს და 8 მილიონი მძიმე სამშენებლო მასალების გადამზიდავი ავტომობილის გადაადგილებას ხმარდება.
შემდეგ უნდა დაითვალოს, რომელ ალტერნატივას შეიძლება ჰქონდეს რეალური შანსი, კონკურენცია გაუწიოს ნავთობს ტრანსპორტის სექტორში. ბუნ პიკენსი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უკვე წლებია სწავლობს. ის ამბობს, რომ თუ ამერიკაში საწვავის ბიზნესი უფრო ლიბერალიზებული იქნება და აშშ ღია საწვავის სტანდარტს მიჰყვება, მაშინ ტრანსპორტის მეპატრონეებს გაუჩნდებათ რეალური შანსი, თავიანთი ავტომანქანები, ბენზინის გარდა, სხვა ტიპის საწვავითაც, მაგალითად, კომპრესირებული ან თხევადი ბუნებრივი გაზით, ან ბიოსაწვავით თუ ელექტროენერგიით შეავსონ. პიკენსის აზრით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გაზია: კონკურენციის პირობებში, დამატებით 400 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და OPEC-ზე დამოკიდებულობა 70%25-ით შემცირდება.
იმპორტზე დამოკიდებულობის შემცირება ლეგიტიმური ძალისხმევაა. თუმცა შეცდომა იქნება, თუ შიდა მოთხოვნის ადგილობრივი მარაგებით სრულად დაკმაყოფილებას ენერგეტიკულ დამოუკიდებლობად მოვნათლავთ. პრობლემა ფასის კონტროლია და არა თვითონ ვაჭრობის ფაქტი.
ასეთი მიდგომა ამახინჯებს სიტყვა „დამოუკიდებლობის“ მნიშვნელობას - დამოუკიდებელი ნიშნავს უცხო კონტროლისგან თავისუფლებას და არა ავტოკრატიას, სადაც უცხოს ადგილი არ არის.
![]() |
18 ITგადაწყვეტები ლოგისტიკის სექტორში |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
კერძო ინიციატივა
ელენე კვანჭილაშვილი
ტექნოლოგიების ათვისება და ინოვაციების დანერგვა კონკურენციის მამოძრავებელი მთავარი ფაქტორებია, რომლებიც დიდწილად განაპირობებენ კომპანიების წარმატებას და მოგებას. თავის მხრივ, წარმატებული კომპანიები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყაროა. ტექნოლოგიების განვითარების ტემპს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს კიდევ უფრო მეტი წონა ექნება იმისთვის, რომ კომპანიებმა გლობალურ კონკურენტუნარიანობას გაუძლონ. მეტიც, იმ ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებს აითვისებს და ინოვაციური მიდგომებით იქნება გაჯერებული, უფრო ადვილად მოერგება სწრაფად ცვალებად გლობალურ ეკონომიკას და მომავალში გაუთვალისწინებელ გამოწვევებს უფრო ადვილად გაუმკლავდება.
ვინ უნდა იყოს ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციის მამოძრავებელი ძალა ქვეყნისთვის? განვითარებულმა ქვეყნებმა ამ კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს - კერძო სექტორი, უნივერსიტეტები, დამოუკიდებელი მკვლევრები.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლო, 2010 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც ერთმანეთს მსოფლიოს 143 ქვეყანას ადარებს, გლობალური კონკურენტუნარიანობის შეფასებისას, საქართველოს ყველაზე სუსტი მხარე ტექნოლოგიური მზაობა და ინოვაციაა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს, ნათლად ჩანს, რომ მთავრობა უფრო ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები თავის უწყებებში (76-ე ადგილი), ვიდრე უნივერსიტეტები (126-ე ადგილი) და კერძო კომპანიები (124-ე ადგილი).
უნივერსიტეტების და კერძო კომპანიების დაბალი ტექნოლოგიური განვითარება ურთიერთგადაჯაჭვულია. კვლევა აჩვენებს, რომ რადგან ქვეყანაში მეცნიერების და კვლევის განვითარების დონე დაბალია (მე-100 ადგილი) და ცოტა ტრენინგცენტრი არსებობს (115-ე ადგილი), კომპანიებს მეტი დრო სჭირდებათ ახალი ტექნოლოგიების მოსაძებნად, დასანერგად და ასათვისებლად (115-ე ადგილი). ყოველივე ეს, თავის მხრივ, ინოვაციის შესაძლებლობას აფერხებს (103-ე ადგილი).
როგორც ამ კვლევიდანაც იკვეთება, კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახალი ტექნოლოგიების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიებაა. PSD Web Solutions კერძო ქართული კომპანიაა, რომელმაც გადაწყვიტა, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს არა მხოლოდ ინფორმაციის მოძიება გაუადვილოს, არამედ დაინტერესებული მხარეები ერთმანეთთან ეფექტურად დააკავშიროს. ამისთვის PSD Web Solutions აპირებს, ამ ინდუსტრიაში დანერგოს და მენეჯმენტი გაუწიოს სხვადასხვა IT გადაწყვეტებს, რომლებსაც შემდეგ დაინტერესებული მხარეების კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის გამოიყენებს.
კომპანიამ უკვე შექმნა ორი ვებპორტალი: www.cargoinfo.ge და www.cargotender.ge. პირველი უფრო ინფორმაციულია და აშუქებს ლოგისტიკის ინდუსტრიის სხვადასხვა საკითხებს: ადგილობრივ სიახლეებს, საერთაშორისო გამოცდილებას, საკანონმდებლო ცვლილებებს და ა.შ. მეორე - ლოგისტიკური ბირჟაა, სადაც ნებისმიერს, ვისაც გარკვეული ლოგისტიკური სერვისის შეძენა სურს, შეუძლია თავისი მოთხოვნა ონლაინრეჟიმში განათავსოს და მას პოტენციური გამყიდველები კონკრეტული შეთავაზებებით გამოეხმაურებიან: კომპანიებს აღარ მოუწევთ ტელეფონის და ელფოსტის მეშვეობით ზედმეტი ძალისხმევისა და დროის დახარჯვა.
PSD Web Solutions-ის თქმით, ვებბირჟის ამოქმედებით დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაცია ბევრად უფრო ეფექტური გახდება: ერთი მხრივ, მყიდველები, რომლებიც ეძებენ საუკეთესო პირობებს, შეძლებენ შეამცირონ ლოგისტიკის ბიუჯეტი, ხოლო, მეორე მხრივ, სერვისის გამყიდველებს საშუალება ექნებათ, სწრაფად იპოვონ ახალი კლიენტები და გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
ლოგისტიკის სექტორზე გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა დიდი გავლენა იქონია. სხვადასხვა გათვლებით, გლობალურ მშპ-ში ამ სექტორს საშუალოდ 9.3%25 უჭირავს.
![]() |
19 ახალი ერა უმაღლეს განათლებაში |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
დრიუ ენჯი და დაფნაკოლერი
2012 წლის აპრილში სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა უნივერსიტეტის კურიკულუმის ფარგლებში ლექციების ჩატარება შეწყვიტა. ენდრიუ ენჯის და დაფნა კოლერის ეს საქციელი კოლეგებმა სიგიჟედ ჩათვალეს, ვინაიდან ასეთ შესაძლებლობაზე უარის თქმა გონიერების არცერთ ჩარჩოში არ თავსდებოდა, თუმცა ექსპერიმენტი, რომლის განხორციელებაც აღტყინებულმა მეცნიერებმა დაიწყეს, მათი აზრით, უფრო მეტი იყო, ვიდრე ის, რითიც მანამდე იყვნენ დაკავებულნი… ეს ექსპერიმენტი იყო Coursera, რომელმაც ახალი ერა დაიწყო უმაღლეს განათლებაში.
ენდრიუ ენჯიმ და დაფნა კოლერმა საწყისი კაპიტალის სახით 16 მილიონი დოლარი მოიძიეს და Coursera შექმნეს, პლატფორმა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ მსურველს უფასოდ სთავაზობდა აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების: ბერკლის, სტენფორდის, პენსილვანიის, მიჩიგანის, ვირჯინიის, დიუკის და სხვათა კურსების გავლას. ექსპერიმენტი აპრილში დაიწყო და მცირერიცხოვან კურსებს შორის ენდრიუ ენჯის საგანი, მანქანური სწავლებაც იყო, რომელსაც მანამდე სტენფორდის უნივერსიტეტში კითხულობდა.
ენჯის კურსზე ჯამში 104 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათგან კურსი მეოთხედმა წარმატებით გაიარა, დადებითი ნიშანი მიიღო და დასრულების შესაბამისი სერტიფიკატიც დაიმსახურა. როგორც შემდგომში პროფესორმა ენჯიმ იხუმრა: „სტენფორდის უნივერსიტეტში რომ გამეგრძელებინა მოღვაწეობა, ამ რაოდენობის სტუდენტებისთვის ჩემი საგნის სწავლებას 250 წელი მოვანდომებდი“. Coursera-ს პლატფორმის წყალობით კი ეს 10 კვირის განმავლობაში გახდა შესაძლებელი.
Coursera ინტერნეტპლატფორმაა, რომელიც საუნივერსიტეტო ციკლის ყველა აუცილებელი ელემენტისგან შედგება და სწავლების რეალურ რეჟიმს იმეორებს: თქვენ რეგისტრირდებით სისტემაში, შემდეგ კი ირჩევთ სასურველ საგნებს. თითოეული საგნის კურსი ვიდეოლექციებისა და ინტერაქტიული დავალებებისაგან შედგება. კვირაში ერთხელ საშუალება გეძლევათ გაეცნოთ ვიდეოებს, უყუროთ მაშინ, როცა მოგესურვებათ, შემდეგ კი დანიშნულ ვადამდე მოცემულ დავალებას და სავარჯიშოებს გაართვათ თავი. კვირიდან კვირამდე შესრულებული სამუშაოს მიხედვით ქულებს დააგროვებთ და ბოლოს თუ აუცილებელ ზღვარს გადალახავთ, ნიშანსაც მიიღებთ.
ექსპერიმენტული ფაზა ივნისში დასრულდა, რის შემდეგაც დაფნა კოლერმა TED.com-ის საშუალებით საზოგადოებას შედეგები გააცნო. აგვისტოს შუა რიცხვებში კი, როდესაც ახალი ონლაინ სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ელექტრონული წერილები დაიგზავნა, მსოფლიოში Coursera მანია დაიწყო. სწორად ამ დროს მიაღწია Coursera-ს მომხმარებელთა რიცხვმა მილიონს და ასარჩევი კურსების რაოდენობამ ასს გადააჭარბა. როგორც ერთმა სტუდენტმა აღნიშნა: „Coursera იქცა ციფრული ერის ონლაინ-ვუდსტოკად, რომლისკენაც ასიათასობით ადამიანი დაიძრა“.
