The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება №1 (37), იანვარი, 2005


თავისუფლება №1 (37), იანვარი, 2005


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: რამიშვილი ლევან, სენი ამარტია, ჯანდიერი გია, სილიცკი ვიტალი
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS ჩენტერ-ის ფინანსური მხარდაჭერით ვრცელდება უფასოდ ყველა უფლება დაცულია თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ინსტალაცია გერჰარდ შაბელის ფოტო



1 პრესის თავისუფლება საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლევან რამიშვილი

დამოუკიდებელმა მედიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ვარდების რევოლუციის პროცესში და პრაქტიკულად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სამოქალაქო ჟურნალისტიკას. მიუხედავად ამისა, მან სათანადოდ ვერ უპასუხა იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც პოსტრევოლუციურ პერიოდში მედიის წინაშე დადგა. ბევრი ის სისუსტე, რომელიც ქართულ მედიას ბოლო ათი-თხუთმეტი წლის მანძილზე ახასიათებდა, ახალ ვითარებაში განსაკუთრებით მტკივნეულად წარმოჩინდა.

საერთაშორისო შეფასებებით, საქართველო კვლავინდებურად ნაწილობრივ თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, რაც საკმაოდ დამაფიქრებელია იმ ფონზე, როდესაც ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარება წინ მიდის. პრესაში ასეთი პროგრესი არ ხდება. უფრო მეტიც, ფაქტი, რომ ზოგადი პროგრესის ფონზე პრესა ისევ ძველ პოზიციებს ინარჩუნებს, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მედია საზოგადოების განვითარების ტემპს ჩამორჩა და გარკვეულ უკუსვლასთანაც კი გვაქვს საქმე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველო მართლაც გამოირჩეოდა საკმაოდ დინამიური და კრიტიკული პრესით, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა დემოკრატიული გარდაქმნების პროცესში, თავად მედიის მდგრადობის ხარისხი საკამათოა. წლების მანძილზე ვერ მოხერხდა სარედაქციო დამოუკიდებლობის ტრადიციის ჩამოყალიბება და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება. ჟურნალისტების პროფესიული ეთიკა კვლავინდებურად დაბალ დონეზე რჩება და რაკიღა არ არსებობს ჟურნალისტური პროფესიის საერთო ფასეულობები, არ არსებობს არც ამ საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული პროფესიული ასოციაციები. საკმაოდ დაბალია ჟურნალისტთა სოლიდარობაც ერთმანეთის მიმართ. ეს პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ თავს ახალ რეალობაში იჩენს.

დამატებით სირთულეებს ქმნის მედია ბაზარზე არსებული ვითარებაც. სულ უფრო მეტად იკვეთება ოლიგარქიზაციის ტენდენცია. სამწუხაროდ, პრესა დღემდე ვერ ჩამოყალიბდა მდგრად, მყარ ბიზნესად. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაც არის. სარეკლამო ბაზარი საკმაოდ მწირია - ზოგიერთი შეფასებით, იგი სულ 5 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა არსებობს ჩრდილოვანი ბაზარიც, სადაც კაპიტალბრუნვა 15-20 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს და ეს მაშინ, როცა თითოეული წამყვანი სატელევიზიო არხის წლიური ბიუჯეტი იგივე თანხას უახლოვდება. მედიის სუბსიდირება ძირითადად სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფების მიერ ხდება. ფაქტი, რომ მსხვილი ელექტრონული მედიის მესაკუთრეები ამ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები არიან, და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, ერთ-ერთი საფრთხეა, რომელიც მედიის დამოუკიდებლობას ემუქრება.

მიუხედავად განვითარების აშკარა ტენდენციისა, სამწუხაროდ ბეჭდვითი მედიის გავრცელების არეალი კვლავ საკმაოდ შეზღუდულია. ძირითადი, ყოველდღიური გამოცემების ტირაჟები როგორც წესი 5-10 ათასის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიღების ძირითად საშუალებად კვლავ ელექტრონული მედია რჩება. სწორედ ამ სფეროში არსებული პრობლემები არაერთ დამკვირვებელს იმ დასკვნის საფუძველს აძლევს, რომ ელექტრონული სიტყვის თავისუფლება საქართველოში არათუ სტაგნაციაშია, არამედ რეგრესსაც განიცდის.

საუბარი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე საქართველოში თავისთავად პარადოქსულია იმ ფონზე, როცა ჩვენს ქვეყანაში მიღებულია სიტყვის თავისუფლების შესახებ და მაუწყებლობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა ევროპაში. მოხდა ცილისწამების დეკრიმინალიზაცია; კანონმა საჯარო და კერძო პირებისთვის დააწესა მტკიცების ტვირთის განსხვავებული სტანდარტები - მტკიცების ტვირთი მოპასუხიდან მოსარჩლეზე გადავიდა; გაითვალისწინა ჟურნალისტური წყაროების აბსოლუტური დაცვის მექანიზმები და გამორიცხა გამონაკლისები; სასამართლოში ამიერიდან მოპასუხედ გამოდის არა ერთი კერძო ჟურნალისტი, არამედ მედია საშუალების, როგორც იურიდიული პირის მესაკუთრე. ყველა ეს მექანიზმი ქმნის სამართლებრივი დაცვის გარკვეულ ბერკეტებს.

ცვლილებებია გათვალისწინებული ელექტრონული მედიის სფეროში, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნას გულისხმობს. ამ მიზნით, კანონმდებლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის, როგორც პოლიტიკურ-ინსტიტუციური, ისე ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიებია ჩადებული: შეიქმნება ცხრა კაციანი მეურვეთა საბჭო, კანდიდატების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით, ხოლო შერჩეულ საუკეთესო კანდიდატებს პრეზიდენტი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს, რომელიც მეურვეების დამტკიცების შესახებ საბოლოო გადწყვეტილებას მიიღებს. თითოეულ ვაკანსიაზე პირველ ეტაპზე ორი კანდიდატურის, ხოლო შემდეგ სამ-სამის წარდგენა მოხდება. მეურვეთა საბჭო დაკომპლექტების შემდეგ კონკურსის წესით დაიქირავებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის აღმასრულებელ დირექტორს. კანონის თანახმად, ყოველწლიურად საზოგადოებრივ მაუწყებლობას ბიუჯეტიდან ერთობლივი შიდა პროდუქტის 0.15%25 გამოეყოფა, რაც დღევანდელი მონაცემებით, 15 მილიონ ლარს შეადგენს.

თავისთავად კანონმდებლობაში სამართლებრივი ბერკეტების არსებობა არ არის პრესის დამოუკიდებლობის გარანტი, რადგან ამ ბერკეტებს შესაბამისი გამოყენება სჭირდება. საჭიროა საკუთარი თავისუფლებისათვის ბრძოლის ნება არსებობდეს ჟურნალისტებსა და მთლიანად მედიაში. სწორედ აქ არის სერიოზული პრობლემები, რაც შიდასარედაქციო ატმოსფეროსა და სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობასთან, ჟურნალისტური სოლიდარობის დეფიციტთანაა დაკავშირებული. მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა შექმნილი მდგომარეობის გამო მაინც ხელისუფლებას ეკისრება, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი კონსტიტუციის თანახმად ადამიანის უფლებების, მათ შორის, პრესის თავისუფლების მთავარი გარანტია, არამედ იმის გამოც, რომ ქვეყანა არ არის ბოლომდე თავისუფალი კორუფციისგან. მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი და ოლიგარქებს, ელექტრონული მედიის მესაკუთრეებს, რომლებიც ამ ქვეყნის აქტიური ბიზნესმენები არიან, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების სურვილი ამოძრავებთ. ისინი პრივატიზაციის პროცესიდან გამორჩენას ელიან და შესაბამისად, მთავრობასთან საერთო ენის გამონახვას და ,,კარგი ურთიერთობების“ დამყარებას ცდილობენ. სწორედ მედია ოლიგარქთა ეს ინტერესი და ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები ქმნის ნაყოფიერ საფუძველს თვითცენზურისთვის, რომელიც დღეს მეტნაკლები დოზითაა ფეხმოკიდებული ქართულ მედიაში.

მთავარი პრობლემა კი მაინც ისაა, რომ ყველაზე ნაკლებად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე დღეს თავად ჟურნალისტები საუბრობენ. ბევრ გადაცემაში, როცა კი ეს პრობლემა წამოიჭრება ხოლმე, ჟურნალისტები, როგორც წესი, საპირისპიროსამტკიცებენ და მეტიც, საკუთარი თავგამოდებით ნამუსს წმენდენ ხელისუფლებას, რაც აახლოებით ისეთივე კონტექსტში აღიქმება, როგორც 15 წლის წინ, ამერიკა-საბჭოთა კავშირს პირველი ტელეხიდის დროს ერთ-ერთი ქალბატონის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოთამაშე, პრესასთან მიმართებაში ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას. რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა საკმაოდ ცინიკურად დაახასიათა მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობები, როცა ხელისუფლება შეადარა კაცს, რომელსაც უნდა, ხოლო მედია ქალს, რომელიც ჭირვეულობს და კაცს ხან უარს ეუბნება, ხან არა.

საქართველოში აუცილებელია ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის გადაფასება და ხელახალი გააზრება - განსაზღვრა იმისა, თუ ვის და რას უნდა ემსახურებოდნენ ჟურნალისტები - საინფორმაციო საშუალების მესაკუთრეს, გარკვეულ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს თუ სიმართლეს, საზოგადოებას, და საკუთარ აუდიტორიას.

დღევანდელ ქართულ მედიაში შექმნილი ვითარება ძალზედ ჰგავს 15 წლის წინ არსებულს, როდესაც საბჭოთა პრესის მემკვიდრეობასა და საზოგადოების ახალ მოთხოვნილებებს შორის რადიკალური წყვეტისათვის ვითარება მომწიფებული იყო. საბჭოთა ჟურნალისტებს და საბჭოთა პრესის ორგანოებს მაშინ ევოლუციისა და ადაპტაციის უნარი არ აღმოაჩნდათ, დინოზავრებივით გადაშენდნენ და მათი ადგილი ახალმა გამოცემებმა დაიკავა. თანდათანობით გაჩნდა ახალი ელექტრონული საშუალებები. გარკვეულწილად დღესაც მსგავსი ვითარებაა შექმნილი - საზოგადოება ვითარდება, მაგრამ მედიაში აბსოლუტური სტაგნაციაა. ტელევიზიები ძირითადად ახალ გასართობ პროექტებს გვთავაზობენ. ხდება მედიის აგრესიული კომერციალიზაცია. ცხადია, საბოლოო ჯამში მედია თვითკმარი უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის მისი ერთადერთი დანიშნულება. მოკლევადიან ამოცანებზე ორიენტირებით მედია საბოლოო ჯამში ჭრის იმ ტოტს, რომელზედაც თავადვე ზის.

მედიას აქვს უამრავი ფუნქცია და გართობა მათ შორის ერთ-ერთია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და განათლება. ინფორმირებას, ავად თუ კარგად, ჯერჯერობით იგი ახერხებს, საგანმანათლებლო ფუნქცია კი დღესდღეობით საერთოდ იგნორირებულია. თუმცა საზოგადოების ინფორმირების კუთხითაც პრობლემები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლიდან მოქმედებს ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ მყარ სამართლებრივ გარანტიებს ქმნის, ყველაზე ნაკლებად ამ გარანტიებით ჟურნალისტები სარგებლობენ. ისინი იშვიათად მიმართავენ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ამასთანავე სახელმწიფოში არ არსებობს ორგანო, რომელიც ადმინისტრაციულ ინსტიტუტებში ინფორმაციის თავისუფლების ნორმების დაცვას ზედამხედველობას გაუწევდა. ამ კუთხით, მდგომარეობის ნორმალიზების მიზნით, მიზანშეწონილია ადმინისტრაციულ ორგანოებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქცია ომბუდსმენისათვის დაკისრება, რომელიც საკმაოდ ენერგიულად შეუდგა საკუთარი მოვალეობების შესრულებას და არის იმედი, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლაც გვექნება. ზოგადად, საჯარო დაწესებულებები ხელმისაწვდომია იმ ჟურნალისტებისთვის, რომელთაც აქვთ აქტიური მოქმედების სურვილი და პირველივე წინააღმდეგობისას ფარ-ხმალს არ ყრიან.

მედიის საგანმანათლებლო ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება და არსებული ჩავარდნის შევსება, შესაძლოა, საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ იტვირთოს. მან უნდა დააწესოს ახალი პროფესიული სტანდარტები, გახდეს მოდის ერთგვარი კანონმდებელი მედიაში, რაც ამ სტანდარტების სხვა ტელევიზიებსა და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებას შეუწყობს ხელს.

საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ უნდა დააბალანსოს კერძო ინტერესები, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებს ყოველთვის არ ემთხვევა. ეს პრობლემა განსაკუთრებით თავს კომერციალიზაციის ტენდენციის გაძლიერებასთან ერთად იჩენს: მარკეტინგული კვლევების ახალი მეთოდები საშუალებას აძლევს რეკლამის შემკვეთებს, უფრო ზუსტად და კონკრეტულად განსაზღვრონ აუდიტორია რომელიც მათი პროდუქციის ძირითადი მომხმარებელია. საზოგადოება კი მხოლოდ აქტიური მომხმარებლებისგან არ შედგება, რის გამოც, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესების იგნორირება ხდება. ამ პრობლემის დარეგულირება მხოლოდ ბაზრის მეშვეობით შეუძლებელია და აუცილებელია ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ წმინდა საბაზრო წესებით არ იხელმძღვანელებს.

ცხადია, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლობა ვერაფერს შეცვლის, თუ ახალი ფასეულობები თავად ჟურნალისტებმა არ დანერგეს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. 2003 წელს შემუშავდა მედიის პროფესიული სტანდარტი, რომელსაც თითქმის ყველა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებამ მოაწერა ხელი, მაგრამ წერილობით დეკლარირებული ღირებულებები, ქართული მედიის სახელმძღვანელო პრინციპებად ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების დეფიციტის მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ვერ მოხერხდა ჟურნალისტური თვითრეგულირების მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია. ამ მიმართულებით არსებული ჩავარდნების გამოსწორებას შეუწყობს ხელს მედიის საბჭო, რომლის შექმნაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. მსგავსი ინსტიტუტის ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, აამაღლოს მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა. ბოლო წლებში მედია საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, მედია იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოების 80%25-ის ნდობით სარგებლობდა. დღევანდელი მონაცემებით, მართლმადიდებელ ეკლესიას იგივე ნდობის მანდატი აქვს, ხოლო - 75%25 მედიას. მედიის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა, პირველ ადგილზე საზოგადოებრივი ნდობის თვალსაზრისით დღეს ხელისუფლებაა, ძირითადად პრეზიდენტი, შემდეგ ეკლესია და მხოლოდ ეკლესიის შემდეგ - მედია. მართალია, ეს მაჩვენებელი არც ისე დრამატული, მაგრამ საგანგაშო ტენდენციის მანიშნებელია.

ხშირად, როდესაც საქართველოში ელექტრონული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ, პირველ რიგში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ს გულისხმობენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ,,რუსთავი 2“ იყო ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი და აქედან გამომდინარე, ის რაც დღესდღეობით ,,რუსთავი 2“-ში ხდება საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ტელეარხს, რომელიც წლების განმავლობაში უამრავი თავდასხმის ობიექტი იყო და რომელმაც ვარდების რევოლუციაში გადამწყვეტი სიტყვა თქვა, რევოლუციის შემდეგ ამაგი დაუფასდა და ფინანსური პოზიციების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცა. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ოლიგარქიზაციის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა, ჰოლდინგ ,,იმედის“ მოღვაწეობის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ტელეკომპანია ,,იმედი“ ბორის ბერეზოვსკის პარტნიორს, ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც ქართულ მედია სივრცეში ერთგვარი ვირუსის ეფექტი იქონია - უჯრედში შეჭრის დროს ვირუსი ორგანიზმის ინფიცირებას ცდილობს. წლების მანძილზე ,,რუსთავი 2“ იმ ახალ ოლიგარქიულ გარემოში გადარჩენისათვის იბრძოდა, რომელიც საქართველოში ბადრი პატარკაციშვილმა შექმნა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავადაც ნელნელა დაემსგავსა იმას, რასაც უპირისპირდებოდა. რევოლუციის შემდეგ წამოტივტივდა ,,რუსთავი 2“-ს ბურუსით მოცული გაკოტრების თემა, რის შედეგადაც ამ ტელეკომპანიის ძირითადი მესაკუთრეს ახალი ბიზნესმენი, ქიბარ ხალვაში ჩაენაცვლა.

ელექტრონული მედია დღეს სრულად თვითკმარი არ არის და რადგანაც მის მესაკუთრეებს, რომელთაც განსხვავებული ფინანსური და პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ, მთავრობის კეთილგანწყობა სჭირდებათ, რაც მედიის დამოუკიდებლობის ხარისხზე აისახება. სახეზეა კრიტიკის დეფიციტი. ადრე ჟურნალისტის კრიტიკული განწყობა დაცული იყო, რადგან კრიტიკულად განწყობილი იყო საინფორმაციო საშუალების მესაკუთრეც. დღეს ქართველი ჟურნალისტები სწორედ ამ მხრივ აწყდებიან ყველაზე რთულ პრობლემებს. ცხადია, კრიტიკული აზრის დეფიციტს ობიექტური საფუძველიც აქვს. ,,რუსთავი 2“-ის მწვავე პათოსს, რაც მას წლების განმავლობაში ახასიათებდა, საზოგადოებრივი დაკვეთაც განაპირობებდა. საზოგადოებრივი აზრი, არათუ პლურალისტური, არამედ რადიკალურად პოლარიზებული იყო და ,,რუსთავი 2“ ამ სიტუაციას ადეკვატურად ასახავდა, რასაც დღევანდელობაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. დღეს საზოგადოებრივი აზრი, არათუ პოლარიზებულია, არამედ ერთი უკიდურესობიდან მეორესკენაა გადახრილი. არჩევნებზე ხელისუფლებას, მმართველ პარტიას მხარი მოსახლეობის 90%25-ზე მეტმა დაუჭირა. ოპოზიცია პრაქტიკულად აღარ არსებობს, რაც სიმწვავის შესუსტების ობიექტურ საფუძველს ქმნის. ასეთი ვითარება შევარდნაძის მმართველობის პირველი წლებისთვისაც იყო დამახასიათებელი. დღევანდელი პოლიტიკური ფონი, განსხვავებული აზრისა და პლურალიზმისთვის ნაკლებად ხელსაყრელია. ამის პარალელურად, სხვა არხებზე, რომლებიც ჯერ კიდევ თვითდამკვიდრების პროცესში არიან, განსხვავებული აზრისთვის უფრო მეტი შესაძლებლობები იქმნება. ასე რომ, საბოლოო ჯამში ის, რაც დაიკარგა ,,რუსთავი 2“-ში, რაღაც სახით სხვა არხებზე კომპენსირდება. თუმცა, ეს სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემას არ ხსნის: არსებობს ტაბუირებული საკითხები და თემები, რომელთაც ჟურნალისტები არ ეხებიან და ეს ადვილად შესამჩნევია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ საინფორმაციო გამოშვებები ხშირად გაჭრილი ვაშლებივით ჰგავს ერთმანეთს. ახალი ამბების გამოშვებებს ხსნის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის გაჭრა ლენტი პრეზიდენტმა, რომელ სკოლას და სოფელს ესტუმრა იგი, რაც თავისთავად არ შეესაბამება ეტალონური, მაღალპროფესიული ჟურნალისტიკის შესახებ წარმოდგენებს.

