![]() |
ტაბულა №6 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ყველაშვილი გიორგი, რონდელი ალექსანდრე, ბენდუქიძე კახა, გურგენიძე ლადო, ლადარია ნოდარ, თოდუა მაია, ბუღაძე ლაშა, კალანდაძე ანკა, კოვზირიძე დავით, ბაბუნაშვილი ვახო, იათაშვილი შოთა, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010|19 - 25 აპრილი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორი ნინი გოგიბერიძე/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, მაია ედილაშვილი, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიორგი კიკონიშვილი, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, შოთა დიღმელაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, დავით გორგილაძე, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/ილუსტრაცია: ივირიჩა/არტ-რედაქტორი:/ბაჩა მალაზონია დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/კომერციული დირექტორი: ოთარ ბაქრაძე/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/ © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲ზევით დაბრუნება |
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge
თქვენი ჟურნალის ყველა ნომერი გულდასმით წავიკითხე. არც მომავალში ვაპირებ ღალატს... ყური მოვკარი, ტაბულას ჟურნალისტები ახალგაზრდები არიანო. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე, შეგეხმიანოთ და გაგამხნევოთ. ვფიქრობ, ჟურნალის პირველი ნომრიდან დღემდე უკვე გაიზარდეთ... თუ ერთ ჟურნალს ამდენი კარგად მოაზროვნე ახალგაზრდა ჰყავს, ჩვენი საქმე ცუდად არ ყოფილა... თქვენს სტატიებში უკან არ იხევთ, ერთი შეხედვით, საჩოთირო თუ ტაბუდადებული თემების გაშუქებიდან.
საერთაშორისო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა მოვლენების ანალიზი საკმაოდ გაბედული და დახვეწილია... მართლწერის საკითხებს (რაზეც მკითხველებმა უკვე მიგითითეს) შეგნებულად არ შევეხები. ერთს კი გვერდს ვერ ავუვლი. ქვენი ჟურნალის ბოლო ნომრის სტატიაში „პოლიტიკური დეფილე ანუ...“ 32-ე გვერდის მეორე აბზაცი ასე იწყება: „როგორც ავღნიშნეთ...“ რა გახდა ეს „ავღნიშნეთ“, რამე შეიცვალა ქართული მართლწერის საკითხებში, თუ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ქალბატონს ბაძავთ?!
რაც შეეხება საავტორო სვეტებს... ბატონი კახა ბენდუქიძის „ჩვენი სტერეოტიპები,“ უფრო კონკრეტულად, ორი პაპუასის წყნარი საუბარი - მე კი არა, თვით საბას, ეზოპეს, კრილოვს აღაფრთოვანებდა.
მართლაც, რომ დროა (დაგვიანებული თუ არა), მოქმედების ადგილი საქართველოში გადმოვიტანოთ, დავფიქრდეთ, „ახალი რამ დავინახოთ, აზრი შევიცვალოთ“... ან, ვინც აზრი შეიცვალა და ორიენტირი მომავლისკენ აიღო, გაატარეთ!
ანა ლეკიშვილი
ახალმა თაობამ არ იცის, რომ 70-იან წლებში დისიდენტი ზვიად გამსახურდია გამოსცემდა არალეგალურ ჟურნალს „ოქროს საწმისი“. ეს ჟურნალი თბილისში ხელიდან ხელში გადადიოდა და მეც, შეძლებისდ აგვარად, ვკითხულობდი. ამ ჟურნალის თითქმის ყველა ნომერში იყო პუბლიკაციები, რომლებიც საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებს ეძღვნებო და, მათ შორის, ეკლესიაში დამკვიდრებულ მანკიერებებს, კერძოდ, მამათმავლობას. სამწუხაროდ, ეს ჟურნალები მე არ მაქვს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სადმე იქნება შემონახული. კარგი იქნება, თუ დღევანდელი მედია ამით დაინტერესდება. ეს თემა გამახსენა თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებულმა სტატიამ „კათოლიკური ეკლესიის კატასტროფა“. ზვიად გამსახურდია არათუ ამხელდა ეკლესიის წიაღში არსებულ მამათმავლობის ფაქტებს, არამედ კონკრეტულ სახელებს და გვარებსაც მიუთითებდა. ბუნებრივია, იმ დროს ამ საკითხს მედია ვერაფერს მოუხერხებდა, რადგან მაშინ ეგ სიტყვაც არ ვიცოდით (მედიას ვგულისხმობ), მაგრამ ახლა? ვფიქრობ, ის ადამიანები, რომელთაც ზვიად გამსახურდია ამხელდა, დღესაც ეკლესიის წიაღში არიან და, არა მგონია, ზნე დიდად შეცვლოდათ. არ ვარ იმის მომხრე, რომ ვინმეს რამე განუკითხავად დავაბრალოთ, მაგრამ კვლევა ხომ შეიძლება, ისე როგორც ეს მედიამ კათოლიკურ წიაღში გააკეთა. თუ თქვენ უცხოელი ავტორის ეს სტატია გამოაქვეყნეთ, იყავით თანმიმდევრულნი და ჩვენი დედა ეკლასიის წიაღში არსებული მანკიერებებიც გამოიკვლიეთ. თუ ყოველივე უსაფუძვლო აღმოჩნდება, ესეც დაწერეთ. სხვათა შორის, არ ვეთანხმები თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის სათაურში გამოტანილ შეფასებას, რომ ადგილი აქვს კათოლიკური ეკლესიის კატასტროფას. ვიდრე ეკლესიას უნარი შესწევს, აღიაროს და ღიად იმსჯელოს თავის პრობლემებზე, კატასტროფა არ ემუქრება.
ნინელი თავაძე
წ ავიკითხე თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია „კათოლიკური ეკლესიის კრახი“ და, ვფიქრობ, ეს სტატია სხვა ჟურნალ-გაზეთებმაც უნდა გამოაქვეყნონ. მთავარი იერარქი - რომის პაპი რომ აღიარებს იმას, რასაც გაზეთებში წერენ, ამ ეკლესიის სხვა მესვეურებმაც უნდა დაიოკონ ამბიციები, სულ მცირე, მართლმადიდებლურ ქვეყნებში მაინც.
ანზორ გეგიძე
სკოლებში ლეპტოპებით წიგნის ჩანაცვლებაზე საუბრისას, არაფერია ნათქვამი ეკრანის გამოსხივების მავნებლობაზე. ის, რომ ტექსტი ადვილად იკითხება, არ ნიშნავს, რომ მავნებელი არ არის მხედველობისთვის. კვალიფიციური სამედიცინო ტესტირება თუ ჩაუტარდა ამ იდეას?
ელზა კაცია
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ჩვენი კავშირი საერთო ფასეულობას ეფუძნება“
ჯოზეფ ბაიდენი აშშ - საქართველოს მეგობრობაზე
„არსებობს საშიშროება, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყირგიზეთის მსგავსი სცენარი განვითარდება. თუ ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა, ხელისუფლება კი მათი პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელ ზომებს არ მიმართავს, მით უმეტეს როცა ხელისუფლება საზოგადოებასთან კონტაქტს კარგავს. ასეთ შემთხვევაში ყირგიზეთის სცენარი შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდე“.
დიმიტრი მედვედევი. 16 აპრილი
„ჩემს რჩევას ქართველი მეგობრებისადმი სამი ძირითადი პუნქტით გამოვხატავ. პირველი - იგნორირება გაუკეთეთ რუსეთს რამდენადაც ეს შესაძლებელია. მეორე - მოახდინეთ სისტემის რეფორმირება და მესამე - იარეთ დასავლეთისაკენ რა შეიძლება სწრაფად“.
რონალდ ასმუსი. ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან. 15 აპრილი.
„პრეზიდენტი კაჩინსკი კეთილი და მოკრძალებული ადამიანი იყო, მაგრამ არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ იგი ვავალში, პოლონელ მეფეებს შორის და მარშალ კილსუდცკის გვერდით იქნას დასაფლავებული“.
ანჟეი ვაიდა. 15 აპრილი
„რუსეთ პოლონეთის შერიგება წარმოუდგენელია თუ არ იქნება უზრუნველყოფილი რუსეთის მეზობელი სხვა ქვეყნების უსაფრთხოება, არ აქვს მნიშვნელობა საუბარია ესტონეთზე, უკრაინეზე თუ საქართველოზე, რომელსაც 2008 წელს ომი ჰქონდა რუსეთთან“.
ბზიგნევ ბჟეზინსკი. 15 აპრილი
![]() |
3 კვირა |
▲ზევით დაბრუნება |
11 აპრილი
ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთს 40 მილიარდი ევროთი დაეხმარებიან.
აშშ-ს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკურმა პარტიამ, წლევანდელ გამოკითხვაში, საკუთარი კანდიდატი გამოავლინა - მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი, მულტი მილიონერი მით რომნია.
12 აპრილი
ჩინეთმა საერთაშორისო სამხედრო ატაშეებს ახალი J 10 საბრძოლო თვითმფრინავი წარუდგინა. 15 წუთიან საჩვენებელ ფრენაში ოთხმა J 10-ის ტიპის თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები: ბრიტანული კომპანია BAE SYSTEMS პირველ ადგილზეა მსოფლიოში იარაღის წარმოებასა და გაყიდვაში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიას არა ამერიკული კომპანია უდგას სათავეში. BAE SYSTEMS-მა 2008 წელს 32.4 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა.
13 აპრილი
ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილთან საუბრისას, პრეზიდენტმა ობამამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ობამა მიესალმება სააკაშვილის ერთგულებას დემოკრატიული რეფორმებისადმი - იუწყება თეთრი სახლი. აშშ-ს პრეზიდენტმა გამოხატა მადლიერება ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო. ორმა ლიდერმა ასევე ისაუბრა ბირთვული მასალების გაუვრცელებლობის საკითხზე.
აშშ-ს პირველი ლედი მიშელ ობამა ჰაიტის ესტუმრა. ეს მისი პირველი „სოლო-ტურნეა“ პირველი ლედის რანგში. მისის ობამამ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა და მადლობა გადაუხადა ამერიკელ მოხალისეებს, რომლებიც სამი თვეა მუშაობენ დაზარალებულთა დასახმარებლად.
14 აპრილი
ჩინეთში მომხდარი 7.1 ბალიანი მიწისძვრის შედეგად, 600-ზე მეტი ადამიანი დაუღუპა და 9 ათასამდე დაშავდა.
30 მაისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროკავშირის 1190 დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს - იუწყება ოფიციალური წერილი, რომელიც ოთხშაბათს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვაშინგტონში, ამერიკის ვიცე-პრეზიდნეტ ჯო ბაიდენს შეხვდა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა და სააკაშვილმა ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს ხალხებს შორის იმ ღრმა და ხანგრძლივ მეგობრობაზე, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის განცხადებით, რუსეთი ყირგიზეთს 50 მილიონი დოლარით დაეხმარება.
15 აპრილი
საქართველოში პირველი ბიომეტრული პასპორტი გაიცა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პასპორტი მალხაზ სამსონაძეს გადასცა.
ყურმანბეკ ბაკიევი ყაზახეთში გაემგზავრა. ბაკიევმა ეს გადაწყვეტილება ყირგიზეთის დროებით მთავრობასთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. ეუთო ყურმანბეკ ბაკიევის გადაწყვეტილებას ყირგიზეთში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ისლანდიაში მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი გავრცელდა, რამაც ევროპაში საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, ნორვეგიაში და ევროპის სხვა სახელმწიფოებში თითქმის ყველა აეროპორტის მუშაობა შეფერხდა.
16 აპრილი
დიდ ბრიტანეთში პირველად ჩატარდა წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატები. დებატების მსვლელობის პარალელურად მიმდინარეობდა გამოკითხვა. გამოკითხულთა 67%25-ის მოწონება დაიმსახურა ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა ნიკ კლეგმა.
მაისში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის 16 ექსპერტი თბილისში ჩამოვიდა. ექსპერტები დააკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესს და შედეგების შეჯამებას.
ირანელი ბლოგერი ჯილა ბანი იაღუბი საერთაშორისო ორგანიზაციამ - ჟურნალისტები საზღვრების გარეშე - გამოხატვის თავისუფლების პრიზით დააჯილდოვა. იაღუბი ჟურნალისტი და ქალთა უფლებების აქტივისტია, რომელიც გასულ წელს დაპატიმრებული იყო ანტისამთავრობო აქციების გაშუქებასა და მათში მონაწილეობისათვის.
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
4 პოლონეთი კაჩინსკის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
არენა|პოლონეთი
1989 წელს ლეხ კაჩინსკიმ, სოლიდარობის სხვა ლიდერებთან ერთად, პოლონეთის კომუნისტური რეჟიმის კაპიტულაციის პირობები განსაზღვრა. პოლონეთი გათავისუფლდა. დანიშნულ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა (99%25-ით). კაჩინსკი უშიშროების მინისტრი გახდა. მინისტრი, რომელიც სასტიკად დაუპირისპირდა ყოფილი კომუნისტების გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე. ამ შეუვალმა პოზიციამ იგი ძველ თანამებრძოლებს ჩამოაშორა. აქ გაიყა რა სოლიდარობის ლიდერ ლეხ ვალენსასა და ლეხ კაჩინსკის პოლიტიკური გზები. კაჩინსკის მიაჩნდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც არ დასაჯა კომუნისტი ბოროტმოქმედები. შედეგად, უკანასკნელნი პოლიტიკურ ავანსცენას „ახალ პიჯაკებში“ გამოწყობილნი დაუბრუნდნენ. ძველმა ელიტამ შეძლო ძალაუფლება სიმდიდრედ ექცია და ახალ, კაპიტალისტურ სისტემაშიც დაწინაურებულიყო. ეს იყო კაპიტულაციის არაოფიციალური ფასი, რომელიც პოლონელმა ხალხმა „უკლადად“ ანუ გარიგებად მონათლა. კაჩინსკის სძულდა ძველი ნომენკლატურა. მისი ხედვით, ქვეყანა უნდა განახლებულიყო, უნდა დაბადებულიყო „მეოთხე რესპუბლიკა“, რომელიც საკუთარ თავში კომუნისტურ გადმონაშთებს გამორიცხავდა.
2000-2001 წლებში ლეხ კაჩინსკი პოლონეთის იუსტიციის მინისტრი იყო, მოგვიანებით კი ვარშავის მერი. ამ პოსტმა მას საშუალება მისცა დაპირისპირებოდა ვარშავის ბიუროკრატიასთან გადახლართულ კრიმინალურ ქსელს. მისი ხისტი მიდგომები პოპულარობით გამოირჩეოდა. მაგალითად, 2004-2005 წლებში კაჩინსკიმ დედაქალაქში ჰომოსექსუალთა მარში აკრძალა და სანქცია გასცა „ნორმალურების მსვლელობაზე“, რითაც აღაშფოთა სეკულარული ევროპა, თუმცა კათოლიკე პოლონელების გული მოიგო. მისი გამას ხარავება უცხოელი და პოლონელი ჟურნალისტებისთვის საამურ საქმიანობად იქცა, თუმცა ხშირად ისინი უგულებელყოფდნენ მის ღირსებებს და მხოლოდ ნაკლოვანებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
2001 წელს კაჩინსკიმ, ტყუპისცალ ძმასთან, იაროსლავთან ერთად, დაარსა კანონის და სამართლიანობის პარტია, რომლის ეგიდითაც, 2005-ში, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩაერთო. ძმების ეს ტანდემი წარმატებული გამოდგა. არჩევნების მეორე ტურში ლეხ კაჩინსკიმ ხმათა 54%25 დააგროვა და პოლონეთის პრეზიდენტი გახდა, იაროსლავი კი - პრემიერ-მინისტრი.
შიდა პოლიტიკაში ტყუპები მალევე გადააწყდნენ სირთულეებს. კაჩინსკის პრინციპები მეორე მსოფლიო ომამდელი პოლონეთის სოციალისტური პარტიისას ჰგავდა. ძმები სკეპტიკურად უყურებდნენ დიდ ბიზნესს. მათ სახელმწიფო კონტროლის განმტკიცების გზით სურდათ სისტემაში კორუფციისა და სხვა ნაკლოვანებების აღმოფხვრა, როცა თავისუფალი ბაზრის მომხრენი ლიბერალიზაციას და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირებას მოითხოვდნენ. შედეგმა არ დააყოვნა. 2007 წელს იაროსლავ კაჩინსკი დონალდ ტუსკიმ ჩაანაცვლა. პოლონელებს მოსწონთ გულმართლები, მაგრამ აგრეთვე მოსწონთ - კომპეტენცია, ეფექტიანობა და მოდერნულობა.
საერთაშორისო ურთიერთობებში ლეხ კაჩინსკი უპირისპირდებოდა პოლონეთის ისტორიულ მეტოქეებს, რუსეთს და გერმანიას. მისი მსოფლმხედველობა ტრადიციებს ეფუძნებოდა. ოპონენტები თვლიდნენ, რომ ის ოდნავ პროვინციული, მარტივი და გადამეტებულად ნაციონალისტური იყო. კაჩინსკი უბრალოდ ფიქრობდა: ამერიკა და ნატო კარგია, რუსეთი და გერმანია - ცუდი. აგენტების მიერ მართული რუსეთისგან დაცვა სჭირდება კომუნისტური იმპერიალიზმის ყველა მსხვერპლს - საქართველოს, უკრაინას, ლიტვას. ევროკავშირი ზედმეტად ძლიერი და სეკულარულია; სხვა სახელმწფოების გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე კი - ძალზე სუსტი. გასაკვირი არაა, რომ პოლონეთი უპირობოდ დათანხმდა აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას მის ტერიტორიაზე და რომ პოლონელი სამხედროები მონაწილეობდნენ სამშვიდობო ოპერაციებში ავღანეთსა და ერაყში. ევროკავშირისა და რუსეთის თანამშრომლობას კაჩინსკი ეჭვის თვალით უყურებდა. მაგალითად, რუსეთ-გერმანიის გაზსადენის პროექტი მან 1939 წლის რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს შეადარა.
სანთლები ვარშავის ცენტრში
კაჩინსკი ყოველ წელს მიაგებდა პატივს კატინის მსხვერპლთ. თუმცა, იგი სმოლენსკში ჩადიოდა როგორც კერძო პირი, და ამიტომ, რუსეთის ხელმძღვანელობა ამ ვიზიტს უყურადღებოდ ტოვებდა. წელს რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობები გამოსწორების გზას დაადგა და რუსეთში კატინის საქმის საბოლოოდ დახურვა გადაწყვიტეს. პუტინმა 7 აპრილისთვის, კატინის ტრაგედიის 70-ე წლისთავზე, სმოლენსკში მიიპატიჟა პრემიერი დონალდ ტუსკი. განთქმული ანტირუსული განწყობის მქონე კაჩინსკი არ მიუწვევიათ. 3 დღეში პოლონეთის ხისტი და პრინციპული პრეზიდენტი სმოლენსკის აეროდრომის მისადგომებთან დაიღუპა. მის გარდა ავიაკატასტროფას შეეწირა პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის უდიდესი ნაწილი: დევნილი მთავრობის ბოლო პრეზიდენტი, საგარეო და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა სარდალი, დაზვერვის ხელმძღვანელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ომბუდსმენი და სეიმის ათობით წევრი. უბედურ შემთხვევას უკვე უწოდეს მეორე კატინი.
გლოვა საპრეზიდენტო სასახლესთან
ყველა ფოტო: REUTERS ©
ტრაგედიის შემდეგ, ქმედითუნარიანი პოლიტიკური ინსტიტუტებით, პოლონეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი დემოკრატიულობა. კონსტიტუციური მექანიზმების წყალობით, სწრაფად ჩანაცვლდა სამხედრო ხელმძღვანელობა, ჩანაცვლდნენ სხვა მნიშვნელოვან თანამდებობათა პირებიც; სეიმის სპიკერმა - ბრონისლავ კომოროვსკიმ - ქვეყნის პრეზიდენტობა გადაიბარა. საპრეზიდენტო არჩევნები ივნისის ბოლოსთვის დაიგეგმა. არ გამოცხადებულა საგანგებო მგდომარეობა, არ ყოფილა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, პოლონეთის პოლიტიკურმა ელიტამ ერთიანობის უნიკალური სულისკვეთება გამოავლინა.
პოლონეთი კაჩინსკის შემდეგ პრემიერ დონალდ ტუსკის დაბალანსებულ კურსს გააგრძელებს. 2007 წლიდან, ტუსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ რადეკ სიკორსკის ძალისხმევით, პოლონეთმა მოახერხა გერმანიასთან დაძაბულობის განმუხტვა, გამოაცოცხლა თანამშრომლობა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ვიზეგრადის ჯგუფის ფარგლებში, განამტკიცა ურთიერთობები შვედეთთან და მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია რუსეთთან ურთიერთობაში.
პრემიერი ტუსკი შიდასახელმწიფოებრივ დონეზეც დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოლონეთის ეკონომიკა არასდროს ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორიც დღეს არის: 2009 წელს ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ პოლონეთმა აჩვენა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (1.7%25-ით). სახელმწიფოს საბანკო სისტემა მდგრადია, ეროვნული ვალუტა (ზლოტი) კი - სტაბილური.
კაჩინსკის სიცოცხლეში აშკარა იყო ტუსკის პარტიის (სამოქალაქო პლატფორმა) კანდიდატის, ბრონისლავ კომოროვსკის გამარჯვება 2010 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. მარტში ჩატარებულმა PBS DGA-ის კვლევამ აჩვენა, რომ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმა 51%25-იანი მხარდაჭერით სარგებლობდა, ხოლო კაჩინსკის კანონისა და სამართლიანობის პარტია - 27%25-იანით. თუმცა, მომხდარის შემდეგ ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ საპრეზიდენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის გამარჯვებას. მას ხომ მთელი ქვეყანა თანაუგრძნობს.
ავიაკატასტროფის მიზეზები კვლავ გაურკვეველია
10 აპრილი არ ყოფილა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი. 2008 წელს თვითმფრინავის გაუმართავობის გამო ლეხ კაჩინსკი მონღოლეთში შეფერხდა და ტოკიოში ჩარტერული რეისით გამგზავრება მოუწია. ერთ კვირაში თვითმფრინავს კვლავ შეექმნა პრობლემები სეულში გაფრენის დროს.
2009 წელს თვითმფრინავი გარემონტდა - რუსეთში. მისი შეცვლის საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა, თუმცა კაჩინსკის ოპონენტის, პრემიერ ტუსკის ინიციატივით, დღის წესრიგიდან მოიხსნა. ტუსკი პრეზიდენტს თითქმის ყველაფერში ეწინააღმდეგებოდა და თვითმფრინავის თემაც გამონაკლისი არ იყო. მიზეზად უსახსრობა დასახელდა.
გამოითქვა ვარაუდი, რომ სმოლენსკის აეროპორტის დისპეჩერის რეკომენდაციის მიუხედავად, ძლიერი ნისლის გამო თავი შეეკავებინათ დაჯდომისაგან, თვითმფრინავის დაშვება თავად კაჩინსკის მოთხოვნით შეიძლება მოხდარიყო. შავი ყუთის გახსნის შემდეგ კი აღნიშნული ვარაუდი გაბათილდა. არსებობს ლეგენდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სერიოზული საფრთხის მიუხედავად, კაჩინსკიმ აიძულა პილოტები დამსხდარიყვნენ თბილისის აეროპორტში. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ლიტვის პრეზიდენტი ვლადას ადამკუსი, რომელიც კაჩინსკისთან ერთად იმავე თვითმფრინავით ჩამოფრინდა და პოლონეთის პრეზიდენტისა და პილოტების საუბარს უშუალოდ შეესწრო.
კაჩინსკის თვითმფრინავი კატასტროფის შემდეგ
ფოტო: REUTERS ©
1961 წელს ჩრდილო როდეზიაში (თანამედროვე ზამბია) ავიაკატასტროფაში დაიღუპა სამშვიდობო მისიით მყოფი გაეროს გენერალური მდივანი დაგ ჰამარშელდი. 1994 წელს კიგალის თავზე ჩამოაგდეს რუანდის პრეზიდენტის, ჟიუვენალ ჰაბიარიმანას, თვითმფრინავი. ბორტზე იმყოფებოდა ბურუნდის პრეზიდენტიც. ამ მოვლენამ ბიძგი მისცა რუანდის გენოციდის დაწყებას. 2003 წელს პოლონეთის მაშინდელი პრემიერის, ლაშეკ მილერის MI-8 ტიპის ვერტმფრენმა ვარშავასთან ახლოს კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ვერტმფრენის პილოტი. დაშავებული პრემიერ-მინისტრი ერთი კვირით საავადმყოფოში მოათავსეს. 2004 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა მაკედონიის პრეზიდენტი ბორის ტრაიკოვსკი. |
სხვა ვერსიის მიხედვით, სმოლენსკის აეროპორტის დისპეჩერმა პოლონელ მფრინავებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ხილვადობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ საუბარი პილოტსა და დისპეჩერს შორის რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ისმის, რომ პილოტს რუსულად საუბარი უჭირს და ხშირად ინგლისურ სიტყვებსაც იშველიებს.
ტუ-154 სსრკ-ს, და შემდგომში რუსეთის, ერთ-ერთი მთავარი ავიატრანსპორტი იყო. 2006 წლის შემდეგ ის ტუ-ს სერიიდან ერთადერთი მოდელია, რომელიც ევროკავშირის საჰაერო ზონაში დაიშვება. ტუ-154-ით გადაადგილდებიან ბულგარეთის, რუსეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ნიკარაგუას და აზერბაიჯანის პირველი პირები. სმოლენსკის კატასტროფის შედეგების საბოლოო გამოძიებამდე ბულგარეთში ტუ-154-ით მგზავრობისგან თავს შეიკავებენ.
ზომებს მიიღებენ ისრაელშიც. პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ქნესეთის სპიკერს, უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენელს, გენერალური შტაბის სარდალს და სპეცსამსახურების უფროსს ერთდროულად ერთი თვითმფრინავით მგზავრობა აეკრძალებათ.
![]() |
5 პატარა საქართველოს დიდი სტრატეგია: სად გადის ზღვარი გაბედულობასა და სიგიჟეს შორის? |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
2010 წლის 14 აპრილი
გიორგი ყველაშვილი
ილუსტრაცია: გიორგი GAMEZარდაშვილი
ჩარლზ ჰილის გაფრთხილება
2009 წლის 7 აპრილს იელის უნივერსიტეტში საქართველოს მხარდასაჭერად მორიგი ღონისძიება გავმართეთ, რისთვისაც მოვიწვიეთ საქართველოს ელჩი ვაშინგტონში ბათუ ქუთელია და მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ალექსანდრე ლომაია. მომხსენებელთა შორის იყო პროფესორი ჩარლზ ჰილი. იგი ჯონ გადისთან და პოლ კენედისთან ერთად უძღვება ორსემესტრიან, უაღრესად პრესტიჟულ პროგრამას დიდ სტრატეგიაში, რომელშიც მონაწილეობა ჩემთვისაც დიდი პატივი იყო.
ჩარლზი საქართველოს სპეციალისტი არ გახლავთ და არც არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობდი, რომ 70 წელს გადაცილებული ყოფილი დიპლომატი, რომელიც რჩევებს აძლევდა ჯორჯ შულცს, ჰენრი კისინჯერსა და რონალდ რეიგანს, სხვაზე უკეთ გააანალიზებდა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და სასარგებლო რჩევებსაც მოგვცემდა.
არ შევმცდარვარ. პროფესორმა ჰილმა მოკლედ და სხარტად წარმოთქვა თავისი სიტყვა, რომელიც ამგვარად დაასრულა: „შეხედეთ ამ პრეზიდენტს (ბარაკ ობამას). ის არ ლაპარაკობს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ის ლაპარაკობს უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე. ეს კი სახიფათოა თქვენისთანა ქვეყნისათვის. წინ რთული გზა გელით.“
მეორე მხრივ, ჩინეთი, რუსეთი, ირანი და არაბული სამყარო ობამას აქცენტებით უაღრესად კმაყოფილნი უნდა იყვნენ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მათ გაღიზიანებას ჯორჯ ბუშისა და რონალდ რეიგანის იდეალიზმითა და ადამიანური განზომილებების წინა პლანზე წამოწევით.
მაგრამ მომეჩვენა, რომ ობამას პრიორიტეტების შეფასებისას პროფესორი ჰილი მაინც ერთობ კატეგორიული იყო...
აქვს თუ არა გარეულ ტახს დიდი სტრატეგია?
სწავლება დიდ სტრატეგიაში (Studies in Grand Strategy) იელის სამაგისტრო, პროფესიული და სადოქტორო პროგრამების გადაკვეთის წერტილია, რომლის მიზანიც ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევების ხელშეწყობაა - კაცობრიობის მიერ 2500 წლის განმავლობაში დაგროვილი ისტორიული და პოლიტიკური გამოცდილების შეთვისების გზით. თავად დიდი სტრატეგია კი, ერთ-ერთი განმარტებით, ამოცანად ისახავს მშვიდობის მიღწევას საშუალებისა და მიზნის ოპტიმალური შეფარდებით.
იელის პროფესორებს რომ ჰკითხო, სტრატეგია სჭირდება მეომარსაც და მესაფლავესაც, ექიმსაც და პოლიტიკოსსაც, ადვოკატსაც და მოსამართლესაც, ფეხბურთელსაც და ვაჭარსაც. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, დიდი სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ხელმძღვანელისა და მისი გენერლის საქმეა, რადგანაც იგი პოლიტიკური მიზნისა და სამხედრო ძალის თანაქმედებას აღწერს.
დიდი სტრატეგია მშვიდობისაკენ მიმავალი სისხლიანი გზაა, რადგანაც მის ცენტრში - რაც, სხვათა შორის, შთამბეჭდავად იყო ასახული კურსის სილაბუსშიც - არიან გერმანელი სამხედრო სტრატეგოსი კლაუზევიცი და თანამედროვე რეალისტური პოლიტიკური სკოლის იტალიელი ფუძემდებელი მაკიაველი.
