The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება № 5 (17), მაისი, 2003


თავისუფლება № 5 (17), მაისი, 2003


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კოტეტიშვილი ირაკლი , პაპუაშვილი ნუგზარ, ალბრეხტი ვლადიმერ
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: მანანა არაბულის ნამუშევარი ,,XX საუკუნის ვენერა“ გუგა კოტეტიშვილის ფოტო ყველა უფლება დაცულია თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge WWW. LIBERTY.GE



1 კანონი უკანონობის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რაკლი კოტეტიშვილი

მოქალაქეების უკანონო დაკავება და ჩხრეკა, დაუსაბუთებელი ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში მოთავსებული პირების წამება და წინასწარი გამოძიების ეტაპზე სხვა დარღვევები ნამდვილად არ არის უცხო ჩვენი საგამოძიებო და მოკვლევის ორგანოების ყოველდღიური საქმიანობისთვის. მიზეზი, ალბათ, პირველ რიგში, იმ ნორმატიულ აქტში უნდა ვეძიოთ, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს, ერთის მხრივ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელსა და მსჯავრდებულს და მეორს მხრივ, პროცესის მწარმოებელ ორგანოებს შორის. თუმცა, ბავშვური მიამიტობა იქნებოდა, ყოველივე ეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული ხარვეზებისათვის დაგვებრალებინა. ყველაფერთან ერთად, უფლებადარღვევის სერიოზული მიზეზი ხშირად თავად დაზარალებულთა პასიურობა, ზოგ შემთხვევაში კი ელემენტარული სამართლებრივი ცოდნის არქონაა.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისაგან თავის დასაცავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აწესებს რამდენიმე სერიოზულ გარანტიას. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეჭვმიტანილის უფლება, ისარგებლოს დამცველის (არა უმეტეს სამისა) მომსახურებით, მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე (როდესაც ეჭვმიტანილი არასმქონეა, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით). თუკი ეჭვმიტანილი ისარგებლებს უფასო (სახაზინო) დამცველის მომსახურებით, ეს ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეჭვმიტანილს შეუძლია, შეხვდეს დამცველს მარტო, დღეში არაუმეტეს ერთი საათისა. მართალია, 2001 წლის შესწორებების წყალობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმეს ადვოკატის დახმარებით სარგებლობის უფლება ეძლევა, მაგრამ პრაქტიკაში ამ ნორმას ისეთივე მოქმედების ძალა აქვს, როგორც ფარატინა ქაღალდს. არადა, სწორედ ამ ნორმის იგნორირება ქმნის პრაქტიკას, როცა ზღვარი მოწმესა და ეჭვმიტანილს შორის დაკითხვისთანავე იშლება და სწორედ მოწმედ დაბარებული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკითხვის დამთავრებისთანავე ,,ეჭვმიტანილი“ ხდება. ჩვენების მიცემაზე მოწმის უარი კი, მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის დანაშაულია. ვფიქრობ, მოწმისათვის დამცველის მომსახურებით სარგებლობის უფლების იგნორირება იგივეა, მოწმეს არ შეატყობინო, თუ რა საქმის გამოა გამოძახებული.

თუმცა, უმჯობესი იქნება, დავუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც ყველაზე ხშირად მიმართავენ ქართველი სამართალდამცავები, ფიზიკური ან/და ფსიქიკური ზემოქმედების ფაქტებია.

0x01 graphic

რა ინსტრუმენტებს იცნობს განვითარებული ქვეყნების სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამ სენისაგან თავის დასაცავად?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი არის სამედიცინო შემოწმების დანიშვნა, პროცესის მწარმოებელი ორგანოების მხრიდან დაკავებულზე თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირზე განხორციელებული ფიზიკური ან/და ფსიქიკური ზემოქმედების ფორმების დადგენის მიზნით. სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება ეჭვმიტანილს პირველივე დაკითხვის შემდეგ უჩნდება. ბუნებრივია, სამართალდამცავებს ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ,,აშფოთებთ“. თუმცა, ამასთან ერთად, პრინციპულად მნიშვნელოვანია, დადგინდეს იმ სუბიექტთა წრე, ვისაც სამედიცინო შემოწმების დანიშვნის უფლებამოსილება გააჩნია. თუ სამედიცინო შემოწმების დანიშვნის უფლებამოსილება მხოლოდ პროცესის მწარმოებელ ორგანოს ექნება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მხრიდან უკანონობის ჩადენის შემთხვევაში, სამედიცინო შემოწმების დანიშვნას არც უნდა ელოდეთ. სამედიცინო შემოწმების დანიშვნის უფლება დაზარალებულის ხელში მნიშვნელოვანი იარაღია, საკუთარი უფლებების დასაცავად. სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება გააჩნია როგორც ეჭვმიტანილს, რომელიც მოათავსეს თავისუფლების შეზღუდვის ადგილას, ასევე ბრალდებულს.

ადამიანის უფლებების დარღვევების უმეტესი წილი პირის დაკავებისა და წინასწარი გამოძიების ეტაპზე მოდის. ეჭვმიტანილის დაკავებისას სამართალდამცავები ამჯობინებენ, ეჭვმიტანილისაგან აღიარებითი ჩვენება ფიზიკური თუ ფსიქიკური ზემოქმედებით მიიღონ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დამნაშავის აღიარებითი ჩვენება არ არის იმ რანგის მტკიცებულება, რომელსაც შეიძლება, სასამართლო დაეყრდნოს. ამის შესახებ პირდაპირ მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

0x01 graphic

ვინ უნდა დააკმაყოფილოს დაკავებული ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მოთხოვნა სამედიცინო შემოწმების ჩატარებაზე?

მომკვლევმა გამომძიებელმა ან პროკურორმა. ეს სუბიექტი კონკრეტულად განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ ვის წარმოებაშია ესა თუ ის სისხლის სამართლის საქმე.

რაც შეეხება დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის შედარებით სერიოზულ სტატუსს, ესაა - ბრალდებული. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლის სამართლებრივ კვალიფიკაციას. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა ჩაიდინა დანაშაული. ბრალდებულს არსებითად იგივე უფლებები გააჩნია, რაც ეჭვმიტანილს. არც თუ იშვიათად, წინასწარი პატიმრობის ადგილებში ბრალდებულის მიმართაც იგივე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები ხორციელდება, რაც ეჭვმიტანილის მიმართ.

ერთ-ერთი გავრცელებული ტერმინი, რომლითაც ხასიათდება საგამოძიებო ორგანოების უკანონო მოქმედებები, არის ,,საქმის შეკერვა“. ამ დროს ერთერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ექსპერტიზის შედეგები.

0x01 graphic

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლად აღიარებს: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის სპეციალისტთა დასკვნას. თუ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, სპეციალისტი ან დამსწრე ფლობს ამ სპეციალურ ცოდნას, ეს არ გამორიცხავს ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას. ექსპერტიზა ინიშნება მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით. ხშირად ეჭვმიტანილი და ბრალდებული აცხადებენ ხოლმე (და არც თუ უსაფუძვლოდ), რომ ექსპერტიზა მიკერძოებულად ჩატარდა, რაც საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს. საბოლოო ჯამში კი სახეზე გვაქვს ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა უფლებების დარღვევა. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას. მხარეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივითა და საკუთარ ხარჯზე ჩაატაროს ექსპერტიზა იმ გარემოებათა დასადგენად, რომელთაც, მხარის აზრით, შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მისივე ინტერესების დაცვას. ექსპერტიზის ჩატარებისა და ექპერტის წინაშე დასმული საკითხის შესახებ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომკვლევს - გამომძიებელს ან პროკურორს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე. საექსპერტო დაწესებულება ვალდებულია, ჩაატაროს მხარის მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარის მოთხოვნით, ექსპერტიზის დასკვნა სავალდებულო წესით დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ექსპერტიზის დასკვნა არ არის სავალდებულო ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის, მაგრამ თუ ის ეთანხმება დასკვნას, ეს მოტივირებული უნდა იყოს. თუ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექპერტიზა და ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ეჭვი ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

0x01 graphic
შეიძლება თუ არა პირის მიმართ იძულებითი ექსპერტიზის ჩატარება?

ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევების სხვა მეთოდების გამოყენება, რომლებიც ძლიერი ტკივილის შეგრძნებას იწვევენ, დასაშვებია მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც ექპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, ხოლო თუ მას 16 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია ან ფსიქიკურად არის დაავადებული, მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების თანხმობით.

0x01 graphic
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. რას გულისხმობს ეს?

მაგალითად, თუ თქვენდამი არაკეთილგანწყობილმა მეზობელმა ცეცხლი წაუკიდა თქვენს სათავსოს, რომელიც თქვენს კანონიერ საკუთრებას წარმოადგენს, მის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად ყველანაირი ფორმალური საფუძველი არსებობს. ბუნებრივია, დამნაშავის დასჯა ერთგვარად შეგიმსუბუქებთ მოყენებულ ზიანს (მორალურს მაინც). მაგრამ ეს სრულებით არ არის საკმარისი. ნებისმიერ შემთხვევაში, დაზარალებულისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება წარმოადგენს. დამნაშავის დასჯის გარდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობის დროს შეიტანოთ სამოქალაქო სარჩელი და მოითხოვოთ კომპენსაცია.

0x01 graphic

0x01 graphic
ვისგან უნდა მოითხოვოთ კომპენსაცია, თუკი საქმის წარმოების შეჩერების შემთხვევაში ბრალდებული დაიმალება, დაუდგენელია მისი ადგილსამყოფელი ან თავად პასუხისგებაში მისაცემი პირი?

ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომელიც ამის საშუალებას იძლევა, 2005 წლამდე არ შევა ძალაში. სწორედ ამ დრომდე არ ამოქმედდება სახელმწიფოს მიერ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების მუხლი, რომელიც იმ შემთხვევებზე ვრცელდება, როცა სახელმწიფო ვერ ხსნის დანაშაულს.

2 საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2002 წლის მოხსენება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ქვეყნდება აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს მიერ

31 მარტი, 2003 .

(იბეჭდება შემოკლებით)

ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება

ნაწილი I. პიროვნების ხელშეუხებლობა

. წამება, სასტიკი/არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა და დას

კონსტიტუცია კრძალავს ამგვარ ქმედებებს. თუმცა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის (UNHRC) მონაცემებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები განაგრძობდნენ პატიმართა და დაკავებულთა წამებას, ცემას და სხვა დამამცირებელ მოპყრობას, ძირითადად ფულის გამოძალვის ან დანაშაულის აღიარების მიზნით. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამგვარი ქმედებები გახშირდა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სერიოზულ პრობლემად რჩება პოლიციელების მიერ ისეთი სახის დანაშაულის ჩადენა, როგორიცაა სამხილის გაყალბება ან ხელოვნურად შექმნა. 2002 წელს რამდენიმე პოლიციის ოფიცერი სასამართლოს წინაშე წარსდგა, ზოგი მათგანი პოლიციის რიგებიდან დაითხოვეს, ზოგი კი თანამდებობიდან დააქვეითეს. მიუხედავად ამისა, დაუსჯელობის სინდრომი კვლავ პრობლემად რჩება. ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე დამკვირვებელთა განცხადებით, ბევრი პოლიციელი თვლის, რომ ასეთ ქმედებებზე მათ პასუხი არ მოეთხოვებათ. მთავრობის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ წარსულში შსს- თანამშრომლები რეგულარულად სცემდნენ პატიმრებსა და დაკავებულებს და არღვევდნენ მათ უფლებებს. ოფიციალური პირები ამის მიზეზად პოლიციელთა არასათანადო წვრთნას, გამოძიებისა და დაცვის სამსახურების სუსტ კონტროლს და სათანადო აღჭურვილობის არქონას ასახელებენ, რაც დანერგილი პრაქტიკის გაგრძელებას უწყობს ხელს. მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დამცავი მექანიზმები გაართულებდა კრიმინალთან ბრძოლას, 1999 და 2000 წელს კოდექსში შეიტანეს შესწორებები, რის შედეგადაც სამართალდამცავებს ბევრი დაკარგული უფლება აღუდგათ (იხ. ნაწილი I. ე.). შესწორებების შედეგად, დაკავებულ პირს, გამოძიების პროცესში უფლების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ჩამოერთვა და მხოლოდ პროკურატურაში გასაჩივრების უფლება დარჩა.

ადამიანის უფლებების დამცველთა ინფორმაციით, 2002 წლის განმავლობაში, ფულისა და ჩვენებების გამოძალვის მიზნით, ადგილი ჰქონდა ელექტროშოკით წამების ფაქტებს. Human Rights Watch-ის ცნობით, გასული წლის უმთავრეს პრობლემად დაკავებული პირების მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენება რჩებოდა.

29 იანვარს პოლიციამ გორში დააკავა და სასტიკად სცემა მოქალაქე ალექსანდრე ლიხელი. 4 თებერვალს საქმეში მისი ადვოკატი ჩაერთო. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა ლიხელის სხეულზე დაზიანებები და ღრმა ჭრილობები, მათ შორის მარცხენა ხელიდან ოთხი ფრჩხილის დაძრობის ფაქტი. ლიხელის გათავისუფლება მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის ჩარევის შემდეგ მოხერხდა, საქმის გამოძიება კი წლის ბოლომდე გაგრძელდა.

მაისის თვეში თბილისის მთაწმინდაკრწანისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები პერიოდულად აკავებდნენ, მიჰყავდათ N5 იზოლატორში და სისტემატურად სძალავდნენ ფულს 15 წლის დ. ასატუროვს და მის ოჯახს. პოლიციელებმა ოჯახის შევიწროება მაშინ დაიწყეს, როდესაც გადაწყვიტეს, ასატუროვის მცირე დანაშაულის დაფარვის სანაცვლოდ, მისი მშობლებისაგან ფული გამოეძალათ. პოლიციელები ორჯერ შეიჭრნენ მათ სახლში, სცემეს ასატუროვი და მოითხოვეს მეტი თანხის გადახდა. 12 მარტს პოლიციელები კვლავ შეიჭრნენ ასატუროვის ბინაში, სცემეს იგი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დედამისს. სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით ჩატარდა ასატუროვის სამედიცინო შემოწმება, რის შედეგადაც მას დაუდგინდა ტვინის შერყევა, ყურის ჩალურჯება და გონების დაკარგვა. პროკურატურამ პოლიციის ორი ოფიცრის წინააღმდეგ, ფულის გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

თანამდებობის ბოროტად გამოყენების გაცილებით სერიოზულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი წინასწარი დაკავების იზოლატორში ეჭვმიტანილების დაკითხვის დროს. ადამიანის უფლებების დამცველებმა და ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ დარღვევები უფრო მეტად აღინიშნება პიროვნების დაპატიმრებისა და პოლიციის განყოფილებებში მიყვანის დროს, ვიდრე წინასწარი პატიმრობის იზოლატორში; ასევე აღნიშნავენ იმასაც, რომ დანაშაულის აღიარებას ყველაზე ხშირად ადგილი აქვს სწორედ პოლიციის განყოფილებებში. უფლებადამცველთა თქმით, ძალადობის მსხვერპლებს ხანგრძლივი დროით აკავებდნენ წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში, რათა მათ ძალადობის კვალი არ დასჩენოდათ. HRW-ის ცნობით, იანვარ-თებერვლის თვეებში პოლიციის განყოფილებებიდან წინასწარი პატიმრობის ცენტრებში გადაყვანილ 44 დაკავებულს სხეულზე ახლადმიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდათ. 8 ივლისს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა აღიარა, რომ წინასწარი პატიმრობის საკნებიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაკავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით გადმოჰყავდათ. გასულ წელს იუსტიციის სამინისტრომ წინასწარი პატიმრობის საკნებში მომხდარი ცემის 39 საქმე გადასცა პროკურატურას გამოსაძიებლად, თუმცა გენერალური პროკურატურის ცნობით, წლის ბოლოსთვის მხოლოდ 4 საქმის გამოძიება დასრულდა.

პოლიცია ხშირად ჩივის, რომ დაზიანებები დაკავებულებს დაპატიმრების დროს ან დაპატიმრებამდე აქვთ მიღებული. ძალადობას პოლიციის თანამშრომლები საპყრობილეებშიც მიმართავენ.

პოლიციის თანამშრომლების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და წამების ფაქტების აღკვეთის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა იანვარში ეუთოს დახმარებით სწრაფი რეაგირების ჯგუფი დააარსა. საცდელი პროექტის მიხედვით, ჯგუფს უფლება ჰქონდა, სწრაფი რეაგირება მოეხდინა ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე, ყველაზე კრიტიკული ეტაპის, პიროვნების დაკავებიდან პირველი 72 საათის ჩათვლით. მაისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ 2001 წლის დეკემბრიდან სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ადამიანის უფლებების დარღვევის 97 შემთხვევა აღნუსხა, რომელთაგან8 შემთხვევის გარდა, ყველა სწრაფ რეაგირებას საჭიროებდა.

სწორედ სწრაფი რეაგირების ჯგუფის ინიციატივით დაითხოვეს სამსახურიდან დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების სამი ოფიცერი, რომლებმაც იანვარში ფოტომაღაზიის ქურდობისთვის დააკავეს არასრულწლოვანი ვახტანგ მამულიანი. თვითმხილველის თქმით, პოლიციელებმა სასტიკად სცემეს ის და დაკავების დროს გაუპატიურებით დაემუქრნენ. გარდა ამისა, მამულიანის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა არ იყო სათანადოდ რეგისტრირებული, რაც ამცირებდა მესამე პირის მიერ დაპატიმრების დადასტურების შესაძლებლობას. 2000 და 2001 წლებში პოლიციელების მიერ ნაწამებ დავით სტურუასა და დიმიტრი რომანოვის საქმეები ისე დაიხურა, რომ სამართალდამცავების მიმართ ბრალი არ წაუყენებიათ.

წარსულში სამართალდამცავები აწამებდნენ დაკავებულებს პოლიტიკურად ისეთ ფაქიზ საქმეებზე, რომლებშიც ზვიად გამსახურდიას მთავრობისა და გასამხედროებული ორგანიზაცია ,,მხედრიონის“ წევრები ფიგურირებდნენ. ადამიანის უფლებების ადგილობრივი დამკვირვებლების ცნობით, დარღვევებს ისევ აქვს ადგილი თბილისის მეხუთე იზოლატორსა და ქუთაისის წინასწარი დაკავების დაწესებულებებში. მძიმე ან პოლიტიკური სახის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში განლაგებულ №5 იზოლატორში ათავსებდნენ. 2000 წლის იანვარში №5 იზოლატორი ოფიციალურად დაიხურა, რაც ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა; მიუხედავად ამისა, ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ეს დაწესებულება რეალურად არ დახურულა და სხვა სახელით იმავე ფუნქციას ასრულებდა. ადგილობრივი უფლებადამცველების ცნობით, №5 იზოლატორში მყოფი ბევრი დაკავებული ცემასა და უფლებების დარღვევას უჩივის. ამ დაწესებულებაში მოთავსებით დამუქრებაც კი ხშირად საკმარისია დანაშაულის აღიარებისა თუ ფულის გამოძალვისათვის.

წინა წლებისაგან განსხვავებით, არ აღნუსხულა ძალოვანთა მხრიდან რელიგიური უმცირესობების წევრების ცემის ფაქტები.

27 სექტემბერს პოლიციის 20-ზე მეტი ოფიცერი შეიჭრა ზუგდიდის ადგილობრივ სატელევიზიო სადგურში. მათ სცემეს თანამშრომლები, დაამტვრიეს აპარატურა და დააშინეს იმ კორესპონდენტის ოჯახი, რომელმაც სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში პოლიციის მიერ ბენზინის კონტრაბანდული გადატანა გააშუქა. პოლიციის გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებულ გამოძიებას პოლიციის უფროსის მოადგილის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა (იხ. ნაწილი 2.ა.).

