![]() |
ტაბულა №117 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: უსუფაშვილი დავით, ნოდია გია, მსხილაძე ქეთი, ბენდუქიძე კახა, თარხან-მოურავი სანდრო, გეგელია გრიგოლ, სუთიძე ლევან, კვანჭილაშვილი ელენე, ავალიანი დიმიტრი, ბაძაღუა ივანე, კაკაბაძე შოთა, ბასილაია მიხეილ, ნასყიდაშვილი ასმათ, ზუკაკიშვილი ქეთი, მამალაძე სალომე, ელერდაშვილი ვახო, გოდუაძე ლაშა, მაღრაძე ირაკლი, ბაგაური ირინა, ახლოური ნინა, ლებანიძე ანიტა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 8 - 14 ოქტომბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, სალომე უგულავა, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირინა ბაგაური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ირაკლი მაღრაძე, ნიკა ესებუა, ირაკლი გუნია, ანი ჩხიკვაძე / ვები: ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ელენე ბლუაშვილი, ალექსანდრე ისკანდაროვი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bolgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / c 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. გარეკანი: ტაბულა - გამოყენებულია ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის ფოტო, რომელიც პირველად ჟურნალ New Times-ში გამოქვეყნდა |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ყველაზე იოლი ჩვენთვისაც იქნება, რომ მან დაწეროს განცხადება, გადადგეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები და ყველაფერს ამით ბოლო დაესმევა”.
ეს განცხადება კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორ ხედავს ის მომდევნო ერთ წელიწადს, სანამ სააკაშვილს მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება. 2 ოქტომბერი
„მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ პროცესს, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ასევე, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება...
ამავე დროს, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მინდა ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში”.
სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა, რომ ნაციონალური მოძრაობა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. 2 ოქტომბერი
„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან. რაც შეეხება ჩემს მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი”.
პრესკონფერენციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და თავისი პოზიცია განმარტა. 3 ოქტომბერი
„ამ გამარჯვების შემდეგ ვინმე თუ აპირებს, რომ მათი მხრიდან კიდევ რაღაც ექსპერიმენტები ატაროს და კონსტიტუციურ წყობილებას დაემუქროს, ეს ძალიან სახიფათო თამაშია... ახლა ეს [ქართული ოცნების] გუნდი უნდა მოიქცეს ისე, როგორც ეკადრება იმ გუნდს, რომელიც მოდის ხელისუფლებაში და მალე ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების ძალიან დიდ ნაწილზე ექნება პასუხისმგებლობა”.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ „სახიფათო თამაშები” უწოდა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომისკენ. 2 ოქტომბერი
„ჩემდა გასაკვირად, მაშინ, როცა ხმების დათვლა ჯერ დასრულებული არ იყო, ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა. ეს მოთხოვნა სრულიად მიუღებელია და დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმაა”.
ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი ვილფრედ მარტენსი. 2 ოქტომბერი
„Единная Россия ყოველთვის ინარჩუნებდა კავშირებს საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს რუსეთ-საქართველოს მომავალი ურტიერთობების განვითარებისათვის“
საქარტველოში ჩატარებულის არჩევნების შემდეგ რუსეტის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთის მმართველი პარტიის საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნაზე საუბრობს. 2 ოქტომბერი
„სწორი დიპლომატიით და ანალიზით, სწორი დროით სეიძლება რუსეთის დარწმუნება, რომ ეს [NATO-ში საქართველოს ინტეგრაცია] არ იქნება მისთვის საფრთხე“.
პრესკონფერენნციაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება „მცდელობას არ დააკლებს, დიდ მეზობელთან მეგობრულ ურთიერთობებ მივაღწიოთ“, თუმცა დასძინა, რომ ეს „არ იქნება იოლი“ 2 ოქტომბერი
„ჩვენ მოუთბეენლად ველით საქართველოს ახალ პარლამენტთან, ახალ კაბინეტთან და საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ჩვენი ისედაც მყარი ურთიერთობები“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ისტორიულს უწოდებს და საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას ულოცავს.
„საქართველოს ამომრჩეველმა გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ვერმოასწრო პუტინმა“
Новая газета-ს ცნობილი ჟურნალისტი იულია ლატინინა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება 2 ოქტომბერი
„ყველაფერი დამთავრებულია, სულ ლიწინ-ლიწინით გავიმარჯვეთ“
ქეთი გოლიძე 1 ოქტომბერი
![]() |
2 დავით უსუფაშვილი: ორივე მხარეს დამატებითი პასუხისმგებლობა გვეკისრება |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ესაუბრა ნინო მაჭარაშვილი
ფოტო: ელენე ბლუაშვილი
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საკადრო გეგმებზე, პოლიტიკურ ხედვებსა და საგარეო კურსზე ტაბულა კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
დღევანდელი გადასახედიდან, როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პროცესს და უშუალოდ არჩევნების პროცესს?
პროცესი იყო ძალიან ხანგრძლივი - წინასაარჩევნო ვითარება ქვეყანაში დამკვიდრდა 2011 წლის ოქტომბრიდან, ბიძინა ივანიშვილის განცხადებისთანავე. ეს იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება სახელისუფლებო პარტიასა და კოალიციას შორის. სახელისუფლებო პარტიის მხარეს აღმოჩნდა პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო მანქანა: საკანონმდებლო ძალაუფლება, ადმინისტრაციული, ფინანსური, პოლიციური, სასამართლო რესურსები, მედიის უდიდესი ნაწილი. კოალიციას მოუწია უკიდურესად უთანასწორო ბრძოლაში კონკურენცია არა პოლიტიკურ ძალასთან, არამედ სახელმწიფოსთან, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მობილიზებული.
გზაზე ბევრი ხიფათი იყო. მათ შორის ის, რომ კოალიციას და მოსახლეობას არ ჩაექნია ხელი არჩევნების შესაძლებლობაზე - რომ რა აზრი აქვს, არჩევნებსაც ხომ ბოლომდე გააყალბებენ. მაგრამ ბოლომდე შევინარჩუნეთ რწმენა და პოლიტიკური ხაზი. ამან გაამართლა, რადგან საზოგადოება აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე პოლიტიკური კულტურის და პრინციპულობის თვალსაზრისით. თვეების განმავლობაში მათ არ ჰქონდათ პოზიციის ხმამაღლა გამოხატვის საშუალება, იყო უზარმაზარი ზეწოლა, მაგრამ მოქალაქეობრივი პოზიცია მოიტანეს პირველ ოქტომბრამდე და ბიულეტენში ასახეს.
დღევანდელი გადასახედიდან ამ არჩევნებისთვის სამართლიანის დარქმევა ძალიან რთულია - ის, რომ ხელისუფლებამ დამარცხება აღიარა, არ ნიშნავს, რომ პატიოსანი ბრძოლისთვის იყო განწყობილი და მასში მონაწილეობდა.
ეუთო-ს დასკვნაში ნათქვამია, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდა. ამ დასკვნას ეთანხმებით?
არჩევნების დღე სჯობდა კამპანიის დღეებს - ეს უზრუნველყვეს საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა. ხელისუფლებას არ ჰქონდა ილუზია, რომ ისინი რამეზე თვალს დახუჭავდნენ. მეორე, ეს უზრუნველყო ჩვენი კოალიციის საარჩევნო მანქანის, ინფრასტრუქტურის კარგმა მუშაობამ - ყველა უბანზე გვქონდა სათანადო კონტროლი, თუმცა იყო დარღვევის ძალიან ბევრი შემთხვევა. ახლაც მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. მაგრამ ჯამში, მთლიანი პროცესი იყო უკეთესი, ვიდრე საარჩევნო კამპანია.
რა ცვლილებებს აპირებს ქართული ოცნება? მთავრობის შესახებ მოლაპარაკებები თუ დაიწყო და ვინ შეიძლება ვიხილოთ მთავრობაში? პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ გუნდის არცერთმა წევრმა არ იცის, ვის რას უპირებს - რას ნიშნავს ეს?
მთავრობის კანდიდატურები ჯერ არ გვყავს. კოალიციას ბევრი საქმე აქვს ერთდროულად საკეთებელი - მათში არის გარკვეული პრიორიტეტები დროის თვალსაზრისით. პირველი, ესაა საარჩევნო პროცესის დასრულება და გარკვევა, ვინ შედის პარლამენტში და ვინ ვერა. მეორე - სერიოზული ამოცანაა, უზრუნველვყოთ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაში შეფერხების არდაშვება. თუმცა ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს - მაგალითად, დღეს თბილისში გაცილებით კანტიკუნტად დაიარებიან საპატრულო პოლიციის მანქანები, ვიდრე წინა დღეებში. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირება არ შეფერხდეს - სამუშაო ჯგუფის მიზანი, რომელიც პრეზიდენტთან, მთავრობასთან კონსულტაციებისთვის შეიქმნა, ისაა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში უზრუნველვყოთ წესრიგი და სახელმწიფოს ფუნქციონირება.
შემდეგი ამოცანაა საქართველოს პრეზიდენტთან და ჯერ კიდევ მოქმედ მთავრობასთან კონსულტაციები - ხელისუფლების გადაბარება არ ხდება ერთ დღეში და არაა მარტივი პროცესი. ამიტომ, ვალდებული ვართ, სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შევიდეთ დიალოგში, გავარკვიოთ გარკვეული საკითხები. შემდეგი ამოცანა უკვე პარლამენტის ფორმირება და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაა, მათ შორის, საკადრო. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის მთავრობის ფორმირების საკითხი. უახლოეს ერთ კვირაში, შესაძლოა, ეს არ იყოს ჩვენი შიდა კონსულტაციების თემა, რაც არ ნიშნავს, რომ არ ვფიქრობთ.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მთავრობიდან არავინ არ იქნება მის ხელისუფლებაში. თქვა ისიც, რომ ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რაც სააკაშვილმა შეიძლება გადადგას, არის გადადგომა. შეგვიძლია გავიხსენოთ სოზარ სუბარის განცხადებაც, რომ ყველა საფუძველი არსებობს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის. ამის პარალელურად ივანიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილთანაც კი მზად ხართ თანამშრომლობაზე. რა დონეზე აპირებთ თანამშრომლობას?
ჩვენ არ მოგვწონდა და არ მოგვწონს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური კურსი - ამ საკითხში არაფერი შეცვლილა. მაგრამ ჩვენი პრინციპი, რომ უნდა ვიმოქმედოთ კონსტიტუციის ფარგლებში, რჩება ძალაში. საქართველოს კონსტიტუციით ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ამას მოჰყვება მთავრობის შეცვლა. მყისიერად პრეზიდენტის შეცვლის საკითხი არ და ვერ გვარდება. ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ არის ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნა. ივანიშვილმაც განმარტა, ჩვენ არანაირ წინაპირობას არ ვაყენებთ. გვესმის, რომ მოქმედი თანამდებობის პირები არიან მოქმედი თანამდებობის პირები. არ ვაპირებთ, რომ რაღაც ულტიმატუმებით და ზეწოლებით ვიღაცებს თანამდებობები დავატოვებინოთ. კანონის მხრიდან განსაზღვრული პროცედურებით, შეიძლება ბევრს მოუწიოს არა მარტო თანამდებობის დატოვება, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაც, მაგრამ ეს კანონის საქმეა. მინდა ცხადი იყოს: ჩვენ არათუ მზად ვართ, ვალდებულიც ვართ, გვქონდეს დიალოგი და სამუშაო ვითარება საქართველოს პრეზიდენტთან და სხვა თანამდებობის პირებთან, რომლებიც რჩებიან თანამდებობებზე არჩევნების შედეგების მიუხედავად.
სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა იმ მიზნით, რომ ეს კონტაქტები იყოს ინტენსიური - შესაძლოა, ყოველდღიურად გაჩნდეს პრობლემები. საქართველოს უამრავი მოქალაქე თავს მიიჩნევს უსამართლობის მსხვერპლად - თავიდან უნდა ავიცილოთ გართულებები და თვითნებური ძალადობრივი მოქმედებები. ამ საკითხში ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა. ასევე, არსებობს ზეპარტიული ამოცანები: ქვეყნის უსაფრთხოება, საზღვრების დაცვა, ფინანსური უსაფრთხოება, უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკა არ შეფერხდეს. ჩვენ ყველა ამ თემაზე მოგვიწევს საუბარი და პასუხისმგებლობის აღება, ზოგან მონიტორინგის მეშვეობით, ზოგან გარკვეული თანამშრომლობის მეშვეობით - სანამ მოხდება ის, რაც მოსახდენია.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი იქმნება, ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს - ვინაიდან ის ახლა იქმნება, ნიშნავს, რომ ადრე არასოდეს მომხდარა. ამიტომ, ორივე მხარეს დამატებითი პასუხისმგებლობა გვეკისრება - უკვე ოპოზიციაში გადასულ ნაციონალურ მოძრაობას და უმრავლესობაში მოსულ კოალიცია ქართულ ოცნებას.
ივანიშვილის თქმით, საქართველო შეინარჩუნებს NATO-სკენ და ევროპისკენ კურსს და, ამავდროულად, ეცდება რუსეთი დაარწმუნოს, რომ ეს მისთვის საფრთხე არ იქნება. მანვე განაცხადა, რომ საქართველო თავისი მოქმედებებით მისაღები უნდა იყოს ყველა მეზობლისთვის. როგორ უნდა დაარწმუნოთ რუსეთი, რომ NATO არ არის მისთვის საფრთხე, როცა რუსეთის უსაფრთხოების დოქტრინაში ალიანსის გაფართოება საფრთხედ არის შეფასებული?
ისევე, როგორც ეს მოახერხეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ან ბულგარეთმა და რუმინეთმა. არც იმ ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება წარმოედგინა რუსეთს და მაშინაც თვლიდა, რომ ეს მას დააზარალებდა. მაგრამ ამ ქვეყნების მსგავსად, ჩვენც უნდა მოვახერხოთ. ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი ადვილი იქნება, ან შედგება შეხვედრა პუტინთან და იგი ერთი შეხვედრიდან ამას გაიგებს და დაიჯერებს. ასე არ იქნება. უნდა მოვახერხოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობაში არ აღმოვჩნდეთ მარტო, როგორც 2008 წლის აგვისტოში - ვგულისხმობ ფიზიკურად და არა მორალურად და პოლიტიკურად. და მეორე: არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მსხვერპლშეწირვის პროცესში, რომ მაინცდამაინც საქართველო უნდა შეეწიროს გლობალურ დაპირისპირებას თუ პროცესებს. უსაფრთხოების ქოლგა გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება მართლა უზრუნველვყოთ და არა იმისთვის, რომ მისი მოპოვების პროცესში ნახევარი საქართველო დავკარგოთ.
2004 წელსაც იყო პრობლემები და რისკები, თუმცა ხელისუფლების მოქმედებებით ჯერჯერობით ვერც NATO-ში შევედით და ვერც რუსეთის ჯარი გავიყვანეთ საქართველოს ტერიტორიიდან. რუსეთმა უკეთ მოიკალათა საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, თუ ვიძახეთ, რომ უსაფრთხოება და NATO გვინდა, მაგრამ ამ პროცესში ვერ უზრუნველვყავით საქართველოს დაცვა, ეს არ იქნება სწორი პოლიტიკა და სწორი შედეგი.
ევროკავშირთან, NATO-სთან, აშშ-სთან კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობებს - ესაა ჩვენი პროგრამული ამოცანა და პოლიტიკური ხედვა. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არ დაიჯერეს სახელისუფლებო პროპაგანდა - მათ სჯერათ, რომ ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს არათუ არ შეცვლის, არამედ აპირებს, უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგას დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის თვალსაზრისით, რაც აუცილებელი წინაპირობაა შემდგომი ინტეგრაციისთვის.
პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის გარდა, მშვიდობიანად ძალაუფლების გადაბარების სამი შემთხვევა მოხდა - უკრაინა, ბელარუსი და მოლდოვა. ბელარუსსა და უკრაინაში დემოკრატიის დონე მკვეთრად გაუარესდა, მოლდოვაში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. რა გარანტიები არსებობს, რომ საქართველოში მოლდოვის მაგალითი განმეორდება?
მთავარი გარანტია საზოგადოება, მოქალაქეები. მეორე გარანტი ალბათ არის კოალიცია და მისი პოლიტიკური შემადგენლობა, ლიდერები, პოლიტიკური პარტიები. ივანიშვილის დაპირება, რომ ის მალე წავა ხელისუფლებიდან, ამ თემასაც ეხმიანება - ის თვლის და ვეთანხმები, რომ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის პრეცედენტი გახდება ურყევი მაშინ, როდესაც ის განმეორდება და არ დარჩება პრეცედენტად.
ყველა, ვინც დემოკრატიულ ინსტიტუტებს ზღუდავს, ამას იმიტომ აკეთებს, რომ არ უნდა დემოკრატიული პროცესის შედეგად წასვლა. ჩვენ არ გვეშინია, თუ ჩვენზე უკეთესი ძალა ამოიმართება ამ ოთხი წლის მანძილზე და ის მოვა ხელისუფლებაში - ესაა წინაპირობა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ შეიზღუდოს.
ამასთან, დიდია ხოლმე გარკვეული რევანშის, ანგარიშსწორების ცდუნება, ან თუნდაც იმავე არასწორ გზაზე დადგომის, რაც სააკაშვილმა გააკეთა - რომ ამდენი ხალხი მხარს მიჭერს, ე.ი. ჭეშმარიტება ჩემს მხარესაა. ჩვენ სწრაფად უნდა მოვახერხოთ დემონსტრირება, რომ მართლაც პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს - ვგულისხმობ არა თვეებს, არამედ დღეებს. უნდა უზრუნველვყოთ სიტყვის თავისუფლება, ასევე თავისუფალი სასამართლო. ამისთვის სულ ორი-სამი თვე გვაქვს - ამას ყველა დაინახავს და კითხვებიც მოიხსნება, ან ვერ დაინახავს და ცუდად წავა საქმე, ჩვენიც და ქვეყნისაც.
ივანიშვილის თქმით, საქართველო დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე არ უნდა იყოს, რეგიონულ მოთამაშედ უნდა დარჩეს. რას გულისხმობს ეს? საქართველო საერთაშორისო დონეზე აღარ იქნება აქტიური? მაგალითად, ავღანეთში?
ჩვენ ავღანეთში არაფერს არ შევწყვეტთ, ამ თემებით სპეკულირების გარდა. ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლება ავღანეთის თემით უბრალოდ სპეკულირებდა. როდესაც მთელი დანარჩენი დემოკრატიული სამყარო აწყობდა კონტინგენტის ნელ-ნელა შემცირების გეგმებს, სააკაშვილი იყო ერთადერთი, რომელიც მუდმივად მზად იყო, კონტინგენტი გაეზარდა. ეს იყო მცდელობა, მოეპოვებინა გარკვეული დივიდენდები და კრედიტი დასავლეთის თვალში. ეს იყო გარკვეული პროვინციალიზმის გამოვლინება - თუ გვინდა, გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს წევრი და მისი თანასდროულად წორუფლებიანი მონაწილე, უნდა მივყვეთ გარკვეულ სტანდარტებს და ტენდენციებს.
აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სხვანაირად ჩვენი უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ არ და ვერ ვიქნებით ასეთი პროცესების წინა ხაზზე, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები - ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ და ასე უფროსი ძმის იმედზე გაყოყოჩებული პატარა ბავშვივით არ უნდა ვიქცეოდეთ.
NATO-ში შესვლის შემთხვევაში, როგორ იქნება საქართველო რეგიონული ძალა და არა დიდი გეოპოლიტიკური ალიანსის წევრი?
რეგიონალური მოთამაშეობა და გლობალური მოთამაშეობა არ უკავშირდება NATO-ს წევრობას ან არწევრობას. მაგალითად, თურქეთი NATO-ს წევრია - და არის მოთამაშე რეგიონშიც და გლობალურადაც. მაგრამ NATO-ს წევრია ბულგარეთიც - რომელიც ვერ არის გლობალური მოთამაშე. სააკაშვილის მისწრაფება, ჰქონდეს გერმანიაზე უკეთესი სკოლები, ნორვეგიაზე უკეთესი საავადმყოფოები და ა.შ., არის ისეთი ამოცანების დასახვა, რომელიც არარეალისტური და უსარგებლოა. ძალიან ბევრი წელი დაგვჭირდება, რომ თუნდაც საშუალო ევროპულ დონეს მივუახლოვდეთ, ისეთი სასტარტო პირობები გვაქვს.
ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ ძლიერი რეგიონალური მოთამაშე უნდა ვიყოთ, ამით უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი გლობალურ პროცესებშიც და არა იმით, რომ პრეზიდენტი ბუში ჩემი ძმაკაცია და ახლა ყველა ჭკუით იყავით. ამან შეაფერხა საქართველოს სვლა NATO-ში. რეალისტები უნდა ვიყოთ, ჩვენი ადგილი და წონა ვიცოდეთ.
ოკუპირებულ ტერიტორიებს რაც შეეხება, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ საკითხის მოსაგვარებლად? რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, რომ რუსეთი ამ ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს?
დარწმუნებული ვარ, აფხაზები, ოსები, ქართველები ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ. მაგრამ ეს ვერ იქნება სწრაფად. ეს იქნება მაშინ, როცა არა მხოლოდ ქართველებს გვენდომება, რომ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ვიცხოვროთ, არამედ აფხაზებსაც და ოსებსაც. მათ რომ ეს სურვილი გაუჩნდეთ და ეს მათი თავისუფალი არჩევანი იყოს, ამას ძალიან ბევრი რამ სჭირდება - პირველ რიგში, დღევანდელი დე ფაქტო საქართველოს წინსვლა, გარანტია, რომ ადამიანები იცხოვრებენ უსაფრთხოდ.
ეს არის ჩვენი საშინაო დავალება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის პოზიციის შენარჩუნება და გამყარება არაღიარების პოლიტიკის თაობაზე. ასევე მნიშვნელოვანია რუსეთში მიმდინარე პროცესები. დღევანდელი მდგომარეობით, გარკვეული ჩიხია, მაგრამ შეუძლებელია, ყველა ისტორიულ ეპოქაში ერთნაირად გაგრძელდეს რუსეთის პოლიტიკა. იყო საბჭოთა კავშირის პერიოდი, გორბაჩოვის პერიოდი, ელცინის პერიოდი, არის პუტინი. პერიოდები იქაც იცვლება, ხელსაყრელ მომენტს უნდა დაველოდოთ - არა სამხედრო ოპერაციისთვის, ფილიგრანული წესით წარმოებული საგარეო პოლიტიკაა ამის წამალი. დაბოლოს - თავად სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, ამისთვის ხელის შეწყობა და არა ხელის შეშლა. ახალ უმრავლესობას გვერგო ძალიან რთული პრობლემები, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ. აქ პრობლემის მოგვარების ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს.
![]() |
3 ვარდების რევოლუციის ბოლო მიღწევა |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ისევე როგორც ამ დღეებში, ძალიან ბევრ ჟურნალისტს ვესაუბრებოდი. მახსოვს როიტერის კორესპონდენტის შეკითხვა: რას ფიქრობთ, მომავალში რა იქნება სააკაშვილის წარმატების საუკეთესო მაჩვენებელი? რის მიხედვით ვიტყვით, რომ ვარდების რევოლუციამ რეალური პროგრესი მოიტანა? მაშინ ასე ვუპასუხე: ინდიკატორი იქნება ის მომენტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მშვიდად და პირზე ღიმილით გადასცემს ძალაუფლებას თავის მემკვიდრეს.
დემოკრატიის ელემენტარული ტესტი
როდესაც 2012 წლის 2 ოქტომბერს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, მას დიდად მომღიმარი სახე არ ჰქონია. არც მისი მოწინააღმდეგისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, ან მისი პარტიისთვის, მიულოცავს გამარჯვება. მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, მაინც გარღვევა იყო საქართველოს ისტორიაში. არჩევნების მეორე დღეს, როგორც კი ძირითადი შედეგი ნათელი გახდა, მან მშვიდად და ზედმეტი პათეტიკის გარეშე აღიარა წაგება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მან გამოხატა მზაობა, ხელი არ შეეშალა ახალი საპარლამენტო უმრავლესობისთვის მინისტრთა კაბინეტის შექმნაში, თუმცა არსებული კონსტიტუცია ამის საშუალებას აძლევდა. ამ დღეს ჩვენ ევროპული ტიპის დემოკრატიული ლიდერი ვნახეთ.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ მორჩა, ახლა უკვე ნამდვილი დემოკრატია ვართ? სამწუხაროდ, არა. ფორმალური კრიტერიუმით, რომელიც ამერიკელ პოლიტოლოგს სემუელ ჰანტინგტონს ეკუთვნის და ბევრი მისი კოლეგა იზიარებს, დემოკრატია მყარად ჩაითვლება, როდესაც ხელისუფლება ორჯერ კანონიერად შეიცვლება ისე, რომ შუალედში არ მოხდება სახელმწიფო გადატრიალება ან რევოლუცია. ასე რომ, დემოკრატიის სიმყარის მისაღწევად იმ მომენტს უნდა მოვუცადოთ, როდესაც უკვე ქართული ოცნება წააგებს არჩევნებს და ხელისუფლებას ოპოზიციურ ძალას გადაულოცავს (თუნდაც ისევ ნაციონალურ მოძრაობას, ან ვინმე სხვას).
მაგრამ მომხდარი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ვარდების რევოლუციის მიღწევებს შეადგენს არა მხოლოდ უფრო ეფექტურად აკრეფილი გადასახადები, მასობრივი კორუფციის დაძლევა, დაგებული გზები და ა.შ., არამედ წინსვლა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც.
შეეწირა თუ არა დემოკრატია მოდერნიზაციას?
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სერიოზული მკვლევრების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ „ვარდების რევოლუცია” იყო გარღვევა მოდერნიზაციის, მაგრამ არა დემოკრატიის კუთხით, ან - უფრო რადიკალური ფორმულირებით - დემოკრატია შეეწირა მოდერნიზაციას. ეს უკანასკნელი საკმაოდ ზოგადი და ბუნდოვანი ცნებაა, რომელშიც მრავალი რამ იგულისხმება: ქმედუნარიანი სახელმწიფო მანქანის შექმნა, რომლის მოხელეები ხელფასისთვის მუშაობენ და არა ქრთამისთვის, და მოქალაქეებისთვის სასარგებლო საქმეებს აკეთებენ; მერიტოკრატიის გავრცელება, როდესაც ადამიანი მისი უნარებით და საქმით ფასდება და არა გვარიშვილობით; ერის სამოქალაქო გაგება, როდესაც სხვადასხვა წარმომავლობის და რელიგიის ადამიანი თანაბრადაა მიღებული საზოგადოებაში; ეკონომიკის ლიბერალურ რელსებზე გადაყვანა და ა.შ.
ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ამ მხრივ ვარდების ხელისუფლების მიღწევები კამათს არ ექვემდებარება - მაგრამ ცხადია, რომ საქართველომ თვისობრივი ნახტომი გააკეთა. სააკაშვილმა საქართველო ჩაიბარა როგორც შუასაუკუნეობრივი ან აფრიკული ტიპის სახელმწიფო (გააჩნია, დროითი მეტაფორა გვირჩევნია თუ სივრცითი) და ის თანამედროვე დასავლური ტიპის პოლიტიკურ ერთეულად აქცია.
თუმცა, აქცია კი? ოპონენტების ძირითადი არგუმენტი ის იყო, რომ დასავლური ტიპის სახელმწიფო დემოკრატიული უნდა იყოს, საქართველო კი ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. მეტიც: რაკი სააკაშვილის და მისი გარემოცვის ხელში მეტი ძალაუფლება იყო თავმოყრილი, ვიდრე თუნდაც შევარდნაძეს ჰქონდა, ესე იგი, დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადავდგით ნაბიჯი. ამას ამბობდნენ ხელისუფლების ქართველი ოპონენტებიც და ზოგი დასავლელი მკვლევარიც.
2012 წლის არჩევნები სერიოზულად შეცვლის ამ შეფასებას. ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს აღარავინ გაუხსენებს ძველ „ცოდვებს”: ძალაუფლების ვიწრო ჯგუფში კონცენტრაციას, კონსტიტუციის ზედმეტად ხშირ და ადვილ ცვლას, შერჩევით სამართალს, საჯარო სამსახურის პოლიტიკურ რესურსად გამოყენებას და ა.შ. ცხადია, სააკაშვილის საქართველო შორს იყო დემოკრატიის იდეალისგან, მაგრამ როცა პროგრესს ვზომავთ, შედარებით საზომებს ვიყენებთ და არა აბსოლუტურს. პროგრესს კი ამ შემთხვევაში აქვს ნათელი და გაზომვადი ინდიკატორი: განსხვავება 2003 წლის ვარდების რევოლუციასა და 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებს შორის, ანუ ხელისუფლების რევოლუციურ და კონსტიტუციურ ცვლას შორის.
ხელისუფლება შეიცვალა თუ ხალხი?