ჩარლზის კოლეგამ, პროფესორმა კენედიმ ერთ-ერთ სემინარზე აღნიშნა: დიდი სტრატეგია დიდი ბრიტანეთისა და მისი ტოლფარდი სახელმწიფოების საქმეა; ის ვერ ექნება აბსურდსვანჯს (პატარა ფიქტიური ქვეყნის ლიტერატურული სახელი). ამ მტკიცებულებას მაშინვე მოჰყვა რამდენიმე სტუდენტის კონტრარგუმენტები იმის სადემონსტრაციოდ, რომ აბსურდვანჯისებრ პატარა და უმწეო ქვეყანასაც შეიძლება ჰქონდეს დიდი სტრატეგია - სტრატეგია გადარჩენისათვის. განა გარეული ტახი არ მიმართავს სტრატეგიას, როცა მას ლომი ესხმის თავს? ფეხებს სწრაფი სირბილისათვის იყენებს, ეშვებს კი - მოსაგერიებლად. ამაზე პროფესორმა მიუგო: ალბათ, შეგიძლიათ ამის მტკიცება, რადგანაც ეშვებს ეხება საქმე, თუმცა, დაბეჯითებით ვიტყვი, რომ თაგვს ნამდვილად ვერ ექნება დიდი სტრატეგია კატის მიმართ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოკლებულია ძალის გამოყენების უნარს თავის დასაცავად და, მით უმეტეს, თავდასხმისათვის.
როგორ არის ჩვენი საქმე, არც ისე კარგად თუ არც ისე ცუდად?
ალბათ, მართალია პოლ კენედი იმაში, რომ იმას, რასაც ან ვისაც თავდასხმის მოგერიების ან წინააღმდეგობის გაწევის უნარი არა აქვს, ვერც დიდი სტრატეგია ექნება. ისიც, ალბათ, მართალია, რომ ჩვენ ვერც მგელი ვიქნებით და ვერც, მით უმეტეს, ლომი. მაგრამ რატომ არ შეიძლება ვიყოთ ტახი?
აგვისტოს ომში რომ საბოლოოდ არ გავნადგურდით, გარე ფაქტორებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითმა სტრატეგიამ გვიშველა, რისი უმნიშვნელოვანესი ელემენტიც მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვა და მტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის გადატანა იყო. გარდა იმისა, რომ რუსებისათვის ეს მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდა, ამ სტრატეგიულმა გათვლამ შეაფერხა მათი მოქმედება და მოგვაგებინა დრო.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: ამერიკას, იდეალისტი ჯორჯ ბუშის ნაცვლად, პრაგმატიკოსი ბარაკ ობამა მართავს; უკრაინის პრეზიდენტი, ჩვენი მხარდამჭერი ვიქტორ იუშჩენკოს ნაცვლად, ვიქტორ იანუკოვიჩია; ხოლო საშინელმა საავიაციო კატასტროფამ კი იმსხვერპლა პოლონეთის პრეზიდენტი და საქართველოს დიდი გულშემატკივარი ლეხ კაჩინსკი.
საქართველოს პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდნენ ფიგურები და მათი დაჯგუფებანი, რომელთაც რუსეთი უკვე ღიად უჭერს მხარს და რომელნიც თავადაც ამაყობენ პუტინისათვის ხელის ჩამორთმევით. კრემლი კავშირებს ხლართავს ძველი დროის ქართველ ინტელექტუალებთან და ქართულ საზოგადოებაზე გავლენის მოსაპოვებლად იყენებს საეკლესიო არხებსაც და ქურდულ სამყაროსაც.
ის, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ამ ეტაპზე, მოსკოვისათვის ხელსაყრელი გარემო ქაოსი და ანარქია, უკიდურეს შემთხვევაში კი, სუსტი და ადვილად მანიპულირებადი რეჟიმებია, ნათლად დაადასტურა ყირგიზეთისა და უკრაინის მოვლენებმა.
მეორე მხრივ, სახეზეა რუსეთის ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა. ჩამორჩენილობის უფრო შთამბეჭდავი მაგალითები კი ინფანტილური ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციური გაუმართაობა, ყოვლისმომცველი კორუფცია და არაეფექტიანი სახელმწიფო აპარატია.
მოსკოვს სხვა პრობლემებიც უბრკოლებს იმპერიულ სქემებს. კერძოდ ის, რომ ვერ ახერხებს ჩვენს საერთაშორისო იზოლაციას. გარდა ამისა, მის მიერ შეთავაზებულ „ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულებას“ ვაშინგტონმა უარით უპასუხა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთის უფლებას, ჰქონდეს გავლენის სფეროები, ხოლო ნატო კი კვლავინდებურად რჩება ევროატლანტიკური სივრცის უმთავრეს პოლიტიკურ და სამხედრო გაერთიანებად.
ჩანს, პრეზიდენტი ობამა ბევრს არ ლაპარაკობს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, მაგრამ, ჯერჯერობით, არც არაფერს აკეთებს ისეთს, რაც ამ ღირებულებებს პირდაპირ დაემუქრება.
ზღვარი გაბედულობასა და სიგიჟეს შორის.
უინსტონ ჩერჩილი წერდა: სტრატეგოსს ბევრი კარგი თვისება უნდა ამშვენებდეს, მაგალითად, განსწავლულობა, ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ თუ ის გაბედული არ არის, ვერაფერს მიაღწევსო.
იელის უნივერსიტეტში გამართულ ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე ჩერჩილის ამ მოსაზრების ციტირების შემდეგ აღვნიშნე: იმას, რასაც საქართველო აკეთებს, ზოგი გაბედულობას უწოდებს, ზოგი კი - სიგიჟეს. ვინ აღმოჩნდება მართალი, დამოკიდებულია იმაზე, შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენს თავისუფლებას.
თუ მოვახერხებთ ჩვენი შიდა ერთიანობის კიდევ უფრო განმტკიცებას, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის დახვეწას, ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზმის შემდგომ განვითარებას, სამხედრო გაძლიერებას და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების გაღრმავებას - რაც, უფრო კონკრეტულად, თანამედროვეობასა და განვითარებაზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაა - მოსკოვს ხელიდან გამოეცლება ჭაობში ჩვენი დაბრუნების ბევრი საშუალება.
მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ამ მეხამრიდებმა ვერ იმუშავა და ჩვენი მოწინააღმდეგისათვის ხარჯისა და დანაკარგების შიში სტრატეგიული მოგების შანსმა გადასძალა? ასეთი შემთხვევისათვის მან დღესვე უნდა იცოდეს, რომ ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისათვის ბრძოლაზე უარს არ ვიტყვით: ჩვენც გვაქვს ჩვენი ეშვები და, მაშასადამე, საკუთარი დიდი სტრატეგია.
![]() |
6 არჩევნების შესახებ ბევრ დევნილს ინფორმაცია არ აქვს |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დევნილების დასახლება წეროვანთან
30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილობაში მყოფი მოსახლეობისთვის ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელშიც სახლიდან მოშორებით მიიღებენ მონაწილეობას. 26 ათასამდე ეგრეთ წოდებული ახალი დევნილი ამ არჩევნებში პროპორციული სისტემით აირჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას.
მაგრამ ამის შესახებ უმრავლესობას ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს. ახალ დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდმა ნაწილმა არც იცის, რა არჩევნები ტარდება 30 მაისს და აქვს თუ არა მონაწილეობის უფლება. მათთვის ისიც გაუგებარია, რატომ უნდა მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როდესაც მათ ძველ გამგეობებს, მაგალითად, ქურთის, ერედვის და თიღვის თემის საკრებულოებს, 2010 წლიდან ორი წლით გაუგრძელდათ მუშაობის ვადა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდმა ნაწილმა არც იცის, რა არჩევნები ტარდება 30 მაისს და აქვს თუ არა მონაწილეობის უფლება |
ხურვალეთში დასახლებულ დევნილს, ქალბატონ დარეჯანს ჰგონია, რომ არჩევნები მხოლოდ თბილისში და ისიც მხოლოდ მერის ასარჩევად ტარდება. „ჩვენთან არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს“, - ამბობს იგი. წეროვანში მცხოვრები ერედველი ბერუაშვილების სამსულიანი ოჯახის წევრები მზად არიან არჩევნებში მონაწილეობისათვის, თუკი ხმის მიცემის უფლება ექნებათ. ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, მათ ვერ გაურკვევიათ, რომელ გამგეობას ირჩევენ. „ჩვენი სოციალური საკითხების მოგვარება მცხეთის რაიონს ეხება, ხოლო თუ რამე საბუთზე ან კომპენსაციაზეა საუბარი, მივმართავთ ძველ გამგეობებს, რომლებიც თბილისშია. ძალიან დაბნეულები ვართ ამის გამო“, - აცხადებს ერედვიდან დევნილი ქალბატონი.
დევნილი მოსახლეობისთვის არავის წაურთმევია საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ერთ-ერთი მთავარი უფლება - გააკეთოს არჩევანი |
საჯარო სკოლა წეროვანთან
ყველა ფოტო: ბესო დარჩია
ამავე დასახლების მკვიდრ ბადრის სმენია არჩევნების შესახებ, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერი იცის. ის ერთ-ერთ პრობლემად არაინფორმირებულობას ასახელებს, თუმცა აპირებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას.
წეროვანში ერთ-ერთ კომერციულ ჯიხურთან შეკრებილ მამაკაცებსაც გავესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ მათ იციან არჩევნების თარიღი, იციან, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა ჩვენს კითხვაზე, ვის აძლევენ ხმას - პარტიებს, მაჟორიტარებს თუ ორივეს ერთად - პასუხი ვერც ერთმა ვერ გაგვცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ჯული გიორგაძის განცხადებით, ე.წ. ახალი დევნილები იმ საარჩევნო ოლქების მიხედვით მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ჩასახლებულები არიან. მისი თქმით, დევნილები ყოველთვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მონაწილეობენ არჩევნებში. ინფორმაციას კი მათ აწვდიან როგორც საოლქო საარჩევნო კომისიები, ისე ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების საკითხებზე მუშაობს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად.
დევნილები ცხინვალის რეგიონიდან
დევნილი მოსახლეობისთვის არავის წაურთმევია საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ერთ- ერთი მთავარი უფლება - გააკეთოს არჩევანი. მაგრამ დევნილებთან გასაუბრებამ ცხადყო, რომ ინფორმაციის ნაკლებობამ, შესაძლოა, დევნილთა უმოქმედობა გამოიწვიოს, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება მათ საარჩევნო აქტივობაზე. აუცილებელია იძულებით გადაადგილებულ პირებთან კომუნიკაციის უკეთესი სისტემის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, უკეთ გაეცნონ ახალ გადაწყვეტილებებს და მიიღონ ახსნა - განმარტება მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.
![]() |
7 პატარა ქვეყანა - კარგია თუ საშიშია? |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრე რონდელი|სვეტი
დიდ საერთაშორისო პოლიტიკაში პატარა ქვეყნებს, ტრადიციულად, პატივს არ სცემენ. ისინი ხომ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით უძლურნი არიან. დიდ პოლიტიკაში აქტიურობა და ცვლილებები უძლიერესი სახელმწიფოების ხვედრია. სანამ ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში გადამწყვეტი ფაქტორია, საერთაშორისო სისტემა კი იერარქიული და ანარქიულია, პატარა ქვეყანა მესამეხარისხოვან და უმწეო აქტორად აღიქმება, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი პატარა ქვეყანა მყიფე და არამდგრადი სახელმწიფოებრიობით გამოირჩევა. ამგვარი პატარა ქვეყნების რიცხვი იზრდება, „ახალშობილი“ და „ახალგაზრდა“ ქვეყნების სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას კი არა მხოლოდ დიდი ძალისხმევა, არამედ დიდი დროც ესაჭიროება.
პატარა ქვეყნებს არასოდეს ულხინდათ. ადრე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე, პატარა ქვეყნების ხელში ჩაგდება, მათი დანაწევრება თუ „სატელიტიზაცია“ ჩვეულებრივი მოვლენა იყო საერთაშორისო პოლიტიკაში.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან პატარა ქვეყნებისათვის თითქოს უკეთესი დრო დადგა. ჯერ ერთი, იმპერიების ნგრევისა და კოლონიური სისტემის მოშლის შედეგად მათმა რიცხვმა იმატა. დღეს პატარა ქვეყნებს, გაეროს თამადობით, საერთაშორისო ორგანიზაციები „პატრონობენ“. მათ ეხმარებიან ეკონომიკურად, ხელს უწყობენ სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და ა.შ. თითქოს მათი უსაფრთხოება დღეს უფრო უზრუნველყოფილია. მაგრამ ბევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდა პატარა ქვეყნის პოლიტიკოსებს რომ ვკითხოთ: რა ძირითადი ამოცანა დგას მათი ქვეყნის წინაშე, ისინი ალბათ გვიპასუხებენ: გადარჩენაო.
ნუთუ საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავაც „ჯუნგლის კანონი“ ბატონობს და არავის - მით უმეტეს პატარა, სუსტ ქვეყანას - აქვს უსაფრთხოების გარანტიები? სამწუხაროდ, ჯერაც ასეა და ჩვენ ერთ-ერთი ის ახალგაზრდა პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან გადარჩენისთვის იბრძვის.
ომი, სეპარატიზმი, სიღარიბე, ჩამორჩენილობა და სხვა ნეგატიური მოვლენები ბევრი პატარა ქვეყნის ყოველდღიური პრობლემებია. დედამიწაზე არის მაღალგანვითარებული პატარა ქვეყნები (შვეიცარია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია და ზოგიერთი სხვა), რომლებმაც არა მხოლოდ კეთილდღეობის ძალიან მაღალ დონეს მიაღწიეს, არამედ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრეს, როგორც სანდო და აღიარებულმა მედიატორებმა სხვადასხვა კონფლიქტის, სადავო საკითხის მოგვარებაში, მშვიდობისმყოფელთა ფუნქციის განხორციელებაში. ხსენებული პატარა ქვეყნები საერთაშორისო დიპლომატიაში მეტად მნიშვნელოვან და კეთილშობილურ ფუნქციას ასრულებენ. ეს მათი „საერთაშორისო სპეციალიზაციაც“ კი გახდა და ამის გამო ძლიერ გაიზარდა მათი საერთაშორისო როლი და ავტორიტეტი.
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი
ზოგიერთი პატარა სახელმწიფო თავის რეგიონში მეტად ანგარიშგასაწევი ძალაა. ამის საუკეთესო მაგალითია ისრაელი.
ყოველ პატარა ქვეყანას ერთი ან -კიდევ უკეთესი - მეტი დანარჩენი ქვეყნებისათვის საჭირო ფუნქცია უნდა ჰქონდეს, შრომის დანაწილების საერთაშორისო სისტემაში საკუთარი ნიშა უნდა გააჩნდეს. ამ შემთხვევაში მისი ეროვნული უსაფრთხოება უკეთ იქნება უზრუნველყოფილი.
ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი პატარა, საერთაშორისო ვაჭრობის მექანიზმში რაც შეიძლება აქტიურად უნდა იყოს ჩართული. მისთვის ეს, ეკონომიკურადაც და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, უკეთესია.
უკვე 20 წელიწადია, რაც პატარა ქვეყნების რიცხვს კიდევ ახალი, მეტად სპეციფიკური ჯგუფი - პოსტსაბჭოური პატარა სახელმწიფოები შეემატა. ხსენებული ქვეყნების სპეციფიკა, პირველ ყოვლისა, გამომდინარეობს მათი საბჭოური წარსულიდან, როცა მათმა ხალხებმა, კულტურამ და ეკონომიკამ ძლიერი „მუტაცია“ განიცადეს და დამოუკიდებლობისათვის მზად არ აღმოჩნდნენ. არც მათი მოსახლეობა და მეურნეობა იყო მზად საერთაშორისო გარემოში უმტკივნეულოდ ჩასართველად. ტოტალიტარულმა წარსულმა დაამახინჯა ამ ქვეყნების მოსახლეობა, რომელსაც ამის შედეგად ცივილიზებული საზოგადოების ბევრი ნიშანი დააკლდა.
პოსტსაბჭოურ პატარა ქვეყნებში მძვინვარებდა (უმრავლესობაში კი ახლაც მძვინვარებს!) ეთნიკური ნაციონალიზმი, კუთხურობა, ცუდი მართვა და კორუფცია, ნეპოტიზმი და ოჯახს ამოფარებული უზნეობა, სოციალური პოლარიზაცია და სხვა მანკიერი მოვლენები. ყველაფერმა ამან გაზარდა ეროვნული უსაფრთხოების შიდა საფრთხეები, ხელი შეუშალა ისედაც მყიფე შიდა სოციალურ-პოლიტიკურ შეკავშირებულობას, გაზარდა სეპარატიზმის და დესტაბილიზაციის საფრთხე. ამას გარედან დაემატა მეტად სერიოზული საფრთხე - ყოფილი „ბატონის“, რუსეთის მცდელობა ხელი შეეშალა სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების დამოუკიდებელი განვითარებისათვის და ამ ქვეყნების კვლავ რუსულ ორბიტაში მოქცევით, მათი „ვასალიზაცია“ და „სატელიტიზაცია“. ამ მხრივ სტრატეგიულად ფრიად ხელსაყრელად განლაგებულ საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, რადგან რუსეთმა მის დასამონებლად ყველა შესაძლო მეთოდი გამოიყენა (სეპარატიზმი, ეკონომიკური ბლოკადა, შიდა დესტაბილიზაციის მცდელობები და პირდაპირი აგრესია ტერიტორიების ანექსიასთან ერთად).
რუსეთის ნეგატიურმა ფაქტორმა კიდევ უფრო გაამძაფრა მეზობელი პატარა ქვეყნების შიდა პრობლემები და მათში დემოკრატიულ ცვლილებებსა და ეკონომიკურ პროგრესს ხელი შეუშალა. რუსეთის ამგვარმა პოლიტიკამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის ერთ-ერთი პოსტულატი - „პატარა ქვეყნისათვის უდიდესი უბედურებაა დიდ, ძლიერ სახელმწიფოსთან უშუალო მეზობლობა“ - დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ადგილი და როლი დაიმკვიდრა საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ისინი კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის მქონე პატარა ქვეყნებს. ამიტომაც ისინი:
ცდილობენ ნაკლებად აქტიურნი იყვნენ მსოფლიო პოლიტიკის ურთულეს და კონფლიქტურ გარემოში;
ცდილობენ თავიანთ რეგიონში მეზობლებთან საუკეთესო ურთიერთობები დაამყარონ;
მაქსიმალურად ცდილობენ აქტიურნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და მშვიდობისმყოფელ აქციებში;
მაქსიმალურად ცდილობენ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ქცევის ზნეობრივი ნორმებისა და წესების განმტკიცებას;
ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად უსაფრთხოების კოლექტიურ სისტემებში გაწევრიანებას ან ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან მფარველობის მოპოვებას ცდილობენ;
ცდილობენ ითანამშრომლონ სხვა ქვეყნებთან და კონფლიქტს მოერიდონ;
უსაფრთხოებისა და გადარჩენისათვის არაპროპორციულად დიდ საგარეო პოლიტიკურ რესურსებს ხარჯავენ
![]() |
8 მთლიანი შიდა პროდუქტის მოსაწყენი გათვლები და გასაკეთებელი არჩევანი |
▲ზევით დაბრუნება |
კახა ბენდუქიძე|სვეტი
ეკონომიკა
გაზეთებში შეგიძლიათ ნახოთ, რომ საქართველოს მშპ/სულზე არის 2900 დოლარი, და მეორე დღეს ასევე გაიგოთ, რომ ეს მაჩვენებელი 4400 დოლარია. იტყუებიან? არა. ეს დათვლის ორი გზაა. პირველი - ითვლიან მშპ-ს საბაზრო ფასებში - თუ ვაწარმოეთ 10 000 ტონა ვაშლი და დაახლოებით 10 ცენტად გავყიდეთ - ეს არის 1 მილიონი დოლარის წვლილი მშპ-ში. მეორე გზა - თუ ვაშლი მსოფლიოში ღირს 30 ცენტი /კილო, მაშინ ჩვენ 3 მილიონი დოლარის ვაშლი შეგვიჭამია. ასეთ დათვლას ჰქვია PPP (purchase power parity)-based ანუ მსყიდველობისუნარიანობის თანაბრობაზე დაფუძნებული, და უფრო რეალურად ასახავს დოვლათს. ასე დათვლილი ჩვენი მშპ/სულზე დაახლოებით 4400 დოლარია (ყველგან გამოყენებულია დაზვერვის ცენტრალური სამსახურის მონაცემები).
ბევრია ეს თუ ცოტაა?
ცოტაა. ამ მაჩვენებლით ვართ 149-ე ადგილას მსოფლიოში - დიდი ვერაფერი შედეგია. ცოტათი ჩამოვრჩებით სირიას და მაროკოს, და ცოტათი ვუსწრებთ ჰონდურასს და პარაგვაის. მნიშვნელოვნად ვუსწრებთ რამდენიმე ათეულ ღარიბ და უღარიბეს ქვეყანას. უფრო შეძლებულები ვართ, ვიდრე ინდოელები, პაკისტანელები, კამერუნელები და მოლდოველები. სამჯერ ვუსწრებთ გამბიელებს და ჰაიტელებს, ოთხჯერ ბირმელებს, ხუთჯერ ეთიოპიელებს, და ოცჯერ ზიმბაბველებს. თუმცა ზიმბაბველებს ყველა უსწრებს. საწყლები!
ჩამოვრჩებით 148 ქვეყანას, მაგრამ აქედან დაახლოებით ჩვენს დონეზე ან ცოტათი წინ არიან ნაურუ და გვატემალა, ალჟირი და ჩინეთი, ალბანეთი და ეგვიპტე. ჩვენზე სამჯერ უფრო შეძლებულია - ბოტსვანა, მექსიკა, გაბონი, და ხუთჯერ შეძლებულია ტრინიდადი და ტობაგო, მალტა და ომანი, შვიდჯერ ტაივანი, ბაჰამა და იტალია, ათჯერ კაიმანის კუნძულები, აშშ, ფარერის კუნძულები. დიახ, ჩვენგან ფეხბურთში დამარცხებული ფარერის კუნძულები ერთ სულზე სიმდიდრით მსოფლიოში მეათე ადგილზე არიან და ჩვენ ათჯერ გვისწრებენ.
მოკლედ, ბოლოში მივჩანჩალებთ. თუმცა წინსვლის შანსი გვაქვს. 2003-2007 წლებში მსოფლიო ეკონომიკა გაიზარდა წლიურად დაახლოებით 5%25-ით, ქართული კი დაახლოებით 10%25-ით. და წინ დაახლოებით 20 ადგილით წავიწიეთ.
ახალი დანიშნული ვიყავი მინისტრად, და სატელევიზიო გადაცემის შემდეგ სხვა მონაწილეებთან (პარლამენტის წევრები სხვადასხვა ფრაქციიდან) ერთად სავახშმოდ წავედით. ჩამოვარდა საუბარი, როდის ვიქნებით ევროპასავით. მე ვუთხარი, წლევანდელივით თუ 6%25-ით გავიზარდეთ, 70 წელი გვჭირდება-მეთქი. ამან დიდი ალიაქოთი გამოიწვია, და ერთ-ერთმა დეპუტატმა მითხრა - ვარიანტი არ არის, მაქსიმუმ სამი წელიო.
ამაზე მე გულუბრყვილოდ დავუწყე ახსნა, რომ დათვლა ძალიან მარტივია, ზრდის სიჩქარეების განსხვავება ხარისხში აგყავს და როგორც კი ეს ვთქვი, ეგრევე სიჩუმე ჩამოვარდა. ხარისხში აყვანა ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა.
უცბად ერთ-ერთი მათგანი ჩემკენ გადმოიწია, და ჩურჩულით მკითხა: „ბატონო კახა, პრეზიდენტმა თუ იცის ეს ამბავიო?“
ჩათვალა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოა, რომ სამ წელიწადში ვერ დავეწევით ევროპას. მაშ რამდენში?
ბევრი თვლის, რომ რაღაცნაირად შეიძლება გადავხტეთ. ეხლა ვართ ღარიბები, და მერე უცბად რაღაცნაირად გავმდიდრდით. ალბათ ლატარიაში მოვიგებთ.
მაგრამ მაგ ლატარიას არავინ ატარებს. ასე რომ, მხოლოდ ერთი გზაა - ჩვენ ყოველწლიურად უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ, ვიდრე სხვა ქვეყნები. ღვთის წყალობით, შეცდომებს ეკონომიკაში ვუშვებთ არა მარტო ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებიც.
იაპონური სასწაული მდგომარეობდა იმაში, რომ დაბალი გადასახადების პირობებში იაპონია იზრდებოდა 10%25-ით 10 წლის განმავლობაში, 5%25-ით შემდეგი 10 წლის განმავლობაში, და 3%25-ით - კიდევ ათი წელი. მერე აღარ იზრდება.
აზიური ვეფხვები - ტაივანი, ჰონკონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა - 25 წელი იზრდებოდნენ დაახლოებით 7 %25-ით წელიწადში.
ომისწინა ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ წლიურ 10%25-იან ზრდას.
ჩინეთი ასე იზრდება ბოლო 30 წელი.
რა გამოვა, ჩვენც რომ 30 წელი ასე ვიაროთ. 10%25-იანი წლიური ზრდით?
2015 წელს ნამიბიის დღევანდელ დონეს გავუსწრებთ (მაგრამ განა ეს საკადრისია? რაღაც აფრიკულ ქვეყანას გვადარებენ?).
2017 პალაუს და ბელიზს (ამ მთავრობამ სირცხვილი დაკარგა, პალაუ და ბელიზი გვინდა?). 2021 კოსტა- რიკას (ბენდუქიძე იუდა!).
2026 - ბარბადოსს და უნგრეთს (სად იყვნენ მაგენი, ჩვენ რომ უკვე რუსთაველი გვყავდა).
2029 - ომანს და ჩეხეთს (ისევ არაბები! რისთვის იბრძოდა მაშინ დავით აღმაშენებელი?).
2034 - ვუსწრებთ დღევანდელ ავსტრიას და ვუახლოვდებით შვეიცარიას (აქ რა უნდა თქვან, ვერ მოვიფიქრე).
2036 - დღევანდელ სინგაპურზე მდიდრები ვხდებით (გამოტყდა ბენდუქიძე, რომ ევროპაში არ უნდა. მაგენი ხეებზე ისხდნენ, როცა ჩვენ სახარებას ვკითხულობდით).
აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ:
წელიწადში 12%25 - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.
წელიწადში 10%25 - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის წელიწადში 7%25 - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.
წელიწადში 4%25 - 2040 წელს ვიქნებით ბანძები.
წელიწადში 2%25 - 2040 წელს არ ვიქნებით.
არაფერი არ ვიქნებით.
არაფერი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
![]() |
9 თავისუფლების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ლადო გურგენიძე|სვეტი
„მირჩევნია ვეკუთნოდე ღატაკ, მაგრამ თავისუფალ ერს,
ვიდრე თავისუფლებაში განხიბლულ მდიდარს“.
ვუდრო უილსონი
რამდენიმე კვირის წინ, მე და ჩემმა პარტნიორმა ჩვენი ბანკის რე-ბრენდინგი გამოვაცხადეთ: ძველი და გაცვეთილი სახელი, ახალ - ცოცხალ და კეთილხმოვან ბრენდზე გავცვალეთ. ახალ სახელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწრაფად და ადვილად მივიღეთ, რადგან, განურჩევლად ენისა, ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის ინგლისურ ექვივალენტზე შევჩერდით. ასე დაიბადა ლიბერთი ბანკი.
თავისუფლების მნიშვნელობა ვინ არ იცის, მაგრამ ის იმდენად ღრმაა და ფაქიზი, რომ თავისუფლების თქვენეული განსაზღვრება, შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ჩემისაგან, ჩემი - სავარაუდოდ სხვისაგან და ასე შემდეგ. ჯონ ლოკისეული განსაზღვრება „თავისუფლება ნიშნავს იყო შეზღუდვებისგან და ძალადობისგან თავისუფალი“ რომელიც უკვე სამ საუკუნეზე მეტს ითვლის, ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და ზუსტია. ლორდ აქტონის სიტყვები: „თავისუფლება უფრო მაღალი მიზნის მიღწევის საშუალება არაა. ის თავად არის უმაღლესი პოლიტიკური მიზანი“ - მხიბლავს მისი დოგმატური სიმარტივით.
უდავოდ ადვილია განსაზღვრო რა არ არის თავისუფლება. ჩემმა თანამემამულეებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და გაიზარდნენ იციან, რას ნიშნავს არ იყო თავისუფალი. მაგრამ ტირანიისა (საბჭოთა, თუ სხვა) და ლიბერალური დემოკრატიის შავ-თეთრ უკიდურესობებში ნაცრისფრის უამრავ ტონს ვაწყდებით და იმ ხაზის გავლება, რომლის მიღმაც, ნებისმიერი, თუნდაც მცირე კომპრომისი, თავისუფლების დათმობას ნიშნავს, არ არის ყოველთვის ადვილი. ედმუნდ ბერკის სიტყვები რომ გავიმეოროთ, „რეალური საფრთხე მაშინ დგება, როდესაც თავისუფლებას, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ნაწილ-ნაწილ ვთმობთ“.
თავისუფლების ზომა- წონის განსაზღვრის ყველაზე ადვილი გზა ჩემთვის უკავშირდება სახელმწიფო ხარჯების წილს ქვეყნის ეკონომიკაში. თავისუფალი სამყაროს ისტორია მას შემდეგ, რაც ბისმარკმა სოციალური კანონმდებლობა წარმოადგინა 1880 -იან წლებში, სახელმწიფოს ზომის შეუქცევადი ზრდის პარალელურად განვითარდა. ესტაფეტა პროგრესისტებმა გადაიბარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ატარეს დიდ დეპრესიამდე, რამაც დასაბამი მისცა რუზველტისეულ ახალ კურსს და ა.შ. 1947 წლის შემდეგ, ფედერალურ, შტატის და ადგილობრივ ხელისუფალთა რეალური (ანუ ინფლაციაზე დაკორექტირებული) დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაოთხმაგდა. გაერთიანებული სამეფოს შემადგენელ უელსსა და შოტლანდიაში, სახელმწიფო ხარჯებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 70%25-მდე მოდის, ანუ უფრო მეტი, ვიდრე უნგრეთში 1989 წელს.