საქართველოში დამოუკიდებელი პრესის ისტორია პარტიულ პრესას უკავშირდება, რომელიც ტრადიციულად ხელისუფლების ერთგვარი ოპოზიციის როლს ასრულებდა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჩნდა პარტიული გამოცემები. კავშირი პოლიტიკასთან შემდგომში პოლიტიკოსებთან კავშირში გადაიზარდა. ჟურნალისტები მკითხველებზე მეტად პოლიტიკოსებზე იყვნენ ორიენტირებულნი და მათთვის წერდნენ. ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს, საქართველოს ისტორია მხოლოდ მეფეთა ისტორიაა და ხალხი არ ჩანს. საზოგადოება არც დღევანდელ გაზეთებსა და საინფორმაციო გამოშვებებში ჩანს და ძირითადი აქცენტი კვლავ პოლიტიკოსებზე კეთდება. ბეჭდური მედიის სისუსტის მიზეზი სწორედ ის არის, რომ მათი სამიზნე აუდიტორია არა საზოგადოება, არამედ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებია. გაზეთები არ არიან ორიენტირებული მკითხველზე და მათ მოთხოვნილებებზე, რაც ტირაჟების სიმწირეს განაპირობებს.

გამოსავალი შესაძლოა, სამოქალაქო ჟურნალისტიკაში ვეძებოთ, რაც პირველ რიგში, ჟურნალისტების მიერ საკუთარი პროფესიის ხელახალ გააზრებას გულისხმობს. როგორც ანტეოსისა და ჰერაკლეს შესახებ ძველი ბერძნული მითი გვამცნობს, ანტეოსი მანამ იყო დაუმარცხებელი, სანამ მშობელ დედასთან, დედამიწასთან ჰქონდა კავშირი. თუკი პრესაც აღადგენს კავშირს საზოგადოებასთან და ორიენტირებას საზოგადოებრივ ინტერესებზე მოახდენს, იგი შესძლებს მომზადებული შეხვდეს ახალ გამოწვევებს. სამწუხაროდ, დღევანდელი ვითარება ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. რომელიმე ფაბრიკის მუშას შესაძლოა, პროფესიული ღირსების გაცილებით მეტი გრძნობა და საკუთარი ღირსებისა თუ უფლებებისთვის ბრძოლის მეტი სურვილი ჰქონდეს, ვიდრე ქართველ ჟურნალისტებს აქვთ. ის ოქროს გალიები, რომლებიც მეპატრონეებმა ზოგიერთ ჟურნალისტს შეუქმნეს, ალბათ, დასათმობად რთული და იდეებისთვის ბრძოლის დასაწყებად საკმაოდ კომფორტულია.

თუმცა, იმედი რომ ეს პრობლემა მოგვარდება, მაინც არის, ძირითადად ახალი რესურსების ხარჯზე, რომელიც ახალი ტიპის განათლებას იღებს. წლების განმავლონაში ძირითადი სკოლა, რომელიც ბაზარს ჟურნალისტური კადრებით უზრუნველყოფდა, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი იყო, რომელსაც სათავეში იდეოლოგიის დარგში ცეკას ყოფილი მდივანი ნუგზარ ფოფხაძე ედგა. ბუნებრივია, ეს ფაკულტეტი სამოქალაქო ფასეულობების შეძენისათვის საუკეთესო ადგილი ვერ იქნებოდა. ახალი ჟურნალისტური სკოლები, განსაკუთრებით კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა, რომელიც GIPA-ს ბაზაზე არსებობს, შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მაინც უშვებს ახალ კადრებს. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ახალი სისხლი, რომელიც იქნება მედიაში ახალი პრინციპებისა და ფასეულობების დამკვიდრების თვალსაზრისით კატალიზატორის როლს შესარულებს. მნიშვნელოვანია, განათლების მიმდინარე რეფორმა, რომლის შედეგად, სავარაუდოდ, პროფესიონალური ჟურნალისტური განათლების კერებისა და ახალი კადრების რაოდენობა გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლიდან მოქმედებს ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ მყარ სამართლებრივ გარანტიებს ქმნის, ყველაზე ნაკლებად ამ შესაძლებლობებით ჟურნალისტები სარგებლობენ. ისინი იშვიათად მიმართავენ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ამასთან სახელმწიფოში არ არსებობს ორგანო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა ინფორმაციის თავისუფლების ნორმების დაცვას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. განვლილი წლის მანძილზე გარკვეულ ნეგატიურ მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი რაც, შესაძლოა, დღევანდელ ხელისუფლებაში შექმნილი ზოგადი ქაოსითაც იყოს გამოწვეული. ამა თუ იმ მიზეზის გამო, გამჭვირვალეობის ხარისხმა ამ ხნის განმავლობაში იკლო და ადრინდელთან შედარებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონეც გაუარესდა. ამ მიმართულებით, მდგომარეობის ნორმალიზების მიზნით, მიზანშეწონილია ადმინისტრაციულ ორგანოებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის ომბუდსმენისათვის დაკისრება, რომელიც საკმაოდ ენერგიულად შეუდგა საკუთარი მოვალეობების შესრულებას და არის იმედი, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლაც გვექნება. ზოგადად, საჯარო დაწესებულებები ხელმისაწვდომია იმ ჟურნალისტებისთვის, რომელთაც აქვთ აქტიური მოქმედების სურვილი და პირველივე წინააღმდეგობისას ფარ-ხმალს არ ყრიან.

2 კულტურა და ადამიანის უფლებები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ამარტია სენი

უკანასკნელ პერიოდში ადამიანის უფლებათა კონცეფციამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა და საერთაშორისო დისკურსში რაღაც ოფიციალური სტატუსის მაგვარიც კი მოიპოვა. რეგულარულად იკრიბებიან ავტორიტეტული კომისიები, რათა მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვისა თუ შელახვის ფაქტები განიხილონ. რიტორიკული ასპექტით ადამიანის უფლებები თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო მეტ აღიარებას პოულობს და გასულ წლებთან შედარებით მათ გაცილებით უფრო ხშირად იმოწმებენ. ყოველ შემთხვევაში, პოლემიკურმა სტილმა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ ჭარბობდა, უკანა პლანზე გადაინაცვლა და თანამედროვე ნაციონალური და საერთაშორისო ურთიერთობების ენა მომხდარ ცვლილებას პრიორიტეტებსა და ფასეულობებში ირეკლავს. ამას გარდა, ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა განვითარებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კვლევებისა.

თუმცა ისიც არის, რომ ადამიანის უფლებათა კონცეფციის აშკარა გამარჯვება, შეიძლება ითქვას, წრფელი სკეპტიციზმით აღიქმება კრიტიკულად განწყობილი წრეების მხრიდან და ეს სკეპსისი მისი გამოყენების უნივერსალობითა და მართლზომიერებითაა გამოწვეული. არსებობს ეჭვი, რომ ცნებითი სისტემა, რომელიც ამ სფეროში მრავალ დებულებას დაედო საფუძვლად, ერთგვარი უბრალოებით სცოდავს.

კრიტიკის სამი ასპექტი

სახელდობრ სად ხედავენ კრიტიკოსები პრობლემას? ჩვენი აზრით, სამი განსხვავებული ასპექტის გამოყოფაა შესაძლებელი, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთო დოქტრინის ინტელექტუალური სიმწყობრის მიმართ ბადებს ეჭვს. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავენ იმ გარემოებას, რომ ადამიანის უფლებათა კონცეფცია განსაზღვრული და მკაფიო უფლებების მქონე სამართლებრივი სისტემის ფუნქციონირებას ურევს პრინციპებთან, რომლებიც ყოველგვარი კანონმდებლობის წინმსწრებია და რეალურად სულაც არ უზრუნველყოფს ადამიანს რაიმეგვარი კანონიერი უფლებით. აქ ადამიანის უფლებების ლეგიტიმურობასთან გვაქვს საქმე: სხვა გზით როგორ მოიპოვებენ ეს უფლებები ლეგალურ სტატუსს, თუ არა სახელმწიფოს მიერ სანქციონირებული უფლებამოსილების, როგორც უმაღლესი იურიდული ავტორიტეტის საშუალებით? ამ თვალსაზრისით ჩვენ ისევე გვაქვს თანდაყოლილი უფლებები, როგორც ტანსაცმელი; როგორც ჭრა-კერვით იძენენ ტანსაცმელს, ასევე უფლებებიც მოიპოვება მათი კანონის რანგში აყვანის მეშვეობით. არ არსებობს შეუკერავი ტანსაცმელი და არც ისეთი უფლებები არსებობს, წინ რომ უსწრებდეს სამართლებრივ სისტემას. დავარქვათ ამ კრიტიკულ ასპექტს ლეგიტიმისტური. ,,შეტევის“ მეორე მიმართულება იმ ფორმასთანაა დაკავშირებული, რომლითაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეთიკა და პოლიტიკა გამოიხატება. უფლებები არსობრივად უფლებამოსილებებია და აქედან გამომდინარე, ისინი შერწყმულია შესაბამის ვალდებულებებთან. ვთქვათ, თუ მავანი A ფლობს უფლებას X-ზე, მაშინ უნდა არსებობდეს რაღაც B სტრუქტურა, რომელიც ვალდებული იქნება, მოცემული X-ით უზრუნველყოს A. თუკი ასეთ უფლებამოსილებას არ აღიარებენ, ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ უფლება ,,ცარიელია“, უშინაარსოა. ამიტომ რთულია ე.წ. ადამიანის უფლებების ქმედუნარიან საშუალებად მიჩნევა. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, მშვენიერია, ყოველ ადამიანს რომ აქვს უფლება - დაიკმაყოფილოს წყურვილის გრძნობა და ისარგებლოს სამედიცინო დახმარებით, მაგრამ ასეთი ვალდებულებების უზრუნველმყოფი სპეციფიკური სტრუქტურების არარსებობისას, ეს უფლებები ბევრს არაფერს ნიშნავს. შედეგად ადამიანის უფლებები მხოლოდ კეთილ სენტიმენტად რჩება და მკაცრად რომ ვთქვათ, რაიმე ქმედუნარიანობა მათ არ გააჩნიათ. ამ თვალსაზრისით ადამიანის უფლებები უფრო მოთხოვნები კი არა, ყელში გაჩრილი გორგალია. დავარქვათ ამ პოზიციას ,,პრაქტიკული კრიტიკა“.

სკეპსისის მესამე მიმართულების წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ფორმით ნაკლებად არიან შეწუხებულნი; მათ უფრო სოციალური ეთიკის სისტემაში მისი ადგილი აფიქრებთ. ამ შეხედულების თანახმად, ადამიანის უფლებათა მორალური ასპექტი ეთიკური სისტემის ხასიათზეა დამოკიდებული. საკითხი აქ ასე დგას: განა ეთიკა შეიძლება იყოს უნივერსალური? რა ვიღონოთ მაშინ, თუ ზოგიერთ კულტურულ არეალში ადამიანის უფლებებს სხვა ღირებულებებთან შედარებით ნაკლები ხიბლი ექნება? კულტურული სკეპტიციზმი საკამათოდ ხდის ადამიანის უფლებათა საყოველთაობას. ამ მიმართულების წარმომადგენლები ზოგჯერ ,,აზიურ ღირებულებს“ იმოწმებენ და ადამიანის უფლებათა კონცეფციასთან მათ შეუთავსებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებებს თავისი სახელწოდების გასამართლებლად უნივერსალური ხასიათი უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნივერსალური ღირებულებები პრინციპში არ არსებობს. ამგვარია ,,კულტურული“ კრიტიკის არსი.

ლეგიტიმისტური კრიტიკა

ლეგიტიმისტურ კრიტიკას მდიდარი ისტორია აქვს. მას სხვადასხვა ფორმით მიმართავდა ადამიანის უფლებებზე დამყარებული ეთიკის საფუძვლიანობაში შეეჭვებული მრავალი სკეპტიკოსი. ამ კრიტიკული ნაკადის ვარიანტებს შორის შეინიშნება როგორც საინტერესო მსგავსება, ასევე განსხვავებაც. მაგალითად, ერთი მხრივ, კარლ მარქსი ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში უფლებები არ შეიძლება სახელმწიფოს ინსტიტუციონალიზაციის წინმსწრები იყოს (არამედ პირიქით, მოსდევს მას). ეს მოსაზრება მან დეტალურად განავრცო პამფლეტში ,,ებრაული საკითხის გამო“. მეორე მხრივ, იერემია ბენტამი ბუნებით სამართალს ,,სისულელის როშვას“ უწოდებდა,

ხოლო ბუნებით და განუყოფელ უფლებებს - ,,როშვას ოჩოფეხებზე.“ მაგრამ, ამ და მრავალ სხვა კრიტიკულ გამონათქვამს აერთიანებს წარმოდგენა, რომ უფლებები უნდა გავიგოთ როგორც საზოგადოების ინსტიტუციონალიზაციის შედეგად გაჩენილი ინსტრუმენტი და არა აპრიორული ეთიკური უფლებამოსილება. ასეთი მიდგომა, შეიძლება ითქვას, ფუნდამენტურად ამსხვრევს ადამიანის უფლებათა უნივერსალობის მთავარ იდეას.

რა თქმა უნდა, მორალური მოთხოვნები, რომლებიც მხოლოდ პრეტენზიას აცხადებენ კანონის რანგში აყვანაზე, იურიდიულ ძალასა და ინსტიტუციონალურ მნიშვნელობას ნაკლებად ფლობენ. მაგრამ ამ ნიადაგზე დაყრდნობით ადამიანის უფლებათა უგულებელყოფა იმას ნიშნავს, რომ ხელიდან გვისხლტება უმნიშვნელოვანესი რამ ადამიანის მყოფობაში. ლეგიტიმურობის მოთხოვნა - მოთხოვნაა და სხვა არაფერი, ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია გარკვეული უფლებების, როგორც ყოველი ადამიანის განუყოფელი უფლებამოსილების ეთიკური აღიარება. ამ აზრით ადამიანის უფლებები შეიძლება განიმარტოს როგორც ძალაუფლების მქონე უფლებამოსილების ან ხელშეუვალი პრივილეგიის მოთხოვნა (ანუ უფლებათა კონცეპციიდან მომდინარე გარანტიის ნებისმიერი ფორმა), რომელსაც ამართლებს ეთიკური მსჯელობა და ამგვარ გარანტიებს სასიცოცხლომნიშვნელობას ანიჭებს.

სინამდვილეში ადამიანის უფლებები, წესისამებრ, ოქმედ იურიდიულ უფლებებს აღემატება. ისეთ ვითარებაში, როცა იურიდიული დაცვა შეუძლებელია, ადამიანის უფლებებზე მითითება ერთობ ეფექტური ხდება ხოლმე. ცოლის მორალურ უფლებას - სრულად და თანასწორუფლებიანად მონაწილეობდეს ოჯახური გადაწყვეტილების მიღებაში - ქმრისთვის დამახასიათებელი მამაკაცური შოვინიზმის მიუხედავად, მრავალი ადამიანი აღიარებს, მაგრამ საეჭვოა, იმავე ადამიანებს ამ უფლების იურიდიულად გაფორმებისა და პოლიციის მეშვეობით მისი რეალიზების სურვილი ჰქონდეთ. ,,პატივისცემის უფლება“ კიდევ ერთი ნიმუშია იმისა, რომ ლეგალიზაცია და ინსტიტუციონალური მხარდაჭერა სასაცილოდ თუ არა, პრობლემატურად მაინც მოსჩანს.

ამიტომ აჯობებს ადამიანის უფლებები განიმარტოს როგორც ეთიკის მოთხოვნები, რომელთა გაიგივება იურიდიულად გაფორმებულ უფლებებთან მიზანშეუწონელია. მაგრამ ასეთი ნორმატული ინტერპრეტაცია სულაც არ გულისხმობს ადამიანის უფლებათა უსარგებლობას იმ შემთხვევებშიც, მაგალითის სახით რომ მოჰყავთ ხოლმე კრიტიკოსებს. რაც შეეხება ამა თუ იმ უფლებასთან ასოცირებულ თავისუფლებებს, მათი შინაარსი არცთუ იშვიათად საჯარო დებატებით განისაზღვრება. ერთი სიტყვით, ადამიანის უფლებები უნდა მოვიაზროთ როგორც ეთიკურ მსჯელობათა სისტემა და პოლიტიკური მოთხოვნების საფუძველი.

პრაქტიკული კრიტიკა

მივმართოთ კრიტიკის მეორე ტიპს: რამდენად არის შესაძლებელი უფლებათა შესახებ საგნობრივი საუბარი, როცა გაუგებარია, გარანტიით ვინ უნდა უზრუნველყოს მათი გამოყენება? ფართოდ გავრცელებული თვალსაზრისით, უფლებები სათანადო ძალას მხოლოდ შესაბამის ვალდებულებებთან შერწყმისას იღებს. რაიმეზე პიროვნების უფლება გამაგრებული უნდა იყოს სხვა მოქმედი პირის მოვალეობით, უზრუნველყოს მოცემული პიროვნება მისთვის სასურველი უფლებებით. ისინი, ვინც ამ ბინარულ ბმაზე სვამენ მახვილს, ერთობ კრიტიკულად ეკიდებიან ,,სამართლებრივ“ რიტორიკას ,,ადამიანის უფლებათა“ კონტექსტში, რადგან ამ უფლებათა რეალიზაციის სფეროში პირების, სტრუქტურებისა და მათი მოვალეობების ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს. ასეთი პოზიციიდან კი ადამიანის უფლებების მოთხოვნა ცარიელ ლაყბობად იქცევა.

ამგვარი სკეპტიციზმის ერთ-ერთი მკვებავი კითხვა, შემდეგია: როგორ დავრწმუნდეთ, რომ უფლებები რეალიზაციას ,,ექვემდებარება,“ თუკი ისინი არ არიან შესაბამისი ვალდებულებებით უზრუნველყოფილნი. ზოგიერთი აზრის ატამალსაც კი ვერ ხედავს ,,კატეგორიული იმპერატივით“ დაუბალანსებელ უფლებებში, რაც გარკვეული პირის ან სტრუქტურის მხრიდან ამა თუ იმ უფლების რეალიზების სპეციფიკურ ვალდებულებას გულისხმობს.

ამის მიუხედავად, მტკიცება, რომ კატეგორიულ იმპერატივთან შეურწყმელად უფლება უმოქმედოა, შეიძლება ეჭვის ქვეშ დავაყენოთ. განსხვავებულ იურიდიულ კონტექსტში მსგავს განაცხადს ეგებ ჰქონდეს კიდეც აზრი, მაგრამ ნორმატიულ დისკუსიებში უფლება არცთუ იშვიათად მოიაზრება როგორც უფლებამოსილება, მძლავრი რწმუნებულება ან პრივილეგია, რაც ყოველი ადამიანის კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. ჩათვალეთ, რომ ადამიანის უფლებებს მოქალაქეობის მიუხედავად ფლობს ყველა და კეთილდღეობა, რასაც ეს უფლებები წარმოშობს, ასევე თითოეულისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. იმანუილ კანტმა ასეთ მოთხოვნებს საზოგადოებრივი ყოფის ,,ჰიპოთეტური იმპერატივი“ დაარქვა. ასე რომ, თუ არ არსებობს გარკვეული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამა თუ იმ პიროვნების უფლების განხორციელებაზე, მაშინ მოთხოვნათა ადრესატი ის იქნება, ვისაც დახმარების ძალა შესწევს. თუმცა, კონკრეტული პირი ან სტრუქტურა არც პასუხს აგებს და ამა თუ იმ უფლებით სარგებლობის გარანტიასაც არ იძლევა.

