![]() |
ტაბულა №122 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კაპანაძე სერგი, ნოდია გია, ლომაია კახა, კახიძე ოთო, კბილაშვილი არჩილ, ტყეშელაშვილი ეკა, ხოშტარია ელენე, წულუკიანი თეა, გეგელია გრიგოლ, ჯანაშია სიმონ, მეგრელიშვილი ვახო, უგულავა სალომე, მერაბიშვილი ვანო, კვანჭილაშვილი ელენე, სამუშია ნათია, მამათელაშვილი არჩილ, ჩხიკვაძე ანი, ზუკაკიშვილი ქეთი, მაღრაძე ირაკლი, ოდიშარია გურამ, ტატიშვილი თამარ, ბაგაური ირინა, ახლოური ნინა, სუთიძე ლევან |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2013 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2013 | თებერვალი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძინა ივანიშვილი: თუ გინდათ გააცილეთ პრეზიდენტი, ხომ უფრო მეტად გიყვართ და გააცილეთ.
მიხეილ სააკაშვილი: უფრო მეტად რატომ ვუყვარვარ?
ძველით ახალი წელი საქართველოს საპატრიარქოში. 14 იანვარი
„მიუხედავად დიდი სურვილისა და ძალისხმევისა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებისა და ევროპელებისა, მე მეჭირა პრინციპული პოზიცია და ერთი ნაბიჯი უკან არ დაგვიხევია და ეს ახალი სიტყვა - კოჰაბიტაცია - იმ კუთხით, რა კუთხითაც სურვილი მათ გააჩნდათ, ჩვენთვის იყო მიუღებელი“.
განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სტუდია ობიექტივთან ინტერვიუში. 10 იანვარი
„მობილიზების ფაქტორი ექნება ტაბულას და არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება ინფორმაციის მიმწოდებელი და საზოგადოების ინფორმირებაზე მზრუნავი არხი“.
ზვიად ქორიძე, რადიო თავისუფლება, 14 იანვარი
„გუშინ საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ თურმე საქართველომ მოიგერია ამერიკის და ევროპის შემოტევა. ეს დაახლოებით იგივეა - დავით აღმაშენებლის დროს რომ ეთქვა რომელიმე ქართველს, ჩვენ მოვიგერიეთ ჯვაროსნების შემოტევაო. მაშინ დიდგორი კი არა, საქართველოც არ იქნებოდა, იმიტომ რომ ჯვაროსნები ედგნენ საქართველოს გათავისუფლების საქმეში“.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 12 იანვარი
„დიახ, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ ციხიდან გამოვიდნენ ნარკორეალიზატორები. ჩვენ, უმრავლესობას, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გვქონდა. მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ ციხიდან გამოვიდნენ ჯაშუშები, ეს არის გახმაურებული თემა. მიმაჩნია, რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ უნდა ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე“.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია მე-9 არხთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ამნისტიის კონკრეტულ მუხლებს არ ეთანხმება. 28 დეკემბერი
„მე მაინც ვთვლი, რომ დროებითი მინისტრი ვარ. დროებით ვარ საქართველოში. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ნაციონალური მოძრაობის ისე დამარცხება, რომ, მე არ მგონია, მათ პოლიტიკური მომავალი უმრავლესობაში ჰქონდეთ. ეს მე ძალიან მახარებს და ამისთვის ჩამოვედი მე საქართველოში“.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემა პრეს-პრესში, 16 დეკემბერი
„ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ერთმანეთს შევუთავსოთ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა და კარგი ურთიერთობა NATO-სთან, NATO-სკენ სწრაფვა?.. ვფიქრობ, ამის კარგი მაგალითი სომხეთია. სომხეთი ქართველებს კარგ მაგალითს აძლევს და მხოლოდ თეთრ შურს იწვევს. სომხეთს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ასევე აშშ-სთან და NATO-სთან“.
საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რადიო თავისუფლების სომხური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში. 17 იანვარი
„მე თვეების მიხედვით უნდა გავთვალო თითოეული სპორტის სახეობა, რომელიც შესაძლოა პოლიციელს გამოადგეს. ამ ყველაფერს მეცნიერულად განვახორციელებთ, ასეთია ჩვენი ნოვაციური მიდგომა“.
პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე ჟურნალ ლიბერალთან ინტერვიუში. 15 იანვარი
![]() |
2 საქართველოს ახალი მთავრობა და საგარეო პოლიტიკის 100 დღე |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
სერგი კაპანაძე
მალე ასი დღე გავა, რაც ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის მართვის სადავეები გადაიბარა. შევეცდები მოკლედ გავაანალიზო, თუ რა მოხდა ამ ასი დღის განმავლობაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, როგორია ტენდენციები და რა დასკვნების გამოტანა, თუ რჩევების მიცემა შეიძლება მთავრობისა და საგარეო პოლიტიკური გუნდისთვის.
პრემიერმინისტრი ივანიშვილი და ევროკომისარი ბაროზო
მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი პრიორიტეტები მთავრობის მიერ შენარჩუნებულია, თუმცა გარკვეული მნიშვნელოვანი პროცესები და გადაწყვეტილებები დროში იწელება. რამდენად პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ელჩების შეცვლა, ამას დრო და ახალი ელჩების ვინაობა გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, რომ ხელაღებით დიპლომატების შეცვლას ჯერ დადებითი შედეგი საქართველოსთვის არ მოუტანია და, სავარაუდოდ, არც მომავალში მოუტანს.
მივყვეთ თემატურად.
საქართველოს ურთიერთობები აშშ-სთან: 2012 წლის ბოლომდე ჩატარდა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი კავშირების, ეკონომიკური და ენერგეტიკული ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. ასევე შედგა ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ნიშანდობლივია, რომ ქართულმა მხარემ მოახერხა ამ სამუშაო ჯგუფების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ არც ისე ბევრი დრო გავიდა. მართალია, რამე კონკრეტული არ შეთანხმებულა, მაგრამ თავად კონსულტაციების პროგრესირების ფაქტიც პოზიტიურია. ამას დაემატა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში და აშშ-ის რამდენიმე მაღალჩინოსნის (ფილ გორდონი, ერიკ რუბინი, ტომ მელია) ვიზიტი თბილისში. საბოლოო ჯამში, ჩანს, რომ ურთიერთობები აშშ-სთან ნორმალურ კალაპოტშია.
ამ ვიზიტების პარალელურად, აშშ-მა შეინარჩუნა საკმაოდ მკაცრი რიტორიკა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ფილ გორდონმაც, ერიკ რუბინმაც და ჰილარი კლინტონმაც ღიად განაცხადეს, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით და არაორაზროვნად მიანიშნეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებების მიუღებლობაზე. აშშ-სთვის კოაბიტაციის წარმატება ცალსახა პრიორიტეტია.
ჯერჯერობით ახალი მთავრობა აშშ-ს ბოლომდე არ უსმენს და ვაშინგტონის რჩევებს სრულად არ იზიარებს. როგორც პრემიერმინისტრის უკანასკნელ ინტერვიუში იყო აღნიშნული, ბევრ საკითხზე აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა არსებობს, ხოლო მთავრობა ახერხებს გაუძლოს აშშ-ის წნეხს. სადამდე მიგვიყვანს ეს აზრთა სხვადასხვაობა და გამკაცრდება თუ არა აშშ-ის მხრიდან კრიტიკა, პირველ რიგში მთავრობის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
აშშ-სთან ურთიერთობების მიმოხილვისას ვერ გავექცევით პრემიერის განცხადებებს ვაშინგტონში ვიზიტის ჯერ წლის ბოლომდე ჩატარებასთან, შემდეგ კი მოუცლელობის გამო გადადებასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები, ჩემი აზრით, გამოუცდელობის ბრალი უფრო იყო და დარწმუნებული ვარ, ამერიკელი პარტნიორები მათ გაგებით მოეკიდნენ. მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ თუ პრემიერის ვიზიტი მართლა დაგეგმილი იყო, მაღალ დონეზე შეხვედრებიც (პრეზიდენტი, ან ვიცეპრეზიდენტი, კონგრესის ხელმძღვანელობა, სახელმწიფო მდივანი) შეთანხმებული და პრემიერმა ვიზიტი თავად გადადო, როგორც მინიმუმ, უცნაურად მოქცეულა. ხოლო, თუ შეხვედრები შეთანხმებული არ იყო (სავარაუდოდ, ასეც გახლდათ), მაშინ ყველაფერი ნათელია. თუმცა, საზოგადოებისთვის ამის გულწრფელად თქმა ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე და NATO-ს გენმდივანი რასმუსენი
აქვე ხაზგასასმელია, რომ საქართველო, სავარაუდოდ, მალე გამოცვლის აშშ-ში ელჩს და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს და აშშ-ის მომავალი ურთიერთობებისთვის. თემურ იაკობაშვილი იყო ერთ-ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე და NATO-ს გენმდივანი რასმუსენი საუკეთესო დიპლომატი, რომელიც საქართველოს უკანასკნელ წლებში ჰყოლია თავისი კონტაქტებით, გავლენით, ორგანიზაციული და დიპლომატიური ნიჭით და მისი შეცვლა არ იქნება მარტივი.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი შემდეგი ელჩი ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ძალაუნებურად შედარებული იქნება იაკობაშვილთან და მის საქმიანობასთან, შესაბამისად, პრემიერმინისტრისთვის მნიშვნელოვანი იქნება ისეთი დიპლომატის გაგზავნა, რომელიც იაკობაშვილს არ ჩამოუვარდება არც რანგით, არც გამოცდილებით და არც დიპლომატიური ნიჭით. ეს კი მარტივი საქმე არაა. ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ში საქართველოს საელჩო ქვეყნის დიპლომატიისთვის ერთ-ერთი სერიოზული ინსტიტუტია და მისი ძლიერი პოზიციებით შენარჩუნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირსა და NATO-სთან: საქართველომ ამ მხრივაც იგივე კურსი განაგრძო, რაც აქამდე ჰქონდა. თითქმის ყველა დაგეგმილი შეხვედრა და ვიზიტი შედგა, ჩატარდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო, განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები როგორც ბრიუსელში (პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი), ისე თბილისში (ქეთრინ ეშტონი). ევროკავშირის მხრიდან გზავნილებიც დაახლოებით ისეთივეა, როგორც აქამდე იყო - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერა 2013 წლის ბოლომდე და ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დასაწყისი.
ამ ეტაპზე ჩანს, რომ ჭიანურდება ევროკავშირის საშინაო საქმეების კომისრის, სესილია მალსტრომის ვიზიტი საქართველოში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ ვიზიტის დროს უნდა მოხდეს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გადმოცემა. ვიზიტი ჯერ დეკემბრის დასაწყისისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ დეკემბრის ბოლოსთვის გადაიდო, შემდეგ იანვრის ბოლომდე გადაიწია, ახლა კი, როგორც ჩანს, თებერვალში იგეგმება. არ დავიწყებ სპეკულაციებს იმაზე, თუ რა არის ამ ვიზიტის გადადების მიზეზები, მხოლოდ იმას გავუსვამ ხაზს, რომ რაც გვიან დავიწყებთ სამოქმედო გეგმის შესრულებას, მით გვიან დასრულდება ამ გეგმის ორივე ეტაპი (პირველი - საკანონმდებლო ცვლილებები, მეორე - კანონების შესრულება).
აქვე აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაიზღვია თავი, რომ ვიზების გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის 2013 წლის ბოლოსთვის არ უნდა ველოდოთ, როგორც ამას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ. ეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო, რადგან, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც წესი, საჯარო გამოსვლებში აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ 2013 წელს დასრულდებოდა სამოქმედო გეგმის ორივე ფაზა. ეს განცხადებებიც, როგორც წესი, პოლიტიკურად ამბიციური მიზნის დასახვას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ დაპირებას.
ზოგადად, წინა ხელისუფლებას ახასიათებდა ამბიციური გეგმების დასახვა და შემდეგ ამ გეგმების შესრულებისთვის ასევე ამბიციური ნაბიჯების გადადგმა. ხშირად ეს ამართლებდა. ამიტომ, თუ ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ვიზების სამოქმედი გეგმის შესრულება 2013 წელს ვერ მოესწრება, ეს არ ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლება ტყუოდა, თუ ასეთ მიზანს ისახავდა. სხვა თუ არაფერი, მას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდა, საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შეეძლოთ კოორდინირებულად სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილებები და შემდეგ შეესრულებინათ (ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს იდგა ვიზების სამოქმედო გეგმის შესრულების ამბიციური მიზნის უკან). დღევანდელ პარლამენტსა და მთავრობაში განხვავებული სიტუაციაა.
ანალოგიური მდგომარეობაა NATO-სთან დაკავშირებითაც. ყველა დაგეგმილი შეხვედრა თუ ვიზიტი (აპატურაი თბილისში, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში) დროულად გაიმართა. სამწუხაროა, რომ გადაიდო NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი თბილისში, რისი მიზეზების შესახებ ბევრი დაიწერა (გენშტაბის მოქმედი ხელმძღვანელის დაკავება), ამიტომ ამაზე ამ სტატიაში აღარ შევჩერდები. ჩანს, ახალ ხელისუფლებას ჯერ კიდევ დრო სჭირდება ტემპის ასაჩქარებლად. სამწუხაროდ, ეს დრო საქართველოს არც ისე ბევრი აქვს.
ზურაბ აბაშიძე
საბოლოო ჯამში, მიუხედავად მცდელობებისა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე საქართველომ ვერ მოახერხა მთავარი გზავნილის გატანა - რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და მას აქვს უფლება, გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი. არადა, ამ გზავნილის გაჟღერება ნამდვილად შეგვეძლო იმ შემთხვევაში, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მმართველ გუნდს და ოპოზიციას რომ ერთნაირი შეფასებები მიეცათ წინასაარჩევნო, საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პროცესებისთვის (რომ ეს პროცესები დემოკრატიის ფარგლებში ჯდებოდა).
გრიგორი კარასინი
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ამჯობინა ნეგატიური და წარსულის მიღწევების სრული ნიველირების რიტორიკა (სერიიდან - „სააკაშვილი იყო დიქტატორი“, „ყველა რეიტინგი, რითიც საერთაშორისო თანამეგობრობა გვაფასებდა, იყო მცდარი და სააკაშვილის ტყუილების შედეგი“). ამის შედეგად, ჩვენ ვერ მოვახერხეთ NATO-სთან ურთიერთობების გადაყვანა იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი დემოკრატიულობის მტკიცება კი არ მოგვიწევდა, არამედ პარტნიორების დარწმუნება, რომ დაურეგულირებული ურთიერთობები და კონფლიქტი რუსეთთან, ასევე ცხინვალთან და სოხუმთან, არ იქნება წინაღობა ალიანსისთვის საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში. ასეთი „გაშიშვლებული“ დისკუსია რაც უფრო სწრაფად დაიწყება, მით მალე გაირკვევა, საით მივდივართ შემდეგი სამიტის დროს, რომელიც 2014 წელს არის დაგეგმილი.
თუ ამ დისკუსიამდე ვერ მივედით, და ახლა ჩანს, რომ ჯერ ვერ მივედით, მაშინ ისევ იმის მტკიცება მოგვიწევს, რომ ჩვენ ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, როგორც ახლა ვაკეთებთ. ხოლო თუ ქვეყნის შიგნით „დაჭერები“, ოპოზიციის განადგურების მცდელობები და სახელმწიფო ინსტიტუტების (პრეზიდენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა) დაზიანების მცდელობები გაგრძელდა, კიდევ დიდხანს მოგვიწევს თავის მართლების რეჟიმში ყოფნა.
საქართველოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და ჟენევის მოლაპარაკებები: მე განგებ ვაჯგუფებ ამ ორ თემას, რადგან მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობები და ჟენევის მოლაპარაკებები ერთმანეთს გადაჯაჭვული საკითხებია. საქართველომ დანიშნა სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, რითაც აჩვენა თავისი კეთილი ნება დიალოგთან დაკავშირებით. ეს უდავოდ მისასალმებელი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იმაზე დავა, ხომ არ ჯობდა რუსეთთან ჯერ ამ დანიშვნის მოდალობების შეთანხმება, რათა არ მიგვეღო ის, რაც დღეს მივიღეთ - რუსეთის მხრიდან ერთი და იმავე ადამიანის წარგზავნა ჟენევის მოლაპარაკებებზეც და საქართველო-რუსული დიალოგის ფორმატშიც. როგორც მინიმუმ, ეს ასიმეტრია უპირატესობას ანიჭებს რუს მომლაპარაკებელს, რომელიც ორივე ფორმატის პერიპეტიებს იცნობს, განსხვავებით ქართველი კოლეგისგან; როგორც მაქსიმუმ, ამგვარი ორმაგი ქუდის დახურვა საფრთხეს შეუქმნის ჟენევის მოლაპარაკებების სიცოცხლისუნარიანობას. თუმცა ამაზე დავა მხოლოდ ჰიპოთეტური იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის ორმხრივი ფორმატი რეალურად შედგეს და შედეგები გამოიღოს.
ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სერიოზულად აპირებს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. კარასინის და აბაშიძის შეხვედრის შემდეგ პირველ ეტაპზე გაჟღერებული საკითხები ჯერ მაინც მარტივთა კატეგორიას განეკუთვნება (რეგულარული ფრენები, ჰუმანიტარული საკითხები), თუმცა ფაქტია, რომ ეს საკითხები გართულდება. გართულებულ საკითხებს დასჭირდება უფრო კრეატიული მიდგომა და არაკონვენციური გადაწყვეტილებების მოძიება, ასევე ეფექტური დიპლომატია და ხშირად მცირე რისკიც. რამდენად შესწევს ამის ძალა დღევანდელ დიპლომატიურ გუნდს, ჯერჯერობით ძნელი შესაფასებელია. ფაქტია, რომ რუსეთთან რაც უფრო ღრმად შევალთ დისკუსიაში, მით უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს - მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიული კომპანია SGS-ს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგი რამდენიმე თვის წინ უნდა დაეწყო, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მიყვანილი კომპანიასთან ტექნიკური კონტრაქტის დეტალები. ქვეყნის ინტერესებისთვის ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხის დროში გადავადება კარგი ნიშანი ნამდვილად არაა. მთავრობას რაღაც ეტაპზე მოუწევს ფეხის აჩქარება, თუ უნდა, რომ ქვეყნის ინტერესები უფრო ეფექტურად დაიცვას.
განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საქართველო-რუსეთის მომდევნო თვეების ურთიერთობებში მთავრობას სამი მთავარი ამოცანა ექნება შესასრულებელი. პირველ რიგში, მას მოუწევს გააგრძელოს ჟონგლიორობა ორი ბურთით - ჟენევის მოლაპარაკებებით და ორმხრივი დიალოგის ფორმატით. მეორე ამოცანა იქნება ოკუპაცია/არაღიარების საგარეო პოლიტიკის შენარჩუნება რუსეთთან დიალოგის პარალელურად. ხოლო მესამე ამოცანა - ის, რომ მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობების გამო უნებურად, ან შეგნებულად არ გადალახოს ისეთი წითელი ხაზები, რომელთა შებრუნება მერე შეუძლებელი იქნება (მაგალითად, კონფლიქტის მხარედ ცხინვალის და სოხუმის აღიარება, ოკუპაციის კანონის შეცვლა, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდა, ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩაურევლობის უზრუნველყოფა და ა.შ.).
მრავალმხრივი დიპლომატია: ამ ფრონტზე სამ მთავარ საკითხს გამოვყოფდი. საქართველომ სავსებით რაციონალურად დაუჭირა მხარი პალესტინის გაეროს რეზოლუციას, რითიც აჩვენა, რომ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება ზეწოლის პირობებშიც. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამ რეზოლუციამ საქართველოს ურთიერთობები არ გაუფუჭოს ისრაელთან. იმედია, ხელისუფლება ამ პრობლემას მოაგვარებს.
მეორე აღსანიშნავი საკითხია მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სუამის ფარგლებში. ჯერ საქართველომ სუამის სხვა ქვეყნებთან ერთად გაერო-სუამის თანამშრომლობის რეზოლუცია გაიტანა გენერალურ ასამბლეაზე, 2013 წლიდან კი სუამის თავმჯდომარე გახდა. ამ მხრივ ქვეყანამ ნამდვილად კარგად იმუშავა. და ბოლოს, 2012 წლის დეკემბერში ჩატარდა ეუთოს მინისტერიალი, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა. მინისტერიალი საყოველთაო შეფასებებით უღიმღამო იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჰელსინკი +40 პროცესის დაწყების შესახებ, რასაც საქართველომ მხარი დაუჭირა. დუბლინში მინისტრის შეხვედრების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, საქართველომ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია, რომ ქვეყანა აქტიურად წარმოჩენილიყო ეუთოს ფარგლებში.
სხვა თემაა, რაზე მიდის ხოლმე საუბრები ასეთი მაღალი დონის შეხვედრების დროს. მინდა ერთ ჩემს უცხოელ კოლეგასთან (სახელს და ეროვნებას განგებ არ დავასახელებ) დეკემბრის ბოლოს შემდგარი საუბრის მცირე შინაარსი გავამხილო. შობის მოლოცვის შემდეგ მან მითხრა, რომ ძალიან გაკვირვებულია იმით, რომ ქართველი დიპლომატები და მთავრობის წევრები აღარ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად კარგი რეიტინგები აქვს საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ტურისტების რაოდენობის, ინვესტიციების შემოდინების და ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. პირიქით, ხშირად ესმის ქართველი წარმომადგენლებისგან, ეიტინგები სააკაშვილის „ტყუილის მანქანის” შედეგი იყო.
მე ეს არ დავიჯერე. არ დავიჯერე იმიტომ, რომ არ მსურს იმის წარმოდგენა, როგორ ამტკიცებს ჩემი ქვეყნის ნებისმიერი მინისტრი, თუ დიპლომატი, რომ საქართველო თურმე უფრო მეტად კორუმპირებულია, უფრო ნაკლებად მიმზიდველია ტურისტებისთვის და ნაკლებად დემოკრატიულია, ვიდრე ამას მსოფლიოში აღიარებული რეიტინგები აჩვენებს. და თუ ეს მართალია, ამ მთავრობის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რომ ქვეყნისთვის დამღუპველი ეს რიტორიკა შეიცვალოს!
ელჩების შეცვლა: წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს შეცვალოს ელჩები. მთავრობის შეცვლის შემდეგ ელჩების შეცვლა, ჩემი აზრით, ძალიან არაჯანსაღი გადაწყვეტილებაა. ზუსტად ასევე შემიძლია ვთქვა, რომ არასწორი იყო ელჩების შეცვლა პოლიტიკური ნიშნით წინა ხელისუფლების პირობებში. და განსაკუთრებით არასწორია, როდესაც ახალი ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომას. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ბევრი არასწორი და არაადეკვატური ნომინაციისა, წინა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ უკანასკნელ წლებში დრამატულად გაზარდა საკადრო დიპლომატების ხვედრითი წილი ელჩებში. ამ დინამიკის შენარჩუნება აუცილებელია.
ფილიპ გორდონი და ბიძინა ივანიშვილი
იბადება ერთი რიტორიკული კითხვა: თუ ახლანდელი გამარჯვებული კოალიციის წევრებს, რომლებიც თავის დროზე ელჩები იყვნენ, მიაჩნიათ, რომ სააკაშვილმა ისინი პოლიტიკური მოსაზრებების გამო გაათავისუფლა, მაშინ რატომ არის სამართლიანი დღეს 18 ელჩის შეცვლა იმ მოსაზრებით, რომ, აქაოდა, ისინი სააკაშვილის მომხრეები არიან და მის პოლიტიკას ატარებდნენ? და მეორე კითხვა: მმართველ კოალიციას გააზრებული თუ აქვს, ამ ელჩებისთვის ოდნავ მაინც არაადეკვატური შემცვლელების მოძებნის შემთხვევაში, რამხელა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა, NATO-ში ინტეგრაცია, არაღიარების პოლიტიკა, მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ბოლო ოთხ წელიწადში ყველა კონტინენტს გადაწვდა და, საერთოდ, აქამდე ნაკოწიწები დიპლომატიური სამსახური?
თუ ელჩების გამოცვლა პოლიტიკური კონიუნქტურის, ერთი კონკრეტული ადამიანის, ან ადამიანთა მცირე ჯგუფის თვითმიზნად იქცა? და ოღონდ ეს მიზანი იქნას მიღწეული „მიშას ჯინაზე“, საქმეს სხვა ყველაფერი შეიძლება შეეწიროს? ან, იქნებ, დასაკმაყოფილებელ მომხრეთა სიაა ისეთი გრძელი და მადიანი, რომ ელჩობის გარდა სხვა თანამდებობებს აღარ ჯერდებიან?
ნებისმიერ შემთხვევაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დიპკორპუსთან მთავრობა ფრთხილად მოიქცეს, რადგან ამ რესურსის გაფლანგვა იქნება ყველაზე დიდი დარტყმა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ელჩები, როგორც წესი, ინსტრუქციებს მისდევენ და თუ თბილისიდან მათ სასაუბრო მასალა მისდით, ისინი ამ სასაუბრო მასალას იყენებენ და მითითებას ემორჩილებიან. თუ ახალ ხელისუფლებას არ მოსწონს ის სასაუბრო მასალა, რაც ელჩებს მისდიოდათ 1 ოქტომბრამდე, ამისთვის ელჩები არ უნდა დაისაჯონ. არსებობს ასეთი ინგლისური ფრაზა - „არ მოკლა გზავნილის მიმტანი“. ჩვენ კი, როგორც ჩანს, საკუთარი მესენჯერების მოკვლას ვცდილობთ.
მიუხედავად ზემოთქმულისა, იმედს ვიტოვებ, რომ ყოფილმა დიპლომატებმა, რომლებიც ახალ მთავრობაში უხვად არიან, კარგად იციან, რას ნიშნავს დიპლომატიური კადრების ნაკლებობა და რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს არასწორ საკადრო პოლიტიკას ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის.
სტრატეგიული ურთიერთობები მეზობლებთან:
აუცილებლად ცალკეა გამოსაყოფი ის რიტორიკა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გვესმოდა აზერბაიჯანთან მიმართებით (ჯერ განცხადება აფხაზური რკინიგზის გახსნის შესახებ და შემდეგ განცხადება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ეკონომიკურ გაუმართლებლობაზე). ხელისუფლებამ ალბათ გააანალიზა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან უახლოესი ურთიერთობები ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. იმავეს თქმა შეიძლება სომხეთთან დაკავშირებითაც.
მართალია, ეს სამი თვე მეზობლებთან ურთიერთობებში სხვა თემებით არ ყოფილა დატვირთული (მაგალითად, საზღვარი, გაზის ტარიფი), მაგრამ, სავარაუდოდ, შემდეგ თვეებში ეს საკითხები აქტუალური გახდება. იმედია, მსგავსი დაუფიქრებელი რიტორიკა ხელს არ შეუშლის მეზობელ ქვეყნებთან გადასაჭრელი საკითხების კონსტრუქციულად განხილვას და გადაწყვეტას.
მომავალი გამოწვევები:
მომდევნო თვეების განმავლობაში, კარგი იქნება, თუ ექსპერტები დააკვირდებიან შემდეგ ინდიკატორებს, რათა შეაფასონ, რა მიმართულებით მიდის საქართველოს საგარეო პოლიტიკა:
- გაგრძელდება თუ არა ჟენევის მოლაპარაკებები და მოხდება თუ არა მისი შესუსტება?
- შესუსტდება თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მაგალითად, მისი ხელმძღვანელის გამოცვლის ან მისიის მანდატის შეცვლის გამო?
- მოხერხდება თუ არა მხარდამჭერების გაზრდა დევნილების რეზოლუციაზე, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ზაფხულში უნდა განიხილოს?
შედგება თუ არა პრემიერმინისტრის ვიზიტი აშშ-ში?
- რა ინტენსივობით გაგრძელდება აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების ჩატარება და როდისთვის დაინიშნება ომნიბუსის შეხვედრა?
- ჩატარდება თუ არა გადადებული სამხედრო კომიტეტი უახლოეს მომავალში?
- ჩატარდება თუ არა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი სხდომა საქართველოში?
- როდის გადმოგვცემს ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას და რა ტემპით დავიწყებთ მის შესრულებას?
- გაიზრდება თუ არა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის „აღიარებების“ რაოდენობა?
- გაგრძელდება თუ არა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტორების ისეთი ინტენსივობით ჩამოსვლა, როგორც ეს 2011-2012 წლებში იყო?
- გაგრძელდება თუ არა ინტენსიური პოლიტიკური კონსულტაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან?
- გაიხსნება თუ არა ახალი საელჩოები, მათ შორის აზიაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და არაბული ლიგის ქვეყნებში?
- რა ინტენსივობით გაგრძელდება ორმხრივი დიალოგი რუსეთთან და რა შედეგები ექნება ამას ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე.
ეს მხოლოდ მცირედია იმ კითხვებს შორის, რომლებიც შეიძლება დავსვათ. დანარჩენ კითხვებს ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდეთ, როდესაც ხელისუფლება 200 დღეს მიითვლის.
მანამდე კი ერთი შენიშვნით დავასრულებ. ამ ასი დღის განმავლობაში ხშირად გვესმოდა ფრაზები, რომ NATO ერევა საქართველოს საქმეებში, დასავლეთი მოატყუეს და ამიტომ აკრიტიკებს ხელისუფლებას, ხელისუფლებამ გაუძლო აშშ-ის და ევროკავშირის ზეწოლას და ა.შ. მინდა გულწრფელად ვუსურვო ახალ ხელისუფლებას, რომ ზემოხსენებულ აქტორებში ძალიან მალე პარტნიორები დაინახოს და არა ზეწოლის განმახორციელებელი ან ჩვენს შიდა საქმეებში ხელების მოფათურე სუბიექტები.
![]() |
3 მეინსტრიმსა და მარგინალებზე |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
მას შემდეგ, რაც აზრის საჯაროდ გამოთქმა დავიწყე, ჩემთვის ბევრი სხვადასხვა იარლიყი მოუკერებიათ. რაც ნორმალურია - აბა, როგორ გინდა. თვით იარლიყების შინაარსი და ცვალებადობაა საინტერესო. ბოლო ხანებში ახალი სიტყვა შემომაჩვიეს: „მარგინალი“. ცხადია, არა მარტო მე - ჩემი გულისთვის ამ სტატიას არ დავწერდი.
ის, თუ რომელი იარლიყია მოდაში, რაღაცას გვეუბნება ჩვენს საზოგადოებაზე. მეც ამის გარკვევა მინდა: რას ნიშნავს „მეინსტრიმსა“ და „მარგინალებზე“ ლაპარაკი.
„ეს ნოდია სულ გამო...მარგინალდა“
როცა გეტყვიან, მარგინალი ხარო, უნდა გეწყინოს?
თუ „მეინსტრიმი“ ძირითადი ნაკადია, „მარგინალი” სიტყვასიტყვით განაპირას მყოფს, ძირითადი ნაკადიდან გარიყულს ნიშნავს. ვინც „მეინსტრიმშია“, ხალხის უმრავლესობასავით აზროვნებს, ხოლო მარგინალი უმრავლესობის აზრს, ან, სხვა სიტყვებით, მოდას აცდენილია.
რომელი ჯობია? ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქ იყოს, სადაც „ხალხია“, ანუ უმრავლესობა. მაგრამ ასეთ ადამიანებს ხანდახან „კონფორმისტებსაც“ ეძახიან - ესეც ნეგატიური იარლიყია. ასე რომ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ადამიანთა ორი ჯგუფი, რომელთაგან პირველი მეორეს უყვირის: „თქვე მარგინალებო“, მეორე კი პირველს: „თქვე კონფორმისტებო“. გამოდის სიმეტრიული (თუმცა, რაოდენობრივად არათანაბარი) წყვილი, სადაც ორივე მხარე საკუთარი თავით კმაყოფილია, ოღონდ კმაყოფილებას სხვადასხვა რამ ანიჭებთ: ერთს ის, რომ ხალხთანაა, მეორეს კი ის, რომ საკუთარ სინდისთანაა მართალი და უმრავლესობის აზრს არაფრად დაგიდევს.
ჩვენი ქართული სიტუაციის უცნაურობა ისაა, რომ „მარგინალობასაც“ და „კონფორმისტობასაც“ ხშირად ერთი და იგივე ხალხი იყენებს ოპონენტების საგინებლად და ორივე შემთხვევაში მათი სამიზნეც იგივე შეიძლება იყოს (მაგალითად - თქვენი მონა-მორჩილი). იმავე აზრებისთვის, რისთვისაც გუშინ „კონფორმისტს“ მეძახდნენ, დღეს „მარგინალი“ აღმოვჩნდი.
როგორ შეიძლება ამის ახსნა? ერთია ის, რომ სიტყვების და ცნებების მნიშვნელობას დიდად არ ვუფიქრდებით. გავიგებთ რაიმე შედარებით ახალ სიტყვას, რომელიც ვინმეს განსაქიქებლად გამოგვადგება და - მიდიიიი.
მაგრამ მთავარია ღირებულებითი ბუნდოვანება. მოსაწონია, თუ ვიცავ აზრს, რომელიც ამ წუთში არაპოპულარულია, მაგრამ მე სწორი მგონია? თუ საითაც ქარი დაუბერავს, მეც იქით უნდა ვქნა პირი? ჩვენთან შეიძლება, თან საკუთარი განუმეორებლობით და კრეატიულობით მოიწონო თავი და თან სხვებს უძახო, „თქვე მარგინალებოო“.
ზოგადად ეს ნიშნავს, რომ შეუმდგარი, არასტრუქტურირებული საზოგადოება ვართ, რადგან საზოგადოება რაღაც ღირებულებითი კონსენსუსის გარშემო ყალიბდება. ინდივიდუალური თავისუფლების ღირებულებას თითქოს პატივს ვცემთ, მაგრამ მაინც ვერ შევეგუეთ იმას, რომ ადამიანი საკუთარ გონებას და სინდისს უნდა გაჰყვეს და არა „ხალხის“ ან უმრავლესობის აზრს. ემოციური შანტაჟის სახე: „ჩვენთან უნდა იყო, თორემ სხვა შემთხვევაში ხალხისგან გაირიყები“ პოპულარულია და, ხანდახან, ქმედითიც.
პოლიტიკური და კულტურული მეინსტრიმი
თანამედროვე ადამიანისთვის „მარგინალობა“, ანუ მის სოციალურ წრესთან კონფლიქტში ყოფნა, ნორმალური და მისაღები, თუმცა, შესაძლოა, ემოციურად არასასიამოვნო მდგომარეობაა. მაგრამ პოლიტიკის დონეზე, მეინსტრიმიდან გამორიყვა სიკვდილის ტოლფასია.
ამ მხრივ უფრო საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ „მარგინალობას“ სულ სხვა ხალხი იყენებდა სულ სხვების წინააღმდეგ. კერძოდ „ნაციონალური“ ხელისუფლების მომხრენი და თანამგრძნობნი ასე ახასიათებდნენ 2009 წლის მესაკნე-მეგალიე ოპოზიციას. იგულისხმებოდა, რომ თავად ისინი შეადგენდნენ „მეინსტრიმს“. დღეს როლები შეტრიალდა: თუ ვინმე „ნაციონალების“ სასარგებლოდ რამის თქმას გაბედავს, შე მარგინალოო, მიაძახებენ. არადა, მგონია, რომ ძირითადი ბირთვი არცერთ მხარეს არ შეცვლილა: ჩემ გარშემო რომ ვიხედები, უმრავლესობა არსებითად იმავე პოზიციაზეა, რაზეც სამი თუ ოთხი წლის წინ იყო.
რა მოხდა? ამ პარადოქსის ახსნა ჩემთვის ისაა, რომ არანაირი პოლიტიკური მეინსტრიმი საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად, მარგინალებად და მეინსტრიმად პოლიტიკოსების დაყოფას აზრი არა აქვს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რაც განვითარებული დასავლური დემოკრატიებისგან განგვასხვავებს. იქ მართლა არსებობს პოლიტიკური მეინსტრიმი ანუ ცენტრი, რომელსაც მარცხიდან და მარჯვნიდან უპირისპირდება უკიდურესი (ანუ მარგინალური) ჯგუფები. საზღვრები ხანდახან ბუნდოვანია (მაგალითად, ულტრამემარჯვენეები სულ უფრო აღწევენ „მეინსტრიმში“), მაგრამ არსებობს. საქართველოში არაფერი ამდაგვარი არ გვაქვს. დღეს რომ ვიღაცა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად მიგვაჩნია, ხვალ ძნელად ვინმეს გაახსენდება. გუშინ რომ მავანი მხოლოდ პოლიტიკური ანეკდოტის პერსონაჟად გვესახებოდა, დღეს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. საზოგადოების შეუმდგარობას პოლიტიკური ელიტის სინედლე შეესაბამება.
ეს ვითარება არ უნდა აგვერიოს სხვა რამეში: არსებობს გაბატონებული და საკმაოდ სტაბილური განწყობები, რომელსაც „კულტურული მეინსტრიმი“ შეიძლება ვუწოდოთ. ისინიც იცვლება, მაგრამ ნელა. ბევრთაგან შერისხული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებიც ამას გვეუბნება: პოლიტიკოსთა მოწონება-არმოწონების მაჩვენებლები არჩევნების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ სხვა საკითხებს რაც შეეხება, ხალხის აზრი იგივეა. მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ეროვნული ღირებულებების მთავარი დამცველია; სასურველია, მას ცხოვრების ყველა სფეროზე ჰქონდეს გავლენა და ყველა სხვა სარწმუნოებასთან შედარებით პრივილეგირებული იყოს. სახელმწიფომ ყველას ძუძუ უნდა მოგვაწოვოს და ყველა პრობლემა გადაგვიჭრას (ამინდის და გათხოვების გარდა). საქართველო ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს. NATO-ში და ევროკავშირში უნდა შევიდეთ. რუსეთი მტერია, მაგრამ მასთან მაინც კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. დემოკრატია უპირველეს ყოვლისა სიტყვის (ანუ მთავრობის გინების) თავისუფლებაა. ჰომოსექსუალობა ცუდია. და ა. შ.
პოლიტიკოსებს შეიძლება მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ ამ განწყობების რაიმე კომპონენტი, მაგრამ, თუ თვითმკვლელობას არ აპირებენ, რადიკალურად ვერ დაუპირისპირდებიან. ხანდახან მათი პოლიტიკური ნაბიჯები შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს გაბატონებულ შეხედულებებთან (მაგალითად, როცა ეკონომიკაში ლიბერალურ რეფორმებს ატარებენ ან უმცირესობათა უფლებებს იცავენ), მაგრამ მაშინვე შეეცდებიან ამ გადაცდომების რითიმე გადაფარვას: სულ მცირე, რიტორიკით, უკეთესია საქმით.
ჩვენი ყველა ძირითადი (და არც ისე ძირითადი) პოლიტიკური პარტია ცდილობს, კულტურული მეინსტრიმის საუკეთესო ადვოკატებად და გამომხატველებად წარმოაჩინოს თავი. არ შეიძლება არ დავინახოთ, რომ ორ მნიშვნელოვან კომპონენტში: რელიგიური ნაციონალიზმისა და ძიძა-სახელმწიფოს მოტივების გამოყენებაში, ქართულმა ოცნებამ ბოლო არჩევნებზე აშკარად აჯობა ნაციონალურ მოძრაობას: შედეგიც ამით შეიძლება აიხსნას, ციხის ვიდეოების ეფექტთან ერთად. მაგრამ ნაციონალური მოძრაობაც ამავე მეინსტრიმში ეძებდა თავის ადგილს: ის ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამცველად აჩვენებდა თავს და, ამავე დროს, ათასლარიან ვაუჩერსაც ჩრიდა პირში მოქალაქეებს დედის ძუძუს სანაცვლოდ.
თითოეული ჩვენგანი შეიძლება სხვადასხვა რამეს ელოდეს მთავრობისგან, მაგრამ თავისთავად შეჯიბრი იმაში, თუ ვინ მოახდენს კულტურული მეინსტრიმის უკეთეს ინტერპრეტაციას, დემოკრატიული პოლიტიკის გარდუვალი ნაწილია. მაგრამ ავტორიტარიზმის გამოხატულებაა იმის მტკიცება, რომ ერთადერთი პარტიაა „მეინსტრიმული“, მისი მოწინააღმდეგე კი ავტომატურად მარგინალია. ნაციონალური მოძრაობაც მეინსტრიმი იყო და არის, ასეთია ქართული ოცნებაც. იგივე ითქმის, სხვათა შორის, 2009 წლის ოპოზიციაზე, თუმცა ის ბრძოლის იმგვარ მეთოდებს იყენებდა, რაც განვითარებულ დემოკრატიებში მარგინალური ჯგუფებისთვისაა დამახასიათებელი. დემოკრატიული პლურალიზმი კულტურული მეინსტრიმის ფარგლებშია შესაძლებელი. ის, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მოცემულ მომენტში უმცირესობაში აღმოჩნდა, სულაც არ ნიშნავს მის „მარგინალურობას“: პოლიტიკური ბედის ბორბალი ხან ისე დატრიალდება და ხან პირუკუ, საზოგადოების ინტერესები და მისწრაფებები კი შედარებით სტაბილურია.
ქართული მეინსტრიმი და ცივილიზაციური მარგინალობის საფრთხე
საქართველოსთვის „მეინსტრიმულია“ როგორც მისწრაფება ეროვნული თავისთავადობის, კულტურის და ტრადიციების დაცვისკენ, ისე მოდერნიზაციისა და ევროპული სამყაროს ნაწილად გახდომისკენ. უფრო სწორად, ამათ შორის მუდმივი კონფლიქტი და, ამავე დროს, მათი შეზავების მცდელობაა ჩვენი მეინსტრიმი. ნებისმიერი ოდნავ სერიოზული პოლიტიკური ძალა ყოველთვის შეეცდება, ამ ნაზავის საკუთარი ვარიანტი წარმოგვიდგინოს.
ამ ფონზე, უმეტესობა იმისა, რაც ჩვენთან „მეინსტრიმსა“ და „მარგინალობაზე“ ითქმის, სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც იარაღად გამოიყენება მიმდინარე პოლიტიკურ კინკლაობაში. როგორც არჩევნების შემდეგ გამარჯვებული ძალის ზოგმა იდეოლოგმა აღმოაჩინა, უფრო ადვილი და ეკონომიურია ამტკიცო, რომ ხარ „მეინსტრიმული“, ვიდრე ის, რომ ხარ მართალი: ამ კარტის გაჭრა ოპონენტებს უფრო გაუჭირდებათ.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც აშკარად ხაზგასასმელია. გარკვეული განწყობები და შეხედულებები, მაგალითად, შეუნიღბავი ქსენოფობიის გამოვლინებები, რაც განვითარებულ საზოგადოებებში მარგინალურია, ჩვენთან მეინსტრიმია. არა მარტო ავადსახსენებელ „ასავალ-დასავალს“, არამედ ქართული ბეჭდვითი მედიის დიდ ნაწილს ევროპულ ქვეყნებში „ფაშისტურს“ უწოდებდნენ. იქ ასეთი გაზეთები უბრალოდ ვერ გამოვიდოდა - სახალხოდ მათი ხელში დაჭერა სირცხვილად ჩაითვლებოდა და სასამართლოს დაკისრებულ ჯარიმებსაც ვერ აუვიდოდნენ. ჩვენში კი პირიქით: ჯერ კიდევ მომავალ პრემიერსაც არ უთაკილია არა მარტო „ასავალ-დასავალისთვის“ ინტერვიუს მიცემა, არამედ მათი „ეროვნული და მოქალაქეობრივი პოზიციის“ საჯაროდ გაზიარება.
ცინიკური პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით ეს სრულიად რაციონალური ქცევა იყო: „ასავალ-დასავალი“ და ძმანი მისნი საზოგადოების საკმაოდ მოზრდილი სეგმენტის განწყობას გამოხატავს, ვისი ხმებიც ძალიან საჭირო იყო ნაციონალური ურჩხულის დასამარცხებლად. ასე რომ, ჩვენმა დღევანდელმა ლიდერმა პოლიტიკური სიბრძნე გამოიჩინა: ამავე გაზეთისთვის საძულველი „რესპუბლიკელებიც“ გვერდზე დაიყენა და აშკარა შავრაზმელებიც მიიმხრო. ნიკოლო მაკიაველი მისით იამაყებდა.
ესაა, რომ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლებს, ვისაც, ძალაუფლების სურვილის გარდა, განათლებულ საზოგადოებაში გამოსულობის პრეტენზიაც აქვს, დისკომფორტი ექმნება („მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი...“), ჰოდა, ამ უხერხულობიდან შესანიშნავი გამოსავალია ამის თქმა: „ესაა ჩვენი მეინსტრიმი, ძმაო, აბა, თქვენსავით მარგინალები ხომ არ ვიქნებით“.
ყველაფერი გასაგებია. ბანალობას ვიტყვი: ისეთი მთავრობა გვყავს, რაც შეეფერება ქვეყანას, სადაც „ასავალ-დასავალი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთია. ეგრე იცის დემოკრატიის გამარჯვებამ. მაგრამ ასევე ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ დასკვნა, რომელიც ამ ბანალობიდან გამომდინარეობს: თუ „ასავალ-დასავალი“, მანანა კობახიძე და გუბაზ სანიკიძეა ჩვენი მეინსტრიმი, მაშინ საქართველო, როგორც ქვეყანა, ღრმა მარგინალი, ანუ თანამედროვე სამყაროს დინებას აცდენილი გამოდის. მეინსტრიმს დიდება!
![]() |
4 1993 თუ 1921? |
▲ზევით დაბრუნება |
კახა ლომაია|სვეტი
„ის, რომ საქართველომ უკან დაბრუნება დაიწყო, ნათელია“, - ამასწინათ მითხრა ერთმა აღმოსავლეთევროპელმა მეგობარმა; „გასარკვევი ის დარჩა,1993-ში შეჩერდებით, როდესაც დსთ-ში აღმოჩნდით თუ 1921-მდე ჩახვალთ, როდესაც რუსეთში დაგაბრუნეს“. მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი მეგობარი ცდება და რომ ჩვენი არჩევანი ამით არ შემოიფარგლება.
2004-2012 წლების მოდერნიზაციამ საქართველო რუსეთის ორბიტას დააშორა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ორბიტას დაუახლოვა. მოდერნიზაციის პროექტი ექვს საყრდენს ეფუძნებოდა: სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო ინტეგრაცია, მზარდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, დასავლური და მრავალგანზომილებიანი საგარეო პოლიტიკა და მონაწილეობა რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებში. არჩევნებიდან 100 დღის შემდეგ მოდერნიზაციის ექვსივე საყრდენის შესუსტების მოწმენი გავხდით. გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება და ვნახოთ, არსებობს თუ არა წარმოქმნილი ტენდენციების შემობრუნების გზები.
ლიბერალური ეკონომიკური სივრცე, რომელმაც 2004-2011 წლებში უზრუნველყო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2,5-ჯერ (!), შეიცვალა პროტექციონისტული მიდგომებითა და სახელმწიფო ჩარევისა და რეგულირების მოწოდებებით შეფერილი გაურკვევლობით. მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპი: თუ სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი 7%25-ით გაიზარდა, ოქტომბერში ზრდა 5%25-მდე შენელდა, ხოლო ნოემბერში 2,4%25-მდე დაეცა. შემცირდა იმპორტი და ექსპორტი, როგორც გასულ თვეებთან, ასევე გასულ წელთან შედარებით. მნიშვნელოვნად შემცირდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი, რაც პირდაპირ უკავშირდება წარმოების შემცირებას. შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც.
დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები, სოფლის თვითმმართველობებიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე. საჯარო სამსახურებიდან დაითხოვეს ასობით კვალიფიცირებული საჯარო მოხელე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი წინა მთავრობის დროს იყვნენ მიღებულნი. სამართალდამცავი სტრუქტურების ტოტალურმა კრიტიკამ, მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულმა სისხლისსამართლებრივმა დევნამ და სისტემაში კომპრომეტირებული კადრების დაბრუნებამ გამოიწვია თანამშრომელთა დემორალიზება და ღირებულებითი ორიენტირების მოშლა. სპეცოპერაციებში მონაწილე სამსახურების თანამშრომელთა საიდუმლო პასპორტების გამოქვეყნებამ ძირი გამოუთხარა ნდობას იმისა, რომ სახელმწიფო დაიცავს მათი მისიების საიდუმლოებას. ოკუპანტთა სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის მსჯავრდებულთა „პოლიტპატიმრებად“ გამოცხადებამ და გათავისუფლებამ აზრი დაუკარგა კონტრდაზვერვის საქმიანობას. დღეის ამას იქით როგორ უნდა წაახალისო სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომ დაგეგმოს და განახორციელოს რთული და სახიფათო ოპერაცია, რომლის მიზანი მოწინააღმდეგის ჯაშუშური ქსელის გამოვლენა და გაუვნებელყოფაა? ან როგორღა უნდა დაარწმუნო შეიარაღებული ძალების ოფიცერი იმაში, რომ სამხედრო ამბოხში მონაწილეობა დანაშაულია სახელმწიფოს წინაშე და არა დისიდენტობა? ან როგორ უნდა ჩაუნერგო ჯარისკაცს პატივისცემა მეთაურის ბრძანების მიმართ მაშინ, როდესაც სამწყობრო დისციპლინის დამრღვევთა დასჯისთვის გენერალური შტაბის მეთაურსა და თავდაცვის მინისტრს აპატიმრებენ? ან რა არგუმენტებით უნდა დაარწმუნო პოლიციის თანამშრომელი იმაში, რომ დააკავოს, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად, ყაჩაღი, ნარკოტიკების გამსაღებელი ან პედოფილი, თუკი მათ პოლიტიკური ამნისტიით გაათავისუფლებენ? ამ ნაბიჯებს პირველი შედეგები მოჰყვა: გაზრდილი კრიმინალი, მათ შორის, მკვლელობები, ძარცვა და ყაჩაღობა; ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდინება, საბაჟოებზე ქრთამის გამოძალვის შემთხვევები და საჯარო სამსახურების ეფექტურობის მკვეთრი გაუარესება.
სამოქალაქო ინტეგრაციის და შერიგების პოლიტიკის გატარების შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, აგრეთვე ეთნიკური და რელიგიური წარმოშობის მოქალაქეთა საერთო სამშობლოდ. გაფორმდა პოლიტიკური თანხმობის დეკლარაცია და სამშობლოს დაუბრუნდა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტი. ამით წერტილი დაესვა 90-იანი წლების სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს. რელიგიური შუღლის გამღვივებელთა დასჯამ მოახდინა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პრევენცია. არჩევნებიდან 100 დღის თავზე ეს მიღწევები თავდაყირა დადგა. დაიწყო ახალი პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური სადემარკაციო ხაზების გავლება. მიმდინარეობს მთავარი ოპოზიციური ძალის - ნაციონალური მოძრაობის (და, შესაბამისად, მისი 800 ათასი ამომრჩევლის) დემონიზაცია და მარგინალიზაცია; დაფიქსირდა მუსლიმთა შევიწროების შემთხვევები; გაკეთდა და არ იქნა დაგმობილი არმენოფობიური და თურქოფობიური გამოხდომები.
თავისი არარეალური წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების მოტივით - ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების განახევრება, პენსიის ზრდა - მთავრობამ ზიანი მიაყენა ქვეყნის მიმზიდველობას ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის. შედეგად, გაიყინა ყველა ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტი. დაბრუნდა დენის რეგულარული გათიშვების რეალობა, ენერგომომარაგება ეზღუდებათ მთელ რაიონებს, შემცირდა განათებული ქუჩების რაოდენობა დიდ ქალაქებში. ამ ფონზე საგანგაშოა ენერგეტიკის მინისტრის განცხადება, თუ ენერგომომარაგებაში შეფერხებები შეგვექმნა, ელექტროენერგიას რუსეთისგან ვიყიდითო. კომუნისტური ბელადის ერთი ლოზუნგის პარაფრაზს თუ გავაკეთებთ, „არარეალური ტარიფი პლუს არაკომპეტენტური მართვა უდრის რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას“.
სამხრეთის დერეფნის სახელით ცნობილი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების სისტემა დასავლეთისკენ ცენტრალური აზიისა და კასპიის ენერგორესურსებისა და სატრანსპორტო ნაკადების მიმართვას ემსახურება. პროექტების ეს სისტემა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჯაჭვით აკავშირებს ერთი მხრივ ევროკავშირთან, ხოლო მეორე მხრივ ცენტრალურ აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და უფრო ფართო მომიჯნავე რეგიონთან. ამასწინანდელმა „კითხვის ნიშნებმა“ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტის მიმართ შეარყია საქართველოს, როგორც პროგნოზირებადი პარტნიორის წლობით ნაშენები რეპუტაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ჩინეთი-ცენტრალური აზია-სამხრეთ კავკასია-თურქეთი-ევროკავშირის 65000-კილომეტრიანი მაგისტრალის შემაკავშირებელი მონაკვეთის ამოქმედებას, რომელიც რამდენიმე თვეში იგეგმება. ახალ მთავრობას პოლიტიკური მხარდაჭერა არ გამოუხატავს არც „ნაბუქოს“, არც ტრანსკასპიური ნავთობსადენის პროექტისა (თურქმენული გაზის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ევროპაში კასპიის ზღვის ფსკერზე გაყვანილი ახალი მილსადენით) და არც პროექტ „აგრის“ მიმართ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ბუნებრივი აირის გათხევადების ქარხნის მშენებლობას შემდგომში ევროკავშირში აირის ექსპორტირების მიზნით.
საგარეო პოლიტიკაში საქართველო კარგავს მიმზიდველობას, როგორც წარმატებული სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის მაგალითი. ის, რაც გაეროს (იუსტიციის სახლი და სახელმწიფო შესყიდვების სისტემა - მსოფლიოს საუკეთესო პროექტები სახელმწიფო მომსახურების სფეროში), მსოფლიო ბანკს (მსოფლიოს საუკეთესო ათეული ბიზნესის კეთების თვალსაზრისით), საერთაშორისო გამჭვირვალობას (ყველაზე სწრაფი პროგრესი კორუფციასთან ბრძოლაში), აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს (რელიგიური თავისუფლების განუხრელი დაცვა და ფუნდამენტური წარმატებები ტრაფიკინგთან ბრძოლაში) და მრავალ სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას მისაბაძ მაგალითად მიაჩნია, ახალი მთავრობის მიერ „ტყუილად“ და „თვალში ნაცრის შეყრად“ ცხადდება. გადაიდო რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება NATO-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრამიდან. სამაგიეროდ, პრიორიტეტულ მიმართულებად რუსეთი გადაიქცა, ყველა სხვა მიმართულების ხარჯზე. ამ ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზება სასურველია, ოღონდ რის ხარჯზე და რა გზით? პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით პრობლემატურია. იქმნება იმის საშიშროება, რომ ბევრი რამ დავთმოთ და სანაცვლოდ ვერაფერი ან განუზომლად ცოტა მივიღოთ. საქართველომ რუსეთთან ისე წამოიწყო მოლაპარაკებები, რომ არ დაუცავს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის სამი ოქროს პირობა: მოითხოვე თამაშის წესები, შეარჩიე მიუკერძოებელი არბიტრი და უზრუნველყავი პროცესის გამჭვირვალობა. ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმებები - 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება, ჟენევის მოლაპარაკებები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება - სწორედ ამ პირობების დაცვით განხორციელდა; ყველაზე წარუმატებლები კი - მათი დაცვის გარეშე. მაგალითებად გამოდგება 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება, რომლითაც აფხაზეთიდან მძიმე შეიარაღება გამოვიყვანეთ, რასაც ერთ თვეში სოხუმის დაცემა მოჰყვა ან 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება, რომლითაც სეპარატისტები კონფლიქტის მხარედ ვცანით, ხოლო რუსეთი მედიატორად. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებში დაუდგენელია (ან საზოგადოებისთვის უცნობია) ბ-ნი აბაშიძის მანდატი და მოლაპარაკებების წესები; აგრეთვე არსებითად უცნობია პირველი შეხვედრის შინაარსი. ამას ემატება ის, რომ არ არსებობს მიუკერძოებელი რეფერი, რომელიც ხელს შეუწყობდა მოლაპარაკებებს, თვალყურს მიადევნებდა მოლაპარაკებების წესების დაცვას და ობიექტურ ინფორმაციას გაავრცელებდა პროცესის შესახებ. როგორც ვთქვით, ამ წესების უგულებელყოფა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს. პირველ რიგში, რუსეთი შეეცდება საქართველოს საკითხი მოხსნას აშშ-სა და ევროკავშირთან თავისი პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგიდან საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის დაწყების საბაბით. მეორე უარყოფითი შედეგი შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხის ზრდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენი დიპლომატია სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობდა მსოფლიოს იმ რეგიონებს, სადაც რუსეთი აქტიურობს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიზნით. შესაძლო მოტივაცია - „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“? მესამე, და შესაძლოა, მთავარ საფრთხეზე ქვემოთ მოგახსენებთ.
შესაძლებელია თუ არა ზემოჩამოთვლილი ტენდენციების შემობრუნება? დიახ, შესაძლებელია. ამისთვის შემდეგი რამ უნდა გაკეთდეს: 1. მთავრობა უნდა დაუბრუნდეს სწრაფი ლიბერალური ეკონომიკური განვითარების მოდელს, რომელშიც ადგილი სოციალური პროგრამებისთვისაც მოიძებნება ისე, რომ არ დაზარალდეს საინვესტიციო და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. მთავრობამ გამოიჩინოს სითამამე და აღიაროს, რომ ტარიფების შემცირება ჩვენს მომავალს მხოლოდ ზიანს მოუტანს. ამის ნაცვლად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შემუშავდეს ფულადი კომპენსაციის პროგრამები; 2. შეწყდეს იერიშები სახელმწიფო ინსტიტუტებზე; გამოცხადდეს მორატორიუმი საჯარო მოხელეების მასობრივ დათხოვნებზე; ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ინსტიტუტს მიეცეს ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობა, კანონით განსაზღვრული მოცულობითა და ვადებში; 3. მოხდეს სამოქალაქო ინტეგრაციისა და პოლიტიკური პლურალიზმის ღირებულებების დეკლარირება მთავრობისა და პარლამენტის დონეზე; გატარდეს კანონით დადგენილი ზომები რელიგიური შუღლის გამღვივებელთა მიმართ; 4. მოწვეულ იქნას ენერგოინვესტორთა ფორუმი, რომელზეც გამოცხადდება, რომ სახელმწიფო მტკიცედ დაიცავს მათ ინტერესებს; იდენტური სიგნალები გაიგზავნოს დიპლომატიური არხებით; 5. შეწყდეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული მიღწევების კრიტიკა, როგორც ქვეყნის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება; დადგინდეს და გამოქვეყნდეს პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენლის მანდატი - ქართული საქონლისა და მომსახურების დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, ვმო-ს წესების შესაბამისად; გამოქვეყნდეს პირველი შეხვედრის ძირითადი შინაარსი; შვეიცარიას, როგორც ოფიციალურ შუამავალს, ეთხოვოს მედიატორობა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებში; აღდგეს საქართველოს წინმსწრები დიპლომატიური აქტივობები „აღიარებასაშიშ“ რეგიონებში; 6. საქართველომ თავის მთავარ ენერგეტიკულ და სატრანზიტო პარტნიორებს დაუდასტუროს მემკვიდრეობითობის პოლიტიკა.
ახლა კი მთავარ საფრთხეზე. სულ ახლახან, რუსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის კომენტირებისას, ეფექტურ მოდელად ბ-ნმა პუტინმა რუსეთის იმპერიის გუბერნიებად დაყოფა მოიხსენია, გუბერნიის მაგალითად კი „ტფილისის გუბერნია“ დაასახელა. „არავითარი საქართველო მაშინ არ არსებობდა“, - დასძინა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა. დიდი გულთმისნობა არ სჭირდება იმის ამოცნობას, რომ წარსულზე საუბრისას ბ-ნი პუტინი მომავალზე ფიქრობდა. „ტფილისის გუბერნია“ ქართული ნოსტალგია კი არა, მისი ქართული ოცნებაა.
ახდება თუ არა ბ-ნი პუტინის ოცნება, საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, ცუდსა და უარესს შორის სურს არჩევანის გაკეთება და უკან დაბრუნება - 1993-სა თუ 1921-ში - თუ წინ ვივლით, ტკივილით, შეცდომებით, მაგრამ მაინც წინ - ცივილიზებული დასავლეთისკენ.
![]() |
5 რამდენიმე მოსაზრება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ოთო კახიძე
სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. ამ დროისთვის მსაჯულთა ვერდიქტი გამოტანილია სამ საქმეზე.
დღევანდელი მდგომარეობით, ნაფიც მსაჯულთა იურისდიქცია ვრცელდება ქუთაისსა და თბილისზე, ამასთან, ისინი განიხილავენ მხოლოდ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ რამდენიმე დანაშაულის საქმეს.
ახლახან იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია კანონპროექტზე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის გაფართოებას ეხება. მთავარი პროკურორის წინადადებით, ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირთა სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეები შესაძლოა სწორედ ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. თავად კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, დეტალებზე ალბათ მოგვიანებით შევიტყობთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, როგორც ბრალდებულის უფლება
ყოველთვის არსებობს რისკი, რომ სახელმწიფოს მმართველები შეეცდებიან ბოროტად გამოიყენონ მართლმსაჯულების მექანიზმები. ეს მიზეზი ინგლისელ ბარონებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში, როდესაც თავისუფლების დიდი ქარტიით განსაზღვრეს წესი - პირის დამნაშავეობის საკითხი გადაეწყვიტათ მისსავე თანასწორ ადამიანებს. ანალოგიურად დაარეგულირეს საკითხი აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა უფლებათა ცნობილი ბილით, რომელიც კონსტიტუციის ნაწილი გახდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ეს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ბრალდებულს აქვს არჩევანი - ნაფიც მსაჯულებსა და პროფესიონალ მოსამართლეებს შორის.
მართლმსაჯულების სადავეები საზოგადოების ხელში
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ ფორმას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება კი არ ახდენს მართლმსაჯულების ფუნქციის დელეგირებას სახელმწიფოზე, არამედ თავად იღებს პასუხისმგებლობას და წყვეტს პირის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხს. ეს უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირდაპირ ჩართულობას პროცესში და ზრდის მათ ნდობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.
ზოგჯერ, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალონ, რომ ბრალდება კანონიერია, მაგრამ არა - სამართლიანი. ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ არ გაითვალისწინონ მტკიცებულებები და გამოიტანონ გამამართლებელი ვერდიქტი, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ მექანიზმს ეწოდება ნაფიც მსაჯულთა ნულიფიკაცია, როდესაც საზოგადოება უარს აცხადებს უსამართლო კანონის გამოყენებაზე და ზღუდავს სახელმწიფოს - ბოროტად გამოიყენოს მართლმსაჯულების ბერკეტები.
რამდენიმე კითხვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ
ვინ შეიძლება იყოს/არ იყოს ნაფიცი მსაჯული
ნაფიცი მსაჯულობის პოტენციური კანდიდატია საქართველოს 18 წელს მიღწეული მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და აქვს უნარი, სრულფასოვნად აღიქვას და შეაფასოს სასამართლო განხილვის მიმდინარეობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები.
პოლიტიკური თანამდებობის პირს, გამომძიებელს, პოლიციელს, სამხედრო პირს, სასულიერო პირს, ფსიქოლოგს, ფსიქიატრს, იურისტს, ბრალდებულს, ნარკოტიკების მოხმარებისთვის სახდელდადებულ პირს, თავად განსახილველ საქმეში მონაწილეს, აგრეთვე პირებს, რომლებსაც მიკერძოებული მოსაზრებები აქვთ ამ საქმესთან დაკავშირებით - ეკრძალებათ, იყვნენ ნაფიცი მსაჯულები.
ნაფიცი მსაჯულობა მოქალაქის საპატიო მოვალეობაა და მასზე უარის თქმა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანდიდატი:
უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს;
არის ავად;
ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საზღვარგარეთ;
70 წელს გადაცილებულია.
როგორ ირჩევიან ნაფიცი მსაჯულები
ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ადვოკატისა და პროკურორის თანდასწრებით, ადგენს მოსამართლე. ამ სიაშია შესაბამის ტერიტორიულ ოლქში რეგისტრირებული 100-მდე მოქალაქე, რომლებიც ავსებენ მხარეთა მონაწილეობით შედგენილ კითხვარებს. ეს მნიშვნელოვანია შერჩევის პროცედურისთვის.
შემდეგ ტარდება მსაჯულთა შერჩევის სხდომა. სხდომის დანიშნულებაა იმ კანდიდატთა აცილება, რომლებიც, შესაძლოა, იყვნენ მიკერძოებულები განსახილველ საქმესთან მიმართებაში.
პირველ რიგში, გამოირიცხება სასამართლო განხილვაში იმ პირების მონაწილეობა, რომლებსაც კანონი უკრძალავს იყვნენ ნაფიცი მსაჯულები (იხ. ზემოთ). კანონისმიერი საფუძვლებით აცილებას, შევსებული კითხვარების, აგრეთვე მსაჯულებთან გასაუბრების საფუძველზე, ახდენს მოსამართლე.
შერჩევის მეორე ეტაპია პროკურორისა და ადვოკატის მიერ მსაჯულთა გამოკითხვა მიკერძოებული კანდიდატების გამოსავლენად. ამ პროცესში, მხარეები, სრული თანასწორობის პირობებში, კანდიდატებს უსვამენ კითხვებს და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, მოსამართლის წინაშე აყენებენ არასასურველი კანდიდატების აცილების დასაბუთებულ შუამდგომლობებს.
მაგალითად, თუ პროკურორის მიერ მოქალაქის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ იგი სრულ უნდობლობას უცხადებს პოლიციის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, აუცილებლად დადგება შუამდგომლობა მსაჯულობის კანდიდატის აცილების თაობაზე.
დასაბუთებული აცილებების შემდგომ, მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, დაუსაბუთებლადაც ააცილონ 6-6 კანდიდატი. დაუსაბუთებელი აცილების შინაარსი დასახელებიდანვე ჩანს, იგი აბალანსებს მოსამართლის დისკრეციას დასაბუთებული აცილების საკითხის გადაწყვეტისას. ამასთან, საშუალებას აძლევს ორივე მხარეს, ჩამოიცილონ მათთვის არასასურველი რამდენიმე მსაჯული.
შერჩევის პროცესის გამართულად ჩატარების შემთხვევაში, რჩებიან ის კანდიდატები, რომლებსაც არ აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული მიკერძოებული შეხედულებები ან რაიმე სენტიმენტები ბრალდებულის ან დაზარალებულის მიმართ. ამ გაცხრილული სიიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აირჩევა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული.
შერჩევის პროცესის გამართულად ჩატარების შემთხვევაში, რჩებიან ის კანდიდატები, რომლებსაც არ აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული მიკერძოებული შეხედულებები ან რაიმე სენტიმენტები ბრალდებულის ან დაზარალებულის მიმართ. ამ გაცხრილული სიიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აირჩევა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი არის მსაჯულთა სასამართლოს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, სადაც, შესაძლოა, დიდწილად გადაწყდეს საქმის ბედი. აქ განსაკუთრებული როლი ეკისრებათ მოსამართლეებს, რომლებიც ახდენენ პირველად გაცხრილვას, აგრეთვე წყვეტენ დასაბუთებული აცილების საკითხს.
დაცულია თუ არა ნაფიცი მსაჯული
ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატზე, აგრეთვე მსაჯულზე განხორციელებული ნებისმიერი ტიპის ზეწოლა ისჯება კანონით. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს მსაჯულის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების ფიზიკურ დაცვას.
უკიდურეს შემთხვევაში, თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, საქმეს განიხილავს პროფესიონალი მოსამართლე.
კონფიდენციალურია ნაფიც მსაჯულთა თათბირი და კენჭისყრისას გამჟღავნებული პოზიცია. მისი გამხელა ისჯება კანონით.
ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. იგულისხმება დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯები.
ნაფიც მსაჯულს, თუ იგი დასაქმებულია, უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.
მნიშვნელოვანია კანონში გაწერილი გარანტიების ეფექტური დანერგვა რეალურ ცხოვრებაში. ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობაც კი, მკაცრად უნდა დაისაჯოს, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ დაცულობისა და ხელშეუხებლობის განცდა. იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებაში გავრცელდა ერთგვარი შიში, რომ ნაფიცი მსაჯული დაუცველია, და რომ სახელმწიფო ან კერძო პირი რაიმე ფორმით ერევა მათ საქმიანობაში - ეს გამოიწვევს ჩანასახში მყოფი ინსტიტუტის კრახს. ამ შედეგის გამოსწორება იქნება ურთულესი, პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანა.
მთავარი რისკი ნაფიცი მსაჯულები წინასწარი განწყობით
მთავარი პროკურორის წინადადება, რომელიც მსაჯულთა იურისდიქციის გაფართოებასა და რეფორმის გაგრძელებას გულისხმობს, უაღრესად პოზიტიურად მიმაჩნია, რომ არა ერთი უხერხულობა.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სამართლიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საქმის განხილვამდე არ მოხდეს ბრალდებულის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რადგან ამ შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნება.
მოქალაქე, რომელსაც წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული რწმენა ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, ვერ გამოდგება ობიექტურ მსაჯულად. აქ განსაკუთრებით მწვავედ დგება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხი.
ალბათ ყველას გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის უცნაური განცხადება მარშალის ფონდში, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მაია ფანჯიკიძემ კრიმინალებად მოიხსენია. ეს პრობლემა შემაშფოთებელი აღმოჩნდა ამერიკელი სენატორებისთვის, რომლებმაც საქართველოს პრემიერმინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნეს - „ბრალსა და უდანაშაულობას მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ადგენდეს, სხვაგვარი მოქმედება კანონის უზენაესობას უთხრის ძირს“.
დიახ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ნამდვილად უთხრის ძირს კანონის უზენაესობას. ეს არის სასამართლოზე ზეწოლა, იწვევს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების დამახინჯებას, ლახავს ადამიანის ღირსებას.
სამწუხაროდ, ამ პრობლემამ ჩვენთან სისტემური სახე მიიღო. პრემიერმინისტრი, აგრეთვე იუსტიციის, სასჯელაღსრულების, საგარეო საქმეთა, ფინანსთა მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები პერმანენტულად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ - „კრიმინალები“, „დამნაშავეები“, „დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელები“, „მკვლელები“, „ურჩხულები“, „მონსტრები“ - იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ტირაჟირებაც მასმედიის საშუალებებით ხდება.
აქვე, სიტყვამ მოიტანა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა ჟურნალისტური ეთიკის დაბალი სტანდარტები. ქართული პრესის დიდი ნაწილის, აგრეთვე სატელევიზიო მედიისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა - არათუ სასამართლოს გარეშე, არამედ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ან სულაც ფანტაზიის საფუძველზე წერა და საუბარი დამნაშავეებსა და კრიმინალებზე.
ეს თავისთავად სამწუხარო ტენდენციაა, რაც დაბალ პოლიტიკურ და სამართლებრივ კულტურაზე მიუთითებს. პარალელურად, ამან შესაძლოა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენოს ნაფიც მსაჯულთა სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის საკითხი.
გამოსავალი
იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრის წინასწარ ფორმირების რისკი თვალსაჩინოა, აუცილებელია, მხარეებს მიეცეთ უფრო მეტი მექანიზმი, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაფიც მსაჯულთა მიკერძოებული შემადგენლობა.
პირველ რიგში, მიზანშეწონილია ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა პირვანდელი სიითი რაოდენობის გაზრდა. დღეს ეს რაოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 100 კანდიდატს.
გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი მოქალაქე არ ცხოვრობს ოფიციალურ მისამართზე, გამოძახებულთა გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა ვერ მიიღოს უწყება, ხოლო სხვებმა საპატიო მიზეზით ვერ შეძლონ შერჩევის სხდომაში მონაწილეობა. ამ ფონზე, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა იქნება იმდენად მცირე, რომ შერჩევის პროცესი სრულფასოვნად ვერ განხორციელდება. ამიტომ, შესარჩევი კანდიდატების რაოდენობა, მინიმუმ, გასაორმაგებელია.
გადასახედია დაუსაბუთებელი აცილებების რაოდენობის საკითხიც. ეს არის დამატებითი მექანიზმი მხარეთა ხელში, რომ გაცხრილონ მათი აზრით მიკერძოებული, გარკვეული წინასწარი განწყობების მქონე კანდიდატები. დღეს მოქმედი საპროცესო კოდექსი განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს იმ ბრალდებულებს, რომელთაც, შესაძლოა, მიესაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ შემთხვევაში, მხარეებს 6-ის ნაცვლად, 12 დაუსაბუთებელი აცილების უფლება აქვთ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ზემოაღნიშნული რისკების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ანალოგიური მიდგომის გავრცელება თანამდებობის პირთა საქმეებზეც, რათა მინიმუმამდე დავიდეს მსაჯულთა მიკერძოების ალბათობა.
იმედია, პირველ რიგში სამართალდამცავი ორგანოები, მათთან ერთად კი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გამოიჩენენ მეტ სიფრთხილეს უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებაში. აგრეთვე აუცილებელია დაანონსებული კანონპროექტის საფუძვლიანი და გამჭვირვალე განხილვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
მისასალმებელია ხელისუფლების ნება, განაგრძოს მართლმსაჯულების სისტემაში წამოწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქციის გაფართოება ძალიან კარგი ნაბიჯია ამ მიმართულებით.
![]() |
6 არჩილ კბილაშვილი: გუშინ თუ სავლე იყავი, დღეს პავლედ რატომ გადაიქეცი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ესაუბრა სალომე უგულავა
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პროკურატურა ყურადღების ცენტრშია. მან, სხვადასხვა ბრალდებით, რამდენიმე ათეული პირი დააკავა, მათ შორის - ქალაქის ვიცემერი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და სხვები. ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. გამოითქვა ვარაუდები პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებაც.
დაკავებებზე და სხვა მომიჯნავე საკითხებზე, ასევე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებასა და სამოხელეო დანაშაულის სავარაუდო ამნისტიაზე, ტაბულა მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს ესაუბრა.
არჩევნების შემდეგ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებებმა შეშფოთება გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთში. დაკავებების პოლიტიკურ ხასიათზე განცხადებები გააკეთეს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ და გენერალურმა მდივანმა. ღრმა შეშფოთება გამოთქვა ამერიკელი სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმაც, არაერთი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა ავტორიტეტულ გამოცემებში. ამ ყველაფერს ახალმა ხელისუფლებამ მხოლოდ იმით უპასუხა, რომ კრიტიკა ძველი მთავრობის ლობირების შედეგია. თქვენც ასე თვლით? საერთაშორისო ორგანიზაციები, წამყვანი გამოცემები ცალმხრივად უდგებიან მოვლენებს?
როდესაც ვინმეს პასუხისგებაში ვაძლევთ, სათანადო სამართლებრივი საფუძველი გვაქვს მომზადებული. ვინაიდან ყველა ცალკეულ შემთხვევაში გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებები იმ თანამდებობის პირის მიმართ, ვინც პასუხისგებაში მიგვიცია, მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით დევნა არაა.
იმის დასტურად, რომ ღია, გამჭვირვალე, სისხლისსამართლებრივი დამოკიდებულება გვაქვს, შემიძლია მივუთითო, რომ ყველა შემთხვევაში ვაქვეყნებთ მტკიცებულებებს. სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენი მოსაზრებები, არგუმენტები იყოს გამოტანილი, ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ. ამ მიმართულებით არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებასთან ვურთიერთობთ, არაერთი შეხვედრა მქონდა დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ყველას ვაწვდით ინფორმაციას. გარდა ამისა, ინიციატივითაც გამოვედით, რომ ეს საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, რომ სასამართლო პროცესზე დაშვებულ იქნას აუდიო, ვიდეოგადაღება და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.
რაც შეეხება გარკვეულ პირთა მოსაზრებას, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და მიზნად ისახავს ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული მანქანის ამოქმედებას, საზოგადოება მრავალგვარი აზრის მატარებელია. ასეთი აზრი რომ არსებობს უმცირესობაში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
აქ საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებზეც. ასევე დასავლურ მედიაში შექმნილ კრიტიკულ ფონზე, რაზეც ვერ ვიტყვით, რომ უმცირესობას წარმოადგენს. რამ გამოიწვია ასეთი აღქმა?
იმ ადამიანებს, ვინც ადრე მართავდა ქვეყანას, ბუნებრივად აქვთ რეაქცია, დაიცვან თავიანთი პოზიცია მაშინ, როდესაც ამ მართვის მანკიერ მხარეებს ვააშკარავებთ. როდესაც აფასებენ, რომ ეს პოლიტიკურია, ახსნადი და ნორმალურია. ნორმალურში ლოგიკურს ვგულისხმობ და არა მოსაწონს.
რაც შეეხება საერთაშორისო წრეების გარკვეულ დამოკიდებულებას, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ მეტი დასაბუთება უნდა ჰქონდეს სისხლისსამართლებრივ დევნას, ჩემი ახსნა ისაა, რომ საქმე შეიძლება არასათანადო ინფორმირებულობასთან გვქონდეს. მეორე ახსნა აწყობილი ინფორმაციულ-კომუნიკაციური სისტემაა, რომელიც ხელისუფლების შეცვლამდე არსებობდა. გვახსოვს, რომ დასავლეთის სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მეტწილად მდუმარებით იწონებდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ნაკლებად კრიტიკულად აღიქვამდნენ ხელისუფლების ამა თუ იმ ქმედებას.
კომუნიკაციის ეს დამკვიდრებული სისტემა, პირველი ოქტომბრის შემდგომ არ შეცვლილა. ამ კომუნიკაციის ფარგლებში, ისინი, შესაძლოა, ქართულ საზოგადოებაში უმცირესობაში მყოფთა მოსაზრებებით საზრდოობენ. ამით აიხსნება მათი მხრიდან გარკვეული კრიტიკული შეფასებები. ამაშიც ვერ ვხედავ ტრაგედიას. ჩვენი საქმეა, მაქსიმალური გახსნილობით მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები სრულად და ჯეროვნად იყვნენ ინფორმირებული.
ვის გულისხმობთ, ან რომელ ორგანიზაციებს, როდესაც ამბობთ, რომ ნაკლებად კრიტიკულად უდგებოდნენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს? უამრავი კრიტიკული ანგარიშის, განცხადების, თუ სტატიის გახსენება შეგვიძლია. იქნებ დამიკონკრეტოთ.
ზოგადად, მიიჩნეოდა, რომ საქართველოში ხელისუფლება იყო ეფექტური. ქმნიდა სამართლებრივ სახელმწიფოს. ადამიანის უფლებები მეტ-ნაკლებად დაცული იყო და ტარდებოდა დემოკრატიული რეფორმები. ასეთი აზრი იყო შექმნილი.
რასაც თქვენ არ ეთანხმებით…
ამას არა მარტო მე, ქართული საზოგადოება არ დაეთანხმა. საარჩევნო კამპანიისას წინა პლანზე წამოვწიეთ უსამართლობის თემაც. ვამბობდით, რომ ქვეყანაში ტოტალური უსამართლობაა, რეპრესიული მანქანაა, ადამიანის უფლებები არ არის დაცული და უამრავი უკანონო მსჯავრდებულია. ქართულმა საზოგადოებამ უმრავლესობით დაუჭირა მხარი ამ აზრს, რაც ნიშნავს - მისი უდიდესი ნაწილი არ ეთანხმება იმას, რომ ყველაფერი კარგად იყო.
ან სურდა მეტი განვითარება…
რა თქმა უნდა.
ნაფიცი მსაჯულების თემა ახსენეთ. როდის აპირებთ ცვლილების ინიცირებას? კონკრეტულად ვისზე გავრცელდება? ხომ არ აპირებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრული მასშტაბით ამოქმედების დაჩქარებასაც?
პარლამენტში უკვე შესულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეების ნაფიც მსაჯულთა მიერ მოსმენას ითვალისწინებს. ასეთებად განსაზღვრულია ისინი, სადაც პასუხისგებაში მიცემულია თანამდებობის პირი. ვფიქრობ, იანვრის ბოლოს ან თებერვალში ეს ინიციატივა უკვე კანონის სახეს მიიღებს და კარს მომდგარი სასამართლო განხილვები უკვე ამ ფორმატში იქნება.
ზოგადად, კანონში რა ვადებიც არის განსაზღვრული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებაზე, იმ ვადებში ამოქმედდება.
პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აპირებთ სამოხელეო დანაშაულის ამნისტიას. რა აზრის ხართ ამ საკითხზე და თუ არის კონკრეტული ძვრები ამ მიმართულებით?
კანონში გვიწერია, რომ პროკურატურის საქმიანობის პრინციპი პოლიტიკური ნეიტრალიტეტია. ამიტომ ამ პოლიტიკური განცხადების შეფასება ჩემი მხრიდან, სწორი არ იქნებოდა. კანონშივე გვიწერია, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. თავისთავად პრემიერის განსაზღვრული პოლიტიკა, თუ ის ეხება სისხლის სამართალს, გარკვეულწილად, ჩვენთვის სამოქმედო ბაზისია. თუკი გამოცხადდება ამნისტია, რომლის შინაარსიც ჯერ ცნობილი არაა, რასაკვირველია, ამას დავემორჩილებით.
ჩემი დამოკიდებულება ამ მხრივ დადებითია. ვთვლით, რომ სახელმწიფოს მართვისას განხორციელებული ქმედებები მეტწილად კანონს მიღმა იყო. თუმცა, არ შეიძლება, ყველა ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ დოზით იყო ჩართული, იყოს დასჯილი, ან გაძევებული და შეუწყნარებელი. ეს ჰუმანურობის პრინციპსა და ლოგიკას ეწინააღმდეგება. ამიტომ მიდგომა, რომ ეს საშუალო და წვრილ მოხელეებს შეეხოს, გამართლებულად მიმაჩნია.
თანამდებობის პირები ამ სტრუქტურაშიც ძირითადად მხოლოდ ზედა რგოლებზე შეიცვალნენ. შემწყნარებლები უნდა ვიყოთ რიგითი შემსრულებლების მიმართ.
ახსენეთ, რომ თქვენგან მტკიცების მაღალ სტანდარტს ითხოვენ პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე. აქვს თუ არა ამას საფუძველი? ისმის კრიტიკა, რომ საქმეები ძირითადად მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა და არა ფაქტობრივ მტკიცებულებებს. ამავდროულად, ახალაიას საქმეზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს და შემდეგ ეს მოწმე დაიჭირეს. რას უპასუხებდით ამ კრიტიკას?
მოწმის ჩვენება ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულებაა. მას თავისი სპეციფიკა აქვს, სადაც ჩვენების მნიშვნელობა სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში გაზრდილია, ან პირიქით. ის თემები, რაც საზოგადოების წინაშე სწრაფად გამოვიტანეთ, უმეტესად ეხებოდა ცემას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას. ამაზე იქნა აგებული ბრალდება იგივე ახალაიას და გენერალ კალანდაძის მიმართ. ეს სადღაც 2 წლის წინ იყო ჩადენილი. ბუნებრივია, ამ ტიპის დანაშაულთათვის მოწმის ჩვენების როლი უპირატესია. როდესაც ჯარისკაცები, მოსამსახურეები აცხადებენ მათ მიმართ განხორციელებულ ამ ქმედებაზე, მტკიცება ძირითადად მათივე ჩვენებებზე გადადის.
ვიკვლევთ ფაქტობრივ გარემოებებსაც, რაც შედარებით მეორეხარისხოვანია. მაგალითად, როდესაც ჯარისკაცი ამბობს, რომ იყვნენ სენაკში, სენაკში ყოფნა დასტურდება თუნდაც სატელეფონო საუბრების ამონაწერებით. ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობს, რომ თვითმკვლელობა სცადა შეურაცხყოფის გამო და მესიჯი გაუგზავნა ახლობელს ამის შესახებ, ესეც გადამოწმებადია, ან მღვდელთან მივიდა და აღსარება უთხრა ამასთან დაკავშირებით. ფაქტობრივი გადამოწმება შეიძლება გვერდით მოჰყვეს მოწმეთა ჩვენებებს.
სხვა ტიპის საქმეებს რაც შეეხება, მაგალითად, ფინანსურს, აქ მოწმის ჩვენება ნაკლებ მნიშვნელოვანია და წინა პლანზე გადმოდის თუ როდის მოხდა კომერციული სტრუქტურის დაფუძნება, რა ფინანსური ოპერაციებია შესრულებული. საფინანსო-ეკონომიკური თემები რთულია. ამიტომ ჩვენ დღემდე, თუ არ ჩავთვლით ერთ საქმეს, ქრთამის ეპიზოდთან დაკავშირებით, სხვა ასეთი მნიშვნელოვანი საქმე არ გამოგვიტანია. ამ მიმართულებით ახლაც მიმდინარეობს ინტენსიური შესწავლა. თუმცა, ვინაიდან ის არ არის მიყვანილი იმ კონდიციამდე, როდესაც დასაბუთებული ვარაუდის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, არ გამოგვაქვს.
თუმცა, მით უმეტეს ისეთ სენსიტიურ საქმეებზე, რაზეც ვსაუბრობთ, მოწმის ჩვენებასთან ერთად, ფაქტობრივი მტკიცებულებებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ ჩქარობთ? ჩვეულებრივ, როდესაც დასავლეთში საჯარო მოხელეების საქმეებს იძიებენ, ამას წლები მიაქვს, ჩვენთან კი ასეთ უმოკლეს ვადაში რამდენიმე ათეული ადამიანია დაკავებული.
უმცირესობის თვალთახედვით, ორი თვეა მთავრობა შეიცვალა და 30-მდე პირი იქნა მიცემული პასუხისგებაში. ამას თუ ავიღებთ ათვლის სათავედ, მაშინ იქნება სიჩქარე. თუ ათვლის სათავედ საზოგადოების იმ ნაწილის განწყობას ავიღებთ, ვინც ჩათვალა, რომ ქვეყანაში მმართველობა უმეტესად კანონგარეშე ფორმებით ხორციელდებოდა, მაშინ ეს დრო ძალიან დიდია.
არც ერთი და არც მეორე არ უნდა იქნეს აღებული სიჩქარის ათვლის სათავედ. სათავე მტკიცებულებათა ბაზის არსებობაა. გაქვს სათანადო მტკიცებულება? უნდა მისცე პასუხისგებაში. შედარებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, ოქტომბრამდე, ზაფხულის განმავლობაში, ქართული ოცნების 100-ზე მეტი ამომრჩეველი მისცეს პასუხისგებაში. არც ესაა ათვლის სათავე და შედარება ცუდთან არ უნდა გაკეთდეს.
სიჩქარეზე კრიტიკის პასუხად, თქვენ ხშირად საუბრობთ პროკურატურასთან გრძელ რიგებზე. რა პრიორიტეტებით ხელმძღვანელობთ გამოძიების დასაწყებად ამა თუ იმ საქმეზე? საქმეები, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, პრემიერმინისტრის ქონებას - მე-9 არხის აპარატურას და ქართუ ბანკს და პრემიერმინისტრის რეპუტაციას - ე. წ. უკანონო ჩანაწერებს ეხება. რა შუაშია ამ საქმეებთან რიგები პროკურატურასთან?
გრძელი რიგი უბრალოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ბევრი ადამიანი, ვისაც აქამდე ეშინოდა პრეტენზიის გამოცხადების, დღეს გამოთქვამს. ბუნებრივია, ასეთი ნაკადის ქვეშ, შეუძლებელია, ყველა საქმე დროულად და ჯეროვნად იქნას შესწავლილი. რესურსები შეზღუდულია. არ შეიძლება ხუთასი საქმე ერთდროულად აწარმოოს ერთმა პროკურორმა. ამიტომაც ხდება საკითხების გამოყოფა. პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ საკითხების შესწავლას, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევას, მისი ფიზიკური ხელყოფის საკითხებს და ღირსების შელახვას.
მეორე პრიორიტეტი არის საფინანსო-ეკონომიკური ხასიათის დანაშაულების გამოკვლევა. თუმცა, ეს არის ჩუმი და გრძელი სამუშაო. ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტები, სამსახურები და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან ბევრს მუშაობენ ამ მხრივ. ეს არის ორი ძირითადი მიმართულება, რასაც საზოგადოება ჩვენგან მოელის.
გუნავასთან დაკავშირებით მსმენია - 3 ათასი ლიტრი ბენზინის თაობაზე შეიძლება საკითხის დაყენებაო? დამოკიდებულება იყო იმგვარი, რომ ჩვენ აისბერგები უნდა გვენახა და მათთვის წარმოგვედგინა. ცოტა ეხამუშებათ წვრილ-წვრილი თემები. მაგალითად, ბევრი წამიკითხავს, პასპორტთან დაკავშირებით მერაბიშვილის თემა როგორ არის წამოსაწევი საერთოდო, იმდენად დიდია საზოგადოების მოლოდინი.
მოდი, რამდენად სწორია მოლოდინი, ეს საკითხი გვერდზე გადავდოთ, დიდ და სერიოზულ თემას უნდა სერიოზული მუშაობა. ვმუშაობთ ამ სერიოზულ თემებზე. შემიძლია გითხრათ - იმის წინაპირობა ნამდვილად არის, რომ განვაცხადოთ - ჩვენს წარმოებაში არსებულ საქმეებში არის ისეთები, რომლებიც მრავალმილიონიანი სახელმწიფო სახსრების სავარაუდო უკანონო განკარგვასთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ არ არის წინ წამოსაწევი იმიტომ, რომ სჭირდება სათანადო მტკიცებულებები, რომელთა მოპოვებაზეც და ჰარმონიზებაზეც ვმუშაობთ.
თუმცა, კითხვას რომ დავუბრუნდეთ, პრიორიტეტული აღმოჩნდა პრემიერმინისტრთან დაკავშირებული საქმეებიც. იგივე ბანკი ქართუს საქმე, ასევე ერთ-ერთი პირველი დაკავებები, რაც იყო მოსმენებთან დაკავშირებით...
ქართუს ქონებასთან დაკავშირებული საქმე, მე რომ მკითხოს კაცმა, იმდენად კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა, არამედ ხელისუფლების ორგანოთა მწყობრი მუშაობის ძალიან კარგი მაგალითია ერთი მიზნის მისაღწევად. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ეს მიზანი არ არის ჯანსაღი. თუ გადაიკითხავთ გირგვლიანის საქმეს, სტრასბურგის მიერ იყო დასკვნა გაკეთებული, რომ სასამართლო გაკვირვებულია სახელმწიფო ორგანოთა, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების მწყობრი ქმედებით დანაშაულის კვალის დაფარვისას.
ქართუს საქმეში საინტერესოა ის, რომ ამ ბანკთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განსახორციელებლად საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ყველა შტო იყო ჩართული. სისტემურობის გამოვლენა არის აქ მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ, ვთქვათ, ბანკი ქართუ დაზარალდა, ან ის, რომ, ვთქვათ, ივანიშვილის ქონებას მიადგა ზიანი.
თუმცა ეს არ იყო ერთადერთი საქმე, რომელიც პრემიერს უკავშირდებოდა...
აბა, კიდევ რომელია? მოსმენა უკავშირდებოდა ყველას და ყველაფერს, მთლიანად ოპოზიციას. ეს მანკიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე იყო. უსმენდნენ დიპლომატებს, სასულიერო პირებს, ოპოზიციონერებს, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ყველაფერი იყო მოსმენადი და კომპრომატირებადი. ასევე უღებდნენ ყველას და ყველაფერს. ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადამიანის ყველაზე პირადული თემებიც კი გადაღებული და ჩაწერილია. ეს არის ძალიან მძიმე. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ესა თუ ის ადამიანი მათი მორჩილი ყოფილიყო.
მაგალითად, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ერთ-ერთი მეთოდი იყო, რომ დაქირავებული ჰომოსექსუალები ცნობილ სახეებს იყოლიებდნენ ურთიერთობაზე. კონსპირაციულ ბინებში აჰყავდათ და იღებდნენ. ასეულობით შემთხვევაა. ეს იყო სისტემური. ამიტომ ის, რაც ჩვენ გამოვავლინეთ, კომპიუტერული მოსმენა, არის ერთ-ერთი ფრაგმენტი, მართვის სახე, რომელიც მიუღებელია.
იუსტიციის მინისტრმა ჩათვალა, რომ პოლიტიკოს ლევან გაჩეჩილაძის და ჟურნალისტ ეკა ბერიძის შვილების საქმეები, რომლებიც მკვლელობის მცდელობასა და ცივი იარაღით დაჭრას უკავშირდებოდა, ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ხულიგნობა. რამდენად აქვს მნიშვნელობა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობას? არის თუ არა ამგვარი მიდგომა შერჩევითი სამართლიანობა?
გაჩეჩილაძის შვილზე გადაწყვეტილება აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მიიღო ქალაქის იმ პროკურორმა, რომელიც ამ საქმეს აწარმოებდა. ეს საქმე აქ ამოტანილი არ ყოფილა. ჩემთვის გაჩეჩილაძის შვილის თემა ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელდა. ზოგადად, კარგი რა არის, იცით? მიუხედავად იმისა, სწორად მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, თუ არასწორად, თავად მიიღო და არა ზემოთ. შემდეგ მოვიძიე ეს თემა და დავინტერესდი, აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების დროს, შეფასება რამდენად სწორად იყო გაკეთებული. იმ კონკრეტულ შემთხვევაში, პროკურორმა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჩათვალა, რომ გაქცევის საფრთხე არ არსებობდა, თვითონ მოვიდა დაკითხვაზეო. სხვა პროკურორს სხვანაირად შეიძლებოდა ჩაეთვალა და იქაც შეიძლებოდა დასაბუთება. ორივე საკითხი დასაბუთებადია, მაგრამ მთავარია, მან მიიღო გადაწყვეტილება.
ზოგადად, რამდენად აქვს მნიშვნელობა იმას, რაზეც იუსტიციის მინისტრი საუბრობდა?
პირადად მე, ლევან გაჩეჩილაძეს ვიცნობ გარედან. ისე, როგორც საზოგადოების წევრს და საზოგადოებრივ მოღვაწეს. არანაირი ვალი, ვთქვათ, მორალური ან ისეთი, რომ დავხმარებოდი, არ მაქვს. არც სტანდარტი მაქვს ისეთი, რომ ამ მხრივ ვინმეს დახმარება გავუწიო. რაც მოხდა, პოსტფაქტუმ გავიგე. ეკა ბერიძის შვილს რაც შეეხება, რამდენადაც ვიცი, იყო გაქცეული და საქართველოში უნდოდა ჩამოსვლა. ჩამოვიდა კიდევაც. აღმკვეთი ღონისძიების დანიშნულება რა არის? ის, რომ პირი არ გაიქცეს და არ დაიმალოს.
რადგანაც ეს საქმეები მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა, შეიძლება გამოტანილი იყოს სამსჯავროზე, რათა ერთიც და მეორეც წაიკითხონ, ნახონ, რომ თავადვე ჩამოუყალიბდეთ აზრი.
სხვა საქმეებზე რატომ ითხოვს ასე ხშირად პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას? მაგალითად, შოთა ხიზანიშვილი, ნიკა გვარამია და სხვები სადმე გარბოდნენ? ან რაიმეთი ხელს შეუშლიდნენ გამოძიებას?
შემიძლია სტატისტიკა მოგცეთ - დაკავებულ პირთაგან, თუ არ ვცდები, ნახევრის მიმართ, მოვითხოვეთ გირავნობა. რაც შეეხება იმ საქმეებს, სადაც პატიმრობაა მოთხოვნილი. მაგალითად, ვინც თქვენ დაასახელეთ - ხეთაგურის, გვარამიას საქმე რომ ავიღოთ, აქ სპეციფიკა რაში მდგომარეობს? ის დანაშაული, რომლის ჩადენაშიც ვედავებით მათ, განეკუთვნება ე.წ. თეთრი საყელოს ტიპის დანაშაულს. ეს არის მაღალი ინტელექტუალური მონაცემებით განხორციელებული - როდესაც დანაშაული ეხება საფინანსო-ეკონომიკურ თემას, როდესაც მტკიცებულების, დოკუმენტის შექმნის ალბათობა გაზრდილია კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებისა და ადამიანის მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების ფონზე, რომელიც შეცვლის არსებულ ვითარებას...
რა დოკუმენტი შეიძლება შეექმნათ გვარამიას და ხეთაგურს? თქვენ ხომ თვლით, რომ საკმარისი მტკიცებულებები გქონდათ ბრალის დასამტკიცებლად?
მესმის, მაგრამ ეს ხომ არ გამორიცხავს, რომ კიდევ ახალი დოკუმენტი არსებობდეს ბუნებაში, რომელიც, ვთქვათ, სხვა არსებულ მტკიცებულებებს გააბათილებს, ან გარკვეული დოზით ძალას დაუკარგავს?
