![]() |
საზოგადოება და პოლიტიკა № 1 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჰენსლი ერლ , ბიჭაშვილი მამუკა, კაციტაძე კახა , ჯოხაძე ავთო, მჭედლიშვილი ირაკლი, ბიჭაშვილი მამუკა , ჯონსონი პოლ , ახვლედიანი გიორგი, ბზეჟინსკი ზბიგნევ , ნიჟარაძე გაგა, დარჩიაშვილი დავით , გოშაძე გ., მაისურაძე გ., ნოდია გია, ფუკუიამა ფრანსის, პეტილოსი თედა |
თემატური კატალოგი საზოგადოება და პოლიტიკა |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 1996 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: (სოციალური და პოლიტიკური კვლევების ალმანახი) I, თბილისი, 1996, რედაქტორი: გია ჭუმბურიძე |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ინსტიტუტი არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პლურალისტურ დისკუსიებს, იმ გამოკვლევებსა და პუბლიკაციებს, რაც დემოკრატიულ გარდაქმნებს, სამშვიდობო პროცესებსა და ეკონომიკურ განვითარებას წაადგებოდა. თუმცა მისი საქმიანობა ძირითადად სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებით შემოიფარგლება, ზოგადი საზრისი მაინც ისაა, რომ საბოლოო და შეუქცევადი ცვლილებები საქართველოში (ისევე როგორც საერთოდ პოსტ - კომუნისტურ სამყაროში) შეუძლებელია საზოგადოებრივ აზროვნებაში ძირეული ცვლილებების შეტანის გარეშე, რაც, თავის მხრივ, ხელის ერთი აქნევით არ მოხდება - ასეთი სამუშაო არცთუ ახლო პერსპექტივაზე უნდა იქნას გათვლილი.
The CIPDD is independent non - profit organization that regards as its main task providing the framework for pluralistic discussion, research and publishing related to problems of democratic transition, peace and sustainable economuc development.
Though primarily focused on social, political and economic problems, still the general philosophy behind its activities implies that the fate of successful democratic transition in Georgia (as elsewhere in the post - communist world) primarily depends upon drastic changes in social mentality, which can only occur in the long perspective…
წიგნი გამოიცემა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (ვაშინგტონი, აშშ) სახსრებით
Publication of this book was made possible thanks to the National Endowment for Democracy (Washington DC, USA).
,,ალბათ უკვე გაეცნობოდით სპეციალური ლიტერატურის სიას, რომელიც დერეფანშია გამოკრული; ოღონდ იქ ჩამოთვლილი სახელმძღვანელოების დამუშავებას მე არ მოგთხოვთ - ჩემთვის მთავარია დამოუკიდებელი აზროვნების ჩვევა გამოგიმუშავოთ'' - გვითხრა პოლიტიკურ მეცნიერებათა ლექტორმა პირველსავე ლექციაზე.
განაწყენებულმა იმით, რომ არცთუ იოლად ნაშოვნი ფულიდან $22,50 დოლარი გადამიყრია წყალში, გამოვდექი და ვეკითხები: ,,სერ, ასე გამოდის, ამ წიგნების შეძენა სულაც არ ყოფილა სავალდებულო!''
,,ხედავთ? '' - მიათითა მან ჩემზე - ,,ეს კაცი უკვე დამოუკიდებლად აზროვნებას იწყებს...''
ერლ ჰენსლი
(,,რიდერს დაიჯესტი“, 1992, ოქტ.)
![]() |
2 „რუსეთი ერთი, რუსეთი ორი ...“ |
▲ზევით დაბრუნება |
მამუკა ბიჭაშვილი
,,России нет, есть Российская империя“
გრაფი ვიტტე
ერთხელაც უმაღლესი ძლიერების საფეხურზე მყოფი ზესახელმწიფოს ლიდერებმა მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისის წინაშე იმყოფება და თუ დაუყოვნებლივ არ გატარდა რეფორმები, კოლაფსი გარდაუვალიაო. რეფორმებს სათავეში ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩაუდგა, რაც სავსებით ბუნებრივი ჩანდა, მაგრამ უჩვეულო იყო თვით რეფორმების კურსი და ორიენტაცია. ცოდვებით დამძიმებულმა რეჟიმმა არამხოლოდ ,,მონანიება'' დაიწყო, არამედ იმგვარი რეფორმებიც, რომლებშიაც დამკვირვებელთა გამოცდილი თვალი თვითმკვლელობის ცუდად შენიღბულ სურვილს ამჩნევდა (7). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია მისი მემკვიდრე შეიქნა. რუსეთის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა დემოკრატიული გარდაქმნების კურსს თავის ქვეყანაში, ხმამაღლა გამოაცხადა, რომ რუსეთი აღარ არის იმპერია და ამიერიდან სურს ყველასთან ცივილიზებული და ნორმალური ურთიერთობა იქონიოს. ეს იძლეოდა იმედს, რომ არცთუ შორეულ მომავალში რუსეთში შეიქმნებოდა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ხელს გაუმაგრებდა გაუთავებელი ექსპერიმენტების შემდგომ ნორმალურ კალაპოტში ჩამდგარი ეკონომიკა. ფიქრობდნენ, რომ დასავლეთის პოლიტიკური სამყარო, ,,გორბიმანიის'' ფონზე, ხელებგაშლილი მოელოდა უძღები შვილის დაბრუნებას. ვარაუდობდნენ, რომ დასავლეთი რუსეთისათვის შეიმუშავებდა რაღაც მარშალის გეგმის მსგავს პროგრამას, რომელიც თუ ქვეყანას არ აუყვავებდა ეკონომიკას, დაწყებული რეფორმების შეუქცევადობის გარანტია მაინც იქნებოდა (8). საჭირო იყო მოკლე, ოთხი-ხუთი ქლის ვადაში მიექციათ იმგვარი შედეგისათვის, რომელიც უზურნველყოფდა აღებული კურსის შემდგომ მხარდაჭერას. მაგრამ რაც უფრო დიდი დრო გადის, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპტიმიზმისათვის რეალური საფუძველი არ არსებობდა. წარმატებული შედეგების მოპოვების პირველი ვადა ერთობ შემჭიდროებული აღმოჩნდა და ახლა უკვე აშკარაა, რომ რეფორმების რეალურ წარმატებაზე დღეს ნაადრევია საუბარი. საკითხი იმის შესახებ თუ საბოლოოდ როგორი შედეგით დასრულდება რეფორმა, ჯერაც ღიადაა დარჩენილი.
პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს თან ახლდა შესაბამისი იდეოლოგიური ფონი, დასაწყისში უფრო იმედიანი და შემდგომ კი სკეპტიკური შეფასება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა. თუმცა, რუსეთი არასდროს განიცდიდა იმგვარი ადამიანების ნაკლებობას, ვინც ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა რუსეთის ვესტერნიზაციას. რუსული პოლიტიკური აზრისათვის ახალი არ არის ქვეყნის დასავლური და არადასავლური გზის ალეტერნატივა. ისევ რუსეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც ოფიციალურ სამთავრობო წრეებში ერიდეობდნენ წარსულის ჩხრეკასა და მომავლის თამამ პროგნოზირებას, ამგვარი საკითხების ანალიზი მწერლებმა ისტორიკოსებმა, ფილოსოფოსებმა და სხვა ,,თავისუფალი პროფესიის'' ადამიანებმა ითავეს. შედეგად, რუსეთმა და მისმა კოლონიებმა, სადაც მალე გავრცელდა მსგავსი პრაქტიკა, შეიძინეს არამხოლოდ ყველაზე უფრო პოლიტიზირებული მწერლობა, არამედ, საკმაოდ მოკლე დროში, სოლიდური მოცულობის პოლიტიკური ლიტერატურაც. ეს ლიტერატურა, უმთავრესად ისტორიული ხასიათისა, წარსულს იაზრებდა არა მწინდა ანალიზიდან გამომდინარე, არამედ პრაქტიკული დანიშნულებით. განიხილებოდა როგორც რუსეთის არსებული რეალობის წარსული ფესვები და გამომწვევი მიზეზები, ასევე ის შესაძლო პრაქტიკული ნაბიჯებიც, რომლებიც ქვეყანას სასურველი მომავლის გარანტიას მისცემდა.
სწორედ ამგვარი კვლევისა და ანალიზის პროცესში ჩამოყალიბდა რუსული პოლიტიკის ,,სლავიანოფილური'' და ,,დასავლეთური'' ორიენტაციები. ძველი დავა სლავიანოფილებსა და დასავლეთელებს შორის დღესაც გრძელდება რუსეთში, თუმცა მას რამდენადმე სახეცვლილი ფორმა აქვს. თუ დასავლეთელები ,,დემოკრატებად'' მოინათლნენ, ყოფილ სლავიანოფილებს აღარ გააჩნიათ ერთიანი სახე. მას შემდეგ, რაც ნათლად გააცნობიერეს რიგი სლავური წარმოშობის ხალხების (პოლონელების, ჩეხების, სლოვაკების, და ა. შ.) კულტურების კათოლიკური ძირები და ერთიან სლავურ (თუ რუსულ) სახელმწიფოში ინტეგრაციის შეუძლებლობა, სლავიანოფილები დაიშალნენ ,,პატრიოტებად'', ,,ნაციონალისტებად'', და ,,ევრაზიელებად'', ხოლო ყველაზე უფრო გულქრფელნი კი ,,დერჟავნიკებად'' ან ,,იმპერიალისტებად'' (2,4). ამგვარი დაყოფისდა მიუხედავად, ყველა მათგანისათვის საერთოა ძველი სლავიანოფილური იდეა რუსეთის და მის მიერ განვლილი ისტორიის უნიკალობის შესახებ.
კარგადაა ცნობილი სლავიანოფილების არგუმენტაცია, რომელიც უცვლელი რჩება დღემდე. ამ არგუმენტებზე შეჩერება არ ღირს. უფრო საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ იგივე პუნქტში, ე. ი. რუსეთის სახელმწიფოს უნიკალობის მტკიცებასთან დაკავშირებით, ხშირად ერთმანეთს ემთხვევა ზოგიერთი სლავიანოფილის და დასავლეთელის აზრი. აღიარებული დასავლეთელი ბერდიაევი, მაგალითად, სლავიანოფილი ოპონენტების მსგავსად თვლიდა, რომ რუსეთის ისტორია თვალსაჩინოდ განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ისტორიისაგან, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ისტორიისაგან. ამგვარი თვალსაზრისი დაზუსტებას საჭიროებს. მტკიცება იმისა, რომ რუსეთის ისტორია განსხვავდება სხვა ქვეყნების ისტორიისაგან, თავისთავად, არაფრისმთქემლია. ნებისმიერი ქვეყნის ისტორია განსხვავდება რომელიმე სხვა ქვეყნის ისტორიისაგან: ჩინეთის ისტორია არაფრითა ჰგავს ავსტრიის ისტორიას, ხოლო ჰოლანდიისა კი შვეციის ისტორიას. ამიტომ, როდესაც რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების მკვლევარები რუსეთის ისტორიის უნიკალობას ამტკიცებენ, მათ მხედველობაში გაცილებით მრავლისმეტყველი აზრი აქვთ, ვიდრე უბრალო ტრუიზმია იმის შესახებ, რომ რუსეთის ისტორიას სპეციფიური ნიშნები გააჩნია.
საქმე ეხება ფართო, ზოგადფილოსოფიურ გაგებას ისტორიის ზოგადი კანონზომიერებების შესახებ. როგორც სლავიანოფილები, ასევე დასავლეთელები ფიქრობენ, რომ არსებობს ისტორიის ზოგადი კანონზომიერებები. ლაპარაკია იმაზე, რომ ყოველი ქვეყნის ცხოვრებას განსაზღვრავს როგორც ამ ქვეყნის ინდივიდუალური ნიშნები, ასევე ზოგადი ისტორიული კანონები. როდესაც მკვლევარები მსჯელობენ ფეოდალიზმზე, კაპიტალიზმზე და ა. შ. ამით ისინი აღწერენ ზოგად ისტორიულ ფაზებს, რომლის ჩარჩოებშიაც მოძრაობდა ყოველი ქვეყნის ისტორია. ძველი სლავიანოფილური თეზისი რუსეთის ისტორიის განუმეორებლობის შესახებ გულისხმობდა, რომ რუსეთის ისტორია წარიმართება არა ამგვარი ზოგადი კანონზომიერებებით, არამედ იმ სპეციფიური უცნაურობებით, რომლებიც აყალიბებენ სპეციფიურად რუსეთის ისტორიას. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი თვალსაზრისის ჩვენამდე მოღწევას, მის სიცოცხლისუნარიანობას დასავლეთელმა პოლიტოლოგებმაც შეუწყვეს ხელი, რომლებიც გამუდმებით ლაპარაკობდნენ სოციალიზმისა თუ კომუნიზმის სპეციფიურად რუსული სახეცვლილებების შესახებ. ასე რომ, ჩვენი დროის რუსი პატრიოტები აღარ არიან ორიგინალურნი დღეს, როდესაც ისინი მიუთითებენ დასავლური კომუნისტური იდეოლოგიისა და სისტემის რუსულად ,,გადახარშვის'' შესახებ.
რაში ხედავენ რუსეთის სახელმწიფოს სპეციფიკას ან, ბოლოს და ბოლოს, რით არის ეს პრობლემა აქტუალური დღეს? უკანასკნელი კითხვის პასუხი ნათელია: პერესტროიკა, ისევე როგორც მისი შემდგომი რეფორმები რუსეთის ფედერაციაში, წარმოადგენს რუსეთის მორიგი ვესტერნიზაციის მცდელობას. თუ კლასიკური სლავიანოფილური თვალსაზრისი სწორია, მაშინ რეფორმების კურსი რუსეთში იმთავითვე განწირულია დასაღუპად ან, უკეთეს შემთხვევაში, ის მოიტანს დასავლური თეორიებისა და აღმოსავლური ცხოვრების წესის მახინჯ სიმბიოზს. აქედან ყველა ხალხმა და ქვეყანამ, ვისთვისაც სულერთი არ არის რუსეთის მომავალი, სათანადო დასკვნები უნდა გააკეთოს და შესაბამისი თადარიგიც დაიჭიროს. ამრიგად, რუსეთის სახელმწიფოს ისტორიული წარსულის კვლევა ჩვენთვისაც პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს. რაც, სხვათა შორის, იმასაც ნიშნავს, რომ თუკი ჩვენ ამგვარი კვლევა წამოვიწყეთ, მაშინ a priori მიღებული გვაქვს თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სახელმწიფოს არსებული პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრულია არა მხოლოდ თანადროული, არამედ გარდასული მოვლენებით და, მაშასადამე, საბოლოო ჯამში წარსული ცხოვრებითაც. მხოლოდ ასეთი თვალსაზრისი განაპირობებს ისტორიული კვლევის, ან უკეთ, ისტორიულ მოვლენათა ანალიზის პრაქტიკულ მნიშვნელობას.
რაც შეეხება პირველ კითხვას რუსეთის სახელმწიფოს სპეციფიკის შესახებ, ამ კონკრეტულ კითხვაზე ყველა სხვადასხვაგვარ პასუხს იძლევა, რომელთა შორის გვსურს ცალკე გამოყვოთ ნ. ბერდიაევის თეორია ,,მრავალი რუსეთის შესახებ''1, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ორიგინალური თვალსაზრისი, ოღონდ შემდგომ მრავალთა მიერ სულ სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა ვარიაცებით განმეორებული...
მოძღვრება მრავალ რუსეთზე
ბერდიაევის აზრით, რუსეთის ისტორიის სპეციფიკას მისი წყვეტადი ხასიათი განაპირობებს. არ არსებობს ქვეყნის ისტორიის ორგანული მთლიანობა. ნაცვლად ერთი ქვეყნის წარსულისა, ისტორიულად არსებობდა ხუთი სხვადასხვა რუსეთი: კიევის რუსეთი, მონღოლთა რუსეთი, მოსკოვიტური რუსეთი, პეტრე დიდის რუსეთი, დაბოლოს, რუსეთის იმპერია. აღნიშნული ხუთი ფორმა ბერდიაევმა გამოჰყო იმ მიზნით, რომ შეესწავლა მეექვსე - საბჭოთა რუსეთი, რომელიც ჩვენს თვალწინ ჩაბარდა წარსულს და ჩვენ მომსწრენი ვართ კიდევ ერთი, უკვე მეშვიდე რუსეთისა. რამდენად არსებითია განსხვავებანი რუსული სახელმწიფოს სხვადასხვა ფორმებს შორის? ფილიპ ლამაზის დროინდელი საფრანგეთი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რიშელიეს დროინდელი საფრანგეთისაგან, ხოლო ეს უკანასკნელი პირველი ფრანგული რესპუბლიკისაგან, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, არავინ ლაპარაკობს მრავალი საფრანგეთის შესახებ მაშინ, როდესაც ბერდიაევი არაორაზროვნად მიუთითებს იმაზე, რომ განსხვავება რუსეთის სახელმწიფოს სხვადასხვა ფორმებს შორის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი საერთო ნიშნები და რომ, ფაქტიურად, არსებობს არა სახელმწიფოს სხვადასხვა ფორმები, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოები.
ყველასათვის, ვისაც ცხოვრება მოგვიხდა საბჭოურ და შემდეგ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული თეორიული დასაბუთების გარეშეც სავსებით ნათელია განსხვავება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთს შორის. უნდა ვიფიქროთ, რომ დაახლოებით მსგავსი განსხვავებები აქვს ნავარაუდევი ბერდიაევს, როდესაც იგი ლაპარაკობს რუსეთის სხვა სახელმწიფოებრივი ფორმების განსხვავებაზე, რადგან ცნობილია, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს პოლიტიკურ სტრუქტურებში მოჰყვება შესაბამისი განსხვავებანი ცხოვრების წესშიაც: მაშასადამე, ხომ არ შეიძლება რუსეთის სახელმწიფოებრივი ფორმების ურთიერთდამოკიდებულება ავხსნათ რაოდენობრივი ცვლილებების თვისობრივ ცვლილებებში გადასვლის წესით? წარმატების შემთხვევაში, ეს საშუალებას მოგვცემდა გველაპარაკა ერთი სახელმწიფოს სხვადასხვა ფორმების ,,დიალექტიკურ მთლიანობაზე''. მაგალითად, ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ქვეყნის შინაგან, ბაზისურ სტრუქტურებში მიმდინარე განუწყვეტელი ცვლილებების რაღაც ეტაპზე, ხდება ზედნაშენური სახელმწიფოებრივი ფორმების ნგრევა, იშლება ძველი სახელმწიფოს და წარმოიშვება ახალი პოლიტიკური ერთობა. კიევის რუსეთი პეტრეს რუსეთი თუ ბოლშევიკური რუსეთი სწორედ ასეთი ნგრევისა და შენების მიჯნებს გამოხატავენ. მიუხედავდ ერთგვარი დამაჯერებლობისა, რაც თან ახლავს შემოთავაზებულ არგუმენტაციას, აღნიშნული კანონი, რომელიც მეტ-ნაკლები სიცხადით გვიხსნის ევროპულ სახელმწიფოებში მიმდინარე ცვლილებების მექანიზმს, როგორც ჩანს, არ გამოდგება რუსეთის ისტორიის ასახსნელად. თუკი რუსეთის ისტორიას რაიმე სპეციფიკა აქვს, უპირველეს ყოვლისა ის, რომ ამ ისტორიას არ ერგება რაოდენობრივი ცვლილებების თვისობრივში გადასვლის წესი, რადგან რაოდენობრივი ცვლილებების თვისობრივში გადასვლის ამ წესს აუცილებლად თან ახლავს პროგრესის იდეა. ამ იდეის გარეთ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, აღნიშნული კანონი ,,არ მუშაობს'', ან აშკარად მოიკოჭლებს. პროგრესის იდეა კი თავისთავადაა უაღრესად საკამათო რამ, მაგრამ ამ ფართო თემასაც რომ თავი დავანებოთ და პროგრესის არსებობა ურყევ ფაქტად მივიჩნიოთ, ყველა როდი დაგვეთანხმება თითქოს რუსეთის სახელმწიფოს ყოველი მომდევნო ფორმა უფრო პროგრესულია, ვიდრე წინამორბედი. სლავიანოფილების ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ხომ ის გახლდათ, რომ პეტრე I-ის რეფორმები არა და არ ჩაითვლება პროგრესის მატარებლად, ან, მაგალითად, გავიხსენოთ სოლჟენიცინი, რომელიც მსგავსადვე სთვლიდა, რომ ბოლშევიკური რუსეთი ნიკოლოზ II-ის რეჟიმთან შედარებით უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და ამ იდეას ბევრი სხვა მომხრეც ყავს.
მეორე მხრივ, პროგრესის არარსებობა იმასაც ნიშნავს, რომ რუსული სახელმწიფოებრიობის სხვადასხვა ფორმებს შორის არ არსებობს მემკვიდრეობითობა. ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, - საფრანგეთის რევოლუციამ დაასრულა პროცესი, რომელიც წამოიწყო მონარქისტული საფრანგეთის ისეთმა თვალსაჩინო მოღვაწემ, როგორიც რიშელიეა, რევოლუციურ ეპოქაში დასრულდა ქვეყნის ერთიანი სახელმწფიოებრივი ორგანიზმის და ფრანგი ერის თვითცნობიერების ჩამოყალიბება. გენერალ დიუმურიეს სიტყვები - ,,გაუმარჯოს ერს'' - რევოლუციური არმიის პირველი წარმატების საწინდარი და ამგვარი თვითცნობიერების გარკვეული მიჯნაა. თუ ეს თვალსაზრისი სწორია, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მემკვიდრეობითობაზე ფრანგული სახელმწიფოს ორ ისეთ საპირისპირო ფორმას შორის, როგორიც მონარქია და რესპუბლიკაა. ამისაგან განსხვავებით, თუ ბერდიაევს დავუჯერებთ, გაგვიჭირდება მემკვიდრეობითობაზე ვილაპარაკოთ რუსული სახელმწფიოებრიობის ისეთ ფორმებს შორის, როგორიცაა, მაგალითად კიევის და მონგოლოების დროინდელი რუსეთი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთი და სხვ. რა მემკვიდრეობითობაზე შეიძლება აქ ლაპარაკი, როდესაც დემოკრატიული რუსეთის საფუძვლების შენება საბჭოური ცხოვრების წესის ისევ ტოტალური კრიტიკით დაიწყო. მანამდე კი გავიხსენოთ, როგორი ინტენსიობით ,,ურეცხავდნენ ტვინს'' მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საბჭოთა მოქალაქეებს და ვიკითხოთ - რა გადმოეცა მემკვიდრეობით დღევანდელ რუსეთს საბჭოური ღირებულებებისა და პოლიტიკური სტრუქტურებისაგან? ჩვენი ღრმა რწმენით, ჭირს ამ კითხვაზე რაიმე კონკრეტულის დასახელება გარდა ერთისა: ეს ერთი გახლავთ ,,დერჟავა'', რომელიც ყოველი რუსული სახელმწიფოს ფუნდამენტი და, როგორც შემდგომ თანდათანობით უფრო ცხადი გახდება, მისი გვირგვინია.
კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც გაუმართლებელია ,,მრავალი რუსეთის'' სახელმწიფოებრივი ფორმების მონაცვლეობის რაოდენობრიობის და თვისობრიობის ტერმინებში აღწერა, ასეთი გახლავთ: ,,რაოდენობრიობით'', როგორც წესი, აღინიშნებოდა ყოველი საგნის, მათ შორის სახელმწიფოს სტრუქტურების დინამიური, ცვალებადი ელემენტები (საწარმოო ძალების, ტექნიკური პოტენციალის და საერთოდ ეკონომიკური ცხოვრების გამომხატველი მოვლენები), ხოლო ,,თვისობრიობით'' კი შედარებით კონსერვატიული, სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკური ფორმა, როლმის ჩარჩოებშიც მიმდინარეობდა რაოდენობრივი ცვლილებები. იდეის მიხედვით, იგულისხმებოდა, რომ ქვეყნის საწარმოო-ტექნიკური პოტენციალის წინსვლა, ,,დაგროვება'' მუდამ წინ უსწრებს არსებული პოლიტიკური რეჟიმის ახალ ფორმას და ამიტომ, მისი განახლების წყარო ხდება. უნდა ითქვას, რომ ქვეყნის ამგვარი ეკონომიკურ-პოლიტიკური განვითარების მოდელი შემუშავდა ევროპაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ევროპული გამოცდილების საფუძველზე და იგი მეტ-ნაკლები დამაჯერებლობით გვიხსნის ევროპის ისტორიის შინაგან მექანიზმებს. მაგრამ იგივე მოდელი სრულიად უვარგისია რუსეთის ისტორიის გასააზრებლად. ,,მრავალი რუსეთის'' ფორმათაგან, არც ერთ მომდევნოს არ შეუცვლია წინამორბედი ამგვარი სქემის მიხედვით. ვითარება სწორედ საპირისპიროა. რუსეთში პოლიტიკური სტრუქტურების ცვლილებათა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ძირითადად ქვეყნის დაბალი სამრეწველო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. წამოწყებული პოლიტიკური რეფორმა თუ რევოლუციური გარდაქმნა მმართველ წრეებს ჭირდებოდათ ჩამორჩენილი მეურნეობის არსებულ მსოფლიო სტანდარტებთან გასათანაბრებლად. სწორედ ამიტომაა რუსეთი გრანდიოზული სოციალურ-პოლიტიკური ექსპერიმენტების ქვეყანა, რომელშიაც ფართო გასაქანი აქვთ ,,დიდ არქიტექტორებს'' და ,,ექსპერიმენტატორებს''.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვთქვათ რუსეთის ისტორიის ნაგულისხმები თავისებურება. კერძოდ, ,,მრავალი რუსეთის'' თითეული ფორმა შემუშავებულია არა ქვეყნის შინაგანი სტიმულებიდან გამომდინარე, არამედ თავსმოხვეულია გარედან და მოსახლეობის ფართო ფენების მიერ აღიქმება როგორც უცხო. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ახალი ცხოვრების წესისათვის ხალხი არც მატერიალურად და არც სულიერად არ არის მზად, ის მტრულად უყურებს ნებისმიერ სიახლეს და ხელს არ უწყობს მის დანერგვას.
რა განსაზღვრავს საბოლოო ჯამში რუსულ სახელმწიფოთა ყოფას ან, იქნებ მართლაც არ არსებობს ამგვარი ერთიანი ფაქტორი და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ვითარება იყო განმსაზღვრელი? თვით ბერდიაევი ფიქრობდა, რომ ძირითადი გასაღები რუსი ხალხის რელიგიურ საქწისებში ძევს, რომელმაც გამოზარდა რუსეთის დოგმატური სული. დოგმატიზმითვე, რომელიც ყოფით სიტუაციებში გარდატყდება როგორც მალემრწმენობა, გვიხსნის იგი რუსებისათვის დამახასიათებელ, მათთვის შეთავაზებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიური სტრუქტურების ბრმად მიდევნების თვისებას, ამ სტრუქტურების კრიტიკული, რაციონალური შეფასების უუნარობას.
ბერდიაევის ამ მოსაზრებას უყურადღებოთ ვერ დავტოვებთ. თუმცა, ნაჩქარევ დასკვნებს ვამჯობინებთ ჯერ განვიხილოთ ,,მრავალი რუსეთის'' ყველაზე მნიშვნელოვანი, რელიეფური ფორმები და მხოლოდ ამის შემდეგ ვცადოთ შევაჯამოთ მოპოვებული შედეგები.
კიევის რუსეთის თაობაზე
ერთი გავრცელებული თვალსაზრისით, რუსთა სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა სამმა ნორმანმა ძმამ - რიურიკმა, ტრუვორმა და სინეუსმა. დღევანდელი რუსეთის პატრიოტული პრესა, რომელშიაც გულმოდგინედაა გაანალიზებული რუსეთის წარსულის თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული, ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს. რუს პატრიოტებს თავიანთი სახელოვანი სახელმწიფოს დაფუძნების ამგვარი თეორია მაინცდამაინც არ მოსწონთ. თუმცა, თავისთავად, არაფერია დასაძრახი იმაში, რომ რომელიმე ერის სახელმწიფო ცხოვრების სათავეებთან უცხოტომელები იდგნენ. ცნობას ვარიაგების რუსეთში მოწვევის შესახებ გვაწვდის კიევ-პეჩორის მონასტერის ბერი ნესტორი (XI-XII ს-ები). ნესტორის მიხედვით, ვარიაგები თავად სლავებს მოუწვევიათ თავიანთ ბატონებად იმ მოტივით, რომ ''ქვეყანაში არ არის წესრიგი''. ამ ფაქტს ბოროტი ენები იყენებენ რუსული სახელმწიფოებრივი ტრადიციის განქიქების მიზნით, რაც პატრიოტების ბუნებრივ გაღიზიანებას იწვევს. რამდენად შეეფერება ნესტორის ცნობა სინამდვილეს სხვა საკითხია, მაგრამ უტყუარი ფაქტია ის, რომ ვარიაგებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსეთის სახელმწიფოს ფორმირებაში და რომ თვით სახელი ,,რუსი'' სწორედ ვარიაგებთანაა დაკავშირებული.
შედეგად კიევის რუსეთის მოსახლეობა შედგა სამი ძირითადი ეთნიური ჯგუფისაგან - სლავების, ფინელების და ნორმანებისაგან. სლავთა თავდაპირველი ფიქსირებული საცხოვრისი მდინარე დუნაის საცხოვრისი იყო: ,,დასხდნენ სლავები დუნაიზე, სადაც დღეს უნგრელთა და ბულგარელთა მიწაა - გვიყვება რუსი მემატიანე. როგორც შემდგომ ირკვევა, ამ საცხოვრისიდან სხვადასხვა, უცხო ტომების დაწოლის გამო, სლავები იძულებულნი იყვნენ რამდენიმე მიმართულებით გაფანტულიყვნენ. სლავების ერთმა ნაწილმა ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ აიღო გეზი, და სწორედ ამ სლავთა ტომებმა შეადგინეს მომავალი კიევის სახელმწიფოს ძირითადი ეთნიური ბაზისი, როდესაც ისინი დასახლდნენ მდინარე დნეპრსა და ილმენის ტბას შორის.
შემდეგი ეთნიური ჯგუფი, როგორც ითქვა, სლავების გარდა, ფინური ჯგუფი იყო. ფინური სახელმწიფოს დღევანდელი გეოგრაფიული მდებარეობა შეიძლება შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს. ფინური განსახლების სამხრეთი საზღვარი და ფინელთა შეხების ხაზი სლავურ ტომებთან მდინარე მოსკოვზე გადიოდა. ,,IX საუკუნის ნახევარში - ქერს ამის შესახებ სერგეი სოლოვიოვი - ფინური ტომების საზქვარი სლავურთან შეგვიძლია გავავლოთ მდინარე მოსკოვის რაიონში, სადაც ფინელები სლავურ ტომს, ვაიტიჩებს უნდა შეჯახებოდნენ“ (6. 1. 110). საერთოდ კი ფინური წარმოშობისაა ისეთი ,,ძირძველი რუსული'' ტომები, როგორიცაა ჩუდი, მერია, მურომი, იამი, ჩერემისი, პეჩორა, პერმი და ა. შ.
და ბოლოს, მესამე ჯგუფი მოსახლეობისა ნორმანული იყო. როგორც რუსი მემატიანე გადმოგვცემს, სლავი ელჩების მოწვევას სამი ჩრდილოელი ძმა გამოეხმაურა, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი რაზმით შემოვიდნენ. უფროსი ძმა რიურიკი (Hrörekr) ნოვგოროდში დამკივდრდა, სინეუსი ბელოოზეროს მიდამოებში, ხოლო ტრუვორი (Thorvardr) კრივიჩების ქალაქ იბბორსკში. სინეუსისა და ტრუვორის სიკვდილის შემდეგ, უფროსმა ძმამ თავისი ძალაუფლება მათ სამფლობელოებზედაც გაავრცელა და ქვეყნის მომავალ მმართველთა გვარს დაუდო სათავე.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ სკანდინავიელმა ტომებმა დაიპყრეს როგორც აღმოსავლელი სლავების, ასევე სამხრეთელი ფინელების სამკვიდრო. სამივე ეთნიურმა ჯგუფმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ეთნიურ ერთიანობას - რუსებს, რომელთა ქვეყანას შემდგომში რუსეთი ეწოდება. ვიდრე პოლიტიკური მოწყობისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს შევეხებოდეთ, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას თვით სახელწოდება ,,რუსის'' შესახებ.
დღეს, როდესაც პოსტსაბჭოურ სივრცეში მეტად გამწვავებულია ერთაშორისი ურთიერთობანი, რუსებსა და უკრაინელებს შორის გამართულ დისპუტებში ხშირად საუბრობენ ,,კიევის რუსეთზე'' როგორც დღევანდელი რუსებისა და უკრაინელების საერთო სამშობლოზე. ეს რა თქმა უნდა სავსებით სწორია, მაგრამ შეიძლება ბევრისათვის უცნობი იყოს ის ფაქტი, რომ IX-X საუკუნეებისათვის ,,რუსი'' სულაც არ ყოფილა სლავური წარმოშობის ტომების ზოგადი აღმნიშვნელი სახელი. ბერი ნესტორი, ოლეგის ბიზანტიაზე ლაშქრობის აღწერისას უყოყმანოდ ანსხვავებს ერთმანეთისაგან სლავებსა და რუსებს (9). რუსებად, როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, დასაწყისში იწოდებოდნენ არა სლავები, არამედ მათი დამპყრობი ვარიაგები. კლუჩევსკი პირდაპირ მიუთითებს, რომ მათ, ვინც დასაწყისში სლავებად იყვნენ ცნობილნი, შემდგომში ვარიაგების სახელი - რუსები - მიიღესო (5. 1. 109). სხვაგან ისევ კლუჩევსკი აღნიშნავს, რომ აღმოსავლელ სლავებს შორის სახელი რუსი არ ფიგურირებს საერთოდ VIII საუკუნეში, ხოლო IX-X საუკუნეებში, ,,რუსებს'' ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ სლავების მიმართ და რუსი გამოირჩევა სლავისაგან ისევე, როგორც მოსული და გაბატონებული ტომი გამოირჩევა ადგილობრივი და დამორჩილებული მოსახლეობისაგან (5. 1. 143). ,,ვარიაგები'' და ,,რუსები'' ერთიდაიგივე სკანდინავიური ტომის სახელწოდებაა. უბრალოდ პირველი სახელით მათ სლავები იხსენიებენ, ხოლო მეორეთი კი სამხრეთში მცხოვრებნი - ბიზანტიელები, არაბები, ხაზარები. ბიზანტიელებისათვის, მაგალითად, რუსი არის სკანდინავიელი ნახევრად ყაჩაღი და ნახევრად კომერსანტი, მეომარი, რომელთა გრძელი ნავები ჯერ კიდევ რიურიკების შემოსვლამდე ესტუმრებოდნენ ხოლმე იმპერიის საზღვრებს ჩრდილოეთიდან. ამრიგად, შეგვიძლია საბოლოოდ დავასკვნათ, რომ ,,რუსი'' იმ სკანდინავიელი ტომის სახელწოდება იყო, რომელიც რიურიკების თაოსნობით შემოვიდა სლავებისა და ფინელების მიწაზე.
განვიხილოთ ახლა შემოსული სკანდინავიელების პოლიტიკური ორგანიზაცია. თუმცა, გამოთქმა ,,პოლიტიკურმა ორგანიზაციამ'' არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, თითქოს სლავების ტერიტორიაზე შემოსული ნორმანები მოქმედებდნენ კარგად მოფიქრებული და ნათელი პროგრამის მიხედვით, მიზანდასახულად აგებდნენ სახელმწიფოს და ა. შ. ამ მხრივ სკანდინავიელები არ ყოფილან ადგილობრივ მოსახლეობაზე მეტად დაწინაურებულები. რეალურად მოხდა უფრო მარტივი რამ: ნორმანებმა დაიპყრეს ქვეყანა, რომელზედაც გაავრცელეს საკუთარი ძალაუფლება და სოციალური ორგანიზაცია. დამპყრობთა ურთიერთობების მარეგულირებელი ტრადიციები, ამ პირობებში, ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის განმსაზღვრელი ,,ნორმები'' აღმოჩნდა. უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ რუსეთში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სტრუქტურებს ანალოგია არ მოეძებნებათ არც ერთ ქვეყანაში. გაბატონებული, მმართველი ფენის წარმომადგენელთა - მთავრების - უფლებების რეგლამენტაცია, პირადად ჩვენ, ძალზე გვაგონებს საბჭოთა რუსეთში კომპარტიის სხვადასხვა რეგიონების მდივნების ფუნქციების განმსაზღვრელ წესს. ეს შედარება არც ისე გადაჭარბებულია, როგორც შეიძლება ვინმეს ეჩვენოს. ამ უნიკალური პოლიტიკური წყობის საფუძველს უფროსობის რიგითობა (очередь старшенства) წარმოადგენდა. რუსმა ვარიაგებმა მოახერხეს შუა საუკუნეებში შეექმნათ სახელმწიფო, რომლის მმართველ ფენას - მთავრებს - მიწაზე არ ჰქონიათ საკუთრების უფლება. პირველი რუსული სახელმწიფოს ამგვარი ,,სტიქიური კომუნიზმი'' ჩამოყალიბდა, როგორც ახლახანს აღვნიშნეთ, ვარიაგების ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ეს წესი კი გვაროვნულ ყოფას და ამ ყოფის თანმხლებ ელემენტს - კოლექტიურ საკუთრებას ემყარებოდა. რუსი ხალხოსნები ბევრს წერდნენ რუსეთის გლეხობის სოციალისტური ინსტინქტებისა და რუსული თემის შესახებ, მაგრამ მათ, როგორც წესი, ავიწყდებოდათ იმის აღნიშვნა, რომ არა მხოლოდ რუსი გლეხია ,,ბუნებით სოციალისტი'', არამედ რომ პირველი რუსი-ვარიაგი მთავრები, რომელთა შთამომავლებიც შემდგომ უზარმაზარ მამულებს ფლობდნენ, არ იცნობდნენ წარმოების ძირითად საშუალებაზე - მიწაზე - კერძო საკუთრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარი საფუძველი არა გვაქვს პირდაპირი კაუზალური კავშირი გავაბათ რუსეთის პირველ პოლიტიკურ ორგანიზაციასა და ხალხის ფსიქიკურ წყობას შორის, მაგრამ ვერც იმაზე დავხუჭავთ თვალს, რომ რუსებში ძალზე ძლიერია კოლექტივისტური ინსტინქტები.
პირველი რუსული პოლიტიკური რეჟიმისათვის განმსაზღვრელია შემდეგი თავისებურებანი: (ა) გაბატონებული საზოგადოების ნაწილის ,,სტიქიური კოლექტივიზმი'', კერძო საკუთრების არარსებობა. (ბ) უმაღლესი ხეისუფლების კრებითი ხასიათი, რომელიც განეკუთვნებოდა არა ერთ პერსონას, არამედ მთელ გვარს: (გ) ცალკეულ მთავართა მიერ ქვეყნის სხვადასხვა ოლქის დროებითი და ადგილმონაცვლეობითი ფლობა: (დ) მკვეთრი იერარქია როგორც თვით მთავართა, ასევე იმ გეოგრაფიულ რეგიონებს შორის, რომელთაც ეს მთავრები ფლობდნენ. ვცადოთ მოკლედ დავახასიათოთ აღნიშნული რეჟიმი.
ამა თუ იმ ქალაქის, ოლქის ფლობის მემკვიდრეობა რუსეთში, მსგავსად ევროპასა და ჩვენში გავრცელებული სისტემისა, ემყარებოდა ძმებს შორის უფროს-უმცროსობას. ამ წესით უპირატესობა უფროს ძმას ეკუთვნის, მაგრამ რუსეთში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, ამა თუ იმ რეგიონის ფლობის მემკვიდრეობა გადადიოდა არა მამიდან შვილზე (ე. ი. უფროსი ძმის შთამომავლებზე), არამედ უფროსი ძმიდან მომდევნო უმცროს ძმაზე. მაგალითად, მეოთხე იაროსლავის ძის, ვიაჩესლავის გარდაცვალების შემდეგ (1057 ქელს), მისი საგანმგებლო ქალაქი დაიკავა არა მისმა უფროსმა ვაჟმა, არამედ ძმამ იგორმა, რომელიც, თავის მხრივ, ვოლინში მთავრობდა. ვოლინში გამოთავისუფლებული ადგილი კი დაიკავა არა იგორის ვაჟმა, არამედ უფროსმა ძმისშვილმა. იგორის გარდაცვალების ან მორიგ ქალაქში ,,დაწინაურების'' შემთხვევაში, სმოლენსკის მართვა მის რიგით მომდევნოს, როსტისლავს ეკუთვნოდა.
ადგილმონაცვლეობა გულისხმობდა უფროს-უმცროსების მკაცრ იერარქიას, რომელიც განისაზღვრებოდა არა ასაკობრივი განსხვავებით, არამედ გვაროვნული კავშირებით. მამის შემდგომ პირველი სამი ძმა ითვლებოდა უფროს თაობად, მომდევნო ძმები ითვლებოდნენ მეორე თაობად, რომლებიც რანგით ძმისშვილებს უთანაბრდებოდნენ. ამასთან უფროსი ძმისშვილი მეოთხე ბიძას უტოლდებოდა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ბიძა ასაკით გაცილებით უფრო პატარა იყო, ვიდრე ძმისშვილი, რაც შემდგომში გამეფებულ შინაომებს და სამემკვიდრეო ქაოსს კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს აძლევდა. კიევის რუსეთში ძირითადი კონკურენტები მმართველის პოსტზე იყვნენ არა ძმები, არამედ ბიძა-ძმისშვილები.
მთავარია ამგვარ იერარქიას შეესაბამებოდა ქვეყნის ქალაქებისა და რეგიონების იერარქიაც, ამ უკანასკნელთა პოლიტიკური მნიშვნელობისა თუ შემოსავლის მიხედვით. მაგალითად, იაროსლავის დროს სამ მთავარ ქალაქად ითვლებოდა კიევი, ჩერნიგოვი და პერიასლავი. ქალაქებს შორის უფროს-უმცროსობა ეხებოდა როგორც ძველ, ასევე ახლადაშენებულ ქალაქებსაც. ახლადაშენებული ქალაქები უფროს-უმცროსობის მიმართებაში შედიოდნენ ძველებთან, ითვლებოდნენ მათ გარე რეგიონებად და უნდა დამორჩილებულიყვნენ მათ გადაწყვეტილებას.
ვფიქრობთ, ახლა უფრო გასაგები უნდა იყოს თუ რა გვქონდა მხედველობაში, როდესაც კიევის რუსეთის მთავრებს კომუნისტური პერიოდის საოლქო მდივნებს ვადარებდით. ძველი რუსი მთავრები არ ყოფილან ფეოდალები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი ფაქტიურად მხოლოდ ოლქის მმართველები ან, შესაძლოა უკეთესი იქნებოდა გვეთქვა, ხელისუფლების მოხელეები იყვნენ, რომლებიც განსაზღვრული დროის მონაკვეთში განაგებდნენ რეგიონს და მსგავსად კომუნისტ ოლქის მდივნებისა, სარგებლობდნენ ამ ოლქის ყველა სიკეთით. მთავრებს მაინც ჰქონდათ საკუთრების რაღაც გაგება, თუმცა ერთობ სპეციფიური. იგი ეხებოდა არა რომელიმე რეგიონს, არამედ მთელ რუსეთს, რომელიც, ამასთან, ცხადდებოდა არა რომელიმე, თუნდაც დიდი მთავრის საკუთრებად, არამედ საკუთრებად მთელი გვარისა. ასე რომ, XII საუკუნის დასასრულამდე მთავრებს არ შეუწყვეტიათ იმ აზრის გადმოცემა, რომ მთელი მათი ერთიანობა, მთელი გვარი, დაუნაწევრებლად, რიგ-რიგობით უნდა განაგებდეს მამა-პაპის მემკვიდრეობას (5. 1. 184). კიევის მმართველი, დიდი მთავარი არ ყოფილა მონარქი. კიევის რუსეთში ქვეყანას განაგებდა მთავართა გვარი, რომლისათვისაც არც ერთ გენეალოგიურ ხაზს არ ჰქონია სხვებთან რაიმე უპირატესობა. გვარის ყოველ წევრს ჰქონდა უფლება ყოფილიყო დიდი მთავარი, მჯდარიყო მთავარ რუსულ ქალაქში - კიევში. აქედანაა ტოლძალოვანი მთავარ-ნათესავებისათვის საკუთარი მამულის არსებობა: მამული ხომ მთელი რუსეთის მიწა იყო. აქედანვეა აგრეთვე ის თავისებურებაც, რომ მთავართა მთელი შინა ომების პერიოდში არც ერთი სამთავროს საზღვრები არ გაფართოებულა შესამჩნევად სხვების ხარჯზე. მთავრებისათვის ხომ აზრი არ ჰქონდა ზრუნვას იმ რეგიონის გაფართოებაზე, რომელიც შემდეგ სხვისათვის უნდა დაეთმო. ყოველი მთავრის ,,კარიერის'' საბოლოო მიზანი კიევში მთავრობა იყო და ამ პოსტისათვის მთავართა ბრძოლა არ ამცირებდა გვარის ერთიანობის შეგნებას, რომელსაც ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული და მჭიდროდ უკავშირდებოდა კერძო სამთავროების არარსებობას.
საერთოდ თქმა იმისა, რომ მთავრების სამთავროები მათ საკუთრებას არ წარმოადგენდნენ, სტანდარტული ვითარების დესკრიპციას ახდენს და სულაც არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ესა თუ ის რიურიკი საკუთრებაში იღებდა მიყრუებულ რეგიონს. მესაკუთრეთა რაოდენობა შემდგომში დომინანტური გახდა, მაგრამ კიევის რუსეთში ისინი ან მოხალისე კოლონისტები იყვნენ, ან განდევნილი მთავრები (князя изгои), რომლებიც მამის სიკვდილის შემდეგ განიდევნებოდნენ ხოლმე მთელი გვარის მიერ ადგილმონაცვლეობით მართვის სისტემიდან.
მთავრების მოღვაწეობა მოუწყვეტელი იყო მათი რაზმებისაგან (дружина). მათი ურთიერთდამოკიდებულება მსგავსია როგორც დიდი მთავრის, ასევე რეგიონების მთავრების შემთხვევაში. თუმცა საბრძოლოდ გასულ მთავარს ხშირად თავის რაზმთან ერთად თან ახლდა სახალხო ლაშქარი, ამ უკანასკნელს მაინც დამხმარე, დაქვემდებარებული ფუნქცია ჰქონდა. რაზმის დაყოფა, სამხედრო სტრუქტურა მსგავსია მარტივი შეიარაღებული ფორმირებებისა: ათასეული, ასეული, ათეული, მაგრამ საინტერესოა ის, რომ რაზმს სამხედროსთან ერთად გარკვეული პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ფუნქციაც ჰქონდა. ამ მიმართებით ის იყოფოდა უფროს და უმცროს რაზმელებად. რუსეთის ისტორიიდან კარგად ცნობილი ბოიარები, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ როგორც მთავრის კარზე სათათბირო ხმის მქონე პირებს, დასაწყისში მხოლოდ მთავრის უფროსი რაზმელები იყვნენ. თუმცა, მნიშვნელოვან საკითხებში მრჩევლის ფუნქცია, გარდა სამხედრო ვალდებულებისა, მათ თავიდანვე ჰქონდათ. ამის გამო, ბოიარები მთავრის ძირითად საგანმგებლო ქალაქში ისხდნენ მაშინ, როდესაც უმცროსი რაზმელები (мужи кнежецкие) გაფანტულნი იყვნენ სამთავროს სხვადასხვა ადმინისტრაციულ პუნქტებში და კონკრეტულ დავალებების აღსრულებას ადევნებდნენ თვალს. მთავრის დრუჟინა დასაწყისში ნორმანებისაგან შედგებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელნი გასლავდნენ (სხვათა შორის საკმაოდ სწრაფად და უმტკივნეულოდ) რაზმის უფროს წევრებად ვხედავთ როგორც სლავური წარმოშობის პირების, ასევე სხვადასხვა ეთნიური ჯგუფების წარმომადგენლებსაც.
აღწერილი პოლიტიკური რეჟიმის სურათი არადამაკმაყოფილებელი იქნება, თუკი ორიოდე სიტყვა არ ითქვა ქვეყნის ეკონომიკური ყოფის შესახებ. მთავრების დამოკიდებულება მიწათმოქმედებთან განსაზღვრული იყო ე. წ. кормление-თი, ანუ მარჩენლობით. მთავრები ახორციელებდნენ ქვეყნის იარაღით დაცვას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ამ სამსახურისათვის ისინი მოსახლეობისაგან იღებდნენ ხარკს განსაზღვრული რაოდენობით. სხვათაშორის სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ე. ი. გამომდინარე იქედან, რომ შემოსულ ნორმანებს ძალით არ მიუტაცებიათ მიწები, არ ჰქონდათ მიწაზე საკუთრების სურვილი და თავიანთ ძირითად ფუნქციას ქვეყნის მართვასა და დაცვაში ხედავდნენ - ნატურით ანაზღაურებისა და სხვადასხვა სამსახურის გაწევის ფასად, ჩანს, რომ ნორმანები მართლაც მართვისა და დაცვისათვის მოევლინენ ქვეყანას და არავითარი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იდეა მათ არ ჰქონიათ. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ მოწვეულები თანდათან გაბატოდნენ და ფაქტიურად ქვეყანა დაიპყრეს. რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის ეკონომიურ ხერხემალს, იგი უდავოდ ვაჭრობას ემყარება. ამ ვითარებისათვის ხაზგასმა აუცილებელია, თუ გვინდა გავიგოთ კიევის რუსეთის დაკნინებისა და დაცემის მიზეზები. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნორმანებმა სამხრეთისაკენ გზა ძირითადად ბიზანტიასთან სავაჭრო ურთიერთობისათვის გაიკაფეს. ისინი უმთავრესად მდინარეებით სარგებლობდნენ, რომლებზედაც ძალზე ოსტატურად იყენებდნენ ნავებს. პირველი რუსი მთავრები ცუდ ცხენოსნებად ითვლებოდნენ და სამხედრო ექსპედიციებში, როგორც წესი, ნავებით მიემართებოდნენ. ნავები იყო ვითარებისდა მიხედვით ზოგჯერ სავაჭრო-სატრანსპორტო, ზოგჯერ სამხედრო საშუალება ისევე, როგორც თავად რუსი-ვარიაგები ერთდროულად ვაჭრებიც იყვნენ და ყაჩაღებიც. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ბიზანტიაში მიმავალი სავაჭრო ქარავანი გამუდმებულ თავდასხმებს განიცდიდა სტეპების მომთაბარეებისაგან და სხვა ყაჩაღებისაგან. რუსეთი მდიდარი იყო ბეწვეულით, ხე-მასალით, ტყავით, თაფლითა და სანთელით. ამ და მსგავს პროდუქციას ემატებოდა როგორც ჩრდილოეთი და დასავლეთი რეგიონებიდან შემოტანილი, ასევე აღმოსავლეთის სტეპებიდან შემოსული საქონელი. ამგვარმა საქონელბრუნვამ რუსულ ქალაქებს, განსაკუთრებით კიევს, გვარიანი სიმდიდრე შესძინა.
კიევის რუსეთის ასეთი ეკონომიკური აგებულება, რომელიც სამხედრო-სავაჭრო ქვეყანას ჩამოჰგავდა, სრულ თანხმობაში მოდიოდა ქვეყნის რეგიონების პოლიტიკურ მოწყობასთან, რეგიონალიზაციასთან. როგორც ვიცით, რუსეთის ქალაქებს შორის იყო უფროს-უმცროსობის იერარქია, რომელიც შეესატყვისებოდა იგივე ქალაქთა მმართველების უფროს-უმცროსობას. გასაგებია, რომ რაც უფრო ახლოს იყო ქალაქი შემოსავლის ძირითად წყაროსთან - სამხრეთის საზღვართან ან საზღვარგარეთულ ბაზრებთან, მით უფრო დიდი მნიშვნელობის და სიმდიდრის მფლობელნი იყვნენ მისი მცხოვრებლები. იგივე ქალაქი, სამხრეთის სტეპებში მონავარდე მომთაბარეების განუწყვეტელი თავდასხმების გამო, რუსეთის ყველაზე რთულ და სტრატეგიული თვალსაზრისით საპასუხისმგებლო უბანს წარმოადგენდა. მთლიანი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, უმჯობესი იყო ამგვარ ქალაქში მმართველად მჯდარიყო ბრძოლებსა და პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი კაცი, რომელსაც სოლიდური ფინანსური ძალა ექნებოდა. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენი საგანმგებლო ქალაქი გამოიარა მთავარმა. ცხადია, რომ რაც უფრო მეტი იყო ასეთი ქალაქების რაოდენობა, მით უფრო მეტი სიმდიდრის იყო მთავარი და უფრო დიდი სამხედრო რაზმის ყოლა შეეძლო მას, რომელიც ყოველი მორიგი ,,დაწინაურების'' დროს თან მიჰყვებოდა მთავარს ახალ საგანმგებლო რეგიონში.
ამრიგად, ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების წესის გამო, როგორც მთავრის, ისე მთელი ქვეყნის კეთილდღეობა და სიმდიდრე დამოკიდებული იყო არა იმდენად ცალკეული ოლქის მეურნეობის გამართულობაზე, არსებული რესურსების მაქმისალური ინტენსივობით ათვისებაზე, არამედ ექსტენსიურ ფაქტორებზე, შიდა და შეძლებისდაგვარდ მომიჯნავე რეგიონების სავაჭრო-სახმელეთო და სამდინარო გზების უსაფრთხოებაზე. აი, ამ პირობებმა შეუწყო ხელი კიევის რუსეთში იმ თავისებური პოლიტიკური რეჟიმის განმტკიცებას, რომელსაც ანალოგია არა ჰქონია სხვაგან.
კიევის რუსეთში გაბატონებული პოლიტიკური სტრუქტურები ერთი მხრივ უზრუნველყოფდა ქვეყნის მთლიანობას და ფეოდალური დაქსაქსულობის არარსებობას, მაგრამ მეორე მხრივ მაინც ქვეყნის შიდააშლილობის მიზეზად იქცა. ფეოდალიზმი, მისი კლასიკური ევროპული ფორმით, ფეოდალიზმი როგორც სენიორისა და ვასალის ურთიერთობაზე აწყობილი სტრუქტურა, როგორც ვნახეთ, რუსეთში არ არსებობდა. ამისდა მიუხედავად, ქვეყანა მაინც ვერ გადაურჩა შინააშლილობას, რისი მიზეზი იგივე ადგილმონაცვლეობით მთავრობის ინსტიტუტი იყო. საქმე ისაა, რომ ადგილმონაცვლეობის ეფექტური გამოყენება გულისხმობდა მმართველი გვარის გენეალოგიის უშეცდომო ცოდნას. დასაწყისში, ვიდრე მთავართა გვარის წევრთა რაოდენობა არც ისე მრავალრიცხოვანი იყო, ამგვარი რამ კიდევ შეიძლებოდა დიდი დავისა და კამათის გარეშე, მაგრამ IX-XII საუკუნეებში რიურიკების მოდგმამ იმდენი განშტოება შეიძინა, რომ თითქმის შეუძლებელი იყო ცალსახად გაერკვიათ, თუ რომელ გვარიშვილს რომელი რეგიონის მართვა ერგებოდა. ამან კი დიდ არეულ-დარეულობა გამოიწვია და ხელი შეუწყო მთავართა დავის იარაღის ძალით გადაწყვეტას. შინაომები უდავოდ ასუსტებდა კიევის რუსეთს, მაგრამ ამ ქვეყნის დაცემის ძირითადი მიზეზი მაინც სხვა იყო.
მონგოლთა რუსეთის თაობაზე
XII საუკუნეში ქვეყანას მძიმე ხანა დაუდგა. ერთ დროს აყვავებული კიევი, რომელიც განთქმული იყო თავისი სილამაზითა და სიმდიდრით, თანდათანობით კარგავს პირველობას რუსულ ქალაქებს შორის. თუ ადრე ყოველი რუსი-ვარიაგი მთავრისათვის დიდი მთავრობა საკუთარი პოლიტიკური კარიერის უმაღლესი მწვერვალი იყო, ახლა ვხედავთ, რომ დიდ მთავრის ტიტულის მქონე პირები კიევის ნაცვლად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში სხედან. კიევის დაკნინება მხოლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ შეხებია. მნიშვნელოვნად იკლო ვაჭრობამ, გაუფასურდა ვერცხლი, სამხრეთი რუსეთი თანადათანობით დაიცალა მოსახლეობისაგან.
მიზეზები მთლად ნათელი არ არის. მკვლევარები ასახელებენ სამ მთავარ მიზეზს (5.I):(I) კიევის რუსეთში არსებობდა მონობა და მონური შრომა კი უაღრესად არაეფექტური იყო. სამხრეთ რუსეთის მოსახლეობა ცდილობდა გაქცეოდა თავის ძალზე მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ამჯობინებდა საცხოვრებლად მეზობელ რაიონებში გადაბარგებულიყო: (II) გვარის ერთიანობის გრძნობა არასაკმარისი აღმოჩნდა მთავართა შორის შუღლის მოსასპობად - შინაომები, რომლებიც ყველაზე მეტად მშვიდობიან მოსახლეობას აზარალებდა, აიძულებდა მათ დაეტოვებინათ რეგიონი და უფრო წყნარი ადგილი ეძებნათ: (III) დაბოლოს, კიდევ ერთი მიზეზი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, იყო სამხრეთის სტეპებში ახალი ძლიერი მტრის - ყივჩაყების - გაჩენა. რუსმა მთავრებმა, რომლებიც მანამდე ეფექტურად იბრძოდნენ სხვა სამხრეთელი მომთაბარეების წინააღმდეგ, კერძოდ ხაზარების და პაჭანიკების წინააღმდეგ, ვერაფერი მოუხერხეს ყივჩაყებს, რომლებიც XI საუკუნის დასაწყისიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მზარდი ინტენსივობით იწყებენ დაწოლას კიევზე. ყივჩაყთა ხანმა ბონიაკმა კინაღამ ქალაქიც აიღო. სტეპებსა და მდინარეების გასწვრივ მომთაბარეთა განუწყვეტელი თარეშის გამო, სავაჭრო მგზავრობა ბიზანტიისაკენ, რომელიც კიევის რუსეთის ეკონომიკის მაცოცხლებელი წყარო იყო, თითქმის შეუძლებელი შეიქნა.
კიევის რუსეთის მოსახლოებიდან მასიური დაცლა მოდის XII-XIII საუკუნეებზე, რაც საბოლოოდ მონღოლთა შემოსევებმა დაასრულეს ისე, რომ მონღოლთა კიევზე ლაშქრობის შემდეგ, რუსეთში მოგზაურმა პლანო კარპინიმ კიევში სულ ორასამდე სახლი დათვალა. მაგრამ არ ვიქნებით სწორი, თუკი მონღოლებს მივიჩნევთ კიევის პირველ ამღებად და ამ ქალაქის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ფუნქციის მომშლელებად. მონღოლთა შემოჭრამდე თითქმის საუკუნით ადრე ქალაქი შტურმით აიღეს ჩრდილოსლავურმა ტომებმა მთავარ ანდრეი ბოგოლიუბსკის და მისი მოკავშირეების ინიციატივთ. ამ მოვლენის შემდეგ კიევი ვეღარ გასწორდა წელში და სამუდამოდ დაკარგა თავისი ძველი მნიშვნელობა. მონღოლებმა უბრალოდ დაასრულეს ქალაქის და მთელი კიევის რუსეთის დაწყებული ნგრევა. ვინ იყვნენ ეს ჩრდილოელი სლავური ტომები? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ჯერ უნდა ვიკითხოთ თუ საით წავიდა მასიურად აყრილი სამხრეთ რუსეთის მოსახლეობა. კიევის რუსეთის მოახლეობა, რომელშიაც სლავური ელემენტი დომინანტური იყო, დღევანდელი რუსებისა და უკრაინელების საერთო წინაპრები იყვნენ. XII-XIII საუკუნეებში მათი ერთი დიდი შტო დასავლეთისაკენ გადავიდა, ხოლო მეორე კი უფრო ადრე ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. დასავლეთში გადასულნი კონტაქტში შევიდნენ დასავლეთის სლავების ტომებთან და საბოლოო ჯამში მალოროსული ჯგუფი შეადგინეს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით გადანაცვლებულები შეერწყნენ ფინურ ტომებს, რამაც ზეგავლენა იქონია მათ ენაზე. ამ მოსახლეობამ საბოლოოდ შეადგინა ველოკოროსთა ტომი, რომლებიც თავიდან განსახლებულნი იყვნენ ვლადიმირსა და მის შემოგარენში. ამგვარად ჩაეყარა საფუძველი იმ ხალხებს, ვისაც ჩვენ რუსებისა და უკრაინელების სახელით ვიცნობთ დღეს. თუ მოვლენებს ოდნავ წინ გავუწრებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთში გადახვეწილი ძველი კიევის მოსახლეობის შთამომავლები, მას შემდეგ რაც კიევის შემოგარენში მონღოლების გამანადგურებელი თარეში თანდათან მიყნარდა, ხოლო დასავლეთში კი გაძლიერდა პოლონეთი და ლიტვა, პოლონელი შლიახტიჩების თაოსნობით ისევ დაუბრუნდნენ მამა-პაპისეულ ადგილებს და აღმოაჩინეს, რომ მათსა და რუსებად წოდებულ სხვა სლავი ტომების ენებს შორის საკმაოდ თვალსაჩინო განსხვავება არსებობდა. სამხრეთის რუსეთის ეს ახალი მოსახლეობა, ისევე როგორც ქალაქი კიევი, პოლონელების კონტროლს დაექვემდებარა მოსკოვიტური რუსეთის ხანაში.
მას შემდეგ რაც ბოგოლიუბსკიმ კიევი დალაშქრა, ამ ქალაქის როგორც ადმინისტრაციული ცენტრის მნიშვნელობა საბოლოოდ მოიშალა. რუსეთის ცხოვრების ცენტრი გახდა ვლადიმირი, რომელშიაც იჯდა დიდი მთავარი. ვლადიმირის ირგვლივ წარმოიშვა ქალაქების მთელი ჯგუფი და სავარაუდოა, რომ მონღოლთა ლაშქრობა რომ არ ყოფილიყო, სწორედ ვლადიმირი და არა მოსკოვი იქნებოდა რუსეთის პირველი ქალაქი. ჩრდილო-აღმოსავლეთის რუსეთის პოლიტიკურ დაწინაურებაზე ნათლად მიგვითითებს რუსეთში შემოსული მონღოლების პირველი დარტყმის მიმართულება. მონღოლებმა, როგორც ცნობილია, ჯერ ვლადიმირი და მის ირგვლივ არსებული ქალაქები მოაოხრეს, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთით ილაშქრეს ყივჩაყებზე და მხოლოდ ამის შემდეგ კიევის მიმართულებით.
პოლიტიკური ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადანაცვლება ცხოვრების განსხვავებული წესით წარმართვასაც ნიშნავდა. ველიკორუსული გაერთიანება, განსხვავებული გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ვერ იქნებოდა ისეთივე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების შემცველი, როგორიც კიევის რუსეთში არსებობდა. ჩრდილო-აღმოსავლური სამთავროების ეკონომიკური ცხოვრება ემყარებოდა არა ვაჭრობას, არამედ მიწათომქმედებას, რასაც ხელს უწყობდა ყამირი მიწის დიდი ფართობები. ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრებმა მესაკუთრის თვალით დაუწყეს საკუთარ სამთავროებს ცქერა. ამგვარი დამოკიდებულების ნიმუშს ვლადიმირის დიდი მთავარი უჩვენებდა. ჯერ ამ მთავრებმა და შემდგომ კი სხვებმაც დაიწყეს მემკვიდრეობითობის ადგილმონაცველობითი ძველი სტრუქტურების ნგრევა, რის შედეგადაც თანდათანობით იმრავლა იმგვარი სამთავროების რიცხვმა, რომელშიაც ფეხი მოიკიდა მხოლოდ ერთმა გენეალოგიურმა შტომ. მმართველებმა დაიწყეს თავიანთი შთამომავლობისათვის სამთავროების ოფიციალურად საკუთრებად დამტკიცება. მონღოლთა ხანებმა, რომლებიც შემდგომ თავიანთ თავზე იღებდნენ საკუთრების დამამტკიცებლის მისიას, მხოლოდ ხელი შეუწყვეს ამ საქმეს. სამთავროს, რომელიც რომელიმე წარჩინებულის საკუთრებად იქცეოდა, წილხვედრი სამთავრო (удельное княжество) ეწოდებოდა. საინტერესოა, რომ ეს ტერმინი რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ დღეს უაღრესად ნეგატიური მნიშვნელობით გამოიყენება. გამოთქმა - разойтись по удельным княжеством - დღეს ქვეყნის დაქცევასა და ცალკეულ რეგიონებად დანაწევრებას ნიშნავს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამგვარი, ნეგატიური შეფასება ტერმინისა, გამოწვეული იყოს არა იმდენად სახელმწიფოს ერთიანობის გულშემატკივრობით, რამდენადაც უფრო ღრმა კოლექტივისტური მენტალიტეტით, ფარული თუ აშკარა მტრობით ყოველივე კერძოსა და ინდივიდუალურის მიმართ. აშკარაა, რომ კოლექტივისტური მენტალიტეტი, რომელიც კიევის რუსეთში ჩამოყალიბდა და სუპერ-რეალიზაციას საბჭოთა რუსეთში მიაქცია, დღემდე მყარადაა გამჯდარი არა მხოლოდ უბრალო რუსი ხალხის ცნობიერებაში. როგორც ჩანს, რუს რეფორმისტებს კიდევ დიდი დრო დაჭირდებათ მის გადასალახავად.
მაგრამ დავუბრუნდეთ რუსეთში შექმნილ სიტაუციას. მისცა თუ არა რაიმე დადებითი ქვეყანას საკუთრებითი ურთიერთობებისა და ინდივიდუალიზმის ნიშნების ჩასახვამ? უნდა ითქვას, რომ ზემოაღწერილი, რუსეთის ეს წარსული მოვლენები, რაღაცით ჰგავს იმას, რაც დღეს მიმდინარეობს (ან, ყოველ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს მაინც) რუსეთში. საბჭოთა კავშირში გაბატონებული იყო საკუთრების და პოლიტიკური ხელმძღვანელობის კოლექტიური ფორმა. საკუთრების მფლობელი იყო ,,საბჭოთა რუსი ხალხი'', ხოლო ამ საკუთრების გამგებელი და ქვეყნის პოლიტიკური წარმმართველი - კომუნისტური პარტია. ე. წ. ,,სახალხო საკუთრება'' ყველასი და ფაქტიურად არავისი არ იყო. კიევის რუსეთში ამის მსგავსად, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელი და მესაკუთრე ერთი კოლექტივი - რიურიკების გაბატონებული გვარი იყო. მაშინდელი რუსული მიწა ეკუთვნოდა მთელ გვარს და კონკრეტულად კი არც ერთ მთავარს. მსგავსად კომპარტის მდივნებისა, არც ერთი მთავარი არ იყო დაინტერესებული პიროვნულად მისი საგანმგებლო რეგიონის აყვავებით. პირადად მას, ისევე როგორც მრავალ საოლქო კომიტეტის მდივანს საბჭოთა პერიოდში, აინტერესებდა დაკავებული იერარქიული საფეხურის სწრაფი გავლა და მაქსიმალური მოგების მოპოვება ადგილზე. არც ერთ პერიოდში ქვეყნის კუთხეებს, რეგიონებს არ ჰყავდა კონკრეტული მეურვე. ორივე შემთხვევაში არსებობდა მხოლოდ კოლექტიური, აბსტრაქტული პასუხისმგებლობა ზოგადად მთელი ქვეყნის მიმართ, რაც ამ ქვეყნის განვითარებას სულაც არ უწყობდა ხელს. მას შემდეგ, რაც რუსეთში წილხვედრი სამთავრობო წარმოიშვა, შეიცვალა მთავართა დამოკიდებულება საგანმგებლო ტერიტორიის მიმართ. ამ ტერიტორიებს უკვე მთავრები თავიანთ საკუთრებად და შემოსავლის ერთადერთ წყაროდ განიხილავდნენ. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ როგორც შრომის ნაყოფიერების, ასევე სამთავროს ტერიტორიული ზრდით, გაფართოებით. ამ პერიოდში ხდება მეურნეობრიობის ინტენსიურ მოდელზე გადასვლა, რომელიც შრომის ნაყოფიერების ზრდას არა მონათა რაოდენობის მომატებით ცდილობს, არამედ იმგვარი ბერკეტების გამოყენებით, რომლებიც შრომის სტიმულირებას გამოიწვევდა. ამგვარ სტიმულად, გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, ითვლება გლეხისათვის, თუნდაც გასხვისების უფლების გარეშე, მიწის პატარა ნაკვეთის გადაცემა. წავიდოდა თუ არა ამ მიმართულებით რუსეთში საკუთრებითი ურთიერთობების განვითარება, სხვა საკითხია. იმ პერიოდში კი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ერთადერთი მესაკუთრენი მთავრები ხდებოდნენ. ამასობაში რუსეთის ისტორიის ,,ბუნებრივ განვითარებაში'' მონღოლები ჩაერიენ, რომელთაც ქვეყნის განვითარებას სპეციფიური იერი შესძინეს.
მონღოლები წინ არ აღდგომიან მთავართა რეგიონების მფლობელებად გახდომას, მაგრამ მოსპეს ადგილმონაცვლეობის ძველი რუსული წესი. დაიკავებდა თუ არა ამიერიდან რომელიმე მთავარი რეგიონს, დამოკიდებული იყო არა მის ნათესავურ კავშირებზე, არამედ დიდი ყაენის ნება-სურვილზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე. ადგილმონაცვლეობის მოსპობა, რა თქმა უნდა, არ იყო მყისიერი. იგი კიდევ დიდხანს არსებობდა და მონღოლები თითქოს ითვალისწინებდნენ მას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ყაენი იღებდა. მონღოლებმა დაანგრიეს პრაქტიკა ადგილმონაცვლეობისა, მაგრამ სამაგიეროდ დანერგეს ახალი, შემდგომ საბჭოთა რუსეთში ესოდენ ხშირად გამოყენებული წესი, როდესაც ,,ყმა'' თუ ,,ვასალ'' მდივნებს გამოიძახებდნენ ხოლმე მოსკოვში. მონღოლებამდე არც ერთ დიდ მთავარს არ გამოუძახებია ,,დასამტკიცებლად'' ამა თუ იმ რეგიონის გამგებელი. ყაენის სანახავად უზარმაზარი სივრცის გადაკვეთას, ამგვარი მგზავრობით გამოწვეული მრავალი უსიამოვნების გარდა, თან ახლდა სიმდაბლისა და მორჩილების გრძნობა. ქრთამი ყაენის სასამართლოში გამოცხადებულის ყველაზე სოლიდური არგუმენტი იყო. ამაში გვარწმუნებს არაერთი შემთხვევა, როდესაც ორი პრეტენდენტიდან თითოეულის ჩასვლას ყაენთან საქმის მის სასარგებლოდ გადაწყეტა მოსდევდა ხოლმე. მთავრები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, ყაენი კი საკუთარიდან. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ერთადერთი ვინც მუდამ დაზარალებული იყო, რუსეთის მოსახლეობა და მთლიანი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები გახლდათ. ყაენთან გამგზავრებული მთავარი შინ ბრუნდებოდა არა მხოლოდ ყაენის სიგელით, არამედ მას, როგორც წესი, დამატებით არგუმენტად თან ახლდა ხოლმე მონღოლთა სოლიდური სამხედრო ძალა. ივანე კალიტამ, მაგალითად, რომლის დიდ მამულიშვილობაში გულწრფელადაა დარწმუნებული ზოგიერთი რუსი მკვლევარი, მონღოლთა რაზმებით მიწასთან გაასწორა მისი მეტოქე ტვერის სამთავრო, რაც არ ყოფილა იშვიათი მოვლენა. ასევე იქცეოდნენ სხვა მთავრებიც. მთავართა ,,სიარულმა'' დიდ ყაენთან არარად აქცია თვით დიდი მთავრის ინსტიტუტი. თუმცა, ნომინალურად ეს ტიტული კი არ გამქრალა, არამედ პირიქით - იმრავლა: ტვერელებს თავისი დიდი მთავარი ყავდათ, როსტოველებს თავისი, იაროსლაველებს თავისი და ა. შ. ასეთ პირობებში ქვეყნის ერთიანეობის გარანტი ისევ მონღოლთა ყაენი იყო.
რუსეთის ამგვარ მდგომარეობაში ვერაფერ სავალალოს ხედავს ლ. გუმილიოვი. მისი აზრით, მართებული იქნება ვილაპარაკოთ არა იმდენად რუსეთის დაპყრობაზე მონღოლთა მიერ, არამედ ორი ქვეყნისა თუ ხალხის კაშვირზე: ,,... მონღოლები, რომლებიც რუსეთში მოდიოდნენ, ნახევრიდან ორ მესამედამდე ქრისტიანები იყვნენ1. და მხოლოდ 1313 წელს მიიღო უზურპატორმა ხანმა უზბეკმა ისლამი როგორც სახელმწიფო რელიგია და გამოაცხადა, რომ ყველა, ვინც უარს იტყვის ისლამის მიღებაზე მონღოლთა შორის, სიკვდილით იქნება დასჯილი. ის, ვისაც არ სურდა გაეცვალა საკუთარი სინდისი სიცოცხლეზე, იძულებული იყო გაქცეულიყო. ...ისინი რუსეთში გარბოდნენ. აქ მათ სიამოვნებით ღებულობნენ. ... სწორედ აქ დაიწყო სლავების თათრებთან ის აღრევა, რომლესაც ჩვენ ვუწოდებთ სიტყვა ,,უღელს''. ...ვინ გაათათრა, საერთოდ რომ ვთქვათ, სლავები? სასიძოებმა და საპატარძლოებმა. საპატარძლოები ურდოში მიყავდათ, სასიძოები თავად ჩამოდიოდნენ როსტოვში (უმეტესწილად სწორედ როსტოვში) და იქ იწერდნენ ჯვარს. არა მონღოლურმა თუღმა, არამედ ჯვარმა აქცია უკვე პასიონარული შლეგობის შედეგად ამოწვეტამდე მისული ქვეყანა ახალ, რუსულ-თათრულ ქვეყანად მართლმადიდებლური რწმენით'' (3.155-156). სწორედ მონღოლური წარმოშობის გვარებმა - კუტუზოვმა, სუვოროვმა, ტიუტჩევმა, შერემეტიევმა და სხვ. - შესძლეს ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი როლის შესრულება (3.157). ამრიგად, დაიპყრეს თუ არ დაიპყრეს რეალურად რუსეთი მონღოლებმა, იმის თქმა მაინც დანამდვილებით შეგვიძლია, რომ რუსი ერის მაკონსტიტუირებელ ეთნოსებს XIII საუკუნიდან მონღოლების სახით კიდევ ერთი ეთნოსი შეემატა.
მოსკოვიტური რუსეთის თაობაზე
1486 ქელს ვინმე გერმანელ პოპელს, რომელიც ერთ დროს ევროპაში გავრცელებული წესის მიხედვით სარაინდოდ დაეხეტებოდა უცხო მხარეში, გზა აებნა და მოსკოვში ამოჰყო თავი. პოპელის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ გარდა პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი რუსეთისა, რომელსაც ევროპელები ასე თუ ისე იცნობდნენ, არსებულა კიდევ ერთი რუსეთი - მოსკოვიტური. სამშობლოში დაბრუნებული რაინდი მიიღო გერმანიის იმპერატორმა ფრიდრიხ III, რომელიც იძულებული გახდა საუბრის შემდეგ მნიშვნელოვანი კორექტივები შეეტანა მისთვის ცნობილ პოლიტიკურ გეოგრაფიაში. პოპელი ხომ ჯიუტად ამტკიცებდა, რომ პოლონეთ-ლიტვის აღმოსავლეთით მონღოლთა უკიდეგანო საბრძანებელი კი არა, ქრისტიანული სამეფო, მოსკოვიტიაა, რომლის მბრძანებელიც ძალითა და ქონებით არ ჩამოუვარდება სხვა ცნობილ ქვეყნებსო. იმპერატორს საშუალება მიეცა დარწმუნებულიყო ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, როდესაც ივანე III-ისაგან დამოყვრების სანაცლვოდ შეთავაზებულ კაროლის ტიტულზე თავაზიანი, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო: დამოუკიდებელი მოსკოვიტიის ხელმწიფე საკუთარი ხელისუფლების ღვთიურ-ბიზანტიური წარმოშობით კმაყოფილდებოდა და ევროპელი მონარქების ხელდასხმას არ საჭიროებდა. ამ უცნაური განცხადების საფუძველს ქვემოთ ვიხილავთ.
ამ დრომდე მოსკოვის სამთავრო დიდად გაფართოვდა. გარდა ტერიტორიების დაუოკებელი ზრდისა, მას დაჰყვა კიდევ ერთი სპეციფიური ნიშანი, რომელზედაც ღირს ცალკე შეჩერება. მონღოლების პერიოდში დაკავებულ სამთავროზე ,,საკუთრებითი გრძნობის'' გაღვივების გამო, მოსკოვის მთავრები და შემდგომ მეფეებიც, თავიანთი სამთავროსა თუ სამეფოს მიწებს აღიქვამდნენ არა როგორც სახელმწიფო ტერიტორიას, არამედ როგორც პირად მამულს. ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რომელიც კალიტას დროს არ გასცილებია მოსკოვის სამთავროს და შეძენილ თუ წართმეულ მიწებს, თანდათანობით სხვა ტერიტორიებზედაც გავრცელდა მას შემდეგ, რაც დიმიტრი დონელმა ვოტჩინური უფლებით დაიწყო ვლადიმირის დიდი მთავრის ტიტულის მითვისება. ეს უცნაური თავისებურება მოსკოვიტიის ერთ-ერთ სპეციფიურ ნიშნად იქცა და მან ნეგატიური როლი შეასრულა ქვეყნისათვის რიურიკების მმართველი გვარის გენეალოგიური შტოს დასრულებისას.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსკოვის მმართველები თავისთავში ვერ ასხვავებდნენ მესაკუთრესა და პოლიტიკულ მოღვაწეს? ზოგიერთი ავტორი ფიქრობს, რომ დადებითი პასუხი არ იქნება სწორი, მაგრამ მოსკოვის მთავარს (მაგალითად ივან კალიტას) მაინც ვერ მივიჩნევთ ხელმწიფედ, ამ სიტყვის ნამდვილი პოლიტიკური მნიშვნელობით, რადგან (ა) მოსკოვის სამთავროს სივრცე მთავრის მამულად ითვლებოდა და არა სახელმწიფო ტერიტორიად და (ბ) ამ უკანასკნელის სახელისუფლებო უფლებები (державные права) და მისი შემადგენელი უმაღლესი ხელისუფლების შინაარსი ნაწილდებოდა (მაგალითად შვილებზე) და გასხვისდებოდა მამულთან ერთად სამეურნეო საბოძვარის ტოლად (5.II.3I). ვფიქრობთ ამ ვითარებიდან უფრო რადიკალური დასკვნების გაკეთების საფუძველი არსებობს და, რომ მოსკოვიტური რუსეთის ერთ-ერთი სპეციფიკა იყო უმაღლეს ხელისუფალში მმართველისა და მესაკუთრის უფლებების შერწყმა-გაუმიჯნაობა. მმართველის ფუნქციების პრიმატი მესაკუთრეზე თვალსაჩინო ხდება უფრო გვიანი პერიოდის მოსკოველ მთავრებთან და ის თითქმის არ იგრძნობა საწყის პერიოდში.
ჩვენ უკვე ვიცით თუ რა პროცესები უძღოდა წინ მოსკოვიტური რუსეთის ევროპელთათვის ესოდენ მოულოდნელ აღზევებას. მოსკოვიტურ რუსეთში დასრულდა ველიკოროსების, ე. ი. იმ ხალხის სახელმწიფოებრივი ფორმირების პროცესი, ვისაც დღეს ჩვენ რუსების სახელით ვიცნობთ. ივანე III-ის პერიოდში, მოსკოვიტიის საზღვრები დაემთხვა ამავე პერიოდში ველიკოროსთა განსახლების არეალს. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ცალკეული სამთავროების შემომტკიცების პროცესი, დღევანედლ რუსულ პატრიოტულ პრესაში ესოდენ დაფასებული ,,собирание земель русских'' მხოლოდ ერთი ლოკალური ეპიზოდი ყოფილა ახლადწარმოშობილი ქვეყნის, უფრო ზუსტად სახელმწიფოსათვის, რომლის უსაკუთრივესი ბუნება ტერიტორიების განუწყვეტელ ზრდაში მდგომარეობს. რამდენადაც ეს ტენდენცია ბოლო დრომდე განმსაზღვრეული აღმოჩნდა რუსული სახელმწიფოებრიობისათვის, გვმართებს მეტი ყურადღება მივაპყროთ მოსკოვიტიის ისტორიის ეტაპებს, ვნახოთ თუ რა პოლიტიკური და იდეოლოგიური პოსტულატები დაედო საფუძვლად ამ ქვეყნის ფუნდამენტს.
მოსკოვიტური რუსეთი მართლმადიდებლური სახელმწიფო იყო, მაგრამ შესაბამისი პოლიტიკური ინტერპრეტაციის გარეშე, - რელიგია თავისთავად არ განსაზღვრავს სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ორიენტირებას და გამოყენებით პოლიტიკას. საკითხი იმის თაობაზე თუ რა მიმართულებას აირჩევდა მოსკოვიტიის სახელმქიფო კათოლიკურ დასავლეთსა და ისლამურ აქმოსავლეთს შორის მაშინ, როდესაც სამხრეთში უკვე დაეცა ბიზანტია, იმთავითვე როდი იყო ნათელი. ამ მიმართებით კი პროგრამული მნიშვნელობა აქვს ფსკოველი ბერის, ფილოფეის ,,მესამე რომის'' თეორიას. ფილოფეის სიტყვები, რომლებმაც ესოდენ სათუთად მოვლილმა და შენახულმა მოაღწია ჩვენამდე, წარმოადგენს სიმბოლურ გასაღებს, რომელმაც ნათელი უნდა გახადოს ველიკორუსული სახელმწიფოს ძირითადი იდეა. მოსკოვის სახელმწიფო ბიზანტიის მემკვიდრის პრეტენზიით მოევლინა მსოფლიო ისტორიას. ნაკისრი ვალდებულება კი გარდა პოლიტიკური ლიდერობისა, ქვეყნის მესვეურთაგან მოითხოვდა დიდ კულტურულ-აღმშენებლობით საქმიანობას, მაგრამ რუსეთს არ აღმოაჩნდა საამისო პოტენციალი. იმაში, რომ ღვთის მსახური კაცი საკუთარი ქვეყნის მემკვიდრეობას ეძებს არა ათენში ან იერუსალიმში, არამედ რომში, როგორც იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოში, კარგად ჩანს თუ რას მოხმარდა რუსეთის შემდგომი თაობების ცნობიერი თუ არაცნობიერი ძალისხმევა.
,,მესამე რომის'' იდეა იმ საქმიანობის დასრულებას წარმოადგენს, რომლის პოლიტიკური სახის მიმცემი რუსეთში გახლდათ ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის ძმის შვილი, სოფია პალეოლოგი. სწორედ მისი წყალობით მიეცა მოსკოვის მთავრების მიერ ახალი ტერიტორიების შემომტკიცების ჩვევას გამოკვეთილი პოლიტიკური მიზანი და დანიშნულება.
სოფია პალეოლოგის მოღვაწეობის შეფასებისას რუსი ისტორიკოსები საკმაოდ თავშეკავებულნი არიან. აქ, როგორც წესი, ხაზი ესმევა იმას, რომ ივანე III-ის მეუღლეს რაიმე პოლიტიკური უფლებები არა ჰქონია და რაიმე სერიოზული ცვლილებების მისაქცევად მას ერთადერთი საშუალება - ქმრისათვის ჩაგონება - ჰქონდა. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ჭკვიანი და ცბიერი ცოლის ხელში ეს უკანასკნელი საშინელი იარაღია, ხოლო სოფია პალეოლოგი, მისი თანამედროვე რუსი წარჩინებულებისა და უცხოელი დამკვირვებლების საერთო აღიარებით, დიდი ალღოთი და შორსმჭვრეტელობით გამოირჩეოდა. ამ მხრივ, ალბათ, მოსკოველ ბოიარებს უფრო დაეჯერებათ, რომლებიც კარგად იცნობდნენ დიდი მთავრის ცხოვრების წესს როგორც პირველი, ასევე მეორე ცოლის ხელში და რომლებიც ივანე III-ის ხასიათის ცვლილებას და ბევრ ბოიარებისათვის არასასიამოვნო წამოწყებას მთავრის მეუღლეს მიაწერდნენ.
სოფიას პოლიტიკური ღირსება ის გახლდათ, რომ იგი, როგორც ბიზანტიის იმპერატორების ოჯახისშვილი, ცხადდებოდა დაცემული ბიზანტიური ტახტის მემკვიდრედ, რომელმაც მოსკოვში გადმოიტანა ბიზანტიის სახელმწიფო ძალაუფლება და მას ახლა მეუღლესთან ერთად ინაწილებს. იგი ელჩებს წარუდგებოდა არა როგორც დიდი მთავრის მეუღლე (Великая княгиня), არამედ როგორც კონსტანტინოპოლელი დედოფალი (Царевна Царегородская). რა თქმა უნდა, სრულიად სხვა საკითხია სცნობდნენ თუ არა სხვა სახელმწიფოები მოსკოვიტიას ბიზანტიის სამართალმემკვიდრედ, მაგრამ საინტერესოა თვით კრემლის მესვეურების ორიენტაცია: ფაქტია, რომ იბადება ახალი იმპერიის იდეა, რომლის მმართველ წრეებს აღარც კი ახსოვთ (ან აღარ სურთ ახსოვდეთ) კიევის რუსეთის სახელოვანი წარსული. საბუთი ამ სიტყვებისა გახლავთ ორთავიანი არწივის ძველი ბიზანტიური გერბი, რომელიც სოფია პალეოლოგმა მემკვიდრეობით გადაულოცა ახალ იმპერიას. არამხოლოდ თავად დედოფალი განასახიერებდა უშუალო კავშირს მოსკოვიტიის მმართველ გვარსა და ბიზანტიის იმპერატორების ოჯახს შორის, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მისი ვაჟიშვილი, რომელიც ივანე II-ემ ხელმწიფის ტახტზე აიყვანა უფროსი (პირველ ცოლთან შეძენილი) ვაჟის ნაცვლად. სოფიას შვილი ვასილი იყო პირველი მოსკოვიტიის მმართველებს შორის, ვინც ოფიციალურად ეკურთხა მეფედ (ცარად, ანუ ცეზარად, კეისრად), რითაც მემკვიდრეობა ორ იმპერიას შორის ,,დე იურე'' გაფორმდა. მოსკოვის დედოფალმა მნიშვნელოვნად შესცვალა სასახლის ეტიკეტი და კოსტიუმირება: ბოიარები, რომლებიც აქამდე ულაზათოდ ელაზღანდარებოდნენ და შეხუმრებულნი იყვნენ ხელმწიფესთან, ამიერიდან მიღებებზე მთხოვნელთა გრძელ რიგებში უნდა ჩამდგარიყვნენ. ხელმწიფის საზოგადოებაში გამოჩენა მოვლენად იქცა: ბიზანტიურთან მიმსგავსებულ გრძელ ხიფთანებს, სასულიერო წოდების თანხლებას და ზარების გუგუნს, საზეიმო და ამაღლებული სახე უნდა მიეცა ხელმწიფის პროცესიისათვის.
მოსკოვიტიის სახელმწიფოს განხილვა უმჯობესია დავიწყოთ სახელმწიფოს განუწყვეტელი ზრდის ტენდენციით. მას შემდეგაც, რაც ქვეყნის საზღვრები ველიკოროსების განსახლების არეალს დაემთხვა, როგორც ითქვა, მოსკოვიტიას არ შეუწყვეტია ზრდის პროცესი. ივანე III-ის და მისი მემკვიდრეების ხელში მოსკოვიტიამ თავი გამოავლინა როგორც უაღრესად აგრესიულმა სახელმწიფომ, რომელიც კონფლიქტში იმყოფებოდა თითქმის ყველა მეზობელთან. ამგვარ პოლიტიკას ძნელია ვუწოდოთ საპატიო ,,собирание земель русских''. ტერიტორიის გაზრდის მცდელობა ყველა მიმართულებით იყო - მოსკოვიტები ეძებდნენ სუსტ გეოპოლიტიკურ რეგიონს, საითაც შესაძლებელი იქნებოდა ექსპანსიური პოლიტიკის განვითარება. მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 1492-1595 წლებში მოსკოვიტებმა გადაიხადეს სამი ომი შვეციასთან, შვიდი კი პოლონეთ-ლიტვასთან და ლივონიასთან. ამ ომებს მთლიანობაში დაჭირდა 50 წელი, რის საფუძველზედაც შეიძლება ითქვას, რომ 103 წლიანი მონაკვეთიდან, მოსკოვიტები თითო წელს ომობდნენ და თითოსაც ისვენებდნენ (5.II.196), თუ, რა თქმა უნდა, ამავე დროს არ ომობდნენ სხვა მიმართულებით. არადა სამხედრო კონფლიქტები სამხრეთულ და აღმოსავლურ სახანოებთან (ყოფილ ოქროს ურდოსთან), იგივე პერიოდში თითქმის არ შექყვეტილა. უცხოელი დამკვირვებლები მოსკოვიტიას უქოდებდნენ ქვეყანას, რომლისათვისაც მშვიდობაა შემთხვევითი მოვლენა და არა ომი. ეს არ ყოფილა ველიკოროსების იმგვარი ,,აფეთქება'', რომელსაც გუმილიოვი ,,პასიონარულ ბიძგს'' უწოდებდა და რომელმაც არაბები, მონღოლები ან სხვა ხალხები, გარკვეული დროით უზარმაზარი მიწების მბრძანებლებად აქცია. არა, ეს იყო არა სპონტანური, არამედ მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც მეთოდური თანმიმდევრულობით ხორციელდებოდა.
განუწყვეტელმა სამხედრო კონფლიქტებმა მოსკოვიტია ალყაშემორტყმულ სამხედრო ბანაკს დაამსგავსა. ძალზე სწრაფი ტემპით დაიწყო სამხედრო-სამოსამსახურეო საზოგადოებრივი ფენის ჩამოყალიბება, საზოგადოების მილიტარიზაცია. სამხედრო სამსახურიდან მხოლოდ მეფის სპეციალური სიგელით ხდებოდა გათავისუფლება. ყველა სხვა შემთხვევაში ,,დეზერტირი'' მკაცრად ისჯებოდა. სამხედრო-სამოსამსახურეო ფენა (ამ ორ სამსახურს მაშინ არ გამიჯნავდნენ ერთმანეთისაგან) დალაგდა გარკვეული იერარქიული კიბის სახით, რომლის სათავეში მეფე იმყოფებოდა.
XVI საუკუნიდან სამხედრო სამსახური უკვე არისტოკრატიული ფენის მემკვიდრეობითი და სავლდებულო საქმიანობა გახდა. ამავე პერიოდში დაუკავშირდა იგი მიწისმფლობელობას. ყველა, ვინც კი მეფისაგან მიწას იღებდა, სამხედრო-ვალდებული ხდებოდა. მაგრამ მიწა, რომელსაც ხელისუფლება ამა თუ იმ პირს აძლევდა, კიევის რუსეთისა არ იყოს, აქაც არ წარმოადგენდა საკუთრებას. აკრძალული იყო მიწის გაყიდვა, გაჩუქება ან თუნდაც მემკვიდრეობით გადაცემა. მიწა მაშინვე ჩამოერთმეოდა მფლობელს, თუკი იგი საკუთარი ნებით დასტოვებდა სამსახურს. მემკვიდრეობის საკითხებს კი სპეციალური კომისია იკვლევდა. მამიდან შვილზე მიწა სპეციალური ნებართვით გადადიოდა. მოსკოვიტიაში მოხდა ისე, რომ მიწა, რომელიც მისი მფლობელის დამოუკიდებლობის წყარო უნდა ყოფილიყო, მისი შეზრუდვის საფუძვლად იქცა: რაკი სამხედრო სამსახური მიწისმფლობელისათვის სავალდებულო გახდა, მას აეკრძალა მიწის თვითნებური მიტოვება და რამდენადაც ამგვარი მიწები არ სცილდებოდნენ მოსკოვიტიის საზღვრებს, აეკრძალა სახელმწიფოს გარეთ თავისუფალი გასვლაც. მოსკოვიტიის ამგვარ ,,დახურულ'' საზოგადოებად წარმოდგენა ვინმეს ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი რომ არ ეგონოს, ნება მოგვეცით საბუთად მოვიტანოთ პატარა დიალოგი რუსეთის ელჩობასა და პოლონელ შლიახტიჩებს შორის. პოლონელები გააოცა თავისუფალი გადაადგილების რუსულმა წესებმა: ,,ეს რაღა თავისუფლებაა, რომელიც ჩვენს ხალხს თქვენთან ჩამოსვლის უფლებას აძლევს, ხოლო თქვენებს კი ჩვენთან ჩამოსვლა მხოლოდ ხელმწიფის სათანადო ნებართვის შემდეგ აქვთ? თუ ხელმწიფე ნებას არ დართავს, მაშინ ხომ არც არავინ ჩამოვა?'' რაზედაც ასეთი პასუხი მიიქეს: ,,თქვენთან, თქვენს სახელმწიფოში ადამიანებს უფლება აქვთ ყველა ქვეყნებში იარონ: მოსკოვის სახელმწიფოში კი ათაბაბადან არავისა აქვს უფლება ხელმწიფის ნებართვის გარეშე, თავისი სურვილით იმოგზაუროს და ასემც იქნება უკუნითი უკუნისამდეო'' (6.IV.215).
ამრიგად მოსკოვიტიაში ერთადერი გამოკვეთილი რეალობა, რეალური პოლიტიკური ინსტიტუტი სამეფო ხელისუფლება იყო, რომელთან მიმართებაშიაც ყველა, ზოგი ჩინიანად და ზოგიც უჩინოდ, რაღაც ვალდებულებას იხდიდა.
ნიკოლაი ბერდიაევი შენიშნავს, მოსკოვიტია ტოტალიტარული სახელმწიფო იყოო (I.10). ბერდიაევს, რა თქმა უნდა, შესანიშნავად ესმოდა, რომ ტოტალიტარიზმი მხოლოდ მეოცე საუკუნის პირმშოა, მაგრამ ბევრჯერ ძალზე ძლიერია ცდუნება პარალელები გავავლოთ მსგავს ისტორიულ ცდომილებებს შორის. პოლიტიკური და ეკონომიკური ძალის ერთ ხელში თავმოყრა მუდამ აღინიშნება მართალია არა იდენტური, მაგრამ მსგავსი მოვლენების თანხლებით. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს თუკი ბევრ საერთოს ვნახავთ სტალინური რეპრესიების პერიოდსა და ივანე მრისხანეს ოპრიჩნინას შორის. სახელმწიფოში თავისი ძალაუფლების განმტიცების გზაზე მდგარ დესპოტს ხომ არასდროს გამოელევა ,,მოღალატე'' და ,,ხალხის მტერი'' საკუთარ მოსახელობაში: ,,...დიდი ნოვგოროდის ცოცხლად დარჩენილო მცხოვრებლებო! - მიმართავდა ხუთკვირიანი რეპრესიების თავზე ივანე მრისხანე მოსახლეობას - შესთხოვეთ უფალ ღმერთს, მის უწმინდეს დედას და ყველა წმინდანს ჩვენი ღვთისმოსავი სამეფო ძალაუფლების, ჩემი კეთილმორწმუნე შვილების, მთელი ჩვენი ქრისტიანული მხედრობის თაობაზე, რათა უფალმა ღმერთმა გვიწყალობოს ჩვენ გამარჯვება და ყველა ხილული და უხილავი მტრის ძლევა. ხოლო დასაჯა უფალმა აქ ჩემი და თქვენი საერთო მოღალატე, მეუფე პიმენი, მისი ბოროტი მრჩევლები და მომხრეები: მთელი ეს სისხლი მათ, მოღალატეებს მოეკითხებათ: შესწყვიტეთ აქ ამაზე თქვენ ჭმუნვა და მადლიერად იცხოვრეთ ნოვგოროდში“ (6.III.542).
აშკარაა, რომ როდესაც სხვისი შვილების გამჟლეტი მათ მშობლებს საკუთარის დალოცვას თხოვს, ამგვარი თხოვნა მერყეობს უდიდეს ცინიზმსა და ღრმა სულიერ აშლილობას შორის. თუმცა, ორივე ფენომენი უმტკივნეულოდ ერწყმის ერთმანეთს ტირანში პერსონიფიცირებულ უსაზღვრო ძალაუფლებაში. მართლაც, უფრო ღრმა რწმენას, რომ სწორედ მისი პერსონაა მოსკოვის სახელმწიფოს ბურჯი, რომელიც ქვეყანას ქაოსისა და ბოიარების თვითნებობისაგან იცავს. უბედურება ისაა, რომ ივანე IV-ის ეს მოსაზრება, რომელსაც უმნიშვნელო კორექტივებით იმეორებს ყველა დროის დიქტატორი, სრული ჭეშმარიტებაა შესაბამისი პოლიტიკური რეჟიმებისათვის, რადგან სახელმწიფო, რომელსაც საფუძვლად უძევს არა მოქალაქეთა საერთო თანხმობა, არამედ ძალადობა, ვერ იარსებებს აბსოლუტური ძალაუფლების დეფიციტის პირობებში. მოსკოვიტიის შინააშლილობამ (смутное время) დაადასტურა ამ სიტყვების ჭეშმარიტება.
რუსეთის იმპერიის თაობაზე
პეტრე I-სა და პეტრეს შემდგომი რუსეთის იმპერია მოსკოვიტიის მემკვიდრე მხოლოდ ჰერალდიკური სიმბოლიკით იყო. განუწყვეტელი ტერიტორიული ზრდის პროცესი, რომლითაც რუსეთის იმპერია გამოირჩევა, როგორც ვნახეთ, უკვე მოსკოვიტიაში დაიწყო: დევიზი ,,собирание земель русских'', პოლიტიკურ პრაქტიკაში ერთობ სპეციფიურად იქნა გაგებული. (მოსკოვმა დაიპყრო 1552 ქელს ყაზანის, 1556 წელს ასტრახანის, ხოლო 1598 ქელს ციმბირის სახანოები). მას შემდეგ, რაც სახელმწიფოებრიობის ვოტჩინური მნიშვნელობა შეიცვალა წმინდა იმპერიულით და მეფისადმი მსახურება პეტრემ მკვეთრად გამიჯნა სახელმწიფოს სამსახურისაგან, შეიცვალა დევიზიც, რომელშიაც ყოფილი მეფის მამული (отчина) სამშობლოდ გადაიქცა - ,,приумножение земелъ отечественных''. ორივე დევიზი, როგორც ვხედავთ, ფარული თუ ღია სახით, ქვეყნის ტერიტორიულ ზრდას გულისხმობს სხვა ქვეყნების ხარჯზე, მაგრამ მეორე მათგანში, როგორც ამის შესახებ უფრო ფართოდ შემდეგ თავში ვისაუბრებთ, ჩანს რუსული იმპერიის სპეციფიური ნიშანი - დაპყრობილი, ინკორპორირებული ტერიტორიის სამშობლოდ ქცევისა.
ამბობენ, რომ პეტრე პირველის რეფორმები უმთავრესად სამხედრო საჭიროებით იყო გამოწვეული. ახალგაზრდა მონარქი თავისი წინამორბედების ღირსეული შთამომავალი გამოდგა, რომელმაც მთელი თავისი მეფობა ომებში განვლო. 1724 წელი იყო ერთადერთი, რომელიც პეტრემ უომრად გაატარა. მეფობის დანარჩენი 35 წლიდან არ შეგროვდება მშვიდობიან 13 თვეზე მეტი. მაგრამ, ამჯერად რუსებს ბრძოლა უწევდათ არა ურდოებთან, არამედ აწყობილი სამხედრო სტრუქტურების მქონე სახელმწიფოებთან, კერძოდ შვედებთან და თურქებთან, რომლებიც საფრანგეთთან ერთად განსაზღვრავდნენ მაშინდელ პოლიტიკურ კლიმატს. პირველმა სამხედრო კონფლიქტებმა აჩვენეს, რომ რუსებს სამხედრო რეფორმების გარეშე სერიოზული წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. ფაქტიურად უნდა შექმნილიყო თანამედროვე წყობის მქონე არმია, ნაცვლად არავითარი წყობის არმქონე რუსული ლაშქრისა (5.IV. 59). რამდენადაც რუსეთს საზღვაო სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია ჰქონდა, ამდენად შესაქმნელი იყო საზღვაო ფლოტი, რაც კიდევ უფრო რთული და ძვირი საქმე იყო. არმიისა და საზღვაო ფლოტის შექმნის ამოცანებმა განსაზღვრა პეტრეს ყველა სხვა ძირითადი რეფორმა და წამოწყება: სავაჭრო და მანუფაქტურული საქმიანობის ხელშეწყობა, სასარგებლო წიაღისეულის ძიებისა და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის დანერგვა, ტულის იარაღის ქარხნების გამართვა, სწავლა-განათლებაზე ზრუნვა და მრავალი სხვა. ქვეყნის ეკნომიკური მოღონიერებისაკენ გადადგმული ნაბიჯები სწორედ სამხედრო საჭიროებათა კარნახით ხდებოდა. მეფე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ხელოსნობასა და დასავლური ტექნიკური მიღწევების ათვისებას. იგი მრავალ ოსტატს ქირაობდა საზღვარგარეთ და რუსეთში მაღალ ანაზღაურებასა და სხვადასხვა შეღავათებს უნიშნავდა. არადა თავად პეტრე ხელოსნობის ცნობილ ექსპერტად ითვლებოდა. გერმანელი პრინცესების მტკიცებით მეფემ ზედმიწევნით კარგად იცოდა თოთხმეტამდე ხელობა. პეტრეს გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი უამრავი ნახელავი - სკამები, სათუთუნეები და სხვა ნივთები - მნახველს დაარწმუნებს იმაში, რომ ეს დახასიათება არ ყოფილა ლიტონი ქათინაური. ამგვარმა წარმატებებმა ხელოსნობაში მეფეს განუმტკიცა აზრი, რომ არ არსებობს მკვეთრი ზღვარი ხელიდან გამოსულ არც ერთ საქმეს შორის. საკუთარი ხელგამრჯეობის საფუძველზე მეფეს სერიოზული პრეტენზია ჰქონდა იმისა, რომ უებარი კბილის ექიმი და გამობრძმედილი ქირურგი იყო. როგორც ამბობენ, სასახლის ბინადართ, დაავადებულებს იმგვარი სნეულებით, რომელიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა, შიშით აცახცახებდათ იმის გაფიქრებაზე, რომ მეფე, თუკი ის ყურს მოჰკრავდა მათი ავადმყოფობის ამბავს, სკალპელითა და სხვა ინსტრუმენტებით აღჭურვილი მოაკითხავდა სნეულს და თავის სამსახურს შესთავაზებდა. ამგვარ შიშს კი, როგორც ჩანს, რეალური საფუძველი ჰქონდა, რასაც ადასტურებს ამობრდღვნილი კბილების მთელი ტომარა, როგორც პეტრეს ხელმარჯვეობის უტყუარი დასტური (5.III.30).
ჩვენ შეგნებულად არ განვიხილავთ პეტრეს რეფორმებს, რომლებიც გამიზნული იყო სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულის სრულყოფისათვის. რუსეთის სახელმწიფოს ღერძი - მეფის აბსოლუტური ძალაუფლება ამ რეფორმებით მაინც უცვლელი რჩებოდა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან მეფის შეუზღდველი ძალაუფლება იმპერიის პერიოდში, სახელმწიფოს, იმპერიის მთლიანობის გარანტი იყო. შემთხვევითი როდია, რომ რუსული მონარქია ემსხვერპლა პირველივე პოლიტიკურ ინსტიტუტს, რომელსაც მეფემ გაუნაწილა ხელისუფლება - დუმას. აქ უკვე ნათლად გამოიკვეთა ალტერნატივა, რომლის წინაშეც იდგა რუსეთი: ან იმპერია და ავტორიტარიზმი, ან რეჟიმის ლიბერალიზაცია, იმპერიის მსხვრევის რისკის ფასად. ბოლშევიკური რეჟიმის სახით, რუსეთმა არჩევანი იმპერიის სასარგებლოდ გააკეთა.
პეტრეს, ეკატერინე II-ის და რუსეთის სხვა პოლიტიკური მოღვაწეების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის იმპერიის განსამტკიცებლად, თან სდევდა ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც გამორჩეულად რუსეთის იმპერიის სპეციფიური ნიშანია: ქვეყნის ტერიტორიის განუწყვეტელი ზრდა და გაფართოება რუსეთში წარმოშობდა ტენდენციებს, რომელთა პერმანენტული ხასიათი საშუალებას გვაძლევს, ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ვილაპარაკოთ ,,გეოპოლიტიკურ კანონზე'' რუსეთის იმპერიისათვის. ეს ,,კანონი'' გვეუბნება, რომ რაც უფრო ფართოვდება რუსეთის იმპერიის ტერიტორია, მით უფრო ძლიერი პოლიტიკური რეჟიმია საჭირო ამ ფართობის შესანარჩუნებლად, და რაც უფრო ძლიერდება პოლიტიკური რეჟიმი, მით უფრო უარესდება მეტროპოლიის მოსახლეობის მდგომარეობა.
მე-16 საუკუნის მეორე ნახევრამდე, სხვადასხვა სახელმწიფო დავთრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსული სოფელი მკვიდრადაა დასახლებული გლეხებით, რომლებიც განსაკუთრებით პომესტიებსა და საეკლესიო მიწებს ეტანებიან. მე-16 საუკუნის უცხოელი მოგზაურის წერილებში, რომელმაც გაიარა მანძილი იაროსლავლიდან მოსკოვამდე, დადასტურებულია, რომ ეს მხარე ხალხით სავსე სოფლებითა და კარგად დამუშავებული მიწებით გამოირჩევა. მაგრამ უკვე საუკუნის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა მკვეთრად იცვლება. ცენტრალური რეგიონები მეჩხერად დასახლებული და მიტოვებული სოფლებით ივსება. როგორც ქალაქად, ასევე სოფლად ჩნდება აქამდე არნახული რაოდენობის მიტოვებული ეზოები, ჩაქცეული შენობები... რვა წლის განმავლობაში მხოლოდ მურომის მხარეში 587 დაბეგრილი ნაკვეთიდან, აღნიშნულ პერიოდში შემორჩენილი იყო სამი.
აქ გასარკვევია ორი საკითხი: ა) რატომ აიყარა მასიურად მოსახლეობა და ბ) სად წავიდა ის? მოსახლეობის აყრის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ხსენებული შინააშლილობა (смутное время) და მის შედეგად ქვეყანაში გამეფებული ძარცვა-მკვლელობები იყო. მაგრამ შინააშლილობა არ ყოფილა ძირითადი მიზეზი, რომელმაც მოსახლეობის მასიური გადასახლება გამოიწვია: აყრის პროცესი გაგრძელდა მშვიდობიანობის დროსაც. ძირითადი და განმსაზღვრელი იყო დაპყრობილი ტერიტორიების ათვისების პროცესი. მთელი აყრილი მოსახლეობა სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრებისაკენ დაიძრა, სადაც ჯერ კიდევ სუსტი იყო ცენტრალურ რაიონებში განმტკიცებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურები. ინტენსიურად დაიწყო ოკის და დონის ზემოწელის, ვოლგის შუა და ქვემოწელის ათვისება რუსული მოსახლეობის მიერ. მაგრამ განსახლების ამგვარმა განაწილებამ გამოიწვია ცენტრალური რეგიონების მშრომელი მოსახლეობის როგორც სამეურნეო, ასევე იურიდიული მდგომარეობის გაუარესება. გაიზარდა გლეხის სამამულეო და სახელმწიფო ვალდებულებანი. რაც უფრო იკლებდა რეგიონში მუშახელი, მით უფრო მეტ ვალდებულებას დაებდნენ დარჩენილებს. სახელმწიფო ზრდიდა ბეგარას, ხოლო მემამულე გლეხთან გარიგებისას იმდენად მაღალ პროცენტს აწესებდა, რომ ჩვეულებრივი გლეხები მათი გადამხდელები არ იყვნენ. ცენტრალურ რაიონებში დარჩენილთა მდგომარეობას აუარესებდა ისიც, რომ ახლადშემოერთებულ რეგიონებში, როგორც წესი, ახალგაზრდობა მიედინებოდა. მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამო, ცენტრში მცირდებოდა დამუშავებული მიწის ნაკვეთები. ვფიქრობთ, ანალოგია ჩვენს დროსთან აქაც აშკარაა.