ბისმარკს, ალბათ, გულწრფელად სჯეროდა, რომ აწონდაწონილი სოციალური რეფორმა, სოციალისტურ რევოლუციას აღკვეთდა. ლუის ბრანდეისმა, რომელიც ლიბერთარიანელების მედროშედ, როგორც წესი, არ განიხილება, ერთხელ თქვა: „თავისუფლების ყველაზე დიდი საფრთხე კეთილისმსურველ უმეცართა გულმოდგინებაში იმალება“. დემოკრატიულ კონტექსტში, სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს გაფართოება მიზანშეწონილ და გონივრულ ფარგლებს მიღმა, როგორც ჩანს, სამწუხაროდ შეუქცევადი პროცესია. როგორც ფრედერიკ ბასტია ამბობს, „ყველას სურს იცხოვროს სახელმწიფოს ხარჯზე, ავიწყდებათ რა, რომ სახელმწიფოს სურს იცხოვროს ყველას ხარჯზე.“ ასევე ხშირად ავიწყდებათ, რონალდ რეიგანის ნათქვამი: „სოციალური პროგრამების მიზანი, მათი არსებობის აუცილებლობის აღმოფხვრა უნდა იყოს”. უნდა ითქვას, რომ არაფერი მსგავსი მდიდარ დემოკრატიულ ქვეყნებში არ მომხდარა - პირიქით, სოციალურ პროგრამებზე დამოკიდებულების ხარისხმა იმატა- უმეტეს შემთხვევაში პიროვნული თავისუფლების ხარჯზე. არჩევნებიდან არჩევნებამდე სახელმწიფოს ზომა იზრდება და მისი ფუნქციები ფართოვდება - ასახავს თუ არა ეს ვითარება ჭეშმარიტ კონსენსუსს? იქნებ სახელმწიფო ხარჯებზე კონსტიტუციური კონტროლის არარსებობის გამო პროფესიული პოლიტიკის დღევანდელ ეპოქაში ერთადერთი რასაც ამომრჩეველი იღებს, არის მრავალფეროვნება და უბრალო რიტორიკა რეალური არჩევანის მაგივრად?
შემდეგ სვეტში ავხსნი იმას, თუ რატომ შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო ჩარჩოებში მოქცევა სახელმწიფოს ოპტიმალური ზომის განსაზღვრას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაბეგვრის უფლებამოსილება, სრულიად მართებულად, ხალხის და არა პროფესიონალი პოლიტიკოსების ხელში იქნება.
ვუდრო უილსონი
(1856 - 1924) - აშშ-ს 28-ე პრეზიდენტი. 1912 წელს გაპრეზიდენტებულმა უილსონმა ხორცი შეასხა „ახალი თავისუფლების“ კონცეფციას, რაც გულისხმობდა საბანკო სისტემაზე კონტროლის დამყარებას და მონოპოლიების შეზღუდვას. მისი ინიციატივით მიიღო კონგრესმა კანონები ფედერალური რეზერვის შესახებ, ფედერალური სავაჭრო კომისიის შესახებ, კლეიტონის ანტიმონოპოლიური კანონი. დაწესდა ფედერალური საშემოსავლო გადასახადები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უილსონი იყო ერთა ლიგის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.
ჯონ ლოკი
(1632-1704) - ლიბერალიზმის ფუძემდებელი, რომლის შრომებმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ვოლტერის, რუსოს, შოტლანდიელი განმანათლებლების და ამერიკელი რევოლუციონერების შემოქმედებაზე. ლოკისთვისაც სახელმწიფოს შექმნა საზოგადოებრივი ხელშეკრულების შედეგია, რომლის ფუნქცია იმთავითვე შეზღუდულია: კანონის მიღების, კანონდამრღვევის დასჯისა და აგრესორის მოგერიების ფუნქციებით.
ლორდი აქტონი
(1834-1902) - აღიარება მოიპოვა თავისუფლების ისტორიის კვლევით. მიუხედავად მისი გავლენისა ინგლისის პოლიტიკურ წრეებზე, ლორდ აქტონის სულ რამდენიმე ნაშრომია გამოქვეყნებული. კარიერის ადრეულ ეტაპზე გამოირჩეოდა სიმპატიებით კონსერვატიული ფრთის მიმართ, თუმცა მალევე შეიცვალა შეხედულებები და ლიბერალი გახდა. მე-19 საუკუნის ბოლოს მას მიიჩნევდნენ თავისი დროის ერთ- ერთ ყველაზე განათლებულ ადამიანად, რომელმაც თავის შემოქმედებაში წარმატებით შეაჯერა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
ედმუნდ ბერკი
(1729 - 1797) - სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი, ფილოსოფოსი. აღიარებული იყო როგორც კონსერვატორების, ასევე ლიბერალების მიერ და ითვლება თანამედროვე კონსერვატიზმის ფილოსოფიის შემქმნელად. ცნობილია როგორც პოლიტიკის თეორიის მოწინააღმდეგე. მისთვის მიუღებელი იყო ინსტიტუტების გადაფასების იდეა, მხოლოდ თეორიული მოსაზრებების გამო. საუკეთესოდ ის ტრადიციულ ინსტიტუტებს მიიჩნევდა.
ოტო ბისმარკი
(1815 - 1898) - მე-19 საუკუნის მიწურულს გერმანული სახელმწიფოების გაერთიანების არქიტექტორი, „რკინის კანცლერი“, თავისი დროის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი. სხვა მრავალ დამსახურებასთან ერთად, ითვლება სოციალური პოლიტიკის შემქმნელად, თუმცა მისი მფარველობით შექმნილმა ანტიკათოლიკურმა და ანტისოციალისტურმა კანონმდებლობამ მძიმე კვალი დააჩნია გერმანიის პოლიტიკურ კულტურას. მისი გავლენით მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროპის პოლიტიკური რუკა.
ფრანკლინ დელანო რუზველტი
(1882 - 1945) - აშშ-ს 32-ე პრეზიდენტი. ცენტრალურ როლს თამაშობდა II მსოფლიო ომში. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს შეიმუშავა „ახალი კურსის“ პოლიტიკა, რომლის მიზანი სოციალური პრობლემების, კერძოდ კი უმუშევრობის პრობლემის მოგვარება იყო. იგი 12 წლის განმავლობაში დარჩა პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ლუის ბრანდეისი
(1856 - 1941) - აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 1916 - 1939 წლებში. როგორც მოსამართლე ებრძოდა ბანკების და ძლიერი კორპორაციების გავლენას, მონოპოლიებს, საჯარო კორუფციას, რასაც ის ამერიკული კულტურისა და ღირებულებებისთვის დამღუპველად მიიჩნევდა. მან დაამკვიდრა კანონმდებლობაში მინიმალური ანაზღაურების და სამუშაო საათების კონტროლის, ასევე შრომითი გაერთიანებების თავისუფლების პრინციპები და ამით დაშორდა კლასიკური ლიბერალიზმის პოზიციებს, რომელიც ლოკის მიერ იყო ჩამოყალიბებული.
ფრედერიკ ბასტია
(1801 - 1850) - ფრანგული კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, პოლიტიკური ეკონომისტი „ყველაზე დამსახურებული ჟურნალისტი ეკონომიკაში”. აღიარებულია მისი ნაშრომები ფილოსოფიაში, ისტორიაში, პოლიტიკასა და პოლიტიკურ ეკონომიკაში. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავისუფალი ბაზრის იდეის პოპულარიზაციაში. ბასტია ემხრობოდა ყველანაირი დამატებითი ტარიფებისა და ბარიერების გაუქმებას.
რონალდ რეიგანი
(1911 - 2004) - აშშ-ს მე-40 პრეზიდენტი. მისი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც რეიგანომიკას უწოდებდნენ, გულისხმობდა ბიზნესის რეგულაციის შემცირებას, ინფლაციის კონტროლს, სამთავრობო ხარჯების შემცირებას და გადასახადების შემცირებით ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას. რეიგანმა საჯაროდ უწოდა „ბოროტების იმპერია“ საბჭოთა კავშირს, მისმა პოლიტიკამ უზრუნველყო აშშ-ს გამარჯვება ცივ ომში და სერიოზული დარტყმა მიაყენა სოციალიზმს, რამაც საბოლოო ჯამში თავისუფლება მოუტანა რუსეთის მიერ დამონებულ ერებს.
![]() |
10 გადახდის პიკი საპრეზიდენტო არჩევნების წელს უწევს |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
საგარეო ვალი
ეკონომიკური თავისუფლების აქტის თანახმად, სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართება 60%25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეკონომისტთა ნაწილის აზრით, დღეს, როცა მიმართება 40%25-მდეა, ეს რისკიანი გადაწყვეტილებაა - ისედაც მაღალი ვალის მქონე საქართველოს, შესაძლოა, გაუჩნდეს ახალი ვალის აღების ცდუნება, რასაც მომავალში ბუმერანგის ეფექტი ექნება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი - 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 8631.9 მლნ აშშ დოლარია. მათშორის, სახელმწიფო სტრუქტურების ვალი ყველაზე მაღალი - მთლიანი შიდა პროდუქტის 25%25-ია.
ვალი გაიზარდა 2008 წელს - ჯერ კიდევ ომამდე 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციების გამოშვებისა და წლის მეორე ნახევარში დონორებისაგან მიღებული თანხების შედეგად. ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე დაპირებული 4.5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარებიდან 3 მილიარდი ანუ 63%25 კრედიტია.
საქართველოს თავის ვალებში ყველაზე დიდი თანხის - 800 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში უწევს: თუ დღეს ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 4%25 ხმარდება, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 3.5-ჯერ ანუ 14%25-მდე გაიზრდება.
ეროვნული ბანკი შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს: სახელმწიფო ვალის 3.7 მილიარდი აშშ დოლარიდან, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის ვალი შედის, 2.4 მილიარდი აშშ დოლარი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აზიის განვითარების ბანკისგან მოზიდული თანხაა. ეს ფინანსური რესურსი დაბალპროცენტიანია და მისი საპროცენტო ხარჯი 1%25-ზე ნაკლებია. სამაგიეროდ, ძვირია (7.5%25) ევროობლიგაციების ვალი, რომელიც უახლოესი სამი წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს.
ერთ სულ მოსახლეზე ვალი, დაახლოებით, 2000 დოლარია. ვალის გადახდისას მთავრობა საბიუჯეტო სახსრების გარკვეულ ნაწილს ამცირებს ან ზრდის გადასახადებს, რათა საგარეო ვალდებულებები შეასრულოს. სხვა შემთხვევაში კი ეს თანხები ეკონომიკური ეფექტის მქონე სხვა და სხვა პროგრამას ან გადასახადების შემცირებასა და ეკონომიკის სტიმულირებას მოხმარდებოდა.
მსოფლიო ბანკის ზრდისა და კრიზისის პროგრამის ხელმძღვანელისადა წამყვანი ეკონომისტის რაჯ ნალარის აზრით, შედარებით ღარიბმა ქვეყნებმა უნდა აკონტროლონ, რომ საგარეო ვალმა 50%25-იან ზღვარს არ გადააჭარბოს და, ამავდროულად, მხოლოდ კონცესიური ანუ დაბალპროცენტიანი სესხები აიღონ: ვალის გადახდისუნარიანობის გრძელვადიანი შეფასებისას, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ მშპ-სთან შეფარდებაა. მათი პარამეტრებით, ვალი, რომელიც მშპ-ს 40-50%25-ს აღემატება, არა საიმედოა და ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანოდ მიიჩნევა.
საგარეო ვალის გადახდის ვადები
ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო ვალის მშპ-სთან მიმართება უახლოესი წლების განმავლობაში 30-40%25-ის ფარგლებში იმერყევებს.
ამდენად, ეკონომიკურ პრობლემათა კვლევის ცენტრის დამფუძნებლის დავით ნარმანიას თქმით, თავისუფლების აქტის 60%25-იანი ზღვარი, კერძოდ, დეკლარირება იმისა, რომ არსებობს კონსტიტუციით აღიარებული ზღვარი, მისაღებია ერთადერთი პირობით, თუ ქვეყნის პოლიტიკა იქნება „რაც შეიძლება ნაკლები საგარეო ვალი და რაც შეიძლება მჭიდროდ მოჭერილი ქამრები.“
2013 წელს ქამრების მჭიდროდ მოჭერა და წინასაარჩევნოდ პოპულის ტურ მოტივებზე უარის თქმა მმართველი გუნდისთვის რთული ტესტი იქნება.
![]() |
11 ამერიკის ბირთვული პოლიტიკა იცვლება |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
განიარაღება
ბირთვული დოქტრინის მიზანია ომის თავიდან აცილება. ის ცდილობს დაანახოს მოწინააღმდეგეს, რა ელის აგრესიის შემთხვევაში. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ამერიკა უფლებას იტოვებდა მასზე ან მის მოკავშირეებზე თავდასხმის შემთხვევაში ბირთვული დარტყმით ეპასუხა მოწინააღმდეგისათვის. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ აღნიშნა: „თუ ჩვენ გვექნება მოწინააღმდეგის განადგურებისათვის საკმარისი იარაღი, არასოდეს მოგვიწევს მათი გამოყენება“.
აშშ-ს ახალი ბირთვული პოლიტიკა უარს ამბობს ბირთვული შეკავების სტრატეგიაზე. ის ობამას ახალი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს როგორც ბირთვული იარაღის, ისე მისი როლის შემცირებას ქვეყნის თავდაცვაში. თავდაცვის დეპარტამენტის მოხსენების მიხედვით (Nuclear Posture Review Report 2010), ამერიკაზე ან მის მოკავშირეებზე ბიოლოგიური, ქიმიური ან კიბერიერიშის შემთხვევაში, აშშ არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ თავდამსხმელ ქვეყანას ხელი აქვს მოწერილი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე და ასრულებს მის პუნქტებს
ბირთვული უსაფრთხოების სამიტი
ყველა ფოტო: REUTERS ©
ამ ნაბიჯით ბარაკ ობამას სურს, რომ მსოფლიოს დაანახოს თავისი ქვეყნის პოლიტიკის კეთილსინდისიერება. საეჭვოა ამ მიდგომამ გაამართლოს, რადგანაც ნაკლებ სავარაუდოა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ობამას მორალურ ნაბიჯს ასეთივე კეთილგანწყობით უპასუხოს. პირიქით, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანამ ეს აშშ-ს სისუსტის გამოვლინებად აღიქვას.
ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის თვითაკრძალვამ, შესაძლოა, ბევრ ქვეყანას უბიძგოს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისაკენ, მათ შორის, თავის მოკავშირეებსაც, რომლებიც ვეღარ დაეყრდნობიან აშშ-ს ბირთვულ ქოლგას.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ აშშ აღარ შექმნის ახალ ბირთვულ იარაღს. მისი თქმით, ისინი არსებულ მასალებს გამოიყენებენ ახლების ასაწყობად. საეჭვოა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით რამდენად ეფექტური იქნება მსგავსი იარაღი.
კითხვები გააჩინა 8 აპრილს პრაღაში ამერიკა- რუსეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ (რომელიც საჭიროებს ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს რატიფიკაციას). პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი უფლებას იტოვებს გამოვიდეს ხელშეკრულებიდან თუ ამერიკა განაგრძობს ბირთვული იარაღის მოდერნიზაციას.
ამერიკული მხარის განცხადებით, ხელშეკრულებას არ ექნება გავლენა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მისი ქვეყანა იმ შემთხვევაშიც გააუქმებს შეთანხმებას, თუ ამერიკის თავდაცვის სისტემები რუსეთის ინტერესებს შეეჯახება. ამ განცხადებით, რუსეთმა ხელშეკრულება დაუკავშირა აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებას. ამან, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ამერიკისა და მისი მოკავშირეების ურთიერთობებზე. უდიდესმა პოლონურმა გაზეთმა Gazeta Wyborzca-მ პრაღაში ობამას ვიზიტზე დაწერა: „ობამა მოდის, მაგრამ ის უკვე აღარ არის ჩვენი ობამა”. ხელშეკრულებით არც სხვები დარჩენილან კმაყოფილნი.
პრაღის შეთანხმება არ ეხება ახლო მანძილზე მოქმედ ბირთვულ რაკეტებს, რომლებსაც ტაქტიკურ რაკეტებსაც უწოდებენ. რუსეთს სამი ათასზე მეტი ტაქტიკური რაკეტა აქვს. ჩვეულებრივ შეიარაღებაში რუსეთი ჩამორჩება როგორც ნატოს, ისე ჩინეთს. მათი აქცენტი ბირთვულ იარაღზეა, რაც გაცხადდა კიდეც 2010 წელს მიღებულ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში, რომლის მიხედვითაც, ბირთვული რაკეტების გამოყენება შეიძლება როგორც პრევენციული დარტყმისთვის, ისე კონვენციურ ომში. გამოდის, რომ ამერიკული ბირთვული არსენალის შემცირების პარალელურად, რუსული შეიარაღება გაიზრდება. ამის შემდეგ საკითხავია, რა სარგებელი შეიძლება მიიღონ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ამ ხელშეკრულებით?
12 აპრილს ვაშინგტონში გაიხსნა ბირთვული სამიტი, რომელშიც 47 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის არ არიან ირანი და ჩრდილოეთ კორეა, მათი ბირთვული პროგრამების გამო. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ ჩასულა სამიტზე, რადგან თურქეთი და ეგვიპტე, სავარაუდოდ, მისი ქვეყნის ბირთვული ინსპექციის საკითხს დააყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამიტზე არ იყო მიწვეული აზერბაიჯანის დელეგაცია, სამაგიეროდ ობამა პირადად შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს.
ობამას პოლიტიკამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ჩილემ, მექსიკამ და კანადამ საკუთარი ბირთვული პროგრამების შეკვეცისა და საჯაროობის სურვილი გამოთქვეს. უკრაინა მზადაა 200 კილოგრამამდე გამდიდრებული ურანი ამერიკას ან რუსეთს გადასცეს გასანადგურებლად. თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია უკრაინის მაგალითს ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ მიბაძონ.
სამიტზე აღინიშნა ბირთვული ტერორიზმის საფრთხეზეც. ობამამ თავის გამოსვლაში ისაუბრა კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ბოლო წლებში ურანის მოპარვის უამრავი მცდელობა დაფიქსირდა.
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაში საკუთარი წილი საქართველომაც შეიტანა. სამიტზე მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ბოლო ათ წელიწადში რვაჯერ მოახერხეს გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთა. ატომური ენერგიის სააგენტო შეშფოთებულია აფხაზეთში არსებული ბირთვული ნარჩენების საწყობის გამო. ბოლო ინსპექცია 2005 წელს ჩატარდა, მას შემდეგ კი ამ რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
საბოლოო ჯამში სამიტმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ ობამას ადმინისტრაციამ სცადა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული წარუმატებლობის გადაფარვა. ვაშინგტონის საპასუხოდ, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა 17-18 აპრილისათვის თეირანში მოიწვია საკუთარი ბირთვული სამიტი, რომელშიც 15 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.
![]() |
12 ობამა, ნაზარბაევი და ბორატი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
პრეზიდენტები ნაზარბაევი და ობამა სამიტზე
ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დაწყებიდან პირველივე დღეს ობამას შეხვედრამ ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში. ნაზარბაევთან საუბრისას ობამამ აღნიშნა, რომ ყაზახეთის მსგავსად, აშშ-მაც უნდა იმუშაოს საკუთარ დემოკრატიაზე. განცხადებამ ისე გაიჟღერა, თითქოს ობამამ ყაზახეთის დემოკრატია ამერიკულს შეადარა, ამერიკული და ყაზახური სახელმწიფო სისტემები ერთ კონტექსტში განიხილა.
ობამას ოპონენტებმა მის ფრაზას, ირონიულად, კომედიური ფილმის - „ბორატის“ -გაგრძელება უწოდეს.
ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, ობამა ყაზახეთს აჩვენებს, რომ აშშ ამ ქვეყანაში რეფორმების გატარების მოთხოვნას არბილებს. ობამას კომპრომისი ნაზარბაევის ავტორიტარულ მთავრობას თავდაჯერებულობასაც მატებს. ყაზახეთმა წელს „ეუთოს“ თავმჯდომარე გადაიბირა, რომლის მხარდაჭერასაც იგი ვერ იღებდა ერთი წლის მანძილზე, სახელმწიფოს ყველა სფეროში არსებული პრობლემების გამო.
თუ ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა მართლაც გულისხმობს მრავალი ქვეყნის ერთ საერთო საკითხზე თანამშრომლობას, ავტორიტარული ყაზახეთისა და ამერიკის დემოკრატიული გამოწვევების ერთ კონტექსტში მოხსენიება ცენრტალურ აზიაში დემოკრატიული ღირებულებების დაჩლუნგებას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაზე ობამა და ნაზარბაევი შეთანხმდნენ ყაზახეთის მიერ ამერიკისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის დათმობაზე, ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობისათვის. ამ დრომდე აშშ-ს ჯარებისა და სამხედრო მასალების ტრანსპორტირება ხდებოდა გერმანიაში მდებარე რამშტეინის ბაზიდან არაბეთის ყურისა და პაკისტანის გავლით.
![]() |
13 ისტორიული ჭრილობა, რომელიც არა და არ ხორცდება |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
კატინი
კატინის საქმე რუსეთ-პოლონეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო. თუმცა, ბოლო დროს თითქოს იდგმებოდა ნაბიჯები დაძაბულობის განსამუხტავად. „კატინი იქცა მტკივნეულ ჭრილობად პოლონეთის ისტორიაში და მრავალი ათწლეულის მანძილზე წამლავდა ურთიერთობას პოლონელებსა და რუსებს შორის. მაშ, მოვიქცეთ ისე, რომ ჭრილობა ბოლოს და ბოლოს მოშუშდეს და პირი შეკრას. ჩვენ უკვე ვდგავართ სწორ გზაზე. ჩვენ, პოლონელები, ვაფასებთ იმას, რაც რუსებმა ბოლო წლებში გააკეთეს. და ჩვენი ხალხების ამ დამაახლოებელ გზაზე წინ უნდა წავიწიოთ, არ უნდა შევჩერდეთ, არ უნდა დავიხიოთ უკან“ - ეს სიტყვები უნდა ეთქვა პოლონეთის პრეზიდენტს ცერემონიალზე 10 აპრილს, რომ არა ავიაკატასტროფა, რომელმაც პოლონელ ერს კიდევ ერთხელ შეახსენა კატინი - 22 ათასი პოლონელის გაჟლეტა.
რუსეთის პრემიერ- მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა კატინის მკვლელობის მსხვერპლთა მოსახსენიებელ ცერემონიალზე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არ მიიწვია. კაჩინსკი დაჟინებით მოითხოვდა რუსეთის მხრიდან ბოდიშის მოხდას და გაყალბებული ისტორიის გადაწერას. პუტინმა სტალინის ქმედებები შურისძიების სურვილით ახსნა. მისი მტკიცებით, 1920 წელს 32 ათასი წითელარმიელი დაიღუპა პოლონურ ბანაკებში შიმშილისა და დაავადებებისგან.
1939 წელს გერმანიასა და სსრკ-ს შორის დაიდო პაქტი, რომლითაც მათ აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენა გადაინაწილეს. პოლონეთში ორივე მხარე შეიჭრა. გერმანიამ პირველ სექტემბერს დასავლეთ საზღვარს შეუტია, მათ წინააღმდეგ მობილიზებული პოლონური არმია კი აღმოსავლეთიდან მოიერიშე საბჭოთა ჯარების ტყვეობაში აღმოჩნდა. დააპატიმრეს ასი ათასობით სარდალი და პოლიციელი. მათი ნაწილი გადააგზავნეს ბანაკებსა და სამხედრო ციხეებში. საბჭოთა კავშირში გადაასახლეს 320 ათასი პოლონელი. საიდუმლო სამსახურის - შინსახკომის - ჩანაწერების მიხედვით, თუ პატიმარი არ გამოიჩენდა პროსაბჭოურ განწყობას, მაშინ იგი ცხადდებოდა „საბჭოთა ხელისუფლების უკომპრომისო მტრად“.
13 აპლილი. ქალაქი ოპოლი. პოლონეთი
კატინი. ფოტო არქივიდან
ფოტო: REUTERS ©
სტალინის მთავარი მიზანი იყო პოლონეთის სახელმწიფოსა და არმიაზე კონტროლის დამყარება. მისი გათვლით, ჰიტლერი მაჟინოს ხაზთან შეჩერდებოდა, რის შემდეგაც ინგლისს, საფრანგეთსა და დევნილობაში მყოფ პოლონეთის მთავრობას, მასთან დაკავშირების გარდა, გამოსავალი აღარ დარჩებოდათ.
1940 წელს გაცხადდა ვერდიქტი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ ლავრენტი ბერიას შემოთავაზებას, პოლონელების დახვრეტის შესახებ, ხელს აწერს საბჭოთა პოლიტბიუროს ოთხი წევრი - სტალინი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, კლიმენტ ვოროშილოვი და ანასტას მიკოიანი. დახვრიტეს 14 გენერალი, 24 პოლკოვნიკი, 79 პოლკოვნიკ-ლეიტენანტი, 258 მაიორი, 654 კაპიტანი, 17 საზღვაო კაპიტანი, 3420 უმცროსი ოფიცერი, 7 კაპელანი. სამხედროებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს ცნობილი პროფესორები, მასწავლებლები, დიპლომატები, ინჟინრები, მწერლები, პოლიტიკოსები.
განაჩენი რამდენიმე ადგილას აღასრულეს, თუმცა კატინი ამ მკვლელობათა სიმბოლოდ ითვლება.
მას შემდეგ, რაც გერმანია თავს დაესხა სსრკ-ს და კატინის ტყეს უკვე ჰიტლერის ჯარები აკონტროლებდნენ, საბჭოური დანაშაული გამოაშკარავდა. ეს ფაქტი ადოლფ ჰიტლერს ხელს აძლევდა პოლონეთს, დასავლეთის მოკავშირეებსა და საბჭოთა კავშირს შორის შუღლის ჩამოსაგდებად. 1943 წელს ბერლინის რადიომაუწყებელმა გადმოსცა კატინის სასაფლაოს შესახებ და ამ ყოველივეში სსრკ დაადანაშაულა. იყო მცდელობები გამოძიებაში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩართულიყვნენ.
კითხვები გაუჩნდა ლონდონში მყოფ პოლონურ მთავრობასაც. განსაკუთრებით აქტიურობდა გენერალი ვლადისლავ სიკორსკი, რომელიც გიბრალტარზე გარდაიცვალა, ავიაკატასტროფაში. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს არ სურდათ სტალინის გაღიზიანება კატინის გამოძიების მოთხოვნით. სწორედ ამიტომ ბევრი პოლონელი კატასტროფას მკვლელობად მიიჩნევს.
სსრკ-მ კატინის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის შემდეგ შექმნა ე.წ. „ბურდენკოს კომისია“, რომელმაც გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ეს დანაშაული სსრკ-მ კი არა, გერმანიამ ჩაიდინა. თუმცა, კატინის ხსენება მაინც იკრძალებოდა საბჭოთა რეჟიმის მიერ.
1990 წელს პოლონეთის სახელმწიფო მეთაურად ლეხ ვალენსა აირჩიეს. მან ჯერ კიდევ 1980 წელს შექმნა წინააღმდეგობის ორგანიზაცია „სოლიდარობა“. მასში გაწევრიანდნენ გაფიცული მუშები, რომლებიც იბრძოდნენ სოციალური და დემოკარტიული რეფორმებისთვის. სწორედ ამ ორგანიზაციამ წამოჭრა თავიდან კატინის საკითხი, ისარგებლა რა საბჭოთა რეჟიმის შერბილებით. შეიქმნა საერთო პოლონურ-საბჭოთა კომისია, რომელიც იძიებდა ორი ქვეყნის ურთიერთობებში მანამდე ცენზურადადებულ საკითხებს. საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა აღიარა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) მონაწილეობა კატინის ტრაგედიაში. ამას მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა პოლონელებისთვის, მაგრამ რუსი პოლიტიკოსებისა და პუბლიცისტების ნაწილი მაინც უარყოფდა საბჭოთა კავშირის პასუხისმგებლობას კატინთან დაკავშირებით.
მიხეილ გორბაჩოვი და ბორის ელცინი შედარებით დამთმობნი იყვნენ, მაგრამ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკა შეიცვალა. რუსეთმა ზოგიერთ დოკუმენტში სახელმწიფო საიდუმლოებების არსებობა მოიმიზეზა და არქივები ბოლომდე არ გახსნა. 2005 წელს, გამოძიების შედეგად, რუსეთის პროკურატურამ დაადგინა, რომ დაიღუპა მხოლოდ ორი ათასი პოლონელი, რის გამოც ფაქტი გენოციდად არ შეაფასა. რაკი დამნაშავეები უკვე გარდაიცვალნენ, პასუხისმგებლობა არავის დაეკისრა. ახლა ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლო არჩევს.
კატინის ტრაგედიიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალს, რომელიც 7 მარტს გაიმართა, ისტორიაში პირველად რუსი და პოლონელი პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ. პუტინი ირიბად შეეცადა მსხვერპლსა და ჯალათს შორის ტოლობის ნიშნის დასმას, როცა კატინის ჟლეტა ტოტალიტარიზმის შედეგად წარადგინა, რაც, მისივე თქმით, თანაბრად განიცადეს პოლონელებმა და რუსებმა. რუსეთის პრემიერის მტკიცებით, არასწორია რუსი ხალხის დადანაშაულება დახვრეტის გამო. მან ასევე ისაუბრა შერიგების აუცილებლობაზეც, თუმცა, თავი აარიდა ბოდიშის მოხდას.
კატინში დაღუპულთა შთამომავლები დღემდე უშედეგოდ ცდილობენ რუსული სახელმწიფოსაგან დარღვეული უფლებების აღდგენას. ამჟამად საქმეს სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს, მაგრამ რუსეთის ოფიციალური პირები სტრასბურგისთვის დოკუმენტების გადაცემაზე უარს ამბობენ.