თუ არსებობს რაღაც, რაც გააბათილებს თქვენს მტკიცებულებებს, ესე იგი, არ არის მყარი თქვენი პოზიცია?
ოღონდ, ეს უნდა იყოს მანამდე არსებული და არა ახლადშექმნილი, ძველი რიცხვით. ამაზეა ლაპარაკი. გამოძიებას ვაწარმოებდით 14 ნოემბრიდან და დაკავება მოხდა დეკემბრის ბოლოს. მანამდე ვაწყდებოდით შემთხვევებს, როდესაც რაღაც დოკუმენტები იცვლებოდა. მას შემდეგ, რაც ისინი პასუხისგებაში მივეცით, გადავეცით მთელი საქმე, რასაც კანონი მოითხოვს. გამომდინარე ამ ინფორმირებულობიდან და იმ გამოცდილებიდან, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ვაწყდებოდით გარკვეულ მტკიცებულებათა შექმნას (დაკითხვებზე ეს ადამიანები იღებდნენ ინფორმაციას, ურთიერთობდნენ ერთმანეთში), შეიძლებოდა შექმნილიყო „ხარვეზების” შემავსებელი დოკუმენტი. ამ დროს, ზოგადად, ეს არის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი.
მახსოვს, პარლამენტის ერთ-ერთი წევრი აცხადებდა - აი, სასამართლო პროცესზე პროკურორი ამბობდა, რომ ინტელექტუალია და ამიტომ უნდა დავიჭიროთო.
მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოო, კი, ასე თქვა...
ეს არის, რაც მან გაიგო. სინამდვილეში, ეს არის თეთრი საყელოს ტიპის დანაშაულის თავისებურება. აქ რომ, ვთქვათ, რაღაც დახურული თემა, ჩაკეტილი სივრცე იყოს, მაშინ არ არის პრობლემა. შეიძლება და ამ მხრივ ჩვენ გირავნობითაც შევდივართ. ეს იყო ამის მიზეზი.
ხიზანიშვილის საქმეზეც რომ გააგრძელოთ, რატომ მოითხოვეთ პატიმრობა?
ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე...
ბოლოს ვიცემერი...
დიახ, ვიცემერი, ანუ გავლენაუნარიანი პირი. გავლენაუნარიანი პირი მისი წარსულით. თანამდებობრივად მას ემორჩილებოდნენ ადამიანები და, ბუნებრივია, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში, ობიექტურად შეიძლება ვარაუდი, რომ მისი გავლენა გამოყენებული ყოფილიყო.
გავლენა რაზე?
მოწმეებზე, სხვა ადამიანებზე. ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ფლობს ინფორმაციას...
გამოძიებას ხელს შეუშლიდა, ამას ამბობთ?
დიახ, ლოგიკურად არსებობს ასეთი დასკვნის გაკეთების წინაპირობა. რადგან ზუსტად არ მახსოვს, მიჭირს ამის კატეგორიულ ფორმაში თქმა - თუკი ის სურმავასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის პროცესშიც მონაწილეობდა, ან, ვთქვათ, მისი მითითებით ხორციელდებოდა ეს, მაშინ ეს უკვე ძალიან მძიმე დანაშაულია. ეს კი მისი თავისუფლებაში ყოფნის საფრთხესაც უსვამს ხაზს.
რა აზრის ხართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე, როგორც იუსტიციის მინისტრმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ მოიხსენიეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კრიმინალებად. იუსტიციის მინისტრი, არჩევნებში გამარჯვებამდე, თავად აკრიტიკებდა სააკაშვილს სასამართლო გადაწყვეტილებამდე ბრალდებულების დამნაშავეებად გამოცხადების გამო.
როდესაც პასუხისგებაში ვაძლევთ პირს, იქ ვწერთ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ბრალდების მხარეს, რომელსაც წარმოადგენს პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, შეუძლია განაცხადოს, რომ ამა თუ იმ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, რადგან ამას შავით თეთრზე ვწერთ. თავისთავად ცხადია, სასამართლო განაჩენის გამოტანამდე ეს არის პრეზუმფცია, დასაბუთებული ვარაუდი.
იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, განსხვავებით ჩემგან, არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები აკეთებენ პოლიტიკურ შეფასებებს და ამ შეფასებაში შეიძლება ითქვას, რომ რეჟიმი იყო ასეთი, ან გუნდი. ეს სამართლებრივ დატვირთვას არ იძენს. ეს არის პოლიტიკური განცხადება. მიზანშეწონილია თუ არა მსგავსი პოლიტიკური განცხადება, ეს უკვე გემოვნების საკითხია. ამ შემთხევაში მე სამართლებრივად არ შევაფასებ.
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ გარკვეული საქმეები უფრო მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, ფაქტობრივი მტკიცებულებები კი ნაკლებად არის. ამ დროს არსებობს ლუკა კურტანიძის ამსახველი ვიდეოები YouTube-ზე, სადაც ის ემუქრება კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ჯემალ ნიაზოვს. ვიდეო შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, იქ არის პირდაპირი მუქარა...
სიმართლე გითხრათ, მე რაც ამ პოზიციაზე ვარ, არც დაზარალებულის, ან ვინმეს განცხადება ამასთან დაკავშირებით არ შემოსულა. ეს ვიდეო არ მინახავს. თუკი ეს მოხდა არჩევნებამდე, მაშინ წინამორბედი ხელისუფლება არ დაიშურებდა ძალ-ღონეს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაეწყო ამ ფაქტზე.
მაგას აქვს მნიშვნელობა?
არა. ლოგიკას აქვს მნიშვნელობა. თუკი, ვთქვათ, მოგვმართავს დაზარალებული, მაშინ, თავისთავად, აუცილებლად დავიწყებთ გამოძიებას.
ეს ადამიანი ორი დღით დააკავეს და გულის შეტევაც მიიღო. თუ არ ვცდები, ფინანსურმა პოლიციამ დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიკითხეთ და ასე გვითხრეს. ამ ვიდეოში იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. არსებობს ფაქტობრივი მასალა. დაიწყებთ თუ არა ამ საქმეზე გამოძიებას?
ვნახავთ ამ ვიდეოს და თუ იქ არის დანაშაულის შემცველი განცხადება, მუქარა, ძალადობა, მაშინ გამოძიებას დავიწყებთ.
მინდა გკითხოთ, როგორც ყოფილ ადვოკატს - რამდენად იყო და არის პრაქტიკაში დაცული ადამიანის უფლება, დაცული იყოს უკანონო ჩხრეკის, მოსმენის და დაკავებისგან. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რეალურად არც პროკურატურა და არც სასამართლო არ იცავს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და სანქციების გაცემა ხდება ავტომატურად. გთხოვთ, შეაფასოთ ეს სიტუაცია. რამდენად უნდა იყოს პროკურატურა ერთგვარი ფილტრი, რომ მსგავსი რაღაცები არ მოხდეს?
უნდა იყოს, რასაკვირველია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკანონო მოსმენა აღარ იქნება. შემიძლია გაჩვენოთ იმის ამსახველი დოკუმენტები, როგორი პრაქტიკა იყო. როდესაც პროკურატურას სურდა, ამა თუ იმ პირის მოსმენა დაეკანონებინა (ბევრი ხდებოდა დაკანონების გარეშეც), ხელწერა იყო ასეთი: სასამართლოს მიმართავდნენ შუამდგომლობით და ეტყოდნენ, რომ ნარკოტიკულ დანაშაულში არის მხილებული ვინმე ჰასანი. ეს ვინმე ჰასანი უკავშირდება ვინმე გიორგის და ვინმე გიორგი სარგებლობს მობილური ტელეფონით და ჩამოთვლილია 10-15 ნომერი. რომ ვნახეთ ეს მობილური ტელეფონები, ამოვიცანით. სასამართლო აპრიორი არ კითხულობდა არაფერს და ყველა ნომერზე იძლეოდა ნებართვას. მერე ამას კანონიერი მოსმენა ერქვა, მაგრამ, რასაკვირველია, უკანონო იყო. ასეთი „კანონიერი” მოსმენა აღარ იქნება.
ზოგადად, უკანონო მოსმენაა უკანონო, თორემ ლეგიტიმური მიზნებით მოსმენა კანონით გათვალისწინებული მოქმედებაა. ჩვენს შემთხვევებში უკვე, რომ არ დასიზმრებიათ, მოსამართლეები საქმეებს ითხოვენ და კონკრეტულად მიჰყვებიან. შეიძლება ცოტა გვაღიზიანებდეს, რომ გუშინ თუ სავლე იყავი, დღეს პავლედ რატომ გადაიქეცი, მაგრამ ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია. პირიქით, ეს ჩვენს მომეტებულ პასუხისმგებლობას და მომზადებას უსვამს ხაზს.
კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანოთ - გვარამიას მოსმენის შემთხვევა. როგორც განმარტეთ, ვინმე გიორგიზე გაიცა სანქცია. ხომ ყველამ იცოდა, რომ ამ ტელეფონით სარგებლობდა ნიკა გვარამია? მით უმეტეს, ეს იყო პროკურატურის ბალანსზე მყოფი ნომერი. ეს ყველაფერი რომ თავიდან ავირიდოთ, სანქცია რომ ვინმე გიორგიზე არ იყოს ხოლმე გაცემული, რა უნდა გაკეთდეს?
ამ საკითხზე ბრძანებები გამოქვეყნდა და შეგიძლიათ ნახოთ, 12 ნოემბრით არის დათარიღებული. იმ დროისთვის რაც იცოდა გამოძიებამ, ის ჩაწერა. მაგალითად, იქ წერია კახა დამენია. თუკი სახელითა და გვარით მივუთითეთ კახა დამენია, რომელიც იმ დროისათვის იყო მინისტრის ყოფილი მოადგილე, რატომ არ მივუთითებდით ნიკა გვარამიას, რომელიც მაშინ იყო ყოფილი მინისტრი? მეტი ხომ არავინ იყო? იმ ტელეფონის ნომრის მესაკუთრე არ იყო ნიკა გვარამია. ის ტელეფონის ნომერი არის ერთ-ერთი შპს-ის სახელზე აღრიცხული და რა მონაცემიც გვქონდა, ის წარვუდგინეთ სასამართლოს. იმ ეტაპზე უცნობი იყო, რომ გვარამია სარგებლობდა.
დანაშაულის სტატისტიკაზე მინდა გკითხოთ. რა ტენდენციებია? ამნისტიის თემას რომ დავუკავშიროთ, თქვენი აზრით, ხომ არ გაიზრდება კრიმინალი?
სტატისტიკურად სექტემბერი-ოქტომბერი გარკვეულ ჩავარდნებს აჩვენებს, იმიტომ რომ იმ პერიოდში - წინასაარჩევნო და ხელისუფლების გადაბარების პერიოდში, მოშვებული იყო დევნა დანაშაულზე. უკვე ნოემბრიდან სიტუაცია სტაბილიზდება.
ამნისტიას რაც შეეხება, ვიზიარებ იმ აზრს, რომ პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს კანონით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში. თუმცა, როდესაც პატიმართა მიმართ დანაშაულებრივი მოპყრობა არის ყოველდღიურობა, ამ ადამიანებმა ერთგვარი შეღავათი უნდა მიიღონ იმისთვის, რაც იწვნიეს. ამ მხრივ, ამნისტიის საყოველთაო ეფექტს, რაღაც მეტაფიზიკური სამართლიანობის დაბალანსების კუთხით ვხედავ.
რაც შეეხება იმას, რომ გამოვლენ ადამიანები, რომლებიც კრიმინოგენურ სიტუაციას გააუარესებენ, რა თქმა უნდა, ლოგიკა არის ამაში. როდესაც 3000 პატიმარი ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, შეიძლება ეს მოხდეს. ბუნებრივია, ამას ვერ გავექცევით. თუმცა, მეორე მხრივ, რამ გამოიწვია ამ ამნისტიის მიღება? გამოიწვია იმანაც, რომ სასამართლო არ მუშაობდა და ყველას, დამნაშავე იყო თუ უდანაშაულო, ციხეში უკრავდა თავს. ესეც ერთგვარი სამართლიანობის აღდგენაა იმ პირების მიმართ, ვინც უკანონოდ მოხვდა ციხეში. სამწუხაროდ, აქ მარტო უკანონოდ მსჯავრდებულები არ სარგებლობენ შეღავათით. იძულებული ვართ, ისეთი მსხვერპლი გავიღოთ, რასაც ჰქვია ნამდვილ დამნაშავეთა შესაძლო გამოსვლა. ამის საპირწონედ არის ის სიკეთე, რომ უდანაშაულოდ ჩასმული ადამიანიც გამოვა.
საპირწონე ისიც არის, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებთ. პრემიერმა თქვა, რომ დანაშაულის მატებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. რამდენად სწორია ეს და რას გააკეთებთ, რომ გარემო ისევ უსაფრთხო იყოს?
შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება. იუსტიციის სამინისტრო მუშაობს პატიმრების რესოციალიზაციაზე და, პარალელურად, ამ ადამიანებს ყურადღებას მივაქცევთ, რომ არ მოხდეს დანაშაულის რეციდივი.
![]() |
7 ახალი ხელისუფლება და ოკუპირებული რეგიონები |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ეკა ტყეშელაშვილი
შობა-ახალი წლის განწყობამ მცირე ხნით პოლიტიკისგან განტვირთვის სასიამოვნო შესაძლებლობა მოგვცა. არაფერი მომხდარა ისეთი, რაც საინფორმაციო გამოშვების ყურებას გვაიძულებდა. ხანმოკლე ამოსუნთქვის შემდეგ კი ჩვენი ყოფა ჩვეულ რიტმს უბრუნდება და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ინტერესიც მატულობს.
რუსული გრადების კოლონა ცხინვალში შედის. 13 აგვისტო, 2008
პოლიტიკურად დამუხტული გარემო ჩვენთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. უფრო უჩვეულო, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გზის გასაყარზე დგომის შეგრძნებაა - პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან სამი თვის თავზე საზოგადოება კვლავ ცდილობს გაერკვეს ახალ რეალობაში და წარმოდგენა შეიქმნას საკუთარ მომავალზე. დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიისა და ხელისუფლების გადაბარების პროცესის შემდგომ, უმეტესობა პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდა, თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში გაცილებით მეტი კითხვა დაგროვდა, ვიდრე პასუხი, რომელიც მწყობრი, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას მოგვცემდა.
რუსული ავიაციის მიერ დაბომბილი გორი. 10 აგვისტო, 2008
გამონაკლისს არც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა წარმოადგენს. ჯერ კიდევ ძნელია დანამდვილებით ითქვას, როგორია მთავრობის, მით უფრო საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანი ხედვა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით. პირველადი ანალიზი მხოლოდ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი. მათი უმრავლესობა კი, ჯერჯერობით, უფრო ზოგადი, ბუნდოვანი, ცალკეულ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხავიც კი არის.
რუსი სამხედროები და ოსი ბოევიკები თბილისი-გორის გზაზე. 13 აგვისტო, 2008
2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს ეპიზოდს წარმოადგენს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთული გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში არ მოხდეს ოკუპაციის სიმწვავის აღქმის განელება და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული პოლიტიკის ნაკლებად პრიორიტეტულად აღქმა და, მით უფრო, მისი სხვა საგარეო თუ საშინაო გამოწვევებთან მორგება.
2008 წლის შემდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით, სახელმწიფო პოლიტიკა რამდენიმე ძირითად კომპონენტს დაეფუძნა, რომელთა ქვაკუთხედი ოკუპაციის შესახებ კანონი გახდა. ამ კანონით საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ნათლად განაცხადა, რომ არ აპირებდა რეალობის შელამაზებას, არსებულ ვითარებას საკუთარ სახელს არქმევდა და მზად იყო, მყარი სამართლებრივი საფუძველი შეექმნა მომავალი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარებისათვის.
საკანონმდებლო აქტივობის პარალელურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საყოველთაო საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნება, ისევე როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების ოკუპაციად აღიარება, საგარეო ურთიერთობების მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რუსეთმა საწადელს ჯერჯერობით ვერ მიაღწია - ვერც მის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მოსურნე სახელმწიფოთა რიცხვი გაზარდა კრიტიკულ მასამდე და ვერც ოკუპანტის სტატუსს დააღწია თავი.
სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ოკუპირებული რეგიონების მკვიდრ მცხოვრებლებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ორიენტირებული სტრატეგია. საქართველოს ხელისუფლებამ პირველად დაიწყო გამყოფი ხაზებით დაშორებულ ადამიანებს შორის ურთიერთობების აღდგენაში მიზანმიმართული, თანმიმდევრული ინვესტირება. ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგია ძალიან პრაგმატულ მოსაზრებაზეა დაფუძნებული. ოკუპაციის პირობებში დიპლომატიური აქტივობის პარალელურად, აუცილებელია ადამიანებს შორის კავშირების აღდგენის გზით მათი სამომავლო თანაცხოვრებისთვის საჭირო წინაპირობების შექმნა.
საფუძველს მოკლებული იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან, თუნდაც ადგილობრივ რეჟიმებთან ურთიერთობის გზით, შესაძლებელი გახდებოდა რუსეთის პოზიციისაგან დამოუკიდებლად დეოკუპაციის პროცესის რუსი სამხედროები და ოსი ბოევიკები თბილისი-გორის გზაზე. 13 აგვისტო, 2008 დაწყება, ასობით ათასი დევნილის საკუთარ სახლ-კარში უსაფრთხოდ დაბრუნება და მთლიანობაში კონფლიქტის მოგვარება.
დღეისთვის შეუძლებელია იმის თქმა, თუ როგორი იქნება ახალი ხელისუფლების პირობებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან სახელმწიფო პოლიტიკის არქიტექტურა, ან თუნდაც ამ პოლიტიკის გამჭვირვალობის ხარისხი.
არსებითია, შეიცვლება თუ არა კონფლიქტთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, რამდენად ასახავს იგი არსებულ რეალობას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვისათვის ეგზისტენციალურ სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებს. საქართველოს ნებისმიერი ხელისუფალისთვის დაუშვებელი უნდა იყოს, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სივრცეში, ისევე როგორც საგარეო ურთიერთობებში, ოკუპაციის ბუნდოვანი, შელამაზებული ტერმინით ჩანაცვლება. ან სახელმწიფო პოლიტიკის საბოლოო მიზნად ორივე რეგიონის რეინტეგრაციის ნაცვლად რაიმე გაურკვეველი კონცეფციის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია, კარგად გააზრებული სამართლებრივი და პოლიტიკური ტერმინოლოგია არ იყოს შერაცხული წინა ხელისუფლების გაუმართლებელ რიტორიკად, რომლის შეცვლის შემთხვევაშიც შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტის მოგვარების თითქოსდა ახალი შესაძლებლობები.
ოკუპაციის შესახებ კანონის სავარაუდო ცვლილებები მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით პოლიტიკის ცვლილების არსის განსაზღვრისათვის. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საკანონმდებლო ცვლილებებით, შესაძლოა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეუზღუდავი მიმოსვლა და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება დაიშვას. აღსანიშნავია, რომ კანონის დღევანდელი რედაქციით, სამხრეთის მიმართულებიდან (საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიებიდან) ოკუპირებულ რეგიონებში მიმოსვლის თვალსაზრისით რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. კანონი კრძალავს ჩრდილოეთიდან, საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი სასაზღვრო პუნქტებიდან ოკუპირებულ რეგიონებში შემოსვლას, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის მიზნით ოკუპანტის მიერ თავსმოხვეული რეალობის მიუღებლობითაა განპირობებული.
შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს რუსეთის მხრიდან რეგიონებში შეუზღუდავად შესვლის რეჟიმის შემოღება და რამდენად ხელშემწყობი შეიძლება იყოს ეს ნაბიჯი რეგიონების დანარჩენ საქართველოსთან დაახლოებისა და საბოლოო რეინტეგრაციისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დღითი დღე იზღუდება მიმოსვლის თავისუფლება. ოკუპანტი, ყველა მიმართულებით, ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საოკუპაციო ხაზი სრულყოფილ სასაზღვრო ზონად ჩამოყალიბდეს. ბოლო თვეების განმავლობაში უკიდურესად გართულდა რეგიონებში შესვლის პროცედურები და შეიზღუდა იქ მცხოვრებთა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობები.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობას რაც შეეხება, კანონის თანახმად, მოქმედ ზოგად აკრძალვას გამონაკლისები აქვს. სამეწარმეო საქმიანობა დასაშვებია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არიან რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, საქართველოს სამართლებრივი სივრცის ფარგლებში მოქმედებენ, ისევე, როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართულ შემთხვევებში. ძალიან ბუნდოვანია, თუ როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის შეუზღუდავმა დაშვებამ ამ რეგიონების საქართველოში რეინტეგრაციას. ან რა ბერკეტების მეშვეობით იქნება შესაძლებელი ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასობით ათასი დევნილის კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების დაცვა.
ოკუპაციის კანონის გადახედვის აუცილებლობა რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო განახლებასთანაც იყო დაკავშირებული. არაერთი და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადების ფონზე, ძნელი სათქმელია, რას გეგმავს ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება. თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი და მრავალწახნაგოვანი საკითხია, რომ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად ტრანსპარენტული და ღია უნდა იყოს.
საგარეო ურთიერთობებში განმსაზღვრელი იქნება არაღიარების პოლიტიკის წარმატებულად გატარების მიზნით ქართული დიპლომატიის აქტივობის განგრძობადობა, ოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების თემატიკის პრიორიტეტულად დასახვა - როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში.
ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შედეგად კითხვები გაჩნდა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებითაც. დღეისთვის ბუნდოვანია, იქონიებს თუ არა რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის მიერ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი ზეგავლენას ჟენევის მოლაპარაკებებზე. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთისთვის ძნელად მისაღები იყო ჟენევის მოლაპარაკებებისთვის განსაზღვრული ფორმატი. რუსეთი პირველად განისაზღვრა როგორც კონფლიქტის მხარე და არა როგორც ეგრეთ წოდებული მშვიდობისმყოფელი ან მედიატორი.
ჟენევაში მოლაპარაკებები წარმოებს კონფლიქტის ორ მხარეს - საქართველოსა და რუსეთს შორის, საერთაშორისო თანამეგობრობა კი მედიატორის როლში გვევლინება. მოლაპარაკებების ბოლო (ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კი პირველი) რაუნდი უკიდურესად მძიმე გამოდგა. მომავალში მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი რაუნდების სამუშაო რეჟიმში გადაყვანა. ამ მხრივ საინტერესოა, გეგმავს თუ არა ახალი ხელისუფლება, მისი ცალკეული წარმომადგენლების მიერ აფხაზური და ოსური მხარეების კონფლიქტის მხარეებად აღიარების შესახებ ადრე გაკეთებული განცხადებების რეალურ პოლიტიკაში ასახვას და ამ რუსული გრადების კოლონა ცხინვალში შედის. 13 აგვისტო, 2008 ნაბიჯით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით, არსებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირეულ გადახედვას.
ძნელი განსასაზღვრია ახალი ხელისუფლების ხედვა ჩართულობის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებითაც. გაურკვეველია, იგეგმება თუ არა მოქმედი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადახედვა ან ახლით ჩანაცვლება. ცვლილებების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება პროცესის ტრანსპარენტულად წარმართვა და, რაც მთავარია, შენარჩუნებული და გაძლიერებული უნდა იყოს თანამშრომლობის ის პოზიტიური დინამიკა, რაც მოქმედი სტრატეგიის აღსრულების მეშვეობით იქნა მიღწეული.
დასასრულ, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მიუხედავად მრავალი საჭირბოროტო საკითხისა, ქვეყნის გამთლიანება და ასიათასობით ჩვენი თანამემამულის საკუთარ სახლ-კარში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება საზოგადოებისთვის კვლავაც მთავარი საფიქრალი იქნება და ეს დემოკრატიული პოლიტიკური გარემოს არსებობის პირობებში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელიც გახდება. დრო წარმოაჩენს, რამდენად სიმპტომატური შეიძლება იყოს ის, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება საინფორმაციო ნაკადის მორევში ჩაიკარგა და საზოგადოების რეაგირება არ გამოუწვევია.
![]() |
8 რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება?! |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია
ბოლო საუკუნეების საქართველოს ისტორიას თუ გადახედავ, რთულია გამოყო პერიოდი, როდესაც რუსეთთან ურთიერთობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და განვითარების პრობლემას არ წარმოადგენდა. მეტიც, გასაოცარია, როგორ არ იცვლება პრობლემის არსი საუკუნეების მიმდინარეობასთან ერთად. კიდევ უფრო გასაოცარია, რომ ფორმაც კი იგივე რჩება. იქნება ეს მეცხრამეტე, მეოცე თუ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი, ჩვენ სულ რუსეთის ოკუპაციაზე ვსაუბრობთ.
ისტორიული დოკუმენტების კითხვისას ზოგჯერ შთაბეჭდილება გრჩება, რომ მხოლოდ თარიღის შეცვლაა საჭირო და შინაარსის აქტუალობა იგივეა.
„მეთვრამეტე საუკუნის გასულს, გარეშე მტრებთან ბრძოლაში ძალამიხდილი ქართველი ერი ნებაყოფლობით მიეკედლა ერთმორწმუნე რუსეთს, იმ იმედით, რომ მისი მფარველობის ქვეშ საქართველო უზრუნველჰყოფდა თავის პოლიტიკურსა და ეროვნულ არსებობას, რაიცა აშკარად არის აღნიშნული 1783 წლის საქართველოს მეფის ერეკლე მეორისა და რუსეთის იმპერატორიცა ეკატერინე მეორის შორის დადებულს პოლიტიკურ ტრაქტატში, მაგრამ, სამწუხაროდ, გაცრუებულ იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას.
ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულკულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილი საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ამბროსი ხელაია
ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე. მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება... ამიტომ ვითხოვ: 1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან. 2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ-კულტურას შეესაბამება.
სრული იმედი მაქვს, რომ მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელჰყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემის პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან“. (საქართველოს პატრიარქის, ამბროსი ხელაიას საგანგებო მიმართვა 1922 წლის გენუის საერთაშორისო კონფერენციას)
აღნიშნული მიმართვიდან კარგად იკვეთება, რომ საქართველოს რუსეთთან პრობლემები არ დაწყებულა არც სააკაშვილის ხელისუფლების, არც შევარდნაძის და არც წინა ხელისუფლებების დროს. ეს პრობლემა საუკუნეებს ითვლის და მას საკმაოდ თანმიმდევრული ხასიათი აქვს.
1. „...მაგრამ, სამწუხაროდ, გაცრუებულ იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო...“ - 1783 წლის ტრაქტატი, 1920 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, 1993 წელს რუსეთისთვის კონფლიქტში მინდობილი მედიატორის როლი, თუ 1994 წელს დსთ-ში შესვლა - ყველა ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ რუსეთისთვის „შეთანხმება“ არაფერს წარმოადგენს და მისი ნდობა ჩვენთვის ტრაგიკულად მთავრდება.
2. „მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი“ - რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად პატარა ერების მიმართ იმპერიული დამოკიდებულებით გამოირჩევა. იგი თავის სიძლიერეს სწორედ მის გარშემო მყოფი პატარა ერების „ჩაგვრაში“ პოულობს. სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა თუ მოლდოვა - ვერცერთმა ვერ შეძლო რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება. ეკონომიკურ-ენერგეტიკული, დიასპორებით თუ კონფლიქტებით მანიპულირების გზით, რუსეთი ცდილობს ყველა ამ სახელმწიფოზე გავლენის ბერკეტის შენარჩუნებას. ვერც სომხეთმა, ვერც აზერბაიჯანმა, ვერც უკრაინამ და ვერც მოლდოვამ რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაარეგულირა. მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოც კი გახდა, მაგრამ დღემდე დგას კონფლიქტის, რუსული ბაზრის არასტაბილურობის და ევროპული ინტეგრაციის პრობლემის წინაშე.
3. „მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება“ - საქართველო ისტორიულად მიილტვოდა დასავლური სამყაროსკენ, რომელიც სამართლიანობის და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. გარდა ამ ფასეულობების ერთიანობისა, დასავლეთთან დაახლოება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაა. ზემოჩამოთვლილი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, სწორედ იმ სახელმწიფოებმა მოიპოვეს უსაფრთხოების გარანტიები და დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი განვითარება, რომლებმაც დასავლეთთან - ევროკავშირში და NATO-ში - ინტეგრაცია მოახერხეს. კერძოდ, ბალტიის სახელმწიფოებმა.
ამ ისტორიულ გაკვეთილებზე საუბარი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მეჩვენება, რადგან კვლავ მწვავედ დადგა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხი. საზოგადოებაში გააქტიურდა საუბარი ერთმორწმუნე რუსეთთან შერიგებაზე, მისი ბაზრის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკისთვის, კულტურულ და ისტორიულ სიახლოვეზე. როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ, კარგად გავიხსენოთ ისტორიული გაკვეთილები. გავიხსენოთ, რომ სწორედ ერთმორწმუნე რუსეთის ოკუპაციის პირობებში დაკარგა საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია (1815 წელი) და იდევნებოდნენ ქართველი სასულიერო პირები, აღარაფერს ვამბობ საბჭოთა პერიოდში ეკლესიის მიმართ ერთმორწმუნეთაგან მიყენებულ ზარალზე. გადავხედოთ ჩვენს უახლოეს წარსულს, ჩვენს მეზობლებს და გავაანალიზოთ, როგორ გამოიყენებს რუსეთი თავის ბაზარს პოლიტიკური გავლენის იარაღად.
ზოგჯერ მიზეზშედეგობრივი კავშირებიც ირღვევა და საუბრობენ, რომ NATO-ში ინტეგრაციამ შეგვიქმნა რუსეთთან პრობლემები. NATO-ში ინტეგრაცია კი არ გვიქმნის რუსეთთან პრობლემებს, რუსეთი გვიქმნის საუკუნეების განმავლობაში პრობლემებს მაშინ, როდესაც ჩვენ თავისუფლების, დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გამყარებას ვცდილობთ. ან სად იყო NATO, როდესაც ამბროსი ხელაია გენუის კონფერენციას მიმართავდა...
ეს, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობა არ უნდა გვქონდეს. თავისთავად დარეგულირების სურვილი აბსოლუტურად ლოგიკური და ჯანსაღია. მთავარია, კარგად გავაცნობიეროთ პრობლემის არსი, რა ტიპის სახელმწიფოსთან ვცდილობთ ამ პროცესის წარმართვას და ამის შესაბამისად განვსაზღვროთ ჩვენი სტრატეგია.
რა არის ჩვენი სტრატეგია? რას ვგულისხმობთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში? რა არის ის საბოლოო შედეგი, რომელიც საქართველოსთვის სასურველი (აუცილებელი) და ჩამოყალიბებულ მოცემულობაში მიღწევადია? რა არის ის საფრთხეები, რომლებმაც რუსეთთან ურთიერთობაში შესაძლოა კიდევ ერთხელ მიგვიყვანოს ტრაგიკულ შედეგამდე?
ერთადერთი შედეგი, რომელიც პასუხობს საქართველოს ინტერესებს და რომლის მიღწევის შემდეგადაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან დარეგულირებულ ურთიერთობებზე ვისაუბროთ, ეს არის გამთლიანებული სუვერენული საქართველო, რომელსაც ტოვებს რუსული საოკუპაციო ჯარები და რომელსაც აქვს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არჩევანის გაკეთების თავისუფლება; ამასთანავე, სარგებლობს კეთილმეზობლური პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობებით რუსეთთან. სწორედ ასე ჩამოაყალიბა საქართველოს მთავრობამაც ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებების წინ და განსაზღვრა წითელი ხაზები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაციაზე გადის.
ამასთანავე, ზუსტად საპირისპიროს ნიშნავს რუსეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირება. თან ეს პოზიცია მკაფიოდ არის გაჟღერებული. რუსეთი არ აპირებს ჩვენი ტერიტორიების აღიარების გადახედვას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და საქართველოს NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის დაშვებას, რადგან ყოველივე ეს რუსეთისთვის საქართველოზე გავლენის დაკარგვად აღიქმება. ამ მოცემულობაში არ შეიძლება არ გაჩნდეს კითხვა: რა აიძულებს რუსეთს შეცვალოს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მიდგომა ამ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში? ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრება მომისმენია.
ერთი, რომ მოლაპარაკების გზით აღვადგენთ ნდობას და შემდეგ შევეცდებით პრობლემის დარეგულირებას. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წარსულის გაკვეთილები და დავფიქრდეთ, პრობლემა ნდობის არარსებობაშია თუ რუსეთის ინტერესებში, შეინარჩუნოს საქართველოზე გავლენის სფერო, რასაც მისი მრავალსაუკუნოვანი თანმიმდევრული პოლიტიკა ემსახურებოდა?!
მეორე მოსაზრებაა, რომ დავარწმუნებთ „რუსებს“. არ ვიცი დარწმუნების და ზეგავლენის რა მეთოდებზეა საუბარი, თუმცა დარწმუნებას გარკვეული არგუმენტაცია სჭირდება, რომლის არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაფიქრდე, რამდენადაა ეს არგუმენტაცია საკმარისი მეორე მხარის პოზიციის შეცვლისთვის. ისევ და ისევ, თუ გავითვალისწინებთ, რა არის რუსეთის მთავარი ინტერესი ჩვენთან ურთიერთობაში, მსგავსი არგუმენტები რთული მოსაძიებელია.
შესაბამისად, კითხვა - რამ შეიძლება შეუქმნას რუსეთს მოტივაცია, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე პოზიცია შეცვალოს, ჩემთვის პასუხგაუცემელი რჩება.
როგორც მთავრობის განცხადებებიდან ვლინდება, პირველ ამოცანად სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა სახელდება. თავისთავად სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა და ჩვენი პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის მოპოვება, მნიშვნელოვანი იქნება. ამასთანავე, აქაც ჩნდება საკითხი, რომელიც თავად რუსეთის პრეზიდენტმა გააჟღერა საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირების კონტექსტში. საქართველოს ინტერესი მეტია სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაში, ვიდრე რუსეთის. შესაბამისად, რა შეიძლება იყოს რუსეთის მოტივაცია, რომ გახსნას ბაზარი: 1. დაიბრუნოს საქართველოზე გავლენის ბერკეტი, რომელიც კარგად ნაცადი ხერხია, როგორც საქართველოსთან, ისე რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ, რამდენად შედის ჩვენს ინტერესებში, დაურეგულირებელი ურთიერთობების ფონზე შევიდეთ ისეთ ბაზარზე, რომლიდანაც გამოსვლის გადაწყვეტილებას რუსეთი უმტკივნეულოდ მიიღებს, ჩვენს ეკონომიკას კი ზიანი მიადგება. 2. ჩაგვითრიოს მოლაპარაკებების პროცესში, რომელშიც შეეცდება, მისთვის სასურველ დარეგულირებას მიაღწიოს.
მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი მთავრობის სურვილში, დაიცვას საქართველოს ინტერესები, ნათლად შემიძლია წარმოვიდგინო. როგორ შეიძლება მიადგეს ზიანი ჩვენს პოზიციებს.
„ჟენევის ფორმატის“ დასუსტება
ამის კონტურებიც უკვე გამოჩნდა. ნებისმიერი სუსტი და ძლიერი მხარის მოლაპარაკებების პროცესში, მით უმეტეს, როდესაც ეს ძლიერი მხარე მარტივად არღვევს შეთანხმებებს და თამაშის წესებს, სუსტი მხარის ინტერესებშია არსებობდეს ნეიტრალური არბიტრი. სწორედ ასეთი ნეიტრალური არბიტრის არსებობის გამო უქმნის ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთს დისკომფორტს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კარასინის გამოყოფა ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელთან დიალოგისთვის სწორედ ამ მიზანს ემსახურება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მხრიდან წარმომადგენლის გამოყოფა ცალმხრივად, მანდატის ორმხრივად განსაზღვრის გარეშე მოხდა, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ჟენევის თემატიკა კარასინ-აბაშიძის დიალოგში არ გადაინაცვლებს. მეტიც, ლოგიკურია, რომ ადამიანი, რომლის პორტფელს სწორედ ჟენევის მოლაპარაკებები წარმოადგენს, ეცდება ეს პორტფელი ამ, მისთვის სასურველ (არბიტრის არმქონე) ფორმატში გადმოიტანოს.
„ოკუპანტის“ სტატუსის მოშორება
ოკუპაციის სტატუსის არსებობა კონფლიქტის სამომავლო გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად. პოლიტიკურად ეს სტატუსი რუსეთზე ზრდის წნეხს (საერთაშორისო ასპარეზზე), ხოლო სამართლებრივად მას პასუხისმგებელს ხდის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ბუნებრივია, რუსეთი აუცილებლად ეცდება, რომ ურთიერთობების დარეგულირების სურვილი, ასევე ნდობის აღდგენისა და დათბობის მცდელობა ოკუპანტის სტატუსის მოშორების ან დასუსტებისათვის გამოიყენოს.
მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის დაწყების პარალელურად, საქართველოს მთავრობამ არ შეასუსტა რიტორიკა ოკუპაციის თვალსაზრისით. ამასთანავე, საკმაოდ რთული იქნება, ორმხრივად ეცადო, რომ აღადგინო ნდობა და დაათბო ურთიერთობები და პარალელურად, გააგრძელო ოკუპაციის ტერმინის დამკვიდრების აქტიური პოლიტიკა რაც შეიძლება მეტ სახელმწიფოში თუ ორგანიზაციაში. ამ ფონზე, გაუგებარი იყო კარასინთან შეხვედრის შეჯამებისას ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის განცხადება, რომელიც ოკუპაციის კანონის შესაძლო ცვლილებებს ეხებოდა. თავი რომ დავანებოთ ამ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მსგავსი განცხადების კარასინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთება მიანიშნებს, თუ როგორ შეიძლება ამ მოლაპარაკებების დინამიკამ საქართველო პრინციპული პოზიციების დათმობაში ჩაითრიოს.
„არაღიარების“ პოლიტიკის გაგრძელება
რუსეთი საკმაოდ დიდ პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსს ხარჯავს, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა სხვადასხვა სახელმწიფოებმა აღიარონ. ამის შემაკავებელი ფაქტორი გახლავთ როგორც საქართველოს ურთიერთობების დამყარება/გაღრმავება ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებიც პოტენციურად შეიძლება რუსეთის წნეხის ქვეშ მოექცნენ, ისე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების არაღიარების პოლიტიკა, რომლებიც რუსეთის წნეხს თავიანთ ბერკეტებს უპირისპირებენ. ურთიერთობების დარეგულირებისთვის პოზიტიური ატმოსფეროს შექმნის სურვილმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას არაღიარების პოლიტიკის ქმედით და აქტიურ განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რუსეთთან ამ გზით ურთიერთობების დარეგულირება არარეალისტური ამოცანაა. მეტიც, ამ პროცესს ახლავს საკმაოდ სერიოზული საფრთხეები, რომელთა არიდებაც მთავრობის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. ამ საფრთხეების ნეიტრალიზაციის ერთადერთი საშუალება დასავლური ინტეგრაციის ინტენსიფიკაცია იქნება, რაც თავისთავადი ღირებულების გარდა, მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება რუსეთისთვის, რომ გავლებული წითელი ხაზები მართლაც ვერ გადაილახება.
საქართველოს განვითარების და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ერთადერთი რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული პროცესი NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაა. სწორედ ამ უსაფრთხოების გარანტიის და დემოკრატიულობის შეუქცევადობის პირობებში იქნება შესაძლებელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე ფიქრი. სწორედ 28 ძლიერი სახელმწიფოს კლუბში გაწევრიანება (რომელშიც ერთის მიმართ თავდასხმა ყველას მიმართ თავდასხმას ნიშნავს), იქნება ის მოტივაცია, რომელიც რუსეთს აიძულებს საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ფორმის გამონახვას და იმ რეალობასთან შეგუებას, რომ მის სამეზობლოში პატარა, მაგრამ დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფო არსებობს. როგორც ეს ჩვენი ბალტიელი მეგობრების შემთხვევაში მოხდა და რისკენაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მიილტვოდნენ.
![]() |
9 თეა წულუკიანი: უმრავლესობის უფლებები ირღვეოდა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
26 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, „დიალოგში“ დავით პაიჭაძესთან, რელიგიურ თემატიკაზე საუბარს ვრცელი დრო დაუთმო.
რატომ მიგაჩნიათ საჭიროდ, სწორედ მთავრობასთან იყოს დაკავშირებული ეს რელიგიათა საბჭო და იყოს არა იქ, სადაც ის ამჯერად არის, ამჟამად, სახალხო დამცველის აპარატთან, ადგილთან, რომელსაც ევალება ზრუნვა ადამიანის უფლებებზე, სხვა რა კუთხით შეიძლება წარმოიდგინო ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის მოქმედება და საქმიანობა საქართველოში, თუ არა მათი სრული უფლებრივი უზრუნველყოფის განაკვეთში.
ეს საბჭო, რომელიც არსებობს ომბუდსმენთან, მართლაც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ხანდახან შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს, რომ რაღაც უტრირებებიც ხდება, თუმცა 99%25 შემთხვევებში ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ამ ორ ინციდენტს როცა შევესწარით, დავდექით ასეთი რეალობის წინაშე: პირველი - აშკარაა, რომ წინა ხელისუფლებებმა და თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც გახსოვთ რა პერიოდიდან მოვდივართ ჩვენ ამ თემაზე, გახსოვთ გლდანში მომხდარი ამბები ჩემზე უფრო კარგად, ჯვრით რომ გაილახეთ თქვენ და ბოკერია, ეს იყო ტრაგედია ერის...
კიდევ ორი კაცი იყო, ვინც გაილახა მაშინ...
კი, უბრალოდ ბოკერიას არ უშველა გალახვამ მაშინ... ეს იყო, რა თქმა უნდა, ტრაგედია, იმიტომ რომ არ შეიძლება ჯვრით ვიღაცა ვიღაცას სცემდეს, არ შეიძლება ვინმე შეიჭრეს რომელიმე რელიგიური დაჯგუფების ლოცვის ადგილას, ეს არის მკრეხელობა და ტრაგედია სახელმწიფოსთვის და იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ცდილობს ერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ეს შავბნელი პერიოდი დამთავრდა, როდესაც შეიცვალა შევარდნაძის ხელისუფლება და წინა ხელისუფლებამ, მე ვაღიარებ ამას, რომ რელიგიურ თავისუფლებას შეეძინა გარკვეული ფორმა და ადამიანებს ელოცათ...
მაშინ როგორღა ამბობთ, რომ ბოკერიას არ უშველა ამან, ბოკერია იყო იმ ხელისუფლებაში...
ესე იგი უშველა, რა კარგია, მაშინ მეორედ უნდა გაილახოს? ამას გულისხმობთ? რომ კიდევ უფრო კარგი გახდეს... დავანებოთ ბოკერიას ერთი წუთით თავი... ჩვენი ხელისუფლების პირობებში დავდექით ასეთი რეალობის წინაშე, რომ კი, ბატონო, რა თქმა უნდა, შევარდნაძის ხელისუფლებასთან შედარებით არის გაუმჯობესებული რელიგიური თავისუფლების მდგომარეობა, მაგრამ არის ძალიან ბევრი პრობლემა. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში არა მხოლოდ რელიგიური უმცირესობების, არამედ რელიგიური უმრავლესობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებებიც ირღვეოდა. ირღვეოდა ძალიან ბევრჯერ ერთისიც და მეორესიც.
რანაირად, შეგიძლიათ მაგალითი გაიხსენოთ ამისი?
ამას ჰქონდა მუდმივად შეფარული ძალადობის ფორმა. ყველას მიმართ.
რელიგიური უმრავლესობის მიმართ რა ძალადობის ფორმა ჰქონდა?
შეფარული ძალადობის ფორმა ჰქონდა.
გამოავლინეთ ეს ძალადობის ფორმა... ახადეთ ფარდა.
მაგალითად, დახლეჩის ფორმა, ამ ეკლესიის. დამეთანხმეთ.
ვერა...
თუ არ დამეთანხმებით, დარჩით თქვენს აზრზე.
ჩემს აზრს თავი დავანებოთ, როცა ამას ამბობთ, ეგებ საილუსტრაციო მასალაც მოგვაშველოთ.
საილუსტრაციო მასალა მთელი 9 წლის განმავლობაში ბევრი დაგროვდა, მათ შორის, მედიაში და ნახეთ.
თქვენ ხომ ახლა მე არ მელაპარაკებით, ქალბატონო თეა, თქვენ ელაპარაკებით ბევრ ათას მსმენელს...
ნუ, ბევრმა ათასმა მსმენელმა ზუსტად იცის რასაც ვამბობ...
არა მგონია…
თუ არ გგონიათ, ეს თქვენი აზრია.
და მე შემეშველეთ, ერთ კაცს უპასუხეთ.
მე თქვენ არ გელაპარაკებით, მე ბევრ მსმენელს ველაპარაკები, რომელმაც ზუსტად იცის რას ვამბობ.
მე არ ვიცი რას ამბობთ, ზუსტად, დახლეჩის ერთი მცდელობა, ძალიან საინტერესო რამე თქვით ახლა თქვენ, ამიტომ საინტერესოა გავაღრმაოთ ეს კონკრეტული მაგალითებით.
კი, დახლეჩის მცდელობაა, როცა ხელისუფლება ცდილობს მიიმხროს სხვადასხვა სასულიერო პირები, სხვადასხვა მეთოდებით. როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ შეარყიოს ერთადერთი ავტორიტეტი, როგორიც იყო, არის და დარჩება საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი. როდესაც ხელისუფლება ცდილობს, მიიღოს ისეთი კანონი და კი არ ცდილობს, აკეთებს, რომელიც, მართალია, რომ კარგია, რომ სტატუსს აძლევ რელიგიურ უმცირესობებს, მაგრამ ეს სტატუსიც არის ცარიელი უჯრა, შიგ არაფერი არ ჩაუდეს რელიგიურ უმცირესობებს...
რა უნდა ჩაედოთ, გაათანაბრეს...
არაფერში არ გაათანაბრეს, მიანიჭეს სტატუსი იარლიყის სახით და ამის იქით არავითარი უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, არც გადასახადების კუთხით და არც ქონებრივი უფლებების კუთხით. სტატუსის კუთხით თანასწორები არიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აბა, ჰკითხეთ რელიგიურ უმცირესობებს, თუ აკმაყოფილებთ ეს, არ აკმაყოფილებთ. ამიტომ ეს უჯრაა შესავსები, ეს სტატუსი უნდა გახდეს შინაარსიანი. და როცა ეს კანონი მიიღეს, რელიგიურ უმრავლესობას, მართლმადიდებელ ეკლესიას არც კი ჰკითხეს რას ფიქრობდა ის ამის შესახებ...
მანდ ცოტა სხვა ისტორიაა, მათ ჰკითხეს, მათ არ უპასუხეს და ამის შემდეგ ადგნენ და მიიღეს.
არ უპასუხეს, საპასუხო ბევრი ჰქონდათ, რომ ეკითხათ, უპასუხებდნენ.
დიდი ხნის კონსულტაციები მიდიოდა, როგორც მახსოვს...
თქვენ არ გამოდგებით ახლა წინა ხელისუფლების ადვოკატად, მე ვამბობ იმას, რასაც...
ადვოკატი არაფერ შუაშია, მე შემიძლია გავიხსენო რაც იყო, ის არ იყო ერთი დღის ამბავი, ეს იყო რამდენიმე თვის...
მე ვესწრებოდი სინოდს, რომელმაც ეს კანონი განიხილა, ამას მოჰყვა სხვათა შორის დიდი ამბები, მაგრამ ამ სინოდზე იყო...
ჩვენ ხომ ვლაპარაკობთ იმაზე, რასაც თქვენ აპირებთ, ამაზე ვლაპარაკობთ და თქვენ დამაბრუნეთ და მეკითხებით რა იყო გახლეჩა, გახლეჩის მცდელობა იყო წინა ხელისუფლების პირობებში და დავამთავროთ წარსულზე საუბარი.
დავამთავროთ, უბრალოდ ერთ რაღაცას შევახსენებ მაყურებელს, სულ 15 წამის განმავლობაში. არაერთი სასულიერო პირი ღიად ეწეოდა ქართული ოცნების ქადაგებასა და პროპაგანდას, რაც გინდათ ის ვუწოდოთ, არსებობს ვიდეოკადრები, როცა მღვდელი პირდაპირ იცვამს ქართული ოცნების მაისურს, ასე რომ, სასულიერო პირების მხარდაჭერა არც თქვენ გაკლდათ...
