The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №124


ტაბულა №124


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბოკერია გიგა, კაპანაძე სერგი, აბაშიძე ზურაბ, ლომაია კახა, მინდიაშვილი ბექა, ბურჯალიანი თინა, ჯანაშია სიმონ, თარხან-მოურავი სანდრო, მეგრელიშვილი ვახო, ცომაია აკაკი, ჯანდიერი გია, კვანჭილაშვილი ელენე, სუთიძე ლევან, ტყეშელაშვილი ეკა, ზუკაკიშვილი ქეთი, მაღრაძე ირაკლი, ესებუა ნიკა, ახლოური ნინა, მაჩაბელი სიმონ
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2013
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2013 | აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bцlgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციისნებართვის გარეშე აკრძალულია



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„არ დამარხოთ საქართველოს ევროპული მომავალი“ .

  • ევროპარლამენტარების ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს. 6 მარტი

თქვენი 6 მარტის წერილით კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომლითაც თითქოს საქართველოს ევროპული არჩევანის გადარჩენას ცდილობთ, სინამდვილეში თავად შორდებით ევროპას“ .

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტარებს ღია წერილით უპასუხა. 11 მარტი

„ევროპასთან ასეთ ტონში საუბარი სწორედაც მისაღებია. დავით უსუფაშვილი კარგად წერს და სწორედ ამიტომ მან უპასუხა მიმართვას, თუმცა უსუფაშვილის წერილის ძირითადი აქცენტები ჩემი გაკეთებულია. უახლოეს დღეებში სახალხო პარტიას უფრო მკვეთრ და ფართო წერილს მივწერ, რადგან ევროპელობა არ ნიშნავს, რომ ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს“ .

  • საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. 12 მარტი

„როგორც ჩანს, სააკაშვილის მოკავშირეები ევროპარლამენტში კონფრონტაციის ტაქტიკას არჩევენ, ამან კი შეიძლება ძირი გამოუთხაროს სწორედაც იმ მიზნებს, რომელთა დაცვასაც ემსახურება ევროპარლამენტი“ .

  • საქართველოს მთავრობის განცხადება ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაზე. 16 მარტი

„ევროპის სახალხო პარტიის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნაციონალური მოძრაობის ოფისშია დაწერილი და მას ხელი შემდეგ მოაწერეს“ .

  • ქართული ოცნების წევრი ნუკრი ქანთარია. 15 მარტი

„თუკი სურს საქართველოს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, თუ სურს ევროპული პერსპექტივა, უნდა მოხდეს იმ პრინციპების გათვალისწინება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ღირებულებებს. ეს არ არის პრემიერზე შეტევა, ეს არის განმარტება თუ რა არსებით ღირებულებებზეა საუბარი და რას ნიშნავს გქონდეს ევროპული პერსპექტივა - იყო ევროპელი და მომავალში უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ .

  • ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 15 მარტი

„მე ვურჩევ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებს, მეტი იკითხონ. ნაკითხობა აკლიათ. მე ამ ადამიანებს კოლექტიურად ვუწოდე ტაკიმასხარები. კვლავ ამ აზრზე ვრჩები და მათ სერიოზულ კომენტირებას არ ვაპირებ.

  • კობა დავითაშვილი. 15 მარტი

თუ მეკითხებით - ამზადებს თუ არა ENA იურისტებს, ჩემი პასუხია - დიახ. თუ ასევე მეკითხებით ფრანგული სისტემისთვის, შეუძლია თუ არა ENAს პროკურორი მოამზადოს, ჩემი პასუხი ამ შემთხვევაშიც არის დიახ - ფინანსურ და ადმინისტრაციულ სფეროში“ .

  • საქართველოში საფრანგეთის ელჩი, რენო სალენსი. 5 მარტი

ENA-ში მივიღე უმაღლესი იურიდიული განათლება და არა მარტო უმაღლესი, უმაღლესის უმაღლესი“ .

  • იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გადაცემა „აქცენტებში“ , 6 მარტი

„ღარიბაშვილი წასულია. ერთი დღით დამეთხოვა. საზღვარგარეთაა კამანდიროვკაში“ .

  • პრემიერი ივანიშვილი, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 14 მარტი

„უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს არ გავბედო და ვინმე ცნობილი მსახიობი არ შევიყვანო კიდევ (პარლამენტში)... ჩვენი გუნდიდან 3 კაციც ვერ მეხმარება - აი, ასეთი პოზიცია აქვს უსუფაშვილს“ .

  • პრემიერი ივანიშვილი, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 14 მარტი

2 გიგა ბოკერია: ონიშენკოს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, ხოლო ევროპის სახალხოპარტია დავგმოთ?

▲ზევით დაბრუნება


არენა

ესაუბრა ნინო მაჭარაშვილი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

0x01 graphic

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირებზე, სასამართლო ხელისუფლების რეფორმაზე, ნაციონალური მოძრაობის გეგმებსა და პრობლემებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე, ტაბულა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრა.

  • რამდენად შეეზღუდა მოქმედების არეალი ეროვნული უშიშროების საბჭოს მას შემდეგ, რაც მისი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა? ხელისუფლებას პრეტენზიები ჰქონდა თანხების არამიზნობრივ და არაგამჭვირვალე ხარჯვასთან დაკავშირებით.

უშიშროების საბჭოს ჩამოეჭრა ხარჯები, რომელიც უკავშირდებოდა საბჭოს უშიშროების პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას, კონსულტანტებს, რომელთა ამოცანა იყო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს მიმართულებები არაა პრიორიტეტული, ან, მათი თქმით, ფული არასწორად იხარჯებოდა. ახლა, როგორც განაცხადეს, მათ თვითონ დადეს საკონსულტაციო კონტრაქტები საერთაშორისო ჯგუფებთან.

თუ გადაწყვიტეს, საქმე თავად წაეყვანათ, თავისთავად, ამაში ექსტრაორდინარული არაფერია. ვთვლი, რომ შეცდომა იყო, თუ რა ფორმით გაკეთდა ეს - მინიმალური საქმიანი ინტერესი არ გამოუჩენიათ, თუ რასთან გვქონდა საქმე და როგორ ჯობდა გაგრძელება. შემდეგ დაიწყო ბრალდებები - ეს უკავშირდება იმ შეთქმულების თეორიებს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას დღეს აქვს. თავისთავად ბიუჯეტის შემცირებაში რაიმე სკანდალურს ვერ ვხედავ და არც მოგვიწყვია სკანდალი. აღსანიშნავი ისაა, რომ ეს შესწავლის გარეშე მოხდა. შესწავლაში არ ვგულისხმობ სისხლის სამართლის დევნას, რომელიც დეკლარირებულად გამოცხადებულია.

ამ ხარჯებში იყო რამდენიმე მიმართულება, რომელიც არ უკავშირდებოდა კონსულტანტებს, ე.წ. ლობისტებს. ეს იყო მაქსიმალურად დეპოლიტიზებული თემები, მაგალითად, საგანგებო ვითარებებისას, ომის თუ სტიქიური უბედურების დროს, ქვეყნის სამართავად სტრუქტურის შექმნა. ეს პროექტი ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერით რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შემდეგ პოლიტიკურ ეჭვიანობაში მოყვა. შევთავაზეთ, რომ თუ ასეთ „პოლიტიკურ ეჭვიანობას“ ჰქონდა ადგილი, ეს პროექტი არ შეწყვეტილიყო და სხვა უწყებას გაეგრძელებინა. თავიდან თითქოს პოზიტიური რეაქცია იყო, მაგრამ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ, ამიტომ პროექტი შეწყვეტილია.

  • რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს: ცოტა ხნის წინ ევროპის სახალხო პარტიამ დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც სინანულს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების გარკვეულმა ნაბიჯებმა ქვეყნის პოზიტიური იმიჯი დააზიანა და ეს ყოველივე საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას.

თუმცა იქვე თქვეს, რომ მათი სურვილი და ამოცანაა, საქართველო წარმატებით მივიდეს ვილნიუსის სამიტამდე. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

  • ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყოველივე ქვეყნის ამოცანებს პრობლემებს არ შეუქმნის. როგორია თქვენი შეფასება: რეალურია თუ არა საფრთხე, რომ საქართველოს ევროპული კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ან კონკრეტულად, ასოცირების ხელშეკრულებას შეექმნას საფრთხე?

იმედი მაქვს - არა. ჩვენი ამოცანაა, ვილნიუსის სამიტი იყოს წარმატებული, საქართველომ პროგრამა მინიმუმი - ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმოს. პარალელურად, წარმატებით გაგრძელდეს უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის შესრულება. მაქსიმალური ამოცანაა, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მკაფიოდ დაფიქსირდეს ევროპული პერსპექტივის შანსი. ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. დანარჩენ საკითხებში საქმე თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი ხელისუფლების შეცვლამდეც: ტექნიკური ნაწილში, პრაქტიკულად, ბარიერები აღარ იყო დარჩენილი. პოლიტიკური გადაწყვეტილებაც ვარშავის სამიტზე იქნა მიღებული. ახლა საჭიროა დასრულება და საქმის არგაფუჭება.

რაც შეეხება ევროკავშირის პერსპექტივის შესახებ პირდაპირ გზავნილს, ამ საკითხზე საჭიდაო იყო, რადგან ჩვენს მეგობარ ევროპაში სკეპტიკოსები არსებობენ. იმედი მაქვს, სულ ცოტა, პროგრამა მინიმუმი შესრულდება. ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის შიგნით და ამ ტიპის რეაქციები კრიტიკაზე, საფრთხის შემცველია. პირველი - თუ რა შედეგს გამოიღებს ეს პრაქტიკული ამოცანის მიღწევის თვალსაზრისით. როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ პარტიას აგრესიულად თავს ესხმი, რადგან მისი კრიტიკა არ მოგწონს, არის პოლიტიკური სიბრიყვე.

რა გამოდის, თუ პრეზიდენტმა ონიშენკო გააკრიტიკა, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ხოლო ევროპის სახალხო პარტია დავგმოთ?

მეორე საფრთხე, გრძელვადიანი თვალსაზრისით უფრო სახიფათოც კი, არის სრული მოუთმენლობის და თავშეუკავებლობის დემონსტრირება კრიტიკის მიმართ. არცერთ მთავრობას არ უყვარს, როდესაც მწვავედ აკრიტიკებენ. შეიძლება კრიტიკას არ ეთანხმებოდე, გაბრაზდე კიდეც, მაგრამ ამ ტიპის რეაქცია სახიფათო სიმპტომია.

სკანდალური იყო პარლამენტის თავმჯდომარის აგრესიული წერილი. გაგვიკვირდა, ბატონ უსუფაშვილს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, მაგრამ არ იყო შემჩნეული ასეთ პოლიტიკურ სიგიჟეში. მიზეზები მალევე გაირკვა, პრემიერმინისტრმა მისთვის ჩვეული პირდაპირობით თქვა, რომ ეს მისი იდეა იყო.

ამ ტიპის რეაქცია ყველაზე დიდი საკვებია ევროპელი სკეპტიკოსებისთვის, რომ ეს ქვეყანა იქცევა ისე, როგორც ზოგიერთი სხვა ამ რეგიონში. განსაკუთრებით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი.

იმას, რაც წერია ევროპის სახალხო პარტიის უკანასკნელ წერილში, ხელი უნდა მოაწერო, რომც არ ეთანხმებოდე ამ სამოქმედო გეგმის გაკეთების მიზეზებს: რომ უნდა იყოს პოლიტიკური კონკურენცია, არ ხდებოდეს ოპოზიციის დევნა, თვითმმართველობის ძალით გადაქაჩვა, რომ მედიაში არ უნდა მოხდეს გარკვეული საკითხების გადახედვა, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ, რომ ვენეციის კომისიას სრულად უნდა მოუსმინო სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების საკითხში, არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და ა.შ. პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება იტყვის, რომ შესაძლოა, არ ეთანხმება, მაგრამ უსმენს და მათთან ერთად იმუშავებს.

განწყობა, რომ ევროპელები არ უნდა ჩაერიონ ჩვენს საქმეში, ჭკუა არ უნდა გვასწავლონ და ა.შ. - სახიფათო სიმპტომია. ამბივალენტური სურათი გვაქვს - ჯერ ეუბნებიან, ჩამოდით, გვაკრიტიკეთ, შეგვამოწმეთ, მაგრამ შემდეგ, როდესაც ისმის კონკრეტული კრიტიკა, რომელსაც არ ეთანხმებიან, ბრაზდებიან და ისტერიული რეაქცია აქვთ. ასეთი დამოკიდებულების შედეგად შეიძლება, საქართველო საბოლოოდ გადავიდეს სხვა რელსებზე, რისი სამწუხარო ნიშნებიც არსებობს. ჯერჯერობით, ეს პროცესი შემოუტრიალებელი ან დასრულებული არ არის და იმედი მაქვს, ასე არც მოხდება.

ჩვენი გუნდის მიმართ ბევრად მაღალი იყო მოთხოვნა, ვიდრე შევარდნაძის მიმართ. ახლა, პირველად, არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლება. მათ შეიძლება უფრო მაღალი სტანდარტი მოსთხოვონ და ეს არ უნდა გაუკვირდეთ. როგორი გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს კრიტიკა, რომელსაც არ ეთანხმები, ჯანსაღ მოვლენად უნდა აღიქმებოდეს. ამან, შეიძლება, როგორც მინიმუმ, შეგვიფერხოს ამოცანების შესრულება - ასოცირების ხელშეკრულება და სხვა.

  • ევროპელების კრიტიკის პარალელურად, ახალი დეტალები გაჩნდა საქართველოს ურთიერთობებში რუსეთთან. მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად, ორმხრივი შეხვედრების ფორმატის დანერგვა. მთავრობა მიიჩნევს, რომ ამით ჟენევის მოლაპარაკებებს ხელი არ შეეშლება და ის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა რუსეთთან ე.წ. მეორე არხის გაჭრა, რა შესაძლო რისკებს ან სარგებელს შეიძლება ეს შეიცავდეს?

როდესაც ახალმა ხელისუფლებამ თქვა, რომ სურს, რუსეთს დაელაპარაკოს ყველა საკითხზე, ჩვენი რეაქცია იყო მხარდაჭერა და წარმატების სურვილი. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ კლასთან სტრატეგიული ინტერესების შეუთავსებლობა გვაქვს, მაგრამ ლოგიკურია და პრობლემა არაა, რომ დემოკრატიული გზით მოსული ახალი ხელისუფლება სთავაზობს ლაპარაკს ჩვენ წინაშე მდგარ ფუნდამენტურ საკითხებზე. თავისთავად, დიალოგი კარგია.

პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: დიდი შეცდომაა ხედვა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის „დალაგება“ საქართველოს დასავლეთისკენ სვლის წინაპირობაა. რუსეთთან ურთიერთობათა ნორმალიზაციას, ჩვენივე მთავრობის აღიარებით, დიდი დრო დასჭირდება, მანამდე კი, თუ დასავლეთისკენ სვლის ტემპი შენელდა, ეს ჩიხი იქნება. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის შედარებით დალაგების ერთადერთი შანსი არის საქართველოს სწრაფად ინტეგრირება ევროატლანტიკურ სივრცეში. როგორც ეს პოლონელებმა, ბალტიისპირელებმა მოახერხეს.

ჩვენც ვამბობდით, რომ მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერ დონეზე დიალოგისთვის. მაგრამ თუ ეს დიალოგი პრობლემატური საკითხების კარგა ხნით გვერდზე გადადებაა, რუსეთის აღარ შეწუხებაა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აქვთ პრობლემა, სანამ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, მაშინ რატომ გადაწყდება ეს საკითხი?

  • თუმცა, ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პრიორიტეტები და რიტორიკა არ შეცვლილა.

არ შეცვლილა, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციას არ აქვს წნეხი ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან, ჩვენივე ძალისხმევით, მაშინ ამას ყველა დაივიწყებს. პრემიერმინისტრი ამბობს ხოლმე რომანტიკულ ფრაზას, რომ თავად რუსეთს არ აწყობს ეს და ჩვენ ამას ავუხსნით. ეს ინფანტილიზმის ზენიტია. ვერ აუხსნი მოწინააღმდეგეს, რომელსაც, ისტორიის ამ ეტაპზე, შენთან სტრატეგიულად დაპირისპირებული ამოცანები აქვს. არასერიზულობის მიღმაა ილუზია, რომ პრეზიდენტი პუტინი მის ასაკში მსოფლმხედველობას შეიცვლის.

ჩვენ დიალოგის დაწყების მომხრე ვიყავით, მაგრამ ფორმატი ყოველთვის ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის დღეს ჟენევაში. პარალელურადაც შეიძლება იყოს შეხვედრა, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებზე დისკუსიისას რუსეთის ფედერაციასთან მარტო არ უნდა დავრჩეთ. ეს პრაქტიკულადაა მძიმე შედეგების მომტანი, რაც აქამდე არაერთხელ გვინახავს. ამ დიალოგისას რუსეთს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური პრობლემა საკუთარ საერთაშორისო ურთიერთობებში, მანამ, სანამ ის არ შეიცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

არის კონკრეტული საკითხები, მაგალითად, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვება, რაც პოლიტიკური მოტივებით იყო დაბლოკილი. საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. დიალოგის გზით ამის გამოყენება კარგია - რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ეს ბერკეტი გვიჭირავს და შეიძლება პრობლემები შეექმნას.

არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ ქართული პროდუქციისთვის ბაზარი გაიხსნება. პრობლემა გადაჭარბებული მოლოდინებია. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ხელი არ შევუწყოთ რაიმე სფეროში რუსულ ექსპორტზე დამოკიდებულებას - მიუხედავად საერთაშორისო ბერკეტებისა, გარანტიები არ გაქვს, თუ როდის მოუჭერენ ხელს, როგორც მოლდოვას ექცევიან.

გახსნილი ბაზარი, დივერსიფიცირებული ექსპორტი და ბიზნესის შესაძლო გაფართოება მხოლოდ კარგია, ოღონდ ეს ვერ იქნება გარდამტეხი ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ეპოქა, როდესაც ქართული ეკონომიკა პატარა იყო და ექსპორტის 90%25 მიდიოდა რუსეთში, ცუდი იყო და მაშინ ძალიან ძვირად დაგვიჯდა. საქართველო განვითარდა, ის მასშტაბები ახლა არანაირ შედეგს აღარ მოიტანს. ღვინის ინდუსტრიამ, რომელიც ყველაზე მეტად დააზიანა ემბარგომ, დივერსიფიცირება განიცადა, რაც ხარისხსაც დაეტყო და პოლიტიკურადაც უფრო დაცულები ვართ - აღარ ვართ დამოკიდებული არავიზე, ვინც გვეტყვის, რომ თუ შენი მოქმედება არ მოეწონება, ლეგიტიმური მიზეზის გარეშე, ბაზარს ჩაგიკეტავს.

  • შეიძლება თუ არა, ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნა ახალი მთავრობის და ახალი პოლიტიკის კონკრეტულ პოზიტიურ შედეგად მივიჩნიოთ?

ისინი ამას ასე წარმოაჩენენ, მაგრამ ვთვლი - ეს იქნება იმის შედეგი, რომ ქართულმა ეკონომიკამ ემბარგოს გაუძლო. რუსეთის ფედერაციას ამან შედეგი არ მისცა.

თუ ეს მოლაპარაკებების ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება, ჩაიწერონ კრედიტი, პრობლემა არაა. მაგრამ ამაზე ქართულ ეკონომიკაში დიდი ნახტომის იმედების დამყარება არასწორია. რუსეთის ბაზრის გახსნა არასდროს ყოფილა და ვერც დღეს იქნება პანაცეა რომელიმე პრობლემის მოსაგვარებლად.

ბაზრის გახსნის მცდელობა ნორმალურია. არანორმალურია, როდესაც პროაქტიურ საგარეო პოლიტიკას ვერ ვხედავთ, მაგალითად, NATO-ს მიმართულებით. ჩვენს მოკავშირე ევროპაში სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს: არიან სკეპტიკოსებიც და მხარდამჭერებიც. ყველასთან საჭიროა აქტიური, ყოველდღიური მუშაობა, ლობირება, ყველა ინსტრუმენტის, მათ შორის კონსულტანტების გამოყენება, რომ პოლიტიკურ კლასში აზრის მობილიზება მოხდეს საქართველოს ევროატლანტიკური გზით სვლის შემდეგი ნაბიჯების თაობაზე.

სხვათა შორის, ევროპელი სკეპტიკოსების დარწმუნების კარგი შანსი გავუშვით ხელიდან არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნებს ტესტად გვიყენებდნენ. ახალ გუნდს, ჩვენთან ერთად, შეეძლო, მყისიერი კაპიტალიზება ეცადა. არ ვამბობ, რომ აუცილებლად პირდაპირი შედეგი დადგებოდა (მაგალითად, მაპი), მაგრამ უნდა ყოფილიყო ფოკუსირებული კამპანია, რომ საქართველომ დაიმსახურა შემდეგი ნაბიჯი. ეს ვერ დავინახე. იყო კონკრეტული იდეა - ერთობლივი ჩასვლა ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროპული აუდიტორიისთვის. მათ შორის, ევროპელ სკეპტიკოსებს ჩააყენებდა მდგომარეობაში, როცა უნდა ეღიარებინათ, რომ საქართველო ახლა უკვე სხვა ქვეყანაა. მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ, პერსონალურად პრემიერმა, არჩია სხვა გზა, რომელიც დიდი პრობლემის ნაწილია - ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებზე საკუთარი წარმატება საქართველოს მიერ დემოკრატიის გზაზე ნაბიჯის წინ გადადგმად წარმოეჩინა, გადაწყვიტა მსოფლიოსთვის თვალის ახელა, თუ როგორი საშინელება ხდებოდა აქ, როცა მათ საქართველო წარმატებული ქვეყანა ეგონათ. ეს, უკეთეს შემთხვევაში, არის პოლიტიკური სისულელე.

საერთაშორისო ურთიერთობაში ნებისმიერი ადამიანისთვის შოკისმომგვრელია, როდესაც ხელისუფლება საგარეო კომუნიკაციის უდიდეს წილს ხარჯავს იმაზე, თუ როგორი ცუდი ოპოზიცია ჰყავს და როგორი ტყუილია ყველაფერი კარგი, რაც საქართველოზე სმენიათ.

კატასტროფულ შთაბჭდილებას ტოვებს და კატასტროფული შედეგების მომტანია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს შტატებში მთავარ გზავნილად მიაქვს, რომ კრიმინალია ყველა, ვინც მანამდე ხელისუფლებაში იყო, და ამას ამბობს გამოძიებამდე; როდესაც პრემიერმინისტრი ინვესტორებთან შეხვედრაზე ამბობს, რომ საქართველოში სინამდვილეში საქმე ძალიან ცუდადაა და აქამდე რაც კარგი სმენიათ, ყველაფერი ტყუილი იყო. ესაა პოლიტიკური ბოღმის არაადეკვატური და ანტისახელმწიფოებრივი გამოვლინება.

თავის მხრივ, ცუდად გამოიყურება ის ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებას აკრიტიკებს, დემოკრატიის ნაკლოვანებებზე საუბრობს და ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებზე აქცენტს არ აკეთებს. ჩვენი, ოპოზიციის გზავნილიც, უნდა იყოს, რომ საქართველო იმსახურებს წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ, მაგრამ ის, რომ ოპონენტებმა „გარეთ“ არ უნდა გაიტანონ ცუდი ამბები, ასე რუსეთის ფედერაციაში აყენებენ საკითხს.

  • კიდევ ერთი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციაა - მთავრობა ამბობს, რომ ეს მხოლოდ პრაგმატული ხასიათისაა. ოკუპაციის კანონში მსგავსი ცვლილებები ასუსტებს თუ არა საქართველოს პოზიციებს არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით? შეიძლება თუ არა ეს განვიხილოთ, როგორც ტონის შერბილება ან მომავალი დათმობების წინაპირობა?

შეშფოთებას იწვევს საერთო კონტექსტში. თავისთავად, საგანგაშო შეიძლება არ იყოს პრაქტიკული ამოცანისთვის რაიმე გადაწყვეტილების მიღება. დღევანდელ რეჟიმშიც, ხელისუფლებას აქვს უფლება, დართოს ნება ადამიანებს, შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა გზიდან, ოღონდ ეს დისკრეცია მას ხელში უჭირავს. რას ვიღებთ ამ დისკრეციის ნაწილზე უარის თქმით, ეს არ მომისმენია. თუ ახსნის ვინმე, მოვისმენთ და გვექნება დისკუსია.

თავისთავად ის, რომ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არასათანადო ადგილას საზღვრის გადმოკვეთა დასჯადია, ოკუპირებულში კი - არა, არანორმალურია. გასაგებია, შეიძლება იყოს ვითარებები, როდესაც დაგვჭირდება, რომ არ მოხდეს იმ ადამიანების დევნა, რომლებიც არალეგიტიმური გზით შედიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამის შესაძლებლობას დღევანდელი კანონიც იძლევა.

სხვა საკითხების მსგავსად, პრაგმატულ დათმობაზე საუბრისას, ავტომატური ისტერია არ უნდა იყოს, მაგრამ უნდა ითქვას, რისთვის კეთდება ეს.

  • რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზას, რამდენად მიზანშეწონილია ამ თემის წამოწევა ახლა და შესაძლებელია თუ არა, ეს ინიციატივა საქართველოსთვის მოგებიანად შემოტრიალდეს?

გაუგებარია, რატომ გაკეთდა ხმამაღალი განცხადებები, როცა არ მომხდარა გააზრება, თუ რა კონტექსტში შეიძლება აწყობდეს ეს საქართველოს და როგორ შეიძლება ამის განხორციელება.

ამან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს კითხვის ნიშნები გაუჩინა. ახალი ხელისუფლების მიერ ურთიერთობის კითხვის ნიშნებით დაწყება კარგი არაა. იმედი მაქვს, ეს არ შეუქმნის ფუნდამენტურ საფრთხეს ჩვენს ურთიერთობებს, მაგრამ, კარგ შემთხვევაში, ეს უმწიფრობის მანიშნებელია.

როგორც შემდგომში თავადაც აღიარეს, აფხაზეთის რკინიგზა დაკავშირებულია ბევრ კომპლექსურ საკითხთან, რომელზეც ჯერ პასუხები არ არსებობს, ამიტომ ძალიან ნაადრევია ამაზე ლაპარაკი.

ჩვენი პოზიცია იყო მკაფიო - ამ საკითხებზე საუბარი შეიძლება მხოლოდ დეოკუპაციის, ან ოკუპირებული ტერიტორიების ვითარების ფუნდამენტური დარეგულირების კონტექსტში.

გამოვიდა, რომ განცხადება გაკეთდა იმაზე, რაც განუხორციელებელია, ხოლო კითხვის ნიშნები შეიქმნა ყარსი-ახალქალაქის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება და ცალსახად ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. ეს მაშინ, როდესაც ყველაფერი არის პირიქით.

ეს პოლიტიკურ პრობლემებს ქმნის ჩვენს სომეხ მეგობრებთანაც, იქმნება ილუზია, რომელიც მერე ვერ ხორციელდება. ეს არანორმალურია, მკაფიო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა პარტნიორისთვის, რა პოზიცია გვაქვს ამ საკითხებზე, რა ბარიერებია, რა არის რეალისტური და რა - არა.

  • მინდა გკითხოთ განცხადებაზე, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმავე სცენარს ამზადებს, რაც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა, საპარლამენტო არჩევნების დროს. განცხადებამ საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია ბაქოში. ალიევის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ გაკვირვებულები არიან ამით და შეხვედრებზე ამ საკითხზე რაიმე ტიპის საუბრები უარყვეს. რას ეყრდნობოდა პრეზიდენტი და რამდენად მიზანშეწონილი იყო ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის პრობლემებზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება?

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეიძლება, გარკვეული ანალოგიები არსებობს, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი გზა და საგარეო პოლიტიკა აქვს. იქვე ხაზი გაესვა, რომ შეხვედრებისას ამ თემებზე არ უსაუბრიათ. ჩვენც ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის და ალიევის შეხვედრის განხილვის თემა ეს არ ყოფილა. ესაა პრეზიდენტ სააკაშვილის ხედვა და გარწმუნებთ, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში არანაირ პრობლემებს არ ქმნის პრეზიდენტის მხრიდან გამჭვირვალედ თქმა, თუ რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას ზოგადად მეზობლების მიმართ.

ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტაქტიკა, თუ რას გაუკეთოს არტიკულირება და რას - არა. პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა ამის მკაფიოდ არტიკულირება. თუ აზერბაიჯანულმა მხარემ საჭიროდ მიიჩნია, დაეზუსტებინა, რომ ეს პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციაა და არა აზერბაიჯანის, მათ ეს გააკეთეს.

მე მთლიანად ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის ხედვას ამ ნაწილში, რომ რუსეთის ფედერაციას ასეთი გეგმები აქვს მეზობლების მიმართ. ეს არ არის პრობლემა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში.

  • საზოგადოებისთვის საინტერესოა თემები, რომელიც თქვენს პოლიტიკურ გუნდს ეხება - საპარლამენტო არჩევნებზე მარცხის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ აღიარა, რომ ჰქონდა დაუკონკრეტებელი შეცდომები, ამასთან განაცხადა, რომ გარდაქმნა და განახლება სჭირდება. მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა, თუმცა ამ გარდაქმნისა და განახლების შედეგები ჯერ არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით პარტიის რამდენიმე ახალ სახეს. რა არის ამის მიზეზი და რას შეიძლება ველოდოთ „გარდაქმნის“ თვალსაზრისით?

არ მსურს, ბევრი ვისაუბრო ამ თემაზე. ამ პოლიტიკური გუნდის წევრი ვიყავი, ვარ დღესაც და ვიქნები მომავალშიც, მაგრამ ვარ უშიშროების საბჭოს მდივანი, ამიტომ სუფთა პარტიულ თემებზე დეტალებში საუბარი არ მსურს. თუმცა მზად ვარ, მოკლედ გითხრათ ჩემი მოსაზრება.

თავისთავად, ცხრა წელი ხელისუფლებაში ყოფნა, ყოველთვის, ნებისმიერ ქვეყანაში, არის ამომრჩევლის დაღლა ერთი და იმავე გუნდით. ეს დაღი ცხრა წლის შემდეგ აქვს ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს. ამ დაღის ნაწილია წლების განმავლობაში გარდაუვალი ხარვეზები - ზოგი მძიმე, ზოგი საშუალო. ემატება ისიც, რომ მიუხედავად სერიოზული ეკონომიკური პროგრესისა, რომელიც ცალსახა იყო, მიუხედავად ომისა და ეკონომიკური კრიზისისა, უმუშევრობა მაინც მაღალი იყო. ასეთი მაღალი უმუშევრობა (თვითდასაქმებულთა ნაწილიც თავს მიიჩნევს უმუშევრად), გარდაუვალი პოლიტიკური პრობლემა იყო, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან მძიმე სასტარტო პოზიციაა. ამას ემატება ჩვენი საზოგადოების ნაწილის ინერცია და ნოსტალგიური იდეა, რომ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც იტყვის - მე უნდა მოგიარო, გადაგიხადო ყველაფერი, რათა შრომის გარეშე გქონდეს კეთილდღეობა.

  • თუმცა სოციალურ პროგრამებზე არც ნაციონალური მოძრაობა ამბობდა უარს, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში.

ლაპარაკია კონცეპტუალურ გზავნილზე. ჩვენი მთავარი კონკურენტი იყო ადამიანი, რომლის სიმდიდრე თავისთავად იყო გზავნილი. ამას დაემატა მკაფიო გზავნილი საარჩევნო კამპანიის დროს, რომ მისი მშობლიური სოფლის მსგავსი იქნება საქართველოც - რადგან ეს კაცი პერსონალურად მდიდარია, ის შეძლებს, მოგვცეს კეთილდღეობა და ფული.

ოპოზიციის უკიდურესი სისუსტის ფონზე ამ ცხრა წლის განმავლობაში და, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ჩვენი მხრიდან იყო მოდუნება, დისკუსიის შემცირება და გაქრობა, როგორც შიგნით, ისე გარეთ. ეს ასუსტებს ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. შედეგად, ეს იძლევა კიდევ უფრო მეტ მოდუნებას და სისტემის შიგნით კონტროლისა და ბალანსის მორღვევას.

ამის ერთ-ერთი გამოვლინება, ყველაზე დამანგრეველი და საშინელი, იყო ციხის სკანდალი. პრობლემა იყო არა ის, რომ ცალკეული სადისტების ჯგუფი ასეთ საშინელ დანაშაულს ჩადიოდა, არამედ ის, რომ სისტემამ ეს შესაძლებელი გახადა, თავად სისტემის შიგნით არ აღმოჩნდა ამაზე ადრეული რეაგირების მექანიზმი. ეს იყო დისკუსიის და მწვავე დებატების ნაკლებობის გამოვლინება. ესაა ფუნდამენტური შეცდომა, რომელიც დაუშვა ნაციონალურმა მოძრაობამ.

  • პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა რამდენიმე წლის წინ უნდა დასრულებულიყო. შეგყავთ თუ არა ეს შეცდომების ჩამონათვალში?

ნაწილობრივ არ ვეთანხმები. ვთვლი, რომ ნულოვანი ტოლერანტობის კონცეპტუალური მიდგომა სწორია ქვეყანაში, რომელსაც ჰქონდა მძიმე მემკვიდრეობა ორგანიზებული დანაშაულის, კრიმინალის და სახელმწიფოს მიმართ გაუცხოების თვალსაზრისით. მაგრამ, პრობლემაა, თუ ამას ვერ ეწევა სასამართლოს რეფორმის ტემპები და სხვა პროცესები.

როგორც ორგანიზებულ დანაშაულთან და დანაშაულთან ბრძოლის სწორი ამოცანა არანაირად არ ამართლებდა იმ სისასტიკეს და კრიმინალურ დანაშაულს, რაც ციხეში გამოვლინდა, ასევე ამ უკანასკნელის გამოვლენა არ ამართლებს რევიზიას, რომელსაც დღეს ვხედავთ. ვგულისხმობ ამნისტიას ყოველგვარი ანალიზის გარეშე, მათ შორის, რუსეთის ჯაშუშების გამოშვებას საქმის ყოველგვარი შესწავლის გარეშე. თვითონ თქვეს, რომ გრიფის მოხსნაც არ მომხდარა, ისე გამოუშვეს.

ასევე, თუნდაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ციხის ბუნტის გამო და მისი პირდაპირ დამნაშავედ გამოცხადება, არის უმძიმესი შეცდომა და უსამართლობა. ეს ბუნტი მოწყობილი იყო ორგანიზებული დანაშაულის მხრიდან, ამის უტყუარი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ეს ძალიან სახიფათო სიგნალია ყველა მომავალი ვითარებისთვის, თუკი ორგანიზებული დანაშაული შეეცდება სადავეების ისევ ხელში აღებას და ამის პირველი ნიშნები უკვე არის. თუკი მსგავსი ვითარება იქნება, ნებისმიერ მომავალ ხელმძღვანელს ძალიან გაუჭირდება ლეგიტიმური ძალის გამოყენება, რაც ძალიან სახიფათოა.

  • პოლიტიკურ გუნდს რომ დავუბრუნდეთ, NDI-ს დაკვეთით ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერების რეიტინგი 10%25-ის ფარგლებშია - დაახლოებით იმავე ნიშნულზე, რაზეც გასულ წლებში ოპოზიციის რეიტინგი იყო. რამდენად რეალისტურად აღიქვამს გუნდი თავის შესაძლებლობებს და როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა არსებული სახით, გადაიქცეს კონკურენტუნარიან პოლიტიკურ ძალად. შესაძლებელია თუ არა ეს, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე?

თქვენ გინდათ, რომ პოლიტიკურ პროგნოზებში შევიდე, რასაც არ გავაკეთებ. მაგრამ ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს, და ასე იქნება ხვალაც, დარჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად.

ახლა ახალ გუნდს ამომრჩევლებთან თაფლობის თვე აქვს. დაპირებების შესასრულებლად მათთვის მიცემული მანდატი ახალია, ეს ციფრები მხოლოდ ამის მაჩვენებელია. ამავე დროს, აჩვენებს იმას, რომ მიუხედავად ძალიან აგრესიული კამპანიისა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, დაღლილობისა, ციხის ამბებისა, ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი და მყარი ალტერნატივაა. არსებითი არ არის, იქნება ეს 15%25 დღეს თუ 20 ან 25%25 ხვალ, არსებითია, რომ ესაა დღევანდელი გუნდის პოლიტიკური ალტერნატივა.

  • რაც შეეხება აქციას, რომლის გამართვას ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილს გეგმავს, საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ეს აქცია ღია კარის მტვრევაა. რატომ არის საჭირო ეს შეკრება? საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია, სადაც, ოპოზიციის წინადადებების გათვალისწინებით, ასახულია ქვეყნის საგარეო არჩევანი.

დეკლარაცია კარგი დოკუმენტია, კარგი პროცესის შედეგია. ის შეუდარებლად უკეთესია, ვიდრე პროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ თავიდან წარმოადგინა. მაგრამ მხოლოდ დეკლარაციებით რომ წყდებოდეს ქვეყნის განვითარების საკითხები, მაშინ შეგვიძლია საერთოდ აღარ ვიღელვოთ - ყველანაირი დეკლარაცია მიღებულია, პლებისციტიც ჩატარებული გვაქვს.

აქ ლაპარაკია არა მარტო საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც, თუ რა გზაზე დგას პოლიტიკური კლასი, რა გზაზე უნდა მას საზოგადოების წაყვანა. ამ საკითხებში ნაციონალურ მოძრაობასა და დღევანდელ ხელისუფლებას ფუნდამენტური განსხვავებები აქვს, ეს თემები საკმარისი აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, რომ საჯარო დემონსტრაციით გამოხატოს აზრი.

ამიტომ, პრემიერმინისტრის აგრესიული რეაქცია არაადეკვატურია. გასაგებია, რომ ის არ ეთანხმება ოპოზიციის შეფასებებს, მაგრამ თუ ღია კარის მტვრევაა, მაშინ საერთოდ არ უნდა იღელვოს.

  • ეს ფუნდამენტური განსხვავება უფრო კონკრეტულად რაში მდგომარეობს?

არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის კრიტიკული ნაწილის გზავნილია, რომ საქართველოს ცივილიზებული თავისუფალი სამყაროს ნაწილად ქცევა საფრთხეს უქმნის ნამდვილ ქართულ იდენტობას. ეს დიდი განსხვავებაა.

ჩვენი დამოკიდებულება ყოველთვის მკაფიო იყო: საქართველოს მოქალაქეა ყველა, ვინც აქ ცხოვრობს - განურჩევლად რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის, სექსუალური თუ სხვა უმცირესობისადმი კუთვნილებისა და ყველა, ვინც ცდილობს ამ თემებზე სპეკულირებას და სიძულვილის აგორებას, არის თავისუფლების და საქართველოს ინტერესების მტერი.

იყო ხალხი, ასეთები დიდი რაოდენობით არიან ახალ გუნდში, ვინც წლების განმავლობაში თვლიდა, რომ ეს არის „ქართველობის“ ეროზია, რომ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, არის ერთმორწმუნე რუსეთი და ა.შ., და ეს ყველაფერი, ეკონომიკურ განსხვავებასთან ერთად, სადაც ახალი გუნდის გზავნილია, რომ მდიდარი კაცის დახმარებით, ჩვენ თქვენ ნაცვლად მოვაგვარებთ პრობლემებს.

  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა საერთო სასამართლოს შესახებ კანონია. უკვე ცნობილია ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც კანონპროექტის ნაწილი დადებითადაა შეფასებული, თუმცა არის რეკომენდაციები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილება არ შეუწყდეთ, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს. თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

ეს საკვანძო საკითხს უკავშირდება - რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადაზე ადრე შეწყვეტა დაუშვებელია. ეს ეხება ახალი გუნდის კურსს, რომელიც მოვიდა არა რევოლუციის, არამედ არჩევნების გზით, მაგრამ ყველა ინსტიტუტთან მიმართებაში, რომელიც პოლიტიკურად პრობლემურად მიიჩნია, არ ელოდება ლეგიტიმური პროცესის დასრულებას, ცვლის არა მხოლოდ თამაშის წესებს, არამედ ახლავე სურს პოლიტიკური კონტროლის ხელში ჩაგდება. ან, როგორც მინიმუმ, როგორც თავად ესმის, ცდილობს სხვისი კონტროლის მოშლას. ეს შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მაგალითად, დაზვერვის ან სახელმწიფო დაცვის სამსახურს.

ყველაზე დიდი დარტყმა იყო თვითმმართველობაზე. თვითმმართველობის დამოუკიდებლობის მთავარი აზრია, რომ ის არაა მიბმული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ახალი გუნდის ძალადობრივი ძალისხმევით მოხდა დემონსტრირება, რომ მთავრობის შეცვლა ნიშნავს თვითმმართველობის შეცვლას. ეს კატასტროფული გზავნილია თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის ტრადიციისთვის.

ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რომ თვითმმართველობები ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იყო. შეიძლება, ნაწილობრივ, კრიტიკა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ ეს არჩევნების შედეგი იყო - ერთმა და იმავე პოლიტიკურმა გუნდმა მოიგო საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები. ახლა გვქონდა ვითარება, როცა უნდა მომხდარიყო დემონსტრირება, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა რამეა. ამის ძალადობრივი ჩახშობა მოხდა.

სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, ეს იქნება პოლიტიკური კონტროლის დამყარების დემონსტრირება. ეჭვი მაქვს, ამ რეფორმის მთავარი ამოცანა სწორედ ეს იყო. დანარჩენი კამუფლაჟია, რომელიც დიდ პოლიტიკურ დისკუსიას არ იწვევს. იმ კერის ახლავე მოშლა, რომელიც, მათი გაგებით, პრობლემებს უქმნით, დეკლარირებული ამოცანაა. ამაზე საჯაროდ საუბრობს იუსტიციის მინისტრი.

ასეა სხვა საკითხებშიც. რეალური ამოცანები პრემიერის განცხადებებში ჩანს. მან ჩვენკენ გზავნილი გამოუშვა, რომ თუ პოლიტიკურად შემაწუხებთ, მაშინ დაგიჭერთ. იუსტიციის მინისტრის რიტორიკაც ასეთია, რომ ეს ხალხი პრობლემებს გვიქმნის და ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ.

ეს შეეხება აგრარული უნივერსიტეტის კრიზისსაც - განათლების სამინისტროსა და პირადად მინისტრის სკანდალურ ნაბიჯს, რომელიც იყო ღია პოლიტიკური ანგარიშსწორება სამარცხვინო ბიუროკრატიული მეთოდებით. ეს მხოლოდ ჩემი ინტერპრეტაცია არაა, თავად თქვეს: იყო ბენდუქიძის მიმართ ღია პოლიტიკური სიძულვილის გამომხატველი საჯარო განცხადებები განათლების მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის მხრიდან. საჯაროდ ითქვა, რომ ეს არის საზოგადოების მტერი, არის „ცუდი ადამიანი“ და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი.

  • აგრარულ უნივერსიტეტს შეეხეთ. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი, რომელმაც უნივერსიტეტის დახურვის გადაწყვეტილება გამოიტანა, წინა ხელისუფლების დროს, შაშკინის მინისტრობის პერიოდში შეიქმნა და ლიბერალიზაციიდან ბიუროკრატიზაციისკენ სვლის ერთ-ერთი ნაწილი იყო. არ ფიქრობთ, რომ იმაზე, რაც დღეს ხდება, პასუხისმგებლობა წინა მთავრობასაც ეკისრება?

პასუხისმგებლობას რაც შეეხება, შეიძლება, ნაწილობრივ იზიარებს. უფრო მეტად უნდა მომხდარიყო დერეგულირება, რათა ნებისმიერ სხვა ტიპის პოლიტიკურ გუნდს ნაკლები ინსტრუმენტი ჰქონოდა. იმ პოლიტიკური გუნდის პირობებში, რომელსაც მე წარმოვადგენ, აბსოლუტურად გამორიცხული იყო ვითარება, რომ სულელური ან ნახევრად სულელური ხარვეზებისთვის ბიუროკრატიულ ორგანოს უნივერსიტეტი დაეხურა. მით უმეტეს, იმის გამო, რომ იქ პოლიტიკურად ოპოზიციურად განწყობილი ფიგურა იყო სათავეში.

  • რაც შეეხება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური თანაცხოვრების პროცესს. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობები იყო, შეხვედრებისას გამოიკვეთა ის საკითხები, რაზეც კონსენსუსი შესაძლებელი ჩანდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დღეს კოაბიტაციის მცდელობა ჩიხშია შესული?

ვფიქრობ, ეგ საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს. კონსტიტუციასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკური ძალის განსხვავებული პოზიცია არ არის თავისთავად კოაბიტაციის პრობლემა.

პრობლემის ძირი არის არა აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, არამედ დამოკიდებულება, რომელიც ჩანს ყველაფერში. კოაბიტაციის პრობლემად იქცა ის, რომ გამარჯვებულმა გუნდმა საკითხი ასე დასვა - თუ იმას არ გააკეთებთ, რასაც ჩვენ მივიჩნევთ კონსტიტუციასთან მიმართებაში საჭიროდ, მაშინ წაგართმევთ დაცვას, სიტყვით არ გამოგიყვანთ, მოვიყვანთ აგრესიულ ხალხს, გცემენ, პოლიცია კი არ დაგიცავთ და ა.შ. ეს არის კოაბიტაციის და უფრო შორს რომ წავიდეთ, დემოკრატიის პრობლემა. მე საჯაროდ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი იმ საკონსტიტუციო მოდელის მიმართ, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული. ვიყავი მკაფიოდ საპრეზიდენტო, ან მკაფიოდ საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე. ჰიბრიდული მოდელები არასდროს მომწონდა. თუმცა, შეფასებები, რაც ახლა გვესმის, რომ ესაა დიქტატურა და ტირანია, კომიკურია.

პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნა პოლიტიკურად აბსოლუტურად გამორიცხულია. ეს ესმის ყველას. რა უნდა მოუტანოს ამან ვინმეს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას ან პრეზიდენტს? პრეზიდენტმა ეს თქვა ძალიან მკაფიოდ.

როგორც ჩანს, დამოკიდებულებაში, რომელიც პირველ რიგში პრემიერმინისტრს აქვს, არა მხოლოდ პრაგმატული, არამედ ემოციური მხარეც არის, რომ თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ, ასე მწვავედ გვაკრიტიკოთ. ეს ძალიან სახიფათო სიმპტომია.