0x01 graphic

ივნისში დაზარალებულის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების მიერ თბილისში მცხოვრები გიგა ბიწაძის ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე დაპატიმრების შესახებ. პოლიციელებმა ისე სცემეს ბიწაძე, რომ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეში სახალხო დამცველის სწრაფი რეაგირების ჯგუფი ჩაერია. ამ ფაქტთან დაკავშირებით წლის ბოლოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

31 ივლისს, თბილისში პოლიციის ოფიცერმა დაჭრა 12 წლის ბიჭი, რომელსაც ღია ბაზრობაზე გამყიდველთან შელაპარაკება მოუვიდა. პოლიციელი მათ საუბარში ჩაერია. როდესაც ბიჭმა უარი განაცხადა, პოლიციის ოფიცერს განყოფილებაში გაჰყოლოდა, ამ უკანასკნელმა მას ორჯერ ესროლა. საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია და გენერალური პროკურატურა წლის ბოლოს იხილავდნენ.

დაუსჯელობის საყოველთაო ატმოსფეროს მიუხედავად, ფიზიკური ძალადობისა და საპყრობილეში დაკავებულების სიკვდილის გამო, რამოდენიმე პოლიციელი დააპატიმრეს, ზოგს კი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს. 2002 წლის პირველ 8 თვეში შსს-ს თანამშრომელთა წინააღმდეგ წარმოებული 209 საქმე გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნა, რის შედეგადაც 31 პიროვნების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შარშანწინდელ წელთან შედარებით ეს დიდ პროგრესს წარმოადგენს. ზემოაღნიშნული 31 პიროვნებიდან შსს-ს 4 თანამშრომელი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. აღნიშნულ პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შსს-ს 82 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო 57 - დააქვეითეს. პოლიციის ოფიცრებს ძირითადად მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში სჯიდნენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა კი კიდევ უფრო შეასუსტა დაკავებულის უფლება, დაესაბუთებინა სამართალდარღვევების შესახებ ბრალდებები (იხ. ნაწილი I.ე.). ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავდა, რომ პროკურორები პოლიციის თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაზე თავს იკავებდნენ, ან სამხილების არარსებობის მომიზეზებით, უკვე აღძრულ საქმეებსაც ხურავდნენ.

მაისში შსს-მ წარმოადგინა საქართველოს პოლიციის თანამშრომლების ეთიკური კოდექსის პროექტი, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა. ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ჯგუფები მიესალმნენ ამ ინიციატივას, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ კორუფციამ შესაძლოა, სათუო გახადოს პოლიციელთა მიერ ამ დოკუმენტში გათვალისწინებული დებულებების შესრულება.

იუსტიციის სამინისტრომ დანერგა სისტემა, რომელიც ითვალისწინებს პოლიციის განყოფილებებიდან წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაყვანილი ყველა დაკავებულის სამედიცინო შემოწმებას, შესაძლო მიყენებული დაზიანებების დოკუმენტურად აღნუსხვისა და თითოეული პატიმრის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ ბაზისური ინფორმაციის შედგენის მიზნით, რის საფუძველზეც, საჩივრის შესვლის შემთხვევაში, შესაძლოა, გაკეთდეს დასკვნები პატიმრებისთვის საპყრობილეში მიყენებული ფიზიკური ტრავმების შესახებ.

ადამიანის უფლებებისა და ეთნიკური ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტებმა და ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეისწავლეს უფლებების დარღვევის შესახებ დაზარალებულთა საჩივრები, რომელთა რიცხვი საგრძნობლად იყო გაზრდილი; თუმცა, მომჩივანთა დიდმა ნაწილმა შიშის გამო თავისი საჩივარი უკან გაიტანა. კომიტეტის ცნობით, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საჩივრების შინაარსი შეიცვალა: თუ ადრე განცხადებები ძირითადად ეკონომიკური დახმარების საკითხებს შეეხებოდა, ახლა მათი უმრავლესობა პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებსა და პროკურატურის უუნარობას შეეხება, აღძრას სისხლის სამართლის საქმეები ამ საჩივრებთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე დამკვირვებლებმა გამოთქვეს წუხილი იმის გამო, რომ კორუფციაში მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციის თანამშრომელთა დიდი ნაწილია ჩაფლული. შსს-ს განცხადებით, 2000 წელს პოლიციელთა რაოდენობა 13 881-ს შეადგენდა; არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით კი, პოლიციელთა რეალური რაოდენობა 35 000-ს უდრიდა. შსს მიუთითებს 29 500 თანამშრომელზე, ანალოგიური ციფრი მოჰყავს ფინანსთა სამინისტროსაც, და ამტკიცებს, რომ ეს ციფრი მოიცავს სახანძრო და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლებსაც, რომლებიც უშუალოდ პოლიციის ფუნქციებს არ ასრულებენ. პოლიციის ოფიცრები ხელფასს არარეგულარულად იღებენ; აქედან გამომდინარე, პოლიციის მუშაკები მოსახლეობას სძალავენ ქრთამს, განსაკუთრებით ავტომობილის მფლობელებსა და დაკავებულ ან დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს (იხ. ნაწილი I.დ.).

იუსტიციის სამინისტრო პასუხს აგებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მთელი სისტემის ადმინისტრირებაზე; კანონმდებლობით დაშვებულია ამ დაწესებულებების დაკომპლექტება შსს-ს კადრებით. შსს-ს ბევრ საპყრობილეში თავისი საკუთარი საკნები გააჩნია. სხვა კანონის თანახმად, შსს-ს უფლება აქვს, სასამართლო პროცესისათვის სამხილი მასალის შეგროვების მიზნით, სასამართლოს ნებართვის გარეშე აწარმოოს გამოძიება პატიმართა შორის. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საპყრობილეებში მდგომარეობა თითქმის იგივე რჩება; თუმცა, აღნიშნავენ იმ ფაქტსაც, რომ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემის შემდეგ, პატიმრების ოჯახის წევრებისათვის გაადვილდა თავიანთი პატიმრების მონახულება, ხოლო თავად პატიმრებს ტელეფონზე დარეკვის საშუალება გაუჩნდათ.

გაეროსა და მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის (მათ შორის HRW-ის ჩათვლით) შეფასებით, ციხეებში კვლავაც არაადამიანური და სიცოცხლისათვის საშიში პირობებია. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ისევ ანტისანიტარიული მდგომარეობაა, ისინი გადატვირთულია პატიმრებით, შეინიშნება მომსახურე პერსონალის ნაკლებობა, ხოლო შენობები სასწრაფო რემონტს საჭიროებს. საპყრობილეთა უმეტესი ნაწილი სათანადოდ არ ნიავდება, გაუმართავია წყალგაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა და კანალიზაცია, არადამაკმაყოფილებელია იქ არსებული სამედიცინო განყოფილებების მდგომარეობაც. სასჯელაღსრულების რეგიონალური დაწესებულებები და წინასწარი პატიმრობის იზოლატორები თვეების განმავლობაში ელექტროგანათების გარეშეა დარჩენილი. ციხის პერსონალი და დაცვის სამსახურის თანამშრომლები თვეების განმავლობაში, ან საერთოდ ვერ იღებენ ხელფასს. დიდ პრობლემად რჩება საკნების გადატვირთვა; თუმცა, ზოგიერთ საპყრობილეში, მაგალითად ზუგდიდში, ადგილების მხოლოდ 50%25-ია დაკავებული, როდესაც თბილისში ჩვეულებრივ 10 ან 12 ადგილიან საკანში 16 ან მეტი პატიმარია მოთავსებული. 2002 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში მოხდა 133 პატიმრის შეწყალება, ხოლო 450 საქმეს შეწყალების კომისია იხილავდა. ციხის პერსონალი კვლავაც აგრძელებდა პატიმრებისა და დაკავებულების უფლებების ხელყოფასა და მათგან ფულის გამოძალვას.

9 აპრილს, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა თავის მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის პირობების დაცვას შეეხებოდა, აღნიშნა სისხლის სამართალთან და სასჯელაღსრულებით სისტემასთან დაკავშირებული მუდმივი პრობლემები, წამებისა და პოლიციის მიერ მოქალაქეების თვითნებური დაპატიმრებების ფართოდ აპრობირებული პრაქტიკა. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მომზადებულ რეკომენდაციებში კომიტეტმა მოსთხოვა მთავრობას, არ დაელოდოს 2006 წლისათვის დაგეგმილი, რიგით მესამე პერიოდული მოხსენების ვადას და მოამზადოს ანგარიში 12 თვის განმავლობაში დაკავებულთა და პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა ციხეების გადატვირთვის პრობლემის მოგვარება 2001 წელს რუსთავში ახალი საპყრობილის მშენებლობის დაჩქარების გზით სცადა. სასჯელაღსრულების ეს ახალი დაწესებულება, რომელიც 2001 წელს გაიხსნა, 1 200 პატიმარზეა გათვალისწინებული და მისი საკნები გაცილებით დიდი და კომფორტულია. მაშინ როცა ახალ ციხეს შეუძლია, შეამსუბუქოს გადატვირთული საპატიმროების პრობლემა, სხვა ციხეებში პირობები შესამჩნევად არ გაუმჯობესებულა. იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სააკაშვილმა თანამდებობიდან დაითხოვა ზოგიერთი კორუმპირებული მოხელე, გაათავისუფლა ზოგიერთი პატიმარი, რამაც გადაჭედილი საკნების პრობლემა შეამსუბუქა და ციხის ინსპექტირების სისტემის შესაქმნელად, რომელიც არასამთავრობოთა მონაწილეობასაც ითვალისწინებდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მას შემდეგ, რაც 2001 წელს სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა და იგი პარლამენტში აირჩიეს, ზოგიერთი კორუმპირებული მოხელე ისევ აღადგინეს თანამდებობაზე; იუსტიციის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებისათვის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მოხვედრა ზოგჯერ შეზღუდულია, თავად საბჭოს რეკომენდაციები კი იშვიათად სრულდება.

არსებული მონაცემებით, ციხეებში სიკვდილიანობა შემცირდა; თუმცა, უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია ხელოვნურად ამცირებს ოფიციალურ მონაცემებს უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმართა გათავისუფლების ან სიკვდილის პირას მყოფთა საავადმყოფოებში გაგზავნის გზით. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ უპატრონო პატიმრების გარდაცვალება, როგორც წესი, არ აღირიცხება. 2002 წელს ციხეში გარდაცვალების 34 შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტეს შემთხვევაში ტუბერკულიოზის მიზეზით. საერთაშორისო წითელი ჯვრის მონაცემებით, ეს დაავადება ფართოდაა გავრცელებული სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მთელს სისტემაში; 1998 წლიდან მოყოლებული იუსტიციის სამინისტროსთან ერთად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაახლოებით 2000 დაავადებულ პატიმარს აღმოუჩინა დახმარება.

0x01 graphic

დამკვირვებელთა მონაცემებით, გაიზარდა თავად პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევები, რაც ხშირად სიკვდილითაც კი მთავრდებოდა. ძალადობის მიზეზად დაცვის თანამშრომელთა ნაკლებობას და არსებული პერსონალის დემორალიზებას ასახელებენ. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დაცვის თანამშრომლების სახელფასო დავალიანების პრობლემისა და თანამშრომელთა სტიმულირების სისტემის არარსებობის მიზეზად პენიტენციალური სისტემის რეფორმა დასახელდა, რამაც წარმოქმნა კადრების პრობლემა. ზოგიერთი ადამიანის უფლებების დამცველი იმასაც აცხადებს, რომ გახშირდა პატიმართა ან დაცვის თანამშრომელთა მხრიდან გაუპატიურების ფაქტები.

29 აგვისტოს დილით რუსთავის საპყრობილედან გაქცეული ნუგზარ მესტოფაშვილი დღის მეორე ნახევარში თბილისში, ,,რუსთავი-2“-ის სატელევიზიო სტუდიაში მივიდა. პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, რომ რუსთავის ციხეში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მესტოფაშვილის განცხადებით, მას სისტემატურად სცემდნენ ზედამხედველები და სხვა პატიმრები, რამაც ის აიძულა, გაქცეულიყო. რუსთავის ციხეში დაბრუნების შემთხვევაში იგი თვითმკვლელობით დაიმუქრა და გამოთქვა მზადყოფნა, სასჯელი სხვა ციხეში მოეხადა.

სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული პირობებისა თუ ადამიანის უფლებების ხელყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად ციხეებში ხშირია თვითმკვლელობის მცდელობისა და თვითდაზიანების შემთხვევები. ციხეში არსებული პირობებისა და მთავრობის მიერ გატარებული ტენდენციური პირობითი გათავისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული ცალკეული შიმშილობის აქციები.

იუსტიციის სამინისტრომ გადადგა ნაბიჯები სასჯელაღსრულებითი სისტემის ადმინისტრაციის რეფორმირებისა და ციხეებში არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით. აპრილში იუსტიციის მინისტრმა გილიგაშვილმა სასჯელაღსრულებითი სისტემის 25 თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რისი მიზეზიც მათი მხრიდან კონტროლის მოშლა გახდა, შედეგად ავჭალის მე-9 და რუსთავის მე-2 სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებიდან ერთი თვის განმავლობაში ადგილი ჰქონდა 2 პატიმრის მკვლელობასა და ერთის გაქცევას. მინისტრი აღიარებს სასჯელაღსრულებით სისტემაში მუდმივი პრობლემების არსებობას, თუმცა ბევრი დარღვევის მიზეზად მას სუსტი და არაკომპეტენტური ადმინისტრირება მიაჩნია, რისი თავიდან აცილებაც, მინისტრის აზრით, შესაძლებელი გახდებოდა, თუ ციხის ადმინისტრაცია არ ეცდებოდა მათი ხელქვეითების სამართალდარღვევების დაფარვას. ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეც მოითხოვდა ორი პატიმრის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით ავჭალის კოლონიისა და იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის თანამშრომლების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას. ყოფილი პოლიციელი ზურაბ გოგბერაშვილი, რომელიც მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, ჩხუბის დროს სასტიკად სცემეს და თვითნაკეთი დანით მოკლეს. იმავე თვის დასაწყისში ავჭალის კოლონიაში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად. ნოემბერში კი, კიდევ ერთმა პატიმარმა, რომელსაც უკანონოდ ჰქონდა შეტანილი ციხეში ცეცხლსასროლი იარაღი, მოკლა მეორე პატიმარი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, თავისუფლად შევიდნენ დაკავების ადგილებში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც; მათ ასევე შეუძლიათ, დამსწრეების გარეშე შეხვდნენ დაკავებულებს და რეგულარულად მოინახულონ ისინი. ეუთოს მონაცემებით, დაკავებულებთან და პატიმრებთან შესვლის უფლების მოპოვებისას, ადგილი ჰქონდა დროის ბიუროკრატიულ გაჭიანურებას, მაგრამ სერიოზული პრობლემები ამ მხრივ არ შექმნილა. თუმცა, ადამიანის უფლებების ადგილობრივი დამცველების მონაცემებით მაინც გართულებული იყო დაკავებულებთან შეხვედრა, განსაკუთრებით მათთან, რომელთა საქმეებსაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა.

. თვითნებური დაპატიმრება, დაკავება ან გადასახლება

კონსტიტუციის თანახმად, წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა, ხოლო დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში აუცილებელია სასამართლოს თანხმობა დაკავების შესახებ, გარდა ამისა, შეზღუდვებია დაწესებული პროკურორისათვის (იხ. ნაწილი I.ე.). ეს ცვლილებები ძირითადად სრულდებოდა, მაგრამ პროკურორები ხშირად დაუშვებელ ზეგავლენას ახდენდნენ სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობაზე. მოსამართლეები გასცემენ დაპატიმრებისა და დაკავების ორდერებს; კანონმდებლობის თანახმად, ეჭვმიტანილებს ბრალი 3 დღის განმავლობაში უნდა წარედგინოთ. მოსამართლეებს შეუძლიათ, გააგრძელონ წინასწარი პატიმრობის ვადა 3 თვით საბოლოო 9 თვემდე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ძველ საბჭოთა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად (დაკავების ხანგრძლივობა შეადგენდა 18 თვეს), წინასწარი დაკავების ვადები ნაკლებად განუკითხავი გახდა; მიუხედავად ამისა, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ ასეთი დაკავებების ვადა ხშირად ირღვეოდა - ზოგჯერ 2 წლამდეც კი - რადგანაც დაცვის ამ მექანიზმის ინტერპრეტაციის დროს ითვალისწინებდნენ პროკურატურის საგამოძიებო ვადას და არა დაცვის მხარის საგამოძიებო პერიოდს (რედაქციისგან: იგულისხმება ის ვადა, რომელიც ბრალდებულსა და დაცვის მხარეს სჭირდებათ საქმის გასაცნობად). პოლიცია ხშირად სასამართლო ბრძანების გარეშე აკავებდა პირებს. დაკავებულებისათვის არ არსებობდა თავდებით გათავისუფლების მექანიზმი. სექტემბრისთვის დაკავებული იყო 7 343 პიროვნება, რომელთაგანაც 5 133 უკვე მსჯავრდებული იყო, ხოლო 2 210 წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. 1999 წელს პარლამენტმა მიიღო სისხლის სამართლის ახალი კოდექსი და სხვა კანონები, რომლებიც ითვალისწინებენ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვას და ზღუდავენ პროკურატურის უფლებებს (იხ. ნაწილი 1.ე.). სისხლის სამართლის ახალი კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც. მთელ რიგ ცვლილებებს ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები, მაგრამ ზოგიერთმა შესწორებებმა შეასუსტა ის მექანიზმი, რომელიც იცავს მოქალაქეებს უკანონო დაპატიმრებისა და დაკავებისაგან. ამ ცვლილებებმა მკვეთრად შეზღუდა წინასწარი პატიმრობის პერიოდში დაკავებულთათვის სასამართლოს ხელმისაწვდომობა. ამ შესწორებების მიღებამდე, მოპასუხეს შეეძლო, პოლიციის ან პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში დაშვებული სამართალდარღვევების გამო, სასამართლო პროცესამდე პირდაპირ ეჩივლა სასამართლოში და მოეთხოვა სამედიცინო შემოწმების ჩატარება; ხოლო ახალი ცვლილებების თანახმად, მოპასუხეს შეუძლია, სამართალდარღვევების შესახებ მხოლოდ პროკურატურაში იჩივლოს. პროკურატურის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ შეიძლება. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეს დებულება ართულებს პოლიციის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების დამტკიცებას, გენერალურ პროკურატურასა და პოლიციას შორის მჭიდრო კავშირების არსებობის გამო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2001 წელს შეტანილმა შესწორებამ აღადგინა მოწმის უფლება, პოლიციაში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდეს. პოლიციას შეეძლო მოწმე ბრალის წაყენების გარეშე, 12 საათის განმავლობაში გაეჩერებინა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიცია ხშირად მოწმეებს ეჭვმიტანილად აღირებდა. HRW-ის 2000 წლის ანგარიშის თანახმად, პოლიცია ხშირად დაკავებულის ადვოკატს იძახებდა, როგორც მოწმეს, რაც ამ უკანასკნელს თავისი კლიენტის მომსახურების შესაძლებლობას უსპობდა. დაკავებულებს სირთულეები ექმნებოდათ ობიექტური სამედიცინო ექსპერტიზის დროულად ჩატარების მხრივაც. თუ სამედიცინო ექსპერტიზა შემთხვევიდან 3-4 დღის განმავლობაში არ ჩატარდება, დაზიანებების მიზეზის დადგენა რთული ხდება. დაზიანებების არსებობის დამტკიცება შეეძლო მხოლოდ სახელმწიფო სასამართლოსამედიცინო ექსპერტს, რომელიც, როგორც წესი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო. ადამიანის უფლებების დამცველები მუდმივად აკრიტიკებდნენ სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტებს და მათ გენერალური პროკურატურის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ; ისინი აცხადებდნენ აგრეთვე, რომ ძალზე იშვიათად ხერხდებოდა ნებართვის მიღება დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებაზე.

