The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ახალი აზრი № 2 (16), 2004


ახალი აზრი № 2 (16), 2004


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბაზღაძე დავით , დეკანოზიშვილი მარიამ , ნიკოლაიშვილი ნუცა, ჯიშკარიანი ალექსანდრე, კომახია მამუკა, ოქროჯანაშვილი კახა, ხმალაძე ნათია
თემატური კატალოგი ახალი აზრი
წყარო: ISSN 1512-1844
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ჟურნალ ,,ახალი აზრი“-ს გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“ ჟურნალი ,,ახალი აზრი“ გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და რეგიონში. ჟუნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსსა და მათში გამოთქმულ შეხედულებათა თაობაზე სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს. სარედაქციო კოლეგია: ლევან გელაშვილი (მთავარი რედაქტორი/პროექტის ხელმთძვანელი) ნიკა თარაშვილი (რედაქტორი) კახა ოქროჯანაშვილი ლევან ღირსიაშვილი ვალერიან მეტრეველი (დიზაინერი) The Journal ,,Akhali Azri” (New Opinion) is being published by support of Friedrich Ebert Foundation პოლიტიკური კვლევების ცენტრი, ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 4-43, ტელ: (99532) 988537, ფაქსი: (99532) 291209 ელ-ფოსტა: akhali-azri@cpr.org.ge ©2003 პოლიტიკური კვლევევბის ცენტრი



 

1 საქართველოს უშიშროების სამსახურის სტრუქტურის პროექტი

▲ზევით დაბრუნება


უსაფრთხოება

დავით ბაზღაძე
დამოუკიდებელი ექსპერტი

წინამდებარე დოკუმენტი 2001-2002 წლებში უშიშროების სამინისტროში რეფორმების განხორციელებისათვის შექმნილი ჯგუფის მიერ მომზადდა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროექტი და გამიზნულია საზოგადოების დაინტერესებულ წრეებში ფართო მსჯელობისათვის.

საქართველოს უშიშროების სამსახურის წარმოდგენილ სტრუქტურას საფუძვლად დაედო სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრინციპული მოსაზრება“.

კერძოდ, უშიშროების სამსახურის სტრუქტურის შემუშავებისას გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები:

● სამსახურის სტრუქტურის სრული შესაბამისობა კანონმდებლობით სამსახურისათვის განსაზღვრულ კომპეტენციასთან;

● ერთიანი საინფორმაციო სივრცე და ფუნქციური მიმართულებებით ოპერატიულ-სამძებრო და საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის ცენტრალიზება;

● სამსახურის ოპერატიული ძალების და საშუალებების, ფინანსური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების მიზნით სამსახურის სტრუქტურული ორგანიზება აუცილებლობის და საკმარისობის პრინციპით;

● ოპერატიულ-სამძებრო და საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის სტრუქტურული გამიჯვნა.

სამსახურის სტრუქტურა უშუალოდ გამომდინარეობს კანონიდან ,,საქართველოს უშიშროების სამსახურის შესახებ“ და საქართველოს უშიშროების სამსახურის დებულებიდან, რომლებშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უშიშროების სამსახურის ამოცანები:

● საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული უშიშროების კონცეფციით განსაზღვრული ქვეყნის სხვა სასიცოცხლო ინტერესების, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების და ცალკეული პირების სადაზვერვო და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან;

● იმ დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა და გამოძიება, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით უშიშროების სამსახურის ქვემდებარეა, ან გამომდინარეობს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

ეს ამოცანები განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურაში შემდეგი ფუნქციური ბლოკების არსებობას:

● საინფორმაციო-ანალიტიკური ბლოკი;

● ოპერატიული (კონტრდაზვერვის ცენტრი, ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი) ბლოკი;

● ადმინისტრაციული (სამსახურის ფუნქციური უზრუნველყოფის) ბლოკი;

● აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უშიშროების სამსახურები;

● ტერიტორიული და რეგიონული ორგანოები.

ფუნქციურ ბლოკებში თითოეულ ცენტრს, დანაყოფს და რგოლს აქვს საქმიანობის მიმართულებებიდან გამომდინარე კონკრეტული ამოცანები და შესაბამისი ფუნქციური უფლება-მოვალეობები. ამრიგად, სამსახურის წინაშე მდგარი თითოეული კონკრეტული ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელია კონკრეტული რგოლი და მის შიგნით კონკრეტული თანამშრომელი. ასეთი მიდგომა სტრუქტურული მოწყობის მიმართ მთლიანად გამორიცხავს პარალელიზმს როგორც სამსახურის შიგნით, ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან.

სტრუქტურის და საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისათვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სტრუქტურულ ერთეულზე (ცენტრი, დანაყოფი, რგოლი), საშტატო განრიგით გათვალისწინებულ ყოველ თანამდებობაზე შემუშავდეს შესაბამისი დოკუმენტი (წესდება, დებულება, ფუნქციური მოვალეობები) რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მათი დანიშნულება, ადგილი, როლი, ფუნქციური უფლება-მოვალეობები. ყოველივე ეს მოგვცემს საშუალებას ზუსტად განვსაზღვროთ თანამშრომელთა და მოსამსახურეთა აუცილებელი და საკმარისი რაოდენობა თითოეულ რგოლში.

ზემოაღნიშნული პრინციპებიდან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის ერთიანობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ სამხედრო კონტრდაზვერვის ფუნქციები მთლიანად შევიდეს კონტრდაზვერვის ცენტრში, როგორც ერთ-ერთი მიმართულება. ამასთან, ეს მიმართულება უნდა მოიცავდეს ყველა შეიარაღებული და გასამხედროებული სტრუქტურის, როგორც მოწინააღმდეგის სპეცსამსახურების მისწრაფებების ობიექტების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას.

ამავე მოსაზრებებით აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უშიშროების სამსახურები,  ტერიტორული და რეგიონული ორგანოები, ადმინისტრირების თვალსაზრისით, ექვემდებარებიან მხოლოდ სამსახურის ხელმძღვანელობას, ხოლო ოპერატიული საქმიანობის თვალსაზრისით - მხოლოდ ფუნქციურ ცენტრებს. ამასთან, ცალკეული ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ზონა, შესაძლოა, არ  იმეორებდეს ქვეყნის ადმინისტრაციულ მოწყობას, რაც განპირობებულია კონკრეტულ რეგიონში სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებით.

წარმოდგენილ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი და როლი განეკუთვნება საინფორმაციო-ანალიტიკურ მუშაობას, როგორც სპეცსამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელ ნაწილს. სტრუქტურა ითვალისწინებს სამსახურის მასშტაბით ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ საქმიანობას, ამასთან ერთად სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკურ დანაყოფებში ცალკეული რგოლები სტრუქტურულად გამიჯნულია ფუნქციური სპეციფიკის გათვალისწინებით.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულებში მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი ოპერატიული და საინფორმაციო-ანალიტიკური დანაყოფების საქმიანობის და საინფორმაციო უზრუნველყოფის მთელი ციკლი: ინფორმაციის მოპოვება, სისტემატიზაცია-დამუშავება, ანალიზი-პროგნოზირება, დაგეგმვა-რეალიზაცია.

ოპერატიულ-სამძებრო და საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის სტრუქტურული გამიჯვნა ხაზს უსვამს ოპერატიული შემადგენლობის სპეციალიზების აუცილებლობას ცალკეული  ფუნქციური მიმართულებებით, ამასთან ოპერატიული თანამშრომელი გათავისუფლდება ისეთი სპეციფიკური საქმიანობისაგან, როგორიცაა ანალიტიკური საქმიანობა, ანგარიშებისა და გეგმების შედგენა. იგი ორიენტირებული იქნება ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებასა და კონკრეტული ოპერატიული  ღონისძიებების განხორციელებაზე.

სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დაქვემდებარებაშია მრჩეველთა ჯგუფი, პრესცენტრი, ინსპექცია, საკუთარი უშიშროების რგოლი, საგამოძიებო დანაყოფი, ომბუდსმენი და ადვოკატი. ორი უკანასკნელი ახალია უშიშროების სამსახურისათვის და განპირობებულია დროის მოთხოვნით.

ომბუდსმენი დაიცავს სამსახურის თანამშრომელთა და მოსამსახურეთა უფლებებს, რომელთა უდიდესი ნაწილი (გარდა სამხედრო კონტრდაზვერვის დანაყოფისა, სპეციალური დანიშნულების საბრძოლო რაზმისა და უწყების ობიექტების დაცვის დანაყოფისა), სამოქალაქო პირები იქნებიან, ხოლო ადვოკატი - უშიშროების სამსახურის ინტერესებს სასამართლოში.

უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველთა ჯგუფში გაერთიანებული იქნებიან დიდი თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები, ასევე ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები, რომლებიც ამზადებენ რეკომენდაციებს და დასკვნებს ოპერატიულ-სამძებრო, საინფორმაციო-ანალიტიკური და მმართველობითი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების და სრულყოფის საკითხებზე.

უშიშროების სამსახურის საქმიანობის ყველა სფეროს დამოუკიდებელი და ობიექტური კონტროლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გენერალური ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება. მას ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი და ამტკიცებს პარლამენტი. გენერალური ინსპექტორი დამოუკიდებელია, გააჩნია ცალკე ბიუჯეტი და თანამშრომელთა შტატი. აქვს ფართო უფლებამოსილებები სპეცსამსახურების საქმიანობის ნებისმიერი მიმართულებით დამოუკიდებელი კონტროლისათვის (სამართლებრივი, ორგანიზაციული, ოპერატიული, საფინანსო-ეკონომიკური და ა.შ.). მას გააჩნია დაშვება საიდუმლო დოკუმენტებთან, მასალებთან, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა საკითხების ყოველმხრივი და სრულფასოვანი შესწავლისათვის.

ყოველ 6 თვეში გენერალური ინსპექტორი წარუდგენს ინფორმაციას სამსახურის ხელმძღვანელს და შემდეგ მოხსენებას საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მის მიერ ჩატარებული შემოწმებების, გამოძიების და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების და დარღვევების ჩამონათვალს, რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, წინადადებებს, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და სხვა სახის ზომების სრულყოფის თვალსაზრისით და ა.შ.

საინფორმაციო-ანალიტიკური ბლოკი

საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი (შემდგომში ,,საც“) უშიშროების სამსახურის მთავარი მაკოორდინირებელი რგოლია. საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ძირითადი  დანიშნულებაა ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების საკითხებზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირებისათვის დოკუმენტების მომზადება, უშიშროების სამსახურის და მისი დანაყოფების  ოპერატიულ-სამძებრო და მმართველობითი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა.

სტრატეგიული ანალიზის, პროგნოზის და დაგეგმვის რგოლი ეროვნული უშიშროების საბჭოს დავალებების შესაბამისად ახორციელებს ანალიტიკურ კვლევებს ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების უზრუნველყოფის პრობლემებზე, ქვეყნის უშიშროების საერთო მდგომარეობის ანალიზს და პროგნოზირებას, უშიშროების სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვას დამტკიცებული პრიორიტეტების და მთავარი ამოცანების შესაბამისად. ეს რგოლი ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას გეგმიური და ოპერატიული ინფორმირების და საცნობარო ინფორმაციული მომსახურების რეჟიმებში. საბჭოდან მიღებული დავალებები, ორიენტირებები, მითითებები და რეკომენდაციები მუშავდება სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვის რგოლებში და ფუნქციური დაგეგმვის ჯგუფების მეშვეობით კონკრეტული დავალებების სახით დავა ოპერატიულ რგოლებამდე.

ტაქტიკური ანალიზის, პროგნოზის და დაგეგმვის რგოლში ანალიტიკური მუშაობა ორგანიზებულია ფუნქციური, გეოგრაფიული (ქვეყნების და რეგიონების მიხედვით) და პრობლემური ანალიზის პრინციპით. იგი წარმართავს, კოორდინირებას უწევს და აკონტროლებს ოპერატიული დანაყოფების ოპერატიული და ანალიტიკური რგოლების საქმიანობას, განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება ოპერატიული რგოლების მიერ მოპოვებული ინფორმაციები დანაყოფების წინაშე მდგარ ამოცანებს და ანალიტიკური საქმიანობის ხარისხს.

აღნიშნული რგოლის ანალიტიკური საქმიანობის ეფექტურობისათვის მიზანშეწონილია მის შემადგენლობაში ოპერატიული ჯგუფის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც კონკრეტული, არაფუნქციური, პრობლემური საკითხების ოპერატიულ შესწავლას, ასევე ანალიზისათვის აუცილებელი ცალკეული ინფორმაციების გადამოწმებას. ამ ჯგუფში მოიაზრებიან როგორც ოპერატიული თანამშრომლები, ასევე უწყებებსა და ორგანიზაციებში მივლინებული ის თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება ექნებათ პრობლემური ანალიზის საკითხებთან. 

საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ინფორმაციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დანაყოფში კონცენტრირებულია უშიშროების სამსახურში არსებული სრული ინფორმაცია (საკუთარი ანალიტიკური ინფორმაცია, ოპერატიული დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციები და მასალები, ღია საინფორმაციო წყაროების დამუშავებით მიღებული ინფორმაცია, სხვა უწყებებიდან შემოსული სტატისტიკური, საცნობარო, მიმდინარე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ა.შ.). ტექნოლოგიური უზრუნველყოფის ჯგუფის ამოცანებია:

● სამსახურის საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

● ერთიანი საინფორმაციო სისტემის და საინფორმაციო ბანკის საინჟინრო-ოპერატიული ადმინისტრირება;

● საინფორმაციო სისტემის პროგრამული, საინფორმაციო-ლინგვისტური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;

● საინფორმაციო სისტემების დაცვა არასანქცირებული შეღწევისაგან.

ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობის და კონტროლის ჯგუფი წარმართავს და აკონტროლებს საინფორმაციო-ანალიტიკური რგოლების  საინფორმაციო ჯგუფის საქმიანობას, რამდენად შეესაბამება იგი ნორმატიული აქტების, ცალკეული მითითებებისა და ორიენტირებების მოთხოვნებს.

მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფს, რომელიც ტაქტიკური დაგეგმვის რგოლის რეკომენდაციების შესაბამისად უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმაციულ უსაფრთხოებას, შეიმუშავებს და ახორციელებს ამისათვის აუცილებელი პროპაგანდის და კონტრპროპაგანდის ღონისძიებებს.

ეს ჯგუფი უზრუნველყოფს ინფორმაციით უშიშროების სამსახურის პრესცენტრს.

სამსახურის მასშტაბით საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა ერთიანია. სამსახურის ფუნქციური, ტერიტორიული და რეგიონული ორგანოების საინფორმაციო-ანალიტიკური დანაყოფები ორმაგ დაქვემდებარებაში არიან. ისინი როგორც ოპერატიული, ისე ადმინისტრირების თვალსაზრისით ექვემდებარებიან როგორც შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებს, ასევე საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს, რომელიც მთლიანობაში პასუხისმგებელია სამსახურის მასშტაბით საინფორმაციო და ანალიტიკური საქმიანობის ორგანიზაციასა და ეფექტურ წარმართვაზე.

საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის და მის დაქვემდებარებაში მყოფი საინფორმაციო-ანალიტიკური რგოლების საქმიანობა (დანიშნულება, ამოცანები და ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და მუშაობის ორგანიზაცია) განსაზღვრულია შესაბამისი დებულებებით.

ოპერატიული ბლოკი

ოპერატიულ ბლოკში შემავალი სტრუქტურები სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო უშიშროებას გარე და შიდა საფრთხეებისაგან.

I. კონტრდაზვერვის ცენტრის ამოცანაა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო და სხვა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა. იგი ახორციელებს კონტრდაზვერვით ღონისძიებებს ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის იმ სფეროებში, სადაც გამოვლენილია ან ობიექტურად სავარაუდოა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებები და ინტერესები.

კონტრდაზვერვითი პრობლემების ოპერატიული უზრუნველყოფის დანაყოფის ძირითადი ამოცანაა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო და სხვა მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის ფაქტების და ნიშნების შესახებ პირველადი ინფორმაციის მოპოვება, კონტრდაზვერვითი ძებნის ორგანიზება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გამოვლენილი და სავარაუდო მისწრაფებების და ინტერესების სფეროებში. დანაყოფში კონტრდაზვერვითი საქმიანობა ორგანიზებულია ხაზობრივი პრინციპით. მის ფუნქციაშია ქვეყნის მასშტაბით საიდუმლოების დაცვის რეჟიმის ოპერატიული უზრუნველყოფა და ოფიციალური კონტროლი. იგივე რგოლი ახორციელებს აგრეთვე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ტექნიკური დაზვერვის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

სპეციალური კონტრდაზვერვითი ოპერაციების დანაყოფის ამოცანებია:

● უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო ორგანოების, საქართველოს ტერიტორიაზე სხვა და სხვა საფარით მოქმედი სადაზვერვო ცენტრების, რეზიდენტურების და მათი პერსონალის გამოვლენა, მათ საქმიანობაზე ოპერატიული კონტროლის დაწესება მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთის მიზნით;

● სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ნიშნებით ცალკეულ პირთა ოპერატიული შემოწმება;

● ქვეყნის გარეთ საქართველოს დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების და მათი პერსონალის კონტრდაზვერვით უზრუნველყოფაში დაზვერვის დეპარტამენტისათვის ხელის შეწყობა.

დანაყოფის კონტრდაზვერვითი საქმიანობა ორგანიზებულია რეგიონალური (გეოგრაფიული) პრინციპით, რაც ჩვენი აზრით გამართლებულია, რადგან ნებისმიერი სადაზვერვო-ძირგამომთხრელი საქმიანობა მომდინარეობს კონკრეტული მოწინააღმდეგისაგან.

სამხედრო კონტრდაზვერვის დანაყოფი, თავის რეგიონულ ფუნქციურ რგოლებთან ერთად, ერთადერთი სტრუქტურაა სამსახურში, სადაც ოპერატიული საქმიანობა ორგანიზებულია ობიექტური პრინციპით. იგი ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შსს-ს შინაგანი ჯარის და სხვა გასამხედროებული ფორმირებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას.

საინფორმაციო-ანალიტიკური რგოლი კონტრდაზვერვის ცენტრის მთავარი მაკოორდინირებელი სტრუქტურაა. იგი უზრუნველყოფს ცენტრის ოპერატიულ დანაყოფებს საინფორმაციო-ანალიტიკური მასალებით და მონაცემებით. ამ რგოლებში წარმოებს პირველადი ოპერატიული მონაცემების სისტემატიზება, დამუშავება და შეყვანა საინფორმაციო ბანკში, კონტრდაზვერვითი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი რეალიზების მიმდინარეობაზე კონტროლი, ოპერატიული რგოლების საქმიანობის კოორდინაცია, ანალიტიკური საქმიანობა კონტრდაზვერვის ცენტრის ოპერატიული რგოლების ფუნქციური მიმართულებებით.

II. ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის ამოცანაა უშიშროების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფა შიდა  საფრთხეებისაგან. ცენტრის ოპერატიული დანაყოფების საქმიანობის ამოცანაა ტერორიზმთან ბრძოლა და კონსტიტუციური წყობილების ძალისმიერი გზით შეცვლის არდაშვება, რაც გულისხმობს ბრძოლას სეპარატიზმის, პოლიტიკური, ნაციონალური და რელიგიური ექსტრემიზმის და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ტერორიზმის თანმდევია მისი ფინანსირების მთავარი წყარო - საერთაშორისო ნარკობიზნესი, იარაღის და ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში სხვა  მასალების უკანონო ბრუნვა. ბევრ ქვეყნაში ზემოთჩამოთვლილი ამოცანების გადაწყვეტა ერთ ორგანოშია მოქცეული.

ადმინისტრაციული (სამსახურის ფუნქციური უზრუნველყოფის) ბლოკი

ადმინისტრაციული ბლოკი მრავალფუნქციური სტრუქტურაა. მეტად მნიშვნელოვანია მისი თითოეული დანაყოფის წინაშე მდგარი კონკრეტული ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე ზუსტად განისაზღვროს რგოლების ეფექტური საქმიანობისათვის აუცილებელი და საკმარისი საკადრო რესურსები.

კადრებით უზრუნველყოფის დანაყოფის ამოცანაა უშიშროების სამსახურის და უპირველესად ოპერატიული და ანალიტიკური დანაყოფების კვალიფიციური საკადრო შევსებით უზრუნველყოფა, თავის დაქვემდებარებაში არსებულ სასწავლო ცენტრში მათი სპეციალური მომზადება და შემდგომი გადამზადება.

გარე მეთვალყურეობის დანაყოფი უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ოპერატიული რგოლების შესაბამისი მოთხოვნების კვალიფიციურ და დროულ შესრულებაზე.

ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფი უზრუნველყოფს მოსამართლის ბრძანებით საინფორმაციო-საკომუნიკაციო და საფოსტო სისტემების მონიტორინგს.

კავშირგაბმულობის დანაყოფი უზრუნველყოფს სამსახურის მასშტაბით დახურული და ღია კავშირგაბმულობის ქსელის ფუნქციონირებას, სამსახურის შიფრული კავშირით უზრუნველყოფას და კრიფტოგრაფიული სამუშაოების ორგანიზებას, ასევე სამთავრობო კავშირგაბმულობის სისტემის ფუნქციონირებას.

სამართლებრივი უზრუნველყოფის რგოლი უზრუნველყოფს უშიშროების სამსახურის მიერ მომზადებული შიდანორმატიული აქტების და ბრძანებების სამართლებრივ ექსპერტიზას, შეიმუშავებს და არეგულირებს სხვა უწყებებთან სამსახურის ურთიერთობის სამართლებრივ საფუძვლებს, უზრუნველყოფს სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზებას.

რესურსების მართვის და განაწილების დანაყოფი პასუხისმგებელია საფინანსო-სამეურნეო რესურსების ეფექტურ მომსახურებასა და მართვაზე.

აფხაზეთის და აჭარის ა/რ უშიშროების სამსახურები, ტერიტორიული და რეგიონული ორგანოები

აფხაზეთის და აჭარის უშიშროების სამსახურების სტრუქტურა პრინციპულად არ განსხვავდება და მთლიანობაში შემცირებული სახით იმეორებს საქართველოს  უშიშროების სამსახურის სტრუქტურულ მოწყობას.

ტერიტორიული და რეგიონული ორგანოების სტრუქტურები იდენტურია (საინფორმაციო-ანალიტიკური რგოლი, ოპერატიული რგოლი, ადმინისტრაციული რგოლი) და განსხვავდება მხოლოდ მასშტაბებით მათ წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე.

საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ამოცანები

1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების ინტერესებისათვის აუცილებელი საპროგნოზო-ანალიტიკური  და მიმდინარე ინფორმაციებით, მათ შორის ოპერატიული და გეგმიური ინფორმირების რეჟიმებში.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს დავალებით და დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად ანალიტიკური კვლევების ჩატარება ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების უზრუნველყოფის ინტერესებში.

3. კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, უშიშროების სამსახურის საქმიანობის და ეფექტურობის ანალიზი და შეფასება.

4. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობის, ფუნქციური რგოლების ოპერატიულ-სამძებრო და მმართველობითი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა.

5. უშიშროების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი.

6. მონაწილეობა საზოგადოების ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში. ქვეყნის უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე პროპაგანდისტული და კონტრპროპაგანდისტული ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზაცია.

7. კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში საზოგადოებრიობის ინფორმირება უშიშროების სამსახურის საქმიანობის ზოგად და კონკრეტულ საკითხებზე.

სტრატეგიული ანალიზის, პროგნოზის  და დაგეგმვის რგოლის ამოცანები

1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების ინტერესებისათვის აუცილებელი საპროგნოზო-ანალიტიკური  და მიმდინარე ინფორმაციებით, მათ შორის ოპერატიული და გეგმიური ინფორმირების რეჟიმებში.

2. ეროვნული უშიშროების საბჭოს დავალებით და დამტკიცებული პროგრამის  შესაბამისად ანალიტიკური კვლევების ჩატარება ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების უზრუნველყოფის ინტერესებში.

● ქვეყნის უშიშროების საერთო მდგომარეობის ანალიზი და პროგნოზი;

● ქვეყნის უშიშროებისათვის რეალური და სავარაუდო გარე და შიდა საფრთხეების გამოვლენა;

● უცხო ქვეყნების სტრატეგიული ინტერესები საქართველოში;

● ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის საგარეო პოლიტიკური ასპექტები;

● ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის შიდა პოლიტიკური ასპექტები;

● ქვეყნის მოსაზღვრე ტერიტორიებზე რეგიონული კონფლიქტები და მათგან მომდინარე საფრთხეები;

● თავდაცვითი სფეროს მდგომარეობის ანალიზი;

● სპეციალური სამსახურების საქმიანობის ეფექტურობა;

● საზოგადოების საინფორმაციო უშიშროების უზრუნველყოფის მდგომარეობის  ანალიზი და სტრატეგიის განსაზღვრა;

● ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მდგომარეობის ანალიზი;

● სახელმწიფო მმართველობითი სისტემის მდგრადობა საგანგებო და საომარ მდგომარეობაში.

3. მონაწილეობა ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრული ქვეყნის ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების უზრუნველყოფის მთავარი მიზნების და პრიორიტეტების რეალიზების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.

● ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეთანხმებით უშიშროების სამსახურის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი დაგეგმვა;

● სტრატეგიულ ამოცანებიდან გამომდინარე უშიშროების სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;

● სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების კონკრეტული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა.

