![]() |
პატარა საჭადრაკო დაფა. ფარული თამაში (გამოშვება 2) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი პატარა საჭადრაკო დაფა |
საავტორო უფლებები: ©ანდრო ბარნოვი „სტრატეგიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი“ |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ძნელი სათქმელია, რამდენად „პატარა საჭადრაკო დაფაზე” გვიწევს თამაში ქართველებს. პრინციპში, დაფა ერთია და ყველანი ამ დაფაზე ვთამაშობთ, მაგრამ ამ სტატიას მაინც ასე დავარქვი იმიტომ კი არა, რომ მაინცდამაინც ცნობილ პოლიტოლოგთან ასოცირება მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ ერთის მხრივ, სწორედ „საჭადრაკო დაფის” რემინისცენცია გამომეწვია, მეორეს მხრივ კი რეგიონულ პოლიტიკაზე გამეკეთებინა აქცენტი და, ასევე, ჩვენი შედარებით შეზღუდული შესაძლებლობებისათვის გამესვა ხაზი.
სამხრეთ კავკასიის პატარა საჭადრაკო დაფაზე უკანასკნელ დროს ისეთი მოვლენები განვითარდა, რაც სასწრაფო გააზრებას მოითხოვს და სწორედ ამ თემას მიეძღვნება „პატარა საჭადრაკო დაფის“ სერიით შემოთავაზებული მიმოხილვები.
მიმოხილვები უსასყიდლოდ სრულდება და არ გააჩნია რაიმე მკაცრი განრიგი. ჩვენ შევეცდებით, ყურადღება მივადევნოთ იმ მოვლენებს, რომლებსაც აქვთ პოტენცია, რომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე გავლენა მოახდინონ, და მკითხველს შევთავაზებთ ამ მოვლენების ანალიზსა და პროგნოზებს მოსალოდნელი შედეგების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ამით საქართველოსა და კავკასიის მშვიდობისა და განვითარებისათვის სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ.
მიმოხილვების სერიაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ ექსპერტს შეუძლია. ინტერესის შემთხვევაში დაუკავშირდით STanD-ს.
![]() |
2 ძირითადი შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ კავკასიის მოსაზღვრე არც ერთი სახემლმწიფოს ძალა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რომელიმე მათგანმა კავკასიის სრული გაკონტროლება შესძლოს ან ისეთი პარტნიორობის ინიცირება შესძლოს, რაც დანარჩენებისათვის მისაღები იქნებოდა. ევროკავშირის დაშორებული მდებარეობის და ერთიანი პოლიტიკის უქონლობის გამო, ასევე აშშ-ს დაკავებულობის გამო შიდა პოლიტიკური პროცესებით, კავკასიის მთავარი მოთამაშეები რეგიონის სახელმწიფოები ხდებიან, რაც სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და მომავალ განვითარებას სერიოზულ საფრთხეებს უქმნის.
რეგიონის სახელმწიფოთა კონკურენციის გამო შეიძლება წარმოიშვას ისეთი ვითარება, რომელიც რეგიონის სამივე სახელმწიფოს დააზარალებს და უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაში ხანგრძლივი კავკასიური ომიც კი შეიძლება მივიღოთ.
შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის მნიშვნელოვანი გაღრმავება მესამე მხარეების ჩაურევლად და სამხრეთ კავკასიური ალიანსის ჩამოყალიბებისათვის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებით შეაკავებს მოკლევადიან საფრთხეებს და შექმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სამხრეთკავკასიური ალიანსი რეალურად გაფორმდეს და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მოპოვებაც შესძლოს.
რეგიონის დიდ სახელმწიფოთაგან განსხვავებით, ევროკავშირი და აშშ ის ძალებია, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეალური დამოუკიდებლობით არიან დაინტერესებულნი. აშშ და ევროპა ემხრობიან ისეთ პოლიტიკას, რომელიც რეგიონში რუსეთისა და ირანის შესაძლო ექსპანსიას აღკვეთს და კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგო-რესურსების დივერსიფიცირებული მარშრუტების შექმნას შეუწყობს ხელს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ-კავკასიური სტაბილურობისათვის ძირითად დაბრკოლებას რეგიონის სახელმწიფოთა სისუსტე და გამოუცდელობა წარმოადგენდა, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის მოსაზღვრე ზოგიერთ დიდ სახელმწიფოს, რომ რეგიონის შიგნით წამქეზებლური პოლიტიკა ეწარმოებინათ და ამ გზით საკუთარი პოზიციები გაემყარებინათ. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა კონსოლიდაციის გარეშე ასეთი მცდელობების გამორიცხვა არც მომავალში შეიძლება.
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთაგან საქართველოს აქვს ყველაზე ხელსაყრელი პოზიცია იმისათვის, რომ ახალ რეგიონულ პოლიტიკას დაუდოს სათავე. საქართველომ უნდა მოახერხოს კავკასიურ დიალოგში ირანის აქტიური ჩართვა, აშშ-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობით პოზიციების გამყარება და აზერბაიჯანისა და სომხეთის დაყოლიება სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც მოიცავს ძალიან მჭირდო თანამშრომლობას სამხედრო, ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარების საკითხებში.
![]() |
3 ფარული თამაში |
▲ზევით დაბრუნება |
კავკასიის პოლიტიკა ნოყიერ ნიადაგს ქმნის დაუსრულებელი კონფრონტაციისა და ომებისათვის. რეგიონის არც ერთ სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა, რომ რეგიონზე სრული კონტროლი დაამყაროს ან ისეთი პირობები შესთავაზოს დანარჩენებს, რაც ყველასთვის მისაღები იქნებოდა.