ეს მთლიანად უფასო პლატფორმაა. შემქმნელები ამბობენ, რომ დღესდღეობით ზემოხსენებული უნივერსიტეტებისთვის ამ პროექტში მონაწილეობა პრესტიჟის საკითხია. მათთვის ეს ერთგვარი სარეკლამო კამპანიაა, თუმცა მეორე მხრივ არ გამორიცხავენ, რომ მომავალში Coursera მათი შემოსავლის უმთავრესი წყარო გახდეს. მაგალითისთვის, უკვე შემუშავებულია ე.წ. Freemium მოდელი, რაც ონლაინლექციებს და ინტერნეტით ცოდნის მიღების უფასო სისტემას გულისხმობს, თუმცა კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თუკი ვინმეს ამის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა მოუნდება, რამდენიმე ათეული დოლარის გადახდა მოუწევს.
Coursera-ს ავტორები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. დღესდღეობით ინტერნეტის მომხმარებელთა რამდენიმემილიარდიან არმიაში 600 მილიონია ისეთი, რომელსაც ე.წ. სწრაფი ინტერნეტი აქვს და ვიდეოსტრიმინგის მიღებაც შეუძლია. დაფნა კოლერი ამბობს, რომ ეს ადამიანები Coursera-ს პოტენციური მომხმარებლები არიან, ანუ ისინი, ვისაც ამ კურსების გავლის დიდი სურვილი ჰქონდა და მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორის გამო ამას ვერ ახერხებდა. დღეს უკვე სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება. ნუ გაუშვებთ შანსს, თქვენც სცადეთ და დარეგისტრირდით: www.coursera.org
![]() |
20 ლავრენტი ბერია ქართულ ლიტერატურაზე |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
გამოსვლა საქართველოს კომპარტიის მეათე ყრილობაზე
1938 წელი
უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ქართულმა საბჭოთა ლიტერატურამ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა საბჭოთა კავშირის მოძმე რესპუბლიკების ლიტერატურებს შორის. განსაკუთრებული როლი საბჭოთა ლიტერატურის განვითარებაში შეასრულა ამხ. სტალინის ინიციატივით მიღებულმა, ЦК ВКП (б) 1932 წლის 23 აპრილის დადგენილებამ ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ.
საქართველოს ლიტერატურულ ორგანიზაციებში არსებობდა დაჯგუფებები, რომლებიც ხრწნიდნენ მწერალთა კადრებს და აფერხებდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებას.
ამ საქმეში განსაკუთრებულ როლს ე.წ პროლეტარ-მწერალთა ქართული ასოციაცია (АПП) ასრულებდა, რომელიც წარმოადგენდა РАПП-ის ფილიალს და მას ხელმძღვანელობდნენ: ბ. ბუაჩიძე, შ. რადიანი და სხვ.
პროლეტარ-მწერალთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელობა შუღლს აღვივებდა მწერალთა წრეებში და ყველა ურჩსა და განსხვავებულად მოაზროვნეს საბჭოთა ხელისუფლების მტრების ბანაკში უჩენდა ადგილს.
პროლეტარ-მწერალთა ქართულ ასოციაციასთან ერთად ქართველ მწერალთა წრეში არსებობდა განკერძოებული ჯგუფები: „ცისფერყანწელები“, „აკადემიური ჯგუფი“, „ლეფელები“, „არიფიონელები“ და სხვ. „ცისფერყანწელთა“ ჯგუფში შედიოდნენ: პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, ნ. მიწიშვილი, გ. ლეონიძე და სხვები. ეს ჯგუფი ჯერ კიდევ 1916 წელს ჩამოყალიბდა. სახელწოდებას „ცისფერყანწელები“ გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა და უნდა აღენიშნა შემოქმედებითი თრობა, მაგრამ ეს დევიზი ცხოვრებაში, ქეიფებსა და ღრეობებში უფრო ხშირად ხორციელდებოდა. (სიცილი დარბაზში) ქართულ ლიტერატურაში „ცისფერყანწელთა“ შემოქმედება წარმოადგენდა დასავლეთ-ევროპულ და რუსულ ბურჟუაზიულდეკადენტურ ლიტერატურის დაგვიანებულ გამოძახილს. სოციალისტური მშენებლობის წარმატებებისა და „ცისფერყანწელების“ წინააღმდეგ განხორციელებული მძაფრი იდეური ბრძოლის შედეგად ეს ჯგუფი დაიშალა.
თუკი ადრეულ პერიოდში, ЦК ВКП (б)-ს 1932 წლის აპრილის დადგენილების შემდეგ, ჯგუფ „ცისფერყანწელების” ზოგიერთ პოეტთა შემოქმედებაში ჭარბობდა უაზრო ლირიკის მოტივები და არ შეეძლოთ თავისი ვიწროლიტერატურული სამყაროდან გამოსვლა, უკანასკნელ ხანებში მათი შემოქმედებითი საქმიანობა უკვე სოციალისტური მშენებლობის თემების დამუშავების კუთხით გაიშალა.
„აკადემიური“ ჯგუფი, რომელიც 1922-23 წლებში შეიქმნა, უკიდურეს მემარჯვენე ფრთას წარმოადგენდა ქართულ ლიტერატურაში. მასში გაწევრიანებული იყვნენ შემდეგი მწერლები: კ. გამსახურდია, ა. აბაშელი, გ. ქიქოძე, პ. ინგოროყვა და სხვები. ამ ჯგუფის მიერ გამოცემულ ჟურნალ „კავკასიონის“ პირველ ნომერში ჯგუფი შემდეგნაირად ახდენდა თავისი პოზიციის დეკლარირებას: „ერთადერთი საზომი, რომლითაც მოცემულ შემთხვევაში იხელმძღვანელებს „კავკასიონი“, - ეს არის მარადიული ხელოვნების იდეა, რომელიც წარმავალ ლიტერატურულ მოდაზე უფრო მაღლა დგას…“ ჟურნალი, ბუნებრივია მიმზიდველ ცენტრად იქცა ანტისაბჭოთა-შოვინისტურად განწყობილი ინტელიგენციის ნაწილისთვის, მაგრამ სოციალისტური მშენებლობის წარმატებების და ჩვენი სოციალისტური კულტურის განვითარების შედეგად, ეს. ე.წ. „აკადემიური ჯგუფიც“ დაიშალა. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი ა. აბაშელი იწყებს აქტიურ საზოგადო საქმიანობას და არც ისე ცუდ ლექსებს წერს საბჭოთა თემებზე. „აკადემიური ჯგუფის“ კიდევ ერთი წარმომადგენელია კ. გამსახურდია, რომლის მსოფლმხედველობა მებრძოლი ნაციონალიზმით განისაზღვრებოდა და მას მკვეთრად გამოხატული ფაშისტური ელფერი დაჰკრავდა, თავის ბოლო ნაწარმოებში, „მთვარის მოტაცება“, შეეცადა ჩამოშორებოდა ძველ იდეურ პოზიციებს და სოციალისტური სინამდვილე დაეხატა, მაგრამ ეს ჯერჯერობით სუსტად გამოუვიდა. თუკი კ. გამსახურდიას სურს იყოს საბჭოთა მწერალი, იგი უნდა გათავისუფლდეს ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური იდეებისა და განწყობილებისაგან, უფრო დაუახლოვდეს ჩვენს სოციალისტურ სინამდვილეს და თავისი დიდი შემოქმედებითი უნარი ქართველ მუშა ხალხს მოახმაროს.
ჯგუფისთვის „ლეფელები“, რომელიც 1924 წელს ჩამოყალიბდა და რომელშიც შედიოდნენ - ს. ჩიქოვანი, დ. შენგელაია, ბ. ჟღენტი, ლ. ასათიანი და სხვანი, დამახასიათებელი იყო ფორმალური ნოვატორობა, წვრილბურჟუაზიული მეამბოხეობა. ისინი გამოსცემდნენ სპეციალურ ჟურნალს „H2SO4“, (გოგირდმჟავას ქიმიური ფორმულა). (სიცილი დარბაზში) „ლეფელები” უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გათავისუფლდნენ მათთვის წარსულში დამახასიათებელი აბდაუბდისგან, გადავიდნენ საბჭოთა ლიტერატურის იდეურ პოზიციებზე და ამჟამად ქართული ლიტერატურის მოწინავე რიგებში იბრძვიან.
დ. შენგელაიამ რამოდენიმე მოთხრობა სოციალისტური მშენელობის თემაზე დაწერა. მას მზად აქვს ახალი რომანიც, რომელიც სტალინის ჭაბუკობის წლებს ეძღვნება. პოეტმა ს. ჩიქოვანმა კარგი ლექსები შექმნა თანამედროვე საბჭოთა თემებზე.
ჯგუფში „არიფიონი“, რომელიც 1928 წ. დაარსდა, შედიოდნენ მწერლები: მ. ჯავახიშვილი, შ. დადიანი, ს. შანშიაშვილი, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, ი. მოსაშვილი და სხვ. „არიფი“ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის განმარტებით - გ. ქიქოძე - „,ეს არის თანამესუფრე, ხოლო არიფიონი - გადაკრულში მყოფი ხალხის კავშირია. (სიცილი დარბაზში) „მაგრამ ჩვენ ვთვრებით, - წერდა ქიქოძე - არა ღვინით, არამედ შემოქმედებითი ურთიერთზემოქმედებით“. ეს ჯგუფი თავისი არსებით ნაკლებად განსხვავდებოდა ზემოხსენებული „აკადემიური“ ჯგუფისაგან და ამ უკანასკნელის მსგავსად, ჩვენთვის აშკარად მტრულ, ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ პოზიციებზე იდგა. თავის სტატიაში, რომელიც ჟურნალ „არიფიონის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა და ჯგუფის დეკლარაციას წარმოადგენდა, გ. ქიქოძე წერდა: „…რევოლუციამ ვერ შეძლო ევრაზიის ფარგლებს გაცდენოდა, ის დედამიწის ერთ მეექვსედ ნაწილში ჩაიკეტა.
რა დაუპირისპირა მან ძველ კულტურას? ელექტროფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია, კოოპერაცია… ძველი ღმერთები დაიხოცნენ, კრიტიკულმა აზროვნებამ გაანადგურა ძველი ილუზიები, არ არსებობს ცრურწმენისაკენ უკან დასახევი გზა, მაგრამ სული დაცარიელდა და ამ დაცარიელებული სულის ელექტროდენით შევსება შეუძლებელია“.
ეს იყო აშკარა კონტრრევოლუციური მოწოდება, რომელიც მიმართული გახლდათ საბჭოთა ხელისუფლების და ჩვენი სოციალისტური მშენებლობის წინააღმდეგ.
სოციალიზმის წარმატებებისა და ჯგუფ „არიფიონის“ წინააღმდეგ გაშლილი იდეური ბრძოლის შედეგად, ჯგუფმა მოახდინა თვითლიკვიდაცია და ამჟამად ჯგუფის ყველა წამყვანი წევრი ცდილობს აქტიურად იმუშაოს საბჭოთა ლიტერატურის სფეროში.
