![]() |
ტაბულა №7 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ნოდია გია, ბენდუქიძე კახა, თავხელიძე მიშა, ყველაშვილი გიორგი, გორდაძე თორნიკე, სულაკაური ბაკურ, ლადარია ნოდარ, ბუღაძე ლაშა, მაჭავარიანი ლექსო, ბარათაშვილი ბიძინა, ბაბუნაშვილი ვახო, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010|26 აპრილი - 2 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორი ნინი გოგიბერიძე/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, მაია ედილაშვილი, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიორგი კიკონიშვილი, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, შოთა დიღმელაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, დავით გორგილაძე, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/ილუსტრაცია: ივირიჩა/არტ-რედაქტორი:/ბაჩა მალაზონია დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი /ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/კომერციული დირექტორი: ოთარ ბაქრაძ /მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/ სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/ © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.│რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქციას
ფრიად ფასეულია „ტაბულას“ გამომცემელთა წამოწყება, მიმართული საზოგადოებაში ლიბერალური ფილოსოფიის განვრცობისა და დემოკრატიული პრაქტიკის დანერგვისაკენ, ზუსტად იმ ფორმით და მიდგომებით, რომლებიც ჩამოყალიბებული აქვს ჟურნალს პირველივე ნომრის სარედაქციო მიმართვაში.
აღნიშნული ინიციატივა მით უფრო გაბედულია, რომ საქართველოს „იდეოლოგიური ბაზრით” მიმდინარე კონიუნქტურა ნაკლებად არის მიდრეკილი ინდივიდუალურ თავისუფლებათა პატივისცემისაკენ და, ალბათ, მოთხოვნის ასეთ დეფიციტს ჟურნალი შეიგრძნობდა გაყიდული ეგზემპლარების სიმცირით.
„დემოკრატიზაციის მესამე ტალღის” დაწყებიდან მოყოლებული, ლიბერალური იმპულსების ნაკლებობა შეიმჩნევა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში (საქართველოს ჩათვლით), არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში (თანაც, არა მარტო „სოციალისტური ბანაკის” ექს- წევრებში), სადაც მართლაც მოღვაწეობდნენ ჭეშმარიტი ლიბერალ- დემოკრატები, მაგრამ ვერ ქმნიდნენ ამინდს პოლიტიკურ არენაზე, ანუ არ არსებობდა ლიბერალიზმი, როგორც უპირობო დამახასიათებელი ტენდენცია ამ არეალის სახელმწიფოთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოში კი, არა თუ ლიბერალიზმი არ არსებობდა, არც ლიბერალები ყოფილან. სწორედ ამაშია მიზეზი, რომ სახელმწიფოში ყალიბდება ფსევდოლიბერალიზმის ძაძებში გამოწყობილი ავტორიტარული რეჟიმის „ფასადური დემოკრატიის” ფორმა.
ორთოდოქსულ რელიგიურ გარემოში, მანკიერი ყოფითი „ტრადიციებით” გაჯერებულ სოციო- კულტურულ ატმოსფეროში მოთავსებული „ჰომოსოვიეტიკუსების” პუბლიკა; „დასავლური ფასეულობების” ლოზუნგებს ამოფარებული პოლიტიკური ფაქტორები „ბოლშევიკური” გამოხტომებით; რიგით უკვე მესამე „ყოვლისშემძლე” მამა- მარჩენალი ბელადი და გაბატონებული „ჰეგემონი” პარტია - ასეთია საქართველოს პოლიტიკური სისტემის სქემატური დახასიათება. მოკლედ, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიაში” აღწერილი არქიფო სეთურისეული წყობილება და „ხლისტების თემის” ორგანული სინთეზი განივთებულია დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ყოფიერებაში.
„გახსნილი საზოგადოების” (კ.პოპერის ვერსიით) პრინციპებზე საქართველოს გადაყვანისთვის ბრძოლა დაუძლეველ ამოცანად ჩანს, რაც კიდევ უფრო დასაფასებელს ხდის „ტაბულას” წამოწყებას. სავარაუდოდ, მოსალოდნელი სირთულეები ინიციატივის ავტორებსაც გაცნობიერებული აქვთ, რაც აშკარად გამოსჭვივის უკვე გამოსული ნომრების ტექსტებიდან.
რედაქციის მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს უკვე გამოქვეყნებულ სტატიებში აქცენტის გადატანა „ლიბერტარიანულ” მიმართულებაზე (იგულისხმება 1970-იან წლებში რ. ნოზიკის მიერ „ანარქია, შტატი, უტოპია” - ში ჩამოყალიბებული „ულტრამინიმალური სახელმწიფოს” კონცეფცია). ასეთი მიდგომა, ალბათ, უპრიანია საქართველოში, სადაც ტერმინი „ლიბერალიზმი” სალანძღავ სიტყვად, პოლიტიკური სისუსტის აღმნიშვნელ „სტიგმად” იქცა, ხოლო კლასიკური ლიბერალიზმიც და სოციოლიბერალიზმიც დისკრედიტირებულია (დიდწილად საბჭოთა წარსულის გამოისობით, რასაც დაემატა ქართული „პოლიტიკური ელიტის” უნიათობაც).
მოკლედ, ღმერთმა ქნას, რომ „ტაბულამ” მიაღწიოს (თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში) საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში იმის შეტანას, რასაც ელმონდი და ვერბი „ცივილურ პოლიტიკურ კულტურას” უწოდებდნენ. ამ უკანასკნელის გარეშე ნებისმიერი მცდელობა - „სამოქალაქო საზოგადოების”, „სამართლებრივი სახელმწიფოს” თუ ჭეშმარიტი „ლიბერალ-დემოკრატიის” საქართველოში ჩამოყალიბებისა - ფუჭად ჩაივლის.
ზემო აბზაცების წამკითხველს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ მათი ავტორი პესიმისტურად არის განწყობილი საქართველოში ლიბერალიზმის ფეხმოკიდებისადმი. ახლო მომავალში ასეთი „ძვრების” მოლოდინი მართლაც არ გამჩენია, და ჩემი „სკეფსისი” ემყარება არა მხოლოდ ინტუიციას. სწორედ ჩემ მიერ ჩატარებულმა ემპირიულმა გამოკვლევამ დამარწმუნა, რომ ტოტალიტარიზმის ლიბერალიზმად მყისიერი „ტრანსფორმაცია”, ობიექტურად, შეუძლებელია, მით უფრო ჩვენი ცხოვრების წესის პირობებში (ეს დასკვნა სრულიადაც არაა ჩემი აღმოჩენა, უბრალოდ, მივიღე უკვე არსებულ მეცნიერულ შეხედულებათა დადასტურება საქართველოს კონკრეტულ პირობებში). მაშასადამე, როგორც იტყვიან ხოლმე, „პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია”...
დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ მიერ ნაკისრ „მძიმე ჯვრის” ტარების საქმეშიც და ქართული საზოგადოების პოლიტიკურ- სოციალური წიგნიერების ამაღლებაშიც.
იქნებ, მართლაც მოხდეს სასწაული და „ქვევრმა” ის „ამოგვძახოს”, რასაც „ჩასძახებთ”. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯ. ლოკის „ტაბულა რასა” განვრცობადია სრულად მხოლოდ ახალშობილ ჩვილებზე და არა საზოგადოებაზე, რომლის წევრები „სოციალიზაციის” იმ სტადიაზე იმყოფებიან, როცა ხდება მათი პოლიტიკური პარტიციპაცია.
იმედი ვიქონიოთ, „ტაბულა” და მისი მცირერიცხოვანი ანალოგები გადაძლევენ იმ მძლავრ ლიბერალიზმის გავრცელებაზე დამანგრევლად მოქმედ სოციალურ ინსტიტუციებს, რომლებიც ფართოდაა „გამჯდარი” საქართველოს საზოგადოებრივი „ქსოვილის” თითოეულ ბოჭკოსა და უჯრედში.
პატივისცემით,
თენგიზ ოყრეშიძე
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვის გეგმა სახიფათოა თვით ნატოსთვის, რადგან გაძლიერდება რუსეთის შეტევითი საბრძოლო პოტენციალი მაშინ, როცა ის იწყებს მეზობელი ქვეყნების შევიწროების კამპანიას”.
აშშ-ს კონგრესმენი ილეანა როს-ლეჰტინენი. 15 აპრილი.
„რუსეთს არ აქვს უფლება ჩაერიოს მეზობელი სახელმწიფოების ნატოში ინტეგრაციის საკითხში. მათ აქვთ უფლება, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები თავად გადაწყვიტონ”.
ჰილარი კლინტონი. 22 აპრილი.
„მე ოდისევსი არ ვარ, რომელსაც პენელოპასთან დასაბრუნებლად 20 წელი დასჭირდა. ეს მხოლოდ ოთხი დღე იყო, რასაც არაუშავს”.
ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ილვესი, რომელსაც ვულკანური ფერფლის გამო, 9 ქვეყნის გავლა მოუხდა სამშობლოში დასაბრუნებლად. 22 აპრილი.
„ჯობს გავიჭირვოთ, მაგრამ დამოუკიდებელნი ვიყოთ”.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ბაზირების 2042 წლამდე გახანგრძლივებას კაპიტულაცია უწოდა. 22 აპრილი.
„აშშ მადლიერია, რომ საქართველომ აჩვენა თუ როგორი პასუხისმგებლიანი პარტნიორია თავისი მცდელობით, ბირთვული მასალები ტერორისტებისა და არასანდო სახემწიფოების ხელში არ მოხვდეს”.
უაშშ-ს სახემწიფო დეპარტამენტის სპიკერი ფილიპ ქროული. 22 აპრილი.
![]() |
3 კვირა |
▲ზევით დაბრუნება |
17 აპრილი
ირანის განცხადებით, თეირანში რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლები დაესწრნენ სამიტს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. თეირანმა ეს სამიტი გამართა ვაშინგტონის სამიტის ჯიბრზე, სადაც ირანი არ მიუწვევიათ.
რომის პაპი ბენედიქტ მეთექვსმეტე მალტაში ჩავიდა. ეს მისი პირველი ტურნეა იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც კათოლიკე ეკლესიაში პედოფილიის შემთხვევების გახმაურებამ ააგორა. ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი შეხვდა დაზარალებულებსაც.
18 აპრილი
ნიუ იორკის საზოგადოებრივმა ბიბლიოთეკამ აღმოაჩინა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა 1789 წლის 5 ოქტომბერს ბიბლიოთეკიდან გაიტანა და არ დაუბრუნებია ორი წიგნი. დღევანდელი ფასებისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ვაშინგტონს 300 000 დოლარი დაეკისრებოდა ჯარიმად.
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე კრაკოვში დაკრძალეს. ევროპაში საჰაერო მიმოსვლის შეფერხების გამო ცერემონიას ვერ დაესწრნენ ბარაკ ობამა, ნიკოლა სარკოზი და ანგელა მერკელი.
19 აპრილი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამი საარჩევნო ბლოკი დაარეგისტრირა - ალიანსი საქართველოსთვის, ეროვნული საბჭო და გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება.
ყირგიზეთის დროებითი მთავრობის განცხადებით, ისინი ამერიკულ სამხედრო ბაზას ერთი წლით გაუგრძელებენ ყირგიზეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადას. ბაზა მნიშვნელოვანია ავღანეთში აშშ-ის ჯარების მოსამარაგებლად.
Pew reasearch center- ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აშშ-ს მთავრობას ამერიკელების ნდობის ყველაზე დაბალი მანდატი აქვს ბოლო 50 წლის მანძილზე. 10-დან 8 ამერიკელს არ სჯერა ფედერალური მთავრობის და იმის, რომ ობამას ადმინისტრაციას გააჩნია აშშ-ს მთავარი გამოწვევების დაძლევის უნარი.
20 აპრილი
რუსეთის პრეზიდენტმა ყირგიზეთის ბაზაზე მყოფ სამხედროებს მოუწოდა დაიცვან რუსეთის მოქალაქეები.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთი მზადაა შუამავლის როლი შეასრულოს ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ.
21 აპრილი
რუსეთმა ისრაელისგან 15 უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა. სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხნოლოგიას” განცხადებით, რუსეთის ფედერაცია მომავალშიც აპირებს უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომავალი წლისთვის მოსალოდნელია აშშ-ს ეკონომიკური ზრდის შენელება. ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპი წლევანდელი 3.1%25-დან 2.6%25- მდე შემცირდება.
პოლონეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ვიზიტისას ქალაქის მერ მაიკლ ბლუმბერგს შეხვდა. შეხვედრისას გადაწყდა, რომ ბლუმბერგის ფონდი აქტიურად ჩაერთვება საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ჩასატარებელ სამუშაოებში. გარდა ბლუმბერგისა, სააკაშვილი ესაუბრა ამერიკელ მულტიმილიონერ დონალდ ტრამპს და სიტყვით გამოვიდა ჰარვადისა და ნიუ იოკრის უნივერსიტეტებში.
22 აპრილი
რუსეთის ხუთი მოქალაქის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლომ განხილვიდან მოხსნა. ისინი საქართველოს ადანაშაულებდნენ გატაცებაში, ქონების განადგურებასა და მათი ოჯახების წევრთა მკვლელობაში, 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების დროს.
გაიმართა ახალი ასდოლარიანი კუპიურის პრეზენტაცია. განახლებულ კუპიურაზე რჩება ბენჟამინ ფრანკლინის გამოსახულება და აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფიციალური ბეჭედი. თუმცა, იგი შეიცავს რამდენიმე ახალ ელემენტსაც, რომელთა გაყალბება თითქმის შეუძლებელია.
მოსკოვში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა დევიდ ვილშაერმა შეხვედრა გამართა ბორის ჩოჩიევთან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებას აწარმოებს მარიონეტული რეჟიმების „საელჩოს” შენობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა დაგმონ ეს ქმედება.
„ეროვნული საბჭოს” ლიდერები კახა კუკავა და კობა დავითაშვილი მოსკოვში გაემგზავრნენ. ისინი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვა პოლიტიკოსებს შეხვდებიან; აგრეთვე, მიიღებენ მონაწილეობას ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ - ქართულ დიასპორათა მსოფლიო ფორუმში - რომელიც 23-24 აპრილს გაიმართება.
23 აპრილი
საბერძნეთი დათანხმდა ფინანსური დახმარების პაკეტს. ფინანსური დახმარების ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 30 მილიარდ ევროს მიიღებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 10 მილიარდს.
ნატომ ბოსნია-ჰერცოგოვინას MAP (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) მიანიჭა. ქვეყანამ, რომელიც 90-იანი წლების ომის შედეგად განადგურებული იყო, 2009 წელს ითხოვა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ს ზეწოლის მიუხედავად აღმოსავლეთ იერუსალიმში დაგეგმილი მშენებლობები არ შეჩერდება.
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
4 ბრიტანეთი არჩევანის ზღვარზე |
▲ზევით დაბრუნება |
არენა|ბრიტანეთი
ლიბერალ დემოკრატთა მზარდი პოპულარობა გამარჯვებულის ვინაობას არაპროგნოზირებადს ხდის
ტელე დებატები
ფოტო: REUTERS ©
გაერთიანებული სამეფო 6 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. თემთა პალატის 650 სკამისთვის ძირითადად იბრძვის სამი მთავარი პარტია. ლეიბორისტები ეცდებიან მეოთხედ დარჩნენ მმართველ პარტიად; გადახალისებული კონსერვატორები 90-იან წლებში ნაწვნევი მარცხის შემდეგ, ახალი ლიდერის, დევიდ კამერონის დახმარებით ფურორით დაბრუნებას გეგმავენ; ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია კი ძალას იკრებს, რათა ადგილი დაიმკვიდროს ორპარტიულ სისტემაში. არჩევნები პირველია როგორც ტონი ბლერის გადადგომის შემდეგ 2007 წელს მოსული გორდონ ბრაუნისთვის, ასევე დევიდ კამერონისა და ნიკ კლეგისათვისაც. ბრიტანული საარჩევნო სისტემის თავისებურებების გამო, კონსერვატორებს საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, ამომრჩეველთა ხმების 11%25-იანი უპირატესობა ესაჭიროებათ. You.Gov-ის, 21- 22 აპრილის კვლევის თანახმად, 34%25-ით ლიდერობენ კონსერვატორები; 29%25-ით მეორე ადგილზე არიან ლეიბორისტები; ლიბერალ-დემოკრატებს კი მოსახელობის 28%25 უჭერს მხარს.
კონსერვატორება და ლეიბორისტებს გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია მერყევი ამომრჩევლის გადაბირება, რისთვისაც პარტიის ლიდერები მუხლშეუდრეკლად იღვწიან. გამოქვეყნდა მათი მანიფესტები. სამივე პარტიის გეგმის მთავარი თემებია: კრიზისიდან თავის დაღწევის მეთოდები, ეკონომიკა, განათლება და იმიგრაცია.
გორდონ ბრაუნი, პრემიერ-მინისტრი 2007 წლის 27 ივნისიდან, ლეიბორისტური პარტიის ლიდერი. ბრაუნი პრემიერი გახდა არჩევნების გარეშე, ტონი ბლერის გადადგომის შემდეგ. ბრაუნი მხარს უჭერდა ერაყის ომს, თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ერაყში „ნასწავლ შეცდომებს” აუცილებლად გაითვალისწინებდა. პრემიერმინისტრობამდე იგი იკავებდა ფინანსთა მინისტრის პოსტებს. |
ნიკ კლეგი, პარტიის ლიდერი. მას ხშირად ადარებენ დევიდ კამერონს, რადგან ისიც ახალგაზრდაა. აგრეთვე, ხშირად ადარებენ პრეზიდენტ ობამას, შემართებისა და პოპულარულობის გამო. ის უფრო თავისუფალი ბაზრის მომხრეა, უფრო მეტად ლიბერალი, ვიდრე სოციალ-დემოკრატი. მან ამომრჩეველს მოუწოდა, „პატარებივით” არ მოქცეულიყვნენ ფისკალური რეფორმების მიმართ. |
დევიდ კამერონი, კონსერვატიული პარტიისა და ოპოზიციის ლიდერი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. მის სახელს უკავშირდება კონსერვატიული პარტიის რეპუტაციის გამოსწორება. ბევრი მას ტონი ბლერის მემკვიდრედ მიიჩნევს. |
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკას, რადგან პარტიების დამოკიდებულებას ეკონომიკისადმი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ლეიბორისტების გეგმა ასეთია: 2014 წლისთვის დეფიციტის განახევრება, 4 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ბიზნესინვესტიციებით ეკონომიკის წახალისება, ინფრასტრუქტურის განვითარება და, შედეგად, მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა. საპირისპიროდ, კონსერვატორები საპროცენტო განაკვეთების შემცირებას სთავაზობენ ამომრჩეველს. ამასთანავე, კამერონი გამოდის ფინანსური რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით. კონსერვატორების ერთ-ერთი მთავარი მიზანია გადასახადების შემცირება, და ამ მხრივ, გაერთიანებული სამეფოს კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო სარბიელზე. ლიბერალ-დემოკრატები კი ბანკების კონტროლის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რათა აღარ განმეორდეს რისკიანი კრედიტების გაცემა.
სამივე პარტია თანხმდება პოლიტიკური რეფორმების აუცილებლობაზეც, თუმცა თითოეული თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს ამომრჩეველს. ლეიბორისტები ლორდთა პალატის რეფორმაციას და მისი წევრობის მემკვიდრეობითობის გაუქმებას გეგმავენ; აგრეთვე, ამომრჩეველს ჰპირდებიან საარჩევნო ასაკის 16 წლამდე დაწევას და არჩევნების მაჟორიტარული სისტემის ალტერნატიულით შეცვლას. კონსერვატორები მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრენი არიან, რადგან ის მოქალაქეებს არასასურველი მთავრობის გადაყენებას უადვილებს.
მაჟორიტარულ სისტემაში ამომრჩეველი ხმას აძლევს ერთ კანდიდატს, ალტერნატიულ საარჩევნო სისტემაში კი ამომრჩეველი სასურველი კანდიდატების რანჟირებას ახდენს, მისთვის ყველაზე სასურველს უწერს 1-ს, მომდევნოს - 2-ს და ა.შ. |
კონსერვატორებიც ლორდთა პალატის რეფორმაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ამ საკითხზე კონსესუსის შემუშავების იმედი აქვთ და კონკრეტული გეგმა არ გააჩნიათ. ლიბერალ- დემოკრატების მთავარი დაპირება წერილობითი კონსტიტუციის შემოტანა და ლორდთა პალატის სრულიად არჩევით ორგანოდ გადაკეთებაა.
მანიფესტებში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა საგარეო პოლიტიკას. სამივე პარტია ერთხმად აცხადებს, რომ ქვეყანა არ შეუერთდება ევროზონას. კონსერვატორები უფრო შორს წავიდნენ. მათ სურთ, რომ რეფერენდუმის გარეშე ვერც ერთი შემდგომი მთავრობა ვერ შევიდეს ევროზონაში. თუმცა, ევროკავშირთან თანამშრომლობას ვაჭრობის და ეკონომიკის საკითხებში სამივე პარტია აპირებს.
საინტერესოა პარტიათა დამოკიდებულება რუსეთისა და აშშ-ს მიმართ. საქართველოზე რუსეთის თავდასხმის დროს კონსერვატორთა პარტია განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებდა ჩვენს ქვეყანას და გმობდა რუსეთის ინტერვენციას. დევიდ კამერონი აცხადებდა, რომ ერთადერთი გზა „ჩხუბისთავს გააგებინო, რომ არაფერი გამოუვა, მსხვერპლის დაცვაა”. იგი იყო პირველი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც ომის დროს თბილისში ჩამოვიდა და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. კომენტატორთა აზრით, რომ არა კამერონის ვიზიტი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბანდი არც აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. გორდონ ბრაუნი შედარებით თავშეკავებული იყო, თუმცა ისიც აკრიტიკებდა რუსეთს.
გორდონ ბრაუნს მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან, რაც აისახებოდა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. იგი მხარს უჭერდა ომს ერაყში და ავღანეთში. ობამას მოსვლის შემდეგ ბრიტანეთისა და აშშ-ს ურთიერთობამ დაკარგა „განსაკუთრებულობა”. დევიდ კამერონი აცხადებს, რომ მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, მას არ შეეშინდება ობამას უთხრას „არა”: „ჩვენ უნდა ვიყოთ საუკეთესო მეგობრები და არა ახალი მეგობრები. საუკეთესო მეგობარი გეუბნება, რაც აუცილებელია, ხოლო ახალი უბრალოდ იმას, რისი გაგონებაც გსურს”. ნიკ კლეგი კიდევ უფრო რადიკალურია. მისი განცხადებით, „განსაკუთრებული ურთიერთობა” აშშ-სა და ბრიტანეთს შორის დასრულდა. ბრაუნი კონსერვატორებს ანტიევროპეიზმში, ხოლო ლიბერალებს-ანტიამერიკანიზმში ადანაშაულებს.
პარტიის ლიდერები ცდილობენ დაუმტკიცონ ამომრჩეველს, რომ შეძლებენ მათ მანიფესტებში წარმოდგენილი გეგმის შესრულებას. წელს, პირველად გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში, ჩატარდა ტელედებატები, სადაც ერთმანეთს პრემიერმინისტრობის კანდიდატები ეპაექრებოდნენ. მსგავსი დებატების დანიშვნა ერთ რამეზე ნათლად მიანიშნებს, ხდება პრემიერმინისტრობის პრეზიდენტალიზაცია. თუ ადრე ბრიტანელი ამომრჩეველი არჩევანს პარტიის პოლიტიკის მიხედვით აკეთებდა, 2010 წლის თებერვლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ელექტორატი ახლა პარტიის ლიდერით განსაზღვრავს ვის მისცეს ხმა. პირველი დებატები შიდა პოლიტიკას შეეხებოდა. 22 აპრილს იყო დებატები საგარეო პოლიტიკის შესახებ. დარჩა ერთი რაუნდი, რომელიც 29 აპრილისთვის იგეგმება. საუბარი იქნება ეკონომიკასა და გადასახადებზე.
პირველი დებატები ნიკ კლეგის აშკარა გამარჯვებით დასრულდა. მცირე ხანში მისი რეიტინგი 67%25-ით გაიზარდა და ისევ განაგრძობს ზრდას. ფაინანშელ თაიმსი ნიკ კლეგს ვინსტონ ჩერჩილის შემდეგ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსს უწოდებს. მეორე დებატებზე კლეგი უფრო სუსტი იყო. გაზეთ სანის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ეს დებატები კამერონმა მოიგო.
დებატებს, როგორც წესი, არ აქვს დიდი გავლენა ამომრჩეველზე, განსაკუთრებით ორპარტიული სისტემის მქონე ქვეყნებში, სადაც ამომრჩეველს თითქმის ყოველთვის წინასწარ ჰყავს განსაზღვრული ფავორიტი. თუმცა, დებატებით შეიძლება გულის მოგება ე.წ. სტრატეგიული ამომრჩევლისა, რომელიც ხმას აძლევს ლეიბორისტებს ან კონსერვატორებს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ხმა არ „გაიფლანგოს”, რადგან მესამე პარტიას გამარჯვების შანსი არ აქვს. ნიკ კლეგის პოპულარობა სტრატეგიულ ამომრჩეველს აძლევს შესაძლებლობას ხმა მისცეს პარტიას, რომლის მსოფლმხედველობაც მისთვის ახლობელია და, ამავდროულად, რწმენას, რომ პარტიას მართლა აქვს გამარჯვების პერსპექტივა. კლეგის რეიტინგის ზრდა არ აწყობთ კონსერვატორებს. ისინი მხოლოდ რამდენიმე პროცენტით უსწრებენ ლეიბორისტებს და უნდათ რაც შეიძლება მეტი ადგილი წაართვან ლიბერალ-დემოკრატებს. დევიდ კამერონი ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერობა, ის ამომრჩეველს აშინებს: „ხმა მიეცი კლეგს, მაგრამ მოვა ბრაუნი”. მოვლენების ასეთი განვითარება მოსალოდნელია. კლეგის პოპულარობის მიუხედავად, მისი პარტია, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. კლეგის პოპულარობის შედეგად კამერონი კარგავს სტრატეგიულ ამომრჩეველს, ურომლისოდაც იგი ბრაუნს ვერ გაუსწრებს. ამ შემთხვევაში კი პარლამენტი უმრავლესობის გარეშე დარჩება. უმრავლესობის არარსებობა რეფორმების გატარებას თითქმის შეუძლებელს გახდის. თუ ასე მოხდა, მომავალი მთავრობის ბედი ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის ხელში დარჩება.
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
5 დემოკრატიის შენებას რა უნდა |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
ყველას გვინდა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს. თუმცა, მართლა გვინდა? თუ უბრალოდ მიღებულია ამის თქმა? რატომ გვინდა - რომ ევროპელებთან არ შევრცხვეთ (იმ ევროპელებთან, ვისაც ყველანი ცოტ-ცოტას ვლანძღავთ, ოღონდ სხვადასხვა მიზეზით)? თუ მართლა გვწამს, რომ დემოკრატიის გარეშე ივერია ვერ გაბრწყინდება?
მე მწამს, რომ 21-ე საუკუნეში ივერია დემოკრატიის გარეშე ვერ გაბრწყინდება. მის გარეშე ვერ გვექნება ქვეყანა, სადაც ცხოვრება მეტ-ნაკლებად გაგვეხარდება და გაქცევა არ მოგვინდება. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებითაც: ტოტალიტარულ ქვეყანაშიც მიცხოვრია, დემოკრატიულშიც, ახლა ნახევრად-დემოკრატიულში ვარ, და დავრწმუნდი: დემოკრატია ჯობია. ან, უინსტონ ჩერჩილის უკვდავი ფრაზა რომ გავიხსენოთ, კი ცუდია, მაგრამ ყველა ალტერნატივა კიდევ უარესია.
თუმცა, დემოკრატიის „პრომოუშენი” არ არის ახლა ჩემი მიზანი (ან რა აზრი აქვს - მაინც არავინ გეკამათება!). სხვა კითხვა მინდა დავსვა: შეგვიძლია კი ეს ოხერი დემოკრატია? ბოლო ოცი წლის მანძილზე სამჯერ გავიარეთ ერთ წრეზე: დავამხეთ მთავრობა, რომელსაც „ჩაუშესკუს” ვეძახდით, მოვიყვანეთ ხალხი, ვისგანაც დემოკრატიას ველოდით, და მალევე დავიწყეთ წუწუნი, რომ ესენიც არ ყოფილან, ვინც გვინდოდა. ესე იგი მარტო ზვიადში, ედუარდში და მიშაში არ ყოფილა საქმე, ხომ? (არა, მაგათ თუ რამე დააშავეს, გავთათხოთ, ღმერთი-რჯული არავის ვაჩერებ).
