The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №3


ტაბულა №3


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: როტმანმაემი ფერის, დიომკინი დენის, ბენდუქიძე კახა, თავხელიძე მიშა, ზედანია გიგა, ლადარია ნოდარ, თოდუა მაია, ბუღაძე ლაშა, ნოდია გია, კოვზირიძე დავით, ბაბუნაშვილი ვახო, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ნინი გოგიბერიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, შოთა დიღმელაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, დავით გორგილაძე, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/ილუსტრაცია: კემო/დიზაინი & პრეპრესი: მანანა არაბული, კახა დოლიძე/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/კომერციული დირექტორი: ოთარ ბაქრაძე/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e–mail: info@tabula.ge / სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121 / © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.│რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge 2010|29 მარტი – 4 აპრილი ფოტო გარეკანზე: საქართველოს კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი UDC (უდკ) 050 (479 22) ტ–164/T–11



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ტაბულას პირველ ნომერში (გვ. 38-39) გია ნოდიას სვეტის სათაურში გაიპარა შეცდომა: „ლიბერალიზმი და მისი ეტიკეტი“-ს ნაცვლად უნდა ყოფილიყო „ლიბერალიზმი და მისი ეტიკეტები“.

0x01 graphic

ტაბულას მეორე ნომერის სარჩევში (გვ. 3) არასწორად იყო მითითებული ილუსტრაციის ავტორი. გარეკანის ილუსტრაციის ავტორია თაკო ბაქრაძე.

13 მარტი, იმედი, იმიტაცია, მოდელირება, მისტიფიკაცია - გასული ორი კვირის საკვანძო სიტყვები და, შეიძლება ითქვას, მედია ცნებები, სრულად აისახა და გაანალიზდა „ტაბულას“ სამ გვერდზე.

0x01 graphic

სტატიაში „იმედის დათვური სამსახური“, ზედმიწევნით ზუსტად არის აღწერილი ის, თუ როგორ დაირღვა პროფესიული სტანდარტი, ჟურნალისტური ეთიკა, ფორმალური და არაფორმალური კოდექსები, საღი აზრი, პრაგმატული გათვლა და ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა.

ეს ასეა. არანაირი გამართლება პროფესიული სტანდარტის დარღვევას არ შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, „13 მარტს“ იმდენი ახალი იმიტაცია და მოდელირება მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რა ზარალი მიადგა ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე, საინვესტიციო გარემოს, ხელისუფლების ავტორიტეტს და ასე შემდეგ, რომ ზღვარის გავლება მედიასა და პოლიტიკურ პროდუქტს შორის, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. სწორედ ამიტომ, მეც გავკადნიერდები და ჩემს მოდელირებას შემოგთავაზებთ: თუ უმრავლესობა ვთანხმდებით იმაზე, რომ კრემლისგან ყველაფერი მოსალოდნელია (საჯარო დისკურსი ამაზე მეტყველებს) და რუსეთის განმეორებითი სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, თეორიულად, გამორიცხული არ არის, საზოგადოებრივი აზრი კი მაინცდამაინც არც იმას აპროტესტებს, რომ მავანმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა ასე ადვილად ითანამშრომლონ ოკუპანტებთან, მაშინ იმის დაშვებაც შესაძლებელია, რომ ასეთი სცენარი რეალურად არსებობდა და იმედის ამ საერთაშორისო სკანდალმა ეს გეგმა (ყოველ შემთხვევაში ამ სახით) ჩაშალა. იქნებ „იმედის დათვური სამსახური“ არც ისე დათვური აღმოჩნდეს იმიტაცია-მოდელირება-მისტიფიკაციის იმ ნაკადში, რომელიც კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.

მერაბ ბასილაია

0x01 graphic

სტანდარტული, იაფფასიანი დიზაინი, მწვანე ჩაი, რომელსაც იხვის ფასი ადევს, თავად იხვი პეკინურად, რომელიც უფრო შაშხის გემოს ტოვებს, წყალსა და ჰაერში გადახდილი 23 ლარი, ზეთგადასხმული კლიენტები და არამოტივირებული მიმტანები - ასე აღწერს „ტაბულა“ ჩინურ რესტორან „აღმოსავლეთის მარგალიტს“ და იქვე მოგვიწოდებს ვეწვიოთ ამ რესტორანს, რადგან აქ გემრიელად ჭამა მაინც შეიძლება, და რომ სხვა ჩინურებთან შედარებით, ამ რესტორნის სამზარეულო უპირატესობით ხასიათდება. მე ამ რესტორანში არ ვყოფილვარ, მაგრამ სხვა ჩინური რესტორნებიც ასეთივეა და რატომ მიანიშნებს ჟურნალი მაინც და მაინც ამ რესტორნის უპირატესობაზე, ჩემთვის გაუგებარია.

მარიამ გორეცკი

0x01 graphic

თქვენი ჟურნალის პირველი ნომერი შემთხვევით ჩამივარდა ხელში. მეორე ნომერი კი ჯიხურში თვითონ მოვიკითხე. მომეწონა, რომ სერიოზულ თემატიკას არჩევთ და არა „ცნობადი სახეების“ სექსუალურ განცდებს.

მეორე ნომერთან დაკავშირებით ერთი პრინციპული შენიშვნა მაქვს:

კრიმინალის რუბრიკაში გამოქვეყნებულია სტატია „ევროპაში ქართულ მაფიაზე ნადირობენ“. სათაური გაუაზრებელია. ევროპაში ქართულ მაფიაზე კი არა, ზოგადად, მაფიაზე ნადირობენ. 80 დაკავებული პიროვნების ეროვნებით ქართველობა, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს „ქართული მაფიაა“. თუ ევროპელი ჩინოსანის განცხადებით, ეს ქართული მაფიაა, უნდა განიმარტოს, რომ ამ ადამიანების ცენტრი რუსეთშია. ამის დასაბუთება იურიდიულადაც ადვილია და ფაქტობრივი აღწერითაც. ცუდია, რომ თქვენმა რეადქციამ ეს ტერმინი უკრიტიკოდ მიიღო.

გივი მესხიშვილი

0x01 graphic

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი მარტივდება - ეს დიდი ხანია მესმის ტელევიზიიდან და გაზეთებიდანაც. თქვენც გამოაქვეყნეთ ამაზე მასალა, მაგრამ ჟურნალში ვერ მივიღე პასუხი, თუ რა და ვისთვის მარტივდება. „სპორტსმენები, კულტურის მოღვაწეები და სხვა“ - შესაძლოა ამ კატეგორიას ვიზები საერთოდ არ დასჭირდეს, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჯერ ერთი, ვინ არიან „და სხვა“. მეორე, მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღემდე ვერ გამირკვევია რა პრინციპით ეუბნებიან ადამიანს ვიზაზე უარს და რატომ არ შეიძლება ამაზე პასუხის მოკითხვა საელჩოებისათვის. მე შვილი მყავს საზღვარგარეთ, ლეგალურად ცხოვრობს და წელიწადში ერთხელ ჩავდივარ მის სანახავად. შარშან უარი მითხრა საელჩომ, წელს გამიშვეს. ისე ვარ დაშინებული, არც გვარს გწერთ და არც ქვეყანას. მეშინია კონსული არ გაბრაზდეს და მომავალ წელს უარი არ მითხრას. თუ შეიძლება, დეტალურად აუხსენით მკითხველს, რა იცვლება და არის თუ არა რაიმე სასიკეთო რიგითი მოქალაქისათვის, რომელიც არ არის სპორტსმენი, ბიზნესმენი, კულტური მოღვაწე „და სხვა“.

ნინო.

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ყველაფერი რაც ოფიცრებმა თეორიულად აითვისეს, პრაქტიკაშიც უნდა გამოსცადონ

  • რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი. 22 მარტი.

0x01 graphic

ეს არაფრის გადამწყვეტი თამაში იყო, სადაც რუსეთმა გამოგზავნა მეორე შემადგენლობა. ამ მატჩის ინტერესი, სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის გარდა, არავის ჰქონდა.

  • გოგა ხაინდრავა საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩის შესახებ. ტელეკომპანიამაესტრო“. 23 მარტი.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

საქართველო ერთიანი ქვეყანა იყო, რომელშიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობდა. მათ შორის დაპირისპირება არ ყოფილა უკანასკნელ პერიოდამდე. ჩვენი აზრით, ამ ჯგუფებს ერთად ცხოვრება უნდა გაეგრძელებინათ. რუსეთის პოზიცია ჩვენი პოზიციისაგან განსხვავდება. ჩვენი აზრით, საქართველოს ერთიანობა თითოეული მხარის ინტერესში უნდა შედიოდეს

  • ჰილარი კლინტონი. მოსკოვი, 22 მარტი.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

„2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. როდესაც საქართველო მზად იქნება, იგი გახდება ალიანსის წევრი

  • ანდერს ფოგ რასმუსენი. 25 მარტი

0x01 graphic

ცხინვალიდან თბილისამდე 60 კილომეტრია - ერთი საარტილერიო გასროლა, საქართველო კონტროლის ქვეშაა და ეს არანაირი დარღვევა არ არის

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი. 26 მარტი

3 კვირა

▲ზევით დაბრუნება


21 მარტი

  • საერთაშორისო ისლამურმა კონფერენციამ 850 მილიონი დოლარი გამოყო სუდანის დასახმარებლად. გაეროს მონაცემებით, 2003 წელს დარფურში მომხდარი ბრძოლების შედეგად 300 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონი უსახლკაროდ დარჩა.

23 მარტი

0x01 graphic

  • ფაშისტური გერმანიის ყოფილ სს-ის ოფიცერს, 88 წლის ჰაინრიხ ბოირს, ჰოლანდიის სამი მოქალაქის მკვლელობისათვის, გერმანულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

საფრანგეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა მოეწყო. შეწყდა სასწავლო პროცესი, პარალიზებული იყო სამოქალაქო ტრანსპორტი და სხვა საჯარო სამსახურები. გაფიცულები აპროტესტებდნენ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ დაგეგმილ საპენსიო რეფორმას.

24 მარტი

  • გონიოს სამხედრო პოლიგონზე, წვრთნების დროს, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სპეციალური ოპერაციების ძალების კაპრალი სოსო ჟვანია.

  • ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ რუსეთ-აშშ-ს შორის შეთანხმებას, შესაძლოა, პრაღაში მოეწეროს ხელი.

0x01 graphic

  • ნიუ იორკ თაიმსმა სინგაპურის პრემიერმინისტრ ლი სიენ ლუნს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლი ხუან იუს, კომპენსაციის სახით, 160 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ცნობილმა გამოცემამ ბოდიში მოიხადა აზიის პოლიტიკური დინასტიების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო.

25 მარტი

  • უმუშევარმა 25 წლის ფრანგმა ბარაკ ობამას ტვიტერის ანგარიში გატეხა. ეჭვმიტანილი დააკავეს. მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს, ანგარიშის გასატეხად ჰაკერული მეთოდებისთვის არ მიუმართავს. მან, უბრალოდ, პაროლი გამოიცნო.

  • ალექსანდრე ებრალიძეს, რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ებრალიძე 1970-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს.

0x01 graphic

  • ორმა ტუ-160 მოდელის რუსულმა ზებგერითმა ბომბდამშენმა ბრიტანეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ბრიტანულმა საჰაერო ძალებმა რუსულ თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცე დაატოვებინეს. 2009 წლიდან ბრიტანეთის საჰაერო სივრცე დაახლოებით ოცჯერ დაირღვა რუსების მიერ.

  • საქართველოს მოქალაქე ზაზა ხერკელაძე რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო. ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგივე ბრალდებით, ხერკელაძესთან ერთად, 15 და 13 წლით დააპატიმრეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ორი მოსამსახურე.

  • რუსეთ-საფრანგეთს შორის მისტრალის სამხედრო გემების მიყიდვის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. რუსეთს ოთხივე გემის შეძენა სრული სამხედრო აღჭურვილობით სურს. გარიგების პირობებით, გემები აღჭურვილობის გარეშე უნდა გადასცემოდა რუსეთის ფედერაციას.

  • საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. შეხვედრისას რასმუსენმა განაცხადა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. როდესაც საქართველო ამისთვის მზად იქნება, იგი გახდება ალიანსის წევრი.

0x01 graphic

  • გავრცელდა ოსამა ბენ ლადენის ახალი მუქარა: თუ ამერიკელები დასჯიან ხალიდ შეიხ მოჰამედსა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში კიდევ 4 ეჭვმიტანილს, ალ-ქაიდა აუცილებლად უპასუხებს აშშ-ს ძალადობრივი ქმედებებით.

  • რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხერთ ოსეთთან „საზღვრების ერთობლივი დაცვის“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტის მიხედვით, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები აღიარებენ რუსეთის უფლებამოსილებას მათი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გაკონტროლების შესახებ. დე ფაქტო აფხაზეთის შემთხვევაში „აფხაზეთის საზღვაო აკვატორიასაც“ რუსები გააკონტროლებენ.

4 ისრაელი და ამერიკა ობამას ზეწოლის მიუხედავად, ნეთანიაჰუ პოლიტიკას არ ცვლის

▲ზევით დაბრუნება


არენა|ისრაელი და ამერიკა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©
ულტრა ორთოდოქსი ებრაელები უყურებენ
ძველ იერუსალიმს

აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამჟღავნა აღმოსავლეთ იერუსალიმში 1600 საცხოვრებელი სახლის აშენების გეგმა. განცხადება დაემთხვა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ისრაელში ვიზიტს. ვიზიტი ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის აღდგენას ემსახურებოდა. შეერთებული შტატების რეაქცია მკვეთრი იყო - ბაიდენმა იმავე საღამოს დაგმო ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება. ობამას ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმაც შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს და მკაცრად გააკრიტიკეს ნეთანიაჰუს მთავრობის ეს ნაბიჯი. ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ განცხადების გასაკეთებელი დრო სწორად არ იყო შერჩეული.

22-23 მარტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია. გაიმართა შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან და აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებთან. ჩასვლამდე პრემიერმა განაცხადა, რომ არ აპირებს დათმობებს იერუსალიმში დასახლებების მშენებლობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მორიგი მშენებლობის შესახებ, ნეთანიაჰუს შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი.

რაც შეეხება აშშ-ს პრეზიდენტის დამოკიდებულებას, ისრაელის წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ბარაკ ობამამ პრემიერ-მინისტრს აშშ-ისრაელის კრიზისის დასაძლევად შემდეგი პირობები შესთავაზა: აღმოსავლეთ იერუსალიმში მშენებლობის შეჩერება და ისრაელის სამხედრო შენაერთების გადაყვანა 2000 წლის სექტემბრამდე დაკავებულ პოზიციებზე.

0x01 graphic

ბენიამინ ნეტანიაჰუ

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და სამშვიდობო პროცესი აშშ-ს სხვადასხვა ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია უკვე რამდენიმე დეკადის განმავლობაში. გამონაკლისი არც ობამას ადმინისტრაცია ყოფილა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმება თავიდანვე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ საკითხთა ნუსხაში შეიყვანა.

სამშვიდობო მოლაპარაკებების ისტორია საკმაოდ გრძელია.

ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლა დაემთხვა ღაზას სექტორში ისრაელის სამკვირიან სამხედრო ოპერაციას და შედეგად, ბუშის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტას. ობამამ აღდგენილ მოლაპარაკებებში აშშ-ს სპეციალურ დესპანად ყოფილი სენატორი ჯორჯ მიტჩელი დანიშნა. 2009 წლის შემოდგომაზე ინტენსიურმა დიპლომატიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო: ისრაელმა ახალი დასახლებების მშენებლობაზე ცალმხრივი, 10-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მორატორიუმი არ გულისხმობდა აღმოსავლეთ იერუსალიმში მშენებლობებზე შეზღუდვებს, მმართველმა მემარჯვენე კოალიციამ აღიარა პალესტინური სახელმწიფოს არსებობის შესაძლებლობა და დასავლეთ ნაპირს ეკონომიკურ განვითარებაშიც დახმარება აღუთქვა.

იყო მოლოდინი, რომ დათმობების პასუხად, პალესტინური მხარეც გადადგამდა სამშვიდობო პროცესის აღსადგენ ნაბიჯებს, მაგრამ მათ დასახლებების მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, აშშ-ს ძალისხმევით, პალესტინისა და ისრაელის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე.

ის ფაქტი, რომ შეთანხმება მხოლოდ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე მოხერხდა, თვალსაჩინოს ხდის, თუ რაოდენ მყიფეა სამშვიდობო პროცესი. ანალიტიკოსების აზრით, მაშინ, როცა 17 წლის განმავლობაში პირდაპირ მოლაპარაკებებს გადამწყვეტი შედეგი არ მოუტანია, სათუოა, რომ არაპირდაპირი მოლაპარაკება ნაყოფს გამოიღებს. თუმცა, ეს შეთანხმება განიხილება პირველ ნაბიჯად პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ; შესაძლოა, დაიწყოს საუბარი ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე და ისრაელსა და პალესტინას შორის საზღვრის დადგენაზე.

0x01 graphic

ადგილი იერუსალიმთან სადაც ებრაელები
ახალი დასახლების აშენებას აპირებენ

სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი დაბრკოლება არის პალესტინელების პოლიტიკური და ტერიტორიული დაქსაქსულობა. პალესტინელი ლიდერებისთვის ძალიან ძნელია კომპრომისებზე წასვლა, რადგან ამ შემთხვევაში პოლიტიკური ოპონენტები მათ ინტერესების ღალატში დაადანაშაულებენ. სწორედ ამის გამო, უკანასკნელ პერიოდში ჩაიშალა რამდენიმე სამშვიდობო ინიციატივა. აღსანიშნავია ირანის ძლიერი გავლენა მსხვილ პალესტინურ დაჯგუფებებსა და ორგანიზაციებზე. ირანი არის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი ისრაელის სახელმწიფოს რამდენჯერმე დაემუქრა განადგურებით. ანალიტიკოსების აზრით, ირანი დაინტერესებულია ამ პრობლემის არსებობით და, შესაბამისად, მისი გავლენის ქვეშ მყოფი დაჯგუფებები ყველანაირად წინ აღუდგებიან სამშვიდობო პროცესს. ათწლეულებია, ტერორისტული ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერები საფრთხეს უქმნიან ისრაელის სახელმწიფოს. ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რთული ამოცანაა. სამშვიდობო შეთანხმებაზე ზრუნვასთან ერთად, უსაფრთხოების პოლიტიკა ასევე გულისხმობს სიმტკიცის დემონსტრირებას და ტერორისტებისგან საკუთარი მოსახლეობის დაცვას. აშშ ხაზგასმით აცხადებს, რომ ისრაელის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და ის ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ამ რეგიონში.

0x01 graphic

ბარაკ ობამა

პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენა ამ ეტაპზე მთავარ დიპლომატიურ ამოცანად მიიჩნევა. თუ პირდაპირი მოლაპარაკებები შედგა, მედიატორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა მხარეების დათანხმება იერუსალიმის საბოლოო სტატუსის შესახებ მსჯელობაზე. ისინი შეეცდებიან, გამონახონ გზა, რომელიც უპასუხებს როგორც ისრაელის, ისე პალესტინური მხარის ინტერესებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ცალმხრივი დათმობები და კეთილი ნების დემონსტრირება ვერ განაპირობებს პროცესის წარმატებას. აუცილებელია, დაპირისპირებულებში არსებობდეს ნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე. საჭიროა მკაფიო სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გულისხმობს დათმობებს ორივე მხარისგან.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©
იერუსალიმი, ისრაელი.

სამშვიდობო პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ აშკარაა, რომ პრობლემა მხოლოდ პირდაპირი დიალოგის უქონლობაში არ მდგომარეობს. 2008 წელს ისრაელის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა, გულუხვი წინადადება შესთავაზა პალესტინურ მხარეს. სხვა საკითხებთან ერთად, ის გულისხმობდა პალესტინურ სახელმწიფოს, იერუსალიმის სტატუსის განსაზღვრასა და 10 ათასი პალესტინელი ლტოლვილის დაბრუნებას. პალესტინელების გამო შეთანხმება არც მაშინ მოხერხდა.

იშვიათად ხდება, სახელმწიფოს მეთაური თეთრ სახლს ეწვიოს და ფოტო არ გადაიღოს მასპინძელთან ერთად. ეს უმნიშვნელო დეტალია იმასთან შედარებით, რაც პრეზიდენტმა ობამამ გასულ სამშაბათს ჩაიდინა: ისე გაეშურა სადილად, აშშ-ს მთავარი პარტნიორი არ მიუპატიჟებია. ისრაელის პრესა ამ ფაქტს პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფად აფასებს.

ისრაელ-ამერიკის ურთიერთობები ბოლო ოცი წლის მანძილზე ყველაზე დაძაბულ ფაზაში იმყოფება. მოკავშირე დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაურისადმი მესამე სამყაროს დიქტატორის შესაფერისი მოპყრობით, ობამამ ხელიდან გაუშვა შანსი წინ წაეწია სამშვიდობო პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ შექმნილი ვითარებით ესარგებლა და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებებზე ისეთი საკითხები წამოეჭრა, რასაც ისრაელში მემარჯვენე მთავრობის ბევრი ოპონენტიც იზიარებს, ობამა შეეხო ისეთ თემას, სადაც მთელი ებრაული საზოგადოება ერთსულოვა

აშშ-ს სამხედრო დახმარება

0x01 graphic

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი დახმარებას გაუწევს საქართველოს, ხორვატიას, ესტონეთს, ლიტვას, ლატვიას და უნგრეთს სამხედრო სფეროში,

პენტაგონის სპიკერმა ბრაიან უიტმანმა განაცხადა, რომ დახმარების მიზანია ექვსი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების ამაღლება, რათა მათ შეძლონ ავღანეთში სტაბილიზაციის ოპერაციებში მონაწილეობა აშშ-სა და კოალიციის სამხედრო შენაერთებთან ერთად.

ამ მიმართულებით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი 350 მლნ. ლარის დახარჯვას აპირებს მიმდინარე წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ განცხადება მოჰყვა აშშ-სა და რუსეთის შორის სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმებას. სავარაუდოდ, პენტაგონის ეს ნაბიჯი, რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს.

5 გუანტანამოს 3 პატიმარი საქართველოშია

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ტერორიზმი

23 მარტს საქართველოში გუანტანამოს ციხის სამი პატიმარი ჩამოიყვანეს. მათივე უსაფრთხოების მიზნით, პატიმრების ვინაობას საქართველოს ხელისუფლება არ ახმაურებს. თუმცა, ამერიკული გამოცემა მაიამი ჰერალდის ცნობით, ორი მათგანი ლიბიელია, ერთი კი - 47 წლის აბდელ ჰამიდ ალ ღაზავი (წარმომავლობას წყარო არ აზუსტებს). იგი პატარა მაღაზიას ფლობდა ჯალალაბადში (ავღანეთი) 2001 წლამდე, ვიდრე მას აშშ-ს გადასცემდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ყოფილ გუანტანამოელებს საქართველოში ბინადრობის უფლება ექნებათ, მაგრამ თავიანთ მოქალაქეობას შეინარჩუნებენ. ისინი ქვეყნის ტერიტორიას ვერ დატოვებენ, თუმცა თავიანთ ოჯახებთან ურთიერთობას შეძლებენ. თუ რამდენ ხანს მოუწევთ საქართველოში ცხოვრება ყოფილ პატიმრებს, დაკვირვების შედეგად გადაწყდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, გუანტანამოს ყოფილი პატიმრები საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ ისინი მაინც შესაბამისი სტრუქტურების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.

0x01 graphic

მოჰამედ ჯავადი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პატიმარი გუანტანამოს ციხეში. კუბა ფოტო: REUTERS ©

„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, რომ გვეხმარება გუანტანამოს ციხის დახურვაში. ჩვენი ახლო პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერა ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ფილიპ კროულიმ.

აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობითვე ახსნა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

გუანტანამოდან პატიმრების გადაყვანას შეერთებული შტატების უწყებათაშორისი ჯგუფი განკარგავს. ჯგუფი შედგება თავდაცვის და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტების, დაზვერვისა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებისა და იურისტებისაგან. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, საბჭომ დეტალურად შეისწავლა ამ სამი პატიმრის საქმე და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი გადაცემა საქართველოსთვის.

ამავე დღეებში შვეიცარიაში გადაიყვანეს სამი უიღურული წარმოშობის პატიმარი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ესპანეთმა გუანტანამოს ერთი პატიმარი მიიღო, ალბანეთმა - სამი, დიდმა ბრიტანეთმა - თოთხმეტი, იტალიამ - სამი, უნგრეთმა - ერთი. პატიმრები გადაიყვანეს პორტუგალიაში, ირლანდიაში, ბელგიასა და საფრანგეთშიც.

ნიდერლანდებმა, ავსტრიამ და დანიამ უარი განაცხადეს გუანტანამოელი პატიმრების მიღებაზე.

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინასაარჩევნო დაპირებათაგან ერთ-ერთი გუანტანამოს ციხის დახურვა იყო. 2009 წლის 22 იანვარს მან განაცხადა, რომ ერთი წლის თავზე ყბადაღებულ ციხეში არც ერთი პატიმარი აღარ დარჩებოდა.

საქართველოსა და შვეიცარიაში სამ-სამი პატიმრის გადაყვანის შემდეგ გუანტანამოში პატიმართა რაოდენობა 185-მდე შემცირდა. შეერთებული შტატების მთავრობა აქტიურად ეძებს მათთვის თავშესაფარს.

6 საქართველო მონიტორინგის ლუპის ქვეშ

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ბოლო 5 წლის მანძილზე რუსეთში ადამიანის უფლებათა შესახებ
არცერთი ანგარიში არ მომზადებულა

22 მარტს თბილისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მათიაშ ეორში და კასტრიოტ ისლამი ეწვივნენ. ისინი ქვეყანაში ადგილობრივ არჩევნებთან, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასა და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ჩამოვიდნენ.

მატიაშ ეორშიმ და კასტრიოტ ისლამიმ, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ მეორე მოხსენებას ამზადებენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გამართეს. ისინი შეხვდნენ როგორც ოპოზიციისა და მთავრობის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს; ცსკ-ს თავმჯდომარეს; საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს; სახალხო დამცველსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს. ბოლოს სტუმრები საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო.

ეორშიმ და ისლამიმ საქართველო 24 მარტს დატოვეს. „ვიზიტისას დავრწმუნდით, რომ ქვეყნის ლიდერებს სრულად აქვთ გაცნობიერებული, რა უნდა გაკეთდეს. მჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დემოკრატიული ქვეყანა“ - განაცხადა ეორშიმ გამგზავრების წინ. მას ასევე სჯერა, რომ მომავალი არჩევნები ყველა ადრინდელზე უკეთ ჩატარდება.

ხსენებული ვიზიტი იმ მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა, რომლითაც ევროპის საბჭო თვალყურს ადევნებს წევრი ქვეყნების მიერ გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

მომდევნო ვიზიტი ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს აპრილში აქვთ დაგეგმილი, რის შემდეგაც, ჯგუფი რუსეთში გაემგზავრება. ამჟამინდელი ვიზიტისგან განსხვავებით, აპრილის ვიზიტის მიზანია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შესრულების შესახებ ინფორმაციის მოძიება. მომხსენებელთა შემადგენლობაც განსხვავებული იქნება. ჯგუფში დარჩება მატიაშ ეორში, ხოლო კასტრიოტ ისლამის, რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე ერთ-ერთი მომხსენებელი, ბრიტანელი დევიდ ვილშეარი ჩაანაცვლებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში უკვე შეტანილია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მსჯელობის საკითხი. სესია აპრილის ბოლოს გაიმართება.

0x01 graphic

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
სხდომათა დარბაზი
ფოტო: REUTERS ©

ევროპის საბჭომ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე სამი რეზოლუცია მიიღო - 2009 წლის იანვარში, აპრილსა და სექტემბერში. მესამე რეზოლუციაში, წინა ორისგან განსხვავებით, ძირითადად, რუსეთზე მახვილდებოდა ყურადღება. ამ რეზოლუციაში რუსეთისადმი წაყენებულ მოთხოვნებს შორის იყო: წლის ბოლომდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონფლიქტურ რეგიონებში შეშვება, ჯარების გაყვანა და ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ყველა დევნილის დაბრუნების უფლების „ოფიციალურად და ეფექტიანად“ აღიარება. რუსეთმა კი, მოთხოვნები არ შეასრულა.

ახლა ევროპის საბჭო აპირებს, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა და ამავდროულად რუსეთზე თანამომხსენებელმა, ანდრეას გროსმა (შვეიცარია), განაცხადა მოსკოვში, 23 მარტს, დუმის სპიკერ გრიზლოვთან შეხვედრის შემდეგ.