მ. ჯავახიშვილმა დაწერა საკმაოდ კარგი რომანი სახელწოდებით: „არსენა მარაბდელი“, რომელიც XIX საუკუნის 30-იანი წლებში გლეხთა რევოლუციურ მოძრაობას ეხება. შ. დადიანმა შექმნა რომანი სამეგრელოს გლეხთა რევოლუციური ბრძოლის ცხოვრებიდან - „ურდუმი“. მან ასევე დაწერა პიესა, რომელიც მიუძღვნა საქართველოში 1905 წ. რევოლუციური პერიოდის ბოლშევიზმის ისტორიას. ლ. ქიაჩელმა დაწერა ახალი რომანი ,,გვადი ბიგვა“, რომლითაც სურდა ეჩვენებინა, თუ როგორ მიჰყავს საკოლმეურნეო მშენებლობას გლეხობა ახალი, დოვლათიანი ცხოვრებისაკენ.
ი. მოსაშვილმა ბოლო პერიოდში ბევრი კარგი ლექსი შექმნა, რომლებიც სოციალისტური მშენებლობის თემებს მიუძღვნა.
უკანასკნელ წლებში გაძლიერდა და გაფართოვდა პროლეტარ მწერალთა კადრები - ა. მაშაშვილი, კ. ლორთქიფანიძე, კ. კალანდაძე, ი. აბაშიძე და სხვ. თავის ნაწარმოებებში მათ გამოამჟღავნეს იდეურ-შემოქმედებითი ზრდა და ხშირ შემთხვევაში ოსტატობით ძველ, კვალიფიცირებულ მწერლებს არ ჩამოუვარდებიან. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა ქართული საბჭოთა პოეზია, რომელიც გამდიდრდა ახალი, მნიშვნელოვანი ნაწარმოებებით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, დიადი სტალინისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები. საბჭოთა მწერლები ბელადის სახეს, როგორც ყველა ჩვენი გამარჯვების სიმბოლოს ასხამენ ხოტბას.
საუკეთესო სიმღერები და ლექსებია თავმოყრილი ახლახანს გამოცემულ წიგნში - „ქართული ლექსები და სიმღერები სტალინზე“. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გ. ლეონიძის ახალი პოემა - „ბელადის ბავშვობა და ყრმობა“, რომელიც დიდი პოეტური აღტაცებითაა დაწერილი.
უდავოა, რომ ქართული პოეზიის მიღწევას წარმოადგენს ქართველი მწერლების მიერ ლექსად გადმოცემული „ქართველ მშრომელთა წერილი ხალხთა დიდ ბელადს, სტალინს“, რომელიც საბჭოთა საქართველოს 15 წლისთავს მიეძღვნა.
კრიტიკა ჯერ კიდევ სუსტ მხარეს წარმოადგენს ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. ჩვენი კრიტიკოსები მწერლების ნაწარმოებებში ცუდად ავლენენ ნაკლსა და ხარვეზებს. მათ ობიექტურობაც აკლიათ.
იმის მაგივრად, რომ კარგად შეისწავლონ ყველა ცალკეული ნაწარმოები და ობიექტური ანალიზის საფუძველზე დაწერონ სერიოზული კრიტიკა, ისინი კრიტიკას ხშირად ცალკეული მწერლების მიმართ პირადი სიმპათიებისა და ანტიპათიების საფუძველზე წერენ, გამომდინარე იქიდან, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ოდესღაც და ხელმძღვანელობენ პრინციპით „ჩემიანი“ ან „მოწინააღმდეგე“. ასეთი მუშაობის შედეგად, კრიტიკოსები ცალკეული მწერლების ნაწარმოებებში დროულად ვერ ავლენენ კლასობრივ-მტრულ და მიუღებელ იდეებს.
მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა ქართული ლიტერატურის საქმეში, ჩვენმა გმირულმა საბჭოთა სინამდვილემ ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა მასში ღირსეული, სრულფასოვანი გამოხატულება. ჩვენი ლიტერატურა უნდა იყოს სახალხო და ასახავდეს კაცობრიობის მოწინავე იდეებს, ლენინ-სტალინის პარტიის იდეებს.
მწერალთა კავშირს ბევრი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს და არასრულფასოვნად ხელმძღვანელობს მწერალთა შემოქმედებით პროცესს. მწერალთა შორის არ არის გავრცელებული თვითკრიტიკა. უნდა მოხდეს ჩვენი მწერლების იდეურპოლიტიკური დონის ამაღლება, ამაღლების მიზნით ბრძოლის ორგანიზება, ბრძოლა, ბოლშევიზმის დაუფლებისათვის, რომელიც უნდა იდგეს მთელი მწერალთა ორგანიზაციის ცენტრში.
როგორც ნახეთ, ქართველ მწერალთა და პოეტთა დიდი უმრავლესობა, რომლებიც წარსულში ანტისაბჭოურად იყვნენ განწყობილნი და თავის გარშემო უკმაყოფილო პირები შემოიკრიბეს, ამჟამად აქტიურად მუშაობენ საბჭოთა თემატიკაზე. ბევრმა მათგანმა კარგი ნაწარმოებები შექმნა, რომელთა ნაწილი ითარგმნა საბჭოთა კავშირის ხალხთა ენაზე, მაგრამ ქართველ მწერლებსა ხელოვნების წარმომადგენლებს შორის არიან ცალკეული პირები, რომლებმაც უნდა გადასინჯონ თავიანთი ურთიერთობა ქარველი ხალხის მტრებთან - აღნიაშვილთან, ლომინაძესთან, ჯიქიასთან, ელიავასთან და სხვებთან. სერიოზულად დაუფიქრდნენ ამას და თავისთვის ყველა საჭირო დასკვნა გამოიტანონ, რადგან არავის მივცემთ ნებას ითვალთმაქცოს, ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის სახელწოდებას ამოფარებულმა ხალხის მტრებთან ერთან შავი საქმე აკეთოს.
მაგალითად, პაოლო იაშვილმა, რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია, დროა ჭკუა ისწავლოს.
სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისგან ჯიქიასკენ, ჯიქიასგან აღნიაშვილისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში.
ზედმეტი არ იქნება სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები. საბჭოთა მწერალი პირველ რიგში ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს საბჭოთა ხელისუფლებას, სოციალისტურ სამშობლოს, ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის. მას უნდა უყვარდეს საბჭოთა ხალხი, თავისი საბჭოთა სამშობლო და ღრმად უნდა სწამდეს მისი ძალა და ძლიერება. ის მართალი და გულწრფელი უნდა იყოს თავის შემოქმედებაში, მან უნდა განამტკიცოს და გააფართოვოს თავისი კავშირები მუშათა ფართო ფენებთან.
ჩემს მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი, ის გარემოება, თუ რა სწრაფად გარდაიქმნებიან და დაჰგმობენ თავის წარსულ საქმეებსა და კავშირურთიერთობას, განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათდამი.
ტიციან ტაბიძე
1893-1937
მ. ჯავახიშვილი
1880-1937
პაოლო იაშვილი
1894-1937
ნ. მიწიშვილი
1896-1937
გიორგი ლეონიძე
1899-1966
ვ. გაფრინდაშვილი
1889-1941
სიმონ ჩიქოვანი
1903-1966
![]() |
21 ილია დათუნაშვილი 75 წლის ოქროს ბიჭი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
„ოქროს ბიჭი“ დიდი ფეხბურთიდან 1968 წელს გააცილეს
ილია დათუნაშვილი დაიბადა 1937 წლის 1 სექტემბერს ბათუმში თავდამსხმელი კლუბები:
ლანჩხუთის კოლმეურნე (1954-1956), ქუთაისის ლოკომოტივი (1957-1958), თბილისის დინამო (1959-1968)
ტიტულები: სსრკ-ს ჩემპიონი - 1964; სსრკ-ს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1959, 1962, 1967; სსრკ-ს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 1966 (20 გოლი); ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ორჯერ მოხვდა მეორე ნომრად - 1964, 1966
1966 წლის 22 სექტემბერს, თბილისში, საკავშირო პირველობის მატჩში ერევნის არარატს 29 წუთში 5 გოლი გაუტანა. ეს ჩემპიონატის რეკორდია.
1964 წელს თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: დამატებით თამაშში, 18 ნოემბერს ტაშკენტში, მოსკოვის ტორპედო 4:1 დაამარცხა.
ის შეხვედრა გულშემატკივრებმა „ოქროს მატჩად“ მონათლეს, 1964 წლის დინამო - „ოქროს გუნდად“, ფეხბურთელები - „ოქროს ბიჭებად“.
ოქროს მატჩში ილია დათუნაშვილმა ორი გოლი გაიტანა.
1 სექტემბერს „ოქროს ბიჭი“ 75 წლის გახდა. დანარჩენს თავად გიამბობთ...
* * *
ფეხბურთის თამაში ბათუმში დავიწყე. მაშინდელ პიონერთა პარკში პატარა სტადიონი იყო და იქ შეგვკრიბა ნიჭიერი ბიჭები ცნობილმა ფეხბურთელმა ბორის ფროლოვმა. სხვათა შორის, იმ გუნდში ჩემთან ერთად ვარჯიშობდა ანზორ კავაზაშვილიც - წლების შემდეგ ის საბჭოთა კავშირის ნაკრების პირველი მეკარე გახდა და მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა.
...მე-9 კლასში ვიყავი, ოჯახი ლანჩხუთში რომ გადავიდა. სკოლა სოფელ ჩიბათში დავამთავრე. ადგილობრივებმა თქვეს, არიქა, ქალაქელი ჩამოვიდაო და ეგრევე საფეხბურთო კლუბში ჩამრიცხეს. მალე ლანჩხუთის რაიონის საუკეთესო კლუბში მოვხვდი - გუნდს კოლმეურნე ერქვა. იცით ვინ ხელმძღვანელობდა კოლმეურნეს? ადგილობრივი გაზეთის მთავარი რედაქტორი ევგრაფი შევარდნაძე, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული კაცი. წლების შემდეგ იმდენი ქნა, ლანჩხუთის გურია საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა.
...50-იან წლებში ყოველი სეზონის ბოლოს ტრადიციულად იმართებოდა მატჩები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს პერსპექტიულ ფეხბურთელებს შორის. ეს ერთგვარი შესარჩევი ეტაპი იყო. სწორედ ასეთ მატჩში მნახა ანდრო ჟორდანიამ და ქუთაისის ტორპედოში მიმიწვია. მერე ჟორდანია თბილისის დინამოში გადაიყვანეს და მეც თან წამიყვანა.
1966 წელს დათუნაშვილი სსრკ-ს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა
...ანდრო ჟორდანია უდიდესი მწვრთნელი და ძალიან ძლიერი სელექციონერი იყო! დინამოში რამდენჯერმე იმუშავა, წარმატებითაც, მაგრამ დიდხანს არასდროს გაჩერებულა. მლიქვნელობა არ შეეძლო და თან, თავის საქმეში ცხვირს არავის აყოფინებდა, „ხელმძღვანელი ამხანაგები“ კი ხელქვეითის ურჩობას ვერ იტანდნენ.
სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძე და ილია დათუნაშვილი
...1964 წელს თბილისის დინამომ და მოსკოვის ტორპედომ ჩემპიონატში თანაბარი ქულები დავაგროვეთ, არადა, შეგვეძლო ერთი ქულით გადაგვესწრო. ორი ტურით ადრე ქუთაისში გვქონდა თამაში. თბილისში ყველას ეგონა, რომ ქუთაისელები მოგვაგებინებდნენ, მაგრამ იმერლებმა თავი მოიკლეს - თვითონ ვარდებოდნენ და სულ არ აინტერესებდათ, დინამო ჩემპიონი გახდებოდა თუ არა.