აღნიშნულ პერიოდში რუსეთმა შემოიერთა ყაზანის და ასტრახანის სახანოები. ახალი ტერიტორიების შემოერთებები შემდგომშიც გაგრძელდა. შედეგად, მართალია, განაპირა რეგიონებში გაშლილი მოსახლეობა თავიდან გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ პოლიტიკური ხელისუფლების სრულყოფის შემდეგ, სახელმწიფო ვალდებულებანი განმტკიცდა განაპირა რეგიონებშიაც. რუსეთმა დაიწყო განვითარება ,,не в ширь а в далъ'', ანუ შეიმუშავა ეკონომიკის ექსტენსიური მოდელი. თუ საილუსტრაციოდ ავიღებთ მხოლოდ ეკატერინე II-ის დაკავებულ ტერიტორიებს, ამგვარი სურათი გვექნება: სამხრეთში, დაკავებულ ტერიტორიაზე შეიქმნა სამი გუბერნია - თავრიდის, ხერსონის, ეკატერინოსლავლის. დასავლეთში,
პოლონური მიწების ხარჯზე ჩამოყალიბდა რვა გუბერნია (ვიტებსკის, კურლანდიის, ვილნოს, მინსკის, გროდნოს, ვოლინისა და ბრაცლავის). ამრიგად, მაშინდელი რუსეთის 50 გუბერნიიდან, 11 მხოლოდ ეკატერინეს მოპოვებული იყო. ჩამოყალიბებულ გუბერნიებში ჩატარდა მოსახლეობის რამდენიმე აღწერა, რათა ,,რევიზიული სულის''2 ზუსტი რაოდენობა დადგენილიყო. მე-5 რვეზიის შემდეგ დადგინდა, რომ იმპერიის შენაძენმა შეადგინა ორივე სქესის 34 000 000-მდე რევიზიული სული. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა, ეკატერინეს ომების წყალობით, გაიზარდა 3/4-ით, რაც იმპერიის ფინანსური შემოსავლის ზრდასაც მოასწავებდა. მართლაც, თუ 1762 წელს (მე-3 რევიზია) იმპერიის ხაზინის მთელმა შემოსავალმა შეადგინა 16 000 000 რუბლი, 1796 წელს (მე-5 რევიზია) ეს შემოსავალი 68.5 მილიონამდე ავიდა. ამით კი გაიზარდა სახელმწიფოს, მაგრამ არა მისი მოსახლეობის ეკონომიკური ძლიერება, რადგან ტერიტორიის გაფართოება და მოსახლეობის ახალი მასების დაბეგვრა არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მატერიალური შემოსავლის ნორმალურ წყაროდ.
მოსახლეობის გამეჩხერებულ რეგიონებში საჭირო იყო მაღალეფექტური მეურნეობის წესის დანერგვა, შრომის ინტენსიფიკაცია არა როზგებით, არამედ გაცილებით უფრო ეკონომიური საშუალებებით. საჭირო იყო თავისუფალი შრომის სტიმულირება, სიღრმისეული სტრუქტურების ფორმირება და არა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაშლა სივრცეში. პეტრემ დასავლეთში მოგზაურობისას თავისი თვალით ნახა თუ რა ეფექტს იძლეოდა ამგვარი სტრუქტურების მშენებლობა. სხვა საკითხია, თუ როგორ შეაფასა ნანახი ახალგაზრდა მეფემ, მაგრამ ფაქტია, რომ შინ დაბრუნების შემდეგ, იგი ისევე როგორც არავინ მანამდე, ცდილობდა ტრადიციული მეურნეობის მოდერნიზაციას, მანუფაქტურული საწარმოების ამოქმედებას და ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი (სხვათა შორის, ძირითადად დაპყრობების შედეგად აქმოჩენილი) რესურსების ათვისებას. მიუხედავად აღნიშნული მიმართულებით მოპოვებული მნიშვნელოვანი შედეგებისა, რეჟიმის ძალისხმევა, საბოლოო ჯამში, ნაკლებეფექტური გამოდგა და ქვეყანამ გააგრძელა სივრცეში განვითარება.
მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ გაამართლა ქვეყანაში გატარებულმა რეფორმებმა, რატომ ვერ ჩამოყალიბდა დასავლური ტიპის მეურნეობა, მრავალი შეიძლება იყოს. მათ შორის, ჩვენი აზრით, უმნიშვნელოვანესია რეფორმების დირექტიული, იმპერატიული ხასიათი. ხელისუფლება ცდილობდა ძალდატანებით მიეღო ისეთივე შედეგი, როგორსაც მხოლოდ თავისუფალი შრომა, კონკურენცია და შემოქმედება იძლევა. მთავრობის ამგვარი მოქმედების ტიპიური ნიმუშია მანუფაქტურულ საწარმოებზე და სხვადახსვა ქარხნებზე მუშახელის პრობლემების გადასაჭრელად ყმა გლეხებით დასახლებული მთელი სოფლების მიწერა. რა გასაკვირია, რომ მონურ შრომას არ შეეძლო ისეთივე ეფექტის მოტანა, როგორსაც დაქირავებული შრომა იძლევა. ნაცვლად კონკურენციის სტიმულირებისა, ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობდა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი საწარმოები ,,სათბურის'' პირობებში, ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ ყოლოდა. ამიტომ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პეტრეს ბევრი წამოწყება მისი გარდაცვალების შემდეგ ჩაკვდა. გადარჩა ძირითადად ის, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებული სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესებთან, როგორც, მაგალითად, სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რომელიც ძლივს გადაარჩინა კვდომას ეკატერინე II-მ, ისიც თურქეთთან ომის გამო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასავლეთ ევროპის მსგავსად სტრუქტურული გარდაქმნების იმპულსი საზოგადოების ფართო ფენებიდან რომ წამოსულიყო, ხელისუფლება, ალბათ, ვერ გაიგებდა ამ ,,თვითნებობას'' და შეაფასებდა მას როგორც მორიგ ,,ბუნტს''. მაგრამ ქვემოდან არავითარი ინიციატივა არ ყოფილა. ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა მშვიდი ინერტულობით აგრძელებდა ძველებურად ცხოვრებას, ხოლო განაპირა რეგიონების მკვიდრნი, განსაკუთრებით კაზაკობა, რეჟიმის გამკაცრებას დროდადრო პასუხობდა ყველაფერის დამანგრეველი ამბოხებებით, რომლებიც წარიმართებოდა არა რაიმე, თუნდაც ბოლომდე გაუაზრებელი პროგრამებითა თუ მოთხოვნებით, არამედ თავისუფლების ქვეცნობიერი ინსტიქტით.
აღწერილ მოვლენებს გვინდა დავამატოთ ერთი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთისათვის. კერძოდ, იმპერიის პერიოდში ჩამოყალიბდა მესაკუთრეთა ფენა თავადაზნაურობის სახით. აქ ადგილი არ არის იმის აღწერისათვის თუ რამ აიძულა ჯერ კიდევ ძველი მოსკოვიტიის ახალი დინასტია რომანოვებისა მსახური თავადაზაურობისათვის საკუთრებაში გადაეცა მამულები. შეგვიძლია უბრალოდ დავაფიქსიროთ ფაქტი და ვიგულისხმოთ, რომ ქვეყანაში წარმოიშვა ფენა, რომელიც არა მხოლოდ მესაკუთრე იყო, არამედ იყო თავისუფალი ყოველგვარი სახელმწიფო ვალდებულებისაგან. ეკატერინე II-ემ გამოსცა სპეციალური დეკრეტი, რომელიც თავადაზნაურობას ათავისუფლებდა ყველა სახელმწიფო სამსახურის ვალდებულებისაგან. ამან კი, ერთი მხრივ, წარმოშვა რუსეთში გოგოლის ,,მკვდარი სულების'' პერსონაჟები, მაგრამ, მეორე მხრივ, ე. წ. ვოლნოდუმსტვოც გააჩინა, რაც სოციალური რეფორმებისა თუ რევოლუციების უშრეტი წყარო შეიქნა.
რაც შეეხება ზრუნვას იმპერიის განმტიკცებისათვის, იგი მხოლოდ ბოლშევიკებისათვის არ ყოფილა დამახასიათებელი. საკმარისია გავეცნოთ დეკაბრისტების ან სხვა შემდგომი რუსი მოაზროვნეების შრომებს, რომ იოლად დავრწმუნდეთ - ამ შრომებში ყველაზე სუსტად ლიბერალური ტრადიციაა წარმოდგენილი. ჩვეულებრივ, რევოლუციონერები მეფეს, მთავრობას ებრძოდნენ არა იმდენად რეჟიმის ლიბერალიზაციის, რამდენადაც სრულყოფის მიზნით. რევოლუციონერების ამგვარი დამოკიდებულება განსაზღვრული იყო ქვეყნის არსებულ საზღვრებში შენარჩუნების სურვილით, მაშასადამე, სურვილით იმპერიის შენარჩუნებისა, რომელსაც ყველა სოციალურ-პოლიტიკური იდეალი ეწირებოდა.
იმპერიის დასასრული?
პეტრესა და ეკატერინე II-ის მოღვაწეობის წყალობით ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის ძირითადი კონტურები, რომელთაც, თუ არ ჩავთვლით 1861 წლის რეფორმას, მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ განუცდია. 1917 წლამდე, ხოლო 1861 წლის რეფორმა კი არ შეხებია პოლიტიკურ ძალაუფლებას.3 რუსეთში განმტკიცდა ავტოკრატიული რეჟიმი, რომლის მეთაურიც განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობდა. იმპერატორი ქვეყნის მართვისას ემყარებოდა ფართო ბიუროკრატიულ სტრუქტურებს, რომელთა იდენტიფიცირება თავადაზნარუობასთან ეკატერინე II-ის შემდგომ შეუძლებელი გახდა: მას შემდეგ, რაც თავადაზნაურობამ პირად სარგებლობაში მიიღო უზარმაზარი, ყმა გლეხებით დასახლებული მამულები და იმპერატორის ,,წყალობით“ გათავისუფლდა სავალდებულო სახელმწიფო სამსახურისაგან, იგი აქტიურად ქვეყნის პოლიტიკური მართვისაგან იზოლირებული აღმოჩნდა. თავადაზნაურობას არ გააჩნდა საკუთარი პოლიტიკური ნების გამოხატვის არავითარი სამართლებრივი საშუალებები და თუ დეკაბრისტების გამოსვლას გამოვრიცხავთ, რომლის მნიშვნელობაც რევოლუციონერთა შემდგომი თაობების მიერ გადაჭარბებით ფრეკლამირებულად გვეჩვენება, თავადაზნაურობას არც უცდია მოეპოვებინა პოლიტიკური უფლებები. ეკონომიკურად ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ამ ფენის კეთილდღეობას ვერც ბიუროკრატია ემუქრებოდა ევროპის მსგავსად და ვერც დამონებული გლეხების ბუნტები. ქვეყანაში არ არსებობდა პირობები, რომლებიც გაბატონებულ ფენას ტკბილი მცონარებიდან გამოიყვანდა და აიძულებდა თუნდაც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის აქტიურად ებრძოლა.
რუსული პოლიტიკური და სოციალური აზრი, რომელიც განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ძირითადად ტრადიციულ ჩარჩოებში მოძრაობდა. რუსეთში ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ დასავლურ დემოკრატიებს, რომელთაც აღიქვამდნენ ან როგორც ერეტიკოსების საბუდებელს და ან როგორც ექსპლოატაციის ფარისევლურ იარაღს ,,მომაკვდავი და ლპობადი კაპიტალიზმისა''. აღნიშნულ პერიოდში რუსეთში იფურჩქნებოდა ერთი მხრივ სოციალისტურ-კომუნისტური ან ანარქისტული, ხოლო მეორე მხრივ მართლმადიდებულრ-მონარქისტული ლიტერატურა, რომლრბის ფონზე ლიბერალური ტრადიცია შეუდარებლად მწირადაა წარმოდგენილი. ფაქტია, რომ ,,ერთიანი და განუყოფელი'' რუსეთის არსებობა, რომელიც ფაქტიურად იმპერიას წარმოადგენდა, თეორიტეკოსების უმრავლესობას ვერ წარმოედგინათ რეჟიმის ლიბერალიზაციის პირობებში. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ავტორები საკმაოდ რეალისტურად აფასებდნენ ვითარებას. რატომ არ შეიძლებოდა რუსეთში რეჟიმის ლიბერალიზაცია? რუსეთის იმპერია, როგორც ვნახეთ, ჩამოყალიბდა მოსკოვის სამთავროს თანდათანობითი ზრდისა და გაფართოების ნიადაგზე. გარკვეულ პერიოდამდე, ამ ტერიტორიულ ექსპანსიას ამართლებდა ,,რუსული მიწების შემოგროვების'' (,,собирание земель русских'') საეჭვო ლოზუნგი, სადაც ,,რუსული მიწების'' ქვეშ სლავური ტომებით დასახლებული მალოროსიული თუ ბელოროსიული ტერიტორიები იგულისხმებოდა: მაგრამ შემდგომ, რუსეთის შემადგენლობაში ინკორპორირებული აღმოჩნდა სრულიად განსხვავებული კულტურულ-ისტორიული წარსულისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ქვეყნები, განსხვავებული ეთნიური შემადგენლობითა და სარწმუნეობით. რუსეთის იმპერია მოიცავდა მთელი დედამიწის 1/6-ს, სრულიად განსხვავებული ფიზიკურ-გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით და აქედან გამომდინარე, გულისხმობდა მეურნეობის გაძღოლის სრულიად სხვადასხვა წესს. რაც უფრო ფართოვდებოდა იმპერიის საზღვრები, მით უფრო ძლიერი ხელისუფლება იყო საჭირო განაპირა რეგიონების დასაქვემდებარებლად, რადგან სხვადასხვა რეგიონს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის დონე უაღრესად დაბალი, ხოლო იმპერიის შიდა საბაზრო უთრიერთობანი კი განუვითარებელი იყო. ამ საკითხის წინ წამოწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი ჩვენ გვსურს რუსეთის იმპერიის სპეციფიკა დავინახოთ: ინგლისის, ესპანეთისა თუ საფრანგეთისაგან განსხვავებით, რომელთა კოლონიებიც ძირითადად ,,ზღვისგაღმა'' მიწებზე იყო გაშლილი, რუსეთი მკაცრად კონტინენტური იმპერია იყო, რომლის ყოველი ახალი კოლონიური შენაძენი, ყოფილი მეზობელი ქვეყნისა თუ ხალხის მიწა-წყალს წარმოადგენდა. ასე აღმოჩნდა რუსეთის საზღვრებში ბელოროსია და მალოროსია, ბალტიის სანაპიროები და პოლონეთის ნაწილი, შუა აზია, კავკასია და მონღოლთა დიდი საბრძანებლის დაშლის შედეგად წამროშობილ სახანოები თუ მცირე ურდოები: ყირიმის სახანო, ასტრახანის სახანო, ყაზანის სახანო, ნოღაი (იაიკზე), თეთრი ურდო (ირტიშზე), ცისფერი ურდო (ტიუმენში) და სხვა. ყოველივე ამან თავისებური სახე მისცა რუსეთის იმპერიას. უზარმაზარ საზღვრებში მოქცეული მთელი ტერიტორია რუსების მიერ რუსეთად აღიქმებოდა. ,,რუსეთი'' პოლიტიკური საზრისის მქონე სახელწოდება იყო, ხოლო ,,საქართველო'', ,,აზერბაიჯანი'' ან ,,თურქესტანი'' გეოგრაფიულ ტერმინებად იქცნენ. რუსეთისაგან განსხვავებით, ევროპელთა მიერ საკუთარი კოლონიური სამფლობელოების ჭვრეტა სრულიად სხვაგვარი იყო. ისინი ,,ზღვისგაღმა'' შეძენილ ტერიტორიებს არასოდეს აიგივებდნენ საკუთარ ქვეყანასთან. ინდოეთი, ალბათ, ბრიტანეთის იმპერიის ყველაზე ძვირფასი და ძნელად დასათმობი შენაძენი იყო, მაგრამ ის ყოველთვის რჩებოდა ინდოეთად, დიდი ბრიტანეთის კოლონიად. კიპლინგის პრინციპი დასავლეთისა და აღმოსავლეთის განსხვავების შესახებ, არასოდეს დავიწყებიათ ევროპელებს, მაშინ როდესაც რუსები ვერ ელეოდნენ ორთავ მხარეს მომზირალი არქივის ძველ ბიზანტიურ გერბს.
ამგვარმა სპეციფიურმა დამოკიდებულებამ კოლონიებთან, თავი რომ დავანებოთ საკითხის ეთნიურ, კულტურულ და რელიგიურ ასპექტებს, დიდი ზეგავლენა იქონია რუსეთის ეკონომიკურ სტრუქტურებზეც. ევროპელები კოლონიალიზმის გზას დაადგნენ ეკონომიკური სარგებლიანობის მოტივის კარნახით. ეჭვი არ არის, ესპანეთის მეფეს რომ უზარმაზრი სარგებელი არ ენახა სამხრეთ ამერიკაში ისევე, როგორც ოსტინდოეთის კომპანიას ინდოეთში, არც პირველი მოექცეოდა ესპანეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ და არც მეორე - ინგლისისა. თუ ახლა ამას შევადარებთ რუსეთის იმ ხარჯებს, რომელიც მან გაიღო თუნდაც კავკასიაში თავისი ყოფნის უზრუნველსაყოფად და რომელსაც ოდნავაც ვერ დაფარავს ვერც ბაქოს ნავთობი და ვერც ჭიათურის მარგანეცი, აშკარა გახდება, რომ ეკონომიკური ინტერესები რუსული კოლონიალიზმისათვის არასდროს ყოფილა დომინანტური. ჩვენ გვიჭირს სხვა რაიმე რაციონალური მოტივის დასახელება გარდა სამხედრო-პოლიტიკურისა, რომელიც დამაკმაყოფილებელ ახსნას მისცემდა რუსეთის ექსპანსიას. ყოველ შემთხვევაში, ახალ-ახალი ტერიტორიების შემოსამტკიცებლად მუდმივი მზადყოფნა მაშინ, როდესაც საკუთარი ძირძველი მიწა-წყალი ასათვისებელია და მოსახლეობისაგან იცვლება, სხვა მხრივ გაუგებარია. ინგლისელებმა თავი ანებეს ინდოეთს, ისევე როგორც ბოლოს და ბოლოს ფრანგებმა ალჟირს, როგორც კი მისი ფლობა წამგებიანი გახდა. რუსეთი კი დღემდე ვერ ელევა ყოფილ კოლონიებს და ცდილობს ისინი ნაციონალური ძალების უკიდურესი დაძაბვით შეინარჩუნოს.
რამდენადაც რუსეთის იმპერია, დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩამოყალიბდა როგორც საკუთარი კოლონიებისაგან ,,ერთიანი და განუყოფელი'', ამგვარი ერთიანობა რუსეთის ეკონომიური სისუსტის დამატებით წყაროდ იქცა. არც ერთი მეტროპოლია არ ზრუნავს კოლონიური სამფლობელოების აყვავებაზე. ასევე იქცეოდა რუსეთიც, მაგრამ რამდენადაც მისი კოლონიები ,,ზღვისგაღმა'' ტერიტორიებს კი არ მოიცავდნენ, არამედ თვით რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სხეულის ,,ორგანულ'' ნაწილებს, ამით სუსტდებოდა რუსეთიც. ქვეყანა გადაიქცა ნახევრად იმპერიულ და ნახევრად კოლონიურ სახელმწიფოდ, რომელიც საკუთარ თავს უწევდა ექსპლოატაციას. ქვეყანაში არ არსებობდა არც ერთიანი სამეურნეო სისტემა და არც მეტ-ნაკლებად განვითარებული რეგიონთაშორისო საბაზრო ურთიერთობა. განსხვავებული გეოგრაფიული გარემოსა და განსხვავებული კლიმატური პირობების მქონე რეგიონებს შორის მრეწველობის, ვაჭრობის და საერთოდ, ეკონომიკური თანაცხოვრების სუსტი დონე ვერ გამოდგებოდა ქვეყნის ერთიან სამეურნეო სისტემად ქცევის ფაქტორად. ამიტომაც, რაც უფრო ფართოვდებოდა იმპერიის საზღვრები, მით უფრო ძლიერი პოლიტიკური ხელისუფლება იყო საჭირო განაპირა რეგიონების დასაქვემდებარებლად. პოლიტიკური ხელისუფლების გასაძლიერებლად კი რუსეთში ძველთაგანვე აპრობირებული იყო მარტივი, მაგრამ ფრიად საიმედო საშუალება - ამ ხელისუფლების ცენტრალიზაცია, რომელიც რეგიონებში წარმოდგენილი იყო ძლიერი ბიუროკრატიული სტრუქტურებით. ეკონომიკური ინტეგრაციის პირობებში ეს ბიუროკრატია თავისი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკით (ჯარი, პოლიცია, სასამართლო) იყო ძირითადი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის მთლიანობას. როგორც კი მეფის გადადგომამ საფუძველი გამოაცალა მას, დაიწყო იმპერიის დეზინტეგრაცია, რომლის შენარჩუნებაც სრულად დემოკრატიული სტრუქტურების არსებობის პირობებშიც კი ლეგიტიმური საშუალებებით ალბათ მეტად ძნელი იქნებოდა. საინტერესოა, რომ ვიდრე ბოლშევიკები ხელახლა დაიპყრობდნენ ყოფილ კოლონიებს, ქვეყანა დაიშალა სხვადასხვა რეგიონად, რომელთა შორის ერთ-ერთი - მოსკოვით წარმოდგენილი ცენტრი - თითქმის დაუბრუნდა ძველი მოსკოვიტიი ,,ბუნებრივ'' საზღვრებს. ქვეყნის დანარჩენი დეზინტეგრირებული ნაწილები დალაგდნენ იმგვარ პოლიტიკურ ,,თანამეგობრობებად'', რომელთა ელემენტებს შორის რეალური კულტურული, ისტორიული და რაც მთავარია, ეკონომიკური კავშირები არსებობდა: ცალკე გამოიყო უკრაინა, პოლონეთი, კავკასია, შუა აზია, ციმბირის რესპუბლიკა, შორეული აქმოსავლეთი და სხვ. დეზინტეგრაცია შეეხო არა მხოლოდ განაპირა რეგიონებს, არამედ მომავალი რუსეთის ფედერაციის მხარეებსაც. ამგვარი დანაწილება არ ყოფილა არც ქვეყნის შიდა არეულობისა და არც დასავლეთის მტრული ხრიკები ნაყოფი, რაზედაც მიგვანიშნებს ის, რომ ,,პერესტროიკის'' ჟამს ზუსტად იგივე რეგიონებმა მოინდომე დამოუკიდებელი არსებობა.
ბოლშევიკების დამსახურება იმპერიის წინაშე შესაძლოა იმდენად დაკარგული მიწების დაბრუნებაში კი არ გამოიხატება, რამდენადაც ინდუსტრიალიზაციის სტალინურ გეგმაში. ბოლშევიკებმა ნათლად გააცნობიერეს, რომ ქვეყნის ერთიანობა შიშველი პოლიტიკური ხერხებით შეუძლებელი ხდებოდა და ამიტომაც ბევრი გააკეთეს ერთიანი სამეურნეო სტრუქტურისა და ეკონომიკის შესაქმნელად. ეს ეკონომიკა, რომლის გეგმაზომიერი, სოციალიზმად წოდებული დირექტიული ხასიათი სრულ ჰარმონიაში იყო საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმთან, პოლიტიკურ და სამხედრო საშუალებებთან ერთად აღმოჩნდა არანაკლებ ქმედითი, ამჯერად უკვე ეკონომიკური იარაღი, რომელიც უზრუნველყოფდა კოლონიების ერთიან იმპერიულ სივრცეში ყოფნას. შესაძლოა ეს უფრო დამაჯერებელი ხდება დღეს იმ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, რომლებიც გარდა სამხედრო-პოლიტიკური და სპეცსამსახურების აქტიური დაწოლისა, ეკონომიკურ ზეწოლასაც განიცდიან. ამ ეკონომიკურ სტრესს დროდადრო ენაცვლება შემრიგებლური, შემპარავი ტონით გაკეთებული განცხადება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა - ,,აღვადგინოთ ძველი ეკონომიკური კავშირები''. ეს ლოზუნგი, რომელიც ერთობ უცნაურად გაისმის იმ ქვეყნის ლიდერთა პირიდან, რომელიც საბაზრო ურთიერთობებისაკენ მიდის, მკვეთრ იმპერიალისტურ ჟღერადობას შეიძენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,ძველი კავშირები'' საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის იმგვარი ეკონომიკური ბადეა, რომლის სათავეებიც ერთ ცენტრში, ერთ ხელში იყრის თავს და მხოლოდ აქედან იმართება. სხვა შემთხვევაში, წმინდა საბაზრო ურთიერთობების პირობებში, ამ ,,ძველ კავშირებს'' არავითარი აზრი არა აქვს. ისინი უბრალოდ ვერ იმუშავებენ, რაგინდ ტოტალიტარული სისტემის ორგანულ-ეკონომიკურ პლასტს წარმოადგენდნენ. აშკარაა, რომ ძველი ეკონომიკური კავშირების აღდგენის მომხრენი შინ თუ გარეთ, საბოლოო ჯამში იმპერიის აღდგენის მომხრენი არიან. რუსეთის იმპერია და საბჭოთა ტოტალიტარიზმი ამ ასპექტში ერთმანეთს ემთხვევა.
ყოველივე იქედან, რაც ძველ ეკონომიკურ კავშირებსა და იმპერიის თაობაზე ახლახან ითქვა, ნათელი ხდება, რომ საყვედური, რომელიც ეროვნული მოძრაობის მიმართ დროდადრო გამოითქმის ხოლმე, ბრალდება, რომ ამ მოძრაობამ დაანგრია საქართველოს ეკონომიკა მაშინ, როცა ვალდებული იყო მამულის სიყვარულის კარნახით მაინც განემტკიცებინა სოციალისტური ქვეყნიდან მემკვიდრეობით მიღებული, თუნდაც მცირედი, სინამდვილეში გაისმის როგორც უმაღლესი ქათინაური, რომელიც კი შეუძლიათ შექმნილ სიტუაციაში გამოიმეტონ. ეს უკანასკნელი დაუდევარი ქართული გულუხვობითაც კია გამოთქმული. იგი ცხადია, ეხება არა სპილენძის მავთულების თუ ხაზინის ქურდებს, არამედ იმათ, ვინც საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურის შესაცვლელად სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ცდილობს. ასეთი ადამიანები კი ,,პერესტროიკის'' შემდეგ ყოველთვის იყვნენ საქართველოს მთავრობაში და არიან დღესაც. ჩვენი ღრმა რწმენით, მათი ეკონომიკური პროგრამა სულაც არ ივიწყებს რუსული ბაზრის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისათვის - პირიქით, ისინი სწორედ საბაზრო კონიუნქტურის გათვალისწინებით აპირებენ მოქმედებას. ამ მიმართულებით კი, არა მხოლოდ აუცილებელია ,,ძველი კავშირების დანგრევა'', არამედ ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს პრიორიტეტები და ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურა.
ყოველივე იქედან, რაც რუსეთის ისტორიაზე ითქვა, ცხადია, რომ იმპერია, ,,დერჟავა'' რუსთა უმრავლესობისათვის ,,რუსეთთან'' და ,,სამშობლოსთანაა'' გაიგივებული, რომლის დიდებასაც შეალია ამ ხალხმა საკუთარი თავისუფლება და ეკონომიკური კეთილდღეობა. პრობლემამ - იმპერია თუ დემოკრატია - რუსებისათვის სრულიად სხვა ჟღერადობა შეიძინა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მას შემდეგ, რაც უკვე რუსეთის ფედერაციის რეგიონებმა მოინდომეს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, პრობლემური გახდა - იმპერია თუ შემდგომი დეზინტეგრაცია. ისე, ქმინდა სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებებით ახალ-ახალი ტერიტორიების დამპყრობთათვის გასათვალისწინებელი უნდა იყოს ერთი ისტორია, რომელსაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ყვებიან: ძლევამოსილ ხელმწიფეს, რომელიც მეზობელ ქვეყანაზე სალაშქროდ ემზადებოდა, ქვეშევრდომთა შორის ყველაზე გონიერი მოუხმია და რჩევა უკითხავს. ,,რისთვის აპირებ ამ ქვეყნის დაპყრობას, ხელმწიფეო?'' - უკითხავს მრჩეველს. ეს კითხვა ხელმქიფემ ერთობ გაიკვირვა გონიერი კაცისაგან და მას მოთმინებით აუხსნა: ,,ამ ქვეყნის დაკავებით, ძალზე ხელსაყრელი მდგომარეობა შეექმნება შემდეგ სამეფოზე დასაცემად, მეორესაც რომ დავიპყრობ, მერე მესამეზე, მეოთხეზე... ვილაშქრებ და ბოლოს და ბოლოს მთელი ქვეყნიერების მბრძანებელი ვიქნებიო''. ,,შემდეგ?` - დაიჟინა მრჩეველმა - ,,შემდეგ რას აპირებ?'' ,,შემდგომ ამისა დავჯდები მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებ'' - უბრძანებია ხელმწიფეს. ,,მეუფეო`'' - უთქვამს ბოლოს ბრძენკაცს - ,,ახლა ვინ გიშლის ხელს, მშვიდად იჯდე და ბედნიერად მართო ქვეყანა, მაშინ როცა, თუკი შენსას არ მოიშლი, წინ მრავალი განსაცდელი და შესაძლოა უბედურებაც კი გელოდება?` როგორც ამბობენ, ხელმწიფემ გაიზიარა მრჩევლის საზრისი და მას მერე უდრტვინველად მართავდა ქვეყანას. გაჰყვებიან თუ არა მის კვალს დღეს ნეოიმპერიალისტურ იშტაზე მყოფი რუსეთის პოლიტიკური წრეები, ეს ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს...
______________________________
1. ლაპარაკია მონღოლთა შორის გავრცელებულ ნესტორიანელობაზე
2. ,,რევიზიული სული'' - პეტრესდროინდელი სულადობრივი დაბეგვრის ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინია.
3. რუსეთის იმპერიული ბუნების შესახებ იხ. К Крижановский: Диагноз - империя. Новое время 39 сентябрь 1993
ლიტერატურა
1. Н. Бердяев, Истоки и смисль русского коммунизма
2. Ю. Бородай, тоталитаризм хроника и лихорадочный кризис ,,наш современник'' № 7 1992
3. Л. Гумилев. Ритмы Увразии
4. А. Казинцев, Ересь жидовствующих ,,Наш современник'' №9: 1992
5 В. Ключевский: Сочинения (в девяти томах) Изд. ,,Мысль” М
6. С. Соловьев, Сочинения (В восемьнадцати книгах) Изд. ,,Мысль” М.
7. Ch. Fairbanks, The Nature of the Beast, in: The National Interest, Spring 1993.
8. ზბიგნევ ბჟეზინსკი, დიდი ცვლილებები. მშვიდობის., დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, თბ. 1994
9. Повесть временных лет в кн: Русская лит. XI - XVIII в Изд ,,Худ Литература» М. 1988.
![]() |
3 ისტორიული გამოწვევის არსი |
▲ზევით დაბრუნება |
კახა კაციტაძე
ერის ეროვნულობა სრულიადაც არ არის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული რამ. ყოველი ერი, ისტორიული არსებობის სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი ყოფიერების რაობის ახლებურად გააზრებას და საკუთარი ყოფიერების ახლებურად ჩამოყალიბებას ახდენს. მისი არსებობა გარკვეულ დროულ-სივრცულ არეალში რეალიზდება. ამგვარი რეალიზაციის პროცესში თავად ამ პარამეტრებს რამდენადმე განსხვავებული როლი ენიჭებათ: სივრცული პარამეტრების მეშვეობით ერი საკუთარი არსებობის ობიექტივაციას ახდენს, ხოლო დროულ პარამეტრებთან მიმართებით საკუთარ ეროვნულ ცნობიერებას იყალიბებს1. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველი ერი, სპეციფიკური აზრით, ,,გადაგდებულია'' ისტორიაში. როგორც წესი, ის არ ირჩევს საკუთარი საცხოვრისის მდებარეობას2, არ ირჩევს იმ გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალიებს, რომლებშიც მას უწევს ცხოვრება. და ბოლოს, ის არ ირჩევს იმ დროს, რომელშიაც მან საკუთარი, ინდივიდუალური და განუმეორებელი ყოფიერების რეალიზაცია უნდა მოახდინოს.
რამდენადაც ერის ყოფიერებაზე, შიდაეროვნული ფაქტორების გარდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ისეთი რეალიები, რომლებიც უშუალოდ ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობენ, ერის ყოფიერება თავისებური გამოწვევის სახეს იღებს. ,,გამოწვევა'' ნიშნავს, რომ ერმა საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, უნდა გადაჭრას ის პრობლემები, რომელნიც მის წინაშე დაუყენებია ეროვნული ყოფიერების ,,გადაგდებულ'' ხასიათს (ე. ი. იმას, რომ ის, როგორც წესი, არ ირჩევს საკუთარი არსებობის დროსა და არეალს).
ასეთი გამოწვევა შეიძლება სრულიად განსხვავებულ სახეს იღებდეს. ზოგიერთ შემთხვევაში გამოწვევა გულისხმობს მხოლოდ იმის საჭიროებასა და აუცილებლობას, რომ ერმა უბრალოდ შეინარჩუნოს თავისი ეთნიკური სახე, ზოგ შემთხვევაში კი გამოწვევა ერის წინაშე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ამოცანას სახავს, ვიდრე უბრალო თვითგადარჩენაა. ძნელია გამოძებნო ამგვარ გამოწვევათა ლოგიკა, მით უფრო ძნელია იმის გარკვევა, არსებობს აქ რაიმე კანონზომიერება, თუ საქმე უბრალოდ ისტორიის თამაშთან გვაქვს. და მაინც, ამგვარი გამოწვევის არსებობა უეჭველია, ვინაიდან მხოლოდ იგი აყენებს ადამიანთა ერთობის წინაშე ისეთ ამოცანებს, რომელთა გადაქყვეტის დროსაც შეიძლება ერმა იარსებოს ვითარცა ერმა. არ არის აუცილებელი, რომ ამ ამოცანების გადასაწყვეტად შეკავშირებული ერი მაინცა და მაინც ერთი ეთნიკური ჯგუფისაგან შედგებოდეს: შვეიცარიელთა მაგალითი კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან შემდგარმა ხალხმა ითანამშრომლოს იმ საერთოეროვნული პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას. და თუკი ადამიანთა ერთობას ვერ გამოუნახავს ის საერთო ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც ერთ მთლიან ორგანიზმად გააერთიანებს, ეს ერთობა ერად ვერც ჩაითვლება.
საკუთარი ისტორიის მანძილზე ყოველი ერი სხვადასხვაგვარად წყვეტს მის წინაშე მდგარ გამოწვევას. ზოგჯერ ის ახერხებს წარმატებული პასუხი გასცეს მას, ხოლო ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მზად არაა ადექვატური რეაგირებისათვის და უბრალოდ ქრება, ვითარცა საკაცობრიო ისტორიის სუბიექტი.
ამასთან გამოწვევა ყოველთვის ინდივიდუალურ და განუმეორებელ ხასიათს ატარებს. თვით ერთი შეხედვით მსგავს შემთხვევებშიც კი, ერთიდაიმავე ერის წინაშე აბსოლუტურად იდენტური ამოცანები როდი დგება. დღევანდელი საქართველოს წინაშე მდგომი ამოცანა - ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნა - ჩვენს ისტორიაში რამდენჯერმე დამდგარა, თუმცა მისი გადაწყვეტის (თუ ვერგადაწყვეტის ფორმები) იგივეობრივი როდია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაჭრეს ფარნავაზმა ან ბაგრატიონებმა (IX-X საუკუნეებში) იმის იდენტური როდია, რომელიც ისტორიამ დაუსახა დღევანდელ ქართველობას. განსხვავებას განაპირობს ის ისტორიული, იდეოლოგიური, ტექნოლოგიური, გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფონი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა ამ ამოცანის (იგულისხმება დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების აღმშენებლობა) გადაწყვეტის სპეციფიკას ჩვენს ერამდე IV-III, ჩვენი წელთაღრიცხვის IX-X საუკუნეებში და 20-ე საუკუნის მიწურულს.
შეგვიძლია კი დღევანდელ გამოწვევაზე ადეკვატური რეაგირება? იქნებ ჩვენ მართლაც განწირული ერთი ვართ, რომელსაც ისტორიულ გამოწვევაზე პასუხის გაცემა არც ძალუძს? ბოლოს და ბოლოს, ამგვარ გამოწვევაზე ადექვატური პასუხის უქონლობამ ხომ თვით ისეთი ერები გადააშენა, როგორებიც იყვნენ ძველი ბერძნები და რომაელები, ბიზანტიელები ან ევრაზიის დამპყრობი მონღოლები? თუმცა ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ ერების გადაგვარების უმთავრეს მიზეზს წარმოადგენდა შეუსაბამობა მათ (ანდა ისტორიის) მიერ დასმულ ამოცანას - მსოფლიო იმპერიის შექმნასა და ამ ამოცანისათვის საჭირო რესურსებს შორის. იქნებ ამიტომაცაა, რომ დიდი იმპერიების შემქმნელი ერები, როგორც წესი, ქრებიან ისტორიული ასპარეზიდან, მაშინ როდესოაც ის ერები, რომელთა წინაშე უფრო მოკრძალებული ამოცანები დგას, ხანგრძლივად არსებობენ ვითარცა ისტორიის სუბიექტები...
ეს კითხვები პასუხს მოითხოვს. ალბათ ძნელია პასუხი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იყოს და მაინც, თუ ერს ერად არსებობა სურს, ვერ გაექცევა ამ კითხვათა გააზრების აუცილებლობას. ამასთან არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორია ის მსაჯული არაა, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი განაჩენი გამოაქვს და რომ ყოველი ერი, ასე თუ ისე, თავისუფალი სუბიექტია, რომელიც თვითონვე განსაზღვრავს იმას, თუ რა სახით იარსებებს და რით უპასუხებს გამოწვევას.
იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც: ქართველი ერის წინაშე დღეს შემდეგი გამოწვევა დგას: იარსებოს, როგორც სუვერენულმა ერმა, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა გააჩნია, თუ იცხოვროს როგორც სხვისი ხელის შემყურე და სხვის სახელმწიფოებრიობაში ჩართულმა ეთნოსმა (თუგინდ ყველა იმ უფლებით, რომელსაც თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ანიჭებს ეთნიკური თვითმყოფადობის მქონე ჯგუფებს). ამ გამოწვევაზე გაცემული პასუხი დიდი ხნით განსაზღვრავს ჩვენი ერის ბედს, განსაზღვრავს იმას თუ რანი ვიქნებით ჩვენ, ჩვენი შვილები, შვილიშვილები... ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ჩვენს ერს (ყოველ შემთხვევაში მის იმ ნაწილს, რომელსაც ინტელექტუალური ელიტის პრეტენზია აქვს) ოდნავადაც კი ვერ გაუაზრებია ამ გამოწვევის თავად არსებობაც კი, მასზე ადექვატური რეაგირების აუცილებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამას თავისი მიზეზები აქვს. ზოგიერთ მათგანს წარმოდგენილ პუბლიკაციაშიც შევეხებით, მანამდე კი აუცილებლად მიგვაჩნია გავაქარწყლოთ ერთი ილუზია, იმ მრავალ ილუზიათა შორის, რომელნიც ისტორიის გამოწვევაზე სათანადო პასუხის გაცემაში გვიშლიან ხელს. ეს ილუზია ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობას ეხება. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეხება იმ ილუზორულ დასკვნებს, რომლებიც ხშირად კეთდება ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზისას.
საკრალური სივრცე და გეოპოლიტიკა
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წარმოშობამ საქართველოში მთელი სიმწვავით დააყენა კითხვა: შეუძლია თუ არა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი არსებობა (თუგინდ ეკონომიკური თვალსაზრისით). მაშინდელი მმართველი პარტოკრატიის დაკვეთით ორდენოსანმა პროფესორებმა ერთხმად დაიწყეს მტკიცება, რომ არავითარი დამოუკიდებელი არსებობა საქართველოს არ ძალუძს. მათი არგუმენტაცია ნაჩქარევად შეკოწიწებულის და უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სამწუხაროდ, არგუმენტაციის სიღრმით ვერც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ. ,,წითელ'' პროფესორთა მტკიცებებს ისინი ასეთ არგუმენტებს უპირისპირებდნენ: ჯერ დამოუკიდებლობა მივიღოთ და შემდეგ ჩვენი ჩაი (მინერალური წყლები, კურორტები) შეგვინახავენო. ყველაზე სოლიდური არგუმენტი ასე ჟქერდა: ,,ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ხომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა შეგვინახავს''. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გამოხდა ხანი და გამოირკვა, რომ პოსტეროვნულ ხელისუფლებაში მოკალათებულმა ნაცად კომუნისტთაგან შემდგარმა ნეონომენკლატურამ მინერალური წყლების ზღვაც შეხვრიპა, და ზედ იმდენი ჩაიც დააყოლა, რომ თურქმენეთისაგან გაზი ვეღარ შეგვიძენია. ამავე ნომენკლატურული ,,ბრძნული'' პოლიტიკის მეშვეობით კურორტთა დიდ ნაწილს სეპარატისტები დაეპატრონენ. ასე რომ, შიმშილით გაწამებულ ხალხს იმის იმედადღა დარჩენია ყოფნა, რომ ჩვენ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა მაინც შეგვინახავს.
თუმცა კი საქმეში ჩაუხედავ მკითხველს გაუკვირდება: როგორ შეიძლება ერი მდებარეობამ შეინახოსო. ამაზე მას მშვიდად აუხსნიან, რომ ჩვენი მდებარეობა უბრალო მდებარეობა როდია, რომ ჩვენ იმ სივრცეში, დედამიწა რომ ჰქვია, ,,განსაკუთრებულად ხელსაყრელი'' ადგილი გვიჭირავს. სამწუხაროდ იმავე საქმეში ჩაუხედავმა მკითხველმა ყოველთვის როდი იცის, რომ ფართომასშტაბური პოლიტიკა წვრილმანი ქურდაბცაცა არაა და ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, იმას კი არ ეტანება, რაც ცუდად დევს, არამედ სწორედ იმას, რასაც კარგი მდებარეობა აქვს. ასე რომ, კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა თავისთავად ვერ გახდება ერის ბედნიერების გარანტი. პირიქით, ხელსაყრელმა მდებარეობამ შეიძლება ერს უბედურებაც კი მოუტანოს, განსაკუთრებიც მაშინ, თუ ამ ერს არ გააჩნია სამოქალაქო აზროვნება და სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ე. ი. ყოველივე ის, რაც აუცილებელია ხელსაყრელი მდებარეობის სათანადოდ გამოყენებისათვის. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის განსჯისას ერთი ფუნდამენტური ვითარებაცაა გასათვალისწინებელი: გეოპოლიტიკურ პარამეტრებზე საუბრის დროს მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ორი მომენტი: ერთის მხრივ გეოპოლიტიკური ვითარების ობიექტური პარამეტრები, რომლებიც სივრცობრივი მახასიათებლებით არიან განპირობებულნი და, მეორეს მხრივ, თუ როგორ ხდება ამ მახასიათებელთა აღქმა ეროვნული მენტალიტეტის მიერ, რაც უპირველეს ყოვლისა ისტორიული და კულტურული, ე. ი. უმეტესწილად დროითი ხასიათის პარამეტრებითაა განსაზღვრული. რასაკვირველია, რეალურ ეროვნულ ისტორიაში ეს ორი ფაქტორი ერთმანეთზე განუყრელად არის გადაჯაჭვული. გეოპოლიტიკური მდებარეობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ეროვნულ მენტალიტეტს, ე. ი. იმას, თუ როგორ ხდება საკუთარი მდებარეობის აღქმა და გააზრება. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შვეიცარელთა ,,ნეიტრალისტური'' მენტალიტეტი, რომელიც ამ ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ განაპირობა (სახელდობრ იმან, რომ შვეიცარიას თავისი მდებარეობის გამო უწევდა ლავირება საფრანგეთსა და ავისტრიას, აგრეთვე გერმანიასა და იტალიას შორის). ამგვარი ,,ნეიტრალისტური'' მენტალიტეტი არა მარტო ნეიტრალიტეტის პოლიტიკაში ვლინდება, არამედ იმაშიც, რომ სხვადასხვა სახის გამოკითხვები და რეფერენდუმები აჩვენებენ შვიეცარელთა სურვილს არ მიიღონ მონაწილეობა გაეროსა და ევროგაერთიანების სტრუქტურებში. მეორეს მხრივ, საკუთარი მდებარეობის გააზრება ამა თუ იმ ერის მიერ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ არის ორგანიზებული გეოპოლიტიკური სივრცის ესა თუ ის მონაკვეთი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ განაპირობებს ამ სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ როლს. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ეფექტური გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყანა ვერ მოახერხებს ამ მდებარეობის გამოყენებას, თუ არ მოახდინა გეოპოლიტიკური სივრცის გარკვეული მონაკვეთის მოცვა რეალური სახელმწიფოებრივი სტრუქტურებით.
ამრიგად, მხოლოდ გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაგინდ ხელსაყრელიც არ უნდა იყოს იგი, ვერ ,,შეგვინახავს''. თავისთავად გეოპოლიტიკური არეალი ცარიელი ფიზიკური სივრცეა, რომლის მნიშვნელობას მექანიკური ფაქტორები კი არ განსაზღვრავს, არამედ ის, თუ ვინ და როგორ ცხოვრობს ამ სივრცეზე.
ჩვენი გეოპოლიტიკური სივრცის განსაკუთრებულობის თავისებური განცდა ქართულ მენტალიტეტში არ არის მხოლოდ დღევანდელობით განპირობებული რეალია. მას ფესვები წარსულის სიღრმეში აქვს გადგმული. იმ დროში, როდესაც საქართველო ,,კურთხეულ'' ქვეყანად გაიაზრებოდა. შუა საუკუნეების აზროვნების წესის პირობებში ასეთი მიდგომა სრულიად გასაგები და შუასაუკუნებრივი მენტალიტეტისათვის სრულიად გამართლებული იყო. საქმე ისაა, რომ შუასაუკუნებრივი ადამიანი სივრცეს სრულიად სხვანაირად აღიქვამდა და იაზრებდა, ვიდრე დღევანდელი. დღევანდელი ადამიანი სივრცეს ერთიან, უსაზღვრო ,,საცავად'' აღიქვავს, რომელშიც ათვლის წერტილად სივრცის ნებისმიერი მონაკვეთი შეიძლება იქნეს აღებული და რომლის არც ერთ მონაკვეთს არ ენიჭება გამორჩეული ადგილი სხვა მონაკვეთებთან შედარებით. მაგრამ შუა საუკუნეებში სივრცის სხვაგვარი გაგება ბატონობდა: ამ გაგების თანახმად სივრცის მონაკვეთებს შორის მიმართება იერარქიულ ხასიათს ატარებდა და გარკვეულ მიზეზთა გამო სივრცის ერთი მონაკვეთი შეიძლებოდა უფრო ღირებული (,,კურთხეული'') ყოფილიყო ვიდრე სხვა. ამ გაგებიდან ბუნებრივად გამომდინარეობდა ის, რომ სივრცის ზოგიერთი (უმეტესწილად მშობლიური) მონაკვეთი უფრო მაღალი ღირებულების მქონედ ცხადდებოდა, ასევე ბუნებრივი იყო, რომ ამ განსაკუთრებულობის საილუსტრაციოდ ამ მონაკვეთისათვის დამახასიათებელ რაიმე ნიშანზე გაემახვილებინათ ყურადღება (ვთქვათ ზომიერ ბუნებაზე, ნაყოფიერ მიწაზე, ერთი სიტყვით ყოველივეზე, რაც სივრცის ამ მონაკვეთს ,,კურთხეულად'' აქცევს).
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სივრცის რომელიმე მონაკვეთის გამორჩეულობის (საკრალურობის) იდეა შუა საუკუნეებში როდი გაჩენილა. მას ფესვები ძველ აღმოსავლეთში აქვს გადგმული3.
მითოსური აზროვნება სივრცის საკრარულობას მასზე ამა თუ იმ ღვთაების პატრონობას უკავშირებდა. მაგალითისათვის შეგვიძლია ძველი ბაბილონი ავიღოთ. მისი, როგორც სივრცის საკრალური მონაკვეთის გააზრება მოცემულია ,,ხამურაბის კანონების'' პრეამბულაში: ,,მაღალმა ანუმ, ანუნაქთა ხელმწიფემ, და ენლილმა, ცათა და ხმელეთის უფალმა, ქვეყნის ბედის დამსაზღვრელმა... ბაბილონის მაღალი სახელი გამოაცხადეს, სამყაროს კიდეთა მიმართ განავრცელეს და მის წიაღში დაუდგინეს მარადიული მეუფება, რომლის საფუძველი, მსგავსად ცათა და ხმელთა, მტკიცეა''4. ბაბილონის სივრცის საკრალური და სხვაზე აღმატებული კურთხეულობის დემონსტრირება ყოველწლიური რიტუალის მეშვეობით ხორციელდებოდა. ყოველი წლის მარტ-აპრილში, მთვარის კალენდრის ახალ წელს ბაბილონში წმინდა ნავით შემოჰქონდათ ხოლმე ღვთაების კერპი. ამ კერპს შემდგომ ესგილუს ტადარში გადაიტანდნენ. ამის შემდეგ სამეფო ინსიგნებებით აღჭურვილი მეფე შედიოდა ტაძარში და სათანადო რიტუალის შემდეგ, შეეხებოდა რა ღვთაება ბელის ხელს, სიმბოლურად განაახლებდა თავის ხელმწიფობას, ე. ი. მისი სამეფოს გამორჩეულობასა და კურთხეულობასაც.
ბაბილონის დამპყრობმა ასურელებმა, ბაბილონის ტერიტორიის კურთხეულობის შემუსვრის მიზნით, ბელის კერპი ნინევიაში გადაიტანეს, რის შედეგადაც ბაბილონში შეუძლებელი გახდა ახალი წლის რიტუალის ჩატარება, მეფის გა-ხელ-მწიფება და შესაბამისად ბაბილონმა, როგორც კურთხეულმა სივრცემ, არსებობა შეწყვიტა.5
ცხადია ეს ფაქტი შეიძლებოდა მხოლოდ ისტორიული კურიოზის მაგალითად მოგვეყვანა. მაგრამ ასეთი მსოფლმხედველობა თითქმის ყველა ძველ ერში არსებობდა.
ძველმა ბერძენმა პოეტმა პინდარემ სპეციალური სიტყვა dzotheos შექმნა იმ საკრალური ადგილების აღსანიშნად, სადაც ღვთაებათა ღვთაებრიობა მაქსიმალური ინტენსიობით ვლინდება. სივრცის გარკვეული მონაკვეთის საკრალურობის აღიარება მოიპოვება მცხეთის იმ დახასიათებაში, რომელიც ,,ქართლის ცხოვრებაში'' გვხვდება: ,,სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ''. ამგვარი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ჩვენს მიზანს ეს კი არ წარმოადგენს, არამედ იმ სამწუხარო ფაქტის კონსტატირება, რომ გეოპოლიტიკური სივრცისადმი ამგვარ მიდგომას ჯერ კიდევ აქვს ადგილი ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაში. თუმცა ეს სრულიადაც არ არის ბრალი ქართველთა განსაკუთრებული დაკომპლექსებულობისა (როგორც ამას ხშირად ამტკიცებენ ოფიციოზის მხარდამჭერი ჟურნალისტ-პუბლიცისტები). ამგვარი მენტალიტეტი, საკუთარი მიწის და მდებარეობის კურთხეულობის ჰიპერტროფირებული განცდა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, სახელმწიფოებრივი არსებობის წყვეტასა და მისგან გამომდინარე შედეგებს უკავშირდება.
კლინიური ფსიქოლოგია და გეოპოლიტიკური ფეტიშიზმი
ერის საცხოვრისის გეოპოლიტიკური მდებარეობის ხელსაყრელად გამოყენება შეუძლებელია, თუ ამ საცხოვრისზე არ ფუნქციონირებს რამდენადმე ეფექტური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისტემა. ამგვარი სისტემის არარსებობის შემთხვევაში ეს ტერიტორია ადრე თუ გვიან ერთვება სხვა ქვეყნის სახელმწიფოებრივი სისტემის მოქმედების არეალში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ქვეყანა კარგავს დამოუკიდებლობას და აქედან გამომდინარე, შესაძლებლობას ისარგებლოს თავისი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობით. ამ მდებარეობიდან გამომდინარე დივიდენდებს ამ შემთხვევაში დამპყრობელი სახელმწიფო განაგებს.
ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისტემა საქართველოში მთლიანად არ გამქრალა. ამგვარმა სისტემამ შეწყვიტა ფუნქციონირება საერთო-ეროვნულ დონეზე, მაგრამ აგრძელებდა არსებობას (თუმცა ფრიად შესუსტებული სახით) იმ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში, რომლებიც ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შედეგად წარმოიქმნენ. ყველა ეს ,,სახელმწიფო'' უცხო ძალების გავლენის სფეროს წარმოადგენდა (ირანის, თურქეთის), მაგრამ მათ გააჩნდათ ისეთი სახელმწიფოებრივი ატრიბუტები, როგორიც იყო სახელმწიფო ხელისუფლება (ადგილობრივი დინასტიები), ადგილობრივი სასამართლო სისტემა, შეიარაღებული ძალები, ფულის მოჭრის უფლება, რომ აღარაფერი ვთქვათ ეროვნულ სიმბოლიკაზე. მოსახლეობა ემორჩილებოდა ადგილობრივ კანონებს და ადმინისტრაციას, რომლებიც შეიძლებოდა ყოველთვის მისაღები არ ყოფილიყო მისთვის, მაგრამ გასაგები კი იყო. ერთი სიტყვით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ავად-თუ კარგად, ფუნქციონირებდნენ, რასაც არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა მოსახლეობის მენტალიტეტზე.
1801 წლის ანექსიის უმძიმეს შედეგს სწორედ ამგვარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ნაშთების მოშლა წარმოადგენდა. შეწყდა მმართველი დინასტიის პოლიტიკური როლი, საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო უცხო სახელმწიფოს კანონთა მოქმედება, რომელთა უმრავლესობა ხალხისათვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომელსაც ასე თუ ისე, შეეძლო გაეგო მოქალაქეთა სატკივარი, შეიცვალა ადმინისტრაციით, რომელსაც არც ადგილობრივი სპეციფიკა ესმოდა და არც მოსახლეობის პრობლემები. გაუქმდა ეროვნული სიმბოლიკა (რაც ერის თვითცნობიერების განსაზღვრის ერთ-ერთი ფაქტორია). ამ უბედურებას ზედ მეორეც დაერთო. საქართველო ჩართული იქნა იმ ქვეყნის სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში, რომელშიაც (განსხვავებით ევროპულ სახელმწიფოთაგან) არ არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახიც კი. რუსეთის იმპერიაში მოქმედი კანონების უმრავლესობა ,,ზევიდან'' მოდიოდა და გაუგებარი იყო არა მხოლოდ ,,ტუზემცებისთვის'', არამედ ,,სამოდერჟეცის'' ქვეშვერდომთათვისაც. მოსახლეობა იძულებული იყო დამორჩილებოდა იმ კანონებს, რომელთა მიღებაში არავითარ მონაწილეობა არ მიუღია (ამისათვის ხომ აუცილებელია, რომ კანონებს საჯაროდ იღებდეს მოსახლეობის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო). რეპრესიული აპარატის მთელი მცდელობების მიუხედავად, მოსახლეობის ერთი ნაწილი ახერხებდა გვერდი აევლო მოქმედი კანონმდებლობისათვის. ამ პროცესს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა, ხოლო იმპერიის პერიფერიებში - მასიური (აღსანიშნავია, რომ მეტროპოლიის მიერ დანიშნული რუსი ჩინოვნიკები პირადი გამდიდრების მიზნით თავადვე უწყობდნენ ხელს იმპერიის მიერ მიღებული კანონების დარღვევას).
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მოშლამ, რუსეთის იმპერიაში სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახების არარსებობამ ქართველებში თავისებური მენტალიტეტი ჩამოაყალიბა და თვითიდენტიფიკაციის ერთადერთ საშუალებად წარსულზე მიმართება დაგვიტოვა (,,ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს'' ტიპისა): ამასთან, წარსულისადმი ასეთ დამოკიდებულებას რასაკვირველია არ შეეძლო თანადროული რეალიების გადაწყეტა, რეალიებისა, რომელთა სპეციფიკას სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახების სრული უქონლობა და შესაბამისად, სრული სოციალური დაუცველობა განსაზღვრავდა. ეს ვითარება თავდაპირველად ჩვენმა პოეტმა - რომანტიკოსებმა გაიცნობიერეს (იხ. მაგ.: ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში'', ,,იარალი'' და სხვ.). შემდგომ ამისა გამქრალ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ადგილს საზოგადოების მოწინავე წარმომდაგენელთა შეგნებაში ერზაც-სახელმწიფოებრიობა, თბილისური, ძველებურ-დარდიმანდული მოტივები იკავებენ (ამ მიმართებით ისინი საზოგადოება ,,თბილისელის'' შორეულ წინაპრებად შეიძლება ჩაითვალონ), რომელნიც შემდგომ ასევე ბუნებრივად გადადიან რუსის იმპერატორის მიმართ ,,ვერნოპოდდანიჩესკი'' ,,პოკლონებში''6 (შდრ. ორბელიანის დასახელებულ მემკვიდრეთა პრაქტიკას). ყოველივე ეს ქართულ მენტალიტეტში უცნაურად თანსდევს ,,სხვა საქართველო სად არის'' - ის იდეალს, რომლის ავტორიც უკვე ეროვნული მოძრაობის იმ წარმომადგენელთა წინამორბედად გვევლინება, რომლებიც საქართველოს ხსნას ჩაით, ციტრუსებით, კურორტებითა და გეოპოლიტიკური მდებარეობით აპირებდნენ.
ასეთი მენტალიტეტი მარტოოდენ ქართველთა კუთვნილება როდია. იგი დამახასიათებელია ყოველი ერისათვის, რომელსაც განვითარებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ტრადიცია გააჩნდა მაგრამ შემდეგ, რაღაც მიზეზთა გამო, დაჰკარგა ეს ტრადიცია. მაგალითისათვის საქართველოსაგან სრულიად განსხვავებული ქვეყანა - ინდონეზია შეიძლება ავიღოთ, რომელიც 20-ე საუკუნის დასაწყისში ჰოლანდიის კოლონიას წარმოადგენდა. ინდონეზიური ნაციონალიზმის მამამთავარი სუკარნო 20-იანი წლების ერთ-ერთ მიტინგზე ამბობდა: ,,ჩვენი მიწა ისე მდიდარია, რომ მასში ჯოხიც რომ ჩაარჭო, ხე ამოვა. მაგრამ ჩვენი ხალხი ღატაკია... და იცით რატომ? იმიტომ რომ კოლონიზატორებს არ სურთ ჩადონ ფული იმ მიწაში, რომლიდანაც სიმდიდრეს იღებენ. თუმცა ისინი მაინც ანაყოფიერებენ ამ მიწას! რით?! შიმშილით დახოცილთა გვამებით!''7
მაგრამ მიწის ზემოსხენებული ,,კურთხელობის'' იდეა, მისი კლასიკური ფორმით, უპირატესად აგრარულ საზოგადოებაში შეიძლებოდა ყოფილიყო გაბატონებული. ინდუსტრიის განვითარებამ, რაც გამოიხატებოდა სატრანსპორტო კომუნიკაციების მნიშვნელობის განუზომლად ზრდაში, თანდათანობით მოახდინა ამ იდეის ტრანსფორმირება გეოპოლიტიკური მდებარეობის კურთხეულობის იდეად. რასაკვირველია, მიწის ,,კურთხეულობა'' შენარჩუნებულია (წინააღმდეგ შემთხვევაში იმის მტკიცება შეუძლებელი იქნებოდა, რომ ჩაი და ციტრუსები შეგვინახავენ): მეტიც, მას ემატება ინდუსტრიული განვითარებისათვის საჭირო ნედლეულით კურთხეულობის იდეა (გაუთავებელი ლაპარაკი უმდიდრეს წიაღისეულ სიმდიდრეებზე, რომლებიც თურმე საქართველოს წიაღში მოიპოვება), მაგრამ გეოპოლიტიკური კურთხეულობის ლაიტმოტივი მაინც წამყვანი რჩება (კიდევ ერთი ,,კურთხეულობა'' გამოიხატება ოფიციოზის და მასმედიის გაუთავებლ მტკიცებებში ,,საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის'' შესახებ). ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კურთხეულობის იდეა დღევანდელ საქართველოს უშუალოდ 19-ე საუკუნიდან კი არა, არამედ ტოტალიტარულ-კომუნისტური იდეოლოგიით გაშუალებულად ერგო.
ამ რეჟიმმა კუთრხეულობის იდეას მეტად თავისებური სახე მისცა. მარქსიზმის თანახმად კურთხეული შეიძლება იყოს არა მხოლოდ პიროვნება, ერი ან მიწა, არამედ მთელი სოციალური კლასი - პროლეტარიატი. პროლეტარიატის კურთხეული მისიის განხორციელება ხდება დედამიწის ერთ მეექვსედზე და მოხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ ამ ერთ მეექვსედზე სხვადასხვა ერები ცხოვრობდნენ (რომელთა უმრავლესობას არც კი გაეგონა ისეთი ეგზოტიკური არსების შესახებ, როგორიცაა პროლეტარიატი). ამიტომ საერთო, პროლეტარული გამორჩეულობის იდეასთან ერთად კომუნისტები, მართალია არაოფიციალურად, მაგრამ მაინც ინარჩუნებდნენ ეროვნული კურთხეულობის იდეას (რასაკვირველია, უაღრესად მახინჯი ფორმით და მხოლოდ მათთვის საჭირო ფარგლებში). რუსების მიმართ ეს ვლინდებოდა რუსული პროლეტარიატის განსაკუთრებული მისიის მტკიცებაში, ხოლო ,,ტუზემცების'' მიმართ იმ ფარული სიამაყის დანერგვაში, რომლის თანახმადაც ,,რუსები იდიოტები არიან'' და ჩვენ შეიძლება რუსების დაპყრობილნი ვართ, მაგრამ მაინც მათზე მაღლა ვდგავართ. ეს იდეოლოგია განსაკუთრებით იყო გავრცელებული კავკასიის ხალხებში, რომლებსაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არსებობის ისტორიული ტრადიცია გააჩნდათ.
ამასთან კომუნისტურ-ტოტალიტარულმა რეჟიმმა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ლიკვიდაციის პრაქტიკა თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა, ხოლო არასამოქალაქო საზოგადოება ანტისაზოგადოებრივად აქცია (სწორედ ამგვარი ანტისამოქალაქო საზოგადოების სურათია დახატული ჯორჯ ორუელის ანტიუტოპიაში ,,1984''). ტოტალიტარულ-კომუნისტური სისტემა ოსტატურად ახერხებდა ყოველივე ამის შენიღბვას ,,იდეოლოგიური ფრონტის მუშაკების'' მეშვეობით. განსხვავებით რუსეთის იმპერიისაგან, რომლის პირობებშიც არარუსი ხალხების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურების არარსებობა თვალშისაცემი იყო, კომუნისტურმა მმართველობამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ერზაცის ილუზიის შექმნა შეძლო. ხალხი, მოკლებული ყოველგვარ ნამდვილ საზოგადოებრივ სტრუქტურებს, მცხოვრები არასამართლებრივ სახელმწიფოში, ე. ი. სრულიად დამოკიდებულნი ტოტალიტარული სისტემის ყველა რანგის ჩინოვნიკთა თვითნებობაზე, აი ამ ხალხს სიამაყის გრძნობას უნერგავდნენ ,,ეროვნული კულტურის'' თუ ,,ეროვნული სპორტის'' მორიგ გამარჯვებათა გამო (სხვათა შორის, ჩვენს ზემოხსენებულ ,,ინტელექტუალურ პოტენციალს'' სწორედ ეს გამარჯვებულნი და გამარჯვებათა პროპაგანდისტები შეადგენდნენ, რომელთა უმრავლესობამ კარგად დაამტკიცა საკუთარი უნარ-შესაძლებლობანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში)...
80-იანი წლების დასასრულს, როდესაც ტოტალიტარულ-კომუნისტური სისტემის კრახი უეჭველი გახდა, დაიწყო დისკუსიები საქართველოს მომავლის შესახებ: ბუნებრივი იყო, რომ აღწერილ ვითარებაში ჩამოყალიბებულ ადამიანთა (თუგინდ ,,ინტელექტუალური პოტენციალის'' მქონეთა) მენტალიტეტს უჭირდა იმის გააზრება, რომ ადამიანი აქტიური სუბიექტია, რომელმაც თავისი მოქმედებით უნდა შექმნას საკუთარი საცხოვრისი, აითვისოს მისი მიწის თუ წიაღისეულის ნაყოფიერება და გამოიყენოს გეოპოლიტიკური მდებარეობა. ამგვარი მიდგომა თავისუფალ აზროვნებას საჭიროებს, ,,ინტელექტუალური პოტენციალის'' მფლობელებს კი ეს არ გააჩნდათ. მათთვის უფრო ადვილი იყო იმის წარმოდგენა, რომ კურთხეულ მიწასა და კურთხეულ მდებარეობას კურთხეული ლიდერი აამოქმედებდა (არა აქვს მნიშვნელობა ეს ლიდერი მესიად გაიაზრებოდა თუ მხოლოდ დიდ პოლიტიკოსად). ამგვარი აზროვნების შედეგები სახეზეა და მათი აქ ჩამოთვლის არავითარი საჭიროება არაა.
კრიზისიდან გამოსვლის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: შეძლებისდაგვარად მალე უნდა განვთავისუფლდეთ ამგვარი აზროვნებისაგან. საქართველოს მხოლოდ მაშინ ეშველება, როდესაც ხალხში სამოქალაქო და სახელმწიფო მენტალიტეტი გაჩნდება (არადა ჩვენი პოლიტიკოსები და მასობრივი ინფორმაციის ოფიციალური არხების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი საზოგადოება და მენტალიტეტი არ ჩამოყალიბდეს). ქართველები, თუ შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივ ერად უნდა ჩამოვყალიბდეთ. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ ერთ წამით დავიძინებთ და სხვა ერად გამოვიღვიძებთ. ჩვენი ქართველობის კულტურული და გენეტიკური პარამეტრები უცვლელი დარჩება, უნდა შეიცვალოს მხოლოდ ჩვენი მიმართება სამყაროსადმი, შეიცვალოს ჩვენი საკრალური დამოკიდებულება ტერიტორიული მდებარეობისადმი და გაჩნდეს იმის გაგება, რომ ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მდებარეობას მხოლოდ მაშინ გამოიყენებ, როდესაც ამ სივრცეს ეფექტური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურებით მოიცავ და სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით ჭეშმარიტ საცხოვრისად აქცევ.
ქართველებს არაერთხელ დაგვიკარგია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, მაგრამ არაერთგზის შეგვიქმნია იგი. შექმნის ყოველი აქტის შემდეგ ქართველები სხვა ერად ვიქცეოდით ვიდრე მანამდე ვიყავით (სხვაობა ვიმეორებთ, ეხება არა კულტურას ან ენას, არამედ ერის დამოკიდებულებას თავისი საცხოვრისის სახელმწიფოებრივი ორგანიზაციისადმი). ეს აზრი ერთი შეხედვით პარადოქსად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ იგი ჩვენს მიერ არ არის პირველად გამოთქმული. იგი ცნობილ ქართველ ისტორიკოსს, ნიკო ბერძენიშვილს ეკუთვნის და ჩვენი პოზიციის საილუსტრაციოდ შევეცდებით მოკლედ გადმოვცეთ მისი შეხედულებები აღნიშნულ საკითხზე.
თავის წიგნში ,,მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისათვის'' ნიკო ბერძენიშვილი იმის გარკვევასაც ცდილობს, თუ რა იგულისხმებოდა (და უნდა ვიგულისხმოთ) სიტყვა საქართველოს შესაბამის რეალობაში. პატიოსანი ობივატელი შეიძლება კითხვის ასეთი დაყენებისას აღშფოთდეს კიდეც: განა თავისთავად ცხადი არ არის რას ნიშნავს საქართველო? (მაგ. ,,ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო... სხვა საქართველო სად არის... და ა. შ.). თუმცა უფრო სიღრმისეული დაკვირვების შემდეგ მაინც შეიძლება დავასკვნათ, რომ კითხვა დასმის უფლებას მაინც ინარჩუნებს.
ცხადზე ცხადია - საქართველო გარკვეული ტერიტორიაა. მაგრამ როგორც ნ. ბერძენიშვილი წერს: ,,ისტორიული ტერიტორია'', ,,ისტორიული ქვეყანა'' - ეს ფიზიურ-გეოგრაფიული ტერიტორია, ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყანა კი არ არის, არამედ ადამიანთა საზოგადოების შემოქმედების არე (ხოლო შემდგომ, ამ შემოქმედების ნაკვალევი) ამა თუ იმ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, ქვეყანაზე... ყოველი საზოგადოება რეალურად გრძნობს თავისი დროის ქვეყანას (ისტორიულ ტერიტორიას) და ამ საზოგადოების არსებობისათვის ეს ქვეყანა სრულიად აუცილებელია, ეს ქვეყანა ამ საზოგადოების ორგანული ნაწილია. ყოველ საზოგადოებას თავისი შესაფერისი ქვეყანა ახასიათებს''.8
ერი, საზოგადოება ისე როდი მყოფობს გარკვეულ ტერიტორიაზე, როგორც ვთქვათ, ჭიქა დგას მაგიდაზე. ეს ტერიტორია მხოლოდ მაშინაა ერის სამშობლო, თუ იგი ათვისებული და მოცულია სახელმწიფოებრივი, სოციალური, კულტურული და სხვა სახის სტრუქტურებით. ამიტომ ნ. ბერძენიშვილი სამართლიანად აღნიშნავს: ,,ქვეყანა'' ამა თუ იმ საზოგადოების საარსებო მიწა-წყალია. მაგრამ ,,ქვეყანა'' შიშველი გეოგრაფიული სივრცე (,,უდაბნო'', ,,უშენი'') კი არაა, არამედ საზოგადოების მიერ ათვისებული მთავარი საწარმოო საშუალება. ამდენად ,,ქვეყანა'' თვით საზოგადოების შენამოქმედია. ამიტომ თითოეულ საზოგადოებას, როგორც აღვნიშნეთ, თავისი შესაფერისი ,,ქვეყანა'' გააჩნია. ,,ქვეყნების'' ეს სხვადასხვაობა გეოგრაფიული სივრცის სხვადასხვაობაშიც ვლინდება, თუმცა ეს ნიშანი გარდაუვალი არაა. ერთსა და იმავე გეოგრაფიულ სივრცეზე, როგორც აღვნიშნეთ, არაერთი მაგალითი მოიპოვება, გვარიც არსებულა და ტომიც, ხალხიც და ერიც, ასე რომ ,,ქვეყნების'' ურთიერთისაგან განმასხვავებელი უმთავრესი ნიშანი ამ ტერიტორიის ათვისების ხასიათშია. სამამასახლისო, სახევისუფლო, სამოქალაქო, საციხისთავო, საერისთავო, სამეფო - ყველა ესენი სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოქმნილი, უთრიერთისაგან განსხვავებული ხარისხის ქვეყნებია''.9
ამრიგად ქვეყნის ,,ქვეყნობას'' ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ან თავისებურებანი კი არ განსაზღვრავს, არამედ ის, თუ როგორ არის ათვისებული, ე. ი. რა სტრუქტურებით არის მოცული ეს ქვეყანა. ამ თვალსაზრისით არ არსებობს უწყვეტი განვითარება საქართველოს ტერიტორიაზე. 1801 ქლის ანექსიაც იმიტომ წარმოადგენდა გარკვეულ წყვეტს საქართველოს ისტორიაში, რომ ეს მიწა-წყალი სრულიად სხვა სტრუქტურებმა მოიცვეს (სხვა პოლიტიკურმა, სამხედრო, ეკონომიკურმა, კულტურულმა, სოციალურმა).
ამ მტკიცებას უფრო მეტი ძალა აქვს ტოტალიტარიზმის ხანის საქართველოს მიმართ. საზოგადოების ორგანიზაციის გარკვეულ ტიპს (ფაშისტურს, კომუნისტურს) ,,ტოტალიტარულს'' იმიტომ უწოდებენ, რომ ამ ტიპისას ტოტალიტარული სტრუქტურები მთლიანად მსჭვალავენ და მოიცავენ საზოგადოების თუ ინდივიდის არსებობის ყველა დონეს. ცხადია, ეს სტრუქტურები მთლიანად მოიცავდნენ საქართველოს ტერიტორიას. ამ აზრით ჩვენს ისტორიაში სრულ წყვეტს ჰქონდა ადგილი, ვინაიდან ტოტალიტარული სტრუქტურებით მოცულ ტერიტორიას არაფერი შეიძლებოდა ჰქონოდა საერთო იგივე ტერიტორიის ათვისების ეროვნულ-სახელმწიფოებრივ სახესთან (ეს უკანასკნელი თავის თავში მოიცავს პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სახის სტრუქტურებს), ამიტომ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე საერთო ჩვენი ტერიტორიის ათვისების იმ ფსევდო-სახელმწიფოებრივ სახეს, რომელსაც ,,საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა'' ეწოდებოდა და იმავე ტერიტორიის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ათვისებას შორის. ეს ვერ გაუგიათ (ან არ სურთ გაიგონ) ტოტალიტარიზმის ხანიდან მოყოლილ პოლიტიკოსებს, რომელთაც სურთ ჩვენს ტერიტორიაზე ერთდროულად არსებობდეს დამოუკიდებელი ერვონულ-სახელმწიფოებრივი სისტემაც და ტოტალიტარიზმიდან გადმოყოლილი ელემენტებიც. მაგრამ შეუძლებელია სანახევროდ იყო ფეხმძიმე. ეს ტერიტორია რომელსაც საქართველო ჰქვია, ან ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურებით იქნება ათვისებული (რაც ტოტალიტარიზმის სრულ დემონტაჟს გულისხმობს) ან საერთოდ შეწყვიტავს არსებობას, როგორც ერთიანი მთელი...
მაგრამ ერის საცხოვრისის ახლებული ათვისება (ხაზს ვუსვავთ: არა ახალი, არამედ ახლებური) ფაქტიურად ამ ერის ფერისცვალებას გულისხმობს. ერი, რომელსაც ახლებური მიმართება აქვს თავის სამშობლოსთან, ტრანსფორმირებული ერია.
ზემოთქმულის შემდეგ პასუხი დაგვრჩა გასაცემი კიდევ ერთ კითხვაზე - რა ზეგავლენას ახდენდა ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ქართული სახელმწიფოებრიობის ბედ-იღბალზე. იქნებ მართალია იმათი თვალსაზრისი, ვინც ამტკიცებს, ჩვენ იმდენად მნიშვნელოვანი მდებარეობა გვიჭირავს, რომ ამ რეგიონში დომინირების მსურველი ყოველი დიდი სახელმწიფოს მეთაური დღე-და-ღამ იმის ფიქრში იქნება, ასეთი მდებარეობის მქონე ქართველებს როგორმე სახელმწიფო ავუშენოო! თუმცა ჩვენი ისტორია სრულიად საპირისპიროს ადასტურებს: საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის ეფექტიანი რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ხერხდებოდა, თუ ხორციელდებოდა ეფექტიანი სახლემწიფოებრივი მშენებლობა. საქართველოს მთელი ისტორია ადასტურებს, რომ გეოპოლიტიკური ვითარების რაგინდარა სასიკეთო შეცვლას თავისთავად აროდეს გამოუწვევია საქართველოს სახელმწიფოებრიობის სასიკეთო მიმართულებით წარმართვა.10
ამ მტკიცების კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს ის ვითარება, როდესაც პირველად მოხდა ქართული სახელმწიფოს შექმნა, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებმა გაანადგურა სპარსეთის სახელმწიფო, რომის შემადგენლობაშიც იყო ინკორპორირებული ქართველი ტომების უმრავლესობა. თუ საბერძნეთ-სპარსეთის მანამდელმა დაპირისპირებამ იმდროინდელი გეოპოლიტიკის ცენტრი დასავლეთ მცირე აზიაში გადაიტანა, ალექსანდრეს ექსპანსიამ მსოფლიო გეოპოლიტიკური აქტივობის ცენტრად აღმოსავლეთი, სახელდობრ მესოპოტამიის რეგიონი აქცია. ცნობილი რუსი ორიენტალისტის, მ. დიაკონოვის შენიშვნით: ,,ალექსანდრეს აზრით მესოპოტამია ახალი სახელმწიფოს ცენტრი უნდა გამხდარიყო, ხოლო ბაბილონი მისი დედაქალაქი. ამ მიმართებით ის მართალი იყო. მესოპოტამია, ახლო აღმოსავლეთის ძველი კულტურული ცენტრი, რომელიც საქარავნო გზებით დაკავშირებული იყო ირანთან, კავკასიასთან და ხმელთაშუაზღვისპირეთთან, ხოლო საწყლოსნო გზებით - სპარსეთის ყურესთან, არაბეთთან და ინდოეთის ოკეანესთან, ყველა დიდი ახლოაღმოსავლური სახელმწიფოს ცენტრად დარჩა თვით შუა საუკუნეებამდეც კი''.11
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრეებს შორის გააფთრებული ბრძოლა ატყდა მემკვიდრეობიდან მაქსიმალური წილის მისაღებად. ხანგრძლივი ბრძოლების და ინტრიგების შედეგად მესოპოტამიაზე კონტროლი დაამყარა ალექსანდრეს ერთ-ერთმა მთავარსარდალმა, სელევკმა. სელევკმა და მისმა მემკვიდრეებმა სახელმწიფო განავრცეს მცირე აზიიდან შუა აზიამდე. მათვე მიიერთეს სომხეთის დიდი ნაწილი. მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით ექსპანსიისას ისინი შეეჯახნენ ალექსანდრეს სიკვდილის შემდგომ ჩამოყალიბებულ მეორე სახელმწიფოს - პონტოს.
პონტოცა და სელევკიდების სამეფოც ცდილობდნენ კონტროლის დამყარებას მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე. ამგვარი მცდელობისას მათი ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა კავკასიაშიც. როგორც ვარაუდობენ, ,,ქართლის ცხოვრებაში'' მოხსენიებული ბრძოლა ბერძნების მიერ ხელდასხმულ აზოსა და სელევკიდების მოკავშირე ფარნავაზს შორის, სწორედ ამ მეტოქეობის გამოძახილს უნდა წარმოადგენდეს.
ამ ბრძოლაში, როგორც ვიცით, ფარნავაზმა გაიმარჯვა და ლეონტი მროველის სიტყვებით: ,,მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა''.12 მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. ფარნავაზმა სახელმწიფოებრივი სტრუქტურების შექმნაც დაიწყო. ლეონტი ასე აღწერს ამ პროცესს: ფარნავაზმა ,,განამრავლა ყოველი მხედარნი ქართლოსიანნი'' ე. ი. შექმნა ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა, როგორიც არმიაა. შემდეგ მან: ,,განაწესნა ერისთავნი რვანი და სპასპეტი'' ე. ი. სახელმწიფო ადმინისტრაციულ ერთეულებად დაჰყო, მიუჩინა მათ ხელმძღვანელები. მეფის შემდეგ უმაღლეს ხელისუფლად დაწესდა სპასპეტი: ,,ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა და მთავრობით განაგებდა ყოველთა ერისთავთა ზედა''. ფარნავაზმა უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკური აპარატიც შექმნა: ,,ხოლო ამათ ერისთავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა განაჩინა სპასალარნი და ათასისთავნი''. ამ უკანასკნელებს, როგორც ჩანს, არა მხოლოდ სამხედრო ფუნქცია ევალებოდათ, არამედ ფინანსურ-ეკონომიკური, სახელდობრ გადასახადების აკრეფა: ,,და მათ (სპასპეტებისაგან და ათასისთავებისაგან კ. კ.) ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო'' (საყურადღებოა, რომ ხარკის სისტემა დიფერენცირებულია და ცენტრალური ხელისუფლების, ე. ი. სამეუფო ხარკი განსხვავდება ადგილობრვი ხელისუფლების ე. ი. საერისთაო ხარკისაგან. ასეთი საგადასახადო სისტემის დამკვიდრება საქართველოში დღეს ვერა და ვერ მოხერხდა). ამის შემდეგ ფარნავაზმა შექმნა არმაზის კერპი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიმბოლურ განსახიერებას წარმოადგენდა (გავიხსენოთ მარდუქის კერპის მნიშვნელობა ბაბილონში) მართალია, ეს ღონისძიებანი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე მიმდინარეობდა: ,,ვერღარა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა''.13
მაგრამ ცხადია, რომ მისი რეფორმების გარეშე ამ ვითარების გამოყენება შეუძლებელი გახდებოდა. ფარნავაზს რომ სახელმწიფო სტრუქტურებით არ მოეცვა საქართველოს ტერიტორია (ჯარით, ადმინისტრაციული დაყოფით, გადასახადების სისტემით, სახელმწიფო კერპით, რომელიც მოსახლეობის მენტალიტეტში ამ სახელმწიფოსადმი მიკუთვნებულობას აფიქსირებდა და ა. შ.) იგი ვერ მოახერხებდა ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის სათანადოდ გამოყენებას, ხოლო ეს მდებარეობა რომ კარგად იქნა გამოყენებული, ლეონტის შემდეგი სიტყვები ადასტურებენ: ,,ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა, და სამოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერ. და მსახურობდა იგი ანტიოქოსს (ჩვენი დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ფარნავაზმა ისეთი სტრატეგიული მოკავშირის მონახვაც შეძლო, რომელსაც ჩვენთვის პირი არ გაუტეხია - კ. კ.) მეფესა ასურასტანისასა. და ყოველნი დღენი მისნი, რაი დაჯდა, მშვიდობით დაყვნა, და აღაშენა და განავსო ქართლი''.14
სხვათა შორის, ლეონტისთან ისიც კი არის დაფიქსირებული, რომ პირველმა ქართულმა სახელმწიფომ თავისი სტრუქტურებით ვერ მოიცვა ქართველთა მთელი საცხოვრისი. იგი წერს: ,,ხოლო ეგრის წყლის ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკვიდრთა მის ადგილსათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა''.15 თუმცა ამგვარი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. საქართველომ ეფექტიანი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების არსებობის პირობებში სწრაფად მოახერხა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.
გასაკვირი არაა, რომ ყოველივე ამის შემდეგ ,,... ყოველსა ქართლსა ზედა... იტყოდეს ამას ყოველნი: ,,ვჰმადლობდეთ სუესა ჩვენსა, რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგვიხადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან''.
თუ ფარნავაზისდროინდელი საქართველოს და ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას შევადარებთ, შედარება 20-ე საუკუნის ქართველ პოლიტიკოსთა სასარგებლოდ არ მეტყველებს. ფარნავაზის დროს ქვეყანას ყავდა ჯარი, რომელიც ახერხებდა მის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტას, დღევანდელ საქართველოს - არა. ფარნავაზის დროს ქვეყანას გააჩნდა ადექვატური ადმინისტრაციული დაყოფა, დღევანდელს - არა. ფარნავაზის დროს ხერხდებოდა გადასახადების აკრეფა (თუგინდ ნატურით), დღეს - არა. ფარნავაზის დროს სახელმწიფოებრივ სიმბოლოს რეალური ქმედითობა ჰქონდა, დღევანდელ სიმბოლიკას - არა. ფარნავაზმა ეფექტურად გამოიყენა წინააღმდეგობა მეზობელ სახელმწიფოებს შორის, ჩვენ - ვერა. მის დროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კონიუნქტურული კი არა, თანამიმდევრული იყო და არ გადაუხვევია სელევკიდებთან სტრატეგიული კავშირიდან (თანამედროვე ტერმინოლოგიით), ჩვენ - ყოველ წუთას ვიცვლით სტრატეგიულ მოკავშირეებს. ფარნავაზმა ეროვნული კულტურის ხსნის ყოველგვარი კომიტეტების გარეშე მოახერხა ქართული მწიგნობრობის შექმნა (რაც არ უნდა იგულისხმებოდეს ამ ტერმინში) და მიაღწია იმას, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთი ენა იზრახებოდა (მანამდელი შვიდის ნაცვლად).
ეს ვითარება დღევანდელ ქართველთათვის ერთდროულად კურიოზულიცაა, რამდენადმე კომიკურიც და ტრაგიზმით აღსავსეც. თუმცა დღევანდელ დღეთა დამცველნი (ასეთებს კი ყოველთვის ,,მედროვენი'' ეწოდებოდათ ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) იმას იტყვიან, რომ ფარნავაზის შესახებ მოთხრობა მითია, ლეონტი მროველის მიერ X თუ XI საუკუნეში შეთხზული. მაგრამ ასეც რომ იყოს, არაფერი იცვლება. ლეონტი იმ ხანაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, როდესაც მეორე ქართული სახელმწიფო იქმნებოდა. ფარნავაზზე მოთხრობა რომც შეეთხზა, ერთი რამ მაინც უეჭველი რჩება: ლეონტის ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს და რა სახის სტრუქტურებს უნდა ემყარებოდეს ეფექტურად მოქმედი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისტემა. მან უწყოდა, რომ ამგვარ სისტემას მოეთხოვება არმია და ადმინისტრაცია, გადასახადების აკრეფა და ეროვნული სიმბოლიკა, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა და ერთგული მოკავშირეები. XX საუკუნის მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქართველთათვის ვერაფერი დამამშვიდებელი ფაქტია, რომ ის, თუ როგორ მოეწყოს და იმართოს საქართველო, ჩვენმა წინაპრებმა ჩვენს ერამდე III საუკუნეში კი არა (ანუ ფარნავაზის ხანაში კი არა) არამედ მხოლოდ X-XI საუკუნეებში ისწავლეს!
ჩვენ და დასავლეთი ანუ ,,ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი ...''
თუმცა ჩვენი გეოპოლიტიკური ფეტიშიზმის დამცველნი უკანასკნელ არგუმენტს წამოაყანებენ და იტყვიან, რომ შეუძლებელია დღევ დასავლეთსა და სელევკიდების სახელმწიფოს ეთრიდაიმავე საზომით მივუდგეთ. რომ ,,გოიმ'' სელევკიდებს (რომლებმაც მართალია უწყოდნენ ჩვენი მდებარეობის ფასი), თავში აზრად არ მოსვლიათ ჩვენს მაგივრად აეშენებინათ ჩვენთვისვე აუცილებელი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, მაგრამ დღევანდელი დასავლეთი ხომ ასე არ მოიქცევაო! ჩვენ ხომ იმისთანა მნიშვნელობა გვაქვს, დასავლეთი პირდაპირ ჩაგვიხუტებს გულში და ჩვენს მაგივრად გააკეთებს იმას, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინაო. ისღა იყო დარჩენილი, ისეთი პირი გამოგვენახა, ვინც საქმეს გააწყობ-გააჩალიჩებდა და დასავლეთს აღიარებინებდა - საქართველო ჩვენი ორგანული ნაწილიაო. ამის შემდეგ ხომ ინვესტიცია და ფოჩიანი კამფეტები არ მოგვაკლდებოდა!
ჯერ იყო და გამსახურდიას მოდგნენ, რატომ ვერ ახერხებ ამასო. ახლაა და მის ანტაგონისტ შევარდნაძესაც იგივე ეუბნებიან, რატომ ვერ დაარწმუნე დასავლეთი, ჩვენთვის ეპატრონაო. თუმცა ამ დროს თავში არავის მოსდის კითხვა - კი მაგრამ, რა გაგვაჩნია ან რას ვიქმთ ისეთს, რის გამოც დასავლეთმა უნდა თავის ნაწილად გვცნოს და გვიპატრონოს? უფრო ზუსტად, კითხვა კი მოსდით, მაგრამ მათზე იმგვარი მზა და ტრაფარეტული პასუხები მოეპოვებათ, რომ საკითხის უფრო გაღრმავება მკრეხელობადაც კი მიაჩნიათ. თუ განვეყენებით ამ კითხვაზე პასუხის ოდიოზურ დაკავშირებას ჩვენს მდებარეობასთან, ეს პასუხია: საქართველოს დასავლეთმა უნდა უპატრონოს იმიტომ, რომ ჩვენც თავად დასავლეთის ნაწილი ვართ (ძველი ცნობილი ,,რაც კარგები ვართ...''-ის გეოპოლიტიკური ინტერპრეტაცია), იმიტომ რომ დასავლური ორიენტაციის ხალხი ვართ, სხვანაირად ვეფხისტყაოსანს როგორ დავწერდითო და ა. შ. და ა. შ. ამას ისეთი დაჯერებულობით ამბობენ, თითქოს ბავშვობიდან სულ ის ეკვლიოთ, რა არის დასავლეთი.
სიტყვა ,,დასავლეთი'' არ გულისხმობს ოდენ გეოგრაფიულ რეგიონს. ავსტრალია, ახალი ზელანდია და იაპონია ისეთივე ,,დასავლეთია'', როგორც იტალია ან კანადა. ,,დასავლეთი'' არც ,,ფირმა'' მანქანების, ვიდეობარების და ა.შ. ტრფობას ნიშნავს. ასე რომ იყოს, ქართველები ამერიკა-გერმანელებზე მეტი ,,დასავლეთი'' ვიქნებოდით. დასავლეთი არც რაღაც უწყვეტ კულტურულ მთლიანაობასაც არ გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხერხდებოდა თანამედროვე ვიდეოკლიპები ბახის, ვაგნერის ან ბეთჰოვენის შემოქმედებიდან ამოზრდილად წარმოგვედგინა. ,,დასავლეთი'' არც მხოლოდ მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებია, ვინაიდან საკითხი, თუ რატომ გახდა დასავლეთი ტექნოლოგიურად მოწინავე, თავად საჭიროებს ახსნას.
მაშ რა არის დასავლეთი? იქნებ ამ კითხვაზე პასუხი დაგვეხმაროს ჩვენს უბედურებათა სათავის გარკვევაში?
დასავლეთი უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოებრივი, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული სტრუქტურებისა და მენტალიტეტის მეტად სპეციფიკური ერთიანობაა. პოლიტიკურ სფეროში იყო დასავლეთი ნიშნავს: ქვეყანა იმართებოდეს კანონების და არა ცალკეული პირების ხუშტურით. ამის განხორციელებისათვის დასავლეთში ერთმანეთისაგან გამიჯნულია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. საკანაონმდებლო ხელისუფლებას შეადგენენ მოსახლეობის მიერ საყოველთაო და სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეული წარმომადგენლები, რომლებიც იღებენ კანონებს, რომელთა თანახმადაც იმართება ქვეყანა. ამ კანონების ცხოვრებაში გატარებას აღმასრულებელი ხელისუფლება უწევს, ხოლო სასამართლო ხელისუფლება თვალყურს ადევნებს კანონების ცხოვრებაში გატარების სიზუსტეს. პოლიტიკურ სფეროში იყო დასავლეთი ნიშნავს: საჯაროდ განიხილებოდეს ყველა ის საკითხი, რომელიც მოსახლეობას აღელვებს, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვალდებულნი არიან საჯაროდ იმსჯელონ იმაზე, რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება ან საერთოდ დაანებონ თავი პოლიტიკას. იყო დასავლეთი პოლიტიკურ სფეროში ნიშნავს სამოქალაქო ხელისუფლების სრულ კონტროლს შეიარაღებულ ძალებზე, უშიშროების და წესრიგის დაცვის ორგანოებზე. ამ ორგანოთა ხელმძღვანელები, როგოც წესი, სამოქალაქო პირები არიან. ამასთან შეიარაღებული ძალები თავისი უშუალო ფუნქციებით ისაზღვრებიან და არაფერი აქვთ საერთო ჩარჩობასთან, ბენზინით ვაჭრობასა და მით უფრო რეკეტთან. იყო დასავლეთი პოლიტიკურ თვალსაზრისით, ნიშნავს, რომ პოლიტიკოსისთვის მთავარია არა რაიმე თანამდებობის მიღწევა და ნებისმიერი საშუალებებით მისი სიკვდილამდე შენარჩუნება, არმედ გარკვეული პროგრამის წარდგენით ამომრჩეველთაგან სათანადო მანდატის მიღება და ამ პროგრამის ცხოვრებაში გატარება, ხოლო წარუმატებლობის შემხთხვევაში - ყოველგვარი ისტერიკის გარეშე გადადგომა.
იყო დასავლეთი სოციალური თვალსაზრისით ნიშნავს გქონდეს სამოქალაქო საზოგადოება. ეს გულისხმობს ყველა მოქალაქის თანასწორობას კანონის წინაშე, როდესაც გამორიცხულია, რომ ნემსის ქურდი სასტიკად ისჯებოდეს, ხოლო აქლემის ქურდი ეროვნულ გმირად ცხადდებოდეს. სამოქალაქო საზოგადოება ნიშნავს იმას, რომ კანონის ფარგლებში ინდივიდს არ უშლიან ხელს აკეთოს ის, რაც სურს. სამოქალაქო საზოგადოების როგორც სოციალური სტრუქტურის უმთავრესი ნიშანია ის, რომ მასში დიდად სჭარბობს ე.წ. საშუალო კლასი, ანუ შეძლებულ (თუგინდ არამილიონერ) პირთა ფენა, რომელიც დაინტერესებულია სახელმწიფოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებით.
იყო დასავლეთი ეკონომიკური თვალსაზრისით ნიშნავს გაგაჩნდეს საბაზრო ეკონომიკა. ეს უკანასკნელი გულისხმობს მეურნეობრიობის ისეთ ტიპს, რომლის დროსაც სახელმწიფო მხოლოდ აუცილებელი ნიმუშის ჩარჩოებში ერთვება ეკონომიკის მართვაში. ეს გამორიცხავს სახელმწიფოს კონტროლს ეკონომიკის მართვის სფეროში დაკავებულ პირთა დანიშვნა-არდანიშვნაზე (შესაბამისად, სახელმწიფო ჩინოვნიკები ვეღარ ახერხებენ ქრთამის აღებას სამეურნეო თანამდებობის მაძიებელთაგან) ამგვარ ეკონომიკაში სახელმწიფო ცხოვრობს იმ შესაძლებლობების და თანხების ჩარჩოებში, რაც მას გააჩნია. ასეთი ეკონომიკა სოციალური დაცვის სათანადო მექანიზმებით ეხმარება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მაგრამ არამც და არამც არავის აძლევს სახელმწიფო ხაზინის გაძარცვის საშუალებას.
იყო დასავლეთი კულტურული თვალსაზრისით ნიშნავს მასობრივი ინფორმაციის თავისუფალი საშუალებების სისტემას, როდესაც ჟურნალისტისთვის მთავარია მკითხველამდე ან მსმენელამდე მიიტანოს ინფორმაცია ამა თუ იმ მოვლენის, ან ვინმეს პიროვნული განწყობის შესახებ და მინიმალურად გამოხატოს თავისი პოზიცია. ეს გასაგებიცაა. დასავლელი ადამიანი შეურაცხყოფილადაც კი იგრძნობს თავს, თუ ვინმე (პირველ რიგში კი მთავრობა) შეეცდება მოვლენების საკუთარი ხედვა მოახვიოს თავს. იყო დასავლეთი კულტურული გაგებით ნიშნავს კულტურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და არა მის მიბმას სახელმწიფო მანქანასთან პირადი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით.
არის საქართველო ,,დასავლეთი'' ყველა ზემოჩამოთვლილი პარამეტრების თვალთახედვით? რასაკვირველია არა! ეს ქვემომოტანილი ტაბულადანაც ნათლად ჩანს, ამიტომ სანამ ჩვენი სტრუქტურები და შესაბამისად, აზროვნება (ან, თუნდაც პირიქით) მეტ-ნაკლებად არ მიუახლოვდება დასავლურს, მანამდე ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვერ გავხდებით, ვერც გეო და ვერც პოლიტიკური გაგებით და საქართველოს ვერავითარი პატრონი თუ მეგობარი ვერ მოახერხებს იმის ჩაწყობას, რომ დასავლეთმა საქართველო თავის ნაწილად აღიაროს.
ჩვენ
1. ხელისუფლება აღრეულია. როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება ერთ ხელშია თავმოყრილი. არ არსებობს ხელისუფლების სხვა შტოთაგან დამოუკიდებელი ხელისუფლება.
2. ქვეყანა იმართება ცალკეული პირების სურვილისამებრ.
3. ქვეყნის ყველა შეიარაღებული ძალა იმყოფება სამოქალაქო ხელისუფლების კონტროლს გარეთ, დაუსჯელად თარეშობენ სხვადასხვა ,,თოფოსნები''.
4. პოლიტიკური ხელისუფლება თვითმიზნურ ხასიათს ატარებს და ემსახურება ნებისმიერი საშუალებებით ხელისუფლების შენარჩუნებას.
5. საზოგადოება არასამოქალაქოა. კანონები ისეთი ხასიათისაა, რომ მათი დაცვა არ შედის საზოგადოების ინტერესებში.
6. სოციალური უთანასქორობა უკიდურეს ზღვარზეა. უმცირესობის გამდიდრება (ძირითადად ყაჩაღობით ან სხვადასხვა კანონთა დარღვევით) ხდება აბსოლუტური უმრავლესობის გაღატაკების პირობებში. საშუალო ფენა კატასტროფული სისწრაფით განიცდის ლუმპენიზაციას ანუ გამათხოვრებას.
7. სახელმწიფო ცდილობს მთლიანად თავის კონტროლს დაუმორჩილოს ეკონომიკა. ამგვარი კონტროლი გამოიხატება როგორც ეკონომიკურ თანამდებობებზე ადმინისტრაციული წესით დანიშვნაში (რაც სახელმწიფო ჩინოვნიკების გამდიდრების წყაროა), ისე იმაში, რომ საქართველოს არ გააჩნია არავითარი საბიუჯეტო, საგადასახადო თუ საკრედიტო პოლიტიკა.
8. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა უმრავლესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათი ამოცანაა არა ინფორმაციის მიწოდება, არამედ მოსახლეობის დარწმუნება მთავრობის კურსის სისწორეში.
დასავლეთი
1. ხელისუფლება დანაწევრებულია საკანონმდებლოდ, აღმასრულებლად და სასამართლოდ. არც ერთ შტოს არა აქვს უპირატესობა მეორის წინაშე.
2. ქვეყანა იმართება კანონების შესაბამისად.
3. ყველა შეიარაღებული ძალა სამოქალაქო ხელისუფლების კონტროლქვეშ იმყოფება.
4. პოლიტიკურ ხელისუფლებაში მოსვლა არის გარკვეული პოლიტიკური კურსის გატარების საშუალება.
5. საზოგადოება სამოქალაქოა და სოციალურად ფენებად დაყოფილი. ადამიანები იმიტომ ემორჩილებიან კანონებს, რომ ეს უკანასკნელნი მათ ინტერესებს გამოხატავს.
6. სოციალური უთანასწორობა მინიმუმამდეა დაყვანილი. საზოგადოების უდიდეს ნაწილს შეადგენს საშუალო ფენა, რომელიც ყოველმხრივ არის დაინტრესებული სტაბილურობით.
7. ეკონომიკა მთლიანად დეცენტრალიზებულია. სახელმწიფო ეკონომიკის მართვას ანხორციელებს არაპირდაპირი ზემოქმედებით (ბიუჯეტი, საგადასახადო პოლიტიკა, სახელმწიფო კრედიტი).
8. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ამოცანაა მოპოვებული ინფორმაციის მიტანა ფართო საზოგადოებამდე.
______________________
1. წარმოდგენილ სტატიაში ეროვნული ყოფიერების აღწერისათვის ჩვენ ძირითადად ტრადიციულ ფილოსოფიაში დამკვიდრებულ სუბიექტურ - ობიექტურ მიმართებებს ვიყენებთ. ეს რასაკვირველია არ გამორიცხავს იმას, რომ ეროვნული ყოფიერების აღწერისათვის არაპროდუქტიული იქნება ის მიდგომა, რომელიც არატრადიციულმა ფილოსოსოფიურმა მიდგომამ (მაგალითად ჰაიდეგერმა) გამოიმუშავა.
2. ეს ვითარება გეოპოლიტიკურ რეალიათაგან ისტორიულად გაწვალებულმა ფინელებმა გამოხატეს მახვილგონივრული ანდაზით: ,,ირჩევენ მეგობრებს, და არა მეზობლებს“.
1. სივრცის ზოგიერთი მონაკვეთის სხვაზე აღმატებულობის იდეა ფილოსოფიურადაა დაფუძნებული არისტოტელეს მიერ, ოღონდ ძველაღმოსავლურიდან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში. სწორედ არისტოტელეს თვალსაზრისი, ქრისტიანული ინტერპრეტაციით, საფუძვლად დაედო სივრცის შუასაუკუნეობრივ გაგებას.
3 სივრცის ზოგიერთი მონაკვეთის სხვაზე აღმატებულობის იდეა ფიოსოფიურადაა დაფუძნებული არისტოტელეს მიერ, ოღონდ ძველაღმოსავლურიდან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში. სწორედ არისტოტელეს თვალსაზრისი, ქრისტიანული ინტერპრეტაციით, საფუძვლად დაედო სივრცის შუასაუკუნებრივ გაგებას.
4. იხ. ,,ხამურაბის კანონები“, თბილისი, ,,მეცნიერება“, 1988
5 თანამედროვე პოლიტიკოსები გაცილებით უფრო მარტივად უდგებიან ასეთ პრობლემებს. როცა დაპყრობილი ქვეყნის ანექსირება სურთ, ისინი ამ ტერიტორიაზე აჩერებენ ადგილობრივი კონსტიტუციის მოქმედებას და მოსახლეობას საკუთარ კანონებს ახვევენ თავს.
6. იხ რუსეთის იმპერატორისადმი მიძღვნილი სტრიქონები ,,სადღეგრძელოდან“: ,,ხელმწიფევ ჩვენო, ძლიერო ბრძენო, ნიკოლოზ დიდო სულგრძელობითა! მხედარნი შენნი, ერთგულნი, მხნენი, ვჰსვამთ შენს სადღეგრძელოს მოწიწებითა“. საინტერესოა, რომ ეს სტროფი შეტანილი არ არის ,,სადღეგრძელოს“ სასკოლო გამოცემებში.
7. იხ. მ. კაპიცა, ნ. მალეტინი. ,,სუკარნო“. მოსკოვი, 1980 გვ. 25.
8. საქართველოს ისტორიის საკითხები, მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისათვის, თბილისი, მეცნიერება, 1990, გვ.II
9 იქვე, გვ. 20 - 21
10. მაგალითისათვის: გეოპოლიტიკური ვითარების საქართველოსთვის ხელსაყრელად შეცვლამ, რაც გამოიხატა ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებით, დიახაც შეუწყო ხელი დავით აღმაშენებლის საქმიანობას, მიმართულს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისაკენ, მაგრამ თავისთავად ეს ცვლილება ალბათ ვერავითარ მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა, დავით აღმაშენებელს რომ მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა, დავით აღმაშენებელს რომ მნიშვნელოვანი შიდასახელმწიფოებრივი რეფორმები არ გაეტარებინა.
11. ისტორია დრევნეგო მირა, ტ. II, ს. 300, მოსკვა, 1989
12. ,,ქართლის ცხოვრება'' ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. I, გვ. 24
13. იქვე, გვ. 25
14. იქვე, გვ. 25
15. იქვე, გვ. 24
![]() |
4 გეოპოლიტიკური პარალელი |
▲ზევით დაბრუნება |
ავთო ჯოხაძე
(წერილი I)
აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეტოქეობა უწყვეტ ხასიათს ატარებს და წითელ ზოლად გასდევს ისტორიას. მაგნიტის დადებითი და უარყოფითი პოლუსების მსგავსად, რომლებიც უერთმანეთოთ არ არიან, არც დასავლეთი არსებობს აღმოსავლეთთან საერთო ველის გარეშე და არც აღმოსავლეთი - უდასავლეთოდ. ორივე მხარე განწირულია ერთმანეთთან ბრძოლისა და ერთმანეთით თვითდადგენისათვის: და როგორც მაგნიტის შუა წელზე გადის პოლუსებს შორის კულმინაციური დაძაბულობის და წონასწორობის ზოლი, ისე დედამიწის პოლიტიკურ რუკასაც ყოველთვის აჩნია ერთგვარი გამყოფი ღერძი, სადაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხლა ხდება. მართალია, ეს ღერძი მაგნიტის ზოლისაგან განსხვავებით უძრავი არ არის, მაგრამ ძირითადად მაინც ერთი და იგივე დიაპაზონის ფარგლებში გადაადგილდება. იგი მერიდიანულია (შვეულია) და განედური (თარაზული) მიმართულებით მოძრაობს: ბოსფორ-დარდანელის სრუტეებიდან ხან ბალკანეთისაკენ გადავა, ხანაც საპირისპირო მიმართულებით, ამიერკავკასია-პალესტინის ზოლამდე გადმოიწევს ხოლმე. აღსანიშნავია, რომ ამ ღერძის მოძრაობის მიმართულება თანმიმდევრულად იცვლება და მისი ეს მოწესრიგებული, მუდმივად განმეორებადი მიმოქცევა დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის უნივერსალური, ჯერ კიდევ ჰერაკლიტეს დროიდან ცნობილი კანონზომიერების ისტორიის სფეროში გამოვლენის ფაქტად მიგვაჩნია. და თუ რომელიმე ძალა ამ ,,მერიდიანული ქერძის'' ზემოთ მითითებული დიაპაზონის ფარგლებს გარეთ გადაწევას შეეცდება, რაც ისტორიული კანონზომიერების წინააღმდეგ ,,აჯანყებას'' და ,,საბედისწერო სამანის'' გადალახვას ნიშნავს - ის აუცილებლად შეიმუსრება. ეს ფაქტი, რომლის ილუსტრაციასაც ქვემოთ გთავაზობთ, გვიბიძგებს მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ აზრს ისტორიაში ,,პროვიდენციის'' არსებობის შესახებ.
