![]() |
ცხელი შოკოლადი №27 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ტურაშვილი დათო, ბაბუაძე თამარ, კიკალეიშვილი სალომე , წულუკიძე ნათია, კორძაია-სამადაშვილი ანა, ცეცაძე მაია, ჩაჩუა ნანა, გვახარია გიორგი, ბუღაძე ლაშა, სამნიძე გიორგი, თოლორდავა კახა, მაკარიძე დავით, ლომაძე ნინო, მარანც ჰენიგი რობინი, სადღობელაშვილი ქეთი, მორჩილაძე აკა, არგანაშვილი გია, პაიჭაძე დავით, იათაშვილი შოთა, ბუაჩიძე ანდრო , ტიკარაძე ჯუანშერ, ვონეგუტი კურტ, ეკო უმბერტო |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მაისი 2007 იორდანია თამარ ბაბუაძე კომენტარი დავით პაიჭაძე კურტ ვონეგუტი დათო ტურაშვილი ესსე დარვინის ღმერთი რიჩარდ ბონა ნუცა ალექსი-მესხიშვილი დავით პაპავა მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი გაგა ლომიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ნინო ლომაძე, ქეთი სადღობელაშვილი, დავით პაიჭაძე, ლაშა ბუღაძე, დავით მაკარიძე, გიორგი სამნიძე, მალხაზ ხარბედია, შოთა იათაშვილი, გია არგანაშვილი, ჯუანშერ ტიკარაძე, ანდრო ბუაჩიძე, მაგდა კალანდაძე ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი, გოგიტა ბუხაიძე, სანდრო ნავერიანი, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი დავით თეთრაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე გაყიდვების განყოფილების მენეჯერი ირინა მატოიანი მარკეტინგი ქეთა ბუაჩიძე რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“ შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
უკვე მაშაყირებენ, შენი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, ეროსიმდე და ეროსის მერეო. მთლად ეგრეც არ არის, მაგრამ ფაქტია - ამ მასალაზე მუშაობამ მთლიანად მოიცვა ჩემი ცხოვრების გასული თვე.
ყველაზე საინტერესო, მგონი, იმ ადამიენებზე წერაა, ვის მიმართაც საზოგადოების დამოკიდებულება მკვეთრად პოლარიზებულია ხოლმე. ეს, როგორც წესი, იმას ნიშნავს, რომ საინტერესო და კომპლექსურ ადამიანთან გაქვს საქმე და კიდევ - ამ ადმიანმა იცის, როგორ მართოს საზოგადოებრივი აზრი. ასე რომ, „ჟურნალისტური გამოძიებისათვის“ მასალა ბევრია.
ეროსი კიწმარიშვილთანაც ასე მოხდა. ჯერ ერთი თვის დაბრუნებული არ იყო თბილისში, რომ ყველა მასზე ლაპარაკობდა. „ააა, დაჭირდათ და ჩამოიყვანეს?“ „ესე იგი, კინწურაშვილის ადგილზე ნიშნავენ?“ „ახლა საზოგადოებრივი არხი ყველაზე მაგარი გახდება!“ და ასე შემდეგ. სათქმელი და მოსაყოლი ეროსიზე, მათ შორის უკმეხიც, ბევრს აქვს. მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც ეროსისთან ურთიერთობა და საუბარი იყო. შთაბეჭდილების მოხდენას ნამდვილად ცდილობს, მაგრამ ეს დიდი ძალისხმევის გარეშეც გამოსდის - გულწრფელია, ქრონიკულად ინსპირირებული და თვითცენზურისაგან თითქმის სრულად დაცლილი. ეს კი ყველა ინტერვიუერის ოცნებაა.
თავიდან შევთანხმდით, რომ ვილაპარაკებდით ყველაფერზე, პოლიტიკის გარდა. მერე მივხვდი, რომ პოლიტიკის გარეშე „კიწმარიშვილის ამბავი“ უხერხემლო გამოვიდოდა. ამიტომ ვილაპარაკეთ ყველაფერზე! ან-იდან ჰოე-მდე. დაწყებული საქართველოდან მისი წასვლის მიზეზებზე, ნიუ-იორკულ გამოცდილებაზე, ოჯახზე, მედიაზე, პოლიტიკაზე, წარსულზე, მის ინტერესებსა და სამომავლო ხედვებზე. მოკლედ, თავისუფლად შეგვიძლია დავიტრაბახოთ, რომ სრული ექსკლუზივი გვაქვს. ENJOY!
ასეთივე ექსკლუზივია ლაშა ბუღაზის „გაბო, გურჯი და ხერესი“ - ამბავი ქართველი რეჟისორის, დავით (პაპავა) გურჯისა, რომელმაც კოლუმბიის სცენაზე „მარტოობის ასი წელი“ დადგა და პრემიერაზე მარკესების მთელი საგვარეულოს და თავად მაესტროს, გაბრიელ გარსია მარკესის მოწონება და ცრემლი დაიმსახურა.
ცრემლისა თქვენც თუ არ გეშინიათ, „ცრემლიანი სათვალის“ მერე, ან იქამდე, აუცილებლად წაიკითხეთ „წერილი ჩემს შეფს“. ეს არის ადამიანური ისტორია, მთლიანად ნამდვილი ამბავი, რომელიც შეგძრავთ.
ამ ნომერშივე ვემშვიდობებით კურტ ვონეგუტს, ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ამირიკელ მწერალს, „ჩემპიონს“, როგორც დათო ტურაშვილი წერს.
წასაკითხი ამ ნომერში ძალიან ბევრია. ეს ის შემთხვევაა, როცა „ცხელი შოკოლადის“ ფანებსაც კი გაუხარდებათ, რომ ჟურნალი თვეში მხოლოდ ერთხელ გამოდის.
წინა კვირას, სარეკლამო განყოფილებამ გვთხოვა, „ცხელი შოკოლადის“ მისიის ფორმულირება გვჭირდება, იქნებ ჩამოგვიყალიბოთო. მაშინ 5 წინადადებას მთელი დღე ვწერდით, მაგრამ დღეს, როცა დასრულებული ჟურნალი ხელახლა გადავიკითხე, მივხვდი, რომ ჩვენი მისია, თქვენი ემოციების საფუძვლიანი შეჯანჯღარებაა. ისევ ეროსი: „საიდან შეხვდით ეს ორი იდეალისტი ერთმანეთს, თქვენც საზოგადოებრივი აზრის შეცვლა გინდათ, არა?!“ - ასეთი დიაგნოზი დაგვისვა მე და ჩემს მეორე ნახევარს პირველივე შეხვედრაზე. ეგრეა. იდეალისტები ადვილად ვიშიფრებით!
შორენა შავერდაშვილი
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
დათო ტურაშვილი
მინდოდა დამეწერა იმის შესახებ თუ როგორ მომიწყო შორენა შავერდაშვილმა მუხანათური ჩასაფრება ვერაზე, კინოთეატრ „ამირანის“ მისადგომებთან, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც ანა კორძაია-სამადაშვილის ტექსტებში მშვენიერი თვითირონიის ამოკითხვა არ შეუძლია, ვერც მე ავუხსნი იმას, რის თქმასაც ვაპირებდი. მიზეზი უბრალოა: როგორც ჩანს, ამ უწყინარ უნარსაც კი მოკლებული ვარ და შეიძლება მართლა იმის ბრალია რომ (მათგან განსხვავებით), შოთა რუსთაველი ახლაც ძალიან თანამედროვე მწერალი მგონია. თუმცა ალბათ კიდევ რამდენი თაობა და ათეული წელი დაგვჭირდება იმ თანასწორობის გასაცნობიერებლად, რომლის შესახებაც რუსთაველი, ჯერ კიდევ რვა საუკუნის წინათ წერდა. მეტიც - ქალი რომ კაცზე უფრო ძლიერია, ქართველმა ქალებმაც ადვილად დაამტკიცეს უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში და სანამ იმ ჩასაფრებას ვდარდობდი და ვყოყმანობდი, ვონეგუტიც მოკვდა.
კურტ ვონეგუტი, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია და ამიტომაც გადავწყვიტე მისი გახსენება და გარდა ამისა, ბოლომდე რომ გულწრფელი ვიყო, აბა სად ჩემი დარდები და სად ვონეგუტისა... პირველად, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, „ჩემპიონების საუზმე“ რომ წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ კურტ ვონეგუტი თვითონ იყო ჩემპიონი და მერე, როცა მისი დანარჩენი წიგნებიც შევიყვარე, იმაშიც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემპიონობაზე რთული, ჩემპიონობის შენარჩუნებაა, როგორც ეს კურტ ვონეგუტმა შეძლო მთელი სიცოცხლის მანძილზე. ასეთები ძალიან ცოტანი არიან სამყაროში და როცა შტატებში მივდიოდი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს საყვარელ მწერალს პირადად გავიცნობდი და ამიტომაც მშრალ ხიდთან, ამერიკის საელჩოში გასაუბრებაზე, სულ სხვა ჩემპიონი დავასახელე - როცა მკითხეს, თუ რომელ ამერიკელთან ვისურვებდი შეხვედრას, პირველ რიგში ტომ ვეითსი გამახსენდა, მაგრამ მაშინ აბა საიდან უნდა მცოდნოდა, რომ თვით კურტ ვონეგუტს გავიცნობდი 2001 წლის 10 სექტემბერს, ნიუ იორკის დაბომბვამდე ზუსტად ერთი დღით ადრე...
თამარ ბაბუაძე
მე თქვენ წერილი მოგწერეთ. წერილი იორდანიიდან. ეს ჩემი პირველი აღმოსავლეთია. ახლოც და შორეულიც. მანამდე არ მქონდა არც ერ-რიადი, არც დამასკო, არც ბეირუთი, არც სანა და არც თეირანი… ახლა უკვე ვოცნებობ, რომ ისინიც მალე მექნება. მოკლედ, პირველი ამანი იყო. რეგიონის ექსპერტობაც ამანში ჩასვლისთანავე თავხედურად მომინდა. გადავიხედე ნებოს მთიდან, აქეთ პალესტინა დამხვდა, იქეთ ისრაელი, გავიხედე აღმოსავლეთით, ერაყის საზღვარს წავაწყდი, აღმოსავლეთით და ქვევით - საუდის არაბეთს… სულ ტერაქტებით დახუნძლული, ცხელი და ფეთქებადი მიწა გარშემო… მაგრამ მე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ისე ღრმად და მშვიდად მეძინა, როგორც არასდროს. ნაწილობრივ, ალბათ იმიტომ, რომ ტურისტული მარათონისგან დაქანცულს ღამით ბალიშთან ბომბის აფეთქებაც არ გამაღვიძებდა, მაგრამ ალბათ იმიტომაც, რომ ამ ქვეყანაში ყველას ისედაც მშვიდად ძინავს. ამ ქვეყანაში, რომელმაც დამოუკიდებლობა 1946 წელს მოიპოვა, ძალიან კეთილი, სანდო და მიმნდობი ხალხი ცხოვრობს. თან ბევრნაირი ხალხი - პალესტინელები, ერაყელები, ეგვიტელები, სირიელები, შრილანკელები, ჩერქეზები და ჩეჩნებიც კი. ამ ხალხებმა იორდანიას სხვადასხვა დროს შეაფარეს თავი და დღეს, ბედუინებთან ერთად, უკვე იორდანელებად ითვლებიან. ამიტომაც ამბობენ, რომ ქვეყანაც და მისი დედაქალაქი ამანიც მეტწილად სწორედ გარეშე ფაქტორების გავლენით ჩამოყალიბდა, მათ შორის კი მთავარი ისრაელის ომი და სპარსეთის ყურის კრიზისი იყო…
ექსპერტობას აქვე შევწყვეტ, რადგან „ცხელი შოკოლადის“ შემდეგ ნომერში ამ და კიდევ უფრო საინტერესო აღმოსავლურ თემებზე ჩემზე გაცილებით დიდ ექსპერტს გაგაცნობთ. დეტალებს - სევდიანსაც, იმედიანსაც, გასათვალისწინებელსაც და პიკანტურსაც - ის გიამბობთ.
დავით პაიჭაძე
„ცხელ შოკოლადთან“ ჩემი მიმართება დამწყები მიჯნურის ქცევას ჰგავს: ჟურნალს დაარსების დღიდან ვყიდულობ, ვკითხულობ და მხოლოდ ახლა „შევბედე“, როგორც ავტორმა. არადა, აღმოჩნდა, რომ ისიც ელოდა ჩემს პირველ ნაბიჯს. ასეა თუ ისე, მგონი, თანამშრომლობას ვიწყებთ.
ლუსტრაცია არის პრობლემა, რომლისგანაც ვერ ვთავისუფლდები. რაც უნდა მიმტკიცონ, რომ დღეს აქტუალობა დაკარგული აქვს საბჭოთა რეჟიმის მსახურთა გამოვლენას, არქივები დაკარგულია, თანამდებობრივ შეზღუდვებს ყავლი გაუვიდა და 23.11.2003-ში თვითლუსტრაცია მოხდა, ვერ დავიჯერებ, რომ ისტორიას თეთრი ლაქები ამშვენებს და აღმოჩენები პირად წარსულში საინტერესო არ არის. ლუსტრაცია საშუალებას გაძლევს, ნახო საკუთარი დოსიე და იცოდე, რა წყაროებით სარგებლობდნენ შენზე ინფორმაციის მოკრებისას კაგებეს ანთროპოლოგები. ლუსტრაცია და კომუნისტური პერიოდის გასამართლება საჭიროა იმ სიცრუის დამაჯერებელი გადალახვისათვის, რასაც ისტორიას არქმევდნენ და გვასწავლიდნენ - სკოლაშიც და უნივერსიტეტებშიც. ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია დაიწერა იმაზე, თუ როგორ იპოვა კაცმა თავისი წარსული, რის შემდეგაც მან მხოლოდ საკუთარ თავში ჩაიბრუნა მზერა. არა, ოიდიპოსივით აქ არავინ დაითხრის თვალებს, მაგრამ მეტი ჭკუით, კაცის უკეთ ცნობისა და გაგების უნარით, თუ გნებავთ, მეტი სიბრძნით ნამდვილად შეიმოსება. ამაზეა ფილმი „სხვების ცხოვრება“, რომელმაც მომასურვა კიდევ ერთხელ მელაპარაკა ლუსტრაციაზე.
მადლობა „ცხელ შოკოლადს“ და მალხაზ ხარბედიას - ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მან მომაბრუნა ლიტერატურასთან. ეს არაა კრიტიკა, არც, მით უმეტეს, ლიტერატურათმცოდნეობა. მე მგონი, სწორედ ესაა ლიტერატურული ჟურნალისტიკა, რომლის არარსებობას ჩიოდა „ცხელი შოკოლადი“ წელს, აპრილის ნომერში. ვერც ერთ და ვერც ორ მერცხალს გაზაფხული ვერ მოჰყავს. ჟანრი ამით არ იქმნება. უბრალოდ, წიგნზე ვლაპარაკობთ - ლაშა ბუღაძის „ოქროს ხანაზე“.
![]() |
3 კულტ-მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
კიდევ ერთხელ ვენეციის ბიენალეზე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
კომპანია „არსის“ საგამოფენო დარბაზი
10 აპრილი. 19:00
დარწმუნებული ვარ, ეს უდავოდ მნიშვნელოვანი ამბავი უკვე გეცოდინებათ - ის, რომ წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ ბიენალეზე, როგორიცაა ვენეციის ბიენალე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებს მასპინძლობს და მათ მიერ წარმოდგენილ გამოფენებს თუ ინსტალაციებს ასი ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს.
სწორედ ამ თემას მიუძღვნა „არსის“ საგამოფენო დარბაზში გამართული შეხვედრა მხატვარმა და ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთმა მონაწილემ სოფო ტაბატაძემ. ფაქტობრივად, ეს იყო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ მაყურებელს სოფომ მის მიერ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი საინტერესო პროგრამების და ინსტალაციების ფოტომასალა წარმოუდგინა. თუმცა ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ქართველ მხატვარს ფართო საზოგადოებისთვის მისი შემოქმედებითი წარსულის და მომავალი ბიენალეს პროგრამის გაცნობა შეძლებოდა, ერთი მარტივი მიზეზის გამო - დაფინანსების მოსაპოვებლად, რომ ბიენალესთვის საჭირო ნამუშევრების შექმნა შეძლოს.
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“
9-15 აპრილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
„მე გახლავართ ნოე რამიშვილის უმცროსი ვაჟი. 1916 წელს დაბადებული თბილისში და 4 წლიდან მახსოვს ყველაფერი. როგორ ვტოვებდით თბილისს და როგორ ჩავსხედით გემში ბათუმში. ჩემი მშობლები, ნოე რამიშვილი და მარო გოგიშვილი-რამიშვილისა, გლეხის შვილები იყვნენ.“ - ამ სიტყვებით იწყება აკაკი რამიშვილის ისტორიული მონოგრაფიის „ჩვენი შეცდომები 1918-1921“ წინასიტყვაობა, რომელიც ამ წლებში, საქართველოში მომხდარ მნიშვნელოვან და მტკივნეულ მოვლენებს შეეხება. წიგნი, რომელიც ემიგრირებულმა ქართველმა, საქართველოს მენშევიკური მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის ვაჟმა, დედისთვის მიცემული პირობის თანახმად დაწერა; დაწერა, რადგან ოდესღაც შეპირდა, რომ მთელ სიმართლეს იტყოდა მამამისსა და საერთოდ, იმ დროის საქართველოზე. ეს ყველაფერი კი, ლონდონში, ვაშინგტონსა და პარიზში შემონახული არქივების და ქართველ ემიგრანტთა მიერ დატოვებული ისტორიულ-დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შექმნა. „ჩვენი შეცდომები 1918-1921“ - 16 თავისგან შემდგარი წიგნი, არა მხოლოდ დიდ ინტერესს იწვევს, არამედ ისტორიული ფასეულობის მქონე დოკუმენტურ, მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს - ფაქტებით, შენიშვნებით და კომენტარებით.
აკაკი რამიშვილი ლევილში გაიზარდა. 1936 წელს პოლონეთის სამხედრო სკოლაში ჩაუბარებია, რომლის დამთავრებისთანავე სამსახური პოლონეთის ჯარში გააგრძელა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ორწლიანი ტყვეობის შემდეგ, ის ინგლისში აღმოჩნდა, სადაც სამედიცინო განათლება მიიღო და უკვე ინგლისის მოქალაქე, ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა. 1992 წელს, ის პარიზში დაბრუნდა, სადაც ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში, სანამ მთელი ეს მასალა ერთ წიგნად აიკინძებოდა, ის დისკებზე წერდა ამ სტატიებს, საქართველოში აგზავნიდა და „რადიო-2, ქართულ რადიოთი“ მსმენელი მის ნაამბობს ისმენდა.
მართალია, წიგნი ჯერ კიდევ 2000 წელს გამოიცა, თუმცა ამჯერად 15 აპრილს, ლიტერატურულ არტ-კაფე „ქარავანში“ გამართულ საღამოზე, რომელიც აკაკი რამიშვილის ხსოვნას მიეძღვნა, წიგნის ახალი ვერსიის პრეზენტაცია (ამჯერად მას ინგლისური და ფრანგული თარგმანი აქვს დართული) და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ლევილი, აწმყო და მომავალი“ ჩვენება მოეწყო.
ეს ყველაფერი კი, ერთი დიდი ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და „აკაკი რამიშვილის ფონდი - ტრადიცია და ინოვაცია“ გახლდათ. სააღდგომო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ წელს მეორედ ჩატარდა და მსმენელს და დამთვალიერებელს შვიდი დღის მანძილზე, სხვადასხვა სირცეში მასპინძლობდა. 2005 წელს დაარსებული „აკაკი რამიშვილის სახელობის ფონდის“ მთავარი მიზანი ქართული ეროვნული კულტურული ტრადიციების პოპულარიზაცია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების სამშობლოსთან დაახლოება და მათთან ურთიერთობის დამყარებაა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ფესტივალის პროგრამაში ყოველთვის აღმოაჩენთ თქვენთვის საინტერესო, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების გვარებს.
წელსაც, ფესტივალს, სადაც გია ყანჩელის და ბიძინა კვერნაძის ნაწარმოებების პრემიერა გაიმართა, სტუმრობდნენ ნატო გაბუნია (ვიოლინო), ნანა ქავთარაშვილი-მირიანი (სოპრანო), ვალერიან შიუკაშვილი (ფორტეპიანო); საბინე ამბოსი (ფლეიტა, გერმანია), ჰობარტ ერლი (დირიჟორი, აშშ)... და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფესტივალი წელს თბილისის ფარგლებსაც გასცდა და აპრილი-მაისის მონაკვეთში, ის დუშეთში, ფოთსა და ქუთაისში გაიმართება.
ავტორი სალომე კიკალეიშვილი
რა ენატრება თბილისს...
„ტუსოვკებს“ ვერმორგებული ღირებულებების გამოფენა
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
გამოფენა აფიშიდან იწყება. თუმცა, არა მხოლოდ გამოფენა. დღეს თითქმის ყველაფერი აფიშებიდან, ბანერებიდან, პოსტერებიდან, ბილბორდებიდან და ლაითბოქსებიდან იწყება, რადგანაც აზრი „აფიშა ვიზუალური ზეგავლენის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ და ძველი ჩინური გამოთქმა „ვნახე, ესე იგი მახსოვს“ უკვე უტყუარ ჭეშმარიტებებად არის აღიარებული. ფერად-ფერადი აფიშებით გადატვირთული ქალაქიც უამრავ საჭირო თუ არასაჭირო ნივთის სახელწოდებას, ფასს და ათას განსხვავებულ თვისებას და მოვლენას გამახსოვრებინებს. აფიშების, ბანერების, პოსტერების სიმრავლით შეწუხებული ერთ-ერთი ძალიან ცნობილი თანამედროვე ამერიკელი მხატვარი იმასაც კი ამბობდა - მალე გზებზე ხეების ნაცვლად მხოლოდ სარეკლამო ფოტოებს დავინახავთო. მერე რა, თუკი ასეც მოხდება, ვინმე ჭკვიანიც გამოჩნდება და ამ აფიშებზე, ბანერებზე და ბილბორდებზე ხეებს დახატავს და პრობლემასაც გადაჭრის. თუმცა, მანამდე თანამედროვე ადამიანმა ჩინური სიბრძნის წინააღმდეგ გაილაშქრა, თავდაცვის საუკეთესო მექანიზმი მოიგონა და საკუთარი მეხსიერებიდან „ვიზუალური ზეგავლენის ამ დემოკრატიულ ფორმების“ უკვალოდ წაშლა ისწავლა. მაგრამ ხარისხის ზეგავლენა მაინც ძლიერია და თვალი სწორედ ამ სიმრავლესა და სიჭრელეში ჩაკარგულ შავ-თეთრ გამონაკლისებს პოულობს და იმახსოვრებს. ამგვარი იშვიათი გამონაკლისები, ალბათ, ძალიან ენატრება აჭრელებულ ქალაქს. მონატრების მუხტსაც თავისი გააქვს და თბილისი ასეთ წერტილებში სხვაგვარად „თბილია“.
ასეთი გამონაკლისი ცოტა ხნის წინ ისევ გამოჩნდა ქალაქში, ფოტოფირში გადანაწილებული წარწერით - „PHOTO EXHIBITION“, ავტორების ჩამონათვალით: ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი, დავით მესხი, გალერეა „არსის“ კოორდინატებით და სადღაც ნაპოვნი შავ-თეთრი ფოტოილუსტრაციით. უფრო კონკრეტულად კი, ძალიან ეფექტური მხატვრულ-საინფორმაციო კომბინაციით. ასფალტში ჩაშენებული და ქალაქის მუდმივ ბინადრებად ქცეული ლითონის სამი სვეტი და სამი გრძელი ჩრდილი. თითქოს სამივე ერთნაირი. მხოლოდ თითქოს... ისე კი, სამივე ძალიან განსხვავებული. ყველაფრისგან და ერთმანეთისგანაც ძალიან განსხვავებულები. ისევე როგორც ამ ერთნაირად შავ-თეთრი ფოტოების ავტორები, რომლებსაც ხასიათი, თემა, ხედვა, კომპოზიციური სტრუქტურა და შავ-თეთრიც კი აბსოლუტურად არაიდენტური აქვთ.
კიდევ, ალბათ, იცით რა ენატრება თბილისს? ადამიანები, რომლებიც სამყაროს ბნელ, მივიწყებულ კუთხეებში იხედებიან იქ ჩარჩენილი განსხვავებული, „ტუსოვკებს“ ვერმორგებული ღირებულებების საპოვნელად და მობეზრებული ტკივილს გასაზიარებლად. ადამიანები, რომლებიც ბედავენ, ამ ყველაფრის გამო რომანტიკაშეპარული ნოსტალგია ატარონ. და სწორედ ამ განწყობით დაგვანახონ ზღვას მარტოხელა თოლიასავით შერჩენილი კაცი, ბალანჩინის უზარმაზარი პლაკატის ფონზე მოვარჯიშე ბალერინას პატარა ფიგურა, რომლის პოზაც თითქოს კერპისათვის თაყვანისცემაა, უამრავი ცარიელი სკამის გარემოცვაში მიტოვებული ლამაზი მოხუცი (ნიკო ტარიელაშვილი), ხის ჩარჩოს მიყუდებული პატარა, დიდებმა რომ „უნარშეზღუდული ბავშვი“ დაარქვეს, ნაწვიმარ გუბეში არეკლილი ნაბიჯი, ზამთრის ცივ მტკვარში ჩამდგარი მეთევზე, ტაძრის კიბეზე ჩიტივით დამხობილი ადამიანი (ლევან ხერხეულიძე), მატარებლის ფანჯარაში, უცნაურ ინტერიერებში, სკოლის კორიდორებში დანახული იტალიური კინოს ესთეტიკით გაჟღენთილი, რბილი შავ-თეთრი, სევდიანი პორტრეტები (დავით მესხი). ანუ მათი გამოფენის აფიშის ფოტოსავით ნაპოვნი, მხოლოდ რეალობაში ნაპოვნი კადრები, რომლებიც ჩვენ ვერ შევამჩნიეთ და რომელიც მხოლოდ მათი - ლევან ხერხეულიძის, ნიკო ტარიელაშვილის, დავით მესხის ფოტოობიექტივმა აღმოგვაჩენინა. თუმცა თბილისს ალბათ კიდევ ძალიან ბევრი რამ ენატრება. რატომღაც მართლაც გადასახლებაში მყოფ არისტოკრატს ჰგავს. შესაძლოა უკვე გაუფასურებული, მაგრამ მისთვისვე მნიშვნელოვანი ღირსების გამო, უამრავ რამეს რომ არ იმჩნევს. ოდესმე, იმედია მალე, იქნებ თვითონვე მივუხვდეთ... რა ენატრება თბილისს...
ავტორი: ნათია წულუკიძე
არჩევანი თქვენზეა
სავაჭრო ცენტრი „ჯი-თი-სი“
5 მარტი - 5 აპრილი.
მთელი ერთი თვის მანძილზე, „ჯი-თი-სი“-ს სავაჭრო ცენტრის პირველი სართული, არქიტექტორ მანანა ჟღენტის ხელმძღვანელობით გამართულ გამოფენა-გაყიდვა „selectio“-ს დაეთმო. სამშენებლო გამოფენაზე მონაწილეობას იღებდა 6 სამშენებლო კომპანია, რომელთაც საშუალება მიეცათ, რომ ინოვაციური პროდუქტები და სამომავლო პროექტები ერთ სივრცეში წარმოედგინათ და ამასთანავე, საკუთარი კომპანიის მომსახურეობისა თუ მასალების შესახებ მომხმარებლისთვის სრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდებინათ. გამოფენა-გაყიდვა თეატრალიზებული სანახაობით გაიხსნა, რომლის შემდეგაც, სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი მინი-პავილიონების თუ კუთხეების დათვალიერება და მათ წარმომადგენლებთან თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მიღება შეგეძლოთ. - „მთელი ამ ღონისძიების ამოცანა ის გახლავთ, რომ გვინდოდა, ერთ სივრცეში განგვეთავსებინა რამდენიმე სამშენებლო კომპანია. და აქ მოსულ პოტენციურ მყიდველს თუ დაინტერესებულ პირს უფრო მარტივად შეძლებოდა მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღება. ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომელ კომპანიას გვირჩევო. ჰოდა, ახლა თვითონ აქვთ საშუალება მოვიდნენ, გაეცნონ და აარჩიონ“ - აღნიშნა მანანა ჟღენტმა.
მანანა მენაბდის საღამო
ლიტერატურული არტ-კაფე „ქარავანი“
16 აპრილი. 21:00
ფოტო: სალომე კიკალეიშვილი
„5 წუთი მაცადეთ და შემდეგ დავიწყოთ“ - ასე დაიწყო მუსიკოსმა მანანა მენაბდემ საღამო, რომელიც 16 აპრილს, ლიტერატურულ არტ-კაფე „ქარავანში“ გაიმართა.
დები იშხნელების ერთ-ერთი დის, თამარის შვილიშვილი, უკვე წლებია, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოში გამართულ მის შემოქმედებით საღამოზე, მის სიმღერებს მონატრებული საზოგადოება შეიკრიბა. საღამო, რომელიც 5 წუთის დაგვიანებით დაიწყო; საღამო, სადაც მუსიკოსმა თავისი იგავები წაუკითხა მსმენელს - ადამიანებზე, სიცოცხლეზე, სიძუნწეზე, მე-9 ცაზე... სადაც მისი შესრულებით, ოდნავი ნოსტალგიური ფერებით აჟღერდა ძველი რომანსები, ბულატ ოკუჯავას სიმღერები და აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, რომლებსაც ერთ დროს, მისი ბებია, თამარ იშხნელი ასრულებდა.
ზემოდან დანახული ჩვენება
ფილარმონია
14 აპრილი. 22:00
ფოტო: სალომე კიკალეიშვილი
არ გეგონით, ვინმეს ან რამეს ზემოდან ვუყურებდე. უბრალოდ, იმ დღეს, ფილარმონიის მესამე სართულზე, სადაც atelie ten'a-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება იმართებოდა, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ იყო და ფოტოს კაცთან ერთად, პროჟექტორებთან აფოფხება და ჩვენების ზემოდან ყურება მომიწია.
მართალი გითხრათ, ამ ჩვენების მიმართ პირადად ჩემი ინტერესი - ადამიანის, რომელიც მოდების ჩვენებეზე არც წერით და არც სიარულით იკლავს ხოლმე თავს - საკმაოდ დიდი იყო. რადგან დღესაც ერთ-ერთ ტკბილ მოგონებად დამრჩა ატელიეს საპრეზენტაციო ჩვენება, რომელიც 2006 წლის ზაფხულში, AWORD-ის სახლში გაიმართა.
2007 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებამ, როგორც წესია, ისე ჩაიარა - უამრავი ტელეკამერით და „ვიპ“ სტუმრებით. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ამჯერად იმ შარმის და დახვეწილობის ნასახი არ იყო, რაც წინა ჩვენებას ახლდა. კოლექციაში, რომელიც მინიმალიზმამდე დაყვანილი მინიმალიზმი იყო, არც დაპიარებული, მილანიდან ჩამოტანილი ნაჭრები გხიბლავდა და აღარც სამოსის გრაციოზულობა და სილუეტი გჭრიდა თვალს.
ეკლექტიკის ელემენტები (რაც მოდის სამყაროში ახალი ნამდვილად არ არის, და ისიც გვინახავს, თუ როგორ მშვენივრად შეიძლება გამოიყურებოდეს, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო სამოსი) მკაცრ შტრიხად გასდევდა ატელიეს ახალ კოლექციას, რომელიც უსიცოცხლო ერთფეროვნებით იყო დაღდასმული და რომელსაც ისე როგორც არასდროს, აკლდა სიცოცხლე. ალბათ სწორედ ამიტომაც ჰგავდა თითოეული მოდელი ასე ძლიერ ერთმანეთს და ინდივიდუალიზმი, როგორც არასდროს, ისე აკლდა გაზაფხული-ზაფხულის ერთფეროვან კოლექციას.
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
სიახლეები
ყველა ვარსკვლავი
„ოპერასთან“ - ყველაზე ადვილი მისაგნებია. ის „კალა ჯგუფმა“ რევაზ ლაღიძის ქუჩის №2-ში გახსნა. დახასიათებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ „ოპერასთან“, ცხადია, მხოლოდ კარგ მუსიკას უკრავენ, ინტერიერი გუგა კოტეტიშვილის შემოქმედებაა, იმისთვის, რომ კარგ გუნებაზე იყოთ, გიორგი ლეკიაშვილი ზრუნავს (ძალიან საშიში სახელი აქვს: სერვის მენეჯერი), ხოლო როგორი კოქტეილებით გაგიმასპინძლდებათ თამაზ დავარაშვილი - ეს თავადაც მოგეხსენებათ, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ მიგაჩნიათ, რომ ცხოვრება მშვენიერია და უნიჭო საღამოს გატარებას „ოპერასთან“ მისვლა სჯობს.
ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
FM 94,3
TBC ბანკის სათავო ოფისი
12 აპრილი. 16:30
დღეიდან ქართულ რადიო სივრცეს, FM 94,3-ზე პირველი ინგლისურენოვანი რადიო - „რადიო-ჯიპა“ შეემატა, რომლის დამფუძნებელმა - ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ ახალი სიხშირის პრეზენტაცია თიბისი ბანკის სათავო ოფისში გამართა.
„რადიო-ჯიპას“ ძირითად მიზნობრივ ჯგუფს ინგლისურენოვანი აუდიტორია შეადგენს, რომელსაც საათში ერთხელ, ახალ ამბებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და მუსიკალურ პროგრამებს შესთავაზებენ. გარდა ამისა, ახალ სიხშირეზე რადიო NPR-ის (ამერიკის ნაციონალური საზოგადოებრივი რადიო) და ევროპის მაუწყებლობის გადაცემათა რეტრანსლაცია იგეგმება. „რადიო-ჯიპას“ ხელმძღვანელების განცხადებით, რადიოგადაცემებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ღია დისკუსიებს.
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
illy coffee - ახალი გემო
1933 წელს ყავა „ილის“ მწარმოებლებმა მითი ხარისხიანი ყავის შესახებ რეალობად აქციეს. საჭირო კონცენტრანტებითა და არომატით სავსე სითხის წარმოება ქალაქ ტრიესტეში დაიწყეს და შემდეგ მთელ მსოფლიოს გადაწვდნენ. „ილის“ მომხმარებელი ქვეყნების ჩამონათვალს სულ ახალახანს საქართველოც შეუერთდა. ყავის ახალი ბრენდის წარდგენა კი კლუბ „მეიდანში“, აპრილის ერთ მზიან დღეს, საგანგებოდ გამართული მასტერკლასით დაიწყო.
თბილისში მოწვეული „ილის“ ექსპორტის მენეჯერს, ფრანჩესკო კასანის დაწვრილებით რომ არ განემარტა, თუ როგორ მოყავთ და რა პირობებში მზადდება ხარისხიანი ყავა, არასდროს დავფიქრდებოდი, რომ „გზა“ ყავის მირთმევის მარტივ პროცესამდე რაოდენ რთული ყოფილა. კლუბში შეკრებილი ბარმენები თუ დაინტერესებული პირები დიდი ყურადღებით ეცნობოდნენ მათთვის ახალი ყავის სახეობის წარმოების, დამუშავებისა და მომზადების სტრატეგიებს.
illy იტალიური ბრენდია, თუმცა აქტიურად თანამშრომლობს ყავის ქვეყანასთან - ბრაზილიასთან. მსოფლიოში 5 ფილიალი აქვს, ყავის 12-მდე სახეობის ნაზავს წარმოადგენს და ესპრესოსა და კაპუჩინოს გავრცელებას ემსახურება. ცნობისთვის: „ილის“ მსოფლიოში 5 მილიონამდე ადამიანი და 40 ათასამდე რესტორანი მოიხმარს. ამასთან, საქართველოში, ტრიესტეს უნივერსიტეტის ნებართვით, „ილის“ რეალიზატორმა BB-company-მ „ბარისტა სკოლის“ (რომელიც მომავალ ბარმენებს მოამზადებს) გახსნის უფლებაც მოიპოვა.
მართალია, საგანგებო მასტერკლასი ყავის მომზადების ტექნოლოგიაში BB-company-მ ამ საქმით დაინტერესებულთათვის მოაწყო, თუმცა ყავის მწარმოებლებისა და რეალიზატორების მთავარი „სამიზნე“ მაინც რეგულარული (და არა მხოლოდ რეგულარული) მომხმარებელია. ასე რომ, illy უკვე საქართველოშია და მისი დაგემოვნებისას, თქვენც შეგიძლიათ სიამოვნება უკანასკნელ წვეთამდე განიცადოთ.
ავტორი: მაია ცეცაძე
![]() |
4 და სად იქნები შენ 20 მაისს? |
▲ზევით დაბრუნება |
აქცენტები
მათთვის, ვისაც მუსიკა უყვარს.
მათთვის, ვისაც „ოზონი“ უყვარს.
და მათთვის, ვისაც უბრალოდ, დროის კარგად გატარება უყვარს.
20 მაისს. მხოლოდ ერთი დღით. ჟურნალი „ოზონი“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში სრულ კულტურულ ქაოსს და ბევრ, ბევრ სიურპრიზს გპირდებათ. რა ხდება?
პირველი ქართული მუსიკალური ჟურნალი „ოზონი“, რომელიც მაისში ერთი წლის ხდება, საკუთარ დაბადების დღეზე, ერთ დაუვიწყარ დღეს გაჩუქებთ. ეს ყველაფერი კი ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, 20 მაისს მოხდება. ამიტომ გაფრთხილებთ, რომ იქ ასულს არაფერი არ უნდა გაგიკვირდეთ. მაგალითად:
1. თუ გვერდით ელვის პრესლი ჩაგივლით ან... ან მადონა, ჯონ ლენონი ანდა ჯგუფი Prodigy, მთელი თავისი შემადგენლობით! - იმიტომ, რომ ეს „ორეულის“ კონკურსია, სადაც თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. აიჯაჯოთ, ისე როგორც თქვენი საყვარელი მომღერალი და... და მერე, ჩვენი საყვარელი ფოტოგრაფი დათო მესხი მუზეუმის ტერიტორიაზე გამართულ ძალიან სერიოზულ ფოტოსტუდიაში გადაგიღებთ ფოტოებს. რა იცით, იქნებ თქვენ გაიმარჯვოთ და თქვენი მადონური თუ ლენონური იმიჯი ჟურნალის შემდეგ ნომერში იხილოთ!
2. თუ გზაში - აი მანამ, ვიდრე მუზეუმისკენ დაიძრებით - ბავშვთა კოსტიუმირებული ორკესტრი შეგხვდებათ, რომელიც თქვენი საყვარელი ჰიტების შესრულებით ივლის ქუჩაში და გამვლელებს ხმამაღლა შესძახებს - ამოდი ეთნოგრაფიულში. მოდი დრო ერთად გავატაროთო! - ეს ხომ თქვენთვის კარგი განწყობის შესაქმნელად კეთდება.
3. თუ თქვენს გვერდით ვიღაცის გამწარებულ ხავილს გაიგებთ - ეს ხომ კარაოკეა, საიდანაც გამარჯვებული და პრიზებით ხელდამშვენებული შეიძლება წამობრძანდეთ!
4. თუ ჟურნალის რუბრიკაში „გაიცანი“ ნანახ მუსიკოსებს ცოცხლად მოუსმენ და მათ გვერდით ქუჩის მუსიკოსებსაც ამოიცნობ - ისინი ხომ მხოლოდ შენთვის დაუკრავენ.
5. თუ მუსიკალურ ბაზრობაზე ამოყოფ თავს - იმიტომ, რომ მუსიკალურ მაღაზიებთან ერთად, ამ ბაზრობაზე შენც შეგიძლია მონაწილეობის მიღება.
6. თუ „ოზონში“ ნანახ ყველა სახეს ერთად გადააწყდებით - იმიტომ, რომ საღამო აუცილებლად დაიხურება String-ის და საგანგებოდ თქვენთვის, ლონდონიდან ჩამოსული ნიკა კოჩაროვის და ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის კონცერტით.
და კიდევ იმიტომ, რომ უამრავი სიურპრიზი დაგხვდებათ და... რაც მთავარია, ეს ხომ შენი დღე იქნება. დღე, რომელსაც „ოზონი“ გჩუქნის!
ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
![]() |
5 პრუსტის კითხვარი |
▲ზევით დაბრუნება |
ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
1. როგორი წარმოგიდგენიათ მიწიერი სამოთხე?
სამყარო ტყუილისა და ომის გარეშე ანუ „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება.“
2. თქვენი საყვარელი გმირი მხატვრული ლიტერატურიდან?
პრიამოსი (ჰომეროსის „ილიადა“). შვილის ცხედრის გამოსათხოვად მისულმა პრიამოსმა სიტყვით დააცხრო აქილევსის მრისხანება.
3. თქვენი საყვარელი ისტორიული გმირი?
ალექსანდრე მაკედონელი. სურვილებში მჟღავნდებიან ადამიანები. „ალექსანდრე რომ არ ვიყვე, დიოგენეობას ვისურვებდიო“- აზროვნების უპირატესობის აღიარება გონის სიდიადეა უსათუოდ.
4. ვინ არის თქვენთვის გმირი რეალურ ცხოვრებაში?
საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ხედვა, სიმშვიდე, მოქმედება - დროული, ნათელი, საქვეყნო.
5. თვისება, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად მოგწონთ?
ღირსების განცდა.
6. თქვენი საყვარელი ჭეშმარიტება?
ახლა ჩვენ ორზე დგას სამყაროს საქმე - მე და შენ.
7. ჭეშმარიტება, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაზვიადებულია.
ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.
8. თქვენი საყვარელი საქმიანობა.
კითხვა, ფეხით სიარული და ფიქრი.
9. არჩევანის საშუალება რომ გქონოდათ, ვინ იქნებოდით?
კარგი ფსიქოლოგი.
10. თქვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება?
ემპათურობა.
11. რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?
შინაგან კულტურას.
12. თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?
კონფლიქტის შიში.
13. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება დედამიწაზე?
ომი.
14. რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?
ბირმაში.
15. თქვენი საყვარელი ფერი?
წითელი.
16. თქვენი საყვარელი ყვავილი?
იასამანი.
17. ისტორიული გმირი, რომლის მიმართაც ყველაზე ანტიპათიურად ხართ განწყობილი?
ნერონი - უსასტიკესად პატივმოყვარე.
18. რა ბუნებრივი ნიჭით გსურთ რომ იყოთ დაჯილდოვებული?
მუსიკალურით. შევქმნიდი მუსიკალურ ნაწარმოებს სიმფონიური ორკესტრისათვის - „ქებათა - ქება სოლომონისა“.
19. როგორ სიკვდილს ისურვებდით?
მშვიდს.
20. თქვენი დევიზი?
აქ ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.
21. რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
„იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია“.
22. საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ პიროვნებას ამსგავსებთ?
მომწონს ნინა პოლტორაცკაია. უყვარდა. სიყვარული იყო მისი
წარსული, აწმყო და მომავალი.
23. რომელი წიგნის ავტორი იქნებოდით?
„ეკლესიასტეს“.
24. თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?
რეაქცია ზოგიერთ სიტყვებზე, ალერგიის სახით.
25. რა შემთხვევაში ცრუობთ?
როცა გამოცდას მიწყობენ.
26. ყველაზე ხშირად, ყოველდღიურ საუბარში რომელ ფრაზებს იყენებთ?
ჰო, კარგი.
27. რას ნანობთ ყველაზე მეტად?
ყოველდღიურობაში ანუ ამაოებათა ამაოებაში ჩართულობას.
28. განვლილი ცხოვრებიდან ერთი დეტალის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
1968-1969 წლებს. დავრჩებოდი მცხეთაში.
29. რას მიიჩნევთ თქვენს პირად მონაპოვრად?
ფიქრის უნარს.
30. რაზე ოცნებობთ?
ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.
![]() |
6 ვისი ცხოვრებაა სხვების ცხოვრება? |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი
ავტორი: დავით პაიჭაძე
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
ყველაზე რევოლუციურ რადიოს, რადიო 101-ს ერთი ასეთი არტი ჰქონდა: კმაყოფილი და დარდიმანდი თბილისელი ბიძაკაცი (მიშა მშვილდაძის ხმით) ცოტა აგრესიულად მიმართავდა ყველას: რას ერჩით, ძმაო, მაგ კაცს, მაგას ძველი, ნაღდი, გალაკტიონის დროინდელი თბილისი ახსოვსო. მერე აგრძელებდა იმის ჩამოთვლას, კიდევ რა ახსოვდა „მაგ კაცს“ და გიორგი სააკაძის გავლით ბუღა თურქამდე მიდიოდა. ბოლო ფრაზას - შეკითხვას - ეჭვი ახლდა: ვახტანგ გორგასალიც ხომ არ ახსოვსო? რასაც შალვა რამიშვილი აგებებდა განუმეორებელ ინტონაციას: მე მგონი, ახსოვს!
არტი პირველად რომ მოვისმინე, გემოზე ვიცინე და ჩავთვალე, რომ შევარდნაძის მეუფებას უხსოვარი დროიდან, ანუ 30 წლის მანძილზე ვერავინ გაატრიზავებდა უკეთ. მოგვიანებით კი მივხვდი, რომ არტს ჰქონდა სხვა, უფრო ღრმა შრე: ერთი კაცის ყელში ამოსვლის გარდა, ის დაგვცინოდა ჩვენ, რადგან ამბობდა: ყველაფერი ახსოვს ამ ერთ კაცს და ჩვენ ვენდობით მის მეხსიერებას. ჩვენ თვითონ ყველაფერი დავივიწყეთ, რადგან მას ახსოვს ჩვენ ნაცვლად. მან იცის ჩვენ ნაცვლად. ის (რაც გინდათ, ჩაწერეთ) ჩვენ ნაცვლად.
ალაგ-ალაგ ეს განწყობა ცოცხლობს დღესაც: დააკვირდით ქართულ მედიაში შევარდნაძისთვის გადახდილ პარაკლისებს; შეკითხვებს, რითაც ექს-პრეზიდენტს მიმართავენ; ვიღაცეებს ახლაც სწამთ - არის ამბები, რომელიც შევარდნაძეს ყველაზე უკეთ ახსოვს. დააკვირდით შევარდნაძის პასუხებსაც; იმავე რიგისაა, პოსტზე ყოფნისას რომ იძლეოდა: ბუნდოვანი, ბოლომდე უთქმელი, არაფრისმეტყველი მრავალმნიშვნელოვნებით გაჯერებული.
არადა, ეს განწყობა ადეკვატურია. შევარდნაძეს (აქ ეს უკვე ხელისუფლების კრებითი სახელია) არა მარტო ახსოვდა, არამედ სხვის მეხსიერებაში შლიდა იმას, რასაც ატარებდა თვითონ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბოლომდე, მისი მმართველობა სწორედ კოლექტიური მეხსიერების წაშლის არცთუ წარუმატებელი მცდელობა იყო. გაუშვი, ჩვენში ეცოცხლა გიორგი სააკაძისა და ბუღა თურქის ხსოვნას. მაგრამ უნდა დაგვევიწყა ის, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა. მითოლოგია გვერჩია ისტორიას.
საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებლობა იმდენად ტრაგიკულად დაიწყო, რომ ისტორიის საჩხრეკად არავის ეცალა. გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გვქონდა - დაკავებული ვიყავით იდიოტური პოლემიკებით (გადახედეთ, რა, იმდროინდელ პრესას?!), მოგვიანებით კი - სამოქალაქო ომით. ის რა ერია, ვინც სახელმწიფოდ შედგომამდე სამოქალაქო ომი არ გაიარა! უბრალოდ, ჩვენ აქაც დავაგვიანეთ.
90-იანების დასაწყისში იმთავითვე მხოლოდ ერთეულები მიხვდნენ: კომუნისტებს არ ეთმობოდათ ეს ქვეყანა. 1992 წლიდან საქართველოში გაგრძელდა კომუნისტების მმართველობა, მოწიფული სოციალიზმის ძირითად სიკეთეთა თანხლებით. ბატონო? რეპრესიები ხომ მაინც არ ყოფილა? აბა ზვიადისტებს ვკითხოთ.
სპილბერგის „Jurassic Park“-ის ფინალში დინოზავრებს გამოქცეული პერსონაჟები ვერტმფრენით მიფრინავენ და სიქაგაცლილები ვერც ამჩნევენ, რომ სამშვიდობოს გასულებს ესკორტად არქეოპტერიქსები - ანუ ისევ მფრინავი დინოზავრები ახლავთ. საბჭოთა კავშირი დაინგრა, გვეგონა, თავი დავაღწიეთ, მაგრამ კომუნისტებმა 21-ე საუკუნემდე გვაცილეს. გირჩევთ, იპოვოთ და გადაიკითხოთ კავკასიური ინსტიტუტის გამოცემული ცნობარი საქართველოს 1995-1999 წლების ხელისუფლების შესახებ. საკვანძო და მეორეხარისხოვან ფიგურათა უმრავლესობის პოლიტიკური გენეალოგია პირდაპირ მიგიყვანთ 1917 წლის 25 ოქტომბერთან (ძველი სტილით).
განა ამ ხელისუფლებამ არ დაუსვა წერტილი ძმათამკვლელ ომს? განა ამ ხელისუფლებამ არ მოიტანა მყიფე, მაგრამ მაინც მშვიდობა? განა ამ ხელისუფლებამ არ დაუშვა სიტყვის თავისუფლება? განა მაშინ არ გაჩნდა სამოქალაქო სექტორი? განა ამ ხელისუფლების დროს არ ამოძრავდა ეკონომიკა? განა ამ ხელისუფლებამ არ მოუძებნა 21-ე საუკუნის საქართველოს ახალი - სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია? რა თქმა უნდა: ყოველივეს საფასურად ამავე ხელისუფლებამ უსიტყვოდ მოითხოვა დუმილი და ბევრი რამის დავიწყება წარსულიდან. მოითხოვა და უსიტყვოდაც მიიღო. თუმცა, ორი პატარა ბზარი მაინც გაუჩნდა ჩვენს შელესილ თუ ამოქოლილ მეხსიერებას: საქართველოს პარლამენტმა პენსია დაუნიშნა კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლთ და ავთანდილ ქურხულმა გამოსცა წიგნი სამედიცინო სფეროში რეპრესირებულთა შესახებ: კომენტარების, დოკუმენტებისა და მოკლე ბიოგრაფიების კრებული.
არასწორია, როცა ამტკიცებენ, საქართველომ დრო დაკარგა, ამ ხნის მანძილზე ლუსტრაციის კანონი რომ არ მიიღოო. დროს კარგავ მაშინ, როცა შანსი გაქვს და არ იყენებ. საქართველოს შანსი არ ჰქონია. დროს ის ახლა კარგავს. ახლა ხომ მაინც ვაცნობიერებთ, რომ არ შეიძლება, ხელისუფლებაზე ჩამოკიდო ის, გაუსწორო თუ არა თვალი საკუთარ წარსულს.
ბოლომდე ვერ ვხვდები, რატომ გადაიღეს გერმანელებმა ფილმი „სხვების ცხოვრება“ ახლა, მათ ქვეყანაში კომუნიზმის მარცხისა და ლუსტრაციის ამოქმედებიდან 15 წლის შემდეგ. ალბათ, იმიტომ, რომ გერმანიაში მოქალაქეები დღემდე აკითხავენ შტაზის არქივებს თავიანთ დოსიეთა სანახავად - ბევრისთვის ეს წარსული დღესაც აქტუალურია. ან ეგებ იმიტომაც, რომ შტაზის მსხვერპლთა შვილებს არ ახსოვთ, არ ესმით და დიდად არც ანაღვლებთ, რა ხდებოდა მათი მშობლების თავს 20-30 წლის წინ. ერთი შესაძლო მიზეზიც: გერმანია მეორე ათეული წელია, ერთიანია, მაგრამ საიმისოდ, რომ ყოფილმა დასავლელებმა და აღმოსავლელებმა საერთო ბედი შეიგრძნონ, საჭიროა, მეორეთა ტკივილები და ისტორია პირველებმაც განიცადონ.
„სხვების ცხოვრებამ“ წელს „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო უცხოური ფილმისათვის. ქართული კინოთეატრები მის ჩვენებას არ ჩქარობენ. თუ სურათის რუსულ ენაზე დუბლირებას ელიან, შეიძლება, ლოდინი უსასრულოდ მოუხდეთ. რატომ უნდა გაუშვან რუსეთში ფილმი, რომლის ანტიგმირები დღეს იქ მთავარი დადებითი პერსონაჟები არიან? საიდუმლო სამსახურის ყოფილი პოდპოლკოვნიკები, მაგალითად. ქართულ ენაზე მზად არის ძალიან კარგი სინქრონული თარგმანი, მაგრამ რა ვუყოთ ეჭვს - მივა კი მაყურებელი ამ ფილმის სანახავად კინოში? „სხვების ცხოვრებაში“ არც სპეცეფექტებია, არც კომიზმი და არც სელებრითები, როგორც მაგალითად, „დედოფალში“ - ცოცხალი პროტოტიპებისადმი უაღრესი ტაქტით გადაღებულ და ზედმიწევნით საშუალო ფილმში.
ან როგორ უნდა დააბა მაყურებელი „სხვების ცხოვრების“ ანონსითა თუ რეკლამით? წარმოიდგინეთ ხმა, სამიოდ თბილისურ კინოთეატრში გამავალი ნებისმიერი ფილმის სარეკლამო რგოლს რომ ადევს: „ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში: კულტურის ავხორცი მინისტრი მსახიობის სიცოცხლეს იწირავს!“ ან „ვინ არის იგი: რეჟიმის მსახური თუ ფარული დისიდენტი?“ ან „ვინც გიყვარს, ის გიღალატებს. შენი მტერი - შენი მხსნელია! რა აზრი აქვს სიმართლეს, რომელსაც გვიან შეიტყობ? ორშაბათიდან, კინოთეატრ „ოქტომბერში“, ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის ოსკაროსანი ფილმი „სხვების ცხოვრება!“ როგორია?
შეიძლება, „სხვების ცხოვრება“ მართლა პლაკატური ფილმია. ან მორალისტური, სწორხაზოვანი; ან, თუ გნებავთ, ნაკლებ ადამიანური; ან სულაც ნაკლებ დამაჯერებელი. მე არ ვიცი, როგორ განვიხილო ის, როგორც სურათი, როგორც რეჟისორის, ოპერატორის, მხატვრის და ა.შ. ნამუშევარი. ჩემთვის ეს არის ამბავი, რომელიც აუცილებლად ამოვა ჩვენი მეხსიერების პალიმფსესტიდან, თუ მას გადავფხეკთ უკანასკნელი ფენის მოსაცილებლად. ეს ყველაფერი იყო სულ ახლახანს და, სხვისი არ ვიცი, მე კი ძალიან დრამატულად მეჩვენება, რომ იმ წლებში დაბადებულმა თაობამ არაფერი უწყის კომუნისტების სიქველეებზე. 90-იანი წლების დანგრეულმა განათლების სისტემამ გაამართლა: იმდროინდელ მმართველ ელიტას სრული ალიბი შეუქმნა მომავალი თაობის თვალში. რა დამავიწყებს: 5 წლის წინათ ერთ ინტერვიუში სტუდენტი, 18 წლის მომავალი ჟურნალისტი ცეკას ყოფილ მდივანზე მეუბნებოდა, არ მაინტერესებს, რას ამბობდა ეს კაცი 1989 წლის აპრილში, რადგან დღეს იგი... ბედის ირონიით, ეს ყმაწვილი მერე ჩემი სტუდენტი გახდა.