ტაქტიკური ანალიზის, პროგნოზის და დაგეგმვის რგოლის ამოცანები

1. უშიშროების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში კონცენტრირებული ოპერატიული და ღია ინფორმაციების და მონაცემების საფუძველზე, ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე ანალიტიკური საქმიანობა და დოკუმენტების შემუშავება, როგორც სტრატეგიული ანალიზის და პროგნოზის, ასევე ფუნქციური დანაყოფების ოპერატიული საქმიანობის მიმართულებებით ტაქტიკური დაგეგმვის ინტერესებში;

2. სტრატეგიული დაგეგმვის რგოლის მიერ მომზადებული გეგმების, ცალკეული დავალებების, მითითებების, ორიენტირებების საფუძველზე ფუნქციური ოპერატიული და საინფორმაციო-ანალიტიკური დანაყოფებისათვის გეგმიური დავალებების შემუშავება, მათი შესრულების კონტროლი და საქმიანობის კოორდინირება;

3. ფუნქციური დანაყოფების მიერ დაგეგმილი აქტიური აგენტურულ-ოპერატიული ოპერაციების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ფუნქციური ანალიზის და პროგნოზის ჯგუფის ამოცანაა ოპერატიული საქმიანობის ყველა მიმართულებით მოპოვებული ოპერატიული და სხვა მასალების საფუძველზე ანალიტიკური და საპროგნოზო დოკუმენტების შემუშავება. კერძოდ, ფუნქციური ანალიზის და პროგნოზის საკითხებია:

● სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მდგომარეობა;

● უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გამოვლენილი სადაზვერვო ინტერესები (ობიექტები, პირები, მოვლენები, პროცესები);

● სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფის მდგომარეობა;

● რადიოკონტრდაზვერვითი ღონისძიებების ეფექტურობა;

● უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ტექნიკური დაზვერვის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობა;

● შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მდგომარეობა;

● სახელმწიფო დამნაშავეთა ოპერატიული ძებნის მდგომარეობა;

● საინიციატივო შპიონაჟთან ბრძოლა;

● საერთაშორისო ორგანიზაციების საფარით წარმოებული სადაზვერვო საქმიანობა;

● ტერორიზმთან ბრძოლის მდგომარეობა;

● სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობა;

● ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობა;

● საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის მდგომარეობა. 

გეოგრაფიული (რეგიონული) ანალიზის და პროგნოზის ჯგუფის  ამოცანაა ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების, საერთაშორისო და რეგიონული სტრუქტურების საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერატიული და სხვა ინფორმაციის ანალიზი და პროგნოზი.

გეოგრაფიული ანალიზის საკითხებია:

● საზღვარგარეთის ცალკეულ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკური, სამხედრო და სხვა ასპექტები, მათი განვითარების პერსპექტივები ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ ქვეყნების სტრატეგიული და ტაქტიკური ინტერესები საქართველოში და ამიერკავკასიაში, მათი სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობა საქართველოში;

● საერთაშორისო და რეგიონულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის სამხედრო-პოლიტიკურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზი ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით;

● კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზი საქართველოს ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების უზრუნველყოფის ინტერესებში;

პრობლემური ანალიზის და პროგნოზის ჯგუფის ამოცანაა საპროგნოზო-ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავება ქვეყნის ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების შიდა საფრთხეებზე. პრობლემური ანალიზის და პროგნოზის საკითხებია:

● აფხაზეთი;

● სამაჩაბლო;

● ჯავახეთი;

● პანკისის ხეობა;

● უცხო ქვეყნის ჯარები საქართველოში;

ტაქტიკური დაგეგმვის ჯგუფის ამოცანებია:

● სტრატეგიული დაგეგმვის რგოლის მიერ მომზადებული გეგმების, ცალკეული დავალებების, მითითებების, ორიენტირებების საფუძველზე ფუნქციური ოპერატიული და საინფორმაციო-ანალიტიკური დანაყოფებისათვის გეგმიური დავალებების შემუშავება;

● საინფორმაციო-ანალიტიკური საფუძვლების მომზადება ფუნქციური დანაყოფების მიერ აქტიური აგენტურულ-ოპერატიული ოპერაციების განსახორციელებლად;

● ფუნქციური ცენტრების რეგიონული და ტერიტორიული ორგანოების გეგმიური ანგარიშების უზრუნველყოფა.

ოპერატიული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ჯგუფის ამოცანებია:

● ფუნქციური, ოპერატიული და საინფორმაციო-ანალიტიკური დანაყოფების საქმიანობის კოორდინირება და გეგმიური დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

● ოპერატიული რგოლების საქმიანობის კონტროლი, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა და მოპოვებული ინფორმაციები რგოლების წინაშე მდგარ ამოცანებს;

● საინფორმაციო-ანალიტიკური დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კონტროლი, მისი ეფექტურობის, ანალიტიკური დოკუმენტების ხარისხის თვალსაზრისით.

ტაქტიკური ანალიზის ოპერატიული უზრუნველყოფის ჯგუფის  ამოცანებია:

● ტაქტიკური ანალიზის ინტერესებში ცალკეული პრობლემური (ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის შიდა საფრთხეებთან დაკავშირებული) საკითხების ოპერატიული დამუშავება, შესწავლა და ცალკეული ინფორმაციების გადამოწმება;

● ეროვნული უშიშროების საბჭოს ცალკეული მნიშვნელოვანი დავალებების შესრულების ოპერატიული უზრუნველყოფა ფუნქციურ ოპერატიულ რგოლებთან ერთობლივად.

ინფორმაციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დანაყოფის ამოცანები

1. სამსახურის მასშტაბით ანალიტიკური საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

2. უშიშროების სამსახურის, მისი ფუნქციური, მმართველობითი, ტერიტორიული და რეგიონული ორგანოების უზრუნველყოფა საინფორმაციო მონიტორინგის უწყვეტი სისტემით;

3. უშიშროების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო სისტემის და მისი შემადგენელი რგოლების, მათ შორის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის ეფექტური, უსაფრთხო ფუნქციონირების ინფორმაციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი;

4. უშიშროების სამსახურში ერთიანი ცენტრალიზებული ოპერატიული აღრიცხვის წარმოება.

საინფორმაციო უზრუნველყოფის რგოლის ამოცანებია:

● ანალიტიკური საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

● ცენტრალური საინფორმაციო ბანკის, ფუნქციური, ტერიტორიული და რეგიონული ორგანოების მონაცემთა ბანკების ოპერატიულ-საინფორმაციო ადმინისტრირება და კოორდინირება.

ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების ჯგუფის ამოცანებია:

● სამსახურის მასშტაბით შემოსული ოპერატიული ინფორმაციებიდან დაგროვებისათვის საჭირო მონაცემების გამორჩევა, დამუშავება-სისტემატიზირება და შეყვანა ერთიან საინფორმაციო ბანკში.

ღია საინფორმაციო წყაროების დამუშავების ჯგუფის ამოცანაა:

● საქართველოს და უცხო ქვეყნების ღია საინფორმაციო წყაროებიდან (პრესა, ტელევიზია, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები, მათ შორის ელექტრონული) ეროვნული (სახელმწიფო) უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაციების გამორჩევა, დამუშავება (სისტემატიზირება) და შეყვანა ერთიან საინფორმაციო ბანკში.

სხვა უწყებებიდან ინფორმაციული უზრუნველყობის ჯგუფის ამოცანაა:

● უშიშროების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მუდმივი უზრუნველყოფა ქვეყნის ხელისუფლების და მართვის ორგანოებიდან ყოველდღიური, მიმდინარე, საცნობარო საინფორმაციო ხასიათის მონაცემებით, დაგროვებისათვის საჭირო ინფორმაციის გამორჩევა, დამუშავება-სისტემატიზირება და შეყვანა ერთიან საინფორმაციო ბანკში.

ტერიტორიულ და რეგიონულ ორგანოებთან მუშაობის ჯგუფის ამოცანაა:

● ტერიტორიული და რეგიონული ორგანოებიდან საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის უზრუნველყოფა ყოველდღიური, საცნობარო საინფორმაციო მონაცემებით, მათი დამუშავება და შეყვანა ერთიან საინფორმაციო ბანკში;

● კოორდინირებული მუშაობა ტერიტორიულ და რეგიონულ ორგანოებთან პრობლემური ანალიზისათვის საჭირო ინფორმაციით ცენტრის უზრუნველყოფის მიზნით;

საინფორმაციო სისტემების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის რგოლის ამოცანაა:

● ერთიანი საინფორმაციო სისტემის და საინფორმაციო ბანკის საინჟინრო-ოპერატიული ადმინისტრირება;

● ერთიანი საინფორმაციო სისტემის უწყვეტი, მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

● საინფორმაციო სისტემის პროგრამული, საინფორმაციო-ლინგვისტური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;

● ინფორმაციის ფიზიკური შენახვის საიმედოობის უზრუნველყოფა პროგრამულ-ტექნიკურ დონეზე;

● არასანქცირებული შეღწევისაგან ინფორმაციის დაცვის ორგანიზება და უზრუნველყოფა.

ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობის და კონტროლის ჯგუფის ამოცანებია:

● საინფორმაციო რგოლების საქმიანობის ხელმძღვანელობა და კონტროლი ინფორმაციის ავტომატიზირებული დამუშავების ტექნოლოგიის დაცვის, საინფორმაციო ბანკში მისი მიწოდების, ინფორმაციის ავტომატიზირებული დამუშავების სისტემის ეფექტური გამოყენების ნაწილში;

● საინფორმაციო რგოლების მიერ საინფორმაციო სისტემების შექმნის და ექსპლოატაციის, ოპერატიული ინფორმაციის შერჩევის, დაგროვების, დამუშავების და გაცემის ერთიანი წესების დაცვის კონტროლი;

ოპერატიული აღრიცხვის ჯგუფის ამოცანებია:

● სამსახურის მასშტაბით ერთიანი ცენტრალიზებული ოპერატიული აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება;

● ოპერატიული არქივის ორგანიზება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ამოცანებია:

● წინადადებების შემუშავება საზოგადოების საინფორმაციო უშიშროების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამისთვის;

● ტაქტიკური დაგეგმვის კონკრეტული ამოცანების პროპაგანდისტული და კონტრპროპაგანდისტული უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება და რეალიზება;

● უშიშროების სამსახურის პრესცენტრის უზრუნველყოფა მიმდინარე და გეგმიური ინფორმაციით.

კონტრდაზვერვის ცენტრის ამოცანები

1. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო და სხვა მართლსაწინააღმდეგო  საქმიანობის გამოვლენა-აღკვეთა;

● სადაზვერვო ორგანოების, დიპლომატიური და სხვა საფარით მოქმედი სადაზვერვო ცენტრების, რეზიდენტურების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების გამოვლენა და დამუშავება;

● სადაზვერვო მისწრაფებების გამოვლენა;

● ჯაშუშობასთან ბრძოლა.

2. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა.

● ოფიციალური კონტროლი;

● ოპერატიული კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა;

● საიდუმლოებასთან დაშვება.

3. საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფის გამოვლენა.

4. საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი  უზრუნველყოფა.

● თავდაცვის სამინისტრო;

● საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი;

● შსს შინაგანი ჯარი და სხვა გასამხედროებული ფორმირებები.

5. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფის გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა.

6. საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონო ხელში ჩაგდების ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა.

7. საქართველოში განთავსებული უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერატიული კონტროლი.

8. სახელმწიფო საზღვრის დაცვის ოპერატიული უზრუნველყოფა.

9. სახელმწიფო დამნაშავეთა ოპერატიული ძებნა.

10. რადიოეთერის კონტროლი.

11. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ტექნიკური დაზვერვის წინააღმდეგ ბრძოლა.

12. კონტრდაზვერვითი საქმიანობის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა.

13. ქვეყნის მასშტაბით კონტრდაზვერვითი  საქმიანობის კოორდინირება.

ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის ამოცანები

1. ტერორისტული აქტების თავიდან აცილება და აღკვეთა;

● ტერორისტული მიმართულების ორგანიზაციების გამოვლენა და დამუშავება;

● ტერორისტული ზრახვების მქონე ცალკეული პირების გამოვლენა და დამუშავება;

● უცხო ქვეყნების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი პირების დადგენა;

● ბრძოლა ტექნოლოგიური ტერორიზმის წინააღმდეგ;

● ტერორიზმის დაფინანსების წყაროების და არხების გამოვლენა.

2. საერთაშორისო ნარკობიზნესთან, იარაღის და ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში სხვა მასალების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლა;

3. სეპარატიზმის, პოლიტიკური, ნაციონალური და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;

4. არალეგალური ორგანიზაციების, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლა;

5. კონსტიტუციური წყობილების ძალადობის გზით შესაცვლელად შეთქმულების ან ამბოხების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;

6. საბოტაჟის გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;

7. სპეციალური საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა და განხორცილება.  

ადმინისტრაციული (სამსახურის ფუნქციური უზრუნველყოფის) ბლოკის ამოცანები

1. უშიშროების სამსახურის, მისი ცენტრალური აპარატის ტერიტორიული და რეგიონული ორგანოების მდგრადი ფუნქციონირების და ეფექტური ოპერატიულ-სამსახურებრივი საქმიანობისათვის აუცილებელი საკადრო, სინფორმაციო, ოპერატიულ-ტექნიკური, საფინანსო-მატერიალური, სამართლებრივი და სხვა უზრუნველყოფა;

2. დაინტერესებულ დანაყოფებთან ერთობლივად წინადადებების შემუშავება  სამსახურის ფუნქციური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესებისათვის.

კადრებით უზრუნველყოფის დანაყოფის ამოცანებია:

● უშიშროების სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა;

● კადრების სპეციალური მომზადების და შემდგომი გადამზადების ორგანიზება სამსახურის სასწავლო ცენტრში და საჭიროების შემთხვევაში სხვა სასწავლებლებში;

● უშიშროების სამსახურის სასწავლო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფის ამოცანებია:

● საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებიდან ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია, ფარული ვიდეო- და აუდიო ჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, საფოსტო გზავნილთა კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

● ოპერატიული დანაყოფების მოთხოვნების შესაბამისად სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

გარე-მეთვალყურეობის დანაყოფის ამოცანებია:

● ოპერატიული დაინტერესების ობიექტების გარე მეთვალყურეობის უზრუნველყოფა;

● ოპერატიული დადგენა.

სამობილიზაციო რგოლის ამოცანაა

● უშიშროების სამსახურის სტრუქტურების ფუნქციური საქმიანობის უზრუნველყოფა ომის დროს და საგანგებო მდგომარეობის პირობებში;

კავშირგაბმულობის დანაყოფის ამოცანებია:

● მაღალი სიხშირის დახურული სამთავრობო კავშირგაბმულობის სისტემის ორგანიზაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

● უშიშროების სამსახურის შიდა დახურული და ღია კავშირგაბმულობის სისტემის ორგანიზაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

● უშიშროების სამსახურის უზრუნველყოფა შიფრული კავშირით და კრიპტოგრაფიული სამუშაოების ორგანიზება.

სამართლებრივი უზრუნველყოფის რგოლის ამოცანებია:

● მონაწილეობა უშიშროების სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში;

● უშიშროების სამსახურის მიერ შემუშავებული უწყებრივი ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

● უშიშროების სამსახურის საერთაშორისო და ქვეყნის სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

რესურსების მართვის და განაწილების დანაყოფის ამოცანებია:

● საფინანსო და სამეურნეო რესურსების რაციონალური გამოყენება უშიშროების სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის  ეფექტურობის უზრუნველსაყოფად;

● სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული კონკრეტული პროგრამების, ამოცანების და ღონისძიებების მიზანმიმართული უზრუნველყოფა საფინანსო-სამეურნეო რესურსებით.

უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობას უშუალოდ დაქვემდებარებული სტრუქტურული რგოლების ამოცანები

საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფის რგოლის ამოცანაა:

● სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთობლივად უშიშროების სამსახურის, როგორც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მისწრაფებების ობიექტის, კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, ასევე კრიმინალური სამყაროს მხრიდან სისტემაში შემოღწევის მცდელობების თავიდან აცილება და აღკვეთა;

● გამოძიების ჩატარება უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან სამართალდარღვევის, უფლებამოსილების გადამეტების და სხვა არამართლზომიერი ქმედებების ფაქტებზე;

● უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების შემუშავება საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

ინსპექციის ამოცანებია:

● უშიშროების სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ოპერატიულ-სამსახურებრივი საქმიანობის შემოწმება მოქმედ კანონმდებლობასთან, სამსახურის შიდანორმატიულ აქტებთან და დანაყოფების წინაშე მდგარ ამოცანებთან მიმართებაში;

● უშიშროების სამსახურის კოლეგიის მუშაობის ორგანიზაციული, ინფორმაციული უზრუნველყოფა და კონტროლი კოლეგიის გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

● უწყების შიდანორმატიული აქტების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;

● უშიშროების სამსახურში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზაცია და კონტროლი;

პრესცენტრის ამოცანაა:

● კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში საზოგადოების ინფორმირება კონკრეტულ საკითხებზე და უშიშროების სამსახურის მიმდინარე და გეგმიური სამუშაოების შესახებ.

საგამოძიებო დანაყოფის ამოცანაა:

● უშიშროების სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის დანაშაულზე წინასწარი გამოძიების ჩატარება;

მრჩეველთა ჯგუფის ამოცანაა:

● უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების და დასკვნების მომზადება ოპერატიულ-სამძებრო, საინფორმაციო-ანალიტიკური და მმართველობითი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების საკითხებზე.

ომბუდსმენის ამოცანაა:

● უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა და მოსამსახურეთა უფლებების დაცვა.

ადვოკატის ამოცანაა:

● უშიშროების სამსახურის ინტერესების დაცვა სასამართლოში.

გენერალური ინსპექტორის ამოცანებია

ეკონომიკურ საკითხებში

● საფინანსო-ეკონომიკური აუდიტი;

● რესურსების მიზნობრივი და ეფექტური ხარჯვის შეფასება;

● ცალკეული მიმართულებების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ანალიზი;

● რეკომენდაციების გამომუშავება, რესურსების გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის;

● რეკომენდაციების განხორციელების შემოწმება.

სამართლებრივ საკითხებში:

● საკანონმდებლო და შიდანორმატიული აქტების ექსპერტიზა;

● კანონდარღვევების და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოვლენა და მოკვლევა;

● ოპერატიულ-სამსახურებრივი საქმიანობის შესაბამისობა სამსახურის ამოცანებთან და პრიოროტეტებთან;

● ოპერატიული და ტექნიკური ძალების და საშუალებების არამართლზომიერ გამოყენების ფაქტების გამოვლენა;

● რეკომენდაციების შემუშავება გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად;

● რეკომენდაციების განხორციელების შემოწმება;

2 ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში, სამხრეთ კავკასია ევროკავშირში?

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

მარიამ დეკანოზიშვილი
ევროპის პოლიტიკის მაგისტრი (ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთის სამეფო)

 ,,ცივი ომის“ დასრულებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ აუცილებელი გახადა ევროკავშირისათვის, რომ გადაესინჯა და ახალი მიმართულება მიეცა თავისი საგარეო პოლიტიკისათვის ,,ცივი ომის“ დროს ,,რკინის ფარდის“ მიღმა დარჩენილი ქვეყნებისადმი და ახლა უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის თავისი ,,პრიორიტეტების პირამიდაში“ ადგილი მიეჩინა. რა ადგილი უჭირავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს ამ პირამიდაში? რამდენად აქტიურია ევროკავშირი რეგიონში? რა მიზეზ-შედეგობრივი ფაქტორები განსაზღვრავს ევროკავშირის როლს სამხრეთ კავკასიაში?

აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი მზარდ ინტერესს იჩენდნენ არა მხოლოდ ძლიერი მეზობელი ქვეყნები (რუსეთი, თურქეთი, ირანი), არამედ მსოფლიოს წამყვანი ძალებიც (აშშ, ევროკავშირი). ეს რეგიონში შესამჩნევი რაოდენობით ნავთობის რეზერვებით და მისი მეტად ხელსაყრელი გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობით, ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტული დერეფნის როლით, არის განპირობებული.

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სცენაზე 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნები პირველ ნაბიჯებს დგამდნენ საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიისაკენ და როდესაც რეგიონის პოლიტიკური ლანდშაფტი ეთნიკურმა კონფლიქტებმა და ნავთობმა მოიცვა.

ევროკავშირის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში

სამხრეთ კავკასია უფრო ფართო და დიდი რაოდენობით ნავთობისა და გაზის რეზერვების მქონე კასპიის ზღვის რეგიონის ჩარჩოში მოიაზრება. იგი ერთგვარ მიკრორეგიონს და ამასთანავე მნიშვნელოვან არეს წარმოადგენს ევროკავშირისათვის, რომელიც ახალი ენერგო საჭიროებების წინაშე დგას და ცდილობს ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიცირებას. სამხრეთ კავკასია პოტენციურად მეტად მომგებიან და მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციებისათვის, განსაკუთრებით ტრანსნაციონალური ნავთობ კომპანიებისათვის. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიული ,,აბრეშუმის გზის“ აღდგენას, რომელიც აზიასთან პირდაპირ სავაჭრო არხს წარმოადგენს. სამხრეთ კავკასიამ ერთგვარი ხიდის როლი შეიძლება შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის. ევროკავშირი დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით, რადგან კავკასიის ტერიტორიაზე გამუდმებული კონფლიქტების რეგიონის ფარგლებს გარეთ გავრცელების შესაძლებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გაფართოებულ ევროკავშირს. ამასთანავე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არასტაბილურმა სიტუაციამ შესაძლოა ევროკავშირში გარკვეულწილად იმიგრაციის ზრდა გამოიწვიოს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება გახდეს თუკი თურქეთი შეურთდება ევროკავშირს. ბუნებრივია ევროკავშირის შეშფოთება იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და ორგანიზებულ დანაშაულებათა მიმართ, რისთვისაც სამხრეთ კავკასია მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, უდავოდ საშიშ ზონად აღიქმება. მსოფლიოში მზარდი გლობალიზაციისა და ურთიერთდაქვემდებარების ტენდენციის გათვალისწინებით აღნიშნული საკითხები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საყურადღებოა კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ზრდის სამხრეთ კავკასიის, განსაკუთრებით კი საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისათვის. ეს გახლავთ ტერორიზმის საფრთხე (რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის გამო). ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის საგარეო ურთიერთობების გენერალური სამდივნოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაიქლ კოლჰერმა, 2003 წლის თებერვალში ბრიუსელში პირადი საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში მომძლავრებული ტერორიზმის საფრთხის პირობებში ,,ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ საქართველო გახდეს წარუმატებელი ქვეყანა“. და ბოლოს, აუცილებელია გავითვალისწინოთ ევროკავშირის ამბიციები, რომ განავითაროს ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და წამყვანი როლი ითამაშოს საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მხრივ სამხრეთ კავკასია ,,ხელსაყრელ შემთხვევას“ წარმოადგენს ევროკავშირისათვის თავისი მისწრაფებების განსახორციელებლად. გარდა ამისა, ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ევროკავშირის, ე.წ. ,,მშვიდობის კუნძულის“ იმიჯს.

თავის მხრივ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონში ევროკავშირის აქტიურ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოსათვის, რომლის საბოლოო მიზანია ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია. ამ ამბიციას კიდევ უფრო აძლიერებს 2004 წლისათვის დაგეგმილი ევროკავშირის გაფართოება. ევროკავშირი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მდგრადი განვითარების პრინციპების გავრცელებითა და ფინანსური დახმარებით მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რეგიონის წინსვლაზე. რეგიონის მომავლის ოპტიმისტური ხედვის საფუძველს სწორედ მისი გეოეკონომიკური მიმართულებით განვითარების პერსპექტივა იძლევა. ევროკავშირის მიერ წამოწყებული სხვადასხვა პროექტი კი ხელს შეუწყობს რეგიონალურ თანამშრომლობასა და კონფლიქტების მოგვარებას, რაც რეგიონის განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. აგრეთვე ევროკავშირის აქტიური ჩართვა რეგიონის პოლიტიკაში შესაძლებელს ხდის რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებას და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რუსეთზე ცალმხრივი დაქვემდებარების შემცირებას. უფრო ხატოვნად რომ ვთქვათ, ჰეგემონური რეგიონალური წესრიგის ჰარმონიული წესრიგით შეცვლას, როდესაც რამდენიმე ძალას რეგიონში მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები გააჩნია.1

რამდენად აქტიურია ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონში?

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პოლიტიკის და რეგიონში მისი როლის შეფასებისას ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს აქვს ხშირად ადგილი. ერთის მხრივ, ევროკავშირის მიერ დახარჯული მილიარდი ევრო, რამდენიმე რეგიონალური მასშტაბის პროექტი და რეგიონის დემოკრატიული გარდაქმნისათვის გაწეული დახმარება მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ ევროკავშირი საკმაოდ აქტიური იყო რეგიონში. უფრო მეტიც, ევროპარლამენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასია ევროკავშირის ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისათვის (CFSP) სტრატეგიულ რეგიონს და შუა აზიისაკენ ნამდვილ ჭიშკარს წარმოაგენს და ევროკავშირის ,,ტროიკას“ ვიზიტმა  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში 2001 წლის თებერვალში ასევე დაგვანახა, რომ ევროკავშირი მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების განმტკიცებას. მეორეს მხრივ, სამხრეთ კავკასია მიიჩნევა იმის მაგალითად, რაც მეცნიერულ წრეებში ,,შესაძლებლობებსა და მოლოდინს შორის შეუსაბამობის“ (Capability-Expectations Gap) სახელითაა ცნობილი.2 ევროკავშირს ოფიციალურად ჯერაც არ ჩამოუყალიბებია თავისი განსაზღვრული მიზნები რეგიონში და კვლავაც სამხრეთ კავკასიის მიმართ ერთობლივი სტრატეგიის შემუშავების პროცესში იმყოფება. ზოგადად, მიზნები რომ იქნეს განხორციელებული, საჭიროა სხვადასხვა ტიპის რესურსები და ინსტრუმენტები. ის ინსტრუმენტები კი რომელსაც ევროკავშირი კავკასიაში იყენებს მხოლოდ ეკონომიკური და დიპლომატიური ხასიათისაა, ანუ როგორც ამას უწოდებენ ,,სოფტ პოწერ აპპროაცჰ“-ს წარმოადგენს.

ევროკავშირის აქტიურობა რეგიონში რამდენიმე ძირითადი მიმართულებით არის გამოხატული. ფინანსურ ასპექტში ყველაზე მნიშვნელოვანია ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ევროკავშირი TACIS-ის და ECHO-ს3 პროგრამების მეშვეობით ახორციელებდა 1992 წლიდან მოყოლებული. თაცის-ის პროგრამა ორი მიმართულებით ხასიათდება:ნაციონალური, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონსულტაციების ფონზე ხორციელდება და მეორე- სახელმწიფოთაშორისო. 2002 წლისათვის სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკისადმი გაწეული დახმარება  ჯამში შეადგენს დაახლოებით 1 მილიარდს. TACIS-ის რეგიონალური მიმართულება ევროკავშირის რამდენიმე მრავალგანზომილებიან რეგიონალური პროექტზე ფოკუსირდება, რომელთაგან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია TRACECAA და INOGATE. TRACECA-ის პროექტი 1993 წელს დაიწყო და იგი მიზნად ისახავს შავი და კასპიის ზღვის რეგიონის თანამედროვე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებით დაკავშირებას და რეგიონში კოჰერენტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. TRACECA საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც მასში მონაწილე ქვეყნებს ევროპისა და მსოფლიო ბაზარზე ალტერნატიული სატრანსპორტო გზებით გასვლის საშუალებას მისცემს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რეგიონალურ თანამშრომლობას და მიმზვიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნას, აგრეთვე TRACECA-ის ტრანსევროპულ ქსელებთან (TENs) დაკავშირებას. პერსპექტივაში ,,აბრეშუმის გზის“ გასწვრივ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და მონიტორინგის სატელიტური ქსელის შექმნაა გათვალისწინებული, რაც სატრანსპორტო დერეფანს ახალ განზომილებას შესძენს. TRACECA მხოლოდ ერთი ნაწილია იმ გიგანტური პროექტისა, რომელიც ,,აბრეშუმის გზის განახლების“ სახელით არის ცნობილი და დასავლეთ ევროპიდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიამდე კავკასიისა და შუა აზიის გავლით სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ისახავს მიზნად.