![]() |
14 სოციალისტების გამანადგურებელი მარცხი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
უნგრეთის პარლამენტი
11 აპრილს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტია ფიდეშმა ხმათა 52.8%25 მოიპოვა, მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ - 19.3%25, ექსტრემისტულმა მემარჯვენე ჯობიკმა კი - 16.7%25. არჩევნების საბოლოო შედეგები 25 აპრილს, მეორე ტურის შემდეგ გაცხადდება. სავარაუდოდ, ფიდეშს პარლამენტში 386 ადგილიდან 206 ერგება, სოციალისტებს - 28, ჯობიკს - 26.
არჩევნებში მემარჯვენეთა წარმატებას მკვლევართა უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. ამ პერიოდში უმუშევრობამ 11.2%25-ს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტი 6.3%25-ით შემცირდა. სახელმწიფოს 25 მილიარდი აშშ დოლარის სესხება მოუწია საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. კრიზისის დასაძლევად და ბიუჯეტის დეფიციტის 9.3%25-დან (2006) 4%25-მდე დასაყვანად, სოციალისტ მთავრობას გადასახადების აწევა და ხარჯების შეკვეცა დასჭირდა. რეფორმებმა ეკონომიკის მეტ-ნაკლებ სტაბილიზაციას შეუწყო ხელი, თუმცა ამომრჩევლის გაღიზიანება გამოიწვია. ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, მემარცხენე მთავრობამ, რომლის მთავარი მიზანი მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის გაქრობა უნდა იყოს, პირიქით, მის გაზრდას შეუწყო ხელი.
ფიდეშის ანუ უნგრეთის სამოქალაქო კავშირის ლიდერის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ხალხმა „უიმედობის დამარცხებას“ მისცა ხმა. ვიქტორ ორბანი მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე გამოიკვეთა 1989 წელს, როდესაც მან საბჭოთა ჯარებს უნგრეთის დატოვება მოსთხოვა. იგი უნგრეთის პრემიერ- მინისტრი იყო 1998- 2002 წლებში. ორბანის პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. მაშინ მთავრობამ, რადიკალური რეფორმების საშუალებით, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება შეძლო, ინფლაცია 15%25-იდან 7.8%25-მდე შემცირდა. ორბანის პრემიერობისას შეძლო უნგრეთმა ნატოში შესვლა. თუმცა, წარმატებებთან ერთად, ფიდეშის სახელი სკანდალებსაც უკავშირდება, რამაც, საბოლოოდ, ამ პარტიის დამარცხება გამოიწვია 2002 წლის არჩევნებში. ამის შემდეგ პარტია კიდევ ორჯერ დამარცხდა, წელს კი პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი ცვლილების მოლოდინში მყოფი ამომრჩევლის წყალობით დაბრუნდა.
წლევანდელ არჩევნებში ორბანის პარტიის მთავარი დაპირება ეკონომიკური კრიზისისგან თავის დაღწევა და შემდეგი 10 წლის განმავლობაში მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა იყო. საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ორბანს რეფორმების ადვილად გატარების საშუალებას მისცემს. თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, მას რთული გზა ელის წინ. ხალხი სწრაფ შედეგს ელოდება. მას მცირე დრო აქვს სტრატეგიის შემუშავებისთვის.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქსენოფობიური ჯობიკის პარლამენტში მოხვედრა, პირველად ამ პარტიის არსებობის მანძილზე. პარტია ცნობილია თავისი ანტიბოშური და ანტისემიტური განცხადებებით. ჯობიკი მიიჩნევს, რომ ისრაელი უნგრეთის გაკონტროლებას ცდილობს, ბოშა კრიმინალები კი უნგრეთს სახელს უტეხენ მთელ მსოფლიოში. უნგრეთში ასი ათასი ებრაელი და ასეულობით ათასი ბოშა ცხოვრობს. პარტიის პრეს- სპიკერმა ვარკონიმ განაცხადა: „ჩვენ მხოლოდ კრიმინალი ბოშების წინააღმდეგნი ვართ. ჩვენ არ ვართ ანტისემიტები, უბრალოდ, ვებრძვით ისრაელელ კოლონიზატორებს“. პარტიის წევრები გამოირჩევიან სამოსით, რომელიც ძალიან ჰგავს უნგრელ ნაცისტთა პარტიის, ისრიანი ჯვრის ტრადიციულ ჩაცმულობას.
![]() |
15 სამხრეთ აფრიკის გამოწვევები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ჯეიკობ ზუმა მხარდაჭერას კარგავს
პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ საახალწლო მიმართვაში 2010 წელი მოიხსენია „სამხრეთ აფრიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან წლად, 1994-ის შემდეგ“. ამ სიტყვებით იგი ეხმიანებოდა ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებას, რომელიც სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე ზაფხულში უნდა გაიმართოს. თუმცა, მან არ იცოდა როგორი რთული აღმოჩნდებოდა 2010 წლის პირველი თვეები პირადად მისთვის. გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის შემდეგ, მისი ზოგიერთი თანაპარტიელი (აფრიკის ნაციონალური კონგრესი - ანკ) იმასაც ამბობს, რომ წლის ბოლოს იგი უნდა გადადგეს. ხალხში უკმაყოფილება და იმედგაცრუება მატულობს.
განათლების სისტემა, კორუფცია და რეგიონში შექმნილი მდგომარეობა კვლავ ქვეყნის უმთავრეს პრობლემებად რჩება. დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, სამხრეთ აფრიკა 31-ე ადგილზეა, პრესის თავისუფლების მხრივ - 33-ე, გლობალური კონკურენტუნარიანობით - 44-ე. რაც შეეხება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, ამ ნიშნით ქვეყანა 72-ე ადგილს იკავებს. მონაცემები დამაკმაყოფილებელია კონტინენტის მასშტაბით, მაგრამ მსოფლიო კონტექსტში წარუმატებლობის ტოლფასია.
სამხრეთ აფრიკა დიდ თანხას ხარჯავს განათლებაზე (მშპ-ს 5%25), გაცილებით მეტს, ვიდრე აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნები, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. ადამიანის განვითარების ინდექსით ქვეყანა 129-ე ადგილზეა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მოსწავლეების ნახევარი ვერ იღებს საშუალო განათლების დიპლომს და მხოლოდ 15%25 ახერხებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. 2007 წელს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა 42%25 თეთრკანიანი იყო, მაშინ, როდესაც ისინი მოსახლეობის მხოლოდ 9%25-ს შეადგენენ.
კეიპტაუნი
ყველა ფოტო: REUTERS ©
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული კორუფციის ინდექსის მიხედვით, სამხრეთ აფრიკა 180 ქვეყნიდან 55-ე ადგილზეა. ანტიკორუფციული ორგანოს (SUI) ხელმძღვანელი უილი ჰოფმეირი აცხადებს, რომ საჯარო სექტორში აღმოჩენილია 400 ათასამდე დარღვევა. უმაღლესი მთავრობის 6 ათასმა წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა საკუთარი ბიზნესინტერესების კანონიერება.
პრეზიდენტი ნელ-ნელა მოკავშირეებს კარგავს. კომუნისტები პრეზიდენტს მათი მსოფლმხედველობის გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებენ, რაც მისი წინამორბედის, ტაბო მბეკის დროს გაბატონებული ეკონომიკური პოლიტიკის გარძელებაში გამოიხატება. ანკ-ის კიდევ ერთი ძველი მოკავშირე, „სამხრეთ აფრიკის ვაჭრობის კავშირების კონგრესი“ (Cosatu), აპირებს, რომ სექტემბერში, შეკრებაზე, პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხადოს. ბოლო ასეთი შეკრება 2005 წელს გაიმართა. მაშინ ტაბო მბეკის თანამდებობიდან „გამოწვევის“ საკითხი დაისვა. ზუმას უპირისპირდება „სახალხო კონგრესიც“ (COPE), რომელიც 2008 წელს გამოეყო ანკ-ს. გამოყოფის მიზეზად იდეოლოგიური განსხვავება დასახელდა. 2009 წლის არჩევნებზე სახალხო კონგრესი მესამე ადგილზე (7,4%25) გავიდა და პარლამენტში 30 ადგილი მოიპოვა.
COPE მეტად პოპულარულია აღმოსავლეთ კეიპის რეგიონში, რომელიც დასახლებულია, ძირითადად, ქსოსას ტომის წარმომადგენლებით. ამ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან ტაბო მბეკი და ნელსონ მანდელა. ჯეიკობ ზუმა ზულუს ტომის წარმომადგენელია.
ექსპერტები ეჭვობენ, რომ აფრიკის ნაციონალური კონგრესი გაიყო არა იდეოლოგიური, არამედ ეთნიკური განსხვავების ნიადაგზე. ქვეყნის პოლიტიკაში იქმნება ტომობრივი გამიჯვნის საფრთხე, რასაც ანკ-ი მთელი არსებობის მანძილზე ებრძოდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, რთულია სამხრეთ აფრიკის პოლიტიკური ამინდის პროგნოზირება. პრეზიდენტი ზუმა ძალიან ცბიერი პოლიტიკოსია. მან შეძლო თავის დაძვრენა კორუფციისა და გაუპატიურების ბრალდებებისგანაც კი. დღეს იგი ცდილობს დაიბრუნოს ძველი პოზიციები.
სამხრეთ აფრიკა 2010 წელს და სამხრეთ აფრიკა ნელსონ მანდელას მმართველობის პერიოდში - ორი განსხვავებული ქვეყანაა. მანდელას პროგრესულმა ფიგურამ ქვეყანას გაუხსნა დიპლომატიური გზა განვითარებული მსოფლიოსკენ.
ქვეყნის რეპუტაცია აფრიკის კონტინენტზე მაშინ შეილახა, როდესაც მანდელამ ელჩი გამოიწვია ნიგერიიდან, ერთ-ერთი აქტივისტის სიკვდილით დასჯის გამო. დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაც ასე მოიქცა. მაშინ დაარქვეს კონტინენტის სხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკას - „თეთრი ქვეყანა შავი პრეზიდენტით“.
მანდელას შემდეგ სამხრეთ აფრიკა გზაგასაყარზე დადგა: მას შეეძლო ან ჩაბმულიყო გაეროს დისკუსიებში - ზიმბაბვეს, ბირმას და სხვა დიქტატორული რეჟიმების კრიტიკაში, ან ამ თემაზე დუმილი აერჩია. ერთ შემთხვევაში მას ურთიერთობა გაუფუჭდებოდა აფრიკის ქვეყნებთან, მეორე შემთხვევაში კი დასავლეთთან. ზუმას წინამორბედმა ტაბო მბეკიმ კონტინენტურ სოლიდარობას მიანიჭა უპირატესობა, მეტიც, ზიმბაბვეს დიქტატორული რეჟიმის შენარჩუნებაში წვლილიც შეიტანა. შედეგად, საერთაშორისო არენაზე სამხრეთ აფრიკის ავტორიტეტი დაკნინდა.
პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა
ახალი პრეზიდენტიც არჩევანის წინაშე დგას. მას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს საერთაშორისო საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. თუ სამხრეთ აფრიკას არ სურს გახდეს მორიგი „რიგითი აფრიკული ქვეყანა“, ზუმამ უნდა დაუმტკიცოს მსოფლიო ლიდერებს, რომ იგი თავს არ დაუკრავს აფრიკის დიქტატორულ რეჟიმებს. ამისთვის ზუმას დასჭირდება რეგიონულ დონეზე არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. ჯერჯერობით, ჯეიკობ ზუმა თავისი წინამორბედის კვალს მიჰყვება.
სერფერები კეიპტაუნის სანაპიროზე
![]() |
16 ობამას საგარეო პოლიტიკა და საქართველო: |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
გადატვირთვა ერთი წლისაა
პრეზიდენტი ობამა. თეთრი სახლი
ფოტო: REUTERS ©
„ჩვენ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ვიყავით და ვიქნებით. გვექნება იმაზე მეტი ბირთვული იარაღი ვიდრე გვჭირდება“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ამერიკულ მედიასთან საუბრისას. სწორედ იმ დროს ბარაკ ობამა მსოფლიოს 46 ქვეყნის ლიდერს ბირთვული იარაღის შემცირებაზე ელაპარაკებოდა.
სახელმწიფო მდივანი აშკარად იცავდა დემოკრატ პრეზიდენტს რესპუბლიკელი ოპონენტების კრიტიკისგან. კრიტიკა მოჰყვა შეთანხმებას რუსეთთან ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ. მიიჩნევენ, რომ შეთანხმების გაფორმება „გადატვირთვის“ პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგია.
მოსკოვთან შეთანხმებას ხელი პრაღაში მოეწერა. ჩეხეთის დედაქალაქი საგანგებოდ შეირჩა იმის ნიშნად, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა არ მოხდება ყოფილი სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოთა ინტერესების ხარჯზე.
საეჭვოა, „რეალ პოლიტიკის“, ნაციზმისა და კომუნიზმისგან გაწამებულ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მსგავსი გზავნილი ეყოს დასამშვიდებლად.
„ცივი ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები ვეღარ ექცევა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ფოკუსში. ობამას ახალი ადმინისტრაციის განსაზღვრული საგარეო პრიორიტეტები ნათელყოფს - ჩვენი რეგიონი მსოფლიოს ის ნაწილია, რომელზეც ამერიკელები აღარ დარდობენ“ - ეს სიტყვები ამერიკის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ მოისმინა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი და მოქმედი პოლიტიკური ლიდერებისგან.
ობამას პრეზიდენტად არჩევით, ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ახალი ხანა დაიწყო. ძველი სტრატეგია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა და 60 წელიწადს გასტანა, სამ ძირითად პოსტულატს ეყრდნობოდა: 1.ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობა; 2.თავისუფალ ქვეყნებთან სამხედრო და ეკონომიკური ალიანსი; 3. ღია სავაჭრო და ფინანსური სისტემა.
სტრატეგია, რომელსაც „ტრუმანის დოქტრინად“ მოიხსენიებენ, მიზნად ისახავდა პირველ ეტაპზე თავისუფლების მოყვარე ერების გაძლიერებას, რასაც თავის მხრივ „მთელი კაცობრიობის ბედნიერებისა და თავისუფლებისათვის” უნდა გაეკვლია გზა.
ლავროვი და კლინტონი. „გადატვირთვა“. ჟენევა
ფოტო: REUTERS ©
დღეს ბევრი პოლიტიკური კომენტატორი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ, უარი თქვა ამერიკის წამყვან როლზე. როგორც ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, დაიწყო „საერთო ინტერესებზე, საზიარო ფასეულობებსა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის ხანა“, როცა დიდი სახელმწიფოები თანასწორი პოზიციებიდან გადაწყვეტენ მსოფლიოს წინაშე მდგარ მნიშვნელოვან პრობლემებს.
ახალი ადმინისტრაციისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური კომენტატორის, რობერტ კაგანის შეფასებით, ობამას გუნდი „პოსტამერიკული მსოფლიოს არქიტექტორად მოგვევლინა“.
ბარაკ ობამამ წინამორბედისგან მემკვიდრეობად მიღებული საგარეო პოლიტიკური თემებიდან პრიორიტეტებად აქცია ავღანეთ-პაკისტანის საკითხი და ირანის ბირთვული შეიარაღების აღკვეთა.
ირანის თემის მოგვარება ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან - რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გამოსწორებით გადაწყვიტა და ჰილარი კლინტონს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის „გადატვირთვის“ სიმბოლურ ნიშნად „წითელი ღილაკი“ გაატანა, მოგვიანებით კი ამერიკის კეთილ ზრახვებში არწმუნებდა ჩინეთს.
START-ის ხელმოწერას და ვაშინგტონის ბირთვულ სამიტზე ჩინეთის პირობას, მხარი დაეჭირა სანქციებისათვის ირანის წინააღმდეგ, ბარაკ ობამას კურსის დამცველები სწორედ მისი შერბილებული პოლიტიკის დამსახურებად მიიჩნევენ. თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციამ სამი რეზოლუცია ირანთან დაკავშირებით ისე გაიტანა გაეროში, მსგავსი რევერანსები სულ არ დასჭირვებია.
რობერტ კაგანის აზრით, „რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, თუ ისინი მიიღებენ იმას, რაც ყოველთვის სურდათ: მათი შიდა პოლიტიკური მოწყობისა და რეგიონალური ჰეგემონიის პატივისცემას“.
სწორედ ამიტომ „გადატვირთვის“ პოლიტიკას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის საქართველოს ინტერესებიც შეეწირებოდა.
თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ობამას ეს ნაბიჯი რეალობისთვის თვალის გასწორების აუცილებლობამ განაპირობა: „თუ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი გინდა, მაშინ მას უნდა მოელაპარაკო. ერთ საკითხში თანამშრომლობა, სულაც არ ნიშნავს უპრინციპობას სხვა საკითხებში“ - განაცხადა „ტაბულასთან“ საუბრისას, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რონალდ ასმუსმა.
ჯერჯერობით ასეცაა. ამერიკის პირველ პირებს არასოდეს ავიწყდებათ, ხაზი გაუსვან მკვეთრ განსხვავებებს მათი და რუსეთის ხელისუფლების ხედვებს შორის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოსკოვში ვიზიტისას ნათლად და არაერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა ვერასდროს შეეგუება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დანაწილებას; საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურღვევია, საქართველო თავისუფალია თავის არჩევანში, გახდეს იმ პოლიტიკური ალიანსის წევრი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. ამ სიტყვების ადასტურებს საკვანძო მომენტში ვიცე პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი საქართველოში და ბარაკ ობამას სატელეფონო ზარი მედვედევთან 2009 წლის ზაფხულში, როცა რუსეთის აგრესიის საფრთხემ კვლავ სახიფათო ზღვარს მიაღწია; ამის დასტურია შტატების პრინციპული პოზიცია საქართველოში გაეროს მისიის მანდატზე რეზოლუციის მიღებისას და ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა. რუსეთს ამ რეზოლუციაზე ვეტოს დადება მოუწია.
თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მეტი გაკეთდეს. „გადატვირთვის პოლიტიკა ჭკვიანური სვლა იყო რუსეთთან მართლაც რომ მძიმე ურთიერთობის დინამიკის შესაცვლელად - აღნიშნა ტაბულასთან საუბარში უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დეიმონ უილსონმა - მოწონებას იმსახურებს ობამას ადმინისტრაციის არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა მეგობრების ხარჯზე არ მოხდება, მაგრამ შესაბამისი ძალისხმევის გარეშე ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ამ სიტყვების განსამტკიცებლად ვაშინტონმა ნათელი პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს რეგიონში ახალი დემოკრატიების მხარდასაჭერად“.
პრეზიდენტები: სააკაშვილი, სარკოზი, ობამა. ვაშინგტონი
ჯერჯერობით სურათი ბუნდოვანია: ობამამ უარი თქვა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე. როგორც ამერიკის ადმინისტრაცია ირწმუნება, უარი პროექტის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია და არა რუსეთის წინააღმდეგობამ. უკეთესი პროექტი ჯერ არ ჩანს, „ახალი” ევროპა კი შფოთავს; ნატოს წევრი ქვეყანა - საფრანგეთი ისე აწარმოებს უპრეცედენტო მოლაპარაკებას იარაღით ვაჭრობაზე რუსეთთან, რომ შეერთებული შტატები ყურსაც არ იბერტყავს; ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აზერბაიჯანი ბირთვულ სამიტზე არც კი დაპატიჟეს, ხოლო რუსეთის მოკავშირე სომხეთს ორმხრივი შეხვედრის პატივი ერგო. ამერიკა-ისრაელის ურთიერთობა ჩიხშია შესული - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ობამას მოწვევა არად ჩააგდო და ვაშინგტონში ბირთვულ სამიტზე არ ჩავიდა; ინდოეთი და იაპონია ჩინეთთან ტონის შერბილების გამო ნერვიულობენ; ობამას სურვილმა, ურთიერთობა გამოესწორებინა ჰუგო ჩავესის ვენესუელასთან და რაულ კასტროს კუბასთან მოკავშირე კოლომბია და ჰონდურასი ააფორიაქა.
ობამას ოპონენტებს აშფოთებს, რომ ქვეყნებს, ვისთან ურთიერთობის დათბობაც აშშ- ის საგარეო პოლიტიკის მთავარი კომპონენტია, ავტორიტარული რეჟიმები მართავენ, განაწყენებულ მოკავშირეთა უმეტესობა კი დემოკრატიაა - ზოგი მათგანი არასრულყოფილი, მაგრამ მაინც დემოკრატია.
ობამას ადმინისტრაციას სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ მეგობარი დემოკრატიების ხარჯზე მტრებთან მოკავშირეობაში: „ჩვენ გვჭირდება ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამერიკის მეგობრებს განარჩევს მტრებისაგან“ - განაცხადა ბირთვული სამიტის დაწყებამდე სარა პეილინმა.
ობამას გუნდის წევრები, ამ მიდგომას პრეზიდენტის „რეალ პოლიტიკოსობით“ ხსნიან. აი, რა უთხრა თეთრის სახლის ადმინისტრაციის უფროსმა, რაჰმ ემანუელმა ენერგოსამიტის დასრულების შემდეგ, ნიუ იორკ ტაიმსს: „როცა საქმე შენი ერის ინტერესებს ეხება, ცივსისხლიანი უნდა იყო“. ადმინისტრაციის უფროსის ამ განცხადებას ექსპერტებმა არაერთგვაროვანი შეფასება შეაგებეს. „ავტოკრატიულ რეჟიმებთან ურთიერთობის მცდელობა ობამას ჰენრი კისინჯერად არ აქცევს. კისინჯერი ჩინეთს ელაპარაკებოდა, რათა საბჭოთა კავშირზე სტრატეგიული უპირატესობა მოეპოვებინა. ის საბჭოთა კავშირის „განმუხტვის“ პოლიტიკას შეუდგა იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს ამოსუნთქვის საშუალება ჰქონოდათ ვიეტნამის შემდეგ. მიუხედავად იმისა სწორი იყო ეს მიდგომა, თუ არასწორი, „რეალ პოლიტიკაც“ სწორედ ეს არის. გლობალური განიარაღება შეიძლება კარგია, მაგრამ ამ მიზნისკენ სწრაფვას იდეალიზმის გარდა ვერაფერს დავარქმევთ“ - ამბობს რობერტ კაგანი.
სკეპტიკოსების აზრით, ობამას დათმობებს ჩინეთი და რუსეთი აღიქვამენ არა როგორც ნაბიჯს, გადადგმულს კეთილშობილური მიზნის მისაღწევად, არამედ ამერიკის სისუსტედ ან გულუბრყვილობად. პოლიტიკური კომენტატორის, ივან კრასტევის თქმით, ობამას რუსეთში გორბაჩოვს ადარებენ: „რუსებს კარგად ახსოვთ გორბიმანია, რამაც მსოფლიო მოიცვა იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ისინი ობამას გლობალურ რეფორმატორობას და პროგრესულ დღის წესრიგს ამერიკის სისუსტედ განიხილავენ და არა ამერიკის განახლებულ ძალად და ლეგიტიმაციად“.
თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დამთბარი ურთიერთობის პირობებში რუსეთზე ზემოქმედება გაცილებით ადვილია: „შემცირებული ანტაგონიზმის ატმოსფერომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რამდენიმე პოტენციური საფრთხის აცილებისას, მათ შორისაა საქართველოში კონფლიქტის განმეორების საშიშროება 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე“, წერია რუსეთის შესახებ „ამერიკის პროგრესის ცენტრის“ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც სულ ახლახანს გამოქვეყნდა.
იგივე ანგარიში მიუთითებს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობას რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხში. „ამერიკის პროგრესის ცენტრი“ ამერიკის ადმინისტრაციას ურჩევს, „შეიმუშავოს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების სამოქმედო გეგმა. ადმინისტრაციამ რუსეთი უნდა აიძულოს პატივი სცეს საქართველოს მიმართ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელთა ნაწილიც ამჟამად აშკარად ირღვევა. წინ რომ წავიდეთ და მეორე კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ, საჭიროა უფრო კრეატიული გამოსავლის პოვნა იმ ჩიხიდან, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით აღმოვჩნდით“. როგორც ვხედავთ, „გადატვირთვის“ პოლიტიკის მომხრეებშიც მოიძებნებიან ისეთები, ვინც მოკავშირეების, კერძოდ საქართველოს დასაცავად ამერიკის ადმინისტრაციისგან მკაფიოდ გაწერილ სტრატეგიასა და კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვენ.
კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაც მიეკუთვნება. „რუსეთის თავდასხმამ მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები - ნათქვამია სენატორ რიჩარდ ლუგარის მოხსენებაში, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გაეგზავნა - რუსეთი სანქციებით დაემუქრა საქართველოსთან იარაღით მოვაჭრე ქვეყნებს, რამაც ქვეყანა თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესაძლებლობის გარეშე დატოვა. ეს მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა უპრეცედენტო გარიგებაზე (იგულისხმება რუსეთ-საფრანგეთის გარიგება მისტრალთან დაკავშირებით ტ.) მიდის რუსეთთან“.
ამერიკული დახმარება საქართველოსთვის კი უფრო სამხედრო დოქტრინასა და სწავლებაზეა კონცენტრირებული. ქართული სამხედრო შენაერთების წვრთნაზე დაიხარჯება ის თანხაც, რომელიც პენტაგონმა 2010 წლის მარტის ბოლოს გამოუყო ექვს ქვეყანას: ბალტიისპირეთს, საქართველოს. ხორვატიასა და უნგრეთს. რაც შეეხება სხვა საკითხებს თავდაცვის სფეროდან, „ამაზე ვმუშაობთ - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისას - ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, დრო დაგვჭირდება“.
„ამაღამ პასუხი მიიღო ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ ამერიკა არის ადგილი, სადაც შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს; ვინც ეჭვობდა, რომ ჩვენი დამფუძნებლების ოცნება ცოცხალია; ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ჩვენი დემოკრატიის ხარისხს“ - ასე მიმართა ობამამ ამერიკელ ამომრჩეველს 2008 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა.
საკითხავია, ვისაც აქამდე არ შეპარვია ეჭვი ამერიკული ღირებულებების უპირატესობაში, ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ხომ არ გაუჩენს ასეთ ეჭვს?. მიმოხილველთა აზრით, ამის ფუფუნება საქართველოს არ აქვს: „ნეიტრალიტეტი საქართველოს არჩევანი ვერ იქნება - უთხრა „ტაბულას“ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სალი მაკნამარამ - რუსეთთან ლოგინში ჩაწოლა საქართველოს არ სურს, ასე რომ არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ გააგრძელოთ ნატოსთან, ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობა. ნატო საქართველოს კომისია, სავსებით შესაძლებელია საქართველოს გაუძღვეს ალიანსის წევრობისკენ. სამოქმედო გეგმა (MAP) არ არის სავალდებულო ინსტრუმენტი ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. აუცილებელია შიდა რეფორმების კურსის გაგრძელება“.
დეიმონ უილსონმა ტაბულასთან ინტერვიუსას სტრობ ტალბოტთან 90-იან წლებში შემდგარი საუბარი გაიხსენა: „მაშინ არც ერთს გვჯეროდა, რომ ბალტიის ქვეყნები ნატოს წევრები გახდებოდნენ, ბუნდოვნად ვსაუბრობდით ლიტვის ნატოში, ხოლო ესტონეთის - ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა იმას რაც მოხდა. ბალტიისპირეთის წარმატებამ რეფორმების კუთხით წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. აი ასე გადაიქცა ძალიან სადავო საკითხი უდავოდ. ჩემი კოლეგები, რომლებიც თავიდან საქართველოს ევროპულ ქვეყნადაც არ აღიქვამდნენ, ორიოდე წელიწადში, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე მსჯელობდნენ“.
მიხეილ სააკაშვილი ნახულობს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ სახლს. გორი
ფოტო: ოლივიე ლაბან - მატეი
ვაშინგტონის ბირთვული სამიტი დამთავრდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. საქართველომ კიდევ ერთი მადლობა მიიღო ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი - დემოკრატიული რეფორმების ერთგულებისთვის.
„საქართველოს მნიშვნელობა გაცილებით დიდია ვიდრე მისი ზომა“ - ასე მიმართა ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ფრედ კემპმა საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად შეკრებილ საზოგადოებას 15 აპრილს, ვაშინგტონში. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ზომით პატარა ქვეყანა, რამდენიმე წელიწადია მსოფლიო პოლიტიკური დისკურსის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. „მთავარია საქართველოს მომავალი, საქართველოს ეკუთვნოდეს - ამ სიტყვებით დაასრულა ტაბულასთან საუბარი დეიმონ უილსონმა - ამ შემთხვევაში საქართველო აუცილებლად შეძლებს მიმდინარე დისკურსის მის სასარგებლოდ შეცვლას“.
![]() |
17 ბირთვული უსაფრთხოების სამიტი |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტო ესე
ბირთვული უსაფრთხოების სამიტი
ვაშინგტონში. 2010 წელი.
ფოტო: REUTERS ©
![]() |
18 ინგლისური - საშუალება და არა მიზანი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
განათლება
ინიციატივა კრიტიკის საბაბს იძლევა, მაგრამ პრესა არასწორ აქცენტს სვამს
ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სკოლებში მოსალოდნელი ორი ცვლილების შესახებ გვაუწყა - პირველკლასელებს სპეციალური კომპიუტერები დაურიგდებათ, მათზე ჩატვირთული სახელმძღვანელოებით, და ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან დაიწყება. პრესაში პირველმა ინიციატივამ ნაწილობრივ დაჩრდილა მეორე. არადა, ნაბეჭდი წიგნის, როგორც ინფორმაციის წყაროს, ნაწილობრივი ჩანაცვლება ეკრანით, უფრო ფორმის საკითხია, ვიდრე შინაარსისა. კომპიუტერს ისედაც სულ უფრო მეტი მოზარდი ეჩვევა და მისი სასწავლო მიზნებით გამოყენებაც არ არის სიახლე. ინგლისური ენის საყოველთაო შესწავლამ კი, თუ ხარისხიანად მოხდა, შესაძლოა, ქართველთა მომავალი თაობების საინფორმაციო მარაგში თვისებრივი ცვლილებები შეიტანოს. მაგრამ საეჭვო სწორედ გაცხადებული გეგმის რეალურობაა.