3 საგარეო პოლიტიკაზე საპარლამენტო რეზოლუციის ანატომია

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სერგი კაპანაძე

0x01 graphic

2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსზე. ამ რეზოლუციას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი არ წასულა. ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე პოლიტიკური კოაბიტაციის უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ამ დოკუმენტის მიღებით ორივე მხარე მოგებული დარჩა. ნაციონალურმა მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ მოსახლეობაში დარჩა განცდა - ეს დოკუმენტი უმრავლესობას თავზე სწორედ უმცირესობამ მოახვია. უმრავლესობამ კი მიაღწია იმას, რომ თავი დააღწია საკმაოდ უხერხულ დისკურსს იმის შესახებ, სურდა თუ არა ივანიშვილის ხელისუფლებას გაეგრძელებინა საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლეთის მიმართულებით.

ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ უმრავლესობამ და უმცირესობამ საკმაოდ კონსტრუქციულად ითანამშრომლეს არასამთავრობო სექტორთან, განსაკუთრებით კი იმ ორგანიზაციებთან, რომლებმაც 13 თებერვალს ერთობლივ განცხადებაში მოუწოდეს ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, გამოეყენებინათ „მათ ხელთ არსებული ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი და სამივე შესაძლებელი ფორმით (ინტერფრაქციული შეთანხმება, კანონი საგარეო პოლიტიკის შესახებ და საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება)“ გაემყარებინათ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა. ამ სტატიის ავტორი და მთლიანად GRASS უშუალოდ იყო ჩართული კონსულტაციებში ორივე პოლიტიკურ ძალასთან და ძალიან მოხარულია, რომ შენიშვნების დიდი უმრავლესობა გათვალისწინებული იქნა დოკუმენტის საბოლოო პროექტში.

ამ სტატიაში შევეცდებით მოკლედ გავაანალიზოთ ეს რეზოლუცია და ვაჩვენოთ მკითხველს, სად არის დოკუმენტის სისუსტეები, სად ეტყობა მას აშკარა კომპრომისის ნიშნები ორ მხარეს შორის დოკუმენტზე მუშაობის შედეგად და რა დათმობებზე მოუწია წასვლა თითოეულ მხარეს.

პრეამბულა:

ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

ხელმძღვანელობს რა საქართველოს საზოგადოების ინტერესებით, მათ შორის 2008 წლის პლებისციტის შედეგებით გამოხატული ნებით;

ითვალისწინებს რა ეროვნული უსაფრთხოების, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველყოფის პრიორიტეტულობას და ამ ამოცანების შესრულებაზე პოლიტიკური ძალების საერთო პასუხისმგებლობას;

ადასტურებს რა საქართველოს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აიღო;

გამოხატავს რა მისწრაფებას ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის ავტორიტეტის დამკვიდრებას;

მიიჩნევეს რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის გატარებისა და მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის და მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია,

საქართველოს პარლამენტი აცხადებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს:

დოკუმენტის პრეამბულა სტანდარტულია და მასში ყველა მნიშვნელოვანი თეზისია შესული, თუმცა მაინც გვხვდება რამდენიმე ყურადსაღები და საინტერესო პოსტულატი, რომელთა ცალკე გამოყოფა ღირს. პირველ რიგში, ეს არის 2008 წლის პლებისციტის ხსენება, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტმა დაუჭირა მხარი ნატოში გაწევრიანებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს მუხლი დოკუმენტში ნაციონალური მოძრაობის დაჟინების შედეგად გაჩნდა, რომელსაც სურდა, რომ ხალხის დამოკიდებულება ნატოს მიმართ დოკუმენტში ასახული ყოფილიყო. უმრავლესობა ამ მოთხოვნას, როგორც ვხედავთ, დაეთანხმა, რადგან არც ახალი მთავრობისთვისაა მიუღებელი.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის პრეამბულაშივეა ნახსენები ტერმინი „დეოკუპაცია“ . ამ ტერმინით, ქართულმა ოცნებამ ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს ტერმინოლოგიის შეცვლას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, რაც ნამდვილად მოსაწონი გადაწყვეტილებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სუსტია პრეზიდენტის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების ნაწილი, რადგან ამ პარაგრაფიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ცალმხრივი იურიდიული ვალდებულება მხოლოდ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარეობს.

ამ დროს ევროპარლამენტის განცხადება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და იურიდიული ვალდებულება ქვეყანამ არა ევროპარლამენტში გამოსვლით, არამედ ამ გამოსვლის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის მიწერილი წერილებით აიღო. სწორედ ეს წერილები ითვლება ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების წყაროდ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, „მიშას“ ბევრჯერ ხსენება დოკუმენტის ავტორებს არ სურდათ, ამიტომ ისინი ფაქტის ნეიტრალურად და მოკლედ ხსენებით შემოიფარგლენ.

პრეამბულაში ასევე ყურადღებას იპყრობს განცხადება იმის შესახებ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის მემკვიდრეობითობა მნიშვნელოვანია და აუცილებელია ფართო კონსულტაციების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება. ეს მუხლი ცოტა უცნაურია, რადგან საქართველოს აღმასრულებელ დონეზე უკვე გააჩნია ეროვნული უსაფრთოების კონცეფცია და საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის ხედვა. რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ეს დოკუმენტები გადასახედი იქნება, თუმცა არცერთი მათგანი არ წარმოადგენს სახელმწიფო სტრატეგიას. დოკუმენტის ავტორებმა, სავარაუდოდ, ან ახალი სტრატეგიული დოკუმენტი დააანონსეს ამ რეზოლუციაში, ან ზოგადად იგულისხმეს სახელმწიფო სტრატეგია, რომლის გამოსახულება შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დოკუმენტი იყოს.

პრეამბულის შემდეგ დოკუმენტს აქვს ოპერატიული ნაწილი, რომელიც 19 პუნქტისგან შედგება. საინტერესოა, რომ ეს დოკუმენტი უფრო გრძელია, ვიდრე თავდაპირველი, 14-პუნქტიანი ინტერფრაქციული შეთანხმების პროექტი.

1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესებით, მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანებიდან გამომდინარე;

2. საქართველოს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის ამოცანებია ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიების დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ერთიანობის აღდგენა;

პირველი ორი პუნქტი ტრადიციულია პრაქტიკულად ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში, რადგან მათში აღნიშნულია ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ამოცანები. კიდევ ერთხელ არის აღსანიშნავი, რომ ტერმინი „დეოკუპაცია“ ავტორებმა აქაც გამოიყენეს.

3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს;

4. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მდგრად დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის უსაფრთხოებას და არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ;

5. საქართველო განახორციელებს თანამიმდევრულ პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ბუქარესტის და შემდგომ სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. უახლოესი პერიოდის ამოცანას წარმოადგენს შეთანხმების მიღწევა მოდალობებსა და ვადებზე;

ამ სამ პუნქტში რამდენჯერმე არის გამეორებული საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ მესამე მუხლში ავტორებმა თამამად ჩაწერეს „გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტი“ ევროკავშირთან მიმართებითაც, რაც, როგორც წესი, ხელისუფლების მხრიდან ხშირად არ ხდება ხოლმე, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის ხანგრძლივობის გამო. ამასთან, ამ მუხლებში აშკარად ჩანს შეფარული მინიშნებები იმაზე, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების უზენაესობა და დემოკრატიული განვითარება. ზოგიერთმა ეს განცხადება შეიძლება ნაციონალური მოძრაობის შეფარულ კრიტიკად გაიგოს, თუმცა, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების პატივისცემა რომ ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, ეს არავისთვის ახალი არ უნდა იყოს.

ამ მუხლებში ცალკე გამოყოფას იმსახურებს ორი გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი, რომლებიც ორ პოლიტიკურ ძალას შორის მიღწეული კომპრომისის შედეგია. პირველ რიგში, პარლამენტი აცხადებს, რომ არასდროს გახდება ისეთი ორგანიზაციის წევრი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. ამგვარად, მესამე მუხლში საქართველომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ შევა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევრაზიულ ერთობებში, თუმცა არ დაასახელა ეს ორგანიზაციები სახელებით. ასეთი კონკრეტიკისთვის თავის არიდება, ჩემი აზრით, უცნაურია, მით უმეტეს, როდესაც ღიად აცხადებ ევროპული ინტეგრაციის კურსს. აქვე, მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ გაგზავნილი მეორე „გზავნილი“ , რომ ნატოში ინტეგრაცია არ არის მიმართული რომელიმე მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი განცხადებაა, რითაც რეზოლუციის ავტორებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს მოსკოვს, რომ ნატოში ინტეგრაცია არ ნიშნავს ანტირუსულ ერთობაში გაწევრიანებას.

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილი და იაპ დე ჰოოპ სხეფერი. 2008 წლის ივნისი

6. საქართველო სრულად იზიარებს მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე რეაგირების საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობის ვალდებულებას. ამ მიმართებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო, საპოლიციო და სამოქალაქო ოპერაციებში წვლილის შეტანა ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია;

მეექვსე მუხლში პარლამენტმა ნიშანდობლივად აღნიშნა, რომ არ აპირებს უარი თქვას საქართველოს შეიარაღებული ძალების, ან სხვა სამართლამდაცავი სტრუქტურების მონაწილეობაზე საერთაშორისო სამშვიდობო და სხვა ტიპის ოპერაციებში. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის ავტორებმა მხოლოდ სამშვიდობო და სამხედრო ოპერაციებზე არ გააკეთეს აქცენტი და ასევე ახსენეს საპოლიციო და სამოქალაქო მისიები. ეს განსაკუთრებით პოზიტიური გზავნილია იმის ფონზე, რომ საქართველო აპირებს გააფორმოს ხელშეკრულება ევროკავშირთან ამ უკანასკნელის უსაფრთხოების და თავდაცვის მისიებში მონაწილეობაზე.

რამდენიმე გამოცხადებულ „კონკურსში“ ქართველმა უსაფრთხოების ოფიცრებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა. ანალოგიურად, ბოლო წლებში, საქართველო მოტივირებული იყო, უფრო დიდი და აქტიური როლი ეთამაშა გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. სამწუხაროდ, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, ეს ვერ ხორციელდებოდა. მისასალმებელია, რომ პარლამენტმა ეს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აირჩია.

7. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა იმ პირობის შესრულებას, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე;

8. ევროკავშირთან თანამშრომლობააღმოსავლეთ პარტნიორობის დაევროპის სამეზობლო პოლიტიკისფარგლებში განვითარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები. პრიორიტეტულად განიხილება ასევე თანამშრომლობა სამშვიდობო პროცესების განვითარების სფეროში;

0x01 graphic

ბიძინა ივანიშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი. 2012 წლის ნოემბერი

შემდეგი ორი მუხლი ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს. ამ მუხლების ნატოს შემდეგ არსებობა ნიშანდობლივიცაა და მართებულიც. მე მაინც მიმაჩნია - კიდევ ერთხელ ღიად აღნიშვნა, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, აქაც კარგი იქნებოდა, თუმცა ზემოთ გაცხადებული ეს ამბიციაც, ამ ეტაპზე, ალბათ, საკმარისია. ევროკავშირთან დაკავშირებით რეზოლუციის ავტორებმა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ახსენეს, ასოციაციის ხელშეკრულებაც, თავისუფალი ვაჭრობაც და ვიზების ლიბერალიზაციაც. სწორედ ამის ფონზე იქნებოდა მნიშვნელოვანი იმის გაცხადება, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ამბიცია შევუდგეთ გაწევრიანების რთულ, მაგრამ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან გზას.

ცოტა უცნაურია მერვე მუხლში „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთად ხილვა, მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში საქართველომ, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებმა, ცალსახად განაცხადეს, რომ მათთვის პრიორიტეტულია სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატით ევროკავშირში ინტეგრაცია და არა სამეზობლო პოლიტიკის შესაძლებლობების გამოყენება.

9. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობებით. მის ფარგლებში განიხილება ოთხი ძირითადი მიმართულება:

- თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, მათ შორის თავდაცვის სფეროში გაფართოებული პროგრამის რეალიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება, აგრეთვე შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება;

- თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სფეროებში, მათ შორის შეთანხმების მიღწევა თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე;

- დემოკრატიის გაძლიერება;

- ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის შეთანხმების მიღწევა უვიზო რეჟიმის საკითხებზე.

10. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ევროკავშირთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული შეთანხმებებით დასახული ამოცანების შესრულებას საქართველო, უპირველეს ყოვლისა, განიხილავს როგორც ვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე;

აშშ-სთან დაკავშირებით პარლამენტმა ყველა ის მნიშვნელოვანი გზავნილი გაახმოვანა, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია.

განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ამ გზავნილებში ჩანს ორი სტრატეგიული ორიენტირი - აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადება და უვიზო რეჟიმის მიღწევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დისკუსია უკანასკნელ ხანს ძალიან მინელდა და მთავრობაც აქტიურობას აღარ იჩენდა. კარგია, რომ ეს თემა რეზოლუციაში ისევ გაჩნდა, სავარაუდოდ, ისევ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციის აქტიურობის შედეგად. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას აშშ-სთან, აქ საქართველოს ძალიან დიდი შრომა ექნება გასაღები, რათა შემცირდეს ვიზებზე გაცემული უარების რაოდენობა, რაც, რაღაც ეტაპზე, საქართველოს საშუალებას მიცემს გადავიდეს ვიზების გამარტივების დიალოგზე.

11. საქართველო რუსეთთან დიალოგს წარმართავს როგორც ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ისე ორმხრივ ფორმატში. ამ დიალოგის მიზანია კონფლიქტის მოგვარება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;

მეთერთმეტე მუხლი, ჩემი აზრით, ამ რეზოლუციაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. ჯერ ერთი, არაზუსტია ტერმინოლოგია - არ არსებობს „ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო მექანიზმები“ , არსებობს „ჟენევის მოლაპარაკებები“ , ან „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები“ მეორე, ერთად ჟენევის მოლაპარაკებების და ორმხრივი დიალოგის დაჯგუფება, როგორც მინიმუმ, ისევ აღვივებს ეჭვებს, რომ ეს ორი ფორმატი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ორ ფორმატს მსგავსი ამოცანები აქვს დასახული - „კონფლიქტის მოგვარება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება“ . აუცილებლად უნდა თქმულიყო კონკრეტულად, რომელ ფორმატს რა ამოცანისთვის ვიყენებთ. ჟენევის მოლაპარაკებები კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია და მისი გამოყენება უნდა მოხდეს დეოკუპაციისთვის და ცხინვალის და აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად, ორმხრივი დიალოგის ფორმატი კი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორ ქვეყანას შორის არსებული სხვა ურთიერთობების დასარეგულირებლად. ასეთი ბუნდოვანი განცხადება, ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ მოხდება ამ ეტაპზე დეკლარირებული კურსისგან გადახვევა და კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ორმხრივ ფორმატში გადატანა. და ბოლოს, ბუნებრივია, მეთერთმეტე მუხლში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნახსენები ტერმინი „დეოკუპაცია“ , რადგან სწორედ ეს არის ჩვენი და მოსკოვის ურთიერთობების მთავარი მიზანი.

12. საქართველო ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის და სხვა სახელმწიფოების პოზიციების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების და ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად;

მეთორმეტე მუხლი ამ რეზოლუციის უდავოდ ყველაზე სუსტი წერტილია. ამ მუხლში საქართველოს პარლამენტმა აღიარა, რომ თურმე სამხრეთ კავკასია წარმოადგენს აშშ-ის, ევროკავშირის და რუსეთის ინტერესის სფეროებს. ეს მიდგომა ზოგადად ეწინააღმდეგება ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულებას „გავლენის სფეროების“ კონცეფციის მიმართ. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, საქართველოში ისევ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან „აღიარონ“ , რომ ჩვენ მართლაც გავლენის სფერო ვართ. საბედნიეროდ, ამ მუხლში გაჩნდა ჩანაწერი „ჰელსინკის პრინციპებთან“ დაკავშირებით, რაც ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ეს მუხლი ძალიან უცნაურად ხვდება თვალს. კარგი იქნებოდა, იგი საერთოდ წაშლილიყო საბოლოო რედაქციაში.

13. საქართველო ხელს შეუწყობს კავკასიაში პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკურ თანამშრომლობას რეგიონის სახელმწიფოთა ძირეული ინტერესების თანხვედრისათვის. ჩრდილოკავკასიის ხალხებთან ურთიერთობები დაეფუძნება კეთილმეზობლობის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს;

კავკასიასთან დაკავშირებით მუხლის საბოლოო რედაქცია გაცილებით სჯობს თავდაპირველ 14 პუნქტში არსებულ ჩანაწერს, სადაც, პრაქტიკულად, ქართული მხარე აღიარებდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიასთან მხოლოდ ისეთი ურთიერთობა შეიძლებოდა ჰქონოდა, როგორსაც მოსკოვი ინებებდა. ამჯერად, ეს იდეა აღარ იქნა გაჟღერებული, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ საქართველოს ისევ აქვს ამბიცია, იყოს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მიმართ პოლიტიკის განმსაზღვრელი.

14. მნიშვნელოვანია ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა გახდეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცე;

15. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება შავი და კასპიის ზღვების აუზების, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებთან;

16. საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ბალტიის ქვეყნებთან. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების გამოცდილება და მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

17. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე სკანდინავიის სახელმწიფოებთან, მათ მიერ საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა;

მეთოთხმეტე-მეჩვიდმეტე მუხლებში საქართველომ მოკლედ განსაზღვრა ის პრიორიტეტული გეოგრაფიული რეგიონები, რომელთანაც სურს ურთიერთობების გაღრმავება. მისასალმებელია, რომ აქ ცალკეა გამოყოფილი თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბალტიის ქვეყნები და სკანდინავია. თუმცა, ცალსახად უცნაურია, რომ საერთოდ არაფერია ნათქვამი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა რეგიონებზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში საქართველომ საელჩოები გახსნა ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებში, როგორებიცაა: ბრაზილია, არგენტინა, მექსიკა, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ეთიოპია, ინდონეზია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია და ჩინეთი. ეს იყო კარგი გამოვლინება, რომ ქვეყანამ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მყარი კურსის მიუხედავად, ასევე შეიმუშავა მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის ხედვა, რის შედეგადაც „გაჩნდა“ საერთაშორისო ასპარეზზე. სამწუხაროა, რომ საგარეო პოლიტიკის ახალი გუნდისთვის ეს „მსოფლიოზე გადაწვდომის“ პოლიტიკა სრულიად ყურადღების მიღმა დარჩა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველო გადაიქცა ქვეყნად, რომლის რეფორმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თბილისს, ბათუმს, რუსთავსა და სხვა ქალაქებს სტუმრობდნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს 300-ზე მეტი დელეგაცია ეწვია ჩვენი რეფორმების შესწავლის მიზნით, საქართველოს წარმომადგენლებმა კი 100-ზე მეტი ვიზიტი განახორციელეს რეფორმების „ექსპორტირების“ კუთხით. ბუნებრივია, ეს მიმართულება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. ამ რეზოლუციაში, სამწუხაროდ, „რეფორმების ექსპორტი“ საერთოდ არაა ნახსენები. ეს გასაგებიცაა, ქართულ ოცნებას არ სურდა ამ დოკუმენტში ეღიარებინა, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული რეფორმები „საექსპორტო“ ხარისხისაა. მიუხედავად ამისა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე საქართველო აღადგენს გამოცდილების გაზიარების პრაქტიკას დაინტერესებულ ქვეყნებთან.

18. საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობას ან ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. საქართველო გაატარებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო პატივისცემის ურყეობა;

მეთვრამეტე მუხლში პარლამენტმა მესამე მუხლში ნახსენები პირობა, რომ არ გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, კიდევ ერთხელ გაიმეორა. ამჯერად, ამ პირობამ უფრო კონკრეტული სახე მიიღო, კერძოდ, საქართველო არცერთ ისეთ სამხედრო-პოლიტიკურ, ან საბაჟო კავშირში არ გაწევრიანდება, სადაც ან ოკუპანტი ქვეყანაა წევრი, ან ქვეყანა, რომელიც აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას“. ეს ფორმულირებაც, სავარაუდოდ, ტექსტში ასევე უმცირესობასთან კონსულტაციის შემდეგ გაჩნდა, რადგან თავდაპირველ 14 პუნქტში, ეს იდეა საერთოდ გამოტოვებული იყო.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი უფრო რადიკალურად განწყობილი ექსპერტი ჩათვლის, რომ მე-18 მუხლში რუსეთი პირდაპირ უნდა ყოფილიყო დასახელებული. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა, დიპლომატიურად გამართლებულია ვისაუბროთ არა ქვეყანაზე, როგორც პრობლემაზე, არამედ ამ ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებზე (აღიარება და ოკუპაცია), როგორც პრობლემებზე, რომელთა გამო არ გვსურს რუსეთთან ერთ ორგანიზაციაში ყოფნა.

19. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე სამშვიდობო პროცესის განვითარების დაარაღიარების პოლიტიკის შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო მნიშვნელოვნად გააღრმავებს მრავალმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, სუამის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატებში.

მეცხრამეტე მუხლი ასევე უცნაურია, რადგან მასში რამდენიმე საეჭვო იდეაა ჩადებული. პირველ რიგში, არაღიარების პოლიტიკის საწარმოებლად საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში კი არ მართებს აქტიურობა, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

დაბოლოს, გაეროსთან და ეუთოსთან ერთად არაღიარებაზე მუშაობა სუამთან, ბისეკთან და ევროსაბჭოსთან, როგორც მინიმუმ, გაუგებარია, რადგან ამ ორგანიზაციებთან საქართველოს სხვა დღის წესრიგი აქვს, აღიარების საფრთხე კი ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებული ქვეყნებისგან ნამდვილად არ გვემუქრება.

4 ზურაბ აბაშიძე: არ უნდა შევიქმნათ ისეთი განცდა, რომ რუსეთთან ყველაფერი მოვაგვარეთ და სადღესასწაულო ჟამი დადგა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ესაუბრა დიმიტრი ავალიანი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, მიმდინარე დიალოგისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

  • რაღაც პერიოდი უკვე გავიდა, რაც ამ პოსტზე დაინიშნეთ. დიალოგი ორმხრივ ფორმატში დაიწყო, ჩატარდა შეხვედრები - როგორ შეაფასებდით დროის ამ მონაკვეთში თქვენს საქმიანობას და გამართლდა თუ არა ის იმედი, რომელსაც მთავრობა ახალ ინსტიტუტზე და ორმხრივ მოლაპარაკებებზე ამყარებდა?

საერთო ჯამში, საქართველოს პრემიერმინისტრის ეს ინიციატივა აბსოლუტურად სწორი იყო. ჩვენ შევთავაზეთ ორმხრივი კონკრეტული დიალოგი რუსეთის მხარეს, რადგან ვთქვით, რომ მუდმივ კონფრონტაციაში ყოფნა შეუძლებელია. ეს მიუღებელია და ქვეყნისთვის დამანგრეველი.

0x01 graphic

გარკვეული პერიოდის მანძილზე ხდებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. განცხადების სახით ჩვენ მოვისმინეთ მათი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ეს წარმართულიყო. თავიდანვე იყო რაღაც მინიშნებები წინაპირობებზე.

  • რა წინაპირობებს გულისხმობთ?

იყო განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა შეეგუოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ე.წ. ახალ რეალობას, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მას შემდეგ, რაც განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის წინაპირობები მიუღებელია, მათ აღარც ჩვენ ვაყენებთ და არც რუსეთისგან ველით.

საბოლოოდ, შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდეს პირველი შეხვედრა, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში შვეიცარიაში შედგა.

ამ კონტექსტში მინდა გითხრათ, რომ წინა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად იყო რუსეთთან ასეთი დიალოგის დაწყებისთვის - ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ამ თვალსაზრისით, რაღაც პრინციპულად განსხვავებული ჩვენი მხრიდან არ გაკეთებულა. ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ რუსეთის მხრიდან პოზიტიური რეაქცია მივიღეთ.

პირველ შეხვედრაზე მოვნიშნეთ თემები, რომლებზეც ვაპირებთ საუბარს. იმისთვის, რომ დიალოგი თავიდანვე ჩიხში არ მოქცეულიყო, გადავწყვიტეთ ე. წ. წითელ ხაზებს ჯერ არ შევხებოდით. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საგარეო საქმეებში თავისუფალი არჩევანის პრინციპი. რუსეთი კი ჯერჯერობით საკითხს ისე აყენებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებას არ აპირებს.

ასევე შევთანხმდით, რომ იმ თემებს, რასაც ჟენევის ფორმატში განიხილავენ, ჩვენ არ ვეხებით. ამგვარად, დასაწყისისთვის შემდეგი თემები შეირჩა - ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები.

მეორე შეხვედრა იყო 1-ლ მარტს. ამ პერიოდის განმავლობაში იყო რაღაც საინტერესო მომენტები. გამოითქვა მრავალი მოსაზრება, მრავალი საინტერესო წინადადება და კრიტიკული შენიშვნა. ზოგიერთი, მათ შორის ოპონენტების მხრიდან, ჩვენ მივიღეთ როგორც საკმაოდ რაციონალური. მაგალითად ის, რომ შეხვედრები სჯობს არა ჟენევაში, არამედ სხვაგან ჩატარდეს, რათა თავიდან ავიცილოთ თუნდაც ემოციური კავშირი ჟენევის ფორმატთან.

ამგვარად, შემდეგი შეხვედრა გაიმართა პრაღაში და ჩვენ იქ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ჟენევის ფორმატში დისკუსიები უნდა გაგრძელდეს, რომ შენარჩუნდეს როგორც მისი დონე, ასევე ფორმატი. სასურველია, კონცენტრირება მოხდეს უსაფრთხოების მთავარ, არსებით საკითხებზე.

სხვათა შორის, რუსეთის მხრიდანაც ასეთივე მიდგომას ვხედავთ. რაც თუნდაც იმით დადასტურდა, რომ 2 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის კომენტარში ახსენა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებს განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს.

ამჯერად ჩვენ გავიარეთ ის თემები, რაზეც შევთანხმდით პირველ შეხვედრაზე. აღვნიშნეთ, რომ სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო მიმოსვლის კუთხით გარკვეული მოძრაობა სახეზეა. მოგეხსენებათ, საუბარია ქართული ღვინის, მინერალური წყლების, ასევე სხვა პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე. ამასთან დაკავშირებით, უკვე დამყარდა კონტაქტები, ექსპერტთა ჯგუფები იყვნენ ჩამოსული. ახლა საუბარია იმაზე, რომ აღდგეს სატრანსპორტო კავშირები და პროდუქციის გატანასაც შევუწყოთ ხელი. კერძოდ, ყაზბეგი-ზემო ლარსის მარშრუტზე 1-ლი ივნისიდან გამშვები პუნქტი 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდება. ვსაუბრობთ სატვირთო სატრანსპორტო მიმოსვლის თაობაზე, იქ არის გარკვეული დეტალები, რეგულარული რეისების აღდგენაზე. ეს ძალიან სერიოზული თემებია და ვფიქრობთ, როდესაც ყველაფერი ეს განხორციელდება, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში, ეს ბიძგს მისცემს ჩვენი ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს.

რაღაც ილუზიებს არ ვიქმნით და არ გვგონია, რომ ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება, ან რაღაც დიდი პოლიტიკური გარღვევები იქნება ახლო მომავალში, ან თუნდაც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჯადოსავით უცბად შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ, ყველაფერი ეს, ჯამში, უნდა წაადგეს ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს.

ახალი მომენტი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე ჩემმა რუსმა კოლეგამ გვაცნობა - რუსეთში განიხილავენ საკითხს სავიზო რეჟიმის შემსუბუქების თაობაზე საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის. თუ რას გულისხმობენ, როდის იქნება, რა კატეგორიებისთვის იქნება, ალბათ, ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მგონი პოზიტივია ის, რომ გარკვეულწილად ატმოსფერო შეიცვალა, ნაკლებად აგრესიული რიტორიკაა ერთმანეთის მიმართ. ამან იმოქმედა ზოგადად სამხედრო ესკალაციის საფრთხის შემცირებაზე. ეს კარგია ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკური ცხოვრებისთვის. იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც არის საფრთხე, რომ რუსის ჯარი შემოვიდეს 2 წელიწადში ერთხელ, არანაირი სერიოზული ინვესტორი ფულს არ ჩადებს.

კიდევ ერთი დადებითი მხარე რუსეთში ქართული დიასპორის ფაქტორია. დიალოგის დაწყება და კონფრონტაციის შემცირება ორ ქვეყანას შორის, საშუალებას მისცემს რუსეთში მცხოვრებ მრავალ ქართველს სამშობლოსთან უფრო აქტიური კონტაქტი დაამყაროს და საქართველოში ინვესტიციაც განახორციელოს, რისგანაც თავს იკავებდა ურთიერთობების გამწვავებისა და ორმხრივი პოლიტიკური შეზღუდვების გამო.

  • თქვენ საუბრობთ ორმხრივად მოგებიან ურთიერთობაზე, თუმცა ვლადიმირ პუტინმა და რამდენიმე სხვა თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ ეს დიალოგი საქართველოს უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთს. გრიგორი კარასინმა ასევე გააკეთა განცხადება ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომ სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, ყოველთვის მკაცრია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პოლიტიკური საკითხი გახდეს წინაპირობა სავიზო რეჟიმის შემსუბუქების ან გაუქმებისთვის?

მგონი პოზიტივია ის, რომ გარკვეულწილად ატმოსფერო შეიცვალა, ნაკლებად აგრესიული რიტორიკაა ერთმანეთის მიმართ. ამან იმოქმედა ზოგადად სამხედრო ესკალაციის საფრთხის შემცირებაზე.არა, ასე არანაირად არ უნდა აღვიქვათ. ასე რომ ყოფილიყო, საზოგადოებას მოვახსენებდი. ჩვენი პრინციპია, ეს პროცესი მიმდინარეობდეს საჯაროდ. არანაირი კულუარული შეთანხმებები და თემები იქ არ განიხილება. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით. და ეს ითქვა კიდეც. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა კარგად იციან, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ვერ წავალთ, რადგან ეს ფაქტი იმის ტოლფასი იქნება, რომ ჩვენ რუსეთის მიმართ პრეტენზიები აღარ გაქვს, ჩვენი ტერიტორიული საკითხები აღარ გვაწუხებს და ის საზღვრები, რაშიც რუსეთი აღგვიქვამს, მისაღებია. ეს ძალიან ცუდი, ყოვლად მიუღებელი სიგნალი იქნებოდა, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. ამიტომ ეს არანაირად არ დგას დღის წესრიგში.

მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ - თუ დაწყებული დიალოგი რაღაც სერიოზულ შედეგს მოგვცემს, თუ რაღაც ეტაპზე მოხდება გარღვევები პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არ გამოვრიცხავთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების თემის განხილვა მოხდეს.

  • თქვენ ბრძანეთ წითელ ხაზებზე. მთავარი წითელი ხაზი გადის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე. თუმცა, ამჟამად განიხილება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მისი დარღვევის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს დაუშვებელია, რადგან ადამიანი, რომელიც საქართველოს საზღვარს უკანონოდ გადმოკვეთს რომელიმე სხვა მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან, სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისჯება. იმ ადამიანმა კი, რომელიც გადადის აფხაზეთში, პირველ ჯერზე მხოლოდ ჯარიმა უნდა გადაიხადოს. ჩვენი საზღვრის გადაკვეთისთვის განსხვავებულ სანქციებს რომ ვაწესებთ, ხომ არ ნიშნავს ეს სუვერენიტეტის დათმობას? ეს რამდენად კარგი სიგნალია ურთიერთობების აღსადგენად? ხომ არ ნიშნავს ეს დადგენილი „წითელი ხაზის“ შეხებას?

არა, ეს არ არის სიგნალისთვის გაკეთებული. ამას აქვს წმინდა პრაგმატული არგუმენტაცია. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ცვლილება ეხება წმინდა ტექნიკურ ასპექტს. თუკი სხვა ქვეყნის მოქალაქე შეეცდებოდა ჩვენი საზღვრის გადმოლახვას და მას აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ გადაკვეთის შტამპი ექნებოდა, მაშინ ავტომატურად ამოქმედდებოდა სისხლის სამართლის სანქციები. ეს რომ არ მომხდარიყო, წინა წლებში ზოგჯერ კეთდებოდა გამონაკლისებიც. იყო შემთხვევები, როდესაც იღებდნენ იმ პირებს, ვისი მოწვევაც იყო საქართველოს ინტერესებში და კანონზე თვალს ხუჭავდნენ. ან ეუბნებოდნენ, აეღოთ სხვა პასპორტი, სადაც შტამპი არ იქნებოდა და ისე ჩამოსულიყვნენ. რატომ უნდა მოვიტყუოთ თავი?

ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს კანონში პრაგმატული ცვლილების შეტანას. თუ გვინდა, ვიღაც მოვიწვიოთ, ვისი ჩამოსვლაც ჩვენს ინტერესებშია, მთავრობას, გამონაკლისის სახით, ამის უფლება ექნება. თუ ასეთი ნებართვის გარეშე ვიღაც ჩამოვა, ვინც იმ რეგიონებში არის ნამყოფი, მის წინააღმდეგ ამოქმედდება ადმინისტრაციული სანქცია და დაჯარიმდება. თუ ის ჭკუას ვერ მოეგება და იმავეს გაიმეორებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სანქციები ამოქმედდება. ასე რომ, საქმე გვაქვს წმინდა ტექნიკურ ცვლილებასთან, რაც კანონში არანაირი არსებითი ცვლილებების შეტანას არ ითვალისწინებს.

  • თუ იყო თქვენი შეხვედრების თემა აფხაზური რკინიგზის გახსნა? და რას ფიქრობთ ამ ინიციატივის შესახებ?

არა, კონკრეტული მსჯელობა ამ საკითხზე არ გვქონია. მხოლოდ ის საკითხები განვიხილეთ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რაც უკვე მოგახსენეთ - სატვირთო მიმოსვლა ყაზბეგი-ზემო ლარსის გავლით და რეგულარული ავიარეისების აღდგენა.

რაც შეეხება რკინიგზას, ეს ძალიან რთული საკითხია. შეგახსენებთ, კითხვა ამის შესახებ პრემიერმინისტრს დაუსვეს ერევანში მისი ვიზიტის დროს. პასუხი ასეთი იყო და არის - ვნახოთ, მოვისმენთ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს. ჩემი მოსაზრებაც ეს არის - თუ ჩვენი მეზობლები, სომხეთი და რუსეთი, ამაში მართლაც დაინტერესებულები არიან, შეიძლება მათ მოვუსმინოთ. ჩვენთვის მხოლოდ ისეთი ფორმულა იქნება მისაღები, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არანაირად არ ეწინააღმდეგება. რამდენადაც მე ვიცი, რაიმე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას.

  • თქვენს პირველ ბრიფინგზე თქვენც და პრემიერმაც რუსული ბაზრის გახსნა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაასახელეთ. თუმცა, არსებობს სტატისტიკა, რომ იმ საქონელს, რომლის ექსპორტიც პოტენციურად შესაძლოა განახლდეს (ღვინო, მინერალური წყლები, ხილი და ციტრუსები), მთლიანი ექსპორტის მოცულობაში დიდი წილი არასდროს ეკავა. მაშინ რატომ ვაცხადებთ პრიორიტეტად და ვამყარებთ დიდ იმედს ამ კონკრეტულ საკითხზე?

ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ ან ილუზიებს ვუქმნით ვინმეს, რომ ექსპორტის აღდგენა რადიკალურად შეცვლის ჩვენს ეკონომიკურ ვითარებას. საქმე ისაა, რომ უნდა გამოვიყენოთ რუსული ბაზრის შესაძლებლობები, აღვადგინოთ ექსპორტი. სხვათა შორის, ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს შეესაბამება. მაგრამ, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მიმართულებით, ეწერება იმ სტრატეგიაში, რასაც ევროატლანტიკური ორიენტაცია ჰქვია. კერძოდ, სავაჭრო-ეკონომიკური თემების შესახებ ვსაუბრობთ ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან.

თუმცა, არც რუსეთის ბაზრის შესაძლებლობები უნდა დავკარგოთ, თუნდაც ერთი პროცენტი, საიდანაც რაღაც ხეირის მიღება შეგვიძლია.

უნდა ფართოდ გავხსნათ კარი ჩვენი ბიზნესისთვის, სადაც შეგვიძლია. და თვითონ ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს, უღირს იმ კარში შესვლა თუ არა.

  • თუმცა ისმის კითხვა - რის ფასად?

არაფრის ფასად. ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმ ფასს, რაც ან ჩვენ გადავიხადეთ, ან რუსეთის მხარე იხდის იმისთვის, რომ ქართულ პროდუქციას უშვებს რუსულ ბაზარზე.

არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეუქმნის ეს დასავლეთს განცდას, რომ საქართველომ და რუსეთმა უკვე მოილაპარაკეს, უკვე ყველაფერი გაარკვიეს და საქართველოს დახმარება აღარ ესაჭიროება. ასეთ ეჭვს აქვს არსებობის საფუძველი, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი მიესალმება და პოზიტიურად უყურებს დაწყებულ დიალოგს. მე მათთან რეგულარული შეხვედრები მაქვს და მხოლოდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მეორე, ჩვენ ოფიციალურადაც ვაცხადებთ და საზოგადოებას, დასავლელ პარტნიორებს და რუს კოლეგებსაც ვეუბნებით - ამ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს პრინციპებზე ვთქვით უარი, რომ შემსუბუქდება კრიტიკა რუსეთის მიმართ ჩემ მიერ ნახსენები წითელი ხაზების გამო.

  • თუმცა, რიტორიკა გარკვეულწილად შერბილდა... მე ვიტყოდი, რომ ისტერიკა შემცირდა და არა კრიტიკა შერბილდა.

კრიტიკა ისევ მწვავეა. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლები ასევე პრინციპულად საუბრობენ ჩვენს მთავარ თემებზე.

რუს კოლეგებსაც ვაყენებთ საქმის კურსში იმის შესახებ, რომ ჩვენი კრიტიკა არ შემცირდება, ამას ვერ გავაკეთებთ და ვუხსნით კიდევაც, რატომ. ეს კრიტიკა გაგრძელდება ისევე, როგორც ჩვენი მცდელობები სხვა მიმართულებით.

  • თქვენ ამბობთ, რომ არსებობს შეთანხმება თქვენსა და კარასინს შორის, რომ ჟენევის ფორმატი ცალკე შენარჩუნდება და საკითხები, რაზეც იქ მიდის მსჯელობა, საერთაშორისო შუამავლებთან ერთად განიხილება. მაგრამ, ხომ არ ხედავთ საფრთხეს, რომ რუსეთმა დროთა განმავლობაში ისარგებლოს ორმხრივი ფორმატით, ჟენევის პროცესი შეაჩეროს და აქცენტი გადაიტანოს ორმხრივ ფორმატზე?

ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩემს რუს კოლეგასთან ამაზე მისაუბრია და მისგან საკმაოდ კონსტრუქციულ მიდგომას ვხედავ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დასავლელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დღევანდელ მსოფლიოში, უფრო ხშირად, არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის. არჩევანი გვქონდა წინა ხელისუფლების დანატოვარი კატასტროფული ურთიერთობების შენარჩუნებას (რაც ყოველგვარი კონტაქტის არარსებობას ნიშნავდა), ან დიალოგის დაწყებას შორის. დიალოგი უფრო რთული საქმეა, უფრო მეტ გონიერებას, მეტ გათვლას და დაფიქრებას მოითხოვს. გაცილებით უფრო იოლია კონფრონტაცია, დაპირისპირება და ჩხუბი. მაგრამ, საქმე ისაა, რომ რუსეთთან ჩხუბიდან და კონფრონტაციიდან საქართველო არაერთხელ გამოვიდა ძალიან ცუდი გამოცდილებით.

ამიტომ ჩვენ ალტერნატივა არ გაგვაჩნია - ან ამ დიალოგისა და გამოსავლების ძიების გზით უნდა წავიდეთ, ან დავუბრუნდეთ იმ ჩიხურ ვითარებას, რასაც რუსეთთან კონფრონტაცია ჰქვია. სხვათა შორის, იმ სახის ურთიერთობა, რაც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან გასული წლის ოქტომბრამდე, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჰქონია.

0x01 graphic

  • თუმცა, ამ პერიოდში რუსეთი სხვა არცერთ ქვეყანას არ დასხმია თავს, ცოტა გამორჩეული ვითარება გვქონდა...

დიახ, გამორჩეული ვითარება ნამდვილად გვქონდა. მაგრამ, ამ ვითარებაში უგუნურობის, გაუფრთხილებლობის, ირაციონალიზმის, ყოვლად დაუშვებელი ინფანტილიზმის ჩვენი წვლილიც შევიტანეთ. ეს, ვისაც სკლეროზი არ აქვს, ყველას კარგად ახსოვს.

  • დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ბრძანეთ: „შეძლებს თუ არა მოსკოვი მოისმინოს ჩვენი არგუმენტები იმის შესახებ, რატომ გვინდა NATO-ში და იქნებ შევძლოთ პოზიციების შეჯერება. იქნებ რუსეთს აქვს არგუმენტი, რომელიც ჩვენი სწრაფვის უსაფუძვლობაში დაგვარწმუნებს?“ . აპირებდით თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებისას მსჯელობას საქართველოს NATO-ში სწრაფვის თაობაზე? იყო თუ არა საუბარი ამ საკითხზე და მოისმინეთ თუ არა ამგვარი არგუმენტი რუსული მხარისგან? შეიძლება არსებობდეს არგუმენტი, რასაც მოსკოვი თბილისს მოუყვანდა?

როგორც გითხარით, ეს თემა წითელ ხაზებს განეკუთვნება, მასზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. პიროვნულ დონეზე ასეთ არგუმენტს მოვისმენდი, მაგრამ ჯერ არ მომისმენია. არც რომელიმე პოლიტიკოსისგან, არც დიპლომატისგან. მათ შორის იმ პერიოდშიც, როდესაც დამოუკიდებელ ექსპერტად ვთვლიდი თავს. მაშინ ბევრს ვხვდებოდი და ახლაც ბევრს ვხვდები.

ეს დიალოგი, ექსპერტთა შეხვედრები, სულ იყო ამ წლების მანძილზე. მაგრამ რაღაც ისეთი არგუმენტი, ჩემთვის დამაჯერებელი და დამაწყნარებელი, არ მომისმენია.

მათ თავიანთი ხედვა აქვთ NATO-სთან დაკავშირებით. ეს დიდი სახელმწიფოა, თავისებურად უდგება უსაფრთხოების საკითხებს. საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება, თავისი არჩევანი გააკეთოს. სწორედ ამ არჩევანის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით ჩვენ.

  • საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ანსამბლ ერისიონის კონცერტმა კრემლში და სხვა მსგავსმა კულტურულმა ღონისძიებებმა. ისმის შეშფოთება იმის თაობაზე, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებებით რუსეთში ჩაგვაქვს მცდარი გზავნილი, რომ ეს უთავმოყვარეობაა და ა. შ. როგორ აფასებთ ამას?

ასეთ ინიციატივებს, კულტურულ გაცვლებს ადგილი სულ ჰქონდა. ომამდე, ომის შემდეგაც. ეს ხდებოდა კომერციულ, პრივატულ საწყისებზე. ამის შეჩერება ან გაჩერება, სანქცირება, წარმოუდგენელია და არცაა საჭირო. კულტურამ თავისი როლი უნდა შეასრულოს. კულტურულ, ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, ადამიანთა შორის კავშირებს ვერაფრით გააჩერებ და არც ჩემი ფუნქციაა რაღაც პოლიტიკური კომისრის როლი შევასრულო.

მაგრამ რაღაც მომენტები გასათვალისწინებელია და რაღაც სიმბოლოებს ამ ეტაპზე მნიშვნელობა ნამდვილად აქვს. ვთქვათ, იმავე ერისიონს, რომელიც კერძო კომერციული პროექტის ფარგლებში ეწვია რუსეთს, შეეძლო აეხსნა მომწვევი მხარისთვის, რომ ამა და ამ მიზეზების გამო ამა და ამ დარბაზში გამოსვლა შესაძლოა კორექტული არ იყოს. ან საქართველოში შეიძლება ეს არ მოიწონონ. ვფიქრობ, ამას გაგებით მოეკიდებოდნენ. სხვა დარბაზებში კონცერტებს სხვებიც მართავენ და არანაირი აჟიოტაჟი ამას არ მოჰყოლია.

მე ზომიერების მომხრე ვარ იმ თვალსაზრისით, რომ პასიურობის შემდეგ რაღაც ჰიპერაქტიურობაში არ უნდა გადავერთოთ და არ უნდა შევიქმნათ ისეთი განცდა და სხვასაც არ უნდა შევუქმნათ, რომ რუსეთთან ყველაფერი მოვაგვარეთ და ახლა რაღაც სადღესასწაულო-საფესტივალო ჟამი დადგა. ამით ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც დავაბნევთ, რუსეთსაც და ჩვენც დავიბნევით. ამიტომ ზომიერება ძალიან კარგი სიტყვაა, ამას დეკრეტით, კანონით, ბრძანებით ვერ ახსნი. ეს ჩვენში უნდა იყოს შინაგანად.

ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას, ამიტომ ყველა ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული და გათვლილი. რუს პარტნიორებს უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი - არა. ზედმეტმა გაუაზრებელმა აქტიურობამ შეიძლება უფრო დაგვაზარალოს, ვიდრე შედეგი გამოიღოს. თუმცა, კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს აუცილებლად სერიოზულად უნდა მივხედოთ.

  • კარასინთან თქვენს შეხვედრაზე იყო მსჯელობა სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის პრაქტიკულ თემებზე - სავიზო მხარდაჭერაზე და ა. შ. თქვენი აზრით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ხომ არ შეიძლება აღქმულ იქნას არასწორ გზავნილად დასავლელი მოკავშირეებისა თუ რუსეთის საზოგადოების თვალში?

ჩვენ შეთანხმება გვაქვს იმაზე, რომ ამ თემაზე ოლიმპიურმა კომიტეტებმა უნდა იზრუნონ. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი მუშაობს რუსეთისა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტებთან. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ზოგადად, როდესაც სპორტში პოლიტიკა შედის, მხოლოდ სპორტი ზარალდება. მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია, ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ამ თემას, როგორც დღევანდელი დღის, ასევე ხვალინდელი დღის გადასახედიდანაც. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ თამაშებში მხოლოდ იმ ქვეყნების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მიიწვევს და სხვა ვერავინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, მკითხველი გაიგებს, რა მაქვს მხედველობაში.

  • ახსენეთ საკითხები, რომლებზეც მსჯელობთ რუსულ მხარესთან. საერთოდ, რა შემდგომ პერსპექტივებს ხედავთ მოლაპარაკებებში, კიდევ რომელი ისეთი საკითხები შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომელთა გადაწყვეტა დიალოგის საშუალებით იქნება შესაძლებელი? 