2010 წლის 10 მარტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის წევრმა დენის მაკშეინმა (დიდი ბრიტანეთი), წერილობითი შეკითხვით მიმართა ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტს

„მინისტრთა კომიტეტი მონიტორინგს უწევს ევროპის საბჭოს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამ დაკვირვების შედეგად, სამდივნო და საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტები რეგულარულ ანგარიშებს ამზადებენ.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე სისტემატურად მზადდება მოხსენებები სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბოსნია- ჰერცოგოვინაზე, საქართველოზე, მოლდოვაზე, ჩერნოგორიასა და სერბეთზე. გავეცანი გენერალური მდივნის სამ ანგარიშს, რომლებიც 2009 წელს მომზადდა საქართველოში კონფლიქტისა და ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრების შესახებ. ისინი მოიცავდა ცხრილებს, რომლებშიც ნაჩვენები იყო, როგორ ასრულებენ რუსეთი და საქართველო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას ნაკისრ ვალდებულებებს.

ზემოხსენებული ანგარიშების საფუძვლიანმა შესწავლამ დამანახა რაოდენობრივი და ხარისხობრივი განსხვავებები ამ ქვეყნების მიერ ვალდებულებათა შესრულებაში. თუმცა, გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მსგავსი ერთი ანგარიშიც კი არ მომზადებულა რუსეთის ფედერაციის შესახებ. ამასთან, ზემოთ აღნიშნული მოხსენებები არასაკმარის ინფორმაციას გვაწვდის რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე, იმდენად, რამდენადაც ისინი მხოლოდ იმ ვალდებულებებს ეხება, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ პოლიტიკურ კონფლიქტებს უკავშირდება.

ხელმისაწვდომი საერთაშორისო ანგარიშების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს, მივმართავ მინისტრთა კომიტეტს შემდეგი კითხვებით.

  1. მიაჩნია თუ არა მინისტრთა კომიტეტს, რომ რუსეთი ბევრად უკეთ ასრულებს ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, ვიდრე მინისტრთა კომიტეტის „მონიტორინგის“ ქვეშ მყოფი სხვა წევრი სახელმწიფოები?

  2. რატომ არ ატარებს მინისტრთა კომიტეტი რუსეთზე „მონიტორინგს“ იმ პროცედურების ან ფორმატის გამოყენებით, რომლებსაც ევროპის საბჭოს სხვა, ზემოხსენებული წევრი სახელმწიფოების მიმართ იყენებს?

პასუხი, დეპუტატ მაკშეინის კითხვაზე, ჯერჯერობით უცნობია. მინისტრთა კომიტეტი ვალდებულია 6 თვის ვადაში პასუხი გასცეს ბრიტანელ პარლამენტარს, თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ პასუხის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციის წევრი ყველა სახელმწიფოს ერთსულოვნება. დასთანხმდება თუ არა რუსეთი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მალე გაირკვევა.

0x01 graphic

დენის მაკშეინი - ბრიტანელი პოლიტიკოსი, ლეიბორისტი. 1994 წლიდან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი. 2002 წლიდან 2005 წლამდე, ტონი ბლერის პრემიერ-მინისტრობისას - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, სოციალისტური პოლიტიკური ჯგუფის წევრი.

7 მეცხრამეტე საუკუნის მკვლელობებით დაჩრდილული რუსული ოლიმპიადა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ჩრდილოეთ კავკასია

თუ რუსეთი ბოდიშს არ მოიხდის, მუსლიმანური დიასპორა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის გაუქმებას ან გადატანას მოითხოვს. ზამთრის თამაშების ადგილზე, მეცხრამეტე საუკუნეში, რუსებმა მათი წინაპრები ამოწყვიტეს. ჩერქეზული დიასპორა, კავკასიის ჩრდილო-დასავლეთის მკვიდრი ხალხი, ახლა მთელ მსოფლიოშია გაბნეული. ისინიც უერთდებიან თამაშების მოწინააღმდეგეთა ისედაც გრძელ სიას - გარემოს დამცველთა ჯგუფ Greenpeace-ით დაწყებული, Amnesty International-ით დამთავრებული. ჩერქეზებს მიაჩნიათ, რომ სოჭის ოლიმპიადა უტოლდება აუშვიცის სიკვდილის ბანაკების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიების ჩატარებას.

2014 წელს სოჭის ცარისტული სამხედრო კამპანიის შედეგად 300 ათასი ჩერქეზის ამოწყვეტიდან 150-ე წელი შესრულდება. რუსეთის ჟამთააღმწერლებმა მოვლენა 1864 წლით დაათარიღეს, თუმცა დღემდე არც ერთ ქვეყანას მკვლელობები გენოციდად არ შეუფასებია.

დეპორტაციამ და არეულობამ ბევრ ჩერქეზს უბიძგა სამხრეთისკენ - თურქეთისა და მიმდებარე ქვეყნებისკენ დაძრულიყო. მათი შთამომავლები, დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი, დღეს მიმოფანტულნი არიან მსოფლიოში, აშშ-დან ისრაელამდე და იორდანიამდე. დაახლოებით 700 ათასი მათგანი ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში რჩება.

„თამაშები რუსეთის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ჩერქეზული ისტორიის ძირფესვიანად აღმოფხვრას ემსახურება“, - ამბობს აშშ-ში დაბადებული ლიზა ჯარკასი, 30 ჩერქეზული ორგანიზაციისგან შემდგარი ჯგუფის No Sochi 2014-ის თანადამაარსებელი.

0x01 graphic

ჩერქეზი მამაკაცი

„ისინი აშენებენ ზედ საერთო საფლავზე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა მან Jamestown Foundation-ის მიერ ორგანიზებულ ჩრდილოეთ კავკასიის კონფერენციაზე.

No Sochi 2014 - ამ საკითხზე პროტესტს გამოთქვამდა ვანკუვერში, გასულ თვეს, ოლიმპიადის მსვლელობისას, მანამდე კი - ნიუ-იორკსა და სტამბულში. ორგანიზაციამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გაუგზავნა მიმართვა, არჩეული მდებარეობის გადახედვის მოთხოვნით, თუმცა მიმართვას არავინ გამოხმაურებია.

2014 წლის სოჭის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა როიტერს განუცხადა: „ისტორიულ და პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარის გაკეთება არ არის ჩვენი კომპეტენცია“. კომენტარზე უარი თქვა კრემლმა.

გასულ შაბათს ჩერქეზებმა, თბილისის სახელმწიფო არქივებიდან მოპოვებული დოკუმენტებით, ქართველ კანონმდებლებს წარუდგინეს რეზოლუცია მომხდარის გენოციდად შესაფასებლად.

თუ ყოფილი საბჭოთა საქართველო ამ ნაბიჯს დათანხმდება, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება.

ყველაზე ახლოს სისხლისღვრისთვის ბოდიშის მოხდასთან რუსული სახელმწიფო იყო 1994 წელს, როცა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ცარისტების მიერ ჩადენილი ძალადობისთვის წინააღმდეგობის გაწევა ლეგიტიმურად ცნო.

0x01 graphic

(მოამზადეს ემი ფერის-როტმანმა და დენის დიომკინმა მოსკოვიდან; რედაქტორი მეთიუ ჯონსი)

როიტერი
21 მარტი, 2010 წ.

მეცხრამეტე საუკუნის მკლელობებით
დაჩრდილული რუსული ოლიმპიადა
ემი ფერის-როტმანი

8 საპროცესო შეთანხმება ქართულ რეალობაში

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სამართალი

0x01 graphic

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

მე-19 საუკუნის დასაწყისში მასაჩუსეტსის შტატში სპირტიანი სასმელების ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებას მოჰყვა ის, რომ ადგილობრივი პროკურორები სამუშაოს მოცულობას ვეღარ აუდიოდნენ. საქმეთა გამოძიებისა და სასამართლოში დავისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობამ, რასაც თან ახლდა მასობრივი იმიგრაციის შედეგად დანაშაულის საგრძნობი ზრდა, პროკურორებს ბრალდებულთა მსჯავრდების ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგა. საპროცესო შეთანხმებას, რომელსაც მანამდე მხოლოდ ეპიზოდურად იყენებდნენ, თანდათანობით ფართო გასაქანი მიეცა. ასე დაედო სათავე აშშ-ში, და მოგვიანებით მთელ მსოფლიოში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული მოდელის გარდაქმნას, რომელიც დამნაშავეთა დასჯის აუცილებელ პირობად სასამართლოს მიერ საქმის სრულად განხილვას მოითხოვდა.

საპროცესო შეთანხმება სასამართლო განაჩენის გამოტანის დაჩქარებული ფორმაა და გულისხმობს ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებას ან გამოძიებასთან თანამშრომლობას შედარებით მსუბუქი სასჯელის სანაცვლოდ. ამ ინსტიტუტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებას უწყობს ხელს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა, რაც დიდწილად განაპირობებს მის საყოველთაო პოპულარობას.

საპროცესო შეთანხმება სხვადასხვა ფორმით არსებობს ისეთი განსხვავებული სამართლებრივი მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა არგენტინა, ინდოეთი, კანადა თუ ბულგარეთი. აშშ-ში სისხლის სამართლის საქმეთა 90-95%25 საპროცესო შეთანხმებით სრულდება, ხოლო ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 25%25-ს აჭარბებს. თვით გერმანიაში, რომელიც დიდი ხნის მანძილზე „საპროცესო შეთანხმებისგან თავისუფალ მიწად“ ითვლებოდა, მსგავსი წესით გადაწყვეტილ საქმეთა რაოდენობა 30-დან 40%25-მდე მერყეობს.

მიუხედავად ამისა, ზოგი ეჭვქვეშ აყენებს საპროცესო შეთანხმების მიზანშეწონილობას იმ მოტივით, რომ ის ჯეროვნად არ სჯის დამნაშავეს და ამით უგულებელყოფს სასჯელის პრევენციულ მიზანს. მართლაც, სრული სასამართლო განხილვის შედეგად დაკისრებული სასჯელი, ჩვეულებრივ, საგრძნობლად აღემატება საპროცესო შეთანხმების შედეგად მიღებულს. თუმცა, თანამედროვე სასამართლო პროცესთან დაკავშირებული დიდი ხარჯები, დანაშაულთა სირთულის ზრდასთან ერთად, საპროცესო შეთანხმებას გარდაუვალ კომპრომისად აქცევს.

ყველაზე განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებშიც კი, ამ ინსტიტუტის აქტიური გამოყენების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. 1980-იანი წლების იტალიაში, საპროცესო შეთანხმების რამდენიმე ფორმის შემოღებამდე, სასამართლოები იმდენად გადატვირთული იყო საქმეებით, რომ სისტემის არსებობა პერიოდულად ამნისტიების გამოცხადებაზე იყო დამოკიდებული. იმავე მიზეზით, იტალია პირველ ადგილზე იყო გაჭიანურებული სასამართლო პროცესების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრების რაოდენობით.

საქართველოში საპროცესო შეთანხმება 2004 წლიდან არსებობს. 2008 წელს მისი გამოყენების მაჩვენებელი პირველად გადასცდა 50%25-იან ნიშნულს, ხოლო, 2009 წლის რვა თვის მონაცემებით, 56,9%25 შეადგინა. საპროცესო შეთანხმების შემოღებამ შესაძლებელი გახადა, რომ, ბოლო წლებში სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობის გაორმაგების მიუხედავად, სასამართლო განხილვების ვადა მნიშვნელოვნად შემცირებულიყო. თუ 2004 წლამდე საქართველოს საერთო სასამართლოები 3 წელს ანდომებდნენ სისხლის სამართლის საქმეებზე საბოლოო განაჩენის გამოტანას, დღეს ეს ვადა 9 თვეს არ აღემატება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საპროცესო შეთანხმების როლი კორუფციასთან ბრძოლაში. სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ თანამზრახველთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შეთავაზება კარგად ნაცადი ხერხია საჯარო თანამდებობის პირებში დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად. საქართველო რამდენიმე წლის წინ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ ითვლებოდა. თუმცა, Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ უკვე 2007 წელს დააღწია თავი იმ ქვეყნების ჯგუფს, სადაც კორუფციის პრობლემა არსებობს, ხოლო 2009 წელს 66-ე ადგილზე გადაინაცვლა და ამ შედეგით ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოსაც გაუსწრო.

საქართველოში მოქმედი საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ძირითადად ამერიკული მოდელის მსგავსია. საპროცესო შეთანხმების დადების წინადადებით, მეორე მხარეს შეუძლია მიმართოს როგორც პროკურორმა, ისე ბრალდებულმა. მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ კი მიღწეული შეთანხმება წერილობით უნდა გაფორმდეს და სასამართლოს წარედგინოს დასამტკიცებლად. ამ პროცესში, ბრალდებულის უფლებების დასაცავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარანტია არსებობს. კერძოდ, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ის არ დადებულა მოტყუებით ან იძულებით, ბრალდებული აცნობიერებდა თავის უფლებებს და საშუალება ჰქონდა ესარგებლა დამცველის დახმარებით. ბრალდებულს აგრეთვე უფლება აქვს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი გაასაჩივროსზემდგომ სასამართლოში.

ცხადია, რომ საპროცესო შეთანხმების ქართული ვარიანტი უნაკლო არ არის. პრობლემები თვალშისაცემი იყო ამ ინსტიტუტის დანერგვის პირველივე ეტაპზე. საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად საუბრობდნენ პროკურატურის ორგანოების მხრიდან ჯარიმების თვითნებური გამოყენების პრაქტიკაზე, რაც საზოგადოებაში ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ დამნაშავეებს შეეძლოთ „თავისუფლების ყიდვა“. ეს აზიანებდა საზოგადოების ისედაც დაბალ ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და განსაკუთრებით ვნებდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს, რომელიც ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის ყველა აღიარებს ამ სფეროში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პროგრესის არსებობას, რამდენიმე საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება.

2005 წლიდან საქართველოს პროკურატურაში მოქმედებს შიდა სახელმძღვანელო მითითებები, რაც ბევრ ქვეყანაში საპროცესო შეთანხმების თანმიმდევრული გამოყენების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თუმცა, ეს მითითებები საქართველოში საჯარო არ არის, რაც საპროცესო შეთანხმების დადებას გაუმჭვირვალე პროცესად აქცევს და ნამდვილად არ უწყობს ხელს საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული წარმოდგენის გაბათილებას, რომ ხშირად სასჯელის შემსუბუქება დამოკიდებულია ისეთ არამართლზომიერ ფაქტორებზე, როგორიცაა ბრალდებულის გავლენა ან მატერიალური კეთილდღეობა. საზოგადოების თვალში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ლეგიტიმურობის გაზრდისთვის, პროკურატურამ მკაფიოდ უნდა განმარტოს მისი გამოყენების პოლიტიკა და პროცედურები. ამისთვის მან შიდა სახელმძღვანელო მითითებების, სულ მცირე, ის ნაწილი უნდა გახადოს საჯარო, რომელიც საპროცესო შეთანხმების დადების გარემოებებს და სასჯელის შერჩევის წესებს განსაზღვრავს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოში სასამართლოების მიერ განხილულ სისხლის სამართლის საქმეთა 98%25 მსჯავრდებით სრულდება. ასეთ ვითარებაში ბრალდებულს ფაქტობრივად ერთი არჩევანი აქვს: დათანხმდეს საპროცესო შეთანხმებას პროკურორის მიერ შეთავაზებული პირობებით. მთავარი საფრთხე კი ის არის, რომ უდანაშაულო ბრალდებულმა შეიძლება, მსჯავრდების შიშით, გადაწყვიტოს სასამართლო განხილვაზე უარის თქმა და საპროცესო შეთანხმების გაფორმება. თუმცა, მსჯავრდებათა რაოდენობა საპროცესო შეთანხმების შემოღებამდეც დაახლოებით ამდენივე - 97%25 იყო. ამიტომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტზე უარის თქმა ამ მხრივ დადებით შედეგებს ვერ მოიტანს, სამაგიეროდ გამოიწვევს მთელ რიგ სისტემურ პრობლემებს, რაც პირდაპირ აისახება ბრალდებულებზე უსასრულოდ გაწელილი სასამართლო პროცესების სახით.

მსჯავრდებათა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა. მაგალითად, იაპონიაში ეს მაჩვენებელი შოკისმომგვრელად მაღალი - 99,7%25-ია. იაპონიაში, ისევე როგორც სხვა დასავლური ტიპის დემოკრატიებში, ასეთი სურათი, ჩვეულებრივ, აიხსნება პროკურორების პრინციპული პოლიტიკით, რომ სასამართლოში მხოლოდ „ძლიერი“ საქმეები წაიღონ, სხვებში კი ბრალდებულის მსჯავრდება საპროცესო შეთანხმების მსგავსი ალტერნატიული გზებით უზრუნველყონ. საქართველოში ამ ფაქტორს ემატება სასამართლოების დამოუკიდებლობის შედარებით დაბალი ხარისხიც. შექმნილი მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომლის ამოქმედება საქართველოში ამა წლის ოქტომბრიდან იგეგმება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები, როგორც წესი, ამცირებენ მსჯავრდებათა რაოდენობას თვით ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი.

9 ღარიბი ადამიანების გასაჭირი 2 სასოწარკვეთა

▲ზევით დაბრუნება


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

ალბათ ხშირად გაგიგონიათ: ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება; ჩვენგან მაინც არაფერი გამოვა; ამ ხალხს რა უნდა ელაპარაკო; ეს სიზარმაცე სისხლში გვაქვს... მსურველებს შეუძლიათ გააგრძელონ, ხოლო რედაქციამ კონკურსი გამოაცხადოს, ვინ მეტ ასეთ სისულელეს შეაგროვებს. რაფერ სისულელესო?! ეს ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის ამბავში არ არის განა, ტკბილად, მაგრამ ღარიბად ვიცხოვროთ?!

ინტელექტუალები ბატონყმობასაც გაიხსენებენ, ცარიზმის მიერ ქართველების ჩაგვრას და ჩვენს უნიათობას თავიანთი სასოწარკვეთით ახსნიან. როცა რამეს ეტყვი - კი მაგრამ, ესა თუ ის ქვეყანა? მაგათ ამერიკელებმა აუშენეს, ბატონო, თვითონ ვერ შეძლებდნენ!

ახლა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვარ რამდენიმე დღით და კიდევ ერთხელ ვიხსენებ აქაური ეკონომიკური სასწაულების ისტორიას. მათ შორის ჩემს საყვარელ ისტორიას - ვინ აქცია ტაივანი თანამედროვე ქვეყნად.

ჩინეთში სოციალისტები ებრძოდნენ კომუნისტებს. კომუნისტების ლიდერი მაო ძედუნი იყო, სოციალისტების (გომინდანის) - ჩან კაიში. ჩან კაიში საქართველოში ცნობილი იყო იმით, რომ სტალინივით საკუთარ თავს გენერალისიმუსი უწოდა. მახსოვს ერთი მეზობლის აღტაცებული ჩურჩული: სულ სამი გენერალისიმუსია მსოფლიოში - სტალინი, ჩან კაიში და ბროზ ტიტოო (სტალინი უკვე მკვდარი იყო). ანუ, ქართველები რა მაგარი ხალხი ვართო. ისე, ტიტომაც თვითონ დაინიშნა თავი გენერალისიმუსად.

ჩან კაიში ოციან წლებში ბოლშევიკებს ეძმაკაცებოდა და თავისი შვილი სასწავლებლად გაგზავნა მოსკოვში, სადაც ეს ახალგაზრდა (რომელსაც რუსულად ნიკოლაი ელიზაროვი დაარქვეს) ტროცკისტი გახდა. ტროცკიზმისთვის გადაასახლეს სვერდლოვსკში. იქ ბელორუსი ქალი შეირთო ცოლად და მერე რის ვაი-ვაგლახით ჩინეთში დაბრუნდა.

სტალინისგან განსხვავებით, რომელმაც ბევრი ხალხი გაწყვიტა და ომი მოიგო, ჩან კაიშიმ, ხალხის გაწყვეტის მიუხედავად, ომი წააგო. 1949 წელს მისი არმია საბოლოოდ გაიქცა ჩინეთიდან კუნძულ ტაივანზე - 2 მილიონი ოფიცერი და ჯარისკაცი, პარტიის ხელმძღვანელი მუშაკები.

ანუ მოცემული გვაქვს -

  • 2 მილიონი სრულიად დემორალიზებული დამარცხებული სამხედრო (ბოლო 14 წელი ყველა ბრძოლა წააგეს);

  • სოციალისტური პარტიის ლიდერები, რომლებიც ინფლაციას დახვრეტებით ებრძოდნენ;

  • 15 მილიონი ადგილობრივი გლეხი. ისინი 1945 წლამდე იაპონიის იმპერატორის ქვეშევრდომები იყვნენ და მათი ნაწილი იაპონიის არმიაში იბრძოდა, მათ შორის, ჩან კაიშის წინააღმდეგ;

  • ადგილობრივი ახალგაზრდები - სწავლობენ იაპონურ სკოლებში და მერე სწავლის გასაგრძელებლად იაპონიაში მიდიან;

  • გენერალისიმუსი ჩან კაიში - სოციალიზმის მშენებლობის დაჟინებული იდეით (დაახლოებით 5 წელი აშენა კიდეც);

  • მისი ვაჟი ჩან ცინგო, ყოფილი ტროცკისტი, თავის კომკავშირელი ცოლით, ოთხი კანონიერი და ორი უკანონო შვილით; გაზეთ За Tяжелое Mашиностроение-ს რედაქტორის მოადგილე, შემდეგ - ტაივანის საიდუმლო პოლიციის უფროსი, შემდეგ - ცეკას პირველი მდივანი;

  • ჩინეთიდან მუდმივი თავდასხმის საშიშროება.

კითხვა - რა ელის ამ ქვეყანას?

მოდი, ახლა ვინმემ მითხრას: ეს ხომ ცხადია, დაფიქრდით და მიხვდებით, ასეთი ქვეყანა უნდა აყვავდესო!

ტაივანის მშპ/სულზე 1950 წელს იყო ოდნავ მცირე, ვიდრე კენიის, და ოდნავ დიდი, ვიდრე ინდონეზიის.

მაინც ჯიუტად ამბობთ, აყვავდებაო?

აყვავდა.

გამდიდრდა ხალხი.

გახდა მდიდარი დემოკრატიული სახელმწიფო.

ჩან ცინგო პარტიის თავმჯდომარე გახდა, 1978 წელს - პრეზიდენტი. 1984 წელს კიდევ ერთხელ გახდა პრეზიდენტი.

ჩან კაიში გარდაიცვალა 1975 წელს.

ჩან ცინგო გარდაიცვალა 1988 წელს.

მისი მეუღლე ფაინა ვახრევა გარდაიცვალა 2004 წელს.

ტაივანის ეკონომიკა იზრდებოდა ისე, როგორც არც ერთი სხვა ეკონომიკა.

2010 წელს ტაივანის მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა ერთ სულზე 32 000 დოლარი.

იგივე, რაც აქვს იაპონიას ან იტალიას. უსწრებს ისრაელს, პორტუგალიას და საუდის არაბეთს. ინდონეზიას გაუსწრო რვაჯერ, კენიას - ოცჯერ.

თითოეული დამარცხებული ტაივანელი 5-ჯერ უფრო მდიდარია თითოეულ გამარჯვებულ ჩინელზე.

ახლა საქართველო - 2010 წელი - მთლიანი შიდა პროდუქტი 4500 დოლარი

4 მილიონი მცხოვრები............

სასოწარკვეთა ცუდია!

10 გაზრდილი საბაჟო განაკვეთი მომხმარებელს აზარალებს

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

გასული წლის ბოლოს მაქსიმალური ანუ 12%25-ით დაბეგრილი საქონლის რაოდენობა გაიზარდა. იმ პროდუქტების ნუსხა, რომელიც 2009 წლის 18 დეკემბრიდან, ნულოვანი ან 5%25-იანი გადასახადის ნაცვლად, 12%25-ით იბეგრება, დაახლოებით ცამეტგვერდიანია

თითქმის ორი თვით ადრე, 6 ოქტომბერს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ წარადგინა და თქვა, რომ ამ აქტით საქართველო ლიბერალური ეკონომიკის ფლაგმანი ქვეყანა უნდა გახდეს და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორებს სტაბილურობის გრძელვადიანი გარანტია შეუქმნას.

ბოლო წლების გამოცდილების გათვალისწინებით, მთავრობის არჩევანი, გაეზარდა 12%25-ით დაბეგრილი პროდუქტის ჩამონათვალი, მოულოდნელია: 2005-2007 წლებში თხუთმეტი საბაჟო პროცედურა შვიდით შეიცვალა, ნულოვანი, 5%25-იანი და 12%25-იანი განაკვეთები დაწესდა და პროდუქციის დიდი უმრავლესობა იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდა.

ამ რეფორმებმა საქართველო, როგორც ბიზნესის დასაწყებად სასურველი ქვეყანა, მსოფლიო ბანკისა და ფორბსის რეიტინგებში დააწინაურა: მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საერთო საგადასახადო ტვირთი ყველაზე დაბალია. ფორბსის 2008 წლის კვლევით, საქართველო, ამ მონაცემით, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედიოდა.

ვაჭრობის მოცულობაც გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მიხედვით, 2005 წლიდან 2008 წლამდე საქონლის რეგისტრირებული იმპორტი 2.49 მილიარდი დოლარიდან 6.30 მილიარდამდე გაიზარდა.

2006 წელს განხორციელებული ცვლილებებით, თითქმის ყველა იმპორტირებული პროდუქტი, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სამშენებლო მასალების გარდა, ნულოვანი განაკვეთით იბეგრებოდა.

საქართველოს იმპორტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშემკვრელი ქვეყნების მიხედვით
2010 წლის იანვრის მონაცემები (ათასი აშშ დოლარი)

აზერბაიჯანი - - 28,070.4
უკრაინა - - 26,589.5
რუსეთი - - 20,825.4
თურქეთი - - 5,027.7
ყაზახეთი - - 3,786.6
თურქმენეთი - - 1,621.1
სომხეთი - - 1,566.3
ბელარუსი - - 645.2
უზბეკეთი - - 381.6
ყირგიზეთი - - 31.6

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. შპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.

2009 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებას ფინანსთა სამინისტრო ეროვნული წარმოების წახალისებით ხსნის: დამწყები ადგილობრივი წარმოება ვერ უწევს კონკურენციას იმპორტულ საქონელს, რომელიც იწარმოება დიდი რაოდენობით და მასზე ფასი დაბალია, ტარიფები კი იცავს დამწყებ წარმოებას მანამ, სანამ ის გარკვეულ ზომას მიაღწევს. ქართული შოკოლადი, მაგალითად, რომელიც უცხოური წარმოების შოკოლადზე ძვირია, გაზრდილი ტარიფით ნაკლებად კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდება.

მაგრამ, თუ 12%25-იანი განაკვეთით დასაბეგრ პროდუქტთა ნუსხას გადავხედავთ, აქ იმ პროდუქტებსაც დავინახავთ, რომლებიც საქართველოში არ იწარმოება, მაგალითად, ყავის მარცვალი. თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის დირექტორის, ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, მთავრობა 12%25-ით დასაბეგრი პროდუქტების ნუსხას იმიტომ ზრდის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი შარშანდელთან შედარებით შეამციროს

მთავრობის გეგმით, წელს დეფიციტის შემცირება 122 მილიონი ლარით მართლაც იგეგმება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საბაჟო გადასახადით წელს 74 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს. შარშან ბიუჯეტში დაახლოებით 36 მილიონი ლარი შევიდა.

თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის შეფასებით, საბაჟო ტარიფის გაზრდა ადგილობრივ დამწყებ წარმოებებს უმცირებს მოტივაციას, რომ ტექნოლოგიურად განვითარდნენ, მცირე ადგილობრივი ბაზრის პირობებში კი, ისინი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას ვერ მიაღწევენ და ტარიფების მოხსნის შემთხვევაში გაკოტრდებიან. ნედლეულზე ტარიფების ზრდით, ძვირდება იმპორტი, შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქციაც. ზარალდება მომხმარებელი, რადგან მას უმცირდება არჩევანი.

შემცირდება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაც: მაგალითად, თუ უცხოური ტრანსნაციონალური კომპანია ყავის სხვადასხვა პროდუქციის წარმოებას საქართველოში გეგმავს, ის გარკვეული მიზეზების გამო ირჩევს საქართველოს, მათ შორის, წარმოების ხარჯებისა და ბიზნეს კლიმატის შეფასების ხარჯზეც. ეკონომიკის პარამეტრების მიხედვით, საქართველო მისთვის ძირითად კონკურენტებს - ბულგარეთსა და უკრაინას ჯობნის. გაზრდილი საბაჟო გადასახადი, რომელიც ყავის მარცვლის იმპორტზეც ვრცელდება, კომპანიის მიერ გამოშვებულ პროდუქციას აძვირებს და ის, ბუნებრივია, ბულგარეთში ან უკრაინაში მოახდენს ინვესტირებას.

ამდენად, ეროვნული წარმოების ამ გზით წახალისების გადაწყვეტილება კონტრპროდუქტიული იქნება. საქმე ისაა, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტებს, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ აქვს. დსთ-ს ქვეყნებისა და თურქეთის პროდუქცია კვლავინდებურად ნულოვანი განაკვეთით დაიბეგრება. ეს ქვეყნები 12%25-ით დაბეგრილ პროდუქტებს თავად აწარმოებენ, ამიტომ იმპორტის ნაწილი ჩანაცვლდება იაფი იმპორტით დსთ-დან და თურქეთიდან. მაგალითად, შვეიცარიული ყველი ბელორუსულით ჩანაცვლდება.