ის მწირი ანალიზი, რაც ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებას მიეძღვნა, ხშირად ზედაპირული ან არაადეკვატური იყო. მაგალითად, ახალი 7 დღის ჟურნალისტი იხსენებს 1978 წლის მოვლენებს, როდესაც ქართველმა სტუდენტებმა „გადაარჩინეს დედა ენა რუსულით ჩანაცვლებას“ და დასძენს, რომ ამ თარიღიდან 32-ე წლისთავზე პრეზიდენტი „ლინგვისტიკურ რევოლუციად გვიცხადებს ინგლისური ენის საყოველთაოდ ცოდნის აუცილობლობას საქართველოში“. ავტორს ავიწყდება, რომ 70-იან წლებში საუბარი იყო არა რუსული ენის სავალდებულო შესწავლაზე, არამედ ქართუქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევაზე. პირველი კლასიდან რუსულის სავალდებულო სწავლება კითხვის ნიშნის ქვეშ საბჭოთა კავშირის დაშლამდე არ დამდგარა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც შენარჩუნდა. ამავე დროს, ცალკე საგნად ისწავლებოდა რუსული ლიტერატურა და გვქონდა უამრავი რუსულენოვანი სკოლა. დღეს საუბარია არა ქართული ენის სტატუსის დაქვეითებაზე ან ინგლისური ენისთვის მსგავსი სტატუსის მინიჭებაზე, არამედ მხოლოდ ამ უცხო ენის სწავლების გაძლიერებაზე.
სურვილი, საზოგადოება უკეთ ფლობდეს დე-ფაქტო საერთაშორისო ენას, ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ საზოგადოების კეთილდღეობას გულშემატკივრობს. მოგვწონს ეს თუ არა, დღეს სწორედ ინგლისურად იწერება მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებისა და პროფესიული ლიტერატურის უდიდესი ნაწილი. საქართველოზე გაცილებით დიდ და მდიდარ ქვეყნებსაც კი არ შეუძლიათ ამ უზარმაზარი საინფორმაციო ნაკადის მყისიერად თარგმნა. საერთაშორისო ენის უცოდინრობა ავტომატურად ნიშნავს ჩამორჩენას მრავალ სფეროში, რომელიც წლებით ან ათწლეულებით იზომება, ზოგჯერ კი სულაც აღმოუფხვრელად რჩება.
ინგლისურის დაწყებითი კლასებიდან სწავლება დღეს მრავალ ქვეყანაშია სავალდებულო. მათ შორის არის მსოფლიოს უმდიდრესი და უდიდესი ქვეყნები, რომელთა დადანაშაულება თვითმყოფადობის კარგვაში ან საკუთარი კულტურის უპატივცემლობაში ძნელია. მოზარდები სწავლობენ ინგლისურს შვედეთში, ფინეთში, ჩინეთში. იშვიათად თუ მოისმენთ წუხილს, რომ ამის გამო „ბავშვები ფესვებს სწყდებიან“ და „მშობლიური ენა ავიწყდებათ“. მსგავს წუხილს რაციონალური საფუძველიც არ ექნებოდა. მილიონობით ადამიანმა საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ არათუ პირველი კლასიდან ინგლისურის შესწავლა, ბავშვობიდან ორ ან მეტ ენაზე მეტყველებაც არ უშლის ხელს მშობლიური ენის ათვისებას. პირიქით, იზოლირებულ ტომებს სიტყვიერ მარაგს არ უმდიდრებს უცხო ენების უცოდინრობა.
ამრიგად, კრიტიკის მთავარი საგანი უნდა იყოს არა იდეა, არამედ მისი განხორციელებისათვის არჩეული გზა. თავად სააკაშვილიც ინიციატივას „რევოლუციას“ უწოდებს, რითაც ირიბად აღიარებს შემზადების ნაკლებობას. თუ ხელისუფლებაში აცნობიერებდნენ ინგლისურის სწავლების აუცილებლობას, გაუგებარია, რატომ არ იდგმებოდა ექვსი წლის განმავლობაში მკვეთრი ნაბიჯები ამ მიმართულებით. მეტიც, კახა ლომაიას მინისტრობისას დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც უცხო ენების სწავლების თანმიმდევრობას სამეურვეო საბჭოები ირჩევენ, ახალ პოლიტიკასპირდაპირ ეწინააღმდეგება.
სააკაშვილის ინიციატივის გაჟღერებამდე სამი კვირით ადრე ტაბულაში გამოქვეყნდა წერილი, რომელიც მეტწილად სწორედ ინგლისური ენის სწავლების საჭიროებას ეძღვნებოდა. მაგრამ საჭიროება არ უნდა იწვევდეს მის დასაკმაყოფილებლად არარეალური ვადების დაწესებასა და მოუზომავ ნახტომებს. დღემდე სკოლების ხშირად უპირატესობას რუსულ ენას ანიჭებდნენ, მიზეზად კი ინგლისური ენის პედაგოგების დაბალ დონეს ასახელებდნენ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთ რეალობაში ინგლისურის სწავლება ერთბაშად რამდენიმე წლით გახანგრძლივდება და, ამავე დროს, გახდება ეფექტური. განათლების სამინისტრო დაგვპირდა 1.000 ინგლისურენოვანი პედაგოგის ჩამოყვანას, მაგრამ საქართველოში 3.000-მდე სკოლაა. თანაც, რთული სათქმელია, როგორი აღმოჩნდება ამ პედაგოგების პოტენციალი და რა პრობლემებს წააწყდებიან ისინი ადგილზე.
![]() |
19 აფხაზეთში რუსეთის საეკლესიო ექსპანსია |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
კანონიკური ქურდები
2010 წლის 9 აპრილს სახალხო დამცველს აფხაზეთში მცხოვრებმა 250-მდე მოქალაქემ მიმართა განცხადებით, რომელშიც ისინი აღნიშნავდნენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ქართველ მართლმადიდებლებს სისტემატურად უზღუდავს რელიგიის თავისუფლებას. აფხაზეთის ტერიტორიაზე აკრძალულია ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, ეთნიკურად ქართველ სასულიერო პირებს კი დევნიან. თემას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც შეეხო, 2009 წლის მოხსენებაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღიარების მიუხედავად, „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იქ გზავნის მოსკოვის საეკლესიო პატრიარქატის ერთგულ მღვდლებს, აფხაზური ეკლესიების გახსნის საბაბით.“
კანონიკურად აფხაზეთის ეპარქია ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს ექვემდებარება. მაგრამ შარშან, სექტემბერში, სეპარატისტული რეგიონის სამღვდელოებამ ავტოკეფალია გამოაცხადა და მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს, დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა. 1992-1993 წლების ომის შემდეგ მიტროპოლიტ დანიელს საკუთარ ეპარქიაში ჩასვლისა და ღვთისმსახურების აღსრულების საშუალება არ ჰქონია. დღეს მართლმადიდებლური ღვთისმსახურება აფხაზეთში არცთუ ხშირი მოვლენაა. სასულიერო პირების რაოდენობა მცირეა, ხოლო მოსახლეობის მართლმადიდებელი ნაწილი, ადგილობრივი წყაროებით, დღესასწაულებზე აქტიურობით არ გამოირჩევა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ წინა წელს ქვეყნიდან, ჯაშუშობის ბრალდებით, ექვსი ქართულენოვანი სასულიერო პირი გამოაძევა. ამ დროისთვის რეგიონში მსახურებს საქართველოს ეკლესიის მიერ წარსულში ნაკურთხი ორი სასულიერო პირი - ეპარქიის მმართველი მღვდელი ბესარიონ აფლიაა და იეროდიაკონი დავით სარსანია. ორივე ანტიქართული გამონათქვამებით გამოირჩევა. დაუმორჩილებლობის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა არც ერთს ოფიციალურად არ შეუჩერა მღვდელმოქმედება. ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგაც კი სასულიერო პირებს საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან არ მისცემიათ სქიზმატების ანუ განხეთქილებაში მყოფთა კვალიფიკაცია.
უეპისკოპოსო საეპისკოპოსოს „სულიერად კვებავს“ რუსეთის საპატრიარქო. აფლიაასა და სარსანიას გარდა, ყველა მღვდელმსახური რუსეთის ეკლესიის ეპარქიებშია ნაკურთხი და არაოფიციალურად სწორედ მას ემორჩილება. ავტოკეფალიის გამოცხადებამდე აფხაზი სამღვდელოება ღმერთს ავედრებდა ადიღე-მაიკოპის მთავარეპისკოპოსსა და მოსკოვის პატრიარქ კირილს. კანონიკური წესით, წირვის ამ მონაკვეთში ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი დანიელი და ეკლესიის პირველიერარქი ილია მეორე უნდა მოეხსენიებინათ. საეკლესიო სამართლის სპეციალისტის, დავით ჩიკვაიძის აზრით: „აფხაზეთის ეპარქია არათუ მოსკოვის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ არის, არამედ, ფაქტობრივად, მისი ერთ-ერთი ეპარქიაა“.
ბაღაფში, პუტინი, აფლია და ოზგანი. შეხვედრა სოხუმში. 2009
ფოტო: риа новости ©
ბესარიონ აფლიაა კრემლის ხშირი სტუმარია - მას განსაკუთრებით თბილად პრემიერი პუტინი მასპინძლობს. მამა ბესარიონი მღვდლობამდე რამდენჯერმეა ნასამართლევი. ალბათ ქრისტიანები გაიხსენებენ ქრისტეს მარჯვნივ გაკრულ ავაზაკს, რომელიც განსაკუთრებული სინანულის გამო პირველი შევიდა სასუფეველში. მაგრამ მღვდელი ბესარიონი სასულიერო ხარისხშიც აგრძელებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან მეგობრობას. აფხაზეთის „ავტოკეფალიის“ მეთაურმა პირადად აუგო წესი ვიაჩესლავ ივანკოვს, კრიმინალურ სამყაროში „კანონიერ ქურდად“ ცნობილ იაპონჩიკს. ამასთან, „მამაშვილური“ სიყვარულით არის აღვსილი სერგეი ბაღაფშისა და პატრიარქ კირილის ურთიერთობა. მის უწმინდესობა კირილს არ ავიწყდება დღესასწაულების პირადად მილოცვა, მისივე სიტყვებით, „პრეზიდენტ ბაღაფშისთვის“.
![]() |
20 ატამან აშინოვის ნამდვილი ისტორია |
▲ზევით დაბრუნება |
ნოდარ ლადარია|სვეტი
არსებობს აკაკი წერეთლის ერთი მოგონება, რომელიც 1935 წელს გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნა იოსებ გრიშაშვილმა. იმხანად, - იგონებს მგოსანი, მაგრამ არ აზუსტებს, როდის, - თბილისში ჩამოსული იყო „ახალ ერმაკად“ წოდებული კაზაკთა ატამანი აშინოვი. რუსული გაზეთების მიერ ნაქები ატამანი „ივერიას“ სასაცილოდ აუგდია. გაბრაზებული აშინოვი რედაქტორთან, სერგეი მესხთან შევარდნილა და ბოდიშის მოხდა მოუთხოვია. იქვე ყოფილან აკაკი და ვაჟა-ფშაველა. როცა აშინოვის თავხედობა ზღვარს გადავიდა, ვაჟა-ფშაველა ამდგარა და კიბეზე დაუგორებია ატამანი...
ძნელი დასადგენია, მოხდა თუ არა ეს ამბავი სინამდვილეში. სერგეი მესხი 1883 წელს გარდაიცვალა. აშინოვის გარშემო აჟიოტაჟი კი რუსულ გაზეთებში მხოლოდ 1884 წლიდან დაიწყო. შესაძლოა, აკაკი ადრეულ და გვიანდელ მოვლენებს ერთმანეთს უზავებს, სიმწვავისთვის. საინტერესოა, ჯერ ორმოცს არმიღწეული აკაკი წერეთლისა და ოციოდე წლის ვაჟა-ფშაველას წარმოდგენა ასეთი კოლორიტული ეპიზოდის გათამაშებისას. მაგრამ ჩვენ ამჯერად სულ სხვა მხარეს გავიხედოთ...
ნიკოლაი აშინოვზე ბევრი არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, იგი ქალაქ პენზაში მცხოვრები ვაჭრის შვილი უნდა ყოფილიყო. თვითონ საგულდაგულოდ მალავდა წარმოშობას და ჩრდილოკავკასიელ კაზაკად მოჰქონდა თავი. იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ პუგაჩოვივით წერა-კითხვა არ იცოდა.
1880-83 წლები აშინოვის ბიოგრაფიის თეთრი ლაქაა - არავინ იცის, სად იყო და რას იქმოდა. სანახავია მაშინდელი „ივერია“: იქნებ მართლაც იყო რაღაც ირონიული სტატია იმ დროს სრულიად უცნობ ავანტიურისტზე...
1884 წელს პეტერბურგს ჩასულმა აშინოვმა ჯერ ნაციონალისტების წრეში მოიპოვა ავტორიტეტი. საქმე ეხებოდა აფხაზეთში კაზაკების ჩასახლებას. აშინოვმა ყველაზე ღარიბი ოჯახები აიყოლია უკანასკნელი გროშების დასახარჯავად. არც რეკლამა და პიარი ავიწყდებოდა: მაგალითად, მოიგონა კაზაკის ფორმა, შეადგინა ცხოვრების განრიგი და ა.შ. ყველას ეუბნებოდა, რომ მთავრობა აუცილებლად დააფინანსებდა სოხუმის მახლობლად კაზაკების ახალ დასახლებას.
აშინოვი და რამდენიმე ათეული მოტყუებული ოჯახი მართლაც დასახლდნენ სოხუმის მაზრაში, მაგრამ მალე შიმშილი დაიწყო: რუსეთის მთავრობა არ აპირებდა ავანტიურის დაფინანსებას. აშინოვი პეტერბურგში წერდა, როგორ მხიარულად ცხოვრობენ კაზაკები, როგორ შრომობენ, ლოცულობენ და მღერიან. ტყუილმა არ გაჭრა და კოლონისტების უმრავლესობამაც მალე მიატოვა აფხაზეთი. დანარჩენების რისხვას ძლივს გაასწრო ატამანმა.
მაშინ კი სხვა მითი მოიგონა: ავრცელებდა ხმებს, თითქოს ახლო აღმოსავლეთის ცნობილი ყაჩაღები სინამდვილეში კაზაკები არიან და საიდუმლოდ იცავენ რუსთა მეფის ინტერესებს. სარწმუნოებაც კი შეინარჩუნეს. „წაგიკითხავთ გაზეთებში ყაჩაღ ობეიდულას შესახებ? - ეგ ჩვენიანია, ივან ვასილიევიჩ კალინინი“, - არწმუნებდა აშინოვი პოტენციურ სპონსორებს.
ამის შემდეგ აშინოვმა განაცხადა, რომ ინგლისელებმა მოისყიდეს. თითქოს ინგლისურ დაზვერვას სურდა კაზაკების გამოყენება დივერსიებისთვის რუსულ რკინიგზაზე. მაშინ ინგლისი და რუსეთი ომის ზღვარზე იდგნენ ავღანეთში გავლენის მოსაპოვებლად. აშინოვის თქმით, მან 12000 გირვანქა სტერლინგი მიიღო ინგლისელებისგან, მაგრამ არ აპირებდა მათი მოთხოვნების შესრულებას.
ალბათ ტყუოდა: მისტიფიკაციების მოყვარული იყო, ფულს კი თავისუფლად იშოვიდა სხვაგანაც - რუსეთში რა დალევს მდიდარ სულელებს.
ფული ერთი საოცარი წამოწყებისთვის სჭირდებოდა: აშინოვმა ეთიოპიის მართლმადიდებლობაზე მოქცევა განიზრახა. დადიოდა პეტერბურგის სალონებში, მინისტრებთან და ყველას ატყუებდა, რომ ეთიოპიური მთავრობის მეგობარია, რომ საჭიროა კაზაკების დასახლება აფრიკის ნაპირზე. ამავე დროს რუსი ანთროპოლოგი მიკლუხო- მაკლაიც გამოვიდა ოკეანიის კუნძულებზე სოციალისტური კომუნის შექმნის იდეით. ჟურნალისტები სასტიკად დასცინოდნენ და კიცხავდნენ მას, მაგრამ აშინოვს სულ სხვა, მოწიწებული ტონით იხსენიებდნენ: სწორედ მაშინ, 1887 წლის მერე წარმოიშვა ტერმინი - „ახალი ერმაკი“ - რითაც აშინოვს XVII საუკუნეში ციმბირის დამპყრობს, ერმაკ ტიმოფეევიჩს ადარებდნენ.
არავინ უსმენდა, ამიტომაც ატამანმა რელიგიით სპეკულირება სცადა. ამბობდა, რომ ეთიოპია ხელში ჩაიგდეს კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა, რაც შეურაცხყოფს წმინდა რუსეთს. ამით თვით ობერ-პროკურორი პობედონოსცევიც კი მიიმხრო. ამგვარად, საზღვარგარეთ წასვლის საშუალებაც მიეცა: ფრანგი ნაციონალისტები აღმერთებდნენ რუსეთს, ერთადერთ მოკავშირეს გერმანიის წინააღმდეგ. აშინოვმა თანხა დააგროვა და რუსეთის საზღვაო მინისტრიც დაითანხმა, რომ აფრიკის ნაპირზე სამოქალაქო გემით გაემგზავრებინა ათეულობით კაზაკი, არქიმანდრიტი პაისი და ოთხი მორჩილი. ეს პაისი წარსულში რაღაც სექტის წევრი იყო, ამიტომ გააციმბირეს, მაგრამ სხვისი საბუთებით გაიქცა თურქეთში. გზად ტაგანროგში შეჩერდა და მებაღედ მუშაობდა ანტონ ჩეხოვის ოჯახში.
ამგვარად, 1888 წლის გაზაფხულზე აფრიკის რქის ნაპირზე წარმოიშვა დასახლება „ნოვაია მოსკვა“. ესეც ტყუილი აღმოჩნდა: აშინოვმა ჯერ რამდენიმე ოჯახი გაუშვა ეთიოპიაში, თვითონ კი დეკემბრამდე კარებს ატალახებდა სახსრების მოსაძიებლად. მიტოვებულები ლამის შიმშილით დაიხოცნენ. 10 დეკემბერს მათკენ გემით გამოეშურა აშინოვის „კაზაკთა“ 150-კაციანი რაზმი: კაზაკი მათგან სულ ორი იყო - დანარჩენები აშინოვმა ოდესისა და პეტერბურგის ჯურღმულებში მოაგროვა. მთელი ბანდა, „კონსპირაციის“ მიზნით, საბერო კაბებში იყო გამოწყობილი.
იმ დროს პორტ-საიდში შესული რუსული გემის კაპიტანი პტაშინსკი წერდა, რომ „მართლმადიდებლური მისია“ სამარცხვინო სურათს წარმოადგენდა: რუსები მთვრალები დაძრწოდნენ ქალაქში, იპარავდნენ ყველაფერს, სამღვდელო პირებიც კი ჩამოძონძილები დადიოდნენ და ხმამაღლა გაჰკიოდნენ უწმაწურ სიმღერებს.
როგორც იქნა, „ნოვაია მოსკვაც“ აშენდა ახლანდელი ჯიბუტის ტერიტორიაზე. აქედან კი ისტორია უკვე ტრაგიკულ ელფერს იძენს...
საფრანგეთს არ გამორჩენია მისი კოლონიის ტერიტორიაზე რუსების აქტივობა. საკითხი დიპლომატებმა განიხილეს. ბოლოს იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ განუცხადა საფრანგეთის ელჩს, რომ სულაც არ ადარდებს აშინოვისა და მისი დამქაშების ბედი. რუსეთში არასოდეს ყოფილან მოქალაქეები, იქ ყოველთვის მხოლოდ ქვეშევრდომები იყვნენ.
1889 წელს ფრანგულმა სამხედრო ხომალდებმა საარტილერიო ცეცხლით გაანადგურა „ნოვაია მოსკვა“. რამდენიმე მამაკაცთან ერთად ოთხი ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა.
აშინოვი, მისი ცოლი და გადარჩენილი კოლონისტები რუსეთში დააბრუნეს. იქ მათ სხვადასხვა ხნით გადასახლება მიუსაჯეს. არქიმანდრიტი პაისი საქართველოში, საფარის მონასტერში გაამწესეს. თვითონ აშინოვი კი გამოუსვლელად უნდა დარჩენილიყო ცოლის მამულში, ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნიაში.
ცოტა ხანში მაინც მოახერხა საფრანგეთში გაქცევა და ფრანგ ნაციონალისტებს მიეკედლა. ალექსანდრეს გაუკვირდა: „რატომ არ გააგდებენ სახელმწიფოდან?“ - იმპერატორი ვერ გრძნობდა განსხვავებას ტირანულ მონარქიასა და თავისუფალ რესპუბლიკას შორის. აშინოვი კი ინგლისელებს დაუკავშირდა და ახლო აღმოსავლეთში დახმარება შესთავაზა.
დასავლეთში ყოველთვის უფრო ძნელი იყო ავანტიურისტის ბედი. იმედგაცრუებულ ატამანს სამშობლოში დაბრუნება მოუხდა და აქ უკვე იკარგება მისი კვალი. ვარაუდობენ, რომ 1902 წელს გარდაიცვალა ცოლის მამულში...
მართლაც, საინტერესო იქნებოდა იმის გამოკვლევა, სინამდვილეში მოხდა თუ არა აკაკი წერეთლის აღწერილი ამბავი. ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ პენზელ ავანტიურისტთან მსგავსი მოპყრობა მაინცდამაინც არ გააღიზიანებდა რუსეთის ოფიციალურ წრეებს.
![]() |
21 ეგზოპლანეტები: ნაბიჯი ახალი სიცოცხლის აღმოჩენისკენ |
▲ზევით დაბრუნება |
მაია თოდუა|სვეტი
ოთხი საუკუნის წინ იტალიელი ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო (1548-1600) ამტკიცებდა, რომ არსებობს მრავალი დასახლებული სამყარო, რომ ვარსკვლავები შორეული მზეებია და მათ გარშემო ბრუნავენ პლანეტები. თითქმის სამი საუკუნის შემდეგ, XIX საუკუნის 50-იან წლებში, ასტრონომებმა დაადასტურეს, რომ ვარსკვლავები და მზე მართლაც ერთი ბუნების ციური სხეულებია. ამ დროიდან მეცნიერებმა დაიწყეს სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრავი პლანეტების ძიება.
დაახლოებით 150 წელი გავიდა, სანამ მზის სისტემის გარეთ პირველ ცთომილს (თანამგზავრს, პლანეტას) აღმოაჩენდნენ. ეს იყო ასტრონომიაში ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა, რომელმაც, ჩემი აზრით, დაუმსახურებლად მოკრძალებულად ჩაიარა.
სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრავ პლანეტებს ეგზოპლანეტებს (შემოკლებით extra-solar planet-იდან) უწოდებენ. ყველაზე დიდი პლანეტები მასით მათ ვარსკვლავებზე ათასჯერ მცირეა და ბევრად მკრთალი (პლანეტებს საკუთარი გამოსხივება არც აქვთ, ისინი მხოლოდ ვარსკვლავის სინათლეს ირეკლავენ). ამიტომ მათი შემჩნევა მხოლოდ მძლავრი ტელესკოპებისა და მგრძნობიარე ხელსაწყოების საშუალებით გახდა შესაძლებელი.
ეგზოლპანეტების სისტემის მხატვრული წარმოდგენა
1994 წელს ამერიკელი მეცნიერი ალექსანდერ ვოლშჩანი აკვირდებოდა სწრაფად პულსირებად ვარსკვლავს, ე.წ. პულსარს. ამ პულსარის გამოსხივებაზე დაკვირვებით მან დაასკვნა: აქ უნდა იყოს პლანეტა! მაგრამ პულსარი, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავია, თავისი ბუნებით განსხვავდება მზისგან - ის ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების ნარჩენია. უკვე ერთი წლის შემდეგ შვეიცარიელებმა მიშელ მაიორმა და დიდიე კელოზმა აღმოაჩინეს პირველი პლანეტა მზის მსგავსი ვარსკვლავის (Pegasus 51) გარშემო, პეგასის თანავარსკვლავედში. ასე დადასტურდა ჯორდანო ბრუნოს მიერ ოთხი საუკუნით ადრე გამოთქმული ვარაუდი, რომ, მზის სისტემის გარდა, სხვა პლანეტური სისტემებიც არსებობს. მას შემდეგ აღმოჩენილი ეგზოპლანეტების სიას ყოველწლიურად ათობით ცთომილი ემატება.
როგორც უკვე ვთქვით, ეგზოპლანეტები ძალზე მკრთალია - ყველაზე დიდ ტელესკოპებშიც კი არ ჩანს ისე, როგორც ვხედავთ იუპიტერს, მარსს და მზის სხვა თანამგზავრებს. მხოლოდ 2008 წელს გაჩნდა პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ მოხერხდა ეგზოპლანეტის გამოსახულების მიღება მნათი წერტილის სახით.
მაშ, საიდან ვიცით, რომ ის პლანეტები, რომლებსაც ტელესკოპითაც კი ვერ ვხედავთ, ნამდვილად არსებობს? საქმე ისაა, რომ არა მარტო ვარსკვლავი მოქმედებს პლანეტაზე თავისი მიზიდულობით, არამედ პლანეტაც იზიდავს ვარსკვლავს, თუმცა ბევრად სუსტად. ამ მიზიდულობის გამო ვარსკვლავიც მოძრაობს მათი საერთო მასათა ცენტრის გარშემო. მართალია, ეს მოძრაობა ძალიან მცირეა, მაგრამ თანამედროვე ზუსტი ხელსაწყოებით ასტრონომებს უკვე შეუძლიათ მისი გაზომვა; შედეგად კი იგებენ უხილავი პლანეტის ზომასა და ვარსკვლავიდან დაშორებას.
რაც უფრო შორია ვარსკვლავი და მცირეა პლანეტა, მით უფრო ძნელია მისი აღმოჩენა. ამიტომაც ჯერჯერობით აღმოჩენილია მხოლოდ იუპიტერის მასის და მასზე დიდი ანუ გიგანტი ეგზოპლანეტები.
ცნობილია, რომ ასეთ დიდ პლანეტებზე სიცოცხლის არსებობა შეუძლებელია. სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები შეიძლება წარმოიშვას დედამიწის სიდიდის პლანეტებზე, რომლებიც მზის ტიპის ვარსკვლავების გარშემო მოძრაობს „დასახლებად ზონებში“ - დაახლოებით იმ მანძილზე, რომლითაც დედამიწა დაშორებულია მზეს.
დედამიწის ანალოგიური ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად საჭიროა ხანგრძლივი დაკვირვებები კიდევ უფრო მაღალი მგრძნობელობისა და სიზუსტის ხელსაწყოებით. ასეთი პლანეტა, სავარაუდოდ, 2007 წელს შეამჩნიეს კიდეც და Gliese 581 d უწოდეს. ის სასწორის თანავარსკვლავედში მდებარეობს და მზიდან 20 სინათლის წლით ანუ ოცი ათასი მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული. ყველაზე დიდი სიჩქარე, რომლისთვისაც დღემდე ადამიანს მიუღწევია, არის დაახლოებით 8 კილომეტრი წამში. ასეთი სიჩქარით ამ პლანეტამდე მისაღწევად 750 ათასი წელი დაგვჭირდება. თუმცა, გარკვეული სახით კომუნიკაციის დამყარება, თუ იქ ცივილიზაცია აღმოჩნდა, ასეთ შორ მანძილზეც შესაძლებელია: დედამიწის ერთ- ერთი მძლავრი რადიოტელესკოპის საშუალებით გაიგზავნა კიდეც რადიოსიგნალი, რომელიც ამ პლანეტას მიაღწევს დაახლოებით 20 წლის შემდეგ, ხოლო სავარაუდო პასუხის მოსვლას ჩვენამდე კიდევ 20 წელი დასჭირდება.
მართალია, Gliese 581 d-ს არსებობა, ჯერჯერობით, დადასტურებული არაა, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს მომავალში ეს შესაძლებელი იქნება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება NASA-ს მიერ გასულ წელს გაშვებული თანამგზავრები (Kepler, Terrestrial Planet Finder და სხვები), რომლებიც 150 ათას ვარსკვლავს აკვირდებიან.
დედამიწის სიდიდის პლანეტის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მასზე აუცილებლად იქნება სიცოცხლე. ამისთვის ის კიდევ ბევრ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, მასზე უნდა იყოს საკმაო რაოდენობით ჟანგბადი და მოიპოვებოდეს წყალი.
თანამგზავრ კეპლერის მიერ აღმოჩენილი პლანეტების შედარებითი ზომები დედამიწასთან და იუპიტერთან
NASA-ს მონაცემებით, დღეისთვის უკვე დადასტურებულია 430 პლანეტის არსებობა 363 ვარსკვლავის გარშემო და ეს მონაცემები ყოველთვიურად იცვლება. არცთუ დიდი ხნის წინ მზის სისტემა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტური სისტემა იყო. ახლა კი უკვე ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავთა უმეტესობას უნდა ჰქონდეს საკუთარი პლანეტები; მათ შორის, შესაძლოა, დასახლებულიც.
![]() |
22 მოსკოვში ნეონაცისტების გამსამართლებელი მოკლეს |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
47 წლის მოსამართლე ედუარდ ჩუვაშოვი საკუთარ სადარბაზოში გასროლით მოკლეს. თებერვალში ჩუვაშოვმა განაჩენი გამოუტანა ნეონაცისტური დაჯგუფების - თეთრი მგლების - წევრებს. დაჯგუფება პასუხისმგებელია ეთნიკური უმცირესობების ათეულობით წარმომადგენლის სიკვდილზე. სასტიკი მკვლელობების ნაწილს თეთრი მგლები ვიდეოფირზე იღებდნენ და ინტერნეტში აქვეყნებდნენ. ჩუვაშოვმა დამნაშავეებს 23 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ულტრანაციონალისტური ჯგუფის, რუსკი ობრაზის ლიდერმა ბლოგზე განათავსა მოსამართლის განადგურების მოწოდება. გამოძიება უკვე ფლობს ვიდეოჩანაწერს, სადაც ჩანს, როგორ შედის „მაღალი, სლავური გარეგნობის კაცი“ ჩუვაშოვის სადარბაზოში, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე.