INOGATE (ნავთობისა და გაზის სახელმწიფოთაშორისი ტრანსპორტირება ევროპისაკენ) 1995 წელს იქნა წამოწყებული. ეს ევროკავშირის რეგიონალური მასშტაბის მეორე პროექტია, რომელიც  მიზნად ისახავს დსთ-ის სივრცეში არსებული ნავთობ და გაზსადენების სისტემებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას, ალტერნატიული მარშრუტების ვარიანტების შეფასებას, აგრეთვე  მონაწილე ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებასა და ევროპისაკენ ენერგეტიკული დერეფნის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და რეგიონის სამივე ქვეყანას შორის დადებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება (PCA), რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში. პოლიტიკური დიალოგის, დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის, ვაჭრობისა და საინვესტიციო გარემოს განვითარებისათვის ხელშეწყობა და ქმედითი კავშირების აღდგენა ევროკავშირსა და რეგიონის ქვეყნებს შორის ამ შეთანხმებათა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი ვაჭრობაში გენერალიზებული პრეფერენციების სისტემით უზრუნველყოფა (GSP). თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას კიდევ ბევრი უკლია ე.წ. ასოცირების შეთანხმებამდე და მასში სიტყვაც არ არის ნახსენები მომავალში ქვეყნების  ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რაც შეიძლება ერთგვარი მოტივაცია ყოფილიყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის და დადებითი გავლენა ჰქონოდა მათ განვითარებაზე.

მნიშვნელოვანი შიდა და გარე ფაქტორები

როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის აქტიურობასა და მის პოლიტიკას განვიხილავთ, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ ის შიდა და გარე ფაქტორები და მათი ურთიერთქმედება, რომლებიც პოზიტიურ თუ ნეგატიურ გავლენას ახდენენ ევროკავშირის პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ.

რუსეთის ფაქტორი: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ რუსეთის ფაქტორი, რომელიც ყველაზე გავლენიან ძალას წარმოადგენს რეგიონში და განსაკუთრებული ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიის მიმართ. აქედან გამომდინარე სამხრეთ კავკასიაში ეფექტური პოლიტიკის წარმართვისათვის ევროკავშირისათვის აუცილებელია მხედველობაში მიიღოს რუსეთის ფაქტორი. რუსეთი მეტად მგრძნობიარეა თავისი ყოფილი ,,სამფლობელოს“ ამ ნაწილის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ტრანსკავკასია, როგორც ამ რეგიონს რუსულ პოლიტიკურ წრეებში მოიხსენიებენ, არასტაბილურ ბუფერულ ზონას წარმოადგენს რეგიონში სხვა მოქიშპე ძალებს შორის, როგორიცაა თურქეთი და ირანი. სამხრეთ კავკასიის, კერძოდ კი საქართველოს, უშუალო სიახლოვე რუსეთის ჩრდილო კავკასიის ოლქთან  და საქართველოს საზღვარზე მიმდინარე ჩეჩნეთის კონფლიქტი კიდევ ერთი მიზეზია, რომელიც რუსეთს მოსვენებას უკარგავს. რეგიონში არსებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები, კასპიის ზღვის აუზში აღმოჩენილი ნავთობისა და გაზის საბადოებთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის როლი კიდევ ერთ თავსატეხს უქმნის რუსეთის ხელმძღვანელობას. მიუხედავად რუსეთის ჰეგემონური ზრახვებისა და რეგიონში მისი სამხედრო უპირატესობისა, რუსეთის ჰეგემონია რეგიონში ერთგვარ დაღმასვლას განიცდის, რაც ეკონომიკური რესურსების ნაკლებობითა და ჩრდილო კავკასიაში პოლიტიკური არასტაბილურობით არის გამოწვეული. ამ მხრივ ევროკავშირს შეუძლია ისარგებლოს თავისი ეკონომიკური რესურსების უპირატესობით და ხელი შეუწყოს რეგიონის სტაბილიზაციას. სტაბილური რეგიონი სასურველია რუსეთისთვისაც, თუმცა მას არ სურს სამხრეთ კავკასიაში ძლიერი ქვეყნების ხილვა და არც მართვის სადავეების დაკარგვას შეეგუება ადვილად. ევროკავშირს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაში ფინანსური თუ დიპლომატიური გზებით. აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, თუ როგორ აღიქვამს რუსეთი ევროკავშირის გააქტიურებას რეგიონში და მხედველობაში მივიღოთ რუსეთის განსხვავებული დამოკიდებულება რეგიონში სხვა გარე ძალების ჩართვასთან მიმართებაში. რუსეთი ევროკავშირს უფრო ეკონომიკურ ძალად აღიქვამს და აქედან გამომდინარე ნაკლებად პრობლემატურად მიიჩნევს ვიდრე ნატოს ან აშშ-ის გააქტიურებას მისი ,,გავლენის სფეროში.“ ეს ნაწილობრივ ალბათ რუსეთის ,,ცივი ომის“ დროინდელი ხედვითაც არის განპირობებული. ამის ნათელი დადასტურებაა რუსეთის შეშფოთება, რაც 11 სექტემბრის შემდგომ რეგიონში აშშ-ის  გააქტიურებას მოჰყვა. რუსეთს ურჩევნია რეგიონში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა, როგორიცაა ეუთო ან ევროპის საბჭო. მიუხედავად 2002 წელს დაფუძნებული ნატო-რუსეთის საბჭოსი, რუსეთის დამოკიდებულება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისადმი-როგორც სამხედრო გაერთიანებისადმი-არ შეცვლილა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩართვა ნატოს ,,თანამშრომლობა მშვიდობისათვის პროგრამაში“ არ შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს რეგიონში. ნატოსა და აშშ-გან განსხვავებით ევროკავშირი რუსეთის მიერ არ აღიქმება როგორც უშუალო საფრთხე. ეს განპირობებულია იმითაც, რომ ევროკავშირი რუსეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ორივე მხარისათვის, რაზეც ევროკავშირის მიერ ინიცირებული ,,ერთობლივი სტრატეგია რუსეთისათვის“ (Common Strategy on Russia) და 2001 წელს დაფუძნებული რუსეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოც მიუთითებს. ე.წ. ,,დაახლოების პოლიტიკა“ (rapprochement policy) დაწყებულია. როგორც ევროკომისიის საგარეო ურთიერთობების გენერალური სამდივნოს (Relex E/3) ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბატონ რეინოლდ ბრენდერმა აღნიშნა, ევროკავშირი სერიოზულად ეკიდება რუსეთთან ახლო მეგობრული ურთიერთობების დამყარებას. რუსეთიც, თავის მხრივ, აქტიურად უჭერს მხარს რუსეთ-ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების საბჭოს შექმნას (Internal Security Council), რომელიც მიზნად ისახავს ტერორიზმთან ერთობლივი ძალებით გამკლავებას და კრიზისული  სიტუაციების მენეჯმენტს (Crisis Management). ყოველივე ეს საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ იქნება წინააღმდეგი ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობას შეუწყოს ხელი, მაგრამ აქ მედლის მეორე მხარეცაა გასათვალისწინებელი. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის რეაქცია დიდად იქნება დამოკიდებული, თუ რა სახის ინიციატივას ექნება ადგილი ევროკავშირის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში. ამჟამად ევროკავშირს არ გააჩნია ბოლომდე განსაღვრული პოლიტიკა რეგიონის მიმართ, ევროპის ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. თუმცა როდესაც რუსეთი რეალურად დადგება იმ ფაქტის წინაშე, რომ ევროკავშირი შეიძლება ე.წ. ,,სამოქალაქო ძალიდან“ (Civil Power) სამხედრო პოტენციალის მქონე ძალად გადაიქცეს და მისმა აღმოსავლეთით გაფართოებამ ეს პოტენციალი რუსეთთან ერთობ ახლოს მოიტანოს, ევროკავშირის აქტიური ჩარევა სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთს დამატებით საზრუნავ შეუქმნის. რუსეთი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა მის ყოფილ გავლენის სფეროში უცხო ქვეყნის სამშვიდობო ჯარებისადმი. აგრეთვე დასავლეთის მზარდი გავლენა კასპიის რეგიონში რუსეთის მიერ მისი უსაფრთხოებისა და  ეკონომიკური ინტერესებისათვის საფრთხედ აღიქმება და ერთგვარ შიშსა და უკმაყოფილებას იწვევს. რუსეთი მოწადინებულია, რომ თავად აკონტროლოს სატრანსპორტო მარშრუტები, ამიტომ ევროკავშირის აქტიურმა როლმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნას მას. ამგვარად, გადამწვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის დაყოლიებას, რომ ეროვნული ინტერესების გეოპოლიტიკური ჭრილიდან ხედვა და ჰეგემონური ამბიციები დასძლიოს და ხელი შეუწყოს რეგიონის გეოეკონომიკური მიმართულებით განვითარებას, კონფლიქტების მოგვარებას სამხრეთ კავკასიაში და კასპიის ზღვის ნავთობის საერთაშორისო ბაზრებისათვის მიწოდებას.4 რუსეთში მიმდინარე შიდა პროცესები და რუსეთის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს რუსეთის რეაქციებზე ევროკავშირის ინიციატივებისადმი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას აირჩევს რუსეთის ხელმძღვანელობა სამხრეთ კავკასიის მიმართ-პრაგმატულს თუ კვლავაც ნეოიმპერიალისტურს.

არსებობს მოსაზრებაც, რომ ევროკავშირის სამხრეთ კავკასიისაკენ სწრაფვა რუსეთის გაღიზიანებას არ გამოიწვევს. ამის არგუმენტად იშველიებენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი ბალტიის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ ახდენს რაიმე რეაგირებას. თუმცა ეს სულაც არ არის განპირობებული რუსეთის გულგრილობით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს ბალტიის ქვეყნების დაგეგმილი გაწევრინება ნატოში აშფოთებს და რა თქმა უნდა ურჩევნია ბალტიის ქვეყნები მისთვის მაინც უფრო ეკონომიკურ ძალად აღქმულ ევროკავშირში დაინახოს ვიდრე სამხედრო ალიანსში, რომელიც მის ცხვირწინ აღმოჩნდება. აქვე დასაშვებია ისიც, რომ შეიძლება რუსეთსა და დასავლეთს შორის ერთგვარ გარიგებასაც კი ჰქონდეს ადგილი, რომელიც ,,ბალტიის ქვეყნები დასავლეთს და შორს ხელები დსთ-გან“ ფრაზაში მდგომარეობდეს. თუმცა ეს ალბათ საკმაოდ ცალსახა და გამარტივებულ მსჯელობას წარმოადგენს, განსაკუთრებით დღევანდელი მსოფლიოს მზარდი გლობალიზაციისა და სწრაფი ცვლილებების პირობებში.

როგორც ვხედავთ რუსეთის ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია და ევროკავშირის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში უფრო ფართო რუსეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობების ფონზე უნდა განვიხილოთ.

აშშ-ის ფაქტორი: სამხრეთ კავკასიის რეგიონში არც ამერიკის საკმაოდ შესამჩნევი აქტიურობაა ევროკავშირისათვის მნიშვნელობას მოკლებული. ხშირად ევროკავშირი და აშშ მოიაზრებიან როგორც ერთობლივი ,,დასავლეთის ინგეიჯმენტის“ ორი მხარე. ეს მოსაზრება რამდენადმე მარტივია, რადგან იგი არ ითვალისწინებს ზოგიერთ განსხვავებას ევროპასა და ამერიკას შორის, თუმცა სიმართლესაც წარმოადგენს მათი საერთო მიზნების გათვალისწინებით, რაც რეგიონის სტაბილურობაში მდგომარეობს.5 ირანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რომლის მიმართაც აშშ-ს და ევროპას განსხვავებული მიდგომა აქვთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ სიხარულით შეეგებოს ევროკავშირის რაიმე ინიციატივას, რომელშიც ირანიც იქნება ჩართული. სამეცნიერო წრეებში არსებობს მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ ევროპის მცდელობა ჩართოს და ითანამშრომლოს რუსეთთან რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ვაშინგტონის პოლიტიკას რუსეთისა და დსთ-ის მიმართ, რომელიც უფრო გეოპოლიტიკური მეტოქეობის ხასიათს ატარებს. მაგრამ ზოგადად აშშ, რომელიც დაინტერესებულია ხელეწიფებოდეს კასპიის ზღვის აუზის ნავთობისა და გაზის რესურსები და აქტიურად უჭერს მხარს სამილსადენო გზებისა და ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, მიესალმება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ინიციატივას. უფრო მეტიც, დემოკრატიის პრინციპების გავრცელება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება რეგიონში კიდევ ერთი საკითხია, რომელშიც ამერიკისა და ევროპის ინტერესები სრულ თანხვედრაშია. ამგვარად, აშშ-ის რეგიონისადმი აქტიურმა პოლიტიკამ, ერთის მხრივ, შესაძლოა გზა გაუკვალოს ევროკავშირს, პოზიტიური გავლენა იქონიოს მის გააქტიურებაზე და მოხდეს მათ შორის ,,შრომის დანაწილება“. მეორეს მხრივ, აშშ-ის აქტიურობით დაიმედებულმა ევროკავშირმა შესაძლოა თავს მოდუნების უფლება მისცეს, რაც რეგიონში მისი როლის შესუსტებას გამოიწვევს.

ნავთობის ფაქტორის გავლენა: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროკავშირს სურს თავისი ენერგო რესურსების დივერსიფიცირება, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონს მიმზიდველს ხდის მისთვის და პოზიტიურ გავლენას ახდენს ევროკავშირის როლის გაზრდაზე რეგიონში. ეს რეგიონის გეოპოლიტიკურ განზომილებასთან ასოცირდება, თუმცა არც ეს განზომილება გახლავთ ცალმხრივი. უეჭველია, რომ არც გეოეკონომიკურ თამაშში რჩება ყველა მხარე მოგებული. კასპიის ზღვის ენერგო რესურსები უშუალო კონკურენციას გაუწევს რუსეთის ენერგო ექსპორტს და უცხოურ ინვესტიციებს რუსეთის არც თუ სახარბიელო ენერგო ინფრასტრუქტურაში, რაც თავისთავად შეამცირებს რუსეთის ეკონომიკურ სარგებლიანობას ენერგო ექსპორტიდან და რუსეთის სამილსადენო ინფრასტრუქტურიდან. არც თუ დიდი ხნის წინ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დაწყებამ, რომელიც მკვეთრად ამცირებს ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენის მნიშვნელობას, უფრო გაამძაფრა რუსეთის უკმაკოფილება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს საკითხის პოლიტიზირება. ამ შემთხვევაში ევროკავშირი შეიძლება განზე გადგეს, რათა არ გაამწვავოს კასპიის ნავთობისა და გაზის რესურსებისა და სამილსადენო გზების კონტროლისათვის წამოწყებული ,,დიდი თამაში“. თუმცა შეიმჩნევა პოზიტიური ნიშნებიც რუსეთის ზოგიერთ ბიზნეს წრეებში, რომლებიც  ხვდებიან, რომ სტაბილურ და უსაფრთხო ეკონომიკურ კლიმატს სამხრეთ კავკასიაში მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია და კონსტრუქციულ მიდგომას უჭერენ მხარს. ამგვარად, ნათელია, რომ რეგიონის გეოეკონომიკური მიმართულებით განვითარება, რაც კონფლიქტების მოგვარებაზე და რეგიონის სტაბილიზაციაზე ორიენტირდება, პოზიტიური ძრავა გახდება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის აქტიური პოლიტიკისა და მზარდი როლისათვის.

შიდა ფაქტორები

ევროკავშირის გაფართოება: იცვლება რა მისი ზომა, გეოგრაფია, შემადგენლობა და მიმართულება, გაფართოების თითოეული ეტაპი ცვლის ევროკავშირის ურთიერთობებს დანარჩენ მსოფლიოსთან. დღეს ევროკავშირი მისი არსებობის იტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფართოების და ამავდროულად ინტეგრაციის გაღრმავების უმნიშვნელოვანესი ამოცანის წინაშე დგას. ეს პროცესები მნიშვნელოვნად აისახება ევროკავშირის შესაძლებლობებსა და მის ურთიერთობებზე გარე სამყაროსთან. გაფართოება პოტენციურად გააუმჯობესებს ევროკავშირის გავლენას. თუმცა ეს ასევე გამოიწვევს ევროკავშირში ჰეტეროგენულობის ზრდას, გაამძაფრებს ევროკავშირისათვის დამახასიათებელ შიდა უთანხმოებას, გაართულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და უფრო ძნელს გახდის ერთობლივი პოზიციის მიღწევას. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მესამე მხარეთა, ჩვენს შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მოლოდინზეც. მეორეს მხრივ, გაფართოების პროცესი სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიულ სიახლოვეს განაპირობებს, რაც ზრდის რეგიონის მნიშვნელობას ევროკავშირისათვის. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. თუკი თურქეთი შეუერთდება ევროკავშირს, მაშინ სამხრეთ კავკასია ევროკავშირის უშუალო მეზობელი გახდება. მომავლისათვის დაგეგმილი გაფართოების მომდევნო რაუნდი, რომელიც ბულგარეთსა და რუმინეთს მოიცავს, კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის ინტერესებს სტაბილური შავი ზღვის რეგიონისადმი. ამიტომ საქართველოსათვის, რომელსაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე მაღალი შანსი გააჩნია, მის იდენტიფიცირებას უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონთან დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

2004 წლის გაფართოების შემდეგ აქტიური განხილვის საგანი შეიძლება გახდეს ევროკავშირის მიერ არჩეული ,,ჩართვისა და გამიჯვნის პოლიტიკა“ (Inclusion or Exclusion Policy) დანარჩენი ევროპისადმი, რამაც შესაძლოა წარმოქმნას ახალი ე.წ. ,,დამყოფი ხაზები“ ევროპაში. როგორც ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს ევროკავშირის გეოგრაფიული და ქმედითი საზღვრების გადაფარვა, რადგან საკმაო განსხვავებაა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებსა და ევროპის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე დანარჩენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ თუ დემოკრატიულ ასპექტებში.6 აქ ევროკავშირი ე.წ. ,,სოფტ“ და ,,ჰარდ“ საზღვრების  არჩევანის წინაშე დგება. არც თუ სახარბიელო იქნება სამხრეთ კავკასიისათვის თუკი ევროკავშირი გამმიჯნავ პოლიტიკას აირჩევს და მკაცრ კონტროლს დააწესებს საზღვრებზე არალეგალი იმიგრანტების შეღწევის და საერთაშორისო დანაშაულებათა თავიდან აცილების მიზნით. თუმცა საქართველოს შესაძლო ჩართვა ევროკავშირის ფართო ევროპის ინიციატივაში, რომელიც სასაზღვრო რეჟიმების შემსუბუქებას მოიაზრებს, უკეთესის იმედს იძლევა.

ევროკავშირის არამდგრადი და შეუთანხმებელი პოლიტიკა: ევროკავშირის მმართველ წრეებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის განსხვავებულ კონცეპტუალურ ხედვას აქვს ადგილი. ერთნი რეგიონში ევროკავშირის ღირებულებების, როგორიცაა დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა, სოციალური კეთილდღეობა, დაცვაზე აკეთებენ აქცენტს. მეორენი გაფართოებასა და ახალ ენერგო მოთხოვნილებებს ეკიდებიან მეტი ყურადღებით. ზოგი რუსეთის გავლენას რეგიონში საფრთხედ მიიჩნევს, სხვანი კი პოზიტიურ ფაქტორად რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად. ზოგიერთი ევროკავშირის როლს რეგიონში ტექნიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამყარებულ პირველ საერთაშორისო დონორობაში მოიაზრებს. ამის შედეგი გახლავთ ერთობლივი სტრატეგიის არარსებობა, რასაც თან ახლავს ევროკავშირისა და სხვადასხვა წევრ ქვეყანათა ინტერესების შეუთანხმებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამხედრო ინტრესებია ჩარეული. ზოგიერთი წევრი ქვეყანა მხარს უჭერს სამხედრო დამკვირვებლების გაგზავნას კონფლიქტის ზონებში როგორიცაა აფხაზეთი, ზოგი კი საერთოდ არ იზიარებს ამ პოზიციას. სანამ ევროკავშირი არ შეიმუშავებს ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ნაადრევია საუბარი რაიმე განსაზღვრულ ერთობლივ პოლიტიკურ ქმედებებზე რეგიონში.

რეგიონის განსხვავებული ხედვაა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებშიც. განსხვავდება თვით ევროკავშირის ინსტიტუტებში მომუშავე თანამდებობის პირთა მოსაზრებაც რეგიონში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. თუკი ევროკომისიის საგარეო ურთიერთობის გენერალური სამდივნოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საკმაოდ კატეგორიულად აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი საქართვლო, გახდეს წარუმატებელი ქვეყანა და მხარს უჭერს ევროკავშირის აქტიურ პოლიტიკას რეგიონში7, იგივე სამდივნოს სხვა წარმომადგენელი, ბატონი რეინოლდ ბრენდერი, რომელიც კავკასიასა და Uშუა აზიასთან ურთიერთობებს კურირებს, ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჯერ არ დასრულებულ, ნელი ტემპით მიმდინარე ტრანსფორმაციაზე და ევროკავშირის ფინანსური დონორის როლზე, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ ქვეყნებში რიგი რეფორმების განხორციელებას. მისი თქმით, ახლა ევროკავშირის მთავარი საზრუნავი კარს მომდგარი გაფართოებაა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს კი ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. ევროკავშირის როლი ამ ქვეყნებში დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებით გაართმევენ თავს რეფორმებსა და დემოკრატიულ გარდაქმნას.8

ასე რომ, ევროკავშირს არ გააჩნია მდგრადი და კონკრეტული ერთიანი პოლიტიკა რეგიონის მიმართ. განზრახვების რეალურად განხორციელებისათვის და განცხადებებისა და დეკლარაციების სინამდვილეში მიმდინარე პროცესებად გარდასაქმნელად კი, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია პოლიტიკური ნება და შემდგომ მდგრადი პოლიტიკის შემუშავება.

დასკვნა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრავალი შიდა და გარე ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის ურთიერთობას სამხრეთ კავკასიის რეგიონთან. მომავალში ევროკავშირის როლი რეგიონში დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა განვითარებას ჰპოვებს ამ რიგ ფაქტორთა ურთიერთქმედება. აუცილებელია აღინიშნოს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც თავად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს, ტრანსფორმაციის პროცესსა და მათ მიერ არჩეულ კურსს ენიჭება. თუმცა არც ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესები და  რუსეთისა და აშშ-ს ფაქტორი უნდა დავივიწყოთ. ამჟამად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი ალბათ საკმაოდ ნაადრევია.

ამასთან, კარს მომდგარი გაფართოება ევროკავშირს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საბიუჯეტო პრობლემების წინაშე აყენებს და მთავარ ამოცანას მისთვის ახლა ევროკავშირის ინსტიტუტების რეფორმირება და მათი ფუნქციონირებისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტურ მექანიზმთა შემუშავება წარმოადგენს.

ბოლოს უნდა აღვნიშნოთ, რომ სამხრეთ კავკასია თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ე.წ. ,,ბუფერად“ მოიაზრება და მისი ბედი გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით შეასრულებს იგი ევროკავშირისათვის ,,ბუფერის“ ფუნქციას, რაც ევროკავშირის არსებული და მომავალი პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ ბუნებრივი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და თავის მხრივ ერთგვარი პოტენციური ,,ბუფერის“ წარმოქმნაში მდგომარეობს. დღესდღეობით არსებული კონფლიქტებისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების დაბალი ტემპების ფონზე  სამხრეთ კავკასიის მიერ ,,ბუფერის“ როლის წარმატებით განხორციელება და შემდგომში ევროკავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. ახალი ,,ბუფერის“ შექმნის ალბათობაც, რეგიონის გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, საკმაოდ დაბალია. ამიტომ ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, უფრო სავარაუდოა სამხრეთ კავკასიის ევროკავშირთან ინტეგრაცია გაწევრიანების გარეშე.

___________________

1. იხ. Roeder, P. (1997)

2. იხ.Hill, Christopher (1993)H

3. ამჟამად ეს პროგრამა აღარ არის ქმედითი

4. იხ. Emerson, M; Celac, S. and Sanberk,Ö (2003)

5. იხ. Helly, D. (2001)

6. იხ. Zeilonka, J. (2001)

7. შეხვედრა ბ-ნ.  მაიკლ კოლჰერთან (DG Relex A1), 2003 წლის 19 თებერვალი

8. პირადი ინტერვიუ ბ-ნ. რეინოლდ ბრენდერთან (Relex E/3), 2003 წლის 21 თებერვალი

3 გლობალიზაცია და კულტურა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ნუცა ნიკოლაიშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრანტი

გასული საუკუნეში დაწყებულმა გლობალიზაციის პროცესმა დღეისათვის არნახულ მასშტაბებს მიაღწია. გლობალიზაცია გასცდა ეკონომიკის საზღვრებს და ადამიანთა მოღვაწეობის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. გლობალიზაციის გავლენა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასახვას ჰპოვებს კულტურაზეც. საქართველოში, დასავლეთისაგან განსხავებით არაჯეროვანი ყურადღება ექცევა გლობალიზაციისა და მისი თანმდევი შედეგების კვლევას. წინამდებარე სტატია სწორედ დასავლეთის მკვლევარების ნაშრომების ანალიზს წარმოადგენს. ქვემოთ განხილულია საერთაშორისო ურთიერთობებისა  და განვითარების ჟურნალში გამოქვეყნებული სუზანა ლეჰმანოვას სტატია, რომელიც გლობალიზაციის პროცესის კულტურაზე გავლენის, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ასპექტებს ეძღვნება.