ცხადია, ისეც ხდება, რომ უფლებები, რომელთა არსი ამგვარადაა ფორმულირებული, არარეალიზებული რჩება. მაგრამ, აუცილებელია განვასხვაოთ უფლება, რომელსაც ადამიანი ფლობს, თუმცა კი არ იყენებს მას, უფლებისგან, რომელიც მას არა აქვს. საბოლოო ჯამში, უფლების ეთიკური შინაარსი არ ემთხვევა თავისუფლების შესაბამისი ტიპის ღირებულებას მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამ უფლების რეალიზაცია სხვა პირების დახმარებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენ წარმატებით შეგვეძლო მარტოდმარტო თავისუფლების ენით გვემეტყველა, ყოველგვარი სამართლებრივი ტერმინოლოგიის დაუხმარებლად, მაგრამ სარგებლის მომტანია ხოლმე იმ აუცილებლობის - და ვიტყოდი, დასაჟინებელი აუცილებლობის - შეხსენება, რომ ამა თუ იმ თავისუფლების მისაღწევად მხარში უნდა ამოვუდგეთ პიროვნებას. სამართლის ენა ავსებს თავისუფლებისენას.

,,კულტურულიკრიტიკა და ,,აზიური ღირებულებები

კრიტიკის მესამე მიმართულება ყველაზე საინტერესოა და გარკვეულწილად განსაკუთრებულ ყურადღებასაც იპყრობს. არის თუ არა ადამიანის უფლებათა კონცეფცია მართლაც უნივერსალური. განა არ არსებობს ისეთი ეთიკა, ვთქვათ, კონფუციანელობა, რომელიც უფრო მეტად დისციპლინაზეა კონცენტრირებული, ვიდრე - უფლებებზე, უფრო - ლოიალობაზე, ვიდრე - უფლებამოსილებებზე. რაკიღა ადამიანის უფლებები, სხვა ყველაფერთან ერთად, პოლიტიკური თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების მოთხოვნასაც გულისხმობს, აზიელი თეორეტიკოსები დროდადრო მიუთითებენ ხოლმე ზემოხსენებულ ,,წინააღმდეგობებს,“ როგორც ისინი უწოდებენ მათ.

ამ ბოლო დროს, აზიაში ავტორიტარული პოლიტიკური სისტემების გასამართლებლად, ხშირად იმოწმებენ ,,აზიურ ღირებულებათა“ ბუნებას. ავტორიტარიზმის გამართლების ეს ტენდენცია, წესისამებრ, დამოუკიდებელი ისტორიკოსების მხრიდან კი არა, თავად ხელისუფლებისგან (მაგალითად სამთავრობო ჩინოვნიკების ან მისი წარმომადგენლებისგან) და მასთან დაახლოებულ მეცნიერთაგან მომდინარეობს. ამგვარი მიდგომა კვალს ატყობს სახელმწიფოს მართვას და აგრეთვე, გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე.

რამდენად ეწინააღმდეგება ,,აზიური ღირებულებები“ ძირითად პოლიტიკურ უფლებებს და პრინციპულად შეუთავსებელია თუ არა ეს ორი სისტემა? ამ კითხვაზე ხშირად დადებითი პასუხი გაისმის, მაგრამ დასაბუთებულია იგი? დავიწყოთ იმით, რომ აზიასთან დაკავშირებით რაიმე განზოგადება, ამ კონტინენტის მასშტაბების გამო, იოლი არ არის. აზიაში მსოფლიო მოსახლეობის 60%25 ცხოვრობს. რას მოვიაზრებთ ამ უზარმაზარი და არაერთგვაროვანი რეგიონის ღირებულებებად? მით უმეტეს, რომ არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელთა აღიარებას აზიის ჭრელი და მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ერთობლივად შეძლებს და აქედან გამომდინარე გამოცალკევებული ჯგუფის სახით დანარჩენ მსოფლიოს დაუპირისპირდება.

,,აზიური ღირებულებების“ დამცველებს, პირველ რიგში, აღმოსავლეთ აზიის, როგორც, მათი აზრით, ყველაზე ნიშანდობლივი რეგიონის მაგალითი მოჰყავთ. დასავლეთისა და აზიის წინააღმდეგობებზე თეორიული მსჯელობის ნიადაგად ტაილანდის აღმოსავლეთით მდებარე მხარეებს იყენებენ. თუმცა უფრო ამბიციური განცხადებებიც გაისმის ხოლმე იმის თაობაზე, რომ დანარჩენი აზიაც აღმოსავლეთს ,,ჰგავს,“ მაგალითად ლი კვან იუ ხაზს უსვამს ,,ფუნდამენტურ განსხვავებას საზოგადოებისა და ქვეყნის მართვის დასავლურ და აღმოსავლურაზიურ გაგებას შორის,“ ამასთანავე განმარტავს: როდესაც მე ვლაპარაკობ აღმოსავლელ აზიელებზე მხედველობაში მაქვს კორეა, იაპონია, ჩინეთი, ვიეტნამი. ეს ქვეყნები განსხვავებულია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისგან, სადაც თანაბარ გავლენას ახდენს ჩინეთიცა და ინდოეთიც. თუმცა ინდურისა და ჩვენი კულტურების ღირებულებები ჰგვანან ერთმანეთს.

რეალურად კი აღმოსავლეთი აზია გაცილებით მრავალფეროვანია და აქ, იაპონიასა და ჩინეთს, კორეასა და სხვა რეგიონებს შორის საკმარისზე მეტი განსხვავების მოძიებაა შესაძლებელი. საუკუნეთა მანძილზე განსხვავებული კულტურები ამ ერთობ ფართო ტერიტორიის ცხოვრებაზე გავლენას ახდენდნენ, როგორც რეგიონის შიგნიდან, ასევე მის საზღვრებს გარედან. ამ გავლენათა კვალი დღემდე ვლინდება სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ჰიუტონ მიფლინის საერთაშორისო ,,ალმანახი“ 124 მილიონი იაპონელის რელიგიური კუთვნილების შესახებ გვამცნობს: 112 აღიარებს სინტოიზმს, 93 მილიონი - ბუდიზმს. ნაირგვაროვანი კულტურული გავლენები დღემდე აფერადებს თანამედროვე იაპონელთა იდენტობას, და ერთი და იგივე ადამიანი, ერთსა და იმავე დროს შეიძლება სინტოისტიც იყოს და ბუდისტიც.

ისეთ რეგიონში, როგორიცაა აღმოსავლეთი აზია, ისეთი ქვეყნების საზღვრებში, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი ან კორეა, კულტურები და ტრადიციები ერთმანეთს ედება, და ,,აზიური ღირებულებების“ თეორიული განზოგადების მცდელობა (რაც ხშირ შემთხვევაში ამ რეგიონის მოსახლეობისთვის უარყოფით შედეგს იწვევს, რაკი მათ სხვადასხვა აღმსარებლობა და შეხედულებები აქვთ) შეუძლებელია მეტისმეტად მიახლოებითი არ აღმოჩნდეს. თავად სინგაპურის 2,8 მილიონიან მოსახლეობაშიც კი ისტორიული და კულტურული ტრადიციის დიდ მრავალფეროვნებას ვპოულობთ. მაგალითად, სინგაპურმა თემთა შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების სფეროში ჭკუის სასწავლად გამოსადეგი გამოცდილება დააგროვა.

თანამედროვე დასავლეთი და მისი უნიკალურობის სტერეოტიპი

აზიასა და, როგორც ჩანს, მთლიანად არადასავლურ საზოგადოებაში აზროვნების ავტორიტარული ნაკადი ხშირად გაშუალებულ მხარდაჭერას პოულობს დასავლური თეორიული დოქტრინების სახით. ამერიკასა და ევროპაში შეუიარაღებელი თვალითაც შეინიშნება ტენდენცია, რომ პირველობა პოლიტიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის სფეროში დასავლური კულტურის ისტორიულ და ფუნდამენტურ თვისებად იქნეს მიჩნეული, რაც აზიაში რატომღაც ძნელად აღმოსაჩენი ყოფილა. ეს ტენდენცია გულისხმობს წინააღმდეგობას თითქოსდა კონფუციანელობისთვის დამახასიათებელ ავტორიტარიზმსა და დასავლურ კულტურაში თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობისადმი თურმე ღრმად ფესვგადგმულ პატივისცემას შორის. დასავლელი აქტივისტები, რომლებიც არადასავლურ მსოფლიოში პიროვნულ და პოლიტიკურ თავისუფლებას უწევენ პროპაგანდას, იშვიათად როდი განიხილავენ თავიანთ საქმიანობას, როგორც ,,დასავლური ღირებულებების“ შემოტანას აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ისინი მთელ მსოფლიოს სთავაზობენ ,,დასავლური დემოკრატიის“ კლუბში გაწევრიანებას და ,,დასავლური ღირებულებებისკენ“ აღტაცებულ სვლას.

დასავლეთის ასეთ მცდელობაში შეინიშნება აწმყოს წარსულზე ექსტრაპოლირებისკენ მიდრეკილება. ღირებულებები, რომლებიც ევროპული განმათლებლობისა და სხვა შედარებით ახალი სააზროვნო მიმდინარეობების წყალობით საერთო გახდა და ფართოდ გავრცელდა, არ შეიძლება მივაკუთვნოთ დასავლეთის ადრეულ მემკვიდრეობას - ყოველ შემთხვევაში, ათასწლეულებს ისინი აშკარად არ ითვლიან. უშუალოდ დასავლელ კლასიკურ ავტორებთან, მაგალითად, არისტოტელესთან მხოლოდ შერჩევით ვპოულობთ მხარდაჭერას ზოგიერთი იმ ელემენტისა, რასაც ახლა პოლიტიკური თავისუფლების თანამედროვე გაგება წარმოადგენს. მაგრამ მსგავსი ელემენტების აღმოჩენა აზიურ წერილობით ტრადიციაშიცაა შესაძლებელი. ამ ვითარების საილუსტრაციოდ განვიხილოთ წარმოდგენა პიროვნული თავისუფლებისა და მისი როლის შესახებ საზოგადოების კეთილდღეობაში. იგი ორი განსხვავებული კომპონენტისაგან შედგება, კერძოდ: (1) პირადი თავისუფლების ღირებულებები - წარმატებულ საზოგადოებაში პირადი თავისუფლება მნიშვნელოვანია და იგი გარანტირებული უნდა იყოს ,,პატივდებული“ ადამიანებისთვის და (2) თანასწორობა თავისუფლებაში: წარმატებულ საზოგადოებაში ყველა მოქალაქე ,,პატივდებულია“ და ერთისთვის გარანტირებული თავისუფლება, ყოველი ადამიანის მიმართ ვრცელდება. ამ ორი კომპონენტის შეწყვილებიდან კი გამომდინარეობს, რომ პირადი თავისუფლება ნებისმიერისთვის თანაბრად უნდა იყოს გარანტირებული. არისტოტელე მხურვალედ უჭერდა მხარს პირველ წანამძღვარს, თუმცა ისე, რომ იმათი სიიდან, ვისთვისაც გარანტირებული უნდა ყოფილიყი პირადი თავისუფლება, ქალები და მონები ამოწერა. ანუ, თავისუფლებაში თანასწორობის პრინციპის დაცვა გვიანდელი წარმომავლობისაა. კლასებად და კასტებად დაყოფილი საზოგადოება თავისუფლებას მნიშვნელოვან ფასეულობად მხოლოდ პრივილეგირებულთათვის ამკვიდრებს (მაგალითად, მანდარინების ან ბრაჰმანებისთვის); ზუსტად ასე იაზრებდა თავისუფლებას მოსახლეობის მამრობითი სქესიც, რომელიც, საზოგადოების კეთილდღეობაზე ძველბერძნული წარმოდგენის თანახმად, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მონა. კარგი იქნება სხვა განსხვავებასაც მიექცეს ყურადღება: ტოლერანტობის ღირებულება - განსხვავებული რწმენის, შეხედულებისა და საქმიანობის მიმართ საჭიროა შემწყნარებლობა გამოვავლინოთ. და (2) თანასწორობა ტოლერანტობაში - შემწყნარებლობა რომელიმე ერთის მიმართ გონიერების საზღვრებში სხვებზეც უნდა გავრცელდეს (იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა ერთის მიმართ შემწყნარებლობას მეორისადმი შეუწყნარებლობამდე მივყავართ). ძველ დასავლელ მოაზროვნეთა თხზულებებში არგუმენტები ნაწილობრივი ტოლერანტობის სასარგებლოდ მრავლად გვხვდება, მაგრამ ტოლენტობის იმ იდეის გარეშე, რომლის მიხედვით, იგი თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე. თანამედროვე ლიბერალური და დემოკრატიული შეხედულებები ძველ დასავლურ ტრადიციაში წარმოდგენილია როგორც მხოლოდ წარმომქნელი ელემენტები და არამც და არამც მთლიანი თეორიის სახით.

შედარებითი შესწავლისას აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა: წარმოდგენილია თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი წარმომქმნელი ელემენტები აზიურ ლიტერატურაში იმ ფორმით, როგორც ჩვენ მას დასავლელი მოაზროვნეების თხზულებებში ვხვდებით? მოცემულ შემთხვევაში, საჭიროა მოვიძიოთ სხვაობა ამ ელემენტებსა და საპირისპირო ხასიათის გამონათქვამების არარსებობას შორის, რაც ისეთ იდეებსა და დოქტრინებს გულისხმობს, გამოკვეთილად რომ არ იცავს თავისუფლებასა და ტოლერანტობას. აგრეთვე შევნიშნავთ, რომ დასავლურ ტექსტებში უხვადაა წესრიგისა და დისციპლინის მხარდამჭერი პასაჟებიც. ამასთან დაკავშირებით უნდა ვაღიარო: სრულებითაც არ ვარ დარწმუნებული, რომ კონფუცის ტექსტებს უფრო ჭარბი ავტორიტარულობა ახასიათებს, ვიდრე პლატონისა და ავგუსტინესას. საკითხი ის კი არ არის, იპოვება თუ არა ე.წ. აზიურ ტრადიციაში განაზრებანი თავისუფლების უარყოფის შესახებ, არამედ ის, თუ რამდენადაა ამ ტრადიციაში თავისუფლებაზე ორიენტირებული მიმდინარეობები წარმოდგენილი.

აქ კი წინა პლანზე გამოდის აზიური ღირებულებების სისტემათა ნაირგვარობა, რაც არა მარტო რეგიონალური განსხვავებული მოდელების ინკორპორირებას ახდენს, არამედ მათ საზღვრებსაც ლახავს. მივმართოთ თვალსაჩინო ნიმუშს: ბუდიზმის როლი აზიური აზრის ფორმირებაში. ბუდისტურ ტრადიციაში თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ინდური ფილოსოფიის ზოგიერთ, ბუდიზმთან მონათესავე მიმდინარეობაშიც ასევე არანაკლები ადგილი ეთმობა ნებისა და არჩევანის თავისუფლებას. ღირსეულ ქცევას თავისუფლების პირობებში ,,სწავლობენ“ და ასეთი მიზანდასახულობა იმ იდეური მიმართულებებისთვისაცაა დამახასიათებელი, რომლებიც ამქვეყნიური ამაოებისგან სრულ თავისუფლებას ქადაგებენ (მაგალითად, მოკშის ფილოსოფია). ბუდისტურ ცნობიერებაში ამგვარი ელემენტების არსებობა სულაც არ აუქმებს დისციპლინისა და წესრიგის აუცილებლობის მოთხოვნას, რასაც ხაზს უსვამდა კონფუცი, მაგრამ შეცდომა იქნებოდა აზიაში და თავად ჩინეთშიც კი კონფუციზმის ერთადერთ ტრადიციად გამოცხადება. ,,აზიური ღირებულებების“ თანამედროვე ავტორიტარული ინტერპრეტაცია, ხშირ შემთხვევაში, კონფუციზმზეა დამყარებული და ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზიური ტრადიციის პრინციპული არაერთგვაროვნების წარმოჩენა.

0x01 graphic

კონფუცის მოძღვრების ინტერპრეტაცია

სინამდვილეში კონფუციზმის ის გაგება, რომელიც ,,აზიური ღირებულებების“ ავტორიტარი დამცველებისთვისაა დამახასიათებელი, უსამართლობაზე მეტს ნიშნავს კონფუცის მდიდარი და მრავალმხრივი სწავლების მიმართ. ეს უკანასკნელი არ ქადაგებდა სახელმწიფოსადმი ბრმა ერთგულებას. როდესაც ცი ლიუ ეკითხება მასწავლებელს, ,,როგორ უნდა ემსახურო თავადს,“ კონფუცი პასუხობს: ,,უთხარი ხოლმე სიმართლე, თუნდაც ამან იგი შეურაცხყოს.“ სინგაპურსა და პეკინში ,,მოღვაწე. ცენზორები კი, შესაძლოა, სრულიად სხვა თვალსაზრისს ემხრობიან. კონფუცი თავაზიანობისა და ტაქტის მოწინააღმდეგე არ ყოფილა, მაგრამ იგი ასევე გადაჭრით გვირჩევდა ცუდი მმართველისათვის წინააღმდეგობის გაწევას.

,,როდესაც სახელმწიფოში მართებული პრინციპები ხორციელდება, შეგიძლია პირდაპირ ილაპარაკო და იმოქმედო. ხოლო როცა სახელმწიფოში არ ხორციელდება სწორი პრინციპები, შეგიძლია იმოქმედო პირდაპირ, მაგრამ ილაპარაკო ფრთხილად. როდესაც სახელმწიფო (კეთილ) გზას მისდევს ილაპარაკე და იმოქმედე გაბედულად. როდესაც სახელმწიფო გზას აცდა, იმოქმედე გაბედულად და ილაპარაკე ფრთხილად.“

კიდევ უფრო საინტერესოა, რომ კონფუცი პირდაპირ მიუთითებს შესაძლო კონფლიქტზე ორ საყრდენ ცნებას შორის, რომელსაც ეფუძნება ,,აზიური ღირებულებების“ წარმოსახვითი შენობა (კერძოდ, ოჯახისადმი ერთგულება და ხელისუფლის მიმართ მორჩილება). ,,აზიური ღირებულებების“ მრავალი დამცველი სახელმწიფოს ფუნქციას გებულობს როგორც ოჯახის როლის გაგრძელებას, მაგრამ კონფუცი კი აღნიშნავს, რომ ამ ორ როლს შორის ხშირად წარმოიქმნება დაპირისპირება. მმართველმა შიმ კონფუცის უთხრა:

,,ჩვენ ერთგული ადამიანი გვყავს: როცა მამამისმა ცხვარი მოიპარა, იგი მოწმედ გამოვიდა მამის წინააღმდეგ.“

ამაზე კონფუციმ მიუგო:

,,ჩვენი ერთგული, თქვენი ერთგულისგან განსხვავდება. მამები შვილების შეცდომებს მალავენ, შვილები კი ფარავენ მამებისას. აი, სწორედ ეს არის ერთგულება.“

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

თარგმნა ბექა მინდიაშვილმა

3 კორუფცია = სოციალიზმი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გია ჯანდიერი

,,Power tends to corrupt, and absolute power corrupts absolutely.”