ხშირად პოლიცია არ ატყობინებდა დაკავებულებს მათი უფლებების შესახებ და ხელს უშლიდა მათ, შეხვედროდნენ ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს. ზოგი დამკვირვებელი პოლიციას ადანაშაულებდა დაკითხვების წარმოებაში პოლიციის განყოფილებების მიღმა, სხვა შენობებში, რათა თავიდან აეცილებინათ დაკავებულთა ოფიციალური რეგისტრაცია. ოფიციალური მონაცემებით, ეჭვმიტანილებს რეგისტრაციიდან 3 დღეში უყენებდნენ ბრალდებას, თუმცა დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ პოლიციელები ქრთამის გამოძალვის მიზნით ხშირად დიდი ხნის განმავლობაში არ ახდენდნენ დაკავებულების რეგისტრაციას; საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებით, პოლიციელები ზოგჯერ ცდილობდნენ ეჭვმიტანილებისაგან ფულის გამოძალვას, სანაცვლოდ კი ჰპირდებოდნენ, რომ რეგისტრაციაში არ გაატარებდნენ მათ.

პოლიცია ქრთამის სანაცვლოდ ეჭვმიტანილების ოჯახის წევრებს ბრალდების მოხსნას სთავაზობდა. კანონით დადგენილი პროცედურები ნაკლებად ირღვეოდა იმ შემთხვევაში, როცა დაკავებულს ბრალი წაყენებული ჰქონდა და მისი საქმე ოფიციალურად იყო გაფორმებული.

გასულ წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანეს, რომელიც მოწმის მიერ კანონით გათვალისწინებული ადვოკატის ყოლის უფლებას შეეხებოდა - ეს იყო წამების გამოყენების აღკვეთისაკენ მიმართული ერთ-ერთი ნაბიჯი, მაგრამ პრაქტიკაში ეს დებულება ასახვას იშვიათად პოულობდა. პოლიციის პრაქტიკაში ხშირი იყო დაკავებული ეჭვმიტანილების ,,მოწმეებად“ მონათვლა, რის შედეგადაც მათ აღარ აძლევდნენ ადვოკატის ყოლის უფლებას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ეჭვმიტანილს ბრალი 72 საათის განმავლობაში უნდა წაუყენონ. იუსტიციის სამინისტროს 2001 წლის მონაცემებით, თბილისის წინასწარი დაკავების ცენტრში 493 დაკავებულის რეგისტრაცია 72 საათიანი ვადის დარღვევით მოხდა. პოლიციის მხრიდან გაცილებით სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი წინასწარი პატიმრობის გამოძიების ეტაპზე, როდესაც პოლიციელები ეჭვმიტანილების დაკითხვას აწარმოებდნენ (იხ. ნაწილი 1.გ.).

. სამართლიანი და საარო სასამართლო პროცესის უფლების წართმევა

კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია, მაგრამ პრაქტიკაში სასამართლოს დამოუკიდებლობა ხშირად გამოცდას ვერ უძლებს, რაც ზღუდავს სასამართლოს მიუკერძოებლობას. 1999 წლის სასამართლო რეფორმის შედეგად მოხერხდა გარკვეული რაოდენობის მაღალკვალიფიციური მოსამართლეების დანიშვნა, მაგრამ, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, სასამართლოს მესვეურები კვლავ განიცდიან ზეწოლას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და გავლენიანი დაინტერესებული პირების მხრიდან. ზოგიერთი დამკვირვებელი ეჭვქვეშ აყენებს რეფორმირებული სასამართლოს სიცოცხლისუნარიანობას სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის გარეშე. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, HRW-ის ჩათვლით, ამტკიცებენ, რომ გამომძიებლები ზოგჯერ ხელოვნურად ქმნიან ან ,,უგდებენ“ ნივთმტკიცებებს ეჭვმიტანილებს და აღიარებას სძალავენ მათ, რაც კონსტიტუციური ნორმების პიდაპირი დარღვევაა.

სასამართლოებში კვლავ გრძელდებოდა განაჩენის გამოტანა წამების გზით მიღებული აღიარებების საფუძველზე. მოპასუხეებს კვლავ ხელი ეშლებოდათ, სასამართლოსთვის მათი წამების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, რაც პროცედურული შეზღუდვებისა და არასამთავრობო სასამართლო ექპერტებისათვის ლიცენზიის მინიჭებაზე უარის თქმის შედეგად ხდებოდა.

არც სასამართლო რეფორმის სხვა შედეგები ყოფილა ბოლომდე მიყვანილი. სასამართლოს არაკომპეტენტურობა და კორუფცია, მოსამართლეების მიერ ქრთამის აღება ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა. ზოგიერთი ადვოკატისა და არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების მიუხედავად, რომ რეფორმის შემდეგ ზოგი საქმეების განხილვა გაცილებით სწრაფად ხდება, პროგრესი ამ მხრივ თბილისის ფარგლებს არ გასცილებია. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ახლა სასამართლოებში გაცილებით მაღალპროფესიონალი მოსამართლეები მუშაობენ, მაგრამ მათ პრაქტიკული გამოცდილება აკლიათ. ადამიანის უფლებების დამცველები კი აღნიშნავდნენ, რომ მოსამართლეებს პრეცედენტული სამართლის შეზღუდული გამოცდილება აქვთ. ფინანსური კრიზისის გამო მოსამართლეები ზოგჯერ 6 თვის მანძილზე ვერ იღებდნენ ხელფასს, რაც კორუფციისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. გრძელდებოდა ფართომასშტაბიანი ზეწოლა პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან; ქრთამის აღება ჩვეულ საქმედ იქცა.

სასამართლო სისტემა სასამართლო ეთიკის კოდექსით ხელმძღვანელობს, თუმცა ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები პოლიტიკური და სხვა სახის გავლენის ქვეშ ექცეოდა. 2001 წელს უზენაესმა სასამართლომ დანერგა რეგიონალური მმართველი მოსამართლეების სისტემა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვედა ინსტანციების სასამართლოების მუშაობის ზედამხედველობას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობის სხვადასხვა შტოებს შორის წარმოქმნილ კონსტიტუციურ დავებსა და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ შესულ საჩივრებს იხილავდა. სასამართლომ ეს უკანასკნელი ფუნქცია ვიწროდ აღიქვა, როცა მხოლოდ იმ საქმეებს განიხილავდა, რომლებშიც უფლებების შელახვა კანონით იყო განპირობებული. სასამართლომ 2002 წელს მხოლოდ ერთი ასეთი საქმე განიხილა.

სასამართლო სისტემისაგან განსხვავებით, სამართალდამცავ სისტემას მთლიანობაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები არ განუცდია. 2002 წელს პროკურატურის თანამშრომლებს დამატებითი ტრენინგები და ტესტირება, ასევე პერიოდული შიდა შემოწმებები ჩაუტარდათ. პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებისათვის ქრთამის გადახდა ჩვეულებრივ ამბად რჩებოდა (ნაწილი 1.გ.). კონსტიტუციის თანახმად, პროკურატურა სასამართლო სისტემის ნაწილია, კანონმდებლები და სხვები პროკურატურის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაყვანის სურვილს გამოთქვამდნენ.

ხშირად ადმინისტრაცია დაკავებულებს არ აძლევდა უფლებას, ოჯახის წევრებისათვის ეცნობებინათ თავიანთი ადგილსამყოფელი, რაც 2001 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი შესწორების დარღვევას წარმოადგენს; აღნიშნული შესწორების თანახმად, მოწმეს შეუძლია, მოითხოვოს დაკითხვაზე ადვოკატის დასწრება, რომელიც შეატყობინებს დაკავებულის ოჯახის წევრებს მის ადგილსამყოფელს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი პოლიციის ადმინისტრაცია ყოველმხრივ ზღუდავდა დაკავებულების უფლებას, მოეწვიათ ადვოკატი. დაცვის ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები დაკავებულის სანახავად საჭირო ნებართვის მიღების დროს. გამომძიებლები იშვიათად უმარტავდნენ დაკავებულებს თავიანთ უფლებებს. სასამართლო პროცესების გაჭიანურება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ადვოკატებს არ მოეთხოვებოდათ წინა საპროცესო მოსმენებზე დასწრება; მოპასუხე მხარე და მათი ადვოკატები რეგულარულად ჩიოდნენ, რომ მათ არ ატყობინებდნენ დანიშნული მოსმენების შესახებ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პოლიცია არ არის ვალდებული, პოლიციის განყოფილებაში დაუშვას ადვოკატი, თუკი იგი დაკავებულის მიერ არ არის დაქირავებული.

პროკურატურა კვლავ აგრძელებს გამოძიების ხელმძღვანელობას, ზედამხედველობს ზოგიერთ სასამართლო ფუნქციას და სასამართლო პროცესზე სახელმწიფოს წარმოადგენს. პროკურორები კვლავ ზეგავლენას ახდენენ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მოსამართლეს, რომელმაც დაპატიმრების ორდერს მოაწერა ხელი, ეკრძალება საქმის მოსმენა; მაგრამ, ეს წესი ხშირად ირღვეოდა თბილისის გარეთ, რადგანაც რეგიონებში მხოლოდ ერთი მოსამართლეა.

იმ შემთხვევებში, როდესაც მოპასუხეებს არ ჰქონდათ ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა, ადვოკატებს პროკურატურის რეკომენდაციით ნიშნავდა იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ადვოკატთა კოლეგიის ნაწილია. ზოგჯერ პროკურორები აიძულებდნენ მოპასუხეებს, აეყვანათ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი ან სხვა ადვოკატი, რომელიც რეალურად არ დაიცავდა მათ ინტერესებს. მაგრამ ზოგადად, პირებს, რომლებსაც ჰქონდათ ადვოკატის დაქირავების საშუალება, ჰყავდათ კიდეც მათი სურვილისამებრ არჩეული დამცველები როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო საქმეებში. პროკურატურა არა მხოლოდ აკონტროლებდა სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატებს, არამედ იღებდა გადაწყვეტილებას, მიეცა თუ არა მოპასუხისათვის (მისი თხოვნის შესაბამისად) ადვოკატის შეცვლის უფლება. თბილისში მომუშავე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობდა პირებს, რომელთა უფლებებიც ირღვეოდა. ადვოკატების პროფესიული დონე მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო. გარდა ამისა, სასამართლო ექსპერტის ლიცენზია ყოველთვის არ იყო კომპეტენტურობის მაჩვენებელი. აზრთა სხვადასხვაობა იყო არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლება ჩათვლილიყო პოლიტპატიმრად. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების უმრავლესობა თვლიდა, რომ ქვეყანაში 20-დან 25-მდე პოლიტპატიმარი იყო. ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის აზრით, ქვეყანაში 3-დან 5-მდე პოლიტიკური პატიმარი აღირიცხებოდა, როდესაც ომბუდსმენის მონაცემებით, ქვეყანაში არც ერთი ოფიციალური პოლიტიკური პატიმარი არ იყო. თუმცა ბევრი, მათ შორის, ყოფილი არაფორმალური სამხედრო ორგანიზაცია ,,მხედრიონის“ წევრები, ეგრეთწოდებული ,,ზვიადისტები“ და სახელმწიფო უშიშროების სისტემის ზოგიერთი ყოფილი თანამშრომელი თავს პოლიტიკურ პატიმრებად თვლიდნენ. ადამიანის უფლებების დამცველთა აზრით, ზოგიერთ ,,ზვიადისტ“ პატიმარს არასოდეს აუღია ხელში იარაღი და ამიტომ ისინი პოლიტიკურ პატიმრებად უნდა ჩაითვალონ. ზოგიერთი ,,ზვიადისტი“ გაასამართლეს სახელმწიფო ღალატის (რაც სუსტად იყო დასაბუთებული), ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით და შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 12 წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა თენგიზ ასანიძე - რომელიც სასჯელს ფინანსური დანაშაულისათვის იხდიდა - ხოლო უზენაესმა სასამართლომ გასცა მისი გათავისუფლების ბრძანება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა მის გათავისუფლებაზე. ორგანიზაცია ,,საერთაშორისო ამნისტია“ და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარი მოითხოვდნენ ასანიძის გათავისუფლებას. წლის ბოლოს ის ელოდებოდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოში მის მიერ შეტანილი განცხადების განხილვას, ასე რომ, მისი საქმე ჯერ დამთავრებული არ არის.

. პირად და ახურ საქმეებში, პირად მიმოწერაში თვითნებური ჩარევა

სასამართლო სანქციის ან იურიდიული აუცილებლობის გარეშე კონსტიტუცია კრძალავს ასეთ ქმედებებს; თუმცა, პრაქტიკაში სამართალდამცავი ორგანოები და სხვა სამთავრობო უწყებები ზოგჯერ სასამართლო ნებართვის გარეშე ახდენდნენ კერძო სატელეფონო საუბრების მოსმენას. მთავრობის წარმომადგენლები დასძენდნენ, რომ პოლიციელები და საგადასახადო სფეროს თანამშრომლები გადაუდებელი შემთხვევების დროს წინასწარ გაცემული სანქციის გარეშე შედიოდნენ მოქალაქეების სახლებსა და სამუშაო ადგილებზე, რის უფლებასაც მათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აძლევდათ. საგზაო პოლიცია ხშირად აჩერებდა და ჩხრეკდა ავტომობილებს რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, მხოლოდ ქრთამის გამოძალვის მიზნით.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

3 ,,ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად“ ანუ ობსკურანტიზმი გარეთ და შინ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნუგზარ პაპუაშვილი

დროის ნიშანი (მათე 16,3)

1989 წლის ნოემბერში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიას ეროვნებით ბასკი კათოლიკე მღვდელი, რომის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლური ლიტურგიების აღიარებული სპეციალისტი მიხეილ არანცი ეწვია. მისი მიზანი სტუდენტებისა და პროფესორმასწავლებლებისათვის რამდენიმე ლექციის წაკითხვა გახლდათ. ყველაფერი გეგმისამებრ უნდა წარმართულიყო, მაგრამ სტუმარი უეცრად სემინარია-აკადემიის მაშინდელი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელის და წამყვანი პედაგოგის არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) წინააღმდეგობას წააწყდა. ეს წინააღმდეგობა პირველ ეტაპზე ძირითადი მასპინძლის, უწმიდესი მღვდელმთავრის, საქმეში ჩარევის შედეგად განიმუხტა, მაგრამ ხსენებულმა მამებმა ფუნდამენტალური იდეებით თავმომწონე სტუდენტების ჯგუფი აამხედრეს. ისინი პროფესორს თავზე დაადგნენ, - მართლმადიდებელთა ლიტურგიის შესახებ კათოლიკე მეცნიერის აზრები არ გვაინტერესებსო, და მოსთხოვეს, აკადემია დაეტოვებინა, რასაც სტუმარი დაემორჩილა.

ოთხმა თანამოაზრემ, ამ სტრიქონების ავტორის ჩათვლით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს თანაგრძნობის წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნულ ფაქტს ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ობსტრუქციას ობსკურანტიზმი (,,ობსკურანტიზმის გამოვლინება“) უწოდა.

წერილი გამოქვეყნდა და მასში აღწერილი ამბავი ფართო საზოგადოებრიობისათვის ცნობილი გახდა. ჩვენ გაგვაოცა იმ პოლიტიკური ლიდერების, ჯერ კიდევ დისიდენტებად და არაფორმალებად ცნობილი პირების, გულგრილობამ, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ხელყოფაში ადანაშაულებდნენ, თავს დემოკრატებად და დასავლური ღირებულებების შემთვისებლებად თვლიდნენ. მათ ვერ განიცადეს (ან არ განიცადეს) ის ატმოსფერო, რომელიც რაღაც ეპიდემიური დაავადების სიმპტომებს შეიცავდა და რითაც ე.წ. ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობა და, მასთან ერთად, ერიც და ბერიც იმთავითვე იმსჭვალებოდა. სწორედ 1989 წლიდან დაიწყო ლათინური წესის მღვდელმსახურებისათვის განკუთვნილ ტაძრებში მართლმადიდებელთა მოკალათება და სხვადმადიდებელთა ისეთი ლანძღვაგინება და, წარმოიდგინეთ, ზოგ შემთხვევაში წვერებით თრევაც კი, რაც სახელს უტეხს მართლმადიდებელ ეკლესიასაც და საქართველოსაც. პოლიტიკურ და რელიგიურ ასპარეზზე ძალებს შუა საუკუნოებრივი ბნელეთი იკრებდა.

მაშინ ბევრი გვეკითხებოდა: რას ნიშნავს ,,ობსკურანტიზმი, რომელსაც თქვენს წერილში ახსენებთ?

ცნება

სიტყვებით ,,ობსკურანტი“ და ,,ობსკურანტული“, როგორც წესი, იმ ადამიანებს, კოლექტივებს, პარტიებსა თუ სახელმწიფოებს მოიხსენიებენ, რომლებიც თავისუფლების, განათლებისა და პროგრესის წინააღმდეგნი არიან.

მოვლენები და ფაქტები, რომელთა მისამართითაც ტერმინი ,,ობსკურანტიზმი“ გამოიყენება, არიან როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური, ანდა ერთდროულად რელიგიურიც და არარელიგიურიც, საკრალურიც და პროფანულიც, საეროც და სასულიეროც. ,,ობსკურანტიზმი“, მეტად რომ დავაკონკრეტოთ, ისეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ სულიერ განწყობილებას აღნიშნავს, რომლის ძირითადი მახასიათებელი არის ინტელექტუალური, პიროვნული, სოციალური თუ ეროვნული მონობის აპოლოგია; ცოდნისადმი, სკოლისადმი, წიგნისადმი, გონების აქტივობისადმი, ზოგადად - განათლებისადმი ნეგატიური, უფრო მეტიც, აგრესიული დამოკიდებულება; ყოველგვარი სიახლისა და წინსვლისადმი მტრობა. ამდენად ობსკურანტიზმი თავს იჩენს ყოფაცხოვრების როგორც პროფანულ, ისე საკრალურ უბნებზე და ზოგ შემთხვევაში ტოტალურ, ე.ი. სახელმწიფო მასშტაბს იძენს.

ობსკურანტიზმი და, შესაბამისად ,,ობსკურანტობა“ არის შემეცნებისა და აზროვნების ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგნებისა და მოვლენების აღქმის, შეფასებისა და ანალიზის გარკვეული ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მხედველობის ვიწრო ველი და ცალმხრივობა. ობსკურანტიზმის სინონიმია ,,სიბნელე“, გონების სიჩლუნგე და გაუკუღმართება. მაშასადამე, ცნობიერების ეს მდგომარეობა (ობსკურანტობა) განათლების (პედაგოგიკის) და მორალის სფეროს განეკუთვნება.

სიტყვა

ობსკურანტიზმის მნიშვნელობას და შინაარსს მისი ეტიმოლოგია ასაჩინოებს. იგი მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან obskurus, რაც ნიშნავს ,,ბნელი“, საიდანაც წარმოდგება ზმნა obscuratio ,,დაბნელება“ და მიმღეობა - obscurans ,,დაბნელებული“. მისი მეორადი მნიშვნელობებია ,,გაუგებარი“, ,,გამოუცნობი“, ,,უცხო“, ,,უცნაური“. ობსკურანტიზმი, ჩვეულებრივ, ,,სიბნელედ“ და ,,ბნელეთად“ ითარგმნება. მაგალითად, რუსულში მისი ექვივალენტია мракобесие, რომელსაც ქართული ,,ბნელეთის მოციქულობა“ ესატყვისება.

სახელდება

განხილული ცნება და ლექსემა დადებით აზრსა და ემოციას მოკლებულია. ამიტომ ამ სახელწოდებით საკუთარ თავს არავინ მოიხსენიებს; არავინ არასდროს იფიქრებს, რომ იგი ,,ბნელეთის მოციქულია“. ობსკურანტიზმი არაა თვითსახელწოდება, - იგი სხვათა სახელდებაა.

იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული სიტყვა ძველია და ანტიკური ეპოქის ლათინურენოვან ძეგლებში დასტურდება, ზემოაღნიშნული შინაარსით, ე.ი. როგორც ტერმინი, იგი ქრისტიანულ საეკლესიო ლიტერატურაში არ გვხვდება.