...ტაშკენტის მატჩისთვის ორი კვირით ადრე დავიწყეთ მზადება. სხვათა შორის, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში დაგვაბინავეს, სავარჯიშოდ კი სპეციალური ავტობუსით სტადიონზე დავყავდით. უზბეკეთში 14 ნოემბერს გავფრინდით - ლამის მთელმა თბილისმა გაგვაცილა! მაშინ ტაშკენტში დღეში ერთი რეისი სრულდებოდა - ასკაციანი ტუ-104 დაფრინავდა, მაგრამ იმ დღეებში იმდენი გულშემატკივარი გამოგვყვა, რომ რამდენიმე დღის მანძილზე დღეში 5 რეისი დაუშვეს!
...ტორპედოს კარში გატანილი გოლები არასდროს დამავიწყდება! პირველად ბურთი ახლო ძელთან ჩავაწოდე, მაგრამ მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მეორედაც იგივე გავაკეთე. კვლავ კუთხური. მესამედ შორეულ ძელთან ჩავახვიე: მეკარე მარცხენა ძელთან ელოდა ბურთს და როცა მიხვდა რომ შეცდა, გოლი უკვე გასული იყო! დამატებით დროში მეორე ბურთიც გავიტანე: მიშა მესხი საჯარიმოში ჩვეულად შეიჭრა და ბურთი დამიგორა, თითქმის ცარიელი კარის წინ აღმოვჩნდი და ზუსტადაც დავარტყი.
...წლების მერე „ოქროს მატჩის“ არბიტრმა მიკელის რუბენისმა გვითხრა, თამაშის მერე მსაჯთა ოთახში საკავშირო ფედერაციის თავმჯდომარე მოშკარკინი შემოვიდა და მოსკოველთა არჩათვლილი გოლის და თქვენ სასარგებლოდ დანიშნული პენალტის გამო ტყავი გამაძროო.
...„ოქროს მატჩის“ დასრულებისთანავე სტადიონიდან პირდაპირ ფახთაქორის ბაზაზე წავედით - ტორპედოსთან მატჩამდე იქ ვცხოვრობდით. ჩემპიონობა არ გვიზეიმია, ბარგი ჩავალაგეთ და აეროპორტში გავემგზავრეთ. იქ, აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში იმდენი ქართველი დაგვხვდა, თავი თბილისში მეგონა! დინამოელები სპეცრეისით მოვფრინავდით და ყველას ჩვენთან ერთად სურდა წამოსვლა. მახსოვს, აეროპორტის რესტორანში რომ შევედით, მთელი დარბაზი ქართველებით იყო სავსე - ჩვენს სადღეგრძელოს ხალხი 11 ჭიქით სვამდა! მე არ დამილევია, მაგრამ ჯემალ ზეინკლიშვილი ვერ გავაჩერეთ - გაგვეპარა და სამი ჭიქის გამოცლა მოასწრო!
...1966 წელს ერევნის არარატთან 29 წუთში 5 გოლი გავიტანე. მეექვსე ბურთის შეგდებაც შემეძლო, მაგრამ ალექსი ილიადმა არ მაცალა დარტყმა და ბურთი ძელს მოარტყა. ვუსაყვედურე, ეს რა გააკეთე-მეთქი, ის კი გაბრაზებული მომიტრიალდა და მითხრა: აბა, მარტო შენ უნდა გაიტანოო?
...ამ ხუთი გოლის შემდეგ გულშემატკივრები ათასნაირად ხუმრობდნენ. მახსოვს, ჩემი ძმაკაცები თბილისელი სომხების ოჯახებში რეკავდნენ: ალო, დათუნაშვილის ბინააო? რამდენიმე მეგობარმა მითხრა, ერევანში ჭირვეულ ბავშვებს შენი სახელით აშინებდნენ: დაიძინე, თორემ ილია დათუნაშვილი მოვაო.
...ერთმა მითხრა, შენი ფოტო ერევნის ტირში ვნახეო. არ დავიჯერე, ტყუილია-მეთქი, მაგრამ მალე ჩემი მეზობელი ჩამოვიდა ჯარიდან, ლენინაკანში მსახურობდა და მითხრა, ეგრეა, ერთხელ მეც შევესწარი როგორ „დაგხვრიტესო“.
...არარატთან ის მატჩი რომ დამთავრდა, გასახდელში დინამოს საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ დიდიძე შემოვიდა, ჩაიცვი, მინისტრი გელოდებაო. გადავიცვი და გარეთ გავედი: შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, მისი მოადგილე ვარლამ შადური და ქალაქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი კონსტანტინე კეთილაძე დამხვდნენ. მცირე ხანს ვისაუბრეთ, ბოლოს კი შევარდნაძემ ხელქვეითებს სიცილით უთხრა: რამდენიმე დღით დათუნაშვილის სახლთან დაცვა დააყენეთ, სომხებმა არაფერი უქნანო.
...ერთხელ რიგაში, დაუგავასთან მატჩში მიხეილ მესხის ნაცვლად ვითამაშე მარცხენა ფლანგზე, რამდენიმე კარგი მომენტი მქონდა და ერთი გოლიც გავიტანე. თბილისში რომ დავბრუნდი, მეგობრებმა მკითხეს, რატომ არ გათამაშესო?! გამიკვირდა, რას ჰქვია არ მათამაშეს, გოლი შევაგდე-მეთქი! თურმე ჩვენი რადიოს კომენტატორს, ცხონებულ ეროსი მანჯგალაძეს ერთხელაც არ ვუხსენებივარ, სულ მესხი, მესხი-ს გაიძახოდა, ჩემი გოლიც მიშას „გაატანინა“. ის მიშას დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი იყო, ნაღდი „მესხისტი“ და ვერ აიტანა ცხრა ნომერზე სხვამ რომ ითამაშა. ამის გამო წლების მანძილზე ვშაყირობდით მე და ეროსი. მას ისე უყვარდა მიშა, რომ მესხის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, მალე თავადაც შეეშვა საფეხბურთო რეპორტაჟებს.
...მიუხედავად იმისა, რომ 1964 წლის საკავშირო ჩემპიონატი დინამომ კარგად დაიწყო - ზედიზედ მოვიგეთ მნიშვნელოვანი თამაშები - ჩვენი მთავარი მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი მაინც დაითხოვეს. მის ნაცვლად გუნდი გავრილ კაჩალინს ჩააბარეს. მაშინ ითქვა, რომ იაკუშინი ალკოჰოლისადმი გადაჭარბებული სიყვარულის გამო დაითხოვეს, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი სიხარულიძემ მწვრთნელს ურჩობა არ აპატია. „მიხეის“ - მწვრთნელს ასე ვეძახდით - არაყი და ღვინო მართლა ძალიან უყვარდა, მაგრამ მან რამდენჯერმე სიხარულიძის ბრძანება არ შეასრულა და არ აპატიეს.
...ჩემპიონატის ოქროს მედლები რომ მოვიგეთ, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ მიგვიღო. მანამდე გავრილ კაჩალინს ვუთხარი, ცოლის მოყვანას ვაპირებ-მეთქი და მწვრთნელმაც ვასილ პავლოვიჩს სთხოვა, ბიჭი დაოჯახებას გეგმავს და იქნებ ბინა ურიგოდ გამოუყოთო. მჟავანაძეს გაეცინა და დათანხმდა. პირველმა მდივანმა კი მომცა ბინა, მაგრამ მაშინდელი ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე გაჯიუტდა - ერთი კაცისთვის ამხელა ბინა ჯერ არასდროს მიგვიციაო. მოკლედ, სამოთახიან ბინაზე ძალიან მაწვალეს.
...დიდი ფეხბურთიდან 1967 წელს წავედი, 30 წლის „მოხუცად“ ჩამთვალეს. რა დავარქვა არც ვიცი, მოდა იყო თუ რა, მაგრამ ოცდაათს მიტანებული, უკვე ასაკოვნად ითვლებოდი და გუნდიდან წასვლას გაიძულებდნენ. ჩემი თაობა ყველა ამ ასაკში წავიდა, ზოგი უფრო ადრეც. მაშინ აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდნენ. ჩემ მერე კიდევ რამდენიმე მოთამაშე გაუშვეს. მიშა მესხს რა უქნეს, ხომ გახსოვთ?
...მე თუ მკითხავთ, თბილისის დინამოს 1964 და 1981 წლების შემადგენლობა, საქართველოს სახელით რომ ეთამაშა, თავისუფლად მოიპოვებდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს. არ ვტრაბახობ: ჩვენი შემადგენლობაც ძალიან ძლიერი იყო და 70-იანი წლების მიწურულის დინამოც. თუმცა, ჩემი ტრაბახი რა საჭიროა, ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს.
...დღეს შეგნებულად არ დავდივარ სტადიონზე. რამდენჯერმე ვიყავი და ტრიბუნებზე 200-300 კაცი რომ დავინახე, მივხვდი - საქმე ძალიან ცუდად იყო. ჩემ დროს დინამოს საშინაო მატჩებზე სტადიონი 90%25-ით ივსებოდა!
...ბევრმა არ იცის: ჩემი ნამდვილი გვარი დათუნაიშვილია, მაგრამ ლანჩხუთში ეს, რატომღაც არ მოიწონეს და „ა“ ამოაგდეს. ქუთაისშიც და შემდეგ თბილისშიც, უკვე დათუნაშვილად გადავედი.
![]() |
22 როცა შვიდი ნულის ტოლია |
▲ზევით დაბრუნება |
ველოსპორტი|სპორტი
ლაშა გოდუაძე
„მე ძალიან კარგად ვიცი ვინ მოიგო ტურ დე ფრანსი შვიდჯერ. ჩემმა მეგობრებმაც იციან ეს და ყველამ, ვისაც კი ვეჯიბრებოდი. წლების მანძილზე მამოწმებდნენ, მაგრამ არცერთ ანალიზს დადებითი პასუხი არ ჰქონია. როცა საჭირო იყო, ყოველთვის გავდიოდი დოპინგკონტროლს. თუ სისხლი იყო საჭირო, ვაბარებდი. დავიღალე, მომბეზრდა! დღეიდან ბრძოლას ვწყვეტ - ამერიკის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოს (USADA) გადაწყვეტილებას სასამართლოში აღარ გავასაჩივრებ“, - ეს განცხადება ლეგენდარულმა ამერიკელმა ველომრბოლმა ლენს არმსტრონგმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე 23 აგვისტოს გამოაქვეყნა.
24 აგვისტოს USADA-მ არმსტრონგს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ველოსპორტის საერთაშორისო კავშირს (UCI) ურჩია, 1998 წლის 1 აგვისტოდან მოყოლებული ამერიკელი ველომრბოლის ყველა შედეგი გააუქმოს, ტიტულები კი ჩამოართვას.