თუ საქართვლომ სასწრაფოდ არ გამონახა საკუთარი უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, მოსკოვი შეეცდება, რომ თბილისზე კიდევ უფრო რადიკალური ზეწოლა განახორციელოს და თურქეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდი - საქართველო - საბოლოოდ ჩატეხოს. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს არჩევანი აღარ დარჩება და მას მოსკოვის პირობებზე დათანხმება მოუწევს, ეს კი კავკასიაში რუსეთის სრულ დაბრუნებას გამოიწვევს. თურქეთისთვის ასეთი ვითარება დამღუპველი აღმოჩნდება და ამიტომ ამ შემთხვევაში მოსალოდნელია სომხეთ- აზერბაიჯანის კონფლიქტის განახლება, რომელიც სავარაუდოდ, სომხეთის დამარცხებითა და ნახიჭევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის მდებარე ტერიტორიის დაკარგვით დასრულდება. მაგრამ ამ სცენარით რუსეთის ინტერესი, რომ ცენტრალური აზიის რესურსების კავკასიური მარშრუტი გააუქმოს, კვლავ მიუღწეველი იქნება. ეს რომ აღკვეთოს, რუსეთს პირველ რიგში სჭირდება, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის კონფლიქტის განახლების ალბათობა მოხსნას. რუსეთის ბოლოდროინდელი მცდელობები, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვაროს, სწორედ ამ კუთხით უნდა იქნას დანახული - კრემლს სურს, რომ საფუძველი გამოაცალოს თურქეთის შესაძლო შეჭრას სომხეთის სამხრეთ ნაწილში, ან ამ ტერიტორიების აზერბაიჯანის მიერ ანექსიას, რაც პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ თუ ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდა, მოსკოვი საქართველოზე შეტევას განაახლებს. ეს ვარაუდი კიდევ უფრო მყარდება რუსეთის ბოლო გეგმებით, რომ იჯევანში, აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, ახალი სამხედრო ბაზა გახსნას,1 რაც ბაქო-ანკარას პარტნიორობის წინააღმდეგ დამატებით შემაკავებელ იარაღად გამოიყურება.
სურათი 1: სამხრეთ კავკასიის რეგიონი და მეზობელი ქვეყნები
________________
1 ARMTOWN: Everything Is Clear And Regulated, retrieved on 25/10/2008, from: http://www.armtown.com/news/en/has/20081025/300995453/
![]() |
4 კავკასიური გეოპოლიტიკა: ორი სამკუთხედი |
▲ზევით დაბრუნება |
კავკასიაში სახელმწიფოთა ორი სამეული წყვილდება. ერთის მხრივ, ესენია უშუალოდ სამხრეთ კავკასიის მცირე სახელმწიფოები - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, მეორეს მხრივ კი - ამ სახელმწიფოთა მოსაზღვრე დიდი სახელმწიფოები - რუსეთი, თურქეთი და ირანი.
ეს ორი სამკუთხედი საინტერესოდაა გადაწნული ერთმანეთთან მოპირდაპირე კუთხეების ლოგიკით. ესენია რუსეთი-სომხეთი, თურქეთი-აზერბაიჯანი და ირანი- საქართველო. სამკუთხედის “კათეტები” წყვილებს შორის ბარიერებს ქმნიან: რუსეთსა და სომხეთს საქართველო და აზერბაიჯანი მიჯნავენ ერთმანეთისგან, თურქეთსა და აზერბაიჯანს - საქართველო და სომხეთი, ხოლო ირანსა და საქართველოს - სომხეთი და აზერბაიჯანი.
რუსეთი - სომხეთისა და თურქეთი - აზერბაიჯანის პარტნიორობას შეგვიძლია სტრატეგიული ვუწოდოთ. ამ სამეულში მხოლოდ ირანი-საქართველოს კავშირი არ
სურათი 2: სამხრეთ კავკასია - ორი სამკუთხედი
„მუშაობს“ და ის ჩანაცვლებულია საქართველო-აშშ-ს პარტნიორობით. ამასთანავე, რუსეთი, საქართველო, სომხეთი და ირანი ერთობლივად ქმნიან კავკასიის ვერტიკალურ ღერძს, მაშინ როცა თურქეთი, სომხეთი/საქართველო და აზერბაიჯანი ქმნიან ჰორიზონტალურ ღერძს. ძლიერი ვერტიკალური ღერძი ჰორიზონტალურის დაქვემდებარებულ მდგომარეობას ნიშნავს და - პირიქით.
სურათი 3: ცენტრი და „სხივები“
თეორიულად, რეგიონისთვის არსებობს სამი სახის სცენარი: (1) ერთი ცენტრი მთლიანად ჩაყლაპავს პატარა სამკუთხედს, (2) სამივე ცენტრი (დიდი სამკუთხედი) ერთმანეთს დააბალანსებს “მოპირდაპირე კუთხეების” ლოგიკის მიხედვით, და (3) პატარა სამკუთხედი გახედბა უნიტარული ალიანსი და ორი სამკუთხედის ლოგიკა ცენტრისა და სხივების ლოგიკად გარდაიქმნება.
კავკასიური ბალანსი შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ მსხვილ მოთამაშეთა (რუსეთი, თურქეთი, ირანი) ინტერესები მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ურთიერთ-გამაწონასწორებელი იქნება, ხოლო მათი აგრეგირებული სტრუქტურული ძალები - ურთიერთ-შემაკავებელი.
