The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №123


ტაბულა №123


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჩერგოლეიშვილი თამარ, კოვზირიძე დავით, ნოდია გია, ჩხიკვაძე ანი, ლომაია კახა, კაპანაძე სერგი, ავალიანი დიმიტრი, თოიძე მირიან, ბურჯალიანი თინა, ჯანაშია სიმონ, თარხან-მოურავი სანდრო, პაიჭაძე დათო, ცომაია აკაკი, ჯანდიერი გია, მინდიაშვილი ბექა, სუთიძე ლევან, ზუკაკიშვილი ქეთი, კალაძე კახა, ესებუა ნიკა, ახლოური ნინა, მაჩაბელი სიმონ, ბაგაური ირინა, გაბუნია ვასო
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2013
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2013 | მარტი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორი: ნინი გოგიბერიძე / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, სალომე უგულავა, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, სიმონ მაჩაბელი, ირაკლი მაღრაძე, ნიკა ესებუა, ანი ჩხიკვაძე / ვები: ნათია სოფრომაძე, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფისმენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველთვიური ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bцlgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2013 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 ქართული ოცნების 2013 წლის გამოშვება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„ჯერჯერობით ბატონი ბიძინა კარგად მექცევა და არაფერს მავალებს. ეს მიხარია და იმედია, კარგა ხანი ასე გაგრძელდება“.

  • საქართველოს განათლების მინისტრი და ვიცეპ-რემიერი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში. 13 თებერვალი

„როდესაც მარტო ვრჩები, წარსული მთავრობის წარმომადგენლებზე შეიძლება ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ საჯაროდ არ ვამბობ, მოვუწოდებ ქართული ოცნების წევრებს, ნუ იტყვიან საჯაროდ იმას, რასაც ფიქრობენ მაშინ, როცა მარტო რჩებიან“.

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. 13 თებერვალი

„რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონ ბიძინასთან ვერ მივაღწიე შეხვედრას, ვერ მივაღწიე უმრავლესობის სხდომაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ასეთი სხდომა არ გამართულა, სადაც შევძლებდი ამ საკითხების დაყენებას. როგორც ჩანს, იკრიბება უმრავლესობის ელიტა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ:.

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი გაზეთ ალიასთან ინტერვიუში. 16 თებერვალი

„წინა რეიტინგში შეგვახსენეს, რომ კახი კალაძე იყო ბოლო ადგილზე. ეხლა ბოლო ადგილზეა მარგველაშვილი. გასაგებია, რომ ეს მანიპულაციებით ხდება და რაღაც, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი და მთავარი პრობლემა არის მუდამ იქ, სადაც მე მუდამ ვარ და დავბრუნდები - საზოგადოების უმწიფრობა“.

  • განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის 100-დღიანი მუშაობის შეჯამებისას. 5 თებერვალი

„როგორც მოქალაქეს - არ მომწონს, როცა მუდმივად თავზე აწუწავენ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, როცა დილა ისე არ თენდება, რომ შეურაცხყოფა პიროვნული მას არ მიაყენონ. ტალახის და ლაფის დასხმა არ არის სწორი და ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, არის სრულიად მიუღებელი“.

  • საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 8 თებერვალი

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


„ჩვენ ეხლა დავინახეთ, ბატონი ამერიკის ელჩი როგორ ერთგვარად მითითების ნიშნად მოგვმართავს და იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ქართველი ხალხი არ ეპუება და საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილს არ მოიხსენიებს, გინდა თუ არა უნდა შეეგუოთ და უნდა დაიმკვიდროთო. ესეთი დამოკიდებულება ცოტა უხერხულია, უცხო ქვეყნის ელჩმა ჩვენი მისამართით გააკეთოს“.

  • მიხეილ ანდღულაძე, კოალიცია ერთსულოვნების თავმჯდომარე. 8 თებერვალი

0x01 graphic

„ის, რაც დღეს მოხდა, არ არის დემოკრატია“.

  • აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი პრეზიდენტის რეზიდენციის წინ შეკრებილ მოქალაქეებთან საუბარში. 8 თებერვალი

0x01 graphic

„იცით, სააკაშვილს რა უნდა გაეკეთებინა? იცით? გეტყვით... დამაცადეთ, გეტყვით, ის, რასაც იგივე, მაგალითად, ინგლისის პრეზიდენტი გააკეთებდა, წავიდოდა ვესტმინსტერში და სამებაში ილოცებდა“.

  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე. 8 თებერვალი

„ჩვენ - „რამდენიმე ბედნიერი“, ვისაც საქართველო ჯერ კიდევ გვანაღვლებს - მივიჩნევთ, რომ მაიმუნებმა ჩაიგდეს ხელში ზოოპარკის მართვა. შეგიძლიათ ვინმემ თქვათ, რამდენიმე ცხადი სიტყვით და დიპლომატიური მიდებმოდების გარეშე, ვინ მართავს ამ ქვეყანას? იმიტომ რომ ჩვენ, რამდენიმე ბედნიერს, ეს ძალიან გვაინტერესებს...“

  • სემ პატენი, ირაკლი ალასანიას მრჩეველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. 11 თებერვალი

0x01 graphic

„საკადრო პოლიტიკას მე ვერ დავიწუნებ, რადგან იქ ჩემი ყოფილი კადრებია. მე მათ ვენდობოდი და მომწონდა. ლაშა [ნაცვლიშვილი] ყოველთვის პროკურატურაში მუშაობდა და მისი საქმიანობა იქ იყო. რაც შეეხება შსს-ს, მინისტრის ორივე მოადგილე ჩემი ყოფილი კადრია. გელა ხვედელიძე და ბადრიაშვილი, ისინი ჩემთან სამმართველოს უფროსები იყვნენ. როდესაც ჩემს კადრებზე ვლაპარაკობ, ირაკლი ალასანიასაც ვგულისხმობ, რადგან ის ჩემთან მუშაობდა. თუ გელა ხვედელიძე ითვლება ჩემს კადრად, ალასანიაზეც იგივე შეიძლება ვთქვათ, რადგან უშიშროების სამინისტროში მე მივიყვანე“.

  • უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია. 1 თებერვალი

3 ძალადობის ქანქარა

▲ზევით დაბრუნება


არენა

თამარ ჩერგოლეიშვილი

ძალის გამოყენება არ არის უფლებამორჩილებას მხოლოდ ლეგიტიმური ძალა უნდა უზრუნველყოფდეს.
ჟან ჟაკ რუსო

ცა ცისფერია, ბალახი - მწვანე, სახელმწიფოდ კი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოება, თუ მისით დასახლებულ ტერიტორიაზე ძალადობის ლეგიტიმაციის წყარო ექსკლუზიურად სახელმწიფოა. ცხადია, ლეგიტიმური ძალადობის ძირითადი ინსტრუმენტები პოლიცია და ჯარია. თუმცა, ძალის გამოყენების უფლება კერძო სტრუქტურებსაც შეიძლება ჰქონდეთ, იმ შემთხვევაში, თუ მათ ლეგიტიმაციას სახელმწიფო ახდენს.

რაც მეტად მოდერნიზებულია საზოგადოება, მით მეტად ეფექტიანია სახელმწიფო მონოპოლია ძალადობაზე, შესაბამისად, მეტად ეფექტიანია სახელმწიფოს მართვაც.

თუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ამ ჭრილში შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის საათის ქანქარასავით ვითარდება - უკიდურესობიდან უკიდურესობამდე. პირველ ნახევარში სახელმწიფო ვერ, ან არ ახორციელებდა მონოპოლიას ლეგიტიმურ ძალადობაზე და „წესრიგის“ დამყარება ხან მეტად, ხან ნაკლებად, არაფორმალური დაჯგუფებების ნებაზე იყო მიშვებული. მეორე ნახევარში ახორციელებდა, ოღონდ გადაჭარბებით. სხვა ფაქტორთა შორის, ძალის ბოროტად გამოყენების გამო, წარმატებული რეფორმატორებისგან შემდგარმა მმართველმა გუნდმა არჩევნები ბიძინა ივანიშვილთან, ნუკრი ქანთარიასთან, სოსო ჯაჭვლიანთან, ეკა ბესელიასთან, დავით საგანელიძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან წააგო. პატიმრებზე ძალადობის ამსახველმა კადრებმა წერტილი დაუსვა იმ ადამიანების მოთმინებას, რომლებიც მანამდე საგადასახადო ორგანოების ბიზნესზე ზეწოლას, ანაც სამართალდამცავთა ელიტური დაჯგუფების და პროკურატურის თავგასულობას იტანდნენ, იმ მიზეზით, რომ ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესი ალტერნატივა არ ჩანდა. ისინი წავიდნენ და პირველ ოქტომბერს ხმა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მისცეს.

არჩევნების შემდეგ საათის ქანქარა საპირისპირო მიმართულებით დაიძრა - ციხეებში ქაოსია, ქუჩაში კრიმინალმა იმატა, ექსტრემისტები რელიგიურ უმცირესობებს ავიწროებენ, მასობრივი გაფიცვები ეკონომიკის თუ საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზებას ახდენს, არალეგიტიმური ძალადობა თვითმმართველობების თუ მმართველი პარტიის შიგნით პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა. ახალი ხელისუფლება ძალადობის ფაქტებს გმობს, მაგრამ პასუხისმგებლობას არათუ თავისთავზე არ იღებს, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებს, ან მათ მიერ „ჩანერგილ“ პროვოკატორებს აკისრებს.

0x01 graphic

ამ ჯაჭვის ყველაზე თვალსაჩინო რგოლად ქვეყნის მეთაურის ყოველწლიური მიმართვის ირგვლივ დატრიალებული მოვლენები იქცა.

პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა პარლამენტში სანახაობის გარეშე რომ არ ჩაივლიდა, ვიცოდით - ქართული ოცნების მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილი „დაკარგული ღირსების“ დასაბრუნებლად პოლიტიკური ოპონენტების „სირცხვილის დერეფანში“ გატარებას და მათთვის კვერცხების დაშენას აპირებდა.

მაგრამ ქვეყნის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში ვერ მივიდა. უმრავლესობა, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლებმაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მანდატები დახიეს და ამომრჩევლის ინტერესების პარლამენტში წარმოდგენას, ქუჩაში დარჩენა არჩიეს, ამჯერად სააკაშვილთან კამათს გაექცა. მმართველმა ძალამ მიზეზად საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა და პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა და თანამდევი საპარლამენტო დებატი გაურკვეველი ვადით გადადო. უმრავლესობის ამ ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიული ტრადიციის დეფიციტის შესახებ.

დებატის გუნებაზე მოსულმა სააკაშვილმა უმრავლესობას განწყობა არ გააფუჭებინა და გამოსვლის თარიღი, ადგილი და აუდიტორია შეცვალა: 7 თებერვლის ნაცვლად - 8 თებერვალი; პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაცვლად - პარლამენტის ბიბლიოთეკა; პარლამენტარების ნაცვლად - მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შესაბამისად, ქუთაისში დაგეგმილმა ცირკმა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე გადმოინაცვლა. ნანა კაკაბაძემ, მელორ ვაჩნაძემ, ჯაბა ჯიშკარიანმა და 200-მდე ცოცხმომარჯვებულმა პიროვნებამ საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და „ღირსების დაბრუნებას“ შეუდგნენ. პოლიციაც იქვე იყო, თუმცა თვითმხილველების თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის კონტროლზე მან ვერ, ან არ იზრუნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქალაქის მერის და ნაციონალური მოძრაობის წევრების გამოჩენის შემდეგ, ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია რადიარდ კიპლინგის ცნობილი ნაწარმოების მიზანსცენას დაემსგავსა.

პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე, სააკაშვილზე სამართლიანად თუ უსამართლოდ გაბოროტებულმა ადამიანებმა ცხვირპირი დაუსისხლიანეს რამდენიმე დეპუტატს და პრეზიდენტის მხარდამჭერს, რომლებიც საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილზე სამი საათით გვიან, მაგრამ მაინც შედგა - სასახლეში. როგორც ჩანს, არჩევნების წაგება იყო საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურს უსაშველოდ მოსაწყენ ტრადიციად ქცეული მონოლოგის რეჟიმში დიალოგის ელემენტები შეეტანა. ძალადობით გადატვირთული, სკანდალური საღამო სააკაშვილმა, მოულოდნელად, შემრიგებლური რიტორიკით დაასრულა.

ხელისუფლება თავდაცვის მდგომარეობაში აღმოჩნდა - ირაკლი ღარიბაშვილმა საშველად გრაფიკოსს უხმო და არარსებული უსაფრთხოების დერეფნები საჯარო ბიბლიოთეკის შენობას მეორე დღეს მიახატა, ხოლო თინა ხიდაშელმა ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ ხალხზე ხელი არ აღმართა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლეგიტიმური ძალა არ გამოიყენა და ქ-ნი ხიდაშელის პოლიტიკურ მხარდამჭერებს მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ არალეგიტიმურ ძალადობაში ხელი არ შეუშალა.

ივანიშვილი გუდიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ამბებს მეორე დღეს გამოეხმაურა. პრემიერმა ძალადობა დაგმო და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა, თუმცა მოვლენების განვითარებამ მხოლოდ გააძლიერა არჩევნების შემდეგ გაჩენილი ეჭვი, რომ სახელმწიფო ძალის გამოყენებაზე მონოპოლიას ლეგიტიმურ ჩარჩოებში კი არ აქცევს, არამედ - უბრალოდ კარგავს:

როგორც გაირკვა, თანამედროვე საქართველოში არსებობს რაღაც ჯგუფი, რომლის დამორჩილება პოლიციას არ ძალუძს, ხოლო დაუმორჩილებლობისთვის დასჯა ხელისუფლებას არ სურს. ამ ჯგუფის წევრები პოლიციელისთვის ჩარტყმაში მხოლოდ 100 ლარს იხდიან. გამოჩნდა ისიც, რომ შესაძლოა ნაციონალურ მოძრაობასაც დასჭირდეს ე.წ. დამრტყმელი ძალა, თუ სურს პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძოს და მსგავს შემთხვევებში უმოქმედო პოლიციის თვალწინ დასისხლიანებისგან თავი დაიცვას.

ჩვენ, ვინც 30 წელს გადავაბიჯეთ, გონების დაძაბვა არ გვჭირდება იმის მისახვედრად, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ერთგვარ „საზოგადოებრივ წესრიგს“, პოლიციის, ან სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმირებული სხვა უწყების ნაცვლად, არაინსტიტუციონალიზებული დაჯგუფება ამყარებს - ზარალდება რიგითი მოქალაქე, რადგან იზრდება ძალადობრივი ჯგუფების პოლიტიკური წონა მოქალაქეების პოლიტიკური მნიშვნელობის ხარჯზე. შევარდნაძემ ძალაუფლება მსგავსი დაჯგუფებების დახმარებით მოიპოვა 90-იან წლებში, თუმცა მისი შენარჩუნება, ამ დაჯგუფებათა მეტ-ნაკლები განეიტრალების შედეგად შეძლო.

სახელმწიფოს მიერ ძალადობაზე მონოპოლიის დაკარგვის ტენდენცია ბევრად სახიფათოა, ვიდრე თავად სახელმწიფო ძალადობა, ანუ ის, რასაც ქართველი ამომრჩეველი პირველ ოქტომბერს გაექცა.

სახელმწიფო მანქანა, თუნდაც რეპრესიული, როგორც წესი, გარკვეულ ლოგიკას ემყარება - მაგალითად, ერჩის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს და იშვიათი გამონაკლისების გარდა, საქმე არ აქვს რიგით მოქალაქესთან.

რეპრესიულ აპარატს, ისევე როგორც ნებისმიერ ბიუროკრატიას, ახასიათებს უპიროვნო ფორმალიზებულ წესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებათა მიღების სისტემა (chain of command), იერარქია, განსაზღვრული უფლებამოსილებები და სპეციალიზაცია. თვითნებობა პრინციპულად უარყოფილია, თუმცა, პრაქტიკაში მისი გამორიცხვა მეტწილად დამოკიდებულია ბიუროკრატიული ტრადიციების სიმყარესა და პროფესიონალიზმზე.

სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ძალის გადამეტების სახიფათო სიგნალებზე წაყრუების პოლიტიკის შედეგად, ნაციონალური მოძრაობა იძულებული გახდა, მართალია ნაკლოვანი, მაგრამ განვითარების სწორ გზაზე დაყენებული სახელმწიფო პოლიტიკური ოპონენტებისთვის გადაელოცა სამართავად. იგივე ბედი ელის მმართველ ძალას, თანაც გაცილებით სწრაფად, თუ სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მომასწავებელ ნიშნებზე თვალს დახუჭავს და ამ პროცესის ხარჯზე აღზევებულ ვინმე ხუხაშვილს, ვინმე ვაჩნაძეს და სხვა არაინსტიტუციონალიზებულ „მაკონტროლებლებს“ კუთვნილ ადგილს არ მიუჩენს.

თუმცა, ქართული ოცნების მარცხზე ბევრად მნიშვნელოვანი და მტკივნეული ის ფასი იქნება, რასაც ქაოსში გახვეული ქვეყანა მმართველი ძალის შეცდომებში გადაიხდის.

4 ტომი და ერი

▲ზევით დაბრუნება


არენა

დავით კოვზირიძე

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლისდა სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავანახეთ ყველას, რომ ცივილიზაციისკენ მიმავალ გზაზე უკვე კარგა ხანია გაჩერებულები ვართ. ხან წინ ვდგამთ მოკლე ნაბიჯს, ხან უკან, მაგრამ „ზედიზედ ორჯერს წინ“ ვერ მოვაბით თავი. რა მოხდა იმ სიმბოლურ ადგილას, ბიბლიოთეკას და ეკლესიას შორის, ყველამ ვიცით, თუმცა ერთ აზრამდე არ მივდივართ. აი, პირველი პრობლემა, რომელიც წინ არ გვიშვებს.

ერთ აზრამდე იმასთან დაკავშირებითაც კი ვერ მივედით, კარგია თუ ცუდი, რომ ახალგაზრდა გოგოს „ქართველმა ვაჟკაცმა“ სისხლი ადინა. ამ დღეებში უამრავი კომენტარი წავიკითხე და მათი უმრავლესობა „კარგიას“ ემხრობოდა. პრობლემა მეორე - ერთმანეთის მიმართ არანორმალური ზიზღი და სისასტიკე. ციხეშიც და ბიბლიოთეკასთანაც. ქუჩაშიც და ვირტუალურ სივრცეშიც.

მე მართლა არ ვიცი დედამიწის ზურგზე სახელმწიფო, სადაც ხალხი ასე მკვეთრადაა ორად გაყოფილი და ასე ვერ იტანს ერთმანეთს. თან მესამე ათწლეულია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი არის ის (თუ შეიძლება, რომ ამას საერთოდ მიზეზი და ახსნა ჰქონდეს), რომ საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო და საკონსტიტუციო წესრიგი. ესეც მესამე ბარიერი - სახელმწიფოში კანონი არაა ყველასთვის ერთი. ხოლო როცა კანონი არ კანონობს, განვითარების შანსები ქრება და ამიტომაც ვდგავართ იქ, სადაც გივი გუმბარიძის დროს ვიდექით.

ზემოთ სიმბოლური ადგილი ვახსენე და ამ სიმბოლოში (ქაშუეთი-საჯარო) კიდევ ორი ძალიან დიდი პრობლემა იმალება, რელიგიური ფანატიზმი და უწიგნურობა. არადა, ამის მოგვარება უმარტივესია - ვკითხულობთ წიგნებს და ვიგებთ იმას, თუ რა არის სინამდვილეში რწმენა.

მას შემდეგ, რაც ამას ვიგებთ, ვხვდებით იმასაც, რომ კანონის და წესრიგის უზენაესობა ჩვენთვისვეა ძალიან კარგი. ვხვდებით და ვთანხმდებით თამაშის საერთო წესებზე. ეს უკვე ნიშნავს, რომ ერთ აზრამდე ვართ მისული! ერთიანობა გააქრობს ზიზღს და ზიზღის არარსებობა - დაუნდობლობას...

ტომ! პასუხი არ არის - ამით იწყება ყველაფერი.

5 დემოკრატია და ოხლოკრატია, ანუ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია|სვეტი

რა იყო 2012 წლის ყველაზე კარგი მოვლენა? - დემოკრატიამ გაიმარჯვა
რა იყო 2012 წლის ყველაზე ცუდი მოვლენა? - დემოკრატიამ გაიმარჯვა
ვანო ჯავახიშვილი, The Vano's show

0x01 graphic

2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს წინადადება, როგორც ჩვენი ინტელექტუალები შენიშნავდნენ, ინდუისტურ „მანტრას“ გვაგონებს: ის თავისთავად ცხადია, მისი გამეორება მომაბეზრებელია. ახლა დავსვამ პროვოკაციულ კითხვას, რომელსაც ბანალურად, ალბათ, არ ჩამითვლიან: კარგია მერე, რომ გაიმარჯვა?

ჯერ ვაღიაროთ: არჩევნების შედეგებმა უკვე უბიძგა კითხვის ამგვარად დასმას, ყოველ შემთხვევაში, იმათ შორის, ვისაც არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნება ძალიან, ძალიან არ მოსწონს (სხვას შეუძლია ეს სტატია აღარც წაიკითხოს). მაგრამ ჯერჯერობით ეს ნაწყვეტ-ნაწყვეტი წამოძახილებია და არა სერიოზული მსჯელობა.

წმინდა ძროხა

რატომ? იმიტომ, რომ კითხვის ასე დასმა ტაბუს დარღვევაა. დღევანდელ საზოგადოებაში დემოკრატია, ისევ ინდუისტურ ანალოგიებს თუ მოვიხმობთ, „წმინდა ძროხააЭ. მას ვერ შეეხები, მის სიწმინდეს ეჭვქვეშ ვერ დააყენებ.

ჯერ სხვანაირად დავაყენოთ საკითხი: კარგია, რომ დემოკრატიამ „წმინდა ძროხის“ სტატუსი დაკარგოს და მისი იდეაც კი საპრობლემოდ ვაქციოთ? ამაზე ცალსახა პასუხი მაქვს: დიახ, ეს აუცილებელია. დემოკრატიის იდეის უპირობო აღიარება საზოგადოების არასაკმარის დემოკრატიულობაზე მეტყველებს.

ასეთი აღიარება სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას მართლა სწამს დემოკრატიული ღირებულებების და, მით უმეტეს, შესაბამისად იქცევა. ეს ვითარება იმას მაგონებს, როგორ უყურებდნენ ჩემს ახალგაზრდობაში კომუნიზმის იდეოლოგიას: შინაურობაში დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, მაგრამ საჯაროდ მანტრასავით იმეორებდნენ, რომ ეს ერთადერთი ჭეშმარიტებაა. ამან დანერგა ცინიზმის კულტურა, კომუნიზმის ყველაზე მყარი მენტალური დანატოვარი. დღეს ის ვრცელდება დემოკრატიაზე: ევროპელების დასანახად კი ვითომ ვიცავთ დემოკრატიის წესებს, მაგრამ სადამდეც გაგვივა, მოვიტყუებით.

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ნაწილია, კრიტიკულები ვიყოთ ნებისმიერი მოსაზრების, მათ შორის დემოკრატიის იდეის მიმართ. დემოკრატია ეყრდნობა მოქალაქეთა უნარს, გააკეთონ ინფორმირებული და გააზრებული არჩევანი. ეს დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სისტემებს შორის არჩევანსაც გულისხმობს.

სამართლიანობა მოითხოვს ვახსენო, რომ ტაბულა ამ მხრივაც პიონერია: 2011 წლის ბოლოს აქ გამოქვეყნდა ორი სტატია, რომელიც დემოკრატიის იდეას კითხვის ქვეშ აყენებდა. გია ჯანდიერმა (ტაბულა №83) დემოკრატიას უწოდა „ღმერთი, რომელმაც არ გაამართლა“, ხოლო დავით აფრასიძემ (ტაბულა №80) იკითხა, „გვინდა კი დემოკრატიზაცია?”, მაგრამ დაასკვნა, რომ თუმცა დემოკრატიას თავისი საფრთხეები ახლავს, ავტორიტარიზმი კიდევ უფრო სახიფათოა. ძალიანაც კარგი: სწორედ ამაზეა სალაპარაკო.

ბრბოს ბატონობა

რა არის დემოკრატიის ძირითადი საფრთხე? ანტიკური დროიდან დღევანდლამდე გონიერი ხალხი ამბობდა, რომ ეს არის ოხლოკრატია, ანუ ბრბოს ბატონობა. ახალ დროში ამას კიდევ სხვა სახელი შეარქვეს: „უმრავლესობის ტირანია“.

პრობლემა თვით დემოკრატიის არსშია. „ხალხის მმართველობა“ აბსტრაქციაა, პრაქტიკულად ის ნიშნავს, რომ მთავრობა არჩევნებზე მოსულ ადამიანთა უმრავლესობის ნებით იქმნება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა 45 პროცენტი რომ მივა არჩევნებზე (ამ ქვეყნისთვის ნორმალური მაჩვენებელია) და ამათგან 50,5 პროცენტი ერთ-ერთ კანდიდატს მისცემს ხმას, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაასკვნიან: „ამერიკელმა ხალხმა განაჩენი გამოიტანა“.

ოღონდ ამერიკელებს ახსოვთ, რომ ეს მხოლოდ მეტაფორაა. სინამდვილეში არავითარი ხალხის ნება არ არსებობს: ნება მხოლოდ ინდივიდებს აქვთ. ინდივიდები კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ხანდახან შეხედულებებსაც იცვლიან.

ოხლოკრატიად დემოკრატიის გადაგვარება მაშინ იწყება, როცა ეს მეტაფორა პირდაპირი აზრით ესმით: არჩევნების დღეს მოსულთა უმრავლესობა იგივეა, რაც საერთოდ „ხალხი“. ესე იგი, ვინც მათ არ ეთანხმება, ხალხის (სახელმწიფოს, ქვეყნის) მტერია. მაგრამ სადაც უმცირესობის უფლებები არ არის დაცული, ოხლოკრატია ახალ ტირანიად გადაიქცევა: ასე მივდივართ მანკიერ წრეზე.

გამარჯვებული ხალხის თემით სპეკულირება ბევრი გვახსოვს საქართველოს სხვადასხვა მთავრობისგან - განსაკუთრებით ვარდების რევოლუციით მოსულისგან. ეს ის ცთუნებაა, რომელსაც ცოტა დემოკრატიული პოლიტიკოსი თუ უძლებს. პოპულარობის მწვერვალზე მყოფ ლიდერებს ავიწყდებათ, რომ რეიტინგი ქარაფშუტა ქალივითაა (ან მუსუსი კაცივით, დავამატებ გენდერული ბალანსისთვის): არასოდეს იცი, როდის გაგექცევა და „გამარჯვებულ ხალხს“ შეგატოვებს.

მაგრამ დღეს ახალი მთავრობა გვყავს. მან უკვე მოასწრო, მოეხსნა წინამორბედების რეკორდი ბრბოს ინსტინქტის წახალისების მხრივ. არადა, წესით, პირიქით უნდა ყოფილიყო, რადგან ის პირველია, ვინც არჩევნებით მოვიდა. რევოლუციების შედეგია ან გაგრძელებული არეულობა, ან ძალაუფლების კონცენტრაცია შედარებით მცირე ჯგუფის ხელში (პირველის მაგალითი ვნახეთ 1990-იანების დასაწყისში, მეორის - ვარდების რევოლუციის შემდეგ). ხელისუფლების კონსტიტუციური ცვლილება კი პლურალისტურ გარემოს გვიტოვებს: არავინ იგებს არჩევნებს 96 პროცენტით, ყოფილი ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას ოპოზიციის სახით, იცვლება ხელისუფლების მხოლოდ ერთი შტო (მაგალითად, პარლამენტი) და არა სხვები (მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობა და სასამართლო) და ა.შ.

ასე უნდა ყოფილიყო საქართველოშიც პირველი ოქტომბრის შემდეგ - ამ შემთხვევაში ნამდვილად გვექნებოდა ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება. ჯერ კიდევ შეიძლება, ეს მიღწევა შენარჩუნდეს: მაგალითად, თუ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციამ საშუალება არ მისცა ქართულ ოცნებას, საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნას; თუ ყველა მუნიციპალიტეტი არ „გაოცნებდა“, თუ ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სასამართლოს და ნაციონალური სატელევიზიო არხების გაკონტროლება და ა.შ.

მაგრამ ახალი უმრავლესობა არ მალავს, რომ მიზანი სწორედ ამ პლურალიზმის დაძლევაა. ოხლოკრატიის მახინჯი სახე თვალსაჩინოდ დავინახეთ 8 თებერვალს, როცა მეოცნებეთა ბრბო ოპოზიციის ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდა. „ოცნების“ ლიდერებმა ცალყბად დაგმეს თავისი ოხლოსის ძალადობა, თუმცა იქვე გააბათილეს ეს იმით, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა მათსავე გალახულ „ნაცებს“ დააკისრეს.

ქართულ ოცნებას, თავისი რიტორიკით და ქმედებით, ლოგიკურად მიჰყავდა საქმე ამ ეპიზოდამდე. ის ოხლოკრატიის ძირითადი პრინციპით ხელმძღვანელობს: ამწუთიერ უმრავლესობას სრულად აიგივებს ზოგადად ხალხთან. მაგალითად, როცა ოპოზიცია არ დათანხმდა უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს უკანასკნელი მასთან შეთანხმებას კი არ შეეცადა (რაც სავსებით შესაძლებელი იყო), არამედ მის გატეხვას და გახლეჩას მუქარის, შანტაჟის და, სავარაუდოდ, მოსყიდვის გზით. ეს მართლდებოდა რიტორიკით: „ვინც თავს აარიდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აკეთებს არჩევანს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, რაც, როგორც ვთქვი, ოხლოკრატიის კლასიკური ფორმულირებაა.

და მაინც, რაც ვქნათ?

მაგრამ ახალი ხელისუფლების შეფასება ამ სტატიის ძირითადი თემა არ არის: აქ მხოლოდ განვმარტე ეს შეფასება. მთავარია თავში დასმული კითხვა: მისაღები იყო თუ არა ძალაუფლების დემოკრატიულად დათმობა, თუ შედეგი ოხლოკრატიაა?

როცა ვამბობთ, რომ დემოკრატია ჯობია ავტორიტარიზმს, ვგულისხმობთ ლიბერალურ დემოკრატიას, რომელიც იცავს პლურალიზმს და პატივს სცემს ინდივიდის და უმცირესობის უფლებებს. ოხლოკრატია, რომელიც ამის საპირისპიროს აკეთებს, უარესია, ვიდრე ზომიერი ავტორიტარიზმის ფორმები და საბოლოოდ თავადაც იქცევა ტირანიად. ამიტომაცაა, რომ მრავალი დიდი მოაზროვნე დემოკრატიას ემტერებოდა: მათ ნაკლებად სჯეროდათ ლიბერალური დემოკრატიის პერსპექტივისა, ბრბოს ბატონობისა კი ეშინოდათ.

ესე იგი, რას ვამბობ: მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ყველა კანონიერი და უკანონო ხერხი უნდა გამოეყენებინა, ოღონდ „მეოცნებეები“ ხელისუფლებაში არ მოეშვა? არა, საპირისპიროს ვფიქრობ. მთავარია, რატომ.

სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელ ვითარებაში კარგი გამოსავალი არა აქვს. როგორც ჩანს, „ოცნების“ ხელისუფლება აშკარა (შესაძლოა, ტრაგიკული) უკანგადადგმული ნაბიჯია წინამორბედთან შედარებით (რომლის მიმართაც, თავის მხრივ, სერიოზული და სამართლიანი პრეტენზიები არსებობდა). მაგრამ მისი არმოშვება კიდევ უარესი იქნებოდა.

პირველ რიგში, სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც შეიძლება ნახევრად-ავტორიტარიზმი ან ნაკლული დემოკრატია ვუწოდოთ, ამას უბრალოდ ვერ შეძლებდა: საამისოდ ნამდვილი, ცალსახა დიქტატურა იყო საჭირო.

მერე, რატომ არ უნდა დაემყარებინა სააკაშვილს მართლა დიქტატურა ქვეყნის გადასარჩენად? ყველაზე პოპულარული და სრულიად სწორი არგუმენტია, რომ ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა ქართული საზოგადოების და, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის, ძირითად პროექტთან: დასავლურ ინტეგრაციასთან და ამის საფუძველზე საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან. საქართველო ორმხრივად წაგებიან ვითარებაშია, როგორსაც ჯოზეფ ჰელერის რომანის შემდეგ Catch-22-ს ეძახიან. დასავლური პოლიტიკური ღირებულებების თუნდაც არასრულყოფილმა გაზიარებამ მოიყვანა ხელისუფლება, რომელმაც საქართველო შეიძლება დასავლეთის ორბიტას ააცდინოს (არ ვამბობ, რომ აუცილებლად ააცდენს, მაგრამ რისკი რეალურია). ამის არდაშვება კი შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიის აშკარა უარყოფით, რაც საქართველოს დასავლეთისთვის ნაკლებად მომხიბლავს გახდიდა და გაზრდიდა იმის ალბათობას, რომ ევრაზიის კავშირის იქით გზა აღარ დაგვრჩენოდა.

ოღონდ ეს ფაქტორი - ვუწოდოთ მას „დემოკრატიის გეოპოლიტიკა“ - ერთადერთი არ არის. არაბული ქვეყნების მოქალაქეები დასავლეთის ნაწილად გახდომას არ ესწრაფვიან, მაგრამ დემოკრატიის ხიბლი მათთვისაც დაუძლეველი აღმოჩნდა. იქ, როგორც ავტორიტარიზმის, ისე ოხლოკრატიის ფორმები და გამოვლინებები გაცილებით უფრო რადიკალურია, მაგრამ დილემის ბუნება მსგავსია.

მოკლედ, ლიბერალური ავტორიტარიზმის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის არარეალისტურია. ერთი მხრივ, თუ ავტორიტარიზმზე აიღე ორიენტაცია, ვერ გექნება გარანტია, რომ შედარებით „კარგ“, ზომიერ და პატრიოტ, დიქტატორს გაარტყამ. მეორე მხრივ, დღევანდელ სამყაროში მასობრივი დემოკრატიის ხიბლს წინ ვერაფერი აღუდგება (თუნდაც ის ოხლოკრატიის საფრთხეს შეიცავდეს).

ქართულმა საზოგადოებამ ჯერ ვერ შექმნა საიმისო ინსტიტუტები, რომ დემოკრატიულმა იმპულსმა ბრბოს ბატონობას არ გაუხსნას გზა, მხოლოდ ზემოდან კი ისინი ვერ შეიქმნება. ერთადერთი გამოსავალია დააგროვო გამოცდილება, ხშირად მწარე. ეს კი მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება აქვთ. რაც არ უნდა ვიწუწუნოთ სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეზე, ამ ოცდახუთ წელიწადში ბევრი რამ ვისწავლეთ და დღეს ქართული საზოგადოება გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და რაციონალურია, ვიდრე ეროვნული მოძრაობის ჩასახვისას იყო.

ჯერჯერობით ყველა ისტორიულ მოსახვევში რაღაცა ვისწავლეთ. იმედია, ახლაც მივხვდებით, რომ, მაგალითად, არ უნდა აირჩიო ციდან ჩამოვარდნილი კეთილი მილიარდერი მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით ციურ მანანას დაგპირდება; ან რომ ძველი მთავრობის „გასტუმრება“ მისი წევრების გაქრობას და ბეჭებზე დადებას არ უნდა ნიშნავდეს. სასწავლი კიდევ ბევრია. რამდენი ხანი დაგვჭირდება, არ ვიცი; მაგრამ უკეთესი ალტერნატივა არ ჩანს.

6 ევროატლანტიკური შუქპირი კონსტიტუციაში

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ანი ჩხიკვაძე

უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში აქტიური დებატები მიმდინარეობს, უნდა აღინიშნოს თუ არა კონსტიტუციაში საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობამ წამოაყენა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, თუმცა „ქვეყნები, ხალხი, საზოგადოება ვითარდება და პრიორიტეტები იცვლება“. ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის პროტესტის ნიშნად გადადგომამ.

გარდა ამისა, საზოგადოების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხაილ ევდოკიმოვის განცხადებამ. მისი თქმით, საქართველოსა და დსთ-ს შორის მიმდინარეობს საუბრები საქართველოს ორგანიზაციაში დაბრუნების თაობაზე. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევდოკიმოვის სიტყვები არასწორად გაიგეს.

საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრის შემთხვევაში საქართველო არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ამ გზას მიმართავს. საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, ალიანსებში შესვლის პირობები და გადაწყვეტილებები ბევრ სახელმწიფოში რეგულირდება კონსტიტუციით. ლიტვის 1992 წლის კონსტიტუციაში ჩაიდო მუხლი (№150), რომლის მიხედვითაც ლიტვას ეკრძალება პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილი სტრუქტურების წევრობა. მაგალითისთვის, ისეთის, როგორიცაა დსთ. ამით ხელი შეეშალა რუსეთის სწრაფვას, ლიტვა გავლენის სფეროში მოექცია. კურსის მკვეთრი იდენტიფიკაციით ბალტიისპირეთმა ევროპულ სივრცეში წარმატებით დაბრუნება და რუსეთის ამბიციების შეკავება შეძლო.

0x01 graphic

ალიანსებში შესვლაზე კონსტიტუციური შეზღუდვები ბევრ ქვეყანაშია დაწესებული. ავსტრიის დეოკუპაციის შემდეგ, 1955 წელს დადებული „სახელმწიფო ხელშეკრულება დამოუკიდებელი და დემოკრატიული ავსტრიის ხელახალი დაფუძნების შესახებ“, კრძალავს ავსტრიის გერმანიასთან პოლიტიკურ თუ სხვა სახის კავშირში შესვლას. ანშლუსის შემდეგ, ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვენა ანტიჰიტლერულ კოალიციასთან ერთად შეეცადა ბერკეტების შექმნას, რათა არ მომხდარიყო მომავალში პანგერმანული იდეის აღორძინება და გეოპოლიტიკური ბალანსის დარღვევა.

იუგოსლავური ნაციონალიზმის თავიდან აცილება და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება სურდათ ხორვატებს, როდესაც კონსტიტუციის 142-ე მუხლში ჩადეს, რომ ხორვატია არ გახდება ისეთი ალიანსის თუ ასოციაციის წევრი, რომელიც სამხრეთ სლავური სახელმწიფოების ან ბალკანური სახელმწიფოების თანამეგობრობის განახლებას ისახავს მიზნად. მეზობლებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება ამოძრავებდათ ფინელებს, როდესაც ქვეყნის უმაღლეს კანონში საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის თაობაზე საკონსტიტუციო შეზღუდვები გაითვალისწინეს.

გართულებულ პროცედურებს უკავშირდება ალიანსებისთვის შეერთება თუ გამოსვლა სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც. იმისთვის, რომ სხვადასხვა პარტიებმა მოკლევადიანი მიზნების გამო ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები არ დააზიანონ, კონსტიტუცია ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებს რეფერენდუმს საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებში შესვლაზე. მაგალითისთვის, სლოვაკეთის კონსტიტუციით საყოველთაო რეფერენდუმი წყვეტს ქვეყნის გაერთიანებას ნებისმიერ ტრანსნაციონალურ კავშირში. იგივე პროცედურა სჭირდება მაკედონიის კონსტიტუციის 120-ე მუხლით ნებისმიერ თანამეგობრობაში შესვლას თუ გამოსვლას. რეფერენდუმით წყდება ევროკავშირის კომპეტენციის გაფართოება დიდ ბრიტანეთში, ხოლო ნორვეგიელმა ხალხმა რეფერენდუმით ორჯერ თქვა უარი ევროგაერთიანების წევრობაზე. კონსტიტუციაში ისეთი მექანიზმის ჩადება, როგორიცაა რეფერენდუმი, ხელს უშლის მმართველი ხელისუფლების მიერ ხალხის სახელით მანიპულირებას და ართულებს კურსის ცვლილებას მთავრობის ცვლილებასთან ერთად.

მმართველი კოალიცია კონსტიტუციაში ასეთი ცვლილებების წინააღმდეგია. ეს მათ ღია კარის მტვრევად მიაჩნიათ და ამტკიცებენ, რომ არ აპირებენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმას. თუმცა კოალიციის სიჭრელე და მისი შემადგენელი პარტიების ლიდერთა განცხადებები ბევრ კითხვას ბადებს. მათ შორისაა პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის კომენტარი, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს ვერ უთავსდება მართლმადიდებლური მორალის გამო, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გუბაზ სანიკიძის 2007 წლის განცხადება, რომ NATO-ში გაწევრიანება „ქვეყნის ღალატის გზაზე დგომის ტოლფასია“.

გარდა ამისა, ცნობილია კოალიციაში შემავალი პარტია მრეწველების ლიდერის და პარლამენტარის, გოგი თოფაძის და მისი თანაპარტიელის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის უარყოფითი პოზიცია NATO-სთან მიმართებით. თოფაძის თქმით, ის დსთ-ში გაერთიანებას აბსოლუტურად გამორიცხავს, თუმცა „ევრაზიული კავშირი შესაძლოა უფრო მისაღები იყოს საქართველოსთვის“. საგულისხმოა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის მოსაზრებაც. მისი თქმით, „კონსტიტუცია არ შეიძლება დისკრიმინაციული იყოს ადამიანებისადმი, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება მართებულად არ მიაჩნიათ“.

აქვე უნდა ითქვას, რომ რესპუბლიკურ პარტიას და თავისუფალ დემოკრატებს პროდასავლური ორიენტაცია აქვთ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ნებისმიერ ადამიანს, დსთ-ში დაბრუნება თუ „მასზე ფიქრი და ოცნებაც“ მის გარეშე მოუწევს. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ირაკლი ალასანიას პოზიციები კოალიციაში შესუსტდა, რის სიგნალადაც ვიცეპრემიერის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება შეიძლება მივიჩნიოთ, როდემდე დარჩება ეს მიმართულება კოალიციაში მხარდაჭერილი, ძნელი სათქმელია.

ევროპული ორიენტაციის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად საპარლამენტო უმრავლესობამ ნაციონალურ მოძრაობას და მასში შემავალ ფრაქციებს ინტერფრაქციული შეთანხმების 14 პუნქტი წარუდგინა, თუმცა ამ შეთანხმების პირველადი ვერსია ბუნდოვანია და შეკითხვებს ბადებს. მასში არაფერია ნათქვამი ისეთ ცენტრალურ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს არშესვლა დსთ-ის მსგავს პოსტსაბჭოთა სივრცის გაერთიანებებში. გაურკვეველია ასევე რამდენიმე სხვა პუნქტის შინაარსი. მაგალითისთვის, ძნელი სათქმელია, რა იგულისხმება მე-7 პუნქტში, რომელიც საუბრობს საქართველოს მხრიდან მსოფლიო თუ რეგიონული მასშტაბების დაპირისპირებებში სტრატეგიული როლისგან თავის შეკავებაზე. საქართველოს, საერთაშორისო თუ რეგიონულ დონეზე დაპირისპირებებში, სტრატეგიული მოთამაშის როლი არასდროს ჰქონია.

მნიშვნელოვანია მე-9 მუხლი, რომელიც ფართო განხილვის საგანი გახდა და ოპოზიციის კრიტიკაც მასზე იყო აწყობილი. ის ამბობს, რომ „საქართველოს ინტერესებშია, მისი ფაქტორი არ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში“. აგრესიული ძლიერი მეზობლების გვერდით მდებარე მცირე სახელმწიფოთა თვითგადარჩენა ისტორიულად ყოველთვის იყო დიდ სახელმწიფოთა შორის ძალთა ბალანსის სათავისოდ გამოყენების უნარზე დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალთა ბალანსი ირღვევა და წინააღმდეგობები ქრება, ექსპანსიონისტური მიზნების მქონე მეზობელთან პირისპირ დარჩენა შესაძლოა ეროვნული კატასტროფით დამთავრდეს.

ასევე საინტერესოა მე-10 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩრდილოეთკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობა არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად. საზოგადოების ნაწილის მიერ ეს პუნქტი აღქმულია, როგორც საკუთარ პოლიტიკაზე უარის თქმა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობების რუსულ ინტერესებზე დაქვემდებარება.

მოგვიანებით, ინტერფრაქციულ შეთავაზებას დაემატა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილი თანამშრომლობის 4-პუნქტიანი გეგმა. მის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს ინიციატივა კონსტიტუციის პრეამბულაში „ქართველი ერის ისტორიული ევროპული არჩევანის ასახვის შესაძლებლობის თაობაზე“. საინტერესოა, რამ გამოიწვია პრემიერის უკან დახევა და ოპოზიციის ინიციატივაზე ნაწილობრივ დათანხმება. ერთი მხრივ, გადაწყვეტილება შესაძლოა განაპირობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების დროს მთავრობის უმოქმედობის გადაფარვის სურვილმა, რის შემდეგაც ის კრიტიკის ობიექტი გახდა. საერთაშორისო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის თვალში კომპრომისზე წასვლა, იმიჯის შენარჩუნების საშუალება და იმის დემონსტრირებაა, რომ მთავრობას ოპოზიციასთან დიალოგი სურს. მეორე მხრივ, ეს შესაძლოა არის მცდელობა, რომ ოკუპაციის კანონის შეცვლის კვალდაკვალ კრიტიკა თავიდან აიცილოს. პარალელურად, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ მოლაპარაკების შემთხვევაში ის კონსტიტუციურ კომპრომისზე წავა, ივანიშვილის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა გააადვილა.

პრემიერის ინიციატივა პრეამბულაში ევროპული კურსის აღნიშვნას ითვალისწინებს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული ვარიანტი უფრო მეტ გარანტიებს მოითხოვს - გარდა ევროპული ინტეგრაციისა, ის მთავრობას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისკენ სწრაფვის ჩაწერასაც სთავაზობს. ასევე, ისეთი გარანტიების ჩადებას, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის გაართულებს მის ცვლილებას.

0x01 graphic

ცვლილების განხილვის პროცესში არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობდა. ოცამდე ორგანიზაცია, საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან ერთად, მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის ინტერფრაქციული შეთანხმების ინიციატივას. მათი განცხადებით: „საქართველო არასდროს არ უნდა შევიდეს დსთ-ში, ევრაზიულ კავშირში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ან სხვა ისეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოცენებულ უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სამხედრო ორგანიზაციაში, სადაც დომინანტ ქვეყანას რუსეთი წარმოადგენს“. საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა თავისუფლების ინსტიტუტმაც, რომელიც, ცვლილებასთან ერთად, მისი გადასინჯვის საკმაოდ რთულ პროცედურას ითვალისწინებს. ამ პროექტშივე ჩადებულია მუხლი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას უკრძალავს. ისევე, როგორც საზღვრის გადაკვეთას და იარაღის შემოტანას, ან საქართველოს ტერიტორიის გავლით იარაღის გადაზიდვას.

თავდაპირველად, ოპოზიციის ინიციატივას მმართველი გუნდი უარყოფითად შეხვდა. უმრავლესობის ერთი ნაწილისთვის, მაგალითად, ნუკრი ქანთარიასთვის, ცალკეული მიმართულებების აკრძალვა მიუღებელია, ვინაიდან შესაძლოა ადამიანს „არ უნდა დასავლური და უნდა პრორუსული“ კურსი. ასევე უმრავლესობის დეპუტატის, პარლამენტის ვიცესპიკერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მხარს უჭერს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რომელიმე სხვა ძალა, რომელსაც დსთ-ში გაწევრიანება სურს, ამისათვის უნდა დაისაჯოს ან აიკრძალოს.

უმრავლესობის მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ კონსტიტუციის ეს ცვლილება რუსეთთან ურთიერთობებს გააფუჭებს და მომავალ მოლაპარაკებებს გაართულებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებას ექნება საპირისპირო შედეგი, ვინაიდან ეს საქართველოს მხრიდან იქნება სიგნალი, რომ ჩვენთვის ევროატლანტიკური კურსი არაა ვაჭრობის საგანი და მოლაპარაკებების მაგიდასთან, საქართველო არ აპირებს ევროკავშირისა თუ NATO-სკენ აღებული გეზის შეცვლას. ამის შემდეგ მოხდება ისეთი თემების წამოწევა, რომელიც შესაძლოა საერთო შეთანხმების საფუძველი გახდეს.

2008 წელს საქართველოს მოსახლეობის 77%25-მა მხარი დაუჭირა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის სურვილთან, დააბრუნოს საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოსკოვს კვლავ აქვს იმედი, შეინარჩუნოს საქართველო თავისი გავლენის სფეროში, საუბრობს ევრაზიული კავშირის შესახებ და რეგიონში ძალაუფლების გამყარებას ესწრაფვის. სწორედ ამიტომ, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ეცადოს საქართველოს საგარეო ვექტორების ცვლილებას. თუ ქართული ოცნება ამ პირობებში არ გაავლებს წითელ ხაზებს, ეს გაზრდის პუტინის ცდუნებას, გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე საგარეო ვექტორების შესაცვლელად.