გლობალიზაციამ, მსოფლიო მასშტაბებით, თითქმის ყველა ქვეყანაში შეაღწია და მოიცვა განვითარების ყველა დარგი და სფერო, განსაკუთრებით კი იგი აისახა ისეთ მნიშვნელოვან სფეროზე, როგორიც არის ქვეყნისა და ერის კულტურული განვითარება. აქედან გამომდინარე, კულტურული გლობალიზაცია მსოფლიოში სულ უფრო მზარდი პროცესი ხდება.

კულტურული გლობალიზაცია ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ნაციონალიზმის ფენომენთან. გლობალიზაციის ერაში ნაციონალიზმმა სხაგვარი ელფერი შეიძინა. ერიკ ჰობსბაუმი თავის ნაშრომში ,,ნაციონალიზმის ევოლუციის შესახებ“, აღნიშნავს, რომ მე-20 საუკუნის ნაციონალიზმი და ეთნიკური პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება მე-19 და ადრეული მე-20 საუკუნის ნაციონალიზმისაგან. ნაციონალიზმი აღარ ითვლება მსიფლიოში  ისტორიული განვითარების ძირითად და მამოძრავებელ ძალად. იგი აღარაა ქვეყნის, ერის თვითდამკვიდრების მთავარი ვექტორი.

ერის ჩამოყალიბება, ინდუსტრიული ეკონომიკის მშენებლობა მე-19 საუკუნეში და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობანი მე-20 საუკუნის შუა წლებში ისტორიული განვითარების ძირითადი მოვლენები იყო. ამ მოვლენებთან ნაკლებადაა დაკავშირებული მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენებული ეთნიკური და ლინგვისტური ნაციონალიზმი, რომელიც დღესაც განაგრძობს აქტიურ ზრდას. ერის, ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჰქონდა ძლიერი გამაერთიანებელი ბუნება, მაშინ, როცა გვიანი მე-20 საუკუნის ნაციონალიზმი ატარებს მკვეთრად განმაცალკევებელ ხასიათს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნეგატიური პროცესის სახეს ღებულობს. ის გამაერთიანებელი ნაციონალიზმი, როდესაც პოლიტიკურად დანაწევრებული, მაგრამ ეთნიკურად ერთგვაროვანი ჯგუფები მიისწრაფვიან გაერთიანებისაკენ ერი-სახელმწიფოს შესაქმნელად, დღეს განიცდის აშკარა სახესხვაობას და ფაქტიურად კარგავს ძირითად საფუძვლებს, ბაზას, რომელზეც ის აღმოცენდა. კარგავს გამაერთიანებელ ძალას და ხდება განმაცალკევებელი პროცესი. აქ ჩნდება კითხვა, თუ რამ განაპირობა ეთნიკური ნაციონალიზმის ამგვარი ცვლილება და ტრანსფორმაცია?  პირველ რიგში ეს გამოიწვია ეროვნული თვითშეგნების გაქრობამ. დღევანდელი ეთნიკური ნაციონალიზმი ძირითადად ეფუძნება სახელმწიფო განვითარების არაეროვნულ პრინციპებს, რაც ძირითადი მიზეზია დღევანდელი ნაციონალიზმის სახეშეცვლილი, განმაცალკევებელი ბუნებისა. ეთნიკური ნაციონალიზმი ყოველთვის ასახავდა გარკვეული ერის ან ეთნიკური ჯგუფის გამორჩეულობისა და ერთიანობის შეგრძნებას, რომელიც ეფუძნება ისეთ მყარ გამაერთიანებელ ფაქტორებს, როგორიცაა ენა, რელიგია, საერთო ისტორია, კულტურა, ეთნიკური წარმომავლობა. ეს ყველაფერი იწვევს ეროვნული თვითშეგნებისა და თვითმყოფადობის მტკიცე გრძნობას, რაც გამოარჩევს ერს, ეთნიკურ ჯგუფს სხვა რომელიმე ერისაგან და ახდენს მის გაერთიანებასა და კონსოლიდაციას. სწორედ ამგვარ პრინციპებზე აღმოცენებული ერი თუ ეთნიკური ჯგუფი აყალიბებდა მყარ ერ-სახელმწიფოს. ამის აშკარა მაგალითები მოიძებნება დასავლეთ ევროპის ისტორიაში ფეოდალიზმის გაქრობის შემდეგ: საფრანგეთის რევოლუცია მე-19 საუკუნეში ნაციონალიზმის მანიფესტად იქცა მთელ მსოფლიოში. ასევე იტალიური ,,რისორჯიმენტო“ შეგვიძლია ჩავთვალოთ მე-20 საუკუნის ნაციონალიზმის ფენომენის წინამორბედად.

დღევანდელი კულტურული გლობალიზაციის ერაში კი ეთნიკური ნაციონალიზმი ყველასათვის საერთო ცნებად გადაიქცა, იგი აღარაა ეროვნული მუხტისა და პრინციპების მატარებელი.  ჰობსბაუმი მიიჩნევს, რომ ამგვარ პროცესს ძალიან ცოტა აქვს საერთო ერის ნაციონალიზმთან. ეს გარკვეულწილად, იმიტომ ხდება, რომ თანამედროვე მსოფლიოში გლობალური პროცესების ფონზე ერმა-სახელმწიფომ დაკარგა საკუთარი ეკონომიკური ფუნქცია, მხოლოდ რამდენიმე უძლიერეს სახელწიფოს გააჩნია ეს ფუნქცია. გლობალური ურთიერთდამოკიდებულება დღეს დამყარებულია მზარდ ეკონომიკურ ურთერთობებზე, რაც განაპირობებს იმას, რომ დღეს მსოფლიოში ძირითადად მსხვილი ეკონომიკური ძალები ქმნიან საზოგადოების, ერის განვითარების ბაზისს და არა ეროვნული ფაქტორები.

ნაციონალიზმი არ იარსებებს ერი-სახელმწიფოს გარეშე. დღეს ნაციონალიზმი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი აღარ არის. მან  დაკარგა თავისი მთავარი და ძირითადი შინაარსი.  თანამედროვე ისტორიაში ნაციონალიზმი და ქვეყნის ეროვნული მახასიათებლები დაბრკოლებადაც კი იქცა სხვადასხვა სფეროში განვითარებისათვის.  ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ მომავალში ერის, ეროვნულობისა და ნაციონალიზმის როლი გახდება უფრო მეტად დამოკიდებული მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებზე და მათი ფუნქცია კიდევ უფრო შემცირდება. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, ერმა-სახემწიფომ შესაძლოა ძალიან დიდი ცვლილება განიცადა, მაგრამ იგი საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ აქტორად რჩება და აქედან გამომდინარე ნაციონალიზმი ყოველთვის იარსებებს.

ნაციონალიზმი მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებისადმი საკმაოდ მგრძნობიარე აღმოჩნდა. ჰობსბაუმი ეთნიკურ ნაციონალიზმს ჰყოფს პოზიტიურ, გამაერთიანებელ ნაციონალიზმად (19 საუკუნე) და ნეგატიურ, განმაცალკევებელ ნაციონალიზმად (20 საუკუნის მეორე ნახევარი). არსებობს ევროპული და არაევროპული ნაციონალიზმი. ევროპული ნაციონალიზმი გაიფურჩქნა 1830-70 წლებში, ის ,,დიდი ერების“ პოლიტიკური ნაციონალიზმია, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის იდეებზე აღმოცენდა. ნაპოლეონის ლაშქრობებმა გამოიწვია ნაციონალიზმის გამოღვიძება ევროპის სხვა ერებში, რადგან მისი კონცეფციით არასწორია რომელიმე ერი იყოს მართული უცხოელთა მიერ. ფრანგულმა იდეებმა დასაბამი მისცა ესპანურ, გერმანულ და რუსულ ნაციონალიზმს, მე-19 საუკუნის განმავლობაში სხვა ხალხებმაც აღმოაჩინეს თავიანთი ეროვნული თვითშეგნება და თავიანთი სახელმწიფოებიც მოითხოვეს (პოლონეთი).  არაევროპული ნაციონალიზმი, რომელიც თარიღდება 1870-1914 წლებით, არის უფრო ვიწრო, ეთნიკური ნაციონალიზმი: ეს იყო პატარა ერების რეაქცია დამპყრობი ერების წინააღმდეგ. ევროპულმა, დემოკრატიულმა ნაციონალიზმმა საკუთარი როლი შეასრულა მსოფლიო ისტორიაში და იგი შეცვალა ეთნო-ლინგვისტურმა ნაციონალიზმმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მთელმა რიგმა ფაქტორებმა, კერძოდ, ურბანიზაციულმა პროცესებმა, მასობრივმა მიგრაციამ მსოფლიოში და ასევე ახალმა რასობრივმა თეორიებმა, გზა გაუხსნეს ახალ ეთნო-ლინგვისტურ ნაციონალიზმს, რომელიც ნაკლებად ეხმიანება მსოფლიაში მიმდინარე გლობალურ გარდაქმნებსა და ცვლილებებს.

ნაციონალიზმის ლიბერალური კრიტიკის მიხედვით, ერს პოლიტიკური მნიშვნელობა აღარ გააჩნია და იგი მხოლოდ კულტურული და ფოლკლორული ფენომენია. ლიბერალური მიდგომას მიაჩნია, რომ კულტურული გლობალიზაციის ერაში ერი არის დეპოლიტიზირებული. ერის კულტურული დონე განსხვავდება სახელმწიფოს პოლიტიკური და რეგიონალურ-ეკონომიკური დონისაგან, რადგან მხოლოდ სახელმწიფო ფლობს პოლიტიკურ სადავეებს საერთაშორისო ასპარეზზე. ერი კარგავს ყოველგვარ პოლიტიკურ სახეს, ფუნქციას და ხდება ეთნო-ფენომენი, ანუ ეთნიკური შინაარსის მატარებელი. ერის დემილიტარიზება ასევე იწვევს მის დეპოლიტიზირებას. თანამედროვე მსოფლიოში ერი აღარ წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზის ეფექტურ მონაწილეს. ერს, მიუხედავდ იმისა ეკუთვნის თუ არა იგი რომელიმე სახელმწიფოს, არ გააჩნია დამოუკიდებელი თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა. უნდა ითქვას, რომ ერი-სახელმწიფო აღარაა თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან ის ემორჩილება საერთაშორისო ნორმებს, ისეთს როგორიცაა გაეროს ქარტია, ასევე დამოკიდებულია რეგიონალურ კავშირებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ამგვარ პირობებში ეროვნული სუვერენიტეტი ძალიან შეზღუდულია და თითქმის არ არსებობს.  ერის დეპოლიტიზირება გამოიხატება იმაში, რომ მისი ეროვნული ღირებულებანი, მისწრაფებანი რეგულირდება საერთაშორისო ნორმებით და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამგვარი ლიბერალური ხედვის მიზანი არის ამოაგდოს ერის ცნება პოლიტიკური ჩარჩოებიდან და კვლავ დააბრუნოს კულტურისა და ცივილიზებული საზოდადოების წიაღში, საიდანაც ის აღმოცენდა.

უნდა ითქვას, რომ კულტურული ნაციონალიზმი და პოლიტიკური ნაციონალიზმი ორი სხვადასხვა ცნებაა, ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ნიშანდობლივია ისიც, რომ ნაციონალიზმის ფენომენს გააჩნია თვისება სახე იცვალოს სხვადასხვა საზოგადოებისა და ინდივიდების ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად. ასევე, ცხადია ისიც, რომ ნებისმიერი ნაციონალიზმის არსებობა, გარკვეულ წილად, დამოკიდებულია საზოგადოების კულტურული და მორალური მახასიათებლების მჭიდრო კავშირზე მისი თითოეული წევრის პოლიტიკურ თვითგამორკვევასა და მობილიზებასთან. ანუ საზოგადოების კულტურული, სულიერი, მორალური ზრდა დაკავშირებულია ინდივიდის, ადამიანის პოლიტიკურ თვითგამორკვევასთან. აქედან გამომდინარე ნაციონალიზმი არ შეიძლება მთლიანად ამოვაგდოთ პოლიტიკური ჭრილიდან და მხოლოდ კულტურული მახასიათებელი დავუტოვოთ.

ახალი იმპერიალიზმი. მე-19 საუკუნეში დიდი და ძლიერი ერი-სახელმწიფო იყო კულტურული, სოციალური და პოლიტიკური პროგრესის მამოძრავებელი ძალა. იგი ასრულებდა მეტად მნიშვნელოვან ისტორიულ როლს მსოფლიოში ცივილიზაციის პროცესის დამკვიდრებაში. დღეს ერი-სახელმწიფოს როლი იცვლება უფრო დიდი, კონტინენტური და რეგიონალური საზოგადოებით, რომელიც თავის თავზე იღებს ერი სახელმწიფოს ფუნქციას. ამ პროცესს მივყავართ ,,ახალი იმპერიალიზმის“ იდეამდე. აშკარაა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ერი-სახელმწიფოსა და საერთოდ სახელმწიფოს როლსა და ფუნქციებზე. თანამედროვე მსოფლიოს ისტორიული პროგრესის პირდაპირი და მთავარი მონაწილენი ხდებიან უდიდესი ტრანსნაციონალური კომპანიები, მრავალმხრივი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც საზღვრები არ გააჩნიათ, ასევე მასობრივი კომუნიკაციების უზარმაზარი სისტემა და ტექნოლოგიური რევოლუცია მთელ მსოფლიოში ახდენს უდიდეს და უმნიშვნელოვანეს გარდაქმნებსა და ცვლილებებს.  კაპიტალისტები თვლიან, რომ ტრანსნაციონალური კომპანიები ფლობენ უზარმაზრ რესურსებს, უამრავ ინვესტიციებს, ფართო ბაზრებს, მაღალკვალიფიციურ პერსონალს და მაღალი დონის თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც უმთავრესი ბაზაა კაპიტალიზმის განვითარებისა. მათი დომინანტური და გავლენიანი პოზიცია მსოფლოს თითქმის ყველა სახელმწიფოსა და ყველა სფეროზე ვრცელდება. გლობალური პროცესების ამგვარი გავლენა წარმოშობს კაპიტალიზმის განვითარების ახალ ფაზას. მზარდი ტრანსნაციონალური პროცესები მოითხოვენ როგორც მყარი და ეფექტური კაპიტალისტური სისტემის განვითარებას, ასევე მეტად ძლიერი, ე.წ. გლობალური იდეოლოგიის არსებობას, რომელსაც თავის მხრივ შემოაქვს საერთო, მასობრივი, ანუ გლობალური კულტურა. მასობრივი ელექტრონული კომუნიკაციების, ტელეკომუნიკაციების უდიდესი ქსელები ქმნიან რთულ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს მსოფლიოში, რომლებიც, თავის მხრივ ქმნიან ნიადაგს და შესაბამისად, შესაძლებლობებს კოსმოპოლიტური, გლობალური კულტურის გაჩენისათვის.  ამ კულტურას არ გააჩნია არანაირი ეროვნული საზღვრები და შეზღუდვები.

გლობალური ერთიანობის იდეა არ არის ახალი. ის სათავეს იღებს ისეთი იმპერიებისაგან, როგორიც იყო ბრიტანეთის, ნაპოლეონის, ჩინგის ყაენის, ჰამურაბის, იუსტინიანეს დიდი იმპერიები, რომლებიც საკუთარ თავს თვლიდნენ ცივილიზციის შემქმნელებად  და   ყველა სხვას ბარბაროსებად მიიჩნევდნენ. ისინი ქმნიდნენ ,,მაღალ კულტურას“ საზღვრების გარეშე. მაგრამ ეს კულტურა მაინც განსხვავდება დღევანდელი გლობალური, კოსმოპოლიტური კულტურისაგან. დღეს იმდროინდელი იმპერიალიზმი აღარ არსებობს, თუმცა მთლიანად მაინც გამქრალი არ არის.

ჩნდება კითხვა შესძლებს თუ არა დღეს არსებული გლობალური კულტურა თავიდან აიცილოს კულტურული იმპერიალიზმი და შესაძლებელია თუ არა იგი გადაიქცეს ნამდვილ კოსმოპოლიტურ პროცესად? აშკარაა, რომ ინგლისური ენა მსოფლიოს გლობალური ენაა, ევროპული ინსტიტუტები და ამერიკის ცხოვრების სტილი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ კულტურულ ცხოვრებას მსოფლიოში. ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიები, მას-მედია, მიმდინარე ურბანიზაციული პროცესები, დემოკრატიზაცია, კონსტიტუციური და სოციალური სამართალი უზარმაზარ გავლენას ახდენენ მთელ მსოფლიოში კულტურულ ცხოვრებასა და პროცესებზე.

კულტურული გლობალიზაცია დასავლური სამყაროს პირმშოა. გლობალური კულტურა და მასთან დაკავშირებული პროცესები მომდინარეობენ და სათავეს იღებენ თანამედროვე მსოფლიოს ძლიერი მეტროპოლიებიდან და კულტურის უმსხვილესი ცენტრებიდან. ესენი არიან თანამედროვე ახალი ,,კულტურული იმპერიები“. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი გლობალური კულტურა და კოსმოპოლიტური იდეები ყოველთვის წინააღმდეგობაშია და შეუთავსებადია სახელმწიფოს ძალისმიერ პოლიტიკასა და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ქვეყნის კულტურულ მახასიათებლებთან.

ზოგიერთ ქვეყანაში კულტურული გლობალიზაციის პროცესი დიდ წინააღმდეგობებსა და შეზღუდვებს აწყდება.  ყოველი ქვეყნის კულტურა გამოირჩევა საკუთარი ბუნებით, სპეციფიკით, თვითმყოფადობით, ისტორიით, თვისებებითა და ტრადიციებით, ღირებულებებით, რომლებიც მეტ-ნაკლებად აფერხებენ ე.წ კულტურული იმპერიალიზმის მზარდ პროცესს. მაგრამ ხდება პირიქითაც, როდესაც ქვეყნის კულტურა იზღუდება, იჩრდილება ან ცვლილებას განიცდის გლობალური კულტურის მიერ. მიუხედავდ ამგვარი გავლენისა, ქვეყნის, ერის კულტურა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ბუნებას, რადგან მას გლობალიზაციის მავნე პროცესებისაგან გარკვეული სახის ,,თავდაცვითი მექანიზმები“ გააჩნია. აქ გარკვეულწილად, იგულისხმება ის მახასიათებლები, რომლებიც თითოეული ერის, ეროვნული კულტურის განმასხვავებელ ნიშნებს მოიცავს. ესენია: 1) ეროვნული ხასიათი, 2) ისტორია, 3) ერისადმი კუთვნილების აღქმა და განცდა 4) დროის ფაქტორი, 5) გარკვეულ სივრცეში არსებობა, 6) ენა, 7) არავერბალური კომუნიკაცია, 8) ღირებულებანი და ფასეულობანი, 9) ქცევა: ნორმა, წესები, ტრადიციები და ჩვეულებები 10) სოციალური ჯგუფები, გაერთიანებები და კავშირები.  გლობალიზაციის ერაში კულტურის თვითმყოფადობისა და მისი თვისებების შენარჩუნება დამოკიდებულია თავად იმ ქვეყნის, ერის, მოსახლეობის ეროვნულ სიძლიერეზე, თუ რამდენადაა ის ეროვნულად შეკრული და გაერთიანებული, რამდენად ძლიერი, ღრმაა მათი კულტურული მახასიათებლები, ისტორიული ფესვები, რამდენად ფასეულია ეს ტრადიციები, რამდენად მიიღებს მათი კულტურა გარედან შემოსულ გლობალურ გარდაქმნებს.  მიუხედავად იმისა, რომ ერის როლი და მისი ფუნქცია სწორედ ამგვარი გარდაქმნების ფონზე საგრძნობლად შესუსტდა, იგი მაინც არსებობს და ზოგ ქვეყნებში გზასაც უღობავს და აფერხებს გლობალურ ცვლილებებსა და სიახლეებს, რაც მათი ეროვნული, თვითმყოფადი კულტურისათვის მიუღებელია. კოსმოპოლიტური, კულტურის ტალღა, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დონეებს აღწევს და სხვადასხვაგვარად ვითარდება, რადგან თითოეული ერის კულტურა, იდეოლოგია განსხვავდება სხვა ერის, ქვეყნის კულტურული ცნობიერებისაგან.  ხშირად ხდება ეროვნული ტრადიციების, კულტურული ღირებულებების უგულებელყოფა, მათი შერწყმა მასობრივ გლობალურ პროცესებთან, რაც თავისთავად უკარგავს ერს კულტურულ ინივიდუალიზმსა და მხოლოდ ამ ერისთვის მახასიათებელ ცნობიერებას.

ახალი გლობალური კულტურა სულ უფრო ჰიბრიდულ  და მრავალგვაროვან ხასიათს ატარებს. ინტერნაციონალური პროცესების ურთიერთდამოკიდებულება მსოფლიოში ეფუძნება გლობალური ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უზარმაზარ სისტემას. ეს პროცესი ატარებს, როგორც მოდერნისტულ ასევე ,,პოსტ-მოდერნისტულ“ თვისებებს. ცნობილია, რომ კოსმოპოლიტურ კულტურას გააჩნია სამი ძირითადი და მთავარი მახასიათებელი:  1) ის არის უნივერსალური პროცესი, 2) აქვს ტექნოლოგიური ბუნება, 3) და ამ პროცესში დროის ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. 

მსოფლიო ისტორიის მანძილზე არცერთი დიდი ცივილიზაცია (ჩინეთის, რომის, ბუდისტური, ისლამური) და მათი კულტურა არ ყოფილა ასეთი უნივერსალური და ყოვლისმომცველი ბუნების მატარებელი. ამ იმპერიებისა და ცივილიზაციების პარალელურად ყოველთვის არსებობდა სხვადასხვა ქვეყნების, იმპერიების, ხალხების თვითმყოფადი კულტურა, რომელიც არსებობდა კონკრეტულ სახელმწიფოში და ხალხში და სათავეს იღებდა მათი ისტორიის განსაზღვრული პერიოდიდან.  დღევანდელ დღეს არსებული გლობალური კულტურა კი ძალიან ძნელია მიაკუთვნო რომელიმე ადგილს და განსაზღვრულ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მას ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი და ფართო მასშტაბები აქვს, მაინც ძალიან რთულია მისი კონკრეტულ ადგილთან და დროსთან დაკავშირება.  ეს პროცესი თანდათან კარგავს სივრცისა და დროის შეგრძნებას და ხდება უნივერსალური მოვლენა, რომელიც, როგორც ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, პლანეტარულ სახეს იძენს.

თანამედროვე, გლობალური კულტურა, პირველ რიგში, ტექნოლოგიური ცივილიზაციის შემომტანია მსოფლიოში. მისი კოსმოპოლიტანიზმი ძირითადად ეფუძნება უდიდეს ტექნოლოგიურ ბაზას კომუნიკაციის ყოვლისმომცველი სისტემით, რომელიც თავისთავად ქმნის  მჭიდროდ ურთიერთდამოკიდებულ სოციალურ, კულტურულ კავშირებს. ამგვარ უნივერსალურ კულტურულ პროცესებს არა აქვთ კონკრეტული ისტორიული საფუძველი, არც განვითარების სპეციფიური, მახასიათებელი რითმი და თანმიმდევრობა.

გლობალიზაციის ერაში ეკონომიკური, ფინანსური ურთიერთკავშირები ქმნიან მსოფლიოს ,,საზღვრების გარეშე“, სადაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ტრანსნაციონალური კომპანიები და უამრავი სხვა მსხვილი და გავლენიანი ორგანიზაციები.  ამ ინსტიტუტების, სტრუქტურების გავლენა და მათი მოღვაწეობა ძალიან ნათლად აისახება ქვეყნის კულტურაზე. რიგ შემთხვევებში ეკონომიკური გარდაქმნები და ინტერნაციონალური ეკონომიკური პროცესები ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენენ სახელმწიფოს კულტურაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, რაც თავისთავად ნეგატიური პროცესია. რა თქმა უნდა, ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი ძალიან ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორებია მაგრამ თვითყოფადი კულტურის გარეშე არცერთ სახელმწიფოს, ერს არ შეუძლია ნორმალური, ჯანსაღი არსებობა და განვითარება. შეუძლებელია  ეკონომიკურმა პროგრესმა, გლობალურმა ეკონომიკურმა ძვრებმა მოიტანოს ჯანსაღი შედეგი და დიდხანს გაგრძელდეს, თუკი სახელმწიფოში დაიკარგება კულტურული თვითშეგნება, გაქრება ეროვნული კულტურა, რომელზედაც შეიქმნა და განვითარდა სახელმწიფო.  აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია კულტურის არმქონე ერის, სახელმწიფოს ეკონომიკურად განვითარება.

აქ ისევ ჩნდება კითხვა, შესძლებს თუ არა ყოველგვარ ისტორიულ ბაზისს, ფესვებს მოკლებული გლობალური კულტურა შეინარჩუნოს არსებობა? ეს დამოკიდებულია თავად იმ ერის, ხალხის ბუნებაზე, სადაც შედის და ფეხს იკიდებს გლობალური კულტურის პროცესები.  უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევებში მოსახლეობას, ხალხს აფრთხობს და აშინებს ამგვარი ყოვლისმომცველი მოვლენები.  უზარმაზარი, უმსხვილესი, საზღვრებს მოკლებული ტრანსნაციონალური კომპანიები, მასობრივ კომუნიკაციათა ფართო ქსელი. ამერიკული მასობრივი კულტურა, პოპ-კულტურა, ვიზუალური მასმედია და კომპიუტერულ-ინფორმაციული ტექნოლოგიები ნათლად ასახავენ და ადასტურებენ კოსმოპოლიტური კულტურის მრავალგვაროვან და ყოვლისმომცველ ბუნებას. შეუძლებელია არ ვაღიაროთ ამ პროცესების გავლენა ქვეყნის კულტურაზე.

აღსანიშნავია, რომ კოსმოპოლიტურ კულტურას გარდა იმისა, რომ არ გააჩნია საზღვრები, ისტორია, ასევე არ აქვს მეხსიერებაც. ანუ მას არა აქვს ბაზა, საფუძველი იმისა, რომ შექმნას ისტორიული საყრდენი. იგი ძალიან ზოგადია და ყველასათვის არსებობს. ყოველგვარი თვითმყოფადობა, კონკრეტული სახე, თვითშეგნება უცხოა მისთვის. იგი დაუსრულებლად იცვლება სხვადასხვა მიმართულებით, მრავაგვაროვანი და არაერთფეროვანია.