Lord Acton

ამ წერილის სათაური ზოგისთვის შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, შეიძლებოდა პირიქით, მიმდევრობითაც დაგვეწერა. თუმცა ამ შემთხვევაში, მთავარია იდეის სწორად გაგება. კაცობრიობა რომ დიდი ხანია სწავლობს და ებრძვის კორუფციას, ეს ყველასთვის ნათელია. თუმცა შედეგები ამ სწავლისაგან და ბრძოლისაგან პრაქტიკულად არ ჩანს. სამწუხაროდ, მთავარ რეცეპტად ყოველთვის მიიჩნევა კორუფციის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება და არა მისი საფუძვლების შესწავლა და მორყევა. ამ სტატიაში ვცადოთ სწორედ ამ მიმართულებით გადავდგათ ერთი ნაბიჯი.

პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ტერმინოლოგიური პრობლემაა. ის, რასაც ჩვენ (და არა მხოლოდ ჩვენ) კორუფციას ვეძახით, რეალობაში მექრთამეობაა - კანონით აკრძალული აღებ-მიცემის პროცესი, რომლის დროს ერთი შეიძენს გარკვეულ მომსახურებას და მეორე იღებს საზღაურს. კორუფცია კი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს გარყვნილებას. ის, რაც ხდება, პირველ რიგში, სწორედ გარყვნილებაა. ჩემი იდეაა ვაკრიტიკოთ ეს სენი, რომელიც მგონია, აზროვნების იგივე ნიადაგზე წარმოიშვება, რომელზეც სოციალიზმი.

სოციალიზმი, თავისი ძირითადი მიზნით არ შეიძლება იყოს მიუღებელი ვინმესთვის. პირიქით, რა ჯობია იმას, რომ ყველა კარგად ცხოვრობდეს. მთავარია ის, თუ რა გზით მიხვალ ამ მდგომარეობამდე. სოციალიზმისა და კომუნიზმის გზის მთავარი მამოძრავებელი იდეაა სოციალური გადანაწილების სახელმწიფო, რომელსაც პრაქტიკულად ყველგან მივყავართ გარყვნილებამდე და დეგრადაციამდე. ზემოთ აღნიშნული გარყვნილების სენი სწორედ სოციალური გადანაწილების მექანიზმების ორ სახეში აისახება: ლეგალური - სოციალიზმი, და არალეგალური - კორუფცია..

მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი მზად არ არის იცხოვროს ღია და თავისუფალი საბაზრო წესებით, რომელიც წარმოადგენს სწორედ სოციალური გადანაწილების სხვა გზას; ამ კატეგორიის ხალხისათვის მისაღებად ორი მოდელიდან ერთ-ერთი ჩანს: ან სოციალიზმი - ანუ მდიდარს წაართვი და ღარიბს მიეცი, და ან კორუფციული აღებ-მიცემობა. ანუ, თუ ჩვეულებრივი საბაზრო გზებით ვერ ჯობნი შენს კონკურენტს, მაშინ მოქრთამე ,,შუამავალი“ ზედამხედველი. ეს ორივე გზა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი სახელმწიფო ადმინისტრაციის არსებობის პირობებში, რომელიც გადააჭარბებდა მისთვის მინიჭებულ უფლებებს და შეუზღუდავად ჩაერეოდა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში, მათ შორის, შექმნილი დოვლათის გადანაწილების მიზნით.

ჩვენს მოქალაქეებს რომ არ ეგონოთ, ეს მარტო ჩვენთან ხდება, ვაცნობებთ, რომ ასეთი სისტემა პრაქტიკულად ყველგან მოქმედებს, მცირე გამონაკლისების გარდა ჰონგ-კონგსა და სინგაპურში.

სწორედ კონკურენციის შიშით ხდება მისი ალტერნატივის გამოგონება - სოციალისტური ანუ გადანაწილებითი სახელმწიფო ადმინისტრაციის იდეების ქადაგება. ის, ვინც ფიქრობს, რომ მზად არის ქველმოქმედება გასწიოს და თავის თანამოქალაქეებს გადაუნაწილოს მის მიერ შემუშავებული დოვლათი, ამას ისეც აკეთებს, ყოველგვარი დაძალების გარეშე. გარყვნილი კი ის არის, ვინც ფიქრობს, რომ კონკურენცია მისთვის მიუღებელია და ამიტომ მოითხოვს და ადმინისტრაციის ხელით ახორციელებს და/ან ქრთამით ცდილობს სხვისი რესურსების გადანაწილებას თავის სასარგებლოდ, კონკურენტული მექანიზმების გვერდის ავლით.

იმის ნაცვლად, რომ ჩვენ შევისწავლოთ, თუ რატომ ხდება ასეთი ტიპის ავადმყოფური აზროვნების ჩამოყალიბება, ჩვენი საზოგადოება მზად არის, დასაჯოს ისინი, ვინც ზემოაღნიშნული მექანიზმებით ისარგებლებს, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს აღარ განმეორდეს, არამედ, ხშირად იმის იმედით, რომ მომავალში ეს მექანიზმი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ აამოქმედოს.

ამ სენის წარმოშობის საფუძველი ადამიანის ცრუ რწმენაშია - თითქოს მას შეუძლია და უფლება აქვს, თვითონ მოიგონოს მისთვის მისაღები ქცევის წესები - ზუსტად ეს არის სოციალიზმი. ვფიქრობ, არავინ შეგვედავება იმაში, რომ სოციალისტური მორალი და სამართალი მხოლოდ ადამიანის აზროვნების ნაყოფია. თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ადამიანს არა აქვს არც უნარი და არც უფლება მორალი თვითონ მოიგონოს.

მიმაჩნია, რომ სწორედ ამ ავადმყოფობის მკურნალობაა საზოგადოების კორუფციისა და სოციალიზმისაგან ხსნის გზა. ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ არ შეიძლება ახალი მორალის, ცხოვრების და საქმიანობის წესების შექმნა ხელოვნურად. მთავარია, ჩვენ ვიცხოვროთ უკვე დაწესებული ბუნების კანონებით, რომელსაც ჰყავს თავისი უზენაესი და უალტერნატივო შემოქმედი. სწორედ ბუნების, ღია და თავისუფალი საბაზრო კანონებითაა საჭირო ცხოვრება და იმ შემთხვევაში, თუ ვხედავთ კონკურენტების მომძლავრებას, უნდა ვიმუშავოთ და ვიღვაწოთ მათი წინააღმდეგობის დასაძლევად ისევ და ისევ და მხოლოდ კონკურენტული ბრძოლით.

როგორც აღინიშნა, სოციალიზმს და კორუფციას ერთი ბუნება აქვს - კონკურენციის მოდელის გვერდის ავლა. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ამ მოვლენას შეიძლება დაერქვას მოკლევადიანი საქმიანობის წესისათვის უპირატესობის მინიჭება გრძელვადიანთან შედარებით. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი, ვინც კონკურენციის გვერდის ავლას ამჯობინებს, კარგად ერკვევა, რომ მიაღწია მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს. შემდგომში ასეთი ეფექტი მცირდება და საერთოდ უქმდება. მეტიც, ამას უკვე მისთვისაც უკუეფექტი მოაქვს - ის ინსტიტუტები და მოვლენები, რომლებიც ამ მოკლევადიან ეფექტს ქმნიან და ემსახურებიან, რჩებიან უფუნქციოდ და იწყებენ ახალი პრობლემების შექმნას, რომლის გადაჭრასაც სჭირდება დამატებითი რესურსები, შემდგომ კიდევ ახალი და უსასრულო პრობლემები ზემოდან მანამ, ვიდრე არ მოხდება ისეთი კოლაფსი, როგორიც სსრკ-ს ნგრევა იყო.

ისინი, ვინც განსაკუთრებით გვიკიჟინებენ კორუფციის მოსპობას, სამწუხაროდ, თვითონაც არ არიან მზად, პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრის რეცეპტი მოგვცენ, რადგანაც ამ შემთხვევაში უნდა აღიარონ ფაქტი, რომ მათსავე საზოგადოებაში მცდარი იდეებია მომძლავრებული. სინამდვილეში კი, მათი უმრავლესობა ძალიან კარგად ერკვევა პრობლემის არსში. უბრალოდ, ასეთი ცვლილება იდეოლოგიაში პირდაპირ ემუქრება ნებისმიერ სახელმწიფო ადმინისტრაციას ფუნქციების შეკვეცითა და კორუფციული გავლენის დაკარგვით.

დასავლეთის ქვეყნების ყოფა და იდეოლოგია სხვადასხვა დოზითაა გაჟღენთილი სოციალისტური იდეებით. უკეთეს შემთხვევაში აქ საქმე მცდარ ხედვასთან გვაქვს, ან ცრუ რწმენასთან, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ადმინისტრაცია კისრულობს ისეთ ფუნქციებს, რაც სინამდვილეში უნდა ეკრძალებოდეს. რაც არ უნდა თვალნათლივ უარყოფითი იყოს შედეგი, ის მაინც იცავს ადმინისტრაციის გადანაწილებით ფუნქციას, განსაკუთრებით სოციალური სამართლიანობის მიღწევის მიზნით.

ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიძებნოს არა მარტო ევროპულ ქვეყნებში (გნებავთ ევროკავშირში), არამედ თვით თავისუფლების დედაბოძად აღიარებულ შეერთებულ შტატებში. ასე მაგალითად, აბსოლუტურად ღია ტექსტებით აშშ ფედერალური ბიუჯეტი მოიცავს ისეთ ნაწილებს, როგორიცაა მეთამბაქოეთა პროგრამა, ბამბის მრეწველთა პროგრამა, შალის მრეწველთა პროგრამა და ა.შ. საინტერესოა, მაგალითად, მეთამბაქოვეთა დახმარების პროგრამა, რომელსაც იგივე ფედერალური მთავრობა აფინანსებს, რომელიც ამავდროულად არ ზოგავს სახსრებს თამბაქოს საწინააღმდეგო პროპაგანდაზე! ასეთ პროგრამებზე აშშ-ში ყოველწლიურად ათობით მილიარდობით დოლარი მიდის. ვის ხარჯზე? ცხადია, სხვის, ანუ სხვა გადამხდელის ხარჯზე.

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი ქართულ სინამდვილესთანაცაა გარკვეულ კავშირში. საქართველო ჩაბმულია ამერიკული ორგანიზაციის ,,ჯუნიორ ეჩივმენთის“ ქსელში, რომლის მიზანს სკოლის მოსწავლეთა ეკონომიკური განათლება წარმოადგენს. მათი ძირითადი სახელმძღვანელო - ,,გამოყენებითი ეკონომიკა“ ქართულად უკვე ორჯერ ითარგმნა, კონკრეტულად კი არსებობს 1993 და 2002 წლის გამოცემები. ამ ორ გამოცემას შორის ერთი ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ახალში აღარ არის კარლ მარქსის1 პორტრეტი და ასევე სახელმწიფოს გაზრდილი როლის ქება-დიდება.

როგორ ინარჩუნებს ეს სუბსიდიური პროგრამები თავს ისეთ დემოკრატიულ სისტემაშიც კი, როგორიც შეერთებულ შტატებშია? - ეს კითხვა უფრო მნიშვნელოვანია. პასუხი არც ისე რთულია, თუმცა რეალობის შეცვლა, არც ისე მარტივი. საქმე ისაა, რომ ამ პროგრა მების გატანა ყველა კონგრესმენს აინტერესებს, რათა არჩევნების დროს ასეთი კონკრეტული ინტერესჯგუფების მხარდაჭერა უკვე თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მეორეც, ასეთი პროგრამების დაფინანსებაზე ხმის არმიცემა ნიშნავს, რომ ერთხელაც შენი დრო დადგება და შენც არ ,,დაგეხმარებიან.“2 (სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ეს პრაქტიკა ჩვენში უფრო სწრაფად დაინერგა, ვიდრე თვით დემოკრატიული პროცესი.)

არის თუ არა ეს კორუფცია, თუ კორუფციად მხოლოდ პირდაპირ აღებ-მიცემას ჩავთვლით? - არა. თუმცა თუ ამ სისტემას კარგად დავაკვირდებით, ძნელი იქნება მისი სხვა სიტყვით გამოხატვა, ვიდრე კორუფციაა. მოდით, ნუ ვაწყენინებთ მათ და უბრალოდ სოციალიზმი დავარქვათ.

რა მიზეზები ამოძრავებთ სოციალისტური იდეების ავტორებს? - ერთი რამ ცხადია, რომ ამ იდეის უკან ყოველთვის გულისხმობენ და აცხადებენ თანასწორობისა და სამართლიანობის იდეალებს, უფრო შელამაზებულად და შენიღბულად კი - სოციალური თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის.

როგორ მიიღწევა სოციალური თანასწორობა ან სამართლიანობა - ამაზე ბევრი მცდარი თეორია არსებობს, თუმცა მათი ავტორებიდან არავინ შეეცადა ემტკიცებინა, რომ სოციალური წესრი გი და სამართლიანობა, რომელსაც ქადაგებდა, ობიექტური და იდეალური იყო. მარქსიც კი თავის იდეალს პროლეტარიატის დიქტატურას ეძახდა. ამიტომ, არც მე შევეცდები იდეალურობა დავწამო, მაგრამ პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ ვამტკიცო: ერთადერთი ობიექტური და რეალური მექანიზმი სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობისათვის ღია და თავისუფალი ბაზარია.

არც მგონია, რომ ვინმე მზად იყოს, იდავოს ღია და თავისუფალი ბაზრის უპირატესობის საწინააღმდეგოდ. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც მოგვისმენია, ასეთია: ღია ბაზარი კარგია იდეაში, ცუდი - ცხოვრებაში. სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია ადამიანს აღელვებდეს მისი ცხოვრების გარანტიები, თუმცა მთავარია ამ გარანტიის მიღების წყაროდ არ დაისახო სხვისი უნარი და შრომა, თუნდაც იმიტომ, რომ ამას მოქმედების მოკლე ვადა აქვს მანამ, ვიდრე ის სხვა არ მიხვდება ამას და უარს არ იტყვის შენს შენახვაზე.

სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის მიღწევა ქვეყანაში შექმნილი მატერიალური დოვლათის გადანაწილების გზით წმინდა წყლის ბლეფია და მოსახლეობის გაბრიყვების მარტივი პოპულისტური გზა. დღეს, როდესაც ამის დიდი გამოცდილება არსებობს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ასეთ სისტემას მხოლოდ მექრთამეობამდე და დეგენერაციამდე მივყავართ. არსად ასეთ გადანაწილებას დადებითი შედეგები არ მოუტანია, მით უარესი, თუ ამის უკან იმ დემოგრაფიულ და საზოგადოების ცხოვრების სხვა კატასტროფებსაც დავინახავთ.

ხელოვნურად გადანაწილებითი სამართლიანობისა და თანასწორობის პრობლემები მარტივი დასანახია ცხოველებზე დაკვირვებით: როგორც არ უნდა გვეცოდებოდეს მგლის მიერ დაგლეჯილი კურდღელი, თუ ამაში მგელს ხელს შევუშლით, ისეთ ახალ პრობლემებს გავიჩენთ, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ. უნდა აღინიშნოს ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოსახლეობის კიდევ ერთი მცდარი ფიქრის შესახებ - სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს. მაშინაც და ახლაც, ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ერთადერთი წყარო ამ ,,გადახდისათვის“ ისევ ჩვენი (კიდევ უფრო ცუდ შემთხვევაში მომავალი თაობების) გადასახადებია - ფული ციდან ნამდვილად არ ცვივა. სახელმწიფო ადმინისტრაციის გაფეტიშების მაგალითები სხვაც ბევრია, მათ შორის ყველაზე გავრცელებული - ენერგეტიკის სფეროში: ყველგან ცდილობენ, იგი სახელმწიფო ადმინისტრაციის ფუნქციებს მიაკუთვნონ, თუნდაც კრიზისი სახეზე იყოს.

სოციალისტურ საზოგადოებაში მცხოვრებთ თავისთავად უჩნდებათ პრეტენზია, იცხოვრონ უკეთესად, თუმცა მხოლოდ ვიღაც სხვის, უცნობის ხარჯზე - უმრავლესობისათვის რეალურ კომუნიზმად სწორედ ეს აღიქმებოდა და არა საკუთარ უნარსა და შრომაზე დაყრდნობით ცხოვრება.

შორს რომ არ წავიდეთ (ამ მოკლე წერილში ვეცადე ციტირებისაგან თავი შემეკავებინა), მოვიყვან ნაწყვეტს კომუნისტების ,,წმინდა“ წიგნიდან - უტოპიიდან (XVI საუკუნე):

,,...არასოდეს შეიძლება მდიდრულად ცხოვრება იქ, სადაც ყველაფერი საერთოა. როგორ შეიძლება მივაღწიოთ სანოვაგის სიუხვეს, თუკი თითოეული თავს აარიდებს სამუშაოს, ვინაიდან მას აღარ იზიდავს კერძო მოგება.“ 3

ამ ტექსტიდან ცხადია, საზოგადოება იმ დროსაც მზად იყო, პასუხი გაეცა უტოპიის მსგავს ბოდვებზე. იქვე ნახავთ ასეთ აზრსაც:

,,შესაძლებელია აიკრძალოს თანამდებობათა შეძენა შესყიდვით ან ქრთამით. ამ თანამდებობებზე მუშაობას არ უნდა ერთვოდეს თან ხარჯები, ვინაიდან ეს ხელსაყრელ პირობებს შექმნის იმისათვის, რათა ეს ფული შემდეგ მოტყუებისა და ძარცვის გზით იქნეს ამოგებული...“

სახელმწიფო ადმინისტრაციის საკუთრებაში საწარმოების არსებობა ერთ-ერთი იმ ცრუ იდეათაგანია, რომელსაც აუცილებლად მივყავართ კორუფციამდე. საერთოდ, სახელმწიფო ადმინისტრაციის ეკონომიკური საქმიანობა ღია ბაზარზე უნდა აიკრძალოს, რადგანაც მას არასოდეს არ ექნება ადეკვატური ინფორმაცია და გადაწყვეტილების მიღების ის სისწრაფე, რომელიც საჭიროა ბაზარზე მოქმედებისათვის. შეუძლებელია სახელმწიფო საწარმომ, რომელიც შეზღუდულია ,,ზემდგომი“ ორგანოებისაგან, კონკურენცია გაუწიოს კერძო პირებს. ამავე დროს, ადმინისტრაციას არ უნდა ჰქონდეს უფლება, გარისკოს სახელმწიფო ქონებით, რომლის ნამდვილი პატრონი მოქალაქეა - გადასახადის გადამხდელი. მან მისი კუთვნილი სახსრები ადმინისტრაციას გადასცა მხოლოდ გარკვეული კონკრეტული მომსახურების მისაღებად და არა არაპროგნოზირებადი რისკიანი საქმიანობისათვის.

სახელმწიფო საწარმოს მისი ,,ზემდგომი“ ადმინისტრაცია ყოველთვის სათბურის პირობებს უქმნის. ეს არ იქნებოდა მაინცდამაინც შემაშფოთებელი, თუ არა მისგან წარმოშობილი სამი დიდი პრობლემა: 1. ამით სახელმწიფო ანგრევს ღია და თავისუფალ ბაზარს. 2. კონკურენტს მოკლებული საწარმო ვერ საზღვრავს ბაზრის პრიორიტეტებს, ვერ ხედავს კონკურენტის საშიშროებას, აქედან გამომდინარე ამცირებს ეფექტიანობას და ხარისხს. ხოლო მისი მენეჯერები დაკავებული არიან მხოლოდ ხარჯების გამოგონების ანუ გაფლანგვის მარტივი მექანიზმების განახვით, რათა ,,თვითონაც შეირგონ და ზემდგომმაც,“ ხოლო საწარმო და ქონება ჭირსაც წაუღია. 3. როდესაც საწარმოებს ,,ზევიდან“ ეხმარებიან, მისი მთავარი საზრუნავი მოგების მიღება, ინოვაციაზე ზრუნვა და სამეწარმეო შემოქმედება4 კი არ არის, არამედ სუბსიდიების შოვნა.