ლენს არმსტრონგმა ტურ დე ფრანსი 1999-2005 წლებში მოიგო. ის ერთადერთია, რომელმაც შვიდჯერ იმარჯვა საფრანგეთში და, რაც მთავარია, ზედიზედ. ამერიკელმა კიდევ არაერთი რბოლა მოიგო, 2000 წელს კი სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
„ეს შავი დღეა ამერიკის სპორტის ისტორიაში. ყველა, ვისაც ველორბოლა უყვარს, ჩვენი გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია, მაგრამ ის მხოლოდ ერთი მიზნით მივიღეთ: ახალგაზრდა სპორტსმენებმა არმსტრონგის მაგალითი უნდა გაითვალისწინონ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დოპინგით ასპარეზობა დამღუპველია და ასე მოპოვებული გამარჯვება დროებითია“, - განაცხადა USADA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევის ტიგარტმა 24 აგვისტოს.
დოპინგი ველორბოლის თანამდევია: არაერთი სპორტსმენი ამხილეს აკრძალული მედიკამენტების გამოყენებაში, რის გამოც ზოგს დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, სხვებს ტიტული ჩამოართვეს. აქამდე არმსტრონგი უდანაშაულობის დამტკიცებას ახერხებდა.
1999 წელს მას ორგანიზმში აკრძალული კორტიკოსტეროიდი აღმოუჩინეს, თუმცა მან და მისმა გუნდმა - US Postal - დაამტკიცეს, რომ ნივთიერებას ის საცხი შეიცავდა, რომელსაც ის ექიმების ოფიციალური ნებართვით იყენებდა.
2005 წელს გაზეთმა ეკიპ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელისგან 1999 წელს აღებულ დოპინგსინჯში ერითროპოეტინი (EPO) აღმოჩნდა. UCI-მ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა, მაგრამ ლენსი უდანაშაულოდ ცნო.
2011 წლის მაისში, ტელეკომპანია CBS-ის ტელეშოუში - 60 წუთი - არმსტრონგის ყოფილმა თანაგუნდელმა ტაილერ ჰემილტონმა განაცხადა, რომ ლენსი წლების განმავლობაში იყენებდა აკრძალულ ნივთიერებებს.
ჰემილტონის აღიარების შემდეგ USADA-მ მასალების მოძიება დაიწყო: განვლილ თვეებში ველომრბოლის არაერთი მეტოქე, მწვრთნელი თუ თანაგუნდელი დაიკითხა, უამრავი სამედიცინო დოკუმენტი გადაიხედა, საბოლოოდ კი, 14 ივნისს სააგენტომ ტურ დე ფრანსის შვიდგზის გამარჯვებული დოპინგსაწინააღმდეგო წესების ხუთი პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულა: 1 - აკრძალული ნივთიერებების (ერითროპოეტინი, ტესტოსტერონი, კორტიკოსტეროიდი) გამოყენება და რბოლების პერიოდში სისხლის გადასხმა; 2 - ამ ნივთიერებების და სისხლის გადასხმისთვის აუცილებელი მოწყობილობების შენახვა; 3 - აკრძალული ნივთიერებებით ვაჭრობა და მათი გავრცელება; 4 - სხვა სპორტსმენების ჩართვა დანაშაულში; 5 - დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევის დამალვა.
ჩამოართმევენ თუ არა არმსტრონგს ტურ დე ფრანსზე მოგებულ ტიტულებს? ეს მხოლოდ ტურის პატრონის, Amaury Sport Organization-ის გადასაწყვეტია. ჯერჯერობით ამერიკელი კვლავაც 7-გზის ტრიუმფატორად რჩება.
რაც შეეხება 2000 წელს მოგებულ ოლიმპიურ მედალს, მის ბედს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს. სხვათა შორის, ახლახან სოკ-მა დოპინგის გამოყენებაში მხილებულ ტაილერ ჰემილტონს 2004 წელს, ათენში მოგებული ოქროს მედალი ჩამოართვა...
![]() |
23 პსჟ და სხვა - საზაფხულო ტრანსფერები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ირაკლი მაღრაძე
31 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა. სპეკულაციები, რომლებიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს თუ თავად საფეხბურთო მოხელეებს მოსვენებას არ აძლევდა, დასრულებულია. შევეცდებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო პერიპეტიები გაგაცნოთ.
შარშან ზაფხულში პარი სენ-ჟერმენმა არგენტინელი ხავიერ პასტორე გადაიბირა. პსჟ-ს მფლობელის, ნასერ ალ-ხელაიფის მიერ გადახდილი 43 მილიონი ევრო არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებული გამხდარიყო. მანჩესტერ სიტიმ ასევე არგენტინელი სერხიო აგერო 45 მილიონ ევროდ იყიდა და ამრიგად, სწორედ ეს შენაძენი აღმოჩნდა ყველაზე ძვირი.
წელს სატრანსფერო ბაზარზე პსჟ ფაქტობრივად უკონკურენტო იყო. პარიზელებმა, შეიძლება ითქვას, ვისი შეძენაც მოისურვეს, ყველა გადაიბირეს. დედაქალაქურ კლუბში თამაში არჩიეს იტალიური მილანის ფეხბურთელებმა ბრაზილიელმა ტიაგო სილვამ და შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. ეს ორი ტრანსფერი ფრანგებს, შესაბამისად, 42 და 21 მილიონი დაუჯდათ.
დუგლას მაიკონი
როგორ არ ეცადა მახაჩყალის ანჟი ეზეკიელ ლავეცის გადაბირებას. ნაპოლის ხელმძღვანელობასთანაც კი გამონახა საერთო ენა და თითქოს არგენტინელი თავდამსხმელიც ჩეჩნური კლუბის ფორმით უნდა გვეხილა, მაგრამ პსჟ-ს ბრაზილიელი მწვრთნელის, ლეონარდოს სურვილს წინ ვერავინ აღუდგა - 26 მილიონი ევრო და მადლობა სითბოსთვის ნაპოლის გულშემატკივარს - ეზეკიელ ლავეცი პსჟ-ს ფეხბურთელია. ნასერ ალ-ხელაიფიმ ბრაზილიური სან პაულუდან ახალგაზრდა ლუკაშ მოურას გადაბირებაც მოახერხა. სამწუხაროდ, მოურა, რომლის სანაცვლოდაც, როგორც პრესაში დაიწერა, პარიზელებმა, არც მეტი, არც ნაკლები, 45 მილიონი ევრო გადაიხადეს, იანვრამდე ვერ დაეხმარება თავის ახალ კლუბს. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ უკვე ამოეწურათ კვოტა არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე. სამაგიეროდ, იტალიური პესკარასგან 12 მილიონად ნაყიდი მარკო ვერატი 5 წლით პარიზელია. 19 წლის ნახევარმცველი უაღრესად იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება.
ლუკაშ პოდოლსკი
წერტილი დაესვა მითქმა-მოთქმას პრემიერლიგის გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის, ჰოლანდიელი რობინ ვან პერსის შესახებ. ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის მცდელობები, შეენარჩუნებინა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ფუჭი აღმოჩნდა. მანჩესტერ იუნაიტედმა ჰოლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებული არა, მაგრამ ყველაზე რეზონანსული ნამდვილად აღმოჩნდა.
ვან პერსიმ უკვე მოასწრო ახალ გუნდში გოლების გატანა, ლონდონის არსენალს კი საქმე ნამდვილად ვერ აქვს კარგად. მეთოფეებმა ალექს სონგიც მიჰყიდეს ბარსელონას და, საერთო ჯამში, ფეხბურთელთა გაყიდვებით 40 მილიონი გირვანქა მიიღეს. ვენგერს დაახლოებით ამდენივეს გადახდა მოუწია, რომ მალაგიდან სანტი კასორლა, ხოლო მონპელიედან ოლივიე ჟირუ გადაებირებინა. კიოლნიდან ლუკაშ პოდოლსკის ტრანსფერი კი დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაჯდა. აღსანიშნავია, რომ კასორლამ და პოდოლსკიმ არსენალის მაისურით უკვე მოასწრეს გოლების გატანა.
ალექს ფერგიუსონმა პარკ ჯი სუნი ქუინზ პარკ რეინჯერსში, ხოლო დიმიტარ ბერბატოვი ფულემში გაყიდა. შეგახსენებთ, რომ ვან პერსის გარდა მანჩესტერელებმა დორტმუნდის ბორუსიისგან შინჯი კაგავა იყიდეს.
ლონდონის ჩელსიმ ედენ აზარის სახით შესანიშნავი ფეხბურთელი შეიძინა. აზარი, რომელიც გასულ სეზონში ფრანგული ლილის შემადგენლობაში გამოდიოდა, ლონდონელებს 40 მილიონი ევრო დაუჯდათ. 21 წლის ბელგიელი ფრანგული ლიგა 1-ის შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რომან აბრამოვიჩმა ახალგაზრდა ბრაზილიელის ოსკარის ყიდვაც მოახერხა. ინტერნასიონალი მის სანაცვლოდ 31 მილიონ ევროს მიიღებს. 13-ნომრიან მაისურს მოირგებს ვიკტორ მოზესი, რომელიც ჩელსიში უიგანიდან გადავიდა.
ხავი გარსია ქალაქელია - მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად გაიფორმა ესპანელი ფეხბურთელი. ბენფიკა ამ ნახევარმცველს 20 მილიონ ევროდ შეელია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე რობერტო მანჩინის გუნდში ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დუგლას მაიკონიც ჩაირიცხა. სამაგიეროდ, სანდერლენდში ადამ ჯონსონი გაუშვეს. ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ სწრაფი, მაგრამ ოდნავ სწორხაზოვანია, ახალ გუნდს უკვე შეუერთდა. თავის მხრივ, სიტიმ ევერტონიდან დაიმატა ჯეკ როდუელი, ხოლო სუონსიდან - სკოტ სინკლერი. მაშინ, როცა დავიდ სილვასაც კი არ აქვს გარანტირებული ძირითადში ადგილი, სინკლერი ძალიან უნდა შეეცადოს, რომ ამ სეზონში მცირე სათამაშო დრო მაინც ჰქონდეს. ქალაქელებმა ფიორენტინადან 19 წლის მატია ნასტასიჩის გადმობირებაც მოახერხეს, სამაგიეროდ კი ფლორენციულ კლუბს 21 წლის მცველი სტეფან სავიჩი მიჰყიდეს. იტალიურ-ინგლისური ყიდვა-გაყიდვა ამით არ მორჩენილა - ბევრისთვის მოულოდნელად, საუთჰემპტონმა სარეკორდო თანხა გადაიხადა ბოლონიელ გასტონ რამირესში - 15 მილიონი ევრო.
ლონდონის ტოტენჰემმა ორი ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა - ფულემის საუკეთესო ფეხბურთელი, ამერიკელი კლინტ დემპსი გუნდიდან წასვლას ლამობდა. თავიდან თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ნახევარმცველი კარიერას ლივერპულში გააგრძელებდა, მაგრამ საბოლოოდ ჩრდილოეთ ლონდონში აღმოჩნდა. ტოტენჰემმა ხორვატი ლიდერი ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალში გაყიდა, მაგრამ ისლანდიელი გილფი სიგურდსონი დაიბევა 20 მილიონ ევროდ - ცენტრალური ნახევარმცველი, რომელმაც ვერც არსენალის აკადემიაში მოიკიდა ფეხი და ვერც რედინგში, მაგრამ გერმანული ჰოფენჰაიმიდან შარშან სუონსიში განათხოვრებულმა, 18 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა. შედეგად, 22 წლის ისლანდიელი ლონდონელთა ახალწვეულია.