მაინც რა უნდა დემოკრატიის შენებას? ერთი კარგი რევოლუცია რომ არ შველის, ეს დავინახეთ (სამიც არ ეყო). ერთი კარგი კონსტიტუცია? ეს სერიოზული საკითხია. მეც ვთვლი, რომ ჩვენი კონსტიტუცია კარგი დემოკრატიის სტანდარტს არ შეესაბამება. ხელისუფლებამ, ამის აღიარების ნიშნად, საკონსტიტუციო კომისიაც შექმნა - მაგრამ ეს არავის აინტერესებს ლევან რამიშვილის გარდა. რაღაცაშია საქმე.
საზოგადოება არ არის მზად? შეიძლება, მაგრამ ეს „საზოგადოება” გადღაბნილი და გაურკვეველი რამაა. ვინ და როგორ გაგვიზომავს - „გამოდგება” საზოგადოება დემოკრატიისთვის თუ არა? კონკრეტული ნიშნებია საჭირო.
ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი პოლიტიკური პარტიებია. დემოკრატიის შენებას რამდენიმე კარგი პარტია უნდა. ორიც სავსებით საკმარისია. ჩვენ ჯერჯერობით არც ერთი არა გვყავს, თუმცა ოცი წელია ვცდილობთ.
ილუსტრაცია: ანა სიგუა
კიდევ საჭიროა, საზოგადოება იყოს რთული და დასახსრული, მასში უნდა იყვნენ ჯგუფები, ვისაც გააზრებული აქვს, რომ მათი ინტერესები განსხვავებულია სხვებისგან და მათ დაცვა სჭირდება, ოღონდ წესების ფარგლებში. ამ მხრივ ჩანასახოვან მდგომარეობაში ვართ, თუმცა ბოლო ხანებში პატარა ძვრებიც შეინიშნება. მაგალითად, ღიად პრორუსული ჯგუფები რომ გაჩდნენ, ეს კარგია, რადგან საზოგადოების ნაწილს აქვს პრორუსული განწყობა და მისი აზრი წარმოდგენილი უნდა იყოს. პროდასავლელებს შორისაც დაიწყო პროამერიკელების და პროევროპელების გამიჯვნა. არიან სეკულარისტები და ანტისეკულარისტები, ეკონომიკური ლიბერალები და დირიჟისტები, და ასე შემდეგ. ასეთი გაყოფები ყოველთვის ელიტიდან იწყება, მაგრამ საჭიროა, ისინი პოლიტიკურად რელევანტურიც გახდეს, ანუ პოლიტიკური პარტიები ამის მიხედვით გავარჩიოთ ერთმანეთისგან. ამას ჯერ პირი არ უჩანს. იწყება, მაგრამ საჭიროა, ისინი პოლიტიკურად რელევანტურიც გახდეს, ანუ პოლიტიკური პარტიები ამის მიხედვით გავარჩიოთ ერთმანეთისგან. ამას ჯერ პირი არ უჩანს.
ესე იგჯერ ერთი, არ მომწონს ეს დიქტატორები და მომკალი. ის სოლიდური თეორიებიც რომ გავიხსენოთ, კი გამოერევა მათში თითო-ოროლა, ვინც მართლა ქვეყანაზე ზრუნავს და კარგ საქმესაც აკეთებს, მაგრამ ეს მაინც გამონაკლისია: სადაა გარანტია, რომ მაინცდამაინც შენ შეგვხვდება ის ჭკვიანი და პატრიოტი დიქტატორი? ამას).
მაშ რისი იმედი მაქვს? იმის, რომ დემოკრატიის რესურსები ნელა, მაგრამ გვემატება. პირველ რიგში, ეს არის განათლებული ხალხი. საკუთარ ადრე ნათქვამს გავიმეორებ: ამ ოცი წლის წინაც გვყავდა ბევრი განათლებული პროფესიონალი - მათემატიკოსი, ფიზიკოსი, კინორეჟისორი და ა.შ., მაგრამ პოლიტიკურად იდიოტები ვიყავით. ედუარდ შევარდნაძე რომ დაგვიბრუნდა, იმაზე გავგიჟდით, ეს რა ბუმბერაზი პოლიტიკოსიაო (იმ ფონზე იყო კიდეც). დღეს კი გვყავს ხალხი, ვინც სრულად ზის თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში. ჯერჯერობით ძალიან ცოტა, არასაკმარისი, მაგრამ გვყავს. თანდათანობით მომრავლდება. ეს დემოკრატიის შენების გადამწყვეტი ფაქტორია.
ახალი ელიტის შექმნის გარდა, ხალხმაც, ფართო საზოგადოებამაც მიიღო გამოცდილება. მან შეინარჩუნა მეამბოხური სული და უსამართლობაზე (ან იმაზე, რასაც უსამართლობად თვლის) მძაფრად რეაგირებს, მაგრამ ისე ადვილად აღარ გაყვება ყველა დემაგოგს, ვინც ივერიის უცებ გაბრწყინებას დაპირდება. ზედმეტი ილუზიები არა მაქვს - დემაგოგებს კიდევ ექნებათ ჩვენში გასავალი. მაგრამ ცვლილებები არის.
ის, რომ სახელმწიფო (ანუ ქმედუნარიანი ბიუროკრატია და სამართალდაცვის ორგანოები) როგორც იქნა გაგვიჩნდა, ესეც დემოკრატიის რესურსია საბოლოო ჯამში, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება უფრო ის გამოჩნდეს, როგორ „სუსხავს” მომძლავრებული სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების უმწიფარ ყლორტებს. რომანტიკული ანარქიის მორევიდან დემოკრატია არასოდეს ამოზრდილა, რაციონალური სახელმწიფო კი სტიმულს უქმნის რაციონალური სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
დემოკრატიის კიდევ ერთი საშენი მასალა არ დაგვავიწყდეს - თავისუფალი ეკონომიკა. მართალია, რაღაც დრო მან ავტორიტარულ გარემოშიც შეიძლება გაიხაროს, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ ის - და მხოლოდ ის - შეიძლება იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი. ეს ხილი ჩვენში ახალია და ძნელად შემოდის - მაგრამ შემოდის.
დაბოლოს, იმას დავუბრუნდები, დასავლეთისა რომ გვრცხვენია. ამის დაცინვა ადვილია. ჯობია, ის ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები ბოლომდე გათავისებული და ინსტიტუტებად განსხეულებული გვქონდეს და სხვები იქით სწავლობდნენ ჩვენგან ჭკუას. მაგრამ რაკი ასე არაა, ისიც კარგია, სწორად გვესმოდეს, ვისგან ვისწავლოთ და ეს არ გვეთაკილებოდეს. ამის გაგებაც დემოკრატიის რესურსია. რაც არ ნიშნავს, რომ ყველა ევროპელი კონსულტანტის სიტყვა ღმერთის გამოცხადება გვეგონოს - მაგრამ ეს კომპლექსი, მგონი, უკვე თითქმის მოვიხსენით. ესეც მიღწევაა, სხვათა შორის.
![]() |
6 გია ჭანტურია: წინასაარჩევნო პოპულიზმის ანატომია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ფოტო: ბესო დარჩია
გაზი 10 თეთრად, დენი 5 თეთრად, წყალი უფასოდ - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მერობის კანდიდატი საარჩევნო არენაზე ამ ლოზუნგით და „მეურნის” იმიჯით გამოჩნდა. „მე არ ვარ პოლიტიკოსი”, - ეს გია ჭანტურიას კიდევ ერთი გზავნილია.
მიუხედავად ამისა, საარჩევნო ლოზუნგის მიღწევის გზად „არაპოლიტიკოსი” ჭანტურია სწორედ მერის პოსტის პოლიტიკური წონის გამოყენებას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, არჩეული მერის პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით შეძლებს ტარიფების სასურველი ზღვარის მიღწევას და წინასაარჩევნოდ საზოგადოებისთვის ერთი შეხედვით გასაგებ, მეორე მხრივ კი - გაუგებარ ენაზე საუბრობს.
ტარიფების 10 და 5 თეთრამდე ან უფასომდე ჩამოყვანაც აბსოლუტურად გასაგები და უმეტესწილად მისაღები გზავნილია პოსტსაბჭოთა მეტალიტეტისათვის. ამიტომ პოლიტიკოსებს ჰყონიათ, რომ „უფასოდ” და „იაფად”, „კაპიკებში” მოპოვებულ კეთილდღეობათა შეპირების ენა ქართველ ამომრჩეველს კარგად ესმის.
როცა ამ ტარიფების რეალისტურობის ახსნაზე მიდგება საქმე, ქრისტიან-დემოკრატთა მენავთობე ლიდერი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეკონომიკური გათვლების ენაზე იწყებს საუბარს.
გაზის შეპირებული ტარიფის მიღებას გია ჭანტურია იმ ხელშეკრულების საფუძველზე აპირებს, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის მშენებლობის შესახებ დაიდო. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს გავლით ტრანსპორტირებული გაზის ნაწილი ჩვენს ქვეყანას უფასოდ (5%25), ნაწილი კი ფიქსირებულ ფასად უნდა მიეწოდოს. უფასო წილი ეკუთვნის საქართველოს რუსეთ-სომხეთის გაზსადენიდანაც. ჭანტურია ამბობს, რომ ამ თანხის საერთო მოცულობაზე გაყოფით გაზის საფასურს კუბურ მეტრზე 8 თეთრს ვიღებთ. კანდიდატი ამას საოპერაციო ხარჯად სულ ერთ თეთრს ამატებს, ერთი თეთრი აქვს განსაზღვრული მოგებისთვისაც.
გაზის ღირებულებაზე დამოკიდებულია ელექტროენერგიის ფასიც. ვინაიდან ჰიდრორესურსები - მოსახლეობის შუქით უზრუნველსაყოფად - საკმარისია მხოლოდ ზაფხულში, სხვა დროს ელექტროენერგიას გაზისგანაც ვაწარმოებთ. ჭანტურიას განმარტებით, თუკი საქართველო ააშენებს მიწისქვეშა გაზსაცავს, შესაძლებელი გახდება ზაფხულში „იაფი გაზის” დაგროვება, რაც ასევე გააიაფებს ელექტროენერგიის და გაზის ტარიფებს.
რაც შეეხება წყალს, მას ჭანტურია მოსახლეობას და კვების მრეწველობის ობიექტებს უფასოდ ჰპირდება.
გია ჭანტურიას წინასაარჩევნო დაპირებები, ძირითადად, ამ ტარიფებზეა აგებული. კანდიდატი ამბობს, რომ ამომრჩევლებს ყველა პრობლემას ვერ გადაუწყვეტს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. მისთვის მთავარია, ადამიანები დასაქმდნენ და თავიანთი თავისა და ოჯახების რჩენა შეძლონ, რაც მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პირობებში იქნება შესაძლებელი. ამას კი ტარიფების შემცირება უზრუნველყოფს.
ქრისტიან-დემოკრატთა მერობის კანდიდატის გათვლებს არარეალისტურად მიიჩნევენ ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელიც მოსახლეობისთვის გაზის ტარიფებს კანონით განსაზღვრული წესით ადგენს. კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ გაზის ამჟამინდელი ტარიფი რეალურ გათვლებს ემყარება და მისი შემცირება, თუნდაც თეთრის მეათასედით, შეუძლებელია. კომისია ტარიფის დადგენისას შემდეგ კომპონენტებს ითვალისწინებს - გაზის წარმოების ფასს, მიმწოდებელი და გამანაწილებელი კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, და მოგებას. გურამ ჩალაგაშვილის განმარტებით, ამჟამად დაწესებულ ტარიფში გათვალისწინებულია ყველა ის კომპონენტი, რომელიც ამ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს ფუნქციონირებისთვის სჭირდება, მოგება კი მინიმუმამდეა დაყვანილი. აქ იკვეთება ერთი პრობლემაც - თუ ტარიფი წაგებიანი იქნა კერძო მფლობელისთვის, მას, ბუნებრივია, აღარც ენერგოკომპანიის მართვა მოუნდება და მით უმეტეს, ფულის დაბანდება კომპანიის შემდგომ განვითარებაში.
გია ჭანტურია
ფოტო: ბესო დარჩია
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არსებულ ხელშეკრულებას ბოლომდე ვერ იყენებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში უარყოფენ. აქ ამბობენ, რომ ბაქო-თბილისი-ერზრუმისა და სომხეთ-რუსეთის მილსადენებიდან გაზს სწორედაც რომ ამ ხელშეკრულებათა საფუძველზე ვიღებთ - ნაწილობრივ უფასოდ და ნაწილობრივ ფიქსირებულ ფასად. კორპორაციაში ციფრების დასახელებისაგან თავს იკავებენ, რადგან კონტრაქტი კომერციულია და არ აქვთ უფლება მის დეტალებზე ისაუბრონ. თუმცა, ამბობენ, რომ შეღავათიანი ტარიფით თან ახლავს პირობები - საოპერაციო ხარჯების, გაზის კალორიულობის, დოლარის კურსის გათვალისწინების მოთხოვნა - რომლებიც ტარიფს მაღლა სწევს.
გია ჭანტურიას საარჩევნო დაპირებებში შესული გაზსაცავის მშენებლობის იდეა კი, როგორც ცნობილია, დღეს უკვე განხორციელების საწყის ეტაპებს გადის. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა წინასაპროექტო შესწავლები, ამ მიზნისთვის შეირჩა ნინოწმინდის საბადო და თანხების მოძიების პროცესიც დაიწყო.
რაც შეეხება წყალს, საქართველოს წყლის საკმარისი მარაგი აქვს, მაგრამ მის სასმელად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანას და მომხმარებლამდე მიტანას რესურსები სჭირდება - იქნება ეს ტექნიკური თუ ადამიანური. გია ჭანტურიას თქმით, ამის ფინანსურ უზრუნველყოფას მერია აიღებს თავზე. თანხები მერიის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, იმ ბიუჯეტიდან, რომელიც მოსახლეობისგან აკრეფილი გადასახადებით ივსება. ასე რომ „უფასო” წყალს მოსახლეობა ისევ საკუთარი ჯიბიდან გადახდილი თანხების ხარჯზე მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ 20 აპრილს საქართველოს პარლამენტში გია ჭანტურიას განცხადებები პოპულიზმად და აბსურდად შეაფასეს და გაიხსენეს, „თუ რა დღეში იყო ენერგეტიკა”, როცა ნავთობის კორპორაციას გია ჭანტურია ხელმძღვანელობდა, ქრისტიან-დემოკრატთა წინასაარჩევნო პროგრამის აქტიური და სიღრმისეული კრიტიკა დღემდე, პრაქტიკულად, არ ისმის საქართველოში. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, გია ჭანტურიას წინასაარჩევნო აქტივობის კიდევ ერთი მახასიათებელი იყოს: საქართველოს მთავარი ქალაქის მერობის კანდიდატი, ყველა სხვა ოპოზიციონერი კონკურენტისგან განსხვავებით, ადგილობრივი არჩევნების წინ, ხელისუფლების რადიკალურ ცვლილებასა და მომავალ საპრეზიდენტო პოლიტიკურ ამბიციებზე არ საუბრობს. ალბათ ამიტომაც, მის რეალურ პოლიტიკურ წარსულს დღეს აქტიურად არც თავად ქრისტიან-დემოკრატები და არც პოლიტიკური ოპონენტები იხსენებენ. მაგალითად, არ საუბრობენ იმაზე, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს გია ჭანტურია პოლიტიკურ კულუარებში და მედიაშიც საკმაოდ ხშირად სახელდებოდა შევარდნაძის შესაძლო მემკვიდრედ. ჭანტურიას გვარს დღეს ვერც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა შორის ამოიკითხავთ, მაშინ, როცა 2006 წლამდე ქართული მედია, მაგალითად, civil.ge სწორედ ამ სიაზე დაყრდნობით წერდა, რომ ჭანტურია შევარდნაძისდროინდელი სხვა რამდენიმე ჩინოვნიკის მსგავსად, იძებნებოდა.
დღეს თავად გია ჭანტურია ამბობს, რომ საქართველო 2004 წელს საკუთარი ნებით დატოვა და 2007 წელს ქვეყანას დაუბრუნდა როგორც მეურნე. თავისი წარსული მოღვაწეობის მთავარ მიღწევად კი მიიჩნევს საქართველოში სამხრეთკავკასიური ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტთა განხორციელებას.
მერობის კანდიდატი აქვე ამბობს, რომ ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დაუშვია, მაგრამ ვინაიდან თავს პოლიტიკოსად არ თვლის, ამ შეცდომებით ქვეყანა არ დაუზარალებია.
![]() |
7 რა პერსპექტივა აქვს ფედერალიზმს საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 9 მარტს განაცხადა, რომ საქართველო „კავკასიის შვეიცარია” იქნება. ამით სააკაშვილმა მომავალი საქართველოს - სტაბილური, დაცული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის - მისეული ხედვა გამოხატა.
მთების, შოკოლადის, ფინანსებისა და ნეიტრალიტეტის გარდა, შვეიცარია ცნობილია ფედერალიზმის ხანგრძლივი ტრადიციითაც. მრავალეთნიკური ქვეყანა დაყოფილია 26 კანტონად (რეგიონად), რომლებიც ფედერალურ სახელმწიფოსთან სუვერენიტეტს იყოფენ. შვეიცარიის თითოეულ კანტონს ფართო უფლებამოსილება აქვს და შეუძლია თავად განსაზღვროს დაბეგვრის რეჟიმი, ასევე, ჯანდაცვის, ეკონომიკური და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებული მმართველობის ფორმამ (თვით ფედერალური გერმანიაც კი არ ანიჭებს ასეთ ძალაუფლებას ადგილობრივ მთავრობებს) შვეიცარია კარგი მმართველობის, ეკონომიკური მოქნილობის და ძლიერი დამოუკიდებლობის მქონე სამაგალითო ქვეყნად აქცია. ალბათ, სწორედ ამ ტიპის ქვეყნის მშენებლობას გულისხმობდა პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც შვეიცარია საქართველოსთვის მისაბაძ იდეალად შეარჩია.
ერთი შეხედვით, საქართველო დიდად განსხვავდება შვეიცარიისაგან. ზომით უფრო დიდია - ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, შვეიცარიაზე 30%25-ით მეტი - მოსახლეობის რაოდენობა კი გაცილებით ნაკლებია; იგი შვეიცარიას ეკონომიკური განვითარებითა და პოლიტიკური სტაბილურობითაც ჩამორჩება (დღევანდელ საქართველოში ხელისუფლება ჯერ არ შეცვლილა მშვიდობიანად). სხვა თუ არაფერი, რუსული მილიტარიზმი საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია.
თუმცა, მსგავსებაც ბევრია: საქართველოც მთიანი ქვეყანაა და მისი მოსახლეობა ეთნიკური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. საქართველოს მსგავსად, შვეიცარიასაც დიდხანს ემუქრებოდა საფრთხე დიდი და აგრესიული მეზობლებისგან.
შვეიცარიის წარმატების ფორმულათა სახელმძღვანელოდან საქართველოს ერთი-ორი რამის სწავლა ნამდვილად შეუძლია. ცენტრში ძალაუფლების თავმოყრის ნაცვლად, შვეიცარიამ მოახერხა თავისი მრავალეთნიკური რეგიონების გაერთიანება ერთ სტრუქტურაში, რომელიც თანამედროვე ფედერალურ მთავრობად ჩამოყალიბდა.
განსხვავებულმა თემებმა საკუთარი უნიკალური ჩვეულებებიდა კულტურაც, შეინარჩუნეს და ძირითად ადგილობრივ საკითხებზე უშუალო კონტროლიც. კანტონებს შორის ძალაუფლების გადანაწილებამ ადგილობრივ მთავრობებს - პირდაპირი გზით არჩეულებსა და ადგილობრივ საჭიროებებსა და ინტერესებზე უკეთ მორგებულებს - საშუალება მისცა, შეემუშავებინათ რეალური პოლიტიკა, რომელმაც ხელი შეუწყო ქმედითუნარიანი სამოქალაქო საზოგადოებისა და მაღალკონკურენტული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას.
ასეთი სტრუქტურის საქართველოში შემოღების შემთხვევაში ის ძალაუფლება, რომელიც კონცენტრირებულია თბილისში, ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაუნაწილდება. ახალი ფუნქციებითა და ვალდებულებებით აღჭურვილი რეგიონული მთავრობები ისეთ პოლიტიკას შეიმუშავებდნენ და იმ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურაში დააბანდებდნენ, რომელიც მაქსიმალურად დააჩქარებდა ეკონომიკურ განვითარებას.
ფედერალიზმი, ასევე, ერთგვარი დაცვაა ცენტრალური ხელისუფლების მიერ პოლიტიკის არასწორი დაგეგმვისა თუ ფინანსების არასწორი ხარჯვისაგან. რეგიონული სტრუქტურებისათვის ძალაუფლების დელეგირება ამცირებს არასწორი საჯარო პოლიტიკის მთელ ქვეყანაში გატარების რისკს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ალბათ, ის არის, რომ დაბალანსებული ფედერალური სისტემა დაანახებდა მთელ მსოფლიოს და, განსაკუთრებით, ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომ საქართველო სერიოზულად ეკიდება რეგიონებისათვის ძალაუფლების განაწილების საკითხს და რეგიონული ავტონომია თანამედროვე საქართველოს ფუნქციონირების განუყოფელი ელემენტია.
რა თქმა უნდა, ფედერალიზმი მყისიერად ვერ განვითარდება, ამას დრო სჭირდება. ეს პროცესი შეიძლება ბევრ წინააღმდეგობასაც წააწყდეს. ერთ-ერთი ასეთი წინააღმდეგობა არის ის, რომ ბევრმა, შესაძლოა, ფედერალიზმი ბალკანიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასოს და მასში საქართველოს ქვესახელმწიფოებად დაყოფის საფრთხე დაინახოს - პროცესისა, რომელიც რუსეთის ჩარევით უკვე მიმდინარეობს. თუმცა, ფედერალური ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, მოვლენების ასეთი განვითარება არ არის მოსალოდნელი, განსაკუთრებით ისეთი საუკუნოვანი ეროვნული ნარატივისა და ისტორიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
კიდევ ერთი მთავარი საზრუნავი ის სამუშაო იქნება, რომელიც ძალაუფლების და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის რეგიონული პარლამენტებისთვის გადაცემას ესაჭიროება. ეს მხოლოდ დაფინანსებით უზრუნველყოფას და პერსონალით დაკომპლექტებას არ გულისხმობს და მომზადებასა და გამოცდილებასაც მოითხოვს.
საკამათო შეიძლება გახდეს ისიც, რომ ფედერალიზმი შეაფერხებს გადაწყვეტილების მიღებას და გაართულებს დაგეგმვას ეროვნულ დონეზე. მეტიც, ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურების ზრდა კორუფციის საფრთხეს გაზრდის, რის თავიდან აცილებასაც ასე ცდილობს საქართველო. მიუხედავად ამ ფარული რისკებისა, ფედერალიზმი ის იდეაა, რომელიც ნამდვილად ღირს, რომ საქართველომ უფრო ღრმად შეისწავლოს
მართალია, ფედერალური სისტემა არ იქნება ყველა პრობლემის იდეალური მოგვარების საშუალება, მაგრამ მისი პოტენციალის გაუთვალისწინებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და მოქალაქეთა თვითმმართველობაში მონაწილეობის გაზრდაში, ალბათ, უდიდესი შესაძლებლობის დაკარგვა იქნებოდა.
![]() |
8 მონეტარული თავისუფლება და ვერცხლის აბაზები |
▲ზევით დაბრუნება |
კახა ბენდუქიძე|სვეტი
ეკონომიკა
ეკონომიკურ განვითარებას ვნებს ინფლაცია. ინფლაცია რომ არ იყოს, საჭიროა ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკა და შესაბამისად სანდო ვალუტა. მსოფლიოში, თუ ძალიან მოვინდომებთ, 10 სანდო ვალუტას თუ დავთვლით: ამერიკული დოლარი, ბრიტანული გირვანქა, კანადური დოლარი, ავსტრალიური დოლარი, ახალზელანდიური დოლარი, იაპონური იენა, შვეიცარიული ფრანკი და ევროპული ევრო. დანარჩენები ან არ ვარგა, ან მიბმულია ამ სანდო ვალუტებზე, ან მთლიანად ჩანაცვლებულია ამ ვალუტებით.
მონეტარული თავისუფლება ნიშნავს აირჩიოთ გარიგებისას ის ვალუტა, რომელზეც შეთანხმდით. ვალუტათა კონკურენცია ვალუტის ხარისხს ზრდის. ბევრი თანამედროვე ეკონომისტი თვლის, რომ კრიზისების შესუსტების გზა ვალუტათა დენაციონალიზაცია და მათი კონკურენციაა. ამ საკითხს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. მერე.
მინდა მოგიყვეთ ისტორია, თუ როგორ მოისპო მონეტარული თავისუფლება საქართველოში. ეს იყო რუსეთის ბრძოლა საქართველოსთან, სახელმწიფო სექტორის ბრძოლა კერძოსთან, შეზღუდვებისა და იძულების ბრძოლა თავისუფლებასთან.
რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა კნორინგმა გენერალ-მაიორ ლაზარევს დაავალა შეესწავლა მონეტარული მიმოქცევა ქართლ-კახეთში.
დადგინდა - სპილენძის და ვერცხლის გამოდნობაზე კონცესია ჰქონდათ ბერძენ მეწარმეებს, რომლებიც ამაში ფულს უხდიდნენ ხაზინას. მონეტის მოჭრა იყო ლიბერალიზებული - ნებისმიერს, ვინც ვერცხლს მიიტანდა ზარაფხანაში და გადაიხდიდა გადასახადს, მოუჭრიდნენ მონეტებს. თავისუფალ მიმოქცევაში იყო ქართული მონეტები - ორმაგი აბაზი, აბაზი, ნახევარაბაზი, 5, 10 და 20 ფული (1 აბაზი = 200 ფული). ასევე თურქეთის, სპარსეთის, შემახის, შექის, შუშის, ბაქოს, ლენქორანის, განჯის, ნუხის, შირვანის, ყარაბაღის და სხვა მონეტები. საქართველოს მოსახლეობა სარგებლობდა დაახლოებით ისეთივე მონეტარული თავისუფლებით, როგორცდღეს ფინანსურ ცენტრებში განთავსებულ ბანკებს აქვთ. ამის გარეშე თბილისი დიდი სავაჭრო ცენტრი ვერ იქნებოდა.
იმპერიამ დაიწყო ამასთან ბრძოლა. „წონითა და სინჯით განსხვავებული მონეტა საქართველოში ნიშნავს გადახვევას რუსეთში შემოღებული ერთიანი სამონეტო სისტემისაგან, რითაც საქართველო დადგება რუსეთისაგან განცალკევებულ სახელმწიფოთა რიცხვში” რუსეთის ფინანსთა სამინისტროს საბჭო, 1822 წელი
ეს ბრძოლა მრავალი ათწლეული გაგრძელდა. პერიოდულად ვინმე ცდილობდა, საქართველოში დაეწყო ისეთი აბაზების გამოშვება, როგორიც რუსულ წესებს შეესაბამებოდა. რამდენჯერმე სცადეს არარუსული მონეტების მიმოქცევის აკრძალვაც. მერე აბაზების მოჭრა სანკტ-პეტერბურგში დაიწყეს.
ცხადია, დაწესდა პროტექციონისტული შეზღუდვები - აიკრძალა ვერცხლის გატანა, მონეტის გადაკეთება იუველირულ ნაწარმად, სინჯის გარეშე ვერცხლის გაყიდვა და ა.შ. ყოველი ახალი ასეთი სისულელე ვაჭრობას და შესაბამისად, ჯარის მომარაგებას ხელს უშლიდა, ამიტომ სწრაფად უქმდებოდა.
ძალადობა და აკრძალვა ნდობას არ ჰქმნიდა რუსული ფულის მიმართ.
ასევე ნდობას არ ქმნიდა აბაზების მოჭრის ან მონეტების გაცვლის გამოყენება ფისკალური ან პოლიტიკური მიზნებით. მაგალითად, 1819 წელს, ზარაფხანის მორიგი დახურვის შემდეგ, სანამ პეტერბურგიდან ახალი აბაზები ჩამოვიდოდა, ვერცხლის მონეტის დეფიციტი შეიქმნა. მისი ფასი გაიზარდა, შესაბამისად, ოქროს ჩერვონცების ფასი შემცირდა. გენერალმა ერმოლოვმა მოახდინა ჩერვონეცის 5%25-იანი დევალვაცია, გარდა ჭარ-ბელაქნისა (ახლა საინგილო), რათა იქაურ ლეკ ბელადებს ჯანყი არ დაეწყოთ. ადვილი წარმოსადგენია, როგორ იხეირეს ამ სავალუტო არბიტრაჟზე მაშინდელმა ფინანსისტებმა, ტფილისში იაფად ნაყიდი ოქროს ჩერვონცების ჭარ-ბელაქანში ხაზინისთვის ძვირად ჩაბარებით.