კონკრეტულად რამ განაპირობა ეს განსხვავება? 2003- ში ხელისუფლება უფრო სუსტი და არაპოპულარული იყო, ვიდრე 2012-ში. მის მიმართ აგრესია მაშინაც იყო და ახლაც, მაგრამ ანგარიშსწორების და შურისძიების დაპირებები 2012 წელს გაცილებით უფრო მკვეთრად ისმოდა - შესაბამისად, სააკაშვილის ხელისუფლებას, სულ მცირე, არანაკლები მოტივი ჰქონდა, ყველანაირი მეთოდებით დაეცვა თავისი მდგომარეობა. განსხვავებით 2003 წლისგან, მას ქმედუნარიანი და ერთგული ძალოვანი სტრუქტურები ჰყავდა. ასე რომ, 2012-ის ხელისუფლებას ობიექტურად არ ჰქონია მეტი საფუძველი, ნებაყოფლობით დაეთმო საზოგადოების უმრავლესობისთვის.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განსხვავება თვითონ ხელისუფლებაშია. ვიმეორებ, ამ ცხრა წლის მანძილზე მის მიმართ არაერთი საყვედური გამოთქმულა დემოკრატიის სტანდარტების თვალსაზრისით და ერთ- ერთი ასეთი კრიტიკოსი მეც ვიყავი. მაგრამ ფაქტია: კრიტიკულ მომენტში, როცა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ხალხის უმრავლესობის ნება მისი საწინააღმდეგოა, მან დემოკრატიული წესების ფარგლებში იმოქმედა. ეს არ ნიშნავს, რომ მის წევრებს სხვაზე ნაკლებ უყვართ ძალაუფლება: მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ახალი პოლიტიკური ელიტა, რომელმაც თავის ძირითად მიზნად საქართველოს ევროპაში შეყვანა გამოაცხადა და ამ ხედვის მხარდამჭერებს ეყრდნობოდა, აშკარად ვერ გადაუხვევდა დემოკრატიის პრინციპებს.
იქნებ საზოგადოება შეიცვალა, და ეს ხსნის განსხვავებას? ამის გაზომვა უფრო რთულია, მაგრამ ორი მომენტი შემიძლია გამოვყო. ბოლო წლებში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ღირებულებებმა უფრო გადაინაცვლა საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. ამას არასაკმარისად ასახავდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომელთაც ხელისუფლება, როგორც ჩანს, ზედმეტად ენდო. 2003 წელს ხალხი ქუჩაში უშუალოდ გაყალბებული არჩევნების გამო გამოვიდა, მაგრამ ზოგადად მაშინ სხვა საკითხები უფრო აწუხებდა: უშუქობა, გაუცემელი პენსიები, წესად ქცეული კორუფცია, ზოგადად, ხელისუფლების უმაქნისობა. 2012 წლის არჩევნების ბედი კი, საბოლოოდ, ციხეში პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობის საკითხმა გადაწყვიტა.
ცხადია, ეს პრობლემა ხელისუფლების ბრალი იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სამართლიანად დაისაჯა მისი უგულებელყოფისთვის. მაგრამ ის, რომ ხელისუფლების შეცვლაში ასეთმა საკითხმა ითამაშა დიდი როლი, უკვე ნიშნავს, რომ საზოგადოების პრიორიტეტები შეიცვალა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ვარდების რევოლუციის დროინდელი პრობლემები ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა და ამ ფაქტის ხშირი შეხსენება ბევრ ადამიანს აღიზიანებდა კიდეც. ცხადია, სიღარიბის და უმუშევრობის პრობლემები დარჩა, რის გამოც ოპოზიცია და ხელისუფლება სოციალურ- პოპულისტური დაპირებებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ საბოლოოდ არჩევნების ბედი ადამიანის უფლებების საკითხმა გადაწყვიტა. ამისთვის ხელისუფლება აშკარად მოუმზადებელი აღმოჩნდა, მაგრამ თავად დღის წესრიგის შეცვლა მისი ირიბი დამსახურებაც იყო.
მეორე განსხვავება აშკარად არ არის დღევანდელი საზოგადოების სასარგებლო: მისი გააქტიურება საბოლოოდ ერთი ადამიანის ფულის წყალობით მოხდა. 2003-შიც იყო საუბარი ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ნახევრადმისტიკურ როლზე: მაგრამ თვალნათლივია, რომ ფულის როლს მაშინ და დღეს ვერ შევადარებთ. ცხადია, ფულით ყველაფერს ვერ იყიდი: საზოგადოებაში სერიოზული უკმაყოფილება არსებობდა. მაგრამ მისი მობილიზაცია და, საბოლოოდ, „ცოცხების სკანდალის” გამოყენებით არანორმალური ემოციური ფონის შექმნა სწორედ ფინანსური მანიპულაციებით მოხდა.
პერსპექტივა
არჩევნებში დამარცხებამ რეტროსპექტულად გამოასწორა მიხეილ სააკაშვილის, როგორც დემოკრატიული ლიდერის იმიჯი და განამტკიცა წარმოდგენა საქართველოზე, როგორც რეგიონულ ლიდერზე დემოკრატიის განვითარების დარგში. მაგრამ გახდის ეს ქვეყანას უფრო დემოკრატიულად გრძელვადიან პერსპექტივაში? თუ უკრაინული ვარიანტი გველის: პრეზიდენტმა იუშჩენკომ დაამტკიცა თავისი დემოკრატობა იმით, რომ არჩევნები წააგო, მაგრამ მისმა მემკვიდრე იანუკოვიჩმა ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ წაიყვანა. რა მოხდება საქართველოში? ეს ჯერ არ ვიცით
![]() |
4 პირველი პრესკონფერენცია უცხოური მედიის გამადიდებელი შუშის ქვეშ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ქეთი მსხილაძე
„იმ ექსცენტრულობის გარდა, რაც ზებრების მოშენებით თუ ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობით გამოიხატება, ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ქართულმა ოცნებამ ორშაბათის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ბევრი არაფერი ვიცით. თუმცა მისმა გამარჯვებისშემდგომმა პირველმა პრესკონფერენციამ ერთი რამ ნათელი გახადა - ის ორატორი არ არის”.
ასე იწყებს ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ის კორესპონდენტი, შონ უოკერი, პრესკონფერენციიდან მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებას თავისი მკითხველისთვის.
პირველ პრესკონფერენციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2 ოქტომბერს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების აღიარებიდან მალევე მოიწვია, ბუნებრივია, უცხოელი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
Foreign Policy-ის ჟურნალისტმა, შონ უოკერმა ზებრა სახელად ზელდა დაახლოებით 2 თვის წინ, ივლისში, ივანიშვილისგან პირველი ინტერვიუს აღების დროს ნახა, მის აგარაკზე ურეკში.
უოკერი იხსენებს, რომ მაშინ ივანიშვილი ზელდაზე, ფარშავანგებზე, მის ბავშვობასა თუ მოსკოვში ბიზნესის კეთებაზე უფრო დამაჯერებლად საუბრობდა, ვიდრე პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებზე და ძირითად დროს ოპონენტზე პერსონალურ თავდასხმებს უთმობდა. უოკერმა ისიც გაიხსენა, რომ მაშინ ივანიშვილი საკუთარ კომპანიაში ქვეშევრდომებთან ურთიერთობის სტილს მედიასთან ურთიერთობაშიც იყენებდა - ინტერვიუს დასასრულს, ივანიშვილმა Foreign Policy-ის ჟურნალისტს უთხრა: „იცი ხომ, რომელი ფრაგმენტები გამოიყენო და რომელი არა? დარწმუნებული ვარ, გესმის, რა უნდა დაწერო და რა არა”.
2 ოქტომბრის პრესკონფერენციამ ჟურნალისტს, როგორც ჩანს, ივანიშვილზე აზრი დიდად ვერ შეუცვალა. „სამშაბათის ამ პრესკონფერენციაზე, ბლუმბერგის ჟურნალისტის სავსებით ლეგიტიმურმა კითხვამ, შესაძლებელია თუ არა ახლა, როცა იგი ხელისუფლებაშია, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები დაბრუნდნენ საქართველოში, ივანიშვილი გააცხარა. „ვინ დაგავალათ ამ კითხვის დასმა? სააკაშვილმა? ბოკერიამ?.. ეს არ არის სწორი კითხვა და მე მას არ ვუპასუხებ”.
ივანიშვილის ასეთმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტებთან ჯეკსონ დილიც გააკვირვა, რომელიც მარშალის ფონდის მიერ თბილისში მოწვეულ ჟურნალისტებთან ერთად არჩევნების დღეს ივანიშვილს შეხვდა. The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჯეკსონ დილი იხსენებს: „იგი ღიზიანდებოდა ჩვენი ჯგუფის მიერ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებზე, თითს გვიქნევდა და მოითხოვდა, გვეთქვა, საიდან მოდიოდა ეს შეკითხვები”.
Foreign Policy-ის ჟურნალისტი, შონ უოკერი, ივანიშვილის არაინფორმირებულობას უსვამს ხაზს: „მან ისიც არ იცოდა, რომ ქართული კანონმდებლობით, ყოველ შემთხვევაში შემდეგ წელს საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე, სააკაშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, უნდა დაამტკიცოს პრემიერმინისტრის კანდიდატურა. ამ საკითხზე ჯერ ცხარე დავა გამართა ჟურნალისტთან, გეშლებაო, მერე კი უკან დაიხია”.
შონ უოკერი ივანიშვილს უწუნებს თანამიმდევრულობას - „ივლისში თუ მითხრა უკვე 10 მილიონი დოლარი დავხარჯე საარჩევნო კამპანიაზეო, 2 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე ეს თანხა საშუალოდ 2 მილიონამდე შეამცირა” - და დროის მენეჯმენტსაც: „თავის გრძელ შესავალში, რომელშიც ყველაფერს მიედ-მოედო, ერთი და იგივე საკითხი ოთხჯერ გაიმეორა და დიდხანს ისაუბრა, თუ როგორ უჩივლებს ერთ მოსამართლეს ოპოზიციის წინააღმდეგ გამოტანილი, როგორც თავად თქვა, უკანონო განაჩენების გამო”.
დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარს, ჯეიმს კირჩიკს, მიაჩნია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები და ძალაუფლების მშვიდობიანი ცვლილება საქართველოს დემოკრატიის ტრიუმფია, ეს ქვეყნის ჩრდილოელი მეზობლის რუსეთის გამარჯვებაცაა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი მთავრობის პირობებში თავის გავლენას გაზრდის”. The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „რუსეთის გამარჯვება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე” კირჩიკი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სანაცვლოდ დასავლეთთან კავშირების შესაძლო შესუსტებას ვარაუდობს და მიაჩნია, რომ ივანიშვილი, რომელიც მილიარდერი რუსეთში გახდა, „დიდი ალბათობით, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დააბრუნებს”.
ავტორი იმ მუქარანარევ წერილსაც იხსენებს, რომელიც ივანიშვილმა ამერიკის ელჩს მისწერა და მოითხოვა, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს კვლევების ჩატარება შეეჩერებინათ, რადგან ეს კვლევები ივანიშვილს არ მოსწონდა. „უფრო ბევრისმთქმელი კი ის არის, რასაც ივანიშვილი არ ამბობს. მას საჯაროდ ბატონი პუტინი, რომელიც საქართველოში პოპულარული ფიგურა არ არის, არასდროს გაუკრიტიკებია”.
2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ქვეყნის სტრატეგიად NATO-სკენ სვლა გამოაცხადა. „თუმცა ასეთი დაპირებები ფუჭია, როდესაც მას ივანიშვილი, მაგალითად, ასეთ განცხადებებს მოაყოლებს: „NATO-ში ჩვენი გაწევრიანება რუსეთისთვის პრინციპული საკითხი არ ყოფილა”. ივანიშვილმა სააკაშვილი საქართველოს „გეოპოლიტიკურ მოთამაშედ” გადაქცევაში დაადანაშაულა და რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების პირობა დადო, რაც მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის ხარჯზე შეიძლება მოხდეს, სანამ ბატონი პუტინი არის ძალაუფლებაში”, ამბობს სტატიის ავტორი.
მკვლევარი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო NATO-სა და ევროკავშირისკენ სვლას გააგრძელებს, ის პოლონეთის ან ჩეხეთის მსგავსი ქვეყანა გახდება, ხოლო თუ რუსეთისკენ აიღებს გეზს, უკრაინასა და ბელარუსს დაემსგავსება.
„წლების განმავლობაში კრემლი ცდილობდა საქართველოს დესტაბილიზაციას და მისი პროდასავლური ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაბედა და დასავლეთის მოკავშირე გახდა. იმის გაკეთება, რაც კრემლმა ომით ვერ შეძლო, მოგვიანებით სხვადასხვა ხელმოცარული, ბილწსიტყვაობით გამორჩეული პოლიტიკური ფიგურების მეშვეობით სცადა. მხოლოდ ახლა, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის სახით, მოსკოვმა გამარჯვებას მიაღწია”.
ჯეკსონ დილი The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას ასე ასრულებს: „საქართველოს მომავალი და იმედები, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატია განვითარდება ახლა იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ეს მოძრაობა იმ ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების შენარჩუნებას და გაგრძელებას, რომლებიც სააკაშვილმა და ახალგაზრდა ტექნოკრატების მისმა გუნდმა დაიწყო. სააკაშვილის წყალობით, ვიცით მომავალი წარმატების გამოხატულება რა იქნება: ერთ მშვენიერ დღეს ივანიშვილის მიმართვა მოსახლეობისადმი, რომელშიც იგი პოლიტიკურ დამარცხებას აღიარებს და ამით დემოკრატიულ სისტემას გაამყარებს”.
თუმცა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე ივანიშვილს პირველი „მარცხი” უკვე მოუვიდა: „სააკაშვილის მიერ არჩევნებში წაგების აღიარებიდან ერთ საათში, ბატონმა ივანიშვილმა სააკაშვილის ლანძღვას დიდი დრო დაუთმო, „საქართველოს ყველა უბედურების მთავარი მიზეზი” უწოდა და თქვა, რომ ისინი ვერ ითანამშრომლებდნენ”, წერს ელენ ბარი The New York Times-ში. შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს: „ამით დასრულდებოდა ეს პრობლემა. ეს მისთვის სახის შენარჩუნებისთვის კარგი იქნებოდა. ეს საქართველოსთვის იქნებოდა კარგი”.
![]() |
5 კახა ბენდუქიძე: ივანიშვილს აქვს ახლა იგივე პრობლემა, რაც სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი
როგორ შეაფასებდით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის რვა წელს?
ახლა, ბიძინიზმის პერიოდში, მოდაშია ციტატები. მათეს სახარებაში წერია: თავისი ნაყოფით შეიცნობთ მათ. განა კრეფენ ეკლისგან ყურძენს ან ნარისგან ლეღვს? არ შეუძლია კეთილ ხეს უკეთური ნაყოფის გამოღება, არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.
ორი ძირითადი ასპექტით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. პირველი - ეკონომიკა გაიზარდა ერთნახევარჯერ, ეს რეალური ზრდა, თორემ ნომინალურად მეტი იყო. მეორე - „მართვადი” მედიის, „მართვადი” სასამართლოს და „მართვადი” ცესკოს პირობებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ყველა სხვა საკითხი ამასთან შედარებით არის მეორეხარისხოვანი.
ფრაზას „ტირანმა სააკაშვილმა წააგო არჩევნები” - შინაარსი არ გააჩნია. ეს იგივეა, თქვა, რომ ბენდუქიძემ კულულები უკან გადაიყარა. დიქტატურა არჩევნებით არ აგებს. ტირანია აგებს მხოლოდ რევოლუციით. ისეთ რბილ ავტორიტარიზმსაც კი, როგორიც შევარდნაძის იყო, არ წაუგია არჩევნებში.
ბევრი რამ მოხდა, რაც უმეტესობას არ მოგვწონს. ბევრი რამ, რაც გვინდოდა, ვერ გააკეთა ამ ხელისუფლებამ, მათ შორის, როცა მე ვიყავი მისი ნაწილი.
არჩევნების შედეგები შეიძლება ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ ჩვენი ეროვნული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჯამში, ამომრჩევლებმა დავუშვით შეცდომა, ეს ხელისუფლება მოვიყვანეთ - ჩვენ თვითონ ამის შედეგს მივიღებთ და მერე ჩვენ თვითონვე რაიმე სხვას მოვიმოქმედებთ. მე, ერთი მხრივ, ძალიან უკმაყოფილო ვარ, მაგრამ თან გრძელვადიანად კმაყოფილი ვარ.
ქართული ოცნების უმრავლესობაში მოსვლაში რა საფრთხეებს ხედავთ?
ჩვენ ვიყავით ნახევრად რეფორმირებულ ქვეყანაში. მაგალითად, განათლების სისტემაში, გასაკეთებლის მხოლოდ მესამედი იყო გაკეთებული. ბევრი რამე იყო დარჩენილი. შეცდომებთან ერთად იყო დროის უკმარისობაც. დღეს მე ვერ ვხედავ ხალხს, რომელიც რეფორმებს ჩაატარებს.
მომავალში მნიშვნელოვან საფრთხეებს ვხედავ კრიმინალთან დაკავშირებითაც. ამ სფეროში წარმატების საწინდარი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იყო. ვშიშობ, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლა შესაძლოა შესუსტდეს. ამის უარყოფით შედეგებს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს.
რუსეთის საფრთხეც, ცხადია, არსებობს. ამ მხრივ მე უფრო მცოცავ საფრთხეს ვხედავ, ვიდრე პირდაპირ აგრესიას. ეს საფრთხე არის ის, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მცდელობა არ გადაიქცეს დათმობად.
რუსეთთან არაფერი დასათმობი არ გვაქვს. მას აქვს ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული, ჩვენ ხომ არ გვაქვს რუსეთის ტერიტორიები ოკუპირებული. კიდევ რა უნდა დავთმოთ? რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ პუტინი რა კარგი კაცია და სააკაშვილი რა ცუდი იყო, ამის შედეგად, ყველაზე მეტი, შეიძლება პუტინი ჩამოვიდეს თბილისში ან ბიძინა ჩავიდეს მოსკოვში. და რა?
არის მოლდოვის მაგალითი. მოლდოვაში წლების მანძილზე იყო პრორუსული მთავრობა, დღესაც ამ ქვეყანას ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, მათთან მთავარი ტელევიზია არის რუსული. მიუხედავად ამისა, მათთვის პერიოდულად რუსეთის ბაზარი იკეტება. დათმობების პოლიტიკის შედეგად მოლდოვამ ვერც ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა.
„ყაზახეთის კანალი” მე უნდა ვაკონტროლოო, რომ ამბობს ზოგი, მაგაზე არც ვამბობ არაფერს. მე მგონი თვითონ ბიძინას ექნება შეგრძნება, რომ ასეთი მადისკრედიტირებელი ხალხი თვითონ არ აწყობს. ალბათ იქნება მათი იზოლაციის რაღაც მცდელობა.
თქვენი პროგნოზით, რა იქნება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, სანამ პრეზიდენტი არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და უმრავლეობაში არის ქართული ოცნება?
ივანიშვილს აქვს ახლა იგივე პრობლემა, რაც სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა - შეგროვებული იყო ნაგავი, რომელსაც ერქვა უმრავლესობა. მაგრამ მიშას ჰქონდა ამ ხალხის მართვის უნარი, მუშაობდა მათთან, რაც ბიძინას, ეჭვი მაქვს, არ შეუძლია. თან ხომ ხედავს, რა სულელი ხალხი ჰყავს.
ბიძინას ალბათ ესმის, რომ მის ირგვლივ მყოფი ხალხი შეიძლება ისე მოიქცეს, რომ ყველაფერი თავზე დაემხოს. რაც არ უნდა არაადეკვატური იყოს, მას ხომ არ უნდა, რომ თავზე დაემხოს ყველაფერი. მაგალითად, ისეთი კაცი მოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც სამუშაოს ჩაშლის და ქურდებს შემოუშვებს.
ცხადია, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში მან გარკვეული დოზით ქურდებიც გამოიყენა, მაგრამ სიყვარული ქურდების მიმართ, წესით, არ უნდა ჰქონდეს. მის ინტერესში უნდა იყოს ამ ხალხის მოშორება. ეგრე თავის დროზე სინგაპურში ლი კუან იუმაც გამოიყენა პროფკავშირები და კრიმინალები და მერე გემზე ბანკეტი მოაწყო, ყველა იქ მიიწვია და ეს გემი ჩაძირა.
მმართველმა გუნდმა ოპოზიციაში რა უნდა აკეთოს, რომ ეფექტიანი იყოს?
მნიშვნელოვანი ამოცანა არის ახლა ახალგაზრდობასთან მუშაობა. ამ ორმა კვირამ ძალიან დაანგრია ეს ურთიერთობა. შეუძლებელია არსებობდეს ქვეყანა, სადაც ახალგაზრდობა, ანუ მომავალი ელიტა, იქნება ორივე პოლიტიკური ძალისგან გაუცხოებული. როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი, მაგრამ ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მგონია.
თქვენი აზრით, ყველაზე დიდი დარტყმა რამ მიაყენა ნაციონალურ მოძრაობას?
ციხის თემამ, ეს იყო კარგად მოზომილი დარტყმა.
ივანიშვილის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?
მისი ღირებულებები. ეს ღირებულებები არის საბჭოთა. მისი ღირებულებათა სისტემა დაფუძნებულია რაღაც რანგებზე, სადაც მაგალითად ინტელიგენცია გამოყოფილია ცალკე ფენად. ასეთი რამ მსოფლიოში არსად არსებობს. გაგიგიათ ამერიკული ინტელიგენცია? არსებობენ ამერიკელი ინტელექტუალები. ეს სოციალური სტატუსი არ არის, ეს არის გონებრივი სტატუსი.
არ ვთვლი, რომ ბიძინა პუტინმა დაიბარა და უთხრა, წადი, საქართველოში ეს გააკეთე, თორემ ყოფას გიტირებო. ივანიშვილი და კრემლი ერთმანეთს კარგად უგებენ. არ არის ამისთვის საჭირო შეთანხმება. გასაგებია, რომ შეიძლება დამატებითი არხიც აქვთ ურთიერთობის, მაგრამ ამისთვის არ არის საჭირო, ყოველდღე დეპეშები უგზავნონ ერთმანეთს.
როცა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამ მთავრობას დაამხობდა, კრემლი მიხვდა, რომ მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს რუსეთში აქტივების გაყიდვაში. რა პირობებითაც ივანიშვილმა თავისი ქონების გაყიდვა შეძლო, მხოლოდ რუსეთის მთავრობის კეთილგანწყობის პირობებში არის შესაძლებელი.
მაგალითად, როგორ უნდა გაყიდო ბანკი რუსეთში? ბანკი რომ გაყიდო, უნდა მიიღო ორი ნებართვა: ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის და ეროვნული ბანკის. ისტორიაში არის პრეცედენტები, როცა ეს ანტიმონოპოლიური სამსახური უარის თქმის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული. მაგალითად, როდესაც Siemens-ს უნდოდა ეყიდა კომპანია Силовые машины, წლინახევრის განმავლობაში საერთოდ ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო. ბოლოს მათ გერმანულ ტვინში შეაღწია, რომ ეს ნიშნავს უარს და შეეშვნენ.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის ბოლო გაყიდვა დასრულებულია. ეს საინტერესოა იმიტომ, რომ აქ არის ორი ვარიანტი. ეს არის 900-მილიონიანი გარიგება, ხომ? მაგდენი ფული ვინმემ ჯიბიდან ამოიღოს და დადოს, საეჭვოა. ეგ კეთდება ბანკების მეშვეობით, ანუ შენ დებ ნაწილს და ბანკები გასცემენ ნაწილს. ახლა რუსეთში ამხელა კრედიტის გამცემი არის სამი ბანკი: სბერბანკი, ვნეშეკონომბანკი და ვნეშტორგბანკი. სამივე არის სახელმწიფო ბანკი და ამხელა კრედიტის გაცემაზე შემიძლია 100%25- იანი გარანტიით გითხრათ, რომ უნდა წავიდნენ კრემლში და იკითხონ, შეიძლება თუ არა. თუ ეს მოხდა, გასაგებია. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ კიდევ უფრო საინტერესოა - ანუ ხელი მოეწერა ახლა და ფულს მიიღებს ოქტომბერში. ძალიან უცნაურია, გამოდის, რომ მძევლად არის დატოვებული. ეს იმას მაგონებს, პატარკაციშვილის წინააღმდეგ რუსეთის უზენაეს სასამართლოში რომ იყო ორი სისხლის სამართლის საქმე. ეს ორი საქმე მერე განცალკევდა და ერთი მოიგო, ერთი დარჩა. მეორე მძევლად დაიტოვეს.
![]() |
6 ვიკილიქსის ეპოქის პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ანდრო თარხან-მოურავი
თბილისი, 2022 წელი.
მისამართი: politikosebi.ge
მენიუ > ლაივი > დეპუტატობის კანდიდატები > საარჩევნო ბლოკი „საქართველო წინ” > თამაზ დობორჯგინიძე.
8:30: ბატონი თამაზი იღვიძებს და კბილების გაუხეხავად გადის სახლიდან.
- მოიცა, რაში გვაინტერესებს ბატონი თამაზის კბილები და თვალწარმტაცი ღიმილი? ჩვენთვის მისი პოლიტიკური იდეალები, ზნეობრივი პრინციპები, ცხოვრებისეული კრედოა არსებითი.
- გასაგებია, გასაგებია, გადაახვიე. ისე, კბილების არგახეხვაც მეტყველებს რაღაცაზე. კაცი საკუთარ კბილებს რომ არ მიხედავს, ქვეყანას რაში უნდა წაადგეს? გადაახვიე...
ერთი საათის შემდეგ:
00:30: დეპუტატობის კანდიდატი თამაზ დობორჯგინიძე მთვრალი ბრუნდება სახლში, დედას აგინებს ბავშვებს, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ცოლს.
- აჰა!
- ო, აი ეს უკვე მნიშვნელოვანია. ჰედლაინია, ფაქტობრივად. ნამდვილად წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს!:) კბილებზე კიდევ პრაიმტაიმმა წეროს...
* * *
მოგვწონს თუ არა ვიკილიქსი, ერთი რამე უნდა ვაღიაროთ: ვიკილიქსმა გვაგრძნობინა პოლიტიკაში ახალი ეპოქის მომწიფება. ამ ეპოქისთვის ნიადაგი ასანჟს ან რომელიმე სხვა მედიაგენიოსს არ შეუქმნია. ვიკილიქსმა, უბრალოდ, პირველმა ისარგებლა ტექნოლოგიური პროგრესით, თან მასშტაბურად და მოურიდებლად.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ერთი საცოდავი სახელმწიფო საიდუმლოს გასაგებად არაა საჭირო მრავალთვიანი ჟურნალისტური გამოძიება ან უზარმაზარი აგენტურული ქსელი. ვიცით, რომ ერთი ბუნდოვანი წარმოშობის საიტს შეუძლია გახსნიდან 12 თვეში, არც მეტი, არც ნაკლები, 1.2 მილიონი კონფიდენციალური დოკუმენტი შეაგროვოს.
ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია - რაც უფრო ინფორმირებულია საზოგადოება, რაც უფრო მეტი იცის პოლიტიკოსების შესახებ, მით უფრო გააზრებულია არჩევანი და, შესაბამისად, სრულფასოვანია დემოკრატია. სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობოდნენ ვიკილიქსის იდეური მომხრეები, რომლებისთვისაც ასანჟი გამჭვირვალობის იდეალს განასახიერებდა.
იყო მეორე ჯგუფიც - მოწინააღმდეგეები, რომლებისთვისაც სახელმწიფო საიდუმლოებებისა თუ კონფიდენციალური საუბრების გამჟღავნება პოლიტიკური მოწყობის რღვევასთან, ქაოსთან და ანარქიასთან ასოცირდებოდა.
თუმცა სინამდვილეში, სკეპტიციზმი პირველ ჯგუფს არანაკლებ მართებდა, ვიდრე მეორეს. ამისთვის კი მარტივი შეკითხვების დასმა იყო საჭირო: რა გარანტია გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალის საცვლებს თანაბრად გამოგვიფენენ? ხომ არ იქნება ეს მასობრივი და ყოვლისმომცველი პროექტი, გამოყენებული ერთი ძალების მიერ მეორეთა წინააღმდეგ?
დიახ, ინფორმირებულობა დემოკრატიისთვის კარგია. კარგია, ამომრჩეველმა იცოდეს, როგორ აზროვნებს, რას ფიქრობს, რისი გამკეთებელია პოლიტიკოსი. მაგრამ რამდენად კარგია არასრული სურათი? რა მოხდება, თუკი სანამ ვშფოთავთ ერთი პოლიტიკოსის უხამსი ხუმრობის გამო, მეორე ბავშვების სისხლს სვამს და ამის შესახებ არაფერი ვიცით?
იმისთვის, რომ საინფორმაციო ჟონვა გაცხადებულ იდეალს - გამჭვირვალობას - რეალურად ემსახურებოდეს, დაახლოებით ის ფორმა უნდა ჰქონდეს, როგორიც ტექსტის დასაწყისში წარმოვიდგინეთ.
ერთი მხრივ, ინფორმაცია უნდა გვქონდეს ყველა პოლიტიკოსზე. ვხედავდეთ ერთთა ბინძურ საცვლებს და ვერ ვხედავდეთ მეორეთა უფრო ბინძურს - ამას სჯობს მხოლოდ პრესკონფერენციებზე გაცხადებული მესიჯები ვიცოდეთ.