მას შემდეგ, რაც მკვეთრად პროდასავლური ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხდა, მოსკოვს იმედები გაეზარდა. არაა გამორიცხული, კრემლმა სისუსტედ აღიქვას საქართველოს მთავრობის მზაობა, გადატვირთოს ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან და ეს საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. კონსტიტუციაში ჩადებული ცვლილება, თუ პროევროპული კურსის კანონის სხვა ფორმით გაცხადება, წარმოადგენს ქვეყნის შესაძლებლობას, გაიძლიეროს პოზიცია და განსაზღვროს ის თემები, რომელიც მოლაპარაკების საგანი არ გახდება.

7 „რევანში ერევანში“

▲ზევით დაბრუნება


კახა ლომაია|სვეტი

ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს უნდა ახსოვდეთ ასეთი სათაურის სტატია, რომელიც 1971 წლის 15 სექტემბერსლელოშიდაიბეჭდა. მასში სომხეთის დედაქალაქში წინა დღეს გამართული პრინციპული საფეხბურთო მატჩის პერიპეტიები იყო აღწერილი. მანუჩარ მაჩაიძის გოლმა, რომელიც მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა, ახლადგახსნილრაზდანზეშეკრებილი 70 ათასი სომეხი გულშემატკივარი დაამწუხრა. მათმა სათაყვანებელმაარარატმაშინ სეზონის პირველი მარცხი იგემა. პირველ წრეში ერევნელებმა თბილისში მოგვიგეს, ასე რომ, ერევანში რევანში შედგა. ორმოცდაერთი წლისა და ოთხი თვის შემდეგ, საქართველოს ახალი სამთავრობო გუნდისთვის ერთი შეხედვით საპროტოკოლო ვიზიტი სომხეთში მოულოდნელად წარუმატებელი გამოდგა. ფეხბურთისგან განსხვავებით, დიპლომატიურ და პოლიტიკურ წარუმატებლობებს შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს: მათ შორის ყველაზე დამაფიქრებელი მინიშნებებია მთავრობის ახალ საგარეოპოლიტიკურ ორიენტირებზე, რომელთა შესახებაც ერევნიდან გვამცნეს.

სწორედ ამ ახალი ორიენტირებით დავიწყოთ. შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობებიც განვიხილოთ.

მოდით, ტესტი ჩავატაროთ: თქვენ, საშუალოსტატისტიკურ საქართველოს მოქალაქეს, გთავაზობენ არჩევანს სახელმწიფო განვითარების ორ მოდელს შორის. ამ მოდელებს საერთო ის აქვთ, რომ მათ დაახლოებით ჩვენნაირი წარსულის მქონე სახელმწიფოები მისდევენ. განსხვავებები კი გაცილებით მეტია.

პირველი მოდელის სახელმწიფო:

  • ევროკავშირის წევრია;

  • NATO-ს წევრია;

  • მას ზომიერი ურიერთობები აქვს რუსეთთან და მეგობრული ურთიერთობები - ყველა დანარჩენ მეზობელთან;

  • აქტიურად მონაწილეობს რეგიონის ეკონომიკურ, სატრანსპორტო თუ ენერგეტიკულ პროექტებში.

მეორე მოდელის სახელმწიფო:

  • არ ესწრაფვის NATO-ს წევრობას;

  • ოთხი მეზობლიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი აქვს, ორთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს;

  • ამ ორ მეზობელთან არ აქვს პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები;

  • არ მონაწილეობს რეგიონულ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში;

  • მის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა;

  • იმ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო);

  • მისი დედაქალაქის აეროპორტში ჩამოფრენილ სტუმრებს, საკუთარ მესაზღვრეებთან ერთად რუსი მესაზღვრეებიც ეგებებიან.

თქვენ გაკვირვებული იკითხავთ: „ნუთუ ნათელი არაა, რომ ჩვენ განვითარების პირველი მოდელი უნდა ავირჩიოთ?“. აქამდე გულწრფელად გვჯეროდა, რომ საქართველოსთვის მისაბაძი სწორედ ეს მოდელი იყო - ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის განვითარების მოდელი. ასე მიაჩნდა საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას, რაც მათ ოფიციალურად 2008 წლის პლებისციტზეც დაადასტურეს.

პრემიერმინისტრ ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენთვის „მისაბაძი“ უნდა იყოს სომხეთის კარგი ურთიერთობები რუსეთთან და დასავლეთთან, ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორების უგულებელყოფის შედეგია. თუ შევეცდებით, ავხსნათ, თუ რამ განაპირობა სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტზე, დავინახავთ, რომ ამ ფაქტორების კომბინაცია უნიკალურია და რომ „სამაგალითოდ“ საქართველოსთვის იგი ვერ გამოდგება.

დავიწყოთ გეოგრაფიით: ფართო ახლო აღმოსავლეთის გეოგრაფიული რეგიონის 17 ქვეყნიდან მხოლოდ ორს არ აქვს გასასვლელი ოკეანესთან (landlocked countries). თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანი კასპიის ზღვით ნაწილობრივ აკომპენსირებს ამ დეფიციტს, საზღვაო ზოლს სრულიად მოკლებული მხოლოდ სომხეთია, რომელიც მოქცეულია დასავლეთით თურქეთსა და აღმოსავლეთით აზერბაიჯანს შორის. ამ გეოგრაფიული თავისებურებით აიხსნება სომხეთის ისტორიული მისწრაფება ჰქონდეს გასასვლელი შავი ზღვის პორტებთან და სახმელეთო კომუნიკაცია რუსეთთან. მხოლოდ ამგვარად შეუძლია მას თავი დააღწიოს იმ გეოპოლიტიკურ „სენდვიჩს“, რომელშიც ის არის მოქცეული თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის.

ისტორიული ფაქტორები: 1) მე-20 საუკუნის დასაწყისის მძიმე ისტორიული ტრავმა, რომელიც სომხეთს ოსმალეთის იმპერიასთან და, შესაბამისად, თურქეთთან აკავშირებს; 2) 25-წლიანი გადაუჭრელი კონფლიქტი აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო.

უპირატესად ამ ფაქტორთა ერთობლიობის შედეგია ის, რომ სომხეთს „კარგი ურთიერთობები აქვს“ რუსეთთან. ფაქტი ის არის, რომ ერთი მხრივ, რუსეთი მართლაც უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებას, მაგრამ მეორე მხრივ, სომხეთი ვერ აგვარებს ურთიერთობებს თავის თურქულენოვან მეზობლებთან, ვერ მონაწილეობს რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში, მონაწილეობს კუხო-ში (რაც გამორიცხავს მის წევრობას NATO-ში) და მასპინძლობს რუსეთის დიდ სამხედრო ბაზას.

რაც შეეხება სომხეთის ურთიერთობებს აშშ-სთან, აქაც საქმე გვაქვს სრულიად კონკრეტულ ფაქტორთან, რომლის გამეორება საქართველოსთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის მრავალრიცხოვანი, კარგად ორგანიზებული, მდიდარი და პოლიტიკურად გავლენიანი სომხური დიასპორა.

0x01 graphic

სომხეთს და სომხებს უამრავი თვისება აქვთ, რომლის მიბაძვა მრავალ ერს, და მათ შორის ჩვენც, სასიკეთოდ წაადგებოდა - სიბეჯითე, ერთმანეთის გატანა, მეწარმეობისა და ვაჭრობის ნიჭი, ძლიერი დიასპორები და მრავალი სხვა. რასაც ჩვენ ვერ მივბაძავთ და ვერც გავიმეორებთ, არის მათი გეოგრაფია და ისტორია.

დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ბრწყინვალედ გაართვა თავი თურქეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას, მიუხედავად ასევე მძიმე წარსულისა, რომელიც ოსმალეთის იმპერიასთან გვაკავშირებდა. დღეს თურქეთი ჩვენი ნომერი პირველი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი და NATO-ში ჩვენი გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მხარდამჭერია. ვინ იცის, იქნებ, ჩვენს მეგობარ სომხეთს სურდეს ჩვენი მიბაძვა ამ საკითხში?

ამას დაემატა მისი ორაზროვანი განცხადება იმის თაობაზე, რომ მართალია „მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი სტრატეგია ევროატლანტიკური ინტეგრაციაა“, მაგრამ „საზოგადოებები იცვლებიან და ვითარდებიან და შეიძლება სტრატეგიაც შეიცვალოს“.

ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სომხეთის განვითარების სტრატეგია ჩვენი განსჯის საგანს არ წარმოადგენს. ეს სომხეთის გადასაწყვეტია; მათ შორის ისიც, თუ რუსეთთან რა ურთიერთობებს არჩევს.

ამავე დროს, არსებობს სომხურ-რუსული ურთიერთობების ერთი განზომილება - და აქ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ანალიზზე გადავდივართ - რომელიც საქართველოს არ შეიძლება არ აღელვებდეს.

ესაა გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის აქტივობა და, განსაკუთრებით, იქ რუს სამხედროთა რიცხოვნობის გაორმაგება ათი ათასამდე, რაც 2012 წლის დეკემბერში განხორციელდა.

ჩვენი მხრიდან ამ საკითხის წამოჭრა ორმხრივი მოლაპარაკებების დროს სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა. ბაზა საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და იქ რუსეთის შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის მკვეთრი ზრდის გამო ჩვენ სავსებით შეგვეძლო, განმარტება გვეთხოვა და მიგვეღო სომხეთის ოფიციალური დასტური, რომ ბაზის გაძლიერება არ არის მიმართული ჩვენ წინააღმდეგ.

ეს ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, ვიზიტის დროს განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც სომხეთის ინტერესს წარმოადგენს. ამ საკითხთა არასრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: მოსკოვი-ერევნის რკინიგზის გახსნა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ საქართველოს პოზიციის გაბუნდოვანება, და სომხეთის ისტორიის შესწავლა საქართველოს სკოლებში.

მოულოდნელად თვით მასპინძლებისთვის, პრაქტიკულად ყველა წამოჭრილ საკითხზე ქართველი კოლეგებისგან მათ დადებითი პასუხი მიიღეს. ისიც ყოველვარი შემხვედრი დათმობის მოთხოვნის გარეშე.

მოსკოვი-ერევნის რკინიგზის გახსნის შუქ-ჩრდილები ცალკე განხილვის საგანია. აქ მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლოთ, რომ რუსეთისა და სომხეთის სარგებელი ამ პროექტში უფრო ხელშესახები ჩანს, ვიდრე საქართველოსი. მით უმეტეს, რომ იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების ჰუმანიტარული პრობლემა მთლიანად ფრჩხილებს მიღმა დარჩა. ეს ინიციატივა კიდევ უფრო შემაშფოთებლად გამოიყურება ბაქო-ყარსი-ახალქალაქის პროექტის კრიტიკის კონტექსტში. თუ ეს უკანასკნელი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სარკინიგზო მონოპოლიის დასრულებას მოემსახურება, პირველი სამივე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას მოასწავებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე ჩვენი პოზიცია ისტორიულად ნათელი იყო და ოთხ პრინციპს ეფუძნებოდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ: 1) აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, 2) მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას, 3) რეგიონის ეთნიკური სომხური მოსახლეობის უფლებების პატივისცემას და 4) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ძალისხმევას, იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყველა მხარისთვის მისაღები ფორმულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანმიმდევრულად არ ცნობდა მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. „ადგილობრივ“, „საპარლამენტო“ და „საპრეზიდენტო არჩევნებს“, ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიმეტრიულად არ ცნობდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს“. ერევნული ვიზიტის დროს ეს პოზიცია მოულოდნელად ბუნდოვანი გახდა. ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი ჩვენი მიდგომის გაბუნდოვანება შეიძლება ბუმერანგივით დაგვიბრუნდეს.

„ერევანში თავისი ვიზიტის დროს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაურ გარეგინ II-ს შეჰპირდა, რომ სომხეთის ისტორია საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილი გახდება“, იუწყება რადიო თავისუფლება თავის 18 იანვრის გამოშვებაში. საქართველოს სომხურენოვან სკოლებში სომხეთის ისტორიის შესწავლის საკითხს თავისი ისტორია აქვს. ის, თუ როგორ წარმოედგინათ სომეხ ისტორიკოსებს სომხეთის ისტორიის სწავლება ჩვენს სკოლებში, არ იყო თავსებადი ჩვენი ისტორიკოსების წარმოდგენებთან საქართველოსა და სომხეთის ისტორიაზე. ამ ტიპის შეუთავსებლობაში ტრაგიკული არაფერია - ანალოგიურ მდგომარეობას შეხვდებით მრავალი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობებში. ამ საკითხზე ბოლო წლებში საქართველოს პოზიცია იყო: ჩვენი სომხურენოვანი მოსწავლეებისთვის მათი ისტორიული სამშობლოს ისტორიის სწავლება რეგიონის და მსოფლიოს ისტორიის კონტექსტში. ჩვენ ვქმნიდით და ვხვეწდით ახალ სასწავლო გეგმებს და, საჭიროებისამებრ, ერთობლივი კომისიის ფორმატში, ჩვენი ექსპერტები კონსულტაციებისთვის მიმართავდნენ თავიანთ სომეხ კოლეგებს. ბუნებრივია, სრული სუვერენიტეტი იმაზე, თუ რა უნდა ეწეროს ჩვენს სასწავლო გეგმაში, ჩვენ გვეკუთვნოდა. ისმის კითხვა, სუვერენიტეტის ამ ნაწილს ვთმობთ?

საქართველოს ახალი მთავრობის დროის რესურსი - როცა შეუძლია, თავისი წარუმატებლობები გამოუცდელობით ახსნას - იწურება. მას დიდი ძალისხმევა დასჭირდება ორმხრივ ურთიერთობებში განცდილი წარუმატებლობების დასაძლევად.

გაცილებით რთული იქნება სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების კურსიდან გადახვევის გამოსწორება. ისტორიამ, როგორც ვნახეთ, რევანშები იცის.

8 აფხაზური რკინიგზა არდასმული და პასუხგაუცემელი კითხვები

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სერგი კაპანაძე

საუბარი იმაზე, კარგია თუ არა აფხაზური რკინიგზა, წააგავს კითხვას - „კარგია თუ არა სამკუთხედი?” კონტექსტიდან გამომდინარე, ის შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. ბერმუდის სამკუთხედი, მაგალითად, „ცუდია“, ხოლო „სირპინსკის სამკუთხედი“ - ლამაზი. რეალურად, პასუხი ამ კითხვაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნებისთვის იყენებ ამ სამკუთხედს, და რა ეფექტი შეიძლება მოიტანოს მან. ზუსტად ასე ვუყურებ რკინიგზასაც. იმის გასაანალიზებლად, კარგია თუ არა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა, უნდა დავსვათ კითხვა - რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ის საქართველოსთვის.

მე მიმაჩნია, რომ დღეს რკინიგზის გახსნაზე საუბარი ნაადრევია, ხოლო ხელისუფლება მზად არ არის ამ თემის სერიოზულად განსახილველად. ასევე მიმაჩნია, რომ პარტნიორები, ვისთანაც რკინიგზის განხილვა დაიწყო, არ იყო სწორად შერჩეული. ერევანი არ არის მთავარი პარტნიორი რკინიგზის საკითხზე. ეს საკითხი უნდა განიხილოს მოსკოვთან, ან სოხუმთან. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია აზერბაიჯანის და ვაშინგტონის, ასევე ანკარის ინტერესები. ერევანი ამ განტოლებაში მხოლოდ ბოლო პროდუქტის მომხმარებელია და არა მთავარი აქტორი. სწორედ ამიტომ იყო, რომ ერევანში გაჟღერებულმა იდეამ ამხელა, ძირითადად უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია.

0x01 graphic

გასარკვევია, რა სარგებელს მიიღებს საქართველო რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში. არ არის ფაქტი, რომ ქვეყანას ნამდვილად ექნება ეკონომიკური მოგება. მეტიც, ბევრი ეკონომისტი ამბობს, რომ ამგვარი რკინიგზის აღდგენას არ ექნება დიდი ეკონომიკური შედეგი, რადგან: ა) ის აუცილებლად გამოიწვევს ფოთის პორტის გავლით ტვირთბრუნვის შემცირებას, ბ) თეორიაში წაართმევს ტვირთებს ბაქო-თბილისი-ახალქალაქის რკინიგზას და გ) გააღიზიანებს აზერბაიჯანს, რომლის ქმედებები შეიძლება ნეგატიურად აისახოს საქართველო-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ურთიერთობებში.

რა თქმა უნდა, ეკონომიკური სარგებლის შესწავლა და სერიოზული კვლევა ჯერ კიდევ დასადებია, თუმცა ნებისმიერი კვლევა სწორედ ამ სამ კომპონენტს უნდა ითვალისწინებდეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ - ეს პროექტი რომ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის იყოს და ჩვენს ტრანზიტულ მდებარეობას, ეროვნულ უსაფრთხოებას, ან ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ემსახურებოდეს, ეკონომიკური წაგების შემთხვევაშიც კი შეიძლებოდა მასზე დათანხმება. მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად საწინააღმდეგო სიტუაციაა. ჩვენი ეკონომიკური, ენერგეტიკული და თუნდაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა სწორედ ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა დამოკიდებული, რომლებიც რუსეთს გვერდს უვლის და ამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ტრანზიტის ფუნქციის მქონე სახელმწიფოს როლს. ყარსი-ახალქალაქი სწორედ ასეთი პროექტია. რაც შეეხება აფხაზურ რკინიგზას, ის ასეთად ნამდვილად ვერ იქნება განხილული. უფრო პირიქით - რკინიგზის აფხაზური მონაკვეთით ჩვენ უფრო დამოკიდებული ვხდებით რუსეთზე.

თუ ეკონომიკური სარგებელი ნათელი არ არის, მაშინ უნდა ვისაუბროთ სხვა ტიპის მოგებაზე. ერთ-ერთი განსხვავებული ტიპის მოგება შეიძლება იყოს ე.წ. პოლიტიკური დივიდენდის მიღება. კერძოდ, საქართველო თუ მიიღებს რამე მნიშვნელოვან დივიდენდს სხვა თემაზე, რკინიგზის აღდგენა შესაძლოა სერიოზულად განიხილოს. სწორედ ამის მაგალითია ის, თუ რატომ აბამდა საქართველო დევნილების დაბრუნების საკითხს რკინიგზის აღდგენას. ლოგიკა ასეთი იყო - „თქვენ (მოსკოვს, სოხუმს) გსურთ წინ წასწიოთ სოჭის 2003 წლის ხელშეკრულებაში ნახსენები ერთი საკითხი (რკინიგზა), ხოლო ჩვენ (თბილისი) გვსურს წინ წავწიოთ იმავე ხელშეკრულებაში ნახსენები მეორე საკითხი (დევნილების დაბრუნება)“.

დღესაც შეიძლება რამე სხვა საკითხის მოფიქრება, ან მიბმა რკინიგზაზე სწორედ იმავე ლოგიკით - რკინიგზიდან მიღებული დივიდენდი თქვენ, ხოლო სხვა პოლიტიკური დივიდენდი ჩვენ. ამაში არაფერია დასაძრახი. ამიტომ, მინიმუმ უცნაურია, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მას სურს რკინიგზის შესახებ დიალოგის დაწყება ყოველგვარი წინაპირობის და პოლიტიკური მოთხოვნის გარეშე. გასაგებია, რომ ამ ეტაპზე დევნილების დაბრუნების მიბმა რკინიგზისთვის სრულიად გამორიცხავს მოლაპარაკებების დაწყებასაც კი, მაგრამ ნამდვილად არ მესმის, რატომ არ შეიძლება რკინიგზის აღდგენის წინაპირობად ენგურზე თავისუფალი გადაადგილება, ან აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება მოვითხოვოთ? მით უმეტეს, რომ რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში საერთაშორისო სადამკვირვებლო კომპონენტი აუცილებელი იქნება.

მესამე მიზეზი, რატომაც შეიძლება გვინდოდეს აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, არის მისი პოზიტიური პოტენციალი კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხში. მაგრამ აქ ცოტა გაუგებარია, რატომ ვიწყებთ ისეთი დიდი საკითხით, როგორიცაა რკინიგზა, რომელსაც გეოპოლიტიკური სურათის შეცვლა შეუძლია რეგიონში და არ ვიწყებთ საუბარს, მაგალითად, თავისუფალი გადაადგილების პრინციპით, ან ენგურზე ვაჭრობის აღდგენის მოთხოვნით, ან თბილისი-სოხუმის „მარშრუტკის“ აღდგენით, ან, თუნდაც, ტრანსკავკასიური მაგისტრალის აღდგენით ცხინვალის გავლით. ეს მაგისტრალი, სხვა თუ არაფერი, უკვე არსებობს და საკმარისია შევთანხმდეთ, მისი სატრანზიტოდ ამოქმედება (ისევ და ისევ რუსეთის და სომხეთის დასაკავშირებლად) ნამდვილად შესაძლებელია. უბრალოდ, ერგნეთის გავლით მოძრაობა უნდა გაიხსნას.

სწორედ ამიტომ იწვევს ჩემს გაოცებას ისეთი დიდი პროექტით მოლაპარაკებების დაწყება, როგორიც რკინიგზაა, რომელიც თავისთავად განწირულია წარუმატებლობისთვის. სხვათა შორის, როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ ამ მცირე იდეებს ვთავაზობდით სოხუმელ კოლეგებს, ხშირად გვესმოდა, რომ სწორედ რკინიგზის აღდგენა იყო მათ ინტერესში. პასუხად, ჩვენ პრინციპულად არასოდეს შევწინააღმდეგებივართ რკინიგზის აღდგენის იდეას, უბრალოდ გვსურდა, რომ რკინიგზის აღსადგენად ჯერ გარკვეული წინაპირობები შესრულებულიყო, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილება, დევნილების ნაწილის ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ რკინიგზის იდეის წარმატებით განხორციელება ვერ მოხერხდება, რადგან ის ნაადრევია და მის „დასაქოქად” მთელი რიგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ახალ ხელისუფლებას, ბუნებრივია, მიაჩნია, რომ რადგანაც ახლა ის არის მთავრობაში, „ყველაფერი შეიცვალა“ და „ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება შეიძლება“. რეალობა კი სხვაგვარია. შეიძლება თბილისში მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ზუსტად იგივე ხალხი დარჩა მოსკოვში და, მით უმეტეს, სოხუმსა და ცხინვალში.

რკინიგზის გახსნა თუ მართლა სერიოზულად დადგება დღის წესრიგში, კარგი იქნება, თუ ხელისუფლებას ექნება პასუხები შემდეგ კითხვებზე:

- რა ტიპის ტვირთები უნდა გადაადგილდებოდეს ამ რკინიგზით? სამხედრო, თუ მხოლოდ სამოქალაქო? ჩემი აზრით, მხოლოდ სამოქალაქო ტვირთები უნდა იყოს მისაღები. სამხედრო ტვირთები, რომელიც სწორედ მოსკოვის, ერევნის და, ალბათ, სოხუმის ინტერესებში იქნება, განხილულიც კი არ უნდა იყოს, რადგან ეს უკიდურესად დაძაბავს ჩვენს ურთიერთობას აზერბაიჯანთან და ზოგადად გაამწვავებს სიტუაციას რეგიონში. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი სამოქალაქო რკინიგზა ომის პირობებში თვალის დახამხამებაში გადაკეთდება ტანკების გადასაზიდ საშუალებად. იმედია, რუსეთთან ომი აღარ მოგვიწევს, თუმცა 1990-იანი წლების და 2008 წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რკინიგზის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება რუსეთისთვის ჩვეულებრივი ამბავია.

- რკინიგზა უნდა იყოს სამგზავროც, თუ მხოლოდ სატვირთო? მხოლოდ სატვირთო რკინიგზას შეიძლება ჰქონდეს მარგინალური ეკონომიკური ეფექტი, თუმცა კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ რკინიგზის სამოქალაქო გადაზიდვების პოტენციალი იქნება. თბილისი-სოხუმის ან სხვა მარშრუტების განახლება სერიოზული ნაბიჯი იქნება ნდობის აღდგენისკენ. თუმცა, აქ მივდივართ ისეთ საკითხებთან, როგორიცაა დოკუმენტების აღიარება და, საბოლოო ჯამში - სტატუსი.

- როგორი უნდა იყოს რკინიგზის მოძრაობა აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე? გაჩერებებით, თუ შეუჩერებელი ტრანზიტული? მაგალითად, კალინინგრადის რკინიგზის მსგავსი, თუ განსხვავებული? მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ტრანზიტული მოძრაობა, რომელიც მხოლოდ საქართველოს, ან, გნებავთ, აფხაზეთის მონაკვეთის შეუჩერებლივ გავლას ითვალისწინებს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელი უნდა იყოს. მაშინ ეს იქნება კლასიკური რუსეთ-სომხეთის რკინიგზა, რომელსაც ვერანაირი სერიოზული კონფლიქტის ტრანსფორმაციის, ან ეკონომიკური პოტენციალი ვერ ექნება.

- ვინ უზრუნველყოფს ტვირთების უსაფრთხოებას აფხაზეთის ტერიტორიაზე? არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზური ძალები ჩვენთვის არალეგიტიმურია, ხოლო რუსეთის სამხედრო ძალა ჩვენთვის ოკუპანტს წარმოადგენს. საერთაშორისო მექანიზმები ალბათ ერთადერთი გამოსავალია. ამიტომ, უცნაურია, რომ როდესაც რკინიგზას ვახსენებთ, არ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია პარალელურად საერთაშორისო ჩართულობაც გავზარდოთ.

ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ძნელად წარმომიდგენია სავაჭრო ოპერატორი, რომელიც რუსეთში თავის ტვირთებს აფხაზეთის გავლით გაგზავნის მაშინ, როდესაც იქ უკონტროლო სიტუაციაა და არ არსებობს პასუხისმგებლობის ამღები საერთაშორისოდ აღიარებული ერთეული. მარტივად რომ ვთქვათ, ტვირთების დაზიანების შემთხვევაში ვის უჩივლებ და სად? აფხაზეთის მთავრობას? და მის სუვერენიტეტს რომ არსად არ ცნობენ? ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს საერთაშორისო მონიტორინგის მოთხოვნა, მაგალითად, ეუთოს მისიის, ან გაეროს სპეცმისიის მიერ. მაგრამ ამაზე ახლავე თუ არ დაიწყო საუბარი, ძნელად წარმოსადგენია, მერე მივუბრუნდეთ.

- ვინ თანხმდება რკინიგზაზე და ვისთან? ეს იქნება რკინიგზებს შორის შეთანხმება, თუ ქვეყნებს შორის? აფხაზეთს ჩვენ ქვეყნად არ ვაღიარებთ, მისი რკინიგზა კი რუსეთის რკინიგზის საკუთრებაშია. ვცნობთ რუსეთის რკინიგზის უფლებამოსილებას აფხაზეთში? 2005-2006 წლებში განიხილებოდა შავი ზღვის კონსორციუმის შექმნის იდეა, რომელშიც აფხაზეთის, რუსეთის, საქართველოს და სომხეთის რკინიგზების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მაშინ ამ საკითხის კერძო ჭრილში გადატანა ჩანდა მოგვარების საშუალებად, მაგრამ ახლა ასე ვეღარ იქნება, რადგან აფხაზეთი ოკუპირებულია, რუსეთი კი მის დამოუკიდებლობას აღიარებს. შეთანხმების ფორმები პირდაპირ მიდის სტატუსის აღიარებამდე.

- რა სარგებელს იღებს ამ პროექტიდან აზერბაიჯანი, რა გავლენა ექნება ამ მარშრუტს ბაქო-ყარსის რკინიგზაზე და, ზოგადად, აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე? ამ კითხვაზე პასუხის გარეშე რკინიგზის ხსენებაც კი აბსურდია, რადგან ასეთ შემთხვევაში ვიღებთ ყველაზე ცუდს, რაც შეიძლება დიპლომატიაში მიიღო - ქმედებების განხორციელებამდე თავი სიტყვებით დაიზიანო.

- როგორ აღვადგენთ რკინიგზას, როდესაც ჯერ თავისუფალი გადაადგილების საკითხები არ მოგვიგვარებია? რა დოკუმენტებით უნდა გადაადგილდნენ ამ რკინიგზით? სად იქნებიან მებაჟეები? მესაზღვრეები? ეს საკითხები პირდაპირ უკავშირდება სტატუსის თემებს. თუ გვგონია, რომ ეს აღდგენილი რკინიგზა ჩვენი სამართლებრივი სივრცის ნაწილი იქნება, ძალიან ვცდებით. მაქსიმალური, რასაც შეიძლება ამ სიტუაციაში მივაღწიოთ, არის სტატუს-ნეიტრალურობის ფორმულა. თუმცა, ამ ფორმულის მისაღწევად ჯერ აუცილებელია, რომ ეს ფორმულა დავტესტოთ სოხუმთან და მოსკოვთან, მასზე მივიღოთ პრინციპული შეთანხმება და შემდეგ გადავიდეთ დიდი იდეების იმპლემენტაციაზე.

- როგორ ჩაჯდება ეს რკინიგზა რუსეთის მსო-ში გაწევრიანების შემდეგ შეთანხმებულ მონიტორინგის მექანიზმში? მე ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მაინტერესებს, რადგან მონიტორინგის მექანიზმი რუსეთს ავალდებულებს საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ მოაქციოს ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შედის, ან ტოვებს სავაჭრო დერეფანს. ამაში ასევე მოიაზრება ის ტვირთები, რომლებიც რკინიგზით გადაადგილდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ მსო-ს მონიტორინგის მექანიზმი რკინიგზას მიესადაგოს. თუ არადა, უკვე შეთანხმებულ სავაჭრო კორიდორსაც ჩრდილს ვაყენებთ და რკინიგზის მონიტორინგისთვისაც ახალი ველოსიპედის გამოყენება დაგვჭირდება.

ჯამში, მიმაჩნია, რომ რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენა თეორიაში შეიძლება მოგებიანი იყოს. უბრალოდ, ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. ასევე გაუგებარია, რატომ ვიწყებთ ამაზე ლაპარაკს მაშინ, როდესაც რკინიგზით სხვა მხარეები უფრო დაინტერესებულნი არიან. საკუთარი ინტერესების დაცვა ხშირად კულუარული მოლაპარაკებით იწყება და არა საჯარო განცხადებით. იქნებ სჯობდა, ამ თემაზე ჯერ ჟენევაში დაგვეწყო სერიოზული საუბარი, ან კარასინ-აბაშიძის ფორმატის ფარგლებში გვესაუბრა და მხოლოდ შემდეგ გაგვეჟღერებინა სომხეთში ვიზიტის დროს?

ამ სტატიაში, როგორც ხედავთ, კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ამ კითხვებს კი იმიტომ ვსვამ, რომ მასზე ხელისუფლებამ იპოვოს სწორი პასუხები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება გაცემული.

9 „საოცნებო“ მეზობლობა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

საქართველოს ახალმა მთავრობამ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო კონტაქტები მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან დაამყარა. ფაქტობრივად, მეზობელი ქვეყნების ყურადღება ბიძინა ივანიშვილმა და მისი მთავრობის წევრებმა საქმიანობის პირველივე დღეებში მიიპყრეს. სამთავრობო დელეგაცია, პრემიერის მეთაურობით, ორივე დედაქალაქს ესტუმრა. მხარეები არსებულ ურთიერთობებს მაღალ შეფასებას აძლევენ, თუმცა ამ ვიზიტებმა და ახალი მთავრობის განცხადებებმა თუ ქმედებებმა მეზობლებთან ურთიერთობაში გარკვეული ეჭვები და დაძაბულობაც წარმოშვა.

გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერის ამპლუაში ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსულ გამოცემა New Times-ს მისცა, მან საქართველოში მცხოვრები სომხების შესახებ ისაუბრა. ივანიშვილის ფრაზა იმის შესახებ, რომ უკვირს საქართველოში მცხოვრები სომხების, რომლებსაც „სამშობლო გვერდზე აქვთ, მაგრამ ჩვენთან ცხოვრობენ“, ძალიან ნეგატიურად აღიქვეს როგორც საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა, ისე სომხეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ არტაკ ზაქარიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფრაზა ნამდვილად ითქვა, ის გაკვირვებას იწვევს და „საქართველო ქართველებისთვის პოლიტიკის რეციდივს ნიშნავს“. ივანიშვილის პრესსამსახურმა მოგვიანებით განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

ორივე მეზობელი ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ყურადღება ახალი მთავრობის ერთ-ერთმა პირველმა ინიციატივამ მიიპყრო. ნოემბრის დასაწყისში საქართველოს ახალდანიშნულმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის უპირობოდ აღდგენას უჭერს მხარს. ამას დადებითი რეაქცია მოჰყვა ერევანში, თუმცა ნეგატიური - ბაქოში.

როგორც სააგენტო Vesti.Az-თან საუბრისას აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ფარხად მეჰტიევმა განაცხადა, ამ რკინიგზის გახსნა არა იმდენად თბილისის, სოხუმის ან მოსკოვის, რამდენადაც ერევნის ინტერესებში შედის. ეს კი, მისი თქმით, არ შეიძლება არ აშფოთებდეს აზერბაიჯანს.

„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მისი მოკავშირეა“, - აღნიშნა მეჰტიევმა. შესაბამისად, მისი აზრით, ქართველ პოლიტიკოსებს აფხაზეთის გავლით მიმოსვლის აღდგენის შესახებ ბაქოს აზრიც უნდა ეკითხათ.

სააგენტო აღნიშნავდა, რომ რკინიგზის გახსნით საქართველო აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს დარტყმის ქვეშ აყენებს, ვინაიდან აზერბაიჯანის მტერს - სომხეთს აძლიერებს.

კიდევ უფრო მტკივნეული გახდა ბაქოსთვის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 21 დეკემბრის პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანში ვიზიტის წინ გააკეთა. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, მას ბაქო-ახალქალაქი-ყარსის პროექტის მიმართ „გარკვეული კითხვები აქვს” და აზერბაიჯანულ მხარესთან ამაზე მსჯელობას აპირებდა. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, „კითხვები“ საქართველოს რკინიგზისა და ნავსადგურების ტვირთბრუნვის შესაძლო დაცემას შეეხებოდა ახალი რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, რომელიც ექსპლუატაციაში 2014 წელს უნდა შევიდეს.

გარდა ამისა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს ბაქოს წინაშე აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ფასის შემცირების საკითხიც დასვას.

პრემიერის განცხადებებს აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ნამიგ გასანოვი გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ პროექტის ქართული ნაწილის რეალიზაციისთვის ბაქომ თბილისს 775 მილიონი დოლარის შეღავათიანი კრედიტი გამოუყო. მისი განცხადებით, „აზერბაიჯანი ყოველთვის ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში და იმავეს ელის თავისი პარტნიორებისგან“.

ადგილობრივ მედიაში კი გაჩნდა აზერბაიჯანის მთავრობის ინკოგნიტო წარმომადგენლის კომენტარი იმის შესახებ, რომ ბაქო, შესაძლოა, საქართველოსთვის გაზის „ძალიან დაბალ ფასად“ მიყიდვისა და საქართველოში ინვესტირების მიზანშეწონილობაზე დაფიქრდეს.

ზოგიერთმა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა მიიჩნია, რომ ივანიშვილი უბრალოდ ვაჭრობდა, რათა გაზის ფასის შემცირებისთვის მიეღწია. ზოგიერთს კი მიაჩნდა, რომ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის პროექტის ეჭვქვეშ დაყენებით და, იმავდროულად, აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედების იდეის წამოყენებით, საქართველოს ახალი მთავრობა რუსეთისა და სომხეთის ინტერესების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს.

„ბაქოსთან ვაჭრობა შეიძლება, მაგრამ მისი ეროვნული ინტერესებით თამაში საშიშია თავად საქართველოსთვის. ჩვენთან ეს არ გაგივათ, ბატონო ივანიშვილო“, - ასეთ კომენტარს უკეთებს თავის ანალიტიკურ სტატიაში ივანიშვილის განცხადებებს Vesti.Az.

შესაძლოა, სწორედ ამგვარი შეშფოთების ნიშანი იყო ის ფაქტი, რომ 26 დეკემბერს ბაქოს აეროპორტში საქართველოს პრემიერს მასზე დაბალი რანგის თანამდებობის პირი - ვიცეპრემიერი დახვდა. თუმცა, საბოლოოდ, პრემიერი მიღებითა და მოლაპარაკებებით კმაყოფილი დარჩა. იმის მიუხედავად, რომ მას, ფაქტობრივად, უკან დახევა და თბილისში გაკეთებული განცხადებების დეზავუირება მოუხდა.

კერძოდ, ივანიშვილმა საკუთარ განცხადებას ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის შესახებ „ნაჩქარევი“ უწოდა. მისი თქმით, ბაქოში ვიზიტის შემდეგ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აღარ აქვს.

რაც შეეხება გაზის ფასს საქართველოსთვის, ივანიშვილს ამ შემთხვევაშიც მოუხდა იმის აღიარება, რომ ფასის შემცირების იმედი ტყუილად ჰქონდა და ვიზიტის წინ დაანონსებული ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ივანიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს გაზს 145 დოლარად აწვდის, ანუ თითქმის იმავე ფასად, რა ფასადაც - საკუთარ მომხმარებელს. შესაბამისად, გაზის ტარიფის შესამცირებლად რესურსების მოძიება მთავრობას არა აზერბაიჯანში, არამედ ქვეყნის შიგნით მოუწევს.

ივანიშვილის განცხადებით, ამ ვიზიტმა იგი დაარწმუნა, რომ „ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და თუ ჩვენ შორის რაიმე წვრილმანი კითხვები გაჩნდება, მათ გადაწყვეტას მეგობრულ ატმოსფეროში შევძლებთ“.

თუმცა, როგორც აზერბაიჯანული გაზეთი ზერკალო წერდა, ივანიშვილის „ბოდიშებმა” ბაქოზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. როგორც გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობთ აღნიშნავდა, საქართველოს ახალი მთავრობა ცდილობს, აზერბაიჯანის დამოკიდებულება ქართულ ტრანზიტზე გამოიყენოს იმისთვის, რათა „საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების ხარჯები ნაწილობრივ ბაქოს დააკისროს“. შესაბამისად, წერდა გაზეთი, ისმის კითხვა, რამდენად საიმედოა ასეთი „მოკავშირე“?

ისევე, როგორც აზერბაიჯანში ვიზიტამდე, სომხეთში ქართული სამთავრობო დელეგაციის გამგზავრების წინაც ორ ქვეყანას შორის არსებული ფონი თბილისის მხრიდან მოულოდნელმა განცხადებებმა გაართულა. ამჯერად საქმე 10 იანვარს, ლიტვაში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის გამონათქვამს ეხება. აზერბაიჯანულ მედიაში ფანჯიკიძის განცხადება იმგვარი ინტერპრეტაციით მოხვდა, თითქოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალსახად აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა - რამაც აზერბაიჯანში დადებითი, სომხეთში კი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

მოგვიანებით საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მინისტრმა სინამდვილეში მხარდაჭერა გამოხატა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ თბილისი ვერ ჩაერევა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის „დისკუსიაში” მთიანი ყარაბაღის გარშემო.

ამან ინციდენტი, თითქოს, ამოწურა და 17 იანვარს ქართული დელეგაციის ვიზიტმა ერევანში დაძაბულობის გარეშე ჩაიარა.

სომხეთში ბიძინა ივანიშვილმა ქართულ-სომხურ ურთიერთობებს „ნორმალური, შესაძლოა კარგიც“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი იდეალური გახდება. ყველაზე რეზონანსული ერევანში ყოფნისას რადიო თავისუფლების სომხური სამსახურისთვის მიცემული ინტერვიუ გახდა, რომელშიც პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და დასავლეთთან საქართველოსათვის სამაგალითოა და თბილისს ერევნის „თეთრი შურით შურს“.

ქვეყნისთვის იდეალად სომხეთის საგარეო პოლიტიკის დასახელებამ, რომელიც ОДКБ-ს წევრია, თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული და არ ისწრაფვის NATO-ს წევრობისკენ, აღაშფოთა საქართველოს პრეზიდენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს გარეთაც ბევრს აფიქრებინა, რომ ამ განცხადებით ივანიშვილმა საკუთარი საგარეო კურსის ანონსირება მოახდინა.

მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ ამ განცხადებით პრემიერს სურდა ხაზი გაესვა, რომ „ყველა ქვეყანასთან, არა მხოლოდ მეზობლებთან, კარგი ურთიერთობა აუცილებელია“.

ერევანში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდა აფხაზეთის რკინიგზის თემასაც, რომელიც თითქოს დავიწყებას მიეცა მას შემდეგ, რაც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზური მხარის ინტერესი ამ პროექტის მიმართ ვერ დაინახა.

„რკინიგზის გახსნა შესაძლებელია“, - თქვა ერევანში ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ეს საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. „რკინიგზის აღდგენა საერთო პრობლემებს უკავშირდება და სწორედ ამ კონტექსტში განიხილება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა ბევრად უფრო ადრე მოხდება, თუ ყველა მხარე ნებას გამოიჩენს“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტის აღშფოთება ამ სიტყვებმაც გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის განცხადება არ ითვალისწინებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის განცხადება რკინიგზასთან დაკავშირებით, თითქოს, ზოგადი იყო და მას კონკრეტული დაპირებები არ გაუცია, სომხურმა მხარემ, როგორც ჩანს, ივანიშვილის სიტყვები ცალსახა თანხმობად მიიღო. 31 იანვარს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის თაობაზე „მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხი არსებობს, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ“.

4 თებერვალს რუსულ გამოცემა კომერსანტში გამოქვეყნებულ ინტერვიუში კი სარგსიანმა განაცხადა, რომ „სომხეთის ბლოკადის გარღვევა უდიდესი საქმე იქნებოდა“. მისი თქმით, რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის არარსებობა უარყოფითად აისახება სომხური საქონლის კონკურენტუნარიანობაზე. „რასაკვირველია, ოთხი მხარის თანხმობა დაგვჭირდება. მაგრამ ჩვენთან ვიზიტით საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა და დამარწმუნა, რომ მიმოსვლის აღდგენა საქართველოსთვისაც მოგებიანია“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

0x01 graphic

პრეზიდენტი სარგსიანი და
პრემიერმინისტრი ივანიშვილი

თავის მხრივ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა, რომელიც მანამდე ამ საკითხის განხილვაზე უარს ამბობდა, განაცხადა, რომ „ბუნდოვნად წარმოუდგენია“ ასეთი პროექტის განხორციელება. თუმცა, კონკრეტული წინადადებები ამ საკითხზე „კოლექტიური მსჯელობის საგანი“ უნდა გახდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერის განცხადებებს რკინიგზის გახსნის თაობაზე „ძალიან საგანგაშო“ უწოდა, რადგან „ეს განცხადება არ ითვალისწინებს საქართველოს გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებს“. კერძოდ, პრეზიდენტის განმარტებით, ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას პრაქტიკული საჭიროება აღარ ექნება. ასევე, სააკაშვილის თქმით, რკინიგზის გახსნა არსებულ ვითარებაში აფხაზეთის ოკუპაციის ლეგალიზების ტოლფასი იქნება. ამის გაკეთება, მისი აზრით, მხოლოდ დეოკუპაციის პროცესის პარალელურად შეიძლება.

„მე ვფიქრობ, რომ იმას, ვინც ამას ამბობს, და ამ ყოველივეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, ან წარმოდგენა არ აქვს საქართველოს სტრატეგიულ პოლიტიკურ ინტერესებზე, ან შეგნებულად ძირს უთხრის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, საქართველოს დამოუკიდებლობას, მომავალს და პირდაპირ მოქმედებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის განმახორციელებლის დაკვეთით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება საქართველოში სომხური ეკლესიების საკითხს, ბიძინა ივანიშვილი სომხების კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს დაჰპირდა, რომ სადავო ეკლესიების საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება. მათ რეაბილიტაციას კი ივანიშვილი საკუთარი ფონდიდან დააფინანსებს.

გარეგინ მეორემ ივანიშვილს ჯავახეთის სომეხი აქტივისტის ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლება სთხოვა, რომელიც სასჯელს იარაღის უკანონო შენახვისთვის და მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის იხდიდა. ივანიშვილმა ამ თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ჩახალიანის საქმე განხილვის სტადიაშია. მალევე, ვიზიტის შემდეგ, 24 იანვარს, ვაჰაგნ ჩახალიანი ამნისტიის შედეგად ციხიდან გათავისუფლდა.

ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტისა და წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმა ჩახალიანს „საქართველოს სახელმწიფოს მტერი“ უწოდა, მის გათავისუფლებას კი „ძალიან მძიმე გადაცდომა, რომელიც ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ქართველ ერს და საქართველოს სახელმწიფოებრიობას უახლოესი წლების განმავლობაში“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩახალიანის გათავისუფლება პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო და გამოთქვა ვარაუდი, რომ „ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო კონკრეტული უცხოური ძალის საამებლად“.

ივანიშვილის ვიზიტით და მისი შედეგებით ერევანში კმაყოფილნი დარჩნენ. „შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება“, - განაცხადა სომხურ სააგენტოებთან საუბრისას სომეხმა პოლიტოლოგმა ჯონი მელიქიანმა. მისი თქმით, ამგვარი წინსვლის წყალობით, შესაძლოა, ორი ქვეყნის ურთიერთობა კეთილმეზობლურის ნაცვლად სტრატეგიულად გადაიქცეს.

სამაგიეროდ, თბილისისა და ერევნის ამგვარმა „დაახლოებამ” აზერბაიჯანელი ექსპერტების ნაწილს კატეგორიული დასკვნების გაკეთებისკენ უბიძგა. როგორც 22 იანვარს აზერბაიჯანის პოლიტიკური ინოვაციების ცენტრის დირექტორმა მუბარიზ აჰმედოღლუმ განაცხადა, საქართველოს პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე „სრულად პროსომხური გახდა“. მან მაგალითისთვის მოიყვანა მაია ფანჯიკიძის მიერ ყარაბაღის შესახებ საკუთარი განცხადების უარყოფა, ასევე ის, რომ ივანიშვილმა ერევანში „სომხეთისათვის მისაღები პოზიცია“ გააჟღერა.

როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის შემთხვევაში, საქართველოს ახალი მთავრობის მეთაურმა ნაჩქარევი თუ „არასწორად ინტერპრეტირებული“ განცხადებების მიუხედავად, მათთან პოზიტიური ურთიერთობები დაამყარა და შეეცადა თითოეული ქვეყნისთვის მისი ინტერესების დაკმაყოფილების დაპირებები მიეცა. რაც ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდიოდა მეორე მეზობლის ინტერესებთან, როგორც ეს სარკინიგზო მიმოსვლის საკითხის შემთხვევაში მოხდა.

ახალმა მთავრობამ შეინარჩუნა სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანთან და ერთობლივ პროექტებში მასთან თანამშრომლობას აგრძელებს. თუმცა, თავისი განცხადებებითა და ქცევით, ბაქოს გარკვეული ეჭვები გაუჩინა საქართველოს პერსპექტიულ საგარეო ორიენტაციასთან და ამ პარტნიორობის ერთგულებასთან დაკავშირებით.

0x01 graphic

პრემიერმინისტრი ივანიშვილი
და პრეზიდენტი ალიევი

მით უმეტეს, სომხეთისთვის გაცემული დაპირებების ფონზე, რომლებმაც ერევანში დიდი მოლოდინები შექმნა. ჩახალიანის გათავისუფლება კი გახდა მესიჯი იმ ძალებისთვის, ვინც პატრონაჟს უწევს სეპარატისტულ განწყობებს ჯავახეთში - რომ ასეთი ტიპის საქმიანობის მიმართ ხელისუფლება ამიერიდან ტოლერანტული იქნება.

ამით, შეიძლება, თბილისმა ერევნის გარკვეული კეთილგანწყობა მოიპოვოს, თუმცა რისკის ქვეშ აყენებს როგორც საქართველოს, ასევე, მაგალითად, ყარსი-ახალქალაქის პროექტის უსაფრთხოებას, რომელიც სწორედ ჯავახეთის რეგიონში ხორციელდება და რომლითაც საქართველოც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც ძალიან არიან დაინტერესებულნი. სომხეთი კი კონკურენტ და მის საზიანოდ მიმართულ პროექტად აღიქვამს.

რაც შეეხება რკინიგზის გახსნას აფხაზეთის გავლით, ამ გეგმის განხორციელებამ, შესაძლოა, რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალოს. თანაც - არა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ.

დღესდღეობით საეჭვოა, საქართველომ ამ პროექტით რაიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაშიც, ქართული ტვირთების ახალი რკინიგზით გადაზიდვას ერთბაშად დიდი მოცულობა ვერ ექნება. ცალსახად მოგებულები მხოლოდ რუსეთი და სომხეთი დარჩებიან. თანაც, ამ მარშრუტის ამოქმედება ბუნებრივად გამოიწვევს ქართული ნავსადგურების ტვირთბრუნვის შემცირებას.