ამას ემატება კიდევ ერთი გარემოება: კორუფცია. თუ იმპორტიორი საბაჟოზე წარადგენს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ შემოსატანი საქონელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს საქონელია, მაშინ საქონელი საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება.

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის 2009 წლის კვლევის მიხედვით, იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს, კორუფციის დაბალი დონით საქართველოზე (66-ე ადგილი) წინ მხოლოდ თურქეთია (61-ე ადგილი). მოლდოვა - 89-ე ადგილზეა, სომხეთი და ყაზახეთი - 120, ბელორუსი - 139, აზერბაიჯანი - 143, რუსეთი და უკრაინა - 146, ყირგიზეთი - 162, თურქმენეთი - 168, უზბეკეთი - 174.

იმპორტიორებს ასეთ ქვეყნებში თავიანთი საქონლისთვის წარმოშობის სერთიფიკატის უკანონო გზით მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ და შედეგად, უცხოური წარმოშობის შოკოლადი საქართველოს ბაზარზე მაინც მოხვდება ისე რომ გაზრდილ 12%25- იან საბაჟო გადასახადს არ გადაიხდის.

თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აზრით, შემოსავლების გაზრდის მიზნით ეკონომიკიდან რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღების პოლიტიკა მცდარი არჩევანია. უფრო გამართლებული იქნებოდა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა. ახლა საბიუჯეტო ხარჯების მშპ-სთან შეფარდება დაახლოებით 30%25-ია. თუ ნობელის პრემიის ლაურეატს ეკონომიკის დარგში მილტონ ფრიდმანს დავუჯერებთ, გადასახადების ოპტიმალური საერთო მოცულობა მშპ-ს 15%25-ზე მეტი არ უნდა იყოს.

„რაც უფრო მეტია საბაჟო გადასახადი, მით მეტია ის ზარალი, რასაც მთელი საქართველოს მოსახლეობა ნახავს“, - ამბობს მეგრელიშვილი.

11 თავისუფლების „პაქტი“

▲ზევით დაბრუნება


მიშა თავხელიძე|სვეტი

0x01 graphic

ნათქვამია, რომ ხალხის ჯიბეში მეტი ფულის გაჩენის საუკეთესო საშუალებაა ეს ფული ხალხის ჯიბიდან საერთოდ არ ამოიღო. „თავისუფლების აქტის“ სახელით შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები ფულის ხალხის ჯიბეში დატოვებისკენ მიმართული ძალისხმევაა და, ზოგადად, ამაზე კარგს ქვეყნის მომავალ თაობებს ვერც ერთი მთავრობა ვერაფერს გაუკეთებს. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ეშმაკი აქაც დეტალებში იმალება: ინიციატივა კომპრომისულია და არასაკმარისი.

„თავისუფლების აქტის“ სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფოს ეკონომიკაში მონაწილეობის შეზღუდვასა და გადასახადების ზომის/რაოდენობის შეცვლა/შემოღების კონტროლის უშუალოდ მოქალაქეებისთვის გადაცემას.

ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი წინადადება სახელმწიფო ხარჯებისა და ვალის ზომის შეზღუდვაა - მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით, შესაბამისად, 30 და 60 პროცენტით. გარდა ამისა, აქტი სერიოზულად ზღუდავს მთავრობის მიერ გადასახადებით მანიპულირების საშუალებასაც - მათი რაოდენობისა და სტრუქტურის შეცვლა აკრძალულია, ხოლო განაკვეთების შესაცვლელად საჭირო იქნება რეფერენდუმი.

სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 30 პროცენტია, ხოლო სახელმწიფო ვალი - 40 პროცენტზე მეტი. გადასახადების გაზრდის გართულების პირობებში (რეფერენდუმი!), 60-პროცენტიანი მაქსიმუმი (ანუ 1.5-ჯერ მეტი, ვიდრე დღეს) ძალიან მაღალია, რადგან მთავრობას ძლიერ მოტივს უქმნის გაზარდოს ბიუჯეტი არა ეკონომიკის ზრდის შესაბამისად, არამედ დეფიციტის სახელმწიფო ვალით დაფინანსებით.

ზოგადად სახელმწიფო ვალი სხვა არაფერია, თუ არა მომავალ თაობებზე, მათი თანხმობის გარეშე, ვალდებულებების დაკისრება. მთავრობა დღეს იმ ფულს სესხულობს, რომელიც მომავალში საკუთარი გადასახადებით უნდა გაისტუმრონ იმათ, ვისაც ამაზე დასტური არ მოუცია. ვალის გადახდის დრო რომ მოვა, შესაძლოა, იგივე მთავრობა აღარ იყოს. ამიტომ მსგავსი ქმედება სადავოა მორალის თვალსაზრისითაც.

„თავისუფლების აქტში“ გათვალისწინებული ბიუჯეტის დეფიციტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტით შეზღუდვა, მართალია, არ მისცემს მთავრობას საშუალებას სახელმწიფო ვალი სწრაფად გაზარდოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის მაინც მიაღწევს საკუთარ მაქსიმუმს. ასე რომ მთავრობამ, უმჯობესია, ხარჯოს ზუსტად იმდენი, რამდენი გადასახადიც ამოიღო და მეტი არაფერი ისესხოს.

თავისთავად ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა კიდევ ის არის, რომ მის დასაფინანსებლად, სესხის გარდა, მთავრობამ შეიძლება სხვა, ალბათ, ეკონომიკისთვის უფრო მავნე, საშუალება გამოიყენოს: ქაღალდის ფულის ბეჭდვა.

ფულის მასის ამ გზით გაზრდა ნიშნავს ინფლაციას (ფასების ზრდას), რაც რეალურად მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების ჯიბეებიდან პირდაპირ ფულის ამოღებაა. დღეს დეფიციტის დასაფარავად ფული, ალბათ, არ იბეჭდება, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალში ეს არ მოხდება? მაგალითად, უკიდურესად უპასუხისმგებლო და პოპულისტი მთავრობის ხელში? ამიტომ, უმჯობესია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი საერთოდ აიკრძალოს.

ფულის მასის ზრდის პირობებშიც კი, ინფლაციისგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალება ფულის მიმოქცევის გათავისუფლებაა. დღეს გადახდის ლეგალური საშუალება მხოლოდ ლარია, რომლის საბეჭდი დაზგა სახელმწიფოს ხელშია. ჩეხოვის თოფივით, რომელიც, კედელზე თუ კიდია, აუცილებლად გაისვრის, ერთხელაც იქნება და ეს დაზგაც ჩაირთვება. ჩართვას რომ აზრი დაეკარგოს, სხვა ფულის (დოლარის ან ევროს, ან ორივეს) მიმოქცევის თავისუფალი დაშვებაა საჭირო. როცა ვალუტის არჩევანი არსებობს, ლარის გაუფასურება უაზრო მეცადინეობაა - ბაზრის მონაწილეები უბრალოდ მის გამოყენებას შეწყვეტენ. ფულის მიმოქცევის ლიბერალიზაციის გარეშე “თავისუფლების აქტი” სრულყოფილი არ არის.

მნიშვნელოვანი რამ, რაც „თავისუფლების აქტს“ კიდევ აკლია, მთავრობის მიერ მაკროეკონომიკური მაქსიმალური პარამეტრების არგადაჭარბების გარანტიებია. ორგანულ კანონში ან თუნდაც კონსტიტუციაში ამ ციფრების ჩაწერა სრულიად არ არის საკმარისი - მთავრობა პოლიტიკურად უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ პარამეტრების შეუსრულებლობაზე (მაგალითად, გადადგეს მთლიანი შემადგენლობით), წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სიტუაციას, როცა „თავისუფლების აქტით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა უბრალოდ კიდევ ერთ ცუდ ტრადიციად იქცევა.

თავისთავად რეფერენდუმის წესით გადასახადების კონტროლიც (თან ყველასი არა!) არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საგადასახადო პოლიტიკა არ გახდეს მიმდინარე მომენტში არსებული კონინუქტურის მსხვერპლი. მთავრობას, იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ადმინისტრაციული რესურსი აქვს, პრინციპში, ადვილად შეუძლია დაარწმუნოს მოსახლეობა გადასახადების გაზრდის აუცილებლობაში. რეფერენდუმის შედეგების ძალაში შესვლის გადავადება (მაგ. ერთი საარჩევნო ციკლით, 4-5 წლით) მოუსპობს მთავრობას იმის მოტივაციას, რომ თავისი მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად, გადასახადების განაკვეთებით მანიპულირება მოახდინოს და აიძულებს საკუთარი ხარჯები უკეთ აკონტროლოს.

არასაკმარისია ბაზრის დერეგულირების შემოთავაზებული საშუალებებიც. კანონი დამოუკიდებელ მარეგულირებლებს უკრძალავს ბაზრის მოქმედებაში მხოლოდ ფინანსურ ჩარევას, მაგრამ არ ზღუდავს სოციალისტებისთვის ასე საყვარელ საქმიანობას, როგორიც, მაგალითად, ხარისხის კონტროლია. არ იზღუდება არც „დამოკიდებული“ მარეგულირებლების შექმნა/საქმიანობა, მაგალითად, ისეთის, როგორიც ეროვნული ბანკის სადაზღვევო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურია.

„თავისუფლების აქტი“, შესაძლოა, ბოლო წლების საქართველოში ყველაზე სასარგებლო საკანონმდებლო ინიციატივაა, რადგან მიმართულია ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მიღწევის სამუდამოდ დამკვიდრებისთვის. ეს მიღწევა ლიბერალური ეკონომიკური თავისუფლებაა.

ეკონომიკის თავისუფლება არის ის, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოს მომავალ არსებობასა და მისი მოქალაქეების თავისუფლებას. და, რაც უფრო მეტია ეს თავისუფლება, მით უფრო საიმედო იქნება ეს უზრუნველყოფა.

12 სიახლეები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

0x01 graphic

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური აღმავლობის ნიშნები შესამჩნევია. მმართველი დირექტორის მოადგილის, ნაოუკი შინოჰარას თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებულმა ეკონომიკურმა პროგრამამ ხელი შეუწყო 2009 წელს შეზღუდული ეკონომიკური აქტივობის აღდგენას, თუმცა საქართველოს ეკონომიკის შემდგომი გაძლიერებისთვის მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და კრედიტია საჭირო. ფონდმა საქართველოს 148,7 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარება უკვე დაუმტკიცა.

უვნებელი სურსათი

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 1,2 მლნ. აშშ დოლარია, სამ წელზეა გაწერილი. პროექტის ფარგლებში მოხდება კერძო მეწარმეების ინფორმირება და საქართველოს მთავრობას გაეწევა დახმარება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზებასთან დაკავშირებით. პროექტი უკავშირდება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

13 ისრაელი და ბრიტანეთი: შეშფოთებაზე მეტი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

23 მარტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა, ლონდონში ისრაელის საელჩოს თანამშრომელს, რომელიც სავარაუდოდ მოსადის აგენტია, ქვეყანა დაატოვებინა. მის ვინაობას არ ახმაურებენ. მილიბენდის განცხადებით, დიპლომატი კავშირშია ბრიტანეთის მოქალაქეთა პასპორტების გაყალბებასთან. ქვეყნის საგარეო დეპარტამენტმა საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს ახლო აღმოსავლეთში ან ჩრდილოეთ აფრიკაში მგზავრობისას. ბრიტანეთს შესაძლოა მიბაძონ ირლანდიამ და ავსტრალიამ, რომლებიც ჯერჯერობით, მხოლოდ მკაცრი განცხადებებით შემოიფარგლნენ.

0x01 graphic

ავიგდორ ლიბერმანი

მიმდინარე წლის იანვარში, დუბაიში მოკლეს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, მაჰმუდ ალ-მაბჰუჰი. გამოძიებით შედგა ეჭვმიტანილთა სია, რომელშიც ბრიტანეთის, ირლანდიის, საფრანგეთისა და ავსტრალიის 27 მოქალაქე მოხვდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ალ-მაბჰუჰის მკვლელებმა სპეცოპერაციისას გამოიყენეს გაყალბებული პასპორტები, თუმცა დოკუმენტებში მოხსენიებული ადამიანები რეალურად არსებობენ. დუბაის პოლიცია ირწმუნება, რომ ალ-მაბჰუჰი ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა, მოსადმა მოკლა.

ისრაელის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს. თუმცა, ისრაელის მედიის გამოხმაურება ბრალდებას არცთუ უსაფუძვლოდ წარმოაჩენს. ქვეყნის გავლენიან გამოცემაში დაიბეჭდა სტატია „იოლად გამოვძვერით“, რომელშიც ნათქვამია, რომ ის, ვინც პასპორტები გააყალბა, საზღაურისთვისაც მზად იყო.

ისრაელისა და ბრიტანეთის ურთიერთობაში მსგავსი სკანდალი პირველი არ არის: 1987 წელს, მარგარეტ თეტჩერმა კესინგტონში განთავსებული, ისრაელის საგარეო დაზვერვის, მოსადის ბიურო დაკეტა, მისი თანამშრომლები კი, ქვეყნიდან გააძევა. პრემიერ-მინისტრ თეტჩერის განრისხება, ლონდონში პალესტინელი ჟურნალისტის, ნაჯი ალის მკვლელობას მოჰყვა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მოსადმა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დაუმალა. მოსადი დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 11 წლის შემდეგ დაბრუნდა.

0x01 graphic

დევიდ მილიბენდი

მიუხედავად დაპირისპირებისა, ბრიტანეთ-ისრაელის ურთიერთობათა სერიოზული გართულება მოსალოდნელი არ არის. სავარაუდოდ, გაძევებული დიპლომატის თანამდებობაც 6 კვირის განმავლობაში შეივსება. თავად მილიბენდმაც აღნიშნა, რომ ქვეყნები მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ. მნიშვნელოვან საკითხთა შორისაა დაზვერვის სფეროც: ისრაელი ბრიტანეთს ფასეულ ინფორმაციას აწვდის ირანზე.

14 დემონსტრაციები რუსეთში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

მრისხანების დღე - ასე უწოდა ოპოზიციურმა მოძრაობამ რუსეთში ხელისუფლების ავტორიტარული პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციებს. 20 მარტს ათასობით მოქალაქე რუსეთის 48 ქალაქში, ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით, ქუჩაში გამოვიდა. ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები გაიმართა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კალინინგრადში, ირკუტსკსა და ვლადივოსტოკში. ქუჩებში გამოსული მოქალაქეების მოთხოვნები განსხვავდებოდა. ზოგიერთ ქალაქში პრემიერ-მინისტრ პუტინის ავტორიტარული მმართველობის სტილს, ფართომასშტაბიან კორუფციასა და ბიუროკრატიული აპარატის თავნებობას აპროტესტებდნენ, ზოგან კი - პუტინის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს: პროდუქტებზე ფასების ზრდას, უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და ცხოვრების დონის დაცემას.

რუსეთში ბოლო ხანებში მკვეთრად გაიზარდა საპროტესტო მუხტი. მარტის დასწყისში საზოგადოებრივი აზრის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების 29%25 მზად იყო მონაწილეობა მიეღო საპროტესტო აქციებში. 2006 წლის თებერვლის მონაცემებით კი ამგვარ აქციებში მონაწილეობის მზადყოფნას მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მოსახლეობის მხოლოდ 9%25 გამოთქვამდა (რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრი). ყველაზე მეტი, 3-იდან 5 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა კალინინგრადში, სადაც წელს უკვე მეორე ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია იმართება (30 იანვარს ქუჩაში 15 ათასი ადამიანი გამოვიდა).

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში 70-მდე აქტივისტი დააკავეს არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მოტივით, პოლიციელების ქმედებები, წინა გამოსვლებთან შედარებით, მაინც არაძალადობრივი იყო. მაგალითად, ირკუტსკსა და ვლადივოსტოკში მანიფესტაციამ ძალოვანების ჩარევის გარეშე ჩაიარა. სხვაგან კი მილიციელთა მხრიდან ძალადობა და მასიური დაკავების ფაქტები არ გამოვლენილა.

15 ამერიკა: პირველი ნაბიჯი ჯანდაცვის ევროპეიზაციისკენ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

219 მომხრე 212-ის წინააღმდეგ. ამერიკული საზოგადოების დიდი ნაწილის და რესპუბლიკელების აზრის უგულებელყოფით, დემოკრატებმა ბოლო დროის ყველაზე სადავო ჯანდაცვის კანონი მიიღეს. ხმის მიცემის პროცესში დემოკრატების პოზიციაც კი არაერთგვაროვანი იყო. 34-მა დემოკრატმა ობამას რეფორმის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამერიკის ისტორიაში პირველად, მსგავსი მასშტაბის რეფორმა, რესპუბლიკელების სრული წინააღმდეგობის ფონზე, მაინც დაკანონდა. ობამას ინიციატივას არც ერთმა რესპუბლიკელმა არ მისცა ხმა.

პოლიტიკური ოპონენტების აზრის იგნორირების გარდა, დემოკრატებმა ამერიკული საზოგადოების უმრავლესობის აზრიც არ გაითვალისწინეს. გელაპის, რასმუსენისა და სი-ენ-ენ-ის კვლევებით, ობამას რეფორმა ამერიკელების უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. სი-ენ-ენ-ის გამოკითხვით, ამერიკელების 56%25-ს არ სურდა ჯანდაცვის სფეროს ფედერალურ კონტროლში გადასვლა, ხოლო მთავრობის უფლებამოსილების გაზრდას რიგითი ამერიკელები საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევდნენ.

ობამას გუნდს ჯანდაცვის სფეროს გარდაქმნისას ორი, ექსპერტთა შეფასებით, ერთმანეთის გამომრიცხავი მიზანი ამოძრავებდა: ერთი მხრივ, ჯანდაცვის ხარჯების შემცირება, მეორე მხრივ, დაუზღვეველი მოქალაქეებისთვის დაზღვევის უზრუნველყოფა.

ჯანდაცვის კანონი ითვალისწინებს 32 მილიონამდე დაუზღვეველი ამერიკელის დაზღვევას სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სამედიცინო პროგრამებით. ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად კი სახელმწიფო მის მიერვე დაფინანსებულ პროგრამა მედიქ ეიდს აფართოებს და წლიურ 88 ათას აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდირებას სთავაზობს. დემოკრატებს სურთ, მოსახლეობის 95%25 ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფილი იყოს 2019 წლისთვის, რაც, ოპონენტების აზრით, არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და ფედერალური ხარჯების მკვეთრი ზრდის ფონზე არარეალურია.

მართალია, ახალი კანონით, სადაზღვევო კომპანიები 20 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეიძენენ, მაგრამ მძიმე სახელმწიფო რეგულაციები მათ მაინც არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდებს. რეფორმის შედეგად საავადმყოფოებს მეტი პაციენტი ეყოლებათ, რაც ექიმების დეფიციტის თემასაც დააყენებს დღის წესრიგში. გარდა ამისა, ობამას ინიციატივით მიღებულ ჯანდაცვის სისტემას, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემებისთვის დამახასიათებელი ბიუროკრატიული ბარიერები და მოუქნელობა შეზღუდავს.

ასე მაგალითად, კანადასა და დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი და იაფია, ვიდრე ამერიკულში. ორივე შემთხვევაში თითქმის ყველა სამედიცინო სერვისის მფლობელი არის სახელმწიფო. მასვე ეკუთვნის მონოპოლია ექიმების დაქირავებისა და მათი ანაზღაურების რეგულირების კონტექსტშიც. მაგრამ მსგავს პრაქტიკას თავისი ფასი აქვს: მოქნილობა და ეფექტურობა. მაგალითად, კანადაში ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას მოქალაქეთა 27%25-ს 4 თვეზე მეტხანს უწევს ლოდინი, ბრიტანეთში პაციენტთა 38%25-ს ბიუროკრატიული ბარიერების გადასალახავად 4-5 თვე სჭირდება, აშშ-ში კი მხოლოდ პაციენტთა 5%25-ი ხდებოდა ბიუროკრატების „მსხვერპლი“. მრავალი ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის კანონმაც შესაძლოა ამერიკული საზოგადოება ბიუროკრატიული აპარატის „მსხვერპლად“ აქციოს.

0x01 graphic

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი,
კანონის მიღების შემდეგ

ეკონომიკურ-ფინანსური საფრთხეების გარდა, ჯანდაცვის კანონი აშშ-ს საკონსტიტუციო კრიზისის საფრთხის წინაშეც აყენებს: სახელმწიფო მოქალაქეებს აიძულებს, ჯანმრთელობის დაზღვევა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მთლიანი შემოსავლის 2.5%25-ის ოდენობის ჯარიმას დააკისრებს. 3000 დოლარის ოდენობის ჯარიმა შეეხება იმ დამქირავებლებსაც, რომლებიც საკუთარ თანამშრომლებს დაზღვევით არ უზრუნველყოფენ. ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა უფლება ფედერალურ მთავრობას, აიძულოს მოქალაქე, შეიძინოს ჯანმრთელობის დაზღვევა? ამერიკის კონსტიტუციით - არა.

ვირჯინიის იუსტიციის მინისტრის აზრით, ჯანდაცვის კანონი ეწინააღმდეგება ვირჯინიის შტატის ჯანდაცვის თავისუფლების აქტს, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, მოქალაქეს ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა აიძულოს. იგივე აზრზეა სამხრეთ კაროლინის იუსტიციის მინისტრი ჰენრი მაკმასტერიც. მაკმასტერის შეფასებით, ეს ქმედება არაკონსტიტუციურია, რადგან ის ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის მეათე შესწორებას, რომლითაც სახელმწიფოს ეკრძალება ადამიანებისთვის მათი ნების საწინააღმდეგოდ რაიმეს ყიდვის იძულება. მაკმასტერის შეფასებით, პრეზიდენტისა და მისი გუნდის ეს ქმედება სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების შეურაცხყოფაა.

ჯანდაცვის რეფორმის დაკანონებით, პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება საზოგადოების პოლარიზების ფასად, თუმცა, კანონი 2014 წლიდან შევა ძალაში. მანამდე ობამას წინ ორი არჩევნები აქვს: 2010 წლის ნოემბერში - კონგრესის შუალედური, 2012 წელს კი - საპრეზიდენტო.

16 არჩევნები ერაყში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ტირანიისა და სამოქალაქო ომის შემდეგ მრავალპარტიული
დემოკრატია ყალიბდება

0x01 graphic

7 მარტს ბაღდადში აფეთქებების ხმამ მოსახლეობას საპარლამე ტო არჩევნების დღის დადგომა ამცნო. აფეთქებები რამდენიმე წუთში ერთხელ მეორდებოდა, მაგრამ დაშინების მიუხედავად, ამომრჩეველთა აქტიურობამ ერაყში 62%25 შეადგინა. შიიტების, სუნიტების და ქურთების ხმებით 325 დეპუტატი შეირჩა.

ამერიკის არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქებების უმეტესი წილი მოდიოდა ნაგვის ურნებში ჩაყრილ, ფეთქებადი ნივთიერებით სავსე ბოთლებზე. ბოთლის ჭურვებისგან არავინ დაშავებულა, თუმცა, უფრო მძლავრმა ნაღმებმა 38 ადამიანი შეიწირა. არჩევნები დაძაბულობის განქარვებას ემსახურებოდა, მაგრამ ბევრი ექსპერტის აზრით, პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება, პირიქით, უფრო დამუხტავს ერაყში ატმოსფეროს.

არჩევნების მიმდინარეობისას ქუჩებში შეინიშნებოდა ამერიკელი რეინჯერების ნაკლებობა. 2003 წლის შემდეგ პირველი არჩევნების უსაფრთხოებას, მეტწილად, ერაყის არმია უზრუნველყოფდა. ეს ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია. საინტერესოა ისიც, რომ არ ყოფილა თვითმკვლელ ტერორისტებთან დაკავშირებული ინციდენტები. ერაყში აშშ-ს ჯარების გენერალი რეიოდინერო ამ ფაქტს ტერორისტების ტაქტიკის ცვლას უკავშირებს. მისი თქმით, ტერორისტები პანიკის გამოწვევას ცდილობდნენ, მაგრამ ერაყელი ხალხი ინარჩუნებდა სიმხნევეს და განაგრძობდა საარჩევნო უბნებში გამოცხადებას. ხალხის სიმშვიდეს იგი არმიისადმი ნდობის ზრდას მიაწერს: „სადამის ერაყში არმია რეჟიმის დაცვას ემსახურებოდა, დღევანდელ ერაყში არმია ხალხს იცავს და მოსახლეობა გრძნობს ამას“.

ერაყის არმიის გაძლიერების შემდეგ აშშ-ს გაუადვილდება თავისი სამხედრო კონტინგენტის 112-დან 50 ათასამდე შემცირება ზაფხულის ბოლოსთვის, როგორც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ჯარებმა 2011 წლის ბოლოსთვის სრულად უნდა დატოვონ ერაყი. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ერაყის ძალოვანი სტრუქტურების მოდერნიზება და გაძლიერება ავტორიტარიზმის საფრთხეს წარმოშობს. თუ ერაყს მოევლინება ერთპიროვნული ლიდერი, შეიძლება მან ძლიერი სამხედრო სტრუქტურები ბოროტად, რეჟიმის განსამტკიცებლად გამოიყენოს.

0x01 graphic

მარკირებული ერაყელი მამაკაცი
ყველა ფოტო: REUTERS ©

მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა სამხედრო ინფრასტრუქტურა ქალაქგარეთ გადაიტანეს, ჯარისკაცების სიკვდილიანობამ იკლო. თუმცა, დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას ყოველთვიურად ჯერ კიდევ ასეულობით ერაყელის სიცოცხლე ეწირება - გაცილებით მეტი ვიდრე ავღანეთში. ნაციონალისტი მეამბოხეები დამარცხდნენ, მაგრამ ალ-ქაიდა ისევ დიდი საფრთხეა. ობამას ადმინისტრაციას სიფრთხილე მართებს, რადგან შეცდომის დაშვების შემთხვევაში, წყალში ჩაიყრება ყველაფერი, რაც 7 წლის მანძილზე ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლისა და მილიარდობით დოლარის ფასად მოიპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკოსთა უმრავლესობა ბუშის დაწყებულ ოპერაციას წარმატებულად მიიჩნევს, რეგიონიდან აშშ-ს ჯარების გასვლა ადრეა. ქვეყანა გახლეჩილია; არ არსებობს ყველა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის მიმართ თანაბრად ლოიალური ლიდერი ან პარტია; კვლავ არსებობს დაპირისპირება ქურთებსა და არაბებს შორის; ერაყის ინსტიტუტები სუსტი და კორუმპირებულია; მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება ძალიან ჭირს. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სტაბილურობა და მეტოქე დაჯგუფებებს შორის ბალანსი დიდწილად დამოკიდებულია აშშ-ს სამხედრო ძალებზე. ერაყის დატოვების შემთხვევაში, მოსალოდნელია ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გაეხვეს.

0x01 graphic

ერაყელი ჯარისკაცი იცავს საარჩევნო ყუთებს

უკვე ცნობილია, რომ 163 დეპუტატი (რაც საჭიროა უმრავლესობისთვის) პარლამენტში ვერც ერთმა ძალამ ვერ გაიყვანა. საკანონმდებლო ორგანო ძალიან დაქუცმაცებული იქნება და დადგება კოალიციების შექმნის აუცილებლობა. ამომრჩეველთა ხმების 95%25-ის დათვლის შემდეგ ლიდერობენ:

  • ეროვნული მოძრაობა - სეკულარული ერაყი-ალ ირაქია - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეიად ალავის მეთაურობით (24,55%25);

  • პრემიერ ნური ალ მალიქის კოალიცია შიიტურ პარტიებთან - სამართლებრივი სახელმწიფო (24,44%25);

  • ერთ დროს ყველაზე დიდი შიიტური გაერთიანება - ერაყის ეროვნული კავშირი (18,44%25);

  • ქურთული კავშირი - პრეზიდენტ ჯელალ თალაბანისა და მესუთ ბარზანის ხელმძღვანელობით (14,49%25).

ხუთი წლის წინ გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ეიად ალავი, ერაყის პოლიტიკურ ავანსცენას ლიდერად დაუბრუნდა. მან მილიონობით სუნიტის ხმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ სუნიტი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ, ეს უმცირესობა თავს დაჩაგრულად მიიჩნევს.

ქურთების ხმები გაყოფილია, რადგან არსებობს მეორე, საკმაოდ ძლიერი ქურთული პარტია - გორანი - ცვლილებების პარტია (4,14%25), რომელიც ლიბერალურ და სეკულარულ რეფორმებს ჰპირდება ამომრჩეველს. შემდეგ მოდიან: ერაყის თანხმობის ფრონტი - ალ ტავაფუქი (2,58%25) და ქურთული პარტია - ქურთეთის ისლამური კავშირი (1,34%25).

პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ შექმნის კოალიციას ქურთებთან, მაგრამ გადამწყვეტი უმრავლესობა მას არ ექნება.