მეორე მხრივ, თითოეულ პოლიტიკოსზე უნდა ვიცოდეთ ყველაფერი. აბა, რა აზრი აქვს ვიცოდეთ მხოლოდ როგორ შეიგინა, ან არ შეიგინა ოფიციალურ შეხვედრაზე, თუკი სახლში დედამთილს თავზე სკამი გადაამტვრია? ან იქნებ სულაც სახლში აწყობს მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრებს, ოფისში კი მხოლოდ ფიქტიური, საჩვენებელი აქტივობაა. მოკლედ, საზოგადოებრივი ინტერესის ზღვარი პოლიტიკაში ისეთივე ბუნდოვანია, როგორც იდეურად შეურაცხყოფილთა გრძნობების.
საკითხავია, ვინღა წავა პოლიტიკაში ასეთი იდეალური გამჭვირვალობის პირობებში. გახდება პოლიტიკა წმინდანების საქმე? გაჩნდება პოლიტიკოსთა საიდუმლო ენები, რომლების მეშვეობითაც მაინც მოხერხდება ინტრიგების ხლართვა? თუ უბრალოდ ყველანაირი ფასეულობა დაკარგავს წონას?
თუმცა, რაც უნდა მოხდეს, აბსოლუტური გამჭვირვალობა ჯერჯერობით უტოპიაა.
რეალობა კი ბევრად რთულია: კომპრომატები გამრავალფეროვნდა და გამრავლდა, მაგრამ არ გამქრალა მათი მოპოვების პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პრინციპები.
იდეალურ წარმოდგენაში, „საიდუმლო მასალები” შეიძლება შეგროვდეს „ქრაუდსორსინგის” გზით - როდესაც, ვიკიპედიის მსგავსად, ბევრ ენთუზიასტს პატარ- პატარა წვლილი შეაქვს საერთო- საკაცობრიო საქმეში. სწორედ ამ მესიჯს გადმოსცემს ვიკი- ლიქსის სახელი. თუმცა რეალურად, საიდუმლო დოკუმენტებისა თუ ფარული ჩანაწერების მოპოვება თვისობრივად განსხვავდება ენციკლოპედიაში ინფორმაციის შეტანისგან. თუკი მეორის გაკეთება მართლა შეუძლია ნებისმიერ საძინებელში მჯდომ ფლოსტებიან ენთუზიასტს, პირველისთვის გადამწყვეტი ფაქტორია დიდი რესურსი. იმ დაშვებითაც კი, რომ ყველაფერი იდეალისტურად დაიწყო, გრძელვადიანად ფინანსური და პოლიტიკური აქტივების ჩართვა გარდაუვალია.
გლობალურად, ლიქომანიას მხოლოდ ორგვარი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს: ან მკაცრი ჩარჩოების დაწესება და სამართლებრივი დევნა, ან სულ უფრო მეტი, გაურკვეველი პრინციპით შერჩეული ბინძური საცვლის დემონსტრირება.
პირველ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს მკაცრად აკონტროლოს და დასაჯოს ფარული ინფორმაციის გავრცელება, ჩნდება ცენზურის უზარმაზარი მექანიზმების საჭიროება; ისტორიული გამოცდილებიდანაც ჩანს, რომ ყოვლისმომცველი ცენზურიდან დემოკრატიის დაღმასვლამდე ერთი ნაბიჯია. მით უმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, როდესაც სრული ინფორმაციული კონტროლი ციფრული იზოლაციისა და მასობრივი რეპრესიული აპარატის გარეშე წარმოუდგენელია.
მეორე შემთხვევაში, უნდა შევეგუოთ, რომ ინფორმაციის სულ უფრო დიდ და ბინძურ ნაკადში მოგვიწევს ლავირება. თან უნდა გვახსოვდეს - მუსიკას ჯერ კიდევ ის უკვეთავს, ვინც იხდის.
საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდიც ამის ილუსტრაცია იყო - მიუხედავად იმისა, რამდენად განსხვავებული იყო წარმოდგენილი კომპრომატები, რა იყო რეალობის ზუსტი ასახვა და რა - ფაბრიკაცია, ყველა მასალის უკან დიდი ფინანსური თუ პოლიტიკური რესურსი იდგა. შეძლო თუ არა შედეგად საზოგადოებამ უფრო ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამის დასადგენად ჯერ საკმარისი დრო არ გასულა. სამაგიეროდ, თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ გლობალურ პროცესებს ამ მხრივ მაინც არ ჩამოვრჩით.
![]() |
7 პატარა ჰიუ, ანუ false awakening |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
გრიგოლ გეგელია
„მცდარი გამოღვიძება” ეწოდება მატყუარა სიზმარს, რომელიც გვარწმუნებს, რომ გამოვიღვიძეთ, მაშინ როდესაც რეალურად კვლავ გვძინავს. სამწუხაროდ, დგება ხოლმე დრო, როდესაც „მცდარი გამოღვიძება” სანატრელი ხდება.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენში თუ ერთი რამ სენტიმენტი დომინირებდა, ეს გაურკვევლობა იყო. პირველად იყო ლაფანყურის ინციდენტი, შემდეგ ხმა რუსული დანაყოფების საქართველოს საზღვართან შეკრების შესახებ, ხოლო მერე „გლდანტანამოდ” შერაცხული ციხის ინციდენტი, რომელსაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ყველაფერს კი ფონად დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია გასდევდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბევრი ჩვენგანი ისე ცხოვრობდა, თითქოს პირველ ოქტომბერს აპოკალიფსი უნდა დამდგარიყო, თითქოს ამ დღის იქით აღარაფერი იყო. თითქოს ჩვენ აღარ უნდა გვეცხოვრა ერთ ქვეყანაში, ერთი მთავრობის მმართველობის ქვეშ (რომელიც არ უნდა იყოს ის), ერთ კანონს დამორჩილებულებს, ერთ საზოგადოებად.
თითქოს სრულიად კოსმოსი ორ პოლუსად გაიყო. გეოგრაფიულად: „მიშად” და „ბიძინად”; ქრომატულად: წითლად და ლურჯად; პოლიტიკურად: „ნაცებად” და „მეოცნებეებად”. თითქოს ამათზე მეტი და ამათზე მნიშვნელოვანი აღარაფერი იყო, თითქოს ჩვენ ადამიანები აღარ ვიყავით.
ზოგიერთი ამას „ბიპოლარიზაციას” უწოდებდა, მე კი ეს ფუნდამენტური ადამიანური პრობლემა მგონია, რომელმაც გამოცდას ვერ გაუძლო. გამოცდა თვითონ ეს პერიოდი იყო, პირველი, რომელმაც რეალური ალტერნატივის არსებობის შესაძლებლობა დაგვანახა.
ეს რთული აღმოჩნდა. ჩვენ გაგვიჭირდა ისეთ სივრცეში ცხოვრება, რომელიც ალტერნატივას გვთავაზობს. გაგვიჭირდა იმიტომ, რომ ქართულ ცნობიერებაში არ დასრულებულა „ერთის” პერიოდი - არსებითად ტოტალიტარული აზროვნების რეჟიმი - რომელიც არ ცნობს „სხვას” და ცნობს მხოლოდ „ერთს”. სწორედ აქ გაღვივდა წლების განმავლობაში თაობებში ჩამალული აგრესია და თავი იჩინა ზიზღმა პოლიტიკური თუ კულტურული „სხვისადმი”.
ყოველდღიურად მეტი და მეტი სიცხადით იგრძნობოდა, რომ გაურკვეველი იდეალებისთვის წარმოებულ ამ გაურკვეველ ორთაბრძოლას, უპირველეს ყოვლისა, ორი ძალზედ მნიშვნელოვანი რამ ეწირებოდა: ფიქრის უნარი და ადამიანობა.
და შემდეგ იყო ბავშვი. ქვევრში დამხრჩვალი პატარა ბავშვი, რომელმაც წამით ყველა გაგვაჩერა. ეს ამბავი თავიდან დაუჯერებელი ჩანდა. მაგრამ, შემდეგ თანდათან გაჩნდა შეგრძნება, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ იმას ჰგავდა, რასაც ფსიქოლოგიაში „მცდარი გამოღვიძება” ეწოდება.
ერთი მხრივ, ეს ის გრძნობა იყო, რომელიც სწორედ მაშინ გვაწუხებს, როდესაც შოკისმომგვრელი სიზმარი რეალობად გადათარგმნას, ახდენას იწყებს; მეორე მხრივ, ეს იყო სურვილი „მცდარი გამოღვიძებისა”, სურვილი ცოდნისა, რომ ეს რეალობა მხოლოდ სიზმარი იყო.
ამ ჩვილის ტრაგედია, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო დაფიქრების მომენტი, წუთიერი გარინდების მომენტი. ეს უნდა ყოფილიყო სირცხვილის დრო, დრო სარკეში ჩახედვისა და საკუთარი შიშველი სიუშნოვის შეგრძნებისა. ეს ახლა - აგრესიით, გაურკვევლობით და სიძულვილით აღსავსე თვეების - ბოლო საღამოს მაინც უნდა მომხდარიყო. მაგრამ, ესეც ჩვეული ჭორაობის მომენტი აღმოჩნდა, სპეკულაციისა და ცილისწამების დრო.
მანამ, სანამ გამოძიება კონკრეტულ გარემოებებს დაადგენდა, ქართველი პოლიტიკოსები - ვის პოლიტიკურ თუ ადამიანურ ღირსებაში ეჭვი ახლა მაინც უკვე ყველას უნდა ეპარებოდეს - მყისიერად შეუდგნენ ბრალეულობის დადგენას.
სწორედ მაშინ, როდესაც სრულიად ქვეყნის მასშტაბით კიდევ ერთხელ სუფევდა ინფორმაციული დეფიციტი და როდესაც ემოციები ჯაბნიდნენ რაციოს, ქართველმა პოლიტიკოსებმა, არც მეტი და არც ნაკლები, გარდაცვლილი ჩვილის ტრაგედიის პოლიტიკური გამოყენება გადაწყვიტეს.
პოლიტიკოსები, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე თავგამოდებით გმობდნენ ციხეში პატიმრების წამების ფაქტს, ახლა გარდაცვლილი ჩვილის სხეულით ვაჭრობდნენ. ხოლო სანამ ისინი ბავშვის სხეულს იყოფდნენ, სადღაც შუაში ადამიანები წუხდნენ.
რა შეფასება შეიძლება მივცეთ ქართველი პოლიტიკოსების ქმედებას? პირველ რიგში, ეს იყო ადამიანურობას მოკლებული, სრულიად ამორალური ქცევა; მეორე რიგში კი, იაფფასიანი პოლიტიკური მანიპულაცია ადამიანის სიცოცხლით.
ვფიქრობ, ქვევრში დამხრჩვალი ჩვილის ამბავი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დაგვავიწყდება. ის არაადეკვატური და ჰუმანურობას მოკლებული რეაქციები, რომელიც ამ ტრაგიკულმა ინციდენტმა გამოიწვია, პირველ რიგში, სწორედაც რომ ფუნდამენტური ადამიანური პრობლემის გამოხატულება იყო, ისე როგორც სრულიად წინასაარჩევნო პერიოდის სახე. ეს იყო პოლიტიკურ „სხვასთან” შეუგუებლობის სირთულის ანარეკლი და ქართული პოლიტიკური უკულტურობის ხატი.
ოპოზიციის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ცნობილი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გამახსენა, რომელიც ცნობილია, როგორც - „სისხლიანი ცილისწამება”, ან „რიტუალური მკვლელობის ბრალდება”. მსგავსი ბრალდება არსებითად ყოველთვის ერთ ფორმულას იყენებდა, რომელშიც ყოველთვის ფიგურირებდა ებრაელების მიერ ნაწამები, გარდაცვლილი, ქრისტიანი ბავშვი.
ამის პირველი პრეცედენტი 1144 წელს, ინგლისის ქალაქ ნორვიჩში შედგა, როდესაც პატარა ინგლისელი ბიჭი, უილიამი, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო ადგილობრივმა მღვდელმა, თომას მონმაუტელმა, მკვლელობის ბრალეულობა ებრაელებს წაუყენა.
ნორვიჩის პრეცედენტმა „სისხლიანი ცილისწამების” ბრალდება იმდენად პოპულარული გახადა, რომ ლამის ყოველთვის, როდესაც ქრისტიანი ბავშვი გაქრებოდა, ადგილობრივი სამღვდელოება დაუყოვნებლივ ადანაშაულებდა ებრაელებს. მართლაც, მომდევნო შემთხვევები დაფიქსირდა ლინკოლნში (1202 და 1255 წწ.), ვინჩესტერში (1225 და 1232 წწ.), კვლავ ნორვიჩში (1230), ლონდონსა (1244) და ნორსჰამპტონში (1279).
შეგვიძლია მოკლედ გავიხსენოთ ლინკოლნის ინციდენტი, რომელიც, პროფესორი სოფია მენაშის აზრით, „რიტუალური მკვლელობის მთავარ მახასიათებლებს” წარმოაჩენს. 1255 წელს, ლინკოლნში დაიკარგა პატარა ჰიუ. პოპულარული ვერსიის თანახმად, ბიჭი ებრაელებს დაეტყვევებინათ და ოცდახუთი დღის განმავლობაში აშიმშილებდნენ. მეთიუ პარიზელის ვერსიის მიხედვით, ბიჭს ტანსაცმელიც გახადეს, აფურთხეს, სცემეს, ცხვირი და ზემო ტუჩი მოჰკვეთეს და ეკლის გვირგვინი დაადგეს. ნათელია, რომ ალუზია ქრისტეს წამებასთან აქაც ადგილზეა. საბოლოოდ, პატარა ჰიუ ორმოში ჩააგდეს.
აღსანიშნავია, რომ „სისხლიანი ცილისწამების” ყოველი ბრალდება მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ისეთ დროს, როდესაც არსებულ ინფორმაციულ დეფიციტს ერთი თუ მეორე მიზეზით გამოწვეული კოლექტიური პანიკაც თან ახლდა. იმავდროულად, ყოველი მათგანი ეფუძნებოდა პრიმიტიულ ცილისწამებას, რომელსაც ინფორმაციული სათავე არა რეალურ არეში, არამედ წარმოსახვითში, ფიქტიურში ედო.
ბრალდების საფუძველი უმეტეს შემთხვევაში დროთა განმავლობაში შექმნილი მცდარი სტერეოტიპები გახლდათ; მაგალითად, აბსურდული და თეოლოგიურად უსაფუძვლო მოსაზრება, რომ ებრაელები ყოველწლიურად ეწეოდნენ ქრისტეს ჯვარცმის პაროდიულ განსახიერებას.
თანამედროვე საქართველოს მსგავსად, შუა საუკუნეების არცერთი ინციდენტის დროს არასდროს ყოფილა ცნობილი ბავშვის გარდაცვალების კონკრეტული გარემოებები. მაგრამ, ყოველთვის ადგილზე იყო პოლიტიკური ბრალდება.
კახელი ჩვილის ტრაგიკული ინციინციდენტით, ჩვენ თვალწინ ისტორია ტრაგედიადაც განმეორდა და ფარსადაც. ოპორტუნისტული განზრახვებით შეპყრობილი და ჰუმანურობას სასტიკად მოკლებული ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები - რომელიც გამოძიების დასკვნებს წინ უსწრებდა - ისეთივე აბსურდული და სამარცხვინო იყო, როგორც შუასაუკუნელი სასულიერო პირებისა, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ სარგებელს ხშირად სწირავდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს - ადამიანებს და ადამიანობას.
უსაფუძვლო ბრალდებების გაკეთებისას, პოლიტიკოსებმა დაივიწყეს არა მხოლოდ ის, რომ დაუშვებელია ადამიანური ტრაგედიით მანიპულირება, არამედ ისიც, რომ ჩვენ ირგვლივ გაბატონებულ, დაძაბულ კლიმატში მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებს შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყოლოდა.
საქართველოს საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს რიგ პრინციპებზე შეთანხმებისა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ. სწორედ ასეთებია რაციონალური აზროვნების შენარჩუნება, ისევე როგორც ფუნდამენტური ადამიანური ღირებულებების დაცვა - რაოდენ რადიკალურად ცვალებადიც არ უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური თუ კულტურული აწმყო.
დღემდე, ქართული პოლიტიკა თავიდან ბოლომდე „მცდარი გამოღვიძების” პრინციპით ოპერირებდა. დღეს კი, როდესაც უკვე ცხადია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, აუცილებელია სრულიად საქართველოს საზოგადოებამ ახალი ენერგიით შეახსენოს თავის პოლიტიკურ მსახურებს, რომ - დროსა და სივრცეში - ყველა განცხადებას კონკრეტული მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა გააჩნია
![]() |
8 სახარება ქრისტეს ცოლისგან |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
ცოტა ხნის წინ ჰარვარდის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორმა კარენ კინგმა რომში განაცხადა, რომ იპოვა უძველესი პაპირუსი, სადაც ქრისტეს ცოლი, ქალი- მოციქულია მოხსენიებული.
პაპირუსის მომცრო ნაგლეჯზე წერია: „და უთხრა ქრისტემ მათ: ჩემი ცოლი, ის იქნება ჩემი მოწაფე”. როგორც ნაპოვნი ფრაგმენტი მოწმობს, ადრექრისტიანულ ეპოქაში ქრისტიანთა ნაწილს სწამდა, რომ იესო დაქორწინებული იყო. კვლევაში კინგი წერს - ეს ერთადერთი უძველესი ტექსტია, რომელშიც იესო პირადად ამბობს, რომ მას ცოლი ჰყავს. პაპირუსის ფრაგმენტი 33 სიტყვისგან შედგება, რომლებიც 14 არასრულ ხაზზეა დაწერილი, რაც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
კინგი აღნიშნავს, რომ ნაპოვნი პაპირუსი ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი უძველესი ტექსტია, სადაც ქრისტე საკუთარ ცოლზე საუბრობს. თუმცა დოკუმენტი არ წარმოადგენს პირდაპირ დადასტურებას, რომ ქრისტიანთა რელიგიის დამაარსებელი, როგორც ისტორიული პერსონა, დაქორწინებული იყო. ფრაგმენტი უფრო გვიანდელი ასაკისაა და დაწერილია ქრისტეს გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, სავარაუდოდ, მეორე საუკუნის მეორე ნახევარში.
„თუ მეორე საუკუნე სწორედ ის დროა, როცა ეს ფრაგმენტი დაიწერა, მაშინ ის წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ადრექრისტიანულ ეპოქაში, იესოს გარდაცვალებიდან დაახლოებით ასი წლის შემდეგ, ქრისტიანები დავობდნენ ქრისტეს ქორწინების შესახებ, სქესობრივი მორალისა და ქორწინების კონტექსტში”, - განაცხადა კინგმა.
მიუხედავად იმისა, რომ ფრაგმენტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვა ღიაა, მისმა აღმოჩენამ მალევე გახსნა დებატები ქრისტეს ოჯახური მდგომარეობის შესახებ, იყო თუ არა ის დაქორწინებული მარიამ მაგდალინელზე და ჰყავდა თუ არა ქალი მოციქულები. როგორც აღმოჩნდა, ეს დავები, რომელსაც უკანასკნელად ბიძგი დენ ბრაუნმა მისცა, სათავეს ქრისტიანობის ჩანასახშივე იღებს.
ქრისტეს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ყოველი დეტალი, მნიშვნელოვანი დოგმატებისა და მორალური შეხედულებების წარმოქმნის საფუძველია. ეს გასაკვირი არ არის - თუ ღმერთი იქცა კაცად, მაშასადამე, მისი ნებისმიერი ქმედება თუ გადაწყვეტილება, ლოგიკურია, რაღაც მნიშვნელოვანს უნდა გვასწავლიდეს მორალისა და ეთიკის საკითხებში. დავა დღესაც აქტუალურია მრავალ საკითხთან დაკავშირებით - მაგალითად, შეიძლება თუ არა ქალთა მღვდლად კურთხევა? თუ ქრისტემ საკუთარი ცოლი მოციქულად გაიხადა, ხოლო ეპისკოპოსები მათი მემკვიდრეები არიან - რატომ არ შეიძლება ეკლესია მართოს ქალმა? აღმოჩენამ ქალთა ქიროტონიის მომხრეები კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
როგორც ჩანს, პაპირუსის ნაგლეჯი მეოცე საუკუნეში კერძო კოლექციონერის პირად არქივში ინახებოდა. სწორედ მფლობელი დაუკავშირდა ჰარვარდელ პროფესორს და ტექსტის ამოკითხვა სთხოვა. კოპტურ ენაზე შესრულებული წარწერა კი მალევე მოინათლა „იესოს ცოლის სახარებად”.
რასაკვირველია, სრულადაც რომ დამტკიცდეს პაპირუსის ავთენტურობა, ეს ეკლესიისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ქრისტიანმა მღვდლებმა უკვე შეახსენეს მეცნიერებს, რომ მათთვის ნაცნობია სახარების კანონიკური ტექსტის გვერდით, სხვა, ე.წ. აპოკრიფების არსებობა და მიუხედავად იმისა, რა წერია მათში, ეკლესიისთვის ეს არაფერს ნიშნავს.
ლუკა მოციქული სახარების შესავალში ამბობს: „რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე”. ამრიგად, კანონიკური სახარებაც კი აღიარებს, რომ ქრისტეს შესახებ მაშინ ბევრი წერდა, ხოლო მოციქულებს უხდებოდათ მათ წინააღმდეგ ნამდვილი ისტორია მოეთხროთ. ასე სწამს ეკლესიას და სწორედ ამიტომ, ის იმუნურია ნებისმიერი ახალი, აპოკრიფული სახარების აღმოჩენისას.
![]() |
9 გაზპრომის მოურჩენელი თავის ტკივილი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
გაზპრომი გაზის რევოლუციის ახალი ტალღისთვის კონკურენტული პასუხების მოძებნას ვერ ახერხებს. ამერიკაში უფრო იაფი ფიქლის გაზის პირობებში კომპანიის შემოსავლები იკლებს, ხოლო კრემლის პოლიტიკური მიზნებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი, მისივე მადის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტად არასაკმარისი ხდება.
გაზპრომი საბჭოთა პერიოდში გაზის ევროპაში ექსპორტირებისთვის შეიქმნა, თუმცა პუტინის ხელში ის ერთი ჩვეულებრივი კომპანიიდან პოლიტიკური სისტემის მთავარ კომპონენტად გადაიქცა: როცა პუტინს მედიის დამორჩილება მოუნდა, გაზპრომ მედია ჩამოყალიბდა და იმდენი ტელეკომპანია, გაზეთი და რადიოსადგური შეისყიდა, რომ დღეს ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაჰოლდინგია. როცა პუტინს ორენბურგში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის დასჭირდა ფული ან როცა იაროსლავლში დიდი ძეგლის დადგმა გადაწყვიტა - პირველად სწორედ გაზპრომს მოუხმო. ზუსტად ასე, როცა მას პოლიტიკური კამპანიის დაფინანსებისთვის ფული სჭირდება, ან თავისი გავლენიანი მეგობრებისთვის კრედიტის გაცემა დაბალ პროცენტში, ის იმავე წყაროს აკითხავს - გაზპრომს.
პრეზიდენტის ფსონებით თამაშში, გაზპრომის წარმომადგენლებმა დაკარგეს კომპანიის საინვესტიციო საჭიროებების აღქმა და, შესაბამისად, კონკურენტულობის გაზომვის შესაძლებელობაც: მოდერნიზაცია, შენარჩუნება და გაფართოება კომპანიის დღის წესრიგიდან მოიხსნა. როცა გლობალურ ბაზარზე გაზის უფრო იაფი ალტერნატივა - ფიქლის გაზი გამოჩნდა, გაზპრომი დადგა იმ რეალობის წინაშე, რაც ისედაც ყველამ იცოდა: ეს კომპანია, გაზის ბიზნესის ნაცვლად, მთელი ამ წლების მანძილზე, კორუფციისა და პოლიტიკური ძალაუფლების ბიზნესს აწარმოებდა.
ფიქლის გაზმა აშშ- ში მიწოდება გაზარდა და მსოფლიოს მასშტაბით ფასები დასწია. თუ ერთ დროს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მხოლოდ მილსადენების მეშვეობით იყო შესაძლებელი, დღეს ევროპას უკვე შეუძლია შუა აღმოსავლეთიდან იაფად იყიდოს თხევადი ბუნებრივი გაზი. ევროპა ფიქლისგაზის საკუთარი რეზერვების განვითარებასაც აქტიურად ეწევა.
აქამდე რუსეთის სახელმწიფო ენერგო გიგანტის რესურსზე ევროპის 25%25 იყო დამოკიდებული. თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში გაზის მიწოდების ნაწილობრივი, მაგრამ გარანტირებული მონოპოლიის მქონე გაზპრომისთვის, იოლი ფულის ეპოქა თანდათანობით სრულდება. კომპანიის მოგება, შარშანდელთან შედარებით, 2012 წელს 23%25-ით შემცირდა. ეს ძირითადად სწორედ ევროპაში გაზპრომის გაზზე შემცირებულმა მოთხოვნამ გამოიწვია
გარანტირებული შემოსავლების ვარდნამ ხოლოდ კომპანიისთვის არ წარმოადგენს უდიდეს პრობლემას. პუტინის კონტროლქვეშ გაზპრომი მთელი რუსეთის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი გახდა. კომპანიაში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანია დასაქმებული. ისინი რუსეთის ყველა რეგიონის ქალაქებში მუშაობენ. ეკონომისტების შეფასებით, რუსეთის ბიუჯეტის 60%25 საწვავის დაბეგვრის ხარჯზე ივსება. გაზპრომის გაზის მოცულობა მთელი რუსული გაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, თუმცა ევროპის ბაზარზე მისი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გაზპრომის მთელი შემოსავლის ორი მესამედია და ფედერალური საგადასახადო შემოსავლების 12%25-ს აჭარბებს. სახელმწიფო კომპანიის 50%25-ზე ოდნავ მეტს ფლობს და დიდად არის დამოკიდებული მოგებაზე, რომელიც ამ კომპანიას მოაქვს.
არავის აქვს ილუზია, რომ უახლოეს მომავალში გაზპრომს შეიძლება ფულის პრობლემა დაუდგეს: სხვადასხვა შეფასებით, შარშან კომპანია 44 მილიარდი აშშ დოლარი ღირდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გლობალურ ბაზარზე თავის წონას ნელ-ნელა კარგავს.
გაზპრომის წარმოება წლებია სტაგნაციას განიცდის. სულ ახლახან კომპანიას 20 მილიარდ დოლარიანი პროექტი ჩაუვარდა: გაზპრომის უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ მის გარეშეც ეყოფოდათ ბარენცის ზღვაში გაზის მოპოვების ექსპერტიზა. კომპანიამ თითქმის 10 წელი შეალია იმას, რომ ჩინეთი ახალი მილსადენის უმსხვილესი პროექტის განხორციელებაზე დაიყოლიოს. მილსადენის მარშრუტთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული დღემდე არ არის.
კომპანიაში და კომპანიის გარეთაც ამბობენ, რომ ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, გაზპრომი არ ზრუნავს განვითარებაზე: კვლევებისთვის, ახალი მიდგომების ათვისებისა და დანერგვისთვის კომპანიას ფული გამოყოფილი საერთოდ არა ქვს. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად შემცირებული მოგების პირობებშიც, აქტიურად აფინანსებს პუტინის საყვარელ პროექტებს. ასეთია, მაგალითად, ორი ამბიციური ზღვისქვეშა გაზსადენი ევროპამდე, რომლებსაც, ეკონომისტების შეფასებით, არც მოთხოვნის და არც მიწოდების კუთხით გამართლება არა ქვთ.
სინამდვილეში, გაზპრომი პუტინის სისტემის მსხვერპლია. ამ სისტემაში კომპანია ერთდროულად არის როგორც შემოსავლის მთავარი გენერატორი, ისე პუტინის ფავორიტებზე მსხვილი ფინანსური ჯილდოების მთავარი გამცემიც. კერძო ინვესტორები შიშობენ, რომ ასეთ რეჟიმში გაზპრომი შეიძლება გაკოტრების რეალური საფრთხის წინაშე დადგეს. Bloomberg-ის მონაცემებით, ის მსოფლიოს უდიდესი კორპორაციების ოცეულიდან უკვეამოვარდა, თუმცა გაზპრომის ეფექტიანობის ზრდაზე ვერც ბაზრის მოთხოვნას და ვერც კერძო ინვესტორების ძალისხმევას ექნება რაიმე გავლენამ ან ამ, სანამ ყველაფერი მხოლოდ ერთ მეწილეზეა დამოკიდებული.
![]() |
10 ახდენილი ოცნება |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
დიმიტრი ავალიანი
1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ - ქართულმა ოცნებამ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, 4 ოქტომბრის დილისთვის, უბნების 99,5 პროცენტის დათვლის შედეგად, ქართულმა ოცნებამ ხმათა 54,92 პროცენტი მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 40,35. პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი ბარიერი ვერცერთმა სხვა ძალამ ვერ გადალახა.
1 ოქტომბერს საღამოს ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ მაჟორიტარული წესით მოპოვებული მანდატები საკმარისი იქნებოდა, რათა პარლამენტში კვლავ უმრავლესობით მოსულიყო. თუმცა მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვება ქართულ ოცნებას დარჩა და ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადადის.
4 ოქტომბრის დილისათვის არსებული მონაცემებით, მაჟორიტარული სისტემით კენჭისყრის შედეგად ქართულმა ოცნებამ 38 ოლქში გაიმარჯვა, ნაციონალურ მოძრაობას კი 35 მაჟორიტარული მანდატი შეხვდა. კოალიციამ, გამარჯვების მიუხედავად, საკონსტიტუციო უმრავლესობის - პარლამენტის ორი მესამედის მოპოვება ვერ შეძლო.