არცოდნა, პრინციპული დაუინტერესებლობა, ინდიფერენტულობა - გახლავთ შედეგი პოსტკომუნისტურ ეპოქაში ექს-კომუნისტების და ჩვენი, საზოგადოების, მოქალაქეების ერთობლივი მუშაობისა. ამ დროს გერმანული „სხვების ცხოვრება“ ამბობს, რომ სხვების ცხოვრება - ჩვენი ცხოვრებაა, შენი ცხოვრებაა. მგონია, ფილმი ერთსა და იმავეს ეუბნება გერმანელ მაყურებელსაც და ჩვენც, არაგერმანელებს: ჩვენ საერთო ბედი გვაქვს. მაგრამ შეიძლება ვერ ვხვდებოდეთ ამას ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა სივრცეში. ჩვენი უღრმესი კავშირები შეიძლება ვერ ამოიცნო დროის გასვლის შემდეგაც, როცა ერთსა და იმავე სივრცეში მოვხვდებით. გაბედე, გაუსწორე თვალი სიმართლეს, გააცოცხლე შენი მეხსიერება და ეგებ, უკეთ გავუგოთ ერთიმეორეს. პატიება შეიძლება დავიწყების გზითაც, მაგრამ სჯობს, იცოდე და ისე დაიცალო შურისგებისგან. სჯობს, არ წაუყრუო, არამედ გაიცნობიერო და დაძლიო.
რა გააჩმახე ამ ჭკუის სწავლებითა და მორალის კითხვით? ბოლოს და ბოლოს, კინოა, ის ხო არ არი... ჩვენც გვაქვს ეგეთი „знаковый“ კინო. თან კარგახნით ადრე გადავიღეთ, სულაც კომუნიზმის დროს.
კი ბატონო, მაგრამ რა იყო „მონანიება“ 1986 წელს? როგორ გავიგეთ ის მაშინ და როგორ გვესახება ეს ფილმი დღეს, 20 წლის შემდეგ? ამჯერად მრავლობით რიცხვში ვერ ვილაპარაკებ. ვფიქრობ, თენგიზ აბულაძის სურათმა მოახდინა ლეგალიზება, არტიკულირება ინფორმაციის, რომელსაც მაშინ გაცილებით მეტი ადამიანი ატარებდა, ვიდრე ახლა. იგავისა და პირობითობათა ენა „მონანიებაში“ სრულიად შეგნებულად ისე იყო გაცვეთილი, რომ ერთმნიშვნელოვნად აღძრავდა სავსებით კონკრეტული ეპოქის განცდას. „მონანიება“ შეიძლება ქცეულიყო ბიძგად ჯერ გაგების, გაცნობიერების და შემდეგ, ალბათ, საკუთრივ მონანიებისათვის. თავისთავად ფილმში არავინ არაფერს ინანიებს. მეტიც, ზეინაბ ბოცვაძის პერსონაჟი, მგონი, უფრო იმას ნანობს, რომ ყველაფერი მის წარმოსახვაში მოხდა და რეალურად უძლურია, რამე იღონოს დამაქცევარის წინააღმდეგ. უფსკრულში მოსროლილი ცხედარიც უფრო იმის სიმბოლოა, რომ შენ იკვეთ შენს წარსულს მას შემდეგ, რაც მისი მალვა და იძულებით გამჟღავნება გიკლავს მომავალს. აქ იწყება განსხვავება ჩვენსა და გერმანელებს შორის.
საქართველოში ბევრმა იცის, რომ ბნელით არის მოცული ეროვნული მოძრაობის ერთი ნათელი ფურცელი: ზვიად გამსახურდიას მომხრეებითურთ შეჭრა „კაგებეს“ შენობაში და იქაურობის მიმორბევა. რა დოკუმენტაცია განადგურდა მაშინ, ზუსტად ვერავინ ამბობს. აი, ახალ დროში მეხსიერების წაშლა კი სწორედ ამ აქციით დაიწყო. გერმანიაში სულ პირიქით მოხდა: ვისაც კომუნისტები სძულდა, ასევე შეიჭრა გდრ-ის „კაგებეს“, იგივ შტაზის შენობაში და იქაურ ოფიცრებს არ დაანება დოკუმენტების განადგურება. მერე ის ხალხი ხელისუფლებაშიც მივიდა და მიიღო ლუსტრაციის კანონი, რომელმაც ყოველ მოქალაქეს უფლება მისცა, ენახა საკუთარი თავი საიდუმლო პოლიციის დოსიეში, ამასთან, მისაწვდომად აქცია შტაზის ოფიცრებისა და აგენტების ვინაობა. და ამას არ გამოუწვევია სამოქალაქო დაპირისპირება გერმანიაში, არ გაუღვივებია ბოღმა, არ აღუძრავს ხალხი შურისგებისათვის. ყველაფერს სახელი დაერქვა და თავის ადგილი მიეჩინა. „სხვების ცხოვრება“ ამას ჰყვება და ჩვენთვის ის მართლაც სხვების ცხოვრებაა: აქ, საქართველოში მსგავსი არაფერი მომხდარა. 2003-ის ნოემბრის შემდეგ გვარწმუნებდნენ, ქვეყანაში გრანდიოზული თვითლუსტრაცია განხორციელდა, ვინ ვინ არის, ისედაც, კანონის გარეშეც ნათელიაო. მაგრამ სანამ ახალმა თაობამ არაფერი იცის, სანამ ასეთი კანონი არ მოქმედებს, სად არის გარანტია, რომ, მაგალითად, შუახნის, ჯან-ღონით სავსე, ბიზნესს მოკიდებული და პოლიტიკიდან გარიყვით განაწყენებული ყოფილი კომკავშირლები არ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში? ეს პრობლემის პრაქტიკული განასერია. მორალურზე კი, რომელიც პრაქტიკულს აღემატება, მგონი, ვილაპარაკე.
არქივები დუმან, თქვა ერთმა ქართველმა პოეტმა 1994 წელს. მანვე, იმავე წელს წესი აუგო ყველაზე გაცვეთილ, რომ არა ვთქვათ, ყბადაღებულ ქართულ სიმბოლოს: „ეს გზა საროსკიპომდე მიმიყვანს? არა, ეს გზა საროსკიპომდე არ მიმიყვანს. მაშინ რა საჭიროა გზა, რომელიც საროსკიპომდე არ მიმიყვანს?“
რაღა ვთქვა? თუ დანიშნულების ადგილი „ტაძარია“ (მისი სიმბოლური გაგებით), ჩანს, სჯობს, გზად კაგებეს არქივებში შევიაროთ. სულერთია, რაც დარჩა - 20%25, მეტი თუ ნაკლები. 90-იან წლებში გერმანელებს ამ გზაზე სწორედ ტაძრიდან გამოსული კაცი - ყოფილი პროტესტანტი მღვდელი იოაჰიმ გაუკი გაუძღვა. არქივებიდან გამოსულნი გზასაც უკეთ გავიკვლევთ, სიმართლეს დავადგენთ და მეტაფორებითა თუ იგავებით დაუსრულებელი ლაპარაკიც აღარ დაგვჭირდება.
![]() |
7 ოთხი დღე და სამი ღამე (1001 ღამის ნაცვლად) |
▲ზევით დაბრუნება |
წერილი იორდანიიდან
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე, სანდრო ნავერიანი
ერთი კვირით სამოგზაუროდ წასულები შინ წერილებს არ წერენ. მით უმეტეს, თუ ამ ერთი კვირიდან ორ დღეს იმ ქალაქში ატარებენ, რომელზეც მარტო ამ ჟურნალში უამრავმა დაწერა - მაინც გეტყვით - სტამბოლში... მაგრამ მე იორდანიაში ზუსტად იმიტომ წავედი, რომ იქედან წერილი მომეწერა. იქ ოთხი სრული დღე, სამი სრული და ერთიც ნახევარი ღამე გავატარე, მაგრამ ამ 90 საათის განმავლობაში იმდენი შთაბეჭდილება, შოკი, ქვიშა და ბედუინი დავიგროვე, რომ ზაფხულის გრძელი ღამისხელა ათასერთი ღამეც არ მეყოფა თავიდან ბოლომდე მოსაყოლად. მაინც ვეცდები ლოგიკური რეგლამენტი დავიცვა. გწერთ წერილს იორდანიიდან. დედოფალ ალიას სახელობის ამანის საერთაშორისო აეროპორტში ვზივარ.
ძველ დროში ამანს რაბათამონი ერქვა და ამ სახელით ბიბლიაშიც მოხსენიებულია. შემდეგ, რომაელების ეპოქაში, ნამდვილი რომაული სავაჭრო ცენტრი გახდა და ფილადელფია ეწოდა. დღეს ამანი იორდანიის სამეფოს დედაქალაქია და გასული ათასწლეულების გასახსენებლად რომაული ამფითეატრიც ამშვენებს და ძველი ციტადელიც, მაგრამ ის დღეს უკვე ნამდვილი აღმოსავლური მეგაპოლისია.
ხამსა
თვითმფრინავის ილუმინატორში მკითხაობა გამიგრძელდა. გაჩახჩახებული ქალაქი რომ დავინახე, დავასკვენი, რომ უკვე ამანის თავზე ვფრინავდით, მაგრამ მერე დავეჭვდი. შუქი ქვევით ისე უსწორმასწოროდ გაიწელა, რომ განათებულ მიწას ქალაქის ფორმა ვერაფრით მივეცი.
ეს ვერც შემდეგ, ძირს დაშვებისას, მოვახერხე. ამანი არის ქალაქი, რომელიც ქალაქების დაგეგმარების მსოფლიოში აპრობირებული არც ერთი მეთოდით არ დაუგეგმარებიათ. ამიტომ გზის დამოუკიდებლად გაგნება აქ თითქმის შეუძლებელია. ამანს არ აქვს ერთი დიდი მოედანი, რომელიც ერთმანეთის გასწვრივ სხივებად ჩამწკრივებულ ქუჩებს მოუყრიდა თავს - როგორც ეს პარიზშია; არც კვადრატები და ზოლები - როგორც ნიუ იორკშია, არც ვესტ და ისტ ენდები და არც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინები... რა ქნას, როგორ გაიგნოს გზა საწყალმა ტურისტმა ამანში?
არადა, მეც ტურისტი ვარ. ჩემს ტურს იორდანიის ტურისტულმა საბჭომ ასე დაარქვა: პრეს-ტური საქართველოდან. ხუთნი ვართ, ანუ როგორც იორდანიაში ამბობენ, „ხამსა“: ორი ტურ-ოპერატორი, ერთი ფოტოგრაფი, ერთი ჟურნალისტი და სანდრო, რომელიც თავის მხრივ ბევრია: სამი ფოტოაპარატი აქვს წამოღებული და შავ-თეთრი, ფერადი და ფართო ფირები, ყველაფერი თან დააქვს. ეგ იგივეა, მე რომ სამი ფერის ავტოკალმით დავდიოდე და ფერად ფურცლებზე ვწერდე... არა, არა, ეს უბრალოდ, უკბილო ხუმრობაა. მეპატიება. 8 აპრილის შემდეგ ან მივფრინავ, ან გასაფრენად ვემზადები. სასტუმროსკენ გზად ვცდილობ, გავარკვიო, რომელი მეფის ცოლი იყო დედოფალი ალია, მაგრამ ინგლისური ენის უცოდინარი მძღოლი ვერაფერს ხვდება და გრძელ კითხვით წინადადებას ასეთივე გრძელი, მაგრამ გაუგებარი არაბული ტექსტით პასუხობს. ის მთელ იორდანიაში, მგონი, ერთადერთი გამონაკლისია. თითქმის ყველა იორდანელმა, რომელსაც რამენაირი შეხება შეიძლება ჰქონდეს ტურისტთან, იცის 10 სიტყვა ინგლისური, 9 სიტყვა - იტალიური, 8 სიტყვა - ესპანური და 2 სიტყვა - ჩინური. კონტაქტშიც ეგრევე შემოდიან. ასეთია სალიმიც - ჩვენი მეორე მძღოლი და გამყოლი მთელი ოთხი დღის მანძილზე. თავისი დამტვრეული ინგლისურით გველაპარაკება და პირველად სწორედ მისგან ვგებულობ, რომ ამანი მართლაც ასეთია - სპონტანურად გაზრდილი ქალაქი. 90-იანი წლების დასაწყისში აქ მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობდა. შემდეგ ერაყში, ისრაელში და პალესტინაში მომხდარი ამბების გამო, იორდანიას უამრავი ლტოლვილი მოაწყდა და ქალაქიც თანდათან, წლიდან წლამდე 2 მილიონამდე გაიზარდა. ზოგმა დიდი ქვის ვილები აიშენა, ზოგი ასანთის კოლოფებივით მჭიდროდ ჩადგმულ თეთრ კორპუსებში შესახლდა. და ამიტომაც მიიღო ქალაქმა უსწორმასწორო, ქაოტური ფორმა, არცერთ ტურისტულ რუკას რომ არ ექვემდებარება, ისეთი.
ჩვენი „რედისონი“ ამანის რომელ ნაწილში დგას, ახლაც მხოლოდ დაახლოებით ვხვდები. სასტუმროში, გამთენიისას, ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ შევდივართ. ზუსტად ამ „რედისონში“ 2005 წელს საშინელი ტერაქტი მომხდარა. ტერორისტმა ქალმა და კაცმა თავი პირდაპირ სასტუმროს ფოიეში აიფეთქა, როცა ვესტიბიულში მექორწილეთა დიდი ჯგუფი შევიდა. დაიღუპა 35 კაცი, მათ შორის, ნეფე-პატარძლის მშობლებიც იყვნენ. იმავე დღეს, „რედისონის“ აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ერთმანეთის მიყოლებით ამანის კიდევ ორი დიდი სასტუმრო აფეთქდა. მას შემდეგ უსაფრთხოების უმკაცრეს ზომებს ყველა სასტუმროში ზედმიწევნით იცავენ და რენტგენის სხივებში თითოეულ სტუმარს ყოველ შესვლა-გამოსვლაზე ატარებენ. იორდანიის დაზვერვის სამსახურის დამსახურებაა თუ მსოფლიო გეოპოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფოთა ძალისხმევა, დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ფაქტია - 2005 წლის შემდეგ ამანში ტერაქტი აღარ მომხდარა. და დღეს იორდანია ის ქვეყანაა, სადაც მთელ ახლო აღმოსავლეთში ყველაზე არხეინად ძილია შესაძლებელი. ამიტომ ტერაქტგადატანილი „რედისონის“ მე-11 სართულზე მეც მშვიდად მეძინება მოლას ცისკრის ლოცვისა და განათებული ქალაქის მშვიდი გუგუნის ფონზე.
ფიქრი სასტუმროში, სანამ მძღოლი მოვა
დილას ამანმა ფერი საერთოდ დაკარგა. ღამის შუქი ჩაქრა და მოჩვენებითი სიჭრელეც გაქრა. ახლა ქალაქი ისეთივე თეთრია, როგორც ჩემი პირსახოცის ხალათი. არც მწვანე ლაქები ჩანს სადმე და არც ადამიანები.
ამ ქალაქში ფეხით იშვიათად დადიან. ტურისტები კი იორდანიაში მხოლოდ ამანის სანახავად არასდროს ჩამოდიან. ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე დედაქალაქი უფრო სატრანსფერო პუნქტივით და იმ კონტრასტების შესაგრძნობად არის, რაც იორდანიას უხვად აქვს.
თუ ამანს ამშვენებს უამრავი სუპერთანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა, მაღალსართულიანი ბანკი, ბიზნესცენტრი, მდიდრული ვილა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო (ერთი ბაბილონის გოდოლის რეპლიკაც კი გახლავთ და ალბათ არც გაბარიტებით ჩამოუვარდება მას), ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ვადი რამის უდაბნოში თითქმის არაფერი შეცვლილა: ბედუინები კვლავაც მხოლოდ ვარსკვლავების შუქს ცნობენ ისე, როგორც საუკუნეების წინათ მათი წინაპრები და ლოყების ჩაბერვით ეწევიან ღამისგან ჩაშავებულ ქვიშაში ჩადგმულ ნარგილეს. ვადი რამში ღამით ისეთი სიჩუმე დგას, ვერსად სხვაგან რომ ვერ მოისმენ, ქვეყნის უკიდურეს სამხრეთით, წითელი ზღვის ნაპირას გაშენებულ აქაბაში კი ამ დროს საშინელი რუზრუზია: გასარუჯად და დასასვენებლად ჩასული სტუმრები უზარმაზარი სასტუმროების თანამედროვე კომფორტს ამ ეგზოტიკურ გარემოში ხარბად ეწაფებიან. პარალელურად, ამანიდან ორი საათის სავალზე მშვიდად დგას თითქმის სრული სახით გადარჩენილი ძველ ბერძნულ-რომაული ქალაქი ჯერაში და დღეს მას მხოლოდ მუზეუმივით ათვალიერებენ. და ბოლოს, აქვეა იორდანიული კონტრასტებისგანაც კი სრულიად ამოვარდნილი ქალაქი, იორდანიის ყველაზე დიდი კონტრასტი და საგანძური - პეტრა. ეს მოვარდისფრო ქვის ქალაქი დროის და ადგილის შეგრძნებას საერთოდ მაკარგვინებს და შესაბამისად უკვე ვერც იმას ვხვდები, რომ ქვეყანას, რომელსაც ოთხდღიანი მარათონით ვსტუმრობ, იორდანია ჰქვია...
მძღოლი მოსულა. ტურისტული ტრანსფერის დროა. წავედით. გზად სანახავი არაფერია. ცვლილება ლანდშაფტში მინიმალურია. ხრიოკი მიწა, უბრალოდ, დროდადრო უფრო დამსკდარი ჩანს, ხანდახან კი აქა-იქ თითო-ოროლა ხეს და ბუჩქსაც ვხედავთ. ამ ხუთსაათიანი მგზავრობის დროს, როცა ფოტოკამერები უქმად აწყვია, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილი ტურისტის ერთადერთი მეგობარი Lonely Planet-ი ხდება. სანამ ტურისტი საკუთარი თვალით ნახავდეს, ის Lonely Planet-ის წიგნში კითხულობს, თუ როგორ ნახეს ეს ადგილები მასზე უფრო სტაჟიანმა და გამოცდილმა ტურისტებმა ადრე.
მეც ასე ვარ. მეთიუ თელერი, მინიბუსის ჯაყჯაყში, ვადი რამზე მიამბობს. ბოლოს ჩვენც ჩავდივართ.
ვადი რამის უდაბნოში 500-მდე ბედუინი ცხოვრობს. თითოეულ კარავს თავისი მისამართი აქვს. ამ მისამართებზე ბედუინები ხან აქლემებით, ხანაც ჯიპებით დადიან.
ბედუინი „ვიზიტკით“
„ქვიშაზე ალერგია მაქვს. მე ზღვა მიყვარს და სიმწვანე“ - სკანდინავიელივით და თან პოეტურად ამბობს ჩვენი მძღოლი სალიმი. არადა, წარმოშობით პალესტინელია. ცხელი ქვიშის ნაკლებობას არც მისი ნამდვილი სამშობლოშო უჩივის, მაგრამ სალიმს მაინც სიმწვანე და ლურჯი წყალი უყვარს. ამიტომ ჩვენზე ცოტა ნერვიულობს კიდეც, როცა ვადი რამის უდაბნოში უცნობ ბედუინთან ღამის გასათევად გვტოვებს. თვითონ ალერგიის სამკურნალოდ აქაბაში მიდის.
უდაბნოს ინფრასტრუქტურა მაოცებს. ყვითელი დიუნებისთვის ისეთივე შესასვლელი გაუკეთებიათ, როგორც ეთნოგრაფიულ მუზეუმებს აქვს. ბეტონის მაღალი კედლის მიღმა, რომელიც უდაბნოს და გზას ჰყოფს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდები, თუ ბილეთს იყიდი. მანამდე აუცილებლად რომელიმე ბედუინს უნდა გაურიგდე და გიდობა სთხოვო. თან ტრანსპორტზეც მოელაპარაკო. რომელი გირჩევნია: ბოლომდე ეგზოტიკის თამაში და აქლემების ქარავანში ჩაბმა თუ ღია ჯიპიდან გარემოს დათვალიერება?
ჩვენ, როგორც წინდახედულმა ტურისტებმა, ჭკუას მოვუხმეთ და ვადი რამელ ბედუინს წინასწარ მოველაპარაკეთ, ჩამოსვლამდე. თან მასზე ნაცნობობით გავედით. თურმე, უდაბნოშიც ასეა - ნაცნობობა ჭრის. სხვა შემთხვევაში, ბედუინები საკითხს ნაკლები პასუხისმგებლობით უდგებიან, შეიძლება შეხვედრის დროც დაავიწყდეთ და მერე სად მიდიხარ? გარშემო მხოლოდ შერეული ტიპის გზები, გაურკვეველი დანიშნულების თითო-ოროლა ბეტონის შენობა და უამრავი უცნობი ბედუინია... დაშავებით არავინ არაფერს დაგიშავებს, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა. თან უსიამოვნო მოულოდნელობების წინასწარი ალაგმვა ჭეშმარიტი ტურისტების წესია. ჰოდა, იმას გეუბნებოდით, რომ ჩვენც ასე მოვიქეცით და ბედუინს, ეიდ საბაჰს, იმეილი მივწერეთ...
ეიდს შავი, გრძელი კაბა აცვია, თავზე თეთრი ჩალმა ახურავს, ტურისტებს თავის „ვიზიტკებს“ ურიგებს და adsl-ს იყენებს. უფასო და 1 გიგაბაიტიანი იმეილით yahoo უზრუნველყოფს. ლეპტოპით აქლემზე ჯდომა არ ახასიათებს, სამაგიეროდ ელექტრონულ ფოსტას ბედუინების სოფელში რეგულარულად ამოწმებს.
ეს სოფელი ვადი რამის უდაბნოს შესასვლელში გაუშენებიათ. პატარა ქვის სახლებიან დასახლებას, ქვისავე დაწყებითი სკოლა, მეჩეთი, გზები და ხო - ინტერნეტ-კაბელები აქვს.
აქეთ უდაბნოა. სოფელში, ძირითადად, ბედუინების ოჯახები ცხოვრობენ. იქ გავლისას გარეთ იშვიათად წააწყდები ვინმეს. შეიძლება რომელიმე ყორესთან თმაგაწეწილი, ფეხშიშველა და ძალიან ლამაზი ბავშვები გორაობდნენ და თუ ფოტოს გადაუღებ, მაშინვე პოზიორობა დაიწყონ. ზოგმა შეიძლება თან გაყოლაც გთხოვოს, განსაკუთრებით თუ უდაბნოში ტურს მორჩი და უკვე შინ მიდიხარ - ცივილიზაციისკენ. ეიდის ოჯახიც - ცოლი და ორი შვილი ამ სოფელში ცხოვრობს. თვითონ, მშობლები და ბიძაშვილები კი - უდაბნოში, კარავში. ეიდი ტურისტებს ემსახურება და ოჯახსაც ამით არჩენს.
ერთხელ მასთან ერთი ფრანგი ჩასულა, სახელად ჟან-მარი. უდაბნოში რამდენიმე დღის გატარებას ფრანგზე იმხელა შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ ეიდთან ერთად რამდენიმე თვე კიდევ დარჩენილა, შემდეგ კი სახელიც გადაუკეთებია და ახლა აბუგასპარი ჰქვია. ეივადი დთან ისევ ხშირად ჩამოდის ხოლმე. მისი იმეილი სწორედ ამ ფრანგმა მოგვცა - გიპატრონებთ, ჩემი ძმა არისო. ძმობის და მეგობრობის გაგება უდაბნოს ბედუინებს ზე-რანგში აქვთ აყვანილი.
აბუგასპარის ამბავი იშვიათი გამონაკლისი არ გახლავთ. მარტო ეიდმა ასეთი უამრავი იცის. მაგალითად, აი, იმ ახალზელანდიელი ქალის ისტორია, იორდანიაში უდაბნოში ტურისტად რომ ჩამოსულა. მერე თავისი გიდი ბედუინი რომ შეჰყვარებია, თავისი ტურისტული ზურგჩანთით იქვე რომ დარჩენილა და მთელი ცხოვრება კარავში გაუტარებია... ვუსმენ ეიდის ამ ისტორიას, მაგრამ გულში მაინც მიხარია, რომ აქ უკვე თბილისში ნაპოვნი სიყვარულით და საკუთარ გრძნობაში მტკიცედ დარწმუნებული ჩამოვედი...
ეიდს პიტერ ო'ტულის სახელიც გაუგია. უდაბნოს ქვიშაში 15-ოდე წუთით გვატარებს ჩუმად, მერე კი იმ ადგილამდე მივყავართ, სადაც ჰოლივუდელებს „ლორენსი არაბეთიდან“ გადაუღიათ. თვითონ არც ეს ფილმი უნახავს და არც ვადი რამში გაჩაღებული გადაღებები ახსოვს, მაგრამ ფილმის ისტორიას ისე გვიყვება, როგორც ლეგენდას. ჩვენ ხომ უდაბნოში ვართ. აქ ლეგენდები და გადმოცემები ფასობს. უსასრულო, მოწითალო ქვიშას ზმნის ეს ფორმები - „უცხოვრია“, „შეჰყვარებია“, „მოხიბლულა“ და ა.შ. - მეტ მისტიკას ჰმატებს.
„ქალის და მამაკაცის ეს ფიგურები ჩვენს უძველეს წინაპრებს ამოუკვეთიათ“ - ამბობს ეიდი და ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე ნახატს გვაჩვენებს. მერე ჩუმდება და უფლებას გვაძლევს, ემოციებს გასაქანი მივცეთ. ემოცია იმხელაა, მხოლოდ უგერგილოდ თუ გამოვხატავთ. იმის გადმოსაცემად, რასაც განვიცდი, ემოციის გამოხატვის ყველა არსებული ხერხი ახლა უნიათო მცდელობად თუ მეჩვენება. მხოლოდ იქაურობის აღწერა და ბევრ ლაქლაქში დაცლა თუ მიშველის, მაგრამ ამასაც ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ჟურნალისტური ალღოთი ვხვდები: თუ გინდა ვინმეს უდაბნო აუწერო, ჯობია, ფოტოებს შეახედო.
ეიდი ამბობს, რომ ვადი რამის უდაბნოში 500-მდე ბედუინი ცხოვრობს. მისი დედ-მამაც სადღაც აქ ყოფილან. ჩემი მასპინძლის მოხუც მშობლებთან აუდიენციას მოკრძალებული ტონით ვითხოვ, მაგრამ მოკრძალებული ტონითვე უარს ვიღებ. „შორს არის“ - მეუბნება ეიდი, მაგრამ ალბათ მიზეზი უფრო ისაა, რომ ჩვენს ტურში ეს არ შედის. მშობლებთან რომ წამიყვანოს, მერე იმას ვეღარ მოასწრებს, რაც იმ საღამოს ჩვენთვის აქვს დაგეგმილი.
„მაინც რამდენად შორს“ - არ ვეშვები მე. „ძალიან შორს“ - ბედუინური მისტიციზმით და თან მშვიდად მპასუხობს ეიდი. აქ ამ უცნაური ფორმის კლდეებითა და მაღალ-მაღალი დიუნებით სავსე უდაბნოში თითოეულ სახლს, ანუ კარავს, თავისი მისამართი აქვს. „წითელი მთის შესახვევი“, „კლდის უკან“ და მსგავსები... კარავი, სადაც ეიდი თავის სამ ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობს, უდაბნოში საკმაოდ ღრმად, მართლაც პატარა კლდის ძირშია გაშლილი. უკაცრავად, მაგრამ საპირფარეშოს დანახვა ძალიან მახარებს: კლდის ძირშივე, ცემენტით პატარა ნაგებობაა ამოყვანილი, ორი რკინის კარით. „ქალების რომელია“ - ვეკითხები ეიდს. „არა, მარჯვენა საშხაპეა, აი, საპირფარეშო ეს არის“. ნავთის ლამპა, წყალი დოქით და პატარა, სამფეხა სკამზე დადებული Kleenex-ის ხელსაწმენდების კოლოფი - უდაბნოს საპირფარეშოს კომფორტი...
ეიდს გრძელი კარავი ისე დაუდგამს, რომ კლდესა და კარავს შორის, პატარა ხელოვნური ეზო გაუკეთებია. ამ ეზოში, პირდაპირ ქვიშაზე მატრასები ყრია, შუაში ცეცხლი ანთია. სალიჰი - ეიდის ბიძაშვილი ჩაის გვთავაზობს. უკვე მზე ჩადის და პლასტმასის ჭიქებში, შაქრიანი ჩაი წარმოუდგენლად გვსიამოვნებს.
თუ ეიდს არაბის ჩვეულებრივი გარეგნობა აქვს, სალიჰი ნამდვილ ბიბლიურ პერსონაჟს ჰგავს - რაღაც ბიბლიურს თუ უცნაურს მის გარეგნობაში ხუთივე (იგივე ხამსა) ჩვენგანი ამჩნევს და მერე მოურიდებლად ვაკვირდებით მის თხელ ნესტოებს, ანთებულ თვალებს, ნაცრისფერ კაბას და შიშველ ფეხებს. ფლოსტებიდან ქვიშისგან გათეთრებული შავი თითები უჩანს. ნეტა სულ არ ცივა?
როცა მზე ჩადის, აქ საშინლად ცივა. მაგრამ მოსაწყენად ვერ ვიცლით, ეიდი ვახშმად გვეპატიჟება, თან გვირჩევს, ფოტოკამერები მოვიმარჯვოთ. იცის, რაც მოსწონთ უცხოელებს: ქვიშას ნიჩბით თხრის და ორგანყოფილებიანი გრილი ამოაქვს: ზედა თაროზე ჩაშუშული ცხვრის ხორცის ნაჭრები აწყვია, ქვევით - მოთუშული მთელ-მთელი კარტოფილი, ხახვი და ყაბაყი. ეგ რა არის, ტურისტების გულის მოსაგებად სალათებიც უსწავლიათ და ევროპული ფურშეტის გაშლაც. კარავში ერთ გრძელ მაგიდაზე სანთლებს ამაგრებენ და სანთლის შუქზე კიდევ უფრო გემრიელი და მიმზიდველია ბრინჯი, სალათები და მთავარი კერძი. სუფრას ფრანგ ტურისტებთან ვინაწილებთ, მერე დიდი კალათით მოტანილ ფორთოხალსა და ბანანსაც ვაყოლებთ. ეიდი ეზოში, ნარგილეზე გვეპატიჟება… უკვე ძალიან ცივა, მთელი ღამე უბერავს უდაბნოს ქარი. ქვიშაში გაშლილ მატრასზე ვწევარ, თვალები ბენდენით ავიხვიე - ალერგიამ მეც რომ არ შემაწუხოს. ყოველ ხუთ წუთში მეღვიძება. ბოლოს უკვე ვეღარ ვარჩევ, მძინავს თუ მღვიძავს, იმიტომ, რომ სიზმარშიც უდაბნოს ვხედავ - წითელ დიუნებს, იმდენად დიდ სიჩუმეს, რომ უკვე ხმაურად ჩამესმის, მეღვიძება და მაინც უდაბნოში ვწევარ…
პეტრა „საგანძურით“ და გრანდიოზული მასშტაბებით იწყება. სიღრმეში კი, ტურისტების საამებლად, ბედუინები „კოკა-კოლებსაც“ ჰყიდიან და იმ სამკაულების ასლებსაც, რითაც ჩვ. წ. აღ.-მდე ეპოქაში პეტრა იყო ცნობილი.
პეტრაში ტაქსით
„ტაქსი, მადამ, ტაქსი“ - ყვირიან ბედუინები. „ტაქსი“-ში ან ჭრელად მორთული აქლემი იგულისხმება, ან - ვირი. თავიდან ვუარობთ. უზარმაზარ კანიონს ფეხით გავდივართ. კანიონში მზე ძლივს აღწევს და ცივა. ათასი ეროვნების ტურისტს გვერდს ძლივს ვუქცევთ და ერთმანეთს ვეუბნებით: - მაინც ვერ დაიკარგები, კანიონიდან რომ გახვალ, დამელოდე. წინასწარ ვიცით, კანიონიდან გასვლისას შოკი გველოდება. ორი კლდის ვიწრო ჭრილში ოდნავ ჩანს კანიონისავე სიმაღლის კლდეში გამოკვეთილი და მზეზე ვარდისფრად აბრჭყვიალებული ვარდისფერი ქვის ჩუქურთმებიანი სვეტები. ეს პეტრას მთავარი საგანძურია, რომელსაც ასეც ჰქვია - „საგანძური“.
პეტრა ამ საგანძურით იწყება. ინფრასტრუქტურა აქაც მაღალია. სუვენირების ფარდულები, ღია კაფეები, საპირფარეშოები, ე.წ. ტაქსები და გაცხოველებული ვაჭრობა. ანუ ის, რითაც პეტრა უწინ იყო ცნობილი. ნაბათეველების, არაბული მომთაბარე დინასტიის მიერ ჩვ.წ.აღ.-მდე III საუკუნეში აშენებული ქალაქი ხომ ერთ-ერთი უმდიდრესი გახლდათ. პეტრას გავლით, ვაჭრებს საქონელი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გაჰქონდათ. აქლემების გრძელ ქარავნებს პეტრას კლდეებში უსაფრთხოდ რომ გაევლოთ, ამისთვის ქალაქის მმართველებს ვაჭრები ბაჟს უხდიდნენ. ასე გამდიდრდა პეტრა. ჩვ.წ.აღ.-ის პირველ საუკუნეში კი ქალაქის მოსახლეობამ 20 ათასს მიაღწია. ეს ძლევამოსილი ქალაქი შემდეგ რომაელებმა დაიპყრეს, მერე ბიზანტიელებმა. შესაბამისად, ნაბათეველების ქვაბულების გვერდით, აქ რომაული ქვაფენილები და ბერძნული ამფითეატრებიც გაჩნდა…
მერე, საუკუნეების განმავლობაში, პეტრამ აზია-ევროპის სავაჭრო მარშრუტზე მნიშვნელობა დაკარგა, 1276 წლიდან კი რუკიდან საბოლოოდ გაქრა. პეტრა დაიკარგა. მას იხსენიებდნენ ისტორიულ წყაროებში, მაგრამ უკვე აღარავინ იცოდა, ეს ერთ დროს სახელგანთქმული ქალაქი რეალურად სად მდებარეობდა. აღარავინ იცოდა, ბედუინების გარდა. იმ პერიოდიდან, როცა პეტრა მსოფლიოს დაეკარგა, ის ბედუინებმა დაიბრუნეს. პეტრას ქვაბულებში მშვიდად და, რაც მთავარია, ჩუმად ცხოვრობდნენ. მათ საცხოვრებელს ვერავინ პოულობდა. უზარმაზარ კლდეებში გამოკვეთილი პეტრა ხომ ახლაც მანამდე არ ჩანს, სანამ კანიონებს შორის მისი მთავარი ნაგებობა მოულოდნელად ცხვირწინ არ აგესვეტება.
პეტრა მსოფლიოს 1812 წლამდე ემალებოდა. ამ ისტორიულ წელიწადს კი ბედუინებმა პეტრასკენ მიმავალი გზა დაძმობილებულ შვეიცარიელ მკვლევარს - იოჰან ლუდვიგ ბერკჰარდტს აჩვენეს. მერე თანდათან სრულიად მსოფლიოს ტურისტები აიყარნენ და პირველი შვეიცარიელის გზას დაადგნენ, მათ შორის იყო სთივენ სპილბერგიც, რომელმაც თავისი „ინდიანა ჯონსისთვის“, პეტრას სახით, ბუნებრივი „პავილიონები“ აღმოაჩინა.
ახლა ჩვენც აქ ვართ - ხუთი ქართველი ტურისტი. ეტყობა, როცა ტურისტი ხდები, რაღაცით, მაგალითად, ფიქრის მანერით, კოლეგა ტურისტებს ემსგავსები. ახლაც ჩვენი განცდები ერთმანეთს ჰგავს. თითქმის ყველა ერთხმად ვამბობთ, რომ თავი საუკუნეების ინტერვალის შემდეგ პეტრაში ჩამოსული ის პირველი შვეიცარიელი გვგონია. მე ვორიგინალობ და დავძენ, რომ ასე მგონია, ოქროს მაძიებელი ვარ, სათავგადასავლო ფილმში ვთამაშობ და პეტრაში დიდი დაფარული განძი უნდა ვიპოვო. ჩვენი „ხამსიდან“ რომელიღაცა პაექრობაში ებმება და ნატრობს, რომ ჰქონდეს ღილაკი - თითის დაჭერის შემდეგ ამ ყველაფერს ნანგრევებიდან ძველ პეტრად რომ აქცევს; ჩვენ არ ვცხრებით და ახლა ისიც გვგონია, რომ თითოეული მორიგი ქვაბული, სვეტი, ქვის ფერი, სამარხი, ფანჯარა, ტალანი თუ ჩუქურთმა უბრალოდ ნიშანია, რომლებიც უნდა შევაგროვოთ და თავსატეხსაც ამოვხსნით. და აი, საერთო აღმოჩენა (ალბათ, რამდენჯერ აღმოუჩენიათ ტურისტთა მოდგმის ფართო მასებს ჩვენამდე): პეტრა თავსატეხია! ევრიკა! თუ არ მოგატყუებთ, ამ ქალაქის ძალიან მცირე ნაწილია მეცნიერულად გამოკვლეული. ესე იგი, მართლა თავსატეხია, აბა რა…
11 საათიდან 4-მდე, თაკარა მზის ქვეშ, კლდიდან კლდემდე, ქვაბულიდან ქვაბულამდე, სუვენირების ფარდულიდან ფარდულამდე ისე დავხეტიალობთ, დაღლას ვერ ვგრძნობთ. ბოლოს, როცა ბედუინები გვეუბნებიან, რომ მონასტრამდე - რომლის მონახულებაც ძალიან გვინდა - ფეხით კიდევ ერთი საათის სავალია, თანაც სულ კლდეში და აღმართ-აღმართ, „ტაქსოპარკში“ ვჩერდებით. ხუთ ვირს ვქირაობთ და მონასტრისკენ ამავალ კლდეში ნათალ ვიწრო კიბეებს მივუყვებით.
ვირზე ცხოვრებაში პირველად ვზივარ. 17 წლის ბედუინი ბიჭი მამხნევებს - ნუ გეშინია, მაგ ვირს რომ უყურებ, წლებია, ამ გზაზე დადის, თითოეული ბილიკი იცის და რომც არ უთხრა, თვითონ აგიყვანს მონასტრამდეო. თან მეკეკლუცება - რა კარგად გიჭირავს ტანიო. ყოჩაღო. ტანის ჭერაზე სულ არ ვფიქრობ. გზად ხომ - ანუ ამ ვიწრო ბილიკებზე, რომლის იქითაც ხშირად უფსკრულია, ტურისტების ურდოები დადიან ფეხით. ბედუინი ბიჭი გზადაგზა „ასიგნალებს“ და გაჰყვირის - „ბიიიიიიპ, ბიიიიიიპ, სტოპ, ფლიიიიიზ“. გზის ნაპირებზე, კლდეების ძირში ნამდვილი ბედუინური ცხოვრეწერილი ბა თამაშდება. ზოგან დედები ატირებულ და თმაგაჩეჩილ ბავშვებს აწყნარებენ, ზოგან შუაცეცხლზე ქვაბით ხორცს ხარშავენ, ზოგან დაღლილ აქლემს აურვებენ. ბუნებრივ ლანდშაფტში გაშლილი ისტორიული თეატრია რა…
როცა ნახევარსაათიანი ზოზინის შემდეგ მონასტრამდე ავდივართ, უკვე აღარ ვიცი, რა უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს - ის ფაქტი, რომ ვირით ვიმგზავრე თუ თვითონ ეს გრანდიოზული მონასტერი. უკანა გზაზე ჩვენი ვირები უკვე თითქმის კუნტრუშით მორბიან ქვის გაცვეთილ კიბეებზე. გზაზე შემხვედრი ტურისტები კედლებს ეკვრიან და ტაშს გვიკრავენ. სანდროს სუპერმენის ლურჯი მაისური აცვია. ერთი ესპანელი ტაშს უკრავს და უყვირის: „სუპერმენ, სუპერმენ“. სანდრო თავმდაბლობას იჩენს და წარმატებას ვირს აბრალებს: „ნო, ნო, სუპერ დონქი“ - უყვირის საპასუხოდ…
კანიონში რომ გამოვდივართ, უკვე შვიდი საათია. ჩვენ ამანში ვბრუნდებით. ტურისტთა ურდოები კი იქვე, პეტრას კანიონთან ჩამდგარ სასტუმროებში ჩერდებიან. ზოგი „მერიოტსა“ და „კემპინსკის“ მიაშურებს, ზოგი ხუთდინარიან სასტუმროებს სჯერდება. იდეაფიქსი კი ყველას ერთი აქვს: პეტრა ასი პროცენტით მოიაროს; ნაბათეველების, რომაელების, ბიზანტიელების და ბედუინების მტვერში ამოსვრის შემდეგ კი სასტუმროს გრილ და თანამედროვე ფოიეში შევიდეს და ორი რეალობის კონტრასტით დატკბეს.
ტაქსის მძღოლი ბედუინი ფოტოებს გვიღებს და გვემშვიდობება. თან ერთ გამოქვაბულს მაჩვენებს - აი, ამ გამოქვაბულში მე დავიბადეო და სანამ პეტრაში ცხოვრება ნებადართული იყო, მთელი ოჯახით აქ ვცხოვრობდითო, მერე აი, ზემოთ მთებში რომ სოფელს ხედავ, იქ გადავსახლდითო. ახლა პეტრაში აღარავინ ცხოვრობს. ღამ-ღამობით ცარიელდება და ისევ ის დაკარგული ქალაქი ხდება; თუ ტურისტთა რომელიმე ჯგუფმა ზედმეტი არ მოინდომა და ტურისტულ სააგენტოს პეტრას ღამის ტური არ შეუკვეთა. დიდძალი თანხის გადახდის შემდეგ, ესეც შეიძლება მოხდეს: პეტრაში მხოლოდ შენ შეგიშვებენ, თან საგანგებოდ შენთვის, საგანძურსა და მთავარ ღირსშესანიშნაობებს სანთლებით მორთავენ და ცარიელ ქალაქ-მუზეუმს ფეხით მოგატარებენ. ეგრეა - ნაბათეველების ძლევამოსილი და მდიდარი ქალაქი დღეს ეგზოტიკის მაძიებელ ტურისტებს წარმოდგენებს სთავაზობს.
იორდანიას უამრავი ტურისტული მარშრუტი აქვს. ზოგს მთა ნებოს მწვერვალი მოსწონს, სადაც მოსე მიიცვალა; ზოგს რომაულ ქალაქ ჯერაშში ხეტიალი ურჩევნია. თუმცა, პეტრა - მსოფლიოს მერვე საოცრების პრეტენდენტი - მაინც მთავარ ტურისტულ სანახაობად რჩება.
იორდანიის ბიბლიური მარშრუტი
ოთხი დღეა იორდანიის მტვრიან გზაზე ვარ გაკრული. ფანჯარაში, როგორც მოგახსენეთ, პირველი დღის შემდეგ აღარ ვიყურები და სამაგიეროდ, მინიბუსის უკანა სავარძელში გაწოლილი იორდანიის სხვადასხვა ტიპის რუკებსა და ტურისტულ ბუკლეტებს ჩავყურებ. ჩვენი მორიგი გაჩერება მკვდარი ზღვაა. დედამიწის უდაბლეს წერტილში, ყველაზე მარილიან წყალში გაგრილება ხუთივეს ძალიან გვინდა. საზოგადოებრივ პლაჟზე მივდივართ. ბილეთებია შესაძენი. ვესტიბიულში ვიღაც გვაჩერებს - ერთი წუთით, გამყიდველი ლოცვას ამბობსო. უკვე შევეჩვიე. ჩვეულებრივ სამუშაო პროცესში საიდანღაც გამოაქვთ პატარა ხალიჩები, იატაკზე აფენენ, მუხლებზე ეცემიან და თავდავიწყებით ლოცულობენ. ორ წუთში ბილეთების გამყიდველი დგება და პლაჟზე გვიშვებს. თუმცა, გაგრილება შეუძლებელია, მკვდარი ზღვა მარილოვან-ზეთოვანია და მისი შემადგენლობის მიმართ იმდენად უძლური ხარ, რომ გაოგნებული უყურებ საკუთარ სხეულს - წყალზე რომ ტივტივებს და არ იძირება. მერე დიდხანს გავყურებ მკვდარი ზღვის მეორე ნაპირს და ბუნდოვნად ვარჩევ კიდეც ისრაელის კონტურებს. მკვდარი ზღვა იქაც მკვდარი და მარილიანია, მაგრამ ასეთი სიმშვიდე, აქეთ ნაპირზე რომ არის, ისრაელს, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი წელი არ დაესიზმრება.
მარათონი გრძელდება. ხამსა-ჯგუფი ბიბლიურ იორდანიასაც სტუმრობს. მთა ნებოდან პალესტინას და ისრაელს გავყურებ, მათ კონფლიქტზე, ისრაელში აფეთქებულ კაფეებზე და ღაზას სექტორზე წამით ვფიქრობ და შემდეგ ისევ მოსეს ვუბრუნდები. მოსეს, რომელმაც თავისი ხალხი აღთქმულ მიწამდე ჩაიყვანა, ამ აღთქმულ მიწას სწორედ ნებოს მთის წვერიდან - ახლა, სადაც მე ვდგავარ - გადახედა და მერე სადღაც აქვე მიიცვალა. მოსეს ძმის - აარონის საფლავი პეტრასკენ მიმავალ გზაზე უკვე ვნახე. მდინარე იორდანიაშიც დავისველე თითები და ჩვენი ქრისტიანი არაბი გიდის თეორიასაც ყურადღებით მოვუსმინე იმის შესახებ, რომ სწორედ აქ, იორდანიის ამ ნაწილში, იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა. შემდეგ იორდანემ კალაპოტი შეიცვალა და ახლა აქ მხოლოდ ამომშრალი ჩაღრმავება და პატარა ნაკადული დარჩა…
1001-ე ღამის მაგიერ
ამანში, „რედისონის“ მე-11 სართულზე ნანახის თავმოყრას ვცდილობ. კვლავაც მეჩქარება. კვლავაც საფრენად ვემზადებით. ბარგია ჩასალაგებელი. თუმცა, ცოტა ხნით ჩაფიქრებას მაინც ვასწრებ. ფანჯარასთან ვჯდები. თეთრი, კოლოფებივით სახლების თავზე, დროდადრო უზარმაზარი ელვები ჩნდება. წვიმას აპირებს. უჩინარ მოლას კვლავაც ვერ ვხედავ. მაინც რატომ მომწონს აქ? იმიტომ, რომ ყველა სხვა აქამდე ნანახი მეგაპოლისებისგან განსხვავებით ამანში სიმშვიდეა. ისეთივე სიმშვიდე, როგორიც ბედუინი ეიდის თვალებში…
ეიდი იმ პირობით გვემშვიდობება, რომ მასთან, უდაბნოში კვლავაც ჩავალთ. შენ თვითონ მოგზაურობა არ გინდა-მეთქი? როგორ არაო, ესპანეთში წავიდოდიო - ყველაზე კარგად ესპანელ სტუმრებთან ვგრძნობ თავს და იმიტომო - მეუბნება. მაგრამ თქვენც გელოდებითო. თუ უფრო დიდხანს დარჩებით ჩემთან, უდაბნოში უფრო ღრმად შეგიყვანთო. ვეუბნები, რომ ევროპაში ასე ვიცით - თუ რომელიმე ქალაქში დაბრუნება კვლავაც გვსურს, მდინარეში მონეტას ვაგდებთ-მეთქი. ეიდს უხარია, უდაბნოშიც არის ეგრეო. თუ კიდევ ჩამოხვალ, იმ ადგილს განახებ, სადაც ბედუინები კლდეს კენჭებს ესვრიან - ეს კენჭები კლდეში ერჭობა და ამას დაბრუნების ნიშნად იღებენო.
ცოტათი გული მწყდება, ეს რომ ადრე არ ვიცოდი და ვადი რამის კლდეში კენჭი რომ ვერ ჩავარჭე. მაგრამ იქნებ ისევ დავბრუნდე, კარაკის ნახვა მინდა - აი, ჯვაროსნების მიერ აგებული იმ ციხესიმაგრის, სადაც მერე „ქვის რომანი“ გადაიღეს, კიდევ მადაბას ბიზანტიური მოზაიკების და კიდევ ბევრი სხვა ადგილის - ნამდვილ ტურისტად რომ ვიქცე და უფრო სრულყოფილი წერილი მოგწეროთ. წერილი იორდანიიდან. ახლა კი ისევ დედოფალ ალიას სახელობის აეროპორტში ვზივარ. დედოფალი ალია იორდანიის სახელგანთქმული მეფის, ჰუსეინის ცოლი ყოფილა და ავიაკატასტროფაში დაღუპულა. ამიტომაც დაურქმევიათ აეროპორტისთვის მისი სახელი… წინ სტამბოლია - მორიგი სიხარული. მერე თბილისი და სახლი. და თქვენც თბილისში შეგხვდებით. ამიტომ, თუ რაღაც კარგად ვერ მოგიყევით, თბილისში მკითხეთ.
![]() |
8 ის დაბრუნდა! |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ავტორი: შორენა შავერდაშვილი
ფოტო: დავით მესხი
„ეროსი კიწმარიშვილს აქვს ამბიცია, რომ ვარდების რევოლუცია მისი დამსახურებაა.“
„კიწმარიშვილმა, რევოლუციის მერე, ძალიან ბევრი მოინდომა და აქედან წასვლა აიძულეს. პრემიერ მინისტრობის ამბიციები არ აპატიეს!“
„როგორც რუსთავი 2-ის მფლობელი და მენეჯერი? ძალიან მაგარი იყო. ლიბერალია. რუსთავი 2-ში ჩემი ოთხწლიანი მუშაობის პერიოდში, ის მხოლოდ ორჯერ ჩაერია ჟურნალისტების საქმიანობაში. მასთან ყოველთვის შეგეძლო შესვლა და ლაპარაკი“.
„როგორც ბიზნესმენს? მრავალხმრივი ბიზნეს იდეებისა და მიმართულებების ეკლექტური პორტფელი, ხანმოკლე, წარუმატებელი პოსტ-რევოლუციური გამოცდილება და მსუბუქად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანი ბიზნეს რეპუტაცია აქვს. მას არ ჰყავს მუდმივი პარტიორები, მას მუდმივი ინტერესები და ამბიციები აქვს. მისთვის მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას“.
„როგორც პერსონა? უდაოდ ნიჭიერი ადამიანია. საკმაოდ ჭკვიანია, ალღოიანი. რაც მთავარია, გემოვნება აქვს და გულწრფელია. ჰიპერაქტიური და ჰიპერმოტივირებულია. ხო, ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენის დიდოსტატია. თვითონაც ადვილად იხიბლება და ადვილადვე განიხიბლება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითცენზურისგან აბსოლუტურად თავისუფალია.“
„საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება ყველაზე კარგად იცის. თუმცა, ამასთანავე, მას გულწრფელად სურს საზოგადოებრივი აზრის პროგრესირება“.
„მისი დაბრუნებით, საინტერესო პროცესები წავა. საზოგადოებრივ ტელევიზიას ახლა ყველაზე კარგი შანსი აქვს!“
„რუსთავი 2-ში სხედან და ელოდებიან, ვის როდის დაურეკავს ეროსი და საზოგადოებრივ არხზე მიიპატიჟებს. ეს შეურაცხმყოფელია.“
„დიდი ხანია, ასე ძალიან არაფერი გამხარებია. ასე მგონია, მამაჩემი დაბრუნდა! კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ძია ეროს!“
ეს ციტატები ტელეჟურნალისტებთან, ბიზნესმენებთან, მედიის ანალიტიკოსებთან და ტელემაყურებლებთან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩაწერილი ინტერვიუებიდან არის ამოკრებილი.
- ბლინები? არაჟნით? მინდა!
- და მურაბები გააქვთ? ყველანაირი მინდა, რაც გაქვთ, ცოტ-ცოტა. მომენატრა მურაბები!
- ალუბლის ნამცხვარი? შოკოლადით? ეგეც რომ მინდა?
- მშრალი ხილის ასორტი? ეგ რაღაა? იყოს, კარგია, ყველაფერს გავსინჯავ.
- ხო, რას ვამბობდით?..
ოთხი წლის განმავლობაში, წასვლამდე და დაბრუნების შემდეგ, საზოგადოებრივი აზრი ეროსი კიწმარიშვილზე მის გარეშე იქმნებოდა. მაშინ მისთვის კომენტარი არავის უთხოვია. მედია თვლიდა, რომ ყველაფერი ისედაც გასაგები იყო და თავადვე თხზავდა ყოველდღიურ ტყუილსა თუ მართალს. „გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზიის მფლობელს, უფრო სერიოზული პოლიტიკური ამბიციები და მრავალმხრივი ბიზნეს ინტერესები ჰქონდა. საზოგადოების დამოკიდებულებაც „მკვეთრად აღტკინებულ“, ან „მკვეთრად კრიტიკულ“ შეხედულებებად დაიყო. თუმცა, ასეთი პოლარიზება ეროსის შემთხვევაში არც ისე მოულოდნელია. „ორდინარულობა“ ხომ მისი სტილი არ არის. ნიუ-იორკიდან თბილისში ორი თვის წინ დაბრუნებული დღეს ადრე იწყებს. პირველი ინტერვიუსთვის 10 საათზე უნდა შევხვედროდით. „იცი სად ვცხოვრობ? თურქეთის საელჩოსთან, ყიფშიძეზე რომ შემოუხვევ, ჩემი სახლი საელჩოს უყურებს. აი იქ, ბოლო სადარბაზო, ბოლო სართული. ლიფტიდან რომ გამოხვალ, ჩემი სახლი პირდაპირვეა. აქეთ დვალი ცხოვრობს და კარები არ აგერიოს, დვალს არ მიადგე.“ ასეთი ინსტრუქციების მერე, ვერ დაიკარგები.