რუსებმა რამდენჯერმე ასიგნაციების (ქაღალდის ფულის) შემოღებაც სცადეს. ასიგნაციები საქართველოში იმდენად არ იწვევდა ნდობას, რომ აქ რუსეთის ჯარსაც კი ოქროს ჩერვონცებს უხდიდნენ, ევროპაში კი ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ჩამდგარ რუსეთის ჯარებს ასიგნაციებით უსწორდებოდნენ.
1814 წელი. იმპერატორი - რტიშჩევს (მაშინდელ საქართველოს მთავარმმართებელს)
«К сохранению в государстве золота и серебра, повелеваю употребить по главному начальству вашему в Грузии меры и особенное попечение, дабы ассигнации наши имели надлежащий ход, после чего и все без изъятия войска довольствовать жалованием и ремонтом не иначе как ассигнациями»
რტიშჩევის პასუხიდან:
„ვბედავ მოგახსენოთ, რომ ასიგნაციები ცნობილია და მიიღება მხოლოდ უმნიშვნელო თანხების გადახდისათვის, მხოლოდ ტფილისსა და ბაქოს ციხე-სიმაგრეში (ამ უკანასკნელის ასტრახანთან ვაჭრობის გამო), ვინაიდან მთელი სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან არ აღემატება 250 000 მანეთს. საქართველოს მთავარი ვაჭრობა კი მიდის თურქეთთან, სპარსეთთან, ინდოეთთან, ბუხარასთან და ადგილობრივ მთის ტომებთან, თითქმის ნახევრადველურებთან, რომლებსაც ასიგნაციებზე არაფერი გაუგიათ და ვერც წარმოიდგენენ, რომ კეთილმოწყობილ სახელმწიფოში ასეთი ფული ცვლის ოქროს და ვერცხლს”
ისე, ეს ბევრ კარგ ეკონომისტსაც ვერ წარმოუდგენია. ამაზეც მერე.
თანდათან გაიზარდა საქართველოს და რუსეთის სავაჭრო ბრუნვა, საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთის ბაზარზე.
1853 წელს, მეფისნაცვალ ვორონცოვის დროს, საბოლოოდ აიკრძალა არარუსული მონეტების გამოყენება (ორწლიანი გარდამავალი პერიოდით), 1855 წელს ფაქტობრივად დასრულდა მონეტარული თავისუფლება საქართველოში - არარუსული მონეტები ბრუნვიდან განიდევნა.
საბჭოთა კავშირში ეს აბსურდამდე მივიდა - ვალუტის გადაცვლაზე ჯერ ციხე იყო, 1961 წლიდან კი - დახვრეტა.
ახლა ჩვენ საით?
![]() |
9 1426 სახელმწიფო საწარმოდან რეალური მოგება მხოლოდ 15-ს მოაქვს |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
სახელმწიფო ცუდი მენეჯერია - ამას უკვე არა მხოლოდ ექსპერტები, არამედ კონტროლის პალატის აუდიტიც ამბობს. მეორე მხრივ, სახელმწიფოს ხელში საწარმოების კონცენტრაცია ქვეყნის მიერ არჩეულ ლიბერალური ეკონომიკის კურსს ეწინააღმდეგება.
2008 წელს 1426 სახელმწიფო საწარმოდან მოგებიანი იყო მხოლოდ 317. საერთო მოგებამ 116.75 მილიონი ლარი შეადგინა. თავის მხრივ, მთლიანი მოგების 98.3%25 ამ 317 საწარმოდან მხოლოდ 15-ზე მოდის, დანარჩენი 302 საწარმოს საერთო მოგება კი მთლიანი მოგების მხოლოდ 1.7%25 ანუ 1.98 მილიონი ლარია.
595 საწარმო არამოგებიანია, ხოლო 506 საწარმოს მოგება/ზარალის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს საერთოდ არ გააჩნია. დარჩენილი 8 საწარმო შარშან შეიქმნა, შესაბამისად, 2008 წლის შემოწმებაში ვერ მოხვდა.
ეკონომიკის სამინისტრო აღიარებს, რომ საწარმოთა არამოგებიანობას არასწორი მენეჯმენტი განაპირობებს, რადგან სახელმწიფო საწარმოების უმრავლესობა ყოველთვის მთავრობის დოტაციებისა და სუბსიდიების იმედზე იყო. სამინისტროში ამ ფაქტს საწარმოში დასაქმებულთა დაბალი კვალიფიკაციით, მოძველებული ტექნიკითა და ტექნოლოგიებით ხსნიან.
ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო საწარმოების მართვის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, თუმცა ამ დროისთვის დეტალებისგან თავს იკავებს. სამინისტროს ახალი გეგმის თანახმად, მთავარი პრიორიტეტი საწარმოთა ოპტიმიზაციაა: თუ რომელიმე საწარმო რეალურად წაგებიანია, იგი უნდა გაკოტრდეს. გაკოტრების გარდა, სახელმწიფო აქცენტს საწარმოების გამსხვილებასა და ლიკვიდაციაზეც აკეთებს: 102 საწარმო უკვე გამსხვილდა, 111 საწარმოს გაერთიანება განიხილება, 89 საწარმო ლიკვიდაციის, 16 კი გაკოტრების რეჟიმშია.
თუმცა, მთავარ პრობლემას თავად სახელმწიფო საწარმოს მართვის ზედმეტად რეგულირებული სისტემა და ზედმეტი რგოლი - საწარმოთა მართვის სააგენტო ქმნის: სახელმწიფო საწარმოს მენეჯერი, კერძო კომპანიის მმართველთან შედარებით, შეზღუდულად მოქმედებს, რაც საბოლოო ჯამში საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაზე უარყოფითად აისახება.
ეკონომიკის მინისტრის მიერ დანიშნული მენეჯერი ვალდებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტოს შეუთანხმოს კომპანიის ბიუჯეტი და ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ; ჩააბაროს ანგარიში და ფინანსური ბალანსები გაწეული სამუშაოების თაობაზე; ასევე, უნდა დაემორჩილოს კანონს შესყიდვების შესახებ, რომელიც, სხვადასხვა წესითა და რეგულაციით, გადაწყვეტილების მიღების პროცესს კიდევ უფრო ართულებს და აჭიანურებს. ამას ემატება შემოწმება კონტროლის პალატის მიერ. შედეგად, სახელმწიფო საწარმოს მენეჯერი ეკონომიაზე, ხარისხიანი საქონლის ან მომსახურების შექმნაზე ფიქრის ნაცვლად, სუბორდინაციაზე და კონტროლის აუდიტების კითხვებზე ფიქრობს.
გამოსავალი თავისუფალი კონკურენციის წახალისებაშია. ეკონომისტი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ როცა სახელმწიფოს აქვს წილი რომელიმე საწარმოში და ბაზარზე მსგავსი, მხოლოდ კერძო წილის მქონე საწარმოებიც არის, ეს ზღუდავს კონკურენციას, რადგან სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი საწარმოების სუბსიდირება, კერძო მეწარმეს კი - არა.
ამდენად, მსგავსი საწარმოები უნდა გაიყიდოს, უნდა მოხდეს მათი პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხების აკუმულირება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს თანხა ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებას მოხმარდეს: „საწარმოებმა უნდა იმუშაონ კერძო მეწარმეების ხელში.”
ეკონომისტებს, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის მასშტაბთან დაკავშირებით, განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, მათ შორის, მოგებიანი საწარმოებიც, კერძო მესაკუთრეს უნდა ჩაბარდეს: კერძო კომპანიის მენეჯერი მოტივირებულია, რომ კონკურენციის პირობებში ახალი კლიენტები მოიძიოს, ახალ ბაზრებზე გავიდეს და მაქსიმალური მოგება მიიღოს, რაც საბოლოოდ, მოგების გადასახადის სახით, გაცილებით მეტ შემოსავალს ნიშნავს სახელმწიფოსთვის. ზოგიც მიიჩნევს, რომ სტრატეგიული ობიექტები, როგორიცაა, მაგალითად, რკინიგზა ან ნავიგაცია, სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დარჩეს, დანარჩენი კი უნდა გაიყიდოს.
ეკონომიკის სამინისტრომ შარშან 84 საწარმოს პრივატიზება შეძლო. ერთი ამდენის პრივატიზებას წელსაც გეგმავს და, შედეგად, 210 მილიონი ლარის მიღების იმედი აქვს: სამინისტრო აქცენტს არაეფექტურ და არარენტაბელურ სახელმწიფო საწარმოებზე გააკეთებს.
კონტროლის პალატა სახელმწიფოს საწარმოების ნაწილის პრივატიზაციას და ნაწილის მართვაში გაცემას ურჩევს
![]() |
10 ახალი საავადმყოფოები არჩევანის თავისუფლების სანაცვლოდ |
▲ზევით დაბრუნება |
მიშა თავხელიძე|სვეტი
არასდროს მჯეროდა გენიალური და მარტივი სქემების. განსაკუთრებით ისეთების, ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას რომ გულისხმობს. ერთ-ერთი ასეთია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამა.
საქართველოში, მთავრობის მონაცემებით, დაახლოებით 880 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა გარდა, ამ კატეგორიაში შედიან დევნილები, პედაგოგები და (რატომღაც) სახალხო არტისტები!
ადრე ამ ხალხის სამედიცინო დაზღვევას სახელმწიფო წელიწადში 180 ლარის ღირებულების ვაუჩერებით აფინანსებდა. ვაუჩერის მფლობელი თვითონ ირჩევდა სადაზღვევო კომპანიას და, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიებიც ამ კლიენტებისთვის კონკურირებდნენ.
ეს კონკურენცია მთავრობას ზედმეტად მწვავე მოეჩვენა, ეჭვი გაუჩნდა, რომ იმ 180 ლარის ნაწილს კომპანიები კორუფციული მეთოდებით კლიენტების მოზიდვისთვის ხარჯავდნენ (მაგალითად, ექიმების მოსყიდვაში). ამიტომ თამაშის წესების შეცვლა გადაწყვიტა: საქართველო დაყო 26 ე.წ. სამედიცინო რაიონად და აპირებს იქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები პირდაპირ მიამაგროს შესაბამის რაიონში გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიას, თან სამი წლით.
ეს სისტემა თავისთავად ცუდია, რამეთუ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სამედიცინო სერვისების სამომხმარებლო არჩევანის საშუალება ჩამოერთვათ. უარესს მას მთავრობის კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა ხდის - გამარჯვებულმა კომპანიებმა თავიანთ „სამედიცინო რაიონებში” ამ ხალხის სამკურნალოდ საავადმყოფოები უნდა ააშენონ - „ჩვენ ამდენ გარანტირებულ კლიენტს გაძლევთ და თქვენც რამე გაგვიკეთეთ” პრინციპით.
რატომ უარესი? ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ თუ აქამდე სადმე ახალი საავადმყოფოს გახსნა თავში არავის მოსვლია, ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ იქ საავადმყოფოს არსებობა ეკონომიურად წაგებიანია და ასეთ ადგილას „ძალით” შექმნილი სტაციონარი მფლობელისთვის, უბრალოდ, ფულის უაზრო ხარჯვა იქნება.
მომგებიანიც რომ იყოს, საავადმყოფოს აშენება, ფლობა ან მართვა სადაზღვევო კომპანიის საქმე არ არის. სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტი ძალიან რთული ბიზნესია, სპეციალური ექსპერტიზა და გამოცდილება სჭირდება, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებს არა აქვთ და არასდროს ჰქონიათ.
ასეც რომ არ იყოს, სახელმწიფო კლიენტურისგან მოზიდული პრემიის დიდი ნაწილი კომპანიებმა (მოთხოვნის თანახმად) საავადმყოფოებში უნდა დააბანდონ და ამას გააკეთებენ დაზღვეულთა მომსახურების გაიაფების ხარჯზე.
ზოგადად, „ნორმალური” კლიენტებისთვის საბაზო სამედიცინო დაზღვევის ფასი წელიწადში 300- 500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამასთან შედარებით სახელმწიფოს 180 ლარი უკვე ცოტაა. ამას კიდევ რომ საავადმყოფოების მშენებლობის ღირებულება დააკლდება, რაღა დარჩება? დარჩება ახალი საავადმყოფოები, სადაც მომსახურების ხარისხი იქნება ან საშინელი, ან საშინელზე ცოტა უკეთესი.
![]() |
11 ამერიკა-აზერბაიჯანი: კრიზისი ღრმავდება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ილჰან ალიევი
აზერბაიჯანმა გააუქმა ამერიკასთან ერთად მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ელდარ საბიროღლუმ არ ახსნა წვრთნების გაუქმების მიზეზი. ბაქოში ამერიკის საელჩომ კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ კითხვები აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს უნდა დაუსვან. წლევანდელი სამხედრო წვრთნა „საშტაბო ტრენინგი კომპიუტერული მხარდაჭერით” გათვალისწინებული იყო ამერიკასა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული სამხედრო შეთანხმებით. პირველი ანალოგიური ღონისძიება შარშან ჩატარდა სახელწოდებით - რეგიონული პასუხი 2009.
წვრთნების გაუქმება აზერბაიჯან- ამერიკის ურთიერთობების გაციების პირველი პრაქტიკული შედეგია. აშშ-ს პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში გააკრიტიკეს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა მრჩეველმა ალი ჰასანოვმა. 12-13 აპრილს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე არ მიუწვევიათ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, განსხვავებით თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და ყაზახეთის ლიდერებისგან. ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანს პირისპირ ესაუბრა.
აზერბაიჯანს ამერიკის პოლიტიკით უკმაყოფილების მიზეზი აქვს. აპრილში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მინსკის ჯგუფში ყარაბაღი მხარედ არის წარმოდგენილი. ბაქოს მწვავე რეაქციის შემდეგ, აზერბაიჯანში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ტერი დევიდსონმა განაცხადა, რომ ამერიკას არ შეუცვლია საკუთარი დამოკიდებულება ყარაბაღის მიმართ, არ აღიარებს ყარაბაღის რესპუბლიკას და მოლაპარაკების პროცესში ნეიტრალურ მხარეს წარმოადგენს. აზერბაიჯანმა უარყოფითად აღიქვა მინსკის ჯგუფში ამერიკის წარმომადგენლის, მეთიუ ბრაიზას შეცვლა რობერტ ბრადტკეთი. პოლიტოლოგ რასიმ მუსაბეკოვის აზრით, ამით ამერიკამ მოლაპარაკებებში ინიციატივა რუსეთს დაუთმო. ამას გარდა, აშშ ეკონომიკურად ეხმარება სომხეთს, რომელსაც აზერბაიჯანი ოკუპანტად განიხილავს. მეორე მხრივ, კონგრესის 907-ე შესწორების მიხედვით, ამერიკას ეკრძალება აზერბაიჯანის ეკონომიკური დახმარება.
აზერბაიჯანი არ ეთანხმება აშშ-ს მიდგომას თურქეთ-სომხეთისა და აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების საკითხთა განცალკევების მიმართ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის არაზ აზიმოვის განცხადებით, ამერიკის პოლიტიკა - მოაწესრიგოს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები ყარაბაღის საკითხის გვერდის ავლით არასწორია. ამერიკა ცდილობს აიძულოს თურქეთი, რომ უკანასკნელმა მოახდინოს სომხეთთან შარშან დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია საზღვრის გახსნის შესახებ. თურქეთმა, აზერბაიჯანის სოლიდარობის ნიშნად, საზღვარი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებისას დაკეტა. თურქული მხარე აცხადებს, რომ არ აპირებს ამ საკითხის განხილვას, სანამ ყარაბაღის საკითხი გაყინულია.
ამერიკას არ ჰყავს ელჩი აზერბაიჯანში. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს აზერბაიჯანის მიმართ ამერიკის ინტერესის სემცირებაზე. 2009 წლის ივლისიდან, ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უძღვება მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო ახალი ელჩის მივლინების საკითხი კვლავ გაურკვეველია.
აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებში გარკვეულ როლს თამაშობს თურქეთიც. რამდენიმე ხნის წინ ამერიკის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 1915 წლის თურქეთ-სომხეთის კონფლიქტის გენოციდად შეფასებაზე. საპასუხოდ, თურქეთმა საკუთარი ელჩი გამოიწვია ამერიკიდან კონსულტაციების საბაბით (ამ დროისთვის ელჩი დაბრუნდა ამერიკაში). ყოველი წლის 24 აპრილს, ამერიკის პრეზიდენტი სიტყვით გამოდის 1915 წლის მოვლენების შესახებ. თურქეთის პრემიერ- მინისტრმა რეჯეპ ტაიიპ ერდოგანმა განაცხადა, რომ უკვე იცის მომავალი გამოსვლის შინაარსი და ახალს არაფერს ელის.
ამერიკისა და თურქეთის პოლიტიკით უკმაყოფილება აზერბაიჯანს ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგებს. აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის მიყიდვაზე შეუთანხმდა რუსეთს და ირანს, ნაბუქოს პროექტი კი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზეა. 13 აპრილს, ბუქარესტში, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ახალი ენერგოპროექტის განხორციელების შესახებ. 5 მილიარდ ევროდ შეფასებული პროექტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან გაზი მივა შავი ზღვის საქართველოს ტერმინალებამდე, გათხევადდება და გადაიზიდება ტანკერებით ევროპაში, რუმინეთის გავლით. რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის ამ პროექტის მნიშვნელობას.
თურქეთის გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო სტრატეგიული კვლევის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სედათ ლაჩინერის აზრით, ამერიკა კავკასიაში არასწორ პოლიტიკას ატარებს. მისი თქმით, ამერიკამ ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს სომხეთის პრობლემების მოგვარებას, რომელიც სამხედრო ბაზებისა და ეკონომიკური დამოკიდებულების გამო, რუსეთის გავლენის სფეროა. ამერიკას ხელიდან ეცლება თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის პროდასავლური ხაზი, რითაც კასპიის ზღვის ენერგორესურსებთან ერთად, კარგავს ცენტრალურ აზიაზე გავლენის გავრცელების შესაძლებლობას.
მინსკის ჯგუფი - ეუთოს ფარგლებში შექმნილი მოლაპარაკებათა ფორმატი, რომელშიც შედიან ამერიკა, რუსეთი და საფრანგეთი. ჯგუფის მიზანია მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება.
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
12 იაფი გაზი ბაზების სანაცვლოდ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
უკრაინა
დიმიტრი მედვედევი და ვიქტორ იანუკოვიჩი
ვიქტორ იანუკოვიჩმა და მისმა რუსმა კოლეგამ, დიმიტრი მედვედევმა, ოთხშაბათს საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინის ქალაქ ხარკოვში დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთს ენიჭება უფლება 2043 წლამდე დატოვოს თავისი ფლოტი უკრაინის აუზში, ყირიმის მისადგომებთან. სანაცვლოდ, კრემლი გაზის ფასს 30%25-ით დააგდებს.
სწორედ ეს საკითხი იყო ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბულობის მიზეზი. იანუკოვიჩის პროდასავლურად ორიენტირებული წინამორბედი, ვიქტორ იუშჩენკო, მოითხოვდა, რომ რუსულ ფლოტს დაეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ - 2017 წელს. ამჟამინდელი პრეზიდენტი რუსეთისადმი მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა.
კონფერენციაზე მედვედევმა განაცხადა, რომ გაზის ფასი და ბაზების საკითხი თავიდანვე დაკავშირებული იყო ერთმანეთთან. მისი თქმით, რუსული ფლოტის უკრაინაში დარჩენა საუკუნის შუა წლებამდე ხელს შეუწყობს ევროპულ უსაფრთხოებას.
ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთისთვის ნაკლებად მოგებიანია შეთანხმების პირობები, რასაც გაზპრომის მთავარი დირექტორი ალექსეი მილერიც ადასტურებს. წელს უკრაინა გაზზე 1,5 მილიარდ დოლარს დაზოგავს, რაც საშუალებას მისცემს ხელახლა აიღოს სესხი საერთაშორისო მონეტარული ფონდისგან.
უკრაინის ოპოზიციონერი ლიდერები ეწინააღმდეგებიან ხელშეკრულებას. ყოფილი პრეზიდენტის, „ჩვენი უკრაინის” ლიდერ ვიქტორ იუშჩენკოს აზრით, ხელშეკრულება ქვეყანას „რუსიფიკაციამდე” მიიყვანს. ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო კი შეთანხმებას ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხედ განიხილავს. გარდა ამისა, ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის განცხადებით, ახალი შეთანხმება 27 აპრილს ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ რატიფიცირდება
![]() |
13 ალიანსები და ბატონყმობის უღელი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ყველაშვილი|სვეტი
ამერიკული გამოცდილება
1796 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი თავის გამოსათხოვარ სიტყვაში თანამემამულეებს აფრთხილებდა, მორიდებოდნენ სამოკავშირეო ვალდებულებებს საგარეო საქმეებში, მეტადრე თუ საქმე ევროპას ეხებოდა. ის განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას იმ საფრთხეებზე, რასაც ახალგაზრდა და გამოუცდელ რესპუბლიკას „მუდმივი ალიანსები” შეუქმნიდა.
მართალია, ამერიკის დამფუძნებელ მამათაგან ერთ- ერთი უპირველესთაგანი წინააღმდეგი არ იყო ომიანობის დროს უცხო სახელმწიფოებთან დროებითი ალიანსის შეკვრისა, მას ამერიკის ინტერესებისათვის საზიანოდ მიაჩნდა მშვიდობიანობის დროს კავშირების გაბმა, რასაც იგი „ხლართებს” უწოდებდა. ვაშინგტონის იდეას გაგრძელება მოჰყვა 1804 წელს თომას ჯეფერსონის საინაუგურაციო სიტყვაში: „მშვიდობა, ვაჭრობა და პატიოსანი მეგობრობა ყველა ერთან, ჩახლართული ალიანსები კი - არც ერთთან”.
ვაშინგტონმა საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების ხანგრძლივ იზოლაციონისტურ პოლიტიკურ კურსს. იგი დროდადრო ირღვეოდა და ბოლომდე იზოლაციონალისტური არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ძირითადი პრინციპების შენარჩუნებით მაინც გაგრძელდა 1949 წლამდე. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერა წყალგამყოფად იქცა ძველ, „კონტინენტზე გამომწყვდეულ” ამერიკასა და ახალ, ტრანსკონტინენტურ და გლობალურ ამერიკას შორის. ამერიკამ იზოლაციონიზმის წყალობით ევროპასთან შედარებით დაუზიანებლად განვლო ორი საუკუნე, ხოლო ალიანსების სისტემის ხელშეწყობით კი უომრად დაამარცხა საბჭოთა იმპერია.
საქართველოსათვის ამ ისტორიაში საინტერესო ორი რამ არის: ერთი ის, რომ სახელმწიფომ საკუთარი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და მეორეც ის, რომ ინტერესები იცვლება დროსთან ერთად და იმის კვალობაზე, თუ რომელი ფორმა უფრო ხელსაყრელი და მოგებიანია.
ჩვენი ინტერესი
მართალია, აქა-იქ ესა თუ ის პოლიტიკური დაჯგუფება ნეიტრალიტეტის ან რუსეთთან კავშირის რეცეპტებს სთავაზობს ხოლმე ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ჩვენში მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონსენსუსია ნატოში გაწევრიანების საკითხზე. ეს შთამბეჭდავად დაადასტურა 2008 წელს გამართულმა პლებისციტმა და სანდო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის პერიოდული გამოკითხვებიც ამტკიცებს, რომ ნატოს მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა იმის მიუხედავად, რომ თავად გაწევრიანების პროცესი ჭიანურდება.
უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ საზოგადოებაში არის გარკვეული გულგატეხილობა. ხშირად გაიგონებთ, ჩვენ ამერიკასა და დასავლეთს ყველანაირად ვეხმარებით, ვაძლევთ საშუალებას, გამოიყენონ ჩვენი ენერგეტიკული და სამხედრო-სატრანზიტო შესაძლებლობები, ვუთმობთ პორტებსა და აეროდრომებს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ბიჭებს ვაომებთ ავღანეთში ნატოს წევრი ქვეყნების სარდლობის დაქვემდებარებაში.
ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ჩვენც გვაქვს გამორჩენა: გვიწვრთნიან ჯარებს, გვეხმარებიან რეფორმებსა და განვითარებაში, გვაძლევენ ფულს და დიპლომატიურად უჭერენ მხარს ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნებას.
საზოგადოდ, ამა თუ იმ ალიანსში შესვლა სუვერენიტეტის შეზღუდვაა და ამერიკის დამფუძნებელი მამები ამის გამოც უფრთხოდნენ საგარეო ხლართებს. ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ საქართველოს ნაირი პატარა ქვეყნის დასავლურ ალიანსში ჩართვა სუვერენიტეტს იმდენად არაფერს აკლებს, რამდენადაც განუზომლად ზრდის უსაფრთხოებას. ერთი მაგალითიც კმარა: მაშინ, როცა ვუდრო უილსონს ამერიკის კონგრესმა ნება არდართო, რომ აშშ ერთა ლიგას შეერთებოდა, აქაოდა სუვერენიტეტს შეგვიზღუდავსო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბკლიკის მთავრობა უმორჩილესად ითხოვდა ლიგაში საქართველოს მიღებას.
ასეა ნატოს შემთხვევაში და ასეა, მითუმეტეს, ევროპის კავშირის შემთხვევაში. ამ ალიანსებში შესვლა თავისუფლებას გვიმტკიცებს ჩვენი უსაფრთხოების სრულიად ახალ განზომილებაში გადასვლით. უფრო მეტიც, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დასავლეთის მიერ იმის აღიარებაც იქნება, რომ ჩვენზე რუსეთის „კანონიერი” უფლებები აღარ ვრცელდება და ჩვენ მართლა სუვერენული ერი ვართ, რომელსაც თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს.
ბატონყმობის გადავარდნა
მაგრამ სად გავექცევით იმ გარემოებას, რომ ევროპის რამდენიმე გავლენიანი სახელმწიფო ჩვენ კვლავაც მიგვიჩნევს რუსეთის ვასალად და, მაშასადამე, ისეთ ქვეყნად, რომლის თავისუფალი ნებაც იმპერიულ „ლეგიტიმურობაზე” პრეტენზიის მქონე „ზესახელმწიფოს” დიქტატით არის შეზღუდული.
ერთნი იტყვიან, თუ არ გვიწვევენ, ნუ გვიწვევენ და ხელს ჩაიქნევენ; დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით. მაგრამ რას ნიშნავს „დაბრუნება”? ეს არამარტო უპრინციპობასა და ღირებულებათა სისტემის არქონას ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ უკეთეს აწმყოსა და მომავალზე უარი ვთქვათ და განვითარებას მუდმივი ჩამორჩენილობა ვარჩიოთ.
რა უნდა ექნა ყმას, თუ მას სამოქალაქო უფლებებზე უარს ეუბნებოდნენ? უნდა უკუეგდო თავისი მოთხოვნა, თუ ებრ ძოლა თავისუფლებისათვის? ჩვენი არჩევანიც ესაა, რადგანაც დღევანდელ მრავალგანზომილებიან საერთაშორისო სისტემაში საქართველო სწორედ იმ ყმას ჰგავს: ის ან დაყრის ფარ-ხმალს და სამუდამოდ დაკარგავს წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას, ან დიდი შრომითა და თავდადებით მიაღწევს თანასწორობას და შეუერთდება დაწინაურებულ ერებს.
![]() |
14 სომეხთა გენოციდი - თურქეთის ევროპულობის საბუთი? |
▲ზევით დაბრუნება |
თორნიკე გორდაძე|სვეტი
მსოფლიო
2005 წლის სექტემბერში სტამბულში, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ცნობილმა სომხური წარმოშობის თურქმა ჟურნალისტმა ჰრანტ დინკმა მითხრა: „ხომ იცით ჩემი აზრი სომეხთა გენოციდის შესახებ, მაგრამ თუკი ევროპაში კანონი დაავალდებულებს ყველას ამის აღიარებას, ხოლო უარყოფას დანაშაულად გამოაცხადებს, მე წავალ ევროპაში და საჯაროდ ვიტყვი, რომ გენოციდი არ ყოფილა”. ამ შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ დინკი მოკლეს. მოკლეს თურქმა ულტრანაციონალისტებმა, თუმცა ამ მკვლელობას სიამოვნებით მოაწერდა ხელს ზოგიერთი სომეხი ულტრანაციონალისტიც.