თუ მთავრობაში მიიჩნევდნენ, რომ რკინიგზის ამოქმედება ეფექტს იქონიებს კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაზე (როგორც ამას თავდაპირველად პაატა ზაქარეიშვილი ამტკიცებდა), აფხაზური მხარის რეაქციამ ეს მოსაზრებაც გააბათილა. ფაქტია, რომ დიდი ინტერესი რკინიგზის ამოქმედების მიმართ სოხუმს არც აქამდე გამოუხატავს და, როგორც ეს ანქვაბმა აღნიშნა, ამ საკითხს არა საკუთარ, არამედ სხვა მხარეების ინტერესებს უკავშირებს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც შეიძლება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან ერთად დღის წესრიგში დადგეს, რუსული სამხედრო ტვირთების ტრანზიტია. საქართველომ ამ ტრანზიტის განხორციელება 2008 წელს შეწყვიტა, თანაც როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით. ფორმალურად, შესაბამისი შეთანხმება რუსეთთან თბილისმა გასულ წელს გააუქმა. თუ რკინიგზა სამოქალაქო ტვირთებისთვის აღდგა, არაა გამორიცხული, რუსეთმა ძველი შეთანხმების განახლება მოითხოვოს „დალაგების“ პროცესის ფარგლებში, რადგან დღეისთვის სომხეთის რუსული ბაზების მომარაგება საქართველოს გვერდის ავლით მოსკოვისთვის რთულია. და საკმაოდ ძვირიც.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს გავლით რუსეთი რკინიგზით არა მხოლოდ სომხეთს, არამედ ირანსაც დაუკავშირდება. და რომ ამ მიმართულებით სამხედრო ტვირთების გადაზიდვა, შესაძლოა, საქართველოს დასავლელი მოკავშირეების უკმაყოფილების საგანიც გახდეს. ეს გარდა იმისა, რომ საქართველოს მეზობლებისთვის და სტრატეგიული პარტნიორებისთვის - აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, თავისთავად უსიამოვნო იქნება.

10 „ფინლანდიზაციის“ პერსპექტივით

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

მირიან თოიძე

...ბიძინა ანგელოზი არავის ჰგონია, ის არის პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც დააბალანსებს რუსეთთან ურთიერთობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია.
სოციალური ქსელების ერთ-ერთი
მომხმარებელი ქალბატონი

0x01 graphic

ბორის ელცინი და
ედუარდ შევარდნაძე

უკანასკნელ ხანს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გახმოვანებულმა წინააღმდეგობრივმა გზავნილებმა გარკვეული ეჭვები წარმოშვეს მმართველი გუნდის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად რიგი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებისა, სომხეთის მისამართით წარმოთქმული კომპლიმენტები და დასავლეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ბალანსის დაცვის აპოლოგირება, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის პოლიტიკური გემოვნების უტყუარ მანიშნებლად უნდა გვესახებოდეს. შესაბამისად, სახელმწიფოს მართვისა და საგარეო ორიენტირების მონიშვნის პროცესისას პრემიერისთვის უზენაესი თვისებაა - პრაგმატიზმი. აკი, შეგვახსენა კიდეც ამასწინათ დავოსიდან, რომ თუ ცხოვრებაში რაიმესთვის მიუღწევია, პირველ რიგში, პრაგმატული ხედვის წყალობით. ამ თვალსაზრისით, ბალანსის დაცვის ფილოსოფიის საუკეთესო გამხმოვანებლად შესაძლოა საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მივიჩნიოთ: „თუ აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერა უნდა, კეთილი უნდა ინებოს და რეალური ფული დახარჯოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. თუ რუსეთს უნდა კეთილმეზობლობა და კეთილგანწყობა, მათაც ფული უნდა დახარჯონ საქართველოში და ჩვენ ამ ძალების ლეგალიზებას და ჯანსაღ, ღია კონკურენციას მოვახდენთ“.

„ისტორიულ“ ჭრილში საქართველოს დღევანდელი პრემიერის „პრაგმატიზმისა“ და, ამავდროულად, სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითია მისი მონაწილეობა 1990-იანი წლების რუსეთის პოლიტიკურ პროექტებში. ბევრი თქმულა ივანიშვილის მიერ გარდაცვლილი რუსი გენერლის, 9 აპრილის ჯალათის, ალექსანდრ ლებედის ფინანსურ მხარდაჭერაზე, თუმცა ბ-ნი ბიძინა ამ ყოველივეს უარყოფს. კონსპირაციული თეორიებით ხელმძღვანელობა უმადური საქმიანობაა, ამიტომ შევეშვათ გენერალ ლებედს და მივუბრუნდეთ რუსეთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ბორის ელცინს, რომლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილი არათუ უარყოფს, არამედ ამ ფაქტით თავს იწონებს კიდეც: „მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც აფინანსებდა ამ არჩევნებს და მივიჩნევ, რომ გადამწყვეტი და შედეგიანი სვლები გავაკეთე... ამ დროს მთელი დემოკრატიული სამყარო, ფარულად თუ ღიად, ბორის ელცინის კანდიდატურას უჭერდა მხარს. აი, იქ ვიდექი მეც“, განაცხადა ჯერ კიდევ დამწყები პოლიტიკოსის რანგში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველსავე პრესკონფერენციაზე.

1996 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთისა და დასავლეთის ლიბერალური წრეების მხრივ ელცინის მხარდაჭერის შესახებ ბ-ნი ივანიშვილი ჭეშმარიტებას ამბობს. ასევე ძნელია იმხანად რუსეთში მცხოვრები ფინანსისტის ბიძინა (ბორის) ივანიშვილის გამტყუნებაც, ვინაიდან ელცინის მარცხისა და, შესაბამისად, კომუნისტი გენადი ზიუგანოვის გამარჯვების შემთხვევაში, მის სოლიდურ კაპიტალს ხიფათი დაემუქრებოდა. თუმცა, თუკი ვისაუბრებთ არა კერძო ფინანსისტ, არამედ პოლიტიკოს ივანიშვილზე, უკვე სხვა ტიპის პრობლემასთან გვექნება საქმე.

სრულიად აშკარაა, რომ ბორის ელცინი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდანვე მისი დაუძინებელი მტერი იყო. ელცინი უშუალოდ მონაწილეობდა უკლებლივ ყველა იმ ნეგატიურ მოვლენაში, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს 1990-იან წლებში, დაწყებული საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებით და დამთავრებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოშლით. პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ სამხედრო პუტჩში რუსეთის როლზე მეტყველებს თუნდაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების იმდროინდელი ხელმძღვანელის, სუფიან ბეპაევის აღიარება: „1991 წლის 24-28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იარაღით და ცოცხალი ძალით დაეხმარა გადატრიალების ორგანიზატორებს“ („მოსკოვსკიე ნოვოსტი“, 1992 წ. 15 დეკემბერი). შესაბამისად, ელცინის მიერ ინსპირირებული (ან, თუნდაც, მხარდაჭერილი) საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალისმიერი დამხობა, რასაც მოჰყვა მშვიდობიან მომიტინგეთა სისტემატური დახვრეტები, კრიმინალური ტერორი, ეკონომიკის კოლაფსი, ქვეყნის სამართლებრივი სივრციდან ამოვარდნა, „მხედრიონის“ სადამსჯელო ექსპედიციები დასავლეთ საქართველოში და სეპარატისტული ტენდენციების გამწვავება, უმძლავრესი დარტყმა იყო ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.

ცალკე თემაა რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის როლი აფხაზეთის კონფლიქტში. რომ არაფერი ვთქვათ ელცინსა და შევარდნაძეს შორის „მიღწეულ” შეთანხმებათა სერიაზე (მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრისა და 1993 წლის 14 მაისის, ასევე სოჭის 27 ივლისის შეთანხმებები), რომლებსაც, როგორც წესი, მოჰყვებოდა ხოლმე სეპარატისტთა იერიშები და განიარაღებული ქართული შენაერთების მიერ პოზიციების დათმობა.

0x01 graphic

ჩეჩენი მებრძოლები
და გენერალი ლებედი

რუსეთის ფედერაციის „სამშვიდობო“ საქმიანობაზე თვით რუსი ჩინოსნების მიერ გაკეთებული აღიარებებიც მეტყველებს. კონფლიქტის პერიოდში რუსეთის გენერალური შტაბის ექსპერტ-მრჩევლის, მოგვიანებით კი თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ვიქტორ ბარანეცის მტკიცებით, მოსკოვი იმ დროს სამხედრო მხარდაჭერას ორივე მხარეს უწევდა და ამრიგად „მართვადი კონფლიქტის“ პირობებს ქმნიდა. ომის კრიტიკულ დღეებში კრასნოდარის ოლქის ვიცეგუბერნატორის, ანატოლი ტრავნიკოვის ბრძანებით, დაიკეტა ადმინისტრაციული საზღვარი რუსეთთან, რამაც არ მისცა საშუალება მშვიდობიან მოსახლეობას დაეტოვებინა კონფლიქტის ზონა. ამავე დროს, იგივე ტრავნიკოვი ორგანიზებას უწევდა აფხაზეთში ყუბანელი კაზაკების გადაგზავნას ამ უკანასკნელთა საბრძოლო ოპერაციებში სეპარატისტთა მხარეს მონაწილეობის მიზნით. და რაც მთავარია, 1993 წლის სექტემბერში ქართული შენაერთების განიარაღების კვალობაზე სოხუმის გარდაუვალი დაცემის პერსპექტივისას, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა პაველ გრაჩოვმა უარი თქვა მხარეთა ძალისმიერ სეპარაციაზე და ამ მხრივ, გზა გაუხსნა აფხაზებს ქალაქის დაკავებისკენ. ცხადია, მსგავსი ქმედებები რუსეთის უზენაესი ხელისუფლის ნებართვის გარეშე ვერ მოხერხდებოდა.

დიდ ეჭვებს იწვევს რუსეთის სპეცსამსახურების როლი აფხაზეთის ომში ჩეჩნური შენაერთების მონაწილეობის მხრივაც. ცნობილია, რომ ჩეჩნეთი და აფხაზეთი ტერიტორიულად ერთმანეთს არ ესაზღვრებიან. შესაბამისად, ჩეჩნურ შენაერთებს აფხაზეთში მოსახვედრად რუსეთის ფედერაციის რამდენიმე სუბიექტი უნდა გაევლოთ. ხოლო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფედერალურ ცენტრსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბული იყო ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან, შეიარაღებულ ბოევიკთა დაუბრკოლებელი გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს შეიარაღებული რაზმები მაინც ახერხებდნენ ყარაჩაევო-ჩერქეზეთის გავლით აფხაზეთში შეღწევას. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ანატოლი კულიკოვი თავის მემუარებში („Тяжелые звезды“) იხსენებს, რომ ქალაქ პიატიგორსკის მიდამოებში ჩეჩენ ბოევიკთა რაზმს ალყა შემოარტყა რუსულმა სპეცრაზმმა და მზად იყო მის განსაიარაღებლად, მაგრამ უკანასკნელ მომენტში „ზევიდან მოვიდა ბრძანება: გაატარეთ“.

რაც შეეხება ყველაზე ცნობილი ჩეჩენი ბოევიკის, შამილ ბასაევის აფხაზეთის ომში მონაწილეობას, რიგი ექსპერტების აზრით, ბასაევი ფედერალური სპეცსამსახურების უშუალო მფარველობით სარგებლობდა. ომის დასაწყისში უბრალო ოცეულის მეთაურ ბასაევს, 1992 წლის ოქტომბრისთვის სეპარატისტებმა გაგრის ფრონტის სარდლობა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ჩააბარეს.

რუსი გენერლის, გენადი ტროშევის მონაყოლით („Моя война. Чеченский дневник окопного генерала“), ბასაევის შენაერთები აფხაზეთის ომში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ: „1993 წლის შემოდგომაზე გაგრისა და ლესელიძის მიდამოებში „მთავარსარდალი“ თავად ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ოპერაციებს. აწამეს და დახვრიტეს რამდენიმე ათასი ქართველი. ამოჟლიტეს ასეულობით რუსული, სომხური და ბერძნული ოჯახი“. თვით რუსი სპეცრაზმელების მტკიცებით (სპეცრაზმის ოფიცერი კონსტანტინ ნიკიტინი და ФСБ-ს ჩინოსანი ალექსანდრ მიხაილოვი), შამილ ბასაევი სამხედრო-დივერსიულ მომზადებას მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) მაიკოპის ბაზაზე, ამავე უწყების ოფიცრების ხელმძღვანელობის ქვეშ გადიოდა. იმავეს აცხადებდა 1999 წელს ინგუშეთის იმდროინდელი პრეზიდენტი, გენერალ-მაიორის წოდების მქონე რუსლან აუშევი: „აფხაზეთში ოპერაციები ГРУ-ს დაგეგმარებით ხორციელდებოდა. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ბასაევი თანამშრომლობს ამ სტრუქტურასთან“.

უკვე ხსენებულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატის, ბორის ელცინის, დაფინანსებას არა პირადი ბიზნესის საჭიროებით (ყოველ შემთხვევაში, მას ეს მომენტი არ უხსენებია), არამედ საქართველოს სასიკეთოდ გაკეთებული პრაგმატული გათვლით ხსნიდა: „ბორის ელცინის გამარჯვებით საქართველოსაც მიეცა საშუალება, უკან აღარ დაბრუნებულიყო“. მართლაც, შესაშური პრაგმატიზმია ელცინისა და შემდგომ მისი პროტეჟეს, ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტთან მიმართებით განხორციელებული ქმედებების ფონზე.

საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ გარკვეული დათმობების ფასად დაბალანსებული პოლიტიკის წარმართვა „ფინლანდიზაციად“ იწოდება ხოლმე. ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფინეთმა, სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზნით, სსრკ-ის სასარგებლოდ უარი თქვა საკუთარი ტერიტორიების ნაწილზე, საიდანაც მოახდინა 400 ათასი მოქალაქის ევაკუაცია და მოაწერა ხელი 1948 წლის ხელშეკრულებას „თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.

შეთანხმების შედეგად ფინეთმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა დამოუკიდებელი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, მეორე მხრივ კი, ტერიტორიებთან ერთად დათმო საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი. (იკრძალებოდა „ანტისაბჭოთა“ დასავლური ფილმები და ლიტერატურა, სსრკ-ს გადაეცემოდნენ გამოქცეული მოქალაქეები, ზედმეტი იყო ლაპარაკი რომელიმე სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე). თუმცა „ფინლანდიზაცია“ პირველ რიგში ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს ითვალისწინებს. არადა, ეროვნულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარის არსებობა თავისთავად გამორიცხავს მსგავს ნეიტრალიტეტს. შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ კრემლის „პრაგმატული“ გათვლები საქართველოსთან მიმართებით, რაც პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბაზების დაკანონებას უნდა გულისხმობდეს, არა იმდენად „ფინლანდიზაციის“, რამდენადაც „არმენიზაციის“ პროცესს გვპირდებოდეს.

11 წრეზე სიარული

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

4 თებერვალს, ქართული საზოგადოებისთვის აქამდე უცნობმა ორმა რუსმა ექსპერტმა, ალექსანდრ სილაევმა და ანდრეი სუშენცოვმა, და ერთმა ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა, ფიოდორ ლუკიანოვმა, თბილისში МГИМО-ს ეგიდით შექმნილი მოხსენება წარმოადგინეს. ნაშრომი, რომელიც ავტორთა მტკიცებით, ერთწლიანი კვლევის შედეგად შეიქმნა, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების გათვალისწინებით, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივებს მიეძღვნა. მოხსენება, გარკვეულწილად, რუსულ ელიტაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა განწყობასაც ასახავს.

დოკუმენტი, მისი არსი ძალიან მოკლედ რომ ავხსნათ, დელიკატურად, მაგრამ გასაგებად მიუთითებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საქართველომ სასურველია უარი თქვას ისედაც „უპერსპექტივო“ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცნოს „პოლიტიკურ სუბიექტებად“, გააუქმოს ან შეარბილოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და გახსნას სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით. ასევე - გააუქმოს გადაწყვეტილება ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ და შეწყვიტოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის განხორციელება.

რას მიიღებს საქართველო ამის სანაცვლოდ? ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის „თანდათანობით“ გახსნას და, შესაძლოა, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას. ამით საქართველოსთვის მისაღები სიკეთეების ჩამონათვალი იწურება. ავტორებმა გასაგებად განმარტეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოსკოვი არცერთ შემთხვევაში უკან არ წაიღებს. არა, მოსკოვი საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი სულაც არ არის, ოღონდ ეს თავად აფხაზებმა და ოსებმა უნდა მოინდომონ (აქ ახალი არაფერია, მოსკოვი ამას 20 წელია გაიძახის, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რათა აფხაზებმა და ოსებმა საქართველოში ცხოვრება არ მოინდომონ).

ფიოდორ ლუკოანოვმა კი ის აზრიც გააჟღერა, რომ საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება არარეალურია. და რომ მოსკოვი დიდად არ არის დაინტერესებული თბილისთან ურთიერთობების გაუმჯობესებით, ეს უფრო საქართველოს ინტერესებშია.

მას და მოხსენების ავტორებს ქართველმა ექსპერტებმა ძირითადად ღირსეული ოპონირება გაუწიეს. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია - წინა ხელისუფლების ოპონენტებმაც, რასაც სტუმრები, ალბათ, არ ელოდნენ.

ფიოდორ ლუკიანოვმა საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები 6 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერა და აღნიშნა, რომ თბილისში „ცივი ომის სულისკვეთება“ დაინახა. კერძოდ, საპროტესტო პიკეტმა თბილისში „რუსულ-ქართული ჟურნალისტიკის სკოლის“ წინააღმდეგ, მას თავი აგრძნობინა „1980 წელს უცხოეთში საბჭოთა დაწესებულების თანამშრომლად, რომელსაც დასავლეთის დედაქალაქში ავღანეთის თავისუფლების მხარდასაჭერად მანიფესტაციის მონაწილეები ხვდებიან“.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ექსპერტებს შორის დიალოგს მიესალმა და ისიც აღნიშნა, რომ МГИМО-ს ანალიტიკოსების მიერ წარმოდგენილი მოხსენება რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს.

თუმცა, ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტში იყო მოხსენიებული, საკუთარი მოსაზრებები თუ მოთხოვნები რუსეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გამოუთქვამთ.

მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არაერთხელ გაიმეორა მოთხოვნა თბილისის მიმართ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტების გაფორმების თაობაზე. რაც სწორედ „პოლიტიკურ სუბიექტებად“ მათ აღიარებას ნიშნავს. „რეგიონში ახალი რეალიების“ აღიარებისკენ, 2010 წლის მარტში, საქართველოს ეუთოში რუსეთის წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა მოუწოდა.

2010 წლის ოქტომბერში რუსეთის საგარეო უწყებამ კატეგორიული პროტესტი გამოთქვა საქართველოს გადაწყვეტილების გამო (ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ) და აღნიშნა, რომ თბილისი ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციას ცდილობს.

2012 წლის მარტში სერგეი ლავროვმა თბილისს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება მოსთხოვა...

ჩამოსულ ექსპერტებს ჰქონდათ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებთან - ჟურნალისტებთან, არასამთავრობო სექტორთან და ა.შ. შეხვედრებს მოიცავდა.

თავისთავად დიალოგსა და აზრთა გაცვლაში ცუდი არაფერია. თუმცა ეს შეხვედრები უფრო საქართველოს საზოგადოების განწყობის ზონდაჟის შთაბეჭდილებას ტოვებდა...

მოკლედ, ამ ვიზიტისა და მისიის შედეგად ისედაც კარგად ნაცნობი სურათი კიდევ უფრო ნათელი ხდება - საქართველოს ახალი ხელისუფლების მცდელობა, რუსეთთან ურთიერთობების „დალაგებით“ რაიმე სერიოზულ შედეგს მიაღწიოს, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, განწირულია. სწორედ ისე, როგორც ყველა წინა ხელისუფლების ანალოგიური მცდელობები.

გავიხსენოთ, რომ ედუარდ შევარდნაძემ საქართველო დსთ-ში გააწევრიანა და მზად იყო, რუსეთისთვის სამხედრო ბაზები 25 წლით დაეკანონებინა. რაიმე დათმობაზე წასვლა მოსკოვს მაშინ აზრადაც არ მოსვლია. პირიქით, თბილისმა სანაცვლოდ ტერიტორიის დაბომბვები, სავიზო რეჟიმი და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „პასპორტიზაცია“ მიიღო.

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილმა კრემლს ურთიერთობის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყება შესთავაზა, პირველი ვიზიტით მოსკოვს ეწვია და ქვეყანა რუს ინვესტორებს გაუხსნა. მაგრამ რუსეთთან კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება მიიღო - ჯერ ემბარგო, შემდეგ რუსეთიდან ქართველთა დეპორტაცია, სამხედრო აგრესია და ქვეყნის ტერიტორიის ღია ოკუპაცია...

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ივანიშვილი და ქართული ოცნება მოვიდნენ, საზოგადოებაში ისევ რუსეთთან ურთიერთობის დათბობისა თუ „დალაგების“ მოლოდინი გაჩნდა.

რატომ ხდება, რომ საქართველო მუდმივად ერთსა და იმავე წრეზე დადის? სად არის იმ გულუბრყვილობის სათავე, რომ მაინცდამაინც ეს მთავრობა წინამორბედზე იმდენად ჭკვიანი იქნება, რომ „დაალაგებს“ იმას, რაც 20 წელი ვერავინ დაალაგა?

საქმე ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების ვერცერთმა ოპონენტმა ვერ გაბედა საზოგადოებისთვის სიმართლე პირდაპირ ეთქვა - რომ საქართველოზე ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში ძალიან ცოტა რამ არის დამოკიდებული. და რომ ვერანაირი დათმობით თუ დიპლომატიით რუსეთის მოქმედ რეჟიმს ვერ აიძულებს ნებით დათმოს ის, რაც საქართველოს ძალით წაგლიჯა... ამის თქმა არაპოპულარული იქნებოდა.

სამაგიეროდ, რამდენი ხმის მოპოვება შეიძლებოდა იმის მოყოლით, თუ როგორ დააბრუნებ აფხაზეთს, გახსნი ბაზარს, ზრდილობიანად დაელაპარაკები პუტინს ისე, რომ ყველა პრობლემა ერთბაშად მოგვარდება. რომ რუსებს მხოლოდ სააკაშვილი ეზიზღებათ, თორემ ჩვენი სიმღერები და ხაჭაპური ისე უყვართ, რომ მათი ხათრით აფხაზეთსაც დაგვიბრუნებენ. ოღონდ ხელისუფლება შეიცვალოს. რომ რუსეთი „ერთმორწმუნეა“ ჩვენი დასავლელი მოკავშირეებისგან განსხვავებით და, შესაბამისად, თუ სწორად დაველაპარაკებით, მასზე ახლობელი არავინ გვეყოლება...

ფინეთის არმიის მთავარსარდალმა, კარლ გუსტავ მანერჰაიმმა, მას მერე, რაც საბჭოთა კავშირისთვის სამთვენახევრიანი გმირული წინააღმდეგობის შემდეგ იძულებული გახდა კაბალური ზავის პირობებს დათანხმებოდა, მოსახლეობას ასე მიმართა: „ჩვენი ხვედრი მძიმეა. უცხო რასას, რომელსაც სხვა მსოფლმხედველობა და სხვა ზნეობრივი ფასეულობები აქვს, ვუტოვებთ მიწას, რომელზეც ჩვენი წინაპრები ასწლეულების განმავლობაში შრომობდნენ“. მას აგრესორის გულის მოგება არ უცდია და არც საკუთარი ხალხისთვის მიუცია ფუჭი იმედი. ეს ის გულახდილობაა, რომელიც დღეს ქართველ პოლიტიკოსებს აკლიათ.

2008 წლის შემდეგ საქართველო 1940 წლის ფინეთზე უკეთეს პირობებში აღმოჩნდა. თუნდაც იმით, რომ ხელი არ მოუწერია საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე და არ აუღია ვალდებულებები, რომელიც მის სუვერენიტეტს შეზღუდავდა. მაგრამ, ფინელებისგან განსხვავებით, პრობლემების მოგვარების იმედს ჩვენი საზოგადოების ნაწილი არა საკუთარი დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს მიზანდასახულ მშენებლობას, არამედ კვლავ რუსეთთან მოლაპარაკებებს და მისი კეთილგანწყობის მოპოვებას უკავშირებს.

ალბათ, იმ წრეზე სიარული, რომელიც ქვეყანას არ აძლევს განვითარებისა და პოსტსაბჭოური ჭაობიდან საბოლოოდ ამოსვლის საშუალებას, მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც:

საქართველოს აღარ ეყოლება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებას ისევ შეცდომაში შეიყვანენ და დაარწმუნებენ, რომ ტკბილი სიტყვებით, დათმობებით, ეშმაკობითა თუ საგარეო კურსის რაიმე სახის ცვლილებით რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე დაიყოლიებენ. ან აიძულებენ, საქართველოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს შეეგუოს.

...როდესაც საზოგადოებას ეტყვიან სიმართლეს - სანამ რუსეთს მოქმედი რეჟიმი მართავს, პოლიტიკური დარეგულირების შანსები ნულის ტოლია. რასაკვირველია, თუ საქართველო არ გადაწყვეტს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რუსეთი ოკუპანტის სტატუსისგან გაათავისუფლოს და დევნილების დაბრუნების თემაც სამუდამოდ დაივიწყოს.

...როდესაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთნაირად ღიად, ადეკვატურად და რეალისტურად იმსჯელებენ რუსეთთან ურთიერთობების პერსპექტივების შესახებ. და ამით კრემლს აღარ მისცემენ ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალებას.

იმედია, როდესმე ასე მოხდება.

12 სასამართლოს დამოუკიდებლობა ახალ სახიფათო ზონაში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თინა ბურჯალიანი

საქართველოში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე გამოცხადდა სასამართლო რეფორმის დაწყება. ამ დროის მანძილზე ასე იყო - როგორც წესი, ოპოზიცია სასამართლოს აკრიტიკებს, როგორც ხელისუფლებისგან მართულს და ახალი ხელისუფლება გაცხადებულად იწყებს დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობას. ეს გზა რამდენჯერმე გავიარეთ, თუმცა სასამართლოსადმი კრიტიკა მაინც მუდმივად გვესმის.

ტრადიცია არც 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ დაარღვია და ერთ-ერთ პრიორიტეტად სასამართლო რეფორმა დაასახელა. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, რეფორმა ამ სფეროში ნამდვილად უნდა გაგრძელდეს. ტრადიცია არც იმ თვალსაზრისით დარღვეულა, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ოპოზიციური ტრიბუნიდან აქტიურად აკრიტიკებდნენ სასამართლო ხელისუფლებას და მას პროკურატურის და აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილებაში სდებდნენ ბრალს. არგუმენტი ყველასთვის ყბადაღებული სტატისტიკა გახლდათ, რომლის თანახმადაც სასამართლო, უფრო ზუსტად სისხლის სამართლის კოლეგია, პროკურატურის მოთხოვნათა აბსოლუტურ უმრავლესობას აკმაყოფილებდა.

თავად პროკურატურა ამ არგუმენტს არ იზიარებდა და ცდილობდა, საპირისპირო სტატისტიკით ეჩვენებინა, რომ სასამართლო ზოგჯერ უარს ამბობდა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ხოლო დაკმაყოფილებული შუამდგომლობები დასაბუთებული და მოტივირებული იყო. ამ არგუმენტების ანალიზი და ჭეშმარიტების დადგენა არ არის დღევანდელი სტატიის თემა, ეს უბრალოდ სურათის სრული მასშტაბით წარმოდგენისთვის გამოდგება.

ტრადიციიდან გადახვევა ის არის, რომ აწ უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავაც განაგრძობენ სასამართლოს კრიტიკას და მას კვლავ მართულს, მაგრამ ოპოზიციის, ანუ ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულს უწოდებენ. აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ მალავს შეშფოთებას იმის გამო, რომ სასამართლო არ აკმაყოფილებს პროკურატურის ყველა მოთხოვნას.

0x01 graphic

თავისთავად ცუდი არაფერია იმაში, რომ სასამართლო პროკურატურას ყოველთვის და ყველაფერში არ ეთანხმება. სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, პროკურატურას შეშფოთების მიზეზი ნამდვილად არ აქვს. კერძოდ, ხელისუფლების ცვლის შემდგომ, 2012 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით, პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 289 პირის მიმართ მოითხოვა; აქედან სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა 202 შემთხვევაში, არ დააკმაყოფილა 83 შემთხვევაში და განუხილველად დატოვა 4 საქმე. რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების სტატისტიკას, ამავე პერიოდში პროკურატურამ 289 პირის მიმართ მოითხოვა გირაოს გამოყენება; აქედან 100 შემთხვევაში სასამართლომ სრულად, ხოლო 131 შემთხვევაში ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მხოლოდ 6 შემთხვევაში უთხრა უარი შუამდგომლობაზე (დარჩენილი 52 საქმე განუხილველია).

პროცენტებში ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობების მხოლოდ 28,7%25, ხოლო ზოგადად აღკვეთის ღონისძიებების შესახებ შუამდგომლობების - 11.2%25 არ დააკმაყოფილა. ნათელია, რომ სასამართლო კვლავ აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობების უდიდეს ნაწილს. პროკურატურა და აღმასრულებელი ხელისუფლება კი მაინც ვერ მალავს უკმაყოფილებას სასამართლო ხელისუფლებისა თუ ცალკეული მოსამართლეების მიმართ.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ ამგვარი სტატისტიკით შეიძლება სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ სრულყოფილი დასკვნის გაკეთება. სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკურია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს პროკურატურის დასაბუთებული შუამდგომლობები; ასევე შესაძლებელია, რომ პროკურატურის შუამდგომლობების უმრავლესობა დასაბუთებული იყოს. სტატისტიკა რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებისთვის არასაკმარისი მაჩვენებელია, ამის საილუსტრაციოდ ისიც გამოდგება, რომ მაგალითად ფინეთში, 2010 წლის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი 1.6%25, ბელგიაში - 3.4%25, საფრანგეთში - 3.7%25, დიდ ბრიტანეთში - 3.8%25, ჰოლანდიაში - 3.9%25 იყო. ამ მაჩვენებლის გამო ამ ქვეყნების სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ეჭვი არავის შეუტანია.

იმის შესაფასებლად, დამოუკიდებელია თუ არა სასამართლო, ცოტა მეტი ანალიზია საჭირო, ვიდრე სტატისტიკისთვის თვალის გადავლება. როგორც მინიმუმ, გასათვალისწინებელია, შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებულ სისხლის სამართალწარმოების პროცესში რამდენად თანაბრად არიან ბრალდებისა და დაცვის მხარეები მომზადებული. 2010 წლის ოქტომბერში ამოქმედებული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სრულად გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ინკვიზიციურობას და მას მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშედარების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამ პირობებში კი, ცხადია, უმნიშვნელოვანესია, თუ რამდენად მომზადებული ადვოკატი უპირისპირდება პროკურორს. სამწუხაროდ, ამ ნაწილშიც უამრავი პრობლემა არსებობდა, რაც არა მგონია, ბოლო რამდენიმე თვეში აღმოფხვრილიყო.

საგანგაშო აქ არა სტატისტიკა, არამედ ის საჯარო რეაქციაა, რომელიც სასამართლოს მიერ პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობას მოჰყვა როგორც პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე საზოგადოების ნაწილის მხრიდან. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოგვწონს, ანდა არ ვეთანხმებით, მისი გაპროტესტების ერთადერთი გზაა მისაღები - ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრება. ყველა სხვა რეაქცია, განსაკუთრებით ბრალდების მხარის და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, არასასურველი და საზიანოა.

არ არის მოსაწონი, მაგრამ გასაგებია, რატომ უნდა პროკურატურას, რომ სასამართლომ მისი ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილოს. უფრო მეტად არ არის მოსაწონი ის, რომ ამის გამო საჯაროდ აკრიტიკებენ და „აფრთხილებენ“ სასამართლოს, ვინაიდან სინამდვილეში ეს „გაფრთხილება“ არაფერია, თუ არა მუქარა. უნდა ვაღიარო, რომ სასამართლოსადმი ასეთი საჯარო თავდასხმა თავად თავდამსხმელებისთვის მგონია საზიანო.

სასამართლო ხელისუფლებამ და თითოეულმა მოსამართლომ უნდა იცოდეს, რომ მან უნდა იბრძოლოს საკუთარი დამოუკიდებლობისათვის, რომ, როგორც ჩანს, ყველა დროში ყველა აღმასრულებელ ხელისუფლებას ექნება ცდუნება, არბიტრი თავის მხარეს ჰყავდეს. ვერც იმის იმედად ვიქნებით, რომ ამ ცდუნების დასაკმაყოფილებლად ის მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს გამოიყენებს, ან, უარეს შემთხვევაში, ამ მექანიზმებს საკუთარ თავზე არ მოირგებს.

სახიფათო ზონაში მაშინ შევდივართ, როდესაც ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე გადადის და სასამართლოს საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ბერკეტებს გამოაცლის ან შეუსუსტებს. დღეს საქართველოში არსებობს ყველა საკანონმდებლო პირობა, რომ სასამართლო ჭეშმარიტად დამოუკიდებელი იყოს. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონმდებლობაში არ არის სივრცე უკეთესი რეგულირებისა და მეტი გარანტიებისათვის. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ წლების მანძილზე გატარებული რეფორმების შედეგად სახეზე გვაქვს ყველა ფუნდამენტური ბერკეტი, რომელიც აუცილებელია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. რომელიმე მათგანის გამოცლა სისტემას ჩამოშლის და რამდენიმე წლით უკან დაგვხევს.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებამ მოახერხა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, სასამართლო რეფორმა კვლავ გამოწვევად რჩებოდა. ეს ბუნებრივიც არის. სასამართლო რეფორმა ბევრად უფრო კომპლექსური და რესურსტევადია, ვიდრე მართლმსაჯულების სისტემის სხვა კომპონენტების, მაგალითად - პოლიციისა და პროკურატურის. სასამართლო რეფორმას მეტი დრო დასჭირდა, თუმცა არაობიექტურები ვიქნებით თუ არ ვიტყვით, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობაც ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდებოდა. ამ ნდობის გაზრდა და მართლმსაჯულების სისტემის მეტი გახსნილობა იყო სწორედ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღების ერთ-ერთი მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ამ ნოვაციას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, ფაქტია, რომ მისი ფრთხილი და ეტაპობრივი დანერგვა სასამართლო რეფორმისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

არავინ დავობს, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს კიდეც, მაგრამ პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ, რას ვგულისხმობთ, როცა დამოუკიდებელ სასამართლოზე ვსაუბრობთ.

თუ ერთი წუთით ზემოხსენებულ დეკემბერ-იანვრის სტატისტიკას გვერდზე გადავდებთ და ამავე პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების რიტორიკას გავიზიარებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ სასამართლო პროკურატურას არ ან, უფრო სწორად, აღარ ემორჩილება და მაშასადამე, დამოუკიდებელია. მაშ, რა არის პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს კრიტიკის მიზეზი? საქმე იმასთან ხომ არ გვაქვს, რომ პროკურატურა სასამართლოსგან სრულ თანხვედრას და თანხმობას მოითხოვს, ე.ი. იმას, რაშიც სულ რაღაც ნახევარი წლის წინ წინამორბედებს სდებდა ბრალს? ან მხოლოდ ის სასამართლო ხომ არ მიგვაჩნია დამოუკიდებლად, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თანაც სრულად? როგორც ჩანს, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ გათავისუფლდა არბიტრზე ზეგავლენის მოხდენის ცდუნებისგან და უკმაყოფილოა სასამართლოს თითქმის 80%25-იანი თანხმობით.

ფაქტია, რომ სასამართლო არ შემცდარა არცერთ შემთხვევაში, როდესაც მან აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი და აღმკვეთი ღონისძიების მიზანია, უზრუნველყოს პირის გამოცხადება შესაბამის ორგანოებში და თავიდან აიცილოს ამ პირის მიერ მოწმეებზე ზეწოლა, მტკიცებულებების განადგურება ან გამოძიებისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა. არცერთი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი გამოძიებას არ მიმალვია და არც ხელი შეუშლია მისთვის. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ასეთი ფაქტი ცნობილი არ გამხდარა. შესაბამისად, ფაქტია, რომ სასამართლომ ყოველ ჯერზე სწორად დააბალანსა გამოძიებისა და ბრალდებულის, საჯარო და კერძო ინტერესები. ასეთ სიტუაციაში, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლოსადმი საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილება.

სასამართლოს, თავის მხრივ, წინ მნიშვნელოვანი ტესტი ელოდება - მან უნდა განიხილოს საქმეები, რომელსაც დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ქვეყნის შიგნით და გარეთაც. სასამართლოს უნდა მიეცეს ამ საქმეების წნეხის გარეშე განხილვის საშუალება, ხოლო პროკურატურამ უნდა მიიღოს ის შედეგი, რასაც სასამართლო მიიჩნევს სწორად.

დაცვის მხარისგან განსხვავებით, პროკურატურა საკუთარი ჭეშმარიტების დადასტურებისთვის საკუთარი ქვეყნის სასამართლოს იქით ვერ წავა. სასამართლოს საჯარო კრიტიკა და ყოფილი თუ მოქმედი საჯარო მოხელეების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე გამოთქმული რეაქციები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურისთვის ისევე მიუღებელი იქნება გამამართლებელი განაჩენი ან არასასურველი სანქცია, როგორც ზემოხსენებული აღმკვეთი ღონისძიებების სტატისტიკაა. პროკურატურას აშინებს არასასურველი შედეგის მიღების პერსპექტივა. ეს შიში გასაგებია, მაგრამ ის ვერ ამართლებს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობას.

სასამართლომ საქართველოში რეფორმის რთული და გრძელი გზა განვლო. ბევრ ჩვენგანს ესმის, რომ ეს რეფორმა არ დასრულებულა, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ რეფორმის წარმატებისთვის სისტემის ნგრევა საჭირო არ არის, ხოლო მოსამართლეების პირობითი დაყოფა „სისტემის მსხვერპლად“, „დამნაშავედ“ და ასე შემდეგ, არასასურველი და სახიფათოა.

ვაცალოთ სასამართლოს, მან უკეთ იცის რას მოითხოვს კანონი.

13 ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ უკეთესი განათლებისთვის

▲ზევით დაბრუნება


სიმონ ჯანაშია|სვეტი

დაახლოებით ასი წელია, რაც დასავლეთში პოპულარულია გამოთქმა „იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად“. განათლების სფეროში მომუშავე ადამიანი ხშირად გაიგებს ამ ფრაზას. ბევრისთვის ეს ნიშნავს, რომ ის უნდა გასცდეს ადგილობრივ კონტექსტს, ყოველდღიურობაში ნანახ დეტალებს, იხელმძღვანელოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით და იაზროვნოს მასშტაბურად. ცხადია, ამგვარ ხედვას მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ კონცეფციის არასათანადოდ გააზრებამ ზიანიც შეიძლება მოგვაყენოს.

0x01 graphic

პრობლემების გადაჭრისას უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ დღევანდელი სამყარო გამოუყენებელი შესაძლებლობების სიმრავლეს უფრო გულისხმობს, ვიდრე რესურსების სიმწირეს. ამგვარი ხედვა ეწინააღმდეგება გავრცელებულ მსჯელობას: „სად გვაქვს ისეთი შესაძლებლობები, რომ დასავლური ხარისხის განათლების შედეგები გვქონდეს?“, „ჩვენ ხომ იმ მასშტაბის დაფინანსება, ადამიანური რესურსები და გამოცდილება არ გვაქვს, რაც სხვებს?“. უეცრად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩვენი სტანდარტები ძალიან დაბალია და მოლოდინების გაზრდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც რესურსების მოცულობა (მაგალითად, განათლების სფეროს დაფინანსება) მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ცხადია, საქართველოში გარკვეული ტიპის რესურსები არაადეკვატურად შეზღუდულია. მაგალითად, დაბალია სახელმწიფოს მხრიდან განათლების დაფინანსება ეკონომიკის განვითარების დონესთან მიმართებით. გაეროს მონაცემებით, დაფინანსების მოცულობის სიდიდით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, საქართველო 123-ე ადგილზეა. პრობლემა რეიტინგულ ადგილში არ არის. ამ რეიტინგით ლესოტო და ვანუატუ განათლებაზე პროცენტულად გაცილებით მეტს ხარჯავენ, ვიდრე, ვთქვათ, ფინეთი და იაპონია, მაგრამ განათლების სისტემის შედეგებით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. საქმე ის არის, რომ როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, საქართველოს მსგავსი დაფინანსების მოცულობით, ვერცერთი ქვეყანა ვერ აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას შედეგების გამოსწორების თვალსაზრისით.

ამ ვითარების გასაუმჯობესებლად ერთი გზა სახელმწიფოს მიერ განათლების სისტემისთვის მეტი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფაზე გადის. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მდიდარი შესაძლებლობების დანახვაც, რაც ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. უკვე არსებული ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, დაბალი დანახარჯებით თვისობრივად ახალი მასშტაბების სიახლეების დანერგვა უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, ამ მოცემულობას იშვიათად ვაცნობიერებთ.

ამის საილუსტრაციოდ პირად გამოცდილებას მოგიყვანთ. ბევრ უნივერსიტეტში, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ონლაინკურსების შემოღებაზე რომ მიდგება საუბარი, გადაწყვეტილების მიღება არა იმდენად შესაძლებლობების განხილვის საფუძველზე ხდება, არამედ შეზღუდვების გრძელი სიის შედგენით. გადაწყვეტილების მიმღებები ხშირად პედაგოგიური სირთულეების, ან სათანადო ინფრასტრუქტურის გამო ამ მიდგომაზე უარს ამბობენ. მაგრამ, მოდი ვნახოთ, რამდენად დასაბუთებულია ეს მიდგომა.

სწორედ გუშინ, ილიაუნის მაგისტრატურის სტუდენტები ინტერნეტის მეშვეობით პრეზენტაციებს აკეთებდნენ. მათ უკვე ოთხი თვეა, რამდენიმე უფასოდ ხელმისაწვდომი ინტერნეტპროგრამის მეშვეობით ნიუ იორკიდან თბილისში ვასწავლი. ერთ-ერთი ჯგუფი პრეზენტაციას საკმაოდ საინტერესო სივრციდან, სტუდენტის ავტომობილიდან აკეთებდა. შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, მათ ჩათვალეს, რომ ეს საუკეთესო ალტერნატივა იყო სიწყნარის და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მათ მანქანა უნივერსიტეტის წინ ისე ეყენათ, რომ უკაბელო ინტერნეტი ლეპტოპით დაეჭირათ. პრეზენტაციისას მათ საკუთარი ნამუშევრების ელექტრონული მასალები მაჩვენეს, უპასუხეს ჩემს კითხვებს და მიიღეს საჭირო რჩევები. მეორე ჯგუფის წევრები, ყველა სხვადასხვა ადგილიდან ერთვებოდა. მათ შორის იყო ერთ-ერთი, რომელიც ონლაინპრეზენტაციას საკუთარი სამუშაო ადგილიდან აკეთებდა. პროცესმა წარმატებულად ჩაიარა.

ეს მაგალითი ცხადყოფს რამდენიმე სიახლეს. პირველი, განათლება დღეს, არცთუ შორეულ წარსულში არსებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, როგორც ფორმით, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. თუ ადრე განათლების მისაღებად აუცილებელი იყო კონკრეტულ სასწავლო დანიშნულების მქონე ფიზიკურ სივრცეში ყოფნა, დღეს ფიზიკური სივრცის გარდა არსებობს ვირტუალური სივრცეც. ტექნოლოგიები ცვლის პედაგოგიურ მიდგომებსაც. ინტერაქცია სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის სულ უფრო ინტენსიური ხდება.

მეორე. როდესაც პროცესის მონაწილეებს საკუთარ განათლებაზე პასუხისმგებლობა გააზრებული აქვთ, ისინი ისეთ შესაძლებლობებს პოულობენ, რაც გადაწყვეტილებების მიმღებებს, შესაძლოა, ვერც წარმოედგინოთ. ამის შანსები იზრდება, როდესაც საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი სულ უფრო მეტად ხდება. მაგალითად, ქართველი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტში თავისუფლად ხელმისაწვდომი აკადემიური პუბლიკაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკურად ან ფინანსურად ხელმისაწვდომი წიგნების.

მესამე. არსებული ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობებს, რომ გამოვიყენოთ ის ადამიანური რესურსები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ხელმისაწვდომად არ მიგვაჩნია. დღეს შეგვიძლია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტები ჩავრთოთ ქართველი სტუდენტების განათლებაში. ასევე შესაძლებელია, რომ საქართველოში მყოფმა ერთმა პროფესორმა, ან თუნდაც სკოლის მასწავლებელმა, სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში მოსწავლეების დიდი ჯგუფების განათლებას უხელმძღვანელოს.

გლობალური სააზროვნო სივრცის ნაწილად გადაქცევა სიფრთხილეს მოითხოვს. საფრთხე ლოკალურად აზროვნების სიმცირეშიც შეიძლება იმალებოდეს. პრობლემურია, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებებისთვის, განათლების სპეციალისტების ნაწილისთვის, მეცნიერებისთვის, მასწავლებლებისთვის ან მშობლებისთვის საზღვარგარეთ შემუშავებული, მაგრამ საეჭვო ხარისხის საგანმანათლებლო პროდუქტი ან პროცესი უფრო მისაღებია, ვიდრე ადგილობრივად ნაწარმოები მაღალი ხარისხის მიდგომები. ზედაპირულად სესხების ან გარეშე საზომით აპელირების ტენდენციას მრავალი გამოვლინება აქვს. მხოლოდ სამს ჩამოვთვლი.

პირველი - ეს მიდგომა ეფუძნება და ამყარებს რწმენას, რომ საქართველოს კონტექსტის საფუძველზე და საქართველოში არსებული ინტელექტუალური რესურსებით შექმნილი საგანმანათლებლო პროდუქტი ან მიდგომა ნაკლებად ღირებულია, ვიდრე რომელიმე სხვა, დასავლურ ქვეყანაში შექმნილი. ხშირად გაიგებთ განათლების პოლიტიკაში ჩართულებისგან, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მიდგომა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისია. მრავალი პოპულარული კერძო სკოლა კი საკუთარ უპირატესობას საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელების ნაწილად ყოფნით ასაბუთებს. ამერიკული, ევროპული, საერთაშორისო და სხვა მსგავსი ტერმინი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახელებებში საქართველოში უკვე სტანდარტად იქცა

ამგვარი გულუბრყვილო წარმოდგენები ამცირებს ადგილობრივი ბიზნესის ან ხელისუფლების მიერ საქართველოში რელევანტური და ხარისხიანი პროდუქტების შექმნის დაფინანსების მოტივაციას. მეორე მხრივ, იზრდება საერთაშორისო სისტემებიდან გარკვეული ეკლექტური ელემენტების დასესხების ინტენსივობა. ჩემმა სტუდენტებმა თავიანთი სახელმძღვანელოდან იციან, რომ ავტომობილი, რომელიც სხვადასხვა, თუნდაც საუკეთესო მანქანებიდან უსისტემოდ აღებული თუნდაც საუკეთესო ნაწილებისგან აიწყობა, სულაც არ იქნება საუკეთესო ხარისხის.

მეორე - საერთაშორისო სტანდარტები განათლებაში რეალურად არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც სულაც არ არის რაიმე საერთაშორისო შეთანხმების შედეგი, მაგრამ მნიშვნელოვნად განაპირობებს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებში ზოგჯერ არაადეკვატური სტანდარტების დამკვიდრებას. მაგალითად, შეფასებამ, რომელიც ქვეყნების საგანმანათლებლო შედეგებს ერთმანეთს კითხვისა და მათემატიკის მიხედვით აჯიბრებს, შესაძლოა, რეიტინგის გაუმჯობესების სურვილით, პოლიტიკოსები არსებული რესურსების ძირითადად ამ მიმართულებებით წარმართვის აუცილებლობაში დაარწმუნოს. ამან კი, შესაძლოა, აზარალოს ისეთი მიმართულებები, რაც ჰოლისტურ, ესთეტიკურ, ფიზიკურ აღზრდას ან იდენტობის შექმნას ემსახურება.

მესამე - საერთაშორისო სისტემებთან დაახლოება არ მოითხოვს მათზე დამოკიდებულებას. საქართველოს აქვს უნიკალური საჭიროებები და გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება იმ გზის შერჩევა და განვითარება, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითისთვის, ჩვენ ბევრის სწავლა შეგვიძლია ევროპული საგანმანათლებლო სისტემისგან, მაგრამ ამ სისტემაში ჩართვა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ საქართველო უნდა დაელოდოს ევროპას, სანამ ის განათლების მიმართ ინოვაციური მეთოდების დანერგვას დაიწყებს. ამის გაკეთება ჩვენ მათგან დამოუკიდებლად ან მათთან ერთად შეგვიძლია.