მეორე შეხვედრაზე ორი ახალი თემა შემოვიტანეთ, მეცნიერება და ჯანდაცვა. მე ასე მესმის, რომ თუ მთავრობები ხელს არ შეუშლიან ადამიანებს სამეცნიერო კონტაქტების დამყარებაში ან ჯანდაცვის დარგში რაღაც ურთიერთობებში, ეს უკვე კარგია. თუ ხელს შეუწყობენ, კიდევ უკეთესი. ეს ის სფეროებია, რომლებიც კითხვებს არ იწვევს არცერთი მხრიდან. 

  • რა მოხდება შემდეგ? ვთქვათ, დაბრუნდა ჩვენი ღვინო რუსეთში, აღდგა სატრანსპორტო კავშირები, მერე რას ვაკეთებთ?

ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი არ მაქვს. მხოლოდ რამდენიმე კაცმა ამაზე არ უნდა იფიქროს. ამ პროცესში უნდა ჩაერთონ ექსპერტები, ხალხი, ვისაც აქვს ამის გამოცდილება, კრიტიკული ხედვა, ვინც მოახდენს იდეების გენერირებას.

ოპოზიციაც არ უნდა იყოს ჩასაფრებული - არიქა, როგორ გამოიჭიროს აბაშიძე ან ვინმე სხვა ერთ სიტყვაში, ერთ ფრაზაში, როდის რა შეეშლება, ან რომელიღაც ანსამბლს რაღაც ისე ვერ გამოუვა. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენი პოტენციალის გაერთიანება უნდა მოვახერხოთ.

5 ამიერკავკასიის კონფედერაცია

▲ზევით დაბრუნება


კახა ლომაია|სვეტი

რამდენიც უნდა იმეოროს რუსეთმა, რომ საქართველოში მან პრობლემები მოაგვარა, ის გვერდს ვერ აუვლის სამ ფუნდამენტურ გარემოებას. პირველი ისაა, რომ მის სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კანონიერად მსოფლიოში თითქმის არავინ მიიჩნევს, მისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები კი ამას ოკუპაციას უწოდებენ. მეორე - ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მცდელობის დამამცირებელი ჩაფუშვა, მიუხედვად დახარჯული უზარმაზარი ფინანსური, პოლიტიკური და დიპლომატიური რესურსისა. მესამე, ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად საქართველო უახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომელსაც რუსეთი გეოპოლიტიკურ მტრად აღიქვამს.

მეორე მხრივ, რამდენი ქართული ღვინო და მანდარინიც უნდა გაიყიდოს რუსეთში, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ვერსად გაექცევა „რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ პირობას, რომელიც „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედს წარმოადგენდა.

შესაბამისად, რუსეთმა უნდა შეიმუშაოს და საქართველო დაითანხმოს ისეთ გეგმაზე, რომელიც, ერთი მხრივ, ლეგიტიმაციას გაუკეთებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, დე იურე დაანაწევრებს საქართველოს და, ამავე დროს, საქართველოს მოსახლეობას შეუქმნის იმის ილუზიას, რომ რუსეთთან ურთიერთობები „დალაგებული“, ხოლო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია.

წინამდებარე წერილში მკითხველი იხილავს რუსეთის შესაძლო გეგმის ელემენტებს. სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით ისინი ფიგურირებდნენ რუსეთის წინადადებებში ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე მის მიერვე ინსპირირებული კონფლიქტების „მოგვარების“ წინადადებებში, რაზეც ქვევით უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

ჩვენი მიზანია საზოგადოების ინფორმირება შესაძლო საფრთხის, აგრეთვე მისი განხორციელების ხელშემწყობი გარემოებებისა და წინაპირობების შესახებ.

როგორც ცნობილია, ინფორმირებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის რისკი უფრო დაბალია, ვიდრე არაინფორმირებულისა.

რუსეთის შესაძლო გეგმის ძირითადი ელემენტები:

  • საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც სამი თანაბარუფლებიანი სუბიექტი, ქმნიან კონფედერაციას. მას შეიძლება ეწოდოს „საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფედერაცია“, ან, უფრო მოკლედ, „ამიერკავკასიის კონფედერაცია“.

  • კონფედერაციის კონსტიტუციური მოწყობის გარანტი არის რუსეთი.

  • კონფედერაციის სუბიექტები წარმოადგენენ საერთაშორისო სამართალსუბიექტებს - ისინი ორმხრივ დიპლომატიურ და საკონსულო ურთიერთობებს ამყარებენ უცხოურ სახელმწიფოებთან. წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, მსოფლიო ბანკი და სხვა - კონფედერაციას ეკუთვნის.

  • სუბიექტს აქვს კონფედერაციის შემადგენლობიდან გასვლის უფლება.

  • კონფედერაცია არის დემილიტარიზებული ნეიტრალური სახელმწიფო; არც სუბიექტებს და არც კონფედერაციას არ ჰყავთ შეიარაღებული ძალები, მხოლოდ პოლიცია და საგანგებო სიტუაციათა შენაერთები. კონფედერაცია კონსტიტუციურად არ შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ან რომელიმე სხვა სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი.

  • კონფედერაციის კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევს კონფედერაციის გაწევრიანებას სახელმწიფოთაშორის არასამხედრო გაერთიანებაში. გაწევრიანებისათვის სავალდებულოა კონფედერაციის სამივე სუბიექტის თანხმობა.

  • რუსეთს უფლება ეძლევა თავისი საზღვაო ბაზები განათავსოს კონფედერაციის პორტებში - ბათუმსა და ფოთში.

  • კონფედერაციის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო და საზღვაო ბაზები ავტომატურად იძენენ ლეგალურ სტატუსს. პირველადი ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, სამხედრო ბაზების ყოფნის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას იღებენ ის სუბიექტები, რომელთა ტერიტორიაზეც განთავსებულია ბაზები, ხოლო საზღვაო ბაზების შემთხვევაში - კონფედერაცია.

  • კონფედერაციაში თანაბარ მიმოქცევაშია რუსული რუბლი და კონფედერაციული ლარი.

  • კონფედერაციის სუბიექტები კონფედერაციის უფლებამოსილებათა ნაწილს დელეგირებას უკეთებენ შემდეგ სფეროებში: ენერგეტიკა, ფოსტა, საავტომობილო გზები.

  • კონფედერაციის პრეზიდენტი აირჩევა კონფედერაციის პარლამენტის მიერ კონფედერაციის სუბიექტებიდან 2 წლის ვადით, როტაციის წესით.

  • კონფედერაციის სუბიექტებს თავიანთი მოქალაქეობა აქვთ; ამის პარალელურად არსებობს კონფედერაციის მოქალაქეობა.

  • კონფედერაციის ტერიტორიაზე მოქალაქეები, საქონელი და მომსახურება თავისუფლად მოძრაობენ, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სუბიექტების კანონმდებლობით.

  • კონფედერაციის სუბიექტები დამოუკიდებლად წყვეტენ თავიანთი ტერიტორიაზე მოქალაქეთა მუდმივი ბინადრობისა და საკუთრების საკითხებს.

ამ ან მსგავსი გეგმის განხორციელებით რუსეთი მიაღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს: სამხედრო და საზღვაო ბაზების ლეგიტიმაცია, საქართველოს დანაწევრების საერთაშორისო-სამართლებრივი გაფორმება და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივის მოსპობა. რუსეთის ჩანაფიქრით, ეს გეგმა „ქართული ოცნების“ მთავრობასაც მისცემს „სახის შენარჩუნების“ შესაძლებლობას: კონფედერაციის „გარე“ საზღვრები დაემთხვევა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება კონფედერაციის მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით (ბინადრობისა და საკუთრების უფლების შეზღუდვით), ლარი, როგორც კონფედერაციის ორიდან ერთ-ერთი საგადამხდელო საშუალება და ა.შ.

რამდენად დიდია ამ ან მსგავსი ანტიუტოპიური გეგმის არსებობის ალბათობა და რა ბერკეტები არსებობს მისი განხორციელების თავიდან ასაცილებლად?

ბოლო 22 წლის განმავლობაში რუსეთის ოფიციალურ პირებს და მთავრობასთან დაახლოებულ „ექსპერტებს“ არაერთხელ გამოუთქვამთ წინადადებები, რომლებიც, მათი აზრით, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტებს „მოაგვარებდა“. „საერთო“, „ერთიანი“ ან „გაერთიანებული“ სახელმწიფოს სახელით ცნობილ ამ წინადადებებს, განსხვავებებთან ერთად, რამდენიმე საერთო ნიშანი ჰქონდა. ესენია: 1. დაფიქსირება იმისა, რომ სახელმწიფო ახლა იქმნება, რეგიონისა და დანარჩენი ქვეყნის შეთანხმებით („დნესტრისპირეთი და მოლდოვა“, „ყირიმი და უკრაინა“, „აფხაზეთი და საქართველო“, „ყარაბაღი და აზერბაიჯანი“); 2. „ახალი“ სახელმწიფოდან რეგიონის გასვლას თავად რეგიონი წყვეტს; 3. „ახალი“ სახელმწიფოს „ნეიტრალური“ ხასიათი; 4. რუსული სამხედრო და საზღვაო ბაზების განთავსების ლეგიტიმაცია.

ყველაზე კონცენტრირებული სახე ამ წინადადებებმა 2003 წელს ე.წ. კოზაკის გეგმაში შეიძინა, რომლის ავტორად პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაშინდელი მოადგილე დიმიტრი კოზაკს მიიჩნევა, და რომელიც მოლდოვაში კონფლიქტის მოგვარების საბაბით დნესტრისპირეთის გამოყოფის საფუძველს ამზადებდა. ეს გეგმა ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვორონინმა, საზოგადოების ფართო პროტესტების ფონზე, უარყო.

სავარაუდოა, რომ „ამიერკავკასიის კონფედერაციის“ ან მსგავსი გეგმის შესათავაზებლად რუსეთი ხელსაყრელ მომენტს და გარკვეული პირობების შესრულებას ელოდება.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების დამუხრუჭება, რუსეთის ბაზარზე მისი დამოკიდებულების ზრდა, პოლიტიკური ოპოზიციის მიზანმიმართული დასუსტება, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შერყევა, მისი საერთაშორისო იმიჯის შელახვა - ხელსაყრელი მომენტისთვის დამახასიათებელი თვისებები შეიძლება აღმოჩნდეს.

რაც შეეხება გეგმის ამოქმედების წინაპირობებს, აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ: ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება ან „გამოშიგნვა“, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტის მხარეებად აღიარება, დევნილთა შესახებ გაეროს გენასამბლეის რეზოლუციის გამოხმობა და აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნა. „თაფლაკვერად“, როგორც ჩანს, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება და რუსულ ბაზარზე ქართული საქონლის დაშვება მოიაზრება.

პატრიოტულად განწყობილ პოლიტიკურ კლასს და მთლიანად საზოგადოებას სიფხიზლე, გამჭრიახობა და აქტიურობა მართებთ, რათა არ დავუშვათ მოვლენათა ამგვარი განვითარება. ყველაზე სავარაუდო ადგილი, სადაც ამ ან მსგავსი წინადადებების შემოთავაზება შეიძლება მოხდეს, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებია. მიზეზები ცნობილია: ა) საზოგადოებისთვის უცნობია პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენლის მანდატი, ბ) მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორმხრივ ფორმატში, მიუკერძოებელი მედიატორის მონაწილეობის გარეშე და გ) საზოგადოებისთვის (და, მათ შორის, საქართველოს დიპლომატიური წრეებისთვის) პრაქტიკულად უცნობია მოლაპარაკებების შინაარსი.

საზოგადოების მოთხოვნა უნდა შეჯერდეს შემდეგზე: სრულად გამოქვეყნდეს აბაშიძე-კარასინის „ჰუმანიტარულ-კულტურული“ შეხვედრების შინაარსი, გამოქვეყნდეს ბ-ნი აბაშიძის ოფიციალური მანდატი, ეთხოვოს მედიატორობა შვეიცარიას, როგორც რუსეთ-საქართველოს შორის ოფიციალურ შუამავალს, და დაცულ იქნას მომავალი შეხვედრების სრული გამჭვირვალობა.

6 რუსეთი შინ და გარეთ

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ბექა მინდიაშვილი

0x01 graphic

იმის აღიარებით უნდა დავიწყოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი იდენტობის მთავარი ელემენტი, რუსულ-საბჭოური პოლიტიკური სივრციდან გასვლა და საპირისპიროდ, დასავლეთში საკუთარი ადგილის პოვნაა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, დასავლური, ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის აწყობას გულისხმობს.

ამ სამუშაოს დასრულება გვიპასუხებს ფუნდამენტურ კითხვებზე: ვინ ვართ - თანამედროვე, ევროპული თვითშეგნების სახელმწიფო თუ იმპერიის პერიფერია, რომელიც დღემდე რუსეთში გუბერნიად მოიაზრება? სად ვხედავთ ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს, ჩვენს ადგილს - პოლიტიკური რუკის მხოლოდ ერთ მეექვსედზე თუ მთელ მსოფლიოში? როგორ გვესმის საქართველო? როგორც ქვეყანა, რომლის არსებობა განსაზღვრულია დიდი მეზობლის ინტერესებით თუ როგორც სახელმწიფო რუსული ინტერესების „მიუხედავად“ . რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ კუთხით, ერთნაირად მნიშვნელოვანია ისიც, როგორ ავამუშავებთ დემოკრატიას, ან დავიცავთ ადამიანის უფლებებს და ისიც, როგორ შევაფასებთ, მაგალითად, ერთ კონკრეტულ ამბავს, კრემლის საკონცერტო დარბაზში ქართველების ცეკვას. როგორც აღმოსავლეთევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, ამ პროცესის წარმატებით დასრულება, პოლიტიკურის გარდა, რუსულ-საბჭოური კულტურისგან, ყოფითი ტრადიციებისგან, ენობრივი სამყაროსგან, რელიგიურობისა და იდეოლოგიისგან დისტანცირებისა და გამიჯვნის ხარისხზეცაა დამოკიდებული.

მაგრამ, რაიმეს რომ გაემიჯნო, ეს ჯერ უნდა გაიაზრო და გააცნობიერო. საბჭოურობისა და რუსული ოკუპაციის გააზრება კი საქართველოში, მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, რაც დაიწყო და ამიტომაც, ჯერჯერობით, რუსული გავლენისგან რეალურად დამოუკიდებელი არც პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და, მით უმეტეს, არც რელიგიური გარემო არ გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ცდილობდა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, ბევრი სხვადასხვა მიზეზით, მისი ძალისხმევა არცთუ შედეგიანი გამოდგა: ისევ აღადგინეს რამდენიმე წლის წინ ჩამოღებული სტალინის ძეგლები, გვყავს მთავრობა, რომელიც ბოდიშების რეჟიმში ურთიერთობს რუსეთთან, ხოლო ევროპას შემგონებლური და უკმეხი ტონით ელაპარაკება; გვაქვს განათლების სისტემა, რომელიც აუქმებს საქართველოში ყველაზე მოდერნიზებულ უმაღლეს სასწავლებელს და, მეორე მხრივ, „გეპეის“ გზისკენ უთითებს სტუდენტებს; გვაქვს ეკლესია, რომლის ლიდერი დასავლეთს სულიერი სიცარიელის კერად მიიჩნევს, რუსეთის პრეზიდენტს კი მარადიულ სიყვარულს ეფიცება; გვყავს ე.წ. საბჭოთა ინტელიგენციაც, რომლისთვისაც კრემლში ცეკვა სამოთხეში მოხვედრის ტოლფასია.

არის „ბიზნესწრეებიც“ , რომლებიც რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე ოცნებობენ, რადგან სიზარმაცე და „ჩალიჩი“ კეთილსინდისიერებასა და შრომისმოყვარეობას ურჩევნიათ და ა.შ. პრობლემას მეორე მხარეც აქვს - მაგალითად, ანტირუსულად განწყობილი ადამიანების ერთი ჯგუფი, რაციონალური მოქმედების ნაცვლად, პუშკინის ძეგლის აღებას გვირჩევს, მაგრამ, მათი ხმა სუსტი და უმნიშვნელოა. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყანა დეკლარირებულად მაინც დასავლეთისკენ მიიწევს.

ღირებულებები

ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და პოლიტიკური რეჟიმის ხასიათისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რუსეთთან ურთიერთობის ფორმის არჩევა: რა ჯობს, მეგობრობა, მისი ინტერესების გათვალისწინება, მასთან პრაგმატული ურთიერთობა თუ მტრობა. მეგობრობაც და ინტერესების ასახვაც, საბოლოო ჯამში, რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნებას მოასწავებს, მტრობა კი, განუზომლად დიდსა და ძლიერ სახელმწიფოსთან იმთავითვე მარცხისთვისაა განწირული. ცხადია, რომ ყველაზე მისაღები ჩვენთვის პრაგმატული პოლიტიკა უნდა იყოს, რაც ნიშნავს, არსებობდე რუსეთის ფაქტორის „მიუხედავად“ და არა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. მაგრამ, ეს მხოლოდ მაშინაა შედეგის მომტანი, როცა რეალურად მოიაზრებ თავს დასავლეთის ნაწილად და ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობები შენი სახელმძღვანელო პრინციპებია. ამ შემთხვევაში რუსეთთან, როგორც ამ ძლიერი, დასავლური სამყაროს ნაწილმა, როგორც ამ უნივერსალური ფასაულობების გამზიარებელმა სახელმწიფომ უნდა იურთიერთო - სწორედ ეს შეიძლება იყოს პრაგმატული საგარეო პოლიტიკის საფუძველი.

ხომ ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ჩვენს აგრესიულ მეზობელთან მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმები და ავტოკრატიები მეგობრობენ, ინტერესებს სატელიტებად ქცეული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ითვალისწინებენ, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ, პოსტსაბჭოთა თუ ე.წ. ყოფილი სოციალისტური ბანაკის სივრცეში, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მით უფრო ძლიერი პოლიტიკური რუსოფობიითაა გამსჭვალული, რაც მათ ხელს სულაც არ უშლის რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობაში. ამიტომ, ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: წარმოუდგენელია, ავტორიტარულ, მსოფლიოში ყველაზე მავნებელ იმპერიაზე ორიენტაციასთან ერთად დემოკრატიული განვითარება, დასავლეთისკენ სვლა. ასეთი მაგალითები უბრალოდ არ იძებნება.

პირიქით, რაც უფრო მეტადაა ესა თუ ის სახელმწიფო რუსეთისგან დისტანცირებული, უფრო მეტადაა დემოკრატიულიც. მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, საგარეო მხარეა, რადგან ჩვენთვის რუსული პრობლემის „დასავლური“ გადაჭრა, ასევე შიდა სამუშაოს ჩატარებასაც მოითხოვს, რადგან, შესაძლოა, რუსეთი უფრო მეტად საშინაო პრობლემატიკის სფერო იყოს, ვიდრე საგარეოსი. რუსული იმპერიული ანაბეჭდი ყველაზე უკეთ ქართული პოლიტიკური სისტემის, ეკლესიის, ინტელიგენციისა და ეკონომიკის სხეულზე მოჩანს.

პოლიტიკა

თუკი სახელმწიფოსა და ადამიანისადმი რუსული მიმართება შეიძლება განისაზღვროს პუტინის ფრაზით, „რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო, მით უფრო ძლიერია ადამიანი“, მაშინ, ამის საპირისპიროდ, ქართული სახელმწიფო დამყარებული უნდა იყოს ამოყირავებულ, ლიბერალურ პირამიდაზე, რომელიც სახელმწიფოსთან შედარებით, მოქალაქეს, მის კანონიერ ინტერესს ანიჭებს უპირატესობას. ამ ლიბერალური კონსტრუქციის აგების დამაბრკოლებელი ფაქტორი, პირველ რიგში, საქართველოში საბჭოური პოლიტიკური კულტურის ნარჩენებია. საბჭოურობა მთავარი და ყველაზე ძლიერი ფენომენია, რაც დღესდღეობით საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს. ჩვენთან საბჭოთა კავშირი პოლიტიკურად ჯერ კიდევ არ განეიტრალებულა, არ დასრულებულა კომუნისტური ტოტალიტარიზმის ტრანსფორმაცია და არ დაწყებულა დემოკრატიის კონსოლიდაცია.

ეს პროცესი მეზობლად კიდევ უფრო რთულად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რუსეთში დემოკრატიზაციის ნაცვლად ავტორიტარიზმისკენ დიდი უკუქცევის მოწმენი ვართ და განჭვრეტად მომავალში დემოკრატია იქ შეუძლებელ პერსპექტივად მოჩანს. დღესდღეობით, რუსული პოლიტიკური აზროვნება უპირობოდ ნიშნავს ავტორიტარიზმს, რომლისთვისაც უცხოა ადამიანის უფლებები, ლიბერალიზმი, სამართლიანი არჩევნები, ხელისუფლების დანაწილება, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია. რუსეთი პუტინისეული „სუვერენული დემოკრატიით“ სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთისგან სულ უფრო მზარდი იზოლაციით გამორჩეული მკაცრად ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც არსებითად არაფრით განსხვავდება ლუკაშენკოს ან ასადის ავტოკრატიებისგან.

ამავდროულად, სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს პუტინის ნეოიმპერიალიზმიც - სწრაფვა რუსეთის საბჭოთა კავშირისეულ საზღვრებში აღდგენისაკენ. ეს მისწრაფება ევრაზიული პროექტის სახელწოდებითაა ცნობილი, რომლის შექმნას რუსეთის ხელისუფლება 2010 წელს შეუდგა და 2015 წლისთვისთვის მისთვის საბოლოო სახის მიცემას გეგმავს. ევრაზიული კავშირი ახალი რუსული იმპერიული ზენაციონალური იდენტობის ფორმირების შექმნის მცდელობაა, რადგან, როგორც გრაფი ვიტტე ამბობდა, რუსეთი შეიძლება არსებობდეს, მხოლოდ და მხოლოდ, როგორც იმპერია.

აქედან გამომდინარე, იმპერიალიზმისა და ავტორიტარიზმის საპირისპიროდ, ის, რასაც ქართული საშინაო ანტირუსული პოლიტიკა შეიძლება დაერქვას, ორ ძირითად პოსტულატზე უნდა იყოს დაფუძნებული: დემოკრატიზაციასა და ლიბერალურ, სამოქალაქო ნაციონალიზმზე. ამ პროექტების წარმატებული განხორციელება უდრის კიდევაც პოლიტიკურ დესოვეტიზაციას - კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ლიბერალურ ეკონომიკას, რეალურ თვითმმართველობას, სამართლიან არჩევნებს, თავისუფალ სასამართლოს, მედიას, პლურალიზმს, ტოლერანტობასა და სამოქალაქო პატრიოტიზმს. ეჭვი არაა, რომ რაც მეტად წავიწევთ წინ ჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით, მით მეტად დაცული იქნება საქართველო რუსული „საშინაო“ გავლენისგან; დაუახლოვდება დასავლურ დემოკრატიულ სამყაროს; უსაფრთხოების დასავლურ სისტემას.

რელიგია

თავისუფლებას საქართველოში რელიგიური კოლექტივიზმის ის ფორმაც ეღობება, რომელსაც პოლიტიკური მართლმადიდებლობა შეიძლება ვუწოდოთ. დღეს, რუსეთი, მართალია, არ არის თეოკრატია, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქო რეალურად პოლიტიკური სისტემის ნაწილია. მართლმადიდებლობა ახალი იმპერიული იდეოლოგიის, ევრაზიულობის ერთ-ერთი საყრდენიცაა. გარდა ამისა, პუტინის ავტორიტარიზმი მოსკოვის საპატრიარქოს შინაც გეშავს პოლიტიკურ ოპონენტებზე, ხოლო საგარეო ასპარეზზე, აქტიურად იყენებს ეკლესიის „სულიერ“ შესაძლებლობებს დასავლეთის წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, რუსეთისგან დისტანცირება, ქართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, იმასაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო იცავს ეკლესიისგან გამიჯვნის ლიბერალურ პრინციპს, არ იყენებს მას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არ რთავს საარჩევნო პროპაგანდაში, არ არის მისი გავლენისა და სიმდიდრის ზრდის წყარო, არ იწონებს დიპლომატიურ ასპარეზზე მის აქტიურობას. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო დაუახლოვდება ეკლესია სახელმწიფოს, მით უფრო დიდი იქნება ცნობიერების კოლექტივიზაციის საფრთხეც; ამავდროულად, სახელმწიფოსა და ეკლესიის სიახლოვე იმის მიზეზიცაა, რომ საქართველოს საპატრიარქო მყარად გრძნობს თავს რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე, რადგან ეკლესიის სწორედ ეს „სახელმწიფოებრივი“ და „მობილიზატორული“ ფუნქციები აქცევს მას იმპერიის მძაფრი ინტერესის ობიექტად, აკისრებს მას კონკრეტულ მისიას - გადოს იდეოლოგიური და პოლიტიკური ხიდი ერთმორწმუნე სახელმწიფოებს შორის.

ყოველივე ამის გამო, რაც მეტად დაშორებული იქნება სახელმწიფოსგან ეკლესია, მით უფრო არ დაიტვირთება იგი სახელმწიფოზე „ზრუნვით“ , ნაკლებად დადგება ცდუნების წინაშე, გაატაროს სახელმწიფო ინტერესები, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ინტერესები არა ჩვენი, არამედ იმპერიის ინტერესებს ემთხვევა. შესაბამისად, ეკლესიაში ფასი დაეკარგება კონკრეტულ სამუშაო ადგილებსაც - ვგულისხმობ რუსეთის აგენტურას.

კულტურა

რუსული კულტურული სივრცე პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს - საბჭოური ტრადიციის მემკვიდრედ და ანტისაბჭოურად. კომუნისტური ტოტალიტარიზმი მთლიანად განკარგავდა კულტურას - მის მიღმა მხოლოდ ღრმა ანდერგრაუნდი, ანდა ცენზურით აკრძალული კულტურული პროდუქცია არსებობდა. ყველაფერი, რასაც საბჭოთა ხელოვნება შეიძლება დაერქვას, კონკრეტულ პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა. საბჭოთა ხელოვანი და ინტელიგენტი, რაც უნდა თავისუფალი ყოფილიყო პარტიულ-იდეოლოგიური კლიშეებისგან, მაინც საბჭოთა ძალაუფლების მსხვერპლი და ინსტრუმენტი იყო. მაგალითად, ავიღოთ, რუსი პოეტი ევტუშენკო, რომელიც მკაცრი, საპროტესტო ლექსით გამოეხმაურა 1968 წელს საბჭოთა ტანკების შესვლას პრაღაში. ამის მიუხედავად, ის მაინც საბჭოთა ნომენკლატურულ პოეტად დარჩა, ხოლო მისგან განსხვავებით, იოსიფ ბროდსკი, რომელსაც არანაირი ლექსი არ დაუწერია პრაღის გაზაფხულზე და, ზოგადად, ანტისაბჭოური საქმიანობითაც კი არ იყო დაკავებული, მაინც გაასახლეს, რადგან ის არსებობდა „მიუხედავად“ საბჭოთა კავშირისა, ანუ არ თავსდებოდა ხელოვანის არცერთ საბჭოურ მოდელში - მას ვერ აფინანსებდნენ, მასთან ვერ მეგობრობდნენ და, აქედან გამომდინარე, ვერც იყენებდნენ.

თუ შევხედავთ ჩვენს, ქართულ კულტურულ გარემოს, ვნახავთ, რომ რუსეთი აქ, პოლიტიკურ სივრცესთან შედარებით, უფრო ძლიერია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული ინტელიგენციაც „დაღდასმულია“ საბჭოური ტრადიციით. მისი შემოქმედებითი აქტივობა დღემდე, პირობითად, სახელმწიფოს მიერაა განპირობებული. სახელმწიფომ მისი ლოიალურობის მოსაპოვებლად მუდმივად თავზე უნდა უსვას ხელი, ფული მისცეს, ბინები გამოუყოს და, შესაბამისად, თავის სამსახურში ჩაიყენოს კიდევაც. ამიტომ, რაც უფრო თავისუფალი იქნება კულტურა სახელმწიფოს მამობრივი ზრუნვისგან, მით უფრო მეტად იქნება იგი თავისუფალი საბჭოური იდეოლოგიური კლიშეებისგანაც; უფრო კერძო ხასიათის გახდება და, შესაბამისად, უფრო მიმზიდველი იქნება მისი შემოქმედებითი პროდუქცია.

საინტერესოა, რომ თავისი იდეოლოგიური ცენტრისადმი, მოსკოვისადმი ქართული ინტელიგენციის უფაქიზესი მგრძნობელობა მეტისმეტად მკაფიოდ გამოჩნდა მაშინ, როცა ჩვენი მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები, რეჟისორები, მეცნიერები მყისიერად, თვალის დახამხამებაში აღმოჩნდნენ საქართველოს ევრაზიული კავშირის დირექტორის, ვინმე გულბაათ რცხილაძის გარემოცვაში და რუსულ-ქართული ძმობის აღდგენაზე ერთხმად ამღერდნენ და აცეკვდნენ. ინტელიგენციის გაგულბაათების მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ცნობიერად თუ ქვეშეცნეულად, იგი თავისუფლებაში და თავისუფლების გამო განიცდის მწვავე კრიზისს, სიცარიელეს, უსაზრისობას და ერთადერთი, რითაც მას ჰგონია, რომ ამ სირცხვილის დაფარვა შეუძლია, პატრონის ზრუნვა და ტრადიციულ, საბჭოურ „შუბაში“ გახვევაა.

დასანანია, რომ თანამედროვე ქართული კულტურა, როგორც წესი, თავისუფლებას გაურბის, რადგან მისი დახლები ასეთ გამოცარიელებულ მდგომარეობაში გაცილებით მიმზიდველია. ასე რომ არა, ვადაგასული ინტელიგენციისთვის ამ სიცარიელეზე თამამი რეფლექსია, სინამდვილეში, შეიძლება მართლაც ახალ შემოქმედებით გასხივოსნებად ქცეულიყო. მაგალითად, გასული საუკუნის დამდეგს, ავსტრო-უნგრეთის იმპერიის პერიფერიაზე სწორედ სიცარიელისა და დაუცველობის ბოლომდე მიყვანილმა კულტურულმა განცდამ და გააზრებამ წარმოშვა ფრანც კაფკა.

ეკონომიკა

რა თქმა უნდა, რუსული ბაზარიც მიმზიდველია, მაგრამ ამ ვრცელ პერსპექტივაში დიდი საფრთხეებიც იმალება. ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა იმპერიის წინაშე ბოლშევიკების დამსახურება არა იმდენად რუსეთისთვის დაკარგული მიწების სამხედრო ძალით დაბრუნება, რამდენადაც ინდუსტრიალიზაციის გეგმის შემუშავება და განხორციელება იყო. კომუნისტებმა გააცნობიერეს, რომ იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება მხოლოდ პოლიტიკური ხერხებით შეუძლებელი ხდებოდა და ამიტომაც, ძალ-ღონე არ დაიშურეს, ერთიანი სამეურნეო სტრუქტურებისა და ეკონომიკის შესაქმნელად. ეს ეკონომიკა, რომლის გეგმაზომიერი, სოციალიზმად წოდებული დირექტიული ხასიათი სრულ ჰარმონიაში მოდიოდა საბჭოთა ტოტალიტარიზმთან, პოლიტიკურ და სამხედრო საშუალებებთან ერთად, კოლონიების ერთიან იმპერიულ სივრცეში ყოფნას უზრუნველყოფდა.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ, მუდმივად გაისმის რუსული განცხადებები ძველი ეკონომიკური კავშირების აღდგენის აუცილებლობაზე, რადგან დღეს, რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან პოლიტიკური ჰეგემონიის დაბრუნების უმთავრეს წინაპირობას სწორედ ეკონომიკურ ინტეგრაციაში ხედავს. ამის მაგალითია ერთიანი საბაჟო კავშირის პროექტიც, რომელიც ახალი ევრაზიული იმპერიის შექმნის საფუძვლად განიხილება. ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე მიგვითითებს აფხაზეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გზის აღდგენის სურვილიც, ასე იოლად რომ გაიზიარა საქართველოს მთავრობამ.

ასე რომ, ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე ზრუნვა მკვეთრ იმპერიალისტურ ჟღერადობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველი საბჭოთა ეკონომიკური სისტემა იმგვარი ბადე იყო, რომლის სათავეებიც ერთ ცენტრში, ერთ ხელში იყრიდა თავს და მხოლოდ და მხოლოდ ამ ცენტრიდან იმართებოდა. ისიც სავსებით ლოგიკურია, რომ ეკონომიკური კავშირების აღდგენის მომხრეები, საბოლოო ჯამში, ცნობიერად თუ ქვეშეცნეულად, იმპერიის აღდგენის მომხრეებიც არიან. რუსეთის იმპერია და საბჭოთა ტოტალიტარიზმი ამ ასპექტით ერთმანეთს ემთხვევა.

ამიტომ, სახელმწიფოს ჩარევისა და რეგულაციებისგან თავისუფალმა ქართულმა ეკონომიკამ და განსხვავებული საბაზრო სივრცეების ათვისებაზე მუშაობამ ჩვენთვის, გარკვეულწილად, რუსეთისგან დამცავი ფარის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ თვალუწვდენელი რუსული ბაზრით ცთუნებას მაინცდამაინც არ ავყვებით.

საპასუხო კითხვები

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გვიჭირს რუსეთის ადეკვატური აღქმა, ისაა, რომ ბოლომდე ვერ გამოვიკვლიეთ, გავიაზრეთ და შევაფასეთ 200-წლიანი რუსული ბატონობა. არ გამოგვიძიებია, ერთი მხრივ ის, თუ რა ტიპის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა ანექსიის შედეგად საქართველო და რა საშინაო ფაქტორებმა შეუწყო ხელი ამ ისტორიულ ტრაგედიას. არ გაგვიცია პასუხი კითხვებზე, რა დაემართა ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკას, რელიგიას, კულტურას; ბოლომდე არ ვიცით, რა წინააღმდეგობას ვუწევდით ოკუპაციას ან როგორ ვთანამშრომლობდით მტერთან.

„მე რუსი ვარ ჩემის სამსახურით, ლუკმა პურით, რომელსაც ვსჭამ და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით. საჭიროა წაშლა ამ ლარისა, რომელიც ამ ორს სიტყვას შორის არის გადებული. საჭიროა ამ ორი სიტყვიდან - რუსი და ქართველი - ერთი სიტყვის შემუშავება, საჭიროა ამ შედუღაბებული სიტყვის აღბეჭდვა როგორც მთავრობის, ისე ჩვენი ხალხის შემეცნებაში“ - ამ სიტყვების ავტორია დიმიტრი ყიფიანი. ვინ იყო იგი? იმპერიის ერთგული მოხელე, გულანთებული ქართველი პატრიოტი თუ ორივე ერთად?

იქნებ სწორედ ეს გაორება, ეს შიზოფრენია გახდა მონობის ის ხატი, რომელშიც ორასი წლის განმავლობაში ყველაზე კომფორტულად ჩაეწერა ქართველი პოლიტიკოსი, ინტელიგენტი თუ მღვდელი?

მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ მაქსიმალურად ობიექტურად უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას, თუ რა შედეგით დასრულდა 1918 წელს ჩვენთვის რუსეთის იმპერია. ბოროტების გარდა, რა სიკეთე მოგვიტანა მან? რამ მოიტანა, მაგალითად, ის, რომ მეფის რუსეთშივე ჩაეყარა საფუძველი ქართული ევროპეიზებული პოლიტიკური, სამეცნიერო, კულტურული, სასულიერო და ბიზნესელიტის ფორმირებას, რამაც, თავის მხრივ, დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს წარმოშობა, უნივერსიტეტის გახსნა, ეკლესიის ავტოკეფელია და თავისუფალი ეკონომიკა განაპირობა.

ამასთან ერთად, ცხადია, გასააზრებელია საბჭოთა ტოტალიტარიზმის შედეგები. რატომ მოხდა ისე, რომ კომუნისტურმა იმპერიამ დაგვიტოვა თითქმის სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე აყვანილი შოვინიზმი, ფუნდამენტალიზმი, მასშტაბური კორუფცია, კანონიერი ქურდების ინსტიტუტი, დროსა და სივრცეს, გლობალურ კონტექსტს მოწყვეტილი სამეცნიერო და კულტურული ელიტა - ე.წ. წითელი ინტელიგიენცია, სახელმწიფოს მართვის დანაშაულებრივი არცოდნა, სამოქალაქო ომი, კონფლიქტები, სიღარიბე, საზოგადოებისა და ხელისუფალთა ავტორიტარული მიდრეკილებები, მონობაში დაბრუნების წყურვილი.

ეს შეკითხვები, როგორც ჩანს, უკვე ძალიან მწვავე, რადიკალური ფორმით უნდა დაისვას, რადგან გვარიანად დავიგვიანეთ. დავიგვიანეთ თუნდაც ისეთი კონკრეტული აქტის განხორციელება, როგორიცაა ლუსტრაცია.

უკანონო სიხარული

„1803 ანგლიისა სასახლეში პეტერღოფს შეყრილნი მეფის ძენი და მეფეთა ასულნი მიუთხრობდენ სადამე წარსულთა დროთა შემთხვევათა. მუნ იყო დროსა ამას სიმამრი მეფისა გიორგისა გიორგი ციციშვილი (ხათა გოგიად წოდებული), და ოდეს იტყოდენ ამბოხისა და მეფობისა დაცემისა მიზეზთა, მაშინ ვიეთნიმე ბრალსა დიდსა მიაწერდნენ ფარნაოზსაცა მეფის ძესა, ძმათა შორის უმცროსსა, რომელიცა ეძებდავე ტახტსა და მეფობასა საუბედუროდ ქვეყანისა. მაშინ გიორგი ციციშვილი იტყოდა: „რას ჩააცივდით თქვენ კურთხეულს ფარნაოზსა? რას ბრალს სდებთ მას? ფარნაოზი იტყოდა ამას: „მამისა ჩემისა ანდერძითა, ხომ უნდა ვიმეფოო ოდესმე, - მე ჩემი წილი ეხლა მინდა ვიმეფოო!“ - ესრეთ სიცილითა მოიგონებდენ საქმეთა წარსულთა ქართველნი და მხიარულებითა განაზავებდენ მეფობისა ღირსებათა თვისთა და პატივისა დაკარგვისა სიმწარესა!“

მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ იმპერიის მომაკვდინებელი ზემოქმედებისგან ქართველის გადარჩენის საიდუმლო რაღაც უმიზეზო, უკანონო სიხარულშია, შესაძლოა სწორედ ისეთში, პლატონ იოსელიანი რომ გადმოგვცემს იმპერატორის ძვირფას დარბაზებში დატყვევებული ბაგრატიონების ტრაგიკომიკური ეპიზოდით. მაგრამ, ახლა, იმისთვის, რომ ისტორიკოსის მიერ აღწერილ ამ გამოუვალ სიტუაციაში არ ჩავიგდოთ თავი და ისევ უკანონო სიხარულის ამარა არ მოგვიწიოს იმპერიის პირისპირ დარჩენა, შინ და გარეთ, რუსეთთან ურთიერთობაში ჩვეული ქარაფშუტობა და რომანტიზმი კი არა, რაციონალური გათვლა, გაბედულობა და შრომაა საჭირო.

7 რატომ არ გვჭირდება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის სპეციალური კომისია

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თინა ბურჯალიანი

0x01 graphic

მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ხელისუფლება სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისია, რომლის წევრებსა და თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, პარლამენტი დაამტკიცებს, უფლებამოსილი იქნება გადასინჯოს სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს, ისიც კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში.

სასამართლოს განხილული და გადაწყვეტილი საქმის რევიზია ნებისმიერი სხვა ორგანოს მიერ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მთელ რიგ ნორმებს. საქართველოში მართლმსაჯულებას მხოლოდ სასამართლო ახორციელებს.

ამ ინიციატივის ავტორები, როგორც ჩანს, თვლიან, რომ მართლმსაჯულების სისტემაში წლების მანძილზე ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ სპეციალურად ამისთვის შექმნილი კომისიის საშუალებით არის შესაძლებელი. ცივილიზებული სამყაროს სამართლებრივი სისტემები კი სასამართლოს გადაწყვეტილების არასასამართლო ორგანოს მიერ გადასინჯვის პრეცედენტებს არ იცნობს.

თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილია ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის შემთხვევები. ამგვარ კომისიებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ, თუმცა ჯგუფურად მათ სიმართლის დამდგენი კომისიები ეწოდებათ. სიმართლის დამდგენი კომისია საერთაშორისო პრაქტიკაში კარგად ცნობილი ინსტიტუტია, ის სპეციფიკურ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში იქმნება და საზოგადოების შერიგებასა და კონსოლიდაციას ისახავს მიზნად. მათი მუშაობის შედეგი ხშირად მართლმსაჯულების სფეროში ინსტიტუციური რეფორმების იდენტიფიცირებაა, მაგრამ სიმართლის დამდგენ არცერთ კომისიას არცერთ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ განუხორციელებია.

დღემდე სხვადასხვა სახელწოდებით, მაგრამ მეტ-ნაკლებად ერთნაირი მანდატით შეიქმნა და ფუნქციონირებდა 33 სიმართლის დამდგენი კომისია მსოფლიოს 28 ქვეყანაში (წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტი). ეს არც ისე ბევრია, რომ ამ სტატიის ფარგლებში მათ შესახებ ცოტა რამ ვერ ვთქვათ და არც ისე მცირე, რომ დასკვნების გაკეთება ვერ შევძლოთ. მით უმეტეს, რომ ამ თემაზე არაერთი კონფლიქტოლოგი თუ იურისტი წერდა სხვადასხვა დროს.

პირველად სიმართლის დამდგენი კომისია 1974 წელს უგანდაში შეიქმნა და მისი მიზანი იყო ქვეყანაში 1971 წელს დამყარებული სამხედრო დიქტატურის პირველ წლებში მომხდარი ადამიანთა მასობრივი გაუჩინარების ფაქტების გამოძიება. სამწუხაროდ, კომისიის საქმიანობა შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა და 1986 წელს მეორე კომისიის შექმნა გახდა საჭირო. კრიტიკას ვერც მეორედ შექმნილი კომისია უძლებდა და მას ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციის მცდელობაში სდებდნენ ბრალს. მიუხედავად უგანდის სიმართლის დამდგენი კომისიის წარუმატებლობისა, მისი მსგავსი კომისიები მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე შეიქმნა. გასაგები მიზეზების გამო, ლათინური ამერიკა პირველი იყო უგანდის შემდეგ, რომელმაც სიმართლის დამდგენი კომისიების მთელი ახალი თაობა შექმნა.

ლათინურ ამერიკაში სამხედრო ხუნტებისა და დიქტატურების შემდეგ მოსულ ხელისუფლებებს ქვეყნის განვითარებისა და მომავალზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებისთვის წარსულის შეფასება ესაჭიროებოდათ. ეს საზოგადოების კონსოლიდაციისა და შერიგებისათვის იყო აუცილებელი. სწორედ ამიტომ შეიქმნა სიმართლის დამდგენი კომისია ბოლივიაში (1982 წელს), არგენტინაში (1983 წელს), ჩილეში (1990 წელს), ელ-სალვადორში (1992 წელს), ჰაიტიში (1995 წელს), ეკვადორში (1996 წელს), გვატემალაში (1997 წელს), ურუგვაიში (2000 წელს), პანამაში (2001 წელს), პერუში (2001 წელს), პარაგვაიში (2004 წელს) და ჰონდურასში (2010 წელს). აფრიკის კონტინენტზე, სამოქალაქო ომებისა და აპარტეიდის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დაიწყო სიმართლის დამდგენი კომისიების მეორე ტალღა: ჩადში (1990 წელს), სამხრეთ აფრიკაში (1995 წელს), რუანდაში (1999 წელს), ნიგერიაში (1999 წელს), სიერა ლეონეში (2002 წელს), განაში (2003 წელს), მაროკოში (2004 წელს), ლიბერიაში (2006 წელს), კენიასა (2009 წელს) და მავრიტანიაში (2012 წელს).

სიმართლის დამდგენი სამი კომისია ჩამოყალიბდა ევროპის კონტინენტზე. კერძოდ, ორი გერმანიაში 1992 და 1995 წლებში და ერთი - სერბეთსა და მონტენეგროში 2012 წელს. სიმართლის დამდგენი კომისია ასევე შეიქმნა 2002 წელს ტიმორ ლესტეში, 2009 წელს სოლომონის კუნძულებზე და ორჯერ, 2000 და 2012 წლებში, სამხრეთ კორეაში.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სიმართლის დამდგენი ყველა კომისია შეიქმნა სამოქალაქო ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, სამხედრო ხუნტის ან დიქტატურის შემდეგ მოსული ხელისუფლებების მიერ. მანდატის თანახმად, სიმართლის დამდგენი კომისიები უფლებამოსილნი იყვნენ, მოეხდინათ ისეთი მძიმე დანაშაულების გამოკვლევა და დოკუმენტირება, როგორიც არის გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ომის დანაშაული, იძულებითი გაუჩინარება, ადამიანთა მასობრივი წამება, დახვრეტა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და ა.შ.

არცერთ ქვეყანაში სიმართლის დამდგენი კომისია არ ყოფილა უფლებამოსილი, გადაესინჯა სასამართლოს გადაწყვეტილება ან სხვაგვარად ჩარეულიყო მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. სიმართლის დამდგენი კომისიის მიზანი ისტორიული ფაქტების დადგენა, მსხვერპლთა საჭიროებებისა და ინსტიტუციური რეფორმების იდენტიფიცირებაა.

თავისი გამოკვეთილი სპეციფიკის, მათ შორის, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც სიმართლის დამდგენი კომისიები იქმნება და ფუნქციონირებს, საქართველოში ასეთი კომისია მართლმსაჯულების სისტემაში წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ ხარვეზებს, თუკი ასეთი არსებობს, ვერ აღმოფხვრის და, შესაბამისად, გაცხადებული მიზნის მისაღწევად ვერ გამოდგება. საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებობს მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები, რომელთაც აქვთ საკმარისი რესურსი, რეაგირება მოახდინონ შესაძლო დარღვევასა თუ დანაშაულზე.

ამასთან, საგულისხმოა, რომ სიმართლის დამდგენი კომისიების დიდი უმრავლესობა უგანდის მსგავსად წარუმატებელი აღმოჩნდა. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როდესაც კომისიის მუშაობამ შედეგი მოიტანა. ამიტომ გაუმართლებელი ოპტიმიზმი იქნება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი კომისია უკეთ შეძლებს მართლმსაჯულების განხორციელებას, ვიდრე ამას სასამართლო ხელისუფლება გააკეთებდა.

როდესაც სიმართლის დამდგენი კომისიის საქმიანობის შეფასება ხდება, წარმატების ერთ-ერთი საზომია, თუ რამდენად გახდა მის მიერ დადგენილი ფაქტები და შეთავაზებული რეკომენდაციები ქვეყანაში სისტემური რეფორმების ლოკომოტივი. თავის მხრივ, ასეთი რეფორმები მომავალში დარღვევებისა და დანაშაულებების თავიდან აცილებისათვისაა მნიშვნელოვანი.