პიჯაკში მხვდება, „არ გეგონის ინტერვიუსთვის გამოვიპრანჭე, ლუკას სკოლის სანახავად ვიყავით 9 საათზე.“ პირდაპირ სამზარეულოში შევდივართ, „მე არ მისაუზმია, მოდი მაგარ რაღაცეებს გაგასინჯებ. ესპანური დელიკატესების მაღაზიაში ვიყავი, ჩემი მეგობრისაა. ბევრნაირი ყველია. ეს სატაცურია (ქართულის ცუდად მცოდნეების- თვის, „ასპარაგუსი“), გავხსნათ ქილა, ამას არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ კილო 420 ლარი ღირს. რაღაც იტალიური „პროშუტოს“ მსგავსია, სპეციალურად არის დამუშავებული, ქოლესტერინს არ შეიცავს. მოკლედ ნახე. ჩაი გინდა?“ მე ყავა მინდა, მაგრამ კიწმარიშვილების ოჯახში ყავას არ სვამენ და ჩაის ვჯერდები. ამასობაში სახლს ვათვალიერებ. დიდი სივრცეა და ბევრი საინტერესო ქართველი მხატვრის ორიგინალი. ყველაზე სასიამოვნო უზარმაზარი ვერანდაა, ჭავჭავაძის ქუჩის ხედით. „ჩვენ ამ სახლში ჯერ არ გვიცხოვრია, გადმოვედით და მალევე წავედით. მცენარეებიც მისახედია, ერთი სპეციალისტი მოვიყვანეთ, პატარკაციშვილის სახლშია ნამუშევარი, არ გამოგვადგა. ახლა მეორე უნდა მოვიყვანოთ, ის ივანიშვილის მებაღე იყოო. მოკლედ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი.“
სამზარეულოს მაგიდა ფანჯარასთან დგას, მე მშვიდად ჩამოვჯექი, ეროსი კი ადგილზე ვერ ჩერდება, თან ლაპარაკობს და თან წრიალებს, მაგიდას ავსებს და პერმანენტულად რაღაცას მთავაზობს. „ჰიპერაქტიურიაო“? მართალია.
- მითხარი აბა, რა გაინტერესებს? - ლიდერია. ინტერვიუსაც თავად იწყებს.
- რატომ გადაწყვიტეთ აქედან წასვლა?
- იცი რა, შემიძლია გაჩვენო, რატომაც წავედი. შენახული მაქვს ის გაზეთები, სადაც ჩემზე საშინელი სისულელეები იწერებოდა. შეიძლება, არ მინდოდა ამათზე გამეცა პასუხი და ამიტომაც წავედი.
იყო ძალიან მძიმე წინა პერიოდი. ვგულისხმობ 1999, 2000, 2001, 2002, 2003 წლებს. ეს ხუთი წელი ურთულესი იყო ზოგადად ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც. რამდენი ენერგია წაიღო მარტო 2003 წლის რევოლუციამ ?! თან, არ გვიფიქრია, მაინცდამაინც რევოლუცია უნდა მოვახდინოთო. ყოველ შემთხვევაში, ეს მიზნად არ დამისახავს და არც ამის ილუზია მქონია. ასეთივე ისტორია გვქონდა 2001-შიც, და 2003-იც, ერთს ვნერვიულობდი - მეშინოდა გასროლის, მეშინოდა არ განმეორებულიყო 1991-92 წლები, ისევ არ დანგრეულიყო ქვეყანა და კიტოვანის და იოსელიანის იმიჯით არ მევლო. გამოდიოდა, რომ რუსთავი 2-ის, თუ მისი მფლობელების ამბიციით, ან რაღაც გაურკვეველი სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით თუ პრეტენზიით, ჩვენ მიგვყავდა ქვეყანა რაღაცისაკენ... ორჯერ გადავრჩი. წარმოგიდგენია, რომ ოდესმე რამე მსგავსის გამეორება მომინდეს? არავითარ შემთხვევაში! ახლა მითუმეტეს, როცა მეტნაკლებად დამშვიდდა ეს ქვეყანა.
მეორეს მხრივ, თვითონ არ დავუტოვე თავს სხვა არჩევანი. რომ დავრჩენილიყავი, აუცილებლად შევიდოდი კონფლიქტში. ნახე, ამ პერიოდის რუსთავი 2-ის არქივი, თუ სადმე ვრეაგირებ იმ სისულელეებზე, რაც მაშინ ჩემზე იწერებოდა. ხო ჩემი რესურსი იყო? საერთოდ არ გამომიყენებია. ჩვენი მიდგომა ყოველთვის ასეთი იყო. გაიხსენე, მაშინ რას შვრებოდნენ ჩვენი კონკურენტები!
ვთვლი, რომ ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე და არ უნდა აჰყვე. ძნელია, იცი, ქუჩაში რომ მიდიხარ, და ვიღაცა ყოველ წუთს ტალახს რომ გესვრის. გაივლი და ტალახიანს გხედავს ხალხი. მერე უნდა ამტკიცო, რომ ტყუილად გაგსვარეს, არადა, ამას თუ აჰყევი, დაავადმყოფდები.
რთული იყო ბავშვებისთვისაც. ისინი ამაზე არაფერს ამბობდნენ, მაგრამ, როგორც აღმოვაჩინე რევოლუციის წინა პერიოდში, ყველაფერს ხვდებოდნენ, უკვე დიდები იყვნენ. ყველაფერს ხედავდნენ...
უფრო კონკრეტული ფორმულირება თუ გინდა, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჩავთვალე, გასვლა სჯობდა, შეიძლებოდა ამ დაღლილობის ფონზე, გამოუსწორებელი შეცდომა დამეშვა, ვთქვათ, იმ ადამიანებს დავპირისპირებოდი, ვისთან ერთადაც მოვედით და გავიმარჯვეთ. ეს ჩემი მხრიდან მართლა ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. წავაგებდი ან მოვიგებდი. ეს კიდევ სხვა კატეგორიებია. ქვეყანა ძალიან სუსტი იყო საიმისოდ, შიდა დაპირისპირებებით კიდევ რაღაც რყევები რომ შეგვექმნა. მაშინ ჩავთვალე, დრო ყველაფერს შეცვლის-მეთქი. მართლაც, აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ იმით, რომ გვერდზე გავდექი. თანდათან, ამბიციაც დაცხრა. ამბიცია იმით იყო ნაკარნახევი, რომ ქუჩაში დადიოდი და რაღაც მოლოდინს გრძნობდი. მოკლედ, გავექეცი დაღლილობას, აგრესიას, ეიფორიას და წავედი მართლა ულამაზეს ქალაქში.
- რთული იყო ახალ გარემოში ადაპტირება?
- წარმოგიდგენია, რომ ჩავედით ნიუ-იორკში ამერიკული ოცნება დამიდგა თვალწინ, ან თავისუფლების ქანდაკებამ ხელი დაგვიქნია? არა, რა თქმა უნდა. ძალიან რთულია ამერიკაში ასე ჩასვლა, იმის მიუხედავად, რომ ფული გაქვს. არ იცი რას ნიშნავს „appartment“, „appointment“, „down-payment“. ინგლისური არ ვიცოდი საერთოდ. რომ შემეძლოს იმის დაწერა, რაც იქ ხდებოდა, ვთქვათ გაბრიაძის სტილში, ძალიან სასაცილო რამ გამომივიდოდა.
როცა წარმატებას მიაღწევ, როცა სერიოზული პოზიცია გაგაჩნია, მძიმდები იცი?! და ძალიან ძნელია უცბად აიკრიბო და წახვიდე. აქ რომ ვიღაცა ხარ, იქ არავინ! კაი, თუ ძმა ხარ, ახლა პაკისტანელ ტაქსისტს მოუყევი შენი ისტორიები! ისე, რომ მივდიოდით, ია გაგიჟებული მიყურებდა...
- როგორც ეროსიმ მოგვიყვა, ტრამპის ახალ შენობაში ცხოვრობდით, გაეროს სათაო ოფისთან ახლოს. ძალიან ამაყობს ამ სახლით...
- ვინ აარჩია ეგ სახლი, არ უთქვამს? - გამაწყვეტინა ია კიწმარიშვილმა - უნდა აგვერჩია სახლი ან ტყეში, ან მანჰეტენზე. რომ წარმოვიდგინე, არ ვიქნებოდი იმ ქვეყანაში, სადაც მინდოდა, იმას გავაკეთებდი, რაც არ მინდოდა და ყველაფერთან ერთად კიდევ ტყეში ვიცხოვრებდი - გული გამისკდა. აქ უკვე დეპრესია გარდაუვალი იქნებოდა. ბევრი ვიფიქრე, გამოვიჩინე ინიციატივა და ვთქვი, რომ ან აქ, ან არსად. ან აქ, ან ვბრუნდები სახლში. ეროსი დამყოლი ადამიანია. თან, როცა რაღაც მინდა, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სწორედ ისე გამოვიდეს, როგორც მინდა.
- როგორ ცხოვრობდით ნიუ-იორკში?
- ეროსის სულ სადღაც დავყავდით. მანქანით, გრძელ დისტანციებზე, ტბაზე, მთაში. მერე ჭკუა ვისწავლე და წიგნები დამქონდა თან. მოვლილი გვაქვს ყველაფერი. საღამოობით, მეგობრებთან ერთად, ჯაზკლუბებში დავდიოდით. ბოლოს ამდენ ჯაზზე პროტესტი გამიჩნდა. ხშირად გვსტუმრობდნენ ქართველები. ეროსის არასოდეს ეზარება, ვინც არ უნდა იყოს, ყველას თავიდან ბოლომდე მოატარებს და მოუყვება ყველაფერს, რაც იცის. ერთხელ, გიგი უგულავა იყო ჩამოსული. ქუჩაში მივდიოდით, და უცებ გვესმის, „ვააა, რა მაგარი მანქანაა!“ ვიფიქრეთ, რა დაინახა ამისთანა, ასეთი რეაქცია რომ აქვსო. მოვიხედეთ, და ვხედავთ - ნაგვის მანქანაა.
აი, მაშინ მივხვდით, რომ უგულავა კარგი მერია. ქალაქში სეირნობისას, მკვეთრად გამოხატული პროფესიული ინტერესები ჰქონდა. სულ იმას აკვირდებოდა, რომელი შენობა საიდან იყო განათებული, როგორ ასუფთავებენ ქუჩებს და ასე შემდეგ.
ეროსის ტემპერამენტიდან გამომდინარე, კიწმარიშვილების ოჯახს ნიუ-იორკში მოსაწყენი დრო მართლა არ ჰქონია.
ეროსი: იქ თავისუფალი ვიყავი და მთელი ჩემი გამოთავისუფლებული ენერგია მთლიანად ჩემი საწყალი შვილების და ოჯახისაკენ მივმართე და ისე დავტანჯე, ვეღარ მიტანდნენ. მე მცირე დოზებით ვარ ძნელად ასატანი და დიდი დოზებით ხომ წარმოგიდგენია?! მოსვენებას არ ვაძლევდი, შაბათ-კვირას ხან ვერმონტში მივდიოდით მანქანით, 5 საათიან სავალზე ნიუ-იორკიდან და გზაში ბავშვებს გაუთავებლად ვექაქანებოდი, ხანაც სადღაც მივაფრენდი, ახალი ადგილების სანახავად. აუუუ, სულ წუწუნებდნენ, ბევრი რამე კი ნახეს, მაგრამ რად გინდა, არ აფასებენ. მერე ამბობდნენ, ხო, ხო, კარგი იყოო. არადა, ჩვეულებრივი ცხოვრება უნდა ადამიანს, თავის მიკროკლიმატი სჭირდება. მოკლედ, ძალიან გავაწვალე ია და ბავშვები, მაგრამ გამიძლეს.
- რა იყო ამ ქალაქში თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
- მართლა თანამედროვე ბაბილონია ეს ნიუიორკი. ხომ უზარმაზარი და ვითომ მახინჯი ქალაქია, მაგრამ იქ უფროა მიკროსამყაროები შენარჩუნებული, ვიდრე თბილისში. რა სჯობს, შემოდგომის გრილ დილას რომ დაჯდები შენი სახლის წინ ბაღში, სადაც ფერმერების ბაზარია და დილაობით ახალახალი პროდუქტი მოაქვთ, გემრიელ თბილ კრუასანს და ცხელ კაკაოს მიირთმევ და უზარმაზარი ქალაქის ფუსფუსს უყურებ. აი, ეს სიმშვიდეც ძალიან საინტერესოა. თბილისში კი, სამწუხაროდ, ჩემი სახლისნაირმა შენობებმა ეს მიკროსამყაროები დაანგრიეს, გათელეს. ნიუ-იორკში ჩემი ქუჩის ნებისმიერ კუთხეში რაღაც ხდება... ეკლესიას, რომელსაც რომის პაპებიც სტუმრობენ ხოლმე, მარიამ მაგდალინელის სახელობის ბაღი აქვს, თავის მოჩუხჩუხე შადრევნებით, ყვავილებით, ხეებით და მდინარეებით. სახლებშიც უზარმაზარი მუხები ააქვთ, რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნონ. მეც ამის მცდელობა მქონდა ჩემს სახლში, მაგრამ სულ ვნერვიულობ, რომ იქ ფანტასტიური ხარისხი, არჩევანი და პროფესიონალები არიან. აქ კი, მთლად ასე არ გამოდის.“
ნიუ-იორკის ანტაგონიზმებისა არ იყოს, ეროსისთანაც მოულოდნელად აწყდები მსგავს სენტიმენტალობებს.
„ზოგადად კარგი მოგონებები მაქვს და თუ სადმე ვიცხოვრებდი სიბერეში, ამ ქალაქში ვიცხოვრებდი. გაგეცინება და ხალხი ხომ გარბის სამხრეთში, ფლორიდაში, მაიამიში. ნიუ-იორკში ვიცხოვრებდი, Upper East Side-ში. ძველი თბილისიც როგორი მინდა, იცი, რომ იყოს? აი, მოხუცები ერთმანეთს რომ შევხვდებით, კაფეში რომ დავსხდებით სალაპარაკოდ... ის სითბო, რაც სამხრეთულ ქალაქებს ახასიათებთ, უნდა დაბრუნდეს. ეს აგრესიულობა ალბათ ნელ-ნელა ჩაცხრება და დანების ტრიალი ისეთივე ტრაგედიად იქცევა, როგორც ეს სამოციან წლებში იყო. თუმცა, თბილისი არ არის ჩემი საყვარელი ქალაქი, ამას ხაზგასმით გეტყვი.
- რევოლუციის მერე ინერციით ბევრ საქმეში ჩაებით. მოხდა ნიუ-იორკში ამბიციების განეიტრალება? შეგეცვალათ პერსპექტივა, გეგმები, ამოცანები?
- იცი რა, გრძელვადიანი გეგმები არასოდეს მქონია. გაგეცინება, მაგრამ ასეა.
მე არ შევცვლილვარ, უფრო სწორად ტემპერამენტი არ შემცვლია. ალბათ ასაკი და ცოტა სიბრძნე მომემატა, ცოტა ჭკუაც ვისწავლე. მეტი ვნახე, მეტი გამოცდილება მაქვს. შესაბამისად, ძალიან ბევრი თემის და იდეის გადაფასება მოხდა. და ეს არ მიკვირს, ადამიანი თუ ცოცხალია, მუდმივად რაღაცას უნდა აფასებდეს. ვისწავლე, რომ არასოდეს უნდა თქვა - არასოდეს. ყველაფერი ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ეს კი უკვე საინტერესოა.
ფასეულობებიც იგივე რჩება, უბრალოდ, მათთან მისასვლელი გზა, მოძრაობა, ინსტრუმენტები, საშუალებები იცვლება. სხვათა შორის, ამერიკელები ძალიან კარგად გასწავლიან საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. აი, ახლა რასაც ვაკეთებ - ქართულია. ისინი გეუბნებიან, თუ რამე სათქმელი გაქვს, ძალიან მოკლედ, მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბო. ესეს წერის დროსაც ხომ ეგრეა - უნდა იყოს იქ შესავალი, არგუმენტები და დასკვნა. ეს თითქოს ძალიან ბრტყელი, სქემატური და პრიმიტიულია, არ არის ისეთი „одухотворенный“ და „sophisticated“, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ სწორია. ესეებს რომ ვწერდი და რომ მეგონა, აი, ახლა დავგლიჯე-მეთქი, ჩემი პროფესორი მეუბნებოდა, რა გინდოდა რომ გეთქვა, მითხარი, გეხვეწებიო. უარესიც, ტექსტებიდან „ძირითადი აზრი“ ვერ გამომქონდა ზუსტად. როგორც წესი, ვერ ვარტყამდი. ეს არ არის სასაცილო... იქ სხვანაირად გზრდიან. ჩვენ ნამეტანი ვართ. „too much“ ხო ნეგატივით იხმარება, არა?! არადა, ჩვენ „too much“ ვართ. აი, ეს ვისწავლე! თუმცა, მე მაინც ვერბალური ადამიანის ტიპს მივეკუთვნები, რომელიც მართვისას ხმამაღლა ფიქრს ამჯობინებს. მუშაობისთვის აუდიტორია მჭირდება, „ბრეინშტორმინგი“. ხედავ, როგორ გამევსო ინგლისური სიტყვებით მეტყველება?! ამაზე მაშაყირებენ. ხომ ცნობილია, რომ ის, ვინც ბევრს ბრახაბრუხობს უცხო ტერმინებით, უფრო გაუნათლებელია?!
მთავარი ფასეულობა, რაც დამრჩა, ისაა, (ძალიან პათეტიკურად კი ჟღერს) რომ, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, ძალიან ჩემია და ძალიან მინდა, აქ ყოფილი პრეზიდენტები კაფეებში დაცვის გარეშე, თავისუფლად ისხდნენ, ყველა ზრდილობიანად ესალმებოდეს ერთმანეთს, ანდა ამრეზით ქილიკობდნენ ერთმანეთზე. მთავარია, ეს სიმშვიდის ურთიერთობა იყოს.
მინდა, მოგზაურობის თვალსაზრისითაც სიმშვიდე იყოს, სვანეთში დავდიოდეთ, რომ ბავშვობა და ადრეული ახალგაზრდობა გავიხსენოთ. ერთი ძველი ალპინისტი მეგობარი იყო ჩემთან, თავის მატერიალურ და სოციალურ პრობლემებზე სალაპარაკოდ და მითხრა, 50 კაცი დადის მთაში და აქედან ნახევარზე მეტი 45-ს გადაცილებულიაო. ეს ძალიან ცუდია, ალპინიზმი არა მარტო ჯანსაღი ცხოვრების წესია, ის ჩვენი სპორტია, ქართულია, ჩვენი კულტურის ნაწილია. უამისობა უკვე სერიოზულ გაღარიბებას ნიშნავს. ბუდიზმი, თავის კონფუცით, ნიცშეთი და ფილოსოფიებით, ვაჟა ფშაველა, ყველაფერი მთიდან მოდის. მთა სხვაა. ამიტომ მინდა, საქართველოში ეს სპორტი აღორძინდეს, როგორც სპორტი კი არა, როგორც ცხოვრების სტილი, მინდა, რომ ზაფხულში ათასობით ახალგაზრდა მიდიოდეს მთაში. არა მარტო შოვში, მჟავე წყლის დასალევად, არამედ ზურგჩანთა აკიდებული გოგოები და ბიჭები დადიოდნენ სალაშქროდ. ჯერ ერთი, ჯანმრთლელობაა, მეორე - იქაურ ინფრასტრუქტურას წაადგება და სვანეთისთვის, რაჭისთვის, თუშეთისთვის უზარმაზარი ეკონომიკური ზრდა იქნება. მესამე - ეს ხალხი ქვეყნის სიყვარულს ისწავლის, მიხვდება, რატომ უნდა უყვარდეს საქართველო და რომ ეს მარტო ხინკალი და მწვადი არაა. მეოთხე - უცხოელებისთვის უნდა გავხადოთ ჩვენი მთა მიმზიდველი.
ჩემს შვილებს ლამის შევაძულე ეს ყველაფერი, იმდენი ვატენე, აღარ უნდათ, მაგრამ ეგ არის. ეს ის გრძნობაა, რაც ზალიკო ქიქოძეს ჰქონდა, რითაც დადიოდა ეს კაცი. უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, ასაკში შესული იმ მთაზე რომ წავიდა. აქ რომ სისტემა მუშაობდეს, ზალიკოსთვის არ უნდა მიეცათ იმ მწვერვალზე წასვლის უფლება. დაცვის სისტემები რომ ყოფილიყო აწყობილი, მისი გადარჩენის მეტი შანსი იქნებოდა. წარმოიდგინე, მთელს სვანეთში, სულ 3 ჯგუფი იყო მთაზე წასული. მინდა, რომ თითო მთაზე ათობით და ოცობით ჯგუფი მიდიოდეს. ეს როცა იქნება, იქ ინფრასტრუქტურა შეიქმნება და იქ ესეთი ავარიები აღარ მოხდება.
- კონკრეტულად რამეს აპირებთ?
კი. სხვათა შორის, მინდა დავუმეგობრდე სხვადასხვა პროექტებს, მაგალითად, „პატრიოტებსა“ და „რეზერვისტებს“ „რეზერვისტების“ იდეა ძალიან მაგარია, ახალგაზრდები უნდა გაინძრნენ და ღიპზე აღარ იფიქრონ. უნდა იგრძნონ, რომ ქვეყნის ნაწილი არიან და რაღაც ვირტუალური ჯარი არ მოვა მათ დასაცავად. იგივე პატრიოტებიც.. კარგი იდეაა, მაგრამ რაღაც დაუმუშავებელია. ამ პროექტის განვითარებაც მინდა. უამრავი ფული იხარჯება ამისთვის, მათ შორის საბიუჯეტო. წამო რა, მთაში წავიდეთ, იქ გავაკეთოთ ეს დროებითი ბანაკები, ეს ქართველი უმუშევარი ალპინისტები დავასაქმოთ. ასწავლიან მთაში სიარულს, მთას, თავის გადარჩენას, ლაშქრობას.
ზაფხულისთვის მინდა ზესხო აღვადგენინო... აილამაც, რომელიც კიტოვანმა და მისმა არმიამ უკან მარშის დროს გადაწვეს. წავიყვანოთ იქ პატრიოტები. ჯერ გავწმინდოთ იქაურობა ნაგვისაგან. დავდგათ კარვები და დავიწყოთ ვარჯიში. რაღაცა დავიწყოთ. ულამაზესი ადგილია. იქიდან მიდიხარ, აილამაზე, ვახუშტიზე, შხარებზე, შხარებით ენგურის სათავეში გადადიხარ, უშგულში... ხო, ახლა დაიწყეს ლაპარაკი საავადმყოფოები შეისყიდაო... ჯერ ერთი, არავინ არ ყიდის ამ საავადმყოფოებს... მთლიანობაში, მედინიცინაში ახლა სერიოზული პრობლემაა - ვისაც ფული გვაქვს, ყველა უცხოეთში გავრბივართ. 1994 წლიდან დაწყებული, მსოფლიო ბანკმა მილიონები დახარჯა, ჩატარდა უამრავი კონფერენცია. ამ დროს, პრიმიტიულ მანიპულაციებს ვერ აკეთებენ საქართველოში, ან საკმაოდ უხარისხოდ აკეთებენ. ამიტომ, მანდაც გვაქვს რაღაც გეგმა.
მე სულ ასე ვცხოვრობ: ვეძებ საინტერესო ადამიანებს, დავდივარ, ვმოძრაობ, მერე ვნახულობ საინტერესო იდეებს, რაღაც არხებს ვუჭრი, ზოგს ხელისუფლებასთან, ზოგს კონკრეტულ ადამიანებთან - ანუ მენეჯერი რასაც აკეთებს…ზოგადად. მთელი ცხოვრება ამითი ვარ დაკავებული. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ეს სოფლის მეურნეობა იქნება, ტელევიზია, თუ ნებისმიერი სხვა სახის ბიზნესი. ამიტომ ჩდება ხოლმე ილუზიები, რომ ყველაფერში უზარმაზარი ინტერესი მაქვს. ინტერესი მაქვს, ცხადია, მაგრამ ეს მატერიალური ინტერესი არ არის. ეს უბრალო ცნობისმოყვარეობაა. ამ არხის გაჭრის პერიოდში თუ გაჩდება ბიზნეს ინტერესი, გაჩნდეს, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ძალიან გადაჭარბებულია. იმ მასშტაბის რომ ყოფილიყო, ნამდვილად კმაყოფილი ვიქნებოდი. ასე რომ, ინტერესების მხრივ, არაფერი შემცვლია. იგივე ცნობისმოყვარეობა მაქვს, და მექნება კიდეც, სანამ ცოცხალი ვარ. როცა აღარ მომინდება არაფერი და აღარ მომეწონება ვთქვათ, ლამაზი ქალი, და არ მექნება რეაქცია, რომ ვაა, რა ლამაზია, ან გონებით გავაანალიზებ, რომ ზუსტ პროპორციებში ზის თუ არა ეს სილამაზე, ესე იგი, დავბერდი, ან აღარ ვარ.
ამიტომ, პირიქით, უფრო დასვენებული და ენერგიული დავბრუნდი. მეტის გაკეთება შემიძლია. თუმცა, დამოკიდებულებები შემეცვალა. არის რაღაც, რაც შეიძლება შეტევით აიღო და არის რაღაც, რაც ალყითაა ასაღები. აი, როგორც ჩემი ცოლი ავიღე წელიწადნახევრიანი ალყის შემდეგ, მას მერე, რაც შტურმმა შედეგი ვერ გამოიღო. ცხოვრება გასწავლის, ყველაფერს უფრო მშვიდად როგორ უნდა უნდა შეხედო.
- თქვენ მიიღეთ ჩამოსვლის გადაწყვეტილება?
- მე არა, იამ მიიღო. იცი რა, ჩემო კარგო, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, მაგრამ წამოდი ახლა სახლში წავიდეთო, მითხრა. ქალმა, ხომ იცი, ჩინური წამებასავით იცის. არ მომეშვა. მერე მეც ჩავთვალე, რომ ბევრი რამ ხდება აქ ისეთი, რაშიც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.
- ვინმესთან დაგჭირდათ თქვენი ჩამოსვლის შეთანხმება ?
ვინმესთან არა, იმ ხალხთან, ვისაც მეგობრად ვთვლი და ვისთან ერთადაც აქამდე მოვედი. იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან. არ ვიცი მეგობრის დეფინიცია რას მოიცავს, მაგრამ, ისინი ჩემი მეგობრები არიან. მეორეა, რომ კლასიკური ქართული გაგებით, მე მათთან ერთად ყოველ საღამოს სადღაც არ ვქეიფობ და შეხვედრები არ მაქვს. ჰოდა, იმ ადამიანებს, რომელთანაც ყველაზე აქტიური ურთიერთობა მქონდა, მათ შორის მიშასაც, რამდენჯერმე ველაპარაკე, ვუთხარი რომ მოვდივარ და შენ რას ფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო-მეთქი. ძალიან ძნელია, იცი, იმიტომ კი არა, რომ ნებართვებს ვიღებდი აქ ჩამოსვლაზე, ან მჭირდებოდა ეს ნებართვა. არა, ასეთი ურთიერთობა ჩვენ არ გვქონია. უბრალოდ, არ ვიცოდი, რითი უნდა დამეწყო. სამი წლის განმავლობაში აქ ბევრი რამ შეიცვალა, ბიზნესსიბრტყეები გადალაგდა, ვიღაც აქტიურად განვითარდა. ვიღაცამ უკან დაიწია. ამ თვალსაზრისით ჩამოვრჩი პროცესებს. ამიტომ, ვანოსაც შევხვდი, ზურა ადეიშვილსაც, გიგასაც, გივი თარგამაძესაც, ნინო ბურჯანაძესაც შევხვდი რამდენჯერმე. ვხვდები ბიზნესმენებსაც, რომ გავერკვე რითი შეიძლება დავიწყო, რომ უფრო წარმატებული ვიყო.
წარმატება ჩემთვის ცნობადობა არ არის. მთავარია, რაღაცას რომ მოვკიდებ ხელს, არ წავაგო. ამ ორი თვის განმავლობაში, დაახლოებით ასი სხვადასხვა სფერო მოვსინჯე. ფერმა ვიყიდე, მიწა ვიყიდე და იქ ბევრ სისულელეს ვაკეთებ. თუ არ მოძრაობ, სისულელეს ვერ გააკეთებ. სულიწმინდა არ გადმოსულა ჩემზე და არ ჩაუძახია ყურში, აი, ამით დაკავდიო. არ ავსულვარ სინას მთაზე და იქ არანაირი ხილვები არ მქონია. ჩამოვედი და ვეძებ ჩემით. ტელევიზიაზეც ესე იყო, და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეს მოვკიდე ხელი. შევხვდი ბიჭებს. ისინი ელაპარაკნენ თამუნა კინწურაშვილს. მერე მე და თამუნაც შევხვდით ერთმანეთს. რატი ამაღლობელის გაკვირვებული სახე მახსოვს, ერთად რომ გვნახა, რა მოხდება, რა მოხდებაო, გვეკითხებოდა.
ტელევიზიაზე, ცხადია, ჩემგანაც მოდიოდა ინიციატივა. ისე არ ყოფილა, რომ შემომთავაზეს, მერე დავჯექი და ბევრი ვიფიქრე. არც ის უთქვამთ, ახლა შენ თუ ამას გააკეთებ, მერე ჩვენ იმას გაგიკეთებთო. ესეთი საუბარი ჩვენს შორის არ ყოფილა. როგორ შეიძლება მეგობრები წინასწარ გეგმავდნენ ერთობლივი საქმის შედეგებს? ასე ბიზნესპარტნიორები იქცევიან. მათ სულ არ აინტერესებთ, მე რას ვაკეთებ იქ და დღის ბოლოს არავის ანგარიშს არ ვაბარებ. მართლა არ ერევიან და მსიამოვნებს კიდეც ეს. ფიქრობენ, რომ რასაც ხელს მოვკიდებ, გამომივა კიდეც. მენდობიან, გემოვნების საკითხებშიც არ გვაქვს პრობლემა და სულ არ ვნაღვლობთ იმაზე, სამყაროს აღსასრულსა ან კათარზისზე ერთნაირად ვფიქრობთ თუ არა.
- ეს დიდი კომფორტია საქმის კეთებისას.
- რა თქმა უნდა. ჩვენ ერთი თაობა ვართ. ერთად მოვდიოდით.
„თავისუფლების ინსტიტუტი“ რუსთავი 2-ის დახურვის საშიშროების გამო დაიბადა. მას მერე, წავიდა და წავიდა. ხალხში საშინელად ქსენეფობიური დამოკიდებულება გაჩნდა ამ ინსტიტუტის მიმართ, იეღოველობის, მასონობის და კრიშნაიდობის დაბრალებებით. ამაზე გამახსენდა, ნიუ იორკში გიგა ბოკერიაა ჩამოსული და მანქანით სადღაც მივდივართ. ბრუკლინის ხიდის მეორე მხარეს დგას უზარმაზარი სათვალთვალო კოშკი, იეღოველების სათაო ოფისი. გიგას დავანახე, აი, შენი ალმა მატერი-მეთქი. გაკვირვებული უყურებდა და მაშინღა „დავრწმუნდი“, რომ ნამდვილად არ იყო იეღოველი, არ მატყუებდა. მანამდე ვფიქრობდი, რომ შალვა ნათელაშვილი მართალი იყო.
- როგორ გგონიათ, „ეს ბიჭები“ უშვებენ შეცდომებს?
- ბევრი პრობლემა აქვთ, როგორ არა, თუმცა გიგასთან ამაზე არ მილაპარაკია. საერთოდ, შეცდომის აღიარების თემაზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე. არის სიტუაცია, როცა გიადვილდება. მაგრამ ავიღოთ, მაგალითად, „60 წუთი“ და ვალერი ასათიანის „ქეისი“. ამაზე უკვე შეიძლება ლაპარაკი. ძალიან რთული იყო. მეც ვიცოდი და აკაკიმაც, რომ არ იყო ეს სიუჟეტი დასრულებული, არც ჟურნალისტური გამოძიების და არც ზნეობრივი თუ ესთეტიკური თვალსაზრისით. თუ ველერი ასათიანის მიმართ წაყენებული ბრალდებები ტყუილი იყო და დღესაც არ ვიცი ტყუილმართალი, მაშინ ეს კოშმარული ტყუილი ყოფილა, მაგრამ იმ დროს უკან რომ დამეხია, რუსთავი 2-ს გავწირავდი. მთავარი, რაც ამ ომში ჟურნალისტებს ჰქონდათ, იმის განცდა იყო, რომ მათ ზურგს მე და კომპანია ვუმაგრებდით. მაშინ შეცდომის აღიარება მთელი სისტემის დანგრევას ნიშნავდა, ის კი არა, გინდა თუ არა რევოლუცია უნდა მოვახდინოთო, არა, უბრალოდ ჟურნალისტები ასე თავგანწირვით და გულწრფელად ვეღარ იმუშავებდნენ, იფიქრებდნენ, შეცდომის შემთხვევაში ეროსი ხელებს დაიბანსო.
ასეთივე გადაწყვეტილება იყო ერთი წელი ამ ტელევიზიის ბოლომდე მიყოლა, ჩემებს რომ არ ეფიქრათ, ეროსიმ გადაგვაგდოო, ამიტომ შევეცადე, ისეთი სისტემა ამეწყო, ვისაც დარჩენა უნდოდა, ჰქონოდა ამის საშუალება. ისინი დღესაც წარმატებულად აგრძელებენ თავიანთ საქმეს და კმაყოფილები არიან.
ამ კუთხით თუ შეხედავ, ვთქვათ იგივე ზურა ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს, გინდა გიგა ბოკერიას, თუნდაც სააკაშვილს, ალბათ 10-15-20 წლის შემდეგ, როცა მიშა აღარ იქნება პრეზიდენტი, როცა კიდევ 30 წელი გავა, სიბერეში, ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრებთ. შეიძლება ხვალ სასამართლო პროცესების ინიცირება მოხდეს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ ახლა, მოდი სხვანაირად მივუდგეთ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ამ ხელისუფლებას. მდგრადი ქვეყნის შემთხვევაში ძალიან ბევრ თემაზე შეიძლება ღიად საუბარი. დიდი თამაშია, დიდი „პრიკუპი დევს“ მაგიდაზე, რომ გზადაგზა შეცდომების აღიარების ფუფუნება ჰქონდეს თუნდაც, გიგა ბოკერიას. ერთადერთი, რასაც ვუსურვებდი ამ ბიჭებს, ისაა, რომ ნაკლები დანაკარგებით შევძლოთ ამ პრობლემისგან გამოსვლა, ქვეყნის მშენებლობის პროცესი რომ ჰქვია. აბსოლუტურად უდანაკარგოდ ვერ გამოვალთ, მთავარია, ეს გარყვნილება არ გახდეს სისტემური, ანუ ყველა არ გაირყვნას - ეს უდიდესი კატასტროფა იქნება. სხვა არსებული პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ეს ახლა ყველაზე სწორი პოლიტიკური ჯგუფია. არ ვამბობ, იდეალურები არიან-მეთქი, მაგრამ ყველაზე ჯანმრთელი გუნდია. ქსენოფობიისაგან დაცლილები, ზომიერად ცინიკურები, უფრო მეტად განათლებულები, უფრო მეტად მოტივირებულები იმისთვის, რომ რაღაც რეფორმები განახორციელონ და ასე შემდეგ.
პოლიტიკაზე მოდი ამით შემოვიფარგლოთ: ჩემი მეგობრები არიან ყველა ერთად, შიგნით უამრავი პრობლემა აქვთ, ბევრ შეცდომას უშვებენ, რომელსაც მე შეცდომად ვთვლი, მაგრამ, შეიძლება ისტორიულ ჭრილში აღმოჩდეს, რომ სწორი ნაბიჯი იყო. ვთქვათ, ზვიად გამსახურდიას დასაფლავების ყურებისას, მეჩვენებოდა, არასწორად ვიქცევით-მეთქი. არ შეიძლება აი, ასეთი ამპლიტუდებით ვიცხოვროთ. ერთ დღეს მტერი და დამანგრეველი ვეძახოთ ადამიანს, მერე წმინდანად შევრაცხოთ და ასეთი დაკრძალვა მოვუწყოთ. არადა, ამას ერთი და იგივე საზოგადოება აკეთებს. ასეთი გახლეჩილობა კატასტროფაა. მაგრამ რაც მაშინ მიშამ გააკეთა, ფანტასტიკურად ზომიერი იყო. ეს იყო ბრძენი, ზომიერი პრეზიდენტის ნაბიჯი. არაფერი არ უთქვამს, მივიდა, პატივი მიაგო და წამოვიდა. ძალიან მაგარი იყო!
რევოლუციის მერე, მეც აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა პროცესში. იმიტომ, რომ მეხებოდა, ვნერვიულობდი. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩინე, რომ აბსოლიტურად მოსაწყენ თემაზე ვზივარ პრეზიდენტთან. რა საჭიროა მასთან ყოველ დღე ჯდომა, ან მის ყურადღებაზე ეჭვიანობა?! ამის თქმა მინდა, შეფასებებში არ უნდა ავჩქარდეთ, დავაცადოთ რა. დავაცადოთ იმ მხრივ კი არა, რომ კიდევ 10 წელი აბსოლუტური უფლებამოსილება მივცეთ. არა, რა თქმა უნდა. უნდა ვაკრიტიკოთ და ვეჭიდავოთ, მაგრამ, თუ საქმის კეთება გინდა, შიგნით იყავი დალოცვილო. აუცილებლად გარეთ უნდა გამოვარდე, და ხალხს სათქმელი უთხრა?
ანამ დარეკა (12 წლის) და მამას ამცნო, რომ კიდევ ერთი დღით დარჩებოდა მეგობრის სახლში.
- სამი დღეა სახლში არ მოსულა. იმაზე კი არ ვნერვიულობ, რომ ანა გარეთაა, იმას განვიცდი, რომ ანა თბილისშია გარეთ. რა მაგიჟებს იცი, აი, ის „ქეისი“, რამდენიმე დღის წინ რომ მოხდა. წარმოუდგენელია. გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ პატარა ბიჭს შეეშალა, რა მოხდა მერე, კაი ბიჭი იყო და ერთჯერ გამოუსვა ჯაყვა. დიდი დანა კი არ იყო, პატარა დანით მოკლა და უნდა ეპატიოს. ეს გამონათქვამები საზოგადოების აბსოლუტურ ინფანტილურობაზე მიუთითებს. როგორ შეიძლება ამაზე საერთოდ კამათი? ასეთი მსჯელობა სერიოზული ადამიანებისაგან, უკვე ცინიზმია. ამერიკაში მე გავაკეთებ ამას, ბუშის შვილი, თუ ტრამპის შვილიშვილი, არავის აინტერესებს. ამიტომ გრძნობ თავს იქ დაცულად. და არა იმიტომ, რომ პოლიციაა მაგარი, საზოგადოებაც მაგარია. არადა, აქ მარტო ჩვენ ვართ, ოთხი თუ ხუთო ერის შვილი. ერთად გაზრდილები. აქ არ ჩამოსულან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები გვატემალიდან და ჩილედან. აქ ჩვენ ვართ ხო, დაბადებიდან გარდაცვალებამდე?! ანაზეც ამიტომ ვნერვიულობ, მეტი არაფერი. სად გავჩერდით?
- რაღაც თვალსაზრისით, ხომ უფრო საინტერესოა საზოგადოებრივი არხის კეთება?
- აბა რა, ბევრად საინტერესო! უბრალოდ არ შეიძლება აკეთო ის, რითიც მხოლოდ შენ იღებ სიამოვნებას. უნდა აკეთო ის, რაც სხვას სიამოვნებს. ძალიან რთული საკეთებელია. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ უბრალოდ, არავინ ვიცით ამის კეთება. არც მე ვიცი, არც თამუნამ. ახლა ვიწყებთ ყველაფერს, ასე ხელის ცეცებით. ვკამათობთ, რომ უნდა იყოს, PBS-ი, თუ BBC თუ ORT. არ ვიცი, სად უნდა გავიაროთ, და როგორ უნდა გავიაროთ, რომ ეს ყველაფერი ყურებადი იყოს. თუ არავინ უყურა, მაშინ რა აზრი აქვს?! თუ ზედმეტად კომერციული იქნა, მაშინ რა განსხვავებაა, „იმედია“, „რუსთავია“, „მზეა“ და საკმარისია. სადღაც შუაში უნდა გაიარო. თან ამ დროს საზოგადოების ჩვევები თუ არ გაითვალისწინე, არაფერი გამოვა. მე თუ მართლა სატაცურით მოვედი ქართულ ბაზარზე, და აქ ჩვევა ხინკლის ჭამაა, ვიდრე მე მაყურებელს გავაგებინებ, რომ სატაცური უფრო ჯანმრთელი საკვებია, ჯერ ალბათ სატაცურიანი ხინკალი მაინც უნდა გავასინჯო. მიხვდი ხო, რას ვამბობ?
ასევე, მოსაძებნია ჩვენი ტიპის ქვეყნები, უნდა ვნახოთ, როგორ მოხდა საზოგადოების ზემოქმედება საზოგადოებრივ მაუწყებელზე სხვაგან. მთავარია, ადამიანებმა დაიწყონ ფიქრი იმაზე, როგორ შეცვალონ გარემო. დიმა ტვილდიანი მეუბნებოდა, ტყვიის შემცველობას ჩვენს ჰაერში საშინელ ზღვარამდე მიუღწევია. ამაზე, სხვათა შორის, წავიდა უკვე ლაპარაკი, სანდრასაც ელაპარაკა რამდენჯერმე. ამ თემაზეც გვინდა ძალიან აქტიური პროპაგანდის გაწევა. ამიტომაც მინდა, ამ ტელევიზიას სხვა ფუნქციები და ყურებადობა შევძინოთ, ხალხს ამაზე დაველაპარაკოთ. საზოგადოებრივი არხისთვის ყველაფერი საინტერესოა. ეს იქნება ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ბენზინში ტყვიის შემცველობაზე ყურადღების გამახვილება თუ სხვა რამ. ამ დროს ყველა ვეტენებით ამ ვერა, ვაკე, საბურთალოზე - ყველაზე დაბინძურებულ ზონებში, იმის ნაცვლად, რომ ეს ადგილები გავასუფთავოთ, პატარა სახლები ავაშენოთ, მოძრაობა გადავაკეთოთ და ასე შემდეგ. ურთულესი პროცესია, ეს დღეს ვერ მოხდება.
ქვეყნის სპეციფიკაც გასაანალიზებელია, როგორი უნდა იყოს ზოგადად ეს ტელევიზია, არა ევროკავშირთან თავის მოსაწონებლად, არამედ, ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე ქვეყნის ბიუჯეტის ფული იხარჯება. არ ვამბობ, რომ ეს საკმარისია. სჯობს უფრო მეტი იყოს და ეს ხელახლაა გადასათვლელი. ბატონ ფინანსთა მინისტრს და პრემიერ მინისტრს ჰგონიათ, რომ ამ ფულს გვჩუქნიან. გვჩუქნიან და ვალს გვადებენ. პარლამენტიც ყაყანებს, რად უნდათ ამდენიო - გეგონება სახლში მიმაქვს ეს ფული. თუ ეჭვი გაქვს, რომ ვინმეს სახლში მიაქვს, მოდი რა, დაიჭირე. და თუ ხარისხზე საუბრობ, მოდი რა, ერთად შევქნათ ეს ხარისხის სტანდარტები. ის, რომ კადრში რამდენჯერმე მოხვდება ვიღაცის პერსონა პარლამენტიდან, არ განსაზღვრავს მის მიმართ საზოგადოების ინტერესს. იგივეა ქვეყნის მშენებლობაც. უფრო რთული. ამ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ ახალი ისრაელი შენდება. და სწორია.
გუშინ ვფიქრობდი. აი, რატომ არ ვაკეთებთ, მაგალითად სომხური კულტურის პოპულარიზაციის? არა ისე, როგორც ამას საბჭოთა კავშირში აკეთებდნენ. რატომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რა როლს თამაშობდნენ სომხები თბილისის და საქართველოს ისტორიაში, ან სომხური კულტურა რამდენად იცის ქართველმა. როდემდე უნდა იყოს სომეხი ან აზერბაიჯანელი სალანძღავი სიტყვა?! არანაირი პოპულარიზაცია არ მიდის ამ ხალხის კულტურის, ურთიერთობის, მათი ცხოვრების წესის, მდგომარეობის. რატომ ვიცით პუტინის საყვარელი ძაღლის სახელიც კი და არაფერი არ ვიცით სხვა მეზობლების შესახებ? ისევ არასწორი, ერთი ვექტორი გვაქვს აღებული. ყველა ჩვენი მეზობელი ერის კულტურა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენივე მოქალაქეები დავიახლოვოთ. იმიტომ კი არა, რომ რაღაც ზეგავლენა მოვახდინოთ მათზე ან ახალქალაქში კარტოფილი იაფად ვიყიდოთ. ჩვენ მათი ნაწილი ვართ, ისინი ჩვენი ნაწილი. ერთი სახელმწიფოში ვცხოვრობთ. მუდმივი დიფუზია უნდა იყოს, თორემ ღობეების ამოშენებით არაფერი მოხდება.
სწორედ ეს ფუნქცია აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისია აქვს, არა ბოლშევიკურ-კომუნისტური, არამედ რეალური, ნაციონალური ცნობისმოყვარეობა გააღვიძოს, იმ უცხოური სიუჟეტებისაგან გასხვავებით, რომელსაც სხვადასხვა არხზე ვხედავთ, სადაც არც გული დევს, არაფერი არ დევს, რაღაც ბუტაფორიაა, არამდგრადია, უინტერესოა... უამრავი ძალიან საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება.
საერთოდაც, ყველაფერი უნდა გაინტერესებდეს. ჟურნალისტებთანაც რომ მქონდა ხოლმე საუბარი, ჩემებთანაც და გარეთაც, სულ ამას ვეუბნებოდი. ჟურნალისტი არ შეიძლება ყველაფერში იყოს პროფესიონალი. ჟურნალისტმა არ შეიძლება იცოდეს ყველაფერი, მაგრამ ჟურნალისტი რომ არ იყოს ცნობისმოყვარე, ის ჟურნალისტი ვერ იქნება. ამიტომ მიშლის ნერვებს დღევანდელი ჩვენი ჟურნალისტიკა.
ტელევიზიასთან დაკავშირებით თქვით, რომ საინფორმაციოს რეფორმირებას ბოლოს დავიწყებო...
ხო, იცი რატო? ჯერ ტელევიზიას უნდა გაესინჯოს პულსი. სანამ ხალხი საზოგადოებრივ ტელევიზიაზე ილაპარაკებს ჩამქრალი თვალებით, ან ცინიზმით და მთელ თავის ინტელექტუალურ მჭერმეტყველებას დახარჯავს იმაში, რომ დასცინოს პირველ არხს ან მის ხელმძღვანელობას, მანამადე არაფერი გამოვა. მაგრამ როგორც კი ჩვენ მათ შევაჯანჯღარებთ, ზოგადად ხალხის ემოციას შევაჯანჯღარებთ, მერე ყველა გაიღვიძებს. ახლა წერენ რაღაც სპეკულაციებს თემაზე „კიწმარიშვილი - კინწურაშვილი“, ეროსი დაიკავებს კინწურაშვილის ადგილს და ასე შემდეგ. კლასიკური ქართული ყვითელი პრესის ჭრილში განიხილება ეს ყველაფერი. ხვალ იქნება მართლმადიდებელ მამათა და დედათა პრეტენზიები, ენჯეოების აღშფოთება... ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება. ერთს გპირდებით, მაყურებელს მშვიდად არ დავაძინებ. საზოგადოებრივი ტელევიზია არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი იყოს „დუბადა-დაბადა“ რეჟიმში. პროვოკაციები იქნება იმდენი, რომ წინასწარ მეცოდება ეს საზოგადოება. მაგრამ ეს სულიერი ნაწილის პროვოცირება იქნება და არა პოლიტიკურის.
რაც შეეხება საინფორმაციოს ბოლოსთვის მოტოვებას - ყველაზე მეტად რაც მეხერხება, ჩემი აზრით, ეს ნაწილია. ამიტომ, მინდა ყველაზე ბოლოს მანდ მივიდე. საინფორმაციოთი რომ დავიწყო, შესაძლოა ამან გამიტაცოს. მირჩევნია ის, რაშიც უფრო ნაკლებად წარმატებული ვიყავი, და რა ოცნებებიც მაქვს, პირველ რიგში ისინი განვახორციელო. ინფორმაციის ნაკლებობას, ქართული საზოგადოება ჯერ-ჯერობით არ განიცდის. სხვა საკითხია, რამდენად ხარისხიანად ვართ ინფორმირებულები. მოსაძებნია სხვა სტილისტიკა. ტონალობა სწორი აქვს ამ ხალხს აღებული. დანარჩენი ყველაფერი გადასაწყობ-გადმოსაწყობია. მაგრამ ტონი ეგეთი უნდა იყოს, მშვიდი, გაწონასწორებული, არა მხოლოდ დაბალანსებული. ტონალობა არ შეიძლება იყოს ისტერიული. გრიგოლიას ტონალობა არ შაიძლება! ყოველ შემთხვევაში იმ არხზე, სადაც არის, შეიძლება მოსწონდეთ - თავის ეგზალტირებით, ხშირ შემთხვევაში, ცარიელ ადგილზე ეგზალტირებითაც კი, ყურადღებას იპყრობს.
მოდი, მეტს აღარ ვიტყვი. არა იმიტომ, რომ ინტრიგა დავტოვოთ, თუმცა ეგეც დავტოვოთ. შედეგით წინასწარ არ ვიცი, თუმცა როგორც ყოფილი ექიმი, ერთ პრინციპს დავიცავ - ტელევიზიას არ ვავნებ!
ვისთან აპირებთ მუშაობას ? ვის მოიყვანთ პირველ არხზე ?
ყველას, ვისაც ამ საზოგადოებისთვის რაღაც სათქმელი აქვს. ნოდარ ლადარიას ყოველკვირეული მიმოხილვების გვერდით, ინტერნეტში იდო გოგი გვახარიას „ოქროს საუკუნე“, რომელსაც ვკითხულობდი და როგორი სასიამოვნო იყო იცი?! აი, კარგი ქართული ნაწერი რომ გხვდება, როცა გრძნობ, რომ არ არის ყველაფერი მარტო ის საზიზღრობა, რასაც ეს ყვითელი ფაფა ჰქვია, რომელსაც ქაქის სუნი ასდის. გოგი მინდა ბევრ რამეში ჩავრთო, ალბათ ნოდარ ლადარიაც. ძალიან მინდა, კახეთში ვიპოვო კარგი ჟურნალისტი, რომელიც ლაგოდეხზე, ყვარელზე და სიღნაღზე მოამზადებს სიუჟეტებს, კახეთის ტურისტულ აღორძინებასა და მევენახეობაზე. ფანტასტიურია! ზურა ადეიშვილმა წამიყვანა და დამათვალიერებინა იქაურობა. ეს ყველაფერი მართლა გადასარევია, მაგრამ ამას თუ სიცოცხლე არ ჩაბერე, ეს გაქვავებული ქალაქი იქნება. სიცოცხლე რისგან გაჩდება? მარტო უცხოელ ტურისტებზე არ უნდა ავოღოთ ორიენტაცია. შიდა მოხმარება უნდა გავაჩინოთ, პირველ რიგში, ბავშვებმა უნდა იარონ. არ ვიცოდი ბოდბისა და წმინდა ნინოს საფლავის ისტორია. უამრავი ასეთი ფანტასტიური აღმოჩენა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა.
არ მინდა, საზოგადოება დაიყოს - ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება. არა მარტო საზოგადოებაში, ყველგან! ზეპური პოზიციიდან, რაღაც ოლიმპოდან, ყოვლის მნახველი გამოცდილი ადამიანები ღაღადებენ და დანარჩენი ბრბო მიყვება. უბრალოდ ადამიანებს დამატებითი ცოდნა სჭირდებათ, კონტაქტი გვჭირდება ერთმანეთთან.
ჩოხატაურშიც მინდა ვიპოვო ჩვენი სახე. და ეგეთს ბევრს ვიპოვით.
საზოგადოების ყველა ფენას ექნება თანაბარი და მათთვის მისაღები გადაცემა. მათ ექნებათ „სოფლის ცხოვრებაც“ და ექნებათ „ნიუ იორკ თაიმსიც“.
სამი კვირით მივდივარო, თქვით, სად მიდიხართ?
ჯერ ამერიკაში, იასთან და ბავშვებთან ერთად. რაღაცეები გვაქვს მოსაგვარებელი. ამერიკის მერე, მივდივარ კანში, პროგრამების გამოფენაზე.
კანის კინოფესტივალის ფარგლებში ტარდება ეს გამოფენაც?
არაფრის ფარგლებში არ ტარდება. ეს ცალკეა. კანის ფესტივალზე „სელებრითები“ დადიან. აქ ფული დადის. ტელეინდუსტრია ბევრად უფრო დიდი ინდუსტრიაა, ვიდრე კინო ინდუსტრია. აქ იქნებიან მწარმოებლები, კინომწარმოებლები, დისტრიბუტორები, ტელემამები მთელი მსოფლიოდან. ამ გამოფენაზე პირველად მივდივარ.
ოთხი წელია ტელევიზია პროფესიულად არ მიკეთებია და დავიწყებული მაქვს. მინდა, რომ სწრაფად გავეცნო იმ სიახალეებს, რაც ამ სამყაროში ხდება, და ვნახო რა მიმართულელებია, რა აინტერესებთ.
კანის მერე ლას-ვეგასში მივფრინავ, იქ უკვე ტექნოლოგიური გამოფენაა, ნაციონალური მაუწყებლების ასოციაციის (National Association of Broadcasters) ღონისძიებაზე. ჩვენი თანამშრომლები ორივეგან მიდიან. კანში მიდის ჩვენი პროგრამული დირექცია, ლას-ვეგასში მოდის თამუნა და ჩვენი ტექნიკური დირექტორი. 9-ში მივდივარ და აქ საგიჟეთი მაქვს, იმიტომ რომ აქ ფოკუსირებულად მინდა დავტოვო ამოცანები, რაც ჩამოსვლისას სჯობს, რომ უკვე გაკეთებული დამხვდეს.
ამიტომ შეხვედრები მაქვს დილიდან ღამემდე თან, ჩოგბურთიც მინდა მოვასწრო. გუშინ მოვასწარი! მომიგო, მომიგო კახა ჩიტაიამ! და ძალიან გახარებულია! ბედნიერია!
ამ მასალაზე მუშაობის პროცესში, ჩოგბურთის კორტებზეც ამოვყავით თავი. ეროსის მოწინააღმდეგე ამჯერადაც კახა ჩიტაია იყო. ბატონი კახა მშვიდი და გაწონასწორებული მოთამაშეა. ეროსი კი ბევრს ხმაურობს და ბურთებსაც ხმაურიანად იგერიებს. ყველა წარუმატებულ გათამაშებასაც თავის მიზეზი აქვს - ან ქარი უბერავს არასწორი მხრიდან, ან კორტების ზედაპირია არათანაბარი. ეს ყველაფერი ხუმრობით, რასაკვირველია.