![]() |
4.1 რუსეთი-სომხეთი |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერესები:
კავკასიაში ნატოს გაფართოების/აშშ სამხედრო ყოფნის შეკავება
კასპიისა და ცენტრალური აზიის რესურსების კონტროლი
სავარაუდო გეო-სტრატეგია
რუსეთ-სომხეთის კავშირი ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს საქართველოსა და აზერბაიჯანზე და ენერგო-რესურსები რუსეთის გავლით გაატაროს. სომხური უმცირესობით დასახლებული ჯავახეთის რეგიონი რუსეთს საქართველოზე ზეწოლის ეფექტურ ბერკეტს აძლევს, საქართველოზე ზეწოლა კი აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვებასაც ნიშნავს, რადგან სომხეთისა და საქართველოს გაკონტროლებით რუსეთი იზოლაციაში მოაქცევს აზერბაიჯანს და საკუთარ პირობებს უკარნახებს. ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთისთვის აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ბარიერის როლს ასრულებდა და მოსკოვი მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით იყენებდა ამ ბარიერს, სანამ ცოტა ხნის წინ ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი ამოქმედდებოდა. მეორეს მხრივ, ჯავახეთის პოტენციური კონფლიქტი ასევე კარგი ბერკეტია ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტის გადასაკეტად. სომხეთისა და საქართველოს გაკონტროლება ნებისმიერი საშუალებით - იქნება ეს სახელმწიფო გადატრიალება თუ სამხედრო ინტერვენცია - რუსეთს საშუალებას აძლევს, რომ აზერბაიჯანის იზოლირება და კონტროლი განახორციელოს.
მაგრამ დღეს რუსეთი ნაწილობრივ წასულია რეგიონიდან და დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დაკავებამ დიდი ალბათობით შეიძლება გამოიწვიოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განახლება (ამჯერად - რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ), რადგან ბაქო იზოლიაციას არ შეეგუება და თურქეთისაგან აქტიური მხარდაჭერის ძებნას დაიწყებს. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში (ანუ რუსეთის მიერ საქართველოზე სრულმასშტაბიანი შეტევის წამოწყების შემთხვევაში) არსებობს ძალიან მაღალი რისკი იმისა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი განახლდეს და სომხეთის სამხრეთ ნაწილის ანექსიით დასრულდეს.
სურათი 4: სამხრეთ კავკასიური გეოსტრატეგია
შესაბამისად, რუსეთის ინტერესშია, რომ ყარაბაღის კონფლიქტი დაასრულოს და ამით აზერბაიჯანსა და თურქეთს კონფლიქტის განახლების ყველანაირი საშუალება მოუსპოს.
ამიტომ, კრემლის კავკასიური სვლების თანმიმდევრობა, სავარაუდოდ, შემდეგნაირად გამოიყურება:
სომხეთში სამხედრო ყოფნის გაძლიერება და პოლიტიკური რისკების აღმოფხვრა (იჯევანის ბაზა - მიმდინარეობს)
ბაქოსა და თეირანის კავშირების ხელშეწყობით აზერბაიჯანისთვის იზოლაციის საფრთხის შეგრძნების შემცირება (მიმდინარეობს)
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულება (მიმდინარეობს)
ჩრდილოეთ კავკასიაში პოზიციების გამყარება აქ თურქეთის გავლენის აღკვეთის მიზნით (მიმდინარეობს)
საქართველოზე სრული პოლიტიკური კონტროლის დამყარება სამხედრო ინტერვენციის ან გადატრიალების გზით (მიმდინარეობს)
![]() |
4.2 თურქეთი-აზერბაიჯანი |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერესები:
ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქციის შენარჩუნება
კავკასიაში რუსეთის დომინანტობის აღკვეთა
მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნება
სავარაუდო გეო-სტრატეგია:
აზერბაიჯანთან პირდაპირი კავშირის საჭიროება თურქეთს კარნახობს, რომ მას სჭირდება მინიმუმ ორიდან ერთი - ან საქართველოს, ან სომხეთის გაკონტროლება. რუსეთის მიერ სომხეთის კონტროლისა და სომხეთ-თურქეთის ისტორიული უთანხმოების გამო ანკარამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან თანამშომრომლობისა და სომხეთის იზოლირების სტრატეგია აერჩია. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და განვითარების პერსპექტივების თვალსაზრისით, თურქეთი ბაქოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ანკარას ძლიერი პოზიციის გარეშე აზერბაიჯანი ან რუსეთის ვასალი გახდება და ან - ირანის, რადგან ამ დიდ სახელმწიფოებთან საზღვრებს იყოფს. შესაბამისად, თურქეთთან ერთად ენერგო-დერეფნის ფუნქციის ათვისება და ყარაბაღის კონფლიქტის პერსპექტივები ბაქოს კარნახობს, რომ მას სასიცოცხლოდ სჭირდება ანკარასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.
რუსეთ-საქართველოს მტრობა თურქეთს ხელს აძლევს, რადგან ეს სიტუაცია თბილისს თურქეთის სასარგებლოდ განაწყობს, ბაქოსა და თბილისთან პარტნიორობა კი ანკარას კასპიის ზღვაზე გასასვლელს აძლევს. ამიტომ, კავკასიაში რუსეთის დაბრუნება თურქეთისთვის რეალური საფრთხის შემცველია, ირანი კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ პოტენციურ საფრთხედ აღიქმება თურქეთის მიერ. შესაბამისად, თურქეთის ინტერესია, რომ საქართველოში და აზერბაიჯანში პოზიციები გაიმყაროს და ისეთი პირობები შექმნას, როდესაც სომხეთში რუსეთის ყოფნა აზრს დაკარგავდა.
ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ანკარასა და ერევანის შეთანხმების გარეშე, რეგიონის ორ დანარჩენ სახელმწიფოს აზერბაიჯანისკენ გზას უხსნის, თურქეთს კი ამ გზას უკეტავს. შედეგად, მოსალოდნელია, რომ თურქეთი აქტიურად ჩაერთვება ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში, რომ მისი გადაწყვეტა ანკარას ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ დაუშვას.
შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქეთის გეოსტრატეგიული სვლების თანმიმდევრობა ასეთი იქნება:
შეიქმნას პოლიტიკური დასაყრდენი ჩრდილოეთ კავკასიაში და მოუჭრას რუსეთს გზა სამხრეთ კავკასიისკენ
დაამყაროს საქართველოზე საკმარისი კონტროლი
დაამყაროს სტრატეგიული კავშირი აზერბაიჯანთან
განდევნოს რუსეთი სომხეთიდან და უზრუნველყოს რეგიონზე საკუთარი გრძელვადიანი გავლენა
![]() |
4.3 ირანი-საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერესები:
ცენტრალური აზიის რესურსების ტრანსპორტირება საკუთარი ტერიტორიის გავლით
საკუთარი ენერგორესურსებით თავისუფლად ვაჭრობა
კავკასიური მოთამაშის როლის დაბრუნება და რუსეთისა და თურქეთის დაბალანსება
სავარაუდო გეო-სტრატეგია:
როგორც „ვერტიკალური ღერძის“ სახელმწიფოს, ირანს რუსეთის მსგავსი ინტერესები აქვს კავკასიაში, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის იზოლაციას და კონტროლს ისახავს მიზნად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ირანის ინტერესია ჰორიზონტალური ღერძის ფუნქციონირების აღკვეთა და ცენტრალური აზიის რესურსების სამხრეთისაკენ გადამისამართება. ისევე როგორც რუსეთის მთავარ საყრდენს კავკასიაში სომხეთი წარმოადგენს და თურქეთის საყრდენს - აზერბაიჯანი, ირანის მიზანი, ლოგიკურად, უნდა იყოს რომ ასეთივე დასაყრდენი საქართველოში ნახოს. მაგრამ თეირანს ძალა არ ყოფნის ამისათვის და ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ირანი დაინტერესებული იყოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გაჩაღებით, რაც ირანს საკუთარი ინტერესების გატარებაში დაეხმარებოდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ჰერეთი, სადაც დაახლოებით 35000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა და არსებობს სხვა პოტენციური კერებიც. ირანს შეუძლია გამოიყენოს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ნებისმიერი პოტენციური უთანხმოება და, საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირებით, აზერბაიჯანზე ზეწოლა განახორციელოს. კავკასიის ნებისმიერ კონფლიქტში ჩართვა ირანს რეგიონზე გავლენას დაუბრუნებს.
ასეთი საშიში მიზნების მიუხედავად (როგორიცაა ახალი კონფლიქტების შესაძლო გაღვივება), ირანი ძალიან საინტერესო პარტნიორი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, რაც ორ ძირითად მიზანს მოიცავს: (1) რუსეთისა და თურქეთის დაბალანსება, და (2) რეგიონში ისეთი ძლიერი მეწყვილის ნახვა, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენდა. რეგიონის დიდ სახელმწიფოთა შორის ირანი საქართველოს საუკეთესო შესაძლო პარტნიორი შეიძლება იყოს. კავკასიის გეოპოლიტიკა განაპირობებს, რომ საქართველო u4312 .რანს უმჭიდროესი კავშირებით უნდა შეეკრას, ხოლო რუსეთსა და თურქეთს შორის მოქნილი პოზიცია დაიკავოს კონკრეტული კონტექსტისა და ინტერესის მიხედვით. საქართველოსთვის აუცილებელია, რომ ირანთან ძალიან მჭიდრო კავშირები შეინარჩუნოს მაშინაც კი, როცა თბილისს განსხვავებყული გეგმები აქვს, მაგალითად, როგორიცაა ევროინტეგრაცია ან აშშ-სთან პარტნიორობა. იმის გათვალისწინებით, რომ ირანი-საქართველოს კავშირი კავკასიის ერთადერთი უმოქმედო ხიდია, ამ ხიდის ამოქმედება რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობის ქვაკუთხედი შეიძლება გახდეს.
დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, ირანის სტრატეგიული ამოცანები კავკასიაში დაახლოებით შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს:
დაამყაროს მჭიდრო პარტნიორობა საქართველოსთან (თუ თბილისის მხარდაჭერას ვერ ნახავს, მაშინ ხელი შეუწყოს საქართველო-აზერბაიჯანის კონფლიქტის გაღვივებას და დაიჭიროს საქართველოს მხარე)
განახორციელოს ზეწოლა აზერბაიჯანზე, თურქეთთან კავშირის თაობაზე და შეზღუდოს ან შეაჩეროს პარტნიორობა ბაქოსა და ანკარას შორის
მხარი დაუჭიროს სომხეთს ყარაბაღის კონფლიქტში
გაუყოს რუსეთს გავლენა კავკასიაში (თვალი დახუჭოს რუსეთის ყოფნაზე სომხეთსა და აფხაზეთში, ან, ალტერნატიულად, შეიჭრას და დაიკავოს აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხრეთ ნაწილები)
![]() |
4.4 შესაძლებელია თუ არა კავკასიური ზავი? |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც რუსეთი ეკვრება სომხეთს, თურქეთი - აზერბაიჯანს და ირანი - საქართველოს, კონკურენცია კავკასიაში პიკს აღწევს. ერთის მხრივ, ეს თითქოს შესაძლებელს ხდის, რომ კავკასიის პოლიტიკა რეგიონის სამ დიდ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებადი გახდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ამ სახელმწიფოთა ინტერესებს გავითვალისწინებთ, ასეთი მოლაპარაკების შანსები ძალიან დაბალი გამოჩნდება. პირიქით, მოსალოდნელია, რომ დიდი სახელმწიფოები დასწრებისა და წინასწარ-აღკვეთის პოლიტიკაზე გააკეთებენ აქცენტს მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გამარჯვების მიღწევა არც ერთს არ შეეძლება. მაგალითად, ძალიან საეჭვოა, რომ მოსკოვმა კავკასიური თამაშის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტაზე უარი თქვას. როგორც ზემოთაც ითქვა, ეს თურქეთს საფუძველს მისცემს, რომ სამხრეთ სომხეთზე კონტროლი დაამყაროს. თავის მხრივ, ირანი მხარს დაუჭერს რუსეთს თურქეთის საწინააღმდეგოდ და აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილს დაიკავებს ნახიჭევანსა და ბაქოს სამხრეთ კასპიის სანაპიროს ჩათვლით.