საქართველოში სისტემური რეფორმები, როგორც მართლმსაჯულების, ასევე სხვა სფეროებშიც, დაწყებულია და მათი უმეტესობა წარმატებით დასრულებულია კიდეც. ახლა ამ რეფორმების შედეგების შენარჩუნება და მათი მუდმივი განგრძობადობის უზრუნველყოფაა საჭირო.

მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა ეჭვგარეშეა. ასევე ეჭვგარეშეა, რომ არსებობს პროცედურული თუ სხვა სახის დარღვევებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები. ე.წ. სასამართლო შეცდომის ალბათობა ყველა სამართლებრივ სისტემაში არსებობს, თუმცა მისი მინიმიზაციის და გამოსწორების შესაძლებლობები კანონით არის განსაზღვრული და მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების შეცვლის ან კონკრეტული საქმის რევიზიის მიზნით რაიმე სპეციალური კომისიის შექმნა ხელოვნურია.

შეცდომის თავიდან აცილების და შემდგომ მისი გამოსწორების თვალსაზრისით, ქართული კანონმდებლობა არცთუ ისე მწირია. საქართველოში საქმეების განხილვის სამსაფეხურიანი სისტემა არსებობს: პირველი ინსტანცია, აპელაცია და კასაცია. კანონმდებლობით ასევე გათვალისწინებულია ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, ცალკეულ შემთხვევებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის და საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობასაც. ყველა ამ მექანიზმის განხორციელება მხოლოდ სასამართლო სისტემაშია დასაშვები.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონმდებლობა დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის არასათანადო გარანტიებს იძლევა, სიმართლის დამდგენი ან სხვა სპეციალური კომისია ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. სიმართლის დამდგენი კომისია ვერ ანაცვლებს მართლმსაჯულების სისტემას. მეტიც, დასახული მიზნის მისაღწევად მას ეფექტური და ფუნქციონირებადი მართლმსაჯულების სისტემა სჭირდება.

ასევე არასწორი იქნება, სპეციალური კომისია სასამართლოსადმი ხელისუფლების ან/და საზოგადოების უნდობლობის გამო შეიქმნას. ვერც სპეციალური კომისია და ვერც სხვა მსგავსი ხელოვნურად შექმნილი სტრუქტურა ვერ მოაგვარებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს. ის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო შეამცირებს მაშინ, როდესაც საზოგადოების ნდობის ზრდა სასამართლო რეფორმის წარმატებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი, მოქმედი კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის განმახორციელებელი ინსტიტუტები იძლევა მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობას, დამატებითი ხელოვნური წარმონაქმნების გარეშე. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავხვეწოთ კანონმდებლობა, გავზარდოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა, გავაგრძელოთ სასამართლოს და, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და ამით შევამციროთ ხარვეზები.

8 განათლების სისტემა კერძო და საზოგადო ინტერესს შორის

▲ზევით დაბრუნება


სიმონ ჯანაშია|სვეტი

როდესაც განათლების მიღება სავალდებულო ხდება, საზოგადოების წევრებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის ბუნებრივი კონფლიქტი წარმოიშვება. კონფლიქტის რაობის შესახებ დაფიქრებამ შესაძლოა დაგვანახოს ის პრობლემები, რაც ხანდახან მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსის უნიათობას, კონკრეტული სკოლის ხელმძღვანელს ან საზოგადოების ინერტულობას მიეწერება ხოლმე. სინამდვილეში კი ეს პრობლემები თავად განათლების სისტემის საფუძველშივეა ჩადებული და მათი გააზრება, შესაძლოა, გაუმჯობესების გზების დანახვაში დაგვეხმაროს.

სკოლა, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და ოჯახი სოციალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი თანამედროვე ინსტრუმენტებია. უპირატესად მათი ზემოქმედებით ყალიბდებიან ადამიანები პიროვნებებად, ჩვენს შვილებად და მოქალაქეებად. განათლებით დაინტერესებული ჯგუფები თანხმდებიან ან კონკურენციას უწევენ ერთმანეთს აღზრდის მიზნების და მათი შესაბამისი მიდგომების თვალსაზრისით. მაგალითად, სახელმწიფოში შეთანხმებული მიზანი ადამიანებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ ყოველთვის არ არის გაზიარებული ზოგიერთი მშობლის ან რელიგიური ინსტიტუტის მიერ. ზოგჯერ საზოგადოების ნაწილისთვის ტრადიციების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი გააზრება.

არსებული დაპირისპირების ზოგიერთი ასპექტის დასანახად, განათლების სისტემის შესახებ ორი უკიდურესად დაშორებული წარმოდგენა განვიხილოთ. ერთის მიხედვით, ფართო სოციალიზაცია განათლების მეორადი, შესაძლოა, ნეგატიური და არა სასურველი შედეგია. ამ თვალსაზრისით, განათლება დაახლოებით ისეთივე ეკონომიკური სიკეთეა, როგორც რაიმე პროდუქტი ან მომსახურება, რომლის მფლობელიც და მოსარგებლეც უშუალოდ მისი მომხმარებელი და არა საზოგადოებაა. ამ კონცეფციის მიხედვით, სკოლით მიღებული სიკეთე სტრუქტურულად თეატრში, მაღაზიაში, ან კერძო რეპეტიტორთან სიარულის მსგავსია.

მეორე უკიდურესი კონცეფციით, განათლება მხოლოდ საზოგადო სიკეთეა. სკოლის ძირითადი ფუნქცია ადამიანის საზოგადოების წევრად ჩამოაყალიბებაა. განათლების სისტემა მას უნდა უნერგავდეს ღირებულებებს, უვითარებდეს ეკონომიკური საქმიანობისთვის მნიშვნელოვან კომპეტენციებს და უყალიბებდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან იდენტობას. განათლებას, ამგვარი პოზიციიდან, ხშირად, როგორც საზოგადოების პროგრესის ინსტრუმენტს, როგორც მოქალაქის ჩამოყალიბების, ანუ ყალიბში გატარების პროცესს განიხილავენ.

სავარაუდოდ, ცოტაა ისეთი, ვინც განათლებას, როგორც ექსკლუზიურად კერძო, ან მხოლოდ საზოგადო სიკეთედ განიხილავს. რთული არ არის იმის დანახვა, რომ მიუხედავად საზოგადო ინტერესისა, ოჯახებს უპირატესი უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ, თუ რა ღირებულებების მატარებლებად აღზარდონ საკუთარი შვილები. საბედნიეროდ, არც რაიმე ლეგიტიმური გზა არსებობს, რომ ქართველ მშობელს აუკრძალო, ვთქვათ, აგნოსტიკოსად აღზარდოს საკუთარი შვილი. ამავდროულად, რთული არ არის იმის დამტკიცება, რომ დემოკრატიის წარმატებისთვის წერა-კითხვის, საერთო იდენტობისა და კრიტიკულად მოაზროვნე ამომრჩევლის არსებობა აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ, ბევრისთვის მისაღებია, როდესაც სახელმწიფო მშობელს თავისუფლებებს გარკვეული თვალსაზრისით უზღუდავს და შვილის სკოლაში ტარებას ან სხვაგვარად მისი კომპეტენციების განვითარებას ავალდებულებს.

კონფლიქტი კერძო და საჯარო ინტერესს შორის ხშირად მაშინ ვლინდება, როდესაც სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმომადგენლებს წინააღმდეგობრივი ინტერესები უჩნდებათ. როდესაც საზოგადოების წევრები მოქმედებას საკუთარ თავზე იღებენ, ხანდახან ამ კონფლიქტს გარკვეულ დადებით განვითარებამდეც მივყავართ. როდესაც ჩვენთან ორი საუკუნის წინ საჯარო განათლების სისტემის დანერგვა დაიწყო, იმდროინდელ სახელმწიფოს რუსეთის იმპერია წარმოადგენდა. მის ინტერესში სულაც არ იყო ქართული ენის სწავლება. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება კი საპასუხოდ დამოუკიდებელ სკოლებს ხსნიდა, სადაც ქართულის სწავლის მეტი შესაძლებლობა იყო.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უფრო ვრცელი მიზანი, ცხადია, ერთიანი ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაც იყო, რაც იმ დროს ნაკლებად არსებობდა და რაც იმდროინდელი სახელმწიფოს ინტერესს ეწინააღმდეგებოდა. „ეს პატარა, იაფი წიგნაკი, შემკული მრავალი სურათით და დედაენით, პატარა მინინოსკასავით, ნაღმოსანივით მისცურავს სოფლებში, შესრიალებს ხეობებში, ადის მთაში. უწევს ოსეთსა და ქისტეთსა და ჰბადავს მოთხოვნილებას და სიყვარულს ქართულის მწიგნობრისას. ეხლა ეს პაწია ნაღმოსანი იფინება სოფლებად და ქალაქებად წელიწადში 30 000 ეგზემპლიარი. წერა-კითხვის საზოგადოებამ რომ მეტი სიცოცხლე გამოიჩინოს და პატარა „დედა ენა“ უხვად გზავნოს დამტარებლების ხელით პროვინციებში, მისი წლიური გასავალი ასი ათასამდე ავა, და ქართულის წიგნების კითხვა მთელ საქართველოს ხალხს გარდაექცევა ყოველდღიურ მოთხოვნილებად. არა, ბ-ნო ჰამუთბეი*, ჩვენი ეროვნული საქმე ამ დარგში ნორმალურად არის დაყენებული, მათემატიკურად არის გამოანგარიშებული, მოწყობილია შესაბამისად ჩვენის აწინდელის მდგომარეობისა და სხვა საქმეებიც რომ ვაწარმოოთ ამგვარივე შესაბამისობით, ჩვენის ქვეყნის ჭირ-ვარამი თანდათან იკლებს და ქართველ ხალხსაც გაუღიმებს უკეთესი მომავალი“ . იაკობ გოგებაშვილის ამ წერილში მკაფიოდ ჩანს, რომ დედაენის სახელმძღვანელოს შექმნა რაციონალურად დაგეგმილი, ნაციონალური პროექტის ნაწილი იყო.

საზოგადო ინტერესიდან გამომდინარე, სავალდებულო განათლების შემოღებით სხვადასხვა კერძო ინტერესის შეზღუდვა თავად სისტემის თავისებურებიდან გამომდინარეობს. საერთო ინტერესია, რომ განათლება საზოგადოების შეჭიდულობას, სტაბილურობას, იდენტობას, ეკონომიკური შესაძლებლობის ზრდას და სხვა სიკეთეებს ემსახურებოდეს. ამ მიზნებიდან და ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი მიზნებისა და შინაარსის სისტემა იგება. მაგალითად, სისტემა ირჩევს დომინანტურ ენას სწავლების ენად, თავად ამ ენის სტანდარტიზაციას იწყებს და, შესაბამისად, ენობრივი თუ ზოგადად კულტურული მრავალფეროვნებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

ასევე იქმნება პრობლემები ადგილობრივი, არსებული სოციალური ურთიერთობებისთვისაც. მაგალითად, განათლების თანამედროვე სისტემები ეფუძნება რაციონალურობის უპირატესობის ღირებულების დანერგვას. ეს კი, შესაძლოა, შემეცნების ან კომუნიკაციის სხვადასხვა ღირებული ტრადიციული ხერხების გაქრობას უწყობდეს ხელს პატრიოტიზმისა და ზოგადსაკაცობრიო პროგრესის სახელით.

რა გამოსავალი არსებობს ამ კონფლიქტიდან? როგორ შეგვიძლია ერთბაშად კერძო და საზოგადო სიკეთეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა ავაგოთ? განათლების სისტემა მხოლოდ იმდენად უნდა იყოს ძლიერი, რამდენადაც საშუალებას იძლევა მრავალფეროვნებისა და ზოგადად კერძო ინტერესის შესანარჩუნებლად. ბალანსის გარკვეული მაგალითები არსებულ რეალობაში უკვე გვაქვს. წარმოიდგინეთ, რა დასანანი იქნებოდა, განათლების სისტემა იმდენად დამთრგუნავი იყოს, რომ საქართველოს ყველა კუთხეში ერთნაირი სტანდარტული მეტყველებით საუბრობდნენ, ერთსა და იმავე კერძებს აკეთებდნენ, ერთსა და იმავე სიმღერას მღეროდნენ და ერთსა და იმავე ცეკვას ცეკვავდნენ. სამწუხაროა, მაგრამ გარკვეული ამგვარი დანაკარგები უკვე გვაქვს ტრადიციული მედიცინის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა მნიშვნელოვანი კულტურული სიმდიდრის თვალსაზრისით.

მეორე მნიშვნელოვანი რამ საგანმანათლებლო ალტერნატივების არსებობაა. ფორმალურად, არჩევანი კერძო და საჯარო სკოლებს, ან თუნდაც სახლში განათლების მიღებას შორის არსებობს. სინამდვილეში კი არჩევანი ძალიან შეზღუდულია. სკოლების ალტერნატიული რაოდენობა მრავალ დასახლებულ პუნქტში მცირეა, კერძო განათლებისთვის საჭირო ხარჯები კი, ბევრისთვის მაღალი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კერძო განათლების განვითარების ხელშეწყობასთან ერთად სახელმწიფომ საჯარო სკოლების მრავალფეროვნების ზრდაზეც იფიქროს.

მრავალფეროვანი კერძო ინტერესის მეტ-ნაკლებად მხარდაჭერა მოხერხდება სკოლებისთვის სასწავლო პროცესის, შინაარსისა და მასალების დაგეგმვაში მეტი თავისუფლების მიცემით. თუმცა განათლების მიღების ინსტიტუციური მოწყობის ფორმების მრავალფეროვნების განვითარება უფრო დიდი ნაბიჯი იქნებოდა. სახელმწიფო დღეს საგნების მკაცრ ჩამონათვალზე, აუცილებლად კლასებად ორგანიზებულ, სახელმძღვანელოებსა და ტესტებზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს მოითხოვს. მე-19 საუკუნეში შემუშავებული ეს სისტემა სერიოზულად მოძველებულია დღევანდელი, თუნდაც ისეთი მწირი ეკონომიკური რესურსების მქონე ქვეყნისთვისაც კი, როგორიც საქართველოა.

დაბოლოს, არანაირი კერძო ინტერესი არ იქნება გათვალისწინებული, თუ სკოლების მართვაში რეალურად არ იქნება ჩართული ადგილობრივი თემი. ცხადია, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, სტანდარტული მოთხოვნები ყველა სკოლისთვის უნდა არსებობდეს. მაგრამ ადგილობრივ თემს საშუალება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს სკოლის განვითარებაში. ეს არა მხოლოდ შინაარსობრივ და ფინანსურ ავტონომიას უნდა გულისხმობდეს, არამედ იმის უფლებასაც, რომ დაარსდეს არამოგებიანი, სათემო სკოლები, რომლებსაც სახელმწიფოსგან ისეთივე მხარდაჭერა ექნება, როგორც სხვა არამოგებიან, საჯარო სკოლებს.

______________

* ჰამუთ ბეი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, აფხაზეთში მოღვაწე ჩემი დიდი ბაბუის, ნიკო ჯანაშიას ფსევდონიმია

9 უძლურთა იმედები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

სანდრო თარხან მოურავი

0x01 graphic

ჩვეული სამი განზომილების მიღმა ხედვის განვითარებისთვის ბრტყელი სამყაროს მეტაფორაა პოპულარული. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არსებები, რომლებიც გადაადგილდებიან სიბრტყეზე, მაგრამ ვერ აღწევენ სივრცეში, ვერც აცნობიერებენ ჩვენი, გაცილებით დიდი სივრცითი სამყაროს არსებობას. თუ ჩვენ მათ სამყაროს დავაზიანებთ, ცვლილებების მიზეზს ალბათ ვერასდროს მიხვდებიან.

სწორედ ბრტყელი სამყაროს მცხოვრებლებს ჰგავს რუსეთთან ურთიერთობების მომრავლებული ანალიზები. საუბარია იმ ექსპერტების, განსაკუთრებით კი ქართველი ექსპერტების მოსაზრებებზე, რომლებიც ახერხებენ, თბილისსა და მოსკოვს შორის განვითარებული მოვლენები მთლიანად ქართული მხარის მოქმედებების ჭრილში განიხილონ.

წარმოდგენა, თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოქმედებების სცენარი მთლიანად ქართული მხარის პოლიტიკაზე იყო დამოკიდებული, მეტისმეტად პრიმიტიულია. ქართული მხარის როლი კრემლის მოქმედებებში შეგვიძლია განვიხილოთ ჰიპოთეზების დონეზე. უტყუარი კი ისაა, რომ სიტუაციაზე კონტროლი იყო და არის მეტწილად ძლიერის, ანუ რუსეთის ხელში.

რეალისტური შეფასებები წარმოუდგენელია წინა ათწლეულში საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების გარეშე. რა ხდებოდა ჩრდილოეთსა და დასავლეთში 2000-იანების ქართული ვნებათაღელვის პარალელურად? რუსეთში იმპერიალისტური იდეების წინა პლანზე წამოწევა; ჩეჩნური წინააღმდეგობის საბოლოოდ გატეხვა; პუტინის ღია განცხადებები, რომ გარდაუვალია შურისძიება აშშ-ის მიერ კოსოვოს აღიარებისთვის; განცხადებები, რომ საჭიროა საბჭოთა გავლენის ზონის აღდგენა და შენარჩუნება; დუმაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროექტზე აქტიური, მრავალწლიანი მუშაობა; არაფორმალური აღიარება, როგორც დიდი ხნის შემდგარი ფაქტი (საკმარისია გავიხსენოთ ხშირი ოფიციალური დონის ვიზიტები - მარიონეტული რეჟიმების ლიდერების მიღებები მოსკოვში და პირიქით); ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასპორტების გაცემა; სამხედრო წვრთნები; ღია უკმაყოფილება და მუქარები NATO-ს გაფართოების პერსპექტივასთან დაკავშირებით; საერთაშორისო პოლიტიკაში ბუშის მთავრობის პოზიციების შესუსტება; ნარინჯისფერი რევოლუციის ფაქტობრივი მარცხი.

ამ ფონზე, შეიძლება მხოლოდ გაუბედავად ვივარაუდოთ, რომ ქართული მხარის მოქმედებების როლი გადამწყვეტი იყო კრემლის მიერ სოხუმისა და ცხინვალის ფორმალური აღიარებისთვის. მინიმუმ არანაკლებ რეალისტურია ვერსია, რომ ეს იყო დროის, ხელსაყრელი სიტუაციის გამოჩენის ამბავი. ოფიციალური აღიარების საბაბი მრავალგვარი შეიძლება ყოფილიყო: თუნდაც NATO-ში ინტეგრაციის კუთხით რეალური წინსვლა.

ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა არ შეიძლება ყოფილიყო უფრო პრაგმატული. პრეზიდენტ სააკაშვილის სპონტანური, ექსცენტრული გამოსვლები და ასეთივე საკადრო პოლიტიკა შორსაა იმისგან, რასაც ოპტიმალური შეიძლება ვუწოდოთ. იმის მიუხედავად, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ომი, შესაძლებელი იყო 2008 წელს პიარის თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე აღმოჩენაც.

მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების ხარვეზები თვისობრივად არ ცვლის გეოპოლიტიკურ სურათს: ძირითადი აქტორების ინტერესებსა და ძალთა ბალანსს. სპეკულაციები თემაზე „NATO-სკენაც უფრო სწრაფად გვევლო და რუსეთიც არ გაგვეღიზიანებინა“ , ცოტა არ იყოს, წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ რუსეთთან კონფლიქტმა გაგვირთულა NATO-ში ინტეგრაცია. მეორე მხრივ, ვერავინ უარყოფს, რომ NATO-სთან რეალური დაახლოება ვერ ჩაივლიდა რუსეთის ღია აგრესიის გარეშე. ამ საკითხზე შეგვიძლია ვიოცნებოთ, რომ მოსკოვთან დაახლოების გზით ოდესმე ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შევიერთებთ. ოღონდ ამისთვის საჭირო ახლობლობა იმდენად ინტიმური იქნება, რომ ვეღარ გავიგებთ, აფხაზეთი შეერწყა საქართველოს, თუ საქართველო - კრასნოდარის ოლქს.კრემლის პოზიცია იყო და არის არაორაზროვანი. NATO-სკენ სწრაფვა თავისთავად იყო რუსული აგრესიის გამძაფრების ძირითადი საბაბი.

რეალურად, შეგვიძლია ორი ურთიერთგამომრიცხავი სცენარის განხილვა: ან NATO-სკენ სწრაფვა, ან რუსული გავლენის მიღება და ჩრდილოელ მეზობელთან პირისპირ დარჩენა. სად მიგვიყვანდა მეორე სცენარი, ზუსტად ვერ ვიტყვით. თუმცა, ცხადია, რომ არ გვაქვს რაციონალური საფუძველი, გვჯეროდეს, თითქოს ამ გზით დეოკუპაციას მივაღწევდით. საქართველოს რუსეთთან ერთი-ერთზე ზემოქმედების კიდევ უფრო ნაკლები ბერკეტი აქვს, ვიდრე NATO-სთან პარტნიორობის შემთხვევაში.

სამაგიეროდ, რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიები იყო და არის საქართველოზე ზეგავლენის მთავარი ინსტრუმენტი. ეს კიდევ უფრო მიამიტურს ხდის ვარაუდს, რომ კრემლთან „მეგობრობით“ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიიღწეოდა თვისობრივი პროგრესი, არათუ სრული დეოკუპაცია. მაგალითისთვის, პროგრესი არ ჩანს მოლდოვაშიც, სადაც სიტუაცია, პირველი შეხედვით, ქართულზე ბევრად მარტივია და რუსეთთან მკვეთრი დაპირისპირება არ მომხდარა. „უკეთეს“ შემთხვევაში, კონფლიქტები ალბათ გაყინულ მდგომარეობაში დარჩებოდა, აღიარების პერსპექტივა კი კვლავ შეასრულებდა დამოკლეს მახვილის ფუნქციას. საქართველოს მოქალაქეებს ეს სოხუმის პლაჟთან ან სამაჩაბლოს მთიან პეიზაჟებთან ოდნავაც არ დააახლოებდა.

ამავდროულად, კრემლთან მეგობრობის სცენარში, საქართველო ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა დასავლეთთან კავშირებისა და რეფორმების კუთხით. ნათელია ზოგიერთი რეფორმის წარუმატებლობა და სიმყიფე. თუმცა, რუსეთის სატელიტისთვის წარმოუდგენელია ის მიღწევებიც, რაც გვქონდა: იქნება ეს მნიშვნელოვნად გამარტივებული ბიუროკრატია, პოლიცია წვრილმანი მექრთამეობის გარეშე, შესუსტებული ქურდული სამყარო თუ ინფრასტრუქტურისთვის მეტ-ნაკლებად მიზნობრივად დახარჯული რესურსები (დავუშვათ, თუნდაც, სანახევრო ეფექტურობით).

არ უნდა მოგვატყუოს დასავლეთში კრემლის ვერსიების პოპულარულობამაც. ცხადია, იმ პოლიტიკური წრეებისთვის, რომელთათვისაც პრიორიტეტია პუტინის არგაღიზიანება, საქართველოს მიერ „დანაშაულის“ საკუთარ თავზე აღება ხელსაყრელია. ჩვენ არავინ დაგვიწყებს გადარწმუნებას ჩვენი თვითგვემის საპასუხოდ. მეტიც, „აღმოსავლური კვლევების“ სტუდენტები ევროპასა და ამერიკაში დარწმუნებულნი არიან, რომ „სტალინმა გაყო ოსეთი ჩრდილოეთად და სამხრეთად“ . და აღარც კარელიის ფინურობა ახსოვს ბევრს. ცხადია ისიც, რომ რუსეთის პიარ-რესურსი ქართულს მრავალჯერ აღემატება. ოღონდ, საკითხავია, რას აძლევს საქართველოს კრემლის პიარ-თეზების ფაქტებად მიღება და გავრცელება.

ერთადერთი, რისი საფუძვლიანი იმედიც შეიძლება კონფლიქტების მოგვარების კუთხით გვქონდეს, ისევ დასავლეთიდან რუსეთზე ზეწოლისთვის ხელსაყრელი „ვარსკვლავთა განლაგებაა“ . ასეთი ვითარებით საქართველომ რომ ისარგებლოს, კავშირების რეალურად შენარჩუნებაა საჭირო. კრემლთან დაახლოების პროცესში კი, ძნელი წარმოსადგენია, არ გაჩნდეს ულტიმატუმები დასავლური კავშირების თაობაზეც.

უკვე ნათელია, რომ ახალი ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილება ვერ შემოიფარგლა საგარეო ასპარეზზე კოსმეტიკური შესწორებებით. არჩეული კურსი ვერ აღიწერება ოპტიმისტი მედასავლეთეების წინასაარჩევნო ფორმულირებით: „ვიქნებით მაქსიმალურად დიპლომატიურები, თვისობრივი დათმობების გარეშე“ . მეტიც: რუსეთის აგრესიის უარყოფასთან შეგუება, კრემლის ბინადრებთან დემონსტრაციულად მაამებლური ურთიერთობა, განსაკუთრებით კი შიდა ასპარეზზე პრორუსული განწყობების აქტიური ხელშეწყობა „ბალანსირების“ სცენარშიც ვერ თავსდება. თუკი საგარეო მანევრები თეორიულად შეიძლება გავამართლოთ დიპლომატიით, საკუთარი საზოგადოების კულტურულად, ინფორმაციულად და ეკონომიკურად ყოფილ მეტროპოლიაზე დამყნობა მხოლოდ კოლონიურ მდგომარეობაში დაბრუნების სურვილით თუ აიხსნება.

შეგვიძლია ვიოცნებოთ, რომ მოსკოვთან დაახლოების გზით ოდესმე ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შევიერთებთ. ოღონდ, თუ კრემლის იდეოლოგთა შეხედულებებს დავეყრდნობით, ამისთვის საჭირო ახლობლობა იმდენად ინტიმური იქნება, რომ ვეღარ გავიგებთ, აფხაზეთი შეერწყა საქართველოს, თუ საქართველო - კრასნოდარის ოლქს.

10 საყოველთაო ჯანდაცვის მომავალი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ვახო მეგრელიშვილი

მარტიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებს. მთავრობამ სექტორული პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება ისე გააკეთა, თითქოს ერთი უმნიშვნელო და უინტერესო საკითხი გადაეწყვიტა. ჯანდაცვის სამინისტროს ვებ და ფეისბუქის გვერდის ხშირი შემოწმების მიუხედავად, რეფორმა ისე შევიდა ძალაში, რომ არანაირი დოკუმენტი არ მოიპოვება, რომელიც ახსნიდა, თუ რა მიზნის მისაღწევად, რა, როდის და რატომ კეთდება.

უფროსი და საშუალო ასაკის ადამიანებს ახსოვთ საყოველთაო ჯანდაცვა. უხარისხო და უფასო მკურნალობა შესაძლებელი იყო ყველგან. 80-იანების მიწურულს, რუსეთში სტუდენტობის პერიოდში თავად ვარ მოწმე, რომ საავადმყოფოებში მოხუცებულები ზამთრის თვეებს ატარებდნენ. პროფილაქტიკურ დიაგნოსტიკურ და ფიზიოთერაპიულ პროცედურებს იტარებდნენ და რაც მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, უფასოდ ისვენებდნენ. მძიმე ან რთულად სადიაგნოსტიკო შემთხვევებში ჩვეულებრივზე უკეთესი ხარისხის მომსახურების მისაღებად პაციენტს ან ადგილობრივ „კორიფესთან“ მოხვედრა სჭირდებოდა, ან, პირობითად, „მოსკოვში“ წასვლა.

დაემსგავსება თუ არა თანამედროვე ქართული მედიცინა საბჭოთა მედიცინას, ეს არის კითხვა, რომელიც, ვფიქრობ, ბევრს გვაწუხებს.

90-იან წლებში სამედიცინო ინდუსტრიაში დიდი კატაკლიზმები დაიწყო. სახელმწიფო ფულს არ იხდიდა, დაწესებულებების ფუნქციონირების გაგრძელება მხოლოდ პაციენტის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურით იყო შესაძლებელი. საავადმყოფოებს კვლავ სახელმწიფო ფლობდა, ამიტომ არც არავინ ცდილობდა მწირი რესურსების ეფექტიანად გამოყენებას. მენეჯერები და ექიმები სახელმწიფო ქონებას საკუთარი კერძო ინტერესების შესაბამისად იყენებდნენ და უპატრონო ინფრასტრუქტურის ამორტიზაციის ხარჯზე დაბალი ხარისხის მომსახურების წარმოებას აგრძელებდნენ. გარდა ამისა, არასაჭირო ან ფინანსურად გაუმართლებელი მკურნალობის ხარისხის კონტროლის შესაძლებლობა არ არსებობდა. ამიტომ ექიმების დიდი ნაწილი ყველა იმ პროცედურას და მანიპულაციას ატარებდა, რის გადახდისუნარიანობასაც პაციენტებს ამჩნევდნენ. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის მოხვედრა უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა.

წინა მთავრობამ სექტორში ფუნდამენტური ლიბერალური რეფორმა გაატარა:

1) ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განაკერძოვა;

2) სახელმწიფო ფულით ძირითადად მომხმარებლის დაბალშემოსავლიანი ნაწილი დააფინანსა;

3) სახელმწიფო ფულის ეფექტიანად დახარჯვის ფუნქცია კერძო სადაზღვევო კომპანიებს გადაუმისამართა.

უფრო მეტი და სწრაფად რომ გაეკეთებინა, შესაძლებელია დღეს კიდევ უკეთესი შედეგები გვქონოდა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია და თუ ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, ასეთი მასშტაბის რეფორმა მსგავს ვადებში მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჩაუტარებია. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის დაგეგმვის წლებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ექსპერტები დიდ ენთუზიაზმს რეფორმის კურსის მიმართ არ გამოხატავდნენ, ნებისმიერი ობიექტური შეფასება ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების შედეგების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე მეტყველებს.

ბოლო წლებში გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების ხარისხთან პირდაპირ დაკავშირებული ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა, მაგალითად, დედების და ბავშვების ჯანმრთელობის მაჩვენებლები. რამდენიმე წლის მანძილზე ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა. გადამოწმება ნებისმიერს შეუძლია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამედიცინო სტატისტიკის ელექტრონულ ბაზაში (European health for all database, HFA-DB).

ბუნებრივი და გასაგებია, რომ ადამიანებს უნდათ უკეთესი, სწრაფად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვის ხარჯზე. პოლიტიკოსებს დასავლეთის ქვეყანაში მკურნალობის შემდეგ უჩნდებათ ილუზია, თითქოს იმავე ხარისხის მომსახურება ჩვენთანაც უნდა იყოს და ამას თურმე სისტემის სტრუქტურის ცვლილებით მივაღწევთ. ზემოთ ნახსენები მონაცემთა ბაზიდან მარტივად შეიძლება გაგება, თუ რა განსაზღვრავს ყველაზე მნიშვნელოვნად დღევანდელი ხელისუფლებისთვის მისაბაძ გერმანიაში მომსახურების მაღალ ხარისხს. ერთი გერმანელის ჯანმრთელობაზე იხარჯება 4332 დოლარი, ხოლო ქართველის - 478. თუ ჩვენ დაახლოებით იმავე ხარისხის მომსახურების მიღება გვინდა, მაშინ მედიცინაში უნდა დავხარჯოთ დაახლოებით 28,5 მილიარდი ლარი. შეგახსენებთ, საქართველოს მთლიანი ეკონომიკა ამაზე ნაკლებია.

როდესაც სახელმწიფო დაფინანსება დროის მოკლე პერიოდში 3-ჯერ იზრდება, გაიზრდება მოთხოვნა. მომსახურების მიწოდების შესაბამისი ზრდა, ბუნებრივია, ანალოგიური სისწრაფით ვერ მოხდება. მეტი დასახარჯი ფული იმავე წარმოების მოცულობის პირობებში ფასების ზრდას გამოიწვევს - ბაზარზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის ეს ცხადია.

საინტერესო უნდა იყოს თავად მეთოდი, თუ როგორ აღწევს საყოველთაობას სახელმწიფო. ცხადია, რაციონალიზმი მთავრობაში არსებობს და ესმით, რომ მიუხედავად 2013 წელს გასამმაგებული ხარჯებისა, საყოველთაობა მოსახლეობისათვის ქვეცნობიერად უფასო ჯანდაცვას ნიშნავს. დღევანდელი მოცულობის და ხარისხის შენარჩუნება 2 მილიარდი ჯდება. ამ მოცულობის რესურსი კი სახელმწიფო ბიუჯეტში უბრალოდ არ არსებობს. ის, რომ დაზღვევის სახელმწიფო დაფინანსება 2012 წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და შეადგინა 500 მილიონი ლარი არასრული წლის მანძილზე, როდესაც მარტიდან სექტემბრამდე ახალი ბენეფიციარები 5-ლარიან დაფინანსებას მიიღებენ, ნიშნავს, რომ მომავალ, 2014 წელს, იმავე ხარჯების დაფინანსება მინიმუმ 720 მლნ უნდა გახდეს.

საყოველთაო არ ნიშნავს უფასოს, ეფექტიანს ან სამართლიანს. ის მხოლოდ ერთ რამეს აღნიშნავს - არაპერსონიფიცირებულს. რაციონალური ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია რეალისტური პროგნოზი, რას გამოიწვევს საყოველთაო დაზღვევის შემოღება.

ვისზე იმოქმედებს გაზრდილი ფასები? პირველ რიგში იმაზე, ვინც ბაზრის წესებით მუშაობს, ანუ მომხმარებელზე, ვინც უშუალოდ იხდის მომსახურების საფასურს. ანდა კერძო სადაზღვევო კომპანიების პროდუქტების ფასზე. იმ კომპანიების, რომლებიც იძულებული არიან სამედიცინო დაწესებულებებს მოელაპარაკონ ანაზღაურების პირობებზე. სადაზღვევო კომპანიაც შუამავალია და, საბოლოოდ, სადაზღვევო პროდუქტის ფასის გადახდა ისევ მომხმარებელს მოუწევს.

გაზრდილი ფასები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების გამოყენების ზრდის სტიმულირებას მოახდენს. თუ ადრე მოსახლეობის ნაწილი თავად ზრუნავდა საკუთარ ჯანმრთელობაზე, იძენდა კერძო დაზღვევას ან უშუალოდ იხდიდა სამედიცინო მომსახურების ფასს, სულ უფრო მეტი ადამიანი შეეცდება სახელმწიფო მომსახურებით ისარგებლოს. შესაბამისად, გაიზრდება პოლიტიკური მოთხოვნა გაიზარდოს ჯანდაცვის საბიუჯეტო დაფინანსება. ვფიქრობ, ამიტომაც შემოიღო სამინისტრომ განსხვავებული წესით დაფინანსების მოდელი. ბოლო წლებში სადაზღვევო კომპანიები იყენებდნენ მომხმარებლისათვის ფულად ზღვარს (მაგალითად, სტაციონარული მომსახურება 15000 ლარამდე), რომლის ფარგლებში ნებისმიერი მომსახურება ფინანსდებოდა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორადაც მიჩნეული იყო ფუფუნებასთან ასოცირებული პლასტიკური ქირურგია და სხვა მსგავსი სერვისები.

სამინისტრომ ახალი ბენეფიციარების დაფინანსება განსხვავებული წესით დაიწყო - ფულადი ზღვრის ფარგლებში კონკრეტულ დაავადებებს აფინანსებს. რატომაა საყურადღებო ეს ცვლილება? ამ ინსტრუმენტით სამინისტრო იმედოვნებს ხარჯების კონტროლს. თუმცა, ვფიქრობ, ჯეროვნად არ აფასებს (რადგან იმედი მაქვს, რომ ამას შეგნებულად არ აკეთებს), სამედიცინო დაწესებულებების სტიმულს, თითოეული სამედიცინო შემთხვევა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ დაავადებებს მოარგონ. გაყალბების სტიმულირების პოლიტიკა ერთი მხრივ გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთან გარიგებას, ხოლო მეორე მხრივ, დამფინანსებელთან არაფორმალურ ურთიერთობაში შესვლის სტიმულირებას, მარტივად რომ ვთქვათ, კორუფციას.

შედეგად, ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც მომხმარებლები დავაფინანსებთ ერთმანეთის დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მონოპოლისტი სახელმწიფო დამფინანსებლის მეშვეობით და სულ უფრო ნაკლები მომხმარებელი შეძლებს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული გაძვირებული სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობას. მომხმარებლის უკმაყოფილება, რაც ასეთი სისტემის პირობებში გარდაუვალია, აუცილებლად დაბრალდება კერძო სამედიცინო დაწესებულების მეპატრონეების სიხარბეს. ეს კი გამოიწვევს ფასების და ხარისხის კონტროლის ახალ-ახალ სახელმწიფო რეგულაციებს. სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში კვალიფიციური მომსახურების მიღების საჭიროებისას მოგვიწევს რამდენიმე გამორჩეულად ძვირადღირებული ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობა. ან ძველი დროის არ იყოს, მოსკოვის ნაცვლად, ვენაში ან ბერლინში გამგზავრება. თუმცა, იქნებ მოსკოვიც არ იყოს ცუდი ალტერნატივა?!

11 თვითმმათველობის რეფორმა „საერთოს ტრაგედიას” დააჩქარებს

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

აკაკი ცომაია

0x01 graphic

იმაზე, რაც ყველასთვის საერთოა, თითქმის არავინ ზრუნავს, რადგან ადამიანები მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რაც თვითონ ეკუთვნით, და არა იმაზე, რაც სხვებისაცაა.

არისტოტელე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჟორჟოლიანმა პარლამენტში ბრიფინგი ჩაატარა, სადაც აღნიშნა, რომ შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა თვითმმართველობის რეფორმა, რომლის მიხედვითაც: „რეფორმის შედეგად სოფლები, რომლებსაც ამ ეტაპზე სტატუსი არ გააჩნიათ, იურიდიული პირის სტატუსს მიიღებენ. გარდა ამისა, მათ ექნებათ საკუთარი ქონება. კერძოდ, სოფლებს უვადო სარგებლობაში გადაეცემათ მათ საზღვრებში არსებული ტყე, საძოვარი და სათიბი. სოფლის მოსახლეობა თვითონ ჩაატარებს კრებებს, აირჩევს სოფლის თავმჯდომარეს და მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“ .

ზოგადად, საჯარო ადმინისტრირების საკითხებში მოქალაქეების აქტიური თანამონაწილეობა დემოკრატიული მმართველობის შემადგენელია და ამ თვალსაზრისით, თვითმმართველობის გაზრდა და დეცენტრალიზაციისკენ სწრაფვა მისასალმებელია. თუმცა, თუ რეფორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რაც აღნიშნულ ბრიფინგზე ითქვა, ეს, სულ მცირე, შეშფოთების საგანია. მსურს მკითხველს დავანახო, რომ ასეთი რეფორმის შედეგი არ იქნება წარმატების მომტანი.

რეფორმის ეკონომიკური ასპექტი გულისხმობს, რომ საქმე გვაქვს საერთო რესურსებზე კოლექტიური საკუთრების ფენომენთან. საერთო რესურსში მოიაზრებენ საქონელს, რომელსაც არ ახასიათებს „გამორიცხვადობა“ , მაგრამ არის „უმეტოქეო“. გამორიცხვადობა გულისხმობს, რომ საქონლის მოხმარებაში ადამიანებს ხელს ვერ შევუშლით. მაგალითად, თუ რომელიმე ოკეანე აღმოჩნდება კერძო საკუთრებაში, ოკეანის მეპატრონეს გაუჭირდება იმ მეთევზის გაკონტროლება, რომელიც დაწესებული საფასურის გადახდის გარეშე ეწევა თევზჭერას. უმეტოქეობა გულისხმობს, რომ ერთი პირის მიერ საქონლის გამოყენება ამცირებს მეორისთვის მისი გამოყენების შესაძლებლობას. მაგალითად, როდესაც ერთი ადამიანი თევზს იჭერს, მეორეს ნაკლები თევზის დაჭერა შეუძლია.

საერთოდ, საზოგადოების ნებისმიერი წევრი პოტენციური „უბილეთო მგზავრია“ , ანუ ადამიანი, ვინც სარგებლობს საქონლით, მაგრამ გადახდას თავს არიდებს. მაგალითად, თუ კერძო მესაკუთრე ვერ გააკონტროლებს ოკეანეს, მეთევზე, თევზის ჭერისთვის დაწესებულ საფასურს საკუთარი ინიციატივით არ გადაიხდის. ამდენად, თუ კერძო მესაკუთრე ვერ ახერხებს ბიზნესიდან შემოსავლების ფორმირებას, მას ასეთი ბიზნესის კეთება არ უღირს. ამ შემთხვევაში, საერთო რესურსებზე საზოგადოებრივი საკუთრების უპირატესობაზე საუბრობენ. თუმცა, საერთო რესურსზე კოლექტიური საკუთრების შედეგი არის „საერთოს ტრაგედია“ .

საერთოს ტრაგედიის მიზეზი არის ის, რომ კერძო და სოციალური სტიმულები ერთმანეთისგან განსხვავდება. როდესაც საქონელი უფასოა, ერთი უბილეთო მგზავრის მიერ საქონლის გადაჭარბებული მოხმარება ამცირებს მეორე ადამიანის სარგებელს, რაც ამცირებს მომავალში მოსახმარი საქონლის რაოდენობას. ისტორიულად, ამის ბევრი პრეცედენტია შექმნილი. მაგალითად, ინდოეთში სპილოების გადაშენებისგან გადარჩენა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სპილო კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა. იგივე შეიძლება ითქვას ბიზონებზე აშშ-ში. ზოგადად, შინაური ცხოველები (ფრინველები) კერძო საკუთრებაშია და არავის არ მოსდის აზრად, რომ ეს რესურსი საზოგადოებრივ საკუთრებაში იყოს, რადგან მისი მოხმარებისთვის ყველა იხდის შესაბამის საფასურს.

მაშასადამე, საერთოს ტრაგედიისგან თავის დაღწევის საშუალება არის საერთო რესურსზე კერძო საკუთრების არსებობა. ხოლო კერძო საკუთრება არსს იძენს, თუ საქონელი გამორიცხვადია. თუ დავუშვებთ, რომ სათიბი, საძოვარი, ტყე, ტბა და სხვა, გამორიცხვადია, კერძო საკუთრების შემთხვევაში, ეს რესურსი უფრო ეფექტიანად გადანაწილდება საზოგადოებაში. შესაბამისად, იქნება განახლებადი და მოვლილი.

მოსაზრება, რომ კერძო მესაკუთრე გაანადგურებს ტყეს, მცდარია, რადგან ამ შემთხვევაში, ის უნდა ანადგურებდეს შინაურ ცხოველებსაც. მოგების მოტივაცია კერძო მესაკუთრეს უბიძგებს ტყე აქციოს ისეთივე განახლებად საქონლად, როგორც ამას აკეთებს ფერმერი შინაურ ცხოველებთან მიმართებით. დიდი ალბათობით, საპირისპირო შედეგს მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ საერთო რესურსი დარჩება კოლექტიურ (საზოგადოებრივ) საკუთრებაში. მაშასადამე, საკითხი შესაძლებელია დაისვას ასე: არის თუ არა ტყე, საძოვარი, სათიბი და ა.შ. გამორიცხვადი საქონელი? ანუ, გაუჩნდება თუ არა მეწარმეს მისი საკუთრების ინტერესი.

ეს საკითხი მჭიდრო კავშირშია რესურსების შეზღუდულობის თემასთან. იქ, სადაც რესურსი შეუზღუდავია, არავის უჩნდება ინტერესი, გახდეს ამ რესურსის მესაკუთრე, რადგან შეუზღუდავი რესურსით სარგებლობა შეუძლია ყველას, თან უფასოდ. მაგალითად, არავინ გადაიხდის საფასურს ჰაერში, რომლითაც სუნთქავს, ან ოკეანეში საცურაოდ, რადგან რესურსი იმაზე მეტია, ვიდრე ყველას ერთად სჭირდება მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ, სულ სხვა ვითარება იქმნება, როდესაც გვსურს ვისარგებლოთ საცურაო აუზით. თუ საცურაო აუზით სარგებლობა გახდება უფასო, მაშინ აუზი მსურველთა რაოდენობას ვერ დაიტევს და უბრალოდ განადგურდება.

იქ, სადაც რესურსი შეუზღუდავია, კომუნიზმია და ბუნებრივად წარმოიქმნება რესურსზე საზოგადოებრივი საკუთრება. მაგრამ, თავად კომუნიზმი უტოპიაა, რადგან ის, რაც დღეს არის შეუზღუდავი, ხვალ აუცილებლად გახდება შეზღუდული. თუ აუზით სარგებლობს მხოლოდ ერთი ადამიანი, მაშინ მეორე არ ამცირებს პირველი ადამიანის სარგებელს. ამ შემთხვევაში, რესურსს არ ახასიათებს უმეტოქეობა. მაგრამ, თუ აუზში ადამიანების რაოდენობა მოიმატებს, რესურსი შეიძენს უმეტოქეობის თვისებას.

როდესაც აშშ-ში ირიცხებოდა 30 მილიონი ბიზონი, იმდროინდელი მოსახლეობა შეუზღუდავად მოიხმარდა ამ რესურსს და ვერ ათვითცნობიერებდა, რომ შეიძლება დროთა განმავლობაში დამდგარიყო პრობლემის წინაშე. თუმცა, როდესაც ბიზონების რაოდენობა შემცირდა ასი ათას სულამდე, რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ბიზონზე საკუთრების საკითხი. მაშასადამე, რესურსების შეზღუდულობა სძენს საქონელს როგორც გამორიცხვადობის, ასევე უმეტოქეობის თვისებას. გარდა ამისა, 21-ე საუკუნეში გამორიცხვადობის საკითხი ნაკლებად აქტუალური და პირობითია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მეწარმეს საქონლისა და მომსახურების დაცვისა და რეალიზაციის მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე წინა საუკუნეებში. ამრიგად, ტყეების, სათიბების, საძოვრების და ა.შ. პრობლემას ყველაზე ეფექტიანად საბაზრო საზოგადოება წყვეტს. აღნიშნული რესურსებიდან მიღებული სარგებელი ყველაზე მაღალი და გრძელვადიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რესურსები აღმოჩნდება კერძო და არა საზოგადოებრივ საკუთრებაში.

ამ თეორიას ბევრი ოპონენტი ჰყავს და მათ, არგუმენტებად, დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნის მაგალითები მოჰყავთ, სადაც საერთო რესურსები საზოგადოებრივ საკუთრებაშია. თეორია ნეოლიბერალურია და არც საქართველოში და არც დანარჩენ მსოფლიოში არ არის პოპულარული. ამ სტატიაში, ჩვენი მიზანი არ არის იმის მტკიცება, რომ ნეოლიბერალიზმი ჭეშმარიტებაა. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვსურს, რომ მაღალი რისკის ალბათობით, საერთო რესურსზე საზოგადოებრივი საკუთრება, დროთა განმავლობაში, წარმოქმნის საერთოს ტრაგედიას. დროის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს სახელმწიფო კონკრეტული სექტორის ადმინისტრირებას. საკითხის ეკონომიკურ ასპექტზე საერთოდ არ გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არ დამენახა ის საშიშროება, რომ აღნიშნული თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, საერთოს ტრაგედიის პრობლემის წინაშე უმოკლეს დროში აღმოვჩნდებით, რადგან შემოთავაზებული გზით, შეუძლებელი გახდება პროცესების ადმინისტრირება, რაც გაზრდის „უბილეთო მგზავრების“ მიერ რესურსების უყაირათო ხარჯვის ალბათობას.