ხუმრობა არ არის ეროსის საჩოგბურთო აზარტი. „ბალიტიერის საჩოგბურთო სკოლაში“ მარცხენა ხელზე სერიოზულად იმუშავეს. ჯერ ჩემს თამაშს იწერდნენ და მერე აგასის დარტყმებს მაჩვენებდნენ. ასე დავიყენე მარცხენა“. ეროსის ერთ-ერთ პარტნიორს ჩოგბურთში, რეზო ადამიას უღიარებია, ფლორიდაში ვარჯიშის მერე, ეროსი გაიზარდაო. „აბა ტყუილად ხომ არ ჩავყარე ამდენი ფული ბალიტიერის სკოლაში?
მოკლედ საგიჟეთი მაქვს ამ თბილისში, მაგრამ კარგია, კარგი! ეგ მენატრებოდა ამერიკაში.
„ჩემი ია“
ია ახერხებს თქვენს გვერდით თავისი ცხოვრებით ცხოვრებას?
იქ უჭირდა. როგორც გითხარი, მთელი ეს ენერგია იაზე და ბავშვებზე მქონდა გადატანილი. იაც შევჭამე. ია, მოდი ახლა MBA აიღე, ახლა ეს ქენი... მთები ჩამოიტანა წიგნების. ცალკე ამით შევჭამე, ცალკე მოგზაურობებით, ცალკე, წამო ახლა იქ, ახლა აქათი. აღარ უნდათ, არაფერი აღარ უნდათ. აი ანა, სამი დღეა სახლში არ მოსულა.
ისე, ესენი გაიზარდნენ, ახლა სხვა სათამაშო მჭირდება. თუ ია გაჩენას გადაიფიქრებს, შეიძლება ბავშვი ავიყვანოთ კიდეც, რა პრობლემაა. ამაზეც თანახმაა. უბრალოდ, ქართული საზოგადოებისთვის ეს გამოწვევაა. აი, ასეთი სისულელეებიდანაც მინდა გამოვიდეთ... კარგი მაგალითი იქნება.
მოკლედ, ია გამორბოდა, 6 თვე აქ იყო ხოლმე. წამოსვლის ძირითადი მიზეზი ესეც იყო. არანორმალური ოჯახი გამოგვდიოდა. თავის პროექტების გადამკიდე ია ბევრს მოგზაურობს. ბევრი პრობლემა აქვთ. საქართველოში სამოდელო სააგენტო განიხილება გათხოვების სააგენტოდ, ან გზად უფრო ცუდი მომავლისკენ. მეორეს მხრივ, იმდენად ბევრი ისწავლა, თუ დარწმუნებული არ არის რამეში, არ აკეთებს. ეს სპორტიდან აიღო. სრულიად არაელიტარულ ოჯახში გაზრდილი, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო კალათბურთში. თან იას არ აქვს განსაკუთრებული საკალათბურთე სიმაღლე. უბრალოდ ძალიან მოტივირებულად გაიარა ეს გზა. ამიტომ, ყველაფრის მიმართ ეგეთი დამოკიდებულება აქვს. სანამ დარწმუნებული არ არის ბოლომდე, 100 %25-ით, შანსი არ არის რამეზე თქვას, რომ იცის. განსხვავებით ჩემგან. მე ჯერ შევვარდები სადღაც, და მერე ვლაგდები. ის უფრო გაწონასწორებულია. ამიტომ ვთვლი, ძალიან ბევრი რამ ისწავლა და იცის. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კურსებიც ხუთებზე დაამთავრა.
მომიყვებით იასთან არშიყობის პერიოდის ისტორიებს ?...
ამ ამაბის მთელი პარადოქსი ისაა, რომ ია იყო კალათბურთელი და მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ზუსტად ჩემსიმაღლეა, ვიდექით სპორტ დარბაზთან და იას გამოსვლას ველოდებოდით. წარმოიდგინე ჩემი მდგომარეობა, როგორი დეპრესიული ვიქნებოდი ?! გამოდიან 2 მეტრიანი ქალები, დაგხედავენ და ყველამ იცის ვის ელოდები.
სხვათა შორის, ესაა ჩვენი პირველი საკუთარი ბინა! ქორწინებიდან დღემდე 14 თუ 15 ბინა გამოვიცვალეთ. ნაქირავებიდან ნაქირავებში გადავდიოდით.
განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენი ერთად ყოფნის პირველი პერიოდი. 1991-ში დავქორწინდით. 2 თვეში ომი დაიწყო. 1991-იდან დაწყებული 1997-მდე, ვიდრე თბილისში გადმოვიდოდით, არ ჰქონდა შუქი, ფული, ან ფეხმძიმედ იყო, ან ბავშვს ზრდიდა. ფეხმძიმეს წყალი ვედრებით დაჰქონდა მეოთხე სართულზე. პამპერსი მაშინ, ბოდიშს ვიხდი და, არ იყო. თან ეს ყველაფერი მარტოს უნდა ეკეთებინა. ბებიები, როცა შეეძლოთ, აქტიურად გვეხმარებოდნენ, მაგრამ მთელი ოჯახური პასუხისმგებლობები იაზე იყო. თან სიბნელეში, თან მარტო. მე თვეობით ვიყავი გავარდნილი, ხან მიჭერდნენ, ხან ტელევიზია იყო დახურული და არ მეცალა სახლში წასასვლელად. მახსოვს, იყო პერიოდი, 9 თვის განმავლობაში, ორჯერ ვნახეთ ერთმანეთი. თბილისში ვიყავი, მაგრამ მე დავიფიცე, როგორც სპარტანელები იტყვიან, ფარით ან ფარზე - ან მოვიგებდი და დავბრუნდებოდი, წაგებული არ ჩავიდოდი. 9 თვე ვეჭიდავე მაშინ შევარდნაძეს. ასე რომ, იმ პერიოდის სიმძიმეები იამ მარტომ გაიარა. ამიტომ, ჩვენს ოჯახს ძალიან მყარი ფუნდამენტი აქვს. შოკოლადებში გაზრდილი რომ ჰგონიათ ხოლმე, მეცინება. დანარჩენი იას ჰკითხე...
- იას მოაყოლეთო, გითხრათ?
- კი, იას უფრო ემახსოვრება დეტალებიო...
ია: ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ თაყვანისმცემლები არასოდეს მაკლდა და ინტერესსაც ვიჩენდი, ბუნებრივია. თუმცა, კალათბურთიდან გამომდინარე, 2 მეტრზე ქვემოთ თაყვანისმცემელი არასოდეს მყოლია.…ეროსი პირველი გამონაკლისი იყო, რომელიც შემხვდა და გავიცანი.
პირველივე პაემანის დღეს ვიჩხუბეთ. საშინლად არ მომეწონა. და იმ დღესვე გადავწყვიტე, რომ არა და არა რადგან გულახდილი და პირდაპირი ადამიანი ვარ, პირდაპირ ვუთხარი, მაგრამ ტაქტიანად და მორიდებულად, ისე, რომ შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, ვუთხარი, რომ არ ღირდა, დაწყებაც კი არ ღირდა.
მაგრამ ადამიანისთვის, ვისაც მწვერვალების დაპყრობა უყვარს, თურმე და მისი მთასვლელობის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი - ეს არ უნდა მეთქვა. ამით კიდევ უფრო დიდ აზარტში ჩავარდა. სხვათა შორის, ძალიან აზარტულია. ჩემი „არა“ მისთვის გამოწვევად იქცა და მიპასუხა: რომ დამჭირდეს 10 წელი, შენ რომ გყავდეს 10 ქმარი, მეათე მე ვიქნებიო. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ჯიუტი იყო. მისი გადარწმუნება ძალიან რთული იყო, მაგრამ მე გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი და ჩავთვალე, რომ მართლა გიჟია და სწორი დასკვნები გავაკეთე-მეთქი - აბა მესამე დღეს რომ შეხვდები ადამიანს და ცოლობას შემოგთავაზებს, რა უნდა იფიქრო?! მე საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას. რა გათხოვება იყო 17 წლის ასაკში? ჩემი გეგმები მქონდა, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი, სწავლა მაინტერესებდა, მოგზაურობა. სახლში წელიწადში 3-4 თვეს ვატარებდი ხოლმე.
მოკლედ, გათხოვება დაგეგმილი არ მქონდა. მაგრამ იმ დროს იყო ეროვნული მოძრაობა, საბჭოთა კავშირის ნგრევა.
მაინც ვთვლი, რომ ყოველთვის ქალი იღებს გადაწყვეტილებას. მაშინ ეროსის ჩემთვის არ ეცალა და ბოლოს უკვე მე მოვითხოვდი კატეგორიულად, ან ეს ურთიერთობა უნდა რაღაც სასრულამდე მივიდეს, ანდა ასე აღარ შემიძლია-მეთქი მაშინ მივხვდი, რომ ამ ურთიერთობის გადაწყვეტილების სათავეში მე ვიდექი. თუ გინდა შექმნა ოჯახი, ოჯახს ქმნი შენ და პასუხისმგებლობასაც შენ იღებ შენს თავზე, როგორც ქალი, რომელმაც მერე ეს უღელი უნდა ატაროს. ჯერ არ მინანია.
ოჯახის მართვის სისტემა არსებობს თქვენს ოჯახში?
ჩვენთან სრული დემოკრატიაა. როგორც ჩემი რუმინელი მეგობარი ამბობს, too much democracy - გვაქვს. რაღაც გადაწყვეტილებას როცა ვიღებ, ყოველთვის ვუთანხმებ ბავშვებს. ადრე პატარები იყვნენ და პრობლემა არ იყო. ახლა გაიზარდნენ და დისკუსია გვიწევს ხოლმე.
ბევრ დროს ატარებთ ბავშვებთან?
როცა გვჭირდება, ერთად ვართ ეგ ყველაზე მთავარია. რაც მათ სჭირდებათ, ის გარემო შექმნილი აქვთ. ნელ-ნელა მივაღწიეთ ამას. ყოველთვის ასე უზრუნველყოფილები არ ვყოფილვართ. სხვაობაც იციან. ისიც იციან, რა არის როცა არ გვაქვს, და ისიც იციან რა არის, როცა გაქვს. მე იმით ვამაყობ ყოველთვის, რომ ჩვენ ნივთებისგან პრობლემას არ ვქმნით. ტრაგედიად არ აღვიქვამთ უქონლობას.
ისე, მე ყოველთვის ვპოულობდი დროს საკუთარი თავისთვის. ამ დროს წავიკითხავდი, წავიდოდი სავარჯიშოდ, თუ ვისეირნებდი, ეს ჩემი საქმე იყო. დღემდე ამას ვამბობ და ჩემს შვილებსაც ვეუბნები, მათ ყველას თავის ადგილი აქვთ, და კი ბატონო, დაგითმობთ დროს, მაგრამ როცა მე მჭირდება რაღაც, ეს დრო ჩემია. ასეთი პრინციპი მაქვს ეროსისთან ურთიერთობაშიც. ყოველთვის პატივს ვცემდი მის დროს. და პირიქით. პირველი „მის საქართველო“ რომ გავაკეთეთ, დილის 4 საათამდე გასული ვიყავი... და ეს პრობლემად არ ყოფილა.
ეროსიმ გვითხრა ლუკა, ანა და თეკლე გაიზარდნენ, ახლა ახალი სათამაშო მინდაო.
მე წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. ბოლო შეთანხმება ის არის, რომ როგორც კი გაირკვევა, სად ვართ, აქ ვართ თუ იქ ვართ - კი ბატონო. ჰაერში ხომ ვერ გავაჩენ?
ამ პერიოდში ლუკასაც მოუწევს წასვლა-წამოსვლა. მეც მიყვარს ის დრო, როცა ვგრძნობ, რომ ბავშვს ვჭირდები. თუმცა, ის თავისუფლებაც მომწონს, ახლა რაც მაქვს.
როგორ ახერხებთ პარტნიორობას?
15 წლის განმავლობაში, ჩვენ სულ ერთმანეთს ვსწავლობთ. ახლაც, ამერიკაში, ეროსი სულ სხვანაირი იყო. ის კაცი, რომელსაც მე გავყევი ცოლად, სხვა იყო. ის, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი პირველი შვილის მერე, კიდევ სხვა. ადამიანი, რომელმაც დაიწყო ახალი საქმე, წარმატებას მიაღწია ამ საქმეში და მერე აქედან წავიდა - სხვადასხვა ადამიანი იყო. იმედი მაქვს, ეროსი, რომელიც ახლა აქ ჩამოვიდა, კიდევ სხვანაირი იქნება.
ეროსისნაირს ბევრს არ ვიცნობ. ეროსის აქვს უნარი, რომ შექმნას, არაფრისგან გააკეთოს რაღაც. ჩვენ ვართ ლომის და კუროს დუეტი. ის არის ლომი და დრაკონი ერთად, ანუ სულ იცი, რომ ვულკანზე ხარ. და ამდენი ვულკანი ხანდახან დამღლელი ხდება ხოლმე. 9 თვიანი განშორებისას, როცა ის სასამართლოებში დარბოდა, გვენატრებოდა ერთმანეთი, ეს მონატრება ყოველთვის გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ხელახლა დაგვეწყო ურთიერთობა, ბევრად უფრო უკეთ, სხვა გამოცდილებით და სხვა მუხტით.
ჩვენ ყოველთვის ვეძებდით ერთმანეთთან ურთიერთობის ახალ-ახალ ფორმებს. ახლა მეც შემიძლია რაღაცეები ვთქვა, იმიტომ რომ, მეც ჩემი გამოცდილება დამიგროვდა და სხვა გადმოსახედიდან შემიძლია რაღაცეების გააზრება. ისე, ყოველთვის ვცდილობდი არ მეთხოვა დახმარება, რადგან მქონდა ამბიცია, დამოუკიდებლად მეკეთებინა რაღაცეები.
დიდი ოჯახური სკანდალები არ გვქონია. მე ვარ საშინლად ბუტია. ამაში მგავს უმცროსი გოგო. შემიძლია სულ უბრალო რაღაცაზე გავიბუტო, როგორც იმ პირველ პაემანზე და დღემდე პირველი არასოდეს ვურიგდები.
საჩუქრებით გირიგებდათ?
არა, პირიქით. მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მე შენ რაღაცა ნივთის გამო არ შეგირიგდები. და არ ვურიგდებოდი. თვითონაც იცის, რომ აზრი არა აქვს საჩუქრებს.
„იცი რა, რევოლუციამდეც ბევრი ვიცხოვრე, ეგრე არ არის“.
ეროსი: „ჯერ იყო მთა. ახალგაზრდობა რეალურად იყო მთა და მთაში სიარული. თუმცა მთა ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა სრულიად შემთხვევით. ჩემდა სამარცხვინოდ, სკოლის პერიოდში, ანუ რუსთავში, ისეთი კატეგორიები, როგორიცაა გურამ რჩეულიშვილი, ერლომ ახვლედიანი და ეს ჰეროიკა, ჩემთვის უცხო იყო. მე საბჭოთა განათლების სისტემის კლასიკური პროდუქტი ვიყავი, რასაც მაძლევდნენ, იმას ვიღებდი. რუსული ლიტერატურა ბევრად უკეთ ვიცოდი, ვიდრე თანამედროვე ქართული. არ ვგულისხმობ მხოლოდ პუშკინს და ლერმონტოვს. ვერცხლის საუკუნე და ნობელიანტები, შოლოხოვის გამოკლებით, უფრო ნაცნობი იყო ჩემთვის.
თბილისში 16 წლის პროვინციელი ბიჭი ჩამოვედი, გზა არ ვიცოდი სამედიცინო ინსტიტუტის, მართლა არ ვიცოდი. მესმის, რომ კონკიას ისტორიები ბევრს აქვს, მაგრამ მართლა ეგრე იყო. ჩემი მეგობრის დამ ჩამომიყვანა. სამედიცინო ინსტიტუტს ანეგდოტურად მეორე წრეზე მივაგენი. სამედიცინოზე ჩაბარებაც კომიკური იყო. მეათე კლასის დასაწყისში, ოჯახმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ბიოლოგია ვიცოდი, ქიმიაში რაღაც რესპუბლიკური ოლიმპიადები მქონდა მოგებული და ქართულიც, ითვლებოდა, რომ აზრს კარგად ვაყალიბებდი. ქართულის მასწავლებელი მყავდა ფანტასტიკური. აზროვნება დამაწყებინა.
აი ასეთი სრულიად საბჭოთა პროდუქტი, კარგი მოსწავლე, დატვირთული რუსთავის ფალიაშვილის ქუჩის კრიმინალური სიმძიმეებით - სამწუხაროდ, ქუჩის ბიჭი არასდროს ვყოფილვარ და ამიტომ ჩემს უბნელებთან სულ კონფლიქტი მქონდა. კარგად ვსწავლობდი, ამავე დროს ვიყავი, ჩემდა სამწუხაროდ, „ნორჩ დეკლამატორთა“ წრის წევრი, რაც მაგარი „გრეხი“ იყო. წარმოიდგინე ახლა, რუსთავის მთავარ კრიმინალურ უბანში, თითით საჩვენებელი ხუთოსანი?!
დიდი გავლენები ჩემზე წინაპრეპს, სამწუხაროდ, არ ჰქონიათ. ისინი არც რეპრესიებში მოხვედრილან და არც გადასახლებაში. ბაბუაჩემი ომში დაიღუპა. ჩვეულებრივი, არაფერით გამორჩეული ქართული ოჯახი გვქონდა.
ასეთი გულუბრყვილო მენტალობით, 16 წლის შევედი სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. იყო საშინელი კონკურსები, მაგრამ იმდენად მსუბუქად ვუყურებდი ამ ყველაფერს, რომ დღემდე მახსოვს და ახსოვთ ჩემს მეგობრებს მისაღებში ჩემი თავხედურად უდარდელი მდგომარეობა. ეს აკანკალებული ქალები ვერ მიტანდნენ - სპორტულ დარბაზში დავდიოდი, რაღაცით ვერთობოდი, სანამ დაგვიძახებდნენ. ეს ბევრს აღიზიანებდა, იმიტომ რომ იქ ხალხი მესამემეოხე წელი აბარებდა, გარეთ ოჯახები კანკალებდნენ. ნახევარს ჩაწყობილი ჰქონდა. რიგები იდგა ფაკულტეტების მიხედვით. მე სამკურნალოზე ვიყავი ორიენტირებული. პედიატრიულზე შედარებით პატარა რიგი იყო და რომ მივედი, ჩემთან ერთად ულამაზესი გარეგნობის გოგო დადგა. მაშინ მყავდა რომანტიკული სიმპატია ჟენია სიმონოვა, აი „აფონიაში“ რომ თამაშობს. ზუსტად ეგეთი იყო ჩემი კურსელი, ქეთი აფხაზავა, მახსოვს კიდეც სახელი. მეც მის უკან დავდექი. მერე ფიზიკა დავაწერინე მისაღებში, ორი ამოცანა ამოვუხსენი. იმან მიიღო 4 და მე - 3. ეს უკვე დიდი ტრაგედია იყო, მოხვედრის შანსი აღარ მქონდა. მერე წამოვიდა მოულოდნელი 5-იანი ქართულში და 5-ები ბიოლოგია-ქიმიაში, რამაც საშუალება მომცა გამსვლელი ქულა მიმეღო.
მაშინ სამედიცინო ყველაზე პრესტიჟულ ჰუმანიტარულ ინსტიტუტად ითვლებოდა. სხვათა შორის, მაშინდელი ქართული ელიტის სრული სპექტრი იყო წარმოდგენილი - სამედიცინო ინტელიგანცია, ზოგადად ინტელექტუალები, ეგრეთ წოდებული „ცეხავიკ-ძელეცური“ კონკორდის წარმომადგენლები და სოფლის ინტელიგენცია.
იქ გავიცანი ადამიანები, ვისთან ერთადაც მთაში წავედით. ავიღე საგზური, რომელიც 48 მანეთი ღირდა, რომლის ფულიც ასევე არ მქონდა, იმიტომ რომ სტიპენდია პირველივე სემესტრის მერე დავკარგე. ასე მოვხვდი აილამაში. ეს იყო 1982-1983 წლები. იქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომლებმაც მერე დიდი გავლენა იქონიეს ჩემს მსოფმხედველობებზე. ეს კლასიკური, საბჭოთა ტიპის ბანაკი იყო. დილით უნდა ამდგარიყავი, ეგრეთ წოდებული „ლინეიკა“ იყო, „პადიომები“, დროშის აწევები. ყველა იფურთხებოდა, ყველა პახმელიაზე იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, მთაში სიარულის მუღამი გვქონდა. მომეწონა ეს, თან იოლად გამომივიდა. 7-8 წელი აქტიურად ვიარე. მოვიარეთ საბჭოთა კავშირი.
მთამ ბევრი საინტერესო მეგობარი მომცა, ვისთანაც ერთადაც უნივერსიტეტის ჩაის სახლსა და ლიზიკოს კაფის „ჰენგაუთში“ გადმოვინაცვლე. ანუ სამედიცინო ინსტიტუტის რომანტიკიდან გადავედი უნივერსიტეტის „ტუსოვკაში“. მთის მეგობრებიდან ზოგი დაიღუპა, ზოგი დავკარგე, ზოგი დღემდე მომყვება, ზოგს გზა აერია, ზოგი მტრად მოვიკიდე. მოკლედ, რა მიშვნელობა აქვს. რაც მთავარია, ეგ იყო ჩემი ახალგაზრდობის სამეგობრო.
მეორე, რაც მთამ მომცა - სიდინჯე მასწავლა. იქ ვერ გაიქცევი და სპრინტერი ვერ იქნები. ვერ მივარდები კედელს და ვერ ავარდები სირბილით. თუ არ გაზომე შენი ენერგია, შეიძლება ბოლომდე ვერ ახვიდე, ან დაიკარგო, ან დაიღუპო, ან სხვა დაღუპო. მობილიზაცია, ენერგიის განაწილება - აი, ეს უნარები მერე რეალურ ცხოვრებაში გადმოვიტანე.
ბევრჯერ მქონდა ინსტიტუტიდან გამოსვლის მცდელობა. ჯერ ერთი, წამიღო სტუდენტური, ბოჰემური დინების ტალღამ, მერე უკვე როცა მოვტრიალდი და სწავლის სერიოზული სურვილი გამიჩნდა, მომეჩვენა, რომ ძალიან ჩაწყობილი იყო ყველაფერი. ეს პროტესტი უნდა გამოგეხატა ან იმით, რომ ყოფილიყავი ძალიან ძალიან მოწადინებული და ფოკუსირებული სწავლაზე, ან აი, ასეთი გზით უნდა წასულიყავი. უსამართლობის მომენტები ყოველთვის მაღიზიანებს ხოლმე. სწორედ ეს უსამართლობა იყო, რამაც ხელი ამაქნევინა ყველაფერზე. შემეძლო წავსულიყავი მოსკოვში ან პეტერბურგში, მაგრამ რაღაც-რაღაც მიზეზებით ვერ წავედი. ჩემი სხვა მეგობრები, ვისაც სწავლა უნდოდათ, წავიდნენ. ეს ინსტიტუტი ქალებისათვის შესანიშნავი მზითვი იყო, და კაცებისთვის, რაღაც „ყასბური“ პროფესიების ათვისების საშუალება - ქირურგობა, გინეკოლოგობა - რაც მერე ფულის საჭრელი მანქანა ხდებოდა. მე რადგანაც არც გათხოვება მაინტერესებდა და არც ყასბობა, ინტერესი დავკარგე. მეოთხე კურსის ბოლოს, მიმარიცხეს კიდეც, პოლიტეკონომიის ჩაუბარებლობის გამო, თუმცა მერე ისევ აღმადგინეს.
ინსტიტუტი რომ დავამთავრე, გამანაწილეს რაჭაში. მაგას მთა უყვარსო, და უწერა-შოვიღების ექიმად გამიშვეს, თავის ცხენით, თავის პატარა ოთახით ვიღაცის სახლში, რიონის პირას და 2 წელი მახსოვს როგორ საშინლად დავიტანჯე. ჯერ ისედაც ნახევარფაბრიკატი ვიყავი, მერე აბსოლუტურად მარტო, და მესამე, ვთვლი, რომ ცოტა ზნეობის მომენტიც მქონდა, განსხვავებით ვთქვათ კლასიკური შემთხვევებისაგან. თუ გაქვს წაკითხული ჩეხოვი ან ბულგაკოვი? ამ წიგნებიდან კარგად გაიგებ გამოუცდელი ექიმის განცდებს. პერდიატრიული დიპლომი მქონდა და ამ დროს იქ იყო მშობიარეც, მომაკვდავი მოხუციც და თანაც არ მქონდა არც კონტაქტი და არც მენტორი მყავდა. ამიტომ დამეკარგა ექიმობის სურვილი. მივხვდი, აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი მედიცინაში, და თანაც, არანაირი სურვილი არ მქონდა, ჭკვიანური სახე მიმეღო და ადამიანისთვის გამეკეთებინა ის, რაც არ ვიცოდი.
მაშინ დავდექი დილემის წინაშე, ან უნდა გამეგრძელებინა სწავლა და მუშაობა, ან არადა, ასეთი ფორმით ექიმობას არანაირი აზრი არა ჰქონდა. ეგეთი ექიმებით არის საქართველო სავსე და ამიტომაც არის ჩვენი საქმე კარგად. ამ პერიოდში მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით გაგვეკეთებინა ოჯახის ექიმის მოდელი პედიატრიაში. ამ პროექტის რეალიზაციის მცდელობა მქონდა რუსთავში და ამ დროს, სრულიად შემთხვევით გავხდი რუსთავის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი. ანუ იმას, რაც მინდოდა ჩემთვის მეკეთებინა, ამ პოზოციაზე მოსვლით სხვებს ვუკეთებდი. ამის მერე, მთელი ცხოვრება ასე მოვდივარ, რისი კეთებაც მინდა, იმას სხვას ვუკეთებ. ამ პერიოდში მივხვდი, რომ ძალიან მომწონს მენეჯერობა, სისტემების აწყობა, რეფორმების განხორციელება.
მთავარი ცოდნა, რაც იმ ერთი წლის განმავლობაში მივიღე, ვნახე, რომ ყველაფერი არ იყო სურვილზე დამოკიდებული. ადამიანებთან ურთიერთობაც ვისწავლე. ესენი იყვნენ ქარხნის დირექტორები, ანუ მაშინდელი გაგებით, „ხაზაისტვინიკები“, მენეჯერები და დირექტორები. ვსწავლობდი რა, შეცდომებს უშვებდნენ, როგორ უნდა მემუშავა მათთან ისე, რომ ჩემთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღოთ. მაშინ ვიგრძენი რაღაცის კეთების გემო. მას მერე ბევრი სისულელე მაქვს გაკეთებული, მაგრამ ნელ-ნელა გამოცდილებაც მოდიოდა.
რუსთავი 2
ეროსი: სამედიცინო დაზღვევის რეკლამირებისთვის, გამოვუშვით „რუსთავის ახალი გაზეთი.“ გაზეთ „სოციალისტური რუსთავის“ ფონზე, ჩვენი ყოველკვირეული გამოცემა ძალიან პოპულარული გახდა. იქ მუშაობდნენ ჟურნალისტიკის დღევანდელი ვარსკვლავებიც. სტამბასთან გვქონდა ჩვეულებრივი ურთიერთობა. ფულს ვიხდიდით და ვბეჭდავდით.
პირველი ისტორია იყო სკანდალი მხედრიონსა და რუთავის მილიციის უფროსს შორის. კოლოსარული ტირაჟი გავყიდეთ, 5000 ეგზემპლარი, რუსთავში, წარმოიდგინე? მოკლედ, ძალიან კმაყოფილები ვიყავით.
ამ დროს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით „მოვიაზრეთ“ რაღაც, რაც ჩემი მეგობრის მამას, გურამ ქაშაკაშვილს ძალიან არ მოეწონა, და პანღურის კვრით გამოგვყარეს სტამბიდან. გვითხრეს, აბა ახლა გაგვასწარით აქედან თქვენი კონტრაქტიანადო და გავასწარით.
ამ დროს გაგვიჩდა ტელევიზიის იდეა. ჩავთვალეთ, რომ სჯობს ერთხელ იყიდო გადამცემი, ერთი სამონტაჟო, ერთი კამერა, 2 ტელევიზორი და აღარ გინდა მერე ფულის ხარჯვა სტამბებში და ქაღალდებში. დამთავრდა იმით, რომ ტელევიზია გავაკეთეთ.
დამთავრებული არ გვქონდა ტელევიზიის გაკეთება, რომ ჩვენთან მოვიდნენ ავტომატგადაკიდებული ადამიანები: რუსთავის ტელევიზიას რომ აკეთებთ, ძმაო, ჩვენ აქ უკვე გვაქვს საკაბელო ტელევიზია „რუსთავი“-ო. მე ვუთხარი, კარგი, თქვენ იყავით „რუსთავის ტელევიზია“, და მე ვიქნები „რუსთავი 2“ - მეთქი. თავი დაგვანებეს.
„რუსთავის 2“-ის თავგადასავლებს აღარ მოვყვები, ეს მგონი ადრეც მომიყოლია. საბოლოოდ ეს ინფანტილური წამოწყება იმით დამთავრდა, რომ ამერიკული „ინტერნიუსი“ ჩამოვიდა საქართველოში. პირველი სემინარი გააკეთა და მე და ჩემმა დამფუძნებლებმა მაშინ პირველად გავიგეთ რა საქმეს შევეჭიდეთ. თავიდან ეს ყველაფერი თამაში გვეგონა. მერე აღმოჩდა, რომ ეს ძალიან საინტერესო ბიზნესი იყო.
„ინტერნიუსის“ სემინარებზე დიდი ტელევიზიების მეტრები არ ჩნდებოდნენ. იქ დადიოდნენ ქარელი, ლანჩხუთის, ლაგოდეხის ტელევიზიების დირექტორები. ჩვენი სახით „ინტერნიუსს“ ძალიან ნოყიერი ნიადაგი დავახვედრეთ. რაც მათ გვასწავლეს, ჩვენ კარგად შევისრუტეთ, გავიგეთ რა არის საკეთებელი და ტელევიზიის კეთება ნელ-ნელა უფრო პროფესიულად დავიწყეთ. ნელ-ნელა აზრზეც მოვედით.
ისე, პირველივე დღეს მივხვდით, რომ ძალიან მაგარ რამეს ვაკეთებდით. პირველივე დღეს, როგორც კი ჩავრთეთ გადამცემი და გავედით ეთერში. მე და ია სახლში ვიყავით. რუთავის ერთ-ერთ ყველაზე „ხრუშოვკულ ხრუშოვკაში“ ვცხოვრობდით. ჩვენი საინფორმაციოსთვის მგონი ლაღიძის მოტივი ავიღეთ, „ჩახედე მეგობარს თვალეებში“. სამი აკორდი იყო, „ტანანა-ტანანა-ტანანააა“... მოკლედ ეს მუსიკა რომ დაიწყო და გავედით ეთერში, გამოვედი აივანზე და უცბად უამრავი სახლიდან მომესმა აი, ზუსტად ამ მუსიკის ხმა. იცი, რა უცნაური განცდა იყო ?! აღმოჩდა, რომ მთელი ქალაქი გისმენს, და მივხვდი, რა საშინელი ძალაუფლებაა ეს ტელევიზია. ჩვენ შეგვიძლია, რა სისულელეც გვინდა ამ ხალხს ის „ვაჭამოთ“, იმიტომ რომ, გიყურებს.
მიუხედავად იმ ლეგენდებისა და იმიჯისა, რაც რუსთავის 2-ს ჰქონდა - მაშინდელი „რუსთავი 2“-ისაგან, დღეს აგრესიული და პოლიტიზირებული ტელევიზია დარჩა - არასოდეს ვმანიპულირებდით! ამას ვერავის ვაჯერებ, სამწუხაროდ. რევოლუციის დროსაც, ჩვენ კი არ ვმანიპულირებდით, გამოვედით და ვთქვით, ჩვენ ამის გვჯერა და გავაკეთეთ მაქსიმუმი. ეს მანიპულირება არ არის. მანიპულირება ის იქნებოდა, უკან რომ ვმჯდარიყავით და ობიექტურობა გვეთამაშა.
შეიძლება სატელევიზიო სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის მიხედვით ეს ცუდი ნაბიჯი იყო, მაგრამ ეგრე იყო. მაშინაც კი, როცა საარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიები ძალიან მგრძნობიარე რეჟიმში გადადიოდნენ, მაშინაც ვცდილობდით, რომ შუაში გვევლო. აგერ არ არის ეს ხალხი? ცოცხლები არ არიან ეს ჟურნალისტები? ერთი მაინც მოვიდეს და მითხრას, თუ ვმანიპულირებდი! ერთადერთი, მორატორიუმს ჩვენს თავისუფლებაზე არჩევნების პერიოდში ვაცხადებდით. და მეორე, ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვუდგებოდით რეკლამის დამკვეთს, ვზოგავდით ხოლმე. დანარჩენ შემთხვევაში, მიდიოდა ის, რასაც ჟურნალისტები აკეთებდნენ. ასევე, ზოგადად ვცდილობდით, რომ გემოვნების პრობლემა არ ყოფილიყო. შეცდომები მოგვდიოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ გულწრფელები ვიყავით. საზოგადოებასთან ერთად ვიზრდებოდით. გადამლაშებული ბევრი სისულელე იყო, ანუ ბევრისაგან განსხვავებით, მე არ ვაიდეალებ იმ პერიოდს.
თუმცა, ტელევიზიის მთავარ ორიენტირებს ხომ თქვენ საზღვრავდით?
მე და ჩემი პარტნიორები ვსაზღვრავდით. ყველაფერს საკუთარ ფილტრში ვატარებდით. თუმცა, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებითა და კატეგორიებით არ ვმსჯელობდით. ეს არ იყო სადღაც გამოჩხრეკილი ზნეობრიობის სტანდარტები. კედელზე 10 მცნება არ გვეკიდა და დილა-საღამოს სანთლებს არ ვანთებდით. არა! ჩვენ საკმაოდ პრაქტიკული პოზიციებიდან ამოვდიოდით და არანაირად ღმერთს არ ვებარებოდით. ვმუშაობდით რა.
ისინი, ვინც ტელევიზიას ვაკეთებდით, მაშინ ვთვლიდით, რომ შევარდნაძის მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რაღაც პროცესების შესაცვლელად. მანამდე, ასევე გულწრფელად გვეგონა, ზვიად გამსახურდიას მოსვლა, რადგან ოთხმოცდარაღაცპროცენტიან წარმატებას მიაღწია, კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის. მერე ასევე აღარ მომწონდა ის სიგიჟეები, რასაც მიტინგების ეპოქა ერქვა. ტელევიზიასთანაც ვმდგარვარ, როცა ვუპირისპირდებოდით გამსახურდიას. შევარდნაძით აღტაცების პერიოდიც გვქონია და შევარდნაძის ილუზიების ნგრევაც გამოვიარეთ. ადამიანები ვიყავით რა. არ გვქონია პოლიტიკური ამბიცია. ჩვენ არ ვიყავით ორიენტირებული პოლიტიკაზე. რაც გაიარა საქართველომ, ის გავიარე მეც!
პრინციპულად რით განსხვავდება დღევანდელი მედია სამი წლის წინანდელი მედიისგან?
ჩემთვის დიდი არაფერი შეცვლილა, გაგიკვირდება, მაგრამ, ერთ რამეში დავრწმუნდი. როცა წარმატებულები გავხდით, დაგვეწყო უშეცდომობის ილუზიები. მეორეს მხრივ, რაც დამანახა შემდეგმა წლებმა ის არის, რომ ჟურნალისტიკა შორს არ წასულა. ისევ იქ ვართ, საიდანაც დავიწყეთ. უბრალოდ, ჟურნალისტიკაში წარმატებული ადამიანები იღებენ განუსაზღვრელად მეტ შემოსავალს. ეს ძალიან ცუდია. ჟურნალისტებმა დაუშვეს, რომ ასეთი ფასეულები არიან, მიიღეს თამაშის წესები და პირობები, და ვიღაცის სამსახურში ჩადგნენ. ეს იმას ნიშნავს, ჟურნალისტიკაში პოლიტიკა ძალიან აქტიურად გაჩნდა,
რაც მანამადე არ იყო?
ასეთი მასშტაბით არ ყოფილა.
მთლიანობაში მედია არ განვითარდა, ისევე, როგორც ბევრ სფეროში საქართველოში, ცოდნა არ შევიდა, დინამიკა არ არის. რეალური კონკურენციაც არ მოხდა. უბრალოდ კონკურენციამ ინტელექტუალური ზონიდან მატერიალურ ზონაში გადაინაცვლა. სხვათა შორის, უცნაური რაღაც მითხრა კახა ლომაიამ - პირველი წელი ყოფილა შარშან, როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მიმართ ინტერესი აღარ იყო, და ჟურნალისტიკა, როგორც პოპულარული პროფესია, ამოვარდა ჩამონათვალიდან. ანუ, მივედით იქ, სადაც უნდა მივსულიყავით. ჩაქრა ამ სფეროთი ეგზალტაცია. ახლა ჟურნალისტიკა უფრო პროფესიონალური ხდება.
მანამადე იყო ეგრეთ წოდებული დაღვინების, ახალგაზრდობის თუ, რევოლუციური და მდუღარე პროცესების პერიოდი. ახლა გადადის იქ, სადაც საჭიროა. ამერიკაში ჟურნალისტი არ განიხილება საერთო კერპთაყვანისმცემლობის საგნად. ახლა ჩვენთანაც წამოვლენ პროფესიონალები.
რაც შეეხება ტელეკონკურენციას, აქაც მგონია, რომ გადაჭარბებულია მოლოდინები საზოგადოების მხრიდანაც და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდანაც. ვფიქრობ რომ ტელევიზიის განვითარებისათვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი ტენდენციები: დივერსიფიკაცია! უფრო აქტიურად უნდა წამოვიდეს გასართობი მიმართულებები, უფრო აქტიური უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლობა, არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ საზოგადოებრივი ნიშნით. საერთოდ, ტელევიზიების პრიორიტეტები და ფასეულობები უნდა შეიცვალოს. მონიტორინგი რომ ჩაატარო დღევანდელი ტელენიუსების, რაზე ტრიალებს დღეს ქართული საზოგადოება - ეს, ზღვარგადასული რეაქციებია კრიმინალურ ისტორიებზე, მეათეხარისხოვანი პოლიტიკური თემები, ან ისევ კრიმინალური „ქეისები“ ჯანდაცვაზე. სინამდვილეში კი, პრობლემები
უფრო მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია. მაგრამ ჟურნალისტები მარტივი კლიშეებით მუშაობენ. ეს არის შესაცვლელი და მე თუ მკითხავ, ესაა პრობლემა და არა გარდასული დღეების ქვითინი. ერთმანეთთან ცივი ომის პირობებში, ჩვენვე გავხადეთ ჟურნალისტები ასე სპეკულატორულად ფასეულები. თუმცა, რაც არ უნდა აწიოს ტონალობა ღამის 11 საათზე რომელიმე ჟურნალისტმა, ბევრად უფრო სუსტია ჟურნალისტიკა დღეს და ნაკლებ საზიანო დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ვიდრე ადრე იყო.
არსებობს რეალური „დედლაინი“ იმისათვის, როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რაღაც შედეგები აჩვენოს?
მთავარი პრობლემაა, არავინ არ ვიცით, რა უნდა იყოს საბოლოო პროდუქტი. ყველამ ვიცით, რომ კარგი გვინდა, და საზოგადოებრივი გვინდა, მაგრამ როგორია ეს ყველაფერი, არ ვიცით.
ივნის-ივლისამდე კონკრეტული პროექტების სახით შეიძლება დავინახოთ ცვლილებები. მე და თამუნა აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ერთმანეთს მოვერგოთ. აქ ლაპარაკია, ტემპერამენტებისა და ხედვების განსხვავებულობაზე. ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს მოვარგოთ. მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამერიკაში ტელეგამოფენაზე ყოფნა.
შემდეგ, წლის ბოლომდე, ამ არხის კონტურები კიდევ უფრო გაძლიერდება და მთელი შემდეგი წელი საბოლოო ფორმირების წელი იქნება, ანუ განისაზღვრება ამ ტელევიზიის მომავალი 10 წლის ტრაექტორია.
უფრო გრძელვადიანი შედეგი საზოგადოებაზე რეალური გავლენის მოხდენაა. ოღონდ მე არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა ამ საზოგადოებას. უბრალოდ, იმ ხალხის მოყვანას ვაპირებ, ვისაც ამ საზოგადოებისთვის აქვს სათქმელი. ასეთი უამრავი ადამიანია. უბრალოდ, დღეს ამ ადამიანებისაგან ტელესივრცე მთლიანად არის დაცლილი.
მოკლედ, პირველ ფოთლებს მალევე დაგანახებთ, მაგრამ ხეჭეჭურს 10 - 15 წლის მერე მოვკრეფთ. ძალიან გადაჭარბებულია მოლოდინები, რომ ჩვენ 2008 წლის არჩევნებით ყველაფერს მივანგრ-მოვანგრევთ. სისულელეა ეს ყველაფერი. ჩემთვის ეს არის მეათეხარისხოვანი ინტერესის საგანი. ბევრად საინტერესო და საჭირო რაღაცეებია ამ ქვეყნისთვის საკეთებელი.
პოლიტიკაში წახვალთ ოდესმე?
შესაძლებელია. ახლაც მზად ვარ პოლიტიკაში წასასვლელად.
მაგრამ ჯერ-ჯერობით საქართველოში ბიზნესის კეთების ძალიან ბევრი შესაძლებლობაა. ამიტომ, ვიდრე პოლიტიკაში წავალ, იქამდე მილიონი საინტერესო, ეფექტ-მიღებული პროდუქტი მაქვს შესაქმნელი. ჯერ არ მომბეზრებია ეს ყველაფერი.
თუმცა, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ყველაფრისთვის მზად ვარ, ყველანაირი სამზარეული მომწონს, ახლის ცდა მიყვარს!
რა პრინციპებს არ უღალატებთ არასოდეს?
ძნელი სათქმელია, სათქმელად ყველაფერი მაინც ძალიან ბრტყელია. მთავარი პრინციპი მაინც ის არის, რომ მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ. აი ეს არის, რითაც ვცდილობ ყველასთან ურთიერთობას.
კიდევ ერთი პრინციპია: არასოდეს იყო საცოდავი. თავი არ უნდა გეცოდებოდეს
და ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი უნდა ეძებო გამოსავალი, თავიდან რამის დაწყების არ უნდა შეგეშინდეს.
რაც შეეხება ბიზნესს, ბიზნესი არ უნდა იყოს კრიმინალური, დანარჩენში თავისუფალი ხარ!
როგორ მოხდა ისეთი რომ დათო დვალს გამარჯობასაც აღარ ეუბნებით?
მოდი რა, ეს თემა გამოვტოვოთ, უფრო სწორად, კი არ გამოვტოვოთ, ძნელი ასახსნელია, მაგაზე პასუხი არ მაქვს. როგორ ხდება ხოლმე, რომ უმყარესი ოჯახები ინგრევა? ეროზია თუ კოროზია ისეთი რამეა, რომ არ ჩანს, და მერე პრობლემა და კონფლიქტი რომ ჩდება, ვაის და ვუის ვიწყებთ ხოლმე.
თუ ფილოსოფიურად შევხედავთ, ეს არის პრობლემა არა, ის, რა მასშტაბის იყო კონფლიქტი, ან განსხვავებულობა, არა. ჩვენ გვაერთიანებდა ეგრეთ წოდებული „ალყა შემორტყმულ რეჟიმში“ მუშაობა. მტრების ფილოსოფიით, დაცვის რეჟიმზე ვიყავით გადასულები. როცა გავიმარჯვეთ, და სისტემა გავხსენით, აღმოჩდა რომ ის არ იყო წარმატებაზე აგებული. არასოდეს გვიფიქრია, წარმატების შემთხვევაში რა უნდა გვეკეთებინა. ამიტომ გამოვიდა, რომ წარმატებას ვერ გავუძელით. თუმცა, ეს არ ყოფილა თავბრუდახვევა. წარმატებას თავის მენეჯმენტი სჭირდება.
ერთმანეთთან მობრუნება რატომ არ ხდება? არ ვიცი. ეტყობა ეგ მაინც ჩემი ხასიათის ბრალია. მე არ ვარ ორიენტირებული სამაგიეროს გადახდაზე, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა მიჭირს. შეიძლება სპონტანურად ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეები.
თქვენზე ამბობენ, ძალიან ჭკვიანიაო...
პიანისტებს ემართებათ ხოლმე - ერთ მშვენიერ დღეს დაკვრის უნარის დაკარგვის ეშინიათ. სულ მაქვს განცდა, რომ ახლა რასაც ვაკეთებ, ამის გაკეთება სხვებს ბევრად უკეთესად შეუძლიათ. არასოდეს ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობა უნიკალური ცოდნის შედეგია. პირიქით. ერთადერთი, რაც კარგად განვითარებული მაქვს, ადამიანებთან ურთიერთობის უნარია. ეს და კიდევ ხედვების ამბავია. თუ ეს ჭკუაა, მაშინ ჭკვიანი ვყოფილვარ.
![]() |
9 ალბათ |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: დავით მესხი, პირადი არქივი
3 წლის წინ, კვარიათში
„გიო, გეხვეწები, ამოდი ახლა. მაინცდამაინც გინდა იმ ქართველი ქალებივით მოვიქცე, პლაჟზე რომ წივიან და კივიან ხოლმე?“
სამი წლის წინ, კვარიათის პლაჟზე სრულიად სერიოზულად ეხვეწებოდა ნუცა თავის 2 წლის ბიჭს, რომელსაც წყლიდან ამოსვლა არა და არ უნდოდა. მაგრამ ზღვის ხმაურის ფონზე, გიო ამ „ჩურჩულ-ვედრებას“ როგორ გაიგებდა? მერე კიდევ გაიმეორა იგივე. ზუსტად ისეთივე, ძალიან დაბალ ხმაზე.
ვუყურებდი და ვფიქრობდი, ოდესმე უწევს თუ არა ხმას ზევით ნუცა ალექსი-მესხიშვილი? თუ უყვირია ოდესმე, თუ უჩხუბია?
„- სერიოზულად ნერვებს მიშლის, როგორ ექცევიან ჩვენში ბავშვებს... რატომ ტენიან ძალით საჭმელს, როცა არ შიათ... დედას თუ ქუდი არ ახურავს, ბავშვს რატომ უნდა ეხუროს? დედას თუ არ სცივა, რატომ უნდა სციოდეს ბავშვს?“
შენც ასე თავისუფლად გაიზარდე-თქო, ვკითხე მაშინ, კვარიათში.
„12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. მაგრამ ლადო ძალიან კარგად მახსოვს. ლანა სულ გადაღებებზე იყო, ამიტომ მე და ჩემი და, ქეთი, მამას მივყვებოდით ხოლმე ზღვაზე. თვითონ შორს მიცურავდა, ჩვენ კი ვისხედით და ვაკვირდებოდით, როგორ იქცეოდა ნელ-ნელა „წერტილად“... არა, მამა არაფერს გვიკრძალავდა“
ფოტო: დავით მესხი
როცა ლანა ღოღობერიძე შეირთო ცოლად, ლადო ალექსი-მესხიშვილი უკვე ორი ვაჟის, გოგი და ლადო-უმცროსის მამა იყო. იმხანად სპორტის სასახლეს აშენებდა. ლანა კი თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს იღებდა, „ერთი ცის ქვეშ“ , რომლის მესამე ნოველა მხატვრისა და გოგონას სიყვარულზეა... სპორტის სასახლის ფონზე.
ჰო, ლანა ღოღობერიძე სულ გადაღებაზე იყო. თავისი ბავშვობის (და შეიძლება მთელი ცხოვრების) მთავარ განცდას, სტალინის გულაგიდან დედის დაბრუნებას, ფილმიც მიუძღვნა - „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, რომელშიც, სხვათა შორის, ნუცაც ათამაშა.
„ლანა მარტო გაიზარდა და დამოუკიდებელი იყო. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ყოველთვის აფასებდა ჩემს დამოუკიდებლობას. 21 წლის რომ გავხდი, ჩემზე ათი წლით უფროს კაცთან დავსახლდი, მაგრამ ზედმეტი არაფერი უკითხავს.“
ისევ ხმადაბლა ლაპარაკობს. არადა, არ უნდა იყოს მორცხვი. თავის საკურსო ფილმში „ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით“, რომელმაც პარიზის კინოსკოლის, „ფემისის“ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ნუცას გმირი, დაახლოებით მისი თანატოლი გოგონა, მარინა კობახიძის შესრულებით, ხმამაღლა ამბობს: „თურმე მართლა შეიძლება გიყვარდეს 2 ქვეყანა და ორი კაცი!“
10 წლის წინ თბილისში
პირველად ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმები 1996 წლის დეკემბერში უჩვენეს თბილისში. „7 დღეს“ დავპირდი, ვნახავ მის ფილმებს და დაგიწერთ რამეს, „ფემისი“ აქამდე არც ერთ ქართველს არ დაუმთავრებია, ამიტომ საინტერესო უნდა იყოს, რა გადაიღო-მეთქი.
იმ დროს, „7 დღეს“ უკვე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლება. შევარდნაძის მრჩეველმა სტატიაც გამოაცხო სათაურით „7 დღე“ წყვდიადში“, რომლის ავტორი გაზეთს, ყველაფერთან ერთად, ფემინიზმში „სდებდა ბრალს“... ჰოდა, აბა როგორ არ დავწერდი რამეს რეჟისორი ქალის შვილზე, რომელიც ასევე რეჟისორი ქალია?!
ჯერ ლანას ვესტუმრე. ნუცაზე და „ქალურ კინოზე“ ველაპარაკე.
„დარწმუნებული ვარ, ის, რასაც გრძნობს და თავის შემოქმედებაში გამოხატავს ქალი, შეუძლებელია მამაკაცმა გამოხატოს. მაგალითად, ქალმა იცის, რა არის მშობიარობა. ეს აბსოლუტურად სხვა გრძნობაა, რომელიც კიდევ სხვა გრძნობებს ბადებს.“
მაგრამ ნუცამ მაშინ არ იცოდა, რა არის მშობიარობა. არ იცოდა, თუმცა თბილისში ნაჩვენები მისი ორი სტუდენტური ფილმი ძალიან განსხვავდებოდა ყველაფერი იმისგან, რასაც ქართველი რეჟისორები (კაცებიც და ქალებიც) იღებდნენ. პირადად ჩემთვის ეს პატარა ნოველები სასწაულის ტოლფასი გახდა - ასეთი, კარგი გაგებით „აკურატულობა“, კადრის სისუფთავე და გამჭვირვალება, იმდროინდელ „ჭუჭყიან“ ქართულ კინოში მართლაც რომ ეგზოტიკად აღიქმებოდა.
პირველი, საკურსო სურათი „ერთი ღამე“ უფრო ეტიუდია, ვიდრე ფილმი. ახალგაზრდა ქალი (ისევ მარინა კობახიძე) შუაღამეს შეყვარებულთან ჩხუბობს, გაურბის მას და, ვინაიდან პარიზში სახლი არა აქვს, პატარა კაფეს აკითხავს, მაგიდასთან ჯდება და მაყურებლისთვის სრულიად მოულოდნელად, ქართულად წერს წერილს „საყვარელო ქეთი, ძალიან მომენატრე...“ მერე ვიღაც მთვრალი აეკიდება. კაფედან გარბის. ოფიციანტი ალაგებს მაგიდას და მისთვის უცნობ ენაზე დაწერილ წერილს ნაგავში გადაუშვებს.
მეორე ფილმი - „ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით“, ფაქტობრივად, პირველის გაგრძელებაა. იგივე გოგონა აქ ფოტოგრაფია. შეყვარებულისგან იგებს, რომ მისი გამოფენის მოწყობის ამბავი დადებითად გადაწყდა. იქნებ რომელიმე სურათი გაიყიდოს და ასრულდეს მისი ოცნება - წავიდეს ზღვაზე, შაბიამნისფერ ზღვაზე, ასე ხშირად რომ ჩნდება მის ფოტოებზე. გამოფენის მოწყობამდე გადაწყვეტს უამბოს შეყვარებულს თავისი ქვეყნის შესახებ. უამბოს და უჩვენოს გამოფენისთვის მომზადებული ფოტო-ნახატები - როგორ გავიდა ქუჩაში 1989 წელს, როგორ შეებრძოლა საბჭოთა ტანკებს, მერე როგორ გაიქცა პარიზში... უამბოს მასსავით, თბილისიდან გაქცეულ ახალგაზრდა ქალებზე - ერთი მარტოხელა დედაა, მხატვარი, რომელსაც ნამუშევრები არ ეყიდება, მეორე ფრანგულს სწავლობს, მსახიობობაზე ოცნებობს, მეგობარი ბიჭი ჰყავს, რომელსაც ვერ დაუმახსოვრებია, რა ჰქვია ამ ქვეყანას - სულ ერევა „საქართველო“ სხვა ქვეყნებში... დიდხანს უყურებს ერთ ფოტოს, მამამისს, რომელიც, თურმე, ძალიან შორს და ძალიან კარგად ცურავდა. იგი კი იჯდა ნაპირზე და აკვირდებოდა, როგორ უერთდება ლადო ზღვის ჰორიზონტს, როგორ გადაიქცევა „წერტილად“.
„თურმე მართლა შეიძლება გიყვარდეს 2 ქვეყანა და ორი კაცი!“
ლანა და ნუცა
„მოქალაქე დედის შვილი, რომლის მამა კარგად ცურავდა“. ასე დავარქვი სტატიას. ძალიან მინდოდა, მკითხველი დამერწმუნებინა, რომ ნუცა ალექსი-მესხიშვილი „შამპუნში გაზრდილი“ ქართველი გოგო-ბიჭების რიცხვს არ მიეკუთვნება, რომ ლანა ღოღობერიძის შვილობა, თავისთავად, არაფერს ნიშნავს (არადა, „7 დღეში“ ერთი და იგივეს მეკითხებოდნენ - „ლანას შვილის ფილმებზე წერ?“) და რომ საქართველოს არაფერი ეშველება, სანამ შვილებს, ზრდასრულ ადამიანებს, მათი მშობლებით „გაზომავენ“.
ლადო ალექსი-მესხიშვილი, ლანა ღოღობერიძე
ამ აკვიატებული აზრის სიმწარე ლანა ღოღობერიძემ თავის თავზე გამოსცადა - „ხალხის მტრის“ შვილი იყო. შეიძლება ამიტომაც არ ჩარეულა შვილების არჩევანში.
მაგრამ იყო მშობლისგან თავისუფალი, არ ნიშნავს გაექცე მას. გაქცევა, თავის შველა ხომ, როგორც წესი, არაფერს ცვლის ხოლმე.