ამომრჩეველთა აქტივობა ამ არჩევნებზე ძალზე მაღალი და, ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასებით, უპრეცედენტო იყო. ცესკოს მონაცემებით, უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 59 პროცენტი მივიდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 64 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით აქტივობამ შეადგინა 53 პროცენტი, ხოლო თბილისის მასშტაბით - 48 პროცენტი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ 1 მილიონ 50 ათასი ხმა მიიღო. 1 ოქტომბრის არჩევნებზე კი თითქმის 200 ათასით ნაკლები.
შედეგების გეოგრაფია
ქართულმა ოცნებამ დიდი უპირატესობით მოიგო დედაქალაქის უკლებლივ ყველა საარჩევნო ოლქში, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. საერთო ჯამში, თბილისში კოალიციამ ხმათა 67 პროცენტი მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი - მხოლოდ 27 პროცენტი
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ერთ- ერთი მთავარი ტენდენცია იმაში გამოიკვეთა, რომ თბილისის მსგავსად, ქართულმა ოცნებამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა თვითმმართველობის მქონე ქალაქებშიც - რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. ჯამში, ოპოზიციურმა კოალიციამ ამ ოლქებში ხმების 60 პროცენტი მიიღო. ყველა დანარჩენ რეგიონში, თბილისისა და მსხვილი ქალაქების გარდა, ქართული ოცნების მაჩვენებელმა 48 პროცენტი შეადგინა (ნაციონალური მოძრაობის 47 პროცენტის წინააღმდეგ).
ამავე დროს, მნიშვნელოვანი სხვაობები გამოიკვეთა ორივე პარტიის შედეგების თვალსაზრისით ცალკეული რეგიონების მიხედვით. ზოგიერთ მათგანში, ყველა ან თითქმის ყველა ოლქში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. ყველაზე დიდი სხვაობა კოალიციასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, დედაქალაქს გარეთ მცხეთა- მთიანეთში დაფიქსირდა. სამივე საარჩევნო ოლქში კოალიციამ და მისმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.
ასევე ცალსახა მხარდაჭერა მოიპოვა ოპოზიციურმა კოალიციამ გურიის რეგიონში. შიდა ქართლის რეგიონის ყველა საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ასევე ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა: დიდი სხვაობით კასპსა და ქარელში, უმნიშვნელო სხვაობებით - გორსა და ხაშურში.
ასევე მაღალი შედეგი აჩვენა ქართულმა ოცნებამ იმერეთის რეგიონში. განსაკუთრებით ბევრი ხმა საჩხერესა და ჭიათურაში, ასევე ზესტაფონში მიიღო. ქართულმა ოცნებამ იმერეთის კიდევ 4 ოლქში - ხარაგაულში, სამტრედიაში, ხონსა და ბაღდათში - უფრო მცირე სხვაობით გაიმარჯვა. ამავე დროს, წყალტუბოში და ვანში გამარჯვება ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა.
იმერეთის მსგავსად, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ ამომრჩეველთა სიმპათიის მიხედვით გაყოფილი აღმოჩნდა კახეთის რეგიონი, აჭარა და რაჭა- ლეჩხუმი. კახეთში ქართულმა ოცნებამ ყველაზე მეტი ხმა საგარეჯოში მიიღო. ასევე გაიმარჯვა თელავსა და ახმეტაში. მცირე სხვაობებით - სიღნაღსა და დედოფლისწყაროში. ნაციონალურმა მოძრაობამ კი დიდი უპირატესობით ლაგოდეხში მოიგო. ასევე უპირატესობა მოიპოვა გურჯაანში და ყვარელში.
საარჩევნო უბანი თბილისში
მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდა აჭარის ამომრჩეველთა პოლიტიკური პრიორიტეტები. თუ ქართულმა ოცნებამ ცალსახა წარმატება, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, მოიპოვა ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში - ქედაში, შუახევსა და ხულოში ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო.
რაც შეეხება რაჭა- ლეჩხუმს, ონსა და ამბროლაურში ქართულმა ოცნებამ მოიგო, ცაგერსა და ლენტეხში - ნაციონალურმა მოძრაობამ
1 ოქტომბრის არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა სამ რეგიონში: სამეგრელო- ზემო სვანეთში (მესტიის გამოკლებით), ქვემო ქართლსა (რუსთავის გამოკლებით) და სამცხე- ჯავახეთში (ბორჯომის გამოკლებით).
სამცხე-ჯავახეთში ქართულმა ოცნებამ მხოლოდ ბორჯომში გაიმარჯვა. რეგიონის სხვა ოლქებში დიდი უპირატესობით ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდა.
რაც შეეხება სამეგრელოს, პრაქტიკულად ყველა ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ ქართულ ოცნებას დიდი სხვაობით მოუგო, ყველაზე მაღალი შედეგი წალენჯიხასა და ზუგდიდში აღინიშნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მცირე სხვაობით უპირატესობა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა - 49 პროცენტი 46-ის წინააღმდეგ.
წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, თბილისში ოპოზიციური კოალიციის წარმატება პროგნოზირებადი იყო. ისევე, როგორც სამცხე- ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ოლქების უმრავლესობის ამომრჩეველთა მხარდაჭერა მმართველი პარტიის მიმართ.
ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ წინა, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დაბალი მხარდაჭერა, რეგიონებს შორის, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში ჰქონდა. ეს ტენდენცია 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის კიდევ უფრო გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, შეიცვალა მცხეთა- მთიანეთის ამომრჩევლის განწყობაც, სადაც ორი წლის წინ მმართველ პარტიას თითქმის 80 პროცენტით დაუჭირეს მხარი.
საინტერესო ისაა, რომ თითქმის ყველა რეგიონში, სადაც ბოლო წლებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და დიდი სახელმწიფო ინვესტიციები ჩაიდო - ბათუმში, ქუთაისში, თელავში, მესტიაში - ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ ახალციხე გახდა.
წინასწარი შეფასებები და დასკვნები
საარჩევნო პროცესის მონიტორინგს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით - 60 ათასზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ახორციელებდა. საერთაშორისო მისია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების შემადგენლობით, მონიტორინგს ახორციელებდა როგორც წინასაარჩევნო კამპანიაზე, ასევე ხმის მიცემასა და ხმების დათვლის პროცესზე.
არჩევნების შედეგები საარჩევნო ოლქების მიხედვით
2 ოქტომბერს მისიამ წარმოადგინა წინასწარი დასკვნა, რომელშიც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისა და ხმის მიცემის პროცესი შეაფასა. საერთაშორისო ორგანიზიციების წარმომადგენელთა დასკვნით, მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც შეიცავდა უხეშ რიტორიკასა და ნაკლოვანებებს, ქართველმა ხალხმა საარჩევნო ყუთთან თავისუფლად გამოხატა თავისი ნება.
როგორც დამკვირვებელთა დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებით „მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა დემოკრატიული არჩევნების კონსოლიდირებულად ჩატარებისკენ”, თუმცა „აღსანიშნავია ცალკეული საკვანძო საკითხები”.
დასკვნის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ, თუმცა პოლარიზებულ და დაძაბულ გარემოში ჩატარდა. წინაასარჩევნო კამპანიის განმავლობაში მეტი ყურადღება ეთმობოდა, ერთი მხრივ, კანდიდატის თანამდებობრივ უპირატესობებს, მეორე მხრივ კი, პირად ფინანსურ აქტივებს, ნაცვლად კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმების და პროგრამების შეჯიბრისა. წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას მისია ასევე აღნიშნავს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მთლიანობაში დაცული იყო. თუმცა იქვე ნაკლოვანებებზე და დარღვევებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ არჩევნების წინ ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ ძალადობასა და დაშინებას, რაც უარყოფითად აისახებოდა წინასაარჩევნო გარემოზე. ამავე დროს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალი ნდობით სარგებლობდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალე იყო. რაც შეეხება არჩევნების დღეს, დამკვირვებელთა შეფასებით, ის იყო წყნარი და მშვიდობიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამკვირვებლებმა არჩევნების დღის ყველა ეტაპი დადებითად შეაფასეს, თუმცა, მათი აზრით, შეინიშნებოდა პროცედურული ხარვეზები. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ აღნიშნა, ახალ პარლამენტში როგორც უმრავლესობით არჩეულმა, ასევე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ძალები არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად მიმართონ”.
„გუშინდელმა არჩევნებმა ცხადყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუტების როლი, როცა ისინი პროფესიონალურად და მიუკერძოებლად მოქმედებენ”, - განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვულჩანოვმა. თუმცა, მისი თქმით, სამართლებრივი სისტემა საჭიროებს დახვეწას და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მზადაა, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა გააგრძელოს.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ეს არჩევნები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე კონკურენტული იყო და პლურალისტური საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია. სერიოზული პრობლემების მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პროცესმა მოქალაქეებს საშუალება მისცა, ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ და პოზიცია საარჩევნო ყუთთან გამოეხატათ.
IRI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კონგრესმენმა დევიდ დრეიერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ყველაზე კონკურენტულ და სანდო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. IRI-ის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, იმ ენთუზიაზმმა და საყოველთაო ჩართულობამ, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გამოავლინა, არჩევნების ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა.
ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ხმის მიცემის პროცესში რამდენიმე ტიპურ დარღვევაზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორის - ბიულეტენების ნაკლებობაზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით (თუმცა, მათ მიერ არ დასახელებულა შემთხვევები, როდესაც ამას ხელი შეუშლია ხმის მიცემის პროცესისთვის). ასევე აღნიშნეს უხარისხო მარკირების აღჭურვილობა, დოკუმენტების არასწორად წარმოება, სხვის მაგივრად ხმის მიცემის ცალკეული შემთხვევები. გარდა ამისა, დამკვირვებელთათვის ხელის შეშლის შემთხვევები ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მიერ.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები 1 ოქტომბრის არჩევნების თაობაზე საბოლოო დასკვნებს რამდენიმე კვირაში მოამზადებენ.
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, „ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, გამოეხატა თავისი ნება და მონაწილეობა მიეღო არჩევნებში”. ამავე დროს, დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოთქვეს 1 ოქტომბერს ღამით ცალკეულ უბნებთან პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების გამო. თუმცა, მათ საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლა არ მოუხდენიათ. ამგვარი მცდელობები როგორც 1 ოქტომბერს ღამით, ასევე 2 და 3 ოქტომბერს შეინიშნებოდა კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან. კოალიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მთელ რიგ ოლქებში ხმების დათვლის პროცესში გაყალბება იგეგმებოდა, რისთვისაც ხელის შეშლას ცდილობდნენ. თავის მხრივ, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აწარმოებს, რათა მათ კოალიციისთვის სასურველი შედეგები დააფიქსირონ. ქართული ოცნების ამგვარი ქმედებები 3 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა დაგმო. მან მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, კანონის შესაბამისად იმოქმედონ.
საქართველოში არჩევნების შედეგებს ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა. „გვინდა, მივულოცოთ ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება. ეს დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მიგვაჩნია, რომ გუშინდელი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვება იყო”, - განაცხადა აშშ- ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. მან არჩევნების ჩატარება მიულოცა როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, სააკაშვილის ხელმძღვანელობით „საქართველომ დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ასევე გვინდა, მივულოცოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მისი კოალიციის წარმატება საპარლამენტო არჩევნებში. შეერთებული შტატები მოუწოდებს ორივე მხარეს, ითანამშრომლონ საქართველოს უკეთესი მომავლის ასაშენებლად”, - განაცხადა ელჩმა.
პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო
არჩევნებზე ოჯახთან ერთად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „ეს იყო ისტორიული დღე ყველა ქართველისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის”.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს საარჩევნო- სადამკვირვებლო მისიის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად გამოხატა საკუთარი სურვილი საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხმების საბოლოო დათვლა და საჩივრების განხილვა გამჭვირვალედ აწარმოოს”, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის.
თავის მხრივ, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგადად პოზიტიურად ჩატარება და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას მისი დემოკრატიული კურსის მიმართ. მათ მიულოცეს ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნეს, რომ „ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა”.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს „თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების” ჩატარება მიულოცა. მისი თქმით, ეს „ისტორიული მომენტია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ახლა ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდნენ ქვეყნის სასიკეთო საქმეში და გააძლიერონ რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტები”.
![]() |
11 მარცხის ანატომია |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
ლევან სუთიძე
„ნაციონალური მოძრაობა გადადის ოპოზიციაში” - საქართველოს პრეზიდენტის ამ მიმართვის შემდეგ, საბოლოოდ გაცხადდა, რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ნაციონალურმა მოძრაობამ დამარცხება აღიარა და ქვეყნის მართვის სადავეები ისე დათმო, რომ, როგორც მისი ლიდერები ამბობენ, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას არ ელის.
შესაძლოა, ახალი რეალობის სრულფასოვნად აღქმა ჯერ კიდევ უჭირთ საარჩევნო ბრძოლაში მონაწილე ორივე გუნდის წევრებსა თუ მხარდამჭერებს, მაგრამ შედეგი უკვე დადგა: ამიერიდან პასუხისმგებლობის უდიდესი წილი სხვადასხვა სფეროებსა თუ, ზოგადად, ქვეყნის ბედზე, ახალ საპარლამენტო უმრავლესობას ეკისრება.
თავის მხრივ, ნაციონალურ მოძრაობას დაშვებული შეცდომების გაანალიზებისა და სამომავლო გეგმების დასახვის ეტაპი დაუდგა. შეცდომები რომ იყო, ამას არჩევნების შედეგიც ცხადყოფს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 2008 წელთან შედარებით, ხელისუფლებამ 200 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების რეიტინგს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სასჯელაღსრულების სისტემაში გამოაშკარავებულმა წამების ამსახველმა კადრებმა. თუმცა, მიუხედავად ამ დიდი სკანდალისა, არასწორია იმის თქმა, რომ ქართველმა ხალხმა მმართველ ჯგუფს მხარი მხოლოდ კადრებისგან შეძრწუნების გამო არ დაუჭირა. ხელისუფლებამ დანაშაულის გამოაშკარავებას გარკვეული მყისიერი ზომებით უპასუხა, თუმცა, მას ათიათასობით მხარდამჭერი შემოეცალა - ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის კლებას უფრო ღრმა ფესვები აქვს.
სოციალური ბაზა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეფუძნებოდა, პირობითად, სოფლად მცხოვრებ ამომრჩეველსა და ქალაქელ საშუალო კლასად იყოფა. არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ მათ შორის პირველი ყოფილმა ხელისუფლებამ დიდწილად შეინარჩუნა და მათივე მეშვეობით პარლამენტში ძლიერი ოპოზიციით შევიდა. თუმცა, ქალაქელი საშუალო კლასის დიდი ნაწილი აწ უკვე ოპოზიციის პოლიტიკურ ოპონენტებს გაჰყვა და ამან ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანა.
შეიძლება ითქვას, რომ გაუცხოება ნაციონალურ მოძრაობასა და ქალაქის საშუალო კლასს შორის ფასეულობებს უკავშირდება. ქალაქელმა ამომრჩეველმა დიდწილად დაკარგა შეგრძნება, რომ თავისუფლების, პიროვნების ღირსებისა და ადამიანის უფლებების ფასეულობებით მთავრობაში მოსული ხელისუფლება პრინციპების ერთგული დარჩა.
ამას კონკრეტული მიზეზები აქვს: შვიდი ნოემბრისა და, განსაკუთრებით, რუსეთთან ომის შემდეგ, რეფორმების ტემპი მკვეთრად შემცირდა, რიტორიკა კი ღირებულებითი საკითხებიდან, პოპულიზმზე გადაეწყო. წინასაარჩევნოდ მეტი სარგებლის დაპირება, კონკრეტულ სოციოლოგიურ კვლევებს ეფუძნებოდა. მერყევ ამომრჩეველს მეტი სარგებელი სურდა და ხელისუფლებაც უხვად ამარაგებდა ელექტორატს მსგავსი დაპირებებით - არჩევნების წინ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე, პენსიების ზრდასა და სოფელზე საუბრობდა, მათ შორის, ქალაქში, სადაც კონკრეტული უბნის ამომრჩეველს ნაკლებად უნდა აინტერესებდეს, რას აპირებს მისი მაჟორიტარი სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. ამის პარალელურად, ხელისუფლების რიტორიკაში იკლო ან საერთოდ გაქრა ისეთი თემები, როგორიცაა თავისუფალი სასამართლოსკენ სვლის აუცილებლობა, ადამიანის უფლებები თუ მედიაგარემოს გაუმჯობესება.
როგორც აღმოჩნდა, მესიჯ- ბოქსებმა ყოფილ ხელისუფლებას საბოლოოდ სოფელში მცხოვრები ამომრჩევლის მხარდაჭერა შეუნარჩუნა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა მათთვის, ვისაც მეტი სარგებლისთვის ხმის მისაცემად, სჭირდებოდა რწმენა, რომ ხელისუფლება საკუთარ პრინციპებს არ ღალატობს. ოპოზიციასთან პოპულიზმში შეჯიბრი წარუმატებლობით დასრულდა - მით უმეტეს, რომ ამ თამაშში აპრიორი უპირატესობას ფლობდა დიდი ფინანსური კაპიტალით და ქველმოქმედების წარსული მაგალითებით აღჭურვილი ოპონენტი, რომელსაც ბევრად ნაკლები საზრუნავი აწვა მხრებზე, ვიდრე ეს პოპულიზმის პარალელურად, სახელმწიფოს გამართული მართვაა.
დღეს, როცა შედეგი დადგა და შეცდომების გაანალიზება უფრო მარტივია, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, უფრო მოგებიანი იქნებოდა, პარტიის ლიდერებს, ისევე როგორც მის უპარტიო მხარდამჭერებს, ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ბევრად ხმამაღლა ელაპარაკათ. საბოლოოდ, პოლიტიკური ძალთა ბალანსი სწორედ შეცდომების გაუცნობიერებლობისა და პასუხისმგებლობის დეფიციტის გამო შეიცვალა.
თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება და ყოფილი მმართველი პარტია ახლა უკვე განსხვავებული ამპლუით განაგრძობს მასში მონაწილეობას - თუ მის ლიდერებს ვენდობით, საკმაოდ აქტიურადაც, რაც სავსებით რეალურია, თუ ამ გუნდის გამოცდილებასა და პარლამენტში არცთუ მცირერიცხოვან წარმომადგენლობას გავითვალისწინებთ.
და თუ გრძელვადიან პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური და მზარდი როლის თამაში სურს, ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი თავის პოლიტიკური რეაბილიტაცია მოუწევს - ამ მიზნის მისაღწევად კი მას მთავრობის ობსტრუქცია და საბოტაჟი არ გამოადგება. თუ განცხადებებს გადავხედავთ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ამას არც აპირებს. გამოსავალი, ერთი მხრივ, პატიოსანი და მეორე მხრივ, პრაგმატულად მოგებიანი სტრატეგიის ქონაა, რომელსაც გუნდი ნაბიჯ- ნაბიჯ მიჰყვება - ამის საუკეთესო საშუალებას უშუალოდ პარტიას საპარლამენტო ტრიბუნის კონსტრუქციული კრიტიკისთვის გამოყენება მისცემს.
ეს აუცილებელია და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის სიჯანსაღისთვის. საჭიროა ნაციონალურმა მოძრაობამ მისი უწინდელი ოპოზიციისა და ამჟამინდელი ხელისუფლების შეცდომები არ გაიმეოროს - გამორიცხოს ჩასაფრებული, აგრესიული და არაკონსტრუქციული კრიტიკა. ისევე, როგორც ახალმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს უკვე ყოფილი მთავრობის შეცდომები - პრობლემებზე თვალის დახუჭვის საშუალება კი მას ახალმა ოპოზიციამ არ უნდა მისცეს.
სწორედ შეცდომების გაუცნობიერებლობა და პასუხისმგებლობის დეფიციტია ის, რის გამოც პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ასე რადიკალურად შეიცვალა. ორი ათეული წლის მანძილზე ვისწავლეთ, რომ ქვეყნის ბედს წყვეტს არა ღმერთის მიერ მოვლენილი ანგელოზი, არამედ ნაკლოვანი ან უკიდურესად ნაკლოვანი ძალების ურთიერთდაბალანსება, შეკავება და გაწონასწორება. საქართველოში რაიმე უნიკალური არ მომხდარა: მრავალ ქვეყანაში პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ თუნდაც უკიდურესი ოპონირების რეჟიმში, ისინი მშვიდობიან თანამშრომლობას ახერხებენ
![]() |
12 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
ფორმულა 1-ის ეტაპი
სინგაპური
2012.17.09
![]() |
13 ცვლილებების მოლოდინში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ვენესუელა
ივანე ბაძაღუა
ენრიკე კაპრილესი
„დავითისა და გოლიათის დაპირისპირება”, - ასე აფასებენ პოლიტიკური მიმომხილველები ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. 7 ოქტომბერს, უძლეველი ჰუგოლიათის - უგო ჩავესის დამარცხებას მირანდის შტატის ყოფილი გუბერნატორი ენრიკე კაპრილესი შეეცდება. ვენესუელაში, ბიბლიური ეპიზოდისგან განსხვავებით, შურდულიც გოლიათის ხელშია.
14-წლიანი მმართველობის პერიოდში უგო ჩავესმა მოახერხა მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია: ის აკონტროლებს მედიას, შვიდ ნაციონალურ და 35 რეგიონულ საკაბელო მაუწყებელს - სადაც ოპოზიციურ კანდიდატს მხოლოდ სამი წუთი ეთმობა. სანაცვლოდ, რუტინულად გადის რეკლამები სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამების შესახებ, რაც ხალხისთვის უგო ჩავესის პირად საჩუქრად განიხილება. რეკლამას ხშირად მოსდევს პრეზიდენტის მიმართვა, რომელიც იშვიათად თუ გრძელდება 45 წთ-ზე ნაკლებ დროს. ჩავესი ლიდერი აღარ არის - ის სამშობლოს გულია. ჰუგოლიათი აკონტროლებს ყველა ძალოვან სტრუქტურას, სასამართლო თუ საარჩევნო ხელისუფლებას. დაბოლოს, ის აქტიურად იყენებს ამ ყველაფერს არჩევნების შედეგების „გასაკონტროლებლად”.
თუმცა, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, პოლიტიკური მიმომხილველები ამ არჩევნებს წინამორბედებისგან ორი ძირითადი ნიშნით განასხვავებენ. Guardian-ი აღნიშნავს, რომ ჩავესის 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, უკვე ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერებიც ხვდებიან, რომ მისი 21-ე საუკუნის სოციალიზმის ექსპერიმენტი არ მუშაობს. როგორც ჟურნალისტი ფრანცისკო ტორო წერს, ჩავესის სისტემაში 21-ე საუკუნის მხოლოდ მისი ანგარიშია Twitter-ზე. აგროსამრეწველო კომპლექსის ქაოტურმა ნაციონალიზაციამ საკვები პროდუქტების ნაკლებობა ქრონიკული გახადა. ტორო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ მაღაზიებში რიგები საბჭოთა კავშირს მოგაგონებთ.
ვენესუელაში ცხოვრება ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე სახიფათოა. მაღალია კორუფციის დონე - ამ მხრივ, Transparency International-ის 2011 წლის მონაცემებით, ვენესუელა 182 სახელმწიფოდან 172-ე ადგილს იკავებს. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში კი არათავისუფალ სახელმწიფოთა შორისაა, 174-ე ადგილზე, და ამ მაჩვენებლით მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 5 სახელმწიფოს უსწრებს. ქვეყნის ეკონომიკა დაკნინებულია და ძირითადად „მოძმე” სახელმწიფოებში ნავთობის ექსპორტით საზრდოობს. ნავთობიდან არსებული შემოსავლის მიუხედავად, ვენესუელა ვალებშია ჩაძირული. უმუშევრობა, სახელმწიფოს დაწესებული ფასები და ფულის მიმოცვლის კონტროლი ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს.
2007 წელს იმავე კრიტერიუმებით ვენესუელის მდგომარეობა შეიძლება დიდად განსხვავებული არ იყო, მაგრამ განსხვავებული იყო საზოგადოების დამოკიდებულება. წელს ოპოზიციური კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერიში მონაწილეობა 3 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო. მათი რჩეული ენრიკე კაპრილესი გახდა. კაპრილესს მხარს 20-ზე მეტი პარტია უჭერს. სწორედ ეს არის მეორე ძირითადი ნიშანი, რომელზეც პოლიტიკური მიმომხილველები ამახვილებენ ყურადღებას: ოპოზიცია ასე ერთიანი არასდროს ყოფილა.
ჩავესის წინა ჩელენჯერებისგან განსხვავებით, კაპრილესი ახალგაზრდა და ენერგიულია. მას პოლიტიკაში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს და ზუსტად იცის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქცენტი რაზე უნდა გააკეთოს. ნაციონალურ ტელევიზიებზე ხშირად გადის პრეზიდენტის მოწოდება, სადაც ის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოვლენ ამერიკის „იმპერიალიზმის ლაქიები”, ძალაუფლება ისევ ელიტების ხელში გადავა, შეწყდება სოციალური პროგრამები - მოკლედ, ვენესუელა წარსულში დაბრუნდება. უგო ჩავესის კამპანია სამთავრობო დანახარჯების კიდევ უფრო გაზრდას ეფუძნება, თუმცა კითხვა, საიდან აქვს ქვეყანას ამის რესურსი, ღიად რჩება. ენრიკე კაპრილესს, განათლებით იურისტს, მირანდის შტატის გუბერნატორის პოსტი ეკავა. ის ემხრობა კერძო ბიზნესს და უგო ჩავესს ხშირად გაუკრიტიკებია მისი „ნეოლიბერალური” შეხედულებების გამო. კაპრილესი თავისი კამპანიის მანძილზე ხაზს უსვამდა კერძო ინვესტიციების საჭიროებას, რომელიც სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის ყველა კუთხით კონტროლის შედეგად გაქრა. ოპოზიციის კანდიდატი თავს ესხმოდა გოლიათის მიერ ნავთობისგან შემოსავლის გაფლანგვას და მოსახლეობას ჩავესის შეუსრულებელ დაპირებებსაც ახსენებდა - დაუმთავრებელ გზებს, აუშენებელ საავადმყოფოებს, შეფერხებულ ეკონომიკურ ზრდას და ამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა.
Financial Times-თან ინტერვიუში კაპრილესმა განაცხადა, რომ ვენესუელა „გაჰყვება ბრაზილიის მოდელს“. ის თავის პოლიტიკურ პოზიციას ადარებს ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ლუის დე სილვას მიდგომას, რომელიც სოციალური პროგრამების განვითარებასთან ერთად მხარს უჭერდა პრობიზნესულ მიდგომას. კაპრილესმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ჩავესის მსგავსად გარკვეული ინდივიდების თუ კომპანიების მხარდაჭერას და შეღავათების დაწესებას. მისი თქმით, ირანთან და ბელარუსთან მეგობრულ დამოკიდებულებას ბოლო მოეღება. პრესასთან საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ ჩავესს ქვეყანაში არსებული პრობლემები არ აღელვებს და მისთვის მხოლოდ 21-ე საუკუნის სოციალიზმის აშენებას აქვს მნიშვნელობა.
სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების მონაცემებით, ჩავესი კაპრილესს დაახლოებით 10%25-ით უსწრებს, თუმცა ვერ ცდება 50%25-იან ზღვარს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიმომხილველების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, კაპრილესს გამარჯვების შანსი აქვს. მათი ვარაუდით, მდუმარე უმრავლესობის დიდი ნაწილი ოპოზიციური კანდიდატის პოტენციური მხარდამჭერია. ასევე უნდა ითქვას, რომ ვენესუელაში არსებული პოლიტიკური ტერორი საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიმართ უნდობლობას იწვევს.
7 ოქტომბერს ვენესუელა თავის მომავალს ირჩევს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა ეს გამარჯვება ჩავესის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს.
უგო ჩავესი
![]() |
14 ანგელა მერკელი მესამე ვადით |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
შოთა კაკაბაძე
გერმანიის ხელისუფლება კვლავ აქტიურად ცდილობს ევროზონის კრიზისიდან გამოყვანას. ანგელა მერკელი იმდენად ღრმად არის ჩაფლული მიმდინარე მოვლენებში, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 67-ე სხდომა გამოტოვა. გერმანიის მოსახლეობაში უკმაყოფილება თანდათან იზრდება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გაახმაურა გეგმა, რაც კრიზისში მყოფი ხელისუფლებების ვალების გამოსყიდვას გულისხმობს, ხოლო ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ.
აქვე უნდა ითქვას - ეკონომიკურ საკითხებში კანცლერის მრჩევლები დიდად არ ამართლებენ დახმარების ამ მეთოდებს და მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება მომავალში სერიოზული პრობლემები წარმოშვას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია თუ ფინანსისტ ჯორჯ სოროსის მსგავსი პერსონები „რკინის კანცლერ” მერკელს აღიქვამენ, როგორც ულმობელ მომკელს ღარიბი ბერძნებისთვის. მაგრამ სწორედ მერკელია ის პოლიტიკოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროპის ცენტრალური ბანკის „ნებისმიერი გზით” ევროს გადასარჩენ სტრატეგიას. ევროზონის კრიზისიდან გამოყვანისთვის გერმანიის მიერ ლიდერის როლის შეთავსება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ბრიტანეთი საერთოდ ევროზონის გარეთ რჩება, ხოლო საფრანგეთი საკუთარ ეკონომიკურ პრობლემებშია ჩაფლული.