მოკლედ მიმოვიხილოთ ევრაზიული ურთიეთობის ძირითადი ისტორიული პერიპეტიები: თუ თავს გავანებებთ ისტორიული მეცნიერებისათვის ბურუსით მოცულ პერიოდს და ათვლას სარბიელზე ბერძნების გამოჩენიდან დავიწყებთ, მაშინ დავინახავთ, რომ ჯერ ბერძნებმა დაიპყრეს ტროა და მოახდინეს აღმოსავლეთის კოლონიზაცია1, ხოლო ამის პასუხად აღმოსავლეთმა პართიის მეშვეობით წამოიწყო შეტევა დასავლეთზე.2 ,,მერიდიანულმა ღერძმა'' დასავლეთით, ბოსფორ-დარდანელის სრუტეების მიდამოებში გადაიწია. დასავლეთმა გაუძლო ამ შემოტევას, ხოლო შემდეგ მიმოქცევის პრინციპის თანახმად ,,მერიდიანული ღერძის'' მოძრაობის მიმართულებას ალექსანდრე მაკედონელმა გეზი აღმოსავლეთისკენ შეუბრუნა. ,,მერიდიანული ღერძი'' გასცდა ჩვენს მიერ აღნიშნული დიაპაზონის ფარგლებს და ინდოეთამდეც კი ჩააღწია. ეს სწორედ ზემოთხსენებული ,,საბედისწერო სამანის'' გადალახვის ის ფაქტია, რომელიც სასწრაფოდ კორექტირდება ისტორიის უჩინარი მეხრის მიერ: ალექსანდრეს იმპერია შექმნისთანავე დაიშალა: მის ნანგრევებზე აღმოცენებულ იმ ელინისტურ სახელმწიფოებში, რომლებიც ,,საბედისწერო სამანს'' გარეთ, აღმოსავლეთით დარჩა, დასავლური ელემენტი სუსტად იყო წარმოდგენილი, ხოლო ე. წ. ელინისტური სამყაროს საერთო სივრცის შექმნა აღმოსავლურ ელემენტს, რომელიც სხვადასხვა ხალხთა იდეურ-პოლიტიკური ტრადიციების უზარმაზარი სტიქიის სახით არსებობდა, გზას უხსნიდა დასავლეთისაკენ. აღმოსავლეთის ეს კონტრშეტევა - არა იმდენად სამხედრო-საომარი, არამედ უფრო კულტურულ-იდეური - ასე ვთქვათ, წყალქვეშა დინების სახით, ვფიქრობთ, საკუთრივ დასავლეთში შეღწევის და გაბატონების შესაძლებლობასაც გულისხმობდა.3 ასე რომ, ალექსანდრეს ლაშქრობებით დასავლეთმა არამცთუ ,,საბედისწერო სამანს'' გარეთ ვერ უზრუნველჰყო თავისი ჰეგემონობა, არამედ ბიძგი მისცა დიალექტიკურად საპირისპირო პროცესს და აღმოსავლურმა სინდრომმა გზა დასავლეთისაკენ გაიკაფა. წყალქვეშა დინებას, რასაკვირველია, სამხედრო-საომარი შეტევებიც მოჰყვა. მითრიდატე პონტოელი აზიიდან უტევდა დასავლეთს, რომლის ცენტრმაც საბერძნეთიდან უკვე რომში გადაინაცვლა. ,,მერიდიანულმა ღერძმა'' კი კვლავ ეგეოსის არქიპელაგამდე გადმოიწია. მიმოქცევის პრინციპის თანახმად ახლა დასავლეთის ჯერი იდგა. რომაელთა დაპყრობებმა ,,მერედიანული ღერძი'' ისევ აღმოსავლეთით, კავკასია-პალესტინის ზოლამდე გადმოსწია. ცხადია, ეს უზარმაზარი იმპერიის შექმნას გულისხმობდა და ამ იმპერიის საზღვრებით მონიშნული სივრცის შიგნით აღმოსავლური რევანშის აუცილებლობაც ბუდობდა, რადგან იმპერია გამორიცხავს მასების თავისუფალ მონაწილეობას პოლიტიკურ მმართველობაში. რომის იმპერიის დასავლურობას რომაელი მოქალაქის (ე. ი. თავისუფალი მოქალაქის) სტატუსის მატარებელი ფენის არსებობა განაპირობებდა. რომმა შექმნა სამართალი და ამდენად იქ ადამიანის უფლებათა გარანტიის რაღაც მინიმუმი მაინც არსებობდა.
რასაკვირველია, რომი არ იყო წმინდაწყლის დასავლეთი (პოლიტიკური თავისუფლების საყოველთაობა მხოლოდ უახლოეს ისტორიაში იქნა რეალიზებული) და აღმოსავლურ ელემენტს, როგორც აღვნიშნეთ, იმპერია იმანენტურად შეიცავდა. ბოლოს და ბოლოს რომი მონათმფლობელური სოციალური წყობის სახელმწიფო იყო. რომაული სახელმწიფოებრიობის შემუსვრას იმპერიის დასავლეთ ნაწილში ფეოდალური წყობილების დამყარება და ისევ პოლიტიკური თავისუფლების რეანიმაცია მოჰყვა, ჯერ პატრონყმობისდროინდელი იერარქიული უფლებამოსილების ინსტიტუტების შექმნით, ხოლო შემდეგ ქალაქებში თავისუფალ მეწარმეთა და მოქალაქეთა ფენის ჩამოყალიბებით.
თუმცა იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი რთულ შინაგან მეტამორფოზას განიცდიდა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის გამყოფი ,,მერიდიანული ღერძი'' მაინც თვალსაჩინოდ იკვეთებოდა. ახლა აღმოსავლეთის ჯერი იდგა და არაბთა ხალიფატიც დიდი წარმატებით ავიწროვებდა რომს.4 ამ წინააღმდეგობის ,,მერიდიანული ღერძი'' ერთი პირობა სადღაც წინა აზიაში გადიოდა, ხოლო მეორეს მხრივ ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროდან შემოვლის გზით არაბები გასცდნენ ,,საბედისწერო სამანს'', რასაც, როგორც უკვე ვიცით, უსათუოდ უნდა მოჰყოლოდა მათი მისიის საპირისპირო შედეგები. მართლაც, როდესაც ხალიფატმა თავისი პოლიტიკური ძლიერების და კულტურული აყვავების ზენიტს მიაღწია, აღმოჩნდა, რომ მისი შინაგანი მასაზრდოვებელი ერთი მძლავრი იდეური ნაკადი ელინისტური კულტურა ყოფილა (არისტოტელეს ფილოსოფია ევროპელებმა შემდგომში არაბების მეშვეობით ,,აღმოაჩინეს''). ძნელია გადაჭარბებით შეაფასო ხალიფატისადმი დასავლური სინდრომის შეყრის საქმეში ევროპის დაპყრობილი ნაწილის (კორდოვა, გრანადა, ვალენსია...) როლი. ხალიფატის ასეთი გადასავლეთება შინაგან წინააღმდეგობას აძლიერებდა და მის პოლიტიკურ ძლიერებას ასუსტებდა. ამ ფარული დასავლური ექსპანსიის ფონზე ბიზანტიის სამხედრო წარმატებაც სულ უფრო თვალშისაცემი ხდებოდა.5 მერიდიანულმა ღერძმა სადღაც ამიერკავკასიის ფარგლებამდე გადმოიწია. არაბები სულ უფრო თმობდნენ პოზიციებს.
შემდეგ ისევ აღმოსავლეთის ჯერი დადგა. ცენტრალური აზიიდან თურქ -სელჯუკები შემოიჭრნენ. სელჯუკების შემოტევას დასავლეთმა ჯვაროსნლი ლაშქრობებით უპასუხა. ერთხანს თითქოს სტაბილური წონასწორობის პერიოდი იდგა. მომთაბარე თურქები თანდათან ,,მორჯულდნენ'' - ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ. მაგრამ ისლამური დესპოტია და იმპერიალიზმი საერთო ჯამში სელჯუკებს პოლიტიკური თავისუფლების დაუძინებელ მტრად აქცევდა. ოტომანთა იმპერიის დაწოლის შემდეგ მერიდიანული ღერძი ბოსფორ-დარდანელიდან დასავლეთით წაცოცდა და ლამის ,,საბედისწერო სამანსაც'' კი გასცდა, როცა თურქებმა შუაგულ ევროპაში ვენა მოაქციეს ალყაში.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს მონღოლთა შემოსევების შესახებაც. მიუხედავად დიდი დამანგრეველი ძალისა, ეს აღმოსავლური ტალღა დასავლეთს მთლიანობაში არც კი შეხებია. არსებითად ის მხოლოდ ევროპის ფორპოსტებს - საქართველოს და რუსეთს დაატყდა. რა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, მონღოლების სახით აღმოსავლეთი კი არ უტევდა დასავლეთს, არამედ თავს იცავდა უტეხი და ფარული დასავლური გავლენისაგან, ხელახლა აფუძნებდა და აღზევებდა ტირანიას. პროვიდენციალური თვალსაზრისით მონღოლთა შემოსევები აღმოსავლეთის გაევროპულების საფრთხისაგან გადარჩენის მისიას ემსახურებოდა. მონღოლები ახალ აღმოსავლეთს ახლო აღმოსავლეთში ჭედდნენ და დასავლეთის სიღრმეში არ შედიოდნენ. თუ რამდენად რეალური იყო აღმოსავლეთის გაევროპულება, ამას თურქეთის ისტორიულ მეტამორფოზაზე დაკვირვებაც გვითვალსაჩინოებს. მომთაბარე სელჯუკები უკვე ბინადარი ხალხი გამხდარიყო, მონღოლთა შემოსევების პერიოდისათვის აყვავდნენ და სწრაფად ვითარდებოდნენ ქალაქები, საძირკველი ეყრებოდა ცივილიზაციას: შარიათის პრინციპები და დებულებები ასეთ დროს სამართლის ყოვლისმომცველი კოდექსის როლს ვეღარ ასრულებს და ზოგადმეთოდოლოგიური დოგმების ხასიათსღა თუ ინარჩუნებს. ერთი სიტყვით, რელიგიური აღმსარებლობა ვეღარ არის ქვეყნის ,,აღმოსავლეთად'' და ,,დასავლეთად'' კვალიფიკაციის ძირითადი საფუძველი. დღევანდელი თურქეთის მაგალითზეც ეს თვალსაჩინოდ ჩანს: ისლამის მიუხედავად ის დასავლური ტიპის სახელმწიფოა. აქ უკვე დასავლეთმა ,,დაიპყრო'' აღმოსავლეთში დიდი ტერიტორია ანატოლიის ნახევარკუნძულის სახით. მონღოლებმა კი თავიანთ პოლიტიკურ ორბიტაში მოქცეული ქვეყნები ახალ აღმოსავლეთად შეადუღაბეს და დიდი სამომავლო მისიისათვის მოამზადეს: რუსეთი და მასზე მოგვიანებით მიტმასნილი საქართველო აღმოსავლეთის ფორპოსტებად ჩამოყალიბდნენ. მონღოლური მემკვიდრეობის მოცილება ორივე ქვეყნისათვის უაღრესად მტკივნეულ პროცესადაა ქცეული, მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.
თურქთა ევროპის შუაგულში შეჭრას კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ისტორიის უჩინარი მეხრის მიერ საქმის კორექტირება მოჰყვა. აღმოსავლეთის ძალებში მოხდა განხეთქილება და ოსმალეთის ზურგში ახლადწარმოქმნილმა თურქულ-ყიზილბაშურმა სახელმწიფომ (და ევროპული სახელმწიფოების შეთანხმებულმა მოქმედებამ) აიძულა ოსმალეთი ევროპა დაეთმო და ისტორიული კანონზომიერების წინასწარ განჩინებულ ფარგლებში ჩატეულიყო. ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ მონღოლების და თურქების სახით აღმოსავლეთმა ისეთი გადაულახავი ჯებირი აღმართა წინა აზიაში, რომ იქ დასავლეთის შეღწევა შეუძლებელი გახდა და ევროპამაც გრძელი, შემოვლითი გზით მიაღწია ,,ინდოეთამდე''. ოსმალეთისაგან შევიწროვებული და მიჩიხული დასავლეთი ამერიკის კონტინენტზე გაფართოვდა და რაკი დედამიწა მრგვალია, ახლა უკვე აღმოსავლეთის მხრიდან მოადგა თავის მოწინააღდმეგეს. დაპირისპირებასა და შეხვედრას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ამიერიდან არა მარტო ახლო, არამედ შორეულ აღმოსავლეთშიც აქვს ადგილი. მართალია ამ რეგიონში დაპირისპირებულ მხარეთა დიდი ოკეანით გამიჯვნის მიზეზით გამორიცხულია მოძრავი მერიდიანული ღერძის არსებობა, მაგრამ თანამედროვე სანავიგაციო ტექნიკის პირობებში ოკეანე არა მარტო აშორიშორებს, არამედ აკავშირებს კიდეც კონტინენტებს და ქვეყნებს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ პერიოდში აღმოსავლეთმა თითქოს ფარხმალი დაყარა დასავლეთის წინაშე და დაძაბულობაც, ,,მერიდიანული ღერძის'' მიმოქცევის ტრადიციული სექტორიდან (ახლო აღმოსავლეთიდან) შორეულ აღმოსავლურ სეგმენტზე ერთგვარი გადანაწილების გამო, განელდა. მაგრამ მაშრიყ-მაშრიბის ბრძოლის ისტორია ჯერ არ დამთავრებულა და რაიმე კაპიტულაციაზე ლაპარაკი ნაადრევია. უბრალოდ, რუსეთის ახალი ფაქტორის წარმოქმნამ ,,მერიდიანული ღერძი'' ტრადიციულ ზონაში ზემოთ, ჩრდილოეთისაკენ ააგრძელა და ძირითადი დაძაბულობაც დროებით ღერძის ამ ახალ მონაკვეთზე, საკუთრივ ევროპის ტერიტორიაზე და შიგ რუსეთში აღინიშნა. ევროგაერთიანების ჩამოყალიბებით და საბჭოთა რუსეთში რეფორმების დაწყებით დაპირისპირების გეომეტრიული ნახაზიც გართულდა და დაძაბულობაც ,,მერიდიანული ღერძის'' ტრადიციულ სეგმენტში (ბალკანეთი-ამიერკავკასია) სულ უფრო მზარდი ხდება, ოღონდ ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ, თანამედროვე ვითარების გარშემო მსჯელობისას ვისაუბრებთ.
* * *
მსოფლიო ისტორიის ამ სქემატური მიმოხილვის ფონზე უპრიანია დავსვათ კითხვა - რას უქადის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძალთა ასეთი გამუდმებული მი-მო-ქცევა იმ ქვეყნებს და ხალხებს (მათ შორის საქართველოს), რომლებიც ,,მერიდიანული ღერძის'' გადაადგილების ზონაში ან ზედ ,,მერიდიანულ ღერძზე'' მდებარეობენ?
ამ ქვეყნების ბედს სახარბიელოს ნამდვილად ვერ უწოდებ კაცი. ორივე მხრიდან უზარმაზარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კონტინენტალური წნეხის ქვეშ მოყოლილი ეს სახელმწიფოები ერთი მეორის მიყოლებით იმსხვრევიან. ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ დედამიწის ზურგზე ძნელად მოიძებნება მეორე ისეთი რეგიონი, სადაც ამდენი სახელმწიფო წარმოქმნილა და განადგურებულა. უძველეს ხეთას, მაგალითად, ბოლო ბერძნების თუ ეტრუსკების წინაპრებმა, ე.წ. ,,ზღვის ხალხებმა'' მოუღეს. ამ ხალხებს პირობითად პროტოდასავლეთი შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ისინი უფრო ადრე უნდა გამოსულიყვნენ მითოსის ტყვეობიდან ან, ყოველ შემთხვევაში, გულუბრყვილო მითოლოგიის საფეხური უკვე გავლილი უნდა ჰქონოდათ და რაციონალიზმისა და ინდივიდუალიზმისაკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებულიყვნენ. მაგრამ მოვეშვათ წინაისტორიას. ჩვენი მოსაზრების დასტურად მარტო სომხეთის მაგალითიც იკმარებს. საარაკო ძალისხმევის მიუხედავად, რასაც ეს ხალხი თავისი სახელმწიფოებრიობის ფორმირებასა და შენარჩუნებისათვის ბრძოლას აგერ უკვე ორი ათასწლეულია ახმარს, სომხეთი, როგორც აბსოლუტურად სუვერენული პოლიტიკური ერთეული, სინამდვილეში არასოდეს არსებულა. შეიძლება ვინმე შემოგვედავოს: კი მაგრამ - ბიზანტიელები? ისინი ხომ დიდ ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას სწორედ ,,მერიდიანული ღერძის'' გადაადგილების ზონაში: იგივეს თქმა შეიძლება თურქების შესახებაც.
თუ ისტორიულ სინამდვილეს კარგად დავაკვირდებით, ბიზანტიელების და თურქების მაგალითიც მხოლოდ ჩვენი მოსაზრების წისქვილზე ასხამს წყალს და არა ჩვენი შესაძლო ოპონენტებისა.
ბიზანტია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მოქცეული როდი იყო, ის თვითონ იყო ამ დაპირისპირების ერთ-ერთი სუბიექტი. ბიზანტია ჯერ იგივე დასავლეთია (რომია), მაგრამ შემდეგ, გარკვეული შინაგანი მეტამორფოზების გზით, თანდათან აღმოსავლურდება. როცა დასავლეთ-აქმოსავლეთის ჭიდილმა იმპერიის აქმოსავლეთ საზქვრებიდან მის შიგნით გადმოინაცვლა, რაც შუა საუკუნეების ბიზანტიური ქრისტიანობის დასავლურისაგან გაუცხოებასა და ე. წ. ,,აღმოსავლურ ქრისტიანობად'' ფორმირებაში გამოიხატა, ეს ქვეყანაც თანდათან მოექცა ზემოხსენებული ორმაგი წნეხის ქვეშ: ჯვაროსნებიც (დასავლეთი) და თურქებიც (აღმოსავლეთი) ორივენი ბიზანტიის მეტოქენი გახდნენ. რაღაცნაირ აღმოსავლურ დასავლეთად თუ დასავლურ აღმოსავლეთად ამ სახელმწიფოს გადაგვარება, მისი ეს შინაგანი გაორება (ორთავიანი არქივის სიმბოლოთიც რომ არის დადასტურებული), დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ბალანსირების პოლიტიკის გატარების პრაქტიკული შეუძლებლობა გახდა სწორედ ბიზანტიის, როგორც სახელმწიფოს ,,შებრკოლების ლოდი'', რომელზედაც იგი დაიმსხვრა. ბიზანტიის აღგვა მიწის პირისაგან სწორედაც რომ კიდევ ერთი დამატებითი საბუთია წინა აზიაში სახელმწიფოს მშენებლობის უაღრესი პრობლემატურობის საილუსტრაციოდ.
იგივეს ადასტურებს თურქების ისტორიაც. რას განასახიერებდა ამ კონტექსტში ოტომანთა იმპერია - დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის წინამორბედი? - რა თქმა უნდა, აღმოსავლეთს. რას განასახიერებს დღევანდელი თურქეთი? - რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დასავლეთს: ის სულაც ევროგაერთიანების (თუმც ჯერჯერობით არასრულუფლებიანი) წევრი სახელმწიფოა. მაგრამ თურქეთის გადასავლეთება ერთბაშად არ მომხდარა. სწორედ გარდამავალ პერიოდში, როცა ის დასავლეთიც იყო და აღმოსავლეთიც, ან სხვაგვარად - აღარც აღმოსავლეთი იყო და აღარც დასავლეთი, დესპოტური მმართველობის საფუძვლებიც მოერყა და დემოკრატიულიც ვერ განემტკიცებინა - მისი, როგორც სახელმწიფოს, არსებობის საკითხი რამდენჯერმე ბეწვზე ეკიდა. თურქებს რომ შინაგანი მეტამორფოზის ანუ რეფორმატორული უნარი არ აღმოჩენოდათ, მაშინ ანატოლიაში აღმოცენებული ახალი სახელმწიფო თუ სახელმწიფოები, უბრალოდ, თურქული6 აღარ იქნებოდა. თურქების გაევროპელება კი იმის დასტურია, რომ წინა აზიაში გადაიშალა ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი და სახელმწიფო ოსმალეთის ისტორიასაც წერტილი დაესვა - თურქეთი არ არის ოსმალეთი!
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ უნდა დავასკვნათ: ,,მერიდიანული ღერძის“ მიმოქცევის ფარგლებში მცხოვრებმა ხალხმა კარგად უნდა გაიცნობიეროს ერთი პოსტულატი: რაც შეიძლება სრულფასოვნად განაკუთვნოს თავი (სახელმწიფო წყობით და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეგნებით) ან აღმოსავლეთს - ან დასავლეთს - თუ სურს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა. შიდაპოლიტიკური გაორება მას ორ მოკავშირეს კი არ შესძენს, არამედ უმოკავშირეოდ დასტოვებს და მისი ქვეყანა ორივე მხრიდან გაიწეწება.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოებრივი ფორმაციის ყოველი მკვეთრი ცვლილება, მაშრიყ-მაშრიბის მარადიული დუელის ამ სახელმწიფოს შიგნით შემოჭრის ერთგვარი გამოხატულებაა. როდესაც ,,საბედისწერო სამანებს'' შორის მოქცეული ქვეყანა გაორებულია, მის შიგნით იმავე ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს, რა ძალებიც ამ ქვეყანას გარედანაც აწვებიან: ვერც ერთი სასწაულთმოქმედი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს თავისი ქვეყნის შიგნითაც არსებული ანალოგიური ძალების ამ გარეშე ძალებისაგან იზოლაციას. აქ აუცილებლად ექნება ადგილი პოლიტიკურ რეზონანსს ორივე მხრიდან - რეზონანსი კი, მოგეხსენებათ, დამანგრეველი ძალაა. თუ ასეთი სახელმწიფო შეეცდება ითამაშოს დაპირისპირებულ ძალთა იქით-აქეთ გამტარის როლი (ანუ მელაკუდურ, ორმაგ დიპლომატიას მიმართავს, ხოლო თვითონ შინაგანად გაორებული დარჩება), საპირისპირო ძალთა შეჯახება პირველ რიგში მის შიგნით მოხდება და თავის ტერიტორიას ის დიდ, კონტინენტალურ ძალთა შეჯახების მუდმივ თეატრად აქცევს. ვერავითარი ეთნოსი და ხალხი ამ დაწოლას ვერ გაუძლებს და თუ მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაენგრა, ხოლო ეროვნული და ეთნიკური არსებობა შეინარჩუნა, კიდევ რაღაც შედეგისათვის მიუქცევია, თორემ გაქრობა და ისტორიიდან გასვლა მისი რეალური პერსპექტივაა. ,,მერიდიანულ ღერძზე'' ხანგრძლივი ჯდომაც კი უკვე ნიშანია ამ ქვეყნის შინაგანი გაორებისა - ორთავიანობის, ორხელისუფლებიანობის და მომავალი სამოქალაქო შეხლა-შემოხლებისა. როგორც კი შინაგან გაორებას ბოლო მოეღება და ერთ-ერთი ძალა გაიმარჯვებს, მაშინვე ,,მერიდიანული ღერძი'' ამ ქვეყნის ან დასავლეთ, ან აღმოსავლეთ საზღვარს გარეთ გადაიწევს და მისი საგარეო პოლიტიკური მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესდება.
აქედან კიდევ რამდენიმე პოსტულატი თვალსაჩინოვდება: თუ რომელიმე ქვეყანა თავისი ისტორიული ბედის გამო ,,მერიდიანული ღერძის'' მოძრაობის დიაპაზონშია მოქცეული, მისი პოლიტიკური მმართველობა მაქსიმალურად უნდა ეცადოს იაროს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გზით (ცხადია, ეს არც ერთ ქვეყანას არა სწყენს, მაგრამ ღერძის ქვეყნებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია) და საქმე არასოდეს არ მიიყვანოს ძველ და ახალ სოციალურ-ეკონომიკურ ძალებს შორის კრიტიკულ დაპირისპირებამდე (რასაც სამოქალაქო ომები და რევოლუციები მოსდევს), ხოლო თუ საქმე აქამდე მაინც მივიდა, მაშინ ყოველგვარი ყოყმანისა და ბალანსირების გარეშე უნდა გააკეთოს არჩევანი ან ,,მარჯვნივ'' ან ,,მარცხნივ'', წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ქვეყანა დამანგრეველ ინტერვენციას თავიდან ვერ აიცილებს. რომელიმე სხვა განაპირა ქვეყანაში, ვთქვათ ბრიტანეთში, ინტერვენცია შეიძლება საერთოდ არ მოხდეს - საკმარისია მისი იზოლაციაც: შუაში მოქცეულთათვის კი (ე. ი. საქარველოსათვის) - პირიქით: აქ შემოჭრილი თუ დამკვიდრებული ყოველი გარეშე ძალა განსაკუთრებულ შეურიგებლობას და სისასტიკეს გამოიჩენს, რასაც ასე დაბეჯითებით გვიდასტურებს ჩვენი ისტორია.
* * *
ქართულ პოლიტიკურ წრეებში, ეტყობა, ოდითგანვე სწორად აფასებდნენ ჩვენი ქვეყნის მართლაც რომ განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდებარეობას.
საქართველო ,,საბედისწერო სამანებს'' შორის მოქცეული სახელმწიფოა და ,,მერიდიანული ღერძზე'' ჯდომაც ხშირად უწევს ხოლმე, მაგრამ უნიკალური მდებარეობის წყალობით ის ,,მერიდიანული ღერძის'' გარეთაც იმყოფება. თუ საკითხს გეომეტრიული ნახაზის დონემდე გავამარტივებთ, ,,მერიდიანულ ღერძს'' შვეული ხაზი გამოხატავს, ხოლო საქარველოს - ამ ღერძის თავზე გავლებული თარაზული წრფე. საერთო ჯამში ნახაზს ლათინური T-ს მაგვარი ჯვრის ფორმა აქვს. საქართველო გეოპოლიტიკურად ჯვარზეა მიკრული. ჯვრის პარადოქსულ სიმბოლოში ნაგულისხმები მოკვდინება-აღდგომის დიალექტიკის დარად, ღერძთან შეხება და იმავდროულად მის გარეთ ყოფნა მკვეთრადაც ზრდის ისედაც დიდ საგარეო დაწოლას და იმავე დროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასაც მნიშვნელოვან ელემენტს მატებს: დასავლეთის და აღმოსავლეთის შეჯახება საქართველოს ტერიტორიის გვერდის ავლითაც შეიძლება, მაგრამ როგორც წონასწორობაში მყოფი სასწორის რომელიმე პინაზე ერთი პაწაწა კენჭის დაგდებაც კი კმარა, რომ პინამ გადასძალოს, ასევე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის საქართველოს გვერდის ავლით სამხედრო დაპირისპირებაშიც გადასძლევდა ის, ვისაც მეომარ ძალთა უკიდურესი დაძაბვის (ანუ წონასწორობის) მომენტში საქართველო მიემხრობოდა. ეს ,,პრივილეგია'' საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდა. მისი, როგორც ,,სტრატეგიული საპირწონის'' დაუფლება ორივე მეომარი მხარის უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდა. თუ რომელიმე მხარე შეძლებდა საქართველოში თავისი სამხედრო ჰეგემონობის დამყარებას, მაშინ მოწინააღმდეგეს აუცილებლად უკან უნდა დაეხია, რათა ჩვენი ნახაზის ლათინური T - ს ჰორიზონტალური ხაზის ქვეშ, ანუ ფლანგებიდან შემოვლის თუ დარტყმის მუდმივი საფრთხის წინაშე არა მდგარიყო.
ამიტომ საქართველო ერთი პირობა დასავლეთის და აღმოსავლეთის მუდმივი ცილობის ობიექტი ხდებოდა, მეორეს მხრივ - მუდმივი და თან ორმხრივი დაწოლის მიუხედავად - საქართველოს გეოგრაფიული პირობები ქმნიდნენ თავდაცვის უზრუნველყოფის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას. სომხეთისაგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ამიერკავკასიის გარეთ მდებარეობდა და ოთხივე მხრიდან ღია იყო, საქართველო დაპირისპირების ვექტორიდან განზე, ამიერკავკასიის ძნელად მისადგომ სიღრმეში იყო შეწეული და ბუნებრივი ჯებირებით დაცული: ჩრდილოეთით დიდი კავკასიონი, აღმოსავლეთით და დასავლეთით ზღვები: სამხრეთიდან სამხედრო შეღწევა კი მხოლოდ ორიოდე ვიწრობის გავლით შეიძლებოდა: არზრუმ-ყარსის და განჯა-თბილისის მიმართულებით. ეს აიოლებდა მის თავდაცვას, ოღონდ საჭირო იყო სახელმწიფო ძალაუფლების მთელ ამ თავდაცვის სისტემაზე ანუ ამიერკავკასიაზე გავრცელება: ამიერკავკასია პრაქტიკულად ერთი მთლიანი, სამხედრო გეოგრაფიის თვალსაზრისით განუყოფელი თავდაცვითი სისტემაა. ორივე ხალხი - ქართველებიც და სომხებიც, როგორც ჩანს, სრულფასოვნად აცნობიერებდნენ ამ ფაქტს. ამიერკავკასიაში ეთნიკური, პოლიტიკური და სამხედრო ჰეგემონიისათვის ბრძოლამ უაღრესად პრინციპული, მრავალსაუკუნოვანი წინააღმდეგობის ხასიათი მიიღო. როგორც აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი განმარტავს, ამ რეგიონში ძირითადად ორი ხალხი - ქართველები და სომხები ეცილებოდა ჰეგემონობას სხვებს და ერთმანეთს: ასევე ორმა ხალხმა მოახერხა მეტნაკლებად ხანგრძლივად მიეღწია ამ მიზნისათვის - ქართველებმა და რუსებმა (არაბების და მონღოლების გავლენა ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში არ იყო ხოლმე ხანგრძლივი და მტკიცე).
ქართველების უპირატესობა რამდენიმე წინაპირობით იყო შემაგრებული. სომხების მხრიდან ასიმილატორული პოლიტიკის ერთგვარი წარმატების მიუხედავად, ქართველები ამიერკავკასიაში ყველაზე მრავალრიცხოვან და გაბატონებულ ეთნოსს წარმოადგენდნენ. ქართველები, შეიძლება ითქვას, უკვე იდგნენ ამიერკავკასიის ციტადელში (ეს მემკვიდრეობით მიღებული ფორა იყო), რაც თავდაცვას ასე თუ ისე აიოლებდა, სომხები კი მხოლოდ ცდილობდნენ ამ ციტადელის სიღრმეში შემოჭრას და დამკვიდრებას და, მაშასადამე, უფრო რთული ამოსავალი წერტილიდან უხდებოდათ მთავარი პრობლემის გადაჭრისათვის ბრძოლა.
ამას გარდა, გახშირებულ გარეშე შემოსევათა შედეგად დანგრეული მეურნეობის აღდგენა საქართველოში უფრო სწრაფად და იოლად ხდებოდა. ამას შედარებით ტენიანი კლიმატი და ბუნებრივი სარწყავი რუების სიუხვე განაპირობებდა. სომხეთში კი მიწათმოქმედებისათვის აუცილებელი საირიგაციო სისტემები ხელოვნურად იყო ნაშენები და სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დიდი კოლექტივების შრომას და დიდ სახსრებს მოითხოვდა. ამიტომ დანგრევის შემთხვევაში მისი განახლება იოლად ვერ ხერხდებოდა, ქვეყანას სამეურნეო საფუძველი, მიწა ეცლებოდა...
სახელმწიფო ძალაუფლების ორზღვათაშორისზე გავრცელების საჭიროება და აუცილებლობა ქართულ პოლიტიკურ წრეებში წინათ საყოველთაოდ იყო აღიარებული7. დავით აღმაშენებელმა მხოლოდ ამ იდეის რეალიზაცია მოახდინა. მანამდე კი ეს მისწრაფება არა ერთხელ გამომჟღავნებულა და ამას ახალი მიწების დაპყრობის თუ ტერიტორიული გაფართოების სურვილი ან რომელიმე კლასის სიხარბე კი არ ასაზრდოვებდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო-სტრატეგიული და თავდაცვითი აუცილებლობა.
სამხედრო თვალსაზრისით ამიერკავკასიაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი წერტილი გამოიყოფა: დიდ კავკასიონზე გადასასვლელი უღელტეხილები და მასთან მისასვლელი ვიწრობები (ხეობები): ზღვისპირა დერეფნები (საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ სამხრეთიდანაც და ჩრიდოეთიდანაც, როგორც შავ, ისევე კასპიის ზღვას მხოლოდ ვიწრო დერეფნები ჩაუყვება, შედარებით ფართო მისადგომები კი მხოლოდ ამიერკავკასიის შიგნით იხსნება): და ამიერკავკასიის სამი ,,ციტადელი'': თბილის-თრიალეთი, განჯა და ყარსი.
თრიალეთის მაღალი ზეგანი არის უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი, საიდანაც შეტევა შეიძლება განვითარდეს ამიერკავკასიის ნებისმიერი მიმართულებით და თუმცა გაშლილი, ტრიალი (აქედან ,,თრიალეთი''?) ველია, იქ ფეხის მოკიდება გარეშე ძალთათვის არც ისე იოლია, რადგან კლდეკარისა და სამშვილდის ციხეებით არის დაცული: უმთავრესი ციხე-ქალაქი კი, რომელიც თრიალეთის განშტოებას ეკვრის, არის თბილისი. ის რეგიონის ყველა გზების ფოკუსში მდებარეობს, ბუნებრივი ციტადელებით კარგადაა მოზღუდული და ამავე დროს, რაღაც გეოგრაფიული სასწაულის ძალით, უაღრესად მარჯვედ უკავშირდება არა მარტო ამიერკავკასიის ვაკის მთავარ მაგისტრალებს, არამედ მთიან რეგიონებსაც. ამიტომ ის მარტოოდენ ციხე და სატრანსპორტო-საგზაო კვანძი კი არ იყო, არამედ უმსხვილესი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრიც და, მაშასადამე, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის უმნიშვნელოვანესი ბურჯიც. თრიალეთთან ის ერთიან სამხედრო-სტრატეგიულ კვანძს კრავს და მისი აღება-ვერაღება ისევ და იქნებ უფრო მეტად მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე ბრძოლის ველზე გამარჯვება და სივრცეების გაკონტროლება. მთლიანაობაში მთელი ამიერკავკასიის მაშსტაბით თბილის-თრიალეთი ერთ - თანაც უპირველესი მნიშვნელობის - სტრატეგიულ წერტილად განიხილება.
ვისაც უპყრია თბილისი, ის ამიერკავკასიის ცენტრში ბატონობს: ვისაც უპყრია განჯა, ის ამიერკავკასიის ცენტრისაკენ აღმოსავლეთიდან მიმავალ გზას კეტავს (ან ხსნის): ვისაც უპყრია ყარსი, ის ამიერკავკასიაში დასავლეთიდან შემოსასვლელ გზას აკონტროლებს და გაბატონებულია მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. თუ რომელიმე სახელმწიფო სამივე ამ სტრატეგიულ წერტილს განაგებს, ის მთელ ამიერკავკასიაშია დამკვიდრებული და პრაქტიკულად მანამდე არ ემუქრება რაიმე სამხედრო საფრთხე, სანამ ერთ-ერთ მათგანს (ყარსს, განჯას, თბილისს) არ დაჰკარგავს. ეს, შეიძლება ითქვას, სამხედრო-სტრატეგიული აქსიომებია.
არც ერთი ამ სტრატეგიულ წერტილთაგან დავით აღმაშენებელს მემკვიდრეობით არ რგებია. როგორც ეტყობა, მაშინ ქართული სახელმწიფო ჯეროვნად ვერც დიდი კავკასიონის ურელტეხილებს აკონტროლებდა. ,,დიდმა თურქობამ'' ქართული სახელმწიფო, კაცმა რომ თქვას, გაანადგურა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე ჩანდა.
დავით აღმაშენებელმა სამხედრო რეფორმებით დაიწყო. და თუმცა არც ერთ მცირე თუ დიდ შეტაკებაში სელჯუკებს მასთან არ გაუმარჯვნიათ, თავდაპირველად ეს რაიმე შეშფოთების საბაბს მათ არ აძლევდა. საქართველოს მიერ სულთნისათვის ხარკის შეწყვეტაც კი არ გამხდარა მათი მხრიდან განსაკუთრებული რეაგირების საგანი. მაგრამ თურქებს თვალი მალე აეხილათ. მათ დაინახეს, რომ მცირე ზომის, ოღონდ ბრწყინვალედ ორგანიზებული სახელმწიფო და სამხედრო მანქანა ამიერკავკასიის მთავარ ციტადელს, თბილისს უახლოვდებოდა!
ამიერიდან ქართველებსა და თურქებს შორის საომარი მოქმედებების დედააზრი დიდი სტრატეგიული წერტილებისათვის ბრძოლა იყო.
ინტერესმოკლებული არ იქნება გავიხსენოთ, როგორ მოამზადა მათ შორის უმნიშვნელოვანესის - თბილისის აღება დავით აღმაშენებელმა.
დავით მეფემ ჯერ თრიალეთის გასაღები, კლდეკარის ციხე იგდო ხელთ (1097) ხოლო შემდეგ შეტევის მიმართულებას გეზი უცვალა და ზედაზნის ციზე აიღო (1101), რასაც მალე (1104) კახეთ-ჰერეთის შემოერთება მოჰყვა. ამ ნაბიჯებით თბილისი თანდათან ექცეოდა რკალში. თურქთა რეაქციაც შესატყვისი იყო და სულთნის დიდმოხელის, განძის ათაბაგის საქართველოში გამოლაშქრებით გამოიხატა. ერწრუხის ომში (1104) დავით მეფემ დაამარცხა ათაბაგი.
,,მესიის მახვილი'' შეტევას მონაცვლეობით - ხან აღმოსავლეთის და ხან სამხრეთის მიმართულებით ავითარებდა და თბილისს დიდ რკალში აქცევდა. ამ მონაცვლეობით ის მოწინააღმდეგეს ერთგვარად თავგზას უბნევდა, რათა ერთი რომელიმე მიმართულებით ძალთა კონცენტრაციით მისი წინააღმდეგობისუნარიანობა არ გაეზარდა. საქმე ის გახლავთ, რომ ამავე პერიოდში მისი ჯარი თურქთა მოძრავ ბაზებსაც (ელებს) მუსრავდა ქვეყნის სულ სხვადასხვა კუთხეში. ეს საომარ მოქმედებებს ერთი შეხედვით უსისტემო შეტევითი ოპერაციების სახეს აძლევდა და მორიგი დარტყმის მიმართულების ამოცნობას კიდევ უფრო აძნელებდა, მაგრამ თუ ციხე-ქალაქების აღების ოპერაციებს ცალკე, ყველა სხვა სახის სამხედრო მოქმედებისაგან განყენებით განვიხილავთ, მაშინ აშკარად გვეცემა თვალში მისი გეგმაზომიერება და მიმართულებათა მოწესრიგებული მონაცვლეობა. ერწრუხის ომის შემდეგ მეფემ კეხი აღმოსავლეთიდან სამხრეთისაკენ იბრუნა და 1110 ქელს დიდი ციხე-ქალაქი სამშვილდე აიღო (ამით ის, ფაქტიურად, თრიალეთში გაბატონდა). თრიალეთის პლაცდარმის დაკარგვით გააფთრებულმა თურქებმა კოალიციური 100 000-იანი ჯარი შემოაგზავნეს საქართველოში, მაგრამ დავით მეფემ ამ ჯარს, რომ იტყვიან, კუდით ქვა ასროლინა. 1115 წელს აღმაშენებელმა პირი ისევ აღმოსავლეთისაკენ იბრუნა და რუსთავის და ქალაძორის ციხეები აიღო, 1117-ში კი გიში: მერე ისევ შემობრუნება სამხრეთისაკენ - (ლორე 1118): თბილისის გარშემო რკალი თანდათან ალყად ყალიბდება. ამ ვითარებას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა სელჯუკთა მხრიდან რაიმე გადამჭრელი ნაბიჯი. მართლაც, ახლა უკვე საქმეში სულთანი (თურქთა უზენაესი პოლიტიკური ხელისუფალი) და ხალიფა (თურქთა რელიგიური ლიდერი) ჩაერია, რასაც დიდგორის ცნობილი ომი მოჰყვა, მანამდე კი კიდევ ორი უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენაა აღნიშვნის ღირსი.
მას მერე, რაც რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგად (1103), დავით მეფემ ეკლესია - რომელიც მანამდე, ფაქტიურად, განცალკევებული სახელმწიფოებრივი ერთეული იყო - სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა, ერთიანი, უნიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის, ქალაქების შემომტკიცებაღა აკლდა. ქალაქთა უმრავლესობა მტრის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე მდებარეობდა. ამას გარდა ქალაქებში მაშინ ძლიერი იყო თვითმმართველობის და ავტონომიური განვითარების მიდრეკილება. ქალაქები მათზე გაბატონების მოსურნე ფეოდალების წინააღმდეგ იბრძოდნენ და მეფის ცენტრალურ ხელისუფლებას ემხრობოდნენ, მაგრამ მას მერე, რაც დავით მეფემ ერთი-მეორის მიყოლებით აიქო ციხე-ქალაქები, იქიდან თურქული გარნიზონები მოაცილა და თავისი ჩააყენა, მტკიცე, თვითმპყრობელური სახელმწიფოს მშენებლობის ლოგიკის ძალით, ისინი ,,სამეფოდ დაიჭირა''. ეს არაფრად ეპიტნავა თბილისის და ამიერკავკასიის ზოგი სხვა დიდ ქალაქის პოლიტიკურ ზედაფენას. მის მიერ ქალაქების მოახლოებულ გათავისუფლებაში მათმა კლასობრივმა ალღომ ისევ ფეოდალი მებატონის უღელი დალანდა. ქალაქები შეკავშირდნენ და პოლიტიკური ორიენტაცია თურქებზე აიღეს. მათი ვარაუდით თურქთა მმუსვრელი დავით მეფის წინააღმდეგ სელჯუკთა მოკავშირედ ქცეულ ქალაქებს თურქები უკვე მოუფრთხილდებოდნენ და დიდად აღარ შეაჭირვებდნენ. მაშასადამე ამიერკავკასიაში ერთიანი, არამონოეთნიკური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ქალაქი-სახელმწიფო თბილისი და მისი მოკავშირე ქალაქები (განძა, დმანისი) ან თურქების უმთავრეს სამხედრო საყრდენებად დარჩებოდნენ დავით მეფის წინააღმდეგ, ან საერთო სახელმწიფოებრივ ქსოვილს მესამე უმნიშვნელოვანეს ფენად ჩაეკერებოდნენ (ფეოდალურ მონარქიასა და ეკლესიასთან ერთად) და უაღესად დიდი ძალას შემატებდნენ. ეს კიდევ უფრო დიდი ფასს სდებდა თბილისს, როგორც ამიერკავკასიის გეოპოლიტიკურ დედაქალაქს.8
თბილისის აღება ერთიანი, უნიტარული სახელმწიფოს მშენებლობის უმნიშვნელოვანესი ეტაპიც იქნებოდა და ამიერკავკასიაში შემოჭრილ თურქებს უმთავრეს სამხედრო-სტრატეგიულ საყრდენსაც გამოაცლიდა. ცოცხალი თავით ამას თურქები ვერ დაუშვებდნენ. მათთან გენერალური შეტაკება გარდაუვალი ჩანდა. ეს ერთი.
მეორე: თურქთა სამხედრო და ეკონომიკური ძლიერების წყაროს მათი მეჯოგე-მომთაბარე ელები წარმოადგენდნენ. ეს იყო ,,მოძრავი სახელმწიფო'', დედაწულით მარები სამხედრო ერთეული, ბანაკი, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი სუბტროპიკების ზონაში (მტკვრის, ივრის, ალაზნის ჭალებში) ზამთრის საძოვრებზე ელების ჩამოდგომა მათი სამეურნეო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. დავით აღმაშენებლმა ამ ელების დედაბუდიანად განადგურება თავის სტრატეგიულ მიზნად დაისახა. საამისოდ კი საჭირო იყო გადამწყვეტი სამხედრო და სადაზვერვო უპირატესობის მოპოვება. დავით მეფის მსტოვრებს გამუდმებით მოჰქონდათ ინფორმაცია მოწინააღმდეგის არა მარტო ბაზირების, არამედ მათი გადაადგილების შესახებაც. ბრწყინვალედ ორგანიზებული დაზვერვა მტერს, ასე ვთქვათ, დინამიკაში უთვალთვალებდა. ეს გარემოება და ის, რომ აღმაშენებელმა ჩვეულებრივი სამობილიზაციო ერთეულები ტაქტიკურ ერთეულებად გადააკეთა, მტრის მოძრავ ბაზებზე პირდაპირი (ყოველგვარი წინასაშეტევო გადაჯგუფება-დისლოკაციების გარეშე) იერიშის მიტანის შესაძლებლობას იძლეოდა, რამაც განაპირობა ომების ისტორიაში ის უნიკალური ფაქტი, რომ მოწინააღმდეგემ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოასწრო საბრძოლო წყობის მიღება. ამან მათთვის კატასტროფული შედეგები გამოიღო, სელჯუკები იჟლიტებოდნენ და ტყვედ უვარდებოდნენ ქართველებს. ,,რამეთუ მოიმსტოვარნის მეფემან, რომელთა მოსვრა ეგებოდის (ე. ი. ელების) და უგრძნეულად დაესხნის და მოსწყვიდნის და ესე არა ერთგზის, ანუ ორგზის, გინა სამ - არამედ მრავალგზის''.
ქართული სახელმწიფო მანქანა ზღვიდან-ზღვამდე მთელ ამიერკავკასიაში მუსრავდა სელჯუკებს. დავით მეფემ, რომ იტყვიან, არ იღამა და არ ითენა: მისი ჯარი სამაგალითო იყო საბრძოლო მანევრების უნარით. ამ ჯარს და მის სარდალს მარტო ერთ 1123 წელს 4000 კმ-მდე მანძილი აქვს საბრძოლო მანევრებით გავლილი. ასე სხვა წლებშიც. თურქებს ან უნდა გაენადგურებინათ ეს არმია, ან გასცლოდნენ და ციტადელებში გამაგრებოდნენ მას.
თავის მხრივ დავით მეფესაც თანდათან, მეთოდურად მიჰყავდა საქმე იმ გენერალური შეტაკებისაკენ, რომელშიც სასურველი იყო არა მარტო გაემარჯვნა, არამედ მოწინააღმდეგის არმიის სრული განადგურებისათვის მიეღწია, რადგან ცოცხალი თავით, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სელჯუკები თბილისს არ დათმობდნენ.
მოძრავი ბაზების და თბილის-თრიალეთის საკითხმა განაპირობა დიდგორის გენერალური ომი. ამ ომში, რომელსაც მემატიანე საკვირველ ძლევას უწოდებს, სელჯუკთა კოალიციური, ნახევარმილიონიანი არმიის ცოცხალი ძალის 90% ლიკვიდირებულ იქნა! (კიდევ ვიმეორებთ: ცოცხალი თავით სელჯუკები არ თმობდნენ თბილისს). თურქთა სამხედრო ძლიერება შეირყა. თბილისი აღებულ იქნა. 33-წლიანი ომი (1089-1122) უპირველესი მნიშვნელობის სტრატეგიული წერტილისათვის წარმატებით დამთავრდა.
მალე აღმაშენებლმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წერტილი დარუბანდი აიღო და კასპიის კარიც ჩაკეტა. შეუვალი ორზღვათაშორისის კონტურები უკვე გამოიკვეთა. რჩებოდა განჯა და ყარსი.
ამ სტრატეგიული წერტილების შემომტკიცება არ იყო იოლი. განჯა და მისი მიმდებარე არანი დავით IV-მ დაარბია, ხოლო ყარსის პრობლემას, თუ შეიძლება ითქვას, ალტერნატიული გადაწყვეტა მოუძებნა. არზრუმ-ყარსის დერეფნის ბოლოს ყარსის პირისპირ დიდი ქალაქი ანისი მდებარეობდა. ანისი დავით მეფემ აიღო 1124 წელს. ყარსი თურქების სამხრეთ-დასავლეთ პლაცდარმად რჩებოდა, ოღონდ საქართველოში ამ გზით შემოჭრის შემთხვევაში მათ ზურგში ანისი ექცეოდა, რაც გამორიცხავდა თურქთა შეტევით სტრატეგიას ანისის აუღებლად. მეორეს მხრივ ყარსის თურქების ხელში ყოფნა აბრკოლებდა საპირისპიროდ მიმართულ ქართულ შეტევით სტრატეგიას. დამყარდა ერთგვარი წონასწორობა, რის შემდეგაც ბრძოლა განჯისა და ყარსის მიმართულებებზე გასაბატონებლად ლამის მთელი საუკუნე გაგრძელდა. ქართველები განჯას და მის მიმდებარე არანს თანდათან აქცევდნენ რკალში, განჯა საქართველოს ყმადნაფიცი და მოხარკე ხდებოდა, მაგრამ საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო.
საინტერესოა ერთი დეტალი. დავით აღმაშენებლის გამეფებიდან (1089) გიორგი-ლაშას გამეფებამდე (1213) გავიდა 124 წელიწადი. ამ ხნის განმავლობაში ქართველებსა და თურქებს შორის 136 საომარ შეტაკებას ითვლიან. ქართველებმა გაიმარჯვეს 131-ჯერ, თურქებმა - 5-ჯერ. თანაფარდობა დამთრგუნველია, მაგრამ ბრძოლა უმთავრესად მაინც ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე, მერე კი მის უშუალო მისადგომებთან იმართებოდა, ე. ი. შეტევითი ინიციატივა მაინც თურქების ხელთ იყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ დავით აღმაშენებლის შემდეგ საქართველო სამხედრო თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუქცევადი გახდა და თურქებისათვის უაღრესად საშიშ ქვეყნად იქცა: სანამ საქართველო თავს იცავდა, კიდევ არა უშავდა, მაგრამ თუ ის თავდაცვით სტრატეგიას შეტევითი სტრატეგიით შეცვლიდა, მაშინ ზემოხსენებული ,,გეოპოლიტიკური საპირწონის'' ეფექტის გამო მის გამოჭრას ამიერკავკასიის ციტადელიდან თურქებისათვის კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. ამ პერსპექტივას თურქები შესანიშნავად ხედავდნენ, ამიტომ მათ საქართველოს მიმართ გამუდმებული თავდასმხებით თავდაცვის სტრატეგია აირჩიეს. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან კარგად ჩანს, რომ თურქთა თითქმის ყოველი გამოლაშქრება საქართველოზე მარცხიანი იყო, მაგრამ მათ ეს როდი მიაჩნდათ დიდ ბედენად, მთავარი იყო საქართველოს თავდაცვაზე ეზრუნა და ამიერკავკასიის ციტადელიდან გარეთ არ გამოეხედა: ამ უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ საქმეში როგორც ფინანსურ, ისე ცოცხალი ძალის დანახარჯს სელჯუკები არ ერიდებოდნენ. ამიტომაც იყო, რომ განჯის და ყარსის კარიბჭეებს ისინი გააფთრებული იცავდნენ. ერთ ხანს მათ წარმატებას მიაღწიეს ანისისი გარშემო ამტყდარ გაუთავებელ ომებში - ქართველებმა ანისში თავიანთი ადმინისტრაცია ვეღარ შეინარჩუნეს და ყმადნაფიცობას დასჯერდნენ, მაგრამ მერე მდგომარეობა გამოსწორდა.
თამარ მეფის დროს განჯა-არანის მხარეში ქართველთა ჰეგემონობა უკვე მკვეთრად წარმოჩინდა. ამას თურქთა მორიგი კოალიციური გამოლაშქრება მოჰყვა - 1195 წლის 16 ივლისს მათი 400 000-იანი ლაშქარი ქართველებმა შამქორში დაამარცხეს და სამხრეთ მიმართულებაზე საბოლოოდ გაბატონდნენ. 1204 წელს კი ყარსის საბოლოო შემოერთებით საუკუნოვანი ბრძოლა დიდი სტრატეგიული სამკუთხედისათვის დასრულდა. მართალია რუმის სულთან რუქნადინის თავში ეს ჭეშმარიტება მანამდე შევიდა, სანამ ბასიანის ომში ამ თავს ხმლით გაუჩეხდნენ, მაგრამ მან მაინც სცადა უკვე წაგებული საქმის ცხელ კვალზე გამოსწორება და თურქთა კოალიციური ლაშქარი ბასიანს მოჰყარა. ყარსის დაკარგვით აფორიაქებულმა რუმის სულთანმა და ბაღდადის ხალიფამ უზარმაზარი სახსრები გაიღეს ამ 400 000-იანი ლაშქრის შესაკრებად. დიპლომტიის ისტორიას შემორჩა ამასთან დაკავშირებული ერთი კურიოზი:
რუქნადინმა შეურაცხმყოფელი წერილი გამოუგზავნა მეფე თამარს და დარბაზს: ,,ყოველი დიაცი რეგვენია... აქ მოველ, რათა განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არასოდეს აღებად ხრმლისა, რომელიც ღმერთსა ჩვენდა უბოძებია'' და მისთ. კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ის სიტყვიერი დანაბარები, რომელიც რუქნადინის ელჩმა წერილის გადაცემის მერე გააცნო დარბაზის ერს - დანებების შემთხვევაში რუქნადინი თამარ მეფეს ხარჭობის პატივს აღუთქვამდა... ეს ყოველივე არ იყო მიზანსწრაფვას მოკლებული გულუბრყვილო ფახი-ფუხი. საქმე ის გახლავთ, რომ თურქთა უზარმაზარი არმია ყარსის დაკარგვის შემდეგ ამიერკავკასიის ციტადელში ვეღარც ერთი გზით ისე ვეღარ შეაღწევდა, ხაფანგში რომ არ გამომწყვდეულიყო. თურქთა რეაქცია ყარსის გამო, როგორც აღვნიშნეთ, უკვე დაგვიანებული გახლდათ. კოალიციურ არმიას მხოლოდ საქართველოს საზღვრებამდე შეეძლო მოქცევა. ამის შემდეგ მას ან თვითონვე უნდა მოესპო თავისი რიცხობრივი უპირატესობა და რამდენიმე ნაწილად დაქსაქსული მისდგომოდა ვიწრო ხეობებს - ფაქტიურად ხაფანგებს, ანდა საქართველოს მაშინდელ საზღვრებს გადაღმა, ბასიანის გაშლილ ზეგანზე დაბანაკებულიყო და ქართველების იქ მისვლას დალოდებოდა. ქართველები, რა თქმა უნდა, სულაც არ იყვნენ ვალდებულები თავიანთი ქვეყნის გარეთ წინასწარ გამაგრებულ პოზიციებზე მდგარ მტრის უზარმაზარ ჯარს მიხტომოდნენ. რუქნადინს მოწინააღმდეგის ხელსაყრელ პოზიციებზე გამოტყუება ჰქონდა განზრახული და მისდა საუბედუროდ ეს მან შეძლო კიდეც ზემოხსენებული დიპლომატიური ხრიკის გამოყენებით, მაგრამ ბასიანის ომში ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამარცხეს თურქთა კოალიციური ჯარი და ყველასათვის ნათელი გახდა, რომ წინა აზიაში ძალთა კონიუნქტურა მკვეთრად შეიცვლა.
ქართველების მიერ ყოველი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წერტილის დაკავებას თურქები უზარმაზარი, კოალიციური არმიის თავდასხმით პასუხობდნენ ე. ი. თბილისის, განჯის და ყარსის დაცვას თურქები პირველხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებდნენ და თავიანთი უზარმაზარი სამხედრო შესაძლებლობების მაქსიმუმს ახმარდნენ. აქედან ცხადია, თუ რა იმალებოდა ამ სამი წერტილისათვის ბრძოლის უკან: დიდ, თუ შეიძლება ასე ითქვას, კონტინენტალურ (ევრაზიულ) შეხლა-შემოხლაში გადამწყვეტი წარმატების გასაღები. საქართველოსათვის კი, უპირველეს ყოვლისა, ამ სტრატეგიულ სამკუთხედში გაბატონებით თავდაცვითი სტრატეგიის ძირეული ამოცანა გადაიჭრა. საქართველო სამხედრო თვალსაზრისით შეუვალი ქვეყანა გახდა. დაიწყო მეორე, შეტევითი სტრატეგიის ეტაპი. საქართველო, როგორც ,,გეოპოლიტიკური საპირწონე'' დამოკლეს მახვილივით გამოეკიდა ,,მერიდიანული ღერძის'' თავზე. (ლათინური T-ს კონიუნქტურა) შეტევითი სტრატეგიის მთავარი მიმართულება, რაღა თქმა უნდა, იერუსალიმი იყო.
ორზღვათაშორისში გამაგრებული ქვეყნის გეოპოლიტიკური უპირატესობა მართლაც რომ თვალში საცემია. როგორც წინა თავშიც ავღნიშნეთ, დასავლეთი და აღმოსავლეთი განწირული არიან ერთმანეთთან ბრძოლისა და ერთმანეთით თვითდადგენისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვერც დასავლეთი დაიპყრობს საბოლოოდ აღმოსავლეთს, და ვერც აღმოსავლეთი - დასავლეთს. ე. წ. ,,მსოფლიო ბატონობა'', მაშასადამე, შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია ორივე მხარის - როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის, ერთგვარი ,,მოთვინიერება''. ყველაფერს ხომ თავისი ,,სუსტი წერტილი'' აქვს. ხარს, მაგალითად, რქებში ხელის მოვლებით ძნელად თუ ვინმე დაიმორჩილებს, მაგრამ საკმარისია ნესტოების ხრტილში რგოლი გაუყარონ და თოკით მოქაჩონ - საითაც სურთ, იქით წაიყვან-წამოიყვანენ. ევრაზიული მთელისათვის ეს ,,სუსტი წერტილი'' სწორედ მათი შეხლის ,,მერიდიანული ღერძია''. საკმარისია ,,განზე მდგარმა'' და ამავე დროს ამ ღერძთან უშუალო შეხებაში მყოფმა სახელმწიფომ (რომელსაც ლათინური T-ს ზედა, ჰორიზონტალური ხაზი გამოსახავს) თავისი ჰეგემონობა ან თუნდაც ძლიერი გავლენა ქერძის ტერიტორიაზე მყოფ ქვეყნებზე გაავრცელოს და ეს სახელმქიფო სწორედ რომ ნესტოებში ჩაავლებს ხარს: მას მანიპულირების ბრწყინვალე შესაძლებლობები ექმნება და ორივე მეომარი თუ დაპირისპირებული მხარე მასთან ,,კეთილმეზობლობას'' არჩევს. ასე ხდება ის უმთავრესი სავაჭრო დერეფნის მებაჟე, უმთავრესი სტრატეგიული რეგიონის გამაკონტროლებელი და ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეს შორის სამხედრო თუ ეკონომიკურ ურთიერთობების რეგულატორი. იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესვლის უფლება, რომელიც მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ მინიჭებული, ამ უპირატესობის სიმბოლური გამოხატულება იყო.
,,მერიდიანულ ღერძზე'' გაბატონება არის ,,მსოფლიო ბატონობის'' თავისებური ფორმა - არა აზიის მიერ ევროპის შთანთქმა, ან ევროპის მიერ აზიის დაჩოქება, არამედ მათი ,,უთრიერთობის რეგულირება'' არის ის ერთადერთი, რაც შეიძლება ასე თუ ისე მოითმინოს როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ. ნათქვამი სულაც არ გამორიცხავს, რომ ამა თუ იმ ისტორიულ მომენტში ,,მესამე ძალამ'' ორიდან ერთ-ერთ დაპირისპირებულ ძალასთან მეტი სიახლოვე გამოამჟღავნოს. ძალთა დაბალანსებამდე ის, ცხადია, უფრო სუსტი პოზიციების მქონე მხარის სამხედრო მოკავშირე იქნება, როგორც ეს სელჯუკების და ჯვაროსნების დაპირისპირებისას საქართველოს ჯვაროსნებთან კავშირის შემთხვევაში იყო, სამომავლოდ კი ეს კავშირი მეტოქეობის რაღაც ელემენტსაც აუცილებლად შეიძენდა, მაგრამ მანამდე საჭირო იყო შეტევითი სტრატეგიის ამოცანის განხორციელება და სამხედრო ჰეგემონობის მთელ ,,მერიდიანულ ღერძზე'' (იერუსალიმამდე) დამყარება.
მაშინდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს მცდელობა სწორედ აქეთ იყო მიმართული. საქართველოს, როგორც სახელმწიფო-ტერიტორიული ერთეულის გარშემო არ დარჩენილა არც ერთი ღიობი: ყველა მოსაზღვრე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოს დაქვემდებარებაში მოექცა. ისინი ორ კატეგორიას ქმნიდნენ: პირველში შედიოდნენ პროტექტორატები - ანუ ის პოლიტიკური ერთეულები, რომლებიც სცნობდნენ რა საქართველოს პოლიტიკურ სიუზერენიტეტს, ვალდებულნი იყვნენ: ა. არ დაემყარებინათ პოლიტიკური და სამხედრო კავშირი სხვა სახელმწიფოებთან: ბ. გამოეყვანათ ჯარი საქართველოს სასარგებლოდ. თავის მხრივ საქართველო მათ ანიჭებდა ე. წ. ,,შემოხვეწებული'' ქვეყნის სტატუსს და მუდმივი ზავის (საქართველოს მხრიდან) და თავდაცვის (გარეშე სახელმწიფოების მხრიდან) გარანტიებს. ფაქტიურად ეს იგივე საქართველოს ტერიტორიებია თვითმმართველობის უფლებით.
მეორე კატეგორიის ქვეყნებს (იხ. დანართი) შეადგენდნენ საქართველოს ვასალები, რომლებიც ასევე სცნობდნენ რა საქართველოს პოლიტიკურ სიუზერენიტეტს, ვალდებულნი იყვნენ: ა. არ დაემყარებინათ პოლიტიკური და სამხედრო კავშირი საქართველოს მოქინააღმდეგე პოლიტიკურ ერთეულებთან: ბ. საქართველოს სასარგებლოდ ეხადათ ხარკი. საქართველო ამ ქვეყნებს აძლევდა ,,ზავის სიმტკიცეს მათგან შეუცდომლობასა შინა'', ანუ მუდმივი ზავის გარანტიას ვასალური ვალდებულებების დაურღვევლობის შემთხვევაში, მაგრამ თავდაცვის (,,მტერთაგან უზრუნველყოფის'') გარანტიას - არა.
საქართველოს საშინაო პოლიტიკური თავისებურება ახალი ერთეულების სრული შემოერთების საშუალებას არ იძლეოდა. საქართველოს სამეფო უარს ამბობდა შემდგომ ტერიტორიულ გაფართოებაზე და ,,მერიდიანულ ღერძზე'' ჰეგემონობის დასამყარებლად სხვა ფორმებს ეძებდა.
როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის ქვეყნები ერთად აღებული ქმნიდნენ ერთიან სარტყელს, ყველა მათგანი შეხებაში იყო საქართველოს საზღვრებთან. მოსაზღვრე ქვეყნების გადაღმა მდებარე პოლიტიკურ ერთეულებზე ანუ მეორე ეშელონის ქვეყნებზე კი სამხედრო შეტევა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული: თურქულ-არაბულ-ისლამური სამყაროს სიღრმეში შეჭრა შორეულ სამხედრო კამპანიებისათვის საგანგებოდ მომზადების გარდა აუცილებლად საჭიროებდა ფლანგების და ზურგის უზრუნველყოფასაც. ზურგი პირველი ეშელონის ქვეყნებით ასე თუ ისე, უზრუნველყოფილი იყო, მაგრამ რაც უფრო ღრმად შეიჭრებოდნენ ქართველები სამხრეთში პალესტინის მიმართულებით, მით უფრო იზრდებოდა ფლანგებიდან მოწინააღმდეგის შემოტევის და პოზიციურ ალყაში მოქცევის ალბათობა. ერთი სიტყვით, ,,ქრისტეს საფლავის გამოსახსნელად'' გადამწყვეტი შტურმის წამოწყების წინ საჭირო იყო ფლანგებიდან კონტრდარტყმის შესაძლებლობის გამორიცხვა. ამ მიზნით ორი დიდი სამხედრო კამპანია იქნა მომზადებული და ჩატარებული. ერთი დასავლეთით - შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს გაყოლებით, რის შედეგადაც ტრაპიზონის იმპერია დაარსდა (1204) და მეორე - აღმოსავლეთით, თავრიზ-ყაზვინის მიდამოებში კასპიის ტბის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ (დღევანდელი გილანის და მაზანდარანის პროვინციების გაყოლებით). ქართველმა იქ თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს (1210). ამ დაპყრობითი კამპანიის უკიდურესი წერტილი - რომ-გური კასპიის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირთან მდებარეობს. აშკარაა, რომ სამხრეთში წინ წაწეულ ქართულ სამხედრო ნაწილებზე ხორეზმის მხრიდან იერიშის მიტანის შემთხვევაში, ხორეზმის ცენტრალურ ოლქებთან უშუალო სიახლოვეს მყოფი ეს დაპყრობილი ტერიტორიები ამ ქვეყნის დარბევის პლაცდარმადაც გამოდგებოდა (რაც ხორეზმის ჯარს აიძულებდა უკან მიბრუნებულიყო და თავისი ქვეყნისათვის მიეხედა), და საჭირო შემთხვევაში, ქართველების ფლანგებიდან შეტევის მოსურნე ხორეზმის სამხედრო ნაწილებზე ზურგიდან კონტრდარტყმის საუკეთესო ამოსავალ პოზიციადაც.
ამავე დატვირთვის იყო ტრაპიზონის იმპერიის ტერიტორია ცენტრალურ ანატოლიაში გამაგრებულ თურქთა წინააღმდეგ.
ფლანგები უზრუნველყოფილ იქნა. არსებობდა არაჩვეულებრივად ხელსაყრელი იდეური მოტივირება - ქრისტიანულ ერს უნდა დაეხსნა ქმინდა ქალაქი. იყო ყოველნაირი - ფინანსური, მატერიალური საშუალებანი, ბრწყინვალედ გაწვრთნილი და ძლევამოსილი ჯარი... არის ცნობები, რომ იერუსალიმის მიმართულებით ზოგიერთი შეტევითი ოპერაცია ქართველებმა ადრევე ჩაატარეს. რომის პაპი ჰონორიუს III და ჯვაროსანთა მთავარსარდალი კარდინალი პელაგიუსი აჩქარებდნენ საქართველოს სამეფო კარს. ლაშა-გიორგი გენერალური შეტევისათვის ემზადებოდა. დასავლეთის და აღმოსავლეთის დიდ დაპირისპირებაში თვისობრივად ახალი ეტაპი იწყებოდა - აღმოსავლეთი, ერთი შეხედვით, აშკარად თმობდა პოზიციებს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საქართველო მთელი საუკუნე იყო დასავლეთის და აღმოსავლეთის დიდი დაპირისპირების ერთ-ერთი უმთავრესი და სულ უფრო მზარდი მონაწილე, რამაც ის ამ დაპირისპირების გორდიას კვანძად აქცია - კვანძის გახსნა კი ერთბაშად მოხდა. აღმოსავლეთი გააფთრებული ებრძოდა საქართველოს არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ - და ეს არის საყურადღებო - სოციალურ სიბრტყეშიც. სამწუხაროდ, ამ მეორე ფრონტზე XIII საუკუნის საქართველო დამარცხდა:
ქართულ ეკლესიაში ვერ გავიდა გიორგი ათონელის რეფორმა - ეს ერთი;
ბატონყმურმა მონობამ სამოქალაქო ომის გზით დათრგუნა თავისუფალი მეწარმეობის პრინციპის დამცველი ,,მესამე წოდება'' - ეს ორი;
ბატონყმურმა ბარმა ასევე ომის გზით დააჩოქა საქართველოს არაბატონყმური მთიანეთი - ესეც სამი.
საქართველო სოციალურად ,,გააღმოსავლურდა''. ზემოთ უკვე ავღნიშნეთ ,,მერიდიანულ ღერძზე'' მჯდომი სახელმწიფოსათვის თუ რა კატასტროფული შედეგების გამოღებაც შეუძლია შინაგან გაორებას. სოციალური გააღმოსავლურების მიუხედავად საქართველო რაღაცნაირი ინერციით თავს დასავლეთის მოკავშირედ თვლიდა და ნაწილობრივ დასავლეთადაც რჩებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირების ძირითად ფსიქოლოგიურ მუხტს ამ პერიოდში რელიგიური სხვაობა ქმნიდა. წინდახედული პოლიტიკოსების (დავით IV, თამარი) მიერ ტოლერანტული პრინციპების გატარების მიუხედავად საზოგადოების წამყვანი ფენის ძირითადი პათოსი მაინც, რასაკვირველია, ,,ურჯულოთაგან ქრისტეს საფლავის გამოხსნა'' იყო...
სწორედ ამ გაორებამ, დასავლეთისაგან - სოციალურმა, ხოლო აღმოსავლეთისაგან ფსიქოლოგიურმა გაუცხოებამ, გამოიქვია ,,ოქროს ხანის'' საქართველოს, როგორც სახელმწიფოს კატასტროფა: ასეთი გაორება სულაც არ გამოდგა ოქროს კვეთი.
ევროპულობა, დასავლურობა თავის ისტორიას - როგორც ეს პირველ თავშიც გაკვრით ავღნიშნეთ - ბერძნული პოლისიდან იწყებს. პირველად იქ დაიწყო პიროვნების მითოსურ-კოლექტივისტური ფსიქოლოგიისაგან გამოთავისუფლების და ინდივიდის დაბადების მტკივნეული სოციალური პროცესი. სახელმწიფოებრიობის უკვე ათას ხუთას წლოვანი ისტორიის მქონე მაშინდელ საქართველოში ეს პროცესი ადრევე, თვით ანტიკური ხანიდან იწყებს დასაბამს. XIII საუკუნის ქართულ საზოგადოებაში ინდივიდუალისტური ფსიქიკა უკვე საკმაოდ ფართოდ და ღრმად იყო გამჯდარი. სოციალურ სიბრტყეზე აღმოსავლეთთან წარმოებულ ომში საქართველოს სამივე ზემოხსენებული ფრონტით დამარცხებამ გამოიწვია სრული შეუსაბამობის დამყარება ერთის მხრივ ინდივიდუალისტურ (დასავლურ) ფსიქიკასა და მეორეს მხრივ ტირანულ-ბატონყმურ (აღმოსავლურ) იდეოლოგიას და მმართველობას შორის. სახელმწიფოს სიმტკიცე, ცხადია, შეიძლება დესპოტიის გზითაც იქნეს მიღწეული და ეს ქაოსს სჯობია, მაგრამ აღმოსავლური დესპოტია, როგორც მმართველობის ფორმა, მასების კოლექტივისტურ-მითოსურ ფსიქოლოგიას ეყრდნობა, საქართველოში კი სწორედ ამ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტური ფსიქოლოგიის ფართოდ გავრცელებულობის გამო დესპოტია ვერ ახერხებს განმტკიცებას: სხვა საკითხია, რომ საუკუნოვანმა აღმოსავლურმა ძალადობამ (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან) ბოლოსდაბოლოს სათანადო ფსიქიკაც აღაზევა და ინდივიდუალიზმთან ერთად ქართულ სოციალურ ფსიქოლოგიაში ცრუმითოსური განწყობილება დაამკვიდრა, მაგრამ ეს უფრო მოგვიანებით მოხდა.
ამ გაორების შედეგად ქვეყანა ანარქიამ მოიცვა. ჯალალ-ედინს ჯერ გახელმწიფებულმა (ერთიანი სახელმწიფოსაგან გაორგულებულმა) მემამულეებმა დაუთმეს გარნისის ომში გამარჯვება (სწორედ რომ დაუთმეს)9 ხოლო შემდეგ მუსლიმანებმა (ქრისტიანული და ამ აზრით დასავლური ქვეყნის აღმოსავლურმა ელემენტმა) გაუღეს თბილისის კარიბჭე.
ოთხი თაობის სისხლით და ოფლით შედუღაბებული ამიერკავკასიული ციტადელი შიგნიდან გატყდა. ,,აღმოსავლეთს'' რომ ქვეყნის შიგნით სოციალურ სფეროში არ გაემარჯვნა და ქვეყანა შინაგანად არ გაორებულიყო, ის პოლიტიკურ კრიზისებს და ქაოსს თავიდან აიცილებდა და ვერავითარი ჯალალი მას ვერ დაამარცხებდა. მაგრამ მოსახდენი მოხდა.
ამის შემდეგ საქართველო მხოლოდ მძიმე თავდაცვით ომებს ეწეოდა. ქართველებისათვის ამ ომების ძირითადი შინაარსი ერის ფიზიკური გადარჩენა იყო, ისტორიის მეხრისათვის კი ამ გზით ,,გეოპოლიტიკური საპირწონის'' მისია საქართველომ თავის ჩრდილოელ ,,ერთმორწმუნე'' ქვეყანას, რუსეთს ესტაფეტასავით გადასცა.
თუ არ ვცდები, ეპისკოპოს კირიონს უნდა ეკუთვნოდეს იდეა, რომელიც მერაბ კოსტავამაც გაიმეორა. ისლამური იმპერიების ალყაში მოქცეული საქართველოს ხუთსაუკუნოვან თავდაცვით ომს, მის ამ დაუმორჩილებლობას და გაუტეხლობას ობიექტურად, მსოფლიო ისტორიის თვალსაწიერიდან დანახული, ის შედეგი მოჰყვა, რომ ოტომანთა იმპერიამ ვერ შეძლო ერთიანი, უწყვეტი ფრონტალური ხაზის შექმნა ჩრდილოეთის მიმართულებით. საქართველო მას სუნიტურ ჩრდილოკავკასიასთან უშუალო მისასვლელებს უკეტავდა და კაზაკურ ბარიერებზე შეტევითი სტრატეგიის წარმართვას უბრკოლებდა. ამან რუსეთს დრო მოაგებინა. ტერიტორიული სიდიდის მიუხედავად ის მაშინ ჯერ კიდევ იმდენად სუსტი იყო, რომ ოსმალეთის ვასალმა, ყირიმის სახანომ მარტო საკუთარი ძალების ხარჯზე სხვადასხვა დროს ორჯერ მოარბია და გადაწვა მოსკოვი.
ასე იყო თუ ისე, ,,ოქროს ხანის'' საქართველოს ისტორიული გამოცდილება უფლებას გვაძლევს შემდეგი ხასიათის ზოგადი დასკვნა გავაკეთოთ:
როდესაც ,,მერიდიანული ღერძი'' უძრავია და ლათინური T-ს კონიუნქტურა იქმნება, მაშინ იმ სახელმწიფოს შიგნით, რომელსაც ,,გეოპოლიტიკური საპირწონის'' მისია აკისრია, (საქართველო. რუსეთი) დასავლეთ-აღმოსავლეთის წინააღმდეგობის გამწვავება (ანუ ამ ქვეყნის განვითარების ევოლუციური ვარიანტის ნაცვლად რევოლუციური პროცესების გაღვივება) მით უფრო დიდ საფრთხეს უქმნის მას, რაც უფრო რეალური იქნება მისი პრეტენზია ,,მერიდიანულ ღერძზე'' ჰეგემონობის. თუ ამ ჰეგემონობის პრეტენზიით ორივე მხარის (მაშრიყის და მაღრიბის) ინტერესები ერთნაირად ილახება, მაშინ ორივე მხარე ასევე ერთნაირი გულმოდგინებით შეეცდება ანგარიში გაუსწოროს ასეთ სახელმწიფოს.
___________________
1. ბერძნული კოლონიზაცია, რასაკვირველია, დასავლეთისკენაც იყო მიმართული, მაგრამ ,,დასავლეთი“ და ,,აღმოსავლეთი“ პოლიტიკურ ლექსიკონში მეტს აღნიშნავს, ვიდრე გეოგრაფიულ მხარეს. უპირველეს ყოვლისა ისინი ღირებულებითი ორიენტაციის მანიშნებელი ცნებებია. დასავლეთი პოლიტიკურ თავისუფლებას გულისხმობს, აღმოსავლეთი - დესპოტიას; ბერძნული კოლონიალიზმის ეპოქაში ქვეყნად ერთადერთი ,,დასავლეთი'' არსებობდა - ბერძნული პოლისი, ყველა სხვა პოლიტიკური გაერთიანება ,,აღმოსავლეთს“ განეკუთვნებოდა (დანარჩენი ხალხები ,,ბარბაროსები'' იყვნენ). რამდენიმე ანალოგიური ვითარებაა დღესაც. დღესდღეობით, მაგალითად, ისეა გაჯერებული სინამდვილე დასავლური ღირებულებებით, ვთქვათ, იაპონიაში, რომ ეს ქვეყანა უფროა ,,დასავლეთი'', ვიდრე თურქმენეთი ან თუნდაც საქართველო, თუმცა ეს სახელმწიფოები იაპონიაზე გაცილებით დასავლეთით მდებარეობენ.
2. ჰქონდა თუ არა გაცნობიერებული ამა თუ იმ ხალხს ან პიროვნებას, ვთქვათ ქსერქსეს, თავისი საქმიანობა მაინცა და მაინც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დიდი მეტოქეობის განასერში, ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჰეგელის ცნობილი თეზისი ,,აბსოლუტური გონის ცბიერების“ შჱსახებ - როცა ცალკეული პიროვნებები თავთავიანთი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, ხოლო საერთო ჯამში კეთდება არა ის, რაც მათ ჩაიფიქრეს, არამედ - რაც აბსოლუტურ გონს სურს, ანუ - რაც იმთავითვე წინასწარ იდო, კანონზომიერების სახით, მოსახდენ მოვლენაში - ჰეგელს ეს აზრი აქ მსოფლიო ისტორიის უჩინარი მეხრის ცბიერების იმ თეზისად შეიძლება გავიაზროთ, რომელსაც სხვადასხვა პიროვნება (და სხვადასხვა ხალხი) სხვადასხვა დოზით იცნობიერებს და მაშინ გასაგებია, თუ რა პირობითი შინაარსის შემცველიცაა ჩვენი გამოთქმა: ,,პართიის მეშვეობით აღმოსავლეთმა წამოიწყო შეტევა დასავლეთზე“.
3. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირებას თავისი გამოვლენის ისტორიული სახესხვაობები ახასიათებს: პოლიტიკურ მმართველობაში საყოველთაო მონაწილეობა და - უუფლებობა; მეადათეობა (თრადიციონალიზმი) და - რეფორმიზმი; ქრისტიანობა, როგორც პიროვნების თავისუფლების გარანტი და ისლამური - დესპოტია; დასავლური კათოლიციზმი და აღმოსავლური - ორთოდოქსია - ყველა ეს წყვილი ამ დაპირისპირების მოდიფიკაციური სახეცვლილებებია. თანაც სავალდებულო როდია დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირების ამა თუ იმ სახესხვაობის მაინცა და მაინც ორ ქვეყანას შორის არსებობა, ხშირად ეს პოლარობა ერთ რომელიმე ქვეყნის შიგნითაც მყარდება და მაშინ იქ ადგილი აქვს შიდასოციალურ კატაკლიზმებს: რევოლუციებს, გადატრიალებებს, სამოქალაქო ომებს...
4 არაბთა ლაშქრობები სპარსეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით ,,მიზნად ისახავდა“ ალექსანდრეს ლაშქრობების დროიდან ამ მხარეში შეჭრილი დასავლური, ელინისტური ნაშთების საბოლოო აღმოფხვრას. დესპოტიასთან შერწყმული ისლამის გავრცელებით მალე ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ არა აქვს მნიშვნელობა არაბთა სარდლებს ესმოდათ თუ არა თავიანთი ,,პროვიდენციალური“ მისიისა, იმისა, თუ რას წარმოადგენდა მათი დაპყრობები დასავლეთისა და აღმოსავლეთის დიდ დაპირისპირებების კონტექსტში.
5. ბიზანტიის და საერთოდ ქრისტიანული სამყაროს არაბებთან დაპირისპირება რომ დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირების ფორმაა, ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. მართალია, ბიზანტიაც იმპერიაა და იქ ინდივიდის პოლიტიკური თავისუფლება გვარიანად შეზღუდულია, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა განსხვავებული რელიგიების იდეოლოგიური დედაარსი. ისლამი მონოფიზიტური რელიგიაა - ის არ ცნობს ღმერთის კაცობრივ ბუნებას, ამდენად ჰუმანიზმი, რაც პიროვნების პოლიტიკური თავისუფლების იდეური საყრდენია, ანუ ინდივიდის მიჩნევა უზენაეს ამქვეყნიურ ღირებულებად ისლამური ორთოდოქსიისათვის არ არის მაინცა და მაინც აქტუალური. ,,არაბულ რენესანსს“ ნასესხები საყრდენები ჰქონდა და დაუძლეველი შინაგანი მოწინააღმდეგე ჰყავდა შარიათის სახით, მაშინ როცა დიოფიზიტური აღმსარებლობის ქრისტიანობა, პირდაპირ - მთელი თავისი ლოგიკური დედაარსით - მოითხოვს პიროვნების პოლიტიკურ (და არა მარტო პოლიტიკურ) გადათავისუფლებას.
6. გასათვალისწინებელია, რომ ანატოლიის ნახევარკუნძულზე თურქები დიდხანს ეთნიკურ უმცირესობას შეადგენდნენ.
7. ეს იდეა მაშინაც კი ბატონობდა ქართულ საზოგადოებაში, როცა მის ხორცშესხმას უკვე რეალური სამხედრო და პოლიტიკური საფუძვლები გამოცლილი ჰქონდა. მაგალითად, ცარისტული რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ იმპერიის იდეოლოგიური სამსახურის ერთ - ერტ უმთავრეს მიზნად რეგიონში დასახულ იქნა ამოეშანთათ ქართველების შეგნებიდან აზრი, რომ მათი სამშობლო ზღვიდან ზღვამდეა. ეს ამოცანა ცარიზმმა წარმატებით გადაჭრა.
8. მიუხედავად ამისა თბილისში მრავალრიცხოვანი გარნიზონის ჩაყენებას არც ერთი მხარე არ ჩქარობდა და ეს უფრო წინდახედულობას ჰგავდა, ვიდრე რაიმე სხვა მიზეზით გამოწვეულ მოვლენას - გარნიზონის ჩაყენება გადამწყვეტი შეტევის სიგნალი იქნებოდა. მართლაც, თბილისის საკითხი მხოლოდ გენერალური შეტაკების მერე და გადაწყდა, დიდგორის ომამდე კი ქალაქი, ფაქტიურად, დამოუკიდებელ რესპუბლიკად რჩებოდა.
9. ,,მთებზე იერიში არ მიაქვთ“ - ამბობდა თურმე ნაპოლეონ ბონაპარტე. ჯალალმა დიდი ყოყმანის მერე გააფრთებული იერიში მიიტანა სიმაღლეზე, რომელსაც ქარტული ჯარის მხოლოდ მეწინავე ნაწილი იცავდა. როდესაც მთელი მისი ძალები ამ სიმაღლის ასაღებად იყო გადაძაბული, ამ გადამწყვეტ მომენტში ფლანგებიდან დარტყმის წინასწარდაგეგმილი ოპერაცია ივ. მხარგრძელმა არ განახორციელა და მეწინავეთა სარდლობა (ძმები ახალციხელები) მტერს შეატოვა - შურითო, არაორაზროვნად წერს მემატიანე. პირველკაცობის, გახელმწიფების დაუოკებელი სურვილი, ბატონყმურ - დესპოტური ფსიქიკა - აღმოსავლური სინდრომი, რომელიც მაშინდელი საქართველოს მსხვილი ფეოდალური არისტოკრატიის ფენას მოედო - აი, რა გახდა მარცხის მიზეზი.
![]() |
5 კავკასიაში გეოპოლიტიკურ ძალთა განაწილების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ირაკლი მჭედლიშვილი
სტატიის მიზანია კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგების აღწერა, ერთგვარი რელიეფის შექმნა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდება განისაზღვროს საქართველოსათვის საგარეო პოლიტიკის ორიენტირები. ამგვარი წინასწარი მოსაზრებების, გათვლების საშუალებით შევძლებთ ერთმანეთისაგან გამოვყოთ უცხო ქვეყნები ჩვენთვის მეტ-ნაკლები მნიშვნელობის მიხედვით, შევარჩიოთ მათ შორის გრძელვადიანი საიმედო პარტნიორები.
სტატიის აქტუალობას ადასტურებს კონფლიქტების სიმრავლე კავკასიაში, რაც ნაწილობრივ შედეგია იმისა, რომ საქართველოსა და კავკასიის სხვა პოლიტიკური ერთეულების მიერ არ ხდება რეგიონის შესატყვისი პოლიტიკის გატარება.
ისტორიული მიმოხილვა
უძველესი დროიდან საქართველოს სახელმწიფო მეზობელ სახელმწიფოებთან ინგტენსიური ურთიერთქმედების ფონზე ყალიბდებოდა.
საქართველოს სამხრეთით გავლენის სფეროებისათვის იბრძვის ორი დიდი იმპერიული სახელმწიფო: ირანი და ოსმალეთი. საქართველოს ჩრდილოეთით კი თანდათან ყალიბდება რუსეთის იმპერია. ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად, ხდება მისი კავკასიისაკენ წამოწევა.
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, რომელთა ავტონომიური ადგილი რეგიონულ პოლიტიკურ სურათში ჯერ არ არის გამოკვეთილი, უდგებათ რუსეთისაგან თავის დაცვის პრობლემა. რაც შეეხება საქართველოს, იგი არამყარი წონასწორობის მდგომარეობაშია. ირანი ცდილობს თავის ველში ჩაითრიოს საქართველო, ოსმალეთი კი მის თავის გავლენის სფეროში დაფიქსირებას ლამობს.
ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთისაგან იდეოლოგიურად გამიჯვნის აუცილებლობამ ისლამის გავრცელება გამოიწვია. ეს შემთხვევითი აქტი არაა და მხოლოდ ოსმალეთისა და ირანის მცდელობით არ აიხსნება. სიტუაცია მსგავსია იმ ვითარებისა, როდესაც საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს აქტი საქართველოში პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და ქართველი პოლიტიკოსების მომზადებული იყო, რათა საქართველო გამიჯვნოდა მაზდეანურ ირანს და რომთან კავშირი განემტკიცებინა. მოგვიანებით, სამხრეთელი მეზობლების წაქეზებით გაძლიერება იწყო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების თავდასხმებმა საქართველოზე. ამის გამოვლენაა ლეკიანობაც. გასაგებია, რომ საქართველოს უნდა მოეძებნა რაიმე საშუალება, რათა გაეწონასწორებინა ორმხრივი დაწოლა. სწორედ ამით აიხსნება ქართველი მეფეების სწრაფვა რუსეთისაკენ. სწორედ რუსეთთან კავშირით უნდა მომხდარიყო ქრისტიანული და მაჰმადიანური ძალების გაწონასწორება კავკასიაში. იმას, რომ რუსეთთან კავშირი თვითმიზანი არ ყოფილა და წარმოადგენდა მრავალმხრივი ძიების შედეგს, ევროპაში პოლიტიკური მხარდაჭერის საძიებლად სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობაც ადასტურებს. ამგვარად, რუსეთთან კავშირით კავკასიაში შეიქმნებოდა ქრისტიანული და მაჰმადიანური ძალების ზოლოვანი განლაგება: სამხრეთით მაჰმადიანური ფრონტი, შემდეგ ქრისტიანული საქართველო, შემდეგ მაჰმადიანური ჩრდილოეთ კავკასია, და ბოლოს - ქრისტიანული რუსეთი. როგორც ვხედავთ, კავკასია წარმოადგენს ბუფერულ ზონას ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, სადაც რეალიზებულია როგორც მაჰმადიანური სამხრეთის, ისე ქრისტიანული ჩრდილოეთის ინტერესები. ე. ი. სამხრეთისა და ჩრდილოეთის გეოპოლიტიკური ველები ერთმანეთთან შეხებისას ქმნიან არა უშუალო საზღვარს, არამედ გარკვეული აზრით რთულ სტრუქტურას, ზოლოვან განლაგებას, სადაც ხდება ამ ძალების გაწონასწორება.
კავკასიურ კვანძზე წარმოდგენა სრული არ იქნება, თუ მას განვიხილავთ მხოლოდ სამხრეთის მაჰმადიანური და ჩრდილოეთის ქრისტიანული გეოპოლიტიკური ძალების დაპირისპირების თვალსაზრისით. კავკასია ასეთივე დიდ როლს თამაშობდა ირანულ-ოსმალურ, შიიტურ-სუნიტურ დაპირისპირებაში.
სომხეთ-აზერბაიჯანი ირანისა და თურქეთის გეოპოლიტიკური ველების შეხების ადგილზე ქმნიან ძალთა ისეთივე განაწილებას, როგორსაც საქართველო-ჩრდილოეთი კავკასია მაჰმადიანური და ქრისტიანული ველების შეხების ადგილას.
ოსმალეთსა და მის მონათესავე თურქულენოვან აზერბაიჯანელებს შორის მოქცეულია სომხეთი, რომელიც წვრილი ყელით უკავშირდება ირანს და ამავე დროს ეს წვრილი ყელი ჰყოფს აზერბაიჯანს და ოსმალეთს ერთმანეთისაგან. ე. ი. გვაქვს ასეთი განლაგება: ოსმალეთი, შემდეგ ირანული ორიენტაციის სომხეთი (სომხეთისა და ირანის ტრადიციული მოკავშირეობის ნიშანია სომხეთის მონოფიზიტობა, რომელიც ირანის ხელშეწყობით ვრცელდებოდა კავკასიაში, რათა ამით კავკასია გამიჯვნოდა ბიზანტიას), შემდეგ აზერბაიჯანი, რომელიც მართალია ირანის გავლენის სფეროა, მაგრამ ეთნიკურად და ენობრივად თურქეთის მონათესავეა და ბოლოს ირანი. ხშირად გაოცებას იწვევს, თუ როგორ არ წალეკა ოსმალეთმა სომხეთი და ვერ დაუკავშირდა აზერბაიჯანს. საქმე ისაა, რომ ამას არ დაუშვებდა ირანი, რადგან მაშინ იგი ჩრდილოეთიდან მთლიანად მოექცეოდა თურქულ რკალში. როგორც ცნობილია, ირანს ჩრდილოაღმოსავლეთიდან აწიოკებდნენ თურქმენები. რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება ხელს აძლევდა სომხეთსაც. მისთვის ირანთან კავშირი თვითგადარჩენის საშუალება იყო.
როგორც ვხედავთ, კავკასია ისტორიულად ჩამოყალიბებული რთული პოლიტიკური კვანძია, სადაც რეალიზებულია სამი დიდი გეოპოლიტიკური ძალის: რუსეთის, თურქეთის, ირანის ინტერესები. თითოეული ამ ძალის გაძლიერება კავკასიაში იქვევდა საწინააღმდეგო, გამაწონასწორებელი ძალების გაძლიერებასაც. ჩამოთვლილ სამ დიდ გეოპოლიტიკურ ძალთა შორის ურთიერთობა არა მხოლოდ აისახებოდა კავკასიაზე, არამედ კავკასია, თავის მხრივ, დიდ როლს თამაშობდა ამ ურთიერთობათა რეგულირებაში.
დღევანდელი ვითარების ანალიზი
დღეისათვის, დიდი გეოპოლიტიკური ძვრების შედეგად, კავკასიაში გვაქვს სამი სახელმწიფო: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ამათ გარდა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, ავტონომიური რესპუბლიკები, რომლებშიც თანდათან ძლიერდება დამოუკიდებლობის ტენდენციები. ყოველ მათგანს გააჩნია უამრავი პრობლემა, რომლებიც პოლიტიკური კლიმატის მკვეთრი ცვლილებითაა გამოწვეული. ასეთ ვითარებაში კავკასიის ხალხები ცდილობენ საიმედო პარტნიორები მონახონ ძლიერი ქვეყნების სახით, რომლებიც მიეხმარებიან მათ ამ პრობლემების გადაჭრაში, გახდებიან მათი უსაფრთხოების გარანტები, დააჩქარებენ მათ მსოფლიო პროცესებში ჩართვას.
თავის მხრივ, დიდ რეგიონულ ქვეყნებს - რუსეთს, თურქეთს და ირანს საკუთარი ინტერესები გააჩნიათ კავკასიის მიმართ.
ირანისათვის, მისი ნედლეულის ექსპორტისათვის ევროპაში, კავკასიას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალს. ირანისათვის ეს ერთ-ერთი უმოკლესი სავაჭრო მარშრუტია. ასეთი ურთიერთობით საქართველო დიდად მოიგებს.
თურქეთს, სომხეთისა და საქართველოს საშუალებით, შეუძლია დაუკავშირდეს აზერბაიჯანს, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიას, ვოლგისპირეთისა და შუა აზიის თურქულენოვან მოსახლეობას.
რუსეთის ეროვნული ინტერესები ჩამოყალიბების პროცესშია. მიუხედავად ამისა, თუ რუსეთში რეფორმები ნორმალურად წარიმართება, შეგვიძლია ვივარაუდოთ მისი შესაძლო ინტერესები: ესაა რუსული კაპიტალის მინიმალური დაბრკოლებით მოძრაობა ირან-ინდოეთის მიმართულებით შესაძლებლობისდა მიხედვით კონტროლი კავკასიაზე, როგორც პლაცდარმზე წინა აზიაში მიმდინარე მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისათვის.
დღეს კავკასიაში მოვლენები ვითარდება რუსეთის წინააღმდეგობრივი შინაგანი პროცესების ძლიერ ფონზე და ორიენტაციებზე ცალსახად მსჯელობა ძნელია. მიუხედავად ამისა, რეგიონულ დონეზე, მაინც შეგვიძლია დავაკვირდეთ შემდეგ ტენდენციებს:
აზერბაიჯანში ყალიბდება თურქული ორიენტაცია, ეს თითქოს ბუნებრივია. სომხეთში კი, კავკასიის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, იზრდება ირანთან ურთიერთობის ინტენსივობა და ხარისხი. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, ისინი რუსეთისგან გამიჯვნის მიზნით ცდილობენ გამონახონ კავშირები თურქეთთან და არაბულ სახელმწიფოებთან. (მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერის - დუდაევის შეხვედრები თურქეთისა და არაბეთის რიგი სახელმწიფოების ლიდერებთან 1993 წლის შემოდგომაზე, რასაც რუსეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა). რაც შეეხება საქართველოს, მას კავკასიის სხვა ხალხებთან შედარებით პოლიტიკური მანევრირების, თავისუფლების მეტი ხარისხი გააჩნია, რადგან მას გეოგრაფიული მდებარეობის გამო კავშირების ყველაზე დიდი არჩევანი აქვს. მიუხედავად ამისა რუსეთის განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოთი, გეოგრაფიული, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური აზრით (რაც გამოვლინდება რუსეთის საინფორმაციო საშუალებებისა თუ პოლიტიკური წრეების განსაკუთრებულ ყურადღებაში, აგრეთვე თეორეტიკოსთა რადიკალურ მსჯელობებში იმის შესახებ, რომ ,,რუსეთს სჭირდება ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველო'' თუ ,,დანაწევრებული სინთეტიკური სახელმწიფო'', რათა უზრუნველყოს თავისი ინტერესების უსაფრთხოება სამხრეთის მიმართულებით) შეიძლება განმსაზღვრელი აღმოჩნდეს საქართველოს ორიენტაციის ჩამოყალიბებისას რეგიონულ დონეზე.
საინტერესოა აგრეთვე ფაქტი - მაშინ როდესაც საქართველო ცალმხრივად ორიენტირებულია ,,დემოკრატიულ'' რუსეთზე - პრეზიდენტზე, ჩრდილოეთ კავკასიელებს ძლიერი პოზიციები გააჩნიათ რუსეთის ,,რეაქციულ` ნაწილში - პარლამენტში. დაპირისპირება ,,ორ რუსეთს'' შორის იწვევს დაპირისპირების ზრდას კავკასიელებს შორის. თავის მხრივ, კავკასიაში დაპირისპირება იწვევს რუსეთის აღნიშნულ ორ ბანაკს შორის წინააღმბდეგობათა გამწვავებას. (მაგალითად: 1992 წელს, მაისში, ოსეთის კონფლიქტის გამწვავებას მოყვა რუსეთში ,,რეაქციონერების'' პოზიციების დასუსტება. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებას - ,,დემოკრატების'' მიერ ინიციატივის დაკარგვა). ანუ ჩრდილოეთ კავკასიელები და ქართველები ისევე როგორც ოდესღაც, დღესაც სხვადასხვა - ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკებში ვიმყოფებით.
კავკასიაში ისტორიულად ჩაგდებული მექანიზმი ასახავს დაპირისპირებებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საქართველო-ჩრდილოეთ კავკასია ასახავს ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირებას, ხოლო სომხეთ-აზერბაიჯანი - აღმოსავლეთ-დასავლეთის (ირან-თურქეთის) დაპირისპირებას. მართლაც, თუ დავაკვირდებით დღევანდელი საკონფლიქტო ზონების განლაგებას, დავინახავთ, რომ ისინიც ამ დაპირისპირებებს ასახავენ: აფხაზეთ-ოსეთი ჩრდილოეთისა და სამხრეთის, ხოლო ყარაბაღი - აღმოსავლეთ-დასავლეთის, ირან-თურქეთის დაპირისპირებას. აზერბაიჯანელებითა და სომხებით დასახლებულ საქართველოს რაიონებში იყო კონფლიქტის ესკალაციის რამოდენიმე მცდელობა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტებს ქართველებსა და სომხებს, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მძაფრი სახე არ მიუღიათ.
როგორც ვხედავთ, რეგიონში ძალთა განაწილების ისტორიული სურათი კვლავ აქტუალურია. მცირე რეგიონი, კავკასია, წარმოადგენს რთულ ნერვულ კვანძს. ხოლო კავკასიაში პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამ ღია რეგიონალურ ქვეყანაზე: რუსეთზე, ირანზე და თურქეთზე. კავკასიის როლი, შიდაკავკასიური კონფლიქტების მოწესრიგების პარალელურად, რუსეთის, ირანის და თურქეთის ურთიერთობების რეგულირებაში კიდევ უფრო გაიზრდება.
საფუძვლეები რეგიონული კავშირისათვის
როგორც ვნახეთ, კავკასია წარმოადგენს ფუნქციურად გამოყოფილ პოლიტიკურ რეგიონს. ახლა განვიხილოთ საკითხი, არის თუ არა საჭირო კავკასიაში გარკვეულ დონეზე ერთიანი პოლიტიკის გატარება. ხომ არ უქმნის საფრთხეს კავკასიის სტაბილურობას ამ რეგიონში მოვლენების თვითდინებაზე მიშვება.
ამისათვის შევხედოთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს არა რუსეთთან, თურქეთთან ან ირანთან დაპირისპირების თვალსაზრისით, არამედ სხვა მხრიდან, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ, თვითგადარჩენის მიზნით სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში მოხვედრილ კავკასიის ხალხებს ერთმანეთთან.
ისტორიიდან ცნობილია როგორ აწიოკებდნენ, ირანისა და თურქეთის წაქეზებით მოქმედი, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები საქართველოს. საქართველოს რუსეთთან დაკავშირების შემდეგ კი, რუსეთის არმიის ქართველმა ოფიცრებმა იწყეს ანგარიშის გასწორება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან. მას მერე, რაც რუსეთმა ფეხი მოიკიდა კავკასიაში, რუსები საქართველოში წესრიგის დამყარებისათვის ჩრდილოეთ კავკასიელებს იყენებდნენ.
როგორც ვხედავთ, შეიქმნა უაზრო მდგომარეობა - ხალხებს, რომლებსაც ერთი პრობლემა ჰქონდათ - როგორმე გადაერჩინათ თავი, შეენარჩუნებინათ თვითმყოფადობა, შეეჩერებინათ, ერთის მხრივ, რუსეთის, ხოლო, მეორეს მხრივ, ირან-თურქეთის დაწოლა, იქცნენ იარაღად სხვის ხელში, რომელსაც ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდნენ.
გარკვეული აზრით იგივე სურათი მეორდება დღესაც. კავკასიის შიდა კონფლიქტებს აძლიერებს ან სულაც წარმოშობს გარეშე გავლენა. არსებობს ასეთი კონფლიქტების რაოდენობის ზრდის საშიშროება.
ასეთი მდგომარეობა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ გარკვეულ შიდაკავკასიურ პოლიტიკაზე, შიდაკავკასიურ მოლაპარაკებაზე. ამ მოლაპარაკებების იდეა მარტივია: მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციისა და სიმპათიებისა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს საზღვრებში შედის კავკასიის ესა თუ ის ხალხი, კავკასიის ხალხებმა ერთმანეთს არ უნდა შეუქმნან დესტაბილიზაციის საფრთხე. ყველა კონფლიქტი უნდა წყდებოდეს შიდაკავკასიური მოლაპარაკებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიაში ჩადებული მექანიზმის გამო, აუცილებლად მოხდება კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. ასეთ შემთხვევაში კი ყველა წაგებული იქნება.
ახლა ვაჩვენოთ რას მისცემს ასეთი შეთანხმება კავკასიას.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კავკასია მოექცევა პოლიტიკურად ოპტიმალურ მდგომარეობაში: რუსეთის ენერგია, რეალიზებული ამიერკავკასიაში, მოხმარდებოდა კავკასიაზე მაჰმადიანური სამხრეთის დაწოლის გაწონასწორებას, ხოლო მაჰმადიანური სამხრეთის ენერგია, რეალიზებული ჩრდილოეთ კავკასიაში, მოხმარდებოდა რუსეთის დაწოლის გაწონასწორებას კავკასიაზე. ამით შესაძლებელი გახდებოდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის დაწოლის ერთმანეთით გაწონასწორება.
ამგვარად ჩრდილოეთისა და სამხრეთის ენერგია, რეალიზებული კავკასიაში, მოხმარდება არა შიდაკავკასიურ ომებს, რომელიც დაასუსტებს კავკასიას, არამედ იმუშავებს კავკასიის სასიკეთოდ, დაიცავს მას, შექმნის სტაბილურობის გარანტიებს კავკასიაში.
რა თქმა უნდა აღწერილი მექანიზმი სინამდვილეში გაცილებით რთულია და ნორმალური მუშაობისათვის მრავალი ვარიანტის გათვლასა და სიტუაციაზე მუდმივ თვალყურის დევნას ითხოვს. მიუხედავად ამისა, იგი არაა რეალურ საფუძველს მოკლებული და მსგავსი მექანიზმების მუშაობას შეგვიძლია დავაკვირდეთ ბევრგან. მაგალითად:
საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე ცხოვრობს ორი ეთნოსი - ბასკები და კატალონიელები. ისინი თითქმის ერთნაირ გეოპოლიტიკურ პირობებში იმყოფებიან. ერთის მხრივ, განიცდიან ესპანეთის, ხოლო, მეორეს მხრივ, საფრანგეთის გეოპოლიტიკური ველის ზემოქმედებას. ბასკების უძველესი ქვეყანა ამ ველების ზემოქმედების შედეგად აღმოჩნდა გახლეჩილი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, ხოლო ამავე პერიოდში კატალონიის ტერიტორიის ნაწილზე, საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე, შუა საუკუენეებიდან ჩამოყალიბდა კატალონიური პოლიტიკური ერთეული ანდორა, რომელიც დღემდე მოვიდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამის მიზეზი იმაშია, რომ ბასკები ებრძოდნენ როგორც ფრანგებს, ისე ესპანელებს. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში ისინი ვერ შეაკავებდნენ ასეთ ორმხრივ დაწოლას. საფრანგეთისა და ესპანეთის ველები შეიძლება მხოლოდ ერთმანეთის საშუალებით გაწონასწორებულიყო. მართლაც ასე მოხდა. საფრანგეთისა და ესპანეთის ველები ერთმანეთთან უშუალო შეხებაში მოვიდნენ და ჩამოაყალიბეს საზღვარი, რომელმაც თავის მხრივ ბასკეთი ორ ნაწილად გაყო.
ანდორას შემთხვევაში მოხდა სხვაგვარად. ანდორაში, ერთი მხრივ, იყო ესპანეთის ეპისკოპოსთა, ხოლო, მეორეს მხრივ, ფრანგი გრაფების სამფლობელოები. შემდეგ ანდორაში გამოცხადდა ორმაგი სუვერენიტეტი, ანუ საფრანგეთმა და ესპანეთმა მოაქციეს ანდორა ორმაგი დაქვემდებარების ქვეშ. ე. ი. მოხდა საფრანგეთისა და ესპანეთის გეოპოლიტიკურ ველებს შორის არა უშუალო საზღვრის ჩამოყალიბება და ამგვარად მათი გაწონასწორება, არამედ შეხების ადგილზე გარკვეული რთული სტრუქტურის ჩამოყალიბება, გეოპოლიტიკური ველების გადაფარვა და ამგვარად გაწონასწორება. ესპანეთის ენერგია, რეალიზებული ანდორაში, აკავებდა ანდორაზე საფრანგეთის დაწოლას, ხოლო საფრანეგთის ენერგია, რეალიზებული ანდორაში, ხმარდებოდა ესპანეთის დაწოლის გაწონასწორებას. ასეთი მდგომარეობა ანდორას გარკვეულ ფარგლებში მანევრირების საშუალებას უტოვებდა. შედეგად, ანდორა დღეს დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, კატალონიური სახელმწიფო ენით, თავისი პოლიტიკური ინსტიტუტებითა და პარტიებით.
როგორც ვხედავთ, საფრანგეთის და ესპანეთის ველებმა ერთმანეთი გააწონასწორეს ისე, რომ მათ შორის შესაძლებელი გახდა ერთგვარი თავისუფალი პოლიტიკური სივრცის წარმოქმნა, რომელიც კატალონიურმა სახელმწიფომ - ანდორამ შეავსო. სავარაუდოა, რომ თუ ბასკები შესძლებდნენ მოეხდინათ, ერთის მხრივ, საფრანგეთის, ხოლო, მეორეს მხრივ, ესპანეთის ინტერესების რეალიზაცია თავიანთ ქვეყანაში, როგორც ერთიანში, ისე, რომ არ დარღვეულიყო მათ შორის ბალანსი, მაშინ ბასკები, ისევე როგორც ანდორელები, შეინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას.
მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, რომ კავკასიაში, შინაგანი თანხმობის პირობებში, შესაძლებელია ამუშავდეს მსგავსი მექანიზმი. ასეთ შემთხვევაში, შიდაკავკასიურ მოვლენებზე შემცირდება გარეშე გავლენა, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის სტაბილიზაციას. აქვე აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, მართალია, თავის მხრივ, რეალიზებულია რეგიონში მოქმედი სამი დიდი გეოპოლიტიკური ძალის ინტერესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ძალთა სტაბილური ბალანსისათვის. საქართველოს პოლიტიკა ვერ იქნება ამოგლეჯილი კავკასიური სურათიდან, რადგან სრულად მხოლოდ კავკასიაშია, როგორც მთელში, რეალიზებული სამივე გეოპოლიტიკური ძალის ინტერესი.
კიდევ ცოტა რამ კავკასიული პრობლემების შესახებ
ხშირია აზრი იმის შესახება, რომ საჭირო არაა რაიმე განსაკუთრებული მიდგომა კავკასიური პრობლემებისადმი. სომხეთ-აზერბაიჯანთან ურთიერთობა უნდა იყოს ისეთივე, როგორიც სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, მისი რუსეთისაგან გამიჯვნა საერთოდ არ უნდა ხდებოდეს და პრობლემა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჩარჩოებში უნდა განიხილებოდეს. არის მეორე უკიდურესობაც, როდესაც კავკასიურ ერთობას წარმოგვიდგენენ როგორც დეტერმინირებულს განსაკუთრებული ისტორიული, ან უნიკალური ეთნიკური საწყისით. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ კავკასიური ერთობა არაა თვითმიზანი. მისი საჭიროება მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებს ეყრდნობა: კერძოდ - დღეს ჩრდილოეთ კავკასია გვევლინება თავისთავადი ინტერესების მქონე, გამოკვეთილ გეოპოლიტიკურ ძალად, რომელიც უშუალოდ ახდენს გავლენას საქართველოს სტაბილურობაზე, საქართველოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე. ეს რეალობაა. ამიტომ ჩვენ იძულებულები ვართ ამ ძალის მიმართ გამოვიმუშაოთ გარკვეული პოზიცია. გავითვალისწინოთ ისინი პოლიტიკურ გათვლებში. თვალის დახუჭვით ამ პრობლემას თავს ვერ ავარიდებთ. სწორედ ამ აზრით განიხილება სტატიაში კავკასიური ერთობა და არა ერთობა იმისათვის რომ, ვთქვათ, ყველანი ,,რასობრივად კავკასიელები'' ვართ.
ცალკე განხილვის საგანია, თუ როგორ შეხედავენ კავკასიურ რეგიონალურ კავშირს რუსეთი, ირანი და თურქეთი. წესით ასეთი კავშირი მომგებიანი უნდა იყოს ყველასათვის. ასეა თუ ისე, კავკასიური კავშირი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ამ ქვეყნებთან აქტიური კონტაქტისა და საზოგადოებრივი აზრის ურთიერთფორმირების გზით.