სოფელი იძენს იურიდიული პირის სტატუსს, რაც ნიშნავს, რომ სოფელი არის არა მხოლოდ დასახლება, არამედ თვითმმართველი ერთეული. სახელმწიფოს სახელით, ის ახორციელებს აქტივობებს და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში მონაწილეობს საზოგადოებრივი ადმინისტრირების პროცესში. ისევე, როგორც რომელიმე სამინისტროს, ან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ან ანტიმონოპოლიურ სამსახურს, სოფელსაც, როგორც იურიდიულ პირს, ექნება კონკრეტული ფუნქცია, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ სექტორში არსებული საქონლისა და მომსახურების ადმინისტრირებას. ერთი სიტყვით, სოფელი, როგორც იურიდიული პირი, იმავე შინაარსის მატარებელია, როგორიცაა თვითმმართველი ერთეული. ხოლო სოფლის მიერ არჩეული თავმჯდომარე არის გამგებლის ან მერის მსგავსი თანამდებობის პირი. სოფლის, როგორც იურიდიული პირის ფუნქცია იქნება ტყეების, სათიბების, საძოვრების და სხვა საერთო რესურსების მართვა უვადო სარგებლობის წესით. ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ სოფელი აღნიშნულ რესურსებს ვერ გაასხვისებს. სავარაუდოდ, ყველა სოფელს დაუდგინდება პირობითი საზღვარი.

როგორ უნდა მართოს სოფელმა, როგორც იურიდიულმა პირმა, უვადო სარგებლობაში გადაცემული საერთო რესურსები? წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპით, სოფელი ირჩევს თავმჯდომარეს და მართვის უფლებამოსილებას ანიჭებს. თავმჯდომარე ანაწილებს პირობით საზღვარში მოქცეულ ტყეს, სათიბებს, საძოვრებს და სხვა საერთო რესურსებს სოფლის მოსახლეობაზე უვადო სარგებლობით და იმ გათვლით, რომ დროთა განმავლობაში საერთო რესურსების რაოდენობა არ შემცირდება. სავარაუდოდ, უვადო სარგებლობით გადაცემა გულისხმობს კვოტის დაწესებას, რომლითაც თითოეულმა ოჯახმა უნდა ისარგებლოს. კვოტებზე შეთანხმება ძალზე ხანგრძლივი პროცესია და, ჩემი აზრით, პრაქტიკულად შეუძლებელიც, რადგან გაუთავებელი დავები სოფლის მცხოვრებლებსა და თავმჯდომარეს შორის, საერთო რესურსების განაწილებაზე არ დასრულდება. თუმცა, ეს არ არის თვითმმართველობის აღნიშნული რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგი.

დავუშვათ, კვოტები ყველა სოფელში განისაზღვრა ისე, რომ თითოეული მცხოვრები კმაყოფილია და არაფერს ასაჩივრებს. პრობლემა წარმოიქმნება კვოტების დაცვაში. კოლექტიური შეთანხმების მთავარი ნაკლოვანება არის ის, რომ როდესაც შეთანხმებაში მონაწილე რომელიმე მხარე სხვა მონაწილეებისგან ფარულად არღვევს შეთანხმებას, დამრღვევის სარგებელი უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვინც ამ შეთანხმებას იცავს. შეთანხმების ფარულად დარღვევის ხიბლი კი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ნაკლებია დარღვევის გამოვლენის ალბათობა.

თამაშთა თეორია კარგად ხსნის ამ ფენომენს. მაგალითად, ტიპური ოლიგოპოლიები, სადაც ფირმები თანხმდებიან პროდუქციის რაოდენობის შემცირებასა და მონოპოლიურ ფასზე, როგორც წესი, ფუნქციონირებს დროის მცირე მონაკვეთში, რადგან მეტი მოგების ინდოეთში სპილოების გადაშენებისგან გადარჩენა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სპილო კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა. იგივე შეიძლება ითქვას ბიზონებზე აშშ-ში.მიღების მიზნით, შეთანხმებაში მონაწილე ფირმას უჩნდება სურვილი გაყიდოს მეტი რაოდენობის პროდუქცია უფრო მაღალ ფასად, ვიდრე მას კვოტით აქვს განსაზღვრული - რაც შეთანხმებაში მონაწილე ფირმებს შორის კვლავ წარმოქმნის კონკურენციას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოლიგოპოლია იქმნება ნებაყოფლობით და მასში მხოლოდ რამდენიმე ფირმა მონაწილეობს, რადგან ბევრ ფირმას შორის ასეთი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

საერთო რესურსების განაწილების მექანიზმში ჩართულია სოფლის ყველა მცხოვრები. ამდენად, მათ შორის შეთანხმება უფრო მყიფეა (თუ ასეთი შედგა), ვიდრე ოლიგოპოლიის შემთხვევაში. შეთანხმების დარღვევა კი ნიშნავს ოჯახებს შორის კონკურენციას საერთო რესურსების განაწილებაში, რაც გამოიწვევს საერთო რესურსების ჭარბ მოხმარებას. გავაკეთოთ ასეთი დაშვებაც, რომ შეთანხმება ურყევია და მას არცერთი სოფლის არცერთი მცხოვრები არ არღვევს.

როგორ დავიცვათ კვოტა? ის გულისხმობს, რომ, მაგალითად, სოფლის ერთ მცხოვრებს შეუძლია დროის ერთეულში გამოიყენოს სოფლის საზღვრებში არსებული X კუბური მეტრი ხე, Y კვადრატული საძოვარი თუ სათიბი მიწა. როგორ ავწონოთ და გავზომოთ ეს ყველაფერი? მართვა არ ნიშნავს მხოლოდ დაგეგმვას. მართვა გულისხმობს ორგანიზებას, მონიტორინგსა და კონტროლსაც, რისი განხორციელებაც შეუძლებელია და ამდენად, შეუძლებელია მართვაც. თუ მეზობელი სოფლის მცხოვრებმა ისარგებლა სხვა სოფლის რესურსით, როგორ უნდა გამოვლინდეს ეს შემთხვევა? ეს ფაქტორი ხომ ბუნებრივად წარმოქმნის სოფლებს შორის კონკურენციას საერთო რესურსების გამოყენებაზე.

მანამ, სანამ ცენტრალურ ხელისუფლებას ექნება მიდგომა, რომ არ ერევა თვითმმართველობების ფუნქციებში, საქართველოს საერთო რესურსები სრულად განადგურდება. იმ დაშვებითაც კი, რომ სოფელი შეძლებს ქონების მართვას, მას, როგორც იურიდიულ პირს, დასჭირდება პოლიციის და სასაზღვრო კონტროლის მსგავსი სტრუქტურა. ამრიგად, ის, რომ სოფელს ექნება საკუთარი ქონება ტყეების, საძოვრებისა და სათიბების სახით, ნიშნავს იმას, რომ მას უახლოეს მომავალში არაფერი ექნება. ჩემი აზრით, შეცდომაა საერთო რესურსების ადმინისტრირების დეცენტრალიზება სოფლის და, ზოგადად, თვითმმართველობის დონეზე. თუ საერთო რესურსებზე კერძო საკუთრების მოდელი მიუღებელია, ადმინისტრირება უნდა განახორციელოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ თამაშის იმ წესებით, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი გავახანგრძლივოთ საერთოს ტრაგედია.

შესაძლებელია ოპონენტებმა დამადანაშაულონ იმაში, რომ თვითმმართველობების წინააღმდეგი ვარ. პირიქით, რაც უფრო მეტი ფუნქციის დელეგირება მოხდება ცენტრიდან რეგიონზე, მით უფრო მეტად იქნება ამომრჩევლის მოთხოვნები გათვალისწინებული და ქვეყანაც უფრო საინტერესო გახდება. ძალაუფლება და პასუხისმგებლობები გადანაწილდება და პოლიტიკური არასტაბილურობის რისკებიც შემცირდება. აქ საუბარია იმაზე, თუ რა უნდა იყოს ცენტრალური და რა - რეგიონული თუ ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანა.

თვითმმართველობის რეფორმის ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდეს შემოსავლების გაყოფის თემა. შეუძლებელია რეალური თვითმმართველობის აგება სუბსიდიებზე. შემოსავლების გაყოფა გულისხმობს გადასახადების აკრეფის მეთოდოლოგიასაც და შემოსავლების მობილიზებას ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებში. ეს მეტად მტკივნეული თემაა და სერიოზულ განხილვას საჭიროებს. ფისკალური დეცენტრალიზაციის გარეშე, რეალური თვითმმართველობა ვერ იარსებებს. როგორც ჩანს, ეს საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში.

სახელმწიფო არის სისტემა, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი საქონლისა და მომსახურების შექმნა და მიწოდება საზოგადოების ყველა წევრისთვის. როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოებრივი ნიშნავს არაგამორიცხვადი და არამეტოქისუნარიანი თვისების მატარებელ საქონელს. თავისი სპეციფიკით, საზოგადოებრივი საქონელი არაერთგვაროვანია. თითოეულ მათგანს სხვადასხვა მახასიათებლები აქვს. საზოგადოებრივი საქონელი კოლექტიური მოხმარების პროდუქტი ან მომსახურებაა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი დამატებითი მომხმარებელი არ ზრდის საქონლის ზღვრულ ხარჯებს. ამდენად, იმისთვის, რომ საქონელს გააჩნდეს საზოგადოებრივის სტატუსი, მომხმარებელთა რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული იქამდე, სანამ დამატებითი მომხმარებელი წარმოქმნის ნულოვან სოციალურ დანახარჯებს.

მაშასადამე, კონკრეტული საზოგადოებრივი საქონლისთვის მოხმარების რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული. ჯგუფი, რომელიც ამ საქონელს მოიხმარს, უნდა იყოს მოხმარების რაოდენობის შესაბამისი. დავუბრუნდეთ აუზის მაგალითს. დავუშვათ, აუზი არის საზოგადოებრივ საკუთრებაში და ემსახურება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს. თითოეული ადამიანი იხდის საწევროს, რომელიც საჭიროა აუზის ხარჯების დასაფარად. მანამ, სანამ ყოველი დამატებითი ადამიანი არ ამცირებს სხვა ადამიანის სარგებელს, აუზი არის კოლექტიური მოხმარების მომსახურება და ყველა კმაყოფილია. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება და აუზი გადაიტვირთება, მომხმარებლებს პრობლემა შეექმნებათ. ამ სიტუაციიდან არის შემდეგი გამოსავალი: აუზი უნდა გაიზარდოს მოცულობაში. ეს შექმნის დამატებით სირთულეებს, რადგან გაძნელდება უსაფრთხოების ზომების დროული მიღება და სხვა.

ანალოგიურად, იმ შემთხვევაში, თუ გზატკეცილი გადაიტვირთება, ტრეკების დამატება იქნება ერთ-ერთი გამოსავალი, რაც გააძნელებს გზატკეცილზე შესვლის და გასვლის საკითხების დარეგულირებას და უსაფრთხოების ზომების დაცვას. ამდენად, ერთი გიგანტური გზატკეცილის ან აუზის აშენებას, სჯობს, რამდენიმე გზატკეცილი და აუზი არსებობდეს. ასეთი ტიპის მომსახურება უფრო ხარისხიანიც იქნება და ხარჯეფექტურიც. მაშასადამე, საზოგადოებრივ პროდუქტთან მიმართებით, საზოგადოება ქმნის სხვადასხვა ზომის სამომხმარებლო ჯგუფებს. შესაბამისად, სად უნდა შესრულდეს კონკრეტული ამოცანები, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, დამოკიდებულია საქონლის სპეციფიკასა და მოხმარების რაოდენობაზე.

როდესაც საქონლის მოხმარების რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურ მომხმარებელთა რაოდენობას, ადგილი ექნება საქონლის გადაჭარბებით მოხმარებას (ეროვნული თავდაცვა, საერთო რესურსები). ამდენად, თუ საქონლის მოხმარების რაოდენობა მოიცავს მთელ საქართველოს, ასეთი საქონელი უნდა შექმნას ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ხოლო თუ საქონლის მოხმარების რაოდენობა მოიცავს მომხმარებელთა ჯგუფს, რომელიც არ სცდება თვითმმართველ ერთეულს, მაშინ ეს საქონელი უნდა შექმნას თვითმმართველმა ერთეულმა. ხელისუფლების ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის საკითხი სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, ადგილობრივი გზები, პარკები, სკვერები, კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულება (ზოგადი განათლება, პირველადი ჯანდაცვა და სხვა) შესაძლებელია იყოს ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქცია.

12 Wishful Thinking

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

გია ჯანდიერი

პენი არ ცვივა ციდან. მათ აქ, მიწაზე უნდა შოვნა.

მარგარეტ თეტჩერი

ის, რასაც ბოლო ხანებში ვისმენთ პოლიტიკოსებისა და მათთან დაახლოებული ექსპერტებისგან, ზუსტად შეესაბამება ამ წერილის სათაურად გამოტანილ ინგლისურ ტერმინს. მისი ეკონომიკაში გამოყენება ამერიკელმა ეკონომისტმა რანდალ ჰოლქომბმა შემოგვთავაზა. ქართული პირდაპირი შესატყვისი არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით სასურველის სინამდვილედ წარმოდგენას ნიშნავს.

როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა ერთხელ მოსწრებულად თქვა, პოლიტიკოსის პროფესიაც უძველესია. უძველესია მცდელობაც, ადამიანებს საკუთარი ძალაუფლების გასაზრდელად და გასამყარებლად ათასგვარი ემოციური იდეა შესთავაზო. ჩემი, როგორც ეკონომისტის ფუნქციად სწორედ ასეთი ემოციებიდან რეალურ ცხოვრებაში დაბრუნების გზის ჩვენება მიმაჩნია.

ემოციური მიდგომის კარგ მაგალითად გამოდგება ჯანდაცვის სახელმწიფო უზრუნველყოფა. ამ იდეის შეთავაზება ისე ხდება, რომ ყველამ ირწმუნოს - სახელმწიფოს გარეშე საკუთარ ჯანმრთელობას ვერ მიხედავს. ბევრი დარწმუნებულია, რომ ეს არის სახელმწიფოს (მზრუნველი მამის) პასუხისმგებლობა და ვალდებულება. გეტყვიან, რომ იდეალურ სიტუაციაში სახელმწიფომ შესაძლებელია ყველაფერი დააფინანსოს და უფასო გახადოს ნებისმიერი მკურნალობა.

საბჭოთა კავშირის დროს ვისაც უავადმყოფია, კარგად ემახსოვრება რა ხარისხის შეიძლება იყოს ეს უფასო მკურნალობა. ვისაც მაინც სჯერა, მან სცადოს ნებისმიერი უხარისხო საკვები მიირთვას ან გადმოხტეს მეხუთე სართულიდან. აქ უცებ აღმოვაჩენთ, რომ თურმე ეს მაინც ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი ყოფილა. შეუძლებელია, ჩვენზე უკეთესად ვინმე ზრუნავდეს ჩვენს ჯანმრთელობაზე. შესაძლოა, ჯანდაცვის ექსპერტები დავიქირავოთ, მაგრამ მაინც ჩვენი პასუხისმგებლობაა მთავარი, თუნდაც ექსპერტების სწორად შერჩევისას.

შესაძლებელია, ამის ნაცვლად, მთავრობამაც იკისროს ექსპერტობა და ჩვენზე ზრუნვა? სწორედ ესაა სასურველის სინამდვილედ წარმოდგენა - არა, შეუძლებელია, რადგან, პირველი: ეს ჩვენს არჩევანის თავისუფლებას აუქმებს და მეორე - მას (მთავრობის ექსპერტს) კუდში არ მისდევს კონკურენტი, რომელიც შეცდომას უპოვის და შეგვატყობინებს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან პოლიტიკური კონკურენციის იმედზე ჩვენი ჯანმრთელობა 4 წელი ვერ დაიცდის (სანამ ახალ პარლამენტს აირჩევ). ხოლო კერძო ბაზარზე კონკურენცია უფრო მძაფრი და სწრაფია.

ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოს მონოპოლიის შექმნა მძიმე შედეგებით დამთავრდება: 1) აუცილებლად გადავალთ გადახდის არალეგალურ ფორმებზე; 2) ფასების ზრდას ვერაფერი შეაჩერებს, რადგან საავადმყოფოები იძულებული გახდებიან შექმნან კორუფციულ-ლობისტური დაჯგუფება, რომელიც ამ სფეროში სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას შეუწყობს ხელს. ეკონომიკა შეფერხდება და უმუშევრობა გაიზრდება.

რეალობისგან ასევე შორსაა სოფლის მეურნეობის გადარჩენის იდეა მილიარდიანი ფონდის საშუალებით. ნებისმიერმა გლეხმა იცის, რომ წარმოებას ყოველთვის მოევლება, მთავარია, როგორ და სად გაყიდო მიღებული პროდუქტი. ამის გამოა სწორედ, რომ ის მუდმივად „ჩაბარებას“ დავობს. მან ასევე კარგად იცის, რომ მთავრობა ყველაფერს ვერ ჩაიბარებს. მაგალითად, თუ ყურძენს ჩაიბარებს, რატომ არ უნდა ჩაიბაროს სკამი ან მაგიდა (რომელიც, ეჭვი მაქვს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღვინო). გლეხი კარგად ერკვევა სხვა რისკებშიც - მოუსავლიანობა, სტიქია, კონკურენტების იაფი პროდუქცია, შემოსავლების უკმარისობა, და ბოლოს, ყველა პრობლემის თავი და თავი - მცირემიწიანობა. რამდენად რეალურია ეს რისკები, მალე დავინახავთ იმ ინდოელებისა და ჩინელების საქმიანობის შედეგად, რომლებიც საქართველოში აგრარული წარმოების მიზნით ჩამოვიდნენ. თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ აგრარულ სექტორში არც ბანკები ცდილობენ ბიზნესების დაფინანსებას და არც სადაზღვევო კომპანიები ჩქარობენ დაზღვევას, მკაფიოდ აჩვენებს ამ რისკებს.

სხვათა შორის, ეს კიდევ სხვა მითია, რომ ინდოელები და ჩინელები ყველა მიწას შეიძენენ: ჯერ ერთი, მიწას ყველა უფრთხილდება და მეორეც, თუ მიწის ყიდვაზე მოთხოვნა გაიზრდება, მისი ფასიც მოიმატებს და მალევე შეარბილებს ამ მოთხოვნას. თუ საქართველოსა და ინდოეთში მიწა იმავე ღირებულების გახდება, მაშინ მის აქ ყიდვას აზრი დაეკარგება. რაც შეეხება მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას, ასეთი კანონები მოქმედებს მხოლოდ არაცივილიზებულ ქვეყნებში.

შეიძლება ასევე მოისმინოთ თეორია აგრარული პროდუქციის პირდაპირი სუბსიდირების აუცილებლობის შესახებ, „როგორც ეს დასავლეთშია (ხომ მოგწონთ დასავლეთი?)“ . ჯერ ერთი, არ ვართ ასეთი მდიდრები, მეორეც, ჩვენ მიერ ხელოვნურად შემცირებული ფასებით პროდუქცია ექსპორტზე თუ წავიდა, ეს ნიშნავს, ჩვენმა ღარიბმა მოსახლეობამ უნდა დააფინანსოს უფრო მდიდარი ქვეყნების მომხმარებლები, რომ მათ (იაფად) იყიდონ ჩვენი პროდუქცია. სუბსიდია კი პოლიტიკური გარყვნილების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ძალიან ხშირად მექრთამეობაში გადაიზრდება.

შრომის კოდექსზე ბევრი დავწერე და მისი დეტალების განხილვას ახლა არ ვაპირებ. მისი არსებობა რთულ მდგომარეობაში აყენებს ინვესტორებს, დამსაქმებლებსა და თვით დასაქმებულებსაც, რომ არაფერი ვთქვათ უმუშევრებზე.

ახლახან, ამერიკულმა კომპანიამ Titan International, გადაწყვიტა საფრანგეთიდან გაიტანოს თავისი წარმოება და უმუშევრად დატოვოს ასეულობით ადამიანი (იქ მოქმედი უმკაცრესი შრომის კანონმდებლობისა და პროფკავშირების თავხედობის მიზეზით). ამ დღეებში სხვა სკანდალური ამბავიც გავრცელდა მექსიკის მასწავლებელთა პროფკავშირის ლიდერის დაპატიმრების გამო, რომელიც პროფკავშირის ფულის გაფლანგვასა და ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. აი, ასეთია შრომის კანონმდებლობის გაფეტიშების შედეგები, რომლითაც ზოგ გულუბრყვილოს მშრომელთა დაცვა სურს, თუმცა საწინააღმდეგოს იღებს.

სულ მცირე, გულუბრყვილობაა საკვების უვნებლობის სფეროში სახელმწიფოს იმედად ყოფნა. ამ სფეროშიც, როგორც ბევრგან, პოლიტიკოსები სერიოზული დილემის წინაშე დგანან: ოპონენტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ. ამას შედეგად რაც მოჰყვება, არის მეტი ძალაუფლების ჩაგდება ბიუროკრატიის ხელში, პოლიტიკოსების მიერ საკუთარი ნათესავების დასაქმება ინსპექტორებად, მექრთამეობა, დიდი კომპანიების ლობირება რეგულირებების საკუთარ შესაძლებლობებზე მოსარგებად. ეს ყველაფერი იმის სანაცვლოდ, რომ კომპანიებმა კონკურენციაში დაასაბუთონ საკუთარი უპირატესობა და მათი პროდუქტის უვნებლობა. ის, ვინც გულუბრყვილოდ მოგვიწოდებს, კარაქის შემცვლელის გამყიდველს ვალდებულება ჰქონდეს, დააწეროს მას ამის შესახებ, ფაქტობრივად, ლობირებს ბიუროკრატიის ფუნქციების ზრდას, შემმოწმებელი ინსპექტორების გამრავლებას, ცხოვრების გაძვირებას და კორუფციას.

დაკავშირებული: თვითმმართველობის რეფორმა „საერთოს ტრაგედიას“ დააჩქარებს მოსალოდნელი რეცესიის ალბათობა არ არის დაბალი ეკონომიკური ზრდის შეცვლილი პროგნოზი პოლიტიკური პროპაგანდისტებისგან და ექსპერტებისაგან (მათ შორის, საერთაშორისო), ასევე ამ პროპაგანდით გაბრუებული მეწარმეებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ფინანსური რესურსების სიძვირე და მიუწვდომლობა. მათი უმრავლესობა თვალს ხუჭავს ფაქტორებზე, რომელიც ადვილად შეიძლება იყოს მაღალი საკრედიტო რესურსის სიძვირის განმაპირობებელი: ინფლაცია ან დეფლაცია, საბიუჯეტო დეფიციტი, სახელმწიფო და სოციალური ხარჯების დიდი სისწრაფით ზრდა, არასტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა, პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები, მცირე ბაზარი და სხვა მიზეზები.

ასეთი რისკების პირობებში, ინტერესის განაკვეთის ერთი ხელის მოქნევით შემცირება გამორიცხულია, თუნდაც დიდი მოცულობის იაფი ფინანსური ნაკადების შემოდინებით. ასეთი რესურსები ყველას სჭირდება და თუ მათი მიღება ადვილი იქნება, ასევე ადვილი იქნება უცხოეთში გაწოვაც, სადაც უფრო ნაკლები რისკებია. ეს ასე რომ არ იყოს, ჩვენი ბიზნესმენები ადვილად შეძლებდნენ იმავე სესხების უფრო იაფ ბაზრებზე შოვნას, მაგრამ, როდესაც ვინმე ამერიკაში ან შვეიცარიაში ცდის სესხის აღებას, მაშინვე უმკაცრეს მოთხოვნებს და, დიდი ალბათობით, უფრო ძვირ მომსახურებას და რესურსებს შეეჩეხება.

ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ პოპულარულ მიზნად მიაჩნიათ განათლების სფეროშიც. სინამდვილეში, პოლიტიკოსებმა და, მით უმეტეს, განათლების სფეროსთან დაკავშირებულმა ბიუროკრატიამ შესანიშნავად იციან, რომ საქართველოს დღეს არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის ამ სფეროში კონკურენტუნარიანი ხარისხის მისაღებად. არაკონკურენტუნარიან განათლებას კი არ შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება.

კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის განსხვავება აქ ყველაზე მკვეთრად ჩანს - სახელმწიფო საკუთარ ამოცანას შესრულებულად ჩათვლის, თუ მეტ პროდუქციას (დიპლომს) გამოუშვებს, ხოლო კერძო - თუ მეტი პროდუქცია გაეყიდება (წარმატებულად დასაქმდება). მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების უმრავლესობისთვის ეს უკვე ცხადია, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ზოგისთვის ეს მაინც იქნება გარკვეული შეღავათის, მათთვის კი პოპულარობის მომტანი.

ზოგიერთ პოლიტიკოსს ასევე მიაჩნია, რომ, როგორც მდიდარ ქვეყნებში, მეცნიერების დაფინანსება აუცილებელია. ეს ძალიან ჰგავს საექსპორტო საქონლის სუბსიდირების იდეას. აქაც მოგვიწოდებენ, რომ გავზარდოთ ახალგაზრდა მეცნიერების დახმარება (სუბსიდირება) იმისთვის, რომ ამერიკულ თუ ევროპულ მეცნიერებას დავეხმაროთ იაფად მიიღონ ინტელექტუალური რესურსები, ანუ ვაწარმოოთ ინტელექტის ექსპორტი ჩვენი ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე(!).

ყველაზე პოპულარულ თემად პოლიტიკოსები მონოპოლიებთან ბრძოლას თვლიან. მონოპოლისტები, როგორც ზოგადად მეწარმეები, უნდათ ყველა ბოროტების სათავედ წარმოადგინონ. გაისმის მოწოდებები ფასებსა და მეწარმეთა შორის ბაზრის გაყოფის გარიგებების დარეგულირების მოთხოვნით. იმასაც კი ამბობენ, თითქოს ამას ევროკავშირი ან ხალხი ითხოვდეს. საქართველოს კანონმდებლობა ამ სფეროში უკვე დაექვემდებარა ევრობიუროკრატიის განხილვებს და პრეტენზიები ამ ეტაპზე აღარ არსებობს. ხოლო ხალხს რაც შეეხება, აქაც იგივე სურათი გვაქვს - რომ არა პროპაგანდა, ასეთ თემებზე ხალხი მარტივად რეაგირებს - ან ამცირებს იმ საქონლის მოხმარებას, რომელიც ეძვირება, ან ზრდის, თუ ფასი კლებულობს.

გასაგებია, რისი მიღწევა შეიძლება ფასის სახელმწიფო რეგულირებით - ხელოვნური, გადამეტებული მოთხოვნის. ანტიმონოპოლიური რეგულირების მეორე „უხილავი“ შედეგი არის თვით მონოპოლიების გარანტირებული არსებობა და საბაზრო პროცესების სრულად მოშლა დარეგულირებულ სეგმენტში. საქართველოშიც, როგორც უცხოეთში, ყველაზე მეტად მონოპოლიზებული/კონცენტრირებული სწორედ დარეგულირებული სფეროებია.

გრაფიკი 1.

უკეთესი რეგულირება კორელაციაშია უცხოური ინვესტიციების მოცულობასთან
Doing Business, 2011

0x01 graphic

ამ მხრივ უპრეცედენტო იყო მთავრობის მიერ ახლახან გაპიარებული ნაბიჯი შესყიდვების ცენტრალიზაციის მიმართულებით. სახელმწიფო შესყიდვებს ისედაც აქვს ხელოვნური მონოპოლიზაციის დიდი ალბათობა და თუ ამას წესად აქცევ, აუცილებლად გამოიწვევს ვიღაცის ავტომატურად გაძლიერებას და ურყევ მონოპოლიად ქცევას, რომელსაც ბაზარი და ახალი კონკურენტები უკვე ვერაფერს დააკლებენ, თუ არა დიდი კორუფცია ან მთავრობის ცვლილება.

რეგულირების ისეთ მიმართულებას, როგორიც სურსათის უვნებლობაა, ასევე მიიჩნევენ მთავრობის უმნიშვნელოვანეს ვალდებულებად. ყველაზე პოპულარული მაინც საკვებზე ინფორმაციის დაწერაა (ქართულად), რასაც, დიდი ალბათობით, ინსპექტორები უნდა მოჰყვნენ, რომლებიც შეამოწმებენ, სწორია თუ არა ის, რაც წერია (ეს იუმორი არ გეგონოთ). შემდგომში აუცილებელი გახდება საკვების დამზადების პროცედურის შემოწმებაც, საზღვრებზე ინსპექციების აღდგენაც... ახლა კითხვას დავსვამ: რას გამოიწვევს ეს? პასუხი: პროდუქტის გაძვირებას და კორუფციას.

არ მგონია, ძნელად შესამჩნევი იყოს, რომ ბოლო დეკადებში ძალიან ბევრი მომსახურება და პროდუქტი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის მიზეზების ჩამონათვალი ალბათ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ალბათ ყველა ხვდება მთავარს - შემოსავლების ზრდა. ამიტომ, სანამ სახელმწიფო ბიუროკრატიის უფრო მეტ ჩარევას გადავწყვეტთ, ამ იდეის ინიციატორმა უნდა დაგვისაბუთოს, რომ უკეთესი საკვების მოხმარება უფრო მეტადაა დამოკიდებული ბიუროკრატიის წარმატებულ საქმიანობაზე, ვიდრე ადამიანების პირად პასუხისმგებლობაზე და მათ შესაძლებლობაზე, იყიდონ უკეთესი და უვნებელი პროდუქტი. ზოგადად, სწორედაც ბიუროკრატიაა ვალდებული დაგვიმტკიცოს, რატომ უნდა შევიზღუდოთ ჩვენი თავისუფლება და არჩევანი.

ასეთი მაგალითების მოყვანით რომ არ გადაგღალოთ, ახლა ძირითად სათქმელზე გადავალ. გაუმჯობესდება თუ გაუარესდება ქვეყანაში ბიზნესგარემო? გაადვილდება თუ გართულდება ეკონომიკური საქმიანობა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის? მე მგონია, და ამას მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ თუ ზემოხსენებული და სხვა მოსაზრებები კანონებში აისახება, ეს ყველაფერი მდგომარეობას გააუარესებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩვენს ეკონომიკურ სივრცეს შემორჩა, არის საკუთრების დაცულობა. ჩემთვის გასაგებია, რომ ეს არის თაობათა პრობლემა და საჭიროებს მეტ დროს (თითქმის ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ასეთივე პრობლემებია). ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მრავალი მოწოდება ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის გაზრდისკენ, თვითონ გახდება საკუთრების უფლების სერიოზული შემზღუდველი ფაქტორი. მივალთ ისეთ სიტუაციამდე, რომ ბიზნესი უკვე კანონიერად იქნება დაჩაგრული(!) - ეს იმის სანაცვლოდ, რომ წინა ხელისუფლების დროს ყველა გადამეტება უკანონოდ ითვლებოდა. მაგალითად, თუ გინდოდათ არალიცენზირებული საქმიანობის დაწყება და ვინმე ხელს გიშლიდათ, ეს უკანონო იქნებოდა. ახლა, თუ ეს საქმიანობა ლიცენზირებული გახდა, ხელი უკვე კანონის ძალით შეგეშლებათ.

მონოპოლიების შეზღუდვა კერძო საკუთრებაზე სერიოზული თავდასხმაა. ისევე, როგორც საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე დამსაქმებლის შეზღუდვა, აღარ გააგრძელოს ისეთ შრომაში ფულის გადახდა, რომელიც არ მოსწონს. საზოგადოებრივი ინტერესისთვის საკუთრების ჩამორთმევა, სავარაუდოდ, ახალ წესებს დაექვემდებარება, რაც მთავრობას ლეგალურ უფლებას მისცემს, იყაჩაღოს.

მოდი გადავამოწმოთ, რამდენად რეალურია ეს მოსაზრებები სხვადასხვა კვლევების მიხედვით, როგორიცაა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და კვლევა მსოფლიოში ბიზნესის კეთების შესახებ.

მაგალითად, ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევის „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ 42-ე რეიტინგი, მკვეთრად შეიძლება გაუარესდეს ხუთიდან სამ კომპონენტში:

- სახელმწიფოს ზომა - ძირითადად სახელმწიფო დახმარების და სუბსიდიების მკვეთრი ზრდის გამო.

- საერთაშორისო ვაჭრობა

- საქართველოს ბაზრის „დაცვის“ ნებისმიერი მცდელობის გამო.

- რეგულირება - შრომის კოდექსის გართულება დამქირავებლის მიმართულებით, სხვადასხვა ახალი რეგულაციების შემოღება (კონკურენციის და საკვების უვნებლობის დარეგულირება).

ასეთივე სურათი გვექნება ანალოგიურ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსშიც“ (საქართველო 21-ე ადგილზეა მსოფლიოში), რომელიც ჰერითიჯის ფონდისა და უოლ სთრით ჯორნალის ეგიდით კეთდება. უკვე პრიორიტეტებად გამოცხადებული ცვლილებები მკვეთრად აისახება, სულ მცირე, შემდეგ კომპონენტებზე:

- ბიზნესის თავისუფლების

- შრომის თავისუფლების

- ვაჭრობის თავისუფლების კუთხით.

ამავე ინდექსის კვლევის საინვესტიციო თავისუფლებისა და საკუთრების თავისუფლების კომპონენტებს, სავარაუდოდ, გააუარესებს მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვაც.

ბიზნესის თავისუფლება შეიზღუდება სამშენებლო ნებართვების გაცემის გართულების შემთხვევაშიც. ეს მსოფლიო ბანკის ცნობილი კვლევის, Doing Business-ის ერთ-ერთი კომპონენტია. ამ კვლევის სხვა კომპონენტები, რომელიც შესაძლოა გაუარესდეს, არის:

გრაფიკი 2.

ეკონომიკური თავისუფლება და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე,
Common Sense Economics, 2010, James Gwartney და სხვა ავტორები

0x01 graphic

- ბიზნესის დაწყება (მაგალითად, სურსათის მიწოდების სფეროში, თუ იქ დაინერგა უვნებლობის უფრო ფართო რეგულაციები);

- საკუთრების რეგისტრაცია (თუ გაჩნდა აკრძალვები და შეზღუდვები უძრავ ქონებასა და მიწაზე საკუთრების გასხვისებაზე, მაგალითად, უცხოელებზე); - სასაზღვრო ვაჭრობა (თუ გამკაცრდა ხარისხის სასაზღვრო კონტროლი. მაგალითად, იმავე საკვების სფეროში).

ასეთმა ძვრებმა, მოსალოდნელია, საქართველოს ადგილი რამდენიმე ათეული საფეხურით გააუარესოს. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? თუნდაც ინვესტორების თავშეკავებას, მეტი ფული დააბანდონ საქართველოში. Doing Business (რომელშიც საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა) მკაფიოდ აჩვენებს პირდაპირ კორელაციას ქვვყნებში ინვესტორთა აქტიურობასა და მათში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებულ რეგულაციის ხარისხთან (იხილეთ გრაფიკი).

ფაქტი, რომ საქართველოში ბოლო წლებში ინვესტიციების დიდი ბუმი არ იყო, სხვა ფაქტებთან ერთად, რეგიონული პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკებითაც აიხსნება. ამიტომ, მით უმეტეს მნიშვნელოვანია ამ კვლევის უკან მდგომი ბიზნესგარემოს შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ასეთივე სურათია ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით. ქვეყანაში, რომელშიც ეკონომიკური თავისუფლება მაღალია, გაცილებით უკეთესი ცხოვრების დონეა, ვიდრე არათავისუფალ ქვეყნებში. რაც მთავარია, ამ ქვეყნებმა გამდიდრებას სწორედ მეტი ეკონომიკური თავისუფლების პირობებში მიაღწიეს და შემდგომში, მრავალი მათგანი სტაგნაციაში შევიდა ეკონომიკური თავისუფლებების შემცირების ფონზე. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა დღეს ამის მკაფიო გამოხატულებაა.

ამ კვლევების მონაცემებს თუ გადახედავთ, მახვილი თვალი იმასაც ადვილად მიაგნებს, რომ პირველ 50 ადგილს შორის პატარა განსხვავებაა და ნებისმიერი მცირე ცვლილებაც ადვილად ცვლის რანგს. როგორც წესი, ზემოთ ასვლა უფრო ნელა ხდება, ვიდრე ქვემოთ ჩამოსვლა.

საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და მეტი ეკონომიკური თავისუფლება, ეს ის პირობებია, რომელიც ადგილობრივ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და მასზე ნაკლებად ზემოქმედებს პოლიტიკური დაძაბულობა ან გლობალური ეკონომიკური მოვლენები. კარგი საინვესტიციო პირობების მქონე ქვეყანა საინტერესოა როგორც ეკონომიკური წარმატების, ასევე წარუმატებელი პერიოდების დროს.

არსებობენ ეკონომიკურად არათავისუფალი, მაგრამ მდიდარი ქვეყნები. მათი სიმდიდრე მთლიანად დამოკიდებულია ნავთობზე. არსებობენ ისეთებიც, რომელთა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ კიდევ ნაკლებად შეძლებული არიან. საქართველო, ღმერთის წყალობით, არ არის მდიდარი ნავთობით და ამიტომ მას უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკა იაფი და გრძელვადიანი რესურსების მოსაზიდად. გაუფრთხილებელი განცხადებები, ბუნდოვანი მოსაზრებები და, მით უმეტეს, პოლიტიკური დაძაბულობა, ინვესტორებს ურთულებს გადაწყვეტილებების მიღებას და მათი რესურსები უფრო მარტივი და ცხადი პირობებისკენ მიემართება.

13 აგრარული უნივერსიტეტი: მითები და ფაქტები

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

0x01 graphic

მითი: კახა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად მიიტაცა.

ფაქტი: მთავრობის თხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე კახა ბენდუქიძემ სოფლის მეურნეობის სფეროში მეცნიერების, კვლევისა და სწავლების განვითარების დაფინანსება გადაწყვიტა. მთავრობამ მას შემდეგი პირობები შესთავაზა: ბიუჯეტში 8.5 მილიონი ლარის გადახდა დადგენილი გრაფიკით და ამდენივეს ინვესტირება უნივერსიტეტში. ამ დროისთვის, ინვესტიცია 12 მილიონს შეადგენს. სულ, ცოდნის ფონდის მეშვეობით, კახა ბენდუქიძემ საგანმანათლებლო მიზნებისთვის ორი წლის განმავლობაში 80 მილიონი ლარი დახარჯა. სახელმწიფომ 5 წლის განმავლობაში იმავე მიმართულებით - მხოლოდ 180 მილიონი ლარი.  

მითი: აგრარული უნივერსიტეტის მეშვეობით კახა ბენდუქიძემ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ქონებაც მიითვისა.

ფაქტი: აგრარულ უნივერსიტეტთან 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შერწყმა საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მოხდა 2010 წელს ანუ მანამდე, სანამ აგრარული განათლების და მეცნიერების ფონდი უნივერსიტეტს შეიძენდა. შედეგად, უნივერსიტეტს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კუთვნილი მხოლოდ 5 შენობა დარჩა. დანარჩენი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობები, რომელთა უმრავლესობა თბილისის პრესტიჟულ უბნებში მდებარეობდა, ისევ სახელმწიფოს ეკუთვნის. მათ შორისაა ის შენობაც, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მდებარეობს და სადაც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. ამასთან, ადრე სახელმწიფო თითოეულ ამ ინსტიტუტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარით აფინანსებდა. როცა უნივერსიტეტის მფლობელი ფონდი გახდა, მთავრობამ ეს დაფინანსება შეწყვიტა. შედეგად, ამ ინსტიტუტების შენახვა ახლა აგრარული უნივერსიტეტის ხარჯზეა.

მითი: აგრარულ უნივერსიტეტში სწავლა გაძვირდა და თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ, საქართველოში სწავლა ყველაზე ძვირი ამ უნივერსიტეტში ღირს.

ფაქტი: აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის საფასური არ გაზრდილა. თითქმის იგივეა, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში და 2400 ლარს შეადგენს.

მითი: კახა ბენდუქიძეს გადაეცა 400 მილიონი დოლარის ქონება. 400 მილიონი დოლარის დათვლა მოხდა შემდეგნაირად: ერთ-ერთი ყოფილი ლექტორის განცხადებით, დიღომში არის 800 ჰექტარი მიწა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კუთვნილებაში, 1 კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს საშუალოდ 50 აშშ დოლარს.

ფაქტი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწის ფართი დიღომში შეადგენს 13-ჯერ ნაკლებს (60 ჰექტარს) და არა 800 ჰექტარს. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კუთვნილი ტერიტორიების გასხვისება დაიწყო 1991 წლიდან. შესაძლოა, საბჭოთა პერიოდში, აგრარულ უნივერსიტეტს და მასში შემავალ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს მართლაც ჰქონდათ 800 ჰექტარი მიწა, მაგრამ ბოლო ოცწლეულის მანძილზე, სხვადასხვა მიზეზით ხდებოდა ამ ტერიტორიის გასხვისება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიწის ძვირადღირებული ნაკვეთები, რომელიც მანამდე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, 2003 წლამდე იყო გაყიდული. ამ ტერიტორიებზე ახლა განთავსებულია ავტოკომპანიები, ავტოგასამართი სადგურები, რესტორნები და ა.შ. გარდა ამისა, ვალდებულებით დატვირთული (მას ფონდი ვერ გაყიდის კომერციული მიზნებისთვის, საკუთარი შეხედულებისამებრ) სასოფლო-სამეურნეო მიწა, გამორიცხულია, 50 აშშ დოლარი ღირდეს.

მითი: ბოლო ორი წლის განმავლობაში (ბოლოს მიღებული ავტორიზაცია/აკრედიტაციის შემდეგ) აგრარულ უნივერსიტეტში მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ საჭირო გახდა, საქართველოს განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, არაგეგმიური პროცედურების გატარება და უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება.

ფაქტები:

  • 2011 წლის შემდეგ შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 50 ლაბორატორია, ექვსი ახალი კვლევითი ცენტრი და რეგიონში საუკეთესო ვეტერინარული კლინიკა.

  • 3,5-ჯერ გაიზარდა პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასები.

  • საზღვარგარეთ მოღვაწე 20-მდე წარმატებული ქართველი მეცნიერი დაუბრუნდა საქართველოს და აგრარულ უნივერსიტეტს.

  • 2012 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების მაჩვენებლით, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა 37-დან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

  • უნივერსიტეტმა დააფინანსა და მიმდინარეობს 47 კვლევის პროექტი, რომელთა ბიუჯეტი ერთი წლის განმავლობაში 800 ათას ლარს შეადგენს.

14 დაგვაცადე სწავლა, მინისტრო!

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

ელენე კვანჭილაშვილი
ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი

12 მარტს, დილის ხუთ საათზე, 10-საათიანი მსჯელობის შედეგად, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის კომისიამ გადაწყვიტა და აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უმაღლეს სასწავლებელს აღარ აქვს სწავლების უფლება.

რა შედეგს მოიტანს ეს გადაწყვეტილება:

სტუდენტებისთვის - ისინი სხვადასხვა უნივერსიტეტში უნდა გადანაწილდნენ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით. აგრარულის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ეს სასწავლებელი 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგით 57 უნივერსიტეტს შორის მე-6 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტში შედარებით მაღალქულიანი სტუდენტები ხვდებიან. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აგრარულის სტუდენტებს ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლა მოუნდებათ, სადაც შედარებით მაღალი ხარისხის განათლების მიღებაა შესაძლებელი.

განსაკუთრებით ისინი დაიჩაგრებიან, ვინც ისეთ სპეციალობებს ეუფლება, რომლებსაც სხვა უმაღლესებში ვერ შესთავაზებენ. აგრარულ უნივერსიტეტში ასეთი ხუთია: სავეტერინარო მედიცინა, ზოოტექნოლოგია, მევენახეობა-მეღვინეობა, აგრონომია, ელექტროინჟინერია და მართვის ავტომატიზებული სისტემები. ამ შემთხვევაში არსებობს ერთადერთი გამოსავალი - სტუდენტმა ხელახლა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ასეთ სპეციალობებს აგრარულ უნივერსიტეტში 350 სტუდენტი ეუფლება.

ამ პრობლემის მოგვარებას განათლების მინისტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული ფაკულტეტის გახსნით და აღჭურვით აპირებს. თუმცა უცნობია რამდენად აქვს გაცნობიერებული, რომ დანაპირების შესასრულებლად დიდი ინვესტიცია და დრო დასჭირდება, ან რამდენად შეძლებს მინისტრი, ფორსირებულ რეჟიმში და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პირობებში, შექმნას ისეთი ფაკულტეტი, რომელიც კანონის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების არა, მაგრამ განსხვავებული საგნების ჩაბარება მოუწევს დაახლოებით ათას ხუთას სტუდენტს, რომლებიც თავიანთ მსგავს პროგრამებზე სხვა უნივერსიტეტებში გადანაწილდებიან.

გაუგებარია მათი ბედი, ვინც აგრარულ უნივერსიტეტში ჯერ კიდევ ძველი სისტემით სწავლობდა და მაგისტრის დიპლომი 5 წლის სწავლის დასრულების შემდეგ უნდა აეღო.

კანონის თანახმად, ავტორიზაციის გაუქმების ავტომატური შედეგია აკრედიტაციების შეწყვეტა, რაც თავის მხრივ ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული სტუდენტური გრანტების გაუქმებას იწვევს. ჩვენი კანონმდებლობა დაკარგული გრანტის აღდგენას არ ითვალისწინებს. გრანტის მინიჭება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ხდება. სტუდენტები ვეღარ ისარგებლებენ ვერც მობილობით, რადგან კანონის მიხედვით, მობილობა ერთი მოქმედი უნივერსიტეტიდან მეორეში გადასვლას ნიშნავს.

ცალკე საკითხია ჯარში გაწვევა. სტუდენტის სტატუსი ვაჟებს ჯარში წასვლის გადავადების უფლებას აძლევს. სტატუსის გარეშე, მათ სავალდებულო სამსახური მოუწევთ.

პროფესორებისთვის - ისინი სამსახურის და ხელფასის გარეშე დარჩებიან. შეწყდება სამეცნიერო გრანტები და კვლევითი პროექტები.

დღეს აგრარულ უნივერსიტეტში 290 მეცნიერი და 231 პროფესორი მუშაობს მუდმივ შტატში. დამატებით, სასწავლებელს მოწვეული ჰყავს 115 პროფესორი. 20 მეცნიერი აგრარულ უნივერსიტეტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტებიდან დაბრუნდა და თავიანთ საქმიანობას აქ განაგრძობს. დღეს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასი შეადგენს საშუალოდ 600 ლარს, ხოლო უფრო წარმატებული მეცნიერების ხელფასი გარკვეულ შემთხვევებში 3150 ლარს აღწევს.