ამ ბოლო თვეებში დასავლეთის დემოკრატიების (აშშ-ს და შვედეთის) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების დღის წესრიგში კიდევ ორჯერ დადგა სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი. ორივე შემთხვევაში უმცირესი უპირატესობით გაიმარჯვა გენოციდის აღიარების ოფციამ, რასაც მოჰყვა აღმასრულებელი ხელისუფლებების (ობამას, რეინფელდტის) განცხადებები - თურქეთის მთავრობის დასაშოშმინებლად - რომ ისინი ემიჯნებიან თავიანთსავე კანონმდებლებს. მაგრამ ცუდი უკვე მოხდა: კენჭისყრებმა ოფიციალური ანკარისა და თურქეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოსალოდნელი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ვაშინგტონიდან და სტოკჰოლმიდან გამოითხოვეს თურქეთის ელჩები, დაიწყო ახლა უკვე ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური ლიტანიები თურქულ პრესასა და საჯარო პირების გამოსვლებში. როგორც მოსალოდენლი იყო, ევროპელ პოლიტიკოსთა გარკვეულმა ნაწილმა სიამოვნებით მოიფშვნიტა ხელები: „აი, ხომ ვამბობდით, თურქები კვლავ ნაციონალიზმის ტყვეობაში არიან. ისინი არ არიან ევროპელები, ევროგაერთიანებაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაც კი ნაადრევი იყო მათთან”, - აცხადებენ ისინი. მართალია, იგივე პოლიტიკოსები მიუთითებენ თურქეთის ჩამორჩენაზე ქალთა ემანსიპაციის საკითხში, ხარვეზებზე სამართალდამცავ და სხვა სფეროებში, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ასახელებენ თურქულ ნაციონალიზმს და მასთან დაკავშირებულ ან მისგან გამომდინარე ფაქტორებს: უმცირესობათა (პირველ რიგში ქურთების) უფლებების შელახვას; კანონებს, რომლითაც მკაცრად ისჯება „თურქობის” და ეროვნული სიმბოლოების შეურაცხყოფა (სისხლის სამართლის კოდექსის 301 მუხლს); კვიპროსის საკითხს და, რაღა თქმა უნდა, სომეხთა გენოციდის არაღიარებას.
ოსმალეთის იმპერიის ჯარისკაცები
არადა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ თურქული ნაციონალიზმი, მის რადიკალურ გამოვლინებაშიც კი, თურქეთის „ევროპულობის” არათუ ხელმყოფელი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი ნიშანია. მეტიც, ბევრს შეიძლება არგუმენტი პროვოკაციულად მოეჩვენოს, მაგრამ სომეხთა გენოციდი არის იმის მაგალითი, რომ თურქეთმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფეხი აუწყო ევროპულ პროცესებს: მოდერნიზაციას, სეკულარიზაციას, ნაციონალიზმს, ეროვნული სახელმწიფოს შექმნას მულტიეთნიკური საზოგადოების ხარჯზე და ა.შ. თურქული ნაციონალიზმი ბევრად განსხვავდება რუსული ნაციონალიზმისგან, რადგან ეს უკანასკნელი იმპერიული ხასიათისაა, იგი გაჯერებულია რელიგიური (მართლმადიდებლური) ან/და იდეოლოგიური (კომუნისტური) მესიანიზმით. თანამედროვე თურქული ნაციონალიზმი კი ანტიიმპერიულია, იგი ოსმალეთის იმპერიის იდეოლოგიური მტერი იყო და, ისტორიულად, რელიგიის (ისლამის და ხალიფატის) ალტერნატივაა და არა მისი მატარებელი. ამიტომაც, რუსული ნაციონალიზმი, ველიკო-რუსული შოვინიზმის მიუხედავად, უფრო ადვილად იტანს ეთნიკურ სიჭრელეს (მთავარია იმპერიის ერთგული იყო და იყავი თუნდაც ქართველი ან ყირგიზი, სტალინის მაგალითიც კმარა არგუმენტად), მაშინ, როცა თურქული ნაციონალიზმი, კლასიკური ევროპული ნაციონალიზმების მსგავსად არის უნიფორმიზატორული, მოითხოვს კულტურულ ჰომოგენიზაციას და ასიმილაციას. თურქეთი კლასიკური ოსმალეთის იმპერიული პაქტის ერთგული რომ დარჩენილიყო, სომეხთა გენოციდი არ მოხდებოდა - გენოციდი არის თურქეთის ევროპეიზაციის ერთ-ერთი ტრაგიკული გვერდითი ეფექტი.
საგულისხმოა, რომ თურქული ნაციონალიზმის მამებად მიჩნეული აღაოღლუ, აქჩურა და გოქალფი სწორედ ევროპაში, პარიზში განათლდნენ და წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ იქ. სწორედ ფრანგული რევოლუცია თუ გერმანული რომანტიზმი იქცა მათ იდეოლოგიურ საფუძვლად. „ახალგაზრდა თურქები” (პროგრესისა და ერთიანობის პარტიიდან - იტტიჰად ვე ტერაკკი ჯემიეთი), რომელთაც სცადეს თურქული ნაციონალიზმის აყვანა პოლიტიკის რანგში, თავად იყვნენ გატაცებულნი იტალიელი კარბონერების მაგალითით და ფრანგული რესპუბლიკანიზმით, კონსერვატორი სულთანი აბდულ - ჰამიდ II კი მათი მთავარი სამიზნე იყო. იტტიჰადისტების პან-თურქისტული იდეებით გატაცებაც, რომელიც განსაკუთრებით 1913 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გახდა ნათელი, ევროპაში მაშინ გავრცელებული ნაციონალისტური იდეების თურქული გამოძახილი იყო მას წინ უსწრებდა პანგერმანიზმი, პანსლავიზმი და ა.შ.
ოსმალეთის იმპერიის ჯარისკაცები, პალესტინაში
1915 წელს სომეხთა (და აგრეთვე ასირიელთა) მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, ქურთი არარეგულარული ბანდების გარდა, გამოირჩეოდა ტეშკილათ-ი-მაჰსუსა - ოსმალურად, „განსაკუთრებული ორგანიზაცია”, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილი სპეცსამსახური იყო. აღსანიშნავია ის, რომ სპეცსამსახურები ოსმალეთში ბრიტანეთის ელჩის რეკომენდაციით შეიქმნა და პირველი მისი შეფი წარმოშობით გერმანელი იყო. იტტიჰადისტების ლიდერებიც - ე.წ. „სამი ფაშის” ტრიუმვირატის წევრები: ენვერ, თალათ და ჯემალ ფაშები, რომლებსაც ბრალად ედებათ სომეხთა გენოციდის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება - ევროპული ცივილიზაციისა და განათლების მქონე პირები იყვნენ. ენვერი, მაგალითად, იმპერიის თავდაცვის მინისტრი და ორი სახელმწიფო გადატრიალების ავტორი, რამდენიმე წელი ცხოვრობდა და სწავლობდა გერმანიაში და პრუსიული სამხედრო სკოლის პროდუქტი გახლდათ. მაგალითების ჩამოთვლა თითქმის უსასრულოდ შეიძლება.
![]() |
15 ადამიანი და ვულკანი ისლანდიური ფერფლის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
ვულკანი ეიაფიალაიოკული
ფოტო: REUTERS ©
14 აპრილს, ისლანდიაში, ეიაფიალაიოკულის (Eyjafjallajokull) მყინვარის ქვეშ ვულკანმა დაიწყო ამოფრქვევა. მხურვალე მაგმის ყინულზე დაღვრამ წარმოქმნა ვულკანური ფერფლის ღრუბელი. ქარმა ღრუბელი მთელი ევროპის თავზე გაავრცელა. კონტინენტის მასშტაბით შეწყდა საჰაერო მიმოსვლა. მილიონობით მგზავრი შეფერხდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რამოდენიმე დღით.
ვულკანის ამოფრქვევას არ მოჰყოლია ისეთივე ადამიანური ტრაგედია, როგორიც, მაგალითად რამოდენიმე თვის წინ ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრას ან 2004 წლის ცუნამს. ეიაფიალაიოკულის ანცობამ სხვაგვარი ზარალი გამოიწვია. ისლანდიის ვულკანურმა ფერფლმა ეკონომიკურად მოღონიერებული ადამიანების გეგმები დამტვერა; მათი, ვინც ხშირად მოგზაურობს, სხვადასხვა ქვეყნებში უწევს საქმიანობის წარმართვა, ან უბრალო ტურისტების, ვისაც ევროპაში დასვენებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი გააჩნია. თუმცა ნათელია, რომ ეს პატივცემული საზოგადოება უკეთ ეწყობა ბუნებრივ კატაკლიზმებს, პოულობს გამოსავალს: ავიაბილეთები იცვლება, იძებნება სათადარიგო მარშრუტები ან გრძელდება სასტუმროს ნომრებზე ჯავშანის ვადა. ადამიანისა და ვულკანის მარათონში იმარჯვებს თანამედროვე ჰომოსაპიენსი, მყისიერი ადაპტაციის უნარით.
მაგრამ არიან წაგებული ადამიანებიც. ნომრის დაჯავშნაზე გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება ისლანდიური ვულკანის ფერფლის ჩამოფერთხვას პოლიტიკური და ეკონომიკური ქსოვილებიდან.
ევროპული განგაშის ქრონიკა
ეიაფიალაიოკულის ამოფრქვევამ ევროპის ცა სახიფათო საფრენ ზონად აქცია. გამოსავალის ძიებაში, ევროკავშირის ოფიციალური პირები რთული არჩევანის წინაშე დადგნენ: შეეჩერებინათ საჰაერო მიმოსვლა ან წასულიყვნენ ავიაკატასტროფების რისკზე. ევროკონტოლის მონაცემები გარისკვის საბაბს ნამდვილად არ იძლეოდა: სააგენტო, რომელიც ევროპაში ყოველდღიურად 28 ათასზე მეტ ფრენას ზედამხედველობს, აცხადებდა - „ვულკანური ფერფლი თვითმფრინავის ძრავის მოქმედებას აფერხებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის კატასტროფა”. ავიაკომპანიებმა (KLM და Lufthansa) შეასრულეს საცდელი ფრენები მგზავრების გარეშე. ვულკანურ ფერფლს ხომალდები არ დაუზიანებია, მაგრამ ევროპელებმა მაინც სიფრთხილე არჩიეს და შეაჩერეს საჰაერო მიმოსვლა ხუთი დღით.
საჰაერო მიმოსვლის სრულიად შეჩერება გადამეტებული რეაქცია იყო ბრუსელის მხრიდან; გადაწყვეტილებები „მოტივირებული იყო შიშით და არა მეცნიერებით” - ამბობენ შუმანის ფონდში და ევროპის სხვა წამყვან ანალიტიკურ ცენტრებში. საერთოდ, ფუჭი განგაშები უცხო არ არის ევროპისათვის; მაგალითად, ე.წ. ქათმისა თუ ღორის გრიპების პანდემიის გამოცხადება მსგავსად ქაოტურ და მეცნიერულად დაუსაბუთებელ ვითარებაში მოხდა.
თვითმფრინავის ძრავის დათვალიერება
ფოტო: REUTERS ©
ძველ კონტინენტზე უკვე დიდი ხანია არსებობს კრიზისული სიტუაციების მართვის პრობლემა. ლისაბონის ხელშეკრულების ხელმოწერით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ, თეორიულად, თანხმობა განაცხადა ერთი პრეზიდენტის კოორდინაციის ქვეშ მოქცევაზე. თუმცა, სინამდვილეში თითოეული ევროპული სახელმწიფო კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებს. ეს ტრადიცია არც საჰაერო მიმოსვლის საკითხებზე უგულებელყვეს. ევროკონტოლმა, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, გვერდი აუარა გადაწყვეტილების მიღების მრავალიერარქიულ სისტემას და მთელი კონტინენტის საჰაერო სივრცე ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში დახურულად ცნო. ბიუროკრატიული მანქანა მხოლოდ მაშინ ამოქმედდა, როდესაც ევროკავშირმა გადაწყვიტა საჰაერო გზების გახსნა. ბრუსელს დასჭირდა თითოეული წევრი სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრებთან კონსულტაცია, გაიმართა ვიდეოკონფერენციების სერია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა ფრენების აღდგენა. საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ დაუშვეს შეცდომა, როდესაც ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ არ მოახდინეს საჰაერო სივრცის ფრაგმენტაცია - მაღალი და დაბალი რისკის ზონებად.
ძველი და ახალი ევროპა
19 აპრილს, პოლონეთი და მთელი ცივილიზებული სამყარო პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და მის მეუღლეს ემშვიდობებოდა. კატინზე პირმოკრულ ნისლს, რამაც პოლონეთის პრეზიდენტი და ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა შეიწირა, მოჰყვა შავი ღრუბლების შეყრა პოლონეთის თავზე. კრაკოვში, საუკუნის დაკრძალვაზე ჩამსვლელთა სიის ნაცვლად, შედგა ნუსხა იმ პირებისა, რომლებიც არ დაესწრნენ სამგლოვიარო ცერემონიალს.
ვულკანი ეიაფიალაიოკული
თავდაპირველად, პოლონეთში ვიზიტზე ხელი აიღეს შორეული ქვეყნების წარმომადგენლებმა - ინდოეთისა და მექსიკის პირველმა პირებმა. ამას პოლონელები გაგებით მოეკიდნენ. მოგვიანებით, ვიზიტი გააუქმა ევროკავშირის დელეგაციამ. შემდეგ, ბოდიში მოიხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და საბოლოო ჯამში - თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერმა.
გერმანელებმა დაკრძალვაზე ვერტმფრენით გაამგზავრეს ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მაგრამ ანგელა მერკელი კრაკოვში არ ჩასულა. როგორც თავად აღნიშნა, ვოიაჟს 2 დღე დასჭირდებოდა. კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ავსტრიის პრეზიდენტი ჰანც ფიშერი. პოლონეთის მედიამ იგი დაანამუსა სიტყვებით - ავსტრიის პრეზიდენტს სულ რაღაც 4 საათი დაეკარგებოდა, აუჩქარებლად კრაკოვიდან შინ დასაბრუნებლადო. ყოველ ზამთარს ათასობით პოლონელი სტუმრობს გერმანიის, ავსტრიისა და ჩრდილოეთ იტალიის სამთო-სათხილამურო კურორტებს და მათ მშვენივრად იციან, თუ რა მანძილია ამ ქვეყნებიდან კრაკოვამდე.
რასაკვირველია იყვნენ დღის გმირებიც: რუმინეთის პრეზიდენტი კრაკოვში ავტომანქანით ჩავიდა. მატარებლით იმგზავრა ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა, რის შემდეგაც საჯაროდ გააკრიტიკა ყველა „შატალოზე” წასული ევროპელი ლიდერი. რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, აშშ-ში ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ვულკანურ ღრუბელს გვერდი აუარა და კრაკოვში პორტუგალიის, იტალიისა და თურქეთის გავლით ჩაფრინდა.
„ვაველში სიმბოლურად იყო წარმოდგენილი ევროპის ის ქვეყნები, რომელთა წარმომადგენელბს შეუძლიათ ერთმანეთს დაყრდნონ. ჩვენი ევროპა. ისლანდიურმა ფერფლმა კვლავ გაყო კონტინეტი ორად - ძველ და ახალ ევროპად” - ამას წერდა ჩეხური გამოცემა Lidove Noviny.
აღსანიშნავია, რომ სამგლოვიარო ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ რუსეთის, უკრაინისა და უნგრეთის პრეზიდენტები.
ფერფლი და ეკონომიკა
Ernst & Young-ის 16 აპრილის პროგნოზით, 2010 წელს ევროზონის ეკონომიკების საშუალო წლიური ზრდა 1%25 უნდა ყოფილიყო. ევროპის ცაში მიმოფანტულმა ისლანდიური ვულკანის ფერფლმა შესაძლოა ევროპისთვის ეს მცირედ, მაგრამ მაინც დამაიმედებელი პროგოზი შეცვალოს. 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ისედაც ძლიერი დარტყმა მიაყენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომელთა უმეტესობამ ნულოვანი ან უარყოფითი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.
ვულკანური ლავა
ევროპის საჰაერო სივრცის 5 დღიანმა ბლოკადამ ყველაზე მეტად საავიაციო ბიზნესი დააზარალა. 7 მილიონამდე მგზავრი დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდა. ავიაკომპანიები დღეში საშუალოდ 150 მილიონ ევროზე მეტს ჰკარგავდნენ. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის გაანგარიშებით, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ზარალმა ჯამში 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა. შედარებისთვის, 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ამერიკამ საჰაერო სივრცე 3 დღით ჩაკეტა. აშშ-ს 650 მილიონი დოლარი დაუჯდა თავდაცვის ეს ზომა. შექმნილი მდგომარეობა ევროპაში კი იმდენად რთულია, რომ მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, არ გამორიცხა ავიაკომპანიებისთვის სახელმწიფოსგან სუბსიდიების გაცემა.
ავიაგადამზიდებთან ერთად, რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ ტურისტული კომპანიებიც. სექტორის ლიდერების (First Choice და Thomson) ყოველდღიურმა ზარალმა 5-7 მილიონ ევროს გადააჭარბა.
ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეულმა ცვლილებებმა ნაკლები გავლენა მოახდინა ექსპორტ- იმპორტის სექტორზე. საერთაშორისო ვაჭრობა უმეტესწილად სახმელეთო (სარკინიგზო) და საზღვაო გადაზიდვებზეა დამოკიდებული. მაგალითად, საავიაციო გადაზიდვები ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მხოლოდ 1%25-ს შეადგენს.
ალტერნატიული გზების ძიებაში, საგრძნობლად გამოცოცხლდა ეკონომიკური აქტივობა ტრანსპორტის სხვა საშუალებებში. სარკინიგზო კომპანია Eurostar-მა მგზავრთა მოზღვავება იგრძნო. ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში გაიზარდა მოთხოვნა ბორანით მგზავრობაზე.
თუ მომავალში ისლანდიური ვულკანის მოქმედება კვლავ არ გამოიწვევს საერთო ევროპულ საავიაციო კოლაფსს, მოკლე ვადიანი ეკონომიკური ეფექტი არც თუ ისე სავალალო იქნება. თუმცა, ისტორიას ახსოვს ვულკანი ეიაფიალაიოკულის ამოფრქვევის სამი შემთხვევა, აქედან უკანასკნელი, 1820- იან წლებში, 13 თვის მანძილზე გრძელდებოდა.
ვულკანი ტერორი არაა. ვულკანი ფორს-მაჟორია - გადაულახავი დაბრკოლება, რომელიც კონკრეტულ დამნაშავეს არ მოიაზრებს. ვულკანის ამოფრქვევის დროს არ იგრძნობა დამამცირებელი უძლურება. ბუნება ღირსეული მეტოქეა და მის წინაშე მუხლის მოდრეკა სამარცხვინო სულაც არაა. ადამიანებმა, გარკვეულწილად მოვახერხეთ მისი დაპყრობა, მაგრამ არა სრულიად, არა ყველგან, არა ყოველთვის და არა ხანგრძლივად. თუცმა, იქნებ ეს არც თუ ისე ცუდია. იქნებ ისევ ბუნება გვახსენებს, რომ ადამიანებიც მისი ნაწილი ვართ. გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ მასზე სრულყოფილ მანქანებს ვერ მოვიგონებთ.
თანაც ამბობენ, განსაცდელი მეგობრობის საუკეთესო გამომცდელიაო.
საავიაციო კოლაფსი
ფოტო: REUTERS ©
![]() |
16 ვულკანი ეიაფიალაიოკული |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტო ესე
ისლანდია. 2010 წელი.
ფოტო: REUTERS ©
![]() |
17 მკვლელობა გულისხმიერების სახელით |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ილუსტრაცია: გიორგი GAMEZარდაშვილი
„თქვენ არ იცნობთ ჯეკს” მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა. ფილმი „სიკვდილის უფლების” ადვოკატის, ექიმ ჯეკ ქევორქიანის ისტორიას მოგვითხრობს. ექიმის როლს ოსკაროსანი ალ პაჩინო ასრულებს.
ქევორქიანმა შექმნა „მოწყალების მანქანა”, რომლის მეშვეობითაც 1990-98 წლებში 130-ზე მეტი სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფი გაემგზავრა იმ ქვეყნად. ექიმი გაასამართლეს და 10-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2007 წელს კი პირობით ვადამდე ადრე გაანთავისუფლეს. 16 აპრილს, CNN-ის ინტერვიუში ქევორქიანმა რიტორიკული შეკითხვა დასხვა - „სხვა რა უნდა გააკეთოს ექიმმა, როდესაც ხედავს, რომ პაციენტი იტანჯება - ზურგი შეაქციოს?”. ამ კითხვაზე მისი კოლეგა მედიკოსები ხშირად დუმილს ამჯობინებენ, აცნობიერებენ რა სამართლებრივი დევნის საფრთხეს.
საქართველოში პაციენტის მოკვდინება, თუნდაც მისი დაჟინებული თხოვნით, სიცოცხლის ხელყოფად კვალიფიცირდება და დასჯადია. არსებობს საკუთარი სიკვდილის დაჩქარების ირიბი, კანონიერი გზა - სამედიცინო ჩარევაზე უარის თქმა. რელიგიური თვალსაზრისით თვითმკვლელობა მკვლელობას უტოლდება, თუნდაც საქმე მძიმე ავადმყოფს ეხებოდეს, და ორივე გზას ხშირად ევთანაზიის სახელით მოიხსენიებენ.
მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) განმარტავს. მისი თქმით, სამედიცინო-ბიოეთიკური მიდგომა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს რელიგიურ არგუმენტებს. ეკლესიისთვის ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხში ჩარევა მიუღებელია და მისი ვალია, საზოგადოებას ეს განუმარტოს.
„ჩვენს კანონმდებლობაში ყველა სახის ევთანაზია აკრძლალულია, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება კვლავ და კვლავ უბრუნდება ამ საკითხს”, - აღნიშნავს მამა ადამი და იქვე დასძენს, რომ ევთანაზიის შესახებ საუბრის გააქტიურება შეიძლება „გარკვეული ჯგუფების” ინტერესებში შედიოდეს.
ევთანაზიის მომხრეთა არგუმენტებიც ჰუმანური ხასიათისაა: რატომ უნდა ვაქციოთ ვინმესთვის სიცოცხლის უფლება სიცოცხლის ვალდებულებად და ვაიძულოთ, ტანჯვით გალიოს სიცოცხლის ბოლო წუთები? მამა ადამი ამ კითხვაშივე ხედავს პასუხს. მისი თქმით, პაციენტები სინამდვილეში უკეთეს პირობებსა და მოვლას, უკეთეს ტკივილგამაყუჩებელს ითხოვენ. „ადამიანი ვერ ინატრებს სიკვდილს - იმას, რისი გემოც არ იცის. როდესაც დაიწყო ევთანაზიის ლეგალიზაციის მცდელობა, პირველნი, ვინც ამის წინააღმდეგ წავიდნენ, იყვნენ არა ეკლესიის წარმომადგენლები ან ექიმები, არამედ ინვალიდები, მოხუცებულები, ონკოლოგიური ავადმყოფები... მათ საფრთხე იგრძნეს ევთანაზიის დაკანონებაში. სიცოცხლე სწორედაც ვალდებულებაა”, - აღნიშნავს არქიმანდრიტი
უმძიმესი ავადმყოფისთვის პოტენციურად ლეტალური ტკივილგამაყუჩებლის გაკეთებას კანონი ვერ კრძალავს. რისკი, რომ მედიკამენტი სიკვდილს დააჩქარებს, ხშირად არსებობს, ექიმი კი ვალდებულია, გაუტკივარებაზე იფიქროს. ხშირად სადავო საკითხი ხდება განზრახვა, რადგან ზღვარი ტანჯვის შემამსუბუქებელ და სასიკვდილო დოზას შორის ბუნდოვანია. არქიმანდრიტ ადამის თქმით, ტკივილის გაყუჩება აუცილებელია, ისევე როგორც სხვა სიტუაციებში სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის ჩატარება, რომელიც ასევე შეიძლება ამოკლებდეს სიცოცხლეს.
მართლმადიდებლურის მსგავსია კათოლიკური ეკლესიის პოზიციაც, რომელსაც მამა აკაკი (ჭელიძე) გვიზიარებს. მისი თქმით, შეგნებული ქმედებით ან უმოქმედობით სიკვდილის გამოწვევა ყოველთვის დაუშვებელია. არსებობს მრავალი საშუალება, რათა აუტანელი ტკივილი შემსუბუქდეს. „ბუნებრივია, პრობლემა რთულია - დგება ღირსების, ცხოვრების ინდივიდუალური ხედვის საკითხი” - აღნიშნავს მამა აკაკი. არავის აქვს უფლება უარი თქვას ღვთის უდიდეს საჩუქარზე - სიცოცხლეზე. მეტიც, განკაცებულმა უფალმა გვაჩვენა, რომ ცხოვრების მოკლე და მტანჯველი გზა ზოგჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე ხანგრძლივი და მიწიერი კეთილდღეობით აღსავსე.
ეკლესიების ერთგვაროვანი პოზიციის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფოს მიდგომა განსხვავებულია. ნიდერლანდებში პაციენტის თხოვნით მისი უმტკივნეულოდ მოკვდინება დაშვებულია. ბელგიაში, შვეიცარიასა და აშშ-ს შტატ ორეგონში ლეგალიზებულია „თვითმკვლელობა ექიმის დახმარებით” - ექიმი პაციენტს ეხმარება მომაკვდინებელი წამლის მიღებაში. საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის გივი ჯავაშვილისთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელი და გასაკვირიცაა. თუმცა, მისთვის ხელშეუხებელია პაციენტის უფლება, უარი თქვას სიცოცხლის შემანარჩუნებელ სამედიცინო ჩარევაზე.
ჯავაშვილის აზრით, ავადმყოფის უარს მკურნალობაზე ევთანაზია არ უნდა ვუწოდოთ. ეს უფლება კანონითაც დაცულია - პაციენტის ნების წინააღმდეგ წასვლა კვალიფიცირდება, როგორც მასზე თავდასხმა. ჯავაშვილის აზრით, სიცოცხლის გადარჩენა ექიმის უპირველესი მოვალეობაა, მაგრამ იძულებითი მკურნალობის აკრძალვასაც აქვს მორალური გამართლება. „თუ ექიმი ხედავს, რომ მისი მოქმედება პაციენტს ტანჯვას აყენებს და იზოლაციაში აქცევს... ხედავს, რომ პაციენტი ახლობლებთან ვეღარ ურთიერთობს, თავის დასამშვიდებლად ან სხვების დასანახად კვდომის პროცესი უსარგებლო ჩარევით არ უნდა გაახანგრძლივოს. ყველაფერი, რაც შესაძლებელია, ყოველთვის საჭირო არ არის,” - აღნიშნავს იგი.
ჯავაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, თუ რატომ ამბობს ხოლმე პაციენტი მკურნალობაზე უარს. შესაძლოა, ამის საფუძველი იყოს არა მხოლოდ სნეულებით გამოწვეული ფიზიკური ტკივილი, არამედ ავადმყოფის ემოციური მდგომარეობაც. „იქნებ ჩვენ ვართ უგულოები? იქნებ ავადმყოფი ხედავს, რომ გარშემომყოფთათვის ის ეკონომიკური ტვირთია?” ჯავაშვილის თქმით, მზრუნველობის შესაძლებლობა არ წყდება არც უიმედო პროგნოზის და არც მკურნალობაზე უარის თქმის შემდეგ. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია პალიატიური მზრუნველობა - მრავალმხრივი პრაქტიკა, გათვლილი იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. მისივე აზრით, ევთანაზიის ლეგალიზაციაზე პრიორიტეტულია იმ თანამედროვე მიდგომის დამკვიდრება და განვითარება, რომელიც გათვლილია მძიმე ავადმყოფისთვის ტკივილის შემსუბუქებაზე, სიმპტომების მოხსნასა და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.
![]() |
18 მოსაზრებები სკოლების კომპიუტერიზაციაზე |
▲ზევით დაბრუნება |
ბაკურ სულაკაური|სვეტი
ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან პირველკლასელებს წიგნების ნაცვლად დაურიგდებათ კომპიუტერები შიგ ჩატვირთული სახელმძღვანელოებით; მოსწავლეები თავიდანვე ეზიარებიან ახალ ტექნოლოგიებს და ეს ყველაფერი დამატებით დანახარჯებს აღარ საჭიროებს. მოგვიანებით რომელიღაც სახელმწიფო მოხელემ დააზუსტა, რომ აქამდე პირველკლასელთა წიგნებზე იხარჯებოდა 8 მლნ ლარი ყოველწლიურად, ხოლო ეს თანხა სრულიად საკმარისია ყველა პირველკლასელისთვის ლეპტოპის შესაძენად.