მე ამაზე არ დამიწუწუნია, მე მგონი...
არა, ვინ წუწუნებს, უბრალოდ, თუ თქვენ ამბობთ, რომ წინა ხელისუფლება ცდილობდა მიემხრო სასულიერო პირები, თქვენი პოლიტიკური ძალაც ცდილობდა ამას და იმხრობდა...
არაფერს არ ცდილობდა, ჩვენი პოლიტიკური ძალა, პირიქით.
ყოველ შემთხვევაში, იწყნარებდა თქვენკენ გამოწეულ სასულიერო პირებს.
არავითარ შემთხვევაში.
როგორ არა, ქალბატონო თეა, მე ეს მახსოვს უბრალოდ.
ჩვენ ვისაუბროთ მომავალში როგორი უნდა იყოს და ახლა წარსულზე მე და თქვენ რომ ვერ შევთანხმდებით და არც უნდა შევთანხმდეთ, ეს არ იქნება კარგი. ვილაპარაკოთ მომავალზე, ჩვენ რა გვინდა, რომ ეკლესია მართლმადიდებელი და რელიგიური უმცირესობები სარგებლობდნენ ჭეშმარიტი რელიგიური თავისუფლებით. რომ პოლიტიკური ძალა, არცერთი პოლიტიკოსი და, ზოგადად, აღებული გუნდი, არ ერეოდეს და არ იყენებდეს არცერთ რელიგიურ ჯგუფს თავის პოლიტიკურ ინტერესში. რომ აღარ არსებობდეს არცერთ ეკლესიაში ამისიანი და იმისიანი სასულიერო პირის ცნება, ეს არის დასამთავრებელი ამბავი, იმიტომ რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჭეშმარიტ რელიგიურ თავისუფლებას ვერ მივიღებთ.
ეს თავად სასულიერო პირებზეა დამოკიდებული, დიდწილად.
დიდწილად მათზეა, დიდწილად ჩვენზეა, როგორ მოიქცევა საერო ხელისუფალი, საერო ხელისუფალს უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა შეიჭრას შიდაეკლესიურ თემებში, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება, რაც არ უნდა თქვენ ეს არ მოგწონდეთ, მე ასე ვფიქრობ და ამას ვამბობ ხმამაღლა.
რომელ შიდაეკლესიურ თემაში შეიჭრა, იქ, ნაციონალურ მოძრაობაში წარმოდგენა არავის არა აქვს დოგმატურ თუ რელიგიურ საკითხებზე, რანაირად უნდა შეიჭრა...
წარმოდგენა რომ არა აქვთ, ამიტომ იყო ეს ცუდი, საერო ხელისუფალს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა რელიგიურ დოგმებზე და ჩვენ მეტი განათლება გვევალება.
რატომ უნდა ჰქონდეს, ქალბატონო თეა?
რომ არ დაარღვიოს რელიგიური თავისუფლება...
სასულიერო ხელისუფლებას ჰქონდეს, საეროს როგორმე გავუძლებთ.
სასულიეროს თუ არა აქვს, ეს სასულიერო ხელისუფლების პრობლემაა. მე ვლაპარაკობ ამ წუთში საერო ხელისუფლებაზე.
საერო პირები რელიგიური დოგმებით ვიცი ირანში, ქალბატონო თეა, რად გვინდა ახლა ჩვენ ეგეთი პოლიტიკოსები...
რელიგიური დოგმა არ უნდა ესმოდეს, ვინც ქადაგებს? რელიგიურად გაუნათლებელი უნდა იყოს სასულიერო პირი? დოგმა ცუდი სიტყვა კი არ არის...
სასულიეროზე არ ვლაპარაკობ, საეროზე ვლაპარაკობ.
რელიგიური დოგმა, მრწამსი რა არის და რომელი ეკლესია რას ქადაგებს, ეს საერო ხელისუფალს რაღაც დონეზე მაინც უნდა ესმოდეს. მე მინდა, რომ მესმოდეს და ნუ ამიკრძალავთ, რომ მესმოდეს რომელი რელიგია რას ქადაგებს, იმისთვის, რომ უკეთ დავიცვა მათი უფლებები და რა პრეტენზიები აქვთ, რა მოთხოვნები აქვთ, მე მინდა, ეს მესმოდეს და ნუ ამიკრძალავთ ცოდნის წყურვილს.
დიდი ხანია დაინტერესდით ამით?
კი, დიდი ხანია, მაგრამ ჯერ განვითარების მაღალ დონეს ვერ მივაღწიე. და აუცილებლად მივაღწევ!
ინტერრელიგიური საბჭო ეს არის იდეა, იდეის დონეზეა ჯერ, მე მგონია, რომ მთავრობას სჭირდება მუდმივი დიალოგი ეკლესიასთან, რელიგიურ უმცირესობებთან, თუნდაც ID ბარათის თემაზე, მაგალითად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მე მაინტერესებს, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის და შიგნით არსებული განსხვავებული აზრების მოსმენა და ალბათ ეს არ მეკრძალება, რომ ვიცოდე უკეთესად, რომელ რელიგიურ პრინციპებს უპირისპირდება ID ბარათის ქონა თუ არსებობა, რა ფუნქციებია ამ ბარათის მიუღებელი მორწმუნეებისთვის, ერთი ჯგუფისთვის, იგივე აზრზე არიან თუ არა რელიგიური უმცირესობები და ამ მხრივ, დიალოგის ფარგლები ალბათ უნდა იყოს რაღაც ტიპის ინტერრელიგიური საბჭო. თუმცა საბჭოს შექმნას მე არ ველოდები, და იანვრის პირველ კვირაში დავიწყებ შეხვედრებს სასულიერო პირებთან და ყველა ეკლესიის წარმომადგენელთან, თუმცა მანამდე პირველ რიგში შევხვდები მართლმადიდებელი გამოცემების ხელმძღვანელებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას აწვდიან სხვადასხვა რაიონში, თუნდაც თბილისის უბნების მიხედვით სხვადასხვა მოძღვარი სხვადასხვა დაბეჭდილ მასალას ავრცელებს თავის მრევლში და ამ ინფორმაციის შესახებ მინდა მეტი რამ ვიცოდე, რომ მივხვდე რა აწუხებთ მას. წინა ხელისუფლება არ აღიარებდა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს, ისიც არ ვიცით რა ნაწილია ეს, რა რაოდენობაა ხალხის, აწუხებს ID ბარათების თემა, ჩვენ ვართ ის მთავრობა და მე ვარ ამ მთავრობის წარმომადგენელი, რომელმაც აღიარა, რომ პრობლემა არსებობს, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. იმას კი არ ვიძახით წინა ხელისუფლების დარად, რომ ვისაც ID ბარათი არ გინდათ, თქვენ არ გესმით, რომ ეს არის პროგრესი, ეს არ არის სწორი. ID ბარათი რომ ვიღაცას არ მოსწონს, იმ ვიღაცას უნდა ჰკითხო - რატომ, ეს პრობლემაა. მე მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მორწმუნეობის გამო უარს ამბობენ ID ბარათის აღებაზე და ამის გამო აცრას ვერ უკეთებენ თავიანთ პატარა ახლადდაბადებულ ბავშვს. ეს არის პრობლემა.
თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს რწმენის პრობლემაა, თუ უფრო განათლების?
ეს არის პრობლემა, აქედან დავიწყოთ. ნუ მიგყავართ ახლა მე შეფასებამდე...
იმდენი რამე შეაფასეთ...
არა, მე არ ვარ მზად შეფასებისთვის, როცა მზად ვარ შეფასებისთვის, ვაკეთებ შეფასებებს, მაგრამ ეს არ მრცხვენია ხოლმე, მაგრამ ამ ეტაპზე მე არ ვარ მზად შეფასებისთვის. მე ვამბობ, რომ პრობლემა არის, ახლა რომ შევაფასოთ, არის ცოდნის ნაკლებობა, ეს არის, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის უუნარობა საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის, თუ რა არის ზოგადად ეს, ხომ არ მიდის ID ბარათების ფუნქციები იმდენად შორს, რომ რწმენასაც რომ თავი დავანებოთ, პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპებს ხომ არ ეწინააღმდეგება. აქ არის მართლაც ძალიან დიდი სამუშაო, ამაზე ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იანვრიდან.
ჟურნალისტის საქმე არ არის, მაგრამ მე მაგალითად მიხარია, როცა სახელმწიფოს წარმომადგენლები მიდიან არა მხოლოდ უმრავლესობის რელიგიურ ჯგუფებთან და რელიგიის მსახურებთან, არამედ, მაგალითად, შობა დღეს თქვენ დაესწარით კათოლიკურ მესას...
ვანოსთანაც კი ვილოცე ეკლესიაში, წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე.
ეს კარგია, მე ვფიქრობ, მოქალაქეებისთვის. ასევე ქალაქის მერი და თქვენ იყავით ორმოცდაათიანელებთან, რომლებთანაც თქვენამდე არასდროს არავინ მისულა, არცერთი სახელმწიფო მოხელე.
ქალაქის მერმა ჩემგან განსხვავებით იქ იცეკვა კიდეც ცოტა. მე უფრო დამძიმებული ვარ ცოდვებით და ვერ მივეცი თავს ცეკვის საშუალება.
დამაკლდა ესე იგი სანახაობა. ეს ყველაფერი კაია, მაგრამ თუ აპირებთ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს ჰკითხოთ, უნდათ კი მათ მთავრობასთან ერთად საბჭოში გაერთიანება?
რა თქმა უნდა, უნდა ვკითხოთ. არის ასეთი ორგანიზაცია - ოცდამეერთე საუკუნე, რომლის ხელმძღვანელ პაატა გაჩეჩილაძეს უკვე წლებია სამუშაო ჯგუფი აქვს შექმნილი, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიაც არის წარმოდგენილი და ყველა რელიგიური უმცირესობა. მე ვიყავი მთავრობის წევრებთან და სხვა წარმომადგენლებთან ამ ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, იქ მე გავაჟღერე ეს იდეა, ხომ არ შეგვექმნა-მეთქი რაღაც ფორუმი, ჯგუფი დავარქვათ, საბჭო დავარქვათ, მოვუგონოთ რა სახელიც ყველას აწყობს და მოსწონს, რომ მთავრობასთან ვისაც მხოლოდ ზრუნვა კი არ ევალება, არამედ კანონების შეცვლაც, რეგულაციების შექმნა და ხელშეწყობა რელიგიური თავისუფლებისთვის. იქ პრინციპში იდეის დონეზე, პირველად გაჟღერებული იდეის დონეზე ეს ყველამ მოიწონა. უკლებლივ ყველამ. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ უნდა გაღრმავდეს ეს კითხვა, რომ ვიცოდეთ ვისთვის არის ეს ხელსაყრელი და ვისთვის არა.
ერთი კითხვაც და რელიგიურ უმცირესობებთან ურთიერთობის თემა დავხუროთ. მინდა გავიხსენო ორი ინციდენტი, ერთი ნიგვზიანის და მეორე, განსაკუთრებით, წინწყაროსი, რომელიც შემდგომ ერთი მხრივ ქართული ოცნების, მეორე მხრივ საპატრიარქოს, მესამე მხრივ მუსლიმური თემის წარმომადგენლების ურთიერთქმედებით ჩაცხრა, მე ვიტყოდი. როგორ შეფასებთ თქვენ იმ შეთანხმებას, რომელმაც სიმწვავე ჩააცხრო. მოდი, მე რამდენიმე გარემოებას გავიხსენებ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს და არავის ეს ინფორმაცია არ უარუყვია, იქ მოხდა შეთანხმება, რომ მუსლიმები სხვა რაიონებიდან არ ჩავლენ იქ სალოცავად. მე რამდენადაც მახსოვს, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების, გადაადგილების თავისუფლების შელახვა ადამიანებისთვის. ასევე, თუ არ ჩავლენ, ვერც ილოცებენ, ეს უკვე შეიძლება იყოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაც. მოკლედ, ეს ჰგავს იმას, რომ ამ შეთანხმებამ მოიტანა ამ ქვეყანაში მცხოვრები ერთ-ერთი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთათვის დისკრიმინაციული გარემო.
მოგახსენებთ, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება იმით, რომ არ ეწყინებათ ალბათ ჩემს სისხლსა და ხორც სვანებს, ნიგვზიანში საქმე გვქონდა გურულებთან, რომლებიც არიან მშვიდობისმოყვარე ხალხი და იქ იყო დიალოგისთვის სივრცე, მანამ სანამ მოხდებოდა ძალის დემონსტრირება. მაგრამ წინწყაროს შემთხვევაში, პირველად როცა ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მაშინვე დავუკავშირდი მე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც უკვე ინფორმირებული, მისთვის ეს ცინცხალი ინფორმაცია იყო. და შევთანხმდით, რომ სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო იქ პატრულის ჩაყენება და შსს-ს სამინისტროს ორგანოების წარმომადგენლებს უფრო მეტი აქტივობა უნდა გამოეჩინათ, ვიდრე ნიგვზიანის შემთხვევაში. იმიტომ რომ იქ ჩვენ ვიხილეთ თოხით შეიარაღებული სვანები, რომლებიც რელიგიურ ნიადაგზე იყვნენ აღშფოთებულები და ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. თქვენ როდესაც თქვით, რომ შეთანხმება სხვადასხვა აქტორების წყალობით იყო მიღწეულიო, ასე ვთქვათ, დამშვიდდაო სიტუაციაო, ძალიან მწყინს, რომ არ გაგახსენდათ შსს, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა, როგორც ნიგვზიანში, ასევე წინწყაროში. თქვენ ალბათ არ იცით და თუ იცით გამოგრჩათ, რომ პატრულმა ადგილზე არაერთი მართლმადიდებელი დაკითხა და დაკითხა ასევე მუსლიმური მხარეც. იქ იყო ურთიერთბრალდებები და თქვენ იცით, რომ როცა რელიგურ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, ისევე როგორც ეთნიკურ დაპირისპირებასთან, იქ მართალ-მტყუანის გარჩევა არის დელიკატური საკითხი და საჭიროებს დიდ სიფრთხილეს.
მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება შედეგისადმი, რომელიც, ჩემი აზრით, გულისხმობს ერთგვარ დისკრიმინაციას.
არ გეთანხმებით და გეტყვით რატომ. იქ მაშინ არ უნდა გამოგრჩენოდათ შსს, რომელმაც მართლაც დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ იქ არ მოხდა უბედურება, დაკითხული იქნენ ეს ადამიანები, რადგან იქ მოგლეჯილი იქნა თურმე ჯვრები, როგორც ამბობენ, მართლმადიდებლები. და მართლმადიდებლები იქნენ დაკითხულნი, რადგან არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს მუსლიმს, თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელს ლოცვაში. და ამიტომაც, იქ, დიახ, პოლიციამ თავისი როლი ითამაშა, გამოძიება, სხვათა შორის, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ საკითხზე. რაც შეეხება შეთანხმებას, მე არ ვთვლი, რომ ის ადამიანები, ვინცილოცებს სხვაგან და მაინცდამაინც იქ არ ჩამოვა, ირღვევა მათი აღმსარებლობის თავისუფლება, იმიტომ რომ შეთანხმების პირობებში შემოწმდა ის, მათ შეეძლოთ თუ არა, რომ ელოცათ სხვაგან, ისე, რომ აქ არ ჩამოსულიყვნენ და ამას არ გამოეწვია ადგილობრივ დონეზე დაძაბულობა. ამიტომ მე ვერ ვხვდები, სად არის რელიგიური თავისუფლების ხელყოფა ასეთ შემთხვევაში.
კარგი, მე აღარ გავაგრძელებ ამაზე, რადგან თუკი...
ხო, არ აქვს ჩემთან ამ თემებზე კამათს აზრი.
არა, უბრალოდ, თუ მუსლიმს ეკრძალება ჩავიდეს ამ სოფელში და თავის თანამორწმუნეებთან ერთად ილოცოს, ეს რა არის...
არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ რაკი გააღრმავეთ, ვიტყვი, რომ ორივე ინციდენტი იყო გარედან ინსპირირებული. და ამაზე ჩვენ გამოძიებას ჩავატარებთ.
![]() |
10 მაკიაველის განცდები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
გრიგოლ გეგელია
კოაბიტაცია - ჭეშმარიტად საბრალო ტერმინი, რომელიც ქართულად იძენს ყველა მნიშვნელობას საკუთარის გარდა. ბოლო დროს ეს ტერმინი ხშირად ისმის. თუმცა, არ ისმის მთავარი კითხვა: რის მიმართ კოაბიტაცია? „რის მიმართ?“ - ეს კითხვა იშვიათად ისმის. არადა, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა.
მაგალითად, ჩემი ბავშვობის ტკბილი დღეების ყველაზე ნათელი საპარლამენტო მოგონება პარლამენტარების მიერ ერთმანეთისათვის ბორჯომის შესხმა თუ ქაღალდების დასტის სროლა იყო. თავდაპირველად, ამ გმირული კადრების ყურებისას, ყოველთვის შემდეგ დასკვნამდე მივდიოდი: „X-მა Y-ს შეასხა ბორჯომი“. თუმცა, დროის მსვლელობასთან ერთად, სხვანაირად დავიწყე ფიქრი და უკვე უკეთ ვხვდებოდი, რომ ქართველი პარლამენტარები არა მხოლოდ საკუთარი უკულტურობის მსხვერპლნი, არამედ ჩვენი უკულტურობის წარმომადგენლებიც იყვნენ. ბოლოსდაბოლოს, საქართველოს პარლამენტი სწორედაც რომ საქართველოს პოლიტიკური სხეულის ანარეკლია.
მაგრამ, როდესაც ბორჯომის ბოთლით შეიარაღებული, გამძვინვარებული პარლამენტარები ერთმანეთს დასდევდნენ, ფიქრობდა თუ არა რომელიმე მათგანი საქართველოს პოლიტიკური სხეულის შესახებ? ალბათ არა. რადგან საქართველოს კანონმდებლები არ ფიქრობდნენ და, როგორც ჩანს, არც ახლა ფიქრობენ უმთავრეს კითხვებზე: რის მიმართ? ვის მიმართ? ამ კითხვებს კი ერთი უმთავრესი პასუხი აქვთ: საქართველოს სხეულის მიმართ.
კოაბიტაციური ვნებათაღელვის სათავეც სწორედ აქ იყო - იმის სრულ გაუაზრებლობაში, თუ ვის მიმართ უნდა მომხდარიყო და უნდა მოხდეს ეს. შესაბამისად, ადამიანები დასცინოდნენ კოაბიტაციის იდეას, რადგან თვლიდნენ, რომ ეს მათ კი არა, სხვას ეხება. არადა, კოაბიტაცია სწორედ მათ, ანუ ყველა ჩვენგანს ეხება. სინამდვილეში, კოაბიტაცია მნიშვნელოვანი და საყოველთაო თანამედროვე ქართული გამოწვევაა.
მშობლიურმა ვნებათაღელვამ გამახსენა ნიკოლო მაკიაველი, რომლის პოლიტიკურ ფილოსოფიას ლანდად ერთი საინტერესო და, ვფიქრობ, თანამედროვე საქართველოსთვის საყურადღებო იდეა გასდევს. ეს იდუმალი ლანდი ერთი შეხედვით უწყინარი და უმნიშვნელოა, მაგრამ დაკვირვების შემთხვევაში, სრულიად ორიგინალური და მრავლისმეტყველი. ეს გახლავთ ჰუმორული თეორია.
ჰუმორულ თეორიას აქვს დიდი ინტელექტუალური ისტორია, რომელიც მაკიაველიმდე ბევრად ადრე იწყება. ამ იდეას პირველად ჯერ კიდევ ჰიპოკრატე და გალენი განავრცობდნენ, ხოლო შემდეგ, შუა საუკუნეებში, თომა აკვინელი და ნიკოლას კუზელი. თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სხეული ოთხი ჰუმორის, ანუ „სასიცოცხლო წვენისგან“ შედგება. ესენია: სისხლი, ფლეგმა, ყვითელი ნაღველი და შავი ნაღველი. სხეული ჯანმრთელობას მხოლოდ მათ შორის ბალანსის დაცვის შემთხვევაში ინარჩუნებს, ხოლო ნებისმიერი ერთი ჰუმორის ნაკლებობა ან სიჭარბე სხეულს დააავადებს და მის პათოლოგიას გამოიწვევს.
ჰუმორულმა თეორიამ დროთა განმავლობაში ასახვა პოლიტიკურ ფილოსოფიაშიც ჰპოვა. ნიკოლას კუზელი, მეთხუთმეტე საუკუნეში მოღვაწე მოაზროვნე, პოლიტიკურ ფაქციონალიზმს სწორედაც რომ ჰუმორულ ჭრილში განიხილავდა. სწორედ ისე, როგორც მოგვიანებით ნიკოლო მაკიაველი. თეორიის პოლიტიკური განზომილება კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სხეულის მსგავსად, პოლიტიკური სხეულიც ჰუმორებისგან, ანუ განსხვავებული სასიცოცხლო ელემენტებისგან შედგება. მისი უნიკალურობაც სწორედ აქ არის: სხეულის ერთიანობისა და გადარჩენის ერთადერთი გზა აუცილებლად არის თანამშრომლობა არა „მსგავსებს“, არამედ „საპირისპიროებს“ შორის.
ეს თეორია მაკიაველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, რადგან ადრინდელი იტალიური მოდერნი ჰუმორების მუდმივ ფუსფუსს წარმოადგენდა. სხვადასხვა აჟიტირებული ელემენტი: გველფები და გიბელინები, დიდებულები (grandi) და ხალხი (popolo), ეკლესია და იმპერია, გილდიები და კლანები ერთმანეთს ენერგიულად ეჯახებოდნენ და საკუთარი უფლებებისა და, შესაბამისად, თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. სწორედ ასე იწრთობოდა პოლიტიკური აწმყო.
ქართული პოლიტიკური აწმყოც მრავალი აჟიტირებული ელემენტისაგან შედგება: „ნაცები“ და „ქოცები“, საზოგადოებრივი უმრავლესობა და უმცირესობა, ინტერესჯგუფები, ეკლესია და იმპერია (როგორც ხედავთ, ეს უკანასკნელი უცვლელია). ამათგან, ცხადია, ყველა რაღაცას განიცდის: საპარლამენტო უმრავლესობა დასავლეთის რეაქციას, საპარლამენტო უმცირესობა ძალაუფლების დაკარგვას, საზოგადოებრივი უმცირესობები მათი უფლებების შელახვას, საზოგადოების ერთი, ვფიქრობ, მოზრდილი ნაწილი - სამწუხარო და დამღლელ ერთდაიგივეობას. ზოგს კვლავ შია, ზოგი კვლავ გაყინულია, ზოგს უბრალოდ მობეზრდა, ზოგს არც არასდროს ადარდებდა. მაგრამ, ყველას რაღაც სურს.
პოლიტიკურ უმრავლესობას ძალაუფლების კონსოლიდაცია და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური რეალობიდან განდევნა სურს, პოლიტიკურ უმცირესობას გადარჩენა და ძალაუფლების ხელახლა მოპოვება, ორივეს ერთად - დასავლური პრესისა და ხალხის ნდობა, საზოგადოებრივ უმცირესობებს - დაცული უფლებები, სრულიად საზოგადოებას - სტაბილურობა და პროგრესი, საქართველოს ეკლესიას - წარმოსახვით დემონებზე საბოლოო გამარჯვება. საქართველოს სხეული, როგორც ელემენტთა ერთობლიობა, ფუსფუსებს.
საქართველო, როგორც ერთიანი სხეული, არცერთ ხარისხობრივ წინაპირობას არ ექვემდებარება. ის არსებობს იმ ერთადერთი ფორმით, რომელშიც ამ წამს გვხვდება და საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის ერთობლიობა და საკუთრებაა, მათი ხასიათის, პოლიტიკური თუ კულტურული გემოვნებისა თუ მახასიათებლების მიუხედავად. ეს ერთადერთი საქართველოა. ყველა სხვა „საქართველო“ ან წარსულს მიეკუთვნება, ან - მითიურ არეს.
ამდენად, ერთია საქართველოც და ერთია საქართველოს საზოგადოებაც - ერთია სხეული. მაგრამ, ბევრია ინტერესიც, შეხედულებაც და გემოვნებაც - ბევრია ელემენტი. საქართველოს საზოგადოება, მსგავსად სხვა საზოგადოების უმრავლესობისა, დაკომპლექტებულია ბევრი ჰუმორით, რომლებმაც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული აგიტაცია განიცადეს და მას შემდეგ ამ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაკიაველისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობა იქნებოდა, თუმცა ოცდამეერთე საუკუნის ინტელექტისთვის ეს, შესაძლოა, ანომალია იყოს. მე კი ვფიქრობ, რომ ეს მისასალმებელია.
ყველა ჰუმორს ერთი რამ აერთიანებს. მათ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და, შესაბამისად, პოლიტიკური თუ სოციალური ზეგავლენის არეალის გაფართოება სურთ. ეს კი, არსებითად, თავისუფლების სურვილი გახლავთ, რადგან თითოეულ ჯგუფს აქვს თავისუფლების საკუთარი ხედვა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი პოზიციის სიმყარეს გულისხმობს.
მაკიაველი თავისუფლებას არა ჰარმონიის, არამედ სწორედაც რომ ბევრი ელემენტის შეჯახების შედეგად აღიქვამდა. ამ პროცესში ის კლასიკურ პოლიტიკურ იდეალსაც უარყოფდა, რომელიც უპირატესობას ჰარმონიას ანიჭებს. მაგალითად, პლატონი და არისტოტელე, ისევე, როგორც შემდგომში ციცერონი და პოლიბიუსი, იდეალად სოციალურ ერთიანობას აღიქვამდნენ. ანუ, ისეთ პოლისს (ძვ. ბერძნულად: „ქალაქი“), რომლის შემადგენელი თითოეული ნაწილი სრულ ჰარმონიაში არის ყველა სხვასთან. არისტოტელეს მსგავსად, ციცერონი პოლისს ადარებდა მუსიკალურ კომპოზიციას, რომლის სხვადასხვა ნაწილი ერთიანობაში სასიამოვნო მთლიანობას ქმნის. ამდენად, პოლისის ამგვარი ხედვა იწონებს არა დისონანსს (ტონალურისა და ატონალურის შერწყმას), არამედ კონსონანსს - ჰარმონიულ თანხვედრას.
ამ ხედვისგან განსხვავებით, მაკიაველისთვის თავისუფლება სწორედ იქ იბადებოდა, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი მრავალი ელემენტი ერთმანეთს ეჯახებოდა. ამდენად, მაკიაველი მიიჩნევდა, რომ გონიერი კანონმდებლის ვალდებულება არა კონკრეტულ ჰუმორებთან ბრძოლა, არამედ პოლიტიკური სხეულის ისეთი კონსტიტუციის შექმნა და აღორძინება იყო, რომელიც ყველას აძლევდა საკუთარი ფუნდამენტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას.
მაშასადამე, სახეზეა მორიგი მაკიაველური პარადოქსი: დაქსაქსულობით მიღწეული ჰარმონიული მთლიანობა. სამაგიეროდ, არა ჰარმონიულობის ილუზია, არამედ პოლიტიკური სხეულის რეალური ერთიანობა, რომელიც ყველა განსხვავებულ ელემენტს აძლევს სათანადო გასაქანს. ეს პოლიტიკური სხეულის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.
დავუბრუნდეთ საქართველოს და ვიკითხოთ: რა სახის ერთიანობა გვაქვს დღეს? საქართველოს სხეული ტერიტორიულად ჯერ კიდევ დანაწევრებულია, პოლიტიკური სცენა ბიპოლარიზებული, აზრთა სხვადასხვაობა - ზენიტში. ერთადერთი მუდმივა საქართველოს მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიაა, რომელიც კარგა ხანია იქცა ორგანოდ, სადაც ყველა ახალი და ძველი ლიდერი ლოცულობს.
თუმცა, ვიკმაროთ ილუზიური ჰარმონია და აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესია, რომელიც მუდმივად ქადაგებს მშვიდობისა და ერთიანობის შესახებ, სინამდვილეში შეუძლებელს ხდის საქართველოს, როგორც პოლიტიკური სხეულის, მშვიდობასა და ერთიანობას.
საქართველოს ეკლესია მუდმივად მოუწოდებს ჰარმონიისკენ, რომელიც სამყაროს მხოლოდ ერთ ხედვას ცნობს და ეყრდნობა. სხვადასხვა ჰუმორულ ელემენტებს კი განსხვავებული ხედვები და მისწრაფებები აქვთ. საქართველოს ეკლესია ახდენს მოქალაქეების ხარისხობრივ კლასიფიკაციას, საქართველოს პოლიტიკური სხეული კი მისი უკლებლივ ყველა მოქალაქის საკუთრება და ერთიანობაა. ამდენად, მართლმადიდებელი ეკლესია შეუძლებელს ხდის საზოგადოების განსხვავებულ ელემენტებს შორის ჯანსაღ და თანასწორ კონფლიქტს. სწორედ ამიტომ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამოქალაქო სულისკვეთების განვითარების პირველი მტერი გახლავთ. ის ცვლილებას მუდმივად ამჯობინებს ცალმხრივ ჰარმონიას, რომელიც ერთიანობის მხოლოდ ილუზიაა და არა რეალური ერთიანობა, რადგან ელემენტები მუდმივად ითხოვენ ქმედებას.
კოაბიტაცია არის გარკვეული პროცესი საქართველოს პოლიტიკური სხეულის მიმართ. ეს არის მისი პირველი და უმთავრესი მახასიათებელი. იმის გაუაზრებლობა, თუ რატომ არის კოაბიტაცია აუცილებელი, პირველ რიგში, იმისივე გაუაზრებლობაა, თუ რატომ ვართ ჩვენ სახელმწიფო და არა უბრალოდ ადამიანების კოლექტივი, რომელიც შემთხვევით მოხვდა დედამიწის იმ ნაწილზე, რომლის ფართობი 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია და რომელსაც ეწოდება საქართველო.
დღეს, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება, აუცილებელია ვიფიქროთ ახალი სახის პოლიტიკის კეთებაზე, ისევე, როგორც ახალი სახის საზოგადოებრივი კავშირების დამყარებაზე. დროა დავამსხვრიოთ მითი, რომ ერთიანობა გულისხმობს ჰარმონიას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სხეულის ჯანმრთელობის ერთადერთი შანსი მის სხვადასხვა ელემენტებს შორის თანაარსებობაშია, ეს თანაარსებობა არა ჰარმონიულობის ყალბ გამოცდილებასა და დუმილს, არამედ მუდმივ კონფლიქტს, მუდმივ ხმაურსა და შეჯახებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს დრო ვაქციოთ გარიყული, მძინარე, მიტოვებული თუ ყველაზე აქტიური საზოგადოებრივი ელემენტების შემდგომი გააქტიურების დროდ.
აქ და ახლა, ასევე მნიშვნელოვანია წარსულს მივაბაროთ არაპრინციპული პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ ჰარმონიულობის ხატს ქმნიან, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებენ საქართველოს სხეულის რეალური და არა მოჩვენებითი ერთიანობისათვის. მნიშვნელოვანია დადგეს დრო, როდესაც საქართველოს პოლიტიკოსების მთავარი გამოწვევა არა ყალბი ჰარმონიულობის განვრცობა, არამედ თავისუფლების სურვილით აჯანყებულ ელემენტებს შორის კონსტიტუციური ბალანსის დაცვა და, ამდენად, ერთიანი და სტაბილური საზოგადოების შექმნაა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდაც ეს იქნება. თუ ამ ინსტიტუტს პოლიტიკური სხეულის მთლიანობა სურს, ახალი დროის დადგომასთან ერთად გააანალიზებს მის პოტენციურად პოზიტიურ სამოქალაქო როლს და დაუყოვნებლივ შეწყვეტს საქართველოს მოქალაქეების ხარისხობრივ კლასიფიკაციას, რომელიც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის ჯანსაღ და თანასწორ ბრძოლას საზოგადოებრივი ბალანსისათვის. დუმილისა და თანხმობის ნაცვლად, ის საკუთარ მიმდევრებს მეტი სიფხიზლისა და საუბრისაკენ მოუწოდებს.
მხოლოდ ასე თუ გამოიწრთობა პოლიტიკური აწმყო, რომელიც უფრო სტაბილურ და ერთიან მომავალს შექმნის. ერთიანი სხეული მხოლოდ კონფლიქტის და არა ჰარმონიის შედეგად მიიღწევა. არაფერია მისასალმებელი ჰარმონიაში, რომელიც უდრის დუმილს. თავისუფლება იბადება სწორედ იქ, სადაც სხვადასხვა ელემენტების ინტერესები იკვეთება. ახალი საქართველოს ლანდი სწორედ აქ ჩანს. მაგრამ, მხოლოდ ლანდი.
![]() |
11 ქართული ოცნების განათლების პოლიტიკის პირველი თვეები |
▲ზევით დაბრუნება |
სიმონ ჯანაშია|სვეტი
ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ განათლების პოლიტიკაში დაგეგმილი ან მიღებული გადაწყვეტილებები, შეგვიძლია, სამ ჯგუფად განვიხილოთ. ჩანს ცალსახად დადებითი ცვლილებები. არის პოზიტიური მიზნების მქონე, მაგრამ დაგეგმვისა და განხორციელების თვალსაზრისით პრობლემური მიდგომები და, სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი გადაწყვეტილებებიც, რომლებშიც პოზიტიურის დანახვა რთულია. ზოგადად კი, სახელმწიფო მოხელეების რიტორიკა ხშირად უფრო სწორია, ვიდრე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
დადებით ცვლილებებში შეგვიძლია ორი მთავარი მიმართულება გამოვყოთ - თავისუფლება და გამჭვირვალობა. სკოლებს მეტი უფლებები მიეცათ, თავად გადაწყვიტონ, თუ რა სერვისებს აირჩევენ. მაგალითად, საჯარო თუ კერძო სკოლას თავად შეუძლია გადაწყვიტოს, იქირავებს თუ არა მანდატურის სამსახურს. სკოლებს აღარ ეკრძალებათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩარევის გარეშე, დაამყარონ ურთიერთობა მედიასთან, კვლევით ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სატრენინგო ორგანიზაციებთან. ეს საზოგადოებას მეტ საშუალებას აძლევს, ჩაერთოს სკოლების დახმარების პროცესში. სკოლისთვის უფრო მარტივი ხდება, საკუთარი პრობლემები ნაკლები შეფერხებებით გადაჭრას.
დადებითია სახელმწიფოს გადაწყვეტილება, განაახლოს მონაწილეობა განათლების საერთაშორისო კვლევებში. კვლევების ნაწილი (TIMSS, PIRSL, PISA) საშუალებას იძლეოდა, მიგვეღო გარკვეული ინფორმაცია ქართველი მოსწავლეების მიღწევების შესახებ და შეგვედარებინა ისინი სხვა ქვეყნების მიღწევებისთვის. კვლევები გარკვეული პერიოდულობით მეორდება, ეს კი საშუალებას იძლევა გავიგოთ, რამდენად უმჯობესდება მოსწავლეების შედეგები. დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში საქართველოს სახელმწიფომ გადაწყვიტა, უარი ეთქვა ამგვარ კვლევებში მონაწილეობაზე. ამით სახელმწიფო უარს ამბობდა, გამართული ინსტრუმენტის გამოყენებით გაეზომა საკუთარი ეფექტურობა. საზოგადოება მიუკერძოებელი წყაროდან ობიექტური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას კარგავდა.
ეს კვლევები რომ ობიექტური შეფასებისა და გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია, უახლესი მონაცემებითაც დასტურდება. 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა წინა წელს ჩატარებული საერთაშორისო კვლევების (TIMSS/PIRLS) შედეგები, რომელიც 2006-07 წლების შედეგებთან შედარების შესაძლებლობას გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი, პოლიტიკოსები და, მათ შორის, ამ კვლევების საქართველოში ადმინისტრირების მონაწილეები გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამტკიცებდნენ, რომ სკოლებში განათლების რეფორმა არასწორად მიმდინარეობდა და განათლების ხარისხი უარესდებოდა, კვლევებმა საპირისპირო აჩვენა.
ეს კვლევები რომ ობიექტური შეფასებისა და გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია, უახლესი მონაცემებითაც დასტურდება. 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა წინა წელს ჩატარებული საერთაშორისო კვლევების (TIMSS/PIRLS) შედეგები, რომელიც 2006-07 წლების შედეგებთან შედარების შესაძლებლობას გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი, პოლიტიკოსები და, მათ შორის, ამ კვლევების საქართველოში ადმინისტრირების მონაწილეები გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამტკიცებდნენ, რომ სკოლებში განათლების რეფორმა არასწორად მიმდინარეობდა და განათლების ხარისხი უარესდებოდა, კვლევებმა საპირისპირო აჩვენა.
წიგნიერების, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მიმართულებით, მეოთხე და მერვე კლასებში ჩვენს მოსწავლეებს ადრინდელთან შედარებით უკეთ აქვთ განვითარებული სააზროვნო კომპეტენციები. ხარისხის ზრდა კი სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგა, სკოლებს მეტი თავისუფლება და პასუხისმგებლობა გადაეცათ სასწავლო პროცესის, ფინანსებისა და პერსონალის მართვის თვალსაზრისით. ჩატარდა მასწავლებლების ტრენინგების რამდენიმე სერია, სახელმძღვანელოები შეიცვალა და სკოლების ინფრასტრუქტურა და მასწავლებლების ანაზღაურებაც გაუმჯობესდა. გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ამ კვლევების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ ის ფაქტიც გამოდგება, რომ მიუხედავად ამ კვლევებში ჩართვის ხელახალი სურვილისა, დღევანდელ ხელისუფლებას მათი უკანასკნელი შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის მანძილზე საერთოდ არ უხსენებია ის, რომ საქართველოში განათლების შედეგების თვალსაზრისით რეალური პროგრესი გვაქვს.
დადებითია სახელმწიფოს სურვილი, უფრო ფართო ჯგუფებთან კონსულტაციებით მოხდეს სიახლეების დაგეგმვა, ვიდრე ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდებოდა. ამ მხრივ გამორჩეულია სახელმწიფოსგან შედარებით დამოუკიდებელი რეფორმების კომისიის შექმნა, რომელიც როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების მიმართულებით განვითარების კონცეფციებზე მუშაობს. გახსნილობის დამატებითი ნიშნები გაჩნდა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის თვალსაზრისითაც. თუმცა მნიშვნელოვანია იმის შემჩნევაც, რომ ამ ცვლილებების ინსტიტუციონალიზაციის ან რამენაირად ნორმატიულად ასახვა სისტემაში ჯერ არ მომხდარა.
ასევე დადებითია განათლების ბიუჯეტის პოზიტიური ცვლილებაც. 2013 წელს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი დაახლოებით 60 მილიონი ლარით გაიზარდა. ასევე იზრდება მასწავლებლების ხელფასები. არც ბიუჯეტისა და არც ხელფასების ზრდა არ შეიძლება ავტომატურად ჩაითვალოს დადებით სისტემურ ცვლილებად. ეს ზრდა ჯერ არ არის იმ მასშტაბის, რომელიც, მაგალითად, შეცვლიდა დამოკიდებულებას მასწავლებლის პროფესიის მიმართ, ან სკოლებს მნიშვნელოვნად მეტის ან უკეთესის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა. დადებით სისტემურ ცვლილებად შეიძლება ჩაითვალოს უმაღლესი განათლების დონეზე დოქტორანტურის დაფინანსებისთვის თანხის გამოყოფა.
დადებითი მიზნების მქონე, მაგრამ პრობლემური გადაწყვეტილებები გაცხადდა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით. თუ სასწავლო მასალები ან უმაღლესში სწავლის შესაძლებლობა საქართველოს უფრო მეტი მოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი, ეს ცალსახად დადებით შედეგებს მოიტანს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური განვითარებისთვის. თუმცა, არასწორი დაგეგმვით, შესაძლოა, სულაც ვერ მივიღოთ სასურველი შედეგები. მაგალითისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, მისი მიზანია სასკოლო სახელმძღვანელოების გაიაფება. სწორედ ამ მოტივაციით სცადა დიმიტრი შაშკინმა სახელმძღვანელოების ბაზარში ჩარევა, რითიც არათუ გაიაფება, არამედ, ხშირ შემთხვევაში, სახელმძღვანელოების გაძვირებაც კი გამოიწვია. ამიტომ უმჯობესია, ხელმისაწვდომობის ზრდის სხვა გზებზე ვიფიქროთ. ასეთი იქნებოდა სოციალურად დაუცველების ხელშეწყობა, სკოლის ბიბლიოთეკების გაძლიერება და სხვა.
შეიძლება ითქვას, რომ დადებითი მიზნის მქონე, მაგრამ ძალიან პრობლემური განსახორციელებელია გადაწყვეტილება, წინა წლებში გათავისუფლებული აკადემიური პერსონალის საქმეების განხილვასთან და სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ცხადია, არსებობდა ხალხი, ვინც უსამართლოდ დაითხოვეს სამსახურებიდან. მაგალითისთვის, დაითხოვეს იმ სკოლების დირექტორები, რომელთა მოსწავლეებმაც გააპროტესტეს საატესტატო გამოცდების შემოღება. თუმცა მედიით ისეთ ხალხსაც ვხედავთ, ვინც წლების განმავლობაში უმაღლესებში კორუფციაში იყო ჩართული და ახლა „სამართლიანობის“ აღდგენას ითხოვს.
პრობლემურია სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ბაკალავრიატში სწავლის საფასური 14 მიმართულებით სრულად დააფინანსოს. მიმართულებების სრულად დაფინანსება არც სამართლიანი და არც ეფექტური გზაა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისთვის. არ არის ახსნილი, თუ რატომ ფინანსდება, ვთქვათ, ინჟინერიის, ისტორიის, ფილოსოფიის ან ფილოლოგიის მიმართულება და არ დაფინანსდება ფსიქოლოგია, სოციოლოგია, გეოლოგია და სხვა. ასე ვერც იმათ დააფინანსებ ეფექტურად, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.
თუ ამ მიმართულებებს იმიტომ ვაფინანსებთ, რომ აქ ჩამბარებელთა რიცხვი შემცირდა, საჭიროა პრობლემის სათავის გათვალისწინება. იქნებ ამ სპეციალობებს მიმზიდველობას შემდგომი დასაქმების, ან განათლების ხარისხის თვალსაზრისით უმაღლესებში არსებული პრობლემები უკარგავს? თუ ჩვენი მიზანი ხელმისაწვდომობის ზრდაა, რა გარანტია გვაქვს, რომ ამ მიმართულებებზე სწორედ ის ხალხი არ ჩააბარებს, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აწუხებს დასაქმების პრობლემა (დავუშვათ, შეძლებულები, ან ისინი, ვინც თვლის, რომ უმაღლესში სწავლა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის სჭირდება)?
ამგვარმა მიდგომამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ცვლილებები უმაღლესებში. სახელმწიფო ფინანსების მოზიდვისთვის სასურველი ხდება სწორედ დაფინანსებული მიმართულებებით სტუდენტების ადგილების ზრდა - რაც შესაძლოა სულაც არ იყოს სწავლების ხარისხის ან უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესაბამისი. ეს ცვლილება ასევე მოტივირებულს ხდის უმაღლესს, რომ უარი თქვას ლიბერალური განათლების პრინციპებზე და პირველივე კურსიდან დაიწყოს სპეციალიზაცია.
ცალსახად უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილება, რომელიც კვლავ ზრდის უმაღლესში ჩასაბარებლად მოთხოვნილი გამოცდების რაოდენობას. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე დაგეგმილი იყო სასკოლო გამოსაშვები გამოცდებისა და ერთი მისაღები გამოცდის ქულების კომბინირების საფუძველზე აბიტურიენტების უმაღლესებში მიღება. მართალია, არც ეს სისტემა იყო კარგი, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რაც არასათანადო ბარიერების შემცირებასა და მისაღები კრიტერიუმების მრავალფეროვნების გაზრდას უკავშირდებოდა. ახალი გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებს კვლავ 4 მისაღები გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. დამამთავრებელ კლასებში მთელი აქცენტი კვლავაც რჩება გამოცდების დაძლევაზე და არა მრავალმხრივი განათლების მიღებაზე. განათლების მინისტრის რიტორიკა აშკარად აცდენილია ამ გადაწყვეტილებას. არაერთ გამოსვლაში მან სწორად აღნიშნა, რომ გამოცდები არ შეიძლება იყოს სისტემის გაუმჯობესების ინსტრუმენტი. თუმცა მნიშვნელოვანია იმაზე ზრუნვაც, რომ გამოცდები განათლების სისტემის გაუარესების ინსტრუმენტი არ გახდეს.
ასევე ცალსახად უარყოფითია გადაწყვეტილება, რომ უმაღლესი განათლების სფერო რეალურად ორად გაიყოს - საეროდ და სასულიეროდ. ქართული ოცნების ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებზე გავრცელდება რეგულაციები, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცის ამ ნაწილზე ხარისხის მართვის ნაკლები მექანიზმების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ გადაწყვეტილებით ეკლესია ხდება განათლების ხარისხის სტანდარტების დამდგენიც, განათლების განმახორციელებელიც და ხარისხის მაკონტროლებელიც. სახელმწიფო კი ვალდებულია, ამგვარ სისტემაში დააფინანსოს სწავლა და აღიაროს ამ სისტემის გაცემული ხარისხები.
ახალი ხელისუფლებისთვის 2013 წელი არის შანსი, რომ მოამზადოს სიახლეები, მათ შორის, შესაძლოა, არაპოპულარულიც. ცხადია, განათლების სფეროში რთულია რაიმე დადებითი ცვლილების სწრაფად შემოტანა. ამიტომ წლის განმავლობაში იმ თამაშის პრინციპების დადგენა და შემდგომი განვითარების საფუძვლების ჩაყრაა საჭირო, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაუმჯობესებას მოიტანს.
![]() |
12 პარაზიტი |
▲ზევით დაბრუნება |
ვახო მეგრელიშვილი|სვეტი
პარაზიტიზმი ბიოლოგიური მოვლენაა. ერთი სახეობის ორგანიზმი - პარაზიტი, სხვა სახეობის ორგანიზმის - მასპინძლის ხარჯზე ცხოვრობს. იგივე ურთიერთობაა პარაზიტოიდსა და მასპინძელს შორის, ოღონდ პარაზიტოიდი, როგორც წესი, თავადვე კლავს მასპინძელ ორგანიზმს. თუმცა მათ შორის განსხვავება პირობითია და მკაფიო ზღვარის გავლება ჭირს.
პარაზიტების როლი ბუნებაში მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია. მაგალითად, ტოქსოპლაზმით ინფიცირებული მღრღნელის ფსიქიკა იცვლება. ის ნაკლებად ფრთხილი და კატისთვის მარტივი ნადავლი ხდება. თანამედროვე მეცნიერების აზრით, ევოლუციის პროცესი პარაზიტების გარეშე ბევრად უფრო ნელი იქნებოდა.
მიუხედავად გარეგნული სხვაობისა, ადამიანების საზოგადოებაში და ბიოლოგიაში მიმდინარე პროცესებს შორის ანალოგია აშკარაა. ბუნებაში სხვადასხვა სახეობის ორგანიზმები ურთიერთობენ და, როგორც წესი, პარაზიტი მასპინძელზე ზომით მნიშვნელოვნად პატარაა, საზოგადოებაში კი პარაზიტების ფუნქციას თავად ადამიანები ასრულებენ. ადრე ამ როლს ძირითადად მეფენი, მეუფენი და მათი ამფსონები თამაშობდნენ. ზომის კანონზომიერება დაცული იყო. ეკონომისტების დათვლით, შუა საუკუნეებში ფეოდალური კასტის პარაზიტიზმის მასშტაბი მაშინდელი ეკონომიკის 10%25-ის ფარგლებში მერყეობდა.
დღევანდელი პრობლემის არსი და მასშტაბი მეოცე საუკუნეში გახდა ნათელი. ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, პარაზიტიზმი სახელმწიფო ბიუროკრატიის ორგანიზებული ფორმით გამოვლინდა. ეს უკანასკნელი, პარაზიტირების ამ დრომდე ცნობილ ფორმებს შორის, ყველაზე ეფექტურია. მას აქვს პარაზიტის ყველა თვისება: იკვებება საზოგადოების ხარჯზე, ასუსტებს მას და ცვლის საზოგადოების ქცევას.
რა არის ჩვეული საქმიანობა და რისთვის არსებობს ბიუროკრატია? მისი საქმის არსი მდგომარეობს სავალდებულო წესების დადგენაში და მათ აღსრულებაში.