სახელმწიფო საწარმოების მენეჯერთა პირიდან ხშირად გაიგონებ: ვმუშაობთ, პროდუქციას ვუშვებთ, სახელმწიფომ ხომ უნდა დაგვიფასოს? არიან ისეთებიც, რომლებიც გამალებული ამტკიცებენ საწარმოთა სახელმწიფოს მხრიდან დახმარების აუცილებლობას.5 ისევ და ისევ ვიკითხავთ: ვის ხარჯზე? რა თქმა უნდა, გადასახადის სხვა გადამხდელების.

სახელმწიფო საწარმო არაეფექტიანია იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ იგი (და არც მისი ზემდგომი) არ არის ორიენტირებული მოგებაზე. ხოლო საწარმო, რომელიც ძირითად მიზნად მოგებას არ ისახავს, ვერ იქნება ეფექტიანი. კაცობრიობას არ გამოუგონია ეფექტიანობის საზომად მოგებაზე უკეთესი ინდექსი.

საერთოდ, სახელმწიფო ადმინისტრაცია მოკლებულია უნარს, იყოს მაღალეფექტიანი - ეს ობიექტური რეალობაა, რომლის შეცვლა თითქმის შეუძლებელია. ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ადმინისტრაცია შედის ჩიხში სხვადასხვა, მათ შორის, ზემოთ აღწერილი მიზეზით. თუმცა ახალ ადმინისტრაციასაც არასოდეს ეყოფა რწმენა, გადალახოს მის ხელთ არსებული დიდი გავლენის ცდუნება. აქედან გამომდინარე, ჩანს, აუცილებელია კონსტიტ უციით აიკრძალოს ადმინისტრაციის ჩარევა კერძო პირთა ეკონომიკურ საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით, ხოლო დასჯად საქმიანობად გამოცხადდეს მოხელეთა მცდელობა, პრივილეგიები მიანიჭონ ერთს და/ან ხელი შეუშალონ მეორეს.

საინტერესო მაგალითია ბოლო ხანებში მიმდინარე დისკუსია საზოგადოებრივი ტელევიზიის შესახებ. ძალიან ძნელია, წარმოიდგინო ის იდეალური მმართველი, რომელიც გაუძლებს ცდუნებას, არ გამოიყენოს საზოგადოებრივი ტელევიზია ოპონენტების საწინააღმდეგოდ. ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი ერთ პოზიციაზე დგას - ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუმცა, სამწუხაროდ, მით უმეტეს საზოგადოებრივი განვითარების ჩვენი დონით, ამის დაჯერება შეუძლებელია. უფრო დასაჯერებელია, რომ მას (საზოგადოებრივ ტელევიზიას) ის გამოიყენებს, ვისაც დიდი ფული აქვს (რასაც ფულით ვერ იყიდი, დიდი ფულით იყიდი!).

ამას შეუძლია პრობლემის შემცირება, თუმცა არა ბოლომდე დაძლევა, რაც შესაძლებელია სახელმწიფო ადმინისტრაციის საქმიანობის ბაზრის პირობებში ჩაყენების გზით. ამგვარ ღონისძიებად შესაძლებელია განვიხილოთ მოხელეთა საბაზრო პირობებით მიღება სახელმწიფო სამსახურში, მათთვის ყოველგვარი პრივილეგიების გაუქმებით, საჯარო სამსახურში კონკურენციის შემოღებით და განვითარებით, სახელმწიფო ადმინისტრაციის ფუნქციების კერძო სექტორის მიერ შესრულებით (ასეთი პრეცედენტები უკვე არსებობს) და სხვა.

სახელმწიფო მოხელეთა დაქირავების არსებული სისტემა კორუფციულია, თუმცა არა იმიტომ, რომ ყველგან მაინცდამაინც მექრთამეები სხედან. არამედ იმიტომ, რომ სისტემა აწყობილია ცრუ იდეოლოგიაზე. იმის ნაცვლად, რომ მოხელეებს შესთავაზონ მათი შრომის ადეკვატური ანაზღაურება - მათ მიზერულ ანაზღაურებას უხდიან. თუმცა დღეს ეს არ ეხება მაღალი ჩინის თანამდებობის პირებს. არსებობს იდეებიც, ხელფასები გაეზარდოს ყველა მოხელეს. მაგრამ აქცენტი ამ შემთხვევაშიც არასწორია, რადგან ხელფასების გადახრა საბაზროსაგან - ზევით თუ ქვევით - ნებისმიერ შემთხვევაში კორუფციულ (გარყვნილ) აზროვნებას ბადებს. იმის ნაცვლად, რომ ადამიანთა სამსახურში მიღება ობიექტური კრიტერიუმებით ხდებოდეს, მოქმედებს სუბიექტური. პირები, რომელთაც გააჩნიათ აზრი მათი შრომის დაუფასებლობის შესახებ, მუდმივად ეძებენ ალტერნატივებს, რაც მათ შრომას არაეფექტიანს და არაპროდუქტიულს ხდის. ცხადია, ამის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ საბაზრო ანაზღაურების შემოღებით მოხელეთათვის. მოხელის სამსახური უნდა გახდეს ჩვეულებრივი სამსახური, ჩვეულებრივი პირობებით. პრივილეგიების და გავლენის სფეროს მინიჭების მომლოდინე მოხელე ყოველთვის უფრო ადვილი სამართავია, ვიდრე დაქირავებული პირი, რომელმაც იცის, რომ იგი დაიქირავეს საქმიანი თვისებების გამო და შრომაში მიიღებს ადეკვატურ, ბაზრის მიერ განსაზღვრულ საზღაურს.

ამავე დროს, ისევ მცდარი რჩევა რომ არ დამბრალდეს, კიდევ ერთხელ განვმარტავ ანაზღაურების დონის განსაზღვრის პრინციპს: იგი უნდა იყოს მკაცრად საბაზრო წესით, ბაზარზე არსებულთან მიახლოებული. ეს ნიშნავს, რომ ყოველგვარი მცდელობა, გადაამეტო საზღაურის ამ დონეს, ისევე საზიანოა, როგორც დაკლების შემთხვევაში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ დეცენტრალიზებულ მართვაზე, ხელი უნდა ავიღოთ მკაფიოდ დასახული სტრატეგიისა და მიზნების გარეშე გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯვაზე, და რაც მთავარია, შევთანხმდეთ საბიუჯეტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გართულებაზე, დეფიციტის დაგეგმვის გაუქმების პერსპექტივით.

სამწუხაროდ, ქართულ სინამდვილეში ბევრი არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ კომუნისტური წარსული გაანალიზებულიყო და უარყოფილიყო.6 საბაზრო ეკონომიკაც და დემოკრატიაც ჩვენ დავალებით მივიღეთ და არა რწმენით, ამის გამო წინ ვერ მივდივართ, ხოლო უკან დაბრუნებამდე არაფერი გვიკლია. სოციალისტურ იდეებს დავუბრუნდეთ, რითი ემთხვევა ის კიდევ კორუფციას? ადრეც აღვნიშნავდი, რომ კორუფციას და მექრთამეობას ავადმყოფი ადამიანები უყურებენ ასეთი მოდელით: თუ სხვის ინტერესს ემსახურება ცუდია, თუ ჩემსას - კარგი. ასევეა სოციალისტური იდეაც: სხვისი კერძო საკუთრება ცუდია, ჩემი - კარგი. სახეზეა ორმაგი მორალი. თუმცა მორალი ყოველთვის ერთი უნდა იყოს: არ უსურვო სხვას ის, რასაც შენს თავს არ უსურვებდი. სწორედ აქედან იწყება საზოგადოება. რაც მთავარია, არავის უნდა ეგონოს, რომ კორუფციისა და სოციალიზმის შედეგი შეიძლება პერსპექტიული იყოს, მის შედეგად შეიძლება მხოლოდ მოკლევადიანი სარგებლის მიღება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არ ამართლებს, აბრუნებს მექრთამეს და გარყვნილს თავის ადგილზე. ჩვენ გაჯერებული ვართ სოციალისტური იდეოლოგიით და ვერ ვახერხებთ მის განდევნას. ამავე დროს ქართველი ინდივიდუალისტია და ისეთ კოლექტივისტურ იდეას, როგორიცაა სოციალიზმი, მხოლოდ მერკანტილური თვალით უყურებს - კარგია რუსეთი, თუ იგი მზად არის თავისი რესურსი მოგვახმაროს, კარგია მსოფლიო ბანკი, თუ ჩვენთვის ფული არ ენანება, კარგია სოციალიზმი, თუ იგი სხვისი შრომით ცხოვრების უფლებას გაძლევს, კარგია ფულის შოვნის ყველა ადვილი საშუალება. რეალურად, აქ ერთი ფუნდამენტური ეკონომიკური შეცდომაა: ასეთი ნებივრობა მოკლევადიანია. ჩვენ ვთვლით, რომ მეორე მხარე მოტყუებულია და სარგებელი ჩვენია. სინამდვილეში, მეორე მხარე გრძელვადიან მახეში გვითრევს და ჩვენც სიხარულით მივდევთ.

ჩვენ უბრალოდ ვერ ვერკვევით მარტივ ეკონომიკურ მოდელში. ყველას, ვისაც განვითარებულ ქვეყნებში უმოგზაურია, შეუმჩნევია, რომ ისინი ყველაფერს ფუნდამენტურად აკეთებენ. მაგალითად, გზას აგებენ 30-50 წლით. ჩვენ გზას ვაგებთ 3-5 თვით. სწორედ ამაშია სხვაობა. ისინი სარგებელს ეძებენ გრძელვადიან მოქმედებაში - საქმეს და ქვეყანას ასე სჭირდება. მოთხოვნა გრძელვადიან მოქმედებაზეა - ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო იაფი ჯდება. ჩვენ პირიქით ვმოქმედებთ. სწორედ ამიტომაა იქ, დასავლეთში, ნაკლები კორუფცია, და არა იმიტომ, რომ ისინი ,,მორალურად უფრო მდგრადები“ არიან.

წარმოგვიდგენია სოციალიზმის მომხრეთა კიდევ ერთი ,,რკინის არგუმენტი“ -სტალინის დრო. ამაზე საუბარი არც კი ღირს, ამით კიდევ ერთხელ შევურაცხყოფთ ,,განვითარებულ სოციალიზმს“ შეწირულ მილიონობით ადამიანს. ცხადია, მოსახლეობის დიდი ნაწილის ამოხოცვით კორუფციასა და კერძო საკუთრებას მოსპობ, მაგრამ მხოლოდ დროებით, მანამდე, სანამ წესები ოდნავ შერბილდება, მერე ისევ იგივე დაიწყება. ამ წერილის დაწერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ბოლო ხანს გავრცელებული აზრი, თითქოს კორუფცია საქართველოში საბაზრო ეკონომიკამ მოიტანა, ხოლო სოციალიზმის დროს ყველაფერი რიგზე იყო. როგორც ჩანს ამ აზრების მატარებელ პირებს მეხსიერება დაუჩლუნგდათ. ვფიქრობ, ბევრი რამ მოვახერხე მეთქვა იმის დასადასტურებლად, რომ ყველაფერი პირიქითაა.

ახალგაზრდა თაობისათვის, ალბათ, ძალიან საინტერესო იქნებოდა გაეგო იმის შესახებ, რომ (საბჭოთა) კომუნისტური პარტიების ყველა ყრილობაზე რამოდენიმე საკითხი მუდმივად იხილებოდა: 1) კორუფციასთან ბრძოლა. 2) კანონიერება 3) ეკონომიკის ინტენსიური (და არა ექსტენსიური) განვითარება 4) პატრიოტული აღზრდა და ა.შ. ვისაც რაიმე ეცნო, თვითონ განსაჯოს რამდენად წინ წავიწიეთ მას მერე, რაც მთავრობამ 80-იან წლებში ინტენსიურად დაგვირიგა კარაქისა და ყველის ტალონები.

სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელში არსებული ეკონომიკური ბერკეტების ოდენობა, ანუ მოქალაქეთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩარევის საშუალებების ზომა გვიჩვენებს ამ სახელმწიფოს სოციალისტურ მიდრეკილებებს, ამავე დროს მისი ადმინისტრაციის (და პოლიტიკოსთა) გარყვნილების დონეს. რაც მეტად ერევა ადმინისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობაში, მით მეტია მისი გავლენა და ზემოქმედების საშუალება, ანუ ძალაუფლება.

,,ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად.“

აბსოლუტური ძალაუფლება, ანუ ტოტალიტარიზმი შესაძლებელია მხოლოდ სოციალისტურ სახელმწიფოში, იქ, სადაც მთავრობა ჩარეულია ადამიანის ეკონომიკურ საქმიანობაში პირდაპირ და/ან არაპირდაპირ. ამიტომ კორუფციის მოსასპობად, პირველ რიგში, უარი უნდა ვთქვათ სოციალიზმზე, ანუ ეკონომიკის სახელმწიფო-ადმინისტრაციულ მართვაზე, ნებისმიერი ფორმით. არანაირად არ მქონია პრეტენზია მორალის წაკითხვისა, მით უმეტეს კონკრეტულად ვინმესთვის. მეტიც, აქ ჩამოთვლილ პრობლემებში ვინმეს კონკრეტულად არც ვადანაშაულებ. თუმცა ამავე დროს მზად ვარ ფართომასშტაბიანი პოლემიკისათვის.

_______________________

1. იმედია ჯერ კიდევ გახსოვთ სოციალიზმის მთავარი იდეოლოგის სახელი. ახალმა თაობებმა არც კი იციან, რომ არსებობდა ასეთი ,,გენიალური“ მოაზროვნე, რომელმაც მინიმუმ ის ,,მოახერხა,“ რომ ასე ,,კარგად“ ვცხოვრობთ.

2. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაჟორიტარულად არჩეულ პარლამენტს აწუხებს.

3. იხ. ,,უტოპია,“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1983, გვ. 66

4. დიდი სიამოვნებით დავნერგავდი რაიმე სიტყვას, რომელიც ინგლისურ Enterpreneuship-ს შეესაბამებოდა.

5. ასეთ იდეებს ჩვენთან ერთი ფინანსთა ყოფილი მინისტრი უკეთებდა აგიტაციას, რომელიც ახლა სწორედ ერთ-ერთი სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელია.

6. მაგალითად ბევრს სტალინი ჯერ კიდევ ანგელოზად მიაჩნია, რომელსაც არ დასცალდა კომუნიზმში ჩვენი შეყვანა.

4 დასრულდება თუ არა რევოლუციების ხანა?

▲ზევით დაბრუნება


ვიტალი სილიცკი

პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ ერთი ნარინჯისფერი რევოლუცია ძალზედ ძნელი განსახორციელებელი იქნება. მეტიც, პოსტსაბჭოთა სივრცეში ტირანიისა და რეპრესიების ახალი ტალღა უფრო რეალისტურ პერსპექტივად ისახება.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, უკრაინის ,,ნარინჯისფერი რევოლუცია“ პოსტკომუნისტურ სივრცეში არჩევნების გზით მიღწეულ მესამე დემოკრატიულ გარდატეხას წარმოადგენს, რაც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის საერთო დეფიციტის ფონზე მეტად შთამბეჭდავ დაპერსპექტიულ ტენდენციაზე საუბრის საშუალებას გვაძლევს. თითქოს ერთი და იმავე ამბის შემსწრენი გავხდით, მხოლოდ ახალ რეალობაში: სლობოდან მილოშევიჩი გადაიქცა ედუარდ შევარდნაძედ, შემდეგ ლეონიდ კუჩმად და ვიკტორ იანუკოვიჩად. ვოისლავ კოშტუნიცა კი მოგვევლინა მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელიც, თავის მხრივ, ვიკტორ იუშჩენკოდ გარდაისახა. იულია ტიმოშენკო კი ზორან ჯინჯიჩს გვაგონებს. სერბული ახალგაზრდული მოძრაობა ,,ოტპორი“ კი ახალ მანტიას ირგებს ქართული ,,კმარასა“ და უკრაინული ,,პორას“ სახით.

თუმცა ამ ყველაფერში მთავარი მოქმედი პირი მაინც ხალხია: სამივე რევოლუციის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მიმომხილველების (მათ შორის ადგილობრივი მიმომხილველების) მიერ პასიურ, ინდიფერენტულ, დამორჩილებულ და დემოკრატიისთვის შეუფერებელ, ,,ჩამოწერილ“ საზოგადოებებში ნამდვილი დემოკრატიული სულის აღმოცენებაა. უეცრად სერბებმა, ქართველებმა და უკრაინელებმა იპოვეს იმედი, შინაგანი მიზანდასახულობა, დაძლიეს შიში და მოახდინეს ის, რაც სკეპტიკოსებსაც კი აიძულებს ორჯერ დაფიქრდენენ, აქვს კი რაიმე საერთო მათ დემოკრატიულ ინსტინქტებს იმათ ინსტინქტებთან, ვინც ბელგრადის, თბილისის, კიევისა თუ სხვა მცირე ქალაქის ქუჩებში შეიკრიბა. ამ სამი ქვეყნის ხალხმა ერთდროულად გამოავლინა თვითორგანიზების, თავგანწირვის და თავშეკავებულობის საოცარი უნარი (მართლაც და, სამივე რევოლუციის მსხვერპლი შემოიფარგლება მხოლოდ ერთი უბედური შემთხვევით ბელგრადში, რაც ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია.

ყოველი ამგვარი გარდატეხა დემოკრატიული იდეებისა და ,,არჩევნების რევოლუციების“ ,,ვირუსის“ შემდგომი გავრცელების იმედებს აჩენს. ამავე დროს, ნარინჯისფერი რევოლუციით გამოწვეული აღტკინება და დისკუსია უპრეცედენტოა. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე აღმოცენებული განწყობილება გასცდა უკრაინის საზღვრებს; უეცრად შეუძლებელი გახდა რაიმე ნარინჯისფერი ნივთის შეძენა პოლონეთში; ოკეანის გადაღმაც კი ნარინჯისფერი ტანისამოსის ყიდვა საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული (ბოსტონში ნარინჯისფერი მაისურის აღმოსაჩენად ავტორს დიდი გარჯა მოუწია). ,,დემოკრატიის ვირუსით დასნეულების' შესახებ საუბრობენ მეცნიერები, ჯურნალისტები და პოლიტიკოსები. ზოგიერთი იმედით, ზოგი შიშით და ისტერიული განწყობითაც კი სვამს ერთი და იმავე კითხვას: ვინ იქნება შემდეგი?

თუმცა ამ ეტაპზე მოვლენების საღი აღქმა არ უნდა გადაძლიოს ემოციურმა აღტკინებამ. როგორ ხდება არჩევნების რევოლუციები და უნდა მოველოდეთ თუ არა მათ შემდგომ გავრცელებას ყოფილი საბჭოთა კავშირის კვლავაც დიქტატორულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე? რა რეაქციას უნდა მოველოდეთ ყოფილი საბჭოეთის დარჩენილ ავტოკრატ მმართველთაგან? შეუძლიათ თუ არა მათ მოიქცნენ იმაზე უარესად ვიდრე უკვე იქცევიან და რა შეიძლება გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?

