![]() |
პატარა საჭადრაკო დაფა (გამოშვება 3) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი პატარა საჭადრაკო დაფა |
საავტორო უფლებები: ©ანდრო ბარნოვი „სტრატეგიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი“ |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ძნელი სათქმელია, რამდენად „პატარა საჭადრაკო დაფაზე“ გვიწევს თამაში ქართველებს. პრინციპში, დაფა ერთია და ყველანი ამ დაფაზე ვთამაშობთ, მაგრამ ამ სტატიას მაინც ასე დავარქვით იმიტომ კი არა, რომ მაინცდამაინც ცნობილ პოლიტოლოგთან ასოცირება გვინდოდა, არამედ იმიტომ, რომ ერთის მხრივ, სწორედ „საჭადრაკო დაფის“ რემინისცენცია გამოგვეწვია, მეორეს მხრივ კი რეგიონულ პოლიტიკაზე გაგვეკეთებინა აქცენტი და, ასევე, ჩვენი შედარებით შეზღუდული შესაძლებლობებისათვის გაგვესვა ხაზი.
სამხრეთ კავკასიის პატარა საჭადრაკო დაფაზე უკანასკნელ დროს ისეთი მოვლენები განვითარდა, რაც სასწრაფო გააზრებას მოითხოვს და სწორედ ამ თემას მიეძღვნება „პატარა საჭადრაკო დაფის“ სერიით შემოთავაზებული მიმოხილვები. მიმოხილვები უსასყიდლოდ სრულდება და არ გააჩნია რაიმე მკაცრი განრიგი. ჩვენ შევეცდებით, ყურადღება მივადევნოთ იმ მოვლენებს, რომლებსაც აქვთ პოტენცია, რომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე გავლენა მოახდინონ, და მკითხველს შევთავაზებთ ამ მოვლენების ანალიზსა და პროგნოზებს მოსალოდნელი შედეგების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ ამით საქართველოსა და კავკასიის მშვიდობისა და განვითარებისათვის სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ.
მიმოხილვების სერიაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ ექსპერტს შეუძლია. ინტერესის შემთხვევაში დაუკავშირდით STAND-ს.
![]() |
2 „პატარა საჭადრაკო დაფა“. საქართველო, ირანი და სამხრეთ კავკასიური უსაფრთხოება |
▲ზევით დაბრუნება |
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ირანმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგიონის განვითარების ყველა მნიშვნელოვან ასპექტში” - განაცხადა სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საიდ ჯალილმა, განაცხადა, რომ „ირანის პოლიტიკა გულისხმობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას და კრიზისების დაძლევას“.1 ამავე შეხვედრაზე, სომხეთმა და ირანმა 10 დოკუმენტს მოაწერეს ხელი და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და იურუდიულ სფეროებში.2 შეხვედრა გაიმართა 24
ნოემბერს, აზერბაიჯანმა და სომხეთმა კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას 2 ნოემბერს მოაწერეს ხელი. ასევე, წლის ბოლომდე დაგეგმილია რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა „კავკასიური პლატფორმის” ფარგლებში, სადაც ირანის მონაწილეობა კვლავ არ განიხილება3.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის აქტიურობა კავკასიურ პოლიტიკაში ირანის ჩასართველად პირდაპირ უპასუხებს რუსეთის გაცხადებულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება თურქეთის პოლიტიკას, რომელიც კავკასიაში ირანის გავლენის შეზღუდვას გულისხმობს. 31 ოქტომბერს ანკარაში გამართულ კონფერენციაზე რუსეთი აქტიურად ითხოვდა ირანთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მის ჩართვას „კავკასიურ პლატროფმაში”, თურქეთის წარმომადგენლები კი ამ თემის გვერდის ავლას ცდილობდნენ.4
ერთის მხრივ, რუსეთის გავლენა სომხეთზე, მეორეს მხრივ კი ერევანის თანამშრომლობა თეირანთან სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს თურქეთის ინტერესს, შეინარჩუნოს კავკასიური დერეფანი. ირანთან ურთიერთობების დათბობის სურვილის მიუხედავად, ასეთ თანამშრომლობას არც აშშ მიესალმება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი ირანთან დასაახლოებლად ახლო მომავალში გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს. სომხეთში ირანის პოზიციების გაძილერება ნიშნავს, რომ გაძლიერდება სტრატეგიული თანამშრომლობა მოსკოვსა და თეირანს შორის და შემცირდება აზერბაიჯანის აგრეგირებული ძალა ყარაბაღის კონფლიქტის თავისთვის ხელსაყრელად მოსაგვარებლად. თურქეთის დაბალანსებისა და აზერბაიჯანზე ზეწოლის თვალსაზრისით, მოსალოდნელია, რომ ირანი მომავალში გადამწყვეტ როლს შეასრულებს რუსეთისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ თურქეთის ევრაზიული დერეფნის ფუნქცია თურქეთზე აღარ იქნება დამოკიდებული. აქ საყურადღებოა ისიც, რომ ირანის დახმარებით სომხეთის პოზიციების გაძლიერება აზერბაიჯანი- საქართველო-თურქეთის მარშრუტის ეფექტურობას აკნინებს, რადგან აზერბაიჯანს უმცირდება სომხეთზე ზეწოლის მოტივაცია, თურქეთს უმცირდება შესაძლებლობა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს, რუსეთს კი, როგორც კი თურქეთის ირანით დაბალანსება რეალობა გახდება, გზა ეხსნება საქართველოზე ზეწოლის გასაგრძელებლად. ამ მდგომარეობის მიღწევამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი და ფიგურალურად ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე თითქმის დღეების საქმეა.