ევროს კრიზისის სწრაფ მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავად ანგელა მერკელისთვის, რომელსაც წინ არჩევნები ელის. სწორედ ამ დღეებში დასახელდა მმართველი პარტიის ერთ- ერთი მთავარი კონკურენტი ძალის, სოციალ დემოკრატების კანდიდატი. 2009 წლის არჩევნებში დამარცხებული ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერის ნაცვლად, მომავალ არჩევნებზე მოქმედი კანცლერის კონკურენტი იქნება ყოფილი ფინანსთა მინისტრი პეერ შტაინბრიუკი.
ანგელა მერკელმა გერმანიის კანცლერის თანამდებობა შვიდი წლის წინ დაიკავა. მის სახელს უკავშირდება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე არაერთი ამბიციური და სარისკო რეფორმა, როგორიცაა საპენსიო ასაკის 67 წლამდე აწევა, ე.წ. ბინის გადასახადი და ა.შ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროს კრიზისის დაწყებასთან ერთად, გერმანიამ, როგორც ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, მალევე იკისრა ლიდერის როლი. მიუხედავად იმისა, რომ მისივე კოალიციის პარტნიორი პოლიტიკური პარტიები, კათოლიკე ბავარიელები და თავისუფალი დემოკრატები არ ემხრობიან კანცლერის პოლიტიკას ევროს მიმართ, გამოკითხვები მერკელის პოპულარობაზე მეტყველებს, რაც მის პოზიციას სიმტკიცეს ჰმატებს.
თუ მომავალი წლის არჩევნებამდე ვითარება რადიკალურად არ შეიცვალა, გერმანიის მთავრობა, ანგელა მერკელის ლიდერობის ქვეშ, სავარაუდოდ, სოციალ დემოკრატებისა და ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანების კოალიციით დაკომპლექტდება, ეს კი კიდევ უფრო განავითარებს ევროკავშირის ფისკალურ პოლიტიკას. ანალიტიკოსთა აზრით, როგორც გერმანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა აღიქვამს, დღევანდელ მსოფლიოში ამერიკისა და ჩინეთისათვის ღირსეული კონკურენციის გაწევა მხოლოდ ერთიან ევროპას შეუძლია
![]() |
15 ეგვიპტე გაეროს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მოუწოდებს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მიხეილ ბასილაია
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ეგვიპტის და იემენის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას წევრ ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გაეროში საკითხის აქტუალურობა ანტიისლამური ფილმის „მუსლიმთა უმანკოების” გამოჩენამ გამოიწვია, რომლის გავრცელებასაც არაბულ სამყაროში ანტიამერიკული პროტესტების და შეტაკებების ახალი ტალღა მოჰყვა. რელიგიური ექსტრემისტების მიერ მოწყობილ აქციებზე 51 ადამიანი დაიღუპა. შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა მუსლიმმა ლიდერებმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასავლელ კოლეგებს არსებული ვითარებიდან გამოსავალი შესთავაზეს - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
იდეა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ეგვიპტის პრეზიდენტმა, მუჰამედ მორსიმ გააჟღერა: „მე ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად დემოკრატიული გზით არჩეული პირველი პრეზიდენტი ვარ”, - ასე დაიწყო მან მსოფლიო ლიდერებისადმი მიმართვა. „ჩვენ ვგმობთ ანტიისლამურ კამპანიას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგვიპტე პატივს არ სცემს გამოხატვის თავისუფლებას. გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, ადამიანებმა ანგარიში უნდა გაუწიონ ერთმანეთს. თავისუფალი სიტყვა არ უნდა ეწეოდეს სიძულვილის პროპაგანდას და არ უნდა იყოს მიმართული კონკრეტული კულტურული ან რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ. გამოხატვის თავისუფლებამ არ უნდა შეასრულოს კატალიზატორის როლი ექსტრემიზმის და ძალადობის გაღვივებაში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა, რომელიც ხასიათდება პასუხისმგებლობით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეეხება საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას”, - აღნიშნა მან ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამით მორსი დაუპირისპირდა გამოხატგამოხატვის თავისუფლების ბარაკ ობამასეულ კონცეფციას. „ამერიკელები ყოველთვის იბრძოდნენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის. ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლების ყველანაირ ფორმას. სიძულვილის რეტორიკის საწინააღმდეგო იარაღი რეპრესიები და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ვერ იქნება; პირიქით, მხოლოდ აზრების თავისუფალ გამოხატვას შეუძლია ერებს შორის ურთიერთგაგების და პატივისცემის მიღწევა”, - განაცხადა ბარაკ ობამამ გენერალურ ასამბლეაზე.
ეგვიპტის პრეზიდენტი
მუჰამედ მორსი
ობამას მთავარ მესიჯს წარმოადგენდა არაბული სამყაროს დარწმუნება იმაში, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ- ერთი არსებითი საფუძველია. ის მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებები და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე, საზღვრების მიუხედავად. მისი აღიარება და დაცვა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისა და თითოეული ადამიანის განვითარებისთვის.
მორსის ინიციატივას მხარი პაკისტანმაც დაუჭირა. „ჩვენ მხარს დავუჭერთ ასეთი რეგულაციის არსებობას გაეროსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთი რეგულაცია მოახერხებს ანტიისლამური ქმედებების - მათ შორის, ალაჰის საყოველთაო გმობის შეჩერებას”, - განაცხადა პაკისტანის პრემიერმინისტრმა რაჯა პერვეზ აშარაფმა.
იემენის პრეზიდენტმა აბდუ რაბი მანსურ ჰადიმ, რომელიც თავისი რადიკალური პოზიციებით არის ცნობილი, აღნიშნა: „უნდა არსებობდეს საზღვრები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანების რწმენის და მათი წმინდანების შეურაცხყოფას შეეხება”.
აღსანიშნავია ისიც, რომ მორსი აპირებს ეგვიპტის კონსტიტუციის გადასინჯვას და შეეცდება ისლამური ავტორიტეტის გაზრდას. ისლამური სამყარო ორად არის გაყოფილი. მეჰმედ გორმეზმა, რომელიც თურქეთის რელიგიურ ურთიერთობათა საბჭოს ხელმძღვანელობს, თქვა: „არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ბანალური ან პროვოკაციულია ფილმი, არანაირი გამართლება არ აქვს მუსლიმების მიერ საელჩოებზე მოწყობილ თავდასხმებს”.
დალილ ბუბაქრის, პარიზის მეჩეთის წინამძღოლის განცხადებით, დღეს მუსლიმი ლიდერები ცდილობენ იდეოლოგიური კონფრონტაციის წინ წამოწევას. ეს მათ აქცევს საშიშ პოპულისტებად, რომლებიც მართალია ისლამის დამცველებად წარმოაჩენენ თავს, თუმცა სურთ, ისლამის დიქტატურით პიროვნულ საწადელს მიაღწიონ. მორსის გამოსვლა გაეროში უბრალოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერა იყო. მისი ინიციატივა არ უნდა მივიღოთ, როგორც სერიოზული მოწოდება რეგულაციისაკენ, ეს მხოლოდ პოლიტიკური და კულტურული კურსის გაჟღერებას წარმოადგენდა ეგვიპტის, იემენისა და პაკისტანის მხრიდან. ამჯერად ისინი „ისლამოფობი დასავლეთის” საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას არაძალადობრივი - საკანონმდებლო სახით შეეცადნენ.
![]() |
16 კატალონია - შემდეგი დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში?! |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ასმათ ნასყიდაშვილი
„კატალონიას სახელმწიფო სჭირდება. ამის იგნორირება შეუძლებელია”, - განაცხადა რეგიონალური მთავრობის ნაციონალისტმა ლიდერმა არტურ მასმა 11 სექტემბერს გამართული მშვიდობიანი მსვლელობის დროს. აღნიშნული მსვლელობა კატალონიაში ყოველ წელს ტარდება 1701-14 წლების ბარსელონის ალყის აღსანიშნავად. წელს დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო 1.5 მილიონმა ადამიანმა, რაც რეგიონის მოსახლეობის 8%25-ს შეადგენს და რეკორდული მაჩვენებელია.
მსვლელობის მთავარ ლოზუნგს წარმოადგენდა: „კატალონია - შემდეგი დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში”. აღნიშნულ პათოსს მოსახლეობის უფრო და უფრო დიდი ნაწილი იზიარებს. ბოლო გამოკითხვის მიხედვით კი, კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი 51-მდეა გაზრდილი.
ესპანეთის ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც ყოველი მეოთხე ადამიანი უმუშევარი დატოვა, კატალონიის ფისკალურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნაც გააძლიერა. კატალონიას, რომელიც ესპანეთის ყველაზე მდიდარი რეგიონია და ქვეყნის ეკონომიკის 1/5-ს შეადგენს, სურს გაზარდოს გადასახადები და თავადვე ჰქონდეს მათი განკარგვის უფლება. უკმაყოფილების მთავარ მიზეზს კი წარმოადგენს ის, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ლიდერების აზრით, ცენტრალური ხელისუფლება რეგიონზე პროპორციულად ბევრად ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე უნდა ხარჯავდეს გადასახადების საშუალებით კატალონიიდან მიღებული თანხის შესაბამისად.
პოლიტიკურ- ეკონომიკური მოთხოვნები გახდა ძირითადი საფუძველი ზემოხსენებული მშვიდობიანი მსვლელობისა, რომელმაც, როგორც უვკე ვთქვით, მოსახლეობის რეკორდული რაოდენობა გააერთიანა. თუმცა კატალონიის საშუალო კლასის წარმომადგენლები ერიდებიან ისეთ ქმედებებსა და მოთხოვნებს, რომლებმაც შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს. მსგავსი საქციელი კი აიხსნება 1930 წლის სამოქალაქო ომის მძიმე შედეგებთან დაკავშირებული მოგონებებით, რაც მათ მეხსიერებაში მტკიცედ არის ჩაბეჭდილი.
თუ გადავხედავთ კატალონიის უახლოეს ისტორიას, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე, რეგიონი ფლობდა ავტონომიურობის სხვადასხვა ხარისხს. ავტონომიის სტატუსი კატალონიამ პირველად 1931 წელს, ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დროს მოიპოვა, თუმცა სამოქალაქო ომში რესპუბლიკის დამარცხებისა და გენერალ ფრანცისკო ფრანკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კატალონიის ავტონომიურობასთან დაკავშირებული ყოველგვარი მოსაზრებები და ქმედებები მკაცრად იკრძალებოდა. ფრანკოს მმართველობის ბოლო პერიოდში აღნიშნული პოლიტიკა ნელ-ნელა შერბილდა. კატალონიამ კი პოლიტიკური და ეკონომიკური ავტონომიის სრულად აღდგენა მისი გარდაცვალებისა და ესპანეთის დემოკრატიული კონსტიტუციის მიღების შემდეგ მოახერხა (1978 წელი). თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკოს დიქტატორული რეჟიმის მიერ კატალონიის ავტონომიის მკაცრმა შეზღუდვამ უკურეაქცია გამოიწვია და გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფასა და სრულ დამოუკიდებლობას ემხრობოდნენ.
კატალონიის რეგიონალური
მთავრობის ლიდერი არტურ მასი
კატალონია ესპანეთის ყველაზე მდიდარი რეგიონია. 2008 წლის მონაცემებით, რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 216.9 მილიარდ ევროს, რაც ყველაზე მაღალი იყო მთელი ესპანეთის მასშტაბით. კატალონიის 7 მილიონზე მეტი მცხოვრებლის 12%25-ს არაესპანელი იმიგრანტები შეადგენენ.
რეგიონის სრული დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკური პარტიები დღეს კატალონიის პარლამენტში ადგილების საერთო რაოდენობის 12%25-ს ფლობენ. აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი გადანაწილებულია ორ პარტიას შორის: რეპუბლიკანა დე კატალუნია (კატალონიის რესპუბლიკა) და სოლიდარიტატ კატალანა პერ ლა ინდეპენდენსია (კატალონიური სოლიდარობა დამოუკიდებლობისათვის).
თუმცა კატალონიის პარლამენტში უმრავლესობას, 62 ადგილს, ფლობს პარტია კონვერხენსია ი უნიო (კონვერგაცია და კავშირი). მისი იდეოლოგიის მიხედვით, კატალონიას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება დიდი ავტონომია, ოღონდ ესპანეთის შემადგენლობაში. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება და მედია კონცერხენსია ი უნიოს ზომიერ ნაციონალისტურ პარტიად მიიჩნევენ. პარლამენტში 28 მანდატით მეორე ადგილს იკავებს სოციალ-დემოკრატიული პარტია, ხოლო მესამეა სახალხო პარტია 18 ადგილით.
კატალონიური პოლიტიკა ახერხებს გარკვეული გავლენის მოხდენას ესპანეთის პოლიტიკაზეც. ამის ძირითადი ბერკეტი კი ის კატალონიური ნაციონალისტური პარტიებია, რომლებიც ესპანეთის პარლამენტშია წარმოდგენილი და რომლებთანაც ქვეყნის არჩევნებში გამარჯვებული პარტია მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბების მიზნით.
პოლიტიკურ დონეზე მიმდინარე დებატების გარდა, კატალონიის დამოუკიდებლობის იდეამ რადიკალური ფორმებიც მიიღო და გამოვლინდა 1958 წელს დაარსებული ტერორისტული ორგანიზაციის სახით, რომელიც ეტას სახელით არის ცნობილი. ორგანიზაციის ტერორისტული დაჯგუფების სტატუსი აღიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, როგორც ერთობამ, ასევე საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ინდივიდუალურმა წევრებმა. ეტას პასუხისმგებლობა აქვს აღებული ათასობით ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში, თუმცა ორგანიზაციამ კრიმინალური აქტების განხორციელება 2011 წლის ოქტომბერში შეწყვიტა.
საინტერესოა ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყოველმა ახალმა სახელმწიფომ თავიდან უნდა განაცხადოს თავისი სურვილი ევროკავშირის წევრობის შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ კატალონია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში, კავშირის წევრი ავტომატურად ვერ გახდება. თანაც ესპანეთი ყოველთვის დაბლოკავს ამ ინიციატივას.
თუმცა, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ევროპა კატალონიელების თვითგამორკვევის პრინციპზე დაფუძნებულ მოთხოვნას, მიიღონ სრული დამოუკიდებლობა, მან სულ რაღაც 13 წლის წინ თავადვე შექმნა ამის პრეცედენტი, როდესაც NATO-ს საშუალებით განახორციელა შეტევა სერბეთზე და მხარი დაუჭირა კოსოვოს დამოუკიდებლობას. კატალონიის პრემიერმინისტრი არტურ მასი აცხადებს: „ევროკავშირი მზად უნდა იყოს მისივე საზღვრებში სახელმწიფოების გაყოფისთვის''.
მოსახლეობაში ჩატარებული ბოლო გამოკითხვით, კატალონიის სრულ დამოუკიდებლობას და ესპანეთისგან გამოყოფას მხარს უჭერს რეგიონის მოსახლეობის 51%25, რაც 6%25-ით მეტია 2011 წლის მაჩვენებელზე. თუმცა შეკითხვაზე: რა სახის პოლიტიკური კავშირი უნდა არსებობდეს კატალონიასა და ესპანეთს შორის, 2012 წლის პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: დამოუკიდებელი კატალონია - 34%25, კონფედერაცია - 29%25, ავტონომია - 25%25, ესპანეთის ერთ- ერთი შემადგენელი რეგიონი - 6%25, ხოლო დანარჩენმა 6%25-მა თავი შეიკავა პასუხისგან.
მოცემული პროცენტული მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ თუკი რეგიონის სრული დამოუკიდებლობისა და ავტონომიის იდეების გარდა, მოსახლეობას შუალედურ ვარიანტად კონფედერაციის იდეას შესთავაზებენ, სრული დამოუკიდებლობის მომხრეების რაოდენობა მკვეთრად ეცემა (51%25-დან 34%25-მდე). იქნებ სწორედ კონფედერაციის იდეა მოგვევლინოს იმ კონსენსუსურ ვარიანტად, რომელიც კატალონიის მოსახლეობას სიტუაციის ესკალაციასა და 1930-იანი წლების სამოქალაქო ომის სცენარის გამეორებას აარიდებს.
კატალონია - შემდეგი დამოუკიდებელი სახელმწიფო? ევროპას კიდევ ერთი არჩევანი აქვს გასაკეთებელი სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპებს შორის
![]() |
17 ერთსქესიანი ქორწინება ფრანგულად |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ქეთი ზუკაკიშვილი
გეი აღლუმი. პარიზი, 2012
1750 წლის ივლისი: ჟან დიო და ბრუნო ლენუარი უკანასკნელი ჰომოსექსუალი წყვილი იყო, რომელიც საფრანგეთში სოდომური ცოდვის ბრალდებით გაასამართლეს და კოცონზე დაწვეს.
2012 წლის ოქტომბერი: საფრანგეთის მთავრობა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ცდილობს.
ახალი კანონპროექტი ჰომოსექსუალი წყვილებისთვის შვილად აყვანის უფლებასაც ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, საფრანგეთის ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვები „დედა” და „მამა” ნეიტრალური „მშობლით” შეიცვლება.
მემარცხენე მთავრობის ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება კათოლიკური ეკლესია და მორწმუნეებს მოუწოდებს, გამოვიდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ. საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, კარდინალი ბარბარინი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ერთსქესიანი ქორწინება საზოგადოების დაცემის მომასწავებელია და თუ არ აღიკვეთა, მომავალში ინცესტისა და პოლიგამიის დაკანონებამდე მიგვიყვანს.
ფრანგული კანონმდებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ ტრადიციულად ლიბერალურია. 1791 წლიდან დეკრიმინალიზებულია ჰომოსექსუალური კავშირი და სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია ისჯება.
უკვე 11 წელია პარიზის მერი (ბერტრან დელანოე) ღია ჰომოსექსუალია, ფრანგულ სკოლებში კი ჰომოფობიასთან ბრძოლა საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს არმიაში ღიად მსახურობის უფლებაც აქვთ.
2009 წელს საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ტრანსსექსუალიზმი დაავადებათა სიიდან ამოიღო და სქესის შეცვლის უფლება დააკანონა.
დღევანდელი მდგომარეობით, ჰომოსექსუალ წყვილებს ჰეტეროსექსუალთა თითქმის იდენტური უფლებები აქვთ. 1999 წელს ამოქმედებული სამოქალაქო სოლიდარობის პაქტი - PACS, პარტნიორობის სპეციალური ფორმაა, რომელიც წყვილებს ქორწინებისა და შვილად აყვანის გარდა, ყველა ქონებრივ და პერსონალურ უფლებას ანიჭებს. ჰომოსექსუალ წყვილს ასევე შეუძლია ერთ- ერთი პარტნიორის ბიოლოგიური შვილი იშვილოს.
მიუხედავად ამისა, ქორწინების ცნებას საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ქორწინების ტრადიციული დეფინიცია „იმავე თუ სხვადასხვა სქესის ორი ადამიანის კავშირით” შეიცვლება.
1804 წელს მიღებული ე.წ. ნაპოლეონის კოდექსი ევროპის ერთ- ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო სამართლებრივი დოკუმენტია, ამდენად მასში შესწორებების შეტანა ტრადიციულად ხანგრძლივი პროცესია.
ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაზე საუბრები საფრანგეთში უკვე წლებია გრძელდება. ეროვნულმა ასამბლეამ საკითხს კენჭი 2011 წელს უყარა, თუმცა მმართველი მემარჯვენე პარტიის უმრავლესობამ კანონმდებლობას მხარი არ დაუჭირა და ინიციატივა 293 ხმით 222-ის წინააღმდეგ ჩავარდა. წელს სოციალისტური პარტიის გამარჯვებასთან ერთად საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში.
ფრანსუა ოლანდი და
ბერტრან დელანოე
კარდინალი ბარბარინი
ერთსქესიან ქორწინებას მსოფლიოს მასშტაბით 10 ქვეყანა აღიარებს. Ifop-ის კვლევის თანახმად, საფრანგეთში გამოკითხულთა 63%25 მის დაკანონებას, ხოლო 58%25 - ჰომოსექსუალი წყვილისთვის შვილად აყვანის უფლების მინიჭებას უჭერს მხარს.
ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ინიციატივის წინააღმდეგ გააქტიურდა კათოლიკური ეკლესია. რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ ვატიკანში 30 ფრანგი ეპისკოპოსი მიიწვია და კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა სთხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში კათოლიკური ეკლესიის გავლენა ბოლო პერიოდში უფრო და უფრო სუსტდება, მოსახლეობის 60-65%25 კვლავ კათოლიკედ ახდენს თვითიდენტიფიცირებას. CEVIPOF-ის კვლევის 2007 წლის მონაცემებით, ფრანგ ამომრჩეველთა 57,2%25 კათოლიკეა. ამდენად, სოციალისტურ პარტიას წინ მნიშვნელოვანი გამოწვევა ელის.
ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება ფრანსუა ოლანდის მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება იყო - პრეზიდენტი კანონპროექტის სამუშაო ვარიანტს მთავრობას დასამტკიცებლად 31 ოქტომბერს წარუდგენს
![]() |
18 ჩინეთი - აფრიკის ახალი დონორი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ქეთი ზუკაკიშვილი
ჩინეთი აფრიკის კონტინენტზე გავლენას ზრდის. ჯერ კიდევ 2009 წელს პეკინის დიდი სახალხო დარბაზი და მიმდებარე ტერიტორია პოსტერებით აჭრელდა - სახალხო რესპუბლიკა „საოცარი აფრიკის” წარმომადგენლებს მასპინძლობდა. მაშინ გადაწყდა, რომ აზიური გიგანტი აფრიკული სახელმწიფოების მთავრობებს 10 მილიარდამდე აშშ დოლარს ასესხებდა. წელს, ჩინეთი მზადაა, 2012- 2015 წლებში აფრიკული ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის 20 მილიარდამდე დოლარი გამოყოს.
პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს განცხადებით, ჩინეთი სულ მალე 30 000 აფრიკელს გადაამზადებს, 18 000 სტიპენდიას გამოყოფს და 1500 სამედიცინო მოსამსახურეს გაგზავნის ადგილობრივი ექიმების დასახმარებლად. ასევე, ჩინური მხარე დააფინანსებს სასმელი წყლისა და ტყეების გაჯანსაღების პროგრამებს.
აფრიკის ღარიბ ქვეყნებს ჩინეთი განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 10 წელია ეხმარება: მას შემდეგ, რაც სუდანი და ანგოლა ნავთობის, ხოლო ზამბია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - მეტალურგიის მნიშვნელოვან წყაროდ იქცნენ.
დახმარების გაზრდის გადაწყვეტილება წინა წელს აფრიკაში შექმნილმა პრობლემებმაც განაპირობა. სახალხო რესპუბლიკა ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის ერთ- ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო. ახალი მთავრობის პირობებში ჩინური ნავთობკონტრაქტები გაუქმდა ან შეუსრულებელი დარჩა და აზიურმა კომპანიებმა დიდი ზარალი განიცადეს სუდანის კრიზისის გამოც. სამხრეთ სუდანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ნავთობმომპოვებლებს ბიზნესის მიტოვება მოუწიათ. ამ ფონზე, სესხების მეშვეობით, ჩინეთი გავლენის აღდგენას შეეცდება.
ჯედასავლეთში სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკას ეჭვის თვალით უყურებენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩინეთი დახმარებას გასცემს ისეთ რეჟიმებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებით გამოირჩევიან. გარდა ამისა, არ ხდება დახმარების პროგრამების მონაცემების განსაჯაროება.
აშშ- ის კონგრესის დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ჩინეთი სესხების ადმინისტრირებას ad hoc რეჟიმში ახდენს და გრანტების სამართავად ამერიკული USAid-ის მსგავს დამოუკიდებელ ორგანოებს არ ქმნის. შესაბამისად, კონტროლი რთულდება და არ არის ნათელი, თანხა ზუსტად რაში იხარჯება.
აზიური გიგანტი გრანტებს საკუთარი მოქალაქეების დასასაქმებლადაც იყენებს: ხშირ შემთხვევაში დახმარებას „საჩუქრად” ჩინელი მუშახელიც მოჰყვება.
კრიტიკას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკული დანაყოფის უფროსი ლუ შაი უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ჩინელი მუშები უწყვეტ რეჟიმში მუშაობით პროექტების სწრაფად დასრულებას უწყობენ ხელს. მისივე თქმით, ჩინური დახმარების 95%25 მიმღებ ქვეყნებს ხმარდება მაშინ, როდესაც დასავლური გრანტების 80%25 ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი მოხელეების ხელფასებში იხარჯება.
ოფიციალური პეკინი იხსენებს 1970- 1975 წლებში ტანზანია-ზამბიის სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის გამოყოფილ 500-მილიონიან უპროცენტო სესხს. „მაშინ, როცა დასავლეთმა დამოუკიდებელი აფრიკა მიატოვა, ჩვენ მათ გვერდით მეგობრობის გამო ვიდექით”, - აცხადებს ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი.
პეკინის სტრატეგიული დოკუმენტი აფრიკასთან ურთიერთობას „განვითარებადი ქვეყნების ურთიერთდახმარების” ჭრილში განიხილავს. ანგარიშის მიხედვით, ჩინეთმა 1950-2009 წლებში აფრიკას 39 მილიარდ დოლარამდე დახმარება გამოუყო. ეს უკანასკნელი აშშ- ის მიერ მხოლოდ 2010 წელს გამოყოფილ გრანტებს უტოლდება, თუმცა განვითარებადი ქვეყნის კვალობაზე, მაინც მაღალი მაჩვენებელია.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, ჯე იკობ ზუმას განცხადებით, განვითარებადი ჩინეთი აფრიკიდან ნედლეულს, ტექნოლოგიასა და სხვა პროდუქციას იღებს, თუმცა მსგავსი სავაჭრო ურთიერთობა მდგრადი არ არის და სიფრთხილეა საჭირო.
მიუხედავად ამისა, ზუმა ჩინეთთან ურთიერთობას „ორმხრივად სასარგებლოდ” მიიჩნევს და ევროპული გრანტებისგან განსხვავებით, ჩინურ დახმარებას „თანასწორობაზე დაფუძნებულად” მოიხსენიებს.
სახალხო რესპუბლიკა გრანტების დეტალების გამომზეურებას არა იმდენად საერთაშორისო, რამდენადაც საშინაო კრიტიკის გამო ერიდება. ჩინეთი ღარიბი მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც 200 მილიონზე მეტი ადამიანის დღიური შემოსავალი 1,25 აშშ დოლარზე ნაკლებია. ხელისუფლებას მათი უკმაყოფილება ახლა განსაკუთრებით არ აძლევს ხელს: ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობაა დაგეგმილი.
მე-18 ეროვნული ყრილობა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა იქნება: სწორედ ამ დროს, ასაკობრივი შეზღუდვების გამო, პოლიტბიუროს მმართველი კომიტეტის 9 წევრიდან 7, მათ შორის, ქვეყნის ლიდერი და პარტიის გენერალური მდივანი ჰუ ძინტაოც შეიცვლება.
უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე ვიცეპრემიერი ლი კექიანი და კომპარტიის სამდივნოს წევრი სი ძინპინი მოიაზრებიან. ორივე მათგანი უკვე დიდი ხანია იკავებენ მაღალ თანამდებობებს და არსებული კურსის გამგრძელებლებად ითვლებიან. ამდენად, ივარაუდება, რომ ახალი ლიდერების პირობებშიც, ჩინეთის პოლიტიკა აფრიკის მიმართ უცვლელი დარჩება.
![]() |
19 სამხრეთ კორეის მომავალი პრეზიდენტი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
სალომე მამალაძე
2012 წლის 19 დეკემბერს სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმება. ერთმანეთს წელსაც ორი მთავარი პოლიტიკური გაერთიანება დაუპირისპირდება: კონსერვატორები და დემოკრატები.
კონსერვატიული გაერთიანება, საენური, ქვეყნის მმართველი პარტიაა და პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს. ის ხელისუფლებაში ლი მიონ ბაკის ხელმძღვანელობით 2007 წელს მოვიდა და ზედიზედ ორჯერ არჩეული დემოკრატების მმართველობა დაასრულა. მაშინ კონსერვატორმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 70%25 დააგროვა, თუმცა 2012 წელს ჩატარებული გამოკითხვებით, ხალხში მისი პოპულარობა 30%25-მდე დაეცა.
ნებისმიერ შემთხვევაში, სამხრეთ კორეის კონსტიტუცია ლის არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობას უკრძალავს - ამ ქვეყანაში ერთ ადამიანს პრეზიდენტობის უფლება მხოლოდ ერთხელ, 5-წლიანი ვადით აქვს. 2012 წლის აპრილში კონსერვატორებმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ახალი კანდიდატურა, პაკ კინ ჰე დაასახელეს.