სიტყვები ,,ობსკურანტიზმი“ და ,,ობსკურანტი“, როგორც ეთიკური კატეგორიის აღმნიშვნელი ტერმინი, პირველად XV-XVI სს-ის მიჯნაზე შექმნილ ერთ ლათინურენოვან ძეგლში დასტურდება, რომლის სათაურია ,,Epistolae Obscurorum Virorum (ბნელ კაცთა ეპისტოლეები). ესაა თავის დროს საკმაოდ გახმაურებული და პოპულარული პამფლეტი, რომელიც შეიქმნა იოჰანეს როიხლინსა (1455-1522) და კოლონის (იგივე კიოლნის) დომინიკანელ ბერებს შორის გამართული პაექრობის ამსახველი მასალების გაშარჟებისა და პაროდირების შედეგად. ავტორები ანუ პაროდისტები არიან გერმანელი ჰუმანისტები კროტუს რუბიანუსი (1486-1540) და ულრიხ ფონ პუტენი (1488-1523). კრებულის უდიდესი ნაწილი მიმართულია ორტვინ გრაციუსისადმი, რომელიც, თუმცა თვითონაც ჰუმანისტი იყო, თავს დომინიკანელთა ორდენს მიაკუთვნებდა და მათ გვერდით იდგა, რაც, როგორც ჩანს, ოპონენტებს განსაკუთრებით აღიზიანებდათ და ისრებს მეტწილად მისკენ მიმართავდნენ. სატირის ობიექტია აგრეთვე იაკობ ფონ ჰოხშტრახენი (გარდ. 1527 წ.), რომელიც ძველი სქოლასტიკური ტრადიციის წარმომადგენელი იყო. ეპისტოლეები დაწერილია ისეთი სტილით, რაც ბერმონაზვნური ლათინურის პაროდირებაა და იმ მეთოდების, ასკეტიზმის იმ ფორმისა და საეკლესიო-რელიგიური ცხოვრების იმ რეგლამენტის მწარე სატირას წარმოადგენს, რაც გვიანი შუა საუკუნეების სქოლასტიკასა და, ზოგადად, იმ პერიოდის კათოლიკურ ეკლესიას ახასიათებდა. აღნიშნული ძეგლის დიდმა პოპულარობამ ბევრად განაპირობა მაშინდელი კლერიკალიზმისა და მისი წარმომადგენლების დისკრედიტაცია და სხვადასხვაენოვან მწიგნობარ ხალხთა მეტყველებაში დაამკვიდრა ახალი სიტყვა - ობსკურანტიზმი.

,,ობსკურანტიზმი“ ფრანგი განმანათლებლების, მწერლებისა და რევოლუციონერების საყვარელ სიტყვად იქცა. მას ხშირად ხმარობდა ბალზაკი, რუსო და დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპის ბევრი სხვა მწერალი, აგრეთვე ლენინი და, საერთოდ, რუსი ნაროდნიკები და სოციალდემოკრატები, ქართულ სინამდვილეშიც ეს სიტყვა უფრო პარტიული ელიტის ლიტერატურულ-პროპაგანდისტურ მეტყველებაში გამოიყენებოდა.

,,ნათელი მოვიდა წუთისოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს. (იოანე 3,19)

- სიახლის შიში ასე გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა ,,ობსკურანტიზმის“ ძირითადი მნიშვნელობა - სინათლის მტრობა ანუ სიბნელე სინათლის წილ.

ეს მნიშვნელობა და შინაარსი უფრო მორალის სფეროს განეკუთვნება, ვიდრე განათლებისას, წიგნიერებისას, ზოგადად - ინტელექტისას, ვინაიდან იმ ფორმისა და იმ სახის სიბნელე, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს, არა მხოლოდ გაუნათლებლობისა და უწიგნურობის შედეგია, არამედ (და გაცილებით მეტად) გაუკუღმართებული ცნობიერების, რაც აზროვნების უნარს და ნიჭიერებას, მით უმეტეს - წიგნების კითხვას, კარგ მეხსიერებასა და ინფორმირებულობას არ გამორიცხავს. მეტიც - ობსკურანტები ერთობ ნაკითხი და განათლებული პიროვნებანი ბრძანდებიან.

ობსკურანტიზმი აზროვნების, უფრო ზუსტად, - ცნობიერების პრობლემა, მისი გარკვეული მდგომარეობაა. იგი საზოგადო მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზროვნებისეული სიბნელე, მეტნაკლებად ყველა ხალხსა და ყველა სოციუმს ახასიათებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ობსკურანტობის მიზეზი ანუ აზროვნების გაუკუღმართებისა და დაბნელების იმპულსი, ადამიანის ბუნებაშია ჩაფესვილი. ამიტომაა, რომ ჩვენშიც და სხვაგანაც მოუვლელი და ,,გაუმარგლავი“ საზოგადოება არჩევანს მიწიერების სასარგებლოდ აკეთებს ანუ, როგორც იესო ქრისტე იტყვის იოანეს ზემოწარმოდგენილ მუხლში, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ბოროტებისაკენ მიდრეკილი ადამიანები ღვთიურ სიბრძნეს წუთისოფლისეულ ბრძნადმეტყველებას ამჯობინებენ. წუთისოფელი კი ჩრდილით და წყვდიადითაა სავსე, რის გამოც ობსკურანტიზმის გამოვლინება მოსალოდნელია ყოფიერების ნებისმიერ სფეროში, პიროვნების ხასიათებში, ქცევებში და, რაც მთავარია, შეხედულებებში, თეორიებსა თუ პრაქტიკაში. ობსკურანტიზმი არსებობს მეცნიერებაშიც, პოლიტიკაშიც, ხელოვნებაშიც და რელიგიაშიც. მისი ნიშნებია შიში, სიძულვილი და ისტერია სიახლეებისადმი; საპირისპირო პოზიციის აუტანლობა; სხვა არგუმენტების მოუსმენლობა; საკუთარ აზრებში გაკერპება; ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა; სტერეოტიპებს ჩაბღაუჭება და სუბიექტური თვალსაზრისების ახირება. ობსკურანტიზმი კვებავს შეუწყნარებლობას, შეუწყნარებლობა, თავის მხრივ, კვებავს ობსკურანტიზმს.

ობსკურანტობა ადამიანის არასრულყოფილების, გნებავთ, - წუთისოფლისეულობის ერთ-ერთი ნიშანია. ცოდვისაკენ მიდრეკილება ამა თუ იმ დოზით ნებისმიერ ადამიანში იჩენს თავს. ასევე, და შეიძლება პარალელურადაც, თითოეულ კაცს გზადაგზა უბნელდება გონება. ეს პირველცოდვის ნაყოფი და ბუნებრივი ფაქტია, მაგრამ ადამის შვილთა ფარი და მახვილი ამ შემთხვევაში უფლის შეგონებაა:

,,ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. (დაბ. 4,7)

ესაა მოწოდება ასკეტიზმისაკენ, რაც გონებრივსა და ზნეობრივ სიფხიზლეს ნიშნავს. რაც უფრო ფხიზელია პიროვნება, მით უფრო იმარჯვებს ცოდვებზეც და ობსკურანტიზმზეც.

ობსკურანტიზმი იგივე რეგრესია, რადგან ყველგან და ყოველთვის დესტრუქციულ ძალად გვევლინება და საზოგადოების განვითარების პროცესს ამუხრუჭებს, მაგრამ არც ერთ სფეროში მას ისეთი ვრცელი ასპარეზი არ გააჩნია, გაღრმავების ტენდენციას არსად ისე არ ამჟღავნებს, როგორც რელიგიაში, ეკლესიაში, ანდა ეკლესიის გავლენის სფეროში. აქ იგი უსასრულოდ იზრდება და დამანგრეველ ძალებს იკრეფს, რითაც, ერთი მხრივ, სახელი უტყდება სარწმუნოებას და, მეორეს მხრივ, მახინჯდებიან პიროვნებები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ მისი ტყვეები ხდებიან.

,,ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდათ. (ეს. 9,1)

ობსკურანტები ბიბლიაში

ბიბლიური ანთროპოლოგია, რომლის ცენტრალური იდეა ნებისა და არჩევანის თავისუფლებაა, ობსკურანტიზმთან წინააღმდეგობასა და ანტაგონიზმშია. ღმერთმა ადამიანს ბოროტისა და კეთილის შემეცნების ხესთან მისასვლელი გზა არ გადაუკეტა, ხოლო დაცემის შემდეგ მას ზრდა-განვითარების საშუალება მისცა, რათა შეეცნო ჭეშმარიტება და ღვთის მსგავსება მოეპოვებინა. საღვთო ისტორიის ყოველ ნაბიჯზე ჩანს, რომ უზენაესი აკურთხებს ადამიანის სვლას სინათლისა და პროგრესისაკენ.

გავიხსენოთ ესაიას წიგნის ის მონაკვეთი (თავი 5), რომელიც იწყება ასე: ,,ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს“. ვენახმა კი, თუმცა პატრონმა მოვლა არ დააკლო, სასურველი ნაყოფი არ გამოიღო. იქვე პირდაპირაა ნათქვამი, რომ ,,საბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია“. მიზეზი, რის გამოც ამ სახლმა და ამ ხალხმა ხენეში ნაყოფი გამოიღო, არის ის, რასაც დღეს ჩვენ ობსკურანტიზმს ვეძახით. უფალი საბაოთი ამბობს: ,,ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს ბნელად; სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს სიმწარედ!“

ახალი აღთქმის ობსკურანტებიც ის ისრაელიანები არიან, რომლებსაც არ სურთ ნათელისა და ბნელის ერთმანეთისაგან გარჩევა; რომლებიც მთავარსა და მეორეხარისხოვანს ერთმანეთში ურევენ; საგნებისა და მოვლენების გარეგან მხარეს ყურადღებას აქცევენ, შინაგანს კი ივიწყებენ. მათ სინაგოგებში პირველ ადგილზე ჯდომა და მოედნებზე თავის გამოჩენა უყვართ. ისინი ვითომ წინასწარმეტყველთა ერთგულები არიან, სინამდვილეში კი წინასწარმეტყველებს და მოციქულებს ხოცავენ და სდევნიან. ესენი ის ,,რჯულის მეცნერები“ არიან, რომლებმაც ,,წარიტაცეს ცოდნის გასაღებები; არც თვითონ შევიდნენ და შემსვლელებიც დააბრკოლეს“ (ლუკა 11,52).

აქ ობსკურანტიზმისა და ობსკურანტობის ქრესტომათიული სურათია წარმოჩენილი. სურათი მძიმეა, მაგრამ ისიც ფაქტი და ჭეშმარიტებაა, რომ ამ წუთისოფელში მხოლოდ სიბნელე და ყიამეთი როდია. იოანე ღვთისმეტყველი ესაიას ზემოციტირებულ სიტყვებს აგვირგვინებს და გვამცნობს: ,,ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1,5). ადამიანი ატარებს ღვთის ხატებას და მსგავსებას ანუ ,,სიცოცხლის სულს“, რომელიც ღმერთმა მის ნესტოებს შთაბერა (დაბ. 2,7). ამიტომაა იგი უკვდავიც და მოკვდავიც, ზეციერიც და მიწიერიც. ერთსა და იმავე პიროვნებაში თანაარსებობს ცოდვაც და მადლიც, სინათლეც და სიბნელეც, ობსკურანტიზმიც და ინტელექტუალიზმიც.

სიბნელე წუთისოფლის თანამდევია. იგი იარსებებს მანამ, სანამ წუთისოფელი იარსებებს. ამიტომ სიბნელისაგან თავის დაღწევა წუთისოფლის ბინადართა იდეალია, რომლის გაცნობიერება და ხორცშესხმა მხოლოდ გონიერ არსებებს ძალუძთ. საეკლესიო და საერო პედაგოგიკის მიზანი ადამიანში აზროვნების ველის გაფართობა ანუ ობსკურანტიზმის დაძლევაა.

საღვთო წერილი, რომლის ყურადღების ცენტრში ადამიანი და ადამიანთა სამკვიდროა მოქცეული, ობსკურანტიზმსა და ობსკურანტობის კონკრეტულ გამოვლინებებს დიდ ადგილს უთმობს. ობსკურანტიზმია ყველაფერი, რაც ადამიანის მიერ ღვთის ნებისა და განგებულების საწინააღმდეგოდ წარმოითქმება ან კეთდება. ობსკურანტიზმი კვებავს ფანატიზმსა და ცრუმორწმუნეობას. მათგან პირველი რაღაც იდეისადმი ატაცებულობას და შეშლილობას ნიშნავს, მეორე კი ისეთ რწმენაწარმოდგენებს, რომლებიც უცხოა გამოცხადების რელიგიისათვის და მის დედააზრთან წინააღმდეგობაშია. ერთიც და მეორეც სიბნელეა და საზოგადოებისათვის საშიში რეალობა.

ბიბლიაში ობსკურანტიზმის, ფანატიზმისა და ცრუმორწმუნეობის მაგალითებია ყველა ის ფაქტი, შეხედულება და ტენდენცია, რასაც ახალი აღთქმის თეოლოგია წარმართობას და ჰურიაებას უწოდებს. ასეთია, ვთქვათ, რწმენა ცოდვისა და მადლის შთამომავლობით გენეტიკური გადაცემის შესახებ, იმის შესახებ, რომ, თითქოს, შვილებს და შვილიშვილებს მამების და ბაბუების ცოდვები მოეკითხებათ (იერ. 31, 28-29); ერის რჩეულობის იუდაური აღქმა (რამაც იონა წინასწარმეტყველის ურჩობა განაპირობა); თავისუფლებისა და მეფობის მიწიერუტილიტარული გააზრება და შორს ვეღარ წასვლა (რაც ქრისტეს ჯვარცმის ერთ-ერთი საფუძველი გახდა). ობსკურანტულიცნობიერება იმ პირველქრისტიანებმაც გამოამჟღავნეს, რომლებმაც ნათლისღების შინაარსი სრულყოფილად ვერ გაიაზრეს და წინადაცვეთის ძალაში დატოვებას მოითხოვდნენ, რამაც მოციქულებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

0x01 graphic

რელიგიური ლიტერატურის დამწვარი საწყობი. 2002 წლის 28 ივნისი

ობსკურანტიზმი ეკლესიაში

ობსკურანტიზმი აგრეთვე რიგორიზმთან და ექსტრემიზმთან ანუ უკიდურესობასთანაა გადაწნული, რომელიც, ასევე, ფანატიზმსა და ცრუმორწმუნეობაში ვლინდება.

საეკლესიო დოგმატიკისა და პრაქტიკის მაგისტრალური ხაზისათვის ანუ სამეუფო გზისათვის ყოველგვარი უკიდურესობა უცხოა. ამის თაობაზე ვრცლად მსჯელობს ედიშერ ჭელიძე სტატიაში ,,გზა სამეუფო“ (ჟურნ. ,,გზა სამეუფო“, 1994, N1), რომლის თანახმადაც, აღნიშნულ გზას რწმენისა და ცოდნის სინთეზი ახასიათებს. ამგვარი სინთეზი კი, თავის მხრივ, არის ზომიერების და მშვიდობის გარანტი. ცოდნისაგან დაცილებული რწმენა ხშირად ამპარტავნების სათავედ იქცევა, რომელიც ფანატიზმისა და ცრუმორწმუნეობის წყაროა. ასევე - ამპარტავნებამდე მივყავართ რწმენისაგან განყენებულ ცოდნას, რომელიც (ცოდნა რწმენის გარეშე) რაციონალიზმის, ნიჰილიზმისა და ათეიზმის სათავეა.

სამეუფო გზა იგივე სამოციქულო ტრადიცია და ეკლესიის მამათა ურყევი პოზიციაა. ამ გზის ნიშანი არის წონასწორობის დაცვა და როცა ირღვევა წონასწორობა, მაგისტრალური ხაზიც მრუდდება.

ამ გამრუდებას ორი უკიდურესობა ახასიათებს: 1) არაეკლესიური, ე.ი. გარეშე ცოდნის გაკერპება, ლამის გამოცხადებულ სიბრძნესთან გათანაბრება, რამაც ერესში ჩააგდო ძველი პერიოდის მოღვაწენი - ორიგენე და ევნომიუსი და 2) წარმართთა და ერეტიკოსთა ინტელექტუალური მემკვიდრეობის სრული უარყოფა, რამაც იმავე პერიოდის სასულიერო პირებს, ტატიანე სირიელსა და ტერტულიანეს, ასევე, ერეტიკოსობისაკენ უბიძგა.

ობსკურანტობა ეკლესიაში ორი სახით ვლინდება - მოძღვრებითად და პრაქტიკით, ე.ი. - თეორიაში და კოლექტიურ თუ ინდივიდუალურ ცხოვრებაში.

პირველი იგივე ერეტიკოსობა და სექტანტობაა, რომელთაც ხშირად ამპარტავნული თეოლოგიური გამომეძიებლობა და ჩხირკედელაობა წარმოშობს.

ერეტიკოსობა და სექტანტობა, როგორც წესი, ცნობიერად ან ქვეცნობიერად ქვეყნის კულტურას უპირისპირდება, რასაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქაოსი შეაქვს. ამის საუკეთესო მაგალითია მონოფიზიტობა და ხატმებრძოლობა ბიზანტიაში, რომელთაგან პირველმა სიგიჟემდე მისულ ასკეტიზმს გაუკაფა გზა, ხოლო მეორემ (სხვა საკითხია, მას ეს გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა) - ხელოვნების ნიმუშთა ფხრეწაგანადგურებას და ამდენად, ზოგადად, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი უნარებისა და ესთეტიკური ფასეულობების დათრგუნვას. ამ სიმახინჯის წინააღმდეგ შუა საუკუნეების არა ერთმა და ორმა მოაზროვნემ აღიმაღლა ხმა, რაც აისახა როგორც ძველ სასულიერო მწერლობაში, განსაკუთრებით აგიოგრაფიაში, ისე ახალი დროის მხატვრულ ლიტერატურაში. საყურადღებოა ალექსეი ტოლსტოის (1817-1875) პოემა ,,ღირსი იოანე დამასკელი“, რომლის თანახმად ხატთამბრძოლობა ბნელეთის მოციქულობაა და მისი აღბორგების ჟამს, მე-8 საუკუნეში, კულტურას, ე.ი. პოეზიას, მუსიკას, ფერწერას და, ერთი სიტყვით, მშვენიერებას ქომაგად თავად უფალი მოევლინა. მან შთააგონა ღვთისმშობელი, წარმოეთქვა ნებისა და აზროვნების თავისუფლების სადიდებელი, რამაც სულიერი შეჭირვების ჟამს, მონასტრის წინამძღვრის ობსკურანტულმა ახირებებმა რომ განაპირობა, წმ. იოანე დამასკელი შემოქმედებითი ცეცხლით აღაგზნო.

ობსკურანტიზმის სუნითაა გაჟღენთილი აგრეთვე რუსული, დასავლეთევროპული და ამერიკული წარმომავლობის ულტრაპროტესტანტული მოძღვრებანი. მათმა ავტორებმა და მიმდევრებმა არა მარტო ხატთაყვანისმცემლობა გააიგივეს კერპთაყვანისმცემლობასთან, რითაც ისინი იუდაიზმს დაუბრუნდნენ და ქრისტიანულ კულტურას დაუპირისპირდნენ, არამედ მათ მთელი საეკლესიო ტრადიციისა და პრაქტიკის იგნორირება მოახდინეს, როდესაც ბავშვობაში მონათლული ადამიანების ხელახლა მონათვლა დაიწყეს.

აქაც და სხვა შემთხვევაშიც ობსკურანტულ მოძღვრებათა საფუძველი საღვთო წერილის ,,მწვალებლური“, ე.ი. დაყოფით, გამოშიგნვით, კონტექსტისაგან მოწყვეტით, ძირითადი სულისკვეთების არგათვალისწინებით კითხვა და შემეცნებაა. კითხვისა და აზროვნების ასეთი მექანიზმის კლასიკური ნაყოფია ახირება - სახარებაში წერია, მამა არავის უწოდოთ, და მღვდელს თუ მამას უწოდებთ, ურჯულოებაა! მათეს თავში მართლაც წერია, არავის უწოდოთ მამა, რადგან ყველას მამა ერთია - ღმერთი. იქვე ისიც წერია: არავის უწოდოთ მასწავლებელი, რადგან ყველას მასწავლებელი ღმერთია (23, 8-10). როგორ მოვიქცეთ: აღარც საკუთარ მამას ვუწოდოთ მამა და აღარც მასწავლებელს - მასწავლებელი?!