რუსეთს უჭირს კონტროლი ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ მას არ შეუძლია სრული გარანტიების მოცემა, რომ საქართველოს უშუალო ჩრდილოეთის საზღვრები საქართველოსათვის არ იქნება დესტაბილიზაციის წყარო. ამის პრეცედენტი უკვე დღეს არსებობს, მაგალითად ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობა სამაჩაბლოს - სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში, ან ჩეჩნეთის მიერ გამსახურდიას მომხრე ტერორისტული ჯგუფებისათვის თავშესაფარის მიცემა და მათი აქტიური მხარდაჭერა. აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიელთა მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტში.
წყვილი, საქართველო - ჩრდილოეთ კავკასია, დიდ როლს თამაშობს ჩრდილოეთ-სამხრეთის დაპირისპირების რეგულირებაში. ისევე, როგორც სამხრეთის დაწოლა ჩვენზე გააძლიერებს ჩვენს კავშირს რუსეთთან, დაწოლა ჩრდილოეთ კავკასიაზე ყოველთვის გააძლიერებს მის სწრაფვას მაჰმადიანური სამხრეთისაკენ. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს ვოლგისპირეთის თათრული მოსახლეობის გააქტიურებას, საქართველოზე ჩრდილოეთ კავკასიის დაწოლის გაძლიერებას. ასეთი ვითარება წამგებიანია როგორც საქართვლეოსათვის, ისე რუსეთისათვის. ამგვარად რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიისათვის, რომ არ მოხდეს კავკასიური პრობლემების ინტერნაციონალიზაცია, კავკასიური ველი კავკასიაშივე უნდა ჩაიკეტოს.
და ბოლოს ასეთი კავშირი მომგებიანია როგორც კავკასიისათვის და ე. ი. საქართველოსათვის, ისე რუსეთისათვის, რადგან თუ კავკასიელები დაინახავენ, რომ რუსეთი მათ თვითმყოფადობას საფრთხეს არ უქმნის, მაშინ მოიხსნება მათი მაჰმადიანურ სამყაროსკენ სწრაფვის აუცილებლობა. კავკასიელთა პრობლემები სხვაა, ხოლო მაჰმადიანური სამხრეთისა - სხვა. კავკასიელებს მაჰმადიანური, ,,სამხრეთული'' პატრიოტიზმი იმდენად აღელვებთ, რამდენადაც ეშინიათ რუსეთის ექსპანსიისა და თავიანთი უსაფრთხოების გარანტიას ხედავენ მაჰმადიანურ სამხრეთში. ამდენად რუსეთი უზრუნველყოფს თავისი სამხრეთის საზღვრების სტაბილურობას და მოხსნის კონფლიქტების პროვოცირების შესაძლებლობას.
მსგავსი არგუმენტაციის მოყვანა შეიძლება ირანისა და თურქეთის შემთხვევაშიც.
როგორც ვხედავთ დღეს ასეთი კავშირის შექმნა საჭიროა რეგიონში სტაბილურობის მიზნით. ამას გარდა არის შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკამ დაიწყოს ამ მხრივ მუშაობა ისე, რომ არა თუ ზიანი არ მოუტანოს დიდი მეზობლების ინტერესებს, არამედ, პირიქით, მოუტანოს სარგებელი - ჩამოყალიბდეს ასეთი კავშირი მათთან აქტიური ურთიერთქმედების გზით.
კავკასია და არარეგიონული ქვეყნები
დამუშავებული ისტორიული მასალები იმის შესახებ, თუ რანაირი ურთიერთობა იყო საქართველოსა და არარეგიონულ, კერძოდ ევროპის სახელმწიფოებს შორის, არა გვაქვს. მიუხედავად ამისა, თუ დავეყრდნობით საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს არარეგიონული და რეგიონული (რუსეთი-თურქეთი-ირანი) ქვეყნების ურთიერთობის შესახებ, შეგვიძლია გავაკეთოთ მიახლოებითი დასკვნები საქართველოს (კავკასიის) პოლიტიკური პრობლემებისა და ქცევის მოტივების შესახებ.
პირველი ნიშნები არარეგიონული ქვეყნების გავლენისა კავკასიის პოლიტიკურ მდგომარეობაზე თავს იჩენს XVII საუკუნეში. ამ დროს ოსმალეთსა და სპარსეთში ერთმანეთს ეჯახება რუსეთისა და ევროპული სახელმწიფოების ინტერესები. მალე დღის წესრიგში დგება ე. წ. ,,აღმოსავლეთის საკითხი'', რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეობის პრობლემას. მემკვიდრეობაში ერთმანეთს ექიშპებიან ერთის მხრივ რუსეთი, მეორეს მხრივ - ევროპული სახელმწიფოები.
ეს პროცესი რთულია და წინააღმდეგობებით აღსავსე. ევროპის სახელმწიფოები და რუსეთი ცდილობენ ერთის მხრივ ოსმალეთის დეცენტრალიზაციას, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის შესუსტებას, მეორეს მხრივ - რადიკალურად იცვლიან პოლიტიკურ კურსს და ხელს უწყობენ ცენტრალური ხელისუფლების აღდგენასა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას. მაგალითად:
საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ევროპელებისა და რუსების ფლოტი 1827 წელს ამარცხებს ოსმალეთის ფლოტს. რამდენიმე წლის შემდეგ ეგვიპტე იბრძვის დამოუკიდებლობისათვის - ამარცხებს თურქებს და აღებით ემუქრება ოსმალეთის დედაქალაქს სტამბოლს. სულთანი მაჰმუდ III დახმარებას სთხოვს რუსეთს, რუსეთი ბოსფორის ნახევარკუნძულზე გადასხავს დესანტს. ამით შეშფოთებული ევროპელები სასწრაფოდ აგვარებენ ურთიერთობას ეგვიპტესა და ოსმალეთს შორის, ხოლო რუსეთს აიძულებენ გაიყვანოს ჯარები თურქეთიდან. 1840 წელს, ლონდონის კონვენციით, რუსეთის მფარველობას ცვლიან საერთო ევროპული შეთანხმებით.
მსგავსი წინააღმდეგობები წარმოიშვა I მსოფლიო ომის შემდეგაც. ერთის მხრივ ომში გამარჯვებული დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები ფიქრობდნენ თურქეთის დანაწილებას ბერძნულ, ქურთულ და სომხურ სახელმწიფოებად. მეორეს მხრივ - მას შემდეგ, რაც ანკარის მთავრობამ დახმარება სთხოვა რუსებს, დასავლეთმაც სცნო თურქეთის რესპუბლიკა, რათა არ დაესუსტებინა თავისი პოზიციები. ამის შემდეგ იწყება კონკურენცია რუსეთსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის ანკარის მთავრობაზე გავლენის მოსაპოვებლად.
გარკვეულად ამ ქინააქმდეგობას ასახავს რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის კავკასიის თეატრი გასული საუკუნის განმავლობაში. აქ ძნელია გაიგო, თუ ვისია კავკასია. ერთის მხრივ ფრონტი გადის კავკასიის სამხრეთით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაახლოებით დღევანდელ სამხრეთის საზღვრებზე, მეორეს მხრივ - კავკასიის ჩრდილოეთით, მდინარე ყუბანზე და თერგზე.
1853-56 ქლებში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები შამილის მეთაურობით, თურქეთთან და თურქეთის მოკავშირე ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად აყალიბებენ ერთიან ფრონტს. რუსეთი უკვე ფიქრობს კავკასიის საბოლოოდ დატოვებას.
მეორეს მხრივ - არც ამიერკავკასიაა ირანის ან ოსმალეთის კონტროლიდან შემთხვევით გამოსული ტერიტორიები. როგორც ჩანს, აქ რუსულ პოლიტიკას საკმაოდ მყარი საფუძველი ჰქონდა. კერძოდ - თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მდგომარეობას XIX საუკუნის ათიან წლებში: 1812 წელს სამამულო ომს ნაპოლეონთან და მის მიერ მოსკოვის დაკავებას, 1806-12 წლების რუსეთ-თურქეთის ომს, დაუმორჩილებელ ჩრდილოეთ კავკასიას - უცნაურია, თუ რანაირად წაართვა ამავე პერიოდში რუსეთმა ირანს ჩრდილოეთ პროვინციები, რაც გაფორმდა გულისტანის 1813 წლის ზავით.
ამ წინააღმდეგობის ახსნას შევეცადოთ კავკასიის, კერძოდ საქართველოს მაგალითზე.
1856 ქლის ყირიმის ომში დამარცხებისა და ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი ჯარების განადგურების შემდეგ რუსეთი აპირებს კავკასიის დატოვებას. გენერლების გრიგოლ ორბელიანისა და ბარათოვის აქტიურობა დიდ როლს თამაშობს რუსეთის გადაწყვეტილების შეცვლაში. სხვათა შორის ორივე ქართველია და ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ წარმოშობით ქართველი. ორბელიანის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ნათლად ჩანს მისი პატრიოტიზმი საქარველოსადმი, ხოლო მისი ბრძოლა ჩრდილოეთ კავკასიელების წინააღმდეგ აღიქმება, როგორც საქართველოს ინტერესების სამსახური. იგივე ითქმის ალექსანდრე ჭავჭავაძეზე და სხვა მრავალზე. საქართველოს აღდგენისა და გაერთიანების ლოზუნგით ხდებოდა აგრეთვე გენერალ ციციანოვის (ციციშვილის) მიერ ამიერკავკასიის გაერთიანება რუსეთის იმპერიაში.
რა თქმა უნდა, რუსეთისადმი დამოკიდებულება საქართველოში არ იყო ცალსახა. ამის მანიშნებელია სოლომონის მეფობის ტრაგედია და სამეფოს გაუქმება იმერეთში, მრავალი აჯანყება გამოწვეული რუსული მმართველობის შემოღებით, 1810 წლის ოსეთის აჯანყება, გამოწვეული უფლისწულ ლევანის აგიტაციით, თუ 1832 წლის შეთქმულება. რუსეთთან კაშვირის სისწორეზე კამათი დღემდე გრძელდება: იყო თუ არა საქართველოს რუსეთთან დაკავშირება აუცილებელი, როდესაც ქართველები ირანსაც და ოსმალეთსაც თანდათან უფრო და უფრო ეფექტურად უმკლავდებოდნენ (მაგ. ერეკლესა და სოლომონის ბრძოლები ხრესილთან და ასპინძასთან), ხოლო ირანისა და ოსმალეთის იმპერიის მზე ძირს მიექანებოდა.
მაგრამ ეტყობა, რუსეთისადმი სწრაფვა მაინც ძირითადი ტენდენციაა და აი რატომ: 1856 წლის პარიზის ზავის პირობებით, რომელიც დაიდო რუსეთის დამარცხების შემდეგ ყირიმის ომში, აღიარებულია ოტომანთა იმპერიის ,,დამოუკიდებლობა და მთლიანობა''. ბუნებრივია ამ პირობების მიხედვით საქართველო ან მისი ნაწილი უნდა შევიდეს ოსმალეთის შემადგენლობაში. ასეთი საერთაშორისო კონიუნქტურა კი ქართველებისათვის ქმნის გამოუვალ მდგომარეობას. ქართველებს დიდ პოლიტიკაში საკუთარი ავტონომიური ადგილი არ გააჩნიათ - ან რუსეთი, ან ოსმალეთი, რის შედეგადაც ხდება ერის დემორალიზაცია.
მეორეს მხრივ რუსული ორიენტაციის მომხრეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ,,რუსეთთან შეერთებით ევროპისაკენ გზის გახსნას'' გულისხმობს. მართლაც, თუ დავაკვირდებით იმდროინდელი საქართველოს ყოფას, მიუხედავდ გარკვეული უკმაოფილობისა რუსეთის მიმართ, ვითარდება ცხოვრების ევროპული სტილი - ოპერა, თეატრი, ლიტერატურული სალონები. ამ მხრივ ოსმალეთის იმპერიაში ,,დაბრუნება'' და თურქული წესების შემოღება ნამდვილად არ გამოიყურება რუსეთის ალტერნატივად.
ნათელია, რომ კავკასია არც რუსეთია, არც თურქეთი და ირანი, მაგრამ მაშინდელი მსოფლიო პოლიტიკა არ ითვალისწინებს კავკასიის ბუნებრივ ინტერესებს, მის თავისთავადობას. კავკასია აღიქმება მხოლოდ რუსეთის, ოსმალეთის ან ირანის კონტექტსში (სივრცეში). ბუნებრივია ასეთი გლობალური კონიუნქტურა იწვევს თავისუფლებისათვის მებძროლი ხალხების დემორალიზაციასა დეზორიენტაციას. კავკასიის ხალხებს უწევთ ცალ-ცალკე საკუთარი თავის გადარჩენა. ვინ რუსეთისაკენ იხედება, ვინ - ოსმალეთისაკენ.
სინამდვილეში:
კავკასიის ცნობით ოსმალეთის ან ირანის შემადგენლობაში, მაშინდელი მსოფლიო პოლიტიკა კიდევ უფრო აძლიერებდა ქართველების სწრაფვას ,,ერთმორწმუნე'' რუსეთისაკენ.
ოსმალეთის ან ირანის უფლებების ცნობით კავკასიაზე, დასავლეთი ვერ შეაჩერებდა რუსეთის ექსპანსიას კავკასიურ ფრონტზე, რადგან რუსეთის კავკასიაში ყოფნა-არყოფნის საკითხი უკვე მხოლოდ საერთაშორისო კონიუნქტურაზე არ იყო დამოკიდებული და აქ ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სწორედ ქართველები თამაშობდნენ.
კავკასიის ერთიანობისა და კეთილგანწყობილი ევროპული კონიუნქტურის (ანუ ევროპის კავკასიისადმი ,,პირდაპირი'' ინტერესის) შემთხვევაში შეეძლო ეთამაშა ჩამკეტის როლი - კავკასიურ ფრონტზე შეეძლო შეეჩერებინა რუსეთის ექსპანსია სამხრეთის მიმართულებით. ამის დასტურია ჩრდილოეთ კავკასიელთა ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ზურგისა და მნიშვნელოვანი გარეშე მხარდაჭერის არქონის პირობებში. როგორც შედეგი, მივიღებდით რუსეთის გავლენის შემცირებას აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე.
შეიძლება ითქვას ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორედ მსგავსი პრობლემა დგას დღევანდელი საქართველოს პოლიტიკის წინაშე. როდესაც საქმე ეხება საქართველო-რუსეთის დაპირისპირებას, საზოგადოებრივ ცნობიერებაში ისევ იღვიძებს ეჭვები: როგორც ოდესღაც (მაგალითად 1921 წელს) ხომ არ აღმოჩნდება საქართველო გაცვლის საგანი? ხომ არ შეგვატოვებს დასავლეთი რუსეთს? რამდენად ძლიერი იქნება მსოფლიო სახელმწიფოების მიერ საქართველოს მხარდაჭერა? იქნებ გზა დასავლეთისაკენ თურქეთზე გადის? იქნებ ისევ რუსეთს უნდა დავმორჩილდეთ, რათა ოდნავ მაინც შევასუსტოდ აგრესიული გარემო და გადავარჩინოთ ერი?
აშშ-რუსეთის პარტნიორობის იდეა, რომელსაც ეფუძნება რუსეთის მცდელობა ყოფილი სსრკ-ს სივრცე თავისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროდ გამოაცხადოს და განსაკუთრებული უფლებები მოიპოვოს ყოფილ რესპუბლიკებში პროცესების რეგულირებაზე, ბევრის წარმოდგენაში აღიქმება, როგორც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის გავლენის სფეროების ხელახალი განაწილება, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთის გავლენის სფეროშია დაფიქსირებული. საერთაშორისო ორგანიზაციების ინერტულობა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში მოსახლეობის მიერ აღიქმება როგორც დასტური ამგვარი მოსაზრებისა.
თუ რუსეთის უშუალო მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტში ბუნებრივად აღიქმება რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების ფონზე (უფრო მეტიც, თვითონ კონფლიქტი აღიქმება, როგორც რუსეთის მიერ მომზადებული და გაჩაღებული), კონფლიქტში, ექსტრემისტების მხარეზე, თურქეთის მოაქალაქეების მონაწილეობა საქართველოს გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს. ერთის მხრივ ყველა გრძნობს საქართველოში რუსეთის ჯარების მადესტაბილიზირებელ გავლენას, მეორეს მხრივ - ბევრს ეშინია რუსეთის ჯარების სრული გაყვანისა საქართველოდან, რათა კიდევ უფრო არ აირიოს მდგომარეობა.
თუ საქართველო გაურკვევლობაშია, სომხეთ-აზერბაიჯანის შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. აზერბაიჯან-თურქეთის მიზიდულობა იმდენად თურქეთის ან დასავლეთის სახელმწიფოთა გავლენის გაძლიერებას არ უწყობს ხელს კავკასიაში, რამდენადაც - რუსეთისას: რუსეთი სომხეთში მყარად დგას, რადგან სომხეთის დღევანდელი პოლიტიკა რუსეთის ჯარების გარეშე ვერ იარსებებდა. მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია რუსეთის ჯარების იქ ყოფნას. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მათი თურქულენოვნება და ყოფილი პრეზიდენტის ელჩიბეის მიერ პოლიტიკაში გამოცხადებული ,,თურქიზმი'' არ ქმნის მყარ საფუძველს აზერბაიჯანში და, მითუმეტეს კავკასიაში, თურქეთის ცალსახა გავლენისათვის. ამის ნათელი დასტურია ის უმტკივნეულო პროცესი, რომელსაც 1992 ქელს პრეზიდენტის ჩამოგდება მოჰყვა აზერბაიჯანში. კავკასიური პრობლემების ფონზე ელჩიბეის ,,თურქიზმი'' თეორიულ, არარეალისტურ მიდგომად გამოიყურება.
თუ განვაზოგადებთ ნათქვამს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი:
გლობალურ დონეზე დაპირისპირებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კავკასიის თავისებურება, მისი თავისთავადი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ სურათში.
გლობალური ბალანსის შენარჩუნებისათვის, კავკასიაში დემოკრატიული პროცესების ლიდერად, მსოფლიო პროცესებში კავკასიის ინტეგრირების დასაჩქარებლად, მითუმეტეს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის არ გამოდგება რომელიმე დიდი რეგიონული ქვეყანა (რუსეთი, თურქეთი ან ირანი). ამის მიზეზი კავკასიაში ისტორიულად ჩადებულ მექანიზმში უნდა ვეძებოთ. მსოფლიო პოლიტიკის მიერ რომელიმე რეგიონული ქვეყნის სანქციონირება კავკასიაში პროცესების ,,სწორი'' მიმართულებით წარსამართავად (მაგალითად კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით დასავლეთის სახელმწიფოების მიერ თურქეთის ,,კავკასიური პოლიტიკის'' მხარდაჭერა, ან, ვთქვათ მომავალში, რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერა კავკასიაში, ჩრდილოეთ-სამხრეთის შესაძლო დაპირისპირებისას), გამოიწვევს კავკასიაში ისტორიულად ჩადებული რეგიონული ბალანსის დარღვევას და წინააღმდეგობების აქტივიზირებას, საბოლოო ჯამში კავკასიის სახელმწიფოების არაადექვატურ ქცევას. მაგალითად - ოსმალეთისაგან დამოუკიდებლობისა და ევროპისაკენ სწრაფვის პროცესი საქართველოსათვის დამთავრდა რუსეთთან შეერთებით, დღეს რუსეთისგან დაშორების პროცესი იცვლება მასთან დაახლოების პროცესით და ა. შ. ამიტომ საჭიროა ძალისხმევა, რათა მოხდეს კავკასიის ქვეყნების უშუალო, პირდაპირი ჩართვა მსოფლიო პროცესებში და არა რომელიმე რეგიონული ქვეყნის ,,გავლით'' ან ,,საშუალებით''.
ასეთ მოსაზრებას გააჩნია გამართლებაც: ტრადიციული ქიშპობისა და დღემდე დაკონსერვებული რუსულ-თურქული წინააღმდეგობების გამო, რუსეთი ბუნებრივია უფრო მტკივნეულად აღიქვამს თურქეთის პოზიციების გაძლიერებას რეგიონში და პირიქით - თურქეთისათვის უფრო მტკივნეულია რუსეთის კონტროლი კავკასიაზე, ვიდრე კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო კონტროლი. კავკასიური წინააღმდეგობების დარეგულირება გლობალური დემოკრატიული პროცესების ჩარჩოებში შეიძლება წარმოადგენდეს საერთო მისაღებ საფუძველს ორივე ქვეყნისათვის, რადგან რუსეთიც და თურქეთიც აღიარებს (ფორმალურად მაინც) დემოკრატიული ღირებულებების პრიორიტეტს.
განსხვავებული ვითარებაა ბალტიისპირეთში, სადაც არჩევანი - აღმოსავლეთი თუ დასავლეთი (სკანდინავია თუ რუსეთი) შეუდარებლად უფრო ადვილად გადაწყეტადია.
კავკასიის მნიშვნელობა მსოფლიო განვითარების პერსპექტივაში
აღწერილი მექანიზმი ეყრდნობა ისტორიულ გამოცდილებას, ეხმიანება დღევანდელ ვითარებას და, როგორც ჩანს, აქტუალური იქნება მომავალშიც.
დღეს უკვე გარკვეულად შეიძლება იმ პროცესების პროგნოზირება, რომელიც შეიძლება მომავალში განიცადოს აზიამ, კერძოდ კი ჩვენმა რეგიონმა.
თუ რეგიონს განვიხილავთ გლობალური დაპირისპირების თვალსაზრისით, აქ ერთის მხრივ რუსეთია, რომელიც მიისწრაფვის სამხრეთისაკენ თავისი გავლენის სივრცის გასაფართოებლად, ხოლო მეორეს მხრივ - დასავლეთი, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთის გასვლას ინდოეთის ოკეანეზე და ხმელთაშუა ზღვაზე. შუაში მოქცეულია წინააღმდეგობებით აღსავსე აზიური სახელმწიფოები (თუ ჩვენს რეგიონზე ვილაპარაკებთ - ირანი და თურქეთი).
II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც მოხდა ორპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბება, აშკარად გამოიკვეთა შემდეგი სურათი: დასავლეთი ცდილობს დაეხმაროს ამ სახელმწიფოებს, რათა შინაგანი წინააღმდეგობებით დასუსტებულები არ გახდნენ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. სტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე მხარდაჭერა გარკვეულ წილად გულისხმობს თვალის დახუჭვას იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს თურქეთში და ირანში დემოკრატიულ ღირებულებებთან, ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებით. რაც უფრო შესუსტდება ორპოლუსიანი დაპირისპირება, მით უფრო კრიტიკული გახდება მსოფლიო პოლიტიკის დამოკიდებულება ამ ქვეყნების შინაგანი პროცესებისადმი. არაა გამორიცხული, რომ ეს ქვეყნები, ისევე როგორც დღევანდელი რუსეთი, წააწყდნენ სეპარატიზმთან დაკავშირებულ მწვავე პრობლემებს.
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კავკასია და მისი ,,პირდაპირი კავშირები'', რათა არ მოხდეს მისი ჩათრევა ამ პროცესებში, ან უფრო მეტი - რეგიონულ ქვეყნებში მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესების ერთმანეთზე ასახვა. მოცემულ შემთხვევაში კავკასიას შეუძლია ითამაშოს როგორც უარყოფითი როლი - ამ პროცესების მაპროვოცირებელისა, ისე დადებითი - ბუფერის და გამმიჯნავისა - ხელი შეუწყოს პროცესების წარმართვას მშვიდობიანი, კონტროლირებადი ფორმით.
დასკვნები
საქართველოს საგარეო პოლიტიკურ სივრცეში შეგვიძლია გამოვყოთ სამი თვისობრივად განსხვავებული გეოპოლიტიკური შრე.
1. ლოკალური (მცირე რეგიონული) - კავკასია - რომელიც წარმოადგენს გეოპოლიტიკური ძალების განაწილების რთულ სისტემას, კვანძს. იგი ძირითადად ჩამოყალიბებულია რუსეთის, თურქეთისა და ირანის გავლენის შედეგად. მეორეს მხრივ იგი არც რუსეთია, არც თურქეთი და არც ირანი. იგი ასრულებს ბუფერის როლს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის (ირან-თურქეთის) ურთიერთქმედებაში. დაპირისპირება სამ დიდ გეოპოლიტიკურ ძალას შორის იწვევს დაპირისპირებას კავკასიის სხვადასხვა უბნებს შორის. რომელიმე რეგიონული ძალის მხრიდან შიდა კავკასიურ კონფლიქტში ჩარევა იწვევს სხვა რეგიონული ძალების ჩარევასაც, ანუ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას.
2. რეგიონული (ღია რეგიონული) - რუსეთი, თურქეთი, ირანი - ეს ქვეყნები ხასიათდებიან კავკასიისადმი განსაკუთრებული ინტერესითა და ტრადიციული მცდელობით მოიპოვონ გავლენა მასზე. მეორეს მხრივ - ამ ქვეყნების ინტერესებში არაა მხოლოდ კავკასია. ისინი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში.
3. გლობალური (მსოფლიო) - არარეგიონული ქვეყნები - ხასიათდებიან ტრადიციულად ნაკლები ინტერესით კავკასიისადმი და განსაკუთრებული ინტერესებით რუსეთის, თურქეთისა და ირანის მიმართ. მათ მიერ კავკასია ტრადიციულად აღიქმება რუსეთის, თურქეთის ან ირანის კონტექსტში, ანუ მსოფლიო პოლიტიკური გარემო, რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთი, თურქეთი და ირანი, ხოლო კავკასია აღიქმება ამ სამი რეგიონული ძალის კონტექსტში.
თითოეული მათგანი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ითხოვს კომპლექსურ მიდგომას. (მაგალითად ჩრდილოეთ კავკასია, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს საქართველოს სტაბილურობაზე, შედის საქართველოს ლოკალური პოლიტიკის სფეროში, მაგრამ ამავე დროს იგი რუსეთის ფედერაციის ნაწილია, ხოლო თავის მხრივ რუსეთი ახდენს გავლენას ჩვენს რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკაზე). მიუხედავად ამისა, აღწერილ მოსაზრებებზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების თითოეული დონისათვის შესაძლებელია შევიმუშავოთ გარკვეული მუდმივი მიდგომები.
კერძოდ:
1. კავკასიაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს, რომ კავკასიური პრობლემები არ გასცდეს კავკასიის საზღვრებს, რადგან კავკასიაში ისტორიულად ჩადებული მექანიზმის გამო დიდია რეგიონული ქვეყნების კონფლიქტში ჩათრევის ალბათობა. ამისათვის მიზანშეწონილია მივაღწიოთ გარკვეულ შიდაკავკასიურ მოლაპარაკებას, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდება კავკასიური პრობლემების შიდაკავკასიური ძალებით გადაჭრა, გარკვეული დონის კავკასიური, რეგიონული ერთობის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებლობის მიხედვით, გამოიმუშავებდა შიდაკავკასიური პრობლემების კავკასიური ძალებით მოგვარების მექანიზმებს.
გამომდინარე ბუნებრივი პირობებისა თუ სხვა გარემოებების მსგავსებიდან - გამოიმუშავებდა ერთობლივ პროგრამებს ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სოციალურ სფეროში, კულტურასა და მეცნიერებაში.
ინფორმაციის შეკრება-გადამუშავებაში კავკასია ცალკე ანალიზის თემა უნდა გახდეს.
2. რაც შეეხება რუსეთ-თურქეთ-ირანის ღია რეგიონს - აქ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ამ ქვეყნების ინტერესების მაქსიმალური რეალიზება კავკასიაში ისე, რომ არ დაირღვეს ბალანსი რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება კოორდინაციის მოშლა კავკასიის ქვეყნებს შორის, რაც თავის მხრივ შეიძლება კონფლიქტების წყაროდ იქცეს.
არაა გამორიცხული (და სასურველია) მათი მოზიდვა კავკასიური პრობლემების მოგვარებისას, მაგრამ ბალანსირებულად, სამივე გეოპოლიტიკური ძალის წარმოდგენით,.
3. არარეგიონულ ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას ჩვენი მიზანი უნდა იყოს პირდაპირი კავშირების გაძლიერება კავკასიასა და ამ ქვეყნებს შორის. სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე. უნდა ვერიდოთ საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართვას რომელიმე რეგიონული ქვეყნის ,,გავლით'', ,,დახმარებით'', რადგან ასეთი მიდგომა დაარღვევს ბალანსს რომელიმე რეგიონული ქვეყნის სასარგებლოდ, რაც შეიძლება გახდეს დაძაბულობის ზრდის წყარო კავკასიაში.
ჩამოთვლილი რეკომენდაციები წარმოადგენენ ღონისძიებათა ერთიან კომპლექსს. საქართველოს პოლიტიკა კავკასიურ დონეზე, კერძოდ - შიდაკავკასიური პრობლემების კავკასიური ძალებით მოგვარების მცდელობა, არ გულისხმობს კავკასიური პრობლემების მოგვარებაში სხვა ქვეყნების როლის გამორიცხვას. ჩამოთვლილი რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიმე კავკასიური კონფლიქტის მოგვარების შესაძლო სქემა შეიძლება გამოიყურებოდეს ასე - ჯერ უნდა დაიწყოს გზების ინტენსიური ძიება, კონფლიქტის ლოკალურ დონეზე, კავკასიური ძალებით მოგვარებისათვის. თუ მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ პარალელურად დაიწყება კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება კავკასიის გარეთ. სამშვიდობო პროცესში მხოლოდ რეგიონული ქვეყნების ჩართვისას, წონასწორობისათვის, საჭირო იქნება სამივე რეგიონული ძალის (რუსეთის, თურქეთისა და ირანის) წარმოდგენა. პრობლემის გადატანისას საერთაშორისო დონეზე, დაპირისპირებული კავკასიური ძალები უნდა გამოვიდნენ როგორც მხარეები და მოილაპარაკონ უშუალოდ, მხოლოდ საერთაშორისო მეთვალუყურეთა კონტროლის ქვეშ.
აღწერილ სურათში დასკვნებს შეგვიძლია მივცეთ პრინციპების სახე, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა. კერძოდ:
ლოკალურ დონეზე - კავკასიურ პრობლემებში არ უნდა მოხდეს არაკავკასიური ძალების ჩარევა.
რეგიონულ დონეზე - კავკასიაში არ უნდა დაირღვეს ბალანსი რომელიმე რეგიონული ქვეყნის - რუსეთის, თურქეთის ან ირანის სასარგებლოდ.
გლობალურ დონეზე - არარეგიონულ ქვეყნებთან ურთიერთობა არ უნდა მოხდეს რომელიმე რეგიონული ქვეყნის ,,გავლით'', საშუალებით.
ზემოთ მოყვანილი პრინციპები პოზიტიური პრედიკატებით ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
ლოკალურ დონეზე - საჭიროა შიდაკავკასიური კონფლიქტები მოწესრიგდეს შიდაკავკასიური ძალებით.
რეგიონულ დონეზე - საჭიროა რეგიონული ქვეყნების ინტერესების ბალანსირებული რეალიზაცია კავკასიაში.
გლობალურ დონეზე - საჭიროა საქართველოს გააჩნდეს პირდაპირი, მაქსიმალურად ძლიერი კავშირები არარეგიონულ ქვეყნებთან.
აღწერილი პრინციპები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მოკლე ფორმულების სახითაც:
ლოკალურ დონეზე - ,,სინქრონიზაცია'', რეგიონულ დონეზე - ,,ბალანსი'', გლობალურ დონეზე - ,,პირდაპირი კავშირები''.
ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს: პირიქით, ,,პირდაპირი კავშირის'' პრინციპის დარღვევა იქვევს ,,ბალანსის'' მოშლას რეგიონში, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ,,სინქრონიზაციის პრინციპს'' და ა. შ.
* * *
ჩატარებული ანალიზი, რა თქმა უნდა, სრული არ არის და გარკვეული აზრით, ზედაპირულიც კია. მაგალითად, ანალიზის დროს არ არის გათვალისწინებული ჩრდილოეთ კავკასიის არაერთგვაროვნება. არ არის გაანლიზებული სომხეთ-აზერბაიჯანის როლი ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირების კონტექსტში. არ არის გამოყოფილი პრიორიტეტული მიმართულებები რეგიონში და ა. შ. მიუხედავად ამისა, სტატია არის ცდა განისაზღვროს მუდმივი ორიენტირები საქართველოს საგარეო პოლიტიკისათვის, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ხომ მხოლოდ შემადგენელი ნაწილია სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემისა: შესაძლებელი იქნება თუ არა განვახორციელოთ აღწერილი პრინციპები საგარეო პოლიტიკაში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ მომავალში როგორ იქნება აგებული საქართველოს სახელმწიფო იდეოლოგია.
![]() |
6 საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
მამუკა ბიჭაშვილი
ტერმინი გეოპოლიტიკა, გავრცელებული მნიშვნელობით, გულისხმობს ფიზიკური გეოგრაფიის ზეგავლენას სახელმწიფოს საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, სახელმწიფო ხელისუფლებაზე. ტერმინის მნიშვნელობას ხშირად გააფართოებენ ხოლმე იმგვარად, რომ იგი შეიძლება მოიცავდეს დამატებით სხვა სოციალურ და ზოგადკულტურულ ასპექტებსაც, მაგრამ თუ ტერმინ ,,გეოპოლიტიკის'' საკუთრივი საზრისის შენარჩუნება გვსურს, ყოველთვის უნდა ვიგულისხმოთ, რომ გეოპოლიტიკა არის გეორგრაფიული და პოლიტიკური ფაქტორების იმგვარი კომბინაცია, რომელიც ზეგავლენას იქონიებს ქვეყანასა თუ რეგიონზე.1
ტრადიციულად, საბჭოთა პოლიტიკურ ლიტერატურაში, ეს ტერმინი ნეგატიური მნიშვნელობით გამოიყენებოდა. გარდა იმ ფაქტისა, რომ გეოპოლიტიკური დოქტრინები ცუდად ეგუებოდნენ კომუნისტების პოლიტიკის ფილოსოფიას, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ გეოპოლიტიკის პირველი თეორეტიკოსები (რატცელი და ჩელენი) ფაშისტურ მოძრაობას უკავშირდებოდნენ. დღეს, როგორც ჩანს, ტერმინის ეს ,,ფაშისტური წარსული'' აღარ ითვლება ხელისშემშლელ გარემოებად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და თუნდაც მის ისეთ რეგიონებში, სადაც ფაშიზმის აღმოჩენა და ძლევა უცილებელ საქმიანობად გაუხდიათ: პრესის ემანსიპაციის შემდეგ ამ ტერმინმა სწრაფად მოიპოვა მოქალაქეობა და გამონაკლისს ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს. ამგვარი ,,გეოპოლიტიკური ბუმი'' ერთი მხრივ გაუგებარია, რადგან მოვლენათა ქმინდა გეოპოლიტიკური ჭვრეტა მოძველებულად და სასურველ მეცნიერულ სიმკაცრეს მოკლებულად ითვლებოდა. უკვე ჰაუსჰოფერი გახდა იძულებული, არცთუ მდიდარი გეოპოლიტიკური ტერმინოლოგია იმგვარი ფსიქოლოგიური მოვლენების აღმნიშვნელი ცნებებით შეევსო, რომლებიც სცილდებოდნენ საკუთრივ გეოპოლიტიკურ ველს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბჭოთა კაშვირისა და ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ, ფაქტიურად, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს, რომელიც ჩვენც გვეხება, გეოპოლიტიკური მოვლენებით დაინტერესება სავსებით ბუნებრივი და სასარგებლოც კი ჩანს. საქართველოს ირგვლივ იკვეთება სხვადასხვა გეოპოლიტიკური სისტემების კონტურები და ჩვენი ავტორებიც ცდილობენ გაარკვიონ იმ ოპტიმალური სისტემის ბუნება, რომელშიაც ყველაზე უმტკივნეულოდ ,,ჩაჯდებოდა'' საქართველო. კონკრეტულ სისტემებს შორის გვხვდება ევროპული თანამეგობრობა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ,,კავკასიური სახლი'', ,,ახალი მსოფლიო წესრიგი ვანკუვერიდან ვლადივასტოკამდე'' და ა. შ. დინჯი ანალიზის საფუძველზე, რომელიც უმჯობესი იქნებოდა გაცილებით უფრო ადრე დაწყებულიყო, თანდათანობით გასაგები ხდება როგორც რეალური განსხვავება ამ სისტემებს შორის, ასევე თითოეული მათგანის სიცოცხლისუნარიანობა. მაგრამ ამჯერად უპრიანი იქნებოდა მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ არა თავად ამ სისტემებზე, არმედ ერთ სპეციფიკურ ტენდენციაზე, რომელსაც იწვევს წმინდა გეოპოლიტიკური ფაქტორების აბსოლუტიზაცია ქვეყნის, კონკრეტულად კი საქართველოს ეროვნული ინტერსებისა და ამ ინტერესების განცორციელებისათვის აუცილებელი ეროვნული ძალის2 განსაზღვრისას.
ტენდენცია, რომელიც არავის გამოუთქვამს ჩამოყალიბებული სახით, ჯიუტად ავლენს ხოლმე თავს ცალკეულ განცხადებებსა და შემოთავაზებულ პოლიტიკურ ორიენტირებში. მას პირობითად შეგვიძლია ,,გეოპოლიტიკური წინასწარგანსაზღვრულობა'' ვუწოდოთ. ამ წინასწარგანსაზღვრულობას, მსგავსად სხვა დეტერმინისტული სისტემებისა, უჭირს თავისუფლების ფენომენთან ადაპტაცია (თუკი თავისუფლებად გაგებულია არჩევანის შესაძლებლობა და არა შეცნობილი აუცილებლობა) და ზოგჯერ იგი ფატალიზმის სახესაც კი იღებს: საქართველო და მისი მოსახლეობა ასეა გარემოცული ფატალურად განსაზღვრული გეოპოლიტიკური რეალიებით, რომ პრაქტიკულად მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ამგვარი თვალსაზრისი საზოგადოების დიდ ნაწილში ორგანულად ერწყმის გამუდმებული წარუმატებლობებით გამოწვეულ აპათიას. თუმცა, ეს უბედურების მხოლოდ ნახევარია. არანაკლებ მიუღებლად გამოიყურება უპასუხისმგებლობის ფენომენი, რომელიც თანმიმდევრულად გამოიყვანება აღნიშული თვალსაზრისიდან. მართლაც, რამდენადაც მხოლოდ თავისუფალი კაცი შეიძლება იყოს საკუთარ მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე პასუხისმგებელი, ხოლო გეოპოლიტიკური წინასწარგანსაზღვრულობა კი ვერ ეგუება თავისუფლებას, იგი საზოგადოებაში ნერგავს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის გრძნობას შექმნილი ვითარების გამო. ჩვენ, ვინც არ ვიზიარებთ მსგავს ცრურწმენებს, ალბათ დასაწყისშივე გვმართებს წინ წამოვწიოთ საპირისპირო ღირებულებები, მივუთითოთ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ფენომენზე, როგორც იმ ფუნდამენტზე, რომელსაც საბოლოო ჯამში უნდა დაემყაროს ნაციონალური ძალის ფაქტორი.
რას წარმოადგენენ, უფრო კონკრეტულად, ქართული გეოპოლიტიკური დეტერმინიზმის ძირითადი მოსაზრებები, რა თვალსაზრისი უძევთ მათ საფუძვლად? ძირითადი პრობლემა საქართველოს გეოპოლიტიკურ სტატუსს შეეხება. ერთი გავრცელებული თვალსაზრისით, საქართვლეოს უაღრესად წამგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია, რამაც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრა კიდეც ქვეყნის ისტორიის არასასურველი მიმართულებით სვლა. სხვა გეოპოლიტიკურ არეალში, ბევრს მიაჩნია, საქართველოს ექნებოდა ,,ბუნებრივი'' განვითარების შესაძლებლობა, რაც საშუალებას მოგვცემდა აგვეშენებინა სახელმწიფო, რომლის ბედ-იღბალსა და ნაციონალურ ინტერესებს განსაზღვრავდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები და არა მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკოსები. თუ თავს მოვუყრით ამ მიმართულებით სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში გამოთქმულ შეხედულებებს, ისინი შეგვიძლია სამ ძირითად პუნქტად დავაჯგუფოთ.
(1) საქართველოს არასასურველი გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ გამომდინარეობს თვით იმ რეგიონის დაბალი პოლიტიკური ღირებულებიდან, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ. პირიქით, კავკასია, როგორც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე რეგიონი, იმდენად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონედ ითვლება, რომ იგი ყოველთვის იპყრობდა ძლიერი მეზობლების ყურადღებას. რამდენადაც ეს მეზობელი, განსხვავებულ პერიოდებში განსხვავებული სამხედრო-პოლიტიკური ძალისა და ზეგავლენის ქვეყნები, ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთი კონტროლისათვის დაექვემდებარებინათ ევროპა-აზიის კავკასიური დერეფანი, ამდენად საქართველოს, როგორც კავკასიური ქვეყნის ტერიტორია მუდმივი ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენდა. ამ პირობებში საქართველოს მხოლოდ საკუთარი ძალების მაქსიმალური დაძაბვით უწევდა შეენარჩუნებინა პოლიტიკური და ბევრ შემთხვევაში, კულტურული თვითმყოფადობაც კი. სწორედ ეს ,,ძალების მაქსიმალური დაძაბვა'' და ,,მშვიდი ცხოვრების'' პირობების არარსებობაა მიჩნეული უშუალო შედეგად აღნიშნული მიზეზებისა, რაც, თავის მხრივ, გვიბიძგებს დავიწუნოთ კავკასიის გეოპოლიტიკური რეგიონი მისი უახლოესი მეზობლებითურთ.
(2) შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ძალზე დიდი გავლენა იქონია საქართველოს ცხოვრებაზე, ქრისტიანული რელიგიაა. ქრისტიანობა მოცემულ კონტექსტში გაიგება როგორც პოლიტიკური ფაქტორი და საქართელოს გეოპოლიტიკური ორიენტაციისათვის გეზის მიმცემი ფენომენი. ამ თვალსაზრისის შესაბამისად ქვეყანა ცხადდება ,,მუსულმანურ ოკეანეში'' შემორჩენილ ქრისტიანობის უკიდურეს აღმოსავლურ ფორპოსტად.3
უეჭველად გაზიარებული თეზისი - ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ - სწორედ ამას გულისხმობს. მაგრამ შევცდებით თუ ვიფიქრებთ, თითქოს ამგვარ ორიენტაციას ქრისტიანული ღვთისმოშიშება უძევდეს სარჩულად. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თვით ქრისტიანობა გაგებულია როგორც დასავლური ცივილიზაციის საფუძველი და ის ძირითადი ფაქტორი, რაც დასავლეთთან გვაკავშირებს. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს ქრისტიანობა ამ არგუმენტაციაში ძალზე იოლად ტრანსფორმირდება ევროპულ პოლიტიკურ ორიენტაციად. გამოთქმა - ჩვენ ევროპული ორიენტაციის ქვეყანა ვართ - ამის დასტურია. იგივე საზრისისაა საბჭოთა საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის თითქმის სტანდარტულად ქცეული კიდევ ერთი გამოთქმა - ,,ჩვენ ევროპულ კულტურას რუსეთის საშუალებით ვუკავშირდებოდით''. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც პირველი, მიგვანიშნებს ჩვენი პოლიტიკოსების იმ რეგიონისაკენ სწრაფვაზე, სადაც როგორც ნელ-ნელა ვრწმუნდებით, არავინ გველოდება ხელებგაშლილი. მაგრამ საინტერესოა, რომ ამ მეორე ორიენტირში რუსეთი გამოცხადებულია მხოლოდ ტრანზიტულ საშუალებად, რასაც არ შეიძლება მოეხიბლა საბჭოთა პერიოდში არც რუსეთის პატრიოტული ძალები და არც ,,კომპეტენტური ორგანოების'' ფხიზელი თვალი. თუმცა, მიუხედავად მოსალოდნელი რეაქციისა, ამ დებულებას არავინ ებრძოდა, რაც მისი ორბუნებოვნებით უნდა აიხსნას...
(3) დაბოლოს, არახელსაყრელად ითვლება თავად საქართველოს შიდაგეოგრაფიული გარემოც. მიაჩნიათ, რომ დანაწევრებულ, იმერ-ამერად დაყოფილ ქვეყანაში ყველა პირობა არსებობს კუთხურობისა და სეპარატიზმის აყვავებისთვის, ხოლო სუსტმა კომუნიკაციებმა და სამეურნეო კავშირებმა კიდევ ურფო განამტკიცა ცალკეული რეგიონების ერთმანეთისაგან მოწყვეტა. ,,ქართლ-კახეთად, იმერეთად, აჭარად და გურიად...'' ქვეყნის დანაწილება მხოლოდ შემთხვევითი ისტორიული ფაქტორების შედეგი კი არ არის, არამედ ქვეყნის დამაქცევარი, ჭრელი ფიზიკურ-გეოგრაფიული სტრუქტურისა, რომელიც ქმნის განსხვავებულ, ატომიზირებულ რეგიონებს განსხვავებული კლიმატური პირობებით, მცენარეული საფარით, მეურნეობრიობის სხვადასხვა წესით და, ბოლოს, როგორც შედეგს ამ სხვა ფაქტორების ზემოქმედებისა, განსხვავებულ ფსიქოლოგიურ ხასიათებს და ყოფით კულტურას.
აღნიშნული სამი მიზეზის კომბინაციით საკმაოდ იოლად მიიღება ის, რასაც ჩვენ გეოპოლიტიკური წინასწარგანსაზღვრულობა ვუწოდეთ. მართლაც, ჩვენზე არ არის დამოკიდებული არა მხოლოდ სამშობლო-საცხოვრისის არჩევა, არამედ არც ჩვენი მეზობლებისა. ერთიც და მეორეც უნდა მივიღოთ როგორც ურყევი, ობიექტური ფაქტი. მას შემდეგ რაც ეს გეოპოლიტიკური დოქტრინა პოლიტიკურ ხდომილებებს განიხილავს არა იმდენად ჩვენი თუ ჩვენი მეზობლების სუბიექტური ნებით განსაზღვრულად, რამდენადაც დეტერმინირებულად ,,სასიცოცხლო სივრცის'' გეოსტრატეგიული ფაქტორებით, წარმოუდგენელი ხდება, რომ კავკასია და საქართველო მასში, არ განიცდიდნენ მრისხანე მეზობლების მუდმივ დაწოლას. კავკასიის რეგიონი გაიგება ,,ოდიდგანვე ორ ზღვას შორის საომარ ლელოდ''. არსებითი ამ მტკიცებაში ის გახლავთ, რომ ჩვენ არასდროს მოგვასვენებენ უფრო ძლიერი მეზობლები - ეს, ასე ვთქვათ, უფრო სამწუხარო შედეგია მთავარი ფაქტორისა: კერძოდ კი იმისა, რომ ჩვენი მეზობლების აგრესიული პოლიტიკა, თავისთავად რაღაც სუბიექტური, აღნიშნული მტკიცების მიხედვით, ფიზიკურ-გეოგრაფიული, პრინციპში ბუნებრივი მოვლენებით წარიმართება. ვითარებას ამწვავებს აგრეთვე საქართველოს ტრადიციული ლტოლვა ქრისტიანული სამყაროსაკენ. მას შემდეგ, რაც ბიზანტიის ადგილი თურქეთმა დაიკავა, ხოლო ჩრდილოკავკასიურ ტომებში მკვიდრად მოიკიდა ფეხი ისლამმა, საქართველო ისლამურ გარემოცვაში აღმოჩნდა. ვითარების შემსუბუქება, ისლამურ გეოპოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით, შეუძლებლად ითვლება, რადგან ეს ქრისტიანულ კულტურულ ფასეულობებზე, საკუთარ თვითმყოფადობაზე უარის თქმას ნიშნავს. ჰოდა, ,,წელში გაგვწყვიტა ქრისტეს ჯვრის ზიდვამ'', ამიტომ ტრადიციული გეოპოლიტიკური ორიენტაცია დამატებით გულისხმობს მძიმე ზნეობრივ და რელიგიურ მოვალეობასაც, რაც თითოეულ ჩვენთაგანს დაბადებიდანვე ხვდება წილად (,,მძიმეა ქართველობა''-ს ლოზუნგით).
რა შეიძლება ითქვას ამ შეხედულებებსა და მათგან გამომდინარე დასკვნებზე? ვფიქრობთ, ის რაც საბოლოო ჯამში ქვიეტიზმისაკენ წაგვიბიძგებს, იმთავითვე მიუღებელია ჩვენთვის. საპირისპიროდ, ა) შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა არც ისე ცუდია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს: ბ) ,,გეოპოლიტიკური რეგიონი'' რელატიური ცნებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს a priori კარგი ან ცუდი გეოპოლიტიკური რეგიონი: გ) დაბოლოს, შეგვიძლია ვცადოთ და ეროვნული ინტერესების წმინდა გეოპოლიტიკური რეალიებით განსაზღვრის ნაცვლად, იგი შევავსოთ პოლიტიკური მოვლენების განმსაზღვრელი, მორგენტაუს უკვე კლასიკურად ქცეული ძალთა ბალანსის თეორიით.
დავიწყოთ კავკასიაში ჩვენი მდებარეობის დახასათებით. ეს რეგიონი არც ისე დაუცველი და ღიაა განუწყვეტელი თავდასხმებისათვის. ჩვენი წინაპარი ტომები, რომლებიც ამიერკავკასიის ძირში დასახლდნენ, როგორც ჩანს, ჩვენზე ნაკლები მოსურნეები არ ყოფილან მშვიდი სამეურნეო ცხოვრებისა. ყოველ შემთხვევაში, ვაზის კულტურის იმგვარი ინტენსიური განვითარება, როგორიც საქართველოშია, მიწაზე ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვდა. კავკასიის მთიანი მასივები კი, კომუნიკაციისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განვითარებამდე, ქვეყანას საიმედოდ იცავდა ჩრდილოელი დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან. ისტორიულად იმიერკავკასია დასახლებული იყო მომთაბარე ტომებით, რომელთაც არ შეუქმნიათ მყარი სტრუქტურებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მქონე გაერთიანებანი. მართალია, ეს უკანასკნელნი სულაც არ ჭირდებოდათ მომთაბარეებს აგრესიული პოლიტიკის საწარმოებლად, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მომთაბარეები არც სხვას აძლევდნენ ჩვენს უშუალო ჩრდილოეთ სამეზობლოში ძლიერი სახელმწიფოს აგების საშუალებას. რაც შეეხებათ თავად მომთაბარეებს, ისინი არ აწარმოებდნენ მეთოდურ და მიზანმიმართულ თავდასხმებს საქართველოზე არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კავკასიის ქედი გვიცავდა, რომელიც მათთვის იოლი გადმოსალახი არ იყო, არამედ იმიტომაც, რომ მომთაბარეებს ჰქონდათ მეურნეობრიობის სრულიად სხვა წესი, რომლისათვისაც საქართველოს მიწა-წყალი სრულიად უვარგისია. მომთაბარეთა მეურნეობა ხომ მესაქონლეობას ემყარება, რის გამოც მათ საცხოვრებლად ჭირდებოდათ ნოყიერი ბალახით სავსე ველები და არა ერთ დროს ტყით დაფარული ხევებითა და მთებით დანაწევრებული საქართველოს ტერიტორია. ხაზარების, პაჭანიკების და ყივჩაყების ინტერესები უფრო დასავლეთი მხარისაკენ იყო მიმართული, სადაც მათ განუწყვეტელი შეხლა-შემოხლა ჰქონდათ სლავებთან. სამხრეთით, საქართველოსაკენ ლაშქრობებს ეპიზოდური, შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და ნაკარნახევი იყო ან რიგი ,,ტრანზიტული'' მიზნებით, ან უფრო მარტივი, ალაფის მოპოვების სურვილით. ეს რაც შეეხება ჩრდილოეთის მიმართულებას, რომელიც გარკვეულ პერიოდამდე საიმედოდ გამოიყურებოდა.
დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან საქართველოს ,,სასიცოცხლო სივრცე'' შემოზღუდულია შავი და კასპიის ზღვებით. საზღვაო სივრცე და მიმდებარე სანაპიროები სტრატეგიულად არამყარი მახასიათებელია, რომლებიც განვითარებისდა შესაბამისად შეიძლება წარმოადგენდეს როგორც მტრის თავდასხმებისაგან დამცველ ზოლს, ასევე პირიქით, იმგვარ მონაკვეთს, რომელიც საიმედო თავდაცვითი სისტემის არარსებობის პირობებში მუდამ ღია იქნებოდა მტრის ფლოტისა და დესანტისათვის. ეს ზოგადად. რაც შეეხება შავ და კასპიის ზღვებს უფრო კონკრეტულად, აქ ვითარება ერთობ სპეციფიურია. კასპიის ზღვა ფაქტიურად დიდი ტბაა, რამაც განაპირობა კიდეც ის ფაქტი, რომ მის შემოგარენში არ წარმოქმნილა არც ერთი საზღვაო სახელმწიფო. კასპიის ზღვაში არასდროს არც ერთი ქვეყნის ,,დიდი არმადა'' არ ჩაუშვიათ და არც მნიშვნელოვანი საზღვაო ბრძოლა გამართულა ოდესმე. ამ აზრით, კასპიის ზღვა სიმშვიდის გარანტი იყო აღმოსავლეთიდან, რომელიც ძირითადად თევზჭერისა და (შედარებით ნაკლები ინტენსიობის) სავაჭრო ტრანსპორტირებისათვის გამოიყენებოდა. საინტერესოა, რომ თითქმის ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის შავ ზღვასაც. ბოსფორისა და დარდანელის ჩაკეტვის შემთხვევაში, რაც დამოკიდებული იყო ამ სრუტეების მაკონტროლებელი ქვეყნის პოლიტიკურ ნებასა და შესაძლებლობებზე, შავი ზღვა ისეთივე ჩაკეტილ სივრცედ იქცევა, როგორიც კასპიის ზრვაა. მართალია, კასპიისაგან განსხვავებით, შავ ზღვაზე ყოველთვის იყვნენ საზღვაო სახელმწიფოები, მას ჯერ ბიზანტია აკონტროლებდა დიდი ხნის განმავლობაში, შემდეგ თურქეთი და ბოლოს რუსეთმა მოინდომა მასზე მაკონტროლებელი როლის თამაში, მაგრამ საინტერესოა, რომ საქართველოს არასდროს განუცდია საზღვაო თავდასხმა მათგან. ისტორიამ არ იცის შემთხვევა, არ არსებობს ცნობა იმის თაობაზე, რომ ჩვენს ნაპირებს მეტ-ნაკლებად სოლიდური ბიზანტიური ან თურქული ფლოტი მოდგომოდეს. ეს, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო იმით, რომ ორივე ქვეყანა თავის სამხედრო-პოლიტიკურ აქტიობას მიმართავდა საქართველოს სამხრეთით, მათ უშუალო მოსაზღვრე რაიონებზე. სახმელეთო ოპერაციები კი გაცილებით უფრო იაფი და ეფექტური იყო, ვიდრე ამავე მიზნებით საზღვაო ფლოტის აღჭურვა. მით უფრო, თუ საქართველოს სამხრეთისაგან განსხვავებით, საზღვაო რაიონები ისტორიულად ვერ დაიკვეხნიდნენ აყვავებული საპორტო ქალაქებით, რომლებიც თავიანთი სიმდიდრით და სავაჭრო მნიშვნელობით დააინტერესებდნენ არა მხოლოდ ძველ კომერსანტებს, არამედ მტრულ სამხედრო ესკადრებსაც. ერთი სიტყვით, თუ დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე ზღვებს, კავკასიონის მსგავსად, დაცვით ზღუდეებად განვიხილავთ, დარჩება ერთადერთი მიმართულება - სამხრეთისა - რომელიც სრულიად დაუცავია ამგვარი ბუნებრივი საშუალებებით. სწორედ აქეთკენ მიმართავდა საქართველო თავის ძირითად პოლიტიკურ და სამხედრო ძალისხმევას, რათა უზრუნველეყო სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოება. თანაც გასათვალისწინებელია მდგომარეობის შემამსუბუქებელი ის გარემოება, რომ სამხრეთით უშუალო მეზობლები იყვნენ არცთუ დიდად აღმატებული პოლიტიკური კონდიციების მქონე აზერბაიჯანი და სომხეთი.
ვიდრე ამ პოსტულატის მიმხილვას დავასრულებდეთ, გვინდა ორიოდე სიტყვა ვთქვათ ქრისტიანული დასავლეთის, ქრისტიანული ევროპის ცნებებზე, რომლის უკიდურეს აღმოსავლურ ფორპოსტადაც ცხადდება საქართველო. საქმე იმაშია, რომ თვალსაზრისი, როლმის მიხედვითაც საქართველო ,,ქრისტიანული ევროპის'' ნაწილად მიიჩნევა და ამ საფუძველზე მტკიცდება დღევანდელ ევროპულ პოლიტიკურ და კულტურულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ,,კანონზომიერება'', ორაზროვანი და შეცდომაში შემყვანია. საკითხის ნათელყოფისათვის ჯერ უნდა ვიკითხოთ, რომელ ქრისტიანულ ევროპაზეა ლაპარაკი? თუ საქმე ეხება დასავლეთ ევროპის საქრისტიანოს, მნიშვნელობა არა აქვს მის პაპისტურ თუ პროტესტანტულ ნაირსახეობებს, მაშინ თვალსაზრისი აშკარად ყალბია, რადგან საქართველო არასდროს ყოფილა მისი ნაწილი არც კულტურული და არც პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედა სავსებით ბუნებრივია ევროპელების გულწრფელი გაკვირვება და სიფრთხილე დღეს ჩვენი მომძლავრებული ევროპოცენტრისტული განცხადებების მიმართ ისევე, როგორც ბევრი ჩვენი გულუბრყვილო თანამემამულის უკმაყოფილება იმის გამო, რომ ,,დასავლეთმა საუკუნის დასაწყისში ერთხელ უკვე გაგვწირა და ახლა მეორედ გვღალატობს...'' ვის დავკარგვივართ ან ვინ გვეძებს? როდის მოუციათ ევროპელებს თანადგომისა და ერთგულების რაყამი? განა თითებზე ჩამოსათვლელი ქართველი მამულიშვილების ევროპული ორიენტაციის მორვაწეობა საკმარისი საბუთია იმისათვის, რომ საქართველო დასავლეთ ევროპის ,,უძღებ შვილად'' გამოვაცხადოთ? გვახსოვს კია, როგორი რეპუტაციით სარგებლობდა საქართველო ევროპაში, როდესაც იქ, განმანათლებლობის ეპოქაში, ევროპოცენტირისტული მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური ორიენტირების ჩამოყალიბება დაიწყო? განა დღეს დიდად დავცილდით ჩვენს მაშინდელ მდგომარეობას, თუ კვლავაც ვაოცებთ მსოფლიოს ჩვენი ყოფით? აი, საქართველოს დახასიათება, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით მეორდება განმანათლებლობის არაერთ ავტორთან: ,,... კიდევ უფრო საცოდავია - წერდა ჰერდერი4 - ქრისტიანული საქართველოს ბედი. აქ ეკლესიებიც არის და მონასტრებიც, პატრიარქებიც ყავთ, ეპისკოპოსებიც და ბერებიც: ქართველი ქალები ლამაზები არიან, მამაკაცები - გულადები: და მაინც აქ მშობლები შვილებს ყიდიან, ქმრები - ცოლებს, მთავრები - ქვეშევრდომებს, ხოლო მორწმუნეები - ღვთისმსახურთ. უცნაური ქრისტიანობა მეფობს ამ სულით მხნე და გულით ურწმუნო ქურდბაცაცა ხალხში''. უნდა ვიქონიოთ თუ არა იმედი, რომ საქართველოს დღევანდელი იმიჯი მკვეთრად ამაღლებულია ძველთან შედარებით? თუმცა, ეს საუბრის სხვა თემაა და ჩვენს ძირითად სათქმელს საკმაოდ დაცილებული...
ერთხელ და სამუდამოდ გარკვევით უნდა ითქვას, რომ ევროპა, რომელთანაც ჩვენ მჭიდრო უთრიერთობა გვქონდა, ქრისტიანობა, რომლის მოუწყვეტელ ნაწილადაც ვაცნობიერებდით თავს, იყო ის კულტურულ-პოლიტიკური სამყარო, რომელიც ,,აღმოსავლეთის ქრისტიანობის'' სახელითაა ცნობილი. ეს უკანასკნელი არაფრით ჩამოუვარდებოდა, (ხოლო გარკვეულ პერიოდში სჯობდა კიდეც როგორც კულტურულად, ასევე სამხედრო-პოლიტიკური ძლევამოსილებით) დასავლეთ ევროპას, მაგრამ ბიზანტიის დაცემის შემდეგ, ეს სამყარო ფაქტიურად განადგურდა როგორც პოლიტიკური ერთეული. დასავლეთისა და აღმოსავლეთის საქრისტიანოებს შორის, როგორც ცნობილია, საკმაოდ დაძაბული და შემდგომ აშკარად მტრული ურთიერთობა არსებობდა. დასავლეთ ევროპელი ხალხების ინტეგრაციას ერთიან პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, რომელთა შორის ცალკე შეიძლება გამოიყოს ერთიანი საეკლესიო ცენტრი რომის პაპის მეთაურობით, ლათინური ენა და ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი ფაქტორი - რომაული სამართალი რომელიც საფუძვლად დაედო რომაულ-გერმანულსა და ინგლისურ სამართლებრივ სისტემებს. სულიერი ცხოვრების ერთი ცენტრიდან ხელმძღვანელობამ, საერო ცხოვრების საერთო სამართლებრივ საფუძველზე რეგულირების პრაქტიკამ, ერთმანეთს დაუახლოვა დასავლეთ ევროპელი ხალხები და ევროპას დაახლოებით ისეთი სახე მისცა თანდათანობით, როგორიც მას დღეს აქვს. დასავლეთისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ ევროპას, უფრო ზუსტად, აღმოსავლეთ საქრისტიანოს შეუდარებლად უფრო ატომიზირებული სახე ჰქონდა. აქ არავინ ავალდებულებდა სხვადასხვა საპატრიარქოებს კონსტანტინეპოლის პატრიარქის პრიმატის აღიარებას და არც ბერძნულ ენაზე ღვთისმსახურების წარმართვას. ამგვარად ატომიზირებული აღმოსავლეთის საქრისტიანო საოცარი ერთსულოვნებით უარყოფდა რომის პაპის უცოდველობის დოგმატს და მთლიანაობაში, ბიზანტიასთან ერთად უპირისპირდებოდა დასავლეთს. დაუშვებელია მიფუჩეჩება იმ ფაქტისა, ბიზანტია, რომლის გეოპოლიტიკურ არეალშიც ინტეგრირებული იყო საქართველო, გარდა პოლიტიკურ-კულტურულ და სამხედრო-სტრატეგიული პარამეტრებისა, უპირისპირდებოდა დასავლეთ ევროპას გაცილებით უფრო ღრმა, სულიერების განმსაზღვრელ ქრისტიანული თეოლოგიისა და დოგმატიკის საკითხებში. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენი ქრისტიანობის საფუძველზე დღევანდელ დასავლეთ ევროპულ პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების გარანტირების იდეა, სრულ გაუგებრობაზეა აღმოცენებული. იგი საბოლოო ჯამში ილუზიების გარდა არაფრის მომტანია. ამით იმის თქმა როდი გვსურს, რომ იმთავითვე გამორიცხულია საქართველოსათვის ევროპულ პოიტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა ან, თუნდაც მათში თანდათანობითი ინტეგრაცია: ამ მიმართულებით ხომ უკვე გადაიდგა რაღაც ნაბიჯები, მაგრამ საქართველოს ,,ვესტერნიზაცია'' იმ დოზით და იმ პერიოდში გახდება შესაძლებელი, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის დასავლეთი ევროპა და, რაც მთავარია, როდესაც ამისათვის მზად ვიქნებით თავად ჩვენ. თუ თავს ფანტაზირების უფლებას მივცემთ, თუ დრევანდელობისდა მიუხედავად თავს ძალას დავატანთ წარმოვიდგინოთ ასეთი მზადმყოფი საქართველო მომავალში, ვერ გამოვრიცხავთ ვერც იმას, რომ მომავალი თაობის პოლიტიკოსებმა ვერაფერი სარგებელი ნახონ ამგვარი ინტეგრაციის იდეაში. ეჭვი არ არის, ეს მომავალი თაობა გაკვირვებულიც დარჩება, თუკი შეიტყობს ჩვენი ,,ევროპოცენტრისტული'' პოლიტიკური ორიენტაციის ფარულ საზრისს - მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ, ,,მოვითხოვოთ'' ევროპელთაგან ჩვენს მაგივრად გაამაგრონ ნაციონალური ვალუტა საქართველოში, გამოაცოცხლონ მრეწველობა და წაახალისონ კერძო სექტორი, ჩააყენონ ჯარი, იარაღით ხელში დაიცვან საქართვლოს ტერიტორიული მთლიანობა, დაიცვან დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ებრძოლონ ბანდიტიზმს, ნარკომანიას, მაფიას, ერთი სიტყვით, ააშენონ სახელმწიფო იმ ხალხის მაგიერ, რომლის ბოგანო უმრავლესობა შიმშილითა და სიცივითაა დაუძლურებული, ხოლო წარჩინებული უმცირესობა - ძვირადღირებული სიამეების გამოდევნებით დაკავებული. ცხადია, არც ევროპა და არც, უფრო ფართოდ, დასავლეთი, რომელიც კარგადაა გაწვრთნილი უფრო რთული ხრიკების ამოცნობასა და მოგვარებაში, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებს. ამ მხრივ ვერაფერს გვიშველის ვერც ახალი რელიგიური ორიენტაცია და ვერც ძველის ჩხრეკა-გადასინჯვა. ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო შეცდა, როდესაც საბოლოოდ დაუკავშირა თავისი ბედი მომაკვდავ ბიზანტიას, და არ გადაინაცვლა კათოლიკური დასავლეთისაკენ, შეიძლება ქონას მატებდეს ამ მოსაზრების ავტორს მავანი დამკვირვებლის თვალში, მაგრამ უშუალოდ დღევანდელი პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად, ეს არგუმენტაცია პრაქტიკულად არაფრის მომცემია. გარდა ამისა, საკითხავია ისიც, თუ როგორ წარმოგვიდგენია თვით ორიენტაციის შეცვლა? ხომ აშკარაა, რომ რწმენის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ თანდათანობით, არსებული ღირებულებების გადაფასებით, მოკლედ - თეოლოგიური აზროვნების განვითარებით. მართლაც, რწმენა ღრმად ინდივიდუალური, პიროვნულ არჩევანსა და პასუხისმგებლობის ფენომენზე დამოკიდებული განწყობაა, რომელთან მიმართებაშიაც ხელისუფლება სრულ ჩაურევლობას და ტოლერანტიზმს უნდა იჩენდეს. თავისთავად, არც მხოლოდ კათოლციზმია ლაქი ცხოვრებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტია. პოლიტიკური (თუ, როგორც ამ ბოლო დროს ჩვენში გავრცელდა, ეკონომიკური) მოსაზრებებით რწმენის შეცვლა კი უდავოდ ჩრდილავს როგორც მიტოვებული აღმსარებლობის ღირსებას, ასევე ახლადმიღებულის ღირებულებასაც. რწმენის მყისიერი, არარელიგიური მოსაზრებებით შეცვლა, როგორც ნიმუში ჩვენი პოლიტიკური პრობლემების სახელდახელო და რადიკალური მოგვარებისა, ვერაფრით დატოვებდა კარგ შთაბეჭდილებას ცივილიზირებულ სამყაროზე.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპად დაყოფა, რომელიც ძირითადად ქვეყნების საეკლესიო დაყოფას მიუყვება, რა თქმა უნდა, არ არის ავტორის ორიგინალური მოსაზრებების ნაყოფი. ,,აღმოსავლეთის ქრისტიანობა'', ,,დასავლეთის ქრისტიანობა'' იშვიათი არ არის ისტორიულ თუ პოლიტიკურ ლიტერატურაში. მაგრამ, ალბათ, უფრო საინტერესოა ის, რომ თანამედროვე ევროპის ზოგადი გეოპოლიტიკური დაყოფაც იგივე ნიადაგზეა აღმოცენებული. ,,ცივი ომის'' პერიოდში ევროპელები თავიანთ გეოპოლიტიკურ სივრცეს სამ ზონად ყოფდნენ (დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპად). საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ, ფრანგულ პრესაში გამოქვეყნებული დოქტრინით (ავტორები არიან მიშელ ფუშე და კრიშტოფ პომიანი) დასავლეთ ევროპის საზღვრები მნიშვნელოვნადაა გაფართოებული ცენტრალური ევროპის ხარჯზე. ახალი დაყოფით, არსებობს მხოლოდ დასავლეთი და აღმოსავლეთი ევროპა, რომელთა შორის საზღვარი იწყება თეთრი ზღვიდან. დასავლეთი ევროპა მოიცავს ფინეთის დიდ ნაწილს, ბალტიის რესპუბლიკებს, ბელორუსიის მცირე ნაწილს, პოლონეთს, ჩეხიას, სლოვაკიას, უნგრეთს, ტრანსილვანიის მხარეს, სლოვენიას, ხორვატიას და საბოლოოდ სრულდება ადრიატიკის ზღვით. ახალი დაყოფის ქვაკუთხედად ეკლესიათა შორის განსხვავებაა აღებული. დასავლეთი ევროპა აერთიანებს კათოლიკურ და პროტესტანტულ კონფესიებს, ხოლო აღმოსავლური ძირითადად მართლმადიდებლურს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, აღნიშნავენ დასავლეთელი პოლიტოლოგები, ადგილი არ ჰქონია არც რენესანსსა და რეფორმაციას, არც ინდუსტრიულ რევოლუციას, რაც განმსაზღვრელია დასავლური ცხოვრების წესისათვის.
პოლიტიკურად და კულტურულად ატომიზირებულ აღმოსავლეთ ევროპას, ბიზანტიის დაცემის შემდეგ ხან თურქეთი ,,კურირებდა'' და ხანაც ავსტრია. ბოლოს იგი დროებით რუსეთმა დაუმორჩილა თავის გავლენას ისევ დასავლეთიდან ნასესხები სოციალიზმისა და კომუნიზმის იდეოლოგიური კლიშეებით. ,,ცივი ომის'' დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, რომელიც ზემოთხსენებული დოქტრინით მოიცავს ყოფილ საბჭოთა ტერიტორიების ჩათვლით, მხოლოდ ბალკანეთს და მასთან პოლიტიკურად დაკავშირებულ რეგიონებს, ჯერაც გაურკვეველია. რომ სწორედ აღმოსავლური რეგიონების ბედია ბუნდოვანი, ამაზე ნათლად მეტყველებს ბალკანეთის, ყოფილი იუგოსლავიის დასავლური (სლოვენია, ხორვატია) და აღმოსავლური (ბოსნია, სერბია, მაკედონია) რესპუბლიკების განსხვავებული მდგომარეობა. თუ სლოვენიასა და ხორვატიასთან დაკავშირებით სწრაფად გაირკვა ვითარება, და სიტუაცია აქ მეტ-ნაკლებად სტაბილურია, აღმოსავლეთში ან ომია, ან ახალი სამხედრო კონფლიქტების საშიშროება. როგორი მიმართულება ექნება აღმოსავლურ ევროპულ პროცესებს, რა გეოპოლიტიკური რეალიები ჩამოყალიბდება ამ რეგიონში, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ჩვენთვის უფრო არსებითია საგულისხმო დასკვნები გავაკეთოთ მოყვანილი მოსაზრებებიდან.
კონკრეტულად რისი განსაზღვრა შეიძლება ზემოთქმულიდან გამომდინარე? საქართველოს პრაქტიკული ინტერესებისათვის გამოიკვეთა შემდეგი სურათი: (ა) გეოპოლიტიკური და ისტორიული გამოცდილება გვარწმუნებს, რომ საქართველო არც არის და არც ოდესმე ყოფილა ევროპული პოლიტიკური ორგანიზმის და გეოპოლიტიკური რეალიების შემადგენელი ნაწილი, თუკი ,,ევროპად'' დასავლურ ევროპულ სამყაროს მივიჩნევთ: შემდეგ, (ბ) საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროპის სურათი: დასავლეთ ევროპის შემადგენლობაში შევიდნენ კათოლიკურ-პროტესტანტული კულტურის ყოფილი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები. პერსპექტივაში ნავარაუდევია მათი ინტეგრაცია ევროპული თანამეგობრობის პოლიტიკურ სტრუქტურებში. ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრაციის მოსურნე ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს - დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურები, მოქნილი სახელმწიფოებრივი მექანიზმები, განვითარებული ეკონომიკა და ა. შ. არსებობს დელორის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ინტეგრაციის ეტაპობრივ განხორციელებას მსურველი ქვეყნის საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური დონის შესაბამისად. ამ გეოპოლიტიკურ რეგიონში ჩვენი გაწევრიანება შორეულ, მხოლოდ პერსპექტიულ მომავალშიაც კი, უაღრესად პრობლემატურად გვეჩვენება: დაბოლოს, (დ) უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ რაც ყოფილი აღმოსავლეთი ევროპიდან გადარჩა დღეს, ფაქტიურად მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი დასავლეთი რეგიონი და ბალკანეთია. შავი ზღვის თანამეგობრობა, თუკი იგი გონივრულად იქნა გამოყენებული, ქმნის გარკვეულ პერსპექტივას ევროპის ბალკანურ რეგიონთან საქართველოს ინტეგრაციისა. ჯერჯერობით შავი ზღვის ქვეყნების თანამეგობრობის წევრებთან საქართველოს კავშირურთიერთობა არ არის დამაკმაყოფილებელი. თანამეგობრობამ გააერთიანა ქვეყნები, რომელთა შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა არსებობს, რითაც კარგად სარგებლობს იგივე თანამეგობრობის წევრი რუსეთი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო, ყოველ შემთხვევაში მისი დღევანდელი ხელმძღვანელობა, გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს მეორე აღმოსავლურ გაერთიანებაში, ე. წ. СНГ-ში, რომელსაც ჩვენი მკითხველი ძალიან კარგად იცნობს. თუმცა, ამჟამად, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სხვა ევროპული რეგიონი (აზიის მომიჯნავე რეგიონებთან ჩვენს კავშირზე ამ წერილში შეგნებულად არაფერს ვამბობთ), რომელთანაც უახლოეს ხუთ-ათ წელიწადში შესაძლებელ იქნება დაახლოება, ბუნებაში არ არსებობს.
მაგრამ დავუბრუნდეთ წინასწარგანსაზღვრულობის ცნებას. ჩვენ ვამბობდით, რომ არ არსებობს იმგვარი პოლიტიკური რეგიონი, რომელიც მუდამ კარგი ან ცუდი იქნებოდა. ამ თვალსაზრისის ზოგადმართებულობის დემონსტრაცია ორგვარად შეიძლება: ჯერ ერთი, იმის ილუსტრაციით, რომ ქვეყანა, რომელიც გარკვეულ პერიოდში სრულიად ,,უვარგის'' ზონაში იმყოფებოდა, მოულოდნელად გადაიქცა მეტად ,,მომგებიან'' გეოპოლიტიკურ რეგიონად ან პირიქით: მეორე, შეგვიძლია მოვიყვანოთ იმის მაგალითებიც, როდესაც თითქოს იდენტური გეოგრაფიული მდგომარეობის ქვეყნები არამხოლოდ განსხვავებული, არამედ, გარკვეული აზრით, საპირისპირო პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობენ.
პირველი შემთხვევის ტიპიური ნიმუშებიდან, შეგვიძლია ავიღოთ ქვეყნები, რომლებიც წარმოიშვებიან ან თავისუფლებას მოიპოვებენ ამა თუ იმ იმპერიის ნგრევის შემდეგ. ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონების გეოპოლიტიკური სტატუსის ტრანსფორმაცია, ამ მხრივ, კარგი მაგალითია. რეგიონი, რომელიც გარკვეული გავლენის ზონაში იყო, სფერო, რომლის მიმართაც აღარავის ჰქონდა ცხოველი ინტერესი, უეცრად თავისუფლდება ზეგავლენისაგან და საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა. ქვეყნის გეოპოლიტიკურ სტატუსზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებების ნგრევა თუ ახლის წარმოშობა: კუვეიტისა და საუდის არაბეთის სტატუსზე გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია არა ამ ქვეყნების მართლაც მნიშვნელოვანმა სამხედრო-სტრატეგიულმა მდგომარეობამ, რამდენადაც ნავთობის უზარმაზარმა მარაგმა. ნავთობის აღმოჩენის შემდეგ, ორივე ქვეყნის საერთაშორისო მნიშვნელობა შეუდარებლად ამაღლდა. ქვეყნის ტერიტორიას, ფაქტიურად უდაბნოს უსიცოცხლო მასივებს, ოქროს ფასი დაედო და რეგიონი მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრების ცენტრში აღმოჩნდა. ერაყის წარუმატებელმა კამპანიამ და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვანმა პოზიციამ ერაყ-კუვეიტის კონფლიქტის მიმართ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ რეგიონის მაღალი გეოპოლიტიკური ღირებულება. დაბოლოს, ალბათ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ნებისმიერი რეგიონის თუ ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე დიდ ზეგავლენას იქონიებს ტექნიკური და ტექნოლოგიური პროგრესი, განსაკუთრებით კი პროგრესი სამხედრო შეიარაღების დარგში. უკვე კუვეიტ-საუდის არაბეთის მაგალითის მოხმობა გულისხმობს ტექნიკური პროგრესის ფენომენს. ნავთობს კაცობრიობა დიდი ხანია იცნობს. უფრო ადრეულ შემთხვევებს რომ თავი დავანებოთ, პლუტარქეს ცნობით, ალექსანდრეს აზიური ლაშქრობისას, ევროპელებს პირველად მოუტანეს სითხე, რომელიც ცეცხლის მიახლოებისას აალდებოდა. ამ ცნობის ვერიფიკაციას მაშინ ერთი მონაც კი შეეწირა, მაგრამ ამით ნავთობს არ მისცემია დღევანდელი ენერგეტიკული მნიშვნელობა. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანის ტექნიკური აღჭურვილობა, მით უფრო სუსტდება ფიზიკური გეოგრაფიის ფაქტორების როლი გეოპოლიტიკურ რეალიებში. ამის საილუსტრაციოდ, ნება მოგვეცით, ინგლისისა და იაპონიის მაგალითები ავიღოთ. განვიხილოთ ისინი უპირველეს ყოვლისა სამხედრო-ტექნიკური კუთხით.
როგორც ინგლისის, ასევე იაპონიის მდებარეობა, გარკვეულ პერიოდამდე, ერთობ საიმედოდ გამოიყურებოდა. კუნძულის სახელმწიფოდ ყოფნამ და უახლოესი მეზობლებისაგან ბუნებრივმა იზოლაციამ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ორივე ქვეყანა მიუდგომელ ციხე-სიმაგრედ აქცია. თავის დროზე იაპონელები გადაურჩნენ მონღოლებს და ევროპელებს, ხოლო ინგლისელები კი ესპანელთა ,,დიდ არმადას'', ნაპოლეონსა და ჰიტლერს. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ კუნძულზე დაარსებული სახელმწიფოები, მათი მოსახლეობა იმთავითვე საიმედოდაა დაცული გარეშე, დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან, მაგრამ როგორც სხვა მაგალითები გვარწმუნებს, ეს ყოველთვის ასე არ არის (კვიპროსი, მალტა). ზემოთ აღვნიშნეთ და ახლაც ვიმეორებთ, რომ კუნძულელთა უსაფრთხოება იმდენად გარემომცვლელ ზღვაზე კი არ არის დამოკიდებული, რამდენადაც ძლიერ საზღვაო ფლოტსა და სანაპირო დაცვაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ ორ პირობას დაემატა მესამეც - საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობაც. ძალზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ამ მხრივ გერმანელთა სამზადისის შესახებ გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, ჰალდერის დღიურები. ინგლისზე თავდასხმის სამზადისიდან და სტრატეგიული დაგეგმვის მასალებიდან (ოპერაცია ,,ზღვის ლომი'') ცხადი ხდება, რომ ჰაერში უპირატესობას არ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა კუნძულის სახელმწიფოს დასამარცხებლად, თუკი ეს უპირატესობა გამაგრებული არ არის საზღვაო-სადესანტო ნაწილების თანადგომით. აუცილებლად ითვლება სოლიდური საზღვაო დესანტის გადასხმა, რომელიც მოამზადებდა სათანადო პლაცდარმს ქვეყნის სიღრმეში უკვე რეგულარული ნაწილების შეჭრისათვის. მას შემდეგ, რაც ოპერაცია ,,ზღვის ლომი'' გადაიდო, ბრიტანეთის კუნძულებზე უფრო უხიფათოდ იგრძნეს თავი. რეგულარული დაბომბვები ავიაციითა თუ ფაუ-ს ტიპის სარაკეტო დანადგარებით, მართალია, ინგლისელებს დიდ ზარალს აყენებდა, მაგრამ ეს არ ყოფილა იმ ტიპის დარტყმები, რომლებიც ქვეყნის სამხდერო პოტენციალს გაანადგურებდა და მას ომის შემდეგ გაგრძელებაზე უარს ათქმევინებდა. სამხედრო სტრატეგიებისათვის უცვლელი დარჩა აზრი, რომ ზღვიდან კარგად დაცული კუნძული, საბოლოო ჯამში, მტრისაგან უვნებელი რჩება. მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ატომური იარაღი გამოიგონეს. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ხიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა იაპონიის კაპიტულაციის ძირითადი მიზეზი იყო. აშკარა შეიქნა, რომ წარმოიშვება ახალი ტიპის შეიარაღებანი, რომლის წინაშე ზღვითა და სხვა ბუნებრივი ზღუდეებით აქამდე კარგად დაცული რეგიონი, სრულიად უძლურია. ამრიგად, გეოპოლიტიკური რეგიონის სტატუსი საკმაოდ მერყევია და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორებზე, რომლებიც სცილდება ქმინდა ფიზიკური გეოგრაფიის დეტერმინანტებს: ახალი მძლავრი იარაღი, ზოგადი ტექნიკური პროგრესი თუ ქმინდა პოლიტიკური მოვლენები, სხვა ხდომილებებთან ერთად, განაპირობებენ გეოპოლიტიკური რეგიონის რელატიურ ღირებულებას.
დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ იგივე დასკვნის საშუალებას იძლევა იმ რეგიონების მაგალითები, სადაც ერთნაირ პირობებში მცხოვრები ორი ქვეყნის ხალხისათვის სრულიად განსხვავებული ყოფაა დამყარებული. ყველაზე რელიეფურ ნიმუშს ამ მხრივ ცენტრალური ამერიკის რეგიონში მდებარე ქვეყნები წარმოადგენს. რეგიონში გავრცელებული ცხოვრების სტანდარტებიდან და პოლიტიკური რეჟიმებიდან (არადა აქ, როგორც წესი, ყოველ ქვეყანაში ერთ დიქტატორულ რეჟიმს მორე სცვლიდა), მკვეთრად გამოირჩევა კოსტა-რიკა. მეზობელი პანამელების, ნიკარაგუელების და ჰონდურასელებისაგან განსხვავებით, კოსტა-რიკამ კარგა ხანია მიაღწია სტაბილურობას და დემოკრატიული მმართველობის წესს. ქვეყანაში 1949 წელს მიღებული კონსტიტუციის მიხედვით აკრძალულია რეგულარული არმიის ყოლა. არსებობს მხოლოდ პოლიცია და ნაციონალური გვარდია (12 000 კაცი). კოსტა-რიკა საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, რომელშიაც პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. საკანონმდებლო ფუნქცია ეკუთვნის ერთპალატიან ნაციონალურ ანსამბლეას. ქვეყნის მოსახლეობა (2, 7 მლნ კაცი) თითქმის იმდენივეა, რამდენიც მეზობელ ქვეყნებში. ამ ქვეყნების ბუნებრივი პირობებისაგან განუსხვავებელია კოსტა-რიკას ბუნებრივი პირობები და აქ არც რაიმე წიაღისეული მოიპოვება, რომელიც კოსტა-რიკას გამორჩეულ ეკონომიკურ სტიმულს მისცემდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაღალი ცხოვრების დონე და უაღრესად მშვიდი ატმოსფეროა იმდენად, რომ იგი იზიდავს არა მხოლოდ მრავალი ქვეყნის ტურისტს, არამედ მსოფლიოს შეძლებული პენსიონერების უსაყვარლეს საბოლოო ნავსაყუდელსაც წარმოადგენს, თუმცა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იოლი არ არის. ყველაფერ ამას ქვეყნის მოსახლეობამ მიაღწია მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული პრინციპების მიდევნებითა და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომის გონივრული გამოყენებით, იმით, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ბრძოლიდან, იმით, რომ გონივრულად წარმართა როგორც შემდგომი საშინაო, ასევე განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა და რეგიონალურ ძალთა ბალანსში მომგებიანი ადგილის დაკავება მოახერხა.
ვფიქრობთ, ამით დავასრულოთ ,,გეოპოლიტიკური რეგიონის'' რელატიურობაზე საუბარი. თავის მხრივ, ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ზოგად პრობლემაზე გადავიდეთ. გეოპოლიტიკური რეგიონის ცნება რელატიურია - ეს იმასაც ნიშნავს, რომ გეოგრაფიული დეტერმინანტები, რომლებიც გეოპოლიტიკის ცნებაში შედის, არამყარია და საბოლოო ჯამში დამაკმაყოფილებლად ვერ გვიხსნის მიმდინარე მოვლენებს. ვცადოთ ტერმინ გეოპოლიტიკის მოუხსნელად შევავსოთ იგი მორგენტაუს ძალთა ბალანსის უფრო მოქნილი თვალსაზრისის ელემენტებით.
ძირითადი ფაქტორი სახელმწიფოთაშორის, ერთაშორის ურთიერთობებში საკუთარი ნაციონალური ინტერესებისათვის ბრძოლაა. ასეთია რეალობა და როგორც არ უნდა შევალამაზოთ იგი კაცობრიობის საერთო ბედსა თუ მიზნებზე მსჯელობით, ამ ფაქტს ვერსად გავექცევით. ნაციონალური ინტერესებისათვის კი, თავის მხრივ, განმსაზღვრელია (ა) ერის თავისუფალი და დამოუკიდებელი სახით არსებობა: (ბ) სამხედრო ხიფათისა და სუვერენიტეტის დაკარგვის (ან შეზღუდვის) თავიდან აცილება: (გ) ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის უზრუნველყოფა: (დ) საერთაშორისო სარბიელზე საკუთარი პოლიტიკური სტატუსის შენარჩუნება: დაბოლოს, (ე) მოკავშირეების შენარჩუნება.
ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ საკუთარი ნაციონალური ინტერესების უზრუნველყოფა დამოკიდებულია ამ ქვეყნის ნაციონალურ ძალაზე. ნაციონალური ძალა შეიძლება განისაზღვროს როგორც ქვეყნის უნარი უკიდურეს შემთვხევაში იარაღით ხელში დაიცვას ნაციონალური ინტერესების ნებისმიერი პარამეტრი მტრის ხელყოფისაგან. ეს არ ნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების წარმოება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გარკვევის ერთადერთი გზაა. პირიქით, მეორე ქვეყნის სამხედრო პოტენციალის წინასწარი გააზრება, შეიძლება ითქვას, პროფილაქტიკურ საშუალებასაც კი წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების რეგულირებას უფრო საერთო ინტერესების გამოძებნას და დიპლომატიას მიანდობს, ვიდრე თავზეხელაღებულ გენერლებს. საერთაშორისო ურთიერთობების სფერო, მართლაც, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ნაციონალურ ძალთა ურთიერთგანლაგების, ურთიერთმიმართების ისეთი ველი, რომელზედაც თითეული სახელმწიფოს მიერ დაკავებული ადგილი და ამ ადგილის ქონა, განისაზღვრება ქვეყნის ნაციონალური ძალით: ყველა ცდილობს დაიკავოს ის ადგილი, რომელიც შეესაბამება მის ნაციონალურ ძალას. ნაციონალურ ძალთა ურთიერთ განლაგება გულისხმობს გარკვეულ ძალთა ბალანსს და გამორიცხავს სამხედრო კონფლიქტებს, რომლებიც სწორედ ბალანსის დარღვევის შემთხვევაში ჩაღდება. ვიდრე ძალთა ბალანსის, ამა თუ იმ ქვეყნის ან რეგიონის გეოპოლიტიკურ მიდგომასთან მიმართებაზე გავაგრძელებდეთ საუბარს, საჭიროა დავაზუსტოთ თავად ნაციონალური ძალის ცნება.
ნაციონალური ძალის დახასიათებისას მორგენტაუ გამოყოფდა ცხრა ძირითად პარამეტრს. განვიხილოთ ეს პარამეტრები ცალ-ცალკე:
(1) პირველი პარამეტრი ქვეყნის ან რეგიონის გეოგრაფიული ადგილსამყოფელია. ჩვენი კრიტიკული შენიშვნები ფიზიკური გეოგრაფიის დამახასიათებელი დეტერმინანტების მიმართ, სულაც არ ნიშნავს, რომ მხედველობიდან გავუშვათ გეოგრაფიული მახასიათებლები. პირიქით, ეს რელატიური ფენომენი ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მოცემული მომენტისათვის შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში. მაგალითად, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის ისტორიულ რეტროსპექტივაში აღწერისას, ზემოთ აღვნიშნეთ, რომ შავი ზღვა უფრო მტრისაგან დამცველ ბარიერად უნდა განვიხილოთ, ვიდრე ხიფათის მომტან, დაუცველ ზოლად, მაგრამ დღეისათვის, როგორც ამაში გვარწმუნებს აფხაზეთის ამბები, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. შავი ზღვის რეგიონში, პოლიტიკური ცვლილებების გამო, დღეს არსებობენ ძლიერი სამხედრო-საზღვაო პოტენციალის ძალები, რომლებსაც საქართველოს მიმართ გამორჩეულ კეთილგანწყობას ვერ დავაბრალებთ. აქედან გასაგებია, რომ შავი ზღვის ფაქტორი, რომელიც აქამდე მხედველობაში არ მიიღებოდა, შემდგომში გათვალისწინებული უნდა იქნას.
(2) შემდგომი პარამეტრი ქვეყნის ან რეგიონის ბუნებრივ რესურსებს ეხება. ლაპარაკია იმაზე, შეუძლია თუ არა ან რამდენად შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანას უზრუნველყოს საკუთარი თავი ექსტრემალურ, ე. ი. ომის პირობებში სურსათითა და ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ნედლეულით. გერმანიას, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი პრობლემები ჰქონდა ნავთობის მხრივ. რუმინეთის დაკავებამდე, რომლის ნავთობის რეზერვუარები მთლიანად გერმანელთა ხელში აღმოჩნდა, გერმანელები აწარმოებდნენ სინთეტურ ბენზინს, დიდი მომჭირნეობით ხარჯავდნენ მანამდე არსებულ მარაგს და სხვადასხვა გზებით (მოკავშირეების თანადგომა, ოკუპირებული ქვეყნების რეზერვები და ა. შ.) ცდილობდნენ დაეკმაყოფილებინათ საკუთარი მოთხოვნილებები.
(3) საწარმოო შესაძლებლობები. ბუნებრივი რესურსების არსებობა ქვეყნისათვის თავისთავად არაფრისმომცემია თუკი ეს რესურსები სათანადოდ არაა ათვისებული, თუ არ ხდება ამ რესურსების ჯეროვანი გამოყენება და გადამუშავება. ამას უნდა დავუმატოთ ტექნოლოგიების, ,,ნოუ-ჰაუს'' სათანადო დონის საჭიროებაც, რომლიც გარეშე ქვეყნის თანამედროვე დონეზე საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაცია წარმოუდგენელია. თუ მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დღევანდელი გადასახედიდან შევაფასებთ აფხაზეთის კონფლიქტს, გავითვალისწინებთ თუ საიდან, რა გზებით და რაოდენობით ღებულობდა საქართველო ომის წარმართვისათვის აუცილებელ მასალას, შედეგი, რომლითაც დასრულდა კონფლიქტი, წინასწარგანსაზღვრულად გამოიყურება...
(4) კიდევ ერთი პარამეტრი შეეხება ქვეყნის სამხედრო პოტენციალს, ანუ სამხედრო ხელმძღვანელობის ხარიხს, ჯარის რაოდენობას და ა. შ. იმას, თუ რამდენად დიდია არსებული სამხედრო კონტიგენტი, რამდენად სწრაფად და მიზანმიმართულადაა შესაძლებელი მობილიზაცია, რამდენად გაიზრდება მობილიზაციის შემთხვევაში მთელი შეიარაღებული ძალების რაოდენობა და რამდენი კვალიფიცირებული რეზერვისტი ყავს სახელმწიფოს. ძლიერი არმიის ყოლა თანამედროვე პირობებში დამოკიდებულია არა მხოლოდ მაღალი დონის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, მაღალი დონის ტექნოლოგიებზე, არამედ სამხედრო პერსონალის შესაბამის მომზადებაზედაც. ამ მიმართულებით კი მხედველობაში უნდა მივიღოთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი თავისი საკონსტრუქტორო ბიუროებით, ექსპერიმენტული პოლიგონებით და ა. შ. სხვათა შორის, ავტორიტეტული სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის ინსტიტუტის რეესტრში საქართველოს სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობები საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული. საქართველოს პოტენციალი ამ მხრივ აღემატება არამხოლოდ ჩვენი უშუალო კავკასიელი მეზობლების შესაძლებლობებს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი პატარა რესპუბლიკის მონაცემებსაც (აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება ისეთი, სამხედრო მიზნებისათვის გამოსადეგი საწარმოები, როგორიცაა თბილისის საავიაციო ქარხანა, ბათუმისა და ფოთის გემთმშენებელი და გემსარემონტო ქარხნები, ქუთაისის საავტომობილო ქარხანა და ა. შ.).
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების უშუალო დაქვემდებარებაში შედიოდა 40 საწარმო, სადაც დასაქმებული იყო 30 00-მდე კაცი. დღევანდელი, პოსტსაბჭოური საქართველოს სამხედრო დანიშნულების მქონე ერთეულებად, იგივე ინსტიტუტის მიერ, მიჩნეულია თბილისის საავიაციო ქარხანა, ბათუმისა და ფოთის გემთმშენებელი ქარხნები, ატომური რეაქტორი მცხეთაში და მსგავსი დაწესებულება აფხაზეთში. მართალია, დღეს ეს ერთეულები არ მუშაობენ საქართველოს სამხედრო ძლიერების ზრდაზე, საავიაციო ქარხნის გარდა, რომელიც, თავის მხრივ მთლიანად რუსეთის ВПК-ს თანადგომაზეა დამოკიდებული (ძრავები და სხვა ტექნიკური დეტალები, ჭურვები და საბრძოლო მასალა, თვით საინჟინრო-ტექნიკური კადრების მხრივაც კი), დანარჩენი სიმძლავრეებიდან, არც ერთი არ არის სამხედრო დანიშნულებისა, მაგრამ აქ ლაპარაკია პოტენციალზე, მხოლოდ იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს საწარმოები შესაძლებელია ამუშავდნენ სამხედრო მიზნებისათვის.
(5) მოსახლეობა. თანამედროვე ომის საწარმოებლად სახელმწიფოს ჭირდება მოსახლეობის სოლიდური რაოდენობა არა უშუალო სამხედრო ოპერაციების წარმართვისათვის, არამედ ომის წარმოების უზრუნველყოფისათვის. საქმე ეხება ტრანსპორტითა და მრეწველობით უზრუნველყოფას, აუცილებელ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ამ პარამეტრებიდან ლაპარაკი საქართველო-აფხაზეთის ან ქართველებისა და აფხაზების კონფლიქტზე, ამ კონფლიქტის ხასიათის, ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აბსურდულია. სრულიად შეუძლებელია ასიათასიან მოსახლეობას, თუნდაც არც ერთ მათგანს არ მიეღო ბრძოლებში მონაწილეობა, ეკონომიკურად, საკუთარი ძალებით უზრუნველეყო დაქირავებული ჯარი. აღარაფერს ვამბობთ საომარი მოქმედებებისათვის აუცილებელი ,,აფხაზური ავიაციის'', ,,აფხაზური საზღვაო ხომალდების'', ,,აფხაზური სატანკო შენაერთებისა და არტილერიის'' შესაძენად აუცილებელი ფინანსური საშუალებების უზრუნველყოფაზე.
(6) ეროვნული ხასიათი. ეროვნულ ხასიათზე საუბრისას აქ იგულისხმება კულტურული ღირებულებების შკალა, მოსახლეობის სიმპათიები და ანტიპათიები: უნარი, დიდხანს და შეუპოვრად ისწრაფოდეს დასახული მიზნისაკენ, დაითმინოს გაჭირვება და დროებითი წარუმატებლობანი ან პირიქით, პირველივე სერიოზული ბარიერის შეხვედრისთანავე ჩაიქნიოს ხელი. ეროვნული ხასიათი აგრეთვე განსაზღვრავს მოსახლეობის უნარს მობილიზაციისათვის ომის პირობებში, ან პირიქით, მის მიდრეკილებას შეთქმულებისაკენ.
(7) ,,ნაციონალური მორალი''. ეს უკანასკნელი განისაზღვრება ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის მიერ საკუთარი მთავრობის მხარდაჭერით. ამგვარ მხარდაჭერას მთავრობა ყოველთვის საჭიროებს, მაგრამ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის და მთავრობის ურთიერთკოორდინაციას ომის პირობებში. თუ მხედველობაში ისევ საქართველოს უახლოეს წარსულს და დღევანდელობას მივიღებთ, ამ პუნქტში შეგვიძლია დავაფიქსიროთ არცთუ სასიამოვნო ფაქტი: საბჭოთა კავშირში გარდაქმნის გამოცხადებიდან დღევანდელობის ჩათვლით, საქართველოში არ არსებულა მთავრობა, გნებავთ ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი მოსახლეობის ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონოდა. რა თქმა უნდა, სხვა საკითხია თუ რა მიზეზებით იყო გამოწვეული ამგვარი ვითარება ან ერთიდაიგივე მიზეზები მოქმედებდა თუ არა ყოველთვის, მაგრამ ამისდა მიუხედავად, თვით ფაქტი ერთსულოვანი მხარდაჭერის არარსებობისა უდავოა და დამაფიქსირებელი.
(8) დიპლომატიის ხარისხი. დიპლომატიის ხარისხი განისაზღვრება ამ სფეროში დაკავებული პირების უნარით წინამორბედი შვიდი პარამეტრის გათვალისწინებით იმგვარად წარმართონ ქვეყნის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, რომ უზრუნველყონ მისთვის საკუთარი ნაციონალური ძალის შესაბამისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში.
(9) დაბოლოს, უკანასკნელი პარამეტრი ნაციონალური ძალისა ეხება მართვის ხარისხს. იგი გულისხმობს მთავრობის, ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი აზრის იმგვარ ხელმძღვანელობას, წარმართავს, როგორიც ამ ხელისუფლებას გატარებული პოლიტიკური კურსისადმი ხალხის სრულ მხარდაჭერას მოუტანდა.
აი, ასეთია ის ცხრა პარამეტრი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს სახელმწიფოს ნაციონალური ძალის ფენომენს. ზოგიერთი პარამეტრის დახასიათებისას, საქართველოსთან დაკავშირებით მაგალითები მოვიყვანეთ არა საქართველოს ნაციონალური ძალის შესაფასებლად, არამედ მხოლოდ ზოგიერთ პუნქტში ნაგულისხმევი ვითარების თვალსაჩინოდ წარმოსადგენად. რაც შეეხება ჩვენი ნაციონალური ძალის შეფასებას, თუკი აღწერილი პუნქტები ნათლადაა მოცემული, მაშინ მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს ამგვარი შეფასება და იმის გარკვევა, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე დაკავებული ადგილი მის ნაციონალურ ძალას.
ნაციონალური ძალის ფენომენის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ძალთა ბალანსის თეორიაზე. უპირველეს ყოვლისა, აქ უნდა ვიგულისხმოთ გარკვეული მექანიზმები, რომლებიც განაპირობებენ ,,ძალის ცენტრების'' წარმოშობას, რომლის სათავეშიაც იქნებიან განსაკუთრებული ძლიერების სახელმწიფოები. ძალთა ბალანსი, როგორც წესი, ომებს შორის არსებობს. თვით ომი ან ომისათვის ინტენსიური მზადება განისაზღვრება როგორც ბალანსის დარღვევა. ძალთა ბალანსის თეორიის ამ შედარებით აბსტრაქტული დახასიათების დასაკონკრეტებლად, შეგვიძლია საილუსტრაციოდ მივმართოთ ,,ცივი ომის'' პერიოდს, რომელიც ყველაზე რელიეფურად გამოხატავს ძალთა ბალანსის დოქტრინაში ნაგულვებ ვითარებას.
,,ცივი ომის'' პერიოდში არსებობდა ორი სუპერსახელმწიფო, ორი მაქსიმალურ ძალთა პოლუსი, რომელთა ირგვლივაც თავს იყრიდნენ პოლარულად საპირისპირო ან, პერიფერიულ უბნებზე, განსხვავებული ნაციონალური ინტერესების მქონე ქვეყნები. ამგვარად დალაგდა არამხოლოდ ევროპა, არამედ დანარჩენი მსოფლიოც. საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ძალთა შესაბამისად ევროპაში წარმოიქმნა ვარშავის პაქტი და ნატო-ს გაერთიანებები. იგივე ვითარება ზოგჯერ აღიწერება, როგორც ევროპის გაყოფა რუსეთსა და ამერიკის მიერ და თუ გამოთქმა სწორად არ იქნა გაგებული, იგი დამაბნეველია და (ყოველ შემთხვევაში ასე იყო ჩვენთან) შეიძლება მრავალი იდეოლოგიური სპეკულაციის წყარო გახდეს. თავისთავად, ორად გაყოფილი გერმანია (ბერლინი), კორეა, ბრძოლა საიგონსა და ჰანოის შორის ვიეტნამში, საკმაოდ თვალნათლივი მაგალითებია ორი პოლარული ცენტრის არსებობისა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო ორი ქვეყნის ხელში იმყოფებოდა. არსებობდნენ ,,მეორე'' და ,,მესამე'' სამყაროს ქვეყნები შესაბამისი ნაციონალური ინტერესებით, შესაბმისი ნაციონალური ძალით. საერთაშორისო პოლიტიკური ცხოვრება, სახელმწიფოთა უაღრესად ფართო სპექტრი დალაგებულია თითეული სახელმწიფოს მიერ სხვათა ინტერესების და ძალის მხედველობაში მიღების, ამ ინტერესებთან საკუთარის გაწონასწორების საფუძველზე. ,,ცივი ომის'' პერიოდში პრაქტიკულად არ არსებულა სახელმწიფო, რომელსაც არ გაეთვალისწინებინოს პოლიტიკურ ძალთა თამაში, არ მოენახოს საკუთარი ძალის შესაბამისი ადგილი, სულ ერთია ამ ადგილის დაძებნა მან საკუთარი ინიციატივით მოახერხა თუ სხვისი ,,დახმარებით''. ინტერესთა ბალანსირების წარმოდგენილი დოქტრინა სულაც არ გულისხმობს, რომ მხოლოდ ზესახელმწიფოთა ინტერესებია გათვალიწინებული და, რომ რეალურად არავინ ითვალისწინებს მცირე ქვეყნების წადილს. ჯერ ერთი, რეალურად ასედაც რომ ყოფილიყო საქმის ვითარება, მაშინ მსოფლიო თანამეგობრობაზე კი ვერ ვილაპარაკებდით, არამედ ორ მსოფლიო იმპერიაზე, რაც აშკარად არ შეესაბამება რეალობას: მეორეც, პოლიტიკური მოვლენები მეოცე საუკუნის მიწურულს იმდენად რთული და მრავალწახნაგოვანია, რომ ამ მოვლენებზე შუა საუკუნეების სენიორ-ვასალური სამთავროების კატეგორიებით აზროვნება დაუშვებელია.
აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ ჩვენში მორალური სპეკულატურული დებულებები საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. დისკუსიის არსი დაახლოებით შემდეგში მდგომარეობდა: ერთნი, გამოდიოდნენ რა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეიდან, ანგარიშს უწევდნენ სხვათა ინტერესებს, ძირითად სახელმძღვანელო პრინციპად იხდიდნენ დამოუკიდებლობისათვის აუცილებელ ღირებულებებს და ამ თვალთახედვიდან ცდილობდნენ შეეხედათ სხვა ქვეყნების მოქმედებებისათვის. ამ კუთხიდან, როგორც შემდგომ გამოირკვა, არცთუ უსაფუძვლოდ, დიდი სიფრთხილით და ეჭვით განიხილებოდა რუსეთის პოლიტიკური ნაბიჯები საქართველოს და ყოფილი სსრკ რესპუბლიკების მიმართ. ამ პოლიტიკური ორიენტაციის მომხრეთა მანევრირების ველი ერთობ შეიკვეცა მას შემდეგ, რაც დასავლეთმაც ჩვენ უცნაურ ქცევაზე მხრები აიჩეჩა და ისევ ,,დედა რუსეთისაკენ'' გვიჩვენა გეზი. ამასობაში გამოჩნდნენ მეორენი. ეს უკანასკნელნი სავსებით მართებულად გვირჩევდნენ გაგვეთვალისწინებინა სხვისი ინტერესები, მაგრამ ამ მიმართულებით გადაჭარბებული ენთუზიაზმი გამოიჩინეს და საკუთარი ქვეყნის ინტერესები გამორჩათ მხედველობიდან. ,,თქვენო - საყვედურობდნენ ისინი ოპონენტებს - თავისუფლება სხვისი ინტერესების გაუთვალისწინებლობა, ყველასაგან იზოლაცია და ქვეყნის კარჩაკეტილობა გგონიათ. რომელია მეორე ქვეყანა, ალბანეთის გარდა, რომელიც მხოლოდ საკუთარი თვალსაწიერიდან იყურება, არავის უწევს ანგარიშს და, როგორც შედეგი ამისა, ცივილიზებული მსოფლიოსაგან სრულ იზოლაციაშიო...'' როგორ დასრულდა ეს დისკუსია, როგორ საერთაშორისო ფერხულშია ჩაბმული საქართველო, ამის შეფასება მკითხველისათვის მიგვინდვია, ოღონდ იმას კი შევნიშნავთ, რომ მსგავსმა დისპუტებმა სულ აუმღვრია ჩვენს მოქალაქეს მანამდე კომპარტიის ზრუნვით დალაგებული შეხედულებათა ,,მწყობრი'' სისტემა. იმდენად, რომ კარგა ხნის შემდეგ, დღესაც კი, როდესაც საუბარი შეეხება ,,ბედს ქართლისას'', გაიგონებთ წარსული კამათის ექოს: ,,ეჰ - ამბობენ ხელისჩაქნევით - რომელმა საბჭოთა რესპუბლიკამ მიაღწია თავისუფლებას? ერთი ბალტიისპირეთი გააგდებინეს ხელიდან და იქაც უზარმაზარი მოსახლეობა ჩატოვა. ყველა ანგარიშს უწევს, ყველას მაგის ეშინია...'' და ა. შ.
შიშზე რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ მსგავსი ხელის ჩაქნევა წინასწარ საკუთარი საფლავის გათხრის სურვილით არ არის ნაკარნახევი, სხვა მხრივ, კვლავ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ თავისუფლება არ გულისხმობს სხვა ქვეყნების ინტერესების გაუთვალისწინებლობას. ამგვარი ახსნისას წამოჭრილ შესაძლო მარტივ კითხვაზე - მაშინ რომელი ქვეყანაა თავისუფალი? - შეგვიძლია გავცეთ ასეთივე მარტივი პასუხი: ქვეყანა თავისუფალია, თუკი მისი ნაციონალური ინტერესების შესაბამისი სამოქმედო პროგრამა განისაზღვრება ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ და არა ტელეფონით მეზობელი ქვეყნიდან ან, მით უმეტეს, იგივე ქვეყნის საელჩოდან მომდინარე დირექტივებით. ვფიქრობთ, ჩვენთან შედარებით ბევრ სხვა რეგიონში მდგომარეობა არც ისე უიმედოა.