ელჯერო ელია იუვენტუსიდან ბრემენის ვერდერში, პოდოლსკი კიოლნიდან ლონდონის არსენალში, კაგავა დორტმუნდიდან მანჩესტერ იუნაიტედში და მარკო მარინი ბრემენის ვერდერიდან ლონდონის ჩელსიში კი გადავიდნენ, მაგრამ გერმანული ბუნდესლიგის მთავარი ტრანსფერი ვერცერთი გახდა. ვერც რაფაელ ვან დერ ვაარტის ჰამბურგში დაბრუნებამ გადაფარა ის, რაც მიუნხენის ბაიერნის ბოსებმა მოიმოქმედეს. 40 მილიონი ევრო და ხავიერ მარტინესი 5 წლით ბავარიელია. დიახ, ამ ტრანსფერმა ბევრი აალაპარაკა, მაგრამ უფრო სკეპტიკოსები ჭარბობენ. ღირდა თუ არა 40 მილიონის გადახდა ფეხბურთელში, რომელიც ესპანეთის ნაკრების ძირითადის წევრადაც კი არ ითვლება? ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ბავარიელთა მიერ გადახდილი თანხა უფრო ინვესტიციას ჰგავს.
რაც შეეხება ჰოლანდიელ რაფაელ ვან დერ ვაარტს, ის მეორედ ჩაირიცხა ჰამბურგში. ბევრის აზრით, ის იქიდან არც უნდა წასულიყო, მაგრამ ფაქტია - 13 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერი და ყველა ინტერესით ელის, გაიმეორებს თუ არა 29 წლის ფეხბურთელი იმ წარმატებას, რასაც ბუნდესლიგაში 2005-2009 სეზონებში მიაღწია. იქამდე კი აღვნიშნოთ ახალგაზრდა ლუკ დე იონგის ტრანსფერი ჰოლანდიური ტვენტედან მიუნხენგლადბახში, რომლის ღირებულებაც 15 მილიონი ევროა.
ლუკა მოდრიჩი ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ლონდონის ტოტენჰემის დატოვებას და მოახერხა. მადრიდის რეალმა ხორვატი 35 მილიონ ევროდ იყიდა. საინტერესოა, რამდენად მოახერხებს მოდრიჩი, რომლის ადგილიც უფრო მოედნის ცენტრშია, კონკურენცია გაუწიოს სამი ხედირასა და ჩაბი ალონსოს. მადრიდელებმა ჩელსისგან ინათხოვრეს მიქაელ ესიენი, რომელიც ასევე ჩაბი ალონსოს შემცვლელად მოიაზრება. მოკლედ, ჟოზე მოურინიოს მოედნის ცენტრში დიდი არჩევანი აქვს. მადრიდელებმა ნური შაჰინი ლივერპულში გაანათხოვრეს, გალათასარაის ჰამით ალტინტოპი მიჰყიდეს, ხოლო სერხიო კანალესი და ფერნანდო გაგო ვალენსიაში გააგრძელებენ კარიერას. ვალენსიაშია ასევე ალი სისოხო, რომელიც ლიონიდან შეიძინეს.
თითქმის 19 მილიონი ევროს გადახდა მოუწია ბარსელონას ალექს სონგის სანაცვლოდ. არსენალის დატოვების შემდეგ ცენტრალურმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ლონდონში დარჩენის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ბრიტანელებმა ახალი, 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრეს. შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ვალენსიადან ხორდი ალბას გადაბირებაც მოახერხა. სეიდუ კეიტას ჩინეთში წასვლას თუ არ ჩავთვლით, კატალონიელების ბანაკში სხვა სიახლე არ არის.
მძიმე სიტუაციაშია მალაგა. აბდულა ალ თანის მფლობელობაში მყოფი გუნდის ფინანსური მდგომარეობა უწინდელივით კარგი ვეღარ არის. შედეგად, სანტი კასორლა არსენალს შეუერთდა, ხოლო რონდონი ყაზანის რუბინს. ამ ტრანსფერებიდან აღებული თანხა, მთლიანობაში დაახლოებით 36 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ამის მიუხედავად, მალაგას სატრანსფერო ბაზარზე არ უაქტიურია.
იმ დროს, როცა მილანმა ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს მიჰყიდა, სანაცვლოდ, იტალიელებს ღირებული ტრანსფერი არ განუხორციელებიათ. ნაიჯელ დე იონგი მანჩესტერ სიტიდან, ჯამპაოლო პაცინი მილანის ინტერიდან და ჯენოელთა მცველი ფრანჩესკო აკერბი - ამ ტრანსფერებში როსონერიმ 18 მლნ ევრო დახარჯა. რა სარგებელს მოუტანს კლუბს რომადან ნათხოვარი ბოიან კრკიჩი და თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოსული სულეი მუნტარი, ამას დრო გვაჩვენებს.
ნიკლას ბენდტნერმა შვებით ამოისუნთქა - ის იუვენტუსში ითამაშებს, მაგრამ ჯერჯერობით არენდით. უდინეზედან ასამოას და ისლას ტრანსფერებში ტურინელებმა ჯამში 18 მილიონი ევრო დახარჯეს. დაახლოებით ამდენივე დაჯდა სევილიადან კასერესისა და პარმადან ჯოვინკოს ტრანსფერი. ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო კი, როგორც მისმა აგენტმა განაცხადა, კარიერას ავსტრალიაში, კერძოდ, სიდნეიში გააგრძელებს.
ნაპოლიმ უნივერსიდად დე ჩილესგან 11 მილიონ ევროდ იყიდა ედუარდო ვარგასი. ამას დავუმატოთ გორან პანდევის ინტერიდან და ვალონ ბეჰრამის ფიორენტინადან ტრანსფერები და დავრწმუნდებით, რომ ნეაპოლელების ყურება ამ სეზონშიც საინტერესო იქნება. მით უმეტეს, რომ მათ 2017 წლამდე შეინარჩუნეს შესანიშნავი ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი.
რომამ 11.7 მილიონ გირვანქად მიჰყიდა ლივერპულს ფაბიო ბორინი, თავად კი ჯენოას დესტრო შეიძინა 11.5 მილიონ ევროდ.
დიეგო ფორლანი ბრაზილიურ ინტერნასიონალში გააგრძელებს კარიერას. მისმა ყოფილმა კლუბმა მილანის ინტერმა კი პორტუდან 11 მილიონ ევროდ იყიდა ფრედი გუარინი. მილანელებმა ნაპოლიში 6.6 მილიონ გირვანქად გაყიდეს გორან პანდევი, ჯენოადან კი როდრიგო პალასიო წაიყვანეს 9 მილიონად. ამას დაუმატეთ ისტორიული კონკურენტისგან, მილანისგან ანტონიო კასანოს ტრანსფერი და ინტერის ისედაც ძლიერი შემადგენლობა კიდევ უფრო იმედისმომცემად გამოიყურება.
აი, ასეთია ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე განხორციელებული ყველაზე ძვირადღირებულ, მნიშვნელოვან და რეზონანსულ ტრანსფერთა სია. გულშემატკივარს კი ისღა დარჩენია, სანამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, შიდა თუ საერთაშორისო პირველობებში მონაწილე ფეხბურთელთა თამაშს დააკვირდეს და გადაწყვიტოს, ღირდა კი ამა თუ იმ ფეხბურთელში ფულის, ზოგ შემთხვევაში, ძალიან დიდი ფულის გადახდა.
![]() |
24 შიშველი სექსუალური რეკლამა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნიკა ესებუა
1964 წელი, 7 სექტემბერი. ვაშინგტონის დროით 21:50 საათზე 50 მილიონი ამერიკელი NBC-ზე უყურებს ფილმს „დავითი და ბათშება“. სარეკლამო ჭრილის დროს ეკრანებზე ახალი და მოულოდნელი რეკლამა ჩნდება: პატარა გოგონა ყვავილს ფურცლებს აცლის და არასწორად, ხმამაღლა ითვლის. მოულოდნელად, როცა თვლა ჯერ კიდევ არ აქვს დამთავრებული, კადრი მის მზერაზე იყინება, ხოლო მამაკაცის ცივი ხმა უკუთვლას იწყებს - ორი, ერთი, ნული. მაყურებლის წინ ტრაგედია თამაშდება: ატომური სოკოს ღრუბლები გრუხუნით ჩნდება ეკრანზე, ამ დროს კი ლინდონ ჯონსონის ხმა გვამცნობს - „ასეთია რისკები. იმისთვის, რომ შევქმნათ სამყარო, სადაც ღმერთის ყველა შვილი იცხოვრებს, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ან უნდა მოვკვდეთ“. ვიდეო სრულდება გაფრთხილებით: „3 ნოემბერს ხმა მიეცით პრეზიდენტ ჯონსონს. რისკები ზედმეტად მაღალია იმისთვის, რომ სახლში დარჩეთ“.
„დეიზიმ“ (ასე შეარქვეს ამ რეკლამას) თავისი საქმე გააკეთა და მილიონობით ადამიანი რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატის, ბარი გოლდუოტერის „ცივსისხლიანობასა“ და მისი არჩევის შემთხვევაში, ბირთვული საფრთხის გაჩენის შესაძლებლობაში დაარწმუნა. ლინდონ ჯონსონი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. „დეიზი“ არცერთი ტელევიზიით აღარ გასულა ეთერში, თუმცა ეს საჭირო აღარ იყო, მისმა აკრძალვამ და სასტიკმა სიუჟეტმა, სამიზნე - ბარი გოლდუოტერი გაანადგურა. „დეიზი“ აკრძალული რეკლამების პიონერად იქცა.
Go daddy
სატელევიზიო რეკლამა აშშ-ში პირველად 40-იან წლებში გაჩნდა და ნელ-ნელა ბრენდების რეკლამირების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ჩამოყალიბდა. კომპანიები ძალიან ფრთხილად არჩევდნენ რეკლამის შინაარსს, რათა ტელევიზიებს არ დაებლოკათ. თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ინტერნეტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ის, რაც წლების წინ აკრძალული იყო და რასაც კომპანიების პიარმენეჯერები ერიდებოდნენ, დღეს მისაღები და თითქმის აუცილებელია. XXI საუკუნეში რეკლამა აუცილებლად სექსუალური ან სასაცილო უნდა იყოს. ხოლო თუ ორივე ერთადაა, მაშინ წარმატება გარანტირებულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ტელევიზიამდე ვერ მიაღწია - მის პოპულარიზაციაზე ინტერნეტი იზრუნებს.