17 სეპარატიზმი თანამედროვე მსოფლიოში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

საერთაშორისო სამართალი

სეპარატიზმი იმ საკითხთა შორისაა, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონულ/მსოფლიო პოლიტიკას. ტერორიზმთან ერთად ის გლობალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. სეპარატიზმის კერები, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე გვხვდება. მას არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები, არამედ ძლიერი სახელმწიფოებიც მწვავედ განიცდიან. დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან ბასკეთი და კატალონია - ესპანეთში, პადანია - იტალიაში, კვებეკი - კანადაში, უიღურები და ტიბეტელები - ჩინეთში. რეგიონულ თუ მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის მქონე სეპარატისტულ მოძრაობათა რიცხვი ასს აღწევს.

0x01 graphic

საპროტესტო მარში პამპლონაში. ბასკეთი, ესპანეთი
ფოტო: REUTERS ©

ჩერნოგორია - იგივე მონტენეგრო. სახელმწიფო ბალკანეთში. დამოუკიდებლობა მოიპოვა 2006 წელს. ქვეყნის სახელი ითარგმნება როგორც „შავი მთა“

იუგოსლავიის ფედერაცია - 1992 წელს შექმნილი ფედერალური სახელმწიფო სერბეთისა და ჩერნოგორიის შემადგენლობით. 2003 წელს შეიცვალა როგორც სერბეთისა და ჩერნოგორიის კავშირი (კონფედერაცია). 2006 წელს გამოეყო ჩერნოგორია. იუგოსლავიის ფედერაციის სამართალმემკვიდრე არის სერბეთი.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (International Court of Justice - ICJ) - საერთაშორისო სასამართლო, რომელიც განიხილავს ქვეყნებს შორის დავებს. გაეროს ერთ-ერთი ორგანო. მდებარეობს ჰოლანდიაში, ქალაქ ჰააგაში.

სეპარატიზმი არის ხალხთა ჯგუფის მიერ ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური მიზეზით სხვა ჯგუფისაგან განცალკევების მოთხოვნა. თვითგამორკვევა კი საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომელიც გულისხმობს ხალხთა ჯგუფის მიერ საკუთარი იურიდიული და პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის უფლებას. ეს შეიძლება გამოიხატოს გაფართოებული უფლებების, ავტონომიის ან სუვერენიტეტის მოთხოვნით. სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბების სურვილს შეიძლება სეცესია ანუ სახელმწიფოსგან ტერიტორიის გამოყოფა მოჰყვეს. სწორედ აქ გადის პრობლემატური ზღვარი თვითგამორკვევასა და სეპარატიზმს შორის. სეპარატიზმი ერთმანეთს უპირისპირებს თვითგამორკვევის უფლებასა და საერთაშორისო სამართლის არანაკლებ მნიშვნელოვან, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპს.

თვითგამორკვევის უფლება გვხვდება სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში. მათგან უმნიშვნელოვანესია: გაეროს ქარტია; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო კონვენცია. თითოეულ მათგანში განზოგადებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რაც თვითგამორკვევის უფლების ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შედეგად, სეპარატიზმის ცალკეულ შემთხვევებს, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ახსნა მოუძებნონ.

სეცესია ორგვარია - მხარეებს შორის მოლაპარაკებით და ცალმხრივი. პირველ შემთხვევაში მხარეები ათანხმებენ ქვეყნისგან ტერიტორიის გამოყოფის პირობებს. ასე, მაგალითად: 1993 წელს ჩეხოსლოვაკიის ფედერაციის წევრები - ჩეხეთი და სლოვაკეთი - შეთანხმდნენ ფედერაციის დაშლაზე და ახალი სუვერენული სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს; გაეროს აქტიური მონაწილეობით, ინდონეზიამ აღმოსავლეთ ტიმორში რეფერენდუმი ჩაატარა და მოსახლეობამ დამოუკიდებლობის სურვილი გამოხატა; ჩერნოგორიამ ასევე რეფერენდუმით გადაწყვიტა იუგოსლავიის ფედერაციიდან გამოსვლა, ფედერაციის მეორე წევრ - სერბეთთან შეთანხმებით. ამგვარი მოლაპარაკება წახალისებულია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ცალმხრივი სეცესია გაცილებით პრობლემური საკითხია. ხშირად მას ძალადობა და სამხედრო დაპირისპირება მოსდევს.

სეპარატიზმის საკითხის მოგვარებაში უმეტესწილად პოლიტიკა თამაშობს გადამწყვეტ როლს, თუმცა მხარეებს სამართლებრივი მხარდაჭერაც სჭირდებათ.

საერთაშორისო სამართალის მიხედვით, ცალმხრივი სეცესია დაშვებულია კოლონიურ ან უცხო ქვეყნის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ერთეულთათვის. ამ სამართლებრივი უფლებით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დეკოლონიზაციის შედეგად, ასამდე სახელმწიფო შეიქმნა; ოკუპანტებისგან გათავისუფლდნენ: აღმოსავლეთ ტიმორი, ერიტრეა და ნამიბია.

ახალი სახელმწიფოს შექმნისას, თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები არ უნდა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. გადამწყვეტია იმ ქვეყნის პოზიცია, რომელსაც გამოეყო ტერიტორია. თუ ქვეყანა არ აღიარებს ახალ სახელმწიფოს, საერთაშორისო საზოგადოება თავს იკავებს მისი ცნობისგან - გარდა დეკოლონიზაციის შედეგად წარმოქმნილი ქვეყნებისა, ვერც ერთი სეცესიონისტური ქვეყანა ვერ გახდა გაეროს წევრი.

სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. ჰყავდეს მუდმივი მოსახლეობა;

  2. ფლობდეს განსაზღვრულ ტერიტორიას;

  3. ჰყავდეს მთავრობა;

  4. ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

ხსენებული კრიტერიუმებიდან აღსანიშნავია მესამე. „მთავრობა“ მრავალფეროვნად შეიძლება განიმარტოს. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, მთავრობა უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის „ეფექტურობას“, რაც მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ნიშნავს. გარდა ამისა, ქვეყანას უნდა შეეძლოს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესრულება. ამ განსაზღვრებებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საზოგადოებამ 1930-იან წლებში არ აღიარა იაპონიის მიერ შექმნილი მარიონეტული სახელმწიფო მანჯოუ-გო, 1990-იან წლებში კი - აღმოსავლეთ სლავონია და კრაიინა.

ცალმხრივი სეცესიის სამართლებრივი თვალსაზრისით განხილვისას გასათვალისწინებელია კვებეკის პრეცედენტი, რომელიც რამდენადმე განსხვავდება თვითგამორკვევის სხვა შემთხვევებისგან. კანადის ეს პროვინცია, დანარჩენებისგან განსხვავებით, ფრანგულენოვანია. ლინგვისტური განსხვავების გამო, კვებეკს დამოუკიდებლობა სურს. კანადის ფედერალურმა მთავრობამ მიმართა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს კვებეკის ცალმხრივად გამოყოფის ლეგიტიმურობის განსასაზღვრად. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდების 38-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საერთაშორისო სამართლის მეორადი წყარო. არ არის მითითებული, რომ ეს გადაწყვეტილებები საერთაშორისო სასამართლოების მიერ უნდა იყოს მიღებული. შესაბამისად, ამ საქმემ მოგვცა მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ სეპარატიზმის სხვადასხვა შემთხვევების სამართლებრივი კუთხით განხილვისას.

კანადის უზენაესმა სასამართლომ კვებეკის სეცესიის საქმე 1998 წელს განიხილა. დადგინდა, რომ კანადის კანონმდებლობის მიხედვით, კვებეკს არ აქვს ცალმხრივად გამოყოფის უფლება. კვებეკის ცალმხრივი სეცესია ეწინააღმდეგება კანადის კონსტიტუციას, კერძოდ კი ფედერალიზმის, კანონის უზენაესობის, უმცირესობათა უფლებების და სხვა პროვინციებში დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს. იგივე გადაწყვეტილება კანადის სასამართლომ დაადასტურა საქმის საერთაშორისო სამართლის მიხედვით განხილვისას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სეცესიის უფლება წარმოიშობა კოლონიური მმართველობის ან ოკუპაციის შემთხვევაში. ასევე, თუ მოცემულ ქვეყანაში მცხოვრები ხალხთა ჯგუფი არის დისკრიმინაციის, დომინაციის, ჩაგვრის, ექსპლუატაციის ობიექტი. თუ ხალხს არ აძლევენ თვითგამორკვევის შესაძლებლობას ქვეყნის საზღვრებში, მაშინ მას აქვს ცალმხრივი სეცესიის უფლება. სხვა შემთხვევაში ხალხთა ჯგუფმა მოცემული ქვეყნის ფარგლებში უნდა ისარგებლოს თვითგამორკვევის უფლებით. თუმცა, თუ დამოუკიდებლობის სურვილს კვებეკის მოსახლეობის უმრავლესობა რეფერენდუმზე გამოხატავს, კანადის ფედერალური მთავრობა იძულებული იქნება სეცესიის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყოს.

შემთხვევა, რომელსაც მძაფრი და არაერთგვაროვანი საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა, არის კოსოვო. მას ხშირად ადარებენ სეპარატიზმის სხვა გამოვლინებებს. 2008 წელს კოსოვო ცალმხრივად გამოეყო სერბეთს, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მისი სუვერენულობა აღიარა მსოფლიოს სამოცდაათამდე ქვეყანამ.

კოსოვოს ტერიტორია მეოცე საუკუნემდე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის სამეფოში აღმოჩნდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი - იუგოსლავიის ფედერაციაში. მეოცე საუკუნეში კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენდნენ. ამჟამად, კოსოვოს ორმილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 90%25 ეთნიკურად ალბანელია, 5%25 კი - სერბი.

დიდი ხნის მანძილზე არსებული შუღლი სერბებსა და კოსოვოს ალბანელებს შორის 1980-იან წლებში გამწვავდა და შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 1998-1999 წლებში კოსოვოს ომმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. კოსოვოში იუგოსლავიის ფედერაციის განსაკუთრებულ ძალადობას მოჰყვა NATO-ს სამხედრო ჩარევა და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის დაბომბვა.

კოსოვოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი არგუმენტი ძალადობრივი ქმედებებია. სერბებს არ მიუციათ კოსოვოს ალბანელებისთვის თვითგამორკვევის უფლება და მათ წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდას ახორციელებდნენ. ამის გამო სერბეთმა დაკარგა უფლება ტერიტორიაზე, ხოლო კოსოვოს მოსახლეობის თვითგამორკვევის ერთადერთ გზად ცალმხრივი სეცესია იქცა.

2009 წელს სერბეთმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, რათა ამ უკანასკნელს საერთაშორისო სამართლის მიხედვით განესაზღვრა კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების კანონიერება. საქმის განხილვა, სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადს გასტანს, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვანი იურიდიული პრეცედენტი მივიღოთ.

18 1991-2010 დამოუკიდებლობის 19 წელი

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

თბილისი 1989წ. აპრილი
ფოტო: გოგი ცაგარელი

1918 წელს მოვიდა თავისუფლება. მოვიდა კი არა, თავს დაატყდა საქართველოს. მაშინ ზოგიერთი მმართველისთვის „ეროვნული საკითხი“ მეორე ხარისხოვანი იყო. თუმცა იყვნენ სხვებიც, ვისი ოცნებაც აღსრულდა. ვისაც ესმოდა - სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სახელმწიფო აპარატი, ქართული არმია, უნივერსიტეტი... არ შეიძლება წითლების თვის მოქმედების თავისუფლების მიცემა, დაუშვებელია მტერ-მოყვარის აღრევა, ნეიტრალიტეტით თამაში.

შესაძლოა, თავდაპირველად ყველამ ვერ გააცნობიერა კარს მომდგარი ბედნიერება, მაგრამ სამ წელიწადში თავისუფლების დაკარგვა თითოეული მათგანისთვის თანაბრად კატასტროფული აღმოჩნდა.

70 წლით გაქრა 26 მაისის დღესასწაული, კოტე აფხაზისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელები. ამჯერად სხვა, კოლმეურნე გმირების დრო დადგა. ხელოვანები პროლეტარულ შემოქმედებით კავშირებში გააერთიანეს და სავალდებულო სოც რეალიზმი მიუსაჯეს. სასულიერო, სამეცნიერო, სამხედრო ელიტა კი შრომა-გასწორებით ბანაკებსა და ემიგრაციაში გაისტუმრეს.

და ისევ უეცრად, 1988-89 წლებში ყველაფერი დაბრუნდა. ქვეყანამ თავიდან დაიწყო დავიწყებული ისტორიის სწავლა. გაცოცხლდა გამქრალი და მეხსიერებიდან ამოშანთული სახელები - ამბროსი ხელაია, კირიონ მეორე, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე... ვეღარაფერი გააჩერებდა ამ ტალღას. ყველგან - პრაღასა და დრეზდენში, რიგასა და ვილნიუსში, ვარშავასა და თბილისში, ერთ დროს უძლეველი საბჭოთა მანქანა ხმაურით ილეწებოდა.

ყოფილი მეცკომის ლექტორები პოლიტოლოგებად გარდაიქმნენ, პარტკომები სხაპასხუპით კითხულობდნენ ახლად გაზეპირებულ „მამაო ჩვენოს“ და ძველებური სიმკაცრით მოითხოვდნენ საჯარო ლოცვას სხვებისგანაც, პატრიოტები კი ხვდებოდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალია.

ყველაფერი დიდ სახალხო გამოკითხვას უნდა გადაეწყვიტა და გადაწყვიტა კიდეც! ყველამ, სიტყვის სრული მნიშვნელობით - ყველამ, პასუხად „დიახ“ შემოხაზა.

გულანთებულმა პატრიოტებმა და ყოფილმა კომკავშირლებმა, მეოცნებე რომანტიკოსებმა და სკეპტიკოსმა ინტელექტუალებმა, მშფოთვარე სტუდენტებმა და უზრუნველმა „არაფორმალებმა“ - ყველამ ერთხმად გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას - დიახ! ყველას სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

1991 წლის 31 მარტი. მანამდე სამი წელი, აღსავსე ნამდვილი ბრძოლით: მრავალათასიანი გამოსვლები 1988 წლის ნოემბერში და 1989 წლის აპრილში, როდიონოვის სამხედროები და ტანკები თბილისის ქუჩებში, საგანგებო მდგომარეობა, ეროვნული მოძრაობის ლიდერთა დაპატიმრება და ბოლოს, 1990 წელს, კომუნისტების მარცხი პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში. ათი დღის შემდეგ, 9 აპრილს, ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადება ელის.

0x01 graphic

მიტინგი იპოდრომზე,. თბილისი 1988 წ.
ფოტო: გოგი ცაგარელი

მომდევნო 19 წლის განმავლობაში საქართველო შეცდომებსაც დაუშვებს და წარმატებებსაც მოიპოვებს, ბევრს შეიძენს და ბევრს დაკარგავს, მაგრამ ეს თავისი წარმატებები და თავისი მარცხები იქნება. უფლება, რომ შენით შეცდე და შენით გაიმარჯვო - აი, 70 წლით მივიწყებული ფუფუნება, რომელიც საქართველოს 1991 წლის 31 მარტს დაუბრუნდა.

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკების მიერ განადგურებული სახელმწიფო თავიდან დაიბადა. თუმცა, ყველაფერი იმდენად ჩქარა მოხდა, რომ არ დარჩა ფიქრის დრო. არავინ იცოდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველო. ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში აღარ არსებობდა თაობა, რომელსაც თუნდაც სამწლიანი დამოუკიდებლობის გამოცდილება ემახსოვრებოდა. ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო. დაიწყო კიდეც.

გაირკვა, რომ თავისუფლება მხოლოდ აქტების გამოცემითა და სიმბოლიკის შეცვლით არ მოდის, რომ ქუჩების სახელების შეცვლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენი შეცვლა და სამუდამოდ დამშვიდობება საბჭოთა წარსულთან. წარსულთან, რომელმაც ადამიანების ბუნებაში ღრმად ჩანერგა უპასუხისმგებლობა, იზოლაციონიზმი, შეუწყნარებლობა. საბჭოთა ადამიანის მენტალობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვიგებდა მახეს და ჩვენც ვეგებოდით: სამოქალაქო დაპირისპირება, არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, კრიმინალური ჯგუფების გაბატონება.

ისიც გაირკვა, რომ ყოფილი მეტროპოლია სულაც არ აპირებს მშვიდად უყუროს ჩვენს დამოუკიდებლობას და ცნოს უფლება „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“, რომ, შინააშლილობის მიუხედავად, მათ საქართველოსთვის ყოველთვის ეცლებათ. რამდენჯერმე ყველაფრის დაკარგვის სახიფათო ზღვართანაც ვყოფილვართ, როცა, კრემლთან შეკრულ სეპარატისტებთან ომში დამარცხებულებს, ისევ მოსკოვიდან დაგვინიშნეს ძალოვანი მინისტრები და სამხედრო ბაზების 25-წლიან ხელშეკრულებაზეც მოგვაწერინეს ხელი.

ზოგჯერ თავად არ გვჯეროდა, რომ უკვე ჩვენი სახელმწიფო გვაქვს. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 7 წლის მერე საქართველოში ჯერ კიდევ კამათობდნენ, თუ ვინ ვართ საერთოდ ქართველები! ეთნიკური წარმომავლობით შეკავშირებული ერთობა თუ თითოეული მოქალაქე განურჩევლად წარმომავლობისა. საკვირველია - ქართველი ნაციონალისტები საკუთარ, დამოუკიდებელ ქვეყანაში თავგამოდებით იცავდნენ იდეებს, რომელიც სეპარატისტული მოძრაობების ქვაკუთხედად ითვლება.

მაგრამ ნელ-ნელა იკვეთებოდა სწორი პასუხები. ჩვენივე ცდები და შეცდომები, ჩვენი მეგობრების - ესტონელების, ლიტველების, ჩეხების, პოლონელების წარმატება და წინსვლა გვარწმუნებდა - ის, რაც სწორია ყველა განვითარებული ქვეყნისთვის, სწორია ჩვენთვისაც - თავისუფლება, კერძო საკუთრება, კანონის უზენაესობა.

თუმცა, ერთია სწორი მიზნების დასახვა და სულ სხვაა მათ მისაღწევად სწორი გზების პოვნა. საქართველოში ხომ ყველაფერი ტკივილით იბადებოდა: გაჩნდნენ ბანკები, მაგრამ სანამ ისინი ცივილიზებულ და განვითარებისთვის აუცილებელ, სასარგებლო ინსტიტუტებად იქცეოდნენ, ბევრი მოტყუვდა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ ბანკი, რომელიც 65%25 წლიურ სარგებელს გპირდება, აუცილებლად გაკოტრდება და შენც გაგაკოტრებს; გაჩნდნენ კერძო სასწავლებლები, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაგვეცნობიერებინა, რომ რეალური განათლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმალური დიპლომი; გაჩნდა მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები. გაჩნდნენ პირველი ექსპერტები უცხო ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ცოტა ამრეზით, მუდმივი უკმაყოფილებით და საბჭოთა ამპარტავნობით, ახალ რეალობაში აღმოჩენილი ქვეყანა სწავლობდა, როგორ იწერება ბიუჯეტი, რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რა არის მარკეტინგი...

ჩვენ თავიდან ვიწყებდით სიარულს და ამაში გვეხმარებოდნენ. გვეხმარებოდნენ ფულით, გვეხმარებოდნენ ცოდნით, გვეხმარებოდნენ წვრთნითა და აღჭურვით. თუმცა, მთავარი მაინც ჩვენი გასაკეთებელი იყო. ჩვენი მოსაშლელი იყო საბჭოთა ცრურწმენები და დაავადებები, რომელიც 70-წლიანი კომუნისტური ყოფის გამო უკვე ტრადიციები გვეგონა. გვეგონა, რომ ქრთამი და კორუფცია ჩვენი ეროვნული ხასიათის განუყოფელი ნაწილია, რომ რაღაც ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელთანაც ეს დაავადებები მშვიდობიანად თანაიარსებებენ. წლები, რევოლუცია და დაუნდობელი ბრძოლა დასჭირდა ამ სტერეოტიპის დამსხვრევას, საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცებას, რომ ჩვენც შეგვიძლია ისე, როგორც სხვებს.

0x01 graphic

მოშიმშილეები 1988 წლის ნოემბერი

ფოტო: გოგი ცაგარელი

0x01 graphic

1991 წლის 31 მარტი, თბილისი
ფოტო: საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივი

0x01 graphic

1992 წლის იანვარი, თბილისი
ფოტო: გოგი ცაგარელი

0x01 graphic

1992 წლის იანვარი, თბილისი
ფოტო: გოგი ცაგარელი

0x01 graphic

2003 წლის ნოემბერი, თბილისი

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

0x01 graphic

2003 წლის 22 ნოემბერი, თბილისი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

0x01 graphic

2003 წლის 22 ნოემბერი, თბილისი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

რა თქმა უნდა, მხოლოდ მეგობრები ვერ იქნებოდნენ გარშემო. ქვეყანას, რომელიც მხოლოდ ვასალებსა და მტრებს ცნობს, ჩვენ 1991 წლის 31 მარტს ვუთხარით უარი ვასალობაზე და ავტომატურად ვიქეცით მტრად. ამოქმედდა საბჭოთა წარსულში ჩამარხული ყველა ნაღმი - ეთნიკური შუღლი, რელიგიური შეუწყნარებლობა და კუთხური კომპლექსები; კრიმინალური სამყაროს ძალა და მითი, რომ საქართველო ქურდების ქვეყანაა; ჩვენი ეკონომიკის მიბმულობა რუსეთზე და მცდელობა, ემბარგოთი დაგვიმორჩილონ; ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ელექტროენერგიაზე და ღრმა რწმენა, რომ ამ პრობლემებს ვერაფრით გადავლახავთ და ბოლოს - ომი. ომი, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაგვაფიქროს - ღირს კი? ღირს ამდენ ტანჯვად ეს ჩვენი შემოხაზული „დიახ“ 1991 წლის 31 მარტს? ღირდა მსხვერპლი 1989 წლის აპრილს თბილისში, 1992-93 წლების აფხაზეთში, 2008 წლის თავდასხმის მოგერიებისას? შესაძლებელია მუდმივი საფრთხის პირობებში განვითარება? იქნებ ჯობია, შევეგუოთ ბედს და მივიღოთ ვასალის როლი? იქნებ ჯობია, „არ გავაღიზიანოთ“? იქნებ დავინახოთ ახალი რეალობა? იქნებ იმან შეგვიმსუბუქოს ყოფა, რომ მტერს მეგობარი ვუწოდოთ და მეგობარს - მტერი? ან იქნებ ნეიტრალურები ვიყოთ და დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ არც მტერი გვყავს და არც მეგობარი?

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არასოდეს არავის გამოსვლია თავისუფლების „ცოტათი“ დათმობა. ასეთ მნიშვნელოვან შეკითხვებზე არასწორ პასუხებს კი ჩვენი ქვეყანა უკვე დაუყვია სამ ნაწილად - ნაწილად, რომელმაც იბრძოლა და განადგურდა, ვინც პარიზსა და ლევილში დარდით გარდაიცვალა და ვინც შეეგუა და დაივიწყა თავისუფლება.

დღეს, როცა ეს 19 წელი უკვე ნანახი გვაქვს, როცა ვიცით, რას ნიშნავს, რომ პური, ზეთი და სიგარეტი არ იშოვება, ხოლო შემდეგი ორი კვირა ეს ერთი „კანისტრა“ ბენზინი უნდა გეყოს, ფიდერი გადაიწვა და პენსია არ ჩაირიცხება კიდევ ორი თვე, თანამშრომლის შვილი პანკისში გაიტაცეს და „ბიჭის მოწყობაში“ 3000 დოლარს გთხოვენ, შენს ინსტიტუტში კი დევნილები ცხოვრობენ - ისევ ისე მოვიქცეოდით 1991 წლის 31 მარტს?

ჩავთვლიდით, რომ ეს ყველაფერი მწარე საფასურია თავისუფლებისა, რომლის გარეშე ნორმალური მომავლის შექმნა შეუძლებელია? რომ ეს ყველაფერი სახადია, რომელიც დამოუკიდებლობის პირველ წლებშივე მოვიხადეთ, იმისთვის რომ გავჯანსაღებულიყავით? რომ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა არავის აქვს უფლება მიგითითოს, რას უსმინო, რა წაიკითხო, ვინ გიყვარდეს, რა აკეთო? რომ საოცრად საინტერესო დროში ვცხოვრობთ და ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მომავალს? რომ ათას ქვეყანაში ათასი რამ შეგიძლია ისწავლო? ათასი საქმე წამოიწყო, ათასჯერ ჩაფლავდე და ათასჯერ გაგიმართლოს?

ალბათ მაინც, გულანთებული პატრიოტები და ყოფილი კომკავშირლები, მეოცნებე რომანტიკოსები და სკეპტიკოსი ინტელექტუალები, მშფოთვარე სტუდენტები და უზრუნველი „არაფორმალებიც“, ყველანი, დღესაც ერთხმად გასცემდნენ პასუხს მთავარ შეკითხვას - დიახ!

ამ ცხრამეტ წელს კი მრავალი ცხრამეტი მოჰყვება. ისევ უამრავი შეცდომითა და გაკვეთილით. როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა? რა ძალები იქნებიან ხელისუფლებაში? რას ავირჩევთ? მეტ თავისუფლებასა და სახელმწიფოს ჩაურევლობას პირად ცხოვრებაში, თუ რეგულაციებსა და შეზღუდვებს? სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს თუ თავისუფალ ბაზარს? ფედერაციას თუ უნიტარულ სახელმწიფოს? დემოკრატიას თუ „თეოდემოკრატიას“? იქნებ მაინც მონარქიას ან კიდევ რამე სხვას? თავისუფლებას თუ ცენზურას? მართალია ამჯერად არა კომუნისტურს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს... რას მოგვიტანს ათი გამოცდა ან ეკონომიკური თავისუფლების აქტი? გვარგებს კი რამეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა?

კიდევ ათას ასეთ წვრილმან თუ მსხვილმან კითხვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა.

ზოგიერთ მათგანს ისეთივე საბედისწერო მნიშვნელობა ექნება თავისუფლებისთვის, როგორც 19 წლის წინანდელ „დიახ“-ს.

19 დამოუკიდებლობის 19 წელი

▲ზევით დაბრუნება


ფოტო ესე

0x01 graphic

1992 წელი. სოხუმი, საქართველო
ყველა ფოტო: გოგი ცაგარელი

0x01 graphic

0x01 graphic

20 მულტიკულტურალიზმი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ახალი დღის დღესასწაული

21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მარნეულში ვიზიტისას, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის ეროვნული დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი საერთო-სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა. „თქვენთან ერთად ზეიმობს მთელი საქართველო, რადგან თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ყველანი ერთად ვიბრძოლებთ უკეთესი მომავლისთვის და ვიზეიმებთ, თუ ეს საჭირო იქნება. დღევანდელი დღიდან ეს არის საერთო ქართული, ეროვნული დღესასწაული“.

პრეზიდენტის პრესცენტრში ჯერ ვერ ამბობენ, იქნება თუ არა ახალი დღესასწაული უქმე დღე. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება, რა ფორმით აღნიშნავს სახელმწიფო ნოვრუზობას. ამასობაში კი პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, უკვე განაცხადა, რომ შესაძლოა, ნოვრუზობის მსგავსად, „სახალხო დღესასწაულის სახე მიიღოს საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფების დღესასწაულებმაც“.

საქართველოში აზერბაიჯანელები უდიდესი ეთნიკური უმცირესობაა. მათი ოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 6.5%25-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.7%25-ით აღემატება სომეხთა წილს. ასე რომ, ნოვრუზობის სახელმწიფო დღესასწაულის რანგში აყვანის შემთხვევაში, გამართლებული იქნება მსგავსი სტატუსი სომეხთა ერთ-ერთ დღესასწაულსაც მიენიჭოს. მაგრამ მანჯგალაძის განცხადებაში „სხვა“ ეთნიკური ჯგუფები მრავლობით რიცხვში იყო ნახსენები. ჩნდება შეკითხვა - რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის უმცირესობა, რომ სახელმწიფომ მისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული აღიაროს.

მიუხედავად იმისა, თუ რა პრინციპით შევარჩევთ უმნიშვნელოვანეს უმცირესობებს, აქტუალური რჩება კიდევ ერთი საკითხი - რამდენად გამართლებულია მთელმა საზოგადოებამ აღნიშნოს ისეთი დღესასწაული, რომელიც მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის არის ტრადიციული. ძნელი წარმოსადგენია ქართველებმა ან სომხებმა მათი კულტურისთვის სრულიად უცხო ნოვრუზობა ნებაყოფლობით გაითავისონ. ამავე მოსაზრებებით, სადავო ხდება აზერბაიჯანელებისთვის მათთვის უცხო ქრისტიანული დღესასწაულების უქმე დღეებად დაწესება.