საეკლესიო ტრადიციის მეშჩანურ უგულვებელყოფას საეკლესიო ტრადიციის არანაკლებ მეშჩანური ერთგულება დაუპირისპირდა, რის გამოც როგორც რუსეთში, ისე დასავლეთ ევროპაში ალაგალაგ სისხლის ტბები დადგა.

ეკლესიური ობსკურანტიზმის მეორე სახეობა კიდევ უფრო სამარცხვინოა. ესაა სიბნელე იმ ეკლესიებში, უფრო სწორად, ეკლესიის ჯგუფებში, ანდა პიროვნებებში,რომლებიც მრწამსით ანუ თეორიით სამეუფო გზაზე დგანან. მათ ობსკურანტიზმს, ფანატიზმსა და ცრუმორწმუნეობას განაპირობებს ადამიანთა ზოგადი ტენდენცია სიბნელისაკენ და არასწორი (ანდა არასაკმარისი) სამოძღვრო-პედაგოგიური პრაქტიკა, რის გამოც ამ ტენდენციის აღმოფხვრა ვერ ხერხდება. აქ თავს იჩენს მორწმუნეობის, ე.ი. პირადი რელიგიური გრძნობების ღია და სამოქალაქო საზოგადოებაში გამოვლენის კულტურის დეფიციტი, რასაც იგივე ობსკურანტული ცნობიერება კვებავს. მორწმუნეობის კულტურას ზოგჯერ ,,საღ სარწმუნოებას“ ეძახიან. იგი ეთიკის სფეროს განეკუთვნება და სარწმუნოების დოგმატურ მხარესთან პირდაპირი კავშირი არა აქვს (იხ. ჩვენი სტატია ,,საღი სარწმუნოება“, რომელშიც განხილულია კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შეხედულება ამ საკითხზე. - ,,თავისუფლება“, 2002, N5).

მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას მორწმუნეობის მახინჯად გამოვლენის, ე.ი. ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის არა ერთი და ორი ფაქტი დაუფიქსირებია. მათ შორის ყველაზე შემზარავი და გახმაურებულია ალექსანდრიელ მორწმუნეთა ჯგუფის მიერ 415 წელს ფილოსოფოსი ქალის ჰიპათიას ასო-ასო დაგლეჯა ან, თუნდაც, პროტოპოპ ამბაკუმის დაწვა 1648 წელს მოსკოვში.

ობსკურანტიზმის სინონიმად ხშირად ,,შუა საუკუნეების კათოლიკური ბნელეთი“ იხმარება და სამართლიანადაც, რადგან ინკვიზიცია ერეტიკოსებისა და ჯადოსნების სიბნელეს სიბნელითვე უპირისპირდებობა და ამ დაპირისპირებაში ბევრ საღ და ნათელ სიახლეს კოცონებით და სახრჩობელებითაც კი უსწორდებოდა. მისმა მეთოდებმა, რომლებშიც სიყვარულისა და სათნოების ადგილი სიძულვილსა და სისასტიკეს ეკავა, შემხვედრი სიბნელის წარმოშობას შეუწყო ხელი. ესაა ზღვარგადასული პროტესტანტობა, იგივე სექტანტობა (რასაც უკვე შევეხეთ), ნიჰილისტური ცინიკოსობა და მებრძოლი ათეისტობა. ბოლშევიზმს ნოყიერი ნიადაგი სწორედ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში საკმაოდ ფრთაგაშლილმა ობსკურანტობამ შეუმზადა. ასე რომ, ერთი ტიპის ობსკურანტიზმი, როგორც წესი, მეორე ტიპის ობსკურანტიზმს შობს. ზემონათქვამს რომ დავუბრუნდეთ, - ხატებისადმი გიჟურმა სიყვარულმა ბიზანტიაში (VII-V III სს.) ხატებისადმი გიჟური სიძულვილი შვა, ამასთანავე მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ სწორედ ,,ხატთა მონობის“ ობსკურანტიზმმა მისცა სტიმული იმ დოგმატის გამომუშავებას, რომელმაც ხატის რაობა და მისი თაყვანისცემის რეგლამენტი ზუსტად განსაზღვრა, - ამ უბანზე შუალედური, ზომიერი პოზიცია შეიმუშავა. ეს ფაქტი გამონაკლისი არაა: ობსკურანტული განწყობილებების ზეობა, ისე როგორც ნებისმიერი რიგორიზმი, საზოგადოებას ყელში ამოსდის, ყირჭდება და, ნებსით თუ უნებლიეთ, ეს საზოგადოება იძულებული ხდება, რომ მართებული და კონსტრუქციული პოზიცია გამოძებნოს. მსოფლიო საეკლესიო კრებები (325-787) ასეთი პოზიციის გამოძებნის მიზნით მოეწყო.

ობსკურანტიზმი საქართველოში

წმ. ნინო, რომელმაც საქართველო გააქრისტიანა, სინდისის თავისუფლების ბიბლიური პრინციპით ხელმძღვანელობდა. მან საერო ხელისუფალს ასე მიმართა: ,,არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილისა აღებაი, არამედ ჯერ-არს სახარებითა და პატიოსანითა ჯვარითა უჩვენოთ გზაი ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ“. ამ სიტყვებით იგი დაუპირისპირდა მეფისა და ერისთავის პოზიციას, რომლებიც სარწმუნოების სფეროში ძალადობას დასაშვებად მიიჩნევდნენ.

საკუთარი ნების სხვისთვის თავსმოხვევის ინი ობსკურანტული ცნობიერების ნიშანია.

ანალოგიური ცნობიერება ქართლის ცხოვრებაში, ისე როგორც ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში, თავს გზადაგზა იჩენს და ზოგჯერ იქ ამოქმედდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით - განათლებულ საერო და სასულიერო წრეებში. ამას პირველ რიგში ილია ჭავჭავაძე ამჩნევდა და ამბობდა: ,,იქ უფრო ბნელა, სადაც ნათელი გვეგულება“. საქართველოს უგვირგვინო მეფეც სწორედ ამ სიბნელემ - პარტიულმა ობსკურანტიზმმა - შეიწირა.

ბოლშევიზმი და მისი რეჟიმი, როგორც ბევრი სხვა ტოტალიტარული იდეოლოგია და რეჟიმი, ობსკურანტობას თავის არსებაში შეიცავს (ერთპარტიულობა, კოლექტიურობის უზურპაცია, პლურალიზმთან შეუგუებლობა). კომუნისტების ობსკურანტობა იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ისინი ყველგან და ყველაფერში, თავიანთი თავის გარდა, ობსკურანტიზმს ხედავდნენ. მათი ყველაზე დიდი სამიზნე ეკლესია იყო, რომელსაც უპირობოდ ,,ბნელეთის მოციქულად“ ნათლავდნენ. ამასთანავე, ჩანს, ისინი ხვდებოდნენ, რომ ეკლესიაში და, მით უმეტეს, მართლმადიდებელ ეკლესიაში, გაუნათლებლობისა და რეგრესული ნაკადის გარდა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, რეალურად არსებობდა, განათლებისა და მეცნიერების ლამპარიც ენთო. მებრძოლმა ათეისტებმა სწორედ ამ ლამპრის ჩახშობა დაისახეს მიზნად. ცნობილია ლენინის პირადი წერილი ერთ-ერთი პარტიული ლიდერისადმი, რომელიც შეიცავს მითითებას, ხელი შეუწყონ სამღვდელოთა რიგების გაუნათლებელი და ბნელი კადრით დაკომპლექტებას; ეკლესიათა თაღების ქვეშ უარყოფითი ტენდენციების გაღრმავებას; ხალხის დარწმუნებას, რომ საეკლესიო ცხოვრება სიბნელეა და სხვა არაფერი, ანტირელიგიური კამპანია კი მიზანშეწონილია და აუცილებელი. ბელადის კურსმა სათანადო ნაყოფი გამოიღო. აი, რას ვკითხულობთ ერთ ანონიმურ წერილში, რომელიც კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის არქივში ინახება (უთარიღოა, XX ს-ის 30-იანი წლების მიწურულს უნდა ეკუთვნოდეს): ,,მოგვევლინა ღვთის რისხვა... დაიჩაგრა სარწმუნოება და დაკნინდა სამღვდელოება. უკანასკნელი იდევნება ყველგან და ყველაფერში. იგი ისპობა ფიზიკურად და ჩლუნგდებაგონებრივად. დღითიდღე ხელიდან გვეცლებიან საუკეთესო სასულიერო მოღვაწენი, ხოლო მათი შემცვლელი ნაკლებად ჩანს“.

პიროვნებები, რომლებიც დღეს სახელმწიფო და საეკლესიო მმართველობის ზედაფენებს წარმოადგენენ, კომუნისტური დიქტატურის ხანაში გაიზარდნენ. ერთპარტიულობა, რაც მაშინდელი ცხოვრების ფუნდამენტად მოგვევლინა, განსხვავებული რწმენაწარმოდგენების, თვალსაზრისებისა და პოზიციების შეუწყნარებლობის ობსკურანტიზმს კვებავდა. აღნიშნულ პიროვნებათაგან ზოგი დისიდენტი იყო, ზოგი - კომფორმისტი. დისიდენტები ოფიციოზსა და მის თანამსახურებს შეზღუდულ აზროვნებაში, ინდივიდთა ღირსების შელახვასა და თავისუფლების ხელყაფაში სდებდნენ ბრალს და, თითქოს, სინდისის თავისუფლებისაკენ ისწრაფვოდნენ. ისინი, ერთი შეხედვით, ობსკურანტიზმს ებრძოდნენ, მაგრამ უცნაური და საკვირველი ისაა, რომ მათი უმრავლესობა გაცილებით მძიმე ობსკურანტობას, შეზღუდულ აზროვნებას, პიროვნების უპატივცემულობას, უცხო აზრის აუტანლობას ამჟღავნებდა და ამჟღავნებს, ვიდრე მათი სამიზნე კომუნისტები. ამის დასტურია 9 აპრილის წინა და შემდგომდროინდელი მანიფესტაციები და მიტინგები, რომლებიც ილია მართლის შესხმათა ფონზე მიედინებოდა, მაგრამ ილია მართლის პოზიციისა და სულისკვეთებისაგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა დედამიწისაგან. ყველა არაფორმალი ქრისტიანობას, ეკლესიურობას და მორწმუნეობას იჩემებდა, მაგრამ არც ერთს სახარებისეული სათნოების ნიშანწყალი არ ეცხო. ამ დროს იერემია წინასწარმეტყველის ხმასავით გაისმა მწერალ ნაირა გელაშვილის ხმა: ,,ალბათ ერთადერთი ცოდვა, რაც ბოლშევიკებს არ ჩაუდენიათ, ის იყო, რომ ქრისტიანობით არ შენიღბულან. მათ ,,პატიოსანი“ ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას, მოსპეს და მოაშთეს, რითაც ფაქტიურად ანგარიშში წააგეს ...დღეს ქრისტიანობისთვის საშიში პერიოდი დგას. ხდება მისი ,,აყოლა“ სულის სიღრმეში გაუტარებდად“ (,,ქართული ფილმი“, 1989, 1. XI. N 43). ეს ხმაც, ბევრი სხვა ხმის მსგავსად, უდაბნოსა შინა მღაღადებლის ხმად დარჩა, რადგან საქართველოში როგორც საერო, ისე საეკლესიო ობსკურანტიზმის არნახული აღზევება სწორედ 1989 წლიდან დაიწყო და ამ აღზევების ყველაზე დიდ სიმახინჯედ ჩვენ სარწმუნოების პროფანაციას, ე.ი. ეროვნული და პოლიტიკური მიზნებით მის ,,მოხმარებას“ ვთვლით.

0x01 graphic

თავდასხმა ფონიჭალაში მშვიდობიან კრებაზე. 17 ივნისი 2001 წელი

გულგრილობა, რომელიც სასულიერო სემინარია-აკადემიიდან მოწვეული კათოლიკე სტუმრის გაძევების მიმართ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ გამოამჟღავნა, სავალალო პროგნოზზე მეტყველებდა - ის გეზი და ორიენტაცია, რომელიც ცხოვრების ახალ მდინარეს ჰქონდა აღებული, საზოგადოების გაკეთილშობილებას ხელს არ შეუწყობდა. საეკლესიო ობსკურანტიზმი ორი მიმართულებით განვითარდა: 1) პროვინციული კოსმოპოლიტიზმი და 2) პროვინციული ნაციონალიზმი, რასაც ეკლესიის ენაზე ფილეტიზმი ჰქვია. ისინი თითქოს ურთიერთშეუთავსებელი პოზიციებია, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში მათ ერთმანეთს ადვილად გაუგეს. ასე ჩამოყალიბდა მორწმუნეობის ის ფორმა, რომელიც მოკლებულია სიყვარულს, სითბოს და სინათლეს. აზროვნების სტილით, ხედვის ჰორიზონტით და განათლებასთან, წიგნიერებასთან, მეცნიერებასთან და საერო კულტურასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით იგი ტიპიური ობსკურანტიზმია.

იფეთქა ანტიეკუმენურმა ისტერიამ. ეკლესიებში და მათი გალავნების გარეთ - პრესაში, მიტინგებზე, ეთერში, დაწესებულებებში და სამთავრობო ტრიბუნებზეც დაიწყო ქადაგება: ეკუმენიზმი არის ,,მასონობა“, ,,ერესთა ერესი“(?!), ,,ანტიმართლმადდებლობა“, ,,სატანისტობა“. ეკუმენიზმი ასოცირდა დასავლეთთან და საქართველოში ანტიეკუმენურმა ისტერიამ ანტიდასავლური კამპანიის შინაარსი შეიძინა. ამიტომ უცნაურია ის ფაქტი, რომ ანტიეკუმენურ ლოზუნგებს ჩვენში ის პოლიტიკური პარტიებიც ეთანხმებოდნენ, რომლებსაც, მათი თქმით, კურსი დასავლეთის ცივილიზებული ქვეყნებისაკენ ჰქონდათ აღებული. ალბათ ესეც იყო იმის მიზეზი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესმა სინოდმა და მისმა საჭეთმპყრობელმა 1997 წლის 20 მაისს ობსკურანტთა პრეტენზიები დააკმაყოფილეს და ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობაზე ოფიციალურად უარი განაცხადეს.

საეკლესიო ობსკურანტიზმმა ქვეყნის უმაღლეს ეშელონებშიც იოლად გაიკაფა გზა. მთავრობის კაცთა და მთავრობის კაცობაზე მეოცნებეთა ყველა გამოსვლა, რაც კი თემატიკით რელიგიასთანაა დაკავშირებული, ობსკურანტიზმის სუნითაა გაჯერებული.

საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 აპრილის დადგენილება ,,მართლმადიდებლური ეკლესიების, ყველა საკულტო ნაგებობისა და უძრავ-მოძრავი ქონების“ საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადების შესახებ წინააღმდეგობაშია სამოქალაქო საზოგადოების ნორმასთან, რომლის თანახმად, ქვეყნის ისტორიის მემკვიდრე და ისტორიული ძეგლების მესაკუთრე არის ქვეყნის მთელი მოსახლეობა ეთნიური წარმომავლობისა და რელიგიისადმი კუთვნილების განუსხვავებლად. ობსკურანტიზმი ჟონავს გამოთქმაში ,,მართლმადიდებლური ეკლესიები“, რადგან სატაძრო არქიტექტურა უფრო ადგილობრივი რეალიების გავლენით ყალიბდება, ვიდრე კონფესიის. ამიტომაა, რომ ერთი და იმავე სტილის ნაგებობებში შეიძლება მართლმადიდებლებმაც იღვაწონ და კათოლიკეებმაც. გავითვალისწინოთ, რომ ბათუმელ, ქუთაისელ, გორელ თუ უდელ მართლმადიდებლებს რომაული არქიტექტურის შენობებში ღვთისმსახურების ჩატარება არ ეუხერხულებათ. კათოლიკეებიც ასევე იქცევიან და ეს ჩვეულებრივი ამბავია (მხედველობაში გვაქვს უნიატური პრაქტიკა). იქნებ დაფიქრდნენ ამ და სხვა, შინაარსით მსგავს, დადგენილებათა ავტორები და მეხოტბეები: რომელ ადმინისტრაციულ უწყებას აქვს იმის კომპეტენცია, გაარკვიოს და დაასკვნას, ესა თუ ის ტაძარი, მაგალითად, თბილისის ნორაშენი ,,სომხურმონოფიზიტურია“ თუ ,,ქართულდიოფიზიტური“? გამოთქმები ამა თუ იმ არქიტექტურის მისამართით: ,,მართლმადიდებლური“, ,,კათოლიკური“ და ა.შ. პირობითია, განეკუთვნება ხელოვნებათმცოდნეობის სფეროს და არავითარ შემთხვევაში იურისპრუდენციის, ადმინისტრაციის თუ თელოგიის დარგებს. აღნიშნულმა დადგენილებამ საფუძველი შეუმზადა ,,კონსტიტუციურ შეთანხმებას“, რომელიც მთლიანად და განსაკუთრებით მე-8 მუხლი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ობსკურანტულია. ობსკურანტიზმი საქართველოს განათლების სისტემაშიც ბატონობს. სათანადო იმპულსს შეიცავს კანონი განათლების შესახებ, რომლის მე-18 მუხლის თანახმად განათლების სამინისტრომ საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები საპატრიარქოსთან უნდა შეათანხმოს. დარღვეულია პრინციპი სკოლის ეკლესიისაგან გამოყოფის შესახებ, რის გამოც ეკლესიას სკოლის ფუნქციებში შეჭრის იურიდიული საფუძველი ეძლევა. ზოგადსაგანმანათლებლო საგანი ,,რელიგიების ისტორია და კულტურა“ მასწავლებელთა უმრავლესობის მიერ ,,საღმრთო რჯულადაა“ მოაზრებული და გაკვეთილებს მეტწილად კონფესიურკატეხიზმური ხასიათი აქვს, რაც ბევრ შემთხვევაში ანტიგანმანათლებლობაში და ანტიკულტურულობაში გადადის. არცაა გასაკვირი, რადგან ამ გაკვეთილებს მეტწილად იმ მღვდლების სულიერი შვილები ატარებენ, რომლებიც, შესაძლებელია თვითონ ,,გარეშე“ სიბრძნის შემცველ წიგნებსაც კითხულობენ, როკისა და სმოკის მანერებშიც ერკვევიან, საერთაშორისო, აკადემიური თუ ,,სვეტური“ ტერმინებიც აქვთ ათვისებული და გაშინაურებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, სხვის გასაგონად, დასამოძღვრად და შესაგონებლად საერო მეცნიერების, ხელოვნების და, ზოგადად, ინტელექტუალურობის დისკრედიტაციას ეწევიან. განათლების სამინისტრო ან საღათას ძილშია, ან დაშინებულია, ან კმაყოფილია. ყოველ შემთხვევაში ამ სავალალო და საგანგაშო მოვლენების მიმართ საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ გამოუხატავს.

მუხლი 8

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმინდა ნაწილებისა და წმინდა რელიქვიების გარდა).

სკოლის ობსკურანტიზმმა სასამართლოშიც შეაღწია, რის ნიმუშად დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს ერთი გახმაურებული და ოდიოზური პროცესი გამოგვადგება. მოსამართლემ თავს უფლება მისცა, განეხილა ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ სარჩელი, რომელშიც თეოლოგიურ-ეკლესიოლოგიური საკითხები იყო დასმული და ორი წიგნისათვის სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფის მოხსნას ისახავდა მიზნად. სარჩელი დაკმაყოფილდა, რითაც სკოლაში ობსკურანტულ ტენდენციებსა და ქმედებებს მწვანე შუქი აენთო (იხ. ჩვენი წიგნი ,,მსოფლიო რელიგიები საქართველოში“, თბ., 2002, გვ. 222). პოლიტიკურ არენაზე ,,რელიგიური სოცშეიბრია გაჩაღებული, რომელშიც თითქმის ყველა პარტია მონაწილეობს და ერთი მეორეს ტოლს არ უდებს. ზოგიერთ პოლიტიკოსს საქართველოში იერუსალიმის ცეცხლი ჩამოაქვს, ზოგს - ინდოეთის მტვერი (წმ. ქეთევანის ნაწილთა სამარხიდან უნდა იყოსო?!), ზოგი კი ჩვენი წინაპრების ძვლებს საფლავებში აღარ ასვენებს (მაგალითად, ასტრახანში), რითაც, ფაქტობრივად, უცხოეთის ცის ქვეშ ქართველი მოღვაწეების ნატერფალსა და ქართული კულტურის კვალს შლის. უდავოა: საქმე ან პოლიტიკურ დემაგოგიასთან, ან სიბეცესთან, ერთი სიტყვით, - ობსკურანტიზმთან, გონების წყვდიადთან გვაქვს.