წინასწარ უნდა განვაცხადო, რომ იდეა ძალიან კარგი და პროგრესულია და მომავალში მას ალტერნატივა არ გააჩნია. ოღონდ მისი განხორციელებისთვის საჭიროა გავიაზროთ, რა ტიპის პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ.
პირველ ყოვლისა, უნდა დავაზუსტო, რომ 8 მლნ ლარი არამცთუ არასოდეს დახარჯულა პირველკლასელთა სახელმძღვანელოების შესაძენად, არამედ თეორიულადაც ვერ დაიხარჯება: სულ საქართველოში არის დაახლოებით 40 ათასი პირველკლასელი. პირველი კლასის სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ასეთ შემთხვევაში უნდა ღირდეს 200 ლარი, არადა, ღირს, დიდი-დიდი, 40 ლარი ანუ 5-ჯერ ნაკლები. თანაც, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც რვეულების ფასსაც კომპლექტის ღირებულებაში შევიტანთ. მაგალითად, შარშანწინ 1 მლნ ლარზე ნაკლები დაიხარჯა სახელმძღვანელოების შესაძენად.
პრეზიდენტის განცხადებამ განსაკუთრებული პანიკა გამოიწვია მასწავლებლებში. სპეციალური გადამზადების გარეშე (ეს კი დროის მოკლე, თუნდაც ერთწლიან მონაკვეთში სრულიად შეუძლებელია) მასწავლებელი სწავლებას ვერ მოახერხებს - ადგება და მშობლებს ისევ წიგნების მოტანას დაავალებს. მშობლებს ფულის გადახდა მოუწევთ იმაში, რაც აქამდე უფასო იყო.
პრეზიდენტის განცხადებამ დააბნია გამომცემლებიც. ბევრ მათგანს აქვს პირველი კლასის სახელმძღვანელოების ნაშთები და, კომპიუტერის სავალდებულო შეტანით, ნაშთი მაკულატურად იქცევა. ზარალის ასანაზღაურებლად გამომცემელი იძულებული გახდება, გაზარდოს სხვა კლასების სახელმძღვანელოების ფასები. გარდა ამისა, როდესაც ვლაპარაკობთ ლეპტოპში ჩატვირთულ სახელმძღვანელოებზე, საიდან უნდა გაჩნდეს ეს მასალა? ალბათ იგულისხმება, რომ უნდა ავიღოთ არსებული წიგნები და გადავიყვანოთ PDF ფორმატში. არსებული წიგნები სხვადასხვა გამომცემლობის კერძო საკუთრებაა და არა მგონია, რომელიმე დათანხმდეს მათ უფასო ჩატვირთვაზე მოსწავლის ლეპტოპში. თანაც, კომპიუტერის გამოყენება მხოლოდ იმისთვის, რომ PDF ფორმატში არსებული გვერდები იკითხოს კაცმა, ცოდოა. ასეთი მიდგომა პრინციპულად არ განსხვავდება ქაღალდზე დაბეჭდილი წიგნის გამოყენებისგან. თანამედროვე ტექნოლოგიების მთელი ხიბლი ის არის, რომ მათი დახმარებით სწავლება უფრო საინტერესო ხდება ეს უკვე აღარც არის მხოლოდ სახელმძღვანელო (ანუ ტექსტს პლუს ილუსტრაციები) ამ ყველაფერს ემატება ვიდეო და აუდიო ფაილები და ინტერაქცია. იმის გამო, რომ ქართულში შესატყვისი არა გვაქვს, გამოვიყენოთ ამ ყველაფრის აღსანიშნავად ინგლისური სიტყვა კონტენტი (სიტყვა „შინაარსი” აშკარად სხვა რამეს ნიშნავს).
საიდან უნდა გაჩნდეს ახალი კონტენტი, რომელიც მოსწავლის ლეპტოპს დასჭირდება? კონტენტად რომ PDF ფორმატის წიგნები არ გამოდგება, ცხადია. შესაბამისად, იგი ახლიდანაა შესაქმნელი. ის მის კითხვა: შეიძლება თუ არა ერთმანეთის ალტერნატიული რამდენიმე კონტენტი არსებობდეს და თუ შეიძლება, მაშინ როგორ შეიძენს სახელმწიფო ამა თუ იმ კონტენტს?
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტენტი არსებობს, წარმოიქმნება რამდენიმე ტექნიკური პრობლემა. მაგალითად, ის, რომ მოსწავლის ლეპტოპს აუცილებლად ქართული კლავიატურა უნდა ჰქონდეს. ჩვენ და სამარცხვინოდ, კლავიატურა ქართული ანბანით არ არსებობს და, რაც ყველაზე უარესია, კლავიატურის სტანდარტიც კი არა გვაქვს. როდესაც ასეთ ელემენტარულ საკითხზეც კი არავის უფიქრია, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის პრეტენზია.
პრეზიდენტის ერთ-ერთი ძირითადი პათოსი იყო, რომ ლეპტოპის შეძენით და მასში PDF ფორმატებში გადაყვანილი წიგნების ჩატვირთვით დაიზოგება თანხები. სინამდვილეში ეს მთლად ასე არაა: უნდა განვასხვავოთ მოწყობილობა და კონტენტი. კონტენტის შექმნა არანაკლებ რთული და ძვირია, ვიდრე მოწყობილობებისა. მოწყობილობის შეძენით თითქოს გვაქვს ერთჯერადი ხარჯი, მაგრამ სინამდვილეში მივიღებთ პოტენციურად ზრდად ხარჯებს სულ ახალ-ახალი კონტენტის შესაქმნელად.
ყველა შემთხვევაში, პრეზიდენტის იდეის განსახორციელებლად უნდა გადაიჭრას შემდეგი საკითხები:
მოხდეს ქართული კლავიატურის სტანდარტიზაცია და მისი დანერგვა სახელმწიფო დაწესებულებებში მაინც. მერეღა შეიტანონ სკოლებში მხოლოდ ქართულ კლავიატურიანი ლეპტოპები;
2. ვინაიდან მოსწავლის ლეპტოპებს ბევრი სხვადასხვა კომპანია აწარმოებს მთელ მსოფლიოში, ისინი ტენდერის საშუალებით უნდა შევიძინოთ; საერთოდ კი, რაკი მოსწავლის ლეპტოპი არაა სრულფასოვანი კომპიუტერი და ოპერაციული სისტემის ნაცვლად კონტენტი პირდაპირ ინტეგრირებულია მოწყობილობაში, კონტენტის შემქმნელი კავშირში უნდა იყოს ლეპტოპის მწარმოებელთან (ან თავადვე აწარმოოს ლეპტოპი);
3. რადგან ლეპტოპის შეძენაზე უფრო რთული სათანადო კონტენტის შექმნაა, ჯერ საჭირო ცვლილებები უნდა შევიდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში და მერე გამოცხადდეს კონკურსები კონტენტის შესაქმნელად (სახელმძღვანელოების კონკურსების ანალოგიურად). გასათვალისწინებელია ალტერნატიული კონტენტების არსებობის შესაძლებლობა (ისევე როგორც არსებობს ერთმანეთის ალტერნატიული გრიფირებული სახელმძღვანელოების თავისუფალი ბაზარი).
დასასრულ, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლის ლეპტოპი სათანადო კონტენტით გარდაუვალი აუცილებლობაა არცთუ შორეულ მომავალში, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მომავალი მალე დადგეს, მისი განხორციელების რეალისტურ გზებზე ახლავე უნდა დაიწყოს მსჯელობა.
![]() |
19 ეკლესიის ძალა უძალობაშია |
▲ზევით დაბრუნება |
ნოდარ ლადარია|სვეტი
მემატიანეები წერენ, ჰილდებრანდს პაპობა არ უნდოდაო... ვინ იცის, იქნებ მართლაც ასე იყო და 1073 წელს, როცა რომის ტახტი დაქვრივდა, გავლენიან ბერს მართლაც ეთქვა, არჩევნებზე არ გამიყვანოთო, მაგრამ ეს ალბათ ხრიკი იყო. როგორც კი პაპად აირჩიეს და გრიგორი VII დაერქვა, მაშინვე გაჩნდა სქელტანიანი ტრაქტატი საეკლესიო რეფორმების შესახებ. აი, რამდენიმე თავის სათაური: „მხოლოდ რომის ეპისკოპოსია საყოველთაო”, „მხოლოდ პაპს შეჰფერის იმპერიული ნიშნები”, „მხოლოდ პაპს უნდა ემთხვიონ ფეხზე ძლიერნი ამა ქვეყნისა”...
ეკლესიაში ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდა. თვისებათა სრულ კომპლექტს პიროვნების კულტიც კი არ აკლდა. პაპი ერთპიროვნული მმართველი ხდებოდა და ღირსებით მისი ტოლი ეპისკოპოსები სიმბოლურად დაწინაურებულ მღვდლებს ემსგავსებოდნენ.
გრიგორიმ თეორია არ იკმარა და სამღვდელოთა უქორწინებლობა დააკანონა. მოწინააღმდეგენი საღვთო წერილს, კერძოდ, პავლე მოციქულის ეპისტოლეებს იმოწმებდნენ, მაგრამ პაპისთვის ეს არგუმენტი არ აღმოჩნდა. მოწინააღმდეგეებმა 1075 წელს წირვისას ბრბო მიუსიეს პაპს. გრიგორი ძლივს გადარჩა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა არგუმენტი.
იმ დრო ის ყველაზე პოპულარულმა დასავლელმა თეოლოგმა, პიერ დამიანიმ გრიგორი VII-ს ორი სახელი შეარქვა: „ძლევამოსილი ქარი” და „წმინდა სატანა”. სხვათა შორის, თუ პირველს იაპონურად ვთარგმნით, „კამიკაძე” გამოვა. ასე ქარივით დაატყდა თავს პაპი გრიგორი იმპერატორის გვარის ხუთ წარჩინებულს, რადგან მათ ეპისკოპოსების დადგენა გაბედეს. აქედან დაიწყო დიდი ისტორია... პაპმა იმპერატორს საიდუმლო წერილი გაუგზავნა: მიხედე ამათ, თორემ ყველას განგკვეთთო.
იმპერატორი ჰაინრიხ IV იმ დროს 25 წლისა იყო. საშინლად სძულდა რომიცა და პაპის აპარატიც, რადგან ბავშვობიდანვე ის აზრი ჩაუნერგეს, რომ ეკლესია იმპერატორებისგან მითვისებული ძალაუფლებით ცდილობს ქვეყნიერების მართვას. განრისხებულმა პაპის საიდუმლო წერილი გამოაქვეყნა.
იმპერატორის ქვეშევრდომები აღშფოთდნენ. ჰაინრიხმა ისარგებლა განწყობით და ორი ერთდღიანი კრება მოიწვია. ერთი ვორმსში - გერმანულ ქალაქში, რომელიც ჯერ კიდევ ელოდა მარტინ ლუთერის ამბოხს. მეორე - იტალიის ქალაქ პიაჩენცაში. პაპისადმი მიმართვაც შესაბამისი მიიღეს: „ჰაინრიხი, იმპერატორი არა უკანონოდ, არამედ ღვთის ნებით, ჰილდებრანდს, არა პაპს, არამედ თვითმარქვია ბერს”.
ვინ იცის, დღესაც რომ ასე ესმოდეთ დიპლომატია ევროპელებს, იქნებ უკეთესი ყოფილიყო.
რომში, 110 იტალიელი და ფრანგი ეპისკოპოსის წინაშე, წერილი ხმამაღლა წაიკითხეს. მღვდელმთავრები, ალბათ მაამებლობით აღძრულნი, მაცნეს იქვე ჩამოხრჩობით დაემუქრნენ. ისევ გრიგორიმ იხსნა საბრალო. ბოლოს და ბოლოს, პაპმა საეკლესიო კრება მოიწვია, განკვეთა ჰაინრიხი და მისი ქვეშევრდომები ყველა ვალდებულებისგან გაათავისუფლა. ცივი ომი გაცხელდა...
ჰაინრიხ IV გერმანელი მეფე (1059-1106), წმინდა რომის იმპერატორი. იბრძოდა იმპერიაში სამეფო ხელისუფლების გასაძლიერებლად. ამ მიზნით დაუპირისპირდა რომის პაპს, რომელსაც ეკლესიის საერო ძალაუფლებისგან გათავისუფლება სურდა. ორჯერ გადასცეს ანათემას. პირველი ანათემა პაპმა გრიგორიმ მას შემდეგ მოხსნა, რაც უპოვრის სამოსელში შემოსილმა ჰაინრიხმა თავი დაიმდაბლა და სამი დღე გაატარა კარიბჭესთან შენდობის მოლოდინში. სინანულის შემდეგ მან კვლავ არ ცნო პაპის ხელისუფლება და საგანგებო კრებას აარჩევინა ანტი-პაპი კლემენტი. გრიგორიმ ჰაინრიხი კვლავ ანათემას გადასცა. თუმცა იმპერატორს მხოლოდ სასულიერო ხელისუფლებასთან არ ჰქონდა პრობლემები. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის სამეფო ტახტიდან საკუთარმა შვილმა გადააყენა. გრიგორის მსგავსად, ჰაინრიხიც დევნილობაში გარდაიცვალა. |
|
|
პაპი გრიგორი VII რომის 158-ე პირველიერარქი. კათოლიკე ეკლესიაში ცელიბატის ანუ სასულიეროთა უქორწინებლობის საბოლოო შემომღები. პაპის კათედრაზე ასვლამდე იყო მრავალ წინამორბედ პაპთან დაახლოებული პირი რომში. იყო ელჩი საფრანგეთსა და გერმანიაში. 1059 წლიდან გახდა არქიდიაკონი და ვატიკანის ფაქტობრივი მმართველი. მისი რეფორმის შედეგად, პაპის არჩევა უფრო ვიწრო წრეს, კარდინალთა კოლეგიას დაეკისრა. იბრძოდა საერო ხელისუფლების ჩარევისგან ეკლესიის გასათავისუფლებლად. იმხანად ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს სასულიერო ხარისხს ხშირად იმპერატორი გადასცემდა. იმპერატორის მიერ დანიშნული სასულიერო პირი სახელმწიფოს ვასალი ხდებოდა. გრიგორი უპირისპირდებოდა სასულიერო ხარისხით ვაჭრობასაც. |
აქ კი ახალგაზრდა იმპერატორი გერმანელმა თავადებმა მიატოვეს: როგორც ეტყობა, შადიმანებით მხოლოდ საქართველო არ არის მდიდარი. არისტოკრატებს ჰაინრიხის შეზღუდვა უნდოდათ, ამიტომ ურჩიეს, პაპს შეურიგდიო.
იმპერატორმა პაპი ქალაქ ავგუსტაში მიიწვია. გრიგორის არავისი ეშინოდა, ამიტომაც გაეშურა ავგუსტას. გზად გაიგო, რომ ჰაინრიხმა ვასალების წინაშე თავის დამცირება არ ისურვა, ამიტომ თვითონაც წავიდა შესახვედრად. პაპი იქვე, კანოსას ციხე-დარბაზში გაჩერდა.
ჰაინრიხმა 25 იანვარს მიაღწია კანოსას. ზამთრის სუსხში, ციხე-დარბაზის კართან ფეხშიშველი და პერანგისამარა წარდგა - შენდობას ითხოვდა. ამ თეატრს სამი დღე იმეორებდა. ბოლოს გრიგორიმ მიიღო და აზიარა. პაპმა კანოსას ამბავი იმპერატორის უპირობო კაპიტულაციად გაიგო, იმპერატორმა კი - უსიამოვნო კომპრომისად.
პაპსა და იმპერატორს შორის დადებულ ხელშეკრულებას ჯერ კიდევ მელანი არ შეშრობოდა, როცა გერმანელი თავადების ნაწილმა ისარგებლა შემთხვევით, გადააყენა ჰაინრიხი და მის მაგიერ რუდოლფ შვაბიელი გაამეფა. ჰაინრიხმა უზურპატორის წინააღმდეგ ომი წამოიწყო და ქალაქ მერზებურგთან შეერკინა კიდეც. ბრძოლის დასასრული ცხადი არ იყო, მაგრამ რუდოლფი დაიღუპა და პაპის აღიარებამ მხოლოდ მის გვამს მიუსწრო.
ახლა კი ჰაინრიხმა იხელთა დრო, შეკრიბა გერმანელი ეპისკოპოსები და გამოაცხადებინა, რომ მერზებურგის ბრძოლა იყო ღვთის ნების განცხადება: გრიგორი არის გველი, რომლის სუნთქვა წამლავს ეკლესიას. გამხნევებულმა ჰაინრიხმა პაპად ქალაქ რავენის ეპისკოპოსი დანიშნა კლიმენტ III-ის სახელით და რომზე გაილაშქრა.
ქალაქმა პაპს დაუჭირა მხარი და საშინელ ალყას ორი წელი უძლებდა. ბოლოს, 1084 წელს დანებდა. არ დანებდა თვითონ გრიგორი და დახმარება ნორმან ავანტიურისტს, რობერ გვისკარდს სთხოვა. მოვლენები ასე განვითარდა: კლიმენტმა ჰაინრიხს გვირგვინი დაადგა და იმპერატორი გერმანიას დაუბრუნდა. საფრთხე აღარ იყო, მაგრამ გრიგორის მოხმობილი გვისკარდი სიცილიაში შეგროვილი სარკინოზებით შევიდა რომში: ათასობით რომაელი დახოცეს, ასობით ქალი გააუპატიურეს, მთელი უბნები გადაწვეს. ასეთი იყო პაპის მადლიერება ხალხის ერთგულებისთვის.
რომაელები გრიგორის მოსაკლავად დასდევდნენ. გრიგორი თავის საშინელ მხარდამჭერთან ერთად გაექცა ქალაქელთა რისხვას. მალევე მოკვდა მარტოობაში. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ ჩურჩულებდა: „დევნილობაში ვკვდები, რადგან სამართალი მიყვარდა და უსჯულოება მძულდა”. სამართალზე მეტად ეკლესია უყვარდა და ამ სიყვარულში უსჯულოებამდე ავიდა.
![]() |
20 ძველი თბილისის რთული აწმყო და ბუნდოვანი მომავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
მერიის ამბიციურ პროექტში კრიტიკოსები დაგეგმვის ნაკლებობას ხედავენ
ძველი თბილისის მძიმე მდგომარეობას ჩამონგრეული სახლები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები დროდადრო გვახსენებს. წელს უკვე რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოხდა. მერიის ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის სახლების 60%25 ავარიულია. სიტუაციის გამოსწორებას მერია პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლით” ცდილობს. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი გრძელვადიანი ხედვის არარსებობასა და ისტორიული ძეგლების მიმართ ზერელე დამოკიდებულებაზე საუბრობენ.
„თბილისის ახალი სიცოცხლე” 2009 წელს დაიგეგმა და 2010 წლის დასაწყისიდან მოქმედებს. პროექტის მიხედვით, ავარიული სახლის მცხოვრებლები თანამშრომლობაზე სამშენებლო კომპანიას უნდა შეუთანხმდნენ. კომპანია მათ ახალი ბინებით უზრუნველყოფს, რისთვისაც ბანკისგან კრედიტს იღებს. ძველი სახლისგან გათავისუფლებული მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადადის და მასზე ახალი შენობის ასაგებად კონკურსი ცხადდება. გამარჯვებული კომპანია მშენებლობისთვის სახელმწიფო გრანტს იღებს, პროექტს კი მერიის არქიტექტურის სამსახური ამტკიცებს.
„ICOMOS საქართველოს” თავმჯდომარის, ნატო ცინცაბაძის აზრით, მთავარი პრობლემა მარეგულირებელი დოკუმენტების არარსებობაა. ცალკეული შენობების პროექტებს არქიტექტორთა საბჭო ამტკიცებს. მაგრამ პროფესიონალური საბჭოს გადაწყვეტილებაც შეიძლება აცდეს ქალაქის მოთხოვნილებებს, თუ არ არსებობს ერთიანი ხედვა, რისი დანგრევა ან აშენება შეიძლება და რატომ.
ცინცაბაძე განმარტავს, რომ ისტორიულ ქალაქს ცალკე მდგომი ძეგლისგან განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. დასაცავია არა მარტო კონკრეტული შენობები, არამედ ხედი, გარემო და პერსპექტივა. „საჭიროა მრავალკომპონენტიანი გეგმა. წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, რას, როგორ და რატომ ვინარჩუნებთ. დღეს კი, მოსახლეობის გასახლების შემდეგ, ძველ თბილისში დარჩენილი სახლის ბედი გაურკვეველია,“ - აცხადებს ცინცაბაძე. მისივე თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილის მერობისას გადაიდგა ნაბიჯი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებისკენ - შეიქმნა „ძველი თბილისის საყრდენი გეგმა“. დოკუმენტი მოიცავდა ფაქტებს ქალაქის ისტორიული ნაწილის შესახებ. მის საფუძველზე შეიძლებოდა განვითარების სტრატეგიის შემუშავება. მაგრამ, საქმის წინ წაწევის ნაცვლად, საყრდენი გეგმა გვერდზე გადადეს.
მერიის პრესცენტრში მიაჩნიათ, რომ არქიტექტორთა საბჭოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში ძველი ქალაქის სწორი განვითარებისთვის საკმარისი პირობაა; საბჭოს წევრებს, ცალკეული ნაგებობების ღირებულებასთან ერთად, გარემოსა და სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინებაც შეუძლიათ. ამასთანავე, წინასწარ განსაზღვრულია ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტების სრული სია. ძველი თბილისის გამგებლის, დავით ავალიანის თქმით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ კულტურული ღირებულების მქონე შენობების დაცვაა.
„თბილისის ჰამქრის“ უსტაბაშს, ალეკო ელისაშვილს, ძველი თბილისის ძეგლთა დაცულობაში ეჭვი შეაქვს. ელისაშვილი იხსენებს, რომ წინა წლებში მერიამ ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმელის შენობასა და ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს. მერიის პრესცენტრში ამბობენ, რომ ორივე გადაწყვეტილება არქიტექტორთა საბჭომ მიიღო. თუმცა, დასახელებულ შემთხვევებს „ძველი თბილისის ახალ სიცოცხლესთან” კავშირი არ აქვს.
ელისაშვილი პროექტს „ბნელსა და დახურულს“ უწოდებს. „აქ საქმე გვაქვს პროტექციონიზმთან, რადგან, ჩემი ინფორმაციით, უგულავა კრედიტებს აძლევს მასთან დაახლოებულ გაკოტრებულ ბიზნესმენებს,“ - აცხადებს უსტაბაში. ამის საპასუხოდ მერიაში ამტკიცებენ, რომ სამშენებლო კომპანიები მათი გამოცდილების მიხედვით შეირჩა. თანაც, პროცესში სამშენებლო ბიზნესის ყველა ძირითადი წარმომადგენელია ჩართული და გაუგებარია, რაში ვლინდება პროტექციონიზმი.
ამჟამად კომპანიები წინასწარ მოლაპარაკებებს მართავენ მოსახლეობასთან, რათა წარადგინონ წინადადებები „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მეორე ეტაპში მონაწილეობისთვის. მეორე ეტაპისთვის კომპანიების შესარჩევი კონკურსი 20 მაისს დასრულდება. პროექტის პირველ ეტაპში ათმა სამშენებლო კომპანიამ და ოთხმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში კომპანიებმა 320 ოჯახთან მიაღწიეს შეთანხმებას. ამ ოჯახებისთვის ახალი ბინები ორ წელიწადში აშენდება. ამხანაგობებთან კონტრაქტების გაფორმების შემდეგ, არქიტექტურულმა კომპანიებმა ბანკებისგან ჯამში 53 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი მიიღეს.
არსის მთავარი არქიტექტორის, ირაკლი როსტომაშვილის აზრით, მერია ერთდროულად სამ კურდღელს იჭერს. გარდა იმისა, რომ ხდება ძველი თბილისის აღდგენა და უმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, მოგებული რჩებიან სამშენებლო კომპანიები. საბანკო კრედიტების დახმარებით, ისინი კრიზისის გამო შეჩერებული მშენებლობების დასრულებას მოახერხებენ. როსტომაშვილის თქმით, პროექტი კომპანიებს 50,000-მდე სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში ეხმარება.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველ თბილისში მრავალი ათასი ავარიული სახლია, 320 ოჯახის დაკმაყოფილება მხოლოდ მცირე ნაბიჯია. როსტომაშვილი პროგრამის მიმდინარეობის ნელ ტემპს იმას უკავშირებს, რომ მოსახლეობა კომპანიებს ხშირად არარეალურ პირობებს უყენებს. „პატარა ბინის სანაცვლოდ დიდ ბინას ითხოვენ, რასაც არც ერთი კომპანია არ დააკმაყოფილებს, რომელსაც არითმეტიკის მცოდნე თანამშრომელი ჰყავს”. შეთანხმება ვერ შედგება, სანამ მას ერთი ოჯახი მაინც ეწინააღმდეგება. ახლანდელი ტემპის პირობებში, ძნელი სათქმელია, რამდენი დრო დასჭირდება ძველ უბნებში მდგომარეობის ძირეულად შეცვლას.
![]() |
21 ირანელი სულიერი ლიდერი მიწისძვრებს ქალებს აბრალებს |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
წინა კვირაში ირანულმა მედიამ გაავრცელა მაღალი რანგის სასულიერო პირის, ჰოჯათოლესლამ ქაზემ სედიღის ქადაგების ნაწყვეტი. სედიღის აზრით, „მრავალი ქალი, რომელიც მოკრძალებულად არ იცვამს... რყვნის ახალგაზრდა კაცებს, ლახავს მათ პატიოსნებას და ავრცელებს ღალატს, რაც ამრავლებს მიწისძვრებს”.
სულიერი ლიდერის დაინტერესებას მიწისძვრის გამომწვევი მიზეზებით წინ უძღოდა ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის წინასწარმეტყველება. აჰმადინეჯადი დარწმუნებულია, რომ მიწისძვრა ქვეყნის დედაქალაქ თეირანში მოხდება და 12 მილიონი ქალაქელიდან დიდი ნაწილი წინასწარ უნდა გადაიხვეწოს.
ქადაგებისას სედიღიმ იკითხა: „რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ არ დავიმარხოთ ნანგრევებში?” და თავადვე უპასუხა: „ერთადერთი გამოსავალია - თავი შევაფაროთ რელიგიას და მოვარგოთ ცხოვრება ისლამის ზნეობრივ კანონებს”. ისლამის კანონებით, ირანში ქალებს ევალებათ სხეულის თხემით-ტერფამდე დაფარვა. ზოგიერთი ქალი არღვევს ყველაზე მკაცრ ნორმებს და ისეთ ტანსაცმელს ირჩევს, რომელიც სხეულის ფორმას ხაზს უსვამს.
![]() |
22 ქართველი მომხმარებლები ფეიფალზე ოცნებობენ |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ტექნოლოგია
ონლაინგადახდის პულარული სისტემა უკვე 190 ქვეყანაში მოქმედებს
ინტერნეტშოპინგის მოყვარულთათვის უცხო არ არის საიტები, რომლებზეც გადახდის ერთ-ერთი ან ერთადერთი საშუალება ფეიფალია. ასეთ საიტებს მიეკუთვნება უდიდესი ინტერნეტაუქციონი იბეიც.
ინტერნეტა უქციონზე ვაჭრობა გარკვეულ რისკს შეიცავს. თუ არა კეთილსინდისიერ გამყიდველს გადააწყდით, შესაძლოა, ნაყიდი ნივთი, მასში გადახდილ თანხასთან ერთად, უკვალოდ დაიკარგოს. ჩვეულებრივი ბარათით გადახდის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგება საბანკო ანგარიშიც. მისი მონაცემების არასანდო ხელში ჩავარდნა შეიძლება ცუდად დამთავრდეს. სხვა სისტემებისგან განსხვავებით, ფეიფალით გადახდილი თანხა მიმღებს ისე ერიცხება ანგარიშზე, რომ მყიდველის პირადი მონაცემები საიდუმლოდ რჩება. ფეიფალის საშუალებით იბეი მყიდველს შენაძენის დაკარგვის განაც იცავს.
ძალიან ადვილია დარეგისტრირდე ფეიფალის საიტზე და გახდე მომხმარებელი... თუ 190 მხარდაჭერილი ქვეყნიდან რომელიმეს მოქალაქე ხარ. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს ვერ ნახავთ. სიაში შეტანილია ჩვენი ყველა მეზობელი. თუმცა, ქვეყნების მხარდაჭერის ხარისხი სხვადასხვაა. თურქეთის გარდა, საქართველოს მეზობლებს ფეიფალი ყველაზე შეზღუდული ფორმით ემსახურება.