შეემატა თუ არა ძველ გეოპოლიტიკურ კატეგორიას რაიმე ჩვენს მიერ განხილულმა ნაციონალური ძალის პარამეტრებმა ან მის საფუძველზე ამოზრდილმა ძალთა ბალანსის თეორიამ მოგვცა თუ არა რაიმე ისეთი, რაც გვათქმევინებდა, რომ გეოპოლიტიკური დეტერმინიზმი თავიდანაა აცილებული? ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ გვაქვს გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი. მართლაც, ძნელი შესამჩნეთი როდია, რომ ,,ნაციონალური ძალის'' განსაზღვრისას დახასიათებული ცხრა პარამეტრიდან მხოლოდ პირველი, გეოგრაფიული არ ითვალისწინებს ადამიანის ფაქტორს. ამისდა მიუხედავად, ჩვენს მანამდელ კრიტიკულ შენიშვნებში შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონი გეოპოლიტიკური კუთხით - რელატიური ფენომენია და არა უცვლელი და უძრავი მახასიათებელი. დანარჩენი რვა პარამეტრის ცენტრში არსებითად ადამიანი დგას. ეს პარამეტრები ადამიანის მოქმედების საშუალებით ხორციელდებიან, ადამიანთა მოქმედებას ექვემდებარებიან. უკვე აქვე შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ ამით ფიზიკალისტური დოქტრინა, რომლის ფორმალური პირობა გეოპოლიტიკური რეალობის სახით გამოიხატებოდა, შეიცვალა ან უკეთესი იქნებოდა გვეთქვა, შეივსო მეორე თვალსაზრისით, რომელიც, შეიძლება ითქვას, ანთროპოლოგიურია. სხვაგვარად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ჩვენი ნაციონალური ინტერესების დამაკმაყოფილებელი ნაციონალური ძალა ისევ ჩვენზე ყოფილა დამოკიდებული. პირველის გარდა (თუკი, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის მდინარეების სამხრეთისაკენ შემობრუნების ძველი კომუნისტური პროექტით წახალისებულნი, შავი ზღვის ამოშრობას ან კავკასიონის ქედის ნგრევას არ მივყოთ ხელს), არ არსებობს არც ერთი პარამეტრი ნაციონალური ძალისა, რომლის გაუმჯობესებასაც არ შეიძლებოდეს. მაშასადამე, პრინციპში, არაფერი უდგას წინ ნაციონალური ძალის ზრდას, თუკი საამისოდ საკმარისი საერთო ნება გაგვაჩნია. ეს უკანასკნელი კი არის, ჩვენი ღრმა რწმენით, ის ძირითადი (მეათე პარამეტრი), რომელიც დანარჩენში აუცილებლობით იგულისხმება როგორც თითოეულის ,,სამუშაო პირობა'' და რომლის ცალკე გამოყოფა ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია.
საერთო ნების დასახასიათებლად, თავს უფლებას მივცემთ არ დავღალოთ ჩვენი მკითხველი ფილოსოფიური მედიტაციებით იმასთან დაკავშირებით თუ როგორ კონსტიტუირდება თითოეულის ნებისაგან (individual will) საერთო ნება. შეგვიძლია პირდაპირ მივუთითოთ, რომ საერთო ნება (ანუ როგორც ინგლისელები უწოდებენ - common will) არ დაიყვანება ინდივიდუალურ ნებათა უბრალო ჯამზე ანუ ყველას ნებაზე (will of all) თუმცა, ნებელობის ამ ორ სახეობას შორის ძირითადი განმასხვავებელი მაინც ის გახლავთ, რომ საერთო ნება ინდივიდუალურ ნებათა იმგვარი მთლიანობაა, რომელსაც მიზნად საერთო ფასეულობა, საერთო სიკეთე (comman good) აქვს. მისგან განსხვავებით, ყველას ნება, როგორც ინდივიდუალურ ნებელობათა უბრალო ჯამი, ვერასდროს ასცდება ინდივიდუალურ ფასეულობას. საერთო ნების გამოვლენად შეგვიძლია დავასახელოთ მიზანმიმართულად, საკუთარი ქვეყნისათვის, მისი კეთილდღეობისათვის მებრძოლი არმია, რომლის წევრებიც წარმატების შემთხვევაში ინდივიდუალურად ვერაფერ ხელშესახებს მოიპოვებენ, ხოლო ყველას ნების ნიმუშად კი ყაჩაღთა გუნდი, შესაძლოა არანაკლები სიმამაცით მებრძოლი, რომელიც, ასევე წარმატების შემთხვევაში, სწრაფად გათითოკაცდება მას შემდეგ, რაც თითოეული თავის წილს ჩაითვლის. ამ მაგალითით ინდივიდუალურ ნებათა მნიშვნელობის დაკნინება როდი გვსურს, პირიქით, ინდივიდუალური ნება პიროვნული თავისუფლების საფუძვლად და უმაღლეს ღირებულებად მიგვაჩნია, თუმცა ისეთად, რომელიც პიროვნული მიზნების უზრუნველყოფის გარდა, საერთო ფასეულობის შექმნას რომ წაადგება, როგორც საერთო ნების აუცილებელი კომპონენტი. სწორედ ეს საერთო ნებაა ის წყარო, რომელიც უზრუნველყოფს ნაციონალური ძალის ზრდასა და სიცოცხლისუნარიანობას, განსაზღვრავს საბოლოო ჯამში ერისა და სახელმწიფოს სწრაფვას დაიკავოს მისი ღირსი ადგილი. ამ ძალის მიზანმიმართულ მოქმედებას, როგორც წეღან ვთქვი, მის ზრდას წინ ვერაფერი დაუდგება... ვერაფერი, შეგვიძლია ახლა დავუმატოთ, გარდა ასეთივე, თუნდაც რაოდენობრივად და ხარისხობრივად აღმატებული ძალისა. მაგრამ ამაში არაფერია განსაკუთრებული, ჩვენ არ გვიპირისპირდება არც ზენაარსი და არც სტიქია, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შესაძლოა ჩვენზე მეტი პრობლემებიც ჰქონდეთ.
და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ჩვენი გეოპოლიტიკური ორიენტირების შესახებ. თუ მოვახერხეთ მკითხველის დარწმუნება იმაში, რომ გეზის აღება დასავლურ გეოპოლიტიკურ სისტემებზე იმ იმედით, რომ ვინმე ჩვენს მაგიერ გამოასწორებს საქართველოს მდგომარეობას, ილუზიაა, თუ, ამასთანავე აშკარაა ისიც, რომ არანაკლები ილუზიის ტყვეობაში იყვნენ ისინი, ვინც იგივეს, რუსეთის, სნგ-საგან მოელოდა, იქნებ დაგვერწმუნონ იმაშიაც, რომ გაუთავებელი გადასინჯვა და განხილვა ,,თბილი'' გეოპოლიტიკური რეგიონებისა, უიმედო საქმეა. დღეს ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ სადმე, რაიმე ინტეგრაციაზე საუბარი სრულიად არაპრაქტიკულია. უპირველესი ჩვენი საზრუნავი არა ოცნების კოშკების აგებაა, არამედ საქართველოს სახელმწიფოზე, ფაქტიურად მის ჩამოყალიბებაზე მიმართული მოქმედება უნდა იყოს. რაიმე იზოლაციონიზმში ან პროვინციალიზმში დადანაშაულება აქ უადგილოა. პირიქით, ამგვარი არჩევანი უაღრესად ,,ვესტრნიზებულად'' გამოიყურება: საქართველოს, ინგლისის მსგავსად, არ ყავს არც მარადიული მტრები და არც მარადიული ,,ძმები'', არამედ მისი პოლიტიკა მხოლოდ მუდმივი ნაციონალური ინტერესებით განისაზღვრება.
______________
1. იხ. ,,Geopolitic'' in Webster' s Rendom Hause Dictionory; 1991
2. სიტყვამ მოიტანა და დროა შევთანხმდეთ იმგვარი ტერმინების სწორ გამოყენებაზე, როგორიცაა ვთქვათ ,,ეროვნული” და ,,ნაციონალური''. სწორედ ასეთი შეუთანხმებლობის შედეგია ,,ეროვნული ზოოპარკის“ და ,,ეროვნული ცირკის'' წარმოშობა. შემდგომში ,,ნაციონალურის“ ქვეშ ვიგულისხმებთ მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებსა და აზროვნების წესს.
3. საინტერესოა, რომ აბსოლუტურად იდენტური რწმენით საზრდოობს ჩვენი მეზობელი სომხეთის გეოპოლიტიკური დოქტრინაც.
4. И. Г. Гердер Идей к философии истории человечества. Изд. ,,Наука`' М., 1977; с. 491
![]() |
7 მაინც რა დაემართა სოციალიზმს? |
▲ზევით დაბრუნება |
პოლ ჯონსონი
რაღა თქმა უნდა, ახალ ზელანდიაში ამ რამოდენიმე ხნის წინ უფრო ეგალიტარული საზოგადოების აღშენების მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო სურვილებით იყო ნაკარნახევი...
ჯერ იმით დაიწყეს, რომ ,,არამსმელ და საერთოდ, წესიერი ცხოვრების მიმდევარ მუშა ხალხს'' გარკვეული პენსიები დაუნიშნეს სახელწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ შემდგომ სოცდაზღვევის ეს თავისებური ინსტიტუტი გაიზარდა და უკვე ყველა, საკუთარი შემოსავლის მიუხედავად, მთავრობისაგან ასეთსავე წყალობას მოითხოვდა.
სამედიცინო მომსახურება უფასო იყო. უმუშევრებს ფულადი დახმარება დროის ლიმიტის გაუთვალისწინებლად ეძლეოდათ, ბიზნესმენებს და ფერმერებს უზარმაზრი სუბსიდიები გამოჰქონდათ ხაზინიდან, სოციალური უზრუნველყოფის ანგარიშზე აღრიცხულნი ბოლოს ლამის იმდენსავე იღებდნენ, რამდენსაც სრულდღიან სამუშაოზე მყოფნი. შედეგად კი ჩავარდნილი ეკონომიკა და მკაცრად რეგლამენტირებული კომერციული საქმიანობა მიიღეს. მესეის უნივერსიტეტის ანალიტიკურმა ჯგუფმა მაშინდელ ვითარებას ასეთი დახასიათებაც კი მისცა: ,,ახალზელანდიელები თანასწორობისაკენ მიისწრაფიან, ოღონდ კონკურენტუნარიანობის ხარჯზე''.
საბოლოოდ, ქვეყანაში თითქმის იმდენივე პენსიონერი და ამა თუ იმ სახის სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი აღმოჩნდა (1, 1 მილიონი), რამდენიც აქტიური მუშახელი (1, 4 მილიონი). 1990 წ. წარმოების ზრდის ტემპების მაჩვენებელი ახალ ზელანდიას უმდაბლესი ჰქონდა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით, ერთიანმა ეროვნულმა შემოსავალმაც იკლო, საგარეო ვალმა კი მკვეთრად იმატა.
ახლა, როგორც იქნა, ვითარება იცვლება. ბოლოს და ბოლოს მთავრობამ განგაში ატეხა და რადიკალური ნაბიჯების გადადგმაც თვითვე იკისრა: სოციალური დახმარების ფონდები და სუბსიდიები შეამცირეს, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების დიდი უმრავლესობა გაიყიდა, ფასებისა და ხელფასის ზედა ზღვარიც მოიხსნა, კერძო ვაჭრობასა და წვრილ საწარმოებს მწვანე გზა მისცეს, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ხალხის რაოდენობაც დაბალანსდა.
შოკურმა თერაპიამ შედეგი მალევე გამოიღო. ახალი ზელანდია უკვე წელსვე შეიძლება აღმოჩნდეს იმ ქვეყანათა შორის, სადაც ინფლაცია 1%-იან მაჩვენებლებზე ქვევით ჩამოვა.
სახელმწიფო კონტროლზე ხელის აღება უფრო ფართო, შეიძლება ითქვას, საერთო ტენდენციის მაჩვენებელია, რომელიც თვალსაჩინო ხდება არა მარტო დასავლური დემოკრატიების, არამედ თვით ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებისა და ,,მესამე სამყაროსთვისაც'' კი. საერთო ჯამში, მარტო ამ ბოლო წლის განმავლობაში $49 მილიარდის სახელმწიფო საწარმოები იქნა პრივატიზებული, ანუ ორჯერ იმაზე მეტი, ვიდრე 1990 წელს. საერთოდ, ეკონომიკური უფლებების გაფართოება ალბათ ერთი იმ უმთავრეს მოვლენათაგანია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი სამყაროს ყოფას XXI საუკუნეში.
ასე რომ, მომავალში ისტორიკოსები იმას კი არ იკითხავენ, თუ პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა და ასევე, საზოგადოებრივმა აზრმაც რატომ თქვა უარი ამ ე. წ. სახელმწიფო კეთილდღეობის მოდელზე, არამედ, იმას, თუ ამისთვის ამდენი დრო რაში დასჭირდათო. მართლაც, თუკი ოდესმე რაიმე თეორია ბოლომდე შემოწმებულა და უვარგისად იქნა მიჩნეული, ეს სწორედ რომ ყოვლისშემძლე, ყოვლის უფლების მქონე სახელმწიფოს აგების პრინციპზე ითქმის. ამ თეორიის პრაქტიკაში დანერგვამ მიგვიყვანა დიდ თუ მცირე მასშტაბის ომებამდე, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რიგ ქვეყნებში როგორც არსებული ეკონომიკის, ასევე სამომავლო რესურსების განადგურებაც გამოიწვია. არასოდეს მანამდე კაცობრიობას ასეთი ყოვლისმთქვლეფავი ურჩხული არ შეუქმნია - თავის ტოტალიტარულ და თუნდაც, სოციალ-დემოკრატიულ ვარიანტებში მან მხოლოდ ის დაამტკიცა, რომ განუსაზღვრელი რაოდენობით შეუძლია შთანთქას ყველაფერი - ბუნებრივი წიაღისეულიცა და ცოცხალი ადამიანებიც.
საგულისხმოა, რომ ჩვენს წინა თაობებს ეს უკვე გააზრებული ჰქონდათ: ფუძემდებელმა მამებმა1 მაგალითად, კონსტიტუცია იმის გათვალისწინებით შეადგინეს, რომ კერძო ეკონომიკურ საქმიანობას მინიმალური შეზღუდვები დახვედროდა წინ: ეკონომიკის თავისუფლებისაკენ მიზანდასახულ სვლას კი ყოველთვის საოცარი შედეგები მოჰქონდა ხოლმე: 1800 და 1900 წ. წ. შორის შეერთებული შტატების მოსახლეობა 5, 3 მილიონიდან 76 მილიონზე ავიდა, თანაც, ეკონომიკური მაჩვენებლების პირდაპირპროპორციული ზრდის ფონზე: გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ავსტრალიას უკვე თვალსაჩინო ადგილი ეკავა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული შემოსავლის მიხედვით, ხოლო სულ რაღაც საუკუნის ისტორიის მქონე არგენტინამ 1920 წელს მე-8 ადგილს მიაღწია ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული საქონლის ოდენობით.
მაშ, რაღაზე შეაქცია ზურგი მსოფლიოს დიდმა ნაწილმა ეკონომიკური აზროვნების იმ მოდელს, რომელმაც წარმატება მოუტანა მთელ რიგ, შეიძლება ითქვას - როგორც ეთნიკური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით - სრულიად განსხვავებულ ქვეყნებს? აქ, მართალია, გარკვეული როლი ადრეულმა ინდუსტრიულმა რევოლუციამაც ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტი ფატორი მაინც პირველი მსოფლიო ომი იყო: სწორედ მან მოუმზადა ნიადაგი ტოტალიტარულ რეჟიმს რუსეთში, ფაშიზმს იტალიასა და ნაციზმს გერმანიაში: ომმა ასწავლა დემოკრატიულ მმართველობებს, თუ როგორ უნდა ,,ემართათ'' ეკონომიკა და ასევე, ხალხშიც დაამკვიდრა ყოვლად მცდარი მოსაზრება, თითქოს სახელმწიფოს თავისთავად ყველაფერზე მზად ჰქონდეს პასუხი. სწორედ I მსოფლიო ომის შემდეგ აღარსად გამოლეულან იმ ჯურის პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან სხვადასხვა წამგებიანი პროექტებისა თუ დაწესებულება-საწარმოების დაფინანსებას დაუჭირონ მხარი - რაღა თქმა უნდა, უბრალო მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური შოკისაგან დაცვის საბაბით... ფაქტიურად, რაც მაშინდელმა მთავრობებმა მოიმოქმედეს, გამოიწვია კიდეც შემდგომი ინფლაციების პირველი დიდი ტალღა: 20-იანი წლებისთვის საბითუმო ფასები შეერთებულ შტატებში 1, 5-ით აჭარბებდა ომისწინა პერიოდის ფასებს: ბრიტანეთში - თითქმის ორჯერ, ხუთჯერ - საფრანგეთში და ექვსჯერ - იტალიაში.
მხოლოდ სამი რამაა, რასაც ვერანაირი კერძო სექტორი თავს ვერ გაართმევს მთავრობაზე უკეთ: სამხედრო მომარაგება, ქვეყნისშიდა წესრიგი და სწორი სავალუტო პოლიტიკის გატარება. ამ სამი საკითხის გარდა, ქვეყნის შიგნით მართვის რაც მეტ სადავეებს აიღებს ხელში ნებისმიერი მთავრობა, მით უარესი სახელმწიფოსთვის.
თავისუფალი ბაზარი თავისთავად მთელი საინფორმაციო სისტემაა - თუ არავითარი გარეგანი ზეწოლა არა აქვს, იგი ოპერატიულად და საოცარი სიზუსტით ადგენს ნებისმიერი საქონლისა თუ მომსახურების სახეობის ნამდვილ ღირებულებას - ანუ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში რამდენს გადაიხდის მასში მომხმარებელი. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ ზოგად გადაწყვეტილებებს იშვიათად დასჭირებიათ კორექცია, მაგრამ რაც უფრო მყარდება სახელმწიფო რეჟიმი, რაც უფრო მეტი ექსპერიმენტის ჩატარების სურვილი უჩნდება მას თავისუფალი ბაზრის ,,მოწესრიგების'' დევიზით, მით უფრო მახინჯდება მონაცემები და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებებიც სავსებით შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს. 1960 წელს, პოლონეთის კომუნისტური მთავრობის ერთ-ერთმა მსხვილმა ხელმძღვანელმა (სწორედ დაგეგმარების დარგში) მართალია, არაოფიციალური საუბრის დროს, მაგრამ მაინც აღიარა: ,,ამ ყოვლად უაზრო სისტემის წყალობით ჩვენ არაფრის რეალურ ფასზე არა გვაქვს არავითარი წარმოდგენა - არ ვიცით, ფაბრიკა-ქარხნებიდან რომელია ეფექტიური და რომელი - ყოვლად უიმედო. ამიტომაც გამოგვდის, რომ განუწყვეტლივ ვეხმარებით წყალწაღებულებს და ვაჯარიმებთ მომგებიანებს''.
რუსეთსა და საერთოდ, მარქსიზმის პრინციპებზე ორგანიზებულ ქვეყნებს ერთი უცნაური ზნე სჭირთ: მარქსიზმ-ლენინიზმის სწავლების მიხედვით, საშუალო ფენისა და ვაჭარ-მეწარმეთა უკლებლივ ყველა წარმომადგენელი, უბრალოდ, ,,პარაზიტია'': შედეგად, იმავე საბჭოთა კავშირში არასოდეს შექმნილა დისტრიბუციის ოდნავ მაინც დამაკმაყოფილებელი სისტემა. შესყიდვის ყოვლად მოუქნელი წესების, ცუდი ტრანსპორტირების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის პრიმიტიული ქსელის წყალობით ქვეყნის მოსავლის 40%, სანამ მაღაზიებამდე მიაღწევდეს, ან გზაში იკარგება, ან ლპება, ანდა მღრღნელების ლუკმა ხდება. კოლექტივიზირებული მეურნეობის 70 წელი მართლა პარაზიტების გალაღების პერიოდი იყო - ვირთხების ოქროს ხანა...
დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი, მთავრობის ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში მარცხით მთავრდება: ერთ დროს დამქირავებელთა უფლებების დასაცავად შემოღებულმა ბინის ქირის შეზღუდვის წესებმა საბოლოოდ ბინათმშენებლობის ტემპებიც მკვეთრად დააგდო და სამშენებლო ფასების ზრდაც გამოიწვია: ტარიფების დადებამ დაქირავებული მუშახელის ანაზღაურებაზე - სამუშაო ადგილების გაუქმება და ა. შ.
ბოლოს და ბოლოს, ერთი რამ უნდა კარგად გავიგოთ: რაც არ უნდა მომხიბვლელად გვეჩვენებოდეს ერთიანი დაგეგმარების სისტემა, საბოლოოდ მას მხოლოდ დეგრადაციისა და მარცხისაკენ მივყავართ. ამის ქრესტომატიულ მაგალითად ბრიტანეთი გამოდგებოდა.
1979 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი გახდა, ქვეყანას უზომოდ გაბერილი, მოუქნელი, უგერგილო სახელმწიფო სექტორი და ამავე დროს, მძიმედ დაბეგრილი კერძო სექტორი გააჩნდა. წინა მთავრობებმა ქვანახშირის, ელექტროენერგიის, სილიკონისა და ფოლადის წარმოების, დოკების, რკინიგზის მთელი ქსელის, გაზის, ტელეკომუნიკაციების, ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის სარეწების, თვითმფრინავების პარკის, გემებისა და მანქანათსამშენებლო ქარხნების ნაციონალიზაციაც კი მოახდინეს. 1992 წლისთვის ამათგან 60% ისევ გაიყიდა და შეიძლება ითქვას, გაჩნდა აქციონერთა ახალი თაობა, მათ შორის მილიონობით ის ხალხი, ვისაც, ბუნებრივია, სწორედ იმ საწარმოსა თუ ფირმის აქციები ერგო, სადაც თავად მუშაობდა.
შედეგად, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი ,,ბრიტანეთის ფოლადის კორპორაცია'', რომელიც დანაკარგების მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო საერთოდ ქვეყნის ისტორიაში, ახლა მსოფლიო მასშტაბით იჩემებს ლიდერობას. ამავე დროს, ათასობით სახელმწიფო ბინა იქნა პრივატიზებული, გადასახადების სისტემაც გამარტივდა და მისმა საერთო მოცულობამაც იკლო. მართალია, ასეთი რამეები ადვილად არ ხდება: აქ სრულიად სხვადასხვა, მათ შორის ე. წ. ,,სახელმწიფო ინტერესებიც'' ეჯახება ერთმანეთს. იმავე ტეტჩერს სამთავრობო პროგრამების რაოდენობის შესამცირებლად გვარიანი ბრძოლის გადატანა მოუხდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა პროფკავშირებთან. არადა, წარმატებამ საკმაოდ შეცვალა ბრიტანელი მოქალაქეების დამოკიდებულება მთავრობის უფლებებზე მათს ცხოვრებაში ჩარევის საკითხის მიმართ. ეს წინა არჩევნებმაც დაადასტურა. მაშინ მოწინააქმდეგეებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ კონსერვატორები, ამჯერად ჯონ მეიჯორის მეთაურობით, აუცილებლად დამარცხდებოდნენ: ეკონომიკური მდგომარეობა გამწვავებული იყო, ლეიბორისტები კი ირწმუნებოდნენ, დიდი შემოსავლების უფრო მეტად დაბეგვრის ხარჯზე სოციალურ პროგრამებს დავაფინანსებთ და ცხოვრება შედარებით იოლიც გახდება და შეუდარებლად უკეთესიცო.
ყველა, ვისაც ამ მხრივ ბრძენკაცად მოჰქონდა თავი, გაოცებული დარჩა კონსერვატორების გამარჯვებით, მაგრამ საარჩევნო პუნქტებიდან გამოსულთა გამოკითხვამ ცხადი გახადა, რომ ლეიბორისტების მოწოდება საზოგადო ქონების ხელახალ გადანაწილებაზე ნაკლებ მომხიბვლელი აღმოჩნდა დიდი უმრავლესობისათვის, ვიდრე კონსერვატორების დაპირება მეტი ეკონომიკური თავისუფლების თაობაზე.
რა თქმა უნდა, მომავალშიც სრულად ვერ ავიცილებთ თავიდან ამა თუ იმ მასშტაბის დეპრესიებს, და ხანდახან მთავრობის უშუალო ხელშეწყობაც აუცილებელი გახდება, ოღონდ დაუშვებელია, სახელწქიფოს ჩარევამ ისეთი ფორმები მიიღოს, ხალხს საკუთარი თავის შველის იმედი გადაუწყდეს და მთავრობის იმედზეღა დარჩეს. ასევე, ნურც იმ გაკვეთილს დავივიწყებთ, რომ თუმცა მონოპოლისტურ სამთავრობო ღონისძიებებს მცირე ხნით შეიძლება გარკვეული წარმატებაც მოჰყვეს, მაგრამ ეს მაინც ისეთი დანაკარგის ფასად, რაც შესაძლოა თავიდან არც ჩანდეს, ოღონდ მომავალში კი მუდამ და ყოველთვის მძიმე შედეგებით იჩენს თავს. ეს ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდი გაკვეთილია, და არც თუ ისე იოლად ნასწავლი...
,,მთელი არმიების შემოსევა შეიძლება შეაჩერო'', წერდა ვიქტორ ჰიუგო, ,,მაგრამ არა ის იდეები, რომელთა დროც უკვე დადგა''. ჩვენთვის ასეთი იდეა თავისუფალი ეკონომიკაა, მისი დრო კარგა ხანია დადგა და ის მოქმედებს კიდეც დედამიწის უმეტეს ნაწილზე, პოლიტიკური საზღვრების მიუხედავად.
,,რიდერს დაიჯესტი“, ოქტ. 1992
___________________
1. Foundig Fathers - ამერიკაში ასე იხსენიებენ უოშინგტონი, ჯეფერსონი, მედისონი და სხვ.
![]() |
8 კოლუმბიური ნარკობიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ახვლედიანი
I. კოკა, როგორც ტრადიცია
როდესაც რესპუბლიკათა დიდი დამაარსებელი, გენერალი სიმონ ბოლივარი, ნაირ-ნაირი ქვეყნების დროშათა პროექტებს იგონებდა და მიყრუებულ კონტინენტზე ახალ სამყაროს ქმნიდა, ეს ულამაზო ბუჩქი სულაც არ გახსენებია. არც იყო გასაკვირი - კოკა ქმინდა ადგილობრივი, ინდიელთა კულტურა იყო და ახალი, ევროპისკენ მიდრეკილი ქვეყნების გერბსა თუ დროშაზე სიმბოლოდ არ გამოდგებოდა. არადა, კოკა ლამის ნაციონალური ყოფის მახასიათებელია ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი პერუში, სადაც ამ მცენარის გარეშე ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ძნელად წარმოსადგენია.
,,პერუში ორი მკვეთრად გამიჯნული კულტურაა'', - ამბობს პერუს კულტურის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დოქტორი ფერნანდო კაბიესესი - ,,ევროპული და ადგილობრივი. იმაში, რომ ინდიელთა კულტურა ესპანურ ექსპანსიას გადაურჩა და დღესაც ცოცხლობს, უმთავრესი წვლილი კოკას ფოთლებს მიუძღვის. ინდიელთათვის ის სასიცოცხლო ატრიბუტია''.
მართლაც, ჯერჯერობით ვერცერთმა ანთროპოლოგმა და ექიმმა ვერ დაამტკიცა, რომ კოკას ფოთლის მოხმარება, მისი ღეჭვა ინდიელთათვის ცნობილი წესით, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. პირიქით, პერუელი მეცნიერები თვლიან, რომ კოკას კულტურის კვდომას ხსენებულ რესპუბლიკაში ხალხი ალკოჰოლიზმისა და დეგრადაციისკენ მიჰყავს.
ბევრი მეცნიერი ცდილობდა ამოეხსნა კოკას სასწაულმოქმედი ძალის საიდუმლო. როგორც ამბობენ, ეს პირველად იმავე პერუს მოქალაქემ დოქტორმა იპოლიტო უნუანემ შესძლო. ეს იყო ჯერ კიდევ 1794 წელს - უნუანე ამტკიცებდა, რომ კოკა სრულიად უვნებელია ჯანმრთელობისთვის და პირიქით, ის ადამიანებს დაღლილობისა და სტრესებისაგან ათავისუფლებს.
მაგრამ გავიდა დრო და ქიმიკოსმა ალბერტო ნოიმანმა კოკადან კოკაინი მიიღო. ამ წუთიდან კოკა ყველასათვის უინტერესოთ მცენარე გახდა - მსოფლიო კოკაინმა დაიპყრო. კოკას მკვლევარ ქიმიკოსებსაც დაავიწყდათ, რომ ფოთლები კიდევ თოთხმეტ, სრულიად შეუსწავლელ ალკალოიდს შეიცავს.
მათ ახლა კოკაინი აინტერესებდათ. ექიმები იკვლევდნენ მის მოქმედებას ნერვულ სისტემაზე. მედიკოსთა შორის ზიგმუნდ ფროიდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თავის პაციენტებზე გამოსცადა ეს პრეპარატი და აღტაცებული ფრთა მის ,,საოცარ თვისებათა'' გამო.
ფროიდის ექსპერიმენტები საუკეთესო ვიზა იყო კოკაინისთვის. ევროპისა და ამერიკის დიდმა ფარმაცევტულმა ფირმებმა მისი მასობრივი გამოშვება დაიწყეს. ასეთი რეკლამაც კი არსებობდა: ,,კოკაინი - აი ნარკოტიკი, რომლის ჯადოსნური ძალა შეგიცვლით საჭმელს, თუ მშიშარა ხართ, გულს გაგიმაგრებთ, თუ მუნჯი - აგალაპარაკებთ, შეგაძულებთ ალკოჰოლს და ოპიუმს!!!''
კოკაინი ყველგან დაკანონებული და გაფეტიშებული იყო, რამაც მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, ჩვენს დროში მოგვცა ტრაგიკული შედეგი და უსაზღვრო ტკივილები მიაყენა კაცობრიობას. ინდიელთა კეთილი მეგობარი კოკა დაიკარგა, თავისი სამყაროდან ამოგლეჯილი და უცხო ნიადაგზე გადანერგილი, ის მეწარმეთა და გადამყიდველთა ძალაუფლების წყაროდ იქცა. მისი დამანგრეველი ძალა ძალიან გვიან დაინახეს.
დღეს კოკაინთან ბრძოლაზე მილიარდობით დოლარი იხარჯება. ამერიკელები ბომბავენ კოკას გადამამუშავებელ ლაბორატორიებს, მთელს მსოფლიოში დასდევენ ამ ნარკოტიკით მოვაჭრე ჩასუქებულ ძიაკაცებს, რომელთა ფოტოპორტრეტებიც უდიდესი გაზეთების პირველ გვერდებზე იბეჭდება, მაგრამ კოკაინთან ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, გამარჯვებული ჯერ არც კი ჩანს.
და მაინც, სად მოყავთ კოკა?
ბევრისთვის გასაოცრად, კოკას პლანტაციები კოლუმბიაში ბევრი არ არის, თუმცა სწორედ კოლუმბია ითვლება მსოფლიო ლიდერად კოკაინის გავრცელების სფეროში. კოკას სამშობლო პერუა და მისი მთავარი ნათესებიც აქ მდებარეობს. კერძოდ, კოკას ბუჩქებით დაფარული სივრცეები მოზრდილ პროვინციაში, ალტო უალიაგას ველებზეა გადაჭიმული.
ალტო უალიაგა - მსოფლიოში კოკას უდიდესი პლანტაცია - ამ სიკეთესთან ერთად წარმოადგენს ტერიტორიას, სადაც რესპუბლიკის ხელისუფლების ძალაუფლება და ავტორიტეტი საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთ სფეროზე არ ვრცელდება. ამჟამად აქ ცხოვრობს 300 000 ადამიანი, რომლებიც დედაწულიანად კოკას ბიზნესში არიან ჩართულნი. უალაიგაში ყავის და კაკაოს ბაღებსაც შეხვდებით, მაგრამ გლეხობის სრული უმრავლესობა კოკას მოყვანას ამჯობინებს. ცხოვრების დონე აქ ერთიორად მაღალია, ვიდრე მთელს ქვეყანაში და ეს, რა თქმა უნდა, კოკას დამსახურებაა.
მომცრო, შეუჩვეველი თვალისთვის ლამის შეუმჩნეველი ბუჩქი სიმდიდრის ნამდვილი წყაროა. პირველ მოსავალს ის დათესვიდან 18 თვეში იძლევა და მომდევნო 30 წლის მანძილზე წელიწადში ოთხჯერ ყვავის, რითაც საუცხოო შემოსავალს იძლევა. საკმარისია ითქვას, რომ 50 წლის წინ ალტო უალიაგა დაუსახლებელ და უპერსპექტივო ნახევარუდაბნოდ იყო აღიარებული, ახლა კი აყვავებული მხარეა.
ექსპერტები თვლიან, რომ კოკა პერუს, ამ უღატაკესი ქვეყნის არსებობის, გადარჩენის უმთავრესი საშუალებაა. 1970 წელს კოკას პლანტაციებს აქ 20 000 ჰექტარი ეკავა, ოცი წლის შემდეგ კი 200 000. ეკოლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ უმოკლეს ხანში კოკა სხვა სამეურნეო კულტურებით არ განეიტრალდა, სახიფათო ეკოლოგიური დარღვევები მოხდება და მაშინ არც პერუ იქნება და აღარც მისი მარჩენალი კულტურა.
მაგრამ ამაზე ძნელად თუ ფიქრობს ვინმე, რადგან კოკა იოლი მოსავლელია და შესაშური რენტაბელობით გამოირჩევა. მაგალითისათვის, ერთ ჰექტარზე მოწეულ ბრინჯში გლეხი 600 დოლარს იქებს, კაუჩუკში - 3 000-ს, ხოლო კოკაში 4 000 დოლარს. კოკას მოსავლის ოფიციალური მყიდველი პერუში სახელმწიფო დაწესებულებაა, ,,კოკას ეროვნული საწარმო'', ის კილოგრამ კოკაში გლეხს ერთ დოლარს სთავაზობს. ეს მაშინ, როცა ე. წ. ,,ნარკოს'' - ნარკოტიკებით მოვაჭრენი ულაპარაკოდ იხდიან სამს. საბოლოო ჯამში, წლიური 110 000 ტონიდან კანონიერად და ოფიციალურად მხოლოდ 15% თუ იყიდება.
პერუში ამასაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, რადგან აქაურ სახელმწიფო დაწესებულებებს გლეხების მოტყუება წესადა აქვთ დადებული. აქ ჩვეულებრივი ამბავია ჩაბარებულ მოსავალში საფასურად დაპირებების მიცემაც. ათობით და ასობით ტონა ბრინჯი, სიმინდი და ყავა ლპება გლეხების საწყობებში, რადგან მათი პატრონები აღარ ენდობიან მოხელეებს, რომლებიც ფულს ვერ უხდიან მათ.
მაგრამ კოკას ეს არ ემუქრება - მუშტარი მას ყოველთვის ჰყავს.
ის ღარიბების მხსნელია და ამიტომ გლეხებიც და უბრალო დღიური მუშებიც მზად არიან მკერდით დაიცვან თავიანთი მხსნელბი და მაცოცხლებელი კოკას ყვავილი.
აი, კოკას მწარმოებელთა ერთ-ერთი კოოპერატივის, ,,ალტო უალიაგა ლტდ''-ს თავმჯდომარის, ხუსტო სილვას ნაამბობი:
,,აქ გლეხი კვირაში 200 დოლარს შოულობს. მისთვის სულერთია, კოკას მოიყვანს თუ რაიმე სხვა კულტურას, მისთვის მთავარია ოჯახი მშიერი და შიშველ-ტიტველი არ დაუდიოდეს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები შეაფუცხუნებენ ჩვენს მთავრობას და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის გზებს დასახავენ, არავინ ფიქრობს ჩვენზე, გლეხებზე, არავინ გვთავაზობს ამ წარმოების სანაცვლოდ რაიმეს. ამიტომ გლეხებს ეზიზღებათ ისინი, ვისაც კოკას განადგურება უნდა, რადგან ეს მათ განადგურებასაც ნიშნავს. ამიტომ ერთიანდებიან ისინი ,,კოკას დაცვის ფრონტში''. მათ წინააღმდეგაა სახელმწიფო, მათ წინააღმდეგაა ნარკომაფია, მათ წინააღმდეგაა ,,სენდერო ლუმინოსო''1.
საკვირველია, მაგრამ ფაქტია, ევროპისა და ამერიკისთვის საძულველი ნარკოტიკი კოკა, პერუელთათვის ინკების წმინდა ყვავილია. და თუკი განვითარებულ ქვეყნებში ნარკოტიკების მწარმოებლებს დებენ ბრალს, განვითარებად ქვეყნებში მომხმარებელს ადანაშაულებენ.
პერუელები, კოლუმბიელები, ბოლივიელები და საერთოდ სამხრეთ ამერიკელები ბოროტების სათავედ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭვრეტენ. ამიტომაცაა, რომ პერუს მთავრობა ორ ცეცხლს შუაა მოქცეული, აქედან თავისი გლეხები უძალიანდებიან, იქედან ვაშინგტონი არ ასვენებს. ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან ბრძოლას აქ უფრო ჭიქაში დატრიალებულ მორევს ადარებენ. თუნდაც ის რად ღირს, რომ მთავრობა ვერ ბედავს პლანტაციების გასანადგურებლად ამერიკელების მიერ შეთავაზებული ჰერბიციდის, ,,სპაიკის'' გამოყენებას. ცალკე ეკოლოგიური დარღვევებისა ეშინია, ცალკე ასაჯანყებლად მზად მყოფი გლეხებისა.
პერუელი ნარკოსები, რომლებიც კოლუმბიელი ბარონების ხელქვეითები არიან, დიდი კონსპირაციის გარეშე ახერხებენ კოკას ფოთლის ყიდვას. მათ მცირე გადასამუშავებელი ქარხნებიც კი აქვთ, სადაც კოკასგან პასტას იღებენ და თვითმფრინავებიც გააჩნიათ, რომ ეს პასტა კოლუმბიაში გადაიტანონ, სადაც ადგილობრივი კოკაინის პროფესორები მას ნარკოტიკის სახეს მისცემენ და თავიანთ გამავრცელებლებს გადაულოცავენ მაიამიში, ან სხვა რომელიმე ამერიკულ ქალაქში გადასატვირთად.
პერუს #1 პოლიციელი ხუან სარატე დარწმუნებულია, რომ ამაზონის ჯუნგლებში 150-ზე მეტი საიდუმლო აეროდრომია, საიდანაც დღეში სამი თვითმფრინავი მაინც მიფრინავს კოლუმბიის საზღვრისკენ. ,,ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია და ისიც ძალზე იშვიათად, პილოტის დაპატიმრება და ტვირთის კონფისკაციაა,'' - ამბობს გენერალი სარატე. - ,,ქვეყანაში არსებული სიტუაცია მეტის საშუალებას არ იძლევა''.
ყველაფერი ერთმანეთსაა გადაჯაჭვული - სიღარიბე, ტერორისტები, ამერიკის სიძულვილი, უძლური პოლიცია და რა თქმა უნდა, თავად კოკა.
მიუხედავად იმისა, რომ პერუ კოკას მთავარი მწარმოებელია, ის მაინც წყნარ პროვინციად რჩება კოკაინის სამყაროში.
აქ მხოლოდ ნახევარფაბრიკატს, შეიძლება ითქვას, პირველად ნედლეულს აწარმოებენ და თანაც აქაური ,,ნარკოსები'' კოლუმბიელი კოკაინის ბარონების ხელქვეითები არიან, მსოფლიოში კი ძნელად მოიძებნებიან მათზე მდიდარი და შემძლე ადამიანები.
II. ზურმუხტის და კოკაინის ქვეყანა
მძაფრ შეგრძნებათა მოყვარულმა თვითმფრინავის ბილეთი უნდა აიღოს და კოლუმბიაში გაფრინდეს - ეს საყოველთაოდ მიღებული აზრია.
აქ ყველას ახსოვს პარლამენტში ამტყდარი სროლები, რაც ყავის ბარონების უთანხმოებებით იყო გამოწვეული. ან კიდევ დაუსრულებელი სამოქალაქო ომები, რომლებსაც გარსია მარკესიც კი აღწერს თავის წიგნებში და რომელთა ნარჩენებიც - ექსტრემისტთა პარტიზანული რაზმები - დღეს ქვეყნის მივარდნილ ადგილებში გამეფებულან.
შიში კოლუმბიური ცხოვრების ისეთივე ნაწილია, როგორც ანისის არაყი, ან გლეხური პონჩო. ბევრნი თვლიან, რომ საყოველთაო შიშის გრძნობა უკვე ეროვნული ხასიათის ერთ-ერთ თვისებად ჩამოყალიბდა და ამის მიზეზებს კოლუმბიის წარსულში, უფრო სწორად კი წარსულსა და დღევანდელობას შორის უწყვეტ კავშირში ხედავენ.
მართლაც, კოლუმბიის ისტორიაში ცოტა იყო ისეთი დღეები, მშვიდი ცხოვრების საშუალებას რომ იძლეოდა. 1810 წლიდან, მას შემდეგ რაც სიმონ ბოლივარმა კოლუმბიის რესპუბლიკა შექმნა, ქვეყანაში 30 სამოქალაქო ომი და 21 სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.
ძალადობის დღევანდელ ტალღას, ჩვეულებრივ, უკავშირებენ უკანასკნელ, 1948 წლის სამოქალაქო ომს, რომელმაც 200 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა ამ ომის შემდეგ და კოლუმბიამ ვერაფრით მოახერხა ფეხზე დადგომა, სამოქალაქო მშვიდობის დამყარება, ტერორიზმის ალაგმვა. ტერორისტების და ყაჩაქების თარეშმა ყოველდღიურობაში შეაღწია. ხალხიც თითქოს შეეგუა ამას და კოლუმბია საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქვეყნად, სადაც ვერავინ იტყოდა, რომ მშვიდობით დაუღამდებოდა.
მართალია, დამნაშავეობა სახელმწიფო რანგში არ ასულა, რადგან სუსტი და უნიათო ხელისუფლების მხარდაჭერა არავის სჭირდებოდა, არც ესმერალდერსებს (ზურმუხტით მოვაჭრებს: აქვე უნდა ითქვას, რომ კოლუმბია ზურმუხტის უდიდესი მწარმოებელია და ყავის და კოკაინის ბარონებთან ერთად ზურმუხტის ბარონებიც არსებობენ) არც გლეხებს, არც ქალაქის მოსახლეობას.
სენატორობა, დეპუტატობა, ან სულაც პრეზიდენტობა აქ ნაკლებად ნიშნავდა კარიერის პიკს. ისევ სჯობდა ბარონი ყოფილიყავი რაიმე დარგში. თანაც, ადრე ბარონის სახელდებას სულაც არ ჰქონდა დღეს მიღებული კრიმინალური მნიშვნელობა. ლათინური ამერიკის ქვეყნების ბედი ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს. ცხოვრების პრინციპები და სირთულეები საერთოა, ადათები მსგავსი, სიტუაცია კი, ხშირ შემთხვევაში, ლამის იდენტური. გასაკვირი არ არის, რომ კოლუმბიელი გლეხების სოციალური მდგომარეობა მსგავსია უკვე ნახსენები პერუელებისა: წითელი ტერორისტები, ხელიდან ხელში გადასული სოფლები, ეგზეკუციები და დაუფარავი ძარცვა-გლეჯა აქ ჩვეულებრივი ამბავი იყო მუდამ. 1948 წლის შემდეგ ტრადიციულ საგლეხო რეგიონებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. თითქმის ოცდახუთ წელიწადს გლეხობა ითმენდა ჯვარედინ ცეცხლს, მდიდარ მიწისმფლობელთა თვითნებობას და სიდუხჭირეს, 70-იანი წლებიდან კი მოხდა დაახლოებით ისეთი რამ, რაც ალტო უალიაგაში, დაიწყო გლეხობის მასობრივი გამოსვლა მშობლიური რაიონებიდან. გლეხებმა საცხოვრებლად აირჩიეს დაუსახლებელი ადგილები კოლუმბიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც ახლაც კი უახლოეს სამანქანო გზამდე რამდენიმე დღის სავალია. გლეხობა არ არის დაინტერესებული მაღალ მოსავლიანობაში, რადგან ვერც სიმინდს და ვერც სხვა რამეს აქედან დროულად ვერ გაიტან. გადასახლების წლებში აქ არ იყო ელექტროენერგია და საერთოდ არაფერი, იყვნენ მხოლოდ დამარცხებული კომუნისტი პარტიზანები, რომლებიც თან მოჰყვნენ გლეხებს და თავიანთი კანონების დამყარება დაიწყეს.
სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ აქ ნარკოვაჭრები, რომლებმაც ღარიბ და დაბეჩავებულ გლეხებს მათ სოფლებში ლაბორატორიების მოწყობა შესთავაზეს პერუდან და ბოლივიიდან გადმოტანილი კოკაინის გადასამუშავებლად. ეს ჯერ არ იყო პასტის დამუშავება, არამედ უფრო ადრეული ტექნოლოგია, გლეხებს რაღაც განსაკუთრებული ხელსაწყოების გარეშე შეეძლოთ ფოთლების პირველადი დამუშავება. ,,ნარკოსები'' ბევრს და კარგად იხდიდნენ - 500 პესოს შესრულებული შეკვეთის საფასურად. ეს მაშინ, როცა კოლუმბიელ გლეხს ხუთპესოიანი ასიგნაციაც კი არ ჰქონდა ნანახი. ადვილი წარმოსადგენია რაც მოხდებოდა. ამ პირველი შეთანხმებების შედეგი დღეს ასეთია: 28-მილიონიანი კოლუმბიის მოსახლეობიდან კოკაინის ბიზნესში ჩართულია 7-8 მილიონი, ე. ი. ეს ადამიანები მთლიანად დამოკიდებულნი არიან ნარკობიზნესზე და სარჩოსაც ამით შოულობენ. ქვეყნიდან გასული კოკაინის სანაცვლოდ კოლუმბიაში ყოველდღლიურად შემოდის ორ მილიარდამდე ამერიკული დოლარი და რაც ნიშანდობლივია, ბოლო წლებში მიმდინარე ომის მიუხედავად ეს ციფრი მაინცდამაინც არ იცვლება. ისევე, როგორც პერუსა და ბოლივიაში, რომლებიც შესაბამისად ოთხჯერ და ორჯერ მეტ კოკას იქცევენ, ვიდრე კოლუმბია, ეს ფული ქვეყნის მთავარი მაცოცხლებელი ძალაა. კოლუმბიაში თვალშისაცემია, როგორც კი სახელმქიფო წარმატებულ ოპერაციებს განახორციელებს ნარკომაფიასთან ომში, ქვეყნის ისედაც დანგრეულ ეკონომიკას ეს შესამჩნევად ეტყობა. ნარკომაფიასთან ბრძოლის 112 საერთაშორისო პროექტი, რომლებიც ხუთი წელია, რაც დაამუშავა კოლუმბიის მთავრობამ, ჯერჯერობით მხადრამჭერების ძებნაშია, რადგან ქვეყანა დიდ საერთაშორისო დახმარებას და ინვესტიციებს ითხოვს.
ნარკომაფია კი, ბოლო წლებში მიყენებული დარტყმების მიხედავად, მაინც არსებობს და სნაიპერებისა და თავდადებული მებრძოლების ნაკლებად ეშინია. კოლუმბიაში საყოველთაოდ ცხადია, რომ ღია ომი ნარკობარონებთან სრული უაზრობაა, ტყვიების პასუხად მათ დახვეწილი და გასინჯული ტაქტიკა აქვთ: დაიწყებს თუ არა მთავრობა სამხედრო ოპერაციებს მათ წინააღმდეგ, ნარკობარონები სახალხოდ აცხადებენ: ,,რად გვინდა ომი? ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ, ჩაგბარდებით კიდევაც, ოღონდ არ გადაგვცეთ შეერთებული შტატების სასამართლოს''. ეს კი რთული საკითხია. კოლუმბიის მთავრობამ ერთადერთხელ გაბედა მსგავსი რაღაცის გაკეთება, როდესაც ცნობილ ბარონს, პაბლო ესკობარს დაეთანხმა და საპატიო ტყვეობაში მოაქცია. ესკობარი შარშან მოკლეს და მის ცხედარს მრავალათასიანი ბრბო მიაცილებდა. ნარკომაფიამ იცის როგორ მოიქცეს, საჭირო მომენტში შეერთებული შტატების ხსენება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობის სრული უმრავლესობა ჩაგრულ ,,ნარკოსთა'' მიმართ თანაგრძნობით განიმსჭვალოს.
ვინ არიან ნარკობარონები? როგორია მათი საქმიანობის ლამის უხინჯო სტრუქტურა, ათწლეულების მანძილზე რომ შეუფერხებლად მუშაობს?
უკანასკნელი წლების ყველაზე პოპულარული, კოკაინის ბარონი, უკვე ნახსენები პაბლო ესკობარი ერთხანს კოლუმბიის პარლამენტის დეპუტატიც კი იყო, მან ქალაქ მედელინის ღარიბ მოსახლეობას მშვენიერი ნათელი სახლები აუშენა, ათიათასობით დოლარი გასცა ღარიბთა სასარგებლოდ, უფასო საავადმყოფოების და უპატრონოთა თავშესაფრების მოსაწყობად. ღმერთმა უწყის, პაბლო ესკობარი მართლა კეთილი მილიონერი იყო თუ ვირეშმაკა სპეკულანტი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: კოკაინის ბარონები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხალხში სახელი დაიგდონ, რადგან კრიზისის დღეებში ხალხის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს. უბრალოდ, ასეთია მათი ტაქტიკა. კოკაინის ბარონებს არ უყვართ დესტაბილიზაცია, სიღატაკე, მზარდი უკმაყოფილება და მსგავსი რაღაცეები. მათ ურჩევნიათ ყველა კოლუმბიელი მაძღარი და კმაყოფილი იყოს, რათა არ იფიქროს იმაზე, რომ რომელიღაც ნარკობარონის მითითებით ერთი აბეზარი ჟურნალისტი გამოასალმეს სიცოცხლეს. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ სამიოდე წლის წინ იმავე ესკობარის ბრძანებით მდიდრული საშობაო კარნავალი გადაუხადეს და ფულადი დახმარება გაუწიეს უმუშევრად დარჩენილ დაქირავებულ მკვლელებს, რომელთა რაოდენობაც ქალაქ მედელინში სამ ათასს აღემატება. ესკობარმა ეს გააკეთა არა მადლიერების ნიშნად, არამედ იმის გამო, რომ თავიდან აეცილებინა ქალაქში მდგომარეობის გართულება უმუშევრად დარჩენილთა მიერ, რომელთა ბიზნესშიც კრიზისი იდგა შეკვეთების არარსებობის გამო. დიახ, ნარკობარონი ცდილობს ერთგვარ საზოგადო მოღვაწედ წარმოდგეს და ეს ან რა გასაკვირია - ქველმოქმედებას რომ თავი დავანებოთ, მისი ერთ-ერთი დამსახურება ისიცაა, რომ სამუშაო ადგილებს ქმნის უვიცი და უკვალიფიკაციო მუშახელისათვის, ერთგვარად აშოშმინებს საზოგადოების ყველაზე საშიშ თუ ფეთქებადსაშიშ ფენას. მოკლედ, ერთის მხრივ ის შეიძლება წარმოგვიდგეს როგორც პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და სახალხო საქმეში წვლილის შემტანი კაცი, მაგრამ ეს მედლის ერთი და თანაც გაცვეთილი მხარეა.
გარდა იმისა, რომ ქველმოქმედია და სიმშვიდეს უფრთხილდება, კოკაინის ბარონი ხელისუფლების მოყვარე ადამიანია. მას ნაკლებად იზიდავს რომელიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტი. სახელმწიფო ორგანოებში მისი მონაწილეობა მოქრთამული მოხელეების კონტროლით შემოიფარგლება. ხელისუფლება კოკაინის ბარონს იმდენად სჭირდება, რამდენადაც ეს უკანასკნელი მისი ბიზნესის აყვავებას არ უშლის ხელს, ამიტომ ბარონთა არსენალში არის უამრავი ბერკეტი, რომელთა საშუალებითაც ისინი ამა თუ იმ მოვლენას სასურველ კალაპოტში აქცევენ. არასასურველთათვის ერთადერთი პრინციპი მოქმედებს - სასიკვდილო განაჩენი. თანაც ნარკოსთათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ხელისუფლების წარმომადგენელია ადამიანი, რომელიც მათ წინააღმდეგ იბრძვის.
მედელინელი ნარკობოსების დაკვეთით მოკლულია პრეზიდენტობის კანდიდატი ლუის კარლოს გალანი, უმაღლესი სასამართლოს წევრი, ადვოკატი ეკტორ ხიმენეს როდრიგესი, რადიოჟურნალისტი დიეგო ვარგასი, დარბეულია ადვოკატურები, გაზეთების რედაქციები, ბიბლიოთეკები და სხვა დაწესებულებები. ზემოთ მოტანილი სამი ადამიანის გვარი უბრალოდ ყველაზე ცნობილი და პოპულარული იყო კოლუმბიაში, ისინი ხმამაღლა აცხადებდნენ თავიანთ მოსაზრებებს ნარკომაფიოზების საქმიანობის შესახებ. უკანასკნელ ხუთ წელიწადში კი მათთან ერთად დაქირავებულ მკვლელთა ხელით დაიღუპნენ სხვებიც, ზოგიერთი მონაცემით 150 მეტი ადამიანი, რომლებიც არა იარაღით ხელში, არამედ ჯერ მხოლოდ სიტყვით იბრძოდნენ კოკაინის წინააღმდეგ.
მკვლელობის მიზეზები და პრინციპები ნათელია: გალანი უეჭველად გახდებოდა პრეზიდენტი, ის მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო და თავისი საარჩევნო კამპანია ნარკობიზნესის საწინააღმდეგო გამოსვლებზე ააგო. იგი ამერიკელების როლის გაზრდას აპირებდა და ამიტომაც საარჩევნო კამპანიას მოაშორეს. გალანს მხარს უჭერდა გაზეთი ,,ვანგუარდია ლიბერალი'', რომლის რედაქციასაც შესაბამისადვე მოეპყრნენ: აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა შვიდი კაცი.
ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, როდესაც ადამიანი ხელს გიშლის, იშორებ, მაგრამ კოკაინის ბარონებს სხვანაირი მკვლელობაც ეხერხებათ. როდესაც ისინი ომის დაწყებას გადაწყვეტენ, ან სურთ ხელისუფლება გააფრთხილონ, ისინი უმისამართო მკვლელობების სერიას იწყებენ: მათ შეუძლიათ მოაკვლევინონ სტუდენტი გოგონა ბიბლიოთეკაში, ან ყუმბარა შეაგდონ გადაჭედილ რესტორანში, ან ცეცხლი წაუკიდონ სკოლას...
კოკაინის ბარონთა ორივე ზემოთ ნაჩვენები ხერხი ერთადერთ მიზანს ემსახურება - ხელი არ ეშლებოდეთ მათი მთავარი საქმიანობისათვის, რაც ორი ძირითადი საფეხურისგან შედგება - კოკას პასტისგან კოკაინის მიღება და მისი გადაგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.
ბარონთა ერთობლიობას კოლუმბიაში კარტელს უწოდებენ. ქვეყნის დიდ ქალაქებში - ბოგოტაში, კალისა და მედელინში არსებობს ბარონთა უმძლავრესი მრავალწლიანი გაერთიანებები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ქალაქების სახელებს არქმევენ - ვთქვათ, ,,მედელინის კარტელი'' და ა. შ. კოკაინის კარტელების ზუსტი სტრუქტურა უცნობია. ძირითადად ის უნდა იმეორებდეს ზურმუხტისა და ყავის ჯერ კიდევ ორასი წლის წინათ არსებული კარტელების სქემას. უმრავლეს შემთხვევაში ეს არის საქმიანი გარიგებების შედეგად შეყრილ კოკაინის ბარონთა ერთობლიობა. სამი ან ოთხი ბარონი ერთიანდება საერთო საქმის უკეთ გასაკეთებლად: ისინი აერთიანებენ თავიანთ ხალხს, ოპერაციებისთვის საჭირო ფინანსებს, სარგებლობენ ერთმანეთის კავშირებით და გავლენით. კარტელისთვის უცხო არ არის ოჯახურ-კლანური გაერთიანებაც, რაც დამახასიათებელია ლათინური ქვეყნის დანაშაულებრივი გაერთიანებებისთვის. ასე მაგალითად, მედელინის ერთ დროს უძლეველ კარტელს ესკობართან ერთად ძმები ოჩოები ედგნენ სათავეში, კალის კარტელს კი, რომელსაც შარშან უფრო გაუვარდა სახელი მსოფლიოში, ძმები როდრიგესები და სანტაკრუსი ხელმძღვანელობენ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კარტელები არ ჰგვანან ,,კოზა ნოსტრას'' ოჯახებს, ისინი მაინც საქმის გარშემო გაერთიანებული ხალხის კრებულია. რა თქმა უნდა, კარტელებსაც ჰყავთ შეიარაღებული ხალხი, მაგრამ ეს ძირითადად დაქირავებული ძალაა.
ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ კარტელებში უთანხმოება მწიფდება, მაგრამ ნარკობიზნესის ისტორიამ არ იცის განხეთქილების არცერთი შემთხვევა. თვით კარტელებს შორისაც კი არ მომხდარა მეტ-ნაკლებად თვალში საცემი შეჯახება. სისხლისღვრა ხომ საერთოდ არ ყოფილა. კოზა ნოსტრასგან განსხვავებით, ნარკოკარტელებში საბაზრო ეკონომიკის წესები ბატონობს. კალის კარტელს არ აღიზიანებდა მედელინის კარტელის სახელი და დიდება არც მედელინელებს აწუხებთ ის ამბავი, რომ კალის კარტელს უფრო დიდი კაპიტალბრუნვა აქვს. საჩხუბარი მართლაც არაფერია, იმდენ პასტას შეუკვეთავ, რამდენის ყიდვაც შეგიძლია, იმდენს გადაამუშავებ, რამდენსაც შემკვეთი ითხოვს - ყველაფერი კაპიტალისტურადაა. აქ გავლენის სფეროები არ არსებობს, არ არსებობს თვალში საცემი კონკურენციაც, რადგან მოთხოვნილება კოკაინზე ძალიან დიდია, შემკვეთები ფაქტიურად ამოუწურავ რაოდენობას ითხოვენ.
ამ მხრივ კოკაინის ბარონს, ანუ ,,კაპოს'', როგორც კოლუმბიელები უწოდებენ ნარკო მეთაურებს, პრობლემები არა აქვს.
ნარკობიზნესი ფიტავს ქვეყნის შინაგან სტრუქტურას, არღვევს სამოქალაქო ცხოვრების რიტმს, მუდმივ შიშში ამყოფებს მოსახლეობას. სიწყნარეს ნარკოდოლარები ვერ ამყარებენ. ხელისუფლება ებრძვის კარტელებს, მაგრამ ბრძოლის ფორმები ისეთია, რომ მოსახლეობას იმედს არ უნერგავს. სროლა და სისხლი კოლუმბიელთათვის უცხო არ არის. მთელი კოლუმბიის ისტორია ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ომით გამარჯვებული ძალა. როგორც წესი, კოლუმბიაში არ არიან ბოლომდე დამარცხებულები და საუკუნნახევარზე მეტია, სროლა მცირე შესვენებებით გრძელდება.
ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ნარკოსთა წარმატება ქვეყნისთვის, არის ქალაქი მედელინი, უკანასკნელ დრომდე კოკაინის საქმოსანთა ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი.
მედელინი ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული პროვინციის მთავარი ქალაქია. აქ მოვლილი, ევროპულად ნაგები უბნები და ფართო ქუჩებია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგანი მხარეა. უმძლავრეს კარტელს სწორედ აქ უდევს ბინა. ზოგიერთ აქაურს რომ ჰკითხოთ, მათი ქალაქის გახმაურებული სახელი მხოლოდ იმის ბრალია, რომ მედელინის კარტელი ზედმეტად იყო გატაცებული ძალადობით და სისხლისღვრით, თორემ სხვა ქალაქებში ბევრად უფრო მძლავრი გაერთიანებები არსებობს: იქნებ ეს მართლა ასე იყოს, მაგრამ ქალაქის ნარკობიზნესის ცენტრად აღიარებაც მხოლოდ გამო არ მოხდებოდა.
ძალადობა კი ჩვეულებრივი ამბავი იყო მედელინში. აქაური კარტელის მოქმედების სტილი მართლაც, გამორჩეულად სისხლიანია. ესკობარი და ოჩოები, ჩვეულებრივ,
არ ყოყმანობდნენ მათ წინააღმდეგ განწყობილი ადამიანის ბედის თაობაზე. ამიტომ მედელინში საკმაოდ სწრაფად ჩამოყალიბდა ახალი ფენა, რომელსაც ,,ნარკობიზნესის მაწანწალებს'' უწოდებენ. ,,მაწანწალათა'' რიგებში ძირითადად 14-18 წლის უქონელი და უმუშევარი ბიჭები შედიან. ისინი გაერთიანებულნი არიან 8-10 კაციან ბანდებში და უბნობრივი პრინციპით იყოფიან. რამოდენიმე ასეთ ბანდას, როგორც წესი, ერთი უფროსი ,,მაწანწალა'', უფრო სწორად კი დაქირავებული მკვლელი მეთაურობს. შეკვეთას სწორედ მეთაური იღებს, თანხასაც ის ანაწილებს: მშვიდ და უშფოთველ დღეებში ,,მაწანწალათა` გუნდები ერთმანეთს არ ერჩიან, როდესაც სამუშაო იშოვება და დამკვეთი ფულს იხდის, მათ სადარდებელი არაფერი აქვთ, მაგრამ როგორც კი უმუშევრობა იწყება, დაქირავებული მკვლელები ჭკუას კარგავენ და ქალაქში გამოდიან. წინააღმდეგობის გამწევი ან სიტყვის შემბრუნებელი მკვდარია და არა აქვს მნიშვნელობა ბავშვია ის, ქალი, თუ მოხუცი. მკვდარია, მორჩა და გათავდა. ეს დაქირავებული მკვლელები არც ქალაქის რესპექტაბელური უბნების ცხოვრების არევდარევას ერიდებიან, აფეთქებენ მანქანებს და წვავენ მაღაზიებს...
თვით მედელინის კარტელისათვის ამგვარი ბანდების არსებობა დიდი პრობლემა იყო, ამიტომაც მოულოდნელი არ არის, რომ ქალაქში მოქმედი ყოველი ასეთი ბანდა კარტელის გარკვეულ დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, თვით კარტელმა შექმნა ვერტიკალური, იზოლირებული სისტემა მათ სამართავად და ,,მაწანწალები'' საერთო მმართველობას დაუქვემდებარა ისე, რომ თითოეულმა ბანდამ არაფერი იცოდა მეორის კავშირზე კარტელთან. მაგრამ კრიზისმა, რაც თვითონ მედელინის კარტელის მთავრობასთან ურთიერთობებით იყო გამოწვეული, დაქვემდებარებიდან გამოიყვანა უქმად დარჩენილი ეს არმია. ქალაქის ყველაზე დიდ რაიონში, სიტუაციის მფლობელი სამი დიდი ბანდა 6-8 კაციან ჯგუფებად დაიშალა და ცალკეული ქუჩები აიყვანა კონტროლზე. ეს ბანდები ისედაც ქალაქში ჩადენილ დანაშაულობათა 50 პროცენტის ავტორობას იჩემებდნენ, დაშლის შემდეგ კი მთლად კოშმარული სიტუაცია შექმნეს.
სხვა ადგილებში ეს მომცრო გუნდები ერთმანეთს ესხმიან, ანდა მარტოდ გამოიჭერენ მოწინააღმდეგე ფორმირების ნარკოტიკების გამყიდველს, სწრაფად გამოასალმებენ სიცოცხლეს და გაძარცვავენ, რაც ადრე მკაცრად იყო აკრძალული დაქირავებულ მკვლელთა კოდექსით. ამ მოვლენების უშუალო შედეგია ე. წ. მკვლელთა ,,პარალელური'' რაზმების წარმოშობაც. ეს შეიარაღებული ჯგუფები იმავე უბნებში იქმნება, სადაც მედელინის კარტელის მაწანწალები დათარეშობენ, მაგრამ მათი მიზანი სხვაა. რაზმები ცდილობენ თავიანთი ქუჩები გაწმინდონ წესრიგის დამრღვევთაგან. ,,ლოს კაპუჩოს'', ასე უწოდებენ ისინი საკუთარ თავს და გამთენიისას ქუჩებში ნაპოვნი გვამები მათი ნამოქმედარის შედეგია.
სწორედ ამიტომ იყო, რომ პაბლო ესკობარი გაღიზიანებულ მკვლელთა სუბსიდირებას ახდენდა. სიწყნარე მედელინში მასაც ძალიან სჭირდებოდა, რადგან ქალაქში შეიარაღებული ძალების შემოსვლა კარტელს არაფერში სჭირდებოდა. ასეთი იყო მედელინი სამი-ოთხი წლის წინ, მანამდე სანამ დააპატიმრებდნენ ესკობარს და ფაბიო ოჩოას, მანამდე, სანამ იმქვეყანას წავიდოდა ,,მექსიკელად'' წოდებული გონსალო როდრიგეს გაჩა.
ასე რომ, არცერთი კარტელი არ არის ზეადამიანური და ყოვლისშემძლე ორგანიზაცია, არსებობისა და სიმდიდრისათვის ბრძოლაში კარტელებს აქვთ სუსტი ადგილები და სერიოზული ჩავარდნები, თუმცა მათ საქმიანობას წარუმატებელი ვერაფრით დაერქმევა, რადგან მათი ბიზნესი, თუ რგოლები კარგადაა ასხმული, წაუგებელ ბიზნესად ითვლება და რომელიმე ბარონი, ციხეში მჯდომიც კი, მილიონობით დოლარით ისქელებს ჯიბეს, რადგან მანქანა მუშაობს და წილიც ავტომატურად ერიცხება.
III. შენსკენ სავალი ქვეყანა
როგორც წესი, კარტელების საქმიანობის მთავარი და ყველაზე უკეთ დამუშავებული რგოლი უშუალოდ კოკაინის ბიზნესია. ამ საქმეში ჩავარდნა თითქმის არ არსებობს, რადგან ჩავარდნა დაღუპვის ტოლფასია. თვით მედელინის კარტელის ბედიც ამის დასტურია. ტერორი და კონფრონტაცია სახელმწიფოსთან კარტელს მხოლოდ საზოგადოების და მსოფლიოს თვალში თუ სჭრიდა თავს, თორემ ბიზნესს ეს არაფერში დასტყობია. პირველივე დიდი მარცხი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ესკობარისა და ოჩოებისათვის დამღუპველი აღმოჩნდა.
კოკაინის ბიზნესი მჭიდროდაა დაკავშირებული კოლუმბიურ სოფელთან. მიმომხილველებს უკვირთ კიდეც, რომ კოკაინის ბარონები თავიანთი საქმიანობის ხილულ ცენტრებად დიდ ქალაქებს ირჩევენ, მაგრამ კარტელებისათვის ეს უფრო მოსახერხებელია. კოკაინის დამზადება ცენტრებიდან შორს მიმდინარეობს, ხოლო თვით კარტელი მისთვის საინტერესო მოვლენათაგან ახლოს იმყოფება, რაც სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. სოფლებსა და ტყეებში კი საქმიანობა უშფოთველად მიმდინარეობს. როდესაც პოლიციამ მედელინის კარტელის ერთ-ერთი დიდი კოკაინის საწყობის კვალი აირო და იქაურობა დედაბუდიანად გადაწვა, ფაბიო ოჩოასთვის ეს ტრაგედიად არ ქცეულა, თუმცაღა ზარალი კატასტროფულიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. ,,ამერიკაში გადასაგზავნი კოკაინის მარაგი ულევია'', - თქვა მაშინ ნარკობარონმა და მართლაც ასე იყო. მისი ბრძანებით ბატონმა ლედერმა, რომელსაც კოკაინის სამყაროში პროფესორის სახელითაც იცნობდნენ და რომელიც მედელინის კარტელის საიდუმლო ლაბორატორიების და საწყობების ხელმძღვანელი იყო, სასწრაფოდ არია კვალი. ლედერმა უმოკლეს ხანში შეუცვალა ადგილმდებარეობა გადამამუშავებელ ლაბორატორია-საამქროებს და ,,ულევი მარაგი'' მიწისქვეშა საწყობებში გადაიტანა, მანვე შექმნა რამდენიმე საიდუმლო ასაფრენი ბილიკი, რომლებიც ზედ საწყობებთან მდებარეობდა და უცხო თვალისთვის სრულიად შეუმჩნევლად ფუნქციონირებდნენ.
უდიდესი ფინანსური შესაძლებლობებიც შესამჩნევად უადვილებს კრიზისულ დღეებს მედელინელ ბარონებს.
კოკაინის ბიზნესის უკანასკნელი ეტაპი კარტელისათვის არის მზა პროდუქციის გადაგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, და მისი მებითუმეებისთვის გადაბარება. დანარჩენი ბარონებს აღარ ეხებათ.
ეს ერთი შეხედვით მარტივი ოპერაცია ხშირად იქცეოდა ხოლმე ცენტრალურ ამერიკაში პოლიტიკური სკანდალებისა და დესტაბილიზაციის მიზეზად. საკმარისია გავიხსენოთ პანამის პრეზიდენტის ნორიეგას დატუსაღება და გასამართლება შეერთებული შტატების მიერ, ან ფიდელ კასტროს მიერ საკუთარი გენერლების დახვრეტა ნარკობიზნესში მონაწილეობისავის და მრავალი სხვა.
კოკაინის გადაგზავნას თავისი სპეციფიკა აქვს. ეს არის უმაღლესი ხარისხის კონტრაბანდა და კონტრაბანდისტი, რომელიც ამ საქმეს ეწევა, ზღაპრულ ანაზღაურებას იღებს. მეორე მხრივ ის უნდა იყოს კარტელისათივს უაღრესად სანდო ადამიანი და უმაღლესი კვალიფიკაციის პილოტი. ასეთები კი ძირითადად ამერიკელები არიან. პილოტმა საუცხოოდ უნდა იცოდეს თავისი გზის მონაკვეთი, რადგან იგი უგულებელყოფს უსაფრთხოების ყოველგვარ წესს, რათა ასასზღვრო დაცვისათვის შეუმჩნეველი დარჩეს. რეისები წამით სრულდება და თვითმფრინავს გამორთული აქვს წითელი სინათლე. სიმაღლის ხშირი ცვლით პილოტები ცდილობენ შეუმჩნეველნი დარჩნენ რადარებისათვის.
ნახსენები პოლიტიკური სკანდალები კი უმთავრესად გამოწვეულია იმით, რომ ამ რთულ გზაზე თვითმფრინავისთვის აუცილებელია შუალედური სადგურის არსებობა, სადაც მფრინავი კიდევ ერთხელ გადაამოწმებს თავის მარშრუტს, რუკებს და მიიღებს უკანასკნელ ცნობებს, საწვავის მარაგსაც შეივსებს და გზას განაგრძობს. კოკაინის ბარონები სოლიდურ გასამრჯელოს სთავაზობენ ცენტრალური ამერიკის ღატაკი ქვეყნების მაღალი თანამდებობის მოხელეებს, ოღონდ კი მათ ასეთი შუალედური სადგურის გაწყობის საშუალება მისცენ. რა დასამალია და უარს ცოტანი ამბობენ, ნორიეგა კიდევ უფრო შორს წავიდა, მან სათადარიგო ლაბორატორიებიც კი მოაწყო პანამის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევისათვის, თუ მედელინელებს ამ მხრივ რაიმე პრობლემა გაუჩნდებოდათ კოლუმბიაში. რაც შეეხება კასტროს მიერ ,,ნარკობიზნესში ჩართული გენერლების'' გასამართლებას, ძნელი დასაჯერებელია, რომ კუბაზე ვინმე უმისოდ ითბობდა ხელს. უბრალოდ, პანამის მოვლენების შემდეგ კუბის დიქტატორმა თვითონვე მიიღო ზომები, რათა ამგვარი ზომების აუცილებლობა ამერიკელთა მხრიდან მიღებული ინფორმაციის ნიადაგზე არ გაჩენილიყო.
მაგრამ დავუბრუნდეთ კოკაინის მარშრუტს.
მედელინის კარტელისათვის საშუალედო ბაზად ბაჰამის კუნძულები ითვლებოდა, მაგრამ აქედან გადასული პროდუქციის დანაკარგი მეტად დიდი იყო. ეს გახმაურებულ წერტილად იქცა და მაიამიში ჩატანილი კოკაინის ნახევარი პოლიციის ხელში ვარდებოდა. კარტელმა ახალი სადგურის ძებნა დაიწყო.
ასეთ პუნქტად ფაბიო ოჩოას მაშინ ჯერ კიდევ სანდინისტურ-მარქსისტული ნიკარაგუა დაესახა...
წითლები და ნარკობიზნესი. კოკაინის გაჩენის დღიდან ეს ორი ძალა დანასისხლად იყო ერთმანეთთან პერუს, კოლუმბიის და ბოლივიის სხვადასხვა რეგიონში. ნარკოსები და კომუნისტები ერთმანეთს ებრძოდნენ და ხოცავდნენ კიდეც. მაგრამ ნარკობიზნესის სპეციფიკა იმაშია, რომ მისთვის სულერთია ვინ იქნება პარტნიორი, მთავარია, საქმემ არ იზარალოს და ყველაფერი მოწესრიგდება.
როდრიგეს გაჩამ მედელინის გაზეთ ,,სემანას'' კორესპონდენტს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოუდგენია კავშირი კომუნისტებთან, კოლუმბიელ პარტიზანებთან თუნდაც ასეთი გამყიდველი მთავრობისა და ამერიკელების წინააღმდეგ, რადგან საკუთარი პრინციპები არ აძლევენ ამის საშუალებას. მაგრამ ეს საუბარი ეხებოდა სამხედრო კონფრონტაციას და არა უშუალოლდ ვაჭრობას.
,,ჩვენ ანტიკომუნისტები ვართ'', - ამბობდა გაჩა.
,,ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ჩვენ ისინი გვჭირდება, მათ კი ჩვენ ვჭირდებით'', - თქვა ცოტახნის შემდეგ ფაბიო ოჩოამ, როდესაც თავის პილოტებს შეატყობინა სანდინისტებთან მოლაპარაკებათა შედეგები. ნიკარაგუა თანახმა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და აეროპორტებს საზენიტო არტილერია იცავდა, რომელიც კონტრასების შიშით წამსვე ცეცხლს უხსნიდა ყოველივე მოძრავს. მაგრამ პილოტებს არაფერი ჰქონდათ სანერვიულო, რადგან კარტელმა ეს პრობლემაც მოაგვარა. პილოტმა იცოდა პაროლი და კოდი, რომელიც უნდა ეცნობებინა სანდინისტების საჰაერო თავდაცვისათვის, იცოდა ტელეფონის ნომერი, რათა პრობლემების წამოჭრისთანავე დაკავშირებოდა მედელინელებთან შეკრულ ამა თუ იმ დიდმოხელეს.
ასე რომ, ახალი გზა ხსნილი იყო.
ლედერი თვითმფრინავებს ტვირთავდა და გულდამშვიდებით უშვებდა ნიკარაგუასკენ. ოღონდ სანდინისტების თხოვნა იყო, არცერთ პილოტს ეთერში არ წარმოეთქვა სიტყვები ,,ნიკარაგუა'' და ,,მანაგუა'', ნებისმიერ შეკითხვაზე მათ ეპასუხათ, რომ მიფრინავენ (ან აფრინდნენ) კოსტა-რიკაზე...
ასე იყო ორგანიზებული მედელინის კარტელის საქმიანობა, რომელიც ფანტასტიურ თანხებს აგროვებდა.
IV. ბერი სილი: ერთადერთი და განუმეორებელი
1984 ქლის 1 აპრილი დაუვიწყარი თარიღია შეერთებული შტატების ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის სამმართველოს ისტორიაში. ამ დღეს ხსენებული სამსახურის აგენტმა, ელის მაკენზიმ გადააბიჯა მედელინის კარტელის ერთ-ერთი მესვეურის, ხორხე ოჩოას რანჩოს ზღურბლს და ესაუბრა მის პატრონს. ეს დღე იქცა მედელინის კარტელის აღსასრულის დასაწყისად. ამასობაში კი ისიც უნდა ითქვას, რომ ელის მაკენზი სულაც არ იყო ელის მაკენზი, არამედ უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ცნობილი და სახელგავარდნილი ნარკოტიკების კონტრაბანდისტი, ანუ ,,საჰაერო ვაჭარი'' ბერი სილი.
ბერი სილი ლუიზიანელი ავიატორი იყო, ქალაქ ბათონ-რუჯიდან. საჰაერო საქმის სპეციალისტები მას მსოფლიოში საუკეთესო მფრინავად თვლიდნენ. ავიოკომპანია ,,ტრანს უორლდ ეარლაინზი'', სადაც სილი მსახურობდა, მას უკვე ოცდაექვსი წლისას ანდობდა საჭეს, რაც თავისთავად წარმოუდგენელი ამბავი იყო. სილი მარტო ასრულებდა ურთულეს რეისებს და ვინ იცის, ახლა შეიძლება ავიოკომპანიის დირექტორატის შემადგენლობაშიც კი ყოფილიყო შესული, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. მას არ შეეძლო მშვიდი ცხოვრება და კონტრაბანდისტობას მიჰყო ხელი. 1972 წელს 32 წლის სილი მებაჟეებმა გამოიჭირეს. მას შვიდი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება გაჰქონდა ფიდელ კასტროს ჩამოსაგდებად მებრძოლი კუბელებისათვის. საქმე ჩაიფარცხა, მაგრამ სილი პრესის ფურცლებზე მოხვდა და ავიაკომპანიიდან დაითხოვეს.
ამ დროიდან კონტრაბანდა მისი მთავარი საქმიანობა გახდა. 1976 წლიდან ბერი სილმა მარიხუანას შემოტანას მოჰკიდა ხელი და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ფრენას მოუხშირა. 1979 წელს რვა თვე გაატარა ჰონდურასის ციხეში იარაღის უკანონოდ ტარებისათვის და სწორედ აქ, ჰონდურასში შეხვდა იგი ვინმე უილიამ როჯერ რივსს, რომელმაც სილს მედელინის კარტელის შესახებ უამბო და საკუთარი თავი მათ პარტნიორად დასახა.
ორ წელიწადს არ გაუვლია, სილი ოჩოათა პარტნიორი გახდა. მან კავშირი გააბა მაიამიში მცხოვრებ კოლუმბიელთან, რომელსაც ლიტო ერქვა და რომლის ხელშიც თავს იყრიდა კოლუმბიიდან წამოსული კოკაინის დიდი პარტიები.
იმ პერიოდში სილი კონტრაბანდის ნამდვილ გენიოსად იქცა. ის მონდომებით სწავლობდა კონტრაბანდის ისტორიას, იკვლევდა გახმაურებულ შემთხვევებს, სასამართლო პროცესებსაც კი ესწრებოდა, რათა კარგად გაეაზრებინა სხვათა შეცდომები. ყოველივე ამან საოცარი შედეგები გამოიღო. სილმა შექმნა საკუთარი საფრენი ტაქტიკა, რომელსაც ხინჯი არ ჰქონდა. როგორც სხვა საჰაერო ვაჭრები, სილიც გამაფრთხილებელი სინათლეების გარეშე დაფრინავდა. ის და მისი მფრინავები სარგებლობდნენ ბნელში ხედვის სპეციალური აპარატურით, რომელიც 50 ათასჯერ აძლიერებდა მთვარის და ვარსკვლავების შუქს. შტატების ტერიტორიაზე შესვლისას სილი სიჩქარეს 200 კმ საათამდე აგდებდა, ისე რომ მისი თვითმფრინავები რადიოსალოკაციო რადარებთან მსხდომთ ლუიზიანის ნავთობსარეწებიდან მომავალი ვერტმფრენები ეგონათ. სილი და მისი მფრინავები ემორჩილებოდნენ რადიოლოკატორებიდან მოსულ ბრძანებებს და მათ მიერ ნაკარნახევი მარშრუტით მიფრინავდნენ, შუა გზაზე კი კოკაინს ტომრებით ყრიდნენ ჭაობში, საიდანაც რეისის დასრულების შემდეგ მანქანებში ტვირთავდნენ და მაიამისკენ ისტუმრებდნენ. ამ წლებში სილი ლუიზიანის მთავარი ნარკო-კონტრაბანდისტი იყო. ის ღიად უცინოდა პოლიციელებს და დარწმუნებული იყო, რომ ვერ დაიჭერდნენ. ერთხელ, ავტომატის ჯიხურთან, საიდანაც სილი კოლუმბიას ესაუბრებოდა ერთდროულად ორი ტელეფონით და ხელში მთელი პარკი მონეტები ეჭირა, გადაცმული აგენტი მორიგეობდა.
- მაინც ვერასოდეს დამიჭერ, ბრიყვო! - გამოსძახა ჯიხურიდან სილმა და საუბარი განაგრძო.
თვით კოლუმბიაში ფრენის პრობლემა კი საერთოდ არ არსებობდა. სილი თვალდახუჭული გადი-გამოდიოდა მისთვის გამოყოფილ ,,ფანჯრებში''. თითო ასეთ გასვლაში მედელინის კარტელი 25 ათას დოლარს უხდიდა სამხედრო-საჰაერო დაცვის არქივებს, რომლებსაც სულ რამდენიმე წუთით სხვაგან უნდა გაეხედათ.
და მაინც, სილი ჩავარდა. ლუიზიანელმა პოლიციელებმა მართლაც ვერაფერი დააკლეს, მაგრამ ფლორიდაში გამოიჭირეს. ამისთვის საკმარისი გახდა რამდენიმე ჩაწერილი სატელეფონო საუბარი და აგენ ის ჩვენება. ოხრად დარჩა ოცდახუთი მილიონი დოლარი, რომელიც სილმა 5 ტონა კოკაინის შემოზიდვისათვის მიიღო. სილმა თავდებისთვის მეოთხედი მილიონი შეიტანა და სასამართლომდე განთავისუფლდა. ამასობაში მან ერთი-ორი მომგებიანი რეისის გაკეთება გადაწყვიტა, რათა ლიტოს მიერ შეკვეთილი 3 ტონა კოკაინი ჩამოეტანა, მაგრამ სწორედ იმ დღეებში კოლუმბიაში კოკას გადამამუშავებელი რამდენიმე მსხვილი ლაბორატორია გადაწვეს სამთავრობო ჯარებმა და რეისი ჩაიშალა.
ბერი სილს, რომელსაც კოლუმბიელები მაკენზის სახელით იცნობდნენ, 10-წლიანი სასჯელი ელოდა, მაგრამ გამოძიების დროს რაღაც-რაღაცეებმა წამოყო თავი და ეს ,,რაღაც-რაღაცეები'' კიდევ 47 წელს უდრიდა. მას ბევრი არ უფიქრია და ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის სამმართველოს აგენტები მოძებნა. სილი ყოველთვის რისკიანი კაცი იყო. ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლებს მან განუცხადა, შემიძლია სამი ტონა კოკაინის გადმოტანაზე ხელშეკრულება დავდო ხორხე ოჩოასთან და ტვირთი უმკტივნეულოდ და უხიფათოდ ჩაგაბაროთო. მას არ უჯერებდნენ, მაგრამ სილი ხომ გუშინდელი ბიჭი არ იყო. აგენტებმა გარისკეს. 1984 წლის 28 მარტს ბერი სილმა ხელი მოაწერა კონტრაქტს და განთავისუფლდა.
1 აპრილს კი ელის მაკენზი უკვე ლა-ლომაში იყო, ხორხე ოჩოასთან. ამასობაში კარტელის საქმეები ცუდად წავიდა და ოჩოები და ესკობარი პანამაში გადაბარგდნენ, სილისაც ამერიკაში დაბრუნება და სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწია. მოსამართლე რეტგერმა მას 10 წელი მიარჭო და გადარეული კონტრაბანდისტი ციხეში მიაბრძანეს. სამმართველოს აგენტებმა ლამის დაუჩოქეს მოსამართლეს, ორი დღის მერე დახურული პროცესი გაამართვინეს, რის შედეგადაც სილი პირობით განთავისუფლდა და ოპერაციის მომზადებას მიჰყო ხელი.
სილი ესკობარის სანდო კაცი, მისი ოქროს პილოტი გახდა, მაგრამ რეისის მომზადება ჭიანურდებოდა. პანამაში გადაბარგებული მედელინელები, სამშობლოში გადაბუგული ლაბორატორიების აღდგენას სანდინისტურ ნიკარაგუაში აპირებდნენ. მანაგუას ახლოს ლაბორატორიის ამუშავებას აღარაფერი უკლდა, პროფესორი ლედერიც იტყობინებოდა, 10-15 ტონა კოკაინი მზადაა სარეალიზაციოდო. ესკობარმა სილს თავისი დავალებებიც მისცა - ნიკარაგუაში ,,მალბორო'' და ვისკი ,,ჯონი უოკერი'' ჩამოიტანეთ, საქმეს წაადგებაო. სილმა ვიეტნამის ომისდროინდელი ბომბდამშენი ,,ფეირჩაილდ ს-123 კ'' იყიდა და ნიკარაგუაში გაფრენამდე ერთი შიდაამერიკული რეისიც შეასრულა. ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ახლა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამოსდგომოდა გვერდით. მისმა აგენტებმა რიკენბაკერის სამხედრო ბაზაზე თვითმფრინავის ფუზელაზში ფოტოაპარატი ჩაამონტაჟეს და მეორე ასეთი ხელსაწყო კი სატვირთო სალონში ჩაამაგრეს. ორ დღეში სილი ნიკარაგუაში იყო - ლოს ბრაზილესის ასაფრენ ბილიკზე. ფოტოკამერამ აღბეჭდა, როგორ ტვირთავდნენ კოკაინით სავსე ტომრებს სილი, პაბლო ესკობარი და სანდინისტების დიდმოხელე ფერნანდო ვოენი, რომელთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც სილს უკვე ადრევე ჰქონდა აგენტებისთვის გადაცემული.
მაკენზი-სილი მშვიდობით დაფრინდა მაიამიში, ჰოუმსტედის ავიაბაზაზე და ლიტოს დაურეკა, სამტონიანი კონტრაქტის პირველი ნაწილი, 700 კილოგრამი ადგილზეაო. ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს აგენტები უთვალთვალებდნენ კოკაინის თეთრ სატვირთო ,,შევროლეში'' ჩატვირთვის პროცესს. შემდეგ კი გზაზე გასულ მანქანას აედვენენ და სილი რომ არ გაეცათ, მოქნილი ოპერაცია განახორციელეს, ერთ-ერთი აგენტი, რომელიც დანჯღრეულ ,,ბიუიკში'' იჯდა, ,,შევროლეს'' შეასკდა. ავტოინსპექცია წამსვე იქ გაჩნდა - ტვირთი ,,ჩავარდა''.
ლიტოს ერთ-ერთი მცველი ცოტა უკან მოდიოდა და ამტკიცებდა, ავარია მოწყობილი იყოო. სილი და ლიტო ოჩოების მაიამელ წარმომადგენელთან, ხოტასთან გამოიძახეს. ლიტომ, როგორც ოპერაციის ხელმძღვანელმა, დაარწმუნა ხოტა, რომ მცველს ყველაფერი მოეჩვენა. მას სილზე მეტად უნდოდა საქმის ჩაფარცხვა, რადგან მთავარი პასუხისმგებელი თვითონ იყო.
მალე სილს მორიგი პარტიის გადასატანად მოუხმეს. თანაც ესკობარს დაებარებინა - ,,მალბორო'' და ,,ჯონი უოკერი'', ასევე მილიონნახევარი დოლარიც არ დაგავიწყდეთ, სანდინისტები ფულს ითხოვენო. ლიტომ გაჭირვებით მოუყარა ამ თანხას თავი და სილს გადასცა. სილმა სამმართველოს აგენტებს დაურეკა, ფოტოგრაფი გამოგზავნეთ, ესკობარის ფულთან ერთად სურათი უნდა გადავიღოო.
მალე მაკენზი უკვე მანაგუაში იყო, მაგრამ ჩავარდნით შეშფოთებულ ესკობარს მარშრუტი შეეცვალა. ტვირთს მექსიკაში ჩაიტან როდრიგეს გაჩასთან, იქედან კი პატარა თვითმფრინავებით გადავიტანთ შტატებშიო. სილი სიამოვნებით დათანხმდა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ სამმართველოში უკვე ხელებს იფშვნეტდნენ, მექსიკა ნარკობარონთა დასატყვევებლად სავსებით ვარგისი ტერიტორია იყო.
მაგრამ ყველაფერი სხვანაირად დატრიალდა.
ნარკოტიკები პოლიტიკას გადაეჯაჭვა და ბერი სილი, ლეგენდარული, ერთადერთი და განუმეორებელი... მოკლედ, სწორედ იმ საღამოს, როდესაც ,,ბიუიკი'' ,,შევროლეს'' შეასკდა, შემდგომში ირანგეიტის სკანდალით სახელგავარდნილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს პოდპოლკოვნიკმა ოლივერ ნორტმა, თავის სამაგიდო ბლოკნოტში ჩაწერა: ,,ფოტოზე აღბეჭდილია ფერნანდო ვოენი და ნიკარაგუას შინაგანი ჯარის ჯარისკაცები. 700 კგ კოკაინი''. ნორტი ნიკარაგუელ კონტრასებს კურირებდა, მათი დახმარებით იყო დაკავებული.
ერთხელ ოლივერ ნორტი ნარკოტიკებთან მებრძოლი სამმართველოს კოკაინის განყოფილების უფროსმა რონ კაფრიმ მოინახულა და სილის შესახებ ესაუბრა. ნორტს კი უკვე ჰქონდა სილის ფოტოსურათი. კაფრის ლამის იყო წნევამ აუწია: საიდუმლოება გაყიდული იყო.
ნორტს უნდოდა ჟურნალისტები მიეშვა ამ საქმეზე. ეს სანდინისტების კომპრომეტაცია იქნებოდა. ამ დროს კონგრესში ახლოვდებოდა კონტრასთა დახმარების საკითხის განხილვა. სილის ისტორიის გახმაურების შემთხვევაში წარმატება გარანტირებული იქნებოდა. ოღონდ, კაფრიმ მტკიცედ მოითხოვა, მსგავსი არაფერი მომხდარიყო. სამმართველო ამით უმნიშვნელოვანეს აგენტს დაკარგავდა და ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა.
მაგრამ როდესაც სილი ნიკარაგუადან დაბრუნდა, სამმართველოში უკვე იცოდნენ, რომ ოლივერ ნორტს ნამუსი არ შეენახა და მალე გაზეთი ,,უოშინგტონ ტაიმსი'' დაბეჭდავდა ნიკარაგუაში მისი უკანასკნელი რეისის ამბავს. სამმართველოში წერტილის დასმა გადაწყვიტეს. 17 ივნისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც წერილი გამოქვეყნდა, მაიამიში დაიჭირეს ლიტო და მთელი მისი ხალხი. ასევე ცნობილი საჰაერო ვაჭარი, სილის მეწილე ბეიტსი. სისხლის სამართლის საქმეში პირველად გაერთიანდა ესკობარის, ლედერის, გაჩას და ოჩოების სახელები. ხორხე ოჩოა ესპანეთში გადაიხვეწა, მაგრამ იქაც მალე მიაგნეს და ამერიკის მართლმსაჯულებას გადასცეს, როგორც საერთაშორისო დამნაშავე. რეიგანის ადმინისტრაციამ ოფიციალურად უწოდა ოჩოას სანდინისტების მოკავშირე და განაცხადა მათი ერთობლივი დანაშაულის შესახებ. თავისუფლად გადარჩენილი ბერი სილი კი ლუიზიანაში გაბრუნდა, თავის მშობლიურ ბატონ-რუჯში. ის ახლა ერთიორად უფრო ფასობდა, ოჩოას სასამართლო პროცესზე მთავარ მოქმედ უნდა გამოსულიყო.
მაგრამ ლუიზიანის სასამართლო ორგანოებს არაფრად ეპიტნავებოდათ სილი. მაიამიში ის გმირი იყო, აქ კი ნარკობიზნესმენი. ოლქის პროკურორმა პირდაპირ განაცხადა, ციხეში ამოვალპობო. არადა სამმართველო უფრთხილდებოდა სილს. მედელინელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ სილი იგივე მაკენზია, ეგონათ, მაკენზი გადაიკარგა და შურისძიება უკეთესი დროისთვის გადაედოთ.
ლუიზიანის ხელისუფლების მიერ კუთხეში მიმწყვდეული სილი ისე მოიქცა, როგორც სჩვეოდა. დაუკავშირდა კერძო ტელეკომპანიის რეპორტიორ ჯონ კემპს და ყველაფერი უამბო.
მალე ხმა გავარდა, რომ კემპი ფილმის გადაღებას აპირებდა ბერი სილის ცხოვრებაზე. პროკურორი ბარდუელი სილს და მის ადვოკატებს შეხვდა და საქმის ჩაფარცხვას შეჰპირდა. სილს კვლავ გაასამართლებდნენ, რაღაც წვრილ-წვრილ დანაშაულებათა ჩადენის მცდელობისათვივს, მერე კი პირობით გაანთავისუფლებდნენ.
...20 ნოემბერს ჯონ კეპის ფილმი ,,თქვენ ძია სემი გითხოვთ'' ტელევიზიამ უჩვენა. ეს სკანდალი იყო.
სილი სამალავიდან გამოვიდა. მან და კემპმა ერთად გათათხეს ლუიზიანელი კანონის დამცველები და კამერის წინ გაიმეორეს ის, რასაც ადრე კაფეში ლაპარაკობდნენ.
- ამბობენ, რომ ოჩოები 350 ათასს შეპირდნენ იმას, ვინც თქვენ მოგკლავთ...
- ფეხებზე მკიდია. ყოჩაღ მაგათ, თუ გამომიჭერენ. ბოლოსდაბოლოს, რაც შუბლზე გაწერია, ის აღსრულდება, - იღიმებოდა ეკრანიდან ბერი სილი.
ფილმის ვიდეოასლი მალე მედელინში მოხვდა და გადარჩენილმა ბარონებმა ინტერესით შეისწავლეს ის. სილის ბედი გადაწყვეტილი იყო.
სილი კი არ ცხრებოდა, მთელი მონდომებით მუშაობდა სამმართველოს დასახმარებლად. ცენტრალურ ამერიკაში მას სახით არ იცნობდნენ, რადგან ფილმში გაბურძგნული და შავი სათვალით შემკული ლაპარაკობდა. მისი მეშვეობით ასობით კილოგრამი კოკაინი ჩავარდა. სილი ფასდაუდებელი იყო, მაგრამ დრო იწურებოდა. 1985 წლის ზაფხულში სილი ფლორიდის ხელისუფლებას ჩაბარდა. სამმართველომ აამუშავა ,,მოქმეთა დაცვის პროგრამა'' და სილი სპეციალურ უფანჯრო საკანში მოათავსა, სადაც საწოლის და ტელევიზორის მეტი არაფერი იყო. მის სანახავად 2 500 კილომეტრის მოშორებული ბატონ-რუჯიდან ჩამოსული ცოლ-შვილიც კი არ დაუშვეს. ასეთ ყოფაში გაატარა მან 50 დღე.
და ბოლოს, სილი წარსდგა სასამართლოს წინაშე, როგორც მოწმე. განსასჯელთა სკამზე ისხდნენ ლიტო - იგივე კარლოს ბუსტამენტე, ფელიქს ბეიტსი, მედელინის კარტელის უშიშროების სამსახურის შეფი ლიზარდო მარკეს პერესი და პაულ ეტცელი.
- ოქროს ბიჭია! - იძახდა ყველა. სილმა აქტაცებაში მოიყვანა მსაჯულებიც და განსასჯელთა ადვოკატებიც...
შედეგიც, პირადად მისთვის, კარგი იყო - მოსამართლე რიტგერმა სილი გაანთავისუფლა. მაგრამ ვერაფრით დააწყნარეს ბატონ-რუჯელი პროკურორი ბარდუელი და მოსამართლე პოლოზოლა. პოლოზოლა სილს დაემუქრა, ყველაფერს ამოგიქექავო და კერძო საუბარში განუმარტა, თუ გსურს სასამართლომ გაგანთავისუფლოს, ექვსი თვე მაინც უნდა გაატარო ხსნის არმიის საადაპტაციო ცენტრში, სადაც ყოფილ, სასჯელშემცირებულ დამნაშავეებს ათავსებენო. სილი და მისი ადვოკატები დათანხმდნენ. სასამართლომ სილი პირდაპირ დარბაზიდან გაგზავნა საადაპტაციო ცენტრში. სილი კვლავ ვერ დაემშვიდობა ცოლ-შვილს. სამმართველოს აგენტები უხსნიდნენ მოსამართლე პალაზოლას, რომ სილის თავზე ხმალია შემართული და ხსნის არმიას არ გააჩნია არანაირი დამცავი საშუალება, მაგრამ არაფერმა გაჭრა. სილი ცენტრში მოათავსეს.
დღისით ის თავისუფალი იყო, მხოლოდ საღამოს ექვს საათზე უნდა აღნიშნულიყო სიაში.
როგორც ამბობენ, ის თავადაც არად დაგიდევდათ უსაფრთხოების წესებს.
,,კოლუმბიელები საქმის ხალხია, სულელები კი არ არიან, რომ მომკლან!'' - ხშირად იმეორებდა ის და აპირებდა წესიერად მჯდარიყო ცენტრში ნახევარ წელიწადს, რათა შემდეგ საბოლოოდ განთავისუფლებულიყო ყველასაგან და ყველაფრისგან.
1986 წლის 10 თებერვალს ბერი სილი ადაპტაციის ცენტრის შესასვლელთან დაცხრილეს, როცა ის მანქანიდან გადმოდიოდა.
მეორე დღეს პროკურორმა სტენფორდ ბარდუელმა პრესკონფერენცია გამართა.
- ის დამნაშავე იყო... დამნაშავე კი სასჯელს იმსახურებს, - იმეორებდა პროკურორი.
- გინდოდათ ჭკუა გესწავლებინათ, არა? - დაიყვირა ბოლო რიგებიდან რეპორტიორმა ჯონ კემპმა.
- დიახ, ჭკუა გვესწავლებინა... სულ არ გვინდოდა, რომ მომკვდარიყო, - წაიბურტყუნა პროკურორმა.
მკვლელები იმავე დღეს დააპატიმრეს. ყველანი კოლუმბიიდან იყვნენ. მედელინის მკვლელთა არმიიდან.
ბერი სილს რომ ასაფლავებდნენ, მეგობრებმა ტელეფონის ნომრებით აჭრელებული უბის წიგნაკი და ტელეფონ-ავტომატის ჟეტონები ჩაუწყვეს კუბოში. ის ხომ სულ სადღაც, ცხრა მთას იქეთ რეკავდა. არცერთი იმათთაგანი, ვისთან თანამშრომლობასაც სიცოცხლე გადააყოლა ბერი სილმა, უდიდესმა აგენტმა ნარკომაფიასთან ბრძოლის ისტორიაში, გასვენებაში არ მოსულა, ვაშინგტონში ეს ზედმეტ პატივად ჩათვალეს.
V. დღეს კოლუმბიაში
1994 წლის ივნისში კოლუმბიაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. გაიმარჯვა ლიბერალების კანდიდატმა არნესტო სამპერ ვიზანომ, ორმოცს გადაცილებულმა ენერგიულმა ადვოკატმა, რომელსაც ჟურნალ ,,ტაიმის'' მიმომხილველები კლინტონის ტიპის მოღვაწეს უწოდებენ. სამპერი ღიად აცხადებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კოლუმბიის მკურნალობით იქნება დაკავებული და საბოლოოდ ამოძირკვავს ქვეყნის სხეულიდან ნარკომაფიას. ამასთან სამპერს დაგეგმილი აქვს ფართო სოციალური პროგრამის განხორციელებაც, ურომლისოდ წარმოუდგენლად მიაჩნია კარტელების მოსპობა ქვეყანაში.
გამარჯვებისთანავე სამპერმა მჭიდრო კონტაქტები დაამყარა შეერთებულ შტატებთან, შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის შუაგული სახელმწიფო დეპარტამენტში კოლუმბიური იყო. ახალი პრეზიდენტის მაღალი მოხელეები აქაურ სახელმქიფო მოღვაწეებს ხვდებოდნენ. ვაშინგტონში სხვებთან ერთად ჩავიდა კოლუმბიის პოლიციის შეფი ოქტავიო ვარგას სილვა, რომელმაც განაცხადა: ,,ჩვენ ერთი ბედი გვაქვს. ეს საკმაოდ იოლი ასახსნელია. ნარკოტიკებით ზარალდება შეერთებული შტატებიც.'' მრავალრიცხოვან შეხვედრათა კომენტატორები აღნიშნავენ, რომ მათი ძირითადი საკითხი ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისის განხილვა იყო. სამპერის ემისრებმა სახელმწიფო დეპარტამენტს წარუდგინეს თავიანთი პროექტი და თუმცა მის შესახებ წვრილად არ ულაპარაკიათ, ცხადია, რომ კოლუმბიაში წინააღმდეგობა ახალი ძალით იფეთქებს. თავად ახლადარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოიგებს ამ ომს და ის უკანასკნელი ომი იქნება კოლუმბიის ისტორიაში, რადგან ხალხი დაიღალა და გამოფიტა ბარონების თვითნებობის შემყურე. სამპერი აცხადებს, რომ მისი მთავრობა გააგრძელებს ნარკოსთა შევიწროების და მათზე დაწოლის პოლიტიკას, ოღონდ ამჯერად ტაქტიკა ბევრად უფრო მკაცრი და უცერემონიო იქნება, ვიდრე წინა წლებში. თანაც, მალე დაიწყება რეფორმა შესაბამის სამსახურებში და ეს ბრძოლის ეფექტიანობასაც გაზრდის.
,,ჩვენ ციხეში გამოვამწყვდევთ კალის კარტელის მეთაურებს და წვრილფეხობასაც არ დავინდობთ,'' - აცხადებს სამპერი. მას სჯერა, რომ თუ სოციალური რეფორმა და თავისუფალი ბაზარი სრულყოფილად ამოქმედდებიან, ნარკოსთა პარპაშს წერტილი დაესმება. კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი სესარ გავირია კი თვლის, რომ კოლუმბიამ უკვე ბევრი რამ გააკეთა ნარკოსთა წინააღმდეგ ომში და რომ ნარკობიზნესი მედლის მხოლოდ ერთი მხარეა - კოლუმბია თავისთავად საერთო ლათინოამერიკული პროცესის ნაწილია.
თუმცა ყოველივე ეს მაინც არაფრისმთქმელია ციფრებთან შედარებით. საკმარისია სტატისტიკურ მონაცემებს ჩავხედოთ, რომ დავრწმუნდეთ, ხელისუფლებას მიანც უჭირდა ნარკოსებთან ბრძოლა სწორედ გავირიას დროს.
|
ჩამორთმეული კოკაინი |
კოკაინის საერთო რაოდენობა |
1990 |
55 ტ |
550 ტ |
1991 |
81 ტ |
600 ტ |
1992 |
37 ტ |
650 ტ |
1993 |
27 ტ |
700 ტ |
1994 |
7 ტ |
700 ტ |
პროცენტი მართლაც დაბალი იყო. ამას თუ დავუმატებთ, რომ 1991 წლიდან, ნარკობიზნესთან ბრძოლაში დაიღუპა 2,976 კოლუმბიელი პოლიციელი, 4 000 კი დაიჭრა, გავირიას და სამპერის მსჯელობანი მეტად მძიმე დასაჯერებელი გახდება. თუმცა, სამპერი მტკიცედ დგას და მისი ბიოგრაფია ამის დაჯერების საშუალებას მაინც იძლევა.
აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კოლუმბია მძაფრი შეგრძნებების და სკანდალების ქვეყანაა და უამისოდ ვერც ახალი პრეზიდენტი გადარჩა.
დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიაში სამპერმა ძლივს დაამარცხა კონსერვატორთა კანდიდატი ანდრეს პასტრანა არანგო. ლიბერალების კანდიდატმა ხმების 51,7 პროცენტი მოაგროვა.
არჩევნების მეორე დღესვე პასტრანამ განაცხადა, რომ აქვს მაგნიტოფირზე ჩაწერილი საუბარი, რომელიც ცხადყოფს, რომ ახალი პრეზიდენტი კალის კარტელთან წილნაყარი კაცია. კერძოდ, ამ საიდუმლო საუბარში მონაწილეობენ კარტელის მესვეურები, ჟილბერტო და მიგელ როდრიგეს ორეხუელები, ისინი ჟურნალისტ ალბერტო გირალდოს უამბობენ, რომ სამპერის საარჩევნო კამპანიაში ჩადეს 3,6 მილიონი დოლარი და ეს ფული სამპერის საარჩევნო კომპანიის წარმმართველს, სანტიაგო მედინას გადასცეს. მაგრამ მალე თავად პასტრანაც გაისვარა, როდრიგესებმა სხვა მაგნიტოფირებიც გაავრცელეს, სადაც ბევრ პოლიტიკურ მოღვაწეს დაადეს ხელი და თავად პასტრანასაც.
სამპერის გამოჭერას ეს მაინც არ ეყო - მთელმა კოლუმბიამ იცოდა, რომ 1989 წელს ის ძლივს გადაურჩა სიკვდილს, მას შემდეგ რაც თორმეტი ტყვია დაახალა ერთ-ერთი კარტელის დაქირავებულმა მკვლელმა.
კომისიამ, რომელსაც გენერალი გუსტავო არიესტა ხელმძღვანელობდა, ეს ჩანაწერები სასამართლოსთვის გამოუსადეგრად ცნო, მაგრამ სამპერს მაინც წამოუტივტივდა რამდენიმე ძველი ისტორია. მაგალითად, მას შეახსენეს, რომ თხუთმეტი წლის წინ, როგორც ადვოკატი, მარიხუანას პლანტაციების ლეგალიზების მომხრედ გამოდიოდა და როდესაც ამ პლანტაციებს ანადგურებდნენ, აცხადებდა, ეს ღარიბი გლეხების არსებობის ერთადერთი საშუალებააო.
უფრო სერიოზული ამბავი კი ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ მედელინელებმა პაბლო ესკობარმა და კარლოს ლედერმა განაცხადეს, თითქოს მათ ერთი მილიონი დოლარი გადასცეს სამპერს, რომელიც მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატ ალფონსო პერეს მიკელსენის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. სამპერმა მტკიცედ უარყო რაიმე თანხის მიწების ფაქტი, მაგრამ არ უარყვია, რომ ესკობარს და პროფესორ ლედერს შეხვდა - ისინი მაშინ პარლამენტის წევრები იყვნენ და შევხვდი, რადგან თვითონ აინტერესებდათ საარჩევნო კომპანიის ბედიო, თავი იმართლა ახალმა პრეზიდენტმა.
თვით ამ ისტორიებიდანაც ცხადია, რომ ნარკოტიკებიდან წამოსული მილიონების გარკვეული ნაწილი ხელისუფალ ძალთა კეთილდღეობას ხმარდება. ,,ბარონები გულშემატკივრობენ პოლიტიკოსებს'', ღრმად არის დარწმუნებული ხუან ლოზანო, ანტიკორუფციული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
და მაინც, პოლიტიკოსთა რა რაოდენობაა დაკავშირებული კარტელებთან?
საერთო აზრი აქაც არ არსებობს.
ლოზანო თვლის, რომ 116 სენატორიდან 12-ია გარეული ბინძურ საქმეებში: გავირიას აზრით - 15: სამპერი ამბობს, ორას ორმოცდაათ სენატორსა და დეპუტატს შორის კარტელების 20 კაციაო.
გენერალი ვარგასი კი დაჟინებით იმეორებს, რომ კონგრესის წევრთა (სენატორთა და ეროვნული ასამბლეის დეპუტატთა) 50-დან 75 პროცენტამდე ასე თუ ისე დაკავშირებულია კალის კარტელთან.
თავად სამართალდამცავ ორგანოებშიც კი არ არის ამ მხრივ დიდი სისუფთავე, პირიქით, ჭუჭყი მეტია, პოლიცია და არმია ჯიბეში უზით ნარკობარონებს. მხოლოდ კალიში 11 პროკურორია მათს ხელქვეით, სხვა უფრო დაბალი რანგის მოხელეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. უკანასკნელი 40 თვის მანძილზე ნარკობოსებთან კავშირში მხილებულია 7106 პოლიციელი.