სომალის რადიო- სადგურებმა მუსიკაზე უარი თქვეს
სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში რადიოსადგურების უმრავლესობამ მუსიკასთან ერთად მელოდიური ტიხრების გამოყენებაც შეწყვიტა. მათი გადაწყვეტილება რეგიონის ერთ-ერთი გავლენიანი შეიარაღებული დაჯგუფების, ჰიზბულ ისლამის ბრძანებამ განაპირობა. დაჯგუფებამ თვის დასაწყისში გაცემული ბრძანების შესასრულებლად რადიოსადგურებს ათდღიანი ვადა დაუწესა. ფუნდამენტალისტების აზრით, მუსიკა ისლამს ეწინააღმდეგება. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ რადიოსადგურებს სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან დაუმორჩილებელი ჟურნალისტების მკვლელობა ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია.
![]() |
23 კლავიატურის ნაყვა ქართულად |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ტექნოლოგია
2007 წლის ადრეულ შემოდგომაზე შავი ზღვის ქვიშიან სანაპიროზე ოცამდე მოხალისეს წააწყდებოდით, რომლებიც დილიდან საღამომდე ლეპტოპებს უტრიალებდნენ და უცნაური ტერმინებით საუბრობდნენ. ეს შეკრება კავშირი ღია კონსულტანტების მიერ მოწყობილი გაქართულების ბანაკი გახლდათ, მოხალისეები კი სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას ქართულ ენაზე თარგმნიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბანაკები სამი წლის განმავლობაში ეწყობოდა, გაქართულებული პროგრამების რაოდენობა დღემდე მცირეა. თანაც, მათი დიდი ნაწილი უფასო ოპერაციული სისტემა ლინუქსისთვის არის განკუთვნილი. ვინდოუსისთვის შექმნილი პროგრამების თარგმნა შეუძლებელია მწარმოებლის ლიცენზიის გარეშე, რომლის მოპოვება არც ისე ადვილია. ბაზრისადმი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, პროგრამების მწარმოებელი დიდი კომპანიები თავად ზრუნავენ საკუთარი პროდუქციის თარგმნაზე.
მაგალითისთვის, გრაფიკული პროგრამების მწარმოებელ ედოუბის (Adobe) აქვს პროგრამების ჩეხურენოვანი და უნგრულენოვანი პაკეტები. კომპანიის პროდუქტები ფართოდ გამოიყენება საქართველოშიც. მაგრამ ედოუბის, ისევე როგორც მსხვილი მწარმოებლების უმეტესობას, ჯერ აზრადაც არ მოსვლია, რომელიმე პროდუქტის ქართულენოვანი ვერსია მიეწოდებინა მომხმარებლისთვის.
არსებული ვითარების მთავარ მიზეზად ვებდეველოპერი ნოდარ დავითური საქართველოში გავრცელებულ კომპიუტერულ მეკობრეობას (პირატობას) ასახელებს. მისი თქმით, თუ მწარმოებელი დარწმუნებული იქნება, რომ შეძლებს პროდუქტის გაყიდვას და ამაში შავი ბაზარი ხელს არ შეუშლის, თარგმნისთვის საჭირო დანახარჯს გამართლებულად მიიჩნევს. მაგრამ, ბოლო წლების ზოგიერთი კვლევის მიხედვით, საქართველო მეკობრეობის 95%25-იანი მაჩვენებლით აბსოლუტური ჩემპიონია მსოფლიოში.
ბაზრის სიმცირისა და უკონტროლობის მიუხედავად, მაიკროსოფტის ოპერაციული სისტემის გაქართულება მაინც დაიწყო, თუმცა საგრძნობი დაგვიანებით. 2001 წელს გამოშვებული Windows XP-ის თარგმანი დასრულებული სახით კომპანია იუ-ჯი-თიმ 2006 წელს წარმოადგინა. დღეისთვის ქართულად ხელმისაწვდომია ასევე ვინდოუს ვისტა და ოფის 2007. ამ პროგრამების გამქართულებელი პაკეტების უფასოდ გადმოწერა მაიკროსოფტის ოფიციალური საიტიდან არის შესაძლებელი. მაისის ბოლოს იგეგმება ანალოგიური პაკეტის დამატება ვინდოუს სევენისთვისაც.
ნათარგმნი ვერსიების არსებობის მიუხედავად, აი-თი მუშაკები ხშირად ერიდებიან ქართულენოვანი ვინდოუსის დაყენებას. ქალაქი აჭრელებულია განცხადებებით, რომელთა ავტორები მომხმარებელს ვინდოუსის ინგლისურ ან რუსულ ენებზე დაინსტალებას სთავაზობენ. „ქართულენოვან ვინდოუსს მტერს არ დავუყენებდი, ისეთი ხარისხია,“ - ამბობს ერთ-ერთი მათგანი და იქვე ამატებს, რომ ქართულ ვერსიაზე მოთხოვნა მცირეა. იმ მომხმარებლებს, რომლებმაც არ იციან ინგლისური, ქართულს ისევ რუსული ურჩევნიათ.
მომხმარებლები არც სხვა ქართულენოვან პროგრამებს სწყალობენ. უმრავლესობა მიჩვეულია უცხოენოვან ინტერფეისებთან მუშაობას, სხვა ენაზე გადაწყობა კი ხშირად ინტერფეისის თავიდან შესწავლის ტოლფასია. მომხმარებლების არჩევანზე გაქართულებული პროგრამული უზრუნველყოფის მცირე რაოდენობა და თარგმნისას დაშვებული შეცდომებიც მოქმედებს.
სიტუაცია ჩაკეტილ წრეს ჰგავს. ბაზრის სიმცირის გამო დიდ მწარმოებლებს არ უღირთ პროგრამების თარგმნა, მომხმარებლებს კი, მწირი ქართულენოვანი პროდუქციის ნაცვლად, ურჩევნიათ კარგად ნაცნობი უცხოენოვანი ვერსიები გამოიყენონ. სკოლებში ქართული პროგრამების სწავლებამ შესაძლოა მომხმარებელთა შემდეგი თაობა კომპიუტერთან ქართულ ენაზე ურთიერთობას შეაჩვიოს. თუმცა ძირეულ ცვლილებებს ალბათ მხოლოდ ეკონომიკური ზრდისა და ბაზრის კონტროლის გამკაცრების შედეგად უნდა ველოდეთ.
![]() |
24 ხელნაწერები იწვიან, კომპიუტერები არ იმტვრევიან |
▲ზევით დაბრუნება |
ლაშა ბუღაძე|სვეტი
დრამა ერთ მოქმედებად
მოქმედი პირნი:
ბებია
ბავშვი
ბებია:
შვილო, პრეზიდენტის თხზულებათა მეორეტომი გამოვიდა. საინტერესო წიგნია. იქნებ წაგეკითხა?
ბავშვი:
(თავის პაწია კომპიუტერს უზის - უდიერად) წიგნი რა ჩემი ფეხებია?
ბებია:
(უჩვენებს) აი, ეს, ბები.
ბავშვი:
(დაეჭვებული ათვალიერებს) რამდენი კილოა?
ბებია:
წიგნებს კილოობით არ ზომავენ, იაშა... (ბავშვს იაკობი ჰქვია) წიგნი - წიგნია.
ბავშვი:
(ყნოსავს წიგნს) ცუდი სუნი აქვს...
ბებია:
(ესეც ყნოსავს) რატომ, მე მომწონს - სპეციფიკური სუნი აქვს... ქაღალდის.
ბავშვი:
(ეხუტება თავის კომპიუტერს) მომწამლავს... (ზიზღით უყურებს წიგნს) ეს ფრთები რეებია?
ბებია:
ფურცლები.
ბავშვი:
(ყდას ურტყამს ხელს) ეს რატოა მაგარი?
ბებია:
ეგ თუ არ ექნა, დაიშლება.
ბავშვი:
(ძირს აგდებს თავის კომპიუტერს - გახარებული იცინის) ჩემი რო არ ტყდება!
ბებია:
(ეს მოქმედება - კომპიუტერის ძირს დავარდნა - რაღაცას გაახსენებს) აჰ... ხო... პრეზიდენტი...
ბავშვი:
(ფეხს ურტყამს კომპიუტერს) აი... აი! არანაირი პრობლემა... ნოლი პრობლემა...
ბებია:
(მედიდური ირონიით) როგორც ჩანს, მხოლოდ ეგ ყოფილა ამის პლუსი!
ბავშვი:
მომე ეგა! (წიგნს ხელიდან გამოგლეჯს ბებიას)
ბებია:
(შეტორტმანდება) ვაი...
ბავშვი:
(ფხრეწს წიგნს) ესაა კარგი საქონელი? ესაა პატივსაცემი ნივთი? (იხვითქება) ჰაერზე რა ჭირს და წყალში რა მოუვა... (შუაზე უნდა გაგლეჯა - იჭინთება)
ბებია:
ჩაიფსამ, ბები, ასე!
ბავშვი:
(ორად ხევს წიგნს) აჰა... ერთ ხმარებაზე გაფუჭდა!
ბებია:
(დანანებით) ამ დროს, ისეთი საინტერესო რამეები ეწერა პრეზიდენტს...
ბავშვი:
(სუნთქვა უჭირს - კომპიუტერს უკან, მაგიდაზე დებს) მაგან დაგვირიგა ესენი, მე რა ვქნა...
ბებია:
ხო მაგრამ, განა ესა თქვა პრეზიდენტმა, წიგნებს ნუ წაიკითხავო?
ბავშვი:
(ავად იცინის) ეგრე თქვა ზუსტად. წიგნი არა - იხვის ტოლმა! აგერაა კომპიუტერი, რასაც მინდა, იმას მაგებინებს... აჰა... (ბეჭდავს) გინდა ახალი ინფორმაცია? (კითხულობს წვალებით) „დღეეეს... ოოცდაშვიიდმა... გააკ-კკ... ოტრებულმა გამონ... გამონმ... გამომცემელმა მოიკლა თავი...“
ბებია:
ნტ, ნტ, ნტ. ხედავ შენ!
ბავშვი:
(განაგრძობს კითხვას) „დღეეს დილით ბოოოლო წუგნ... წიგნის მაღაზია დდ-დაიკეტა სა... სა... სა...
ბებია:
საქართველოში, ბები?
ბავშვი:
(უდიერად) ხო, ხო!
ბებია:
უი, უი... ალბათ, ის, მეტროს ქვეშ რომ იყო დარჩენილი.
ბავშვი:
(იჭყანება) ფუუ, ვირთხებში...
ბებია:
(წნევა უწევს - ცდილობს, სიამაყე შეინარჩუნოს) რა ვიცი, ბები, მთავარია ცოდნა მიიღო და საიდანაც გინდა, იქიდან მიიღე... ადამჲიანს თუ ცოდნა სწყურიან, კონფიწჲურიდან (ბებია ასე უწოდებს კომპიუტერს) კი არა, უთოდანაც მიიღებს (იცინის თავისი ენამახვილობით კმაყოფილი).
ბავშვი:
(აფერისტულად) პასიბა, ბებ. ეგრეა.
ბებია:
(კომპიუტერზე მიუთითებს) მაშვინ მანდედან წაიკითხე რამე.
ბავშვი:
კი, ბებ, აბა რა.
ბებია გადის.
ბავშვი მონსტრების ხოცვას იწყებს თავის კომპიუტერში. და თავადაც მონსტრისებურად ღმუის.
ფარდა
![]() |
25 მოხუცი ახალგაზრდა პოეტები |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა რაზა
ანკა კალანდაძე
არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე დავწერო წიგნზე, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა - „ახალგაზრდა პოეტების 100 ლექსი“. მით უმეტეს, როცა ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც საინტერესო თემაა. პოეზია არ აინტერესებს ჩემს მეზობელ მარიკას. პოეზია არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილს. პოეზია არ აინტერესებს გორილას ზოოპარკში. პოეზია არ აინტერესებს ლენინის გვამს. პოეზია არ აინტერესებს ზურაბ ნოღაიდელს. პოეზია არ აინტერესებს მაია ასათიანს. პოეზია არ აინტერესებს მთვრალ პოეტს, არეული ენით რომ უკითხავს ლექსებს დიდმკერდიან ლამაზმანს, როცა სინამდვილეში მასთან დაწოლა უნდა. პოეზია არ აინტერესებს ბუნებრივ მოვლენას, რომელთან შედარებითაც პოეზია მართლაც უმნიშვნელო ამბავია.
მერე რა, კიდევ ერთი უხარისხო წიგნი გამოვიდა, მაშინ, როცა აფრიკაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ყოველ ღამე კოშმარები გვესიზმრება, ათიოდე წელში საერთოდ აღარ გამოვა წიგნები, მალე ნანოტექნოლოგიები საშულებას მოგვცემს... მაგრამ თითქოს, ჩემი ნახევარი საათი თავიდანვე დასაკარგავად იყო განწირული. წერას ვაგრძელებ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წიგნის მაღაზია „სანტა-ესპერანსაში” ეს თხელი წიგნი შევიძინე.
წიგნში 33 თანამედროვე ქართველი ავტორია. წინასიტყვაობა ლევან ბრეგაძეს ეკუთვნის. მის მიერ თანამედროვე ლიტერატურის უზადო ცოდნას, გონებამახვილობასა და ორიგინალურობას საზღვარი არ აქვს. ბატონ ლევანს წინასიტყვაობის ასეთი საინტერესო ფორმისთვის მიუგნია: წიგნში შესულ „პოეტთა“ ფრაზეოლოგიური მოზაიკით, იგი ცდილობს „ბავშვობაწართმეული“ თაობის ყველა სატკივარს შეეხოს. ამავდროულად, იმაზეც ზრუნავს, რომ „მოზაიკა“ პირქუში არ გამოვიდეს; ეძებს ისეთ სტრიქონებს, სადაც მოიხსენიება მზე - აქ უკვე ვრწმუნდებით, რომ საქმე მართლაც გამოცდილ ლიტერატორთან და მოაზროვნესთან გვაქვს.
შევეცდები სხვაგვარი მოზაიკა შემოგთავაზოთ, რადგან ძალაუნებურად იქ მოყვანილ ლექსებს გავეცანი. წიგნში ვერ შეხვდებით უცნობი სალექსო ტექნიკების მეთოდური თუ ავტომატური გამოყენების მცდელობას, ტრადიციული მეტაფორული წესრიგის შეცვლას, თემატიკის განახლებას. 33 ავტორიდან მხოლოდ რამდენიმეს შეიძლება დააბრალო ტექსტისადმი სერიოზული დამოკიდებულება, ესენი არიან: პაატა შამუგია და გიორგი კეკელიძე. კიდევ - ეკა ქევანიშვილი, დიანა ანფიმიადი, ნათია ნაცვლიშვილი. შეიძლება გიორგი ზანგურის „სააშიკოდ, სალაღობოდ“ შექმნილი ლექსებიც მოსწონდეს ვინმეს. დანარჩენი უკვე სარეველაა.
რატომ გადაწყვიტეს ამ ავტორებმა ასეთ კონტექსტში დაბეჭდვა, ვერაფრით ვერ ვხვდები. რატომ არ გამოთქვეს პროტესტი, რომ მთელი წიგნი ჯგუფი „მგზავრების“ სუფრული რეგეის თუ დეფი გოგიბედაშვილის „თბილი, ეგზომ ჰუმანური, ჯიგრული“ განწყობით არის გაჯერებული? რატომ არ თქვეს, რომ ყველაფერი საოცრად ყალბი და პროფანულია?
პირველივე ლექსში ვხვდებით პოეტის გამორჩეულ და ლექსზე ჯვარცმული მესიის ნაძალადევ როლს: „ღამეა სხვათა შორის, განცდათა შეჯერება, რთულია უსაშველოდ პოეტის განაჩენი“. შემდეგ უკვე ნიკოლოზ ბარათაშვილის ჯერიც დგება: „მიჰქრის, მიამტვრევს“...
უცებ ოშოს და ხოშის გარითმვის ფრიად წარმატებული მცდელობა მოგჭრით თვალს. წიგნი ჰგავს თინეიჯერის „ნაკლეიკებით“ მორთულ დღიურს, სენტიმენტალური და ინფანტილური ჩანაწერებით, რომელიც მხოლოდ იმას ამბობს, რომ ავტორმა სექსუალური მოწიფულობის ასაკს მიაღწია, ინიციაციის პერიოდი დაუდგა, მაგრამ ვაგლახ, რომ ეს ინიციაცია არსაიდან ჩანს: „ჩემი ცრემლების მარილი ან ოკეანეში თავი ჩავიხრჩვე“, - იმდენად გაცვეთილი და ბანალური, რომ შეუძლებელია უარესის წარმოდგენა. ვერც იმას წარმოიდგენ, რომ თანამედროვე პოეზიის თანამედროვე გამოცემაში შეხვდები: „წვიმიანი ქალაქის არეულ ფიქრებს“, „მძივებად დაშლილ წვიმასა და ლავისგან დამპალ ფესვებს“, „როგორც ტარიგი ელოდები ყასბის სეკატორს“ და კიდევ მრავალ მსგავს „უცნაურ კონსტრუქციას“. როცა იფიქრებთ, რომ ყველაზე სასაცილომ უკვე ჩაიარა, უცებ ისევ გაოგნდებით: „გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას, „in vino veritas! in vino veritas!“ - იშვიათი უნიჭობაა. ჩანს, გამომცემლებმა არ იციან, რომ ცხოვრობდე დღეს არ ნიშნავს იყო თანამედროვე დაწერდე დღეს, არ ნიშნავს იყო თანამედროვე მწერალი.
წინა თაობასთან ხიდზე საუბარიც ზედმეტია. ეს არის, როგორც მამარდაშვილი იტყოდა, „მამებისგან გაძარცული შვილების“ უკურეაქცია; მცდელობა „ზუსტი და უშნო ანალოგიის შექმნისა“. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ წიგნში შესულ ავტორთა უმრავლესობა არ იცნობს წინა თაობის შემოქმედებას, იგივე დათო ბარბაქაძის, კარლო კაჭარავას, ბადრი გუგუშვილის, დათო ჩიხლაძის, ზვიად რატიანის... თუნდაც „რეაქტიული კლუბის” პოეზიას. მანამდე ბესიკ ხარანაულს, ლია სტურუას... ის კი არა, XIX-XX საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურაც არ აქვთ ჯეროვნად აღქმული, თავი რომ დავანებოთ უზარმაზარ ევროპულ გამოცდილებას, რომლის შესწავლისა და გააზრების გარეშე, თანამედროვე ლიტერატურაზე საუბარი შეუძლებელია.
კვლავ წინასიტყვაობას დავუბრუნდეთ: „წაგვრილი ბავშობა მათ ამ ხუნდებისგან ათავისუფლებს” - აგრძელებს ბრეგაძე. „სიყვარული? სიყვარული არ არის ამ წიგნში, ახალგაზრდა პოეტების ამ კრებულში?“ - წუხს შესავლის ავტორი და გამალებით ეძებს დაშანთულ გულებს, სანთლებს და მთვარეს...
ბატონი ლევანი ომზეც წერს, ამ თაობას სახლებში მიუვარდა ომიო. მიუვარდნენ ტანკებით, დროშებით, „კალაშნიკოვებით“, - ეძებს ფრაზებს, რომელიც უკეთ აირეკლავს ომს. კი მაგრამ, ასევე ომმა წარმოშვა ბიტნიკების თაობა, რომელთაც ჩანასახშივე გამორიცხეს ომი, გამორიცხეს ისეთივე სისასტიკით, როგორიც თავად ახასიათებს ომს. ქართული „ბავშვობაწართმეული“ თაობის რეფლექსია ომზე კი გაგიკვირდებათ და კვლავ ომის მონატრება, რომანტიზებული წარსულის თუ მილიტარისტული მანქანის პროპაგანდის გავლენებია.
ნახევარი საათი უკვე გავიდა. იმ ადამიანებზე, ვისი შემოქმედებითი გამოცდილებაც დღეს ავტონომიურობას ინარჩუნებს, რეალურად გამოხატავს, აღწერს და გადაამუშავებს „ბავშობაწართმეული“ თაობის რეალობას, მერე დავწერ. მაშინ, როცა კვლავ გამახსენდება, რომ „ცები გახსნილია და ღმერთის თვალი ახალშობილთა ხორცს ნელ ცეცხლზე ხრაკავს.“
![]() |
26 არც პელე და არც მარადონა. მესი! |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
სამხრეთ აფრიკა 2010
„პელე თუ მარადონა? ის ამ უსასრულო და მომაბეზრებელ დავას ბოლოს მოუღებს. ბედნიერი ვარ, რომ ის არგენტინელია და ყველას - ბრაზილიელებს, იტალიელებს, გერმანელებს, ესპანელებს, ინგლისელებს თუ ფრანგებს იმის აღიარება მოუწევთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ამ ქვეყნის შვილია!“ - არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა დარწმუნებულია, რომ ლეო მესი ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი გახდება.
მარადონას მესის დიდი იმედი აქვს. ლეგენდარული ფეხბურთელყოფილი თვლის, რომ სამხრეთ აფრიკაში ლეო შეუდარებლად ითამაშებს და არგენტინას მესამედ მოუტანს ფიფა-ს ოქროს თასს.
ლეონელ მესი და დიეგო მარადონა
ფოტო: REUTERS ©
მსოფლიოს 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შეუდარებელია: ლეო მესიმ ბარსელონას შემადგენლობაში 44 მატჩში 40 გოლი გაიტანა, მათ შორის 27 პრიმერადივიზიონში, 8 კი - ჩემპიონთა ლიგაში.
„ბოლოს მას გერმანიაში შევხვდი და თითქმის ორი საათი გულახდილად ვისაუბრეთ. ის დღეს საუკეთესო კლუბში თამაშობს, ლიდერია და ახლა მთავარია, ამ გზიდან არ გადაუხვიოს. მიხარია, რომ ჭკვიანი ხალხი ჰყავს გვერდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამბობს დიეგო მარადონა.
![]() |
27 ახალი ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
…იტალიის ნაკრების მწვრთნელის მარჩელო ლიპის თქმით, იუვენტუსის ფორვარდმა ამაურიმ იტალიის მოქალაქეობა კი მიიღო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვს.
...სამხრეთაფრიკელ სამართალდამცავთა თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში ქვეყნის ყველა სტუმრის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული, მიუხედავად იმისა, რომ ალ- ქაიდა დროგამოშვებით ტერორისტული აქტებით იმუქრება,
...არგენტინის ნაკრების თავკაცმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ ბოკა ხუნიორსის ფორვარდ მარტინ პალერმოს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის დიდი შანსი აქვს. ჩემპიონატში არსენალთან 4:0 მოგებულ მატჩში პალერმომ ორი გოლი გაიტანა და ბოკა ხუნიორსის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა - ახლა მის ანგარიშზე 220 გოლია.
...ფიფა-ს თქმით, გულშემატკივრები მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის 25 მატჩს 3D- ში იხილავენ. კომპანია სონი-სთან გაფორმებული კონტრაქტით, იოჰანესბურგში, დურბანში, ქეიფთაუნსა და პორტ ელიზაბეტში ჩატარებული 25 მატჩი 3D-ში გადაიცემა, მათ შორის ტურნირის გახსნის მატჩი და ფინალი.
![]() |
28 ისტორიული ფაქტები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
...1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა ქართველების დებიუტი უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე. სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში სლავა მეტრეველმა (იუგოსლავიასთან), მიხეილ მესხმა (იუგოსლავიასთან, კოლუმბიასთან, ჩილესთან) და გივი ჩოხელმა (კოლუმბიასთან, ურუგვაისთან, ჩილესთან) იასპარეზეს. ნაკრების განაცხადში იყო მეკარე სერგო კოტრიკაძეც, თუმცა მას ჩილეში არ უთამაშია.
...1982 წელს, ესპანეთში, საფრანგეთ- ქუვეითის მატჩის რუსმა არბიტრმა მიროსლავ სტუპარმა თავის მიერვე ჩათვლილი გოლი გააუქმა! როცა ანგარიში 3:1 იყო, ალენ ჟირესმა მეოთხე გოლი გაიტანა ქუვეითელთა კარში და მსაჯმაც მოედნის ცენტრისკენ მიუთითა. რამდენიმე წუთში ქუვეითის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი შეიხი ფაჰადი მოედანზე შეიჭრა და მსაჯს ჟირესის გოლის გაუქმება მოსთხოვა. არბიტრი შეიხს დამორჩილდა და გოლი გააუქმა!
...1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატი კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო. წელიწად-ნახევრით ადრე კოლუმბიელებმა ფიფა-ს აცნობეს, რომ, ეკონომიკური კრიზისის გამო, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ ტურნირს, თუ ფიფა მონაწილეთა რაოდენობას 24-დან 16-მდე შეამცირებდა. ფიფა-მ მალევე განიხილა მექსიკის, კანადისა და აშშ-ის პროექტები და, საბოლოოდ, უპირატესობა მექსიკას მიანიჭა.
...1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველად ჩაერთო ასზე მეტი ქვეყანა - შესარჩევ მატჩებში 116 ნაკრები მონაწილეობდა.
![]() |
29 მსოფლიო ჩემპიონატის ბურთები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ჯაბულანი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ დიალექტზე, ზულუზე, ზეიმსნიშ ნავს.
მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთს სწორედ ჯაბულანი ჰქვია დაის, ცხადია, ადიდასის ნაწარმია.
გერმანულმა კომპანიამ 1963 წლიდან დაიწყო ფეხბურთის ბურთების შექმნა, 1970 წლიდან კი ფიფას ოფიციალური პარტნიორია და მას შემდეგ ექსკლუზიურად ამზადებს ბურთებს მსოფლიო ჩემპიონატებისთვის.
ჯაბულანი მეთერთმეტე ბურთია, რომელიც ადიდასმა ოქროს თასის გათამაშებისთვის შექმნა, ისტორია კი დაიწყო ტელსტარით, რომელიც მექსიკაში 1970 წელს გამართული ჩემპიონატისთვის დამზადდა.
ასევე ტელსტარი იყო ოთხი წლის შემდეგ, გფრ-ში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, თუმცა ის წინამორბედისგან მცირედით განსხვავდებოდა და სახელიც ოდნავ შეცვლი ჰქონდა - ტელსტარ დურლასტი.
1978 წლისთვის ადიდასმა ახალი ბურთი დაამზადა და მას ტანგო უწოდა. ოთხი წლის შემდეგ, ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურმა ბურთმა მცირე მოდიფიკაცია განიცადა, სახელად კი ტანგო ესპანია ეწოდა.
1986 წელს ტურნირს კვლავ მექსიკამ უმასპინძლა, ადიდასმა კი მორიგი შედევრი შესთავაზა გულშემატკივრებს: მექსიკელთა წინაპრების, აცტეკთა კულტურის სიმბოლოებით დამშვენებული ბურთი, სახელად აცტეკა. ტურნირის ყველა ბურთი ხელით შეიკერა - ასეთი რამ პირველად და, ჯერჯერობით, უკანასკნელად მოხდა.
ოთხი წლის შემდეგ, იტალიაში, ფეხბურთელები ეტრუსკო უნიკოთი თამაშობდნენ. ადიდასის მორიგ პირმშოს აპენინის ნახევარკუნძულზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მცხოვრები ხალხის - ეტრუსკთა კულტურის ელემენტები ამშვენებდა. ეტრუსკო უნიკო იყო ორი წლის შემდეგ შვედეთში გამართული ევროპირველობის ოფიციალური ბურთი...
1994 წელს ამერიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის თვის შექმნილ ბურთს ადიდას მაკუესტრა უწოდა. წინამორბედებთან შედარებით ის უფრო მსუბუქი იყო და წყლით არ იჟღინთებოდა.
1998 წელს საფრანგეთში გამართული პირველობისთვის შექმნილი ტრიკოლორი პირველი ფერადი ბურთი იყო ადიდასისა და, შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში. ის საფრანგეთის სახელმწიფო დროშის ფერებით იყო გაფორმებული. ამავე დროს, ეს იყო ადიდასის პირველი ბურთი, რომელიც არა ევროპაში, არამედ აფრიკაში, კონკრეტულად მაროკოში დამზადდა.
2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართული ტურნირის ოფიციალური ბურთი იყო ფივერნოვა, რომელიც პოპულარობით არ სარგებლობდა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატს კი ტიმგაისტი ამშვენებდა. ტურნირის ისტორიაში პირველად, ყველა მატჩს კონკრეტული ბურთები ჰქონდა, რომლებზეც მატჩის თარიღი, ასევე მონაწილე გუნდების და სტადიონის სახელები იყო მითითებული.
![]() |
30 ჰოლიფილდი დაბრუნდა! |
▲ზევით დაბრუნება |
„29 წლის ვიყავი და სატიტულო ორთაბრძოლაში 42 წლის ჯორჯ ფორმენს შევხვდი. აწონვაზე ჯორჯს გავეხუმრე, ბაბუ, რამდენი წლის ხარ-მეთქი, მერე კი ქულებით ძლივს მოვუგე. დღეს იგივეს თქმა ჩემზეც შეიძლება“, - იტყვის ფრანსუა ბოთას დამარცხების მერე 47 წლის ამერიკელი მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი.
მსოფლიოს ყოფილი ორგზის ჩემპიონი, ერთადერთი პროფესიონალი მოკრივე, რომელიც რინგზე არასოდეს არ დავარდნილა, ლას ვეგასში WBF-ის (მსოფლიოს კრივის ფედერაცია) ვერსიით ჩემპიონი გახდა. მერვე რაუნდში ჰოლი ფილდმა ტექნიკური ნოკაუტით მოუგო სამხრეთაფრიკელ ბოთას, რომელსაც იმ მომენტისთვის, სამიდან ორი მსაჯის აზრით, ქულებით დიდი უპირატესობა ჰქონდა.
ჰოლიფილდი ვლადიმირ კლიჩკოსთან ჩხუბს აპირებს და, წინასწარი ინფორმაციით, უკრაინელი წინააღმდეგი არ არის. ბოთასთან ორთაბრძოლამდე ევანდერი ბოლოს 2008 წლის 20 დეკემბერს გავიდა რინგზე. მაშინ ამერიკელი ლეგენდა ქულებით რუსნ ნიკოლაი ვალუევთან დამარცხდა.