მართალია, ქართული საბანკო ბარათებითა და მისამართით ფეიფალის გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ მომხმარებლებმა გამოსავალს მიაგნეს. ისინი სისტემაში არარსებული თურქული და უკრაინული მისამართებით რეგისტრირდები ან დაანგარიშს პროკრედიტ ბანკის ვიზა კლასიკ ბარათებით ავსებენ. ეს ბარათები გერმანიაში მზადდება, რის გამოც ფეიფალის სისტემა „ტყუვდება” და მათზე უარს არ ამბობს. პროკრედიტ ბანკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბარათების ამგვარი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მომხმარებლებისგან შეიტყვეს.
შემოვლითი გზების აღმოჩენის მიუხედავად, ინტერნეტ მომხმარებლებმა შეადგინეს ონლაინ პეტიცია, სიაში საქართველოს დამატების მოთხოვნით. პეტიციაზე უკვე 3.200-მდე ხელმოწერა შეგროვდა. თუმცა, სხვა ინტერნეტ მიმართვების მსგავსად, შედეგი არც მას გამოუღია. საქართველო კვლავ ფეიფალის ინტერესთა სფეროს მიღმაა დარჩენილი. ამასთანავე, არც ერთ ქართულ ბანკს ფეიფალისთვის არ შეუთავაზებია ის მყარი საბანკო გარანტიები, რაც სისტემას სჭირდება. ერთადერთი გამონაკლისი 2005 წელს საქართველოს ბანკის წარმომადგენლის არაოფიციალური მიმართვა იყო, რომელზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა.
ფეიფალის კონკურენტი გადახდის სისტემებიდან ერთ-ერთი, გუგლ ჩექაუთი, საქართველოშიც მოქმედებს. თუმცა, მისი მომხმარებლების რიცხვი ჯერჯერობით გაცილებით მცირეა, ვიდრე ფეიფალისა. ბევრად მცირეა ამ სისტემის მხარდამჭერი საიტების რიცხვიც. ამასთან, გუგლ ჩექაუთს არ გააჩნია ის, რაც ფეიფალის მთავარი უპირატესობაა. თუ ფეიფალი ტრანზაქციას საკუთარი ანგარიშიდან ახორციელებს, ჩექაუთი მხოლოდ მომხმარებლის ბარათის მონაცემებს იმახსოვრებს და ავტომატურად აწვდის ინტერნეტ მაღაზიებს.
2007 წელს ფეიფალმა მხარდაჭერილი ქვეყნების სია 87-თ გაზარდა. დამატებულთა შორის იყო პოსტ საბჭოთა ქვეყნების უმეტესობა, აფრიკის ქვეყნები და გრენლანდია, სადაც სულ 58,000 ადამიანი ცხოვრობს. როდის ეღირსება ამგვარ წყალობას საქართველო, ამაზე მხოლოდ მკითხაობა შეიძლება.
![]() |
23 მშვიდობის სუში |
▲ზევით დაბრუნება |
ლაშა ბუღაძე|სვეტი
მოკლედ, ასეა: იმას, ვისაც მტკვარზე გადებული, „მშვიდობის ხიდად“ წოდებული, ვეება რკინის მონსტრი არ მოეწონება, თურმე, არც პროგრესისა გაეგება რამე და არც ქალაქის განვითარებაზე შესტკივა გული.
გვეუბნებიან: ინჟინერ ეიფელის კოშკიც არ მოსწონდათ მის თანამედროვეებს, მაგრამ, ჰა, ხომ დაამტკიცა ისტორიამ, რომ არა ჟაკ ეიფელი, არამედ სწორედ კრიტიკულად განწყობილი ხალხი ცდებოდაო.
ესეიგი, რა გამოდის? ვიდრე იმას ვიტყოდეთ, მოგვწონს თუ არა ეს თეთრი ვეშაპი („მშვიდობის ხიდად“ სახელდე ბული), ან მსგავსი თუ სხვანაირი „ანტისხეული“, მანამდე ეიფელისა და გი დე მოპასანის ამბავი უნდა გავიხსენოთ (მოგეხსენებათ, არც ამ უკანასკნელს ეხატებოდა გულზე პარიზის დღევანდელი სიმბოლო) და მხოლოდ მერეღა გამოვთქვათ აზრი, მერეღა გადავწყვიტოთ, მოგვეწონოს თუ არა. გემოვნებას კი არ ვენდოთ, არამედ ისტორიულ გაკვეთილს, ისტორიულ მაგალითებს... ფრანგები შეცდნენ XIX საუკუნის ბოლოს და ეგებ მეც ვცდებიო!
დიდი საქმე, თუ კი ამ გიგანტურმა სუშიმ („მშვიდობის ხიდად“ რომ მონათლეს) მეტეხიც ჩაჰყლაპა, სიონიც, ნარიყალაც და ყველაფერი, რაც მართლა მოგწონდა თბილისში მერე რა, თუ კი აღარაფერი ჩანს ამ „რკინის სუშის“ გარდა იდექი და იფიქრე, რომ ოდესღაც ფრანგებიც შეცდნენ და ხმა არ ამოიღო: რა მნიშვნელობა აქვს, უხდება თუ არა „სუში“ ძველ თბილისს, ლამაზია თუ მახინჯი მთავარი ხომ „შენება“ და პროგრესულობაა...
ამ „სუშისაც“ ისევე შევეჩვევით, როგორც სხვა, ჩვენს შიგნით თუ გარეთ ჩაბეტონებულ ჩაჟანგულ სიმახინჯეებს. ჩვენ ხომ შეგუების ხალხი ვართ.
სულ მცირე, კონკურსის თუ არა, დისკუსიის საგანი ხომ მაინც უნდა გამხდარიყო ამის მტკვარზე დადგმა არ დადგმა!
ის, რომ პრე ზიდენტს მოსწონს ან კი დევ ვინმე სხვას, ეს საკმარისია, რომ ამხელა ახალი სხეული განდეს ქალაქის ისტორიულ ნაწილში?
აქ ასეა: რასაც ხელისუფლება აკეთებს, აუცილებლად უნდა მოგეწონოს, თორემ ან „ჩასაფრებული“ ხარ, ან „ნოღაიდელი“.
უკაცრავად, არც ერთი ვარ, არც მეორე: ჯერ ერთი, ეს ხიდი მიმაჩნია სრულ სიმახინჯედ და, მეორეც, ვბრაზობ, როცა ხელისუფალს ფეხებზე კიდია თავისი მოქალაქეების აზრი და როცა თვლის, რომ სწორედ მისი შეხედულებაა (ნებისმიერ სფეროში) ანგარიშ გასაწევი და სწორი...
როდის იყვნენ, ერთი, ესთეტიკის მეტრები პოლიტიკოსები? საიდან ეს ამბიცია?
ან კი ეს რაღაა: იცით, თურმე, რის აშენებას აპირებენ ყოფილი „მხატვრის სახლის“ ადგილზე? ზუსტად პარლამენტის შენობის წინ, რაღაც უგვანი შუშის აკვარიუმის! რატომ არ შეიძლება, რომ აღდგეს ძველი ნაგებობა, რა აუცილებელია, რომ აქაც თანამედროვე ყაზახური არქიტექტურის „შედევრების“ მსგავსი კოლოსი აღმოცენდეს?
ან თუნდაც რა ბედი ელის ე. წ. „იმელის” შენობას?
მე ახლა არ ვწერ „პროგრესულობაზე“ და „კონსერვატორულობაზე“, მე ვწერ უპასუხისმგებლობაზე და სრულიად გაუგებარდა არაადეკვატურ თავდაჯერებულობაზე.
რა შუაში არიან XIX საუკუნის ფრანგები?
ანკი რა უნდა „სუშის“ მტკვარში?
![]() |
24 რონ პოლი: ექიმი, მეწარმე და ლიდერი |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა რაზა
ლექსო მაჭავარიანი
2010 წლის 14 აპრილს Rasmussen Reports-მა გამოაქვეყნა საერთო ეროვნული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები. შეკითხვაზე - ვის მისცემდით ხმას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - რესპონდენტთა 41%25-მა დაასახელა რესპუბლიკელი კონგრესმენი რონ პოლი, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხმათა 42%25 ერგო. დაახლოებით ორი თვით ადრე რესპუბლიკური პარტიის 2500 წევრს შორის ჩატარებულმა წინასწარმა კენჭისყრამ 2012 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატად რონ პოლი გამოავლინა.
ამ ორმა გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ აშშ-ს მოქალაქეთა დიდ ნაწილს ქვეყნის 45-ე პრეზიდენტად რონ პოლის ხილვა სურს - პიროვნებისა, რომელიც გამოდის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კურსის მკვეთრი ცვლილების, გაეროდან და ნატოდან გამოსვლის, ერაყიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან ჯარების გაყვანის, ეკონომიკის რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვის, გადასახადების მკვეთრი შემცირების, ფედერალური სარეზერვო სისტემის ლიკვიდაციის, ოქროსთვის ფულის ფუნქციის მინიჭების ლოზუნგებით და ეწინააღმდეგება აბორტებსა და ნარკოტიკებთან ბრძოლას. მარიხუანის ლეგალიზაცია და სექსუალურ უმცირესობათა უფლებები ის თემებია, რომელიც უზრუნველყოფს რონ პოლის პერსონისადმი მემარცხენედ განწყობილი ამერიკელების სიმპათიებსაც, თუმცა, ამავე დროს, მის მომხრეებში ბევრი მემარჯვენე ექსტრემისტიცაა, მათ შორის, ჯონ ბირჩის საზოგადოებაც.
მაშ, ვინ არის რონ პოლი, წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, მეტსახელად Doctor No, პიროვნება, რომელსაც სენატორმა ჯონ მაკკეინმა „კონგრესში ყველაზე უფრო პატიოსანი ადამიანი უწოდა”?
ის მართლაც ექიმია, მეან-გინეკოლოგი, თუმცა ეს მეტსახელი დაიმსახურა არა მხოლოდ პროფესიის, არამედ იმ პრინციპულობის გამოც, რომელსაც ის იჩენდა კონგრესში ხმის მიცემის დროს, არ უფრთხოდა რა პარტიული ხაზის წინააღმდეგ აშკარა გამოსვლებს. „კონსერვატიული მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიქცა საკუთარი თავის საცოდავ პაროდიად. იყო რა ადრე გამოჩენილი ინტელექტუალების და ლიტერატორების თავშესაფარი, დღეს ის მოგვიწოდებს ანტიინტელექტუალიზმისა და შოვინიზმისკენ”, - აცხადებს რონ პოლი საკუთარ წიგნში „მანიფესტი: რევოლუცია” და დასძენს - „ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ მემარცხენე ლიბერალებიც. კრიტიკულ მოაზროვნეებად პოზიციონირების მიუხედავად, მათი თავდაჯერებულობა მართვის საკითხებში უპატიებლად გულუბრყვილოა და ეფუძნება სამოქალაქო სამართლის სახელმძღვანელოდან აღებულ ბანალურობებს, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ რეალობასთან”
დაიბადა პიტსბურგში 1935 წელს, მუშაობდა სამხედრო ექიმად კორეაში, ირანში, ეთიოპიასა და თურქეთში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა საჰაერო ძალების ბაზაზე ტეხასში, შემდეგ - ეროვნულ გვარდიაში. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1974 წელს. ორ წელიწადში აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში. 1988 წელს, აშშ-ს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა „მესამე ძალამ”, ლიბერტარიანულმა პარტიამ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურა წამოაყენა ჯორჯ ბუშ უფროსის და მაიკლ დუკაკისის კონკურენტად. რონ პოლს, ბუნებრივია, ესმოდა, რომ გამარჯვების შანსი არ ჰქონდა, თუმცა კარგად ხედავდა ამ ნაბიჯის პროპაგანდისტულ მნიშვნელობას. 1997 წელს, წარმომადგენელთა პალატაში დაბრუნების შემდეგ, პოლის ანგარიშზეა კანონპროექტები საბიუჯეტო ხარჯების შემცირების, საშემოსავლო გადასახადისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის გაუქმების შესახებ. 2007 წელს ჩაერთო ბრძოლაში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის. ამჯერადაც ძირითადი მიზანი საკუთარი იდეების პოპულარიზაციაა. მისი აქცენტი ახალგაზრდებზეა, აწარმოებს წარმატებულ კამპანიას ინტერნეტში, აქტიურად იყენებს საიტებს: Facebook, YouTube და MySpace.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის ფაშიზმისკენ და ეს არის უკანასკნელი 100 წლის ტენდენცია”, აცხადებს იგი „ტერორიზმთან ომმა ამერიკელთა კიდევ უფრო დიდ რაოდენობას აჩვენა, რომ მთავრობა იყენებს შიშს და საკუთარ შეცდომებსაც კი, იმისთვის, რომ გაამართლოს ჩვენი სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა”.
თუმცა, ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია არა რონ პოლისში და პოლიტიკური საპროგრამო პრინციპები, არამედ აშშს საგარეო პოლიტიკის მისეული ხედვა. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ერთ-ერთ ინტერვიუში მის მიერ ნათქვამი ფრაზა: „საბჭოთა კავშირმა დროთა განმავლობაში ზედმეტად გააფართოვა საკუთარი გავლენა და ვეღარ შეძლო მისი შენარჩუნება. ასე ინგრევა ყველა იმპერია, არა სამხედრო დამარცხებათა, არამედ ეკონომიკურ მიზეზთა გამო. ჩვენი გავლენა 140 ქვეყანაზე გავავრცელეთ და, ამავე დროს, ეკონომიკურად უკვე ბანკროტები ვართ... ვფიქრობ, ყველაფერი დასასრულს უახლოვდება”.
საყურადღებოა მისი განცხადებები საქართველოს შესახებ. კითხვაზე თვლით თუ არა ადეკვატურად თეთრი სახლის რეაქციას კავკასიაში ომზე და როგორ მოიქცეოდით აშშს პრეზიდენტი რომ გამხდარიყავით რონ პოლმა უპასუხა: „პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, საქართველოსთვის ფულის გამოყოფის შეჩერებაა. თუ მათ სურთ ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამის სახსრები სადმე სხვაგან ეძიონ ან დაიცვან საკუთარი ძალებით. ამავდროულად, საქართველოსადმი დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთივე, როგორიც სხვა სახელმწიფოებთან. რაც შეეხება კონფლიქტებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ეს საკითხი ერთმანეთში უნდა გადაწყვიტონ რუსეთმა და საქართველომ. ნატო ამაში არ უნდა ჩაერიოს. მე მხარს ვუჭერ ერის უფლებას თვითგამორკვევაზე; კოსოვოს შემთხვევაში აშშ რატომღაც მხარს უჭერს ამ პოზიციას, ხოლო როდესაც საქმე ეხება საქართველოს უარს ამბობს მასზე.”
მთელი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში რონ პოლის მოსაზრებები იმდენად ეწინააღმდეგებოდა მეინსტრიმს, რომ უმრავლესობაში მხოლოდ თანაგრძნობის ღიმილს თუ იწვევდა, თუმცა ხსენებული გამოკითხვებისას ნაჩვენები შედეგი და მასზე რეაქცია აჩვენებს, რომ ტეხასელი კონგრესმენი არც თუ ისე არა რეალურ თემებზე საუბრობს. იმის მიუხედავად , რომ პოლის პრეზიდენტობის შანსი დიდი არ არის, მის მიერ წამოწყებული მოძრაობა ყოველდღიურად ფართოვდება. აქტივისტები სულ უფრო მეტად ურთიერთობენ საზოგადოებასთან, მონაწილეობენ ადგილობრივ არჩევნებში, კენჭს იყრიან შერიფებად და მუნიციპალურ საბჭოებში. აშკარაა ტენდენცია, რომელიც უახლოეს წლებში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შეერთებული შტატების პოლიტი კაზე. ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი 2012 წელს, ყველა იძულებული იქნება იყოს ცოტათი რონ პოლი.
რონ პოლი. ფოტო: REUTERS ©
![]() |
25 ტორესი, ინიესტა და ესიენი: სამიდან ორი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
სამხრეთ აფრიკა 2010
ვეფერნანდო ტორესი, ესპანეთის ნაკრებისა და ინგლისის ლივერპულის ბომბარდირი, მსოფლიო ჩემპიონატამდე ვეღარ ითამაშებს - მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს.
კლუბის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ტორესმა მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩენილი დროის გამოყენება გადაწყვიტა და ქირურგებს სწორედ ამიტომ მიმართა. ლივერპულის პრესცენტრის ცნობით, ესპანელი ივნისის დასაწყისში დაუბრუნდება ნაკრებს.
ტრავმირებულია ევროპის კიდევ ერთი ჩემპიონი, ბარსელონას ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, რომელსაც წვივის ტრავმა აწუხებს. 25 წლის ფეხბურთელს ექიმებმა დასვენება და მკურნალობა ურჩიეს. მისთვის ნაადრევად დასრულებულ სეზონში ინიესტამ ბარსელონას შემადგენლობაში სხვადასხვა ტურნირზე 41-ჯერ ითამაშა.
ესპანეთის ნაკრები პირველ მატჩს მსოფლიო ჩემპიონატზე 16 ივნისს, დურბანში, შვეიცარიასთან ჩაატარებს.
თუ ტორესი და ინიესტა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას შეძლებენ, განის ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის ნახევარმცველმა მიქაელ ესიენმა, შესაძლოა, უდიდესი საფეხბურთო ტურნირი გამოტოვოს - მუხლის ტრავმა ვერ მოირჩინა.
ესიენს დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. 27 წლის ფეხბურთელი განის ნაკრებს თებერვალში, აფრიკის თასზე დაეხმარა, თუმცა იქ ტრავმა გაუმიზეზდა და მას შემდეგ არც უვარჯიშია.
ფერნანდო ტორესი
ფოტო: REUTERS ©
და ბოლოს, ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ ბარნსმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები არიან ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებები, ინგლისს კი, ბოლოდროინდელი წარმატებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.
![]() |
26 ახალი ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
...საფრანგეთის ნაკრები 30 და 31 მაისს ტუნისში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: ჯერ მასპინძელთა ნაკრებს შეხვდება, მეორე დღეს კი ეტუალ დუ საელს. ტუნისში სამდღიანი შეკრების შემდეგ რაიმონ დომენეკის გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება.
…არგენტინის ნაკრების თავკაცმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც 12 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ნიგერიასთან ითამაშებენ: რომერო, ოტამენდი, დემიკელისი, სამუელი, ჰაინცე, იონასი, ვერონი, მაშერანო, დი მარია, მესი, იგუაინი ან ტევესი.
...მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1982 წლის შემდეგ პირველად გასული ჰონდურასის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ვენესუელასთან შინ 0:1 დამარცხდა.
...ბრაზილიის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა რონალდინიომ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე ოცნებობს. რონალდინიო, რომელიც, შესაძლოა, ზაფხულში მანჩესტერ სიტიში გადავიდეს, თითქმის წელიწადია, ნაკრების მწვრთნელ დუნგას რჩეულთა შორის არ მოხვედრილა.
ისტორიული ფაქტები
...1950 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილიამ უმასპინძლა, თუმცა ფინალური ეტაპის წილისყრა ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გაიმართა. ინდოეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ლონდონშივე აუკრძალეს - ინდოელები ფეხშიშველი ასპარეზობის უფლებას ითხოვდნენ, რაც ფიფა-სთვის მიუღებელი იყო.
...1954 წლის 26 ივნისს, ლოზანაში, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ავსტრიამ 7:5 დაამარცხა ტურნირის მასპინძელი შვეიცარია. პირველი ნახევარი ავსტრიელებმა 5:4 მოიგეს. მსოფლიო ჩემპიონატებზე 9 გოლი ერთ ტაიმში არც მანამდე გასულა და არც მას შემდეგ.
...1970 წელს პირველად მოხერხდა ტურნირის მატჩების ფერადი ტელეტრანსლირება. ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატს 800 მილიონზე ოდნავ მეტი ტელემაყურებელი ჰყავდა.
... 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ბრაზილიამ პარაგვაის ნაკრები 1969 წლის 31 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში, მარაკანაზე მიიღო. თამაშს, რომელიც მასპინძლებმა პელეს ერთადერთი გოლით მოიგეს, 183.341 გულშემატკივარი დაესწრო. ეს რეკორდია: ფეხბურთის ისტორიაში ერთ მატჩს ამდენი ოფიციალურად რეგისტრირებული (ბილეთიანი) ქომაგი არც მანამდე ჰყოლია და არც მას შემდეგ.
![]() |
27 იუნორინა: ქაოსი ქართულ სანაკრებო სისტემაში |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივიდან
მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჩემპიონთა თასის ხუთგზის მომგები ხუან სანტისტებანი 1998-2008 წლებში ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდა და პირენეელებმა არნახულ წარმატებებს მიაღწიეს: ოთხჯერ მოიგეს ევროპის 16 წლამდელთა ჩემპიონატი, ორჯერ - 17 წლამდელთა, ხუთჯერ 18 წლამდელებში გახდნენ უძლიერესნი, ერთხელ კი ევროპის 19 წლამდელთა პირველობაც მოიგეს. ამას გარდა, 17 წლამდელთა შორის სამჯერ ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში. აღარაფერს ვამბობთ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებებზე.
სწორედ სანტისტებანის გუნდებში დაიწყეს ეროვნული გუნდისკენ სვლა იკერ კასილასმა, კარლეს პუიოლმა, ხერარდ პიკემ, ხავი ერნანდესმა, ანდრეს ინიესტამ, სესკ ფაბრეგასმა, დავიდ ვილიამ, ფერნანდო ტორესმა, ერთი სიტყვით, ესპანეთის ნაკრების დღევანდელმა სუპერვარსკვლავებმა...
ერთი მწვრთნელი კურირებდა იუნიორთა გუნდებს და რა შედეგებიც ჰქონდა, ზემოთ ვთქვით. ზოგადად, ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა: ერთი სპეციალისტი ამზადებს ფეხბურთელებს ახალგაზრდული და ეროვნული გუნდებისთვის, ის გეგმავს ამა თუ იმ ნაკრების განრიგს, შეკრებებს, ის არჩევს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 16, 17, 18 და 19 წლამდელებს...
ამ მხრივ საქართველო ათი თავით მაღლა დგას სხვებზე! სფფ-ის გადაწყვეტილებით, ჩვენს ასაკობრივ გუნდებში, არც მეტი, არც ნაკლები, ხუთი მთავარი მწვრთნელია დასაქმებული!
19 წლამდელებს ერთი მწვრთნელი ჰყავთ (ვლადიმერ გუცაევი), 17 წლამდელთა შორის რატომღაც ორი ნაკრებია და, ცხადია, - ორი მთავარი მწვრთნელი (გიორგი დევდარიანი და კობა ჟორჟიკაშვილი), 16 წლამდელებს სულ სხვა წვრთნის (ვასილ მაისურაძე), 15 წლამდელები კი, როგორც ნაკრები, არ თამაშობენ, მაგრამ მათაც მოეძებნებათ ხელმძღვანელი (გელა შეყილაძე)...
და თუ სფფ-ის ოფიციალურ ინტერნეტგვერდს ვენდობით, საქართველოს 13(!) წლამდელთა ნაკრებიც ჰყოლია. ცხადია, სულ სხვა მწვრთნელით.
რა გამოდის?
მაშინ, როცა უეფა-ს ეგიდით კონტინენტის პირველობა მხოლოდ 17 და 19 წლამდელთა შორის ტარდება (ანუ მხოლოდ ორ ასაკობრივ ჯგუფში), საქართველოში ხუთი ასაკობრივი ნაკრებია სხვადასხვა შეხედულების, გაქანების, ცოდნის თუ გემოვნების ამდენივე მწვრთნელით და სწორედ მათ ხელში ყალიბდება ჩვენი ბედკრული ფეხბურთის მომავალი.
შედეგი?
შარშანდელს არ გავიხსენებთ, ბოლო თამაშებზე მოგახსენებთ: 19 წლამდელებმა (ვლადიმერ გუცაევი) გასულ კვირას იასპარეზეს პორტუგალიაში, ტრადიციულ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში, სადაც რუსეთთან 0:3, მასპინძლებთან კი 0:6 დამარცხდნენ და მხოლოდ ბოლო ადგილზე გასულ ბულგარეთს სძლიეს 3:1. 16 წლამდელები (ვასილ მაისურაძე) ორჯერ დამარცხდნენ აზერბაიჯანში მასპინძლებთან - 0:1 და 1:3...
მარცხი, მარცხი, მარცხი...
ფოტო: REUTERS ©
ასე გრძელდება წლიდან წლამდე და, სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის მესვეურთაგან ჯერჯერობით ვერავინ მიხვდა, რომ საქმისადმი ასეთი მიდგომა დამღუპველია, დრო - დაკარგული, დახარჯული თანხა კი - წყალში გადაყრილი.
სფფ-ის წინა ხელმძღვანელობისას მხოლოდ 17 და 19 წლამდელთა ნაკრებები არსებობდა, ზვიად (დომენტი) სიჭინავას გუნდის მოსვლის შემდეგ კი მათ 17 წლამდელთა შორის კიდევ ერთი ნაკრები (მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი) და 16 და 15 წლამდელთა გუნდები დაემატა.
რას ემსახურება ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია.
ვეჭვობთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმება აქვს გადაწყვეტილი. თუ ასეა, არ გაგვიკვირდება, თუ უახლოეს მომავალში საქართველოს 10, 8, 6 წლამდე, სკოლამდელი ასაკისა და ჩვილ ფეხბურთელთა ნაკრებების შესახებაც შევიტყობთ.
![]() |
28 დანკანის საუკუნე |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ამერიკაში საუკეთესოებს ხშირად სტატისტიკური რეკორდებით და ინდივიდუალური მიღწევებით ასახელებენ. ყოველ შემთხვევაში, რეგულარულების ბოლოს NBA, NHL და MLB უძვირფასესი მოთამაშის დასახელებისას, პირველ რიგში, მის სტატისტიკას აქცევს ყურადღებას.
ბოლო დეკადის უძლიერესი კალათბურთელის შერჩევისას სპეციალისტებს ბევრი ფავორიტი ჰყავდათ. საბოლოოდ კი სან ანტონიო სპურსის ლიდერი ტიმ დანკანი გახდა საუკეთესო.
ძალიან კარგი და დამსახურებული მოთამაშეები მოხვდნენ ათეულში. მაინც გაუგებარია, რატომ გავიდა მხოლოდ მეექვსე ადგილზე შაკილ ო'ნილი. დირკ ნოვიცკი და ლებრონ ჯეიმსი, შესაბამისად, მეხუთე და მეოთხე პოზიციებზე აღმოჩნდნენ. შაკი ხომ სამჯერ ლეიკერსში გახდა ჩემპიონი, კალიფორნიიდან ფლორიდაში გადასვლის შემდეგ კი მაიამის მოაგებინა სუპერფინალი.
მეათეზეა ალენ აივერსონი და ამაზე ზემოთ არც უნდა ყოფილიყო. უძლიერესი ინდივიდუალისტი და გუნდურ თამაშზე აცრილი ვარსკვლავი ერთადერთხელ იყო სუპერფინალში და მისმა ფილადელფიამ მაშინ ლეიკერსთან წააგო სერია.
ტრეისი მაკგრეიდის კარიერაში ჯერ არ მოუგია პლეი-ოფის სერია, მაგრამ მაინც მეცხრეზეა. მომდევნო ორ ადგილზე დუეინ უეიდი და მისტერ ტრიპლ დაბლი, ჯეისონ კიდი არიან.
პირველი სამეული კობი ბრაიანტით იხსნება. ოთხგზის ჩემპიონი, სკანდალისტი და ბოლო წლებში დადებითად შეცვლილი კობი უშაკოდ პირველად შარშან გახდა ჩემპიონი, თუმცა ფილ ჯექსონს პო გასოლი რომ არ აეყვანა, ბრაიანტი მეოთხედ ვერ ესტუმრებოდა ამერიკის პრეზიდენტს თეთრ სახლში.
კევინ გარნეტი ბურთს ყველაზე ეფექტურად ტენის, დაცვაში ვინმეს რომ უფარებს, რაღაცით მწვანე ჰალკს ჰგავს, სამწამიანში კი ქეი ჯიზე ეფექტურად ვერავინ აზღვევს თანაგუნდელს. გარნეტი საუკეთესო არ არის, რადგან მასზე ერთი ადგილით მაღლა მყოფმა იცის, თუ როგორ უნდა თითქმის წაგებული თამაშის მოგება. გარნეტი ამ კომპონენტში ვერ არის ჯანზე.
ტიმ დანკანი (მარცხნივ)
ტიმ დანკანმა ოთხჯერ გააჩემპიონა სპურსი და ოთხჯერვე სხვადასხვა გუნდით, ბევრი ახალი თანაგუნდელით გააკეთა. ნესტეროვიჩი, მოჰამედი, უილისი არ იყვნენ შაკი ან რომელიმე უოლასი, მაგრამ ტიმის გვერდით მაინც უფრო მოტივირებულად, ყურადღებით თამაშობდნენ და ჩემპიონის ბეჭდებიც მიიღეს.