60 წლის პაკ კინ ჰე სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, პაკ ჩონ ჰის ქალიშვილია. ძველი თაობის კორეელებისთვის პაკ ჩონ ჰის სახელი საკმარისია, რათა მის ქალიშვილს წლევანდელ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ, თუმცა ლიბერალური ღირებულებების მქონე ახალგაზრდა კორეელებისთვის ჩონ ჰი დიქტატორული რეჟიმის ლიდერი და მრავალი სოციალური პრობლემის ავტორია. სწორედ ამიტომ, პაკ კინ ჰე დიდ დროს უთმობს ახალგაზრდობასთან ურთიერთობას, მათთან ერთად განიხილავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. “ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას კონსერვატიული პარტიის ყველა გეგმა და მიზანი სწორად დავანახო”, - აცხადებს პაკი.
მონ ჯაე ინი
რაც შეეხება დემოკრატებს, ისინი თავიანთ კანდიდატურას სექტემბერში წარადგენენ, თუმცა წინასწარი გამოკითხვებით, შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მონ ჯაე ინი ლიდერობს. მონი ცნობილია თავისი მწვავე და კრიტიკული გამოსვლებით ხელისუფლების წინააღმდეგ. მის უკმაყოფილებას ჩრდილოეთ კორეასთან ხელისუფლების მოუგვარებელი ურთიერთობები იწვევს.
კონსერვატორებისგან განსხვავებით, ლიბერალური ოპოზიცია განსაკუთრებულ ყურადღებას საგარეო პოლიტიკას უთმობს და ამ კუთხით საზოგადოების თვალში მას საქმე ნამდვილად კარგად აქვს. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დემოკრატებმა ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის მოსაგვარებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. მათ შორის, აღსანიშნავია 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ყვითელი ზღვის სადავო ნაწილი ორივე მხარის მიერ მშვიდობიან ზონად გამოცხადდა.
პაკ კინ ჰე
ლიბერალები ვაშინგტონთან ურთიერთობების გაღრმავებითაც არიან დაინტერესებულები.
ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გარდა, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით არსებულ მთავარ პრობლემებზეც თანხმდებიან. უმუშევრობა და კორუფციასთან ბრძოლა ქვეყნის მომავალი ლიდერისთვის მთავარი გამოწვევა იქნება. ამასთან, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა რეგიონებს, თაობებსა და საზოგადოებრივ ფენებს შორის დაპირისპირების საკითხიც. კონსერვატორთა ლიდერი თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში ხშირად ამახვილებს ამ თემაზე ყურადღებას. “გამარჯვების შემთხვევაში მე დავიწყებ დიდი ნაციონალური ერთიანობის ერას სამხრეთ კორეაში”, - განაცხადა პაკმა
კონსერვატიული პარტიის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, პაკ კინ ჰე პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება სამხრეთ კორეის ისტორიაში
![]() |
20 ახალი სამუშაო ადგილები და გეოგრაფიის ეფექტი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
ბევრს ეგონა, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პირობებში მნიშვნელობა აღარ ექნებოდა, თუ გეოგრაფიულად სად მდებარეობს ესა თუ ის სამუშაო ადგილი. თუმცა, როგორც ჩანს, მათი მოლოდინი არ მართლდება.
მართალია, სულ უფრო მეტი ადამიანი ასრულებს დღეს თავის სამუშაოს შინიდან გაუსვლელად, კომპიუტერთან, მაგრამ გეოგრაფიას მნიშვნელობა არ დაუკარგავს. ეკონომიკური კვლევები აჩვენებს, რომ უფრო ინოვაციურები და პროდუქტიულები ვხდებით მაშინ, როცა ურთიერთობა განათლებულ და გამჭრიახ ადამიანებთან გვაქვს. ეს ურთიერთობა კი უფრო ეფექტურია, როცა ინტერაქცია პირისპირ ხდება. შესაბამისად, გეოგრაფიული ადგილები, რომლებიც მეტ განათლებულ და გამჭრიახ ადამიანს იზიდავს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში თავის აქტუალობას არ კარგავს. ზოგის შეფასებით კი, პირიქით, გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება.
ზუსტად ისე, როგორც ინდუსტრიული რევოლუციის დროს, ზოგიერთი ქალაქი წარმოების ცენტრად გადაიქცა. დღეს ზოგიერთი გეოგრაფიული არეალი ცოდნის ეკონომიკის ჰაბად ყალიბდება. იმ გეოგრაფიულ ადგილს, რომელსაც სამუშაო ბაზარზე ოდნავი უპირატესობა და იმის უნარი აქვს, რომ ეს უპირატესობა წარმატებად აქციოს, ჭკვიანი ადამიანების მოზიდვის მეტი შანსი უჩნდება. შესაბამისად, იზრდება ამ ადგილის მიმზიდველობაც, რაც, თავის მხრივ, მეტ ჭკვიან ადამიანს იზიდავს.
ეს ბუნებრივი წრეა. ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში კონკურენტული ჩვევების მქონე მუშახელი გარდაიქმნება მოტივირებულ, შემოქმედებით და რაციონალურ თანამშრომლად. ის რეგიონები, რომლებიც ასეთი ტიპის ნოვატორების მიზიდვას ვერ შეძლებს, გლობალურ ბაზარზე დაზარალდება.
ინოვაციისა და ადამიანური კაპიტალის განსაკუთრებული საჭიროება პირ ველ რიგში იმან მოიტანა, რომ ბევრი ფიზიკური პროდუქტი, რომელიც აქამდე ძვირი ღირდა, გაიაფდა. ხშირად ინოვაციური პროდუქტები უფრო ძვირი ღირს არა იმიტომ, რომ რომელიღაც კონკრეტული პროდუქტია, არამედ იმიტომ, რომ ამ პროდუქტს მომხმარებლისთვის ექსკლუზიურად ახალი რამის შეთავაზება შეუძლია. შესაბამისად, პროდუქტის ღირებულების დიდი ნაწილი მოდის მათზე, ვინც ინოვაციურ მიდგომებს ნერგავს.
კარგი მაგალითია iPhone-ი. ამ მობილურის 634 ნაწილი შენჟენში, ჩინეთში ეწყობა იმიტომ, რომ იქ მუშახელი უფრო იაფია. თუმცა ღირებულება, რომელიც იქ იქმნება, დაბალია, რადგან ამ ტიპის სამუშაოს სხვაგან, ნებისმიერ ადგილას შეასრულებენ. ამ მობილურის მთავარ ღირებულებას ქმნის თავდაპირველი იდეა, უნიკალური ინჟინერინგი და ინდუსტრიული დიზაინი.
თუმცა წარმატებიდან სარგებელს მხოლოდ ნოვატორები არ იღებენ. ცოდნის ეკონომიკურ ჰაბს ორი დადებითი გვერდითი ეფექტი აქვს: მეტი სამუშაო ადგილი ყველა სექტორში და უფრო მაღალი ანაზღაურება ყველასთვის.
კვლევები აჩვენებს, რომ იმ ადამიანების ანაზღაურება, რომლებიც ისეთ ქალაქებში მუშაობენ, სადაც ინოვაციაზე დიდი მოთხოვნაა, უფრო მაღალია: ისინი, ვინც იდენტურ სამუშაო ადგილებზე მუშაობენ, ოღონდ ქალაქში, სადაც ინოვაციური მიდგომები ნაკლებად ინერგება, ორჯერ ნაკლებ ხელფასს იღებენ. რამდენადაც ეს ნაპრალი იზრდება ქალაქებს შორის, იმდენად უფრო მნიშვნელოვანი ხდება გეოგრაფიული მდებარეობა.
კიდევ ერთი დადებითი გვერდითი ეფექტი სამუშაო ადგილების შექმნაა. ინოვაციური მიდგომების დანერგვას მულტიპლიკატორის ეფექტი აქვს. ეს ნიშნავს, რომ იგივე iPhone-ის მაგალითზე, კომპანიას ჰყავს 13 ათასი თანამშრომელი და თავის რეგიონში კიდევ 70 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის გენერირებას ახდენს. ეს სამუშაო ადგილები იქმნება იმის მიხედვით, თუ ახალი პროდუქტის პირობებში რა დამატებით სერვისებზე ჩნდება მოთხოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულ მდებარეობას წარმატების მიღწე ვის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, უკეთესი შესაძლებლობების ძიებისთვის თავის დაბადების ადგილს ყველა არ ტოვებს. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: განათლების ხარისხი და გადაადგილების ხარჯი.
კვლევები აჩვენებს, რომ ვინც უკეთეს განათლებას იღებს, უფრო მობილურია, ვიდრე ისინი, ვისი განათლებაც საშუალო დონეს არ აღემატება. ნოტრ დამის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, კოლეჯდამთავრებულ სტუდენტთა 45%25 30 წლის ასაკამდე ტოვებს იმ შტატს, სადაც დაიბადა. სკოლადამთავრებულების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 27%25-ია, ხოლო მათ შემთხვევაში, ვინც სკოლა ვერ დაამთავრა - მხოლოდ 17%25.
კარგი განათლების მქონენი უფრო მობილურები იმიტომაც არიან, რომ ჯერ ერთი, შედარებით მაღალი ანაზღაურება აქვთ და მათთვის ადვილია სხვაგან წასასვლელი ხარჯების დაფარვა. და მეორე - ძალიან ხშირად, მათი გადაბარგების ხარჯებს თავის თავზე დამსაქმებელი იღებს.
დაბალი ანაზღაურების მქონე ადამიანისთვის ძნელია სხვაგან ცხოვრების როგორც პირდაპირი, ისე ირიბი ხარჯების დაფარვა. ირიბ ხარჯებში შედის ისინი, რომელთა გაღებაც მოუწევს ახალ თანამშრომელს ახალ ადგილას დასაფუძნებლად მანამ, სანამ პირველ ხელფასს აიღებს.
ამერიკელებისთვის უკეთესი სამუშაო ადგილების მთელი ქვეყნის მასშტაბით ძიება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმის ყველაზე შესაფერის ადგილას გამოყენება სიახლე არ არის. დღეის მდგომარეობით, ამერიკელთა 33%25 არ ცხოვრობს იქ, სადაც დაიბადა. 1900 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 20%25-ით არის გაზრდილი. ამ მობილობას ასახავს ის ფაქტიც, რომ ამერიკელთა დაახლოებით ნახევარი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ საცხოვრებელს იცვლის. ევროპელები პირიქით, უფრო ხშირად თავიანთი ოჯახების ახლოს სახლდებიან და მთელ ცხოვრებას იქ ატარებენ, სადაც დაიბადნენ.
Eurostat-ის 2012 წლის აგვისტოს მონაცემებით, ევროკავშირის 27 ქვეყანაში უმუშევრობის საშუალო დონე 10.5%25, ხოლო ამერიკაში 8.1%25-ია.
![]() |
21 FACEBOOK-ის ძებნა-ძიება |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგი
ვახო ელერდაშვილი
გასული წლის მიწურულს გამომცემლობა Princeton University Press-მა ჯონ მაკკორმიკის წიგნი გამოსცა. წიგნი ადამიანების და კომპიუტერების ურთიერთობაზე მოგვითხრობს და შესაბამისი სათაურიც აქვს: „ცხრა ალგორითმი, რომლებმაც შეცვალეს მომავალი”. ავტორი წიგნის შესავალში აღნიშნავს, რომ ალგორითმების ზღვა რაოდენობაში, რომლებმაც დიდი კვალი დაამჩნიეს მეცნიერებისა და ტექნიკის მრავალ სფეროს, შეეცადა ამოერჩია ის ცხრა, რომლებმაც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება შეცვალეს. ასეთ ალგორითმებს შორის წიგნის ავტორმა ინტერნეტში საძიებო გვერდების რანგირების, ე.წ. PageRank-ის და მონაცემთა დიდ რაოდენობაში კანონზომიერებების დადგენის, ე.წ. Pattern Recognition-ის ალგორითმები შეიყვანა. ბოლო წლებში სწორედ ამ ალგორითმების დახვეწისა და სრულყოფის წყალობით გახდა შესაძლებელი გვცოდნოდა მეტი, ვიდრე ვიცოდით და, ამავდროულად, მოგვეპოვებინა საჭირო და ზუსტი ინფორმაცია უფრო მალე, ვიდრე ეს მანამდე იყო შესაძლებელი.
1990-იანი წლების ბოლოს PageRank-ის ალგორითმმა რევოლუცია მოახდინა ინტერნეტში, მისი ავტორები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინიკი Google-ის გურუებად აქცია. ამავე იდეამ სოციალური ქსელის გრაფის შექმნისკენ უბიძგა მარკ ცუკერბერგს და ასე იშვა ინტერნეტში მეორე გიგანტი - Facebook! ამ ალგორითმის მუშაობის პრინციპი მოკლედ და გასაგებად რომ ავხსნათ, შემდეგია: ქსელის შემადგენელ ელემენტებს წინასწარ ენიჭება კოეფიციენტები იმის მიხედვით, თუ რამდენი მათგანია დაკავშირებული კონკრეტულთან და შემდეგ, სასურველი ელემენტის ძიებისას, დაკავშირებული ელემენტების რაოდენობის მიხედვით ირკვევა რიგითობა − ყველაზე პოპულარული გამოდის თავში და ყველაზე უცნობი ბოლოში.
თუ Google-ში ვეძებთ „ლოლიტა”-ს, მოძებნილ ლისტში პირველი ნაბოკოვის რომანი იქნება და არა პორნო საიტები, როგორც ამას საძიებო სისტემა Altavista აკეთებდა ბნელ 90-იანებში. Facebook-შიც ანალოგიურად, თუ ვეძებთ „გოდერძი მახარაშვილს”, ჯერ მოგვიძებნის იმ პიროვნებას, რომელიც უფრო პოპულარულია სოციალურ ქსელში (Page Rank-ის შესაბამისად) და შემდეგ ქალაქ გურჯაანის მკვიდრებზე გადავა, რომელთაც სულ 100-200 მეგობარი ჰყავთ სიაში.
PageRank-ის აპრობირების შემდეგ, ბოლო წლებში Facebook-სა და Google-ს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა Pattern Recognition-ის ველზე, თუმცა ბოლო დრომდე Google-ი აქტიურად არ ერეოდა სოციალურ ქსელში, Facebook-ი - კი ძიებას ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. Google+ ის შექმნის შემდეგ ბალანსი დაირღვა და Facebook-მა გადაწყვიტა მთავარ კონკურენტს ძებნაში შეჯიბრებოდა.
სექტემბერში სან-ფრანცისკოში გამართულ პრესკონფერენციაზე მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, Facebook-ის გუნდი უახლოეს ხანში სოციალური ქსელის მომხმარებლებზე ორიენტირებულ საძიებო სისტემას შემოგთავაზებთო. ასევე დასძინა: „საძიებო სისტემის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს კითხვაზე გასცეს პასუხი. ისეთი შეკითხვები კი, რომელსაც თქვენი Facebook-ელი მეგობრები უკეთესად უპასუხებენ, ვიდრე რანგირების ალგორითმი, ძალიან ბევრია”.
სან-ფრანცისკოში ისიც აღინიშნა, რომ PageRank-ის საძიებო ალგორითმი შემოსაზღვრულია. მას არ შეუძლია გვიპასუხოს, თუ რომელ ავტორს ანიჭებენ უპირატესობას ჩვენი უახლოესი მეგობრები. არ შეუძლია მოგვიძებნოს ადამიანები, რომლებიც პრადოს მუზეუმში მუშაობენ და ა.შ. ცუკერბერგმა თქვა, რომ ძიების ფუნქციონალობის გამრავალფეროვნება რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. მან ისიც აღნიშნა, რომ Activity Log-ში უკვე დაემატა მომხმარებლის წარსული კომენტარებისა და სტატუსების ძიების ფუნქცია, რომელიც სულ მოკლე ხანში ყველა მომხმარებელს გაუაქტიურდება. შემდეგი ეტაპი Like-ებით და მომხმარებლების აქტივობის შეჯამებით მიღებული ინფორმაციის ძიება იქნება... როგორც ჩანს, მომავალ წელს Facebook-ი ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს. საინტერესოა რას უპასუხებს Google-ი?!
![]() |
22 ყალბი და ნამდვილი |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ტფილისი,
17 ოქტომბერი
ლოღიკა თითქო ბაჟს რასმე ემალებაო, სადღაც გაექცა, სადღაც დაეკარგა ადამიანსა, ღრმად დაკვირვება არ არის საჭირო კაცმა დაინახოს, რომ ადამიანის ჭკუას რაღაც გაუტყდა, ბუნებური მართულები მოეშალა, რაღაც სალტე არ მოჰშვებია, ანუ უფრო მეტად წასჭერია, რაღაც სოლი ამოვარდნია და ძირით თხემამდე თავი და ბოლო დაჰბნევია. კაცს ეხლანდელ დროში ვერა გაუგია რა, ვერა გამოურკვევია რა, ხედვით ერთსა ჰხედავს, სმენით სულ სხვა ესმის. არის ერთი არეულობა.
იპარვენ პატიოსნების სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად პატიოსნება და სად მპარაობა?
აბეზღებენ და ცილსა სწამებენ გულმტკივნეულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ცილი და ბეზღი და სად გულმტკივნეულობა?
ჰღალატობენ საქმეს, ჰღალატობენ ერთმანეთსა ერთგულობის სახელით და არავინ ჰკითხულობს: სად ღალატი და სად ერთგულობა?
სხვის ნაკლს, სხვის უბედურობას თვის ღირსებად, თვის ბედნიერებას თვის სიხარულად სთვლიან კაცთმოყვარეობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად სხვის ნაკლის და უბედურობის გამო სიხარული და ცეკვა და სად კაცთმოყვარეობა?
სტყუიან, ცრუობენ სიმართლის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ტყუილი და სად სიმართლე?
კაცს სამარცხვინო ბოძზედ ტყუილ- უბრალოდ გასაკრავად არა ჰზოგავენ, არ ჰთაკილობენ, და იძახიან კი, ადამიანის ღირსება, ადამიანობა ხელშეუხებელია, სათაყვანებელიაო და გამკითხავი არავინ არის: სად ტყუილ-უბრალოდ ადამიანის თავზე ლაფის დასხმა და სად ხელშეუხებლობა ადამიანის ღირსებისა?
ათასს ამისთანას ჩამოგითვლით, საცა თქმა საქმეს არ ებმის და საქმე თქმას არ ემსგავსება, არ ეთანხმება. ყველაფერი ეს ცარიელის სახელით გადის და სახრავს კი არავინ დაგიდევთ. ფიცი სწამთ და ბოლო კი არავის აკვირვებს, თქმა ერთია და ქმნა სხვა. ნუთუ ამას არ ეთქმის, რომ ლოღიკა დაკარგულია, ხელიდამ წასულია, სადღაც ბარდებშია, განაბული?
ეს ყოფა და ამბავი დიდი ჭირია. ამ ჭირს კაცთა კერძო ცხოვრების ერთმანერთობაში ადამიანი კიდევ როგორც იქმნებოდა, ვაითა და ვაგლახით აიტანდა, გაუძღვებოდა. ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა. უიმისოდ იგი ერთს დღეს ვერ გაიჭაჭანებდა კაცთა შორის, ერთს დღესაც ვერ გააბამდა თავის სამაცდურო ბადესა კაცთა დასაჭერად. თუმცა ესეა, მაგრამ ეს ბოროტი, ეს ჭირი ასე თუ ისე ადვილად მოსანელებელია, ადვილად სახდელია, როცა შინობაში, ერთმანერთობაში ცალკე კერძო კაცი მოგვივლენს ხოლმე.
![]() |
23 ყველაზე მაღალი წმინდა ადგილი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
ხშირად უკითხავთ, თუ რატომ დადის ხალხი მთაში. სახელგანთქმულმა მთამსვლელმა ჯორჯ მელორიმ ამ კითხვას ალალად და ძალიან ლამაზად უპასუხა: იმიტომ, რომ მთები არსებობს.
უპასუხა: იმიტომ, რომ მთები არსებობს. 1953 წლის 29 მაისს, 11:30 საათზე ადამიანმა დედამიწის უმაღლესი მწვერვალიდან, 8848 მეტრზე აზიდული ევერესტიდან გადმოიხედა. ბრიტანული ექსპედიციის ახალზელანდიელმა წევრმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპმა თენსინგ ნორგეიმ პირველებმა დალაშქრეს პლანეტის ყველაზე მაღალი მთა.
გაისად ამ მოვლენის 50 წლის იუბილეა და სწორედ ამ თარიღს ვუძღვნით ჩვენს ახალ რუბრიკას: ტაბულა დროგამოშვებით შემოგთავაზებთ ისტორიებს მსოფლიოს ყველა რვაათასიან მწვერვალზე. ასეთი სულ თოთხმეტია. ყველაზე „ტანმორჩილი” 8027 მეტრი სიმაღლის შიშა პანგმაა. პირველი წერილიც სწორედ მას ეძღვნება.
* * *
„შიშა პანგმა არის მთა, რომლითაც მოწამლული ვარ.
ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, დაუვიწყარი გამარჯვებაც მიზეიმია და სიკვდილისთვისაც ჩამიხედავს თვალებში, მაგრამ მხოლოდ შიშა პანგმას მწვერვალზე ვიგრძენი ის, რამაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა - სწორედ იქ მივხვდი, რომ ამ უსასრულო, ულამაზესი და გასაოცარი სამყაროს უმცირესი ნაწილაკი ვარ. როცა მწვერვალზე ვიდექი და ეს გავიაზრე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. იმ წამებს რომ ვიხსენებ, ენითაუწერელი განცდა მეუფლება და მინდა, რომ ის არასდროს დასრულდეს. სწორედ ამ მოგონების, ამ შეგრძნების გამო მიყვარს შიშა პანგმა”, - ამ სიტყვებს სახელგანთქმული იტალიელი მთამსვლელის რაინჰოლდ მესნერის ავტობიოგრაფიაში ამოიკითხავთ.
შიშა პანგმა. ხედი ჩრდილო აღმოსავლეთიდან
მესნერი ალპინიზმის ლეგენდაა. ის პირველია, ყველა რვაათასიანი რომ დალაშქრა და ამავდროულად, პირველი, ვინც ეს მარტომ მოახერხა.
იტალიელი შიშა პანგმაზე 1981 წელს ავიდა. მთა, რომლის სახელის ზუსტი თარგმნა ვერავინ შეძლო, თავგადასავლების მოყვარული აპენინელი ავანტიურისტის საოცარ კარიერაში მეექვსე რვაათასიანი იყო.
შვეიცარიელი გეოლოგი ტონი ჰაგენი თვლიდა, რომ შიშა პანგმა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ღმერთების სავანეს”. თავის მოსაზრებას ის მთის ძირში, 4500 მეტრზე მდებარე ტბითაც ამყარებდა, სადაც ადგილობრივები დღესაც დადიან სალოცავად.
ტიბეტოლოგი გუნტრამ ჰაზოს აზრით, მწვერვალის სახელწოდების ყველაზე მართებული თარგმანია „ადგილი, სადაც კარგი საძოვრებია”. ჰაზო წლების მანძილზე ცხოვრობდა ნეპალში, კარგად იცნობდა ადგილობრივების წეს-ჩვეულებებს და რიტუალებს, თავის ვარაუდს კი ერთ- ერთი ლეგენდით ამყარებდა, რომლის მიხედვით წლების წინ, სუსხიან ზამთარში, ხალხი შიმშილით სიკვდილს სწორედ შიშა პანგმას ფერდობებზე კარგად ნაკვებმა საქონელმა გადაარჩინა...
დღეს რთულია რაიმეს მტკიცება და კაცმა რომ თქვას, ეს არცაა საჭირო. მით უმეტეს, რომ მთამსვლელთა წრეებში შიშა პანგმას ყველაზე ხშირად „წმინდა ადგილსაც” უწოდებენ. სანკრისტზე მთის სახელწოდებაა გოსაინთანი, რაც „წმინდა ადგილად” ითარგმნება...
XX საუკუნის 40-50-იან წლებში, როცა ალპინისტებმოანდომა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს შეუტიეს, შიშა პანგმას ყურადღებას არავინ აქცევდა. სხვადასხვა ქვეყნის ექსპედიციები მეტწილად ნანგა პარბატსა და ევერესტზე ეწყობოდა.
არაინჰოლდ მესნერი
შიშა პანგმას „აღმოჩენა” ტონი ჰაგენს უკავშირდება: 40- 50-იანი წლების შესაყარზე მან რამდენჯერმე იმოგზაურა ნეპალის საზღვრებთან, ამ მაღალმთიან რეგიონში, დამხმარე შერპებთან ერთად თითქმის 6 ათას მეტრზეც ავიდა, შეისწავლა გარემო და სამშობლოში დაბრუნებულმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ყველაზე დაბალ რვაათასიანს. მისდა სამწუხაროდ, შიშა პანგმათი მაშინ მხოლოდ რამდენიმე მეცნიერი დაინტერესდა.
პირველი სერიოზული ექსპედიცია წმინდა ადგილის და სალაშქრად ჩინელებმა 1963 წელს მოაწყვეს. თითქმის ასკაციანმა გუნდმა 7400 მეტრს უწია, მაგრამ ქარაშოტის და გაუსაძლისი პირობების გამო, ასვლა შეწყდა
ერთი წლის შემდეგ, 1964 წლის გაზაფხულზე, ჩინელები კიდევ უფრო დიდი გუნდით გამოჩნდნენ შიშა პანგმას ფერდობებზე - მწვერვალს თითქმის 150-კაციანმა ექსპედიციამ შეუტია. ალპინისტებმა წარმატებით მოაწყვეს საბაზო, ოთხი საშუალედო და უკანასკნელი, მეექვსე საიერიშო ბანაკი. 2 მაისს, გამთენიისას კი სამი გუნდით დაიძრნენ პიკისკენ.
ურთულესი გამოდგა პირველი წინაღობა, 50-გრადუსიანი დახრილობის ყინულის ფერდი, რომლის გავლასაც მთამსვლელებმა თითქმის ორი საათი მოანდომეს. ერთ- ერთ მოიერიშეს, ფუ-ჟუ ვანგს ფეხი დაუცდა და უძირო ნაპრალისკენ ჩასრიალდა, თუმცა თოკში ჩაბმულმა თანაგუნდელებმა დროულად დაიცვეს და გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს.
8 საათსა და 20 წუთზე, თითქმის ოთხსაათიანი ლაშქრობის შემდეგ, ჩინელებმა შიშა პანგმა დაიპყრეს: ჩენ იენ ჩანგმა, სან ჩენმა, ტიენ-ლიანგ ჩენმა, ფუ-ჟუ ვანგმა, ტუნგ იე ვუმ და ექსპედიციის ხელმძღვანელმა ჩინგ ჰსუმ პირველებმა შედგეს ფეხი 8027 მეტრზე აღმართულ პიკზე. მათთან ერთად იყო ოთხი დამხმარე შერპა: დოჯი, მიგმარ ტრაში, სოდნამ დოჯი და იონტენი. მთის წვერი იმდენად პატარა იყო, რომ ყველა ერთად ვერ გაჩერდა - მონაცვლეობით გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ჩინგ ჰსუმ ქვემოთ დარჩენილ ექსპედიციის წევრებს რადიოკავშირით ახარა გამარჯვება, შემდეგ ყველანი საიერიშო ბანაკში დაეშვნენ, ორი დღის შემდეგ კი საბაზოში ჩავიდნენ.
უცნაურია, მაგრამ ყველაზე დაბალი რვაათასიანი უკანასკნელი „დანებდა” ადამიანს. სიმბოლური კი ისაა, რომ მთამსვლელებმა თოთხმეტივე რვაათასიანის დაპყრობას ზუსტად თოთხმეტი წელიწადი მოანდომეს. უმაღლეს მწვერვალთაგან პირველი, 8091 მეტრზე აზიდული ანაპურნა ალპინისტებმა 1950 წლის 3 ივნისს დაიმორჩილეს...
შიშა პანგმა პირველად ჩინელებმა დაიპყრეს
დღეს შიშა პანგმაზე პირველამსვლელი ჩინელების გაკვალული მარშრუტი კლასიკურადაა მიჩნეული და ჩრდილოეთის გზა ეწოდება.
აზიელთა ამ წარმატების შემდეგ შიშა პანგმაზე სრულმა მდუმარებამ დაისადგურა - მთამსვლელები მხოლოდ 70- იანი წლების მიწურულს დაუბრუნდნენ წმინდა ადგილს, მეორე ჯგუფი კი, რომელმაც უმაღლესი პიკიდან გადმოიხედა, გერმანელების იყო. მათ შიშა პანგმა ჩინელების გზით 1980 წლის 7 მაისს დაიპყრეს.
რვაათასიანებს შორის ეს მწვერვალი ყველაზე იოლად დასალაშქრად ითვლება, მასზე ასულთა რაოდენობამ კარგა ხანია რამდენიმე ასეულს გადააჭარბა, მაგრამ შიშა პანგმაზე ლაშქრობების ისტორიას ტრაგედიებიც ახსოვს. მსხვერპლის გარეშე ჯერ არცერთი მწვერვალი არ დანებებია ადამიანს და გამონაკლისი არც წმინდა ადგილია: სადღეისოდ მასზე გარდაცვლილთა რაოდენობა ოცდაოთხია.
პირველი, ვინც ამ მთის კალთებზე დაასრულა სიცოცხლე, შვეიცარიელი ფრიც ლუხშინგერი იყო: 1983 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 7500 მეტრზე მყოფმა, უჟანგბადობას ვერ გაუძლო და ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. რამდენიმე მთამსვლელი გადაცივებას ემსხვერპლა, ზოგი ნაპრალებში გადაიჩეხა, უმრავლესობა ზვავმა შეიწირა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დღემდე უგზო- უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან. მაგალითად, გერმანელები ვერნერ ბრაუნი, ვერნერ მაიხნერი, გიუნტერ ზემლერი და კარლ-ჰაინც ტიელე საიერიშო ბანაკიდან მშვიდობით გავიდნენ, მაგრამ შემდეგ აღარავის უნახავს. ისინი მწვერვალის მისადგომებთან 1991 წლის 22 მაისს დაიკარგნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მათი ბედი სლოვაკებმა, შტეფან სლუკამ და მარეკ ჰუდაკმა გაიზიარეს, ასევე რუსმა სტას კრილოვმა - მათ ასავალ-დასავალს დღემდე ვერავინ მიაგნო...