ძალიან საინტერესოა კონტრასტი და განსხვავებანი წარსულ, ძველ კულტურებსა და დღევანდელ კოსმოპოლიტურ კულტურას შორის. წარსულის კულტურა, ყალიბდებოდა ქვეყნის მოსახლეობის საერთო ინტერესებზე, ტრადიციებზე, ისტორიულ გამოცდილებაზე, ზოგ შემთხვევაში მითებზე დაყრდნობით. თითოეული ერისათვის დამახასიათებელი ფასეულობანი, სიმბოლოები, ტრადიციები, მეხსიერება მემკვიდრეობით გადაეცემოდა შემდეგ თაობებს და იქმნებოდა ღრმა ფესვების მქონე, მყარი, სპეციფიური, თითოეული ერისათვის გამორჩეული, თვითმყოფადი კულტურა, რომელიც გამოარჩევდა რომელიმე ერს, სხვა ერისაგან.  დღევანდელი გლობალური კულტურა კი, სულ სხვაგვარ სურათს ხატავს; იგი მოკლებულია ყოველგვარ ტრადიციას, ფასეულობებს, სპეციფიურ თვისებებს, გამორჩეულობას, მითებს, სიმბოლოებს. ეს არის კოსმოპოლიტური ფენომენი, რომელსაც ყველგან შეუძლია არსებობა. ის საოცარი მასშტაბებით გავრცელდა და დღესაც ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს კულტურა ნეიტრალურია ქვეყნის, ერის ფასეულობებისა და ტრადიციების მიმართ. ძველი კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, რომ ის არის ერთი რომელიმე ერის კულტურა და არ ჰგავს სხვა ერის კულტურას. კოსმოპოლიტური კულტურული პროცესი კი არ განარჩევს მსოფლიოში რომელიმე ერს, სახელმწიფოს, მისთვის ყველა ერთია.

ქვეყნების კულტურები არიან ძალიან განსხვავებული, სპეციფიური ბუნების, ამიტომ შეუძლებელია გლობალურმა კულტურამ ყველგან ერთნაირად შეაღწიოს და დამკვიდრდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ კულტურამ შეიძინოს სპეციფიური თვისებები და მისაღები გახდეს განსაზღვრული საზოგადოებების წევრებისათვის, იმათთვის, ვინც ნამდვილად საჭიროებს და მოითხოვს ამ პროცესების არსებობას.  ეს აუცილებელია, რადგან კულტურული გლობალიზაცია არ ეხმიანება და უარყოფით გავლენასაც კი ახდენს მსოფლიოში უამრავ ადამიანზე, რომლებიც იყოფიან კონკრეტულ საზოგადოებებად, ერებად,  რელიგიური მრწამსის მიმდევრებად, სხვადასხვა კულტურის მატარებლებად, ცხოვრობენ სხვადასხვა რეგიონში და  კულტურული გლობალური პროცესები მხოლოდ ზიანს აყენებენ მათ ეროვნულ კულტურებს.

არსებობს მოსაზრება, რომ ერი, სახელმწიფო, რომელიც სწორად და გონივრულად მიიღებს გლობალურ ეკონომიკურ ცვლილებებს, შექმნის ეფექტურ ბაზას კაპიტალიზმის განვითარებისათვის და საკუთარ კულტურას უფრო განავითარებს. ასეთი ერი-სახელმწიფო ითამაშებს უმთავრეს, ცენტრალურ როლს პოლიტიკური ძალისა და გეოპოლიტიკური კავშირების წარმატებულად განხორციელებაში. დღესდღეობით, ქვეყნის სიდიდე და ტერიტორიული მასშტაბები ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება ერის, საზოგადოების ეკონომიკური პროგრესის მისაღწევად, მაშინ, როდესაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა რჩება ეთნიკური საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებად ყველა კონტინენტზე. გლობალიზაციის გავლენა საზოგადოების ინტერესებსა და ღირებულებებზე ასევე მეტნაკლებად დამოკიდებულია თავად სახელმწიფოს სწორ, ეფექტურ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ პოლიტიკაზე. ასევე ძლიერი სახელმწიფოებრიობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საზოგადოებაზე გლობალური პროცესების კონტროლში. ქვეყანას უნდა შეეძლოს არეგულიროს და აკონტროლოს ის მასობრივი, ინტერნაციონალური ძვრები, რაც გლობალურ კულტურას მოაქვს და საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროს რა არის მისი ერისათვის კარგის მომტანი ან მავნე ზეგავლენის მატარებელი.

რა თქმა უნდა, ერმა-სახელმწიფომ და მისმა კულტურამ რადიკალური ცვლილებები განიცადა ეკონიმიკური გლობალიზაციისა და ეკონომიკური გარდაქმნების გაბატონების ხანაში, მაგრამ ეს ცვლილებანი და მათი მიზეზები არ შეიძლება ვეძებოთ მხოლოდ ეკონომიკური პროცესების ამგვარ მასშტაბებსა და უპირატესობაში. პოლიტიკისა და კულტურის მახასიათებლები რადიკალურად განსხვავდება ეკონომიკური სისტემის ბუნებისაგან.

კულტურული გლობალიზაცია მესამე სამყაროს ქვეყნებსა და არადასავლურ საზოგადოებაში განსაკუთრებულად და ყველაზე მეტად იგრძნობა, იგი აქ ადგილობრივი კულტურისათვის სრულიად უცხო და ახალ ელემენტებსა და ღირებულებებს ამკვიდრებს. ამ ქვეყნების კულტურა გასაკუთრებულად მგრძნობიარეა დასავლური, გლობალური ფასეულობებისადმი.  დასავლური კულტურის გლობალური პროცესები, საბაზრო ეკონომიკა, კომუნიკაციური ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა მსოფლიოში ყველაზე ნათლად აისახება და ვლინდება  აფრიკის კონტინენტზე, სადაც მძლავრი გლობალური პროცესები ყველაზე ადვილად და მასობრივად მკვიდრდება და ერთ-ერთი მიზეზი არის ამ ქვეყნების უკიდურესად ღარიბი და მწირი ეკონომიკური, სოციალური პირობები. უნდა ითქვას, რომ აფრიკელი ხალხი ძალიან სწრაფად ითვისებს იმ მატერიალურ და ინდივიდუალური კულტურის ღირებილებებსა და ფასეულობებს, რომელიც სათავეს იღებს დასავლური კულტურიდან. მიუხედავად ამ ქვეყნების უკიდურესად ღარიბი შიდა რესურსებისა, მაინც რთულია ახსნა რამ გამოიწვია სრულიად სხვა კულტურის მატარებელი, აფრიკელი ხალხის ამგვარი უეცარი ვესტერნიზაცია.  ძირითადი მიზეზი ისევ და ისევ მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებაა. უამრავი საჭირო პროდუქციისა და საქონლის შედინება ამ ქვეყნებში საჭიროა აფრიკის სოციალურად ღარიბ და დაუცველ საზოგადოებისათვის.  გლობალური იდეები, ახალი შესაძლებლობების გაჩენა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ხიბლავს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, მოზარდებს, რადგან ღარიბ, დაბალგანვითარებულ ქვეყანაში ყოველგვარი სიახლე, ცვლილება ნიშნავს გაექცე მკაცრ ტრადიციებს, კულტურულ წეს-ჩვეულებებს. ამ ცვლილებებს შეუძლიათ მოიტანონ კულტურების ნოვაციური ფორმით შერწყმის ახალი შესაძლებლობები. მაგრამ ეს შერწყმა შეიძლება არ აღმოჩნდეს ჯანსაღი და ჯამრთელი ბუნების, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ორი ერთნაირი კულტურა. მიუხედავად ყოველგვარი ეკონომიკური გარდაქმნებისა და პროგრესისა სხვადასხვა კულტურის ნამდვილი შერწყმა რომ მოხდეს ნაკლებსავარაუდოა, მითუმეტეს როცა ვსაუბრობთ ისეთ კულტურებზე, როგორიც არის დასავლური და აფრიკული კულტურა.  დასავლური კულტურის ტალღამ ტაიფუნივით გადაიარა აფრიკის კონტინენტზე, სწრაფად შეაღწია მის საზოგადოებაში. აშკარაა, რომ აფრიკული კულტურა, რომელიც ღირებული და ფასეულია აფრიკელი ხალხისათვის, ითრგუნება და გაქრობის ზღვარზეც კი არის იმ მზარდი და ძლიერი გლობალური კულტურის ქსელებითა და კავშირებით, რომლებიც მთელს პლანეტაზეა გავრცელებული.

აფრიკული საზოგადოების ვესტერნიზაციის პროცესი ძალიან მჭიდროდ უკავშირდება კულტურული გლობალიზაციის მზარდ მოვლენებს განვითარებად ქვეყნებში. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში დაიწყო, როდესაც დასავლელი იმპერიები ცდილობდნენ უგულებელეყოთ უამრავი ხალხების კულტურული მემკვიდრეობა, დასავლეთი ცდილობდა დასავლური რელიგია და კულტურა გაევრცელებინა სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესისა და კულტურის მატარებელ ხალხზე. მასობრივად ხდებოდა დასავლური კულტურის შეტანა და დანერგვა არადასავლურ ხალხებსა და საზოგადოებებში და დღესაც გრძელდება ეს პროცესი. როგორც ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, ეს იყო დასავლური ცივილიზაციის მისია. შემდეგ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, დასავლური შეხედულებების თანახმად, კოლონიური საზოგადოებებისა და ერის განვითარებისა და წინსვლისათვის აუცილებელი იყო ამ ხალხის ისტორიული გამოცდილების, ფესვების დავიწყება და კულტურულ მემკვიდრეობაზე უარის თქმა, რის შედეგადაც მოხდებოდა მათი დასავლურ კულტურასთან ინტეგრაცია.  ეს დასავლური პოლიტიკა ეფექტური აღმოჩნდა. აფრიკელებს სჯეროდათ მითებისა და ტყუილების იმის შესახებ, რომ ისინი იყვნენ პრიმიტიული, ისტორიის არმქონე, განუვითარებელი, ზარმაცი, მესამე მსოფლიოს განუვითარებელი ქვეყნის ხალხი, რომელიც საჭიროებდა დასავლური კულტურისა და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი სიახლეების შეთვისებას.  კოლონიალიზმმა გაუკვალა გზა დღევანდელ კულტურულ გლობალიზაციას, რომელმაც ამ ქვეყნებში გამოიწვია აშკარა კულტურული დეზორიენტაცია.  დასავლური კულტურის ექსპანსია გრძელდება აფრიკულ და სხვა არადასავლურ ხალხების კულტურებზე.  მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელები ყველაზე მეტად საჭიროებენ სოციალურ, ეკონომიკურ წინსვალს, ეს პროცესები არ უნდა ატარებდნენ ექსპანსიურ ხასიათს ამ ხალხის თვითმყოფად კულტურაზე, რომელიც გამოირჩევა საკუთარი სპეციფიკით, განუმეორებელი ბუნებითა და ღირებულებებით. სოციალურად ღარიბ აფრიკას გააჩნია საკუთარი თვითმყოფადი კულტურა, რომელიც გამორჩეულია თავისი მახასიათებლებითა და ეთნიკური ნიშნებით. ამას ადასტურებს აფრიკული მუსიკის ფენომენიც, რომელიც გამორჩეული და მდიდარია თავისი რითმებით, სტილით, საოცარი ეგზოტიკით, ეთნიკური ხასიათით, შესრულებით. ცხადია, რომ დასავლური კულტურული გლობალიზაციის პროცესები აფრიკული კულტურისათვის სრულიად გაუგებარი და უცხოა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხის კულტურა დასავლური პროცესების ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის, ეს კულტურა მაინც არსებობს, რადგან თვითმყოფადია და ინარჩუნებს საკუთარ სპეციფიკურ ბუნებას. ამის დასტური არის თუნდაც ის, რომ აფრიკელ ადამიანს ყოველთვის ეტყობა თავისი წარმომავლობა საკუთარი ეთნიკური მახასიათებლებით და მას ყოველთვის გამოარჩევ სხვა ერის წარმომადგენლისაგან.

დღესდღეობით, კულტურული გლობალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება არის მისი დევესტერნიზაცია, რომელიც ვლინდება არადასავლური ერებისა და ერი-სახელმწიფოების გამოჩენით. ამ პროცესის მთავარი აქტორი და მონაწილე იაპონიაა.  მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ დასავლური კულტურული გლობალიზაცია (ამერიკული კულტურა) რჩება დომინანტურ ძალად მსოფლიოში. სწორედ დასავლური გლობალიზაცია კვებავს დღეს, ზოგადად, გლობალიზაციის პროცესს მსოფლიში, ისევე როგორც ის განსაზღვრავდა გლობალურ პროცესებს იმპერიალიზმის და კოლონიალიზმის ხანაში.  დასავლური კულტურის ჰეგემონიას ძირითადად განაპირობებს ინფორმაციული ტექნოლოგიები, როგორც ეკონომიკური გლობალიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორი.

კულტურული გლობალიზაციის უარყოფითი მხარეები  ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დადებითი. ეს ჩანს იმაშიც, რომ ხდება ქვეყნების კულტურის კომერციალიზაცია. ,,კომერციული“ კულტურა კარგავს თავის ძირითად და მთავარ შინაარს და ის ერის, ეთნოსის კულტურა უკვე აღარ არის. ისეთი მძლავრი კულტურული ფენომენები, როგორებიც არის მუსიკა, კინო, ხელოვნება, სპორტი, ტანსაცმელი დღეს სამწუხაროდ ხდება გლობალური ბაზრის პროდუქტი. ამგვარი კომერციალიზაცია, რომელიც იწვევს კულტურული ღირებულებების გაუფასურებას თავისთავად ნეგატიური პროცესია, რომლის დროსაც დიდია საშიშროება იმისა, რომ ბევრი ქვეყნის კულტურის მახასიათებლები დაიკარგება მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ მიიღებს გლობალური, კომერციული ბაზარი. ერის კულტურა ასაზრდოებს გაცილებით ღირებულ და სრულიად განსხვავებულ ინტერესებსა და მისწრაფებებს. როგორც ერთმა აფრიკელმა ექსპერტმა აღნიშნა, ტრადიციული კულტურული ღირებულებანი მიაქვს კოკა-კოლისა და მაკდონალდსის  კულტურას.

გლობალიზებული ,,კულტურები“ უკარგავენ ეროვნულ კულტურებს თავიანთ ძალას. ხდება გლობალური ინტეგრაცია ადგილობრივი დეზინტეგრაციის ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ გლობალურ მედიას მსოფლიოში ფლობს რამდენიმე უძლიერესი და უდიდესი კომპანია, რომლებიც მოღვაწეობენ მუსიკისა და კინოს ინდუსტრიაში. მაგალითად, 1997 წლისათვის MTV-ის ტელევიზია ხელმისაწვდომი იყო 280 მილიონი ოჯახისათვის დაახლოებით 70 ქვეყანაში. უნდა ითქვას, რომ საერთოდ, ტელე-პროგრამები მთელ მსოფლიოში სულ უფრო ემსგავსება ერთმანეთს, იგივე ხდება მუსიკის სფეროსა და კინოს ინდუსტრიაში და ა.შ. გლობალური პროცესების ერთგვაროვნება ჩანს იმაშიც, რომ მსოფლიო ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი ოცნებობს დიდ ქალაქებში ცხოვრებაზე. იმიგრაციული პროცესების ზრდა კიდევ უფრო ართულებს განვითარებადი ქვეყნის ისედაც მძიმე სოციალურ პირობებს, რაც პირველ რიგში, თავად იმიგრანტების ცხოვრების პირობებზე აისახება.   

ზემოხსენებული პროცესები, გლობალური მასობრივი კულტურის ამგვარი  ძლიერი გავლენა იმ შემთხვევაში იქნება უარყოფითი გავლენის მატარებელი ერის  კულტურული ცხოვრებისათვის, თუ ეს პროცესები საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს საზოგადოების კულტურულ დეგრადაციამდე. მაგარამ ეს ნაკლებსავარაუდოა, რომ მოხდეს. არსებობენ ისეთი კულტურული ფასეულობანი, ნიშან-თვისებები, მყარი, დამოუკიდებლად არსებული, სპეციფიკური და არაერთგვაროვანი ეთნიკური მახასიათებლები, რომლებზეც გავლენას ვერ ახდენენ გლობალური კულტურის ელემენტები. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ეთნიკური მუსიკა, რომელიც მეტად მყარად იანრჩუნებს საკუთარ იერსახეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. იგივე შეიძლება ითქვას კინოზეც.

გლობალური, კოსმოპოლიტური კულტურის საერთო ასპექტი არის ის, რომ იგი სთავაზობს ხალხს ყველასათვის საერთო იდეალებს, რაც ფაქტიურად, წარმოუდგენელია და რაც შეუძლებელია მიიღოს და გაითავისოს მსოფლიოს ყველა ერმა თუ საზოგადოებამ. მსოფლიოში არ არსებობს ორი მსგავსი კულტურის მატარებელი ერი, ამდენად ერთიანი კულტურის დამკვიდრება მსოფლიოში უტოპიური და არარეალურია.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ კულტურული გლობალიზაცია და კოსმოპოლიტანიზმი აშკარა და ცხადი მოვლენაა თანამედროვე მსოფლიოში. სიახლეები და ნოვაციები ერის კულტურულ ცხოვრებაში ყოველთვის საჭირო და საინტერესოა, დღევანდელი გლობალური მოვლენები ნაკლებად ეხმიანება ადგილობრივი, ეროვნული კულტურის იდეალებსა და ღირებულებებს. კულტურული გლობალიზაცია უარყოფითი პროცესი ხდება მაშინ, როდესაც იგი სავსებით ჩრდილავს ერის თვითმყოფად კულტურულ მახასიათებლებს. ეს პროცესი ამკვიდრებს პროგრესულ და მოწინავე ტექნოლოგიებს, იდეებსა, და შესაძლებლობებს, მაგრამ უგულებელყოფს იმას, რაც ერისათვის ფასეული და სანუკვარია - მის კულტურას. უახლესი ტექნოლოგიები, იდეები და მასობრივი კულტურული პროცესები ვერ შეცვლიან ეროვნული თვითშეგნებით დამუხტულ კულტურულ ფენომენს, რომელიც არის ერის გამორჩეულობის უმთავრესი საფუძველი. ძლიერი და ფასეული, ისტორიული გამოცდილების მქონე კულტურა ყოველთვის ინარჩუნებს საკუთარ სახეს და არასოდეს არ იკარგება. ის ასულდგმულებს და ასაზრდოებს  ერის, საზოგადოების ეროვნულ, ეთნიკურ ფესვებს და მათ კულტურულ ფასეულობას. კულტურის გარეშე ერი შეწყვეტს არსებობას.  ერის კულტურა მისი განუყოფელი სიმდიდრეა. მძიმე და გამოუვალ ეკონომიკურ და სოციალურ გარემოში თვითმყოფადი კულტურის მქონე ერს გადარჩენის ყოველთვის მეტი შესაძლებლობები აქვს ერის კულტურას უდიდესი ძალა შესწევს უკუაგდოს და შეაფერხოს მისთვის ზიანის მომტანი გლობალური კულტურის მავნე ზემოქმედება და ელემენტები. ერის კულტურული ცნობიერება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია სახელმწიფოს არსებობისთვის. 

მსოფლიოში არსებობენ ძლიერ ეროვნულ თვითშეგნებაზე დამყარებული კულტურები. ერი-სახელმწიფოს ნაციონალიზმი კულტურული თვალსაზრისით გულისხმობს ძლიერი და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის შენარჩუნებას და გამდიდრებას. მხოლოდ ყველასაგან გამორჩეულ, ეროვნულ თვითშეგნებასა და თვითგამორკვევის ნიადაგზე აღმოცენებული თვითმყოფადი კულტურა შეიძლება იყოს ჯანმრთელი და ჯანსაღი ერის არსებობის გარანტი.

4 აშშ-ის საგარეო პოლიტიკა 11 სექტემბრამდე და შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ალექსანდრე ჯიშკარიანი
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტი

შესავალი: ტაფტიდან ვილსონისაკენ?

2000 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას თითქოს ჩანდა, რომ უმცროს ბუშს საგარეო პოლიტიკის წარმართვის ნაკლები გამოცდილება ჰქონდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე თვეში მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკოსები ადანაშაულებდნენ ბუშს, რომ იგი არ აქცევდა სათანადო ყურადღებას სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებს და გაფრთხილებას იძლეოდნენ, რომ იწყებოდა ახალი, ნეო-იზოლაციონიზმის ერა. პრეზიდენტ ბუშის მხოლოდ რამდენიმე საგარეო ინიციატივამ, მათ შორის აღსანიშნავია გლობალური დათბობის შესახებ კიოტოს ხელშეკრულებიდან გამოსვლა და ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნა, დაჩრდილა ის პოლიტიკა, რომელიც ტაფტის დროინდელი რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული ფრთის გამომხატველი იყო, ამასთანავე გაემიჯნა წინამორბედი პრეზიდენტების ბუში უფროსისა და რონალდ რეიგანის ინტერნაციონალიზმს. მიუხედავად ამისა, 2001 წლის ზაფხულში ბუშის პოლიტიკას ,,ერთმხრივს“ (უნილატერისტულს), ,,იზოლაციონისტურსა“ და ,,ნახევრად იზოლაციონისტურს“ უწოდებდნენ, რადგან პრეზიდენტის ყურადღების გამახვილება ხდებოდა უფრო ლათინურ ამერიკაზე, ვიდრე ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე.

ყველაფერი 2001 წლის 11 სექტემბერმა შეცვალა. მას შემდეგ რაც ტერორისტებმა გაიტაცეს 4 თვითმფრინავი, რომლებითაც საშინელი ტერაქტები მოაწყეს ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და დასავლეთ პენსილვანიაში, ბუშმა დაიწყო რამდენიმე საგარეო პოლიტიკური  ინიციატივის განხორციელება. მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებითაც იგი, ბევრი ექსპერტის წარმოდგენით, მიემსგავსება ყველაზე ინტერნაციონალისტ და იდეალისტ პრეზიდენტ ვილსონს. ბუშის ყურადღებამ საშინაო საქმეებიდან გადაინაცვლა საგარეო ურთიერთობებზე. როგორც ჩანს, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კამპანიის დროს ძირითად ადგილს სწორედ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები დაიჭერს. აშშ-ის მხოლოდ რამდენიმე პრეზიდენტი წააწყდა ისეთ დიდ გამოწვევებს თავისი პრეზიდენტობის პირველ წლებში, როგორც ბუში უმცროსი. თუმცა ამ გამოწვევებზე პრეზიდენტის რეაგირებამ და გამარჯვებამ დიდი მხარდაჭერა ჰპოვა ამერიკელ ხალხში. ბუშის ადმინისტრაციის მიერ კონფლიქტის გადაჭრის ბევრმა ასპექტმა ავღანეთში, ერაყში და ფართო კამპანიამ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, ტრადიციულ ალიანსებს შორის ურთიერთობები დაძაბა და ხაზი გაუსვა აშშ-ის უნიპოლარულ პოზიციას. ბუშის საგარეო პოლიტიკის ნებისმიერი ანალიზისას საჭიროა 11 სექტემბრამდე და მის შემდგომი ვითარების ინტეგრირება, რათა გამოაშკარავდეს ახალი მიმდინარეობები პოლიტიკაში და ნათელი მოეფინოს აშშ-ის ახალ მიმართულებებსა და ინიციატივებს. რამდენიმე საბაზისო ამოცანა, რომელთა შესრულების აუცილებლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ წარმოშვა, შესრულებულია. ავღანეთში და ერაყში ჩატარებულმა ოპერაციებმა ნათლად წარმოაჩინეს აშშ-ის სამხედრო ძალა, მოქნილობა და შესაძლებლობები. ამასთანავე, ძალისხმევამ მრავალმხრივი თანამშრომლობის  ორგანიზებისათვის კრიმინალური  დანაშაულის წინააღმდეგ და პროგრამებმა, რომელთა მიზანი იყო ფინანსური აქტივების გაყინვა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისათვის, ღირსშესამჩნევ წარმატებებს მიაღწია. 2002 წლის საშუალედო არჩევნებისას ბუშის საგარეო პოლიტიკის აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა, განსაკუთრებით, ამერიკულ საზოგადოებაში. ფაქტობრივად, რესპუბლიკელთა წარმატება, რომლითაც მათ აირიდეს ისტორიული ტენდენცია (საშუალედო არჩევნებისას პრეზიდენტის პარტია, ჩვეულებრივ, ჰკარგავს ადგილებს კონგრესში), გამოიწვია ქვეყნის საბრძოლო ვითარებაში ყოფნისას ბუშის პოპულარობამ და მისი ადმინისტრაციის კამპანიამ ტერორიზმის წინააღმდეგ.

პრელუდია

2000 წლის კამპანიის დროს ბუში თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ,,უფრო ხისტი საგარეო პოლიტიკით“ იგი დაიცავდა ,,ამერიკის ეროვნულ ინტერესებს“. მომავალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში ძირითადი ადგილი კლინტონის ადმინისტრაციის პრიორიტეტების გადასინჯვის აუცილებლობასა და მხოლოდ რამდენიმე ახალ მისიაში მონაწილეობას (განსაკუთრებით, სამხედრო ოპერაციებში, როცა ამას ეროვნული ინტერესები მოითხოვდა) ეკავა. ასე რომ, ბუშმა დაიწყო იმგვარი პოლიტიკის გატარება, რომელიც ცდილობდა ერთმხრივობის (უნილატერიზმის) - დაფუძნებული ეროვნულ ინტერესებზე - და იზოლაციონიზმის - დაფუძნებული ამ ინტერესთა ფრთხილ გათვლაზე - ელემენტების შერწყმას. ამგვარად ბუშის საგარეო პოლიტიკა არც ფუნდამენტურად ერთმხრივი იყო და არც იზოლაციონისტური. New York Times-ის კორესპონდენტმა, დევიდ  სენგერმა, ამგვარად აღიქვა ბუშის პოლიტიკა: ,,არ მოელოდეთ, რომ ჩვენ სახლს ხშირად დავტოვებთ, არც იმას მოელოდეთ, რომ ,,American Exspress“-ს ხშირად გამოვიყენებთ, ეს არის იზოლაციონიზმი, მაგრამ ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ბილ კლინტონის მიდგომა ,,მოდით ჩავატაროთ სამიტი“. ბუშის ადმინისტრაციისათვის ამერიკის უნიპოლარულობა შემდეგნაირად განისაზღვა: ,,ამერიკა უნდა იყოს პირველი, თუნდაც ეს მოითხოვდეს დიპლომატიურ მსხვერპლს.“ ეს მიმართულება ამოსავალი წერტილია ბუშის ადმინისტარაციის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას, როგორც 11 სექტემბრამდე, ისე ტერაქტების შემდეგაც. მაშასადამე, როგორც BBC-ის კომენტატორმა განაცდახა: ,,თუ კლინტონი ცნობილი გახდა, როგორც კონსენსუსის მომხრე და ალიანსების შემქმნელი, ბუშმა რამდენჯერმე გვიჩვენა, რომ აშშ მზადაა მარტო იმოქმედოს.“ იმთავითვე ნათელი იყო, რომ ადმინისტრაცია გამოიყენებდა მრავალმხრივ კონფერენციებსა და შეხვედრებს, მაგრამ თუ მსოფლიო ორგანიზაციები მხარს არ დაუჭერდნენ აშშ-ის მოქმედებებს, მაშინ აშშ მარტო შეასრულებდა თავის საქმეს, რასაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ნეო-უნილატერიზმი.