„მამის გარდაცვალების შემდეგ დიდხანს მეგონა, რომ თბილისი - მხოლოდ ლანას მეგობრები იყო. მთელი ბავშვობა ამ ქალებთან მაქვს გატარებული - ზაირა არსენიშვილი, ნანა ხატისკაცი, სხვები... ეს იყო ჩემთვის თბილისი და საქართველო. აკადემიაში როცა ჩავაბარე, აღმოჩნდა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რა არის ცხოვრება.“
„არ ვიცის“ და „ალბათს“ ნუცა მართლაც ხშირად იმეორებს. მაგალითად, ზუსტად არ იცის, რატომ გაჰყვა თავიდან მამის და არა ლანას გზას. არც ის იცის, რატომ დაანება თავი ხატვას და მოულოდნელად გადაწყვიტა, რეჟისორი გამხდარიყო - კინორეჟისორი ქალის კინორეჟისორი ქალიშვილი... ოღონდ სულ სხვანაირი რეჟისორი.
ლანა ღოღობერიძე კინოში ლიტერატურიდან მოვიდა. ნუცა კი მხატვრობიდან. „ვიზუალური სიამოვნების“ განცდა, რომელსაც ქმნის ნუცას ფილმები (და უნდა ვაღიარო, თავად ნუცაც), ლანას ფილმებისთვის არასდროს იყო დამახასიათებელი. ლანას აქტიური გმირები უყვარს და 60-იანელების საყვარელ გამოთქმას თუ გავიხსენებთ - „მოქალაქეობრივ პოზიციას“ დაუფარავად, ხმამაღლა, არცთუ იშვიათად პლაკატურად გამოხატავს. ნუცა... ხმადაბლა ლაპარაკობს და ცდილობს გაეცალოს იქაურობას, სადაც ყვირიან.
ესკიზი ფილმისათვის
ჯერ არც კომპიუტერი, არც მობილური
საფრანგეთში 1992 წელს ჩავიდა. „ფემისში“, რომელიც ხუთი წლის მერე დაამთავრა, ერთადერთი ქართველი იყო. ფრანსუა ოზონთან ერთად სწავლობდა. ამბობს, სტუდენტობისას ოზონი საერთოდ არ გამოირჩეოდაო. იმხანად „ფემისის“ საპატიო დირექტორი ლუის ბუნუელის საუკეთესო ფილმების სცენარის ავტორი, ჟან-კლოდ კარიერი იყო
„პირველივე შეხვედრაზე გვითხრა, აი, ჩემი მისამართი, აი, ჩემი ტელეფონი, ჩემი სადარბაზოს კოდი. როცა გნებავთ, მაშინ მესტუმრეთო. სახლი, რომელშიც კარიერი ცხოვრობს, 50-იანი წლების ყოფილი ბორდელია - წითელი სადარბაზოთი და სარკეებით. საათობით შეიძლებოდა მასთან ჯდომა და საუბარი.“
საათობით შეიძლებოდა მაესტროსთან პირისპირ საუბარი. იმიტომაც, რომ 92-97 წლებში, როცა ნუცა პარიზში სწავლობს, ჯერ არც ელექტრონული ფოსტა არსებობს და არც მობილური ტელეფონი. არ არსებობს, მაგრამ შემოდის.
არასდროს მიფიქრია ამ „გარდამავალ“ ეპოქაზე. ნეტა ვინმემ თუ გამოიკვლია, რა ხდებოდა ამ დროს ჩვენს ცნობიერებაში?
გამოკვლევით არც ნუცას გამოუკვლევია. მაგრამ მეჩვენება, რომ ბევრს ფიქრობს ამაზე.
„კინოსკოლის სივრცეში სამოთხეში მეგონა თავი. სხვათა შორის, ეს „ფემისის“ მინუსად ითვლება - ბევრი ამბობს, პარიზის კინოსკოლა გარე სამყაროს არ შეესაბამებაო, ამ „სამოთხიდან“ რომ გამოდიან, სრულიად უცნობ რეალობას ეჯახებიანო.“
ხედავთ, რა ხდება? ჯერ „ლანას პადრუგები“ - მშვიდი საუბარი ჩაისთან, მერე „ფემისის ნეტარება“ - ჟან-კლოდ კარიერის „წითელ სახლში“ გატარებული საათები. თანაც, სად? სიყვარულისა და ნეტარების ქალაქში - პარიზში!
„პარიზში ცხოვრების დროს, პრინციპულად არ მქონდა ვინმესთან რომანის მოთხოვნილება - ეს ადაპტაცია მარტომ უნდა გაიარო და არა ვიღაცის ხარჯზე. ვიცი, რომ ამ ქალაქში ყველას უჩნდება ვიღაცასთან ერთად ხელჩაკიდებული სიარულის სურვილი. მებრალებოდნენ ქართველი გოგოები, ილუზიებს რომ იქმნიდნენ - ფრანგ ბიჭს შევუყვარდები და საფრანგეთში დავრჩებიო.“
აბა რა ქნან ქართველმა გოგონებმა, როცა ძალიან უჭირთ, თბილისში დაბრუნება კი მათთვის დამარცხების ტოლფასია? ეს პერიოდი ხომ ნუცასაც გავლილი აქვს, თვითონ აღიარებს, ვიცი, როგორი მწარეა, როცა ხურდებს ითვლი, სიგარეტი რომ იყიდოო.
არა, სულ ასე კი არ უჭირდა. სამუშაოც იშოვა. სცენარებსაც წერდა, მაგრამ ერთ დღეს გაიღვიძა და მიხვდა, კაპიტალიზმთან ბრძოლას და ნელ-ნელა პატარა წრუწუნად გადაქცევას, ისევ ხმაურიან თბილისში დაბრუნება ჯობია.
„ჩინელი მეზობელი მყავდა პარიზში. ჩემს ზემოთ ცხოვრობდა. წყალი ჩამოუშვა ერთხელ. ავედი დასახმარებლად, მაგრამ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. ვერ გავიგე, მეჩხუბებოდა თუ უხაროდა... მეგონა, გაბრაზდა ჩემზე, მაგრამ თურმე მადლობას მიხდიდა... თუმცა თბილისშიც ბევრია ასეთი „ჩინელი ქართველი“, რომელსაც ვერაფერს გაუგებ. ალბათ...“
კომუნიკაციის პრობლემა?
როცა შენი არ ესმით, უნდა იყვირო. მაგრამ აკი მოგახსენეთ, არ შეუძლია ხმამაღლა ლაპარაკი! ამ მხრივ, ძალიან ჰგავს თავისი, ჯერ გადაუღებელი, მაგრამ უკვე დაწერილი ფილმის პერსონაჟს.
www.dedamitsa-earth.com - ეს ნუცა ალექსი-მესხიშვილის სცენარის სამუშაო სახელია. ვინ არ იცის დღეს, რას ნიშნავს ეს „com“? დაშლილი და დაქუცმაცებული სამყაროს გამაერთიანებელი მაგიური სიტყვა. ყველა ენაზე ერთნაირად რომ კითხულობენ. მომავალი ფილმის გმირს, ანას, 20 წლის ქართველ გოგონას, იმედი აქვს, რომ ეს სამყარო ჯერ მთლად თუ არ გაერთიანებულა, ყოველ შემთხვევაში უფრო ღიაა, ვიდრე თუნდაც ათი წლის წინ, როცა ელექტრონული ფოსტა და მობილური მხოლოდ და მხოლოდ ჩნდებოდა.
თანაც, ფრანგული იცის. „მოჟეთი“ ისწავლა: „ბატონი ვენსანი, მისი მეუღლე და ორი შვილი დილას დგებიან, კბილებს იხეხავენ, იცვამენ, მიირთმევენ კრუასანს და შეუდგებიან ბედნიერ ცხოვრებას“.
ბერნარ პივოს გადაცემაშიც მიიღო მონაწილეობა. ქართველი ბავშვების გუნდში „მშვენიერი საფრანგეთი“ იმღერა. ჰოდა, რატომ არ უნდა წავიდეს საფრანგეთში, რატომ არ უნდა დაათვალიეროს პარიზი, რომლის ყველა ხიდის სახელი იცის? ერთთვიანი ვიზა აქვს, მაგრამ ანას ვეღარავინ გადაათქმევინებს - საფრანგეთში უნდა დარჩეს!
ჩასვლისთანავე, სადგურზე, ჩემოდანს პარავენ. პასპორტი კი მაინცდამაინც ჩემოდანში შეინახა. საბუთების გარეშე, „არალეგალად“ ითვლება.
მაგრამ კეთილი ხალხის მეტი რა არის ამ პლანეტაზე? მოხუცი ქალბატონი, კატებთან და თავის ერთადერთ ვაჟიშვილთან რომ ცხოვრობს, წაიყვანს, ლოგინს გაუშლის, დააპურებს და მერე „პადრუგებსაც“ გააცნობს ეგზოტიკურ გოგოს ეგზოტიკური ქვეყნიდან.
კადრი ფილმიდან „ზღაზე ხომ არ წავსულიყავით?“
„ხომ იცი ეს ფრანგული პერსონაჟები - ჯერ ძაან მიმღები რომაა, კეთილგანწყობილი, ზრდილობიანი და მერე რომ ღლის შენი უსუსურობა. ასეთ ხალხში ხვდება ანა. თუმცა, ვერ ვიტან, შენი გამოცდილება ყველაზე რომ გადაგაქვს და მერე აზოგადებ - „გერმანელები ასეთები ყოფილან“, „ფრანგები ასეთები ყოფილან“, იწყებ „აქ ისეა, იქ ისეა“... ჩვენ ასეთი აზროვნების მსხვერპლი ვართ.“
არ ვიცი, რას იტყვის ანა საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რას ილაპარაკებს ფრანგებზე - განაზოგადებს? ფაქტია მხოლოდ, რომ ნუცა ალექსი-მესხიშვილისა არ იყოს, ანამ დიდი გამოცდილება შეიძინა.
„პოსტსაბჭოთა ეპოქის ყველაზე დიდი ჭრილობა, ალბათ, იმ სამყაროსთან ურთიერთობაა. ჩვენი შედარება-არშედარება, რაღაცის შენარჩუნება-არშენარჩუნება. ეს უნდა იყოს ფილმი უცხოელზე, რომელიც არც ომს გაექცა, არც პოლიტიკას და არც გაჭირვებას... მაშ რას გაექცა?“
„მე თავისუფლება მინდა! თქვენ ვერ ხვდებით, რადგან თქვენ... თავისუფალი ხართ... თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ... შეგიძლიათ იმოგზაუროთ... შეგიძლიათ...“ - უყვირის ანა ფრანგებს.
ასეა. 20 წლის ქართველ გოგოს თავისუფლება - მოგზაურობა ჰგონია. თავისუფალი გადაადგილება სივრცეში. კლაუსტროფობიური გარემო - პასპორტებით, ბეჭდებით, ვიზებით, მას სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მაგრამ ვინ თქვა, რომ საფრანგეთი არაა ეს ჩაკეტილი სივრცე და ვინ თქვა, რომ ფრანგებს არ უნდათ იქედან თავის დაღწევა?
ფოტო: დავით მესხი
ჰეფი ენდი (ალბათ)
თბილისში რომ დაბრუნდა, სასწრაფოდ დაიწყო ამ სცენარის წერა. შეყვარებულს დაშორდა და სხვა რა უნდა ეკეთებინა?
„ოდესმე რომ ნახო ვორდის ფაილების რაოდენობა, გაგიკვირდება... „სექტემბერი 99“, „ოქტომბერი 2000“... გაუთავებლად ვცვლიდი ყველაფერს. სტიმულს ის მიქმნიდა, რომ საკუთარ თავზე გამოვცადე ორ, ძალიან განსხვავებულ სამყაროში ერთდროული ცხოვრება... როცა თან ხარ ემიგრანტი და თან - არა... ქართველების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი გრძნობაა - აკი გითხარი, ტიპური ვარ მეთქი...“
სცენარი დასრულებული იყო. ნუცა ალექსიმესხიშვილს, როგორც „ფემისის“ ერთადერთ ქართველ კურსდამთავრებულს, როგორც ნიჭიერ ქალს და, თუ გნებავთ, როგორც ლანა ღოღობერიძის შვილს (ელჩი იყო მაშინ სტრასბურგში), თავისუფლად შეეძლო ერთი კარგი ფრანგი „კინოვაჭრის“ პოვნა ფილმის დასაფინანსებლად. მაგრამ მოულოდნელად შეიცვალა ყველაფერი.
აპრილში თბილისის ერთ ოჯახში კოკა ტოგონიძე გაიცნო, ჰამბურგში მცხოვრები ქართველი პროგრამისტი, რომლის კომპიუტერული ფირმა „ვიდოფონი“, ვიდეოკონფერენციებს რომ აწყობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება გერმანიაში. აპრილში გაიცნო. მაისში კი ჰამბურგში გაჰყვა.
„ასე დავუბრუნდი კაპიტალიზმს თბილისში ჩამობარგებული ქალი. იმ დროს ჰამბურგისნაირი კეთილი და დადებითი ემოციების აღმძვრელი ადგილი ჩემთვის არსად ყოფილა. როცა კარგად ხარ, ხომ იცი, ყველაფერი ლამაზი გეჩვენება. თანაც, მე უკვე დიდი გამოცდილება მქონდა და იმ გოგოებს არ ვგავდი, უცხოელი ქმრის ხარჯზე რომ უწევთ ძალიან რთული პერიოდის გავლა - ახალ სამყაროსთან ადაპტაცია.“
კოკა დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით, ადამიანებს ყველანაირი ვიზისა და პასპორტის გარეშე შეუძლიათ კონტაქტი. შენ ჰამბურგში ხარ, ის კი - ნიუ იორკში. მოაწყვეთ ვიდეოკონფერენცია! უყურეთ და უსმინეთ ერთმანეთს. იქნებ ასე მაინც გადავურჩეთ ომებს.
რამდენად სჯერა ნუცას ამის? არ ვიცი, არ მიკითხავს. თანაც, არა მგონია, ამაზე ფიქრისთვის ეცალოს. ჰამბურგში მან სამი ბავშვი გააჩინა. თითქმის ზედიზედ. არც „კინოვაჭრებისთვის“ ჰქონდა დრო, თუმცა ღამ-ღამობით, როცა სანდროს, გიორგის და ლანას ეძინათ, ვორდში მაინც ჩნდებოდა ახალი ფაილები - „2005 წლის თებერვალი“, „2006 წლის მაისი“.
„გამოცდილებას დიდი ფასი აქვს. ამ ბავშვებისთვისაც დიდი ფასი ჰქონდა მათ გვერდით ჩემს ყოფნას. ეს დრო ძალიან გამომადგა. არაფერს ვნანობ.“
თავისი ფილმის სცენარში, რომელიც ჰამბურგში წასვლის წინ დამიტოვა, ბოლო გვერდზე, კალმისტრითაა გადახაზული ფილმის ფინალი. კადრს გარეთ ხმა ისმის:
„როდესაც პლატონს ეკითხებიან, რას გულისხმობ იმ ქვეყანაში, რომელზედაც ლაპარაკობ, ის პასუხობს: „ის იდეალური ქვეყანა, რომელზედაც ვლაპარაკობ, ის ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ ჩემშია და მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ვლაპარაკობ“.
რატომ გადახაზა ეს ადგილი? ან როდის გადახაზა? მშობიარობის შემდეგ ხომ არა?
ფოტო: დავით მესხი
კოკა, გიორგი, სანდრო და ლანა ტოგონიძეები
![]() |
10 გაბო, გურჯი და ხერესი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ავტორი: ლაშა ბუღაძე
ფოტო: © Fausto Giaccone
ამ რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის, დათო პაპავას წერილი მივიღე. მწერდა, კარტახენაში ვარ, აქაურ თეატრში „მარტოობის ას წელიწადს“ ვდგამ, მარკესი მიზის რეპეტიციებზე და სახლშიც მასთან მძინავსო...
ხომ ძნელად დასაჯერებელი ამბავია? ჰოდა, მეც ვიფიქრე, დათო ოცნებებში წასულა, ალბათ, შემოქმედებითი კრიზისი აქვს და, მარკესის არ იყოს, რეალურის და ფანტასტიკურის შერწყმა მოუნდა თავის წერილებში-მეთქი. ორიოდე დღეში ისევ მივიღე შეტყობინება - 23 მარტს პრემიერა მქონდა, ხუან კარლოსი (el Rey) და თვალცრემლიანი გაბო კულისებში შემოვიდნენ და წარმატება მომილოცესო.
ვიფიქრე, ან პაპავამ გააფრინა, ან... იქნებ მართლა სვამს ხერესს გაბოსთან ერთად. დღევანდელ დღეს ამის გადამოწმება ძალიან მარტივი საქმეა, ჰოდა, მეც შევედი ინტერნეტში და რა ნახა ჩემმა თვალებმა - პაპავა გაბოსთან ერთად, ჩახუტებული!
წლევანდელი წელი მარკესებისთვის და გარსიებისთვის (შესაბამისად, მთელი ლათინური ამერიკისთვის) უაღრესად მნიშვნელოვანი იყო - მთავარ მარკესს 80 წელი შეუსრულდა! ყველამ, ვინც კი ესპანურად ლაპარაკობს, ეს თარიღი აღნიშნა. ესპანურენოვანი სამყარო მარკესისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა მოიცვა - ესპანეთში „მარტოობის ასი წელიწადის“ კითხვები გამართეს - თექვსმეტ საათს გაგრძელებულა თურმე, - კოლუმბიაში ესპანური ენის მეოთხე საერთაშორისო კონგრესი ჩაატარეს, მექსიკაში მარკესის შემოქმედებას სამეცნიერო კონფერენცია მიუძღვნეს, რასაკვირველია, საიუბილეო „მარტოობის ასი წელიწადიც“ გამოვიდა - რომანს მარკესის ზუსტად ნახევარი, 40 წელი შეუსრულდა. ეს თარიღი ქართველებმაც აღნიშნეს და გამომცემლობა „სიესტამ“ ელზა ახვლედიანის მიერ თარგმნილი „მარტოობის ასი წელიწადი“ და „პატრიარქის შემოდგომა“ გამოსცა. მარკესის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებათა კულმინაცია 23 მარტს კარტახენას ერთ-ერთ უძველეს კლუბში გამართული პრემიერა გახლდათ. თერთმეტკაციანმა დასმა წარმოადგინა გაბრიელ გარსია მარკესის რომანის „მარტოობის ასი წელიწადი“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი „სახლი“ („La casa“ - სწორედ ასე ერქვა 1967 წლამდე მარკესის რომანს). თეატრის ისტორიაში „მარტოობის ასი წელიწადი“ პირველად დაიდგა სცენაზე და ამის პატივი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ქართველ რეჟისორს დავით გურჯს (პაპავას) ერგო.
დავით პაპავა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის (მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი) კურსდამთავრებულია. ის უკვე დიდი ხანია ლონდონში მოღვაწეობს და ოცზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული ბრიტანეთის სხვადასხვა სცენაზე. პაპავა როგორც კლასიკური, ისე ექსპერიმენტული თეატრის ჟანრში მუშაობს. მისი ნამუშევრები ყოველთვის არაერთგვაროვან დამოკიდებულებას აღძრავენ მაყურებელშიც და კრიტიკოსებშიც. ალბათ, ამიტომაც მიიწვიეს იგი კარტახენაში „მარტოობის ასი წელიწადის“ დასადგმელად, რასაც იგი, რასაკვირველია, დათანხმდა კიდეც, თუმცა კარგად ჰქონდა გააზრებული, რამდენად სარისკო იყო ახალგაზრდა რეჟისორისთვის ამხელა საქმეზე შეჭიდება: „ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე უფრო ლამაზი გამოცდილება იყო. კარტახენაში ყოფნამ დამარწმუნა, რომ მაკონდო მართლა არსებობს, მართლა რეალურია! ყოველთვის მარტოა, ცარიელი, რაღაცის ძიებაში“ (ნაწყვეტი ინტერვიუდან).
პრემიერას დაესწრო თავად ავტორი, გაბო, კოლუმბიის პრეზიდენტი და ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი, რომელიც იმ დროს კოლუმბიაში იმყოფებოდა, სადაც მარკესის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ზეიმებში იღებდა მონაწილეობას.
„დღემდე აზრზე ვერ მოვედი, რა ხდება ჩემს თავს... სპეკტაკლი სპეკტაკლად... კოლუმბიის პრეზიდენტის, ესპანეთის მეფის და თვით მარკესის თანდასწრებით... და მერე სამივე ჩემს საგრიმიოროში მოსალოცად...“
როგორც უკვე ვთქვი, „მარტოობის ასი წელიწადი“ პირველად დაიდგა სცენაზე, თუმცა, ფიქრი ამის თაობაზე დიდი ხნის წინ დაიწყო. ამ იდეის ავტორი 26 წლის ფილოსოფოსი და მსახიობი ესტებან გარსია, მარკესის უმცროსი ძმის, ელიხიოს შვილია. ამ ორიოდე წლის წინ, ლონდონში, პაპავასთან ერთად ერთ-ერთ სპექტაკლზე მუშაობის დროს, ესტებანმა შესთავაზა დათოს „მარტოობის ასი წელიწადი“ პირველად სწორედ თბილისში დაედგათ. მარკესიც კი ალაპარაკა ტელეფონით და იმან უთხრა, თქვენ ოღონდ დადგით და მე კი აუცილებლად ჩამოვალო. მოიარა მაშინ პაპავამ თბილისის ყველა თეატრი, მაგრამ ამაოდ - როგორც ჩანს, ქართული თეატრების მესვეურთ იმდენად შეუძლებლად მიაჩნდათ ეს ამბავი, რომ პაპავას ყურიც არ დაუგდეს, ან იქნებ უბრალოდ სხვა რეჟისორისთვის საკუთარი (!) სცენის დათმობა არ მოინდომეს. მაშინ პაპავასთვის რომ დაეჯერებინათ, ამ სტატიას სხვანაირი სათაური ექნებოდა, მაგალითად: „მარკესი საქართველოში“, ან „გაბო, დუდუკი, ქალები“, თუმცა ამაზე ვიშვიში ახლა უკვე დაგვიანებულია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ მსოფლიო ტურნეში, რომელსაც კარტახენას თეატრი გეგმავს, საქართველოც შევა. რითია, ბოლო-ბოლო, ნაკლები ქუთაისი ან ტყიბული არაკატაკა-მაკონდოზე! ქალაქი-აჩრდილების მეტი რა ვიცით!
მარკესი ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ იგი ისეთ ტექსტებს წერს, რომლებიც „ვერც სპექტაკლად დაიდგმება და ვერც ფილმად გადაიღება“. ის რთულად თანხმდება საკუთარი ნაწარმოებების ეკრანიზაციას და თანხმობის შემთხვევაში ყოველთვის შიშით ელის შედეგებს (და ვინ იტყვის, რომ ის მართალი არ არის - საკმარისია შევადაროთ მისი გენიალური „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“ ამავე რომანის მიხედვით გადაღებულ სამარცხვინო ფილმს და ყველაფერი ნათელი გახდება!).
პაპავასთან საუბრიდან შევიტყვე, რომ განსაკუთრებით ძნელი იყო მარკესის დათანხმება „მარტოობის ასი წელიწადის“ დადგმაზე. ის დიდი ხნის განმავლობაში არავის აძლევდა უფლებას „მარტოობის ასი წელიწადი“ დაედგათ ან ფილმად გადაეღოთ - ბოლო წუთამდე ყოყმანობდა და უჭირდა თანხმობის მიცემა. ამბობდა, მეტისმეტად საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ეს რომანი მხოლოდ მე აღარ მეკუთვნისო. მართლაც, ის დიდი ხანია სამხრეთ ამერიკელი ხალხის კუთვნილებაა და მათი ერთგვარი პასპორტიც გახდა - ძნელი სათქმელია, მარკესი წერს თავის ხალხზე თუ მისი ხალხი იქცევა ისე, როგორც მარკესი წერს.
მარკესმა ექვსი თვე მოანდომა „მარტოობის ასი წელიწადის“ დაწერას. წერდა საოცრად რთულ პირობებში - გაყინული სახლი, ტყავის ხელთათმანები, ძველი საბეჭდი მანქანა - და მიუხედავად ყოფითი სირთულეებისა, მარკესი იმდენად დარწმუნებული იყო რომანის წარმატებაში, რომ როდესაც მევალეები თანხის გადახდის ვადის განსაზღვრას თხოვდნენ, ის მათ ასე პასუხობდა: ორ-სამ თვეში რომანს დავასრულებ და მაშინ მოდითო. თუმცა ამ პერიოდს მწერალი მაინც მისი ცხოვრების საუკეთესო წლებად მიიჩნევს. რომანი ძალიან ადვილად იწერებოდა - ყოველგვარი ძალდატანებისა და ქაღალდებით გატენილი სანაგვე ყუთების გარეშე. ნაწარმოები ექვს თვეში მზად იყო, თუმცა რომანის პირველი წინადადების დაწერას მწერალმა არც მეტი, არც ნაკლები, ჩვიდმეტი წელი მოანდომა (ხომ გახსოვთ - „გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ დღეს გაიხსენებს, როდესაც მამამისმა ყინულის სანახავად წაიყვანა იგი“), ვინაიდან პირველ წინადადებას უნდა განესაზღვრა ნაწარმოების პოეტიკა, ტონალობა და მუსიკალურობა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პაპავას მიერ მარკესის ტექსტზე დადებული ქართული საგალობლები ამ მუსიკალურობას ზედმიწევნით მიესადაგა.
სპექტაკლი ორ საათს გრძელდება და 40 ეპიზოდისგან შედგება. დადგმა მინიმალისტურია, დეკორაციების გარეშე. დეკორაციის მაგივრობას მეთვრამეტე საუკუნის კლუბის „კარტახენა“ დანგრეული კედლები და ოქროსფერქვიშიანი იატაკი წევდა - პირველი აურელიანოს დროინდელი კლუბი გასულ საუკუნეებში კარტახენას ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი ყოფილა და აქ მრავალ ლათინოს მწერალს წაუკითხავს თავისი ტექსტები. სპექტაკლის ჟანრი რთული დასადგენია - რაღაც რეალისტურსა და სიურეალისტურს შორის (ალბათ, მხოლოდ ასე შეიძლებოდა მარკესის სცენაზე გადმოტანა). „ძალიან ძნელი იყო ერთ თვეში ყოველივე ამისთვის თავის გართმევა. თუმცა, თეატრში, თუ გაქვს ნიჭი, წარმოსახვის უნარი, კრეატიულობა და გამოცდილება, შესაძლებელია ჭეშმარიტად წარმატებული სპექტაკლის დადგმა. მსახიობებმაც ძალიან ბევრი იმუშავეს - დღე დილის ექვს საათზე იოგის ვარჯიშით და მედიტაციით იწყებოდა, შემდეგ საუზმე და თორმეტსაათიანი სამუშაო დღე...“, ამბობს გურჯი.
პრემიერამდე „საოჯახო“ ჩვენება შედგა, რომელსაც ყველა გარსია და ყველა მარკესი დაესწრო ნობელიანტის ჩათვლით.
„მარკესის მთელი ოჯახი შეიკრიბა, ასზე მეტი ნათესავი, თითქოს გაცოცხლდნენ მისი გმირები... თვით მარკესი კი მათ შუაში დავსვით... ძაან მოეწონა, ორჯერ აცრემლიანდა კიდეც, რემედიოსის და ხოსე არკადიოს სიკვდილის სცენებზე...“
სპექტაკლის დაფინანსებაც „მინიმალისტური“ იყო. როგორც ჩანს, არც კოლუმბიაში ემეტებათ ფული თეატრისთვის. ერთადერთი სპონსორი, ვინც ამ იდეას მხარი დაუჭირა, ესპანელი მსახიობი ხაბიერ ბარდემია, რომელმაც თეატრს 9500 დოლარი გადაურიცხა. იგი მაშინ დაინტერესდა ამ პროექტით, როდესაც ესტებან მარკესი მას ასისტენტობას უწევდა ფილმის „სიყვარული ჟამიანობის დროს“ გადაღების პერიოდში. თუმცა კოლუმბიაში ისე უყვართ გაბო, რომ მისი ხათრით უანგაროდ მუშაობასაც დიდი სიხარულით თანხმდებიან: „ყველამ უფასოდ ვიმუშავეთ, ერთ სახლში გვეძინა და მცირედით ვიკვებებოდით. რეპეტიციებს კი მარკესების სახლში ვატარებდით...“, ამბობენ კოლუმბიელი მსახიობები.
პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა - ასეთი სპექტაკლი დიდი ხანია კოლუმბიაში არ გვინახავსო, დაწერეს კოლუმბიელმა კრიტიკოსებმა. მაისის თვიდან სპექტაკლს კოლუმბიის ნაციონალურ თეატრში ითამაშებენ, სადაც დათო პაპავა იმავდროულად მასტერკლასს ჩაატარებს კოლუმბიელი რეჟისორებისა და მსახიობებისთვის, შემდეგ კი გასტროლებს გეგმავენ - თეატრმა უკვე არაერთი ქვეყნიდან მიიღო მოწვევა. სხვათა შორის, ქართველ დავით გურჯის კარტახენაში სამუშაოდაც ეპატიჟებიან - იქნებ, აქაურ თეატრს ჩაუდგე სათავეშიო. უცნაურია, მაგრამ პაპავა მერყეობს... თბილისი მომენატრებაო.
მარკესების საგვარეულო პრემიერაზე
![]() |
11 წერილი ჩემს შეფს |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ავტორი: გიორგი სამნიძე
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ბედოვლათი ბათუმი-თბილისის მატარებელი, ეგრეთ წოდებული „სკორი“ თბილისისკენ მოჩაქჩაქებს. 4 იანვარია. სახლიდან გამომაცილეს, დედაჩემმა გამომიტირა. ყოველთვის ასე ემართება. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნით მივდივარ თბილისში, 2 დღით თუ 2 თვით. თითქოს ჯარში მივდიოდე ან გადასახლებაში. მე არ მეტირება და ცოტა მრცხვენია... წესით, უნდა მეტირებოდეს, ალბათ. ეს ხომ დედაჩემია, მე-2 კლასამდე კალთაში ჩასმულს, საკუთარი ხელით რომ მაჭმევდა საჭმელს. მოკლედ, არ მეტირება, მხეცი, ნადირი და საქონელი ვარ. რა ვქნა?! არაერთხელ მომისმენია მამიდებისგან შეფასება, რომ „უგულო“ ვარ, „ვის ვგავარ ასეთი უჯიშო“, „ყველა ფეხებზე მკიდია საკუთარი თავის გარდა“ და ასე შემდეგ. ალბათ, ადვილად მიხვდებით, რომ ჩემი ყბადაღებული „გულცივობა“ დედაჩემის „მდაბიურ“ სისხლს და მის „ჯიშს“ მიეწერება და იმასაც ადვილად წარმოიდგენთ, ბავშვობიდან მოყოლებული ასეთი გამოხდომებისთვის როგორ მძულდა ჩემი მამიდაები. ახლა ვცდილობ, პარიტეტი დავიცვა. ყველას ვუცინი, ყველასთან მივდივარ, როცა ბათუმში ვარ, მაგრამ სულ უფრო და უფრო მიჭირს ეს. გული სულ უფრო „ცივდება“ და მეჩვენება, რომ დედაჩემისა და ჩემი დის გარდა ნათესავებიდან არავინ მიყვარს (ბავშვებს თუ არ ჩავთვლით). მატარებელი სანამ ჩამოჩაქჩაქდება თბილისამდე, დრო ბევრი მაქვს. გათბობა ჩართეს. მალე ისე დაცხება, რომ სული შემეხუთება.
ისევ „სიცივეს“ მივუბრუნდეთ. მართლა ვიყავი „ცივი“, დაახლოებით 18 წლის ასაკამდე. სანამ პირველად გადავდგებოდი ჭკუი დან სიყვარულის გამო. აი, ეგ იყო თუ იყო. ეგ რომ არა, მე, როგორსაც ახლა თქვენ და სხვა დანარჩენები მიცნობთ, შეფ, საერთოდ არ ვიქნებოდი. ეს „მოთხრობა“ რომელიც ამ წერილის შემდეგ უნდა წაიკითხოთ, სწორედ იმ გიორგის ეძღვნება.
18 წლამდე არც დავფიქრებულვარ არაფერზე. არ მყავდა არც ერთი ახლო მეგობარი, ვკითხულობდი ძალიან ბევრს (ამ უკანასკნელი თვისების დაკარგვა, ცოტა არ იყოს, დასანანია), ვმეცადინეობდი (თუმცა, თავს არ ვიკლავდი, იმიტომ, რომ ყველაფერს ძალიან ადვილად ვსწავლობდი) და მორჩა. მოკლედ, მაშინ მეორე კურსზე ვიყავი, როცა... ხო, 18 წლის. ძალიან რთული ურთიერთობა იყო. გიორგი 42 წლის, მე კიდევ, პატარა გიორგი, 19-ისა. თუმცა, ჩვენში რომელი რამდენის იყო, ვერ იტყოდი. ჩემი ხასიათის სიმძიმით მე უფრო ვგავდი 42 წლისას, ვიდრე ის. მარტივად რომ ვთქვათ, ჭკუიდან გადამდგა. ახლა რომ ვიხსენებ, თვითონაც მიკვირს, დღე და ღამე გიორგიზე ვფიქრობდი. ეგრევე არ შემყვარებია, დაახლოებით 2 თვე ვეჩვეოდი. 2 თვეში მივხვდი, რომ უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია და კაცმა რომ თქვას, არც მინდა. მაშინ დავიწყე წერა. სიცილით მოკვდებით, მაგრამ - ლექსების. თუმცა, ეს არ იყო „თოვლიანი, ქარიანი“ ლექსები. რამდენიმე ნიმუშს ნახავთ გაზეთში, აქვე დაგიტოვებთ, კომპიუტერთან. ახლა თვითონაც მიკვირს, საიდან მოდიოდა ამდენი პათოლოგიური სახე, ამდენი სიმახინჯე, მაშინ, როცა ძალიან ბედნიერი ვიყავი და წესით, სულ სატრფიალო ლირიკა უნდა მეწერა.
ეს ბედნიერება საკმაოდ მალე დამთავრდა. დაახლოებით აპრილში (ანუ, 5 თვეში) მივხვდი, რომ თავს მარიდებდა, ცივად მექცეოდა და ა.შ. სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი, ჰაერში გამოკიდებული. ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. მოვალეობის მოხდის მიზნით მხვდებოდა, იშვიათად ისიც. თუ ადრე უჩემოდ ერთი დღეც კი არ შეეძლო, ახლა არაფერს გრძნობდა, არაფერს მაჩვენებდა. მოკლედ, მაისის ბოლოსთვის საბოლოოდ და სამუდამოდ დავასკვენი, რომ აღარ ვუყვარვარ. ამით ყველაფერი დამთავრდა, უფრო სწორად, დაიწყო: მთელი ზაფხული, რომელიც ბათუმში გავატარე, უძილობა მაწუხებდა. პირველად ხდებოდა, რომ თბილისში დაბრუნება არ მიხაროდა. აი, დავბრუნდები, ჩავალ... ვნახავ (იქნებ, არც მოინდომოს ჩემთან შეხვედრა)... მერე რა? ეს კითხვა ჭკუიდან მშლიდა. ვცდილობდი, დამეწერა, მაგრამ თითქოს მომაჯადოვეს, ვერაფერს ვწერდი. უბრალოდ, არ გამომდიოდა. მინდოდა, ვინმესთვის მაინც მომეყოლა ამბად, მაგრამ, აბა, მანდ ვის მოვუყვებოდი. როგორც იქნა, სექტემბერი მოვიდა და დავბრუნდი თბილისში. აქ უფრო აუტანელი გახდა ცხოვრება. მექანიკურად ვმეცადინეობდი. მყავდა ყველა საგანში 5, ვიყავი სანიმუშო სტუდენტი, იმედისმომცემი ახალგაზრდა და ა.შ. მაშინ გადავვარდი პირველად „სამეცნიერო მუშაობაში“. სილვია პლათის სუიციდური პოეზია და რამე... ალბათ, ადვილი გამოსაცნობია, რას გავაკეთებდი ასეთ მდგომარეობაში. ამჯერადაც „რაუნატინი“ იყო, აღარ მახსოვს, 20 თუ 25 აბი. სახლში მეტი არ ჰქონდა მამიდაჩემს უბრალოდ.
ჰიპოლიტ ფლანდრიან „Son of Priam“
მე-8 კლასში უფრო მეტი დავლიე. მაშინ ძლივს გადამარჩინეს. მერე „თამაში ჭვავის ყანაში“ წავიკითხე და სხვანაირად დავიწყე ფიქრი. მეჩვენებოდა, რომ ბათუმიდან გაღწევა ყველა პრობლემას გადაწყვეტდა. გავაღწიე. მერე რა?
ერთი სიტყვით, 20 აბს თვითონ მოვერიე, ორი თითი ხახაში და ბევრი სოდიანი წყალი, ექიმის გამოძახებაც არ გახდა საჭირო, ვერც ვერავინ გაიგო. ერთი კვირა თავბრუ მეხვეოდა. მამიდაჩემი, ვისთანაც მთელი 3 წელიწადი ვცხოვრობდი, თურმე ფარულად მაკვირდებოდა, და ბუნებრივია, ხვდებოდა, რაც მჭირდა. როგორც ერთხელ მივხვდი, ჩემი ნაწერებიც წაუკითხავს. ერთი სიტყვით, ჩემს ზურგს უკან სანათესაოში (იგულისხმება მამიდების ავტორიტეტული და ავტორიტარული კავშირი) ჩემი გადარჩენის, სწორ გზაზე დაყენების გეგმა შეიმუშავეს. თბილისელმა მამიდამ განკითხვის დღე მომიწყო, რაშიც ვერ გავამტყუნებ. ბუნებრივია, მასთან ვცხოვრობდი და მამაჩემისგან „ბავშვზე ზრუნვის“ წმინდა მისია მას ჰქონდა დაკისრებული. უტიფრად განვუცხადე, რომ რაღაცეები ელანდება, რომ თუ ასე აინტერესებს ჩემი ინტიმური ცხოვრება, ვეტყვი, რომ არც ქალთან და არც კაცთან ჯერ არ ვწოლილვარ. ქალთან კიდევ მოასწრებო, მითხრა და უფრო დაწვრილებით დაინტერესდა, რა მჭირდა, რა განცდებში ვიყავი. მართლა გიჟს ვგავდი, ამას როგორ ვერ შეამჩნევდა. შემეძლო მთელი თვე ტანი არ დამებანა, ტანსაცმელი არ გამომეცვალა და მსგავსი საზიზღრობები. სიგარეტის მოწევა მაშინ დავიწყე. საჭმელს თითქმის არ ვჭამდი. პერიოდულად ანორექსიის შეტევები მქონდა. მამიდას ვატყუებდი, რომ ინსტიტუტის ბუფეტში ვჭამე. სინამდვილეში, არაფერს არ ვჭამდი. მოკლედ, იმ განკითხვის ღამეს რა ვიბოდიალე, არ მახსოვს. მოვუყევი, როგორ ვიკლავდი თავს მე-8 კლასში, (მან მხოლოდ ოფიციალური ვერსია იცოდა) და ავუხსენი, როგორ გადამარჩინა მაშინ სელინჯერმა, რომ იგივე არ გამემეორებინა. (გაკვირვებული თვალებით მიყურებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფილოლოგი იყო და სახეზე ეწერა, რომ უკვე გიჟი ვეგონე).
შეფ, როცა თქვენთან პირველად ჩამოვარდა სიტყვა სელინჯერზე, ჩემთვის გამეცინა და გამიხარდა, რომ ასე გიყვართ. იმდენად ძვლების ტკივილამდე მნიშვნელოვანია ჩემთვის სელინჯერი... რამდენიმე წელი კოლფილდის იდეებით ვცხოვრობდი...
პიამიქელ ანჯელო ბუონაროტი „David“
14 წლისამ, როცა ოპერაცია გავიკეთე, პირველად აღმოვაჩინე, რომ თურმე ახლობლებს ვუყვარვარ. მაშინ ბეწვზე გადავრჩი. ამდენი სითბო და ყურადღება არასოდეს მღირსებია, არც მანამდე, არც - შემდეგ. მაშინ პირველად ვნახე, როგორ ტიროდა მამაჩემი, სანამ მე საოპერაციოდ მამზადებდნენ და ლამის ჩემზე ცუდად იყო. ოპერაციის მერე ცხოველივით შემიყვარდა ჩემი ყველა ნათესავი. გავიგე, რას ნიშნავს „სისხლი და ხორცი“. ერთბაშად აღმოვაჩინე ჩემთვის აქამდე უცნობი საბადო და ეს სითბო კარგა ხანს გამყვა. ნელ-ნელა ვკარგავ... მალე არაფერი დამრჩება. ცუდია.
ბავშვობიდანვე ვუყურებდი გოგი გვახარიას „სარკმელს“ პირველ არხზე. ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. მერე, რაც თბილისში ჩამოვედი, „ფსიქოს“. გესმით, ალბათ, რამდენს ნიშნავს გოგი ჩემთვის.
მამა? სად იყო მამა? არსად. იყო და არა იყო. ერთ სულელურ გაზეთში ჩემი ლექსები პირველად რომ დაიბეჭდა და გულისფანცქალით ჩავიტანე ბათუმში გაზეთი, ძალიან დიდი იმედგაცრუება მელოდა თურმე. ვერავინ ვერ გაიგო, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩემთვის. მამამ ბოლომდე არც/ვერც წაიკითხა. მეწყინა, მაგრამ ჩემთვის, ჩუმად, გულში. ეს ლექსები გიორგის ეძღვნებოდა. საერთოდ, ყველა ლექსი, რაც კი ოდესმე დამიწერია, გიორგის ეძღვნება. არც მანამდე, არც მერე არ მქონია სურვილი ლექსი დამეწერა.
მოკლედ, გიორგი იყო და არც იყო. არ მახსოვს, ის წელი როგორ გავიდა. რა მოხდა კარგი ან ცუდი. მთელი წელიწადნახევარი თითქოს საერთოდ დაიკარგა. ხო, ერთი რაღაც მოხდა მნიშვნელოვანი, მეგობრები გავიჩინე - ისეთები, რომელთაც „გზასაცდენილიც“ ვუყვარდი და ვუყვარვარ. მოთხრობაში იხილავთ პირველ სამ მეგობარს... წელიწადნახევარი არაფერი დამიწერია და უცებ, როცა საკუთარი ფულით პირველად ვიყიდე სი-დი ფლეიერი, ზედ ასტორ პია ცოლას დისკიც მივაყოლე და ერთი კვირა ზედიზედ ვუსმენდი და ერთ ღამეში, ერთი ხელის მოსმით დავწერე ეს ტექსტი, რომელიც თქვენ ახლა უნდა წაიკითხოთ. შვებით ამოვისუნთქე. ამიტომაც აქვს ამ „მოთხრობას“ ჩემთვის ასეთი დიდი ღირებულება. გადამარჩინა. ჯადოსნური წამალივით იყო. წელიწადნახევრიანი დეპრესია სადღაც გაქრა. მანამდე იყვნენ ფსიქოლოგები, ერთ-ერთმა, ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას მეუბნებოდა, მითხრა: „ნუ ძალადობ საკუთარ თავზე“-ო. თანაც, ის ქალი, რუსიკო, „საქმის კურსში“ არ იყო, ზოგადად და შენიღბულად მოვუყევი ერთკვირიანი უძილობის ამბავი. მიხვდა, რომ მოვატყუე და რაღაც ბოლომდე არ ვუთხარი, მაგრამ არ ჩამეძია. ეს ფსიქოლოგი ცალკე თემაა. ასეთი ქალი სულ რამდენიმე შემხვედრია ცხოვრებაში. პირველი ბებიაჩემი იყო, ლამარა. მეორე ჩემი პირველი ინგლისურის მასწავლებელი, ეთერი. მესამე - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, მეოთხე რუსიკო და მეხუთე ჩვენი დამლაგებელი, ნადია. სასაცილოა, არა? ამ ქალებთან ახლოს ყოფნა, მათი ხმა, მანერები, მიმიკა, ჰიპნოზივით მოქმედებს ჩემზე. ვერ ამიხსნია, რატომ. თითქოს რაღაც ტალღებს ავრცელებენ. ჟრუანტელი მივლის. როცა ნადია ჩვენი ოთახის დასალაგებლად შემოდის, ვნატრობ, დიდხანს არ გავიდეს და ბევრი ილაპარაკოს. ასევე მემართება რუსიკოს როცა ვხვდები. თითქოს ძალიან პატარა ვარ და დედა გულში მიხუტებს.
ხომ ხედავთ, დაკომპლექსებული გიჟი ვარ
ხო, თქვენ ამის მერე „მოთხრობას“ წაიკითხავთ და იმის იმედი მაქვს, რაც პასტერნაკის „ჟივაგოზე“ თქვით. ჩემთვის ეს ტექსტი უდიდესი გამარჯვება იყო, უფრო სწორად გათავისუფლება. ლექსების უმძიმესი, პარანოიდული ფორმების შემდეგ, ჩემთვის წარმოუდგენლად ძნელი იყო მწყობრად, თხრობითად დამეწერა რამე. ორი გამართული წინადადება ერთმანეთზე გადამება. მეტ-ნაკლები წარმატებით გამომივიდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ცხოვრებაშიც იგივე მოხდა, ცოტა დავწყნარდი.
თუმცა, იყო დიდი დანაკარგებიც. სამუდამოდ დავკარგე მამიდების კეთილგანწყობა. სამივემ საბოლოოდ ჩაიქნია ჩემზე ხელი. სამივემ გადაწყვიტა, რომ „ზედმეტი განათლებისგან“ მომივიდა ეს უბედურება, გზას ავცდი, ცუდ წრეში მოვხვდი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არაფრის ახსნას აზრი არც ჰქონია და არცა აქვს. ირიბი მინიშნებებით მიმახვედრეს, რომ მამაჩემს არაფერს ეტყვიან. რომ „იმ უბედურს ისედაც ბევრი აქვს გულის გასახეთქი“, რომ „არცერთი შვილი არ გამოადგა“, რომ თურმე, „მეც გავუცრუე იმედები საწყალს“. ხედავთ რა მოხდა?! სათაყვანებელი, გვარის იმედი, ნაკითხი, ვუნდერკინდი და გადასარევი ძმისშვილისგან უცებ პერსონა ნონგრატად გადავიქეცი. ძალიან მიჭირს მათთან ერთად დიდხანს გაჩერება. მაქსიმუმ ერთი საათი, მეტს ვერ ვუძლებ. ფორმალურად ვსტუმრობ ბათუმში ყოფნისას და მალევე გამოვრბივარ. ამიტომაც არ მიყავრს ბათუმში ჩასვლა. დედა იქ რომ არ ცხოვრობდეს, არასოდეს არ ჩავიდოდი. ეგეც ხომ სულ მეხვეწება: აქ დარჩიო. როგორ უნდა დავრჩე იქ, სადაც გესლიანი სანათესაო ირგვლივ მეყოლება? ყოველდღე ერთი და იგივე ვისმინო? მადლობა ღმერთს, ავად თუ კარგად, შემიძლია მათგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად ცხოვრება. ეგოიზმის უმაღლესი დონეა, არა? სხვა რა გზა მაქვს. „ისეთი, როგორიც ვარ“, ნათესავებიდან არავის ვჭირდები (ჩემი დის გარდა, რომელიც მე გავზარდე). მშობლებმა არ იციან, ფუი ეშმაკს, და ვერც ვერასოდეს გაიგებენ. არ მინდა, ის ერთადერთი დავკარგო, რაც მათთან მაკავშირებს: ინსტინქტური, ბრმა, ძლიერი სიყვარული, როცა თავს მათი სხეულის ნაწილად გრძნობ. მამა ვერასოდეს „მაპატიებს“ ალბათ, რომ გაიგოს. ხოდა, რატომ ვილაპარაკო ამ თემაზე იმ ადამიანებთან, ვინც ვერასოდეს გაიგებს ან მიიღებს?
ერთ-ერთმა მამიდამ პირდაპირ მითხრა: წადი საზღვარგარეთ და იქ დარჩი, ნუ ჩამოხვალო, საქართველოში ცხოვრება შენ მაინც გაგიჭირდება, ეს საშენო ქვეყანა არააო“...
ხედავთ, რამხელა ოსტატობაა? არც მწვადს წვავს და არც შამფურს. ვითომ ჩემთვის საუკეთესო ვარიანტს მთავაზობს, სინამდვილეში კი გამჭვირვალედ მეუბნება, ჯანდაბაშიც წასულხარ, ოჯახის შემარცხვენელო, ჯობია სადმე შორს მაინც იყო, საიდანაც შენს ამბავს ვერ გავიგებთო...
აქაური მამიდა მოულოდნელად გარდაიცვალა. შოკი იყო. ორ თვეზე ნაკლებ დროში გაანადგურა ავადმყოფობამ. საშინელი დრო იყო. ჩემთვის მეორე და საფუძვლიანი დარტყმის მოყენება ვერ მოასწრო. საწყალი ძალიან ცუდად იყო, მორფს ვუკეთებდით. ერთხელ, როცა დოზა არ ყოფნიდა, ჩემი ნარკომანი მოსწავლისგან მე ვუშოვე მორფი. ჩემთვის ნათქვამი მისი ბოლო ფრაზა: „მოიცა, ცოტა გამოვკეთდე, მე შენ გასწავლი ჭკუას, შე იუდა! შე საზიზღარო!“. ნეტა ეცხოვრა... ჭკუის სწავლებას როგორმე გადავიტანდი. 63 წლის იყო.
ძნელია, არა? ხო, ძნელია... ბოლოში პილპილია... ამხელა ამაგი და ბოლოს, ბრახ... სიკვიდლის წინ ნათქვამი...
მოკლედ, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს ვარჩიე. თურმე როგორი მოჩვენებითი ყოფილა ამ ადამიანების სიყვარული. მანამ უყვარხართ, სანამ ისეთი ხარ, როგორადაც თვითონ წარმოუდგენიხართ. ვაი მისი ტყავის ბრალი, ვინც ოდნავ მაინც ასცდება მათ იდეალს (ჩემზე რომ არაფერი ვთქვათ, მე ოდნავ კი არ ავცდი, თავდაყირა დავაყენე ყველაფერი). კარგად მესმის მათი, ჩემთვისაც უნდოდათ სარფიანი ქორწინების მოწყობა, როგორც თავიანთ შვილებს მოუწყვეს. უნდოდათ ჩემი „დაფუძნება“, „დაკაცება“ და რა მიიღეს ამის სანაცვლოდ? გზასაცდენილი, გაფუჭებული, გარყვნილი ბიჭი, რომელიც ზედმეტმა განათლებამ ჭკუიდან გადაიყვანა (არადა, ვიყო მაინც „ზედმეტად განათლებული“, რაღა მიჭირს -)
დევიდ ჰოკნი „შხაპში“
ჩემი დის გათხოვება ბოლო წვეთი იყო. რასაკვირველია, ყველაფერი ისევ მე დამბრალდა. იცოდნენ, რომ დაზე გავლენის მოხდენა მხოლოდ მე შემეძლო, მაგრამ ეს არ გავაკეთე... მაინც გათხოვდა. მე თვითონ გავუღვივე ჩემს დას იდეა, რომ ბათუმში დარჩენა მისთვის სიკვდილს ნიშნავდა. ჩაიკარგებოდა და ისეთივე გახდებოდა, როგორც დედაჩემი. უკეთეს შემთხვევაში კი - ემანსიპირებული მამიდა. მე წავაკითხე სელინჯერი და საერთოდ ყველაფერი, რაც კი ოდესმე წაუკითხავს. თანაც ჩემი და ხომ ერთადერთია, რომელმაც ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, ასეთი ახლო ურთიერთობა რომ გვქონდა და ვერ მაპატიეს ჩაურევლობა. არადა, ჩავერიე, ოღონდ, არა ისე - როგორც მთხოვდნენ. უბრალოდ, ვურჩევდი, ნუ იჩქარებ-მეთქი და სულ ეს იყო. ავად თუ კარგად, ის უკვე პიროვნებად ჩამოყალიბდა, თავისი აზრი აქვს ყველაფერზე, ერთი სიტყვით, „ხელიდან დამისხლტა“ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა... თორემ ჩემი დისთვის მეც იმავედ გადავიქცეოდი, რაც ჩემთვის მამიდები იყვნენ (თუ არიან ჯერ კიდევ).
ახლა ინგლისში მივდივარ, მთელი ერთი სემესტრით. დედაჩემმა დღესაც არ იცის, რომ მისი გულისთვის ერთწლიან სტიპენდიაზე ვთქვი უარი. არც ვეტყვი, ამაზე კიდევ უფრო აუჩუყდება გული.
მამიდა კი მეუბნება, წადი და დარჩი მანდო, მაგრამ ვერ ვიზამ ამას. ვიღაცას ხომ ვჭირდები აქ?! მთლად ეგრე წყალწაღებულად ხომ არაა ჩემი საქმე?
უდედმამო ბავშვთა სახლში პრაქტიკების დროს მივხვდი, თურმე ბავშვებს შეუძლიათ ჩემი სიყვარული. სპექტაკლი რომ დავდგით, უნდა გენახათ, რა სახეები ჰქონდათ. მოკლედ, ვგრძნობდი, რომ ვიღაცისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი.
გიორგის შემდეგ, აი, სწორედ ამ მოთხრობის დაწერიდან 2-3 თვეში, კიდევ ერთი „ლამური“ მეწვია. ისიც მალე დამთავრდა. და მეორე მოთხრობაც დაიწერა. აქ ისევ მომერია სირთულე. ძალიან ვცდილობდი, გასაგებად, მარტივად მეწერა, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. ის ბიჭი, ალექსი, ახლა ამერიკაშია. ნაკლებად მეკონტაქტება. რას იზამ. მეც მქონდა ამერიკაში წასვლის შანსი, მაგრამ ხელიდან გავუშვი. თუ წავიდოდი, უკან აღარ უნდა დავბრუნებულიყავი.
მოკლედ, ამ ორ მოთხრობას ასეთი წარსული აქვს. თქვენებურად რომ ვთქვათ, მათ სუბიექტური, დამატებითი ღირებულება ჩემთვის იმდენად დიდია, რომ სხვა თვალით ვერც ვკითხულობ.
ეს მოთხრობები უკვე ბევრმა წაიკითხა, რა თქმა უნდა, ინტერნეტში. დაბეჭდვაზე, რასაკვირველია, ყველგან უარი მითხრეს, პირიქით რომ ყოფილიყო, გამიკვირდებოდა.
მოკლედ, ყოველ წაკითხვაზე დ.ღ.გ.-ს ვიხდი, ასე გამოდის. ვცდილობ, არ წავიკითხო, მაგრამ როცა ვინმეს ვუგზავნი, თავს ვერ ვიკავებ და ჯერ თვითონ ვკითხულობ.