თურქეთი იქნება დაინტერესებული, რუსეთი და ირანი კი გაგრძელებული კავკასიური არეულობით მხოლოდ იხეირებენ, რადგან ისინი შეძლებენ, რომ მსოფლიო ბაზარს საკუთარიცა და ცენტრალური აზიის რესურსებიც ალტერნატიული მარშრუტების მეშვეობით მიაწოდონ და ფასიც საკუთარი უკარნახონ. ამიტომ, თუ ეს ომი დაიწყო, მას სწრაფი დასრულება არ უწერია, ეს კი კავკასიის პატარა ერებისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. თურქეთის გარდა ამ სცანარის განხორციელების შედეგად წაგებული რჩება აშშ-ცა და ევროპაც, რადგან ისინი ცენტრალური აზიის რესურსებზე კონტროლს დაკარგავენ და მთლიანად რუსეთ-ირანის კოალიციაზე გახდებიან დამოკიდებულნი. ამიტომ თურქეთის პოლიტიკის მიმართ ნატოს აქტიური მხარდაჭერა უნდა ვივარაუდოთ, თუმცა ეს ფაქტორი ომის საბოლოო შედეგების თაობაზე მსჯელობის ნაკლებ საფუძველს იძლევა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის არც ერთ სახელმწიფოს არ შესწევს სათანადო ძალა, რომ მთელ სამხრეთ კავკასიაზე სრული კონტროლი დაამყაროს და ისინი არც დათმობებისთვის არიან მზად. რეგიონის სახელმწიფოთა შორის კონკურენციამ შეიძლება ხანგრძლივი პოლიტიკური არეულობა და ომები მოუტანოს რეგიონს.
სურათი 5: გავლენის შესაძლო სფეროები სამხრეთ კავკასიაში, სამმხრივი კონფლიქტის შემთხვევაში
![]() |
5 აშშ-სა და ევროპის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი არაფერი იქნება თუ ვიტყვით, რომ რეგიონში დასავლეთის ძირითადი ინტერესები ენერგო-მარშრუტების დივერსიფიცირებასა და რეგიონის დიდი სახელმწიფოების შესაძლო ექსპანსიის შეკავებას მოიცავს. კავკასიური „დიდი სამკუთხედის” ქვეყნები პოტენციურად ერთნაირი საფრთხის შემცველები არიან ევროკავშირის ენერგო უსაფრთხოებისთვის. ამიტომ დასავლეთს არ სურს, რომ ენერგო მარშრუტებზე კონტროლი რომელიმე ერთი მოთამაშის ხელში აღმოჩნდეს, თუნდაც ეს თურქეთი იყოს. მეორეს მხრივ, აშშ-ს ინტერესებშია, რომ ევროკავშირი რუსეთზე დამოკიდებულებისაგან თავისუფალი იყოს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც რეგიონის დიდი სახელმწიფოები საფრთხეს წარმოადგენენ, მათი ზომაა. დიდი სახელმწიფოს შეკავება ყოველთვის რთულია და ყოველთვის კარგი აზრია მათ დასაბალანსებლად პატარა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა. მაგრამ პატარა სახელმწიფოები კარგი პარტნიორები იმ შემთხვევაში არიან დიდის დასაბალანსებლად, თუ მათი პოზიციების გარე ძალით გამყარება და პირდაპირი აგრესიისაგან დაცვა შესაძლებელია.
მიუხედავად ამისა, პატარა სახელმწიფოები ზოგჯერ ზედმეტად პატარები არიან იმისათვის, რომ დიდი მეზობლების შეკავება მოახერხონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სახელმწიფოებს თავდაცვის ძალიან ეფექტური საშუალებები გააჩნდეთ, თუმცა მათი აღჭურვა შემტევი სტრატეგიებითა და საშუალებებით ყოველთვის ძალიან სახიფათოა.
როგორც აგვისტოს ომმა ყველას დაანახა, საქართველომ ვერ შესძლო რუსეთისაგან თავის დაცვა და ასევე ვერ დაიცვა დასავლეთის იმედები და ინვესტიციები. ამიტომ, დასავლეთს ალტერნატიული სტრატეგიები სჭირდება. ზოგადად, დასავლეთის ინტერესებშია, რომ სამხრეთ კავკასიის პარტნიორ სახელმწიფოებს თავდაცვის უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ.
თუმცა, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული გაუცხოება ამ მიზანს ეჭვ-ქვეშ აყენებს. ამიტომ, სამხრეთ კავკასიის მცირე სახელმწიფოთა შორის ხსენებული გაუცხოების მოხსნა, საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბება და ძალიან მჭირდო სტრატეგიული პარტნიორობა დღეს როგორც არასდროს, დასავლეთის ინტერესებშია.
სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თეორიული ალიანსი მაინც ძალიან მცირე ერთობა იქნება იმისათვის, რომ დამოუკიდებელი გავლენა მოახდინოს რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე, მაგრამ თუ ეს სახელმწიფოები ერთად შეიკვრებიან, მაშინ ისინი უსაფრთხოების ძალიან ეფექტური პოლიტიკის გატარებას შეძლებენ და მეზობელი დიდი სახელმწიფოებისთვის გადაიქცევიან იმ ძირითად ფაქტორად, რაც მათ დასწრების, შეკავებისა და სამხედრო სცენარების პოლიტიკის ნაცვლად მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების პოლიტიკისაკენ უბიძგებს.
![]() |
6 სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში და რეგიონის ერთიანობის პერსპექტივები |
▲ზევით დაბრუნება |
რეგიონის მსხვილი სახელმწიფოების კონკურენციის შედეგად სამხრეთ კავკასიაში მეტად არასახარბიელო სურათს ვიღებთ და მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს რეგიონის პატარა სახელმწიფოების - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის - ურთიერთ-უნდობლობა და უუნარობა, რომ რეგიონის სტაბილურობაზე თავად იზრუნონ. ეს გამოწვეულია როგორც, ერთის მხრივ, ამ სახელმწიფოთა არასაკმარისი აგრეგირებული ძალებით, ასევე, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ სუბიექტთა უმწიფარობით, სიტუაციაში ორიენტაციის უუნარობითა და გრძელვადიანი სტრატეგიების არქონით. ამის მიუხედავად, ეს პრობლემები დაძლევადი იქნება, თუ ამ სახელმწიფოთა წამყვანი პოლიტიკური სუბიექტები მოახერხებენ რეგიონის საფრთხეების შესახებ ერთად მსჯელობას და რეგიონის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.
დაღვრილი უამრავი სისხლის მიუხედავად, სამხრეთ კავკასიური კონფლიქტები უმეტესად არარაციონალურ ნიადაგზეა წარმოშობილი. მათი მიზეზები უმეტესად წარმოშობილია ნაციონალისტი ლიდერების ინტელექტუალური ან მორალური ჩამორჩენილობითა და უპატიოსნობით, რომლებიც ახერხებდნენ, რომ ხალხი კონსპირაციული თეორიების, „დიადი წარსულისა“ და გამოგონილი საფრთხეების რიტორიკით აეყოლიებინათ, რასაც კარგად იყენებდნენ გარე ძალები და პირდაპირ თუ ირიბარ მხარს უჭერდნენ ასეთ ლიდერებს. თუმცა, მას შემდეგ საკმარისი დრო გავიდა და ბევრმა დაინახა ამ იდეების არაადექვატურობა და წამგებიანობა. ამიტომ, ეკონომიკური ინტერესები და მშვიდობა წინა პლანზე გამოდის. ეჭვგარეშეა, რომ რეგიონში მშვიდობის იდეის უპირველესი მხარდამჭერი სწორედ აქ მცხოვრები ხალხია მაგრამ არსებული ძალიან მძიმე პრობლემების მიუხედავად, შერიგებისა და გაერთიანებისაკენ თითქმის არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი არ მოუწოდებს. რეგიონში თითქმის არ ვხვდებით ისეთ ლოზუნგებს, როგორიცაა მაგ. „კავკასიის საერთო ბედი“, „საერთო კავკასიური სახლი“, „მშვიდობა კავკასიას“ და ა.შ. ეს თემები დღეს ძალიან პოპულარული არაა, რადგან ლიდერების კერძო ამოცანები ყველაფერზე წინ დგება და არ არსებობს ხედვა, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მიღწევა.
ვინც სამხრეთ კავკასიის ამბებში ჩახედულია, ალბათ, დაეთანხმება იმ აზრს, რომ აქაური პოლიტიკა ყველაფერია სტრატეგიისა და ზრუნვის გარდა. ფული, გავლენა, ფუფუნება, შიში, ტყუილი და კორუფცია მართავს მთელ რეგიონს. დიალოგის ნაკლებობა ძალიან თვალშისაცემია, დემოკრატიული პრაქტიკა განუვითარებელია და, სამი სახელმწიფოს მცირე ზომების მიუხედავად, ხალხი ნაკლებად იცნობს ერთმანეთს. თითქმის არ არსებობს გაზიარებული პოლიტიკა და საზიარო საინფორმაციო საშუალებები, გაზეთი იქნება ეს, რადიო თუ ტელევიზია, სამივე ქვეყანა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ფიქრობს იმაზე, რომ გახსნილობა და თანამშრომლობა რეგიონისთვის აუცილებელია. ამ სიტუაციის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ილუსტრაცია ისაა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის კარგი ზოგადი ურთიერთობებისა და საქართველოსა და აზერბაიჯანში ბოლო წლებში გაუმჯობესებული ეკონომიკური კლიმატის მიუხედავად, ერთობლივი ბიზნეს-აქტივობები რეგიონში მაინც ძალიან შეზღუდული რაოდენობით გვხვდება. ბუნებრივია, ეს მდგომარეობა რეგიონული ერთობისათვის კარგ პერსპექტივებს არ ქმნის და გასაგებია, რომ საუკეთესო, რაც დასავლეთს აქ შეუძლია გააკეთოს, არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი აქტივობების, ინფორმაციის გაზიარებისა და განათლების ხელშეწყობაა. მაგრამ ეს დიდი მასშტაბით უნდა გაკეთდეს, რომ შედეგი გამოიღოს.