სწორი მიდგომა ჩვენს რაციონალურ გამბედაობაშია, არასწორი კი ექსპერიმენტისა და ინოვაციების შიშს გულისხმობს. გლობალურად, აზროვნება ნიშნავს, რომ ვიფიქროთ არა იმდენად იმაზე, თუ როგორ დავეწიოთ წარმოსახვით საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ - როგორ გავხდეთ წარმატებულები საკუთარი თავისთვის მაღალი მოთხოვნების დაყენებით. ლოკალურად მოქმედება კი ნიშნავს იმას, რომ გავაცნობიეროთ - ჩვენი ადგილობრივი პრობლემები ჩვენზე უკეთ არავინ იცის და შესაძლებლობები გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ, როგორც გლობალურად, ისე ლოკალურად.

14 ვისწრაფოთ ნელა

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

სანდრო თარხან-მოურავი

„რანაირად ელით მსოფლიოს მხარდაჭერას რუსეთთან დაპირისპირებაში, როდესაც არ გყოფნით გამბედაობა, დაგმოთ სტალინის დანაშაულებები კაცობრიობის წინაშე“, - „ნიუ იორკელი ტურისტის“ ასეთ ჩანაწერს კითხულობს BBC-ის წამყვანი სტალინის მუზეუმის სტუმართა წიგნში და იქვე მრავალმნიშვნელოვნად ეთანხმება, - „დიახ, ამით პრინციპში ყველაფერი ნათქვამია“.

შეგვიძლია გავაკრიტიკოთ BBC-ის კოლექტივი სწორხაზოვნებისთვის. შეგვიძლია ვესაუბროთ ისტორიულ მიზეზებზე, მოვუყვეთ, რომ რუსეთში არანაკლები სტალინიზმია და საქართველოში „ყველა ასე არ ფიქრობს“, მაგრამ ამით ტურისტისა თუ მაყურებლის აღქმას ვერ შევცვლით.

ფაქტი ჯიუტია: „სტალინის მუზეუმი დიქტატორისთვის მიძღვნილი ტაძარია და არა რეალობის ამსახველი დაწესებულება“ - რთულია, ამ შეფასებაში ბრიტანელ დოკუმენტალისტებს არ დაეთანხმო.

ზოგადად, საქართველოს აქვს პრობლემა, რომელსაც წლობით მაქსიმალურად ვარიდებთ თვალს: ამომრჩევლის სწრაფვა „ევროატლანტიკური სივრცისკენ“ ზედაპირულია. საზოგადოება მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ სულ უფრო იჟღინთება შეხედულებებით, რომლებიც ამ სწრაფვასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია.

შეუძლებელია მიგაჩნდეს, რომ რუსეთის გარდა, ყველგან ბინძური მწვალებლები, სატანისტები, „ანტიმართლმადიდებლები“ ბინადრობენ, რომ მთელი დანარჩენი მსოფლიო ცდილობს მოგწამლოს, გაგრყვნას, ფესვებიანად ამოგგლიჯოს, „კარტოფილი შეგიწვას და არ გაჭამოს“ და, ამავდროულად, გქონდეს შეგნებულად „პროდასავლური“ არჩევანი. ასეთი შეხედულებები სრულიად საპირისპირო არჩევანს გვკარნახობს.

NATO-ში გაწევრიანება ნაწილობრივ ჯერ კიდევ რჩება ეროვნულ გრაალის თასად, მაგრამ გრაალის თასისკენ სწრაფვას თაობები იმიტომ ინარჩუნებდნენ, რომ ქრისტიანული ნარატივის (წარმოდგენების, იდეების) განუყოფელი ნაწილი იყო. NATO-ს შემთხვევაში, მდგომარეობა სხვანაირია: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საზოგადოების დიდ ნაწილს მხოლოდ ტერიტორიული ინტერესები აკავშირებს და არა ფასეულობები ან რელიგიური გრძნობები. ალიანსის წევრობა კი შესაძლოა დიდხანს ვერ მივიღოთ. თეორიული მიზეზი ბევრია: კონკრეტულ დასავლელ ლიდერთა გაუბედაობა, რუსეთის ხისტი პოზიცია და ჩვენივე შეცდომები.

ფასეულობრივი ბრძოლები მოსაგებია შიგნით, ქვეყნის საზღვრებში. საქართველოს „დასავლური“ გზით განვითარების იდეა არ უნდა იყოს ჩამოკიდებული ერთი გეოპოლიტიკური ორგანიზაციის წევრობის სურვილზე, რომელიც სულ უფრო უტოპიურად გამოიყურება. თუ ჩვენ არ გვსურს, რომ NATO-ს იმედის დაკარგვისთანავე დსთ-ში ან ევრაზიულ კავშირში აღმოვჩნდეთ, ქვეყანაში უნდა იყოს შესაბამისი იდეური ბაზისი. პოლიტიკოსების მიერ ალიანსის სახელწოდების შელოცვასავით გამეორება კი ასეთ ბაზისს ნამდვილად არ ქმნის.

ვინ უნდა მოიგოს ფასეულობრივი ბრძოლები? ინტელექტუალური ელიტა - ადამიანები, რომელთა ნააზრევსაც თანამოქალაქეები ყველაზე ხშირად ეცნობიან მასობრივი მედიიდან - შეგვიძლია სამ ჯგუფად დავყოთ, რომელთაგან სამივეს უჭირს თვისობრივი პროგრესის მიღწევა. ბოლო ორი ათწლეული ფასეულობრივი რევოლუციისთვის მათ არ ეყოთ. ამ სამი ჯგუფის გარჩევა ადვილია დესტალინიზაციის მცდელობების მაგალითზე.

0x01 graphic

პირველი, ალბათ ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის წარმომადგენლები სტალინის სიდიადით თავადაც აღფრთოვანებულნი არიან. ამ ჯგუფში არიან როგორც საბჭოთა პერიოდში ფეხადგმული „მეცნიერები“ და ხელოვანები, ისე პოსტსაბჭოთა ელიტის ტიპური წარმომადგენლები - მღვდელმსახურები, ასტროლოგები, პარაფსიქოლოგები და მჩხიბავები. მათგან დესტალინიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმას, ცხადია, საერთოდ არ უნდა ველოდოთ.

მეორე ჯგუფი - მკვეთრად „პროდასავლური“ ელიტა - დიდწილად ვირტუალურ ბუშტში ბინადრობს. მათი სტიქიაა საკუთარი იდეების „მკვეთრი მოძრაობებით“, გვერდზე გაუხედავად განხორციელება, რასაც ათათურქიზმის მსუბუქი ელფერი დაჰკრავს. ისინი თითქოს აცნობიერებენ, რომ ციფრულ ეპოქაში ცხოვრობენ, სადაც სიტყვა ყველას ეთქმის და ინფორმაცია მყისიერად ვრცელდება. მაგრამ, ამავდროულად, უჭირთ ცნობიერებიდან მოძველებული იდეის ამოშლა, თითქოს საზოგადოების მოდერნიზება მცირე ჯგუფს შეუძლია, ფართო განხილვებისა და შეთანხმებების გარეშე.

ამ კატეგორიის მედასავლეთეებთან საუბრისას მოისმენთ, რომ ტიპური პრობლემები სულაც არაა ფართო - უმრავლესობა სულაც არაა სტალინისტი, ეს მხოლოდ „წითელი ინტელიგენციის” პრობლემაა; ან, უმრავლესობა არაა რელიგიური ფუნდამენტალისტი, ეს მხოლოდ მარგინალური ჯგუფებია. მსგავსი წარმოდგენების მიღმა ხშირად იკითხება ე.წ. wishful thinking-ი: სასურველის რეალურად წარმოჩენისკენ მიდრეკილება. ხშირად ზედმეტად „ოპტიმისტურ“ მოსაზრებებს არანაირი სტატისტიკა არ ამყარებს, ან სულაც საპირისპიროზე მეტყველებს.

საპარლამენტო არჩევნების შემდგომმა პერიოდმა უკეთ დაგვანახა, რომ ბევრ რეგიონში საზოგადოებრივი აზრი არათუ არ იყო მზად დესტალინიზაციისთვის, არც არავის უცდია ამ აზრის შემზადება. სტალინის ძეგლთა დემონტაჟი მოხდა მკაცრი ვერტიკალის პრინციპით. ასეთი მოქმედება კი, (თუნდაც ნაწილობრივი) დემოკრატიის პირობებში შეუქცევადობის გარანტიას არ ქმნის, რასაც უკვე თვალნათლივ გვისაბუთებს დიდი ბელადის მკვდრეთით აღმდგარი მონუმენტები.

მესამე ჯგუფში გვხვდებიან დემოკრატიის ოდნავ „სადომაზოხისტური“ გაგების მქონე პოსტსაბჭოთა მემარცხენეები; ნაძალადევი ხალხოსნობის ტრადიციის მიმდევრები, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიაში ვითარდებოდა. ეს ადამიანები თითქოს სწორად აცნობიერებენ, რომ „მასების“ აზრს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ერთობ უცნაურ დასკვნებს აკეთებენ.

მათგან უფრო რადიკალურებს მიაჩნიათ, რომ პირდაპირ და არაორაზროვნად უნდა დაეთანხმონ უმრავლესობის ნებისმიერ სტერეოტიპს. მარტივად რომ ვთქვათ, „ერევათ“ დემოკრატია და ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი უკიდურესი კონფორმიზმი. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს ათეისტი და იმეორებდეს რელიგიური ექსტრემისტების ლოზუნგს, რომ „მთავრობა ეკლესიებს ანგრევს“.

მეორე, შედარებით ზომიერი ნაწილი, საკუთარ შეხედულებებზე ღიად უარს არ ამბობს. თუმცა, მუდმივად ეძებს მიზეზს, რომ აქტიურად დაუპირისპირდეს არა უმრავლესობის მცდარ აზრს, არამედ უმცირესობას, რომელიც, ავად თუ კარგად, საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღებას ცდილობს. ამგვარი დამოკიდებულების ვარიაციებია - „რა დროს სტალინია, როდესაც ხალხს შია“, „რატომ მხოლოდ სტალინი? მაშინ რუსთაველიც შევღებოთ“, „რატომ უნდა ავიღოთ სტალინი, როდესაც სტალინისტი მთავრობა გვყავს“.

არადა, ზოგიერთ პერსონალურად სენსიტიურ საკითხზე (ვთქვათ, ხელოვნების დაფინანსების პრიორიტეტები) ქედმაღლურადაც მსჯელობენ და მზად არიან ლამის ტერორისტული მეთოდებით დაუპირისპირდნენ შეცდენილ „მშიერ დემოკრატიულ უმრავლესობას“.

ერთი შეხედვით, ეს ადამიანები იწუნებენ არა დესტალინიზაციის იდეას, არამედ ფორმებს. მაგრამ ისინი იშვიათად თუ ცდილობენ პროცესში ჩართვას საკუთარი, უკეთესი მეთოდებით. ჯერ არ გვინახავს რომელიმე მათგანი სოფლის ქუჩაში მდგომი და ადგილობრივებთან სტალინის საკითხზე კონსტრუქციულად მოკამათე. უფრო ხშირად, გვარწმუნებენ, რომ პრობლემა საერთოდ არაა პრობლემური, ან მეორეხარისხოვანია, რისი თქმაც, ცხადია, დიდ ძალისხმევას არ ითხოვს.

სანამ ერთნი განადიდებენ ბელადს, მეორენი ვერ ახერხებენ საკუთარი იდეების მასებამდე მიტანას, მესამენი კი სტალინიზმში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავენ, ქართველებს სისხლიან დიქტატორთა მოყვარული, თავზეხელაღებული გიჟების იმიჯი უმყარდებათ. NATO-სკენ სწრაფვა კი უდაბნოში მირაჟისკენ ფოფხვას ემსგავსება, რომლის გაქრობასაც მიყრუებულ ოაზისში დაბრუნება და ლაჟვარდოვან სანაპიროზე ოცნების საბოლოოდ დავიწყება უნდა მოჰყვეს.

15 ტრადიცია და თანამედროვეობა ტერორისტიდან მაყურებლამდე

▲ზევით დაბრუნება


დათო პაიჭაძე|სვეტი

თბილისის იუსტიციის სახლიდან მტკვარგაღმა რომ გაიხედავ, მოჩანს ერთი კარგად ცნობილი აღმართი, რომელსაც აივლი და ჩუღურეთიდან ავლაბარში მოხვდები. აღმართს ელენე ახვლედიანის სახელი ჰქვია. სწორად ჰქვია: თავს ცოტა ძალას თუ დაატან, ეგებ იფიქრო, რომ იმ აღმართის სიმაღლიდან შეიძლება დაგენახა ძველი თბილისი, როგორიც ის არის ხოლმე ელენე ახვლედიანის სურათებზე.

მეტეხის ეკლესიიდან ჯერ მეტეხის აღმართს და მერე მეტეხის ქუჩას თუ შეუყვები, ანაც ურბნისის ქუჩას, ავლაბრის მთავარ ავენიუმდე ერთ პატარა ფოლორცს გადაკვეთ - ფერისცვალების ქუჩას. იმის მერე უკვე ქეთევან წამებულის გამზირია.

ლესელიძეზე (დღეს კოტე აფხაზი ჰქვია) თავისუფლების მოედნიდან ჩასვლისას, მარცხნივ პირველივე შესახვევს დიუმას ქუჩაზე შეყავხარ. დიუმას ქუჩიდან ასე, ხუთ სხვა ვიწრო ქუჩაზე შეგიძლია მოხვდე, ანაც პუშკინზე გახვიდე. ერთი არასწორი ასოციაცია მქონდა: წარმოვიდგენდი ხოლმე, სახელოვანი კამო (ერისკაცობაში სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი) ამ ქუჩიდან როგორ შეეთესა ჟანდარმებს იმ ცნობილი ტერორისტული აქტის შემდეგ ერევნის მოედანზე.

0x01 graphic

თბილისის უცნობილეს ქუჩაზე აღარაფერს ვიტყვი, მხოლოდ მოვიხსენიებ. დღეს მისი სახელი ცოტა გამკრთალია, თორემ პირველი თაობის მცირე რესტორნების აღმოცენებისას ის შეუცვლელი იყო. სტაბილურობისა და კაი ცხოვრების სუროგატს მოქალაქეები ამ ქუჩაზე გრძნობდნენ. 20 წელზე მეტია, გიორგი ახვლედიანის (ენათმეცნიერის) სახელი ჰქვია, მაგრამ დღემდე პეროვსკაიას ეძახიან; ხოლო უფროს თაობათა მცნობელი ხალხი ირწმუნება, პეროვსკაიას არავინ იტყოდა, პეროვზე გავიარე, ასე ამბობდნენო.

სოფია პეროვსკაია ბუნდოვნად ეგებ შემორჩა კიდეც იმათ მეხსიერებას, ვისაც სკოლაში რუსეთის ისტორიას ასწავლიდნენ სსრკ-ის ისტორიის სახელით. სოფია მარტო არ იყო: სახელმძღვანელო მასთან ერთად იხსენიებდა ანდრია ჟელიაბოვს, ნიკოლაი კიბალჩიჩს და ვერა ფიგნერს. ამ ოთხს (სხვა ბევრთან ერთად) ერთი ორგანიზაცია შეექმნა რუსეთის იმპერიაში და სხვადასხვა სიკეთე სურდათ კაცობრიობისთვის: საყოველთაო საარჩევნო უფლება, წარმომადგენლობითი დემოკრატია (მუდმივ სახალხო წარმომადგენლობას უწოდებდნენ თვითონ), სიტყვის, სინდისის, პრესის, შეკრების თავისუფლება... გზაც არჩეული ჰქონდათ ამის მისაღწევად: ტერორი. ორგანიზაციას ერქვა Народная Воля („ხალხის ნება“, დიახ). რიცხოვნობით დაახლოებით ათჯერ ნაკლებნი იყვნენ, ვიდრე ცოტა გვიან გაჩენილი ბოლშევიკური პარტია.

სწორედ „ნაროდნაია ვოლიამ“ დაგეგმა და განახორციელა იმპერატორ ალექსანდრე მეორის მკვლელობა, რომელსაც პეროვსკაიას, ჟელიაბოვისა და კიბალჩიჩის სიკვდილით დასჯა მოჰყვა იმავე 1881 წელს. ვერა ფიგნერი ორი წლის შემდეგ დაიჭირეს და 20 წელი სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს. მერე გამოვიდა, ცხრაასჩვიდმეტში ქვეყანაც გადატრიალდა და ვერა ფიგნერმა ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო ხელი. ძალიან გამძლე ეგზემპლარი გამოდგა: 90 წლისა გარდაიცვალა, 1942 წელს.

ალბათ, 1923 წელს ხანდაზმული ვერა ფიგნერი იმასაც გაიგებდა, რომ ყოფილი და განახლებული იმპერიის ლამაზ კუთხეში მისი სახელი უწოდეს პატარა ქუჩას - აი, იმას, დღეს რომ ფერისცვალებისა ჰქვია. 1923 წლიდან ჟელიაბოვი ეწოდა მანამდე იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის ქუჩას; იმას უფრო ადრე დიდ ტალახიან ქუჩას ეძახდნენ ოფიციალურად, ხოლო სულ დასაწყისში მაცხოვრის ქუჩა ერქვა. დღეს ის „სამი მუშკეტერის“ ავტორის სახელობისაა. ასევე 67 წელი ატარა და 1990 წელს დაკარგა კიბალჩიჩის აღმართმა თავის სახელი: ამ აღმართს დღეს მტკვრის მარცხენა სანაპიროდან აჰყავხარ პრეზიდენტის რეზიდენციასთან. კი, ეგ არის - ელენე ახვლედიანის აღმართი.

რატომ გამახსენდა ეს ქუჩები თავის ძველი, „ტერორისტული“ სახელებით:

ამას წინათ იუსტიციის სახლის წინ მომცრო მონუმენტი დადგეს. ზედაპირზე ამოტვიფრულია იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც პოლიციის მოქმედებამ იმსხვერპლა. არის ხალხი, ვინც ამას 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალს უწოდებს. სკულპტურა გახსნა და სიტყვა წარმოთქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მალევე, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ, საჯაროდ განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიესალმება ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სახელებს მემორიალზე, რადგან „ეს ადამიანები იყვნენ კანონიერი ქურდის ჯეკო მამოიანის დაჯგუფების წევრები, ხოლო ალექსანდრე ხუბულოვი რუსთავის N5 დაწესებულების „მაყურებელი“ იყო“. „როცა თბილისის ცენტრში კრიმინალურ ავტორიტეტს ძეგლს უდგამ, ეს პოლიციელებისთვის ძალიან ცუდი გზავნილია“, - დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორი დღის შემდეგ.

რა მინდა ვთქვა: კლიო, მუზა ისტორიისა, თავისას ქსოვს. გოროზი მოხელე მის ხელში უნებლიე ყაისნაღი შეიძლება იყო.

16 მოსალოდნელი რეცესიის ალბათობა არ არის დაბალი

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

აკაკი ცომაია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის ანალიზიც დამაფიქრებელ სურათს იძლევა. გთავაზობთ ზოგიერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. 2011 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,8 პროცენტი შეადგინა, მეორე კვარტალში - 6 პროცენტი, მესამეში - 7,9 პროცენტი, ხოლო მეოთხეში - 8,5 პროცენტი.

2012 წლის პირველ კვარტალში მშპ 6,7 პროცენტით გაიზარდა, მეორე კვარტალში - 8,2 პროცენტით, მესამეში - 7,5%25-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში მშპ-ის ზრდა 2,3 პროცენტამდე დაეცა. 2012 წლის დეკემბერში მშპ შემცირდა 0,8%25-ით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით, 108,5-დან 99,1-მდე დაეცა. ფაქტობრივად, ინფლაციის დონე 1,4%25-ით შემცირდა (დეფლაცია).

საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 973 მლნ აშშ დოლარით, თუმცა იმპორტის წილი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ექსპორტის, რამაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდო 596 მლნ აშშ დოლარით გაზარდა. 2012 წლის მეოთხე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ თუ პირველი სამი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით, შემცირდა 13%25-ით. საქართველოს საწარმოების ბრუნვამ გასულ წელს 17-18 პროცენტი შედგინა. ოქტომბერში ბრუნვა 6 პროცენტი იყო, ნოემბერში -3,6 პროცენტი, დეკემბერში კი - 5,2 პროცენტი. 2011 წლის დეკემბერში დღგ-ის ბრუნვა 8,5 პროცენტი იყო, 2012 წლის დეკემბერში კი ამ სეგმენტში ვარდნამ 1,5 პროცენტი შეადგინა.

ყველა ეს მონაცემი ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია და გარკვეული ალბათობით პროგნოზირებს მოსალოდნელ რეცესიას. კერძოდ, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ბაზარზე ერთობლივი მოთხოვნის შემცირება აღინიშნება, რაც ძირითადად გამოიხატება სამომხმარებლო ხარჯების კლებაში საქონლისა და მომსახურების ბაზარზე. არასახარბიელო მდგომარეობაა ინვესტიციების კუთხითაც. პირველ რიგში, ვგულისხმობ არა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, არამედ საბანკო სესხებს და მოსახლეობის დანაზოგებს, რომელიც ასევე ხასიათდება კლების ტენდენციით.

0x01 graphic

მსჯელობას ასაბუთებს ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელიც. ადგილი აქვს დეფლაციას, ანუ ფასების დონის საერთო კლებას (ფასების დონის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს ერთობლივი მიწოდების გაზრდამაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მონაცემები აჩვენებს, რომ წარმოების დონე დღგ-ის ბრუნვების მიხედვით მცირდება), რაც გამოიწვევს მოკლევადიანი პერიოდის წარმოების დონის შემცირებას, ე.ი. უმუშევრობის გაზრდას, ანუ მოკლევადიანი პერიოდის რეცესიას. რას შეიძლება გამოეწვია ერთობლივი მოთხოვნის ვარდნა? მივყვეთ გამორიცხვის ლოგიკას.

1. ერთობლივი მოთხოვნის ერთ-ერთ შემადგენელს წარმოადგენს სახელმწიფო ხარჯები. მათ შემცირებას ან გაზრდას ახასიათებს მულტიპლიკაციის ეფექტი. სინამდვილეში ხარჯები შესაძლებელია უფრო მეტად შემცირდეს ან გაიზარდოს, ვიდრე სახელმწიფო ხარჯები. მულტიპლიკატორის ეფექტი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, მოხმარების ზღვრულ მიდრეკილებაზე, ხოლო მეორე მხრივ - ე.წ. გადევნების ეფექტზე.

სახელმწიფო ხარჯები განსაზღვრულია საქართველოს ბიუჯეტით. მონაცემები ცხადყოფს, რომ ბიუჯეტი ძირითადად მიზნობრივად იხარჯება. არანაირი შეფერხება არ არის ხელფასების, პენსიების, სოციალურად დაუცველების დახმარების და სხვა ნაწილში. არ შემცირებულა ინფრასტრუქტურული პროექტებიც. საჯარო სექტორში სხვადასხვა თანამდებობებზე შეინიშნება გარკვეული გადაადგილებები. თუმცა სახელმწიფო ხარჯებით დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირდა. ერთობლივი მოთხოვნა ვერ შემცირდებოდა საგადასახადო განაკვეთის გამო, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში საგადასახადო ტვირთი არ გაზრდილა.

კაპიტალის ბაზარზე სტაბილური საპროცენტო განაკვეთები ასევე მიუთითებს, რომ ადგილი არ ჰქონია ფულის მასის რაოდენობრივ შემცირებას. მაშასადამე, ცვლილება ერთობლივ მოთხოვნაში არ არის გამოწვეული განხორციელებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად.

2. ინვესტიციებიდან შემოსავლები მცირდება 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. აქ ასევე უნდა ვიგულისხმოთ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს თანამოქალაქეების ფულადი გზავნილები ახლობლებისადმი, რაც ასევე მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ზუსტი სტატისტიკის მოპოვება რთულია, შესაძლებელია დავუშვათ - შემცირება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამან ინვესტიციების შემოსავლებზე დიდი გავლენა მოახდინოს.

შემოსავლები მცირდება, რადგან მცირდება განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს საწარმოების ბრუნვები. ბოლო თვეების სტატისტიკა ასევე გვეუბნება, რომ შემცირდა სესხების და დანაზოგების მოცულობაც. ცხადია, რომ ბაზარზე ბოლო თვეების განმავლობაში შეინიშნება ფულის დეფიციტი, რამაც გამოიწვია დეფლაცია. მონაცემები მიგვანიშნებს, რომ ფულის დეფიციტი გამოიწვია არა ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, არამედ შემოსავლების შემცირების ტენდენციამ, რამაც ეკონომისტები, ჩემი აზრით, უნდა დააფიქროს.

იმისთვის, რომ უფრო ზუსტი პროგნოზები გაკეთდეს, საჭიროა დავაკვირდეთ, ტენდენცია შენარჩუნდება თუ არა მომდევნო 6 თვის განმავლობაში. თუმცა, თუ კლების ტენდენცია შენარჩუნდა, მაღალი ალბათობით, 2013 წლის შემოდგომისთვის უნდა აღინიშნოს გაზრდილი უმუშევრობა, რაც დეფლაციის არსებული ტემპის მიხედვით, საგრძნობი იქნება. ეს კი ნიშნავს რეცესიას მოკლევადიან მონაკვეთში.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ეკონომიკური აქტივობა მცირდება და ეს იღებს სისტემურ ხასიათს. საწარმოთა ბრუნვები მცირდება და ბიზნესების რაოდენობა თანდათანობით იკლებს. ეს წარმოქმნის უმუშევრობას, რაც ზემოქმედებს ერთობლივი მოთხოვნის შემცირებაზე მოკლევადიან პერიოდში, შესაბამისად, თავიდან მცირდება ფასების დონეც, რაც უარყოფითად მოქმედებს ბაზარზე დარჩენილი ბიზნესების ეკონომიკურ აქტივობაზე და ხელს უწყობს მათ განდევნას ბაზრიდან. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური სიტუაცია მიიღებს მეტად სახიფათო სახეს, რადგან გრძელვადიან პერიოდში შემცირდება ერთობლივი მიწოდება და გაზრდილ უმუშევრობას მიემატება ფასების დონის ზრდა, ხოლო ფასების დონის ზრდა შესაძლებელია იყოს იმდენად შესამჩნევი, რომ შედეგად მივიღოთ „უმუშევრობას პლუს ინფლაცია“ (აუცილებელი არ არის, მაგრამ ალბათობა მაღალია).

ზოგადად, როგორც წესი, ინფლაციას სახელმწიფო ქმნის ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების შედეგად. ამისთვის მას უამრავი საშუალება აქვს - ზემოქმედების პირდაპირი და ირიბი მეთოდები, დაწყებული ფულის მასით და საპროცენტო განაკვეთებით, სახელმწიფო შესყიდვებითა და საგადასახადო განაკვეთებით დასრულებული. სახელმწიფო ზრდის ერთობლივ მოთხოვნას, რაც იწვევს გრძელვადიან პერიოდში ფასების დონის ზრდას, ხოლო მოკლევადიან პერიოდში ქმნის ეკონომიკის ზრდის იმიტაციას.

ეს ცდუნება საბაზრო ეკონომიკის ყველა სახელმწიფოს ახასიათებს და დღეს ამის კარგი მაგალითია აშშ-ის ეკონომიკა. თუმცა ფასების დონე იზრდება ეკონომიკური კრიზისის დროსაც, როდესაც ერთობლივი მიწოდება მცირდება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, თუ რა პერიოდს მივიჩნევთ საბაზისოდ და შევუდარებთ ფასების ახალ დონეს.

პირობითად დავუშვათ, რომ საბაზისო პერიოდი არის ეკონომიკური აქტივობის შემცირების დაწყებამდე არსებული დროის ბოლო მონაკვეთი. თუ ერთობლივი მიწოდების შემცირების შედეგად გაზრდილი ფასების დონეს შევადარებთ ამ პერიოდის ფასების დონეს და ასევე დავუშვებთ, რომ დროის ამ მონაკვეთში და მანამდე, სახელმწიფოს არ გამოუჩენია ზედმეტი აქტიურობა ეკონომიკაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთობლივი მიწოდების ვარდნის შემდეგ ფასების დონე მიაღწევს საბაზისო პერიოდის ნიშნულს. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ერთობლივი მოთხოვნის შემცირების შედეგად ფასების დონე შემცირდება, მაგრამ დაახლოებით იმავე რაოდენობით შემცირდება ერთობლივი მიწოდებაც და ფასების დონე ისევ გაიზრდება.

ის, რომ დღეს ფასების დონე მცირდება, არის მოკლევადიანი ეკონომიკური რყევა, რაც ბაზარზე ქმნის ცრუ სიგნალებს და სტიმულებს. ერთი სიტყვით, ეკონომიკა გადადის ახალ რეალობაში და ეს რეალობა არის შემცირებული ეკონომიკური აქტივობა. რეალობის შემჩნევას კი სჭირდება დრო, ეს დრო კი დადგება მაშინ, როდესაც ფასების დონე გაზრდილი უმუშევრობით დაუბრუნდება ფასების საბაზისო დონეს. ხოლო მანამდე, ადგილი ექნება ეკონომიკურ რყევებს, ფასების დონე ჯერ შემცირდება, შემდეგ გაიზრდება, რაც ხელს შეუშლის რაციონალურ ეკონომიკურ გარიგებებს.

ფასების დონის ცვლილება შეეხება არა მხოლოდ ფასებს სამომხმარებლო ბაზარზე, არამედ ლარის გაცვლით კურსს სავალუტო ბაზარზე და საპროცენტო განაკვეთებს კაპიტალის ბაზარზე. რაც უფრო მაღალი იქნება რყევის ამპლიტუდა, მით უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეს ფაქტი უმუშევრობის გაზრდას.

როგორც აღვნიშნე, ფასების დონე საბაზისო დონეს იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ სახელმწიფო ზედმეტად არ იაქტიურებს. თუმცა დღეს მსოფლიოში ვერ იპოვით ასეთ სახელმწიფოს და საქართველო გამონაკლისი არ არის. მოვიყვან ერთ-ერთ მაგალითს. საქართველოს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 30%25-ს მცირედით აღემატება. თითქოს, საგანგაშო ამაში არაფერია, მაგრამ საშიშროებას ქმნის ის, რომ 2013 წელს უნდა დავაბრუნოთ ევროობლიგაციებით აღებული ნახევარმილიარდიანი აშშ დოლარის ვალი წლიური 7.5%25-ით, რომელიც 2008 წელს აიღო მთავრობამ. ეს დაახლოებით 800 მილიონი ლარია, ხოლო თუ ლარი გაუფასურდება, შესაძლებელია მილიარდსაც გადააჭარბოს. თუ ეს ვალი გავისტუმრეთ, სახელმწიფო შესყიდვები შემცირდება, რაც რეცესიის გამწვავებას მეტად შეუწყობს ხელს და გაზრდის საბიუჯეტო კრიზისის გაჩენის ალბათობას. ან უნდა ავიღოთ ახალი საგარეო ვალი, რომელიც მომავალში იქნება გასტუმრებული ეკონომიკის ზრდის ხარჯზე. ეს რეალობაა.

როდესაც ადამიანი იღებს სესხს, ის ფიქრობს, რომ მას მომავალი შემოსავლით გაისტუმრებს, ხოლო როდესაც სესხს იღებს სახელმწიფო, მაშინ ყველა გადასახადის გადამხდელს უწევს შემოსავლის ნაწილის დათმობა იმის მიუხედავად, სურდათ თუ არა მათ ამ სესხის აღება. სხვა საკითხია, რამდენად ენდობა მსოფლიო ამა თუ იმ სახელმწიფოს. აქ რისკისა და ნდობის საკითხი დგება. სესხის პროცენტიც ამაზეა დამოკიდებული. მე ეჭვს გამოვთქვამ, რომ საქართველოს მთავრობის ნდობა მსოფლიოს კაპიტალის ბაზარზე უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც საბერძნეთის „გაკოტრებული“ მთავრობის მიმართ. ყოველთვის ხელს ვერ გავიშვერთ დახმარების იმედად. დღეს არც 90-იანი წლებია და 2008 წელიც გავიარეთ. სხვა რეალობაა.

ამ ვითარებაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მთავრობა ზრდის სოციალური პროგრამების დაფინანსებას. რეალურად იზრდება პენსიები, რისთვისაც დამატებით 700 მილიონი ლარია საჭირო. გარდა ამისა, საუბარი მიდის საყოველთაო დაზღვევაზე, რაც ასევე მინიმუმ 700 მილიონ ლარს საჭიროებს. სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისთვის დამატებით ერთი მილიარდის დახარჯვას აპირებენ. რამდენიც არ უნდა გამოვხშიროთ ე.წ. არამიზნობრივი ხარჯები და გავხადოთ მიზნობრივი, ფაქტია, რომ სახელმწიფო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს ფასების დონის ზრდას გრძელვადიან პერიოდში და შედეგად, უმუშევრობასთან ერთად მივიღებთ ინფლაციას, რაც ცხოვრების დონეს მოსალოდნელზე უფრო მეტად შეამცირებს. შესაბამისად, გაიზრდება საბიუჯეტო კრიზისის ალბათობაც.

მე არ ვამტკიცებ, რომ მოვლენები აუცილებლად ამ სცენარით განვითარდება. მხოლოდ ვმსჯელობ იმაზე, რომ ამის ალბათობა არ არის დაბალი იმ შემთხვევაში, თუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები სწორია. ეკონომისტებს დაფიქრება გვმართებს იმაზე, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ეკონომიკური მაჩვენებლების მყისიერ ცვლილებებს. სწორედ ეს მიგვანიშნებს, რომ ეკონომიკა ემზადება ახალ რეალობაში გადასასვლელად. თუ კლების ტენდენცია შენარჩუნდა 2 კვარტლის განმავლობაში, რეცესია გარდაუვალია, ხოლო ამ ფონზე გაზრდილი სახელმწიფო ხარჯები ქმნის ინფლაციის პრობლემასაც და, შესაბამისად, გაიზრდება საბიუჯეტო კრიზისის ალბათობაც.

17 რუსული ბაზარი თუ დანარჩენი მსოფლიო

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

გიფიქრიათ რა დაგვიჯდება რუსეთის ბაზარზე დაბრუნება?

გია ჯანდიერი

პოლიტიკოსები რომ ხშირად სცოდავენ და სასურველს სინამდვილედ ასაღებენ, ეს არახალია. ჩვენს შემთხვევაში ეს ბევრ თემაზე შეიძლება გავრცელდეს, თუმცა დღეს მინდა შევეხო საქართველოს საექსპორტო პოტენციალს აგრარულ სექტორში. მთავარი მიზანია დავასაბუთო, რომ რუსეთის ბაზარი არ არის პანაცეა და კარგი ხარისხითა და დაბალი ფასებით ჩვენს მეწარმეებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მოსინჯონ საკუთარი საქონლის წარმატებულად გაყიდვა.

0x01 graphic

პირველი არგუმენტი: გავრცელებული აზრის მიხედვით, 2006 წელს რუსეთის მიერ პოლიტიკური მიზნებით გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ საქართველოს დიდი დარტყმა მიაყენა. ამის საპირისპიროდ, 2007 წელს საქართველოს ეკონომიკას ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ჰქონდა - 12%25. მეტიც, ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ 2008 წელს კიდევ უფრო მაღალი ზრდა გვქონოდა. შესაძლებელია, ეს გახდა ომის ერთ-ერთი მიზეზიც/მიზანიც - ეკონომიკა რომ გაჩერებულიყო, რუსეთის პოლიტიკური ელიტა, სავარაუდოდ, საქმეს გაკეთებულად ჩათვლიდა. ომის მომზადების და დაწყების სხვა რეალურ მიზეზებს შორის ისიც შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ 2006 წლის შემდეგ საქართველომ უარი თქვა რუსულ გაზზე და მოიხსნა ყველა მარწუხი, რითიც რუსეთი გვაშანტაჟებდა. ასეთი მიზეზების არსებობა ირიბად მაინც ადასტურებს, რომ ომი გარდაუვალი იყო.

მეორე არგუმენტი: რუსეთის მომხმარებელს ნოსტალგია აქვს ქართულ პროდუქციაზე. ეს არგუმენტი იმის ტოლფასია, იფიქრო, რუსი მომხმარებლები უბრალოდ ფანატიკოსები არიან და კარგის და ცუდის გარჩევა არ შეუძლიათ.

ასე არ არის, მაგალითად, ღვინის იმპორტის სფეროში. უნდა ითქვას, რომ რუსეთი არ არის ღვინის მოხმარების მხრივ მოწინავე ქვეყანა, მისი ბაზარი დიდია - 800 მილიონი ბოთლი წელიწადში, თუმცა ორჯერ მცირეა, ვიდრე ჩინეთის და 5-ჯერ მცირეა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების. ჩინეთი მაინც ყველაზე აღსანიშნავია - იქ ღვინის მიწოდება სულ 30 წლის ისტორიას მოიცავს და უკვე ამ მოცულობებზე გავიდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთში (სხვათა შორის, ისევე, როგორც რუსეთში) უფრო მეტია საკუთარი წარმოება(!), რომელიც საერთოდ არ არსებობდა სამი დეკადის წინ. აღსანიშნავია ასევე, რომ ჩინეთში თუ ღვინის წარმოება და მოხმარება ასეთი დიდი ტემპებით მატულობს, რუსეთში პირიქით - ბოლო ათწლეულებში მისი მოხმარება 3-4-ჯერ დაეცა (An Insight Into Russian Wine Market, Eleonora Scholes, 2011).

ნოსტალგიის ინერციამ, როგორც ჩანს, 2000-იან წლებამდე გასტანა (შესაძლებელია, ეს მხოლოდ პროპაგანდა იყო და არა ნოსტალგია), რის შემდეგაც დიდი ტემპით მოხდა ყოფილი საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ღვინოების იმპორტის ჩანაცვლება დასავლეთევროპული და სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნების პროდუქციით. ზემოთ აღნიშნული კვლევის მიხედვით, ნოსტალგიურ-პროპაგანდისტული იმპორტის წილი 2000 წელს 90%25-ს აღწევდა, რაც 2010 წლისთვის უკვე 34%25-მდე შემცირდა, ხოლო დასავლეთ ევროპისა (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი) და სამხრეთ ნახევარსფეროს (ჩილე, ავსტრალია, არგენტინა) წილი 66%25-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, ტრადიციულად მიღებული მოლდოვური ღვინოების იმპორტი მხოლოდ 3%25-ს შეადგენდა, რაც დაახლოებით 8 მილიონი ბოთლია. საინტერესოა, ისიც, რომ რუსეთის ღვინის მოხმარების მხოლოდ 33%25-ია იმპორტირებული. იხილეთ მისი გეოგრაფიის ცვლილებები 2000-2010 წლებში:

0x01 graphic

იმიმპორტირებული
ღვინის გეოგრაფია

არგუმენტი მესამე: ჩვენი ღვინო უკეთესია/ურჩევნიათ. ასეთ არგუმენტს ან ადამიანების გაბითურებისთვის იყენებენ, ან მართლა არ იციან, რაზე საუბრობენ. არავინ დავობს, რომ არსებობს კარგი ქართული ღვინო. თუმცა ეს არცთუ ხშირად გვხვდება, ან იმდენად ძვირია, რომ მომხმარებელი მას ახლოს არ ეკარება. ქართულ ღვინოზე ასეთი ნოსტალგიური ინერცია, უკვე ქართველებსაც კი არ ჰყოფნით - მაგალითად, ბრუკლინში (ნიუ იორკი), სადაც ქართველებმა აღმოაჩინეს იაფი და საუკეთესო ფრანგული და იტალიური ღვინოები და აღარ სთხოვენ საკუთარ ნათესავებს, გაუგზავნონ ან ჩაუტანონ ქართული. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, ნაჩუქარ ქართული ღვინის ბოთლსაც დიდი ეჭვით ვუყურებთ - გვაინტერესებს, შიგნით რა ასხია.

არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ხარისხი და ფასი რუსი მომხმარებლისთვისაც მნიშვნელოვანია. კონკურენცია ჩილურ ღვინოებთან დაბალფასიან (ბოთლი 2-4 დოლარი) ყურძნის ღვინის სეგმენტში რთული იქნება. ყალბი და ხილის ღვინოების სეგმენტში ჩვენი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა: ჯერ ერთი, ასეთი მოთხოვნის საპასუხო შეთავაზება სხვა ქვეყნებიდანაც არსებობს და მეორეც - რა აზრი აქვს ამის იმპორტს, ვითომ რუსეთში არ მოიძებნება მათი დამამზადებელი? (მით უმეტეს, რუსეთში პროტექციონიზმი დიდი პოპულარობით სარგებლობს და საკუთარი მოსახლეობის ასე დასაქმებაზე ილუზიები იქაც აქვთ). ბუნებრივია და ალბათ უფრო ნაკლები ილუზიები გვაქვს ძვირი ღვინოების სექტორზე - თუ ძვირს იხდი, მაშინ, ბარემ, ფრანგულში გადაიხადე.

მართალია ისიც, რომ რუსი მომხმარებელი სერიოზულად რეაგირებს პროპაგანდაზე (მათ ალბათ დღემდე სჯერათ, რომ საქართველო რუსეთის ყველაზე დიდი მტერია). თუმცა გაურკვეველია, რა გავლენა ექნება ამას ღვინის იმპორტის გეოგრაფიაზე. ასეთი პროპაგანდა მხოლოდ ადამიანების გაბითურებას ემსახურება, ხოლო ჩვენთვის (რუსი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატიის) ერთი კლანჭის თავიდან გამოდებას, რაც ხან გულს მოგვფხანს და ხანაც სისხლს გვადენს.

იაფფასიანი ფრანგული ღვინოები საქართველოშიც გამოჩნდა და ჯერ არ მსმენია, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს. აქედან მოდის კიდევ ერთი (მეოთხე) არგუმენტი:

ფრანგული (იტალიური, ავსტრალიური) ღვინის წარმოება სუბსიდირებულია. ეს ნიშნავს, რომ მასთან ქართული ღვინო თავიდანვე აგებს კონკურენციას, ამიტომ საჭიროა, ჩვენც დავიწყოთ სუბსიდირება. ეს არგუმენტი რამდენიმე თვალსაზრისით არ ვარგა:

1. ფრანგი მოსახლეობის პრობლემაა, რატომ იხდიან საკუთარ ფულს, უცხოელებისთვის ფრანგული ღვინის გასაიაფებლად.

2. ფრანგები 10-ჯერ მდიდრები არიან, „შეუძლიათ“ ასეთი ფულის ფლანგვა აიტანონ (ბოლო მოვლენები გვაჩვენებს, რომ არ შეუძლიათ).

3. ღარიბ საქართველოს არ აქვს ზედმეტი რესურსი სუბსიდიებში გასაფლანგავად.

4. ნებისმიერ სუბსიდიას ჩვენ - საქართველოს გადასახადის გადამხდელები ვიხდით.

5. სუბსიდიაში გადახდილი ფული აკლდება სხვა, უფრო წარმატებულ, არასუბსიდირებულ სექტორებს. მათ ეზღუდებათ გაფართოების და მეტი ადამიანის დასაქმების შანსი.

არგუმენტი მეხუთე: ტიპური რუსი ბევრ ღვინოს სვამს. ეს არაფრით დასტურდება. პირიქით, ჯერ ერთი, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას და ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ, ტიპური რუსი ძალიან ცოტა ღვინოს სვამს. ელეონორა სქოულზის კვლევის მიხედვით, ეს რაოდენობა საშუალოდ 7 ლიტრია წელიწადში, რაც 2-ჯერ ჩამორჩება არყის მოხმარებას და 14-ჯერ - ლუდის. ამავე კვლევის თანახმად, რუსეთში სულ 30 მილიონი ღვინის მომხმარებელია, ხოლო, მაგალითად, ბრიტანეთში - 33 მილიონი. საინტერესოა ასევე (ამავე კვლევიდან), რომ ბლუმბერგის მონაცემებით, რუსეთი არ შედის მსოფლიოს ათეულში მილიონერთა რაოდენობის მიხედვით. თუმცა ეს სხვა მითოლოგიის სფეროდანაა.

ბევრი შემახსენებს ალბათ, რომ რუსეთი მხოლოდ ღვინის ბაზარი არაა და ხილი და მინერალური წყლებიც არ უნდა დავივიწყოთ. მოდი, ბაზრის ამ სეგმენტებსაც გადავხედოთ, რა ხდება რუსეთში და რა - მსოფლიოში.

ავიღოთ ვაშლი. მისი მსოფლიო წარმოება (რუსული) ვიკიპედიის მიხედვით, 2010 წლისთვის, შეადგენდა დაახლოებით 70 მილიონ ტონას. საქართველო არ შედის იმ პირველი 50 ქვეყნის სიაში, ვინც 100 ათას ტონაზე მეტ ვაშლს აწარმოებს. საქსტატის მონაცემებით, საქართველოს 2011 წლის ყველა ხილის წარმოება 187 ათას ტონას უდრიდა.

აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით (აგრარული დეპარტამენტი), 2010 წელს რუსეთის ვაშლის მოხმარება 2.1 მილიონ ტონას უდრიდა (აქედან 800 ათასი ტონა გადამუშავებისთვის), ხოლო საკუთარი წარმოება - 1 მილიონს. იმპორტი დსთ-ის ქვეყნებიდან არ აღემატებოდა მთლიანი იმპორტის 20%25-ს, 2011 წლის საერთო იმპორტის მოცულობა 1.1 მილიონი ტონა, ხოლო ღირებულება 0.7 მილიარდი დოლარია, საშუალო ფასით (CIF) 0.65-0.7 დოლარი კილოგრამზე. საგულისხმოა სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნების წილის განუხრელი ზრდა ვაშლის იმპორტში რუსეთში (2011 წელს 36%25-ით) (Russian Federation, Fresh Deciduous Fruit Annual, USDA, 26.10.2011).

რუსეთი ვაშლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორია, თუმცა რაც შეეხება მის წარმოებას, იგი ჩილესთან და ბრაზილიასთან ერთად მე-9-მე-11 ადგილებს იყოფს მსოფლიოში. პირველი (რასაკვირველია) არის ჩინეთი, რომელიც რუსეთთან შედარებით 33-ჯერ მეტ ვაშლს აწარმოებს (მისი მოსახლეობა 10-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის). სწორედ ჩინეთია იაფი ვაშლის იმპორტიორი რუსეთში. ვაშლის მიწოდების ტენდენციას მსოფლიოში შემდეგი ცხრილი ასახავს:

0x01 graphic

ვაშლის მიწოდება ტონებში
2009 წელს (FAO)

ჩინეთი

22,154,225

აშშ

7,449,887

რუსეთი

2,855,023

გაერთიანებული
სამეფო (ბრიტანეთი)

1,718,960

გერმანია

1,713,762

ინდოეთი

1,698,181

ფასი ვაშლის შემთხვევაში უფრო სერიოზულ როლს თამაშობს, ვიდრე ღვინის სეგმენტში, რადგანაც ღვინისა და ვაშლის შენახვის შესაძლებლობები და დანახარჯები სერიოზულად განსხვავდება. უფრო მეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო ფაქტზე, რომ დაბალი ფასის სექტორში შეღწევის სირთულე არ აადვილებს მაღალი ფასის სექტორში შესვლას. ვაშლი 1.5 დოლარი კილოგრამზე (2.5 ლარი), საზღვარზე, კონკურენტული ხარისხის უნდა იყოს, შესაბამის შეფუთვა/დაფასოებასთან ერთად. ამასთან, ჩნდება კითხვა, თუ ქართული ვაშლის ამ ფასებში რუსეთის საზღვარზე მიწოდება შეიძლება, რატომ არ არის ეს შესაძლებელი ქართულ სუპერმარკეტებშიც, სადაც დომინირებს უცხოური ვაშლი, რომლის ფასი 2-დან 6 ლარამდე მერყეობს.

მანდარინი, USDA-ს ინფორმაციით, რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა მისი პოპულარობა ჩამორჩება ვაშლსა და ბანანს და დაახლოებით თანაბარია ფორთოხლის მოხმარებასთან.

მანდარინის იმპორტის გეოგრაფია რუსეთის ბაზარზე მთელ მსოფლიოს მოიცავს: თურქეთი დაახლოებით 1/4, იგივე მოროკო, პაკისტანი - 1/8, ჩინეთი - 1/10; სხვა ქვეყნებია: ისრაელი, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, ესპანეთი და სხვა. ამავე ანგარიშის მიხედვით, CIF ფასი მანდარინისთვის დაახლოებით 1 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც გარკვეულ შანსებს ტოვებს ქართველი მწარმოებლისთვის, თუმცა მიწოდების და ხარისხის იმ სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, რომელსაც უზრუნველყოფენ ჩამოთვლილი ქვეყნები, ამ ფასის მანდარინის დიდი მიწოდება რუსი მომხმარებლისათვის საეჭვოა (თბილისშიც კი ძნელია ამ ფასად ხარისხიანი მანდარინის შოვნა, თუნდაც საბითუმო ბაზარზე). მისი მიწოდება კვალიფიცირებულ მენეჯმენტს მოითხოვს, რაც მცირე ბიზნესისთვის რთულია.