თუ პოლიტიკური ძალა არ იქნება სავალდებულო წესების მომხრე, მაშინ ბიუროკრატია უსაქმოდ და, შესაბამისად, უფუნქციოდ დარჩება. ჩვენი ყოველდღიურობა ამის უამრავ მაგალითს იძლევა. პოლიტიკური ძალის ნებართვით, პრეზერვატივების გაყიდვის რეგულირების შესახებ სავალდებულო წესს ბიუროკრატია დიდი სიხარულით ქმნის. შემდეგ ამ წესისადმი მორჩილების უზრუნველყოფა ასევე მისი საქმე იქნება. ამ დღეებში გახმოვანებული „უფასო“ მშობიარობის ამბავიც ბედნიერების წყაროა. უამრავი ახალი იძულებითი წესი დასჭირდება ადამიანების ქცევის ცვლილებას.
რთული ამოცანა არ არის, მივხვდეთ, თუ რატომ ქმნის ბიუროკრატია სავალდებულო წესებს. ამ გზით ის აფართოებს მოქმედების არეალს, ლეგიტიმურს ხდის მასპინძლისაგან მიღებულ ფორმალურ სარგებელს და ქმნის არაფორმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობას.
როდესაც ბიუროკრატები გრძნობენ, რომ საზოგადოებაში არსებობს რაიმე პრობლემის განცდა, მათი ამოცანა, რაც შეიძლება მეტი წესის შექმნა ხდება. მათი აზრით, რაც მეტი წესი იქნება დადგენილი, მით მარტივად მოგვარდება პრობლემა. მდგომარეობა სავალდებულო წესების შემოღების შემდეგ უარესდება და ამით კვლავ ბიუროკრატია რჩება მოგებული, რადგან ეძლევა შესაძლებლობა, მის მიერ შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად ახალი წესები მოიფიქროს.
ბუნებრივია, ბიუროკრატიის ასეთი მეტასტაზირება ძალიან სწრაფად დაღუპავდა მასპინძელს, თუმცა არსებობს პარაზიტის შემაკავებელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები. ობიექტურია გადასახადის და ქრთამის სახით მიღებული შემოსავალი, რითიც მასპინძელი კვებავს პარაზიტს. თვით თხემით ტერფამდე ბიუროკრატსაც ესმის, რომ რაღაც ზღვრის შემდეგ შესაძლებელია მასპინძელი მოკლას ან მკურნალობა გადააწყვეტინოს. სუბიექტურია პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბიუროკრატიის ორგანიზმში აღწევენ და მაღალ იერარქიულ საფეხურებს იკავებენ. შესაბამისად, პოლიტიკური ძალის (განსაკუთრებით მმართველი ელიტის) და ბიუროკრატიის სტრატეგია ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა. ბიუროკრატიას ცვლილებები არ უყვარს.
პოლიტიკურ ძალას საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქცია აქვს. ხშირად მისთვის უსარგებლოა ბიუროკრატიის მიერ აშკარად ნაფუჭები საქმეების დაცვა და საზოგადოებისთვის ცვლილებების შეთავაზება უწევს. გონიერების ელემენტების გარეშე, პარაზიტთან კი არა, პარაზიტოიდთან გვექნებოდა საქმე. პირდაპირი მნიშვნელობით პარაზიტოიდად ბიუროკრატია ვერსად გარდაიქმნა. ჩრდილოეთ კორეაშიც კი მატულობს მოსახლეობა. განპარაზიტების შემთხვევაში, ვფიქრობ, კორეელების განკურნებას კარგად ნაცნობ 40 წელზე მეტი არ დასჭირდება. ასე რომ, ისტორიულ ჭრილში პრობლემა არ არსებობს.
შესაბამისად, რაც უნდა სამწუხარო იყოს, საკუთარი და მასპინძლის კეთილდღეობა პარაზიტის და პოლიტიკური ძალის ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული.
სინგაპურის მიმართ ჩვენში ცოტა უცნაური დამოკიდებულებაა. მოსახლეობის ერთ პროცენტს გაგებულიც არ ექნებოდა ასეთი ქვეყნის არსებობის შესახებ, რომ არა პოლიტიკოსების მიერ მისი ხშირად ხსენება. წინა ხელისუფლებას მოსწონდა სინგაპური და მიზეზად მთავრობის პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოჰყავდა, ოპონენტები ამ ქვეყნისადმი სიმპათიას, სინგაპურის მმართველი პარტიის მსგავსად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხელისუფლებაში ხანგრძლივად დარჩენის სურვილს მიაწერდნენ.
ვფიქრობ, ორივე მხარის არგუმენტები მართალია. არსად, მათ შორის სინგაპურში, ბიუროკრატიისაგან სრულიად თავისუფალი ადამიანები არ ცხოვრობენ. იქ მათ ჯოხავენ, სახრჩობელაზე სისულელის გამო ახრჩობენ, სიტყვის თავისუფლება ერთ მოედანზეა დაშვებული, მაგრამ ხელისუფლებამ მოახერხა და ბიუროკრატიის მიერ ადამიანების ჯიბეში ხელის ფათურის მიდრეკილება შეზღუდა. მოახერხა შეექმნა სასამართლო, რომელიც საკუთრების გარანტია გახდებოდა. შეძლო ბიუროკრატიის მოთოკვა. დამსახურებიდან და არა თანამდებობიდან გამომდინარე, ერთ მინისტრს წელიწადში 2 მილიონი დოლარი აქვს ხელფასი, ხოლო მეორეს 4-ჯერ ნაკლები. თუ დასავლეთის ქვეყნებში ბიუროკრატია მოქალაქეებს შემოსავლის 30-60%25-ს ართმევს, სინგაპური დღემდე მხოლოდ 15%25-ით კმაყოფილდება. შედარებისთვის, ჩვენი ბიუროკრატია სინგაპურელ კოლეგებზე ორჯერ მეტს გვიღებს ჯიბიდან. ასეთმა მიდგომამ ეკონომიკური საოცრება მოახდინა და ქვეყანა მსოფლიოს უმდიდრეს ხუთეულშია მაშინ, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე დასალევი წყალიც კი არ გააჩნია.
ამ ქვეყანაში ბევრი რამ არ მომწონს, მაგალითად, ნარკოტიკების გამო ჩამოხრჩობა ან 90-იანებში საღეჭი რეზინის აკრძალვა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ თუ წარმატება დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკური განვითარებით იზომება, მაშინ სინგაპური ყველაზე წარმატებულია.
ყოველთვის ისმოდა, მაგრამ ახლა ლამის უთოდანაც გავიგებთ: გარემოს დაცვის საბაბით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ინიციატივებს, სამამულო მრეწველობის დაცვის საბაბით ახალი საბაჟო ტარიფების შესახებ, დასაქმებულთა დაცვის მიზნით მინიმალური ხელფასების და შრომის კანონმდებლობის ცვლილების წინადადებებს, მომხმარებელთა დაცვის საბაბით კერძო კომპანიებზე ზემოქმედების ამბავს და ა.შ. რომ არაფერი ვთქვა უნივერსალურ მედიცინაზე და სოციალური ტრანსფერტების ზრდაზე.
საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ინტერესჯგუფების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის ინიციატივების უმრავლესობა იმდენად მავნეა საზოგადოებისთვის, რომ ბიუროკრატიას ერთი სული აქვს, როდის დაავალებენ მათი რეკომენდაციების შესრულებას.
პოლიტიკურმა ელიტამ თუნდაც პრაგმატულად, მხოლოდ საკუთარი გადარჩენისთვის უნდა გააჩეროს ბიუროკრატიის აქტივიზმი. ან მკვეთრად შეანელოს მაინც. თუ ამას ვერ შეძლებს, განწირულია.
თერმორეცეპტორების ადაპტაციაზე დაკვირვებისათვის არსებობს ცდა - ბაყაყს ცხელ წყალში თუ დაუპირე ჩასმა, მომენტალურად ამოხტება, ხოლო თუ ჩავსვამთ ცივ წყალში და სპირტქურაზე ამ წყალს ნელა ავადუღებთ, ბაყაყი ისე იხარშება, რომ არ ინძრევა. ის ტემპერატურის ნელა მატებას ვერ გრძნობს. ჩვენ ბოლო წლები სპირტქურაზე შემოდგმული ბაყაყივით ვთბებოდით. ახლა კი შეიძლება ადუღებულ წყალში მოვხვდეთ. ვინ იცის, რა არის უკეთესი?!
![]() |
13 ვანო მერაბიშვილი: ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
სალომე უგულავა
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ ტაბულა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ესაუბრა. ყოფილმა პრემიერმა და წარსულში ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მინისტრმა, პოსტსაარჩევნო ვითარება, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და პარტიის სამომავლო გეგმებიც მიმოიხილა.
ახალი ხელისუფლების საქმიანობა რომ შევაფასოთ, კონკრეტულად რას მიესალმებით, ან რა არ მოგწონთ?
სამწუხაროდ, ჯერ არაფერია, რასაც მივესალმებით. არ მოგვწონს ის, რომ ვერ ვხედავთ ამ ხელისუფლების მხრიდან თანმიმდევრულ გეგმას, როგორ განვითარდეს ქვეყანა. თუ კონკრეტული მაგალითი გვინდა, რა არ მოგვწონს, ერთ-ერთი ამნისტიაა. როდესაც ვსაუბრობთ გრუ-ს ოფიცრებისა და აჯანყებულების გათავისუფლებაზე, ეს ჯაბას დროინდელი ამნისტიაა. ეს საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მოვლენა. დრო აჩვენებს ამას. იშვიათია ქვეყანა, სადაც დემოკრატიულად არჩეული ახალი ხელისუფლება ციხიდან ათავისუფლებს უცხო ქვეყნის ჯაშუშებს. თან გმირებად, პოლიტიკურ პატიმრებად გამოჰყავთ.
მეორე, ყველაზე ცუდი, კრიმინალური სიტუაციის გაუარესებაა. ჩნდება განცდა, რომ პოლიცია არის მიტოვებული და პასიური. იქ დიდი საკადრო ცვლილებები გატარდა, ბევრი „ახალი“ ძველი კადრი მოვიდა. პოლიციელებს არ აქვთ დაცულობის განცდა. ესეც აისახა კრიმინოგენურ სიტუაციაზე. მოსახლეობასაც გაუქრა უსაფრთხოების ის განცდა, რაც ადრე ჰქონდა.
ამნისტიაზეც მინდოდა მეკითხა და თქვენც ახსენეთ. რა მოტივაცია ჰქონდათ ამგვარი მასშტაბური ამნისტიის განსახორციელებლად?
ძნელია რაციონალურ, გინდაც პრაგმატულ მოტივაციაზე საუბარი. ეს ნიშნავს, რომ მათ ხედვა არ აქვთ და იმ ჯგუფებს, რომლებიც აქტიურობენ, მათ შორის, ამ პარლამენტში, ვერ დაუპირისპირდა საღად მოაზროვნე ნაწილი, თუკი ასეთი არსებობდა მთავრობაში. ძალიან იაფფასიანმა და ნაწილობრივ კორუმპირებულმა დაინტერესებამ მიაღებინათ გადაწყვეტილება.
თქვენ პატრულის პასიურობაზეც საუბრობთ. რამდენად გამართული და მყარი აღმოჩნდა ეს ინსტიტუტი?
ხელმძღვანელებს მასობრივად ცვლიან და ახალ ხალხს ყოველგვარი გამჭვირვალე პროცედურების გარეშე იღებენ, იმ ტრადიციების დარღვევით, რომელიც პატრულში არსებობდა. მოგეხსენებათ, აქამდე პატრულის, პოლიციელის შერჩევისას, სპეციალური ტრენინგი და ტესტები არსებობდა. ახლა ძველ პოლიციელებსაც აბრუნებენ. ალეკო ტაბატაძე აისბერგის მხოლოდ ხილული წვერია. ძალიან ბევრი პატარა ალეკო ტაბატაძე დაბრუნდა.
გარდა ამისა, ხელისუფლება კონსოლიდირებული არაა. რაც მთელი ამ დროის განმავლობაში კეთდებოდა, შეცდომად გამოაცხადეს, კრიმინალების დაპატიმრება ცუდ საქმედ ჩაითვალა. ციხიდან გამოსული ადამიანები უკვე უკავშირდებიან იმ პოლიციელებს, რომლებმაც თავის დროზე დააკავეს, ემუქრებიან. ამ ყველაფრის ფონზე, სულაც არაა გასაკვირი პოლიციაში მოტივაციის შემცირება.
ვფიქრობ, მთელი საზოგადოების ვალია, მხარში ამოვუდგეთ ქართულ პოლიციას. ის არ არის მაინცდამაინც ნაციონალური მოძრაობის მონაპოვარი, ქართული საზოგადოების მონაპოვარია. მინიმუმ 9 წლის განმავლობაში პოლიცია იყო ქვეყანაში სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტი და ეს არ უნდა დავკარგოთ არცერთ შემთხვევაში.
ამჟამად ნაციონალური მოძრაობის წინაშე რა დაბრკოლებები და გამოწვევებია?
მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ მთელი ჩვენი ენერგია მიმართულია (და ხელისუფლების გეგმაც ესაა) ყოველდღიურ დაკითხვებზე, ზეწოლაზე, დაკავებებზე, ფინანსური პოლიციის შევარდნებზე.
ხომ არ ფიქრობთ, მეტი რომ გაგეკეთებინათ დემოკრატიის განსავითარებლად, იგივე სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობისთვის, დღეს თქვენც კი უფრო მეტად იქნებოდით დაცულნი, როგორც ოპოზიცია?
მთავარი ის არ არის, ჩვენ ვიქნებოდით დაცულები, თუ არ ვიქნებოდით. თავისთავად, მეტი დემოკრატია, მეტი განვითარება, ინსტიტუტები, კარგი იქნებოდა. მე მგონი, ქვეყანაზე არ იარსებებს ადამიანი, ვინც იტყვის, რომ არ იყო საჭირო მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება და ა.შ.
შეიძლება ვიდავოთ პრიორიტეტებზე, მაგრამ ვთვლით, რომ ვაკეთებდით ყველაფერს, რომ ქვეყანა განვითარებულიყო, გამდიდრებულიყო და გამხდარიყო დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი.
ამჟამად რა გეგმები გაქვთ? პარტიის რებრენდინგზე საუბრობდით, რას გულისხმობთ და რა რესურსი გაქვთ?
უკვე გადავდგით ეს ნაბიჯები. გაჩნდნენ ახალი ადამიანები, პარტიაშიც და ფრაქციაშიც. ბევრი ახალი სახე წარმმართველი ძალა გახდა. ამასთან, გავთავისუფლდით ზოგიერთი ადამიანისგან, ივანიშვილის ამოქმედებამ მათი სისუსტე გამოავლინა. ზოგი თავისით წავიდა, ზოგი გაპასიურდა.
ახლა გადავდივართ ახალი ტიპის მუშაობაზე. უკვე ოპოზიციური პარტია ვართ. ჩავატარეთ ყრილობა, დავიწყეთ ახალი წევრების მასობრივი გაერთიანება. მათი ჩართულობით ახალ ქსელებს ავაშენებთ.
მაჟორიტარების შერჩევისას შეცდომები ხომ არ დაუშვით? თქვენც ახსენებთ, რომ ზოგიერთმა უკვე დატოვა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია.
აქ მარტო ჩვენი შეცდომა არაა. საუბარია იმაზე, რამდენად გაუძლო ზეწოლას ზოგიერთმა მაჟორიტარმა. ბევრ მათგანს ფიზიკურად, ფინანსურად, კრიმინალურად დაუპირისპირდნენ. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ შეცდომები იყო დაშვებული. თუმცა, შეიძლება, გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე მაჟორიტარზე სხვანაირად გვეფიქრა და უფრო მეტი სიახლე შემოგვეტანა. მინდა აღვნიშნო, რომ პარტია ისედაც განახლდა. 50%25 ახალი სახე იყო. თუმცა გარკვეული რეზერვები არსებობდა, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოცვლილიყო.
ზოგადად, კანდიდატების შერჩევისას, დემოკრატიული გზა ავირჩიეთ. ჩავატარეთ კვლევები და კანდიდატების დაყენებისას ყველაზე დიდი პრიორიტეტი მათ რეიტინგს, მათ მიმართ ნდობას მივანიჭეთ. ეს სამართლიანი იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ დაემთხვა ამ ადამიანების პრინციპულობას. ზოგმა ვერ გაუძლო პრესინგს.
როგორ პარტიად ჩამოყალიბდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ისევ პოპულისტურ შეჯიბრში ხომ არ შევა ქართულ ოცნებასთან?
არ ვთვლი, რომ პოპულისტურ შეჯიბრში ვიყავით შესული. თუ სოციალური პროგრამა რეალისტურია და მიზნად ისახავს საზოგადოების სოციალურად გაჭირვებული ფენების დახმარებას, ეს არ არის პოპულიზმი. სიტყვა პოპულიზმი ყოველთვის არ არის ნეგატიური.
დღესაც ვთვლი, რომ 1000-ლარიანი ვაუჩერი უფრო მოგებიანი იყო საზოგადოებისთვის, ვიდრე ივანიშვილის არასრულებული დაპირებები. არც კრედიტები გაიაფებულა და ჩამოწერილა, არც ბენზინი გაიაფებულა. ელექტროენერგიის საფასურის გაიაფებაც არაგამჭვირვალე პროცედურებით მოხდა, რაც საბოლოოდ დააზარალებს ენერგეტიკას. თან მხოლოდ 3.5 თეთრით გაიაფდა.
თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს ფუნდამენტურ განსხვავებებს ქართულ ოცნებასთან. რა არის ეს განსხვავებები?
ივანიშვილი ძველმოდური ადამიანია. სამყაროზე თანამედროვე ხედვა არც მას აქვს და არც მისი მთავრობის წევრებს. მათი გეგმები მიმართული იყო ე.წ. მასობრივ გაიაფებებზე, რაც აბსურდულია. ფასს გარემოებები, ბაზარი ადგენს და არა ვიღაცის კეთილი ნება.
ჩვენი ამოცანა კი ისაა, სოციალურად დაუცველ ფენებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სიკეთეებზე. არა ფასების შეუძლებელი შემცირებით, არამედ შემოსავლის გაზრდით.
იმ ადამიანებს, რომლებსაც განვითარების საშუალება არ ჰქონდათ მრავალი გარემოების გამო, უნდა დავხმარებოდით ახალ ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციაში. ზუსტად ამიტომ შეგვყავდა ყველა სოფელში გაზი, წყალი, გაგვყავდა გზა, ინტერნეტი, ყველასთვის უნდა მიგვეცა 1000 ლარი და ყველა დაგვეზღვია. ოღონდ ნამდვილი დაზღვევით, რაც ახალმა ხელისუფლებამ ჩააგდო და ჯერ რა გეგმები აქვთ, არ ვიცით. გამიჭირდება, მთავრობის ჯანდაცვის პროგრამა შევაფასო იმიტომ, რომ არაფერი გვინახავს წერილობით. მხოლოდ სიტყვიერად ასახელებენ მისი ამოქმედების თარიღებს.
ჩვენ ფუნდამენტური განსხვავებები გვაქვს დასავლურ სამყაროში სწრაფვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის შესახებ ზუსტად არავინ არაფერი იცის. ხდება რაღაცის დეკლარაცია, მაგრამ ეს არ არის თანმიმდევრული. თუნდაც ავიღოთ ის ფაქტი, რომ არ მოხდა დღევანდელი მთავრობის და პრეზიდენტის ერთობლივი დეკლარაციის გაკეთება NATO-სთან დაკავშირებით; ასევე ნეგატიური ფონი, რომელიც მთავრობას აქვს საერთაშორისო მედიაში. ეს მაინცდამაინც დადებითად არ აისახება საქართველოს საგარეო ურთიერთობებსა და პოლიტიკაზე.
ჩვენ გვაქვს განსხვავებები კეთილმეზობლურ ურთიერთობებთან და მეზობელ ეკონომიკებთან ინტეგრირებასთან დაკავშირებითაც.
დეკლარირებულად ქართულ ოცნებაშიც ამავეს ამბობენ, რასაც თქვენ...
თუმცა, ამატებენ, რომ კრედიტები, დენის ტარიფი და ბენზინი უნდა გაიაფდეს, რაც ცრუ დაპირებებია. ამბობენ, რომ დიდი ჰესები არ უნდა აშენდეს, ეჭვქვეშ აყენებენ რკინიგზის მშენებლობას...
დღეს რა პერსპექტივა აქვს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით?
ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია, იმიტომ რომ ის იდეოლოგია, რომელიც დღეს ინერგება, არ არის მომავალზე ორიენტირებული. არ არის გეგმები, როგორ მივდივართ დასავლურ ცივილიზაციაში. ვგულისხმობ არა მარტო ევროკავშირის და NATO-ს წევრობას, არამედ სახელმწიფო ხედვის ჩამოყალიბებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მომავალზე და იდგება თანამედროვე ფასეულობებზე.
ის, რომ მთავარი პრიორიტეტები არის ცრუ, შეუსრულებელი სოციალური დაპირებები, საზოგადოებაში თავისთავად გააჩენს ნიჰილიზმს, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას შეაჩერებს. ეს ხომ მართლა თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის საფუძველია. ღარიბ საზოგადოებაში ძნელია დემოკრატიული ინსტიტუტების აშენება, დემოკრატია ფული ღირს.
ინვესტიციების მოზიდვისა და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების კუთხით, როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ ვითარებას?
არ მინდა, ამ თემაზე ბევრი ვისაუბრო იმიტომ, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს და ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის, საქართველოში ინვესტიციები შემცირდეს. თუმცა მთავრობის არათანმიმდევრული განცხადებები, როგორიც არის, ვთქვათ, დიდ ჰესებზე უარის თქმა ან ტარიფების კომპანიების ხარჯზე გაიაფების პოლიტიკა, პოზიტიურად არ აისახება და შეიძლება დიდი ინვესტიციები გადაიხედოს. ის გზები, რომლებსაც ეს ხელისუფლება ირჩევს, ჩემი აზრით, საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას ხელს არ უწყობს.
რამ გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის საგრძნობი ვარდნა არჩევნების შემდგომ?
ეს ყოველთვის ავტომატურად ხდება. არჩევნების შემდეგ დამარცხებულ პარტიას რეიტინგი უვარდება, გამარჯვებულს კი ეზრდება. შემდეგ შეიძლება რეაბილიტაცია მოხდეს, რეიტინგი გაიზარდოს, ან - პირიქით. ვფიქრობ, ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს.
აცხადებდით, რომ თქვენი წარსული შეცდომების გაანალიზებას დრო უნდოდა. რა დასკვნებამდე მიხვედით?
ხალხი დიდწილად მიხვდა, რომ ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც გასცა ივანიშვილმა, შეუსრულებადია. მთავრობას არ აქვს წარმოდგენა, როგორ უნდა შეასრულოს ეს ვალდებულებები. ამ სამ თვეში დავასკვენით, რომ ხელისუფლება არის დაბნეული, არ აქვს გეგმები.
ამ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ გააჩერა პრაქტიკულად ყველაფერი, რაც იყო ქვეყანაში, ლაპარაკი ძველი ხელისუფლების შეცდომებზე, მგონი, უადგილოა. ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკე, არაერთი ინტერვიუ მივეცი. უკვე მოძველებულია ეს თემა.
წინა ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა. ხშირად გადაწყვეტილებები ისე მიიღებოდა და აღესრულებოდა, ამის შესახებ თქვენგან განმარტებებს ნაკლებად ვისმენდით, რაც მითების წყაროც ხდებოდა. რატომ ხდებოდა ასე? თვლით თუ არა, რომ ეს მნიშვნელოვანი შეცდომა იყო?
მე უფრო სხვა რამეს ვიტყვი. იმას არა, რომ გადაწყვეტილების მიღება არ ხდებოდა გამჭვირვალედ. გადაწყვეტილებები იყო გამჭვირვალე და პროცედურების დაცვით ვიღებდით. უბრალოდ, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებისთვის უფრო მეტი განმარტება უნდა მიგვეცა. მე პირადად და ჩვენ, ხშირად გვეგონა, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება იმდენად ნათელი და მარტივი იყო, ზოგიერთი პროექტი იმდენად მოგებიანი იყო ქალაქისთვის, რეგიონისთვის თუ ქვეყნისთვის, რომ განმარტებები დავაკელით. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ საზოგადოებისთვის ბევრი რამ არ იყო ნათელი.
ახალი ხელისუფლება საუბრობს თქვენი მუშაობის დროს სახელმწიფო ინსტიტუტების მწყობრ მოქმედებებზე - როდესაც, მათი თქმით, უკანონობას სჩადიოდით, ან რამის დაფარვას ცდილობდით. ამის მაგალითად მოჰყავთ ქართუ ბანკის საქმე. იხსენებენ იმასაც, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ იგივე მითითება გააკეთა გირგვლიანის საქმეზე. რას უპასუხებდით ამას?
ქართუ ბანკის საქმესთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება. მსგავსი რამ, მგონი, მსოფლიოში არასდროს მომხდარა, როდესაც დემოკრატიული არჩევნებით გამარჯვებული ადამიანი მოდის და თავისი ენერგიის და სახელმწიფო ადმინისტრაციის 80%25-ს პირადი ინტერესებისთვის იყენებს.
დაწყებული პარლამენტით, ფინანსური პოლიციით, დამთავრებული შსს-თი და პროკურატურით, ყველანი ქართუ ბანკის საქმეზე და პირადად ივანიშვილის ბიზნესინტერესების დაცვაზე არიან გადართულნი. პირველი, რაც პრემიერმა გააკეთა - 80 მილიონი ლარი, რომლითაც დაჯარიმებული იყო, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს, ჯიბეში წაიღო. შემდეგ კი, სამი თვის განმავლობაში, საკუთარი ბანკის გასაძლიერებლად, სახელმწიფო რესურსებს უკეთებს კონსოლიდაციას. რასაც ვუყურებ, ივანიშვილს, გარდა პირადი ინტერესებისა, სხვა არაფერი ამოძრავებს.
რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, არიან ხელისუფლებაში და ჩაატარონ გამოძიება. კი, ბატონო, ვაცადოთ კიდევ, რამდენი ხანიც უნდათ. ახლა ხომ არავინ უშლის ხელს. თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია აქვთ, კარგი იქნება, საზოგადოებასაც მიაწოდონ.
მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა თქვა - რომ არა გირგვლიანის, რობაქიძის და სხვა რამდენიმე საქმე, დღეს ისინი თანამდებობებზე არ იქნებოდნენ. რა როლი ჰქონდა ამ საქმეებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მათ საზოგადოებამ და პირადად თქვენთვის რა მნიშვნელობის მატარებელია?
მე პასუხს ვაგებდი ყველაფერზე. მიმაჩნია, რომ არცერთ ამ საქმეზე საზოგადოებისთვის არაფერი დაგვიმალავს. არც გირგვლიანის და არც სხვა საქმეებზე. ყველა მათგანზე ჩავატარეთ გამოძიება და საზოგადოებას მივაწოდეთ ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც გამოძიებით დადგინდა.
კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ ამ საქმეებს მიუძღვის დამსახურება კბილაშვილის გაპროკურორებაში, მაშინ ცოტა ნაკლები დრო დაუთმონ ქართუს და მეტი გამომძიებელი და ოპერატიული თანამშრომელი გამოყონ ამ საქმეების გამოსაძიებლად. ამაში წარმატებას ვუსურვებ. თუმცა ვთვლი, რომ ეს ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში მათ გრძელვადიან ყოფნას, რადგან ქართულ საზოგადოებას აქვს ბევრი სხვა ინტერესი, რომლებიც მათ კეთილდღეობას და საქართველოს განვითარებას უკავშირდება.
ციხის სკანდალიც მნიშვნელოვანი თემაა. რატომ მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის უგულებელყოფა, რაც ციხეში იყო და მივედით იქამდე, რაც ყველამ ვიხილეთ?
როგორც კი ვიხილეთ, უგულებელყოფა არ მომხდარა. ჩვენი რეაგირება იყო ადეკვატური.
ამაზე წლების განმავლობაში მიდიოდა საუბარი. ქვეყნდებოდა სახალხო დამცველის ანგარიშებიც. რატომ არ ექცეოდა სათანადო ყურადღება?
ეს ჩვენი შეცდომა იყო, რომ სათანადო რეაგირება არ ხდებოდა.
![]() |
14 2013 წლის ბიუჯეტი და ეკონომიკური ზრდა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
2013 წლის ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა. ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სოციალური მიმართულებით დაფინანსება, თუმცა ნათლად არ ჩანს, რის ხარჯზე მოხდება მომატებული ვალდებულებების დაფარვა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური/www.geostat.ge
2013 წელს მთავრობის ვალდებულებების ზრდა ძირითადი საბიუჯეტო უწყებების მიმართ 700 მილიონ ლარს აჭარბებს. სხვა უწყებებისთვის დაფინანსების შემცირების ხარჯზე კი დაახლოებით 500 მილიონი ლარის დაზოგვაა შესაძლებელი.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტი იმიტომ გაიზარდა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესდა. 2013 წელს ქვეყნის ეკონომიკა, ადრე ნავარაუდევი 5.5%25-ის მაგივრად, 7%25-ით გაიზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2010-2011 წლებში მშპ-ის რეალური ზრდა საშუალოდ 6.75%25 იყო.
2013 წელს საქართველოსთვის 5.5%25-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ისე მსოფლიო ბანკი. ოთხშაბათს, 16 იანვარს, ამ უკანასკნელის ახალმა პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მიხედვით, 2013 წელი კიდევ ერთი გამოწვევის წელი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ამასთან, განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა გაუძლონ თავიანთი ეკონომიკის სტიმულირების ცდუნებას და ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფუნდამენტური პრობლემები გამოასწორონ. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, დაბალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2015 წლამდე გასტანს. მდიდარ განვითარებად ქვეყნებში ამ პერიოდში ეკონომიკა 1.3%25-ით, ხოლო ღარიბ განვითარებად ქვეყნებში - 5.5%25-ით გაიზრდება.
სამინისტროების დაფინანსება 2012-2013 წლებში
2012 |
2013 |
სპორტის სამინისტრო |
|
59409.90 |
47204.00 |
გარემოს დაცვის სამინისტრო |
|
19386.10 |
25975.00 |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო |
|
229951.40 |
241000.00 |
ენერგეტიკის სამინისტრო |
|
310987.20 |
118765.00 |
ჯანდაცვის სამინისტრო |
|
1821816.20 |
2345000.00 |
ლტოლვილთა სამინისტრო |
|
39249.20 |
48000.00 |
კულტურის სამინისტრო |
|
39249.20 |
48000.00 |
განათლების სამინისტრო |
|
625781.70 |
670000.00 |
შსს |
|
587890.20 |
570000.00 |
თავდაცვის სამინისტრო |
|
730604.60 |
660000.00 |
საგარეო საქმეთა სამინისტრო |
|
82800.00 |
80000.00 |
პრობაციის სამინისტრო |
|
128389.10 |
174300.00 |
იუსტიციის სამინისტრო |
|
58525.00 |
71400.00 |
ინფრასტრუქტურის სამინისტრო |
|
717115.10 |
901000.00 |
ეკონომიკის სამინისტრო |
|
145443.00 |
82500.00 |
ფინანსთა სამინისტრო |
|
108212.70 |
100000.00 |
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური / www.geostat.ge
2013 წლის ბიუჯეტზე საქართველოს მთავრობა ხშირად ამბობს, რომ ეს არის ღარიბი ადამიანებისკენ მიმართული ბიუჯეტი. თუმცა, თუ ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული დონე ვერ მიიღწევა, მხოლოდ შემოსავლების ხელოვნური რედისტრიბუცია ამ ამოცანის გადასაჭრელად საკმარისი არ იქნება.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თუ არ გაამართლებს, მთავრობას მხოლოდ ორი გზა დარჩება - აიღოს ვალი, ან გაზარდოს გადასახადები.
იმისთვის, რომ საქართველომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ ნიშნულს მიაღწიოს, ქვეყანაში, სულ მცირე, იმდენი ინვესტიცია მაინც უნდა შემოდიოდეს, რამდენიც ბოლო წლებში შემოდიოდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ ბიუროს (საქსტატი) 2012 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები ჯერ ბოლომდე დათვლილი არ აქვს, თუმცა სამი კვარტლის წინასწარი მონაცემები ნათლად აჩვენებს ტენდენციას, რომ ბოლო ორ წელთან შედარებით, 2012-ში ინვესტიციების რაოდენობა შემცირებულია. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, დაფინანსება უმცირდებათ ისეთ უწყებებს, როგორებიცაა შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროები, ასევე საინვესტიციო სააგენტოს.
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ჯამში დაახლოებით 32 მილიონი ლარი მოაკლდებათ. ენერგეტიკა 171.6 მილიონი ლარით ნაკლებით დაფინანსდება, ეკონომიკის სამინისტრო 51 მილიონით, ხოლო საინვესტიციო სააგენტო 26 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს.
იმ უწყებების უმეტესობა, რომელთაც დაფინანსება უმცირდებათ, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, მოსახლეობის დასაქმებასა და უსაფრთხო გარემოზეა პასუხისმგებელი.
ხარჯები ყველაზე მეტად ჯანდაცვისა და სოციალური, განათლების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით იზრდება. წინა წელთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან 545 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება, შარშანდელთან შედარებით, 53 მილიონი ლარით - 380 მილიონამდე გაიზრდება. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ბიუჯეტიდან, წინა წელთან შედარებით 9 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს და დაფინანსება 449 მილიონამდე გაეზრდება.
![]() |
15 საკანონმდებლო ცვლილებები შრომით კანონმდებლობაში დასაქმება დასჯადია?! |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ნათია სამუშია
Do not make the mistake...of thinking that a worker is a slave and
that he holds his job by his employer's permission.
He does not hold it by permission - but by contract,
that is, by a voluntary mutual agreement.
A worker can quit his job; a slave cannot.
Ayn Rand
უპირველესად, უნდა შევთანხმდეთ, რომ დამსაქმებელი სამუშაო ადგილებს ქმნის. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერი იქნება დამსაქმებელი, მით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ვინ არის დამსაქმებელი?
ჩემი მეზობელი, რომელმაც:
- ბანკიდან კრედიტი გამოიტანა, პატარა მაღაზია გახსნა და კრედიტის უზრუნველსაყოფად საკუთარი საცხოვრებელი ბინა აქვს ჩადებული.
- 5 ადამიანი დაასაქმა.
- რისკი საკუთარ თავზე აიღო, რომ გარკვეული სახის წარმოება წამოეწყო, სადაც სხვა ადამიანებმა სამუშაო ადგილები იშოვეს.
- შემოსავალს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის სარჩენად გამოიმუშავებს, არამედ იმ ადამიანების შემოსავლის წყაროცაა, ვინც მის წარმოებაშია (მაღაზიაში) დასაქმებული.
არავის ეგონოს, რომ მაღაზიის მართვა ადვილია. მისი მართვა შემდეგი რთული ქმედებების ერთობლიობას მოიცავს: იმ პროდუქტების სიის შედგენა, რომლებიც უნდა გაიყიდოს, პროდუქტების მომწოდებლების მოძიება და მათთან შეთანხმება, ხარჯების განსაზღვრა და აღრიცხვა, ბუღალტერიის წარმოება, ფინანსების მართვა, გადასახადების გადახდა, პერსონალის შერჩევა და მართვა, პერსონალისთვის ხელფასების გადახდა, კომუნალური გადასახადების (შუქის, გაზის, ნაგვის, წყლის) გადახდა, და ა.შ. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც რაიმე სახის წარმოებას ქმნის და ადამიანებს თავის წარმოებაში ასაქმებს, მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.
თუკი დამსაქმებელი წარმოადგენს დასაქმების წყაროს, დასაქმებულებისთვის შემოსავლის წყაროს (ხელფასის სახით), მაშინ ალბათ ვხვდებით, რომ ძალიან არასწორია, როდესაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს დაპირისპირებულ მხარეებად განვიხილავთ. დასაქმებულის ინტერესებში შედის, რომ მისი დამსაქმებელი ძლიერი იყოს. დამსაქმებლის სიძლიერეს კი წარმოადგენს ნაკლები ხარჯი და მეტი შემოსავალი.
დამსაქმებლისთვის ხარჯის ზრდა გამოიწვევს შემდეგს: ჩემი მეზობელი იძულებული იქნება, რომ თანხა, რომელსაც კრედიტში იხდის, შრომით ხარჯებს მოახმაროს. შესაბამისად, ის კრედიტს ვეღარ გადაიხდის, საკუთარ საცხოვრებელ ბინას დაკარგავს, იძულებული იქნება მაღაზია დაკეტოს და როგორც თვითონ დაკარგავს შემოსავლის წყაროს, ისე მასთან დასაქმებული 5 ადამიანიც, თავისი ოჯახებით, შემოსავლის გარეშე დარჩება.
ნებისმიერი დასაქმებული უნდა ხვდებოდეს, რომ დამსაქმებლისთვის რაიმე სახის ხარჯის გაზრდა უკვე დასაქმებული ადამიანის შემოსავლის შემცირების ან ფიქსირების ალბათობას ზრდის, ხოლო სამუშაოს მაძიებლისთვის სამუშაო ადგილის პოვნის შესაძლებლობას ართულებს.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები იქითკენ მიდის, რომ შრომითი ურთიერთობები ძალიან გართულდება და დამსაქმებელს შრომითი ხარჯები გაეზრდება. როგორც ჩანს, ის დრო დადგა, როდესაც „ყველაფერი მარტივი, გენიალურია“ - მარტივ ჭეშმარიტებას აღარ წარმოადგენს.
რას ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებში?
- საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების მიზნით.
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს შრომის კოდექსში.
მინდა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები დეტალურად განვიხილოთ და ვნახოთ, თითოეული მათგანი როგორ ართულებს დასაქმების შესაძლებლობას.
ჯერ საქართველოს შრომის კოდექსში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები განვიხილოთ.
1. იცვის უფლება მახინჯდება.
რატომ?
გაფიცვის უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია, რადგან ამ ცვლილებების თანახმად:
- შესაძლებელი ხდება, ადამიანი, რომელიც დასაქმებული აღარ არის, დამსაქმებელს გაეფიცოს.
როგორ? ეს ხომ აზრსმოკლებულია?
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, თუ დასაქმებულს აქვს გაფორმებული ვადიანი (მაგალითად 3-თვიანი) შრომითი ხელშეკრულება და ამ პერიოდის განმავლობაში ის გაიფიცა, მაშინ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ეს გაფიცვა უკანონო ხდება. ეს ლოგიკურია, რადგან:
1. გაფიცვა არის დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.
2. ადამიანი, რომელსაც ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, აღარ არის დასაქმებული და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების ვალდებულება აღარ აკისრია.
3. შესაბამისად, გაფიცვა თუ არის დასაქმებულის უფლება, ხოლო ადამიანი, ვისაც შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, აღარ არის დასაქმებული, ე.ი. ლოგიკურია, რომ ის გაფიცვის უფლებით ვეღარ ისარგებლებს.
მაგრამ, იუსტიციის სამინისტროს ცვლილების თანახმად, დამსაქმებელს შეიძლება გაეფიცოს ადამიანი, რომელიც მისი დასაქმებული აღარ არის. ეს სასაცილოა.
- ასევე, შესაძლებელი ხდება, რომ დამსაქმებელმა ვეღარასდროს გაათავისუფლოს სამსახურიდან დასაქმებული, რომელიც ინფორმირებული იყო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
როგორ?
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს უფლება არ აქვს, გაიფიცოს მას შემდეგ, რაც ის ინფორმირებულია, რომ სამსახურიდან ათავისუფლებენ.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, შრომის კოდექსის ზემოხსენებული დებულება უქმდება, შედეგად კი დამსაქმებელი მიიღებს ძალიან ცუდ მდგომარეობას. მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ:
1. მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი დასაქმებულს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინებს, დასაქმებულს შეუძლია გაიფიცოს.
2. კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვის დროს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა დაუშვებელია, შესაბამისად, დამსაქმებელი დასაქმებულს სამსახურიდან ვეღარ გაუშვებს მანამ, სანამ ის გაფიცულია.
3. გაფიცვის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, რაც ნიშნავს, რომ გაფიცვა 10 წელი და მეტიც კი შეიძლება გაგრძელდეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამოდის, რომ დამსაქმებელმა დასაქმებული სამსახურიდან შეიძლება ვეღარასდროს გაუშვას.
2. დამსაქმებელი ვაკანსიას აღარ გამოაცხადებს.
რატომ?
შრომის კოდექსის თანახმად, როდესაც დამსაქმებელი ვაკანსიას გამოაცხადებს და ვაკანსიაზე მოსულ სამუშაოს მაძიებელს დასაქმებაზე უარს ეტყვის, იგი (დამსაქმებელი) ვალდებული არ არის, გადაწყვეტილება დაასაბუთოს.
იუსტიციის სამინისტროს ცვლილების თანახმად კი, დამსაქმებელი ვალდებული გახდება, რომ დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება დაასაბუთოს.
რატომ სურთ ამ ცვლილების მიღება?
არსებობს თეორია, რომ თუ დამსაქმებელი ვალდებული იქნება დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ, ამით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის ალბათობა შემცირდება.
ეს არის ტყუილი და იმედია, ადამიანებს ტყუილში ცხოვრება არ სურთ. ტყუილია, რადგან დამსაქმებელი, რომელიც, ვთქვათ, რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გამო არ აიყვანს ადამიანს სამსახურში, შემდეგ არც დასაბუთებაში დაწერს: „სამსახურში არ ავიყვანე ადამიანი მისი კანის ფერის გამო“. შესაბამისად, ეს პროცედურა წინასახელშეკრულებო დისკრიმინაციისაგან დაცვას რეალურად არანაირად უზრუნველყოფს და ამასთან, დამსაქმებლისათვის ხარჯებს ზრდის.
რას გამოიწვევს ამ საკანონმდებლო ცვლილების შრომის კოდექსში ასახვა?
თუ ეს ცვლილება შრომის კოდექსში აისახება, დამსაქმებლები ვაკანსიებს აღარ გამოაცხადებენ.
რატომ?
იმიტომ, რომ გართულდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ: დამსაქმებელი ვალდებული იქნება, რომ ყველა სამუშაოს მაძიებელს განუმარტოს და დაუსაბუთოს, რატომ არ აიყვანა სამსახურში.
მე ვიცი ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც ვაკანსია გამოაცხადა და იქ, სამსახურში აყვანის იმედით, CV 85-მა ადამიანმა წარადგინა. კომპანიამ ამ 85 ადამიანიდან მართლაც შეარჩია სასურველი კანდიდატურა და თავისთან დაასაქმა. ახლა წარმოიდგინეთ, მომავალში თუ იუსტიციის სამინისტროს ეს ცვლილება შრომის კოდექსში აისახება, კომპანიას მოუწევს დანარჩენ 84 ადამიანს დაუსაბუთოს, რატომ არ აიყვანა ისინი სამსახურში. გარდა იმისა, რომ ეს პროცედურა დროის დიდ რესურსს საჭიროებს, ამ კომპანიას მოუწევს აიყვანოს იურისტი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა შრომით სამართალში (ერთი, ორი ან მეტი იურისტი, გააჩნია კომპანიის ზომას). ამ იურისტმა სამართლებრივად გამართულად უნდა დაუწეროს დანარჩენ 84 ადამიანს დასაქმებაზე უარის თქმის საფუძველი.
ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, თუ პატარა კომპანიაზე გვაქვს საუბარი. წარმოიდგინეთ ჩემი მეზობელი, რომელმაც მაღაზიის გახსნისათვის ბანკიდან კრედიტი გამოიტანა და 5 ადამიანი დაასაქმა. ის ვალდებული იქნება, თუ ვაკანსიას გამოაცხადებს და გინდაც ორ ადამიანს დასაქმებაზე უარს ეტყვის, გადაწყვეტილება წერილობით დაასაბუთოს. თან ეს დასაბუთება ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ შემდეგ არავინ შეედავოს და სასამართლოში სარბენი არ გახდეს. ამიტომ, ალბათ, ფული უნდა გადაუხადოს იურისტს, რომ საბუთი სამართლებრივად სწორად იყოს დაწერილი.
ამ ყველაფრიდან გამოსავალი იქნება ის, რომ დამსაქმებელი ვაკანსიას აღარ გამოაცხადებს, რადგან ეცოდინება, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აიყვანს სამსახურში, ახსნა-განმარტება უნდა წარუდგინოს, რისთვისაც უნდა: ა) ჰყავდეს კარგი იურისტი და ბ) დახარჯოს დრო - ორივე კი მხოლოდ ხარჯების ზრდას იწვევს. ასევე, დამსაქმებელმა იცის - არის ალბათობა, რომ თუ იურისტი კარგ დასაბუთებას ვერ დაწერს, სასამართლოში მოუწევს სიარული თავისი გადაწყვეტილების კანონიერების დასამტკიცებლად.
ასეთი სახის საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ იურისტების დასაქმებას თუ შეუწყობს ხელს - ეტყობა, იუსტიციის სამინისტრო იურისტების სხვების ხარჯზე დასაქმებაზე ფიქრობს.
3. საქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის პროცედურა ძალიან რთულდება, მათ შორის, ისეთი დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა, რომელიც მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს სისტემატურად არღვევს.
რას ვგულისხმობ?
იუსტიციის სამინისტროს ცვლილების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული გახდება დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
რატომ სურთ ამ ცვლილების მიღება?
აქაც, წინა საკითხის მსგავსად, არსებობს თეორია, რომ თუ დამსაქმებელი ვალდებული იქნება დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილება დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ამით შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ალბათობა შემცირდება
ესეც ტყუილია, რადგან დამსაქმებელი, რომელიც, ვთქვათ, რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის გამო დასაქმებულს სამსახურიდან გაათავისუფლებს, გათავისუფლების მიზეზად დასაქმებულს არ წარუდგენს, რომ: „ამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი იყო დასაქმებულის კანის ფერი“ შესაბამისად, ეს პროცედურა, წინა პროცედურის მსგავსად, დისკრიმინაციისაგან დაცვას რეალურად არანაირად უზრუნველყოფს და ამასთან, დამსაქმებლისათვის ხარჯებს ზრდის.
რას გამოიწვევს ამ საკანონმდებლო ცვლილების შრომის კოდექსში ასახვა?
დამსაქმებელს ეს პროცედურაც ხარჯს უზრდის, რადგან დასაქმებულების სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მან დასაქმებულს ახსნა-განმარტება უნდა წარუდგინოს, რისთვისაც უნდა: ა) ჰყავდეს კარგი იურისტი და ბ) დახარჯოს დრო.
ძალიან მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელია, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დასაქმებული მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს სისტემატურად არღვევს, დამსაქმებელს უფლება არ აქვს, ასეთი დასაქმებული დაითხოვოს სამსახურიდან, თუ: დასაქმებულს ჯერ არ მისცემს გაფრთხილებას და განუსაზღვრავს დამატებით ვადას დარღვევების გამოსასწორებლად. ამის შემდეგ, თუ დასაქმებული კიდევ გაიმეორებს დარღვევას ან დამატებითი ვადის განმავლობაში დარღვევებს არ გამოასწორებს, დამსაქმებელს ისევ არ აქვს მისი დათხოვნის უფლება. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია შეატყობინოს დასაქმებულს (რომელიც მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს სისტემატურად არღვევს) სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, შეტყობინებიდან ერთი თვე კიდევ ჰყავდეს თავისთან და მხოლოდ შეტყობინებიდან ერთი თვის შემდეგ გაათავისუფლოს.
არცერთი საერთაშორისო კონვენცია არ ითვალისწინებს, რომ დამსაქმებელს არ შეუძლია გაათავისუფლოს დასაქმებული, რომელიც მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს სისტემატურად არღვევს. ეს არის შრომითი ურთიერთობის წარმოუდგენელი გართულება და დამსაქმებლის იძულება, ხელფასი უხადოს დასაქმებულს, რომელიც თავის მოვალეობებს, დავალებებს სისტემატურად არ ასრულებს.
და რა შეიძლება გამოიწვიოს დამსაქმებლისათვის კიდევ ერთი ვალდებულების შემოღებამ, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელმა 1 თვით ადრე უნდა შეატყობინოს დასაქმებულს სამსახურიდან გათავისუფლება?