თავდაპირველი პრიორიტეტები და დაძაბულობები

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ინიციატივა ეხებოდა ეროვნულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას (ერთ), ბუშს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ერთ-ს განხორციელება მიუხედავად იმისა, რომ ეს გულისხმობდა 1972 წლის ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან  გამოსვლას და ურთიერთობების დაძაბვას ისეთ სახელმწიფოებთან როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და აშშ-ის ევროპელი პარტნიორები. ამასთანავე, ბუში ცდილობდა გადაესინჯა აშშ-ის პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ჩრდილოეთ კორეის მიმართ უფრო მტკიცე და კონფრონტაციული პოზიცია დაეკავებინა, რაც გულისხმობდა კლინტონის ადმინისტრაციის პოლიტიკის და სამხეთ კორეის პრეზიდენტის კიმ  დე ძიანის ,,მზიანი პოლტიკის“  უარყოფას. ბუში ასევე გრძნობდა, რომ ეკონომიკური ინტერესები მოითხოვდა გლობალური დათბობის შესახებ კიოტოს ხელშეკრულებიდან გამოსვლას.

ზემოჩამოთვლილი საკითხებისადმი ბუშის მიდგომამ აშშ-სა და მისი უახლოესი მოკავშირეების ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. ბუშის ურთიერთობები დასავლეთ ევროპასთან საკმარისად დაიძაბა ხელისუფლებაში მისვლამდეც, ძირითადად ოთხი საკითხის გამო: ერთ, კიოტოს ხელშეკრულება, სამხრეთ კორეა და სიკვდილით დასჯა. ამას დაემატა 2000 წლის საარჩევნო მაქინაციები. მერტი კეტლი აღნიშნავს, რომ ბუშის პოლიტიკამ ანტიამერიკანიზმის ზრდას შეუწყო ხელი: ,,საიდუმლო არ არის, რომ ევროპელებმა, ისევე როგორც პლანეტის სხვა მაცხოვრებლებმა, ბევრი იცინეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ამერიკის ხარჯებზე. ევროპაში ეს მოხითხითენი უფრო სერიოზული და ანგარიშგასაწევი მოვლენის ნაწილნი არიან: ცივი ომის შემდგომი ანტიამერიკანიზმის ახალი ფორმა, რომელიც გამოწვეულია კაპიტალიზმის ამერიკული მოდელისადმი ანტიპათიური დამოკიდებულებით და აშშ-ის კულტურული პროდუქტით. ეს ფენომენი შესამჩნევი გახდა არჩევნების წინ. ანტიპათიურ განწობილებას, განსაკუთრებით, სამი საკითხი იწვევდა: სიკვდილით დასჯა, კიოტოს ხელშეკრულებიდან გამოსვლა და ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა.

ერთ-სთან ერთად  ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამოცდა გახდა 2001 წლის აპრილში მომხდარი ფაქტი, როცა აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავი იძულებული გახდა დაშვებულიყო ჩინეთის ბაზაზე. ეკიპაჟი პეკინისა და ვაშინგტონის დიპლომატიური ჭიდილის ტყვე შეიქნა. მიუხედავად კამპანიის მსვლელობისას ბუშის მტკიცე რიტორიკისა, ბუშმა მოხერხებულად მოაგვარა კრიზისი და უზრუნველყო ეკიპაჟის უსაფრთხოება აშშ-ჩინეთის, აშშ-ტაივანის ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენის ფასად.

ჩინეთის კრიზისი ბუშის 2001 წლის მარტის გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა. აშშ გავიდა კიოტოს ხელშეკრულებიდან. თეთრი სახლის სპიკერმა, არი ფლეიშერმა ბუშის გადაწყვეტილება უბრალოდ ახსნა: „პრეზიდენტის განცხადება არ იყო ორაზროვანი. იგი არ უჭერს მხარს კიოტოს ხელშეკრულებას. ის არ შედის აშშ-ის საუკეთესო ეკონომიკურ ინტერესებში.“ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია საშინაო და საერთაშორისო კრიტიკა, რამაც საზოგადოებას კვლავ შეახსენა აშშ-ის უნილატერიზმი და იზოლაციონიზმი. 2001 წლის ზაფხულში ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ყურადღება გამახვილებული იყო ჩრდილოეთ კორეის პრობლემატიკაზე.

11 სექტემბერი

2001 წლის ბოლოსათვის საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსნებმა, მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, კონდოლიზა რაისმა, და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს  დირექტორმა, ჯორჯ ტენეტმა, დაასკვნეს, რომ სერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა ალ-ქაედა, დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. კოდოლიზა რაისმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც მოითხოვდა სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აგვისტოში ალ-ქაედას წინააღმდეგ. წინადადება პრეზიდენტს სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა განეხილა. თუმცა ვიდრე გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ღონისძიებების დაწყების თაობაზე, ტერორისტებმა ამერიკის მიწაზე 11 სექტებრის სისხლიანი შეტევები განახორციელეს.

ტერორისტული შეტევების საპასუხოდ ბუში დაჟინებით მოითხოვდა იმგვარი გეგმების შემუშავებას, რომელიც გულისხმობდა არამარტო შეტევებს ალ-ქაედას წინააღმდეგ, არამედ ომს ავღანეთში, რომელიც წარმოადგენდა ტერორისტული დაჯგუფებების ბაზას. თავის ერს ბუშმა განუცხადა, რომ ,,ჩვენ ერთმანეთისაგან არ ვასხვავებთ ტერორისტებს, ვინც ჩაიდინა ეს საშინელი დანაშაული და იმათ, ვინც მათ მფარველობს.“ კონგრესში წარმოთქმულ სიტყვაში ბუშმა უფრო ნათლად წარმოაჩინა აშშ-ის სტრატეგია: ,,ჩვენ გადავიბირებთ ყველა სახელმწიფოს, რომლებიც ეხმარებიან ან მფარველობენ ტერორიზმს. ყველა სახელმწიფომ ყველა რეგიონში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თქვენ ან ჩვენთან ხართ, ან ტერორისტებთან. დღეიდან ყოველი სახელმწიფო, რომელიც განაგრძობს ტერორიზმის მფარველობას ან მხარდაჭერას, მიჩნეულია აშშ-სადმი მტრულად განწყობილ რეჟიმად.“

მრავალმხრივი უნილატერიზმი

ავღანეთში სამხედრო კამპანიის დროს ბუშის ადმინისტრაცია შეეცადა განევითარეინა ,,ნებაყოფლობითი კოალიცია“, ან, უფრო სწორად, კოალიციათა კოალიცია. ადმინისტრაცია ცდილობდა წარსულში ერთობლივი სამხედრო ოპერაციების დროს დაშვებული შეცდომების თავიდან აცილებას (მაგალიათად, ბოსნიისა და კოსოვოს ოპერაციები) და ცდილობდა მხოლოდ ის სამხედრო აქტივები ამოექმედებინა, რომლებიც შეესაბამებოდნენ აშშ-ის შესაძლებლობებს და მიზნებს. კერძოდ, ადმინისტრაციას სჭირდებოდა საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერა, შენაერთები სპეციალური ოპერაციებისათვის და ლოგისტიკური აღჭურვილობა. აუცილებელი არ იყო დიდძალი კონვენციური, სახმელეთო ძალების დახმარება.

მოკავშირეებთან შეხვედრისას, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ აშშ სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ სახელმწიფოებს სთხოვდა, რომლებიც ისურვებდნენ საომარ ოპერაციებში მონაწილეობას. ბრიფინგზე - ნატო-აშშ-ის გეგმების შესახებ - სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, არმიტიჯმა განაცხადა: ,,მე აქ რიამეს სათხოვნელად არ ჩამოვსულვარ. მე მოვედი მოკავშირეებთან ინფორმაციის გასაზიარებლად. მე უკვე აღვნიშნე, რომ ამ კოალიციის შექმნა არის პრაქტიკული ხორცშესხმა იმ პოლიტიკური მხარდაჭერისა, რომელიც მოწოდებულია გლობალური იერიში მიიტანოს ტერორიზმის წინააღმდეგ, ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს საიდუმლო ფინანსური ინფორმაციის გაზიარებას, ხოლო დასასრულს სამხედრო მოქმედებებს ან ერთობლივად ან აშშ-ის ძალებით.“

როგორც არმიტიჯმა ნატო-თან მიმართებაში განაცხადა, აშშ-ს სურდა ,,ამოერჩია რამდენიმე ქვეყანა თავისი მოკავშირეებიდან“ და ჩამოეყალიბებინა საერთაშორისო კოალიცია.

კოალიციათა კოალიცია ბუშის ადმინისტარციის ნეო-უნილატერიზმის გამოხატულება იყო. თუმცა, აშშ ცდილობდა უზრუნველეყო მრავალმხრივი ხელშეკრულებების უსაფრთხოება იმგვარ სფეროებში, როგორიცაა საიდუმლო ინფორმაციის გაზიარება, თანამშრომლობა ტერორისტების ფინანსური აქტივების გასაყინავად და დახმარება იმ  აზიური ქვეყნებისათვის (მაგალითად, პაკისტანი), რომლებიც ძირითად როლს შეასრულებდნენ გლობალურ ანტიტერორისტულ კამპანიაში. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-მა ფართო მხარდაჭერა მიიღო მრავალეროვნული ორგანიზაციებიდან. 11 სექტემბრიდან ერთი თვის შემდეგ, ბუშის ადმინისტრაციას ჰქონდა 46 მრავალმხრივი მხარდაჭერის დეკლარაცია, მათ შორის ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებები, უშიშროების საბჭოს #1373 რეზოლუცია, რომელიც ყველა სახელმწიფოსაგან მოითხოვდა ღონისძიებების გატარებას ტერორისტებისა და მათი ფინანსური ქსელის წინააღმდეგ.

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის ურთიერთობები ქვეყნებთან, რომლებთანაც ცოტა ხნით ადრე დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა ზესახელმწიფოს, გაუმჯობესდა. მაგალითად, 2001 წლის 14 დეკემბერს ბუშმა განაცხადა, რომ აშშ გამოვიდოდა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან (ABM), რათა განევითარებინა ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა (NMD). რუსეთის წინააღმდეგობამ აშშ-ის ცალმხრივი სვლისადმი შედეგი არ გამოიღო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელევიზიით განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედება ,,არ წარმოადგენს მუქარას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისათვის.“ ჩინეთმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი აშშ-ის სამხედრო კამპანიას ავღანეთში.

დიპლომატიურ ფრონტზე აშშ მრავალმხრივ მხარდაჭერას იღებდა, თუმცა, სამხედრო თვალსაზრისით, ავღანეთის კამპანიას ამერიკა მარტო აკონტროლებდა. ბუშის დაჟინებული მოთხოვნით გაეროს ჰუმანიტარული დახმარება ავღანეთში თალიბთა რეჟიმის დამხობის შემდეგ შევიდა და ისიც აშშ-ის ზედამხედველობის ქვეშ. თალიბთა დამარცხებამდე ბუშის ადმინისტრაციამ ნათლად მიანიშნა, რომ ეს უკანასკნელი აუცილებლად გააგრძელებდა ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლას და განავრცობდა ომს ტერორიზმის გლობალური საფრთხის წინააღმდეგ. ტერორიზმის წინააღმდეგ ომის განვრცობის შესახებ ბუშმა პირველად 2002 წლის 29 იანვარს ამცნო ქვეყანას. მან აღნიშნა, რომ ერაყი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა ,,და მათი ტერორისტი მოკავშირეები წარმოადგენენ ბოროტების ღერძს, ისინი ემუქრებიან მსოფლიოს მშვიდობას. მასობრივი განადგურების იარაღის განვითარებით ეს რეჟიმები სულ უფრო საშიშნი ხდებიან სამყაროსათვის... მათ შეუძლიათ თავს დაესხან ჩვენს მოკავშირეებს ან შანტაჟი მოუწყონ აშშ-ს. ყოველ შემთხვევაში, ინდიფერენტულობის ფასი კატასტროფა იქნება. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ანტიტერორისტულ კოალიციასთან, რათა გავაუვნებელვყოთ ტერორისტები, არ მივცეთ მათ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საშუალება. ჩვენ პრაქტიკულად განვახორციელებთ და განვავითარებთ ეფექტურ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, რათა დავიცვათ ამერიკა და მისი მოკავშირეები მოულოდნელი თავდასხმისაგან. ყველა ერმა უნდა იცოდეს: ამერიკა ყველაფერს გააკეთებს ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოების დასაცავად.“

მოგვიანებით ბუშის ადმინისტრაციის მიერ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის (ეუს) გამოცხადებამ ნათლად განსაზღვრა ადმინისტრაციის გადასვლა აქტიურ, ნეო-ლატერარულ პოლიტიკაზე, რისი დადასტურებაც იყო ,,პრეემპტიული დარტყმების“ დოქტრინა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც გააჩნიათ მასობრივი განადგურების იარაღი. ეუს-ის  საფუძველზე ბუშმა წამოიწყო ახალი დიპლომატიური პროცესი, რომელიც დაგვირგვინდა ნეო-ლატერარისტული ,,ერაყის გათავისუფლების ოპერაციით.“

დასკვნა: ტრანსფორმციონალისტი პრეზიდენტი?

ჯორჯ ბუშმა უმცროსმა პრეზიდენტობის შუა ვადა წარმატებით დაასრულა. ყოველწლიურ გამოკითხვაში ,,ყველაზე სასურველი მამაკაცი“ მან პირველი ადგილი დაიკავა. ამასთანავე 2002 წლის კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკურ პარტიას ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.  ზემოაღნიშნული ორი ფაქტი უდავოდ მეტყველებს ბუშის პოპულარულობაზე პრეზიდენტობის შუა ვადისათვის. ბუშის პრეზიდენტობის პირველი ვადის პირველი პერიოდი ორ ნაწილად იყოფა: 11 სექტემბრამდე და 11 სექტემბრის შემდეგ. ტრაგიკულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა უზარმაზარი როლი შეასრულეს ბუშის საგარეო პოლტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში. 11 სექტემბრის შემდეგ აშკარად გაიზარდა საერთაშორისო საქმეებში ბუშის ჩარევა და მისი დაინტერესება საერთაშორისო ურთიერთობებით.

5 თურქეთის ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივები 2004 წელს

▲ზევით დაბრუნება


რეგიონი

მამუკა კომახია
საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე

თურქეთის მთავრობის შიდა სტაბილურობა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ახლა უფრო თვალშისაცემია და იმედის მომცემი, ვიდრე ეს ადრე იყო. თუმცა, არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომელმაც თურქეთის შიდა პოლიტიკაში არსებულ შედარებით სიმშვიდეს შეიძლება პოტენციური საფრთხე შეუქმნას: გაურკვევლობა მეზობელ ერაყში, ტერორისტული თავდასხმების საფრთხე, კვიპროსის პრობლემის გამო თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობის გაუარესება.

2002 წლის ნოემბერში ხელისუფლებაში მოსულ ზომიერი ისლამისტური სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მთავრობას შესამჩნევი მიღწევები აქვს:

● მთავრობა თავის ქარიზმატულ ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად მოსახლეობის დიდ ნაწილში პოპულარობით სარგებლობს.

● პარტიის შიგნით დანაწევრების ნიშნები არ გაღრმავდა და პარტიამ შეინარჩუნა ერთიანობა.

● ოპოზიციური პარტიები, პარლამენტსა თუ მის გარეთ, 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ ძალზედ დასუსტდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტია ეგეოსის ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილში, ხოლო პროქურთული HADEP ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მეტი მხარდაჭერით სარგებლობს, 28 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში AKP-ს გამარჯვებისათვის ყველანაირი წინაპირობა აქვს.

AKP- გავლენა

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, უახლოეს მომავალში ერდოღანსა და მის პოლიტიკურ ორგანიზაციას ქვეყნის შიგნით წამყვანი პოზიციების შენარჩუნება არ გაუჭირდება. ეს ხელს შეუწყობს მთავრობასა და სამხედროებს და მის სეკულარისტ მოკავშირეებს შორის დაძაბული ურთიერთობის შენელებას. 2003 წელს ამ ორ მხარეს შორის ხშირად იქმნებოდა გაუგებრობები. მაგალითად, ქალის ისლამური თავსაბურავის საკითხზე. წარმოქმნილი ინციდენტების აშკარა კონფრონტაციაში გადასვლას სერიოზულად შეუშალა ხელი ერდოღანის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებმა, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ქვეყნის მმართველ ელიტაში დაპირისპირება მწვავე კრიზისში არ გადაზრდილა.

პოლიტიკური საფრთხეები

2004 წელს მთავრობის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამ მხრივ განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა რამდენიმე საკითხი:

აშშ/ერაყი

2003 წლის მარტში თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად აშშ-თან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ თურქეთმა შეძლო ვაშინგტონთან ადრინდელი ურთიერთობების აღდგენა. მაგალითად, აშშ-მა თურქეთი საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად არ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ერაყის რეკონსტრუქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

უფრო მეტიც, თურქეთს შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს ხელშეკრულებებიდან, რომელიც ერაყის აღდგენას ითვალისწინებს. 2004 წელს აშშ-მა ერაყის რეკონსტრუქციისათვის 18.6 მლრდ ამერიკული დოლარი გამოჰყო. გამოცდილება და ერაყთან მეზობლობა თურქეთის კომპანიებს ოპტიმისტურად განაწყობს. საბოლოო ჯამში თურქეთის კომერციული პოტენციალი დიდად იქნება დამოკიდებული ერაყში უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე. ერაყში შექმნილი არასტაბილურობა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის თურქეთს ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის კუთხით.

ქურთული საკითხი

2004 წელს ეს საკითხი შიდა დაპირისპირების მთავარ მიზეზად დარჩება პროევროპულ ლიბერალებსა, რომელთანც AKP-ს აქვს კავშირი და ნაციონალისტებს შორის. ამ საკითხის მოგვარება პირდაპირ უკავშირდება თურქეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო ვალდებულებების შესრულებას. თუკი ქურთულ ენაზე მაუწყებლობისა და განათლების ნებართვის გაცემით მცირედი წარმატების მიღწევა შესაძლებელია, გაცილებით რთული იქნება თურქებისა და ქურთების ისტორიული შერიგება. თუმცა, ამის გაკეთება უფრო შეუძლია ამჟამინდელ მთავრობას, რომელსაც ისლამური ფესვები აქვს, მაგრამ ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების საქმიანობა ალბათ ამ საკითხების მოგვარებას გაართულებს.

ტერორიზმი

სტამბოლში 2003 წლის ნოემბერში ოთხმა დამანგრეველმა აფეთქებამ ტერორიზმის საფრთხე სერიოზული გახადა. თურქი მოქალაქეების ალ-კაიდასთან კავშირმა და ქვეყანაში რელიგიური სექტების (ზოგიერთი ძალადობას ქადაგებს) მოღვაწეობა ნიშნავს იმას, რომ პოტენციური განმეორებითი თავდასხმების შესაძლებლობა არსებობს.

კვიპროსი

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ 2004 წლის 1 მაისამდე, როდესაც კვიპროსი ევროკავშირში უნდა მიიღონ, კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა გართულდება. ერდოღანი არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში კვიპროსის საკითხში თურქეთის ტრადიციული პოლიტიკის შეცვლას იმედოვნებდა, მაგრამ არჩევნებში კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მოსახლეობის ნახევარის მიერ რადიკალური პოზიციის მქონე კვიპროსელი თურქების ლიდერის, რაუფ დენქთაშის მხარდაჭერამ ერდოღანის პოზიციები შეცვალა. მოსალოდნელია, რომ მაისამდე კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა ვერ მოხერხდება და მხოლოდ კვიპროსის ბერძნული ნაწილი გახდება ევროკავშირის წევრი.

ევროკავშირი

მაისამდე კვიპროსის საკითხის მოუგვარებლობა ქმნის საფრთხეს, რომ თურქეთის ურთიერთობა კავშირთან გართულდება. კონფლიქტის მოუგვარებლობის შემთხვევაში, კუნძულის მხოლოდ სამხრეთი ნაწილის გაწევრიანებით თურქეთი თავისი სამხედრო ძალით ფაქტობრივად ევროკავშირის ტერიტორიაზე აღმოჩდება, რაც ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაპირისპირებას გარდაუვალს გახდის. გარდა ამისა, კვიპროსი მიიღებს ვეტოს უფლებას, რაც ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში თურქეთს კარგს არაფერს უქადის. გარდა ამისა, საეჭვო გახდება 2004 წლის დეკემბერში თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ განცხადების გაკეთება.

თითოეული ეს საკითხი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებს, რაც თურქეთში ნაციონალისტური და ანტიევროპული ძალების გააქტიურებას გამოიწვევს და AKP-ს პროევროპულ სტრატეგიას შეასუსტებს.

ეკონომიკური ოპტიმიზმი

მთავრობამ შეძლო მძიმე მემკვიდრეობას გამკვლავებოდა და 2003 წელს ეკონომიკის სფეროში სერიოზულ წარმატებას მიაღწია. წარმატება აშკარაა ინფლაციის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის მხრივაც. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს ინფლაციის შემდგომი შეჩერება რთული მისაღწევი იქნება, მთავრობის სტაბილურობისა და 8.5 მლრდ ამერიკული დოლარის ოდენობის ამერიკული სესხის ერთობლიობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პერსპექტივას იძლევა.

დასკვნა

ეკონომიკის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და შიდა პარტიული ერთობის შენარჩუნების პირობებში 2004 წელს AKP-ის პერსპექტივები ოპტიმისტურად გამოიყურება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერას დაადასტურებს, მაგრამ ქურთებისა და კვიპროსის საკითხი ქვეყნის შიგნით მთავრობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუარესება კი, ნაციონალისტური ძალების გააქტიურებას შეუწყობს ხელს.  

6 კასპიისპირეთის ამბები

▲ზევით დაბრუნება


რეგიონი

კახა ოქროჯანაშვილი

პოლიტიკური კვლევების ცენტრი 2004 წლიდან თანამშრომლობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რომლებიც პერიოდულად გვიგზავნიან მასალებს მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. წინამდებარე სტატია მომზადა კახა ოქროჯანაშვილმა, ,,კასპიან ბიზნეს ნიუზის“ (Caspian Business News) თანამშრომლების - გულნაზ გულიევას, რახია ბაქბაიევასა და ფაგან ასკეროვის მიერ გამოგზავნილი ანალიტიკური ინფორმაციის საფუძველზე. მასში ასახულია უკანასკნელ დროს კასპიის რეგიონში და კერძოდ აზერბაიჯანში ბიზნეს გარემოში განვითარებული მოვლენები.

მსოფლიო ბანკი აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობით კმაყოფილია

მსოფლიო ბანკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რვაწლიანი თანამშრომლობის მანძილზე პირველად, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გატარებულმა ინსტიტუციონალურმა პოლიტიკამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტების მოწონება დაიმსახურა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ წარმატებას მიაღწია და მაღალი შეფასება დაიმსახურა „სახელმწიფო პოლიტიკა და ინტერნაციონალური შეფასება“ (CPIA) პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ერთგვარი კონკურსია და იმ ქვეყნებს შორის ტარდება, რომლებიც ,,საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან“ (IDA) შეღავათიან დაფინანსებას იღებენ. შეფასება თებერვლის დასაწყისში მსოფლიო ბანკის მისიის მიერ ჩატარდა, რომელსაც ამ ამ ორგანიზაციის სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური მენეჯმენტის პროგრამის წამყვანი ეკონომისტი კრისტიან პეტერსენი ხელმძღვანელობდა. SPIA პროგრამა მიზნად ისახავს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკისა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით გაწეული საქმიანობის შეფასებას. გლობალური განვითარებული მოხსენების მიხედვით, CPIA-ს მაღალი შეფასება შემდგომში სწრაფ ეკონომიკურ ზრდასთან ასოცირდება.

შეფასება 20 კრიტერიუმს ეყრდნობოდა, რომელიც 4 ბლოკშია გაერთიანებული: 1) ეკომომიკური ზრდა (რომელიც ინფლაციის მაჩვენებელს, ვალების მომსახურებასა და საგადასახადო პოლიტიკას და მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს მოიცავს). 2) ინსტიტუციუნალური რეფორმები (ვაჭრობის მონაცემები, გაცვლითი კურსი, ფინანსური სტაბილურობა, საბანკო სექტორის ეფექტიანობა, ბიზნეს გარემო და პოლიტიკური სტაბილურობა); 3) სოციალური პოლიტიკა (სიღარიბის მაჩვენებლები, სიცოცხლის ხანგრძლივობა, განათლების მაჩვენებელი, გენდერული საკითხები და სოციალური დაცვა); 4) სახელმწიფო სექტორის მართვა (გამჭვირვალობისა და კორუფციის დონე, სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობა, ხელისუფლების მმართველობის საერთო ხარისხი). „The Sharg” ახალი ამბების სააგენტოში აზერბაიჯანში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, 2001 წლის შემდეგ ქვეყნის რეიტინგი მუდმივად იზრდება. მანამდე, წინა შეფასებების მიხედვით, ქვეყანაში რეფორმები მეტად ნელი ტემპით ტარდებოდა და აზერბაიჯანი IDA-ს ქვეყნებს შორის საშუალო დონის განვითარების მქონე ქვეყნად განიხილებოდა. ადრინდელი შეფასებით აზერბაიჯანმა პირველ ბლოკში ხუთი ქულა მიიღო, სამი ქულა მეორე და მესამე ბლოკში და ოთხი ქულა მეოთხე ბლოკში. აღსანიშნავია, რომ ხუთი ქულა უმაღლესი შეფასებაა. აზერბაიჯანში თავისი წინა მიღწევა 3,4 ქულა, რომელიც მას 2002 წელს მიენიჭა 2003 წელს გააუმჯობესა და 3,6 ქულა დაიმსახურა.