სარკაზმად აღიქმება ქვეყნის პირველი პირის, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ისეთი სარწმუნოებრივი ექსპრესიები, როგორიცაა, შიში - მგონი ცუდი ფეხი მაქვს; სოხუმი რომ არ დავტოვე და იქ ბოლომდე დავრჩი, ქალაქი დაეცა. ახლა შემეშინდა და ქუთაისში ამიტომ აღარ გავჩერდიო. ასეთი განცხადება გააკეთა მან 1993 წლის შემოდგომაზე, როდესაც ექსპრეზიდენტი ქუთაისს მიუახლოვდა. გავიდა წლები და იგივე პრეზიდენტი გვარწმუნებს: რასაც ღმერთი შთამაგონებს, იმას ვაკეთებო...

მეტყვიან: არც პრეზიდენტი და არც ჩვენი სხვა პოლიტიკოსები მორწმუნეები არ არიან; რელიგიურობა და, კერძოდ, მართლმადიდებლობა მათთვის პროფესიული ანკესია, ბადეა, ამომრჩევლები კი მათ თვალში თევზები არიანო. მით უარესი. მათ ჩვენი საზოგადოების ძირითადი მასა, ჩანს, გონებრივად იმდენად ჩამორჩენილი ჰგონიათ, რომ მის გულს და გონებას ობსკურანტიზმის სუნით გაჟღენთილი ტაქტიკა და ცრუმორწმუნეობა ესალბუნება. უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ისთებლიშმენტს შესაბამისი სამსახურები საქართველოს მოქალაქეთა ინტელექტის შესახებ ასეთ ინფორმაციას აწოდებენ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს სრულად შეესაბამებოდეს, საქართველოში მხოლოდ ყიამეთი ბატონობდეს (ნუ იყოფიან!). ასე ჩვენი პარტიების ლიდერებს სურთ და ჰგონიათ. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, მათი მსუნაგი მადა ილუზიაა და მეტი არაფერი ანუ შესაბამისი სამსახურების ინფორმაცია მთლიანად ყალბია. საგოდებელი აღნიშნული მადის უსაშველოდ მზარდი კოეფიციენტია, რაც, თავის მხრივ, მოსახლებაში მახინჯი აზრებისა და, კერძოდ, პათოლოგიური მისტიციზმის (ნაირნაირი სარეველა ბალახების) აღმოცენებას უწყობს ხელს. ესაა ინტელექტუალური და ზნეობრივი მონობის ნიშანი, რის შესახებაც სახარე-ბაში ნათქვამია: ნათესავი ბოროტი და მრუში სასწაულს ეძიებს (მათე 16,4).

სამკალი ბევრია (მათე 9,37; ლუკა 10,2)

ნათელი სადაა? - მკითხავს მკითხველი. ნათელიც აქვეა, ჩვენს გვერდით, ჩვენს ცხოვრებაში. ესაა: ერში - დემოკრატიული სექტორი, რომლის მიზანი პიროვნების პატივისცემა, უფლებათა დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა. ხოლო ბერში - თბილისის სასულიერო აკადემია, სადაც საღვთისმეტყველო პირველხარისხოვანი ძეგლების თარგმნისა და ათვისების პროცესი მყარ საფუძველზე დგას. ეს დაწესებულება ბოლო დროს კათალიკოსპატრიარქის უშუალო ზედამხედველობის არეში მოექცა, რაც იმედის სხივია.

დღესაც არ მოკლებია ცხოველმყოფელი ძალა გაზეთ ,,საქართველოს“ 1917 წლის 1 ოქტომბრის სიტყვებს:

,,ჩვენი ეკლესიიდან განიდევნება შეუსაბამი თეატრალობა, ხოლო მმართველობაში მოისპობა ის შესაზარი ბიუროკრატიული წესები, რომელიც ახშობდა სარწმუნოებას და მის ნაცვლად ამყარებდა კლერიკალობას და მწვალებლობას. განათლებული კათალიკოსის დახმარებით ჩვენი ეკლესია აღადგენს ძველ მარტივ წესებს და ნამდვილ ეროვნულ ადათებს; დაგმობს ცეზაროპაპის პოლიტიკას და მართვა-გამგეობის წესებს მოაწყობს ისე, როგორც მოითხოვს თანამედროვე ცხოვრების პირობები.

0x01 graphic

ისტორია

ვლადიმერ ალბრეხტი 1983 წლის აპრილში ამერიკაში ემიგრაციაში წავიდა. საბჭოთა კავშირში იგი იმ ტექსტის დაწერისა და გავრცელებისათვის დააპატიმრეს, რომელსაც მცირედი შემოკლებით ქვემოთ გთავაზობთ.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე №57912/17-83. საბრალდებო დასკვნაში ალბრეხტის ამ ნაშრომის შესახებ ნათქვამია:

აღსანიშნავია გარკვეული გულმოდგინება, რომლითაც ავტორს ხელნაწერი ლიტერატურულად დაუმუშავებია; აღსანიშნავია ღვარძლიანი ცინიზმისა და ანტისაბჭოთა სატირის მოზღვავება, რაც ხელნაწერს უფრო მიმზიდველს ხდის იმ პირებისთვის, რომლებიც ხანგრძლივ კონფლიქტში იმყოფებიან სამართალდამცავ ორგანოებთან...

ალბრეხტის ეს თხზულება საბჭოთა კავშირის კანონმდებლობის და საერთოდ, საბჭოური რეალობის კონტექსტშია დაწერილი, მაგრამ იგი სავსებით აქტუალური შეიძლება იყოს ყველასთვის, ვინც კი საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობს და ვისაც ამაში სამართალდამცავი სტრუქტურები ხელს უშლიან. ყოველ შემთხვევაში დაკვირვებული მკითხველი იმას მაინც დააფიქსირებს, რომ თუნდაც არასრულყოფილ კანონმდებლობაზე დაყრდნობითაც სავსებით შესაძლებელია სისტემის დამარცხება მისივე იარაღით.

4 როგორ მოვიქცეთ, თუ მოწმედ გამოგვიძახეს?

▲ზევით დაბრუნება


ვლადიმერ ალბრეხტი

გამომძიებელი: საიდან გაქვთ სახარება?

მოწმე: მათესგან

(დაკითხვის ისტორიებიდან)

მოულოდნელი დასაწყისი

თქვენ დაშინების გზით ცდილობთ, რომ დანაშაული ვაღიარო. როგორ ფიქრობთ, რა უფრო მძიმე დანაშაულია - ის, რაც, თქვენი აზრით, მე ჩავიდენე, თუ ის, რასაც თქვენ ახლა ჩადიხართ?

წარმოიდგინეთ ორი ადამიანის დიალოგი. ერთი საუბრობს თავისუფლად, თავშეკავებით; მეორე - შინაგანად შებოჭილია, გამუდმებით რაღაც განყენებულზე ფიქრობს. მისი რეაქციები სასაცილო და ხელოვნურია. მან დანამდვილებით იცის, რომ კედლებსაც ყურები აქვს და, ამიტომ, დაშინებულია. მას საკუთარი მოუხერხებლობის და ენაბრგვნილობის, თავისი და სხვისი გაუფრთხილებელი სიტყვის, დაცინვის ეშინია. არ გაგიკვირდეთ და, ეს ადამიანი გამომძიებელია; ის პირველი კი - თქვენ ხართ.

პირველი წარმატებები

ავტორი: როგორი დაკითხვა გაწყობთ - ხანმოკლე თუ ხანგრძლივი?

მკითხველი: რა თქმა უნდა, ხანმოკლე. თავად გამომძიებელი როგორს ისურვებდა?

ავტორი: ისიც ხანმოკლეს. მას ცოტა დრო და ბევრი შეკითხვა აქვს. მისთვის უმობესი იქნებოდა, თქვენ თუ იჩქარებდით. სადაც სიჩქარეა, იქ დაბნეულობაა.

მკითხველი: და თუ საქმე შეთითხნილია?

ავტორი: მაშინ დაკითხვა აუცილებლად წარუმატებლად დამთავრდება - ან მისთვის, ან თქვენთვის.

(ავტორის საუბარი მკითხველთან)

როგორც სტანისლავსკის უთქვამს, თეატრი გარდერობიდან იწყება... შეხვედრისას გამომძიებელი გესალმებათ, ხელს გართმევთ და მიგითითებთ, სად ჩამოკიდოთ პალტო.

იგი თავაზიანად იქცევა და, თითქოს, წამებას არ გიპირებთ. თქვენთვის ეს მოულოდნელია და შვებას გრძნობთ: რატომ უნდა იჩხუბოთ, თუკი შეიძლება, პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდეს? მაგრამ ყველაფერ ამაში არის რაღაც ხელოვნური - სამოყვარულო თეატრიდან. გრძნობთ? თუ ჯერ ვერა?

კეთილი, ახლა თქვენ ითამაშებთ უბრალო, ძალიან დაკავებული ადამიანის როლს, რომელსაც მეხსიერება ღალატობს, თუმცა, მზადაა, გამოძიებას დაეხმაროს.

არის კი საჭირო, გამოძიებას დაეხმაროთ? დარწმუნებული ვარ, საჭიროა. დავუშვათ, გამომძიებელი მკვლელობის ან ქურდობის საქმეზე ჭეშმარიტების გარკვევას ცდილობს. თქვენი ვალია, დაეხმაროთ მას. მაგრამ თუ მოწმედ გამოგიძახეს თქვენი მეგობრის საქმეზე, რომელსაც ბრალი ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელებასა და ცილისწამებაში ედება? დარწმუნებული ხართ, რომ ბრალდება ცრუ და უსამართლოა? მაშ, ხელი შეუწყვეთ სიმართლის დადგენას. ეს თქვენი ზნეობრივი მოვალეობაა.

ჯერჯერობით, თქვენ გამომძიებლის თამაშში ჩაერთეთ - მეგობრული საუბარი გრძელდება. თამაშის წესი საშუალებას აძლევს თქვენს თანამოსაუბრე-პროფესიონალს, გკითხოთ ის, რასაც, წესით, არ უნდა გეკითხებოდეთ: თქვენს შესახებ; ვიღაც სხვის შესახებ. კითხვები, თქვენი აზრით, უმნიშვნელოა. ყველაფერი ზრდილობის ფარგლებშია. თუმცა, როდესაც გამომძიებელი შეიტყობს ყველაფერს,

0x01 graphic

რაც აინტერესებს, იგი, რა თქმა უნდა, ტყუილს აღმოაჩენს და... გაბრაზდება (მას ეს ეხერხება). თუ თავის მართლებას დაიწყებთ, მაშინ იგი გაცილებით მეტს შეიტყობს. და ამას ძალიან იოლად მიაღწევს, როცა მიგანიშნებთ იმის შესახებ, რომ ყველაფერი იცის და მუქარასაც შეაპარებს. თქვენ აგრძელებთ პასუხების გაცემას, მაგრამ, რატომღაც, ცოტათი ნანობთ. რას? იქნებ იმას, რომ შეხვედრისას ხელი ჩამოართვით?

გიშლით თუ არა ხელს ცხოვრებისეული გამოცდილება?

რატომღაც, საჭირო გახდა მაგალითად მომეყვანა, თუ როგორ ვიხილავდით ანდრია და მე ,,ადამიანის უფლებათა პრობლემას. საუბრისას ჰერცოგ ენგიენი ვახსენე. გამომძიებელი აღშფოთდა.

- ანდრიასთან ერთად მართლა საუბრობდით ჰერცოგ ენგიენზე?

- რა მახსოვს? რაზე არ საუბრობენ მეგობრები 15 წლის განმავლობაში?!

(დაკითხვის ისტორიიდან)

რა მოხდა? თქვენ არ გინდოდათ, გაგენაწყენებინათ ადამიანი, რომელიც ზრდილობიანად მოგექცათ. მომიტევეთ და, რა არის ამაში ცუდი? თუკი იდეოლოგიების ,,მშვიდობიანი თანაარსებობა“ შეუძლებელია, ჩანს, განაწყენება მისი მოვალეობაა. გამომძიებელმა ცოტა მოგატყუათ; მან ცოტა გადაუხვია დაკითხვის წარმოებისთვის დადგენილ პროცედურას. იგი თქვენი გამოუცდელობით სარგებლობს და ცდილობს, დაგაშინოთ; მაგრამ თავად მშვენივრად ესმის, რომ სანამ თქვენი სიტყვები ოქმში არ არის შეტანილი და სანამ არ მიგიციათ ხელწერილი ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, თქვენს სიტყვებს ძალა არ აქვს. ჯერჯერობით, თქვენ მის ხელში არ ხართ. მისი უნდობლობა გამცირებთ? არა, ალბათ, უფრო საკუთარი ტყუილი და ყბედობა დაგამცირებთ. თქვენ არც ტყუილი უნდა გეთქვათ და არც რაიმე ზედმეტი.

ახლა, როცა ერთშიც და მეორეშიც გამოგიჭირეს, უკვე თითქმის მონაწილე ხართ შეთანხმებისა. ახლა იგი ,,შეწყალებას“ შემოგთავაზებთ გულახდილობის სანაცვლოდ. თუმცა, შემდეგ ადვილად უარყოფს თავის პირობას. თქვენ კი?! თქვენ ხომ უკვე წახვედით კომპრომისზე...

ბოლოს და ბოლოს, ეს დაკითხვაა თუ საუბარი?

მოწმე: მიჭირს, ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს, რამდენადაც პასუხს არ ვაგებ საკუთარ სიტყვებზე.

გამომძიებელი: როგორ არა - პასუხს აგებთ თქვენს ნათქვამზე.

მოწმე: მაშინ, ნება მომეცით, ხელმოწერით დავადასტურო, რომ პასუხს ვაგებ ცრუ ჩვენების მიცემისთვის.

(დაკითხვის ისტორიებიდან)

დაკითხვა და საუბარი სულაც არ არის ერთი და იგივე. საუბარს კანონი არ ითვალისწინებს. ის მხოლოდ მოწმის ფსიქოლოგიურ შემოწმებას ისახავს მიზნად. რატომ არ შეიძლება, თქვენც იგივე სცადოთ?!

გამომძიებელი გეკითხებათ - თქვენ პასუხობთ (თუ მეხსიერება არ გღალატობთ). თქვენ ეკითხებით - გამომძიებელი გპასუხობთ (ცხადია, თუ სურს). როგორც იტყვიან, ინფორმაციის გულახდილი გაცვლაა. მაგრამ მალე თქვენ აღმოაჩენთ, რომ გამომძიებელი ეშმაკობს, ანუ გულახდილი საუბრის შემოთავაზებით, მას თქვენი მოტყუება სურს. უთხარით ამის შესახებ (რა თქმა უნდა, თავაზიანად) და ოქმის გაფორმება მოითხოვეთ. თუ იგი უარზეა და ძველებურად სურს ,,საუბარი“, დაე, საკუთარ თავს ესაუბროს. თუ მას აქვს უფლება, ნებისმიერ დროს გაგესაუბროთ, თქვენ უფლება გაქვთ, საერთოდ არ ესაუბროთ მას. არაფერი გამოდის? - მაშინ მოითხოვეთ, მოგცენ საშუალება, წერილობით გააფორმოთ პასუხისმგებლობა ჩვენების მიცემის უარყოფაზე და ცრუ ჩვენებაზე. რამდენადაც ამის გაკეთება მხოლოდ ოქმშია შესაძლებელი, იფიქრეთ, რომ თქვენსას მიაღწიეთ. ოქმის შევსება დაწყებულია. ახლა თითოეული კითხვა და პასუხი იწერება. იგი თავის კითხვებს წერს, თქვენ - თქვენს პასუხებს. ამრიგად, თქვენ ნახევარი ოქმის სრულუფლებიანი მფლობელი ხართ. თუ ერთ-ერთ თქვენგანს ეშინია სიმართლის, დაე, ეს იყოს იგი და არა თქვენ. თქვენი პასუხებიდან მხოლოდ სიმართლე უნდა გამოსჭვიოდეს; სიმართლე, რომელიც მორალურად დასაშვებია. სხვაგვარი, პრინციპში, არც არსებობს.

ოთხი ძირითადი პრინციპი

იესო წარსდგა მმართველის წინაშე. და მმართველმა ჰკითხა შენ ხარ იუდეველთა მეფე? იესომ მიუგო მას: ამას შენ ამბობ

(სახარება მათესი, 27, I I )

მოდიხართ დაკითხვაზე და უცდით, როდის იტყვის იგი ტყუილს. პირველ ტყუილს აპატიებთ: მისთვის ნოტაციების წასაკითხად არ მოსულხართ. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სიტუაცია მეორდება. თანაც, იგი გამუდმებით გისვამთ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემისას ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს უნდა ითვალისწინებდეთ. დავუშვათ, დაასკვენით, რომ თქვენი მორალური შეხედულებებიდან გამომდინრე, შესაძლებელია, პასუხი გასცეთ ამა თუ იმ შეკითხვას. ამ შემთხვევაში, თქვენ ერთგვარად მოექეცით მნიშვნელ ,,Д-ს ზემოქმედების ქვეშ (სიტყვიდან ,,Допустимость). ამასთან ერთად, არსებობს კიდევ სამი მნიშვნელი, რომელთა ცოდნა საშუალებას მოგცემთ, უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდეთ.

როგორ ვუპასუხოთ რთულ შეკითხვას? (მნიშვნელ ,,П-სა და ,,Л- შესახებ)

გამომძიებელი: მინდა,ხელწერილით დამიდასტუროთ პასუხისმგებლობა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 184- მუხლი ითვალისწინებს გამოძიების საიდუმლოს გამღავნებისათვის.

მოწმე: ვერ დაგიდასტურებთ. გამომძიებელი: რატომ?

მოწმე: ის, რაც უნდა მოგახსენოთ, ადრევე ვიცოდი. ჩემთვის ეს არც საგამოძიებო მასალაა და არც საიდუმლო. გამომძიებელი: ჩემი შეკითხვები? რატომ ფიქრობთ, რომ ისინი გამოძიების საიდუმლოს არ წარმოადგენს?

მოწმე: რა მნიშვნელობა აქვს, მე რას ვფიქრობ? ჩაწერეთ შეკითხვა ოქმში და ვუპასუხებ.

გამომძიებელი: ვიცი, დაწერთ, რომ შეკითხვას ,,საქმესთან კავშირი არ გააჩნია.

მოწმე: მართალია, სწორედ ასე დავწერ. იგი შეცბა და დაინებით აღარაფერი მოუთხოვია.

(ავტორისა და გამომძიებლის დაკითხვიდან . ტვიორდოხლებოვის საქმესთან დაკავშირებით, 1975 . ივნისი).

არ ინერვიულოთ. არსებობს მრავალი რთული საკითხი, რომლებზეც ერთი მარტივი პასუხი მოიძებნება. იგი თავაზიანად და აუჩქარებლად უნდა წარმოთქვათ: ,,ჩაწერეთ შეკითხვა ოქმში და ვუპასუხებ“. თუ გამომძიებელი ამას არ აკეთებს, თქვენ არ ხართ ვალდებული, მის შეკითხვას პასუხი გასცეთ. ამ პოზიციას, პირობითად, მნიშვნელ ,,П-თი აღვნიშნავთ (სიტყვა ,,Протокол-ის პირველი ასოდან გამომდინარე).

,,П გამომძიებელს ხელს უშლის, შეადგინოს ოქმის შავი ვარიანტი. მაგალითად, ხელს უშლის, გააუქმოს მის მიერვე დასმული შეკითხვა, თუ თქვენი პასუხი ხელს აღარ აძლევს. ეს კი მნიშვნელოვანია.