2005 წლის 15 იანვარს შიშა პანგმას ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა: პოლონელი პიოტრ მორავსკი და იტალიელი სიმონე მორო გახდნენ პირველნი, რომლებმაც 8027 მეტრს ზამთარში უწიეს.
2011 წლის 16-17 აპრილს შვეიცარიელმა უელი შლეკმა კიდევ ერთი საინტერესო მიღწევით გაამდიდრა მწვერვალის ისტორია: 5306 მეტრზე მოწყობილი საბაზო ბანაკიდან მწვერვალამდე და უკან, გზა 20 საათში გაიარა! თან, ეს ყველაფერი მარტომ შეძლო.
შიშა პანგმას დამპყრობთა ჩამონათვალში ორ ქართველსაც შეხვდებით. გია თორთლაძემ და მერაბ ნემსიწვერიძემ ყველაზე დაბალი რვაათასიანიდან 1992 წლის 10 ოქტომბერს გადმოიხედეს.
იმ შემოდგომით წმინდა ადგილს ევრაზიის მეკლდეურთა და ალპინისტთა კავშირის საერთაშორისო ნაკრებმა შეუტია, რომელიც მეტწილად პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთამსვლელებით იყო დაკომპლექტებული. თორთლაძე და ნემსიწვერიძე მწვერვალისკენ 10 ოქტომბერს, დილით დაიძრნენ სამ იაპონელთან ერთად. მაშინ, როცა უმაღლეს წერტილამდე დაახლოებით საათის სავალი გზა რჩებოდა, იაპონელებს საბაზო ბანაკიდან მოახლოებული ქარიშხლის შესახებ ამცნეს. მცირე თათბირის შემდეგ აზიელები დაეშვნენ, ქართველებმა კი ჰორიზონტს გახედეს, საშიში ვერაფერი შენიშნეს და გზა განაგრძეს. მალე მწვერვალსაც უწიეს, მაგრამ ეს გამარჯვება კინაღამ ძვირად დაუჯდათ: დაშვებისას საშინელმა ქარიშხალმა მოუსწროთ და კარგა ხანს ბრმად მიიწევდნენ საიერიშო ბანაკისკენ.
1992 წლის 10 ოქტომბერს შიშა პანგმა ევრაზიიის გუნდის ექსპედიციიდან მხოლოდ ქართველებმა დალაშქრეს.
ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, 1996 წლის 10 ოქტომბერს გია თორთლაძე მეორედ ავიდა ამ მწვერვალზე. ის კვლავ საერთაშორისო ექსპედიციის წევრი იყო, მასთან ერთად კი შიშა პანგმა ექვსმა რუსმა, სლოვაკმა და ესპანელმა ალპინისტებმა დაიპყრეს.
მას შემდეგ ქართველები წმინდა ადგილზე აღარ გამოჩენილან.
![]() |
24 რუსეთი 2018:11ქალაქის 12 სტადიონი |
▲ზევით დაბრუნება |
ფეხბურთი|სპორტი
ლაშა გოდუაძე
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერთან ერთად 29 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში ტურნირის მასპინძელი ქალაქები დაასახელეს.
ექვსი წლის შემდეგ ფიფას ოქროს თასის გათამაშებას მოსკოვის, სანკტპეტერბურგის, კალინინგრადის, ნიჟნი ნოვგოროდის, ყაზანის, სამარის, სარანსკის, ვოლგოგრადის, როსტოვის, სოჭისა და ეკატერინბურგის 12 სტადიონი უმასპინძლებს. დედაქალაქში თამაშები ორ არენაზე გაიმართება: ლუჟნიკებზე და სპარტაკის მშენებარე სარბიელზე.
„მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე საუბარი ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ასეა ახლაც - ჩვენ საორგანიზაციო კომიტეტთან შესანიშნავად ვთანამშრომლობთ და რაც მთავარია, დასახულ გეგმას თითქმის ერთი წლით ვუსწრებთ. მჯერა, რომ ეს მსოფლიო პირველობა ერთ- ერთი საუკეთესო იქნება! დღეს, როცა ვუცქერდი, თუ როგორ ხვდებოდნენ გულშემატკივრები თავისი ქალაქის გამარჯვებას, კიდევ ერთხელ ვირწმუნე: ხალხს ერთი იდეის გარშემო არაფერი აერთიანებს ისე, როგორც ფეხბურთი!” - განაცხადა ბლატერმა.
საზეიმო ცერემონიალს მასთან ერთად რუსეთი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ქვეყნის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკოც უძღვებოდა. მათ ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გენერალური დირექტორი ალექსეი სოროკინი ეხმარებოდნენ. გადაცემაში, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, რუსეთის ნაკრების იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი რობერტო კარლოსი, ევროპის 1960 წლის პირველობის გამარჯვებული ვიქტორ პონედელნიკი და სხვა სახელგანთქმული სპორტსმენები თუ ხელოვანები მონაწილეობდნენ.
ზეპ ბლატერი ტურნირის მასპინძელ ქალაქებს ასახელებს
მასპინძელ ქალაქებს ფიფას პრეზიდენტი და ვიტალი მუტკო სპეციალური კონვერტების გახსნის შემდეგ ასახელებდნენ. შემდეგ პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ გამარჯვებულ ქალაქში შეკრებილი ქომაგები. პირველად სანკტ-პეტერბურგელებმა გაიხარეს, შემდეგ ეკატერინბურგი დასახელდა, მესამე სოჭი იყო, მეოთხე - ყაზანი...
უკანასკნელ, მეთერთმეტე მასპინძლად მოსკოვი დასახელდა. უდიდესი საფეხბურთო ტურნირის მიღმა დარჩა ორი კანდიდატი ქალაქი - კრასნოდარი და იაროსლავლი.
„გვინდა, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატმა მთელი რუსეთი მოიცვას. მასპინძლების არჩევისას მხოლოდ ფიფას კომისიის დასკვნა გავითვალისწინეთ. მოსკოვი ერთადერთია, სადაც თამაშები ორ სტადიონზე გაიმართება. გვსურს, რომ გახსნის ცერემონიალი და ფინალი, ასევე ერთი ნახევარფინალი დედაქალაქში შედგეს. მეორე ნახევარფინალის ჩატარებას სანკტ-პეტერბურგში ვგეგმავთ. ახლა საბოლოო სიტყვა ფიფას აღმასრულებელ კომიტეტზეა”, - განაცხადა ვიტალი მუტკომ.
„ჩვენი კომპანია ფიფასთან ათწლეულებია წარმატებით თანამშრომლობს. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ისეთივე მჭიდრო იქნება, როგორიც აქამდე იყო. რაც შეეხება რუსეთი 2018-ს, ჩვენ ამ ტურნირს მოუთმენლად ველით და გვჯერა, რომ ის არნახულად წარმატებული იქნება”, - განაცხადა ზორან ვუჩინიჩმა, კომპანია კოკა-კოლას პრეზიდენტმა რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში.
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების ოფიციალური პლაკატები ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე საზეიმო ცერემონიალის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა.
![]() |
25 გულჩვილი, შეუბრალებელი და დაუმარცხებელი როკო |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|კრივი
ირაკლი მაღრაძე
სპორტში არსებობს რიცხვები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. კალათბურთში 100 - უილტ ჩემბერლენის მიერ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების რეკორდს აღნიშნავს, ბეისბოლში 56 - ჯო დიმაჯიოს 56-ჯერ ზედიზედ სუფთად მოგებული თამაშია. კრივში ასეთი ორი ციფრია: 49 და 0 - როკი მარჩიანოს რეკორდი.
დიახ, როკი მარჩიანო ერთადერთი წაუგებელი მძიმეწონოსანია პროფესიონალური კრივის ისტორიაში. მან, 49 ბრძოლიდან, ყველა მოიგო, თან 43 - ნოკაუტით
როკო ფრენსის მარკეჯანო მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბროკტონში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მამის კვალზე წასვლა და სიკვდილის ბოლომდე ფეხსაცმლის ქარხანაში მუშაობა თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ 18 წლის ასაკში მოხდა ფაქტი, რამაც დიდი როლი ითამაშა მარჩიანოს, როგორც მოკრივის ჩამოყალიბებაში - როკო ჯარში გაიწვიეს. ბრიტანეთის ნაპირებთან, სხვადასხვა ბარებსა და პაბებში ჩხუბი ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად ექცა და ამ არაჩვეულებრივი მეთოდით ავითარებდა როკი მუშტი-კრივის ხელოვნებას. ამასთან, დაეუფლა ილეთებს, რომლებზეც არაფერი იცოდნენ კლასიკურ კრივში, მაგალითად, დაბლიდან დგომას. სწორედ საზღვაო ძალებში მსახურობისას დაიწყო დარტყმების დამუშავება წყალქვეშ, რასაც შემდგომში პროფესიული კრივის მატჩებისთვის მოსამზადებლად იყენებდა. დღემდე ითვლება, რომ ვარჯიშის ეს ფართოდ გავრცელებული მეთოდი, სწორედ მარჩიანომ შემოიღო.
ჯარიდან დაბრუნებულ როკის მძიმე სურათი დახვდა - ოჯახს, ფაქტობრივად, უსახსროდ უწევდა ცხოვრება. როკიმ კი, როგორც უფროსმა შვილმა, გადაწყვიტა თავად აეღო პასუხისმგებლობა მშობლებსა და და-ძმაზე. ძნელი სათქმელია, სიდუხჭირემ აიძულა ასეთი მიზანმიმართული გამხდარიყო, თუ სისხლში ჰქონდა ეს თვისება, მაგრამ ფაქტია - ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის აღნიშნავდნენ: მარჩიანო ყველაფერს თმობდა, გულის წასვლამდე ვარჯიშობდა, რომ შედეგისათვის მიეღწია.
„როკი, რატომ არ მიდიხარ სახლში? დაივიწყე კრივი. არასოდეს გამოგივა”, - კრივის მწვრთნელის, ჯო სარელის მიერ ნათქვამი ამ სიტყვების შემდეგ გავა 6 წელი და 1952 წლის 23 სექტემბერს მარჩიანო მძიმეწონოსანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. ამ 6 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, კარგიც და ცუდიც. ნომერ პირველად ყოფნა ბროკტონელი ბლოკბასტერისთვის (მარჩიანოს მეტსახელი) იოლი სულაც არ იყო.
რინგზე და მის გარეთ მარჩიანოს უამრავი სირთულის გადალახვა უწევდა. იტალიელი ემიგრანტების გარდა ყველა აკრიტიკებდა - იძახდნენ, რომ მისი ყოველი მატჩი სისხლიანი იყო, არ ჰქონდა ელეგანტური ბრძოლის მანერა, მაგრამ ეს არც არის გასაკვირი. 1.80 სიმაღლის როკი, მძიმე წონოსანისთვის საკმაოდ დაბალი იყო და ყოველ მატჩში უწევდა ამ ფიზიკური სისუსტის რაიმეთი კომპენსირება. საერთოდ, ჩემპიონს ჰქონდა უნიკალური თვისება, საკუთარი ნაკლი უპირატესობად ექცია. აქედან გამომდინარე, სიმაღლეში ჩამორჩენის კომპენსირებას ახლო ბრძოლაში მომაკვდინებელი მოკლე დარტყმებით ახერხებდა. მისი მარჯვენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნებისმიერი კომპლექციის მოკრივისთვის სასიკვდილო ხიფათს წარმოადგენდა. წყალქვეშ დარტყმების ვარჯიშს შემდგომში ტბაში უზარმაზარი ლოდების სროლაც რომ დაამატა, მკლავის მოქნევის სისწრაფეც გაეზარდა და... ეს ყველაფერი საკუთარ თავზე (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) 43-მა მოკრივემ გამოსცადა.
როკი მარჩიანო და მუჰამედ ალი
პროფესიული კარიერის დაწყების შემდეგ (1948) მარჩიანომ 16 ბრძოლა ჩაატარა ისე, რომ უკლებლივ ყველა მოწინააღმდეგეს აგემა ნოკაუტი. პრესაში უკვე იცოდნენ მასაჩუსეტსელი მძიმეწონოსნის შესახებ, რომელიც შეუბრალებლად ანადგურებდა ყველას.
მარჩიანოს მენეჯერმა ალ უაილმა მას გვარის შეცვლა მოსთხოვა, რადგან მარკეჯანო რთული წარმოსათქმელი იყო. სწორედ ასე გახდა როკო ფრენსის მარკეჯანო ჯერ როკი მაკი (Rocky Mack) და შემდგომში როკი მარჩიანო.
უნდა აღინიშნოს, რომ მარჩიანო ცხოვრების ასკეტურ სტილს მისდევდა. მისთვის უცხო იყო სიგარეტის, სიგარის თუ სასმელის გემო, რაზეც კოლეგები ხშირად ეხუმრებოდნენ ირონიულად, მაგრამ მან დისციპლინა ბოლომდე შეინარჩუნა. ხასიათით ძალიან კეთილი, გულღია და დადებითი ადამიანი იყო. მისი მწვრთნელი, ჩარლი გოლდმანი იხსენებდა: „როდესაც როკის პირველად შევხვდი, იმ წამსვე დავმეგობრდით, ანდა როგორ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო, ის ხომ მუდამ ძალიან გულიანად იღიმებოდა”.
ჯო ლუისი და როკი მარჩიანო
მისი ხასიათის ეს შტრიხები შემდგომში, 1949 წლის 30 დეკემბერს ნათლად გამოჩნდა. ეს იყო მარჩიანოს 24-ე ბრძოლა, რომელიც კარმაინ ვინგოს წინააღმდეგ გამართა. მეექვსე რაუნდში როკიმ ვინგო ნოკაუტში გაგზავნა, რის შემდეგაც ექიმმა ვერაფერი გააწყო და გათიშული მოკრივე საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც კომის დიაგნოზი დაუსვეს. მარჩიანოს მეგობარი ბრუნო ტატალია და მისი ძმა პიტერ მარჩიანო იხსენებდნენ, რომ ეს იყო გზაჯვარედინი მოკრივის ცხოვრებაში... „როკი არ იყო ბიჭი, რომელიც იტყოდა - ჰო, მე გავიმარჯვე, მას კი რაც უნდა ის მოსვლია. არა, ზუსტად მახსოვს მისი ემოციები და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კარმაინ ვინგოს ახლობლებზე მეტად როკი განიცდიდა. ეს იყო გზაჯვარედინი მის ცხოვრებაში, მან გააანალიზა, რომ შეეძლო სიცოცხლე წაერთმია მეტოქისათვის. ამ მომენტში მიხვდა, თუ რა იყო ნამდვილი კრივი და რა ზიანის მოტანა შეეძლო”. კარმაინ ვინგო ორი დღე იყო კომაში და ეს პერიოდი მარჩიანო მას გვერდიდან არ მოსცილებია. შემდგომში კი, როცა მოკრივე გონს მოვიდა, როკიმ მთელი იმ მატჩის ჰონორარი მეტოქეს გადასცა. ასეთი იყო როკი მარჩიანო რინგს გარეთ.
„მარჩიანო მოყვარულია. მე მას ნოკაუტში ჩავაგდებ”, - ეს მსოფლიოს ჩემპიონის ჯერზი ჯო უოლკოტის სიტყვებია. მასთან ბრძოლა როკისათვის ის ნანატრი საშუალება იყო, რომლისკენაც ამდენი ხანი, ასე რთულად მიილტვოდა - როკო ფრენსის მარკეჯანოს მოგების შემთხვევაში პირველად შეეძლო მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო. ფსონები ერთმნიშვნელოვნად უოლკოტის სასარგებლოდ იდებოდა. მოკრივის ძმა, ლუის მარჩიანო იხსენებს: „შიში? არა, როკის არ ეშინოდა. მე საერთოდ არ მგონია, რომ მას ვინმესი ეშინოდა. მახსოვს, უოლკოტთან ბრძოლამდე მე და ჩემი ძმა ქუჩაში ვსეირნობდით და ვკითხე: როკი, რას გრძნობ? უოლკოტი ხომ ასეთი სახელგანთქმული მოკრივეა, არ გეშინია წაგების? მან კი გამომხედა და მითხრა: ლუის, შენ მცირედი ეჭვი მაინც გაქვს, რომ მე ამ ბრძოლას წავაგებ? არა, მე ამას არ დავუშვებ!”.
ჯო უოლკოტი და როკი მარჩიანო
ჯერზი ჯო უოლკოტმა ერთმნიშვნელოვნად თავისი საუკეთესო ბრძოლა ჩაატარა მარჩიანოს წინააღმდეგ. პირველ რაუნდში მისმა მარცხენამ როკი ნოკდაუნში გაგზავნა - ეს იყო პირველი შემთხვევა მარჩიანოს კარიერაში, როდესაც ვინმემ მისი ნოკდაუნში გაგზავნა მოახერხა (ეს სულ ორჯერ მოხდა). როკი წამოდგა, გააგრძელა ბრძოლა, მაგრამ მეექვსე რაუნდში უცაბედად მხედველობა დაკარგა. „ვერაფერს ვხედავ”, - იძახდა მოკრივე, თვალებზე კი არაფერი ეტყობოდა. შედეგად, ორი-სამი რაუნდის განმავლობაში მან იმდენი დარტყმა მიიღო, რომ ქულებით მოგება გამოირიცხა.
ჩარლი გოლდმანმა, რომელიც მისი ერთგული მეგობარი და მწვრთნელი იყო, იცოდა, რომ ერთადერთი, რაც მარჩიანოს ამ ბრძოლაში გამარჯვებას მოუტანდა, იყო ნოკაუტი, ეს კი იმ სიტუაციაში არარეალურად ეჩვენებოდა. მეცამეტე რაუნდის ბოლოს, როდესაც როკი კუთხეში იჯდა და შემდგომი რაუნდისათვის ემზადებოდა, გოლდმანმა უთხრა: “უბრალოდ გადი და ყუმბარისებურად დაარტყი!” შემდეგ მოხდა ის, რასაც მძიმე წონის კრივის ისტორიაში ერთ- ერთ ყველაზე გამანადგურებელ ნოკაუტს უწოდებენ - მეთოთხმეტე რაუნდში როკი მარჩიანომ, თავისი საფირმო მარჯვენათი ერთი დარტყმით დაანარცხა მიწაზე ჯერზი ჯო უოლკოტი და მოიპოვა მძიმეწონოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რომელიც აღარავისთან წაუგია.
ამ მართლაც შესანიშნავ ბრძოლას წაბევრი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი ითქვა და დაიწერა. „საერთოდ არაფერი მახსოვს. ახლაც ვერ ვხვდები რა მომხვდა”, - ეს ჯ. ჯ. უოლკოტის სიტყვებია. უფრო მნიშვნელოვანი რამ კი ჯერზი ჯომ მარჩიანოს უთხრა: „მე მომწონდა ეს ტიტული. არ მსურდა მისი დათმობა, მაგრამ თუ ასე უნდა მომხდარიყო, მოხარული ვარ, რომ ეს შენთან ბრძოლაში მოხდა. შენ კარგი მებრძოლი ხარ და შესანიშნავი ჩემპიონი იქნები”.
ჯეკ დემფსის შემდეგ როკი მარჩიანო პირველი მოკრივე გახდა, ვინც თეთრკანიანებს იმედი ჩაუსახა. ხალხი ყოველთვის ადარებდა მას აფროამერიკელ კონკურენტებს, როკის კი ასეთი შედარებები არ აინტერესებდა - მისი კერპი იყო დიდი ჯო ლუისი, მოსწონდა არჩი მური და ჯერზი ჯო უოლკოტი, რომლებიც, პარადოქსია, მაგრამ სათითაოდ გაგზავნა ნოკაუტში.
ჯო ლუისი საერთოდ სხვა თემაა. მეორე მსოფლიო ომამდე ის მართლაც შესანიშნავი იყო - ნაციონალური გმირი. ბევრის აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო მოკრივეა. როდესაც ლეგენდამ მარჩიანოსთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა, როკი სიამოვნებით დათანხმდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ახლა მაინც გააჩუმებდა კრიტიკოსებს, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნაკლზე მიუთითებდნენ. ამის გაკეთება კი ძალიან რთული იყო. თავად განსაჯეთ: სიმაღლეში მარჩიანო ლუისს 8 სანტიმეტრით ჩამორჩებოდა, ხოლო წონაში - 12 კილოგრამით. მერვე რაუნდში როკიმ თავისი ბავშვობის კერპი ნოკაუტში გაუშვა. დიდი ჯო რინგის ბაწრებს შორის ისე გაეხვია, კინაღამ გადავარდა.
56 წლის წინ, 27 აპრილს, არჩი მურის ნოკაუტში გაგზავნის შემდეგ, როკი მარჩიანო კრივიდან წავიდა. მას უბრალოდ მიზანი აღარ ჰქონდა, არ არსებობდა მოკრივე, რომელსაც მისი დამარცხება შეეძლო. ექვსჯერ მოუწია ტიტულის დაცვა და ექვსივეჯერ მოახერხა, აქედან ხუთჯერ ნოკაუტით.
კრივიდან წასვლის შემდეგ მარჩიანო წარმატებული ბიზნესმენი გახდა.
1969 წლის 31 აგვისტოს, საკუთარ დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, თვითმფრინავმა, რომელიც როკო ფრენსის მარკეჯანოს ეკუთვნოდა, კატასტროფა განიცადა. როკი დაიღუპა
![]() |
26 ძალადობა, ქორწილი და მედიტაციები ბანალურ თემებზე |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ირინა ბაგაური
ღმერთების დაცემა
სხვა თუ არაფრით, 2012 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქართველ თეატრალებს ორი რამის გამო ნამდვილად დაამახსოვრდებათ: რამდენიმე გამორჩეული სპექტაკლით და იმ მანიფესტაციებით, რომლებიც ხშირად წარმოდგენების პარალელურად, თბილისის ქუჩებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ყველაფრისა, ფესტივალი წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით, 30 სექტემბერს დასრულდა. ტაბულა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი რამდენიმე სპექტაკლის შესახებ გიამბობთ.
21 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრში, პოლონეთის იან კოხანოვსკის სახელობის ოპოლეს თეატრის დასმა ლუკინო ვისკონტის ცნობილი გერმანული ტრილოგიის პირველი ფილმის „ღმერთების დაცემის” მიხედვით, ამავე სახელწოდების სპექტაკლი წარმოადგინა. ოპოლე პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პატარა საუნივერსიტეტო ქალაქია, რომლის არცთუ დიდი ტრადიციების მქონე, 1975 წელს დაარსებული იან კოხანოვსკის თეატრი, მასში მიმდინარე კრეატიულ- ინტელექტუალური პროცესების წყალობით, დიდ როლს თამაშობს ზოგადად ნაციონალური თეატრალური სტილის ჩამოყალიბებაში.
რეპერტუარმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა ოპოლეს ქვეყნის ყველაზე პროგრესული თეატრის სახელი მოუტანეს, რეჟისორი მაია კლეჩევსკა კი, რომლის წარმოდგენაც სექტემბერში, თბილისში თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იხილა ქართველმა მაყურებელმა, საერთაშორისო კრიტიკოსებმა პოლონეთის ყველაზე საინტერესო და პროვოკატორ რეჟისორად აღიარეს.
„ღმერთების დაცემა”, რომლის სიუჟეტიც კინოსცენარის სახით შექმნეს ლუკინო ვისკონტის ფილმისთვის ნიკოლა ბადალუკომ, ენრიკო მედიოლიმ და თავად ვისკონტიმ, არის ამბავი პრენაცისტური გერმანიის მდიდარი ბურჟუაზიული საზოგადოების - ფონ ესენბეკების ოჯახური დრამის შესახებ, რომელიც ძალაუფლებისთვის ბრძოლამ მორალურ და ფიზიკურ დეგრადაციამდე, სრულ განადგურებამდე მიიყვანა.
მაია კლეჩევსკას სპექტაკლი ვახშმის სცენით იწყება: რუხ კედლებიან და დიდჭაღიან სასადილო ოთახში დგას გრძელი მაგიდა, რომელიც სცენაზე ბრუნავს, ისმის მუსიკა და სუფრის გარშემო მსხდომი ოჯახის წევრები ბარონი იოაკიმ ფონ ესენბეკის დაბადების დღეს სრულიად უსიტყვოდ აღნიშნავენ. შემდეგ მუსიკა წყდება, მბრუნავი მაგიდა ჩერდება და ერთი შეხედვით ზომბირებული ადამიანები, რომლებიც ისე იყვნენ ვახშმობით გართულები, რომ ერთმანეთისთვის თითქოს არც კი შეუხედავთ, იწყებენ მოქმედებასა და ლაპარაკს, სცენაზე ცოცხლდება ამბები მანიაკალური ვნებებითა და ძალაუფლების მოხვეჭის სურვილით შეპყრობილ ადამიანებზე.
კლეჩევსკას სპექტაკლი თავზარდამცემი წარმოდგენაა, სადაც ვერაფერს იხილავთ წმინდას, ან ამაღლებულს. მისი პერსონაჟები ერთმანეთს ხოცავენ, აუპატიურებენ, ატყუებენ. აქ ბავშვებიც კი, რომლებიც უმანკოების სიმბოლოდ არიან მიჩნეულნი, ძალადობის მსხვერპლად გვევლინებიან. ისინი უდარდელად ცეკვავენ და თამაშობენ მიცვალებულის ხრწნადი გვამის გარშემო. გარემო, სადაც ისინი არიან, მახინჯი და სასტიკია.
ქორწილი
პოლონური „ღმერთების დაცემა” ერთგვარად არაჯანსაღი ურთიერთობების სააშკარაოზე გამოტანის მანიფესტს წარმოადგენს. მასში უხვად ნახავთ ძალადობას, პედოფილიას, ინცესტს. რეჟისორს ეს სცენები შემზარავად ცხადად აქვს გადმოცემული. წარმოდგენა, რომელსაც ორგანიზატორები თბილისში ჩამოტანამდეც გამოარჩევდნენ, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი ყველაზე შთამბეჭდავი და დამაფიქრებელი სპექტაკლი იყო.
ბელარუსის იანკა კუპალას სახელობის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა, 22 სექტემბერს, მარჯანიშვილის თეატრში ანტონ ჩეხოვის ერთმოქმედებიანი პიესის მიხედვით დადგმული „ქორწილი” წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისურა ეკუთვნის ახალგაზრდა, ნიჭიერ რუს შემოქმედს: რეჟისორს, მუსიკოსს, კომპოზიტორსა და მსახიობს - ვლადიმირ პანკოვს, რომელმაც სპექტაკლი 2009 წელს, საგანგებოდ მოსკოვის ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის დადგა.
ორსაათიანი წარმოდგენა მოგვითხრობს ერთი ანგარებიანი ქორწინების ამბავს, რომელიც უხვადაა გაჯერებული ტრაგიკომიკური ეპიზოდებით. სპექტაკლის მთავარი გმირი, სასაცილო ფატასა და მაქმანებიან კაბაში გამოწყობილი ყოვლად უშნო და სათნო პატარძალი დაშენკა წუთებს ითვლის „ბედნიერების” დადგომამდე. დედამისი - ნასტასია ტიმოფეევნა, სტუმრებს დიდი შუშის ქილით ხელში ელის, რომელიც საჩუქრად მოტანილი ფულის თავმოსაყრელად არის განკუთვნილი და თან საორგანიზაციო საკითხების მოგვარებითაა დაკავებული. „ბედნიერების მომტანი” სიძე - ეპამინონდ მაქსიმოვიჩ აპლომბოვი კი ვერ ახერხებს თავისი საქორწინო გარიგებით დაინტერესება დამალოს და ქორწილშივე აყენებს პირობებს.
კუნფუს გამოცხადება
სტუმრები გულის ფანცქალით ელიან მათთან თანხის სანაცვლოდ სტუმრად მისულ გენერალს, რომელსაც ზურგს აქცევენ და შეურაცხყოფას აყენებენ, როგორც კი გამოააშკარავებენ, რომ სინამდვილეში ერთი უბრალო მოხუცი და მეორე რანგის კაპიტანია. სპექტაკლის დასაწყისს მუსიკალურ ფონად სტრავინსკის დიაგილევის რუსული სეზონებისთვის შექმნილი ბალეტის, „ქორწილის” მუსიკა გასდევს, რომლის მძიმე, ავისმომასწავებელი ბგერებიც მაყურებელს თავიდანვე მიანიშნებს, რომ ამ სანახაობას არაფერი აქვს საერთო ქორწინების საკრალურ საიდუმლოსთან და ის კერპთაყვანისმცემლური რუსული რიტუალის გამოძახილი უფროა. სპექტაკლი ადამიანურ სულმდაბლობაზეა, მისი გმირები გამორჩენის სურვილით შეპყრობილი და გულუბრყვილოდ ცბიერი ადამიანები არიან. თუმცა, ამის მიუხედავად, თითოეული მხოლოდ თანაგრძნობას იწვევს და შეუძლებელია, რომელიმე მათგანზე გაბრაზდე
ქვეყნის უძველეს, 1920 წელს დაარსებულ იანკა კუპალას სახელობის თეატრს, ხშირად ბელორუსიის რესპუბლიკის მთავარ სცენადაც მოიხსენებენ. დასის მსახიობებმა 22 სექტემბერს უდავოდ მაღალი პროფესიონალიზმი წარმოაჩინეს და ბოლომდე დაიხარჯნენ მაყურებლისთვის. სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ რეჟისორ ვლადიმირ პანკოვის მიერ 2005 წელს შექმნილი მუსიკალური სტუდიის Soundrama- ს მუსიკოსებიც. თუმცა, ზოგჯერ საჭიროზე მეტმა მუსიკალურმა და საცეკვაო ნომერმა, ასევე გაწელილმა სცენებმა წარმოდგენა გააჭიანურა და მაყურებელი გადაღალა.