როგორ მუშაობს არჩევნების რევოლუცია

განვლილი სამი არჩევნების გამოცდილება აჩვენებს, რომ სერბიის, საქართველოსა და უკრაინის ავტორიტარული ლიდერები საკუთარი ხელისუფლების მესაფლავეებად თავადვე მოგვევლინნენ. სერბებსა და ქართველებს ყელში ჰქონდათ ამოსული ომები, სიღარიბე და კორუფცია. ამ ორ ქვეყანასთან შედარებით, უკრაინა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან მის უახლეს ისტორიაში ადგილი არ ჰქონია ომებსა და სოციალურ კოლაფსს. თუმცა სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა, კორუფცია და ხელისუფლების ცინიკურობა, ხუთი წლის განმავლობაში განცდილი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ხალხისთვის მეტად ძნელად მოსანელებელი აღმოჩნდა.

მორალურად გაკოტრებული და ხარბი მმართველების მიმართ საყოველთაო უკმაყოფილება ყველაფერს როდი ხსნის. ეს სამი რევოლუცია იყო არა ჯანყი, ვთქვათ, ცუდი მეფეების წინააღმდეგ, არამედ, მოქალაქეების მიერ დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებული გაცნობიერებული არჩევანის ორგანიზებული დაცვა.

არჩევნების გზით გარდატეხის მისაღწევად ძლიერი, გაერთიანებული და კარგად ორგანიზებული ოპოზიციის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმატების მიღწევა შედარებით ადვილია რეჟიმის სისუსტის პირობებში და მაშინ, როცა არჩევნებს ჯერ კიდევ შერჩენია გარკვეული მნიშვნელობა. თუმცა ამ გარემოებათა თანხვედრა გარდატეხის ავტომატურობას სულაც არ ნიშნავს. უახლესი ისტორიის განმავლობაში, მათ შორის სერბეთში, საქართველოსა და უკრაინაში, პოლიტიკური ოპოზიცია ცნობილი იყო საკუთარი შიდა გათიშულობით, დაქუცმაცებულობითა და პიროვნული ამბიციების სიჭარბით. ამბიციების უკანა პლანზე გადაწევისა და გათიშულობის დაძლევა გამარჯვებისაკენ გაგადგმული დიდი ნაბიჯია. ამოცანა კიდევ უფრო ადვილდება, როცა ოპოზიციის რიგებიდან აღმოცენდება ქარიზმატული ლიდერი, ისეთი როგორიც იყო მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და ვიკტორ იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოს ტანდემი უკრაინაში. ამ ორ ქვეყანაში, სწორედ ლიდერებმა შეძლეს ოპოზიციური ძალების გაერთიანება. (საინტერესოა, რომ სააკაშვილიც და იუშჩენკოც პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდნენ და საზოგადოების ყურადღება მიიქციეს როგორც იმ რეჟიმის მაღალი დონის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც შემდგომში თავადვე დაასამარეს). სერბეთში კი სხვაგვარად მოხდა: ამ ქვეყანაში ოპოზიცია ჯერ გაერთიანდა და შემდეგ შეთანხმდა ისეთ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელიც შეძლებდა მილოშევიჩის დამარცხებას. მიუხედავად იმისა, რომ ვოისლავ კოშტუნიცა სულაც არ წარმოადგენდა ქარიზმატულ პოლიტიკულ ლიდერს, ამ თვალსაზრისით, მრავალი გარემოებისდა გამო, იგი მეტად ეფექტური ფიგურა აღმოჩნდა.

საერთო ჯამში, ,,არჩევნების რევოლუცია“ მოითხოვს მრავალი სრულიად განსხვავებული ფაქტორის თანხვედრას, რისთვისაც სწორედ პოლიტიკური ლიდერი(ები) წარმოადგენს გამაერთიანებელ ძალას. სლობოდან მილოშევიჩი შეიძლება უკვე პოლიტიკურად გაკოტრებული მმართველი ყოფილიყო 2000 წლისათვის, მაგრამ მისი დამარცხება შეეძლო მხოლოდ კოშტუნიცას. ასევე, საკუთარი მოღვაწეობით, კუჩმა აღიზიანებდა და დიდ უკმაყოფილებას იწვევდა როგორც უკრაინის დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, მაგრამ იუშჩენკოს ფიგურის გარეშე, კუჩმას მემკვიდრის მიმართ ნარინჯისფერი რევოლუციის დაწყებასაც კი არ ექნებოდა აზრი. საბედნიეროდ, კოშტუნიცა მისმა ოპონენტმა სათანადოდ არ შეაფასა, ვიკტორ იუშჩენკო კი გადაურჩა მოწამვლას.

სამწუხაროდ, მრავალ სხვა ქვეყანაში დემოკრატიულ პოლიტიკურ ლიდერებს ნაკლებად უმართლებთ. ოპოზიციური ლიდერების მკვლელობებმა, გატაცებამ, დაპატიმრებამ და მათ მიმართ მიზანმიმართულმა ცილისწამებამ დემოკრატიული ცვლილებები წლობით და შეიძლება ათწლეულებითაც კი შეაყოვნოს. მსოფლიოში მრავალი ავტორიტარული ლიდერი დაბალი რეიტინგის პირობებში მაინც ინარჩუნებს ხელისუფლებას სწორედ იმიტომ, რომ მათ იმ პოლიტიკური ლიდერების გზიდან ჩამოცილება შეძლეს, რომელთაც გააჩნდათ საზოგადოების ბრძოლისათვის შემზადებისა და გაძღოლის უნარი.

,,კანონიერი რევოლუცია

საარჩევნო რევოლუციების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია კანონმორჩილება. ზეწოლის (მაგრამ არა ძალადობის) გამოყენების მზადყოფნის მიუხედავად, ოპოზიციური ძალები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა მათი ლეგიტიმაცია დადგენილი წესების მიხედვით მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უპირისპირდებოდნენ იმ ლიდერებსა და ინსტიტუტებს, ვინც ეს წესები განსაზღვრა. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვოისლავ კოშტუნიცა გამარჯვებულად ეღიარებინა სასამართლოს და არა მხოლოდ მის მხარდასაჭერად გამოსულ ხალხს.

0x01 graphic

საქართველოში ოპოზიციის გამარჯვების ლეგიტიმაცია პარლამენტის კონტროლის საშუალებით მოხერხდა. უკრაინაში პარლამენტში ოპოზიციის მყარმა პოზიციებმა და უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულმა დამოუკიდებელმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა ,,ნარინჯისფერ რევოლუციას“ არსებული სისტემის ფარგლებში ლეგიტიმაცია. რატომაა ასე მნიშვნელოვანი ლეგიტიმურობა? თუ რევოლუცია კანონიერია, მაშინ ხელისუფლებისგან ჩამოცილებული მმართველები მათ მიერვე დადგენილი წესების თვალსაზრისითაც კი კანონგარეშე სიტუაციაში აღმოჩნდებიან. სახელმწიფო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, იპოვნონ არსებული ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის სამართლებრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამგვარ ნაბიჯს არ გადადგამენ, რევოლუციის შემდეგ მათი საბრალდებო სკამზე აღმოჩენის შესაძლებლობა ძალზე რეალურია. ამავე დროს, როგორც კი რევოლუცია სამართლებრივად გამართული ხდება, მისი მამოძრავებელი დემოკრატიული ძალები მოიპოვებენ საერთაშორისო მხარდაჭერას, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. და ბოლოს, რევოლუციის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევასთან ერთად, ახალი პოლიტიკური რეალობის შეცვლა თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, როგორც კიევში საპროტესტო აქციების მონაწილე ერთ-ერთმა აქტივისტმა აღნიშნა, ,,ქუჩაში მოპოვებული გამარჯვების დაკარგვა ისეთივე ადვილია, როგორც მისი მოპოვება.“

იმისათვის, რომ რევოლუცია კანონიერიც იყოს, აუცილებელია ძველი სისტემის ფარგლებში საკმარისი პლურალიზმის არსებობა, რათა პარლამენტში, სასამართლოებსა და საარჩევნო კომისიებში არჩევნების შედეგების ეფექტურად დაცვა იყოს შესაძლებელი. ამგვარად, არჩევნების რევოლუცია შესაძლებელია მხოლოდ არაკონსოლიდირებული, არადემოკრატიული (ან ნახევრად დემოკრატიული) რეჟიმების პირობებში, სადაც დემოკრატია ჯერ კიდევ ფასადია, მაგრამ იგი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაანგრიონ. უკრაინული, სერბული და ქართული არჩევნები აჩვენებს, თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს პოლიტიკური რეალობა საზოგადოებაში, რომლებსაც ავტორიტარიზმისა და პლურალიზმის სხვადასხვა ხარისხი ახასიათებთ. ამ ყველაფრის მნიშვნელობა ის არის, რომ ,,შეჯიბრებით ავტორიტარიზმში“ არჩევნებს კვლავ აქვს მნიშვნელობა და არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა, ძირითადად, მართლაც ხდება.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ამგვარ ქვეყნებში არჩევნების გაყალბება ჯერაც შესაძლებელია, რის გამოც დემოკრატიულმა ძალებმა უნდა მოიპოვონ იმაზე უფრო მეტი ხმა, რის გაყალბებასაც ხელისუფლება მოახერხებს. მათ ასევე უნდა გააჩნდეთ ქუჩის აქციების ორგანიზების უნარი, რათა შეაჩერონ ყალბი შედეგების დამტკიცება და გამორიცხონ ყოველგვარი კომპრომისი. ერთი სიტყვით, დემოკრატიულმა ლიდერებმა ქუჩაში იმ რაოდენობის ხალხი უნდა გამოიყვანონ, რომლის დაშლაც პოლიციას აღარ შეეძლება.

ამგვარი რევოლუციის წარმატებისათვის საჭირო ,,ბარიერი“ სხვადასხვაა. მაგალითად, საქართველოში, იგი საკმაოდ დაბალი იყო. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებელმა ეგზითპოლებმაც კი აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ 26 პროცენტის მოგროვება შეძლო პირველ, გაყალბებულ არჩევნებზე.

ედუარდ შევარდნაძე უკვე არჩევნებამდე ვეღარ აკონტროლებდა ქვეყანას, ისევე როგორც უსაფრთხოების სისტემასა და ბიუროკრატიულ აპარატს. იგივე ბარიერი ბევრად მაღალი იყო სერბეთში, სადაც კოშტუნიცამ მილოშევიჩი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი უპირატესობით დაამარცხა. მილოშევიჩი მზად იყო ძალის გამოსაყენებლად, თუმცა ოპოზიციის მიერ მობილიზებულმა ხალხმა პოლიციის დაშოშმინება საკმაოდ სწრაფად შეძლო.

უკრაინაში შუალედური ვითარება იყო. რეჟიმი მობილიზებული იყო, თუმცა, ალბათ, არ იყო მზად სისხლის დასაღვრელად (ზოგიერთი ცნობის თანახმად, იანუკოვიჩი კუჩმას ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, მისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა ხელისუფლების ხელში აღება). იუშჩენკოს უპირატესობა საკმაოდ მცირე იყო იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დამოუკიდებელი ეგზითპოლების მონაცემები, რომელთა მიხედვითაც იგი მეორე ტურის შემდეგ ოთხიდან ათ პროცენტამდე ლიდერობდა ზედმიწევნითი სიზუსტით გამოირჩეოდა.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერების მიერ ხალხის მობილიზების უნარმა მთელი მსოფლიო გააოცა, რევოლუციას, ამ შემთხვევაში უფრო მეტად და უფრო სწრაფად ესაჭიროებოდა იურიდიული გამართლება, ვიდრე სერბეთისა და საქართველოს შემთხვევებში. ამიტომ დასრულდა ეს ვითარება სხვადასხვა კომპრომისით ხელისუფლებას თან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებია.

,,შეჯიბრებითი ავტორიტარიზმის“ სისტემებში სამართლებრივი მხარე ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე ოპოზიციისთვის. მართალია, ხელისუფლება არ ერიდება არჩევნების გაყალბებას, მაგრამ იგი მაინც ცდილობს იმის მტიცებას, რომ ძალაუფლებაში დარჩა მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების გზით და ამას გაუყალბებლადაც მოახერხებდა. ამგვარ ვითარებაში ავტორიტარულ ხელისუფლებას კვლავ ესაჭიროება დემოკრატიული ფასადი და ლეგიტიმურობა, რის გამოც იგი განაგრძობს დემოკრატიული პროცესით თამაშს იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ქვეყნების უფრო ავტოკრატიული მმართველები. ხოლო როცა ოპოზიცია ღიად საუბრობს სიყალბის შესახებ, მთავრობა უფრო მეტად დაკავებულია არა დემონსტრაციების ჩახშობაზე ფიქრით, არამედ საკუთარი დანაშაულის დაფარვის მცდელობით. ამავე დროს, ,,შეჯიბრებითი ავტორიტარიზმის“ სისტემებში, ხელისუფლება სათანადოდ არ აფასებს გამოწვევას, რადგანაც გარკვეული დროის განმავლობაში ქუჩის აქციებისგან რეალური ზიანის თავიდან აცილების შემდეგ, უფრო დიდ მობილიზაციასა და გამოწვევას ხელისუფლების რეპრესიული აპარატი უბრალოდ მოუმზადებელი ხვდება.

სამოქალაქო საზოგადოება

სამივე რევოლუციაში დემოკრატიული ოპოზიციის წარმატება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დახმარებასა და მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული. სამივე რევოლუციამ გამოავლინა სამოქალაქო საზოგადოების დიდი როლი და და ძლიერი მხარეები.

ამან ასევე გააქარწყლა რეგიონში დემოკრატიის მხარდასაჭერი პროგრამების ეფექტურობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული დამოკიდებულება. სკეპტიკოსთა მოსაზრებების თანახმად, ამგვარი პროგრამები ხელს მხოლოდ ,,სუსტ პლურალიზმს“ და ურბანული ინტელექტუალების თვითჩაკეტილი ფენის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. აქ არასამთავრობო სექტორი, თუ დასავლური სტანდარტებით განვსჯით,

0x01 graphic

მართლაც მცირეა და შესამჩნევად პოლიტიზებული. თუმცა არჩევნების რევოლუციას სწორედ ამგვარი ოპოზიციურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება სჭირდება. მეტიც, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მსგავს საზოგადოებებში, არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედაც რომ პოლიტიკურ ელფერს უნდა ატარებდნენ.

ისეთი ჯგუფების, როგორიც ,,ოტპორი“ და ,,კმარა“ მობილიზების შესაძლებლობა განპირობებული იყო მათი წევრების დაუღალავი გარჯით და მზადყოფნით, გაეწიათ რისკის. პროფესიონალმა, დასავლეთში განათლებამიღებულმა პიარის სპეციალისტებმა საკუთარი ძალები გააერთიანეს საარჩევნო გამოწვევისადმი პასუხის გასაცემად (მაგალითად, ისიც საკმარისია, თუ როგორ გამოიყენეს მათ სკოლის მათემატიკის სახელმძღვანელო არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად). ამავე დროს, დემოკრატიულ ოპოზიციაზე განხორციელებული ზეწოლით, გაერთიანებულიყვნენ, არასამთავრო ორგანიზაციებმა შეასრულეს ფასდაუდებელი მისია ოპოციზიისა და საზოგადოების ერთმანეთთან დაკავშირების თვალსაზრისით. ამგვარად, ზომით მცირე სამოქალაქო სექტორმა რევოლუციურ ცვლილებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკუთარი მიზანდასახულობის, გამოცდილებისა და საღი აზრის წყალობით.

რასაკვირველია, ამგვარი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას წლები სჭირდება, ისევე როგორც ლიბერალური პოლიტიკური და სოციალური გარემო.

რევოლუციურმა ძალებმა მოახერხეს საზოგადოების ინფორმირება არჩევნების გაყალბების ნამდვილი მასშტაბის შესახებ, რადგანაც მთავრობისა და ოლიგარქების ზოწოლის მიუხედავად, კვლავაც არსებობდა თავისუფალი მედია.

რამდენიმე სხვა გარემოება ასევე მიანიშნებს სწორედ ,,სუსტ“ ავტორიტარულ მმართველობაზე, როგორც არჩევნების რევოლუციის მნიშვნელოვან ასპექტზე. მაგალითად, ოპოზიციის ცნობილი ადამიანების, კულტურული მოღვაწეებისა და სპორტის ვარსკვლავების მიერ სახალხო მხარდაჭერა, როგორც ეს სამივე შემთხვევაში მოხდა, გაცილებით კონსოლიდირებული ტირანიების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. ძალოვანი სტრუქტურები, რომელთაც კარგად აქვთ გათავისებული, რომ უნდა დაემორჩილონ ბრძანებებს და არა კანონს, ასევე არ დაიწყებდნენ დიდხანს ცდას. უფრო მეტად ავტორიტარულ საზოგადოებებში, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაკები მათ მიერ გაყალბების გამოვლენის შემთხვევაში უფრთხიან არა შესაძლო დაპატიმრებას, არამედ სასურველი შედეგის ვერმიღების შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვას და ა.შ.

არაკონსოლიდირებული ძალაუფლება

სახელმწიფო ინსტიტუტებზე კონსოლიდირებული ავტორიტარული კონტროლის სიმცირე არჩევნების რევოლუციებს უფრო შესაძლებელს ხდის. ამავე დროს, შედარებით ლიბერალური პოლიტიკური ცხოვრება ოპოზიციას საშუალებას აძლევს განვითარდეს როგორც პარლამენტში, ასევე არჩევნებს შორის პერიოდში. ხელისუფლების ლეგიტიმურობის მნიშვნელოვანი შემცირების პირობებში, იგი უკვე უძლურია ძალის გამოყენების მუქარითაც კი გააკონტროლოს საერთოეროვნული შფოთი. ხოლო თუ ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციას ემხრობა, მისი აქტივისტებისათვის უფრო ადვილია დიდი ავტოკოლონებისა და ბულდოზერების ორგანიზებაც კი და გეზის დედაქალაქებისაკენ აღება. ამავე დროს, თუ ცენტრალური ხელისუფლების ისეთ რგოლებს, როგორიცაა პარლამენტი და სასამართლო, ძალუძთ იმოქმედონ კანონის და არა შიშის კარნახით, არჩევნების გაყალბებასთან ბრძოლის შანსები კიდევ უფრო იზრდება. არაფორმალური ძალაუფლებისა და ეკონომიკური საშუალებებით მიღწეული გავლენის დეცენტრალიზაციას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესუსტებული სახელმწიფო ძალაუფლების პარალელურად სამივე ქვეყანაში სხვადასხვა ხარისხით აღმოცენდა ოლიგარქიული კაპიტალიზმი. ამგვარად, ფულის დეცენტრალიზაცია ძალაუფლების დეცენტრალიზაციის ლოგიკური კომპონენტი იყო, რამაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად ფეთქებადი ნარევი შექმნა. ყოფილი სახელმწიფო მოხელეების და მათი საბანკო ანგარიშების ოპოზიციის მხარეზე გადასვლის შემდეგ, ოპოციზია ამცირებს საგარეო დახმარებაზე დამოკიდებულებას, რაც რეჟიმთან სრულმასშტაბიანი ბრძოლისათვის მაინც არ არის საკმარისი. ამგვარად, კლანური კაპიტალიზმს შეუძლია წვლილი შეიტანოს თავისივე შემქმნელი სისტემის ნგრევაში.