იურისტი გიორგი ფარადანიშვილი განმარტავს, რომ შრომის კოდექსი ნებისმიერ პირს აძლევს საშუალებას საკონტრაქტო ხელშეკრულებაში ჩაანაცვლოს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დღესასწაულები თავისთვის სასურველი დღეებით. ფორმალურად სახელმწიფო მხოლოდ უქმე დღეების რაოდენობას აწესებს. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ საკითხში არაინფორმირებულია - უქმე დღეების თარიღები აღიქმება, როგორც საყოველთაო და სავალდებულო, რაც პრაქტიკაზეც აისახება.

0x01 graphic

მიხეილ სააკაშვილი ესალმება აზერბაიჯანულ დიასპორას. მარნეული
ფოტო: REUTERS ©

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და „ახალ დღეს“ ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება. ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი - ახალ წელს.

2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი „ნოვრუზის საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას. საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებისთვის ზეიმს ტრადიციული დატვირთვა აქვს, რომელიც კავშირში არ არის მუსლიმურ რელიგიასთან. თბილისის ჯუმა მეჩეთის მოლა ვაგიფი განმარტავს, რომ 21 მარტს ყველა აზერბაიჯანელის ოჯახში იშლება სუფრა, ისმის მხიარული მუსიკა, მზადდება სხვადასხვა სახის ნუგბარი და ადამიანები ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავენ. თუ დღესასწაულზე მოხვდებით, შეეცადეთ, არ იყოთ მოწყენილი: ამ დღეს სევდა ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელებისთვის ცოდვას უდრის, მხიარულება და მოწყალების გაღება კი, ჰალალია!

21 შეთქმულების თეორია

▲ზევით დაბრუნება


გიგა ზედანია|სვეტი

0x01 graphic

იმალება თუ არა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიღმა იდუმალი ძლები, რომელთა შესახებაც ხალხმა არაფერი იცის? მოქმედებენ თუ არა საქართველოში კრემლის აგენტები? არსებობს თუ არა მასონთა შეთქმულება? ხომ არ არის ეს ყოველივე ავადმყოფი გონების ნაყოფი? მოდით, ვცადოთ და ნელ-ნელა გავერკვთ.

დავიწყოთ სამი ციტატით:

„თუ პარანოია გაქვთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ არ გითვალთვალებენ“.

ციტატის წყარო არაა ნათელი; მისი ავტორი ან დიდი ამერიკელი რეჟისორი ვუდი ალენია, ან არანეკლებ დიდი დიპლომატი ჰენრი კისინჯერი.

ფრაზა ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშუც ჩვენი პოლიტიკური ელიტა აგერ, უკვე ოც წელზე მეტია ხვდება, როდესაც რუსეთის ფარულ გავლენაზე იწყებს საუბარს. სწორედ „სუკის აგენტისა“ და „კრემლის ხელის“ ძალის გამო შერაცხეს შეშლილად პირველი პრეზიდენტი. მაგრამ განა სუკის აგენტები და კრემლის ხელები ამ ოცი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში საკმარისზე ხშირად არ დაფათურობდნენ?

პრობლემა ისაა, რომ თუ შეთქმულების თეორია სადმე მუშაობს, მუშაობს რუსეთში. რუსეთის პოლიტიკას სწამს შეთქმულებისა და ამზადებს შეთქმულებებს, ხოლო საზოგადოებრივი ელიტები იზიარებენ როგორც თავდაცვით, ისე თავდასხმით, ნიკიტა მიხალკოვის ფილმებით დაწყებული და ტრეტიაკოვის ინტელექტუალური ტოქშოუების დამთავრებული. ამაზე მეტყველებს პუტინის ქცევაც 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ის არარსებულ ამერიკელ ჯარისკაცებს ეძებდა ქართულ მხარეზე.

ძალიან ცუდია, როცა პარანოია გჭირს, ძალიან ცუდია,როცა გითვალთვალებენ, და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც პარანოიკი გითვალთვალებს.

„პათოლოგიურია იმ ქმრის ეჭვიანობაც კი, რომელსაც ცოლი მართლა ღალატობს“.

ამ ციტატის ავტორი დიდი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი ჟან ლაკანია. განა ის იმასვე არ ამბობს, რასაც პირველი ციტატა? - იკითხავს ეჭვიანი მკითხველი. და სულ ტყუილად,ხომ გავიგეთ, რომ ეჭვიანობა პათოლოგიაა, ამიტომ ნდობით აღვიჭურვოთ და გავაცნობიეროთ, რასაც ფსიქოანალიზი გვასწავლის: მიუხედავად იმისა, რამდენად გამართლებულია პათოლოგიური გრძნობები, ისინი მაინც პათოლოგიურია. რამდენი კრემლის აგენტციც უნდა გყავდეს ქვეყანაში, მათზე ფიქრი უკვე აჩენს არაჯანსაღ ატმოსფეროს, გამსჭვალულს ეჭვებით, უნდობლობითა და შიშით.

0x01 graphic

ხანდახან სიგარა, მხოლოდ სიგარაა. ზიგმუნდ ფროიდი.

ეს ჩიხია, საიდანაც ადვილი გამოსავალი, სამწუხაროდ, არ არსებობს.

„როცა პოლიტიკური მოვლენის ახსნას ცდილობ, ყოველთვის სისულელე და არაკომპეტენტურობა ამჯობინე შეთქმულებას“.

ეს ციტატა ეკუთვნის ბრწყინვალე ამერიკელ პოლიტიკურ კომენტატორს ჩარლზ კრაუტჰამერს.

კრაუტჰამერი ამას ერიკულ მთავრობაზე ამბობს, ჩვენ კი არ გვაწყენდა მისი რჩევის გათვალისწინება საკუთარი მთავრობის ქცევის ანალიზისას. მთავრობა ზოგან უკეთესია, ზოგან - უარესი, მაგრამ სიულელეების ჩადენას ყოველი მათგანი უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე შეთქმულების გადეგმვა-განხორციელებას.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ სამ ციტატას ტყუილად დავუწყებთ ძებნას აკაკი გელოვანის მიერ 1989 წელს გამოცემულ „სიბრძნის სიმფონიაში“, სადაც, წესებით, მსოფლიო ხალხების აფორიზმები და ხატოვანი თქმები უნდა იყოს თავმოყრილი. შემთხვევითობაა ეს თუ ბოროტი ჩანაფიქრი? ამას მომდევნო სტატიებში გავარკვევთ.

22 ქალები პოლიტიკაში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ქართველ ქალებს პარლამენტში მხოლოდ 7 დეპუტატი წარმოადგენს

„იქ დღეს არამცთუ ვისმე ეხამუშება, რომ მოხელეთა და ქვეყნის საქმეთა გამგებელთა საარჩევნოდ მამაკაცებთან ერთად დედათაც კენჭი იქონიონ, არამედ თითონ დედანიცკი რომ ამორჩეულ იქმნან თუნდ რესპუბლიკის პრეზიდენტადაც, არავინ გაიკვირვებს და იოცებს...“. იქ და დღეს XIX საუკუნის ამერიკის ერთერთი შტატია, ეს კი ილიას სიტყვებია, წერილიდან „დედათა საქმე“. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად მანდილოსანი დღემდე არ აურჩევიათ, საქართველომ კი, ორჯერ იხილა პირველ პირად ქალი, თუმცა მხოლოდ საგანგებო ვითარებაში.

ნინო ბურჯანაძე არ არის ერთადერთი ქალი ლიდერი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. ახლო წარსულში პრემიერობის კანდიდატი იყო საქართველოს გზის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი. საფრანგეთში გადახვეწილი თავდაცვის მინისტრის პარტიას დიდხანს ხელმძღვანელობდა ადვოკატი ეკა ბესელია. თუმცა, თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, საქართველოში სქესობრივი დისბალანსი მაინც ბევრად დიდია, ვიდრე ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებში. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ქალების რაოდენობა პარლამენტსა და სხვა არჩევით ორგანოებში, რადგანაც მათი შემადგენლობა მოსახლეობის ნებას ასახავს.

0x01 graphic

დღესდღეობით, დეპუტატი ქალების რაოდენობით, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიც კი გვისწრებენ.

შეერთებულ შტატებში პარლამენტარი ქალების წილი 17%25-ია, მის ღარიბ მეზობელ მექსიკაში კი 28%25. ეკონომიკური ლიბერალიზმით გამორჩეულ სინგაპურსა და გაერთიანებულ ემირატებში მანდილოსანი ყოველი მეოთხე დეპუტატია. მაჩვენებელი 40%25-ზე მაღალია პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მისაბაძ ფინეთსა და პირველი ლედის მშობლიურ ნიდერლანდებში. თუმცა, მექსიკასა და ნიდერლანდებში საარჩევნო სიებზე კვოტების პრინციპი ვრცელდება - პარტიები ვალდებულნი არიან ადგილების გარკვეული რაოდენობა ქალებს დაუთმონ.

საქართველოში არსებობს პარტიები, სადაც წევრთა უმრავლესობა მანდილოსანია. თუმცა, როგორც კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი აღნიშნავს, ეს ძალაუფლების განაწილებაზე არ აისახება. „არჩევნების მოახლოებისას აღმოჩნდება ხოლმე, რომ ქალები კარდაკარ კაკუნით, მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზებით არიან დაკავებულნი, სიაში კი არ არიან წარმოდგენილნი - ამბობს ციხისთავი.

არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი გამოსავალს ზემოხსენებული კვოტების შემოღებაში ხედავს. ასეთი გამოცდილება უკვე რამდენიმე ათეულ ქვეყანას აქვს. ამ გზის მომხრეთა შორისაა ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრი. „ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობის 53 პროცენტის უფლებები რეალიზებული და დაცული იყოს“, - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანა მჟავანაძე. მისი აზრით, სხვა შემთხვევაში თანასწორობა ვერ მიიღწევა, რადგან სქესები განსხვავებულ სასტარტო პირობებში იმყოფებიან. სწორედ ამის გამო, ქალთა და კაცთა თანასწორობა კანონის წინაშე საკმარისი არ არის. ცენტრის დირექტორი, ლიკა ნადარაია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არაერთი საგანგებო ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ ქალებმა პოლიტიკაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრონ. მაგალითად, პარტიებს უნდა ეკრძალებოდეთ საარჩევნო რეგისტრაცია, თუ მათ რიგებში გენდერული ბალანსი არ არის.

ზემოხსენებულ მეთოდებს პოზიტიურ დისკრიმინაციად მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა ნადარაია კორექციულ ზომებს უწოდებს. ის განმარტავს, რომ დისკრიმინაცია ნეგატიური ელფერის სიტყვაა, კორექცია კი სავსებით შეესაბამება მიდგომას, რომელიც წარსული უსამართლობის შედეგების აღმოფხვრას გულისხმობს.

0x01 graphic

დემოკრატიულ სახელმწიფოებში ქალთა პოზიტიურ დისკრიმინაციაზე დებატები დღემდე მიმდინარეობს. აშშ-სგან განსხვავებით, ევროპის არაერთ ქვეყანაში კვოტური სისტემა პოლიტიკურ სისტემებში უკვე საფუძვლიანად დამკვიდრდა. ციხისთავი მართალია მიესალმება მანდილოსნების გააქტიურებას, მაგრამ კვოტური სისტემის წინააღმდეგია. მისი აზრით, მსგავსი მიდგომა შეურაცხმყოფელია. პოზიტიური დისკრიმინაცია ერთგვარი მინიშნებაა, რომ თანასწორ ბრძოლაში ქალი განწირულია მეორეხარისხოვანი როლისთვის; ამით ქალს ეპყრობიან, როგორც არასრულფასოვან არსებას, რომელსაც ხელი უნდა გაუწოდო და დაეხმარო, რათა გაგითანაბრდეს.

გარდა იმისა, რომ კვოტირებას ბევრი ღირსების შემლახველად მიიჩნევს, არსებობს მოსაზრება, რომ ამგვარი პოლიტიკა არაპრაგმატული და წაგებიანია. ნებისმიერი დაწესებულება, მათ შორის საჯაროც, დაინტერესებულია ადამიანური რესურსები ნიჭისა და პოტენციალის მიხედვით გადაანაწილოს. ჩნდება კითხვა - რამდენად გამართლებულია აიძულო ორგანიზაცია, ფორმალური გენდერული ბალანსი კვალიფიკაციაზე მაღლა დააყენოს.

2003 წელს კვოტების შემოღების ინიციატივა საქართველოს პარლამენტში განიხილებოდა. მაშინ კანონპროექტი ჩავარდა - დეპუტატების უმრავლესობა პოზიტიური დისკრიმინაციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი აღმოჩნდა. მას შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დამდგარა. წელს დეპუტატმა რუსუდან კერვალიშვილმა დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“. კანონპროექტი ძირითადად ანტიდისკრიმინაციული ხასიათისაა და მისი განხილვა გვიან გაზაფხულზე იგეგმება.

თუ უფრო შორეულ წარსულს გავიხსენებთ, დღევანდელი უთანასწორობა შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს. ილიას ციტატიდანაც ჩანს, რომ მე-19 საუკუნეში ქალები საარჩევნო ხმის უფლებისთვის იბრძოდნენ. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ადრე, 1893 წელს, ბრძოლამ შედეგი ევროპისგან შორს, ახალ ზელანდიაში გამოიღო. ახალი ზელანდია ერთადერთ გამონაკლისად მეოცე საუკუნემდე დარჩა. შემდეგ წარმატებას ქალებმა 1902-ში მიაღწიეს მეორე ინგლისურენოვან ქვეყანაში, ავსტრალიაში. თუმცა, იქ კიდევ ექვსი ათწლეული უუფლებოდ რჩებოდა ეთნიკური უმცირესობა - ავსტრალიელი აბორიგენები. ევროპელმა ქალებმა ხმის უფლება პირველად 1906 წელს ფინეთში მოიპოვეს.

რუსეთის იმპერიის დაშლამდე სქესობრივი თანასწორობის ფლაგმანთა სია აღარ გაფართოებულა. საქართველო სიას 1918-ში, პირველი რესპუბლიკის დაარსების შემდეგ შეუერთდა. იმავე პერიოდში სუსტი სქესი ხმის ღირსად მიიჩნიეს კომუნისტურ რუსეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, კანადასა და ამერიკის დარჩენილ შტატებში. ალპურ სამოთხეში - შვეიცარიაში - მანდილოსნები ამომრჩეველთა სიების მიღმა სამოცდაათიან წლებამდე რჩებოდნენ. უმდიდრეს არაბულ ქვეყნებში კი ოცდამეერთე საუკუნესაც უუფლებონი შეხვდნენ.

23 ჟამი ჭეშმარიტებისა, ანუ იავ-ნანკა, ვარდო-ნანკა

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ ლადარია|სვეტი

0x01 graphic

XIX საუკუნის ინგლისელი მოაზროვნე ჯონ სტიუარტ მილი წერდა, რომ შეუძლებელია დიდი მიზნების განხორციელება პატარა ადამიანების მეშვეობით. ვისაც ამ სიტყვებში ეჭვი ეპარება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის საყურებლად ვიწვევ. ჩვენ კი ტელეკომპანია იმედის ეთერი ჩავრთოთ...

აქ კვირაში ერთხელ, საღამოობით, გადის თიბისი-სტუდიოს მიერ მომზადებული გადაცემა „სიმართლის დრო“. გადაცემის წამყვანი ჯერ შალვა რამიშვილი იყო, მაგრამ მერე გამოცვალეს.

გამოცვლის მიზეზი, როგორც ამბობენ, იყო შეკითხვა: „გიოცნებიათ თუ არა ქალბატონ X-თან სექსზე?“ ქალბატონი X-ის ვინაობას არ გავამხელთ: ჯერ ერთი, ყველამ იცის, მეორეც, ვაითუ ჩვენც გამოგვცვალონ. არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ვერსია, მაგრამ შალვა რამიშვილმა სწორედ ამ შეკითხვის შემდეგ დატოვა გადაცემა.

იგი შეცვალა... აქ კი წავიფორხილე... რა დავწერო? ნანკა თავისთავად სახელია, თუ „ნანას“ რუსული კნინობითი ფორმა? რა გაეწყობა, დროის მოსაგებად მეც საერთო გუნდს შევუერთდები: შალვა რამიშვილი შეცვალა ნანკა კალატოზიშვილმა. აქ კი შევისვენოთ და თეორიას მივუბრუნდეთ...

რისთვის არსებობს გადაცემა „სიმართლის დრო“? უპირველესი მიზანი ხალხის გართობაა. არაფერი არ ართობს ადამიანებს ისე, როგორც სხვისი საიდუმლოებები. მაგრამ ეს არ კმარა. საჭიროა წინსვლის რაიმე პერსპექტივა, თავისუფლების ხარისხის ზრდა. ეს კი ვერ მიიღწევა მარტოოდენ გავრცელებული ჭორების დადასტურებით.

როგორ მოქმედებს „სიცრუის დეტექტორი“ ანუ „პოლიგრაფი”? - ვინმეს უსვამენ შეკითხვას: „ნარკოტიკი თუ გაგისინჯავთ?“. საზოგადოების ჯგუფმა, რომელსაც ხან „მთელ თბილისად“ მოიხსენიებენ, ხანაც „მთელ საქართველოდ“, იცის, რომ ეს ვინმე ნარკომანია. მისი დადებითი პასუხის შემთხვევაში ყველა იღებს გავრცელებული ჭორის დადასტურებას. თანაც ახლა უკვე მცოდნეთა შორის აღმოჩნდებიან ისინიც, ადრე რომ „მთელი თბილისის“ ან „მთელი საქართველოს“ ფარგლებში ვერ მოხვდნენ.

0x01 graphic

ნანკა კალატოზიშვილი

ისტორიული მდაბიოები იძულებით იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ; თბილისელი „სვეტები” კი ნებაყოფლობით არიან ასეთები.

ამას დავარქვათ გადაცემის ექსტენსიური მხარე - მარტივად, ეს ნიშნავს, რომ ცოდნა მხოლოდ ფართოვდება, მაგრამ არ ღრმავდება.

მაგრამ არის ინტენსიური მხარეც, ანუ ისეთი, როცა ცოდნა არა მარტო ფართოვდება, არამედ ღრმავდება კიდეც, ესე იგი, შემოაქვს ჩვენს ცნობიერებაში რაღაც ახალი. ეს სიახლე შეიძლება მწვავედ შეეჯახოს იმას, რაც მანამდე ვიცოდით, გამოიწვიოს შინაგანი კრიზისი და გვიჩვენოს, რომ ცხოვრება ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე მანამდე გვეგონა.

ამ შემთხვევაში პოლიგრაფით შემოწმება უნდა გაიარონ ადამიანებმა, რომელთათვის საზოგადოებას ჯერაც ვერ გამოუნახავს ადგილი, ან რომელთა ადგილი უკვე წარსულს ბარდება.

„მე ჰომოსექსუალი ვარ“, „ორმოცი წლის წინათ მე ვთანამშრომლობდი საბჭოთა უშიშროებასთან“ - აცხადებენ ადამიანები, რომელთაც ისეთი ახლო მან ძილიდან ვხედავთ, რომ უკვე ძნელად თუ ვესვრით ტალახს, რადგან იმის შემჩნევაც მოვახერხეთ, რომ მათ უამრავი დადებითი და მიმზიდველი თვისებაც აქვთ, რომ მათ შეიძლება ენდო კიდეც.

ამგვარად, რეალობის მოულოდნელ მხარეებთან შეხვედრისას ნელ-ნელა იბადება ახალი ღირებულება.

მაგრამ რას ვიღებთ სინამდვილეში?

დავიწყოთ კონკრეტული მაგალითით. „ოდესმე გიგრძვნიათ სირცხვილი, რომ სომეხი ხართ?“ - ეკითხება წამყვანი რესპონდენტს და ამის შემდეგ არაფერი იცვლება, ყველა მშვიდად ყლაპავს მომხდარს. მეორე გადაცემაში კვლავ მას ვხედავთ. გამოდის, რომ ერთ ცნობილ ადამიანზე გადაკრულად ნათქვამი სიტყვა (რასაც შალვა რამიშვილი შეეწირა, თითქოს მისი მოგონილი ყოფილიყო ეს შეკითხვა) ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ასეულობით ათასი სომეხი მოქალაქის პირდაპირი შეურაცხყოფა. ესეც თქვენი ინტენსიური მხარე! - რა მოულოდნელი ყოფილა რეალობა!

რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, მთელი რისხვა მხოლოდ ამ გრძელფეხება ნერვულ გოგონას დავატეხოთ თავზე: მთავარი პასუხისმგებლობა თიბისი-სტუდიოს“ კოლექტივს ეკუთვნის. მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა წამყვანი...

ეს არის კონფორმიზმის თვალსაჩინო ნიმუში. სიტყვა „კონფორმიზმი“ ორი ნაწილისგან შედგება: „კონ“ (თანხვედრა, თანხმობა) და „ფორმა“. ზუსტად ასე, ყოველ ახალ რესპონდენტთან შეხვედრისას ნანკა ირჩევს ჯგუფს, რომელთან სიახლოვეს გამოხატავს. რა ჯგუფია ეს?

ერთმა მცოდნე კაცმა მითხრა, რომ თუ ყველა ქვეყანაში მცირეწლოვანთა დამნაშავეობის დონე უფრო მაღალია ღარიბ უბნებში, თბილისში პირიქით არის. რატომ? - როგორც ეტყობა, იმიტომ, რომ სწორედ თბილისში „მდიდარ“ უბნებში მცხოვრებთა შორის არის გავრცელებული სოციალური ჩაკეტილობა, გარეშეთა მიმართ აგრესია, ზნეობრივი სიხისტე და მსგავს თვისებათა კომპლექსი, რომელიც ძველთაგანვე აღინიშნებოდა სიტყვით „მდაბიო“. განსხვავება მხოლოდ ერთია: ისტორიული მდაბიოები იძულებით იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ; თბილისელი „სვეტები“ კი ნებაყოფლობით არიან ასეთები.

აბა, როგორ ავხსნათ ნანკას თავხედური შემოტევები და ფიანდაზად გაგებები? „პირად ჰიგიენას თუ იცავთ?“ - თეა თუთბერიძეს. „არ მახსოვდა თქვენი ვიზუალური მხარე“ (ესე იგი, ასეთი ლამაზი თუ იყავიო) - დოდო გუგეშაშვილს. ორივე კითხვა თვითონ დასვა: პირველი მდაბიოს უტაქტობაა, მეორე კი ასეთივე მდაბიოს ცხოველური შიში იმის წინაშე, ვინც მასზე ძლიერად მიაჩნია.

ეგრეა, ჩვენ არათუ დიდ მიზნებს ვეპოტინებით პატარა ადამიანებით, არამედ პატარა მიზნებისთვისაც მხოლოდ მიკროსკოპულ ადამიანებს ვპოულობთ.

24 ჩილეს მიწისძვრა და დედამიწის ღერძი

▲ზევით დაბრუნება


მაია თოდუა|სვეტი

0x01 graphic

27 თებერვალს, ჩილეში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 8.8 ბალი შეადგინა. აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტოს (NASA) მკვლევარმა რიჩარდ გროსმა გამოთვალა მიწისძვრის შედეგები. გამოთვლებისას გროსი ეყრდნობოდა დღეისათვის არსებულ ყველაზე ზუსტ მოდელებს დედამიწის ბრუნვის აღსაწერად. დადგინდა, რომ დედამიწის ღერძი გადაიხარა 75 მემილიარდედი გრადუსით, ანუ, პოლუსის მახლობლად ღერძი 8 სანტიმეტრით გადაადგილდა. გაჩნდა ვერსია, რომ ამან შეიძლება კლიმატის ცვლილება გამოიწვიოს.

0x01 graphic

საქმე იმაშია, რომ ღერძის გადახრის დროს იცვლება მზისკენ „მიშვერილი“ უბანი და შესაბამისად, ინაცვლებს კლიმატური ზონები. მაგალითად, სუბტროპიკულმა ზონამ შეიძლება ოდნავ პოლუსების მხარეს წაინაცვლოს, ან პირიქით - ეკვატორის მხარეს.

დედამიწის ღერძის მიმართულებისა და დახრილობის ცვლა პირველად არ ხდება. დედამიწა არ არის იდეალური სფერო, იგი შებრტყელებულია პოლუსებთან, ამიტომ მთვარე და მზე განსხვავებულად მიიზიდავენ მის სხვადასხვა უბნებს, რის შედეგადაც ხდება ე.წ. პრეცესია. ეს მოვლენა ჯერ კიდევ ძვ.წ. II საუკუნეში აღმოაჩინეს ძველმა ბერძნებმა. პრეცესია პერიოდული მოვლენაა: თუ კოსმოსში მოვნიშნავთ ერთ ფიქსირებულ წერტილს, პირობითად „შორეულ ვარსკვლავს“, 26 ათას წელიწადში, დედამიწის ღერძი მის მიმართ წრიულ მოძრაობას შეასრულებს.

0x01 graphic

შორეული ვარსკვლავის მიმართ დედამიწის ღერძისა და ორბიტის რხევას, ანუ ნუტაციას, რამდენიმე მოვლენის ერთობლიობა იწვევს. მათ შორისაა: პლანეტების მიზიდულობა; დედამიწის არაერთგვაროვანი შემადგენლობა (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უფრო მეტია ხმელეთი, სამხრეთში კი - წყალი); მიწისძვრების დროს ნივთიერებათა გადანაცვლება და ა.შ. თითოეული მათგანის წვლილი დედამიწის ღერძის რხევაზე - განსხვავებულია.

ჩილეს მიწისძვრის შემდეგ, ღერძის მიმართულებასთან ერთად, შეიცვალა დედამიწის ფორმა და ბრუნვის სიჩქარე. შემცირდა შებრტყელება პოლუსებთან, შემცირდა დღე-ღამის ხანგრძლივობა 1.26 მემილიონედი წამით. უნდა აღინიშნოს, რომ NASA-ს მეცნიერების ეს თეორიული გათვლები ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელია. დაკვირვების საბოლოო შედეგს ისინი რამდენიმე თვეში ელიან.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოვლენის გავლენა მსოფლიო კლიმატზე უმნიშვნელოა, შედარებით ყინულის დნობით გამოწვეულ ცვლილებებთან, რომელიც 11 ათასი წელია მიმდინარეობს. დნობა იწვევს დედამიწის წონასწორობის ცენტრის ცვლას და ღერძის „მოგზაურობას“ წელიწადში დაახლოებით 10 სანტიმეტრით.

კლიმატი ყოველთვის განიცდიდა პერიოდულ ცვლილებებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. მაგალითად, ცნობილია კლიმატური ცვლილებები შუა საუკუნეებში, მცირე გამყინვარებისა (XVI-XIX ს.) და მცირე დათბობის (X-XIII ს.) სახელწოდებებით. ცვლილებები დადასტურებულია გეოლოგიური მონაცემებითაც: ყინულისა და ქანების ნიმუშებით, ხეების რგოლებით, რომლებზეც ასახულია ტემპერატურული ცვლილებები. დანალექ ქანებზეც კარგად ჩანს სხვადასხვა ფენების მონაცვლეობა, რომელიც, გეოლოგიური მონაცემებით, დაახლოებით 100 000 წლით თარიღდება. ითვლება, რომ ის დედამიწაზე გამყინვარებისა და დათბობის პერიოდული მონაცვლეობის შედეგია.

სერბი მათემატიკოსის მილუტინ მილანკოვიჩის თეორიის თანახმად, გრძელვადიან პერსპექტივაში კლიმატის პერიოდულ ცვლას განაპირობებს სამი ციკლური მოვლენა: დედამიწის ორბიტის მიმართ ღერძის დახრის ცვალებადობა, ორბიტის ექსცენტრისიტეტის (ოვალურობა) ცვალებადობა და პრეცესია.

ბრუნვის ღერძის დახრილობა 41 ათას წელიწადში ერთხელ იცვლება დაახლოებით 22°-დან 24°-მდე, რაც დედამიწის ზედაპირზე დაახლოებით 220 კმ-იან მონაკვეთს შეესაბამება. მიწისძვრით გამოწვეული 8სმ-იანი გადანაცვლება ამ „გეგმიურ მოგზაურობასთან“ მართლაც უმნიშვნელოდ გამოიყურება. გარდა ამისა, 100 ათას წელიწადში ერთხელ, ციკლურად იცვლება დედამიწის ორბიტის ოვალურობაც - ის ხან ოდნავ უფრო გაწელილია, ხანაც წრიულთან მიახლოვებული.

არსებული მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ მიწისძვრებს არ შეუძლიათ გამოიწვიონ დედამიწის ბრუნვის ღერძის იმგვარი გადახრა, რომელიც კლიმატს შესამჩნევად შეცვლიდა.

25 მსოფლიო 3D ტელევიზიის გამოჩენას ელის

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ტექნოლოგიები

0x01 graphic

კარლ ცაისის 3D სათვალე
ფოტო: REUTERS ©

ყველასათვის ნაცნობი ტელეგამოსახულება, რომელიც ეკრანებიდან მილიონობით ადამიანს შესცქერის, მალე სიღრმესაც შეიძენს და ჩვეულებრივი, ბრტყელი სურათის ნაცვლად, სამგანზომილებიანი ფორმით მოგვევლინება. ის, რისი განცდაც მხოლოდ სპეციალურ კინოთეატრებში შეიძლებოდა, საშინაო პირობებშიც ხელმისაწვდომი გახდება. ოსკაროსან ავატარში გამოყენებული ტექნოლოგია ტელეეკრანებზე გადაინაცვლებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავენ უახლოეს მომავალს ჰოლივუდის სტუდიებში.

ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა ელექტროტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ - ვიზიომ - უკვე განაცხადა ახალი პროდუქტის, სამგანზომილებიანი (3D) ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორის შესახებ. ტელევიზორს 47 დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი ექნება და 2000 აშშ დოლარი ეღირება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მოგება, 3D ტექნოლოგიების გაყიდვიდან, 2018 წლისთვის 17 მილიარდ დოლარს შეადგენს. სამგანზომილებიანობის ეფექტის აღსაქმელად, ახალი თაობის ტელევიზორის გარდა, სპეციალური სათვალე იქნება საჭირო, რომლის ფასიც 50$-ს აღწევს. ცხადია, ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი სათვალე დასჭირდება.

კინომწარმოებელმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ახალი ტენდენციისთვის ფეხის აწყობა. დრიმვორქ ფიქჩერზი, რომელსაც ანიმაციური ფილმები „შრეკი“ და „მადაგასკარი“ ეკუთვნის, უკვე გეგმავს მთელი პროდუქცია როგორც ჩვეულებრივ, ისე სამგანზომილებიან ფორმატშიც გამოუშვას.

დისქავერი, აიმექსი და სონი სადღეღამისო მაუწყებლობის მქონე ერთობლივი 3D საკაბელო არხის შექმნას აპირებენ. არხი, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლოსთვის გავა ეთერში და მაყურებელს ძირითადად სამეცნიერო და საბუნებისმეტყველო ფილმებს შესთავაზებს. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც მხატვრული სამგანზომილებიანი ფილმების რაოდენობა იმატებს, სამაუწყებლო ფორმატიც შეიცვლება. სპორტული არხი ESPN 3D მაუწყებლობის 11 ივლისისთვის დაწყებასა და ამ ფორმატში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას გეგმავს.

3D გადაცემების ტრანსლირებისთვის ახალი საკაბელო სამაუწყებლო პაკეტები იქნება საჭირო. საკაბელო ოპერატორ აიეტიში აცხადებენ, რომ ტექნოლოგიის ინოვაციურობიდან გამომდინარე, ასეთი მაუწყებლობა დიდ ხარჯებს უკავშირდება; შესაბამისად, ქართული საკაბელო ოპერატორები 3D ტექნოლოგიების დანერგვას არ იჩქარებენ.

ტექნოლოგიის ღირებულებისა და სიახლის მიუხედავად, ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ 2014 წლისთვის 3D ტელევიზორების ხვედრითი წილი, მსოფლიო მასშტაბით, 45%25-ს შეადგენს. ისეთი მწარმოებლები, როგორებიცაა სამსუნგი, სონი და პანასონიკი მომხმარებელს ჰპირდებიან, რომ 3D ტელევიზორის ფასები არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც, მაგალითად, ბლუ რეი ტექნოლოგიის მქონე მაღალი გარჩევადობის ვიდეოტექნიკისა.

ასეა თუ ისე, მომავალი სამგანზომილებიან ტელევიზიას ალბათ მართლაც აქვს, რადგან, როგორც 3D სათვალეების მწარმოებელი კომპანია ექსფენდის ხელმძღვანელი მარია კოსტეირა აღნიშნავს, „ცხოვრება სამგანზომილებიანია“.

26 ზოსიმეს ტკივილი (საუბარი პირველი)

▲ზევით დაბრუნება


ლაშა ბუღაძე|სვეტი

0x01 graphic

რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები? რა აუცილებელია წიგნების კითხვა? სკოლის მასწავლებელი გეტყვით, რომ თუკი არ წაიკითხავთ, ცუდ ნიშნებს მიიღებთ. ბებია გეტყვით, რომ თუკი არ წაიკითხავთ, მეზობელი X-ვით სულელი იქნებით. მე კი გეტყვით, რომ თუკი არ წაიკითხავთ, სხვა ყველა უბედურებასთან ერთად, აზრების გადმოცემას ვერ შეძლებთ მშობლიურ ენაზე. თავში რაღაც იდეა გაგიჩნდებათ, პირს დააღებთ მის გადმოცსაცემად და ჰოპ! - ნურას უკაცრავად - სამწუხაროდ, შესაბამისი სიტყვები არ გაგახსენდებათ. ან გაგახსენდებათ მხოლოდ ის, რაც თქვენი მწირი ლექსიკონის ნაწილია. მარტივად: ვინც წიგნებს კითხულობს (ვისაც შეხება აქვს ტექსტთან), მისი ლექსიკური მარაგი ვეებაა, ხოლო ვინც არ კითხულობს (ანუ ვისაც შეხება არ აქვს ტექსტთან) - აუტანლად მცირე.

ამიტომაც ჩნდება უწიგნურთა საუბრებში ამდენი შორისდებული, სიტყვაგაუხსენებლობით გამოწვეული ღმუილი, უთვალავი „ანუები“, „ხო გესმისები“, „ისა რა ქვიები“, „მმ-მმ-ები“, „ეე-ეე-ბი“ და ა. შ. რიგ შემთხვევაში კი სხვებისგან ნასესხებ-ათვისებული ტექსტუალური სტერეოტიპები - ენობრივი მუტანტები. ლინგვისტური სიმახინჯეები. უწიგნური, ძირითადად, ტელესივრციდან ითვისებს ამ ენობრივ სიმახინჯეებს, იმახსოვრებს, თავში იბეჭდავს და მერე თავადაც ავრცელებს ამ ანტიენურ ვირუსს. ყველაზე ხილული გავლენა (მათ შორის, ენობრივი) საქართველოს ხალხზე პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს აქვთ. და ყველაზე მეტ ლინგვომუტანტსაც სწორედ ესენი წარმოქმნიან. ტექსტომონსტრებიც მაშინვე ნორმად იქცევიან ხოლმე და მყარად მკვიდრდებიან უწიგნურთა თავებში. მკითხველი ადამიანი ხომ არასდროს იტყვის ასეთ რამეს: „პოლიციამ დევნა განახორციელა დამნაშავის მიმართ“. ხედავთ, ხომ, რამდენი ზედმეტი სიტყვაა? ნამდვილი ენობრივმონსტრუაზული მუხლუხოა! უწიგნური კი იტყვის! და ამ ლინგვოდრაკონს ინფექციასავით გაავრცელებს გარშემო. ცხადია, ეს ჟურნალისტის მიერ არის ნათქვამი. ენოინფექციის ძირითადი მატარებლები სწორედ ესენი გახლავან.

შეგახსენებთ სხვა „მარგალიტებსაც“: „პრეზიდენტის რეზიდენციიდან ინფორმაციამ გამოჟონა“. როგორ მიყვარს გამოჟონილი ინფორმაცია! ეფექტურად შესრუტვადიცაა, რაც მთავარია. ღირსეულ შხამს შეიცავს, მაგალითად, სხვა ალტერნატივა. ამის ათვისება ნამდვილად ღირს! უკვე მყარი მეტასტაზები აქვს გადგმული პოზიცია - ოპოზიციას. კარგად გავრითმეთ, არა? პოეტების ქვეყანა ვართ, ვერაფერს იტყვი! ამას წინათ მოვისმინე (კვლავაც ენომუტანტი პირმშოს მშობელი ჟურნალისტისგან): მფრინავმა ჰაერში მოასწრო კაპიტულაცია. ანუ ჰაერში დანებდა ვინმეს? ვერ მივხვდი... ესეც კარგია: „გორის საბავშვო ბაღში იძულებით შესახლებულებს სპორტსმენებმა საჩუქარი გაუკეთეს“. ასეთ შედევრს ბეკეტიც კი მოაწერდა ხელს! ან ეს: „ჩამოვარდა თვითმფრინავი (აირბუსი A-380), 5 კაცი მოკვდა, ორი უმსხვერპლოდ დაიკარგა”. ესე იგი, უკვალოდ? რისი თქმა უნდოდა საბრალოს? გვხვდება საბჭოური რიხის მქონე ანტიტექსტებიც. აი, მაგალითად, რა გვითხრა ერთ-ერთმა დეპუტატმა: „ტყიბულში შახტა ამუშავდა - ანუ ახლა გაძლიერდება დასაქმების პრობლემასთან ბრძოლა“. მგონი, გადასარევია, არა? წყალი-წყალი-წყალი. დეპუტატის სიტყვები ნამდვილად წყალში მცხოვრებ ენომუტანტ ამფიბიათა ოჯახს განეკუთვნება. გვხვდება იდიოტურ-აბსტრაქტული წინადადებებიც (ავტორი ისევ და ისევ ჟურნალისტია): „თბილისის რკინიგზის სადგურს გადაიტანენ მოშორებით, შავი ზღვის მიდამოებში“. ალბათ, როგორც უთხრეს, ისე თქვა. რაც მთავარია, ამბავი ხომ გაგვაგებინა!

პოლიტიკოსები და გრამატიკა ცალკე თემაა. ბარბარიზმებზე და ლაპარაკში ინგლისურ სიტყვათა უადგილო ჩათხრაზე კი შემდეგ წერილში დავწერ. როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ: ეს დიდი თემაა.

27 რაში მდგომარეობს ღალატი?

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია|სვეტი

0x01 graphic

როგორი ქმედება ხასიათდება ერის ღალატად? როგორი უნდა იყოს ლიბერალური საზოგადოების რეაქცია მასზე? ზურაბ ნოღაიდელის და ნინო ბურჯანაძის ვიზიტებმა მოსკოვში საჭირო გახადა ამ კითხვებზე პასუხი.

ამ თემის გააქტიურება გვახსენებს ოცი წლის წინანდელ - ეროვნული მოძრაობის და შემდეგ „ეროვნული ხელისუფლების“ - პერიოდებს, როდესაც პრაქტიკულად ყველანაირი ოპოზიციური ქმედება „ერის ღალატად“ ინათლებოდა. ჩემთვის და ბევრი სხვისთვის ეს იყო უპირველესი გამოხატულება იმისა, რამდენად არალიბერალური იყო იმდროინდელი საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი. ზოგი ფიქრობს, რომ დღესაც იმავე აზრთა წყობას ვუბრუნდებით. ნიშნავს ეს, რომ „ეროვნულ ღალატში“ ვინმეს დადანაშაულება, თავად ამ ლექსიკის გამოყენება ავტორიტარული აზროვნების მანიშნებელია? თუ არის შემთხვევები, როდესაც ლიბერალსაც არ ეკრძალება ასეთი სიტყვის გამოთქმა?

ლიბერალური საზოგადოების უპირველესი ნიშანი არის შემწყნარებლობა განსხვავებული აზრისა და ქმედებისადმი. ეს უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე მწვავე საკითხებზეც ვრცელდება. რუსეთი, კლასიკური გაგებით, ჩვენი მტერია (თუ „მტერიც“ არალიბერალური სიტყვაა?). თითქმის ორი წლის წინ, ის ჩვენს მოქალაქეებს ხოცავდა და დღესაც ჩვენი ტერიტორიის ნაწილი აქვს მიტაცებული. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთთან (ან კონკრეტულ რუსებთან) კონტაქტები, მის მიმართ უფრო დამთმობი პოლიტიკისკენ მოწოდებები, ან თქმა იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, სამშობლოს ღალატია?

რა თქმა უნდა, არა. მოსაზრების გამოთქმა არ შეიძლება თავისთავად ღალატი იყოს. ღალატი არის იქ, სადაც არის ერთგულების ვალდებულება და შემდეგ მისი დარღვევა. პოლიტიკურ კონტექსტში ღალატი არის მტრის მხარეზე გადასვლა. მოღალატე რომ გახდე, ჯერ „ჩვენიანი“ უნდა იყო.

ავიღოთ ყველაზე დრამატული მაგალითი. იყვნენ თუ არა საქართველოს მოღალატეები ბატონები იოსებ ჯუღაშვილი და სერგო ორჯონიკიძე? ისინი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ თავისი სამშობლოს - საქართველოს დასაპყრობად, შემდეგ კი ქართული სახელმწიფოს დემონტაჟის პროცესს უხელმძღვანელეს. ჩემი პასუხია: არა. რატომ? იმიტომ რომ ისინი ჩვენიანები არასდროს ყოფილან. საქართველო, როგორც სახელმწიფო, მათთვის არასოდეს წარმოადგენდა ღირებულებას. საქართველოს ერთგულების ფიცი, მათ არასოდეს დაუდიათ. ისინი იყვნენ პროლეტარული ინტერნაციონალისტები. მათი მიზანი იყო პროლეტარიატის დიქტატურის რაც შეიძლება უფრო ფართოდ გავრცელება. დარჩნენ კიდეც ბოლოდმე ამ საქმის ერთგულნი - ამ მხრივ სასაყვედურო არაფერი აქვთ. სტალინი და ორჯონიკიძე იყვნენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს მტრები - მაგრამ ეს უკვე სხვა კატეგორიაა.

მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც ბატონი ზურაბ ნოღაიდელის და ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ქცევაში ქვეყნის ღალატის ნიშნებს ხედავს, ამ სიტყვის მკაცრი აზრით. რატომ? აზრის პროპაგანდა, რომ რუსეთთან საჭიროა კომპრომისი, რომ არსებულ ხელისუფლებას ეს არ შეუძლია და ამიტომ, ეს სხვა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, როგორც ვთვლი, ღალატად ვერ ჩაითვლება. ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან, ეს სრულიად ლეგიტიმური ქმედებაა - ოღონდ ვისურვებდი, რომ ასეთმა პოლიტიკოსმა ზოგად განცხადებებს ცოტა კონკრეტული არგუმენტიც მოაყოლოს: მაგალითად, რუსეთის მიმართ კონკრეტულად რა დათმობები მიაჩნია მისაღებად და შედეგად რა მოგებას ელის.

ღალატი იწყება იქ, სადაც შენი ქმედებები ემსახურება მტრის გეგმებს, მიმართულს შენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ (ცხადია, ორივე აღნიშნული პოლიტიკოსი საქართელოს თავის ქვეყნად თვლის). თანაც ეს ხდება არა უნებლიედ (ვინ იცის, როდის შემოგესხმება წყალი მტრის წისქვილზე, და ვინ განსჯის, რომ ეს მართლაც ასეა?), არამედ შეგნებულად. ასეა ამ შემთხვევაში? მე ვერ ვხედავ, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ ნოღაიდელის და ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტებით: ისინი ვერ ისაუბრებენ ქვეყნის სახელით და არც აქვთ არანაირი შანსი, მოხილვად მომავალში ეს უფლება მოიპოვონ (ანუ ხელისუფლებაში მოვიდნენ). სამაგიეროდ, საკმაოდ კარგად ვხედავ რუსეთის ხელისუფლების (პუტინის) ინტერესს: არსებობს რაციონალური საფუძველი ვიფიქროთ, რომ მას ხელი არ აუღია გეგმაზე, ხელი შეუწყოს არაკონსტიტუციური გზებით საქართველოს კანონიერი ხელისუფლების თავიდან მოიშორებას და მისთვის მეგობრული რეჟიმი დაამყაროს. თუ მას არ უნდა ნოღაიდელის და ბურჯანაძის ამ გეგმისთვის გამოყენება, გაუგებარია, ამხელა ქვეყნის პრემიერი რატომ უნდა ხვდებოდეს პატარა ქვეყნის მარგინალურ ოპოზიციურ ფიგურებს? ასეთი რამის ხელშეწყობა კი სამშობლოს ღალატის ყველა მიღებულ დეფინიციაში ჯდება.

0x01 graphic

ნინო ბურჯანაძე, ვლადიმერ პუტინი. მოსკოვი, 2010
ყველა ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

ზურაბ ნოღაიდელი

სამშობლოს ღალატი კრიმინალურად დასჯადი ქმედებაა. ნიშნავს თუ არა ეს სტატია, რომ ნოღაიდელის და ბურჯანაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას მოვითხოვ ხელისუფლებისგან? არა, და არა მხოლოდ პოლიტიკური მოტივით (ეს ცუდად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე). მტკიცება იმისა, რომ პუტინთან შეხვედრები ქვეყნისთვის საზიანო მიზნების მიღწევას ემსახურება, მაინც ვარაუდს ემყარება. ეს ვარაუდი სრულიად რაციონალურია და სხვა ახსნას ხსენებული პოლიტიკოსების ქმედებას უბრალოდ ვერ ვუძებნი. მაგრამ კრიმინალური ბრალდებისთვის ეს საკმარისი, ჩემი აზრით, არ არის. თუმცა, არსებობს ღალატის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური გაგებაც. ნოღაიდელი და ბურჯანაძე მტრის - რუსეთის თამაშს შეგნებულად თამაშობენ. ჩემთვის ეს სრულიად საკმარისია იმის სათქმელად, რომ მორალურად მათი ქმედება ღალატის ტოლფასია.

28 მესამედ: ათასი და მსოფლიო ჩემპიონატი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 20 მარტს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთის ნაკრები ბრწყინვალედ - 36:8 დაამარცხა და მესამედ მოიგო ევროპის ერთა თასი, ამავდროულად, მესამედ მოიპოვა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება.

ევროპის ერთა თასი 2000 წლიდან თამაშდება, ქართველმა მორაგბეებმა კი, ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირი 2001 და 2008 წლის შემდეგ მესამედ მოიგეს.

რაგბიში მსოფლიო თასის 2011 წლის გათამაშებას ახალი ზელანდია უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები არგენტინის, ინგლისის და შოტლანდიის გუნდებთან ერთად, B ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე რეპეშაჟში (საკვალიფიკაციო ეტაპი) გაირკვევა. ქართველი მორაგბეები პირველ შეხვედრას მსოფლიო თასზე 2011 წლის 14 სექტემბერს შოტლანდიასთან, ქალაქ დუნედინში ჩაატარებენ. ოთხი დღის შემდეგ, ქალაქ ქრისჩერჩში, ჩვენი მეტოქე, თასის 2003 წლის გამარჯვებული და წინა გათამაშების ფინალისტი ინგლისის ნაკრები იქნება. 28 სექტემბერს ქართველები პალმერსტონ ნორსში რეპეშაჟის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან, 2 ოქტომბერს კი ჯგუფურ ტურნირს იქვე, წინა გათამაშების მესამეადგილოსან არგენტინასთან თამაშით დაასრულებენ.

ქართველთა დებიუტი მსოფლიო თასზე 2003 წელს, ავსტრალიაში შედგა. საქართველოს ნაკრებმა ოთხივე პაექრობა წააგო: ინგლისთან 6:84, სამოასთან 9:46, სამხრეთ აფრიკასთან 19:46, ურუგვაისთან 12:24

0x01 graphic

ქართველმა მორაგბეებმა რუსები კიდევ ერთხელ ააყირავეს

0x01 graphic

გიორგი ჩხაიძის ლელო

2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე ჩვენმა გუნდმა პირველი გამარჯვება იზეიმა - 30:0 ნამიბიასთან, მაგრამ დანარჩენი შეხვედრები წააგო: არგენტინასთან 3:33, ირლანდიასთან 10:14 და საფრანგეთთან 7:64.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრებს ივნისში, რუმინეთში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში ჩაატარებს (მონაწილეთა ვინაობა ჯერ უცნობია), ნოემბერში თბილისში აშშ- ს და კანადის ნაკრებებს უმასპინძლებს, 2011 წლიდან კი ევროპის ერთა თასის მორიგ გათამაშებაში ჩაერთვება.

კვირის ამბები

ვანკუვერი 2010. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა იოზეფ ფენდტმა და თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თოგაი ბაიათლიმ ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს. საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა 12 აპრილს, ავსტრიის ქალაქ სენტ-ლეონარდში, სპორტული და ტექნიკური კომისიების ექსპერტთა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ ვანკუვერში, ტრაგედიის მეორე დღეს, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ მომხდარი 21 წლის სპორტსმენის გამოუცდელობით ახსნა, თუმცა უისტლერის ტრასაზე უსაფრთხოების ზომები მაინც მიიღო

ფეხბურთი. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი) გაემგზავრა ამერიკაში, სადაც დიდ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდი ჯგუფში სამ შეხვედრას ჩაატარებს. გადამწყვეტი მატჩი 2 აპრილს შედგება.

კალათბურთი. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები გაემგზავრა სტამბოლში, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლის და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ფეხბურთი. სპორტულ - ტექნიკურმა კომიტეტმა ზესტაფონი-ოლიმპის მატჩის შედეგი - ფრე 1:1 - გააუქმა, ორივე გუნდს 0:3 წაგება ჩაუთვალა და 5-5 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დაისაჯნენ ჩხუბში მონაწილე ოფიციალური პირები, ფეხბურთელები და მსაჯები.

ჭადრაკი. ხორვატიის ქალაქ რიეკაში ევროპის ჩემპიონატზე ბაადურ ჯობავამ 11-დან 8,5 ქულა დააგროვა. მან და რუსმა არტიომ ტიმოფეევმა მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს.

ფეხბურთი. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში საწვრთნელი შეკრება დაასრულა. ვლადიმერ გუცაევის გუნდმა მეორე შეხვედრაში შვეიცარიის ვულფინგენი 4:1 დაამარცხა, თურქეთის პირველი ლიგის კლუბ ორდურსფორთან კი ფრედ 1:1 ითამაშა.

კალათბურთი. 10 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლე ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლებს. ასევე გაიმართება კონკურსები სამქულიანებსა და ჩატენვებში, სანახაობის ბოლოს კი ვარსკვლავთა მატჩის საუკეთესო მოთამაშე დასახელდება.

ჩოგბურთი. ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ 2009 წლის საუკეთესო მოთამაშედ ამერიკელი სერენა უილიამსი დაასახელა. შარშან მან ავსტრალიის ღია ჩემპიონატი და უიმბლდონი მოიგო.

29 5 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი (1990-2010)

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ოცი წელია, რაც მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე საქართველო გაჩნდა. ამ ხნის განმავლობაში ქართულმა ფეხბურთმა მეტი წარუმატებლობა ნახა, ვიდრე გამარჯვება, მაგრამ ახლა მთავარი ის არის, რომ დღეს, 20 წლის გადასახედიდან, უკვე შეგვიძლია განვლილი გზის შეფასება.

0x01 graphic

1 კახა კალაძე

ის პირველი და დღემდე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა საკლუბო დონეზე. მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ მილანში ჩატარებული სამასამდე თამაში და ევროტურნირების ასზე მეტი მატჩი კი ნათელი დადასტურებაა, რომ კალაძე უმაღლეს დონეზე შემთხვევით არ მოხვედრილა. ზემოთქმულს ფიფა-ს მსოფლიოს ნაკრებში ჩატარებული ერთი მატჩიც ადასტურებს.

0x01 graphic

2 შოთა არველაძე

ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც ყველგან თქვა თავისი სიტყვა. ის საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია და ალბათ, ამ წოდებას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს. მეორე ადგილზე მხოლოდ იმიტომ დავასახელეთ, რომ მთელი კარიერა საფეხბურთო ელიტის შორიახლოს, თურქეთში, ჰოლანდიასა და შოტლანდიაში გაატარა. შოთა ჟურნალისტებმა სამჯერ, სპეციალისტებმა კი ორჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო მოთამაშედ.

0x01 graphic

3 თემურ ქეცბაია

ალბათ, ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის ცუდი თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არავის ახსოვს. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი, რომელმაც უცხოეთში გაიკვალა გზა და წარმატებითაც: საკლუბო ტიტულები კვიპროსსა და საბერძნეთში, დასამახსოვრებელი წლები ინგლისის ნიუკასლ იუნაიტედში... დღეს ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, აქამდე კი ფამაგაუსტას ანორთოსისში მიღწეული თვალისმომჭრელი წარმატებით მივიდა - 2008 წლის შემოდგომით კვიპროსის კლუბს ჩემპიონთა ლიგაში შეუძღვა.

0x01 graphic

4 გიორგი ქინქლაძე

თუ ვინმეს ჰქონდა საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობის შანსი, პირველ რიგში მას. მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერ სიტის გულშემატკივრებმა კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ დებიუტიდან ორ წელიწადში დაასახელეს, სხვადასხვა მიზეზის გამო ვარსკვლავად ვერ იქცა. ნახეთ მისი გოლები მანჩესტერ სიტიში და მიხვდებით, რომ ნიჭის გაფლანგვისთვის ადამიანმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.

0x01 graphic

5 ლევან კობიაშვილი

ფოტო: REUTERS ©

ყველაზე მეტი მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში - ეს ლევან კობიაშვილის ერთადერთი პლუსი არ არის. ის არის უნივერსალური ფეხბურთელი, რომელიც, თუ ტრავმა არ აწუხებს (და ასეთი რამ ძალიან იშვიათია), ყოველთვის ხვდება ძირითად შემადგენლობაში. ფრაიბურგი, შალკე 04 და ჰერტა - ლევანი ყოველთვის აკმაყოფილებდა გერმანიის ბუნდესლიგის მკაცრ მოთხოვნებს. ცნობისათვის: ის დღემდე ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

30 პატარების გამარჯვება და დიდების კალენდარი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი
ფოტო: REUTERS ©

25 მარტს გიორგი დევდარიანის მიერ გაწვრთნილმა 17 - წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2011-ის ელიტრაუნდი ჩინებულად დაიწყო: პირველ მატჩში ტურნირის მასპინძელ ჩეხეთს ვაკო ყაზაიშვილის ერთადერთი გოლით სძლია, რამდენიმე საათში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარიც დადგინდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში.

ისრაელის დედაქალაქმა, თელავივმა, უეფა-ს 34-ე კონგრესს უმასპინძლა, სადაც შედგა კიდეც ჩვენი ჯგუფის განრიგი: თემურ ქეცბაიას გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის პარასკევს, 3 სექტემბერს დაიწყებს ბრძოლას საბერძნეთში, სამშაბათს, 7 სექტემბერს კი ისრაელის ნაკრებს უმასპინძლებს.

წლეულს საქართველოს ეროვნული გუნდი 4 ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს, გაისად - ორით მეტს. 2011 წლის 29 მარტი და 7 ივნისი ფიფა-ს ოფიციალური მატჩების კალენდარშია შეტანილი, მაგრამ ამ დღეებში ჩვენს შესარჩევ ჯგუფში ყველა დაისვენებს.

თელ-ავივში გამართულ კონგრესზე უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ გაისად კვლავ იბრძოლებს პრეზიდენტობისთვის. უეფა-ს მომდევნო, 35-ე კონგრესს 2011 წლის მარტში პარიზი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი

2010 წელი

3 სექტემბერი, პარასკევი: საბერძნეთი - საქართველო, ისრაელი - მალტა, ლატვია - ხორვატია.

7 სექტემბერი, სამშაბათი: საქართველო - ისრაელი, მალტა - ლატვია, ხორვატია - საბერძნეთი. 8 ოქტომბერი, პარასკევი: საქართველო - მალტა, საბერძნეთი - ლატვია, ისრაელი - ხორვატია. 12 ოქტომბერი, სამშაბათი: ლატვია - საქართველო, საბერძნეთი - ისრაელი, ხორვატია - მალტა.

2011 წელი

26 მარტი, შაბათი: საქართველო - ხორვატია, ისრაელი - ლატვია, მალტა - საბერძნეთი 4 ივნისი, შაბათი: ხორვატია - საქართველო, საბერძნეთი - მალტა, ლატვია - ისრაელი 2 სექტემბერი, პარასკევი: საქართველო - ლატვია, ისრაელი - საბერძნეთი, მალტა - ხორვატია 6 სექტემბერი, სამშაბათი: მალტა - საქართველო, ლატვია - საბერძნეთი, ხორვატია - ისრაელი 7 ოქტომბერი, პარასკევი: ისრაელი - საქართველო, საბერძნეთი - ხორვატია, ლატვია - მალტა 11 ოქტომბერი, სამშაბათი: საქართველო - საბერძნეთი, მალტა - ისრაელი, ხორვატია - ლატვია.

31 ჰაერში გაჭიმული ჰამაკები

▲ზევით დაბრუნება


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

არასდროს დამავიწყდება, პირველად ვიდეო რომ ვნახე - ელექტრონიკა იყო, კასეტა ზევიდან იდებოდა. ფილმიც მახსოვს, ასე იწყებოდა: ნიუ იორკი, 2010 წელი... მანქანები ცაში დაფრინავდნენ, რობოტები ქუჩაში ჰოთ-დოგს ყიდდნენ, ქალაქის მერი კიბორგი იყო.

მაშინ, გაგანია ოთხმოციანებში, დიეგო არმანდო მარადონაზე მგონი პირველად თქვეს, პელეს ჯობიაო.

არ ვიცი, საბოლოოდ აჯობა თუ არა მარადონამ პელეს. ეს არც არავინ იცის. ეს არის ჩიხირთმა-ბოზბაშის ამბავი და ეს არაა მათემატიკა. ამიტომაც დიდად არ მადარდებს, პელე თუ მარადონა. მთავარია, რომ პელეც და მარადონაც.

ჯერჯერობით არც მანქანები დაფრინავენ და არც არსად აურჩევიათ მერად კიბორგი, მაგრამ საფეხბურთო მონარქიის კენწეროში კიდევ ერთხელ დაიძაბა მდგომარეობა და გაჩნდა ახალი კითხვა: მარადონა თუ მესი? ერთი პასუხი არც ამ კითხვას აქვს, თუმცა არსებობის უფლება - უდავოდ.