ვალუევი კი მორიგ სკანდალშია გახვეული. სვერდლოვსკში რუს გიგანტს ავტოსადგომზე გასაღების მიტანა დაუგვიანეს და მანაც ავტოსადგომის თანამშრომელი გალახა.
კრივის მიმოხილვა კი სამწუხარო ამბით უნდა დავასრულოთ. 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული რეფერი არტურ მერკანტე, რომელსაც სხვადასხვა დონეზე 145 სატიტულო ორთაბრძოლა ჰქონდა განსჯილი. 1971 წლის 8 მარტს მერკანტემ იმსაჯა საუკუნის ორთაბრძოლად ცნობილი მუჰამედ ალისა და ჯო ფრეიზერის დაპირისპირება.
ევანდერ ჰოლიფილდი და ფრანსუა ბოთა
ფოტო: REUTERS ©
საერთაშორისოში იციან, საქართველოში - არა
12 აპრილს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ციგაობის საერთაშორისო ფედერაციისგან მიიღო ქართველი ოლიმპიელის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრაგედიის ფაქტების დეტალური განხილვა. ვცდილობთ, ყველაფერში ერთხელ და საბოლოოდ დავრწმუნდეთ“, - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებაში. საბოლოო დასკვნა, წესით, დღეს უნდა გამოქვეყნდეს.
ნოდარ ქუმარიტაშვილი 12 თებერვალს უისტლერის საციგაო კომპლექსში დაიღუპა. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა სიკვდილის მიზეზად 21 წლის ქართველი სპორტსმენის გამოუცდელობა დაასახელა.
ჩვენ შევეცადეთ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების კომენტარი მიგვეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ არავინ არაფერი იცოდა.
![]() |
31 კვირის ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
ფეხბურთი. პორტუგალიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირი საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო - ვლადიმერ გუცაევის გუნდი 0:3 დამარცხდა რუსეთის ნაკრებთან.
ფეხბურთი. საქართველოს თასის ფინალს, რომელიც 26 მაისს გაიმართება და რომელშიც ერთმანეთს თბილისის დინამო და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდებიან, სავარაუდოდ, ქუთაისი უმასპინძლებს.
ჭიდაობა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის (მალხაზ ზარქუა 60კგ, გიორგი გოგშელიძე 96კგ) და ერთი ბრინჯაოს (ოთარ თუშიშვილი 66კგ) მედალი მოიპოვა.
ფეხბურთი. 25 მაისს საქართველოს ეროვნული გუნდი ზალცბურგში კამერუნის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. არაა გამორიცხული, ივნისის დასაწყისში ქეცბაიას გუნდი იქვე, ავსტრიაში გაეჯიბროს ჩრდილოეთ კორეას, სლოვენიას ან მექსიკას.
ფეხბურთი. არგენტინის ბოკა ხუნიორსმა ჩემპიონატში ცუდი თამაშის გამო მთავარი მწვრთნელი აბელ ალვესი დაითხოვა.
ჩოგბურთი. მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში გათამაშებული ჰასან მეორის სახელობის თასი შვეიცარიელმა სტანისლავ ვავრინკამ მოიგო. ფინალში მან რუმინელ ვიქტორ ჰანესკუს ორ სეტში - 6:2, 6:3 - სძლია.
ფეხბურთი. ხუთწლიანი შესვენების შემდეგ საბერძნეთის ჩემპიონატი ათენის პანათინაიკოსმა მოიგო. კლუბის ისტორიაში ეს მეოცე წარმატებაა.
ველოსპორტი. შვეიცარიელმა ფაბიან კანჩელარამ პარიზი-რუბოს კლასიკური ერთდღიანი ტური 2006 წლის შემდეგ მეორედ მოიგო.
მძლეოსნობა. პარიზის ტრადიციული მარათონი ეთიოპიელმა სტაიერებმა მოიგეს. მამაკაცთა შორის ტადესე ტოლამ იმარჯვა (2:06.41), ქალთა შორის პირველი აცედე ბაიისა იყო (2:22.04).
ფეხბურთი. მიუნხენის ბაიერნმა დაადასტურა, რომ ლევერკუზენის ბაიერში განათხოვრებული 20 წლის გამთამაშებელი ტონი კროოსი სეზონის დასრულებისთანავე დაუბრუნდება კლუბს.
მოტოსპორტი. მსოფლიოს იტალიელმა ჩემპიონმა ვალენტინო როსიმ წლევანდელი პირველობის საწყისი ეტაპი - ყატარის გრან-პრი მოიგო.
![]() |
32 ლიპი, ფორტუნა და ძველი ბიჭები |
▲ზევით დაბრუნება |
დავით კოვზირიძე|სვეტი
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები ისეთი ვეღარაა, როგორიც ოთხი წლის წინ იყო, მაგრამ იტალიელების კოზირი ხომ ყოველთვის ისაა, რომ სხვებს ეგონოთ - დიდი არაფერი გუნდია, შეიძლება ჯგუფიდანაც ვერ გავიდეს. აი, ჩვენც, ქართველები, მათი მუდმივი თანაჯგუფელები შესარჩევ ციკლებში, დაუღალავად ვქადაგებთ, რომ იტალიასთან მაგრად ვთამაშობთ, მაგრამ თან პერმანენტულად ვაგებთ. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებს ბადალი არ ჰყავთ მსგავსი ილუზიების შექმნაში და შემდეგ ამ ილუზიების თავის სასარგებლოდ გამოყენებაში.
2006 წელს იტალიელების ორ თამაშს დავესწარი: ნახევარფინალს გერმანიასთან და ფინალს საფრანგეთთან. სტადიონზე ფეხბურთის ყურება სულ სხვა ამბავია, იქ ყველაფერს ხედავ, მთლიან სურათს აღიქვამ დინამიკაში და უნდა ვაღიარო, რომ მსგავსი არაფერი მინახავს - ეს იყო გენიალური კაცის მოფიქრებული სისტემის მოედანზე იდეალურად გადატანა.
ეს გენიალური კაცი, მარჩელო ლიპი, კვლავ იტალიელების მენეჯერია, კვლავ ძალიან ჰგავს პოლ ნიუმენს და კვლავ აბოლებს სიგარას, მაგრამ საინტერესო აქ ისაა, თუ რას მოიფიქრებს ამჯერად და შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები მისი დავალებების შესრულებას. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული აძურას წარმატება- წარუმატებლობა.
გერმანიაში ტრიუმფის შემდეგ გუნდში ბევრი არაფერი შეცვლილა, არ წამოვიდა სათანადო დონის და რაოდენობის ახალი თაობა და, სავარაუდოდ, ლიპი კვლავაც მაშინდელ, ოღონდ ოთხი წლით დაბერებულ ბირთვს დაეყრდნობა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიადესმა სტრატეგმა, ბუნებრივია, იცის, რომ ლიდერები უკვე ასაკში შევიდნენ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოტივაციაც აღარ აქვთ ისეთი, 2006 წლის ზაფხულამდე რომ ჰქონდათ. თუმცა ამ ამბავს, უარყოფითთან ერთად, დადებითი მხარეც შეგვიძლია მოვუძებნოთ: ზემოხსენებული ბირთვი იდეალურადაა შეთამაშებული და უზარმაზარი გამოცდილებაც აქვს. უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის და იქ წარმატების მიღწევის გამოცდილება. ანუ ცოტა უცნაური სიტუაციაა: დიდი გამარჯვებით მიღებული გამოცდილება და ამ გამოცდილებით გამოწვეული ერთგვარი უმოტივაციობა.
მოდი, ამ რთული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა ლიპის მივანდოთ და გადავხედოთ იმ ხალხს, ვინც სამხრეთ აფრიკაში ტიტულის შენარჩუნებაზე იზრუნებს.
ოცდამეერთე საუკუნის საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც ოთხი წლის წინ სულ ორი გოლი გაუშვა (ერთი ძაკარდომ შეაგდო საკუთარ კარში, მეორე - ზიდანმა პენალტიდან ფინალში), მხრის ტრავმას მკურნალობს და ივნისისთვის მწყობრში უნდა იყოს, ოღონდ ფორმაში იქნება თუ არა, საკითხავია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უკონკურენტოა, რადგან თუნდაც უპრაქტიკო ბუფონი სხვა იტალიელ მეკარეებს, ათით თუ არა, ერთი თავით მაინც სჯობს.
დაცვის ბელადი ისევ ფაბიო კანავარო იქნება, კაცი, რომელმაც გერმანიაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე, როგორ უნდა დაცვაში თამაში. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ვინ დაეხმარება კაპიტანს ბუფონის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში. ალბათ წინა ჩემპიონატის აღმოჩენა და ერთ-ერთი გმირი ფაბიო გროსო, კატენაჩოს ნიჭიერი პროდუქტი ჯორჯო კიელინი და კარიერის გასასვლელ ჭიშკართან აყუდებული ძამბროტა.
საერთოდ, იტალიის ნაკრებში ასეთი ტრადიციაა: მეკარიდან მოყოლებული, ყოველი მომდევნო რგოლი წინაზე ოდნავ სუსტია. თუ რატომ, ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც ვთქვათ - ამ ქვეყნის საფეხბურთო მსოფლმხედველობა, ყველასგან განსხვავებით, უკნიდან წინ განვითარებაზეა აწყობილი. იტალიაში თავდაცვა ყოველთვის თავდასხმაზე პრიორიტეტული იყო და იმიტომ. შესაბამისად, ამ ფორმაციის ნაკრებშიც მსგავსი ტენდენციაა.
„ძველი ბიჭები” იქნებიან ნახევარდაცვაშიც: პირლო, რომელიც საკუთარ აჩრდილს ემსგავსება, არასტაბილურობით გამორჩეული კამორანეზი, კარგ ფორმაში მყოფი დე როსი, ტრავმებით დატანჯული გატუზო და, ლიპის თქმით, არაა გამორიცხული, ფრანჩესკო ტოტიც. და ახალი სახეები: მარკიზიო, მარკიონი, აკვილანი და მონტოლივო.
რაოდენობრივი თვალსაზრისით დიდი კონკურენციაა შეტევაში, რასაც ხარისხზე ნამდვილად ვერ ვიტყვით: დი ნატალე, იაკინტა, როსი, კუალიარელა, ამაური, ტონი, პაცინი - ამ ფორვარდებს მხოლოდ გვარები და გაბარიტები თუ განასხვავებს ერთმანეთისგან.
და ბოლოს, იტალიელების ძველი და ძალიან ახლო მეგობარი, ფორტუნაც გავიხსენოთ. მან უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი და მსოფლიო ჩემპიონები ჯგუფში პარაგვაისთან, სლოვაკეთთან და ახალ ზელანდიასთან ერთად მოახვედრა. მეორე ნაბიჯიც თუ ერთად გადადგეს, მესამეზე ლიპი მარტოც აუცილებლად მოიფიქრებს რამეს.
![]() |
33 როგორ გავარღვიოთ საჰაერო იზოლაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
საქართველოში ავიაბილეთების მაღალი ფასი ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. შექმნილ ვითარებას - კომპანია ტავ-ის მონოპოლიას აეროპორტების მართვაში - მხოლოდ მეტი კონკურენცია უშველის.
რატომ ღირს ევროპიდან საქართველოში მოხვედრა ძალიან ძვირი?
2004 წლიდან გატარებულ ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ავიაციის სისტემაში ბაზრის ლიბერალიზაციითა და ფლაგმანის სტატუსის გაუქმებით გამოიხატა, ერთი შეხედვით, მეტი კონკურენცია და დაბალი ფასები უნდა მოეტანა, რასაც საქართველოში ევროპელი ტურისტების მოზღვავება და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში დიდი ინვესტიციები უნდა მოჰყოლოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. საქართველომ ვერ გაიმეორა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების მაგალითი - მათ, ტურიზმის საშუალებით, წლების განმავლობაში კოლოსალური შემოსავლები მიიღეს და საკუთარი ქვეყნების პოპულარობა შესამჩნევად გაზარდეს. შეიძლება ესტონეთი სულაც არ აკეთებდეს იმდენ რეკლამას CNN-ზე, რამდენსაც საქართველო, მაგრამ ესტონეთში (რომლის მოსახლეობაც თბილისზე ნაკლებია) ყოველწლიურად ჩასული ექვსი მილიონი ტურისტი ამ პატარა ქვეყნის პოპულარიზაციას ბევრად უკეთესად უზრუნველყოფს.
ომამდე, ბოლო რამდენიმე წელიწადში ბაზრის მოცულობის ხელშესახები ზრდის მიუხედავად, მგზავრთა ნაკადში ტურისტების ხვედრითი წილი უაღრესად დაბალი რჩებოდა. საჰაერო ბაზრის ზრდა ვერ გადაიზარდა ტურისტების ნაკადის ზრდაში. მგზავრთა ნაკადის ზოგადი ზრდა კი საერთო ეკონომიკური ზრდის გამოძახილი უფრო იყო, ვიდრე საკუთრივ ბაზარზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა. შედეგი კი ისაა, რომ ევროპელი ტურისტების რაოდენობა - ისეთი ქვეყნებიდანაც კი, სადაც საქართველოს კარგად იცნობენ - ძალიან მცირეა. თუ თქვენ ხართ ბალტიის რომელიმე ქვეყნის საშუალო კლასის წარმომადგენელი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუდაურში სასრიალოდ მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთში 500-700 აშშ დოლარს გადაიხდით, რადგან ამ ფასად ავსტრიაში მოახერხებთ გამგზავრებას, სასტუმროს ღირებულების ჩათვლით.
ამავე დროს, მასობრივი ტურიზმი და ზოგადი მომსახურების მაღალი დონე ვერასდროს აიგება მაღალი კლასის სასტუმროებზე (რომელთა რაოდენობა მაინც მცირეა), კონკურენტუნარიანი საშუალო კლასის სასტუმროების ქსელი კი ვერასდროს გავრცელდება, თუ მათზე არ იქნება დიდი მოთხოვნა ანუ ბრუნვა. ეს უკანასკნელი კი შეუძლებელია, თუ საჰაერო გზით საქართველოში მოხვედრა შესამჩნევად არ გაიაფდა.
2005 წელს თბილისის აეროპორტის (და მალე ბათუმისაც) პრივატიზების შედეგად, მოკლე ვადებში საქართველომ მიიღო ორი ნამდვილად თანამედროვე აეროვაგზლის შენობა (ბათუმის შემთხვევაში - ასაფრენი ბილიკიც), რის საფასურადაც საკმაოდ არახელსაყრელ კონტრაქტზე ხელის მოწერა გახდა საჭირო. დღეისათვის თბილისის აეროპორტის მომსახურება ხუთჯერ და ხან ცხრაჯერ ძვირია, ვიდრე თანაზომადი (და თუნდაც უფრო დიდი) აეროპორტების მომსახურება. მაღალი ტარიფების პირდაპირი შედეგია ბილეთებზე მაღალი ფასები და კონკურენციის სიმცირე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანია ტავ-ს საქართველოს ავიაბაზარი მონოპოლიზებული აქვს. შექმნილი მდგომარეობით ზარალდება ყველა: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვერ დაფრინავენ მაღალი ფასების გამო; ტურისტები, რომლებიც არ ჩამოდიან საქართველოში და საკუთრივ კომპანია ტავ- იც, რომელიც მეტი მგზავრის პირობებში მეტ შემოსავალს მიიღებდა. მაგრამ მთავარი მსხვერპლი მაინც საქართველოს ეკონომიკაა, რომელიც ვერ იღებს ადეკვატური რაოდენობის ვერც შემოსავალს და ვერც სამუშაო ადგილებს, რომელთა შექმნის პოტენციალი საჰაერო სექტორს რეალურად აქვს.
როგორც ყველა მონოპოლისტურ სიტუაციაში, საიმედო გამოსავალი ამ შემთხვევაშიც მეტი კონკურენციაა. სამწუხაროდ, ტავ-თან კონტრაქტის გადახედვა ან მისი უფრო ამბიციური ოპერატორი კომპანიით ჩანაცვლება დღეისათვის ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს კომპანია უმალ მის პოლიტიკურ კავშირებს გამოიყენებს ანკარაში. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ახალი აეროპორტის განვითარება, სადაც მოხერხდებოდა რომელიმე ე.წ. ფასდაკლების ავიაკომპანიის შემოყვანა, რაც სერიოზულ იმპულსს შემოიტანდა საქართველოს ავიაბაზარზე.
![]() |
34 საქართველოს საკრედიტო რეიტინგი იზრდება |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard and Poor's-მა საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, B კატეგორიიდან B+ - მდე გააუმჯობესა. მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი B დონეზე შენარჩუნდა. კომპანიის ანალიტიკოსები საკუთარ გადაწყვეტილებას ერთი მთავარი მიზეზით ხსნიან - საქართველოს ეკონომიკამ კრიზისის პერიოდში მდგრადობა გამოავლინა.
კომპანია Standard and Poor's მთავრობების მხრიდან ვალების დაფარვის შესაძლებლობას ადგენს: მაღალი რეიტინგი მსესხებელ ქვეყანას შესაძლებლობას უქმნის კრედიტი ხელსაყრელი პირობებით აიღოს.
პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის აზრით, რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გაზრდის მეწარმეებისა და ინვესტორების ნდობას ქვეყნის მომავლისადმი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, იანვარში ქვეყნის ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა, რასაც სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება მოჰყვა. ამასთან, იანვარში, რეგისტრირებული კომპანიების დღგ-ს შემოსავლებთან ერთად, ბიუჯეტში დღგ-ს შემოსავლებიც გაიზარდა. 2009 წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობამ 759.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი მრეწველობის სექტორზე მოდის. ინვესტორებისთვის მიმზიდველი სფეროები აღმოჩნდა აგრეთვე ტრანსპორტი, კომუნიკაციები და უძრავი ქონება
Standard and Poor's-ის პროგნოზით, საქართველოში ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალი ტემპის მხარდასაჭერად და საგარეო დეფიციტის მნიშვნელოვანი ნაწილის დასაფინანსებლად საკმარისი იქნება: „საქართველოს შედარებით დაბალი საგადასახადო და ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეჟიმი ხელს შეუწყობს ინვესტორების ქვეყნისკენ შემობრუნებას, განსაკუთრებით მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რადგან საქართველო ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტია.“
Standard and Poor's-ის შეფასებით, რეიტინგი გაუარესდება, თუ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი და საგარეო ვალი სწრაფად გაიზრდება.
საქონლის ექსპორტ-იმპორტი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით (2009 წელი)
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
წყარო: საქსტატი
![]() |
35 ვაჟკაცი ევროპელის შავი შაბათი |
▲ზევით დაბრუნება |
ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი
ღრმა მწუხარებას გამოვხატავ პოლონეთის გაბედული, მებრძოლი პოლიტიკური ელიტის დაღუპვის გამო.
„ეს დაწყევლილი ადგილია,“ - პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე კვაშნევსკიმ ეს სიტყვები სწორედ იმ ადგილზე თქვა, სადაც 10 აპრილს დაიღუპა თანამედროვე პოლონეთის პოლიტიკურ-ინტელექტუალური ელიტა.
არ ვარ ცრუმორწმუნე, მაგრამ ისტორიულ კანონზომიერებას (თუ ასეთი არსებობს) და მოვლენებს შორის კავშირს ძალიან ხშირად გაუოცებივარ. ინტუიციას და ფაქტების ანალიზს ბევრჯერ შეუშინებივარ.
აი, რა ამბავი გამახსენა სმოლენსკთან ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა:
პოლონეთის გმირი, გენერალი სიკორსკი, 62 წ., პოლონეთის დევნილი მთავრობის პრემიერი, პოლონეთის ჯარების მთავარსარდალი 1943 წლის 4 ივნისს ქალიშვილთან, შტაბის უფროსთან და 7 სხვა ოფიციალურ პირთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა. თვითმფრინავი გიბრალტარის აეროდრომიდან აფრენიდან 16 წამში ზღვაში ჩავარდა. გადარჩა მხოლოდ მფრინავი.
ამ ტრაგედიას წინ მოვლენების ასეთი განვითარება უსწრებდა:
სიკორსკი ომისშემდგომი პოლონეთის საზღვრების გადასინჯვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან სტალინის პროექტით პოლონეთი მიწებს კარგავდა - ვიწროვდებოდა აღმოსავლეთით და ცოტას უმატებდნენ დასავლეთით. 13 აპრილს გერმანელებმა გამოაქვეყნეს კატინის ტყეში ნაპოვნი ათასობით პოლონელი ოფიცრის საერთო საფლავის მასალები. 16 აპრილს სიკორსკიმ იმ დროისთვის მოკავშირე სტალინისგან მოითხოვა კატინში დახვრეტილი 4 000 პოლონელი ოფიცრის საქმეზე ახსნა- განმარტება და უნდოდა ეს საქმე ობიექტური გამოძიებისთვის წითელი ჯვარისთვის გადაეცათ. 26 აპრილს სტალინმა ფაშიზმის წინააღმდეგ თანამებრძოლი პოლონეთის დევნილი მთავრობა ნაცისტებთან ფარულ გარიგებაში დაადანაშაულა და ურთიერთობა გაწყვიტა. კატასტროფამდე რამდენიმე კვირით ადრე, მაშინ, როდესაც სიკორსკი გიბრალტარზე იმყოფებოდა, ლონდონში მდებარე პოლონეთის საელჩოში გაისმა სატელეფონო ზარი, რომელიც იუწყებოდა პრემიერის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შესახებ. ზარი ხულიგნობად მიიჩნიეს. გიბრალტარის აეროდრომიდან გასაფრენად გამზადებულ სიკორსკის თვითმფრინავს დაცვა არ ჰყავდა, იდგა ასე, მარტო. ზუსტად ამ დროს მის გვერდით დაჯდა საბჭოთა თვითმფრინავი ელჩი მაისკის და ათეული საბჭოთა ოფიცრის თანხლებით. ამ პერიოდში რეგიონში ბრიტანეთის დაზვერვას ხელმძღვანელობდა საბჭოთა ორმაგი აგენტი კიმ ფილბი.
ბრიტანულმა გამოძებამ დაადგინა: „თვითმფრინავი გახდა უმართავი, მაგრამ თუ რატომ, ამის გამომწვევი მიზეზების დადგენა შეუძლებელია“. პილოტი, რომელიც ერთადერთი გადაურჩა კატასტროფას, ცნობილი იყო იმით, რომ ფრენისას დამცავ ჟილეტს არ იცვამდა. იმ დღეს ჩაიცვა და ამიტომაც გადარჩა. პირველ დაკითხვაზე მან უარყო ის, რომ ჟილეტი ეცვა. შემდეგ ამნეზია მოიმიზეზა...
1942-43 წლები მოკავშირეთა და საბჭოეთს შორის ურთიერთობის დათბობის დროა. მათ ყველას ერთი მტერი ჰყავთ. სულ ცოტა ხნის წინ სტალინი და ჰიტლერი ერთად მოიხსენიებოდნენ, მათ კარიკატურებს ერთად ხატავდნენ, ორივე სოციალისტი იყო და ორივეს იმპერიული ამბიციები აწუხებდა. მაგრამ ახლა მოკავშირეებს სტალინი მეგობრად სჭირდებათ. პროკომუნისტური პოლონური მთავრობა სწორედ სტალინის პროექტი იყო. სიკორსკი კი, თავისი პრინციპული მოთხოვნით და სტალინთან უკიდურესი დაპირისპირების გამო, მურმანის ეკალივით ეჩხირებოდა ყველას. სიკორსკის სიკვდილიდან სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, 1943 წლის ნოემბერში, თეირანის შეხვედრაზე, რუზველტმა და ჩერჩილმა სტალინს პოლონეთი დაუთმეს. პოლონეთის საზღვრები შეიცვალა. მან აღმოსავლეთით დიდი ტრიტორიები დაკარგა. 1944 წლიდან პოლონეთს წითელი არმიის დახმარებით მართავდნენ კომუნისტები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბებიდან 67 წელია გასული, ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ კაჩინსკის დაღუპვასთან.
ბევრ კითხვას ბადებს სმოლენსკის კატასტროფა. არ ვარ კონსპირაციული შეთქმულებების დიდი მოყვარული. პოლიტიკური ნოხი, სამწუხაროდ, გაცილებით ბანალური შემთხვევებით იქარგება ხშირად, მაგრამ ამ შემთხვევების ანალიზით, სხვა შემთხვევებთან შედარებით და ინტუიციით უცნაურ დასკვნებამდე მიდიხარ ადამიანი. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია და, ადრე თუ გვიან, ცხადი გახდება ნებისმიერი დეტალი, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ პუტინს, მედვედევს და მთელ რუსულ თანამედროვე მმართველ ისტებლიშმენტს ეს ამბავი არ სწყენიათ. მათ გაუხარდათ.
სამწუხაროდ, ისტორიაში ასეთ ტრაგედიებს უფრო დიდი ტრაგედიები მოჰყვება ხოლმე. მოკლედ, დრო გვიჩვენებს. მგონია, დიდი ხნის ლოდინიც არ მოგვიწევს.
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფა 21-ე საუკუნის მოვლენათა ერთ- ერთი გასაღები იქნება. ჯერჯერობით რუსეთის რევანშის ანგარიშია 3:0.
![]() |
36 ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს უცხოურ პრესაში ბევრი სტატია და ნაშრომი მიეძღვნა, გამოიცა არაერთი წიგნიც. ამჯერად თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ორ მათგანს, რომელთაგან ერთ-ერთის, რონალდ ასმუსის გახმაურებული კვლევის “პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ პრეზენტაცია თბილისში, ევროპის სახლში 12 აპრილს გაიმართა. მეორე წიგნი სხვადასხვა ავტორის სტატიების კრებულია.
ორივე წიგნში დეტალურადაა განხილული ომის გამომწვევი მიზეზები.
„პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“
ავტორი: რონალდ ასმუსი
წელი: 2010
რონალდ ასმუსის ეს წიგნი პრეზენტაციამდე ბევრად ადრე გახდა პოპულარული. ერთ-ერთმა ქართულმა მედია საშუალებამ მაყურებელს მისი მინი ინსცენირებაც კი შესთავაზა. მიზეზი მარტივია - კვლევაში მოტანილია საზოგადოებისთვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი ფაქტები.
ასმუსი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის მოხელე იყო ევროპის საკითხებში, დღეს კი გერმან მარშალის ფონდის ბრიუსელის ოფისს ხელმძღვანელობს.
წიგნში გამოქვეყნებული მასალები ამერიკელ, ევროპელ თუ ქართველ ოფიციალურ პირთა ნაამბობითაა გამყარებული, მისი მთავარი გზავნილი კი ომის დროს ნატო-სა და ევროკავშირის უმოქმედობას უკავშირდება.
წიგნის შეძენა უკვე შეგიძლიათ თბილისის წიგნის მაღაზიებში. მისი ფასი 59 ლარია.
„აგვისტოს თოფები. 2008“
სტატიათა კრებული. 2009 წელი
ავტორები: ტომას გოლცი, თორნიკე გორდაძე, ანდრეი ილარიონოვი, ნიკლას ნილსონი, სტეფან ბლენკი, დევიდ ჯ. სმიტი, ჯოანა პოპიანევსკი, პაველ ფელ გენჰაუერი, პოლა. გოუბლი, ჯეიმს შერი.
წიგნი, რომლის ქვესათაურია „რუსეთის ომი საქართველოში“ და 2008 წლის სისხლიან მოვლენებს ეხება, არის მცდელობა, საზოგადოებას გააცნოს მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრებები ბოლო პერიოდის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კონფლიქტის რაობაზე.
ათი ავტორი, მათგან ერთი ქართველი და ცხრა უცხოელი, აანალიზებს ომის გამომწვევ მიზეზებს, სწავლობს ესკალაცი ის ღრმა შრეებს და, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, შლის ოცწლიან პანორამას. მკვლევარები ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ 2008 წლის აგვისტოს შეირაღებული დაპირისპირება არის არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის უგუნური ან გონივრული ნაბიჯის შედეგი, არამედ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის ლოგიკური დასასრული.
ანდრეი ილარიონოვის სტატიაში „რუსეთის ხელუსფლების საომარი სამზადისი 1999-2008“ საილუსტრაციოდ მოტანილია ოთხგვერდიანი ცხრილი, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი ქრონოლოგიური დეტალები. მაგალითად, პირველი და დასტურებული საჰაერო თავდასხმა რუსეთის მხრიდან მოხდა 2002 წლის 23 აგვისტოს, ქართულმა მხარემ კი მსგავსი ოპერაცია პირველად 2008 წლის 8 აგვისტოს განახორციელა. სეპარატისტულ რეგიონებში სრული სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა 2008 წლის 3 აგვისტოს, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იგივე პროცედურა 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო, რუსეთის ჯარმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2008 წლის 7 აგვსიტოს, ღამის 3 საათსა და 52 წუთზე, საქართველო კი მხოლოდ თავს იცავდა და ასე შემდეგ.
საინტერესოა ჯოანა პოპიანევსკის მოსაზრება. ის მიიჩნევს, რომ, არა ერთ სხვა ფაქტორთან ერთად, რუსეთის აგრესია, გარკვეულწილად, ევროპული ქვეყნების ინერტულმა პოზიციამაც გამოიწვია. მისი აზრით, ზოგიერთი დასავლელი ლიდერის მიერ საქართველოს მთავრობის უპასუხოდ დატოვებული უამრავი თხოვნა რუსეთის თავდაჯერებულობის მიზეზად იქცა.
სტატიების კრებულს გამოეხმაურა ჯონ მაკკეინი: „ამ ნაშრომს უსათუოდ უნდა გაეცნონ პოლიტიკოსები, სპეციალისტები და ყველა ის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია, გაიაზროს იმ ომის წინაპირობები, მიმდინარეობა და შედეგები, რომელიც რუსეთმა აწარმოა თავისი პატარა და დემოკრატიული მეზობლის წინააღმდეგ.“
კვლევები დაწერილია პოპულარული ენით, გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისთვის. წიგნს თან ერთვის ომის ამსახველი კადრების ფოტოკოლაჟი.