დასაქმებულს, რომელმაც ერთი თვით ადრე იცის, რომ სამსახურიდან ათავისუფლებენ, დამსაქმებლის სერიოზული დაზიანება შეუძლია. ეს არ არის მითი და ასეთი შემთხვევა ჩემთვის ცნობილია. კერძოდ, ჩემს მეგობარს (დამსაქმებელს), სურდა ბუღალტრის სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო. ბუღალტერმა დამსაქმებელს სთხოვა, რომ მისთვის სამსახურიდან წასვლამდე 2 კვირა მიეცა. დამსაქმებელი ამ შემოთავაზებას დათანხმდა და დასაქმებული (რომელმაც იცოდა, რომ უშვებდნენ სამსახურიდან) სამსახურში 2 კვირით დატოვა. შედეგი კი დამსაქმებლისათვის ძალიან ცუდი იყო, რადგან ბუღალტერმა, რომელმაც იცოდა, რომ სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, დამსაქმებელს ბუღალტერიასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები სერიოზულად დაუზიანა. ბუღალტრის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას 8 თვე დასჭირდა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი შეტყობინების ვადა არცერთი საერთაშორისო კონვენციით არაა დადგენილი. შესაბამისად, წინასწარი შეტყობინების ვადა შესაძლებელია იყოს ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა და ა.შ.
4. დასაქმებულს აღარ ექნება უფლება დღეში 10 სამუშაო საათი იმუშაოს იმისთვის, რომ მეტი ხელფასი მიიღოს, ვიდრე დღეში 8-საათიანი სამუშაოს შესრულებისას მიიღებდა.
რატომ?
საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, კვირის განმავლობაში სამუშაო საათების რაოდენობა 41 საათს არ უნდა აღემატებოდეს, თუ მხარეები (დამსაქმებელი და დასაქმებული) სამუშაო საათების განსხვავებულ რაოდენობაზე არ შეთანხმდებიან.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დამსაქმებელს და დასაქმებულს აღარ ექნებათ უფლება, სამუშაო საათების განსხვავებულ რაოდენობაზე შეთანხმდნენ. ეს დასაქმებულს შესაძლებლობას ართმევს, 10 საათი იმუშაოს და მეტი შემოსავალი მიიღოს.
ახლა ავიღოთ ჩემი მეზობლის მაღაზია, სადაც დასაქმებულია ერთი გამყიდველი, რომელიც მუშაობს დღეში 10 საათს და მისი დღიური ხელფასი 30 ლარია (ყოველთვიური ხელფასი 720 ლარი). თუ კანონმდებლობით მხოლოდ 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი იარსებებს, მაშინ რა მოხდება?
სამუშაო საათებზე მხარეების ურთიერთშეთანხმების უფლების წართმევა გამოიწვევს:
- დამსაქმებლისთვის ხარჯის ზრდას (რადგან იგი ვალდებული იქნება აიყვანოს ახალი გამყიდველი), ან
- დამსაქმებლისათვის შემოსავლის შემცირებას, ვინაიდან მაღაზია 10 საათის ნაცვლად 8 საათს იმუშავებს (თუ ახალ გამყიდველს არ აიყვანს და ძველი თანამშრომელი მხოლოდ დღეში 8 საათს იმუშავებს)
- ყველა შემთხვევაში, გამყიდველს შეუმცირდება ხელფასი, შემოსავლის წყარო (რადგან ის 8 საათზე მეტს ვერ იმუშავებს).
5. ზეგანაკვეთური სამუშაო აღარ იარსებებს.
რატომ?
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ზეგანაკვეთური მუშაობისას შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ხელფასის საათობრივი განაკვეთის არანაკლებ ერთ-ნახევარი ოდენობით.
მოდი, უბრალოდ დავითვალოთ: ვთქვათ, ერთ-ერთ კომპანიაში ხელფასის საათობრივი განაკვეთი 10 ლარია, მაშინ ზეგანაკვეთური სამუშაო საათის ღირებულება იქნება 15 ლარი (ხელფასის საათობრივი განაკვეთის ერთ-ნახევარი ოდენობა).
გამოდის, რომ ზეგანაკვეთური შრომა 50%25-ით უფრო ძვირია, ვიდრე ხელფასის სამუშაო განაკვეთი. ამასთან, წარმოვიდგინოთ, რომ შრომის კოდექსში ასახულია ცვლილება, რომლის თანახმადაც სამუშაო საათების რაოდენობა კვირის განმავლობაში 41 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
შესაბამისად, თუ დამსაქმებელს დასაქმებულის ხელფასი 10 საათის განმავლობაში უჯდებოდა დღეში 100 ლარი, ახლა, როცა დასაქმებული მხოლოდ 8 საათს უნდა ამუშაოს და დანარჩენი ორი საათი ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა იყოს, დასაქმებულის ხელფასი დღეში 110 ლარი დაუჯდება, ანუ 10 ლარით მეტი, რაც თვის განმავლობაში მინიმუმ 240 ლარით მეტია (თუ შაბათ-კვირასაც ჩავთვლით, მაშინ ეს თანხა მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება).
როგორ გგონიათ, დამსაქმებელი რას იზამს? - ა) ახალ დასაქმებულს აიყვანს დანარჩენი ორი საათისათვის და ამით შრომით ხარჯს არ გაიზრდის? თუ ბ) შრომით ხარჯს ყოველთვიურად 240 ლარით გაიზრდის? ჩემი აზრით, ახალ დასაქმებულს აიყვანს (გადაუხდის დღეში ორი საათის ხელფასს ანუ 20 ლარს) და ამით ძველ დასაქმებულს შემოსავალი შეუმცირდება. ზეგანაკვეთურ სამუშაოს დამსაქმებელი ყოველთვის აირიდებს, რადგან ის ძვირი უჯდება. მარტივია.
6. ქალის დასაქმების ალბათობა შემცირდება.
რატომ?
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დაუშვებელი ხდება ფეხმძიმე ქალის სამსახურიდან დათხოვნა ფეხმძიმობის შესახებ დამსაქმებლისათვის შეტყობინებიდან ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულების დასრულებამდე.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ დამსაქმებელს ჰქონდა რაღაც სამთვიანი პროექტი, რომლისთვისაც დაასაქმა ქალი. ის დაფეხმძიმდა. გამოდის, რომ დამსაქმებელმა ქალი აიყვანა 3-თვიანი პროექტისათვის, მაგრამ 9 თვე სამსახურიდან ვერ გაათავისუფლებს. ეს კარგ შემთხვევაში. ცუდ შემთხვევაში, დამსაქმებელი ქალს სამსახურიდან ვერ გაუშვებს 14 თვის განმავლობაში (9 თვე ორსულობა+24 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება+4 თვე ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება).
ამ ჩანაწერით, ჩემი, როგორც ქალის, დასაქმების ალბათობა მცირდება, რადგან დამსაქმებელი 10-ჯერ დაფიქრდება, სანამ ქალს დაასაქმებს.
გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებაში გამოყენებულია სიტყვა „ეკრეტული შვებულება“ სიტყვა „ეკრეტული“ აბჭოთა გადმონაშთია და აღარ გამოიყენება შრომით კანონმდებლობაში. შრომის კოდექსში გამოიყენება: „ვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო“
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი შრომის კოდექსის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების დროს შრომითი ურთიერთობა ჩერდებოდა, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების მოშლა.
ახლა კი მინდა შევეხო საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
დაუშვებელია, რომ ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, რადგან ნებისმიერ დასაქმებულს შესაძლებლობა ეძლევა უჩივლოს დამსაქმებელს, რომ მას იძულებით დააწერინეს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ეს არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმე, რადგან ეს არის დამსაქმებლის დაშინება და სხვა არაფერი! არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას მსგავსი რამ საქართველოსთვის არასდროს მოუთხოვია!
საკანონმდებლო ცვლილებებით კიდევ ბევრი სხვა მავნებლობაა გათვალისწინებული, მაგალითად: სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის გადახდის ვალდებულება. სტატიის ფორმატის გამო არ გამოდის, რომ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც განვიხილო.
ყველა ზემოთ მოყვანილი საკანონმდებლო ცვლილებების ერთიანობას ჰქვია - დამსაქმებლების ტერორი! შრომითი ურთიერთობების გამკაცრებით, შრომითი ხარჯების გაზრდით ჩვენ დამსაქმებლებს ვაშინებთ და დასაქმებას დასჯადს ვხდით. ამ ყველაფერმა კი შეიძლება გამოიწვიოს:
- დასაქმების შემცირება, ან
- არალეგალური დასაქმების ზრდა, ან
- ხელფასების შემცირება, ან
- სამივე ერთად.
ამის ნათელი მაგალითია სამხრეთ ევროპის უმუშევრობის დონის მაჩვენებლები. მაგალითად: ესპანეთში უმუშევრობის დონემ 26.2%25-ს, ხოლო საბერძნეთში - 25.4%25-ს მიაღწია. ახალგაზრდობის უმუშევრობის დონე ესპანეთში 55.9%25, ხოლო საბერძნეთში 57.0%25-ია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 16-ში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით გაიზარდა.
ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით გამოდის, რომ დამსაქმებელს, რომელმაც წარმოება, სამუშაო ადგილები შექმნა და ჩვენი, დასაქმებულების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, ვსჯით იმის გამო, რომ ის დამსაქმებელია, რომ სამუშაო ადგილები შექმნა. დიახ, ჩვენ დამსაქმებელს ერთმნიშვნელოვნად ვსჯით, რადგან იმის გამო, რომ მან სამუშაო ადგილები შექმნა, ვურთულებთ შრომით ურთიერთობებს და ვუზრდით შრომით ხარჯებს!
მე, როგორც დასაქმებული, რომელიც არასდროს ვყოფილვარ დამსაქმებელი, ვისურვებდი, რომ ჩემი დამსაქმებელი ძლიერი იყოს, ანუ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი უჯდებოდეს ბიზნესის წარმოება, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს. ძლიერი დამსაქმებელი ჩემთვის კარგი სამუშაო პირობების, მაღალი ხელფასისა და სტაბილური სამსახურის მიღების ალბათობას ზრდის.
რაც უფრო ბევრი ძლიერი დამსაქმებელი იქნება, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება ჩემი არჩევანი და მით უფრო მაღალი იქნება კარგი სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა.
ამიტომ, ნუ ვებრძვით დამსაქმებლებს, ნუ ვაშინებთ მათ ხარჯების გაზრდით, გვახსოვდეს, ისინი სამუშაო ადგილებს ქმნიან, ისინი ჩვენი, დასაქმებულების შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ!
![]() |
16 „კრედიტების გამო გამოსახლებები არ მოხდება“, ხელმისაწვდომობა კი კრედიტზე ქართულ ოცნებად გადაიქცევა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
აკაკი ცომაია
დეკემბერში მთავრობის წარმომადგენლებმა ძალზე შემაშფოთებელი ინიციატივები გააჟღერეს - დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ „კრედიტების გამო გამოსახლებები არ მოხდება“. საქმე ეხება იპოთეკურ კრედიტებს, რომლებსაც ბანკები გასცემენ ფიზიკურ პირზე უძრავი ქონების გირაოს საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ვერ მოახერხებს კრედიტის დაფარვას, ბანკის საკუთრებაში გადავა ამ პირის უძრავი ქონება. როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში, კრედიტის ამღების უძრავ ქონებას წარმოადგენს მისი სახლი, ხოლო ვალდებულების არდაფარვის შემთხვევაში, მან შეიძლება დაკარგოს ბინა და აღმოჩნდეს ქუჩაში. ასეთი შემთხვევები საქართვლოში ხშირია.
როგორც ჩანს, მთავრობის ინიციატივის მიზანი არის ის, რომ დაიცვას ამ ტიპის ადამიანები შესაძლო გამოსახლებისგან და მოსალოდნელია, რომ ამ ინიციატივას ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს, რადგან ეს პოპულარული გადაწყვეტილებაა. ბევრი ექსპერტი იმის მტკიცებასაც კი შეეცდება, რომ მთავრობა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავს. ოპონენტები ჩემ მიმართ არ დაიშურებენ კრიტიკულ ეპითეტებს, რადგან ვეწინააღმდეგები ასეთ „კეთილშობილურ“ ინიციატივას, ხოლო მთავრობის რეიტინგი საზოგადოებაში კიდევ უფრო განმტკიცდება. თუმცა ამ ერთი მხრივ „კეთილშობილურმა“ განზრახვამ შესაძლოა ისე დაამახინჯოს ეკონომიკური სისტემა, რომ სწორედ გამოსახლების შედეგად მიყენებული ზიანი გადააქციოს ქართულ ოცნებად. სტატიის მიზანია, მკითხველმა გააანალიზოს, რომ ასეთი ტიპის ქმედებები სახიფათოა და ხელს უშლის ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ნებისმიერი ორგანიზმი შედგება უამრავი სხვადასხვა ელემენტისგან და თითოეულს თავისი შინაარსი აქვს. ელემენტები ერთმანეთთან ჯგუფდება გარკვეული ლოგიკით და ქმნის სისტემას, რომელმაც უნდა შეასრულოს გარკვეული ფუნქცია. ორგანიზმი იმართება ბევრი სისტემის ერთმანეთთან შეთანხმებული მოქმედების შედეგად. თუ სისტემიდან რომელიმე ელემენტს ამოვაგდებთ, ან შინაარსს შევუცვლით, არამყისიერად, მაგრამ დროთა განმავლობაში, სისტემის ფუნქციონირების მექანიზმი აუცილებლად დაირღვევა. შედეგად, იმავე ხარისხით ვეღარ მოხერხდება სხვადასხვა სისტემების შეთანხმებული თანაარსებობა და, საბოლოოდ, ორგანიზმი გამოვა მწყობრიდან, რაც გამოიხატება გარკვეული დეფექტის გამოვლინებაში. დეფექტი თანდათანობით უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და შექმნის კრიზისს.
ხშირ შემთხვევაში, კრიზისიდან გამოსავალი არის ქირურგიული ჩარევა, რაც, როგორც წესი, მტკივნეულია და გარკვეულ დანაკარგს უკავშირდება. ასეა ეკონომიკაც. ის ცოცხალი ორგანიზმია და უამრავი სისტემისა და ელემენტისგან შედგება. როგორც წესი, ჩვენ ვერ ვგრძნობთ პრობლემას და ვერ ვაცნობიერებთ ზიანის მასშტაბებს მანამ, სანამ არ შევეჩეხებით კრიზისს, ხოლო კრიზისის პერიოდში ვეძებთ განტევების ვაცს და არა იმ მიზეზს, რის გამოც სისტემის ელემენტს შინაარსი შეეცვალა.
ადრე ამერიკის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა მისი თანამემამულე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბინით. შედეგად, სახელმწიფო გარანტიით ბანკებიდან დაიწყო დაბალპროცენტიანი კრედიტების მასშტაბური გაცემა. რამდენიმე წლის შემდეგ სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და შეიქმნა მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ეს ყველაფერი კი დაბრალდა ბანკებს, თავისუფალ ბაზარს და არა აშშ-ის პრეზიდენტს.
იმავე პერიოდში ევროკავშირის მთავრობებმა იმდენი ვალდებულებები იტვირთეს საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, რომ ევროპის ბანკებიდან დიდი რაოდენობით ფულის სესხება მოუწიათ. რამდენიმე წლის შემდეგ სისტემა აქაც მწყობრიდან გამოვიდა და შეიქმნა მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ყველაფერი კვლავ დაბრალდა თავისუფალ ბაზარს და ბანკებს, რომელთა „დაურეგულირებელმა“ ქცევამაც თითქოსდა განაპირობა ეს კრიზისი. შედეგი კი გახლდათ უმუშევრობა, ინფლაცია და ცხოვრების დონის შემცირება. ეს ყველაფერი შეიძლება დაიწყოს ერთი მცირე განცხადებით ან თუნდაც „კეთილშობილური“ და პოპულარული ინიციატივით, რომელიც, პირველ ეტაპზე, უმტკივნეულო ჩანს და არა ზიანის მომტანი.
საკრედიტო ბაზარი არის ეკონომიკის შემადგენელი ერთ-ერთი „არტერიული“ სისტემა, რომელიც შედგება ბევრი ქვესისტემისგან და უამრავი ელემენტისგან. სისტემას მართავს ორი ცვლადი: კრედიტის ფასი და რაოდენობა. ფასის წარმოქმნა ხდება კრედიტზე მოთხოვნის და მიწოდების შედეგად. მოთხოვნას ქმნიან ის ადამიანები ან/და ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ დღეს დახარჯონ უფრო მეტი, ვიდრე შემოსავალი აძლევთ ამის საშუალებას, იმ იმედით, რომ მომავალში, გაზრდილი შემოსავლით დაფარავენ დღევანდელ ხარჯებს.
მიწოდებას ქმნიან ადამიანები ან/და ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ გააკეთონ დანაზოგი, რადგან მათი დღევანდელი ხარჯები არის უფრო მცირე, ვიდრე შემოსავალი. დანაზოგის გაკეთებაში იგულისხმება მისი დროებით გასხვისება გარკვეულ საფასურად. სწორედ ეს არის კრედიტის ფასი, რომელსაც ეკონომიკის ენით, საპროცენტო განაკვეთი ეწოდება. ფასის სიდიდე დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ადამიანების და ორგანიზაციების რაოდენობაზე და მზადყოფნაზე, დათმონ მომავალი შემოსავლის ნაწილი, რადგან მათი პროგნოზით შემოსავალი იზრდება, ხოლო მეორე მხრივ, ასევე ადამიანების და ორგანიზაციების რაოდენობაზე, რომლებიც ქმნიან მიწოდებას. როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს ადამიანები ეწევიან რისკს, რადგან აკეთებენ მომავლის პროგნოზს. აქედან გამომდინარე, რისკის კომპენსაციისთვის, სესხის ამღებს უწევს ისეთი რამის დათმობა, რაც მისთვის მეტად ფასეულია.
ხშირ შემთხვევაში, ეს ფასეულობა არის უძრავი ქონება, უმეტესად ბინა, სადაც სესხის ამღები ცხოვრობს. რაც უფრო ბევრია მიწოდება, მით უფრო დიდია მიწოდების რაოდენობა და მცირეა საპროცენტო განაკვეთი. მიწოდება რომ გაიზარდოს, დანაზოგები უნდა გაიზარდოს, ხოლო დანაზოგები გაიზრდება, თუ შემოსავლები მოიმატებს. შემოსავლები კი იმ შემთხვევაში მოიმატებს, თუ ადამიანები გაწევენ რისკს და დღეს უფრო მეტს დახარჯავენ რაღაცის შექმნაში, რაც მომავალში მათ მოგებას მოუტანს და შემოსავლებს გაზრდის, ე.ი. მოთხოვნა კრედიტზე უნდა გაიზარდოს. ხოლო მოთხოვნა იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ მოგებიანი პროექტების რიცხვი მოიმატებს.
ეს არის მექანიზმი, რომელზეც დგას საკრედიტო ბაზარი, როგორც ეკონომიკის შემადგენელი ერთ-ერთი სისტემა. სისტემის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს ადამიანების ყოფის თანდათანობით გაუმჯობესებას. რამდენად სწრაფი იქნება შემოსავლების ზრდა დროის ერთეულში, მთლიანად დამოკიდებულია საზოგადოების უნარზე, შექმნას პროდუქტი და მომსახურება, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის მიმზიდველი გახდება. უძრავი ქონების გირაო არის ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების ისეთი წარმოქმნა, როგორც ეს ჩვენს მსჯელობაშია ნაჩვენები.
ის, რომ სესხის ამღები მზად არის გამოიტანოს კრედიტი იმის სანაცვლოდ, რომ თუ მომავალში ვერ დაფარავს ვალდებულებებს, მოუწევს უძრავი ქონების დათმობა, ნიშნავს იმას, რომ სესხის ამღები, მაღალი ალბათობით, აკეთებს ზუსტ პროგნოზს მომავალი შემოსავლების შესახებ. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს რეალურ მოთხოვნას საკრედიტო ბაზარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სესხს იმ შემთხვევაში გამოვიტანთ, თუ თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში ჩვენი შემოსავალი გაიზრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ იმას, რაც ჩვენთვის ფასეულია და ეს ჩვენს ყოფას საგრძნობლად გააუარესებს. შესაბამისად, სესხს ვიღებთ მაშინ, თუ გვიღირს ამ ფასად სესხის აღება.
ბუნებრივია, სესხის ამღებთა შორის გამოჩნდებიან ისინიც, ვინც სათანადოდ ვერ შეაფასებს რისკს, თუმცა, მათი რიცხვი მცირე იქნება. ამდენად, უძრავი ქონების გირაო არის მოთხოვნის, როგორც საკრედიტო ბაზრის ერთ-ერთი კომპონენტის მნიშვნელოვანი შემადგენელი. ერთი მხრივ, იგი ასრულებს ერთგვარი ფილტრის ფუნქციას. მოთხოვნიდან ხდება იმ ადამიანების გამოხშირვა, რომლებიც არ არიან დარწმუნებულები, რომ მათი შემოსავლები მომავალში გაიზრდება და ამდენად, ეშინიათ უკვე მიღწეულის დაკარგვის, ხოლო მეორე მხრივ, იგი ახარისხებს მოთხოვნის შემქმნელებს კატეგორიების მიხედვით, რის საფუძველზეც, სესხით, პირველ რიგში, კმაყოფილდება ის, ვინც მზად არის უფრო მაღალი ხარისხის მსხვერპლი (უძრავი ქონება, რომელიც დანარჩენებთან შედარებით ძვირი ღირს) გაიღოს სანაცვლოდ.
ლოგიკურია, რომ ვინც უფრო მაღალ საფასურს იხდის, მეტად უღირს კრედიტის გამოტანა და ამდენად, უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირებს მომავალში შემოსავლების გაზრდას. უძრავი ქონების გირაო ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიწოდების წარმოქმნაშიც. ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთი დანაზოგი დააბანდონ მოგებიან პროექტებში და ანდონ სხვას, ასევე ეწევიან რისკს. რისკის სიდიდეს განსაზღვრავს დანაზოგის რაოდენობა. რაც უფრო დიდია დანაზოგი, მით უფრო მაღალია რისკი. უძრავი ქონების გირაო აქ რისკის კომპენსაციის როლს ასრულებს. ფაქტობრივად, გირაო არის გარანტია, რომ დაზოგილი თანხის არცერთი თეთრი გამოუყენებელი არ დარჩება და დანაზოგები მთლიანად გარდაიქმნება ინვესტიციებად.
რაც უფრო გარანტირებულია მიმწოდებელი, მით უფრო დაბალ ფასად უღირს მას სესხის გაცემა. ამდენად, გირაო ხელს უწყობს პროცესს, რომლის საფუძველზეც საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე მცირდება, რადგან როდესაც კრედიტორი ხედავს, რომ რისკები მინიმალურია, გამოთქვამს მზადყოფნას, გაასესხოს რაც შეიძლება მეტი დანაზოგი, შედარებით დაბალ პროცენტში. მაშასადამე, უძრავი ქონების გირაო არის საკრედიტო ბაზრის, როგორც ეკონომიკის არტერიული სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც აქვს შინაარსი და ფუნქცია. სხვა ელემენტებთან ლოგიკურ ერთიანობაში, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპონენტების (მოთხოვნა და მიწოდება) შექმნის საკითხში, რამაც უნდა განაპირობოს წონასწორობის ფასის - საპროცენტო განაკვეთის წარმოქმნა, რაც, თავის მხრივ, დაარეგულირებს მოთხოვნის და მიწოდების რაოდენობას. შედეგად, სესხს თამამად გასცემს ყველა ის მსურველი, რომელმაც მოახერხა დანაზოგის შექმნა, ხოლო სესხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ის, ვინც მზად არის, რომ უფრო მაღალი მსხვერპლი გაიღოს სანაცვლოდ. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ვერ წინასწარმეტყველებენ მომავალში შემოსავლების ზრდას, დატოვებენ საკრედიტო ბაზარს.
სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით ვითარდება საკრედიტო ბაზარი, ხოლო განვითარების დონე დამოკიდებულია ბაზარზე მონაწილე ადამიანების გამჭრიახობაზე, თუ რამდენად მოგებიან პროექტებში განხორციელდება დანაზოგების ინვესტიციებად გარდაქმნა. მოგებიანი პროექტი კი უზრუნველყოფს ბაზრის გარეთ დარჩენილი ადამიანების დასაქმებასაც, რაც მათ შეუქმნის მომავალში საკრედიტო ბაზარზე შეღწევის სურვილს და მოტივაციას. როდესაც ვითარდება საკრედიტო ბაზარი, იზრდება ეკონომიკაც და ადამიანების საარსებო პირობები უმჯობესდება.
რა მოხდება საკრედიტო ბაზარზე, თუ კრედიტის ამღებს აღარ ექნება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაკარგვის შიში ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში? თავდაპირველად აღარ გაუარესდება იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც გამოიყენეს სესხი, მაგრამ ვერ გადაიხადეს პროცენტი. ბუნებრივია, ბანკების ხარჯზე, რომელთაც იზარალეს, რადგან გასცეს სესხი და უკან ვეღარ დაიბრუნეს. ბანკებისთვის მიყენებული ზარალი ნაკლებად მტკივნეული იქნება, რადგან ზარალის სიდიდე მათი მოგების უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს. სამაგიეროდ, დიდი სიხარულის განცდა ექნებათ მათ, ვინც ქონება არ დაკარგა, რადგან დასაკარგი ქონების ღირებულება ბევრად აღემატება მათ შემოსავალს. რაოდენობრივადაც ისინი, ვისაც ქონება გადაურჩა, არიან ბევრნი, ხოლო ვინც იზარალა - ცოტანი. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შედეგად, სიხარულის განცდა დაძლევს ზარალით გამოწვეული წუხილის განცდას და საზოგადოების უმრავლესობა იფიქრებს, რომ მთავრობა ზრუნავს ხალხზე, რადგან მან მათთვის სასიკეთო ნაბიჯი გადადგა.
თუმცა სიტუაცია თანდათანობით შეიცვლება. როდესაც ადამიანები გააცნობიერებენ, რომ სესხის აღება არ მოითხოვს მსხვერპლის გაღებას, კრედიტის მიღების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს, რაც ბაზარზე გაზრდის მოთხოვნას. თუმცა, ამ მოთხოვნაში შეუძლებელი გახდება იმის გარჩევა, თუ ვინ ახერხებს მომავალი შემოსავლების შესახებ ზუსტი პროგნოზების გაკეთებას. ამდენად, იმის ალბათობა, რომ კრედიტს მიიღებს ის, ვინც ახერხებს ამ კრედიტით მოგებიანი პროექტების შექმნას, მცირდება, ხოლო იმის ალბათობა, რომ კრედიტს მიიღებს ის, ვინც არ იცის კრედიტის გამოყენება და ვინც უბრალოდ „გაანიავებს“ მას, იზრდება. ჯამში, მოთხოვნის გაზრდა ხელოვნურად შექმნის ბუმს, რომელიც დაახლოებით ჰგავს სიტუაციას, როდესაც სახელმწიფო ინტერვენციის გზით ამცირებს ხოლმე საპროცენტო განაკვეთს ბაზარზე.
ხელოვნურად შექმნილი ბუმი ქმნის მოჩვენებითობას, თითქოს ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება. თუმცა, თუ ერთ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის შემცირების შედეგად არაფერი იცვლება (არ უმჯობესდება, თუმცა შეიძლება გაუარესდეს კიდეც), მეორე შემთხვევაში, კრედიტს ძირითადად მიიღებენ ისინი, ვინც პოტენციური „გამნიავებლები“ არიან (საგრძნობლად უარესდება). გაზრდილი მოთხოვნა გაზრდის საპროცენტო განაკვეთის ფასს. რაც შეეხება მიწოდებას, კრედიტის გამცემთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება შემდეგი გარემოებების გამო:
პირველ რიგში, დანაზოგის მესაკუთრეს ექმნება განცდა, რომ მის მიერ წლების განმავლობაში შრომის ფასად მოპოვებული დანაზოგი შეიძლება დაიკარგოს, რადგან ბანკები განიცდიან ზარალს კრედიტების გაცემის შედეგად. ამდენად, ნდობა ბანკების მიმართ შესუსტდება;
მიუხედავად იმისა, რომ საბანკო ბიზნესი ორიენტირებულია გაცემული კრედიტებიდან სარგებლის მიღებაზე, ბანკები შეეცდებიან ნაკლები რაოდენობის კრედიტების გაცემას, რადგან აქტივების დაკარგვის ალბათობა იზრდება, ხოლო სანაცვლოდ, ისინი ვეღარ ახერხებენ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას. შესაბამისად, კრედიტის გაცემის რისკი მკვეთრად იზრდება.
მიწოდების შემცირება ბაზარზე გამოიწვევს წონასწორობის ფასის, ანუ საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდას და წონასწორობის რაოდენობის შემცირებას. შედეგად, ბაზარზე შეიქმნება სიტუაცია, სადაც საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალია, რომ იმ მეწარმეებს, რომლებსაც შეუძლიათ რისკების გაზომვა, აღარ უღირთ კრედიტის გაზრდილ ფასად აღება. ამდენად, მოთხოვნას ბაზარზე ძირითადად შექმნიან „უპასუხისმგებლო“ ადამიანები, რომლებიც გაურკვეველი მომავლის პირობებში გამოთქვამენ მზადყოფნას, დახარჯონ იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი იძლევა ამის საშუალებას. გამოვლინდება ე.წ. დეფექტი, რომელიც დროთა განმავლობაში მიიღებს სისტემურ ხასიათს და გადაიზრდება კრიზისში, რომლის შედეგიც იქნება ის, რომ საზოგადოება დახარჯავს უფრო მეტს, ვიდრე შექმნის. ეს სიტუაცია კი შეამცირებს საზოგადოების ყველა წევრის ცხოვრების დონეს. როდესაც კრიზისი შესამჩნევი გახდება, ყველაფერი „დაურეგულირებულ“ ბანკებს დაბრალდება.
ამრიგად, ბატონო მთავრობის წევრებო, მანამ, სანამ რამეს საჯაროდ განაცხადებთ, ან ქმედებას დაიწყებთ, კარგად გააანალიზეთ, თუ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. ასევე, დაფიქრდით იმაზე, რომ „კარგის“ გაკეთების სურვილი არ ნიშნავს, რომ ამას შედეგიც „კარგი“ მოჰყვება. ჯორჯ ბუშ უმცროსს „კარგის გაკეთება“ უნდოდა საკუთარი თანამოქალაქეებისათვის, მაგრამ მსოფლიო ფინანსური კრიზისი გამოიწვია.
![]() |
17 სამხრეთის ნაკადი VS. ნაბუკო - ერთი მიმართულებით მიმავალი ორი მილსადენი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
არჩილ მამათელაშვილი
2012 წლის შემოდგომაზე რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის სამხრეთის ნაკადის მშენებლობაზე შეთანხმებამ და ნაბუკოს პროექტზე მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის, გერმანული ენერგოკომპანიის RWE-ს მხრიდან უარმა, ნაბუკოს პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით გადადო. თუმცა, როგორც ეკონომიკის ძირითადი კანონი გვკარნახობს, მონოპოლიზაცია და ფასის ზრდა სტიმულს იძლევა, რომ მოიძებნოს სუბსტიტუტი. ეს ბუნებრივი აირის ბაზარზე უკვე გამოჩნდა.
გასული წლის დეკემბერში გაზპრომმა საზეიმოდ გახსნა სამხრეთ ნაკადის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს შავ ზღვაში (რუსეთის შავის ზღვის სანაპიროდან ბულგარეთამდე და შემდგომში სახმელეთო მილსადენით ავსტრიამდე) ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობას. ის რუსეთს საშუალებას მისცემს, უკრაინის და პოლონეთის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად დაახლოებით 63 მილიარდი კუბური მეტრი აირი მიაწოდოს.
ეს პროექტი რუსეთის მხრიდან ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგების პროცესში უხერხული ტრანზიტული ქვეყნების (პოლონეთი და უკრაინა) ჩამოცილების მეორე ეტაპია. პირველმა ეტაპმა (ჩრდილოეთის ნაკადი), რომელიც ორი წლის წინ წარმატებით დასრულდა, გაზპრომს საშუალება მისცა, რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით წლიური 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გამტარობის მილსადენი აეშენებინა.
ხოლო ნაბუკოს პროექტს, რომელსაც საქართველოს და თურქეთის გავლით კასპიის ზღვის ქვეყნების ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებისათვის უნდა მიეწოდებინა, მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის, გერმანული RWE-ს, მხრიდან უარის თქმის, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და ბუნებრივი აირის მომწოდებელი ქვეყნების პასიურობის გამო, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშანი დაესვა.
ბუნებრივი აირი - ევროპის სუსტი წერტილი
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ევროპის ბუნებრივი აირის მოხმარება წლიური 550-დან 600 მილიარდ კუბურ მეტრამდე მერყეობს. აქედან თითქმის 50%25 იმპორტირებულია.
გასული წლის მონაცემებით, გაზპრომმა ევროპას (დსთ-ს გარდა) ბუნებრივი აირის მთლიანი მოხმარების 28.7%25 მიაწოდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ევროპის ბუნებრივი აირის მომარაგების სხვა ნებისმიერი წყარო.
მილიარდი კუბური მეტრი |
2008 |
2009 |
2010 |
2011 |
ევროპის ბუნებრივი აირის მოხმარება |
592 |
554 |
598 |
541 |
მათ შორის იმპორტი |
270 |
248 |
286 |
256 |
მათ შორის გაზპრომიდან |
167 |
148 |
143 |
155 |
გაზპრომის იმპორტის პროცენტული |
28%25 |
27%25 |
24%25 |
29%25 |
საერთაშორისო ორგანიზაციების თუ კომპანიების მიერ გაკეთებული პროგნოზი ევროპის ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდას წინასწარმეტყველებს. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი მოწოდების წყაროების გამონახვა. ამას ემატება ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი:
ევროპაში ბუნებრივი აირის მოპოვება კლებულობს (კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ფიქლის აირის მოპოვებაზე არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ამჟამინდელი საკუთარი მოპოვება ევროპაში მომდევნო 15-20 წლის მანძილზე, სავარაუდოდ, განახევრდება)
2011 წელს ევროპის უდიდესმა ბუნებრივი აირის მომხმარებელმა ქვეყანამ - გერმანიამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი ელექტროენერგიის წარმოების 23%25-ს, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები აწარმოებდნენ, 2022 წლამდე ჩაანაცვლებს ელექტროსადგურების სხვა წყაროებით, რომელთა შორისაც ლომის წილს აირტურბინული დანადგარები წარმოადგენენ.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზებიდან გამომდინარე, 2025 წლისთვის ევროპას, სავარაუდოდ, დასჭირდება 450 მილიონი კუბური მეტრი აირის იმპორტი, რომლის მინიმუმ ნახევრის მიწოდებასაც რუსეთი გეგმავს.
აღიარებული ფაქტია, რომ რუსეთისთვის ბუნებრივი აირი არა მარტო მისი ერთობლივი ეროვნული პროექტის 12%25, არამედ საგარეო პოლიტიკის საკმაოდ მძლავრი იარაღიცაა. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბევრი ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგების 70-დან 100%25-მდე წილი სწორედ გაზპრომზე მოდის (მაგალითად: უნგრეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ავსტრია, პოლონეთი, ჩეხეთი). ნაბუკოც, რომელსაც რუსეთის გვერდის ავლით უნდა მიეწოდებინა ევროპისათვის კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში მოპოვებული ბუნებრივი აირი, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იყო, რადგან მილსადენში გამავალი გაზის თითქმის ნახევარი მათთვის იყო განკუთვნილი. პროექტის განხორციელება მათ მნიშვნელოვან კომერციულ და პოლიტიკურ კაპიტალს აძლევდა რუსეთთან ბუნებრვი აირის ფასზე და პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებისას.
ამასთან, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ისეთი „ურჩი“ ქვეყნებისათვის ჭკუის სწავლება, როგორებიცაა უკრაინა და პოლონეთი. ევროპაში მიმავალი 155 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტის 80%25-ზე მეტი ევროპაში ხვდება უკრაინის, ხოლო დარჩენლი ნაწილი ბელარუსის გავლით. შარშან ბუნებრივი აირის ფასის შენარჩუნების (ამჟამად, ბელარუსი საშუალოდ 170 აშშ დოლარს იხდის 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში) სანაცვლოდ, ის ევრაზიის კავშირის საბაჟო კავშირში შესვლას დათანხმდა, სადაც მისი და რუსეთის გარდა, ჯერჯერობით მხოლოდ ყაზახეთმა განაცხადა შესვლაზე მზადყოფნა.
ძირითადი |
ნაბუკო |
სამხრეთ ნაკადი |
სიგრძე (კმ) |
4000 |
3700 |
წლიური |
31 |
63 |
მშენებლობის ხარჯები (მლრდ ევრო) |
8-12 |
19-24 |
პარტნიორები (სია |
OMV, MOL, Transgaz, |
Gazprom, ENI, Gaz de |
ტრანზიტული |
თურქეთი, ბულგარეთი, |
რუსეთი, ბულგარეთი,
იტალია, სერბეთი, |
საბოლოო |
ავსტრია |
იტალია, ავსტრია |
პროექტის |
2015 წელი |
2015 წელი |
ჩრდილოეთის ნაკადმა ბელარუსი, როგორც ბუნებრივი აირის სატრანზიტო ქვეყანა, მომდევნო 5-10 წლის მანძილზე მაინც ნაკლებად საჭირო ქვეყნად აქცია, ამიტომ მისი ამ პირობებზე „დათანხმება“ ადვილი იყო. სამხრეთ ნაკადის აშენებით, რუსეთი ორ მიზანს აღწევს - ამცირებს ნაბუკოს განხორციელების ეკონომიკურ მოტივაციას და ბელარუსის მსგავსად უკრაინის სატრანზიტო როლსაც იმდენად შეასუსტებს, რომ უკრაინისა და პოლონეთისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტით, ევროპის ენერგოკონტრაქტების შესრულებას მაინც მოახერხებს. გარდა ამისა, უკრაინას საბაჟო კავშირში გაწევრიანებას თუ სხვა პოლიტიკურ დათმობებს უფრო თამამად მოსთხოვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ ნაკადის განხორციელება და ნაბუკოს დაბლოკვა რუსეთს საშუალებას აძლევს, გავლენა იქონიოს არა მარტო ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების ფასებზე, არამედ კასპიის ზღვის ქვეყნების (თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი) მიერ ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებაზეც. მით უმეტეს, რომ მათ, სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან განსხვავებით (რომელთაც თხევადი ბუნებივი აირის საზღვაო ტანკერებით ევროპის ტერმინალებამდე მიტანა შეუძლიათ), მილსადენის გარდა, ბუნებრივი აირის მიწოდების სხვა საშუალება არ აქვთ.
ნაბუკო vs. სამხრეთ ნაკადი
არსებობდა აღმოსავლეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების რამდენიმე პროექტი. თუმცა არცერთი მათგანი არ მდგარა რეალობასთან და ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან ისე ახლოს, როგორც ნაბუკო და სამხრეთ ნაკადი. ნაბუკო, ევროგაერთიანების და აშშ-ის ინტერესების საფუძველზე წარმოშობილი იდეაა, ხოლო სამხრეთ ნაკადი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი პროექტი.
ეკონომიკური და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაბუკო სამხრეთ ნაკადზე უფრო საინტერესოა, მაგრამ ევროპის ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდის პერსპექტივა ერთის განხორციელებით მეორეს არ გამორიცხავს, თუმცა ეკონომიკური მიზანშეუწონლობის გამო, მეორე პროექტის დაახლოებით 6-8 წლით გადავადებას მაინც გამოიწვევს.
ნაბუკოს ძირითადი უპირატესობები სამხრეთ ნაკადთან შედარებით:
ამცირებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხს;
პროექტი ღიაა რამდენიმე ტრანზიტული მიმწოდებლისთვის, რაც კონკურენციის და, შესაბამისად, მონოპოლიური ფასწარმოქმნისგან იცავს მომხმარებელს;
წაახალისებს ახალი საბადოების ათვისებას, რადგან ევროპა არის ბუნებრივი აირის გასაღების ყველაზე ძვირი ბაზარი მსოფლიოში.
წაახალისებს ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას, რაც თურქმენეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის საკმაოდ დიდი ბუნებრივი აირის მარაგებს გზას გაუხსნის ევროპის ბაზრებისკენ რუსეთის გვერდის ავლით და ხელს შეუწყობს მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას;
ტექნიკურად უფრო მარტივად განსახორციელებელია, შედარებით იაფი იქნება მისი ექსპლუატაცია და ეკონომიკური პარამეტრებიც უკეთესია. შესაბამისად, მისი სატრანზიტო ტარიფიც დაახლოებით 40-50%25-ით იაფია სამხრეთ ნაკადის სატრანზიტო ტარიფზე (წინასწარი გათვლებით, 1.8 აშშ დოლარი - ნაბუკო და 3.5 აშშ დოლარი - სამხრეთ ნაკადი. 1000 კუბური მეტრის ტრანსპორტირება 100 კმ-ზე).
მიუხედავად ზემოხსენებული უპირატესობებისა, ნაბუკოს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რამაც გამოიწვია ის, რომ სამხრეთ ნაკადის მშენებლობა უკვე დაიწყო (თუმცა ჯერ კიდევ არ დასრულებულა რამდენიმე ფორმალობა, როგორიცაა თუნდაც გარემოზე ზემოქმედების შეფასება), ნაბუკოს ბედი კი გაურკვეველია.
1. არ არსებობს კონტრაქტები ბუნებრივი აირის მომწოდებელი ქვეყნების/კომპანიების მხრიდან. პროექტის დაფინანსება კი გარანტირებული ენერგომატარებლების და კონტრაქტების გარეშე წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი მზადაა ნაბუკოს გამტარუნარიანობის ნახევარი თვითონ დატვირთოს, ირანთან კონფლიქტმა, რუსეთის მიერ ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის დაბლოკვამ და ერაყის მიერ ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ლიცენზიების და კონტრაქტების გაურკვეველმა მომავალმა გააჩინა ეჭვი, რომ მილსადენი საპროექტო სიმძლავრემდე ვერ დაიტვირთება და ინვესტორები იმ ეკონომიკურ სარგებელს ვერ ნახავენ, რაც წინასწარ არის დაგეგმილი.
2. ინვესტორებს არ აქვთ აღებული ვალდებულება (სავარაუდოდ, ამის გამომწვევი მიზეზი პირველი პრობლემაა) პროექტში ინვესტიციის განხორციელებაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, უარი თქვან პროექტში მონაწილეობაზე ნებისმიერ დროს. ამის ნათელი მაგალითია გერმანული კომპანია RWE, რომელმაც დაახლოებით 2 თვის წინ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლაზე.
3. 2006 და 2009 წლების ბუნებრივი აირის მოწოდების კრიზისებს ევროპისთვის თუ რამე შეეძლო ესწავლებინა, ეს მოწოდების დივერსიფიკაცია უნდა ყოფილიყო. თუმცა, მიუხედავად ეკონომიკური და პოლიტიკური მიზანშეწონილობისა, 27 მონაწილის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ბევრად უფრო ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ერთი მონაწილის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებასთან შედარებით.
4. ნაბუკოს განხორციელება რუსეთზე დამოკიდებულებას კი ამცირებს, მაგრამ ზრდის ევროპის დამოკიდებულებას თურქეთზე. ამ უკანასკნელის რეგიონული გავლენის ზრდამ და ევროგაერთიანებაში შესვლის შეფერხების შედეგად იქ გაჩენილმა უარყოფითმა მუხტმა ევროპას დამატებითი თავსატეხი გაუჩინა. თან ეს მაშინ, როდესაც თურქეთის ეკონომიკა იზრდება, ხოლო ევროგაერთიანების ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილის ფისკალური მდგომარეობა სავალალოა. ამიტომ, ევროპელები ეჭვის თვალით უყურებენ თურქეთის აღზევებას და მისთვის დამატებითი ბერკეტების გადაცემის სისწორეში დარწმუნებულები არ არიან.
სამხრეთის ნაკადი VS. ნაბუკო
რა გავლენას იქონიებს ნაბუკოს განხორციელების შეფერხება საქართველოზე
სამხრეთ ნაკადის დაწყება და ნაბუკოს გაურკვეველი მომავალი საქართველოზე ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ კონტექსტში იქონიებს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტით ქვეყანა ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებდა გარკვეული მოცულობის შედარებით იაფ გაზს, განხორციელდებოდა რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია (რაც თავისთავად დადებით გავლენას მოახდენდა ბიუჯეტზეც და მიმდინარე ანგარიშის ბალანსზეც) და, მინიმუმ, რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებდა, მისი პოლიტიკური ეფექტი ბევრად უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. ესენია: უფრო მაღალი ინტეგრაცია ტრანსკასპიურ პროექტებში, რეგიონული გავლენის გამყარება და ევროპის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია, მხარი დაეჭირა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის.
ნაბუკოს გადადებას რუსეთისთვის დიდი პოლიტიკური წარმატება მოაქვს ყველა იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელზეც ამ პროექტს უნდა გაევლო და რომელსაც ამ პროექტის მეშვეობით ბუნებრივი აირი უნდა მიეღო. ეს კი იწვევს იმას, რომ სხვა, ირიბად დაკავშირებულ პოლიტიკურ სადავო საკითხებშიც რუსეთი კიდევ უფრო მეტ ბერკეტს იძენს მოლაპარაკების პროცესში. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი სტატუსკვო შენარჩუნდა.
ალტერნატივები და რისკები
ერთი შეხედვით, ორივე მილსადენი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება და ევროპაში მოხმარების ზრდამ, შესაძლოა, სამხრეთ ნაკადის რესურსის ამოწურვის შემდეგ ნაბუკოს აუცილებლობაც დააყენოს დღის წესრიგში, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბუნებრივი აირის მოპოვებაში და მის ტრანსპორტირებაში მიღწეულმა წარმატებებმა, შესაძლოა, თვით სამხრეთ ნაკადსაც შეუქმნას პრობლემა.
2005 წლის შემდეგ, მსოფლიოში აქტიურად დაიწყო ფიქლის გაზის მოპოვება. ამან განსაკუთრებით დიდი მასშტაბები მიიღო აშშ-ში, რამაც ეს ქვეყანა, გასული წლის მონაცემებით, მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილეს მომპოვებლად აქცია. ამასთან, ბუნებრივი აირის ფასმაც მნიშვნელოვნად დაიკლო და ამჟამად, აშშ-ში ის, ევროპასთან შედარებით, დაახლოებით სამ-ნახევარჯერ იაფია. ეს ტენდენცია კი გამოიწვევს იმას, რომ 1) რამდენიმე წელიწადში აშშ ბუნებრივი აირის ექსპორტიორი გახდება. 2) აშშ-სთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირი, რომელიც თხევადი ფორმით მიემართებოდა სპარსეთის ყურიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, ევროპისკენ აიღებს გეზს (ნაწილობრივ ეს პროცესი უკვე დაიწყო). 3) ევროპაშიც დაიწყება ფიქლის ბუნებრივი აირის მოპოვება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი პოტენციური მარაგები სწორედ იმ ქვეყნებშია, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას - პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდება ტრანსპორტირების ყველაზე იაფი გზაა, ტექნოლოგიურმა განვითარებამ ხელი შეუწყო ბუნებრივი აირის გათხევადებას და მისი საზღვაო ტანკერებით ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას. ეს კი ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის ბაზარი ევროპაში შედარებით უფრო ლიკვიდური გახდება. გაიზრდება კონკურენცია მომწოდებელთა მხრიდან და ამასთან, გაზპრომის გავლენა და მის მიერ შემოთავაზებული ფასიც შემცირდება.
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს შორის ფასების დიდი სხვაობა გაზის გათხევადების და ტანკერებით გადაზიდვის მოგებიან საქმედ გადაქცევის წინაპირობას ქმნის. სამომავლოდ კი ევროპა იმპორტს შეამცირებს და ნაბუკოსა და სამხრეთ ნაკადის პოლიტიკური დატვირთვისგან შესაძლოა მხოლოდ საერთაშორისო კონსორციუმებისთვის გადასახდელი ვალებიღა დარჩეს. როგორც საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა შეიხ ზაკი იამანმა რამდენიმე წლის წინ აღნიშნა: „ქვის ხანის დამთავრების მიზეზი ის კი არ იყო, რომ დედამიწაზე ქვები გათავდა, არამედ ის, რომ უფრო ეფექტური ალტერნატივა გამოჩნდა“.
![]() |
18 ხელმწიფის ახალი სამოსი - ობამა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ცვლის |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
მეორე ვადის დაწყებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახალი კაბინეტით შეხვდება. იცვლება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი. სახელმწიფო მდივნის ადგილზე ჰილარი კლინტონს ჯონ კერი შეცვლის. ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰეიგელი თავდაცვის მდივნის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო კონტრტერორისტულ საკითხებში ყოფილი მრჩეველი ჯონ ბრენანი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს გაუძღვება.
სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოფისს ტოვებს. გამოკითხვების მიხედვით, მომავალი არჩევნებისთვის დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კლინტონი ლიდერობს, თუმცა თავად სახელმწიფო მდივნის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მისი უკანასკნელი საჯარო სამსახურია. მისი შემცვლელი ჯონ კერი ვიეტნამის ომის ვეტერანია, იგი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატთა კანდიდატი იყო. კერი სენატში 1984 წელს აირჩიეს და დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა.
ბარაკ ობამა ყურადღებას უფრო მეტად შიდაამერიკულ პოლიტიკურ პრობლემებზე ამახვილებს, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის როლის შემცირებას იწვევს. ჰილარი კლინტონის და ობამას შეხედულებები ერთმანეთისგან გარკვეულწილად განსხვავდებოდა და ერთმანეთს აბალანსებდა, ხოლო კერის დამოკიდებულება მეტწილად ემთხვევა ობამას მიდგომებს. კერი და ჰეიგელი უფრო ემხრობიან „რბილი“ პოლიტიკის გატარებას, ვიდრე ჰილარი კლინტონი და ლეონ პანეტა.
ობამას კაბინეტის ახალი სახეები იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკა უფრო მეტად დაეყრდნობა დიპლომატიას და კრიზისულ სიტუაციებში ვაშინგტონი ძალას ნაკლებად გამოიყენებს. მომავალი ოთხი წლის მანძილზე, შესაძლოა, ისრაელთან ურთიერთობა გაცივდეს და ირანის მიმართ სანქციები გადაიხედოს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ობამა თავდაცვის მდივან ჰეიგელს თავდაცვის ხარჯების შესამცირებლად გამოიყენებს.
ჯონ კერი
ჯონ კერი პრეზიდენტ ობამას რამდენჯერმე დაეხმარა კრიზისული სიტუაციის გადაჭრაში. მის ანგარიშზეა ჰამიდ კარზაისთან 2009 წელს, არჩევნების მეორე რაუნდის დანიშვნის შესახებ შეთანხმება, ასევე პაკისტანთან ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ ბირთვული იარაღის თაობაზე მოლაპარაკებები. ობამას პირველი ვადის განმავლობაში, ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას - ლიბიაში ინტერვენციას და ჰოსნი მუბარაკის გადაყენებას - კერი აქტიურად უჭერდა მხარს.
ამერიკის პირველი დიპლომატის რანგში, კერის მოუწევს გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა სირიის საკითხი, ირანის ბირთვული პროგრამა და გამწვავებული ურთიერთობები ისრაელ-პალესტინას შორის. სენატორი იზიარებს ობამას შეხედულებას, რომ შესაძლებელია დიქტატორულ რეჟიმებთან თანამშრომლობა. კერი ჩართული იყო ბაშარ ალ ასადთან მოლაპარაკებებში, თუმცა ჯონ კერი კრიზისის დაწყებამ კიდევ ერთხელ აჩვენა დიქტატორული რეჟიმების არასაიმედოობა და რეპრესიული ხასიათი.
სახელმწიფო მდივნის პოსტის კანდიდატად, თავდაპირველად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის ელჩი სიუზენ რაისი მოიაზრებოდა, თუმცა სენატში მის ნომინირებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა. ობამამ, იმის გათვალისწინებით, რომ არ სურდა დასახელებული კანდიდატების კიდევ ერთხელ შეცვლა, პრინციპულად დაიცვა ბრენანის და ჰეიგელის ნომინაციები, მიუხედავად ამ უკანასკნელისადმი დემოკრატთა და რესპუბლიკელთა აქტიური კრიტიკისა.
რუსეთთან ურთიერთობასთან მიმართებით, ჯონ კერი აღმოსავლეთ ევროპაში ბალისტიკური რაკეტების განთავსების გარშემო მოლაპარაკებების მომხრეა, რათა დაპირისპირება თავიდან იყოს აცილებული. თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, დიალოგი არ უნდა შედგეს „საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის ხარჯზე“. ჰეიგელიც დიდწილად იზიარებს მის პოზიციას ჯონ ბრენანი მოლაპარაკებისა და შეთანხმების საჭიროებაზე, მაგრამ, ჰეიგელის თქმით, საქართველო და უკრაინა NATO-ში გაწევრიანებისათვის ჯერ მზად არ არიან და ამერიკამ ეს უნდა აღიაროს.
ჩაკ ჰეიგელი
ჯონ ბრენანი
ეროვნული უსაფრთხოების გუნდიდან ყველაზე მეტ უკმაყოფილებას ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურა იმსახურებს. ჰეიგელიც ვიეტნამის ომის ვეტერანია. იგი ატლანტიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ასწავლის. რესპუბლიკელი სენატორი ნებრასკიდან, ჯორჯ ბუშის პოლიტიკის მოწინააღმდეგე და ირანის მიმართ სანქციების დაწესების მოწინააღმდეგე იყო. ასევე კონტროვერსიულია მისი შეხედულებები ისრაელზე. მისი 2007 წლის განცხადებით - „კანონშემოქმედები ებრაელების ლობირებამ დააბრმავა“. ჰეგელის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან სექსუალური უმცირესობები, მისი 1998 წლის დისკრიმინაციული განცხადების გამო, რისთვისაც მან ერთი თვის წინ ბოდიში მოიხადა. ჰეიგელი თავდაცვის მდივნის პოსტზე შეცვლის ლეონ პანეტას, რომელსაც თანამდებობა 2011 წლიდან უკავია. პანეტასგან განსხვავებით, ჩაკ ჰეიგელი ჰეიგელი ემხრობა ირანისთვის სანქციების მოხსნას და თავდაცვის ხარჯების შემცირებას. მის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას, შესაძლოა, ისრაელთან ურთიერთობების გაცივება მოჰყვეს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ჯონ ბრენანის კანდიდატურაა წარდგენილი. ბრენანი CIA-ის საუდის არაბეთის სადაზვერვო ცენტრს ხელმძღვანელობდა. ის პრეზიდენტის ახლო მოკავშირე და იდეური მხარდამჭერია. ტერორისტებზე საჰაერო თავდასხმები სწორედ ბრენანის მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა. როგორც Washington Post წერს, ბრენანი დიდ როლს ასრულებდა სამიზნე ტერორისტების სიის შედგენაში და საბოლოო რეკომენდაციებს აძლევდა პრეზიდენტს. მისი განცხადებით, CIA-ის სტრუქტურა მომავალში უფრო გამჭვირვალე გახდება.
ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ობამას პოლიტიკის გატარებას მას შემდეგ შეუდგება, რაც სენატი მას საბოლოოდ დაამტკიცებს. მოხდება თუ არა პრეზიდენტის მიერ კურსის ცვლილება მეორე ვადაში, უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, თუმცა გუნდის ახალი წევრები არიან პრეზიდენტის თანამოაზრეები, რომლებიც მის შეხედულებებს და „რბილ“ მიდგომას იზიარებენ. სწორედ ამიტომ, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
![]() |
19 აღმოსავლეთ აზიის პოლიტიკური დინასტიები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ქეთი ზუკაკიშვილი
კიმ ჩენ ინი
„ზეცისგან გამოგზავნილი” მმართველი კიმ ჩენ ირი პექტუს წმინდა მთის მწვერვალზე მაშინ დაიბადა, როცა მამამისი იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდა. კორეის ნათელი მომავლის შემოქმედის, „პიქტუს მთის კაშკაშა ვარსკვლავის” გარდაცვალებისას კი, მწვერვალები წითლად შეიფერა და არემარე მისტიკური ვულკანის ხმამ გააყრუა.
ინგლუკში ნავათრა
ლი სიანლუნი
გჯერათ თუ არა ამ ისტორიის, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა, საეჭვოა, იმავე არჩევანის საშუალება გქონოდათ, ჩრდილოეთ კორეაში რომ დაბადებულიყავით. „კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო“ ავტორიტარული სახელმწიფოს ოფიციალური პროპაგანდისტული ორგანოა, რომელიც „მარადიული პრეზიდენტის“ კიმ ირ სენისა და მისი შთამომავლების მიერ დამკვიდრებულ იდეოლოგიას 1948 წლიდან - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების დღიდან, აქტიურად ნერგავს მოსახლეობის ფართო მასებში.
იგივე სააგენტო ასევე წარმატებით ითავსებს კიმის საგვარეულოს შესახებ მისტიკური ისტორიების შეთხზვას და ამ გზით მათი დინასტიური ტიპის მმართველობის ლეგიტიმაციას. უკვე ერთი წელია, აღმოსავლეთ აზიის ბირთვულ სახელმწიფოს პირველი ლიდერის შვილიშვილი, კიმ ჩენ ინი მართავს. ოფიციალურმა წყაროებმაც არ დააყოვნეს და ახალგაზრდა მმართველს უკვე უწოდეს „დიდებული მემკვიდრე“.
პაკ კინ ჰე
რაჯივ განდი
სახალხო რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია „დემოკრატიის ინდექსის“ კვლევაში უკანასკნელ პოზიციებს იკავებს, თუმცა ნომინალურად საკანონმდებლო ორგანოს - უმაღლესი სახალხო საბჭოს არჩევნებს მაინც ყოველ 5 წელიწადში მართავს.
შინძო აბე
სი ძინპინი
ჩრდილოელი მეზობლისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა მრავალპარტიული დემოკრატიაა, ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს წამყვან ოცეულშია და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მეშვეობით არაერთ განვითარებად სახელმწიფოს ეხმარება. მიუხედავად ამისა, როგორც დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა ცხადყო, ინგლუკ შინავათრა გავლენიანი პოლიტიკური ოჯახის წევრობა წარმატების შანსებს აქაც ზრდის.
სამხრეთკორეელი ამომრჩევლის 51.6%25-მა მხარი ყოფილი პრეზიდენტის, პაკ ჩონ ჰის 60 წლის ქალიშვილს, კონსერვატორ პაკ კინ ჰეს დაუჭირა და ქვეყნის ისტორიაში პირველად, სახელმწიფოს მეთაურად ქალი აირჩია.
ახლადარჩეული პრეზიდენტის მამა, პაკ ჩონ ჰი, წინააღმდეგობრივი მემკვიდრეობით გამოირჩევა. ახალი თაობის კორეელები მას მოძალადე დიქტატორად, შედარებით ხანშიშესულები კი - თანამედროვე, მაღალგანვითარებული ეკონომიკის მამად მიიჩნევენ.
ასეა თუ ისე, პოლიტიკური კომენტატორების უმრავლესობა თვლის, რომ პაკ კინ ჰეს ლურჯ სასახლეში დაბრუნებას მამამისის „ეკონომიკური სასწაულის“ ნოსტალგიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
საგულისხმოა, რომ სულ რამდენიმე დღით ადრე, იაპონიის პრემიერმინისტრად საგარეო საქმეთა მინისტრის ვაჟი და ყოფილი პრემიერის, ნობუსუკე კიშის შვილიშვილი, ლიბერალ-დემოკრატი შინძო აბე აირჩიეს. თავად აბეს ამომავალი მზის ქვეყნის ლი სიანლუნი პრემიერის სავარძელი 2006-2007 წლებშიც ეკავა.
ნოემბრიდან მოყოლებული, ახალი უმაღლესი ლიდერი ჰყავს ჩინეთსაც. სახალხო რესპუბლიკის კომპარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ჰუ ძინტაომ პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებით ქვეყნის პრეზიდენტის ცერემონიულ პოსტზე გადაინაცვლა და ადგილი სი ძინპინს, ჩინეთის ერთ-ერთი პირველი უმაღლესი ლიდერის, სი ჟონსუნის ვაჟს დაუთმო. ძინპინი, რომელიც ამავდროულად ქვეყნის ვიცეპრეზიდენტიცაა, ჟურნალმა Forbe's 2012 წელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ათეულში შეიყვანა.
პირველი პრემიერმინისტრის, ჯავაჰარლალ ნერუს შთამომავლები დომინირებენ ინდოეთშიც. დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერი, მულტიეთნიკურ ფედერაციას 1947 წლიდან მართავდა, სანამ 1964-ში მოვალეობის შესრულებისას არ გარდაიცვალა. მოგვიანებით პრემიერმინისტრის სავარძელი ნერუს ქალიშვილმა, ინდირა განდიმ და შვილიშვილმა, რაჯივ განდიმაც მოირგეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, ნერუს ოჯახის წევრები ინდოეთის კონგრესში დღემდე პაკ კინ ჰე გავლენიან პოზიციებს ინარჩუნებენ.
სინგაპურის პოლიტიკური ელიტა ლი ქუან იუს ირგვლივ ერთიანდება. თანამედროვე აზიური ვეფხვის დამფუძნებელი მამა სინგაპურის მალაიზიისგან გამოყოფას ხელმძღვანელობდა და ქვეყანას 3 ათწლეულის განმავლობაში მართავდა. სწორედ მისი გააზრებული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ბრიტანეთის ყოფილი კოლონია დღეს მსოფლიოს უდიდესი პორტებისა და უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრების ხუთეულშია.
აზიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი დღემდე საკუთარი ქვეყნის სამსახურშია, ამჯერად, საპატიო მინისტრ-მენტორის პოზიციიდან. მისი უფროსი ვაჟი ლი სიანლუნი კი სინგაპურის სახალხო მოქმედების პარტიის ლიდერი და მოქმედი პრემიერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან, სახალხო მოქმედების პარტია არცერთ არჩევნებში არ რაჯივ განდი დამარცხებულა.
ბანგლადეშის უკანასკნელ არჩევნებზე პრემიერმინისტრის პოზიციისთვის სახელმწიფოს პირველი მეთაურის ქალიშვილი და მეშვიდე პრეზიდენტის ქვრივი იბრძოდნენ. მალაიზიის პრემიერი მამის კვალს გაჰყვა, პაკისტანს კი ყოფილი ლიდერის ქვრივი მართავს. ტაილანდის მთავრობის ყოფილი მეთაური თაქშინ შინავათრა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო გასამართლებას გაერიდა და მონტენეგროს მოქალაქეობა მიიღო, დღეს კი სამხრეთაზიური მონარქიის პრემიერმინისტრია მისი და - ინგლუკ შინავათრა.
აზიურ რესპუბლიკებში დინასტიურობის პოპულარობას, წარმომავლობის მკვლევარი რობინ ფოქსი, აღმოსავლურ საზოგადოებებში „დასავლეთის მსგავსი ინდივიდუალური რევოლუციის არარსებობით“ ხსნის. პროფესორ ფოქსს საინტერესო თეორიის ავტორობას ვერ დავუკარგავთ, თუმცა მისი მოსაზრება დინასტიურობისადმი მიდრეკილების სრულყოფილი დასაბუთებისგან მაინც შორს დგას.
დაკვირვებულ მკითხველს ახსენდება საბერძნეთში - პაპანდრეუსა და ვენისელოსის, ბელგიაში - ვან რომპეის, ლატვიაში - ულმანისის, ისრაელში - ვაისმანის, აშშ-ში - ბუშის, კლინტონის, კენედის და სხვა მრავალი გავლენიანი გვარის ისტორია. ეს ნათელი მაგალითია, რომ დინასტიურობა 21-ე საუკუნეშიც უნივერსალური მოვლენაა და კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი პოლიტიკური არჩევანის ქვეცნობიერი მეგზური.
![]() |
20 ჭიდაობას რა უნდა?! |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ირაკლი მაღრაძე
სპორტული ფედერაციების არშემდგარი დეპოლიტიზაცია
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მცირე ხანში, ლევან ყიფიანმა სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზაციის აუცილებლობის საკითხი წამოჭრა. შემდეგ დადგა დეკემბერი, რომელიც საერთოდ ცივია, მაგრამ სპორტულ ფედერაციებში გამართული არჩევნებიდან გამომდინარე, საკმაოდ ცხელი გამოდგა. პრეზიდენტები გადაირჩიეს მოჭიდავეებმა, ძიუდოისტებმა, მძლეოსნებმა და ა.შ.
არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა და ამ თემაზე კითხვები არ ისმის, საკითხავი სხვა რამაა: მოხდა კი ფედერაციების დეპოლიტიზაცია? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ქარელში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ლერი ხაბელოვი აირჩიეს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ამავე პარტიის წევრი და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ქევხიშვილი, ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტად მეცხრე არხის იმჟამინდელი გენერალური დირექტორი კახა ბექაური, მაშინ დეპოლიტიზაციის თემა ღიმილის მომგვრელად მოგვეჩვენება.
მოდი, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აქ ამ ადამიანების პროფესიონალიზმზე არ გვაქვს საუბარი. არავინ უკარგავს ლუკა კურტანიძეს იმ დამსახურებებს, რომელიც მას, როგორც სპორტსმენს აქვს და არავინ ამბობს, რომ, ვთქვათ, კრივის ფედერაციის პრეზიდენტად არჩეული დავით კვაჭაძე, რომელიც სპორტულ დარგში ქართული ოცნების თემატური წევრია, ქართული კრივის ისტორიის სათავეებში არ უნდა მოვიხსენიოთ. სამართლიანი მიდგომაა საჭირო, გამოჩენილ სპორტსმენებს ღვაწლი არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ ესა თუ ის სპორტის სახეობა რამდენად კვალიფიციური კადრების ხელში იქნება, მოგვიტევონ, მაგრამ ძალიან გვაღელვებს. მოკლედ, უხეშად რომ ვთქვათ, მედლები და კვარცხლბეკზე დაკავებული ადგილები სხვა თემაა და ფედერაციის მართვა აბსოლუტურად სხვა, ერთ საქმეში წარმატებულობა კი აპრიორი მეორეში წარმატებას არ ნიშნავს.
უპირველესად იმ სახეობების ბედი გვაღელვებს, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია და სადაც წარმატებას მუდმივად ვაღწევთ. ასეთია ჭიდაობა, ძიუდო, რაგბი... რაგბიზე დიდხანს არ შევჩერდებით, რადგან სპორტის ამ სახეობაში როგორი შედეგებიც გვაქვს, იმავე წარმატებით მუშაობს ფედერაციაც. ჭიდაობას რაც შეეხება, საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავეს კახა გეწაძემ და მისმა გუნდმა. 2003 წლამდე ჭიდაობის ფედერაციის ბიუჯეტი მაქსიმუმ 400 000 ლარს შეადგენდა, რაც საკმარისი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად იყო, ღვაწლმოსილი სპორტსმენებისა და მსაჯების ღონისძიებებზე დასწრება კი არც განიხილებოდა. 2001 წელს ევროპის ჩემპიონმა სულ რაღაც 500 ლარი მიიღო, როდესაც დღეს 20-30 ათას დოლარს იღებს... ამჟამად მხოლოდ საქართველოს პირველობის მესამეადგილოსანს აქვს იმდენი, რამდენიც მაშინდელ ევროპის ჩემპიონს ეკუთვნოდა. ფაქტობრივად, მთლიანად აღდგენილია ფალავანთა კლუბი, შეძენილია 70-მდე საჭიდაო ხალიჩა (თითოეულის ფასი 16 000 ლარია)... შედეგებსაც გადავხედოთ: ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ოლიმპიელებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს, აქედან 6 მოჭიდავეებმა - მგონი კომენტარი ზედმეტია. რა თქმა უნდა, მეტი გვინდოდა, მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ ჭიდაობის ფედერაცია რომ საერთო ჯამში წარმატებულად საქმიანობდა, მგონი უდავოა.
ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებზე კახა გეწაძემ კანდიდატურა აღარ წარადგინა, ლუკა კურტანიძემ კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ყოფილ პრეზიდენტთან საუბრისას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამოიკვეთა: იმედია, რომ ახალი პრეზიდენტის ხელში ჭიდაობის ფედერაცია ბევრად უფრო ეფექტური იქნება, მაგრამ გეწაძის გუნდის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი წარმატებული ნაბიჯების შედეგად, თამასა ბევრად ამაღლდა.
გულშემატკივრებმა კურტანიძეს და არა მხოლოდ მას, თითოეული ფედერაციის მესვეურს, მუშაობა უნდა ვაცადოთ, მაგრამ გაზრდილი ბიუჯეტების, აღდგენილი თუ შექმნილი ინფრასტრუქტურისა და სპორტული შედეგების უკუსვლა არავის უნდა ეპატიოს. თითოეულ სახეობაში უნდა გაგრძელდეს პროგრესი, როგორც დაფინანსების მხრივ, ასევე წმინდა სპორტული თვალსაზრისით. მოკლედ რომ ვთქვათ, შეფასების კრიტერიუმები უფრო მკაცრი უნდა გავხადოთ, ვიდრე აქამდე იყო, ეს ეხება არა მხოლოდ გულშემატკივარს, არამედ უფრო მეტად იმ სპორტულ ოჯახებს, სადაც მტყუან-მართლის გარჩევა ყველაზე კარგად შეუძლიათ. დროა ნათესაური, მეგობრული კავშირების გამო შავზე თეთრი არ ვიძახოთ და ამის გამო ჩვენი ქვეყნის წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დავაყენოთ.
ასეა თუ ისე, კურტანიძემ მთლად კარგად ვერ დაიწყო - ნაკრების მწვრთნელად შესანიშნავი მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილი წარადგინა, ნუგზარ სხირელს კი კარებისკენ მიუთითა. მინდორაშვილი კარგი სპორტსმენი იყო, მაგრამ რამდენად კარგი მწვრთნელი იქნება, არავინ იცის. კარგად ვერდაწყებაში უმთავრესად იმას ვგულისხმობთ, რომ სხირელმა კურტანიძეს ბრალი დასდო, რომ ეს უკანასკნელი ცვლილებებს პირადი სიმპათიების გათვალისწინებით ახორციელებს. ახალგაზრდული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა განაცხადა, რომ ნაკრებიდან მოკვეთას წარსულში გიორგი გოგშელიძის დაბრუნების ფაქტს უკავშირებს, როცა გოგშელიძემ კურტანიძეს ნაკრებში ადგილი წაართვა. სხირელი ფიქრობს, რომ კურტანიძემ მას ეს არ აპატია და სხვა ახსნას ვერ პოულობს, თუ რატომ უნდა ჩამოეცილებინათ ახალგაზრდულ ნაკრებს, როდესაც ერთი პატარა ჩავარდნაც კი არ ჰქონია.
ცვლილებებია ძიუდოს ნაკრებშიც, რომლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ირაკლი ცირეკიძემ, მისი ადგილი კი ირაკლი უზნაძემ დაიკავა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ყვარლის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. იმედია, ეს მას ხელს არ შეუშლის, რომ ძიუდოზე იყოს კონცენტრირებული და ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციულად პრიორიტეტული სპორტის სახეობა, კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიდეს.
ასეა თუ ისე, ფედერაციათა საქმიანობებზე დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია. მესვეურები, საბოლოო ჯამში, თავად არიან პასუხისმგებელნი ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, რადგან, მაგალითად, არაკვალიფიციური მწვრთნელის დანიშვნა, საბოლოოდ, შედეგს გააფუჭებს და ყველა ყველაფერს დაინახავს. თუმცა ერთი რამ ცხადია - ლევან ყიფიანის მიერ გაცხადებული სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზაცია არ შედგა.
![]() |
21 გურამ ოდიშარია: ჩვენ მოვედით მშენებლებად და არა დამანგრევლებად |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ესაუბრა ნინა ახლოური
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
ხელისუფლების შეცვლის დღიდან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ახალმა მინისტრმა, ბატონმა გურამ ოდიშარიამ აქტიურად დაიწყო მრგვალი მაგიდის გარშემო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების შეკრება. დისკუსიები მრავალ თემაზე გაიმართა - მათ შორის, თბილისის ისტორიულ უბნებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, კინოს სუბსიდირებაზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე. იყო მინისტრის მოადგილის კანდიდატებთან, ხათუნა ხუნდაძესა და იური მეჩითოვთან დაკავშირებული უსიამოვნო ინციდენტებიც.
სამინისტროს საქმიანობაში სხვადასხვა პრიორიტეტები გამოიკვეთა. ქალაქისთვის ისტორიული იერსახის შენარჩუნებასთან ერთად, გურამ ოდიშარიას უწყება რამდენიმე მიმართულებით აპირებს მუშაობას. ქვეყნის სახელის მის საზღვრებს გარეთ გატანა, რეგიონებში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ადამიანებს შორის ურთიერთობის კულტურის ამაღლება - ეს პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია. ტაბულა შეეცადა გაერკვია, რა ეტაპზეა კულტურის პოლიტიკის ფორმირების პროცესი და გურამ ოდიშარიას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, რისთვის არის საჭირო კულტურის სამინისტრო? მსოფლიოში კულტურა ვითარდებოდა და ვითარდება სამინისტროს გარეშეც...
ყველა სახელმწიფოს თავისი ნიუანსები აქვს. შესაძლოა არის ქვეყნები, სადაც მხოლოდ კულტურის კი არა, სხვა სამინისტროებიც არ არის. ეს ძალიან ბევრი რამით არის გამოწვეული. ჩვენ მერსედესებს არ ვაკეთებთ, გემებს არ ვაშენებთ, მსოფლიოსთვის რით უნდა ვიყოთ მიმზიდველი და საინტერესო? ჩვენ გვაქვს კულტურა, ვართ უძველესი ქვეყანა, გვაქვს ფოლკლორი, სიმღერები და გენეტიკური მახსოვრობა. ჩვენ ვართ კულტურისა და ხელოვნების ქვეყანა. კავკასიაში ქართველებს, სომხებთან ერთად, მწიგნობარ ხალხს გვიწოდებენ. არის სახელმწიფოები, სადაც პირველი წიგნი ერთი ან ორი საუკუნის წინ დაბეჭდეს, ან დაწერეს, ჩვენი ლიტერატურა კი ძალიან შორიდან მოდის. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენთან კულტურის სამინისტრო იყოს.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ძალიან დაგვაკლდა ჩვენი კულტურა. ბალტიისპირეთზე ყოველთვის ამბობენ, რომ იქ არის მაღალი პოლიტიკური კულტურა, ანუ სიტყვა კულტურა პოლიტიკასთან ასოცირდება. ჩვენ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს მაღალი. არ ვამბობ, რომ ეს უშუალოდ ჩვენი სამინისტროს ინტერესებში შედის, თუმცა მიზანი ისიცაა, რომ პოლიტიკური კულტურაც ავამაღლოთ, მაგრამ ასევე აუცილებლად უნდა ავამაღლოთ ადამიანებს შორის ურთიერთობის კულტურა. თვითონ სამინისტრო უნდა გავხადოთ იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა წარმართოს ადამიანმა დიალოგი, როგორ ველაპარაკოთ ერთმანეთს, აზრთა სხვადასხვაობიდან როგორ გამოვიტანოთ ერთი აზრი.
უკვე განსაზღვრული გაქვთ პრიორიტეტული მიმართულებები?
ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის პრიორიტეტი ის არის, რომ რეგიონებში გამოვაცოცხლოთ კულტურული ცხოვრება. იქ როგორც კი ღამდება, ცხოვრება თითქოს მთავრდება. ხალხი იძინებს, რამდენიმე ნათურა ბჟუტავს, შუქი არ აქვთ ალბათ... უფრო სწორად, მითხრეს, რომ შუქი აქვთ, მაგრამ ფული არ აქვთ, რომ გადაიხადონ.
შარშან ვიყავი ბელგიაში და ვითხოვე, სოფელში წამიყვანეთ-მეთქი. მაჩვენეს სოფელი, რომელიც ღამის ცხოვრებით ცხოვრობს. იქ აქვთ კულტურული ცენტრი, უყურებენ კინოს, ახალგაზრდები აწყობენ დისკუსიებს, თუმცა ძველგაზრდებიც მანდ არიან, აქვთ ლუდის ბარი, მათი ცენტრი გაჩახჩახებულია და არ უნდათ წასვლა არც საზღვარგარეთ და არც დედაქალაქში, ბრიუსელში. ეს სოფელი მაგალითად მომყავს ხოლმე - ვნატრობ, იმ დროს მივაღწიოთ, როდესაც კულტურული ცენტრები ყველა სოფელში გვექნება.
თბილისში, ფაქტობრივად, ორი ძირითადი კინოთეატრი გვაქვს - რუსთაველი და ამირანი. და ერთიც ბათუმში. არსად, არცერთ სხვა ქალაქში კინოთეატრი არ გვაქვს, კინოს ვერ უყურებ. მართალია, არის ინტერნეტი და ტელევიზორი, რომელშიც შეგიძლია ბევრი რამ ნახო, მაგრამ ადამიანი, და განსაკუთრებით ახალგაზრდობა, მაინც მიისწრაფვის ურთიერთობისკენ. მათ უნდათ ერთად ნახონ ფილმი, შემდეგ ერთი-ორი სიტყვა გადაუგდონ ერთმანეთს. ახლა ჩვენ ვფიქრობთ, როგორმე, სადაც კინოთეატრების აღდგენა იოლი შესაძლებელია, აღვადგინოთ, ვუყიდით კინოს გამშვებ აპარატს და მივცემთ საშუალებას, რომ ახალგაზრდები შეიკრიბონ, თუმცა არამხოლოდ ახალგაზრდები.
გარდა ამისა, ჩვენი მეორე პრიორიტეტია, რომ როგორმე საქართველოს სახელი გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც შეიძლება შორს, ჩვენი სახელი გავხადოთ პლანეტარული. სხვებს მხოლოდ კონფლიქტების წარმომშობი ქვეყანა ვგონივართ. ჩვენს კულტურასთან წვდომა უნდა ჰქონდეს ევროპის და აზიის ნებისმიერ ქვეყანას. თქვენ იცით, რომ გაბრიელ გარსია მარკესმა სახელი გაუთქვა მთელ კოლუმბიას. ასევე თურქეთი, პატარა ქვეყანა არ არის, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს გააცნო ერთმა დიდმა მწერალმა, ორჰან ფამუქმა. ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ყველაფერს. ვცდილობთ, ლიტერატურა წამოვწიოთ წინ, ვთარგმნოთ წიგნები.
ასე რომ, ორი დიდი ფრთა გვაქვს - ერთი, რეგიონები და მეორე - საზღვარგარეთ გავიტანოთ ჩვენი სახელი. ასევე უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ადამიანები, რომლებიც დღეს ქმნიან ხვალინდელ კლასიკას.
თქვით, რომ ჯაზის და მოდის სფერო თვითდაფინანსებადი უნდა იყოს. რატომ კონკრეტულად ეს სფეროები? ამასთან, ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, დეკემბერში მოდის კვირეული მაინც დააფინანსეთ. რამ შეგაცვლევინათ აზრი?
მოდა ხელოვნების ერთ-ერთ მიმართულებად მიმაჩნია. ასპროცენტიან დაფინანსებას მას და შოუბიზნესს ვერ მივცემთ. წელს შეიძლება დაეხმარო 80 პროცენტით და 20 თვითონ მოიპოვოს, მომავალ წელს თუ წაიწევს წინ, შესაძლოა 50 პროცენტი დაუფინანსო, 4-5 წლის შემდეგ კი, როცა მოძლიერდება და გახდება პოპულარული, ის მიხედავს თავის თავს, განსხვავებით კლასიკური მუსიკისგან, რომელსაც ყოველთვის უნდა ხელის შეშველება. ის, რაც საფრანგეთში და იტალიაში არ ფინანსდება, ჩვენთან დახმარებას საჭიროებს, რადგან ახალგაზრდა სახელმწიფო გვაქვს.
როდის გაცოცხლდება სამუზეუმო ცხოვრება თბილისში მაინც? მხოლოდ ორი დარბაზი გვაქვს გარემონტებული, გამოფენილი კი ალბათ ექსპონატების ერთი პროცენტიც არ არის, ყველაფერი საცავებში ინახება...
ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა იდეეები არსებობს. სწორი ბრძანდებით, უზარმაზარი საგანძური გვაქვს, ძალიან დიდ და მრავალრიცხოვან ქვეყანას შეშურდება, იმდენად დიდი. ერთი იდეა ასეთია, რომ პარლამენტის ძველ შენობაში მოვაწყოთ უზარმაზარი გამოფენა, სადაც ყველაფერს ჩავამწკრივებდით და ხალხი დაათვალიერებდა. ასევე შეიძლება ქალაქში, ღია ცის ქვეშ გამოვფინოთ ექსპონატები, როგორც, ვთქვათ, რომში აკეთებენ.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი არ გვაქვს, როცა საქართველოში, კარგი თუ ცუდი, მაგრამ თანამედროვე ხელოვნება მაინც არსებობს. მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ მისი გახსნა?
აუცილებლად. ის, რასაც არათანამედროვედ და ძველად მივიჩნევთ, თავის დროზე ზუსტად ისეთივე თანამედროვე იყო. მე ვიცი, რომ მისი აშენების გეგმა ჰქონდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამისთვის არის კიდეც ადგილი გამოყოფილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლომდე ერთი თანამედროვე მუზეუმი (თუმცა ერთი შეიძლება არც გვეყოს) გავხსნათ.
თანამედროვე სახელოვნებო განათლების პრობლემაზე რას იტყვით?
ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ის სიტუაცია, რომ კერძო კოლეჯები იყოს ძლიერი. კოლეჯები, რომლებიც არ აძლევენ აკადემიურ განათლებას, მაგრამ თანამედროვე მხატვრებს ზრდიან. ძალიან მიხარია, რომ თემურ ჩხეიძე გაზაფხულზე ჩამოდის ჩვენთან, მას ეყოლება თავისი სახელოსნო და რამდენიმე სტუდენტთან იმუშავებს. თავისი საოსტატო ექნება გოგი ალექსი-მესხიშვილსაც, რომელიც ამერიკაში დიდი ხანია მოღვაწეობს და ყველაფერი იცის თანამედროვე ხელოვნებაზე.
საბჭოთა კავშირის დროს მთელი კავკასია სწავლობდა ჩვენს კონსერვატორიაში, აკადემიაში. ყველას მიაჩნდა, რომ როგორც პარიზია ევროპისთვის, თბილისიც კავკასიისთვის კულტურის მექა იყო. ეს სფერო უნდა გავაძლიეროთ, ამის პრეტენზია გვაქვს.
გვაქვს ამბიცია, კულტურის სამინისტრო გახდეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი სამინისტრო საქართველოში. კულტურას გამოვიყენებთ მეზობლებთან საურთიერთოდ, აფხაზებთან საურთიერთოდ, იმიტომ რომ ამაზე უფრო მოდიან. ასე რომ, კონფლიქტების მოგვარებაშიც კულტურა ჩვენი მეგობარი იქნება.
რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ ახალი კანონპროექტი, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს?
თავიდან როცა მკითხეს, როგორი ნაბიჯებით უნდა იაროთო, ვთქვი, რომ ლიბერალური პოლიტიკის გამტარებელი ვიქნებოდი. ნებისმიერმა ორგანიზაციამ თავის თავს უნდა განუსაზღვროს, რა უნდა და როგორ. თეატრში კონფლიქტი არ უნდა იყოს, თეატრმა უნდა აირჩიოს თავისი ხელმძღვანელი, დადგას ის სპექტაკლები, რაც მას უნდა...
კონფლიქტები მაინც ხდება და ჩვენთან მოდიან, ხანდახან კონფლიქტოლოგადაც მიწევს მუშაობა. კანონზე, რომელზეც მკითხეთ, მოხდა ის, რომ ერთმა ჯგუფმა დაიწყო რაღაცის დაწერა, მეორე ჯგუფმა ამაზე არაფერი იცოდა, შემდეგ თეატრის მმართველები შეიკრიბნენ და თქვეს, რომ ეს საშინელი კანონია და არ შეიძლება მისი მიღება, რეჟისორებმა კი თქვეს, რომ ეს კარგი კანონია და ა.შ. როდესაც ვნახეთ, რომ ადამიანები სხვადასხვა წვენში იხარშებოდნენ, ჩვენ ყველა მოვიწვიეთ ერთ დარბაზში სასაუბროდ. დიალოგი ნორმალურად წარიმართა და ბოლოს შეჯერდნენ, რომ კანონი მიღებული იქნება მარტში ან აპრილში, იქამდე რამდენიმე ჯგუფი რაღაცებს დაწერს და მარტამდე წარმოგვიდგენს. ჩვენ ისევ განხილვას მოვაწყობთ და მხოლოდ ამის შემდეგ წავალთ კანონის დასამტკიცებლად. ჩვენ არ გვინდა მიღებული იყოს კანონი, რომელიც არ იქნება შეთანხმებული.
ტყუილია, რომ ეს ერთ კონკრეტულ ადამიანზე მორგებული კანონია, იმიტომ რომ ის ჯერ დაწერილიც არ არის. ერთი პროექტი იყო ერთი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი. რობიკო სტურუა შესანიშნავი და დიდი რეჟისორი გვყავს, ღმერთმა ძალიან დიდხანს აცოცხლოს, მიყვარს მისი სპექტაკლები, რომლითაც საქართველოს სახელი გაუთქვა. კანონი უნდა იყოს არა ერთ ადამიანზე მორგებული, არამედ დროსა და სივრცეში მარადიული. მინისტრები მოდიან, მიდიან, მაგრამ კულტურა რჩება. ჩვენ ვემსახურებით მარადიულ ღირებულებებს და კანონი უნდა იყოს მორგებული იმას, რომ მარადიული ღირებულებები უკეთესი და უკეთესი გახდეს.
თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე რა აზრის ხართ?
ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მრგვალი მაგიდა, იმიტომ რომ ეს ეხებოდა ძველ თბილისს. ჩვენთან ბევრი საჩივრის მსგავსი განცხადება შემოვიდა, დაწერილი პროფესიონალების და საზოგადოების წარმომადგენლების მიერ, რომლებსაც გული შესტკივათ, რომ ძველი თბილისი არ არის ის, რაც იყო ადრე. გაჩნდა შუშის ნაგებობები, სხვადასხვა სახის გაუგებარი კორპუსები, რაც საზღვარგარეთ არ ხდება. ვთქვათ, სტრასბურგის ქუჩებში როდესაც დადიხარ, ძველ ნაწილში, იქ არავის აქვს უფლება ახალი შენობა ჩაამატოს. ტურისტისთვისაც არ არის საინტერესო იქ ჩასვლა, თუ მან ნახა აღრეული არქიტექტურა. ასეა ძველი პრაღა, ძველი რიგა - ამ უკანასკნელსაც გაუჭირდა, რაღაც შენობები ჩადგეს, თუმცა შემდეგ ისინი საერთოდ მოაშორეს იქაურობას, იმიტომ რომ, როგორც ლატვიელმა მეგობარმა მითხრა, ამის გამო რიგა დატოვა კარგი და მაღალი გემოვნების ტურისტმა.
თბილისში ბევრი ძველი უბანია კარგად რესტავრირებული. ჩვენთან, სამწუხაროდ, ყველაფერი გაცხარებული პოლიტიკური კამათის საგნად იქცევა ხოლმე, როგორც ეს მოხდა ბაგრატის ტაძრის შემთხვევაში. ბაგრატის ტაძარი იქნება თუ თბილისის რესტავრირებული უბნები, ყველგან უნდა ვნახოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. თბილისში შესანიშნავადაა რესტავრირებული ბეთლემის უბანი. თუ არ ვცდები, იქ ნორვეგიელები მუშაობდნენ ჩვენებთან ერთად. ტურისტებს ძალიან უყვართ იქ სიარული. გუდიაშვილის მოედანი კი ინვესტორს გადაეცა და ნაწილობრივ დაინგრა... როცა თბილისელ კაცს გული შესტკივა ამ მოედანზე და ათჯერ და ოცჯერ იკრიბება მოთხოვნით, რომ არ გაანადგურო ეს მოედანი, ხელისუფლება არ არის სწორი, როდესაც არ უსმენს.
მომწონს ეს შუშის ხიდი, რომელსაც ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ შესაძლოა ის სხვა ადგილას უკეთ გამოჩენილიყო.
როგორია თქვენი პოზიცია რიყის თეატრის დემონტაჟთან დაკავშირებით, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური იყო? რამდენად თანმიმდევრული გგონიათ ბატონი პრემიერმინისტრი, რომელიც საუბრობს რიყის თეატრზე, როდესაც მისი ბიზნესცენტრი და სახლიც ასევე უცვლის ქალაქს ისტორიულ იერსახეს?
მილებმა ჩახერგა ეს სივრცე. აქ ბევრმა შენობამ ჩახერგა სივრცე. თუნდაც ეს შენობა, ჩვენ წინ რომ დგას (საუბარია იუსტიციის სახლის შენობაზე. - ნ.ა.), კარგია, მაგრამ ამის იქით თბილისს ვერ ხედავ. თბილისი არ უნდა დაიმალოს. არც მტკვარი, არც მისი სიმშვენიერე, ძველი თბილისი... არის შენობები, რომლებიც მოშორებით უნდა დადგა. მე ის მილები უფრო დიდ, გაშლილ მწვანე ველზე წარმომიდგენია. იქ ბევრად უფრო ლამაზი იქნება, აქ კი სხვა პროპორციებია.
ხიდთან დაკავშირებით, როდესაც მრგვალი მაგიდა მოვაწყვეთ, აზრთა სხვადასხვაობა იყო, მილები კი აბსოლუტურ უმრავლესობას არ მოსწონდა. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ძალაუფლება, გავაჩეროთ მისი მშენებლობა. დანგრევა გამორიცხულია. ჩვენ მოვედით მშენებლებად და არა დამანგრევლებად. როდესაც უკვე რაღაც არის გაკეთებული, რასაც ვერ შევცვლით, არ შევცვლით.
სამომავლოდ ერთი წესი უნდა ვიწამოთ ყველამ - ნაჩქარევად არაფერი გავაკეთოთ, არც შენობა დავანგრიოთ, როგორც ეს იმელს მოუვიდა. კი, იქ იყო ვარსკვლავები, საბჭოთა სიმბოლოები... ყოფილიყო ეს სიმბოლოები, იმიტომ რომ ის ჩვენი ისტორიაა, ის ჩვენ გავიარეთ. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ იმ სულისკვეთებით ვცხოვრობთ. ნაპოლეონის გამო სისხლი დაიღვარა, მაგრამ ნაპოლეონის ძეგლი ყველგან არის, ნერონმა საერთოდ რომი გადაწვა, მაგრამ მისი ბიუსტები ბევრგანაა და ა.შ. ეს ისტორია, საუბედუროდ, ჩვენ გამოვიარეთ. რომ არ გამოგვევლო, კარგი იქნებოდა. რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, ჩვენ სულ სხვანაირად ვიქნებოდით განვითარებული.
რადგან ვართ ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ყველა ძეგლს დავიცავთ. ჩვენ მივწერეთ უგულავას, რომ შეჩერდეს რამდენიმე მშენებლობა, მაგალითად, ძალიან მაღალი შენობის აგება იწყება იმელის გვერდით, რომელიც აუცილებლად დაუკარგავს თბილისს თავის სახეს.
ამბობთ, რომ ძველი ძეგლების დანგრევას საჭიროდ არ მიიჩნევთ, რადგან ისინი ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, მაგრამ რას იტყვით სტალინის ახალ ბიუსტებზე, რომლებიც ბოლო დროს დაიდგა ჩვენთან? რამდენად მისაღებია თანამედროვე საქართველოსთვის სტალინის ძეგლების თავიდან დადგმა?
პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია, სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ყოველგვარი ჩვენი ნებართვის გარეშე მოხდა ახმეტაში და კიდევ სადღაც ამ ბიუსტების დადგმა.
როგორია თქვენი პოზიცია აზიზიეს მეჩეთის სანაცვლოდ ოშკის რესტავრაციასთან დაკავშირებით?
ოშკთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიდის, თურქეთის ელჩთან მქონდა საუბარი. ის განიცდის იმ დაძაბულობას, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით გაჩნდა. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ოშკი ნელ-ნელა იშლება. ის ჩვენი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შედევრია და ვერ დავუშვებთ, რომ დაიშალოს. ჩემთვის პირადად მიუღებელია ასეთი ნაცვალგება - მოდი, მე გაგაკეთებინებ ოშკს და შენ ეს ამიშენე. მიმაჩნია, რომ ყოველთვის უნდა არსებობდეს კეთილი ნება. სახელმწიფოს გადაწყვეტილებამდე საზოგადოების აზრის შეჯერება უნდა ხდებოდეს. ბათუმელს უნდა ჰკითხო, რამდენად მოსწონს იქ აზიზიე, რას ნიშნავს ეს მეჩეთი მისთვის, რადგან ეს მის ეზოში კეთდება.
ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ოშკი გააკეთოს თურქულმა მხარემ, ჩვენი ზედამხედველობით. არის მეორეც - ჩვენ შევთავაზეთ, რომ რეკონსტრუქციას თავად გავაკეთებდით. მოლაპარაკებები დასრულებული არ არის. რაბათთან დაკავშირებით თურქულ მხარეს ჰქონდა პრეტენზია, მათ მიაჩნიათ, რომ ძეგლი გაფუჭებულია. ამბობენ, ოთხი წერილი მოგვწერეს, რომ გუმბათი ოქროსფრად არ უნდა შეგვეღება. ცხაურებიც უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო სადა და შავი ფერის. მათი თქმით, ეს არ არის მისაღები მათი არქიტექტურისთვის და იმ პერიოდისთვისაც. ამიტომ ჩვენ გვიწევს საუბარი იმაზე, სამომავლოდ შეიცვალოს თუ არა ოქროსფერი სხვა ფერით და ა.შ.
ოშკთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ასევეა სომხური ეკლესიებიც - ჩვენთან ექვსი ეკლესიაა სომხური, ხუთი თბილისში, ერთი - სამცხე-ჯავახეთში. სომხური მხარე ითხოვს, რომ ეს ეკლესიები მათ გადავცეთ. ამავე დროს, სომხეთის ტერიტორიაზე არის ქართული ეკლესიებიც, სადაც ჩვენი მრევლი არ ცხოვრობს, მაგრამ გვინდა, რომ იქ იყოს სამონასტრო ცხოვრება - ეს საპატრიარქოს ნომერი პირველი მოთხოვნაა. 17 იანვარს ეწვევა სომხეთს პრემიერმინისტრი, ალბათ მეც მასთან ერთად ჩავალ და დავიწყებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.
კათოლიკე ეკლესია, სომხური, მუსლიმური და ებრაული თემი დიდი ხანია მოითხოვს ისტორიული ტაძრების დაბრუნებას, რომელთაგან ნაწილი ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაშია. თქვენ განაცხადეთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად კომისიას შექმნიდით, ვინ შევა ამ კომისიაში და კონკრეტულად რა ფუნქციის შესრულება დაეკისრება მას?
ეს ძალიან ფაქიზი თემაა. გუშინ მქონდა საუბარი პაატა ზაქარეიშვილთან, ეს მისი განსახილველიც არის - ჩვენ ძეგლებს ვიცავთ, ის პოლიტიკურ კონფლიქტებს უფრთხილდება. გვექნება კონტაქტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, არის ემიგრაციასთან და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებიც. ასე რომ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მეგობარ სამინისტროებს საუკეთესო ვარიანტს შევთავაზებთ ამ კომისიებიდან გამომდინარე. მათში მაღალი რანგის პროფესიონალები შევლენ, განიხილავენ ყველა იმ ნიუანსს, დაკავშირებულს მოსალოდნელ კონფლიქტებთან, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენმა ნებისმიერმა ნაბიჯმა. ამიტომ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით ვივლით. არის სფერო, რომელიც ძალიან ჰგავს დანაღმულ ველს, თუ სწორად არ გადადგი ნაბიჯი, შეიძლება აფეთქდე. ამიტომ ამ კომისიებში, სამინისტროებში და საერთოდ საქართველოშიც გვჭირდება ის ადამიანები, რომლებმაც იციან დანაღმულ ველზე სიარული.
მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, მაყვალა გონაშვილის ვიზიტს მთიან ყარაბაღში უსიამოვნო შედეგი მოჰყვა - ის აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთმა სიტუაციებმა შეიძლება გააფუჭოს ურთიერთობები მეგობარ ქვეყნებთან?
ასეთი სიტუაციები ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ვერ გააფუჭებს. მე თვითონ კონფლიქტოლოგი ვარ და ხშირად დავდიოდი და ახლაც ვაპირებ ხოლმე ვიარო კონფლიქტურ ზონებში. მაყვალა არის ძალიან კეთილშობილი ადამიანი, რომელსაც უნდა, ლიტერატურით სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დამყარდეს კავშირი. კონფლიქტების დარეგულირებისას კულტურა ერთ-ერთი მძლავრი იარაღია ჩვენს ხელში. აქ დაშვებული იყო ერთი შეცდომა - როდესაც ყარაბაღში ადიხარ, ყოველთვის უნდა შეატყობინო აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ეს არის მათი მოთხოვნა. ეტყობა, ეს მომენტი გამოტოვა რაღაცნაირად, თორემ უარს არავინ ეტყოდა. მაყვალა კარგი საქმისთვის არის ჩასული ყარაბაღში და არა ცუდისთვის.