ამ ვითარების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს სომხეთის მიმართ პოზიციების შეცვლა როგორც თურქეთის, ასევე - ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან. უკვე ფაქტია, რომ აგვისტოს აქტიურობის შემდეგ, თურქეთი აღარ ჩქარობს ერევანთან ურთიერთობების დალაგებას და ბოლო დროს უმეტესად ცალმხრივი განცხადებები ისმის სომხეთის მხრიდან, რომლებიც ანკარას დაგროვილი პრობლემების სასწრაფო გადაჭრისაკენ მოუწოდებენ.5 მეორეს მხრივ, ეს მოწოდებები თურქეთის უარყოფითი რეაქციის შესაკავებლადაა გამიზნული.
აღსანიშნავია, რომ რთულ მდგომარეობაში დგება აზერბაიჯანი. ერთის მხრივ, ირანის გააქტიურების საფრთხე, მეორეს მხრივ კი თურქეთის ზეწოლის შემცირება სომხეთზე და რუსეთის გავლენის გაზრდა საქართველოში ბაქოს იზოლირებას უქადის. ამ შემთხვევაში ბაქოსთვის ყველაზე ხელსაყრელი პერსპექტივა იქნება ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა უმრაველსობის ბედი, რომლებიც იძულებულნი არიან, რომ საკუთარი რესურსები რუსული მარშრუტების მეშვეობით გაყიდონ და ასეთ გარიგებებს შემოსავლის დიდი ნაწილიც შესწირონ. თუმცა, ამას გარდა, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკური გავლენა აზერბაიჯანზე განუზომლად გაიზრდება და მოსკოვი ადმინისტრაციის „შერჩევაშიც” აქტიურ მონაწილეობას მიიღებს,ბაქო კი იძულებული იქნება, უდრტვინველად აიტანოს.
დღევანდელირუსულ-ირანული სტრატეგია მდგომარეობს თურქეთისთვის ისეთი პირობების შექმნაში, როცა ანკარა იძულებული იქნება, რომ ახალ გარემოებებს შეეგუოს. ახალი გარიგებით თურქეთს შეუნარჩუნდება არსებული მილსადენები და ახალი მარშრუტების თაობაზე პირობებსაც მიიღებს, თუმცა ანკარას აღარ ექნება ქმედითი ბერკეტები მოვლენების სხვაგვარად აღსაკვეთად. მაგალითად, თუ რუსეთმა განვითარების საქართველოს სრულად გაკონტროლება, ან აზერბაიჯანული ენერგო-კომპანიების ხელში ჩაგდება გადაწყვიტა, თურქეთს მოუწევს დათანხმდეს ამ გარემოებას იმ პირობით, რომ კავკასიური ენერგო-მარშრუტი შენარჩუნდება. ახალი აქ ის იქნება, რომ თურქეთი დამოკიდებული გახდება რუსეთზე, რომელიც ამ მარშრუტების სათავეს (კავკასიას) გააკონტროლებს.
ერთი შეხედვით, საქართველოსთვის ეს ტრაგედია არ არის, თუმცა ცხადია ისიც, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხი ამ შემთხვევაში ბევრად შეიზღუდება და, ამას გარდა, საქართველოს არ დარჩება არანაირი ბერკეტი რეგიონულ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. ამიტომ, სანამ გვიან არ არის, თბილისმა ახალ სტრატეგიებზე უნდა იფიქროს.