თუ იმ კუთხით ვიმსჯელებთ, რომ რაც დრო გადის (ტემპისა და ფიზიკური დატვირთვის რეაქტიულად ზრდიდან გამომდინარე), ფეხბურთის უნიკალურად თამაში სულ უფრო რთულია, მაშინ პელეს მარადონა ჯობდა, დიეგოს - ზიდანი და ზიდანს - მესი. მაგრამ ამის მტკიცება ხომ იგივეა, რაც მერსედესის წლევანდელი მოდელის შედარება, ვთქვათ, სამოციანი წლების მოდელთან. მიუხედავად ამისა, ზოგს ძველი მანქანა მოსწონს და ზოგს - ახალი. ანუ გემოვნებაზე ვდავობთ.

ფეხბურთელებზე კამათისას უმეტესობა ხმალივით იქნევს სტატისტიკას, რაც ზოგადად არასწორია - მსოფლიო ჩემპიონი მაზინიო ვერასდროს ვერ იქნება არამსოფლიოჩემპიონ ერიკ კანტონაზე დიდი. თუმცა, როდესაც ვამბობთ, რომ პელე, მარადონა, ზიდანი და მესი გენიოსები არიან, ანუ ერთნაირ სასტარტო პირობებში ვაყენებთ, მაშინ საუკეთესოს გამოსავლენად ბონუსებია საჭირო და, ძირითადად, ამ დროს იწყება ციფრებით მანიპულირება. ეს თითქოს ლოგიკურია, თითქოს სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ფეხბურთს ლოგიკა სტატისტიკასავით არ უხდება.

დღეს, როცა საშუალო დონის მცველი ან ნახევარმცველი 90 წუთში 12-13 კილომეტრს დარბის და რომ მიუშვა, ორ ამდენს კიდევ გაირბენს, ლეო მესი გადის მოედანზე და აკეთებს იმას, რაც მოუნდება. და რა უნდება მესის? რა და, ხან მთელი გუნდის მოტყუება, ხან ჟირაფივით მცველებში ისეთი ადგილის პოვნა, საიდანაც აუხტომლად გააქვს თავით (მეტრი და სამოცდაცხრაა), ხან ისეთი “პადსებია”, რომ მოწინააღმდეგე ტრიბუნაზე არბის კისრისტეხით. მოუნდა მარადონასნაირი გოლის გატანა ხელით? ზუსტად ეგეთი გაიტანა ესპანიოლთან. მოუნდა მარადონასნაირი გოლის გატანა ფეხით (იცით, რომელი გოლისაც)? ზუსტად ეგეთი გაიტანა ხეტაფესთან. გაუჭირდა ბარსელონას? მოცუცქნულ მხრებზე შემოიგდო ამხელა ტვირთი და უკვე ერთი თვეა, მარტო სპობს ყველას და ყველაფერს.

ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ძალიან დიდხანს იქცეოდა ისე, როგორც მესი იქცევა ამ ბოლო დროს, იყო მაიკლ ჯორდანი, ადამიანი, რომელიც არა მარტო დაფრინავდა, ფრენისას ჩერდებოდა კიდეც, თითქოს ჰაერში ეკიდა.

მესის ყურებისას ჯორდანი პირველად შარშან, 27 მაისს გამახსენდა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბევრად მაღალ ფერდინანდს და ო'შის აუხტა, ცოტა ხნით გაშეშდა, ბეღურასავით მიმოიხედა და ასევე ბევრად მაღალ ვან დერ სარს ბურთი თავით თავზე გადაუგდო. მეორედ კი ახლა, მას შემდეგ, რაც ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი თითქმის ბოლომდე წაშალა.

თუმცა, ჩემთვის მაინც სულ სხვა კაცია საუკეთესო. კაცი, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მეტოქის საჯარიმოში ჰამაკში იწვა, ხანდახან წამოდგებოდა, ცინიკური გოლები გაჰქონდა და გაღიმებული ჰამაკში ბრუნდებოდა. ვერავინ იტყუებოდა ისე ნელა, და თან ისე სწრაფად, როგორც რომარიო და ამას ვერც ერთი მათემატიკოსი ვერ ახსნის.

32 ბიზნესის სიახლეები

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

0x01 graphic

  • ახალი სახელი და ლოგო

სახალხო ბანკი დღეიდან ლიბერთი ბანკია. ბანკის გენერალური დირექტორის ლადო გურგენიძის თქმით, სექტემბრიდან 450 ათას მსესხებელზე 108 მილიონი სესხი გაიცა, ხოლო ბანკის დეპოზიტები 69 მილიონი ლარით, ანუ 34%25-ით გაიზარდა. ლიბერთი ბანკი წელს განახორციელებს 8 მილიონი ლარის ინვესტიციას, რომლის ნაწილიც ქსელის მოდერნიზებასა და ახალი ბანკომატების დამონტაჟებას მოხმარდება.

  • მოგებები რიგდება

0x01 graphic

საქართველოს ლატარიის კომპანიამ, სატელევიზიო ლოტოს დაწყებიდან დღემდე, 19 გათამაშება გამართა და 11 ათასზე მეტი გამარჯვებული ბილეთი გამოავლინა. მოგებულმა ფულადმა პრიზებმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. კომპანიის მიერ გაცემული ყველაზე მაღალი მოგება 200 ათასი ლარია, რომელიც მეორე საპრიზო კატეგორიაა. ჯეკპოტი კი, რომელიც ჯერ არ გათამაშებულა, საწყისი 300 ათასი ლარიდან უკვე 1 200 000-მდე გაიზარდა.

  • ახალი კონკურენტი

ფარმაცევტული პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებს კონკურენტი გამოუჩნდა. ქართულ- კორეული კომპანია Georgian Korean Pharmaceutical თბილისში ქარხნის აშენებას გეგმავს. კომპანიის დირექტორის ამირან ადეიშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შესაბამისი ნებართვა კომპანიამ წელს მიიღო. კომპანია მცენარეული პრეპარატების წარმოებას გეგმავს.

  • ჯეოსელის ინიციატივები

0x01 graphic

ჯეოსელის აბონენტთათვის შვიდლარიანი სააბონენტო გადასახადი პირველი აპრილიდან გაუქმდება. კომპანია თავის აბონენტებს ფასდაკლების აქციასაც სთავაზობს და პირველი აპრილიდან აბონენტთა მიერ შიდა ქსელში განხორციელებული ზარის 1 წუთის ღირებულება 28-იდან 26 თეთრამდე შემცირდება. უცვლელი რჩება კომპანიის მეორე ბრენდის - ლაი-ლაის - აბონენტებისთვის შეთავაზებული აქცია: 2 ლარად სერვისის „10-იანი” ჩართვის შემთხვევაში, აბონენტი 30 დღის განმავლობაში ათთეთრიანი ტარიფით სარგებლობს. ტარიფი მოქმედებს პირველივე წუთიდან. ცვლილებები მხოლოდ კერძო პირებს ეხებათ, რადგან ყოველი კორპორატიული კლიენტის საკითხს კომპანია ინდივიდუალურად განიხილავს.

  • მრავალფუნქციური კომპლექსი ვერაზე

სამშენებლო კომპანია აკადემ-ალაქი ვერაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. კომპანიის ინფორმაციით, არქიტექტურული მაკეტი უკვე მზად არის: საცხოვრებელ ფართებთან ერთად მაღაზიები, კვების ობიექტები, დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი ცენტრები განთავსდება. წყარო: რადიოქალაქი

0x01 graphic

  • ახალი ინფექციური საავადმყოფო

ინფექციური საავადმყოფო აუქციონის წესით ავერსი ფარმამ იყიდა, სამინისტრო კი ახალ ინფექციურ საავადმყოფოს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის გვერდით ააშენებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კოკა ფრუიძის თქმით, მშენებლობა დაახლოებით თვენახევარში დაიწყება, სამშენებლო კომპანიას კი შესაბამისი ტენდერი გამოავლენს. წყარო: რადიოქალაქი

  • უნივერსალური ბარათი

კომპანია Universal Card Corporation მომხმარებელს შესთავაზებს უნივერსალურ ბარათს Unicard, რომლის გამოყენება 700-ზე მეტ სხვადასხვა პროფილის ობიექტში იქნება შესაძლებელი. ამ ობიექტებში საქონლის ან მომსახურების შეძენისას, მომხმარებელს დაერიცხება ბონუს ქულები. გარკვეული ბონუს ქულების დაგროვების შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს სასურველი საჩუქარი კატალოგიდან ან ვებგვერდიდან და მიიღოს ის მისთვის ხელსაყრელ ადგილას. წლის ბოლომდე ბარათი, თბილისის გარდა, რეგიონულ ქალაქებშიც გამოჩნდება. Universal Card Corporation ბრიტანული საინვესტიციო კომპანიაა, რომელმაც პროექტში რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.

  • ფორუმი ბრიუსელში

ბრიუსელი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში დიდი ფორუმის - ICT 2010-ისთვის ემზადება. სექტემბერში დაგეგმილ ფორუმზე მოსახვედრად ორი კონკურსი იმართება: კავშირების დამყარება და ექსპოზიციების გამოფენა. კავშირების დამყარება გულისხმობს ათობით სემინარის გამართვას, რომელთა მიზანია ინოვაციების ნებისმიერ სფეროში მოღვაწე მკვლევრების, ნოვატორების, ინჟინრებისა და ინვესტორების ერთმანეთთან დაკავშირება. განაცხადების მიღება 15 აპრილს დასრულდება. გამოფენაზე საკუთარი იდეების შეთავაზება შეუძლიათ უნივერსიტეტების, კვლევითი დაწესებულებების, არამოგებიანი ორგანიზაციების, საჯარო დაწესებულებებისა და კომერციული კომპანიების წარმომადგენლებს. განცხადებების მიღება ხვალ მთავრდება.

0x01 graphic

  • ამერიკა და ინტერნეტი

ამერიკაში, ნაციონალური და ადგილობრივი ტელევიზიების შემდეგ, ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ ინტერნეტი დასახელდა. გამოკითხვა ჩაატარა კომპანიამ Pew Research Center, რომელმაც 2,259 ადამიანი გამოკითხა. რესპონდენტთა ასაკი 18 წელს აღემატებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში ინტერნეტმა, როგორც ინფორმაციის წყარომ, პოპულარობით ადგილობრივ გაზეთებს და რადიოს გაუსწრო. გარდა ამისა, მობილური ტელეფონების მფლობელთა მესამედი ტელეფონს ახალი ამბების წასაკითხად იყენებს. გამოკითხულთა 28%25-ს ინტერნეტში საწყის გვერდად სასურველი საინფორმაციო ვებგვერდი აქვს დაყენებული, 37%25 ინტერნეტით გამოქვეყნებულ ახალ ამბებზე რეაგირებს და სოციალურ ქსელებში კომენტარებს აქვეყნებს, 52%25 კი ახალი ამბების ლინკს სხვებსაც უზიარებს.

  • ინდუსტრიული ზონა ფოთში

ფოთის ინდუსტრიული ზონა მაისში გაიხსნება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე ფოთის ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას 22 კომპანია დაიწყებს: თერთმეტ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო დანარჩენებთან ხელშეკრულება ექვსი თვის ვადაში გაფორმდება. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 24 მარტს ფოთის ინდუსტრიულ ზონაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ფოთში საწარმოების გახსნის სურვილი გამოთქვეს უკრაინულმა, ირანულმა, სომხურმა, აზერბაიჯანულმა, არაბულმა და სამხრეთკორეულმა კომპანიებმა. მათ შორისაა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია LG. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელი ქართულ-არაბული კომპანია რაკ საქართველო ჰოლდინგია. კომპანია, 2 მილიარდი აშშ დოლარის საინვესტიციო კაპიტალით, ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელიც საქართველოში 2006 წელს შემოვიდა.

0x01 graphic

  • Coca-Cola სკანდალი

ინდოეთის შტატი კარალა კომპანიას Coca-Cola უჩივის: შტატის ხელმძღვანელობის განცხადებით, 2004 წლამდე 5 წლის განმავლობაში Coca-Cola-ს ქარხნები სამრეწველო ნარჩენებით გარემოს აბინძურებდნენ და ეკოლოგიას აზიანებდნენ. კარალა ამერიკული კორპორაციისგან 47 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. Coca-Cola ბრალდებას უარყოფს: არც ერთი კვლევით არ დასტურდება, რომ Coca-Cola-ს კარალას ეკოლოგიისთვის ზიანი მოაქვს.

  • გუდვილის ახალი ფილიალი

აპრილის ბოლოს თბილისში, რკინიგზის ცენტრალურ სადგურში, სავაჭრო ცენტრ თბილისი ცენტრალში ჰიპერმარკეტ გუდვილის კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნება, რომელიც 2500 კვადრატულ მეტრ ფართს დაიკავებს. ახალ ფილიალში დაახლოებით 250 ადამიანი დასაქმდება. გუდვილი ამიერკავკასიის ბაზარზე საცალო ვაჭრობის განსხვავებული ფორმატის ნოვატორია. ამჟამად გუდვილის ორ ჰიპერმარკეტში - გუდვილი - დიღომი და გუდვილი - ვაკე 750-მდე ადამიანი მუშაობს.

0x01 graphic

  • Metro-Goldwyn-Mayer
    იყიდება

Metro-Goldwyn-Mayer-ს 3,7 მილიარდი დოლარის ვალი დაუგროვდა და ახლა იყიდება. Time Warner მზად არის, კინოკომპანია 1,5 მილიარდ დოლარად შეიძინოს. სხვა მსურველებს შორის არიან News Corp, Liberty Media და AT&T. განაცხადებში შესყიდვის თანხა 1,2-დან 1,5 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. კინოსტუდია იმედოვნებდა, რომ შესაძლო მყიდველები მას 2 მილიარდ დოლარზე მეტს შესთავაზებდნენ.

წყარო: DailyFinance

  • ჩინეთი ინტერნეტ-კომპანიების გარეშე

ჩინეთის ხელისუფლება ინტერნეტ-კომპანიებს მოთხოვნას უყენებს, რომ საკუთარი კლიენტების ფოტოსურათები და იდენტიფიკაციის დოკუმენტაცია წარადგინონ. კიბერ თავდასხმები ინტერნეტ-კომპანიებზე მას შემდეგ გახშირდა, რაც ინტერნეტში ჩინეთის მხრიდან ტიბეტელთა საპროტესტო აქციის დარბევის კადრები დაიდო. თავდასხმისა და დაბლოკვის ყველაზე აქტიური ობიექტი გახდა ამერიკული კომპანიის Google-ის პროდუქტი You Tube. თუმცა, ამერიკულმა კომპანიამ ჩინეთის ბაზრის დატოვება გადაიფიქრა და ტაქტიკა შეცვალა: 22 მარტიდან საძიებო რესურსი გაიგზავნება ჰონკონგში, სადაც ჩინეთის ცენზურა არ მოქმედებს. საიტების დაბლოკვის გამო, მსოფლიოში ინტერნეტ-მისამართების გამყიდველმა ორმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Go Daddy და Network Solutions ჩინეთში ახალი დომენების რეგისტრაცია შეაჩერა. ჩინეთის ბაზრის დატოვებას ფიქრობს მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესი კომპანია Dell-იც.

წყარო: Reuters

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

  • დიდი შემცირება

Fiat ავტომობილების 14 მოდელის თითქმის განახევრებას და სამსახურიდან 5 ათასი თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება მანქანებზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო მიიღეს. შარშან ავტომობილების გაყიდვები 16 პროცენტით დაეცა.

წყარო: Reuters

33 შაქრო და ზაქრო

▲ზევით დაბრუნება


ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი

0x01 graphic

- გამატარე ბიჭო, თანამშრომელი ვარ!

ეს ძალიან ცნობილი და თითქოს უკვე „არქაული“ ფრაზა ისევ შემეჯახა. ისევ მომჭრა ყური და მატკინა გული. არა იმიტომ, რომ „თანამშრომელს“ (თუმცა არც კი ვიცი, ვისი და რისი თანამშრომელია - ჩემი, პოლიციის, უშიშროების, ტელეანძის, რესტორნის ...? ) არ შეიძლება მართლა ეჩქარებოდეს და რაღაც სიტუაციაში დროს, წუთებს და წამებს მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, არამედ ...

გახსოვს ძველი (1973 წ.) ქართული მულტფილმი „შაქრო და ზაქრო“? მანქანები ადამიანებივით ურთიერთობენ, პიპი პაპოოო, ცეკვავენ, ღვინოს სვამენ, სიგარეტს ეწევიან ... არ არის საბავშვო მულტფილმი, ეტყობა, რომ უფროსებზე იყო გათვლილი და ტრაგიკულადაც სრულდება.

იგივე პრობლემები 1973 წელსაც გვქონდა, ახლაც გვაქვს და ვშიშობ, თუ ვერ მოვახერხეთ ამ ზნე-ჩვეულების დამარცხება, მომავალშიც გვექნება.

გახსოვს ალბათ, ცნობილი ფოტოა, ქალაქში მანქანების მოძრაობის ამსახველი. ევროპელები დაწყობილად, მწკრივში დგანან, ჩვენ არეულად, უშნოდ და მოუწესრიგებლად?

ჩემი დაკვირვებით, ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის მანერა, საზოგადოებაში „მოძრაობის“ პირდაპირპროპორციულია. მანქანის ტარების მიხედვით მეტ-ნაკლებად შემიძლია ვიმსჯელო მძღოლის კულტურაზე.

ხერგის (იგივე საცობი; ჩახერგილიდან, ჭაბუა ამირეჯიბის მიხედვით) ასეთი სიმრავლე არა მხოლოდ გზების უხარისხობის და ქუჩების მოძველებული დაგეგმარების ბრალია. არც მანქანების სიმრავლეა ერთადერთი მიზეზი. ორმაგხაზგადაკვეთილი, წინ გავარდნილი მაგარი „ჯიპები“ ან „სამთავრობო“ მანქანები შუქნიშანთან მორჩილად მდგომს რამდენჯერ გინახავს? რამდენჯერ გიოსტატია ბავშვთან ერთად ტროტუარებზე ამაყად მდგარ მანქანებს შორის გზის გაკვალვისას? რამდენჯერ გადაგისწრია წითელზე დიდი სიჩქარით მოჯლიგინე შავი მანქანისთვის?

საზოგადოების უმეტესი ნაწილი წესებს ვემორჩილებით, არა იმიტომ, რომ მონები ვართ ან ღირსება არ გაგვაჩნია ან თავისუფლება არ გვიყვარს, არამედ იმიტომ, რომ ამ წესების დაცვა ცხოვრებას გიიოლებს და სხვა უფრო სასიამოვნო რაღაცებისთვის უფრო მეტი დრო და საშუალება გრჩება.

საზოგადოებრივ ცხოვრებას თავისი წესები აქვს. ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება, მანამ ადამიანს საზოგადოებრივი, კოლექტიური თანაარსებობის სურვილი ექნება. სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისად, სხვადასხვა წესები და მათი რეგულირების ნორმები მოქმედებს. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ომების, არეულობის და სუსტი სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში ამ წესებს ან საერთოდ არ იცავენ, ან შერჩევით, საზოგადოების რაღაც ნაწილს შეუძლია მათი უარყოფა. რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო (ძალაში რეპრესიული მანქანის სიძლიერეს არ ვგულისხმობ), მით უფრო ადვილია ამ წესების დაცვა და მოქალაქეებისთვის მათი შესრულება. ამის მაგალითი დანარჩენებს, პირველ რიგში საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა და პოლიციამ უნდა მისცეს. ჩემდა სამწუხაროდ არც პოლიტიკოსები და არც საზოგადოებაში პოპულარული ხალხის უმრავლესობა არ ცდილობს ამის გაკეთებას და არც პატრულია ის, რაც პირველ წლებში იყო.

შეიძლება თუ არა, რაც ზედაპირზე ჩანს, იმის მიხედვით იმსჯელო და გამოიტანო დასკვნა იმის შესახებ, თუ როგორ მიყვებიან მოქალაქეები არსებულ წესებს და რა დონის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების კულტურაა ქვეყანაში? არ ვიცი სხვა ქვეყნების და საზოგადოებისა, მაგრამ ჩვენთან ამის გაკეთება ძალიან ადვილია. გადი ქუჩაში მანქანით და ყველაფერს მიხვდები.

ერთხელ მეგობარმა მოტოციკლი იყიდა, ჩაფხუტი დაიხურა და გახარებული გავიდა ქალაქში. გვიან საღამოს სახლში რომ დაბრუნდა, მიხვდა, რომ დაღლილი და ნაომარი იყო. მთელი დღე მანქანებს და მოქალაქეებს ვებრძოდიო. თითქმის ყველა, ვისაც ოდნავ ძლიერძრავიანი მანქანა ჰყავდა, ცდილობდა „ეგონკავა“ და ამით თავისი მანქანის და მძღოლის უპირატესობა დაემტკიცებინაო. არ მინდა, არ „ვგონკაობ“, უბრალოდ წყნარად მინდა კარგ ამინდში ღია ტრანსპორტით ვიმგზავროო, ამბობდა მეგობარი. სახლთან არმისული შუქნიშანზე გაჩერდა. გვერდზე მანქანიდან ტიპმა თავი გამოყო და:

-აუუ ბრატ, რა მაგარი მოტოციკლეტია. დამსვი რა, ცოტას გავატარებ ....

P.S. ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ჭკუა ვასწავლო, მაგრამ შემფასებელი ნამდვილად ვიქნები. ამიტომ თქვენ, ისინი, ვინც წითელზე არ აჩერებთ, ორმაგ ხაზს კვეთთ და საწინააღმდეგო მხარეს მიჯლიგინებთ, ისინიც, ვინც ტროტუარზე მოძრაობთ და სხვას გზას არ უთმობთ, ყველა ის, ვინც რიგში არ დგება, საფრთხეს უქმნის სხვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ყველანი ქაჯები, გოიმები და არაცივილიზებული ხალხი ხართ! არ არის თქვენი ადგილი ჩემთან, არ გვაქვს ჩვენ ერთი გზა.

34 თანამედროვე ხელოვნება

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ჩემი სული ხელოვნებას ეკუთვნის, გული - მხატვრობას, გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!

2010 წლის 14 მარტს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) სტარტი აიღო ლეგენდარული არტისტის, მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსმა. პერფორმანსი 600 საათი გაგრძელდება ანუ აბრამოვიჩი 3 თვეს გაატარებს მუზეუმში, მდუმარედ და გაუნძრევლად. უცნაური ექსპოზიცია ამავდროულად ავტორის მოღვაწეობის ერთგვარი რეტროსპექტივაცაა, რომლის საშუალებითაც პუბლიკა ავტორის მხატვრულ ბიოგრაფიას გაიცნობს. თავად აბრამოვიჩმა ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა: „ამ ასაკში უკვე დროა საკუთარი მანიფესტო შევქმნა“.

0x01 graphic

მარინა აბრამოვიჩი ცხოველების ძვლებზე.
ვენეციის ბიენალე

მსგავსი პერფორმანსი, სერიიდან „რიტმი“, შედგა 1974 წელს ნეაპოლში. მაშინ აბრამოვიჩმა 72 ნივთი დააწყო მაგიდაზე: რევოლვერი, ტყვია, ნაჯახი, დანა, ძვალი, ყვავილი, ლურსმანი და ა.შ. წარწერა მაყურებელს აუწყებდა, რომ პერფორმანსის ფარგლებში მათ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ ამ ნივთებით, არტისტის მოკვლის ჩათვლით. თავდაპირველად პუბლიკა პასიურობდა, თუმცა ღონისძიებამ მალევე ძინა დრამატული ხასიათი. ადამიანები მას ჭრილობებს აყენებდნენ, სვამდენ სისხლს, მოსავდნენ ხან მეძავის, ხანაც ღვთისმშობლის მსგავსად. არტისტის თქმით, მდედრობითი სქესი უშუალოდ არ მონაწილეობდა გვემაში, ცრემლებსაც წმენდდნენ მას, მაგრამ ამავდროულად მამაკაცებს აძლევდნენ სასტიკ ინსტრუქციებს. მაშინ ამ მხატვრულმა ნაწარმოებმა 6 საათს გასტანა. საინტერესოა, როგორ გაუძლებს არტისტი 6 თვეს, ხელოვნების ობიექტის როლში.

მარინა აბრამოვიჩი დაიბადა 1946 წელს ბელგრადში. 1965-70 წლებში სწავლობდა ბელგრადის სახვითი ხელოვნების აკადემიაში. ხარისხი დაიცვა 1972 წელს ზაგრებში (ხორვატია). 1973-75 წლებში თავად ასწავლიდა სახვით ხელოვნებას ნოვი სადის აკადემიაში (ვოჟვოდინა, სერბია). მისი, როგორც პერფორმანს-არტისტის კარიერა, 1970 წელს დაიწყო.

4 დეკადის მხატვრულად დატვირთული ცხოვრების შემდეგ მარინა აბრამოვიჩი საკუთარ თავს პერფორმანს-არტის ბებიად მოიხსენიებს. საკუთარი ნამუშევრებით იგი იკვლევს ურთიერთობათა სისტემებს ავტორსა და პუბლიკას შორის, სხეულის და გონების შესაძლებლობათა ზღვარს. ხშირად იგი საკუთარ სხეულს წარმოადგენს როგორც არტ ობიექტს და პუბლიკას აქცევს უნებლიე ავტორად, რომელსაც აინტერესებს რიტუალი და ჟესტიკულაცია, ტკივილი და ცნობიერების ზღვარი, არაცნობიერი და მიღმიერი არსებობა, სადემარკაციო ხაზი ხელოვნებასა და ტანჯვას შორის; ის თემები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო კონტრკულტურული და ავანგარდისტული წრეების ხელოვნებისთვის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრში. აბრამოვიჩი მუდამ ემიჯნებოდა ხელოვნების მაგისტრალურ ხაზს და დინების წინააღმდეგ ცურვას ამჯობინებდა, თუმცა მოღვაწეობის მიწურულს მაინც ვერსად გაექცა აკადემიურ წრეებს. შთამბეჭდავია მისი ჯილდოების ჩამონათვალი: ოქროს ლომი, ვენეციის 47-ე ბიენალე, 1997; ბესის ჯილდო, ნიუ იორკი, 2003; არტ კრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო, 2003; პლიმუთის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, გაერთიანებული სამეფო, 2009.

როგორც ხშირად ხდება, ის, რასაც ოდესღაც ხელოვნების პროფანიზაციად მიიჩნევდნენ, დღეს პრესტიჟული მუზეუმების ვოლიერებს ამშვენებს. ეტყობა მარინა აბრამოვიჩსაც გამოუნახეს შესაბამისი თარო მსოფლიოში მოწინავე, 1929 წელს დაფუძნებულ, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

0x01 graphic

ბალკანული ეროტიული ეპიკა
ფოტო:მარინა აბრამოვიჩი

პერფორმანსი - XX საუკუნის მიმდინარეობა მხატვრობაში, რომლის დროსაც მხატვრები თვითონ, მოქმედებებით წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს პუბლიკის წინაშე. 60-იან წლებში, პერფორმანსის მეშვეობით, მხატვრები ცდილობდნენ წაეშალათ ზღვარი მხატვრობას, თეატრსა და ცხოვრებას შორის. შემდეგ ნამუშევარს მხოლოდ ფოტო ან კინოფირი შემოინახავს ხოლმე.

60 მილიონად შეფასებული აბსენტის მოყვარული
0x01 graphic



ლონდონში, კრისტის აუქციონზე, პაბლო პიკასოს მიერ 1903 წელს შესრულებულ „აბსენტის მოყვარულს“ გაიტანენ. ინფორმაცია აუქციონის ელექტრონულ გვერდზე 23 მარტს გამოქვეყნდა. ანხელ ფერნანდეს დე სანტოსის პორტრეტი პიკასომ 22 წლის ასაკში დახატა. პორტრეტი აუქციონზე ინგლისელ კომპოზიტორს - ენდრიუ ლოიდ ვებერს გააქვს. „აბსენტის მოყვარული“ 60 მილიონ დოლარად შეფასდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ნამუშევრის გაყიდვიდან შემოსული მოგება სრულად გადაირიცხება კომპოზიტორის საქველმოქმედო ფონდში. ნახატი აუქციონზე მეორედ გადის.პირველად, 2006 წელს, ამ ფაქტმა დიდი აურზაური გამოიწვია და ნამუშევარი გაყიდვიდან ერთი დღით ადრე მოიხსნა. მიზეზი კოლექციონერ იულიუს შოპსის სარჩელი გახდა. ის ამტკიცებდა, რომ სურათი მისი ოჯახის კოლექციიდან ნაცისტების მიერ იყო ამოღებული და შესაბამისად, შოპსის საკუთრებად ითვლებოდა. დავა დასრულდა და „აბსენტის მოყვარული“ აუქციონზე 23 ივნისს გაიყიდება.