ხუნდაძეს და მეჩითოვს, ორივეს იცავდით. ამბობდით, რომ პირველს facebook-ის გვერდი გაუტეხეს, მეჩითოვის ვიდეო კი უბრალოდ ხუმრობა იყო. საბოლოოდ, თქვენ ისინი მაინც არ დანიშნეთ მოადგილეებად. რა იყო ამის მიზეზი?
ხუნდაძეს მართლა გაუტეხეს facebook-ი, მაგრამ მასაც ჰქონდა მიმოწერა facebook-ის მეგობრებთან, ეს უკვე მისი საქმეა. მეჩითოვი მართლა იქნა გადაღებული წელს ზემოთ შიშველი და ანეკდოტებს ჰყვებოდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მთავარი არ იყო. მთავარი ისაა, როგორ იმუშავებდნენ ეს ადამიანები ჩვენთან. ეს ატეხილი ხმაური, ვფიქრობ, ძალიან გაზვიადებული და არასწორი იყო. მეორე მხრივ, რომ ჩავფიქრდები ხოლმე, ვხვდები ერთ რამეს - არავინ ინტერესდება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ვინ არიან, როდის რა ანეკდოტს მოჰყვნენ, არადა, ანეკდოტს ყველა ჰყვება, მათ შორის მეც. Facebook-ზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებს შეიძლება უფრო უხეში ფორმითაც ეპასუხათ თავიანთი facebook-ელი მეგობრებისთვის, მაგრამ დაინტერესება, დამეთანხმებით, ყველაზე მეტად კულტურის სამინისტროთია. ეს ხაზს უსვამს, რომ საზოგადოება ძალიან ფაქიზად უყურებს ამ სამინისტროს, ძალიან ესათუთება მისი საქმიანობა. ეს იყო ტესტი სრულიად საქართველოსთვის და აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რას წარმოვადგენთ. ჩვენ ყველაფერში უნდა გავხდეთ მაგალითის მიმცემი.
ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მცირე რეორგანიზაცია გვჭირდება და მასში ხუნდაძე და მეჩითოვიც მოყვნენ. ისინი ისევ მუშაობენ ჩვენთან. ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა, მეორეც ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობს და იმუშავებენ კიდეც, უბრალოდ, მინისტრი და მისი მოადგილეები საქართველოს უფრო სხვანაირი ესახება. ჩვენ საზოგადოებრივ აზრს მხარი დავუჭირეთ. Facebook-ზე იყო გაავებული წერილები, რომლებიც მიუღებელია და ამიტომ ვიცავდი ჩემს კოლეგებს, მაგრამ იყო კეთილმოსურნეთა დინჯი სტილით დაწერილი წერილებიც, რომ აი, მე კულტურის სამინისტრო მინდა ასეთი... დამერწმუნეთ, მე უკეთესი მინდა და ჩვენ შევძლებთ, კულტურის სამინისტრო ნომერი პირველი გავხადოთ სამინისტროებს შორის. იმიტომ, რომ როცა გაქვს მაღალი კულტურა და ხელოვნება და ამის მატარებელი ხარ, შენ სამშობლოს დამცველიც იქნები, კარგი ფინანსისტიც იქნები, სოფელსაც მოუვლი და იმ სფეროებსაც, რომელთა პრობლემებიც სხვა სამინისტროებმა უნდა გადაწყვიტონ. ასე რომ, ჩვენი ამბიცია გაიზარდა.
თუ ეთანხმებით კინოს სუბსიდირების არსებულ ფორმას და რაიმეს შეცვლას ხომ არ აპირებთ ამ მიმართულებით?
ყველაფრის შეცვლას ვაპირებთ უკეთესისკენ, რა თქმა უნდა. კინოცენტრმა კარგად იმუშავა, გავხდით ევრიმაჟის წევრი, ეს მნიშვნელოვანია. პრობლემებიც ბევრია, მოგეხსენებათ, კინო ძალიან ძვირადღირებული ხელოვნებაა, ამიტომაც რაც შეგვიძლია, დავეხმარებით, მაგრამ ალტერნატიული გზებიც უნდა მოვძებნოთ.
რა დატვირთვა ექნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში „ქართული სახლების“ გახსნას? რა სხვაობაა ევროპაში აპრობირებულ კულტურული დღეების მოწყობასა და ეგრეთ წოდებული ქართული სახლების ორგანიზებას შორის?
ჩვენ ძალიან ბევრი ემიგრანტი გვყავს, ჩემი ფიქრით, მილიონზე ბევრად მეტნი არიან. ამასწინათ ბარსელონაში ვიყავი, სადაც ქართველების დიდი რაოდენობაა, თავიანთი ფულით მათ იქირავეს შენობა და მოაწყვეს ეკლესია. იქ ლოცულობენ და მათი თავშეყრის ადგილიც ეს არის. მაშინ მთხოვდნენ, იქნებ ვინმეს ხმა მიაწვდინოთ და დაგვეხმაროთ, რომ კულტურული ცენტრი გვქონდესო. ჩვენ რამდენიმე მწერალი და მხატვარი ემიგრაციაში გვყავს. ჩვენი მთავარი მიზანია, დავაბრუნოთ ემიგრანტები, მაგრამ სანამ დაბრუნდებოდნენ, ხომ გვინდა, რომ მთელ მსოფლიოში პოპულარიზაცია გავუწიოთ ჩვენს კულტურას?! აქედან გავუგზავნით მოცეკვავეებს, მომღერლებს, მწერლებს და ა.შ., მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ სახლი, რომ მიიღონ.
ასევე გვინდა, ტელეარხი გავაკეთოთ, სადაც საუბარი იქნება მარტო კულტურაზე, რომ უფრო გაიჟღინთოს მთელი საქართველო ჩვენი კულტურით. იმიტომ, რომ ქვეყანა დაიღალა ამ გადახურებულ პოლიტიზებულ სივრცეში ცხოვრებით და ამ ტემპერატურას მხოლოდ კულტურა დააგდებს. წელს გამოვაცხადეთ, რომ იქნება მეტი კულტურა, ნაკლები პოლიტიკა. ამაში ჩვენ კულტურის სახლებიც დაგვეხმარება.
ძალიან ბევრი მიმართულებით აპირებთ მუშაობას. მოასწრებს კულტურის სამინისტრო 2013 წელს ამდენი დაპირების შესრულებას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დაფინანსება შეგიმცირდათ?
გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ ვიშოვოთ ფული. გვინდა მეცენატებთან დაკავშირებული კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, ადამიანი, რომელიც დაეხმარება რომელიღაც კულტურულ სახლს, ვთქვათ, ესპანეთში, გათავისუფლდება სახელმწიფო გადასახადისგან.
რასაც ვამბობ, ყველაფერს ამ წელს ვერ მოვასწრებთ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერს ექნება თავისი საფუძველი, კედლები აყვანილი იქნება. კანონებს შევცვლით, გვექნება სხვადასხვა სახის მრგვალი მაგიდები, რომ საზოგადოება წინასწარ გავხადოთ ჩვენი პროექტების მონაწილე. ბაგრატის ტაძარი რომ შეეთანხმებინათ ადრე, ვიღაც იტყოდა, რომ მე ეს მწვანე ფერი არ მომწონს, იქნებ ჯობია მოლურჯოში გადავიდეს და ა.შ. და ამგვარად შეჯერებული პროექტი მერე ხმაურს არ გამოიწვევდა. ადამიანი არ უნდა დატოვო მარტო, ეს არის კულტურის ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნა. წელს ჩვენ არავის არ დავტოვებთ მარტო, ვართ ძალიან იმედიანი. ჯერ შევეცდებით, მოწინავე რიგებში იყოს კულტურის სამინისტრო, შემდეგ ჩვენი მიზანია, რომ ის გავხადოთ ნომერი პირველი სამინისტრო, იმიტომ რომ ეს თითოეულ ჩვენგანს სჭირდება.
![]() |
22 თამარ ტატიშვილი: არ უნდა დავბრუნდეთ იქ, საიდანაც გამოსვლა არა მარტო კინოს, ქვეყანასაც ძვირი დაუჯდა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნიკა ესებუა
„გასეირნება ყარაბაღში“, „ქუჩის დღეები“, „გაღმა ნაპირი“, „სამი სახლი“, „რენე მიდის ჰოლივუდში“, „გაიღიმეთ“ - ყველა ამ პროექტის უკან დგას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელიც 10 წელზე მეტია არსებობს და სახელმწიფო სუბსიდიით ეხმარება ქართულ კინოს. ბოლო წლებში კი აქტიურად დაიწყო უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. 2010 წლიდან კინოცენტრის ხელმძღვანელია თამარ ტატიშვილი, რომელთან ინტერვიუსაც აქ გთავაზობთ.
როგორ დაიწყო თქვენი კარიერა კინოცენტრის დირექტორის პოსტზე?
კინოცენტრი 2001 წელს შეიქმნა, მე მაშინ იმედის ჰოლდინგში ვმუშაობდი, კინოცენტრის ხელმძღვანელი კი ზაზა ურუშაძე იყო, რომელთანაც ვთანამშრომლობდით და ვიცოდით, რა უნდა გაკეთებულიყო კინოცენტრიდან - ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი სახელმწიფო სააგენტო, რომელიც დაეხმარებოდა ადგილობრივ კინოწარმოებას, რადგან საქართველოში, ისევე როგორც ევროპის დიდ ნაწილში, საავტორო კინოს სუბსიდირების გარეშე გადაღება ეკონომიკურად ურთულესია. თავიდან კინოცენტრის საქმიანობაში კონსულტანტად ვიყავი ჩართული. იმ წლებში დაარსდა სამხრეთკავკასიელ კინემატოგრაფისტთა ასოციაცია იფასკი, რომლის ხელმძღვანელიც კოტე ჩლაიძე იყო, მე კი აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს ვასრულებდი. იფასკის მთავარი მიზანი გახლდათ ტრენინგების ჩატარება, თუ როგორ ხდება ევროპული კინოს განვითარება. იმ დროს საქართველოში პროდიუსერი ასოცირდებოდა ადამიანთან, რომელსაც სალაროდან ფული გამოაქვს და სადღაც გადაღებაზე ხარჯავს. ტრენინგის მიზანი იყო დაინტერესებულ პირებს გაეგოთ, რომ პროდიუსერის როლი გაცილებით დიდია - ის არის ადამიანი, რომელიც ფინანსურ რისკებს წერს, ფილმის მარკეტინგზე მუშაობს და ა.შ. 2008-10 წლებში ვიყავი ლონდონში, სადაც საპროდიუსერო მიმართულებით ვსწავლობდი და ხარისხი მივიღე. იქვე ვმუშაობდი საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც კულტურის მენეჯმენტის თემას კურირებდა. ამის შემდეგ, კინოცენტრის თხოვნით, ორჯერ წავედი კინოს დიდ ბაზრობებზე, რათა სხვადასხვა მოლაპარაკებებში მივხმარებოდი. 2010 წელს იქ გავიცანი მაშინდელი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, გვქონდა საუბარი კინოს თემაზე, რის შემდეგაც კულტურის სამინისტრომ და კინოცენტრმა სტრატეგიაზე მუშაობა შემომთავაზა - მთავარი პრობლემები ქართულ კინოში და მათი გადაჭრის გზები. კოპროდუქცია, განათლება, საგადასახადო თემა - სწორედ ამ თემებს აერთიანებს სტრატეგია, რომელიც 2010 წელს შეიქმნა და რომლის ერთ-ერთი ავტორი მე ვარ. ჩემს აქტიურ თანამშრომლობას მოჰყვა შემოთავაზება, რომ ლონდონიდან თბილისში დავბრუნებულიყავი და კინოცენტრის დირექტორის პოსტი დამეკავებინა. 2010 წლის თებერვალში კინოცენტრის დირექტორი გავხდი და 2013 წლის თებერვლის ბოლომდე ამ პოსტზე ვიქნები.
კინოცენტრის დირექტორობის ვადის გასვლის შემდეგ აპირებთ თუ არა პოსტის შენარჩუნებას?
ჯერჯერობით არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობას. ახალ კულტურის მინისტრთან, გურამ ოდიშარიასთან მქონდა გაცნობითი სახის შეხვედრა, რომელიც, ერთი შეხედვით, პოზიტიური გამოდგა - მინისტრმა კინოცენტრის მუშაობა ყველა მიმართულებით მოიწონა. ჩვენ ერთი ერთზე გვქონდა სამსაათიანი შეხვედრა, სადაც საუბარი შედგა კინოთეატრების საგადასახადო საკითხებისა და განათლების თემაზე. მცირე მონახაზიც გავუკეთეთ, როგორ ვაპირებდით ამ პუნქტებზე მუშაობის გაგრძელებას მომავალში. მინისტრს შევთავაზე, რომ ჩამოყალიბებულიყო, როგორ წარმოედგინა მომავალში ჩემს გუნდთან მუშაობის გაგრძელება. რაზეც მან მიპასუხა, რომ ეს მხოლოდ გაცნობითი შეხვედრა იყო და საბოლოო პასუხები არ ჰქონდა. მე კვლავ ვაპირებ შევხვდე მას, რადგან ეს არის დანიშვნადი თანამდებობა. ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელს კულტურის მინისტრი ნიშნავს და, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებისთვის უკვე ეცოდინებათ, როგორ გააგრძელებს მუშაობას კინოცენტრი. ჯერჯერობით ჩემთვის მუშაობის გაგრძელება არ შემოუთავაზებიათ, თუმცა შემოთავაზების შემთხვევაშიც აუცილებლად გვექნება ხანგრძლივი დისკუსია, რადგან არის თემები, რომლებზეც ახალი მინისტრის დამოკიდებულებას ვერ ვხვდები. ასეთი თემებია კინოცენტრის დამოუკიდებლობა, ურთიერთობები დანარჩენ ინსტიტუციებთან. ამ წუთისთვის ბუნდოვანია, როგორ აპირებს კულტურის სამინისტრო ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელებას და ეს ყველაფერი მინდა სამუშაო შეხვედრისას ვკითხო. თან ახლა, წლის დასაწყისში იწყება კონკურსის მოთხოვნების მიღება და კულტურის სამინისტროს აქ რა პოზიცია აქვს არჩეული, ჩემთვის უცნობია. საგადასახადო სისტემაც პრობლემაა, მე არ ვარ საგადასახადო შეღავათის მომხრე, რადგან მიმაჩნია, რომ იქ არ იყო შავი ხვრელის გაჩენის შესაძლებლობა. შესაძლოა, რომ ის გამარტივდეს, კინო არ დაიბეგროს ისე, როგორც ნახატი ან წიგნი და უცხოელებმა მეტი ფული შემოიტანონ საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, წინა ხელისუფლების ლიბერალურ საინვესტიციო პოლიტიკაში ეს ჯდებოდა, რადგან ტურიზმის თემას ებმოდა. ახალ მინისტრთან ჯერჯერობით ამ პრიორიტეტებზე არ გვისაუბრია.
რას შესთავაზებთ კულტურის მინისტრს მომავალ შეხვედრაზე?
ვეტყვი, რომ აუცილებელია დაფინანსების ზრდა და ამაზე მუშაობა, აუცილებელია კინოგაქირავების ბაზრის შექმნა და ის, რომ კინოს სექტორის სპიკერი იყოს მთავრობაში. ავუხსნი, რომ აუცილებელია კინოსა და თეატრის განათლების სერიოზული რეფორმა, რადგან თუ ძირეული განათლება არ გაძლიერდა, რაც არ უნდა ტრენინგები ვატაროთ, ამ სფეროს განვითარება ძნელი იქნება. კინოცენტრმა დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს, როგორც ადრე იყო. უარი უნდა ვთქვათ ისეთ საშიშ მესიჯებზე, როგორიც გიორგი შენგელაიამ გააჟღერა - ქართულ კინოში ცენზორის ინსტიტუტი უნდა დაბრუნდესო. უარი არ უნდა ვთქვათ უცხოურ სუბსიდიებზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავბრუნდეთ იქ, საიდანაც გამოსვლა არა მარტო კინოს, ქვეყანასაც ძალიან ძვირი დაუჯდა და ახლაც ამ პროცესშია. ამიტომ, თუ მიდგომა იქნება რეალისტური და პროგრესული, მე სიამოვნებით ვითანამშრომლებ კულტურის ახალ მინისტრთან. მე ჩემი პოლიტიკური შეხედულებები სამსახურში არასოდეს მიმაქვს, არ მესმის და ვაკრიტიკებ ხალხს, რომლებიც შემოქმედებით სფეროში პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
რამდენიმე კვირის წინ კინოსექტორში ჩართული ხალხის შეხვედრა შედგა. როგორ შეაფასებდით მას?
მრგვალ მაგიდაზე არ იყო განსაზღვრული შეხვედრის მიზანი. ნაწილს ჰქონდა პათოსი, რომ ქართული კინო დაღუპულია, დასამარებულია და ბოლო ათი წლის მანძილზე ყველა მოწადინებული იყო, რომ ქართული კინო გამქრალიყო. ისმოდა ბრალდებები, რომ ეროვნული კინოცენტრი დარბის უცხოეთში, იქიდან ფული შემოაქვს ქართულ კინოში და ეხმარება ქართველ პროდიუსერებს. დისკუსია პოლიტიზებული იყო, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები კინოცენტრს უკავშირებდნენ რურუას, სააკაშვილის სახელს. ისევე, როგორც მე, ბევრ ახალგაზრდა რეჟისორს თუ კინოში ჩართულ ადამიანს (ზაზა რუსაძეს, რუსუდან ჭყონიას და ა.შ.) აბრალებდნენ ყოფილ ხელისუფლებასთან „ზედმეტად მეგობრობას“. არადა, კინოცენტრმა დააფინანსა ისეთი პროექტები, როგორიცაა „ბახმარო“, „ინგლისურის მასწავლებელი“ - დოკუმენტური ნამუშევრები აშკარად ოპოზიციური განწყობით. მე ნამდვილად ვერ მივიღებ შენიშვნად, რომ თურმე ცუდია, როცა ევრიმაჟის დირექტორი ან უცხოელი პროდიუსერები კომპლიმენტს გვიკეთებენ იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურა ასე ეხმარება კერძო პირებს და ვერც იმას დავეთანხმები, რომ ეს შეიძლება ეროვნულობის მოკვლად ჩაითვალოს.
როგორ ანაწილებს კინოცენტრი სახელმწიფო დაფინანსებას?
ეს კლასიკური ევროპული სუბსიდირების სისტემაა. წლის დასაწყისში ცხადდება კონკურსი როგორც მოკლემეტრაჟიანი, ასევე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების დასაფინანსებლად. განაცხადის მიღებას აქვს თავისი ვადა, სადღაც 90 დღე. წარმოდგენილი უნდა იყოს ჩვეულებრივი საპროდიუსერო პაკეტი სცენარის ჩათვლით. ასე ხდება ყველა ევროპულ ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც განცხადებების მიღება წყდება, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი უკავშირდება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ქმნიან კომისიას. რა თქმა უნდა, კომისიაში ის ადამიანი ვერ მოხვდება, ვისი ფილმიც კონკურსში მონაწილეობს, ეს ყველაფერი დარეგულირებულია კანონით კინემატოგრაფიის მხარდაჭერის შესახებ. საკონკურსო კომისიის წევრების რაოდენობა 3-დან 16 კაცამდე შეიძლება მერყეობდეს. მე მაქვს 150-კაციანი სია, ეს ადამიანები სხვადასხვა დროს პროექტების არჩევაში მონაწილეობდნენ. მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე ვარ, ვცდილობ კომისიის წევრები თაობების მიხედვით დავაბალანსო, რომ ძველი ან ახალი თაობის კინომოღვაწეებმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ. კომისიის წევრები კითხულობენ განაცხადებს, შემდეგ იკრიბებიან და ამ პროექტების გარჩევა მიმდინარეობს - უფრო ხშირად საინტერესო, იშვიათად კი დესტრუქციული. ყველა განაცხადი ფასდება 5-ბალიანი სისტემით და ყველაზე მაღალი ქულით შეფასებული ფილმები, რომლებიც კომისიის მიერ დადგენილ ზღვარს გადაცდებიან, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადადიან. მეორე ეტაპია გასაუბრება, სადაც კომისიის წევრები დაფინანსების კანდიდატებს პირისპირ ხვდებიან და ესაუბრებიან. თანხა, სამწუხაროდ, ყოველთვის შეზღუდულია. 900 ათასი ლარი სრულმეტრაჟიანი ფილმის დასაფინანსებლად არაფერია, მით უმეტეს მაშინ, როცა გინდა რამდენიმე პროექტს დაეხმარო. როგორც წესი, საბოლოოდ, ორი-სამი პროექტი ფინანსდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდიუსერმა და რეჟისორმა ის ფული იმ წელსვე დახარჯონ, რადგან თუ თანხას ამ პერიოდში არ გამოიყენებენ, სახელმწიფოს შემდეგ წელს დაფინანსება არ გადააქვს.
რა არის ქართული კინოს მთავარი პრობლემა?
კინოგანათლება, დრამატურგია, საპროდიუსერო ხედვა - ეს საქმე მეტ-ნაკლებად დაიძრა, გაჩნდა რაღაც კომპანიები, მაგრამ ეს ჯერ პირველი ნაბიჯებია. ასევე კინოგაქირავება, ადგილობრივი დისტრიბუციის თემა. ნებისმიერი პროფესიონალის პირველი კითხვა არის ის, თუ რამხელაა საქართველოს გასაღების არეალი. რა თქმა უნდა, დიდ თანხას არავინ ელოდება, თუმცა როდესაც საქართველოში მხოლოდ ოთხი კინოთეატრია, ეს უკვე პრობლემაა. აუცილებელია მეტი კინოთეატრი, რაც თავისთავად მეტ სხვადასხვა ფილმს ნიშნავს. მესმის კინოთეატრების, როდესაც მხოლოდ კომერციული ფილმები ჩამოაქვთ, რადგან ისინი მთელ მსოფლიოში უფრო იყიდება, თუმცა აუცილებელია, ქართველმა მაყურებელმა სხვადასხვა საფესტივალო ფილმებიც ნახოს. მომხრე ვარ, რაც შეიძლება მეტი ინსტიტუცია და სამინისტრო ჩაერთოს კინოცენტრთან თანამშრომლობაში. კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ა.შ. კინოთეატრების წახალისებას კინოცენტრი ვერ მოერევა, ამას პოლიტიკური ნება, რაიონებშიჩასვლა, იქ სუბსიდირება სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული ფილმები საქართველოს კინოთეატრებში წარმატებით მუშაობენ. ორი წლის წინ ჩავატარეთ კვლევა, სადაც მოულოდნელი შედეგი მივიღეთ - ქართველ მაყურებელს კინოთეატრში ამერიკული ბლოკბასტერის ნახვას ეროვნული პროდუქტის ხილვა ურჩევნია. ეს გასაკვირია იმიტომ, რომ თითქმის მთელ მსოფლიოში ჰოლივუდის პროდუქტი ბევრად უფრო მოთხოვნადია. „გაღმა ნაპირი“, ყარაბაღის ტრილოგია და კიდევ არაერთი ფილმი ნამდვილი ჰიტი გახდა.
რა გავლენა იქონია უცხოურმა პროექტებმა - ევრიმაჟში გაწევრიანებამ, ბოშის პროექტში ჩართვამ ქართულ კინოზე?
ევრიმაჟის გავლენას ძალიან დადებითად შევაფასებდი. 2012 წელს 4 ქართული პროექტი იყო კონკურსში წარდგენილი და აქედან სამმა დაფინანსება მოიპოვა. ეს ძალიან კარგი შედეგია. იგივე თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, პირველ სამ წელს არცერთი თურქული პროექტი არ დაფინანსებულა. 126 ათას ევრომდეა ევრიმაჟის წლიური გადასახადი და სამმაგი თანხა უკან მივიღეთ, რაც ნიშნავს, რომ ევრიმაჟი ეკონომიკურადაც გამართლებულია. ბოშის პროექტით უამრავი ახალგაზრდა აღმოვაჩინეთ, ვინც სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობდა და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო პროექტების დაფინანსების მოპოვება. პირველივე წელს, შარშან, ქართული პროექტი ბერლინში რობერტ ბოშის პრიზზე იყო ნომინირებული. ეს იყო ნათია გულიაშვილის და ნინო გოგუას დოკუმენტური ნამუშევარი „მადონა“, რომელმაც ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო ევროპაში. წელს კიდევ უფრო კარგი შედეგი გვაქვს, რობერტ ბოშის პრიზზე ორი ქართული პროექტია ნომინირებული - ანიმაციური და დოკუმენტური ნამუშევარი. ბოშის ფონდის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ის, რომ საქართველოში ქართველი რეჟისორები პროდუქტს მთლიანად გერმანული ფულით ქმნიან. რეალურად, ჩვენი ფული არაფერში იხარჯება, არც ტრენინგზე, არც დაინტერესებული პირების ერთმანეთთან დაკავშირებაზე. უბრალოდ, მოვახერხეთ ის, რომ ბოშის პროექტი საქართველოში ხორციელდება.
კინოცენტრი უკვე წელიწად-ნახევარია უშვებს ჟურნალს Filmprint. რა გავლენა და მნიშვნელობა აქვს ამ ჟურნალს?
Filmprint მინიმალური ხარჯებით კეთდება. ჩვენი მთავარი მიზანია, ხალხმა ქართულ კინოზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს და ეს ინფორმაცია იყოს ქართველი კინოკრიტიკოსებისა და სტუდენტების მიერ მიწოდებული. სხვადასხვა ნომერს სხვადასხვა რედაქტორი ჰყავს და მათ სრული სარედაქციო თავისუფლება აქვთ, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ რედაქტორს კრიტიკული სტატია დაუბლოკავს და შემდეგ უთქვამს, კინოცენტრიდან მივიღე მოთხოვნაო, რაც, რა თქმა უნდა, სიცრუეა. Filmprint არსებობს იმისთვის, რომ კარგიც და ცუდიც დაიწეროს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინგლისური გამოცემა, რომლითაც უცხოელი პარტნიორები თუ კინოთი დაინტერესებული ადამიანები იმ ინფორმაციას იღებენ, რომლის ნახვაც სხვაგან შეუძლებელია.
კინოცენტრის ბოლო მიღწევებზე რომ გვითხრათ რამე. როგორც ცნობილი გახდა, ბენ ჰოპკინსი თავის ახალ ფილმს საქართველოში გადაიღებს...
„ეპიკი“ - ეს არის პირველი ბრიტანულ-ქართული ოფიციალური კოპროდუქცია. მასში მინიმალური წილი რუსეთსა და გერმანიასაც აქვთ. ფილმის რეჟისორი ბენ ჰოპკინსია, იმედისმომცემი ბრიტანელი ხელოვანი, რომელიც უკვე ორჯერ იყო ბერლინალეზე ნომინირებული. „ეპიკი“ შავი კომედიაა წარუმატებელ რეჟისორზე, რომელიც კავკასიაში, არარსებულ ქვეყანაში, კარასტანში მიდის, სადაც ადგილობრივი, ეროვნული ფილმის გადაღებას იწყებს. ძალიან რეალურ და ნაცნობ სიტუაციას ნახავთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში სრულიად უცნობი კინორეჟისორი ჩამოდის და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართველი არაა, დიდი პატივით ხვდებიან. ფილმს საქართველოში გადაიღებენ და მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება, მეორეხარისხოვან როლებს ქართველი მსახიობები შეასრულებენ. „ეპიკის“ აღმასრულებელი პროდიუსერი სტივენ დალდრია, ფილმში ისლანდიური ბენდის Sigur Ros-ის მუსიკას გამოიყენებენ. „ეს არის კომედია გლობალიზაციასა და ერების ჩამოყალიბებაზე, სექსსა და ხელოვნებაზე, ფულის გათეთრებასა და სიყვარულზე“, - ასე აფასებს ბენ ჰოპკინსი თავის მომავალ ნამუშევარს. ეს პროექტი რომ საქართველოში გადაეღოთ, ამაზე დიდი მუშაობა დაგვჭირდა. თავიდან „ეპიკის“ გადასაღებად რუმინეთს ან ბულგარეთს მოიაზრებდნენ. 2011 წელს ბენ ჰოპკინსი ბათუმის კინოფესტივალზე იყო, ჩვენ ჩავედით იქ და ბენს ქართული ლოკაციების გამოყენება შევთავაზეთ. ტურიც მოვაწყვეთ საქართველოში. ამ პროექტის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა, რადგან ინგლისი ის ბაზარია, რომელზე უარსაც არცერთი ქვეყანა არ ამბობს. საბოლოოდ, ბრიტანული მხარე თანამშრომლობაზე დავითანხმეთ. ფილმის გადაღება იანვარში დაიწყება და მთელ საქართველოს მოიცავს. 2013 წელს არაერთი ქართული ფილმი გამოვა, მათ შორის - ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარი, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, თეონა გრენადეს „ძმა“, ნანა ექვთიმიშვილის „გრძელი, ნათელი ღამეები“ და ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი“, რომელსაც ბერლინის კინოფესტივალზე პანორამაში აჩვენებენ.
![]() |
23 ვენეციური კარნავალი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ირინა ბაგაური
მოვირგებ ნიღაბს და გავხდები პულჩინელა, ვიტყვი სახალხოდ, რომ ეს მე მოვიგონე მოცარელა. მოვირგებ ნიღაბს, გავხდები პანტალონე, ვიტყვი, მე რომ ცხვირს ვაცემინებ, ეგ ღირს ერთი მილიონი. მოვიგებ ნიღაბს მასხარის, ვეტყვი ყველას, ვინც აქ არის, რომ ყინულად იქცა მზე და აღარ არის
„კარნავალი ის დღესასწაულია, სადაც ყველა ოინს გასავალი აქვს“, - ასე ამბობენ აპენინების ნახევარკუნძულზე. ამიტომაც, თებერვლის სუსხიან დღეებში ვის აღარ გადაეყრებით ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქის ქუჩებში: იმპერატორებს, უფლისწულებს, მეკობრეებსა თუ მეწაღეებს, ბუმბულასხმულ დიდგვაროვან ბარონესებსა და მათ ლაქიებს, რომლებიც მზეს უჩრდილავენ თავიანთ ქალბატონებს. შეხვდებით ისტორიულ პერსონაჟებსაც: დიდ ვენეციელ მოგზაურ მარკო პოლოს თუ ქალების გულთამპყრობელ ჯაკომო კაზანოვას.
კარნავალი დღეს აღდგომის რელიგიურ დღესასწაულთანაა დაკავშირებული. მისი სახელი (ლათინურად carnemlevare) ხორცის ამოღებას ნიშნავს და ის ყოველწლიურად თებერვლის თვეში, დიდმარხვის დაწყებამდე, ყველიერის კვირაში იმართება. თუმცა, ცნობები მსგავსი სანახაობების შესახებ, ჯერ კიდევ ანტიკურ წყაროებში გვხვდება: ძველი რომაელები საკარნავალო ზეიმს 17-23 დეკემბერს მართავდნენ ღვთაება სატურნის სადიდებლად, ძველი ბერძნები კი თავაშვებული ლხინით დიონისეს კერპს მიაგებდნენ პატივს.
აპენინის ნახევარკუნძულზე კარნავალი თითქმის ყველა ქალაქში მეტ-ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება. ისტორიას ახსოვს შუა საუკუნეებში, პონტიფიკოსების მიერ აგონესა (დღევანდელი პიაცა ნავონა) და ტესტაჩოზე გამართული დიდებული კარნავალები, რომლებიც ებრაელთა გეტოებიდან ფინანსდებოდა. კარნავალი ხორცთან გამოთხოვების დღესასწაულია. შუა საუკუნეებში, როდესაც საკვები ისედაც რთულად იშოვებოდა, ცხოველურ პროდუქტზე ნებაყოფლობით უარის თქმა, გარკვეულწილად, მსხვერპლის გაღებას ნიშნავდა. ამიტომ რომში, დიდმარხვის წინა დღეებში, ანტიკური ტრადიციების თითქმის ზედმიწევნითი დაცვით მართავდნენ ერთკვირიან სანახაობებს და მოედნებზე აპურებდნენ ხალხს.
ამ დღესასწაულს დღეს გამორჩეულად ზეიმობენ ვიარეჯოსა და ასტიში. თუმცა ყველაზე პომპეზურ სანახაობად, ტრადიციულად, ვენეციის კარნავალი მიიჩნევა, რომელსაც საფუძველი 1094 წელს, დოჟმა ვიტალე ფალიერმა ჩაუყარა, 1296 წელს კი ვენეციის რესპუბლიკის სენატმა ის ოფიციალურ დღესასწაულად ცნო.
იმ დროიდან ვენეციის დოჟები საკარნავალო დღეებს ზეიმობდნენ დიდგვაროვნებისა და უცხოელი საპატიო სტუმრების გარემოცვაში. სხვადასხვა პერიოდში იმართებოდა თეატრალური სანახაობები: მაგალითად, მუსლიმებისა და ქრისტიანების ბრძოლა, რაც, ბუნებრივია, ამ უკანასკნელთა გამარჯვებით სრულდებოდა; მავრიტანული ცეკვა - საცეკვაო ნომერი საბრძოლო ელემენტებით; ხარის განგმირვა დოჟების მოედანზე და მისი ხორცის განაწილება; თოკზე აკრობატულად გავლა და ტყვეთა შეწყალება.
კარნავალის მთავარი ატრიბუტი სადღესასწაულო კოსტიუმები და, ბუნებრივია, ვენეციის სავიზიტო ბარათებად ქცეული ნიღბებია. ვენეციაში ნიღბებით სიარული არა მხოლოდ საკარნავალო დღეებში, არამედ თითქმის ყველა გამორჩეულ დღესასწაულზე იყო შესაძლებელი. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი შენიღბული სახით მისვლა ქალაქის მრავალრიცხოვან თეატრებშიც გახდა დასაშვები. ნიღბის გამოყენება მხოლოდ დასაოჯახებელ ქალწულებს ეკრძალებოდათ.
კარნავალის დღეებში ვენეციის ქუჩებში ყველაზე ხშირად კომედია დელ არტეს პერსონაჟების: პანტალონეს, არლეკინის, კოლომბინას ფორმებში გამოწყობილ ადამიანებს გადაეყრებით. თუმცა, იმ ადამიანებში, ვისაც სადღესასწაულო კოსტიუმებისთვის დიდი თანხების გადახდა არ ენანება, ყველაზე დიდი პოპულარობით, დიდებული და მისტიკური ვენეციური კოსტიუმი - ბაუტა სარგებლობს. ბაუტა ტრადიციული შავი მასიური მოსასხამისგან - ტაბაროსა და ნიღბისაგან შედგება. კაცების ნიღაბი თეთრი შეფერილობისაა და ლარვა ჰქვია, რაც თარგმანში მოჩვენებას ნიშნავს. ქალები კი უპირატესობას რუხი ფერის ოვალურ „მორეტას“ ანიჭებენ.
ბაუტა ვენეციელებს საშუალებას აძლევდა, შეენარჩუნებინათ ანონიმურობა და კარგად დაეფარათ არა მხოლოდ სახე, არამედ სქესიც. ეს ყველაზე შესაფერისი კოსტიუმი გახლდათ აკრძალული სასიყვარულო თამაშების დასაწყებად იმ ქალაქის მკვიდრთათვის, რომელიც სასიყვარულო ინტრიგებითაა სახელგანთქმული და რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანის სასიყვარულო თავგადასავალი უკავშირდება - დაწყებული კაზანოვათი, დამთავებული გაბრიელე დანუნციოსა და ელეონორა დუზეს რომანით. როგორც ამბობენ, ბაუტა გამორჩეულად უყვარდათ ახალგაზრდა ვენეციელ პატრიცებს და საკარნავალო დღეებში, მათ მღვდელმსახურებიც ხშირად მიმართავდნენ ფარული ვნებების დასამალად.
ისევე, როგორც ძველ დროში, დღესაც კარნავალის მონაწილეები არა მხოლოდ საზეიმო კოსტიუმებში ეწყობიან, არამედ სადღესასწაულო ოხუნჯობებსაც არ ივიწყებენ, რაც, ერთი შეხედვით, საპირველაპრილო ხუმრობებს მოგვაგონებს. თუმცა ზოგჯერ, სადღესასწაულო ოინებს არცთუ წარმატებული დასასრული აქვს. წლიდან წლამდე საკარნავალო ოხუნჯობებისთვის ისე ემზადებიან, რომ ხშირად სრულიად არასახუმარო საქციელსაც საზეიმო ოინად მიიჩნევენ, ანდა, პირიქით. ასეთი ხუმრობები ნახევარკუნძულებზე ბევრი ახსოვთ: მაგალითად, ქალაქ ბრინდიზის აეროპორტის თანამშრომელმა თებერვლის სუსხიან დღეებში ცრუ განგაში ატეხა, რომ აეროპორტი დანაღმული იყო. ევაკუაციის შედეგად, ათობით ადამიანმა დატოვა ტერიტორია, საგანგებო რეჟიმზე გადავიდა პოლიცია და, საბოლოო ჯამში, ოხუნჯი თანამშრომელი დააკავეს. როგორც ამბობენ, „იდიოტიზმის ბრალდებით“.
გასულ წლებში საკარნავალოდ გაავრცელეს განცხადება, რომ რომს ლეონარდო დი კაპრიო სტუმრობდა. შედეგად, ქალაქის ოთხივე გრანდ ოტელის წინ მზის ამოსვლისთანავე ასობით ადამიანი ჩამწკრივდა კერპის მოლოდინში. დი კაპრიოს დიდხანს ელოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. „ლეონარდო ალბათ მართლა რომშია, თორემ, აბა, რისთვის დგას ამდენი ხალხი აქ?“ - იკითხა ერთმა გულუბრყვილო ფანმა და ეს კითხვა ოინის საყურებლად მისულმა ჟურნალისტებმა წამიერად შერაცხეს წლის ყველაზე სასაცილო საკარნავალო ფრაზად.
ამ დღეებში ტყუილ-მართლის გაგება მართლაც ჭირს. მაგალითად, ერთხელ ვენეციის სან მარკოს მოედანზე ახალგაზრდა ბიჭებმა ჯგუფურად ჩამოიარეს და მოულოდნელი ჩოჩქოლი ატყდა. ჯგუფს აღფრთოვანებული ტურისტები შემოეხვივნენ, რომ ფოტოები გადაეღოთ ამ „სრულყოფილი ოხუნჯებისთვის“, რომლებსაც საოცრად მოხდენილად მოერგოთ სამხედრო საკარნავალო კოსტიუმები. სინამდვილეში კი ეს „ოხუნჯები“ კადეტთა კორპუსის სრულიად სერიოზული თანამშრომლები გახლდნენ, გამოწყობილნი სამუშაო ფორმაში, თუმცა ამ ფაქტით თავად ყველაზე მეტი იხალისეს და მშვენივრადაც იპოზიორეს კამერების წინ.
ვენეციის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, 1797 წლიდან, ამ ქალაქში კარნავალი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე აღარ უზეიმიათ. მხოლოდ 1979 წელს, ვენეციის მცხოვრებთა ძალისხმევით, პლანეტის ყველაზე რომანტიკულ ქალაქში ორი საუკუნის თავზე აღდგა ყველაზე პომპეზური დღესასწაულის ტრადიციები.
დღეს, ვენეციის კარნავალს, გარდა მთელი მსოფლიოდან ჩასული ტურისტებისა, ცნობილი სპონსორები ჰყავს და მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები აშუქებენ. სხვადასხვა წლებში საკარნავალო ღონისძიებები ჯაკომო კაზანოვას, კარნავალების ცნობილ ოსტატს - ფედერიკო ფელინისა თუ აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას მიეძღვნა. 2013 წლის პროგრამაც უკვე მზადაა და უწინდებურად მრავალფეროვან ღონისძიებებს ჰპირდება მონაწილეებს: სხვადასხვა კუნძულებზე გაიმართება ყინულზე სრიალი, კონკურსები საუკეთესო ნიღბებისა და კოსტიუმების გამოსავლენად, კამერული და პოპმუსიკის კონცერტები თუ თეატრალური საღამოები. საზეიმო პერიოდი 26 იანვარს იწყება და 12 თებერვლამდე გასტანს.
![]() |
24 Guide - თებერვალი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
1) კილიან ჰენესი მის მიერ გამოგონილ, უცნაურ ბაღში მოგზაურობის გაგრძელებას გვთავაზობს. In The Garden of Good & Evil-ის სერიიდან საზოგადოებამ ორი პარფიუმერული ქმნილება - Forbidden Games და Good Girl Gone Bad - შარშან უკვე გაიცნო. ბოლო, In The City of Sin კი ყველაზე გურმანული გამოვიდა და პირველ რიგში გვატემალური ილის, ქლიავის და თურქული ვარდის ნოტებით გვამახსოვრებს თავს. წითელი წიწაკისა და ბერგამოტის წყალობით კომპოზიცია ეგზოტიკურ ჟღერადობას იძენს. საკმაოდ ტკბილი არომატია, რის გამოც მისი ტარება სწორედ ზამთრის ცივ დღეებში სჯობს.
2) როგორც არ უნდა განვითარდეს ფოტოტექნიკა, ის ადამიანები, რომლებსაც ოდესმე Polaroid-ის კამერა ჰქონიათ, ყოველთვის გაიხსენებენ დროს, როდესაც ფოტოების გადაღება განსაკუთრებით სახალისო იყო, მათი დაბეჭდვის პროცესი კი - ძალიან ხანმოკლე. ახალი Polaroid Z2300 ძველ დროს გაგვახსენებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ფოტოების ატვირთვა პირდაპირ კამერიდან არის შესაძლებელი Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე. 10 მეგაპიქსელი არც ისე ბევრია და დაბეჭდილი სურათებიც ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს - ზოგჯერ შეიძლება გამოსახულება არც ისე მკვეთრი იყოს, ფერები კი - ნაკლებად ხასხასა, თუმცა Polaroid-ის ხიბლი, ალბათ, სწორედ ისაა, რომ რეტრო განწყობა შექმნას, რასაც წარმატებით ახერხებს თავად აპარატის დიზაინიც.
3) აღმოსავლური ორთაბრძოლების ხელოვნების მოყვარულებს და ვონგ კარ-ვაის შემოქმედების თაყვანისმცემლებს წინ ახალი ფილმის „დიდოსტატი“ (The Grandmaster) ნახვის სიამოვნება ელით. მისი პრემიერა პეკინში ექვს იანვარს გაიმართა, თებერვალში კი ბერლინის კინოფესტივალს გახსნის, თუმცა კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ფილმი იპ მანის ბიოგრაფიას ეძღვნება, რომელიც ცნობილი მსახიობის, ბრიუს ლის მასწავლებელი იყო.
4) უცხო ქალაქში მოხვედრისას, ყოველთვის არსებობს შანსი, დავიკარგოთ. იმაზე ფიქრი, რომ გამვლელებს ინგლისური ეცოდინებათ და საკმარისად გულისხმიერები აღმოჩნდებიან ჩვენს დასახმარებლად, აღარ მოგვიწევს, თუ ბრიტანელი დიზაინერის, დომინიკ უილკოქსის ფეხსაცმელს ჩავიცვამთ. მისი ინსპირაციის წყაროდ საბავშვო ზღაპარი „ჯადოქარი ოზების ქვეყნიდან“ იქცა და გადაწყვიტა, თავად შეექმნა ჯადოსნური ფეხსაცმელი. მას No Place Like Home ჰქვია და USB-ით კონკრეტული ადგილის კოორდინატების ჩატვირთვაა შესაძლებელი. GPS-ით აღჭურვილი მარცხენა ფეხსაცმელი მიმართულებას აჩვენებს, მარჯვენა კი - დარჩენილ მანძილს. საკმარისია მიწას ფეხსაცმლის ქუსლი დავარტყათ და ის სასურველი ადგილისკენ თავად გვიჩვენებს გზას.
5) Louis Vuitton გამოსცემს წიგნს, რომელშიც თერთმეტი ფრანგი მწერლის მოთხრობა შევა. ვერონიკ ოვალდეს, ფაბიენ ბერტოს, მარი დარიოსეკის და სხვა ავტორების შთაგონების წყაროდ ლუი ვუიტონის შვილიშვილის, გასტონ-ლუის ჩემოდანი იქცა. ყველა მოთხრობაში ნარატივი სწორედ ამ ჩემოდნის შიგნიდან იწყება. წიგნი მხოლოდ სამ ენაზე (ფრანგული, ინგლისური, იაპონური), მარტში გამოიცემა.
6) დევიდ ბოუი 66 წლის გახდა, თუმცა პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს. ათწლიანი შესვენების შემდეგ მუსიკოსი გამოუშვებს რიგით ოცდამეოთხე სტუდიურ ალბომს „The Next Day“, რომელშიც 14 სიმღერა (ბონუსის სახით კი Deluxe გამოშვებაში სამი კომპიზიცია) შევა. მათგან ერთ-ერთის - Where Are We Now? მოსმენა ინტერნეტში უკვე შესაძლებელია. ალბომი რვა მარტიდან გაიყიდება.
![]() |
25 ბლოგი - ლევან სუთიძე |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ხატძვის ხეო, ხატძვის ხეო!
ჩვენი გაკვირვება რთულია, თან ახალ წელს. ბოლოს და ბოლოს, ვინ და სად აღარ გვინახავს. მაგრამ თურმე „პაჩკა - პაჩკა“ დოლარებზე პროვინციული გროტესკის მოფიქრებაც ხელგვეწიფება. საახალწლო მილოცვის დროს, საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იდგა ნაძვის ხესთან, რომელიც სხვადასხვა მოზიბზიბე სათამაშოსთან ერთად, მორთული იყო მთავარანგელოზებისა და წმინდა გიორგის ხატებით. ღრმად მორწმუნეებმა იქვე ადვილად შევნიშნეთ უდიდესი ქრისტიანული სიმბოლო, ოქროს საწმისი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ქვეყანაში, სადაც პატრიარქის რეიტინგი ზრდასრულებს შორის, ბავშვებს შორის სანტა კლაუსის რეიტინგზე დიდია, ლოგიკურია, რომ ელექტორალური ყნოსვის პოლიტიკოსი ცდუნებას ვერ უძლებს, კამერების წინ ორი განცხადება გააკეთოს: პირველი ხმამაღლა, შეფერუმარილებული ჟურნალისტის მიერ ძლივს დასმულკითხვაზე, და მეორე უტყვად - „თქვენ ალბათ რთულად მამჩნევთ, რადგან ჩემ უკან კარადაში შეყუჟულ გიგანტურ გათხოვების ღვთისმშობელს, ჩემს თავზე კალთა აქვს გადმოფარებული“.
იყო შემთხვევები, როცა წმინდანად შერაცხული რომანოვების ოჯახის გამოსახულების ფონზე, მათი მზრუნველობით რომ აღშენდნენ კიდენი ამაქვეყნისანი, პოლიტიკოსებს NATO - ში შესვლის გარდაუვალობაზეც უსაუბრიათ. თუ სწორად მახსოვს, ვიღაცას იმავე პეიზაჟზე რეზო ჩხეიძეც უნდა ჰყავდეს მიგმობილი.
გასაგებია, რომ ქვეყანაში, სადაც წმინდა გიორგი შეიძლება უთვალავი „კალცო - ბეჭდებით“ მორთო, უცნაური სულაც არ არის, იგივე ხატი ნაძვის ხეზე მიამაგრო და თქვა, რომ სინამდვილეში ეს წმინდა გიორგის მორთვა სცადე ნაძვის ხით, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არც ის არის, რომ პრეზიდენტის ზურგს უკან მოცქერალი ღვთისმშობლის სახელწოდება - казанская божья матерь, ან უბრალოდ - ყაზანის ღვთისმშობელი გახლავთ. მთავარი არც ის უნდა იყოს, რომ მოიძებნება მრავალი პატრიარქის ნათელში „დაზაგრული გოგოშკა“, რომელიც ამ მიგნებას გაიმეორებს და ქმრებს მომავალ წელს დოლარების ნაცვლად ნაძვის ხეს ღმერთი - რჯული - ხატით მოურთავს. მთავარი ის არის, რატომ გმობს საპატრიარქო „დიდ ათეულში“ წმინდანების შეყვანას, ხოლო ნაძვის ხეზე მათ „მიიგრუშკებას“ გაგებით ეკიდება? თორემ პრემიერმა რაც უნდა, სადაც უნდა, დაკიდოს, ეგ ჩვენ არ გვედარდება.