ამავდროულად, იგივე კვლევა აჩვენებს ფორთოხლის უფრო დაბალ ფასებს, როგორც საზღვარზე, ასევე რუსეთში საცალო ბაზრის სეგმენტში.

მსოფლიოს ციტრუსის წარმოება 2007 წლისთვის, ვიკიპედიის მიხედვით (რომელიც თვითონ გაეროს საკვებისა და აგრარული მეურნეობის დეპარტამენტს ეყრდნობა), 115 მილიონ ტონას უდრიდა, აქედან 55%25 ფორთოხალია (63 მლნ ტონა) და 22%25 მანდარინი (26 მლნ ტ). ამავე ინფორმაციიდან საგულისხმოა, რომ რუსეთის მანდარინის მოხმარება მსოფლიოს წარმოების სულ რაღაც 2.5%25-ია - ანუ, არსებობს სხვა ბაზრებიც, რომელიც მთლიანი წარმოების 97.5%25-ს შეადგენს და დაახლოებით 26 მილიონ ტონას მოიხმარს. შემდეგ ცხრილში წარმოდგენილია ციტრუსის მიწოდების მოცულობა ზოგიერთ ქვეყანაში:

0x01 graphic

ციტრუსების (მანდარინი და ფორთოხალი) მიწოდება
ტონებში 2009 წელს (FAO)

ქვეყანა

ტონა

ჩინეთი

13,506,314

აშშ

9,338,026

ინდოეთი

4,678,265

საფრანგეთი

3,017,387

გაერთიანებული სამეფო

2,547,228

რუსეთი

1,149,210

გერმანია

900,006

საქსტატის ინფორმაციით, ქართული ციტრუსის წარმოება ბოლო წლებში 50-დან 100 ათას ტონამდე მერყეობს - მსოფლიოს წარმოების 0.08 პროცენტი. რუსეთში ციტრუსის ექსპორტის მსურველთათვის სასარგებლოა ასევე იმის გააზრებაც, რომ თვით ბაზრის ამ სეგმენტის ისეთი დიდი მონაწილისთვისაც, როგორც აშშ-ია (10 მილიონი ტონა წარმოება წელიწადში), საკმაოდ რთული აღმოჩნდა რუსეთში დამკვიდრება და მისი წილი ძალიან უმნიშვნელოა - 2 ათასი ტონა.

ზემოთ აღწერილი არ გულისხმობს, რომ ქართული მანდარინის რუსეთში გაყიდვის შანსი არ არსებობს. ამერიკის მთავრობის კვლევიდან ჩანს, რომ რუსეთში მანდარინი შეაქვს სეპარატისტულ აფხაზეთსაც და აზერბაიჯანსაც. უდავოა, რომ სადმე, რუსეთის რომელიმე რეგიონში, დაბალხარისხიანი ციტრუსის გაყიდვაც შეიძლება (ამას ამერიკული კვლევაც აღნიშნავს). ადვილი წარმოსადგენია, რა მოცულობის შრომა უნდა დაიხარჯოს, რომ დაბალი ხარისხის მანდარინის შეტანის ბიუროკრატიული ბარიერები სტაბილურად გადაილახოს. თუმცა ეს ყველაფერი ერთ კითხვასთან მიდის - რატომ მაინცდამაინც რუსეთში? საქონელი თუ კარგია და იაფი, ყველგან გაიყიდება. ჩვენი საზრუნავი სწორედ ხარისხი და ფასი უნდა იყოს აგრარულ თუ ნებისმიერ სექტორში.

დასკვნების გამოტანამდე მაინც დავიცადოთ და მანამდე კიდევ ერთ სექტორს გადავხედოთ - მინერალური წყალი.

პირველი, რასაც ქართველი დაკვირვებული მომხმარებელი შენიშნავდა, თბილისში უცხოური წყლის გამოჩენაა. ჩამოსხმული წყლით გადაჯერებულ საქართველოში შემოსვლა არ იქნებოდა ადვილი უცხოელი მწარმოებლებისთვის, თუმცა უგაზო წყლის სეგმენტში სიახლეები უკვე დიდი ხანია გვაქვს (მაგალითად, კოკა კოლას წყალი). ის, რაც ძნელი წარმოსადგენია დღეს, სრულიად ადვილად შეიძლება უახლოეს წლებში სინამდვილედ იქცეს, მაგალითად, როგორც ეს ტრადიციულ სექტორებში მოხდა: ვაშლი, ბოსტნეული, ღვინო. ყველა ამ და სხვა სექტორებში ახლა იმპორტი გაჩნდა.

მოდი, ახლა მინერალური (ჩამოსხმული) წყლის ბაზარს გადავხედოთ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს სექტორი ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართულია. მაგალითად, მინერალური წყლების სპეციალურ საინფორმაციო პორტალზე www.minealwaters.org უკვე რეგისტრირებულია 4000-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდი, მათ შორის 11 ქართული, 622 გერმანული, 607 - იტალიური, 381 - რუსული, 217 - ფრანგული, 195 - შეერთებული შტატების, 172 - ესპანური, 159 - ბრიტანული და სხვა. მინერალური წყლები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან შემადგენლობით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის გამოყენებაზე (განსაკუთრებით, გემოვნებიდან გამომდინარე). მინერალური წყლის (მათ შორის ე.წ. უგაზო) მოხმარება ასევე დამოკიდებულია კლიმატურ პირობებსა და მიმდინარე ამინდზეც და ტენდენციების გამოკვეთა ძნელია.

0x01 graphic

მრავალი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, რაც ადვილად ჩანს, ისაა, რომ რუსეთის მოქალაქე არ არის (ბოთლის) წყლის ყველაზე ინტენსიური მომხმარებელი, ერთ მოსახლეზე გადათვლით იგი მსოფლიოს პირველ ოცეულშიც არ შედის (Bottled Water 2009, www.bottledwater.org, წყარო Beverage Marketing Corporation). ამავე ანგარიშიდან ჩანს, რომ აშშ არის ყველაზე დიდი მომხმარებელი, რომელმაც 2009 წელს მოიხმარა დაახლოებით 32 მილიარდი ლიტრი ბოთლის წყალი (მას მოჰყვებიან მექსიკა, ჩინეთი, ბრაზილია, იტალია), რომლიდანაც მხოლოდ დაახლოებით 1 მილიარდი ლიტრია გაზირებული წყალი. რუსეთი არ შედის პირველი ქვეყნების ათეულში, რომელიც მსოფლიოს მთლიანი მოცულობის 3/4-ს მოიხმარს. მსოფლიოს მოხმარება კი დაახლოებით 200 მილიარდი ლიტრია. ამ ინფორმაციის თანახმად, საშუალო ამერიკელი დაახლოებით 100 ლიტრ ბოთლის წყალს მოიხმარს წელიწადში, რითიც ის მსოფლიოში მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებს. პირველია მექსიკა - დაახლოებით 235 ლიტრი, შემდეგ იტალია - 190 ლიტრი და საემიროები - 155 ლიტრი (პირადად ვიცნობ აზერბაიჯანელ ბიზნესმენს, რომელიც ამ ქვეყანაში ყიდის ქართულ წყალს).

ამის საპირწონედ, კვლევა, რომელიც ჩაატარა Intesco Research Group-მა, აღნიშნავს რუსეთში მინერალური წყლის მოხმარების შემდეგ მონაცემებს (2010 წელს):

- მთლიანი მოხმარება 4.36 მილიარდი ლიტრი (ყველა ტიპის წყალი) იყო. (აქედან უნდა ვიგულისხმოთ, რომ რუსეთში მინერალური და სასმელი ბოთლის წყლის მოხმარება ერთ მოქალაქეზე გადათვლით არ აღემატება 35 ლიტრს წელიწადში - შეადარეთ ზემოჩამოთვლილს)

- იმპორტის წილი 0.2%25, აქედან 33 მილიონი ლიტრი (40%25) საფრანგეთზე მოდიოდა;

- წარმოება, ბოლო წლებში, სწრაფად იზრდებოდა - დაახლოებით 15%25 წელიწადში (2009 წლის ჩავარდნის გარდა);

- 5 მთავარ მწარმოებელს მთელი ბაზრის 35%25 უჭირავს;

- საშუალო საბითუმო ფასი 1000 0.5-ლიტრიანი ბოთლისთვის აღწევდა 3,800 რუსულ რუბლს, ანუ 190 ლარს (ერთ ბოთლი 19 თეთრი);

- ყველაზე მაღალი საბითუმო ფასი (ჩრდილოეთ კავკასიის წყლებზე) ერთ 0.5-ლიტრიან ბოთლზე იყო 29 თეთრი;

- საშუალო საცალო ფასი იყო 23 რუბლი (დაახლოებით 1 ლარი), თუმცა ისეთ ადგილებში, როგორც ჩუკოტკა, მურმანსკი და მოსკოვია, იგი 3 ლარსაც უდრიდა;

- ასევე საგულისხმოა, რომ უცხოური წამყვანი ბრენდების (ევიანი, პერიე და სხვა) საბითუმო ფასები აღწევდა 100 რუბლს, ანუ დაახლოებით 5 ლარს; საზღვარზე 27 რუბლს, ანუ დაახლოებით 1.3 ლარს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, (ბოთლის) წყლის მოხმარებით რუსეთი არ წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს. რუსეთი არც ყველაზე მაღალმსყიდველუნარიანი ქვეყანაა, ნომინალური საშუალო თვიური ხელფასი 810 აშშ დოლარი გახლავთ (ვიკიპედია, 2011), ხოლო აშშ-ში (რომელიც ყველაზე დიდი მომხმარებელია) - 3,500 დოლარი, ანუ 4-ჯერ მაღალი. მოსახლეობა აშშ-ში 2 ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთში და, როგორც ზემოთ ტექსტში უკვე გამოჩნდა, მთლიანი გაყიდვების მოცულობა 7-8-ჯერ უფრო მეტია.

***

ახლა საერთო კითხვა დავსვათ - რას უნდა ველოდოთ რუსეთის ბაზრისგან? როგორც ვნახეთ, ამ ბაზრის ის სეგმენტები, რომელიც ჩვენთვის ყველაზე აქტუალურად ითვლება, ძალიან დიდ პერსპექტივებს არ აჩენს. ეს სეგმენტები გადაჯერებული და კონკურენტულია. ამას გარდა, ბოლო 10 წლის ექსპორტის სტატისტიკას რომ გადავხედოთ და ყველაზე წარმატებული წლები ამოვირჩიოთ თითეული პროდუქტის მიხედვით, ის მხოლოდ 160 მილიონ დოლარს აღწევს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1%25-ს. ამის კიდევ 1 პროცენტით გაზრდა ალბათ შეღავათს მისცემს ქვეყანას, თუმცა პანაცეის დარქმევა რთული იქნებოდა. ასევე გასათვალისწინებელია, რა დაუჯდება ქვეყანას და მის მოსახლეობას რუსეთში ექსპორტის ასეთი ზრდის უზრუნველყოფა. ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ექსპორტი ბოლო 10 წელიწადში 5-ჯერ გაიზარდა იმ დროს, როდესაც ზემოხსენებული აქტუალური პროდუქტების ექსპორტში ზრდა საერთოდ არ შეინიშნება (წყლის გარდა), რაც ამ სფეროებში დაბალპროდუქტიულობის და არაკონკურენტული საქონლის არსებობის უტყუარი ნიშანია. იხილეთ ცხრილი:

ამ მსჯელობით აუცილებლად მივალთ ორ მნიშვნელოვან საკითხამდე: პირველი, არის თუ არა რუსეთის ბაზარი საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი და მეორე, არის თუ არა აგრარული პროდუქცია საქართველოს ეკონომიკის (ერთ-ერთი) ძირითადი სტრატეგი ული მიმართულება.

რუსეთის ბაზარი საინტერესოა, თუმცა არ არის ერთადერთი, მით უმეტეს საუკეთესო. ეს დასტურდება ბაზრის ყველა იმ სეგმენტში, რომლის იმედებს პროპაგანდით გაბრუებული ადამიანები არ კარგავენ. რუსეთი არ არის ლიდერი მსოფლიოში აგრარული პროდუქციის მოხმარებით არც მთლიან მოცულობებში და არც ერთ მოსახლეზე გადათვლით. არსებობენ სხვა მომხმარებლებიც. მაგალითად, ასე გამოიყურება 5 ქვეყნის იმპორტი და წილი მსოფლიო ვაჭრობაში:

0x01 graphic

როგორც ჩანს, ის ადამიანები, ვინც რუსული ბაზრის პროპაგანდას ეწევიან, ან ვერ ერკვევიან მსოფლიოს სავაჭრო ტენდენციებში, ან ფიქრობენ, რომ შესაძლებელია რუსი მომხმარებლის პოლიტიკურად მოსყიდვა, რომ მან მაინცდამაინც ქართული იყიდოს. ცხადია, ეს არ არის ორიგინალური მეთოდი, ქართველებსაც ბევრჯერ უცდიათ წარუმატებლად და სხვებსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს ქართული დაბალხარისხიანი და ძვირი პროდუქციის შეძენა რომც დაავალოს, ისევ იმ მახეში გაგვაბამს, რაშიც 200 წელი ვიყავით - რუსეთზე დამოკიდებულების მახეში.

მაგრამ, თუ ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხისაა, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა გვინდოდეს მაინცდამაინც რუსეთში გავყიდოთ. ხომ არსებობს ამერიკის, ევროკავშირის, იაპონიის, ავსტრალიის, კანადის, არაბული ქვეყნების, კორეის და სხვა, რუსებზე გაცილებით უფრო მდიდარი მოსახლეობა, რომელთა საერთო რიცხვი მილიარდს აღემატება. არსებობს ჩინეთიც, რომლის ეკონომიკა ზომით უკვე მეორეა მსოფლიოში.

არ მინდა გვერდი ავუარო ზოგადად აგრარული სექტორის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევას. ეს არის მცდარი პოზიცია. ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა და აქ ყველა არგუმენტის მოყვანას არ ვაპირებ. თუმცა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აგრარულ სექტორში რესურსების გადასროლა:

1. ამ რესურსის შემცირებას გამოიწვევს სხვა სექტორებში, რომლებიც, როგორც ჩვენივე საექსპორტო სტატისტიკა ადასტურებს, უფრო წარმატებულნი არიან.

2. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული წარმატებული სექტორები ვეღარ განვითარდებიან საჭირო სიმძლავრით და, შესაბამისად, ვეღარ დაასაქმებენ მეტ ადამიანს.

0x01 graphic

3. ეს გააუქმებს საქართველოს ურბანიზაციის ზრდის შესაძლებლობას, ანუ სოფლად შენარჩუნდება ზედმეტი მოსახლეობა, რომელიც ფლობს მიწას და მისი ზომების სიმცირის გამო ვერ იყენებს.

მიწის დანაწევრება თვითონ ქმნის დაბალი პროდუქტიულობისა და მაღალი ფასების პრობლემას, შედეგად კი ამ მიწის გამოყენების არასასურველობას - 1 ჰექტარიან მიწის ნაკვეთზე ძნელია იმდენი პროდუქტის მიღება, რომ მან ოჯახი არჩინოს ერთი წლის განმავლობაში.

მიწების დღევანდელი დანაწევრების დონით, აგრარულ სექტორში რესურსების დაბანდების შედეგი იქნება მაღალი თვითღირებულების პროდუქცია, რომელსაც დასჭირდება კიდევ უფრო მეტი ფულის - სუბსიდიის გადახდა (ჩვენივე ჯიბიდან), რათა იგი მომხმარებელმა მაინც მიიღოს. ხოლო თუ ვინმეს მართლა აწუხებს ეკონომიკური ზრდა და დასაქმება, გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების რადიკალური შემცირებისკენ უნდა წავიდეს, რათა კერძო სექტორს მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეს და თვითონ გადაწყვიტოს, თუ რომელი სექტორია უკეთესი, გამოუშვას ხარისხიანი პროდუქცია და შეეჯიბროს კონკურენტებს მსოფლიო ბაზარზე.

რუსეთთან ვაჭრობის კიდევ ერთი სირთულე არის და იქნება სატარიფო პოლიტიკა, რომლის მანიპულირებით რუსეთი საყოველთაოდ ცნობილია. ცხადია, არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთის მთავრობა საქართველოს მიმწოდებლებს თავისუფალი ვაჭრობის იმავე პრივილეგიას მისცემს, რაც დსთ-ის ქვეყნებს აქვთ. რას სწირავენ ეს ქვეყნები ამ პრივილეგიას, ისიც ცნობილია. ამიტომ ჩვენც უნდა გავაცნობიეროთ, ღირს თუ არა რუსეთის მთავრობისგან ამ პრივილეგიების მოთხოვნა და რა დაგვიჯდება ეს. ვფიქრობ, იმის გარდა, რომ გაგვიჩნდება მათი ავტომობილების გასაღების ვალდებულება, ეს ნაბიჯი ისევ გაგვიჩენს ილუზიებს მათი ბაზრის შეუცვლელობის შესახებ, ისევ ავცდებით მსოფლიო ბაზარს, ისევ მოვხვდებით იმავე ხაფანგში, საიდანაც გამოსვლა ისევე მტკივნეული იქნება, როგორც 1990 წელს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გართულებული აქვს ყველა ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რამდენად მორჩილ პოზიციებს აჩვენებენ. მასთან რთული ურთიერთობის ინსტიტუციურ ჩარჩოებში ჩასმის მცდელობაა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანება, რაც, გამოცდილება გვიჩვენებს, საკმაოდ ილუზორული მცდელობაა - ცხადია, რუსეთი ამის გამოყენებას თავის სასარგებლოდ აპირებს.

რუსეთის მთავრობას გააჩნია საკუთარი გრძელვადიანი ინტერესები, რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მშვიდობიანი და წარმატებული კავკასია არ ერგება. ეს მისი შეცდომაა, რომლის გამოსწორებას ისევ ძალადობით ცდილობს და არა მეგობრობით, მას უნდა მორჩილება და არა თანამშრომლობა, რაც დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ ველურად მოჩანს.

ამ ყველაფერს თუ არ გავითვალისწინებთ, საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად დამოკიდებული გახდება რუსეთზე, მისი მთავრობის მანიპულაციებზე. გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ მანიპულაციებთან გამკლავების ერთადერთი გზაა საკუთარი მყარი - მისგან დამოუკიდებელი - პოზიციები და არა კრემლის კორიდორებში პრივილეგიების მოპოვებისთვის თავის დამცირება. საკუთარი მყარი, დამოუკიდებელი პოზიცია კი არის მეტი შრომა მსოფლიო ბაზრის შესაბამისი ხარისხისა და ფასის და ბაზრების დივერსიფიკაციის მისაღწევად.

18 რუსულ-ქართული მარადისობის კანონი

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

ბექა მინდიაშვილი

როგორც თებერვლის იას მარტის ყინვებმა შეიძლება მოუსპოს სიცოცხლე, თავისუფლებაც ასეთი ნაზი, ფაქიზი ბუნებისაა. იგი მარტო იქ ხარობს და ფესვებს იდგამს, სადაც ტრიალებს სული უფლისა.
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე. 26 მაისი 1920 წელი

0x01 graphic

21 დეკემბერს პუტინმა გაიხსენა, რომ ადრე რუსეთის იმპერიაში „თბილისის გუბერნია შედიოდა და არავითარი საქართველო არ არსებობდა“, ხოლო ამგვარი ტერიტორიული მოწყობა „ცუდად არ მუშაობდა“. ერთი თვის თავზე კი მას საქართველოს პატრიარქი შეხვდა და უწოდა „ძალიან ბრძენი“, რომელიც „ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთი და საქართველო ძმებად დარჩნენ“. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მიზეზად ილია მეორემ „ცალკეული პიროვნებები“ დაასახელა, რითაც ომის გაჩაღებაში პუტინის როლი, ფაქტობრივად, მინიმუმამდე დაიყვანა. მაგრამ, ამ ვოიაჟისას, უფრო საყურადღებო ალბათ სხვა, „რუსეთისა და საქართველოს მარადიულ სიყვარულზე“ წარმოთქმული ფრაზა და მისი ავისმომასწავებელი სემანტიკა იყო.

ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთს ესტუმრა, ჩრდილოური მარადისობის პერსპექტივა უფრო მკვეთრად აციაგდა, უფრო მკაფიო კონტურები შეიძინა ილია მეორის საყვარელმა სენტენციამ: „მზის ამოსვლამდე მეზობლისკენ უნდა გაიხედო“. ორივე ქვეყანაში გახშირდა საუბარი ქართული საგარეო ორიენტაციის პრობლემატიკაზე, დსთ-ში დაბრუნებაზე, ევრაზიულ კავშირსა და ეგეთებზე. შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლური მნიშვნელობით, პუტინისთვის გაღებულმა საპატრიარქო რევერანსებმა და მარადიული ძმობის „ფიცმა“ გვარიანად გადაწონა პრემიერის განცხადება სომხეთზე, როგორც საგარეო ურთიერთობების კუთხით ჩვენთვის სანიმუშო ქვეყანაზე.

აქ და ახლა, უკვე მეტისმეტად თვალშისაცემია, რომ რუსეთი საქართველოს საპატრიარქოს სრულიად გამორჩეულ ყურადღებას უთმობს და ხაზგასმით პოლიტიკურ ხასიათს ანიჭებს მასთან ურთიერთობას. ბოლო ხუთი წელია, მედვედევიც და პუტინიც მხოლოდ საქართველოს რელიგიურ ლიდერს მასპინძლობენ, ხოლო პოლიტიკურ ლიდერებთან ურთიერთობაზე დღემდე უარს ამბობენ. ისინი პერიოდულად უსრულებენ ხოლმე ილია მეორეს ამა თუ იმ თხოვნას და უნდა ვივარაუდოთ, რომ სათხოვარი ორმხრივია. თუმცა ამის შესახებ ჩვენ, როგორც წესი, ვერაფერს ვიგებთ.

მაგალითად, რუსეთის ეკლესია აღიარებს აფხაზეთსა და ოსეთში საქართველოს რელიგიურ იურისდიქციას, მაგრამ რა ფასს იხდის საპატრიარქო ამის სანაცვლოდ? კეთილი რუსეთისა ამქვეყნად არავის სჯერა და ამიტომ, აუცილებელია დაისვას კითხვები. კერძოდ, რისთვის სჭირდება რუსეთს საქართველოს საპატრიარქო? რა განაპირობებს მისდამი ასეთ კეთილგანწყობას? რა მოგებას ნახულობს რუსეთი ამ ურთიერთობებიდან? ასევე, აუცილებელია, რომ ამ კითხვებს მკაფიო პასუხიც გაეცეს, რადგან ჩვენს ისტორიულ გამოცდილებაში, 200-წლიანი „ერთმორწმუნეობის” ნაკვალევზე მხოლოდ და მხოლოდ იმპერიული ბატონობა, ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის განადგურების საფრთხე იკითხება.

ევროპული არხის გადაკეტვა

ეჭვი არაა, რუსული ბატონობის სტრატეგიაში საქართველოს ეკლესიას განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა და აქვს დაკისრებული. ცხადია, რომ მისი გამოყენებაც ამ ფუნქციის შესაბამისად ხდებოდა. ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში რუსეთი სწორედ საეკლესიო ისტებლიშმენტის მეშვეობით ახდენდა გავლენას ბაგრატიონთა სახლზე, ქართულ პოლიტიკურ ელიტაზე, მოსახლეობის განწყობაზე, უალტერნატივოს ხდიდა რუსეთის, როგორც მხსნელის, იდეას, რელიგიურ და იდეოლოგიურ საფუძველს უმზადებდა ანექსიასა და რუსიფიკაციას, ქადაგებდა იმპერიისადმი მორჩილებას, გეზს უცვლიდა საგარეო ორიენტაციას, ახშობდა დასავლეთთან ყოველგვარ კავშირს, აგენტურულ საქმიანობაში აბამდა სამღვდელოებას, მისი პირით ამართლებდა კომუნიზმის ბოროტებას. ბოლო-ბოლო, ნათლავდა რუსული ბაზების დასაკანონებლად ჩამოსულ გენერალ გრაჩოვს. საილუსტრაციოდ არაერთი „პარადიგმული” მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდზე შევჩერდები.

0x01 graphic

ეკატერინე II

1781-1782 წლებში ერეკლე II ავსტრიის იმპერატორს, იოზეფ II-ს, ქართული ჯარის ევროპული სტანდარტებით აღჭურვასა და გაწვრთნაში პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას სთხოვდა. ანალოგიური წერილებით მიმართავდა საფრანგეთის, ნეაპოლის, პრუსიის მეფეებს, ვენეციის რესპუბლიკასა და რომის პაპს. ცხადია, დახმარებას ითხოვდა რუსეთისგანაც. ერეკლე, ისევე როგორც მისი წინამორბედები, ევროპასთან ურთიერთობას კათოლიკე ეკლესიის ქართული მისიონის მეშვეობით წარმართავდა, რუსული დიპლომატიის ასპარეზი კი მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს ეთმობოდა.

იმ დროისთვის რუსეთი, მართალია, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა კავკასიაში გავლენის გასაძლიერებლად, მაგრამ მაინც შიშობდა, რომ ევროპელები მას საქართველოთი დაინტერესებას დაასწრებდნენ. ამიტომ, ეკატერინე II-მ 1782 წლის დეკემბერში ხელქვეითებს ქართულ სამეფოებთან დასადებ ხელშეკრულებათა პროექტის მომზადება დაავალა. „უზენაესად მითითებულ საფუძვლებში“ (ასე იწოდებოდა საგარეო საქმეთა ფაქტობრივი მინისტრის, ბეზბოროდკოს მიერ შემუშავებული ტრაქტატის პროექტი, რომლის გაფორმებაზე გრაფი პოტიომკინი იყო პასუხისმგებელი) ნათქვამია: „უკუგდებულ იქნას რომის იმპერატორსა და სხვა ქრისტიანულ სამეფოებთან მათი ნაცნობობა. ეთქვათ, რომ ჩვენი აზიელი მეზობლების საქმეებში ჩარევის არანაირი პირობა არ გააჩნიათ და რომის იმპერატორსაც არ უგზავნონ წერილები“.

ეს იმას ნიშნავდა, რომ ქართლ-კახეთის მეფისთვის ევროპასთან საკონტაქტო არხი უნდა გადაკეტილიყო, რისთვისაც, პირველ რიგში, კათოლიკური მისიონი უნდა გაენეიტრალებინათ. ამ საქმისთვის იმპერიამ სწორედ ქართველი სამღვდელოება გამოიყენა. „მითითებებში” აღნიშნულია, რომ ქართული იერარქია რუსეთის სინოდს უნდა მიებას და მისი მეთაურიც რუსეთის ეკლესიის პირველი რანგის მწყემსმთავრების რიგში მოექცეს. ამ კონტექსტში ბეზბოროდკო ავსტრიის იმპერატორთან ერეკლეს ურთიერთობის საკითხს უბრუნდება და პოტიომკინს შემდეგ ინსტრუქციას აძლევს: „როცაკი სასულიერო წოდებით ისინი სინოდს ჩაებმებიან, ამ მაგალითის საფუძველზე რომის სასულიერო პირებსაც რუსეთიდან მიიღებენ, რითაც რომის იმპერატორთან კავშირი გაწყდება, რომლის მიზეზი მისიონარია იყო“.

0x01 graphic

ალექსანდრე I

უზენაესი მითითებები მალევე შესრულდა. ივერიის ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად, რუსულ სინოდში „საპატიო“ მერვე ადგილი დაიკავა. ქართველთა კათოლიკოსი ფორმალურადაც და არსობრივადაც რუსეთის განკარგულებაში გადავიდა. „გადასვლის” მთელი ეს ოპერაცია კი დასავლეთთან ურთიერთობის ჩასაშლელად განხორციელდა. რუსულ სინოდალურ იერარქიაში, თანაც მერვე პოზიციაზე, ავტოკეფალური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ჩაწერა დამცირება და საეკლესიო სამართლის გაუგონარი დარღევა იყო, მაგრამ, თავად ანტონი ამის გამო სულაც არ ჩანს გაგულისებული. პირიქით, ერთ-ერთ წერილში სიამაყით აცხადებდა კიდევაც: „ჩემთვის სინოდალნის ჩლენობა უბოძებიათო“.

ტროას ცხენი

„განუტევნა ყოველნი და აღირჩა რუსთ მეფე, რამეთუ ჰგონებდა განთავისუფლებასა ეკლესიათასა და ძალსა ქრისტეანობისასა“, - ასე აღწერა ვახუშტი ბატონიშვილმა მამის, ვახტანგ მეექვსის ევროპული კურსის მარცხის შედეგი. მაგრამ, რეალურად, ერთმორწმუნეობაზე ამ გულუბრყვილო სასოებამ, ქართლ-კახეთის სამეფოს ოკუპაციისა და ანექსიის სამზადისის პროცესში, ნამდვილი ტროას ცხენის როლი შეასრულა.

გვინდა ეს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს სამღვდელო დასი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჯერ კიდევ ანექსიამდე კარგა ხნით ადრე, საქართველოს რუსიფიკაციას თვითონვე შეუდგა. რუსულ-ქართულ დიპლომატიაში ჩაბმული თუ რუსეთში გახიზნული სამღვდელოება საქართველოში რუსული ორიენტაციის გაძლიერებისთვის ძალღონეს არ ზოგავდა. მოსკოვისა და პეტერბურგის სტამბებიდან იგზავნებოდა ქართული საეკლესიო წიგნები და ლოცვანები, რომლებშიც ქართველი მეფეების ნაცვლად უკვე რუსეთის იმპერატორები იხსენიებოდნენ.

0x01 graphic

ერეკლე II

მე-18 საუკუნეში რუსული თარგის მიხედვით მოიჭრა საეკლესიო რეფორმა, შესწორდა სატაძრო წიგნები, შეიცვალა ლიტურგიული წესები, სამღვდელო შესამოსელიც კი რუსულ ყაიდაზე შეიკერა, რუსულის მსგავსად გაიმართა რელიგიური განათლების სისტემა. რუსეთიდან ქართლში პირველად ჩამოიტანეს წმინდა მირონი. ეკლესიაშიც და სამეფო კარზეც ყოველივე რუსული ერთგვარ ეტალონად იყო მიჩნეული. რუსეთთან ეგზისტენციურად იყვნენ დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის უკანასკნელი მეთაურები: რუსეთში სამუდამოდ დარჩენა ამჯობინა დიპლომატიური მისიით წასულმა დასავლეთ საქართველოს ბოლო კათოლიკოსმა, მაქსიმე აბაშიძემ; რუსეთს შეეფარა და შემდეგ, როგორც ითქვა, სინოდშიც ჩაეწერა, ანტონ პირველი; საიმპერატორო კარის ეკლესიაში სამღვდელმთავრო ხელდასხმა მიიღო ანტონ მეორემ, რუსეთში განისწავლა და ასიმილირდა პირველი და უკანასკნელი ქართველი ეგზარქოსი ვარლამ ერისთავი.

ურთულესი პოლიტიკური ვითარების გარდა, ფატალური სწორედ ერთმორწმუნეობის გამო გახდა განწყობა, რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლის მფარველობას შეეძლო. ამ თვალსაზრისით, მეფე გიორგი მეთორმეტისა და მისი კათოლიკე მრჩევლის, მღვდელი ნიკოლას მეტად შინაარსიან დიალოგს გადმოგვცემს პლატონ იოსელიანი:

„შეწუხებული მეფე სამეფოსა დაუწყნარებელისა შინა შფოთთაგან და მტერთა ლეკთაგან გაქელვისაგან - ჰფიქრობდა და განიზრახავდა რუსეთისადმი ქვეყნისა გარდაცემასა. პატრმან ნიკოლამ მოახსენა მეფესა: ... დამონებული სხვათაგან მეფობა არის უბედური და მარადის სამწუხარო. სხვათაგან დამოკიდებული ქვეყანა იქნება დაცინებული და საკიცხველი. უცხო ნათესავი, პატრონად ქვეყანასა მოყვანილი, შეექმნება ერსა მტრად და მდევნელად და მაწუხებლად... რუსნი შემოიტანენ პირველადვე მძიმესა უღელსა და დასდებენ ქვეყანასა კისერსა, მოითხოვენ დიდთა ხარკთა, რომელთაცა თქვენ ვერ შესძლებთ. მაშინ თქვენნი მამულნი და ყმანი გაისყიდებიან ბარაბანითა და მკვდარნი თქვენნი დაიმარხებიან მუზიკითა. უპასუხა მეფემან, - დავსუსტდით, გაქრება ქრისტიანობა აქ ურუსოთ. მეტად მოგვერია მტერი და რა მტერი! ქრისტესი. თუ არ მკლავი რუსთა ხელმწიფისა, ვერ ვინ დაიცავს საქრისტიანოსა. მესმის სიმძიმე რუსთა ჩემზედ მბრძანებლობისა, რა ვქნა? ვის მივმართო? რა პასუხი გავცე ქრისტესა! ვერ წავიწყმედ სულსა! შევსწირავ ცოლ-შვილსა ქრისტესა და ჯვარისა თაყვანისმცემელთა მოვიყვან მწედ ქვეყანასა“.

0x01 graphic

ანტონ II

ეს გასაუბრება, ერთი მხრივ, ზუსტად წარმოაჩენს რომის ეკლესიის პოზიციას საქართველოსა და რუსეთის კავშირის თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ილუსტრაციაა იმისა, თუ რა მსუყედ იყო გაჯერებული რელიგიით რუსული არჩევანი. საბოლოო ჯამში, თეოლოგიურად გამოფიტულ ქართლის ეკლესიაში მესამე რომის დოქტრინის ტრანსლაციამ და ქართველების მიერ ამ იდეოლოგიურ საფუძველზე შექმნილმა რუსეთის მომხიბვლელმა ხატმა შავი ხვრელივით შეისრუტა საქართველო.

მისაბაძი მაგალითი

1801 წლის 31 დეკემბერს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ახლადოკუპირებული ქვეყნის კათოლიკოსს, ანტონ მეორეს, საგანგებო წერილით მიმართა: „კეთილშობილება და სიმშვიდე ჩვენი ერთმორწმუნე ქართველი ხალხისა, განსაკუთრებული მზრუნველობისა და დაცვის ქვეშაა. ჩვენი თქვენდამი პატივისცემის ნიშნად მიგვაჩნია თქვენი წოდების შესაფერისი ყურადღება მიგვექცია თქვენზე და გვებოძა თქვენთვის წმ. ალექსანდრე ნეველის კავალრობა... ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ თანამდებობას სულით და რწმენით ემსახურებით და იქნებით ქართველი ხალხისთვის მაგალითის მიმცემი“. როგორც ჩანს, ნეველისორდენოსანმა პატრიარქმა როლი პირნათლად შეასრულა, რადგან მისი უშუალო მონაწილეობით შედგა დაპყრობის ლეგიტიმაციის ყველა სიმბოლური აქტი.

1802 წელს, აპრილის დამდეგს, თბილისში ზარზეიმით შემოასვენეს ნინოს ჯვარი. მეთვრამეტე საუკუნეში რუსეთში გატანილი ივერიის ეკლესიის უმთავრესი რელიკვია საქართველოს დაუბრუნდა. ერთი შეხედვით, წმინდა რელიგიური ასპექტით, ქართველებისთვის ეს მართლაც დიდი მოვლენა იყო. საზეიმო ცერემონიალში, ანტონ კათოლიკოსის თაოსნობით, აქტიურად მონაწილეობდა ქართული სამღვდელოება. მაგრამ ნინოს ჯვარს რუსი მოხელეების მთელი არმიაც შემოჰყვა, რომლის ერთადერთ მისიას ოკუპირებულ ქვეყანაში იმპერიული წესრიგის დამყარება და რუსიფიკაცია წარმოადგენდა.

0x01 graphic

კირიონი და ლეონიდე

რამდენიმე დღის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს, იმპერატორის მითითებით, თავადაზნაურობას სიონის საკათედრო ტაძარში მოუყარეს თავი. ანტონ მეორემ შეკრებილებს იმპერატორის ერთგულება დააფიცებინა. პეტერბურგში საგანგებოდ შედგენილი ფიცის ტექსტი მისი მითითებით არქიმანდრიტმა ტრიფილემ წაიკითხა: „მე, ქვემო სახელდებული აღვსთქვავ და ვფუცავ... ვითარმედ მნებავს და თანამიძს მათის იმპერატორობის დიდებულებისა ალექსანდრე პავლოვიჩისა თვითმპყრობელისა ყოვლისა რუსეთისა... ერთგულად და პირუთვნელად ვემსახურო და დავემორჩილო ყოველსა შინა უმაღლესისა ნებისა მისსა, არა დავზოგო ცხოვრება თვისი ვიდრე უკანასკნელ წვეთად სისხლისა ...დასამტკიცებლად ფიცისა ამის ჩემისა ამბორს ვუყოფ ჯვარსა მაცხოვრისა ჩემისასა. ამინ“.

ტექსტს საეროებთან ერთად კათოლიკოსმა და მისმა მღვდელმთავრებმაც მოაწერეს ხელი. ამ საბედისწერო აქტის შედეგად, ჯერ სამეფო, ხოლო ათიოდე წლის შემდეგ, ივერიის 1500-წლიანი ეკლესიაც თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. მათ ადგილას თბილისის გუბერნია და სინოდალური კანტორა გაიხსნა. ავტოკეფალიის მოსპობას, აფხაზეთის საკათალიკოსოსგან განსხვავებით, აღმოსავლეთ საქართველოს სამღვდელოების პროტესტი, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ მოჰყოლია.

0x01 graphic

ამბროსი ხელაია

მებრძოლი ეკლესია

მე-19 საუკუნის მიწურულს ქართველი სამღვდელოება თავგამოდებით ჩაება თერგდალეულების მიერ წამოწყებულ ეროვნულ მოძრაობაში. ქართული ეკლესიის აკლებამ და იმპერიის საეკლესიო კაზიონშჩინამ ძლიერი ანტირუსული რელიგიური მოძრაობის დაბადება განაპირობა. ქართველი სამღვდელოება ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნით გამოვიდა, ძირეულად და რადიკალურად დაუპირისპირდა იმპერიულ მართლმადიდებლობას, მის „უზენაესად მითითებულ საფუძვლებს“.

მკვეთრად ნაციონალური და ანტირუსული შინაარსის გარდა, ამ მოძრაობას, წმინდა ქრისტიანული მოტივაცია განსაზღვრავდა, რადგან, არც მეტი და არც ნაკლები, ეს იყო ბრძოლა ქართველების ქრისტიანობაში, მართლმადიდებლობაში დასაბრუნებლად. საქმე ისაა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სინამდვილეში, ეკლესია კი არა, ჩინოვნიკური, რეპრესიული სახელმწიფო აპარატი იყო, რომელიც იმპერიის იდეოლოგიური საყრდენისა და მთავარი ცენზორის როლს ასრულებდა.

ავტოკეფალისტების მოძრაობამ ამ „კაზიონნი“, თავისი არსით ანტიქრისტიანული დაწესებულებისგან ქართველი მრევლის სრულ გაუცხოებასა და ჩამოშორებას შეუწყო ხელი, რაც, ალბათ, ქართული ლიბერალური ნაციონალიზმის ნაკადში საეკლესიო ნაციონალიზმის შერწმის საფუძველიც უნდა გამხდარიყო.

რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ავტოკეფალისტების მოძრაობა სამოქალაქო ნაციონალიზმის, დემოკრატიის, ლიბერალიზმის, განმანათლებლობისა და სეკულარაზმის იდეებით იყო ნასაზრდოები. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს მათ მიერ შემუშავებული ნაციონალური ეკლესიის კონცეფცია, რომლის უმთავრესი პრინციპები შემდეგნაირად იყო გამოთქმული: 1. სრული საეკლესიო დამოუკიდებლობა; 2. კათოლიკოსის არჩევითობა ეპისკოპოსებისა და მთელი ერის წარმომადგენლებთან ერთად; 3. სასულიერო პირების ყველა წოდების არჩევითობა; 4. სასკოლო და საგანმანათლებლო რეფორმა, ნაციონალური სკოლების ჩამოყალიბება, უმაღლესებში საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ჩამოყალიბება; 5. სასულიერო პირთათვის სიტყვის, ბეჭდვის, კრებისა და ყრილობების თავისუფლება; 6. სასულიერო პირთათვის ყველა სამოქალაქო უფლების მიცემა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეკლესიის იდეას; 7. ეკლესიის განთავისუფლება პოლიტიკური მიზნების მსახურებისგან, აგრეთვე ჩინოვნიკური და საკანცელარიო მსახურებისგან.

0x01 graphic

გრიგოლ ფერაძე

ყოველივე ამასთან ერთად, რუსეთის მიუღებლობამ ავტოკეფალისტების დასავლეთით, დასავლური ქრისტიანობით ბუნებრივი დაინტერესებაც გამოიწვია. გააქტიურდა ურთიერთობა კათოლიკეებსა და პროტესტანტებთან. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ სწორედ ამ „დასავლურობის“ გამოხატულება იყო ის კავშირები, რაც საკათალიკოსო საბჭომ ევროპის პროტესტანტულ საგანმანათლებლო ცენტრებსა და რომის ეკლესიასთან დაამყარა. მაგალითად, გრიგოლ ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტში გაიგზავნა, ხოლო ვატიკანში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობა გაიხსნა.

ნაციონალური ეკლესიის პროექტმა პოლიტიკური ასპექტითაც იმდენად ეფექტურად იმუშავა, რომ სწორედ ეკლესია გახდა ეროვნული დამოუკიდებლობის იდეის ერთ-ერთი მთავარი მქადაგებელი და დამცველი. გარდა ამისა, კირიონის, ლეონიდესა და ამბროსის პატრიარქობის ხანმოკლე ეპოქაში მთლიანად უარი ითქვა „ჩრდილოურ ხაზზე” - ეკლესია არ შეუშინდა არანაირ კონფრონტაციას და საკმაოდ აგრესიულად, მოურიდებლად გაწყვიტა რუსეთთან საეკლესიო კავშირი. თავისუფლების ამ მოკლე პერიოდში ეკლესიაში თამამი რეფორმები დაიწყო, რომლის შედეგი ყოველმხრივი დერუსიფიკაცია და დეიდეოლოგიზაცია გახდა. თუმცა, უმთავრესი „ეროვნული“ დამსახურება თავისუფლებისთვის მებრძოლი ეკლესიისა მაინც ის იყო, რომ მან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მართლმადიდებლობა დაუბრუნა საქართველოს, ქართველ ხალხს და, ჰიპერბოლას თუ მივმართავთ, დაამხო ერთმორწმუნე რუსეთის ხატი. საბოლოოდ, თავისუფალი ეკლესია, სწორედ რომ ამ უკომპრომისო ბრძოლის გამო, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე სიცოცხლისუნარინი აღმოჩნდა - მან დევნის, ტერორისა და შიდა ღალატის მიუხედავად, ფაქტობრივად, 1927 წლამდე, ამბროსი ხელაიას გარდაცვალებამდე იარსება.

ჩეკისტების ბუდე

0x01 graphic

იოსებ სტალინი

1920-იან წლებში რუსეთი ახალი „ერთმორწმუნეობის” - კომუნიზმის დროშითა და მახვილით დაბრუნდა საქართველოში. ოკუპაციურ რეჟიმს დევნითა და ძალადობით ბოლომდე უნდოდა გაენადგურებინა მასთან ყველა ასპექტით შეურიგებელი ეკლესია. მის ნარჩენებზე კი კომუნისტებს ახალი, მოთვინიერებული რელიგიური ინსტიტუციის შექმნა სურდათ. 20-30-იან წლებში ხელისუფლება მართლაც ცდას არ აკლებდა, რომ რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც ე.წ. განმაახლებლების საბჭოური პროექტი - „ცოცხალი ეკლესია“ განხორციელებულიყო, რომელიც ბოლოს მოუღებდა ტრადიციულ მართლმადიდებლობას, მის ავტორიტეტს, მის როლს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

1927 წელს ლავრენტი ბერიამ სწორედ ამ „ცოცხალი ეკლესიის“ მესვეურთა წრიდან შეარჩია ახალი კათოლიკოსი, ქრისტეფორე ციცქიშვილი, რომელმაც პრაქტიკულად აღსაყდრებისთანავე განაცხადა: „მივესალმები სრულიად საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას და ვუსურვებ მას ნაყოფიერ მოქმედებას ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ წარმატებაში იმ ზომამდე, რომ არსებული დიდი კავშირი საბჭოთა რესპუბლიკებისა თვის შემოქმედებითის მუშაობით, ერთა შორის სამართლიანობის დამყარებით, კიდევ უფრო მეტი მიმზიდველი ყოფილიყოს კავშირის გარეშე მყოფ ერთათვის“.

უკიდურესად დასუსტებულმა „ტრადიციულმა“ სამღვდელოებამაც, კომუნისტური ტერორის წინაშე მართლმადიდებლობის დაცვას, „წითელ ეშმაკთან“ ყოველდღიურ შიშსა და ძრწოლაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ამჯობინა. მაგრამ, 1943 წელს რელიგიური დევნა და შევიწროება თითქოს ერთბაშად შეწყდა. საბჭოთა კავშირში ეკლესიის მდგომარეობა თითქოს შეიცვალა - მან მიიღო იურიდიული აღიარება, იკურთხა ახალი სასულიერო პირები, გაიხსნა დაკეტილი ტაძრები, თეოლოგიური სასწავლებლები და მღვდელმთავრებს დაურიგდათ მანქანები.

0x01 graphic

კალისტრატე ცინცაძე

გარდა ამისა, სტალინური საეკლესიო რეფორმა უშუალოდ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც აისახა. ბელადმა რუსეთის პატრიარქ სერგის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მოსთხოვა და ჯერ კიდევ კირიონის დროს გაწყვეტილი რუსულ-ქართული ევქარისტიული ჯაჭვი, თავიდან შეიკრა. ამ რეფორმის შედეგად, მართლმადიდებლობას ერთი შეხედვით ძველი, ტრადიციული სახე დაუბრუნდა, მაგრამ სინამდვილეში, საბჭოურმა ტოტალიტარიზმმა ამ გზით გაცილებით უფრო ღრმად შეაღწია მის წიაღში; შეიძლება ითქვას, სტალინმა ეკლესიას რწმენის საფუძველი, მისი გული - იესო ქრისტე ამოაცალა და საკურთხეველზე საკუთარი პირქუში კერპი წამოჭიმა.

ამბროსი ხელაიასთან ერთად წლების წინ დევნილმა კალისტრატე ცინცაძემ, იმჟამად კი უკვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, 1949 წელს, ბელადს ასეთი ხოტბა უძღვნა: „კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო, საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამის ღირსი არ ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებული სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართმევთ ქართულ კულას წარწერით: იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან“.

ამ წმინდაწყლის რელიგიური ჩანაცვლებით შეიძლება აიხსნას ის ფენომენი, რომ დღემდე რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში ცოცხალია და თავისებური მისტიკურ-აპოკალიპტური ემოციურობითაა აღბეჭდილი სტალინის - დიადი ბელადის, ერების მამის, ფარული მართლმადიდებლის, ანტიქრისტეს შემკავებლისა და ბოლო ჟამის წმინდანის კულტი. თუმცა, რეალურად, სტალინურ მართლმადიდებლობას ათეისტურ იმპერიაში უფრო მიწიერი ამოცანები ჰქონდა დასახული: მას საბჭოეთში პატრიოტული სულის გაღვივება და საერთაშორისო არენაზე კომუნისტური სამოთხის ქადაგება დაევალა, რასაც რკინის ფარდის ჩამოშვების შემდეგ კოსმოპოლიტიზმის მხილება და ანტიდასავლული, ანტიამერიკული, ანტიკაპიტალისტური, ანტიმილიტარისტული პროპაგანდის ვალდებულებაც დაემატა.