სასაცილოა, მაგრამ ბევრმა ეს მოთხრობები საქართველოში გეი-მოძრაობის „მანიფესტად“ აღიარა. თბილისში ნაკლებად თუ მოიძებნება გეი, რომელიც ინტერნეტთან ასე თუ ისე მეგობრობს და ეს ტექსტები არ ჰქონდეს წაკითხული. ზოგი ტირის, ზოგი სიცილით კვდება. მე თვითონ კი რაღაც უცნაურს ვგრძნობ - რა გამაცინებს, ან რა მატირებს? სარკეში ვიყურები.
აი, ეგრე.
მატარებელში დაცხა. საშინლად მეძინება. რა მინდა, სად მივდივარ? რი გერმანია, რა გერმანია?
მაგრამ რომ არ წავიდე, გავიყინები, ობი მომეკიდება. მოკლედ, ასეა, აი, უკვე გულახდილობის შეტევამ გადამიარა - მატარებელს კიდევ 2 საათი დარჩა თბილისამდე. 2 საათი არც ისე ბევრია. ეს ყველაფერი, კაცმა რომ თქვას, მოთხრობების წინასიტყვაობად დავწერე. რამდენიმე დღე ვფიქრობდი, როგორ და რა დამეწერა, რაღაც გეგმები დავაწყვე, მაგრამ მაინც სხვანაირად გამომივიდა. ყოველთვის ასე გამოდის. ისე წერა რომ შემეძლოს, როგორც ვფიქრობ, სულ მალე ნობელის პრემიას მივიღებდი მაგრამ ნობელის პრემიამდე ჯერ დიდი გზაა.
![]() |
12 საუბარი რიჩარდ ბონასთან |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ
ავტორი: კახა თოლორდავა
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
16 სექტემბერი, 2007
ორი ციტატით მინდა დავიწყო ჩვენი საუბარი. ორივე თქვენ გეკუთვნით. აი პირველი მათგანი: „ყველა, ვინც მუსიკას წერს და უკრავს განსხვავებული ადამიანია“. მე ვამბობ: ყველა ასტრონავტი ან თუნდაც ფორმულა ერთის პილოტი, რეჟისორი თუ მოგზაური განსაკუთრებული ადამიანები არიან. შესაბამისად, მაინტერესებს, თუ რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ყველა მუსიკოსი განსხვავებული ადამიანია?
იმისათვის, რომ მუსიკა აკეთო, დაუკრა და შეიგრძნო ის მექანიზმი უნდა აამუშავო ტვინში, რომლის გააქტიურების უნარიც ყველა ადამიანს არ გააჩნია. მეორე მხრივ, არიან ადამიანები, ვისაც მუსიკა უბრალოდ არ ესმით; ის ვერ აღწევს მათ გულებამდე და შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მუსიკოსები მუსიკის შესაქმნელად და შესასრულებლად ტვინში არსებულ განსაკუთრებულ მექანიზმს ვიყენებთ. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ ყველა, ვინც უკრავს ან დაკვრას ცდილობს, განსხვავებული ადამიანია. თუმცა, ამავე დროს, თქვენც მართალი ბრძანდებით, როდესაც ამბობთ, რომ ყველა პროფესიის ადამიანი განსხვავებულია; მე არა მაქვს იმის ნიჭი, რაც, მაგალითად, ქირურგებს, რომლებიც ღია თავის ქალაზე ატარებენ ოპერაციებს. ისინი იმ ნიჭს იყენებენ, რაც მათ გააჩნიათ, მე კი - ჩემსას.
რამდენადაც ვხვდები, თქვენი სიტყვები კარგ მსმენელსაც ეხება, არა?
აბსოლუტურად. მუსიკოსების გარდა, ეს უნარი იმ ადამიანებსაც აქვთ, ვისაც მუსიკა უყვართ და რაც მთავარია, მისი აღქმის უნარი შესწევთ. მუსიკის მეშვეობით, მუსიკოსიც და მსმენელიც სხვა ტერიტორიაზე „შებიჯებას“ ახერხებენ. ნუ დაივიწყებთ, ყველაფერთან ერთად, მუსიკოსები დიდებული მსმენელებიც არიან. არის პროდიუსერი, ვინც მუსიკას არ წერს და არც არაფერზე უკრავს, მაგრამ დიდებული მუსიკალური იდეების გენერირების უნარი გააჩნიათ იმიტომ, რომ ისინი კარგად გრძნობენ მუსიკას.
მეორე ციტატი: „მე მუსიკაში საფრთხე მიზიდავს; მიყვარს, როდესაც ჩემთვის უცნობ ტერიტორიაზე ვხვდები ხოლმე.“ რას გულისხმობთ საფრთხეში, თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობ მუსიკალურ სტილს და იდიომს თუ რაიმე სხვას? რა დროს ხდება თქვენთვის მუსიკა „საშიში“?
მუსიკა „საშიში“ ხდება მაშინ, როდესაც შენთვის უცნობ ტერიტორიაზე ხვდები; სხვა წყალში, როგორც თევზი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის წყლებში არსებობასაა მიჩვეული და უეცრად მას წყნარ ოკეანეში ჩააგდებ. მიყვარს, როდესაც მუსიკა ჩემთვის უცნობ, მოულოდნელ ჟღერადობას იძენს და როდესაც ამ მოულოდნელობის მეშ მეშვეობით, შემიძლია რაღაც ახალი ვისწავლო. ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავებულ ტერიტორიებზე მოხვედრით სწავლობს რაღაც ახალს. ყველაზე მეტს შენ იმ ადგილას სწავლობ, სადაც შენგან განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენი ცხოვრება რომ მუსიკის ანარეკლი იყოს, მაშინ ყველა იდეალური ცხოვრებით ვიცხოვრებდით. მუსიკა იდეალური სამყაროსავითაა. აი, შემომხედეთ, მე კამერუნის ერთ პატარა სოფელში დავიბადე და ჩემი თანასოფლელები გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალს ვეღარაფერს მასწავლიან. მაგრამ ადამიანებს საქართველოში ან ბომბეიში ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ რაღაც ახალი მასწავლონ; არა მარტო ენა, არამედ ბევრი სხვა რამეც. მუსიკაც ასევეა. რაც უფრო ხშირად ხვდები შენთვის უცნობ ადგილებში, მით უფრო მეტს სწავლობ და იქედან გამდიდრებული ბრუნდები.
ამ ბოლო დროს, ხშირად მიწევს ხოლმე მუსიკოსებთან საუბარი და ინტერვიუების დროს თითქმის ყველა მათგანი ერთი და იგივეს იმეორებს: შენი პირადი ცხოვრება აუცილებლად აისახება შენსავე მუსიკაში; თუ შენ საინტერესო და სავსე ცხოვრებით ცხოვრობ, შესაბამისად შენი მუსიკაც სავსე და საინტერესო იქნება. მე ვიცი, რომ თქვენ თქვენი პირადი ცხოვრების კოორდინირებას მხოლოდ თქვენივე მუსიკალური ცხოვრების მეშვეობით ახერხებთ, მაგრამ მაინტერესებს, თქვენ თვითონ როგორ მიგაჩნიათ, რამდენად ირეკლება თქვენი პირადი ცხოვრება იმაზე, რასაც თქვენ წერთ და უკრავთ?
ერთი რამ ნამდვილად ვიცი, - ჩემთვის ჯერ მუსიკა მოდის, შემდეგ კი პირადი ცხოვრება. მე ჩემს პირად ცხოვრებას მუსიკის კარნახით განვაგებ და თუ მუსიკა კარგი გამომდის, მაშინ პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგადაა. ჩემი ცხოვრების ავ-კარგიანოკარგიანობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ თავისუფლად სუნთქავს ჩემი მუსიკა. მე ბედნიერი ვარ, როდესაც მუსიკაში ყველაფერი გამომდის და უბედური, როდესაც დასახულის მიღწევას ვერ ვახერხებ. თუ რაღაც მიზეზების გამო ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღე დაკვრის საშუალება არ მეძლევა, ამ დროს ჩემს გარშემო ყველაფერი უფერულდება. ფერები ბრუნდება იმავე წამს, როდესაც დავჯდები და სულ რამდენიმე ნოტს ავიღებ. ასე რომ, ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენს და როგორ ვუკრავ. რა ვქნა, ასე ვარ მოწყობილი... მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილია იმ წუთიდან, როდესაც დავიბადე. ამ მხრივ, ყველანაირად გამიმართლა. ბაბუა მუსიკოსი იყო, ისევე როგორც დედა და ამიტომაც, ჩემთვის მუსიკის სიყვარულის პროცესი ბუნებრივად ვითარდებოდა. თანაც, ბაბუა და დედა ძალიან მიწყობდნენ ამაში ხელს. მოკლედ, მუსიკის გარეშე ჩემი ცხოვრების წარმოდგენა სრულიად შეუძლებელია.
მუსიკაზე საუბრისას, მუსიკოსების უმრავლესობა, თქვენი ჩათვლით, ძალიან ხშირად იყენებს სიტყვა „სულიერს“ (spiritual). თქვენთვის თვითონ მუსიკის ცნებაა სულიერი თუ მუსიკას „გასულიერებულს“ მუსიკოსები ხდიან?
მუსიკა, თავისი არსით, უკვე სულიერია. ამაზე ჩემთვის ორი აზრი არ არსებობს. ხშირად ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, დამისახელონ იმ მუსიკოსების გვარები, ვინც ნებაყოფლობით წავიდა ომში. თქვენ გინახავთ მუსიკოსი, რომელსაც ომში უნდა წასვლა? ომში ნებაყოფლობით უამრავი პროფესიის ადამიანები მიდიან, მაგრამ არასდროს მუსიკოსები. ეს კი იმიტომაა ასე, რომ როდესაც ტვინში არსებული იმ მექანიზმის გამოყენების საშუალება გეძლევა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ხვდები, რომ ის ტვინის „მშვიდობიანი,“ მედიტაციური კუნჭულია. მისთვის უცხოა ძალადობა; შესაბამისად, ჩემი მუსიკით მე არასდროს გამოვიწვევ ძალადობის სურვილს შენში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, მუსიკოსშიც ჩადებულია თვითგანადგურების კოდი, მაგრამ მას ძალიან იშვიათად უჩნდება სხვისი განადგურების სურვილი. დიახ, მუსიკა საწყისშივე სულიერია! მე ძალიან ბევრი მოგზაურობა მიწევს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავ მუსიკოსს ვხვდები. ასე შემთხვევით შევხვდი ზუმბასაც. მე აფრიკიდან ვარ, ის საქართველოდანაა. ჩვენ ერთ ენაზე არ ვსაუბრობთ, მე მას არ ვიცნობდი და ერთმანეთს რომ სადმე გადავყროდით, მეტროში ან სადმე სხვაგან, ალბათ ერთმანეთს ზედაც არ შევხედავდით. მაგრამ იმის გამო, რომ ორივე მუსიკოსები ვართ, ჩვენ დავმეგობრდით. მითხარით, მუსიკის გარდა, რას შეუძლია კიდევ ასეთი უეცარი მჭიდრო კავშირის შექმნა? სწორედ ამიტომ ვიმეორებ ხოლმე წამდაუწუმ, რომ მუსიკა იდეალური სამყაროსავითაა. მსგავს რამეს პოლიტიკაში ვერასდროს შეხვდებით და ამიტომაც, ყოველ დილას ღმერთს მადლობას ვუხდი, მუსიკოსად რომ გამაჩინა და ადამიანების სიყვარულის უნარი მომცა. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა სიყვარულის უნარი. ამ ინტერვიუს დაწყებამდე ჩვენ გლობალურ დათბობაზე ვსაუბრობდით (16 აპრილს თბილისში თოვლი წამოვიდა. კ.თ.) და ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ და საითკენ გავრბივართ ასე სწრაფად. ცხოვრება ხომ ისედაც ძალიან მოკლეა და რატომ უნდა გავაუარესოთ ის? რატომ უნდა იყოს ასეთი ძნელი პოლიტიკოსებთან საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გლობალური დათბობა? აინშტაინის ტვინი არაა საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე, - თუ ყველაფერი ეს ასე გაგრძელდება, ამით ჩვენ თვითონვე დავუშავებთ საკუთარ თავს. მერე კი ფული აღარ გიშველის; იმ შენივე ფულთან ერთად გაქრები. იმ დროს, როდესაც ამერიკამ ერაყში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო, ალბომზე ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, მსგავსი საკითხები ყოველთვის ახდენენ გარკვეულ ზეგავლენას ჩემზე, იჭრებიან ჩემს მუსიკაში და მახსოვს, რომ ვფიქრობდი, თუ რამდენად დიდი შეცდომა იყო ეს გადაწყვეტილება. ამდენი ათასი წლის არსებობის შემდეგ, ჩვენ კიდევ შეგვიძლია თავს დავესხათ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენგან განსხვავებულად ფიქრობს. ჩვენ ვამბობთ: აი, ის ტიპი ისე გამოიყურება, რომ შესაძლებელია თავს დამესხას და ამიტომაც, ხომ არ აჯობებს, რომ დავასწრო და პირველი დავესხა თავს? იმ დროს დავწერე სიმღერა, სადაც ვამბობ: ჰო, შენ შეიძლება მოახერხო ოკეანის გადაცურვა, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ოკეანეში წყურვილით მოკვდე; ან შეიძლება იმ კაცივით დაგემართოს, რომელმაც ხორცის ცხელი ნაჭერი ჩაიდო პირში. ის ვერ ყლაპავს მას იმიტომ, რომ ის ცხელია, მაგრამ ამავე დროს, უკანაც არ აფურთხებს იმიტომ, რომ ის გაუმაძღარია. აი, სწორედ ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით დღეს ჩვენ და ფული ვერ დაგვეხმარება. როდესაც ოზონის ხვრელი გაფართოებას დაიწყებს, მილიარდები არ გვიშველის და შეიძლება სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის შემდეგ, ორივეს სკაფანდრები გვეცვას და ასე ვეურთიერთოთ ერთმანეთს. პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან. მე მათ ვირუსად აღვიქვამ. ისინი ვირუსივით ანადგურებენ ყველაფერს და სანამ ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ.
იცით ეს ცნობილი სიტყვები, რომელიც ერთ-ერთ ინდიელ ბელადს ეკუთვნის:
„როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე, მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, დაიჭერენ უკანასკნელ ჩიტს, მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმევა“?
არ ვიცოდი. მართალია, ფული არ იჭმევა!
მოდით, მუსიკას დავუბრუნდეთ. თქვენ ძალიან გახსნილი მუსიკოსი ბრძანდებით; თქვენში უამრავი მუსიკალური იდიომია თავმოყრილი, მაგრამ იმავდროულად, თვალში საცემად აფრიკელი მუსიკოსი ხართ. მაინტერესებს, ამ ეტაპზე გეხმარებათ თუ არა აფრიკა და აფრიკული მუსიკა წინსვლაში თუ დროთა განმავლობაში, ის, უბრალოდ, საყრდენ პლატფორმად დარჩა თქვენთვის?
დღეს ჩემთვის აფრიკა უფრო საყრდენია, ვიდრე წინსვლის საწინდარი. აფრიკაში უნდა ცხოვრობდე, რომ „მჭიდში“ იჯდე და ბოლომდე გაითავისო იქაური მუსიკალური ტრადიციები. მე კი უკვე თვრამეტ წელზე მეტია, იქ აღარ ვცხოვრობ. დღესდღეობით აფრიკასთან მხოლოდ ფესვებიღა მაკავშირებს, ვინაიდან იქედან რომ წამოვედი, უკვე პროფესიონალი მუსიკოსი ვიყავი. იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. სულ ხუთი წლის ვიყავი, როდესაც იმ ბენდში ვუკრავდი, სადაც სამოცდაათს გადაცილებული მუსიკოსები უკრავდნენ. წარმოგიდგენიათ როგორი სკოლა მაქვს გამოვლილი? რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვარ იმ ფუნდამენტისთვის, რაც მათ მომცეს, მაგრამ დღეს აფრიკასთან ფესვები მაკავშირებს და არა წინსვლა.
მაგრამ თქვენ დღესაც იყენებთ აფრიკულ მოტივებს თქვენსავე სიმღერებში; როგორ ფიქრობთ, რას მატებთ თქვენ იმ აფრო-კამერუნულ თემებს თუ მოტივებს, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებლები საუკუნეების განმავლობაში მღეროდნენ?
ამ დროს მინდა, რომ ადამიანებს აფრიკული ფერები დავანახო და ვაგრძნობინო. გუშინ ერთი კაცი მეუბნებოდა: ძალიან მომწონს შენი სიმღერები, მაგრამ არ ვიცი, რაზე მღერი (რიჩარდ ბონა ყველა თავის სიმღერას დუალას დიალექტზე მღერის. კ. თ.) ჩემთვის კი სწორედ ესაა მუსიკის დანიშნულება. ჩემს შემთხვევაში არაა აუცილებელი გესმოდეს ენა, რომელზეც ვმღერი. ამ ხარვეზს მუსიკა გამოასწორებს. მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, სთივი უანდერს ვუსმენდი ხოლმე და მისი მუსიკა ისეთი ლამაზი იყო, რომ არც კი მაინტერესებდა, თუ რაზე მღეროდა. ამ დანაკლისს ჩემივე ფანტაზიის მეშვეობით ვავსებდი; მუსიკა თვითონვე მკარნახობდა იმას, თუ რაზე მღეროდა ის. მუსიკა ყოველთვის თავის ენაზე გესაუბრება და სწორედ ამიტომაც მჯერა, რომ საკუთარ ენაზე უნდა იმღერო და არ უნდა გეშინოდეს იმის, რომ ვიღაცას ეს ენა არ ესმის. შენთვის ძვირფასი ისტორიების თხრობას სიმღერებში ყველაზე კარგად საკუთარი ენის წყალობით ახერხებ. ენაც ხომ მუსიკაა და ამიტომაც, ის დამატებით დატვირთვას აძლევს მუსიკალურ თემას. მე ძალიან მაინტერესებს ქართული სიმღერები და მიუხედავად იმისა, რომ ქართული არ ვიცი, ვისურვებდი, ქართული შესრულებით მომესმინა ეს სიმღერები. რა თქმა უნდა, ქართველ მომღერალს შეუძლია ძალიან კარგად ისწავლოს ჩინურად სიმღერაც, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა რამე იქნება.
გამოდის, რომ სიმღერების წერისას თქვენ მელოსის ენერგიას ეყრდნობით და არა ვერბალურ მხარეს. მაგრამ ამავე დროს, საკუთარ თავს ხშირად უწოდებთ ხოლმე მთხრობელ მუსიკოსს.
მართალია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ვერბალური მხარე ჩემი მუსიკის ძლიერი ნაწილი არაა. ჩემი სიმღერების უმრავლესობა იმ ტექსტებს ეყრდნობა, რომელიც ჯერ კიდევ ბაბუამ მასწავლა. ეს ის ისტორიებია, რომლებიც ბავშვობაში ვისწავლე. დიდი ხნის განმავლობაში ბაბუასთან ერთად ვცხოვრობდი და როდესაც საქმე ისტორიების თხრობამდე მიდის, ჩემი მეშვეობით სწორედ ბაბუაჩემი ყვება ამ ისტორიებს. ის ნამდვილი გენიოსი იყო. საოცარი სისწრაფით თხზავდა ხოლმე სიმღერების ტექსტებს; უშუალოდ მუსიკის შესრულების მომენტში.
გასაოცარია, რომ მისი გარდაცვალებიდან ამდენი წლის შემდეგ, თქვენ ისევ და ისევ უბრუნდებით ამ ადამიანს და მისგან იღებთ შთაგონებას...
ჰო, მაგრამ მე უკეთესი ვერაფერი ვნახე. როდესაც მას შეკითხვას დაუსვამდით, ის დიდხანს ფიქრობდა ხოლმე პასუხზე, მაგრამ როდესაც ის პასუხის გასაცემად მზად იყო, მისი პასუხი ყოველთვის სწორი იყო. იცით კიდევ ვინ იყო ასეთი ადამიანი? მაიქლ ბრექერი. ღმერთმა გაანათლოს მისი სული! (საქსოფონისტი მაიქლ ბრექერი სულ რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა ძვლის იშვიათი დაავადებისაგან. კ. თ.). ისიც დიდხანს ფიქრობდა ხოლმე პასუხებზე, შეეძლო შენს დასმულ შეკითხვაზე რამდენიმე დღის შემდეგ გაეცა პასუხი, მაგრამ გიპასუხებდათ ისე, რომ ხუთი წლის შემდეგაც კი გაგახსენდებოდა და ფიქრობდი: ღმერთო, მაიქლი მართალი იყო. მე ძალიან მაკლია ის. შარშან ერთად უნდა დაგვეკრა, ყველაფერი მზად იყო ამისთვის, მაგრამ უკანასკნელ მომენტში, მისმა მენეჯერმა დარეკა და გვითხრა, რომ მაიქლი სცენაზე გამოსვლას ვერ შეძლებდა. ამ დროს ის უკვე სერიოზულად ავად იყო. ეს იყო ადამიანი, რომელსაც არასდროს არაფერი ავიწყდებოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ახალგაზრდა მუსიკოსებს დახმარებოდა. მას პირველად ევროპაში შევხვდი და ამ დროს უკვე იცოდა, რომ ჩემი პირველი დისკის ჩაწერას ვაპირებდი ნიუ იორკში. პირველი, რაც შეხვედრისას მითხრა, ის იყო, რომ ნიუ იორკში რომ ჩახვალ, თუ რამეში დაგჭირდე, აუცილებლად დამირეკეო. და აი, ნიუ იორკში ვარ და ძალიან მინდა, რომ მაიქლმა ჩემი პირველი დისკის ერთ-ერთ კომპოზიციაში დაუკრას, მაგრამ მერიდება მისი შეწუხება. ეს ხომ ჩემი პირველი დისკია; მე ხომ ჯერ არავინ მიცნობს აქ. მისი მენეჯერი კი მეუბნება: რისი გერიდება, რადგან მაიქლმა გითხრა დამირეკეო, ესე იგი, ადექი და დაურეკე. მე მაინც ვერ გავბედე დარეკვა, მაგრამ მისმა მენეჯერმა დაურეკა და უთხრა, ბონას ძალიან უნდა, მის პირველ დისკზე რომ დაუკრაო. ამ დროს მაიქლი თურქეთში იყო. მოკლედ, სტამბოლიდან ის ჯერ ლონდონში გადაფრინდა, იქედან კი ნიუ იორკში და სანამ სახლში წავიდოდა, აეროპორტიდან პირდაპირ სტუდიაში მოვიდა, სადაც ჩვენ ვმუშაობდით, საოცრად ლამაზი სოლო დაუკრა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა შინ. ყველაფერ ამასთან ერთად, მან უარი თქვა ანაზღაურებაზე. დიდი ჩხუბის შემდეგ, მოვახერხე და დავითანხმე, რომ ფული აეღო. მე ის დღეს ძალიან მაკლია.
ის, რაც თქვენმა დედამ და ბაბუამ დაინახეს თქვენში, მუსიკის ზემოქმედების შედეგი იყო, მამათქვენისგან განსხვავებით, რომელიც სასტიკი წინაააღმდეგი იყო, რომ მუსიკოსი გამოსულიყავით. ეს იმიტომ არა, რომ მუსიკა არ უყვარდა ან ვერ ხვდებოდა, რომ ამის ნიჭი გქონდათ, არამედ იმიტომ, რომ მას არ მოსწონდა მუსიკოსების ცხოვრების წესი. როგორც ჩანს, ამ მხრივ კამერუნი არაფრით განსხვავდებოდა მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისაგან.
ხომ გახსოვთ, როგორი დრო იყო გასული საუკუნის სამოციანი წლების ბოლო და სამოცდაათიანების დასაწყისი? იმ დროს მუსიკოსები ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ სამაგალითო საქციელით. ალკოჰოლი, ნარკოტიკები... აფრიკელი მუსიკოსები არაფრით განსხვავდებოდნენ თავიანთი ევროპელი თუ ამერიკელი კოლეგებისაგან. ისინი დღე და ღამე სვამდნენ ან კაიფობდნენ. საკმარისი იყო შორიდან მოგეკრათ მათთვის თვალი, იმავე წამს ხვდებოდი, რომ ამ მუსიკოსმა მთელი ღამე ბარში გაატარა დაკვრასა და სმაში. მამაჩემი, თავის მხრივ, მართალი იყო. მას უნდოდა, რომ ცხოვრების ასეთი წესით არ მეცხოვრა. ბაბუაჩემი კი ყველაფერ ამას სულ სხვა თვალით უყურებდა. ჯერ კიდევ სამი წლის ვიყავი, როდესაც ის მიხვდა, რომ სხვა ადამიანი ვხდებოდი მაშინ, როდესაც მუსიკა მესმოდა. როდესაც ჩემს გარშემო მუსიკა არ ისმოდა, აუტანელი ვხდებოდი და ჩემი საქციელით ყველას ეკალივით ვეჩხირებოდი თვალში. მუსიკის დაკვრისას კი, არც ჭამა მინდოდა და არც სმა; ისინი იძულებით მტენიდნენ ხოლმე პირში საჭმელს. სწორედ ბაბუაჩემი იყო პირველი, ვინც დედას უთხრა: „ეს ბავშვი მუსიკოსი გამოვა“. სწორედ მან გამიკეთა ჩემი პირველი ბალაფონი (ქსილოფონის ტიპის აფრიკული პერკუსიული ინსტრუმენტი. კ.თ.). მამაჩემი კი, რომელიც ქალაქში ცხოვრობდა, ყველაფერ ამას სულ სხვა თვალით უყურებდა. თავის დროზე, მას არ მისცემია განათლების მიღების საშუალება და ამიტომაც, ძალიან უნდოდა მიმეღო ის, რაც მას დააკლდა. წლების განმავლობაში ვუწევდი წინააღმდეგობას და ბოლოს და ბოლოს, გავიმარჯვე. ხშირად პოლიციაში მიმათრევდა, სადაც ორი დღის განმავლობაში მტოვებდნენ ხოლმე. ისინი მიხსნიდნენ, რომ ოცი წლის ასაკში არ უნდა დამეკრა იქ, სადაც ქალები სტრიპტიზს ცეკვავდნენ. მერე კი მიშვებდნენ, მაგრამ ზუსტად ორ საათში ისევ იმავე ბარში ვბრუნდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ დამეკრა. ერთ დღეს კი, როდესაც სახლში დავბრუნდი, მამაჩემის გამოხედვაში დავინახე რაღაც ისეთი, რამაც მიმახვედრა, რომ ის დამნებდა. ვუთხარი: „მე ისევ იქ ვიყავი და ვუკრავდი. ასე რომ, მიდი, წამიყვანე პოლიციაში“. მან კი უბრალოდ შემომხედა და აღარაფერი უთქვამს.
აფრიკა თქვენი ბავშვობა იყო, საფრანგეთი - სიყმაწვილის პერიოდი, შეერთებული შტატები კი მოწიფულობის ხანა; სამი კონტინენტი, სამი განსხვავებული შეხედულება ცხოვრებაზე და მუსიკაზე. ჩვენ, ასე თუ ისე, უკვე შევეხეთ აფრიკას, მაგრამ მაინტერესებს, თუ რა ხდებოდა საფრანგეთში. ბევრი ვიცინე, როდესაც წავიკითხე, რომ საფრანგეთში ცხოვრებისას, საემიგრაციო ბიუროდან წერილი მიიღეთ, რომელშიც ისინი სამუშაო ვიზის გაგრძელებაზე უარს გეუბნებოდნენ იმის გამო, რომ იმ დროს საფრანგეთში 1, 6002 უმუშევარი ბასისტი ცხოვრობდა; მათ ზუსტად დაასახელეს ციფრი. არადა, საფრანგეთში ცხოვრებისას უმუშევარი ნამდვილად არ ყოფილხართ.
პირიქით, ძალიან ბევრს ვმუშაობდი და გადასახადებსაც ვიხდიდი. სწორედ ეს უკვირდათ ჩინოვნიკებს. დიახ, ციფრი ზუსტი იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ფრანგი მუსიკოსები უმუშევართა ბიუროში იმიტომ მიდიოდნენ, რომ მთავრობისთვის კომპენსაცია გამოეცინცლათ; ანუ, ხშირად ისინი მართლა უმუშევრები კი არ იყვნენ, არამედ ამ გზით არიდებდნენ თავს გადასახადების გადახდას და ცოტაოდენ ფულსაც შოულობდნენ.
ნათქვამი გაქვთ, რომ მუსიკალური თვალსაზრისით ბედნიერი არ იყავით საფრანგეთში. რატომ?
იმიტომ, რომ ინტუიტიური, სპონტანური მუსიკოსი ვარ. საფრანგეთში კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ უამრავი დიდი მუსიკოსი თუ კომპოზიტორი ყავთ, ზედმეტად ბევრს ფიქრობენ, სანამ დაკვრას დაიწყებენ. ზედმეტად იჭყლეტენ ტვინს. ამა თუ იმ პროექტზე მუშაობის დაწყებას თვეებს ანდომებენ. მე კი ქმედება მიყვარს და არა ტვინის ჭყლეტა. მომეცი ინსტრუმენტი და მოდი, დავუკრათ, ახლავე, ამ წუთს. ნიუ იორკში ყველაფერი სხვაგვარადაა…
იქ მუსიკოსები უფრო სპონტანურები არიან, არა?
დიახ, ამ მხრივ იქ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე იყო. იქ ბევრი ფიქრის საშუალებასაც კი არ გაძლევენ და თუ ერთი ადგილი გაქვს, ადი სცენაზე და დაუკარი. ნიუ იორკი დიდებული ადგილია ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის, ისევე როგორც სხვა დიდი ქალაქები ამერიკაში - სან ფრანცისკო, ლოს ანჯელესი, ჩიკაგო... მაგრამ, მეორე მხრივ, ამერიკაში ბევრ კონცერტს არ ვუკრავ; სულ რაღაც ოცი-ოცდახუთი კონცერტი წლის განმავლობაში. მთელ დანარჩენ დროს სხვა ქვეყნებში მოგზაურობას და გასტროლებს ვანდომებ. ამასთან ერთად, ჩემთვის ნიუ იორკი უკვე ჩემი სახლია და სახლში რომ ბრუნდები, დასვენება უფრო გინდა, ვიდრე მუშაობა. მე მამა ვარ, ორი კვირის წინ კი ცოლი მოვიყვანე. ოჯახთან ერთად დასვენება ზოგჯერ ძალიან, ძალიან კარგია.
მოდი, კიდევ ერთ ციტატს „მოგაგებებთ“. ეს სიტყვები იმ მუსიკოსს ეკუთვნის, ვისთანაც უკვე გიმუშავიათ. მაშ ასე, ჰერბი ჰენქოქი: „კრეატიულობის და არტისტული საქმიანობის მისია ბევრად უფრო შორს გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ მუსიკის კეთება მუსიკისათვის“. რას იტყვით, რამდენადაა ეს ფრაზა თქვენთვის გასაგები და მისაღები?
უჰ, ეს ნამდვილად ჰერბია! შეიძლება ბოლომდე არ მესმოდეს, თუ რას გულისხმობს ის, მაგრამ გეტყვით, რომ რაც არ უნდა თქვას ჰერბიმ მუსიკაზე, ის ყოველთვის სწორია. მუსიკაზე საუბრისას, ის არასდროს ცდება და მე ამას მხოლოდ იმის გამო არ ვამბობ, რომ ის ჩემი კერპია. ის ნამდვილი რევოლუციონერია მუსიკაში, ჭეშმარიტი პიონერი, და როდესაც ის რამეს ამბობს, იმიტომ ამბობს, რომ ეს საჭიროა და ასე მიაჩნია. ის არ მიეკუთვნება იმ ადამიანთა ჯგუფს, ვინც დუმდება ხოლმე, როცა რამე არ მოწონს. ჰერბის დადუმება შეუძლებელია. ჰერბის სიტყვები ყოველთვის გულიდან მოდის.
ვიცი, რომ იმ მუსიკოსთა რიცხვს არ მიეკუთვნებით, ვინც მუსიკალური იდეების არტიკულირებას იმ მიზნით ცდილობს, რომ დანარჩენებს გააგებინოთ, თუ რას ან როგორ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. ყურადღებას, ძირითადად, უშუალოდ მუსიკაზე ამახვილებთ და ეს ძალიან კარგად მესმის. მაგრამ სულ რამდენიმე ხნის წინ, თქვენ დათანხმდით, რომ ჯგუფი ნიუ იორკის მუსიკალურ სკოლაში აგეყვანათ. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, ხომ არ გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ მუსიკალური იდეების არტიკულირების მცდელობა დაგეწყოთ თუნდაც იმიტომ, რომ სტუდენტებთან ურთიერთობა გაგეადვილებინათ?
სრული სიმართლეა. ამაზე ფიქრი მიწევს. და სხვათა შორის, ამ გზით ჩემს შესახებაც ვიგებ რაღაც-რაღაცეებს. ოთხი წლის განმავლობაში მიჩიჩინებდნენ, - უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო... მე კი სულ ვეწინააღმდეგებოდი მათ მხოლოდ იმის გამო, რომ სწავლების არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა. რა უნდა ვასწავლო კონსერვატორიაგამოვლილ ადამიანებს, ვისაც მუსიკის თეორიაში უკვე სოლიდური ბაზა გააჩნია? მართლა არ ვიცოდი, თუ რისი სწავლება შემეძლო მათთვის, ვინაიდან, უბრალოდ, მუსიკოსი და შემსრულებელი ვარ. ბოლოს და ბოლოს, 2005 წელს ახალგაზრდა მუსიკოსების ჯგუფის აყვანაზე დავთანხმდი და დღეს ყურებამდე შეყვარებული ვარ ამ სამუშაოში. ვგრძნობ, რომ ადამიანებს ვეხმარები. ამ ტურნემდე ერთი კვირით ადრე, ნიუ იორკში კონცერტი გავმართეთ იმ ბავშვებთან ერთად, ვისაც ვასწავლი. უნდა გენახათ მათი ოჯახების წევრების სახეები კონცერტის შემდეგ! ისინი მიხვდნენ, რომ მათი შვილები ბევრად უფრო კარგად ფლობენ ინსტრუმენტს, ვიდრე კურსის დაწყებამდე. სამწუხაროდ, იმავე დღეს მომიწია მეთქვა მათთვის, რომ ეს ჩემი უკანასკნელი წელი იქნებოდა ამ პროგრამაში, ვინაიდან ერთდროულად ორ ალბომს ვიწერდი. მოკლედ, ეს ნაღველნარევი სიხარულის დღე იყო. მათ გული წყდებათ, რომ პროგრამას ვტოვებ და ეს მეც ძალიან მტკენს გულს. სხვათა შორის, ეტიენ სეჯუიკი, ჩემი პიანისტი ესწრებოდა ამ კონცერტს და ის სრულიად გაოგნებული დარჩა მათი შესრულების უნარით. ლექციების დროს, ბევრს ვესაუბრები ხოლმე ჩემს სტუდენტებს და ამავე დროს, ხშირად მიწევს ნალაპარაკევის დემონსტრირება ინსტრუმენტზე. ერთი პიანისტი გოგო მყავს კლასში; ის სულ 21 წლისაა, მაგრამ ლამის ოსკარ პიტერსონივით უკრავს! უნდა ნახოთ და მოისმინოთ, თუ როგორ გრძნობს ის ინსტრუმენტს! არადა, პირველად რომ მოვისმინე ისინი, დაკვრა შევაწყვეტინე, ისე ხმამაღლა უკრავდნენ. შევეცადე ამეხსნა მათთვის, რომ როდესაც ბენდში უკრავ, უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე კოლეგას და როდესაც შენი სოლოს ჯერი დგება, ჩვენი ერთადერთი მიზანია მხარში ამოგიდგეთ. ამ დროს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჩვენ „ჩვენ“ ვართ და არა „მე“. ესაა ის, რაც მათ პირველივე დღეს ვუთხარი. დღეს კი ისინი კარგად შეკრული გუნდივით უკრავენ. სხვათა შორის, ამ ბენდს Latitude დაარქვეს და ისინი ნიუ იორკის სხვადასხვა კლუბში უკრავენ. ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩემთვის. ძალიან ამაყი ვარ, როდესაც მათ ვუსმენ ხოლმე. დაუჯერებელია! ნუთუ ჩემი მეშვეობით მიაღწიეს ამას? ერთი იმ საქსოფონისტ ბიჭს შეხედეთ, რომელიც ლამის მაიქლ ბრექერივით უკრავს! არადა, პირველი გაკვეთილები რომ მახსენდება, ყველაფერი სხვანაირად იყო. მათ საუნდის არავითარი შეგრძნება არ გააჩნდათ და ზედმეტად ხმამაღლა უკრავდნენ. ეს ბუნებრივია, ისინი ბავშვები არიან და მოსწონთ, როდესაც ხმამაღლა და ენერგიულად უკრავენ. მაგალითისათვის, გიტარისტს იმ დროს სხვადასხვა ეფექტის გამოყენება უფრო აინტერესებდა, ვიდრე დაკვრა. დღეს კი მას აკუსტიკური გიტარა უფრო აინტერესებს, ვიდრე ელექტრონული და სტრავინსკის დიდი მოყვარულიცაა. არადა, თავიდან სულ იმას მეუბნებოდა, თუ როგორ ეზიზღება კლასიკური მუსიკა. დასაწყისში მას მოკლე, მარტივ კლასიკურ კომპოზიციებს ვასმენინებდი, - პუჩინი, მოცარტი, ნაწყვეტები „ტრავიატადან,“ - და ვთხოვდი: ყური დაუგდე ამ მუსიკას, შეეცადე ბოლომდე მოუსმინო იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მოგწონს. მერე კი შეეცადე, რომ ეს მოტივები გიტარაზე დაუკრა. შეიძლება თავიდან ვერც კი შეიგრძნო ეს თემები, მაგრამ იმას მაინც შეეცადე, რომ კედელს ნუ აღმართავ შენსა და ამ მუსიკას შორის. ნებისმიერ მუსიკაშია შესაძლებელი კარგის დაძებნა. შეიძლება ისე მოხდეს, რომ მოუსმენ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და უეცრად - ბახ...! სწორედ ამიტომაცაა, ოცი წლის წინ დაწერილ მუსიკაში უეცრად რაღაც ახალს რომ გადააწყდები ხოლმე! იმას, რაც ადრე ვერ შეიგრძენი. ის ბიჭი ახლა კლასიკური გიტარითაა დაინტერესებული; იმას დაუბრუნდა, რითიც დაიწყო. მან კლასიკური მუსიკის და ჯაზის შესწავლა დაიწყო ჩემთან ერთად და როგორც გითხარით, ახლა სტრავინსკიზე „ზის“. როდესაც მასზე ჩამოვარდება ლაპარაკი, სულ იმეორებს: უჰ, მაგარი ვინმე იყო ეს სტრავინსკი, არა?!
ნამდვილად გაუმართლათ, თქვენნაირი მასწავლებელი რომ ყავთ, მაგრამ მოდით, ახლა თქვენს მუსიკალურ განათლებას შევეხოთ. მინდა გავიხსენო ის 500-დისკიანი კოლექცია, რომელიც დუალაში/კამერუნი/მცხოვრებ ერთ ფრანგს ეკუთვნოდა. ყველა, ვინც თქვენზე წერს, გვერდს ვერ უვლის იმ ისტორიას, როდესაც თქვენ, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კაცმა, ამ კოლექციის მეშვეობით, პირველად მოუსმინეთ ჯაზს და ჯეიქო ფასთორიუსს.
ჯეიქო ის კარი იყო, რომლის მეშვეობითაც ჯაზში შევაბიჯე. მანამდე ჯაზი მოსმენილი არ მქონდა. ის ფრანგი კი მუსიკოსი კი არა, უბრალოდ ჯაზის მოყვარული იყო. ის კლუბის გახსნას აპირებდა და მითხრა: ჯაზს ხომ არ დაუკრავდი ჩემს კლუბში? ვუთხარი: რაა ჯაზი? მე აფრიკულ მუსიკას ვუკრავ. შენ რა, არ მოგწონს აფრიკული მუსიკა? მან მიპასუხა: მირჩევნია, რომ ჯაზი დაუკრა. მოგვიანებით კი მან თავისი კლუბი გახსნა. ამასობაში, გამალებით ვუსმენდი ჯაზს და გეტყვით რატომაც. იმ დროს იქ, სადაც ვუკრავდი (მაშინ 20 წლის გიტარისტი ვიყავი და საღამოს 9 საათიდან დილის 6 სააათამდე ვუკრავდი ხოლმე ადგილობრივ ბარში, ძირითადად აფრიკულ ჰიტებს), ძალიან ცოტა ფულს მიხდიდნენ. იმ ფრანგმა მკითხა: რამდენს გიხდიან აქ? ვუპასუხე: ერთ დოლარს დღეში. მან კი მითხრა: კარგი, თუ ჯაზს დაუკრავ, 20 დოლარს გადაგიხდი. ვუპასუხე: ამ შემთხვევაში, ჩემთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ რას დავუკრავ. ამ ფასად თანახმა ვარ, რომ სამხედრო მარშებიც კი დავუკრა. მოკლედ, ჯაზში წმინდა ეკონომიკური მიზეზის გამო მოვხვდი! მერე კი, მასთან სახლში რომ მივედი, თავისი კოლექცია მიჩვენა და მითხრა: აირჩიე, რომელი ფირფიტაც გინდა, მოუსმინე და შეეცადე, რომ მოსმენილი გაიმეორო. რომელიღაც ფირფიტას დავწვდი; ეს ჯეიქო ფასთორიუსის ალბომი აღმოჩნდა და როდესაც მისი შესრულებით ჩარლი ფარქერის Donna Lee მოვისმინე, მეგონა, რომ დასაკრავი სწრაფ სიჩქარეზე იყო დაყენებული. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბასზე ასე ჩქარა დაკვრა შესაძლებელი იყო. იმ ფრანგმა მიპასუხა, რომ საკრავი ნორმალურ სიჩქარეზე იყო დაყენებული. მე კი არ ვუჯერებდი. ფასთორიუსის მეორედ მოსმენისას კი უეცრად ჩემში რაღაც მოხდა და ვთქვი: მეც მინდა ასე ვუკრავდე ბასზე. მერე კი ჩემს გიტარას ორი სიმი მოვხსენი და ისე წავედი იმ ბარში, სადაც გიტარისტად ვმუშაობდი. ჩემი ბენდის წევრები გაკვირვებული მიყურებდნენ. რა ხდება? - მკითხეს. ვუპასუხე: დღეიდან ბასისტი ვხდები და თუ გინდათ, რომ ბენდში დავრჩე, მაშინ ბას-გიტარისტი უნდა გააგდოთ. აი, ასე დაიწყო ყველაფერი და ასე აღმოვაჩინე მოგვიანებით სხვა მუსიკა და სხვა მუსიკოსები. მაგალითად, ჯო ზავინული. ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მენტორი გახდა. სწორედ ჯოს მეშვეობით აღმოვაჩინე ბენ უებსთერი, ქენონბოლ ედერლი, მაილზი და ბევრი სხვა. მაგარი ვინმეა ზავინული. ღმერთმა დალოცოს ის!
გუშინ კიდევ ერთ დიდი მუსიკოსის - ქით ჯარეთის ინტერვიუს ვკითხულობდი, და რადგან ინსტრუმენტზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა გავიხსენო ის, რასაც ჯარეთი ამბობს. მისი თქმით, ბოლო დროს რეპეტიციების მსვლელობისას მექანიკურობისაგან თავის დასაღწევად, ის ჩერდება, რაწამს ის ხვდება, რომ მუსიკა ხელებს მიყვება და არა გულს. ხომ არ დგება ხოლმე თქვენთვისაც ის მომენტი, როდესაც ხელების მექანიკური ტირანიისაგან გათავისუფლება გესაჭიროებათ?
არასდროს. მიყვარს, რასაც ჩემი ხელები აკეთებენ. ვერაფერ მექანიკურს ვერ ვხედავ ჩემს დაკვრაში. მეორე მხრივ, მე და ქითი სხვადასხვა თაობას მივეკუთვნებით. ის ალბათ 60-ზე მეტისაა, მე კი 39-ის და ამ ეტაპზე, ნამდვილად არ ვდგევარ იმ პრობლემის წინაშე, რაზეც ის საუბრობს. ვინ იცის, რა მოხდება მომავალში. დღეს მომწონს, როგორც ვუკრავ, მაგრამ სრულიად დასაშვებია, რომ წლების შემდეგ მეც იგივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდე.
მოდით, იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ თქვენ მულტი-ინსტრუმენტალისტი ბრძანდებით. ფეთ მეთენი თავისი Speaking Of Now ლაივ DVD-ს ბოლოს, როდესაც ის ბენდს წარმოადგენს, თქვენზე ამბობს: რიჩარდ ბონა - ყველა დანარჩენ ინსტრუმენტზე! როგორ მოხდა ისე, რომ თითქმის ყველა ინსტრუმენტზე ახერხებთ დაკვრას?
გნებავთ დაიჯერეთ, გნებავთ - არა, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ვახერხებდი ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრას, ყოველგვარი სწავლების გარეშე. ერთხელ დავუკარი საქსოფონზე, რომელიც სანაგვეზე ვიპოვნე. ხუთ წუთში უკვე ვიცოდი, თუ რომელ კლავიშებზე უნდა დამეჭირა თითები. ბავშვობაში ამას ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ დღეს, როდესაც უკვე ვასწავლი, ვხვდები, რომ ეს განსაკუთრებული ნიჭი და უნარია, რაც ღმერთმა მომანიჭა. იმ ტაძარში, სადაც ბაბუაჩემი უკრავდა, ერთმა პასტორმა საფრანგეთიდან ორღანი ჩამოატანინა, მაგრამ სოფელში, სადაც მე ვცხოვრობდი, არავინ უკრავდა ორღანზე. ერთ დღეს იმ ორღანზე დაკვრას შევეცადე და იმავე კვირა დღეს უკვე მესაზე ვუკრავდი. ბალაფონიდან ჩემთვის ნაცნობი მელოდიების ორღანზე გადატანა ბუნებრივად მოვახერხე და ეს თითქოს თავისით მოხდა. არც ნოტების დასახელება ვიცოდი და არც აკორდების. არაფერი არ ვიცოდი. უბრალოდ, თითებს საშუალებას ვაძლევდი ეკეთებინათ ის, რისი კეთებაც მათ სურდათ და ასე გაგრძელდა 9 წლის განმავლობაში. ზუსტად ასევე ვისწავლე გიტარაზე დაკვრაც. დღეს ყველაფერი ეს ჩემთვის წარმოუდგენელია იმიტომ, რომ გავიზარდე და საამისოდ არც დრო მაქვს და აღარც მოთმინება მყოფნის ხოლმე. ბავშვობაში კი ეს ჩემთვის გართობა იყო. ძალიან მიყვარს ვიოლონჩელო, მაგრამ არ მინდა ამ ინსტრუმენტზე როსტროპოვიჩივით რომ ვუკრავდე. არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა ამას, მაგრამ დღეს ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა დამჭირდება, ვიოლონჩელოზე დაკვრა რომ ვისწავლო, ვიდრე ბავშვობაში. დღეს მიკვირს, თუ როგორ ვახერხებდი ამას ადრე, მაგრამ ეს უნარი ჩემში შემორჩენილია. ახლა რომ მარიმბასთან მიმიყვანო, უპრობლემოდ დავუკრავ ამ ინსტრუმენტზე, რადგანაც ჩემში იმავე წამს გაიღვიძებს ის ცოდნა, რაც ბალაფონზე დაკვრის დროს შევიძინე. იგივე ეხება გიტარას, ორღანს და სხვა ინსტრუმენტებს. მოკლედ, ჩემი ნიჭი ჯერ კიდევ ჩემშია. ის, რასაც ღმერთი გაძლევს, უკან აღარ გართმევს ხოლმე. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, ისაა, რომ ამ საჩუქარს მოუარო. ეს ჩვენი მოვალეობაა.
ჩემი უკანასკნელი შეკითხვა ასეთია: თქვენზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „African Tale“-ის ბოლოს, ნიუ იორკელი ტაქსისტი ოპერატორს უბრუნდება და თქვენზე ეკითხება: ვინაა ეს კაცი? მეც გეკითხებით: ვინაა რიჩარდ ბონა?
ხვალ გიჩვენებთ. მე ხომ არ შემიძლია ჩემივე თავის ისე განდიდება, როგორც ეს ზავინულმა გააკეთა, პირველად რომ მომისმინა? „შენ უდიდესი ხარ! - მითხრა მან. ისე კი გეტყვით, რომ რიჩარდ ბონა, უბრალოდ, მუსიკოსია და მას ძალიან, ძალიან უყვარს მუსიკის დაკვრა. ჩემი ერთადერთი კოშმარი ისაა, რომ დაკვრა ვეღარ შევძლო. მე ჩემს გიტარასთან ერთად მძინავს ხოლმე. მართლა, არ გატყუებთ, ღამე ჩემი ბასი ლოგინის გვერდზეა ხოლმე მიყუდებული. ეს ალბათ ბევრს ამბობს ჩემზე, არა? -
მადლობას ვუხდით საინვესტიციო კომპანია „ევორდს“, „კაპაროლს“ და „ისთერნ პრომოუშენს“.
![]() |
13 მეორე ცხოვრება |
▲ზევით დაბრუნება |
ვირტუალური სამყარო
ავტორი: დავით მაკარიძე
„Глубина-глубина, я не твой...
Отпусти меня, глубина...“
სერგეი ლუკიანენკო. „ანარეკლების ლაბირინთი“
წყნარად მივუყვები სანაპიროს. შეხვედრამდე კიდევ რამდენიმე წუთი დამრჩა. ვსარგებლობ მომენტით და ზღვის უკიდეგანო სივრცის მზერით ვტკბები. ტალღები უხმოდ აწყდება ნაპირს. თავში უცნაური აზრი მომდის, ნეტავ სად წაიღებდა დინება წერილს, ზღვაში ბოთლით რომ გადამეგდო?
ბიგ ფაიქი ტყიდან გამოდის. ესეც, ისევე როგორც ყველა ავატარ1, უცნაური ბაჯბაჯით მიახლოვდება.
- გამარჯობა, ფაიქ!
ბიგ ფაიქი: გაუმარჯოს!
- გმადლობთ, რომ დამთანხმდი ინტერვიუზე, თან ასეთ მიმზიდველ ადგილას. ვიცი, რომ ბევრი დრო არ გაქვს, ბიზნესით ხარ დაკავებული. კლუბში კლიენტების რაოდენობას არ უნდა უჩიოდე.
ბიგ ფაიქი: არა, არ ვუჩივი. თუმცა, ეს სულ მთლად ბიზნესიც არ არის - ფულის გაკეთებას არ ვგეგმავ ამით. იცი რატომ ავაშენე ეს კლუბი? იმიტომ, რომ თამაში მიყვარს. ძველ კლუბზე ვგიჟდებოდი, „ბიგ ფაიქის სასახლე“ ერქვა, მაგრამ პატარა იყო. ორი კვირის წინ, ახალი მიწა შევიძინე და ახალ კლუბს ვაკეთებ. „ზონა“ ერქმევა. არა, ციხესთან არანაირი კავშირი არა აქვს, - იცინის - უბრალოდ აქ უფასო კემპინგის ზონა იქნება. მოვლენ ისინი, ვისაც მუსიკა უყვარს, სხვადასხვა მუსიკა, ძირითადად რადიოდან, თუმცა აქ ცოცხალი მუსიკაც იქნება დი-ჯეის შესრულებით. უფასო სკამებსაც დავდგამ.
- აქ როდის დასახლდი?
ბიგ ფაიქი: შარშან, ოქტომბერში.
- ისე, ხომ შეგეძლო გევლო სადმე ბარში, მოგესმინა სასიამოვნო მუსიკა, გეწრუპა ჯინი ტონიკით და დამტკბარიყავი ცხოვრებით. რაღა მაინცდამაინც ამ გადაკარგულ ადგილას ააშენე კლუბი?
ბიგ ფაიქი: ჯერ ერთი, მე თვითონ მიყვარს ურთიერთობა, გარდა ამისა მიყვარს ისიც, რომ სხვებს ვაძლევ შესაძლებლობას შეხვდნენ ერთმანეთს. რაც შეეხება ჯინს ტონიკით, არა, სამწუხაროდ ახლა წამლებს ვსვამ და ჩემთვის ალკოჰოლის დალევა არ შეიძლება. ისე კი მიგიხვდი, მართალი ხარ - ეს მხოლოდ თამაშია და მე ვამჩნევ განსხვავებას.
- განსხვავებას რასა და რას შორის?
ბიგ ფაიქი: რეალურ და „მეორე“ ცხოვრებას შორის. ცხოვრება თავგადასავალია. ეს კი თამაში, თამაში, რომელიც მეხმარება აღმოვაჩინო ის, რასაც რეალურ ცხოვრებაში ძნელად თუ იპოვი.
- გახსოვს როგორ მოხვდი „მეორე ცხოვრება“-ში?
ბიგ ფაიქი: ჟურნალში წავიკითხე, „Wired“-ში. აქაურობა თავიდანვე მომეწონა. თუმცა ხალხი აქაც ისეთივეა, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ცუდ ტიპებსაც შეხვდები, მაგრამ უმრავლესობა მაინც კარგია. მე თვითონ ვცდილობ აქაც ისეთივე გულწრფელი ვიყო, როგორიც რეალობაში ვიქნებოდი.
- როგორ გგონია, შეიძლება აქ ვინმეს, ოდესმე დაავიწყდეს, სინამდვილეში სად ცხოვრობს?
ბიგ ფაიქი: დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთს, ვინც თამაშს დაიწყებს რეალობა და ვირტუალური სამყარო ერთმანეთში აერევა. მაგრამ ეს ის რისკია, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ისეთ რთულ და მრავალფეროვან გარემოს, როგორიც „მეორე ცხოვრებაა“
- ისე, რეალურ სამყაროში რას აკეთებ? ძალიან განსხვავდება შენი საქმიანობა აქ და იქ?
ბიგ ფაიქი: ინჟინერი ვარ, და აქაც და იქაც რაღაცეებს ვაშენებ. ვცდილობ „მეორე ცხოვრებაში“ ისეთი რამეები წამოვიწყო, რაც რეალობაში დიდ ფულს ან დიდ რისკს მოითხოვს. ისე აქ არც ისე დიდ დროს ვატარებ. რეალურ ცხოვრებაში ცოლი მყავს, შვილები და შვილიშვილები. ახლა შეუძლოდ ვარ და საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ „მეორე ცხოვრებას“. ხერხემალი დამიზიანდა და იძულებული ვარ ნაკლებად ვიმოძრაო.
- იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. აქ თუ აპირებ ბიზნესის გაფართოებას?
ბიგ ფაიქი: იმედი მაქვს... აქ ნახევარ ჰექტარზე მეტი ფართობი მაქვს და მაღაზიის გახსნას ვაპირებ. გავყიდი ჩემ ნამუშევრებს: სცენარებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმლს, სუვენირებს და ა.შ. ჰო, კიდევ ერთ პროექტზე ვმუშაობ. ტურისტული სააგენტოს გაკეთება მინდა. რეალური ცხოვრებიდან დამთვარიელებლებს ჩამოვიყვან „მეორე ცხოვრებაში“. აქ ბევრი საინტერესო ადგილია, თუმცა ბევრმა არ იცის ამის შესახებ.