კომპანიამ Go daddy, რომელიც ინტერნეტდომეინების დარეგისტრირებით და ვებჰოსტინგით არის დაკავებული, ინტერნეტსამყაროში თავი აკრძალული რეკლამებით გაითქვა - იმ ვიდეორგოლებით, რომელიც პორნოსაიტის რეკლამის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. ტელეკომპანია Fox-მა 2008 წელს, ამერიკული ფეხბურთის ფინალზე, სუპერბოულზე, Go daddy-ის რეკლამა არ გაუშვა, თუმცა აკრძალულმა რეკლამამ, მხოლოდ თამაშის ღამეს, საიტზე 2 მილიონი ადამიანი მიიზიდა. სუპერბოული წლებია რეკლამების გამოფენად იქცა, უფრო სწორად ბრძოლის ველად, სადაც უამრავი ბრენდი ახალი, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიდეოსთვის სარეკლამო დროს ყიდულობს. ამერიკული ფეხბურთი ხომ ნაციონალური სიამაყეა, რომლის ფინალი ყველაზე ყურებადი სატელევიზიო გადაცემაა, სადაც 30-წამიანი რეკლამა 3,5 მილიონი დოლარი ღირს.
Go daddy პორნოსაიტის რეკლამას აკეთებს, ცხოველების უფლებების დაცვის ორგანიზაციის, Peta-ს რეკლამა თითქმის შიშველი ქალის და ბოსტნეულის „სექსუალურ კავშირს“ ეთმობა, ონლაინპაემნების საიტის Ashleymadison ვიდეო კი პორნოვარსკვლავის, სავანა სამსონის სხეულის დემონსტრირებაა. ყველა ეს რეკლამა სუპერბოულზე გასაშვებად იყო და თუმცა აიკრძალა, სამივე YouTube-ის ჰიტი გახდა. „ძალიან სექსუალური ტელევიზიისთვის“ - ეს ფრაზა მარკეტინგულ ტაქტიკად იქცა, რომელიც დროის სვლასთან ერთად სულ უფრო წარმატებული და პოპულარული ხდება.
Droits des Non Fumeurs
აკრძალვა იმავე წარმატებით მოქმედებს არასატელევიზიო რეკლამაზეც. ამის ნათელი მაგალითია Dolce & Gabbana-ს პოსტერი, რომელზეც 5 მამაკაცი და ერთი ქალია გამოსახული. რეკლამა ჯგუფური გაუპატიურების ფარული ჩვენებისთვის გააკრიტიკეს. კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს მოწევის საწინააღმდეგო კომპანიის Droits des Non Fumeurs-ის ფოტოს, სადაც გამოსახულია მუხლებზე მდგომი თინეიჯერი გოგონა, რომელსაც მამაკაცი ძალდატანებით პირში სიგარეტს უდებს. ამ რეკლამით კომპანია სიგარეტის მოწევისა და ძალადობრივი გზით ორალური სექსის შედარებას ცდილობდა.
შოკისმომგვრელი იყო Humans for Animals-ის სარეკლამო კამპანია (არ მოექცე სხვებს ისე, როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცნენ), რომელიც რამდენიმე სადისტური ფოტოსგან შედგებოდა. თუმცა ყველა ამ კომპანიამ შედეგს მიაღწია, ყველა რეკლამა მილიონობით ადამიანმა ნახა და ეს გარკვეულწილად მისი „აკრძალულ ხილად“ ქცევის დამსახურებაა. აკრძალული რეკლამა წარმატების გარანტი არ არის, მისი უმთავრესი მინუსი იმიჯის შელახვის საშიშროება და კომპანიისთვის არასასურველი ინტერპრეტაციაა. ვულგარულმა რეკლამამ მილიონობით ნახვასთან ერთად, უამრავი ნეგატიური გამოხმაურება შეიძლება გამოიწვიოს, ამის ყველაზე კარგი მაგალითი კი სწრაფი კვების გიგანტის Burger King-ის პროდუქტის სუპერ 7 ინჩის რეკლამაა. პროდუქტის პოსტერზე გოგონა იყო გამოსახული, რომლის პირისკენაც 7-ინჩიანი ბურგერი მიექანება. იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა იტალიური დესერტების კომპანია Federici, რომლის ერთ-ერთი პროდუქტის სარეკლამო პოსტერზე ფეხმძიმე მონაზონი იყო გამოსახული.
პრესტიჟი და სახელი Go daddy-ის შემთხვევაში შეიძლება მეორეხარისხოვანი იყოს, Microsoft-ისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველის სარეკლამო ისტორია აკრძალული რეკლამებით იწყება, მეორე კი მსგავს ხერხს იშვიათად, კონკრეტული სეგმენტის მოსაზიდად იყენებს. ამიტომ მისთვის ზღვარის დაცვა ყოველთვის აუცილებელია.
მამა-შვილი პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში შედის. მამა შვილს ტკბილეულის ყიდვაზე უარს ეუბნება, რაზეც ბავშვს მძაფრი რეაქცია აქვს, ის ყვირილს იწყებს, რომელიც ისტერიაში გადადის და იატაკზე გორაობით სრულდება. მამა ამ სცენას შეძრწუნებული უყურებს. ამ დროს ეკრანზე ჩნდება წარწერა - „გამოიყენეთ პრეზერვატივი”. პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის ZAZOO რეკლამა არცერთმა ტელევიზიამ არ გაუშვა და, რა თქმა უნდა, ის ინტერნეტჰიტად იქცა.
აკრძალვას აქვს მომხიბვლელობა, რომელიც მას წარმოუდგენლად სასურველს ხდის - ეს მარკ ტვენის სიტყვებია, რომელსაც Microsoft, X-box, Snickers, Agent Provocateur, Budweiser, IKEA, Levis - წლებია წარმატებით იყენებენ. მათი რეკლამები სხვადასხვა დროს ტელევიზიებმა აკრძალეს. ამ კომპანიებს დღითი დღე სულ უფრო მეტი ახალი ბრენდი უერთდება. მილიონობით დოლარის დაზოგვით, უამრავი ადამიანი იღებს კომპანიის სათქმელს „აკრძალული ხილის“ სახით. ეს XXI საუკუნის ერთ-ერთი პოპულარული მარკეტინგული ხრიკია.
![]() |
25 პეტრე ოცხელი - მუდამ თანამედროვე |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|გამოფენა
სიმონ მაჩაბელი
ვერიკო ანჯაფარიძე და პეტრე ოცხელი
უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს პეტრე ოცხელის რეტროსპექტულ გამოფენას, რომელიც მხატვრის 105 წლის იუბილეს ეძღვნება.
ექსპოზიციაზე პეტრე ოცხელის მხატვრული მემკვიდრეობა თითქმის სრულად არის ნაჩვენები. გრაფიკული ესკიზების გარდა, გამოფენილია მისი ფერწერული ნამუშევრები და ორი კოსტიუმი ლეგენდარული სპექტაკლიდან „ურიელ აკოსტა“ (1929 წელი, თბილისი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი). კერძო კოლექციების გარდა, ნამუშევრები თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმის კოლექციებიდანაა წარმოდგენილი. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელმაც პეტრე ოცხელის სახელობის ყოველწლიური ფულადი პრემია დააწესა სახვით ხელოვნებაში.
მფრინავი მღებავი. 1936
ჯოი-სტრიტი 1932
პეტრე ოცხელის ნამუშევრები თვითმყოფადობით, სისადავით და, ამავდროულად, მონუმენტურობით გამოირჩევა. საოცარია, თუ როგორ ახერხებდა ის ასეთ სიზუსტეს, როგორ იღებდა ყოველთვის სწორ სახვით გადაწყვეტილებებს. კონსტრუქტივიზმის და მე-20 საუკუნის დასაწყისის სხვა მნიშვნელოვანი ესთეტიკური მიმართულებებისა და გავლენების მიღმა, მის ყველა ნამუშევარს განსაკუთრებული სიდიადე აქვს. ეს ის ტრაგიკული ბედია, რომელსაც ის, როგორც ადამიანი, სულ გრძნობდა და როგორც მხატვარი, დღესაც გადმოსცემს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დაუჯერებელია, რომ მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, ეკუთვნის 30 წლის კათოლიკე ახალგაზრდას, ვისი პროფესიული კარიერა მხოლოდ 9 წელიწადს გაგრძელდა.
მისი დეკორაციის ესკიზები დასრულებული, მონუმენტური ნამუშევრებია, მისი კოსტიუმები კი სავსე „ხატებია“, სადაც გმირი, ტანისამოსი და ისტორიული პერიოდი ერთ მკაფიო სახედ წარმოგვიდგება.
პეტრე ოცხელის წვლილი ქართულ სცენოგრაფიაში მართლაც განუზომელია და განცვიფრებას იწვევს, როგორ მოახერხა პირდაპირ მწვერვალზე მოხვედრა და როგორი ძუნწი საშუალებებით მიაღწია ასეთ ძლიერ გამომსახველობით ფორმას.
პეტრე ოცხელი 1937 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს. მის შესახებ მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწერა სტატიები და 1973 წელს გამოიცა ნამუშევრების პირველი ალბომი, სადაც ისევ იმ ტერორის შიშის გამო, არაფერია ნახსენები ხელოვანის განადგურების შესახებ.
ოტელო. 1933
ოცხელის გამოფენა ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ თავად ექსპოზიციას აშკარად ეტყობა, რომ ვერ მოხერხდა საკმარისი ფინანსების მოზიდვა, რათა იგი უფრო მაღალი კლასის გამოსულიყო. სამწუხაროდ, ამაზე მეტყველებს ნახატების გაფორმება-პრეზენტაცია, ხშირ შემთხვევაში ერთი სპექტაკლის სხვადასხვა ესკიზები უხარისხო, არაერთგვაროვან ჩარჩოებშია წარმოდგენილი. ასევე სხვადასხვა მუზეუმების კურატორები პერსონალური გემოვნებით აფორმებენ ნამუშევრებს მაშინ, როდესაც თანამედროვე სამუზეუმო პრაქტიკა ერთი გამოფენისათვის სულ სხვა სტანდარტის ექსპოზიციას გულისხმობს.
მიუხედავად ამისა, სასიამოვნო იყო დოკუმენტური ფილმის და სხვადასხვა ბიოგრაფიული მასალის ნახვა, რომელიც ასევე ჩართულია გამოფენაში და ამ განსაკუთრებული მხატვრის სევდიან ცხოვრებას სრულად გვიჩვენებს.
ჯოი-სტრიტი. 1932
![]() |
26 ალეპო უნდა გადარჩეს |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ირინა ბაგაური
„ბევრი ვიარე შორ ქვეყნებში, მეგობრებთან, ხანდახან მარტომ. გადავეყარე მრავალ უცხოს, გადავაწყდი დიდ განსაცდელს. ძებნა-ძებნით ჩავიარე მიწისქვეშეთი, ღმერთთან ახლოს ყოფნის იმედად“
ეპიტაფია ალეპოში დაკრძალული მოგზაურის - ალი იბნ ბაკრ ალ არავის საფლავზე
„ალეპო უნდა გადარჩეს!“ ამ სიტყვებით მოუწოდა Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის პრეზიდენტმა სოკ ანმა, სირიასა და მთელ მსოფლიოს, განადგურების პირას მდგარი ცივილიზაციის გადარჩენისკენ. „კაცობრიობის ისტორიის უძველესი საგანძური არ უნდა ნადგურდებოდეს. მასზე სრულიად კაცობრიობაა პასუხისმგებელი და ვალდებული, დაუყოვნებლივ დაიცვას და იხსნას ალეპოს კულტურული მემკვიდრეობა”.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა მსგავსი განცხადებების გავრცელება მას შემდეგ დაიწყეს, რაც სირიის სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის შედეგად, განადგურების საფრთხე, ათასობით ადამიანის სიცოცხლესთან ერთად, ქალაქის მრავალსაუკუნოვან, კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს დაემუქრა.