ალბათ ამიტომაცაა, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციის ოპერაციები წარუმატებელია. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ პოლიციამ ჩააფლავა დიდი საახალწლო ოპერაცია, გასული წლის 31 დეკემბერს, როდესაც არ შევიდა კოკაინით და კოკაინის ბოსებით გაძეძგილ რესტორანში გამართულ ბანკეტზე შუაგულ კალიში. პოლიციამ ასევე მოახერხა ალყა შემოერტყა მეზობლის სახლისთვის და თავისი სახლიდან გაპარვის საშუალება მისცა კალის კარტელის ერთ-ერთ მეთაურს, ხოსე სანაკრუს ლონდონოს.
ამგვარი კორუმპირების შედეგი იმგვარია, რომ მხოლოდ წელს კალის კარტელმა და სხვა უფრო წვრილმა დაჯგუფებელმა მოახერხეს 700 ტონამდე კოკაინის, 5 ტონა ჰეროინის და 5000 ტონა მარიხუანას ექსპორტირება. გავირია, სამპერი და სხვები ამბობენ, რომ ამჟამად კოლუმბიაში ტრიალებს მხოლოდ მიმდინარე წელს შემოსული კოკაინის სანაცვლოდ მიღებული ორი მილიარდი დოლარი. სხვა მონაცემებით, ეს თანხა შვიდ მილიარდს აღწევს.
აქედან გამომდინარე მატულობს კარტელების ძალაუფლება. ისინი მტკიცედ სხედან ბანკებში, სამანქანო ბიზნესსა და სხვა მომგებიან საქმეებში და ყოველგვარი კანონდარღვევების გარეშე იღებენ მოგებას. კოლუმბიის აგრარული რეფორმის ინსტიტუტის მონაცემებით კოკაინის ბარონები ფლობენ საუკეთესო სახნავი მიწების 30 პროცენტს.
ამიტომაც ახალი მთარობა ნარკობიზნესთან ბრძოლის მეტ და მეტ უფლებებს ითხოვს კანონმდებლებისაგან.
ყველა გრძნობს ახალი ომის მოახლოებას. ექს-პრეზიდენტი გავირია იხსენებს ხუთწლიან ბრძოლას მედელინის კარტელთან, რომლის ერთი უმთავრესი შედეგთაგანი ის იყო, რომ პოლიციის კომანდოსებმა მოკლეს პაბლო ესკობარი. ახალი ომი არანაკლებ სისხლიანი იქნება, თვლის იგი. ,,ამერიკაში რომ ერთ პოლიციელს მოკლავენ, კრიზისი იწყება, ჩვენთან კი უკვე 3 000 კანონის დამცველი დაიღუპა''.
და მაინც, კვლავ ყურადღების ცენტრშია პრეზიდენტი ერნესტო სამპერი. კოლუმბიაში მიიჩნევენ, რომ მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუკი გავირიას ბევრი ჩავარდნა ჰქონდა ნარკომაფიასთან ბრძოლაში, სამპერი აპირებს ზიგზაგების გარეშე გაიაროს ეს გზა. ის სწორედ ისეთი კაცია, ამერიკელები ,,სელფ მეიდ მენს'' რომ უწოდებენ, თუმცაღა საკმაოდ ცნობილი და შეძლებული ოჯახის შვილია. მან, ისევე როგორც პრეზიდენტმა კლინტონმა, ნულიდან დაიწყო და საადვოკატო პრაქტიკით გაერია დიდ პოლიტიკაში. ადრე ის არაერთი ეკონომიკური და ფინანსური ორგანიზაციის თუ ასოციაციის დამაარსებელი იყო, ერთხანს ეკონომიკის მინისტრადაც კი დანიშნეს.
,,ჩვენ ახალი თაობა ვართ,'' - აცხადებს სამპერი - ,,ჩვენ გვაქვს ქვეყნის განახლების საშუალება და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. კოლუმბია განვითარებულ ქვეყანათა რიგში ჩადგება და მჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული ომი უკანასკნელი იქნება - ნარკობიზნესი აღარ იარსებებს''.
თუკი სამპერი მოახერხებს თავის დაპირებათა შესრულებას, კარტელებს ძალიან გაუჭირდებათ. მიუხედავად ყველაფრისა, მათ არ უყვართ ომი და არეულობა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამპერის პირველი ნაბიჯები, მისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და მედელინში კარტელის ახალი ლიდერის, ხუან დიეგო არკილა ჰენაოს დაპატიმრება და მისი ქონების კონფისკაცია მისი არჩევის პირველსავე დღეებში, იძლევა ამის საბაბს. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ კოლუმბიელი ბარონები იოლად წარმოიწყებენ ახალ ბიზნესს ბრაზილიაში, პერუსა და ვენესუელაში, თუ კოლუმბიაში საქმიანობა გაუსაძლისი შეიქნა.
მკითხველმა იფიქროს - მერედა რა შავდება ამითო? რა არის ცუდი იმაში, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული ფულით საწყალმა გლეხებმაც რაიმე ხეირი ნახონ? ნარკობარონი ხომ ,,თავისიანებისათვის'' კარგი კაცია, რომელიც უცხოელთა წაღლეტით მიღებულ ფულს თანამოქალაქეთ უნაწილებს... მაგრამ როგორც ვთქვით, ნარკობიზნესით არანაირი კეთილდღეობა არ მიიღწევა, ვინაიდან: 1. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უკანონო ბიზნესით მიღწეული კეთილდღეობა არამყარია. ახალი ნარკოტიკის გამოჩენა ან ქიმიური სინთეზირება მთლიანად ცვლის ხოლმე ნარკოტიკების ბაზრის სტრუქტურას: ამას გარდა, ყველა სახელმწიფო, ბუნებრივია, იბრძვის იმისათვის, რათა დაიცვას თავისი ტერიტორია ნარკოტიკების შეღწევისაგან. ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეიძლება მთლიანად ჩაკეტოს ქვეყნის საზღვრები, რაც ნარკოტიკის მწარმოებელთა გაკოტრებას გამოიწვევს. 2. ასეთი ,,კეთილდღეობა'' არაფერს იძლევა სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ნარკობარონები არ არიან დაინტერესებულნი განათლების და სამედიცინო სფეროში ინვესტირებით, ამიტომ ნარკოტიკების რიგითი მწარმოებელნი ისევე უწიგნურნი, დაუცველნი და სხვადასხვა ავადობებით შეპყრობილნი არიან, როგორც მათი შორეული წინაპრები. 3. ნარკომაფიას მოსდევს პოლიტიკური სისტემის მოშლა. დანაშაულებრივი ქმედება თავისი არსით ანტისახელმწიფოებრივია - ქვეყანაში, რომელსაც კრიმინალური პირები აკონტროლებენ, არ შეიძლება არსებობდეს ერთიანი სახელმწიფო: ხოლო სახელმწიფოებრივი სტრუქტურების სისუსტე როგორ მოქმედებს რიგით მოქალაქეთა მდგომარეობაზე, საქართველოს დღევანდელმა მოსახლეობამაც კარგად უწყის. 4. იმ რეგიონებში, სადაც ნარკომაფია ბატონობს, პიროვნების სიცოცხლე არაფრად ფასობს. ნარკოტიკის რიგითი მწარმოებელი პაიკია ბარონთა ხელში. მისი სული და სხეული ბარონებს ეკუთვნით.
ვფიქრობთ, ზემოჩამოთვლილი მიზეზებიც კი საკმარისია ნარკობიზნესით მიღწეული კეთილდღეობის რეალური ფასის საჩვენებლად, და სამპერის დაპირებული ,,უკანასკნელი დიდი ომი'' აშკარაა, ხანგრძლივი და მძიმე იქნება - იგი არამარტო მის პირად ენერგიასა და ძალისხმევას, არამედ თავად რიგითი კოლუმბიელების თავდადებასაც მოითხოვს.
__________________
1. ,,სენდერ ლუმინოსო” - ულტრამემარჯვენე კომუნისტური ორგანიზაცია, რომლის პარტიზანული რაზმებიც გარკვეულ რეგიონებს აკონტროლებენ.
![]() |
9 დიდი ცვლილებები |
▲ზევით დაბრუნება |
ზბიგნევ ბზეჟინსკი
უკვე ოთხი წელი გავიდა, რაც კომუნისტური წყობის აფეთქებას პოლონეთში ჯაჭვური რეაქცია და ცენტრალური ევროპის სხვა კომუნისტურ სახელმწიფოთა ნგრევა მოჰყვა: ორი წელი - რაც თავად საბჭოთა სისტემის რღვევა დაიწყო (,,პერესტროიკის'' ხუთწლიან აგონიას თუ არ ჩავთვლით). ასე რომ, არც ისე ნაადრევად მეჩვენება სურვილი, რაღაც დასკვნები მაინც გამოვიტანოთ იქიდან, თუ როგორ ხორციელდებოდა კომუნისტური სისტემის ნანგრევებზე მმართველობის ახალი, პოლიტიკურად სიცოცხლისუნარიანი და ეკონომიკურად გამართული ფორმების შემოღების მცდელობა.
ეს ცვლილებები გარკვეულ გააზრებასაც მოითხოვს: თავიდან არც რაიმე მოდელი არსებობდა, არც ზოგადი კონცეფცია, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ყოველივე. ეკონომიკურ თეორიებში დეკლარაციულ დონეზე მაინც გაკრთებოდა ხოლმე დებულება სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ არავის განუხილავს ჩაკირული სისტემის თავისუფალი ბაზრის საფუძველზე დამყარებულ, პლურალისტურ დემოკრატიად გარდაქმნის შესაძლებლობები. საკითხი, ინტელექტუალურ დონეზე გაუაზრებლობის გარდა, პოლიტიკურადაც მძიმე მოსახელთებელი აღმოჩნდა კომუნიზმის სწრაფი დეზინტეგრაციით გაოგნებული დასავლური მენტალიტეტისათვის. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, დასავლეთი მოუმზადებელი აღმოჩნდა ყოფილი საბჭოური ტიპის სისტემათა შეცვლის მიმართ კომპლექსური მიდგომის საკითხში. ლოგიკურია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მხრივ მხოლოდ ნაჩქარევი, გარემოებებით ნაკარნახევი იმპროვიზირებული ნაბიჯები თუ იდგმებოდა.
სწორედ ამ მიმართულებით მინდა დავსვა ოთხი კარდინალური შეკითხვა:
პოსტკომუნისტური სისტემის გარდაქმნის ფაზები
I ფაზა (1 -დან 5 წლამდე)
პოლიტიკური მიზანი: გარდაქმნა
ეკონომიკური მიზანი: სტაბილიზაცია
პოლიტიკა |
იურიდიულ - |
ეკონომიკა |
დასავლეთის დახმარება |
დემოკრატიული წყბისათვის საბაზრო პირობების შექმნა; ძთავისუფალი პრესა; ერთპარტიული, პოლიციური სახელმწიფო სისტემის დაშლა; დემოკრატიული გარდაქმნების საინიციატივო კოალიციის შექმნა |
უწყებრივ მაკონტროლებელ ორგანოთა დაშლა |
ფასებზე კონტროლისა და სუბსიდიებზე უარის თქმა; კოლექტივიზაციის სისტემის ლიკვიდაცია; პრივატიზაციის პროცესის ნებისმიერი სახით დაწყება |
სავალუტო კურსის სტაბილიზაცია; სასწრაფო კრედიტები დასხვადასხვა სახის მიზნობრივი ხელშეწყობა |
II ფაზა (3 - დან 10 წლმდე)
პოლიტიკური მიზანი: გარდაქმნიდან სტაბილიზაციისაკენ
ეკონომიკური მიზანი; სტაბილიზაციიდან გარდაქმნისაკენ
პოლიტიკა |
იურიდიულ - |
ეკონომიკა |
დასავლეთის დახმარება |
ახალი კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის მიღება; არჩევნები; დეცენტრალიზებული რეგიონალური თვითმმართველობა; მდგრადი დემოკრატიული კოალიცია - ახალი პოლიტიკური ელიტა |
იურიდიულ- სამართლებრივი ბაზისის შექმნა უძრავი ქონებისა და ზოგადად კომერციული საქმიანობისათვის |
საბაზრო ეკონომიკის შესატყვისი საბანკო სისტემის შემოღება; სისტემური მცირე და საშუალო პრივატიზაცია; დემონოპოლიზაცია; მეწარმეთა ახალი სოც. ფენის ფორმირება |
მიზნობრივი სესხები ინფრასტრუქტურის შესაქმნელად; ტექნიკური და მენეჯერული დახმარება; წარმოების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრა და საინვესტიციო პოლიტიკის ამის მიხედვით გატარება; უცხოური ინვესტიციები |
III ფაზა (5 -დან 15 + წლამდე)
პოლიტიკური მიზანი: კონსოლიდაცია
ეკონომიკური მიზანი: მეთოდური აღმასვლა
პოლიტიკა |
იურიდიულ - |
ეკონომიკა |
დასავლეთის დახმარება |
სტაბილური დემოკრატიული პარტიების შექმნა; დემოკრატიული პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება |
დამოუკიდებელი სამართლებრივი და იურიდიული სტრუქტურების განვითარება |
მსხვილი პრივატიზაცია; კაპიტალისტური ლობის შექმნა; კერძომწარმოებლური ურთიერთობების განვითარება და სხვადასხვა სფეროში ცენტრალური სახ. მართვის მაგივრად საკონტრაქტო სისტემის შემოღება |
ფართო უცხოური კაპიტალდაბანდები; დასავლეთის უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციებში გაწევრიანება (მაგ. ევროგაერთიანება, ჩრდილო - ატლანტიკური ბლოკი და სხვ.) |
ფაზების ხანგრძლივობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ მოცემულ ქვეყნებში როგორ ვითარდებოდა მოვლენები კომუნისტური სისტემის კოლაფსისწინა პერიოდში. შეგვიძლია გამოვყოთ 4 ტიპის სიტუაცია, როცა წარსული მოვლენები უშუალოდ ზემოქმედებენ გარდაქმნის ტემპებზე: 1) როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ცვლილებები დადებითი ხასიათისაა; 2) პოლიტიკური ცვლილებები დადებითია, ხოლო ეკონომიკური - უარყოფითი; 3) პოლიტიკური - უარყოფითია, მაგრამ ეკონომიკური - დადებითი, და ბოლოს, 4) როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად უარყოფითია. (მაგ: უნგრეთი და პოლონეთი I კატეგორიას მიეკუთვნებიან, რუსეთი - მეორეს, ჩინეთი - მესამეს, რუმინეთი - მეოთხეს).
1. აქამდეც რა დასკვნები უნდა გამოგვეტანა პოსტ-კომუნისტური წყობის პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნის პროცესების შემყურეებს?
2. რისი გათვალისწინება გვმართებს დასავლეთის მხრივ ამ პროცესებისადმი პირდაპირი დახმარებისა თუ ზოგადი ხელშეწყობის შემთხვევაში?
3. წინარე ორი საკითხის გათვალისწინებით, მაინც რა კონკრეტულ შედეგებს უნდა მოველოდეთ უახლოესი ათწლეულის მანძილზე?
4. მოცემულ კონტექსტში, კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ, ვთქვათ, შეერთებულ შტატებს?
1. გარდაქმნის პროცესი
პირველი, რაც შეიძლება ითქვას გარდაქმნის მიმდინარე პროცესიდან გამოსატან დასკვნებზე, ისაა, რომ ორმხრივი იმედები - როგორც ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში, ასევე ზოგადად დასავლეთში - მეტისმეტად ოპტიმისტური და შეიძლება ითქვას, გულუბრყვილოც კი აღმოჩნდა. კომუნიზმის მარწუხებს ახლადთავდაღწეულ ხალხებს ყოვლად გაზვიადებული და რაც მთავარია, გამარტივებული წარმოდგენა ჰქონდათ იმ დახმარებაზე, რასაც ისინი უცილობლად მიიღებდნენ განვითარებული სახელმწიფოებისაგან (ერთგვარი ციური მანანა, ,,მარშალის გეგმის'' რაღაც ახალი სახესხვაობა) და არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ როგორც ისტორიულ, ასევე ქმინდა ინტელექტუალურ შეუთავსებლობას ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მდგომარეობასა და მარშალის გეგმის გამოყენებას შორის. თავის მხრივ დასავლეთშიც თავი იჩინა ამ ცვლილებებისათვის სისტემური ხასიათის მისაცემად საჭირო ძალისხმევის საერთო შეუფასებლობამ, არავინ გაითვალისწინა მყარად ფესვგამდგარი, ჯერ კიდევ დიდი გავლენის მქონე ნომენკლატურის, როგორც ფენის აქტიური წინააღმდეგობა და თავად მიმდინარე პროცესების ხანგრძლივობის ფაქტორიც.
ამის კონკრეტული მაგალითია დახმარების ის პროგრამა, რომელიც შემუშავდა 1989-90 წ.წ. პოლონეთისათვის, ხოლო შემდგომ ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებისათვის, და რაც ეფუძნებოდა ყოვლად მცდარ წარმოდგენას, რომ გარდამავალი პროცესი სულ რაღაც ხუთიოდე წელს თუ გასტანდა2 . ახლა უკვე ყველასათვის ცხადია: როგორც მინიმუმი, ცენტრალურ ევროპაში ამისთვის ორჯერ მეტი დრო მაინც დასჭირდებათ, ხოლო სხვებს - ათიდან ოც წლამდე, ვიდრე საბოლოოდ შეგვეძლება ვთქვათ, რომ გარდაქმნა მოხდა. (აქვე იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ მთლიანად დასავლეთი ასევე მეტისმეტად ოპტიმისტურად და გამარტივებულად აღიქვამდა გორბაჩოვის მიზნებსა და მის პროგრამას - გარკვეულწილად, ახლაც იგივე ტენდენცია იხატება უკვე ელცინის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაში).
მეორე და ბევრად უფრო ღრმად გასააზრებელი დასკვნა: თავად გარდაქმნის პროცესი არაა უწყვეტი, არამედ გარკვეული ეტაპობრივი მიმდევრობა უნდა ახასიათებდეს. მეტიც, პოსტკომუნისტური რეჟიმის ქვეყნებიდან ყველა არაა გარდაქმნის ერთსა და იმავე ფაზაში, და არც ერთნაირი სიჩქარით მიიწევენ წინ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფაზიდან ფაზაში გადასვლის სისწრაფე ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ კონკრეტულად სად რა მზადდებოდა ან კეთდებოდა პოლიტიკისა თუ ეკონომიკის განხრით კომუნისტური სისტემის რღვევის წინარე პერიოდში.
ზემოთქმული მაინც დაზუსტებას საჭიროებს. I კრიტიკული ფაზა, რომელიც უშუალოდ მოყვება კომუნისტური სისტემის დაცემას, გულისხმობს ორმაგ მცდელობას, მიაღწიოს როგორც პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ზედა ეშელონის ტრანსფორმაციას, ასევე ეკონომიკის თუნდაც საწყის დონეზე გაწონასწორებას. ტიპოლოგიურად პირველი გულისხმობს ვერტიკალური წყობის დემოკრატიის შემოტანას, ხოლო მეორე - ფულის კურსის სტაბილიზაციას ფასებზე კონტროლის მექანიზმის მოხსნის დროს. სწორედ ეს საწყისი ეტაპია განსაკუთრებით ძნელი დასაძლევი, რადგან იგი არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მართვის სისტემის ფუნდამენტურ შეცვლას მოითხოვს, უცნობ ვითარებაში შებიჯებას კი გაბედულება და გარკვეული რწმენაც სჭირდება. I ფაზა, შეიძლება ითქვას, ყველაზე კრიტიკულია და წარმატების შემთხვევაში, ათვლის თავისებურ წერტილადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ - ესაა საყრდენი II ფაზისათვის, როცა უფრო ღრმა ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად უფრო ფართო პოლიტიკურ სტაბილიზებასთან შეთავსება გახდება საჭირო: ახალი კონსტიტუციის მიღება, ახალი საარჩევნო სისტემის შემოღება, საზოგადოების ცხოვრებაში უცილობელი ცვლილებების შეტანა თავად დემოკრატიული პროცესების ინსტიტუციონალიზაციისათვისაა აუცილებელი. ასევე, სერიოზული ეკონომიკური ცვლილებები შეუძლებელია საბანკო სისტემის სრული გარდაქმნის, დემონოპოლიზაციის, მცირე და საშუალო პრივატიზაციის და საერთოდ, კერძო საკუთრების უფლებაზე იურიდიულად გაფორმებული საყოველთაო კანონის გარეშე.
მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი ფაზა წარმატებით დასრულდა, შესაძლებელი ხდება გარდაქმნის შემდეგი, უკვე III ფაზის დაწყება, ანუ როცა დემოკრატიული პროცესები და კონკრეტული სტრუქტურები რეალურად იწყებენ მუშაობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზემოქმედებას და, შესაბამისად, კეთილდღეობის ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდაც - კერძო ინიციატივის გამოვლენისათვის სრული შესაძლებლობების მიცემის წყალობით - უკვე სტაბილური ხდება. ამ შემთხვევაში კი პოლიტიკური დემოკრატია და შრომის კონტრაქტული სისტემაც უკვე რეალობად იქცევა. ეს მესამე ფაზა შეიძლება დავახასიათოდ როგორც პოლიტიკური კონსოლიდაციისა და ფართო ეკონომიკური გარდაქმნების პერიოდი. მაგალითად, პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ამ ფაზაში შესვლის ზღვარზე არიან მისულნი (იხ. ფაზების სქემატური მონახაზი).
პირველი, ყველაზე კრიტიკული და ყველაზე მნიშვნელოვანი (გადაწყვეტილებათა მიღების მხრივ) ფაზის დაწყება და შემდგომ ეტაპობრივად გადასვლა დანარჩენ ფაზებში ძლიერაა დამოკიდებული იმაზე, თუ კონკრეტული კომუნისტური რეჟიმი ბოლო ხანს რამდენად შემწყნარებლურად მოქმედებდა პოლიტიკური უფლებებისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის განხრით: აღსანიშნავია, რომ კომუნისტური წყობის აგონია, გარკვეულ შემთხვევებში, დადებითადაც მოქმედებდა პოსტ-კომუნისტური პერიოდის ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციაზე - ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი (კადარის რეჟიმი 70-იან და 80-იან წ.წ.) და პოლონეთი (გერეკის რეჟიმი 70-იან და იარუზელსკის - 80-იანი წლების მეორე ნახევარში).
მესამე დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გამოვიტანოთ, ისაა რომ პოლიტიკური რეფორმა წინაპირობაა ეფექტური ეკონომიკური რეფორმებისათვის, ხოლო დემოკრატიული პოლიტიკური კონსენსუსი და ეფექტური პოლიტიკური სვლები უცილობელი თანამდევი უნდა იყოს პირველი, კრიტიკული ფაზის დასაძლევად.
ზოგმა, შესაძლოა, ამ პერიოდში მკაცრი ავტორიტარული სისტემის საჭიროებაც კი დაასაბუთოს, რადგან, ერთი შეხედვით, აშკარა გახდება ხალხის სოციალური დაუცველობა და აქ ყველას ალბათ ჩინეთის მაგალითი გაახსენდება, მაგრამ ცენტრალურ ევროპასა თუ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ავტორიტარული მიდგომა არასასურველია და წამგებიანიც.
პირიქით, დემოკრატიული კონსენსუსი წამყვან ტენდენციად უნდა იქცეს, ოღონდ არა თვითმიშვებული პროცესის, არამედ ორგანიზებული სახით და შემდგომ ინსტიტუციონალიზებულიც იქნეს. ყველაფერი ეს თითქოს თავისთავად მოითხოვს მკვეთრად წინწამოწეულ, ფაქტიურად ქარიზმატულ ლიდერს - ვთქვათ, ჰაველს, ვალენსას ან თუნდაც ელცინს - ვინც შესძლებს სწორად წარმართოს ხალხის მხარდაჭერა: ასევე, აუცილებელი ხდება ისეთი პოლიტიკური მოძრაობის სწრაფი ორგანიზება, რომელიც საყრდენად გამოადგებოდათ მათ იმ სოციალური ძვრებისა და შეჭირვების დროს, რომელიც უცილობლად ახლავს თან ამ ფაზას. მაგრამ მთავარი ისაა, რომ პოსტკომუნიზმის ეიფორიული აღტკინება დროულად უნდა იქნას გამოყენებული იმ ლეგიტიმური დემოკრატიული ღონისძიებების მოსამზადებლად, რომელთა წყალობით შემდგომ შესაძლებელი გახდება გრძელვადიანი, შორსგამიზნული ეკონომიკური რეფორმების გატარება. ძნელი გასათვლელი არაა, რომ მეორე ფაზაში გადასვლის დროისათვის ხალხის უმეტესი ნაწილის ენთუზიაზმს იმედგაცრუება შეცვლის, ამიტომ ბევრი რამაა დამოკიდებული თავად დემოკრატიული პროცესების ელასტიურობასა და მდგრადობაზე. შეიძლება ითქვას, რუსეთის ახლანდელი პრობლემები სწორედ გორბაჩოვისა და შემდგომ, უკვე ელცინის მიერ სრული მოცულობის პოლიტიკური რეფორმების გატარების გაუბედაობამ განაპირობა.
წინა სამიდან ახლა ლოგიკურად IV დასკვნა გამოგვაქვს: სწრაფი და სრული გარდაქმნა - ე.წ. ,,შოკური თერაპია'' შესაძლებელია როგორც ქმინდა სუბიექტურ, ასევე ობიექტურ წინაპირობათა სრული თანხვედრის შემთხვევაში. ამის კარგი მაგალითი პოლონეთია: იქ არსებობდა ფართო პოლიტიკური ოპოზიციის, შეიძლება ითქვას, ელიტა - ძირითადად ,,სოლიდარობის'' მოძრაობის სახით, რომელმაც შეძლო ფესვები გაედგა საზოგადოების ყველა სოციალურ ფენაში, რის გამოც მას ვერაფერი დააკლო სამხედროების ათწლიანმა მმართველობამ, და რომელიც შესაძლებლობის გაჩენისათანავე ამუშავდა როგორც სრულმასშტაბიანი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა (მისგან განსხვავებით, ზოგ სხვა შემთხვევაში უბრალოდ რამდენიმე დისიდენტი ,,ჩაჯდა'' ეროვნული მმართველობის იერარქიაში და ამით საქმეც მოთავებულად ჩაითვალა...). ასევე, აქ მეტად დადებითი როლი იქონია ისეთმა მორალურმა ავტორიტეტმა, როგორიცაა კათოლიკური ეკლესია - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განუზომლად დიდი იყო მისი მხარდაჭერა სოციალური შეჭირვების დროს. ამას დაემატა თავისებური ქარიზმატული ლიდერი, რომელმაც პიროვნულად იკისრა გაეტარებინა რეფორმები, და რომელსაც უსაზღვრო ავტორიტეტი ჰქონდა სწორედ იმ ხალხში, ვისაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტად გაუჭირდებოდა ამ გარდაქმნის გათავისება, ხოლო მას შემდეგ, რაც მოიხსნა ფასებზე კონტროლი და მოისპო უაზრო სუბსიდიები, თავისუფალი ფერმერების ფენის არსებობამ და ჩრდილოვანი ეკონომიკის ფართო ქსელმა აამუშავა მოთხოვნისა და მიწოდების მარტივი კანონი. და ბოლოს, პოლონეთმა სრულად გამოიყენა ის კავშირები, სამეწარმო-საკონტაქტო ურთიერთობების შემოღების შედეგად რომ დამყარდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ლამის 10 მილიონიან დიასპორასთან.
ზემოჩამოთვლილ ფაქტორებს თითქოს ავტომატურად მივყევართ იმ დასკვნამდე, რომ პოლონეთში გატარებული ,,შოკური თერაპიიის'' მეთოდი სამაგალითო და მისაბაძი უნდა იყოს ყველასათვის, ოღონდ ამ მედალს თავისი მეორე მხარეც აქვს: ეს მაგალითი შესაძლოა გამონაკლისიც აღმოჩნდეს, თუკი, სხვა შემთხვევაში, ასევე არ იქნა მიღწეული როგორც თანხმობა, კონსენსუსი პოლიტიკის მხრივ, ასევე სრული ურთიერთგაგება და პასუხისმგებლობის პრინციპი ეკონომიკის განხრით: მაშინ შოკოთერაპია გარდუვალად წარმოშობს ეკონომიკურ ქაოსს, როცა მყარი მონოპოლიური სტრუქტურები ხელს მოითბობენ ფასების ლიბერალიზაციაზე, მათი უბრალო ზრდითა და აქედან გამომდინარე, ინფლაციის სტიმულირებით.
მეხუთე და საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ, თითქოს ისაა, რომ გარდაქმნის სტრატეგია არ შეიძლება ეყრდნობოდეს ისეთ გეგმას, რომელიც მოითხოვს საჭირო ფაზების ნელინელ გავლას, უსაშველო სამთავრობო მეურვეობას და არა დამოუკიდებელი, დინამიკური საბაზრო ძალების გამოთავისუფლებას.
ოღონდ აქ ცნობილი იაპონელი ეკონომისტის, განსვენებული სუბურო ოკიტას ერთი გაფრთხილებაც უნდა გავითვალისწინოთ: იგი ამტკიცებდა, რომ უშუალო სამთავრებო ხელმძღვანელობა ასეთ პროცესში მაინც საჭირო ხდება, თუკი ქვეყანას არ გააჩნია თავისუფალი ბაზრის მექანიზმის გარკვეული ტრადიცია, გამოცდილება და შესაბამისი სოციალური ურთიერთობების კულტურა. ოკიტას აზრით, ასეთი სოციუმის გარემოცვაში სახელმწიფო დაგეგმარებისა და საბაზრო მექანიზმების ურთიერთშეწყობის აუცილებლობა გამოწვეულია წმინდა ისტორიული მიზეზებით, ხოლო ასეთ შემთხვევაში მარტოოდენ თავისუფალი ბაზარი პანაცეად ვერ იქცევა.
იაპონიისა და კორეის განვითარების მაგალითები ოკიტას წისქვილზე ასხამს წყალს - 1993 წლის ზაფხულში ,,უორლდ ბენკმა'' შორეულ აღმოსავლეთში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესების ამომწურავი ანალიზი წარმოადგინა და ,,ფაინენშლ ტაიმსში'' გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, კორეასთან დაკავშირებით გამოტანილი ერთ-ერთი დასკვნა ასეთი იყო: ,,... 60-იანი წლებიდან მოყოლებული, მთავრობა სწორად გეგმავდა და წარმართავდა კიდეც ქვეყნის განვითარების პროცესს ... (მან) ყველა ფინანსური ბერკეტი გამოიყენა პრიორიტეტული დარგების გამოსაცოცხლებლად და კერძო ფირმებისათვის სრული ხელშეწყობის გზით მათი საქმიანობის ეროვნული ინტერესების კალაპოტში მოქცევაც უმტკივნეულოდ მოახერხა''. ჩემი მხრივ დავუმატებდი, რომ იგივე შეიძლება ითქვას სინგაპურის თაობაზეც. ერთი რამ კი ცხადია - აზიის ქვეეყნების ამგვარი გამოცდილება არ უნდა უგულებელვყოთ, როცა რუსეთისა და უკრაინის ახლანდელ ეკონომიკურ და სოციალურ დილემებს ვიხილავთ: ბოლოსდაბოლოს, ამ ქვეყნებს არ გააჩნიათ არც თავისუფალი ბაზრის მყარი ტრადიცია და არც კონტრაქტული სისტემების პრინციპს არ არიან დაჩვეულნი.
2. დასავლეთის რეაქცია
ახლა შეგვიძლია განვიხილოთ ნახსენები ოთხი მთავარი შეკითხვიდან მეორე - რა დასკვნები გამოვიტანეთ დასავლეთის პოლიტიკიდან პოსტ-კომუნისტური გარდაქმნებისათვის დახმარებისა და ხელშეწყობის განხრით.
ჯერ ერთი ის, რომ დასავლეთის დახმარება ლამის გადამწყვეტია I ფაზის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის, უპირობოდ აუცილებელი ამ ფაზის დასაძლევად. შემდგომ ფაზებში უკვე დასავლეთის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა და უცხოური ინვესტიციები იწევს წინა პლანზე - სწორედ ესაა რეალური ეკონომიკური ცვლილებებისა და ექსპორტ-იმპორტის პროცესისათვის დინამიზმის მისაცემი საწყისი: ამგვარ სურათს ვხედავთ პოსტკომუნისტური ცენტრალური ევროპისა და ევროგაერთიანებას შორის ურთიერთობის მხრივ, როცა ,,გასვლის შესაძლებლობამ'' შეუდარებლად უკეთესი შედეგი მოიტანა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა სახის ,,ხელის გამართვამ''.
ამის საწინააღმდეგოდ, ყოფილი სსრკ ჯერ ისევ პირველ ფაზაშია ჩარჩენილი, როცა დასავლეთის მხრივ სხვადასხვა სახის დახმარება სტაბილიზაციისა თუ პოლიტიკური სახეცვლილების პროცესის მთავარ საყრდენად ითვლება.
მეორეც ის, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე კრიტიკული, პირველი ფაზის შემდეგ, გარე კაპიტალის შემოზიდვა სულაც არაა გადამწყვეტი ფაქტორი: დასავლეთის კაპიტალი რომ თავისთავად წარმატების საწინდარი ყოფილიყო, ყოფილი აღმოსავლეთი გერმანია უკვე აყვავებული იქნებოდა, უნგრეთს არავითარი სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აღარ შეაწუხებდა და ჩეხეთი და პოლონეთიც მის კვალში იქნებოდნენ ჩამდგარნი. მეტიც, რუსეთი ჩინეთზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
ყოფილმა გ.დ.რ.-მა ბოლო სამი წლის განმავლობაში 300 მილიარდი დოლარი მიიღო - და ეს სულ რაღაც თექვსმეტმილიონიან მოსახლეობაზე (ახლა იანგარიშეთ , იგივე შეფარდებით, რა კაპიტალდაბანდებას მოითხოვს მთელი აღმოსავლეთ ევროპა ან თუნდაც ცალკე აღებული რუსეთი, მაგრამ ყოფილი გ.დ.რ. ჯერ მაინც ვერ გამოსულა სოციო-ეკონომიკური ჩავარდნიდან. ასევე, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიასაც (სანამ ეს უკანასკნელი ორ ქვეყნად გაიყოფოდა) მეტი ჰქონდათ მიღებული, ვიდრე პოლონეთს, ოღონდ პოლონეთს დღეს კერძო სექტორის ბევრად ფართო ქსელი აქვს და ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან ერთადერთმა შესძლო დადებითი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისათვის მიეღწია.
ჩინეთს, მაგალითად, მეტად მცირე რაოდენობით ჰქონდა მიღებული დახმარება გრანტების, სესხების და, ბოლო დრომდე, ინვესტიციების სახით. ბოლო 12 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც იქ ეკონომიკური რეფორმები დაიწყო (1979 წ.) საერთო ჯამში ამ დიდ ქვეყანას, მოსახლეობის უზომო რაოდენობის მიუხედავად, 60
მილიარდი დოლარიც კი არ შესვლია. ეს იმაზე ბევრად ნაკლებია, რაც საბჭოთა კავშირ/რუსეთს ერგო 1986 წლიდან - 86 მილიარდი დოლარი. მაგრამ ჩინეთმა ეკონომიკური განვითარების მხრივ მშვენიერი ტემპი აიღო - გასულ ათწლეულში 6%-ით უმატებდა წლიური ზრდის მაჩვენებელს, შარშან 9%-ით გაზარდა, ხოლო 1993-ში, სავარაუდოა, 13%-ს მიაღწევს. რუსეთი კი ჯერაც ეკონომიკურ ქაოსშია და ზრდის მაჩვენებელიც უარყოფითი აქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი ფაზის დასასრულს, ეკონომიკური გარდაქმნისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას უკვე არა უცხოური კაპიტალი, არამედ შინა პოლიტიკა, სოციალური მოწესრიგებულობისაკენ მიმართული ღონისძიებები და თავად საზოგადოების მიზანსწრაფვა იძენს.
მესამე დასკვნა: რაც შეეხება სწორედ უცხოურ კაპიტალდაბანდებებს, ნათლად ჩამოყალიბებული პირობები და მისი გამოყენების მკაცრი ზედამხედველობა, უბრალოდ, აუცილებელია. ფაქტიურად, ეს იმას ნიშნავს, რომ თუნდაც მინიმალურ, ოღონდ მკაცრად განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებასა და უცხოური კაპიტალის ფართოდ, მაგრამ არამიზნობრივად შემოზიდვას შორის არჩევანი უსათუოდ პირველის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს: განსაკუთრებით მანამ, სანამ თავდაპირველ იძულებით დამოკიდებულებას გარეგან დახმარებაზე საკუთარი მეწარმეობა და უცხოური ინვესტიციები შეცვლიდეს. ოღონდ, გარეგანი ზედამხედველობის გარეშე, როგორც ამას სამწუხარო გამოცდილება გვიჩვენებს, უცხოური დახმარების არამიზნობრივი გამოყენება და დატაცებაც კი სრულიად ბუნებრივი ამბავია. დასავლეთს ეს გერეკისდროინდელი პოლონეთის მაგალითზე მაინც უნდა გაეგო: 70-იან წლებში, პოლონეთმა დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის სესხი მიიღო, მაგრამ ახლა მეტად ძნელი გასარკვევია, სად გაქრა ეს თანხა. დღეს უკვე ყოფილ საბჭოთა კავშირში გახარჯული 86 მილიარდის საკითხი დგას.
ზოგიერთი მონაცემით, გამიზნული დახმარების 17 მილიარდი დოლარი, დანიშნულებისამებრ მოხმარების მაგივრად, სხვადასხვა არხებით პირდაპირ დასავლეთის ბანკების სეიფებში მოხვდა. მოსკოვში ყოფნისას, მე ეს მონაცემები არკადი ვოლსკის ვაჩვენე, რომელმაც მეტისმეტად შემცირებულად მიიჩნია ციფრი და მინიმუმ 23 მილიარდზე ჩამოაგდო ლაპარაკი. თავის მხრივ, ზუსტად ,,დიდი შვიდეულის'' შეხვედრის წინ იაპონელებმაც იგივე ციფრი დაასახელეს. სავარაუდოა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სრულად დაკარგა კონტროლი ე.წ. ,,კაპიტალის გაჟონვის'' ფენომენზე, ანუ ვალუტის, ოქროსა და ძვირფასი ქვების დიდი რაოდენობა უკვე შვეიცარიისა და ჰონკონგის ბანკებშია გადაგზავნილი. საზღვარგარეთ გასული კაპიტალის ღირებულება კი 40 მილიარდს უნდა აჭარბებდეს3.
ასე რომ, ნებისმიერი სახის ფულადი დახმარების ზუსტი მიზნობრივი ხარჯვისა და რეგულირების საკითხი თვით მიმწოდებლებსაც ეხებათ, მათი ამა თუ იმ სახით ზედამხედველობა აუცილებელიც კია, როგორც არ უნდა აღიქვას ეს მეორე, მიმღებმა მხარემ და თუნდაც, გარკვეულწილად, ეროვნული ღირსების შელახვადაც კი მიიჩნიოს.
გარკვეული წინაპირობები მაშინაც უნდა დადგინდეს, როცა საქმე ძირეული გარდაქმნისათვის ხელშეწყობას ეხება: ფულადი ზონის სტაბილიზაცია,
დემონოპოლიზაცია, თუნდაც საწყისი, მცირე პრივატიზაცია (მიწათმოქმედების სფეროს ჩათვლით) და ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მიღების სისტემის დეცენტრალიზაცია - ყველაფერი ეს ის მინიმუმია, რა პირობების წამოყენების უფლებაც აქვს დასავლეთს დახმარების თხოვნაზე დადებითი რეაგირების შემთხვევაში.
და მეოთხე: დასავლეთმა ხელი უნდა შეუწყოს პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებს, მომავლისათვის შეიმუშაონ ისეთი იდეური კონცეფცია, რომელიც მათ მტკივნეული სოციალური რეფორმებისათვის გამოადგებათ საყრდენად. რაც არ უნდა ქმედითი იყოს გარე მატერიალური დახმარება, ეს ვერ მოხსნის ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით გამოწვეული სოციალური თუ ფსიქოლოგიური სახის უთანხმოებებს: ასე რომ, პოზიტიური, იმედისმომცემი მომავლის პერსპექტივის გაცხადება პოლიტიკურადაც აუცილებელია. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ცვლილებების ის დადებითი მხარე, რაც გარდამავალ პერიოდში მის შეჭირვებას გაამართლებდა.
ცენტრალური ევროპის ხალხებისათვის პერსპექტივის ასეთი გააზრება ფაქტიურად უკვე არსებობს - ესაა გაერთიანებული ევროპა და მომავლისათვის ამ სამყაროში მათი ინტეგრაცია. ეს მეტად მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, რეალურად განსახორციელებელი იდეაა ჩეხის, უნგრელის თუ პოლონელისათვის: ეს ისეთი რამაა, რისი იმედიც მათ პიროვნულად აქვთ. უფრო აღმოსავლეთით თუ გადავინაცვლებთ, საკითხი უფრო რთული და ბუნდოვანი ხდება. განა რა ისეთი მიზანი შეიძლება დაისახოს, ვთქვათ, უკრაინელმა, რომელმაც თავისუფლების ორი წლის განმავლობაში სოციო-ეკონომიკური კრიზისის გარდა სხვა სახეირო ვერაფერი ნახა? ან რუსმა, რომელიც არა თუ იგივე მდგომარეობაშია, დამატებით კიდევ გაწბილებული და განაწყენებულია რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს სტატუსის დაკარგვით? ასეთ სიტუაციაში არც ისე ადვილია მომავლისათვის დადებითი პერსპექტივის მოხილვა.
უკრაინელებისათვის ასეთ პერსპექტივად შეიძლება ცენტრალური ევროპის არეალში მოხვედრა გახდეს და ისეთ საზოგადოებად ქცევა, რომელიც თანდათანობით დასავლური ტიპისას დაუახლოვდება. ოღონდ ასეთი მისწრაფება ახლო და გასაგებია ალბათ უფრო დასავლეთ უკრაინელის, ვიდრე აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრებისათვის: თუმცა ამ თეზისმა შეიძლება ფართო რეზონანსიც ჰპოვოს იმ განხრით, რომ უკრაინა საბოლოოდ გამოეყოს რუსეთს და ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.
თავის მხრივ, რუსეთისათვის ასეთივე სასურველ პერსპექტივად, შესაძლოა, შეერთებული შტატების პარტნიორობა იქცეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთო ახლანდელ განწყობილებას: მაგრამ, რუსეთი შეერთებული შტატების სრულუფლებიან პარტნიორობას შეეცდება, მას მოუწევს უარი თქვას თავის პოსტიმპერიულ სტატუსზე და ამბიციებზე, ვინაიდან მხოლოდ ასეთი რუსეთი შეიძლება გახდეს რეალურად დემოკრატიული. არადა ფაქტია, რომ მას კიდევ კარგა დიდი მანძილი აქვს გასავლელი სწორედ პოსტ-იმპერიული რეალობის დაძლევის მეტად მტკივნეულ გზაზე - მას იგივე პროცესების გადატანა მოუწევს, რაც უკვე გამოიარა ბრიტანეთმა ინდოეთის, საფრანგეთმა - ალჟირის დაკარგვის შემთხვევაში ,
ან თუნდაც თურქეთმა, როცა ათათურქმა მომავალი, ევროპული ყაიდის თურქეთზე ორიენტირების კონცეფციაზე ააგო თავისი პოლიტიკა.
იმპერიისშემდგომი პერიოდის თვითგამორკვევა ყოველთვის რთული და მძიმე პროცესია. პირადად ჩემთვის გასაგებია, თუ რატომ აწყდება ასეთ წინააღმდეგობას და რატომაა ასეთი აზრთა შეხლა-შემოხლა ამ საკითხის ირგვლივ ათასი სხვა საზრუნავით გატანჯულ დღევანდელ რუსეთში, მაგრამ პრობლემა არის და ის უნდა გადაიჭრას.
განსხვავებული მომავალი
იქიდან გამომდინარე, რაც პირველი ორი შეკითხვის პასუხად ვილაპარაკეთ, რას უნდა ველოდეთ პოსტ-კომუნისტური ქვეყნებიდან უახლეს მომავალში? გასაგებია, რომ გარდაქმნის ეს პროცესი განსხვავებულად წარიმართება სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ როგორია მისი ძირითადი მახასიათებელი? და საერთოდ, განა შეიძლება ითქვას, რომ ყველა ყოფილი კომუნისტური სახელმწიფო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული განვითარების გზაზეა შემდგარი?
ვიდრე ჩემს პირად, იქნებ ზოგ რამეში საკამათო მოსაზრებებს მოგახსენებდეთ, მოდით, გარკვეული სიცხადისათვის, ეს ქვეყნები ოთხ პირობით კატეგორიად დავყოთ:
1) რომელთაც მომავალში, თუკი რაიმე სრულიად გაუთვალისწინებელი და, დღესდღეობით, წარმოუდგენელიც კი არ შეემთხვათ, ხელი არ უნდა შეეშალოთ პლურალისტული დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანი მმართველობის მისაღწევად.
2) რომელთა შანსებიც, უახლოეს ათწლეულში, 50/50-ზე უკეთესად გამოიყურება, მაგრამ სადაც პოლიტიკური უკუპროცესების განვითარებას მთლიანად მაინც ვერ გამოვრიცხავთ.
3) რომელთა მომავალიც, ჩემი პირადი მოსაზრებით, სრულიად გაურკვეველია უახლოეს ათწლეულში და სადაც დადებითი პროცესები მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნეში თუ შეიძლება დაიწყოს.
4) და ბოლოს, მეოთხე ჯგუფის ქვეყნები, რომელთა მომავალიც, ჯერ-ჯერობით, სრულიად არასახარბიელოდ მოჩანს.
ამ კლასიფიკაციის მიხედვით, პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი I ჯგუფში მოხვდებიან: ასევე ალბათ, სლოვენია და ესტონეთიც. ამათგან პირველი სამი, შესაძლოა, ამ საუკუნეშივე გახდნენ ევროგაერთიანებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის ქწვრები. სულაც არ ვაპირებ უგულებელვყო მათი პრობლემები (განსაკუთრებით, შინაეთნიკური), მაგრამ ეს სამეული, შეიძლება ითქვას, უკვე III ფაზაში (იხ. ტაბულა) შედის, მაშინ როდესაც ბოლო ორი - II ფაზაში იქნებიან მოხვედრილნი.
თუმცა, ერთი რამ არ უნდა შეგვეშალოს - რა წარმატებებსაც არ უნდა მიაღწიოს ამ ათწლეულში ზემოხსენებულმა სამეულმა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დროა საჭირო, სანამ მათი ცხოვრების დონე დასავლეთისას გაუთანაბრდება. მაგალითად, თუ დავუშვებთ რომ გერმანია და ავსტრია პირობითად წელიწადში 2%-ით მოუმატებენ კეთილდღეობის მაჩვენებელს, ხოლო პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი - ოთხით, ანუ ორჯერ მეტად, ჩეხეთს 30 წელი დასჭირდება მათ დასაწევად, უნგრეთს - 46, ხოლო პოლონეთს - 634; და თუნდაც მატების თანაფარდობა 2 და 8 პროცენტი იყოს, მაინც შესაბამისად 12, 17 და 23 წელი გავა, სანამ ეს სხვაობა მოისპობა... რაღა უნდა ვთქვათ დანარჩენ ჯგუფებზე!
მეორე ჯგუფში ის ქვეყნები აღმოჩნდებიან, რომელთაც მომავლის კარგი პერსპექტივა აქვთ, მაგრამ პოლიტიკურად და ეკონომიკურად ჯერაც არამდგრადნი არიან: ხორვატია (თუ სერბიასთან ახალ კონფლიქტში არ აღმოჩნდა ჩართული), ბულგარეთი, ალბათ რუმინეთიც, ლიტვა, ლატვია, ყირგიზსტანი და თურქმენისტანი (ეს ორი უკანასკნელი მათი უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის წყალობით). ზოგიერთი მათგანი - მაგ. ლიტვა ან ბულგარეთი იქნებ უახლოვდებიან კიდეც II ფაზას, მაგრამ დანარჩენნი, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ წრიულად მოძრაობენ I ფაზაში.
მესამე ჯგუფის ქვეყნებს, ანუ რომელთა პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი, როგორც ჩანს, ამ საუკუნეში მაინც ვერ გაირკვევა - ჩემი აზრით, მიეკუთვნებიან უპირველეს ყოვლისა რუსეთი, შემდგომ - უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახსტანი და უზბეკისტანი.
ბოლო, მეოთხე ჯგუფს შეადგენს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მომავალიც, სხვადასხვა მიზეზებით, საერთოდ ბნელითაა მოცული: სერბია, ალბანეთი, ბოსნია, მოლდოვა, ტაჯიკისტანი. არც ერთ მათგანს I ფაზაში ჯერ ფეხიც არ შეუდგამს და, ფაქტიურად, ისევ ძველი, ოღონდ სახეშეცვლილი კომუნისტური ელიტის მმართველობის ქვეშაა, რომლის ინტერესებისა და მენტალიტეტის თანხვედრა პლურალისტურ დემოკრატიასა თუ თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებთან მეტისმეტად საეჭვოა რომ ოდესმე მოხდეს.
ყველაზე არამდგრადი, მესამე ჯგუფიდან რუსეთი, რაღა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია. გარკვეული დადებითი პროცესები იქ უეჭველად მიდის: ახალი კონსტიტუციური წყობის საფუძვლები ერთი ნაბიჯი მაინცაა დემოკრატიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის გზაზე. ზოგადად, დემოკრატიული ხდება ურთიერთობები მეტროპოლიურ საზოგადოებაში: დიდ ქალაქებში მაინც, დემოკრატია ხელშესახები რეალობაა, თუმცა მისი სრული ინსტიტუციონალიზაცია ჯერ მომავლის საქმეა. ეკონომიკის განხრით მოხდა აგრეთვე საწყისი პრივატიზაცია, და ზოგიერთი ნაბიჯიც გადაიდგა სტაბილიზაციისაკენ. მაღალ პოლიტიკურ დონეზე როგორც პრეზიდენტი ბორის ელცინი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი კოზირევი მომხრენი არიან - სიტყვიერად მაინც - მოიცილონ ტრადიციული იმპერიული ამბიციები და გაემიჯნონ იმ წარსულს, რომელიც ტვირთად აწევთ დემოკრატიის განვითარების პროცესში.
მეორის მხრივ, ეკონომიკური ქაოსი რეალობაა, არ არსებობს არავითარი მონეტარული პოლიტიკა, ინფლაციის ტემპი და დონე საოცრად მაღალია, მატულობს უმუშევართა რიცხვი, მთავრობის გადაწყვეტილებები მეტროპოლიური ცენტრებითაა შემოსაზღვრული და პერიფერიებზე, ზოგან, საერთოდ არ სრულდება: პრივატიზაცია გადაწვდა სავარაუდო 300 000-იდან სულ რაღაც 50 000 მცირე საწარმოსა თუ მაღაზიას და ისიც უმთავრესად მოსკოვში, სტ.-პეტერბურგსა და ნიჟნი ნოვგოროდში, დასავლეთიდან შემოსული დახმარების თანხები მასიურად მიედინება ძველი ნომენკლატურის ახალ სიტუაციასთან კარგად მორგებული კადრებისა და ახალგამოჩეკილი საშუალო კლასის წარმომადგენლების ხელში, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელთა უმრავლესობა, უბრალოდ, კაპიტალისტური წყობის ერთადერთ, პარაზიტულ ფორმას ცნობს: მათი ქონება მხოლოდ მოხმარებას ემსახურება და არა მწარმოებლურ ინტერესებს. ეკონომიკურ ვითარებას ამძაფრებს აგრეთვე იმპერიული მისწრაფებების განახლება, რაც ზრდის უკრაინასთან და ზოგიერთ სხვა მომიჯნავე ქვეყნებთან ურთიერთობის გამწვავების უარყოფით ფაქტორს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკურ და სამხედრო საკითხებში ზეწოლის ის შემთხვევები, რომელთა საშუალებით რუსეთი ცდილობს არაოფიციალურად მაინც შეინარჩუნოს კრემლის ყოფილი იმპერიული სტატუსის შემადგენელი ძირითადი ელემენტები. მეტად სიმპტომატურია, თუ როგორ გეგმაზომიერად იცილებდა თავიდან მოსკოვი კიევთან ურთიერთობაში დამოუკიდებლობის საკითხს, და ერთი უმაღლესჩინოსანი რუსი პოლიტიკოსის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, განიხილავს მას როგორც ,,იმ პირობით ერთეულს, უკრაინას რომ ეძახიან''.
ყველაფერი ეს რუსეთის მომავლის მიმართ გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მეტი შანსია გაგრძელდეს დემოკრატიზაციის უკვე დაწყებული პროცესი, მაგრამ ბოლომდე არმიყვანილი რეფორმები პერიოდულად მაინც ანარქიის ტალღებს წარმოშობს, რაც, თავის მხრივ, ავტორიტარულ გადაწყვეტილებათა მიღების სავსებით ბუნებრივ სურვილს აჩენს. აქედან გამომდინარე, რუსეთს ვერც პირველ კატეგორიაში მოვათავსებთ და ვერც მეორეში სამწუხაროდ, მისი ადგილი სწორედ მესამე ჯგუფშია: იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზე, რომლის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ საკითხავია და რეალური გარდაქმნებიც - სათუო.
ყოელივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პოსტ-კომუნისტური გარდაქმნების ისტორია ჯერ დაუმთავრებელია, ხოლო პოლიტიკურად და ეკონომიკურად მდგრადი ლიბერალური ტიპის დემოკრატია არ არის რაღაც წინასწარგანსაზღვრული შედეგი - ყოველ შემთხვევაში, 27 პოსტკომუნისტური ქვეყნიდან ოცდაორისათვის მაინც.
კიდევ რისი გაკეთება ძალუძს დასავლეთს?
ახლა დროა ამ ოთხიდან ბოლო შეკითხვაც გავიხსენოთ: მოცემულ ვითარებაში, რა როლი შეიძლება დაეკისროს დასავლეთს და კერძოდ, შეერთებულ შტატებს? უპირველესი საზრუნავი მაინც შორს გამიზნული, კარგად გააზრებული სტრატეგიის ჩამოყალიბებაა, რომელიც მოიცავდა როგორც გეოპოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებს. სამწუხაროდ, ასეთი გაგება, უბრალოდ, ჯერ არ არსებობს. თავისთავად ეს სტრატეგია არ შეიძლება იყოს რუსო-ცენტრული ან რუსო-ფობური. პოსტკომუნისტურ არეალს უნდა მივუდგეთ როგორც ერთ მთლიან რეგიონს, ოღონდ გავითვალისწინოთ მასში შემავალ ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებების სულ სხვადასხვა დონე. ასეთი პოლიტიკური დოქტრინის ჩამოსაყალიბებლად და მის სარეალიზაციოდ შტატებმა შეიძლება მოითხოვონ სტრატეგიული დაგეგმარების ისეთი ინსტიტუტის შექმნა (დიდი შვიდეულის ეგიდით) რომელიც მოახერხებდა ცვლილებების გარკვეულ რეგულირებას და, თუნდაც გეოგრაფიული დაყოფის პრინციპით, რეგიონებს დააკავშირებდა მათთან სათანამშრომლოდ შესაფერის პარტნიორებთან.
დავუშვად, იაპონიის ძალისხმევა - რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, თავს იკავებს რუსეთის მიმართ პირდაპირი დახმარებისაგან - შეიძლება წარიმართოს უკრაინასთან მისი უშუალო თანამშრომლობის მიმართულებით. ასეთი ქმედითი ორგანო თავის საქმიანობაში უკვე უშუალოდ ჩააბამდა ამ საურთიერთობო ქვეყნებიდან მის მიერვე შერჩეულ, ამა თუ იმ კონკრეტული საქმიანობისათვის შესაფერის წარმომადგენლებსაც.
ასევე, ამ სისტემამ შეიძლება მოიცვას, ვთქვათ, კაპიტალდაბანდებანი ცენტრალური ევროპის ქვეყნებში წარმოებული პროდუქტებისა და სხვა ფართო მოხმარების საქონლის რუსეთში ექსპორტის მოსაგვარებლად, ეს წაადგებოდა როგორც ცენტრალური ევროპის ქვეყნების გარდაქმნის პროცესს, აგრეთვე რუსეთიც, გაუმართავი საშუამავლო სისტემის მაგივრად, როცა პირდაპირი დახმარების დიდი ნაწილი გაადამყიდველების ხელში და შესაბამისად, შავ ბაზარზე ხვდება - ფართო ასორტიმენტის ნაწარმის დეფიციტის აღმოსაფხვრელ საუკეთესო წყაროს მიიღებდა. ასეა თუ ისე, ცენტრალური ევროპისა და ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს შორის უშუალო ეკონომიკური კავშირების აღდგენა, შეიძლება ითქვას, ყველას ინტერესებში შედის.
შემდგომი საკითხი ისაა, რომ ,,დიდმა შვიდეულმა'' უკრაინისათვის უნდა შემოიღოს დახმარების ისეთი პაკეტი, როგორც რუსეთისათვის აქვს განსაზღვრული.
ბოლოსდაბოლოს, სისტემური გარდაქმნის მხრივ, დასავლეთი არ უნდა ანსხვავებდეს ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ხაზს ვუსვამ: გეოპოლიტიკური პლურალიზმი ისევე მნიშვენელოვანია, როგორც სისტემური გარდაქმნები. შეერთებული შტატები თითქოს დგამენ კიდეც ამ მხრივ გარკვეულ ნაბიჯებს, მაგრამ მეტისმეტად გაუბედავად, ნელა და რაც მთავარია, მაინც ვერ იცილებენ ბოლომდე რუსო-ცენტრულ სინდრომს: არადა, ვთქვათ, სპეციალურად უკრაინისათვის გამიზნული, ამ კონკრეტული ქვეყნის სარეფორმო პროგრამასთან შეთანხმებული დახმარების პაკეტი ისევე მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკის, როგორც თუნდაც, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.
1992 წლის დასაწყისში მაიკლ კამდესუსი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავკაცი, საჯაროდ აცხადებდა, რომ რუსეთს დასჭირდება დაახლოებით 24 მილიარდი დოლარის დახმარება უცხოეთის ქვეყნებისაგან, ხოლო სხვა ყოფილ რესპუბლიკებს - არანაკლებ 20 მილიარდისა5 ერთი წლის შემდგომ ზემოხსენებული თანხა დაუმტკიცდა რუსეთს, მაგრამ მეტად მცირე ან სულ არაფერი შეხვდათ უკრაინასა თუ სხვა რესპუბლიკებს. არადა, თავად რუსეთში გამეფებული ქაოსი ან მთლად ჩაჩეხავს რეფორმებს, ან სულაც მის იმპერიულ ამბიციებს წამოსწევს წინა პლანზე, ან ორივე ერთად მოხდება - მაშინ კი წყალში ჩაყრილი აღმოჩნდება ჩვენი მატერიალური დახმარებაცა და კეთილი სურვილებიც.
მესამე საკითხი: დასავლეთის ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა და მზარდი ინვესტიციები ახლა ბევრადაა დამოკიდებული ,,დიდი შვიდეულის'' ინიციატივაზე, რაკი ევროგაერთიანება მეტისმეტად პასიური იყო ამ მხრივ: მართალია, კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაზე (1993 წლის ივნისი) გარკვეული გადაწყვეტილებები კი იქნა მიღებული, მაგრამ ეს ქვოტებზე დამყარებულ, არსებული სისტემის მხოლოდ ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ეხებოდა. შეერთებულ შტატებს მეტი ზეწოლა ძალუძთ თავიანთ მოკავშირეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა თავადაც მეტი შემწყნარებლობით უნდა მოეკიდონ ცენტრალური ევროპის ქვეყნებისა თუ რუსეთის ექსპორტის პრობლემებს - მათ ეკონომიკას მეტისმეტად სჭირდება მეწარმეობის განვითარების ასეთი სტიმული.
მეოთხე: შეერთებულმა შტატებმა უნდა გადასინჯონ ზოგიერთი დოგმატური დებულება მათ მიერ შემუშავებული რჩევებიდან ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მიმართ. არ შეიძლება თავისუფალი ბაზრისა და ეკონომიკის განვითარებაში მთავრობის როლის უარყოფის თავისებურ ,,სეზამ - გააღე'' ფორმულად გასაღება. თვით დემოკრატიის სიკეთეთა ქადაგებისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, თუ ისტორიულად რამხელა დრო და ფაზების გავლა დასჭირდა დასავლეთს მის მისაღწევად. ყოველ შემთხვევაში, ამა თუ იმ რეგიონის სპეციფიკა და კულტურული გარემო უფრო მეტად უნდა იქნას გათვალისწინებული, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.
და ბოლოს, დროა დავიწყოთ ზრუნვა ახალი ტიპის უშიშროების სისტემის შექმნაზე, რომელიც თანდათანობით ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებსაც მოიცავს.
გეოპოლიტიკური დაძაბულობა სულ უფრო მატულობს ყოფილ კომუნისტურ სამყაროში და ისეთივე მძაფრ პოლიტიკურ ფორმებს იღებს, როგორც სოციო-ეკონომიკური სიდუხჭირე. ამაზე გარკვეული რეაგირებაა საჭირო, თუნდაც იმ მხრივ, რომ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მოხდეს ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მომზადება ჩრდილო-ატლანტიკურ კავშირში მათ შესასვლელად. ასეთი პროცესი უფრო მისაღები აღმოჩნდება რუსეთისა და უკრაინისათვის, თუკი ნათლად გამოიკვეთება საბოლოო მიზანი - უსაფრთხოების ფართო, ევრო-ატლანტიკური სისტემის შექმნა, რომელშიც, მომავალში, თვით კიევისა და მოსკოვისთვისაც არ იქნება კარი დახშული.
ყოველ შემთხვევაში, ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოთაგან რამდენიმე მაინც მალე იქნება მისაღები ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში, რადგან აზრი არა აქვს იმის ცდას, სანამ უმრავლესობა არ იქნება ამისათვის მზად. ასე რომ, 1996 წლისათვის თუნდაც ერთი ქვეყნის (ვთქვათ, პოლონეთის) გაწევრიანება ამ კავშირში დასავლეთის პოლიტიკის მთავარ სამიზნედ უნდა იქცეს.
ეს გეგმა სულაც არაა ვინმეს უსაზმნო ფანტაზიების ნაყოფი და არცთუ ისე რთული განსახონციელებელია, თუკი დასავლეთს საკმარისი პოლიტიკური ალღო და სტრატეგიული გეგმების აღსასრულებლად აუცილებელი მიზანსწრაფვა აღმოაჩნდება. მაგრამ საკითხავია, გამოიდებენ თავს შეერთებული შტატები? ისურვებს ამას მთლიანად დასავლეთი? იქნებ არც ასე მიზანდასახულად და არც მთლად ასე გამიზნულად მოქმედება არჩიონ?
საქმე ისაა, რომ ახლა დასავლეთის სამყარო უფრო საკუთარ თავში იხედება, ხოლო მის შეფასებათა შკალაზე კულტურული ჰედონიზმი დომინირებს, ასეთი მიდგომა კი სულაც არ უწყობს ხელს აქტიური პოლიტიკის გატარებას. არ მინდა შეერთებულ შტატებს იზოლაციონისტურ მიდრეკილებაში დავდო ბრალი - მას ჯერ თავის თავზე აღებულ არც ერთ გლობალურ მოვალეობაზე არ უთქვამს უარი - მაგრამ ისე ჩანს, რომ ვაშინგტონი ახლა მინიმალისტურ საგარეო პოლიტიკას მისდევს: ამ ეტაპზე იგი საკუთარ მოვალეობებს სხვა სამყაროს მიმართ მეტისმეტად ვიწროდ აღიქვამს, და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ავლენს ლიდერის თვისებებს, ისეთ შემთხვევებში, როცა აქტიური მოქმედება, უბრალოდ, აუცილებელი ხდება.
თუმცა ჰედონიზმის ეს ტალღა საერთო მოვლენაა დასავლეთში და ამერიკული მინიმალიზმიც რაღაც თავისებურ ,,გამარჯვებისშემდგომ ეიფორიას'' გავს: იმედია, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს მაინც არ გასტანს, რადგან თუ ასე გაგრძელდა, პოსტ-კომუნისტური გარდაქმნები კიდევ უფრო მტკივნეულ ფორმებს მიიღებს და მომავალიც, შესაბამისად, უფრო ბუნდოვანი გამოჩნდება.
____________________
1. ზბიგნევ ბჟეზინსკი - ა.შ. შ. სახელმწიფო მრჩეველი ეროვნული უშიშროების დარგში (1977 - 81 წ. წ.); მისი წინა ნაშრომის სათაური გახლდათ ,,დიდი მარცხი: კომუნიზმის დაბადება და სიკვდილი XX საუკუნეში`'.
2. მაგ. იხ. ა.შ.შ. მთავარი სტატისტიკური სამმართველოს ანგარიში ,,პოლონეთი და უნგრეთი - ეკონომიკური ცვლილებები და ა.შ.შ.-ს დახმარება“, მაისი, 1992. გვ. 18 - 26, 30.
3. იხ. Kyodo-ს ანგარიში, 24 მაისი, 1993. აგრეთვე, გრიგორი იავლინსკის ღია წერილი ,,დასავლეთის დახმარება ვერაფერს გვიშველის“ ( ,,ნიუ იორკ ტაიმსი'', 28 ივლისი, 1993)
4. იხ. „უორლდ ფექტ ბუქ“, 1991.
5. ,,ნიუ - იორკ ტაიმსი“, 16 აპრილი, 1992.
![]() |
10 რატომ არ გვიღებენ ნატოში?! |
▲ზევით დაბრუნება |
კახა კაციტაძე
განვითარებული სოციალიზმის ხანაში სახელი ,,ნატო“ ავბედით ასოციაციებს იწვევდა. საბჭოური პროპაგანდისტების მტკიცებით ნატო ავი და ბოროტი იმპერიალისტების დამრტყმელი ძალა იყო, რომლის მთავარი ამოცანა სამხედრო ძალის გამოყენებით საბჭოთა ხალხის გაძარცვაში მდგომარეობდა. ერთი სიტყვით, ნატოთი ხალხს ისე აშინებდნენ, როგორც დღეს აშინებენ სხვადასხვა ჯურის თოფოსნებით.
რასაკვირველია, საქმეში ჩახედული (ხოლო ზოგჯერ აგრეთვე ჩაუხედავი) ხალხი გაიკვირვებდა ხოლმე - ვის რა ჯანდაბად უნდა გაძარცულ-გაღატაკებული და გამათხოვრებული საბჭოთა ხალხის გაძარცვაო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა: საბჭოთა პროპაგანდა დიდის გულმოდგინებით ამტკიცებდა, ნატო კაცობრიობის ისტორიაში უბოროტესი ალიანსია, რომელთან შედარებით ბერლინი-რომი-ტოკიოს ღერძი ბავშვური თამაშობააო.
ამ სტრიქონების ავტორს ქერა-კითხვა ახალი ნასწავლი ჰქონდა, როდესაც ხელში ქართული იუმორისტული აზრის სიამაყე, შეუდარებელი ,,ნიანგის“ ერთ-ერთი ნომერი ჩაუვარდა. მისი ყურადღება გარეკანზე ასახულმა კარიკატურამ მიიპყრო (რომელიც, რასაკვირველია, პოლიტიკური სატირის დიდოსტატ გ. ლომიძეს ეკუთვნოდა): კარიკატურაზე გამოხატული იყო წვერცანცარა, უსიამოვნო გარეგნობის, ღიპიანი და ცილინდრიანი მამაკაცი, რომელიც ყველა ამ ჩამოთვლილ ღირსებებთან ერთად მუხლებზეც იყო განრთხმული. მამაკაცი ესე ლურჯ-წითელ-თეთრ მოკლე კაბაში გამოწყობილ მანდილოსანს მისტიროდა: ,,ნუ წახვალ ნატო, დარჩი, ნუ დაანგრევ ოჯახს!“ იქვე გაურკვეველი გარეგნობის ორი არსება ცერისხელა ცრემლებს აფრქვევდა (როგორც ჩანს, ჟურნალის მკითხველები თავად უნდა მიმხდარიყვნენ, რომ ეს არსებები წვერცანცარა ბიძისა და ნატოს შვილები იყვნენ). ამ არსებათაგან ერთი ყავისფერ უნიფორმაში იყო გამოწყობილი და თავზე ჯვრის გამოსახულებიანი დაფშვნილი ჩიჩქანი ეხურა, ხოლო მეორე არსება იმით გამოირჩეოდა, რომ გარეგნობა ლომისა ჰქონდა და ჭრელ ზოლიან მაისურში იყო გამოწყობილი. რემბრანტის ყალმის საკადრის ამ კომპოზიციას აგვირგვინებდა გრძელცხვირა, წოწოლა ჯეელი, რომელიც ულვაშებში იღიმებოდა. ყველა ნიშნით ცხადი იყო, რომ ხსენებული ნატო აშკარად ამ უკანასკნელისაკენ ისწრაფოდა.
რასაკვირველია, ამგვარ სიუჟეტს არ შეიძლებოდა არ მიეპყრო ბავშვის ყურადღება. მშობლებმა ჯერ სცადეს ჩემი აბეზარი ცნობისმოყვარეობა აელაგმათ ,,მაინც ვერ გაიგებ“-ის ტიპის არგუმენტებით, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და ბოლოს ავტორიტეტულად ამიხსნეს: მუხლებზე დამხობილ წვერცანცარა ბიძას ძია სემი ჰქვია და ამერიკას განასახიერებსო. ორი მოტირალი არსება გერმანია და ინგლისია, მოკლეკაბიანი ქალი - საფრანგეთი, ხოლო ულვაშებიანი ბიძია (რომელიც დასაწყისში
სტალინი მეგონა) გენერალი დე გოლია, ვინც საფრანგეთი გამოსტაცა ნატოსო. მართალია ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა რატომ ერქვა დასახელებულ ქალბატონს ნატო, მაგრამ ეს არ არის არსებითი. მთავარია, რომ ნატოსთან პირველი გაცნობა შედგა.
გამოხდა ხანი. ისტორიის კანონთა და საბჭოთა საჭეთმყპრობელთა ბრძნული პოლიტიკის წყალობით იმპერიის დასასრულის ხანამაც მოაღწია. ეროვნული მოძრაობა აბობოქრდა და უცებ გამოირკვა, რომ ნატო ჩვენი მოსისხლე მტერი კი არა, უძვირფასესი ძმა და მეგობარი ყოფილა. მრავალრიცხოვან მიტინგებზე რუსი გენერლების გულზე გასახეთქად საქართველოში ნატოს ჯარების შემოყვანას მოითხოვდნენ. ტიპიური გახდა ლოზუნგი - ,,ამოვხტეთ რუსეთის გეოსტრატეგიული სივრციდან და გადავხტეთ ევროატლანტიკურ სივრცეში!'' მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსის სამშობლოში დაბრუნებამ კიდევ უფრო გააძლიერა ამგვარი გეოსტრატეგიული სალტო-მორტალეს განხორციელების იმედი.
და უცებ ქართველებმა აღმოვაჩინეთ, რომ ნატოს სულაც არ ვუნდივართ!.. ყოველ შემთხვევაში, თავში არავის მოსვლია ჩვენთვის იქ თბილი და მყუდრო ალაგი გამოეძებნა... ჩვენ კი არა, ლამისაა პოლონეთს, ჩეხეთსა და უნგრეთსაც უარი უთხრან. დაბნეულ ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებას მთელი სისავსით წარმოუდგა ერთდროულად დრამატული და რიტორიკული კითხვა: რატომ არ მიგვიღეს ნატოში? ბევრმა ამ ფაქტში კრემლის ყველგანმყოფი ხელი ამოიცნო. სხვებმა ყოველივე სხვადასხვა ჯურის მეტაძრეებსა და მასონებს გადააბრალეს.
ეს კიდევ არაფერი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა საზოგადოებამ მეორე შემზარავი ფაქტიც გააცნობიერა: თურმე ნატო არ აპირებდა ჩვენს მაგივრად ეომა აფხაზეთში საქართველოს ინტერესების დასაცავად. უფრორე საშინელი ის იყო, რომ ნატო არც იარაღის მოქოდებას გვიპირებდა და ასე გასინჯეთ, ჩვენს ტერიტორიაზე სამშვიდობო აქციებშიც არ აპირებდა მონაწილეობას.
ატყდა ერთი ვაივიში: ,,დასავლეთმა გაგვყიდა'' (სტატისტიკის მოყვარულებმა სწრაფად დაითვალეს, რომ ხსენებული მოქმედება დასავლეთის მხრიდან რიგით მესამე იყო). რას შვრება ნატო? ,,ნუთუ რუსებზე გაგვყიდა?!''. ამ შეძახილის ავტორები ისევე კარგად ერკვეოდნენ ნატოს ფუნქციებში, როგორც მე, როდესაც აღწერილი კარიკატურა პირველად ვიხილე. ჩვენს მკითხველს იშვიათად მიეწოდება ინფორმაცია ნატოზე. ქართულად არ არსებობს არც ერთი საგანგებო გამოკვლევა, რომელიც შეეხება ნატოს ფუნქციებს და ამოცანებს. არადა, უამისოდ ვერასოდეს გავიგებთ, რატომ არ გვიშველა ნატომ! წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია ნაწილობრივ მაინც შეავსოს ეს ხარვეზი.
საგარეო - პოლიტიკური ფაქტორი
ნატო გლობალური მნიშვნელობის საფრთხის ნეიტრალიზაციისათვის შეიქმნა. საფრთხის სათავე მდგომარეობდა საბჭოთა კავშირის სწრაფვაში მსოფლიო ჰეგემონიისაკენ, რომლის განხორციელების უმნიშვნელოვანეს ეტაპად უნდა ქცეულიყო ევროპაზე სამხედრო კონტროლიოს დამყარება. გერმანიის გაერთიანების, ევროპიდან რუსეთის ჯარების გაყვანის და ევროპასა და რუსეთს შორის სნგ-ს სახელმწიფოების (უკრაინა, ბელარუსი, ბალტიის რესპუბლიკები, რომელთა ტერიტორიაზე აღარ არის განლაგებული რუსეთის სახმელეთო ძალები) ბუფერის შექმნის შემდეგ ნატოს წინაშე მდგომი პირველადი ამოცანა, ფაქტიურად, შესრულებულია. რუსეთს უბრალოდ აღარ აქვს სამხედრო-სტრატეგიული და გეოგრაფიული შესაძლებლობანი ცენტრალური ევროპის მიმართულებით აგრესიისა. რასაკვირველია, იმის არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ რუსეთი არ დაუბრუნდება თავის ექსპასიონისტურ კურსს: მაგრამ დასავლეთი ამის საწინააღმდეგოდ გაატარებს არა სამხედრო-სტრატეგიულ, არამედ უპირატესად პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებს. საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულება ერთ-ერთი ნიშანი იქნება იმისა, უბრუნდება თუ არა რუსეთი იმპერიულ ზრახვებს, მაგრამ საქართველოს ნატოში მიღება თავისთავად ვერც დააჩქარებს და ვერც შეანელებს რუსეთის პოლიტიკური კურსის საბოლოო განსაზღვრას. ექსპანსიონისტური კურსისადმი დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ამ უკანასკნელისათვის გეოსტრატეგიული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ ექნება, ვინაიდან საქართველოში ნატოსთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას წლები დასჭირდება, მაშინ, როდესაც ამგვარი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს თურქეთში. ხოლო საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ, დასავლეთის ექსპერტების აზრით, შეიძლება რუსეთში ნეოიმპერიალისტური კურსის მომხრეთა პოზიციების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. ამგვარი საგარეო-პოლიტიკური ვითარება ძალიან ართულებს საქართველოს ნატოს წევრ სახელმწიფოებთან გაერთიანების საკითხს. აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ საქართველოს, მიუხედავად თავისი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობისა, ტერიტორიული სიმცირის გამო არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს გლობალური მასშტაბით განხორციელებული ექსპანსიის შეკავებაზე.
საქართველოს საგარეო - პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს გაწევრიანებას ნატოში.
1. საქართველოში არ ჩამოყალიბებულა დემოკრატიული სახელმწიფოებრივი სისტემა. მართალია, თავის დროზე ნატოს ქვეყნებმა თვალი დახუჭეს თურქეთსა და პორტუგალიაში დემოკრატიული სისტემების არარსებობაზე (თუ სისუსტეზე) და მიიღეს ისინი ალიანსის წევრებად, მაგრამ ეს უპირატესად გეოსტრატეგიული მოსაზრებებით იყო ნაკარნახები. თურქეთის გარეშე შეუძლებელი იყო საბჭოთა ექსპანსიის შეკავება ახლო აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით, ხოლო პორტუგალიისა და ატლანტის ოკეანეში მდებარე მის მფლობელობაში მყოფი კუნძულების გარეშე შეუძლებელი იყო ეფექტური მოქმედება ატლანტიკის რაიონში. საქართველოს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ გააჩნია ამგვარი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა, ამიტომ არავინ არ დახუჭავს თვალს მასში მიმდინარე საშინაო პროცესებზე. აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმ ვითარებაზე, რომ ამგვარი თვალის დახუჭვა ხდებოდა 50-იან და 60-იან წლებში, რომ დღეს პორტუგალია დემოკრატიული სახელმწიფოა და თურქეთიც ამ გზას ადგას. ნატო ძალიან მტკივნეულად განიცდის ადამიანის უფლებათა დარღვევებს თურქეთში და აუკრძალა კიდეც მას ქვეყნის შიგნით (ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ) ნატოს პროგრამების ჩარჩოებში მიწოდებული იარაღის გამოყენება (ნატოს აზრით ეს იარაღი მხოლოდ საგარეო აგრესიის მოგერიების საქმეს უნდა ემსახურებოდეს). ნათქვამიდან გამომდინარე, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრიც კი ზედმეტია მანამ, სანამ ჩვენში დასავლური ტიპის დემოკრატია არ დამყარდება.
2. ნატოს სახელმწიფოების პოლიტიკური მოწყობის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს სამოქალაქო ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. ნატოს არცერთი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი არ არის სამხედრო პირი. შეიარაღებული ძალები განკუთვნილი არიან მხოლოდ სამხედრო ფუნქციების შესასრულებლად და არ არიან დაკავებულნი არავითარი სხვა საქმიანობით. ახლა ვნახოთ, რა ვითარებაა საქართველოში: ჩვენში ფაქტიურად არ არსებობს სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ დაჯგუფებებზე, არ არსებობს ერთიანი შეიარაღებული ძალები: ხოლო ,,თოფოსნები'' სამხედრო საქმეთა გადაწყვეტაზე კი არ ზრუნავენ, არამედ უკანონო ბიზნესის წარმოებაზე, დაკავებულნი არიან ბენზინის ბიზნესით, რეკეტით და ა. შ. ბუნებრივია, ამგვარი ,,არმიის'' მქონე სახელმწიფოს ნატოში ცხვირსაც არავინ შეაყოფინებს.
ნატოში წევრობა გულისხმობს გარკვეული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მოახერხებს საქართველო ამგვარი ვალდებულებების შესრულებას? ვერ მოახერხებს! და აი რატომ:
1. საქართველოს უბრალოდ არ ჰყავს ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელიც შეასრულებდა ნატოს წევრობიდან გამომდინარე სამხედრო ვალდებულებებს.
2. საქართველოს არ გააჩნია სამხედრო დოქტრინა. ქვეყანაში თითქმის არ არსებობს სამხედრო-თეორიული აზრი.
3. არ არსებობენ ნატოს შესაბამისი სამხედრო წესდებები. არ გაგვაჩნია ნატოს შესაბამისი სამხედრო კანონმდებლობა.
4. არ გაგვაჩნია ნატოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციის სისტემები. ინფრასტრუქტურის შექმნას წლები სჭირდება. ისეთმა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა, როგორიცაა რკინიგზის ზოლების სიგანეში რამდენიმე სანტიმეტრით განსხვავება, შეიძლებაწქლობით შეაფერხოს სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა. ასეთი ინფრასტრუქტურის გარეშე კი ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრიც ზედმეტია.
5. არ გვაქვს ნატოს ქვეყნებთან სტანდარტიზებული იარაღი და საჭურველი. საქართველოს არმია შეიარაღებულია რუსული წარმოების იარაღით, რომელთა კალიბრები და სხვა ტექნიკურ-ტაქტიკური მაჩვენებლები მთლიანად განსხვავდება ნატოს ქვეყნებისაგან. ასეთი სტანდარტიზაციის გარეშე შეუძლებელია რომელიმე სამხედრო ბლოკში გაერთიანება. სხვათა შორის, აქამდე ნატოში პოლონეთის, უნგრეთის და ჩეხეთის გაწევრიანებას, გარდა საერთაშორისო ფაქტორებისა (რუსეთის წინააღმდეგობა) ხელი შეუშალა იმანაც, რომ ამ ქვეყნებს არ ჰყავდათ ნატოს წესდებათა თანახმად გაწვრთნილი ძალები, არ გააჩნდათ ნატოს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და იარაღი.
სირთულეები, რომლებასაც ნატოს წესდება უქმნის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას
ჩრდილო ატლანტიკის ხელშეკრულების მე-4 მუხლი მის ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას განიხილავს როგორც თავდასხმას ნატოს წევრ ყველა სახელმწიფოზე. კავკასიაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შეიძლება კურიოზებამდეც კი მიეყვანა. ვთქვათ და ნატოს წევრ სახელმწიფოს თავს დასხმოდა კავკასიის მთიელთა კონფედერაციის რაზმები. ნატოს წესდების თანახმად, ეს უნდა განხილულიყო როგორც თავდასხმა პორტუგალიაზეც, ჰოლანდიაზეც, კანადაზეც... ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა აეხსნა კანადის მთავრობას თავისი მოსახლეობისათვის, რომ მას ცხრა მთას იქით თავს დაესხა არარსებული საერთაშორისო-სამართლებრივი სუბიექტი, ხოლო ,,უშუალოდ თავდასხმის რეგიონში გადამთიელთა შემოჭრას მავანნი ადრეულ შუასაუკუნეებისდროინდელი რომელიღაც დიდი მეფის მიერ ყივჩაღების ჩამოსახლების კონტექსტში იაზრებენ...''1. მოკლედ, სანამ კავკასიაში იქნება ისეთი მდგომარეობა, რომელიც ნატოს ხელშეკრულების რომელიმე მუხლის აბსურდული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ნატოში ჩვენს გაწევრიანებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
სამხედრო და დიპლომატიური კადრების არარსებობის საკითხი. ნატოს ხელმძღვანელი სტრუქტურები მრავალეროვნული ხასიათისაა და დაკომპლექტებულია ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო და დიპლომატიური წარმომადგენლობით. იბადება კითხვა, ჰყავს თუ არა საქართველოს ამ საქმისათვის ვარგისი პირები? შეუძლია თუ არა საქართველოს წარმომადგენელს, თავისი მომზადების დონიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს ნატოს სამხედრო დაგეგმვის მუდმივ კომიტეტში, ბირთვული დაგეგმვის ჯგუფში, სამოქალაქო სფეროში განსაკუთრებული გეგმების შემუშავების მთავარ კომიტეტში, საერთაშორისო სამდივნოში, საერთაშორისო გაერთიანებულ შტაბში და ა. შ.? პასუხი ცხადია: არ შეუძლია, ვინაიდან არ ჰყავს და არც ცდილობს ასეთი კადრების მომზადებას.
ზემოთქმული გარემოებანი სრულიად საკმარისია იმის გასაგებად, თუ რატომ არ დამდგარა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი. და სანამ ეს გარემოებანი არსებობენ, ვერავინ, რაც არ უნდა დიდი ავტრიტეტი გააჩნდეს, ვერ მოახერხებს მოკლე დროში მიაღწიოს ამას.
რატომ არ დაგვეხმარა ნატო აფხაზეთში კონფლიქტისას
ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯერ-ერთი, თავისი წესდებით ნატო გამიზნულია წევრ სახელმწიფოთა საგარეო აგრესიიდან დაცვისათვის და არა მათ შინაგანი კონფლიქტებში მონაწილეობისათვის. საქართველომ კი ვითარებას იურიდიული კვალიფიკაციაც ვერ მისცა: ომი ისე დამთავრდა, ვერც გავარკვიეთ, სამამულო ომი იყო ეს, უცხოეთის სამხედრო აგრესია, ეთნოკონფლიქტი, სამოქალაქო ომი თუ სხვა რამ. ნატოს წევრები სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოები არიან და ვერავინ მოახერხებს მათ ხელმძღვანელებთან იმგვარად ჩააწყოს საქმე, რომ ამ უკანასკნელებმა დაარღვიონ ნატოს წესდებით ნაკისრი ვალდებულებანი. გავიხსენოთ: ნატოს სახელმწიფოებმა დაგმეს ნატოს წევრის - თურქეთის - მოქმედება, როდესაც ამ უკანასკნელმა ნატოს ჩარჩოებში მიღებული იარაღი საშინაო კონფლიქტში გამოიყენა. აქედან გამომდინარე, ისინი საქართველოს იარაღს არამც და არამც არ მიაწვდიდნენ.
ამას გარდა, ნატოს სახელმწიფოთა უმრავლესობა მაღალგანთვითარებული პოსტინდუსტრიული სახელმწიფოებია და საშინაო კონფლიქტების იარაღის ძალით გადაწყვეტა, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებლად მიაჩნია. აქედან გამომდინარე, ისინი არამც და არამც არ მიაწვდიდნენ იარაღს იმ ხელისუფლებას, რომელმაც საკუთარ ეროვნულ უმცირესობებთან და პოლიტიკურ მოწინააღმდლეგეებთან უთანხმოებების შეიარაღებული გზით გადაწყვეტა აირჩია.
შემდეგ, ნატო აფხაზეთის კონფლიქტისას საქართველოს არამც და არამც არ მიაქვდიდა იარაღსა და საჭურველს, იმიტომ, რომ არ ეცოდინებოდა ვის ხელში აღმოჩნდებოდა ეს ყველაფერი. აშშ-ს მთავრობამ ანგოლის ანტიკომუნისტურ დაჯგუფება ,,უნიტას'' დიდძალი თანხა გადაუხადა, რათა უკან გამოესყიდა 250 საზენიტო რაკეტა ,,სთინგერის'' გასაშვები დანადგარი, რომელიც თავის დროზე ანგოლას გადასცა. მიზეზი: ამერიკა შიშობდა, რომ შემდგომ ეს იარაღი ხელში ჩაუვარდებოდათ ამერიკისადმი მტრულად განწყობილ რეჟიმებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ს კარგად ეცოდინებოდა რა ვითარება სუფევდა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში აფხაზეთის ომისას, გასაგები გახდება, რატომ არ დაგვეხმარენ ეს სახელმწიფოები იარაღითა და საჭურველით. ის ადვილად შეიძლებოდა ჩავარდნილიყო ანტიამერიკულად განწყობილი რომელიმე რეჟიმის ხელში.
იმ ,,უმნიშვნელო'' ფაქტორსაც თუ არ შევეხებით, რომ თანამედროვე დასავლური იარაღის გამომყენებელი საქართველოში მაშინაც არავინ იყო (და არც დღესაა), ზემოთქმული მაინც საკმარისი იქნება იმის გასაგებად, თუ რატომ არ დაგვეხმარა ნატო აფხაზეთის კონფლიქტისას.
რატომ არ მონაწილეობს ნატო აფხაზეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო ოპერაციებში ?
ამ კითხვაზე ძირითადი პასუხი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: იმიტომ რომ ნატოს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ამგვარ სამშვიდობო აქციებში ნატოს კოლექტიურ
მონაწილეობას. ნატო შეიქმნა საგარეო აგრესიის შეკავებისათვის და არა იმიტომ, რომ მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო აქციებში დედამიწის ნებისმიერ რაიონში. ეს არა ნატოს, არამედ გაეროს პრეროგატივაა. რასაკვირველია, ნატოს ცალკეულ ქვეყნებს გაეროს წესდების ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ასეთ ოპერაციებში (და იღებენ კიდეც. დამკვირვებლების გაგზავნაც სამშვიდობო აქციაში მონაწილეობაა), მაგრამ ნატო, როგორც ასეთი, ვერ ჩაატარებს ამგვარ ოპერაციას თუ მას გაეროს მანდატი არ ექნება. ხოლო იმ საკითხის გარკვევა, მიიღებდა თუ არა ნატო ასეთ მანდატს უშიშროების საბჭოსაგან, როდესაც იქ რუსეთს ვეტოს უფლება გააჩნია, მკითხველისთვის მიგვინდია.
რა უნდა გაკეთდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის
ამისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა გაირკვეს თავად ნატოს როლი საერთაშორისო ურთიერთობათა ახალ სისტემაში. დღეს საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული რა გზით წავა რუსეთი, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ნატო სიფრთხილეს იჩენს თავისი ტრადიციული შემაკავებელი როლის გადასინჯვის საქმეში. ნატოს ახალ როლზე მხოლოდ ამგვარი გადასინჯვის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი. საქართველოსთვის ხელსაყრელია, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ამ ორგანიზაციის ახალი ამოცანების კონტექსტში წარიმართოს. ამგვარი თანამშრომლობისათვის კარგ ბაზისს ქმნის ამერიკის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ,,თანამშრომლობა მშვიდობისათვის''2. ახლა მთავარია ჩვენმა სახელმწიფო უწყებებმა ერთხელ მაინც შეიმუშაონ სოლიდური პროგრამა ნატოსთან თანამშრომლობისა. ამგვარი პროგრამის რეალიზაციამ საშუალება უნდა მოგვცეს დაახლოებით ათი წლის შემდეგ მაინც რეალური გახდეს საკითხის დაყენება ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის თაობაზე.
ამგვარი პროგრამა თავისთავად ვერ გადაწყვეტს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს. ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო პირობები საქართველოს გარეთ კი არა, მის შიგნით უნდა რეალიზდეს. იმისათვის, რომ ნატოს წევრი გავხდეთ, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნატო რომ დაგვეხმაროს, აუცილებელია ჩვენც ისეთივე სახელმწიფო ვიყოთ, როგორც ნატოში შემავალი ქვეყნები არიან. მხოლოდ მოწოდება, რომ რუსეთი ჯინაზე გაგავწევრიანეთ ნატოში, ყოველთვის დარჩება ,,ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა''.
ამიტომ კითხვას ,,რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნატო დაგვეხმაროს?'', ერთადერთი სწორი პასუხი აქვს: უნდა ვიყოთ ისეთივე ქვეყანა (დემოკრატიული, სტაბილური, საბაზრო ეკონომიკით და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლით), როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან. ესაა სულ...
________________________
1. იხ. ალმანახი ,,ახალი დროება“, რუბ. მრგვალი მაგიდა, გვ. 209.
2. კლინტონის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს ნატოს ხელმძღვანელებმა. პროგრამა გულისხმობს თანამშრომლობის სისტემის შექმნას ნატოს და მასში არშემავალ ევროპულ სახელმწიფოებს შორის. ამასთან, ყველა სახელმწიფომ ინდივიდუალურადაც უნდა განსაზღვროს, რა სფეროებში ითანამშრომლოს ნატოსთან.
![]() |
11 კატასტროფების თეორია და პოსკომუნისტური სამყარო |
▲ზევით დაბრუნება |
გაგა ნიჟარაძე
როგორც ცნობილია, მათემატიკის არსი ზოგადი კანონების აღმოჩენაში მდგომარეობს: კონკრეტულ საგნებთან მათ საქმე არა აქვს. ორჯერ ორი ყოველთვის ოთხია, სულ ერთია, კვერცხებს დავითვლით თუ გემებს.
თუმცა, გასულ საუკუნეში სუფთა მათემატიკისაგან განასხვავებდნენ მათემატიკის გამოყენებით დარგებს, რომლებიც მხოლოდ გემებს, ან წისქვილებს, ან სხვა ასეთებს ემსახურებოდნენ. მაგრამ უკვე ჩვენს დროში, როდესაც მიკრო და მაკროსამყაროს ინტენსიური კვლევა გაიშალა, გამოირკვა, რომ სუფთა მათემატიკა, თავისი ეგზოტიკური გამონაგონებით, იქნება ეს ირაციონალური რიცხვები თუ მრავალგანზომილებიანი სივრცეები, გაცილებით უკეთ ართმევს თავს ახალ ამოცანებს, ვიდრე ქმინდა პრაქტიკული მიზნებისათვის შექმნილი გამოყენებითი დარგები.
კატასტროფების თეორიაც ქმინდა მათემატიკას განეკუთვნება. პირველად მის შესახებ ფართო საზოგადოებამ 70-იანი წლების დასაწყისში შეიტყო1. პოპულარული ჟურნალები ,,ტაიმი'', ,,ნიუსუიკი'' და სხვები წერდნენ მათემატიკაში მომხდარ გადატრიალებაზე, კატასტროფების თეორიას აცხადებდნენ უნივერსალურ იარაღად მეცნიერული კვლევისათვის. და მართლაც, გაჩნდა ასობით სერიოზული და არცთუ ისე სერიოზული პუბლიკაცია, სადაც კატასტროფების თეორიის აპარატს უსადაგებდნენ ემბრიოლოგიასა და ფსიქოლოგიას, კარდიოლოგიასა და ლინგვისტიკას, სოციოლოგიასა და გეოლოგიას. მეტიც, ახალი თეორია სულ მთლად მოულოდნელ სფეროებს გადასწვდა. ფსიქიკურ აშლილობებს, პატიმართა ამბოხებებს, ბირჟაზე მოთამაშეთა ქცევას, მძღოლებზე ალკოჰოლის გავლენას და ასე განსაჯეთ, ეროტიკულ ლიტერატურაზე ცენზურის დაწესების კანონზომიერებებსაც კი...
ზემოთქმულიდან ჩანს, რომ, მიუხედავად ცოტა არ იყოს შესაშინებელი სახელწოდებისა, კატასტროფების თეორია არ სწავლობს მხოლოდ ჩერნობილის ან ,,ტიტანიკის'' დაღუპვის ტიპის მოვლენებს. ტერმინი ,,კატასტროფა'' მეცნიერებაში 60-იანი წლების ბოლოს დანერგა ფრანგმა მათემატიკოსმა რ. ტომმა. ეს ცნება ასე განისაზღვრება: ობიექტის ხარისხობრივი ცვლილება ამ ობიექტზე მოქმედი პარამეტრების თანაბარი, თანდათანობითი ცვლილებებისას.
მარტივი მაგალითი: წარმოიდგინეთ ლითონის დრეკადი ფირფიტა, ვთქვათ, სახაზავი, რომელიც ოდნავ ამოზნექილ მდგომარეობაშია დაფიქსირებული. თუ მას თითით დავაწვებით, ჩვენი სახაზავი ერთხანს წინააღმდეგობას გაგვიწევს, შემდეგ კი ერთბაშად, ნახტომისებურად შეიცვლის მდგომარეობას, რამდენიმე წამს იყანყალებს და ბოლოს მეორე მხარეს ჩაზნექილ პოზიციაში ,,დაწყნარდება''. მოხდა ,,კატასტროფა'' - სისტემამ ნელი და თანაბარი ზემოქმედების შედეგად მკვეთრად იცვალა მდგომარეობა.
დაკვირვებული მკითხველი შენიშნავს, რომ კატასტროფების თეორია გარკვეულწილად ეხმიანება ჰეგელის დიალექტიკის მეორე კანონს, რომელიც რაოდენობის თვისობრიობაში გადასვლას ეხება. მაგრამ თუ ფილოსოფოსის დებულება ქმინდა გონებაჭვრეტით სპეკულაციას წარმოადგენდა, კატასტროფების თეორია მკაცრ მათემატიკურ საფუძველს ეყრდნობა.
რასაკვირველია, კატასტროფების მათემატიკური თეორიის არსებობა თავისთავად არ გამორიცხავს კატასტროფებს. ყოველგვარი თეორიის გარეშე ცხადია, რომ უსაფრთხოების ტექნიკის უგულვებელყოფა, სპეციალისტების კომპეტენტურობის დონის დაცემა საბედისწეროდ ზრდის კატასტროფების ალბათობას. როდესაც მართვის სისტემაში უკუკავშირები გაწყვეტილია, როდესაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ღებულობენ პირები, რომლებიც მათ შედეგებზე არავითარ იურიდიულ თუ მატერიალურ პასუხს არ აგებენ, კატასტროფები გარდაუვალი ხდება (ამის კარგი მაგალითია საბჭოთა რეჟიმი): ომის ან ეროვნული შუღლის გამჩაღებლებს ჩვეულებრივ მიაჩნიათ, რომ პირადად ისინი შედეგებზე პასუხს არ აგებენ (სამწუხაროდ, ხშირად ასეც ხდება). კატასტროფების თეორიისათვის ეს ელემენტარული ჭეშმარიტებებია.
მაგრამ თეორია პროგნოზსაც იძლევა. მეცნიერებმა, რომლებიც დაპირისპირებული ბლოკების სამხედრო პოტენციალის ზრდას, ე. წ. ,,გამალებულ შეიარაღებას'' სწავლობდნენ, ჯერ კიდევ 60-იან წლებში იწინასწარმეტყველეს, რომ განყოფადი ქობინების დანერგვა სტრატეგიული წონასწორობის დარღვევას გამოიწვევდა. მათვე შეიმუშავეს პროგნოზი, რომ თუ ეს სახიფათო მდგომარეობა დიპლომატიური გზით მოგვარდება, შეიარაღების შემდგომმა გაძვირებამ სიტუაციის სტაბილიზაციას შეიძლება შეუწყოს ხელი.
კატასტროფების თეორიის საფუძველზე, ,,პერესტროიკის'' დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, შემუშავდა თეორიული მოდელი, რომელიც აღწერს რთული, მათ შორის სოციალური სისტემების ტრანსფორმაციის კანონზომიერებებს. საბჭოთა სახელმწიფოს სტუქტურა განეკუთვნებოდა მდგრად, მაგრამ ,,ცუდ'' მდგომარეობაში მყოფ სისტემებს: ,,ცუდს'', ვინაიდან ,,მხედველობის არეში'' არსებობდა და არსებობს უკეთეს მდგომარეობაში არსებული სისტემები.
აი, დასკვნები ,,ცუდი'' სისტემების ქცევის შესახებ, (ძნელია არაა იმის შემჩნევა, რომ ჯერ-ჯერობით მოვლენების მსვლელობა, როგორც მთლიანად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ისე საქართველოში, პრაქტიკულად ემთხვევა წინასწარმეტყველებას):
1. უკეთესი მდგომარეობისაკენ თანდათანობითი მოძრაობა მაშინვე იქვევს გაუარესებას. გაუარესების სისწრაფე უკეთესი მდგომარეობისაკენ თანაბარი მოძრაობისას იზრდება.
2. ცუდი მდგომარეობიდან უკეთესისაკენ მოძრაობისას სისტემის წინააღმდეგობა იზრდება.
3. წინააღმდეგობის მაქსიმუმი მიიღწევა უფრო ადრე, ვიდრე ყველაზე უარესი მდგომარეობა, რომლის გავლაცაა საჭირო უკეთესის მისაღწევად. წინააღმდეგობის მაქსიმუმის გავლის შემდეგ მდგომარეობის გაუარესება გრძელდება.
4. ყველაზე უარეს მდგომარეობას მიახლოებასთან ერთად წინააღმდეგობა, გარკვეული მომენტიდან დაწყებული, შესუსტებას იწყებს: მას შემდეგ, რაც ყველაზე ცუდი მდგომარეობა გავლილია, წინააღმდეგობა არათუ მთლიანად ქრება, არამედ სისტემა ,,მიიზიდება'' უკეთესი მდგომარეობისაკენ.
5. სუსტად განვითარებულ სისტემას შეუძლია უკეთეს მდგომარეობაში გადასვლა თითქმის წინასწარი გაუარესების გარეშე, მაშინ როდესაც განვითარებულ სისტემას, თავისი მდგრადობის გამო, ამგვარი თანდათანობითი, განუწყვეტელი გაუმჯობესების უნარი არა აქვს.
6. თუ ხერხდება სისტემის უცებ, ნახტომისებურად (და არა თანდათანობით) გადაყვანა ცუდი მდგრადი მდგომარეობიდან უკეთესთან საკმაოდ ახლოს, შემდგომში იგი თავისთავად ვითარდება უკეთესი მდგომარეობისაკენ.
(აქ შეიძლება გავიხსენოთ ომისშემდგომი და 50-იანი წლების, ,,ნეორეალიზმის ხანის'' იტალია, სადაც სუფევს სიღატაკე, უმუშევრობა, დეპრესია და აპათია: მაგრამ შემდეგ, საკმაოდ მოკლე დროში ქვეყანაში აღმავლობა იწყება და მალე იგი დასავლეთის აღიარებულ ლიდერებსაც კი ავიწროებს. როგორც ერთმა გონებამახვილმა იტალიელმა აღნიშნა, ,,არ ვიცი, რა გვეშველებოდა, კარგად ცხოვრება რომ არ დაგვეწყო'').
როგორც ვხედავთ, პროგნოზი პრინციპში ოპტიმისტურია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევოლუციის მიმართულება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული არაა. სრულიადაც არაა გამორიცხული , რომ ცუდი სისტემა ან ასეთივე ცუდით, ან კიდევ უარესით შეიცვალოს. ეს, ძირითადად, იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც სისტემას, ამ შემთხვევაში საზოგადოებას, არ აღმოაჩნდება ან დაკარგული აქვს თვითორგანიზაციის უნარი, პოტენციალი. მხურვალე იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ საქართველო ასეთი სისტემების რიცხვს არ განეკუთვნება.
________________________
1. უნდა ითქვას, რომ ,,კატასტროფების თეორია'' ადრეც არსებობდა, თუმცა სრულიად სხვა სფეროში. მისი ავტორი იყო ცნობილი ფრანგი ანატომი და პალეონტოლოგი ჟოტჟ კიუვიე (1769 - 1832). ამ, დღეისათვის უარყოფილი თეორიის მიხედვით, დედამიწაზე პერიოდულად ხდება გლობალური კატასტროფები, რის შედეგადაც პლანეტაზე მთლიანად იცვლება ფლორა და ფაუნა.
![]() |
12 მშვიდობისდაცვითი ძალები ეთნიკურ და ნაციონალურ კონფლიქტებში |
▲ზევით დაბრუნება |
დავით დარჩიაშვილი
სტატიის მიზანს არ წარმოადგენს მშვიდობისდაცვითი პრობლემატიკის ამომწურავი ანალიზი, ან ამ სოფეროში იდეალური სქემის შექმნა. გვინდა მხოლოდ გამოვყოთ რამოდენიმე არსებითი პრობლემა, რომელსაც აწყდება საერთაშორისო თანამეგობრობა გახშირებული ეთნო და ნაციონალური კონფლიქტების ფონზე. ამასთან, გავბედავ და ჩამოვაყალიბებ მათი დაძლევის შესაძლო ვარიანტებს.
პარადოქსია, მაგრამ ცივი ომის ეპოქის დასრულება არ აღმოჩნდა საერთაშორისო ურთიერთობების ჰარმონიზაციის მომტანი. ღია კონფლიქტების რაოდენობა მსოფლიოში არა თუ მცირდება - მატულობს კიდეც. საბჭოური კოლოსის დამხობამ გარკვეული პოლიტიკური დისბალანსი წარმოშვა. მითოლოგიურ ხატებს თუ დავესესხებით, პროცესი შეიძლება განგმირული გველეშაპის კუდის ბოლო მოქნევას შევადაროთ. ადვილი შესაძლებელია, რომ ურჩხულის კონვულსია საბედისწერო აღმოჩნდეს მსოფლიო დრამის მაყურებელთათვის.
ყოფილი სოციალისტური ბანაკი იქცა მიმდინარე თუ პოტენციური სისხლიანი შეჯახებების არენად. თანამედროვე ინტეგრაციული პროცესების ფონზე კი ყოველი ასეთი კონფლიქტი გლობალური კატაკლიზმის მარცვლების მატარებელია. მახვილი გონების მქონე არაერთი ადამიანის აზრით, ბალკანეთი კვლავ რჩება რეგიონული (და იქნებ მსოფლიო) განხეთქილების ვაშლად1. იგივე შეიძლება ითქვას კავკასიაზე და რიგ სხვა რეგიონებზე.
ამჯერად შორს წაგვიყვანდა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ფუნდამენტური პარადიგმების ძიება. რაც არ უნდა იყოს პოლიტიკურ პროცესთა ძირითადი დეტერმინანტა - ადამიანის უფლებათა საყოველთაო აღიარება, ნაციონალიზმის ახალი ტალღა, ცივილიზაციათა დაპირისპირება თუ ჩრდილოეთ-სამხრეთის სოციალ-ეკონომიკური უთანასწორობა - ფაქტია, რომ უახლოეს პერსპექტივაში სწრაფი კლება მოსალოდნელი არაა. სამხედრო ჩარევა კი კვლავ რჩება პრობლემათა გადაჭრის ერთ-ერთ არსებით მექანიზმად.
ასეთ ვითარებაში აქტუალობას ინარჩუნებს მშვიდობისდაცვითი ძალებით საერთაშორისო, რეგიონალური თუ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების სისტემების შემდგომი განვითარების თემა. რეალობა გვიბიძგებს, რომ უიარაღო მსოფლიოზე ოცნების პარალელურად ვიზრუნოთ ,,თოფიანი კაცის'' ოპტიმალური მოდელის ძიებაზეც. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ ამ სფეროში არსებობს
რიგი გამოუყენებელი რეზერვებისა, რომ მშვიდობისდამცველი თუ მშვიდობისშემქნმელი მექანიზმები შემდგომ დახვეწას საჭიროებს.
* * *
სანამ დედამიწა ნაციონალური საზღვრებითაა დასერილი და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის თემაც საერთაშორისო პოლიტიკის დომინანტად რჩება, საერთაშორისო მშვიდობისდაცვითი მექანიზმებიც ამ რეალობის გათვალისწინებით იქმნებიან. ყოფითი ლოგიკაც კმარა იმის გასაცნობიერებლად თუ როგორ ართულებს ყოველივე ეს სამშვიდობო მისიების შესრულებას: ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შესამუშავებელი ხდება სქემა, რომელიც მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, ისე ინდივიდუალურ სახელმწიფოთა ინტერესებს, ოპტიმალურად ითავსებდეს ზოგადისა და ცალკეულის რთულ დიალექტიკას.
გაეროს წესდების შესავალ ნაწილშივე ნათქვამია, რომ შეიარაღებული ძალა მხოლოდ საერთო ინტერესების თანახმად უნდა გამოიყენებოდეს. ეს, თავისთავად აუცილებელი, ზოგადდემოკრატიული პრინციპი კი ფლობს მშვიდობისდაცვითი ძალების შემაფერხებელ თვისებას. ნათქვამი უფრო ნათელია წესდების 43-ე და 47-ე სტატიების შუქზე: ამ სტატიათა თანახმად მშვიდობისდაცვითი საერთაშორისო ძალების კომპლექტაცია, ამოქმედება თუ ხელმძღვანელობა სპეციალური შეთანხმებების პრეროგატივაა: ასეთი შეთანხმებები კი - იმავე 43-ე სტატიის თანახმად - რატიფიცირებული უნდა იქნას მასში მონაწილე ნაციონალური სახელმწიფოების მიერ, ამ სახელმწიფოებში მიღებული კონსტიტუციური პროცედურების თანახმად2. ასევე არსებითად პარიტეტულ და ნაციონალურ სახელმწიფოთა ნებასურვილზე დამოკიდებულ სახეს ატარებს CSCE-ს თუ EC-ს ფარგლებში მოქმედი მშვიდობისდაცვითი მექანიზმებიც. ამ მექანიზმთა დახასიათება რომ არ გაგვიგრძელდეს საკმარისი იქნებოდა Jennone Walker-ის სიტყვების მოყვანა: Decisions about whether to sanction or participate in military action will be taken by each national government, on a case-by-case basis3.
როგორც ვთქვით, ამგვარი პრაქტიკა დემოკრატიულობის იდეალებს ეფუძნება, მაგრამ ასევე ცხადია მისი ,,მოუხერხებლობა'' გახშირებული ეთნოკონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.