ყველაზე ,,რთული“ თქვენთვის ის კითხვა აღმოჩნდება, რომელიც პირადად თქვენ გეხებათ. ამ შემთხვევაში, უკვე მოწმე კი არა, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული ხდებით. მაგრამ, კანონით, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების მიცემისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის ან თავის არიდებისთვის.

წარმოიდგინეთ, ვინმე - განაცხადა, რომ წიგნი, რომელიც ჩამოართვეს, თქვენგან მიიღო. იმის მიუხედავად, არის თუ არა ეს წიგნი მთავრობისთვის ზიანის მომტანი, ცხადია, თქვენ განაწყენებული ხართ. რადგან ეს წიგნი საზიანოა როგორც -თვის, ასევე - თქვენთვისაც. შეგიძლიათ, განაცხადოთ, რომ მოხარული იქნებოდით, განგემარტათ, ვისია ეს წიგნი, მაგრამ რადგანაც მიუკერძოებელი არ ხართ, ამას ვერ გააკეთებთ. პრინციპში, თქვენ არც უნდა გენდონ, რადგან დაინტერესებული პირი ხართ: დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. ასე რომ, ჭეშმარიტება თქვენს გარეშე უნდა დადგინდეს.

- და რაში გამოიხატება თქვენი დაინტერესება? - ვთქვათ, გეკითხებათ გამომძიებელი.

- დაინტერესებული ვარ, დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა - დავუშვათ, პასუხობთ თქვენ.

- ხელს რა გიშლით? - გკითხავთ იგი.

- ბევრი რამ, - უპასუხებთ თქვენ, - ჯერ ერთი, ადვოკატი არ მყავს. მეორეც, კანონები არ ვიცი. მესამე, გაურკვეველია, რა უნდა ვამტკიცო (ჩემთვის ხომ ბრალი არ წარუდგენიათ). დაბოლოს, საეჭვოა თავად იმის აუცილებლობა, რომ რაღაც უნდა ვამტკიცო. არსებობს მოსაზრება, რომ მტკიცების ტვირთი გამოძიებაზე მოდის.

თუ გამომძიებელი ვერ მშვიდდება, სასარგებლოა, მასთან ერთად ყველაფერი თავიდან გაიაროთ და იმით დაიწყოთ, რომ ,,მოხარული იქნებოდით, პასუხი გაგეცათ დასმულ შეკითხვაზე“. ამ პოზიციას პირობითად დავარქვათ ,,Л, სიტყვიდან ,,Личное.

შეკითხვა, რომელსაც საქმესთან კავშირი არ აქვს ან, პირიქით, ,,საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს (მნიშვნელ ,,О- შესახებ)

გამომძიებელი: უარს ამბობთ, აღიაროთ, რომ იცნობთ წერილის ავტორს?

მოწმე: არა, არ უარვყოფ.

გამომძიებელი: მაშინ, რა გიშლით ხელს, ბრძანოთ, ვინ არის წერილის ავტორი?

მოწმე: იმის აუცილებლობა, რომ გამოძიებაში არსებული საქმით შემოვიფარგლო.

(ტვიორდოხლებოვის დაკითხვის ოქმიდან, 1975. ივნისი)

თქვენ გაქვთ საფუძველი, თავი შეიკავოთ პასუხისაგან, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ გამომძიებლის კითხვა საქმეს არ ეხება. ამგვარი საბაბი მაშინაც ჩნდება, როცა კითხვა მინიშნებით ხასიათს ატარებს და მოწმეს უბიძგებს, თქვას ,,კი“ ან ,,არა“. კანონი პირდაპირ კრძალავს მიმანიშნებელ შეკითხვებს. მაგალითად, არ შეიძლება, გკითხონ: ,,გათხოვათ თუ არა რაბინოვიჩმა ,,გულაგის არქიპელაგი?“ კითხვა შეიძლება დაისვას სხვა ფორმით: ,,გათხოვათ თუ არა რაბინოვიჩმა რაიმე წიგნი?“ დავუშვათ, თქვენ აცხადებთ, რომ არ იცით, რომელ რაბინოვიჩზეა საუბარი და მის ფოტოს ითხოვთ. ასეთ შემთხვევაში, გამომძიებელს არ აქვს უფლება, მხოლოდ ერთი ფოტო გიჩვენოთ - იგი ვალდებულია, ერთდროულად რამდენიმე წარმოგიდგინოთ, რათა თავად ამოიცნოთ რაბინოვიჩი. ამ მოთხოვნის შესრულება არც ისე იოლია, მით უმეტეს, რომ ამოცნობა მოწმეების თანდასწრებით უნდა ხდებოდეს და წერილობით (ოქმში) ფორმდებოდეს.

,,ПЛОД სისტემა

ახლა შეეცადეთ, გონებაში აღიდგინოთ წაკითხული. მაშ ასე, ყველა შეკითხვა უკავშირდება ოთხ მნიშვნელს, რომლებიც ,,ПЛОД“ სისტემას ქმნიან. მნიშვნელი ,,П უკავშირდება მოთხოვნას, შეიტანონ კითხვები ოქმში. მნიშვნელი ,,Л გულისხმობს, რომ კითხვამ პირადად თქვენ ეჭვმიტანილის მდგომარეობაში არ უნდა ჩაგაყენოთ. ,,О აღნიშნავს შეკითხვის კავშირს საქმესთან, მაგრამ არც ძალიან მჭიდროს. მნიშვნელი ,,Д კი განსაზღვრავს, თუ რამდენად შეესაბამება თქვენს მორალურ შეხედულებებს ამა თუ იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. აშკარაა, რომ ამ სისტემის დახმარებით თქვენ შეძლებთ, გაფრთხილდეთ და არ აჩქარდეთ. ინტერესი გაგიჩნდებათ თუ არა, შიშიც თავისთავად გაქრება. ოთხივე მნიშვნელი მოწოდებულია უსიამოვნებისაგან თავის დასაცავად: თუ პირველი სამი ოქმში არახელსაყრელი ინფორმაციის შეტანისაგან დაგაზღვევთ, მეოთხე, პირიქით, ემსახურება ოქმში იმ ინფორმაციის შეტანას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

როგორ ვუპასუხოთ მარტივ შეკითხვებს?

იმისთვის, რომ გამომძიებელი საკუთარი კითხვის უაზრობაში დამერწმუნებინა, ვკითხე: ,,კი, მაგრამ, როდის დაინტერესდით ადამიანის უფლებათა საკითხით? პასუხი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ კინაღამ სკამიდან გადავვარდი. აღმოჩნდა, რომ ეს მას საერთოდ არ აინტერესებს.

(დაკითხვის ისტორიებიდან)

მარტივი კითხვებისგან გამომძიებელი ერთგვარ სარწეველას ქმნის. მსუბუქ რწევაში იგი საყრდენ შეკითხვას ამზადებს. ჯერ თქვენი ყურადღება უნდა მოადუნოს. ნელ-ნელა საუბარი მხნე ტემპს კრეფს და უცბად - რთული შეკითხვა. თქვენ შეცბით, რაც გამომძიებელს ახარებს. იგი შეაფასებს თქვენს შეცბუნებას, შეგახსენებთ პასუხისმგებლობას ცრუ ჩვენებისთვის და არ გაძლევთ ყურადღების მოკრების საშუალებას.

ასეთ დროს არ უნდა აჩქარდეთ. ხელს არავინ გიშლით, მარტივ კითხვაზე ისევე სერიოზულად იფიქროთ, როგორც რთულზე. სწრაფ კითხვებს დინჯად უპასუხეთ და ოქმშიც დაამატეთ რაიმე, მაგალითად: ,,ეჭვმიტანილს ანტისაბჭოთა ლიტერატურა არასოდეს შემოუთავაზებია. ამასთანავე, გამომძიებელთან თხოვნა მექნებოდა, რომ ნუ შემაშინებდა, ხმას ნუ აუწევდა, ნუ დამაჩქარებდა და, ერთი სიტყვით, ნუ მოახდენდა ჩემზე ზეწოლას“. ,,მაგრამ მე თქვენზე ზეწოლა არ მომიხდენია“. ,,არც მითქვამს, რომ მოახდინეთ. მხოლოდ გთხოვეთ, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონოდა“. თუ ამის შემდეგ გამომძიებელი ყვირილს დაიწყებს, თქვენ უპასუხებთ: ,,ხედავთ? სწორედ ეს არის ზეწოლა. უკვე ხელიც კი ამიცახცახდა“. არ იუხეშოთ, უბრალოდ, ზრდილობიანი მოქცევა მოითხოვეთ. თუ გამომძიებელი ,,მაგარ“ გამოთქმებს მიმართავს, დააწყნარეთ, აუხსენით, რომ ჩხუბი სულ არ არის საჭირო. ჩვენ ხომ ყველანი ინტელიგენტები ვართ...

0x01 graphic

როგორ ვუპასუხოთ ძალზე მარტივ შეკითხვას? (მნიშვნელი ,,Д)

მოწმე: მართალია, ბრალდებული პიანინოზე უკრავდა, მაგრამ მე გთხოვდით, რომ ეს ოქმში არ დაგეფიქსირებინათ. გამომძიებელი: რატომ?

მოწმე: იმიტომ, რომ ანდრეი ჩემი მეგობარია, თქვენ კი მტერი ხართ. იგი ციხიდან გამოვა და მკითხავს: ,,რატომ უთხარი პიანინოს შესახებ? რა ვუპასუხო?

(გამომძიებლისა და მოწმის საუბრიდან ტვიორდოხლებოვის საქმეზე 1975 .)

მიმდინარეობს დაკითხვა კონკრეტული საქმის გარშემო: ცილისწამება საბჭოთა წყობის წინააღმდეგ (არა კრიტიკა, არამედ ცილისწამება).

- რა იცით ამის შესახებ? - ვთქვათ, გეკითხებათ გამომძიებელი.

- არაფერი.

- ის მაინც თუ გჯერათ, რომ ცილისწამებას ადგილი ჰქონდა?

- არა, რა თქმა უნდა.

თქვენ არც გჯერათ და თან ფრთხილობთ, თქვენი ჩვენებით ვინმეს ზიანი არ მიაყენოთ. არ გინდათ, რომ ვინმე გაჩხრიკონ ან დაკითხონ ,,ყოველი შემთხვევისთვის”. მაშ, გულწრფელად დაწერეთ ამის შესახებ. ეს კარგი პასუხი იქნება დასმულ კითხვაზე. დაწერეთ, ვიდრე გამომძიებელი კონკრეტულ საუბარს დაიწყებდეს: იცნობთ თუ არა მავანს და მავანს? როდის გაიცანით? ვინ გახლდათ, როცა მაღაზიაში წახვედით?... კონსპირაციას თქვენგან არავინ ითხოვს. ეს თქვენი კი არა, იმათი საქმეა და, ძალიან გთხოვთ, არ შეშინდეთ. დაკითხვისას ნურც ტელეფონით გაუფრთხილებელი საუბრები შეგაკრთობთ, ნურც პირადი უსიამოვნებები. სამაგიეროდ, ფრთხილად უნდა იყოთ და გამომძიებელს არ უნდა უთხრათ, რომ სტუმრად შამპანიურს სვამდით. სავარაუდოდ, ამის შემდეგ თქვენს ახლობლებზე ისეთ ფელეტონს დაწერენ, რომ შამპანიურში ჩაახრჩობენ.

გულუბრყვილო აღიარება იმისა, რომ თქვენს მეგობარს ქოლგა ათხოვეთ, გამომძიებელმა ისე შეიძლება გამოიყენოს, რომ ერთი წელი ციხეში მჯდომ ადამიანს მოაჩვენოს, თითქოს, მის შესახებ ყველაფერი იციან. კიდევ არა უშავს, თუ ამის შემდეგ იგი 33 კგ. ოქროს დამალვის ფაქტს აღიარებს, მაგრამ, ვაითუ, ანტისაბჭოთა პროპაგანდის გზით საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მცდელობა აღიაროს?

გამოდის, რეალურად საშიშია არა რთული შეკითხვები, არამედ - წარმოუდგენლად მარტივი.

ისევ რთული კითხვების შესახებ (განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. მნიშვნელი ,,Л)

მოწმე: დიახ, ვადასტურებ ჩემს ხელმოწერას წამების საყოველთაო აკრძალვის შესახებ მოთხოვნაზე.

გამომძიებელი: როგორ ვითარებაში მოაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს?

მოწმე: გარემოებები არ მახსოვს.

გამომძიებელი: მაშ, რატომღა ადასტურებთ თქვენს ხელმოწერას?

მოწმე: იმიტომ, რომ დოკუმენტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მზად ვარ, ახლაც მოვაწერო ხელი.

(დაკითხვის ისტორიებიდან)

1. შეკითხვა: ,,დაბეჭდეთ თუ არა პირადად თქვენ, ან სთხოვეთ თუ არა ვინმე სხვას წიგნ ,,გულაგის არქიპელაგის“ დაბეჭდვა?“ ვივარაუდოთ, რომ თქვენ მართლაც დაბეჭდეთ წიგნი. ამაზე საუბარი არ გსურთ, მაგრამ არც ტყუილის თქმა გინდათ. ახლა თქვენ იძლევით ჩვენებას ვინმე კ-ს საქმეზე, ამიტომაც პასუხობთ: არ მახსოვს, ოდესმე კ-სთვის ამ წიგნის დაბეჭდვა მეთხოვოს, ან მას ეთხოვოს ჩემთვის იგივე.

2. შეკითხვა: ვინ არის ამა და ამ ხელნაწერის ავტორი, რომელიც თქვენ აღმოგაჩნდათ ჩხრეკისას და წააკითხეთ თუ არა იგი ვინმეს? პასუხი: არ მაქვს საფუძველი, რომ კ მივიჩნიო ხელნაწერის ავტორად; ასევე, არ მახსოვს, რომ იგი წასაკითხად მიმეცა კ-სთვის, ან მასთან ერთად განმეხილა ეს ხელნაწერი.

3. რა გიშლით ხელს, გვითხრათ, ვინ არის ხელნაწერის ავტორი? პასუხი: ხელს მიშლის იმის შეგნება, რომ ხელნაწერი ცილისწამებას არ შეიცავს.

4. კითხვა: უარს ამბობთ, ხელნაწერის ავტორად საკუთარი თავი აღიაროთ? პასუხი: არც ერთი და არც მეორე. ჩემს განცხადებებზე, სტატიებზე, წიგნებზე, ხელნაწერებზე უარი არასოდეს მითქვამს. მაგრამ თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, დაამტკიცოთ ჩემი ავტორობა, რათა მერე უკანონოდ დამდოთ ბრალი, უარს ვამბობ თქვენთან თანამშრომლობაზე. თქვენ გჭირდებათ - თქვენვე დაამტკიცეთ. მე არ ვაპირებ, თქვენი სამუშაო გავაიოლო, რადგან გამოძიება კანონიერად არ მიმაჩნია.

თქვენ მაინც გეშინიათ... არადა, სულ ტყუილად

სწავლული ერთი-ორი იყო გალილეის ტოლი. იცოდა, ქვეყანა ბრუნავდა მაგრამ ახზეც ზრუნავდა...

გამომძიებლის მხრიდან იმის შეხსენება, რომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გარკვეულ პასუხისმგებლობას გაკისრებთ, უსიამოვნო განცდას იწვევს თქვენში. ამავდროულად, გაშინებთ როგორც გამომძიებელთან გამოძახება და იქაური გარემო, ასევე მომავალიც. მაგრამ, ჯერჯერობით, ყველაფერი რიგზეა, თუ, რა თქმა უნდა, თავს ფლობთ და სიტუაციას აკონტროლებთ. დაიმახსოვრეთ: ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხისგან თავის შეკავება დასაშვებია, რადგან ზოგადად ჩვენების მიცემაზე უარს არ ამბობთ. მეორეც, თქვენ შეგიძლიათ გამომძიებელს მოსთხოვოთ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი და მიუთითოთ 182-ე მუხლზე, სადაც წერია, რომ: ,,ჩვენებაზე უარის თქმის ან ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების შემთხვევაში...“ თქვენ შესაძლოა დაისაჯოთ ,,გამასწორებელი სამუშაოებით 6 თვემდე ვადით, ან 50 მანეთამდე ჯარიმით“. მეორე მხრივ, თქვენ სულაც არ გრცხვენიათ აღიაროთ,რომ გეშინიათ, ვინაიდან გამომძიებელმა წინასწარ იცის, როგორი სასჯელიც გელით. ერთადერთი, რაც მოგეთხოვებათ - თქვენს მიერ განცდილი შიში ოქმში დააფიქსიროთ, როგორც გულწრფელი აღიარება. გამომძიებელმა ხომ თავად შეგახსენათ, რომ ოქმში მხოლოდ სიმართლე უნდა ჩაიწეროს.

არა, თქვენ სრულიად ვერაფერს ხვდებით

იქ მოსჩანს ძეგლი სახელმწიფოსი, სახე ანათებს ძალაუფლების. ლეღვის ფოთოლი უმანკოების ფარავს ორგანოს უშიშროების.

დავუშვათ, გკითხეს: ეწეოდა თუ არა ბრალდებული კ ანტისაბჭოთა პროპაგანდას? (მან ეს თვითონ აღიარა). რა თქმა უნდა, თქვენ ისე პასუხობთ, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. თქვენ მსჯელობთ: რაღაც არ გაგონდებათ, რომ მას თქვენს წინაშე რაიმე საშინელების ჩადენა ეღიარებინა.

0x01 graphic

ამბობენ, გაუგებრობა ჭკუის ნიშანიაო. რასაკვირველია, უმაღლესი განათლება ბევრს იძლევა, მაგრამ გენიალური აღმოჩენების ავტორებს ხშირად უჩნდებათ ეჭვი სწორედ იმასთან დაკავშირებით, რაც სხვებისთვის ბუნებრივად და უტყუარად გამოიყურება.

რას გულისხმობს ფრაზა: ,,ანტისაბჭოთა საუბრები?“ როგორია ამ გაუგებარი სიტყვების იურიდიული მნიშვნელობა? გამომძიებელი დაგვდებს პატივს, აგვიხსნას ისინი? დავუშვათ, მშვიდობისათვის ცნობილი მებრძოლი რომელიმე სიტყვას ვერ გამოთქვამს, ამის შედეგად კი ანეკდოტი იბადება. იქნება ის ანტისაბჭოთა? ნებადართულია თუ არა ანეკდოტების მოყოლა ხრუშჩოვზე? ბრეჟნევზე? საერთოდ, როგორ ანეკდოტებს ან საუბრებს შეუძლია, საფუძველი შეურყიოს არსებულ წყობას? როგორ უნდა შეინარჩუნო წყობა, რომელიც შეიძლება საუბრებს შეეწიროს?

,,მე მძულს თქვენი იდეები, მაგრამ მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო, რათა თქვენ გქონდეთ მათი გამოხატვის უფლება“, - ამბობდა ვოლტერი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა საჭიროა საპირისპიროს მტკიცება. მკითხველო, ბოდიშს გიხდი გულუბრყვილობისათვის, მაგრამ ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლის ზეპირად ცოდნა ერთგვარი თილისმაა. მართალია? არ ვიცი.

თქვენ ბრალდებულთან დასაპირისპირებლად გიწვევენ

ბრალდებულის სიტყვებს ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ. სასამართლო ერ არ ყოფილა, პირი უკვე ციხეშია. მისი ბრალი - მითია, მის უფლებათა დაცვაზე ფიქრი კი იმდენად შეუძლებელია, რომ ყველანი იძულებული ვართ, სიბრალულით ვუყუროთ, თუ როგორ სწამებს იგი ცილს სხვას საკუთარი თავის დასაცავად

(მოწმის აზრი)

სამწუხაროდ, კ-ს ,,უკეთესი“ მეხსიერება აღმოაჩნდა, ვიდრე თქვენ. კ რომ დაძაბულიყო და არაფერი გაეხსენებინა, ალბათ, იმდენად გაიუარესებდა ჯანმრთელობას, რომ გიჟად შერაცხავდნენ. ჯერჯერობით, ბრალდების მნიშვნელოვან წყაროდ გულწრფელი აღიარება რჩება.