სამხრეთ კავკასიის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან რთულია. რეგიონის ლიდერებს აკლიათ დამოუკიდებლობა, ურთიერთ-ნდობა და რეგიონული მომავლის ხედვა. თუმცა, ამ სამწუხარო რეალობის მიუხედავად, აუცილებელია, რომ სამხრეთ კავკასიური ალიანსის თაობაზე საუბრები და ხელშესახები მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყოს.
სამხრეთ კავკასიური ალიანსი უნდა იყოს გეგმა და პროექტი. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებრივი აზრი ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი მნიშვნელობა არ უნდა იქნას აღრეული გადაწყვეტილების მიმღებთა ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციასთან და ორივე პროცესი შესაბამისად უნდა დაიგეგმოს. საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხია მისი მხარდამჭერი როლი გადაწყვეტილების მიმღებთათვის და სპეციალური სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისათვის, რომ რეგიონული ერთობის იდეა კარგად გასაგები გახდეს მოსახლეობისათვის, გადაწყვეტილების მიმღებებს კი საქმე უნდა გაუადვილდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სქემებითა და პროექტებით რეგიონის ეკონომიკისა და უსაფრთხოების შესახებ. აჩქარება საჭირო არ არის.
სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენს რეგიონის მშვიდობისა და ერთობისათვის. ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეუძლებელია შემრიგებლური საუბრებით, რა თქმა უნდა არ შეიძლება ძალით, და მათ არც დრო განკურნავს. რაც აქ აუცილებელია, არის “უფრო დიდი იდეა”, რაც კავკასიაში ყველასათვის მისაღები და პირადი გახდებოდა.
![]() |
7 „უფრო დიდი იდეა“ |
▲ზევით დაბრუნება |
პატარა ევროპა
დიდად სადაო არ არის, რომ უსაფრთხოების ნაკლებობა კავკასიაში ყველაზე მტკივნეული თემაა. ხალხი დაღლილია გამუდმებული დაპირისპირებითა და ომებით, რომლებიც პირდაპირ აისახება მათ სიცოცხლეზე და სოციალურ მდგომარეობაზე. ამიტომ საზოგადოების ყურადღებას დაიმსახურებს ისეთი იდეა, რომელიც უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისაკენ უხმობს, გამყარებულია ცხადი ხედვით და სადაც ნებისმიერი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი თავის ადგილს ხედავს. ასეთი იდეის მიმართ ნებისმიერი ღია წინააღმდეგობა მხოლოდ მისასალმებელი უნდა იყოს, რადგან მოწოდების ძალა მის გახსნილობაში და ინტენსიურ საჯარო დისკუსიაში იქნება. ბუნებრივია, აქ აუცილებელი იქნება ლიდერი და ლიდერები და საჭირო იქნება დრო, რომ ეს ყველაფერი რეალურად განხორციელდეს. თუმცა ისიც გასაგებია, რომ ოდესმე ეს უნდა დაიწყოს. კავკასიის რეგიონი, მისი მრავალფეროვანი მოსახლეობითა და მრავალფეროვანი შეხედულებებით ძალიან წააგავს ევროპას. უსაფრთხოების თვალსაზრისით ის აგრეთვე გვახსენებს იმ დროს, როდესაც ევროპის ერებმა აშშ-ს საგარეო მხარდაჭერა მოითხოვეს მზარდი საფრთხეების წინაშე თავდასაცავად და მიიღეს კიდეც ეს მხარდაჭერა. აშშ ქოლგა აღმოჩნდა, სწორედ, ის ფაქტორი, რამაც საერთო ევროპული სახლის იდეა წარმოშვა. იგივე იქნება საჭირო სამხრეთ კავკასიისთვის.
კავკასიის სტაბილურობა - „საშინაო“ საქმე
კავკასიის სტაბილურობისა და განვითარების მყარი გარანტიები მხოლოდ მაშინ იქნება მიღწევადი, თუ პროცესი რეგიონის სახელმწიფოების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) შიდა შეთანხმებებს დაეყრდნობა. ასევე, კონფლიქტები მოგვარდება მხოლოდ ურთიერთ-შეთანხმებისა და ურთიერთ-პატივისცემის ნიადაგზე და არა - მესამე ძალების მიერ ზეწოლისა და დაბალანსების პოლიტიკის შედეგად. რეგიონის სამივე სახელმწიფოს აქცენტი ეკონომიკურ პარტნიორობაზე და უმჭიდროესი სამხედრო თანამშრომლობა - ეს არის კავკასიის სტაბილურობის უპირველესი ამოსავალი პრინციპი.
საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთად 15 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. სამივე სახელმწიფოს ერთად 50 მილიარდ აშშ დოლარამდე მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და 180 000-მდე ადამიანი უყენია იარაღის ქვეშ (რეზერვის ჩათვლით - 300 000-მდე). მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ დიდ სახელმწიფოებთან შედარებით ეს შთამბეჭდავი ციფრები არ არის, ეფექტური თავდაცვის ორგანიზებისათვის მაინც საკმარის რესურსად შეიძლება ჩაითვალოს. აქვე გასაგებია, რომ რუსეთი არ შეეგუება სამხრეთ კავკასიის გაერთიანების გეგმებს და მის შესაჩერებლად ყველაფერს იღონებს. ამიტომ, გადამაწყვეტი როლი აქ შეიძლება შეასრულოს რეგიონის კოალიციის სტრატეგიულმა თანამშრომლობამ აშშ-სთან და ევროკავშირთან, რაც არა მარტო გაამყარებს ამ კოალიციის თავდაცვისუნარიანობას, არამედ - საერთაშორისო მხარდაჭერასაც მოუპოვებს მას. ამას გარდა, სამხრეთ კავკასიური პარტნიორობის სცენარით აშშ-ს და ევროკავშირის დაინტერესებამ შესაძლოა კატალიზატორის როლი ითამაშოს რეგიონის სახელმწიფოთა შორის დაპირისპირების მოსახსნელად. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სამხრეთ კავკასიის ალიანსმა მეგობრული ურთიერთობების დემონსტრირება მოახდინოს მეზობელ დიდ სახელმწიფოებთან და ძირითადი პრინციპი აქ ალბათ ის უნდა იყოს, რომ კასპიისპირა სახელმწიფოებს სამართლიანი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ კასპიის რესურსებისა და მარშრუტების მიმართ.