დალი წინანდალში

7 აპრილიდან წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ცნობილი ესპანელი მხატვრის, მოქანდაკის და ფოტოგრაფის სალვადორ დალის ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენის სამზადისი უკვე დაწყებულია და უნიკალური ექსპოზიცია საქართველოში ივნისამდე დარჩება. მოლაპარაკებაში მონაწილეობენ წინანდლის სახლ-მუზეუმი და თბილისის „N“ გალერეა. ნამუშევრებს საქართველოში ვენის გალერეიდან ჩამოიტანენ, სადაც დალის ექსპოზიციებია დაცული.

35 URIAH HEEP თბილისში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|ინტერვიუ

0x01 graphic

იურაია ჰიპის ვოკალისტი ბერნი შოუ
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი

ყველა ნამდვილმა მელომანმა იცის, რა განსხვავებაა ნამდვილ მუსიკასა და მაცივარს შორის. მაცივარი გამოშვების თარიღის მიხედვით ფასდება, მუსიკა კი - არა. მაცივარი ახალი გამოშვებული ჯობია, მუსიკა კი წლებთან ერთად იხვეწება, „ღვინდება“ და იღებს იმ სახეს, რომლითაც მერე მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგია ვულკანივით უნდა გადმოიფრქვას და ათასობით მსმენელში ჩაიღვაროს. სწორედ ასე მოხდა 19 მარტს თბილისში. კომპანია ლოკომოტივ პრომოუშენის ძალისხმევით, ჩვენს ქალაქს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული როკ-ჯგუფი იურაია ჰიპი სტუმრობდა. მუსიკოსებმა, რომელთა საშუალო ასაკი 60 წელია, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნამდვილი ცეცხლი დაანთეს და საათნახევრის განმავლობაში მაყურებელი 70-იანი წლების თავისუფლების სურნელში გახვიეს. თუ როდესმე გაგჩენიათ სურვილი გენახათ, როგორ უნდა ხტუნავდეს და მღეროდეს ერთ კონცერტზე 4 წლის ბავშვიც, თინეიჯერიცა და 60 წლის ბებოც, მაშინ 19 მარტს იურაია ჰიპის კონცერტს უნდა დასწრებოდით.

ჯგუფი თბილისში 19 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა და იმავე საღამოს კონცერტი გამართა. რეპეტიციის დროს გავესაუბრეთ ჯგუფის ლეგენდარულ გიტარისტს მიკ ბოქსს.

  • თქვენ 70-იანების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ხართ. იურაია ჰიპი არის ჯგუფი, რომელიც არათუ ამ ეპოქის მუსიკის ნაწილია, არამედ უშუალო მონაწილეობა მიიღო ამ მუსიკის შექმნაში. როგორია 2010 წლიდან დანახული 1969 წელი, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ დამწყები ჯგუფი იყავით? მოელოდით, რომ 40 წლის შემდეგ უკვე ლეგენდების სტატუსით მოივლიდით მსოფლიოს?

რა თქმა უნდა, არა. არ მეგულება ჯგუფი, რომელმაც 70-იანებში დაიწყო მოღვაწეობა და ფიქრობდა იმაზე, თუ როგორი პოპულარული გახდებოდა. პოპულარობა და კომერცია ჩვენთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. როგორ შევქმენით ამ ეპოქის მუსიკა? არ ვიცი. უბრალოდ ავიღეთ ხელში ინსტრუმენტები და დავიწყეთ იმ საქმის კეთება, რაც გვიყვარდა. თუ ჯგუფი შექმნის ღირებულ მუსიკას, მაღალმხატვრულ ნაწარმოებებს, მსმენელი ყოველთვის დაინახავს ამას და დამატებითი ილეთები არ დაგჭირდება პოპულარობის მოსახვეჭად. მთავარია, რომ გულით აკეთო საქმე. დღეს მაყურებლის ყურადღების მისაპყრობად ძალიან ბევრი როკ-ჯგუფი საოცარ სანახაობებს აწყობს, იყენებს სცენის უზარმაზარ კონსტრუქციებს, განათებას, დეკორაციებს. ასეთ ჯგუფებს მსმენელი ორშაბათს რომ ჩაწერს თავის აიპოდში, ხუთშაბათისთვის უკვე ამოშლილი ეყოლება. ხოლო როცა მუსიკით გინდა ყურადღების მიპყრობა, შეძლებ, რომ ათეულობით წლები იდგე სცენაზე და გყავდეს მსმენელი. გულახდილი მუსიკა უნდა აკეთო, სიყალბე ხელოვანს არ ეპატიება.

0x01 graphic

იურაია ჰიპის ვოკალისტი ბერნი შოუ და დრამერი ოლი ოლსონი

  • 70-იანების ცხოვრების სტილი - Sex, Drugs & Rock'N'Roll დღესაც იგივე რჩება თქვენთვის?

მოდი, ნარკოტიკების ნაცვლად ალკოჰოლი ჩავსვათ. ნარკოტიკები არასდროს მიტაცებდა. რაც შეეხება სექსს და როკ-ენროლს, ეს დღემდე ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

  • თანამედროვე მუსიკალურმა ტენდენციებმა როგორ იმოქმედა იურაია ჰიპზე?

წლებთან ერთად ბევრი რამ იცვლება. აღარავისთვის არის უცხო, რომ ინტერნეტ- ტექნოლოგიებმა თავდაყირა დააყენა ყველა სფერო. ეს ნაწილობრივ კარგია, ნაწილობრივ - ცუდი. MP3-ებისა და აიპოდების ეპოქაში ჯგუფი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს კარგავს, რადგან დისკები აღარ იყიდება. სამაგიეროდ, უფრო მეტი ადამიანი იგებს ჩვენი ტურნეების შესახებ და ქალაქიდანქალაქში, ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობენ კონცერტების სანახავად. მთავარი მაინც ის არის, რომ იურაია ჰიპმა თავისი სახე არ დაკარგა, არ გავხდით კომერციას აყოლილი ჯგუფი, რომელიც ათასგვარ იმიჯს იქმნის პოპულარობის შესანარჩუნებლად. და საერთოდ, ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა - მუსიკალური ინდუსტრია. მოდი, მის ნაცვლად ვთქვათ მუსიკალური სამყარო.

  • რას იტყვით, მიკ, როგორ ჩაიარა კონცერტმა?

ღმერთო, ეს რა იყო. 2000 ადამიანი ერთად მღეროდა ჩვენს სიმღერებს. სცენის წინ, უფროსი ასაკის კაცს 4-5 წლის ბავშვი ჰყავდა კისერზე შემოსმული, რომელიც თავის პატარა ხელებს გახარებული იქნევდა აქეთ- იქეთ. მხურვალე მაყურებელი გყოლიათ, ტემპერამენტიანი. დარბაზიდან ისეთი მუხტი მოდიოდა რომ.... ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კონცერტი, რაც ბოლო მსოფლიო ტურნეზე გვქონდა. ახლა კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის კონცერტს აუცილებლად გამოვცემთ DVD დისკზე და ის მთელ მსოფლიოში გაიყიდება სახელწოდებით Uriah Heep - Live in Tbilisi.

მერი ჯეი ბლაიჯის როკ ექსპერიმენტი

არ-ენ-ბი-ს დედოფალი მერი ჯეი ბლაიჯი კაპიტოლ რეკორდსის სტუდია A-ში ლედ ზეპელინის კომპოზიციებს Stairway To Heaven-ს და Whole Lotta Love-ის ქავერ ვერსიებს წერს. მომღერალი სპეციალურად ამ პროექტისთვის შეკრებილ სუპერ ჯგუფთან ერთად მუშაობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ბლინკ 182-ის დრამერი ტრევის ბარკერი, მაიკლ ჯექსონის სესიური გიტარისტი ორიანთი, ლეგენდარული როკ გიტარისტი სტივ ვეი და „ემერიქან აიდოლის“ ჟიურის წევრი, ბასისტი რენდი ჯექსონი.

გავრცელებული ჭორის მიხედვით, მერი ჯეი Stairway To Heaven-ის მხოლოდ ტექსტს გამოიყენებს, ხოლო Whole Lotta Love-ს, თვით რობერტ პლანტთან დუეტში შეასრულებს. ქავერ კომპოზიციები მომღერლის მეცხრე სტუდიური ალბომის Stronger with Each Tear-ის ხელახალ გამოცემას ბონუს მასალად დაერთვება.
0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

36 „მოდით, ვისაუბროთ ამაზე“

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|ლიტერატურა

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

სიესტა 2009, მაგარი ყდა,
ფასი: 9,95 ლარი

გამოვიდა ახალი საბავშვო წიგნების კომპლექტი - „მოდით, ვისაუბროთ ამაზე“. გამომცემლობა სიესტა. ავტორი - ჯენიფერ მურ-მალინოსი, ილუსტრაციები - მარტა ფაბრეგა, ქართული ტექსტის ავტორი - გაგა ლომიძე, ფსიქოლოგ - კონსულტანტი - ნანა ჩაჩუა. რედაქტორი - დოდო კარანაძე.

სერია, რომელიც 5-11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული, საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ მთლიანობაში მოთავსდეს როგორც მხატვრული ტექსტი და ილუსტრაცია, ისე ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული ერთგვარი ინსტრუქცია.

სერიაში შემავალი წიგნების სათაურებია: „დედაც მუშაობს“, „მე განსაკუთრებული ბებია და ბაბუა მყავს“, „როცა ჩემს მშობლებს დაავიწყდათ, როგორ ემეგობრათ“, „გაქვს შენ საიდუმლო“?

„ტაბულამ“ აზრის გამოთქმა ამ ტექსტების მთარგმნელს, ლიტერატურათმცოდნე გაგა ლომიძეს სთხოვა:

„თითქმის ყველა პატარას აქვს საკუთარი ფიქრები და წარმოდგენები ადამიანებთან ურთიერთობებზე. „მოდით, ვისაუბროთ ამაზე“ სერიის წიგნები მათთვის შეიქმნა და გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით. მშობლებს ვურჩევთ, ხმამაღლა წაუკითხონ ეს მოთხრობები თავინთ პატარებს, ერთად დაათვალიერონ ნახატებიანი ისტორიები ბიჭუნებისთვის და გოგონებისთვის. უმცროსკლასელები კი თავადაც შეძლებენ გაეცნონ ამ მოთხრობებს.

ეს წიგნები ბავშვებს თავდაჯერებულობას შემატებს, ასწავლის საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ღიად საუბარს იმ თემებსა და პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ. ჩვენი შვილები უკეთ გაიგებენ იმ მიზეზებს, რის გამოც ორივე მშობელი სამსახურში სიარულს ირჩევს. ჩვენთან ერთად დაფიქრდებიან, რა შეიძლება შეინახონ საიდუმლოდ და რა გაანდონ დედ-მამას. ასევე გაიაზრებენ, რატომ არიან მათი ბებია და ბაბუა ასეთი განსაკუთრებულები და საყვარლები. ის პატარები, ვისი დედ-მამაც ერთად აღარ ცხოვრობს, შეძლებენ ჯანსაღად გაიაზრონ მშობლების განშორება“.

კონკურსი: LITSAKHELEBI.GE

საგამომცემლო სახლ „სახელების“ ლიტერატურული პროექტის litsakhelebi.ge-ს ფარგლებში კიდევ ერთი ინტერნეტ - კონკურსი გაიმართა. ყოველი მომდევნო კონკურსის პირობები ჯერ კიდევ განვლილის შეჯამება-დაჯილოდოებისას ცხადდებადა სხვა მსგავს ღონისძიებებთან შედარებით ორიგინალობით გამოირჩევა. ასე იყო ბოლო მარათონის შემთხვევაშიც, რომლის თემატიკა სპონტანურად გადაწყდა და მონაწილეებს ქვემოთ მოყვანილი მასალის მიხედვით დაევალათ საკუთარი ნამუშევრის წარმოდგენა: „გაგანია 90-იან წლებში უშუქობის გამო გამორთული ეშმაკის ბორბალი. მოქმედი პირები: ერთ-ერთ კალათში, ზევით, დატყვევებულ მდგომარეობაში აღმოჩენილი 6 ადამიანი (3 წყვილი) და მთვრალი ხელოსანი. დამატებითი დეტალები: ცაში მოფარფატე ყვავი (შავი) და მტრედი (თეთრი), გასროლის ხმა, ბინდი და წვიმა. კონკურსანტებმა ამ „სურათში“ უნდა გაშალონ საკონკურსო ნაწარმოების სიუჟეტი. ჟანრი შეზღუდული არ არის“.

კონკურსში მხოლოდ პორტალზე დარეგისტრირებული პირები მონაწილეობდნენ. მოწონებული ან დაწუნებული ნამუშევრისთვის -2, -1, 1 ან 2 ქულა შეგეძლოთ დაგეწერათ, გამარჯვებულიც მეტ ხმას უნდა გამოევლინა.

კონკურსანტთა დაჯილდოება კვირას, 21 მარტს, ზოოპარკის ეგზოტიკურ გარემოში, სწორედ ეშმაკის ბორბალთან გაიმართა. პირველი პრემია (300 ლარი) მოთხრობისთვის „სიკვდილის ბორბალი“, პროზაიკოს ბესო ხვედელიძეს გადაეცა, მე-2 პრემია (200 ლარი) პოეტ შალვა ბაკურაძეს, ნაწარმოებისთვის „რჩეული“, მე-3 პრემია პროზაიკოს მიშა ბახსოლიანს ნაწარმოებისთვის „ერთდღიანი „ზავედენია“. ჟიურის სპეციალური პრემია (200 ლარი) ორმა მონაწილემ გაინაწილა, დრამატურგმა თამაზ მეტრეველმა პიესისთვის „ეშმაკის ბორბალი“ და მუსიკოსმა გოშაბენიძემ ამავე სახელწოდების სიმღერისთვის, შესაბამისად თითოეულს 100- 100 ლარი გადაეცა.

„ტაბულამ“ კონკურსის გამარჯვებულბესო ხვედელიძეს კომენტარი სთხოვა:

„ეს მოთხრობა ერთი ძველი ისტორიის გამოძახილია, რომელიც 1994-ში პირადად შემემთხვა. ეშმაკის ბორბალი გაფუჭდა და მე და ერთმა გოგონამ ზედ კენწეროზე ამოვყავით თავი. კარგა ხანს ვისხედით, ვიდრე ეს ბორბალი რამდენიმე ჯეელმა ხელით არ დაატრიალა.

თავად ამ კონკრეტულ მოთხრობაში კიდევ ბევრი რამ ხდება, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ ნანახმა და საკუთარ ტყავზე ნაწვნევმა შემთხვევამ აგერ ამდენი წლის მერე მოიმკა მოსავალი.

შემდეგშიც ვაპირებ კონკურსში მონაწილეობის მიღებას და ჩემი მხრიდან ეს მაგალითი იქნება სხვებისთვის (პროფესიონალი მოკალმეებისთვის), თუ როგორ არ უნ და აარიდონ თავი მსგავს კონკურსებს“

37 შინის ექსპერიმენტი

▲ზევით დაბრუნება


სერვისი

21 მარტს ჯგუფი შინი კლუბ თუსაიდში მსმენელის წინაშე კლუბური პროგრამით წარსდგა. ქართული ტრადიციების გათვალისწინებით, კონცერტი 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

სხვადასხვა ჯაზ, ფანკ და ეთნო კომპოზიციების შინისეული იმპროვიზაციები იდეალურად ეხამებოდა კლუბის მყუდრო ატმოსფეროს.

დღესშინის ალბათ ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ ახალი წევრები: ფლეიტისტი თეოდოსი სპასოვი (ბულგარეთი) და მესაყვირე ვალერიუ ბოგეანუ (მოლდოვა), რომელთა ინსტრუმენტული სოლოები და ვოკალური პარტიები ბევრჯერ გახდა ოვაციის მიზეზი.

მუსიკას განსაკუთრებულ დინამიკას სძენდა დასარტყამი ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება და მოცეკვავეთა მოკლე პერფორმანსული ნომრები.

დასასრულ, მაინც გაურკვეველი დარჩა, რას გულისხმობდა აფიშაზე დატანილი კლუბური პროგრამა. მსგავსი პროგრამა იქ არავის უნახავს, უბრალოდ, ეს იყო შინი კლუბურ გარემოში, პროგრესივ ეთნო მუსიკით და შესანიშნავი ჟღერადობით.

გიორგი ოვაშვილის მორიგი ჯილდო

0x01 graphic

თედო ბექაური და გიორგი ოვაშვილი

ქართველმა რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა მორიგი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ამჯერად მან ფილმისათვის „გაღმა ნაპირი“, ფრაიბურგის კინოფესტივალის გრან-პრი დაიმსახურა. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილი ბავშვის, თედოს შესახებ, რომელიც დედასთან ერთად ეთნიკურ წმენდას გამოექცა, მოგვიანებით კი კონფლიქტის ზონაში მამის მოსაძებნად დაბრუნდა. რეჟისორს აუდიტორიის პრიზიც გადაეცა.

ჯილდო Le Regard d'Or ოვაშვილმა „ბავშვის პოეტური და ჰუმანური ხედვისა და ომის დროს სიცოცხლის აღმოჩენისთვის“ მიიღო. საპრიზო თანხამ 30 000 შვეიცარიული ფრანკი შეადგინა. ირანელი რეჟისორი ნადერ თაქმილ ჰომაიუნი 23 000 შვეიცარიული ფრანკით დააჯილდოეს ფილმისათვის Tehroun (ირანულ სლენგზე თეირანს ნიშნავს), ჟიურის სპეციალური პრიზი კი რიჯობერტო პერეზკანომ დაიმსახურა ფილმისთვის Norteado.

ფრაიბურგის 24-ე კინოფესტივალს 30000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო და მასზე დაახლოებით 90 ფილმი იყო ნაჩვენები. გიორგი ოვაშვილს უკვე მოპოვებული აქვს პარიზის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი საუკეთესო ფილმისთვის. სიეტლის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო დამწყები რეჟისორი გახდა, „გაღმა ნაპირი“ კი წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს ანტალიის, დაკას, კიევისა და ტრომსოს კინოფესტივალებზე.

38 სარეწკელა: ენისა და მარხვის გასატეხი

▲ზევით დაბრუნება


კონსიერჟი

სარეწკელა
წერეთლის გამზირი 72
თბილისი 0154
უბანი: დიდუბე
ტელ: 10 23 72
სამზარეულო: ევროპული, ქართული
საათები: ყოველდღე, 11-დან ბოლო კლიენტის გასვლამდე
ბარათები: ვიზა, მასტერკარდი
ფასი: 95 (სადილი ორ ადამიანზე, ღვინითა და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
www.info-tbilisi.com/saretskela/

მას შემდეგ, რაც გაკრიჭეს, პირქუშმა წერეთლის პროსპექტმა თვალში გამოიხედა: ჭადრის ჩრდილებში მიმალულმა სტალინური ეპოქის შენობებმა სახე გამოაჩინეს. შესაბამისად, გამვლელიც სხვა თვალით უყურებს ისტორიულად შუქ-ჩრდილში ჩაფლულ პროსპექტს. ეს ამბავი გადაბელილი ჭადრებისათვის მაინცდამაინც სასიხარულო არ არის: წელში უმოწყალოდ გადაკვეთა ხეს სიცოცხლეს უნახევრებს. უფრო ადრეული, ცარისტული ისტორიის კვალი კი ამ მიდამოებიდან უკვე მთლიანადაა გამქრალი: მეცხრამეტე საუკუნეში აქ ტფილისის გერმანული უბანი - ალექსანდერსდორფი მდებარეობდა. გერმანელები აქ სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, მიწები მტკვრის წყლით ირწყვებოდა. გერმანული კერძიც, ამ ადგილებში, ალბათ პირველად მე-19 საუკუნის 20-იან წლებში გაისინჯა. დღეს კი აქ გერმანული ყაიდის, ძნელად საპოვნელი და ძნელად დასამახსოვრებელი რესტორანია - სარეწკელა. მეპატრონისთვის ეს სახელი, აშკარად, გარკვეულ ბიოგრაფიულ მნიშვნელობას ატარებს, სხვანაირად გაუგებარია ასეთი ძნელად გამოსათქმელი სახელის შერჩევა.

ტუფის ქვის პირქუში კედლები, დეკორატიული ბეტონის ბუხარი გაბედული დიზაინით, ტრადიციული თონე, სადაც პური ცხვება და აგურის ღუმელი, სადაც - ხაჭაპური. არის აქ რაღაც ზოროასტრული, მუდმივად დანთებული ცეცხლით, მთელ რესტორანშიც პურის მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს. ნახევრად ჩაბნელებულ, წყნარ ატმოსფეროში ათიოდე მაგიდა დგას - მუშტარი მშვიდ მუსაიფსა და ჭამაზეა კონცენტრირებული. ოდნავ დამუხტული, მაგრამ სასიამოვნო გარემოა.

0x01 graphic

რესტორანი სარეწკელა
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

ზოგადად, მენიუს ეკლექტურობა მაინცდამაინც კარგის ნიშანი არ არის: ევროპული სალათები, იტალიური პიცა და პასტა, ქართული ფხალეული და მწვადეული. მაგრამ მეზობელი მაგიდებიდანაც კარგად ჩანს, რომ აქ ფხალეულის საჭმელად ნაკლებად დადიან, სარეწკელაში მთავარი ცთუნება საფირმო კერძებია: გერმანულ ყაიდაზე, ლანგარზე გაწყობილი ზღვის პროდუქტების ასორტი, ხბოს ან ღორის კანჭი ან ნეკნები. თითოეული ამ კერძის ღირებულება 46-დან 60 ლარამდეა და 4-6 ადამიანზეა გათვლილი. ულუფების გულუხვობასა და მრავალფეროვნებას თუ გავითვალისწინებთ, ცუდი გარიგება არ არის. საფირმო კერძები თავშესაქცევ ელემენტებსაც შეიცავს (შვეიცარიული ყველის კუბები, ყურძენი, ზეთისხილი) ამგვარად, თვითკმარი, სრული სადილი გამოდის. თუ ჯერი ამ კერძზე მიდგა, ზომიერად შეუკვეთეთ, შესაძლოა სხვა კერძის შეკვეთა სრულიად ზედმეტი აღმოჩნდეს. რაჭული ლორი, სამწუხაროდ, იშვიათობაა, ამიტომ ცდუნებას ვერ გავუძელით და მაინც შევუკვეთეთ. ტრადიციულად მსუყე ლორი გემრიელი აღმოჩნდა, სასიამოვნო არომატითა და მძაფრი, ტახისებრი გემოთი, თუმცა ქონი აშკარად ჭარბობდა, ასეთი ნაჭრები ვენახში სახელდახელოდ რომ მოეტანათ, კიდევ არა უშავდა, მაგრამ რესტორანს უკეთესი ნაჭრები ეკადრება.

ზღვის პროდუქტების საფირმო ლანგარი (46) ბარაქიანი გამოდგა: ორგვარი კალმახი (უბრალოდ და ფქვილით შემწვარი) კიბორჩხალა, მიდიები, ხამანწკა, რვაფეხა და ხიზილალა.

კარგად მოგეხსენებათ, თევზის მარილი სიახლეა, აქ ეს ყველაფერი იმდენად ქორფაა, რამდენადაც ეს პროდუქტი საქართველოში მოიპოვება. ანუ კალმახის გარდა, ყველაფერი გაყინული. ამას რესტორანს ვერ დავაბრალებთ, თუმცა სარეწკელას სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ ამ უხერხულობის მიუხედავად, ეს გემრიელი და წარმატებული ასორტია. ხბოს კანჭის საფირმო კერძიც (56) შთამბეჭდავია, შეიცავს სოსისეულის მრავალსახეობას, ნეკნებს, შვეიცარიული ყველის ნაჭრებს და ღუმელში გამომცხვარ კარტოფილს ტარტარის სოუსით. გარნირს რატომღაც გვერდს „უმშვენებს“ სომხური ყურძენი, რომლიდანაც, ჩემდა გასაკვირად, მხოლოდ ღეროღაა დარჩენილი.

სერვისი ოდნავ ზანტია, კარგა ხანს ოფიციანტს თვალიც ვერ მოვკარით, რომ დაგვეძახა. ორი ჭიქის ნაცვლად კი, ორი ბოთლი ღვინო (წინანდალი, ბადაგონი 2006) მოგვიტანეს ერთად (!) ორივე უკვე გახსნილი. განსაკუთრებით არასასიამოვნო კი ის იყო, რომ ეს არც თუ ისე წარმატებული ჩამოსხმა გამოდგა, მწკლარტე გემოთი და ჭარბი მჟავიანობით. სხვა რა გზა გვქონდა, დავილოცეთ და შევსვით.

ერთ კვირაში მარხვა თავდება. თუ ხორცმა თავი მოგანატრათ, სარეწკელა კარგი არჩევანია. ეცადეთ ბევრნი წახვიდეთ ერთად, ამ ბარაქიანი კერძების გაზიარება გამოცდილებას უფრო სასიამოვნოს ხდის.

ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს

39 შემწვარი ბატკნის ბარკალი ტარხუნისა და პიტნის მარინადით

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|სააღდგომო რეცეპტები

0x01 graphic

გვერდის მასპინძელია
თეკუნა გაჩეჩილაძე
შეფ მზარეული

4 ულუფა
შემადგენლობა:

• საშუალო ბატკნის ბარკალი (ზამთარში ბატკნის კარგი ალტერნატივაა ხბო)
• 50 გრ. ტარხუნა
• 50 გრ. პიტნა
• ერთი თავი ნიორი
• 100 გრ. ზეითუნის ზეთი
• 200 გრ. ლიმონის წვენი
• ფერადი წიწაკა გემოვნებით

• მარილი გემოვნებით

ხორცის შესაკრავად დაგჭირდებათ ცეცხლგამძლე ძაფი ან კბილის ჩხირები კერძს მოუხდება ღვინო: საფერავი, მუკუზანი ან პინო ნუარი.
ჯამში 35 ლარი

0x01 graphic

მომზადების წესი:

მარინადისთვის: 200 გრ. ლიმონის წვენი, 50 გრ. ზეითუნის ზეთი და 3 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი შეურიეთ ერთმანეთს. ბატკნის ბარკალი ამ მასაში მოათავსეთ, მოაყარეთ ფერადი წიწაკა, მარილი და დატოვეთ მასში მთელი ღამის განმავლობაში.

ბატკნისთვის: გახსენით ბატკნის ბარკალი და გამოაცალეთ გადანახსენის ძვალი. დარჩენილი ნიორი, ტარხუნა, პიტნა და ზეითუნის ზეთი ბლენდერით აურიეთ და წაუსვით ბარკლის შიდა მხარეს. ცეცხლგამძლე ძაფით ან კბილის ჩხირებით შეკარით ბარკალი ხუთ ადგილას და შედგით ღუმელში 1 საათი - 180 გრადუსზე. მიირთვით ახალ კარტოფილთან ერთად.

ყველა ინგრედიენტი შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ.: 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ.: 24 33 02 / 03).

40 სააღდგომო პასკა

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|სააღდგომო რეცეპტები

4 ულუფა
მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3-4 საათი მოცემული მასალიდან გამომცხვარი პასკის საერთო მასა 6.5 კგ. ყველაზე გავრცელებულია 800 - გრამიანი პასკის ფორმები.
• 1,5 კგ. კარაქი (სასურველია ვალიო)
• 500 გრ. ნაღები (სასურველია პარმალატი)
• 500 მლ. რძე
• 2 კგ. ფქვილი
• 1,5 კგ. შაქარი
• 120 გრ. საფუარი
• 2,5 ჩაის კოვზი ილი
• 2,5 ჩაის კოვზი ჯავზი (მუსკატის კაკალი)
• 3 სუფრის კოვზი ზაფრანა
• 100 გრ. არაყი
• 1 ჩაის კოვზი ვანილი
• 20 კვერცხი (20 კვერცხის გული და 10 კვერცხის ცილა)
• 350 გრ. ქიშმიში
ჯამში: 50 ლარი

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მომზადების წესი:

800 გრამი შაქარი ათქვიფეთ 20 კვერცხის გულთან ერთად (10 კვერცხის ცილა შეინახეთ) დაუმატეთ ვანილი. ურიეთ გასქელებამდე

10 კვერცხის ცილას შეურიეთ 200 გრ. შაქარი და ათქვიფეთ, როდესაც გამაგრდება, გადაიღეთ კვერცხის გულისგან მიღებულ მასაში.

ცალკე ჯამში 120 გრ. საფუარს დაუმატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა რძე, 1 ჭიქა ფქვილი და მოურიეთ. როდესაც ცომი გაფუვდება, გადაიღეთ უკვე გამზადებულ კვერცხისგან მიღებულ მასაში. მორევისას დაამატეთ რძე, ნაღები, არაყი და გამდნარი კარაქი. შემდეგ მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ. თანდათან დაამატეთ სუნელები: ზაფრანა, ილი, ჯავზი და ვანილი.

ცომი მოზილეთ 15-20 წუთი. შემდეგ შეფუთეთ და გააჩერეთ, ვიდრე არ გაფუვდება. როდესაც ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ მოზილეთ და ხელმეორედ შეფუთეთ. გაფუების შემდეგ დაამატეთ ქიშმიში და გაანაწილეთ ფორმებში.

ფორმებში ჩასხმული მასა 15-20 წუთი გააჩერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუზე 1 საათი.

ყველა ინგრედიენტი შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ.: 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ.: 24 33 02 / 03).