დანკანი ყველაზე მშვიდი, გაწონასწორებული სუპერვარსკვლავია და ალბათ, ბევრს ესიამოვნა, რომ ტეხასელების ლიდერი საუკეთესო გახდა.
ტიმი მართლა საუკეთესოა.
მარკიზის გარდაცვალება:
ხუან ანტონიო სამარანჩი (1920-2010)
ფოტო: REUTERS ©
21 აპრილს, ბარსელონაში, 89 წლისა გარდაიცვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი ხუან ანტონიო სამარანჩი, რომელიც 1980-2001 წლებში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოკ-ში სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს გაწევრიანდა.
სამარანჩი, რომელსაც ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა 1991 წელს მარკიზის ტიტული უბოძა, არაერთხელ ესტუმრა საქართველოს. ერთხელ მან განაცხადა: საქართველო ტერიტორიით და მოსახლეობით პატარა სახელმწიფოა, მაგრამ სპორტული ტრადიციებით და პოტენციალით დიდი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება.
სამარანჩი 1980 წელს მოსკოვში აირჩიეს სოკ-ის პრეზიდენტად. ის 21 წელი ხელმძღვანელობდა სოკ-ს და ამ მხრივ მხოლოდ ოლიმპიური თამაშების სულისჩამდგმელ ბარონ პიერ დე კუბერტენს ჩამორჩება.
![]() |
29 მადლობა ინგლისს! |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
ინგლისის ნაკრების გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ფეხბურთის ქომაგი, ბრიტანელების მადლიერი გახლავართ.
დავიწყებ ტრივიალურით: ინგლისელებს რომ ფეხბურთი არ გამოეგონათ, მე ვერანაირად ვერ გავხდებოდი არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი, კოვზირა - ბრაზილიის, ვახო გეგელია - გერმანიის და ა.შ. პელე პირველი ხელფასით ვერ უყიდდა დედამისს მაცივარს, გარინჩა ერთ კოჭლ ლოთ ბიჭად დარჩებოდა, მარადონა კი - მორფინისტად...
მადლობა ინგლისს!
მსოფლიო ფეხბურთის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, მატჩი თუ გამორჩეული გოლი ინგლისელთა მონაწილეობით შედგა. ისინი რჩებოდნენ სიძლიერის საზომად და ყველა საფეხბურთო გრანდი თავისი ისტორიის ათვლას ინგლისელებთან პირველი გამარჯვებით იწყებს - ავსტრიული „ვუნდერტიმით“ დაწყებული და უნგრეთის “დიდი გუნდით” დამთავრებული...
მადლობა ინგლისს!
გენიოსებიც თავიანთ დიდებას ინგლისელებს უნდა უმადლოდნენ - 1958 წელს ინგლისს რომ ფრედ არ ეთამაშა ბრაზილიასთან, ფეოლა არც პელეს დააყენებდა ძირითადში და არც გარინჩას; ოთხი წლის შემდეგ ეს უკანასკნელი სწორედ ინგლისთან შესრულებული დუბლისა და დაცვის აწიოკების მერე გაუტოლეს პელეს; გავიდა 22 წელი და დიეგომ შილტონის კარში ხელ-ფეხით გატანილი გენიალური გოლებით შეარყია იმავე პელეს ტახტი...
ფაბიო კაპელო ალფ რამზის წარმატების გამეორებას გეგმავს
ფოტო: REUTERS ©
მადლობა ინგლისს!
ბოლოს, ჩვენი ამბავიც ვთქვათ - ლივერპულისა და ვესტ ჰემის დამარცხება დღემდე გვაძლევს საბაბს, ამაყად ვთქვათ, რომ ინგლისელებს მათივე გამოგონილი ფეხბურთის თამაში ვასწავლეთ...
ამისთვისაც მადლობა ინგლისს!
დღევანდელი ნაკრები კი მუნდიალის გამორჩეული ფავორიტია. მთავარ ფაქტორად „წარმატების სიმბოლოდ“ მიჩნეულ ფაბიო კაპელოს დავასახელებთ, რადგან იტალიელი ტაქტიკოსი ის მწვრთნელია, რომლისთვისაც არც ავტორიტეტი არსებობს და არც საპატიო მეორე ადგილის ცნება. რკინისებური დისციპლინის მქადაგებელი დონ ფაბიო ფეხბურთელებთან ძმაკაცობას გამორიცხავს და სასადილოში მობილურის შეტანასაც კი უკრძალავს. მნიშვნელოვანია მორალური გარემოც - საკმარისი იყო ჯონ ტერის ეცუღლუტა უეინ ბრიჯის მეუღლესთან, რომ კაპიტნის სამკლაური ავტომატურად რიო ფერდინანდს გადაეცა.
მეკარეები კაპელოს მთავარი საზრუნავია - პრემიერლიგის ყველა ლიდერს უცხოელი გოლკიპერი ჰყავს. ნაკრების ძირითადი მეკარე ორმოცს მიღწეული დევიდ ჯეიმსია, რომლის პორტსმუტიც მომავალ წელს დაბალ ლიგაში დაიწყებს. იგივე ემუქრება რობერტ გრინის ვესტ ჰემსაც.
სამაგიეროდ, დაცვაა უმაღლესი დონის. ცენტრალური მცველების დუეტს ტერი და ფერდინანდი შეადგენენ, მარჯვნივ ფავორიტი გლენ ჯონსონია. აი, მარცხნივ კი დამტვრეული ეშლი კოულის შეცვლა ძნელი იქნება. ჯოლიონ ლესკოტი ტრავმას უჩვის, ბრიჯმა კი ტირილით თქვა უარი მსოფლიო ჩემპიონატზე - ცოლის გამბახებელთან ერთად არ ვითამაშებო.
დევიდ ბექემის ტრავმის მიუხედავად, ყველაზე დიდი არჩევანი მაინც მოედნის ცენტრშია. ფრენკ ლამპარდისა და სტივენ ჯერარდის დონის ვარსკვლავები ბრაზილიასაც კი შეშურდება, საყრდენად საუკეთესო ალბათ უნივერსალი გარეტ ბერია. აქვეა ბრიტანული ფეხბურთის ორი ამომავალი ვარსკვლავი - აარონ ლენონი და თეო უოლკოტი.
შეტევაში მთავარ იმედად ითვლება დაბრძენებული უეინ რუნი, რომელიც ყველა შეჯიბრებაში ბომბარდირობს და დღეს მესისა და კრიშტიანუ რონალდოსთან ერთად მსოფლიოში საუკეთესოა. მის პარტნიორად კი დეფოც გამოდგება, კრაუჩიცა და ჰესკიც.
ჯგუფურ ეტაპს ინგლისი ალბათ უპრობლემოდ დაძლევს. 18 ივნისს კაპელო 64 წლის ხდება და საუკეთესო საჩუქრად უთუოდ კეიპტაუნში ალჟირის დამარცხება ესახება. იმ დროისთვის ბრიტანელებს, წესით, რევანში უნდა ჰქონდეთ აღებული 1950 წლის მუნდიალზე აშშ-ს სამოყვარულო ნაკრებთან მარცხისთვის. არც სლოვენიაა მათი ბადალი.
თუ ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა, „ჩემი“ არგენტინა ინგლისს ფინალამდე არ შეხვდება...
მადლობა ღმერთს!
![]() |
30 ფოლადის მინიქარხანა რუსთავში |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
რუსთავს ფოლადის გადამამუშავებელი განახლებული ქარხანა აქვს. GeoSteel 60-მილიონ დოლარიანი მინი ქარხანა, რომელიც ჯერ ადნობს ფოლადის ნაჭრებს, შემდეგ გრაგნის მათ და ბოლოს შენობების საყრდენებად აქცევს.
ახალ ქარხანაში დასაქმებულია 500 ძირითადი და 1000 დამხმარე პერსონალი. ახალი ქარხნის 49%25-ის მფლობელია ფოლადის მესამე უმსხვილესი მწარმოებელი ინდოეთში - კომპანია JSW, 51%25-ს კი გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული Georgian Steel Holding Group ფლობს.
ფოლადის გადამამუშავებელი ქარხნის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 28 მილიონი დოლარით დააფინანსა. კავკასიაში EBRD-ის დირექტორის მაიკლ დეივის თქმით, საქართველომ, რომელმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, მომდევნო ეტაპზე ეს ზრდა უნდა შეინარჩუნოს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ინდოეთი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ათეულში შედის.
შარშან, აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახევრდა, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 3.8%25-ით შემცირდა. ამასთან, მშენებლობა მთელი რეგიონის მასშტაბით შეფერხდა და ფოლადის ბჯენებზე მოთხოვნა დაეცა. შედეგად, რუსთავის ფოლადის გადამამუშავებელი მინიქარხანა მთლიანი შესაძლებლობის 40-70%25-ის რეალიზებას ახერხებდა.
შარშანდელი წელი რთული აღმოჩნდა თურქეთისთვისაც, რომელიც ფოლადის ბჯენების ექსპორტს შუა აღმოსავლეთში, ეგვიპტეში, აფრიკაში, აზიასა და ევროკავშირში ეწევა: ფოლადის მსოფლიო ასოციაციის (World Steel Association) თანახმად, შარშან, წინა წელთან შედარებით, თურქეთის მიერ ფოლადის ბჯენების ექსპორტი 15%25-ით შემცირდა.
GeoSteel-ის პრეზიდენტის ბიპინ შარმას თქმით, მას შემდეგ, რაც მოთხოვნა ფოლადზე გაიზრდება, რუსთავის მინი- ქარხანა მოგებას მოიტანს.
ფოლადზე მოთხოვნის ზრდის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა: ფოლადის მსოფლიო ასოციაციის მარტის მონაცემებით, თურქეთში ფოლადის წარმოება 2%25-ით გაიზარდა, უკრაინაში - 28.4%25- ით, რუსეთში - 33%25-ით, ევროკავშირში - 33.7%25-ით, ხოლო ყაზახეთსა და შეერთებულ შტატებში - 49%25-ით.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი
უცხოური ინვესტიციები (2009 წელი)
რუსთავის ფოლადის გადამამუშავებელი მინიქარხნის თანამფლობელის, JSW-ს მმართველი დირექტორის, საიჯან ჯინდალის თქმით, კომპანია საქართველოში ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას მომავალშიც გეგმავს: კომპანიის ინტერესის სფეროებია ჰიდროელექტროსად გურები და ნავთობი დასავლეთ საქართველოში.
![]() |
31 სიახლეები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი|სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი: დონალდ ტრამპს საქართველო აინტერესებს
ამერიკელ ბიზნესმენს, დონალდ ტრამპს საქართველო აინტერესებს გააჩნია - ეს განაცხადა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, როგორც წესი დონალდ ტრამპი სახელმწიფოების ლიდერებს იშვიათად ხვდება და საქართველოს ლიდერთან შეხვედრის გამართვა საქართველოსადმი ინტერესის გამო მოხდა. მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სფეროებისადმი გამოხატავს ინტერესს ცნობილი მილიარდერი, თუმცა აღნიშნა, რომ უცხოელი ბიზნესმენების ინტერესები საქართველოში უკვე გასცდა ნავთობსადენების და გაზსადენების თემებს. დონალდ ტრამპი აშშ-ში უმსხვილესი კომპანია Trump Organization-სა და სამშენებლო კომპანია Trump Entertainment Resorts-ის მფლობელია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უმსხვილეს სამორინეებისა და სასტუმროების ქსელების მართვას ახორციელებს. Forbes-ის შეფასებით, დონალდ ტრამპის ქონება 2010 წელს 2 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს. შარშან, საქართველოს დონალდ ტრამპის ყოფილი მეუღლე ივანა ტრამპი ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივანა ტრამპი საქართველოში კაპიტალის დაბანდებას გეგმავს. მისი ინიციატივით ბათუმში მრავალფუნქციური გასართობი ცენტრის გახსნა იგეგმება.
ახალი ბრენდი სუპერმარკეტების ბაზარზე
სუპერმარკეტების ბაზარზე ახალი ბრენდი ჯი.მარტი შემოდის. პირველ ობიექტებს კომპანია სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „თბილისი ცენტრალი“ მაისში გახსნის. ჯი.მარტი დიდი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელია და 2500 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე განთავსდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ასეთი ფორმატის ქსელი საქართველოში არ არსებობს. ჯი.მარტი ბაზარზე დაბალი ფასებით შემოვა. დღეისათვის ბაზარზე ყველაზე მსხვილი ქსელი პოპულია, გარდა ამისა, ბაზარზე წარმოდგენილია იბისი, ულევი, იოლი და სხვა. სუპერმარკეტების გახსნა გუდვილმაც დაიწყო და პირველი ფილიალი ვაკის სავაჭრო ქსელში პიქსელი, 2009 წლის სექტემბერში გახსნა.
ვულკანის ფერფლი და BMW
ავტომწარმოებელმა კომპანიამ BMW AG, აშშ-ში, კერძოდ, სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე ქარხანაში ავტომობილების წარმოება შეამცირა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, წარმოების შემცირების მიზეზი ისლანდიაში ვულკანური ამოფრქვევაა, რომლის ფერფლის გამო, ევროპიდან ამერიკაში ავტომობილების ასაწყობად საჭირო ნაწილების ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. სპარტანბურგში მდებარე ქარხანა მსოფლიოში BMW-ს X5 და X6-ის მოდელების ერთადერთი მწარმოებელია. ქარხანა დღეში დაახლოებით 600 ავტომობილს აწარმოებს. ავტომობილების 70%25-ის ექსპორტირება აშშდან ხდება. კომპანიის BMW Manufacturing Co პრესმდივნის ბობ ხიტის განმარტებით, ბოლო პერიოდში, BMW-ზე მოთხოვნილების ზრდის გამო, ნაწილების მიწოდება საჰაერო გზით ხორციელდებოდა და არა საზღვაო ტრანსპორტით. ხიტის განმარტებით, რამდენად შემცირდება წარმოება და როდემდე გაგრძელდება ეს რეჟიმი, ჯერჯერობით უცნობია.
აზარტი და ლატარია ონლაინ რეჟიმში
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, აზარტული და წამახალისებელი თამაშობების გამართვა ონლაინ რეჟიმითაც გახდება შესაძლებელი. შესაბამისი ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის მიხედვით, ლატარიის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, სამორინესა და წამახალისებელი გათამაშებები ინტერნეტის, ტელეფონისა და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებითაც გაიმართება. კანონში ცვლილებები მთავრობის ინიციატივით შედის. კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო.
საქართველოს ჭალისა და მთების ტყეები აღდგება
საქართველოს ჭალისა და მთის უნიკალურმა ტყეებმა, რომლებიც ათწლეულების მანძილზე სავალალო მდგომარეობაშია, მსოფლიოს უდიდესი ბუნების დამცველი ორგანიზაციების ყურvადღება მიიპყრო. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) გერმანიის მთავრობის დაფინანსებით უკვე ახორციელებს პროექტს „სამხრეთ კავკასიაში ტყის ლანდშაფტების აღდგენა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შემცირების მიზნით”. პროგრამა ლაგოდეხისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე ტყეებს მოიცავს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარსულში გაბატონებული ჭალის მუხა ამჟამად წითელ ნუსხაშია შეტანილი. მუხის კორომები წლების განმავლობაში დატბორვის შედეგად თანდათანობით გახმა. უნიკალურ ფლორას გადაშენების საფრთხე დაემუქრა. WWF-მა ტყის აღდგენა დაისახა მიზნად. წინასწარ შერჩეული 400 ჰექტარი შეიღობა და დაახლოებით 200 ჰექტარზე ჭალის მუხის, ნეკერჩხლის, იფნის, პანტას, მაჟალოს, ბალამწარასა და ცაცხვის გაშენება დაიგეგმა. ეს მცენარეები იქ წარსულში იყო გავრცელებული. გაზაფხულის ბოლომდე 350,000-ზე მეტი ნერგი დაირგვება, შარშან შემოდგომით დარგული ნერგების ჩათვლით კი რიცხვი 400 000-ს გადააჭარბებს. ძირითადი მომმარაგებელი აღმოსავლეთ საქართველოს სანერგეებია.
გადარგულ ნერგებს სპეციალისტები ორი წლის განმავლობაში მოუვლიან - გამხმარ ნერგებს ახლით შეცვლიან, პერიოდულად შეაკეთებენ ღობეს და შესაბამის უწყებებთან ერთად დატბორვას შეებრძოლებიან. პროგრამაში ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული, რაც მათთვის შემოსავლის დამატებითი წყაროა.
WWF-ის ჩარევა რომ არა, საბოლოო განადგურება იმერეთის მთის ტყესა და ნიადაგსაც ემუქრებოდა. წარსულში მთლიანად ტყით დაფარული ტერიტორიის ნიადაგი დღეს მძლავრ ეროზიას განიცდის. ტყე წლების მანძილზე იჩეხებოდა და მის ადგილას თანდათანობით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ჩნდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილას პირუტყვს აძოვებდა, რაც ლანდშაფტის დეგრადირებას კიდევ უფრო აჩქარებდა. პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების, ვანისა და ფარცხნალის მახლობლად, მთა ღომეეთის ფერდობზე შეარჩიეს. 30 ჰექტარი მავთულხლართით შეიღობა. დაცულ ნაკვეთზე ისტორიულად გავრცელებული ჯიშები - წაბლი, ნეკერჩხალი, იფანი, პანტა, მაჟალო და ბალამწარა დაირგვება - სულ 65,000-ზე მეტი ნერგი. გასულ წელს ტყის აღდგენის პროცესში 30 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. თითოეულმა მათგანმა თვეში საშუალოდ 500 ლარი გამოიმუშავა. მაისიდან დარგული ნერგების მოვლა დაიწყება.
პროექტი „სამხრეთ კავკასიაში ტყის ლანდშაფტების აღდგენა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შემცირების მიზნით” ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რადიაციული უსაფრთხოების სამინისტროს მიერ (BMU), გერმანიის აღმშენებლობის ბანკის მეშვეობით (KfW Entwicklungsbank). პროექტი ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) გერმანიის ეროვნული ორგანიზაციისა და კავკასიის წარმომადგენლობის მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით, BMU-ს კლიმატის დაცვის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში.
დაკვეთილია WWF - ის მიერ
![]() |
32 ზაფხული, რომელიც არასდროს დამდგარა |
▲ზევით დაბრუნება |
ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი
„თითქოს ჩვეულებრივი ზაფხული დაიწყო. ომიც მალე დამთავრდებაო, ამბობდნენ, მაგრამ ის, რაც შემდეგ მოხდა, ამის მსგავსი არაფერი უნახავს ადამიანს აქამდე.
ნისლი, ოღონდ არა ისეთი ნაზი და სველი, როგორსაც ჩვენი სასიქადულო პოეტები აღწერენ ხოლმე, არამედ რაღაც მძიმე და მშრალი ნისლი მოეფინა მთელ ქვეყანას. ამოსვლისას საკმაოდ უფერული და სისხლისფერი ჩასვლისას, შუადღის მზე ღრუბლებში მალული, ფერმკრთალი მთვარესავით ანათებდა. გარემო მოყვითალო ჩალისფერით იყო განათებული. ამავე დროს, სიცხე იმდენად ძლიერი იყო, რომ „ყასბის მიერ დაკლული პირუტყვის ხორცი მეორე დღეს უკვე უვარგისი იყო”. ბუზები ისე გამრავლდნენ და გამძვინვარდენენ, რომ ცხენები სიგიჟემდე მიჰყავდათ. სოფლებში ხალხი ცრურწმენამ და შიშმა შეიპყრო. მოსავალი ჭკნებოდა, ხმებოდა. შიმშლი ახლოვდებოდა. შეწყდა მიმოსვლა, ვაჭრობამ იკლო. გემები ზღვაში ვეღარ გადიოდნენ. ეს იყო ზაფხული, რომელიც არასდროს დამდგარა.
ცოდვებმა გვიწიესო, - ამბობდა უბრალო ხალხი.
უზარმაზარი ციური სხეული დაეჯახა ჩვენს პლანეტას და ამის შედეგია ეს კვამლიო, - ამბობდა ჭკვიანი ხალხი.
იყვნენ ისეთებიც, ვინც ვულკანის ამოფრქვევას უკავშირებდა ამ მოვლენებს. დანამდვილებით არავინ იცოდა.
ევროპა ეკონომიკურ კოლაფსში ჩავარდა. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების პრობლემა დადგა. ევროპაში პოლიტიკური ცვლილებების ნიადაგი შეიქმნა და რევოლუციის სუნიც დატრიალდა. 1783 წლის 8 ივნისს ისლანდიაში ვულკანი ლაკის ამოფრქვევამ დაახლოებით ოთხი წლით შეცვალა ევროპის ამინდი, რასაც სოციალურ- ეკონომიკურ-პოლიტიკური ცვლილებებიც მოჰყვა.
1789 წელს საფრანგეთში რევოლუცია მოხდა.“
გრიგოლ ქონდრისკაცი - „ურბანოიდოლოგია - წიგნი 1“.
2010 წელს იმავე ისლანდიაში ერთი მცირე ვულკანი, გამოუთქმელი სახელით, აიუჰვედლეუკი ამოიფრქვა და ამან ევროპის ავიაკოლაფსი გამოიწვია. ბევრი ჩემი ნაცნობი და მეგობარი ვერ ბრუნდება სახლში და არც კი იცის, როდის შეძლებს. ვულკანი ჯერ კიდევ თუხთუხებს და ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებს. როგორც ვულკანოლოგები ამბობენ, „წარსულშია მომავლის გასაღები”. თუ ვულკანმა ლაკიმ რვა თვე იაქტიურა, აიუჰვედლეუკიც, დალახვროს ეშმაკმა, შეიძლება ასე მოიქცეს. 200 წლის წინანდელი ამბები და მათი განვითარება დღეს შეიძლება დიდი გამოცდილება იყოს სავარაუდო მომავალი პრობლემების გადასაწყვეტად.
წარმოიდგინე: ასე გაგრძელდა თვეები, წლები. თვითმფრინავები ევროპაში აღარ ან ვეღარ დაფრინავენ. იწყება გადაადგილების ახალი საშუალების გამოგონება ან ძველის დახვეწა. ევროპული ტექნოლოგიები მატარებლების უსაფრთხოებასა და გაუმჯობესებაზე იწყებენ ზრუნვას. კონკურენციის გამო, აბა ისე, კეთილი გულით ვის გაუგია პროგრესი. შენდება უკეთესი მრავალსართულიანი ავტობანები. ევროპაში აღარავინ დაფრინავს, ყველა მიწაზე გადაადგილდება. სამაგიეროდ კავკასიონის მძლავრი ბეჭები იცავენ ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურუხტს. საქართველოს ცა სუფთაა! ჩვენ შეგვიძლია ტრანზიტი! ისევ ჩვენ ვართ ევროპისა და სხვა სამყაროს დამაკავშრებელი გზა! ეჰ, ოცნებები, ოცნებები...
ჭკვიანი ხალხი ამბობს, რომ ეს, ვეღარ ვამბობ მის სახელს, ვულკანი მცირეა, ნამდვილი საშიშროება კი მის გვერდზე, სულ რამდენიმე კილომეტრშია და მისი სახელია კატლა! აგაშენა ღმერთმა!
ვულკანი არაპროგნოზირებადი, უმართავი, გამანადგურებელი და მომაჯადოებელი ბუნებრივი მოვლენაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უყურებ, თვალს ვერ აშორებ და ამბობ: საშიში მშვენიერება! ეს ის მოვლენაა, როდესაც ღმერთების რეალურ ძალას გრძნობ, რაც მოწიწებას და რიდს იწვევს. ვულკანიუსი - ცეცხლის ღმერთი, იუპიტერის შვილი და ვენერას ქმარი. ცეცხლის მპყრობელი და მომთვინიერებელი.
P.S. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამ ბოლო ამოფრქვევას ევროპის მთავრობები მოუმზადებელი შეხვდნენ, რისკის არასათანადო შეფასებით, კონსულტაციების, კოორდინაციის უქონლობით და მართვის სუსტი მენეჯმენტით. წარმოდგენაც კი არ მინდა იმის, თუ როგორი შედეგი ექნება ოთხი ან ხუთი საშუალო ვულკანის ერთდროულ ამოფრქვევას სხვადასხვა კონტინენტზე. რა არის გამორიცხული? ძილი ნებისა, კარგ სიზმრებს გისურვებთ!
![]() |
33 წიგნად გამჟღავნებული საიდუმლო სირობა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ლიტერატურა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა ახალგაზრდა პროზაიკოსის ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებული, რომელშიც ხუთი მოთხრობაა შესული, მათ შორის, წიგნის სათაურად გამოტანილი საიდუმლო სირობა. უმთავრესი ალუზიის გარდა, ეს სათაური კიდევ მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რაც ავტორის პოზიტივად უნდა ჩაითვალოს.
ერეკლეს სახელი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც, ასე თუ ისე, თვალს ადევნებს ეროვნულ ანდერგრაუნდს, იმთავითვე რადიკალური ეპატაჟით გახდა ცნობილი. სიმღერა „დამლოცე, პატრიარქო, დამლოცე... შენ პოპვარსკვლავზე დიდი ხარ” და ა.შ. ვიწრო წრისთვის ერთგვარ საპროტესტო ჰიმნადაც კი იქცა, თუმცა, ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ამას ხელოვნებასთან ნაკლები კავშირი ჰქონდა. დანარჩენ და უმრავლეს მსმენელ-მკითხველზე, რომელიც ნაწარმოებში ნებისმიერ „გადახვევას კანონიკური გზიდან” მიუტევებელ მკრეხელობად აღიქვამს, თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ.
დაახლოებით ასეთივე დამოკიდებულება დაბადა დეისაძის ახალმა კრებულმა. ნაწილი თვლის, რომ ერეკლეს ტექსტში გენიტალიების ხშირი და გამაღიზიანებელი ხმარება, მისი პროვაკაციული სტილი დრომოჭმული და უფუნქციო ტრადიციების მსხვრევას უწყობს ხელს, რომ ავტორი ქართული ლიტერატურის ამომავალი ვარსკვლავია და მისი მოთხრობები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს, მეორე ნაწილი ამ ყველაფერს ეპატაჟის უნიჭო მცდელობად მიიჩნევს, მით უფრო, მას მერე, რაც მსოფლიომ სარამაგოს ხუთგვერდიანი ორგაზმები, საქართველომ კი ზაზა ბურჭულაძის „წერილი დედას” დააჭაშნიკა, თან დასძენენ, რომ დეისაძეს, წინამორბედებისგან განსხვავებით, კალამი ჯერ სათანადოდ არ უჭრის და მის ტექსტებს ხელოვნური ელფერი დაჰკრავს.
ერთი-ორი ისეთი მკითხველიც შეგვხვდა, გამომცემელს რომ დაუწუნა არჩევანი და უძაღლო ქვეყნაში მაყეფარ კატაზე ანდაზაც ჩაიქირქილა. თვითონ ბაკურ სულაკაურმა კი ტაბულასთან საუბრისას განაცხადა: „ზოგადად ჩვენი გამომცემლობის პოლიტიკა პროზაა. იმის ფონზე, რომ პროზაული ნაწარმოებების სიუხვით განებივრებული ნამდვილად არ ვართ, ვბეჭდვათ თითქმის ყველაფერს, რაც მეტ-ნაკლებად ღირებულია. რაც შეეხება ერეკლეს, მისი მოთხრობა პირველად ჟურნალ ლიტერატურაში ვნახე და ძალიან საინტერესო მეჩვენა. თუ გავითვალისწინებთ ავტორის ასაკს, დეისაძე ნამდვილად ერთ- ერთი ყველაზე პერსპექტიული პროზაიკოსია.”
ბუნებრივია, კრებულს ეტყობა, რომ ავტორი ახალგაზრდაა და აღიარების შედარებით იოლი ფორმებისკენ მიილტვის, თუმცა, პოსტმოდერნული კონტექსტის გათვალისწინებით, მას ამისთვის ნამდვილად ვერ დავძრახავთ. საინტერესოა, რომ ერეკლე არც სოციალური თემების წინ წამოწევას ერიდება, აქვს ჰორორული ეპიზოდებიც („რუსკამ და მაკომ გადაწყვიტეს კლიტორი მოეჭრათ. კარგად ალესილ მაკრატელს დეზინფექცია ჩაუტარეს და რამდენიმე წამში ხორცის ორი პატარა ბურთულა კამათლებივით გაგორდა...”), ხოლო მისი მთავარი პრობლემა, ჩვენი აზრით, ე.წ. „ჟანრული დაბნეულობაა”, მისი პორნოგრაფია ზოგ შემთხვევაში მოიკოჭლებს და 90-იანი წლების ქართული ეროპრესიდან, ვთქვათ, ძინ-ძინიდან გაკეთებულ ამონარიდებს ემსგავსება - „შარვალს იხსნი და შენი არასრულწლოვანი სიამაყე ხელში გიჭირავს” და ასე შემდეგ, თუმცა, შესაძლოა, ეს ავტორს განგებაც აქვს გაკეთებული.