ასეთი უაღრესად „საპასუხისმგებლო” მისიის გამო ძირფესვიანად შეიცვალა ეკლესიის საკადრო შემადგენლობისადმი რეჟიმის დამოკიდებულება. ენკავედემ (კაგებემ) ამჯერად უკვე ეკლესიის შიგნიდან დაამყარა მასზე სრული კონტროლი. ეკლესიები ჩეკისტების ბუდედ იქცა, რადგან ნებისმიერი ტიპის ხელდასმა მხოლოდ და მხოლოდ უშიშროების კომიტეტის ლოცვა-კურთხევით შეიძლებოდა აღსრულებულიყო. ამ ლეგენდარული უწყების ყოფილი რეზიდენტი, კონსტანტინე პრეობრაჟენსკი წერს, რომ „სტალინმა მოსკოვის საპატრიარქო, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე შექმნა... ვინ იყვნენ მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველი მსმენელები? ის ხალხი, ვინც ფრონტიდან დააბრუნეს. საბჭოეთში კი, აბა, რომელ უწყებას ჰქონდა უფლება ფრონტიდან ადამიანების მოხსნისა, მით უმეტეს, ყველაზე კრიტიკულ, 1943 წელს, როცა ომში განურჩევლად მიყავდათ ყველა? ეს, რა თქმა უნდა, ენკავედე იყო, ანუ ჩვენებურად კაგებე. ასეთი პრივილეგია მხოლოდ და მხოლოდ საიმედო, შემოწმებულ აგენტურას შეიძლებოდა მისცემოდა. ყველა მღვდელმსახური, რომელიც ფრონტიდან დააბრუნეს, უკლებლივ ყველა, კაგებეს აგენტი იყო, სხვა შემთხვევაში, მათ არც დააბრუნებდნენ... მე მომიწია ხნოვან სამღვდელო პირებთან შეხვედრა. ისინი ასეთ რამეს ამბობდნენ - ჩვენ უპარტიო კომუნისტები ვართო... ეკლესია ისეთივე მაკონტროლებელი ორგანო იყო, როგორიც, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება ძველ, ხნოვან მღვდელმთავრებს, - არიან თუ არა ისინი აგენტები? რა თქმა უნდა, ისინი კვლავ აგენტებად რჩებიან. თუ, ვთქვათ, საჯაროდ მოინანიებენ, მათ თვითგამოაშკარავების გამო გარიცხავენ კიდევაც, მაგრამ უამისოდ, ისინი ისევ აგენტები არიან“

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტს ვიგებთ იმის შესახებ, რომ კაგებეს ყოვლისმომცველი რელიგიური ფესვები მარტო საბჭოთა კავშირში კი არა, ე.წ. სოციალისტურ და კაპიტალისტურ ქვეყნებშიც ღრმად ჰქონია გადგმული. დღეს ამას თითქმის აღარავინ უარყოფს და საკმარისზე მეტად მიამიტი უნდა იყო, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ჩრდილში საქართველოს ეკლესიის იერარქია ვერ დაინახო შეფარებული. მით უმეტეს, რომ სუკის არქივებიდან უკვე გასაჯაროებულია არაერთი საინტერესო დოკუმენტი.

მაგალითად, ერთ-ერთი ანგარიში საბჭოთა კავშირში საეკლესიო ლიდერებთან მუშაობის შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის: „განსაკუთრებული მნიშვნელობის შედეგები გამოიხატება შემდეგში - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წამყვანი აგენტურის მეშვეობით, საქართველოსა და სომხეთის ეკლესიები მყარად ინარჩუნებენ ლოიალობის პოზიციებს, საბჭოთა სახელმწიფოს მშვიდობისმოყვარე პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერის კურსს (1983 წ.)”. მაგრამ წარსულის ცოდვებზე უფრო აქტუალური პრობლემა, რა თქმა უნდა, ისაა, რომ კაგებესთან თანამშრომლობა, საქართველოშიც და რუსეთშიც, ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებისგან განსხვავებით, საჯაროდ, ყველასთვის გასაგონად, ეკლესიას ჯერ არ მოუნანიებია და ეს თემა ისევ შვიდი ბეჭდით არის დალუქული.

აქედან გამომდინარე, თავზარდამცემი სიახლე არ იქნება იმის თქმაც, რომ რუსეთის ეკლესია დღესაც კრემლის ინსტრუმენტია, როგორც შიდა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ველზე, ასევე საზღვარგარეთაც. იგი ღიად, მოურიდებლად, გარკვეული სიამაყითაც კი ემსახურება სახელმწიფოს ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ კურსს, მის ნეოიმპერიალისტურ მისწრაფებებს, მჭიდროდ არის დაკავშირებული სპეცსამსახურებთან და ამ მხრივ, რუსული საუკუნოვანი ტრადიციის ერთგულ დამცველად გვევლინება.

რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ პატრიარქ კირილეს საგანგებოდ კრემლში მიუჩინა ოფისი. კიდევ ერთი ყოფილი „ჩეკისტი“, კაგებეს უმაღლესი თანამდებობის პირი, ცნობილი გენერალი კალუგინი, თანამედროვე რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურას შემდეგნაირად აღწერს: „თუკი რუსეთის სახელმწიფო საბჭოთა კავშირის ეპოქაში კომპარტიას, კაგებესა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსს ემყარებოდა, პუტინის რუსეთში იგი მართლმადიდებელ ეკლესიაზე, უშიშროებასა და ბიზნესზეა დაფუძნებული. საზღვარგარეთ ეს სამი მონსტრი მძლავრი პრორუსული ლობის შექმნას ემსახურება, რომელსაც პუტინი „რუსული სამყაროს“ სახელით ახორციელებს... დღესდღეობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი საფარველია, რომლის მიღმა რუსული დაზვერვა მუშაობს. ეკლესია თავისი სამრევლოების მეშვეობით მანიპულირებს მორწმუნეთა ცნობიერებით, ავრცელებს რუსულ იდეოლოგიურ კლიშეებს, რათა უცხოეთში რუსეთს მორალური მხარდაჭერა მოუპოვოს. სინამდვილეში ეს ყველაფერი სახელმწიფო უშიშროების სამსახურების ინსპირაციებია“. ჟურნალისტის კითხვაზე, კერძოდ, უკრაინაში თუ ხდება მსგავსი რამ, კალუგინი პასუხობს, რომ „ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს, ეფესბე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ყველგან მუშაობს, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს აგენტურული ქსელი - ეჭვი არ მეპარება, რომ ასეა ბალტიისპირეთში და, რა თქმა უნდა, საქართველოში...“

0x01 graphic

ნეორუსიფიკაცია

ცივი გონებით თუ გავიაზრებთ პროცესებს, რომლებიც პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს ეკლესიაში მიმდინარეობს, აღმოვაჩენთ, რომ სახელმწიფოსგან რეალური გამიჯვნის, გავლენისა და ძალაუფლების არნახული გაფართოების, გამდიდრებისა და საყოველთაო აღიარების მოპოვების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქო, დღემდე, არსებითად, თავისი რუსული და საბჭოური მოდუსით აგრძელებს მყოფობას და ვერ ახერხებს, ანდა არ სურს, პირობითად რომ ვთქვათ, ლიბერალურ გარემოსთან შეგუება.

1980-იანი წლების მიწურულს, საპატრიარქო, ერთი შეხედვით, აშკარად თანაუგრძნობდა ეროვნულ მოძრაობას და ცდილობდა ფეხი აეწყო მისთვის - ცდილობდა ექადაგა მისი ტრიბუნებიდან, ხოლო საკუთარი ამბიონები ეროვნული ლიდერებისთვის დაეთმო. სამღვდელოების რიტორიკაში ნაციონალიზმის ცნებები: ერი, მამული, სამშობლოს სიყვარული, ერთობა, ენა, და ზოგადად, ქართველობა მართლაც გამორჩეული, საკრალური შინაარსით დაიმუხტა და ეროვნული ხსნის თეოლოგიას დაედო საფუძვლად. ისეთი მითოპოეტური იდიომები, როგორიცაა „ივერიის გაბრწყინება“ „საქართველო აღსდგა“, „ზეციური ივერია“ და „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ“ - ამ მესიანისტური მოძღვრების თვალმარგალიტებად იქცა.

მაგრამ, თუ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ყოველივეს მიუხედავად, მთელი ამ დროის განმავლობაში, სასულიერო დასი საერო ნაციონალიზმთან კი არ ცდილობდა სინქრონიზაციას, როგორც ეს ავტოკეფალისტების შემთხვევაში იყო, არამედ მასთან დაპირისპირებულ ახალ იდეოლოგიურ სიმულაციას, ნაციონალიზმის ალტერნატივას ქმნიდა. საქმე ისაა, რომ ავად თუ კარგად, ეროვნული მოძრაობაც და შემდეგ უკვე სამოქალაქო ნაციონალიზმის პროექტიც, ისევე, როგორც თავის დროზე თერგდალეულები და ავტოკეფალისტები, საბოლოო ჯამში, დასავლური ლიბერალური პოლიტიკური ტრადიციით საზრდოობდნენ, ხოლო სამღვდელოება, რუსული და საბჭოური ისტორიული გამოცდილებითა და ფუნდამენტალისტური შეხედულებებით იყო გამოკვებილი. შესაბამისად, თუკი საერო ნაციონალიზმის ძირითადი იდეა დასავლეთისკენ სვლა და რუსეთისგან გათავისუფლება გახდა, მისი კლერიკალური ანტიპოდი, დასავლეთის მიუღებლობასა და ერთმორწმუნე მეზობლისადმი ღიაობაზე გაქადაგდა.

რეალურად, საპატრიარქოსთან თავის დროზე ვერც ეროვნულმა მოძრაობამ და მოგვიანებით ვერც სამოქალაქო ნაციონალიზმის პროექტმა საერთო ენა ვერა და ვერ გამონახა - სავარაუდოდ, ამის მიზეზი მისი თვალსაჩინო საბჭოურობა უნდა ყოფილიყო. სამაგიეროდ, 1980-იანი წლების ბოლოდანვე ტაძრებსა და მონასტრებში იოლად მოიკიდა ფეხი ანტიდასავლურმა ფუნდამენტალიზმმა, რაც პირველ ეტაპზე, ეკუმენური ორგანიზაციების დატოვებით, ანუ დასავლური ქრისტიანული სამყაროსგან სრული იზოლაციით დასრულდა.

0x01 graphic

მომდევნო ეტაპი შეიძლება დახასიათდეს იმით, რომ მთლიანად ჩაიხშო ე.წ. მართლმადიდებლური ლიბერალური აზრი, საეკლესიო სივრციდან მთლიანად განდევნეს ან გააჩუმეს ლიბერალურად განწყობილი სამღვდელოების, ინტელექტუალებისა და სასულიერო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფები. ამის სანაცვლოდ ფართო გასაქანი მიეცა ფანატიზმს, ექსტრემიზმსა და შეუწყნარებლობას, მარტივად რომ ვთქვათ, ეკლესიაში მმკ-ის სახით კარგად ორგანიზებულმა სიბნელემ დაისადგურა.

დღესდღეობით, ეკლესია ანტიდასავლური ფუნდამენტალიზმის გაბატონების კიდევ ერთ და გაცილებით უფრო სახიფათო ფაზაში იმყოფება. საპატრიარქოს როლისა და გავლენის გაფართოებასთან ერთად, გაიზარდა ეკლესიის დაპირისპირების ხარისხი სახელმწიფოს საეროობისა და ლიბერალურ-დემოკრატიული მოწყობისადმი. ამაზე ბოლო წლებში გაძლიერებული მონარქისტული ტენდენციები მეტყველებს. ასე გამოდის, რომ ეკლესია დაუპირისპირდა არა მარტო სამოქალაქო ნაციონალიზმს, როგორც ასეთს, არამედ თავისი აშკარად გამოხატული მონარქიზმითა და თეოკრატიული მისწრაფებებით წინააღმდეგობაში მოვიდა რესპუბლიკის იდეასთანაც. საერო ნაციონალიზმის ალტერნატივის კონსტრუირებასთან ერთად, მან, ფაქტობრივად, მონარქიულ თეოკრატიული საქართველოს მოდელიც შექმნა, რომელიც ზურგითაა შექცეული განდგომილ დასავლეთთან, ხოლო პირით ერთმორწმუნე რუსეთისკენ იცქირება.

ამ ანტიდასავლური ეროვნული უტოპიზმის ნიმუშია ილია მეორის 1995 წლის საშობაო ეპისტოლეში განვითარებული მსჯელობა იმაზე, თუ რა საგარეო კურსით უნდა წავიდეს საქართველო: „დღეს ბევრს მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, საითკენ უნდა წარიმართოს იგი: აღმოსავლეთისკენ თუ დასავლეთისკენ. დასავლეთი არის სამყარო, სადაც ყველაფერი ნებადართულია და სადაც ძალმომრეობა ბატონობს. იგი მატერიალურად ძლიერია, მაგრამ სულიერად მწირი, რადგან ფული იქ კერპადაა ქცეული. მიწიერმა კეთილდღეობამ არ უნდა მოგვხიბლოს... რა თქმა უნდა, ევროპაში კარგიც ბევრია, მაგრამ ეს კარგი ჩვენთვის უცხოა და ძნელად მისაღები. სულიერად ასევე უცხოა ჩვენთვის აღმოსავლეთი. ჩვენი მწუხარება და სიხარული ვერ ერგება მისი აზროვნების წესს, თუმცა მიმზიდველია მისი კულტურა და უძველესი ფილოსოფია. მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისთვის არ არის საკმარისი; არის ღირებულებანი, რომელიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა - ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი“. (საშობაო ეპისტოლე, 1994-1995წ.).

მკითხველისთვის ძნელი არ უნდა იყოს პატრიარქის მოსაზრებიდან კონკრეტული პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური სიმპათიების ამოკითხვა. კიდევ ერთი მაგალითი: 2001 წელს ერის სულიერმა მამამ საშობაო ეპისტოლეში ჩაწერა: „ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ალბათ, ყველაზე სწორი პოზიცია, ნეიტრალიტეტია, თუ, რა თქმა უნდა, გარანტირებული იქნება სხვა დიდი სახელმწიფოების მიერ“.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მართლმადიდებლური პოლიტიკური თეოლოგიის უწყვეტი ანტიდასავლური დისკურსი, ამბიონებიდან გამუდმებული ქადაგება, რომ გლობალიზაცია, ამერიკა, ევროკავშირი, NATO, ლიბერალიზმი, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ან თუნდაც თურქეთი და დასავლური განათლება, საფრთხეს უქმნიან ეროვნულ თვითმყოფადობას, სხვა არაფერია, თუ არა რუსული ნეოიმპერიალისტური, ევრაზიული იდეოლოგიის ქართულსა ენასა ზედა ამეტყველება, ცნობიერების რუსიფიკაციის მცდელობა.

ეს ყველაფერი კი, ტიპოლოგიურად იმ საბედისწერო შეცდომის გამეორებას ემგვანება, რაც ქართველებმა მე-18 საუკუნეში დაუშვეს, როცა მესამე რომის შესახებ იმპერიული დოქტრინის გავლენის ქვეშ მოექცნენ, ქვეყნის გადარჩენის სტრატეგია ერთმორწმუნეობაზე ააგეს და ფატალური, შეუქცევადი გახადეს რუსული არჩევანი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ რუსეთის საიმპერატორო დარბაზებში დაგეგმეს ეკლესიის მეშვეობით საქართველოსთვის დასავლეთისკენ მიმავალი გზის ჩახერგვა.

წმინდა სანქცია

ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ და შევაჯამებთ, გამოდის, რომ რუსეთი პოლიტიკურ მართლმადიდებლობას ერთბაშად რამდენიმე მისიას შეიძლება აკისრებდეს და მოსავლის მოწევასაც მათი შესრულებისდა მიხედვით გეგმავდეს. მეტი სიცხადისთვის, უკეთესი იქნება ჩამოვთვალოთ ისინი: 1. დასავლეთის დემონიზაცია, დასავლური გზის შეფერხება. 2. ცნობიერების რუსიფიკაცია, რუსეთის პოზიტიური ხატის შექმნა, იმგვარი კულტურული გარემოს შემზადება, სადაც რუსეთი, თავისუფლად, წყალში თევზივით იგრძნობს თავს. 3. ლეგიტიმაცია - იქნება ეს ანექსიისა თუ კურსის შეცვლის გამართლება და სხვა. 4. ევროპული ტიპის ქართული ნაციონალიზმისთვის, როგორც მკვეთრად ანტირუსული ფაქტორისთვის, ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბება, რომელშიც ქართველები პატრიოტულ ვნებებს რუსეთის კი არა, დასავლეთის წინააღმდეგ დაიკმაყოფილებენ. და ბოლოს, ვერავინ უარყოფს, რომ დღესდღეობით, საქართველოში ყოველივე ამით პოლიტიკური მართლმადიდებლობა მეტისმეტად აქტიურადაა დაკავებული. მასთან რუსეთს, ცხადია, ერთმორწმუნეობა და მაინც ასე უნდა ვთქვათ - დიდი ალბათობით - აგენტურული ქსელი აკავშირებს.

რუსეთს საქართველოში მხოლოდ ამ იდეოლოგიური ველის (როგორც გენერალი კალუგინი უწოდებს), რუსული სამყაროს საკმარისი გაფართოების შემთხვევაში შეუძლია წარმატების მიღწევაზე ფიქრი. არ არის გამორიცხული, რომ ახლა ჩრდილოელი მეზობელი ვითარებას სწორედ ასე აღიქვამდეს და მოსავლის აღების დაწყებაზეც უკვე ფიქრობდეს. შესაძლოა, მისთვის სწორედ ახლა დადგა მთავარ შეტევაზე გადასვლის დრო. ეს, პირველ რიგში, საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში საქართველოს დასავლური ორიენტაციის ეჭვქვეშ დაყენების მიღწევასა და საპირისპირო არჩევანის დაშვების შესაძლებლობაში გამოვლინდება. სიმბოლურად სწორედ ამ ორიენტაციულ დაეჭვებას ემსახურებოდა კიდევაც პატრიარქისა და პუტინის შეხვედრა.

...ბიბლიურმა ღმერთმა აბრამს ნანატრი ძის, ისაკის შეწირვა მოსთხოვა. რაკი ღმერთი იყო, მისი მოწოდება აბრამისთვის განსჯას არ დაექვემდებარა, შეუფასებლად დამორჩილდა მას და იმ მომენტში საყვარელი ძის მოკვლა უსაძაგლესი ბოროტებიდან უდიდესი რწმენის აქტად გარდაიქმნა. ღმერთმა ბოლო წუთას გადაწყვეტილება შეიცვალა, მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი. ამ ბიბლიური ამბით იმის ჩვენება მინდა, რომ საკრალურ სანქციას ჩამოყალიბებული ნორმების, ფასეულობების, შეხედულებების თავდაყირა დაყენება ძალუძს, რადგანაც მას ღმერთი, კერპი, უპირობო, შეუვალი ავტორიტეტი გასცემს ხოლმე. ანუ ისეთი ინსტანცია, რომლის ნება ადამიანური განსჯისა და შეფასების მიღმაა, რომლისადმი უბრალო მოკვდავის მიმართება მხოლოდ თაყვანისცემითა და მორჩილებით შეიძლება გამოიხატებოდეს.

მაშინ, როცა რუსეთს საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში, როგორც წესი, მტრად, ეროვნული უშიშროების, დამოუკიდებლობისა და საქართველოს უკეთესი მომავლის საფრთხედ განიხილავენ, ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს მოქალაქეები გაგებით მოეკიდონ საგარეო ვექტორის ჩრდილოეთისკენ მიმართვას, დსთ-ში, ევრაზიულ, საბაჟო თუ მსგავს კავშირებში გაწევრიანების პერსპექტივას. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას მოასწავებს, მეტისმეტად ძლიერ შიშთან, მრავალგვარ საფრთხესა და რისკთან არის დაკავშირებული. ამ გენერალური განწყობის გასანეიტრალებლად და საგარეო ორიენტაციის კრიტიკული განხილვის დასაშვებად, რუსებმა საკრალური სანქციის გაცემის აუცილებლობა დაინახეს.

პატრიარქის მოსკოვურმა ვოიაჟმა, როგორც ეტყობა, კონკრეტული შედეგი უკვე გამოიღო. პრორუსულმა განცხადებებმა მათდამი საზოგადოებრივი ინტერესის პერიფერიიდან ცენტრისკენ აქტიურად გადაინაცვლეს, ქართულ და რუსულ მედიაში ორიენტაციის საკითხის განხილვა ლამის ყოველდღიურ თემად იქცა. ამასწინათ, რუსულ თოქ-შოუში იგორ გიორგაძემ ისიც თქვა, რომ ივანიშვილის მთავრობა სწრაფად კი არა, ნელი და თანმიმდევრული ნაბიჯებით შემოატრიალებს საქართველოს დასავლური გზიდან და რუსეთისკენ წაიყვანსო.

მოსკოვში ილია მეორის ვიზიტი კი იმით დასრულდა, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილემ, კოლეგას საჩუქრად ალექსანდრე ნეველის ძვალი გამოატანა - სწორედ იმ რუსი წმინდანისა, რომელიც რუსეთის ეკლესიას, არც მეტი, არც ნაკლები, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ეფესბე) მფარველად ჰყავს გამოცხადებული. ალექსანდრე ნეველს რუსეთში დასავლეთზე გამარჯვების სიმბოლოდაც მიიჩნევენ.

19 ახალი პაპი გლოვის გარეშე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ლევან სუთიძე

0x01 graphic

„ძვირფასო ძმებო, მე თქვენ შეგკრიბეთ ამ კონსისტორიაზე არა მხოლოდ სამი კანონიზაციის საკითხის განსახილველად, არამედ ჩემი გადაწყვეტილების სათქმელად...“ - ასე დაიწყო საკუთარი განცხადება პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ, ვატიკანის ერთ რიგით, რუტინულ კრებაზე. ამ მოკლე, ლათინურად წარმოთქმული სიტყვის დასასრულს კი ქრისტიანული სამყაროს ისტორიაში ახალი ჩანაწერი გაჩნდა.

გადადგომის შესახებ რომის პაპის განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. მეხი ვატიკანის თავზე პირდაპირი მნიშვნელობითაც გავარდა და წმინდა პეტრეს კათედრალის გუმბათს დაეცა. ამ ბუნებრივ მოვლენას, რომლის ამსახველმა ფოტომ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, სხვადასხვა მისტიკური შეფასებები მოჰყვა, მაგრამ მაინც ვერ გადაფარა თავად პაპის განცხადება. ბენედიქტემ შოკში ჩააგდო არა მხოლოდ ისინი, ვინც მისი გადადგომის შესახებ მედიიდან შეიტყო, არამედ კარდინალებიც, რომლებმაც პირველებმა მოისმინეს შემდეგი სიტყვები:

„მე მრავალგზის მივმართე სინდისის ხმით უზენაესს და მივედი დასკვნამდე - ხნიერების გამო, ჩემი ძალები არასაკმარისია წმინდა პეტრეს საყდარზე მსახურებისთვის... ამ მიზეზით, ვაცნობიერებ რა ჩემი ქმედების სერიოზულობას, სრულიად თავისუფალი ვაცხადებ, რომ უარს ვამბობ რომის ეპისკოპოსის, წმინდა პეტრეს მემკვიდრის მსახურებაზე, რომელიც კარდინალებმა მომანდეს 2005 წლის 19 აპრილს, იმგვარად, რომ 2013 წლის 28 თებერვალს, 20 საათზე, წმინდა პეტრეს რომის საყდარი, იქნება თავისუფალი“.

როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, პაპის გადადგომის შესახებ ინფორმირებული არ იყო არავინ, ვინც კონსისტორიას ესწრებოდა. ამის შესახებ არაფერი იცოდა არც ვატიკანის პრესმდივანმა, რომელმაც ჟურნალისტებთან პირველი განცხადების გაკეთებისას ვერ დამალა, რომ ბენედიქტემ მთელი გრაფიკი თავდაყირა დააყენა.

600 წლის მანძილზე პირველად, კათოლიკე ეკლესიის უზენაესმა პონტიფექსმა ნებაყოფილობით დატოვა საკუთარი საყდარი. ისტორიაში მოიპოვება იშვიათი, მაგრამ მაინც რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პაპი საკუთარ ტახტს ეკლესიის საკეთილდღეოდ თმობს.

პირველ ასეთ შემთხვევას ქრისტიანული ეკლესიის საწყისებთან მივყავართ. პეტრეს ტახტზე მეოთხე პაპი, წმინდა კლიმენტი რომაელი, რომელიც პირველ საუკუნეში დააპატიმრეს და გადაასახლეს, ტახტიდან მისი მემკვიდრის, ევარისტუსის სასარგებლოდ გადადგა. კლიმენტიმ დათმო ტახტი იმისთვის, რომ სამწყსო ლიდერის გარეშე არ დაეტოვებინა.

მესამე საუკუნეში პაპმა პონტიანუსმა, როცა სარდინიაში გადაასახლეს, გადადგომის შესახებ განაცხადა მემკვიდრის, პაპ ანტერინუსის სასარგებლოდ. არსებობს კიდევ რამდენიმე ბუნდოვანი შემთხვევა, პაპ სილვერინუსსა და პაპ მარტინუსთან დაკავშირებით, რომელიც ბევრ შეკითხვას ტოვებს და არ არის ცხადი, გადადგა პაპი თუ ჩამოაგდეს.

ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევა ეხება პაპ ბენედიქტე მეცხრეს, რომელიც პირველად ჩამოაგდეს პაპ სილვესტრ მესამის სასარგებლოდ. მაგრამ ის მას შემდეგ დაბრუნდა, რაც გრეგორი მეექვსე ამხილეს სიმონიაში, ამ უკანასკნელმა კი ბრალეულობა ცნო.

რომაელი პაპების ისტორიაში, ყველაზე ცნობილი ცელესტინუს მეხუთის გადადგომაა. იტალიელმა პოეტმა დანტე ალიგიერიმ, თავის „ღვთაებრივ კომედიაში“ პაპი ცელესტინუსი ასე მოიხსენია - „ის, ვინც სიმხდალის გამო თქვა დიდი უარი“. სინამდვილეში პაპი ცელესტინუსი, რომელიც „სულიწმიდის ძმებში“ განდეგილი მონოზონი იყო, 80 წლისა განსაკუთრებული სულიერი ცხოვრების გამო მოულოდნელად აირჩიეს პაპად და რამდენიმე თვეში გადადგა, საკუთარი ცხოვრების კვლავ სამონაზვნო წესში დასაბრუნებლად. კათოლიკე ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

0x01 graphic

სულ ბოლოს, ვიდრე პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტემდე, 1415 წელს, გადადგა პაპი გრეგორი XII. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბოლო მოუღო დასავლურ დიდ სქიზმას, ავინიონისა და რომის პაპებს შორის. ორი წლის შემდეგ აირჩიეს პაპი მარტინუსი, მაგრამ ამ დროისთვის გრეგორი ცოცხალი აღარ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შემთხვევები კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში მოიძებნება, ბენედიქტეს გადაწყვეტილებას მაინც მოჰყვა კათოლიკური ობივატელის წარმოდგენათა კრიზისი. საუკუნეების მანძილზე კათოლიკეები მიეჩვივნენ პროცედურას, რომელიც ვატიკანში ძალაუფლებას ცვლის. ახალი პაპის არჩევა იქამდე, სანამ წინას ნეკროლოგი არ დაწერილა, თავად საპაპო ინსტიტუტის მონოლითურობის შესახებ შექმნილ წარმოდგენებსაც უყენებს წყალს.

პაპი, რომელიც პირამიდის წვერზე დგას, სინამდვილეში ყველაზე ქვემოთ და ყველას მსახურად გვევლინება. ამ წარმოდგენაში ეკლესია ამობრუნებული პირამიდაა, სადაც პირველობა სწორედ მას ეკუთვნის, ვინც უკანასკნელია. ბენედიქტეს გადაწყვეტილებამ ეკლესიის პრიმატი, პაპის პრიმატზე მაღლა დააყენა. ამ აქტმა დაადასტურა, რომ საპაპო მსახურება, ეს არის მსახურება ეკლესიისთვის და არა ეკლესიის მსახურება პაპისთვის.

0x01 graphic

კარდინალი შიონბორნი

ტირანის ხატი, რომელშიც პაპი ძალაუფლების ერთპიროვნულ უზურპატორად გვევლინება, ბენედიქტემ ერთი გადაწყვეტილებით მოსპო - ნათელი გახადა, რომ ვერ იქნები „ქრისტეს მოსაყდრე“, თუ არ იქნები „მსახურთა მსახური“. აღსანიშნავია, რომ ეს ორი წოდება პაპის ტიტულის განუყოფელი ნაწილია. პაპი წავიდა იმიტომ, რომ თავისი პიროვნება „უუნაროდ მიიჩნია“ თანამედროვე სამყაროში ეკლესიის ეფექტური მართვისთვის, ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კათოლიკური ადმინისტრაციის შესახებ არა მხოლოდ კათოლიკეთა, არამედ არაკათოლიკეთა წარმოდგენებსაც.

ბენედიქტე მეთექვსმეტე პეტრეს საყდარს 28 თებერვალს დააცარიელებს, რომის დროით საღამოს 8 საათზე. ამის შემდეგ, მას დარჩება ეპისკოპოსის ხარისხი და ნაცვლად წოდებისა „რომის პაპი“, მოიხსენიება, როგორც „პაპი ემირიტუსი“. პაპი მონაწილეობას არ მიიღებს კარდინალთა კონკლავში, რომელმაც შემდეგი პაპი უნდა აირჩიოს. პერიოდს, როდესაც პაპი გარდაცვლილი ან გადამდგარია, კათოლიკე ეკლესიაში ე.წ Sede Vacante - ვაკანტური ტახტის დრო ეწოდება.

კათოლიკური კანონიკური კოდექსის თანახმად, პაპის გარდაცვალებიდან ან გადადგომიდან 15-20 დღეში კარდინალები მთელი მსოფლიოდან უნდა შეიკრიბონ სიქსტეს კაპელაში, ახალი პაპის ასარჩევად. 117 კარდინალი, რომელთაგან ნახევარზე მეტი ბენედიქტე მეთექვსმეტეს უმადლის წითელ მანტიას, ხოლო დანარჩენი მის წინამორბედს, ნეტარ იოანე პავლე მეორეს, გარკვეული დროით, რომელიც შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, ახალი პაპის გამორჩევამდე გამოიკეტება ისტორიულ კაპელაში. თუმცა ნავარაუდებია, რომ კათოლიკე ეკლესიას აღდგომას ახალი პაპი უკვე ეყოლება.

პაპი აუცილებლად გარე სამყაროსთან იზოლაციაში უნდა აირჩიონ. ასეთია წესი, რომელიც ათასწლეულების პოლიტიკური გამოცდილების ინსტიტუტმა, მეცამეტე საუკუნიდან დღემდე შემოინახა. ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მინიმიზაციისთვის დაწესდა. წმინდა საყდარს თითქმის ისტორიული ზიზღი აქვს საერო ხელისუფლების მხრიდან მის შიდა საქმეებში ჩარევის მიმართ. რომის არაერთი პაპი შეეწირა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. დაპირისპირება იმპერატორსა და პაპს შორის, ევროპული პლურალიზმის დაბადების სათავედაც იქცა.

0x01 graphic

კარდინალი სანდრი

აღსანიშნავია, რომ პაპი შეიძლება გახდეს ნებისმიერი კათოლიკე საერო თუ სასულიერო პირი, რომელიც კარდინალთა კონკლავის ხმათა 2/3-სა და პლუს ერთ ხმას მიიღებს. თუმცა ასეთი შემთხვევა კათოლიკე ეკლესიაში უიშვიათესია. საუკუნეებია, პაპი ხდება ერთ-ერთი კარდინალი, რომელიც თავად არის კონკლავის მონაწილე. შენობა შეიძლება გაიღოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პაპს აირჩევენ და ნიშნად ამისა, სიქსტეს კაპელაზე მდგარი საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვა (წინააღმდეგ შემთხვევაში, კვამლი შავია). კვამლი წარმოიქმნება ბიულეტენების დაწვით, რომელსაც უმატებენ სპეციალურ შემფერადებელ ნივთიერებას. ამგვარი წესი ჯერ კიდევ ლიონის მეორე კრებაზე, 1274 წელს დამტკიცდა.

არჩეული პაპის ვინაობა ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კარდინალი-პროტოდიაკონი ვატიკანის წმინდა პეტრეს აივნიდან წარმოთქვამს ცნობილ სიტყვას „Habemus Papam“ - ანუ „ჩვენ გვყავს მამა“. მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე ახლადარჩეული პაპი გამოვა აივანზე, დალოცავს სამწყსოს და წარმოთქვამს პირველ სიტყვას, როგორც წმინდა პეტრეს 265-ე მემკვიდრე.

პაპის გადადგომის შემდეგ არ წყდება საუბრები ახალი საპაპო კანდიდატების, ე.წ. პაპაბილების შესახებ. მაგრამ წლევანდელი კონკლავი კიდევ უფრო ნაკლებპროგნოზირებადი იქნება, ვიდრე ეს 2005 წელს, ბენედიქტე მეთექვსმეტის არჩევის დროს იყო. იოანე პავლეს გარდაცვალების შემდეგ, იოზეფ რაცინგერი ცალსახა და გამორჩეული ლიდერი გახლდათ. გერმანელი „კარდინალი ტანკი“ მისი წინამორბედის, საყოველთაო პოპულარობის მქონე პოლონელი პაპის მარჯვენა ხელი იყო. ის ხელმძღვანელობდა ვატიკანის სარწმუნოების კონგრეგაციას, რომლის უწინდელი სახელწოდებაც, არც მეტი, არც ნაკლები, წმინდა ინკვიზიცია გახლავთ. არჩევის პერიოდში ბენედიქტე 78 წლის იყო, რის გამოც ვატიკანისტები მას პაპის ტახტს არ უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა ისინი შეცდნენ. პრესის მიერ დაანონსებულმა რამდენიმე სხვა პაპაბილმა კონკლავზე კრახი განიცადა და კიდევ უფრო არასანდოდ აქცია ნებისმიერი წინასწარმეტყველება თუ ფსონი, რომელიც მომავალ პონტიფექსზე წინასწარ კეთდება.

0x01 graphic

კარდინალი სკოლა

მით უმეტეს, დღეს კათოლიკე ეკლესიას ისეთი გამორჩეული კარდინალი, რომელსაც მილიარდზე მეტი წევრისგან შემდგარ რელიგიურ ინსტიტუტში ყველა იცნობს - და ბევრი პატივს სცემს - არ ჰყავს. სახელდება განელი შავკანიანი კარდინალი ტურკსონი, მილანელი კარდინალი სკოლა, კარდინალი სანდრი და ვენის კარდინალი შიონბორნი. მაგრამ არცერთი არაა ისეთი გამორჩეული ფიგურა, როგორიც რვა წლის წინ იოზეფ რაცინგერი იყო. რაც შეეხება იოანე პავლე მეორის არჩევნებს, ეს თითქმის ისეთივე მოულოდნელობა გახლდათ, როგორც ბენედიქტეს გადადგომა. ახალგაზრდა პოლონელი კარდინალი, უცბად ავიდა საეკლესიო პირამიდის მწვერვალზე და სამი ათეული წელი მართა ეკლესია.

0x01 graphic

კარდინალი ტურკსონი

საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა აირჩიონ პაპი, რომელიც იოანე პავლე მეორისა და ბენედიქტესგან რადიკალურად განსხვავებულ კურსს გაატარებს, თეორიულადაც გადაჭარბებულია. კარდინალების სრული წარმომადგენლობა სწორედ ამ ორი პაპის დანიშნულია და გადაწყვეტილება თითოეულის შესახებ, ვატიკანის იდეოლოგიური მანქანის ყველა ინსტანციის მიერ საგანგებო შემოწმების შედეგად არის მიღებული.

პრესას აინტერესებს, იქნება თუ არა შემდეგი პაპი აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან და აზიიდან. ამ ინტერესს საფუძველი ქრისტიანული გეოგრაფიის ცვლილებაში აქვს. ევროპულ სივრცეში (განსხვავებით აშშ-სგან), ქრისტიანობა კრიზისს განიცდის. ეკლესია უფრო სამხრეთ ნახევარსფეროს ინსტიტუტი ხდება, ვიდრე ჩრდილოეთის. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა - ხომ არ მოვიდა დრო, ეს რეალობა პაპის არჩევანზეც აისახოს? მაგრამ ამ ლეგიტიმურ კითხვას არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი კარდინალთა საარჩევნო მოტივაციაში.

პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე, მთელი თავისი პონტიფიკატის მანძილზე, ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისთვის იბრძოდა. ის ღიად საუბრობდა რელატივიზმისა და აგრესიული სეკულარიზმის ტირანიაზე, იბრძოდა აღმსარებლობის თავისუფლებისა და დასავლური ფასეულობების ეროზიის წინააღმდეგ. თავად მის მიერ არჩეული საპაპო სახელი, ბენედიქტეც, რომელიც ევროპის მფარველი წმინდანის, ბენედიქტე ნურსიელისგან აიღო, ამაზე მიუთითებდა. კათოლიკე ეკლესია არასდროს პასუხობდა პრესის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, მას სჭირდება უნივერსალური პაპი, პაპი ყველა კონტინენტისთვის. პაპი, რომელიც მემკვიდრეობად მიიღებს სექსუალურ სკანდალსა და ევროპაში დაცლილ ეკლესიებს.

ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც სავარაუდოდ კარდინალები იხელმძღვანელებენ, თავად პაპმა ბენედიქტემ დასახა. ის იმის გამოც გადადგა, რომ თანამედროვე სამყაროში კათოლიკე ეკლესიის მეთაურს მართებს გაუძლოს აჩქარებულ დროის ტემპსა და ცვლილებებს, ეყოს ენერგიულობა და გამოცდილება, სწრაფად უპასუხოს ამ გამოწვევებს. შესაბამისად, აზრს მოკლებული არ არის, რომ მიქალანჯელოს მიერ მოხატულ ბაზილიკაში შეკრებილი მამა-კარდინალები, სწორედ ამ მიმართულებით იფიქრებენ ახალ უზენაეს პონტიფექსზე. ვის შესწევს ენერგია და ძალა, მართოს პეტრეს ნავი თანამედროვე რიტმში?

20 ევროკავშირიდან გასვლის საკითხს ბრიტანეთი რეფერენდუმით გადაწყვეტს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ქეთი ზუკაკიშვილი

0x01 graphic

გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლებელია ევროკავშირი დატოვოს. მსგავსი პროგნოზები განსაკუთრებით რეალური ცოტა ხნის წინ გახდა, როდესაც პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი ბრიტანელებს ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა.

ევროსკეპტიკური განწყობები ბრიტანეთისთვის ისტორიულადაა დამახასიათებელი, თუმცა უკანასკნელმა მოვლენებმა ისინი კიდევ უფრო გაამძაფრა. 2008 წელს დაწყებული ევროზონის კრიზისი მოგვიანებით საერთოევროპულ ეკონომიკურ კრიზისად იქცა და ბრიტანეთზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. შიდა სირთულეების ფონზე, ბრიტანელ ამომრჩეველს არ სურს სამხრეთევროპელი წევრების ეკონომიკური დახმარების პროექტებში მონაწილეობა.

2011 წლის გამოკითხვებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს ევროგაერთიანების დატოვება სურდა. ამასთანავე, ტრადიციულად, არაპოპულარულმა ევროსკეპტიკურმა დამოუკიდებლობის პარტიამ რეიტინგით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამ ფონზე, 2015 წლის საყოველთაო არჩევნების წინ, კამერონმა ამომრჩევლის გულის მოგება სცადა, კონკურენტებს დაასწრო და რეფერენდუმზე ალაპარაკდა.

ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები ბრიტანეთისთვის ორ განსხვავებულ ალტერნატივას: ნორვეგიისა და შვეიცარიის მოდელებს განიხილავენ. ნორვეგია შენგენის შეთანხმებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრია. ეს უკანასკნელი ევროკავშირის სამ არაწევრ ქვეყანას საერთო ევროპულ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას აძლევს. თავის მხრივ, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტაინს ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის რატიფიცირება ევალებათ. გამონაკლისია სასოფლო სამეურნეო და თევზჭერის პოლიტიკა. ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობის სანაცვლოდ, ნორვეგიას მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შენატანების გარდა, ასობით ევროდირექტივის დანერგვაც უწევს, თუმცა მათ კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ იღებს. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ნორვეგიელთა 50-70%25 სრული წევრობის წინააღმდეგია. ნორვეგიელმა მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანება რეფერენდუმზე ორჯერ უარყო.

განსხვავებულია შვეიცარიული მოდელი, რომელიც ორმხრივ ხელშეკრულებებს ეფუძნება. შვეიცარია დიდ ბრიტანეთთან ერთად ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის დამფუძნებელი წევრი იყო. ასოციაცია 6-წევრიანი ევროპული გაერთიანების მიღმა დარჩენილმა შვიდმა სახელმწიფომ 1960 წელს დააარსა და ორგანიზაციის უპირველესი მიზანი სამრეწველო პროდუქციაზე საბაჟო ბარიერების გამარტივება და ვაჭრობის ხელშეწყობა იყო. ასოციაციას, ევროგაერთიანებისგან განსხვავებით, საერთო საგარეო ვაჭრობის ტარიფი არ შემოუღია, რაც წევრ ქვეყნებს მესამე მხარეებთან ვაჭრობის რეგულირებისას მეტ თავისუფლებას უტოვებდა.

მოგვიანებით, ასოციაციის წევრთა ნაწილი, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიც, ევროკავშირს შეუერთდა. დარჩენილი ოთხი წევრიდან სამი ევროპის ეკონომიკურ ზონაში გაერთიანდა, შვეიცარიამ კი ევროკავშირთან ურთიერთობების დამოუკიდებლად გაგრძელება არჩია. შედეგად, კონფედერაციამ ასობით ორმხრივი შეთანხმებით მოახდინა ცალკეული სფეროების ჰარმონიზირება ევროკავშირის სტანდარტებთან ისე, რომ არც ევროგაერთიანების საბიუჯეტო ტვირთი დააწვა, არც საერთოევროპული ბიუროკრატიით შეფერხდა და არც მესამე მხარეებთან დამოუკიდებელი ეკონომიკური ურთიერთობის შეზღუდვები შეეხო. ევროკავშირში ექსპორტის დროს შვეიცარიას ისევე უწევს საერთოევროპული სტანდარტების გათვალისწინება, როგორც, მაგალითად, ბრაზილიასთან ვაჭრობისას იქაური წესების დამორჩილება.

ბრიტანელი ევროსკეპტიკოსები სწორედ შვეიცარიულ მოდელზე აპელირებენ და მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის საბიუჯეტო შენატანისგან (2011 წელს 7,3 მილიარდი ევრო) და საერთო სანაოსნო, სათევზაო, შრომითი და სხვა სახის რეგულაციებისგან გათავისუფლება ბრიტანეთის ეკონომიკის აყვავებას შეუწყობს ხელს. საგადასახადო ტვირთის შესამცირებლად, სამეფოს შეეძლება ევროპის საბაჟო კავშირში გაწევრიანდეს. ორგანიზაცია ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრს, ასევე, ანდორას, სან მარინოს, მონაკოსა და თურქეთს აერთიანებს. წევრები ერთმანეთში ვაჭრობის დროს საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდებიან, მესამე მხარეებთან ურთიერთობაში კი ერთიან ტარიფს აწესებენ.

ეკონომიკური ზრდის შანსებთან ერთად, ევროკავშირიდან გასვლა უდიდეს საფრთხეებსაც შეიცავს. პირველ რიგში, ბრიტანეთს არ აქვს არანაირი გარანტია, რომ ლონდონის კაპრიზებით განაწყენებული ევროგაერთიანება მასთან შვეიცარიის მსგავს განსაკუთრებულ პირობებზე შეთანხმებას მოისურვებს. ასე რომც მოხდეს, ყველა საკითხზე ორმხრივი ხელშეკრულების მომზადებას რამდენიმე წელი დასჭირდება, ამ დროს კი დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის საერთო ბაზარს იქნება მოწყვეტილი.

დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირი ბრიტანეთის უდიდესი (იმპორტ-ექსპორტის 50%25-ზე მეტი) სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების შედინებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტი, რომ კაპიტალის თავისუფალი ბრუნვის პირობებში, ბრიტანეთს ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე უფრო ლიბერალური ბიზნესგარემო აქვს. საერთო ბაზრის დატოვება ბრიტანეთისთვის ფინანსური კატასტროფის ტოლფასი იქნება.

გარდა ამისა, ევროგაერთიანების მმართველობითი ორგანოებიდან მოწყვეტის შემთხვევაში, ბრიტანეთს მაინც მოუწევს ევროკავშირთან ვაჭრობისთვის გაერთიანების წესების დამორჩილება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ შექმნაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ასევე საეჭვოა, თუ რამდენად მოახერხებს ბრიტანეთი მოგებიანი პირობების მიღწევას მსოფლიოს დიდ ეკონომიკურ ბლოკებთან ინდივიდუალურ სავაჭრო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკების შემთხვევაში.

თავის მხრივ, ბრიტანეთის გასვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ევროკავშირსაც. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფინანსური ცენტრი გაერთიანების გარეთ აღმოჩნდება და ევროპული ფინანსური ბაზრის დაყოფის, შიდა კონკურენციისა და არასტაბილურობის რისკს გაზრდის.

ასევე, აშშ-თან განსაკუთრებული ურთიერთობისა და პრინციპული საგარეო პოლიტიკური პოზიციების წყალობით, საერთაშორისო არენაზე დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მოწინავე პოლიტიკური ძალაა. ბრიტანეთის გასვლა საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთშეთანხმებული მმართველობისა და სხვა ქვეყნების ინტერესების ხელყოფის რისკსაც შექმნის.

ბრიტანეთის გაერთიანებიდან გასვლა განსაკუთრებით დააზარალებს იმ წევრებს, რომლებიც კიდევ უფრო ღრმად ინტეგრირებული ევროზონის გარეთ დარჩებიან და ბრიუსელის დირექტივებისა და საბიუჯეტო გადაწყვეტილებების უპირობო დანერგვა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კომენტატორების უმრავლესობის აზრით, დევიდ კამერონს ევროკავშირის დატოვება რეალურად არ სურს და რეფერენდუმზე საუბარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა აიძულა.

კამერონმა ბევრი ისაუბრა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის საერთო ევროპული ბაზრის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე და მოსახლეობის წინაშე შუალედური პოზიციით წარდგა: სამეფო დაიწყებს ევროკავშირთან გაუმჯობესებულ პირობებზე დიალოგს, კერძოდ, ძალაუფლების ბრიუსელიდან ლონდონში დაბრუნების, ევროდირექტივების ბრიტანეთზე გავრცელების შეზღუდვის და სამართლებრივ და საბიუჯეტო საკითხებში მეტი დამოუკიდებლობის მიღწევის მიზნით. ამ მოლაპარაკებებისა და ევროზონის სტაბილიზაციის პროცესის კვალდაკვალ, ბრიტანელ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, უკეთ დაფიქრდეს და 2017 წელს გააზრებული არჩევანი გააკეთოს.

0x01 graphic

დევიდ კამერონი

შეიცვლება თუ არა უახლოეს წლებში ბრიტანელების ანტიევროპული სენტიმენტები, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუკი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, მსოფლიო ომებით გადაღლილი საფრანგეთისა და გერმანიისთვის ევროკავშირი პოლიტიკური სტაბილურობის ქვაკუთხედად მოიაზრებოდა, ბრიტანელებს ევროკავშირში გაერთიანება ძირითადად ამ ორი ძალის გასანეიტრალებლად და ეკონომიკური ფაქტორების გამო სურდათ.

ლონდონში სტრატეგიულ პოლიტიკურ პრიორიტეტად ანგლოსაქსური წარმოშობის ინგლისურენოვანი ერების განსაკუთრებულ ურთიერთობას და ტრადიციულ ბრიტანულ იზოლაციონიზმს მიიჩნევდნენ, ხოლო ევროგაერთიანებას სიფრთხილით უყურებდნენ. ჯერ კიდევ 1944 წელს, უინსტონ ჩერჩილმა საფრანგეთის ლიდერს, შარლ დე გოლს განუცხადა, რომ ევროპასა და ღია ზღვას (აშშ-ს) შორის არჩევანის საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ამ უკანასკნელს მიანიჭებდა უპირატესობას.

ოცი წლის შემდეგ, როდესაც კუნძულოვანმა სამეფომ ევროპულ ეკონომიკურ გაერთიანებაში შესვლა დააპირა, შარლ დე გოლმა ეს ინიციატივა დაბლოკა. შედეგად, გაერთიანებული სამეფო ეკონომიკურ ბლოკში მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაწევრიანდა. კონსერვატიული მთავრობის ამ გადაწყვეტილებას 1975 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობის 2/3-მა დაუჭირა მხარი.

მიუხედავად ამისა, ბრიტანეთში არასდროს შეწყვეტილა კამათი ევროგაერთიანების ავკარგიანობაზე. მარგარეტ თეტჩერი 80-იან წლებში ბრიუსელისთვის დელეგირებული ძალაუფლების ვესტმინსტერში დაბრუნებას ცდილობდა და მიიჩნევდა, რომ „გაერთიანებული ევროპა კლასიკური უტოპიური პროექტია“.

90-იან წლებამდე ევროპაში ხდებოდა საზღვრების წაშლა და სავაჭრო ბარიერების გაუქმება, რასაც ბრიტანელი კონსერვატორები მიესალმებოდნენ. მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა 1992 წელს, როდესაც მაასტრიხტის ხელშეკრულებით საერთო სავალუტო ზონასა და ცენტრალიზებულ მმართველობით აპარატს ჩაეყარა საფუძველი. ევროკავშირი ეკონომიკური ბლოკიდან გადაიქცა ცენტრიდან მართულ პოლიტიკურ ინსტიტუტად საერთო საგარეო, უსაფრთხოების, სასამართლო სისტემითა და ერთიანი ვალუტით. წევრ ქვეყნებს ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირება ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსასამართლოსთვის მოუწიათ.