შთამბეჭდავი შოუ წარმოგვიდგინა ჩინურმა პოლი მენეჯმენტ ჯგუფმა. 24 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრში გამართული სპექტაკლი „კუნფუს გამოცხადება - 9 გრაგნილი” ცხრა ეპიზოდად არის დაყოფილი. ესენია: სიწმინდე, სუტრა, შრომისმოყვარეობა, სულიერება, მორჩილება, ფორმა, სიმშვიდე, თავდადება და სამოთხე. ეს გახლდათ ჩინური საბრძოლო ხელოვნებისა და ცეკვის ენით გადმოცემული მედიტაციური წარმოდგენა, გაჯერებული აღმოსავლური სიბრძნეებით, რომლის ამოკითხვაც მაყურებელს ეპიზოდებს შორის მედიტაციური მუსიკის ფონზე შეეძლო.
ზოგჯერ ბრძენიც ცდება
ცხრა გრაგნილის ეპიზოდები ბავშვობაში, მთვარიან ღამეში მოსმენილ ამბებს ჰგავს სიკეთესა და ბოროტებაზე. სპექტაკლის ერთ- ერთი გმირი არის მამა, რომელსაც ზურგზე ჰყავს შესმული პატარა ბიჭუნა, დაჰყავს ბრძოლის ველზე, მეომრებს შორის და ასე აცნობს ომებისა და ბრძოლების ამბებს, აზიარებს ცხოვრებისეულ სიბრძნეს, ასწავლის საკუთარ სულიერებაზე ზრუნვას.
სპექტაკლის მსვლელობისას ჩინელმა მსახიობებმა წარმოგვიდგინეს ურთულესი აკრობატული ილეთები. „ბრძოლა საჭიროა მშვიდობის მოსაპოვებლად, მედიმედიტაცია არის სიბრძნის თავმოყრა და აგრესიის გადატანა შემოქმედებაში”. მსახიობების შემოქმედებითი აგრესია კი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ წარმოდგენის მანძილზე მაყურებელს დროდადრო იპყრობდა შიშის გრძნობა - მსახიობებს, ზურგზე მთელი ძალით დანარცხებისას და თავზე შუბების გადატეხვისას, მძიმე ფიზიკური ტრავმა არ მიეღოთ.
უძრავი მოგზაურობა
თუმცა ფესტივალის საერთაშორისო პროგრამის ესთეტიკურად და სანახაობრივად ყველაზე შთამბეჭდავი და ლამაზი სპექტაკლი ალბათ მაინც 25 სექტემბერს, მარჯანიშვილის თეატრში წარმოდგენილი ფილიპ ჟანტის „უძრავი მოგზაურები” გახლდათ.
შვიდი მოგზაური, საოცრად მაღალი, გრძელფეხება სამი მამაკაცი და ოთხი ქალი მუსიკის ფონზე მოგზაურობენ დროსა და სივრცეში, ხან ტალღებს მიაპობენ მსხვრევადი, მყიფე ნივთებისთვის განკუთვნილი ყუთით, რომელსაც ლათინურად აწერია Fragile, ხანაც აფრიკულ უდაბნოებში ხვდებიან და პატარა უფლისწულივით რწყავენ ორმოებს, საიდანაც ბავშვები იზრდებიან.
წარმოდგენაში ყველაფერი დახვეწილი და სუნთქვის შემკვრელია: მუსიკა, სცენოგრაფია, მსახიობების პლასტიკა და ოსტატობა. დიდმა ფრანგმა რეჟისორმა, ქორეოგრაფმა და მეთოჯინემ, ჟან ფილიპ ჟანტიმ ამ სპექტაკლში სცენაზე გადმოიტანა თითქმის ყველა თეატრალური ფორმის სინთეზი: მის წარმოდგენაში ნახავთ პანტომიმას, მარიონეტებს, მსახიობები ცეკვავენ, მღერიან და საუბრობენ სხვადასხვა ენაზე: ფრანგულად, გერმანულად, აფრიკულ დიალექტზე, იტალიურად, ესპანურად და ქართულადაც კი.
მოქმედი გმირები ერთმანეთს ოკეანეში ძირავენ, მარხავენ, ეჩხუბებიან, ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ, ქვებს ესვრიან, ხანაც ერთმანეთს მუყაოს ქაღალდების მიღმა, ნაგვის გროვებში ეძებენ და მაინც, თითქოსდა არაფერია შემზარავი, ყველაფერი სასაცილოა. ხოლო მთავარი, რაც ამ სპექტაკლში უნდა დაინახო, მაინც სილამაზეა: როგორც წარმოდგენის ერთ- ერთი პერსონაჟი ამბობს: „იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერები, ბანალურ რამეებზე უნდა იფიქროთ”. იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერები, არასდროს დაივიწყოთ, რა მშვენიერია ეს სამყარო.
26 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში წარმოდგენილი ალექსანდრ ოსტროვსკის კომედია „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება”, ალბათ ერთი რიგითი უწყინარი წარმოდგენა იქნებოდა, რომ არა მის გარშემო ატეხილი პოსტ და პრე ისტერია. პრე იმიტომ, რომ წარმოდგენის მონაწილე და მთავარი გმირის - ეგორ გლუმოვის შემსრულებელი სერგეი ბეზრუკოვი რუსული თეატრის, კინოსა და სერიალების კაშკაშა ვარსკვლავია და ფესტივალში მონაწილე მსახიობებიდან ყველაზე უკეთ იცნობს ქართველი მაყურებელი. მისმა რენომემ ფეხზე დასადგომი ადგილიც კი აღარ დატოვა რუსთაველის თეატრში და იმ საღამოს, სპექტაკლზე მისულმა საზოგადოებამ, ტელეფონებით უპრეცედენტოდ მასშტაბური ფოტო და ვიდეოგადაღება ჩაატარა.
სპექტაკლის გარშემო ატეხილი პოსტ ისტერია კი ერთ-ერთ სცენაში, მსახიობის მიერ საკუთარი ყელზე მიბნეული ბაფთის ღეჭვამ გამოიწვია, რომლითაც დამსწრე საზოგადოების ნაწილის აზრით, ბეზრუკოვი ქვეყნის პრეზიდენტის, 2008 წლის აგვისტოს ომისდროინდელი კადრების იმიტაციას შეეცადა. ბაფთა მსახიობმა პირისკენ მას შემდეგ წაიღო, რაც ჯერ ქართულად წარმოთქვა პიესის ერთ- ერთი მოთარგმნილი ფრაზა: „ხელქვეითი უნდა იყოს მორცხვი და მთრთოლვარე”, რაც კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ მოსაზრების სისწორეს. თავად მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ეს ქმედება არაფერსაც არ ნიშნავდა და მეტიც, სურვილი აქვს, კიდევ შეხვდეს ქართველ მაყურებელს, უკვე სხვა სპექტაკლებით.
წარმოდგენამ ზუსტად გაამართლა ის პირობა, რაზეც შექმნისთანავე ჰქონდა პრეტენზია: ოლეგ ტაბაკოვის დადგმული სპექტაკლი არის იუმორისტული, ლაღი და მსუბუქი, კარგი მსახიობებით დაკომპლექტებული, ყოველგვარ სარეჟისორო მიგნებებს მოკლებული და გათვლილი უფრო ხანდაზმული ასაკის, ბრაზილიური სერიალების მოყვარულ მეოჯახეებზე, რომლებიც რუტინული დღეების გადასაგორებლად, საღამოობით, ტელენოველების ყურებით იქცევენ თავს.
2012 წლის ფესტივალს, ბუნებრივია, ჰქონდა ხარვეზები, აცდენილი, ან თუნდაც საერთოდ არგაშვებული ტიტრების, დაგვიანებით დაწყებული, ან პოლიტიკური ვითარებით გამოწვეული გადადებული სპექტაკლების სახით. პრობლემად რჩება საზოგადოების ნაწილის თეატრში მოქცევის ყბადაღებული თემაც. თუმცა წლევანდელი პროგრამის რამდენიმე წარმოდგენამ მაყურებელს ნამდვილად დაამახსოვრა თავი, რაც ნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უდავოდ ძალიან კარგი პროექტია და მაყურებელსაც სხვა არაფერი დარჩენია, მეტი კარგი სპექტაკლის ნახვის იმედით, წარმატება უსურვოს მის ორგანიზატორებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, ნოემბრის თვიდან იწყებენ ხოლმე მომდევნო წლის ფესტივალისთვის მზადებას.
![]() |
27 New. ქაოსური ოდისეა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|თეატრი
ნინა ახლოური
ქაოსური ოდისეა
სცენის წინა ნაწილში ორ ადამიანს ვხედავთ - სარწეველაში მჯდომ, უცნაურად ჩაცმულ ქალს და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ მამაკაცს. ქალი პროფესიით მსახიობია და თავი სარა ბერნარი ჰგონია. სევდიანად გამოიყურება, რადგან გამუდმებით თავის მიერ შესრულებულ ჯულიეტას როლზე და წარსულ დიდებაზე ფიქრობს. არანაკლებ უცნაური იდეებითაა შეპყრობილი კაცი. ის, არც მეტი და არც ნაკლები, პლანეტა ვანდერპრანდურიდანაა ჩამოფრენილი (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს) და სჯერა, რომ მის წასაყვანად აუცილებლად დაბრუნდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მას სახელი არ გააჩნია და მხოლოდ ნომერი აქვს (საკუთარ თავს წილად ცამეტს უწოდებს), „სარა ბერნარს” მასში სულ სხვა რამ აოცებს. ის შეძრწუნებულიც კი რჩება მას შემდეგ, რაც ვანდერპრანდურელი გამოუტყდება, რომ თეატრზე მხოლოდ ის იცის, რაც დედამიწის შესახებ კვლევით მასალებში ამოიკითხა და სპექტაკლზე არასოდეს ყოფილა. „როგორ შეგიძლია იცოცხლო თეატრის გარეშე?” - კითხულობს „ბერნარი” პათეტიკურად.
ამ შეკითხვაზე დედამიწელთა დიდ ნაწილს მარტივი პასუხი ექნებოდა, მათ შორის, ქართველებსაც - სპექტაკლებზე სიარული ყველას არ უყვარს, რაზეც ხშირად მეტყველებს ხოლმე ნახევრად შევსებული დარბაზები. თუმცა წილად ცამეტსაც ამ კითხვაზე არანაკლებ მარტივი პასუხი აღმოაჩნდა. მას შემდეგ, რაც ჩვენს პლანეტაზე მოხვდა, იძულებული გახდა ტელეპათიური არხი გაეთიშა, რადგან ადამიანები აქ ერთს ფიქრობენ და სულ სხვას ამბობენ, ორივეს მოსმენა კი მისთვის აუტანელი იყო.„ჩემს პლანეტაზე ყველა სიმართლეს ამბობს, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება თეატრი”, - ამბობს ის.
სახლი მ
პლანეტა ვანდერპრანდური ჩვენგან შორსაა. დედამიწაზე, რომელიც სხვა სისტემაში არსებობს, ადამიანებს ყოველთვის სჭირდებოდათ განსხვავებული გზების ძიება იმის გამოსახატავად, რასაც ფიქრობდნენ და გრძნობდნენ. მოლდოველი რეჟისორი, პეტრუ ვუტკერეუ ამას ელჩინის ნაწარმოების, „შექსპირის” დადგმით შეეცადა. თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლი აზერბაიჯანის ნაციონალურმა აკადემიურმა დრამატულმა თეატრმა ჩამოიტანა.
„შექსპირი” სევდიანი წარმოდგენაა იმის შესახებ, თუ რა მყიფე შეიძლება იყოს ზღვარი რეალურ და გამოგონილ სამყაროს შორის. ფსიქიატრიული კლინიკის მთავარი ექიმი იმდენად მარტოსულია, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობს. მეორე ექიმი ყოველ საღამოს პაციენტებს სოსისებს ჰპარავს და თავად არის სიგიჟის ზღვარზე... ამ სპექტაკლის ყველა პერსონაჟი უბედურია. აქ არის იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ძლიერ იტანჯება, ქალი, რომელსაც პიროვნების გაორება სჭირს და თავი საკუთარი ქმარი ჰგონია... ყველა უბედურია, ვანდერპრანდურელის გარდა, რომელიც „ბერნარის” დახმარებით, შექსპირის პიესებში უკვდავ ფასეულობებს და ჰარმონიას აღმოაჩენს. სიყვარულის და ბედნიერების ძიება ის თემებია, რაც მოძველებულად ალბათ არასოდეს ჩაითვლება, თუმცა დრამატურგიის და მსახიობების თამაშის თვალსაზრისით, სპექტაკლს ვერ ვუწოდებთ ვერც ექსტრაორდინარულს და ვერც დაუვიწყარს. გაზვიადებული დეკლამაცია და სტერილური ატმოსფერო ის ფაქტორებია, რაც თანამედროვე თეატრში სპექტაკლის სუსტ მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში New, შარშანდელთან შედარებით, წელს ნაკლები სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის ორგანიზატორმა, ეკა მაზმიშვილმა, შარშან აღნიშნა, რომ პროგრამა New-ს ყველა წარმოდგენა მაყურებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შესაძლოა, ბევრისთვის არც ისე საინტერესო იყოს იმ უცნობი სპექტაკლების ნახვა, რომელთაც საერთაშორისო აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვთ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფესტივალის ეს მიმდინარეობა თანდათანობით მის ერთ- ერთ ყველაზე საინტერესო კომპონენტად იქცა. საერთაშორისო პროგრამა New, გარდა იმისა, რომ ჟანრის თვალსაზრისითაც ძალიან მრავალფეროვანია, ახალი აღმოჩენების გაკეთების შესანიშნავ საშუალებასაც გვაძლევს.
ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენა იყო გაბრიელა მუნიოსის ჯამბაზის პერფორმანსი „იქნებ, იქნებ...”, რომელიც მაყურებელმა ძალიან თბილად მიიღო. უსიტყვო წარმოდგენა, რომელშიც მუნიოსი თავად თამაშობს, ერთდროულად სევდიანი და ძალიან მხიარული შოუა, რომელიც რომანტიკულ იდეალებზე გვაფიქრებს. წარმოდგენა ერთი ადამიანის მონაწილეობით დიდ სამსახიობო ხელოვნებას და ენერგიას ითხოვს, რასაც მექსიკელმა მსახიობმა შესანიშნავად გაართვა თავი.
იქნებ იქნებ
„ამ ნაწარმოების შექმნა იმან შთამაგონა, რომ ადამიანებს აღარ შეუძლიათ ნამდვილი კავშირების პოვნა ერთმანეთთან, რის შედეგადაც ისინი სასოწარკვეთილები მოქმედებენ. ეპოქაში, სადაც ქალი უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება. ვფიქრობ, არა მხოლოდ მარტოსულები, ზედმეტად პრეტენზიულებიც ვართ, თუმცა ჯერ კიდევ გვჯერა რომანტიკის... იმას, რომ სხვები გვაიძულებენ ვიცხოვროთ „წესებით” ბედნიერების მოსაპოვებლად, შეუძლია ხანდახან ჩვენი ნამდვილი მე გვაჩვენოს”, - ამბობს მუნიოსი.
სრულყოფილი მამაკაცის მოლოდინში, თეთრ კაბაში გამოწყობილი გრეტა ქორწილის ერთგვარ რეპეტიციას გადის, თუმცა, საბოლოოდ, მის წინაშე ჩნდება დილემა - შეუძლია რეალურ ადამიანს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ყველა მისი იმედის გამართლება თუ აჯობებს მარტო დარჩეს საკუთარ თავსა და წარმოსახვით „ნამდვილ სიყვარულთან” ერთად?..
სხვა სპექტაკლებისგან ჟანრობრივად განსხვავდებოდა ლუმინიტა ტისუს „სახლი მ”, რომლის სიუჟეტიც დოკუმენტურ სტილში იყო აგებული. ტისუმ აქცენტი საკმაოდ აქტუალურ საკითხებზე, გენდერულ პრობლემატიკასა და ოჯახურ ძალადობაზე გააკეთა. მძიმე წარმოდგენა, უფრო სწორად, ვერბატიმი, მაყურებელში ერთდროულად თანაგრძნობას და აღშფოთების განცდას იწვევს. მსახიობების საშემსრულებლო ხელოვნება შესაძლოა უფრო მაღალი დონისაც ყოფილიყო, თუმცა სპექტაკლი მაინც ახერხებს სერიოზული ვნებათაღელვის გამოწვევას - ეს ერთგვარი პროვოკაციაა, რაც სამშობლოში არცთუ უსაფუძვლოდ იქცა დებატების და დისკუსიების მიზეზად. „სახლი მ”-ს მიღებული აქვს გენდერული თანასწორობის პრიზი ქალების პოლიტიკური კლუბისგან 50/50.
პროგრამის შთამბეჭდავი მომენტი გახდა „ქაოსური ოდისეა” - ფანტასტიკური ჟანრის კაბარე შოუ. რეჟისორ მარია ნემიროვსკის ინოვაციურმა ინტერპრეტაციამ მითოლოგიური ოდისევსი იმ პერსონაჟად წარმოაჩინა, რომელთანაც დარბაზში მჯდომ მაყურებელს იოლად შეეძლო თავი გაეიგივებინა.
მოძრაობის თეატრმა „იშ” ისრაელიდან კარგად მოახერხა ტექსტის გარეშე პოეტური გარემოს შექმნა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილების მოხდენა, როგორც გასულ წელს ისრაელის კლიპას თეატრმა შეძლო, არც ისე იოლი აღმოჩნდა. ზოგადად, თანამედროვე ებრაული თეატრი, დახვეწილი ტექნიკითა და მართლაც ძალიან ინოვაციური მიდგომებით, დღეს ალბათ ერთ- ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და შესანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო ფესტივალი მასთან ახლოს გაცნობის საშუალებას ყოველ წელს გვაძლევს. ურიგო არ იქნებოდა, დრამატურგიის სფეროში ასეთი არატრადიციული ხედვა უახლოეს მომავალში ქართულ თეატრშიც გვენახა, ეს აუცილებლად გაზრდიდა თეატრის ახალგაზრდა (და არამხოლოდ) მაყურებლის კონტინგენტს. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში, თეატრალური ცხოვრების გამოსაცოცხლებლად, თბილისში ამ ფესტივალის ჩატარება ლამის ერთადერთ და ტრადიციულ გამოსავლად იქცა...
![]() |
28 მილანის კერვის ხელოვნება და პარიზის უშრეტი ფანტაზია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|FASHION
ანიტა ლებანიძე
Dolce & Gabbana
მ ილანის გაზაფხული-ზაფხული 2013 მოდის კვირეული კერვის და თარგის ხელოვნების დემონსტრირება უფრო იყო, ვიდრე მხოლოდ ავანგარდული ტანსაცმლის ჩვენება. მილანის წლევანდელ კვირეულზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სწორედ იტალიური წარმოება და მაღალი კლასის შესრულება მოექცა.
Fendi
სილვია ვენტურინი ფენდი ოჯახური ტრადიციის საამაყო გამგრძელებელია. მისმა დიდმა ბაბუამ 1925 წელს რომში დააარსა ტყავის ნივთების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2012 წლისათვის მრავალფუნქციურ, გლობალურ ლუქსკლასის ტანსაცმლის და აქსესურების ცნობილ ბრენდად გადაიქცა. მოდის სახლი უკვე მრავალი წელია კარლ ლაგერფელდთან თანამშრომლობს. ფენდი კვირეულზე გეომეტრიული მოდელებით წარდგა, სახლისთვის დამახასიათებელი მკაცრი, ბურჟუაზიული, მაგრამ ტრადიციაზე ორიენტირებული მასალებით. ცხელი სეზონის მიუხედავად, ნატურალური ბეწვი და ტყავი კოლექციის დიდ ნაწილს შეადგენდა.
Fendi
ახალი, აქამდე ტყავის დამუშავებაში უცნობი ტექნოლოგია „მარკეტრი” წელს უხვად იყო გამოყენებული - კომბინაცია, როდესაც ბეწვი მსუბუქია და სხვადასხვა ზედაპირთან იუველირული სიზუსტითაა შერწყმული, მართლაც შთამბეჭდავ ეფექტს ახდენდა. მოკლე ჭრელი ლაბადები და ბეწვით გაფორმებული ზედაპირები მოდის სახლმა ცნობილ ჩანთებთან ერთად წარადგინა.
Dolce & Gabbana
დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ კიდევ ერთხელ მიაკითხეს ინსპირაციისათვის მშობლიური მხარეს - ტაორმინას. ხელნაკეთი სუვენირები წელს ამ ბრენდისთვის დიდი მოგების მომტანი იქნება, თუკი ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და შავკანიანი ქალის სახე, რომელიც კოლექციაში დეკორატიულ მოტივადაა გამოყენებული, რასისტულ სკანდალს არ გამოიწვევს. დიზაინერებმა ჭილოფის ტომრებსა და ლერწმის კალათებთან ერთად მინსტრელის ფერწერული სახე ხან ტექსტილზე, ხან კი როგორც საყურე, ისე გამოიყენეს. მიუხედავად საჩოთირო თემისა, დოლჩე და გაბანას რეცეპტი - „კიტჩი აქციო თანამედროვე დიზაინად” - ჯერჯერობით გადასარევ შედეგს იძლევა. ამაზე კომპანიის გაყიდვები მეტყველებს.
Bottega Veneta
Bottega Veneta იმ ბრენდებს განეკუთვნება, რომელიც პროდუქციის ხარისხს უპირველეს ადგილზე აყენებს და ამ გზით პოულობს შემოქმედებით იმპულსს. მომავალი გაზაფხულისთვის ტომას მეიერმა რომანტიკული დაჩითული ქსოვილებისგან მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სილუეტი თხელ, ნახევრად გამჭვირვალე კაბებად შემოგვთავაზა. მისი პალიტრა წყნარი, თბილი და ცივი ტონების ნაზ ყვავილებიან ზედაპირებს წარმოადგენს. რომანტიკული კოლექცია მთლიანად კაბებისაგან შედგებოდა. მათი სიგრძე - მუხლს ქვევით - განსაკუთრებულ ელგანტურობას ჰმატებდა საერთო სურათს და ხარისხი, რომლითაც დამუშავებულია თითოეული დეტალი, მართლაც რომ სამკერვალო ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. განსაკუთრებით გამორჩეული იყო საღამოს კაბები, რომლებიც აბრეშუმისგან დამზადებული გვირილის ფორმის აპლიკაციებისგან შედგებოდა.
Prada
იაპონური თემატიკა დიდი ხანია უკვე მოდის ლექსიკონში ფიგურირებს - ორიგამი, კიმონო, მანგა, საკურა - მიუჩია პრადა არასდროს თანხმდება კონკრეტულ პარალელებზე. სწორედ ამიტომ, 60-იანი წლების ბოჰემური „მინი” სილუეტი იაპონურ თემებთან ფაქიზად შეაზავა და მილანის კვირეულზე ძლიერი, ქალური და, ამავე დროს, ტენდენციური კოლექცია წარადგინა. შავ ზედაპირზე წითელგულიანი ნაივური გვირილა აღმოჩნდა კოლექციის მთავარი მოტივი, რომელიც როგორც იაპონურ სტილს, ნინჯას წინდებს, ორიგამის ნაკეცებს და ახალგაზრდულ მოკლე სილუეტს ჰარმონიულად შეუერთდა. გამოყენებული მასალებიც მრავალფეროვანი გახლდათ - აბრეშუმი, ბეწვი, ჩითი და შალი.
პარიზის მოდის კვირეული ყოველთვის მაღალი კლასის სანახაობაა, აქ ახალი იდეების სანახავად იკრიბება მოდის სამყარო და წელიწდში ორჯერ აკვირდება, თუ როგორ ვითარდება ყველაზე კომერციული სფერო - მოდა.
Gareth Pugh
ნეოგოთიკა - ალბათ ეს არის ის ესთეტიკა, რომელშიც ბრიტანელი დიზაინერი გარეთ პიუ თავის ხაზს ანვითარებს. მისი მკაცრი ბრუტალური სტილი, სადაც ურბანული მეომარი ქალი ან ბნელი კომიქსების სამართლიანი ანდროგენი გმირი სულ უფრო მეტ ძალას იკრებს - რომანტიკული, ნაზი, ქალური ხდება. გაზაფხული-ზაფხულისათვის მოდელიორი თავის ჩვეულ აქრომატულ პალიტრას წითელს და ღია, თითქმის წყლისფერ ფერფლისფერს უმატებს. შედეგი - პოეტური ჰაეროვანი კაბები უცნაური, თანამედროვე მისტიკური სილუეტით.
Lanvin
უკვე იმდენი საინტერესო რამ გვაჩვენა ალბერ ელბაზმა, რომ ყოველ მომდევნო სეზონზე შიში გიპყრობს - ხომ არ იქნება ამჯერად მოსაწყენი და ძველი?! მაგრამ არა, ფიასკო ჯერ ძალიან შორსაა. მისი დრაპირებული კაბები, რომლებმაც ბოლო 5 სეზონია რევოლუცია მოახდინა თანამედროვე ქალის გარდერობში, კვლავ მოდაშია. ამჯერად მან უფრო წყნარი გრაფიკული ხაზები და ისევ 80-იანი წლების “ფუფუნება” სხვა კონტექსში - კოვბოის ჩექმის გარემოცვაში წარმოადგინა. მოკლე, ჰაეროვან კაბებს კი მოტოციკლეტისტის მსგავსი ქურთუკები ელეგანტურ შავ-თეთრ კომბინაციებში დაუმატა. შედეგი - მომავალი სეზონის უპირობო ჰიტი.
Céline
ფიბი ფილო სულ უფრო მეტი დამაჯერებლობით იპყრობს ელიტური მოდის ბურჟუაზიულ ნიშას. მისი მსუბუქად ფუტურისტული მოდელები ჰარმონიაშია მკაცრ, ურბანულ ესთეტიკასთან. წელს პრიალა ატლასის გამოყენება დიზაინერმა სხვადასხვა ფაქტურებთან ერთად სცადა. კვლავ დეკონსტრუირებული ტანსაცმელი გროტესკული დეტალებით და უცნაური გიგანტური ფეხსაცმელები, აშკარად სიურრეალისტურ ეფექტს ახდენს. სადა და ამავდროულად მდიდრული ტანისამოსი არაერთ ქალს მოხიბლავს.
Christian Dior
რაფ სიმონსმა დიდი წარმატებით განაგრძო კრისტიან დიორის ისტორიული სახლის ევოლუცია, რაც ოტ კუტურის სადებიუტო კოლექციით დაგვიდასტურა. გაზაფხული-ზაფხულის მზა ტანსაცმლის კოლექცია კი უკვე ახალ ადგილს მორგებული პოეტური მოდის ოსტატის ახალი იდეები გახლდათ. რაფ სიმონსი, ექსტრავაგანტური წინამორბედისგან განსხვავებით (ჯონ გალიანო), არაჩვეულებრივად ახერხებს ლეგენდარული ტრადიციები თანამედროვე კონტექსტში წარმოადგინოს. მის მიერ შექმნილი ტანსაცმელი რეალური ცხოვრებისთვის, თანამედროვე ქალისთვისაა. მსუბუქი, ნეოკლასიკური კოლექცია აგებულია ტრადიციული სილუეტის და არატრადიციული, ახალი სინთეტიკური ტექნოლოგიებით დამუშავებული ქსოვილების დისონანსზე. დღის ტანისამოსის გარდა, საღამოს ასიმეტრიული და ნაქარგიანი კაბები მომავალ სეზონზე აშკარად გარანტირებული წარმატებაა.
Bottega Veneta
Rick Owens
აბსტრაქტული მოდა რიკ ოუენსის დამსახურებაა. მოდა, რომელიც კონცეფციით არაა გადატვირთული, მაგრამ სავსეა შინაარსით. ის ბოლო სეზონების ახალი ლიდერია იოლი, ლაკონური ხელწერით და რაღაც იდუმალი ტრაგიზმით, რომელსაც ჩვენებებზე ძუნწი ხერხებით ასახავს. ამჯერად დიდი ნაცრისფერი კედლის ფონზე ჰაერში ქაფის გუნდები ცვიოდა. ამ ღრუბლის ფონზე გაქექილ ოქროსფერ, ღია კრემისფერ და ნაცრისფერ ჰაეროვან კაბებში მოდელები არქაულ ქალღმერთებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე 21-ე საუკუნის მოდელებს. სკულპტურული პრერაფაელიტების ეპოქის თმის ვარცხნილობა საერთო მისტიკურ სურათს ასრულებდა. წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, რიკ ოუენსმა ყველაზე „კეთილი”, აგრესიისაგან დაცლილი შოუ წარმოადგინა.