სირიის ჩრდილოეთით, უძველესი გზების გზაგასაყარზე მდებარე ორმილიონიანი ქალაქი ალეპო ისტორიის ათვლას ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულიდან იწყებს. საუკუნოვანმა ბრძოლებმა და დამპყრობლებმა მას მრავალი ცივილიზაციის: ეგვიპტური, ასურული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური, არაბული, სპარსული თუ მონღოლური კვალი დაამჩნია, რაც ნათლად აისახება თანამედროვე ალეპოს წარმოუდგენლად მრავალფეროვან არქიტექტურულ იერსახეში. ქალაქი ხელოვნურ გორაკზე აღმართული შუა საუკუნეების ციტადელის გარშემოა გაშენებული და ცნობილია თავისი ისლამური და ბიზანტიური სალოცავებით, მედრესეებით, მეთოთხმეტე საუკუნეში დაარსებული მსოფლიოში უძველესი საავადმყოფოთი, სადაც სულით ავადმყოფებს მკურნალობდნენ, თურქული აბანოებით, ქარვასლებით, მეთორმეტე საუკუნის სინაგოგით, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, ძველი აღთქმის წიგნები ინახებოდა.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ალეპო 1986 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა (iii) (iv) კრიტერიუმებით, როგორც გადარჩენილი ცივილიზაციისა და კულტურული ტრადიციის გამორჩეული ძეგლი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არქიტექტურული ტიპოლოგიის განვითარების განყენებულ მაგალითს წარმოადგენს. ამასთან, ის პირველი აღმოსავლური ქალაქია, რომელიც Unesco-მ 2006 წელს ისლამური სამყაროს კულტურის დედაქალაქად გამოაცხადა.
ალეპო მსოფლიოს უჭრელესი, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქალაქია, ღრმადმორწმუნე სუნიტი მუსლიმებით და ქრისტიანებით, არაბული, სომხური, ქურთული თუ თურქული დასახლებებით. ესაა ადგილი აღმოსავლური ესთეტიკითა და ქრისტიანი წმინდანებით, რომლის მფარველის - წმინდა სიმეონ მესვეტის, 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე, მეხუთე საუკუნის მიწურულს აგებული სამონასტრო კომპლექსისა და ტაძრის ნანგრევებიც, ბიზანტიური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნიმუშს წარმოადგენს. ალეპოს მეჩეთების მინარეთებიდან ალაჰის მსახურები დღეში ხუთგზის მოუწოდებენ მუსლიმ მორწმუნეებს არაბულ ენაზე ღვთის სადიდებლად. ქალაქის მკვიდრი სირიელი ქრისტიანები კი დღემდე იესო ქრისტეს ენაზე, არამეულად საუბრობენ და ამავე ენაზე აღავლენენ ტაძრებში ლოცვას. მათ მიაჩნიათ, რომ სახარებისა და საგალობლების ამ ენაზე მოსმენა, უშუალოდ ქრისტეს სიტყვებისთვის ყურისგდების ტოლფასია.
ქალაქები არ კვდებიან. განადგურებული ქალაქებისა და ცივილიზაციების ბედი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა თუკი სირიის მიწაზე დამკვიდრებული კონფესიების ფილოსოფიის მიხედვით, დასასრული დასაწყისის, სიკვდილი კი ახალი ცხოვრების მომასწავებელია, ისინიც, ისევე როგორც ცოცხალი ორგანიზმები, განადგურებისას არა სიცოცხლეს, არამედ თავდაპირველ მთლიანობას კარგავენ და კონტინენტებზე იფანტებიან. ცოცხლდებიან სიტყვებად, ნაწევრდებიან ნივთებად და ნანგრევებად. ამიტომაც, დღეს ტროას ნოსტალგიას არა იმდენად შლიმანის აღმოჩენილი ნასახლარები, არამედ „ილიადას” ამბები აქარწყლებს. ვენეციის კათედრალში წარმოდგენილი ბიზანტიური საკრალური ნივთები მნახველებში მათი შემქმნელი ოსტატების, ძველი კონსტანტინოპოლის დიდებული ადგილსამყოფელების ისტორიას აცოცხლებს.
როდესაც 1968 წელს გამანადგურებელმა მიწისძვრამ სრულიად დააქცია სიცილიის აღმოსავლეთით მდებარე ელინური ქალაქი ჯიბელინა, არქიტექტორებმა რკინა-ბეტონის მასიური ფენით მთლიანად გადაფარეს ძველი ნასახლარი და ამ ნაცრისფერ საფარში მხოლოდ საფეხმავლო ლაბირინთები გაკვალეს იქ მისული, დაკარგული ქალაქის მაძიებელი ადამიანებისთვის. თეატრალებმა კი ნაქალაქარზე ზაფხულობით ანტიკური პიესების გამართვა დაიწყეს სიცილიურ ენაზე, რომელიც ადგილობრივი მკვიდრების გარდა, ცოტას თუ ესმის და სპექტაკლებს კი მაინც ბევრი არაადგილობრივი, შორიდან მოსული მაყურებელი ჰყავს, რომლებსაც ამ მივიწყებულ, მიწის ქვეშ მოქცეულ სამყაროსთან მსახიობების მიერ წარმოთქმული უცხო სიტყვები აახლოებს.
განადგურება უპირველეს ყოვლისა მთლიანობისა და მშვენიერების დაკარგვასთან ასოცირდება, კატასტროფის პირას მისული ალეპო კი თავისი 5000-წლიანი ისტორიით პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის იმდენად ძველია, რომ მასზე ხუმრობით ამბობენ: თუ გსურთ, ერთ დღეში გადაავლოთ თვალი ჰომო საპიენსის ევოლუციის სრულ გზას, საკმარისია გამთენიისას, სისხამ დილით გაიღვიძოთ ალეპოში და მზის ჩასვლამდე თვალი არ მოწყვიტოთ მის მშვენიერებას თვალი არ მოწყვიტოთ.
![]() |
27 LIFE/GUIDE |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
1. ესტე ლაუდერი კოსმეტიკური ბრენდების სამყაროში ის სახელია, რომელსაც ყოველთვის შეგიძლია ენდო - მის პროდუქციას დამსახურებულად აქვს მოპოვებული შესანიშნავი რეპუტაცია. ერინ ლაუდერმა (ესტე ლაუდერის შვილიშვილი), რომელიც ბებიის სილამაზის იმპერიის ერთ-ერთი მემკვიდრეა, საკუთარი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა და უკვე გამოუშვა დეკორატიული კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ხაზი. მასში ის პროდუქტები შევიდა, რომლებიც წლების განმავლობაში თავად ერინისთვის იქცა ე.წ. must have-ად. Must Have!
2. დიორის და მოდის ფოტოგრაფიის თაყვანისმცემლებს დიორის სახლმა საჩუქარი გაუკეთა - Stars in Dior, წიგნი, რომელმაც ორას ორმოცდაათზე მეტი შავ-თეთრი თუ ფერადი ფოტო დაიტია. მათზე ყველაზე ცნობილი ვარსკვლავებია ასახული, ისეთები, როგორებიც არიან შარლიზ ტერონი, ნატალი პორტმანი, სოფი ლორენი, ელიზაბეტ ტეილორი... ყველა, ვინც ფილმებსა თუ რეკლამებში დიორის ნამუშევრების უკვდავყოფა მოახერხა.
3. იდეალურ სმარტფონში ყველა ჩვენგანი განსხვავებულ თვისებებს ეძებს - მელომანებისთვის კარგი სტერეოხმოვანებაა გადამწყვეტი ფაქტორი, ზოგს დიდი, მკაფიო ეკრანის გარეშე ვერ წარმოუდგენია, ზოგიც მთავარ ყურადღებას ბრენდს ანიჭებს. ფოტოების გადაღების მოყვარულებს კი მოეწონებათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი კამერა, განათების და მოძრაობის მიუხედავად, წამში ოთხ ფოტოს იღებს. მეტიც, ამის გაკეთება ვიდეოს გადაღების პროცესშიც შეიძლება. ამასთან, Beats Audio სისტემა და ფართო ეკრანი, რომელიც არ იკაწრება, HTC-ის ახალი სმარტფონის დამატებით ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს.
4. Marni-ს შემოქმედებითმა დირექტორმა, კონსუელო კასტილიონიმ შემოდგომის კოლექცია NewYorkTimes-ის ილუსტრატორ ბრაიან რიასთან კოლაბორაციის შედეგად შექმნა. აღნიშნულ კოლექციაში მაისურებზე, სვიტერებსა თუ ჩანთებზე საინტერესო სცენებს წააწყდებით. აქ არის გოგონა, რომელიც უდაბნოში სეირნობისას ორ დაკარგულ პინგვინს ხვდება. დივანზე ჩამომჯდარ წყვილსაც ნახავთ, რომელთა შუაშიც დიდი და უცნაური მონსტრი მოკალათებულა... ამ სასაცილო ნახატების დამსახურებაა, რომ მიმდინარე სეზონის ერთერთი ორიგინალური პრინტი Marni-სთან უნდა ვეძებოთ.
5. iPhone-ის ბედნიერ მფლობელებს შეუძლიათ უკვე თავად განსაზღვრონ, როგორ სიზმრებს ნახავენ. ამაში მათ დაეხმარებათ უფასო აპლიკაციაDream: On,რომელიც ჰარტფორდშირის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს. საკმარისია ძილის სასურველი რეჟიმის არჩევა და ტელეფონის საწოლთან ახლოს მოთავსება-ხმოვანი სიგნალების გამოყენებით ის იზრუნებს, რომ ადამიანს ძილშიც კი მისთვის სასურველი განწყობა შეუქმნას. წლის ბოლოსთვის მსგავსი აპლიკაციის შექმნა ანდროიდისთვისაც იგეგმება.
6. ფილმების Paris, JeT'aimeდაNewYork, ILoveYouშემდეგ, შვიდიდღეჰავანაში (7DiasenLaHabana) ისპროექტია, რომელიც კუბის დედაქალაქში ერთი კვირით გვამოგზაურებს. შვიდი დღე და შვიდი განსხვავებული ისტორია, რომლებიც სხვადასხვა რეჟისორებმა გადაიღეს, მათ შორის-ორშაბათი - ბენისიო დელ ტორომ, ოთხშაბათი - ხულიო მედემმა, პარასკევი კი - გასპარ ნოემ. ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც სამი მილიონია, სცენარი კი კუბელმა რომანისტმა, ლეონარდო პადურა ფუენტესმა დაწერა.