![]() |
37 დალაგებული კრებული |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
შოთა იათაშვილი
„დალაგება“ - წერილების კრებული გამომცემლობა „საუნჯე“ რედაქტორი - ბესო ხვედელიძე ყდის დიზაინერი - გურამ წიბახაშვილი ფასი - 10 ლარი
12 აპრილს არტ- კაფე ქარავანში გაიმართა საბა 2007-ის გამარჯვებულის შოთა იათაშვილის პოეტური საღამო და წერილების კრებულ „დალაგების“ პრეზენტაცია. საღამო ქართული ლიტერატურული თავყრილობებისთვის დამახასიათებელი სტილით წარიმართა - ავტორი კითხულობდა ფრაგმენტებს წიგნიდან და მას გამომსვლელები ენაცვლებოდნენ. წიგნის რედაქტორმა ბესო ხვედელიძემ აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია, ეს წერილები სასწავლო დაწესებულებებში დამხმარე სახელმძღვანელოდაც გამოიყენონ, პოეტმა ლია სტურუამ კი იათაშვილის სადა, მკითხველისთვის იოლად გასაგებ და დასამახსოვრებელ სტილს გაუსვა ხაზი.
კრებულში შესულია 1997-2010 წლებში დაწერილი რეცენზიები სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემისთვის, ანალიტიკური სტატიები თემატური კრებულებისთვის და წინასიტყვაობები წიგნებისთვის. წაიკითხავთ რეცენზიებს ოთარ ჭილაძის, ერლომ ახვლედიანის, ნაირა გელაშვილის, ლაშა ბუღაძის, ზაზა ბურჭულაძის, ანა კორძაია-სამადაშვილისა და სხვა ქართველი ავტორების შესახებ.
ტაბულასთან საუბარში შოთა იათაშვილმა თქვა: „ეს ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში შეგროვებული წერილებია. მათი გამოცემა ძალიან მინდოდა, რადგან, როგორც წესი, ასეთი მასალა დროის დინებას მიაქვს და მისი შენახვის საუკეთესო ფორმა წიგნად გამოცემაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის მოძიება ვერ შევძელი, მაინც კმაყოფილი ვარ. გადავწყვიტე, კრებული სამ ნაწილად დამეყო. პირველი ნაწილი ტიპური რეცენზიებია - ძირითადად წიგნების წინასიტყვაობები. მეორე ნაწილი თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებსა და კულტურულ ფენომენებს ეხება. მაგალითად, აქ შეხვდებით სტატიას გენდერულ პრობლემებზე ქართულ მწერლობაში. მესამე ნაწილი კი ლიტერატურული პორტრეტები გახლავთ.“
წიგნის სათაური „დალაგება“ ერთგვარად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან, გარკვეული თვალსაზრისით, ბოლო დროის ლიტერატურული პროცესი ერთ მთლიანობაშია მოქცეული.
![]() |
38 ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა ამბები
ბობ დილანი ჩინეთში არ შეუშვეს
ცოტა ხნის წინ შრილანკამ ამერიკელ რეპერ აკონისთვის ვიზის მიცემა გადაიფიქრა, რადგან მის ვიდეოკლიპში პლაჟზე მოცეკვავე ნახევრად შიშველი გოგონების ფონზე ბუდას ქანდაკება ჩანს.
მომღერალმა მომხდარი ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა და ხაზი გაუსვა თავის რელიგიურობას, თუმცა შრილანკელ ცენზორებს გული მაინც ვერ მოულბო და მომღერალს დაგეგმილი კონცერტების გაუქმება მოუხდა.
რამდენიმე დღის წინ კი ჩინეთმა ლეგენდარულ ბობ დილანს უთხრა უარი ვიზის მიცემაზე. ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინეთის მთავრობას არ სურს, ქვეყანაში იხილოს მომღერალი, რომელიც წარსულში „კონტრკულტურის სიმბოლოდ“ ითვლებოდა.
ჩინეთში დაგეგმილი კონცერტები მომღერლის მსოფლიო ტურნეს - „დაუსრულებელი ტურნეს“ ნაწილი იყო.
როგორც ჩანს, ჩინეთში ჯერ კიდევ მწარედ ახსოვთ ბიორკის გამოხტომა, როცა ისლანდიელმა მომღერალმა შანხაიში გამართულ კონცერტზე ტიბეტის დამოუკიდებლობას მიუძღვნა სიმღერა Declare Independence.
გარდაიცვალა მალკოლმ მაკლარენი
8 აპრილს ნიუ იორკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მალკოლმ მაკლარენი, ლეგენდარული პანკ როკ ჯგუფის სექს პისტოლსის პროდიუსერი. მაკლარენი, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, უკანასკნელი რამდენიმე წელი მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში აუტანელ ტკივილს ებრძოდა.
მაკლარენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა სექს პისტოლსის ფრონტმენმა ჯონი როტენმა - მალკი ჩემთვის მუდამ დიდი გამრთობი იყო და, იმედი მაქვს, ყველას ასეთად დაგვამახსოვრდება.
ანდერძის თანახმად, მაკლარენის ცხედარი მის სამშობლოში, ბრიტანეთში გადაასვენეს.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში მაკლარენის სახით მეორე ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც მუსიკოსი არ იყო, მაგრამ როკ მუსიკის განვითარებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა. შეგახსენებთ, 24 მარტს გარდაიცვალა ჯიმ მარშალი - როკის აღიარებული ფოტომემატიანე. მარშალმა პირველმა აღბეჭდა ფირზე მონტერეისა და ვუდსტოკის ფესტივალები.
ვატიკანმა ბითლზს შეუნდო
ვატიკანი ოფიციალურად პატიობს ბითლზს იმას, რომ ლეგენდარული მუსიკოსები იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ.
ვატიკანის ოფიციალური გამოცემა L'Osservatore Romano-ს იუწყება: მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოთხეული ეტანებოდა ნარკოტიკებს, ჰქონდა ცხოვრების ბოჰემური წესი და ახალგაზრდობისთვის მისაბაძი მაგალითი არ იყო, მეტიც, ჯონ ლენონის მტკიცებით, ისინი უფრო პოპულარულები იყვნენ, ვიდრე ქრისტე, ხოლო ქრისტიანობა მოკვდავი ინსტიტუტი იყო, მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს მუსიკის განვითარებაში.
- რა იქნებოდა პოპმუსიკა ბითლზის გარეშე? - კითხულობს L'Osservatore Romano.
„მათი ლამაზი მელოდიები, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალა პოპმუსიკა, დღემდე აღგვავსებს ემოციით და სიამოვნებას გვანიჭებს“, - ნათქვამია სტატიაში.
ვატიკანის მხრიდან ეს არ არის პირველი რევერანსი ლივერპულელებისადმი. ორი წლის წინ მათ ვრცელი სტატია მიუძღვნეს white album-ის მეორმოცე წლისთავს, ხოლო შარშან „რევოლვერი” ნახევრად ოფიციალურ ტოპ ათეულში შეიყვანეს.
![]() |
39 ათი ყველაზე სახიფათო მდედრი ანუ მამალი ქალები კინოში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა კინო
იყო ბრიჯიტ ბარდოს კამილა, მონიკა ბელუჩის მალენა, კეტრინ როსის გმირი ფილმიდან კურსდამთავრებული და კიდევ უამრავი ქალი პერსონაჟი, რომელთა რეალურ ცხოვრებაში ხილვა ბევრ მამაკაცს და არა მარტო მამაკაცს ესიამოვნება. თუმცა, არსებობენ ქალები, რომლებთან პირისპირ შეხვედრას სასურველია მოერიდოთ.
წარმოგიდგენთ კინოს ისტორიაში ათ ყველაზე სახიფათო ქალ პერსონაჟს.
10 ბონი - ბონი და კლაიდი (1967)
ბონი პარკერი სექსუალური, მიმზიდველი ქალია. ცხოვრების ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად ის ყველაფერს გააკეთებს, ბანკის ძარცვიდან დაწყებული საკუთარი დედის მანქანის ქურდის შეყვარებით დამთავრებული. მას ნებისმიერის ცდუნება შეუძლია. ცეცხლოვანი ქალია, თუმცა საშიში.
9 ენი უილკსი (კეიტი ბეითსი) - მიზერი (1990)
ენი უილკსის მაგვარი ფანატები ნებისმიერ შემოქმედს დააკარგვინებენ რაიმეს შექმნის სურვილს. ქალი იმდენადაა შეყვარებული ერთ-ერთი წიგნის პერსონაჟზე, მიზერიზე, რომ მზადაა, ავტორს მუხლები ჩაქუჩით დაუმტვრიოს, რათა ამ უკანასკნელმა წიგნის წერა განაგრძოს. კეიტი ბეითსმა ამ როლისთვის დამსახურებულად მიიღო ოსკარი, რადგან, ენი უილკსთან შედარებით, ნებისმიერი მანიაკი ანგელოზად მოგეჩვენებათ.
8 მელორი ნოქსი (ჯულიეტ ლუისი) - მკვლელებად დაბადებულნი (1994)
ოლივერ სტოუნისა და ქუენტინ ტარანტინოს მიერ შექმნილი პერსონაჟი. ის თავის ფსიქოპატ მეუღლესთან ერთად ამერიკას ატერორებს. მელორისთან საქმის დაჭერა სიკვდილის ტოლფასია. ის ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაგისტურმებს საიქიოს.
7 ნიკიტა (ანნე პარილო) - ნიკიტა (1990)
ეს გოგონა ამ სიაში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. მასზე მეტი ადამიანი მხოლოდ ჟან კლოდ ვან დამსა და სტივენ სიგალს ჰყავთ მოკლული. ის ცივსისხლიანი ქილერია, რომლის ეგოიზმს ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
6 მედდა რეჩეტი (ლუისა ფლეთჩერი) - ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (1975)
გაგაჟრჟოლათ ამ სახელის გახსენებაზე?! სადისტი, აგრესიული მედდა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ჯოჯოხეთად აქცევს. თუ შემთხვევით არ გინახავთ მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, სასწრაფოდ ნახეთ. გარდა იმისა, რომ უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ, კინოს ისტორიაში ერთ- ერთ ყველაზე ცივსისხლიან არსებას გაიცნობთ.
5 სარა კონორი (ლინდა ჰემილტონი) - ტერმინატორი (1,2) (1984. 1991)
სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, სარა კონორთან შეხვედრა შარია. ამ პერსონაჟის გარშემო მუდამ გამანადგურებელი რობოტები ტრიალებენ. მისი გამოჩენა, სიკვდილით თუ არა, დაინვალიდებით მაინც დასრულდება.
4 ტრინიტი (კერი ენ მოსი) - მატრიცა (ტრილოგია) (1999.2003.2003)
შეყვარებული ვინ არ ყოფილა?! მაგრამ ისეთი სიყვარულით, როგორც ტრინიტის უყვარს, ცოტა თუ დაიკვეხნის. ნეოს დასაცავად და გადასარჩენად ის მზადაა, ნებისმიერს შუბლი გაუხვრიტოს, აღმოსავლური საბრძოლო ილეთების გამოყენებით სასიკვდილოდ ცემოს ან, უბრალოდ, აფრინდეს და სახეში ფეხი უთავაზოს რიგით მოქალაქეს. ტრინიტი, თავისი შავი ტყავის კოსტიუმით, დამსახურებულ მეოთხე ადგილზეა ყველაზე სახიფათო ქალების ათეულში.
3 ასამი იამაძაკი (ეიჰი შიინა) - კინოსინჯები (1999)
კარგია, როდესაც ქალი საყვარელი მამაკაცისგან ერთგულებას ითხოვს, მაგრამ ძალიან ცუდია, თუ პატარა ეჭვის გაჩენისთანავე ნაწილ- ნაწილ აკუწვას უწყებს. ასამი იამაძაკი, ერთი შეხედვით, სათნო და მშვიდი გოგონა, ნამდვილი სადისტია, რომელიც ხელის აუკანკალებლად მოგაჭრის ფეხს ან ზედმეტ ყურს მოგაკერებს, თუ წამით მაინც მისცემ ეჭვიანობის საბაბს.
2 პატარძალი (უმა თურმანი) - მოკალი ბილი (1,2) (2003.2004)
სერიული მკვლელი „პენსიაზე“ გავიდა. ქორწილის დღეს ყოფილმა უფროსმა, ბილიმ, თავში ტყვია ესროლა. პატარძალი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა კომაში ჩავარდა. წარმოიდგინეთ, ოთხი წლის შემდეგ კომიდან გამოდის, თავის კატანას (სამურაის ხმალი) იღებს და ბილის დასასჯელად მიეშურება. არ დაგავიწყდეთ, ქორწილის დღეს ორსულად იყო. უმჯობესია გამწარებულ დედას, რომელიც კარგად ფლობს ხმლით ბრძოლის ტექნიკას, არსად შეხვდე, თორემ სისხლისგან დაცლა ან გველის ნაკბენით სიკვდილი გარანტირებული გაქვს.
1 ელენ რიპლი (სიგუნი უივერი) - უცხო (ტეტრალოგია) (1979. 1986. 1992. 1997)
პირველი ადგილი უკონკურენტო იყო. ელენ რიპლი საკულტო პერსონაჟია, რომელსაც რამდენიმე ათეული მტაცებელი უცხოპლანეტელი ჰყავს განადგურებული. მისთვის შიში უცნობი ხილია, ფლობს ნებისმიერ იარაღს და მისი სისხლი მომაკვდინებელია. ის უცხოებს მაგნიტივით იზიდავს და თავის გადასარჩენად გზად ყველაფერს ანადგურებს. ამ პერსონაჟთან შედარებით ბრიუს უილისი და ვინ დიზელი, თავიანთი ფილმოგრაფიით, მეოთხეკლასელ ბალეტის მოცეკვავეებს ჰგვანან. ესეც შენი სუსტი სქესის წარმომადგენელი.
U2-ს ახალი DVD
ბრიტანული სუპერჯგუფი U2 7 ივნისს DVD დისკზე გამოუშვებს Rose Bowl-ის სტადიონზე გამართული კონცერტის ჩანაწერს სახელწოდებით U2360° At The Rose Bowl.
კონცერტი გასული წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა და წამყვან ვიდეოპორტალ Youtube-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ჯგუფის ისტორიაში ეს პირველი რელიზი იქნება, რომელიც Blue Ray ფორმატში გამოვა. აქამდე ყველა ვიდეომასალა სტანდარტულ DVD და VHS სახით გამოდიოდა.
მომავალი დისკის დელუქს გამოცემაში, სტანდარტული ტრეკლისტის გარდა, შევა ახალი დოკუმენტური ფილმი Squaring the Circle: Creating U2360.
![]() |
40 ახალკახეთი: ლოპოტა |
▲ზევით დაბრუნება |
კონსიერჟი
ლოპოტის ტბა
სასტუმრო ლოპოტა
მისამართი: სოფელი ნაფარეული, ლოპოტას ხეობა, თელავის რაიონი, კახეთი
ტელ: 18 44 48, 890 10 40 40, 891 14 94 94
ელფოსტა: info@lopota.ge
ოთახების რაოდენობა:7
მანძილი თბილისიდან: 165 კმ სპორტულ-გამაჯანსაღებელი: თევზაობა, საცხენოსნო ტური, ლაშქრობა ლოპოტას ხეობაში
ისტორიული: ნაფარეული, გრემი, ენისელი, ნეკრესი, წინანდალი
ენოლოგიური: ნაფარეულის ძველი მარანი
აქტუალური: წინანდალი, სალვადორ დალის გამოფენა
ღირებულება: 195 ლ. (ორადგილიანი ოთახი ერთი ღამით, სამჯერადი კვებით)
www.lopota.ge
www.kakheti.gov.ge
ლოპოტას ხეობის თვალწარმტაცი ფოტოები, ჯერ კიდევ შარშან, სასტუმროს ვებგვერდზე ვნახე. მაშინ ნანახი გვიანი შემოდგომის ჭრელი პეიზაჟები დღემდე კარგად დამამახსოვრდა. „დედაენიდან” დაწყებული, კახეთი ჩვენს ცნობიერებაში ვაზთან, რთველთან და შემოდგომასთან ასოცირდება. თუმცა ვინც აქ გაზაფხულზე ყოფილა და უნახავს ვარდისფრად ალეწილი ატმის ყლორტები, ივრის ან ალაზნის ხასხასა ველები, უკიდეგანო ზვრები ან ლაჟვარდოვანი ჰორიზონტისთვის გაუსწორებია თვალი, დამეთანხმება, რომ კახეთი გაზაფხულზეც დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა. გლეხის ოჯახში სახელდახელოდ მორთმეულ ახალი ნივრისა და ტარხუნის გემოზე აღარაფერს ვამბობ. აპრილია და კახელები ვენახებს არიან შესეული. მანავში მევენახეებს ცხვარი დაუკლავთ და იქვე, გზის პირას ატყავებენ. სვლას ვანელებ, რომ ჩემმა უცხოელმა სტუმარმა ფოტო გადაიღოს. „მაიყვა, მაიყვა! - ჩერდება დამკვლელ-გამტყავებელი და სისხლიან დანას თავისკენ იქნევს. ეს ძველი კახეთია - ვუხსნი სტუმარს, ფიროსმანის კახეთი. თუმცა, ჩვენი მოგზაურობის მიზანი ამჯერად ახალი კახეთია, ვენახებს მოწყვეტილი, მთებში ჩაკარგული მდინარე ლოპოტას ხეობა და სასტუმრო, რომელიც ახლებური დასვენების მსურველ ახალ ქართველებს ახლებურ დასვენებას სთავაზობს.
სოფელ ნაფარეულის გზიდან მარჯვნივ გადავუხვიეთ და მოხრეშილ გზას დავადექით. ორიოდე კილომეტრის შემდეგ გამოჩნდა მთებში ჩაფლული ტბა და სასტუმროს კომპლექსი. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ხელოვნური ტბების დიდი მოყვარული არ გახლავართ, არც ტბაში ჩაშვებულ წყლის ველოსიპედებზე ვგიჟდები მაინცდამაინც, მაგრამ შეუძლებელია, არ დააფასო ის სიმშვიდე და სილამაზე, რაც აქ სუფევს. სასტუმროში თბილად მიგვიღეს და ძალიან თბილ ოთახში შეგვიძღვნენ. ოთახი სუფთა და სასიამოვნოა, განიერი, კომფორტული საწოლებით.
სასტუმროს კომპლექსი სადა, რიყის ქვით ნაშენი, აგურით მოპირკეთებული და ძველი კრამიტით გადახურული ნაგებობებისგან შედგება. ამათგან ერთ, ორსართულიან შენობაში 7 სასტუმრო ოთახი 16 ადამიანს იტევს. შვიდი ოთახიდან მხოლოდ ორს აქვს ხედი ტბაზე, ამიტომ შეკვეთისას დააზუსტეთ. დამხმარე ერთსართულიან შენობებებში განთავსებულია ძვირად ღირებული ბარი (აქ გაწეული ხარჯი არ შედის ოთახის ღირებულებაში), საბილიარდო (ამერიკული ბილიარდითა და სამაგიდო ჰოკეით) და სასადილო მარნით. სასტუმროს წინ, ტბის გაყოლებაზე, დგას მოწნული სავარძლები და მინის მაგიდები, შეზლონგები მზეზე გასარუჯად, ასევე მეტალოპლასტმასისჩარჩოებიანი, ტბაში შეჭრილი მინის პავილიონი. აქედან შეგიძლია ტბაში მოცურავე გედებსა და ჭრელ იხვებს ადევნო თვალი.
ტბის პირას მოწნული სათევზაო ფაცხებია. ტბაში მოშენებულია: თეთრი ამური, კობრი, კალმახი. ანკესებიც აქვე აქვთ და შეგიძლიათ, საკუთარი ხელით დაჭერილი თევზი სადილად მიირთვათ. თუმცა ეს შესაძლოა სრულიად ზედმეტი აღმოჩნდეს, რადგან კვება წარმოუდგენლად გულუხვია: საუზმეზე 5 კერძი დავითვალეთ, სადილზე - 7, ვახშამზე - 9! ყველაფერი გემრიელია. ასეთი სიმძიმე ღამის მოუსვენრობაში გადადის, ცუდად გძინავს. არადა, იდუმალი ღამეა - სიმყუდროვეს მხოლოდ ბაყაყების ყიყინი არღვევს. მეორე დილას მენეჯერს ამ ზომაგადასულ სტუმართმოყვარეობაზე ვუსაყვედურეთ, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ: „ესეც დასვენების ნაწილია“. კეთილი. ყველამ თავად გააკეთოს არჩევანი ჭამასა და ღამის მოსვენებას შორის.
ხედი ნეკრესიდან
ლოპოტას დამსვენებელი ძირითადად შაბათ- კვირას ეტანება და 7 ოთახი უცბად ივსება. ასე რომ, წინასწარ შეკვეთა აუცილებელია. კვირის განმავლობაში აქ სიხალვათეა. სრული იზოლაციის მოყვარულებმა სასტუმროს კვირის განმავლობაში უნდა მიაშურონ. უქმეებზე კი პაკეტი - ორი ადამიანის დასვენება სამი ღამით 595 ლარი ღირს.
ლოპოტა სტუმრებს სხვადასხვა ტურისტულ, საცხენოსნო და ენოლოგიურ (ღვინის დაჭაშნიკება) ტურს სთავაზობს. ტურების ღირებულებაა 50-150 ლარი, რაც დამოკიდებულია ტურის პირობებზე, წინასწარი შეთანხმებით სასტუმროს მენეჯმენტთან. ტურების ორგანიზება თავადაც შეგიძლიათ. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს.
რა ვაკეთოთ? რა ვნახოთ?
ნაფარეულის ძველი მარანი 2 კმ
ტელ: 899 17 09 29; 890 10 70 70
www.cellar.ge
ძმები გია და გელა გამტკიცულაშვილების საოჯახო აგრიტურისტული საწარმო, „ტევანის“ მცირე მეღვინეობა. ღვინოები: რქაწითელი - კახური და ევროპული, საფერავი, კაბერნე. მცირე ღვინის ქარხანა, ძველი მარნითა და რამდენიმე სასტუმრო ოთახით.
გრემი 12 კმ
1466 წლიდან მოყოლებული, ორი საუკუნის განმავლობაში გრემი კახეთის დედაქალაქი იყო. 1616 წლის შაჰ- აბასის შემოსევის შედეგად იმ დროიდან ბევრი არაფერი დარჩა, მხოლოდ გრემის ციხე და ლევან კახეთის მეფის მიერ აშენებული მთავარანგელოზთა ეკლესია. აქვეა მისი საფლავიც.
ნეკრესი 24 კმ.
ამჟამად მიმდინარეობს 1.5-კილომეტრიანი მისასვლელი გზის მშენებლობა. საქართველოში ერთ- ერთი უძველესი ტაძარი ნეკრესში ააშენა აბიბოს ნეკრესელმა, ერთ- ერთმა ასურელმა მამამ. ნეკრესიდან იშლება ალაზნის ველის თვალწარმტაცი, პანორამული ხედი.
წინანდალი (უკანა გზაზე)
ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორიული სამოსახლო და მუზეუმი ტყე-პარკითა და გარსევან ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ერთ- ერთი უძველესი მარნით. განახლებული სახლ- მუზეუმი ახლად გახსნილი კაფეთი და სასტუმროთი. სახლ- მუზეუმში გამოფენილია სალვადორ დალის ლითოგრაფიები და ქანდაკებები (6 ივნისამდე).
![]() |
41 სერიოზული მოთამაშე: Dining Room |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი რეტრო
დაინინგ რუმ
ფალიაშვილის 38, თბილისი 0179
უბანი: ვაკე, გეგეშიძის ბაღთან
ტელ: 25 09 00
სამზარეულო: ფრანგული, იტალიური
საათები: ყოველდღე 12-24
ბარათები: ვიზა, მასთერკარდი, ამერიკან ექსპრესი
ფასი: 120 ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: ფალაშვილზე ან გეგეშიძის ბაღთან
www. არ აქვს.
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
სამი თვეც არ არის, რაც დაინინგ რუმმა ფალიაშვილის ქუჩის ერთ-ერთ ბელეტაჟზე დაიდო ბინა და ვაკეში მოსადილე-მოვახშმე ფენას გაუხსნა კარი. რესტორნის მართვა რომ რთული საქმეა, ამას დიდი ამბით გახსნილი და მალევე გაკოტრებული რესტორნის ბევრი მაგალითი მოწმობს. თუმცა, დაინინგ რუმში ყველა იპოვის საკუთარ ადგილს: ცნობისმოყვარე უცხოელიც, ცეზარის მოყვარული ვაკელიც და ახალი კულინარიული გამოცდილების მაძებარი საშუალო ქართველიც, თუ ჯიბემ ამის საშუალება მისცა. შესასვლელიდან მცირე ვინო-ექსპოზიციის (მინის თაროებზე გამოფენილია ფრანგული ჩამოსხმები, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბორდოს - Chвteau Margaux-ს ეტიკეტიც მომხვდა თვალში) გავლით შევდივართ გაშლილ, კარგად განათებულ სივრცეში და კუთხეში, მრგვალ მაგიდასთან ვსხდებით. აქ, ალბათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ოთხოთახიანი ბინა იყო და ოჯახი სუფევდა.
ორგვერდიანი ღვინის ბარათის ნახევარი ქართულ ღვინოებს ეთმობა (თელიანი ველი, თელავის ღვინის მარანი, მუხრანი, ბესინი), მეორე ნახევარი უცხოური ღვინოების შთამბეჭდავ არჩევანს უჭირავს: წარმოდგენილია ფრანგული, ესპანური, არგენტინული და სამხრეთაფრიკული ღვინოები. ჯერი თელავის ღვინის მარნის მუკუზანზე (28.00) მიდგა.
დაწყება ესპანური, უმად შებოლილი ლორით - ხამონით (18.00) და შეფის სალათით (18.00) გადავწყვიტეთ. საქონლის ხორცის ტარტარი (ფარშირებული უმი ხორცი უმივე კვერცხის გულით, 20.00) ჩვენში საკმაოდ უჩვეულოა, ამიტომ შეკვეთამდე ცოტა ვიყოყმანეთ. იქვე მიმტანისგან ხარისხის დამადასტურებელი ცნობა მივიღეთ: „მოგეწონებათ, თვით დამფუძნებელმა მიირთვა დღეს“. ეჭვი უმალ გაიფანტა და შევუკვეთეთ. თან ღუმელში გამომცხვარი ორაგული (25.00) დავუმატეთ. მშვენიერი თანამშრობლობა გაუწია ჩვენებურმა მუკუზანმა (სავსე ღვინოა, მდიდარი მუხის ტონებით) უმად შებოლილ ესპანურ ლორს, რომელიც, როგორც გვითხრეს, სპეციალურად ჩამოაქვთ ესპანეთიდან. უმი ხორცის მოყვარული დამფუძნებლის სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ბოსტნეულის საქმეც სათანადო დონეზე დგას: შეფის სალათამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ორცხობილებზე გამდნარმა თხის ყველმა, ბალზამიკოს ძმრით შეზავებულმა სალათის ფოთლებმა, ოდნავ დაჟანგული გემოთი, უმალ ხმელთაშუა ზღვის საამური ნიავი მოგვგვარა. არ გააფუჭოთ.
საქონლის ტარტარიც შესანიშნავი აღმოჩნდა (ხორცის ნულოვანი ტემპერატურა აქ აუცილებელია). ძალგულოვანთ და გამბედავთ ვურჩევთ ამ კერძის დაგემოვნებას. გარნირად ღუმელში ნახევრად გამომცხვარი კარტოფილი იყო. ღუმელში გამომცხვარ ორაგულსაც, სიმართლე უნდა ითქვას, აკლდა გამოცხობა - ორაგულის გული ვარდისფერი არ უნდა იყოს. ორაგულზე მოსხმული ბეშამელის სოუსი, მომეჩვენა, რომ ოდნავ მძიმეა. უმჯობესი ხომ არ იქნება უფრო მსუბუქი სოუსი?
სერვისი ცოტა არეული იყო. კერძები კანტიკუნტად მოგვაწოდეს, მადის აღმძვრელები და ძირითადი კერძები ერთად მოიტანეს. შესაძლოა, ჩვენი შეკვეთის არაორდინარულობამ დააბნია მიმტანი.
დესერტად ლიმონის ნამცხვარი (10.00) და ნუგა გლასე (10.00) შევუკვეთეთ. ნამცხვარი ნოყიერი აღმოჩნდა, გლასე - საოცარი. იშვიათად ასეთი დესერტი. რამდენიმე კერძი მართლაც შესანიშნავია, რამდენიმე უზუსტობა კი, რომლის გამოსწორებაც ადვილია, რესტორნის ახალგაზრდა ასაკს უნდა მივაწეროთ. ეწვიეთ და თავად განსაჯეთ.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და
ასწორებს ანგარიშს
![]() |
42 ქათმის პაიარდი ტარხუნის სალათთან ერთად |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
თეკუნა გაჩეჩილაძე
შეფ მზარეული
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
4 ულუფა |
დაბეგვეთ და გაათხელეთ ქათმის მკერდი. დააბასტურმეთ ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთში. გააჩერეთ 12 საათი.
წვრილად დაჭერით ტარხუნა, მწვანე ხახვი, ნიორი, დაამატეთ ერთი ლიმონის წვენი და მდოგვი. გადაურიეთ და მოასხით ზეთი. მოაყარეთ მარილი და ფერადი წიწაკა გემოვნებით.
ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი (თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ ზოლიანი - გრილი ტაფა, ქათმის მჯერდის შეწვისას ნაკლებად გამოაშრეთ და გრილის ეფექტს მიიღებს). ცხელ ტაფაზე დადეთ ქათმის მკერდი და შეწვით; თითო მხარეს, დაახლოებით შვიდი წუთი.
ქათამი გაანაწილეთ ოთხ თეფშზე. გასაწყობად გამოიყენეთ შერეული სალათა, კიტრის და ავოკადოს ნაჭრებით. ქათმის პაიარდს მოასხით ტარხუნის საკაზმი.
კერძს მოუხდება თეთრი ნახევრად მშრალი ღვინო: სამშვენისი, ტვიში, რაიზლინგი.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ.24 46 35), ჯორჯიტა (წერეათლის ქ. 116 ტელ 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ 24 33 02/03).