თანაც უმეტეს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსები დასრულებულია, შტატები შევსებულია რამდენიმეწლიანი კონტრაქტებით და მოწვეული პროფესურაც განსაზღვრულია. კიდევ უფრო მძიმე დღეში არიან და სრულიად გაუგებარია სად უნდა დასაქმდნენ ის ადამიანები, ვინც იმ დისციპლინებს ასწავლიდა, რომლებიც სხვა უნივერსიტეტებში საერთოდ არ ისწავლება. ასეთი 70-მდე პროფესორია.

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ბენდუქიძე აღნიშნავს, რომ თუ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაციას არ აღუდგენენ, თავისუფალი უნივერსიტეტი ეცდება აკრედიტაციის მოპოვებას ყველა იმ პროგრამაზე, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში ისწავლებოდა - იმისთვის, რომ სტუდენტებს და პროფესურას სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვაში დაეხმაროს. თუმცა, ამ პროცესმა შესაძლოა დიდი დრო წაიღოს.

აბიტურიენტებისთვის - მათ, ვისაც ვეტერინარობა ან აგრონომის პროფესია აინტერესებთ და არ სჯერათ, რომ მარგველაშვილი შეძლებს ექვს თვეში ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარულზე უკეთესი სასწავლო გარემოსა და პირობების შექმნას, ალტერნატიული პროფესიის არჩევა მოუწევთ.

0x01 graphic

კიდევ ერთი საფრთხე, რომელზეც რამდენჯერმე გაკვრით ითქვა, აგრარული უნივერსიტეტის საკუთრების უფლების ხელყოფის რისკია: აგრარული განათლების და მეცნიერების ფონდს აგრარული უნივერსიტეტი იმ პირობით აქვს შესყიდული, რომ საქმიანობის პროფილს ვერ შეცვლის. შესაბამისად, თუ უნივერსიტეტს ავტორიზაცია დიდხანს ექნება გაუქმებული, გამოვა, რომ ის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს და შესაძლოა, დღის წესრიგში ფონდისთვის მისი ჩამორთმევის საკითხიც დადგეს.

საინტერესოა, რა სიკეთის დასაცავად გადაწყვიტა საბჭომ ამხელა ზიანის მიყენება აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის და აბიტურიენტებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რას „აშავებდა“ აგრარული ისეთს, რომ მისი დახურვა მეტ სიკეთეს მოიტანდა, ვიდრე ფუნქციონირება. მით უმეტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ (ამ შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭომ) არ შეიძლება გამოიტანოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სიკეთე:

სტუდენტების კონსტიტუციური უფლების დარღვევად მონიტორინგის საბჭომ უნივერსიტეტის შიდა წესი ჩათვალა, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტი უფლებას იტოვებდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტისთვის სტატუსი შეეწყვიტა. განათლების სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ მიზეზით უნივერსიტეტიდან 609 სტუდენტი გარიცხეს. განათლების მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, რომ არცერთ სტუდენტს არ უჩივლია იმიტომ, რომ „ბევრ სხვასაც არ უჩივლია ბევრ სხვა დარღვევასთან დაკავშირებით“ .

ამ ბრალდების საპასუხოდ, უნივერსიტეტი ამბობს, რომ „სასწავლო პროცესის რეგულირების წესში“ არასდროს ყოფილა ჩანაწერი, რომელიც დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსს შეუწყვეტდა. ამ შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი დროებით შეუჩერდებოდა - ზუსტად ისე, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. უნივერსიტეტის იურისტების მტკიცებით, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ 2011-2012 წლებში არცერთი სტუდენტი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო არ გარიცხულა. მეტიც, უნივერსიტეტმა გააუქმა გამოცდის გადაბარების საფასური, რაც უმრავლეს უნივერსიტეტებში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მტკიცებით, ყველა, ვინც გაირიცხა, გაირიცხა არა იმიტომ, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს, არამედ იმიტომ, რომ სემესტრის განმავლობაში ექვსი გამოცდიდან ხუთში ჩაიჭრა. მეტიც, უნივერსიტეტმა ხელმოკლე სტუდენტებისთვის სპეციალური დასაქმების პროგრამა შეიმუშავა: არასალექციო დროს ისინი ბიბლიოთეკაში მუშაობენ, ხელფასის სახით 200 ლარს იღებენ და შემდეგ შეუძლიათ სწავლის საფასური დაფარონ.

  • მონიტორინგის საბჭომ დარღვევად მიიჩნია, რომ აგრარულმა უნივერსიტეტმა ორ სტუდენტს სომხეთის ამერიკულ უნივერსიტეტში გავლილი კურსები კრედიტად ჩაუთვალა. საბჭოს მტკიცებით, უნივერსიტეტს არ ჰქონდა უფლება განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე ეღიარებინა წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული კრედიტები.

როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები განმარტავენ, მათ ეს პრობლემა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე ამოწურეს - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ავტორიზაციის ჩამორთმევამდე დაადასტურა, რომ ამ სტუდენტებმა სომხეთში ადეკვატური განათლება მიიღეს და უნივერსიტეტს შეეძლო იქ გავლილი კურსები კრედიტებად ჩაეთვალა.

  • ავტორიზაციის საბჭომ აგრარულის ლექტორების კვალიფიკაციაც პრობლემად მიიჩნია. მათი მტკიცებით, ლექციებს მაგისტრატურის სტუდენტები კითხულობენ. ამ შენიშვნას უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა - „არცერთი ლექტორი არ ჰყავს აგრარულ უნივერსიტეტს. სტუდენტებთან ლექციებზე მათი თანატოლები შედიან“ .

განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სწავლების სტანდარტი დაცულია, თუ 24 და მეტი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, უნივერსიტეტს 70 სტუდენტზე მინიმუმ ერთი სრული ან ასოცირებული პროფესორი, ამასთან, არანაკლებ 25 სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორი ჰყავს.

აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს 2000-მდე სტუდენტი, უნივერსიტეტს აქვს 25-მდე საგანმანათლებლო პროგრამა. შესაბამისად, ნორმატიული აქტის საფუძველზე, საკმარისია აგრარულ უნივერსიტეტს ჰყავდეს 30-მდე პროფესორი. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, უნივერსიტეტში 231 პროფესორი მუშაობს, ამათგან 108 სრული და ასოცირებული პროფესორია. ნახევარზე მეტი 40 წელს გადაცილებულია.

უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, მაგისტრატურის სტუდენტებს ლექტორის სტატუსი არ ჰქონიათ. ისინი ლექტორებს სასემინარო სამუშაოს წარმართვასა და ორგანიზებაში ეხმარებოდნენ, რაც კარგად აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა.

  • ავტორიზაციის საბჭომ პრობლემად ჩათვალა ისიც, რომ აგრარულში ლექციებს უცხოეთში განათლებული ლექტორები კითხულობენ, რომელთა ხარისხიც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს არ უღიარებია.

ამ შენიშვნის გახმოვანებით, საბჭომ ხელისუფლება ამხილა კანონის უხეშ დარღვევაში. მოგეხსენებათ, იუსტიციის მინისტრს და ამავდროულად პროკურორს, თეა წულუკიანს, კანონით მოეთხოვება უმაღლესი იურიდიული განათლება. ამ უკანასკნელს ხარისხი მიღებული აქვს საფრანგეთში და თანაც სახელმწიფო მართვაში და არა სამართალში. იმისთვის, რომ მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში უმაღლეს იურიდიულ განათლებად ჩაითვალოს, ის განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა უნდა აღიაროს ასეთად. იუსტიციის მინისტრს ეს პროცედურა არ გაუვლია, ამის მიუხედავად, კვლავინდებურად იკავებს პოსტს და ინარჩუნებს უფლებამოსილებას, სისხლის სამართლებრივი დევნა აწარმოოს სახელმწიფოს სახელით.

ამდენად, გაუგებარია, რატომ უთვლის ხელისუფლება აგრარულ უნივერსიტეტს პრობლემად იმას, რომ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში განათლება მიღებული ლექტორები უკითხავენ სტუდენტებს ლექციებს, მაშინ როდესაც უცხოეთში განათლებულ სახელმწიფო მართვის მაგისტრს უჭირავს თანამდებობა, რომელიც უმაღლეს იურიდიულ განათლებას მოითხოვს.

  • მონიტორინგის ჯგუფმა პრობლემად მიიჩნია დოქტორის ხარისხის დაცვასთან დაკავშირებული პროცედურა. უფრო ზუსტად, ის ვერ შეთანხმდა აგრარულ უნივერსიტეტთან იმაზე, თუ როდის მთავრდება 2012 წელი.

საქმე ისაა, რომ უნივერსიტეტს სადოქტორო პროგრამების განხორციელების აკრედიტაცია 2006 წელს მიენიჭა და ძალაში 2007-2008 სასწავლო წლიდან შევიდა ხუთი წლის ვადით, 2011-2012 სასწავლო წლამდე. აგრარულმა სადოქტორო ხარისხი რამდენიმე სტუდენტს 2012 წლის ოქტომბერში მიანიჭა. საბჭოს მტკიცებით, 2012 წელი დასრულდა არა დეკემბერში, როგორც ამას აგრარული ამბობს, არამედ სექტემბერში. ანუ მაშინ, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო და უნივერსიტეტს არ აქვს უფლება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე სწავლების დაწყების განსხვავებული ვადები დააწესოს.

რეალურად, კანონში მსგავსი არაფერი წერია. სადოქტორო პროგრამების დაწყება და დასრულება უნივერსიტეტში რექტორის ბრძანებით რეგულირდება, რადგან კანონის მიხედვით, სადოქტორო პროგრამებს მკაცრად განსაზღვრული კალენდარული სტრუქტურა არ აქვთ.

ბიბლიოთეკასთან მიმართებით, მონიტორინგის კომისიამ „უხეშ დარღვევად“ ჩათვალა ის, რომ კატალოგში ათამდე ძირითადი სახელმძღვანელო არ იძებნებოდა და ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ რამდენიმე სტატიის PDF ვერსიის მიღება-ჩაბარების აქტი ვერ წარმოადგინა. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფმა აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკაში აღრიცხული იყო და ფიზიკურადაც იძებნებოდა მილიონ-ნახევარზე მეტი წიგნი.

უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ 10 წიგნის შესაგროვებლად მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რადგან ის პროგრამები, სადაც სახელმძღვანელო ეს ლიტერატურა იქნება, უნივერსიტეტში 2-3 წლის შემდეგ ამოქმედდება.

ამასთან, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც ადგენს კერძო ორგანიზაციისთვის ელექტრონული ფაილების მიღება-ჩაბარების აქტების წარმოების ვალდებულებას.

მონიტორინგის ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ აუდიტორიები, სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, სპორტული დარბაზები, სააქტო დარბაზი, აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები, შეხვედრის ოთახები, ადმინისტრაციის კაბინეტები და დამხმარე ფართი უნივერსიტეტის მფლობელობაში ვერ ჩაითვლებოდა, რადგან მათი განკარგვის ხელშეკრულებას ვადა ჰქონდა გასული.

უნივერსიტეტის იურისტებმა სხდომაზე განმარტეს, რომ ქონების მფლობელ ფონდთან ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც შემმოწმებლებს გამორჩათ - კერძოდ, ის, რომ ხელშეკრულება ძალადაკარგულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, როცა მხარეები შეწყვეტენ. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ავტომატურად გრძელდება, თუ მხარეებმა არ შეწყვიტეს. ეს არ მომხდარა.

მონიტორინგის ჯგუფს შენიშვნები ჰქონდა კონკურსებთან დაკავშირებითაც. დასკვნის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსები არასამართლიანი და გაუმჭვირვალე იყო. ამის მაგალითად ჯგუფმა მოიყვანა შემთხვევა, როცა უნივერსიტეტმა ერთი ვაკანსია გამოაცხადა, თუმცა კონკურსის შემდეგ ორი ადამიანი დაასაქმა.

აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ მათთვის გაუგებარია, რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მონიტორინგის ჯგუფს იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტმა კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი დაასაქმა, მაგრამ ამასთან ერთად, ადგილი დაამატა და ის პიროვნებაც აიყვანა სამსახურში, ვისი განათლება და პროფესიონალიზმი შთამბეჭდავად ჩათვალა. უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, კონკურსის შედეგი არასამართლიანი ვერ იქნებოდა, რადგან გამარჯვებული ერთი ადამიანი იყო, მეორისთვის კი - უნივერსიტეტმა უბრალოდ ადგილი დაამატა. თან იმ პირობებში, როცა მას ამას საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს.

სულ ეს არის იმ პრობლემების ჩამონათვალი, რის გამოც ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტის ფაქტობრივი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მკითხველმა განსაჯოს, რამდენად აღემატება „სიკეთე“ , რომელსაც უნივერსიტეტის დახურვა სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის იწვევს, იმ „ზიანს“ , რომელსაც ეს ბიუროკრატიული ხარვეზები აყენებს მათ და განათლების ხარისხს.

ავტორიზაციის საბჭოს სიხისტე განსაკუთრებით გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს ხარისხის კონტროლის სხვა, ნაკლებად უხეში მექანიზმი აკრედიტაციის სახით. ეს ინსტრუმენტი კონკრეტული პროგრამების მონიტორინგს გულისხმობს და საჭიროების შემთხვევაში მის გაუქმებას ითვალისწინებს. ასე მოხდა 2006 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში, როდესაც ამ უკანასკნელს კონკრეტული პროგრამების სწავლების აკრედიტაცია ჩამოერთვა და ხარვეზების გამო უნივერსიტეტი არ დაუხურავთ.

კიდევ ერთი გარემოება, რაც საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს, ისაა, რომ საბჭოც და მონიტორინგის ჯგუფიც დიდწილად აგრარული უნივერსიტეტის კონკურენტი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისგან შედგება. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ ინტერესთა კონფლიქტზე, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, კანონმდებლობა საბჭოს წევრებს თვითაცილებას ავალდებულებს.

ამ გადაწყვეტილების კეთილსინდისიერებას ჩრდილს აყენებს თავად განათლების მინისტრის განცხადებებიც. დღიდან ავტორიზაციის გაუქმებისა, ნებსით თუ უნებლიეთ, ბატონი მარგველაშვილი სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. გასული დღეების განმავლობაში ის ამტკიცებდა, რომ აგრარულის ავტორიზაცია კი არ გაუქმდა, არამედ შეჩერდა - მაშინ, როდესაც ავტორიზაციის „შეჩერებას“ კანონი არ ითვალისწინებს და ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარემ კახი ყურაშვილმა ნათლად თქვა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაცია გაუქმებულია.

მინისტრმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს უნივერსიტეტს ხარვეზების გასასწორებლად

გონივრული ვადა არ მოუთხოვია, მაშინ როდესაც სხდომის ვიდეოჩანაწერში ცხადად ისმის, როგორ ითხოვს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი გონივრულ ვადას საბჭოს მიერ დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. მინისტრი შეცდა მაშინაც, როცა თქვა, რომ ავტორიზაციის საბჭო „5 წუთში აღადგენს“ ავტორიზაციას, თუ ხარვეზები გამოსწორდება. საქმე ისაა, რომ კანონი ავტორიზაციის „აღდგენას“ არ ითვალისწინებს, ავტორიზაცია შეიძლება მხოლოდ მიენიჭოს. ავტორიზაციის მინიჭება კი „5 წუთზე“ გაცილებით ხანგრძლივი პროცესია და აგრარულის ყველა პროგრამის ხელახალ აკრედიტაციას გულისხმობს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ავტორიზაციის გაუქმება აკრედიტაციების გაუქმებასაც იწვევს. ამასთან, მინისტრის „5 წუთი“ , მალევე გადაიქცა „ორ-სამ კვირად“ მას შემდეგ, რაც აგრარულის სტუდენტებმა მას დოკუმენტაცია წარუდგინეს და თავადაც მოუწია იმის აღიარება, რომ „ხარვეზები გამოსწორებულია“ . დაზღვეულები არ ვართ, რომ მინისტრის მიერ დაპირებული „5 წუთის“ არ იყოს, „ორი-სამი კვირის“ შემდეგ, ორ-სამ თვეზე დაიწყოს საუბარი.

ამის საპირისპიროდ, მინისტრმა გულწრფელობა გამოავლინა, როდესაც აღიარა, რომ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა წაკითხულიც არ ჰქონდა, ისე ცდილობდა სტუდენტების დარწმუნებას ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სისწორეში. ამის მიზეზად კი, დასკვნის სიდიდე დაასახელა.

საინტერესოა ისიც, რომ მმართველი გუნდიდან თითქმის არავინ მოისურვა განათლების მინისტრის პოზიციის დაცვა. ამის გამო, ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრის შენიშვნაც მიიღო. „პარლამენტის განათლების კომიტეტსაც კი ხმა არ ამოუღია, თითქოს მარტო ერთი კაცის ბრძოლა იყო ეს... მარგველაშვილი ნაწყენია ობიექტურად... ფეისბუქზეც არ აფიქსირებდა საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციას“ , - განაცხადა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ სტუდენტებს მოუწოდა, არ მოემსახურონ „ვიღაცის იდეოლოგიას“ და „არ ითამაშონ სხვისი თამაში“ .

აღწერილიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სტუდენტები, პროფესორები და საზოგადოების ნაწილი, რომელთაც მარგველაშვილი „ბენდუქიძის მძევლებს“ უწოდებს, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას ხელისუფლების პოლიტიკურ თამაშად აფასებენ და თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტის - კახა ბენდუქიძისადმი პირადი ანგარიშსწორების სურვილით არის ნაკარნახევი.

ამ მოსაზრებას ის ფაქტებიც ამყარებს, რაც ავტორიზაციის გაუქმებას უსწრებდა წინ:

2013 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ გააუქმა ტენდერი, რომელიც შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის - ათასწლეულის გამოწვევის - ფარგლებში ჩატარდა და რომლის შედეგადაც თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის პროექტში გაიმარჯვეს.

ამის შემდეგ მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერი ახალი პირობებით - გადაწყდა, რომ ქართული მხრიდან მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ ტენდერში მონაწილეობის უფლება, მაშინ როდესაც ამერიკული მხარე იმავე მოთხოვნას ამერიკულ უნივერსიტეტებს არ უწესებს.

ამ შეზღუდვის შემოღების ერთადერთი მოტივაცია, კახა ბენდუქიძის ვარაუდით, ისაა, რომ აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს უკვე გაწეული ჰქონდათ მოსამზადებელი სამუშაო, მოლაპარაკებულნი იყვნენ ამერიკულ უნივერსიტეტებთან და ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ისევ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები გაიმარჯვებდნენ.

  • 2013 წლის თებერვალში დაიწყო პროცედურა ოთხ პროფესიულ კოლეჯში აგრარული უნივერსიტეტისთვის თანადამფუძნებლის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ამ კოლეჯების თანადამფუძნებელი აგრარული უნივერსიტეტი 2012 წლიდან იყო.

  • აგრარულ უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული ბაზები დაუბლოკეს 11 მარტს, მანამდე, სანამ ავტორიზაციის საბჭო უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაციას გაუუქმებდა.

უკვე ერთი კვირაა სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაბათილებას ითხოვენ. ჯერჯერობით უშედეგოდ. თუმცა, შესაძლოა, ჟურნალის გამოსვლამდე ხელისუფლება მიხვდეს, რომ შეცდომა დაუშვა და გამოასწოროს. მაგრამ ნიშანდობლივია, რომ აგრარული უნივერსიტეტის მხარდამჭერებს შორის, სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვინც უნივერსიტეტის გადარჩენასთან ერთად, განათლების სფეროში სახელმწიფოს ჩარევის აკრძალვას მოითხოვს და ავტორიზაციის კონსტიტუციურობის საკითხს აყენებს.

საქმე ისაა, რომ ვარდების რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ განათლების სფეროს ლიბერალიზაციისკენ გადადგმული რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის შემდეგ, თავადვე შეცვალა კურსი ბიუროკრატიზაციითა და ცენტრალიზაციით. მართალია, წინა მთავრობას ახლანდელისაგან განსხვავებით ოპოზიციური კერძო უნივერსიტეტი არ დაუხურავს, მაგრამ კანონი, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა, სწორედ მან მიიღო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი მონსტრი - ავტორიზაციის მექანიზმი - წინა მთავრობის დროს შეიქმნა. მარგველაშვილი შაშკინის შექმნილ იარაღს იყენებს.

ის ადამიანები, რომლებიც ავტორიზაციის პროცესის კონსტიტუციურობას აყენებენ ეჭვქვეშ, მიუთითებენ, რომ კონსტიტუციის 35-ე მუხლი განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას აბსოლუტური სახით აყალიბებს და მისი შეზღუდვის შესაძლებლობას, სხვა უფლებებისა და თავისუფლებებისაგან განსხვავებით, საერთოდ არ ითვალისწინებს. ამასთან, კონსტიტუციის მესამე მუხლი ცენტრალურ ხელისუფლებას საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის შესახებ კანონმდებლობის მიღების უფლებამოსილებას აძლევს, მაგრამ არა - ავტორიზაციის. ალბათობა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწიოს, დიდია. ასე რომ, აგრარული უნივერსიტეტის შემთხვევა შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევის საბაბი გახდეს.

15 ახალი პაპის ახალი წესები

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ლევან სუთიძე

0x01 graphic

„ღმერთმა გაპატიოთ, რაც თქვენ ჩაიდინეთ“ , - უთხრა ახლადარჩეულმა პაპმა ვახშმად შეკრებილ კარდინალებს, როდესაც პურპუროსნები მის სადღეგრძელოს სვამდნენ. ამ ხუმრობის გაგება შეიძლება სხვაგვარადაც: „თქვენ ჯერ კიდევ ინანებთ ჩემს არჩევას!“ .

მას შემდეგ, რაც კარდინალმა ჟან-ლუი ტორანმა წმინდა პეტრეს აივანზე ახლადარჩეული პაპის ვინაობა და მისი საპაპო სახელი გამოაცხადა, ყველაზე არაინფორმირებული მაყურებელიც კი ზურგის ტვინით მიხვდა, რომ არა მხოლოდ ვიღაც, არამედ რაღაც შეიცვალა. ვიღაცები ვატიკანში სულ იცვლებოდნენ, რაღაცები კი არა. აქამდე არ გვინახავს პაპი, რომელიც უპოვარი და ღარიბებისთვის თავმიძღვნილი წმინდანის, ფრანცისკე ასიზელის სახელს დაირქმევდა. ამ ორდენის წევრები მოყავისფრო, ღარიბულ სამოსს ატარებენ და წმინდა ფრანცისკეს გზას მისდევენ. სწორედ ამიტომ, სიტყვა პონტიფექსსა და ფრანცისკე ასიზელს შორის კავშირის პოვნა მაყურებელთა უმრავლესობას გაუჭირდა. რა კავშირი აქვს საპაპო ბრწყინვალებასა და უპოვრებას ერთმანეთთან? წარმოდგენათა კრიზისი აქ არათუ მთავრდება, იწყება.

0x01 graphic

ფეხის განბანვის ცერემონიალი ნარკოდამოკიდებულთა თავშესაფარში

0x01 graphic

ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც კარდინალი ბერგოლიო მსახურობდა

პაპის რანგში კარდინალ ხორხე მარიო ბერგოლიოს პირველი გამოჩენა მრავალი საგულისხმო ჟესტით გამოირჩეოდა. ის პირველი არაევროპელი პაპი გახლავთ ათასი წლის მანძილზე, ის არის ასევე პირველი, ვინც მრევლს დალოცვა იქამდე სთხოვა, სანამ თავად დალოცავდა. თამამად შეიძლება ითქვას - ვატიკანის ცენტრალურ აივანზე მის გამოჩენას არავინ ელოდა. პაპი ბენედიქტეს გადადგომის შემდეგ, მსოფლიო პრესამ დაასახელა მრავალი „პაპაბილი“ - გავლენიანი კარდინალები მთელი მსოფლიოდან, რომელთაც პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსი ჰქონდათ. კარდინალი ბერგოლიო, პაპი ფრანცისკე, მათ აბსოლუტურ უმრავლესობაში არ გახლდათ. თუმცა ის უმოკლეს დროში აირჩიეს - 115-მა ამომრჩეველმა კარდინალმა, 77-კაციანი აუცილებელი კვორუმით. ბერგოლიო არასდროს ყოფილა ვატიკანის ადმინისტრაციის ნაწილი, ამასთან, ყველა მოელოდა, რომ კონკლავი არჩევანს რომელიმე ახალგაზრდა კარდინალზე შეაჩერებდა, რადგან პაპმა ბენედიქტემ გადადგომის მიზეზად სწორედ ასაკი დაასახელა.

76 წლის პაპი, წმინდა პეტრეს ცენტრალურ აივნიდან მდუმარე წარდგა მსოფლიოს წინაშე. პაპს არ მოსავდა წითელი მოცეტა და მის გულზე არ ბრწყინავდა ოქროს ჯვარი, რომელსაც აუცილებლად შეამჩნევდით, როგორც პაპი ბენედიქტეს, ისე იოანე-პავლე მეორის პირველი გამოჩენისას. მრავალმა კომენტატორმა აღნიშნა, რომ ის დამფრთხალიც კი ჩანდა. შემდეგ პაპმა უბრალოდ თქვა: „საღამო მშვიდობისა“ .

მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ იხრის ქედს ახალი პონტიფექსი მრევლის წინაშე და დალოცვას ითხოვს, მას შემდეგ, რაც პაპი იტყვის: „ჩემმა ძმა კარდინალებმა მე მიპოვეს ქვეყნიერების დასალიერში“ და იგულისხმებს არგენტინას, ყველა დასვამს ერთ დიდ კითხვის ნიშანს - ვინ არის ეს კაცი?

ახალი პაპი იტალიური წარმოშობის არგენტინელია. არ შემცდარა ის, ვისაც მასზე მოკრძალებული და „ლოცვის ადამიანის“ შთაბეჭდილება დარჩა. განსხვავებით პაპი ბენედიქტესგან, რომელსაც ინტელექტუალად იცნობდნენ, პაპი ფრანცისკე უფრო მწყემსია, ვიდრე „დოქტორი ბავარიიდან“ .

პაპობამდე ბუენოს-აირესის კათედრალის პირდაპირ ცხოვრობდა. არა არქიეპისკოპოსის რეზიდენციაში, არამედ უბრალო სახლში. ცნობილია, რომ ბერგოლიომ უარი განაცხადა ლიმუზინით მგზავრობაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსით დადიოდა - „ხალხთან ახლოს“ . როგორც ცნობილია, ის თავად იმზადებდა საჭმელს. საუბრობენ იმაზე, რომ პაპი ბერგოლიო სასულიერო გზას იმედგაცრუებული სიყვარულის გამო შეუდგა - ბერგოლიოს არასდროს დაუმალავს, რომ ერისკაცობაში ჰყავდა ის, რასაც ჩვენთან შეყვარებულს ეძახიან, რომელსაც შემდეგ დაშორდა. მაგრამ მღვდელი აფექტის მდგომარეობაში იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ გახდები, რომ არც არავინ დაუშვებს ამას. კათოლიკე ეკლესიის კანონიკური წესრიგით, მღვდლად კურთხევისთვის მრავალი წელია საჭირო.

კარდინალი ბერგოლიო ყველაზე მიუსაფარი და ღარიბი ხალხის იერარქი გახლდათ. ის დადიოდა ჰოსპიტალში და ფეხზე ემთხვეოდა ავადმყოფებს, მათ შორის შიდსით ინფიცირებულ პაციენტებს. ის გახლავთ ფარისევლობისა და საეკლესიო კარიერიზმის აქტიური მოწინააღმდეგე. ცნობილია, რომ არგენტინაში რამდენიმე მღვდელმა უარი უთხრა დაუქორწინებელ ქალბატონს ახალშობილის მონათვლაზე. მეორე დღეს კარდინალი ბერგოლიო კათედრაზე ავიდა და თქვა: „ფარისეველო ნეოკლერიკალებო!“

„ახალგაზრდა დედას მოუწია პილიგრიმობა, ტაძრიდან - ტაძარში, მცდელობაში, ეპოვა ვინმე, ვინც მის შვილს მონათლავდა... უნდა დასრულდეს საკრამენტული შანტაჟი, მე ბოდიშს ვიხდი ამ მღვდლების გამო. დიახ, ჩვენს ეპარქიაში არიან მღვდლები, რომლებიც არ ნათლავენ ბავშვს იმის გამო, რომ ის ჩაისახა წმინდა ქორწინების გარეშე და მე გთხოვთ ამისთვის პატიებას!“ - თქვა პაპმა ფრენცისკემ ბუენოს-აირესში.

0x01 graphic

არგენტინელი კათოლიკები პაპის არჩევას ზეიმობენ

საერთაშორისო პრესაში მალევე გამოჩნდა პაპის ცხოვრების „შავი ლაქა“ , თითქოს არგენტინაში ხუნტის მმართველობის პერიოდში, ორი იეზუიტი მღვდლის გატაცებაში მონაწილეობდა. მსგავსი ინფორმაცია არგენტინელმა ჟურნალისტმა, ჰორაციო ვერბიტსკიმ გაავრცელა. მან დაწერა წიგნი ეკლესიის დანაშაულებებზე ხუნტის მმართველობის პერიოდში, რომელმაც 10 ათასი ადამიანი იმსხვერპლა 1976-83 წლებში. ამასთან დაკავშირებით ვატიკანის პრესსამსახურის უფროსმა, მამა ფედერიკო ლომბარდიმ განაცხადა: „კარდინალ ბერგოლიოს წინააღმდეგ კამპანია ძველია. ეს ბრალდებები, რომელიც ხუნტის მმართველობის პერიოდს ეხება, მომდინარეობს ანტიკლერიკალი უკიდურესი მემარცხენე ძალებისგან და დიდი ხნის წინ გახლავთ საფუძვლიანად უარყოფილი. არასდროს უარსებია კარდინალის დანაშაულის მტკიცებულებას. არგენტინულ მართლმსაჯულებას არასდროს წაუყენებია მისთვის ბრალი“ .

არგენტინის ხელისუფლებას კი ის არ უყვარს. მეტიც, არგეტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი ბერგოლიოს „ოპოზიციის ლიდერსაც“ კი ეძახდა. ის სოციალური კონსერვატიზმით გამოირჩევა. ეწინააღმდეგება აბორტს, ევთანაზიასა და ერთსქესიანთა ქორწინებას. ქალთა ხელდასხმის გაგონებაც არ უნდა. უკიდურესად აკრიტიკებს ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის მიშვილებას ფეხის განბანვის ცერემონიალი ნარკოდამოკიდებულთა თავშესაფარშიდა ამას ბავშვთა დისკრიმინაციას არქმევს. მაგრამ ბერგოლიოს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ არასდროს ყოფილა შემჩნეული ჰომოფობიურ გამონათქვამებში. პაპი ფრანცისკე სარგებლობდა კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოთი, მიიჩნევდა, რომ ჰომოსექსუალებს პატივისცემით უნდა მოვეპყრათ და საჯაროდ გმობდა მათ შეურაცხყოფასა და ლგბტ პირებზე ძალადობას. ის გმობდა მაფიასაც.

ფრანცისკე განათლებით ქიმიკოსიც გახლავთ, სწავლობდა ფილოსოფიასაც, ხოლო საღვთისმეტყველო განათლება გერმანიაში მიიღო. მშობლიურ ესპანურთან ერთად, თავისუფლად ფლობს გერმანულ და იტალიურ ენებს.

პაპად არჩევის შემდეგ ბერგოლიოს ქცევაში ცვლილებებს ვერ ამჩნევენ. ის უბრალოდ არ იმჩნევს, რომ მილიარდზე მეტი კათოლიკეს მამა, მწყემსი და ქრისტეს მოსაყდრეა. საკუთარ ტიტულში ბერგოლიოს წოდება „ქრისტეს მსახურთა მსახური“ უფრო მოსწონს, ვიდრე სხვა. პაპის სუტანაში ის იმგვარადვე დადის, როგორც არგენტინის ქუჩებში. ესალმება კარდინალებს, როგორც ძმებს, ხშირად იღიმის და დაცვას ბევრ პრობლემას უქმნის. მისი პონტიფიკატის მეორე დღეს, ფრანცისკემ ჩუმად დატოვა ვატიკანი და იეზუიტური ორდენისთვის ისტორიული მნიშვნელობის ტაძარში ყვავილების თაიგულით გამოჩნდა. ილოცა და ვატიკანში დაბრუნდა, ავტომობილით, რომლითაც წინა პაპი არ დადიოდა და სამანქანო ნომრებით, რომლითაც პაპები არ დადიან. გზად იმ სასტუმროშიც გაიარა, სადაც პაპობამდე ცხოვრობდა და ვალი გაისტუმრა. როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, „მაგალითის მისაცემად, რომ ვალებს დაბრუნება სჭირდება“ .

პაპად არჩევის შემდეგ ფრანცისკეს მრავალი გამოწვევა ხვდება, რომელიც თანამედროვე ეკლესიას აქვს. სექსუალური სკანდალებითა და ვატიკანის კორუფციით რეპუტაციაშერყეული კათოლიკე ეკლესია, ახალი პაპისგან გადამწყვეტ ნაბიჯებს მოელის. ბერგოლიოს არჩევა საუკეთესოდ მოწმობს, რომ ქრისტიანობა სამხრეთ ნახევარსფეროს რელიგია ხდება. კათოლიკე ეკლესია დიდი ხანია აღარ არის დასავლეთის ეკლესია, მისი მრევლის 42%25 სწორედ იმ რეგიონში ცხოვრობს, საიდანაც ბერგოლიოა - ლათინურ ამერიკაში.

თუმცა ლათინურ ამერიკაში ეკლესიას პროტესტანტიზმი უტევს. „კიდევ რამდენ ხანს იქნება ლათინური ამერიკა კათოლიკური კონტინენტი?“ - დღეს ეს კითხვა უხერხულობის გარეშე შეიძლება დავსვათ. ვატიკანი შეშფოთებულია კონტინენტზე პროტესტანტული კონფესიების სწრაფი ზრდით, რაც კათოლიკეთა მოქცევის ხარჯზე მიმდინარეობს. ათწლეულების წინ, წმინდა საყდრის უმაღლეს იერარქიას აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ეკლესიის „სამხრეთის გულში“ , სადაც მსოფლიოს კათოლიკეთა თითქმის ნახევარი ცხოვრობს, ასეთ პრობლემას შეეძლო მათი შეწუხება.

0x01 graphic

ახლადარჩეული პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს ესალმება

საუკუნის მანძილზე პროტესტანტები 50 ათასიდან 64 მილიონამდე გაიზარდნენ. ეს მასობრივი ზრდა ბერგოლიოს გამოწვევად იქცევა - მან უნდა შეძლოს, ეკლესია უფრო დაუახლოოს ხალხს, რომ გაცილებით მოქნილმა და სოციალური კაპიტალით მდიდარმა პროტესტანტებმა ვეღარ მოახერხონ მისი მრევლის მიმხრობა.

ამასთან, არსებობს მრავალი კერა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება პაპის მხარდაჭერა. როგორც Pew Forum-ის კვლევა ცხადყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა დაიბადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, დღეს იქ ქრისტიანთა ყველაზე მცირე რაოდენობა ცხოვრობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მსხვილ გეოგრაფიულ რეგიონში - დაახლოებით 1%25. აქედან ნახევარი სუდანსა და ეგვიპტეზე მოდის. დამძიმებული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ამ რეგიონებში ქრისტიანთა სისტემატური დევნის გამოა შექმნილი, მათი კიდევ უფრო შემცირება გამორიცხული არ არის. ასი წლის წინ, 1910 წელს, ქრისტიანთა უმრავლესობა - ორი მესამედი, ევროპაში ცხოვრობდა. დღეს ამ კონტინენტზე ქრისტეს მიმდევართა მხოლოდ ერთი მეოთხედი ცხოვრობს, ხოლო უმრავლესობის, მესამედზე მეტის სახლი ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაშია. სამხრეთ საჰარის ქვეყნებში დღეს დაახლოებით იმავე რაოდენობის ქრისტიანი ცხოვრობს, რამდენიც ევროპაში და მხოლოდ ერთი მერვედი ცხოვრობს აზიასა და წყნარი ოკეანეთის რეგიონში. ამას ახალი პაპი ვერ გაექცევა.

აგრესიული სეკულარიზმის წინააღმდეგ, რომელსაც პაპი ბენედიქტე ამხელდა, ბერგოლიოც არაერთხელ გამოსულა. იოზეფ ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც კარდინალი ბერგოლიო მსახურობდარაცინგერი, ვინც ბენედიქტე ნურსიელის, ევროპის მფარველი წმინდანის სახელი დაირქვა, დასავლური ცივილიზაციის საფუძვლების ნგრევაზე საუბრობდა. გერმანიის ბუნდესტაგში ვიზიტისას, პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ შარშან თქვა: „დასავლური კულტურა დაიბადა იერუსალიმის, ათენისა და რომის შეხვედრით - ისრაელის ღმერთის, ბერძენთა ფილოსოფიური გონისა და რომის სამართლებრივი აზროვნების შეხვედრით. ეს სამმაგი შეხვედრა განაპირობებს ევროპის სიღრმისეულ იდენტობას“ .

დასავლეთი რწმენის, გონებისა და სამართლის უნიკალური კომბინაციაა. რწმენა - რომელიც აღიარებს ადამიანთა ისტორიაში გამოვლენილ პიროვნულ ღმერთს; გონება ამბობს, რომ ბუნებაში არსებობს ჭეშმარიტებები და ჩვენ მათი შეცნობა შეგვიძლია; და სამართალი - რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპს ადამიანის უფლებებზე აფუძნებს. ამ პრინციპების რღვევის წინააღმდეგ, „ღმერთის სიკვდილის“ წინააღმდეგ ბრძოლას პაპი ბენედიქტე არც დღისით აჩერებდა და არც ღამით. იქნება თუ არა ახალი პაპის აქტივობა ამ მიმართულებით, დასავლეთის მორალური ორიენტირების კარგვის წინააღმდეგ მიმართული? ამას დრო გვაჩვენებს.

არც ცელიბატისა და მღვდელთა უქორწინებლობის გაუქმებას უნდა ველოდოთ და არც ქალთა ხელდასხმას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მხოლოდ კანონიკური საკითხია და კათოლიკე ეკლესიაში შემავალ აღმოსავლური წესის მღვდლებს ცოლებიც ჰყავთ და შვილებიც, მსგავსი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის ლათინურ წესში. მრავალი ვარაუდობს, რომ პედოფილიის პრობლემა სწორედ აქ იღებს სათავეს, ხდება რა ეკლესია მიმზიდველი პედოფილებისთვის. მაგრამ ეკლესია აცხადებს, რომ მის წიაღში პედოფილიის სტატისტიკა არ არის უფრო დიდი, ვიდრე სხვაგან. და თუ ზოგან არის, სწორედ იმიტომ, რომ კათოლიკე ეკლესია ყველაზე დიდი საქველმოქმედო ორგანიზაციაცაა, რომელიც ყველაზე ბევრ ბავშვთა სახლს ფლობს.

ამასთან, პედოფილიის ფაქტების უმრავლესობა წარსულში მოხდა და მაშინ გასკდა, როცა მსხვერპლი გაიზარდა. ეს კი იმ დროს ემთხვევა, როდესაც „სექსუალური რევოლუციის“ პერიოდში მრევლმა ტაძარი დატოვა. ეკლესიის მწყემსებმა, იხილეს რა გაქცეული ფარა, გაიხადეს სუტანა და მას გაჰყვნენ. ამის შემდეგ, მღვდელთა საჭიროების გამო, ვატიკანი არბილებდა მღვდელთა ხელდასხმის წესებს, რამაც, საბოლოოდ, ეკლესიის წიაღში მრავალი ისეთი მოიყვანა, პაპმა ბენედიქტემ რომ „მოღალატეებად“ მოიხსენია. რატომ გვესმის ასე ხშირად კათოლიკე ეკლესიაში პედოფილიის ფაქტების შესახებ? იმიტომ, რომ ის გიგანტურია. არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, არც რელიგიური და არც საერო, რომელსაც მილიარდზე მეტი ადამიანი მიაკუთვნებს თავს. მიიღებს თუ არა რადიკალურ ნაბიჯებს პაპი ფრანცისკე, როდესაც ლიბერალური პრესა მოსთხოვს გადააყენოს რომელიმე იერარქი, რომელსაც პედოფილების მფარავლობაში დასდებენ ბრალს? არც ეს ვიცით.

ეკლესია თავდაცვით პოზიციაში დგას ლიბერალური პრესის მიმართ, რომელიც ეკლესიაზე დაწერილი ყოველი მცირე ნიუსის ქვეშ, ბექგრაუნდად პედოფილიას ახსენებს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი პოზიცია, სადაც ეკლესიას თავის დაცვა მოუწევს.

ფრანცისკეს კიდევ ერთი გამოწვევა ქრისტიანთა დევნაა. Pew Forum-მა შარშან აღმოაჩინა, რომ 200 მილიონამდე ქრისტიანი პლანეტის იმ ასზე მეტ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მათ საკუთარი რწმენის აღიარება ძვირად უჯდებათ. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მასიმო ინტროვერნეს მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 100 ათასი ადამიანი სწორედ იმიტომ კვდება, რომ ქრისტიანია.

დაბოლოს, ხომ არ არის პაპი მემარცხენე, რადგან ის ასე ხშირად სვამს აქცენტს ღარიბებზე და ღარიბების წმინდანის სახელს ირქმევს? პაპი ლათინური ამერიკიდან, სადაც ულტრამემარცხენე კათოლიციზმი მძლავრობდა ე.წ. განთავისუფლების თეოლოგიის სახელით, ამ კითხვას რელევანტურად აქცევს. მარქსისტულ საფუძვლებზე აგებული კათოლიკური მიმდინარეობა, რომელსაც არასდროს წყალობდა ვატიკანი და განსაკუთრებით პაპი ბენედიქტე, არ აღმოჩნდა მიმზიდველი კარდინალი ბერგოლიოსთვის. მისი კარიერის ადრეულ წლებშიც კი, არგენტინელი სასულიერო პირი ამ მიმდინარეობას გაემიჯნა.

ეკლესიაში მიიჩნევდნენ, რომ ამ მიმდინარეობაში, ღარიბების გამათავისუფლებელი ბაირაღით, მარქსიზმმა ქრისტიანობა შთანთქა. ხდებოდა ქრისტიანული ინდივიდუალიზმის კოლექტივიზმით ჩანაცვლება. რასაკვირველია, კათოლიკური სოციალური დოქტრინისთვის ეს მიუღებელია. სავარაუდოდ, ბერგოლიო, როგორც პაპი ბენედიქტე, ხშირად იტყვის, რომ „უმართავი კაპიტალიზმი“ აღრმავებს უფსკრულს მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მაგრამ რთული იქნება დასკვნის გაკეთება, რას ამბობს პაპი სინამდვილეში. შეუძლებელია, პაპის იარლიყების დახასიათება, რადგან კათოლიკეთა დოქტრინალური შეხედულებები მემარჯვენეობასთან ბევრად ახლოს არის, ვიდრე მემარცხენეობასთან.

სოციალური კონსერვატიზმი და ღარიბებზე აპელირება, ახალ პაპს, კონტროვერსიულ პერსონად აქცევს. როგორც Washington Post წერდა, პაპად მართლაც აირჩიეს ის, ვინც სავარაუდოდ ეკონომიკურ საკითხებში ნენსი პელოსიზე მარცხნივ დგას და სოციალურ საკითხებში ნიუტ გინგრიჩზე მარჯვნივ. ღარიბებზე ყურადღების გამახვილება კი მცდარად მიიჩნევა მემარცხენე პრივილეგიად.

პაპი სოციალური პროგრამებისა და დიდი სახელმწიფოს პიარმენეჯერად ალბათ ვერ იქცევა. კათოლიკე ეკლესიას ოფიციალურად მხოლოდ ფაშიზმი და კომუნიზმი აქვს დაგმობილი. მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის კი პოლიტიკურად მანევრირებს. სწორედ ამიტომ, ვატიკანის კომენტატორთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ვატიკანი სოციალიზმის წამახალისებლად არ იქცევა. ის კერძო ქველმოქმედების ხელშემწყობი უფრო იქნება. აქ კი პაპი პირად მაგალითსაც ხშირად მოგვცემს. Miserando Atque Eligendo - მოწყალებით, მაგრამ არჩევით - წერია მის საკარდინალო გერბზე. მოწყალება არჩევანია, ხოლო იქ, სადაც სახელმწიფო ფულს გძალავს კეთილი მიზნებით, არჩევანს გართმევს. ასეც რომ არ იყოს, კათოლიკეებს პაპის მორჩილება მხოლოდ დოქტრინალურ ნაწილში ევალებათ, ეკონომიკის შესახებ არც ქრისტე და არც პეტრე მოციქული სამყაროს არაფერს ეუბნებოდნენ.

16 რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია ამბიციური ნოსტალგიისა და პრაგმატულობის ნაზავი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ეკა ტყეშელაშვილი

0x01 graphic

თებერვალში რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია გამოქვეყნდა. ასეთი ტიპის დოკუმენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელ დებულებებს შეიცავს. ამ განახლებულმა კონცეფციამ 2008 წლის ივლისის ანალოგიური ტიპის დოკუმენტი ჩაანაცვლა.

რასაკვირველია, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს მისი საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის ანალიზი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით მოულოდნელი, დადებითი სიურპრიზის მოლოდინით კონფეციის კითხვა ნამდვილად არ დამიწყია, უბრალოდ მაინტერესებდა, რამდენად რეალისტური, პრაგმატული, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საერთო გამოწვევებთან მიმართებით კონსტრუქციული შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინა.

კონცეფციაში საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთის შესაძლებლობები ტრადიციისამებრ ამბიციურადაა შეფასებული. ნათელია, რომ პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას არა უბრალოდ გავლენიან, არამედ ერთგვარ „ისტორიული მისიის“ მატარებელ სახელმწიფოდ მოიაზრებს. კონცეფციის კითხვისას შთაბეჭდილება გექმნება, რომ ამ მისიის შესრულების ერთ-ერთი კომპონენტი მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ზოგადად საერთაშორისო სისტემის ფორმირების რთული ამოცანაა.

კონცეფცია პირდაპირ მიუთითებს, რომ რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების დამაბალანსებელი ფაქტორისა და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების როლს ასრულებს. საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს საერთაშორისო თანამეგობრობაში რუსეთისთვის მყარი და ავტორიტეტული პოზიციების გაძლიერება წარმოადგენს, რაც სრულად უნდა ესადაგებოდეს რუსეთის, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეპიცენტრის ინტერესებს.

კონცეფციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საერთაშორისო სისტემისადმი რუსეთის პოლიტიკური ელიტის კონცეპტუალური დამოკიდებულბა არ შეცვლილა. რუსეთი საერთაშორისო სისტემის მრავალპოლარულობაზე აკეთებს აქცენტს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამგვარი მოდელის განვითარება მხოლოდ ისტორიული დასავლეთის, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებული შტატების დასუსტების და საერთაშორისო არენაზე რამდენიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრის განვითარებით იყო შესაძლებელი.

საერთაშორისო სისტემის მრავალპოლარული მოდელის პირობებში, რუსეთი მოცემულობად აღიქვამს ერთ-ერთი ეპიცენტრის როლის შესრულებას. ამავდროულად, ნათელია, რომ თანამედროვე გამოწვევების ფონზე, რუსეთი აცნობიერებს, რომ ამგვარი როლის შესატყვისი პოზიციების შენარჩუნება მარტივ ამოცანას არ წარმოადგენს. როგორც ჩანს, საერთაშორისო სისტემის მრავალპოლარული მოდელის პირობებში დასავლეთის საპირწონედ აზიის, პირველ რიგში, ჩინეთის როლის ზრდის მასშტაბს რუსეთი ცალსახად მისთვის ხელსაყრელ გარემოებად აღარ აღიქვამს და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების გაძლიერების ერთ-ერთ ფაქტორად დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებას მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ის, თუ როგორ მოიაზრებს საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ამის განხორციელებას, როგორ განსაზღვრავს გლობალურ და რეგიონულ დონეზე საერთაშორისო ურთიერთობების კონკრეტულ პრიორიტეტებს, ნათლად წარმოაჩენს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, კვლავ კონკურენტად უფრო განიხილავს, ვიდრე სტრატეგიულ პარტნიორად.

მრავალპოლარული საერთაშორისო სისტემის პირობებში საკუთარი ინტერესების დაცვას, რუსეთი გლობალურ დონეზე საერთაშორისო ურთიერთობების რეგულირების ცენტრალურ აქტორად გაეროს როლის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში ხედავს. მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით გაეროს უშიშროების საბჭოს, ისევე როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების განსაკუთრებული როლის შენარჩუნება.

კონცეფცია კრიტიკულად აფასებს ქარტიის დებულებების ინტერპრეტირებისას „ცალკეული ქვეყნების“ „თვითშემოქმედებას“ , „ქარტიის გვერდის ავლით“ , „ორმაგი სტანდარტების“ გამოყენების გზით სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევას. გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში ჩინეთთან კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულ ამოცანადაა განსაზღვრული. ნათელია, რომ გლობალურ არენაზე საკუთარი მნიშვნელობის გაძლიერების რაიმე სხვა ქმედითი ფორმულა, მეორე მსოფლიო ომის საერთაშორისო ურთიერთობების არქიტექტურის პირობებში საბჭოთა კავშირისთვის, დღეს კი მისი უფლებამემკვიდრისათვის გათვალისწინებული განსაკუთრებული ბერკეტების გამოყენების გარდა, რუსეთს არ გააჩნია.

საკუთარი კონკურენტუნარიანობის გაძლიერების ერთ-ერთ ქმედით საშუალებას, რუსეთი რეგიონული ინტეგრაციული პროცესების განვითარებაში ხედავს. ამ მხრივ, მისთვის სამიზნეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები წარმოადგენენ. რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ამ სახელმწიფოების მის მიერვე მართული რეგიონული ინტეგრაციის პლატფორმებში მოქცევას. მარტივად რომ ვთქვათ, გავლენის სფეროს აღდგენას.

2008 წლის ანალოგიურ კონცეფციასთან შედარებით, პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზისით, დსთ-ზე მეტად აქცენტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმირებასა და განვითარებაზეა გაკეთებული. რუსეთი ევრაზიის კავშირს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ევროპასა და აზია/წყნარი ოკეანიის პარალელურ რეგიონულ ცენტრად მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ კონცეფცია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამოცანად, რუსეთის მიერ სავაჭრო/ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, ევროპასა და აზია/წყნარი ოკეანის რეგიონების დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულებას ასახელებს. ეს, სხვა საშუალებებთან ერთად, ამჟამად ფორმირების პროცესში მყოფი ტვირთების გადაზიდვის ტრანსკონტინენტალურ მარშრუტებში რუსეთის გაფართოებული ჩართულობით უნდა განხორციელდეს. რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში რუსეთისთვის პრიორიტეტად რჩება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ ორგანიზაციის განვითარება. აღსანიშნავია, რომ პირველადი მნიშვნელობის ამოცანად განსაზღვრულია ავღანეთთან დაკავშირებული საფრთხეების ნეიტრალიზაცია (ტერორიზმი, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, უკანონო მიგრაცია და ა.შ.), ისევე, როგორც ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის არდაშვება. ამ მხრივ პრიორიტეტულადაა მიჩნეული ორგანიზაციის ოპერატიული რეაგირების მექანიზმებისა და მშვიდობისმყოფელი მისიების განხორციელების პოტენციალის გაძლიერება, წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კოორდინირება.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცალსახა პრიორიტეტად რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, „თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის განვითარება, მათი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“ . საქართველოსთან ურთიერთობას რაც შეეხება, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში, უფრო კონკრეტულად კი ჩვენს საკუთარ ქვეყანაში მის მიერ შექმნილი „ახალი რეალობის“ მისი გადასახედიდან გაანალიზებასა და მასთან შეგუებას გვირჩევს. და მხოლოდ ამის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მზაობიდან გამომდინარე, მასთან ურთიერთობის ნორმალიზაციას შესაძლებლად მიიჩნევს.

საკუთარი გავლენის სფეროს ჩამოყალიბებისა და გაძლიერების სტრატეგიული ინტერესის ფონზე, რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პარალელურ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა. კონცეფცია ზოგად მოწოდებასაც კი შეიცავს, რომ დსთ-ის წევრი ქვეყნების მიმართ სხვა საერთაშორისო სუბიექტებთან ურთიერთობების განვითარებისას გაითვალისწინონ რუსეთის მონაწილეობით ჩამოყალიბებული რეგიონული ინტეგრაციული სტრუქტურების ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულების სრულფასოვანი შესრულების აუცილებლობა. ისევე, როგორც არსებული ინტეგრაციული პროცესების შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საინტერესოა, რომ კონცეფცია ცალკე გამოჰყოფს უკრაინის, როგორც დსთ-ის ფარგლებში პრიორიტეტული პარტნიორის, გაღრმავებულ რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვას.

NATO-ს გაფართოება რუსეთის მხრიდან ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის კვლავაც საფრთხედ აღიქმება. გასაკვირია, რომ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისთვის არსებული თანამედროვე გამოწვევების ფონზე, რუსეთი მის საზღვრებთან NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ, NATO-ს გაფართოებას კი ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალთა ბალანსის დარღვევად მიიჩნევს.

ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით, რუსეთის საგარეო პოლიტიკა გაცილებით უფრო თანამედროვე და პრაგმატულია. ევროპულ კავშირთან ურთიერთობების განვითარებას რუსეთი სტრატეგიულ ჭრილში აფასებს და სურს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება - ევროკავშირი ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო/ეკონომიკურ პარტნიორადაა დასახელებული. მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. კონცეფცია არ გამორიცხავს ევროკავშირთან პერსპექტივაში საერთო ბაზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც.

2008 წლის კონცეფციისაგან განსხვავებით, საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე პოლიტიკური დიალოგის მიღმა, ცალკე პრიორიტეტადაა გამოყოფილი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის განვითარება.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანები, 2008 წლის კონცეფციისაგან განსხვავებით, გაცილებით არაამბიციური და ერთგვარად კონფრონტაციულიც კია. წინა კონცეფცია პირდაპირ მიუთითებდა, რომ საჭირო იყო რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში განვითარება. 2013 წლის დოკუმენტი კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით მხოლოდ გრძელვადიან პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ისიც უფრო იმ თვალსაზრისით, თუ რა არ უნდა გააკეთოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ინტერესების საზიანოდ, ვიდრე რა უნდა გააკეთოს რუსეთმა ურთიერთობების პოზიტიურად განვითარების კუთხით.

საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი გრძელვადიანი პრიორიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანასწორუფლებიანი სავაჭრო/ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაა. ცივი ომის ეპოქის სულისკვეთებითა და ტერმინოლოგიითაა განსაზღვრული ერთ-ერთი მთავარი გრძელვადიანი პრიორიტეტი - პრაგმატულობისა და ინტერესთა ბალანსის პრინციპების გათვალისწინებით, განსხვავებული პოზიციების არა დაახლოების, არამედ მართვის კულტურის გამომუშავება, რათა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები უფრო სტაბილური და წინასწარ განსაზღვრადი გახდეს.

კონცეფცია ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები თანასწორობის, ერთმანეთის ინტერესებისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ნიშანდობლივია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით ცალკეა გამოყოფილი მოწოდება, რომ საერთაშორისო არენაზე მოქმედებისას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ქარტიის სრული დაცვით უნდა იმოქმედოს, მათ შორის - არ უნდა ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ კონცეფციის მიხედვით, რუსეთი აქტიურ ღონისძიებებს გაატარებს, რათა შეეწინააღმდეგოს ამერიკის მიერ რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული იურიდიული პირების მიმართ ექსტრატერიტორიული სანქციების გამოყენებას. ამავდროულად, საგარეო პოლიტიკის ცალსახა ამოცანადაა განსაზღვრული შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივება.

დასასრულ, ეგრედ წოდებული რბილი ძალისადმი (soft power) კონცეფციაში გამოკვეთილ ინტერესზე მინდა გავამახვილო ყურადღება. როგორც ჩანს, რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებში საკუთარი ინტერესების დაცვას კლასიკური დიპლომატიის მიღმა, სამოქალაქო საზოგადოების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჰუმანიტარული, კულტურული სახის აქტივობების მეტი ინტენსივობით გამოყენებით შეეცდება. ბოლო პერიოდში ნათლად შეინიშნება, რომ მოუქნელი პროპაგანდის ნაცვლად, რუსეთი ცდილობს უფრო თანამედროვე და მრავალპროფილური აქტივობების მეშვეობით გამოიყენოს რბილის ძალის პოტენციალი. მიუხედვად ამისა, აშკარაა, რომ რბილი ძალის კონცეპტუალური ხედვა ცივი ომის დროინდელი მსოფლმხედველობისგან არაა განთავისუფლებული.

რუსეთი დასავლეთს კვლავ მოუწოდებს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამების საფარქვეშ ცალკეულ სახელმწიფოებზე ზემოქმედების მიზნით, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა.

17 ამერიკა და ევროპა ეკონომიკურ nato-ს ქმნიან

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ქეთი ზუკაკიშვილი

უახლოეს მომავალში შესაძლოა მსოფლიო უპრეცედენტო სავაჭრო შეთანხმების მომსწრე გახდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოლიტიკურ კულუარებს გასცდა და აქტიურ ფაზაში შევიდა.

ყოველწლიურ საპრეზიდენტო მიმართვაში ბარაკ ობამამ ტრანსატლანტიკური სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის აუცილებლობაზე ისაუბრა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ კი შეთანხმებას ორი წამყვანი ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობა უწოდა.

ამ დროისთვის აშშ და ევროკავშირი ერთმანეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორები არიან, რომლებიც ერთად მსოფლიოს ეკონომიკური აქტივობის 50%25-სა და გლობალური ვაჭრობის 30%25-ს ქმნიან. ორ წამყვან ეკონომიკას შორის საქონლისა და სერვისის ბრუნვა ყოველდღიურად 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, საერთო ინვესტიციების მოცულობა კი 3,5 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. ევროკავშირი აშშ-ის ექსპორტის უდიდესი მომხმარებელია, რაც 2,4 მილიონამდე ამერიკულ სამუშაო ადგილს განაპირობებს.

მხარეებს სავაჭრო შეთანხმებების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც აშშ-ს, კანადასა და მექსიკას 1994 წლიდან აერთიანებს. ამას გარდა, აშშ-ს ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები აკავშირებს ისრაელთან, ავსტრალიასთან, სინგაპურთან, სამხრეთ კორეასთან, ჩილესთან და არაერთ სხვა სახელმწიფოსთან. აშშ-ისა და მისი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების პარტნიორების საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი 21 ტრილიონს (მსოფლიოს მშპ-ის 30%25) აღწევს და 700 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

თავის მხრივ, ევროპის კონტინენტზე, ევროკავშირის პარალელურად 1960 წლიდან მოქმედებს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც კავშირის არაწევრ ოთხ სახელმწიფოს (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი) და 27-წევრიან ეკონომიკურ ბლოკს შორის ვაჭრობას არეგულირებს. ევროპის საბაჟო კავშირი, წევრებს (ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, თურქეთი, ანდორა, მონაკო, სან მარინო), ერთმანეთთან კომერციული ურთიერთობისას საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებს.

გარდა ამისა, ევროკავშირი სხვადასხვა დონის სავაჭრო ხელშეკრულებებით დაკავშირებულია მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონთან. 27-წევრიანი ბლოკი მსოფლიოში ყველაზე დიდ ეკონომიკას ფლობს და სავაჭრო პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს მშპ-ის 30%25-სა და მსოფლიო მოსახლეობის 15%25-ს აკონტროლებს.

ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შედეგად, ევროპულ ბაზარს უახლოვდება საქართველოც. ქართული მხარე უკვე სარგებლობს გარკვეული სავაჭრო პრივილეგიებით, თუმცა ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე შეთანხმების მისაღწევად.

ეს უკანასკნელი, საბაჟო ტარიფების და კვოტების, ასევე, სხვა არასატარიფო ბარიერების გარეშე ვაჭრობას ისახავს მიზნად. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აქამდე საკმაოდ რთულად შეღწევადი ევროპული ბაზარი ქართული კომპანიებისთვის ღია გახდება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. მოლაპარაკებების დასრულება 2013 წლის ბოლომდე იგეგმება. საგულისხმოა, რომ პარალელურად, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქართველოს ამერიკულ ბაზარზე შეღწევაც მნიშვნელოვნად გაუმარტივდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ევროკავშირის საერთაშორისო სავაჭრო პრიორიტეტად არა აშშ-სთან, არამედ იაპონიასთან მოლაპარაკებები ითვლებოდა, თუმცა პროცესი კომერციული კულტურისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური განსხვავებების გამო, საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ევროკავშირის ოფიციალური პირების განმარტებით, აზიურ გიგანტთან დაახლოება ნელი, თუმცა შეუქცევადი პროცესია, ხოლო აშშ-სთან თავისუფალი ხელშეკრულების შეთანხმება ამას ხელს არათუ შეუშლის, შეუწყობს კიდეც. იმ შემთხვევაში, თუკი ორივე შეთანხმება წარმატებით შედგება, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით კიდევ უფრო დაახლოვდებიან, რაც საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

იაპონიის ჩართულობის გარეშეც, აშშ-ევროკავშირის ვაჭრობის უდიდესი მოცულობის გათვალისწინებით, ცხადი ხდება ტრანსატლანტიკური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ყოვლისმომცველი ხასიათი და შესაძლო გავლენა საერთაშორისო სისტემაზე. წარმატების შემთხვევაში, „ეკონომიკური NATO“ მსოფლიოს მშპ-ის 40%25-ზე მეტს და პირდაპირი ინვესტიციების ნახევარს გააკონტროლებს.

უპრეცედენტო პარტნიორობა 2027 წლისთვის 2 მილიონამდე სამუშაო ადგილს შექმნის, ევროკავშირის ეკონომიკას 0,5%25-ით (86 მილიარდი ევრო) გაზრდის, ხოლო აშშ-ს იმავე პერიოდში 0,4%25-იან (65 მილიარდი ევრო) სარგებელს მოუტანს. მსგავსი პერსპექტივა მოტივაციას ზრდის ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ერთი მხრივ, საგარეო ვალით დამძიმებულ ამერიკულ ეკონომიკას, მეორე მხრივ კი - ევროზონის მწვავე კრიზისით გადაღლილ ევროკავშირს, მინიმალური დანახარჯით მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესების საშუალება მიეცათ.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე დახურული საუბრები უკვე წლებია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 1998 წელს, მსგავსი ინიციატივა სოფლის მეურნეობის სფეროში უთანხმოების გამო საფრანგეთმა დაბლოკა. თუმცა, შეცვლილი გეოპოლიტიკური და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიტიკოსები ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მიესალმებიან ახალ ინიციატივას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება პრეზიდენტ ობამას მეორე ვადის პრიორიტეტია. „ასეთი რამ ევროპის, ისევე როგორც, აშშ-ის ეკონომიკას გააძლიერებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთო ბაზარს“ , - მიიჩნევს კერი.

ტრანსატლანტიკური თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ორ ძირითად მიზანს ისახავს: სავაჭრო ტარიფების მინიმუმამდე შემცირებას, საბოლოოდ კი მათ გაუქმებას და არასატარიფო ბარიერების (განსაკუთრებით, სამეწარმეო სტანდარტების) ჰარმონიზაციას.

ტარიფების შემცირება შედარებით მარტივი ამოცანაა, რადგან პარტნიორებს შორის გამოკვეთილი პოლიტიკური ნება არსებობს. ამჟამად, სავაჭრო ტარიფები საშუალოდ 3%25-მდეა, თუმცა ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის (წლიური 600 მილიარდი აშშ დოლარი) გათვალისწინებით, მათი ანულირება ორივე ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. მაგალითისთვის, მხოლოდ ავიაკომპანიები წლის განმავლობაში 450 მილიონი აშშ დოლარს დაზოგავენ, შედეგად კი - დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და სამუშაო ადგილების შექმნას შეძლებენ.

შეთანხმების უპირველესი მიზანი მაინც განვითარებადი აზიური გიგანტებისთვის, განსაკუთრებით კი ჩინეთისთვის, მსოფლიო ბაზარზე გაბატონებაში ხელის შეშლაა. თავისუფალი ვაჭრობის პირობებში აშშ და ევროკავშირი შეძლებენ, დააბალანსონ ძლიერი კონკურენცია და მსოფლიოს კვლავ უკარნახონ ლიბერალური ეკონომიკის პრინციპები, პროდუქციის უსაფრთხოების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა კომერციული სფეროების ძირითადი სტანდარტები. „თუკი ევროპა და აშშ არ შეთანხმდებიან, სამომავლოდ სავაჭრო საკითხებში ჩინური თამაშის წესების დამორჩილება მოგვიწევს“ , - მიიჩნევს ევროკავშირის კომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუჰტი.

მართლაც, განვითარებადი ქვეყნების, განსაკუთრებით კი ლათინური ამერიკისა და აზიის ზრდის ტემპები დასავლური ეკონომიკისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. 2012 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მცხოვრები 7 მილიარდი ადამიანიდან 60%25 აზიაში, 37%25 კი მხოლოდ ჩინეთსა და ინდოეთში ცხოვრობს. თუკი ძველად, მოჭარბებული მოსახლეობა პრობლემად მიიჩნეოდა, დღეს, გამართული მმართველობისა და ახალგაზრდების სიმრავლის წყალობით, აზიის ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეს არაერთმა პოლიტიკურმა კომენტატორმა უწოდა „აზიის ასწლეული“ . ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო პრიორიტეტად „აზიისკენ შემობრუნება“ დაისახა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი ტრანსატლანტიკური საუკუნის დასასრული და ტრანსპაციფიკური ხანის დასაწყისი იწინასწარმეტყველა.

სწორედ ამ მიზნით, 2010 წელს აშშ წყნარი ოკეანის მოსაზღვრე სახელმწიფოთა სტრატეგიული სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩაერთო. ტრანსპაციფიკური პარტნიორობის იდეა წყნარი ოკეანის აუზის ოთხი სახელმწიფოს სტრატეგიული სავაჭრო ხელშეკრულების ბაზაზე აღმოცენდა. ბრუნეი, ახალი ზელანდია, სინგაპური და ჩილე 2005 წლიდან თავისუფალ სავაჭრო ზონას იზიარებენ.

ხელშეკრულების გაფართოების იდეა აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 2010 წლის სამიტზე ბარაკ ობამამ წამოაყენა. მას შემდეგ, მაღალი კლასის მოლაპარაკებებს კანადა, მექსიკა, ავსტრალია, მალაიზია, ვიეტნამი და პერუც შეუერთდნენ. მსოფლიო მშპ-ის 26%25-ის ღირებულების პარტნიორობით გარკვეულ დაინტერესებას გამოთქვამენ: იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ფილიპინები და წყნარი ოკეანის აუზის სხვა სახელმწიფოებიც, თუმცა მათ წევრობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ტრანსპაციფიკური პარტნიორობის პირობები ჯერჯერობით მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა ჩინეთისა და ინდოეთის მომავალი საპირწონეს შექმნა, მონაწილე სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებების გამო, ამ ეტაპზე ფერხდება.

ამ ფონზე, აშშ-ის დაბრუნება ძველი მოკავშირისკენ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ დასავლეთი დანებებას არ აპირებს. ევროკავშირთან მოლაპარაკებები შემჭიდროებულ ვადებში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული დაბრკოლებები აქაც არსებობს. საკამათო საკითხებად რჩება სოფლის მეურნეობა, ავტოწარმოება, ინტელექტუალური საკუთრება, სახელმწიფო შესყიდვებისა და სამედიცინო სფეროები.

ევროკავშირი საკუთარ სოფლის მეურნეობის სექტორს წლიური 370-მილიარდიანი სუბსიდიებით ანებივრებს, ხოლო მკაცრი ევროპული რეგულაციები კრძალავს გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების წარმოებასა და იმპორტს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შეუსაბამობა ამერიკულ წესებთან. ფრანგი დიპლომატების განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეთანხმებით ფრანგული ინტერესები არ შეილახოს.

თავის მხრივ, აშშ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქციის უმთავრესი ექსპორტიორია. შესაბამისად, შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი, რონ კირკი, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასამტკიცებლად საჭირო საკანონმდებლო მხარდაჭერას შესაძლებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, თუკი ევროკავშირი ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას სავაჭრო ბარიერს შეუმსუბუქებს. საპასუხოდ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზო პირობას დებს, რომ „არანაირი კომპრომისი ევროპის მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე“ არ მოხდება. საბოლოოდ, გარკვეულ დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.

თავის მხრივ, აშშ-ს შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გადახედვაც დასჭირდეს. 2009 წლის კანონით, რკინისა და ფოლადის შესაძენად გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ, რაც უცხოური კომპანიებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან შეუსაბამოა. პრეტენზიებს გამოთქვამენ იტალიელი ავტომწარმოებლები და გერმანელი ფარმაცევტული კომპანიებიც.

ამ და სხვა საგულისხმო განსხვავებების გათვალისწინებით, კომენტატორები მიიჩნევენ, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის სავაჭრო წესების სრული ჰარმონიზაცია შორეული პერსპექტივაა, ხოლო ახლო მომავალში უფრო რეალისტურია ერთმანეთის სტანდარტების აღიარების მექანიზმის შექმნა.

ტრანსატლანტიკური შეთანხმების კრიტიკოსები ორმხრივი შეთანხმებების ორმაგი ბუნების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ. ბილატერალური ხელშეკრულებები ხელს უწყობს ორი მხარის დაახლოებას, თუმცა, ამავე დროს, სხვა სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებასაც იწვევს.

შეთანხმების მოწინააღმდეგეთა გარკვეული ნაწილი უფრო შორსაც მიდის და მიიჩნევს, რომ აშშ-ევროკავშირის პარტნიორობა გამოიწვევს გლობალური ვაჭრობის პოლარიზაციას, პრობლემებს შეუქმნის ტრანსპაციფიკური შეთანხმების გაფორმებას, შეასუსტებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და, რაც მთავარია, საბოლოოდ დაასამარებს დოჰას მოლაპარაკებებს - საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმების მიღწევის საკმაოდ წარუმატებელ შესაძლებლობას.

კრიტიკის მიუხედავად, ევროპის ლიდერები ინიციატივას იმედით უყურებენ. ანგელა მერკელი და დევიდ კამერონი პარტნიორობას ეკონომიკური ზრდის ნაკლებდანახარჯიან საშუალებად მიიჩნევენ და მის განხორციელებას მიესალმებიან. მეტიც, კამერონმა ღიად განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში „საჭირო იქნება თამამი გადაწყვეტილებები“ და შეთანხმების ხელმოწერა „დიდი რვიანის“ ბრიტანული პრეზიდენტობის პრიორიტეტადაც კი დაისახა.

იმ შემთხვევაში, თუ ტრანსატლანტიკური შეთანხმებაც გაფორმდა, ტრანსპაციფიკური პარტნიორობაც შედგა და საკუთარი ბაზარი თავისუფალი ვაჭრობისთვის იაპონიამაც გახსნა, უპრეცედენტო სავაჭრო ზონა 71 ქვეყანას, მსოფლიო მშპ-ის 65%25-სა და 1,7 მილიარდამდე ადამიანს გააერთიანებს და გლობალურ კომერციას სრულიად ახალ ჭრილში გადაიყვანს.

ტრანსატლანტიკურ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას მხარეები 2014 წლისთვის, აშშ-ში შუალედური არჩევნების, ევროკავშირში კი - კომისიის ცვლილებამდე გეგმავენ. თუკი ვაჭრობის საკითხებში ევროკავშირის კომისარს დავუჯერებთ, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში უკვე შევიდა: „არცერთი მარტივი თემა განხილვის საგანი აღარ არის“ , - განუცხადა ჟურნალისტებს კარელ დე გუჰტმა.

18 ინიციატივა, რომელიც იმაზე მეტს ზღუდავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ირაკლი მაღრაძე

0x01 graphic

ცოტა ხნის წინ, კობა დავითაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გვამცნო: „არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება“ . ხსენებულ სხდომაზე, დავითაშვილის კოლეგა ლევან ბერძენიშვილმა დააზუსტა, რომ პრეზერვატივს გააჩნია, მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების საშუალებაც, თუ იგი გართულებული არის გარკვეული ტექნიკური საშუალებებით. ამ თემამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ზოგს გაეცინა, ვიღაცას სევდა დაეუფლა, ბევრიც გაბრაზდა... მანამდე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტებმა, კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან და ნარკოტიკის მომხმარებლებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი არ დაუჭირა.

გავიდა რამდენიმე თვე და კობა დავითაშვილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, რომელიც არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს. პარლამენტმა მის მიერ მომზადებული აზარტული თამაშების რეკლამირების ამკრძალავი საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით გაიზიარა და დაამტკიცა კიდეც. რეალურად, განმარტებით ბარათში, ინიციატივის ავტორად კობა დავითაშვილია მითითებული, თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სათამაშო ბიზნესის რეგულაციის შესახებ შესული პეტიციიდან ირკვევა, მისი ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები არიან.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ აზარტული თამაშები საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებს, ხოლო პრობლების მოსაგვარებლად, ავტორები ორ გზას სახავენ: აუცილებელია, შესწავლილ იქნას სათამაშო ბიზნესის უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს მოქალაქეებზე და სრულიად აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი. მეორე პუნქტი კი შედარებით ვრცელია და მოიცავს რამდენიმე ქვეპუნქტს. საინიციატივო ჯგუფის აზრით, საჭიროა 25 წლამდე გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი და დაწესდეს ქონებრივი ცენზი, რომლის მიხედვითაც თამაშის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მოქალაქეებს, ვისი წლიური შემოსავალი შეადგენს პირობითად 100 000 ლარს. ასევე ქონებრივი, ან ასაკობრივი ცენზით უნდა შეიზღუდოს ინტერნეტთამაშებზე წვდომა. ერთ-ერთი ქვეპუნქტის მიხედვით, უნდა შეწყდეს PLAY.TV-ის მაუწყებლობა, ან გადაკეთდეს კოდირებულ არხად, ეტაპობრივად მოხდეს ტოტალიზატორების, სამორინეების, სათამაშო კლუბების, სლოტ კლუბების და მსგავსი ტიპის აზარტული თამაშების მომწყობი დაწესებულებების გადატანა დასახლებული და რელიგიური მნიშვნელობის ადგილებიდან დაშორებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

ინიციატივის ხელმომწერთა შორის არიან ეროვნულრელიგიური ინსტიტუტის, მედიაკავშირ ობიექტივის, პარლამენტარ ქალთა კლუბის, სამოქალაქო ფრონტის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. გვხვდება საზოგადოებისთვის ცნობილი ისეთ სახელი და გვარები, როგორიცაა: რეზო ამაშუკელი, ჯაბა ჯიშკარიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ჯემალ ჭკუასელი, ელიზბარ ჯაველიძე და სხვანი. დატანილია ოთხი დოკუმენტი: სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის და ადიქციის და კონსულტირების ცენტრის ერთობლივი დასკვნა, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დაკსვნა, თსუ-ს პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დასკვნა და ვიდეოფილმი „ხან წააგებ, ხან წააგებ“ .

გასაგებია, რომ სათამაშო აპარატებზე კაზინოში თუ ტოტალიზატორში თამაშისას, მოთამაშეები სოლიდურ თუ არც ისე სოლიდურ თანხას ხან იგებენ, ხან - აგებენ, თუმცა ასეთი რამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უამრავ ჩვენზე განვითარებულ ქვეყანაშიც ხდება. დღევანდელი კანონმდებლობით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შეუსრულდა ტოტალიზატორის შემთხვევაში 18, ხოლო სამორინეს შემთხვევაში 21 წელი, აქვს უფლება ითამაშოს. რითი საბუთდება ქონებრივი ცენზის შემოღება ან თუნდაც ასაკობრივი ზღვარის გაზრდა 25 წლამდე, ეს პეტიციაში ჩამოყალიბებული არ არის.

თუ პარლამენტმა კანონით აკრძალა სათამაშო ბიზნესი, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება მოხდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის უამრავი ადამიანი, ვინც ტოტალიზატორებში, სლოტ კლუბებში, სამორინეებსა თუ სხვა მსგავს დაწესებულებებში მუშაობს, სამუშაოს გარეშე დარჩება. PLAY.TV ტელეკომპანია იმედის საკუთრებაშია, სადაც ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა არაოფიციალურ საუბარში დაგვიდასტურეს, რომ ინიციატივის შესახებ საქმის კურსში არიან და განიხილავენ არხის სამომავლო ფუნქციონირების საკითხს. ვნახოთ, შეაჩერებს არხი მუშაობას, კოდირებული გახდება, თუ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, თუმცა თავისთავად გაუგებარია, რატომ უნდა დადგეს დღის წესრიგში ხსენებული ტელეკომპანიის მაუწყებლობა. მოკლედ, პეტიცია ბევრ შეკითხვას ბადებს. იმედია, ზემოხსენებულ თემებზე კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები შეიქმნება და ობიექტურად განიხილება ის ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეები, რაც მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს.

არის საშიშროება, რომ აზარტული თამაშების აკრძალვამ ე.წ. ანდერგრაუნდში გადაინაცვლოს და არალეგალური სახე მიიღოს, რაც, სულ ცოტა ხნის წინ, ჩვეულებრივი ამბავი იყო. იმ დროს, როდესაც „მაზავშჩიკების“ ბრუნვა ათი ათასობით და ხშირად ასი ათასობით ლარს უდრიდა, ბიუჯეტი ამით ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობდა. არანაკლებ ცუდი ის არის, რომ ადამიანები და მათ შორის არასრულწლოვნებიც, ნებისმიერ თანხაზე თამაშობდნენ, ანუ ფსონის დადების მსურველი უბრალოდ ასახელებდა თანხას და ნაძლევიც ძალაში შედიოდა, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს პირი გადახდისუნარიანი. ლოგიკურია, რომ ამის გამო არაერთი უსიამოვნო ფაქტი ხდებოდა, ვიღაც სახლს ყიდდა, ვიღაც მანქანას, მაგრამ სამართალდამცავების აქტიური მუშაობის შემდეგ, „მაზავშჩიკები“ ქუჩებიდან გაქრნენ. არაერთი საქმის გახსენება შეიძლება, როდესაც ფსონების უკანონოდ მიმღები პირები დააკავეს, ყველაზე ხმაურიანი კი, რა თქმა უნდა, გიორგი დემეტრაძის საქმეა. მოკლედ, მარტივია - როდესაც ტოტალიზატორები გაქრება, მათი მომხმარებლების მოთხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩება და არალეგალური ბიზნესის გაჩენის საშიშროებაც, იმ წამიდან, ერთიორად გაიზრდება.

ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა საკანონმდებლო ინიციატივის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვაზეა საუბარი. პეტიციაში ვკითხულობთ: „დაუყოვნებლივ აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის ყველა სახის რეკლამირება და მისი ნებისმიერი ფორმით პროპაგანდა“ . იმის გარდა, რომ აზარტული თამაშების ბიზნესით დაკავებული კომპანიები იზარალებენ იმით, რომ ვეღარ განათავსებენ რეკლამას არათუ ტელევიზიებში, არამედ თუნდაც მეტროს ვაგონებში, ის ფული, რომელიც დღეს ბევრ ტელეკომპანიაში რეკლამის სახით შედის და, მაგალითად, GMG-ის (იქიდან გამომდინარე, რომ სპორტული არხია) ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წყაროა, ვეღარ შევა. იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციულად ტოტალიზატორები საფეხბურთო და სხვა სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციების მთავარი დამფინანსებლები არიან, გამოდის, კანონის მიღების შემთხვევაში, სხვადასხვა ჩემპიონატების თუ შეჯიბრებების ჩვენება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„ჩვენ დავდგებით იმის წინაშე, რომ ვერ ვაჩვენებთ ვერც „ევროპის ლიგას“ , ვერც „პრემიერლიგას“, ვერ ვაჩვენებთ მადრიდის რეალის თამაშებს, ვერ ვნახავთ ჩოგბურთის ტურნირებს...“ - ეს განცხადება ტელეკომპანია GMG-ის გენერალურმა პროდიუსერმა ბიძინა ბარათაშვილმა, გადაცემა საფეხბურთო ღამის ეთერში გააკეთა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის, ოლიმპიადის, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის, რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის და სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებების საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩვენების სპონსორები ხშირად აჭარაბეთი და ევროპაბეთი არიან. ამაში ალოგიკური არაფერია, ეს ასეც უნდა იყოს - ალბათ არავის უკვირს, რომ სპორტულ ღონისძიებას, ვთქვათ, სარეცხი ფხვნილის მწარმოებელი კომპანია არ ასპონსორებს.

როგორც ტაბულასთან საუბარში GMG-ს გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ტოტალიზატორი, ტელეკომპანიასთან რაიმე სახით მაინც თანამშრომლობს, იქნება ეს ტრანსლაციების, გადაცემების დასპონსორება თუ სხვა. ყუბანეიშვილის თქმით, კანონის ამოქმედებით არხს ფინანსური ზიანი მიადგება, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მსოფლიოში ფაქტობრივად არ მოიძებნება ისეთი სპორტული ღონისძიება, სადაც სხვადასხვა ტოტალიზატორები რაიმე სახით მაინც არ იყვნენ ჩაბმული. აქედან გამომდინარე, ტელევიზია თუ შეჯიბრებებს ვერ აჩვენებს, მის არსებობას აზრი ეკარგება.

ტოტალიზატორები მატერიალურად ეხმარებიან ქართულ სპორტსაც, შესაბამისად, გასათვალისწინებელია, თუ რა დანაკარგს ნახავენ სხვადასხვა სახეობები, როდესაც დაფინანსება მოაკლდებათ. გასულ სეზონში ევროპაბეთი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულს 100 000 დოლარით აჯილდოებდა, კომპანიის ბანერები კი სხვადასხვა საფეხბურთო სტადიონებზე გვხვდებოდა. აჭარაბეთი არაერთ სპორტსმენტს დახმარებია, მაგალითისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრებიც კმარა, რომლის მაისურებსაც ხსენებული კომპანიის ლოგო ამშვენებდა. საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის სპონსორიც სწორედ აჭარაბეთია.

სხვა საკითხია, რამდენად ცივილურია ასეთი რამის გაკეთება იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული საფეხბურთო კლუბის, მადრიდის რეალის მაისურს, ტოტალიზატორის ლოგო ამშვენებს (bwin). ხსენებულო კომპანია სხვადასხვა დროს ასპონსორებდა მილანს, მანჩესტერ იუნაიტედს, ბრემენის ვერდერს, ტურინის იუვენტუსს და სხვა კლუბებს. კომპანია 2006 წლიდან აფინანსებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს კალათბურთში. ასეთი საბუკმეკერო კომპანია იმდენად ბევრია, რომ მათ ჩამოთვლას აზრიც არ აქვს. მოტოსპორტიდან ცხენოსნობამდე ონლაინტოტალიზატორები უამრავ შეჯიბრებას და სპორტულ გუნდებს უწევენ ფინანსურ დახმარებას, სანაცვლოდ კი სპორტსმენები მათი ლოგოთი დამშვენებულ მაისურებს ირგებენ.

ამის გამო არავის მოსდის აზრად, რომ აკრძალოს მათი ბიზნესის რეკლამირება, ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში, ან ესპანეთში. მადრიდის რეალი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 1,5 მილიონ მაისურს ყიდის და, სავარაუდოდ, მყიდველთა სოლიდური ნაწილი არასრულწლოვანია, მაგრამ იმის გამო, რომ ზედ bwin აწერია, რამდენი მათგანი ჩაერთო აზარტულ თამაშებში, უცნობია. ისე, რადგან არ აუკრძალავთ და ბატონი კობასა და „საზოგადოებრივი მოძრაობა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ“ -ის მსგავსად განგაშის ზარები არ შემოუკრავთ, სავარაუდოდ, დასავლეთში ასეთ პრობლემას ვერ ხედავენ.

„ინტერნეტის კონტროლი ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია“ , - განაცხადა კობა დავითაშვილმა პირველი რადიოს რადიო კლუბში. საინტერესოა, როგორ აპირებს დეპუტატი ამის გაკეთებას, იმედია, ჩრდილოეთ კორეის, ბირმის ან კუბის მეთოდს არ მიმართავს, სადაც ინტერნეტის გამოყენება განსაკუთრებულად პრივილეგირებული ადამიანების გარდა, ყველასთვის აკრძალულია. რაც შეეხება ინტერნეტტოტალიზატორებს, ოცდამეერთე საუკუნემ და იმან, რომ ჩვენს ქვეყანაშიც უამრავ ადამიანს აქვს სახლში კომპიუტერი, შეამცირა ადამიანთა რიცხვი, ვინც დაწესებულებაში მიდის ფსონის გასაკეთებლად. დღეს ამას ძირითადად ისინი აკეთებენ, ვისაც ტოტალიზატორის ბილეთთან ან შენობასთან ერთგვარი ნოსტალგიური სენტიმენტები აკავშირებთ, ან კომპიუტერთან წვდომა არ აქვთ, მომხმარებლების დიდი ნაწილი კი სახლიდან გაუსვლელად თამაშობს.

არასრულწლოვანს არ აქვს უფლება დარეგისტრირდეს ონლაინტოტალიზატორში, საჭიროა პირადობის მოწმობის ნომრის შეყვანა, რის საფუძველზეც შემდეგ მოხდება მოგების გაცემა. არსებობს შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები, სრულწლოვანი პირების პირადობის მოწმობის ნომრებით რეგისტრირდებიან და შემდეგ მათი დახმარებით გამოაქვთ თანხა. როგორ აპირებს ამ ფაქტების აღმოფხვრას ბატონი კობა და საერთოდ თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი არასრულწლოვანი მოქმედებს ასეთი გეგმის მიხედვით და რამდენად დიდ თანხას აგებს, საინტერესოა. თუმცა, თუ მოხდება ტოტალიზატორებთან კოოპერაცია ასეთი შემთხვევების შემცირების კუთხით, ცუდი ნამდვილად არ არის, პირიქით - კარგია, ბევრად უფრო ცივილური, ვიდრე, ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეის მეთოდი. ინტერნეტტოტალიზატორების დაბლოკვა იმ ადამიანებისთვის, ვინც დროდადრო მცირე თანხას - 2-5 ლარს დებს და ამით სიამოვნებას იღებს, დამატებით ინტერესს სძენს მატჩების ყურებას, სამართლიანი ნამდვილად არ არის.

ამ სტატიის დასრულებისა და ჟურნალის გამოშვების თარიღებს შორის დაშორება ორი კვირაა. იმედია, პარლამენტში გაითვალისწინებენ იმ მნიშვნელოვან ასპექტებს, რაც კანონის მიღებას შეიძლება მოჰყვეს.

19 წლის ფოლადის ფილმები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნიკა ესებუა

0x01 graphic

2013 წლის ბლოკბასტერების სეზონი წინა წლებისგან ოდნავ გამორჩეული იქნება. ყველაზე აქტუალური თემა პოსტაპოკალიპტური დედამიწაა, შედარებით ნაკლებია სიქველი და უფრო მეტი ახალი პროექტი, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს. წარმოგიდგენთ ე.წ. ზაფხულის სეზონის ფილმებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

Upstream Color

(5 აპრილი) რეჟისორი: შეინ კერატი. მთავარ როლებში: ენდრიუ სენსენიგი, შეინ კერატი, ემი სეიმეცი, ბრინა პალენსია.

რატომ უნდა ნახო?

იმიტომ, რომ ფილმს სანდენსის კინოფესტივალზე ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. სანდენსი კი საუკეთესო დამოუკიდებელი ამერიკული ფილმების თავშეყრის ადგილია. Upstream Color რეჟისორ შეინ კერატის პირველი ფილმია „პრაიმერის“ შემდეგ. „პრაიმერი“ საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელიც ერთდროულად ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი და, ამავდროულად, დაფასებული ნამუშევარია. თუ წინა ნამუშევარს გავითვალისწინებთ, ფილმის სინოფსისის მოყოლას დიდი აზრი არ აქვს, კერატს უყვარს გონებით მანიპულაცია და Upstream Color-ის ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. აუცილებლად ნახეთ იმედისმომცემი რეჟისორის ახალი ფილმი, რომლის ორწუთიანი ვიდეოც, სულ მცირე, მიმზიდველია.

ჯობსი

(19 აპრილი)

რეჟისორი: ჯოშუა მაიკლ სტერნი. მთავარ როლებში: ეშტონ კატჩერი, ჯოშ გადი, ჯეიმს ვუდსი.

რატომ უნდა ნახო?

ეს არის ფილმი სტივ ჯობსზე, ადამიანზე, რომლის სახელსაც კომპანია Apple და ყველა ის სუპერპოპულარული გამოგონება უკავშირდება, რომელსაც ყოველდღიურად ასე ხშირად ნახულობთ ხოლმე. ესაა ნამუშევარი ადამიანზე, რომელმაც რასაც ხელი მოკიდა, თითქმის ყველაფერი ოქროდ აქცია. რამდენად უხდება ეშტონ კატჩერი სტივ ჯობსის როლს, ამას თავად შეაფასებთ.

ობლივიონი

(12 აპრილი)

რეჟისორი: ჯოზეფ კოზინსკი. მთავარ როლებში: ტომ კრუზი, ოლგა კურილენკო, მორგან ფრიმენი, მელისა ლეო.

რატომ უნდა ნახო?

განადგურებული მომავლის დედამიწა წელს ჰოლივუდში აქტუალური თემა იქნება. სეზონს კი „ტრონის“ რეჟისორის ახალი ფილმი „ობლივიონი“ გახსნის. 2013 წელს უცხოპლანეტელებმა დედამიწას შეუტიეს, ომი ადამიანებმა მოიგეს, თუმცა პლანეტა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. ფილმში მოქმედება ომიდან 60 წლის შემდეგ ვითარდება, როდესაც ტომ კრუზის პერსონაჟი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ისტორია, რომელიც მან თავის პლანეტაზე იცოდა, ტყუილია და რომ მას კონკრეტული ჯგუფი იყენებს. კოზინსკი ამბიციური ახალგაზრდაა, ვინც „ტრონის“ სახით ვიზუალურად მშვენიერი ფილმი შექმნა. დროა, სიუჟეტზეც დაფიქრდეს. „ობლივიონი“ მისი შანსია.

რკინის კაცი 3

(3 მაისი)

რეჟისორი: შეინ ბლექი. მთავარ როლებში: რობერტ დაუნი უმცროსი, დონ ჩიდლი, ბენ კინგსლი, გაი პირსი.

რატომ უნდა ნახო?

იმიტომ უნდა ნახოთ, რომ რკინის კაცის პირველი ორი ფილმი, კარგი პოპკორნ კინოა, სპეცეფექტებით დახუნძლული, უამრავი ექშენ სცენით და დიდი დოზით იუმორით. მართალია, მესამე ფილმის რეჟისორი ჯონ ფავრო აღარ არის, მაგრამ ტრეილერში ტონი სტარკი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და, სავარაუდოდ, „რკინის კაცი 3-ის“ სახით კარგი კომიქსის ეკრანიზაცია გელით.

დიდი გეტსბი

(10 მაისი)

რეჟისორი: ბაზ ლურმანი. მთავარ როლებში: ლეონარდო დი კაპრიო, ტობი მაგუაერი, ქერი მალიგანი, ჯოელ ეჯერტონი.

რატომ უნდა ნახო?

ფილმის სიუჟეტის გაცნობით თავს არ შეგაწყენთ. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ამავე სახელწოდების ნაწარმოები კლასიკაა, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ წიგნად ითვლება. ლურმანმა იცის, როგორ გადაიღოს ლამაზი ფილმი, თუმცა ბოლო პერიოდში უჭირს ვიზუალს იქით რაიმე ღირებულის შექმნა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნამუშევარი კანის წლევანდელ კინოფესტივალს გახსნის, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ „დიდი გეტსბი“ , სულ ცოტა, საშინელი მაინც არ იქნება.

სტარ ტრეკი უკუნეთში

(17 მაისი)

რეჟისორი: ჯეი ჯეი აბრაამსი. მთავარ როლებში: კრის პაინი, ზაქარია ქუინტო, ბენედიქტ ქამბერბაჩი, ზოი სალდანა.

რატომ უნდა ნახო?

ჯეი ჯეი აბრაამსმა რამდენიმე წლის წინ სტარ ტრეკის ფრენჩაიზი გააცოცხლა და ახლა მის სხვა სიმაღლეზე აყვანას შეეცდება. ხომალდ ინტერპრაისის წევრებს, კაპიტან კირკის მეთაურობით, ახალ, ძლევამოსილ მტერთან მოუწევთ შეჭიდება. პროექტს აქვს ყველაფერი, რომ წარმატებული იყოს, რაც მთავარია, რეჟისორი ისევ ჯეი ჯეი აბრაამსია.

The Hangover 3

(24 მაისი)

რეჟისორი: ტოდ ფილიპსი. მთ. როლებში: ბრედლი კუპერი, ზაკ გალიფიანაკისი, ედ ჰელმსი.

რატომ უნდა ნახო?