ინდიკატორთა პირველ ბლოკში მისი ბოლო შეფასება 4,9 ქულა იყო 2002 წლის 4,5 -თან შედარებით; ფისკალური პოლიტიკა 4,5 (4 ქულა 2002 წელს); ვალების მომსახურება 5 (4,5 2002 წელს); განვითარების პროგრამების განხორციელება 4 ქულა (3,5 2002 წელს).

მეორე ბლოკის საშუალო მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა 3,3 ქულამდე. სავაჭრო პოლიტიკისა და გაცვლითი კურსის მაჩვენებელი 2002 წლის ნიშნულზე რჩება და 4 ქულას იმსახურებს; ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებელი 3-ა 2002 წლის 2,5 ქულასთან შედარებით. ფინანსური რესურსების ეფექტურობისა და მისი აკუმულირების მაჩვენებელი - 3 (2 ქულა 2002 წელს); ბიზნესგარემო 3,5; ეკოლოგიური სტაბილურობა 3 ქულა.

მესამე ბლოკის მაჩვენებელი 2002 წლის დონეზე რჩება და 3,2 ქულას იმსახურებს. კერძოდ: გენდერული პოლიტიკა 3,5; ადამიანური რესურსების განვითარება 3; სოციალური დაცვა და შრომის ბაზარი 3 და სიღარიბის დონის ანალიზი და მონიტორინგი 3,5.

მეოთხე ბლოკის მაჩვენებლები შესამჩნევად გაიზარდა და 3,2 ქულა დაიმსახურა 2002 წლის 3 ქულასთან შედარებით. შემოსავლების დაგროვების ხარისხი 3,5; ხელისუფლების მმართველობის ხარისხი 3 (2002 წელს 2,5); გამჭვირვალობის ხარისხი და კორუფციის დონე 3 (2002 წელს 2,5).

აზერბაიჯანში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ზაურ ზბაევის მიხედვით IDA-ს სესხები დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ,,ქვეყნის დახმარების სტრატეგიის“ (CAS) სამწლიანი პროგრამების საფუძველზე ნაწილდება, აღნიშნული სტრატეგია ე. წ. ,,ძირითადად“ და ,,უმაღლეს სცენარებად“ იყოფა.

რაც უფრო მაღალია ,,სახელმწიფო პოლიტიკა და ინსტიტუციონალური შეფასება“ (CPIA) პროგრამის მაჩვენებელი, მით უკეთესი სცენრია შერჩეული ქვეყნისათვის. თუმცა აზერბაიჯანი, რომელიც მსოფლიო ბანკისგან ამჟამად კრედიტებს ე. წ. ძირითადი სცენარის“ მიხედვით იღებს, მომავალში, არსებული შეფასებების მიხედვით, კრედიდებს ე. წ. ,,უმაღლესი სცენარის“ მიხედვით მიიღებს, რაც უფრო ,,მაღალი დონის სესხს ნიშნავს“, განუცხადა ზბაევმა SBN-ს.

,,გლობალური განვითარების ცენტრის“ მიხედვით, ქვეყანა რომელსაც CPIA-ს მაღალი მაჩვენებელი აქვს, უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს. მსოფლიო ბანკი IDA-ს სესხებს მისი ხანგრძლივი პერიოდისა და მცირე საპროცენტო განაკვეთის გამო გრანტად მიიჩნევს, რომელსაც წელიწადში მხოლოდ 0,75%-ია და 35-40 წლის ვადით გაიცემა, აღსანიშნავია, რომ მიმღები ქვეყანა პირველი ათი წელი თითქმის არაფერს არ იხდის IDA-ს სესხებისაგან განსხვავებით IBRD შედარებით უფრო კომერციულ ორგანიზაციად გვევლინება. იგი სესხებს 15 წლის ვადით გასცემს, საიდანაც მხოლოდ 5 წელის შეღავათიანი და ხოლო საპროცენტო განაკვეთი LIBOR (LONDON InterBank Offered Rate) ლონდონის ინტერნეტბანკის მიერ დადგენილ განაკვეთს ემთხვევა, 3-4% წლიურად. აქამდე აზერბაიჯანს მხოლოდ IDA-ს შეღავათიანი კრედიტი აქვს მიღებული, რომლის საერთო სიდიდე დაახლოებით 600 მილიონ დოლარზე მეტია, და რომელსაც 25 პროექტი განხორციელდა.

2003-2005 წლებში მსოფლიო ბანკის მიერ აზერბაიჯანისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება IDA-ს შეღავათიანი კრედიტისა და IBRD-ის ფინანსების ერთგვარი კომბინაცია იქნება. აზერბაიჯანში ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, მისი პერსპექტივების გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკი მომავალში ორივე ორგანიზაციის მონაწილეობით საერთო კრედიტების რაოდენობის გაზრდას აპირებს. აზერბაიჯანის ამჟამინდელი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმები დამაკმაყოფილებლად მიიჩნევა. ,,ძირითადი სცენარის მიხედვით“, IDA-ს სესხების პროგრამა 125 მლნ დოლარზე იყო გათვლილი. პროგრამა ასევე ითვალისწინებს აზერბაიჯანისათვის IBRD-ის დახმარებას, თავიდან დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ოდენობით. დაჩქარებული რეფორმების შემთხვევაში, IDA-ს და IBRD-ის პროგრამები ,,მაღალი სცენარის“ მიხედვით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სესხის ოდენობა, შესაბამისად, 160 მილიონ და 75 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

აზერბაიჯანი ჯერ კიდევ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებთა შორისაა და კვლავაც დარჩება, სანამ მის ამჟამინდელ სტრატეგიას არ დაასრულებს. ამ დროისათის, ქვეყანა მსოფლიო ბანკის სესხებს მხოლოდ IBRD-ის მეშვეობით მიიღებს.

2003 წელს აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. იგი მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით გაღატაკებულ ქვეყნად აღარ ითვლება. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული მრავალი ინდიკატორი არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული მეთოდი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშებაა. IDA-ს კრედიტების მიღების უფლება იმ ქვეყნებს აქვთ, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ 875 აშშ დოლარზე ნაკლებია. 2003 წლის ეკონომიკური ინდიკატორების მიხედვით, აზერბაიჯანის აღნიშნული მაჩვენებელი 879,70 აშშ დოლარს გაუტოლდა. ვარაუდობენ, რომ 2006 წლის 30 ივნისის შემდეგ, მიმდინარე პროექტის დასრულების პერიოდისათვის, აზერბაიჯანი კიდევ უფრო წარმატებული ქვეყანა იქნება და მზად იქნება მხოლოდ IBRD-ის მიერ შემოთავაზებული სესხები მიიღოს.

ქვეყანაში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პროგრესულად მზარდი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა. აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა. აზერბაიჯანის მშპ-ის წლიურმა ზრდამ 11,2% შეადგინა, რაც 35 ტრილიონ მანათის (7 მილიარდი დოლარის) ტოლია. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4,3 მილიონ მანათს გაუტოლდა, რაც სამჯერ აღემატება 1995 წლის მაჩვენებელს. გასული 8 წლის განმავლობაში, ექვსჯერ გაიზარდა ყოველთვიური საშუალო ხელფასი, ხოლო ყოველთვიური პენსია 7,7-ჯერ.

გასულ წელს 17,81 ტრილიონი მანათი (3,56 მილიარდი აშშ დოლარი) იქნა ინვესტირებული აზერბაიჯანის ეკონომიკაში, რაც 71,2%-ით უფრო მეტია, ვიდრე 2002 წელს. საგარეო ინვესტიციამ 2003 წელს (რომელიც 84,2%-ით მეტია 2002 წლის სიდიდესთან შედარებით) საერთო ინვესტიციების მაჩვენებლია 80,5% შეადგინა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აზერბაიჯანმა მთლიანად 16,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რომლის უდიდეს ნაწილსაც (72, 8%) საგარეო ინვესტიციები შეადგენს.

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული მონაცემების მიხედვით: უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მშპ-ს შთამბეჭდავი ზრდა - რომელიც ყოველწლიურად 8%-ს აღემატებოდა - ძირითადად გაზისა და ნავთობის სექტორის განვითარებით იყო განპირობებული, მაშინ, როცა არასანავთობო სექტორში წარმოშობა კვლავ 1990 წლამდე არსებულ მაჩვენებელზე ნაკლები რჩებოდა. თუ ნავთობისა და გაზის სექტორის განვითარება იგივე ტემპებით გრძელდება, 2005 წლისათვის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი შეიძლება გაორმაგდეს. თუმცა, ახლახანს პრეზიდენტის მიერ ,,სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით“ ხელმოწერილი ბრძანებულება და პრეზიდენტის 24 ნოემბრის ბრძანებულება ,,სოციალური და ეკონომიკური რეფორმების დაჩქარებასთან დაკავშირებით“, არასანავთობო სექტორის სწრაფად განვითარების იმედს იძლევა. არასანავთობო სექტორის მრავალმხრივი განვითარება რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. სამუშაოს უქონლობა რეგიონებიდან მოსახლეობის მაღალ მიგრაციას იწვევს.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, ის ქვეყნები, რომელთაც განვითარების მეტი პოტენციალი გააჩნიათ სესხის სახით უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებენ. თუმცა, აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები აღნიშნულ პოზიციას ბოლომდე არ ეთნხმებიან. ფინანსთა მინისტრ ავაზ ალაკბაროვის განცხადებით, ,,ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ყოველწლიური ზრდა არ წარმოადგენს საკმარის მიზეზს იმისათის, რომ ქვეყანას IDA-ს შეღავათინი სესხები შეუწყდეს. ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა ბლოკადაშია მოქცეული, აზერბაიჯანში კვლავ რჩება მილიონამდე ლტოლვილი და იძულებით გადადგილბული პირი. მათ განსახლებასთან დაკავშირებული სიძნელეები და საერთოდ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აზერბაიჯანში კვლავ დიდხანს დარება. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა და ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკმა აზერბაიჯანისათვის განკუთვნილი შეღავათიანი სესხების რაოდენობა არ უნდა შეამციროს, ხოლო მათ სრულ შეჩერებაზე საუბარი საერთოდ არ შეიძლება“, - განაცხადა მან, ამჟამად აზერბაიჯანის ხელისუფლება მსოფლიო ბანკიდან მომდევნო შეღავათიანი კრედიტის მისაღებად ახალ მოთხოვნას ამზადებს.

კასაგანის შეთანხმება მიღწეულია

კაშაგანის ნავთობსაბადოზე ნავთობის კომერციული მოკვლევა 2007-2008 წლებშია დაგეგმილი. 25 თებერვალს ENI-ის ხელმძღვანელობით შექმნილმა უცხოური სანავთობო ფირმების კონსორციუმმა ყაზახეთის მთავრობასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას კაშაგანის ნავთობსაბადოზე წარმოების დაწყების გადავადების თაობაზე. მხარეებმა განიხილეს სადავო საკითხები და დაამტკიცეს ნავთობსაბადოს გამოკვლევის ბიუჯეტი. კაშაგანში კაპიტალის ინვესტიციების საერთო რაოდენობა 29 მლრდ. აშშ დოლარად არის შეფასებული.

,,ამჟამად ქვეკონტრაქტები დაგეგმარების საკითხში უფრო გამოცდილები არიან, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიური ხასიათის საკითხების მოგვარებას გულისხმობს. დამტკიცებული გეგმის თანახმად, ნედლეული ნავთობის მოპოვება 2010 წელს 21 მლნ. ტონას მიაღწევს. ეს ციფრი 2013 წელს გაორმაგდება და 2015 წლისთვის 56 მლნ. ტონამდე გაიზრდება“. - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დანიელ ახმეტოვმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ყაზახეთი ყოველთვის ღია პოლიტიკას ატარებდა, და რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნას.

ENI-ის ჯგუფმა ნავთობი კაშაგანში 2000 წელს აღმოაჩინა, ხოლო პროექტის ოპერატორად 2001 წელს დაინიშნა. ყაზახეთთან პროდუქციის ნაწილობრივი მონაწილეობის 40-წლიანი შეთანხმების თანახმად, კომერციული წარმოება სანაპირო საბადოზე 2005 წელს უნდა დაეწყო. თუმცა ENI-იმ განაცხადა, რომ პირველი ნავთობის წარმოება 2006 წლის ბოლოსათვის გადაიდებოდა.

ყაზახეთი დაჟინებით მოითხოვდა კომპენსაციას, რადგან მხარეები იძულებულნი გახდნენ ხელახლა დაეწყოთ მოლაპარაკებები, და ამდენად დაეკარგათ მოგება. არცერთმა მხარემ არ გაამჟღავნა ინფორმაცია ყაზახეთისათვის შეფერხების გამო გადასახდელი საკომპენსაციო თანხის ოდენობის შესახებ. საწყისი თანხა, რომელიც ENI-იმ შესთავაზა კონტრაქტის პირველადი პირობების დარღვევის გამო, შეადგენდა 150 მლნ. აშშ დოლარს.

,,შეფერხება კომპენსირებულია დამატებითი თანხით, რაც აკმაყოფილებს ორივე მხარის მოთხოვნებს“, - განაცხადა ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მინისტრმა ვლადიმერ შკოლნიკმა ხელის მოწერის ცერემონიაზე, რომელსაც ესწრებოდა ENI-ის აღმასრულებელი დირექტორი ვიტორიუ მონჩატო. შკოლნიკმა ასევე აღნიშნა, რომ საკომპენსაციო თანხა ჩაირიცხებოდა ცენტრალურ ბიუჯეტში და თანაბრად გადანაწილდებოდა 2007-2008 წლის სამუშაოების დაწყებამდე დარჩენილ პერიოდზე.

ყაზახეთის ხელისუფლებასა და კომპანიებს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ხელშეკრულებამ გაფანტა გაურკვევლობა ბოლო დროს ნედლი ნავთობის მარაგის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენის მონაკვეთზე წარმოების დაწყების შესახებ. კაშაგანის კონსორციუმის განცხადებით, ნავთობის საბადოს სიღრმე, აგრეთვე წყალმარჩხი კასპიის ზღვის ფსკერის სისქე შეფერხების უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს.

კაშაგანი, რომელიც ექსპერტების განცხადებით, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ნავთობის უდიდესი აღმოჩენაა მსოფლიოში, წარმოადგენს ცენტრალური აზიის ერთ-ერთ მსოფლიო კალსის ჰიდროკარბონატულ საბადოს. მისი ათვისების შემთხვევაშჳ 2015 წლისთვის მსოფლიოში ნავთობის დღიური მოპოვება 3 მლნ. ბარელამდე გაიზრდება.

კონსორციუმის მონაცემებით. კაშაგანის ნავთობსაბადოზე 89 მლრდ. ბარელი ნავთობის მარაგია, ხოლო ყაზახეთის მხარის აზრით საბადო სულ მცირე 23 მლრდ. ბარელს შეიცავს. ENI წარმოადგენს კაშაგანის კონსორციუმის ერთადერთ ოპერატორს, რომელშიც გაერთიანებულია ExxonMobil, Inpex, ConocoPhilips, RoyalDutch/Shell და Total.

კონსორციუმმა პროექტში უკვე 2,2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაუდო.

დაზღვევისათის წინ გადადგმული ნაბიჯები

აზერბაიჯანის ყველა სადაზღვევო კომპანიამ, სადაზღვევო კომპანიებისათვის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის დაწესების უკანასკნელი ხელისშემშლელი მიზეზი გამოარკვია. 2001 წლის დეკრეტის თანახმად საწესდებო კაპიტალის სავალდებულო ზღვარი იმ კომპანიებისათვის, რომლებიც სადაზღვევო ბიზნესს ეწევიან აზერბაიჯანში, უნდა გაზრდილიყო 500 მილიონ მანათამდე (42,600$) 2002 წლის იანვრისათვის, 1 მილიარდ მანათამდე (205,000$) 2003 წლის დასაწყისისათვის და 2 მილიარდ მანათამდე (400,000$) 2003 წლის 31 დეკემბრისათვის, კაპიტალის მხოლოდ მაქსიმუმ 25% შეიძლება იყოს უძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი კი ფულადი რესურსები.

29 არსებული კომპანიიდან 12 ადგილობრივი და 3 გაერთიანებული სადაზღვევო ფირმის ბედი სადავო იყო, რადგანაც მათი უფლებამოსილი კაპიტალი არ აღწევდა 2 მილიარდ მანათს.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა: ,,მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სიძნელეები ჩვენი კაპიტალის გაზრდის თვალსაზრისით, ჩვენ ისინი დავძლიეთ. ადგილობრივმა სადაზღვევო კომპანიებმა აღიარეს მიღებული ზომების საჭიროება, რაც ქვეყანაში სადაზღვევო ბიზნესს აძლიერებს. ,,რაც უფრო მეტი ნებადათული კაპიტალია, დიდ-მასშტაბიანი რისკის გაწევის მით უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს.“

ფინანსთა სამინისტროს დაზღვაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანახმად, ყველა კომპანიას გააჩნდა უნარი დაეკმაყოფილებინა ეს მოხოვნა. თუმცა აზერბაიჯანის სადაზღვევო კომპანიების მთლიანი ნებადართული კაპიტალი 84 მილიარდ მანეთამდე გაიზარდა (დაახლოვებით $17 მილიონი). ეს ციფრი უფრო მეტად შეიძლებოდა გაზრდილიყო, მაგრამ ადგილობრივმა სადაზღვევო ბაზარმა 2 კომპანია დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ნიშან“ და ,,საი“ სადაზღვევო კომპანიებს მოქმედებისთვის საჭირო კაპიტალი გააჩნდათ, მათ 5 წლიანი ლიცენზია სადაზღვევო საქმიანობის წარმოებისათვის ქვეყანაში გაქრა. პუნჰან აბდულავმა, სამინისტროს სამეთვალყურეო დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ ფინსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა კომპანიების საქმიენობა, რადგანაც განახლების განაცხადი არ შევსებულა.

ამგვარად, გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების რიცხვი 29-დან 27-მდე შემცირდა, საიდანაც, 7 ერთობლივი საწარმო იყო, მთლიანი ნებადართული 18 მილიარდი მანეთის ($3,600,000) კაპიტალოთ. ნატიგ ამირჯანოვის მოსაზრებით, რომელიც აზერბაიჯანულ-რუსული ერთობლივი კომპანიის, ,,ATESHGAN”-ს უფროსია, სავალდებულო კაპიტალის დამატებითი ზრდა საჭირო იყო და უნდა გაგრძელდეს. ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანიის კაპიტალი სავალდებულო ზღვარზე ორჯერ მეტია, მისი ზრდა უნდა დაფუძნდეს ბაზრის მოთხოვნებზე,“ - განუცხადა მან CBN-ს. ეს კომპანია სადაზღვევო ფირმების სიაში მესამე ადგილზეა, რომელთა საწესდებო კაპიტალიც 4,5 მილიარდ მანათს ($ 900,000) ითვლის, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ,,აზერსიგოტას“ შემდეგ.

ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანის სადაზღვევო ბაზრის კაპიტალიზაცია 50 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში უნდა იყოს, რათა ქვეყანას რისკის ზომიერი რაოდენობის მიღების საშუალება მიეცეს.

საწესდებო კაპიტალის შემდგომი გაზრდის თაობაზე ახალი გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, თუმცა აბდულაევი თვლის, რომ ეს საჭიროა. ,,სადაზღვევო ბიზნესი უფრო მეტად რისკიანია, ვიდრე საბანკო, სადაც ნებადართული კაპიტალის სავალდებულო მინიმუმი 2,5 მილიონი აშშ დოლარია,“ - განაცხადა მან.

,,განვითარებული ქვეყნაბის გამოცდილება კაპიტალის გაზრდის საჭიროებას მოწმობს. რუსეთში, თურქეთში და აზიის ზოგიერთ ქვეყნებშიც კი, სადაზღვევო ფირმის კაპიტალის მინიმალური ზღვარი 1 მილიონზე მეტია.“ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ,,შეუძლებელია ახლო მომავალში პრაქტიკაში დაინერგოს ნებადართული კაპიტალის სწრაფი ზრდა,“ მაგრამ ის თანდათანობით ზრდას დაეთანხმა.

ამავე დროს, აბდულაევი ეთანხმება უცხოური კაპიტალის დაშვებულ რაოდენობაზე აკრძალვების შენარჩუნებას. დაზღვევის შესახებ კანონის თანახმად, უცხოური კაპიტალი არ უნდა იყოს კომპანიის მთლიანი ნებადართული კაპიტალის 49%-ზე მეტი. ,,მსგავსად დსთ-ს ყველა ქვეყნისა, აზერბაიჯანი ისევ იტოვებს ამ ზღვარს და ჩვენ დავრჩებით ამ პოზიციაზე მანამ, სანამ აზერბაიჯანული კომპანიები გაძლიერდებიან,“ - განუცხადა მან CBN-ს, ამავე დროს, მის დეპარტამენტს ახლო წარსულში არ მიუღია განცხადება ქვეყანაში ახალი სადაზღვევო კომპანიის შექმნის შესახებ.

აბდულაევმა აზერბაიჯანის სადაზღვევო ბაზრის განვითარება დაახასითა როგორც დინამიური და აღნიშნა, რომ მთლიანი რაოდენობა სადაზღვევო შენატანისა გასულ წელს 33%-ით მაღალი იყო, ვიდრე 2002 წელს, მოსამხადებელი მონაცემების თანახმად, ეს ციფრი გაიზარდა 209 მილიარდ მანათიდან ($ 41,8 მილიონი) 2002 წელს, გასული წლის 278,8 მილიარდ მანათამდე ($ 55,76 მილიონი). ,,სადაზღვევო შენატანის რაოდენობა რომ სამჯერ მეტია, ვიდრე 2000 წელს, ადგილობრივი სადაზღვევო ბაზრის დინამიურობის მტკიცებულება,“ - განაცხადა მან და ეს ფაქტი მთლიანობაში ადგილობრივი ეკონომიკური ზრდითა და ნავთობის ხელშეკრულების განხორციელებით ახსნა.

წლიური სადაზღვევო გადახდა ასევე სწრაფად გაიზარდა გასულ წელს და 71 მილიარდ მანათს ($ 14,2 მილიონი) მიაღწია, რაც ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2002 წლის მაჩვენებელი. ,,რაც უფრო მეტია სადაზღვევო გადახდა, მით უფრო მეტი რწმენაა სადაზღვევო ბიზნესის მიმართ,“ - განაცხადა აბდულაევმა.

მას მიაჩნია, რომ ამ წელს სადაზღვევო ბაზარმა 30%-დან 40%-მდე ზრდა უნდა აჩვენოს და სავალდებულო დაზღვევის ზოგიერთ ფორმაზე, კონკრეტულად კი სახანძრო, ეკოლოგიურ, მგზავრთა და სახელმწიფო მოსამსახურეთა დაზღვევაზე კანონმდებლობის მიღება ხელს შეუწყობს აღნიშნული მიზნის მიღწევას.

7 რელიგიური და პოლიტიკური მოძრაობები ირანში: გზა პოსტფუნდამენტალიზმისაკენ

▲ზევით დაბრუნება


ახლო აღმოსავლეთი

ნათია ხმალაძე
საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი

1997 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოჰამად ხათამის სრული გამარჯვების შემდგომ ირანი მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. წარმატების შემთხვევაში ახალი რეფორმისტული მოძრაობა 1979 წლის რევოლუციაზე ნაკლებმნიშვნელოვანი როდი იქნება. მართალია, ეს რეფორმისტული მოძრაობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ მმართველი თეოკრატიული რეჟიმისაგან მისი განსხვავება უდავოდ ცხადია. პოლიტიკურ ცვლილებებს სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს, როგორიც არის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული საკითხები, საერთაშორისო გავლენა და სხვა. სოციალური პრობლემები, რომელიც ახალი თაობის წარმოქმნასთან, ეკონომიკურ კრიზისთან, ნაციონალიზაციასა და პრივატიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ასოცირდება, ასევე პოლიტიკური ფუნქციონალიზმის და ძალთა ჭიდილის საკითხები, ირანის საერთაშორისო იზოლაცია და გლობალიზაციის ზეწოლა - ყოველივე ეს რეფორმისტული მოძრაობის ჩამოყალიბებას განაპირობებს. თუმცაღა, მკვლევართა უმრავლესობა ამ რეფორმისტულ მოძრაობას პოლიტიკურ ფენომენად მოიაზრებს და ვერ ხსნის, თუ როგორ წარმოიქმნა დოგმატურ, იდეოლოგიურ, რელიგიურ გარემოში ასეთი დემოკრატიული ენა და ხედვა, რომელიც მხოლოდ ,,პლურალიზმზე“, ,,ადამიანის უფლებებზე“, ,,სამოქალაქო საზოგადოებაზე“ და ,,კანონის უზენაესობაზე“ საუბრობს.

მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან დღემდე, ირანის თანამედროვე ისტორიაში ხუთი პოლიტიკური მსოფლმხედველობა შეიძლება გამოიყოს: ყაჯართა ეპოქის ტრადიციული პატრიმონიალიზმი,  კონსტიტუციური ეპოქის დემოკრატიული პარლამენტარიზმი, ფეჰლევის ეპოქის მოდერნიზებული აბსოლუტიზმი, ისლამური რესპუბლიკის რევოლუციური იდეოლოგია და ბოლოს, რეფორმისტული მოძრაობის დემოკრატიული პლურალიზმი, რომელიც ჯერაც დაწყებით სტადიაშია.

1906-11 წლების ირანის კონსტიტუციური რევოლუცია საყოველთაოდ იქნა აღიარებული ეროვნულ და დემოკრატიულ რევოლუციად. ეს ირანის პოლიტიკური გამოღვიძების გამოხატულება იყო. იგი ყაჯართა დინასტიის რეჟიმის გაუქმებისაკენ და მმართველობის თანამედროვე საპარლამენტო სისტემის დაარსებისაკენ იყო მიმართული, რომელიც ირანის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ჩამორჩენილობის გადალახვას შეძლებდა და ქვეყანას თანამედროვე სუვერენული სახელმწიფოების საერთაშორისო სისტემაში ჩართავდა. რევოლუცია წარმატებული აღმოჩნდა. დაიწერა თანამედროვე ფუნდამენტალური სამართალი, მონარქის ძალაუფლება შეიზღუდა და პარლამენტი დაარსდა. თუმცა, პატრიმონიალიზმის პოლიტიკური გავლენის სრულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.