სამივე რევოლუციის კიდევ ერთი მახასიათებელი თვისება, სერბეთში, საქართველოსა და უკრაინაში ხელისუფლების თვითკმაყოფილება და თვითდაჯერებულობა იყო. სლობოდან მილოშევიჩს მართლაც სჯეროდა, რომ მას შეეძლო ხმების 70%25-ის მიღება იმ არჩევნებში, რომლის შედეგადაც ის ჰააგის ტრიბუნალზე აღმოჩნდა. ალბათ, სწორი იქნება ითქვას, რომ მილოშევიჩთან შედარებით, შევარდნაძემ რეალობის შეგრძნება კიდევ უფრო დაკარგა. სამაგიეროდ, კუჩმაცა და იანუკოვიჩიც ყველა რისკის შესახებ კარგად იყვნენ ინფორმირებულნი. თუმცა მათ საკუთარი ამოცანა საკმაოდ მარტივად წარმოედგინათ: მოქმედი პრემიერის მხარდაჭერა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და განუსაზღვრელი ადმინისტრაციული კონტროლი მიანიშნებდა, რომ გაყალბება შედარებით შეზღუდულ ხასიათს ატარებდა. თუმცა ამგვარი ლოგიკა მისი ავტორებისათვის კატასტროფული აღმოჩნდა. იანუკოვიჩს შეეძლო, გამხდარიყო პრეზიდენტი, თუ იგი მოახდენდა არჩევნების წვრილმან გაყალბებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. თუმცა მან მიმართა მსხვილმასშტაბიან გაყალბებას მხოლოდ რამდენიმე რეგიონში, სადაც იგი ხალხის, ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვისაც ზედმეტად თვალშისაცემი აღმოჩნდა.

ამავე დროს, ძველი რეჟიმების ნაკლებად კონსოლიდირეობულობა მხოლოდ მათი ლიდერების თვითკმაყოფილებასა და თვითდაჯერებას ვერ დაბრალდება. ზოგიერთი პოლიტოლოგი, მაგალითად, ლუკან ვეი, ამბობს რომ ამგვარი რეჟიმები საფუძველშივე პლურალისტურნი არიან, რადგანაც მათი საზოგადოებების სოციალური, პოლიტიკური და კულტურული დაყოფა განაპირობებს პოლიტიკისა და ძალაუფლების ფრაგმენტულობას იმდენად, რომ არც ერთ ცალკე აღებულ ძალას არ ძალუძს მისი უზურპაცია. ამ საზოგადოებებს არ გააჩნიათ მემკვიდრეობითი პოლიტიკური კულტურებისათვის დამახასიათებელი ერთგვაროვნება, რაც მმართველობის ე.წ. ,,სულთანისტურ“ სტილამდე მიიყვანდა. რაღაც თვალსაზრისით, პოლიტიკის მრავალფეროვნება მოქმედ ხელისუფლებასაც რგებს: მას ეძლევა გარკვეული სოციალური ბაზისი, რათა ,,დაიცვას“ საკუთარი ,,ლუკმა' საშიში ,,უცხო სხეულებისაგან,“ მაგალითად პროდასავლურად განწყობილი ლიბერალებისაგან, ნაციონალისტთაგან ან ორივესგან ერთად. სამაგიეროდ, ამგვარი მდგომარეობა ასევე ნიშნავს, რომ ოპოზიციასაც ძალუძს მთავრობის ყურადღების მიღმა დარჩენილების მობილიზაცია.

ამავე დროს, მრავალი მკაფიოდ გამოკვეთილი ავტოკრატიული ლიდერი არანაკლებად დაყოფილ საზოგადოებას მართავს. განსხვავება ის არის, რომ ისინი უფრო მეტად არიან მზად ძალის გამოსაყენებლად: ისინი ახდენენ რეგიონული ელიტების როტაციას, ანადგურებენ დამოუკიდებელი დოვლათის შექმნის საშუალებებს და მკაცრად აკონტროლებენ მედიის საქმიანობას. ამგვარად, ,,შეჯიბრებითი ავტორიტარიზმისათვის“ დამახასიათებელი პლურალიზმი გამოწვეულია მათი ლიდერების სურვილით, დანარჩენ მსოფლიოს თავი დემოკრატებად მოაჩვენონ. კუჩმასა და შევარდნაძის შემთხვევაში ეს სწორედ ასე იყო. სერბეთის შემთხვევაში, ამის თქმა უფრო ნაკლებად შეიძლება, თუმცა მილოშევიჩი მაინც ინარჩუნებდა ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას, ნებას რთავდა ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითობას და ასევე ტოვებდა ხელშესახებ სივრცეს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის, რადგანაც მას სურდა წარმოჩენილიყო ლიდერად, რომელიც გარკვეული წესებით თამაშობდა. (მართალია, რეჟიმი საგრძნობლად გამკაცრდა საკუთარი კოლაფსის წინ, მაგრამ ამ დროისათვის ოპოზიციის წარმატება უკვე შეუქცევადი იყო). National Endowment for Democracy-ში ჯერაც ახსოვთ კრიტიკა ,,დემოკრატიული გზით არჩეული“ სლობოდან მილოშევიჩის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფებისათვის დახმარების გაწევის გამო.

ამგვარად, პოლიტიკური ლიდერების მიერ დემოკრატიის თამაში ხელს უწყობს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ისეთი ელემენტების გამყარებას, რომლებიც შემდგომში პლურალიზმის აღმოფხვრას შეუძლებელს ხდიან. ამ ელემენტებმა გარკვეული დროის განმავლობაში დემოკრატიულ ძალებს საშუალება მისცეს, გაძლიერებულიყვნენ, მომწიფებულიყვნენ და გარდატეხის მისაღწევად საკმარისი ძალის აკუმულირება მოეხდინათ.

რატომ იქნება ყოველი შემდგომი რევოლუციის მიღწევა ძნელი

სამწუხაროდ, დემოკრატიულ ,,ვირუსს“ გააჩნია შეზღუდვები. პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი დემოკრატიული გარდატეხის მიღწევა ძალზე გაძნელდება. მეტიც, უკანასკნელი წლების რევოლუციები უფრო გაართულებენ შემდგომი რევოლუციების მოხდენას.

დასაწყისისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს არ გააჩნიათ ის სოციალური და პოლიტიკური ნიშნები, რომლებიც ,,შეჯიბრებით ავტორიტარიზმში“ შეინიშნება. ამ ქვეყნებში, ძლაუფლება მყარადაა კონცენტრირებული პრეზიდენტის ხელში. წარმომადგენლობითი ინსტიტუტები კი შირმის როლს ასრულებენ. ეკონომიკური რესურსების კონტროლიც უფრო კონცენტრირებულია, ნაწილობრივ ადვილად ხელმისაწვდომი ბუნებრივი რესურსების ხარჯზე. დამოუკიდებელი ოლიგარქები ან არ არსებობენ, ან საფუძვლიანად ამოიშანთნენ, ანაც მიმდინარეობს მათი განდევნის პროცესი. ბევრ შემთხვევაში, დოვლათზე კონტროლი საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს სოციალური ერთიანობის გარკვეული დონე, რადგანაც იგი უფრო აადვილებს ფულის გადანაწილებას (შევარდნაძე ხელფასს ვერ უხდიდა საკუთარ სამართალდამცავ ორგანოებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგრამ ჰეიდარ ალიევი და ალექსანდრე ლუკაშენკო ამგვარ შეცდომებს არ უშვებენ). ყოფილი საბჭოეთის ავტორიტარულმა მმართველებმა ასევე მოახდინეს ელიტების წმენდა და როტაცია, რათა არ დაეშვათ შიდა ოპოზიციის აღმოცენება და ყველა სხვაგვარად მოაზროვნე სწრაფად და სამაგალითოდ დასაჯეს. თუკი ასეთი არსებობს, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია ძალიან სუსტია, ხოლო იქ, სადაც მათ მოახერხეს ხელშესახები პოტენციალის მქონე ძალად ჩამოყალიბება, მიმდინარეობს მათი დისკრედიტაციისა და განადგურების ინტენსიური პროცესი. რეჟიმი აპატიმრებს ყველაზე ეფექტურ და ქარიზმატულ ლიდერებს გამოგონილი ბრალდებებით, აქტიურად ეწევა მათი რეპუტაციის შელახვას საკუთარი მედია საშუალებით და ზოგჯერ მათ ფიზიკურადაც ანადგურებს (მაგალითად, თუნდაც ლუკაშენკოს ოპონენტების იდუმალებით მოცული გაუჩინარებებიც კმარა). სხვაგვარედ მოაზროვნე საზოგადოების დარჩენილი ნაწილი ამის შემხედვარე ან ძალიან შეშინდება, ანაც მასთან ბრძოლა ძალზედ ადვილი იქნება. მეტად კონსოლიდირებული ავტორიტარული სისტემები მაინც ატარებენ არჩევნებს, თუმცა რბილი ავტორიტარული რეჟიმებისგან განსხვავებით, ისინი ანადგურებენ ოპონენტებს და ამგვარად, არჩევნებამდე სპობენ ყოველგვარ რწმენას, რომ რაიმე ცვლილება შესაძლებელია. ამგვარი რეჟიმები აღვივებენ მითებს საკუთარი ლიდერებისა და საერთოდ პოლიტიკური წყობის უალტერნატივობის შესახებ. ისინი არჩევნებს ატარებენ უკვე საერთოდ აღიარებული იმ განწყობის ფონზე, რომ ხელისუფლებამ უკვე გაიმარჯვა. ამგვარ სისტემებში რეპრესია არის არა გადარჩენის გზა, არამედ ცხოვრების წესი.

რასაკვირველია, ცენტრალური აზიის დესპოტიებთან შედარებით, რუსეთი და სომხეთი კვლავაც ლიბერალიზმის ბასტიონებად შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ გადარჩენილი ყველაზე რბილი ავტოკრატიული ლიდერები სწრაფად აცნობიერებენ, რომ ,,სუსტ“ რეჟიმებს დიდი მომავალი არა აქვთ. მათი დასკვნა მარტივია:პრევენციული დარტყმა!

ბელარუსის მაგალითი

უკანასკნელი წლების განმავლობაში ბელარუსის განვითარება, (უფრო სწორად დეგრადაცია) ნათლად აჩვენებს თუ რა კონკრეტული გამოვლინება შეიძლება შეიძინოს ამგვარმა პრევენციულმა ღონისძიებებმა. 2000 წელს მილოშევიჩის გადადგომის შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ სერბეთის მოვლენებიდან მის მიერ აღებული მთავარი გაკვეთილი ,,ხელისუფლების დაცვის აუცილებლობაში“ მდგომარეობდა. სწორედ ამის შემდეგ, ბელარუსი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამოუკიდებელი ორგანიზაციების, ინტელექტუალური ცხოვრებისა და ლამის პოლიტიკური პლურალიზმის ნებადართულობის გამო ,,რბილ დიქტატურად“ მიიჩნეოდა, სწრაფად გადაიქცა ნამდვილ დიქტატურად და კვლავ განაგძობს ამ გზით სვლას. უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციამდე სულ მცირე ხნით ადრე, ლუკაშენკომ ბელორუს ხალხს თავს მოახვია რეფერენდუმი, რომელმაც მას პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით არჩევის, და, მაშასადამე, სიცოცხლის ბოლომდე დარჩენის საშუალება მისცა.

ამ რეფერენდუმის დამოუკიდებელი შეფასებები აჩვენებს, რომ ხმის მიცემის პროცესის სამართლიანობის შემთხვევაში, ლუკაშენკო პირველად დამარცხდებოდა კიდეც. თუმცა იმის გარანტია, რომ ამგვარი ,,ფოკუსებით“ იგი დაუსრულებლად დარჩება პრეზიდენტის პოსტზე, როგორც ,,მეტ-ნაკლებად“ სამართლიანად არჩეული პრეზიდენტი, არ არსებობს. ლუკაშენკოს ეს ესმის და მეტ პრევენციას მიმართავს. მის მიერ გენერალური შტაბის უფროსად ვიკტორ შიმანის დანიშვნა უკვე მრავლისმეტყველია: ეს ადამიანი 1999 და 2000 წლებში ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების გატაცებისა და მკვლელობების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. თავად ბელარუსიის პრეზიდენტმაც არაორაზროვნად განაცხადა: ,,უკრაინის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ თანამედროვე პოლიტიკურ ტექნოლოგიებს და სუსტად მართულ სახელმწიფოს სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია.“ ამგვარად, იგი მიიჩნევს, რომ საკუთარი ძალაუფლება კიდევ უნდა გააძლიეროს. ეს კი ნიშნავს, რომ უფრო მეტი პარტია, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაცია დაიხურება, უფრო მეტ ოპოზიციისადმი ლოიალურად განწყობილ ადამიანს დაითხოვენ სახელმწიფო სამსახურიდან, უფრო მეტ დასავლელ დამკვირვებელს, სამოქალაქო საზოგადოების წევრსა და ადამიანის უფლებების დამცველს არ მიეცემა ქვეყანაში 2006 წლამდე შესვლის საშუალება (არავინ იცის, მიეცემა თუ არა ოპოზიციას ამ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებაც კი). ბელარუსის ხელისუფლება მალე ,,ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ (ანუ ყოველგვარი დემოკრატიული აქტივობის წინააღმდეგ) ახალი კანონის მიღებასაც გეგმავს.

პრევენცია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მთავარი საფიქრალიცაა. საკუთარი, ჯერაც უაღრესად მაღალი რეიტინგის პირობებში მან მოახერხა ყველაფერი იმის განადგურება, რაც რამდენიმე წლის წინანდელ რუსეთს უკრაინას ამსგავსებდა: ერთ დროს დამოუკიდებელი დოვლათის უმეტესობა ახლა უკვე მის კონტროლს ექვემდებარება, ისივე როგორც პრესა და პოლიტიკური პარტიები. ამჟამად პუტინი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიდგა. ცენტრალური აზიის მმართველებიც ბევრს ნერვიულობენ. მათ მიერ განხორციელებული ,,პრევენციული დარტყმები“ მეტად უსახურ სურათამდე მიგვიყვანს: იქ, სადაც ოპოზიცია არსებობდა, იგი აღარ იარსებებს. არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ორგანიზება, ხმის მიცემა, განსაკუთრებით ოპოზიციისათვის ხმის მიცემა და ამის შესახებ საჯაროდ გაცხადება და რაღა თქმა უნდა, არჩევანის ქუჩაში დაცვა ძალიან გაძნელდება.

ავტოკრატი მმართველები შეიძლება იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ არჩევნების რევოლუციის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება დე-ფაქტო ან დე-იურე კონკურენტული არჩევნების საერთოდ თავიდან აცილებაა.

თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიციას მაინც ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, რადგან მთავრობა კვლავ ცდილობს დემოკრატიულობის შირმის შენარჩუნებას. ამ შემთხვევაში, არჩევნებით მანიპულირების მანქანა იდევ უფრო კარგად ორგანიზებული და მოქნილი გახდება, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, არჩევნების წინასწარ გამზადებული შედეგები ,,გააპრავოს.“ ამავე დროს, მოსახლეობის დიდი ნაწილის გულის მოგების შემთხვევაშიც კი, ოპოზიციას არ შეეძლება საკუთარი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს მიმართოს. ხმების გადათვლისათვის ბიულეტენების არარსებობის, საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან გაყალბებაზე საუბრისათვის თავის არიდების და სასამართლოების მხრიდან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების გამორიცხვის პირობებში, ოფიციალური შედეგების ეჭვქვეშ დაყენება ძალიან რთული ამოცანა იქნება. ეგზითპოლიც კი ადვილად შეიძლება განეიტრალდეს, მის შესახებ ინფორმაციის დაბლოკვისა და ოფიციალურ შედეგებთან თანხვედრაში მყოფი ოფიციალური ეგზითპოლის საშუალებით.

ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური ცვლილებისაკენ მიმავალი გზა აღარ ძევს არჩევნებზე. რაც არ უნდა იყოს ალტერნატიული მეთოდი, იგი უფრო გაწელილი აღმოჩნდება. დღეისათვის, ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ სახელმწიფოში პრეზიდენტის სიკვდილი, ,,სასახლის გადატრიალება“ ან სახალხო აჯანყება რეალისტურ სცენარს არ წარმოადგენს.

ავტოკრატიის ექსპორტი

ალექსანდრე ლუკაშენკოს მსგავსად, დანარჩენი ავტოკრატიული ლიდერებიც დაიწყებენ საკუთარი ძალაუფლების დაცვას. უკრაინულმა რევოლუციამ მათ ერთი რამ მეტისმეტად კარგად შეაგნებინა: მათ საკუთარი სკამები ერთად უნდა დაიცვან. ამგვარი ,,თავდაცვა“ უკვე შეიძლება შევნიშნოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საარჩევნო დამკვირვებელთა ქცევაში, რომლებიც რეგიონში ჩატარებულ ყოველ არჩევნებს სამართლიანობისა და დემოკრატიულობის სახელს არქმევენ. ეუთო ვლადიმერ პუტინის მხრიდან თადასხმის ობიექტი მის მიერ უკრანიაში ამ ორგანიზაციის ,,ჩარევის“ შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე დიდი ხნით ადრე გახდა. რუსეთის პრეზიდენტს არასოდეს დაუმალავს, რომ სურს ეუთოს დღის წესრიგიდან დემოკრატიის საკითხების გამორიცხვა, რის მისაღწევადაც რუსეთი საკუთარი საწევრო გადასახადის არგადახდითაც დაიმუქრა.

თუმცა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, ჩვენ უფრო უარესის მომსწრენიც გავხდით. კრემლს ავტოკრატი ლიდერების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გააჩნია, თუმცა იგი მხარს უჭერდა მხოლოდ ისეთებს (მაგალითად, ლუკაშენკოს), რომელთა ხელისუფლების სათავეში დარჩენა ისედაც ნათელი იყო და რომლებიც ქვეყნის გარედან განსაკუთრებულ დახმარებას არც საჭიროებდნენ. მაგალითად, მოსკოვმა მხარი აღარ დაუჭირა ედუარდ შევარდნაძესა და სლობოდან მილოშევიჩს, რომელთა ბედი უკვე გადაწყვეტილი ჩანდა. რუსეთის ისტორიაში არც ერთხელ, მოსკოვი სხვა ქვეყნის საქმეებში ასე ინტენსიურად და მოუქნელად არ ჩარეულა. უკრაინის შემთხვევაში კრემლი მიზნად ისახავდა არა მარტო ხელისუფლების სათავეში პრორუსული ლიდერის მოყვანას, არამედ მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების რუსული მოდელისაც.

რუსეთის ამ მცდელობისათვის ავტოკრატიის ექსპორტის წოდება გადაჭარბებული შეფასება სულაც არ იქნებოდა.