- შენი კლიენტი რეალობაში თუ შეგხვედრია?
ბიგ ფაიქი: არა, მაგრამ თუ შევხვდები, ყველაფერი კარგად იქნება.
- ძნელია აქ ბიზნესის დაწყება?
ბიგ ფაიქი: უამრავი საშუალებაა საქმის დასაწყებად, ფულის გასაკეთებლად, შეგიძლიათ კლიენტები ვებ-ბმულებიდან დაითრიოთ. აქ მილიონობით პოტენციური კლიენტია.
- როგორ ხედავ „მეორე ცხოვრების“ მომავალს?
ბიგ ფაიქი: აქაურობა დღითიდღე უკეთესი ხდება, პერსპექტივას სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს. იცი ყველაზე კარგი და საინტერესო რა არის? აქ შეხვდები ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.
- შეგიძლია შენი ნამდვილი სახელი მითხრა? და რას ეტყოდი მათ, ვინც ვირტუალური სამყაროში მოგზაურობას გადაწყვეტს?
ბიგ ფაიქი: მე ჯეიმს ნიუჰაუსი მქვია. მათ კი, ვინც ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობას გადაწყვეტს, მინდა ვუთხრა, რომ ის რეალური ცხოვრების სარკეა. ყოველი ავატარს უკან ადამიანია, საკუთარი განცდებით. მოეპყარით მათ ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგეპყრონ.
- ჯეიმს, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. იმედი მაქვს, რომ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს შენ კლუბში, მოვუსმენთ კარგ მუსიკას და ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ.
ბიგ ფაიქი: კარგად! გელოდები „ზონაში“!
ბიგ ფაიქი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც „მეორე ცხოვრებაში“ შევხვდი. ამიტომაც გადავწყიტე ვირტუალურ სამყაროში ჩემი მოგზაურობის შესახებ თხრობა სწორედ მასთან ინტერვიუთი დამეწყო.
კიბერსივრცეში ჩემი ეს მოგზაურობა ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. დავინახე, რომ ტექნოლოგიების სიმწირის მიუხედავად, ვირტუალურ სივრცეს ფანტასტიკური სისწრაფით ითვისებენ. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში „მეორე ცხოვრებაში“ დემოგრაფიული აფეთქება მოხდა და მაცხოვრებელთა რიცხვი 1 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზარდა. თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ცნობილი ბრენდების წარმომადგენლობებს, საზოგადოებრივ და სახელმწიფო ორგანიზაციებს. თებერვალში კი პირველი „კიბერ-ტერორისტული“ აქტიც განხორციელდა. „მეორე ცხოვრების გათავისუფლების არმიამ“, ყურადღების მიქცევის მიზნით, „რიბოკის“ ტანსაცმლის ვირტუალური მაღაზია ააფეთქა.
ერთ-ერთი მშენებლობის წინ ჯუელს ფარქს ვხვდები. ის „მეორე ცხოვრების“ მენტორია.
- გამარჯობა, ჯუელს!
ჯუელს ფარქსი: გაგიმარჯოს! როგორა ხარ?
- კარგად, მადლობთ. ძალიან დაკავებული ხარ? შეგიძლია რამდენიმე კითხვაზე მიპასუხო? მე ვეძებ ვინმეს, ვინც აქაურ წესებს განმიმარტავს. შეგიძლია დამეხმარო?
ჯუელს ფარქსი: სიამოვნებით. აქ მთავარია არავინ შეაწუხო! თუ მიწას შეიძენ, შესაძლებლობებიც გაცილებით მეტი გექნება. ვერავინ გეტყვის რა გააკეთო და რა არა, შეგიძლია ააშენო რაიმე ან უბრალოდ მოაწყო შეხვედრის ადგილი. მე, მაგალითად სახლს ვაშენებ და ვცდილობ ჩემი ბიზნესი დავიწყო. თუმცა, პირველ რიგში ახალმოსულებს ვეხმარები. მახსოვს, თავიდან რა რთული იყო ჩემთვის „მეორე ცხოვრების“ დაწყება. ამიტომ ვცდილობ დავეხმარო მათ, ვინც აქ პირველად ხვდება.
- ეს შენი სახლია? - ვუთითებ შენობაზე მის უკან.
ჯუელს ფარქსი: კი, ერთ-ერთი მათგანი. ჯერ ვაშენებ, მერე შემყავს კატალოგში და შემდეგ ისევ თავიდან ვიწყებ, ახლის შენებას.
- დიდი ხანია, რაც აქ ცხოვრობ?
ჯუელს ფარქსი: არც ისე, ორ წელზე მეტი. ქსელში RPG-ს2 ვეძებდი და „მეორე ცხოვრება“ ვიპოვე. თავიდან ვერც კი გავიგე, სად მოვხვდი. ყველაფერი ძალიან ახალი იყო. არასოდეს ვყოფილვარ ამის მსგავს ადგილას. მაშინ ძალიან დავიბენი, ვერაფერს გავაკეთებდი, რომ არ შევხვედროდი ადამიანებს, ვისაც უნდოდა ჩემი დახმარება. დღემდე კარგ მეგობრებად ვრჩებით. ახლა უკვე დიდ სიამოვნებას იმით ვიღებ, რომ სხვა ახალბედებს ვეხმარები.
- შენ ფიქრობ, რომ ეს თამაშია და არა ცხოვრება?
„მეორე ცხოვრება“ (Second Life) გლობალური ქსელის სამგანზომილებიანი ვირტუალური სამყაროა. დამუშავებულია Linden Lab-ის მიერ და მისი პირველი რელიზი 2003 წელს გამოვიდა. „მეორე ცხოვრება“ არ არის თამაში, მას არ ჰყავს გამარჯვებულები და დამარცხებულები, აქ არავინ დაგიწერს ქულებს, აქ არ არსებობს დონეები და დასასრული. „მეორე ცხოვრებას“ თამაშის მახასიათებლები არ გააჩნია. ვირტუალური სამყარო 65536 მ2 ზომის კვადრატულ რეგიონებად არის დაყოფილი. თითოეული რეგიონის მოდელირება ცალკე სერვერზე ხდება. „მეორე ცხოვრების“ ვირტუალური ვალუტა „ლინდენ დოლარია“ (L$), რომლის კურსიც 2007 წლის თებერვლისთვის შედარებით სტაბილური გახდა და 0.0037 ა.შ.შ. დოლარი შეადგინა.
http://en.wikipedia.org/wiki/Second-life
ჯუელს ფარქსი: ო, არა, მე არასდროს მავიწყდება, რომ აქ თითოეულ კლავიატურასთან ადამიანები სხედან. მეეჭვება, ვინმე ისე ჩაერთოს ამ რეალობაში, რომ ნამდვილი ცხოვრება დაავიწყდეს. უბრალოდ, თითოეული მათგანი ცდილობს, დროებით მოწყდეს რეალობას. მე ყოველთვის მახსოვს, რომ ეს რეალობა არაა, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს დროებით ავიწყდება. მე ვცდილობ, სხვების მიმართ კეთილი ვიყო, მაგრამ მხვდებიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს ძნელია და ისეთებიც, ვინც შარს ეძებს. არასდროს მესმოდა, რა ჯანდაბა უნდათ ეგეთებს აქ. მე აქ ვმშვიდდები, რეალური ცხოვრების პრობლემებს დროებით ვწყდები.
- ხშირად აკეთებ ამას?
ჯუელს ფარქსი: ხანდახან აქ უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე რეალურ სამყაროში. ისე კი შევხვედრივარ მათ, ვინც აქ ცხოვრობს. მე აქ ჩემი შემოქმედებისთვის შემოვდივარ.
- კი მაგრამ, რატომ არ ქმნი რეალურ ცხოვრებაში? რატომაა „მეორე ცხოვრება“ საუკეთესო ადგილი ამისთვის?
ჯუელს ფარქსი: რატომაც არა? მაქვს საშუალება და ვაკეთებ. ისე, ხანდახან აქ იდეები რეალური ცხოვრებიდანაც გადმომაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე ახალს ვაშენებ.
- რა იპოვე აქ განსაკუთრებული, ისეთი, რაც მხოლოდ აქაა და სხვაგან არსად?
ჯუელს ფარქსი: ის, რაც არ შემიძლია რეალურ ცხოვრებაში? ერთდროულად შევხვდე ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანს მთელი მსოფლიოდან. ვერასდროს გავიცნობდი მათ, რომ არა „მეორე ცხოვრება“. იმედი მაქვს, ერთ დღეს მათ რეალურ სამყაროშიც ვნახავ. ისე, შენც ვერ შეგხვდებოდი, რომ არა „მეორე ცხოვრება“. ხშირად თუ შემოხვალ, აქაურობას ვეღარ მოწყდები!
- მე აქ მხოლოდ მეორედ ვარ.
ჯუელს ფარქსი: შეგიძლია, ეს ადგილი, როცა გინდა, მაშინ გამოიყენო „მეორე ცხოვრებაში“ შემოსასვლელად და რამდენი ხანიც გინდა, იმდენი ხანი დარჩე. ის ჩემს საუკეთესო მეგობრებს ეკუთვნის. მე მგონი, ჩვენც შეგვიძლა კარგი მეგობრები გავხდეთ.
- შეუძლებელი არაფერია, კარგი, ახლა დაგემშვიდობები. იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით და ვისაუბრებთ.
SLLA (მეორე ცხოვრების განთავისუფლების არმია) აცნობიერებს, რომ „მეორე ცხოვრებას“ რეაქციული და რასისტული ორგანიზაციები გლობალური ქსელში ახალი წევრების რეკრუტირებისთვის იყენებენ. ჩვენ ვერთიანდებით ულტრამემარჯვენე და ფაშისტური ორგანიზაციების წინააღმდეგ, როგორც „მეორე ცხოვრებაში“ ასევე რეალობაშიც. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ აქციებს მანამ, სანამ ისინი არ დატოვებენ „მეორე ცხოვრებას“ და გლობალურ ქსელს.
მთელი ძალაუფლება ავატარებს!!
ჯუელს ფარქსი: როცა გენებოს. ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა. კარგად!
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, კარგად! - ვემშვიდობები და რუკაზე მორიგ საინტერესო ადგილს ვეძებ ტელეპორტირებისთვის. ესეც კიდევ ერთი უპირატესობა რეალურ სამყაროში მოგზაურობასთან შედარებით - გადაადგილებისათვის გაცილებით მარტივი და მოსახერხებელი ტელეპორტირება. ოღონდ პირველი რამდენიმე ცდა უშედეგოდ მთავრდება. რატომღაც ყველგან მოხვედრის უფლება არ მაქვს. ეჰ, ალბათ აქაც ვიზის აღებაა საჭირო...
ბოლოს მიმართლებს და ერთ უდაბურ კუნძულზე ვხვდები. რუკაზე ჩანს, რომ ახლომახლო ვიღაც უნდა იყოს. თუმცა მოლაპლაპე სფეროსა და უდაბნოს ყვითელი ქვიშის გარდა, ვერაფერს ვხედავ. სფეროსთან მიახლოვებისას, იქედან უცნაურად ჩაცმული ჰუგო ფონ პაინე გამოდის, პატარა მწვანე მფრინავ დრაკონთან ერთად.
- გამარჯობა, ჰუგო! - ვესალმები.
პატარა მწვანე დრაკონი: გამარჯობა!
ჰუგო ფონ პაინე: გამარჯობა!
- გამარჯობა, პატარა დრაკონო!
პატარა მწვანე დრაკონი: გამარჯობა!
ჰუგო იცინის - დრაკონმა გამარჯობა გითხრა.
პატარა მწვანე დრაკონი: ცხელა ამაღამ!! ძალიან დამცხა!
- შეიძლება ინტერვიუ ჩამოგართვა?
ჰუგო ფონ პაინე: რის შესახებ?
პარიზი, 29 მარტი - ფრანგული პოლიტიკა სამგანზომილებიან ფანტასტიკურ ვებ-საიტზე.პრეზიდენტის პატრიოტები ქმნიან ავატარებს მეორე ცხოვრებაში.
პისტოლეტებისა და ღორების გრანატების შეტაკებაში, ფეთქებადი ღორები იმარჯვებენ. შეტაკება დაიწყო იანვრის დილას, როდესაც მოწინააღმდეგეები თავს დაესხნენ ექტრემისტი ფრანგი პრეზიდენტობის კანდიდატის Jean-Marie Le Pen-ის კიბერ-სამყაროში არსებულ შტაბ-ბინას.
ვაშინგტონ პოსტი, პარასკევი, 2007 წლის 30 მარტი.
ავატარები შექმნილია თავისუფლებად და თანასწორებად. განსაკუთრებული ძალაუფლება ან პრივილეგიები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ საზოგადოებრივ ინტერესებს, და არ უნდა ეფუძნებოდეს კაპრიზებს, ფავორიტიზმს, ნეპოტიზმს, ან მათ ახირებებს, ვინც ძალაუფლებას ფლობს. მათ, ვინც ვირტუალურ სივრცეში მოქმედებს, როგორც ჩვეულებრივი ავატარი, დამატებითი უფლებები არ გააჩნიათ.
ავატარების უფლებების დეკლარაცია. მუხლი I.
- „მეორე ცხოვრებაზე“, შენზე და პატარა მშვენიერ დრაკონზე.
პატარა მწვანე დრაკონი: დამიძახე?
ჰუგო ფონ პაინე: „მეორე ცხოვრებაში“ წერ ახალ ამბებს?
- არა, ისტორიას ვწერ „მეორე ცხოვრებაზე“.
ჰუგო ფონ პაინე: ჰო, გავიგე, მაგრამ ბევრი დრო არ მაქვს ამჯერად. სტუმარი მყავს სახლში. ბოდიში მაგრამ უნდა დაგემშვიდობო. სასიამოვნო იყო შენი ნახვა.
- შეგიძლია სხვა დროს შემხვდე?
ჰუგო ფონ პაინე: მაპატიე, მაგრამ სინამდვილეში მე არა ვარ კარგი რესპონდენტი. გული არ დაგწყდეს. იმედი მაქვს, წარმატებას სხვებთან მიაღწევ. მე ამისთვის არ გამოვდგები. კარგი?
- რატომ?
ჰუგო ფონ პაინე: მეჯავრება ინტერვიუები.
- შენი დიდი ბურთი სად წავიდა?
ჰუგო ფონ პაინე: ო, ეს ჩემი მიწა არ არის და ეს სკაიბოქსი იყო, კარვის მსგავსი, სადაც შეგიძლია იცხოვრო.
- უცნაური ვინმე ხარ და ძალიან კი მინდოდა შენთან საუბარი. შენი პატარა დრაკონიც მომეწონა.
პატარა მწვანე დრაკონი: დამიძახე? ძალიან დამცხა! რა ხდება? შეხედე თერმომეტრს!! მეღუტუნება, ჰეჰე. ცხელა ამაღამ!! ცხელა ამაღამ!! მეღუტუნება, ჰეჰე. მეღუტუნება, ჰეჰე. ძალიან დამცხა!
ჰუგო ფონ პაინე: გმადლობთ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, დრაკონსაც ცოტა დაცხა.
- კარგი, ალბათ კიდევ შევხვდებით.
ჰუგო ფონ პაინე: სასიამოვნო იყო შენთან შეხვდრა, კარგად!
- კარგად!
პატარა მწვანე დრაკონი: ცხელა ამაღამ!! რა ხდება? ძალიან დამცხა! მეღუტუნება, ჰეჰე. მეღუტუნება, ჰეჰე. შეხედე თერმომეტრს!! ძალიან დამცხა!
სამწუხაროდ, ამჯერად არ გამიმართლა. მაგრამ იმედს არ ვკარგავ და მორიგ ადგილს ვეძებ მოგზაურობის გასაგრძელებლად.
ყურადღებას „პლატონის სამოთხე“ იქცევს, ოღონდ აქ თითქოს არავინაა. უცნაური ადგილია და ბევრი ობიექტის დანიშნულებასაც ვერ ვხვდები. ყურეში დაყუდებული იახტის გემბანზე ვძვრები. ოლივიეს სწორედ აქ გადავეყარე.
ოლ სიმონე: გამარჯობა!
- გამარჯობა, ოლ!
ოლ სიმონე: მშვენიერი ხომალდია.
- კი, მშვენიერია. რას აკეთებ?
ოლ სიმონე: ვსეირნობ. შენ საიდან ხარ?
- პირველი ცხოვრებიდან.
ოლ სიმონე: მე პარიზში ვცხოვრობ - იცინის
- გცალია?
ოლ სიმონე: კი, მცალია.
- შენი მიწა გაქვს აქ?
ოლ სიმონე: არა, მე აქ მხოლოდ მეგობრებს ვხვდები, როგორც ჩეთში. მაგიური ადგილია, შეგიძლია იფრინო, მყისიერად გადახვიდე სხვაგან, გამოიცვალო სხეული. ამას რეალურ ცხოვრებაში ვერ გააკეთებ.
- მოგწონს სხეულს რომ იცვლი?
ოლ სიმონე: აქ კი, თუმცა რეალობაში ჩემი თავი მიყვარს - იცინის.
- ვირტუალურ სამყაროში თავს როგორ გრძნობ?
ოლ სიმონე: შესანიშნავად. მაგალითად, შემიძლია ტატუ გავიკეთო. კარგია, მაგრამ რეა ლობაში არ მინდა ტატუ მქონდეს. და საუბარი მიყვარს. ჩემი აზრით, „მეორე ცხოვრება“ რაღაც ჩეთის მსგავსია.
- როგორ გგონია, შეიძლება აქაურობა ოდესმე „მატრიცად“ გადაიქცეს და ადამიანებს დაავიწყდეთ, თუ სად ცხოვრობენ სინამდვილეში?
ოლ სიმონე: მე ვასხვავებ „მეორე ცხოვრებას“ და რეალობას და იმედი მაქვს, სხვებიც ანალოგიურად იქცევიან.
- და რა განსხვავებაა?
ოლ სიმონე: „მეორე ცხოვრება“, რა თქმა უნდა, ვირტუალურია.
- დარწმუნებული ხარ?
ოლ სიმონე: კი, დარწმუნებული ვარ. „მეორე ცხოვრებაში“ ტკივილი არ არის, შეგიძლია გააკეთო ის, რაც მოგესურვება. რეალობაში კი უნდა ვიმუშაო და შვილებიც კი მინდა მყავდეს. აქ მხოლოდ ურთიერთობისთვის დავდივარ. ერთი-ორი საათით კვირაში.
- მიწის ყიდვას თუ აპირებ?
ოლ სიმონე: არა, არ მინდა. ფულიც არ მაქვს. მხოლოდ ადამიანებს მინდა რომ შევხვდე. კარგი, უნდა წავიდე, ჩემი დრო იწურება. ბედნიერად! მოხარული ვარ, რომ გაგიცანი.
- კარგი, ოლ, კარგად, სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. შეგიძლია შენი ნამდვილი სახელი მითხრა?
ოლ სიმონე: ოლივიე
- მადლობა, ოლივიე, კარგად!
ოლივიესი არ ვიცი და მე შევამჩნიე, რომ რეალობის არასრულყოფილი აღქმის შევსებას ჩემი გონება ცდილობს. ქვიშაზე სიარულისას, თითქოს ვგრძნობ, როგორ ეფლობა ფეხები ფხვიერ მასაში, ხოლო სიმაღლიდან გადმოხტომისას ვესტიბულარული აპარატი აშკარად ურევს. საინტერესოა, უფრო სრულყოფილი ტექნიკური უზრუნველყოფის შემთხვევაში რამდენად შევძლებდი „მეორე ცხოვრებაში“ ჩართვას, და შევძლებდი კი შემდეგ უკან, „რეალურ ცხოვრებაში“ დაბრუნებას? „მატრიცაში“ გაჭედვის უსიამოვნო პერსპექტივაზე ფიქრმა ძალიან რომ არ გამიტაცოს, ახალ რესპონდენტს ვეძებ.
„გორემ აილენდი“. ალფონსო პიჯენი უცნაურ აპარატთან ჩხირკედელაობს.
ალფონსო პიჯენი: დილა მშვიდობისა.
- დილა მშვიდობისა - დროის ასეთ სწრაფ ცვალებადობას ჯერ კარგად ვერ შევეჩვიე. აქ ყველას თავისი დრო აქვს. ესეც ალბათ ერთერთი უპირატესობაა რეალურ სამყაროსთან შედარებით.
- რას აკეთებ?
ალფონსო პიჯენი: პოდრეისერს ვამთავრებ. მოგწონს?
- საინტერესოა... საუბრისათვის გცალია?
ალფონსო პიჯენი: რა თქმა უნდა.
- აქ როგორ მოხვდი?
ალფონსო პიჯენი: რადიოში მოვისმინე, რომ ერთმა მილიონი გააკეთა და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა ჩემი თვალით მენახა აქაურობა. „ზვავი“ 3 წავიკითხე. ასე რომ, ვიცნობდი მეტასამყაროს კონცეფციას, მაგრამ მაინტერესებდა, რას წარმოადგენდა ის სინამდვილეში. თავიდან ძალიან დავიბენი. აქ ბევრი რამეა, რისი მიღებაც შეიძლება. ნელ-ნელა უფრო ბუნებრივი გავხდი. ახლა ჩემს ავატარს რომ ვუყურებ ხოლმე, მინდა სარკეში ჩავიხედო. მე ვიცი, რომ ის მე ვარ.
- ცხოვრებაში რას აკეთებ?
ალფონსო პიჯენი: ცხოვრებაში მღებავი ვარ. აქ სხვა რამეს ვაკეთებ. ვაშენებ, დავფრინავ. ვცდილობ აქ ის გავაკეთო, რასაც ცხოვრებაში ვერ შევძლებ. მაპატიე, თან რომ ვსაქმიანობ, მაინც ყურადღებით გისმენ.
სითიზენ ლოონი უერთდება ჩვენს საუბარს. ეტყობა ალფონსოს მეგობარია.
ალფონსო პიჯენი: გამარჯობა, სითიზენ!
სითიზენ ლოონი: გამარჯობა, ძმაო!
მეორე ცხოვრების პირველი მილიონერი ენში ჩანგი პირველი ვირტუალური მილიონერია. მან თავისი კაპიტალის ლომის წილი ვირტუალური უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითა და დაგირავებით შეიძინა. ენში ჩანგის დანაზოგმა ერთი მილიონი რეალური ამერიკული დოლარი შეადგინა. ამ ქალბატონმა თავისი ბიზნესი ვირტუალურ სამყაროში კერძო კუნძულების შექმნით დაიწყო. ის ქმნიდა უბნებს აზიური, ვიქტორიანული და გოთიკური არქიტექტურით, უბნებს ლესბოსელი და გეი, ასევე ფუმფულა ბეწვით დაფარული ავატარებისთვის.
შვედეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც თავის წარმომადგენლობას გახსნის „მეორე ცხოვრებაში“. შენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში შვედეთის საელჩოს ზუსტი ასლი იქნება ვირტუალურ სამყაროში. შვედეთის წარმომადგენლობა საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს შეასრულებს. პოტენციურ ტურისტებს მიაწვდიან ინფორმაციას შვედეთის კულტურის, ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. ასევე გასცემენ ცნობებს ვიზების გაფორმების შესახებ. როგორც სააგენტო როიტერი იტყობინება, რომელსაც, სხვათა შორის, საკუთარი ახალი ამბების სააგენტო აქვს ვირტუალურ სამყაროში, საელჩოს თანამშრომლები ხელფასს „მეორე ცხოვრების“ ვალუტაში - ლინდენ დოლარებში მიიღებენ.
- ალფონსო, მიწა თუ გაქვს საკუთარი?
სითიზენ ლოონი: ბრრრ....
ალფონსო პიჯენი: არა, მიწა არ მაქვს. არ შემიძლია მიწის ყიდვა. საკრედიტო ბარათი არ მაქვს.
- საიდან ხარ?
ალფონსო პიჯენი: სამხრეთ ბრიტანეთიდან. შენ?
- მე საქართველოდან. ისე „ზვავი“ ჩემი საყვარელი წიგნიცაა.
ალფონსო პიჯენი: სასიამოვნოა. - იცინის - მე აქ ბევრს ვურჩევ წაიკითხოს ეს წიგნი.
- ხანდახან მგონია, რომ ჩვენი სამყარო „მეორე ცხოვრებას“ გავს.
ალფონსო პიჯენი: როგორც „მატრიცაშია“? შესაძლოა. მჯერა, რომ მალე ინტერნეტი ისეთივე იქნება, როგორც „მეორე ცხოვრება“. მომავალი უფრო სწრაფად გვიახლოვდება, ვიდრე შემიძლია წარმოვიდგინო.
- როგორ ფიქრობთ, „მეორე ცხოვრება“ შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც შემწყნარებლობის განვითარების ინსტრუმენტი?
ალფონსო პიჯენი: ის ალბათ უფრო საშუალებაა ადამიანებისთვის საკუთარი ავადმყოფური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასე ისინი რეალურ ცხოვრებაში უფრო შემწყნარებლები გახდებიან. ისინი ბედავენ აქ იმას, რასაც ცხოვრებაში ვერ გაბედავდნენ იმიტომ, რომ ანონიმურები არიან.
სითიზენ ლოონი: მე ვეთანხმები ალფონსოს, „მეორე ცხოვრება“ ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავიანთ ფანტაზიებს ხორცი შეასხან.
- დიდი მადლობა, საუბრისათვის, მეგობრებო. ახლა უნდა წავიდე. ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდით. კარგად იყავით!
სითიზენ ლოონი: თავს გაუფრთხილდი!
ალფონსო პიჯენი: კარგად!
შვედეთი „მეორე ცხოვრებაში“ საელჩოს ხსნის
ისევ ზღვის სანაპირო. სატვაგნანა დე ვაუქსის ავატარს ჭაღარა იროკეზი ამშვენებს. ვესალმები და ვთავაზობ ჩამოვსხდეთ. ბუნგალოში შეზლონგებზე ვწვებით, ჩამავალ მზეს გავცქერით და საუბარს ისე ვაგრძელებთ.
სატვაგნანა დე ვაუქსი: ვცდილობ რაღაცეები გავაკეთო. ისე, ეს ჩემი დის ადგილია. მშვენიერი ადგილია, მაგრამ ცოტა მოუწყობელი. ის მარტო ლაპარაკობს, რომ რაღაცეების გაკეთება უნდა. რამდენიმე კვირაა, რაც აქ ვარ. „მეორე ცხოვრების“ შესახებ მეგობარმა მომიყვა და მეც დავსახლდი. ახლა კი ჩემს მეგობრებს მიწის მოძებნაში ჩემი ძმა ეხმარება.
- შენი ძმა აქ მუშაობს?
სატვაგნანა დე ვაუქსი: ჰო...
- რა იფიქრე, სულ პირველად აქ რომ აღმოჩნდი?
იცინის
სატვაგნანა დე ვაუქსი: წინასსწარ ვიცოდი, რომ კარგი იქნებოდა. ცხოვრებაში მულტიმედიაზე ვმუშაობ. „მეორე ცხოვრება“, სამუშაოსგან განსხვავებით, თამაშის საშუალებას მაძლევს. მაშინაც კი, როდესაც ვაშენებ, ვერთობი. კიდევ... ბევრ მხიარულ ადამიანს ვხვდები. უკაცრავად უხეში გამოთქმისათვის, მაგრამ ბევრ პროჭსაც... მაგრამ როცა გინდა, მაშინ მოაკეტინებ. აი, ეს მაგარია!
- ვირტუალურ სამყაროში არასდროს დაგიკარგავს საკუთარი თავი?
სატვაგნანა დე ვაუქსი: იცი, რაა? მე მყარად მჯერა „მეორე ცხოვრების“ - „მეორე ცხოვრებაში“, და რეალური ცხოვრების - რეალურ ცხოვრებაში. ვცდილობ ერთმანეთში არ ავურიაო. ისე, რა თქმა უნდა, ვინმე შეიძლება დაიკარგოს, დაავიწყდეს, სად არის. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ. ეს ხომ არაა რეალობა.
- ჩვეულებრივ სამყაროში რას აკეთებ? შენი ორი ცხოვრება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან?
სატვაგნანა დე ვაუქსი: აქ იცი რა მომწონს, წვრილმანებზე რომ არ მიწევს ფიქრი, მაგალითად - საუზმეზე, ვახშამზე და სადილზე, იმაზე, რომ ტუალეტის ქაღალდი მაქვს საყიდელი, არანაირი კვერცხები და ტანსაცმელი, არც ის მაწუხებს, რომ ყვავილები დამრჩა მოსარწყავი. უბრალოდ, მკიდია და მიხარია.
- როგორ ფიქრობ, აქ ვინც შემოდის, აქვს ყველას რაღაც საერთო?
სატვაგნანა დე ვაუქსი: აბა რა... ეს აუცილებელია, მაგალითად, მე აქ დაქორწინებული ვარ, ვერასდროს გავყვებოდი ისეთ ადამიანს, რომელთანაც არაფერი მაქვს საერთო. თუმცა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში არც კი შევხვედრივართ ერთმანეთს. მე მას მხოლოდ მეორე ცხოვრებაში ვიცნობ. იცი რისი თქმა მინდა? ბევრი რამ კი შეიძლება მსგავსი იყოს, მაგრამ „მეორე ცხოვრება“ - „მეორე ცხოვრებაა“, რეალობა - რეალობაა - ეს ორი რამ ერთი და იგივე სულაც არ არის. მოკლედ აგიხსნი: რადგან შენ აქ არ გიწევს იმაზე ფიქრი, რაზეც რეალურ ცხოვრებაში, შანსი გაქვს სხვა ტიპი გახდე, სხვა რამეზე ამახვილებ ყურადღებას და ეს შენ გცვლის, როგორც პიროვნებას. აქ მეტი შანსი გაქვს ბედნიერი იყო. მაგალითად, „მეორე ცხოვრებაში“ ტანსაცმელს იყიდი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გჭირდება. ეს, უბრალოდ, თამაშია - გესმის? რაღაც გაგებით, ეს კიდევ უფრო სრულყოფილი სამყაროა, ვიდრე რეალური ცხოვრება. ან, თუნდაც, ფული... ეს ის ადგილია, სადაც ფულის გარეშეც შეგიძლია ცხოვრება.
- იცნობ ვინმეს, ვისაც აქ საკუთარი ბიზნესი აქვს?
სატვაგნანა დე ვაუქსი: როგორ არა, მაგალითად, ჩემი ძმა პიტერ მაკლეოდი და ჩემი და - დია, რომელიც ამ კუნძულს ფლობს და კიდევ ჩემი უახლოესი მეგობარი პოლ ლაპოინტი, რომელიც ასევე უზარმაზარი კუნძულის მეპატრონეა. უნდა გავიქცე, ხომ არ გეწყინება?
- კარგად!
რთულია გაექცე ცდუნებას და არ გამოცადო, რას ნიშნავს იცხოვრო „მეორე ცხოვრებით“. მით უმეტეს, ამ მომენტისთვის დიდი არჩევანი მაქვს. შემიძლია დავათვალიერო NASA-ს პავილიონები, რაკეტების მუზეუმი, გავფრინდე დედამიწის ახლო ორბიტაზე, ისევე, როგორც ეს იური გაგარინმა გააკეთა, მონაწილეობა მივიღო ექსპედიციაში მარსზე. შემიძლია საბრძოლო მოქმედებებში ჩავერთო ან ჩავეწერო ექსტრემისტების რიგებში, შევიდე „მეორე რწმენის“ ტაძარში და თაყვანი ვცე ადგილობრივ ღმერთებს ან სიმშვიდის კუნძულზე ბუდისტურ მონასტერში დავეყუდო. იმედი მაქვს, არ შევალ DELL-ის წარმომადგენლობაში კომპიუტერის საყიდლად ან CK-ში სუნამოს შესარჩევად. მაგრამ აქ ეგეც შესაძლებელია. ალბათ აქ ყველაზე საინტერესოა იპოვო ის, რის წარმოდგენასაც ვერასოდეს შეძლებ. ან შექმნა უნიკალური სამყარო, სადაც ადამიანები ცოტა ხნით მაინც მოწყდებიან ყოველდღიურობას. დღეს, უბრალოდ, ინტერვიუს აღება მინდა. რუკაზე შემთხვევით ვირჩევ რეგიონს, სადაც არც ისე ბევრი ხალხია.
ქუჩის კუთხეში თომ პროსპერო დგას და გიტარას უკრავს. გიტარის ბუდე წინ, ტროტუარზე აგდია გაშლილი, შიგნით რამდენიმე ბანკნოტით.
- გამარჯობა, თომ! რას აკეთებ?
თომ პროსპერო: გაუმარჯოს! ფულს ვაკეთებ და თან გიტარაზე დაკვრას ვცდილობ.
- თომ, შენ უკვე საკმაო ხანია, რაც აქ ხარ, ნოემბრიდან, როგორ მიეჩვიე აქაურობას?
თომ პროსპერო: ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მეგობრებმა მომიყვანეს, თუმცა აქაც ბევრი მეგობარი გავიჩინე. საინტერესო ადგილია და დიდი პოტენციალი აქვს. დიდი ხანია, რაც სამგანზომილებიანი ჩეთების ტესტირებით ვარ დაკავებული. „მეორე ცხოვრება“ ძალიან განსხვავებულია სხვებისაგან. ჩემი კომპიუტერი მუდმივად ონლაინშია, ამიტომ ზოგს გონია, რომ სულ კიბერსივრცეში ვტრიალებ. მაგრამ სინამდვილეში არც ისე ბევრ დროს ვატარებ აქ. რა თქმა უნდა, რეალური ცხოვრებაც მაქვს.
- რა არის შენთვის „მეორე ცხოვრება“, თამაში თუ ცხოვრების ნაწილი?
თომ პროსპერო: ორივე. მეგობრობა აქ ძალიან რეალურია, ადამიანებიც ავატარების მიღმა. თუმცა „მეორე ცხოვრების“ მომხმარებლებისათვის ის გართობაცაა და ნაწილობრივ, გაქცევაც. გაქცევა ბანალურობისა და კონფორმიზმისაგან. თუ გინდა, აიღე გიტარა და ცადე დაკვრა. მე წავალ, მომავალ შეხვედრამდე კიბერსივრცეში!
- მომავალ შეხვედრამდე!
თომი ჩეშირული კატასავით დნება სივრცეში. მე მის ადგილზე ვდგები, ბუდიდან გიტარას ვიღებ და დაკვრას ვიწყებ. გადავწყვიტე, დროებით ქუჩის მუსიკოსის ტყავშიც შევძვრე. 6 წუთში - ერთი ლინდენ დოლარი, დიდი ფული არ არის, მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
„მეორე ცხოვრების“ კვლევისას მუდმივად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი რამ შევამჩნიო, არ ვაქცევ ყურადღებას წვრილმან დეტალებს და გარემოსთან გაუცხოების გადალახვა მიჭირს. ახლა კი ვგრძნობ, როგორ შემეცვალა აღქმა. ვაკვირდები გამვლელებს, ტანსაცმლის დეტალებს, ჩრდილებს და ქარის ქროლვასაც კი ვამჩნევ. შეიძლება ჩემი გონებაც უფრო აქტიურად მონაწილეობს სამყაროს აწყობაში და ბევრ რამეს ამატებს იმას, რასაც გრძნობის ორგანოები აღიქვამენ. თითქოს ყველაფერი უფრო ახლობელი და ხელშესახები ხდება.
გიტარაზე დაკვრას განვაგრძობ. ვხედავ, ნელ-ნელა როგორ ივსება ჩემი ანგარიში. ჯერ იმდენი ფული ვერ შევაგროვე, მიწა რომ ვიყიდო და აქ დავსახლდე, მაგრამ რაიმე სუვენირს მაინც შევიძენ.
სამწუხაროდ, ბევრი დრო არ მაქვს. გიტარას ვიხსნი და ნელა მივუყვები ტროტუარს. კუთხეში ლიმონათს ვყიდულობ და სანაპიროსკენ ვუხვევ. ცოტა ხნით პლაჟზე ვჯდები და თვალს ვადევნებ, როგორ ეხეთქება ტალღები ქვიშას. ქაღალდის ნაგლეჯზე ოკრო-ბოკრო ასოებს ვჯღაბნი. შემდეგ ქაღალდს ბოთლში ვდებ და ზღვის ტალღებს ვატან. საინტერესოა, როდის და სად გამორიყავს მას ტალღა. და „მეორე ცხოვრების“ უკიდეგანო სივრცეში თუ შემხვდება ოდესმე ის, ვინც ჩემს წერილს წაიკითხავს და გამახსენებს შინ დასაბრუნებელ გზას.
___________________
1. ავატარა - ინდურ მითოლოგიაში ღვთაების განსხეულება მატერიალურ სამყაროში. კიბერსივრცეში ავატარა მომხმარებლის ვიზუალური გამოხატულებაა, ის, როგორსაც მას სხვა მომხმარებლები ხედავენ.
2. RPG (Role playing Game) - თამაშის სახე, სადაც მონაწილეები ფიქტიური პერსონაჟების როლებს იღებენ და ერთობლივად ქმნიან ისტორიას. RPG-ს იშვიათად ჰყავს გამარჯვებული ან დამარცხებული. სწორედ ესაა მთავარი განსხვავება RPG-სი სხვა სახის თამაშებისაგან.
3. ზვავი (Snow Crush) - ნილ სტეფენსონის ნოველა კიბერპანკის ჟანრში. გამოიცა 1992 წელს. სხვა პოსტმოდერნისტული ნოველების მსგავსად „ზვავის“ უნიკალური სტილი და ქაოტური სტრუქტურა მკითხველისათვის ცოტა რთული აღსაქმელია. თუმცა ბევრ ქვეყანაში გამოიცა და ბესტსელერიც გახდა. მასში სტეფენსონმა პირველად გამოიყენა ტერმინი მეტასამყარო, რომელიც ვირტუალურ სამგამზომილებიან სივრცეს აღნიშნავდა გლობალურ ელექტრონულ ქსელში.
![]() |
14 მეცნიერები |
▲ზევით დაბრუნება |
სპეც-პროექტი
ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
სპეც-პროექტის გმირების შერჩევისას, თავში სულ ერთი სურათი მიტრიალებდა - თბილი, მოყვითალო შუქით განათებული, მტვრიანი წიგნებისა და ფურცლების სუნით გაჟღენთილი მომცრო კაბინეტი, სხვადასხვა ნივთებით გადავსებული საწერი მაგიდა, ფურცელზე სათუთად გადმოტანილი „მეცნიერული“ ფიქრები და სრულიად აბსტრაქტული ათასი თეორია, რომლებიც სინამდვილეში ყველაზე მატერიალურ საფუძვლებს ემყარება. ეს ჩემი ბავშვობის ასოციაცია და პირველი მეცნიერის ნახვისას მიღებული შთაბეჭდილებაა, ცოტა მიამიტური და გაზვიადებული.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სპეც-პროექტის მინი-ძიება მეც ნაცნობ-მეგობრებით დავიწყე. შეკითხვამ: ქართველი მეცნიერები გაიხსენეთ, რომელთაც თავიანთი კვლევა-ნაშრომების წყალობით საერთაშორისო ასპარეზზე დიდი აღაიარება მოიპოვეს - ყველა დააფიქრა, უმრავლესობამ კი მხრების ჩეჩვით და დაბნეული თავის კანტურით გამომისტუმრა, ეგეთები ჩვენ ან დიდ დასავლეთში გვეგულება, ან სამწუხაროდ, უკვე აღარ არიანო. ყოველი შემთხვევისთვის გულმოდგინედ სირბილი მაინც გავაგრძელე და აი, რა გავიგე: თურმე მაღალი ტექნოლოგიების ფიზიკოსები საქართველოშიც მოღვაწეობენ და თავიანთი შესაძლებლობებით ამ დარგში ყველაზე მოწინავე იაპონელებიც გაუოცებიათ. გაუოცებიათ და მერე იშვიათი იზოტოპების შესაქმნელად სოლიდური ინვესტიციებიც მოუპოვებიათ. ზღაპრული „სიზმარაც“ უმიწიერესი მოქალაქე ყოფილა და ამოუხსნელ ძილის ფენომენზეც ყველაზე ადამიანური ენით შეუძლია მოგვიყვეს. სამედიცინო „ჯადოქრობები“ თურმე მაღალგანვითარებული ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ხდება და მთვარის შედგენილობის შესწავლაც, ქართველი ასტრონომის წყალობით, პირდაპირ დედამიწიდან არის შესაძლებელი, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართული წარმოშობის კოსმიურ საოცრებასა და ულტრათანამედროვე საბრძოლო ტექნიკაზე.
ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობსო, ხომ გაგიგიათ?
ელგუჯა მეძმარიაშვილი
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
საავტორო პროექტები: პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი-რეფლექტორი; მიწისზედა და კოსმოსური ანტენები, რეფლექტორები; მოიერიშე ხიდები (მექანიკური, გასაშლელი ხიდები საომარი ოპერაციებისთვის); განსხვავებული პრინციპის ინდივიდუალური და ჯგუფური ცურვის სისტემები; სამხედრო-საინჟინრო ხელოვნების დარგში ექვსი მონოგრაფია.
1981 წელი იყო. საბჭოთა კავშირში ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალბიუჯეტიანი კოსმოსური ექსპერიმენტისთვის რამდენიმე წელი საგანგებოდ ემზადებოდნენ. თუმცა კონსტრუქტორებს მოლოდინი არ გაუმართლდათ და „დიდი“ ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა. საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, კოსმოსური ტექნიკის მთავარი კონსტრუქტორის თანამდებობაზე „ვაკანსია“ გამოცხადდა: ახალგაზრდა კაცი სჭირდებოდათ, ახალი იდეებით, თანამედროვე მიდგომით და საინტერესო პროექტებით. საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილის რეკომენდაციით, კოსმოსური ტექნიკის მთავარ კონსტრუქტორად თბილისის „კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის“ მეცნიერი, ელგუჯა მეძმარიაშვილი დაინიშნა.
კოსმოსური ტექნიკის დეპარტამენტს რვა წელი ხელმძღვანელობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ბატონი ელგუჯა საქართველოში დაბრუნდა და პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის პროექტზე მუშაობა დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ, უმსხვილესი ევროპული კომპანიის - „Daemler-Benz Aerospace“, კომპანია „საქართველოს პოლიტექნიკური ინტელექტისა“ და რუსეთის კოროლიოვის სახელობის სარაკეტო კოსმოსური ცენტრის დახმარებით, ორბიტალურ სადგურ „მირ“-ზე ექსპერიმენტის ჩასატარებელი პირობები შეიქმნა. ამ პროექტის ავტორიც და მთავარი კონსტრუქტორიც ელგუჯა მეძმარიაშვილი გახლდათ.
1999 წლის 23 ივლისს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი (რეფლექტორი) ორბიტაზე გავიდა. 28 ივლისს კი ურთულესი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა - რეფლექტორმა ფუნქციონირება დაიწყო. ეს სატელიტური ანტენის თანამედროვე, ზედმიწევნით ზუსტი, მრავალფუნქციური მოდელია. თანამგზავრიდან მისი საშუალებით შეიძლება ბალისტიკური რაკეტების ადრეული სტარტის აღმოჩენა; წყალქვეშა ნავების გადაადგილების კონტროლი; სამხედრო ტექნიკისა და ოპერაციების თვალთვალი. რეფლექტორი ასევე ემსახურება მობილური კავშირგაბმულობის, ინტერნეტის, ტელემედიცინის, ტელესწავლების, დედამიწის ზონდირების ხარისხისა და სისწრაფის გაუმჯობესებას. „ჩვენთვის ეს უდიდესი ისტორიული მოვლენა იყო. მსოფლიო კოსმონავტიკაში ის აღიარებულ იქნა ახალი პრიორიტეტული მიმართულების დასაწყისად. პროგრამის ჩატარების დრო კი შეტანილია კოსმონავტიკის ქრონიკის უმნიშვნელოვანესი თარიღების ჩამონათვალში.“
ელგუჯა მეძმარიაშვილმა საქართველოში ორი დარგის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი: კოსმოსური და მიწისზედა კონსტრუქციების დამზადებას და საქართველოში სამხედრო-საინჟინრო სკოლის ჩამოყალიბებას.
„წელს დავასრულეთ სამუშაოები საქართველოს სამგანზომილებიან ციფრულ რუკაზე და აფხაზეთისა და ოსეთის კოსმოსური გადაღების მასალებზე. გამოიცა ჩემი მეექვსე მონოგრაფია სამხედრო დარგში. ასევე, დაპატენტებული მაქვს ოთხი გამოგონება: სრულიად ახალი თაობის, დიდი ზომის (25 მ.) კოსმოსური ანტენის პროექტი; გასაშლელი, მოიერიშე ხიდი, რომლის მალი (ხიდის სიგრძე) სარეკორდოა მსოფლიოში და იგი 48 მეტრს შეადგენს; და წყალზე ცურვის ინდივიდუალური და ჯგუფური სისტემები, რომლებიც ცურვის განსხვავებულ პრინციპზეა აგებული.“
სულ მალე, „ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის“ საპროექტოებში მუშაობა მთელი დატვირთვით დაიწყება. წელს ელგუჯა მეძმარიაშვილის ოთხივე პროექტს საერთაშორისო ბაზარზე გაიტანენ.
დავით გოცაძე
მაშ ასე, ონკოლოგი, ქირურგი თუ, როგორც ამბობენ: ძალიან მაგარი ექიმი
დავით გოცაძე 16 წლის იყო, მოსკოვში სასწავლებლად რომ გაემგზავრა. მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა და იმ რამდენიმე საუკეთესო სტუდენტს შორისაც მოხვდა, პროფესორმა ბლოხინმა ახალი ონკოლოგიის ცენტრში სამუშაოდ რომ შეარჩია. 26 წლის ასაკში საკანდიდატო, 36 წლისამ კი - სადოქტორო დისერტაცია ხელმძღვანელის გარეშე (?!) დაიცვა. „რაზეც მე მუშაობდი, იმას ჯერ არავინ აკეთებდა. ჩემი დისერტაციის თემა იყო ონკოლოგიური დაავადებების დროს შარდის ბუშტის ჩანაცვლება. რუსმა კოლეგებმა ჩემი მეთოდი შეაფასეს, როგორც უახლესი, უნიკალური თავისი მიდგომით და ტექნიკით. ჩემთვის ეს პირველი წარმატება იყო.“
სიმსივნური დაავადებების დროს, მრავალი ორგანო ზიანდება. მათგან ნაწილის (შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი, საშო) დექტომიის შემდეგ პაციენტი ვეღარ ეწევა აქტიურ სოციალურ ცხოვრებას, ეცემა მისი პროდუქტიულობა, ამ დროს ხშირია დეპრესიულობაც. დაზიანებული ორგანოების (შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი, საშო) ჩანაცვლება პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად კეთდება. მას ეძლევა საშუალება, რომ ოპერაციის შემდეგ სოციალურად აქტიური დარჩეს და დარჩენილი სიცოცხლე მთელი 80%25 ან 100%25-ით დაიტვირთოს.
დავით გოცაძის სადოქტორო ნამუშევარმა ბევრი მეცნიერი დააინტერესა და საჩვენებელი ოპერაცების ჩასატარებლად სხვადასხვა ონკოლოგიური კლინიკიდან მოწვევები მიიღო. მისი მასტერკლასები წამყვანმა ქირურგებმა მოსკოვში და სანქტ-პეტერბუგში იხილეს. ოპერაციებს აქტიური განხილვები მოჰყვა. ცხადია, გამოჩნდნენ ოპონენტებიც, თუმცა უმრავლესობამ ეს მეთოდი შეაფასა, როგორც თანამედროვე ქირურგიის ერთ-ერთი შედევრი.
მსოფლიო უროლოგების საერთაშორისო ყრილობები ყოველ წელს, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. სიმპოზიუმზე განსახილველად 20000-ამდე ექიმის ახალი სამეცნიერო ნაშრომი იგზავნება. ყრილობაზე წარსადგენ ნაშრომებს ანონიმურად, ავტორის ვინაობისა და წარმომავლობის ცოდნის გარეშე, 5-6 ექსპერტი აფასებს. 20000- იდან მხოლოდ ოთხასამდე მონაწილეს არჩევენ. სახელმწიფოდან, რომელიც რუკაზეც არ ჩანს, ჩადის ერთი ქირურგი, ონკოლოგი, რომელიც მსოფლიო მედიკოსთა ყრილობაზე, უცხოელი კოლეგების შეფასებით - „მანუალური ქირურგიის ერთ-ერთ შედევრს წარმოადგენს.“ აი, ეს იყო ჩემთვის ნამდვილი აღიარება.“
„სამწუხაროდ, ამ ოპერაციას საქართველოში იშვიათად ვაკეთებთ. ჩვენთან უკვე დაავადების უმძიმესი ფორმებით მოდიან. მათი ოპერირება კი ხშირად მიზანშეწონილი არ არის, რადგან ისევე როგორც კარდიოქირურგია, მედიცინის ეს დარგიც მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. ათიდან ოთხი ოპერაცია სასიკვდილო შედეგით მთავრდება. ამ დროს პაციენტის ასაკს, დაავადების სტადიას, სხვა თანმდევი დაავადებების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დაზიანებული ორგანოების ჩანაცვლება განსაკუთრებით ეფექტური დაავადების განვითარების საწყის ეტაპზეა. ასეთი პაციენტები კი ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად მიმართავენ.“
გურამ ბუაჩიძე
ჰიდროგეოლოგიის განყოფილების გამგე, პროფესორი
200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა:
საქართველოსა და კავკასიის გეოთერმიული რუკა და თერმული წყლების გავრცელება; ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ტრასის საკვლევი რუკა და სხვა.
„გეოლოგია, როგორც მეცნიერება, საქართველოში რუსეთის სამსახურში მყოფმა ევროპელებმა (პაფენგოლცი, რენგარტენი და სხვა.) მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოაყალიბა. ჩვენმა თაობამ გეოლოგიური პროცესების უფრო დეტალურად შესასწავლად კვლევის პრინციპულად ახალი მეთოდები გამოიყენა.
დღეს ჰიდროგეოლოგიის ინსტიტუტში ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ეს არის მიწისქვეშა წყლების და საინჟინრო გეოლოგიური პირობების შესწავლა. სხვადასხვა ნაგებობებისა და კონსტრუქციების ასაგებად აუცილებელია მოხდეს ტერიტორიის სრულყოფილი ანალიზი, ამისათვის ვსწავლობთ ქანების შემადგელობას, ვიკვლევთ ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების არსებობას და ა.შ.
უკვე ერთი წელია ჰიდროგეოლოგიის ინსტიტუტი დამოუკიდებელად, მეცნიერებათა აკადემიის გარეშე არსებობს. აქამდეც აქტიურად ვთანამშრომლობდით საერთაშორისო ასოციაციებთან: საინჟინრო გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგებისა და გეოთერმიული. ამ უკანასკნელის დაფუძნებაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა (მე ორჯერ გახლდით დირექტორატის წევრი). საერთაშორისო ასოციაციების ფინანსური მხარდაჭერით მომავალში რამდენიმე ახალ პროექტზე ვიმუშავებთ.
ჩემი ხელმძღვანელობით დამუშავდა კვლევის ახალი მეთოდები - ბუნებრივი წლისა და აირის წარმოშობის განსასაზღვრად ჩვენ პირველად გამოვიყენეთ იზოტოპური ანალიზი. წინათ თვლიდნენ, რომ მაგალითად, ბორჯომის წყალი არის „იუვენური“, ანუ ერთხელ ძველად წარმოქმნილი და ამიტომ იგი უნდა მოიხმარო „მცირე დოზებით“. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ავზში (ქანებში) წყალი მუდმივად განახლდება და შესაბამისად, მისი ექსპლუატაცია (რა თქმა უნდა, რაციონალური) განუწყვეტლივ შეიძლება.
ჩემი მოღვაწეობის თითქმის ნახევარი ექსპედიციებს დავუთმე - საქართველოს მთელი ტერიტორია მოვიარეთ და შევადგინეთ სასმელი, სამკურნალო და ბალნეოლოგიური წყლების რუკები. მოგვიანებით კავკასიონის გეოთერმიული რუკა დავამზადეთ. აი, ეს კი ბაქო-ჯეიჰანის გაზსადენის რუკაა. რუკის შედგენა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, მხოლოდ ბაქო-ჯეიჰანის რუკაზე შვიდი წელი ვიმუშავეთ.
მოგვიანებით გეოთერმიით დავინტერესდი და ჩემი სადოქტორო ნაშრომიც სწორედ მას მივუძღვენი (დავიცავი კიევში). ნიადაგის გეოთერმიული პირობების დასადგენად ჩემი ხელმძღვანელობით შემუშავდა კვლევის ახალი მეთოდი, შევქმენით უნიკალური დანადგარი, რომელიც ქანებში აირის გამტარობას განსაზღვრავს. დღეს ჩვენი აირული ლაბორატორია არის ერთ-ერთი ცნობილი მსოფლიოში. იზოტოპური შემადგენლობის განსაზღვრაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში შეუძლიათ. ასევე, შეიძლება ითქვას, საფუძველი ჩავუყარეთ წარმოების (სახალხო მეურნეობის) ახალ დარგს - ბუნებრივი აირის ნახშირორჟანგის გამოყენებას. ადრე საწარმოები დაწვის ხელოვნურ აირს იყენებდნენ. არადა, მრავალი მინერალური წყალი შეიცავს ბუნებრივ აირებს, რომელთა გამოყოფაც ძალიან მარტივი ტექნოლოგიით არის შესაძლებელი. ახლა გაზიანი სასმელების კომპანიები მიწისქვეშა წყლებისაგან გამოყოფილ ბუნებრივ აირს იყენებენ. მეტიც, ქართული მიწის წიაღიდან მიღებული აირი საექსპორტო პროდუქტი გახდა.
ფრიდონ ასათიანი
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, პროფესორი, „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მთავარი ტექნოლოგი, 100 სამეცნიერო ნაშრომის და მრავალი ნოუჰაუს ავტორი
ფრიდონ ასათიანმა სტაბილური იზოტოპების წარმოებაზე მუშაობა ჯერ კიდევ სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში, 1951 წელს დაიწყო. თბილისში სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი 1962 წელს დაარსდა, დღეს მას „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი“ ჰქვია. ბატონი ფრიდონი იზოტოპების წარმოების დარგში, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. ის „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრში“ ჟანგბადის იზოტოპების გაყოფის მთავარი ტექნოლოგია.