ბრიტანეთმა მოახერხა მაასტრიხტის ხელშეკრულების რატიფიკაცია ევროზონაში შესვლის გარეშე, თუმცა ბრიუსელის რეგულაციები მაინც დიდ ტვირთად დააწვა. 2009 წელს, ლისაბონის ხელშეკრულებით, მოხდა ევროკავშირის კიდევ უფრო ცენტრალიზაცია და შესუსტდა წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლება. თუკი მანამდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა უმრავლესობა კონსენსუსით მიიღებოდა, ლისაბონის შეთანხმებამ საგრძნობლად გააფართოვა კვალიფიციური უმრავლესობით მისაღებ გადაწყვეტილებათა არეალი. შესაბამისად, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გავლენა შეუსუსტდა. ამ პერიოდიდან კიდევ უფრო გამძაფრდა ბრიტანელთა ევროსკეპტიციზმი, რომელიც დღეს ევროგაერთიანებიდან გასვლის რეალურ შანსად გადაიქცა.

ამ ფონზე, კამერონის გამოსვლა მკაცრად შეაფასეს საფრანგეთსა და გერმანიაში. ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამორიცხეს ბრიტანეთთან მხოლოდ ცალმხრივად სასარგებლო მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

რაც შეეხება კერძო სექტორს - ვირჯინ გრუფის, ლონდონის საფონდო ბირჟისა და სხვა ბიზნესლიდერებმა გააკრიტიკეს რეფერენდუმის 2017 წელს ჩატარების შემთხვევაში დარჩენილი გრძელი გაურკვევლობის პერიოდი, რაც ბიზნესგარემოზე უარყოფითად აისახება.

როგორც ჩანს, დევიდ კამერონი გეგმავს, ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში ბრიტანეთისთვის სასარგებლო პოზიციის გატანით საკუთარი იმიჯიც აიმაღლოს და რეფერენდუმზე ევროგაერთიანებაში დარჩენაც უზრუნველყოს. გაამართლებს თუ არა „მოდერნიზატორი კონსერვატორის“ რისკი, დრო გვიჩვენებს.

21 კახა კალაძე: პოლიტიკაში თანამდებობის გულისთვის არ ჩავრთულვარ

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ესაუბრა ირაკლი მაღრაძე
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

ოთხი თვის წინ, წარსულში წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დაინიშნა. იმის გარდა, თუ რამდენად მოახერხა უცხო სფეროში გარკვევა, ტაბულა მინისტრს განვლილ საფეხბურთო კარიერასა და პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა.

0x01 graphic

არსებობს ადამიანი, ვის გარეშეც დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებდით? თუ იყო ისეთი ადამიანი, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა თქვენს საფეხბურთო კარიერაში?

ჩემს საფეხბურთო კარიერაში ყოველ ეტაპს თავისებური მნიშვნელობა ჰქონდა. როდესაც სამტრედიაში ფეხბურთის თამაში დავიწყე, ჩემი პირველი მწვრთნელი, ბატონი ვანო ყურულაშვილი იყო. შემდეგ სამტრედიის პირველ გუნდში დავიწყე თამაში, ამის მერე კი იყო ახალგაზრდული ნაკრები. ნაკრებს იმ დროს წვრთნიდა გაიოზ დარსაძე, რომელმაც, ასე ვთქვათ, ჩემი შესაძლებლობები აღმოაჩინა და ამგვარად, 16-წლამდელთა ნაკრებში დავიწყე თამაში. შემდეგ მამამ თბილისის დინამოს დუბლშემადგენლობაში მიმიყვანა. იქ მწვრთნელი აწ გარდაცვლილი გივი ნოდია იყო და სწორედ ასე დაიწყო ჩემი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება.

ვალერი ლობანოვსკის როლზე რას იტყოდით?

კიევის დინამო ჩემს საფეხბურთო კარიერაში ტრამპლინი გახდა. ვალერი ლობანოვსკის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამდენ წარმატებას მივაღწიე. მან დიდი როლი ითამაშა ჩემს არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელად, არამედ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. სულ რაღაც 18 წლის ვიყავი, როდესაც კიევში გადავედი და ის დისციპლინა, რომელიც დინამოში დამხვდა, სამომავლოდ ძალიან გამომადგა. ქართველებს ზოგადად დისციპლინის კუთხით ცოტა გვიჭირს, ლობანოვსკის კი გუნდში ისეთი სიტუაცია ჰქონდა შექმნილი, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთის გარდა სხვა რამეზე გეფიქრა.

თქვენი თაობისგან ხალხი ბევრს ელოდა, თუმცა საბოლოოდ ხელშესახები შედეგისთვის არ მიგიღწევიათ. რისი ბრალია ეს - თქვენ დააკელით თუ იღბალმა ზურგი გაქციათ?

ჩვენს თაობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, თამაშობდნენ კარგ უცხოურ კლუბებში, მაგრამ, სამწუხაროდ, სანაკრებო დონეზე ვერ ვახერხებდით წარმატებების მიღწევას. ეს ალბათ საქართველოს ჩემპიონატის განუვითარებლობით იყო განპირობებული. ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც ქვეყანაში ადგილობრივი ჩემპიონატი დაბალი დონისაა. ასეთ დროს, ქვეყნის გარეთ მოთამაშე რაც არ უნდა ძლიერი ფეხბურთელები გყავდეს, რთულია სანაკრებო დონეზე წარმატების მიღწევა. ამგვარი პრობლემა დღესაც არსებობს და ვფიქრობ, ბატონი ლევან ყიფიანი ამაზე იზრუნებს.

ვინ არის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც გითამაშიათ?

გიორგი ქინქლაძე. ის ისეთი ნიჭიერი იყო, რომ შეეძლო მსოფლიო დონის ვარსკვლავი გამხდარიყო. ალბათ, ხასიათიდან გამომდინარე ვერ გააკეთა იმდენი, რამდენიც შეეძლო.

უცხოელი ვარსკვლავები ხშირად ეხმარებიან დამწყებ ფეხბურთელებს, ხსნიან უფასო საფეხბურთო აკადემიებს, ფულს ურიცხავენ უკვე არსებულ სკოლებს. რატომ არავინ არ აკეთებდა და აკეთებს ამას საქართველოში?

სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით მქონდა ერთი საინტერესო პროექტი. მინდოდა სპორტული სკოლის გაკეთება თბილისში, საბურთალოზე, მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, მერიასთან მოლაპარაკებები ვერ შედგა, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით არ მომცეს ის ფართი.

ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა ისე, რომ ძირითადად იტალიაში ვიყავი და ვერ მოვახერხე ამ პროექტის განხორციელება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია - ახალი პროექტი მაქვს, სამტრედიაში მსურს ორი სპორტსკოლა გავაკეთო. ეს სკოლები ევროპული სტანდარტების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფასო იქნება.

0x01 graphic

თქვენს ძმასთან დაკავშირებული ტრაგედიის შემდეგ, ძალიან მალე, მოედანზე გახვედით და იტირეთ. იყო მომენტი, როცა ფიქრობდით, რომ საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებდით?

ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მძიმე თემაა. სანამ ცოცხლები ვართ, ამ ჭრილობას ვერავინ მოგვიშუშებს.

ნაკრებში თამაშს რაც შეეხება, მაშინ გავაკეთე განცხადება, რომ არ ვითამაშებდი იქამდე, სანამ ჩემი ძმის საქმე არ გაიხსნებოდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით იყო განპირობებული - რაც შეიძლებოდა დაჩქარებულიყო გამოძიების პროცესი. მაშინ მილანში ახალი გადასული ვიყავი და ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო.

თქვენთვის ლევან კალაძის გატაცების ამბავი ბოლომდე ამოწურულია? ყველაფერი იცით ამ საქმის შესახებ?

მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ამ საქმეში არა მხოლოდ ის ოთხი კრიმინალია გარეული, ვინც ახლა სასჯელს იხდის, არამედ არიან სხვებიც, ვინც მათ ზედამხედველობას უწევდა. არ მგონია, რომ ასეთი მაშტაბური საქმე ამ ოთხ ადამიანს მარტოს შეესრულებინა. ვნახოთ, მომავალში ჩატარდება გამოძიება და გავიგებთ დეტალებს.

ბევრი აკრიტიკებს ფეხბურთის ფედერაციას. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ზვიად სიჭინავას სინდისში ჩახედვისკენ მოუწოდა, სიჭინავა კი კვლავაც პოსტზე რჩება. თქვენ როგორ შეაფასებდით ფედერაციის მუშაობას და თვლით თუ არა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მიზანშეწონილია?

ის, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ფეხბურთში, ფეხბურთის ფედერაციასთან მიმართებაში, ყველას გვახსოვს. ხელისუფლების ცვლასთან ერთად, ხდებოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ცვლილებაც და ეს პირდაპირ კავშირში იყო პოლიტიკასთან. ბატონი სიჭინავას დანიშვნაც პოლიტიკური იყო. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის ფაქტი, რომელიც ყველამ იცის. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ სახელმწიფო ჩაერიოს თუნდაც ახლა და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. არსებულმა ხელმძღვანელობამ უნდა ჩაამთავროს დარჩენილი პერიოდი, რაც არ უნდა მტკივნეული და მძიმე იყოს ეს.

თქვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული და ბევრი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდით. ფეხბურთელობის პერიოდში უდიდესი გამოცდილება დაგიგროვდათ და ხომ არ თვლით, რომ ეს თქვენი ცოდნა და გამოცდილება ფეხბურთში, სპორტში ბევრად უფრო გამოადგებოდა ქვეყანას, ვიდრე პოლიტიკაში, მით უმეტეს ენერგეტიკაში?

სპორტში ჩემს მოღვაწეობას რაც შეეხება, ყველაფერი მოვიგე, წარმატებული კარიერა მქონდა და ვთვლი, რომ როგორც სპორტსმენმა, ფეხბურთელმა, ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. თავიდანვე ვამბობდი, რომ მწვრთნელობა არ იყო ჩემი, ამასაც ხომ ნიჭი უნდა, ჩემს თავს ამ რანგში ვერასდროს ვხედავდი.

პოლიტიკურ საქმიანობას რაც შეეხება, თავს შევიკავებ შეფასებისგან, რადგან არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. როდესაც დრო გავა, ქართველი ხალხი შეაფასებს, თუ რამდენად სწორი იყო ის ნაბიჯი, რომელიც მე გადავდგი. ვგულისხმობ სპორტიდან წასვლას და ქართველი ხალხის გვერდით დადგომას.

თვლით, რომ სწორ დროს წამოხვედით ნაკრებიდან?

ნაკრებიდან ძალიან სწორ დროს წავედი. ვხედავდი, ვგრძნობდი იმ სიტუაციას, რაც ნაკრებში იყო და ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი. მე გზა დავუთმე ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

რა გრძნობა იყო, როცა იტალიასთან საკუთარ კარში ორჯერ გაიტანეთ?

ეს ძალიან მძიმე თემაა. ხშირად ვამბობ, რომ ეს ჩემი სპორტული ტრაგედია იყო. ამ ყველაფრის გახსენება ჩემთვის ახლაც ძალიან რთულია. ძალიან განვიცადე და ვინერვიულე, ბოდიშიც მოვუხადე ქართველ გულშემატკივარს. ეს იყო შემთხვევითობა, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს შეიძლება დაემართოს. რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება, ქართველმა გულშემატკივარმა მაპატია.

ნაწყენი ხართ იმის გამო, რომ თქვენი გამოსამშვიდობებელი მატჩი არ ჩატარდა? ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ არჩევნების წინა დღეებში გსურდათ და ამ ამბავს პოლიტიკური ელფერიც ექნებოდა? გეგმავთ მომავალში?

რომ გითხრათ, გულნატკენი დავრჩი-მეთქი, არ იქნება მართალი. ამისთვის მზად ვიყავი, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. არჩევნების წინაც რომ არ დაგვეგეგმა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ხელისუფლება მაინც არ მოგვცემდა გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების უფლებას.

0x01 graphic

მინდა, რომ გაზაფხულზე გაიმართოს ეს შეხვედრა. ჩამოვიყვან ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც ვთამაშობდი, მაკავშირებს უამრავი მოგონება, ვისთან ერთადაც ვიმარჯვებდი, ვმარცხდებოდი... ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი ძალიან საინტერესო სანახაობას იხილავს. სხვათა შორის, ძალიან ხშირად მწერდნენ სოციალურ ქსელებში ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ დიდი მოლოდინია.

მოგწონთ ახლანდელი ნაკრები? როგორ შეაფასებდით თემურ ქეცბაიას მუშაობას?

ზოგადად სპორტში და ფეხბურთშიც მუშაობას რეზულტატიდან გამომდინარე აფასებენ. ნაკრებში დღეს გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც ყველა მონაცემი აქვთ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ და მე მათ გულით და სულით წარმატებებს ვუსურვებ.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებიდან, ვის აქვს პოტენციალი, რომ მაღალი კლასის მოთამაშედ ჩამოყალიბდეს?

მჭედლიძეს შეუძლია კარგი ფეხბურთი ითამაშოს. მას აქვს მონაცემები, ფიზიკურიც და ტექნიკურიც. თარგამაძესაც აქვს შანსი, ყენიასაც, თუმცა ტრავმებმა შეაწუხა და სამი წლის გამოტოვების შემდეგ რამდენად შეძლებს იმავე პოზიციებზე დაბრუნებას, არ ვიცი. ანანიძეს ვურჩევდი, რომ კლუბი შეიცვალოს, რადგან ფეხბურთელისთვის უთამაშებლობა დამღუპველია, მით უმეტეს ასეთ ადრეულ ასაკში. ჯანო უნიჭიერესი ბიჭია და კარგი იქნება, თუ ისეთ კლუბში გადავა, სადაც სისტემატურად ითამაშებს, რაც მის ზრდას ხელს შეუწყობს.

გაიხსენეთ ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს კარიერაში. და ყველაზე ცუდი.

კარიერაში ბედნიერი დღეები მრავლად მქონდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკუთრებული რამაა. მე ეს ორჯერ მოვახერხე. ასევე ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვთამაშობდი და ხორვატებს თბილისში მოვუგეთ. მთელი საქართველო ზეიმობდა ბოლო წუთებში მოპოვებულ გამარჯვებას, რაც დაუვიწყარი მოგონებაა. ყველაზე ცუდი კი მაინც იტალიასთან ჩატარებული ის ხსენებული შეხვედრაა.

კიევის დინამოში ასპარეზობისას თქვენი გადაბირებით მიუნხენის ბაიერნი იყო დაინტერესებული. თუ გქონიათ დიდი კლუბებისგან წინადადებები?

კი, ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო. თქვენ სწორად ბრძანეთ, როდესაც კიევის დინამოში ვთამაშობდი, მიუნხენის ბაიერნი დაგვიკავშირდა. მე მიუნხენშიც კი ვიყავი ჩასული პირობების განსახილველად, მაგრამ კიევში დაბრუნებიდან ორ კვირაში მილანმა კონტრაქტი შემომთავაზა. მილანელებმა დინამოს სოლიდური თანხა გადაუხადეს და იტალიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.

როდესაც მილანში ვთამაშობდი, იყო შემოთავაზებები იმავე ბაიერნის მხრიდან, ჩელსისთან ფაქტობრივად მოლაპარაკებები დასრულებულიც კი მქონდა, როდესაც გადაწყდა, რომ კვლავ მილანში დავრჩებოდი. ეს იყო 2006-2007 წელი. იყო სერიოზული საუბრები ლივერპულზე, ბარსელონაზე, მაგრამ კონკრეტული მოლაპარაკებები მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებთან მქონდა.

თქვენი საუკეთესო მატჩი?

ბევრი მაღალი დონის შეხვედრა მაქვს ჩატარებული მილანში და ძალიან ვამაყობ. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა იუვენტუსის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ მოვიგეთ; ინტერთან ჩამიტარებია არაერთი კარგი მატჩი...

მე მახსენდება თქვენი შესანიშნავი თამაში მადრიდის რეალთან, როდესაც ფიგუს მეურვეობდით...

დიახ, მახსოვს ეგ მატჩი. მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი და ფიგუ ჩემს ფლანგზე იყო. არ მინდა თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ, რომ იტყვიან, ფეხი არ გავანძრევინე და მეორე ტაიმში პორტუგალიელი უკვე საპირისპირო ფლანგზე გადაიყვანეს. გეთანხმებით, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია.

თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყავით, შემდეგ რამ შეცვალა თქვენი პოლიტიკური გემოვნება?

რა თქმა უნდა, მე მიხეილ სააკაშვილს მხარს ვუჭერდი, ისევე როგორც ქვეყნის მოსახლეობის 90%25. თქვენ გახსოვთ, თუ რამხელა მხარდაჭერით მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში 2003 წელს. ყველანი ვფიქრობდით, რომ მოვიდა ახალგაზრდებით დაკომპლექტებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც სერიოზულ რეფორმებს გაატარებდა. მინდა გითხრათ, რომ დასაწყისში მართლაც სერიოზული რეფორმები გატარდა.

ჩემი აზრის შეცვლა გამოიწვია იმ ქმედებებმა, რასაც ნაციონალური მოძრაობა სჩადიოდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. იმ ზეწოლამ, რასაც ისინი ახორციელებდნენ, იმ მდგომარეობამ, რა მდგომარეობაშიც ცხოვრობდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

როდესაც თქვენ უჭერდით მხარს, მაშინ ვერ ამჩნევდით ასეთ ფაქტებს?

მე ყოველთვის ვცდილობდი, მეთქვა, თუ რა ხდებოდა კარგი ქვეყანაში და, ამავდროულად, ვამბობდი იმასაც, რაც არ მომწონდა, რაც იყო ცუდი და უნდა შეცვლილიყო. მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობა ავიღოთ, რასთან დაკავშირებითაც მე არ მომერიდა და პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში ვუთხარი.

მე არ წარმოვადგენ იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც რაღაცით იყვნენ დამოკიდებულნი ნაციონალურ მოძრაობაზე, ვინც, კარგი კეთდებოდა თუ ცუდი, ყველაფერზე თავს უქნევდნენ. ჩემი აზრით, გარემოცვის დიდი დანაშაულიც არის იმაში, რაც მივიღეთ.

როდის გადაწყვიტეთ საბოლოოდ პოლიტიკაში წასვლა და რა იყო ამის უმთავრესი მიზეზი?

მიზეზი იყო ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში იყო შექმნილი. ძალიან დიდი ტკივილი და ზეწოლა ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას. ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება მაისში გავაკეთე, მაგრამ ფიქრი მას მერე დავიწყე, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში. სხვათა შორის, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სანამ ბატონი ბიძინა მოვიდოდა პოლიტიკაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი. სპორტით ვიყავი დაკავებული და არ ვენდობოდი ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ოპოზიციურ ძალებად მიიჩნევდა. მას მერე, რაც ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდა წარმატების მიღწევის იმედი, ასევე მეც. ამ ადამიანის დამსახურებაა ის დიდი წარმატება, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო.

ახსენეთ, რომ ადრე სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან წინადადებები გქონდათ. დღევანდელი თქვენი გუნდით რამდენად კმაყოფილი ხართ? თუ არიან ისეთები, ვისაც არ ეთანხმებით?

0x01 graphic

ზოგადად, კოალიციაში უთანხმოება არის ხოლმე და ვფიქრობ, ეს ნორმალურია, რადგან კამათის დროს იბადება სწორი აზრი. კოალიციას რაც შეეხება, ერთობა ნამდვილად არის. ჩვენი ოპონენტები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, თითქოს კოალიციაში გაურკვევლობა ან უთანხმოებაა. ეს ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს. როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვკამათობთ, ყველას ერთნაირი აზრი ხომ არ ექნება, სხვადასხვა პარტიებია.

გიორგი დემეტრაძე თქვენი უახლოესი მეგობარია. ამანაც განაპირობა თქვენი პოლიტიკაში ჩართვა? დემეტრაძე უდანაშაულოა თუ არაადეკვატური სასჯელი მიიღო?

რა თქმა უნდა, გიორგის უკანონო დაკავებამაც განაპირობა და ზოგადმა სიტუაციამაც. ქვეყანაში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებოდა. ან ძმა დაუჭირეს, ან ბიძაშვილი, მეზობელი. ჩვენ მოსახლეობასთან შეფარდებით პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, მსოფლიოში კი მეშვიდეზე. ამ ყველაფერმა და არა მხოლოდ ერთმა ფაქტმა განაპირობა ჩემი პოლიტიკაში ჩართვა.

დემეტრაძე სრულიად უდანაშაულოა. თქვენ გახსოვთ რა შეუფარდეს მას - ქურდული ტრადიციების მატარებელი ადამიანი, ხომ? ჯერ გაურკვეველია, ვინ იყო ქურდი, ვისთან ჰქონდა ეს ურთიერთობები, დაუსაბუთებელი იყო ეს ყველაფერი. თანხა, რომელიც ამოიღეს, ნამდვილად არ იყო მისი. დაჭერის დროს თითებზე კუპიურებს უსვამდნენ, რომ ეს ანაბეჭდები მტკიცებულებად გამოეყენებინათ. სატელეფონო საუბრებს რაც შეეხება, საერთოდ ვერ გავიგე დემეტრაძის კავშირი. ძალიან ბევრი კითხვაა ამ საქმესთან დაკავშირებით. დღეს ვთვლი, რომ გიორგი დემეტრაძე არის სრულიად უსაფუძვლოდ დაკავებული და უდანაშაულო. ეს იყო ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ახირება. როდესაც მიმდინარეობდა მერის არჩევნები, გიორგი დემეტრაძეს შესთავაზეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას დახმარებოდა, რაზეც მან უარი განაცხადა. ეს სააკაშვილს ეწყინა.

ანუ, თქვენი აზრით, ამ ფაქტმა განაპირობა, რომ დაიჭირეს?

კი, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი და, რა თქმა უნდა, ჩემთან მეგობრობა, ჩემი განწყობაც იცოდნენ.

არის წინა ხელისუფლებაში პოლიტიკოსი, რომელიც მოგწონთ და რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს?

მე მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ იმ დემაგოგიას, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, დღესაც არ შეუცვლიათ რიტორიკა. რაზე იყო აგებული ზოგადად ნაციონალური მოძრაობა? ეს იყო გარე და შიდა პიარი, რასაც წარმატებულად აკეთებდნენ და ეს იყო შიში, პოლიციის მეშვეობით შიშზე დაფუძნებული სახელმწიფო. პოლიცია გახდა ერთ ადამიანზე, ერთ გუნდზე მორგებული სტრუქტურა, ისევე, როგორც სასამართლო, კონსტიტუცია, პროკურატურა...

ნამდვილად გამიჭირდება ისეთი პოლიტიკოსის გამოყოფა, რომელიც ნორმალურად აზროვნებს.

არჩევნებამდე ქართული ოცნება და მისი მხარდამჭერები მუდმივად იმეორებდნენ, რომ ყოფილმა მთავრობამ ენგურჰესი რუსებს მიჰყიდა. ნოემბრის დასაწყისში კი თქვენ განაცხადეთ, რომ ეს ასე არაა. არ გქონდათ ამაზე ინფორმაცია?

ეს არის გასაიდუმლოებული საბუთი. ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ენგურჰესი გაყიდულია. ქართული ოცნების ლიდერებისგან არ მახსოვს, რომ ეს განცხადება ვინმეს გაეკეთებინოს, მაგრამ ზოგადად მიდიოდა მსჯელობა. ინფორმაცია არ გვექნებოდა, რადგან მასზე წვდომა არ იყო. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად არ არის გასხვისებული, თუმცა ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, არსებობს მემორანდუმი, მაგრამ ხელი არ არის მოწერილი, რომ გადასულიყო ინტერ რაოს მართვაში.

ცხადი იყო, რომ არჩევნებში მოგების შემთხვევაში მნიშვნელოვან პოსტს ჩაგაბარებდნენ. ასე მოხდა? კმაყოფილი ხართ იმ სფეროს მინისტრობით, რომელშიც საერთოდ ვერ ერკვევით?

პოლიტიკაში თანამდებობის გულისთვის ნამდვილად არ ჩავრთულვარ. ჩემს პოსტს რაც შეეხება, ეს იყო ბატონი პრემიერისა და გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყველა ის დანაპირები, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცემული, უნდა შევასრულოთ და მე ვდებ პირობას ახლანდელი მთავრობის სახელით, რომ ეს აუცილებლად შესრულდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არანაირი პრეტენზია არ მაქვს თანამდებობებზე.

წელიწად-ნახევარში ივანიშვილი პრემიერის პოსტს ტოვებს. რას იტყვით ამაზე? ვის ისურვებდით მის ადგილას? თქვენ ხომ არ გაქვთ ამის ამბიცია, მით უმეტეს, რომ ადრე პრეზიდენტობის სურვილი საჯაროდ გამოთქვით?

მოდი, დავიწყოთ სურვილთან დაკავშირებით. ეს არის არასწორი ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა ჟურნალისტების მხრიდან. თქვენ შეგიძლიათ არქივში ნახოთ, რომ მე არასდროს გამიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მსურს პრეზიდენტობა. ეს იყო სააკაშვილის გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ შურდა ჩემი იმიტომ, რომ ვერასდროს გახდებოდა ძლიერი ფეხბურთელი და მე შემეძლო გავმხდარიყავი პოლიტიკოსი, პრეზიდენტი. მე პრეზიდენტობის ამბიცია არ მაქვს, არც იმ თანამდებობის, რომელზეც დღეს ვიმყოფები.

რაც შეეხება წელიწად-ნახევარში პრემიერის წასვლას, მიმაჩნია, რომ იგი არ წავა, რადგან ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ზუსტად ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა იმან, რომ ჩვენი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. ქართველმა ხალხმა მიანიჭა მას ნდობა და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი დარჩება პოლიტიკაში. თუმცა მისი გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა.

რა გაკავშირებდათ ზურაბ ნოღაიდელთან და რატომ შეწყდა თქვენი ურთიერთობა?

ის გახლდათ ჩემი ჰოლდინგის პრეზიდენტი. მას მერე, რაც პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, შევთანხმდით, რომ ის დატოვებდა პრეზიდენტის თანამდებობას.

მე დღესაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს ბატონ ზურასთან. არა ბიზნეს და პარტნიორული, არამედ ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობა.

ვინ არის თქვენთვის სამაგალითო პოლიტიკოსი?

ჩემთვის სამაგალითო პოლიტიკოსი გახლავთ ჩვენი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი. არ მინდა, ვინმემ სხვაგვარად გაიგოს. მე ვთვლი, რომ საქართველოში ჩვენ ასეთი პოლიტიკოსი არ გვყავს. თუნდაც ის, რომ სულ რაღაც ერთი წელია პოლიტიკაში და თავისი ქმედებებით, თავშეკავებულობით, სტრატეგიით დაამტკიცა ყველაფერი და აჩვენა, თუ რამხელა დონის პოლიტიკოსია.

კონკრეტულად რომელიმე ქმედებას ხომ არ გამოჰყოფდით, რომელიც უფრო მეტად მოგეწონათ ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის?

ეს არის სტრატეგია, რომელიც დაგეგმილი იყო წინასაარჩევნოდ. ყველაფერი ამ ადამიანის დამსახურებაა. ალბათ დამეთანხმებით - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არჩევნები ასე უმტკივნეულოდ, ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადაივლიდა. კი, ჩვენც ვიყავით დარწმუნებულნი, რომ აუცილებლად მოვიგებდით, მაგრამ შეიძლებოდა რაღაც გაურკვევლობა მომხდარიყო. ამ ადამიანმა შეძლო ყველაფერი გაეკეთებინა ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნილიყო. არავის თმის ღერი არ ჩამოვარდნია, ისე მიიყვანა ყველაფერი ბოლომდე.

ელოდით არჩევნებში გამარჯვებას?

0x01 graphic

სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას ნამდვილად ველოდით. ეს ყველაფერი იმით იყო გამოწვეული, თუ რამხელა მუხტი იყო საზოგადოებაში. ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილება, რომელიც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა მოუტანა ქართველ ხალხს. რა თქმა უნდა, დიდი იმედები გვქონდა, მაგრამ მაინც ვფიქრობდით, რომ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას შეიძლებოდა არჩევნები გაეყალბებინა. ეს არ იყო არჩევნების წინა დღეს გაკეთებული გაყალბება, პროცესი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს აისახებოდა ქართული ოცნების მხარდამჭერებთან ურთიერთობებში, იგივე ანგარიშების დაყადაღება, ცემა-ტყეპა, დაჭერები, დაშინებები. ეს ყველაფერი გაყალბებაა და, საბოლოო ჯამში, ის პროცენტი, რომელიც მათ მიიღეს, სინამდვილეში გაყალბებულია.

ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ ახლა მთავარია, ზამთარი გადავაგოროთო. რას გულისხმობდით?

ძალიან დიდი იყო შანსი იმისა, რომ საბოტაჟი ყოფილიყო. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა დრო გვქონდა, რომ გაგვეკეთებინა ცვლილებები, რეორგანიზაციები. ზოგადად ვიცოდი, რომ ზამთარში ძალიან გვიჭირს ელექტროენერგიის კუთხით. ეს სამომავლოდაც პრობლემა იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ იყოს, რომ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები. ეს ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ზამთარში მეტ ელექტროენერგიას მოვიხმართ. ჩვენ არ გაგვაჩნია ადგილობრივი რესურსები და ელექტროენერგიას ვყიდულობთ რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან. გაზაფხულზე, ზაფხულში გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია. ჩვენ გვინდოდა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაგვეტანა ზამთარი.

როგორ მდგომარეობაშია დღეს ქართული ენერგეტიკა? განვითარდა ბოლო რვა წელიწადში? რა უნდა გაუმჯობესდეს თქვენი მინისტრობის პერიოდში?

ცვლილებები არის და ეს მისასალმებელია. ჩვენ გვახსოვს, როგორი ჩაბნელებული ქვეყანა ვიყავით, მაგრამ ესეც მაშინდელ მიდგომებზე იყო დამოკიდებული. წინსვლა არის, დარწმუნებული ვარ, მომავალში მეტი უნდა გავაკეთოთ, რაციონალურად გამოვიყენოთ არსებული რესურსები. თვალდახუჭული არ უნდა ვაძლევდეთ ინვესტორებს პროექტებს, რომლებიც მომავალში ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

სხვათა შორის, ბევრი ასეთი პროექტია გაცემული ინვესტორებზე, სადაც არ არის გათვალისწინებული მემორანდუმში, როდის უნდა დაიწყოს, როდის დასრულდეს, შეუსრულებლობის შემთხვევაში, რა ეკისრება ინვესტორს. არის პროექტები, სადაც კონკრეტულად არის ყველაფერი გაწერილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გარკვეულ ინვესტორებთან მიდგომა იყო მეგობრული, ნაწილთან კი საერთოდ არ იყო კონტაქტი.

დღეს ჩვენ აშშ-ის განვითარების სააგენტოსთან ხელი მოვაწერეთ სამომავლო ურთიერთობაზე, რომ მოხდეს ბაზრის დახვეწა, კანონმდებლობის გაუმჯობესება, ელექტროენერგიით ვაჭრობის წესების დადგენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ელექტროენერგიით სწორად ვაჭრობა შევძლოთ თურქეთთან და რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებთან. USAID-ი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ძალიან ეხმარება საქართველოს და აქ ენერგეტიკის განვითარებას.

ახალი ენერგეტიკული სადგურების მშენებლობაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა. კონკრეტულად რას აპირებთ 5 წლის შემდეგ, რამდენი ახალი სადგური აშენდება?

სააკაშვილი რომ იძახდა 15 ახალი ჰიდროელექტროსადგური შენდებაო, ეს არის სიცრუე. რეალურად, 3-4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, დანარჩენები არ შენდება.

სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება ხობი1, ხობი2-თან დაკავშირებით, ასევე აბსოლუტური სიცრუეა. მინდა გითხრათ, რომ კომპანია, ალბათ, მარტის თვიდან მიიღებს სამშენებლო ნებართვას და სამუშაოებიც დაიწყება.

გარდაბანში ვგეგმავთ ახალი თბოელექტროსადგურის აშენებას თურქ პარტნიორებთან ერთად. სავარაუდოდ, 150 მეგავატი სიმძლავრის იქნება. ასევე, სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ შევისწავლოთ სადგურის აშენება ნახშირზე, ტყიბულში. ჩვენ ნახშირის ძალიან დიდი რესურსი გვაქვს. გვინდა გავაკეთოთ საპილოტე პროექტი ქარის ენერგიასთან დაკავშირებით, ვნახოთ, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რამდენად რეალური იქნება ტარიფები. სხვათა შორის, გვაქვს ადგილები, სადაც შეიძლება ამ ქარის ენერგიის სადგურების გაკეთება. ქართლში, სამცხე ჯავახეთში არის ასეთი ადგილები. ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, ტარიფებში რამდენად აისახება.

თუ ახალი ენერგოსიმძლავრეები დროულად არ შეიქმნა, ხომ არ შეამცირებს ეს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობასთან პრობლემები გვაქვს, არ გვაქვს იმდენი რესურსი, რომ ზამთარი გადავიტანოთ იმპორტის გარეშე, რაც უკვე პრობლემაა. რა თქმა უნდა, ახალი სიმძლავრეების შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას 4-5 წელი სჭირდება. პროექტები, რომლებიც დაწყებულია და გარკვეული დროის განმავლობაში დასრულდება, დამატებით სიმძლავრეებს მოგვცემს, მაგრამ ჯერჯერობით ზამთარში იმპორტი მოგვიწევს.

ალასანიასთვის თუ არის ზედმეტი დატვირთვა ვიცეპრემიერობა, თქვენთვის არ არის? თუ ენერგეტიკა უფრო უმნიშვნელო სფეროა, ვიდრე თავდაცვა და აქ შეთავსება შესაძლებელია?

თუ შევადარებთ თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს, მგონი, განსხვავება უდიდესია. თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ძლიერი და უდიდესი სამინისტროა.

ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი ქართულ ჯარში. ძალიან სერიოზული პრობლემები იყო და ვთვლი, რომ ირაკლის უფრო მეტი დრო ექნება თავდაცვის სამინისტროს გაძლიერების კუთხით. უნდა დავაჩქაროთ ინტეგრაცია NATO-ში, რაც ჩვენი ქვეყნის და ახალი მთავრობის ინტერესებში შედის.

ვთვლი, რომ ირაკლის სამინისტროს ჩემს სამინისტროსთან შედარებით გაცილებით მეტი სამუშაო აქვს. მე კი მაქვს იმის საშუალება, რომ გავწვდე ვიცეპრემიერის თანამდებობას.

22 Netflix - ტელეშოუს მომავალი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნიკა ესებუა

„ბანქოს სახლი“ კომპანია Netflix-ის ახალი პროექტია. პოლიტიკური დრამა, რომლის მთავარი პერსონაჟი ფრენკ ანდერვუდი გახლავთ. ფრენკი სამხრეთ კაროლინის მოსახლეობამ 11-ჯერ აირჩია კონგრესში თავის წარმომადგენლად. გავლენიანი პოლიტიკოსი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისმა კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს, სანაცვლოდ კი გენერალური მდივნის პოსტს მიიღებს. ასეთია შეთანხმება, რომელსაც ამერიკის ახალი პრეზიდენტი არღვევს და ფრენკის ისევ პარლამენტში აბრუნებს. ანდერვუდი არაფერს იმჩნევს, თუმცა ამ დამცირებას არავის აპატიებს. ის შურისძიებას იწყებს. ერთი შეხედვით, „ბანქოს სახლი” ბანალური სიუჟეტის მქონე სატელევიზიო შოუა, რომელსაც დიდი მომავალი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს პროექტი არის დიდი ექსპერიმენტი, რომელიც შეგვიძლია ტელევიზიის რევოლუციის დასაწყისად მივიჩნიოთ.

0x01 graphic

რევოლუციაა იმიტომ, რომ Netflix ტელევიზია არაა. ეს არის ინტერნეტკომპანია, რომელიც თავისი საიტის მეშვეობით ხალხს ტელევიზორში ფილმებისა და სერიალების ნახვის საშუალებას აძლევს. 2011 წელს, მარტო აშშ-ში, Netflix-ს 23 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. კომპანიის მფლობელებმა სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ მათ შეეძლოთ, საკუთარი პროდუქცია შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის და ამ გზით ტელევიზიებისთვის მაყურებელი წაერთმიათ.

Netflix-ის ეს სახიფათო წამოწყება გრანდიოზული უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში კრახისთვის იქნებოდა განწირული. დღეს, როცა ამერიკაში სატელევიზიო შოუების ბუმია, მაყურებლის ორიგინალური სიუჟეტით განცვიფრება ძნელია, ამიტომ კომპანიის ბოსებმა არჩევანი არა ორიგინალურ ამბავზე ან სპეცეფექტებით დახუნძლულ ისტორიაზე, არამედ ჰოლივუდის ვარსკვლავებზე და ხარისხზე გააკეთეს. „ბანქოს სახლში“ მთავარ როლს ორგზის ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი ასრულებს, სერიალის პირველი ორი სერია კი დევიდ ფინჩერმა გადაიღო. ფილმების - „შვიდი“, „მებრძოლთა კლუბი“ და „სოციალური ქსელი“ - რეჟისორი დღეს ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და ხარისხის გარანტია. მისი სახელი რეჟისორის სავარძლის სკამზე, ავტომატურად ნიშნავს მილიონობით ადამიანის ყურადღების მიპყრობას.

0x01 graphic

Boardwalk Empire. სტივ ბუშემი

Netflix-მა 100 მილიონი ჩადო პროექტში, რომელიც მინიმუმ ორი ცამეტსერიანი სეზონი იქნება. პირველი სეზონი 1-ლ თებერვალს მთლიანად დაიდო მის საიტზე და ახლა ყველა რეზულტატების მოლოდინშია. Netflix-ის შემთხვევაში არ არსებობს ზუსტი ინდიკატორი, რომლითაც შეიძლება „ბანქოს სახლის” კომერციული წარმატება განისაზღვროს. ტრადიციული შოუები ტელერეიტინგით იზომება, რომელიღაც სერიალი კონკრეტულ დროს გადის და ტელემეტრებით იოლი დასადგენია, რამდენ სახლში იყო ესა თუ ის სერიალი ჩართული. Netflix ამის საშუალებას არ იძლევა, რადგან მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ფინჩერისა და სპეისის ნამუშევრით ისიამოვნოს. ერთადერთი გზა სერიალის წარმატების დასადგენად, კომპანიის მომხმარებლების ზრდა და აქციების ფასებია. „ბანქოს სახლის“ გამოსვლის შემდეგ კი Netflix-ის აქციების ფასი 80%25-ით გაიზარდა.

ჯერჯერობით Netflix-ის სარისკო ნაბიჯი წარმატებულია. „ბანქოს სახლს“ კრიტიკოსები თბილად შეხვდნენ, რადგან პირველი ორი სერია ნამდვილად გამორჩეული იყო. დევიდ ფინჩერმა თავისი კინოესთეტიკა სერიალშიც წარმატებით გადმოიტანა და სპეისის პერსონაჟის ისტორიის პირველი თავები, რაღაცით „თამაშისა“ და „სოციალური ქსელის“ ნაზავს ჰგავს - მონოტონური თხრობის სტილი, ფინჩერის საყვარელი განათება და მუსიკა, რომელიც ატმოსფეროს ქმნის. „ბანქოს სახლი“ სერიალების ახალი ერის დასაბამია, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ჰოლივუდის პოპულარულმა მსახიობებმა სატელევიზიო შოუებში მონაწილეობას მოუხშირეს.

0x01 graphic

Damages. გლენ ქლოუზი

Fox, ABC, CBS, და NBC - ოთხი უმთავრესი ტელეკომპანია, რომელიც ამერიკული ტელევიზიის ამინდს ქმნის, სატელევიზიო რეიტინგებისთვის მებრძოლი ოთხი გიგანტი. და ამ ომში სერიალები უმთავრესი იარაღია. მეოცე საუკუნეში სატელევიზიო შოუები მეორეხარისხოვანი მსახიობებისა და რეჟისორების თავშეყრის ადგილი იყო. ეს იყო უზარმაზარი, ერთფეროვანი მოედანი, სადაც ყველა ერთი წესით თამაშობდა ერთნაირ თამაშს. მდარე ხარისხის ვიდეოპროდუქტში იშვიათად თუ გამოერეოდა ღირებული სერიალი, რომელიც ავტომატურად საკულტოს გვირგვინს ირგებდა. ახალმა საუკუნემ ახალი მოთამაშეები გაააქტიურა და მათ თამაშის წესები შეცვალეს. საკაბელო ტელევიზიები Showtime, FX, AMC გაძლიერდნენ ერთი ლიდერის გარშემო, რომელსაც სახელად ტელეკომპანია HBO ჰქვია.

საკაბელო ტელევიზიები თავიანთი მაღალი ხარისხის სატელევიზიო შოუებითა და ორიგინალური სცენარებით ნელ-ნელა სულ უფრო ამცირებენ დიდი ტელეკომპანიების რეიტინგს. HBO-მ მოახერხა ის, რომ სერიალი მაქსიმალურად მიუახლოვა კინოს, სატელევიზიო შოუს მხატვრული ღირებულება წარმოუდგენლად გაზარდა და ამით აიძულა გიგანტი ტელეკომპანიები, იგივე გაემეორებინათ. ის, რაც ოდესღაც მეორეხარისხოვანი საქმიანობა იყო, უცებ პრესტიჟულად იქცა.

ტელევიზიებმა მეტი ფულის ჩადება დაიწყეს სერიალებში, პოპულარული მსახიობები სულ უფრო ხშირად თამაშობენ სატელევიზიო შოუებში და არც ცნობილი რეჟისორები თაკილობენ სერიების გადაღებას. წლების წინ დევიდ ფინჩერისა და კევინ სპეისის დონის ხელოვანს არც არავინ შესთავაზებდა სატელევიზიო პროექტში მონაწილეობას.

0x01 graphic

Lie to Me. ტიმ როტი

დიდი ოთხეული მალევე მიხვდა, რომ სერიალებთან - „სოპრანოს კლანი“, 6 Feet Under და Wire - მისი პროგრამები სასაცილოდ გამოიყურებოდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა House M.D, Lost, Lie to Me - სერიალები, რომელთა უკანაც დიდი ფული და დიდი სახელები იდგა. ნამუშევრებმა ავტომატურად მოიპოვეს დიდი პოპულარობა და სხვა კომპანიებს მსხვილი პროექტებისკენ უბიძგეს. კინოდან მსახიობებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს სერიალში გადმონაცვლება.

ბრაიან სინგერი „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილებისა“ და „იქს ადამიანების“ შემქმნელი იყო და კარიერის ზენიტში House M.D-ს რეჟისორობა ითავა. ტიმ როტი ოსკარის ნომინანტი მსახიობია, რომელსაც არასდროს აკლდა როლები კარგ რეჟისორებთან. ის სერიალის Lie to Me მთავარ პერსონაჟს ანსახიერებდა. ექვსგზის ოსკარის ნომინანტი გლენ ქლოუზი უკვე 6 წელია შოუში Damages მთავარ როლს ასრულებს. კვენტინ ტარანტინო, ნილ მარშალი, ბრაიან სინგერი, ახლა უკვე დევიდ ფინჩერი - ამ რეჟისორებს სხვადასხვა შოუების ეპიზოდები აქვთ გადაღებული და ერთგვარ კატალიზატორებად იქცნენ, რაც სხვა კოლეგებს იმავესკენ უბიძგებს.

ნელ-ნელა რევოლუციურმა ტალღამ გადაიარა. Lost და House M.D დაიხურა. ახალ სერიალებს სულ უფრო მეტად უჭირდათ მაღალი რეიტინგის მოპოვება, რამაც იქამდე მიიყვანა საქმე, რომ 2012 წელს მსხვილი ამერიკული ტელევიზიების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელი იყო. ტელეკომპანია Fox-ს სერიალ Alcatraz-ის იმედი ჰქონდა, თუმცა ის, სავარაუდოდ, პირველი სეზონის მერე დაიხურება. შოუს, რომლის პროდიუსერიც ჯეი ჯეი აბრაამსია, ყველანაირი წინაპირობა ჰქონდა, ახალი Lost გამხდარიყო, მაგრამ მის ძალიან ცუდ კლონად იქცა და მაყურებელს მალე მობეზრდა.

0x01 graphic

The Following.
ჯეიმს პიურფოი და კევინ ბეიკონი

იგივე ბედი ეწია Fox-ის მეორე მნიშვნელოვან პროექტს Terra Nova. ამ სერიალის უკან სტივენ სპილბერგი იდგა, თუმცა კრახისგან ამანაც ვერ იხსნა. ABC-ს Nashville-ის იმედი ჰქონდა, თუმცა ამ შოუს მეორე სეზონის ბედიც გაურკვეველია. საკაბელო ტელევიზიების ყველაზე რეიტინგულ სერიალებად მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი - Walking Dead, Boardwalk Empire Homeland და Breaking Bad დარჩნენ. სერიალები, რომლებიც უკვე წლებია რეიტინგების სათავეში არიან.

რეიტინგების ვარდნა არამხოლოდ სერიალების დაბალი ხარისხის ბრალია. Hulu, Itunes და მსგავსი კომპანიები მაყურებელს საშუალებას აძლევენ, სერიალი კონკრეტულ არხზე აღარ ნახონ. Netflix ცდილობს, სწორედ ეს კოზირი გამოიყენოს. ის მაყურებელს თავის მომსახურებას ნებისმიერ დღესა და საათზე სთავაზობს. თვეში სულ რაღაც 8 დოლარად მაყურებელს შეუძლია, „ბანქოს სახლის“ 13 სერია სასურველ დროს იხილოს.

სერიალი სულ უფრო მეტად კარგავს კლასიკური სატელევიზიო შოუს სახეს და მხატვრულ ფილმს ემსგავსება. Netflix-ის ექსპერიმენტის შედეგს მაყურებელი დროთა განმავლობაში იგრძნობს, ჯერჯერობით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კომპანიამ ბანქოს სახლის შენება დაიწყო. რამდენსართულიანი იქნება ის ან როდის დაიშლება, არავინ იცის.

23 ქართული მოდა ევოლუციის პრობლემები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნინა ახლოური

„არ გვყავს ის პუბლიკა, რომ რაღაც ორიგინალური დაანახო და დაგიფასონ“, - ასე მითხრა ერთ-ერთმა ქართველმა დიზაინერმა, როდესაც ქართულ მოდაში იდეების ნაკლებობაზე ვსაუბრობდით. ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის - მიუხედავად მყარი მითისა ქართველების კარგი გემოვნების შესახებ, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება, რომელიც მოდის სფეროთი ზედაპირულად არ იქნება დაინტერესებული. თუმცა საქართველოში კიდევ უფრო ცოტაა დიზაინერი, რომელიც საზოგადოების ჩაცმის სტილზე თუნდაც სუსტ გავლენას მოახდენს. მართალია - იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ზოგადად ჩამორჩენილია სახელოვნებო პროცესებს, მათი მხრიდან ტრენდის შექმნაზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა. ტენდენციებს ევროპა და ამერიკა განსაზღვრავს და, შესაბამისად, ქართველებისთვისაც ავტორიტეტული მაინც უცხოური მოდის სახლების შემოქმედებაა.

0x01 graphic

მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ქართული მოდის კვირეულებზე სწორედ ელბაზის, იამამოტოს და სხვათა შემოქმედების პირდაპირ ასლებს ვხედავთ. პრობლემა ისიცაა, რომ ქართველი დიზაინერების ნამუშევრებზე საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს - არ არსებობს პრიალაყდიანი მოდის ჟურნალები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში გააშუქებდნენ მოდის სფეროს.

ქართველ დიზაინერებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ - ინფრასტრუქტურის არარსებობა. კოლექციის გაკეთება ძალიან ძვირი ჯდება და ხშირია ისეთი შემთხვევებიც, რომ კარგ იდეებს ცუდი მკერავები უღებენ ბოლოს. თუმცა ორიგინალური, ავთენტური იდეების სიჭარბე ამ სფეროში არც შეიმჩნევა. ამას კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხამდე მივყავართ - განათლების ნაკლებობასთან. ჩვენთან მომავალ დიზაინერებს ასწავლიან ადამიანები, ვისაც ამ საქმის მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვთ, რეალურად კი შემოქმედები არასდროს ყოფილან.

როგორც საზოგადოების დაინტერესება მოდის სფეროთი, ისევე დიზაინერების დამოკიდებულება საქმის მიმართ, საკმაოდ ზედაპირულია. თუნდაც ის, რომ ბოლო მოდის კვირეულისთვის კოლექციები ბევრმა ორ კვირაში შეკერა, ძალიან არასერიოზული მიდგომაა. სწორედ ასეთ ფაქტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა გარკვეულ წრეებში შეხედულება იმის შესახებ, რომ ჩვენთან მოდის კვირეულმა უბრალოდ ე.წ. ივენთის ფუნქცია მიიღო და მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ოპტიმისტურად ვისაუბროთ ჩვენთან მოდის სფეროს განვითარებაზე?