სახელმწიფოები, რომელთა ხელშიც თავმოყრილია გაეროს თუ სხვა რომელიმე საერთაშორისო იარლიყის მქონე სამშვიდობო ძალთა კომპლექტაციისა და გამოყენების ბერკეტები, ვერ უარყოფენ თავიანთ ნაციონალურ ინტერესებს. ნაციონალური ინტერესები კი შეიძლება დისონანსში მოვიდეს ამა თუ იმ კონფლიქტის სწრაფად ჩაქრობის საერთაშორისო მიზანთან. სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის სახელმწიფო თავს იკავებს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისაგან ან იღებს გადაწყვეტილებას კონფლიქტის ზონიდან თავისი სამშვიდობო კონტინგენტის გამოყვანის შესახებ.
მაგალითისათვის კმარა აშშ-სა და რიგი სხვა სახელმწიფოების მეთაურთა განზრახვა სომალიდან საკუთარი ქვეგანაყოფების გაყვანაზე4. ასევე ცნობილია აშშ-ს ადმინისტრაციის თავშეკავებული დამოკიდებულება იუგოსლავიის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნასთან დაკავშირებით5. არანაკლებ ძნელი იყო რუსეთის დათანხმება ანალოგიურ ოპერაციებში მონაწილეობაზე6. ამა წლის 23 სექტემბერს კი ელცინმა განაცხადა, რომ მიუხედავად შეთავაზებისა, რუსი ჯარისკაცები არ გაემგზავრებიან ჰაიტიზე.
კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა, როდესაც ჩნდება მეტ-ნაკლებად საფუძვლიანი ეჭვი სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ამა თუ იმ ქვეყნის მიუკერძოებლობაში: ბოსნიელებმა აშკარა უკმაყოფილებით აღიქვეს რუსული სამშვიდობო ბატალიონის განლაგება სერბების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე7. საბერძნეთი განსაკუთრებული შეურიგებლობით უყურებს ბოსნიაში თურქული კონტიგენტის განლაგების მცირეოდენ შესაძლებლობასაც კი8. რუსეთის სამხედრო მისიები აფხაზეთში, ყარაბაქში და ტაჯიკეთში კი თავად რუსული საზოგადოების მიერაც არ მიიჩნევა კლასიკურ მშვიდობისდაცვით ოპერაციად და რიგ შემთხვევებში კონფლიქტში მონაწილეობადაც აღიქმება9. (ნიშანდობლივი ფაქტებითაა აღსავსე რუსი სამხედროებისა და გაეროს დამკვირვებლების ურთიერთობა აფხაზეთში: გაეროს მისიის სურვილზე - გაკონტროლებულიყო რუსული კონტინგენტის მოქმედებაც - რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა გენერალმა იაკუშევმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცების კონტროლი მხოლოდ მისი ფუნქციაა)10. ამავე რიგის მაგალითებს განეკუთვნება რუანდელთა უკმაყოფილება სამშვიდობო მისიაში ფრანგული კონტინგენტის მონაწილეობის გამო.
სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისაგან თავის არიდების, თუ ამგვარ ოპერაციებზე მონოპოლიური უფლების მოთხოვნის მიზეზები ყბადაღებულ ნაციონალურ ინტერესებშია. ეს ინტერესები განსხვავებული ფორმებით ვლინდება და გაიგება. ორივე შესაძლო ვარიანტი ხელს ვერ უწყობს კონფლიქტის ჩაქრობას - ტოვებს მასში მონაწილეთ რეალური ,,გამშველებლის'' გარეშე, ხოლო ზოგჯერ კონფლიქტის ესკალაციასაც იწვევს.
ამდენად, ცხადია, რომ რიგ შემთხვევებში სახეზეა საერთაშორისო ჰუმანიტარული მიზნებისა და ნაციონალური ინტერესების დაპირისპირება მშვიდობისდაცვით პროცესში.
პრობლემის დაძლევის, სამშვიდობო მისიათა პროდუქტიულობის ამაღლების გასაღებს შესაძლოა მშვიდობისდაცვითი ძალების რეფორმირებაც წარმოადგენდეს. სასურველად მიმაჩნია რეფორმის წარმართვა ამ ძალთა ,,დენაციონალიზაციის'' მიმართულებით. სიახლეს არ წარმოადგენს კეთილი სურვილი, რომ მომავალში ერთადერთ შეიარაღებულ სტრუქტურად დარჩეს მკაცრ საერთაშორისო კონტროლს დამორჩილებული და ოდენ პოლიციური ფუნქციების მქონე ფორმირება11. მართალია ამგვარი სურვილიდან რეალობამდე დიდი მანძილია, მაგრამ ზრუნვა ნაციონალურ მთავრობისაგან დამოუკიდებელი, ჭეშმარიტად ნეიტრალური სამხედრო სტრუქტურის შექმნაზე დღესვე შეიძლება. ,,გაეროს არმიას'' შესაძლოა ყავდეს მუდმივი ხელმძღვანელობა და ბირთვი, რომელიც უშუალოდ დაექვემდებარება გაეროს უმაღლეს სამოქალაქო სტრუქტურებს. მის რიგებში შემსვლელი გაივლის უმკაცრეს შერჩევას - უპრინციპო ავანტიურისტთა განთესვის მიზნით. არა გვგონია ასეთმა ფორმირებამ კადრების ნაკლებობა განიცადოს. როგორც ჩარლზ ფერბენკსი ამბობს, There's a lot of military equipment around the world, a lot of military trainers around the world, but they aren't where they' re needed12.
ასეთი ფორმირება მრავალრიცხოვანი ვერ იქნება. მისი გამოყენება გართულდება ფართომასშტაბიან კონფლიქტში, რომელშიც უშუალოდაა აქტუალიზებული დიდი სახელმწიფოების ინტერესები. მაგრამ ამგვარი კონფლიქტის აცილება ან გადაწყვეტა სხვა მექანიზმებითაც შეიძლება. საამისოდ არსებობს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეფექტური თავდაცვითი სისტემები. ისეთ ლოკალურ ცხელ წერტილში კი, როგორიც რუანდა, აფხაზეთი თუ ყარაბახია, მცირერიცხოვანი საერთაშორისო არმიის მოქმედება უფრო რეალურად მოიაზრება. სავარაუდოა, რომ სახელმწიფოებს ნაკლები საბაბი ექნებოდათ იმისათვის, რათა დაედანაშაულებინათ გაეროს დენაციონალიზებული არმია მიკერძოებაში, ამა თუ იმ მხარისათვის პრიორიტეტის მინიჭებაში. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები უფრო გაბედულად გასცემდნენ სანქციას ასეთი სტრუქტურის ამოქმედებაზე, რადგან შემცირდებოდა ამა თუ იმ ქვეყნის ამომრჩეველთა უკმაყოფილების პერსპექტივაც - ასეთი უკმაყოფილება ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ესა თუ ის ნაციონალური ქვედანაყოფი ,,ცხელ წერტილში'' იმყოფება.
სავსებით დასაშვებია, რომ გაეროსა თუ CSCE-ს ფარგლებში ამგვარი ნეიტრალური სამხედრო სტრუქტურის ფორმირება პოლიტიკური ხასიათის სირთულეებს წააწყდეს. ეს სირთულეები ისევ დიდი სახელმწიფოების ინტერესებით იქნება განპირობებული. მაგრამ ამ პროცესის დაწყება შეიძლება რეგიონალურ თუ სუბრეგიონალურ ფარგლებშიც. საბედნიეროდ, ამის გამოცდილება თუ არა, მცდელობის პრეცენდენტები მაინც არსებობს: ბალტიისპირეთში სცადეს ნაციონალურ თავდაცვის სამინისტროებს დაუქვემდებარებელი ერთიანი სამხედრო ნაწილის შექმნა. ანალოგიური სურვილები გამოითქმის საქართველოს პოლიტიკურ წრეებშიც. სამწუხაროდ, ბალტიისპირეთში ეს საქმე უსახსრობამ ჩაშალა, საქართველოში კი ამ იდეით ავანტიურისტული ელემენტები სპეკულირებენ13. არადა, ამ იდეის რაციონალური ელემენტების გაღვივებას ხელს შეუწყობდა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება და დახმარება.
მუდმივი ინტერნაციონალური არმიის არსებობა არ უპირისპირდება სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის პრინციპს: ამის გარანტია, როგორც გაეროს, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა წესდებებსა და რიგ საერთაშორისო საერთაშორისო დოკუმენტებშია - ყველა შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარული ინტერვენცია მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებშია შესაძლებელი.
მშვიდობის დაცვის არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი (ან ორივე) მხარის სამხედრო სისუსტე. ჩარლზ ფერბენკსი არაა ორიგინალური მტკიცებისას, რომ The places where there are no armie are extraordinary vulnerable to intervention by these States that have the s'eletons of armies14. ბუნებრივია, რომ სუსტი, ცუდად შეიარაქებული და გაუქვრთნელი სამხედრო ძალა ვერ იცავს ქვეყანას პოტენციური თუ რეალური აგრესორისაგან, შიდანაციონალური ექსტრემიზმისაგან - რაც ზრდის სამოქალაქო მოსახლეობის ძირეული უფლებების შელახვის რისკს.
ამავე დროს, სუსტი არმია თავადაა მრავალი პრობლემის გამჩენი ხელისუფლებისა თუ ხალხისათვის. ამ შემთხვევაში სისუსტეში იგულისხმება არა მცირერიცხოვანება, არამედ სტრუქტურული ამორფულობა, ხელისუფლებაზე დაქვემდებარების მექანიმზების თუ სუბორდინაციის არარსებობა. აქსიომაა, რომ ამგვარი თვისებების მქონე კვაზიარმიები გულადობას უფრო საკუთარ მოსახლეობასთან იჩენენ, ვიდრე გარეშე აგრესორთან ბრძოლის დროს. ისინი მუდიმვად ქმნიან სამხედრო გადატრიალების საფრთხეს - წარმოადგენენ დაბრკოლებას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე.
არადისციპლინირებული ფორმირებები კონფლიქტთა წარმომშობ თუ ხელისშემწყობ ერთ თვისებასაც ფლობენ: არაერთხელ ყოფილა, რომ კონფლიქტის მონაწილე პოლიტიკოსთა შორის ძლივს გაღვივებული კეთილი ნება გაუცივებია პარტიზანული რაზმების მეთაურთა თვითნებობას. ასეთი ,,არმიების'' არსებობის პირობებში განსაკუთრებით ძნელია ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმებების დაცვა.
სუსტი, არასამხედრო ფორმირებების მიერ გამოწვეული პრობლემებით აღსავსეა კაცობრიობის ისტორია თუ თანამედროვეობა. მაგალითისათვის საქართველოც კმარა: დღემდე გაუხსნელია ნაირფერი ქართული პარასამხედრო ფორმირებების აფხაზეთში შესვლისა და ამოქმედების მექანიზმი. ასევე გაურკვეველი რჩება, თუ ვინ აგებს პასუხს ამ ფორმირებათა მიერ როგორც არაქართული, ისე ქართული მოსახლეობის დარბევის მრავალრიცხოვან ფაქტებზე.
მეორეს მხრივ, მეტ-ნაკლებად გაწვრთნილი და ხისტი სტრუქტურის მქონე არმიის არსებობის დროს შიდაპოლიტიკური კრიზისები ხშირად უფრო რბილ ფორმებში მიმდინარეობს. შეუძლებელია, რომ დღეს რუსეთში მიმდინარე პროცესებს აუღელვებლად უცქირო, მაგრამ არის რაღაც ლოგიკა ვ. სერებრიანნიკოვის სიტყვებში, რომ რუსული არმიის დისციპლინირებულობა აფერხებს რევოლუციური პროცესის გადაზრდას შეიარაღებულ ბრძოლაში15.
არ შეიძლება იმის თქმა, რომ NATO, CSCE არ არიან დაინტერესებულნი არასტაბილური ქვეყნების სამხედრო სტრუქტურების ჩამოყალიბებით. სულ უფრო აქტუალიზდება დასავლეთ-აღმოსავლეთის სამხედრო ძალების ერთიანი საქართვნელი ვარჯიშების აუცილებლობის იდეაც16. და მაინც, ამ სფეროში გასაკეთებელი ბევრად სჭარბობს გაკეთებულ. საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი გაბედულება მართებთ ახალგაზრდა სახელმწიფოთა უსაფრთხოების სისტემათა ფორმირების საქმეში. ეს თემა შეიძლება კვლავ ჩარლზ ფერბენკსის სიტყვებით დასრულდეს: The most important thing we could do for security in those areas, is to create real armies, or to help thtm with that, or to help our friends since we have good reasons not to do it ourselves17.
* * *
საერთაშორისო, რეგიონული თუ ნაციონალური უსაფრთხოების სისტემათა გაუმჯობესების პროცესში ორგანიზაციული ფორმებისა და მეთოდიკის დიდი მრავალფეროვნებაა შესაძლებელი. როგორც წერს ჯენონ უალკერი, სამშვიდობო ძალების იარლიყი შეიძლება იცვლებოდეს კოკრეტული ვითარების თანახმად და არც იარლიყთა კომბინირებული ვარიანტია გამორიცხული18. ამ სფეროში პრაგმატიზმი, მანევრირება აუცილებელია და მით უფრო შესაძლებლად მიგვაჩნია მუშაობა სამშვიდობო ძალების, უსაფრთხოების სისტემების რეფორმირებაზე იმ მიმართულებებით, რომელზედაც ზემოთ იყო საუბარი.
გამორიცხული არაა, რომ კონფლიქტური რეგიონის მეზობლად მდებარე ამა თუ იმ ქვეყნის ნაციონალურმა თუ სტრატეგიულმა ინტერესმა შეაფერხოს დენაციონალიზებული სამხედრო ფორმირების თუ ადგილობრივი არმიების შექმნის პროცესი, გაეროს თუ სხვა სახელმწიფოთაშორის სტრუქტურებსაც ბოჭავს მასში წარმოდგენილი სახელმწიფოების პირადი ინტერესების წნეხი. ფაქტია, რომ CSCE, UN განსაკუთრებულად ფრთხილობენ, რომ ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე აქტივობით არ შელახონ რუსული პოლიტიკური ელიტის პატივმოყვარეობა19. ჩვენი აზრით, სწორედ აქ იშლება არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტივიზაციის ასპარეზი. ფაქტია, რომ ასეთი სტრუქტურები არ არიან შეზღუდულნი ამა თუ იმ ნაციონალური მთავრობის მიერ დეკლარირებული ,,ინტერესებით'' და მათ მეტი პროპაგანდისტული თუ პრაქტიკული აქტიურობა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, შეუდარებლად მცირეა არასამთავრობო ორგანიზაციათა მატერიალური წონა, მაგრამ მათ გააჩნიათ საკმარისი მორალური გავლენა ახალი იდეების პროპაგანდირებისათვის. მატულობს არასამთავრობო ორგანიზაციათა სახელმწიფოთშორის სტრუქტურებზე ზეგავლენის საშუალებებიც. ისინი სულ უფრო დიდი აღიარებით სარგებლობენ გაეროს სტრუქტურებში. ამის მაგალითია Round Table ,,On preventive Diplomasy and UN-s Agenda for Peace'' hosted by international Alert and the National Institute for Research Abvancement of Tokyo in cooperation with UN University which was held at the UN in Jenuary of 1993. ამ შეხვედრაზე აღინიშნა გაეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროება. შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს მაღალი ჩინის წარმომადგენლები20.
გარდა მუდმივი აგიტაციური წნეხის ორგანიზებისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიძლება იტვირთონ პრაქტიკული საქმიანობა უსაფრთხოების სტრუქტურათა რეფორმირების დარგშიც. ეს შეიძლება გამოიხატოს მშვიდობისდაცვითი თუ ნაციონალური შეიარაღებული ძალების ინსპექტირებაში (რაც გაეროსაგანაც კი დიდ ტაქტს მოითხოვს), როგორც დემოკრატიულ მოთხოვნათა, ისე ნაციონალური უსაფრთხოების საჭიროებათა ადექვატური სამხედრო მშენებლობის პროგრამების მუშაკებმა (იქნება ეს არმიული წესდებები თუ სხვ.), სათანადო სასწავლო კურსების მოწყობაში და ა. შ.
ყოველივე ზემოდნათქვამის სუმირებისას შეიძლება ითქვას, რომ რიგ შემთხვევებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა მეტად უნდა გაუწიონ ანგარიში სამყაროს ძველ, მაგრამ ჯერაც მოქმედ პოლიტიკურ რეალიებს. სახელმწიფოთშორის პოლიტიკურ ურთიერთობებში ჯერაც პრევალირებს შეიარაღების, სახელმწიფო სტრუქტურათა მშენებლობის, ნაციონალური თუ სტრატეგიული ინტერესების თემა. ასეთ დროს მათი იგნორირება, სწრაფვა უიარაღო და უსაზღვრო მსოფლიოს ამ წუთიერი შექმნისაკენ ნაკლებეფექტურია. ბევრად პროდუქტიული იქნებოდა ძალისხმევის მიმართვა ტრადიციული სამხედრო და პოლიტიკური კატეგორიების ჰუმანისტურ იდეალებთან ადაპტირებისაკენ.
ჩვენის აზრით, გზა საზოგადოებრივი ურთიერთობების ჰუმანიზაციისაკენ ძველი, ,,ჟანგმოდებული'' სამხედრო და დიპლომატიური არსენალის არა უარყოფაზე, არამედ გამოყენებასა და თანდათანობით რეფორმირებაზე გადის.
___________________
1. The Former Yugoslavia: Emerging security orientations, F. Stephen Larrabel. p. 195. Central and Eastern Eorope - The Challenge of Transition. Edited by Regina Coven Karp. SIPRI. Oxsfprd University Press. 1993);
The Bigger Balkan Conflict. By Mark Markovez. Balkan War Report. Bulletin of The Institute for War and Peance Reporting. March/April 1994.
2. Устав Организации Объедененных Нации. М. 1992
3. European Regional Organisations and Ethnic Conflicts. Jennone Walker p. 64 an Eastern Europe - The Challenge of Transition, Edited by Regina Cowen Karp. SIPRI. Oxford University Press. 1993.
4. USIA Wireless File November 16, 1993.
5. European Regional Organisations and Ethnik Conflicts. Jenonne Walker. p. 65. Central and Eastern Europe… ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია თავშეკავება, რომლითაც აშშ - ში შეხვდნენ საქართველოს ვარაუდებს აფხაზეთში ამერიკელი ჯარისკაცების გამოგზავნის თაობაზე.
6. Why are we in Bosnia? by Pavel Felgenhauer. Balkan War Report…
7. Novo Saraevo.By Rahrudin Djapo. Balkan war Report …
8. The Bigger Balka Conflict. By Mark Mazover. Balkan War Report…
9. Why are we is Bosnia …
10. Красная звезда 1994 г. (1. 09)
11. Военная сила Размыщления о ее своиствах и месте в современном мире. Институт мировой экономики и международных отнощении. Наука М 1992 г.
12. Current situation in Georgia and implications for US policy. Briefing of the Commission on Security and Cooperation in Europe. Washington DC. October 1993. p. 4.
13. სამშვიდობო ძალების ფორმირების სურვილი განაცხადა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თ. კიტოვანმა, რომელიც საკუთარი არმიის ყოლის იდეითაა შეპყრობილი.
14. Current situation in Georgia and implications for US policy ... p. 4.
15. Рецензия на книгу ,,Военная сила: Размыщления о ее своиствах и месте в современном мире Мировая экономика и международные отнощения 1994 г. N2 стр. 158.
16. European Regional Organisations and Ethnic Conflicts. Jennone Walker p. 65. Central and Eastern Europe…
17. Current situation in Georgia … p. 4
18. აღსანიშნავია აშშ - საფრანგეთის მაღალი ჩინების მოლაპარაკება ბოსნიაში WEU-ს სახმელეთო ჯარებისა და აშშ-ს ავიაციის შესაძლო თანამშრომლობაზე. European Regional Organisations and Ethnic Conflict. Jennone Walker. P. 65. Central and Eastern Europe …
19. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში მდგომი რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლის განცხადებას, რომ იგი არ დაუშვებს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ რუსული ქვეგანაყოფების კონტროლს, მოყვა გაეროს გენ. მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ბრუნერის განცხადება, რომ დამკვირვებლები აღარ გააკონტროლებენ რუსულ სამშვიდობო ძალთა მოქმედებას აფხაზეთში. Georgian cronicle. july 1994.
20. International Alert. Working for the Resolution ,,of Conflict. Apdate. May 1993
![]() |
13 შეკითხვები პოლიტელიტას |
▲ზევით დაბრუნება |
გ. გოშაძე, გ. მაისურაძე
საქართველოში არსებული პოლიტიკური პრობლემებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, პირველ რიგში, თავად საზოგადოების პოლიტიკურ გათვითცნობიერებულობასა და მისი პოლიტიკური ცნობიერების დონეს აჩვენებს. ამ მიზნით ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა'' 1994 წ. ნოემბერ-დეკემბერსა და 1995 წ. მაისში ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა. ოღონდ რესპონდენტები არა რიგითი მოქალაქეები, არამედ, ასე ვთქვათ, ექსპერტები პოლიტიკის დარგში, ე. ი. საზოგადოების პოლიტიკურად ყველაზე გათვითცნობიერებული ნაწილი, პოლიტოლოგიური ,,ელიტა'' იყო. გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ საზოგადოებაში არსებული ზოგიერთი პოლიტიკური ტენდენციის სურათი, იქნება ეს საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკურ ლიდერთა თუ სხვადასხვა პოლიტიკურ პრობლემათა მიმართ: აგრეთვე, რა კრიტერიუმები არსებობს ქართულ საზოგადოებაში ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენის შესაფასებლად, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის ზემოხსენებულ ექსპერტთა თუ მთლიანად საზოგადოების პოლიტიკური განათლებისა და სიმწიფის დონეზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ რადგანაც ჩვენ ხელთ გვაქვს ორი, სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები, რომელთა შორის შუალედი ექვსი თვეა, მიღებული შედეგები ერთგვარად დინამიური ხასიათისაა და გვიჩვენებენ ერთსა და იმავე საკითხის მიმართ იმავე პირთა მხრივ აზრის ცვალებადობას ნახევარი წლის განმავლობაში.
დავიწყოთ 1, ნოემბერ-დეკემბრის გამოკითხვის შედეგების ანალიზით.
შეკითხვა #1: ვინ არიან დღესდღეობით რეალურად ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები საქართველოში?
1. ე. შევარდნაძე
2. ჯ. იოსელიანი
3. ჭანტურია-სარიშვილი
4. ა. ასათიანი
5. ზ. ჟვანია
6. ი. გიორგაძე
7. ი. შენგელია
8. ა. მარგიანი
9. ბ. გულუა
10. შ. კვირაია
11. ი. მენაღარაშვილი
12. ი. ხაინდრავა
13. ვ. რჩეულიშვილი
14. თ. შაშიაშვილი
15. თ. ბასილაია
16. გ. ჟორჟოლიანი
17. გ. ნანეიშვილი
კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ამ პიროვნებათა გავლენიანობა განისაზღვრება, შემდეგნაირია:
შევარდნაძე - გამოკითხულთაგან 13-ის აზრით, როგორც სახელმწიფოს მეთაური: 2 - მისი პოლიტიკა მოსკოვიდან მოდის: 2 - თავისი გამოცდილების გამო: 1 - პირადი კონტაქტების გამო: 1 - პიროვნულად: 1 - საგარეო პოლიტიკის გამო: 1 - საშინაო პოლიტიკის გამო.
როგორც ვხედავთ, გამოკითხულთა აზრით, შევარდნაძის გავლენიანობას, პირველ რიგში, მის ხელისუფლების სათავეში ყოფნა განაპირობებს. პოლიტიკოსის, მითუმეტეს, სახელმწიფოს მეთაურის იმიჯისათვის აუცილებელი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რესპონდენტებისათვის ამ პიროვნების შეფასებისას საკმაოდ უმნიშვნელოა (1-1). სამაგიეროდ ფიგურირებს უარყოფითი ნიშნის ფაქტორები (მისი პოლიტიკის მოსკოვურობა - 2: მის მიერ შექმნილი პრივილეგირებული კასტა - 2), რომლებიც ხელს უწყობენ შევარდნაძის გავლენისუნარიანობას. შევარდნაძის სუბიექტურ ფაქტორებს (გამოცდილება - 2, ინტელექტი - 2, პირადი კონტაქტები - 1, პიროვნება - 1, წარსული - 1) მისი პიროვნების შეფასებისას პროცენტულად საშუალო ადგილი უჭირავს.
ჯ.იოსელიანი: სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტების გამო - 12: ფულის და იარაღის გამო - 5: პიროვნების გამო - 4: რუსეთის მხარდაჭერის გამო - 3: როგორც შევარდნაძის ძირითადი დასაყრდენი ძალა - 2: მაფიის მხარდაჭერა - 1: საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გამო - 1: თავისი შესაძლებლობების კარგად გამოყენების უნარი - 1.
აქედან 1 და 2 ფაქტორებს თუ გავაერთიანებთ (რაც თავისთავად ერთი და იგივეა), რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით (სულ ერთად - 17) გამოდის, რომ იოსელიანს ხელთ უპყრია სახელმწიფოს სამხედრო და ეკონომიკური სადავეები და თავის გავლენას იგი ძალისმიერი ზეწოლით (ფული, იარაღი) ამყარებს. აქვეა მის მიმართ უცხო სახელმწიფოს (3) და მაფიის (1) მხარდაჭერის ფაქტორები. იოსელიანის პიროვნული თვისებები (პიროვნულობა - 4, შესაძლებლობათა კარგად გამოყენება - 1, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება - 1), როგორც მისი გავლენის განმსაზღვრელი მახასიათებლები - პროცენტულად საშუალოა. ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება მის დამოკიდებულებას ხელისუფლებასთან, კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურთან (როგორც მისი დასაყრდენი ძალა -2).
როგორც დავინახეთ, რესპონდენტთა აზრით, ჯ.იოსელიანის გავლენას, ძირითადად, მისი არასამართლებრივი, ძალისმიერი ფაქტორები განაპირობებს.
ჭანტურია-სარიშვილი: ქუჩიდან პარლამენტში გადანაცვლება შესძლეს - 2: გავლენიანობის გამო - 1: სარიშვილს გმირის შარავანდედი აქვს - 1: როგორც მაფიასთან მებრძოლნი - 1.
როგორც ვხედავთ, მათ შეფასებისას უფრო პოზიტიური ფაქტორებია დასახელებული - ,,პოლიტიკური ზრდა'', ,,გავლენიანობა'', ,,გმირობა'', ,,მაფიასთან ბრძოლა''.
კ. ასათიანი: გავლენიანობის მთავარ პირობად მისი ლავირების უნარია დასახელებული (4).
ზ. ჟვანია: როგორც აქტიური და პერსპექტიული (4).
ი. გიორგაძე: უნარიანი ხელმძღვანელი - 3: რუსეთთან კავშირების გამო - 2: ფლობს ინფორმაციას - 2: შევარდნაძე ენდობა - 1.
მის შეფასებისას იკვეთება, პირველ რიგში, კომპეტენტური და ორგანიზებული ადამიანის ფაქტორი. შემდგომი როლი ენიჭება რუსეთთან კონტაქტებს და ყველაზე ნაკლები (1) შევარდნაძესთან მის დამოკიდებულებას
ა. მარგიანი არაფორმალური კავშირების გამო - 2.
ბ. გულუა: დამოუკიდებელია - 1, სამეურნეო საკითხებში ერკვევა - 1, აკონტროლებს რეგიონებს - 1.
შ. კვირაია: როგორც ეფექტურად მოქმედი (1).
დანარჩენ პიროვნებებს რესპონდენტებისაგან თითო ხმა აქვთ მიღებული, ხოლო მათი გავლენის ფაქტორები დასახელებული არაა.
შეკითხვა #2: დაასახელეთ რამდენიმე პერსპექტიული პოლიტიკოსი, რომელიც 2-3 წლის შემდეგ ითამაშებს წამყვან როლს.
1. სარიშვილი - 15
2. ასათიანი - 12 (დიდი გავლენა აქვს, ჭკვიანია, სერიოზულია, კარგი იდეოლოგია და მხარსაც უჭერენ).
3. ი. ხაინდრავა - 6
4. ზ. ჟვანია - 6 (ყველაფერზე წავა)
5. ბერძენიშვილი - 5
6. პაატაშვილი - 5 (კარგი გარეგნობა, სიმშვიდე).
7. ვ. ძაბირაძე - 4
8. ჯ. იოსელიანი - 3 (იგი ყველას ჭირდება).
9. ნ. ფოფხაძე - 3
10. ვ. ხმალაძე - 3
11. თ. ბასილაია - 3
12. გ. მგელაძე - 2
13. ვ. რჩეულიშვილი - 3
14. ნანეიშვილი - 2
15. ა. ბაქრაძე - 1
16. ი. შენგელაია - 1
17. მ. ურიდია - 1
18. გულუა - 1
19. მენაღარაშვილი - 1
დასახელებული 19 პიროვნებიდან მხოლოდ ოთხს (ასათიანი, ჟვანია, იოსელიანი, პაატაშვილი) აქვთ მითითებული ის პირობა, რაც თითქოსდა მათი პერსპექტიულობის გარანტია. ამ ოთხიდან მხოლოდ ა.ასათიანის პერსპექტიულობის ფაქტორია პოლიტიკური ხასიათის, სადაც ხაზი ესმება მისი იდეოლოგიის (ტრადიციონალიზმი, კონსერვატორიზმი) სიკარგეს, აგრეთვე მხარდაჭერისა და გავლენიანობის ფაქტორები. ნახსენებია ხელსაყრელი პიროვნული ნიშნებიც - სიჭკვიანე, სერიოზულობა.
დადებითი, მაგრამ მხოლოდ პიროვნული და თანაც გარეგნული ფაქტორებია ნახსენები (კარგი გარეგნობა, სიმშვიდე) თ. პაატაშვილის მიმართ.
იოსელიანისადმი დამოკიდებულება უფრო პრაგმატულია და ხაზი ესმება მის ,,ყველასათვის საჭიროებას''.
დაბოლოს, ჟვანიას პერსპექტიულობა მხოლოდ მისი უარყოფითი თვისებითაა გამოხატული - ,,ყველაფერზე წავა''.
შეკითხვა #3. რა ფორმით მოხდება სახელმწიფოს მეთაურის შეცვლა?
აქ რესპონდენტთა უმრავლესობა ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მეთაური არჩევნებით შეიცვლება (22). ამასთანავე არსებობს შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების ეჭვებიც: რეალური გადატრიალებით - 3 (განხორციელება შეუძლია ი.გიორგაძეს): გადატრიალების ინსცენირებით - 2: მთავრობის გაქცევით - 2: ამავე რიგში შეგვიძლია მოვიხსენიოთ: ტერორისტული აქტი - 2, შიდა მმართველი ელიტის ზეწოლა - 1, ყველაფერი მოსალოდნელია - 2: რამდენიმე ექსპერტი შევარდნაძის მმართველობას სამუდამოდ მიიჩნევს, რომელიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემთხვევაში დასრულდება - (3): არასაარჩევნო საშუალებებიდან კიდევ დასახელებულია: საპარლამენტო კენჭისყრა - 2, სამთავრობო კრიზისი - 1: მხოლოდ 1 გამოკითხული უშვებს შემთხვევით მომენტს, როდესაც შევარდნაძის გადადგომა შესაძლოა ემოციურმა ფაქტორმა განაპირობოს.
შეკითხვა # 4: ვინ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს მეთაური შევარდნაძის შემდეგ?
არ ვიცი - 7
სარიშვილი - 4
ასათიანი - 4
მოულოდნელი პიროვნება - 4
ჯაბა იოსელიანი - 3
იგორ გიორგაძე - 2
ჟვანია - 2
ვიცი, მაგრამ არ ვასახელებ - 2
გურამ მგელაძე - 1
პაატაშვილი - 1
ბაქრაძე - 1
გულუა - 1
მენაღარაშვილი - 1
იოსელიანის ლობი - 1
რუსეთის დანიშნული კაცი - 1
პოსტი გაუქმდება - 1
გუნდი მოვა - 1
შევარდნაძის ალტერნატივა არ არსებობს - 1
როგორც ვხედავთ, რვა გამოკითხული (7 - ,,არ ვიცი'' და 1 - ,,შევარდნაძის ალტერნატივა არ არსებობს'') ვერ ასახელებს ისეთ გამოკვეთილ ფიგურას, რომელსაც გამორჩეულად დიდი შანსები ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დასაკავებლად. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება კიდევ 4 - ,,მოულოდნელი პიროვნება''.
ოთხ-ოთხი ხმით კი შესაძლო ალტერნატივა ლიდერობენ მემარჯვენე ცენტრისტული ორიენტაციის პიროვნებები (სარიშვილი, ასათიანი). მათ შემდეგ თითქოს მეტი შანსი აქვთ ძალისმიერი სტრუქტურების წარმომადგენლებს (იოსელიანი - 3, გიორგაძე - 2). შესაძლოდ მიიჩნევენ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობის ფიქტიურად ქცევას ,,იოსელიანის ლობის'' სახით (1). ხელისუფლების მომხრეთა და მის სტრუქტურაში მყოფთაგან შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ ჟვანია (2), გულუა (1), მენაღარაშვილი (1). დასაშვებად ეჩვენებათ ამჟამად პოლიტიკურ სტრუქტურებში არმყოფ ა.ბაქრაძისა (1) და გ.მგელაძის (1) კანდიდატურებიც. ისევ აქტუალურია რუსეთის უშუალო ჩარევის საკითხიც (,,რუსეთის კაცი'' - 1). გამოკითხულთაგან ორი თავს არიდებს პასუხის გაცემას, ხოლო ორი შესაძლოდ მიიჩნევს სახელმწიფო სტრუქტურის შეცვლას (პოსტი გაუქმდება - 1, გუნდი მოვა - 1).
შეკითხვა #5: როგორი იქნება უახლოესი ორი წლის განმავლობაში საქართველოს რუსეთთან თუ დსთ-სთან სახელმწიფოებრივი მიმართება?
გამოკითხულთა ნაწილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს. ამათგან ცხრის აზრით, დღევანდელი ურთიერთობების წინააღმდეგი იქნება დასავლეთი, და ამის პირობად ნაწილს ა.შ.შ.-ში რესპუბლიკური პარტიის გამარჯვება მიაჩნია. მხოლოდ ერთის აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთში მიმდინარე პროცესებზე.
საკმაო ნაწილი ხედავს საფრთხეს რუსეთის მხრიდან: რუსეთი გააგრძელებს სამხედრო ჩარევას - 3, საბჭოთა კავშირის აღდგენის ტენდენციები არსებობს - 3, დამოუკიდებლობას დავკარგავთ - (გადავიქცევით გუბერნიად), საქართველოში იქნება რუსეთის მარიონეტული მთავრობა - 1, დაძაბული - 1, რუსეთი გააზარმაცებს საქართველოს - 1, მჭიდროდ გადავებმებით რუსეთს და დსთ-ს (1), მოსალოდნელია რუსეთთან ინტეგრაცია - 2.
ამდენად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-სთან სახიფათოდ და არასახარბიელოდ მიიჩნევს. აქ, 3 გამოკითხულის აზრით, თავად საქართველოს დამოკიდებულება რუსეთთან იქნება დამთმობი ხასიათის. მხოლოდ ორი გამოკითხულია ოპტიმისტურად განწყობილი: ,,გაუმჯობესდება'' - 1, ,,რუსეთთან ინტეგრაცია არ არის საშიში'' - 1. ორს მიაჩნია, რომ ,,არაფერი არ შეიცვლება'' - 1, და ,,იურიდიულადაც იგივე სტატუსით ვიქნებით'' - 1. სამი უპერსპექტივოდ მიიჩნევს დსთ-ს არსებობას (დსთ დაიშლება - 3).
მხოლოდ ორი გამოკითხულის აზრით, საქართველო გამოვა დსთ-დან.
შეკითხვა #6: როგორ გადაიჭრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა უახლოეს 2-3 წლის განმავლობაში?
თხუთმეტი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ 2-3 წელი არაა საკმარისი (ანუ ეს პრობლემა 2-3 წელიწადში ვერ გადაიჭრება - 8: მოგვიანებით გადაიჭრება - 7).
ამ პრობლემის მოგვარებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა 9 გამოკითხულმა: ,,არ გადაიჭრება საერთოდ'' - 4 და ,,მთლიანობას შევინარჩუნებთ
ფორმალურად - 5. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ერთი - ,,ვითარება დაკონსერვდება''.
ოთხი გამოკითხულის აზრით, გადაიჭრება ნაწილობრივ და ოთხის აზრით - ოსეთის პრობლემა მალე გადაიჭრება.
9 რესპონდენტი ეძებს გამოსავალს სამხედრო საშუალებებში: შეიარაღებული გზით - 7 და სამხედრო ზეწოლით - 2.
ოთხი ექსპერტის აზრით, ამ პრობლემის მოგვარება საქართველოს ,,დასტაბილურებითაა'' შესაძლებელი. თითო-თითო მხარს უჭერს მოლაპარაკებებს და კომისიებს. მხოლოდ ერთმა - არ იცის.
შეკითხვა #7: როგორი იქნება საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობა უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში?
გამოკითხულთაგან ორი მიიჩნევს, რომ 2-3 წელიწადში არაფერი შეიცვლება, ერთის აზრით - დარჩება ავტონომიური ერთეულები, ერთის კი - რომ უბრალოდ რაიონები გამსხვილდება. ერთი რესპონდენტი - ,,არ ვიცი''.
აბსოლუტური უმრავლესობა ვარაუდობს ადმინისტრაციული მოწყობის ცვლილებას. აქედან: 12 - სამხარეო მოწყობა, 10 - ფედერალიზმი, 2 - სიმეტრიული და 2 - ასიმეტრიული რეგიონალიზმი.
ახლა გადავიდეთ 1995 წლის მაისის გამოკითხვის შედეგების განხილვაზე და დავაკვირდეთ, როგორ იცვლება ექსპერტთა დამოკიდებულება ზოგიერთ პოლიტიკურ პრობლემასა თუ პიროვნებასთან მიმართებაში. წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები უფრო საშინაო ხასიათის იყო (გ.ჭანტურიას მკვლელობა, შევარდნაძე-იოსელიანის ურთიერთობათა შეცვლა და სხვ.), მაგრამ ამასთანავე, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაშიც (მაგ. რუსეთისათვის საქართველოში არსებული სამხედრო ბაზების 25 წლით გადაცემა). რესპონდენტთა აზრი, ძირითადად, მაინც პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებაშია შეცვლილი.
შეკითხვა #1.
დასახელებულ გავლენიან პირთა სია მაისში 12-მდე შემცირდა. რამდენიმე ძველი ლიდერის გვარი საერთოდ გაქრა, თუმცა გამოჩნდა ორი ახალიც: სახელმწიფო მეთაურის აპარატის ხელმძღვანელი - პეტრე მამრაძე და მთავარი სახელმწიფო მრჩეველი არჩილ გეგეშიძე.
მივყავართ თანმიმდევრულად:
1. შევარდნაძე - 17
2. იოსელიანი - 12
3. გიორგაძე - 8
4. სარიშვილი - 5
5. ასათიანი - 4
6. ჟვანია - 4
7. კვირაია
8. ჟორჟოლიანი
9. რჩეულიშვილი
10. მენაღარაშვილი
11. მამრაძე
12. გეგეშიძე
განვიხილოთ პირველი ექვსი პიროვნების ვარიანტი, რამდენადაც მათი გავლენიანობა ექსპერტთა მხრიდან არგუმენტირებულია.
შევარდნაძე: შევარდნაძის გავლენიანობის პირობად რესპონდენტთა მხრიდან პროცენტულად იზრდება ხაზგასმა მის მოსკოვთან კავშირზე (7), წინა გამოკითხვასთან შედარებით კი კლებულობს მისი ,,თანამდებობის ფაქტორი'' (ანუ, რომ ,,ყველა ბერკეტი მის ხელშია'' - 5). ხშირდება მის პიროვნულ შესაძლებლობათა ფაქტორზე მითითება: პროფესიონალია - 1, გამოცდილია -1, ავტორიტეტი აქვს - 1, მოვლენების საკუთარი ხედვა - 1, პრინციპულობა - 1, ტრანსფორმაციის უნარი - 1, საკუთარი ხელწერა - 1, პირადი კონტაქტები - 2, ინტელექტი - 2, დინებას კარგად მიჰყვება - 1, ყველაზე კარგად შეესაბამება დღევანდელ სიტუაციას და პოლიტიკას - 1, წარსულის გამო - 1. აქვე ჩნდება მისი უალტერნატივობის ფაქტორიც - 2, და მოსახლეობის მხარდაჭერა - 1. მხარდაჭერის ერთ-ერთ ფაქტორად კი დასახელებულია ისიც, რომ ,,ბევრს გააკეთებინა ფული'' - 1. მხოლოდ ერთი რესპონდენტის აზრით, ,,მისი პოლიტიკა არ მოდის მოსკოვიდან''.
როგორც ვხედავთ, პირველ გამოკითხვასთან შედარებით, ახლა წინა პლანზე შევარდნაძის პიროვნული შესაძლებლობები გადმოდის, რაც შეიძლება იმითაც იყოს გამოქვეული, რომ ნდობის ფაქტორი სხვა ლიდერების მიმართ მკვეთრად კლებულობს: თუმცა, პარალელურად იზრდება მისი მოსკოვთან კავშირის მომენტის ხსენებაც.
ჯ.იოსელიანი: მიუხედავად იმისა, რომ იოსელიანს მეორე ადგილი უკავია, რესპონდენტთაგან ხაზი ესმება როგორც მის ,,უარყოფით'' ფაქტორებს (ფული - 3, იარაღი - 2, იარაღს ფაქტიურად არ აბარებს - 3, ეკონომიკურ სტრუქტურებში ჰყავს ხალხი ჩასმული - 1, სადავეები უჭირავს - 1), ასევე ჩნდება სკეპტიკური დამოკიდებულება ამ პიროვნების გავლენისუნარიანობის მიმართაც: შემცირდა მისი გავლენა - 3, რამდენიმე თვეში მოიხსნება ეს პრობლემა - 1.
რჩება ასევე ალიანსების ფაქტორიც: ,,შეკრულია ი.გიორგაძესთან - 2, და რუსეთთან კავშირი -3. ძალზე უმნიშვნელოა მისი პიროვნული ფაქტორების გათვალისწინება: პიროვნულად - 1, და ძველი დამსახურებები - 1. აქვე ეჭვქვეშაა დაყენებული შევარდნაძე-იოსელიანის კონფლიქტი, რომელსაც გამოკითხულთაგან სამი ფარსს უწოდებს.
ი.გიორგაძე: ამ პიროვნების სწრაფი წინსვლა, რესპონდენტთა აზრით, უპირველეს ყოვლისა მისი პიროვნული შესაძლებლობებითაა გამოწვეული (თავის საქმე იცის, მიზანდასახულია, მეტი შეუძლია ვიდრე შევარდნაძეს, ნებისყოფა გააჩნია, ლიდერის თვისებები აქვს, დინების გრძნობა, ინფორმაციის ფლობა). რჩება მისი, როგორც ძალისმიერი სტრუქტურის წარმომადგენლის ფაქტორიც - ,,ჰყავს შეიარაღებული ძალა'', ,,მის სიტყვას შევარდნაძისათვის დიდი ფასი აქვს''. აქვე ფიგურირებს მისი ,,ალიანსი ჯაბასთან'' და ,,მოსკოვთან კავშირი''. მხოლოდ ერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ იგი ,,არ იქცევა პოლიტიკურ ფიგურად''.
ი.სარიშვილი: პირველ რიგში, თვალში საცემია მისი ავტორიტეტის ვარდნა, რაც გ.ჭანტურიას დაღუპვის შემდეგ ედპ-სადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოიხატება (,,შემცირდა მისი გავლენა'' - 6: ,,არა ჰყავს პოპულარული თანამდგომები'', ,,არჩევნებში მის პარტიას შანსი არა აქვს'' - 1-1). თუმცა წინა გამოკითხვიდან აქაც რჩება სარიშვილის, როგორც კორუფციასთან მებრძოლისა და საზოგადოებრივ აზრზე მომუშავის ფაქტორები.
ა.ასათიანი: პირველ რიგში, ასახელებენ მის მოქნილობას, ლავირების უნარს (,,შევარდაძესთანაც არის და ოპოზიციასთანაც'', ,,დინებას მიყვება და სიტუაციასაც გრძნობს''): იკვეთება მისი შევარდნაძისკენ გადახრის ტენდენციაც (,,აპირებს უმრავლესობაში გადასვლას'') და ,,მოსკოვთან კავშირი''. მოულოდნელი იყო ერთი რესპონდენტისაგან ასათიანის ,,უიდეოლოგიოდ'' გამოცხადება, როდესაც ადრე ძირითადად მის იდეოლოგიურობას ესმებოდა ხაზი. აქვე ჩანს მისი გავლენის კლებაც.
ზ.ჟვანია: იზრდება მისი, როგორც სერიოზული და პერსპექტიული ფიგურის ფაქტორები (,,არ არის უბრალო'', ,,პერსპექტიულია'', ,,იზრდება''), თუმცა ხაზგასმულია, რომ ,,მთლიანად შევარდნაძეზეა დამოკიდებული''. აქედან გამომდინარე, კვლავ რჩება ,,დროებითი ფიგურის'' სტატუსიც.
შეკითხვა #2.
წინა გამოკითხვასთან შედარებით, თვალში საცემია პერსპექტიულ პიროვნებათა სიმრავლე და მრავალი ახალი სახელი, როგორც ხელისუფლების მომხრეთა, ასევე ზომიერი თუ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. აგრეთვე ჩნდება მივიწყებულ ფიგურათა რეტროსპექტივა. გავლენის საგრძნობი ვარდნის მიუხედავად, მაინც ლიდერთა შორისაა ი.სარიშვილი (9), მის გვერდით - დ.ბერძენიშვილი (9), რომლებიც მეორე ადგილს იყოფენ. პირველზე კი გადადის ა.ასათიანი (11). ექვს-ექვსი ,,ხმა'' აქვთ ი.ხაინდრავას, თ.პაატაშვილს და თ.შაშიაშვილს, რომელიც წინა გამოკითხვის დროს ,,პერსპექტიულთა'' შორის საერთოდ არ ფიგურირებდა.
5-5 ხმა ძირითადად ხელისუფლების მომხრეებს აქვთ მიღებული: ი.მენაღარაშვილი (,,არ არის ჭუჭყიანი''), ნ.ფოფხაძე. ზ.ჟვანია და მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი - ვ.ხმალაძე.
გულუას და ძაბირიძეს ოთხ-ოთხი ხმა აქვთ.
სამი რესპონდენტი ასახელებს ,,მთლიანად რესპუბლიკელებს'' და სამი - ა.ბაქრაძეს, რომელსაც ,,დეზორიენტირებულის'' ეპითეტი ახლავს.
ორ-ორი ,,ხმა'' მიიღეს: ნ.ნათაძემ, მ.ურიდიამ, მ.ჭკუასელმა, ი.შენგელაიამ.
ორმა რესპონდენტმა დაასახელა აგრეთვე მ.მაჭავარიანი. საერთოდ, ორი ექსპერტის აზრით, თუ ზვიადისტები გაერთიანდნენ, მიიღებენ ხმათა 10-15%-ს.
თითოჯერ დასახელებულთა შორის ბევრი ახალი პიროვნებაც ფიგურირებს: პ.მამრაძე, გ.მგელაძე, ი.ბათიაშვილი, ს.ხაბეიშვილი, ლ.მამალაძე, შ.ოგბაიძე, თ.ბასილაია, რ.შავიშვილი, ვ.რჩეულიშვილი.
ერთი რესპონდენტი ვერავის ხედავს პერსპექტიულს.
აქვე, ორი რესპონდენტის აზრით, თუ კომუნისტები გაერთიანდნენ, მათი გავლენაც გაიზრდება.
შეკითხვა #3.
სახელმქიფოს მეთაურის შეცვლის პირობად გამოკითხულთა უმრავლესობას (13) კვლავ არჩევნები მიაჩნია. თუმცა მკვეთრად ფიგურირებს არაკანონიერი ცვლის შესაძლებლობაც: ,,გადატრიალების ინსცენირებით'' - 1, ,,თუ რაიმე მოხდა, ეს შეუძლია მხოლოდ იოსელიან-გიორგაძეს - 3, ,,Дворцовый переворот“- 1, ტერაქტი - 1.
ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეცვლა თავად შევარდნაძეზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობის გამო - 3, პირადი გადაწყვეტილებით პოლიტიკური კარიერის შეწყვეტა - 1, ,,თავისით წავა, ოღონდ მაღლა წასასვლელად'' - 1, ,,დიდ ჩიხში მოხვედრით'' - 1.
ერთის აზრით, შევარდნაძე ამ არჩევნებს წააგებს, ხოლო ერთი ფიქრობს, რომ შევარდნაძის წასვლა რუსეთში მიმდინარე პროცესებით იქნება გამოწვეული. ასე რომ, არჩევნებით სახელმწიფოს მეთაურის შეცვლა და სხვადასხვაგვარი გადატრიალების შესაძლებლობა კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება.
შეკითხვა #4.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა წინანდელზე უფრო მეტად რთულდება. ერთი ,,ექსპერტი'' აცხადებს, რომ იცის, მაგრამ არ იტყვის.
დასახელებულ კანდიდატურებს შორის, წინანდელისაგან განსხვავებით, დიდი სიმკვეთრე აღარა ჩანს. ყველაზე მეტი - სამი ,,ხმა'' მიიღო ი.გიორგაძემ, ორ-ორი - თ.შაშიაშვილმა, ა.ასათიანმა და ბ.გულუამ. თითო-თითო: ი.სარიშვილმა, თ.პაატაშვილმა, ვ.რჩეულიშვილმა, ა.ბაქრაძემ.
შეკითხვა #6.
მიუხედავად იმისა, რომ წინა გამოკითხვის სურათი აქ ძირითადად შენარჩუნებულია, ჩნდება ახალი ვარიანტებიც. ყველაზე მეტი ხმა მიიღო ვარაუდმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ სამხედრო გზით გადაჭრის თაობაზე - 12. შემდეგ მოდის ვარაუდი ამ პრობლემის 2-3 წელიწადში მოგვარების შეუძლებლობის შესახებ - 9. როგორც ვხედავთ, ორივე ვარიანტთან დაკავშირებით წინა გამოკითხვასთან შედარებით პროცენტული მატებაა. აქვე პირველად ჩნდება საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერების ფაქტორიც - 4, და აშშ-ში რესპუბლიკელების გამარჯვების იმედი, რამაც საერთაშორისო კლიმატის ჩვენს სასარგებლოდ შეცვლა უნდა გამოიწვიოს - 3. კვლავ ბევრია ვარაუდი პრობლემის ნაწილობრივ ან ფორმალურად მოგვარების თაობაზე: ოსეთთან მალე გაუმჯობესდება (3), შენარჩუნდება სტატუს-კვო (1): აფხაზეთთან ნაწილობრივ (პოლიტიკური გზებით - 1), აფხაზეთი იურიდიულად საქართველოს შემადგენლობაში დარჩება (1), მოსალოდნელია მდგომარეობის დაკონსერვება (2), რუსეთი მოგვცემს გალის რაიონს (3).
უკვე ჩანს ხელისუფლების კურსისადმი კრიტიკული, უნდო დამოკიდებულებაც (,,ამ პოლიტიკით არ გადაიჭრება'' - 1). მხოლოდ რესპონდენტი ასახელებს პოლიტიკური გზით მოგვარების შესაძლებლობას.
ერთი ექსპერტი კონფლიქტის განახლების საფრთხეს რეალურად მიიჩნევს, ხოლო ერთის აზრით, აფხაზეთში დაბრუნებული მეგრელებიც აფხაზებისნაირ სეპარატისტებად გადაიქცევიან.
როგორც ვხედავთ, რესპონდენტთა მხრიდან პრობლემის მოგვარების ხელისუფლებისეული კურსის მიმართ ძირითადად უარყოფითი და სკეპტიკური დამოკიდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთლიანად უარყოფილია მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით მოგვარების პერსპექტივები, ჩნდება აზრიც, რომ მხოლოდ საქართველოს შიდა პრობლემის მოგვარებასა და ეკონომიკურად მოძლიერებას შეუძლია ქვეყნის გამთლიანება.
ძირითადი აქცენტი კი მაინც ქვეყნის გარეთ, სხვა ქვეყნებსა და სხვა ძალებზეა გადატანილი, ანუ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტთა მოგვარებაში, ექსპერტთა აზრით, გადამწყვეტი როლის თამაში თავად კონფლიქტურ მხარეებს, არამედ რუსეთს, ამერიკასა და სხვა საგარეო ფაქტორებს შეუძლიათ.
დაბოლოს, ამ ორი გამოკითხვის შედეგების შეჯამებისას შემდეგნაირი სურათი იხატება:
ჩვენი ექსპერტების დამოკიდებულება საქართველოს შიდაპოლიტიკური პრობლემებისადმი უფრო მეტად პიროვნული, სუბიექტური ფაქტორებით განისაზღვრება: სიტუაციას მართავს და საზოგადოებაზეც უფრო დიდი გავლენა აქვს მას, ვის ხელშიცაა წამყვანი პოსტი: იარაღი და ფული (მაგ. შევარდნაძე, იოსელიანი, გიორგაძე, მარგიანი, კვირაია). ამდენად, რეალობა ძირითადად კონკრეტულ პიროვნებათა შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს ექვემდებარება, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია არასამართლებრივი და ძალისმიერი ქმედებებით იქმნება. შესაბამისად, საზოგადოებაც ფსიქოლოგიურად სისტემური ძალადობის ზემოქმედების ქვეშაა. მასზე გავლენის მოპოვება რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მხრიდან სწორედ სხვადასხვა ფორმის ძალადობის აქტითაა შესაძლებელი. ასეთ ვითარებაში წინ მიიწევს ის, ვინც ,,თავის შესაძლებლობებს კარგად იყენებს'', ანუ ვინც მეტად და უკეთ ძალადობს. ამასთან ჩნდება ,,საზოგადოებრივ აზრზე მუშაობის'' საჭიროებაც, რაც, თუ ზემოთქმულიდან ამოვალთ, მხოლოდ დემაგოგიას უნდა ნიშნავდეს. პერსპექტივა იმას უფრო მეტი აქვს, ვინც ,,კარგად ლავირებს` (ა.ასათიანი), ვინც ,,ყველაფერზე წამსვლელია'' (ზ.ჟვანია), ვინც ,,დინებას გრძნობს'' და ,,მეტი შეუძლია'' (ი.გიორგაძე): ასევე, თუ ,,მიზნისაკენ მიდის'' (თუმცა მიზანი სრულიად ბუნდოვანი შეიძლება იყოს). ასეთ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ საზოგადოება ეძებს გმირის ხატს, რომელიც თავდაუზოგავად ებრძვის მაფიას და კორუფციას და რაც, საბოლოო ჯამში, სახალხო გმირის ძებნის სახეს უფრო იღებს. საზოგადოების განწყობას საკმაოდ სკეპტიკური და ზოგჯერ ნიჰილისტური ელფერიც აქვს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესაძლებლობასთან დაკავშირებით (ბევრის აზრით, სახელმწიფოს მეთაურის შეცვლა მხოლოდ არასამართლებრივი მეთოდებით, ან შევარდნაძის გარდაცვალებითაა შესაძლებელი - ეს კი, თავის მხრივ, პიროვნული ფაქტორის უზომოდ ზრდაზე მიუთითებს). ის, რომ იოსელიანი პერსპექტიულია, რამდენადაც იგი ,,ყველას სჭირდება'', ანუ რესპონდენტებისავე მიერ ,,კრიმინალად'' დახასიათებული პირი თუ სამომავლოდაც ყველასთვის საჭირო იქნება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალისმიერი და არასამართლებრივი ზეწოლა მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს.
ქართული პოლიტიკური სამყაროს ცენტრში უცვლელი ადგილი უკავია ე.შევარდნაძეს და მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტების დამოკიდებულება მის მიმართ არცთუ დადებითია, ყველა პიროვნებისა და მოვლენის ცვალებადობა მისგან განუყოფლად განიხილება. დეკემბრის გამოკითხვაში იოსელიანის, გიორგაძისა და ჟვანიას გავლენიანობა, ძირითადად, მათი როგორც შევარდნაძისათვის სანდო პიროვნულობითაა გამოწვეული. მაისში იოსელიანის გავლენის ვარდნას შევარდნაძესთან კონფლიქტიც განაპირობებს. იგივე შეიძლება ითქვას ედპ-ზეც. სამაგიეროდ, ასათიანის ავტორიტეტის ზრდა მისი შევარდნაძისკენ შემობრუნებითაც აიხსნება. ასეთი სურათი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია ნაკლებცივილიზებულ თუ ტრადიციულ საზოგადოებისათვის, რომლისთვისაც ტრადიციონალისტური იდეოლოგიაც ლოგიკურ შესაბამისობაშია. პიროვნებების დახასიათებისას აქტუალური რჩება გარეგნული და ზოგჯერ ერთგვარად ხარიზმატული თვისებები (სილამაზე, სიმშვიდე, ქარსული, უალტერნატივობა, გმირის შარავანდედი და სხვ.). აქტუალურია ,,ალიანსების'' მითიც, განსაკუთრებით, თუკი საქმე საქართველოს საშინაო პოლიტიკაში უცხო ძალების ჩარევას ეხება. ეს უცხო ძალებიც ორ მითიურ კატეგორიად - დადებით და უარყოფითად იყოფა. უარყოფითი მოდუსის მატარებელია: ,,რუსეთი'', ,,მოსკოვი'', ხოლო დადებითის - ,,ამერიკა'' ანუ ,,რესპუბლიკური პარტია'', ,,დასავლეთი''. შესაბამისად, არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის შეფასებაშიც უზარმაზარ როლს გარეშე ფაქტორები თამაშობენ. ასე მაგალითად, რამდენიმე ლიდერის გავლენიანობას ისიც უწყობს ხელს, რომ ისინი ,,რუსეთთან ალიანსში არიან'' (შევარდნაძე, იოსელიანი, გიორგაძე). შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ საქართველოს ხელისუფალიც ის იქნება, ვინც რუსეთს აწყობს. საქართველო-რუსეთ-დსთ-ს ურთიერთობებში მთლიანად იგნორირებულია საქართველოს ნება - ის იქნება ისეთი, როგორც ამას რუსეთი და დასავლეთი გადაწყვეტენო. რუსეთი, როგორც უარყოფითი მოდუსის მქონე სიმბოლო, თითქმის მთლიანად არასანდო და სახიფათოდ აისახება (,,რუსეთი გვაქცევს გუბერნიად'', ,,მოსალოდნელია რუსეთთან ინტეგრაცია'' და სხვ.) თუმცა არის იმედი, რომ დადებითი ძალების სიმბოლო - დასავლეთი ამის წინააღმდეგი იქნება და ამას არც დაუშვებს.
როგორც დეკემბრის, ასევე მაისი თვეებში ჩატარებულ გამოკითხვებში საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებას, ქართული საზოგადოებისათვის, ერთგვარად ესქატოლოგიური მნიშვნელობაც კი აქვს. თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, რუსეთი ვეღარ დაგვჩაგრავს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც უფრო მალე აღდგება. შეიძლება პარადოქსულიც კი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საქართველოზე ,,მზრუნველობა'' ქვეცნობიერებად უშუალო ე.შევარდნაძეს უკავშირდება, რომელსაც მრავალი რესპონდენტი იმ ქვეყანასთან ალიანსში დებს ბრალს, რომელიც აშშ-ს რესპუბლიკურმა პარტიამ უნდა დათრგუნოს...
რუსეთის ნება-სურვილზე დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეშიც ჩანს (,,რუსეთი დაგვიბრუნებს გალის რაიონს'') და ვინაიდან რუსეთი უარყოფითი სიმბოლოა, შესაბამისად ამ პრობლემის მოგვარებისადმი დამოკიდებულებაც სკეპტიკურია. თუმცა ყველაზე ძლიერად მაინც მისი სამხედრო გზით გადაწყვეტის პერსპექტივის იმედი ჩანს და აშკარად მცირეა მშვიდობიანი თუ შიდაპოლიტიკური (საქართველოს ეკონომიკურად მომძლავრება, სტაბილიზაცია) გზით მოგვარების იმედი.
საგარეო ფაქტორის ესოდენ დიდი მნიშვნელობა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებასა და ჩვენი პოლიტელიტის არასრულფასოვნების კომპლექსზეც მიუთითებს.
დაბოლოს, ისიც შეიძლება ითქვას, რომ რესპონდენტთა დამოკიდებულება მთელ რიგ პოლიტიკურ პრობლემათა მიმართ არათანაბარი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და იმპულსურია, ხოლო რაციონალურობისა და პოლიტიკური რეალობის აღქმის დონე - მცირე და უმნიშვნელო.
რედაქციისაგან: მაინც, რატომ დავარქვით პუბლიკაციების ამ სერიას ,,პოლემიკის გაკვეთილი?'' განა ვითომ რა ისეთი ჭკუისსასწავლებელი, სამაგალითო ამბავია ჩვენი საზოგადოებისათვის? მაგრამ თუ ახალგაზრდა, სრულიად უცნობი ანალიტიკოსის კრიტიკულ მოხსენებაზე მსგავს რამ მიდგომას იპოვით მავანი მეტრის მხრიდან ქართულ წარსულსა თუ სინამდვილეში, თითი მოგვიკაკვია...
სტატია ,,ნაციონალიზმი და დემოკრატია'' (მისი თავდაპირველი, უფრო ,,მძიმე'' სათაური იყო ,,ნაციონალიზმისა'' და დემოკრატიის გადააზრება პოსტ-კომუნისტური გამოცდილების შუქზე'') დაიწერა 1992 წელს ვაშინგტონში, კენანის რუსეთის კვლევის ინსტიტუტში მუშაობის დროს. ეს ის პერიოდია, როცა სოვეტოლოგების მრავალრიცხოვანი არმია დაბნეული იყო მათი კვლევის საგნის - საბჭოთა კავშირის - დაშლით. სოვეტოლოგთა უმრავლესობა არ ელოდა და ბოლომდე ვერ ეგუებოდა ასეთ აღსასრულს: ჯერ ერთი, სოციალისტური იდეოლოგიისადმი სიმპათიის გამო ისინი დიდად თანაუგრძნობდნენ საბჭოეთის თანდათანობითი გაადამიანურების გორბაჩოვისეულ პროექტს: მეორეც, საბჭოთა კავშირის ეროვნული პერიფერიები მათი ინტერესის საგანს ყოველთვის ნაკლებად შეადგენდა, ხოლო ეროვნულ მოძრაობებს არქაული გადმონაშთის სტატუსს აკუთვნებდნენ.
ასეთი, გარდამავალი ეპოქები ყოველთვის მოითხოვს ხოლმე საკვანძო ცნებების ხელახალ გადააზრებას. მე ვთვლიდი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებულ გაბატონებულ ტრადიციასთან მიმართებით, გადააზრებას მოითხოვდა კერძოდ ერის, ნაციონალიზმის და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებეთან მისი მიმართების პრობლემები. კენანის ინსტიტუტში თავიდანვე სწორედ ამ თემაზე სამუშაოდ ჩავედი. იმავე პერიოდში გამოვიდა ამერიკელი პოლიტიკური ფილოსოფოსის ფრანსის ფუკუიამას გახმაურებული წიგნი ,,ისტორიის აღსასრული და უკანასკნელი ადამიანი'' რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ტრადიციის გადააზრებას კომუნიზმის კრახის ფონზე. ჩემი სტატიის ბევრი ძირითადი თეზისიც ბუნებრივად ფუკუიამას კონცეფციასთან შეპირისპირებაში ჩამოყალიბდა: მე ძირითადად ვეთანხმებოდი ფუკუიამას ზოგად კონცეფციას, მაგრამ მთლად არ ვიზიარებდი მის წარმოდგენას ნაციონალიზმზე. ამ სიახლოვეში, როგორც ჩანს, ჩემთვის და ფუკუიამასთვის საერთო ჰეგელიანურმა ძირებმა ითამაშა გარკვეული როლი.
პირველად ჩემი სტატიის ძირითადი თეზისები საზოგადოებას კენანის ინსტიტუტში წაკითხული მოხსენების სახით წარვუდგინე იმავე წლის აპრილში. როგორც ჩანს, თემა ,,ცხელი'' აღმოჩნდა: სტატია გამოსაქვეყნებლად მთხოვა დემოკრატიის
ეროვნული ფონდის გამოცემამ ,,დემოკრატიის ჟურნალი'': იმავე ფონდმა მოაწყო სტატიის განხილვაც, სადაც ოპონენტად თვით ფუკუიამა გამოდიოდა. ჟურნალის გარდა სტატია შევიდა აგრეთვე კრებულში ,,ნაციონალიზმი, ეთნიკური კონფლიქტები, დემოკრატია''. გარდა ამისა, ღირებულებათა და ფილოსოფიის კვლევის საბჭომ პოლ პიჩისა და ჯორჯ მაკლინის თაოსნობით იმავე 1992 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონის ახლოს მოაწყო ორდღიანი სემინარი, რომელიც სტატიაში დასმული პრობლემების განხილვას მიეძღვნა. ამ სემინარის მასალებიც (ამავე სტატიის უფრო ვრცელი ვარიანტით) ახლახან წიგნად გამოვიდა (ამავე წიგნში შევიდა 1990 წელს ვაშინგტონშივე ჩატარებული ამერიკულ-ქართული ფილოსოფიური კოლოკვიუმის მასალები თემაზე ,,ცოდნა და ზნეობა'').
დასავლელი მკითხველი სტატიას აღიქვამს უპირატესად როგორც ნაციონალიზმის ზომიერ დაცვას: როგორც იმის მტკიცებას, რომ ნაციონალიზმს, აშკარა უარყოფითი მხარეების გარდა, რაღაც დადებითიც შეიძლება ჰქონდეს. ამავე დროს, სტატიაში გატარებულია აზრი, რომ მხოლოდ კლასიკური ლიბერალური ინდივიდუალიზმი ვერ იქნება საკმარისი პირობა დემოკრატიული საზოგადოების ასაშენებლად. ამგვარმა მიდგომამ სიმპათია დაიმსახურა, ერთის მხრივ, ნეოკონსერვატული მიმართულების წრეებში (მათ უკავშირებენ დემოკრატიის ეროვნულ ფონდსაც და ფ. ფუკუიამასაც), მეორეს მხრივ კი პოლიტიკურად უფრო მემარცხენე რელიგიურ მოაზროვნეებში, ვინც უკმარობას განიცდის დასავლური ცივილიზაციის ინდივიდუალისტურ-რაციონალისტური პარადიგმის გამო.
![]() |
14 პოლემიკის გაკვეთილი?... |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია
ნაციონალიზმი და დემოკრატია
კომუნიზმის კოლაფსმა აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთდროულად ლიბერალური დემოკრატიის ტენდენციაც ახალ შთამბეჭდავ მიღწევებთან მიიყვანა და ნაციონალიზმი კი - აღზევებასთან. ბევრმა ანალიტიკოსმა, ჩანს, ეს წინააღმდეგობრივ ფენომენად მიიჩნია, რამდენადაც ისინი ნაციონალიზმს ფუნდამენტურად არადემოკრატიულ მოვლენად განიხილავენ. მიმაჩნია, რომ ეს ზედაპირული თვალსაზრისია, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მიერ იმის გაგებას, თუ რა ხდება როგორც პოსტკომუნისტურ, ასევე ბევრ სხვა ქვეყნებშიაც. ყოველ შემთხვევაში, ანტიკომუნისტური ცვლილებების გამოცდილება ჩვენგან მოითხოვს არა მხოლოდ ნაციონალიზმსა და დემოკრატიას, არამედ იმ სხვა მრავალ ბაზისურ იდეას შორის არსებული მიმართებების გადააზრებას, რომელთაც თანამედროვე ცივილიზაცია ემყარება.
ამგვარი ხელახალი გააზრების პირველი მნიშვნელოვანი მცდელობა დიდი ცვლილებების საწყის ეტაპზევე გამოჩნდა - 1989 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა ფრანსის ფუკუიამას მოსაზრებები ,,ისტორიის დასასრულის'' შესახებ.1 მოგვიანებით, უკვე სქელტანიან წიგნში გაშლილი, ფუკუიამას მთავარი იდეა ის გახლდათ, რომ კომუნიზმის ნგრევა ლიბერალური დემოკრატიის იდეას მარტომდგომად ტოვებდა, რომლის გვერდითაც აღარ ჩანდა სხვა რომელიმე სიცოცხლისუნარიანი იდეოლოგიური კონკურენტი.2 ამრიგად, თითქოსდა მიღწეულია ადამიანის განვითარების ბოლო, პოსტოისტორიული საფეხური და ლიბერალური დემოკრატიის ბატონობა, იქნებ მომაბეზრებლად ერთფეროვანიც კი, უბრალოდ, გარდაუვალი ხდება.
პირადად მე, თუმცა ზოგადად ვეთანხმები ფუკუმიამას ანალიზმს, არ ვიზიარებ ნაციონალიზმის როლის მის უპირატესად ნეგატიურ შეფასებას ლიბერალური დემოკრატიის წარმოშობის, გავრცელებისა და დამკვიდრების საქმეში. მარტივად რომ ვთქვა, ფუკუიამა (ზოგიერთი საპირისპირო შენიშვნის მიუხედავად) იზიარებს დასავლეთში ფართოდ გავრცელებულ თვალსაზრისს, რომ ლიბერალური დემოკრატია და ნაციონალიზმი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი მოვლენებია.3 თუ ერთი გაიმარჯვებს, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მეორის სრული დამარცხების შემთხვევაში. ტერმინი დემოკრატია უკვე ლამის მექანიკურად უკავშირდება ისეთ ზედსართავებს, როგორიცაა ,,კარგი'', ,,ცივილიზებული'', ,,პროგრესული'', ,,რაციონალური'' და ა. შ., მაშინ როდესაც ნაციონალიზმი ,,ჩამორჩენილობასთან'', ,,განუვითარებლობასთან'', ,,ბარბაროსობასთან'', ,,ირაციონალიზმთან'' და სხვა მსგავს ცნებებთანაა ასოცირებული. ღირებულებათა ასეთი შკალის ფონზე ფუკუიამას ვარაუდი, ირომ ,,ირაციონალური'' ნაციონალიზმი არ იძლევა დემოკრატიის სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას და ამგვარად, ისტორიას თავისი უსაფრთხო სასრული სტადიისთვის მიუღწევია, ფუკუიამას მეტისმეტ ოპტიმისტად წარმოაჩენს. ამის საპირისპიროდ, შლომო ავინერის მსგავსი პესიმისტები ამტკიცებენ, რომ სწორედ ნაციონალიზმი და არა ლიბერალური დემოკრატიაა კომუნიზმის რეალური მემკვიდრე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორია თავის კვალს უბრუნდება.4
მაგრამ რა იქნება, თუკი ნაციონალიზმსა და დემოკრატიას განცალკევებულ მოვლენებად არ განვიხილავთ? იქნებ ნაციონალიზმი, უბრალოდ, შემადგენელი ნაწილია იმ უფრო რთული საგნისა, რომელიც ,,ლიბერალურ დემოკრატიად'' იწოდება? ამით მე იმის თქმა მსურს, რომ ნაციონალიზმის იდეა მოუაზრებელია დემოკრატიის იდეის გარეშე, და რომ არც დემოკრატია არსებობს ნაციონალიზმის გარეშე. მათი ურთიერთკავშირი ზოგ რთულ ოჯახს ჰგავს: მეუღლეებს არსებობა არ შეუძლიათ უერთმანეთოდ, მაგრამ ორივენი თანაარსებობენ თითქმის გამუდმებულად დაძაბული მდგომარეობის პირობებში. გაყრა, შესაძლოა, ლოგიკურ გადაწყვეტილებად გამოიყურება დასავლელი ლიბერალისათვის, რომელიც შეძრწუნებულია მეოცე საუკუნის ევროპული ნაციონალიზმის გამოცდილებით, მაგრამ ეს არჩევანი, თუკი მხედველობაში მივიღებთ რეალურ პოლიტიკურ ძალთა განლაგებას, მხოლოდ შიშველ სურვილზეა დამყარებული.
ის წესი, რომლითაც კომუნიზმის კოლაფსი და საბჭოთა იმპერიის დაშლა მოხდა, საკითხისადმი ჩემეული მიდგომის მართებულობას ადასტურებს. მის საპირისპიროდ, დასავლური პოლიტიკური მეცნიერების ძირითადი ნაკადის უუნარობა ფეხი აეწყო მოვლენათა განვითარებისათვის პოსტკომუნისტურ აღმოსავლეთში, ნაწილობრივ მაინც დასავლური მენტალიტეტის მიერ ნაციონალიზმისა და მისი დემოკრატიასთან მიმართების ცალმხრივი აღქმითაა გამოწვეული.
ეს ცალმხრივობა დიდწილადაა დამოკიდებული დასავლური სოციალური მეცნიერებისათვის ზოგადად დამახასიათებელ ტენდენციებზე: ერთი მხრივ, ეკონომიკურ დეტერმინიზმზე, მეორეს მხრივ კი შეფასებითი მსჯელობებით გატაცებაზე. თუ წინასწარ ვაღიარებთ, რომ სოციალური მოვლენების ნამდვილად ,,მეცნიერული'' გზით ახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ეკონომიკურ პირობებზე დავიყვანთ, მაშინ აქედან მხოლოდ ერთი ნაბიჯია თანამედროვე ინსტრუმენტალისტურ დოქტრინამდე, რომლის მიხედვითაც ერები და ნაციონალიზმი შედეგია: ა) ინდუსტრიალიზაციისა და ბ) მასების მანიპულაციისა, რომელსაც საკუთარი (უმთავრესად ეკონომიკური) ინტერესების მქონე ელიტა ეწევა. თუმცა, ეს ,,მეცნიერული'' განწყობა სულაც ვერ იფარავს ბევრ სწავლულს ტერმინების ,,დემოკრატიის'' და ,,ნაციონალიზმის'' უფრო შეფასებითი, ვიდრე დესკრიპციული გამოყენებისაგან. დემოკრატიას გმირის როლი ხვდა და იგულისხმება, რომ მას არაფერი საერთო არ შეიძლება ჰქონდეს ნაციონალისტ არამზადასთან.
რა თქმა უნდა, სოციალურ მოვლენათა არც ერთ მკვლევარს არ შეუძლა მთლიანად აიცილოს თავიდან გარკვეული ღირებულებებისათვის უპირატესობის მინიჭების ცდუნება. თავად მე, მაგალითად, ვეთანხმები უინსტონ ჩერჩილს, რომ დემოკრატია ძალიან ცუდი პოლიტიკური სისტემაა, რომელსაც ერთადერთი, მაგრამ ფრიად სოლიდური გამართლება აქვს: ყველა დანარჩენი პოლიტიკური სისტემა მასზე უარესია. და მაინც, შეფასებითი მიდგომა შეუთავსებელია თეორიულთან. როგორც თეორეტიკოსს, მე არ უნდა მაინტერესებდეს, არის თუ არა ნაციონალიზმი ,,კარგი'' ან ,,ცუდი''; ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ის არსებობს. მეორე მხრივ - და აქ მე ვეთანხმები ფუკუიამას - სოციალური რეალობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ ობიექტურ მოცემულობებზე; სუბიექტურ-ადამიანურ მიმართებებს, ყოველგვარი რედუქციონიზმის მიუხედავად შეუძლიათ არსებობა და არსებობენ კიდეც. ეს ისეთი ჭეშმარიტება გახლავთ, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს, თუკი შევეცდებით დემოკრატიასა და ნაციონალიზმს შორის არსებული ურთიერთობის გაგებას.
ნაციონალიზმის და დემოკრატიის ანალიზისას ჩემთვის არსებითია, გარკვეული გამიჯვნებით დავიწყოთ. პირველი მათგანი ეხება დემოკრატიასა და ლიბერალიზმს. თუმცა ,,დემოკრატია'' ხშირად გამოიყენება ,,ლიბერალურ დემოკრატიასთან'' ურთიერთშენაცვლებად ცნებად, ეს უკანასკნელი მაინც გულისხმობს ორი განსხვავებული იდეის, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის კომბინაციას, რომელთა შეუთავსებლობა არც მთლად ისე ცხადია, როგორც ეს შეიძლება ეგონოს რიგით ევროპელ თუ ამერიკელ მოქალაქეს. ამ ორ ფენომენს შორის გარკვეული განსხვავება და დაძაბული მიმართებაც კი არსებობას, და ეს განსხვავება ნაციონალიზმის მიმართ მათ დამოკიდებულებაშიც აისახება.
მეორე, შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს მნიშვნელოვანი განსხვავება ჩამოყალიბების პროცესში მყოფ დემოკრატიებსა (რომლებიც უმთავრესად ახლახანს წარმოშობილ სახელმწიფოებში გვხვდება) და უწყვეტი სუვერენიტეტის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე დასრულებულ დემოკრატიულ რეჟიმებს შორის. ამ ორი ტიპის ქვეყნებში ნაციონალიზმის როლიც სხვადასხვაგვარია. პირველ (ლიბერალიზმი-დემოკრატია) და მეორე (ჩამოყალიბებადი-მომწიფებული დემოკრატია) გამიჯვნებს ურთიერთკავშირში თუ განვიხილავთ, შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ დემოკრატიის სიმწიფის საზომი მდგომარეობს ლიბერალური და დემოკრატიული პრინციპების მართებულ შეზავებაში, მაშინ როდესაც ჩამოყალიბებადი დემოკრატების მშობიარობის ტკივილები, ამ პრინციპთა შორის კომპრომისის მიღწევის მცდელობითაცაა დამძიმებული.
მესამე განსხვავება, რომელსაც ჩვენი თემის განსახილველად არანაკლებ მნიშვნელოვნად ვთქვი, ,,შინნაზარდ'' და ,,იმპორტირებულ'' ლიბერალურ დემოკრატიებს შორის განსხვავებაა. თანამედროვე დემოკრატია პირველად ჩრდილო-დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაჩნდა, მოგვიანებით კი დემოკრატიულმა მოდელმა მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება და ახლა, ცივ ომში კომუნიზმის დამარცხების შემდეგ, მას თითქოს ცოტაღა აკლია უნივერსალურ აღიარებამდე. მაგრამ განა ის ისტორიული წინაპირობები და მექანიზმები, რომლითაც დემოკრატიის თავდაპირველი წარმოშობა შეგვიძლია ავხსნათ, სრულად იგივეა, რაც პრინციპები, რომლებიც მისი გავრცელების მექანიკას საზღვრავს? განა ლიბერალური და დემოკრატიული საწყისების ურთიერთმიმართება ერთგვაროვანია ,,შინნაზარდ'' და ,,იმპორტირებულ'' ვარიანტებში? და განა ნაციონალიზმის როლი ერთნაირია ორივე შემთხვევაში? ამ უკანასკნელ კითხვაზე, ვფიქრობ, პასუხი უარყოფითი უნდა იყოს და არც ამის დამახსოვრება იქნება ურიგო.
და ბოლოს, უნდა გავიცნობიეროთ, რომ იმას, რისი მოწმენიც დღეს ვართ - კომუნიზმიდან ლიბერალურ დემოკრატიაზე გადასვლის მცდელობას - არავითარი პრეცედენტი არა აქვს კაცობრიობის ისტორიაში: ყველა სხვა გადასვლა ტრადიციული საზოგადოებიდან ხდებოდა. ანიჭებს თუ არა ეს რაიმე არსებით თავისებურებას ნაციონალიზმის როლს დემოკრატიული გარდაქმნების საქმეში? ვფიქრობ, რომ კი.
დემოკრატიის ლოგიკა
დემოკრატიის საფუძველში ხალხის სუვერენულობის პრინციპი ძევს, რომლის მიხედვითაც მთავრობის კანონიერებას ადგენს მხოლოდ იმათი ნება, ვისაც ეს მთავრობა მართავს. ეს ზოგადი პრინციპი უნდა გავმიჯნოთ დემოკრატიული პროცედურებისაგან, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვადგენთ, თუ მართლა რა სურს ხალხს. ძირითადი პროცედურა, რა თქმა უნდა, არჩევნებია. სხვა ხერხების დანიშნულებაა დაიცვას დემოკრატია არჩეულ მმართველთა შესაძლო თვითნებობისაგან: ასეთებია: ძალაუფლების შტოთა გამიჯვნა, ხელახალი არჩევის შესაძლებლობათა ლიმიტირება, კონსტიტუციაში შესწორების შესატანად განსაკუთრებული მოთხოვნების დაწესება და ა. შ.
იგულისხმება, რომ დემოკრატიული მმართველობა უაღრესად რაციონალური უნდა იყოს. მისი კავშირი რაციონალისტურ ფილოსოფიკურ ტრადიციასთან აშკარად ჩანს ,,სოციალური კონტრაქტის'' ცნებაში, რომელიც საზოგადოებას გაიზიარებს თავისუფალ და არჩევანის საშუალებით მქონე ინდივიდთა ერთობლიობად, რომელთაგან თვითოეული თავის ქცევას ამყარებს იმის გაანგარიშებაზე, თუ რა უფრო შეესაბამება მის ინტერესებს. დემოკრატია არის წესების სისტემა, რომელიც დაკანონებულია ხალხის ნებით და იგულისხმება, რომ უმთავრეს შემთხვევაში ხალხი ირჩევს იმას, რაც უფრო სასარგებლოა მისი კეთილდღეობისათვის.
აქედან გამომდინარე, ყოველივე რაც არასაკმარისად რაციონალურად გამოიყურება, იქნება ეს ირაციონალური ფილოსოფია თუ ირაციონალური ადამიანური გრძნობები, ჩვეულებრივ გაგებულია როგორც დემოკრატიის იდეის საპირისპირო რამ. ნაციონალიზმი მხოლოდ ერთი ნიმუშია ,,ირაციონალური'' ფენომენისა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, სპობს დემოკრატიის მარცვალს. ნაციონალიზმსა და დემოკრატიას შორის აუცილებელი და პოზიტიური კავშირის არსებობის მტკიცებით მე, რა თქმა უნდა, სწორედ ამგვარ ზოგად თვალსაზრისს ვუპირისპირდები.
იმისათვის, რომ ვნახოთ, თუ რა სასიცოცხლო როლი შეუძლია შეასრულოს ნაციონალიზმის მსგავსმა არარაციონალურმა ფენომენმა დემოკრატიის პროექტის განხორციელებისათვის, ეს უკანასკნელი შეიძლება თამაშს შევადაროთ. დემოკრატია, ნებისმიერი თამაშის მსგავსად, ემყარება წესებს, რომელთა ძალა მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეთა (მოქალაქეთა) მზაობაზე, დაიცვან ისინი. ეს ანალოგია კარგად ეხამება დემოკრატიის ზემოაღნიშნულ ორივე ასპექტს: ხალხის სუვერენულობის პრინციპს და იმ ფაქტს, რომ ამ სუვერენულობის ერთადერთი აზრიანი გამოხატულებაა მისი სახელით შექმნილი წესების გარკვეული ერთობლიობა (კონსტიტუცია და კანონები). ხალხის სუვერენულობა მდგომარეობს იმის პრეტენზიაში, რომ ,,ჩვენ, ხალხი'' ვაპირებთ ვითამაშოთ მხოლოდ იმ წესებით, რომლებიც საკუთარი ნებით ავირჩიეთ. ჩვეულებრივ მიაჩნიათ, რომ ამგვარ წესებს (თამაშის წესებისაგან განსხვავებით) დამოუკიდებელი მორალური ღირებულება აქვთ, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება დაფუძნებული იყოს გარკვეულ რელიგიურ რწმენაზე, მაგრამ ამ უნივერსალური ღირებულებების (ანდა ღვთის ნების) ინტერპრეტაციის კონკრეტული მანერა დამოკიდებულია ინდივიდუალურ მორქმუნეებზე - ,,ჩვენზე, ხალხზე''. პრინციპში ამით განსხვავდება დემოკრატია ისეთი პოლიტიკური სისტემებისაგან (სულ ერთია, ტრადიციულნი არიან ისინი თუ მოდერნულნი), სადაც ღვთიურ ნებას (ან მის რომელიმე ექვივალენტს, ვთქვათ, მარქსის ისტორიული განვითარების ,,კანონებს'') ჯერ მმართველი ელიტა განმარტავს და უკვე შემდეგ მასებამდე დაყავს შესაბამისი წესები.
დემოკრატიის ეს ,,თამაშის მსგავსი'' ასპექტი თითქოს გვიჩვენებს მის სრულ რაციონალურობას, მაგრამ თუ ჩვენ ამ ანალოგიას გავაგრძელებთ, დემოკრატიული საქმიანობის არარაციონალურ ასპექტებსაც აღმოვაჩენთ. თამაში, წესების გარდა, მოთამაშეთა ჯგუფსა და შემოზღუდულ სათამაშო სივრცესაც გულისხმობს. ნამდვილ თამაშებში მისი ეს ელემენტები მთლიანად პირობითი და თვითნებურია, დემოკრატიული წამოწყების მიმართ კი იგივეს ვეღარ ვიტყვით, თუმცა დემოკრატიული კანონები (,,წესები'') შეგვიძლია განვიხილოთ როგორც რაციონალური შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილების პროდუქტი, მაგრამ პოლიტიკური ერთობის შემადგენლობა და ტერიტორია (,,მოთამაშეები'' და ,,სათამაშო სივრცე''), რომელთა მიმართაც ამ კანონებს ძალა აქვთ, არ შეიძლება ამგვარადვე განისაზღვროს. რა თქმა უნდა, დემოკრატიას აქვს სტანდარტული კატეგორიები (მოქალაქეობა და სახელმწიფო საზღვრები) მოთამაშეებისა და სათამაშო სივრცის განსასაზღვრავად, მაგრამ იმის გარჩევის კრიტერიუმი, თუ სახელდობრ ვინ არის მოქალაქე და საკუთრივ სად გადის საზღვრები, სულაც არ გამომდინარეობს დემოკრატიული წამოწყების შინაგანი ლოგიკიდან.
განვითარებული დემოკრატიული რეჟიმი ამგვარ კითხვათა მოგვარებას თავის წინაპირობად გულისხმობს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აქვს რაციონალური დემოკრატიული მოქმედების ლოგიკას შინაგანი რესურსები მათ გადასაწყვეტად. მართალია, თვითდადგენის დემოკრატიულმა პრინციპმა და არჩევნების დემოკრატიულმა პროცედურამ შესაძლოა გააიოლოს ეს გადაწყვეტა, მაგრამ დემოკრატიის ლოგიკა, თავისთავად, არ გვაწვდის რაიმე სპეციფიკურ კრიტერიუმს, რის მიხედვითაც გაკეთდებოდა არჩევანი, ან გაგვარკვევდა, თუ რომელი ხალხი ან ტერიტორიაა ჩასართველი ამა თუ იმ პოლიტიკურ სისტემაში. მაინც რის მიხედვით უნდა დავადგინოთ, მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა მოცემული ჯგუფი რატომ უნდა შეუერთდეს რომელიმე პოლიტიკურ ერთობას, ან გამოეყოს მას?
რამდენადაც დემოკრატიის იდეა უნივერსალურია, სავსებით ლოგიკური იქნებოდა, რომ ხალხის სუვერენულობის პრინციპი ერთიანი მსოფლიო პოლიტიკური ერთობის მასშტაბით განხორციელებულიყო. ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს რომ დემოკრატიაზე გადასვლა მთელ მსოფლიოში ერთდროულად უნდა მოხდეს, და რომ ერთიანი მსოფლიო დემოკრატიის არსებობა თვით ადამიანების სურვილს შეესაბამება. მაგრამ ისტორია არ გვიდასტურებს არცერთ ამ ვარაუდს. დემოკრატია მუდამ შემოსაზღვრული ერთობების დონეზე ყალიბდებოდა ხოლმე. არასდროს და არსად არ აღნუსხულა, რომ თავისუფალ, ერთურთთან შეუკავშირებელ ინდივიდებს რაციონალური გაანგარიშების საფუძველზე, სპონტანურად გადაეწყვიტათ - არაფრიდან დემოკრატიული, სოციალურ კონტრაქტზე აგებული საზოგადოება შევქმნათო.
მოგვწონს თუ არა ეს, მაინც ნაციონალიზმია ის ისტორიული ძალა, რომლის საფუძველზეც ყალიბდება დემოკრატიული ხელისუფლებისათვის ვარგისი პოლიტიკური ერთეულები. ,,ერი'', უბრალოდ, სხვა სახელია ცნებისა ,,ჩვენ, ხალხი'', რითაც ამერიკის კონსტიტუცია იწყება.
ერების აგება
ტრადიციულმა ევროპულმა ნაციონალიზმმა სცადა ჩამოეყალიბებინა ეროვნულობის ობიექტური ნიშნები, რომელთა საშუალებითაც ადამიანთა მოცემული ჯგუფი ,,თვითდადგენის'' მოთხოვნის რაციონალურ გამართლებას შესძლებდა. ეს ნიშნები მოიცავენ ენას, საერთო წარმომავლობას, სახელმწიფოებრიობის ისტორიულ ტრადიციას და მისთანებს: იმედოვნებდნენ, რომ ამ ნიშნების მეშვეობით დემოკრატიის შენობა მთლიანად რაციონალურ საფუძვლებზე დამყარებული აღმოჩნდებოდა. უნდა არსებულიყო საყოველთაოდ მისაღები ობიექტური კრიტერიუმი, რომლის მეშვეობითაც ტერიტორიები ხალხებს შორის ,,სამართლიანად'' განაწილდებოდა: თუ რომელიმე ჯგუფსა თუ ინდივიდს ეეჭვებოდა საკუთარი კუთვნილება ამა თუ იმ ერისადმი, ამ გზით ისინიც მოიპოვებდნენ ზუსტსა და მიუკერძოებელ საზომებს ამგვარი ეჭვების გასაფანტავად. მაგრამ ნაციონალიზმთა ფაქტიურმა ისტორიამ, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთი სწავლულების მიერ შემოთავაზებულ თეორიულ ნააზრევზე, როგორიც ჰანს კონი და ენსტ გელნერი არიან, ცხადად აჩვენა, რომ ასეთი ობიექტური და უნივერსალური კრიტერიუმის გამომუშავება, უბრალოდ, მიუღწეველია.5) მოდერნიზაციამდელი ეთნიკური ერთობების თანამედროვე ერებად განვითარება ყოველთვის გაშუალებული იყო ისტორიული შემთხვევითობებითა თუ ცნობიერი პოლიტიკური ძალისხმევით: ღვთისაგან ბოძებული ან ბუნებრივად ჩამოყალიბებული ნაციონალური საზღვრები, უბრალოდ, არ არსებობს.
მართალია, ამ აღმოჩენას დიდად შეუძლია გამოუთხაროს ძირი ნაციონალიზმის პრეტენზიას ზოგადმართებული რაციონალური კრიტერიუმის შემოთავაზებაზე, მაგრამ ის მაინც ვერ გააქარწყლებს ნაციონალიზმის რეალურ ფუნქციას დემოკრატიული (ე. ი. თვით-დამდგენი) პოლიტიკური ერთობების ჩამოყალიბებაში. კრიტერიუმებმა, რომლითაც ერები ერთიმეორისაგან განსხვავდებიან, შეიძლება ვერ დააკმაყოფილონ ობიექტური ზოგადმართებულობის მოთხოვნები, მაგრამ დემოკრატიისათვის აუცილებელი პოლიტიკური ურთიერთშეკავშირება არ შეიძლება მიღწეულ იქნას მანამ, სანამ ხალხი თავის თავს ,,ერად'' არ დაადგენს. ნაციონალური პრინციპის არასაკმარისად რაციონალისტურმა ხასიათმა შეიძლება შეარყიოს დემოკრატიის საფუძვლები და სისხლისღვრაც კი გამოიწვიოს. რაკი ეროვნულობის ზოგადმართებული კრიტერიუმი არ არსებობს, წარმოიშვება კონფლიქტები, რომელთა სამართლიანი და რაციონალური გადაწყვეტა იქნებ პრინციპულად არც იყოს შესაძლებელი. კუნძულზე მცხოვრებ ერთა შორისაც კი ძნელია ისეთის პოვნა, რომელსაც ტერიტორიული დავა არ ჰქონდეს მეზობლებთან, და მრავალ ერს აქვს ეთნიკური უმცირესობების პრობლემა, რომელთაც იგი უყურებს როგორც პოტენციურ მოღალატეებს, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელნი თვით უმრავლესობას განიხილავენ როგორც პოტენციურ მჩაგვრელს. ამგვარი პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზა არსებობს: რადიკალური, ,,საბოლოო'' - როგორიცაა გენოციდი ან ეთნიკური წმენდა: თანდათანობითი, გრადუალისტური - ასიმილაცია: ან კომპრომისები, როგორიცაა კომუნალური თუ რეგიონალური ავტონომიების მინიჭება ფედერალური სახელმწიფოს შიგნით. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მიიღწევა პრობლემის გადაწყვეტა უმტკივნეულოდ და ძალადობის გარეშე, რაც გვიხსნის იმას, თუ რატომ სურს თანამედროვე დემოკრატიის ამდენ მხარდამჭერს ნაციონალისტური პრინციპის თავიდან აცილება. სამწუხაროდ, მხოლოდ სურვილები არ განსაზღვრავენ რეალობას.
ნაციონალიზმის რეალობისა და მნიშვნელობის უარყოფის მცდელობა ხშირად მომდინარეობს იმ დაშვების მიუღებლობიდან, რომ დემოკრატია, პოლიტიკური რაციონალობის ეს თითქოსდა სანიმუშო ხორცშესხმა, არარაციონალურ საფუძველს ემყარება. დემოკრატიულ საზოგადოებათა აგების ადრეულ ეტაპებზევე ნათელი გახდა, რომ პოლიტიკური დეფინიციის არარაციონალური აქტი (იმის დადგენა, თუ ვინ არის ეს ,,ჩვენ, ხალხი'') რაციონალური პოლიტიკური ქცევის აუცილებელი წინაპირობაა. ამის აღიარებაზე უარის თქმამ საშუალება არ მისცა დასავლელ ინტელექტუალებს გაეგოთ, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში (ან, უფრო სწორად, რა დაემართა მას) პერესტროიკის შედეგად. მათი შეშფოთება იმის გამო, რომ ნაციონალიზმი ხელს უშლიდა დემოკრატიულ რეფორმებს, ანგარიშს არ უწევდა იმ ჭეშმარიტებას, რომ ყველა რეალური დემოკრატიული მოძრაობა (რუსეთის გარდა) იმავდროულად ეროვნული მოძრაობაც იყო. დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკების პოლიტიკურ ლიდერებს ეკითხებოდნენ, თუ რა ეკონომიკური სარგებლიანობის მოპოვებას მოელოდნენ ისინი დამოუკიდებლობისაგან მაშინ, როდესაც ჩამოყალიბებული ერები თავად განიხილავდნენ სუვერენიტეტს, როგორც საბოლოო მიზანს და არა როგორც მხოლოდ საშუალებას ეკონომიკური აყვავებისათვის.
ურთიერთდამოკიდებულება დემოკრატიასა და ნაციონალიზმს შორის სრულიად სხვა გზითაც იჩენს თავს. თანამედროვე დემოკრატიული რეჟიმები, არანაკლებ ვიდრე თანამედროვე ერები, ხელოვნურ კონსტრუქციებს წარმოადგენენ. ძველი დემოკრატიები მხოლოდ პოლისის, კლასიკური ქალაქ-სახელმწიფოს მასშტაბით იყო შესაძლებელი. ამ ტიპის დემოკრატია არსებითადაც თანაზომადი იყო ცალკეული ადამიანისა: დემოკრატიული ყოფის ველის სიმცირის გამო მოქალაქეები პირისპირ ხვდებოდნენ ერთმანეთს. თანამედროვე დემოკრატია შორს გასცდა ასეთ ,,შინაურულ'' ურთიერთობებს: ის მოქალაქეებისაგან მოითხოვს სოლიდარობის იმგვარ გრძნობას, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული უშუალო შეგრძნებებზე და უფრო მეტად დაემყარება აზროვნებისა და წარმოსახვის მოდელებს.6
იუჯინ ვებერის ღირსშესანიშნავი ნაშრომი ,,გლეხების გადაქცევა ფრანგებად'' გვიჩვენებს, თუ საფრანგეთის რევოლუციის დროს (როდესაც დაიწყო კიდეც ფრანგი ერის ჩამოყალიბება თანამედროვე გაგებით) გლეხობა, ძველი რეჟიმის, უმთავრესად სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული საზოგადოების უფართოესი ნაწილი, რაოდენ მცირედ იაზრებდა თავს ,,ფრანგად'' - ბევრი მათგანი, კაცმა რომ თქვას, ფრანგულად არც კი ლაპარაკობდა.7 ურთიერთშეკავშირება მიღწეულ იქნა მიზანდასახული, ცენტრალიზებული და მკაცრი პოლიტიკური ძალისხმევის შედეგად: ამ აზრით, დღევანდელი ფრანგი უფრო ,,ხელოვნური'' კონსტრუქციაა, ვიდრე ,,ბუნებრივი''. წიგნის სათაური იმავე წარმატებით შეიძლებოდა ყოფილიყო ,,გლეხების გადაქცევა მოქალაქეებად'', რაც ყურადღებას გაამახვილებდა იმ პარადოქსზე, რომელიც შეიცავს გლეხის (ანუ სოფლად მოსახლის) მოქალაქედ (ანუ ქალაქის მაცხოვრებლად) გადაქცევას მისი ქალაქად მიგრაციის გარეშე. ასეთია პარადოქსი, რომელსაც ემყარება თანამედროვე დემოკრატია - ძირეულად ურბანისტული ფენომენი, მხოლოდ შემდგომ რომ მოუწია მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება და, მაშასადამე, სოფლის მოსახლეობის მოცვაც. ამგვარი რამ შეიძლებოდა მიღწეულიყო მხოლოდ შეგნებული პოლიტიკური ძალისხმევით, სულ ერთია ვინ იკისრებდა ამას - ცენტრალიზებული სახელმწიფო ბიუროკრატია, კულტურული ელიტა თუ სხვა ვინმე. ფაქტიურად, გლეხების ფრანგებად და მოქალაქეებად გადაქცევა ერთიანი პროცესი იყო: გლეხებს ფრანგებად გადაქცევა შეეძლოთ მხოლოდ მოქალაქეებად გადაქცევის შემთხვევაში და პირიქით - ეს ორი მომენტი გამიჯვნადია თეორიულად, მაგრამ არა პრაქტიკულად.8
ამრიგად, დემოკრატიის მშენებლობის საჭიროებები ქმნის სტიმულს ერის ჩამოსაყალიბებლად წინასწარ არსებული ეთნიკური მასალისაგან. ერნსტ გელნერის ნათქვამი - ,,ნაციონალიზმი ჰქმნის ერებს'', იმაზეც მიანიშნებს, რომ ერებს დემოკრატიული გარდაქმნები (და არა მხოლოდ ინდუსტრიალიზმი ან კაპიტალიზმი) ქმნის.9 აი ამიტომაა, რომ დემოკრატიის წარმოშობის ეტაპზე დემოკრატიული მოძრაობები და ეროვნული მოძრაობები ხშირად ერთი და იგივეა. ორივე ასულდგმულებს ,,თვითდადგენის'' პრინციპი: ,,ჩვენ, ხალხი (ე. ი. ერი) თავად გადავწყვეტთ საკუთარ ბედს: ჩვენ მხოლოდ იმ წესებს დავემორჩილებით, რომელთაც თავადვე დავადგენთ, და არავის მივცემთ საშუალებას - სულ ერთია, იქნება ეს აბსოლუტური მონარქი, უზურპატორი თუ რაიმე გარეშე ძალა - ჩვენი თანხმობის გარეშე გვმართოს''.
ამ არგუმენტს განსაკუთრებული ძალა აქვს ჩამოყალიბებული დემოკრატიების შემთხვევაში, სადაც ნაციონალიზმი დემოკრატიული ძვრების საწყისად გვევლინება. ეროვნული გრძნობის როლი დემოკრატიული წყობის შენარჩუნებაში სხვაგვარია - როდესაც დემოკრატიები სტაბილურობასა და საკუთარ საზღვრებში უსაფრთხოებას იგრძნობენ, ნაციონალური გრძნობის ინტენსივობა და მნიშვნელობა შესაძლოა, თანდათანობით შემცირდეს. ცხადია, შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, ხდება თუ არა რაიმე ამდაგვარი დღეს აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ ეს უკვე საუბრის სულ სხვა თემაა.
ლიბერალიზმი ნაციონალიზმის წინააღმდეგ
დემოკრატიის სახელით ნაციონალიზმის კრიტიკა სინამდვილეში უმეტესწილად მისი ლიბერალიზმიის სახელით კრიტიკაა. ლიბერალიზმის ქვეშ მე ვგულისხმობ დოქტრინას, რომელიც ადამიანის პირად თავისუფლებას უმაღლეს პოლიტიკურ ღირებულებად მიიჩნევს. რაც შეეხება ნაციონალიზმს, იგი უპირატესობას ანიჭებს რასობრივ, კულტურულ ან სხვა მსგავს საფუძველზე აღმოცენებული კოლექტივის მისწრაფებებს. ლიბერალიზმისათვის გადამწყვეტია არჩევანის პიროვნული უფლება, მაშინ როდესაც ნაციონალიზმი უმაღლეს ადგილზე აყენებს რაღაც ისეთს, რაც პიროვნულ არჩევანზე არ არის დამოკიდებული.
თუმცა დაპირისპირების ძირი უფრო ღრმაა, ვიდრე ღირებულებითი პრეფერენციები. ნაციონალიზმის ლიბერალური კრიტიკის ძირითადი თეზისი ისაა, რომ ერი ,,არარეალური'' (,,წარმოსახვითი'', ,,ხელოვნურად შექმნილი'', ,,მოგონილი'' და ა. შ.) რამაა, მაშინ როდესაც კონკრეტული ადამიანი, ინდივიდუუმი, პიროვნება სავსებით ,,რეალურია''. ამ თვალსაზრისს მჭიდროდ უკავშირდება შეხედულება, რომ განუსხვისებელ უფლებათა მატარებელი ინდივიდი ,,რაციონალურია'', მაშინ როდესაც ერი - ,,ირაციონალური''. ერები არარეალურად და ირაციონალურადაა მიჩნეული იმიტომ, რომ როგორც ადრე ვნახეთ, არ არსებობს ეროვნულობის უნივერსალურად ობიექტური კრიტერიუმი. ფუკუიამა ამგვარი დიფერენციაციის ერთ-ერთ გამართლებას გვთავაზობს:
,,ადამიანსა და არაადამიანს შორის განსხვავება მთლიანად რაციონალურია: მხოლოდ ადამიანები არიან თავისუფალნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან იომონ საკუთარი აღიარებისათვის მარტოოდენ პრესტიჟის დაცვის სურვილიდან გამომდინარე. ეს თავისებურება ემყარება რადიკალურ განსხვავებას ბუნების სამეფოსა და თავისუფლების სამეფოს შორის. რაც შეეხება ადამიანთა ერთი ჯგუფის მეორისაგან განსხვავებას, იგი, შეიძლება ითქვას, ისტორიის მსვლელობის შემთხვევითი და თვითნებური შედეგია''.10
ეს პასაჟი გვიჩვენებს, თუ როგორი არამყარია ლიბერალიზმის პრეტენზია, რაციონალურ ნიადაგზე იყოს დაფუძნებული. ადამიანურსსა და არაადამიანურს შორის განსხვავება ,,რაციონალურია'' იმ აზრით, რომ ის თვალსაჩინოა და შეიძლება ,,ბუნებრივი'' ცნებებით აღიწეროს, ოქონდ აქ ერთი გარემოება გვიშლის ხელს - ადამიანის პრეტენზია, უნივერსალურ ღირებულებად იყოს აღიარებული სწორედ როგორც ადამიანი (ხოლო ფუკუიამა და მე სავსებით თანახმანი ვართ, რომ ესაა თვით ლიბერალიზმის არსი) არ ემყარება მხოლოდ ადამიანურის და არაადამიანურის სფეროთა გამიჯვნას. ადამიანური ღირსების დოქტრინის ძირისძირი არის არა უბრალოდ ის ფაქტი, რომ ადამიანი განსხვავებული არსებაა, არამედ ის დაშვება, რომ რაღაც არის ამ განსხვავებაში ისეთი, რაც აბსოლუტური ღირებულებისაა. აი, ეს ღირებულება კი სულაც რა არის ემპირიულად ცხადი ან ,,ბუნებრივი''. თავად ფუკუიამა, ჰეგელის კვალდაკვალ, აღიარებს, რომ უნივერსალური პიროვნული აღიარების პრეტენზია ემყარება ქრისტიანობას, რომელსაც იგი ,,მონების იდეოლოგიას'' უწოდებს (განსხვავებით ,,ბატონთა იდეოლოგიისაგან'', რომელიც მხოლოდ მბრძანებელთათვის იმეტებს აღიარებას.11) სწორედ ქრისტიანობამ მიანიჭა რაღაცგვარი ტრანსცენდენტური ღირებულება გამორჩეულად ადამიანის სულს. მაგრამ თუკი ქრისტიანობა მხოლოდ ,,იდეოლოგიაა'' (ანუ, დეფინიციის ძალით, ყალბია), მაშინ ადამიანის უნივერსალური აღიარება ყალბ წანამძღვარზე ყოფილა აღმოცენებული და, მას, ცხადია, ,,ბუნებრივს'' და ,,რაციონალურს'' ვეღარ ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, სულაც არ არის აუცილებელი, ქრისტიანულ რწმენას მივდიოთ, რომ პიროვნული ღირსების გრძნობით აღჭურვილი ადამიანები ვიყოთ: მაგრამ არც იმის სათქმელად გვაქვს საკმარისი საფუძველი, რომ ჩემი პრეტენზია, პატივი მიაგონ ჩემს პიროვნულ თავისუფლებას როგორც განსაკუთრებულ ღირებულებას, რაიმე რაციონალურ (ან მეცნიერულად დამტკიცებად) არგუმენტებს ემყარება.
ასე რომ, თუმცა ლიბერალური დემოკრატია ბევრ თავის გამარჯვებას მეცნიერული რაციონალობის პროგრესს უმადლის, არც დემოკრატიული და არც ლიბერალური პრინციპები არ ემყარება რაციონალურ საფუძველს. ორივე შეიძლება აღწერილ იქნას როგორც ,,არარაციონალური'' ან ,,წინარერაციონალური'' (მაგრამ არა აუცილებლად ,,ირაციონალური'', რაც, ჩვეულებრივ, გონებისადმი მტრულს აღნიშნავს): ამა თუ იმ ღირებულებისადმი უპირატესობის მინიჭება ამ (ისევე როგორც, ჩემი პირადი აზრით, ყველა სხვა შემხთვევაში) საბოლოო ჯამში უფრო რწმენას ემყარება, ვიდრე რაციონალურ ცოდნას.
თანამედროვე ინსტრუმენტალისტურმა მოძღვრებამ ერების შემთხვევითი განსაზღვრულობის შესახებ მართლაც ლახვარი ჩასცა ნაციონალისტურ მითს ერის, როგორც არაისტორიული ერთობის შესახებ, რომელსაც ფესვი უშუალოდ რაღაც ტრანსცენდენტურ თუ ბუნებრივ წესრიგში აქვს გადგმული. მაგრამ ამ მოძღვრების არგუმნეტები ვერ აქცევს ერს ,,არარეალურად'' რიგითი ადამიანისათვის, რომელიც დაიბადა კონკრეტულ საზოგადოებაში, კონკრეტულ კულტურულ გარემოში კონკრეტულ სახელმწიფოში და როგორც პოლიტიკური და სოციალური, ასევე სულიერი და ექსისტენციალური ხასიათის კონკრეტულ არჩევათა წინაშე დგება. ერს არ ჭირდება იყოს ,,რაციონალური'' იმისათვის, რომ ის ,,რეალური'' იყოს.