საბედნიეროდ, ამჯერად მოსკოვს, საკუთარი და არა მხოლოდ, შეცდომებისა და ქედმაღლობის წყალობით, არაფერი გამოუვიდა. რუსეთი ცდილობდა უკრაინის არჩევნების აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ჭრილში განხილვას, რადგანაც რუსებს ეგონათ, რომ ამგვარი სტრატეგია ვიკტორ იანუკოვიჩს ადვილ გამარჯვებას მოუტანდა. ეს იდეა თავად იანუკოვიჩის მრჩევლებსა და მის რუს იმიჯმეიკერებს ეკუთვნით (ისეთებს, როგორებიც არიან გლებ პავლოვსკი, სერგეი მარკოვი, ვიაჩესლავ ნიკონოვი და მარატ გელმანი), რითაც ისინი ვიკტორ იუშჩენკოს დასავლეთ უკრაინაში მიმწყვდევას იმედოვნებდნენ. რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის კონსერვატიულად განწყობილი წამყვანის მიხეილ ლეონტიევის სიტყვებს რომ მოვუხმოთ, რომელიც მან პირველი რაუნდის წინ რამდენიმე დღით ადრე წარმოთქვა,,,იუშჩენკოს საკმარისი ხმები არ გააჩნია და პრინციპში მას არ შეუძლია ნორმალურ პირობებში ამ ხმების მიღება, რადგანაც ნაციონალისტურად განწყობილი დასავლეთ უკრაინა განწირული უმცირესობაა.“ კრემლს და მის დამქაშებს ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ უკრაინა რუსეთი არაა. ორი ქვეყნის პოლიტიკურ კულტურებს შორის სხვაობამ აჩვენა, რომ კრემლის ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის მიმართული ლოზუნგებით უკრაინელების ,,ტვინის გამორეცხვა“ მეტად ძნელი აღმოჩნდა. ამავე დროს, უკრაინის დაყოფა დასავლეთად და აღმოსავლეთად ასევე გადაჭარბებით შეფასდა. უკრაინელთა დემოკრატიული მისწრაფებები განპირობებულია არა მხოლოდ მაგდებურგის კანონების ტრადიციით ქვეყნის დასავლეთში, რომელიც ლიტვის დიდი სამთავროს ფარგლებში კიევს დიდ უფლებებს ანიჭებდა, არამედ ასევე ზაპოროჟიეს სეჩის ტრადიციით ქვეყნის აღმოსავლეთში, რომელიც, წარმადგენდა რა კაზაკების რესპუბლიკას, ხელშესახებ ავტონომიას ინარჩუნებდა რუსეთის მმართველობის პირობებშიც კი. სულ რამდენიმე რეგიონის გამოკლებით, უკრაინელებმა ქვეყნის ყველა ნაწილში განავითარეს ერთობისა და კოლექტიური იდენტობის გრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი რუსულად ლაპარაკობს, ნაწილი კი - უკრაინულად. ნაციონალიზმისა და დემოკრატიის ეფექტური შერწყმის ხარჯზე, ვიკტორ იუშჩენკომ მოახერხა რუსულად მოლაპარაკე და მართლმადიდებელი უკრაინელების ძალიან დიდი რაოდენობის მხარდაჭერის მოპოვებაც. ამგვარად, რუსულმა პროპაგანდამ ხელი შეუწყო უკრაინის გაერთიანებას იუშჩენკოს სასარგებლოდ, რაც კრემლისათვის ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდა.

თუმცა ამან, თავის მხრივ, სამწუხარო რეალობას ახადა ფარდა: რუსეთს სულაც არ შეუცვლია ძველი აზროვნება და ქცევის სტილი. უკრაინის შემთხვევაში, რუსული ელიტა და პირადად პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინის დემოკრატიზაცია საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთს, რის გამოც იგი უნდა შეჩერებულიყო, თანაც ნებისმიერ ფასად. ,,თუ ჩვენ დავკარგავთ უკრაინას,“ - ამბობდა იანუკოვიჩის საარჩევნო კამპანიის უკან მდგომი ერთერთი ყველაზე ოდიოზური იმიჯმეიკერი ვიაჩესლავ ნიკონოვი, - ,,დასავლეთი ჩვენ ისე მოგვეპყრობა, როგორც ბანანის რესპუბლიკას.“ მისი კოლეგა გლებ პავლოვსკი კი უფრო შორს წავიდა. ,,თუ რუსეთი უკრაინას წასვლის საშუალებას მისცემს, წელიწადიც არ გავა, რომ ჩვენ უარესს ვიხილავთ საკუთარ მიწაზე. ჩვენ სერიოზულად უნდა დავიცვათ თავი.“ სხვა შეფასებებიც ისტერიისგან არც თუ შორს იდგა. ,,რატომ ვაგებთ ხავერდოვან რევოლუციებს?“ - კითხულობს ,,კომსომოლსკაია პრავდა“ (ბოლო განცხადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: რუსეთმა 1991 წლის ხავერდოვანი რევოლუცია საკუთარ თავთან ,,წააგო“).

კიდევ უფრო სამწუხაროა იმის აღნიშვნა, რომ დასავლეთში ბევრისათვის კრემლის ძველმოდური საქციელი სიურპრიზი აღმოჩნდა. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ დასავლეთმა რუსეთი საკუთარ მოკავშირედ მიიჩნია. სინამდვილეში, რუსეთმა პარტნიორობის ახალი სქემა გავლენის სფეროების ახალი გადანაწილების მოლოდინით მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პუტინის, როგორც მოკავშირისა და პარტნიორის მიღება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ე. წ. ,,რეალისტური“სკოლის ერთგვარად ცინიკური პრინციპის გავლენით მოხდა, რომლის თანახმადაც, არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორ იქცევა რომელიმე სახელმწიფო ქვეყნის შიგნით, მთავარია, რომ იგი მსოფლიო ასპარეზზე ,,სწორ“ მხარეს იდგეს. რუსული ისტაბლიშმენტის ყველაზე აგრესიულმა ნაწილმა მაშინვე დაინახა ამ მდგომარეობის უკან მდგომი ახალი შესაძლებლობები. რუსეთის შიგნით, საკუთარი თავის, როგორც დასავლეთის მზაკვრობით ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის ხედვა არც არასდროს შემწყდარა მაშინ, როცა პუტინი თამაშობდა ბუშისა და დასავლელი ლიდერების მეგობრის როლს (მეტიც, ანტიდასავლურმა და ავტორიტარულმა განცხადებებმა იმატა ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, როცა პუტინმა თავად დაიწყო საუბარი რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ, ხოლო სახელისუფლებო ვერტიკალის ჩავარდნა კი საბჭოთა კავშირის დაშლით ახსნა).

რუსეთსა და მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე დემოკრატიის პრობლემებისადმი წაყრუებას შეიძლებოდა უკრაინის დემოკრატიული ტრანზიცია შესწირვოდა კიდეც. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა, ზემოთჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ვოშინგტონსა და ევროპის კავშირის იმ მოხელეებს უნდა გაენაწილებინათ, რომელთა მხრიდან აღმოსავლელი მეზობლებისათვის ევროპულ მომავალზე ფიქრის ჯიუტმა უარყოფამ მხოლოდ პოზიციები გაუუმჯობესა უკრაინის ანტიდემოკრატიულ ელემენტებს, ერთი მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ, დაარწმუნა რუსეთი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია მისი გავლენის განსაკუთრებულ სფეროს განეკუთვნებოდა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთმა უკრაინის არჩევნებში საკუთარი სახის გადარჩენა ძირითადად ევროკავშირის ახალი წევრების პოლონეთისა და ლიტვის აქტიურობის შედეგად მოახერხა. ამ ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არც ისე დიდი ხნის წინ დასრულდა და მოსკოვის გავლნის ქვეშ ყოფნის მოგონებები ჯერ კიდევ ძლიერია მათ წარმოდგენაში.

ამჟამად, ვლადიმერ პუტინის უპირველესი ამოცანა უკრაინასთან ურთიერთობების გამოკეთებაა. დასავლეთის თვალში საკუთარი ქმედებების გამო ნდობის აღდგენა კი უფრო რთულად მისაღწევი იქნება. ამავე დროს, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იგი ქვეყნის შიგნით წარმოჩინდეს როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ,,უკრაინა წააგო.“ ამის თავიდან ასაცილებლად კი პუტინს მოუწევს იმის აღიარება, რომ კრემლმა, მის მიერ კონტროლირებადმა მედიამ და რუსული ელიტის უმრავლესობამ უსირცხვილოდ იცრუა, როცა ,,მოძმე ხალხის“ მიმართ აღვივებდა სიძულვილსა და მისი ტერიტორიული მთლიანობაც კი ეჭვქვეშ დააყენა. მაგრამ დაუჯერებს კი რუსი ხალხი ყველაფერ დანარჩენს, რაც მათ უთხრეს ბესლანის, ჩეჩნეთის, ოპოზიციის, ოლიგარქებისა თუ ადამიანის უფლებების დამცველების შესახებ? ალბათ, არა. ამ ფონზე კი ძალიან ადვილად შეიძლება ველოდოთ რუსეთის პოლიტიკურ რეალობაში პლურალისტური ელემენტების კიდევ უფრო შევიწროებას.

თუმცა აქ ერთი კარგი ამბავიც გველოდება: ნარინჯისფერმა რევოლუციამ შესამჩნევად დააბლაგვა რუსეთის მიერ საკუთარ ,,ახლო საზღვარგარეთში“ გამოყენებული პოლიტიკური იარაღი. უკრაინამ დაამტკიცა არა მარტო ის, რომ პოლიტიკური შანტაჟის დაძლევა შესაძლებელია, არამედ ისიც, რომ რუსეთის მიერ საკუთარი ,,სუსტი“ ძალაუფლების ელემენტების გამოყენების ეფექტურობაც მცირდება. ერთ-ერთი ასეთი ელემენტი რუსული ენაა, რომელიც დსთ-ს დასავლეთ ნაწილში (მოლდოვას ჩათვლით) რუსეთისათვის იმაზე უფრო მნიშვნელოვან როლსაც ასრულებს, ვიდრე ნავთობი და გაზი. რუსეთმა უკრაინის პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ენის ფაქტორის გამოყენებაზე მეტად დიდი ფსონი დადო, თუმცა მალე აღმოჩნდა, რომ უკრაინის ცენტრალური და აღმოსავლეთის რეგიონების რუსულად მოლაპარაკე მოსახლეობის დიდი ნაწილი სულაც არ შეშინდა დასავლურ უკრაინული ნაციონალიზმის თავს მოხვევის შესახებ გაუთავებელი საუბრით. ამავე დროს, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული მედიის გავრცელებულობამ ხელი შეუწყო ქვეყნის ამ ნაწილის მოსახლეობისათვის იმის ნათლად წარმოჩენას, თუ რამდენად განსხვავდება მათი ქვეყანა რუსეთისაგან. ისიც მართალია, რომ ოპოზიციის ნაციონალისტური ნაწილის მობილიზაციის თვალსაზრისით უკრაინულმა ენამ დიდი როლი შეასრულა, თუმცა რუსულ ენას იგივე მამობილიზებელი როლი პრორუსული ელექტორატის შესაკავშირებლად სულაც არ შეუსრულებია. ამგვარად, უკრაინის რეალობაში იყო რუსულენოვანი და ანტირუსულად განწყობილი, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებს სულაც არ წარმოადგენს.

რუსეთის მიერ ,,სუსტი ძალაუფლების“ გავრცობის მეორე ინსტრუმენტი, რომლის გავლენა ასევე შემცირდა, მართლმადიდებელი ეკლესიაა. ამ რეალობის მნიშვნელობა სცდება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ იანუკოვიჩის წინასაარჩევნო კამპანიაში და საკუთარ მრევლში პანიკის დათესვას. უკრაინის შესაძლო წარმატებული ტრანზიცია სამუელ ჰანტინგტონის მიერ თავის ,,ცივილიზაციათა შეჯახებაში“ წამოყენებულ კიდევ ერთ არგუმენტს მოისვრის ნაგვის ყუთში. ამ არგუმენტის თანახმად, დემოკრატიასა და მართლმადიდებლობას შორის დაუძლეველი წინააღმდეგობა სუფევს. მას ყველაზე კარგად ის ფაქტი აქარწყლებს, რომ სამივე არჩევნების რევოლუცია (საქართველოში, სერბეთსა და უკრაინაში) მართლმადიდებელ ქვეყნებში მოხდა. ამავე დროს, დემოკრატია სულ უფრო წინ მიდის მთლიანად ბალკანეთში, რის შედეგადაც რუსეთი მონათესავე სლავური სახელმწიფოებისგანაც იზოლირებული აღმოჩნდა (ბელარუსის გამოკლებით).

შემდეგ?

ყოველი დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ იმ ქვეყნების დემოკრატიისათვის შეუფერებელობის შესახებ საუბარი, რომლებმაც გამოღვიძება ვერ მოახერხეს, დიდი ცდუნებაა. სულ რამდენიმე წლის წინ, იგივე სერბეთი და უკრაინა ბევრს ,,ჩამოწერილიც“ კი ჰქონდა. დიდი დრო არ გავა და ჩვენ შევიტყობთ ათასგვარი თეორიის შესახებ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ, მაგალითად, ბელარუსები და სომხები განსხვავდებიან სერბებისა და უკრაინელებისაგან. დიდი უპრინციპობაა შესცქეროდე შეშინებულ საზოგადოებებსა თუ რეპრესიებს და ამტკიცო, რომ დემოკრატიის მოთხოვნილება არ არსებობს. სწორედ ამის და, შესაბამისად, საკუთარი უალტერნატივობის დაჯერება უნდათ ავტორიტარულ მთავრობებს საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის. არ შემიძლია არ გავიხსენო ბელგრადში დემონსტრაციების შემსწრე ერთი იტალიელი ჟურნალისტის გაკვირვება და სიხარული, რომელსაც აღმოხდა: ,,სად იმალებოდა ასეთი ლამაზი და სულიერებით გამორჩეული ერი ამდენ ხანს?“ ნარინჯისფერმა რევოლუციამ კიდევ უფრო დიდი შოკი გამოიწვია: ვის ეგონა რომ ევროპის საზღვარი ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვართან არ მთავრდებოდა? უეცრად ნარინჯისფერი გამოჩნდა არა მარტო პოლონეთში და იქ, სადაც უკრაინელმა ემიგრანტებმა მიტინგები გამართეს, არამედ ასევე მინსკში და მოსკოვშიც კი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატიული უკრაინა ვერ შეძლებს ყოფილ საბჭოეთში დემოკრატიის გავრცელებისათვის შესაძლებლობის დღესვე გაჩენას, ამ მიზნისკენ მიმართული ძალისხმევის აუცილებლობა აშკარაა: ამგვარმა ძალისხმევამ შეიძლება არ გამოიწვიოს დემოკრატიის სწრაფი გავრცელება, მაგრამ იგი შეასუსტებს ავტორიტარული მთავრობების მიერ წამოწყებულ პრევენციულ რეპრესიულ ღონისძიებებს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიის ხელშეწყობას აუცილებლად სჭირდება დასავლეთის მხრიდან ფორმალური მხარდაჭერა. ამგვარი მხარდაჭერა, რასაკვირველია, იქნება ბევრად უფრო მეტად კანონიერი და მორალურად გამართლებული, ვიდრე ეროვნული სუვერენიტეტის სახელით წარმოებული რეპრესია თუ ავტოკრატიის ექსპორტი.

რასაკვირველია, დემოკრატიის მხარდაჭერა შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს ბელარუსში, ყაზახეთსა და რუსეთში და სწრაფი ეფექტის მომტანი იგი არ იქნება, მაგრამ ამის გამო ამგვარ მხადაჭერაზე ხელის აღება გაუმართლებელია, რადგანაც ბოლოს იგი მაინც გაამართლებს. მეტიც, არჩევნების გაყალბებას უნდა მოჰყვეს არა მარტო განცხადებები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოცემული მთავრობის დემოკრატიულობას, არამედ მის მიერ მმართველობის საერთოდ განხორციელების შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენებაც. ამასთან, გაყალბების წარმოჩენის ყოველი შესაძლებლობისთანავე პოლიტიკური და დიპლომატიური ღონისძიებები სწრაფი და გადამჭრელი უნდა იყოს.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებმა, უფრო სწორად მათი გაყალბების მცდელობამ, სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში არჩევნების ასევე გაყალბებულობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი დაადასტურა. გაყალბებისა და მანიპულაციის მექანიზმები ყველგან ერთნაირია. დემოკრატ პოლიტიკურ მოღვაწეებს არ უნდა სცხვენოდეთ ასეთი სიყალბისადმი შეწინააღმდეგება, თუკი მას სადმე სხვაგან აღმოაჩენენ. აუცილებელია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების გაძლიერება, რათა მათ უკეთესად და რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე შეძლონ გაყალბების აღმოჩენა. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისას მისვლა საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს ყველაზე აშკარა გაყალბება და მეტი არაფერი. დანიშნულების ადგილზე ჩასვლის წინ აუცილებელია, რომ დამკვირვებლებმა დაწვრილებით შეისწავლონ კონკრეტულ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიები და მეთოდები - იქნება ეს ხმის მიცემის პროცესამდე ბიულეტენების ჩაყრა, თუ შემდგომი ოქმების გადასწორება - ამავე დროს, ისინი უნდა შეეცადონ, რომ გაყალბების პროცესში სწორედ იქ აღმოჩდნენ, სადაც ყალიბდება არჩევნები. დემოკრატიის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა ასევე უნდა მოახდინონ საკუთარი მუშაობის გადახალისება. ყოფილ საბჭოთა სივრცეში არჩევნებს შეიძლება სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ დემოკრატიულმა ლიდერებმა მაინც მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგანაც აუცილებელია, რომ მათ საზოგადოებასთან კავშირი შეინარჩუნონ. ამდენად, არჩევნების მონიტორინგისა და კამპანიის წარმოების მეთოდებში მომზადების გარდა, აქტივისტებს ბევრად მეტი სჭირდებათ. მაგალითად, მათ უნდა იცოდნენ, თუ როგორ გააგრძელონ მუშაობა და როგორ მიიტანონ თავისი სათქმელი ხალხამდე მაშინაც კი, როცა ამის სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობაა ხელთ. ამასთან, მათ უნდა ისწავლონ გაყალბების გამოაშკარავება არჩევნების მონიტორინგის შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში. დემოკრატიის დახმარება უნდა შეიცავდეს ძლიერ ინტელექტუალურ ელემენტს, რათა დემოკრატიულ ძალებს მათ მეტოქეებთან ინტელექტუალური თვალსაზრისით ერთი თავით დაწინაურების საშუალება მიეცეს.

მესამე: ის ქვეყნებიც კი, სადაც უკვე მოხდა დემოკრატიული რევოლუცია, არ უნდა მიატოვონ მათმა დემოკრატიულმა მეზობლებმა, რადგანაც აუცილებელია რევოლუციური ცვლილების კონსოლიდაცია, რომელიც სხვებისათვის შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს. უკრაინა განსაკუთრებით იმსახურებს ევროპის კავშირთან სიახლოვის გამო ხეირის მიღებას: მეტ სავაჭრო ბრუნვას, უკეთეს სავიზო რეჟიმს, და დიახ, პოლიტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას მაშინაც კი, თუ იგი უკრაინისათვის ევროკავშირში მომავალ წევრობას არ ნიშნავს.

მეოთხე: რუსეთის ავტორიტარიზმის მიმართულებით მოძრაობის შემაშფოთებელი შედეგები აშკარაა. დემოკრატია უნდა დაბრუნდეს დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის დღის წესრიგში. მომავალში მეტი ზიანის თავიდან ასაცილებლად, კრემლს უნდა განემარტოს, რომ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა რამდენიმე პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული - მათ შორის, ქვეყნის შიგნით მეტ პოლიტიკურ თავისუფლებაზე და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ავტოკრატიული რეჟიმებისათვის მხარდაჭერის შემცირებაზე. პუტინი შეიძლება არ იყოს ახალი მილოშევიჩი (მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ უკრაინის, როგორც ,,მთლიანად რუსულად მოლაპარაკე ქვეყნის“ მოხსენიებამ ბევრი შეაცბუნა), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ მისი, როგორც ევრაზიის მეტენრიხის როლი, რაიმეს არგებს დასავლეთის, პოსტსაბჭოთა სახელმწიფობისა თუ თავად რუსეთის ინტერესებს.

თარგმნა გიორგი კანდელაკმა

Transitions Online
13.01.2005