რა საჭიროა დაპირისპირება? იმისთვის ხომ არა, რომ დაპატიმრებულია მხოლოდ კ და თქვენ კი ჯერ თავისუფალი ხართ?! დაპირისპირება ტარდება ორ პირს შორის, რომელთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია. ისინი წინააღმდეგობრივი უნდა იყოს: ერთი ციხეშია, მეორე - თავისუფალია. რომელი მათგანია მართალი? გამომძიებელმა უკვე დიდი ხანია იცის, ვინ არის ,,მართალი“. იგი შეეცდება, ზემოქმედება მოახდინოს ,,უნიჭო მოწმის“ ფსიქიკაზე.

და, აი, გამომძიებელი სვამს უკმაყოფილო და გრძელ კითხვას. ერთი შეხედვით, კითხვა კონკრეტულია. განსაკუთრებით, დასაწყისში, მაგრამ შუაში - მოწმის სრული დამცირებაა. ბოლოში? ისეთი ლაკონური და მყარია, რომ მოწმეს აიძულებს, მოიკრუნჩხოს და მოიქცეს ისე, როგორც ,,ჯობია“. მოწმე ჰგავს ხორცის ნაჭერს, რომელსაც შეწვავენ და შეჭამენ. შეწვაც კი არ არის საჭირო - უმად შეჭამენ.

დავუბრუნდეთ დაპირისპირებას. გამომძიებელი თქვენს ურთიერთობებს არკვევს. მაგრამ, ვინ იცის, როგორია თქვენი და კ-ს ურთიერთობა ამჟამად? არავინ. ადრე მეგობრები იყავით.

ადრე... კ თავის ჩინურ საიდუმლოებას განდობდათ, აღსარების სათქმელად მოდიოდა. გაქვთ თუ არა უფლება, გამომძიებელს ინტიმური საუბრების შინაარსი გაუმხილოთ? ეს თქვენი სინდისის გადასაწყვეტია.

საკუთარ სინდისთან მართალი რომ იყოთ, მოითხოვეთ კ-სგან ფიცი, რომ იგი არ ეწეოდა ხელისუფლების დამხობის და საბჭოთა ლიდერების მკვლელობის მიზნით შეთქმულების პროპაგანდას, არ ეწეოდა მასობრივი არეულობების ორგანიზებას. დაე, დაიფიცოს, რომ მას არ ჰქონია განზრახვა, რომელსაც მერე, სასამართლოზე უარყოფს, მაგრამ არა გამოძიების დროს.

თქვენ, ალბათ, გაქვთ რაიმე შესაკითხი... მეხსიერება ხომ მეტად ჭირვეული და წვრილმანია.

,,გახსოვს? ერთხელ ჩემთან, სახლში, სააბაზანოში შევედით. რატომღაც, ონკანი გახსენი და დიდხანს წერდი ფურცელზე. რატომ? რომ ვერ გაიგონონ? რომ არ გაიგონ? მაშინ, ახლა რატომ უყვები მათ ყველაფერს? ამიხსენი, რატომ?!“

მოწმედ ბრალდებულ კ-ს მეუღლეს იწვევენ

მან არაფერი იცის და, ამიტომ,შეიძლება, ბევრი რამ თქვას.

(აღმოსავლური სიბრძნე)

- გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ქმარმა სერიოზული დანაშაული ჩაიდინა.

- ესე იგი, უნდა გავეყარო?

- არა, არა. ჩვენ ოჯახებს არ ვანგრევთ... არასწორად გაიგეთ...

მეუღლის, დედის და დის - როგორც მოწმის - ჩვენებების ღირებულება საეჭვოა. ისინი მიუკერძოებელნი ვერ იქნებიან. მეუღლე-მოწმის გამოსვლა სასამართლოზე ისევე უცნაურია, როგორც ბრალდებულის ადვოკატის დაკითხვა მოწმის სახით. ამ შემთხვევაში, ადვოკატი არ უნდა იყოს ადვოკატი, ხოლო მეუღლე არ უნდა იყოს მეუღლე. ბევრს ხომ არ ითხოვს მართლმსაჯულება?

კანონის სუფთა ველზე

სრულებით არ ხართ ვალდებული, ოქმში შეტანამდე გამომძიებელთან ერთად განიხილოთ თქვენი პასუხი. მაგრამ თუ გსურთ, შეგიძლიათ, გაარკვიოთ, რომელი ვარიანტი აწყობს მას ნაკლებად. მთლიანად შეიძლება დავეყრდნოთ აღმოსავლურ ანდაზას: მოუსმინე ცოლს და გააკეთე პირიქით.მაგრამ ესეც ცოტაა. თქვენ, მკითხველო, სამწუხაროდ, დილეტანტი ხართ. არსებობს მოსაზრება, რომ მხოლოდ იურიდიული განათლება იძლევა საშუალებას, გამომძიებლის ჩანაფიქრს ჩავწვდეთ.

მაგრამ არ არის საჭირო, ზედმეტად დავბრმავდეთ კანონის სხივებით. აი, მაგალითად: სისხლის საპროცესო კოდექსის კომენტარების 172-ე გვერდზე წერია, რომ საჭირო შემთხვევებში დასაშვებია პირადი ჩხრეკის ჩატარება სხეულისა და ტანსაცმლის შემოწმებით. მაგრამ, თუ მსხვერპლი ჩხრეკას ეწინააღმდეგება, მაშინ ის შეიძლება ჩატარდეს ,,იძულებით“; თუმცა, ამასთან, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ,,არ დაიშვება ისეთი ქმედება, რომელიც ლახავს ბრალდებულის ღირსებას“. რასაკვირველია, ვერაფერი გავიგე. არის კი საჭირო, რომ გავიგო?

ვთქვათ თუ არა უარი ჩვენების მიცემაზე

აღშფოთებული ვიყავი იმით, რომ ჩემს მოტყუებას ცდილობდა; ამიტომაც, გულწრფელად ვაღიარე, რომ მძულს ისიც და მისი საქმეც.

(დაკითხვების შესახებ მონათხრობიდან)

ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სანქცია უმნიშვნელოა. მაგრამ როდესაც ამ ფაქტს ბოროტად გამოიყენებენ, სასჯელი უფრო მძიმეც შეიძლება აღმოჩნდეს. შესაბამისად, როდესაც უარს ამბობთ ჩვენების მიცემაზე, გამომძიებლის აზრით, თქვენ ხდებით ,,დამნაშავის ხელშემწყობი“ და გემუქრებათ, მაგალითად, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ყოველთვის შეგიძლიათ, უარი განაცხადოთ ჩვენების მიცემაზე, თუკი, გარდა სანქციისა, სხვა მუქარასაც მიმართავენ.

მაგრამ ჩვენების მიცემაზე წინასწარ უარის თქმა სისულელეა და გარკვეულად ამორალურიცაა. არსებითად, ეს კანონის უარყოფას ნიშნავს. კანონის უარმყოფელი კაცი კი თავს კანონის მეშვეობით ვერ დაიცავს და, ამ კუთხით, თავის მტრებთან ასოცირდება.

ვისაუბროთ მორალურ პრობლემებზე

ადამიანებს ორ კატეგორიად ვყოფ: სიმპათიურებად და არასიმპათიურებად. ერთხელ მკითხეს:

- თუ გაიგებთ, რომ სიმპათიური ადამიანი - ჩამშვებია?

- რასაკვირველია, არ დავუჯერებ.

- თუ თავად აღიარებს?

- მაშინ, ალბათ, ჯაშუშობას შეწყვეტს.

არ ვდავობ. საკუთარი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ნებისმიერი საზოგადოება იძულებულია, გაუძლოს მათ, ვინც ურცხვად აყურადებს. მაგრამ სირცხვილის საერთოდ დაკარგვამ, შეიძლება უსაფრთხოების დაკარგვაც გამოიწვიოს. ერთ ადამიანს შეუძლია, დაამარცხოს მთელი სახელმწიფო, თუ მას აქვს ისეთი იარაღი, რომელიც სახელმწიფოს ჯერ არ - ან აღარ აქვს. ეს იარაღი არც ცოდნაა, არც ძალა, მხოლოდ მორალი და კულტურა.

არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს იმან, ვისაც ზედმეტად ეშინია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მკითხველო, რომ თქვენი უფლება - როგორც გსურთ, ისე პასუხობდეთ დაკითხვაზე - არაფერმა უნდა შეზღუდოს: არც ახლობლებზე ზრუნვამ; არც შიშმა; არც სურვილმა, გაიგოთ რაღაც; არაფერმა, გარდა საკუთარი სინდისისა. უნდა იყოთ ის, ვინც ხართ - აი, მთავარი რჩევა.

სხვათა შორის, ამბობენ, რომ როდესაც მანდელშტამი პირველად მიიყვანეს დაკითხვაზე, ერთადერთი შეკითხვა დასვა: ,,შეიძლება, ვთქვა სიმართლე?“ მამუკა ტყეშელაშვილის ნახატები

5 ეთიკური ჟურნალისტიკა

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოებაში, სადაც ხშირად საუბრობენ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევაზე, ნაკლებად აქტუალურია თავად ჟურნალისტების მხრიდან მომხმარებლის, ანუ მკითხველის უფლებების ხელყოფის თემა.

სჭირდება თუ არა ქართულ მედიას ეთიკური ნორმების დამკვიდრება? ჟურნალისტურ წრეებში ამ თემაზე დისკუსია ,,მედიის პროფესიული სტანდარტის“ შემუშავებითა და ხელმოწერით დასრულდა.

14-15 მაისს სასტუმრო ,,შერატონ-მეტეხი პალასში“ ევროსაბჭოს ეგიდით გაიმართა საერთაშორისო სემინარი ,,მედიის თვითრეგულირების მექანიზმების ჩამოყალიბება საქართველოში“. ,,თავისუფლების ინსტიტუტისა“ და ,,დემოკრატიული ინოვაციების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ამ სემინარზე ქართული მედიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ,,მედიის პროფესიულ სტანდარტს“, რომელიც მაღალპროფესიული ჟურნალისტიკის დამკვიდრებასა და მკითხველთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. დოკუმენტზე ხელმოწერა ორდღიანი სემინარით არ შემოფარგლულა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. მედიის წარმომადგენლებს, ვისთვისაც პროფესიული სტანდარტის დამკვიდერება და თვითრეგულირებაზე ზრუნვა მეორეხარისხოვანი არ არის, შეუძლიათ, შეუერთდნენ დოკუმენტს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

0x01 graphic

საერთაშორისო სემინარის მონაწილეები

6 მედიის პროფესიული სტანდარტი

▲ზევით დაბრუნება


პრეამბულა

ადამიანის უფლებაა, ფლობდეს დროულ, ზუსტ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას.

ჟურნალისტის მოვალეობაა, საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი, მიუკერძოებელი და უტყუარი ინფორმაცია.

საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას, ჟურნალისტი მოვალეა, დაიცვას პროფესიული სტანდარტით დადგენილი წესები.

ძირითადი დებულებები

ინფორმაციის, თვალსაზრისის და კომენტარის გამივნა

ინფორმაციის მიწოდებისას ფაქტი, ჟურნალისტის თვალსაზრისი და მესამე პირის კომენტარი ერთმანეთისაგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს.

ინფორმაციის წყარო

თუ წყარო ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ პირობით თანხმდება, რომ ჟურნალისტი არ გაამჟღავნებს მის ვინაობას, თავის მხრივ, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას პროფესიული საიდუმლოება მაშინაც კი, თუ ასეთი პოზიცია პრობლემას შეუქმნის მას.

თუ დადასტურდა, რომ წყარომ შეგნებულად და ბოროტი განზრახვით შეიყვანა ჟურნალისტი შეცდომაში, მაშინ ეს პირობა შესაძლოა, დაირღვეს.

ინფორმაციის ამა თუ იმ წყაროს შესაძლოა, პირადი ინტერესი ამოძრავებდეს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ჟურნალისტი კრიტიკულად მოეკიდოს თავის წყაროს.

პროფესიული სტანდარტი გულისხმობს ფაქტების გადამოწმებას სხვა დამოუკიდებელი წყაროების საფუძველზე. თუ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, მისი გავრცელებისას უნდა გაკეთდეს შესაბამისი დათქმა.

წყაროს დასახელება დამაჯერებლობას მატებს ინფორმაციას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ინფორმაციის წყაროს დაცვის აუცილებლობას.

პასუხის უფლება და შესწორება

კრიტიკის ობიექტს უფლება აქვს, საზოგადოებას ამცნოს საკუთარი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

არასწორი ინფორმაცია უნდა გასწორდეს, როგორც კი ცნობილი გახდება გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არსებული შეცდომის შესახებ. შესწორება უნდა მოხდეს თანაზომადი ფორმით, რათა მკითხველმა/აუდიტორიამ იოლად შეამჩნიოს იგი.

დისკრიმინაცია

ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითებს ამა თუ იმ პირის ეთნიკურ და რასობრივ კუთვნილებას, პოლიტიკურ და რელიგიურ მრწამსს, სოციალურ მდგომარეობას, კანის ფერს თუ სექსუალურ ორიენტაციას, თუ ეს ინფორმაცია პირდაპირ კავშირშია საქმის არსთან.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

მედიამ პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას.

ადამიანის პირადი ცხოვრება, ამ პირის თანხმობის გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაშუქდეს მედიის საშუალებაში, თუ ეს შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს.

ჟურნალისტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ბავშვების და იმ პირების პირად ცხოვრებას, რომლებიც ვერ აცნობიერებენ მათი განცხადებებით ან ქმედებებით გამოწვეულ შედეგს.

ჟურნალისტმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მითითებისას.

თუ ეს პირი არის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები ან ასეთ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებრივ ინტერესებს შეესაბამება.

ჟურნალისტმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულთა და მათი ახლობლების ინტერესები, როცა საქმე უბედური შემთხვევების ან დანაშაულის გაშუქებას ეხება: არ დაასახელოს დაზარალებული პირის ვინაობა, ამ პირთა ოჯახის წევრებისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. თუ ეს პირი არ არის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები ან ასეთ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

არასრულწლოვანები

ინფორმაციამ არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ არ უნდა შეაფერხოს და გაართულოს მისი საზოგადოებრივი რეაბილიტაცია. ასეთ შემთხვევებში არ უნდა იყოს შესაძლებელი ვინაობის იდენტიფიცირება (თუ საქმე რეციდივს არ ეხება).

ინფორმაციის მოპოვება

ჟურნალისტი ინფორმაციას მოიპოვებს ღია საშუალებებით. ფარული საშუალებებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვება სხვა გზებით შეუძლებელია.

სასამართლო პროცესები, კრიმინალური ამბები

სასამართლო პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტი ვალდებულია, მიუკერძოებლად, ხარისხობრივად თანაბრად წარმოადგინოს მხარეთა პოზიციები.

ჟურნალისტმა მკვეთრად უნდა გამიჯნოს ეჭვი და დამტკიცებული ბრალეულობა.

ეჭვმიტანილი პირი არ უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

პროფესიული სტანდარტი მოითხოვს იმ სასამართლო პროცესის შედეგის გამოქვეყნებას, რომლის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო საშუალება მანამდე იუწყებოდა.

ჟურნალისტმა სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლის თანხმობის გარეშე არ უნდა მოახდინოს მისი იდენტიფიცირება.

პირადი გამორჩენა/ანგარება

პროფესიულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, რომ ინფორმაციის გავრცელების ან გაუვრცელებლობის საზღაურად ჟურნალისტმა ან მისი ოჯახის წევრმა გარეშე პირებისგან მიიღოს რაიმე სარგებელი.

ინტერესთა კონფლიქტი

ჟურნალისტის პროფესია შეუთავსებელია აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან, სარეკლამო თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის და სპეციალურ სამსახურებში თანამშრომლობასთან, აგრეთვე სხვა საქმიანობასთან, რომელმაც შეიძლება, ეჭვის ქვეშ დააყენოს ჟურნალისტისა და ჟურნალისტის პროფესიის სანდოობა.

საავტორო უფლებები

იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე საავტორო უფლებების დაცვას არ ეხება და ჟურნალისტი სარგებლობს უკვე გამოქვეყნებული/გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიული სტანდარტი მოითხოვს ავტორის ვინაობის მითითებას.

რეკლამა

ჟურნალისტური ინფორმაცია და სარეკლამო მასალა მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქებისას საჭიროა, მიეთითოს კვლევის მეთოდი: გამოკითხულთა რაოდენობა, დასმული შეკითხვის ზუსტი ტექსტი, სავარაუდო ცდომილება, კვლევის ჩატარების დრო, დამკვეთი და შემსრულებელი.

ფოტოილუსტრაცია

კონკრეტული ინფორმაციის ილუსტრაცია მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული საარქივო, სიმბოლური და დამონტაჟებული გამოსახულებებისაგან.

დათო პაიჭაძე, რადიო ,,თავისუფლება“

ლადო მენაბდე, ოზურგეთის პრეს-კლუბი

ნინო ღაჭავა, გაზეთი ,,P.S.“

თინიკო დვალიშვილი, გაზეთი ,,P.S.“, ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი

ზაზა ნაკაშიძე, გაზეთი ,,ლანჩხუთი Plus“

მანანა კარტოზია, გაზეთ ,,დილის გაზეთის“ რედაქტორი

სოზარ სუბარი, ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი“

გელა გურგენიძე, გაზეთ ,,ხვალინდელი დღის“ რედაქტორი

ზურაბ მაჭარაძე, გაზეთ ,,რეზონანსის“ გაერთიანებული რედაქციის მთავარი რედაქტორი

ია ბობოხიძე, გაზეთ ,,ახალი გაზეთის“ მთავარი რედაქტორი, თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია ,,მეოთხე“

მაია მეცხვარიშვილი, ,,ახალი გაზეთის“ რედაქტორი, თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია ,,მეოთხე“

გიორგი კევლიშვილი, საგარეჯოს ტელეკომპანია ,,თვალის“ დირექტორი

ბადრი ნანეტაშვილი, ტელერადიოკომპანია ,,თრიალეთი“

ნოდარ ლადარია, გაზეთი ,,24 საათი“, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“

ზაზა გაჩეჩილაძე, გაზეთის ,,The Messenger“ გამომცემელი

ზაზა შენგელია, საქართველოს ტელერადიომაუწებლობის თავმჯდომარე

ქეთი ხატიაშვილი, გაზეთი ,,ალია“

თამარ კინწურაშვილი, ჟურნალი ,,თავისუფლება“

ია მამალაძე, საგამომცემლო სახლი ,,გურია News“, გურიის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია

ვახტანგ კომახიძე, გადაცემა ,,60 წუთი“

გიორგი თარგამაძე, ტელეკომპანია ,,იმედი“

ალეკო ცქიტიშვილი, გაზეთი ,,ახალი ვერსია“

დავით ზილფიმიანი, სამაუწყებლო კომპანია ,,I სტერეო“

6 მაისს, თეატრალური სარდაფი ,,თავისუფლების ინსტიტუტის“ გამოცემათა პრეზენტაციას მასპინძლობდა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ნუგზარ პაპუაშვილის წიგნი ,,მსოფლიო რელიგიები საქართველოში“, კრებული ,,ჟურნალისტური ეთიკა და თვითრეგულირების მექანიზმები“, ინსტიტუტის ყოველთვიური ბიულეტენი ,,თავისუფლება“ და სხვა გამოცემები.

0x01 graphic

თავისუფლება... სარდაფში

0x01 graphic

ინსტიტუტის საგამომცემლო საქმიანობა, თავისი შინაარსით, საგანმანათლებლო ხასიათისაა. მთავარი მიზანი - საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება მისი კანონიერი უფლებების შესახებ. მსოფლიოს ყველა ცივილიზებული და წარმატებული ქვეყანა იმდენადაა ცივილიზებული და წარმატებული, რამდენადაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აქვს გაცნობიერებული საკუთარი უფლებები და რამდენადაც ახდენს მათ რეალიზაციას. ცოდნა არ ნიშნავს დაცულობის გარანტიას, მაგრამ გარანტირებული დაცულობა ცოდნის გარეშე არ არსებობს.

სწორედ ამიტომ, საგამომცემლოსაგანმანათლებლო საქმიანობა ,,თავისუფლების ინსტიტუტის“, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

გვანცა ლიპარტელიანის ფოტორეპორტაჟი