საინტერესოა, რომ სტატისტიკის სამსახურს არ გააჩნია მონაცემები, თუ როგორ ვითარდებოდა წლების განმავლობაში ქართული მოდის ინდუსტრია, რაც, სამწუხაროდ, რეზონულია - ის ხომ, უბრალოდ, არ არსებობს. უამრავი მოდის კვირეულის ჩატარების მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ქართული პროდუქტით უცხოელი ბაიერების დაინტერესება. შესაბამისად, ვერ ჩამოყალიბდა დიზაინერების სტაბილური ჯგუფი, რომელიც კომერციულ წნეხს გაუძლებს და მოდის კვირეულებზე ყოველ სეზონზე აჩვენებს კოლექციას.

0x01 graphic

ანუკა ქებურია.
საქართველოს მოდის კვირეული. აპრილი 2011

საქართველოში სულ რამდენიმე დიზაინერია, ვინც შეძლო უწყვეტ რეჟიმში მუშაობა და ერთგული მომხმარებლის პოვნა. მაგალითად, ავთანდილ ცქვიტინიძე და თამუნა ინგოროყვა. ამასთან, ზოგიერთ დიზაინერს, უბრალოდ, აქაურ მოდის კვირეულებში მონაწილეობა არ აინტერესებს და ურჩევნია თუნდაც პარიზის შოურუმებში აჩვენოს თავისი ნამუშევრები. უმეტესობა კერძო შეკვეთებზე მუშაობს. სეზონური კოლექციების კეთება კი ფუფუნებაა, რომელსაც ეკონომიკური კეთილდღეობა, ხშირ შემთხვევაში, არ მოაქვს.

„სამწუხაროდ, ჩვენთან მოდა, ხშირ შემთხვევაში, გართობაა და არა ბიზნესი. მოდა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და რესურსი, რომელიც მისაღებია მსოფლიო ბაზარზე“, - ამბობს სოფო ჭყონია, რომელიც წლებია ამ სფეროს გამოცოცხლებაზე დაუღალავად მუშაობს. სწორედ მისი დამსახურებით, საქართველოს მოდის კვირეულზე ბევრი საინტერესო სტუმარი ჩამოდიოდა, ეწყობოდა მასტერკლასები და ღონისძიებები. მისი დამსახურებაა, რომ ბევრ ახალგაზრდა დიზაინერს აქვს შესაძლებლობა, Be next-ზე საკუთარი შემოქმედება აჩვენოს.

ჭყონია თვლის, რომ მოდის სფეროსთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მთავარია შეიქმნას სკოლები და პროფესიონალებმა მოამზადონ არა მხოლოდ დიზაინერები, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელსაც მოდის სფეროში მოღვაწეობა აინტერესებს, რადგან დიზაინერის უკან პროფესიონალების დიდი გუნდი უნდა იდგეს. „როდესაც გაჩნდება ბევრი კომპეტენტური, ნიჭიერი ადამიანი, მაშინ მათთვის, ვინც ორ დღეში და მხოლოდ თბილისური „შოუსთვის“ აკეთებს „კოლექციებს“, უბრალოდ ადგილი აღარ იქნება. დღეს კი მოდის კვირეულები საქართველოში გართობის ერთგვარი ფორმაა და მეტი არაფერი“, - აღნიშნავს ჭყონია, თუმცა, ამდენი უარყოფითი ფაქტორის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ქართველებს საკმაოდ საინტერესო ხედვა აქვთ. თუ მათ ხელის შეწყობა ექნებათ და ქართული სიზარმაცე და ცარიელი ამბიცია არ შეაწუხებთ, ბევრი საინტერესო დიზაინერი შეემატება მსოფლიოს. ამაში დარწმუნებული ვარ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და არც უსაშველო სიტუაცია არ არის, უბრალოდ, საჭიროა შრომა, ცოდნა და იმის კეთება, რასაც ჰქვია მოდა და მოდის ბიზნესი“.

ახალგაზრდა დიზაინერს, გიორგი ქებურიას, მოდის კვირეულებზე კოლექციები იშვიათად გააქვს. თავისი თაობის დიზაინერებში ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანია, თუმცა თვლის, რომ ყველა სეზონზე კოლექციების შექმნა საქართველოში არამოგებიანი საქმეა. „ვერ ხდება ტანსაცმლის რეალიზება. სულ ორი მაღაზიაა დიზაინერული სამოსისთვის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბაიერები არ ჩამოჰყავთ. დაინტერესება თუ წამოვიდა, ყველა ამოძრავდება. პრესა უნდა ჩამოვიდეს ისეთი ქვეყნებიდან, სადაც მოდა მართლა აინტერესებთ. საქართველოს მოდის კვირეულზე კი ჩამოდიოდნენ, მაგრამ იქ ისეთი დიზაინერები იღებდნენ მონაწილეობას, რომ გასაკვირი არ არის მათი მხრიდან ინტერესის ნაკლებობა. იყო დაბლოკვის მცდელობებიც, ზოგიერთ დიზაინერს პირადი ინტერესების გამო არ აძლევდნენ მონაწილეობის მიღების საშუალებას. ისე კი, აქ მთავარი მაინც ფინანსური მხარეა, კვირეულებზე ისინი გამოდიან, ვინც ქმნის გაყიდვად ტანსაცმელს, ახალგაზრდა დიზაინერები კი უფრო შემოქმედები არიან. კომერციული მოდის კეთება, რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ საქართველოში ამას მგონი აზრი არ აქვს.

0x01 graphic

ავთანდილი.
თბილისის მოდის კვირეული. დეკემბერი 2012

დასაწყისში, როცა მოდის კვირეულების ჩატარება დაიწყო, კონკურენცია მართლა იყო - ძალიან შემართულები ვიყავით, რადგან ყველას გვეგონა, რომ ძალიან განვითარდებოდა ეს სფერო. დღეს მოდის კვირეულები ტარდება ხალხისთვის, რომლებიც სინამდვილეში არ არიან ბაიერები და არც კრიტიკოსები. ისინი არიან მოყვარულები, ასე კი მოდა ვერ განვითარდება. სამუშაო გარემო უნდა იყოს, ყველა დიზაინერი თვითონ უნდა ცდილობდეს საკუთარი ჩვენების ორგანიზებას, უნდა ჩამოიყვანონ პროფესიონალები ყველა განხრით. აქ, ელემენტარულად, მაკიაჟს ვერ აკეთებენ, მოდელებმა არ იციან სიარული, განათება არ ვარგა. ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული“.

არის თუ არა ფინანსები პანაცეა? „ბევრი რამ ფინანსებზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრ ფულს თუ მოგცემენ, მოდის სფერო სერიოზულად განვითარდება, რისი მაგალითიცაა ისეთი მდიდარი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი ან ყაზახეთი“, - თვლის დიზაინერი სიმონ მაჩაბელი. მისი აზრით, მთავარი ფუნდამენტი მოდის სფეროს განვითარებისთვის საქართველოში არ არსებობდა და ის, რაც დღეს ხდება, ლოგიკურია. „საბჭოთა პერიოდშიც კი მასობრივი მრეწველობა განვითარებული არ ყოფილა. 90-იანებში დაიწყო მოდის სისტემის სიმულაცია, რისი შედეგიცაა არათანმიმდევრული მოდის კვირეულები. მთავარი მიზეზი, რის გამოც ინდუსტრია ვერ ჩამოყალიბდა, მაინც ისაა, რომ რეალურად ქართულ ტანსაცმელზე ჯერ მოთხოვნა არ არის, ქართველების მხრიდანაც კი. ჩემი აზრით, მოდა ფუფუნების და კეთილდღეობის ერთგვარი სინონიმია. მოდა, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, არის ძალიან მრავალფეროვანი და გაცილებით დემოკრატიული, ვიდრე, ვთქვათ, ორმოცდაათი წლის წინ, მაგრამ იქ ეს დემოკრატიულობა ზოგადად ცხოვრების დონის ამაღლებამ გამოიწვია და არა იმან, რომ მოდამ დაკარგა ელიტისტური თვისება. ჯერ ეს ქვეყანა არ არის იმ დონეზე, რომ სწორად აღიქვას სახელოვნებო პროცესი მოდაში.

0x01 graphic

აკა ნანიტაშვილი.
საქართველოს მოდის კვირეული. აპრილი 2011

ჩვენთან ვიღაცას უნდა, რომ წავიდეს მოდის ჩვენებაზე, რისთვისაც რაღაც ჯგუფი მოაწყობს მოდის ჩვენებას და ამას დაერქმევა მოდა. საქართველოში დიზაინერები არასერიოზულად აღიქვამენ შექმნის პროცესს და მიაჩნიათ, რომ თუ დაიქირავებენ მკერავს, კონსტრუქტორს, სახელოსნოს, ერთ-ორ ჟურნალს დაათვალიერებენ და საზღვარგარეთ წავლენ, ეს უკვე საკმარისია, რომ მოდა აკეთო, ეს კი არასწორი დამოკიდებულებაა. სამხატვრო აკადემია, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს რაღაც უნარ-ჩვევებს უვითარებს, მაინც ჩარჩენილია გასულ ეპოქაში, იმიტომ რომ იმ მეთოდებით ასწავლიან, რომლებითაც ეს ხელობა არ ისწავლება. უცხოეთში გასწავლიან, როგორ შეკერო კაბა, მაგრამ როგორი კაბა შეკერო, ამაზე არ უნდა მიგითითონ. აქ კი ყველაფერი პირიქითაა“.

ფინანსებზე მეტად, სიმონ მაჩაბელი გამოსავალს არტიზანული ხელოვნების დახვეწაში ხედავს: „60-იან წლებში იტალიაში ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო, მაგრამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ თუ საუკეთესო რამ არსებობს დიზაინში (ინტერიერის თუ სამოსის), იტალიურია და არა ჩინური. მათთან ხელობას უდიდესი ტრადიცია აქვს, იტალიელებმა შეძლეს ამის აღორძინება და გაცოცხლება. აქ რომ არსებობდეს ძლიერი სახელოვნებო სკოლა, სხვა სიტუაცია იქნებოდა. ჩემი აზრით, საქართველომ მოდის განვითარების სხვა გზა უნდა აირჩიოს. ბევრად მეტი უნდა იმუშაოს იმაზე, რომ აბსოლუტურად თვითმყოფადი, ტრენდისგან თავისუფალი და სხვა ფასეულობებზე დამყარებული დიზაინი შექმნას. საჭიროა დიზაინერები, ვინც შეკერავენ, ვთქვათ, ძალიან კარგ ფეხსაცმელს, რომელიც იმ მომენტისთვის იქნება არატრენდული, მაგრამ, ამავე დროს, იმდენად კარგად გაკეთებული, რომ ეს მომავალში მათთვის წარმატების საწინდარი გახდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კრეატიული ადამიანების დახმარება უფრო საინტერესო საქმე უნდა იყოს, ვიდრე მოკლე ვადებში ერთდღიანი ივენთების მოწყობა“.

24 ჟან ნუველის მომავლის ოფისები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

სიმონ მაჩაბელი

0x01 graphic

ულამეზესი ნაგებობის - Tore Agbar - კოშკის აგებისთვის ფრანგ არქიტექტორს ჟან ნუველს Pritzker Architecture Prize 2008 წელს მიენიჭა. თანამედროვე ბარსელონის ეს საკულტო კოშკი ხომ ახალი ტექნოლოგიების, ეპოქის და მოდერნული საზოგადოების სიმბოლოა.

არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მიღმა, ჟან ნუველი იმ არქიტექტორთა რიგს განეკუთვნება, რომლებმაც თავიანთი დიდი კვალი უკვე დატოვეს - მის მიერ აშენებული პროექტები მთელ მსოფლიოშია მიმობნეული და მათი უმეტესობა თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრებს წარმოადგენს: Cartier-ის ხელოვნების ცენტრი პარიზში, დედოფალ სოფიას მუზეუმის ფლიგელი მადრიდში, ლიონის ოპერა, Quai Brenly მუზეუმი პარიზში და სხვა მრავალი. მიმდინარე პროექტების ნუსხაც შთამბეჭდავია - ლუვრის მუზეუმი აბუდაბიში, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის რეკონსტრუქცია, ყატარის ნაციონალური მუზეუმი, ფილარმონია პარიზში.

0x01 graphic

Tore Agbar. ბარსელონა

ჟან ნუველი, მიუხედავად იმისა, თუ რა მასშტაბში მუშაობს, არქიტექტურას ქვაში გამოკვეთილ კულტურულ მსოფლიოდ აღიქვამს. მას მიაჩნია, რომ არქიტექტურა სხვა დისციპლინებით უნდა საზრდოობდეს, მისთვის აბსტრაქტული და ფიგურატიული ხელოვნების სინთეზია მნიშვნელოვანი და იმ ჰორიზონტების შექმნა, რომელიც მუდამ იცვლება - არამატერიალურის ზღვარზე დგას. ნუველის ხელწერა პირველ რიგში ფერთან, სინათლესთან და ჩრდილთან, ლანდშაფტთან და გარემოსთან ჰარმონიული მუშაობაა.

ცნობილ არქიტექტორს მილანში, კომპანია Cosmit-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ვესაუბრეთ. საერთაშორისო დიზაინის გამოფენა Saloni 52, რომელიც უკვე 52 წელია იმართება მილანში, მსოფლიო დიზაინის და არქიტექტურის ცნობილ სახელებს აერთიანებს. წელს ამ გამოფენაზე დიდ პროექტს - „ოფისი ცხოვრებისათვის“ - წარადგენს ჟან ნუველი.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ უამრავი ცვლილების მოწმენი გავხდით, თუ როგორ შეიცვალა საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის ბუნება, საოფისე შენობები ურბანული ქსოვილის დიდ ნაწილს წარმოადგენენ და, ამავე დროს, ერთიანი სივრცის სეგრეგაციის მიზეზადაც იქცნენ“, - ამის საპასუხოდ, მილანის გამოფენაზე სპეციალურად გამოყოფილ უზარმაზარ სივრცეში ნუველი ოფისის ახალ კონცეფციებს განიხილავს და მოაწყობს. ეს იქნება კლონირებული სივრცეების უარყოფა, ერთგვარი ცდა, გაერთიანდეს საცხოვრებელი და სამუშაო ადგილსამყოფელი.

ფრანგმა არქიტექტორმა ოფისებისთვის განკუთვნილი შენობა პირველად გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, სარეკლამო კომპანია CLMBBDO-სთვის დააპროექტა. სამუშაო სივრცისადმი დამოკიდებულება - მობილურობა, ერთგვარი მხიარულება და სასიამოვნო ატმოსფერო - მან როგორც შენობის გარეთ, ასევე შიგნით გახსნილი გეგმარების გამჭვირვალე ოფისებში აჩვენა.

0x01 graphic

ჟან ნუ ველის პროექტი
ოფისი საცხოვ რებ ლად

„30-40 წლის შემდეგ ჩვენ გავოცდებით, თუ რაოდენ მოუხერხებელია დღევანდელი სამუშაო შენობები, გროტესკული კლონები, სტანდარტული, ტოტალიტარული, ყოველგვარი სიამოვნებისგან დაცლილი და საცხოვრებლად არანაირად მომხიბლავი შენობები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ერთმანეთს ჰგავს“, - ამბობს ნუველი.

„პროექტი „ოფისი საცხოვრებლად“, რომელიც გამოფენაზე იქნება წარდგენილი, იქნება ერთგვარი ცდა, ვიპოვოთ ახალი მასალები და ტექნოლოგიები, ეფექტური, კომფორტული, ადამიანზე ორიენტირებული ეკოლოგიურად სუფთა ახალი გარემოს შესაქმნელად. ჩვენ გვჭირდება ისეთი გარემო, რომელიც ჩვენი სახლის ან მშობლიური ქალაქის მსგავსი იქნება - ყველას აქვს უფლება, მცირეოდენი სიამოვნებისთვის შეცვალოს განათება ან გადააადგილოს ავეჯი, ჩვენ ხომ სამსახურში ზუსტად იმდენ დროს ვატარებთ, რამდენსაც სახლში.

ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ და ვმუშაობთ კიდევაც სახლებიდან, ან გადაკეთებული სათავსო შენობებიდან, რადგან გვსიამოვნებს, გვირჩევნია. თუკი მუშაობა გიწევს ცათამბჯენებიდან, უნდა შექმნა ისეთი სივრცე, რომელიც მისაღები იქნება მეორე ადამიანისათვის, მისი შინაგანი სამყაროსთვის“.

გამოფენა/ინსტალაციაზე ნაჩვენები იქნება ურბანულ სეგრეგაციამდე არსებული სამუშაო გარემო, რომელიც არსებობდა მანამ, სანამ დაიწყებოდა ფუნქციონალური კლონირება. ჟან ნუველისათვის თანამედროვეობის ტექნიკური და სოციალური ცვლილებების ინტერპრეტაცია, თავისუფლებისკენ მუდმივი ლტოლვის პოეტურად გამოხატვა არქიტექტორის საქმეა.

ის აპროექტებს უზარმაზარ მონოლითს, რომელიც აღიმართება გამოფენის პავილიონში. მის ოთხ მხარეს ვიდეოპორტალი იქნება დამონტაჟებული, ოთხი ხელოვანი - რეჟისორი, ფილოსოფოსი, მხატვარი და მწერალი - ისაუბრებს ადამიანის და სამუშაო ადგილის შესახებ, რაც თემის შესავალი იქნება.

Saloni 52-ზე ვაპირებთ 5 სხვადასხვა სცენარი-პავილიონი შევთავაზოთ მნახველებს. ეს არის აბსოლუტურად ახალი კონცეფციები სამუშაო სივრცის შესახებ. არის ლოგიკური, ჰუმანური და გათვლილია ადამიანურ მასშტაბზე. მაგალითად, კლასიკური საცხოვრებელი ბინა, რომელიც გადაქცეულია სამუშაო სივრცედ, სადაც ადამიანის პირადი გარემო ჰარმონიულად ეწყობა სამუშაოს მოთხოვნებს.

ყველა სივრცე ტრადიციული წესებისგან თავისუფალი იქნება, რასაც სასიამოვნო სამუშაო გარემოსკენ მივყავართ, ყოველ ადამიანს ინდივიდუალური სივრცის შექმნის საშუალება უნდა ჰქონდეს თავისი შუქისა და ჩრდილის გამოყენებით“.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამოფენის ორგანიზატორებმა გაგვანდეს, ამ პავილიონისთვის ნამუშევრებს (ავეჯს და მცირე კონსტრუქციებს) ჟან ნუველის გმირები და მეგობრებიც შექმნიან: რონ არადი, მიკელე დე ლუკი, მარკ ნიუსონი და ფილიპ სტარკი. ასე რომ, მილანის დიზაინის გამოფენაზე საინტერესო აპრილი გველის.

25 Ben UFO - Fabriclive: 67

▲ზევით დაბრუნება


ალბომები

ნიკა ესებუა

0x01 graphic

Ben UFO - იგივე ბენ ტომსონი ინგლისელი DJ-ია, რომლის სახელსაც უკავშირდება თანამედროვე UK სცენის ერთ-ერთი წამყვანი ლეიბლის, Hessle Audio-ს სახელი. Ramadanman-თან და Pangaea-სთან ერთად, ის ამ ლეიბლის თანადამაარსებელი გახლავთ. მისი ბოლო ოფიციალური Mix CD-ის გამოსვლიდან (Rinse:16) დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, Ben UFO რიგით მეორე - Fabriclive 67-ით დაბრუნდა და კიდევ ერთხელ აალაპარაკა თანამედროვე Underground Dance Music სცენასთან ასოცირებული მელომანების თუ სხვადასხვა მუსიკალური გამოცემების ერთობლიობა.

დღეს არც ისე ადვილია, რომ ერთი საკუთარი ტრეკიც არ გაგაჩნდეს და მაინც იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი ისეთ სწრაფად მზარდ და კონკურენტულ სფეროში, რომელშიც ტომსონი ტრიალებს, თუმცა მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ტიტული - იყო საუკეთესო სელექტორი, არაფრით ჩამოუვარდება ტიტულს - იყო საუკეთესო ტრეკმეიქერი.

„ზღვარგადასული“ ჟანრული მრავალფეროვნება, ლამის სპორტულ დონეზე აყვანილი მიქსინგის ტექნიკა და მუსიკასთან ღრმად ინტიმური დამოკიდებულება, 27 წლის ტომსონის მოღვაწეობისთვის დამახასიათებელი და განუყოფელი ელემენტებია, რომელთა საშუალებითაც სხვადასხვა ონლაინ მუსიკალური გამოცემისთვის ჩაწერილი მისი ყოველი ახალი მიქსტეიპი ყველაზე უფრო დამაინტრიგებელი და სასურველია. შეიძლება ითქვას, რომ არცერთი სხვა დიჯეის აქტივობას არ გააჩნია იმხელა მოლოდინები, რამდენიც Ben UFO-სას.

ბენ ტომსონის ყველა ღირსებასთან ერთად, მისი ერთ-ერთი სამარკო ნიშანი გახლავთ ის ავტორიტეტი, რომელიც მან თანამედროვე Underground სცენაზე მოიპოვა. ამ თვალსაზრისით ის ყველა სტერეოტიპს არღვევს და ხშირად კომპოზიცია, რომელსაც Clubbing საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს, Ben UFO-ს შესრულების შემდეგ ბევრისთვის საყვარელ ტრეკად გადაიქცევა. ეს მისი მხრიდან ერთგვარი ირონიული დამოკიდებულებაც გახლავთ წინასწარი განწყობების მიმართ - მან იცის, რომ შეუძლია მარგინალურის ლეგიტიმაცია, ერთგვარი ურჩხულის პრინცად გადაქცევა.

Fabriclive 67-ის შემთხვევაში, რომელიც ბრწყინვალედ არის გამიქსული, აშკარაა მრავალფეროვანი სელექცია: დაწყებული ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ ლეიბლთან - L.I.E.S. - აფილირებული Delroy Edwards-ით, გაგრძელებული Jam City-ს ავანგარდული, არატიპური არქიტექტურის მქონე მუსიკით და დამთავრებული Blawan-ის, Contemporary Techno/UK Garage ქროსს-ოვერით.

ნამუშევრის კიდევ ერთი ტენდენცია სცენების აღრევაა. წმინდად ბრიტანული გემოვნების მქონე DJ-ის მიქსი ისე ჟღერს, რომ რიგითი პრეტენზიული Raver-ი ნებისმიერი ქალაქის წამყვან კლუბში იპოვის თავის საუნდს - იქნება ეს ლონდონი, ბერლინი, ამსტერდამი თუ სხვა.

ეჭვგარეშეა ის, რომ Fabriclive 67 ამავე სერიის ლეგენდარული მიქსების სიას უკვე შეუერთდა და წლების შემდეგ, ის ჩვენი დროის საკლუბო სცენის ერთ-ერთ საუკეთესო რეპრეზენტაციას წარმოადგენს.

0x01 graphic

My Bloody
Valentine - m b v

My Bloody Valentine ირლანდიური Noise Rock / Shoegaze მიმართულების ვეტერანი ჯგუფი გახლავთ, რომელიც 1983 წელს დუბლინში ჩამოყალიბდა და დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას.

საინტერესოა, რომ კოლექტივს დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე სულ სამი (მოცემული დისკის ჩათვლით) სტუდიური ალბომი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ბენდის სტატუსი ენიჭება.

ეს სტატუსი კი მას 1991 წელს გამოსულმა Loveless-მა მიანიჭა, რომელიც ჟანრში ერთ-ერთ წამყვან ნამუშევარს წარმოადგენს და დღემდე უამრავ ბენდზე ახდენს გავლენას.

ალბომი იწყება კომპოზიციით, რომელსაც საძირკვლად ცივი, ემბიენტური საუნდსქეიფი უდევს. მუსიკა ნელ-ნელა ჯდება რითმულ ჩარჩოში, რომელიც ალბომის შუა ნაწილიდან აგრესიულ drumming-ში გადაიზრდება და კულმინაციას ალბომის ბოლო, ნევროტული ხასიათის სიმღერაში აღწევს.

mbv ბენდის კლასიკურ ხაზს აგრძელებს და პირველივე ხმის გაგონებისას იცნობა მუსიკოსების სამარკო საუნდი. საჭირო არ არის, ახალი ნამუშევარი მის წინამორბედ Loveless-ს შევადაროთ, ან მის მეორე ნაწილად ჩავთვალოთ. mbv ცალკე აღებული ჩანაწერია, რომელშიც სილამაზე და ესთეტიკური მხარე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

80-იანელთა თაობის აკუსტიკური კონსერვატიზმი და indie ტრადიციონალიზმი 2013 წელს ერთგვარად საგმირო საქმეც არის. ჩვენს დროში, როდესაც ამ ტერმინმა თავდაპირველი იდეა და ტრადიცია დიდწილად დაკარგა, mbv ერთგვარ შეხსენებასაც წარმოადგენს ახალი თაობის მუსიკოსებისთვის, შეხსენებას იმისა, რომ indie purism დასაკარგი დამოკიდებულება ნამდვილად არ გახლავთ და ამას ჯგუფის წევრები ბოლო ალბომის გამოსვლიდან 22 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ამტკიცებენ.

0x01 graphic

Local Natives - Hummingbird

2010 წლის სადებიუტო ალბომის შემდეგ, კალიფორნიული კვარტეტი Local Natives ახალი, სრულმეტრაჟიანი ალბომით ბრუნდება და არც ამჯერად აპირებს თანამედროვე indie როკის მსმენელთა იმედგაცრუებას. თუ პირველი ალბომის შემთხვევაში Animal Collective-თან მათი შედარებები მომაბეზრებლად ხშირად ისმოდა, ახალი ნამუშევრის შემთხვევაში მსგავს მოვლენასთან საქმე ნაკლებად გვაქვს.

გუნდური ვოკალის პარტიები, კარნავალური ესთეტიკა და საზეიმო ატმოსფერო Hummingbird-შიც შენარჩუნებულია, მაგრამ ეს ნამუშევარი უფრო მეტად დამშვიდებული და გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული განაცხადია. ბენდმა თავისი ხელწერა და სახე მოირგო და სახელი Local Natives უკვე რაღაც კონკრეტულთან ასოცირდება. ალბომის საუკეთესო სიმღერა ცალსახად Colombia გახლავთ, ძლიერი მელოდიური ხაზით და საკმაოდ კარგი ლირიკით, თუმცა ალბომში თითქმის არ არის სუსტი კომპოზიცია და ამიტომაც გახლავთ Hummingbird ისეთი ჩანაწერი, რომელსაც ერთი მოსმენის შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდებით.

26 კაცი პირველი რიგიდან

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ირინა ბაგაური

ლონდონში რომ ეცხოვრა, აუცილებლად უშველებელი ინგლისური ქოლგით, კოხტად მოვარაყებული ჯოხითა და დიდფარფლებიანი ქუდით ივლიდა თეატრში. საბჭოთა იმპერიაში დაბადებული ბატონი პირველი რიგიდან კი მუდამ სამაგალითოდ მოწესრიგებულ-დავარცხნილი, მხრებში გამართული შემოდის დარბაზში და ყოველთვის პარტერის პირველ რიგში იკავებს ადგილს.

კაცს პირველი რიგიდან გარს მუდამ ახვევია ნაცნობები - ადამიანები, ვისაც საკუთარ თეატრალურ გამოცდილებასა და ნანახს უზიარებს. ის სამაგალითოდ თავდაჭერილი და გალანტურია, თუმცა თუ შემთხვევით მისი ადგილის დაკავებას შეეცდებით, არც სალანძღავ სიტყვებს მოერიდება თქვენი მისამართით.

კაცი პირველი რიგიდან ყოველთვის გულმხურვალედ აჯილდოებს საყვარელ მსახიობებს და მათ ვარდების თაიგულის ნაცვლად, სეზონური თუ მარადმწვანე მცენარეებით ანებივრებს. მისი თაიგულები ხშირად ეგზოტიკური, წიწვოვანი, კენკროვანი ხის ტოტებისგან შედგება და ფარშევანგის ან სხვა რომელიმე ფრინველის ბუმბული ამშვენებს.

რიგებს შორის მოსიარულე უბილეთო თეატრალი დედაქალაქში არცთუ დიდი ხნის წინ, უკვე მოწიფულ ასაკში გადმოვიდა საცხოვრებლად ქვეყნის პროვინციული ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბნიდან - ზასტავადან და იქნებ მისმა თანამოქალაქეებმა სულაც შეიცხადონ ზასტავას კოლორიტი, ანდა მათი ქალაქის პროვინციულობა, მაგრამ იმას, რომ რიგებს შორის მოსიარულე ბატონი ერთობ კეთილშობილი, დიდსულოვანი და მგრძნობიარე ადამიანია, მის მშობლიურ ქალაქშიც დაგიდასტურებენ და დედაქალაქშიც.

არავინ იცის, როგორ მოხვდა პირველად დედაქალაქის უძველესი თეატრის კლასიკური ბალეტის სპექტაკლზე. მაგრამ რიგებს შორის მოსიარულე ბატონმა, ფაქტია, გულმხურვალედ შეიყვარა ცეკვის ეს ხელოვნება და ამიტომ მას თითქმის ყველა სპექტაკლზე, მათ შორის რომანტიკული ხანის ლირიკულ წარმოდგენებზეც ნახავთ. ის მუდამ მარტო მოდის, არასდროს აქვს ბილეთი პარტერში და თუ შემთხვევევით თქვენს ბილეთზე მითითებულ სავარძელში დაგხვდათ მოკალათებული, ათასი ბოდიშის მოხდით დაგითმობთ კუთვნილ ადგილს. პირადად არცერთ მსახიობს არ იცნობს, ამიტომ ფარდის დაშვების შემდეგ არასდროს ულოცავს საყვარელ მოცეკვავეებს წარმატებულ გამოსვლას და სპექტაკლის დასასრულს - სხვა აქტიური თეატრალებისგან განსხვავებით - კულისების ნაცვლად, პირდაპირ ავტობუსის გაჩერებისკენ მიემართება ხოლმე.

0x01 graphic

ის კი, კაცი მოსაწვევებით, ძირითადად თვალსაჩინო ადგილებში, პარტერის ან ბენუარის ლოჟებში ჩნდება. მის გვერდით ჯდომა არავის უყვარს, რადგან ხელ-ფეხს აქტიურად აყოლებს მუსიკას, კრეშენდოზე მთლად სკამიდან იწევს და ამით ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს გვერდით მჯდომს, რომელსაც ვერც კი ამჩნევს, რადგან მისი ყურადღება მთლიანად დირიჟორისკენ, ან შემსრულებლისკენ არის მიმართული. ფაქტებსა და სახელებს გამუდმებით ურევს, ამიტომ მის მელომანობას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, სანამ ეს ბატონი მსტისლავ როსტროპოვიჩის კონცერტის ერთ-ერთ ძველ მოსკოვურ ჩანაწერში არ ამოიცნეს მაყურებლთა რიგებში, ასევე თვალსაჩინო ადგილას მჯდომი.

მან ყველაფერი იცის გამოჩენილი საბჭოთა მოღვაწეების შესახებ: პირადაც იცნობდა ყველას და იცის, მაგალითად, რა ხილი უყვარდა სვიატოსლავ რიხტერს, ან როგორ ხურდებოდა სცენაზე გამოსვლის წინ მაია პლისეცკაია. ვერ იტანს საყვარელი მსახიობის ან მუსიკოსის კრიტიკას და შეიძლება უშვერი სიტყვებით გამოგლანძღოთ, სიბრიყვე დაგწამოთ, თუ მასთან აღნიშნავთ, რომ მის საყვარელ რეჟისორს კარგა ხანია შემოქმედებითი კრიზისი აქვს, ანდა მისი კერპი 85 წლის ასაკში ისეთ ნოტებს ვეღარ იღებს, როგორც ამას 35 წლისა აკეთებდა.

ამ ბოლო დროს ისევ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცნენ თეატრალები: გასული წლის დეკემბერში ლა სკალაში ბოლო გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ დაბრუნებულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცოსოპრანოს, ჩეჩილია ბარტოლის, მაყურებელმა ყალბი ნოტი არ აპატია და სტვენითა და ბუუს ძახილით შეხვდა მისი გამოსვლის მეორე ნაწილს. ხმაურმა და მწარე რეპლიკებმა დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი იძულებული გახადა, წარმოდგენა დროებით შეეჩერებინა. მიუხედავად ამისა, ბარტოლიმ წნეხს გაუძლო და კონცერტი პროგრამის მიხედვით დაასრულა.

განსხვავებით რობერტო ალანიასგან, რომელმაც 2006 წელს პირდაპირ სპექტაკლის მსვლელობისას დატოვა ჯერ სცენა, შემდეგ კი თეატრი და ეს იმ მიზეზით, რომ წინა დღეებში მიცემულ ინტერვიუში ლა საკალას პუბლიკა არცთუ დადებითად მოიხსენია. ამავე თეატრის ხელმძღვანელმა რამდენიმე კვირის წინ პრესტიჟული ყოველდღიური გამოცემის Corriere della Sera-ს აკრედიტებული კრიტიკოსი არაკომპეტენტურობასა და არაკორექტულობაში დაადანაშაულა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ეს ახალი სკანდალის აგორების საფუძველი გახდა. ამ განცხადებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა კოლეგა ჟურნალისტებისა და მაყურებლის მხრიდან, რომელთა თქმითაც, თეატრები არ ირჩევენ კრიტიკოსებს და არც იმის უფლება აქვთ, ვინმეს მაყურებელთა დარბაზში შესვლა აუკრძალონ, ან მიუთითონ, რა მოიწონონ და რა - არა. კრიტიკოსების აზრით, შესაძლოა, სულაც რომელიმე ფანატიკოს ბალეტომანს უკავშირდებოდეს იანვარში, მოსკოვის დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე, სერგეი ფილინზე თავდასხმის ფაქტიც. უცნობმა ფილინს სახეზე მჟავა შეასხა, რამაც მსოფლიო შეძრა.

მსოფლიოში თეატრს ტენდენციებს მაყურებელი კარნახობს, ხშირად ასე ბრუტალურადაც კი. საქართველოში კი, მიუხედავად კულტურის მინისტრის ყბადაღებული გამონათქვამისა: „ხალხს უნდა დავეკითხოთ“, ამ დრომდე და სულ უკითხავად ხსნიან და ნიშნავენ ქვეყნის წამყვანი თეატრების ხელმძღვანელებს. ჩვენ არც მათი მენეჯერული შესაძლებლობები ვიცით, არც სამომავლო პოლიტიკის შესახებ შეუტყობინებიათ რამე იმავე ხალხისთვის და არსებობს ეჭვი, რომ თავად ახალ მმართველებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ამის შესახებ.

ჩვენს თეატრებში ალბათ გამონაკლისის სახით თუ უნახავს ვინმეს სპექტაკლებზე პარტიტურებითა და კლავირებით მოსული მაყურებელი და მათ რიგებში ვერც ლა სკალას ტემპერამენტული ლოჯონისტებივით, ან პარიზის ოპერის პროფესიონალი კლაკერებივით გაწაფულ ბუნტისთავებს წააწყდებით. პირიქით უფრო ხდება - ბევრჯერ დაგვიკრავს დაუმსახურებელი ტაში და გვიძახია უადგილო ბრავო, მეტიც, გაჭირვებით ჩამთავრებული არია დაახლოებული მაყურებლების დაჟინებული თხოვნით ხშირად ბისზეც კი მოგვისმენია. ლეგენდები მკაცრი და მომთხოვნი ქართველი მაყურებლის შესახებ დღეს ოდნავადაც არ შეეფერება სიმართლეს, მაგრამ წერილის დასაწყისში მოხსენებული ეს ადამიანები, ისევე როგორც ბევრი მათსავით თეატრზე შეყვარებული მაყურებელი, ის ხალხია, ვისთვისაც სცენაზე ქართული თეატრის არაერთ ლეგენდასა თუ დიდ უცხოელ გასტროლიორს უთამაშია, უმღერია თუ დაუკრავს.

ადამიანები, რომლებიც თეატრით ცხოვრობენ, ამ ქვეყანაშიც არსებობენ და მათ მაყურებელთა დარბაზი არც 90-იან წლებში მიუტოვებიათ, იმ დროს, როდესაც გაყინულ პარტერში მსხდომ მაყურებელს სცენაზე მდგომი მსახიობები სჭარბობდნენ და დღესაც, მიუხედავად თეატრების დიდი ნაწილის მოუქნელი მენეჯმენტისა, ერთგულად ესწრებიან სპექტაკლებს.

ასე რომ, კარგი იქნებოდა, იმ პირებმა, რომლებიც ამ სფეროში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამ ადამიანებს ხანდახან უბრალოდ ჰკითხონ მაინც, რა სურთ, ან რა მოსწონთ. აუხსნან, რას ემსახურება ცვლილებები, რა პოლიტიკის გატარებას აპირებებენ ახალი კადრები.

ესაუბრეთ მათ, რა იცით, ეგება და, მოგიწონონ კიდეც არჩევანი.

27 კინოთეატრები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნიკა ესებუა

The Croods

2013 წელი. აშშ. რეჟისორები: კრის სანდერსი, კირკ დე მიკო. მთ. როლებში: ნიკოლას ქეიჯი, ემა სტოუნი, რაიან რეინოლდსი, ქეთრინ ქინერი.

0x01 graphic

DreamWorks Animation ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა და Pixar-ის მეტ-ნაკლები ჩავარდნის ხარჯზე, ამ კომპანიის ანიმაციაზე ჰეგემონიას წყალი შეუყენა. Croods პირველი პრეისტორიული ოჯახის ისტორიაა. ისინი გამოქვაბულში ცხოვრობენ და ყველანაირი საფრთხისგან დაცულები არიან, თუმცა ერთ დღეს მათი თავშესაფარი განადგურდება და ოჯახი მოგზაურობას იწყებს, რომელიც გასაოცარ თავგადასავლად იქცევა. ისინი ახალ სამყაროს აღმოაჩენენ, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის, მაყურებელს კი ამ სამყაროს აღქმაში 3D ეფექტები დაეხმარება.

დიადი და ძლევამოსილი ოზი

2013 წელი. აშშ. რეჟისორი: სემ რეიმი. მთ. როლებში: ჯეიმს ფრანკო, რეიჩელ უაისი, მილა კუნისი, მიშელ უილიამსი.

0x01 graphic

ალბათ ყველა კინომოყვარულს გინახავთ პატარა დოროთის მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ის ჯადოქარ ოზის ეძებს, რომელიც სახლში დაბრუნებაში დაეხმარება. სემ რეიმიმ სარისკო საქმეს მოკიდა ხელი, კლასიკად ქცეული ფილმის პრიქველი გადაიღო. ეს არის ისტორია ამბიციურ ილუზიონისტზე, რომელიც დიდების ძიებაში უცნაურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც არჩევანი უნდა გააკეთოს - ან უბრალო ადამიანად დარჩეს ან ძლევამოსილ და დიად ჯადოქრად იქცეს.

0x01 graphic

გაიღიმეთ

2012 წელი. საქართველო. რეჟისორი: რუსუდან ჭყონია. მთ. როლებში: ია სუხიტაშვილი, მაკა ჩიჩუა, შორენა ბეგაშვილი, ეკა ქართველიშვილი, ია ნინიძე.

ფილმი დედების კონკურსის გარშემო განვითარებულ ისტორიაზე მოგვითხრობს. 10 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალი ყველაფრის ფასად ცდილობს გამარჯვებას. ზოგისთვის პრიზს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ზოგისთვის გართობაა ან კარიერული წინსვლის საშუალება. „გაიღიმეთ” თბილისის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი იყო. ის იმ იშვიათი ქართული ნამუშევრების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც აწმყოს ეხმიანება და რეალურ პრობლემებზე გვიყვება. „გაიღიმეთ“ ტრაგიკომედიაა ხალხზე, რომლის ცხოვრების სცენარიც უკვე დაწერილია და ისინი მხოლოდ მარიონეტების როლს ასრულებენ.

0x01 graphic

ჯეკი - გიგანტთა მმუსვრელი

2013 წელი. აშშ. რეჟისორი: ბრაიან სინგერი. მთ. როლებში: ნიკოლას ჰოლტი, იან მაკგრეგორი, სტენლი ტუჩი, ბილ ნაი.

ბრაიან სინგერი ჯადოსნურ სამყაროში შეგიძღვებათ. აქ ოდესღაც გიგანტებსა და ადამიანებს შორის ომი იყო, რომელშიც ადამიანებმა გაიმარჯვეს. თუმცა ახალგაზრდა ჯეკი ორ სამყაროს შორის გასასვლელს ისევ გახსნის და ორ რასას შორის დაპირისპირება ახალი ძალით იფეთქებს. ეს არის ფენტეზი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს - კარგი რეჟისორი, დიდი ბიუჯეტი, ბატალური სცენები და სასიყვარულო ხაზი.

0x01 graphic

მე და შენ

2012 წელი. იტალია. რეჟისორი: ბერნარდო ბერტოლუჩი. მთ. როლებში: ტეა ფალკო, იაკოპო ოლმო ანტინორი, სონია ბერგამასკო.

9 წელია ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი არ გადაუღია. ის სავარძელსაა მიჯაჭვული, სულ უფრო მეტად უჭირს მეტყველება, მაგრამ საყვარელ საქმეს მაინც არ შორდება. იტალიელმა ხელოვანმა მოახერხა გადაეღო ფილმი, რომლის მოქმედებაც ერთ სახლში ვითარდება. ეს არის ლორენცოს და მისი ნახევარდის ოლივიას ისტორია, რომელსაც კრიტიკოსები კანის კინოფესტივალზე ძალიან თბილად შეხვდნენ.

რუსთაველი
რუსთაველის გამზ. 5,
ტელ.: 2 55 50 00
ამირანი
კოსტავას ქ. 36,
ტელ.:2 99 99 55
აპოლო
ბათუმი: მემედ აბაშიძის №17
www.kinoafisha.ge

28 დაკარგული სამოთხე?

▲ზევით დაბრუნება


ბლოგი|ვასო გაბუნია

2010 წლის ზაფხულში ილიას უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში სოფელ ინჩხურთან მდებარე მდინარე აბაშის ოფუცხოლეს კანიონს ვესტუმრეთ.

თეთრ კირქვებში მდინარე აბაშის გამჭვირვალე წყალი განათების მიხედვით იცვლის ფერს - ლაჟვარდისფერიდან ზურმუხტისფერამდე. კანიონის ბოლოს ცისარტყელიანი ჩანჩქერია. სანაპირო კირქვის პლატო მშვენიერი ადგილია პალეონტოლოგიური არტეფაქტების საპოვნელად.

აქ მრავლადაა პრეისტორიული მოლუსკების და ზღვის ზღარბების ნიჟარები. მზის ირიბი სხივები თითოეულ ჩაღრმავებას სიმკვეთრეს მატებს და სწორედ ამ დროს სამი თითის მკვეთრ ანაბეჭდს ვამჩნევ. ქანის ასაკი 65-66 მილიონი წელია. პირველი ვარაუდი - აქ ოდესღაც დინოზავრმა გაიარა! სტუდენტებთან ერთად კიდევ რამდენიმე ნაკვალევს და ქანში ჩაჭედილ უცნაური ფორმის ჩანართებს ვპოულობთ, რომლებსაც პრეისტორიული ცხოველების ძვლებს ვამსგავსებთ.

„დინოზავრების“ პოვნის ამბავი მალევე გახმაურდა. პოლიტიკურად „მკვდარ სეზონზე” სენსაციას დახარბებული ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებენ აღმოჩენის გაშუქებას.

კანიონი პრეზიდენტმაც მოინახულა და დაიწყო - კანიონს დღეში 10-12 ავტობუსი სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. აღმოჩენიდან 3 თვეში კი ვიღაც მტაცებელი დინოზავრის ნაკვალევს ვანდალურად ანადგურებს…

შარშან მეგობრის ვაჟთან და შვილიშვილთან ერთად მარტვილისკენ გავეშურე. ოფუცხოლეში ბევრი რამ შეცვლილიყო: უამრავი ჯიპი და ავტობუსი, კანიონის ჩასასვლელთან ლუდის წერტი, ორი „ბუტკა”, „სემიჩკა”. ვიღაცა 20-ლიტრიანი ბოცით გაფაციცებული მიაბიჯებს მდინარის კალაპოტში. „საოჯახო” ტრუსებიანი ახალგაზრდა გაჯიუტებულ ციკანს მიათრევს. გასაბერი ნავების მფლობელები კანიონის სიღრმეში გასეირნებას სთავაზობენ სტუმრებს. კანიონი დეციბელებით სავსე სტადიონს არ ჩამოუვარდება. ზრიალებს მარადიული რუსული ესტრადა.

ორი ქალბატონი მიახლოვდება და მთხოვს ნატერფალები ვაჩვენო. ზედ ნაკვალევიან შრეზე უახლესი მოდელის საცურაო კოსტიუმების გამოფენაა.

- ერთი აქ არის, - შავთვალება გოგონაზე მივუნიშნებ.

- მეორე აქ, - პირსახოცზე წამომჯდარი შუახნის ქალბატონისკენ ვიშვერ ხელს.

- დანარჩენები იქ, - „დანარჩენებზე” 9-10-კაციანი პურმარილია გაშლილი.

- ეს კი, დინოზავრის ძვლები უნდა იყოს, - შავი ფერის ჩანართებზე ვუთითებ.

- კაი სახაშლამე კია, ხო იცი შენ, - ხორხოცებს ღიპზე ხისჯვარჩამოდებული ჭაღარა მამაკაცი.

ვცდილობ გავიღიმო.

ნავით კანიონის სიღრმისკენ მივეშურებით. აქ ჩემი მოთმინება ზღვარს აღწევს - პლასტიკის ბოთლებით, დაჭყლეტილი პომიდვრებით, საზამთროსა და ნესვის ქერქებით და პოლიეთილენის პარკებით გავსებული ნაპირები და მდინარე გულისრევის მძაფრ შეგრძნებას იწვევს და მენავეს უკან გაბრუნებას ვთხოვ.

გზად ნაგვით ამოვსებულ დადიანების საკალმახეს გავცდით და შემაღლებულიდან კანიონს უკანასკნელად გადავხედე. მოპირდაპირე ნაპირზე ციკანს ატყავებენ. იქვე ლამაზი კოლხი გოგონა გვერდზე სწევს ნახევრადშეჭმულ საზამთროს და მის გვერდით წვება გასარუჯად. „ვლადიმირსკი ცენტრალი“ არემარეს აზანზარებს…

გული მიჩერდება - ეს ყველაფერი ხომ ჩემი ბრალია! რომ არა ოფუცხოლეს უაზროდ გაპიარება, ასეთი რამ ხომ არ მოხდებოდა. არა, ციკანს ასე თუ ისე მაინც უზამდნენ რეალიზაციას, მაგრამ ხეობა?!

პრინციპში, ოფუცხოლესაც ეშველება - გაიწმინდება ნაპირები, დაიწმინდება წყალი, საკალმახეც გასუფთავდება. დაიდგმება ნაგვის კონტეინერები, გაიხსნება საოჯახო სასტუმროები, თვით მოსახლეობის ინტერესებშიც იქნება ხეობის მოვლა.

მაგრამ, მთავარი კითხვა, ალბათ, დიდხანს მაინც უპასუხოდ დარჩება - როდის ეშველება ქართველის ყველაფრის, რაც მისი არ არის, განადგურების ინსტინქტს? როდის გადაიქცევა გამპარტახებლიდან მზრუნველად? როდის მიხვდება, რომ საქართველო მისი მოსავლელია და სხვა არავინ მოუვლის?

გიორგი, ჩემი მეგობრის ვაჟი მოსკოველია. იგი ცნობილი და წარმატებული ოჯახიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ნებისმიერ ადგილას შეუძლია გაატაროს არდადეგები, ყოველწლიურად მაინც საქართველოში ჩამოდის და ბევრ ქართველზე მეტიც აქვს ნანახი. გიორგი „გაგებით ეკიდება“ ქართველების საყოველთაო გულგრილ დამოკიდებულებას გარემოსადმი - რუსეთშიც ხომ იგივე ხდება, თუ უარესი არა... გიორგი გაგვიგებს, მაგრამ წარმოიდგინეთ რა დღეში ჩაგვივარდება ამის მხილველი სუსტი ნერვების მქონე დასავლეთევროპელი ან ჩრდილოამერიკელი სტუმარი, რა ინფორმაციას წაიღებს აქედან.

P.S. რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე ფოტო დაიდო ჩვეული ტექსტით - „გაიზიარე და დაალაიქე - ღმერთი დაგლოცავს!“. ფოტოზე ოფუცხოლე ვიცანი. კანიონის ერთ-ერთ კედელში ნიშა ამოუჭრიათ და შიგ ხატი „შეუბრძანებიათ“. მშვენიერი იდეაა - ვისაც „მარშრუტკაში“ ან ავტობუსში პირჯვრის გადაწერა მოენატრება, ეს პროცედურა შეუძლია გასაბერი ნავიდან ჩაატაროს.