რეზა შაჰმა, რომელიც ხელისუფლებაში პარლამენტის ნებით მოვიდა, სულ მალე, საკუთარი პოზიციების გამყარების შემდეგ, მმართველობის ავტოკრატიული რეჟიმი დაამყარა. მოხდა ნეოპატრიმონიალიზმის წარმოქმნა. მას ზურგს ამჯერად თანამედროვე ბიუროკრატია უმაგრებდა, ისევე, როგორც ცენტრალიზებული სამხედრო ძალა და ,,მოდერნიზაცია“ - ამ იდეოლოგიის ლეგიტიმაციის საფუძველი. დემოკრატიული პარლამენტარიზმის დროებითი აღდგენა მოჰამად მოსადეყის პრემიერობის პერიოდში მოხერხდა. იგი ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც ირანში ნავთობის ნაციონალიზაციის ინიციატორი გახლდათ. მისი მმართველობის გადავარდნის შემდგომ, მოჰამად რეზა შაჰის აბსოლუტიზმი კვლავ აღსდგა.

შაჰის ავტოკრატიული რაჟიმის საპასუხოდ 1960-70-იან წლებში ,,წინააღმდეგობის მოძრაობა“ ჩამოყალიბდა. ეს მოძრაობა ბუნებით ანტიდიქტატორული იყო და პირველყოვლისა, იდეოლოგიურ მოძრაობას წარმოადგენდა, რაც ცივი ომის დროს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში მიმდინარე განმათავისუფლებელი მოძრაობების გამოძახილი იყო. ირანში წინააღმდეგობის ორი სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა მოქმედებდა: მარქსისტულ-კომუნისტური იდეოლოგიური მოძრაობა და რევოლუციური ისლამური იდეოლოგია.

რევოლუციის იდეოლოგიური ხედვა

სწორედ რევოლუციურმა ისლამურმა იდეოლოგიამ განაპირობა ხალხთა მასების მობილიზება და 1979 წლის რევოლუცია. მის წარმატებაში ლომის წილი აიათოლა ხომეინის ქარიზმატულ ლიდერობაზე და მის საშინაო იდეოლოგიაზე მოდიოდა. ალი შარიათიმ, იმ დროის უდიდესმა რელიგიათმცოდნემ, მძლავრი იდეოლოგიური ხედვა ჩამოაყალიბა, რომელიც ადგილობრივი გამონათქვამებითა და რელიგიური სიმბოლოებით დატვირთული და შესაბამისად, ხალხისათვის მისაღები იყო. ეს იდეოლოგიური ისლამური ხედვა, სხვა მრავალთან ერთად, სოციალურ სამართლიანობას, პოლიტიკურ თავისუფლებას და წარმომადგენლობითი მმართველობის ტიპს გულისხმობდა. კონსტიტუციის დემოკრატიული იდეოლოგია კვლავ აღსდგა. თუმცა, რევოლუციის შემდგომი მოვლენების ჯაჭვმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური მიმართულება სამღვდელოების ნეოპატრიმონიალიზმისაკენ წარმართა.

პირველი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც რევოლუციურმა საბჭომ წარადგინა და რომელიც საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის 1958 წლის მოდელი იყო, დემოკრატიულ მთავრობას მოიაზრებდა, სადაც სამღვდელოებას მმათრველი პოზიცია არ ეკავა. თუმცა, ექსპერტთა ასამბლეის მიერ (რომელშიც სამღვდელოება დომინირებდა) წარდგენილი კონსტიტუცია 1979 წლის ეროვნული რეფერენდუმის მიერ იქნა რატიფიცირებული და კლერიკალური მმართველობის დამყარებას გულისხმობდა. იგი შიიტური თეორიის აიათოლა ხომეინისეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. ეს კონსტიტუცია სამღვდელოების ბატონობას უხსნიდა გზას და პოსტრევოლუციურ ირანში პოლიტიკურ ძალაუფლებას რელიგიურ პირებს აბარებდა. რელიგიისა და პოლიტიკის ამგვარი გაგება კლერიკალური მმართველობის იდეოლოგიის ლეგიტიმაციას ემსახურებოდა და პოსტ-რევოლუციური ირანის პოლიტიკურ ენასა და ორიენტაციას განსაზღვრავდა. რელიგიური და პოლიტიკური მსოფლმხედველობა ურთიერთგადაჯაჭვული შეიქმნა, რამეთუ რელიგური და პოლიტიკური უმაღლესი ინსტიტუტები ერთიდაიგივე იყო. გაბატონებული რელიგიური მსოფლმხედველობა, რომელიც ისლამის იდეოლოგიურ გაგებას ეფუძნება, ბუნებით სამხედრო, რადიკალური და პოპულისტურია. იგი იდეოლოგიური ელიტის, ანუ სამღვდელოებისადმი უპირობო მორჩილებას მოითხოვს. რელიგიის პოლიტიზირების გამო რევოლუციისშემდგომი პოლიტიკური ხედვა მეტად შეზღუდული იყო. ამგვარი პოლიტიკური იდეოლოგია - ტრადიციული აბსოლუტიზმის, წარმომადგენლობითი მმართველობის თანამედროვე ინსტიტუტების, ქარიზმატული ლიდერისა და შიიტური პოლიტიკური თეორიის სინთეზი საფრთხეს უქმნიდა და აფერხებდა ჭეშმარიტი დემოკრატიზაციისაკენ მიმავალ გზას.

იდეოლოგიური ისლამის ინტელექტუალური საფრთხე

თუ ირანის მსგავს სახელმწიფოებში არსებულ რელიგიურ საზოგადოებაში პოლიტიკას რელიგია განსაზღვრავს, მაშინ უნდა არსებობდეს ლოგიკური გავშირი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ცვლილებასა და რელიგიური შეხედულებების ცვლილებას შორის. იმისათვის, რომ პირველი გავიგოთ, საჭიროა ვიცოდეთ როგორ და როდის მოხდა მეორე. საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ახალი რელიგიური რეფორმა 1997 წელს ძალაუფლებაში რეფორმისტების მოსვლის შემდეგ დაიწყო. თუმცა, სინამდვილეში, პოლიტიკური რეფორმისტული მოძრაობა სასიკეთო ნაყოფია რელიგიურ-ინტელექტუალური რეფორმისტული მოძრაობისა, რომელსაც საფუძველი სულ ცოტა 10 წლით ადრე ჩაეყარა. ინტელექტუალური ცვლილებები, რაც დემოკრატიული იდეოლოგიის გაგებისა და მიღებისათვის არის აუცილებელი, უკვე განხორციელდა. 20 მილიონი ამომრჩეველი, რომელმაც პრეზიდენტ ხათამის მისცა ხმა, მას მხარს მხოლოდ უკეთესი სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნის იმედით როდი უჭერდა. მათ მიერ გაკეთებული არჩევანი ასევე აჯანყების გამოხატულება იყო ისლამის იდეოლოგიური გაგების წინააღმდეგ, რომელიც მათ ცხოვრებას 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განაგებდა. ეს ყოველივე ასე უბრალოდ არ მოხდებოდა, ისლამური მმართველობის იდეოლოგიის ლეგიტიმურობის საფუძვლები რომ არ შერყეულიყო. სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ადრეც არსებობდა, რასაც ასეთი ფართომასშტაბიანი სახალხო საპროტესტო მოძრაობების გამოწვევა შეეძლო, მაგრამ ეს არ მომხდარა, რამეთუ რეჟიმის იდეოლოგიის ლეგიტიმურობა, რაც ხალხის რელიგიურ რწმენას მჭიდროდ უკავშირდებოდა, ჯერ კიდევ მყარი იყო.

90-იანი წლების დასაწყისში რელიგიური ინტელექტუალიზმის ახალმა მიმდინარეობამ ისლამის იდეოლოგიური დოქტრინა შეარყია. ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან, განათლებული რელიგიათმცოდნენი, რომელნიც შორს იდგნენ პოლიტიკური ძალაუფლებისაგან, ისეთ საკითხებზე საუბრობდნენ, როგორიც არის რაციონალიზმი, პლურალიზმი, შემწყნარებლობა ძალადობის საპირისპიროდ, შარიათისადმი არაკრიტიკული და ბრმა მინდობის გმობა, რელიგიური იდეოლოგიის კრიტიკული ანალიზი, უფლებები მოვალეობების სანაცვლოდ და დემოკრატიისა და რელიგიის ურთიერთშეთავსება. რელიგიური ინტელექტუალიზმის ახლადაღმოცენებულ მიმდინარეობას სათავეში აბდოლქარიმ სორუში ჩაუდგა. შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური იდეოლოგიის უგულებელყოფა და დემოკრატიისაკენ გადადგმული ნაბიჯები მაშინ გამოიკვეთა, როდესაც სორუშმა თავისი თეორიის შესახებ სტატიათა სერია გამოაქვეყნა, რომელსაც ,,რელიგიათმცოდნეობის დაპირისპირება და ექსპანსია“ ეწოდებოდა. ეს თეორია ამტკიცებდა, რომ რელიგიის ნებისმიერი გაგება ადამიანურია და შესაბამისად, დროებითი. სორუშის თეორიამ წარმატებით განავრცო მოსაზრება, რომ რელიგიის არანაირი გაგება არ შეიძლება აბსოლუტური და საბოლოო იყოს. მან ეპისტომოლოგიურ პლურალიზმს დაუდო საფუძველი, რაც ნებისმიერი დემოკრატიული პლურალიზმის საფუძველსაც წარმოადგენს. ცხადია, ამ თეზისმა დრამატული ასახვა ჰპოვა სამღვდელოების ტოტალიტარულ რელიგიურ და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე. ეს თეორია და სხვა მსგავსი იდეები მიმდინარე რელიგიური დებატების ქვაკუთხედად იქცა, რითიც საზრდოობდა ის  თაობა, რომელმაც 1990-იან წლებში პოლიტიკური რეფორმისტული მოძრაობა წამოიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ თავისი წვლილი ტოტალიტარული მმართველობის კრიტიკაში სეკულარულმა ინტელექტუალებმაც შეიტანეს, რის გამოც ისინი სხვადასხვა შეზღუდვებით, დაპატიმრებითა და სიკვდილითაც კი ისჯებოდნენ. თუმცაღა, სეკულარული მსოფლმხედველობა აბსოლუტურად მარგინალიზებული რჩებოდა რამდენიმე მიზეზის გამო: ღრმად რელიგიურ ირანულ საზოგადოებაში სეკულარული მსოფლმხედველობა მხარდაჭერით არ სარგებლობდა; მრავალი ადამიანი მას დასავლურ, უცხო, ანტირევოლუციურ, ანტიისლამურ და გარეშე ძალთა ინტერესადაც კი მოიაზრებდა; თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ სეკულარული ხედვა კრიტიკას არ სცილდებოდა და ირანის საზოგადოებას ალტერნატიულ გამოსავალს ვერ სთავაზობდა.

რევოლუციის შემდგომმა რელიგიურმა ინტელექტუალიზმმა არა მხოლოდ რელიგიურ-პოლიტიკური ისტაბლიშმენტის შერყევა, არამედ ეფექტური ალტერნატივის მოძებნაც შეძლო. იგი საზოგადოებას რელიგიურ პლურალიზმს სთავაზობდა, რაც პოლიტიკურ პლურალიზმსაც განაპირობებდა. რელიგიური ინტელექტუალიზმი ისლამის არაიდეოლოგიურ გაგებას გულისხმობს, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით არა მხოლოდ დემოკრატიის მხარდაჭერას, არამედ პოლიტიკურ პლურალიზმსაც ნიშნავს.

ეპისტემოლოგიური მსოფლმხედველობა იდეოლოგიური მსოფლმხედველობის წინააღმდეგ

ახალ ეპისტემოლოგიურ ხედვაში რელიგია მისი მთავარი ელემენტით - ,,რელიგიური გამოცდილებით“ განისაზღვრება, ხოლო რელიგიურობა ამ შინაგანი სულიერი ღვთისმოსავობის ნებაყოფლობითი მიმდევრობით. იდეოლოგიური მსოფლმხედველობის მიხედვით რელიგია, უპირველეს ყოვლისა, კანონთა კრებულია, რომელიც ადამიანთა რელიგიურ და სოციალურ ქმედებას განაპირობებს, ხოლო რელიგიურობა ამ კანონთა და დადგენილ რიტუალთა შესრულებით შემოიფარგლება, ანუ გარეგნული საქმიანობით.

შარიათისათვის ამგვარი გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭება ინტერპრეტატორთა გარკვეული კლასის არსებობას მოითხოვს, რომელიც საზოგადოებას რელიგიის ოფიციალურ ინტერპრეტაციას შესთავაზებს და ადამიანთა ქმედების მცდარობასა და მართებულობას განსაზღვრავს. ამრიგად, სამღვდელოება პრივილეგირებულ პოზიციას ფლობს და შესაბამისად, გადამწყვეტი როლი აკისრია პოლიტიკაშიც. ამის საპირისპიროდ, ახალი რელიგიური ხედვა არა მხოლოდ რელიგიაში ცნობს პლურალობას, არამედ მისი ინტერპრეტირების მრავალგვარობასაც აღიარებს. ამრიგად, ერთადერთი ოფიციალური ინტერპრეტაციის არსებობის აუცილებლობის მოსპობით, აღარც ოფიციალურ ინტერპრეტატორთა კლასის არსებობაა საჭირო.

იდეოლოგიური მსოფლმხედველობა რელიგიის მაქსიმალისტური გაგებაა, რომლის თანახმად მხოლოდ შარიათია გზა ყოვლისმომცველი ბედნიებისაკენ, როგორც მიწიერ, ასევე სულიერ ცხოვრებაში. ეს გზა ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარესაც გულისხმობს. ახალი ხედვა რელიგიური კანონების მინიმალისტური გაგებით გამოირჩევა, რაც სოციალურ ცხოვრებასა და საზოგადოების მართვაში შარიათის როლს ეხება. მხარს უჭერს რა რაციონალიზმს, იგი საზოგადოების მართვაშიც რაციონალურ ადმინისტრაციულ საფუძველს ეყრდნობა, რომელიც კვალიფიციურმა ადამიანებმა უნდა შეიმუშავონ, რომელთა არჩევაც მათი შესაძლებლობების მიხედვით უნდა ხდებოდეს და არა მემკვიდრეობითი უფლებით.

რელიგიის იდეოლოგიური გაგებისაგან განსხვავებით, რომელიც ადამიანებს ვალდებულად მიიჩნევს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობით გარკვეული რელიგიური მოვალეობები შეასრულონ, ახალი ხედვა კაცობრიობას გონიერ არსებებად მოიაზრებს და აქცენტს ადამიანთა ბუნებრივ უფლებებზე აკეთებს. ადამიანებს მინიჭებული აქვთ გარკვეული უფლებები, რაც მათ რელიგიურ ორიენტაციაზე მაღლა დგას. ახალი ხედვა გონიერებასა და რაციონალობაზე ამახვილებს ყურადღებას, რევოლუციური ემოციურობისა და ბრმა იმიტაციისაგან განსხვავებით. მიუხედავად სერიოზული კრიტიკისა, ეს ხედვა შარიათს არ უარყოფს, უბრალოდ ამ უკანასკნელის უსაზღვროდ გაზრდილი გავლენის შემცირება სურს. ამისათვის მას იმ ფესვგადგმული მოსაზრების აღმოფხვრა მოუწევს, რომლის თანახმადაც ისლამს, პირველყოვლისა, პოლიტიკური მისია აკისრია და შარიათი საკმარისია ქვეყნის პოლიტიკური მენეჯმენტისათვის.

ისლამური საზოგადოების პოლიტიკურად და იდეოლოგიურად გადატვირთულ ატმოსფეროში ამ გამბედავ ნაბიჯს სორუშზე უკეთ ვერავინ გადადგამდა, თუმცა მას ეს ძვირად დაუჯდა. კლერიკალურმა ოპოზიციამ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს უბიძგა სორუშზე თავდასხმა განეხორციელებინა და მისი სიცოცხლისათვის საფრთხე შეექმნა.

1994-95 წლებში სორუშმა მეტად საყურადღებო სტატიები გამოაქვეყნა, როგორიც არის ,,რელიგიური დემოკრატიული მთავრობა“, ,,ჩვენი მოლოდინები რელიგიისაგან“, ,,მაქსიმალისტური რელიგია, მინიმალისტური რელიგია“, ,,იდეოლოგიური რელიგია და რელიგიური იდეოლოგია“, ,,რელიგიური პლურალიზმი“ და სხვა. როგორც ამ თემებიდან ჩანს, იგი ეჭვის ქვეშ აყენებდა რელიგიის იდეოლოგიურ გაგებას და გმობდა პოლიტიკურ მმართველობაზე მის ტოტალურ გავლენას. შედეგად, მას გამუდმებით იბარებდნენ თავდაცვისა და ინფორმაციის სამინისტროებში დაკითხვებზე, უკრძალავდნენ ლექციების კითხვას. მას შემდეგ, რაც აკადემიური ტიტული ჩამოართვეს, იგი გამუდმებული მუქარის ქვეშ იყო. როდესაც სორუში ირანში დაბრუნდა, 1997 წლის არჩევნების წინ, მას პასპორტი ჩამოართვეს, რომლის დაბრუნებაც მხოლოდ ახლადარჩეული მთავრობის დროს შეძლო. მართალია, ამგვარი ზეწოლა მას აიძულებდა თავი ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეეფარებინა, ინტელექტუალურმა მოძრაობამ, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი, უდიდესი გავლენა იქონია ირანელთა მიერ რელიგიისა და პოლიტიკის როლის ახლებურად შეფასებაზე.

ის მხარდაჭერა, რომელიც ხათამის არჩევის შემდგომ რელიგიურ რეფორმებს გააჩნდა, მოსალოდნელიც იყო. თავად ხათამიც თანამედროვე სამღვდელოების იმ გამონაკლისს წარმოადგენს, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა რელიგიური აზროვნების გარდაქმნის მიმართ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალ რელიგიურ-ინტელექტუალურ მოძრაობაში. ხათამი საკუთარ ინტელექტუალურ მიდრეკილებებს პრეზიდენტობამდეც ავლენდა. კულტურის მინისტრად ყოფნის დროს, 1980-92 წლებში, იგი მხარს უჭერდა ინტელექტუალურ, მხატვრულ და კულტურულ ღირებულებებს, რაც მმართველი სამღვდელოების თვალში მეტისმეტად ლიბერალური იყო. 1992 წელს მისმა დეპარტამენტმა დიდი რაოდენობით წიგნების, თარგმანების და ინტელექტუალური ჟურნალების გამოქვეყნების უფლება გასცა. რეფორმისტულ მოძრაობაში ხათამის ინტელექტუალური წვლილი პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში ჩაიწერა. პოლიტიკური ანალიზის დროს იგი მუსლიმური პოლიტიკური აზროვნების დაქვეითების მიზეზებს ეძებდა. იგი ასევე მუსლიმურ ისტორიულ მემკვიდრეობას იკვლევდა, რათა წარსული პოლიტიკის ის რაციონალური ელემენტები მოეძებნა, რომელთა გამოყენება თანამედროვე პოლიტიკაშიც შეიძლება.

ახალი ხედვის პოპულარიზაცია

ისლამურ რესპუბლიკაში პოლიტიკური პარტიების არარსებობის პირობებში, ინტელექტუალთა წრეები და ჟურნალისტები ნახევრად პოლიტიკური პარტიების ფუნქციას ასრულებდნენ, ამზადებდნენ რა ინტელექტუალურ საფუძვლებს პოლიტიკური ცვლილებებისათვის. რეფორმისტული პრესა, რომელიც ხათამის დროს გაძლიერდა (მისი პირველი კულტურის მინისტრის აიათოლა მოჰაჯერანის გონებაგახსნილობის წყალობით, რომელმაც რეფორმისტებს პუბლიკაციათა ლიცენზები მისცა), უბრალოდ მისი შემცვლელის მოვალეობას ასრულებდა. რეფორმისტულ მწერლობასა და პუბლიკაციებს საფუძველი ჩაეყარა. გამოთქმები, როგორიც არის ,,რელიგიის ახლებური ინტერპრეტაცია“, ,,რელიგიის განსხვავებული გაგება“, ,,პლურალიზმი“, ,,დემოკრატიული რელიგიური მთავრობა“, ,,რაციონალიზმი“, ,,ხალხის სუვერენიტეტი“, ,,ადამიანის უფლებები“, ,,შემწყნარებლობა“ და სხვა მრავალი, რაც არც ისე შორეულ წარსულში ტაბუდადებული იყო, ახლა რეფორმისტთა ხედვის ყოველდღიურ ელემენტად იქცა. ამას ხათამის მთავრობის ორი ლოზუნგი დაემატა - ,,კანონის უზენაესობა“ და ,,სამოქალაქო საზოგადოება“. რეფორმისტული პრესა სამღვდელოების მმართველობის ნეოაბსოლუტიზმს გმობდა.

ამავე დროს, ამგვარი ქმედებები სრულიად მიუღებელი იყო ისლამური სახელმწიფოს იმ ფრთისათვის, რომელიც აკონტროლებდა არმიას, სასამართლოს, მეურვეობის საბჭოს (რაღა თქმა უნდა, ყველა მათგანი უზენაესი ლიდერის სამსახურში იყო). უკანასკნელ ხუთ წელიწადში მათ წარმატებით მოახერხეს რეფორმისტული მთავრობის და პარლამენტის  შეზღუდვა რიგი კონსტიტუციური საშუალებებით და ზოგჯერ იძულებითაც კი. სასამართლო იმავე რეფორმისტულ აქსიომას იყენებდა - ,,კანონის უზენაესობა“ - რათა რეფორმისტული პრესა დაეხურა და მათი რედაქტორები დაეპატიმრებინა, სხვა ეროვნულ დისიდენტებთან ერთად.

ანარეკლი

ეპისტემოლოგიურმა დემოკრატიულ-რელიგიურმა ხედვამ წარმატებით მოახერხა იდეოლოგიური რელიგიური და პოლიტიკური აბსოლუტიზმის დელეგიტიმაცია. თუმცა, პოლიტიკურმა რეფორმისტებმა, ირანში პოლიტიკური კულტურის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს. ამ მოძრაობას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი ქვეყანაში დემოკრატიის დანერგვისათვის, არა მხოლოდ კონსერვატორთა მიერ შექმნილი ბარიერების გადალახვის თვალსაზრისით, არამედ მმართველობის იდეალური ფორმის დეტალების შემუშავების კუთხითაც, რომელიც ხალხის სუვერენიტეტს უნდა ეფუძნებოდეს. მართალია, პოლიტიკურ რეფორმისტთა ფრონტი ახალი რელიგიური ხედვით იყო წახალისებული და მისსავე დემოკრატიული ლექსიკონით სარგებლობდა, შეცდომა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ყველა ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი რელიგიური ინტელექტუალიზმის ნებისმიერი იდეის გასაზიარებლად იყო მზად. მკვლევართათვის ძნელი არ იქნებოდა იმის დანახვა, რომ ისეთი გავლენიანი ფიგურებიც კი, როგორიც იყო აბას აბდი, მოჰამად რეზა, აბდულა ნოორი და სხვანი, სულაც არ იზიარებდნენ იმ რეფორმებს, რომელსაც ისეთი წამყვანი რელიგიათმცოდნენი ემხრობოდნენ, როგორიც სორუშია. უფრო მეტიც, მათთვის მმართველობის იდეალური ფორმა რადიკალურად განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც მათ რელიგიური ინტელექტუალიზმი სთავაზობდა. ზოგიერთი მათგანი არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებაზეც კი საუბრობდა, მისი დემოკრატიზაციის შემთხვევაში, რაც კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. ეს ცვლილებები მმართველის ძალაუფლების შეზღუდვისაკენ იქნებოდა მიმართული. ეს მონარქიულ კონსტიტუციონალიზმს გავს, სადაც მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამის საპირისპიროდ, რელიგიურ-დემოკრატიული მმართველობის სორუშისეული გეგმა სამღვდელოების მმართველობას ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს ართმევს და რელიგიისაგან პოლიტიკური მართვის ავტონომიას ემხრობა.

ყოველდღიურ ცვლილებებთან ერთად, არსებულ პოლიტიკურ რეფორმათა მოძრაობას გრძელვადიანი ხედვა უნდა გააჩნდეს, როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ დონეზე. რეფორმისტული მოძრაობა ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა მთელი თავისი პოტენციალის გამოყენება მაინც ვერ შეძლო. იგი მეტისმეტად ბევრ პოლიტიკურ დათმობაზე წავიდა და იმდენი  თეორიული კომპრომისი დაუშვა, რომ ახლა ზოგიერთი კონსერვატორი იმასაც არ თაკილობს, რომ საკუთარ თავს რეფორმისტი უწოდოს. კომპრომისები იმას ნიშნავდა, რომ მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანსფორმაციის ოქროს შესაძლებლობა, რაც ხალხის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდა, ხელიდან იქნა გაშვებული.

მართალია, რეფორმასა და ცვლილებას ყველა პოლიტიკური რეფორმისტი უჭერს მხარს, მაგრამ მათი მიზნები და განსაზღვრებები განსხვავდება. არსებობენ ისეთი ძალებიც, რომელთაც არ სურთ რადიკალურ ცვლილებათა განხორციელება პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც გარკვეულ რელიგიურ ინსტიტუტებთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. უფრო მეტიც, ძალთა ჭიდილი და იდეოლოგიური ნიუანსები პოლიტიკურ რეფორმისტთა ფრონტზე დაპირისპირების ახალ წყაროს წარმოქმნის. სწორედ ამ უთანხმოებამ შეარყია ხათამის მმართველობა, რომელმაც ვეღარ შეძლო გადამწყვეტი ცვლილებების განხორციელება. 1998 წელს, როდესაც სორუშმა ღია წერილით მიმართა ხათამის, მან ამ უკანასკნელს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდა და გააფრთხილა მისი კომპრომისული პოლიტიკის შესაძლო შედეგების შესახებ, რაც აბსოლუტიზმის გამოცოცხლების და კვლავ აღზევების საფრთხეს შეიცავდა. ამგვარი კრიტიკა მაშინ ბევრმა დაგმო. ხათამის რელიგიური და არარელიგიური მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება მხოლოდ დროის საკითხი იყო. დრომ საპირისპირო დაადასტურა.

და ბოლოს, რაც არ უნდა იყოს ხათამის მმართველობის დაკნინების მიზეზები, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ირანში პოლიტიკური რეფორმების დასასრულს. არც რელიგიური კონსერვატიზმის გაბატონება ნიშნავს რელიგიური რეფორმის დასრულებას. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირანი ამჟამად ფუნდამენტალიზმის ეპოქიდან ნეოფუნდამენტალიზმისაკენ ტრანსფორმაციის პროცესშია.