სხვა მხრივ, ერეკლე, რომელიც სულ რაღაც 20 წლისაა, კარგად ფლობს მოთხრობის აგების ტექნიკას, აქვს იუმორი და ქართული მწერლობის ჯერ აუთვისებელი სივრცეების გაცნობა-დაპყრობის შესანიშნავი შანსი. აი, რა გადასცა მან ტაბულას მეშვეობით ქართველ მკითხველს: „პირველი-ღვთისმშობელს ეს წიგნი რომ წაეკითხა, აბორტს გაიკეთებდა, მაგრამ ეს არ იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება! მეორე - დიდი მადლობა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს, რადგან, ის რომ არ ყოფილიყო, ეს წიგნი არ დაიწერებოდა! და მესამეც - ვურჩევ ყველა ნამდვილ დედას, ძილის წინ ზღაპრების ნაცვლად ეს წიგნი წაუკითხოს საკუთარ ნაშიერს!”
![]() |
34 პლასტიკით გადმოცემული ევოლუცია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ორშაბათს, 19 აპრილს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი სცენა ქუთაისის 45-ე საჯარო, სმენადაქვეითებულთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს დაეთმო. მათ წარმოადგინეს 45-წუთიანი „ევოლუცია” - მიმოდრამა ერთ მოქმედებად.
შავ-თეთრ ფერებში შემოსილი 12 მოსწავლე შთამბეჭდავი მუსიკის თანხლებით წარმოადგენდა ადამიანის განვითარების ეტაპებს. დახვეწილი პლასტიკით ნაჩვენები იყო ყველაფერი, რასაც ადამიანი დასაბამიდან განიცდიდა, სიყვარულით დაწყებული, ბრძოლებით და გარდაცვალებით დამთავრებული...
ყველაფერი 2009 წელს დაიწყო, როდესაც 45-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის დაედგა სპექტაკლი პლასტიკისა და მიმიკის გამოყენებით. ამისთვის მიიწვიეს ქუთაისის დრამატული თეატრის რეჟისორი გიგა მიქაძე.
სექტემბერში, ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ქუთაისის სასკოლო თეატრების ფესტივალი 2009/2010, რომელშიც 32 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას. ჟიურის თავმჯდომარის, კოტე აბაშიძის განცხადებით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის სპექტაკლი, დრამის, კომედიისა და თოჯინების თეატრის ჩათვლით. სწორედ ამ ფესტივალზე გაიმარჯვა 45-ე საჯარო სკოლამ, რომელსაც პრემიის სახით 3000 ლარი გადაეცა
სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ 13-18 წლის ახალგაზრდები. მათი უმეტესობა აპირებს, პროფესიად მსახიობობა აირჩიოს. სმენადაქვეითებული ბავშვები პირველად ესტუმრნენ თბილისს და ემოციებს ვერ მალავდნენ. მათ შორის იყო ერთ- ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, 16 წლის გიორგი შურღულაია. „ძალიან მომეწონა დედაქალაქი. უკან წასვლა არ მინდა. რაც შეეხება სპექტაკლს, ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ,” - ამბობს გიორგი.
ფოტო: ბესო დარჩია
ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლა-პანსიონი ერთადერთი სკოლაა მთელ დასავლეთ საქართველოში სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის.
![]() |
35 ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა ამბები
მია, ჯეი ზი და დირიჟაბლი
თუ გინდათ გაიგოთ, როდის უშვებს რეპერი მია ახალ ალბომს, გაგიკვირდებათ და, ჯეი ზის კონცერტზე უნდა წახვიდეთ.
16 აპრილს, ქოაჩელას ფესტივალზე გამოსვლისას, ჯეი ზი რამდენიმე წუთით ყურადღების მიღმა დარჩა. ათასობით ადამიანი უყურებდა ცაში მოლივლივე დირიჟაბლს, რომელსაც უზარმაზარი ციფრული ბილბორდი ჰქონდა ჩაბმული. ბილობორდზე მიას ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი - 29 ივნისი ეწერა. ასევე იუწყებოდა, რომ მია HARD Summer Music ფესტივალზე ლოს ანჯელესსა და ნიუ იორკში გამოვა. იგივე ინფორმაციას ავრცელებდა დირიჟაბლივით ჩასუქებული რამდენიმე მამაკაცი, ოღონდ ვერბალურად.
ალბომის გამოსვლამდე მია მომავალ კვირას ახალი კლიპის პრემიერას მოაწყობს. ვიდეო გადაღებულია კომპოზიციისთვის Born Free, რომელიც პირველად გასული წლის აგვისტოში Outside Lands Music & Arts-ის ფესტივალზე შეასრულა.
მიას კომპიოზიცია Paper Planes თბილისში ძალიან პოპულარული იყო. ის ასევე გამოყენებულია ფილმში მილიონერი ჯურღმულიდან.
ბონდი და ჰობიტი საფრთხეში არიან
გაკოტრებული და გასაყიდად გამზადებული კინოკომპანიის, მეტრო გოლდვინ მაიერის მომავალი გაურკვეველია. ამის გამო ჯეიმს ბონდის რიგით 23-ე სერიის გამოსვლა პროდიუსერებმა ბარბარა ბროკოლიმ და მაიკლ უილსონმა განუსაზღვრელი ვადით გადადეს. გადაღებები უახლოეს მომავალში უნდა დაწყებულიყო, პრემიერა კი 2011 წლის ბოლოს ან 2012-ის დასაწყისში იყო დაგეგმილი.
შეიძლება იგივე ბედი გაიზიაროს ტოლკიენის რომანის, ჰობიტის ეკრანიზაციამაც. გილერმო დელ ტოროს და პიტერ ჯექსონს თითქმის ყველაფერი მზად აქვთ ფილმზე მუშაობის დასაწყებად და დილოგიის ორივე სცენარიც მზადაა, მაგრამ ჯერჯერობით MGM მწვანე შუქს არ ანთებს. არადა, ჰობიტი კინოგაქირავების პოტენციური ჰიტი და ოსკარების მოსახვეტი მანქანაა.
ნოტორიუსის საქმე არ განიხილება!
ამერიკის სასამართლომ უარი თქვა ცნობილი რეპერის, ნოტორიუს ბიაიჯის დედის სარჩელის განხილვაზე. სარჩელის მიხედვით, ვიოლეტა ვოლანსი შვილის მკვლელობაში ბრალს სდებს ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს. სარჩელში ასევე მოხსენიებული არიან მთელი რიგი მაღალი რანგის პირები, მათ შორის ლეიბლ Death Row Records-ის ყოფილი შეფი მარიონ სუჯ ნაითი.
ნოტორიუს ბიაიჯი 1997 წლის მარტში მოკლეს Soul Train Award-ის შემდგომი წვეულებიდან გამოსვლის დროს. ხანმოკლე კარიერის მანძილზე ნოტორიუსმა მოახერხა, ბრუკლინელი რეციდივისტიდან აფროამერიკული კულტურის სიმბოლო გამხდარიყო. ის სწორედ იმ ძალადობრივ ტრადიციებს შეეწირა, რომლის შესახებაც თავის სიმღერებში ყვებოდა. როგორც ჩანს, რეპერის მკვლელობის საიდუმლო კიდევ დიდხანს დარჩება გაურკვეველი.
ჯენიფერ ენისტონის „ცხოვრებაზე დაცინვა”
მსახიობი ჯენიფერ ენისტონი იმ ვარსკვლავთა არმიას შეუერთდა, რომლებმაც საკუთარი სუნამოს ხაზი გამოუშვეს. ენისტონმა ახალ სუნამოს Lolavie (ცხოვრებაზე დაცინვა) უწოდა. ბრედ პიტის ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მისი შთაგონება გაზაფხულის ყვავილები და ზღვის ნაპირი იყო: „მინდა ამ სურნელმა ხალხის ყურადღება მიიქციოს და ყველას გაუჩნდეს კითხვა, თუ რა სუნამოა. პირველ რიგში, მინდა ადამიანმა იგრძნოს არა ხელოვნური, არამედ ბუნებრივი სურნელი. სწორედ ამის გამო მსახიობობას დროებით ქიმიკოსობაც შევუთავსე”. Lolavie დიდ ბრიტანეთში ივნისიდან გაიყიდება.
ვარსკვლავები ჰაიტიზე
დემი მური
კოლუმბიელი პოპ მომღერალი შაკირა ჰაიტის ეწვია და 12 იანვარს მომხდარი მიწისძვრის დროს დაზარალებულები მოინახულა. მომღერალი ესტუმრა ჰაიტის გოლფის მოედანს, სადაც 50, 000 დევნილი კარვებში ცხოვრობს. შაკირამ განაცხადა, რომ ეძებს ტერიტორიას, სადაც დაზარალებული ბავშვებისთვის სკოლას ააშენებს. ლათინოამერიკელ ვარსკვლავს ჰაიტიზე დახვდა მსახიობი შონ პენი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფს მიწისძვრით დაზარალებულებს. მათ დაგეგმეს, თუ როგორ დაეხმარებიან მომავალში ჰაიტელებს. გასულ კვირას ჰუმანიტარული დახმარებით ჰაიტის დემი მური, ილივია უაილდი, სუზან სარანდონი, ბენ სტილერი, ჯერარდ ბატლერი, პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდენი სტუმრობდნენ.
სუზან სარანდონი
ოზის ახალი ალბომი
ლეგენდარული ბლექ საბათის ვოკალისტი ოზი ოზბორნი მეათე სტუდიურ სოლო ალბომს უშვებს. ალბომი, სახელწოდებით Scream, 14 ივნისს გამოვა.
პროდიუსინგზე თავად ოზბორნთან ერთად კევინ ჩარკო იმუშავებს, ხოლო მიწვეულ სტუმრებს შორის არიან გიტარისტი გაზჯი, ბასისტი ბლასკო, დრამერი ტომი კლაფეტოსი და პიანისტი ადამ ვეიქმენი.
ალბომის გამოსვლის შემდეგ ოზი ოზბორნი თვრამეტთვიან მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება.
![]() |
36 ელექტრონავტი, ბენჯი ჯამფინგი მაღლივის ხიდზე და ჯოჯოხეთი, სადაც შუქი ჩაქრა |
▲ზევით დაბრუნება |
უიქენდი
თბილისში წინა უიქენდი ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და ორიგინალური გამოვიდა: პარასკევ საღამოს - ელექტრონავტი, შაბათ დილით - ხიდიდან ხტომა და შაბათ საღამოს - ანდერგრაუნდ ფართი აბრეშუმის ფაბრიკაში.
წლევანდელი ელექტრონავტის (ქართული ინოვაციური მუსიკის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი) ორგანიზატორების მიერ სპონსორობის შეთავაზებას ბევრი კომპანია იმეილითაც კი არ გამოეხმაურა. საბოლოოდ დაჯილდოება ქალაქის მერიამ და უცვლელმა მხარდამჭერმა - კომპანია ჰამაკმა დაასპონსორეს. მასპიძელი - კლუბი გურუ.
დაჯილდოებაზე მოულოდნელი მხოლოდ ერთი რამ მოხდა: წლის ელექტრონავტი გახდა დიჯეი ლადო. ეს მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ლადო საქართველოში თითქმის არ უკრავს. მისი მუსიკა ძირითადად ბერლინში გამოდის და ევროპაში იყიდება.
ელექტრონავტი 2009. ლადო ოდილაიძე
გურუ კლუბს დაუფასდა, რაც ქვეყანაში ელექტრომუსიკის განვითარებისთვის გააკეთა და ერთდროულად ორი ელექტრონავტი მიიღო. საუკეთესო ვენიუ - კლუბი გურუ, საუკეთესო რადიოგადაცემა - ელექტრონიკა გურუ FM-ზე, ავტორი გიორგი შენგელია. გურუ FM დროებით დახურულია, ელექტრონავტოსან ელექტრონიკას და გიორგი შენგელიას შეგიძლიათ ბიტ FM-ზე მოუსმინოთ.
...ერთ დროს მოსკოვში, ფიოდოროვის სახელობის კლინიკაში, ნოდარ ბერიძე ახალგაზრდა და პერსპექტიული ქართველი ოკულისტი იყო, თუმცა გამოხდა ხანი და ის ინტელიგენტ დიჯეი ბეროდ გარდაიქმნა. მისი სეტი ყოველთვის ძალიან დახვეწილია და გემოვნებითაა შეზავებული. ასეთ დისკჟოკეის კი თბილისში ბევრს ვერ ნახავთ.
ბერო: „ელექტრონავტების ნომინანტებში პირველად მოხვედრა და მოგება არარეალური მეჩვენება. თანაც ლადო, გრინ ბიმი და ლეონი ძალიან ძლიერი მუსიკოსები არიან. ვფიქრობ, დღეს ლადო მოიგებს. თარხან მაღრაძესთან დღეს ლაუდერ ივენთს წარმოვადგენ. ალბათ საუკეთესო პრომოუტერის ტიტულს მოვიგებთ ფილიპ მორისთან ერთად.”
ლადო: „როცა საუკეთესო დიჯეის ნომინაცია ავიღე, აღარ მეგონა, რომ ელექტრონავტიც გავხდებოდი. ვერ აგიწერთ, ისე გამიხარდა გამარჯვება. წელს ბევრი ვიმუშავე და ალბათ მეკუთვნოდა. ხუთი წელია, რაც მუსიკას ვაკეთებ. ჩემი ვინილები გერმანიაში გამოდის. სამ წამყვან ლეიბლთან ვთანამშრომლობ. საქართველოში თითქმის არასოდეს არ ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა“.
სერგი გვარჯალაძე, ორგანიზატორი: „სპონსორის ამბავი თითქმის ვერ მოვაგვარეთ. ცოტათი მერია დაგვეხმარა, დანარჩენი კი მეგობრობით გაკეთდა. კლუბი მეგობრებმა დაგვითმეს, ხმაზე მეგობრები დადგნენ, განათებაზეც, მიკროფონთანაც...
მიხარია, რომ ელექტრონავტებს უამრავმა ადამიანმა მისცა ხმა. მათ გარდა, გვყავდა პროფესიონალი ჟიური. საუკეთესო ტრეკის გამოვლენისას მათ ხმას უფრო მეტი ძალა მივეცით, ვიდრე მომხმარებლების შეფასებას. ჟიურიში იყვნენ მუსიკოსები, პუბლიცისტები და ის ჟურნალისტები, რომლებიც მუსიკაზე წერენ. ასე საერთო ბალანსით გამოვავლინეთ საუკეთესო ტრეკის ავტორი ტუსია ბერიძე.
ლადოს შემოქმედებას დაჯილდოებამდე ორი კვირით ადრე გავეცანი. ის ძალიან კარგ პროდუქტს აკეთებს და ვფიქრობ, დამსახურებულად გაიმარჯვა. ჯერჯერობით არჩევანი დიდი არ არის. სულ ათი-თორმეტი მუსიკოსია, ვინც სერიოზულად მუშაობს.
შარშან თუ დაახლოებით ათას ხუთასმა ადამიანმა მიიღო შერჩევაში მონაწილეობა, დღეს მათი რაოდენობა სამი ათას ხუთასი იყო. გაიზარდა პროდიუსერთა რაოდენობა - საკონკურსოდ 60 ტრეკი შემოვიდა. ახლა აქ ცხელა, ხმასთანაც პრობლემაა, არც ისე დინამიკურია ღონისძიება, მაგრამ, როგორც ხედავთ, ხალხი არ მიდის და ეს ყველაფერი აინტერესებს. ელექტრომუსიკის განვითარებას ვერაფერი შეაჩერებს. ამის იმედს ეს ხალხი მაძლევს.”
ელექტრონავტის გამარჯვებულები:
ელექტრონავტი 2009 - ლადო
საუკეთესო ტრეკი - ტუსია ბერიძე
საუკეთესო ქართველი დიჯეი - ლადო
საუკეთესო ვენიუ - კლუბი გურუ
საუკეთესო ივენთი - Djuma Soundsistem, Future Funk Squad & MC Mojo @ Pavilion
საუკეთესო პრომოუტერი - Louder
ლეიბლი - Minibus
რადიოგადაცემა - ელექტრონიკა (Guru Fm)
მხარდამჭერი კომპანია - ფილიპ მორისი
ხიდი
მეორე დილით უიქენდი რადიკალურად განსხვავებულად გაგრძელდა: მაღლივის ხიდიდან ადამიანების მასობრივი ხტომა გაიმართა. ეს ხიდი თბილისში ერთადერთია, საიდანაც ბაგირით გადმოხტომა შეიძლება. ხიდზე დილიდან შუადღემდე გადმოხტომის მსურველთა რიგი არ შეწყვეტილა. ალპინისტებმა და აწ უკვე ხიდიდან ხტომის ინსტრუქტორებმა ირაკლი გუჯაბიძემ და ილო ბერულავამ დაახლოებით 30 ადამიანი გააფრინეს. ბევრმა იკივლა, ვინც პირველად ხტებოდა, შეეშინდა, ზოგს ხელის კვრაც დასჭირდა, თუმცა ბოლოს ყველა კმაყოფილი დარჩა. ხიდიდან გაფრენა მომავალ შაბათ-კვირასაც იგეგმება. გაფრენის მსურველები დაუკავშირდით ილია ბერულავას ფეისბუქზე.
Hel
შაბათ დილას რადიოდან ნინა სიმონემ გამაღვიძა ფრაზით: „შენ ჯოჯოხეთში მიდიხარ...” იმ საღამოს ყველა მოუსვენარი თბილისელი „ჯოჯოხეთში” წასლას აპირებდა.
Hell ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში გამართულ თავყრილობებს ჰქვია, რომელიც ყოველ წელიწადს რამდენჯერმე ტარდება. ორგანიზატორები თბილისელი უცხოელები და ადგილობრივი ანდერგრაუნდგართობის მოყვარულები არიან. მუსიკა - ბრეიქ ბითი, დიჯეი - ტანო.
შარშანდელი „ჯოჯოხეთი” ხალხმრავალი და თავზეხელაღებული იყო, წელს უკეთესს ველოდით, თუმცა იმ დროს, როცა 500- მდე ადამიანის ტემპერატურას პიკისთვის უნდა მიეღწია, დარაჯმა შუქი გამორთო. მიზეზი - ხალხმრავლობა.
„დიჯეიმ მითხრა, ორმოც კაცზე მეტი არ ვიქნებითო!”
ყველაზე სახალხო ანდერგრაუნდ-ფართი ჩაიშალა. ველოდებით ახალს.
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი
![]() |
37 ტაჯ მაჰალი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი რესტო
ტაჯ მაჰალი კოსტავას 3 რუსთავი
უბანი: ისტორიული რუსთავი
სამზარეულო: ინდური, ქართული
საათები: ყოველდღე 12-24
ფასი: 55 (სადილი ორ ადამიანზე, ალკოჰოლური სასმელით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: კოსტავას ქუჩაზე
რამდენიმე თვის წინ ერთმა ჩემმა უცხოელმა მეგობარმა ფეისბუქზე ასეთ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი: Rustavi for UNESCO - რუსთავი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მოწოდების ავტორის წინასწარი გამოკვლევით, იუნესკოს ჩამონათვალში შესაღწევად პოტენციური ძეგლი ათი კრიტერიუმიდან ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. რუსთავი ათიდან სამ კატეგორიას თავისუფლად პასუხობს. კრიტერიუმების სრული ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ერთ- ერთი პირობა კი ასე ჟღერს: „ადგილი უნდა იყოს უნიკალური ან, ყოველ შემთხევაში, განსაკუთრებული კულტურული ტრადიციის, ან ჰქონდეს ნიშნები ცივილიზაციისა, რომელიც ცოცხლია ან გაქრა”. კი ბატონო, არის ორივე, ცოცხალიც და მკვდარიც. გააჩნია, რა თვალით შეხედავ. აშკარასა და თვალსაჩინოს მიღმა წარმოუდგენელი და დაუჯერებელიც ბევრია: მაგალითად, აქ არის ინდური რესტორანი.
ფოტო: ბესო დარჩია
2002 წლის სამოქალაქო აღწერის შედეგებით, რუსთავის მოსახლეობა ას თექვსმეტი ათასი ადამიანით განისაზღვრა. ამ ზომის ბრიტანული ან ევროპული ქალაქის ცენტრში ინდური, ჩინური ან თურქული რესტორანი საკვირველი არ არის. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ინდური და მაინცდამაინც რუსთავში?
პასუხი მეტალურგიული ქარხნის წიაღში უნდა ვეძებოთ. ამ ქარხნის ბაზაზე ბრიტანულ- ინდური კომპანია GeoSteel საქმიანობს და მილებსა და გამტარებს აწარმოებს. კომპანიის 500 თანამშრომლიდან 60-მდე ინდოელია. აქედან გაჩნდა მოთხოვნა და მიწოდებამაც არ დააყოვნა: ინდური რესტორანი ისტორიული რუსთავის ცენრალურ ქუჩაზე - კოსტავას 3-ში გაიხსნა. ბუნებრივია, GeoSteel-ის თანამშრომლები აქ ხშირად სტუმრობენ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ინდოელები.
ტაჯმაჰალის ინტერიერი და გარემო სტერილურია: ღია ჩალისფერი იატაკი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, თეთრი კედლები და გიფსოფილის ჭერიდან მომავალი მჭახე განათება. ბუდას პანოს ქვეშ წითელი ხის პიანინო დგას. ცხადია, დროდადრო აქ რაღაც ღონისძიებებს მართავენ. რატომაც არა. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. აღმოჩნდა, რომ ტაჯმაჰალი საქართველოს დე ფაქტო ტერიტორიაზე მოქმედი ყველაზე ჭეშმარიტი ინდური რესტორანია.
თუმცა, აქაურობა რომ ბოლომდე მოგეწონოს (და რატომღაც მოგწონს), ბევრ რამეზე გიწევს თვალის დახუჭვა. მაგალითად, ხორციანი კერძებიდან მხოლოდ ქათამი აქვთ, ისიც ალბათ გაყინული ფილე, მაგრამ ჯანდაბას, ხახვის პეკორა უკვე მოსულია და ნამდვილი ინდური გემო გაცოცხლდა. მენიუში მითითებულ რამდენიმე ცხვრის კერძზე გული დამწყდა (ცხვრის დჰაალი ან ჯალფრეზი), მაგრამ რა გაეწყობა, ქათამს დავჯერდით. ნაანი ინდური პური ნივრით, პიტნით - დიდი არაფერია, ოდნავ შემთბარი თხელი ცომის ფირფიტა, სამაგიეროდ, ორივენაირი ბრინჯი (ყვითელი და ნივრით) გემრიელია, გრძელი, არომატული პუნჯაბური ბასმათი. ოსპმაც დჰაალმა გაამართლა. ოდნავ თხელი იყო, მაგრამ გემრიელი და სიცხარეც ნამდვილი ინდური ქარითა და უცხო სუნელით კარგად გაჯერებული, კარტოფილი დჰაალიც კარგი აღმოჩნდა. ქათამი ტიკა (თონეში შემწვარი ქათმის მწვადი) არც გემოთი და არც ფერით ის არ არის, რაც უნდა იყოს, მაგრამ რაღაც მაინც გაგონებს ორიგინალს. ალბათ ისევ ქარის სანელებელი.
როგორც თავაზიანმა ოფიციანტმა გვითხრა, მზარეულს კრიშნა ჰქვია და სამზარეულოში მარტო დგას. ამიტომ კერძები კანტიკუნტად, ერთმანეთის მიყოლებით გამოდის. სერვისიც, შესაბამისად, სამზარეულოს ამ რიტმითაა ნაკარნახევი, სხვა მხრივ - ქმედითი და კეთილგანწყობილი.
სადილი მოთავებული გვქონდა, როდესაც სამზარეულოდან ერთი ლანგარი ხინკალი გამოვიდა და შავფორმიან დაცვის პოლიციელს გადაეცა. ლანგარი დაცვამ საქმიანი ნაბიჯით გაარბენინა და ხინკლის ოხშივართან ერთად გაუჩინარდა. ამ უცნაურობის მიზეზი რომ ვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ, თურმე, ტაჯმაჰალი ქართული რესტორანიცაა, ქართული მენიუც აქვთ, თავისი ნემიროვებით და ამბებით. მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ რესტორანს გარედან დიდი ასოებით აწერია: CAFE. ვისაც ქობულეთში დაუსვენია, კარგად ეცოდინება, რომ CAFE რესტორნის, იგივე სასადილოს, იგივე სახინკლის ალტერნატიული დასახელებაა.
ხმის გამაძლიერებლებიდან არც ინდური, არც ქართული და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც რუსული მუსიკა არ ჟღერს. მხოლოდ ბერძნული ესტრადის დამუხტული რიტმები ისმის. მოკლედ, ის, რაც ინდური რესტორანი გვეგონა, ბაბილონის გოდოლის „მოდელირება” აღმოჩნდა, ოღონდ უწყინარი, შიგადაშიგ გემრიელი და მოულოდნელად ინდური.
ვუერთდები მოთხოვნას: რუსთავი, თავისი ტაჯმაჰალით, იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში. კიდევ სად არის ასეთი ინდური რესტორანი? საქართველოში არსად. თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია. გასეირნება ცალკე გამოვა, ფეხის გაშლა ცალკე: თუ ინდური სამზარეულო გიყვართ, ნამდვილად ღირს. ეწვიეთ და თავად განსაჯეთ. ტაჯმაჰალის ხინკალზე კი, სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. ეს სხვა დროს იყოს.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს
![]() |
38 ხორცი ბურგუნდიულად |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
თეკუნა გაჩეჩილაძე,
შეფ მზარეული
6 ულუფა |
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე
ბეკონი დაჭერით 1 სმ. ნაჭრებად და მოათავსეთ თუჯის ქვაბში. მოასხით ზეითუნის ზეთი და დატოვეთ ცეცხლზე მანამ, სანამ არ გამუქდება. შემდეგ ბეკონის ნაჭრები გადაიღეთ ცალკე, თავსახურიან ჯამში. ეცადეთ, ქვაბში დატოვოთ რაც შეიძლება მეტი ცხიმი.
მაქსიმალურად გააცხელეთ ქვაბში დარჩენილი ზეთი და ბეკონის ცხიმი, ჩაამატეთ კვადრატებად დაჭრილი ხორცი და შეწვით ყველა მხრიდან. როდესაც ხორცი შეიწვება, ამოიღეთ ქვაბიდან და ბეკონთან ერთად მოათავსეთ.
დაჭრილი სტაფილო და ხახვი ჩაუშვით ქვაბში და შეწვით. დროდადრო ურიეთ. ჩაამატეთ პომიდვრის პიურე და ნიორი. როდესაც მზად იქნება, კოვზით გადმოიღეთ ზედმეტი ცხიმი.
გადაიღეთ უკან ბეკონი და ხორცი ქვაბში. მოაყარეთ მარილი და პილპილი თანაბრად, აგრეთვე ფქვილი და კარგად მოურიეთ.
მოასხით წითელი ღვინო და ბულიონი, ისე რომ ხორცი დაიფაროს. დაუმატეთ მწვანილი. წამოდუღების შემდეგ შედგით ღუმელში 34 საათით.
ამასობაში მოამზადეთ წითელი ხახვი და სოკო.
პატარა ტაფაზე დაადნეთ 30 გრამი კარაქი და მოასხით 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. როდესაც კარგად გაცხელდება, დაამატეთ ხახვი. 10 წუთის მანძილზე დატოვეთ ცეცხლზე, სანამ ფერს არ მიიღებს და დარბილდება. დროდადრო ურიეთ და შემდეგ მოათავსეთ თასში.
იგივე გაიმეორეთ სოკოთი.
როდესაც ხორცი მზად იქნება, გადაიღეთ მასა ქვაბიდან ჯამში. გარეცხეთ ქვაბი, მოათავსეთ ისევ ღუმელში და ხორცი, ბეკონი, სტაფილო და ხახვი ისევ შიგ ჩაუშვით. შეურიეთ სოკო და ხახვი.
ჭარბი ცხიმი გადაიღეთ თასში. დაახლოებით 500 მლ სითხე. წამოადუღეთ და დაუწიეთ ცეცლს.
მოასხით სოუსი ხორცს და ბოსტნეულს. შეამოწმეთ საკაზმი.
ქვაბს დაახურეთ სახურავი და წამოადუღეთ 10 წუთი. ხორცს რამდენჯერმე მოასხით წვენი. როდესაც მზად იქნება, მორთეთ ოხრახუშით და მაშინვე გადმოიღეთ ქვაბიდან. გარნირად მოუხდება კარტოფილის პიურე.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში:
პოპული ( ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03 ).