რეგიონის გეოპოლიტიკა ისეთია, რომ სომხეთისთვის უშუალო საფრთხეს თურქეთი წარმოადგენს, აზრბაიჯანისთვის - ირანი, საქართველოსთვის კი - რუსეთი. შექმნილ მდგომარეობაში საქართველოსა და ირანს შორის პარტნიორობის გაღრმავება აუცილებელია, რადგან მოკლევადიან პერსპექტივაში ირანი საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებებისათვის კარგი ხიდი იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ირანის პოზიციების გაძლიერების შემთხვევაში (რაც მოსალოდნელია), ირანი რუსეთის დამბალანსებელ ძალად გადაიქცევა და თეირანის მიერ აზერბაიჯანზე ზეწოლის პერსპექტივა რუსეთს აიძულებს, რომ საქართველოზე ზეწოლა შეარბილოს. როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, და როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ირანი საქართველოსთვის ხიდად გადაიქცევა არამარტო რუსეთთან, არამედ (თუ ვივარაუდებთ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება) აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც, რადგან აშშ-ს ევრაზიული პოლიტიკის მომავალი გეზი, სავარაუდოდ, სწორედ ირანზე გაივლის.
უპირველესი ინტერესი, რაც ირანს საქართველოში ექნება, ესაა რუსეთის მიერ კავკასიის ტოტალური კონტროლის აღკვეთა. თეირანს ისევე აინტერესებს აზერბაიჯანის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა, როგორც რუსეთს და თუ მოსკოვი იარაღად სომხეთს იყენებს, თეირანისთვის ასეთი იარაღი საქართველოა.
ამიტომ, ალბათ საჭიროა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს კონსულტაციები თეირანთან, რათა „კავკასიური პლატფორმის” მონაწილეთა შეხვედრამდე საქართველომ ხსენებულ პლატფორმაში ირანის მოწვევის აუცილებლობა გააჟღეროს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სვლა რუსეთის ინტერესებშია, ის უპირველეს ყოვლისა არის საქართველოს ინტერესებში და საქართველოს გრძელვადიან სტრატეგიაში მთლიანად ეწერება. ესეც არ იყოს, ალბათ ურიგო არ იქნება, რომ საქართველოსა და რუსეთის ინტერესების თანხვედრის პრეცენდენტი ამჯერად მაინც შეიქმნას. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ მსგავსი კონსულტაციები საჭიროა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც სამომავლოდ ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავენ.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ადრეთქმულს, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების პირდაპირი დიალოგი და თანამშრომლობა ის ძირითადი პირობაა, რაც კავკასიის უსაფრთხოებას საბოლოოდ უზრუნველყოფს. ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ სამივე სახელმწიფო მეტ-ნაკლებად თანაბარი საწყისი პოზიციებით უსხდებოდეს მოლაპარაკებების მაგიდას. დღეს საქართველოსთვის არახელსაყრელი დისბალანსია შექმნილი და მისი სასწრაფოდ აღდგენაა საჭირო, რაც ქვეყნის დიპლომატიის ძალიან მკვეთრ გააქტიურებას მოითხოვს.
________________
1 PRESS.TV: Armenia: Caucasus needs Iran for Peace, 24 Nov, 2008
2 TURKISH FORUM: Iran, Armenia Ink 10 Agreements, Official, 25 Nov, 2008
3 PANARMENIAN.NET: Caucasus platform members likely to meet till yearend, 25 Nov, 2008:http://www.panarmenian.net/news/eng/print/?nid=27810
4 გულბაათ რცხილაძე: „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ” - ანკარაში გამართული მრგვალი მაგიდის ანგარიში, 31 ოქტომბერი, 2008:http://www.caucasia-experts.org/?p=360&language=ka
5 PANARMENIAN.NET: RA MFA: Armenia, Turkey to Establish Diplomatic Relations, 24 Nov, 2008: http://www.panarmenian.net/news/eng/?nid=27794, ა სევე: HURRIYET DAILY NEWS: Armenia says no major obstacle to normalizing relations with Turkey , 24 Nov, 2008: http://www.hurriyet.com.tr/english/world/10433188.asp?gid=244, ა სევე: VOA: Armenia Urges Turkey to Reopen Border, 24 Nov, 2008: http://www.voanews.com/english/2008-11-24- voa52.cfm