ეროვნულობა და პერსონალურობა
აქამდე ჩვენ არაფერი გვითქვამს იმ მიღებული აზრის საპირისპიროდ, რომ ლიბერალიზმი და ნაციონალიზმი ურთიერთგამომრიცხავი პრინციპებია, რომელთა შორისაც აუცილებლად ერთ-ერთი უნდა აირჩიო. მაგრამ ახლა ვიკითხოთ, ხომ არ არსებობს რაიმე პოზიტიური კავშირი ლიბერალიზმსა და ნაციონალიზმს შორის, ისევე როგორც ეროვნულობის იდეასა და ადამიანის პიროვნულობის იდეას შორის? შემთხვევითი არ არის, რომ ორივე ესენი ახალი ისტორიის პერიოდს უკავშირდება, მაგრამ მათი მიმართება მხოლოდ მოდერნიზაციის ,,ობიექტური'' მექანიზმებით არ არის გაშუალებული: მათ შორის რეალური კავშირის დასანახად უნდა ჩავუღრმავდეთ აზროვნების მოდერნულ პარადიგმას, საიდანაც ლიბერალური იდეოლოგია იღებს სათავეს.
მოდერნული პარადიგმის ცენტრში დგას ადამიანის ავტონომიური პიროვნების ცნება. ეს პიროვნება, როგორც უნიკალური და ტრანსცენდენტური ღირებულების მატარებელი (კანტის სიტყვებით, იგი ყოველთვის მიზანია, მაგრამ არასდროს - საშუალება), თანახმაა მხოლოდ ის წესები დაიცვას, რომელზედაც თვითონა აქვს მიცემული სანქცია (თვით-დადგენა). თუმცა ამ იდეაში უცილობელ ათეისტურ იმპლიკაციებს ხედავენ ხოლმე, ისტორიულად იგი სწორედ ქრისტიანული ტრადიციიდან მომდინარეობს. მეტიც, ავტონომიურ ადამიანს არაფერი უშლის ხელს, აღიაროს აბსოლუტური ღვთაებრივი წესრიგის არსებობა და, ამავე დროს, ამტკიცოს, რომ ამ წესრიგის ინტერპრეტაცია და მისი პრინციპების მიყენება ამა თუ იმ კონკრტეული შემთხვევისათვის, საბოლოო ჯამში ინდივიდუუმის გონებისა და სინდისის პრეროგატივაა და არა რომელიმე ერთობისა თუ დაწესებულების.12
ეროვნულობის ცნება თავის მხრივ შინაგანად უკავშირდება პერსონალურობის იდეას და ახალი დროის თვით-ცნობიერი ნაციონალიზმი სწორედ ამით განსხვავდება პირველყოფილი ეთნიურობისაგან. ეთნიურობის არსი მის მიერ ოჯახის იდეის მაკროსოციალურ დონეზე გავრცელებაში ძევს. საზოგადოება ,,წარმოისახება'' როგორც დიდი ოჯახი, რომელსაც ერთი საერთო წინაპარი ჰყავს. ამისგან განსხვავებით, როდესაც ერი ,,წარმოისახავს'' თავს, ის ოჯახს კი არ ხედავს, არამედ უნიკალურ, გამორჩეული ხასიათის მქონე პერსონალურობას.
ეროვნული თვით-ცნობიერება ორგვარი აზრით ბაძავს ადამიანის ინდივიდუალური პერსონალურობის სტრუქტურას: უპირველეს ყოვლისა, ერი არის ადამიანთა ერთობა, რომელიც ორგანიზებულია თვით-დადგენის იდეის ირგვლივ. თანამედროვე ერი, მსგავსად თანამედროვე თვით-ცნობიერი ინდივიდისა (და განსხვავებით არქაული ეთნოსისაგან) იცავს მხოლოდ იმ კანონებს, რომლებიც მანვე დაუწერა საკუთარ თავს და უარყოფს წესებს, თავსმოხვეულს გარეშე ძალის მიერ. მეორეც, ერი ინდივიდუალურ პიროვნებაზე არანაკლებ საჭიროებს პარტნიორებს, ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთაღიარებისათვის ერებს სხვა ერები სჭირდებათ. ერს შეუძლია საკუთარი თავი გაიგოს და ერად აღიაროს მხოლოდ კაცობრიობის ისტორიის კონტექსტში. ეს იდეა სავსებით მოუაზრებელი იყო ყველაზე უფრო დაწინაურებული ეთნიკური (მაგ. ძველი ბერძნების) ცნობიერებისთვისაც კი. ეროვნულობის იდეა კაცობრიობის წევრობის იდეაა, ხოლო კაცობრიობის, როგორც ,,ერთა ოჯახის'' იდეა თავის მხრივ, დიდი ხანია ლიბერალური ნაციონალიზმის საყრდენადაა მიჩნეული.
კონცეპტუალურ შეკავშირებას ეროვნულობასა და პერსონალურობას შორის ერთი არსებითი შედეგი მოსდევს. ერი თვით-დადგენას მოითხოვს არა როგორც გამორჩეულ პრივილეგიას, არამედ როგორც იმ ზოგადი დებულების რეალიზაციას, რომ ყოველი ერი მის საკუთარ სახელმწიფოს იმსახურებს. მე ვერ გავიგე, თუ რატომ თვლის ფუკუიამა, თითქოს ერი განსაზღვრების ძალით ,,მეგალოტიმურია'' (აღმატებული აღიარების მომთხოვნი) მაშინ, როდესაც ლიბერალური ინდივიდუალიზმი ასევე განსაზღვრების ძალით ,,იზოტიმურია'' (თანაბარი აღიარების მომთხოვნი). ნაციონალიზმი, მისი საკუთრივი მნიშვნელობით, სულაც არ ,,შემოზღუდავს აღიარებას მხოლოდ მოცემული ეროვნული ეთნიკური ჯგუფის წევრებით'',13 როგორც ამას ფუკუიამა ამტკიცებს. ამგვარი დამოკიდებულება უკეთ გამოიხატება ისეთი ტერმინებით, როგორიცაა ,,რასიზმი'' ან ,,შოვინიზმი''. ნაციონალიზმი არც მხოლოდ მოცემული ერის ან ეთნიკური ჯგუფის ინდივიდუალური წევრების აღიარებას მოითხოვს. ერთადერთი, რასაც ის მოითხოვს, არის ერის, როგორც მთელის აღიარება, რაც ნიშნავს ეროვნულობის საზოგადო სიმბოლოების მოპოვებას: დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგალურ სტატუსს (ინდივიდის შემთხვევაში ამას მოქალაქის ლეგალური სტატუსი შეესაბამება) და ,,ერების ოჯახის'' თანასწორუფლებიან წევრად მიღებას. ნაციონალიზმის ამოსავალი იდეა, სულ მცირე, ისეთივე იზოტიმურია, როგორც ინდივიდუალურისტური პერსონალიზმისა, თუმცა კი ერებსაც, ინდივიდების მსგავსად, შეიძლება მედიდური მეგალოტიმურობის სახადი შეეყაროთ.
ლიბერალიზმისა და ნაციონალიზმის ნათესაობის კიდევ ერთი ნიშანი ისაა, რომ ორივეს ხშირად აკრიტიკებენ ერთიდაიმავე რამისთვის: რომ ისინი ადამიანებს ერთმანეთისაგან თიშავენ. ლიბერალიზმთან ასოცირებული ატომიზირებული ინდივიდუალიზმი, როგორც ამბობენ, აქუცმაცებს საზოგადოებას, მაშინ როდესაც ნაციონალიზმი კაცობრიობას შლის. ორივე ბრალდება თავისთავად კანონიერია, მაგრამ ორივე უგულებელყოფს იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც გვეუბნება, რომ დღემდე, ლიბერალიზმი და ნაციონალიზმი ისტორიაში ცნობილი ყველაზე ეფექტური გამაერთიანებელი ძალებია.
ლიბერალური ინდივიდუალიზმი ემოციურად თიშავს ადამიანებს ერთმანეთისაგან, მაგრამ მხოლოდ ლიბერალურ საზოგადოებაში გახდა შესაძლებელი სტაბილური სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა, მაშინ როდესაც ,,გულთბილი'' გვაროვნული იდეოლოგიები ხშირად სისხლისღვრის ინსპირატორებად გვევლინებიან. მსოფლიოს გაერთიანების მცდელობებს რომელიმე უნივერსალური დოქტრინის - ვთქვათ, ქრისტიანობის (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქრისტიანობას როგორც პოლიტიკურ ძალას) ან კომუნიზმის სახელით - მტრობისა და შუღლის გარდა სხვა არაფერი გამოუწვევია: რაც შეეხება ,,ეროვნულ ინტერესებს'', თუმცა მათთვისაც უამრავი სისხლი დაიღვარა, მაგრამ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც, ავად თუ კარგად, მთელი მსოფლიო მოიცვა, მაგრამ არა ,,უნივერსალურ ეკლესიად'' ან კომუნისტურ ინტერნაციონალად, არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციად იწოდება და ემყარება იზოტიმურ ნაციონალიზმს (,,ნაციონალური სუვერენიტეტის პატივისცემა'', ,,საზღვრების ურღვევობა'' და ა. შ.). ნაციონალიზმის ზოგადი პრინციპები, ჩანს, ჯერ კიდევ უფრო ფართოდაა მიღებული მთელ დედამიწაზე, ვიდრე ლიბერალიზმის ან სხვა მსგავსი იდეოლოგიისა.14 მსოფლიოს იმ ნაწილმა, რომელმაც ნაციონალიზმი გამოიგონა - დასავლეთ ევროპამ - უკვე გაასწრო ყველა სხვა რეგიონს ინტერნაციონალური კავშირების ახალი ფორმების მიგნებაში. ევროპამ ერთა შორის თანაცხოვრების უპრეცედენტო დონეს მიაღწია არა ნაციონალიზმის უარყოფით, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ მისი იზოტიმური ასპექტის წინ წამოწევით. დამოუკიდებელი ქვეყნები საკუთარი ნებით თმობენ საკუთარი სუვერენიტეტის სულ უფრო მეტ ელემენტებს, რადგან ამ სუვერენიტეტის პატივისცემა უზრუნველყოფილი ეგულებათ. მეგალოტიმურიდან იზოტიმურზე გადასვლა შესაძლებელია არა მხოლოდ ინდივიდუალიზმის, არამედ ნაციონალიზმის დონეზეც.
ლიბერალიზმის დილემა
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ლიბერალთა უმრავლესობა ნაციონალიზმს უარყოფდა, როგორც ბარბაროსულ ატავიზმს, მეცხრამეტე საუკუნის კლასიკური ლიბერალები საკითხს ცოტა განსხვავებულად უდგებოდნენ. თეორიულ დონეზე, ლიბერალური პრინციპი საერთოდ არ გულისხმობს ეროვნულობის რაიმე სახით აღიარებას, რადგან ჭეშმარიტი ლიბერალისათვის ავტონომიური პიროვნებაა ანალიზის ამოსავალი ერთეული. მაგრამ ნაციონალიზმისადმი ლიბერალური მიდგომა გაშუალებულია მისივე დამოკიდებულებით სახელმწიფოსადმი.
ყველა სახელმწიფო გარდაუვლად გულისხმობს ბატონობის ან რეპრესიის გარკვეულ ხარისხს - რაც ლიბერალებს, მათი ბუნებიდან გამომდინარე, სრულიად არ მოსწონთ. ისინი სახელმწიფოს განიხილავენ როგორც აუცილებელ ბოროტებას, რომლის ატანაც შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს არარსებობის შემთხვევაში ინდივიდის მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. ლიბერალებს სხვა გზა არა აქვთ, თუ არა შეურიგდნენ სახელმწიფოს, როგორც ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია თავიდან აგვაცილოს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ და მოგვცეს ინდივიდუალურ უფლებათა დაცვის გარანტიები.
აქ ჩნდება გადამწყვეტი კითხვა - როგორ სახელმწიფოზეა ლაპარაკი? დღეს თავისთავად ცხადი გვეჩვენება, რომ ლიბერალებმა დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა მიანიჭონ უპირატესობა ყველა სხვა სახის სახელმწიფოსთან შედარებით: მაგრამ ლიბერალები ამ დასკვნამდე ერთბაშად არ მისულან. ვთქვათ, რატომ არ შეიძლებოდა მათ კეთილშობილი, განათლებული აბსულიტიზმისათვის დაეჭირათ მხარი? ბოლოს და ბოლოს, ლიბერალიზმის სოციალური ბაზა ხომ ყოველთვის ელიტარულ-არისტოკრატიული იყო (ამ უკანასკნელი სიტყვის ტრადიციულ-მემკვიდრეობითი, მორალურ-ინტელექტუალური გაგებით მაინც). ლიბერალები მუდამ უფრთხოდნენ ხალხს, demos-ს, როგორც თავისუფლების პოტენციურ მტერს.15 უმრავლესობის - და შედეგად, უსახურობის ტირანია - დემოკრატიის თანდაყოლილი საფრთხეა. ამისდა მიუხედავად, საბოლოო ლიბერალები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ სისხლის ტირანია სულზე და, შესაბამისად, დინასტიურ მმართველთა თავნებობა კიდევ უფრო მიუღებელია, და ამგვარად შეურიგდნენ დემოკრატიას. რაკი ეს ნაბიჯი გადადგეს, მათ პატივი უნდა ეცათ საერთო ნებისათვის და გარკვეულ საზღვრებში მიჰყოლოდნენ კიდეც მას: ამ ნებას კი, თავის მხრივ, როგორც უკვე ვნახეთ, არ შეეძლო რაღაც ზომით მაინც ნაციონალისტური არ ყოფილიყო.
ზემოთ დახასიათებული დილემა მკაფიოდაა გამოხატული მეცხრამეტე საუკუნის ისეთი გამოჩენილი ლიბერალების შრომებში, როგორებიც არიან ჯონ სტიუარტ მილი და ლორდი ექტონი. მილი არ ყოფილა ემოციური ნაციონალისტი, მაგრამ იგი დემოკრატიული ლიბერალიზმის აპოლოგეტი იყო და ფიქრობდა, რომ ,,თავისუფალი ინსტიტუტები თითქმის შეუძლებელია ისეთ ქვეყანაში, რომელიც განსხვავებული ეროვნებებისაგან შედგება... საზოგადოდ, თავისუფალი ინსტიტუტების აუცილებელი პირობაა ის, რომ სახელმწიფო საზღვრები ძირითადში უნდა ემთხვეოდეს ეროვნებათა საზღვრებს''.16 რაკი დემოკრატიაზე აიღო გეზი, მილმა დაინახა, რომ ნაციონალიზმის ხელთდასხმის გარდა მას სხვა გზა აღარ ჰქონდა.
რაც შეეხება ლორდ ექტონს, იგი ეროვნულობის პრინციპის აშკარა მოწინააღმდეგე იყო, რადგან ამ პრინციპს პიროვნულ თავისუფლებასთან შეუთავსებლად მიიჩნევდა. მილისაგან განსხვავებით, იგი ფიქრობდა, რომ ,,სხვადასხვა ერის შეკავშირება ერთ სახელმწიფოში ცივილიზებული ცხოვრების ისეთივე აუცილებელი პირობაა, როგორიც მამაკაცისა და ქალის თანაცხოვრება''.17 მაგრამ აქედან ის ლოგიკურად მიდიოდა რასიზმისა და იმპერიული მმართველობის საჭიროების აღიარებამდე.18 ამასთან, ფაქტიურად, მან დემოკრატიის პრინციპებსაც შეუტია, როცა თანასწორობის რუსოისტული პრინციპი არანაკლებ ყალბ დოქტრინად გამოაცხადა, ვიდრე კომუნიზმი ან ნაციონალიზმი.19 მაგრამ ლორდი ექტონის მსგავსი არისტოკრატიული ლიბერალიზმის წარმომადგენელთა საწინააღმდეგოდ, თვით ხალხები, როცა ეს მათზეა დამოკიდებული, დემოკრატიის შენებას, ჩვეულებრივ, დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნით იწყებენ - თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ ეს სახელმწიფოები არანაკლებ შეუწყნარებლები აღმოჩნდნენ პიროვნული თავისუფლებისადმი, ვიდრე ancien regime, - ტრადიციული მონარქიული მმართველობა.
დღესდღეობით ,,ხალხი'' - რომელსაც ახლა ხშირად ,,საშუალო კლასის'' სახელითაც იხსენიებდნენ, მაინცდამაინც სახიფათოდ აღარ გამოიყურება: არადა, ლიბერალები დღეს უფრო მკვეთრად უარჰყოფენ ნაციონალიზმს, ვიდრე ოდესმე, რატომ?
საამისოდ, რა თქმა უნდა, მრავალი მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, ძლიერი ზეგავლენა იქონია ჩვენი საუკუნის ორი საშინელი ომის დროს ნაციონალური ექსტრემიზმის მიერ ნათამაშევმა როლმა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის დეკონოლიზაციამ ,,ეროვნული თვით-დადგენა'', უმეტესწილად, მესამე სამყაროს პრობლემად აქცია და ამგვარად გააძლიერა ლიბერალური ტენდენცია ნაციონალიზმის ,,ჩამორჩენილობასთან'' ასოცირებისა.
ლიბერალებს კვლავ შენარჩუნებული აქვთ ზოგადად ,,ხალხის'' შიში, ოღონდ, რაკიღა განათლებული აბსოლუტიზმის ალტერნატივა აღარ არსებობს, ლიბერალი ვეღარ აძლევს თავს უფლებას, ღიად ანტიდემოკრატიული პოზიცია დაიკავოს. ამიტომაც, ხალხის შიში ნაციონალიზმის მიუღებლობის გაცილებით უფრო რესპექტაბელურ ფორმას იღებს. როდესაც გამოჩნდა შანსი, რომ ძველი რეჟიმის ვინძლო შედარებით ადამიანური ვარიანტი წარმოშობილიყო საბჭოთა კომუნიზმის ნანგრევებზე, დასავლელმა ლიბერალებმა ამ რეჟიმის აურჩეველი ,,განათლებული მონარქი'', მიხეილ გორბაჩოვი ამჯობინეს ხალხის მიერ არჩეულ, მაგრამ უხეშად გამოჩორკნილ ბორის ელცინს (ლიდერს, რომელიც ასევე არაპროგნოზირებადია, როგორც ხალხი, რომელმაც ის ხელისუფლებასთან მიიყვანა), რომ აღარაფერი ვთქვათ ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით მისულ ნაციონალისტ ლიდერებზე სხვა რესპუბლიკებში.
ნაციონალიზმის ორი მხარე
ყველაფერ იმის მიუხედავად, რაც ჩვენ ვთქვით ნაციონალიზმის თეორიულ ნათესაობაზე დემოკრატიასა და ლიბერალიზმთან, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ნაციონალიზმი პრაქტიკაში ძალიან ხშირადაა არალიბერალური და ანტიდემოკრატიულიც კი.
ნაციონალიზმს ორი მხარე აქვს: ერთი პოლიტიკურია, მეორე ეთნიკური. არსებობს მცდელობა ეს ორი მხარე წარმოდგენილი იყოს ნაციონალიზმის ორ სხვადასხვა სახედ, რომელთაგან ერთი ,,კარგია'' და მეორე ,,ცუდი''.20 მაგრამ ეთნიკური და პოლიტიკური ნაციონალიზმი მხოლოდ იდეალური ტიპებია: რეალური ნაციონალიზმი ყოველთვის ერთიცაა და მეორეც, თუმცა ამათგან ერთი რომელიმე ასპექტი შეიძლება მეტ-ნაკლებად გაბატონებული იყოს. ერთის იდეა პოლიტიკურია, და არ არსებობს ნაციონალიზმი პოლიტიკის გარეშე, მაგრამ მასალა, რისგანაც ისაა აგებული, გარდაუვლად ეთნიკურია. ამ ორი ფენომენის მიმართება შეიძლება გამოხატულ იქნას როგორც მიმართება ეთნიკურ სხეულსა და მის მაცოცხლებელ პოლიტიკურ სულს შორის.
ეთნიკურობის არალიბერალურ სხეულს მთლიანად თავიდან ვერ მოვიშორებთ, მაგრამ თუკი საქმეს გონივრულად მივუდგებით, სავსებით შესაძლებელია მისი მოთვინიერება. წინაპრებით თავმოწონება, გმირული ისტორია, დიადი ტრადიციები, საერთო ენა, მაღალი კულტურა და ა. შ. შეიძლება სუბლიმირებული იქნას პატრიოტულ გრძნობად, რომლის საგანი იქნება დემოკრატიული (და არა მხოლოდ ეთნიკური) ,,ჩვენ''-ის მიერ აგებული ინსტიტუტები და მიღწევები. შეერთებული შტატები სწორედ ამგვარი სუბლიმაციის ნიმუშს გვიჩვენებს: ეროვნული სიამაყის შინაარსად ქცეულია ,,ცხოვრების ამერიკული წესი'', ქვეყნის სტაბილური და თავისუფალი ინსტიტუტები, ამერიკის, როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის როლი. იქნებ ასეთი რაღაცეების განდიდებამაც გააღიზიანოს ინდივიდუალისტ ლიბერალთა გრძნობები, მაგრამ ეთნიკურ უმცირესობებს ამის გამო საფრთხე ნამდვილად არ ექნებათ. პირიქით, უმცირესობების მიმართ ტოლერანტულობა თავად შეიძლება იქცეს ეროვნული სიამაყის საგნად და ამის მაგალითია იგივე ამერიკელები ან სხვა ჩამოყალიბებული დემოკრატიული ტრადიციის მქონე ქვეყნების მოქალაქეები.
ნაციონალიზმის ეთნიკური სხეულის მოურჯულებლობამ შესაძლოა შოვინიზმის, რასიზმის ან ფაშიზმის გზასაც კი გაგვიყენოს, მაგრამ ნაციონალიზმის ამგვარი მახინჯი გამოვლინებების ძირია არა მოჭარბებული ეთნიკური გრძნობები, არამედ პოლიტიკური გამოხატვის საშუალებათა ნაკლებობა. როდესაც საკუთარი პოლიტიკური ან ინსტიტუციონალური მიღწევებით ვერ ამაყობენ, ადამიანებს შეიძლება სხვა გზა არ დარჩეთ, თუ არა თანდაყოლილი რასობრივი, ლინგვისტური ან კულტურული თავისებურებების განდიდება.
ეს მოსაზრებები გვიბიძგებენ განვიხილოთ ის განსხვავებული როლი, რასაც ნაციონალიზმი ,,შინნაზარდ'' და ,,იმპორტირებულ'' დემოკრატიებში ასრულებს. დემოკრატიის წამოწყება, როგორც ვნახეთ, პოლიტიკური სხეულის ფორმირებისა და მისთვის სახის მიცემის გარკვეულ პრინციპს მოითხოვს: ნაციონალიზმი სწორედ ამ პრინციპის მომწოდებელია, ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ,,შინნაზარდ'' დემოკრატიებში თავისუფალი და სახალხო მმართველობის ინსტიტუტები თანდათანობით გამომუშავდა მრავალსაუკუნოვანი ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო აზროვნებისა თუ კულტურული ევოლუციის შედეგად.
ლიბერალური იდეები და მათი სოციოეკონომიკური თუ კულტურული კორელატები წინ უსწრებდნენ პოლიტიკურ დემოკრატიას, რომელიც განიხილებოდა უფრო მეტად როგორც ძალაუფლების შეზღუდვის საშუალება, ვიდრე თავისთავადი მიზანი. საერთო ეთნიკური წარმოშობა, უბრალოდ, ყოველგვარი კატაკლიზმების გარეშე ხელს უწყობდა ბაზისური მორალური და კულტურული კონსენსუსის გამყარებას, რომელსაც, თავის მხრივ, ახალი დემოკრატიული წესრიგი უნდა დაფუძნებოდა.
საჭიროა თუ არა, იგივე გზა გაიაროს ყველა ერმა, რათა სტაბილურ დემოკრატიას ეზიაროს? არსებობს დემოკრატიული გარდაქმნის რაღაც საერთო სქემა, რომელსაც სხვადასხვა ერები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაუყვებიან? ფრანსის ფუკუიამა ფიქრობს, რომ ასეთი სქემა მართლაც არსებობს, და მას მოკლედ ასე აღწერს: ინდუსტრიულ პროცესს, დამყარებულს მეცნიერულ რაციონალობასა და კაპიტალისტურ ეკონომიკაზე, `... ლიბერალური დემოკრატიის აღთქმული მიწის კარიბჭესთან კი მივყევართ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რომ შიგ შევაღწიოთ''. რაც კაცობრიობას ამ უკანასკნელ ნაბიჯს გადაადგმევინებს, ,,ეკონომიკურისგან სრულიად განსხვავებული ლტოლვაა: ეს არის ბრძოლა აღიარებისათვის'' - ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანური ღირსების საზრისი.21 თავისთავად, ეკონომიკური აყვავება ადამიანური ღირსების სათანადო დონეზე აღიარების გარეშეც მიიღწევა, მაგრამ რაღაც ეტაპზე შეძლებულდთა ფენას უკვე აღარ აკმაყოფილებს ასეთი ვითარება და საკუთარ რესურსებს (ქონება, განათლება და ა. შ.) დემოკრატიული რეფორმების წამოსაწყებად მიმართავს. ამგვარად, გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური წინაპირობები (მათ შორის ეროვნული ერთიანობის გრძნობა) ქვეყანას დემოკრატიისათვის ,,მომწიფებულად'' აქცევს, მაგრამ დემოკრატიის რეალურად განხორციელებისათვის აუცილებელია პიროვნული ღირსების თანასწორი აღიარებისაკენ სწრაფვაც''.22
ზოგადად, ფუკუიამას ეს სქემა საკმაოდ ზუსტია. ინდუსტრიული განვითარება და თავისუფალი მეწარმეობა აუცილებელია სტაბილური და ბალანსირებული დემოკრატიისათვის: მაგრამ ასევე უეჭველი როდია, რომ ყველა ქვეყანა ჯერ უნდა ,,განვითარდეს'', ვიდრე დემოკრატიისათვის ,,მომწიფდება'', და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგას საბოლოო ნაბიჯი. აღმოსავლეთ აზიისა ან ჩილეს მსგავსი მაგალითები, როცა დემოკრატიისათვის საჭირო სოციოეკონომიკური წანამძღვრები ავტორიტარული რეჟიმების პირობებში იქნა შემზადებული, მერე კი, უსარგებლო ხარაჩოების მსგავსად, თავიდან მოიშორეს, საკმაოდ იშვიათია. უფრო ხშირად, დემოკრატიის გავრცელება გაცილებით უფრო ნაკლებ რაციონალური გზით ხდებოდა - ის ინფექციასავით ან პარიზიდან წამოსული მოდასავით მოედებოდა ქვეყნებსა თუ რეგიონებს. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ერთ გარკვულ ნაწილში დამკვიდრდებოდა: მერე და მერე დემოკრატია სხვა ხალხებისთვისაც მიმზიდველი გახდა (თუ რაშია მისი მიმზიდველობის საიდუმლო, ეს ჯერ კიდევ სხვა საკითხია).
ნაციონალიზმმა ორი აზრით ითამაშა არსებითი როლი დემოკრატიის გავრცელების პროცესში, და ეს ორმაგობა შეეთანადება მის შინაგანად გაორებულ, პოლიტიკურ და ამავე დროს ეთნიკურ ბუნებას. იმან, რასაც ფუკუიამა ,,ტიმოტურ სიამაყეს'', კერძოდ, მის იზოტიმურ ასპექტს უწოდებს, საბოლოო ბიძგი მისცა ლიბერალური დემოკრატიის დამყარებას: მაგრამ ამ სიამაყეს ფესვები არა მარტო ინდივიდუალურ, არამედ ეროვნულ ღირსებაშიც აქვს გადგმული. საქმე ისაა, რომ გარკვეული პერიოდიდან მოკიდებული, ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება ერის პოლიტიკური სიმწიფის საზომი ხდება, ამის უუნარობა კი აღიქმება, როგორც ,,ეროვნული სირცხვილის'' დაღი. მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოებს, სტაბილური ლიბერალურ-დემოკრატიული მთავრობებით, წილად ხვდებათ პატივი მიღებულ იქნან ,,მოწინავე'' თუ ,,თანამედროვე'' ერების საერთაშორისო კლუბის წევრებად. თუ ეს პირობა არ შესრულდა, შეიძლება ქვეყნისა ეშინოდეთ კიდეც (როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირს უფრთხოდნენ) მაგრამ მას არასოდეს მოეპყრობიან სათანადო პატივით.
არადა, ამ ,,ეროვნული სირცხვილის'' გრძნობას მთელი საზოგადოება ერთგვაროვნად როდი აღიქვამს. ლიბერალურ იდეებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ,,ნორმალური'' თუ ,,ცივილიზებული'' საზოგადოება, პირველ რიგში მაინც თავისი ბუნებით კოსმოპოლიტური ილიტა შეითვისებს. თუმცა, საერთაშორისო მედიის განვითარების წყალობით, ფართო მასებიც სულ უფრო გრძნობენ საკუთარ ,,პოლიტიკურ ჩამორჩენილობას''. საბოლოო ჯამში, ეროვნული - და არა მხოლოდ ინდივიდუალური - ღირსების გრძნობამ მიიყვანა ბევრი რუსი ბარიკადებზე 1991 წლის აგვისტოში, პუტჩისათვის წინააღმდეგობის გასაწევად.
იმ რეგიონებში, სადაც დემოკრატია მხოლოდ ,,იმპორტული'' საქონელია და სადაც მას არ დახვდა შესაფერი სოციალური, ეკონომიკური, სულიერი ან კულტურული წანამძღვრები, გაჩნდა ღრმა უფსკრული ლიბერალურ ელიტასა და ხალხის ფართო მასებს შორის. ლიბერალური ელიტა მეტად მცირე და სუსტი აღმოჩნდა გარდაქმნების გასაძღოლად, იგი ვერ გაიჩენდა მოკავშირეს ძლიერი საშუალო კლასის სახით. პრობლემას კიდევ უფრო ართულებდა ის გარემოება, რომ, აღიარებული მოდელის თანახმად, მოდერნულ პოლიტიკურ სისტემაზე (ანუ დემოკრატიაზე) გადასვლა ხალხის სახელით უნდა მომხდარიყო: ესე იგი, საჭირო გახდა ხალხის ჩათრევა პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგრამ კლასიკური ლიბერალიზმის უცხოური დოქტრინა მასების მობილიზაციისათვის ვერ გამოდგებოდა. პოლიტიზაციის დაჩქარება მოითხოვს უფრო გასაგებ იდეოლოგიებს, რომელთაც მასებზე უშუალო ზემოქმედება შეუძლიათ.
სიცარიელე დასავლური ლიბერალიზმის ორ ნაშიერს უნდა ამოევსო: სოციალიზმსა და ნაციონალიზმს. თითოეული ცდილობდა მოდერნულობის საკუთარი ვერსია მიეყიდა ერთი და იმავე მომხმარებლისათვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ორი რელიგიიდან, რომლებიც ერთსა და იმავე ღვთაებას - ხალხს - ერთ შემთხვევაში ,,კლასს'' უწოდებდა, მეორე შემთხვევაში კი ,,ერს'', ერთი სინკრეტული კულტის გამოდნობაც უცდიათ.
საზოგადოდ შეიძლება ითქვას, რომ ,,ჩამორჩენილ'' ქვეყნებში პოპულისტური და ანტიინდივიდუალისტური ტენდენციები, რომელთაც საერთო ძალით ამკვიდრებდნენ როგორც სოციალიზმი, ისე ეთნიკური ნაციონალიზმი, გაბატონებული გახდა სწორედ იმის გამო, რომ მათ ვერ აწონასწორებდა ის ფაქტორები, რაც დასავლეთის პოლიტიკურ კულტურაში არსებობს: ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მასობრივი მწიგნობრობა, შემწყნარებლობის ტრადიციები, კანონიერების დაცვის სტაბილური სისტემები. ამ ფაქტორთა არარსებობის პირობებში სამართლიანობის სოციალისტური იდეალი იოლად გადაგვარდება უბრალო შურად ,,სხვის სიკეთესა ზედა'', ხოლო ეროვნული იდეალი კნინდება ,,სისხლისა და მიწის'' დოქტრინამდე.
ნაციონალისტური პოლიტიკის ჩემს მიერ უკვე აღნიშნულ შინაგან სიძნელეებთნ ერთად, პოლიტიკური კულტურის ამგვარმა დეფიციტმა და მისით გაპირობებულმა წარუმატებლობამ შეიძლება ფრუსტრაციის ისეთი ძლიერი ტალღა ააგოროს, რომელიც მთლიანად მოწყვეტს ეროვნულ იდეას მის დემოკრატიულ და იზოტიმურ საწყისს და მას რასიზმისა და ფაშიზმის ნაპირებზე მიაგდებს. ამისდა მიუხედავად, იმის თქმა, რომ ყოველგვარი ნაციონალიზმი ფაშიზმად გადასაგვარებლადაა განწირული, ისევე უმართებულოა, როგორც ყოველგვარი რელიგიის უკუგდება იმის გამო, თითქოსდა ღვთის რწმენას უცილობლად ფანატიზმისაკენ მივყავდეთ. ნაციონალიზმისაგან მომდინარე პრობლემები სულაც არაა რომელიმე ავადსახსენებელი ინტელექტუალური შეცდომის ან წინასწარგანზრახული მოტყუების შედეგი - ისინი დემოკრატიული გარდაქმნის საერთო პრობლემის შემადგენელი ნაწილია. როგორც უკიდურესი ნაციონალიზმი, ასევე იძულებითი სოციალიზმი, ჩვეულებრივ სხვა არაფერია, თუ არა დაჩქარებული (ხანდახან კი დამახინჯებული) მოდერნიზაციის იარაღი.
ნაციონალიზმი კომუნიზმის შემდგომ
წარსულში, დემოკრატიაზე გადასვლა ტრადიციულ საზოგადოებასთან დაცილებას (თუმცა არა მასთან კავშირის სრულ გაწყვეტას) ნიშნავდა. ტრანსფორმაციის პროცესში, ზოგ ფასეულობას უარყოფდნენ, ზოგს კი ინარჩუნებდნენ და მოდერნული ცხოვრების საფუძვლად იყენებდნენ.23 ამით შენარჩუნებული იყო ისტორიის უწყვეტობის განცდა, და მომხდარი ცვლილებები განიხილებოდა როგორც წინმავალი მოძრაობა, მიმართული იქითკენ, რასაც ახლა ,,ისტორიის დასასრული'' დაერქვა. მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიაზე გადასვლას პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, მას სხვა კანონზომიერებები აქვს, რადგან ამოსავალი პუნქტი აქ კომუნიზმია, მას კი ცოტა რამ აქვს საერთო ტრადიციულ საზოგადოებასთან. კომუნიზმი, რომელიც ერთ დროს ისტორიის გვირგვინად ასაღებდა თავს, ისტორიის ყრუ ჩიხი აღმოჩნდა. კომუნიზმის ნგრევა არის არა ისტორიის დასასრულისაკენ წინმავალი სვლა, არამედ უკან, ისტორიაში დაბრუნება იმ გზიდან, რომელიც ჩიხი აღმოჩნდა. შემოვლითი გზით უკან რომ ბრუნდებიან, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს სწამთ, რომ კომუნიზმმა სრულიად არაფერი შექმნა ისეთი, ,,ცივილიზებულ'' ცხოვრებაში რომ გამოგვადგებოდა. კომუნისტურ რეჟიმს იმდენად განემსჭვალა ცხოვრების ყველა სფერო, რომ თავდაპირველად გაბატონებული განწყობის თანახმად, მისი გადაგდების შემდეგ ყველაფერი ნულიდან უნდა დაწყებულიყო. ეს კი დემოკრატიზაციის ფუკუიამასეულ სცენარს საკმაოდ შეუსაბამოს ხდის პოსტკომუნისტური რეალობის მიმართ. რა თქმა უნდა, თვალსაზრისი, თითქოს კომუნიზმის დროს შექმნილი არაფერია ლიბერალური დემოკრატიის ხანაში გამოსადეგი, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. კომუნიზმმა ნამდვილად შეასრულა მოდერნიზაციისათვის აუცილებელი გარკვეული ამოცანები: მოხდა საზოგადოების ურბანიზაცია და წერა-კითხვის საყოველთაო გავრცელება, გაიყვანეს სარკინიგზო და ავტომაგისტრალები და ა. შ. ყოველივე ამაზე უარის თქმა ან დანგრევა უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა. მეტიც, კომუნისტების დროს წიგნიერებისა და ურბანიზაციის ზრდამ გარკვეული როლი შეასრულა დემოკრატიული გარდაქმნებისათვის აუცილებელი წინაპირობების შექმნაში, მაგრამ თავისუფალი საზოგადოების ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური წანამძღვარი არის მაინც არა განათლება და ურბანიზაცია, არამედ კერძო საკუთრება. კერძო საკუთრებაზე დამყარებული ეკონომიკური სისტემა აუცილებელია, რათა ინდივიდმა მოახერხოს ბალანსირება თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პოლუსებს შორის - რაზედაც დამოკიდებულია დემოკრატია საერთოდ, და რისი პოვნაც მხოლოდ და მხოლოდ აზრისეული ოპერაციებით ვერასოდეს გახდებოდა შესაძლებელი. ურბანიზებული და განათლებული ელიტა შეიძლება დემოკრატიული გარდაქმნების მამოძრავებელი ძალა იყოს, მაგრამ საყრდენის გარეშე ის ვერაფერს გახდება.
პოსტკომუნისტური ერები ცდილობენ თავიანთი ისტორია იმ მომენტიდან განაახლონ, როდესაც ის კომუნიზმმა შეწყვიტა: ამიტომაც კომუნიზმის უარყოფა აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში, სხვადასხვა მოდიფიკაციების მიუხედავად, აუცილებლობით იღებს რესტავრაციისა თუ თვით-გახსენების ფორმას. მეორე მხრივ, ეს ერები უკვე აღარ არიან რკინის ფარდის მიღმა გამოკეტილები, ამიტომ კომუნმიზმის უარყოფა აუცილებლობით იქცევა მსოფლიოსთან ხელახალ შეყრის მცდელობად. ეს მსოფლიო კი ერთობ შეიცვალა 1918 და 1945 წლების შემდგომ. ბუნებრივია, რომ ლტოლვა საკუთარი იდენტურობის აღდგენისაკენ და სწრაფვა გარე სამყაროსთან კავშირის აღსადგენად, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან: ხელახლა მისაკვლევი - ჭეშმარიტი ,,თვითობა'' წარსულში მყოფობს, მაშინ როდესაც ,,სამყაროს'', რომელსაც უნდათ რომ შეუერთდნენ - აწმყოში. ეს იწვევს კოლექტიური იდენტობის კრიზისებსა და დაბნეულობას პოსტკომუნისტურ ერებში, და არცთუ მცირე გაუგებრობასა და გაოგნებასაც კი - დანარჩენ მსოფლიოში. კომუნიზმისაგან განთავისუფლებული ერები მთელ ძალისხმევას იქითკენ მიმართავენ, რომ აღიდგინონ თავიანთი ადგილი ისტორიაში - მაგრამ ბოლოს იმას აღმოაჩენენ, რომ ისტორია უკვე ,,დასრულებულა''.
ტოტალიტარიზმის ათწლეულების მანძილზე გაგრძელებულმა ბრძოლამ სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების წინააღმდეგ შედეგად დაგვიტოვა ატომიზირებულ ინდივიდთა გაუფორმებელი გროვა: ეს ინდივიდები გამალებული ეძებენ საერთო პრინციპს, რომელზედაც ისინი საერთო ახალ ცხოვრებას ააგებდნენ. ამ სიტუაციაში ნაციონალიზმი გვევლინება მთავარ - თუ არა ერთადერთ - პრინციპად, რომელსაც უნარი აქვს გააერთიანოს საზოგადოება. მაგრამ რამდენადაც ნაციონალიზმის, როგორც პოლიტიკური ფაქტორის ტრადიცია შეწყვეტილია, განსაკუთრებით ძლიერდება მისი ეთნიკური ელემენტი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თითქოს არ არსებობდეს რაიმე სხვა სოციალური ძალა ან იდეოლოგია: არსებობს რელიგია, არსებობს პრო-დასავლური ლიბერალური ელიტაც: მაგრამ ყოველივე ეს როგორღაც შერეულია ნაციონალიზმთან ან საკუთარ თავს მხოლოდ მასთან მიმართებაში განსაზღვრავს. ის, რაც ,,კულტურულ აღორძინებად'' იწოდება, საკუთრივი აზრით, აშკარა, უფრო ნაციონალურია, ვიდრე კულტურული. ,,რელიგიური აღორძინება'' უფრო ეროვნულ-რელიგიურია, მას უფრო მეტად ,,ერის გაერთიანება'' და უცხო ძალების მიერ თავსმოხვეული ათეისტურ-კომუნისტური მემკვიდრეობის დაძლევა აქვს მხედველობაში, ვიდრე ინდივიდუალური სულების ხსნა. ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი აპელირებას მხოლოდ იმდენად აქვს ძალა, რამდენადაც ეს ღირებულებები შერწყმულია ,,ჩვენს პოლიტიკურ ტრადიციასთან'', ან უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ჩვენ ,,დასავლური'', ,,ევროპული'' თუ ,,ქრისტიანული'' კულტურის ნაწილი ვართ. თავისთავად ლიბერალური იდეები ვერ ახდენენ ანგარიშგასაწევ გავლენას პოლიტიკურ აზროვნებაზე.
ამდენად, ნაციონალიზმი ერთდროულად დესტრუქციულია (კომუნიზმისათვის) და კონსტრუქციულიც (უზრუნველყოფს კავშირს დაშლილ საზოგადოებაში). ის სერიოზული საფრთხეა ლიბერალური დემოკრატიისათვის და, იმავდროულად, იმედის საფუძველიც. ,,ნაციონალისტად'' ყოფნა პოსტკომუნისტურ აღმოსავლეთში თითქმის ყველაფერს შეიძლება ნიშნავდეს - ლიბერალობიდან ფაშისტობამდე. ამავე დროს ის, ვინც აცხადებს, რომ უარყოფს ,,ნაციონალიზმს'', შესაძლოა ამით მხოლოდ ეთნიკური შოვინიზმის მიუღებლობას გულისხმობდეს. ბევრი ასეთი ,,ანტინაციონალისტი'' ამავე დროს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის თავდადებული დამცველის როლშიც გამოდის. ერთხელ ლიბერალური ინტერნაციონალის ბრიტანელმა აქტივისტმა შემომჩივლა, რომ აღმოსავლელ ევროპელი ლიბერალური პარტიები მეტისმეტად ,,მემარჯვენედ'' და ნაციონალისტურად გამოიყურებიანო. მაინც არა მგონია, თითქოს აღმოსავლეთ ევროპელი ლიბერალები უცილობლად ნაკლებ ლიბერალურნი იყვნენ, ვიდრე მათი დასავლელი თანამოაზრენი. განსხვავებულია მხოლოდ წარმოდგენა ნაციონალიზმის არსებით როლზე პოსტკომუნისტურ პოლიტიკურ დისკუსიებში, რაც არ უნდა ყავლგასულად მოჩანდეს ეს საკითხი თანამედროვე დასავლური მენტალიტეტისათვის.
რუსები და სხვები
არის ერთი რამ, რაც საჭიროა ცალკე აღინიშნოს: განსხვავება რუსებსა და ,,სოციალისტური ბანაკის'' ყოფილ სხვა წევრებს შორის. რუსეთმა პირველმა დაამკვიდრა კომუნისტური სისტემა: ყოფილ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებსა და შემდგომ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე ამ წყობის გავრცელება საბჭოთა რუსეთის მიერ მათი დაპყრობის შედეგი გახლდათ. არარუსულ რეგიონებში კომუნიმზმს მტრულ ძალად მიიჩნევდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ აგრეთვე (და შესაძლოა უფრო მეტად) ეროვნული თვალსაზრისითაც - როგორც გადამთიელი დამპყრობლების მიერ თავსმოხვეულ უცხო სისტემას. შესაბამისად, მისი დაძლევა ოკუპაციის დაძლევას ნიშნავდა. ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ეს ილუზია იყო: კომუნიზმი იქნებ რუსული ხიშტით კი შემოდიოდა, მაგრამ მან იმდენად ღრმად შეაღწია საზოგადოების ყველა დონეზე, რომ მისი მემკვიდრეობის ამოთესვა თაობების გასაკეთებელ ამოცანად იქცა, და მისთვის აღარ არის საკმარისი ერთჯერადი, რევოლუციური აქტი - სულ ერთია, ხავერდოვანი იქნება ის თუ სისხლისმღვრელი. უეჭველია, რომ ნაციონალიზმი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო კომუნიზმის გადაგდების პროცესში: მაგრამ ბოროტების წყაროდ მხოლოდ გარეგანი ფაქტორის მიჩნევამ შეიძლება ბუნდოვანი გახადოს კომუნიზმის ბატონობის შედეგად საზოგადოებაში დაგროვილი სიღრმისეული პრობლემები. ამასთანავე, ამგვარი ხედვა ხელს უწყობს ტოტალიტარიზმის მთელი ცოდვების საზოგადოების ერთ კონკრეტულ ფენაზე მიწერას, რომლის წარმომადგენლებსაც ,,მოღალატის'' იარლიყს მიაკერებენ. შედეგად ვიღებთ კუდიანებზე ნადირობის კამპანიებს, პარანოიდულ გატაცებას კონსპირაციული თეორიებით და სხვა ამგვარს.
რაც შეეხება რუსეთს, აქ პოსტკომუნიზმის ეროვნული ასპექტი კიდევ უფრო გართულებულია. რუსული საზოგადოებრიობის ტრადიცია იმპერიული ტრადიციაა: საბჭოთა პერიოდში ეს ტრადიცია შეერყა რუსეთის, როგორც კომუნისტური სამყაროს ლიდერის როლს. კომუნიზმის გავრცელება და რუსული მმართველობის ექსპანსია თუ აღდგენა თითქმის სინონიმური იყო (მხოლოდ უფრო გვიან დააღწია თავი ზოგიერთმა კომუნისტურმა სახელმწიფომ რუსულ ბატონობას). სწორედ კომუნიზმის წყალობით მიაღწია რუსეთის სახელმწიფომ თავისი შესაძლებლობებისა და გავლენის პიკს. რუსეთის იმპერიულ-ნაციონალისტური ტრადიციის შერწყმამ კომუნისტურ პრინციპებთან განსაკუთრებით მტკივნეული გახადა რუსეთის პოსტკომუნისტური იდენტობის კრიზისი. რუსული ეთნოკულტურული ნაციონალიზმი აშკარად ანტიდასავლური და, ამიტომაც, ანტილიბერალურია, დ თუმცა ულტრა-ნაციონალისტები კომუნიზმს განიხილავენ როგორც ებრაულ ვირუსს, რომელიც რუსი ხალხის მოსასპობად იყო გამიზრული, ეს სულაც არ უშლით მათ ხელს, უკიდურეს სტალინიტებთან გააფორმონ ტაქტიკური ალიანსი. რაც შეეხება ვესტერნიზეულ დემოკრატიებს, მათ ჯერჯერობით ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს რუსული სახელმწიფოებრიობის სიცოცხლისუნარიანი და მყარი ცნების შემუშავებაში. მათი პოლიტიკური დისკურსი მერყეობს ერთი მხრივ, რუსეთის ,,მონების ქვეყნად'' გამოცხადებასა და, მეორეს მხრივ, ნაციონალისტურ ტრაბახს შორის, რომელიც ავტომატურად იძენს ხოლმე იმპერიალისტურ და ავტორიტარულ ჟღერადობას. არსებობს მცირე ჯგუფი, რომელიც რუსეთის ფედერაციასაც იმპერიად მიიჩნევს და ავტონომიური რესპუბლიკების გამოყოფასაც კი უჭერს მხარს. რაც შეეხება მთავრობას, ის სულ უფრო მეტად ავლენს რუსეთის ფედერაციის საზღვრებში ,,ერთიანი და განუყოფელი'' სახელმწიფოს პრაგმატული ხედვის ტენდენციას, მაგარმ ჟამი-ჟამ თავს ვერ იკავებს უკრაინისა და სხვა რესპუბლიკების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებისაგან. რუსეთის სახელმწიფოებრიობის არაიმპერიული კონცეფცია ჯერ კიდევ შესაქმნელია.
პოსტკომუნისტურ რეალობაში ნაციონალური პრობლემების აკვიატებული ხედვა სავსებით რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ პრობლემა თავად ნაციონალიზმი კი არ არის, როგორც რაღაც იზოლირებული ძალა, ბოროტი სული, რომელიც უნდა ქვესკნელს მივაჯაჭვოთ, არამედ უფრო დემოკრატიის საერთო სისუსტე პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. გარდაქმნის მოთხოვნა ქმნის ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლები საჭიროებას, რომელიც, თავის მხრივ, ავტორიტარიზმის შიშს აჩენს (პოსტკომუნისტურ ლიდერთაგან ცოტასთვის თუ არ დაუბრალებიათ ,,დიქტატორობა''). თუმცა, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ მართვის საჭესთან მტკიცე ხელის არარსებობამ შეიძლება ანარქია და განუკითხაობა გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში მხოლოდ სისხლიან რეპრესიებს მოიტანდა. რამდენადაც ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი, ,,მუშა'' იდეოლოგია ჯერჯერობით მაინც ისევ ნაციონალიზმია, ბუნებრივია, რომ ავტორიტარულმა ტენდენციებმა ნაციონალისტური შეფერილობა მიიღონ. თითქმის ყველა პოსტკომუნისტური ქვეყანა, სადაც ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის ანგარიშგასაწევ ნაწილს შეადგენს (ასეთი კი უმრვლესობაა) გარდუვლად შეეჯახება მტკივნეულ პრობლემებს კიდევ უფრო დაუცველი უმცირესობების წინააღმდეგ. ყველა ასეთ ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომლის პოლიტიკა საკუთარ ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ, დასავლური სტანდარტებით მაინც, არასაკმარისად ლიბერალურია. მე საერთოდ ვერ ვხედავ ამ ქვეყნებში არსებული მრავალი ეთნიკური პრობლემის სწრაფი და უმტკივნეულო გადაჭრის რაიმე იმედს.
ყოველივე ეს კი წარმოშობს სავსებით გასაგებ შიშს, რომ პოსტკომუნისტური სამყარო განწირულია ჩაებას ომების მთელ ჯაჭვში, რომლებიც შეგვახსენებენ ევროპის ისტორიას 1914-1945 წლებში (ეს კი სწორედ ის პერიოდია, რომელშიც ყველა პოსტკომუნისტური ქვეყანა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იმყოფება. ძირითადი ფაქტორი, რომელიც ამგვარ პერსპექტივას რამდენადმე მაინც აწონასწორებს, არის დასავლური სამყაროს, როგორც სხვა და უფრო სტაბილური ისტორიული ეპოქის წარმომადგენლის არსებობა. მე ხაზს ვუსვამ სიტყვას ,,არსებობა'' იმიტომ, რომ დიდი იმედი არა მაქვს პოსტკომუნისტური სამყაროს საქმეებში პირდაპირი საერთაშორისო ჩარევისა (შუამავლის ფუნქცია იქნება ეს თუ ეკონომიკური სანქციები). ყოველ შემთხვევაში, საკმარისად გამოჩნდა, რომ ამგვარ ზომებს ერთობ შეზღუდული შედეგი შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა ზოგჯერ ეს მცირე შედეგიც ამართლებს მათზე გაწეულ ძალისხმევას. წარსულის წყენებსა და ამბიციებზე აგებული ნაციონალიზმის ყველაზე რეალური გამაწონასწორებელი საშუალება არის ისევ ნაციონალური გრძნობების ალტერნატიული ვერსია, რომელიც ეროვნული ღირსების საქმედ აქცევდა ცივილიზებულ სამყაროსთან თანასწორ წევრად შეერთებას. ერების თანამეგობრობიდან იზოლაციის გრძნობა გაცილებით უფრო მტკივნეულია, ვიდრე ნებისმიერი კონკრეტული სანქცია. ცივილიზებული სამყარო გვიწვდის არა მხოლოდ შესაბამის (თუნდაც არასრულყოფილ) მოდელებს აყვავებული საბაზრო ეკონომიკისა, არამედ სახელმწიფოებრივი მართვის ისეთ ნიმუშებსაც, რომლებშიც დემოკრატიულ ძალებს, ლიბერალიზმსა და ნაციონალიზმს შორის რეალური და მუშა ბალანსის ჩამოყალიბება ხდება. ამ მაგალითების ძალა პოსტკომუნისტური სამყაროს ჯერ კიდევ სუსტი დემოკრატიებისათვის სათანადოდ უნდა შეფასდეს.
____________________
1. Francis Fukuyama, ,,The End of History?'' The National Interest 16 (Summer 1989). 3-18
2. Idem, ,,The End of History and the Last Man'' (New York: Free Press, 1992).
3. Ibid., XIX, 201-2.
4. Shlomo Avineri, ,,The Return to History: The Breakup of the Soviet Union'', Brookings Review 10 (Spring 1992): 30-33.
5. Ernest Gellner, Nations and Nationalism (Ithaca: Conrell University Press, 1983). Hans Kohn, ,,The Idea of Nationalism: A Study in its Origin and Background (New York: Macmillan, 1944).
6. Benedict Anderson, Imagined Communities: Reflections on the Origins and Spread of Nationalism (London: Verso Press, 1983).
7. Eugen J. Weber, ,,Peasants into Frenchmen: The Modernization of Rural France, 1870-1914 (Stanford, Calif: Stanford University Press, 1976).
8. ერიკ ჰობსბაუმი, რომელიც სულაც არ ცდილობს უშუალო კავშირის პოვნას დემოკრატიასა და ნაციონალიზმს შორის, ასევე აღნიშნავს, რომ ,,თავად დემოკრატიზაციის აქტი, ანუ მოსახლეთა მოქალაქეებად გადაქცევის პროცესი უბიძგებს ხალხს პოპულისტური ცნობიერებისაკენ, რაც, გარკვეული აზრით, ძნელად გასარჩევია ეროვნული, ხშირად კი შოვინისტური პატრიოტიზმისაგან...''
Nations and Nationalism Since 1780: Programme, Myth, Reality (ჩambridge University Press, 1990), 88.
9. Gellner, op. cit., 201.
10. Fukuyama, op. cit., 201.
11. Ibid., 196-98.
12. ამ მიმართების ზოგიერთი ასპექტი წარმოდგენილი მაქვს ჩემს სტატიაში ,,ჰუმანიზმი და თავისუფლება'' (P. Peachey, J.Kromkowski. G. F. Mclean, eds., The Place of the Person in Social Life Washington, D. C.: Council for Research in values and Philosophy, 1991], 33-43.
13. Fukuyama, op. cit., 266.
14. ,,ნაციონალიზმი არა მხოლოდ აერთიანებს მე-19 და მე-20 საუკუნეებს, წარმოაჩენს რა მათ როგორც განგრძობადი კრიზისის პერიოდს, არამედ უშუალოდ აკავშირებს აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანის აუზის რეგიონებს ევროპის ისტორიის პროცესთან, ანუ, საერთო, უნივერსალური ისტორიის მონაწილედ ხდის მათ.'' E. Kamenka, ,,Political nationalism: The Evolution of the Idea'', in E. Kamenka and J. Plamenatz, eds., ,,Nationalism: The Nature and Evolution of the Idea (London: Edward Arnold, 1973), 3.
15. მაგალითად, ,,ამერიკული დემოკრატიის'' ე. წ. ,,ფუძემდებელი მამები'' თავად ეჭვობდნენ, რომ მათს მთავარ საზრუნავს - თავისუფლებას - სწორედ დემოკრატიისაგან არ დამუქრებოდა საფრთხე. (Richard Hofstadter, ,,The American Political Tradition (New York: Vintage Books, 1954), 10.
16. John Stuart Mill, ,,Considerations on Freedom and Power (Boston, Beacon Press, 1948), 186.
17. Lord Acton, Essays on Freedon and Power (Boston: Beacon Press, 1948), 186.
18. ,,აქედან ვასკვნით, რომ სწორედ ის სახელმწიფოებია უკეთესად მოწყობილი, რომელნიც, ბრიტანეთისა და ავსტრიის იმპერიების მსგავსად, სხვადასხვა ეროვნებებს აერთიანებენ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე''. Ibid., 193 და `'მცირე ერები ინტელექტუალურად მათზე მეტად განვითარებულ ერებთან პოლიტიკურ ერთობაში თაანცხოვრებით ვითარდებიან'', Ibid., 186.
19. Ibid., 168.
20. ლორდი ექტონი ერთურთისაგან განასხვავებდა ნაციონალობის ცუდ (ფრანგულ) და კარგ (ბრიტანულ) დოქტრინებს: პირველ შემთხვევაში სახელმწიფოს ცნება ეფუძნება ეროვნებას: მეორეში კი ნაციონალიზმის ცნება გამოიყვანება სახელმწიფოდან. Ibid., 183-84, 187.
ენტონი დ. სმიტი განასხვავებს ,,ტერიტორიალურ'' და ,,ეთნიკურ'' ერებს, რაც დამოკიდებულია პოლიტიკური და ეთნიკური ნაციონალიზმის გაგებაზე. The Ethnic Origins of Nations (Oxford: Basil Blackwell, 1986), 134-38.
21. Fukuyama, op. cit., 134-35.
22. Ibid., 216.
23. ,,ლიბერალური დემოკრატიები... არ წარმოადგენს თვითკმარ კონსტრუქციებს: საზოგადოებრივი წეს-ჩვეულებანი, რომლებსაც ისინი ემყარებიან, სწორედ რომ ლიბერალიზმისაგან განსხვავებული წყაროდან უნდა მოდიოდეს''. Ibid., 326. ,,მყარი დემოკრატია ჟამი-ჟამ არარაციონალურ დემოკრატიულ კულტურასა და წინარელიბერალური ტრადიციებიდან ამოზრდილ სამოქალაქო საზოგადოებას მოითხოვს''. Ibid., 334-35.
24. Avineri, op. cit., 30.
![]() |
15 ჩვენი შენიშვნები ბ - ნ გივი ნოდიას მოხსენების თაობაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანსის ფუკუიამა
გია ნოდას ესსე მრავალმხრივ გააზრებული და სხვადასხვა ნიუანსის შემცველი ნაშრომია, არაორდინარული მიგნებებით სავსე. მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად თვლის, იგი არ ეთანხმება ბევრ ჩემს დებულებას, სინამდვილეში ჩვენი აზრი მაინც მრავალ შემთხვევაში თანხვდება.
მთელ რიგ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი გვაქვს სადავო - პირველ რიგში, ცხადია, რომ ნაციონალიზმი და დემოკრატია (გაგებული როგორც ლიბერალიზმისაგან განსხვავებული რამ) მართლაც, ურთიერთგამომრიცხავი ცნებები კი არაა, არამედ ერთი მედლის ორი მხარე. ეს თვალსაჩინო გახდება, როგორც კი ორივე ამ ფენომენს ისტორიული თუ სოციოლოგიური პერსპექტივებიდან შევხედავთ. XVIII და XIX საუკუნეების ნაციონალიზმმა არსებითად შეუწყო ხელი დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების განთავისუფლებას მონარქიული აბსოლუტიზმისაგან. 1848 ქლის ფრანკფურტის პარლამენტი ერთდროულად გერმანულ-ნაციონალისტური იყო და დემოკრატიულიც, ისევე როგორც დემოკრატიული და ფრანგულ-ნაციონალისტური იდეები მჭიდროდ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს საფრანგეთის რევოლუციის დროს. დღეს ნაციონალიზმი ასევე წარმოგვიდგება როგორც კომუნისტური დიქტატურისაგან განმათავისუფლებელი ძალა.
სოციოლოგიური თვალსაზრისით, ნაციონალიზმი და დემოკრატია შეიძლება განვიხილოთ როგორც ინდუსტრიალიზაციის ერთსა და იმავე პროცსესის წიაღში წარმოშობილი მოვლენა. ამ მიმართებით, ნოდიამ იქნებ არასწორად გაიგო ერნესტ გელნერის შეხედულებები ნაციონალიზმსა და ინდუსტრიალიზაციას შორის მიმართების თაობაზე. გელნერს სულაც არ სურდა ეთქვა, თითქოს ნაციონალიზმს უპირველესად ეკონომიკური ფუნქცია გააჩნია, ან რომ იგი გარკვეული ეკონომიკური წრეების ინტერესებს გამოხატავს: ის იმას ამტკიცებდა, რომ ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკური პროცესები გარკვეულ ხელშემწყობ პირობებს წარმოშობენ ნაციონალისტური იდეების გავრცელებისათვის. ინდუსტრიალიზაცია შლის ძველ კლასობრივ სტრუქტურებს, ტიპიურს ტრადიციული აგროკულტურული საზოგადოებისათვის და აუცილებელს ხდის საერთო ლინგვისტური და კულტურული ფუნდამენტის შექმნას, რომელზედაც შეიძლება აშენდეს კიდეც ეროვნული ეკონომიკა. ამიტომაც შემთხვევით არ არის, რომ ნაციონალიზმს, ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით, არ უარსებია ინდუსტრიულ რევოლუციამდე. არსებობდა ეთნიკურობა, რასიული გრძნობები და სხვა მსგავსი მოვლენები, მაგრამ არა რქმენა იმისა, რომ ჰომოგენური კულტურულ-ლინგვისტური ჯგუფები სუვერენულ სახელმქიფოებიდან იქნებოდნენ ორგანიზებულნი. დემოკრატიაც, ასევე, იმ ისტორიული პროცესებიდან წარმოიშვება, რომელთა წყალობითაც უწიგნური და ინერტული გლეხები ნასწავლ და ურბანიზებულ მუშებად იქცნენ.
ნოდია ასევე მართალია, როდესაც ამტკიცებს, რომ მთავარი წინააღმდეგობა ნაციონალიზმსა და ლიბერალიზმს შორის ძევს, და არა ნაციონალიზმსა და დემოკრატიას შორის. უფრო ზუსტად, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის ნაზავი გულისხმობს უნივერსალური აღიარების პრიცნიპს, ანუ უნივერსალურ ინდივიდუალურ უფლებებს. ხოლო თუ, როგორც მე ადრევე ვამტკიცებდი, ლიბერალიზმი გულისხმობს ყოველი მოქალაქის, როგორც ავტონომიური ადამიანის ღირსების უნივერსალურ და ექვივალენტურ აღიარებას, ნაციონალიზმის პრინციპის შემოტანა უკვე აუცილებლობით იძლევა ადამიანთა შორის განსხვავებას: იმ პიროვნებათა ღირსებას, რომლებიც დომინანტურ ეროვნებას არ მიეკუთვნებიან, მხოლოდ ამის გამო უფრო დაბალი რანგი ენიჭება, ეს კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის უნივერსალური და ექვივალენტური აღიარების პრინციპის მიმართ.
ჩვენ კიდევ ერთ საკითხში ვეთანხმებით ერთმანეთს: ლიბერალური დემოკრატიის ბევრი დამცველი ვერ ხედავს, თუ როგორ შეუძლია ზომიერ ნაციონალიზმს ხელი შეუწყოს დემოკრატიის წარმატებას პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით. აბსტრაქტულად თუ ვიმსჯელებთ, უნივერსალური აღიარების პრინციპიდან ლოგიკურად გამომდინარეობს უნივერსალური ჰომოგენური სახელმწიფოს არსებობა, რომელშიც გამქრალია ნაციონალური საზღვრები (არავითარი საფუძველი არა აქვს იმას, რომ, ვთქვათ, კანადა და შეერთებული შტატები ცალკე სახელმწიფოებია). მაგრამ რეალურ მსოფლიოში ეროვნული განსხვავებანი მეტად მდგრადია და ძნელია წარმოვიდგინოთ სტაბილური დემოკრატიები ამგვარი ეროვნული კონტექსტების მიღმა. დასავლეთ ევროპაში ლიბერალური დემოკრატიები უმეტესწილად ისეთ შედარებით ჰომოგენურ ლინგვისტურ და კულტურულ საზოგადოებებში ჩამოყალიბდა, როგორიც საფრანგეთი, ინგლისი და მოგვიანებით, მეოცე საუკუნეში, გერმანია იყო. განვითარებულ, სტაბილურ დემოკრატიებშიც ლიბერალური დემოკრატია ეროვნულ იდენტობასთან თანაარსებობს და, მიუხედავად ევროპული თანამეგობრობის მზარდი ინტეგრაციისა, ეროვნული გრძნობა საეჭვოა მთლად გაქრეს ამ არეალიდან. მხოლოდ ისეთ ახლადდაარსებულ მიწებზე, როგორიც შეერთებული შტატები და ავსტრალიაა, შეიძლება მოხდეს რომ ეროვნული იდენტიფიკაცია გასცდეს მის ეთნორასობრივ ასპექტს და ფესვი თავად ლიბერალურ-დემოკრატიულ რეჟიმში გაიდგას. მაგრამ ბევრ სხვა, იაპონიისა თუ საფრანგეთის მსგავს დემოკრატიებში ამგვარი რამ არ ხდება და აქ დემოკრატიასა და ძლიერ ნაციონალურ იდენტობას შორის ღრმა, მდგრადი კავშირია.
საბოლოოდ, მე სრულიად ვუერთდები ნოდიას მიერ დოგმატური ლიბერალური თვალსაზრისის უარყოფას, რომლის მიხედვითაც ნაციონალიზმს ყოველგვარი მანიფესტაცია უარყოფით მოვლენად ცხადდება. როგორც ნოდია აღნიშნავს, მიხეილ გორბაჩოვი ბოლო ხანს სწორედ ამ იდეის მატარებელი გახლდათ. გასაგებია, რომ მისი ამგვარი პოზიცია მისსავე ინტერესებს ემსახურებოდა: ამ ქვეყნად არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა კარგი ნაციონალიზმი, და თუ ჩემი ხელმძღვანელობით არსებულ ძველ, მრავალეთნიკურ სსრკ-ს არ შევინარჩუნებთ, ყოველივე ქაოსში აღმოჩნდებაო: სინამდვილეში კი, საბჭოთა კონტექსტში ნაციონალიზმი აუცილებელი ქინაპირობა იყო მის მემკვიდრე რესპუბლიკებში დემოკრატიის აღმოცენებისათვის. ჯერ ძველი საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო ეროვნული საზღვრების მიხედვით, და მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი დემოკრატიული რევოლუციის დაწყება.
ახლა კი იმის შესახებ, რაშიც არ ვეთანხმები ნოდიას. უფრო ზოგადთეორიულ დონეზე მსჯელობისას ის ამტკიცებს, რომ ერთგვარ საყოველთაო თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებულ უნივერსალური აღიარების ლიბერალურ პრინციპს არ გააჩნია უფრო მეტი შინაგანი რაციონალურობა, ვიდრე ნაციონალურ პრინციპს. იგი მართებულად მომაწერს თვალსაზრისს, რომ უნივერსალური აღიარება რაციონალურია, რადგანაც ემყარება ფუნდამენტურ განსხვავებას იმას შორის რაც ადამიანურია და რაც ადამიანური არ არის. ეს ნიშნავს, ადამიანები იმთავითვე ფლობენ გარკვეულ თვისებას, რომელიც განასხვავებს მათ არა-ადამიანური ბუნებისაგან - იქნება ეს ცხოველურზე ამაღლებული გრძნობა, როგორც ეს მიჩნეული იყო ანტიკურ ხანაში, პირადი არჩევანის უნარი, როგორც ეს იყო ქრისტიანულ და, მოგვიანებით, გერმანული იდეალიზმის ტრადიციაში, ან, შესაძლოა, ამ ორის კომბინაცია, ზოგიერთი სხვა შეხედულებიის თანახმად. მაგრამ სწორედ ეს ძირითადი განსხვავებაა, რაც გამოყოფს ადამიანურ არსებას დანარჩენ არსებათაგან და კანონიერად აბატონებს მას ბუნებაზე. ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ფუნდამენტურად იგივეობრივია ამ განსხვავებასთან მიმართებით და, ამგვარად, თანასწორია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი თვალსაზრისით.
ნოდია სავსებით სწორად შენიშნავს, რომ ფილოსოფიური საფუძველი რწმენისა, თითქოს არსებობს ფუნდამენტური განსხვავება ადამიანურსა და არაადამიანურს შორის, დღეს საკმაოდ ბუნდოვანია, და რომ ამ ბოლო ხანს დასავლეთში წარმოდგენა ამ განსხვავების შესახებ ძლიერი კრიტიკის ქვეშ მოექცა. უახლეს ნიმუშად დავასახელებდი ვაცლავ ჰაველის ესსეს, რომელიც 1992 წლის 3 ივნისის ,,ნიუ იორკ ტაიმსში'' გამოქვეყნდა გლობალური გარემოსადმი მიძღვნილ რო-დე-ჟანერიოს სამიტთან დაკავშირებით. ჰაველმა საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა ადამიანის ბუნებაზე გაბატონების იდეა, და კითხვა დასვა, გააჩნია კი ადამიანს რაიმე უპირატესი ღირსება ამგვარი ბატონობისათვის. დღეს გარემოს დამცველი მოძრაობა იმ მოსაზრების მთავარი გამტარებელი გახდა, რომ არ არსებობს რაციონალური საფუძველი ადამიანური და არაადამიანური ბუნების განსასხვავებლად.
რა თქმა უნდა, როგორც ნოდია აღნიშნავს, ადამიანები ნაციონალურ საზოგადოებებში ცხოვრობენ და მათი უმრავლესობისათვის განსხვავება ფრანგსა და გერმანელს, ან სერბსა და ხორვატს შორის გაცილებით უფრო თვალსაჩინო და მნიშვნელოვანია, ვიდრე განსხვავება ზოგადადამიანურსა და რაიმე ისეთს შორის, რაც ასეთი არ არის. ამისდა მიუხედავად, ვფიქრობ, რომ საკითხავია, ზოგადადამიანურსა და არაადამიანურს შორის განსხვავების უარყოფის თანამედროვე ტენდენცია რაღაც ისეთია, რასაც უნდა მივესალმოთ, თუ პირიქით, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მას. რადგან, თუკი ჩვენ უკუვაგდებთ ადამიანის უმაღლესი ღირსების კრიტერიუმს ნაციონალური ღირსების სასარგებლოდ, მაშინ ჩვენ ალბათ საფუძველს დავუდებთ ორ წინაარმდეგობრივ დასკვნას: ერთის მხრივ, ადგილი ექნება უფლებათა პარტიკულიზაციას, რაც კითხვის ქვეშ დააყენებს ადამიანთა შორის თანასწორობის ლიბერალურ დემოკრატიულ პრინციპს: მეორეს მხრივ, ჩვენ კარს გავუღებთ უფლებათა სუპერუნივერსალიზაციას, რომელიც უკვე არაადამიანურ ბუნებასაც მიანიჭებდა იმავე უფლებებს. ამის შედეგად კანონგარეშე დარჩებოდა ბუნების დამორჩილების მთელი პროექტი, ინდუსტრიალიაზაციის პროცესისა და მისგან გამომდინარე ეკონომიკური განვითარების ჩათვლით.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნივერსალური აღიარების პრინციპს პრეტენზია აქვს თავისი რაციონალიზმით აღემატებოდეს ეროვნულ პრინციპს. კანტის ტერმინებში რომ ვთქვათ, თუ ყველა ადამიანს სურს მისი შინაგანი პიროვნული ღირსების აღიარება, მაშინ უნივერსალური ექვივალენტური აღიარება პრაქტიკული გონების ერთადერთი შესაძლო მიდგომაა, რომელმაც შეიძლება იმგვარად გაამართლოს ადამიანური ღირსების აღიარების ყოველი ინდივიდუალური პრეტენზია, რომ ერთი კერძო ადამიანის ღირსება არ დაკმაყოფილდეს სხვების ხარჯზე. გონების ასეთი წესი, როგორც კანტი ფიქრობდა, მართებული უნდა იყოს ყოველი მოაზროვნე არსების მიმართ, იმისდა მიუხედავად, ეს არსება ადამიანია თუ არა. ჩვენ არ გვჭირდება ემპირიული ცოდნა იმ არსებათა შესახებ, რათა თავად ეს წესი რაციონალურად მივიჩნიოთ. უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით რომ მივუდგეთ, უმეტესი ნაციონალისტური რეჟიმების პრობლემატური ხასიათი აშკარა გახდება, როგორც კი მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ როგორ შეიძლება მოხდეს გაბატონებული ეროვნული ჯგუფის გარეთ მყოფ ადამიანთა ღირსების ადექვატური აღიარება, ან საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს, როცა რეჟიმი პრინციპში ერთი ეთნოსის მეორისაგან განსხვავებას ეყრდნობა.
სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ლიბერალური დემოკრატია და ნაციონალიზმი მეტ-ნაკლებად მშვიდობიან თანაარსებობასაც ახერხებენ. 30-წლებისა და II მსოფლიო ომის საზარელმა გამოცდილებამ, ჩანს, ჩვენში წარმოშვა გარკვეული რწმენა, რომ ნაციონალიზმი გარდუვალად უნდა გადაგვარდეს ფაშიზმად, მაგრამ ეს, უბრალოდ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ლიბერალიზმს თავისუფლად შეუძლია ნაციონალიზმთან თანაარსებობა, როცა კი ეს უკანასკნელი ტოლერანტული ხდება. ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური თვითშეგნება კერძო ცხოვრებასა და კულტურის სფეროში უნდა განიდევნოს და არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიზაცია, ანუ ის არ უნდა გახდეს იურიდიულად გაფორმებულ კანონთა საფუძველი. სხვა, ალტერნატიულ შემთხვევებში ნაციონალური სიამაყე შეიძლება სუბლიმირებულ იქნას ეკონომიკურ შეჯიბრში, როგორც ეს იაპონურ სუპერკომპუტერებთან დაკავშირებით მოხდა. ნაციონალიზმი კი მხოლოდ მაშინ გახდება ტოლერანტული, თუკი ეროვნული რაობა ან ეროვნული კულტურა ფუნდამენტურად ღია იქნება სხვა ერებისათვის ისე, რომ აფრიკელს შეეძლოს გახდეს ფრანგი, თუ ის ილაპარაკებს ფრანგულად და აითვისებს იმ ჩვეულებებსა და ქცევის წესებს, რაც ტრადიციული ფრანგული კულტურის იერს განსაზღვრავს.
თუმცა აქაც სიფრთხილე გვმართებს, რადგან ნაციონალური და ლიბერალური პრინციპების თანაარსებობა მაინც რამდენადმე დაძაბული დარჩება. ერთი კი უნდა ითქვას: ეს თანაარსებობა უფრო იოლია რასიულად და კულტურულად ჰომოგენურ ქვეყნებში, სადაც დომინანტური კულტურა შედარებით დაცულია, ან ახლადდასახლებულ ქვეყნებში, სადაც კულტურა თავისი ბუნებით პოლიტიკური უფროა, ვიდრე ეთნიკური. ახლანდელი შიში დასავლეთ ევროპაში იმიგრაციის მიმართ სწორედ ამგვარი შეთავსებადობის საზღვრებს გვიჩვენებს. ბევრი გერმანელი, მაგალითად, ძლიერ ეჭვობს რომ აფრიკელს შეეძლოს გერმანელი გახდეს მხოლოდ გერმანული ენის, ჩვევებისა და კულტურის სხვადასხვა გამოვლინებათა უბრალო გადაღებით.
პოსტკომუნისტურ აქმოსავლეთში ეროვნული და ლიბერალური პრინციპების თანაარსებობა კიდევ უფრო პრობლემატურია, რადგან აქ ძალზე ცოტაა ისეთი ჰომოგენური ნაციონალური სახელმწიფო, როგორიცაა საფრანგეთი ან ინგლისი. ფაქტიურად, ამ რეგიონის სახელმწიფოების უმრავლესობა სხვადასხვა ეთნიკური კომპონენტის ნარევია, სადაც ერთი, მკვეთრად დომინანტური კულტურა არ არსებობს. თუკი პოლიტიკური ლიდერები არ განმარტავენ ტერმინ ,,ერს'' უაღრესად აბსტრაქტული და ფორმალური წესით, აქ ყოველთვის დარჩება ეთნოლინგვისტური უმცირესობების პრობლემა. კონკრეტული მაგალითი ავიღოთ: თუ უკრაინელები გააგრძელებენ მოქალაქეობის უფლებისა და განათლების პოლიტიკის განსაზღვრას იმავე ტოლერანტულ ტერმინებში, რომლებიც მათ დასაწყისიდანვე აირჩიეს, როდესაც ნაციონალობას ტერიტორიალური ცნებით განსაღვრავდნენ და სრულ მოქალაქეობას ანიჭებდნენ უკრაინის საზღვრებში ყველა მცხოვრებს, მაშინ მათი ქვეყანა შეიძლება გადარჩეს, ხოლო თუ უკრაინელთა წარმოშობა, ენა ან ეთნოკულტურული თვითმყფადობის რომელიმე სხვა ასპექტი გახდა მოქალაქეობის ან ნებისმიერ სხვა უფლებათა წინაპირობა, მაშინ ქვეყანა აფეთქდება, რადგან რუსები და სხვა ეროვნული უმცირესობანი აჯანყდებიან ეთნიკური უკრაინელების ბატონობის წინააღმდეგ.
ამ პრობლემის გადაჭრის ერთი ვარიანტია ისეთი ჯგუფური უფლებების შემოღება, როგორც ეს ლიბანშია, მაგრამ იმავე ლიბანის მაგალითი გვიჩვენებს, როომ ეს ვერაფრით იქნება საბოლოო და დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტა. ჯგუფის უფლებების პრინციპის მიღება წამოჭრის მძიმე კითხვებს იმის თაობაზე, თუ რა შეადგენს კანონიერ ჯგუფს, ვინ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება, როდის უნდა ჩატარდეს აღწერა იმის დასადგენად, თუ რომელ ჯგუფს რამდენი ხალხი წარმოადგენს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს ამგვარ საკითხებზე და ა. შ. ამგვარად, საბოლოოდ მაინც იძულებულნი ვხდებით დავუბრენდეთ კანტიანურ თვალსაზრისს, რომ აღიარების ერთადერთი რაციონალური ფორმა ადამიანების, როგორც ინდივიდუალური არსებების და არა მათი როგორც ამა თუ იმ ჯგუფის წევრების აღიარებაა.
და ბოლოს, კიდევ ერთი საკითხი: ხანდახან ისე ჩანს, რომ ნოდია ნაციონალიზმს განიხილავს უმთავრესად როგორც გარდამავალ სტრატეგიას. მოდით, ნუ გავლანძღავთ ნაციონალიზმს, ამბობს იგი, რადგან ეს არის საშუალება ლიბერალური დემოკრატიის მისაღწევად, კერძოდ კი ყოფილი საბჭოთა კავშირის მსგავს პოსტტოტალიტარულ რეგიონებში. მაგრამ ნოდიას ანალიზი წამოჭრის უფრო ფართო ფილოსოფიურ კითხვას და იმთავითვე ცხადი როდია, თუ როგორი იქნება პასუხი. არსებობს თუ არა ეროვნულ პრინციპში რაიმე ისეთი, რაც საბოლოო ჯამში აღემატება ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლად დადებულ უნივერსალური აღიარების პრინციპს? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისეთ ქვეყნებში, როგორიც უკრაინა ან რუსეთია, ნაციონალიზმმა სავსებით შესაძლებელია გაგვიწიოს სასარგებლო, თუმც კი მაინც სახიფათო დახმარება მძიმე პოსტკომუნისტური პერიოდის გასავლელად, მაგრამ შეგვიძლია კი ვირწმუნოთ, რომ შედეგად, როდესაც მიღწეული იქნება დემოკრატიული სტაბილურობა და ცხოვრების მაღალი დონე, ადამიანები უფრო დამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ ცხოვრებას ნაციონალურად განმსაზღვრად პოლიტიკურ ერთეულებში, ვიდრე ლიბერალურში, სადაც მხოლოდ ფორმალური, აბსტრაქტული ადამიანურობაა აღიარებული?
ამის შემოწმების საუკეთესო შემთხვევას, გაცილებით უკეთესს, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის მაგალითია, კვებეკი წარმოადგენს. იგი აყვავებული და სტაბილური ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყნის ნაწილია და მაინც, რიგი ფრანგულენოვან კვებეკელთათვის უნივერსალური ლიბერალური იდენტურობა, რომელსაც მათ კანადის მოქალაქეობა და une province comme les antres-ში1 ცხოვრება აძლევთ, როგორღაც მაინც არ არის საკმარისი. კანადის სახელმწიფოს ეროვნული საზღვრების მიხედვით დანაწევრება მეტად საინტერესო მაგალითი იქნებოდა თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ადექვატურობის განსასჯელად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ჩემთვის ცოტა არ იყოს ბუნდოვანია, ნოდია ნაციონალიზმს მხოლოდ დემოკრატიის ბებიაქალად და განვითარების ხელშემწყობად მიიჩნევს თუ ლიბერალური დემოკრატიის უცილობელ ელემენტად, მის განვითარებულ სტადიებზეც კი.
შლომო ავინერი
გია ნოდიას სტატია ნაციონალიზმსა და დემოკრატიაზე განსაკუთრებით ცხადად წარმოგვიდგენს იმ ამბივალენტურ როლს, რომელსაც ნაციონალიზმი თამაშობს თანამედროვე საზოგადოების აგების პროექტში. ის სულაც არ არის პირველყოფილი ან ირაციონალური გადმონაშთი: ნაციონალიზმი, როგორც პოლიტიკური ძალა (განსხვავებით უბრალო ეთნიკური ცნობიერებისაგან) არსებითად თანამედროვე ფენომენია. როგორც ნოდია გვიჩვენებს, იგი მოუწყვეტლადაა გადაბმული ხალხის სუვერენიტეტის ფრანგულ რევოლუციურ ტრადიციასთან ისევე, როგორც ადამიანის პიროვნულობისა და ავტონომიურობის კანტიანურ დოქტრინასთან. ლიბერალები, რომლებიც ნაციონალიზმს ატავიზმად განიხილავენ, ისევე ცდებიან, როგორც ორთოდოქსი მარქსისტები, რომლებიც, მოტყუებულნი მათი მოძღვრის მითითებით, რომ ,,პროლეტარს არა აქვს სამშობლო'', ცდილობენ ნაციონალიზმი ისტორიის სანაგვეზე გადაუშვან. როგორც ახლანდელ მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, ნაციონალისტური პრობლემები დომინანტური გახდა არა მარტო პოსტკომუნისტური აღმოსავლეთის პოლიტიკურ დისკურსში.
ამის მოწმობაა ბოსნიაში, ხორვატიაში, მოლდოვაში, საქართველოსა თუ ყარაბაღში ძალადობის ამოხეთქვა, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლა, აგრეთვე ის, თუ როგორ ექცევიან დამოუკიდებელი ბალტიის ქვეყნები მათ რუს და პოლონელ უმცირესობებს, მიმდინარე ან პოტენციურ ეთნიკურ შეხლა-შემოხლის მრავალ გაელვებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს სია შეგვიძლია გავზარდოთ რუსეთის გარეთ მცხოვრები 25 მილიონი რუსით, რომელთაც მომავალი საკმაო საფრთხეს უმზადებს: სლოვაკიის, რუმინეთის და ყოფილი იუგოსლავიის უნგრული უმცირესობის პრობლემებით: ისეთი რეგიონის ბედით, როგორიცაა კალინინგრადის ოლქი (ყოფილი კიონინგსბერგი აღმოსავლეთ პრუსიაში) რომელიც ამჟამად რუსეთის ნაწილია, მაგრამ რესპუბლიკისაგან მოწყვეტილია ლიტვითა და ბელარუსით.
ვისაც კი სჯეროდა, რომ პოსტკომუნისტური დისკურსი ძირითადად დემოკრატიზაციასა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე იქნებოდა კონცენტრირებული, ახლა მიხვდა თავის გულუბრყვილობას. ნოდია მართებულად განასხვავებს ერთმანეთისაგან დასავლეთის ლიბერალური დემოკრატიების ლიბერალურ და დემოკრატიულ შემადგენელ ელემენტებს და გვიხსნის, თუ რატომ მისცა კომუნისტურმა მემკვიდრეობამ აღზევების საუკეთესო შანსი ნაციონალიზმის ანტილიბერალურ ვერსიას. ლენინისტურმა პოლიტიკამ, რომელსაც ტიტოც მისდევდა, ტერიტორიული გამოხატულება მისცეს ნაციონალურ-ლინგვისტურ ერთეულებს და ამით ის ფორმებიც განსაზღვრეს, რომლებშიც საბჭოთა კავშირის თუ იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი დისკრეტული სახელმწიფოები მოექცეოდნენ. თითოეულ ამ ახალ სახელმწიფოს მძიმე ტვირთად დააწვა ეროვნულ უმცირესობებთან და პოტენციურად საკამათო საზღვრებთან დაკავშირებული მრავალი კითხვა.
მე ბევრ რამეში ვეთანხმები ნოდიას მიერ ნაციონალიზმის გამართლებას თანამედროვეობის კონტექსტში, მაგრამ არის რამდენიმე ნიუანსი, რომელთაც მსურს ხაზი გავუსვა. მთავარი მიზეზი, რატომაც ნაციონალიზმი ლიბერალური პოლიტიკური თეორიის უნივერსალური ნორმების საპირისპირო მიმართულებად გამოიყურება, ისტორიული ბედის ირონიით, იმითაა გამოქვეული, რომ უნივერსალისტურ ღირებულებათა ჩამოყალიბებისა და გავრცელების სამუშაო ძირითადად განხორციელდა ორი სპეციფიკური კულტურის, ინგლისური და ფრანგული კულტურების პოლიტიკური და ინტელექტუალური ჰეგემონიის ქვეშ. ერთი მხრივ, საფრანგეთის რევოლუციის წყალობით პოპულარიზებული ადამიანის უფლებათა იდეების შუქზე, მეორეს მხრივ კი, ინგლისის და უფრო გვიან შეერთებული შტატების ბატონობის შედეგად გავრცელებულ პოლიტიკურ ლიბერალიზმსა და საბაზრო ეკონომიკასთან შეპირისპირებით, ნაციონალიზმი გამოვლინდა როგორც პარტიკულარისტული, წვრილმანი, რეტროგრადული და უნივერსალურობისაგან გადახრილი მოვლენა. რაა ბრეტონული ფოლკლორი ფრანგული კულტურის სიმდიდრესთან და ბრწყინვალე mission civilisatrice-სთან შედარებით? რას წარმოადგენენ ბრიტანული კულტურების გველურად მოლაპარაკე თემები, თუ არა ანაქრონიზმს მძლავრი ინგლისურენოვანი სამყაროს მსოფლიო გაქანების მქონე კულტურის ფონზე? საფრანგეთსა და ინგლისურენოვან სახელმწიფოებში, თითოეულში მათთვის სპეციფიკური წესით, გაიმარჯვა ეკუმენურმა კულტურამ, რომელიც რაციონალურობასა და უნივერსალურად გაზიარებულ ღირებულებებში ჩაფესვებულობას ჩემულობდა. შემდეგ მათ აამაღლეს ეს ისტორიული კულტურები ჭეშმარიტად უკათოლიკურესი ნორმების დონემდე და ვაი ირლანდიელებს, სიონის შვილებსა და სხვა ხალხებს, რომელთა უფრო მცირე მასშტაბის ლოალობამ ისინი შეზღუდულ, თავის თავში ჩაკეტილ, ბნელ, ეთნოცენტრისტულ და (ყველაზე უარესი) წინარე-მოდერნულ ხალხებად წარმოაჩინა.
სხვა სიტყვებით, აბსტრაქტულმა უნივერსალიზმმა - რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა მოცემული ისტორიული კულტურების კომპლექტის ჰიპოსტაზი - თავი წარმოგვიდგინა როგორც ისტორიული პროგრესის ერთადერთმა ნორმამ (რომელიც თავს ზოგჯერ ,,ისტორიის დასასრულადაც'' კი აცხადებდა) და შემდეგ ქედმაღლურად გადმოხედა პატარა ერების კულტურებს, როგორც პროვინციულებსა და თანაც დასაღუპავად განწირულებს. არსებითად, ეს სხვა არაფერი იყო თუ არა დიდი ერების კულტურული იმპერიალიზმის კიდევ ერთი მაგალითი: ფართო ეთნოლინგვისტური ჯგუფის მიერ უნივერსალიზმის ქადაგება იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ასიმილაციონიზმსა და ტრიუმფალურ პროგრესში ისინი მსოფლიო ისტორიული გონის გარდაუვალ გამოვლენას ჭვრეტენ. ისინი უგულებელყოფენ მცირე ერების cri de coeur-ს1, როგორც რეტროგრადულს, და მასიურ დაწოლას ახდენენ მათზე თავიანთი ეკონომიკური, სამხედრო და იდეოლოგიური ძალით. ყოფილ საბჭოთა კავშირს ამგვარი ველიკოდერჟავული თვითდაჯერებულობა მემკვიდრეობით ერგო ცარისტული ტრადიციისაგან: რუსიფიკაცია, მათი აზრით, კულტურისა და ცივილიზაციის გავრცელებას ნიშნავდა.
როგორც ნოდია აღნიშნავს, გარკეული ერთობის (და არა უბრალო ადამიანთა რაღაც აგრეგატის) წევრობის მოთხოვნილება პიროვნულობის უცილობელ ელემენტს შეადგენს. ფართო ლინგვისტური და კულტურული ჯგუფების წევრები ამას აღიქვამენ როგორც ისეთი ხარისხით მოცემულს, რომ მათთვის მათი საკუთარი კულტურა კულტურასთან როგორც ასეთთან გაიგივდება. ამიტომაც ზოგჯერ უჭირთ გაიგონ, თუ რას ნიშნავს, როცა კულტურას გართმევენ. ადამ მიცკევიჩი ასე მიმართავს თავის ქვეყანას ,,პან ტადეუშის'' პირველ სტროფებში: ,,შენ ჯანის სიმრთელეს ჰგავხარ, რადგან მხოლოდ მან უწყის თუ რა არის იგი, ვინც ის დაჰკარგა''. ან, როგორც სხვა პოლონელმა მოაზროვნემ, ლეშეკ კოლაკოვსკიმ აღნიშნა, ერი თუ ტომი გამოცდილებაა, კაცობრიობა კი - მისწრაფება. სწორედ დიდი ერების სიბრმავემ ნაციონალიზმის ძალისადმი ბევრი დამკვირვებელს მხედველობიდან დააკარგვინა ნაციონალიზმის პოტენცია პოსტ-კომუნისტურ სამყაროში.
ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ პოსტკომუნისტური საზოგადოება ახლა გამოდის 75 ან 45-წლიანი დროითი გამრუდებიდან: ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ აქ ,,არაფერი მომხდარა'', ან რომ კომუნიმზმის გადავარდნასთან ერთად ეს საზოგადოებები დაუბრუნდებიან 1917 ან 1945 წლების წინანდელ მდგომარეობას: ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ პოსტკომუნისტური საზოგადოებები ერთგვარი დროითი დისონანსის პირობებში ცხოვრობენ. მაგალითად, ეკონომიკურად ბევრი მათგანი მაქალინდუსტრიული საზოგადოებაა - მაგრამ ბაზრის გარეშე. პოლიტიკურად ისინი უაღრესად პოლიტიზირებულნი და მობილიზებულნი არიან, მაგრამ არ გააჩნიათ დემოკრატიულ მობილიზაციაზე აგებული პოლიტიკის რაიმე გამოცდილება. ნოდია მართებულად აღნიშნავს, რომ გარდაქმნები პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში განსხვავდება გარდაქმნებისაგან მესამე სამყაროს ქვეყნებში, რომელთაც მოდერნიზაციის პროცესი არ გაუვლიათ: ეს არ არის გარდაქმნები მოდერნიზაციის მიმართულებით, არამედ გადასვლები ,,დამახინჯებულ'' მოდერნულობიდან იმაზე, რაც დასავლური მნიშვნელობით მოდერნიზაციის ,,ნორმალურ'' მოდელად არის მიჩნეული.
რაც შეეხება ნაციონალიზმს ამ ქვეყნებში, ეს ვითარება შემდეგნაირად შემოტრიალდება: პრობლემები, რომლებიც დასავლური ქვეყნების უმრავლესობამ ცდითა და შეცდომებით, შეგუებითა თუ მძაფრი ძალისმიერი მეთოდებით მოაგვარა, აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს ჯერ კიდევ გადასაჭრელი აქვთ - და ეს ხდება მაშინ, როცა დასავლეთი უკვე გადავიდა სხვა, ,,პოსტმოდერნულ'' დისკურსზე (გარემოსთან თუ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.). თუმცა კულტურული ავტონომიების მოთხოვნა დასავლეთში მაინც გადაუჭრელი რჩება, ამ მოთხოვნებიდან მომდინარე კონფლიქტები, როგორც წესი, არ ემუქრება მთელ პოლიტიკურ სხეულს. მაგალითად, ის რომ ბრიტანეთი ვერ ახერხებს შეწყვიტოს კონფლიქტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, სულაც არ უქადის ბრიტანულ პოლიტიკურ სხეულსა და მის დემოკრატიულ სტრუქტურებს მომაკვიდინებელ საფრთხეს. ამისგან განსხვავებით, აღმოსავლეთი ევროპა ჯერ კიდევ 1939 ან იქნებ 1914 წლებში ცხოვრობს: მისი პოლიტიკური დისკურსი როგორღაც ,,შენელებული'' და ,,ამოვარდნილია'' იმ აზრით, რომ დასავლეთის ეროვნული სახელმწიფოების მიერ შემოთავაზებული ინსტიტუციონალიზებული გადაწყვეტები აღმოსავლეთში ჯერაც შეუძლებელია. ისტორია აქ რაღაც აზრით ,,შეჩერებული'' იყო და პოლიტიკური დისკურსიც თითქოს დასავლეთში დიდი ხნის წარსულ დროს ეხმიანება.
ნოდია კვლავ მართალია, როდესაც მიუთითებს ნაციონალიზმის იანუსის მსგავს ბუნებაზე ლიბერალურ ღირებულებებთან მიმართებით: მას გააჩნია უნივერსალისტური, ჰარმონისტული ვერსია (თუ გნებავთ, ვუწოდოთ მას ,,მაზინის ვარიანტი''), და გამომრიცხავი, აგრესიული ვერსია (,,ტრაიჩკეს ვარიანტი''). საფრთხილოა, რომ მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, პლუს დემოკრატიული რეფორმების წარუმატებლობამ ზოგიერთ პოსტკომუნისტურ საზოგადოებას ამ უკანასკნელი, უფრო სახიფათო ვარიანტისკენ არ უბიძგოს.
პრაქტიკულად ყველა პოსტკომუნისტურ საზოგადოებას ჰყავს ეთნიკური უმცირესობანი, და მრავალ შემთხვევაში, როგორც ეს თუნდაც ყოფილ საბჭოთა კავშირშია, საზღვრები ძველი მმართველების კაპრიზებსა და დეკრეტებს ეყრდნობა და მცირედი რამ აქვთ საერთო ისტორიასთან თუ ენობრივ მიჯნებთან. იმის წარმოდგენა, რომ ყველა შემთხვევაში ეს პრობლემები მშვიდობიანად და არსებული საზღვრების შეუცვლელად შეიძლება გადაიჭრას, დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა. სწორედ ამ მიმართებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოცემული საზოგადოებების წინაკომუნისტური ისტორიული ტრადიცია. არ არსებობს უნივერსალური კოდი, რომელიც ყველას თანაბრად მიეყენება, ასე რომ თუ ვინმეს აინტერესებს, მეგობრობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროში გადაწყვეტს ესა თუ ის ქვეყანა თავის პრობლემებს თუ ომის გზით, მან უფრო ისტორიულ და ნაციონალურ ტრადიციებს უნდა დააკვირდეს, ვიდრე ეკონომიკური განვითარების რაოდენობრივ მახასიათებლებს, ერთობლივ ეროვნულ პროდუქტსა და მისთანებს. სწორედ ამ აზრითაც ითქმის, რომ ისტორია მეორდება: ქედმაღლური დასავლურ-ლიბერალური ლაპარაკი ,,ბალკანიზაციაზე'' კი სხვა არაფერია, თუ არა ზემოხსენებული კულტურული ჰეგემონიზმის კიდევ ერთი გამოვლინება.
პარადოქსულია, მაგრამ საბჭოთა ჰეგემონიის ერთ-ერთი მცირე პოზიტიურ ასპექტთაგანი იყო - თუნდაც საშინელი და სრულიად გაუმართლებელ ფასად მიღწეული Pax Sovietica, რომელიც საბჭოთა კავშირმა თავს მოახვია აღმოსავლეთ ევროპასა და ძველ ცარისტულ იმპერიას. რუსეთში სამოქალაქო ომის პერიოდის დასრულების შემდეგ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში - 1945 წლიდან, სსრკ-მ დაუშვა ეთნიკური ომების ატყდომა სამყაროს იმ ნაწილში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ურთიერთდაპირისპირებულ ნაციონალიზმთა ხლართად იყო ქცეული. კომუნიზმი ცდილობდა, ნაციონალიზმი მოდერნული ეპოქის საკუთარი ვერსიისათვის დაექვემდებარებინა, ანუ მიესადაგებინა ის განმანათლებლობის პროექტის საკუთარი (როგორც ჩანს, ნაკლული) ინტერპრეტაციისათვის. თანამედროვეობის მარქსისტულ-ლენინური ინტერპრეტაციის წარუმატებლობა მიგვანიშნებს, რომ მომწიფდა დრო გზა მივცეთ ლიბერალურ დემოკრატიას, მაგრამ ნაციონალიზმის მოჩვენებითი გადალახვა - განსაკუთრებით თუ ეს იმ კულტურებიდან მოდის, რომლებიც საკუთარ მყარ ეროვნულ რაობას თავისთავად ცხადად მიიჩნევენ - სულაც არაა საკმარისი, რათა განიდევნონ სიძულვილისა და მრისხანების ის დემონები, ეთნიკურ ბრძოლებს რომ აღვივებენ პოსტკომუნისტურ სამყაროში.
________________________________
1. ერთ - ერთი პროვინცია სხვებს შორის (ფრ.).
2. გულის ძახილი (ფრ.).
![]() |
16 იყო და არა იყო რა ... |
▲ზევით დაბრუნება |
,,ჩვენი ოჯახი კარგა ხნის წინათ გადასახლდა შტატებში. სათანადო ვადის გასვლის მერე დედაჩემმა და ძმებმა საიმიგრაციო სამსახურს მიმართეს მოქალაქეობის მიღების თაობაზე, თუმცა კიდევ ორი წლის ლოდინი დასჭირდათ, ვიდრე მათ თხოვნას დააკმაყოფილებდენ.
ბოლოს, დადგა ნანატრი დღე. საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელთა გულდასმით შეამოწმა დოკუმენტაცია, ჩემიანების დიპლომები და ატესტატები, გულითადად მიულოცა მათ, შემდეგ კი კოლეგას გადაულაპარაკა: ,,ექიმი, იურისტი და ბანკირი... ღმერთმანი, გვარიანი შენაძენია ამერიკისათვის''.
თედა პეტილოსი (ნიუ-ჯერსი)
,,რიდერს დაიჯესტი'', 1994, ოქტ.
![]() |
17 SUMMARIES |
▲ზევით დაბრუნება |
M. Bitchashvili
ONE RUSSIA, TWO RUSSIAS...
If the militant ambitions of the Japanese Samurai has eventually been transformed into the desire to acheave an entrepreneurial success, or if liberal humanist values has substituted for the old good ,,Deutchland Deutchland uber alles...'' in German mentality, why may not a politological imagination trace the pompous ღussian authoritaritarianism and collectivism being transformed into an Open Society.
Those political analysts, still positive about the effectiveness of the ideas of liberalism and democracy, hope that radical changes in Russia are quite possible, but the author of the essay is inclined to doubt such a possibity. At the background of the global events, time and again, Russia has been :een on shape-shifting, a kind of a serial superficial ,,innovative - renovations''. But, as it is argued in the essay, behind such shape-shifting, within every historical formation in Russia something remains sustained as a dominant pattern.
,What is Russia?'' - that is the decisive question. Answering it one could figure out the future possible transformations of Russia. The answer is implied in the words of Count Vitte, the prime-minister of the Tzar's Russia: ,,There is no Russia, but - the Russian Empire''. This is ,,the punch line'' of the essay. As soon as we realize that Russia began and still exists as an Empire it will become clear that any substantial change in this anachronistic edifice, this Jurussian Par' is an illusion. Unliss the Empire is disintegrated, and ღussia restored to Russia, no foundation can be laid for the substantial changes.
K. Katzitadze
THE ESSENSE OF THE HISTORICAL CHALLENGE
Lost in various historical epochs, incorporated by different empires and their cultural bac:grounds, Georgia, from time to time, would remind the est of the World and itself of its existence, thus facing the historical challenge. In this essay ,,the historical challenge'' is interpreted as a complex of spatio-temporal and geopolitical parameters, the conditions when a country is challenged by History calling in question the ability of a nation to overcome the obstacles and problems on its own. A colonial mentality is less prepared for such a Challenge, since it is burdened by the archetypal Quest for the Promised Land. It is marked by geopolitical fetishism: the sacralisation of a territory leads to the demand for a Chieftain, because `თhe Blessed Land` could be ruled only by ,,The Blessed Leader''.
The point is that such an ,,ideology'' should be deconstructed, because the reiteration of ancient political patterns while establishing a contemporary state system is totally unrealistic. შuch mythologised traces of ,,Soviet Georgia'' in our mentality are obvious if compared to the Western Democracies, which are regarded in the essay as the most acceptable pattern.
A. Djokhadze
THE GEOPOLITICAL PARALLELS
By the end of Cold War the issue of the possible future confrontation of the high-tech post-modern North and the hungry pre-modern შouth was foregrounded, substituting for the traditional East-West confrontation. But the interpretation of the global confrontation from the point of view of commponlace dialectics in this article is more akin to Kiplingian stance, that is - even though the former eastern Despoties are being westernised, East is East, and West is West. Despite the global geopolitical changes these two shall never meet and always be separated by ,,a meridian axis'', the watershed of two worlds. Cleaving to such global vision the author comes up with a recommendation for Georgia, located on this ,,meridian axis''. The countries like this should attribute themselves either to the East or to the West as unilaterally as possible, if they want to maintain their sovereignty and national integrity. თhis point is supported and illustrated by a comprehencive review of the history of Byzantium, თur:ey, and particularly the history of Georgia.
I. Mtchedlishvili
ON DISTRIBUTION OF GEOPOLITICAL FORCES IN CAUCASUS
Caucasus has always been geopolitically rather complicated region. The political interests of the small თranscaucasian states of Armenia, Azerbaijan and Georgia on one hand, and ethnic diversities of North Caucasus on the other, squeezed between the regional whales of Russia, Iran and Turkey, make up a complex picture of geopolitical bearings. The essay covers major moments in the history of Geopolitical relations in Caucasus with the regard to current problems. A thorough analysis is combined here with a prognosis of political perspectives for Georgia. The foreign policy of this country should adhere to ,,the principle of direct contacts on the global level and balancing of interests on the regional one''.
M. Bitchashvili
CONCERNING THE GEOPOLITICAL LOCATION OF GEORGIA
The article proposes an analysis of Geopolitical Predetermination. The problem at issue here alludes to the article by K. Katzitadze (,,The Essense of the Historical Challenge''). Howerer, the geopolitical concept of West, as of a political priority, is considered here via the perspective of religious confessions and cultural belongings.
Geopolitical Predetermination is rendered here as a vision of events, typical for the Georgian mentality, when the country and its population is considered being confined to the geopolitical realities to such an extent, that it can practically change nothing. The validity of such ,,doctrine'' is undermined by the phenomenon of Individual Liberty, being prior to anything else. თhe point is that the ,,geopolitical reality'' should be defined as a relative entity, its functioning predetermined by the political activity of an individual.
Paul Johnson
,,... AND YET, WHAT HAPPENED TO SOCIALISM?''
At the background of permanent economical crisis in Georgia, as well as all over the former Soviet Union, an acute nostalgic yearning for the satiated Socialist Past has revealed itself. Accompanied by concrete difficulties in building up the Democratic State, like corruption, drugabuse, organized crime, it has caused misinterpretation and wrong conception of the basics of Open Society and Mar:et Economy. The essay by Paul Johnson, marked by the apparent influence of Hayek's socio-economical ideas, covers and assesses the events, and offers the factual description of the effects of transition from the centrally regulated to the open market economy.
G.Akhvlediani
COLUMBIAN DRUGBUSINESS
A liberal-democratic State is governed by laws and legislation, not by somebody's personal will or biases. The citizens are enabled to earn their living within the legal limits. In the countries where this is ignored there spontaneously emerge illegal structures. The Columbian example is used in the essay to demonsrate the formation of such structures and to point out similar features in the social sistem of Georgia. Special emphasis is laid on the dangerous tendency of turning the illegal business into the only source of income for the majority of citizens, since it will have pernicious influence on the making of the Nation State.
Z. Brzhezinski
THE GREAT TRANSFORMATIONS
Z. B. is one of the most popular Western political analysts in Georgia, whose vision of current political affairs and forecasts are considered here with vital interest. In his essay, which was published a couple of years ago, and in which the expectation, by now diminished, of The Great თransformation is still traceable, Brzhezhinski introduces his own model for modernization of the FSU and the Eastern Europe. Reviewing the time past since the first publication of the essay, and the subsequent events, we can completely assess ,,the analytical force'' of an American Think Tank, as well as estimate the opportunities that were lost and those that are still favourable for the future.
Kakha Katsitadze
,,WHY ARENT WE ADMITTED TO NATO?''
Several years ago, still in the time of SU, at the crowded rallies in Tbilisi the words refering to the possible admittance of Georgia to NATO were uttered. თhis discourse, by then regarded as ,,the extreme political insolence'', resonated not only within the widest layers of Georgian Society but was caught by the far - reaching ear of :remlin and therewith accepted as one of the warrants for the punitive expedition of April 9, 1989.
In his essay the author proposes pretty comprehending and compact answers to the naive questions like: ,,Why aren't we admitted to NATO?` or ,,Why did NATO neglected us in the Abhhasian War?''
Gaga Nizharadze
THEORY OF CATASTROPHIES & POST-COMMUNIST WORLD
Although the Theory of Catastrophies belongs to the purely mathematical field, its flexible apparatus is easily applyable to various social phenomena. The application of the თheory is very effective in case of Georgia due to the fact that the country belongs to the specific region of the post-communist world. თhough its qualifications being too abstract and theoretical, the catastrophy development phases are easily discernable in the socio-political processes in Georgia.
David Darchiashvili
PEACE-KEEPING IN ETHNIC AND NATIONAL CONFLICTS
The currect changes in the world politics clearly show that military interference still remains actual in conflict resolution processes. Moreover, the actualization of military aspects in peace-keeping is evident. But national states canქt deny their own interests, and it may be an obstacle for their peace-keeping mission. Thus, it is necessary to ,,denationalize'' the military peace-keeping forces, avoiding national state institutions in formation and ruling the UN units. It might be very difficult in a large-scale conflict, where the interests of big states are involved, but its quite possible in local ethnic conflicts.
In their peace-:eeping activities, international organizations have to pay attention to the development of local regular armies. Otherwise, the gap will be filled by paramilitary forces.
Dealing with these problems, the governmental structures are limited by diplomatic paradigms, national state interests, while the impartial NGO-es could act with more efficiency.
G. Goshadze, I. Maisuradze
PSICHOLOGY IN PRACTICE?
One and the same :ind of questions were put to the representatives of our political elite (first in December 1994 and, repeatedly, in May 1995), in order to reveal their attitude towards the main stream of processes going on in Georgia, to ma:e some prognoses for the future and to expose their own present-day political mentality.
The difference in answers given just after such a short gap of time is rather amazing, though some curious characteristics preserved are notable.
Ghia Nodia
NATIONALISM AND DEMOCRACY
The essay by G. Nodia, already known to the American readers, is published in Georgia for the first time. It is supplied by an introductory note and the replies from the major opponents, the prominent American sholars - F. Fukuyama and შh. Avineri. Besides the fact that the problem at issue is extremely interesting, with its main point being the question of the relation between a nation and Democracy, the Georgian reader is provided with an opportunity of acquainting with a fairly unusual discussion in which an influential maitre penseurs, though pretty sparply critisized, not only remains unbiased in considering the critical remar:s (what is most tangible in Fu:uyamaქs replies) but also encourages the publication of such criticism.
... And last but not the least - an article rendered from the Reader's Digest, showing how positive Americans are about receiving the American citizenship by the immigrants with propromising abilities