უნდა ნახოთ იმიტომ, რომ პირველი ჰენგოვერი ძალიან კარგი კომედიაა, მეორეც არ გამოვიდა ცუდი და ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი თქვენს ყურადღებას იმსახურებს. ახალს და გამორჩეულს ბევრს არაფერს უნდა ელოდოთ, სამეგობრო ისევ საშინლად დათვრება და სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ისევ ათას სისულელეს იზამს, რისი გამოსწორებაც მეორე დღეს მოუწევს. მთავარია, ეს ყველაფერი, წინა ფილმების მსგავსად, ისევ სასაცილო იყოს.

ახლა შენ მე მხედავ

(31 მაისი) რეჟისორი: ლუის ლეტერიე. მთავარ როლებში: ჯესი ეიზენბერგი, მარკ რუფალო, მელანი ლორენი, ვუდი ჰარელსონი.

რატომ უნდა ნახო?

წარმოიდგინეთ ოთხი გენიალური ილუზიონისტი, რომელიც პირდაპირ ეთერში ათასობით მაყურებლის თვალწინ ბანკის საცავს გამოასუფთავებს და ფულს ხალხს დაურიგებს. პოლიცია ცდილობს ქურდები დაიჭიროს, მაგრამ მტკიცებულება არ გააჩნია, ამ დროს კი ილუზიონისტები ახალ, უფრო მასშტაბურ ფოკუსს გეგმავენ. ფილმის ტრეილერი ძალიან დამაინტრიგებელი იყო და ნამდვილად ღირს ამ ნამუშევრისთვის 90 წუთის დახარჯვა.

დედამიწის შემდეგ

(7 ივნისი)

რეჟისორი: მ. ნაით შიამალანი. მთავარ როლებში: უილ სმიტი, ჯეიდენ სმიტი.

რატომ უნდა ნახო?

დედამიწა დაიღუპა. კატაკლიზმებმა პლანეტაზე ცხოვრება შეუძლებელი გახადა, ამიტომ ადამიანებმა ახალი სახლი, ნოვა პრაიმი იპოვეს. თუმცა დედამიწაზე მისიით სხვადასხვა ჯგუფებს უშვებენ ხოლმე. ერთ ასეთ ჯგუფს უილ სმიტის გმირი ხელმძღვანელობს. ექსპედიციის ყველა წევრი ხომალდის დედამიწაზე დაშვებისას დაიღუპება და მხოლოდ უილ სმიტი და მისი შვილი გადარჩებიან. რეალურ ცხოვრებაში მამა-შვილი, ფილმშიც ანალოგიურ როლებს ასრულებენ. ამ ორს თავის გადარჩენა მოუწევს პლანეტაზე, რომელიც ადამიანებს აღარ ეკუთვნის. წლებია, კინოსამყარო მ. ნაით შიამალანის დაბრუნებას ელოდება და იქნებ სწორედ ეს პროექტი იქცეს „მეექვსე გრძნობის“ რეჟისორის მეორე სიცოცხლედ.

ფოლადის ადამიანი

(14 ივნისი)

რეჟისორი: ზაკ სნაიდერი. მთავარ როლებში: ჰენრი ქევილი, ემი ადამსი, მაიკლ შენონი, ლოურენს ფიშბორნი.

რატომ უნდა ნახო?

სუპერმენი ბრუნდება! წლის, ალბათ, უმნიშვნელოვანესი ბლოკბასტერი იმიტომ კი არაა მნიშვნელოვანი, რომ ყველაზე პოპულარული კომიქსების პერსონაჟი კინოს უბრუნდება, არამედ იმიტომ, რომ პროექტზე ზაკ სნაიდერი, კრისტოფერ ნოლანი და დევიდ გოიერი მუშაობდნენ. სამი ადამიანი, რომელთა სახელსაც ორი უმთავრესი კინოკომიქსი, ბეტმენი და Watchmen უკავშირდება. ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, მათ ერთად ჰარმონიულად იმუშავეს და სუპერმენს ღირსეული ფილმი ეღირსება. ეს ნაკლებად იქნება კინო სუპერმენზე, ეს იქნება ნამუშევარი ფოლადის ადამიანზე, რომელიც ნაბიჯნაბიჯ იქცა გმირად.

ეს აღსასრულია

(14 ივნისი)

რეჟისორი: სეტ როგენი, ევან გოლდბერგი. მთავარ როლებში: სეტ როგენი, ჯონა ჰილი, ჯეიმს ფრანკო, მაიკლ სერა, ჯეი ბარუშელი, კრეიგ რობინსონი, დენი მაქბრაიდი, ჯეისონ სიგელი.

რატომ უნდა ნახო?

იმიტომ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობების გარდა, კიდევ არაერთი ცნობილი ჰოლივუდელი მიიღებს მონაწილეობას ფილმში, რომელიც დედამიწის აღსასრულზე მოგვითხრობს. ესაა ნამუშევარი მეგობრებზე, რომლებიც ერთმანეთის ფასს მხოლოდ ასეთ მძიმე სიტუაციაში მიხვდებიან. რაც მთავარია, ეს კომედიაა და ისეთი შემადგენლობაა თავმოყრილი, ძალიან უნდა მოინდომონ, რომ ვერ გაგაცინონ.

0x01 graphic

მონსტრების უნივერსიტეტი

(21 ივნისი)

რეჟისორი: დენ სკანლონი. მთავარ როლებში: ბილი კრისტალი, ჯონ გუდმენი, სტივ ბუშემი, შონ ჰეიესი.

რატომ უნდა ნახო?

წელს გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე არც ისე ბევრი საინტერესო ანიმაციური ფილმი გამოდის. მეტიც, „მონსტრებიც უნივერსიტეტი“ ერთადერთია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. „პიქსარს“ მცირე ჩავარდნა აქვს - „მანქანები 2“ და „მამაცი“ კრიტიკოსებმა და მაყურებელმა ისე თბილად არ მიიღო, როგორც სტუდიის წინა ნამუშევრები, ამიტომ „პიქსარი“ ვალდებულია, სახელი და დიდება დაიბრუნოს და ამას „მონსტრების კორპორაციის“ პრიქველით შეეცდება. მულტფილმი სალის და მაიკის კოლეჯისდროინდელ ისტორიაზე მოგვითხრობს, როდესაც ისინი მონსტრების კორპორაციაში მუშაობაზე მხოლოდ ოცნებობდნენ. „პიქსარის“ მხრიდან ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო ამ პრიქველის გადაღება, XXI საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური ფილმის ცუდი პრიქველით გაფუჭება, კომპანიის სახელს დაღს დაასვამს.

მსოფლიო ომი Z

(21 ივნისი)

რეჟისორი: მარკ ფორსტერი. მთავარ როლებში: ბრედ პიტი, მეთიუ ფოქსი, ჯეიმს ბეჯ დეილი.

რატომ უნდა ნახო?

კიდევ ერთი ფილმი მომავლის დედამიწაზე, რომელიც უმძიმეს სიტუაციაშია. საშინელი ზომბი ეპიდემია ყველაფერს ანადგურებს - ხალხს, სახელმწიფოებს, არმიას. ბრედ პიტის პერსონაჟი კი, როგორც ასეთი ფილმების ტრადიციაა, ეძებს წამალს, რომელიც ყველას განკურნავს. „მსოფლიო ომი Z“ რამდენიმე თვის წინ უნდა გამოსულიყო, მაგრამ პროდიუსერებს და კინოკომპანიას შორის კონფლიქტი მოხდა, დასასრული ბევრს არ მოეწონა და რამდენიმე ეპიზოდი თავიდან გადაიღეს. ეს, ალბათ, ფილმს დაღს დაასვამს. მთავარია, ძალიან არ დაამახინჯოს.

მარტოხელა რეინჯერი

(3 ივლისი)

რეჟისორი: გორ ვერბინსკი. მთავარ როლებში: ჯონი დეპი, არმი ჰამერი, ტომ უილკინსონი, ჰელენ ბონემ კარტერი.

რატომ უნდა ნახო?

გორ ვერბინსკი და ჯონი დეპი ერთად ცუდად არ მუშაობენ. „კარიბის ზღვის მეკობრეები“ და „რანგო“ კარგი გამოუვიდათ. ვერბინსკიმ ძალები ანიმაციურ ვესტერნშიც მოსინჯა და სათავგადასავლო ფენტეზიშიც. ამ ფილმში კი ამ ორ ჟანრს აერთიანებს და შეეცდება, საინტერესო ნამუშევარი შემოგთავაზოთ.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „ჯობსი”

Pacific Rim

(12 ივლისი)

რეჟისორი: გილერმო დელ ტორო. მთავარ როლებში: ჩარლი ჰანამი, იდრის ელბა, რინკო კიკუჩი, რონ პერლმანი.

რატომ უნდა ნახო? კიდევ ერთი ფილმი მომავალზე, რომელიც კარგს არაფერს გვიქადის. დედამიწას გიგანტური მონსტრები უტევენ, ადამიანებმა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, უზარმაზარი მანქანები შემქნეს, რომლებსაც ორი პილოტი მართავს. სინოფსისი და ტრეილერი არაფრით გამორჩეულია, რიგითი ტრანსფორმერების მსგავსი, ცარიელი ფილმის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ეს ნამუშევარი უნდა ნახოთ - გილერმო დელ ტორო. ამ ადამიანს ჯერ არასდროს გადაუღია ურიგო ფილმი და სხვა თუ არაფერი, მის პირველ ცუდ ნამუშევარს მაინც გაეცნობით.

ლურჯი ჟასმინი

(26 ივლისი)

რეჟისორი: ვუდი ალენი. მთავარ როლებში: ქეით ბლანშეტი, ალეკ ბოლდუინი, სალი ჰოკინსი, პიტერ სარსგაარდი.

რატომ უნდა ნახო? უნდა ნახოთ იმიტომ, რომ ფილმის რეჟისორი ვუდი ალენია. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კინოში წახვიდეთ.

სამურავი

(The Wolverine)

(26 ივლისი)

რეჟისორი: ჯეიმს მენგოლდი. მთავარ როლებში: ჰიუ ჯეკმენი, ჰიროიუკი სანადა, ტაო ოკამოტო.

რატომ უნდა ნახო?

ლოგანი X men-ის ყველაზე პოპულარული პერსონაჟია, რომელიც კარგ საკუთარ ფილმს ვერ ეღირსა. ჯეიმს მენგოლდის რეჟისორის სავარძელში ხილვა კი იმედებს ბადებს, რომ ამ შემთხვევაში მაინც ეღირსება ვულვერინი კარგ ნამუშევარს. ფილმის სიუჟეტი იაპონიაში განვითარდება, სადაც უკვდავი პერსონაჟი სასიკვდილო იარაღს შეხვდება.

ელიზიუმი

(9 აგვისტო)

რეჟისორი: ნეილ ბლომკამპი. მთავარ როლებში: მეთ დეიმონი, ჯოდი ფოსტერი, შარლოტ ქოუფლი, ალისა ბრაგა, დიეგო ლუნა.

რატომ უნდა ნახო?

ნეილ ბლომკამპს ერთადერთი ფილმი აქვს გადაღებული - „მეცხრე რაიონი“ . 2009 წელს არცერთი ფილმი ისეთი სასიამოვნოდ მოულოდნელი და ორიგინალური არ ყოფილა როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა/შავი კომედია უცხოპლანეტელებზე, რომლებიც აპარტეიდის რეჟიმის მსხვერპლნი არიან. რა მნიშვნელობა აქვს „ელიზიუმის“ სიუჟეტს, მთავარია ბლომკამპის გადაღებულია, ეს იმედისმომცემი რეჟისორი კი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.

20 ლატე რძის გარეშე, ანუ ბარი ქართულად

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნინა ახლოური

თუ თბილისის ბარების ხშირი სტუმარი ხართ, რამდენჯერმე მაინც იქნებით უკვე საკმაოდ ნაცნობი სურათის შემსწრე: ბართან უცხოელი სტუმარი დგას და ბარმენს ეუბნება, რომ მან სულ სხვანაირი „მარგარიტა“ შეუკვეთა. ის კი მოთმინებით უხსნის, რომ სასმელის მომზადების დროს ტეკილაც გამოიყენა, კუანტროც და საერთოდაც, აქ ასე ამზადებენ. ცხადია, აქ საქმე განსხვავებულ ინგრედიენტებში არაა - მთავარია დოზა, რომელიც ჩვენთან ხშირადაა შეცვლილი კლასიკური რეცეპტებისგან განსხვავებით ქართველების გემოვნების გამო - აქ ყველაფერი ტკბილი უყვართ. ზოგადადაც, სასმელების ცნობით მასა არ გამოირჩევა - სულ რამდენიმე კოქტეილია, რომელსაც ყველა სვამს და ბარმენებსაც ცოდნის გაფართოებისთვის ნაკლებ სტიმულს უტოვებს: ლონგ აილენდი, ეფლ ჯეკი, მაი ტაი, ბაკარდი კოლა, კოსმოპოლიტენი, მოხიტო, დაიკირი.

0x01 graphic

„როგორც ევროპაში გამოიგონეს კოსმოპოლიტენი, გრამაჟობით ასე რომ გავაკეთო და ხალხს შევთავაზო, ძალიან გამიბრაზდებიან. არ მოეწონებათ. აქ წლების წინ ბარმენებმა საზოგადოებას შეცვლილი რეცეპტით დამზადებული კოქტეილები გაასინჯეს და რთულია, სტუმრებს განსხვავებული, თუმცა ნამდვილი გემო შესთავაზო. აქ არ მოსწონთ ცოტა სასმელი, ჭიქაში აუცილებლად ბევრი უნდა იყოს“ , - ამბობს გიორგი კელაპტრიშვილი, რომელიც უკვე წლებია ბარმენად მუშაობს.

ის ძალიან ახალგაზრდაა - 24 წლის და ჭავჭავაძეზე მდებარე კაფე „პროსპექტის“ და სანაყინე „ანჯელატოს“ ბარ-მენეჯერია. ამბობენ, რომ თბილისში ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ მოხიტოს აკეთებს (თუმცა თბილისში მისი მოგონილი რეცეპტით კენკრის ძალიან გემრიელ უალკოჰოლო მილქ შეიქსაც გასინჯავთ. ასევე მისი ორიგინალური რეცეპტით არის შექმნილი „პროსპექტის“ საფირმო კოქტეილიც. ნ.ა.) „როდესაც კოქტეილს აკეთებ, უნდა წარმოიდგინო, რომ შენთვის აკეთებ, ბევრი დრო დაუთმო და მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო, მაშინ გამოვა ყველაზე კარგი. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ხასიათზე ხარ, როდესაც კოქტეილს აკეთებ. განწყობა გემოზე პირდაპირ აისახება“ , - ამბობს გიორგი.

აკადემიური განათლება არ მიუღია, ეს სფერო ძალიან აინტერესებდა და თვითონ ცდილობდა ყველაფერი ესწავლა. „რვა წლის წინ ინტერნეტში მასალა ასე ადვილად მოსაძიებელი არ იყო. ახლა შეგიძლია იუთუბზე ნახო უამრავი ვიდეო, სადაც აგიხსნიან, როგორ და რა გააკეთო. მაშინ კი ყველას რაღაცას ვეკითხებოდი, მეტიც, კლუბში რომ მივდიოდი, იქ ჩემთვის საინტერესო სასმელს ვუკვეთავდი და ვუყურებდი, ბარმენი როგორ გააკეთებდა“ .

ფიქრობს, რომ ბარმენობა სტუდენტებისთვის მიმზიდველი პროფესია რამდენიმე მიზეზის გამოა. მათ საკუთარი შემოსავალი უჩნდებათ, შეუძლიათ ღამით იმუშაონ და დღე ლექციებზე იარონ. ცალკე ხიბლი აქვს ბოთლებით თამაშსაც: „თავიდან, ბარმენობა რომ გინდა, ალბათ გაინტერესებს ფლეირინგიც, ანუ ბოთლების ტრიალი და შოუ, მაგრამ როდესაც ამ სისტემაში კარგად იხედები, ხვდები, რომ ის კიდევ ცალკე თემაა, ჯერ მთავარია თავად სასმელების კეთება ისწავლო. ფლეირინგით გატაცებული არ ვარ, აქცენტს კოქტეილის გემურ თვისებებზე ვაკეთებ. კლუბში როცა ხარ და სასმელს ლამაზად გისხამენ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე რატომღაც არ მიზიდავს“ .

0x01 graphic

სანდრო ცისკაძე

თავიდან მუშაობა კრომბახერში დაიწყო. შემდეგ იყო არტ კაფე ფურცელაძეზე, coffee.ge, რომელმაც, როგორც ამბობს, დიდი გამოცდილება მისცა. „საინტერესო გამოცდილება მივიღე უკრაინაში, ყირიმში, სადაც ზაფხულში სამუშაოდ ვიყავი ჩასული. ვმუშაობდი ლოფტშიც - თეკუნა გაჩეჩილაძე ძალიან საინტერესო პროფესიონალია, ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მოლეკულურ ტექნოლოგიებზე. მოლეკულურ სამზარეულოს და ბარს განსაკუთრებული გარემო უნდა - ინტერიერი და მუსიკა ისეთი უნდა იყოს, რომ ნაკლებ ყურადღებას იქცევდეს და მთავარი აქცენტი კერძზე კეთდებოდეს.

ეს, ტრადიციული სამზარეულოსგან განსხვავებით, ძალიან შრომატევადია. უფრო მარტივად რომ წარმოიდგინოთ - ავიღოთ ჩვეულებრივი მოხიტო. მოლეკულური ტექნოლოგიით დამზადებული, ეს იქნება ბევრი ბურთი გამჭვირვალე აპკით, რომლებშიც პატარა პიტნა გდია და პირში რომ ჩაიდებ, სკდება და სასმელი გადმოდის. არსებობს ასევე ჟელატინის კოქტეილები, ბევრად ადვილად გასაკეთებელია და ვფიქრობ, შეიძლება თბილისში მისი შემოტანა. კარგი იქნება, ხალხი ინოვაციებს მიეჩვიოს. მოლეკულური ბარი კი შედარებით რთული გასაკეთებელიცაა და ალბათ ხალხიც არ იქნება ამისთვის მზად“ , - მიაჩნია გიორგის.

შრომატევადის გარდა, ბარმენობა მხიარული პროფესიაცაა. ჩვენთან ეს ძირითადად სასმელების ცუდი ცოდნის გამო ხდება. „ძალიან ბევრი უცნაური შეკვეთა შემოსულა. მაგალითად, ერთხელ ლატე მოითხოვეს რძის გარეშე“ . იხსენებს, როგორ მოითხოვა სტუმარმა რქაწითელი და პრეტენზია გამოთქვა, რომ ის წითელი არ აღმოჩნდა - „როგორ, კაცო, თვითონ სახელი გეუბნება, რომ წითელია“ . ვიცინით. ოღონდ, ურძეო ლატეს შემდეგ რთულია კიდევ რამეზე გაგეცინოს.

საუბრის დასასრულს ერთი სახალისო ამბავიც გამიმხილა - კოქტეილები მაინცდამაინც არ მიყვარს და არ ვსვამო. რჩევა კი ექსპერიმენტების ჩატარების მოყვარულებს მისცა: „თუ იცი, რომელ სასმელს რა გემო აქვს, „არ უნდა გააკეთო“ ექსპერიმენტების დროს არ უნდა არსებობდეს. ასე საბოლოო სურათის წარმოდგენა საკმაოდ ადვილია. უნდა იცოდე, რომ ტეკილა სანრაიზი ერთადერთი კოქტეილია, სადაც გრენადინის და ტეკილას სინთეზი გემრიელი გამოდის. ტეკილა აგვის ფესვიდან დამზადებული არაყია, გრენადინი კი ძალიან ტკბილია და ძალიან შეუთავსებელი ინგრედიენტებია. ბლუ კურასაო კოქტეილში უნდა გაურიო ძალიან პატარა დოზით, მხოლოდ კარგი ფერის მისაცემად. ძირითად ინგრედიენტად მისი წარმოდგენა არ ღირს. როდესაც ჭიქა მარგარიტას მარილით აფორმებ, შეგიძლია ამ უკანასკნელში ცოტა კურასაო გაურიო და გამოვა, რომ ზემოდან ლურჯი მარილი ექნება მოყრილი“ .

„რამდენჯერმე ვეცადე, ამ სისტემიდან წავსულიყავი. ვიფიქრე, რომ ვიშოვიდი სამსახურს, სადაც მივიდოდი ცხრა საათზე და წამოვიდოდი ექვსზე, მაგრამ სხვა სფეროში გამოცდილების გარეშე სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია. რომ წავიდე, ყველაზე მეტად ბარში დგომა მომენატრება, სტუმრებთან ურთიერთობა. სტუმარს სახეზეც რომ ატყობ, რომ შენი შეთავაზებული სასმელი მოეწონა, ეს განსაკუთრებული გრძნობაა და აუცილებლად დაგაკლდება. ამის გამოც გიხარია შვებულებიდან სამსახურში დაბრუნება“ , - ამბობს გიორგი. ამ სფეროში სიახლეების გაგების და სწავლის სურვილიც აკავებს - ექსპერიმენტები უყვარს. ამბობს, რომ მოსაწყენია, როცა ერთ ადგილზე იყინები.

ამ სფეროში მუშაობის სტიმული ალბათ ისიცაა, რომ თბილისში ბარმენობა საკმაოდ შემოსავლიანი პროფესიაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცოდნა და გამოცდილება სათანადო გაქვს. ხოლო როდესაც ძალისხმევას საზოგადოებაში პოპულარობაც ემატება, წარმატება გარანტირებულია.

ახალგაზრდა ბარმენს, სანდრო ცისკაძეს, ქართული საზოგადოება იცნობს პროექტიდან „ნიჭიერი“, სადაც მან ფინალში გასვლა მოახერხა და სწორედ ამან შეუწყო ხელი მის პოპულარობას. სანდრო 27 წლისაა, ფლეირინგის ხელოვნებას ფლობს და როგორც თვითონ ამბობს, საქართველოში ყველაზე წარმატებული ბარმენია იქიდან გამომდინარე, რომ აქ სადაც სცადა, ყველა ჩემპიონატი მოიგო. ამას გარდა, ხშირად დადის მსოფლიო ჩემპიონატებზე. ცდილობს საქართველოს ჩემპიონატებში მონაწილეობა არ მიიღოს, რადგან ფიქრობს, რომ ასე სხვა ბარმენებს განვითარების საშუალებას აღარ აძლევს.

0x01 graphic

გიორგი კელაპტრიშვილი

„ფლეირინგით იმიტომ დავინტერესდი, რომ ძალიან მოქნილი ვარ, ადრე ფეხბურთელი ვიყავი. ბოთლების ტრიალს არ სჭირდება ძალა, უნდა პლასტიკა და ტვინის განძრევა. რამდენჯერმე ვცადე და რომ გამომივიდა, მივხვდი, უნდა გამეგრძელებინა. ძალიან ბევრი ბოთლი მაქვს დამტვრეული ვარჯიშის პროცესში. ნომრებს თვითონ ვიგონებ, რადგან ჩემპიონატებზე სხვისი ილეთების გამოყენება არ შეიძლება. გარკვეული პერიოდი პლასტიკის და პანტომიმის გაკვეთილებზე დავდიოდი“ .

სანდრო გერმანულ უნივერსიტეტში სწავლობდა, როდესაც მამა დაეღუპა და არ ჰქონდა საშუალება, სწავლის ფული გადაეხადა. „გადავწყვიტე, რაღაც გამეკეთებინა, გერმანულის გარდა არაფრის ცოდნა არ მქონდა, 17 წლის ვიყავი. ვცდილობდი, მარტივად ასათვისებელი საქმე მეპოვა, მაგრამ ბარმენობა ასეთი არ აღმოჩნდა. იუთუბის დახმარებით ვსწავლობდი, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. შვიდი თვე მივარჯიშია ერთ ილეთზე.

თავიდან ცოტა მიჭირდა, ხალხთან ურთიერთობას მიჩვეული არ ვიყავი. საქართველოში ხალხმა გართობა არ იცის, არც კლუბში მოქცევის წესები, ნასვამები აგრესიულები ხდებიან და რთულია ურთიერთობა“ . ცისკაძეს და მის კოლეგებს ამის გამო ბამბა რუმსში სტუმართან ფიზიკური კონფლიქტიც ჰქონდათ, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა. ბარმენობა ტრეფიკიდან დაიწყო. შემდეგ გურუ კლუბში შესთავაზეს მუშაობის დაწყება, რასაც ბამბა რუმსი და იუნიქი მოჰყვა. ახლა კლიკის დირექტორია და მომავლისთვის ბევრი ბიზნესგეგმა აქვს: „ერთ კვირაში შარდენზე ბაკარდი-მოხიტო ბარს ვხსნი. საქართველოში, ვფიქრობ, ასეთი მაგარი ბარი არ არის. იტალიიდან ჩამოვიტანე პროექტი. მაფინანსებს ბაკარდი, რომლის სახეც ვარ ამიერკავკასიაში. ამ ბარში ისეთ კოქტეილებს დავლევთ, როგორსაც საზღვარგარეთ. საქართველოში კოქტეილები ცოტა გადაკეთებულია იმიტომ, რომ ქართველი ბარმენები არ არიან განვითარებულები. უცხოეთში ტრენინგებზე ხშირად დავდივარ. საქართველოში არ არსებობს სპონსორი, რომელიც დაგაფინანსებს, ამიტომ ჩემი პროფესიული განვითარებისთვის ჩემივე ჯიბიდან ვიხდი ფულს. ვფიქრობ, მიფასდება. საქართველოში ბარმენებს აკლიათ ეს ცოდნა და სულ რამდენიმე კოქტეილის გარშემო ტრიალებენ. ჩემს ბარში სხვანაირი სიტუაცია იქნება“ .

სანდროს თავისი ჯგუფი ჰყავს, Flair Together, რომელიც რვა ადამიანიგსან შედგება. მათ ბევრ კორპორაციულ საღამოზე და კერძო წვეულებებზე იწვევენ და აქვთ საავტორო შოუ, რომელიც ყველას მოსწონს. Flair Together-თან ერთად ბარმენების სკოლასაც ხსნის:

„სკოლა ხუთ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული. ესენია: ჩილიმის მომზადება, ყავის პროფესიონალი (ბარისტა), ფლეირინგის ბარმენი, კლასიკური ბარმენი და ქარვინგი. ვფიქრობ, თუ ბარმენობას იწყებ, ეს ნიშნავს, რომ ფინანსურად არ ხარ ძლიერი. ამიტომ ჩვენს სკოლაში, სხვა ბარმენების სკოლებისგან განსხვავებით, სწავლის გადასახადი გაცილებით დაბალი იქნება. ამასთან, სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას მივცემთ, ორკვირიან პრაქტიკაზეც გავუშვებთ სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში“ .

უცნაური შეკვეთების მიღება მასაც უწევს: „ნდომებიათ არაყი რედ ბულით და უთქვამთ, ბიგ ბული მინდაო. მოუთხოვიათ ჯინ ტონიკი ჯინის გარეშე. აქ ცოტაა სტუმარი, ვინც სასმელებში ერკვევა. გემოვნება ძირითადად ტკბილ კოქტეილებზეა ორიენტირებული, რომელიც არც გემოთი გამოირჩევა და არც ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო. ერთხელ დავამზადე მოხიტო კლასიკური რეცეპტით, რომელიც ძალიან გემრიელია და სტუმარს არ მოეწონა. აქ მთავარია ბევრი შაქრის სიროფი ჰქონდეს კოქტეილს“ .

სანდრო ნომრების გარდა კოქტეილებსაც იგონებს, მათგან ყველაზე ცნობილია „გლამური“ , რომელიც ქაცვის ფრეშით მზადდება.

„ახალი კოქტეილის გამოგონება რთულია, ამიტომ ისეთ ინგრედიენტებზე ვარ ორიენტირებული, რომელიც მხოლოდ საქართველოშია - მაგალითად, ვაკეთებ ტყემლის კოქტეილს. ერთადერთი, რასაც არასოდეს შევთავაზებ სტუმარს, კვერცხის კოქტეილია, რადგან თავად არ მომწონს. კიდევ, არასოდეს გავყვები გოგოს სახლში, რადგან ცოლი მყავს, სხვა კი ბარში აკრძალული არაფერი მაქვს - ყველაფრის გაკეთება შემიძლია“ .

21 განსხვავების შექმნა შეხვედრა მიკელე დე ლუკისთან

▲ზევით დაბრუნება


არქიტექტურა

სიმონ მაჩაბელი

0x01 graphic

სხვადასხვა აზრის მიუხედავად, მშვიდობის ხიდი ჩვენი ქალაქის ახალი სიმბოლოა, მისი ავტორი კი გახლავთ იტალიელი მიკელე დე ლუკი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით - პოლიტკრიტიკამ რატომღაც შთანთქა სურვილი გაგვეგო, თუ რას წარმოადგენს ხიდის ავტორი.

ქართულ მედიაში მწირი ინფორმაციაა ხიდის შემქმნელის შესახებ. მიკელე დე ლუკიმ ხიდის გარდა არაერთი შენობა აღმართა საქართველოში და ახალი ქართული ლანდშაფტის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. ის იტალიელ დიზაინერთა და არქიტექტორთა შორის პატივსაცემი ჰუმანისტია, რომელიც ძველ ტრადიციებს ახალ, თანამედროვე კონტექსტში შთამბეჭდავ ქმნილებებად წარმოადგენს.

მიკელე დე ლუკი 1951 წელს ფერარაში დაიბადა, ფლორენციაში მიიღო განათლება, იყო ავანგარდული მოძრაობის Memphis და Alchymia-ს წევრი. არტისტების (ხელოვანების) ამ ჯგუფს უკავშირდება გასული საუკუნის 70-იან წლებში რადიკალური ექსპერიმენტები დიზაინის სფეროში. მიკელე დე ლუკის ეკუთვნის იტალიის ნაციონალური ელექტროკავშირის კომპანიის ყველა დაწესებულების დიზაინი და ელექტროსადგურების არქიტექტურა. მან არაერთი ბანკისა და დიდი კომპანიის სახე შეცვალა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ცნობილია მისი სამუზეუმო ექსპოზიციების დიზაინი და ისტორიული შენობების რეკონსტრუქციები. ის არის ვენეციისა და მილანის დიზიანის სკოლების საპატიო პროფესორი, არაერთი ჯილდოს მფლობელი და თავისი 40-წლიანი შემოქმედებითი კარიერის მანძილზე სხვადასხვა დისციპლინებში თამამად გამოსცადა თავი. დღეს მიკელე დე ლუკი ალბრეხტ დიურერის წმინდა იერონიმეს ჰგავს, დიდი არქაული წვერებით და ბრძენი მეცნიერის გამომეტყველებით. მიკელეს მის სახელოსნოში შევხვდით, ელეგანტურ ნეოკლასიკურ შენობაში მოხვედრისას უმალ გაგახსენდებათ რენესანსული სტუდიოლოები, იდუმალი სივრცეებით, სადაც ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი მკვლევარი ბერები ეგზოტიკურ ნივთებს საგულდაგულოდ ინახავდნენ სპეციალურ კარადებში. მიკელეს შემთხვევაში მისი სამყარო ყველაფერშია არეკლილი - გაულესავი კედლები, ვიწრო კიბეები და ნედლი ხის სუნი, მყუდრო ოთახები სავსეა ცოდნით, ქვედა სართულზე ჩარხები დგას, ყველგან შემოქმედებითი, მუშა ატმოსფეროა - ცოცხალი, მაგრამ დროის მიღმა მდგომი.

აქ ვერ ნახავთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს, მინიმალისტურ ინტერიერებს, თვალში მოგხვდებათ ხისგან დამზადებული არქიტექტურული მაკეტები - პატარა და დიდი სახლები, ავეჯი, კაპიტელების, კოლონების, კიბეების პატარა მოდელები. მიკელე დე ლუკის ბოლოდროინდელი გატაცებაა ხის პატარა სახლების ელექტროხერხით „გამოძერწვა“ და როდესაც სამსახურში ახალი თანამშრომელი აჰყავს, თურმე ეკითხება: შეგიძლიათ ელექტროხერხის ხმარება?

საუბარს მიკელე თავისი გარეგნობის შესახებ იწყებს და უცნაურად უკავშირებს დიზაინს: „არქიტექტურა და დიზიანი განსხვავების შექმნაა. იცით, რატომ ვარ კაცი გრძელი წვერებით? მე ტყუპი ძმა მყავს და ადრეული ასაკიდან, ერთმანეთისგან განსხვავების საჭიროებას ვგრძნობდით. არქიტექტურა და დიზაინიც ხომ განსხვავების შექმნაა, აუცილებელია მომენტს გრძნობდე, შენი დროის თანამდევი იყო. რამდენი რამე მინდა გითხრათ. მინდა გითხრათ, რომ შენობაში შესასვლელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენობა, მინდა გითხრათ, რომ ის, თუ როგორ მივდივართ სამსახურში, ხშირად სამსახურზე უფრო მნიშვნელოვანია. კიბეები და ის ადგილები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, იქაა შენობის სული“ ...

მიკელე დე ლუკი თავისი ამჟამინდელი საქმიანობის სისტემის შესახებ გვიხსნის, თუ როგორ აქვს აწყობილი სახელოსნო და კომპანიები - „მე ოცდაათი თანამშრომელი მყავს. აქ მათთან ერთად ვმუშაობ, მაგრამ განმარტოებითაც კომერციული ვალდებულებების გარეშე მჭირდება მუშაობა, ამისთვის სოფელში, კიოზოში მაქვს სახელოსნო, იქ ვხატავ, პატარა ხის სახლებს ვაკეთებ ელექტროხერხით, ვიღებ ფოტოებს. თანამედროვეობა ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ასევეა დიზაინი ისტორიული მომენტის გარეშე - დრო ყველაზე დიდი შემოქმედია. ამ აზრმა მიბიძგა დამეარსებინა კომპანია Produzione Privata. ეს პატარა არტიზანული კომპანიაა, რომელიც მცირე ტირაჟით ქმნის ყველაფერს, რასაც დიდი კომპანიები აკეთებენ. Produzione Privata შვიდი ლაბორატორიისაგან შედგება, კერამიკა და ფაიფური, მეტალი, ხე, მარმარილო, მინა, მცირე ზომის მექანიზმები და Readymade - ჩვენ ექსპერიმენტულ ნივთებს ვამზადებთ და ყველაფერი ხელით კეთდება. მცირე ზომის წარმოება დიდ ინდუსტრიას ეხმარება. როდესაც ხელით მუშაობ, ყოველი შეცდომა შენს შესაძლებლობებს ამდიდრებს, გასწავლის, ინდუსტრიულ დონეზე კი შეცდომის დაშვება ძალიან სახიფათოა, ყველაფერი გადაჯაჭვულია - ხელობა, დიზაინი, ინდუსტრია. მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში. ხელობაში მე ახალი გატაცება ვიპოვე - ექსპერიმენტი - ეს არის უფლება, დაუშვა შეცდომები და იპოვო მიზეზი, რათა აღარ შეცდე“ .

1986 წელს კომპანია Artemide-სთვის მიკელე დე ლუკიმ მაგიდის ნათურა Tolomeo შექმნა. მობილური მეტალის მაგიდის ნათურა საკულტო ნივთად იქცა, ის დღესაც გაყიდვების ლიდერია და სხვადასხვა ვარიაციებით იყიდება: „განათების შექმნისას, აუცილებელია განაცალკევო პროექტი საბოლოო პროდუქტისაგან. კარგი პროექტი ყოველთვის კარგ პროდუქტს არ ნიშნავს. იშვიათად ხდება, როდესაც რაღაც კარგს დახატავ და ის, ამავე დროს, კარგი ნივთი გახდება. ამ დროს მთავარი არბიტრი ბაზარია. მაინც ვერ ვხვდები რატომ არის ტოლომეო ასეთი პოპულარული“ , - ამბობს მიკელე.

ამჟამად სახელოსნოში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ. ყველა იდეას რაღაც ხიბლი დასაწყისშივე აქვს - ტკბილეულის ფაბრიკა იაპონიაში, რომელიც ბორცვზე უნდა აშენდეს, შენობის ირგვლივ კი მარწყვის მდელოები იქნება, რომლისგანაც ტკბილეულს დაამზადებენ. ან ომანის მუზეუმი უდაბნოში - ოქროს ქვიშაში დახატული ნახევრად გამჭვირვალე მირაჟი.

არქიტექტორთან სახელოსნოში 40-მდე სტუმარი ვიყავით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ძირითადად, არქიტექტურისა და დიზაინის კრიტიკოსები, ჟურნალისტები სხვადასხვა პროფესიული გამოცემებიდან. მიკელე დე ლუკიმ პატარა ფილმი გვაჩვენა - მისი ავტობიოგრაფია. ფილმი მშვიდობის ხიდის პროექტის პრეზენტაცით მთავრდება, რომელიც მის სახელოსნოსში რამდენიმე წლის წინ გაიმართა და პერფორმანსის სახე ჰქონდა - ლაზური სიმღერის ფონზე, ერთი სანთლით განათებულ მიტკალზე მიკელემ ხიდი დახატა, ქსოვილის უკან კი ჯერ ხიდის ჩრდილი, შემდეგ კი თავად ხიდი ნელ-ნელა აღმოცენდა. ამ შთაბეჭდავმა სანახაობამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ყველანი მეორე სართულზე გავემართეთ, სადაც ავლაბრის მაკეტი დგას პრეზიდენტის სასახლით, ელიას მთით და მშვიდობის ხიდით. ირგვლივ, კედლებზე კი თბილისის და ხიდის ფოტოებია.

დამსწრე საზოგადოებისთვის მშვიდობის ხიდი ახალი დიზაინის, სილამაზის და მახვილგონიერი არქიტექტურული გადაწყვეტის საუკეთესო მაგალითი აღმოჩნდა, ყველას მოუნდა საქართველოში ჩამოსვლა მის სანახავად. მართალი გითხრათ, ასეთი დიდი ინტერესი მოულოდნელი იყო. თავად მიკელე კი საქართველოზე დიდი სიყვარულით საუბრობს: „ამ პატარა კავკასიურ ქვეყანაში მე მივხვდი, რომ არა სასტუმროებს და შენობებს ვაგებ, არამედ რაღაც ისეთს, რითაც ქართველებმა შესაძლოა იამაყონ, ისეთს, რასაც მივყავართ მომავლისკენ და გვაშორებს უფერულ საბჭოთა წარსულს. სწორედ იქ მივხვდი, რომ საზოგადოების მოლოდინებთან ჰარმონიულად უნდა იმუშაო. მე მიყვარს საქართველო“ .

უცნაურია იმ სისავსის განცდა, რომელიც სამშობლოდან შორს ყოფნისას გეუფლება, როდესაც შენი ქალაქის ნაწილს ხედავ და ხვდები ადამიანს, რომელმაც გაგამდიდრა შენ და შენი სამშობლო…

22 ალბომები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

David Bowie - The Next Day

2010 წლის მიწურულს ტონი ვისკონტიმ მეილი მიიღო ძველი მეგობრისგან, რომლისგანაც კარგა ხანია არაფერი სმენოდა: „ერთი-ორი დემოს ჩაწერაზე რას იტყვი?“ . 2012 წლის დასასრულს კი ხმები დაიძრა, რომ 10-წლიანი დუმილის შემდეგ, დევიდ ბოუი ახალ ალბომს უშვებდა. პირველი „წინასწარმეტყველება“ , გაცილებით ადრე, არც მეტი, არც ნაკლები - რობერტ ფრიპს დასცდენია საკუთარ ბლოგზე, როგორც შემდეგ თავად განმარტა, ბლოგის ეს ჩანაწერი მხოლოდ და მხოლოდ წინა ღამის სიზმარს ასახავდა, თითქოს შემოქმედებითი იდეებით შემართული დევიდ ბოუი ახალ ალბომზე სამუშაოდ ბრაიან ინოუს უხმობდა. ფრიპის ეს სიზმარი რომ უბრალო სიზმარი არ ყოფილა და „ერთი-ორი დემო“ -ც რომ სრულფასოვან ალბომში გადაიზარდა, ბოუიმ საკუთარ დაბადების დღეზე, 8 იანვარს ოფიციალურად დაადასტურა; თუმცა ინოუს ნაცვლად, ამჯერად ფრიპის სხვა მეგობარი, ტონი ლევინი (ბასზე) დაიხმარა The Next Day-ზე სამუშაოდ.

ბოუის ყოველი ახალი ალბომი გარკვეულ მოლოდინებს უჩენს მსმენელს. მისი სახელწერო მელოდიური როკბალადების გარდა, ყველაზე დიდი ინტრიგა ალბათ იმაშია, ბერლინის დროინდელი Yassassin-ის ან Neukoln-ის მსგავსი, თავაშვებული ექსპერიმენტების რესურსი ისევ თუ შემორჩა 66 წლის მუსიკოსს. ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, მაგრამ „ფლეშბეკები“ ან მისი მცდელობები ბერლინის ტრიოლოგიის შემდგომ ალბომებშიც შეინიშნებოდა, The Next Day-ში კი ასეთი მომენტები სულ სხვა განზომილებაშია აყვანილი; ტონი ვისკონტი ალბომის 1973 წლის The Lodger-ის ესთეტიკასთან შედარებებში დიდად არ შემცდარა, If You Can See Me-ის მძიმე ბასი და არასტანდარტული გადაწყვეტა, მართლაც ეხმიანება ბოუის ბერლინის დროინდელ ჟღერადობას; უფრო მისტიკური Heat კი სკოტ უოკერისადმი მიძღვნილ სერენადას წააგავს, ვისი მუსიკით აღფრთოვანებაც ბოუის არასდროს დაუმალავს. მუსიკალური გავლენების თემას არც (You Will) Set the World on Fire არის მოკლებული, ბოუი აქ თავის საყვარელ ფოლკშემსრულებლებს, ბობ დილანს, დეივ ვან რონკს და ფილ ოუქსაც იხსენებს.

სიახლე, ხვალინდელი დღე და ოპტიმიზმი ლეიტმოტივად გასდევს ალბომს, თუმცა ძველის დავიწყებაც რომ ძნელია, ნოსტალგიური სინგლიდან, Where Are We Now, (სადაც ის ბერლინში გატარებულ წლებს იხსენებს) და ალბომის ყდიდანაც კარგად ჩანს - 1979 წლის Heroes ყდის გადაკეთებული ვარიანტი, დიზაინერმა ჯონათან ბანბრუკმა წარსულის უარყოფით და ალბომის სახელწოდებიდან გამომდინარე, ხვალინდელისკენ სწრაფვით ახსნა. საერთო ჯამში, The Next Day მართლაც არ ღალატობს სახელწოდებას; ოპტიმისტური, ინტროსპექტული და, რაც მთავარია, უბრალოდ კარგი სიმღერებით სავსე ალბომია.

Dadub - You Are Eternity

დანიელ ანტეზა და ჯოვანი კონტი Stroboscopic Artefact-ზე უკვე წლებია ლეიბლის რელიზების აუდიო მასტერინგს უზრუნველყოფენ. Dadub-ის სახელით ამავე ლეიბლზე გამოშვებული რამდენიმე EP-ის მერე, თებერვალში პროექტის პირველი ალბომი გამოვიდა. ექსპერიმენტების მოყვარულმა იტალიელებმა You Are Eternity-ში ყველაზე მკაფიოდ შეძლეს წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების დემონსტრირება და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წარმატებული ტექნო ალბომის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი - ჟღერადობის სიწმინდე და მათემატიკური სიზუსტით გათვლილი არანჟირებაა.

You Are Eternity ინტენსიური ტექნოს და ატმოსფერული ამბიენტის დოზირებული და კარგად გათვლილი ნაზავია; ეთნიკური სემპლები კი, რაც მუსიკოსებმა უძველესი პერიოდის იტალიელი შამანების პრაქტიკის მუსიკაში გადმოტანის სურვილით ახსნეს, კიდევ უფრო ამძაფრებს იმ მისტიკურობის განცდას, რაც Dadub-ის მუსიკას ისედაც არ აკლდა. საგულისხმოა ასევე ალბომის სტრუქტურაც, ეთნიკურ ელემენტებში შეზავებული დაბით გახსნილი ალბომი, ნელ-ნელა ძალას იკრებს და ინტენსიურ, ბასით დამძიმებულ ტექნოში გადადის, ბოლო აკორდებს კი ალბომს მშვიდი, ატმოსფერულ-მისტიკური ამბიენტი უსვამს. ასეთი სტრუქტურის წყალობით, რომელსაც თავად მუსიკოსები ლიტერატურული ნაწარმოების წყობასაც ადარებენ (შესავალი-შინაარსი-დასასრული),You Are Eternity ერთი მთლიანი, შეკრული და თვითმყოფადი ალბომია, რომლის ხიბლიც და ატმოსფეროც, უპირველეს ყოვლისა, ერთიანობაში აღიქმება და არა ცალკეულ ტრეკებში.

Atoms For Peace - AMOK

ჯერ კიდევ 2009 წელს, Radiohead-ის ვოკალისტმა ტომ იორკმა მისი პირველი სოლო ალბომის (Eraser, 2006) დასაკრავად ერთგვარი სუპერბენდი ჩამოაყალიბა (ფლეა, რეფოსკო, გოდრიჩი, ვარონკერი). ელექტრონული ალბომის ცოცხლად დაკვრის ექსპერიმენტმა გაამართლა, მაგრამ ჯგუფის ამბიცია თითქოსდა ამის იქით არ წასულა. 2013 წლის 28 თებერვალს კი Atoms For Peace-ის სახელით, ბენდის პირველი ალბომი, AMOK გამოვიდა. ელექტრონული მუსიკით იორკის გატაცება არახალია, თუმცა ყველა შემთხვევაში (Burial-თან, Modeselektor-თან, Flying Lotus-თან, Four Tet-თან) ის ძირითადად მაინც უბრალო ვოკალისტად რჩებოდა. AMOK-იც, მიუხედავად მისი ელექტრონული ხასიათისა, უპირველეს ყოვლისა, სიმღერების კრებული გახლავთ, განსხვავებით Kid A-სა და Amnesiac-ისგან, აქ იორკი ვოკალს „დამატებით ინსტრუმენტად“ არ იყენებს.

მიმართულება, რომელიც იორკმა და გოდრიჩმა აიღეს, შეიძლება შევადაროთ Lotus Flower-ს (The King of Limbs-დან), ტრეკს, რომელსაც Radiohead-ის მთელ შემოქმედებაში ალბათ ყველაზე „პოპჟღერადობა“ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იორკი მუსიკალურ სამყაროში პერფექციონისტად ითვლება (ამით ხსნიან Radiohead-ის ალბომების გამოსვლის ნელ ტემპებს), აქაც, ისევე როგორც The King of Limbs-ის შემთხვევაში, მუსიკოსი უარს ამბობს მისთვის იარლიყად მიწებებულ ამბიციურობაზე და უბრალოდ „უკრავს და წერს იმას, რაც ამ მომენტში, აქ და ახლა სიამოვნებს“ . AMOK-ის აშკარად გამოხატული პოპჟღერადობა, რომელიც არც იორკის ექსპერიმენტულ ინოვაციებსაა მოკლებული, მუსიკოსის სოლო შემოქმედების კიდევ ერთ, საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.