როგორც ითქვა, სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უპირველესი ინტერესია. ამ იდეის წარმატებისათვის კი აუცილებელია, რომ სამივე სახელმწიფო შეთანხმდეს კონფლიქტების მოგვარების ძირითადი პრინციპებისა და სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი თემებისა და პრინციპების შესახებ. ეს საფუძველმდებარე პრინციპები დაახლოებით შემდეგნაირი შეიძლება იყოს:
კონფლიქტები
სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოდან ორი, აზერბაიჯანი და სომხეთი, ყარაბაღის საკითხის გამო კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან. საქართველოს აქვს საკუთარი ორი კონფლიქტი ოსებსა და აფხაზებთან და თეორიულად დასაშვები კონფლიქტები სომხეთთან და აზერბაიჯანთან, შესაბამისად, ჯავახეთისა და საინგილოს რეგიონების გამო. სამხრეთ კავკასიური თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება ამ საკითხების გარშემო პრინციპული თანხმობის მიღწევის გარეშე.
პირველი პრობლემა ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. რეგიონის სამივე სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს, რომ აღიარებული საზღვრების გადახედვა მიუღებელია.
აქტიური კონფლიქტების რეგიონებისთვის უნდა გამოინახოს ისეთი გადაწყვეტა, რომელიც ყველა ეთნიკური ჯგუფის ძირითადი უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. სადაც სხვა გამოსავალი არ იქნება, გამოყენებულ უნდა იქნას ერთობლივი პოლიციური და სამხედრო გადაწყვეტებიც კი. რაც მთავარია, სამივე სახელმწიფომ უნდა უარყოს მესამე მხარის მედიატორობა რეგიონის კონფლიქტების მოგვარების საქმეში.
იმ კონფლიქტებში, რომელთა მოგვარება რეგიონის სახელმწიფოებს პირდაპირ არ შეუძლიათ და მთლიანად მესამე მხარეზეა დამოკიდებული (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი), რეგიონის სახელმწიფოებმა უნდა ერთიანი პოზიცია დაიკავონ მესამე მხარის მიმართ.
იმ რეგიონებში, სადაც მომავალში კონფლიქტის კერა შეიძლება გაჩნდეს (ჯავახეთი, საინგილო), რეგიონის სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ კონფლიქტების პოტენციალის აღმოფხვრისათვის, ადამიანის ძირითად უფლებებზე და თავისუფლებებზე დაყრდნობით.
ეკონომიკური განვითარება
სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების განსხვავებული პოტენციალი აქვს. ეს გარემოება სამხრეთ კავკასიურ პარტნიორობას გარკვეულწილად ხელს უშლის, რადგან წამგებიან სიტუაციაში აღმოჩენა არც ერთ სუბიექტს არ მოუნდება. ამიტომ, კავკასიური ალიანსი ეკონომიკურ საკითხებსაც უნდა ითვალისწინებდეს და სამივე სუბიექტს საშუალებას აძლევდეს, რომ მეტ- ნაკლებად ერთნაირად განვითარდნენ. ეს შეიძლება მოიცავდეს საგადასახადო სისტემების დაახლოებას, საბაჟო გადასახადების სრულ გაუქმებას და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ენერგო-რესურსების მარშრუტები სწორად განაწილდეს სომხეთსა და საქართველოზე. ამასთან, უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა არითმეტიკულ თანაბარ განაწილებას, არამედ - პოლიტიკური წონასწორობის თვალსაზრისით გათვლილ მარშრუტებს.
სამხედრო თანამშრომლობა
სამხედრო თანამშრომლობა სამხრეთ-კავკასიური ალიანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი იქნება. იმის გამო, რომ ალიანსის წევრების ვალდებულება საომარი მოქმედებების დროს ერთმანეთის დაცვაც იქნება, ოპერატიული და ტექნიკური ურთიერთ-თავსებადობის მიღწევა სრულიად გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ასევე, ალიანსის სახელმწიფოების ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების დაუშვებლობას. თუ ეს საკითხი არ გადაიჭრა, ალიანსი ვერ შედგება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი მანამდე შეიძლება გაფორმდეს, სამივე სახელმწიფომ შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს და რუსეთი აიძულოს, რომ სომხეთიდან ბაზები გაიტანოს. კონფლიქტების დარეგულირების შემდეგ იგივე უნდა განხორციელდეს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული ბაზების მიმართ.
დემოკრატიის განვითარება
რეგიონის სტაბილურობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა იქნება შიდა პოლიტიკური პროცესების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამიტომ, სამივე სახელმწიფომ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისათვის. ამ საკითხის მნიშვნელობა არაფრით ჩამოუვარდება სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საერთაშორისო ურთიერთობები
სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთ-შეთანხმებული საერთაშორისო პოლიტიკა სამხრეთ-კავკასიური ალიანსისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება. ეს განსაკუთრებით შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ენერგო უსაფრთხოება და სამხედრო თანამშრომლობა.