„იზოტოპები - ერთი და იმავე ელემენტის ატომებია, იდენტური ქიმიურ-ფიზიკური თვისებებით, რომლებიც სხვადასხვა ატომური წონით ხასიათდებიან. თავისი სტაბილური იზოტოპი ყველა ელემენტს გააჩნია. თუმცა არსებობს კიდევ მეორე სახის, რადიაქტიული იზოტოპი, რომელიც ატომური იარაღის დასამზადებლად გამოიყენება. ჩვენს ინსტიტუტს რადიაქტიულ იზოტოპებთან არაფერი აქვს საერთო, აქ მხოლოდ სტაბილურ იზოტოპებს ვაწარმოებთ.“
სტაბილური იზოტოპების განცალკევების თეორია საერთოდ მაღალი ტექნოლოგიების თემაა და ამგვარი წარმოებები დღეს მხოლოდ რამდენიმე მაღალგანვითარებულ ქვეყანაში არსებობს - იაპონიაში, ამერიკაში, ისრაელში და საფრანგეთში. სხვა მეცნიერებისაგან განსხვავებით, ამ დარგში ტექნოლოგიის საიდუმლოს უმკაცრესი წესით იცავენ. თანაც საქმე ის გახლავთ, რომ ერთი ტექნოლოგია შეიძლება ათობით ნოუჰაუს მოიცავდეს. ჰოდა, ფრიდონ ასათიანი ამგვარი ათობით ნოუჰაუს ავტორია.
„საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრში“ ოთხი ელემენტის სტაბილური იზოტოპი იწარმოება: ჟანგბადი, ნახშირბადი, აზოტი და ბორი. ბორს ორი იზოტოპი აქვს - B-10 და B-11. B-10 ატომურ ენერგეტიკაში გამოიყენება და ატომურ ელექტროსადგურებში მისი მუშაობის ერთ-ერთი დაცვის სისტემას წარმოადგენს. B-11-ს იზოტოპი კი მიკროელექტრონიკაში გამოიყენება.
ჟანგბადის იზოტოპები მედიცინაში გამოიყენება. „ჟანგბადს ბუნებაში სამი იზოტოპი აქვს. მაგალითად O-18-ს ბუნებრივი კონცენტრაცია - 0,2%25-ია, ჩვენ მას სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით 99%25-ამდე ვამდიდრებთ. ასევეა ჟანგბადის ყველაზე იშვიათი იზოტოპი O-17, რომლის საწყისი კონცენტრაცია 0,03%25 გახლავთ, მისი გამდიდრება კი 89-98%25-მდე შეგვიძლია. ამ იზოტოპების შემცველი „ზესუფთა წყალს“ პეტ-ტომოგრაფიებში იყენებენ, მისი საშუალებით მოლეკულურ დონეზე ხდება პათოლოგიების აღმოჩენა.“
იზოტოპები, რომელთაც ინსტიტუტში აწარმოებენ, თავიანთი მაღალი ხარისხით, მსოფლიო ბაზარზე მაღალკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა. BB-10-ს აწარმოებს როგორც ამერიკული ისე იაპონური კომპანია, მაგრამ ცნობილმა იაპონურმა ბრენდმა Hitachi-მ (Hitachi ასევე რამდენიმე ატომური ელექტროსადგურის მფლობელია) B-10 მწარმოებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოაცხადა. „რაოდენ აბსურდულადაც არ უნდა გეჩვენოთ, ჩვენ გავიმარჯვეთ - ჩვენი უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით, ამ იშვიათი იზოტოპის წარმოებაში ამერიკელებსაც მოვუგეთ და იაპონელებსაც.“
ამირან მეიფარიანი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, 200-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და ექვსი მონოგრაფიის ავტორი, ოთხი საკავშირო აღმოჩენის ხელმძღვანელი და შვიდი ქართული პატენტის მფლობელი
ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ისტორია ასეთია: 1923 წელს, მტკვარში, ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა გიორგი ელიავამ უნიკალური ვირუსი აღმოაჩინა. ეს უცნაური, თვალით უხილავი არსება საოცრად სიცოცხლის და ბრძოლისუნარიანი გამოდგა; მიკრობულ უჯრედში შეღწევისას ისეთი გამალებით იწყებდა გამრავლებას, რომ მალე ამ მიკრობისაგან აღარაფერი რჩებოდა. ამ ახლადაღმოჩენილი „სასწაულის“ საფუძვლიანი შესწავლის (და მომავლაში მისი გამოყენების) მიზნით, გიორგი ელიავამ თბილისში ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი დააარსა.
მან ჯერ არ იცოდა, რომ პარიზში, პასტერის ინსტიტუტში მეცნიერ ფელიქს დერელს ბაქტერიოფაგის ფენომენი უკვე აღმოჩენილი ჰქონდა და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ბაქტერიოფაგის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებას. დერელმა ვირუსს სახელიც შესაბამისი დაარქვა - ბაქტერიოფაგი, რაც ჩვენებურად მიკრობის, ბაქტერიის შთანმთქმელს ნიშნავს. გიორგი ელიავა ფრანგული აღმოჩენის შესასწავლად და ცოდნის გასაზიარებლად პარიზში გაემგზავრა.
1937 წელს, საფრანგეთის მთავრობის ჯაშუშობისა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობის ბრალდებით, გიორგი ელიავა დააპატიმრეს და დახვრიტეს. ინსტიტუტის სხვა თანამშრომლები გადასახლებაში „გაისტუმრეს“. თვითონ ინსტიტუტი კი, გაურკვეველი მიზეზით, ხელუხლებელი დატოვეს. ელიავას დაწყებული საქმე მისმა მოსწავლეებმა გააგრძელეს.
ამირან მეიფარიანი 54 წელია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში მოღვაწეობს. „ამ ფენომენის აღმოჩენა მსოფლიოში ინფექციურ დაავადებებზე დიდი გამარჯვება იყო და დღესაც ასე არის. ყველა სახის მიკრობს თავისი შესატყვისი ფაგი ებრძვის და უმოწყალოდ ამარცხებს. რაც მთავარია, მას არანაირი გვერდითი მოვლენა არ ახასიათებს. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი საშუალებაა ინფექციასთან საბრძოლველად. ორგანიზმისთვის სრულიად უვნებელი და ამავე დროს ძალიან ძლიერია. დღეს ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული მიკრობების რიცხვი კატასტროფულად იზრდება. ფაგის წინააღმდეგ კი ყველა მიკრობი უძლურია. ის ყოველთვის მოქმედებს.“
„წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გავუზიარეთ. ბაქტერიოფაგი დღეს ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაშიც იწარმოება. ჩვენთან გაიარეს მომზადება კუბელებმა, პოლონელებმა, უნგრელებმა, ჩეხებმა. ჩამოდიან პაციენტები, და როგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, მათი რიცხვი გაცილებით აღემატება ქართველი პაციენტების რაოდენობას.
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ორი უნიკალური ფაგი მივიღეთ: ფაგობიოდერმი - ჭრილობების, დამწვროებების, წყლულების უებარი საშუალება. (ამ პრეპარატებით კანადელ, ამერიკელ პაციენტებს ვუმკურნალეთ, რამდენიმე კიდურის ამპუტაციისაგან გადავარჩინეთ), მიკოლიზი - ბაქტერიოფაგის და სოკოს საწინააღმდეგო საშუალების ნარევი.
დღეს თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში, ამირან მეიფარიანისა და მისი თანამშრომლების წყალობით, მსოფლიოში ბაქტერიოფაგის უნიკალური კოლექცია ინახება. კოლექცია თანდათან მდიდრდება, ლაბორატორიაში მუდმივად ხდება გარემოდან ახალი ფაგების გამოყოფა.
ვიქტორ ჯაფიაშვილი
ასტროფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მთვარისა და პლანეტების შემსწავლელი კომისიის წევრი, პროფესორი
„მთვარის პოლარიმეტრიული ატლასის“ შედგენისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ მინიჭებული აქვს ბრედიხინის სახელობის პრემია.
მთვარის თვისებებს 1949 წლიდან სწავლობს. 1957 წლიდან ბატონი ვიქტორი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, მისი დამაარსებლისა და დირექტორის, აკადემიკოს ევგენი ხარაძის მოადგილის (სამეცნიერო დარგში) თანამდებობაზე მუშაობდა. ახლა, აბასთუმანში მხოლოდ ზაფხულობით ჩადის და ობსერვატორიიდან ისევ მთვარეს აკვირდება.
„დედამიწიდან სამყაროს სხვა ციურ სხეულებს შორის მთვარე ყველაზე ახლოა. მთვარემდე მანძილი ნახევარი მილიონი კილომეტრიც არ არის, თუმცა დიდი ხნის მანძილზე, მეცნიერები მისი შედგენილობის შესწავლას ვერ ახერხებდნენ. საქმე ისაა, რომ მთვარე ცივი სხეულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას თავისი გამოსხივება არა აქვს. ის მხოლოდ მზის სხივებს ირეკლავს და ამგვარად, ამ სხივების ანალიზი (სპექტრული ანალიზი) იგივე მზის სხივების ანალიზია.
როდესაც საქმე გავარვარებულ ციურ სხეულთან გვაქვს, მისი შედგენილობის შესწავლა იოლია. სპეციალური აპარატურის საშუალებით, ასტრონომები, როგორც წიგნში წაკითხულ ისტორიებს, ისე კითხულობენ სხივების შინაარსს და ადგენენ, თუ რა ნივთიერებებისაგან შედგება ესა თუ ის ციური სხეული. ეს ძალიან ეფექტური და ზუსტი მეთოდია და მას სპექტრული ანალიზი ჰქვია. ციური სხეულიდან მოღწეული სხივები სპეციალურ აპარატში ფერებად იშლება და ჩნდება ხაზები. ყოველ ქიმიურ ელემენტს თავისი შესატყვისი ხაზი გააჩნია.“
მეცნიერებმა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში შეამჩნიეს, რომ მთვარიდან არეკლილი სხივი მაინც იცვლის ბუნებას - იმის მიხედვით, თუ როგორია მისი ზედაპირი (გლუვი თუ რელიეფური) და რა შემადგენლობისაა კერძოდ ის ნივთიერება, რომელსაც სხივი დაეცა. ამ მოვლენას პოლარიზაცია დაარქვეს. ადამიანის თვალი ამას ვერ აღიქვამს, მაგრამ სპეციალური იარაღით თურმე შეიძლება გაბნეული სინათლის ანალიზი გაკეთდეს და მისი პოლარიზაციული თვისებები დადგინდეს. „ჩვენ („მთვარის პოლარიმეტრიული ატლასის“ შედგენაზე ჩემს მოსწავლესთან, ანატოლი კოროლთან ერთად ვმუშაობდი) აბასთუმანში თანამედროვე ელექტრონული აპარატურა შევქმენით. ტელესკოპთან კომბინაციაში ამ აპარატურამ ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია მოგვცა. ამიტომ, ამ მოვლენამ მრავალი მეცნიერის ყურადღება მიიპრყო და 1983 წელს, ამ მიგნებისათვის, ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ბრედიხინის სახელობის პრემიაც მოგვანიჭა.
„მთვარის პოლარიმეტრიული ატლასი“ მთვარის იმ ზედაპირის დეტალური რუკაა, რომელიც დედამიწისკენაა მოქცეული. მის შექმნაზე 30 წელი ვმუშაობდით. ვაკვირდებოდით, თუ როგორ იცვლებოდა პოლარიზაციის ხარისხი მთვარის ფაზების მონაცვლეობის დროს და შევადგინეთ 21 რუკა, სადაც ეს ცვლილებები აისახა.
ჩვენი ატლასის შექმნამდე, კოსმონავტებმა და ავტომატურმა ხომალდებმა მთვარის ზედაპირიდან ცხრაჯერ ჩამოიტანეს სხვადასხვა ქანი და მათი შემადგენელი ნივთიერებები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ არსად სამყაროში არ არსებობს არც ერთი ნივთიერება, რომელიც დედამიწაზე არ მოიპოვება. სამყარო ერთიანია - ის ერთი, მენდელეევის ცხრილის ელემენტებისაგან შედგება.
კოსმოსური ხომალდების გამგზავრებამდე, კონსტრუქტორები, სხვადასხვა დარგის მეცნიერებთან ერ- თად, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრავენ სად, რომელ წერტილშია უფრო მიზანშეწონილი ხომალდის დაჯდომა. „მთვარის პოლარიმეტრიული ატლასის“ საშუალებით, ეს უკვე კოსმოსში გამგზავრებამდე, დედამიწიდან არის შესაძლებელი.
მეცნიერები მთვარის მთლიანი ზედაპირის შესწავლას დღესაც განაგრძობენ. მომავალში ის საპლანეტათაშორისო მოგზაურობის ბაზა, ერთგვარი კოსმოსური სადგური იქნება. შეიძლება მთვარეზე უნიკალური ობსერვატორიაც აშენდეს, საიდანაც ასტრონომები მთელს სამყაროს შეისწავლიან. ამ ციურ სხეულს, დედამიწისაგან განსხვავებით, ატმოსფერო არ აკრავს გარს. ატმოსფერო ციური სხეულების სხივებს შთანთქავს და ინფორმაციას ამახინჯებს, რაც ასტრონომიულ კვლევებს მეტად აფერხებს. მეორე მხრივ, ატმოსფერო საჭიროა ადამიანის არსებობისათვის, მაგრამ არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც მეცნიერები ხელოვნურ ატმოსფეროს შექმნიან და მთვარეზე ადამიანებიც დასახლდებიან.“
თენგიზ ონიანი
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი
სამეცნიერო ნაშრომები, მონოგრაფიები:
„ნერვ-კუნთოვანი სისტემის შედარებითი ფიზიოლოგია“
„მემბრანო-ფიბრილარული ურთიერთობა“
„ემოციურ რეაქციათა ნეიროფიზიოლოგია“
„თავის ტვინის ლიმბური სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია“.
„ძილის კლასიკოსი“
დასავლეთში ეს ფენომენი ძილის ფიზიოლოგიითაა ცნობილი, თენგიზ ონიანს კი მიაჩნია, რომ ძილის ღვიძილისაგან დამოუკიდებლად განხილვა არასრულფასოვანია. ამიტომ ამბობს, რომ ის ძილ-ღვიძილის ფიზიოლოგიას იკვლევს. „ეს ციკლი სამი ფაზისაგან შედგება: ღვიძილი, ნელტალღოვანი ძილი და აქტიური ძილი. აქტიური ძილის დროს, ორგანიზმი არ ისვენებს. კუნთები მოდუნებულია, მაგრამ ტვინი ამ დროს ყველაზე დიდი დატვირთვით მუშაობს და ამას შინაგან ღვიძილს, იგივე ძილის პარადოქსულ ფაზას უწოდებენ.
ადრე ითვლებოდა, რომ პარადოქსული ფაზა იგივე სიზმრისეულ ფაზას ნიშნავდა. ჩვენმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ თვითონ პარადოქსული ძილიც არ არის ერთგვაროვანი და ისიც სამი სტადიისაგან შედგება. აღმოჩნდა, რომ მათგან მხოლოდ ერთი ფაზის განმავლობაში ვხედავთ სიზმრებს. ფიზიოლოგიაში ეს ისეთივე მნიშვნელობის მიგნება იყო, როგორიც თავად პარადოქსული ფაზის აღმოჩენა გახლდათ.
მერე ძილის და ღვიძილის მოთხოვნილებით დავინტერესდით - როდის წარმოიშვება ძილის, მისი ფაზების, ღვიძილის მოთხოვნილება? საღამოს რომ ვიღლებით და ძილი გვინდა, რა წარმოშობს ამ მოთხოვნილებას? ჩავატარეთ მასშტაბური კვლევა და დავადგინეთ, რომ ღვიძილის დროს, ძილის მოთხოვნილებას ნეიროქიმიური პროცესები წარმოშობენ. თუ კარგად გვღვიძავს, აქტიურები ვართ, კარგად დაგვეძინება, თუ დღის მანძილზე პასიურები ვართ, ძილიც არ არის სრულყოფილი. ჩვენს კვლევამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ღვიძილის დროს წარმოიქმნება როგორც ნელტალღოვანი, ისე პარადოქსული ძილის მოთხოვნილებაც. ეს დებულება ჩვენ უარვყავით და დავამტკიცეთ, რომ არასიზმრისეული (წყნარი) ძილის დროს წარმოიშვება პარადოქსული ძილის მოთხოვნილება.
ძილ-ღვიძილის ფიზიოლოგიის შესწავლას მედიცინისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათი დახმარებით განვახორციელეთ ერთი პროექტი, სადაც პარადოქსული ფაზის რეგულირებით, დეპრესიული პაციენტების მკურნალობის მეთოდი შევიმუშავეთ. ეს არაფარმაკოლოგიური, მკურნალობის ძალიან ეფექტური მეთოდია. ძილის პარადოქსული ფაზის დადგომისას, პაციენტი აქტიური ღვიძილის მდგომარეობაში გადაგვყავს და ამით პაციენტზე ხსენებული ფაზის უარყოფით გავლენას ვხსნით.
ახლა ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ძილის მოთხოვნილების გარდა, არსებობს ღვიძილის მოთხოვნილებაც, რომელიც ძილის დროს წარმოიქმნება. ასევე, ვიკვლევთ ციკლის რომელ ფაზაში წარმოიქმნება ეს მოთხოვნილება. მომავალში გვინდა ის ნივთიერებები მივიღოთ, რომლებიც ძილის და ღვიძილის მოთხოვნილებებს წარმოშობს. მოკლედ, ჯერ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს.“
![]() |
15 დარვინის ღმერთი |
▲ზევით დაბრუნება |
ესსე
ავტორი: რობინ მარანც ჰენიგი
თარგმანი: დავით ახალაძე
© 2007 New York Times
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
სკოტ ატრანისთვის ღმერთი ყოველთვის გამოცანა იყო. ბალტიმორში, ჯერ კიდევ ათი წლისამ, თავისი საძინებლის კედელს სევდიანი სენტენცია მიაჯღაბნა. „ღმერთი არსებობს!“ - იუწყებოდა შავი და ნარინჯისფერი საღებავებით შესრულებული წარწერა - „და თუ არ არსებობს - ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე“. იმ დროიდან მოყოლებული, ატრანს მუდამ აწვალებდა კითხვა: რატომ არ სწამდა, და საიდან ჰქონდათ სხვა ადამიანებს ღმერთის ურყევი რწმენა.
გინდ ღმერთი დაარქვი, გინდ - ცრურწმენა, თუგინდ ატრანივით „იმედის უსაფუძვლო რწმენად“ მონათლე. ერთი სიტყვით, რაც გინდა, უწოდე, ესაა თანდაყოლილი ადამიანური მოთხოვნილება - სწამდეს რაღაც ტრანსცენდენტური, შეუცნობელი და იმქვეყნიური, მეცნიერულად აუხსნელი და დაუსაბუთებელი. ნეტავ რატომ სჩვევიათ ადამიანებს, მათ შორის პირწავარდნილ ათეისტებსაც კი, თვითმფრინავში, ტურბულენტობის დროს თითების გადაჯვარედინება? - კითხულობს ატრანი. იგი 55 წლისაა, ანთროპოლოგია და პარიზის სამეცნიერო კვლევის ეროვნულ ცენტრში მუშაობს. პარალელურად თანამშრომლობს მიჩიგანის უნივერსიტეტთან და ნიუ იორკის ჯონ ჯეის სისხლის სამართლის კოლეჯთან. მისი კვლევის სფეროა კოგნიტიური მეცნიერება და ევოლუციური ბიოლოგია. ზოგჯერ მას სტუდენტებთან ხის ყუთი მიაქვს ხოლმე, რომელსაც აფრიკულ რელიკვიად წარმოადგენს და ეუბნება მათ: „ეს ყუთი გააქრობს ყველაფერს, რასაც მასში ჩადებთ, თუკი რელიგიის მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილი“. მის სტუდენტთაგან ბევრს ეპარება ეჭვი ღმერთის არსებობაში, მაგრამ წარმოდგენაში მაინც იღებს მონაწილეობას, თითქოს რაღაცის სწამდეს. როცა მათ ყუთში ფანქრის ჩადებას სთავაზობენ, ყველა ხალისით თანხმდება, როცა საქმე პირადობის მოწმობაზე მიდგება, უმეტესობა დიდი ყოყმანის შემდეგ ელევა საბუთებს, მაგრამ ძალიან ცოტა მათგანს თუ დაითანხმებ ყუთში ხელის ჩაყოფაზე.
აბა, რისი ეშინიათ, თუკი არაფრის სწამთ?
ჯადოსნური ყუთის დემონსტრირება ატრანმა 80-იან წლებში დაიწყო, როცა კემბრიჯის უნივერსიტეტში რელიგიური მრწამსის ბუნებას იკვლევდა. მან დოქტორის ხარისხი ანთროპოლოგიის დარგში კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო. ისრაელში არქეოლოგიური გათხრების, გვატემალაში მაიას ცივილიზაციის შესწავლის თუ ნიუ იორკში არსებული ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმის ექსპონატთა აღწერის დროს, ის ყველგან აწყდებოდა რელიგიის არსებობის დამადასტურებელ ფაქტებს. თავისი თვალთახედვით ნატრანი დარვინისტია და ცდილობს ადამიანთა ნებისმიერი ქმედება მიზანშეწონილობით ახსნას: გაარკვიოს, რა როლს თამაშობდა კონკრეტული ქცევა ჩვენი ადრეული წინაპრებისთვის გადარჩენის და გამრავლების საკითხის მოგვარებაში. მისთვის გაუგებარი იყო, რა ევოლუციური პრობლემა შეიძლებოდა გადაეწყვიტა რელიგიას, რომელმაც ისე ამოწურა თავისი რესურსები, რომ გადარჩენისთვის ბრძოლაში მკვეთრად გამოხატული წვლილი არ შეუტანია. მაშ, რატომ იყო რელიგია ესოდენ გავრცელებული, მაშინ, როცა ის ასე ძვირი ჯდებოდა ევოლუციური თვალსაზრისით?
ჯადოსნური ყუთის დემონსტრაცია დაეხმარა ატრანს წარმატებით გამოეკვლია, რამ ჩამოაყალიბა ადამიანებში რელიგიური გრძნობა. ამ თემაზე 80-იან წლებში ცოტა ვინმე თუ მუშაობდა. მაგრამ დღესდღეობით ბევრი სწავლულის ძალისხმევაა მიმართული ამ საკითხის შესწავლისკენ, რამდენადაც მრავალი მეცნიერი ცდილობს, რელიგიური მრწამსის წარმოქმნას ევოლუციური ახსნა მოუძებნოს და გაარკვიოს, საკუთრივ რატომ არსებობს ღმერთის რწმენა (ღმერთის რწმენა და არა თავად ღმერთი, რაც ფილოსოფოსთა და თეოლოგთა კვლევის სფეროა).
ბოლო დროს, სულ მეტ ყურადღებას იქცევს სწავლულ ათეისტთა მეორე ნაწილი. ისინი რელიგიას კაცობრიობის ჭირად მიიჩნევენ და საკუთარი ბესტსელერებით უტევენ. წიგნში „ღმერთის ილუზია“, რომელიც გასულ წელს დაიბეჭდა და კვლავაც ბესტსელერთა სიაშია, ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტი ოქსფორდიდან, რიჩარდ დაუკინსი ასკვნის, რომ რელიგია მხოლოდ და მხოლოდ უსარგებლო და ზოგჯერ სახიფათო რამაა, რომელიც ევოლუციური უბედური შემთხვევის შედეგად წარმოიშვა. „რელიგიურობა შესაძლოა იყოს ძირითადი ფსიქოლოგიური მიდრეკილებების ფუჭი სუბპროდუქტი, რომელიც ოდესღაც შეიძლება სასარგებლო იყო“ - წერს დაუკინსი. ის შეუერთდა ორ სხვა ცნობილ მწერალს - სემ ჰარისს, „რწმენის დასასრულის“ ავტორს და ტაფტსის უნივერსიტეტის თანამშრომელს, ფილოსოფოს დანიელ დენეტს, ბესტსელერ „ხიბლის მსხვრევის“ შემქმნელს. ეს სამი პიროვნება ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან რელიგიურობასთან ბრძოლის სტილით, მაგრამ მათი სახელები ხშირად ერთად მოიხსენიება. ისინი ნეო-ათეისტთა ერთგვარ უწმინდურ სამეულად გვევლინებიან, რომელიც თავის ანტიეკლესიურ მსოფლმხედველობას ევანგელისტური აღტკინებით ავრცელებს.
ნეო-ათეისტთა გარშემო ატეხილ აურზაურში აღარ ჩანს უფრო ჩუმი და უფრო სასარგებლო დებატები. ეს დებატები იმართება არა მეცნიერებასა და რელიგიას შორის, არამედ უშუალოდ იმ მეცნიერთა წრეში, რომლებიც რელიგიის ევოლუციას შეისწავლიან. ეს სწავლულები თანხმდებიან ერთ რამეში: ღმერთის რწმენა არის ჩვენი ცნობიერების ნაყოფი, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბდა. მაგრამ ვერ თანხმდებიან საკითხში: უშუალოდ როგორ განვითარდა იგი ადამიანებში: როგორც თავისთავად ადაპტირებადი ფენომენი თუ როგორც ევოლუციის სუბპროდუქტი, ადამიანის გონებრივი ევოლუციის სხვა ადაპტაციათა შედეგი.
რომელი ახსნა მიესადაგება უკეთ ღმერთის რწმენას - ევოლუციური ადაპტაციის თუ ნევროლოგიური შემთხვევითობის? ნუთუ არსებობს რამე ჩვენს შემეცნებაში, რაც გვაიძულებს ვირწმუნოთ რაღაც ზებუნებრივი და ღვთაებრივი? და რომც შეძლონ მეცნიერებმა ღმერთის ფენომენის ახსნა, რა შეიცვლება? განა რელიგიის ახსნა მის გასამართლებლად გამოდგება? მაინც ვინ არის მართალი? ურწმუნოები, ვისთვისაც რელიგია უსაფუძვლო ვალდებულება და პრიმიტიული გონებისთვის დამახასიათებელი რუდიმენტული არტეფაქტია, თუ მორწმუნეები, რომლებიც თვლიან, რომ ღმერთის ჭვრეტის გონებრივი შესაძლებლობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს უნარი თავად ღმერთმა გვიბოძა?
მოკლედ, თუკი ჩვენს რწმენაში მტკიცენი ვართ, რამ წარმოშვა ეს სიმტკიცე?
„ჩვენი აღტაცება თუ გულცივობა, სიზანტე თუ სულსწრაფობა, ეჭვები თუ ურყევი რწმენა... ჩვენში თანაბრად, ორგანულად ყალიბდება“ - წერს უილიამ ჯეიმსი თავის წიგნში „რელიგიური განცდების ნაირფეროვნება“. ჯეიმსი 30 წლის განმავლობაში ასწავლიდა ჰარვარდში ფილოსოფიას და ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას. მან თავის წიგნს საფუძვლად დაუდო 1901 სემინარისგან შემდგარი ციკლი, რომელშიც რელიგიასა და მეცნიერებას შორის ზღვრის მოშლის ადრეული ცდები შეიმჩნევა.
ჩვენს ეპოქაში პროდასავლური სამყაროს დიდი ნაწილი რელიგიისა და მეცნიერების გამიჯვნის დელიკატურ შეთანხმებას მისდევს. როგორც ამბობენ, მეცნიერება ადგენს ციურ სხეულთა მოძრაობას, ხოლო რელიგია - ზეცისკენ სავალ გზას.
ჯეიმსისგან განსხვავებით, ატრანის თანამოაზრე ანთროპოლოგები და ფსიქოლოგები მხოლოდ რელიგიის ფესვებს ჩხრეკდნენ, მაგრამ 90-იან წლებში ჩაურევლობის საყოველთაო პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა. რელიგია მეცნიერების ტრადიციულ სფეროებში შეიჭრა, რომ ბიოლოგიის აუდიტორიებში გონივრული გადაწყვეტილება მიეღოთ და შეეწყვიტათ რწმენის კვლევა უჯრედებისა და ემბრიონის დონეზე. მეცნიერებმა კონტრშეტევით უპასუხეს. ევოლუციური ბიოლოგიისა და კოგნიტური ნევროლოგიის მსგავსი ზუსტი მეცნიერებების ექსპერტები ანთროპოლოგებთან და ფსიქოლოგებთან გაერთიანდნენ და ღმერთი მეცნიერული კვლევის საგნად აქციეს.
რწმენის წარმოქმნის გარშემო დებატები სუბპროდუქტის თეორიის მომხრეთა და ადაპტაციონისტებს შორის მიმდინარეობს. შესაძლოა კაცმა იფიქროს, რომ თანამდევი პროდუქტის თეორიის მომხრეები ურწმუნო ხალხია, ვინც რელიგიის თევზივით შესწავლას ცდილობს, ხოლო ადაპტაციონისტები, პირიქით, უფრო მორწმუნეებს უნდა ჰგავდნენ, რადგან ალღო აუღეს რელიგიური მრწამსის თანამდევ ემოციურ, სულიერ და საზოგადოებრივ უპირატესობებს. ან შეიძლება იფიქროთ, რომ ორივე მხარეს ათეისტები არიან. აბა, რომელი მორწმუნე მოისურვებს საკუთარი ღვთისმოსავობის რაციონალისტურად გაანალიზებას? მაგრამ მეცნიერის პირადი რელიგიური ხედვა ყოველთვის არ განსაზღვრავს, რომელ მხარეს დაიჭერს იგი. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორი ჩახლართული და არაპროგნოზირებადია ეს დებატები.
მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ამბების თხრობა დაიწყო, ხალხთა რელიგიები უხვადაა გაჯერებული ანგელოზებით, დემონებით, სულებით, ჯადოქრებით, ღმერთებითა და კუდიანებით. ჩარლზ დარვინი ამას ხაზგასმით აღნიშნავს თავის წიგნში „ადამიანის დაცემა“. ის წერს: „ყოვლისმომცველი, არამიწიერი ძალების რწმენა, როგორც ჩანს, საყოველთაოდ არის გავრცელებული“. დავეთანხმებით ანთროპოლოგებს და ვიტყვით, რომ რელიგიები, რომლებიც შეიცავს განსაზღვრულ თვისებებს - იქნება ეს არამატერიალური ღმერთის თუ ღმერთების, იმქვეყნიური ცხოვრების თუ ლოცვის და ღვთისმსახურების ძალის რწმენა, ფაქტობრივად, ყველა კულტურისთვისაა დამახასიათებელი.
რა თქმა უნდა, ასეა შეერთებულ შტატებშიც. 2005 წელს ჰარისის მიერ ჩატარებული ინტერაქტიული გამოკითხვის თანახმად, ყოველი 10 ამერიკელიდან 6-ს სწამს ეშმაკის და ჯოჯოხეთის არსებობის და 7-ს - ანგელოზების, სამოთხის სასწაულების და საიქიოსი. 2006 წელს ბეილორის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ რესპონდენტთა 92%25 „პერსონალური ღმერთი“ ჰყავს - განსხვავებული ხასიათითა და ნიშან-თვისებებით: ზოგის ღმერთი გულგრილია და შორსმსუფევი, ზოგის კი - სულგრძელი და კეთილგანწყობილი.
როცა საერთოადამიანურ ნიშანთვისებებზე საუბრობენ, ბიოლოგები ეძებენ და ვერ პოულობენ გენეტიკურ ახსნას, რამ განავითარა ასეთი გენი, რამ გადარჩინა და გაამრავლა. ეს არ თავსდება post-hoc ჰიპოთეზაში, რომელიც ყველა მუტაციას თავისი მიზანშეწონილობით ხსნის. გასაგებია, რა უპირატესობას მიანიჭებდა ადამიანს ევოლუციის პირველ საფეხურებზე ისეთი სახეცვლილებები, როგორიცაა, მაგალითად, მცირე ზომის ყბა, დიდი შუბლი, მოქნილი ცერა თითი და ა.შ. მაგრამ რას იტყვით ისეთ თვისებებზე, როგორიცაა რისკიანობა ან სიკეთე?
ატრანს ასეთი საკითხები ყოველთვის ჩიხში აქცევდა - ბევრი ასპექტია დაუსაბუთებელი და აუხსნელი რელიგიაში. განა არ იქნებოდა ის ხელის- შემშლელი ფაქტორი გადარჩენისთვის ბრძოლაში? ატრანისთვის რწმენა ასეთ მიდგომას მოითხოვს: „რაც მატერიალური თვალსაზრისით მოჩვენებითია, შეუძლებელია იყოს სიმართლე“ და პირიქით, „რაც მატერიალური თვალსაზრისით თვალსაჩინოა, შეუძლებელია იყოს ტყუილი“; ხოლო იმის მტკიცება, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ისევ იარსებებს, ისევ შეეძლება სიცილი და ტირილი, ისევ განიცდის ტკივილს და სიხარულს, იმდენად დამაბნეველია, რომ „სცილდება კეთილგონივრული ევოლუციური სტრატეგიის ფარგლებს.“ - წერს ატრანი თავის წიგნში „გვწამს ღმერთი: რელიგიის ევოლუციური ლანდშაფტი“. „წამოიდგინეთ ცხოველი,“ - განაგრძობს იგი - „რომელიც ჯამრთელობას სნებას ამჯობინებს, სისწრაფეს - მოუქნელობას და სიცოცხლეს - სიკვდილს. ნაკლებად შესაძლებელია, რომ ასეთმა ნაირსახეობამ გადარჩენა შეძლოს“. ამიტომაც ის, რწმენის ფენომენის ასახსნელად, თანამდევი ფაქტორების ძიებას შეუდგა - თუკი რელიგიურ მრწამსს არ შეეძლო თვითონ ადაპტირება, ის მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული სხვა რამესთან, რასაც ჰქონდა ადაპტაციის უნარი.
ატრანი მათემატიკოსობას აპირებდა, როცა 17 წლის ასაკში კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. პირველ კურსზე ისიც, სხვების მსგავსად, 60-იანი წლების საერთო დინებას აჰყვა და ერთ მშვენიერ დღეს, ომის მოწინააღმდეგეთა შეკრებაზე ამოჰყო თავი. ამ შეკრებაზე გამოვიდა მარგარეტ მიდი - შემდგომში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანთროპოლოგი - და სტუდენტებს მოუწოდა, დემონსტრაციების გამართვის ნაცვლად თავიანთი კონგრესმენებისთვის მიეწერათ. ბიძია სემის ჭრელ კოსტიუმში გამოწყობილმა ატრანმა არც აცია, არც ცხელა, წამოხტა და ორატორს მოღალატე უწოდა. „ახალგაზრდავ,“ - აუღელვებლად მიუგო მიდმა - „კეთილი ინებეთ და ჩემს ოფისში მობრძანდით“.
ატრანიც მივიდა... და დაიწყო მიდთან მუშაობა. თავიდან, თითქმის მთელ დროს ამერიკის ბუნებისმეტყველების მუზეუმში ატარებდა (სწორედ იქ მდებარეობდა მიდის ოფისი) და გულმოდგინედ ათვალიერებდა საოცარ ექსპონატებს. შემდეგ კი, დაჰკრა ფეხი და მთლიანად ანთროპოლოგიის სამყაროში გადაეშვა.
ატრანმა რელიგიური დანიშნულების უამრავი ექსპონატი შეისწავლა მუზეუმებში თუ არქეოლოგიური გათხრების დროს. ის ყველგან აწყდებოდა საკულტო საგნებს და უკვირდა, ლოგიკური განსჯისადმი მიდრეკილების მიუხედავად, რატომ შეალია კაცობრიობამ ამდენი ჯაფა სამყაროს ორგვარი ხედვის - რეალურის და ირეალურის, ინტუიციურის და კონტრინტუიციურის - შენარჩუნებას?
შესაძლოა, ეს კოგნიტური ძალისხმევა ზუსტად გათვლილ ერთ წერტილზე იყო მიმართული. ან, შესაძლოა, ადამიანის ცნობიერებაში რწმენის შენარჩუნება უფრო ნაკლებ გონებრივ დატვირთვას მოითხოვდა, ვიდრე ატრანს წარმოედგინა. ან კიდევ, შეიძლება რწმენა გამონაკლისი ფენომენი ყოფილიყო - რაღაც ისეთი, რაც საერთოდ არ მოითხოვდა კოგნიტურ ძალისხმევას.
ატრანმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გადაწყვიტა ამ საკითხების შესწავლა. მისი ინიციატივით მოეწყო კულტურის გლობალურ ასპექტებთან დაკავშირებული კონფერენცია, რომელზეც მან თავისი ყველა სათაყვანებელი მეცნიერი მოიწვია. ესენი იყვნენ: ლინგვისტი ნოამ ჩომსკი, ფსიქოლოგი ჟან პიაჟე, ანთროპოლოგები კლოდ ლევი-სტროსი და გრეგორი ბეითსონი (სხვათა შორის, მარგარეტ მიდის ყოფილი ქმარი), აგრეთვე, ნობელის პრემიის ლაურეატები - ბიოლოგები ჟაკ მონო და ფრანსუა ჟაკობი. 1974 წელი იდგა, ატრანი 22 წლის გამხდარი ლაწირაკი იყო, გიტარით ხელში, რომელიც ფრანგულს კომიქსებიდან სწავლობდა. მან პარიზის გარეუბანში ძლივს მოახერხა საკონფერენციო ადგილის პოვნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისდა გასაკვირად, მოწვევას ყველა გამოეხმაურა.
ატრანი კომუნიკაბელური კაცია, თაფლისფერი თვალებით და გამჭოლი მზერა აქვს. ისეთი შემართებით ჩამოაგდებს ხოლმე პროვოკაციულ სასაუბრო თემას, თითქოს ბარიერთან იწვევდეს ოპონენტს. 70-80-იან წლებში მან ბევრი იმოგზაურა და შეიძინა უამრავი მეგობარი, რომლებიც მასსავით იკვლევდნენ, თუ როგორ გადაეცემოდა ადამიანთა ერთი ჯგუფიდან მეორეს კულტურული მემკვიდრეობა და უშუალოდ რა ევოლუციური დანიშნულება ჰქონდა მას. „თავიდან, როცა ისტორიას გადავხედე, გამიჩნდა ბუნებრივი კითხვა: რატომ არც ერთ საზოგადოებაში არ უარსებია სამ თაობაზე მეტს რელიგიური საფუძვლის გარეშე“ - ამბობს ატრანი. ის მალევე მიუბრუნდა ადამიანის კოგნიტური ევოლუციის პრობლემას.
კოგნიტურობის საკითხის ზოგიერთი მკვლევარი გონების ფუნქციონირებას მოდულებად - ერთგვარ, ურთიერთდაკავშირებულ მექანიზმებად ყოფს. თითოეული მათგანი სპეციფიკურ გონებრივ თვისებაზეა პასუხისმგებელი. მაგრამ მეცნიერთაგან არავინ საუბრობს, სახელდობრ, ღმერთის რწმენის მოდულზე, - ის ჩვეულებრივ, სხვა გონებრივი მოდულების აქტივობის შედეგად განიხილება.
ამ თვალსაზრისით, რელიგია არის „კოგნიტურ ფენომენთა ერთობლიობა, რომელიც ყოველდღიურ შემეცნებით პროცესებს ექსტრაორდინარულ გამოყენებას უძებნის“ - წერს ატრანი წიგნში „გვწამს ღმერთი“ - „ბიოლოგიურ სახეობათაგან განსხვავებით, რომლებიც მათი წარმომშობი ორგანიზმებისგან და საცხოვრებელი გარემოსგან დამოუკიდებლად ცოცხლობენ, რელიგია არ არსებობს მის შემქმნელ ინდივიდუალურ ცნობიერებათაგან განცალკევებულად და შერწყმულია იმ გარე სამყაროსთან, რომლის ჩარჩოებშიც ვითარდება“.
დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა გამოქვეყნდა ატრანის „გვწამს ღმერთი“ ასეთივე საკითხებზე მუშაობდა რამდენიმე მეცნიერი: პასკალ ბოიერი ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ჯასტინ ბარეტი ოქსფორდში და პოლ ბლუმი იელში. საბოლოოდ, ყველა სუბპროდუქტის თეორიამდე მივიდა.
დარვინისტები, რომლებიც იკვლევენ ფიზიკურ ევოლუციას, ზღვარს სვამენ დამოუკიდებლად ადაპტირებად და თანამდევ თავისებურებებს შორის. დამოუკიდებლად ადაპტირებადია, მაგალითად, სისხლის თავისებურება, რომელიც სისხლუჯრედებს ჟანგბადის ტრანსპორტირების საშუალებას აძლევს, ხოლო ადაპტაციის თანამდევი პროდუქტია სისხლის სიწითლე. გადარჩენისთვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს, წითელი იქნება სისხლი თუ ფირუზისფერი; ეს, უბრალოდ, სუბპროდუქტია იმ ადაპტირებადი თავისებურებისა, რომ სისხლში არსებობს ჰემოგლობინი.
დაახლოებით ამგვარად ხსნიან სუბპროდუქტის თეორიის მომხრეები ცნობიერების ევოლუციასაც, რასაც „სპანდრელის“ იდეამდე მივყავართ.
„სპანდრელის“ ცნება, ადაპტაციურ ღირებულებებს მოკლებული თავისებურებების აღსანიშნად, 2002 წელს გარდაცვლილმა სახელგანთქმულმა ევოლუციონისტმა ჯეი გულდმა და მისმა კოლეგამ რიჩარდ ლუინტინმა შემოგვთავაზეს. ეს ტერმინი არქიტექტურიდან არის ნასესხები და აღნიშნავს ორი თაღის გადაბმის ადგილზე არსებულ ფორმის ნაწილს, რომელსაც კონსტრუქციაში არანაირი დატვირთვა არ გააჩნია და ორი რკალის შერწყმის შედეგად, თავისით არის წარმოქმნილი.
არქიტექტურაში სპანდრელი შეიძლება იყოს უსარგებლო ან დაეკისროს რაიმე ფუნქცია. მაგალითად, კიბის მშენებლობისას კიბის ქვეშ იქმნება თავისუფალი სივრცე - ცარიელი სამკუთხედი. მაგრამ თუ იქ საკუჭნაოს მოვათავსებთ, კიბისქვეშა სივრცე შეიძენს დანიშნულებას, რომელსაც კავშირი არ ექნება კიბესთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასარგებლო იქნება. მნიშვნელობა არა აქვს ფუნქციურია თუ არა კიბისქვეშა სივრცე, ის მაინც სპანდრელად რჩება და მშენებლობის უნებლიე, სუბპროდუქტია.
„ბუნებრივმა გადარჩევამ ადამიანის ტვინი გაზარდა“ - წერს გულდი - „მაგრამ ჩვენი გონების თვისებების და პოტენციალის დიდი ნაწილი შესაძლოა სპანდრელი იყოს - ანუ, არაადაპტირებული სუბპროდუქტი, რომელიც ისეთი რთული სტრუქტურის ნაგებობაში, როგორიც ჩვენი ტვინია, უხვად წარმოიქმნება“.
იმის ალბათობამ, რომ ღმერთი შესაძლოა სპანდრელი იყოს, ახლებურად გაააზრებინა ატრანს რელიგიის ევოლუციის საკითხი.
მაგრამ უშუალოდ რისი სპანდრელია ღმერთი?
კაცობრიობის ისტორიის ადრეულ ეტაპზე ადამიანთა ყოფის სიმძიმემ ევოლუციას განსაზღვრული კოგნიტური ინსტრუმენტების შექმნაში შეუწყო ხელი. მათ შორის არის ადამიანის უნარი, ამოიცნოს მეზობელი ორგანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანის მოტანა, გამოუგონოს კაუზალური ახსნა ბუნებრივ მოვლენებს და გააცნობიეროს, რომ სხვა ხალხსაც გააჩნია გონება, რწმენა, სურვილები და განზრახვები. ფსიქოლოგები ამ ინსტრუმენტებს შესაბამისად, აგენტის ამოცნობას, კაუზალურ ახსნას და გონის თეორიას უწოდებენ.
აგენტის დადგენის კოგნიტური ინსტრუმენტი განავითარა იმ გარემოებამ, რომ ე.წ. „აგენტის“ არსებობის დაშვება უფრო სასარგებლოა ადაპტაციისთვის, ვიდრე მისი არარსებობის ვარაუდი („აგენტის“ ცნებით აღინიშნება დამოუკიდებელი და მტკიცე ხასიათის მქონე ნებისმიერ არსება). თქვენ რომ პირველყოფილი ადამიანი ყოფილიყავით და სავანაში გეცხოვრათ, თქვენთვის უკეთესი იქნებოდა, სადღაც შორს შემჩნეული გაფაჩუნება „აგენტად“ ჩაგეთვალათ და გარიდებოდით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არაფერი გემუქრებოდათ. ერთი სიტყვით, ჯობია ფოთოლი მიიჩნიო აფთრად და თავს უშველო, ვიდრე აფთარი ფოთლად, და შეგჭამონ.
ფსიქოლოგების - ფრიც ჰაიდერის და მარიან ზიმელის მიერ ჯერ კიდევ 40-იან წლებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ „აგენტობის“ მიწერა იმდენად ავტომატურად ხდება, რომ ხალხი გეომეტრიულ ფიგურებსაც ასეთი კუთხით აღიქვამს. ექსპერიმენტის მონაწილეებს უჩვენეს ფილმი, რომელშიც სამკუთხედების ირგვლივ წრეები მოძრაობდნენ. ნანახი ფირის აღწერისას ცდის მონაწილეთა უმრავლესობა იყენებდა ისეთ სიტყვებს, როგორიცაა მაგალითად, „დადევნება“, „დაჭერა“ და ა.შ. მათ ნანახი აღიქვეს არა როგორც ფიგურების უწესრიგო მოძრაობა, არამედ როგორც დევნა და გაქცევა.
ჩვენ თვალთახედვის ზღვარზე შემჩნეულ ნებისმიერ მოძრაობაში ვხედავთ „აგენტს“ - ნადირს ან ადამიანს. და ასეთი აღქმა ყოველთვის ერთი მიმართულებით ხდება: ბევრს მოსჩვენებია კლდე დათვად, მაგრამ თითქმის არავის - დათვი კლდედ.
კი, მაგრამ რა კავშირშია ყველაფერი ეს ზებუნებრივის რწმენასთან? საქმე ისაა, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორით იმდენად გადატვირთულია ჩვენი ცნობიერება, რომ მზად ვართ, ვივარაუდოთ „აგენტის“ არსებობა იქაც კი, სადაც მისი ყოფნა ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება. „რელიგიათა თითქმის ყველა ძირითადი კონცეფცია „აგენტებთან“ არის დაკავშირებული“ - წერს ფსიქოლოგი ჯასტინ ბარეტი სუბპროდუქტის თეორიის მისეულ შეჯამებაში - რელიგიური „აგენტები“ ხშირად ზებუნებრივები არიან, იქნება ეს: „ღვთიური ძალის მქონე ადამიანები, კერპები, რომლებიც ასრულებენ სურვილებს თუ სულები, რომლებიც ზემოქმედებენ ჩვენზე და მთელს სამყაროზე“.
მეორე გონებრივი მოდული, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი ცნობიერება, არის კაუზალური ახსნა. ადამიანის გონებამ განავითარა უნარი მიუსადაგოს ქრონოლოგიური დეტალებით და მიზეზობრივი ლოგიკით აღსავსე კომენტარი ყველაფერს, რასაც კი გადააწყდება, იმის მიუხედავად, აშკარად შემთხვევითია ეს მოვლენები თუ არა. „ჩვენ ავტომატურად, ხშირად გაუცნობიერებლადაც კი ვცდილობთ დავასაბუთოთ, რატომ გადაგვხდა თავს ესა თუ ის ამბავი“ - წერს ბარეტი - „და გამოთქმა - „ხდება ხოლმე“, ყოველთვის არ არის საკმარისი ახსნა. ღმერთები, თავიანთი საოცარი ფიზიკური შესაძლებლობებითა და შეუცნობელი ზებუნებრივი ძალით, საუკეთესო კანდიდატები არიან საიმისოდ, რომ სწორედ ისინი მივიჩნიოთ არაორდინარული მოვლენების გამომწვევ მიზეზებად“. ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ მეხს ზევსი ტყორცნიდა; თანამედროვე ქალმა, რომელიც გადარჩენის 10%25-იანი შანსის მიუხედავად, კიბოსაგან განიკურნა, გამოჯანმრთელების მიზეზად შესაძლოა ლოცვა და სასწაული ჩათვალოს და არა უბრალოდ იღბალი, რადგან ეს უფრო მიესადაგება მისი გონების კაუზალური ახსნის ინსტრუმენტს.
მესამე კოგნიტური უნარი არის გონის თეორიის სახელწოდებით ცნობილი სოციალური ინტუიციის ერთგვარი ნაირსახეობა. ამ ცნებას ზოგჯერ „მენტალურ მდგომარეობად“, და „სოციალურ შემეცნებადაც“ მოიხსენიებენ, მაგრამ ყველაზე უფრო მისაღები, ალბათ, ატრანის მიერ შემოთავაზებული „ფოლკფსიქოლოგიის“ ტერმინია.
ატრანის და მისი კოლეგების თვალსაზრისით, ფოლკფსიქოლოგიის ფაქტორი წარმატების საწინდარი იყო ყველა ეპოქაში, რადგან სხვათა ქმედებების წინასწარ განჭვრეტის საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია სხვებს ჩავუნერგოთ იმისი რწმენა, რისიც გვინდა, რომ სწამდეთ. ის წამყვან როლს თამაშობს ყველაფერში, ქორწინებიდან დაწყებული, პოკერის თამაშით დამთავრებული.
ამ უნარს მოკლებული ადამიანები, აუტიზმით დაავადებულთა მსგავსად, არასრულფასოვნები არიან.
ფოლკფსიქოლოგიის ჩამოყალიბების პროცესი იწყება, როგორც საკუთარი, ასევე სხვათა გონების არსებობის გაცნობიერებით - იმის შემეცნებით, რასაც ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ. ეს ჩვენ ინსტინქტურად გვამზადებს სხეულისა (ანუ ხილულის) და გონების (ანუ უხილავის) გამიჯნულობის რწმენისთვის.
იმის გაცნობიერება, რომ სხვებსაც აქვთ გონი, რომელსაც ემპირიულად ვერ შეამოწმებ, - ამბობს ფსიქოლოგი პოლ ბლუმი, ავტორი წიგნისა „დეკარტის ბავშვი“ - უმოკლესი გზაა სხეულისგან დამოუკიდებელი გონების არსებობის დასაჯერებლად. აქედან კი ერთი ნაბიჯი რჩება არამატერიალური სულის და ტრანსცენდენტული ღმერთის რწმენამდე.
ტრადიციული ფსიქოლოგიური თვალთახედვით, დაახლოებით 4 წლის ასაკამდე ბავშვები ფიქრობენ, რომ გონება გამტარუნარიანია, და ყველამ იცის, რაც მათ იციან. პატარა ბავშვისთვის ყველა შეუცდომელია, განსაკუთრებით დედ-მამა, რომლებიც „ყოვლისმცოდნეობით“ თითქმის ღმერთს უტოლდებიან.
მაგრამ განვითარების გარკვეულ ეტაპზე ეს წარმოდგენა იცვლება (ზოგიერთი ახალჩატარებული კვლევის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება შეიძლება 1,5 თვის ასაკშიც კი მოხდეს). ტესტი „მცდარ წარმოდგენებზე“ კლასიკური ექსპერიმენტია, რომელიც აშკარად წარმოაჩენს ამ ზღვარს. ბავშვებს უჩვენებენ თოჯინების მარტივ სპექტაკლს: სცენაზე გამოდის ჯონი, რომელსაც ხელში ბურთულა უჭირავს. ის ბურთულას ა ყუთში დებს და სცენიდან გადის. ამის შემდეგ სცენაზე მერი შემოდის, აღებს ა ყუთს, იღებს ბურთულას, დებს ბ ყუთში და გადის. სცენაზე კვლავ ჯონი ბრუნდება. ბავშვებს ეკითხებიან: რომელ ყუთს გახსნის ჯონი ბურთულის მოსაძებნად?
ძალიან პატარა, ან აუტიზმით დაავადებული ბავშვები პასუხობენ, რომ ჯონი ბ ყუთში ჩაიხედავს, რადგან თვითონ იციან, რომ ბურთულა სწორედ ამ ყუთშია. შედარებით მოზრდილი ბავშვები კი უფრო ლოგიკურად პასუხობენ. მათ იციან, რომ ჯონს არ დაუნახავს, როგორ გადააადგილა მერიმ მისი ბურთულა და ა ყუთში ჩაიხედავს, რადგანაც დარწმუნებულია, რომ ბურთულა სწორედ იქ დახვდება, სადაც თვითონ დატოვა.
ამრიგად, ფოლკფსიქოლოგიის ადაპტირებადი უპირატესობა აშკარაა. ატრანის აზრით, ფოლკფსიქოლოგია ჩვენს წინაპრებს მძიმე გარემოში თავის გატანისას ეხმარებოდა და საშუალებას აძლევდა „სწრაფად და პრაქტიკულად“ განესხვავებინათ კარგი ცუდისაგან. მაგრამ საინტერესო ის გახლავთ, როგორ ითავსებს ფოლკფსიქოლოგია - უბრალო ხალხის უბრალო გონების შემსწავლელი ეს დისციპლინა - ზებუნებრივი, ყოვლისმჭვრეტელი გონის რწმენას? და თუ სუბპროდუქტის თეორეტიკოსები არ ცდებიან და ეს რწმენა-წარმოდგენები მართლაც ნაკლებად ეხმარებოდა ჩვენს წინაპრებს საკვების მოპოვებასა თუ შთამომავლობის გაზრდაში, როგორ შენარჩუნდა ისინი და როგორ მოაღწია ჩვენამდე? გაგრძელება იხ. შემდეგ ნომერში
![]() |
16 ტრადიცია და თანამედროვეობა |
▲ზევით დაბრუნება |
დისკუსია
ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ტრადიცია (ლათინური Traditio - გადაცემა) ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობაზე გადაცემული წეს-ჩვეულებები, ყოფა-ქცევის ნორმები, შეხედულებები და ა.შ.
(უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონიდან)
დათო ტურაშვილი
ინგრიდ დეხრავე
ქეთი სადღობელაშვილი
სერგო რატიანი
ლელა იაკობაშვილი
ტრადიციაზე საუბრისას ევროპელი ამბობს: „ტრადიცია მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად ბაძავდეს წინა თაობას. ტრადიცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას, როცა წარსული არა მარტო წარსულად უნდა აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც“.
ქართველს კი (ოღონდ მოაზროვნეს) ეჭვი აწუხებს: „საკითხავია, დგას თუ არა ჩვენს უკან იმის ტრადიცია, რომ დღეს გვქონდეს რელიგიური კულტურა, აზროვნების კულტურა, ზნეობის კულტურა და ა.შ.“
როგორია ტრადიციის სტრუქტურა, როდის იქცევა ის ღირებულებად, ან სიმახინჯედ. რა არის ჩვენი იდენტობის მთავარი მახასიათებლები, რომელი ტრადიციული ფასეულობით შევდივართ ევროპულ სივრცეში და როგორ თანაარსებობენ ტრადიცია და თანამედროვეობა. დისკუსიაში მონაწილეობენ: ფილოსოფოსი სერგო რატიანი, კულტუროლოგი ლელა იაკობაშვილი, მწერალი დათო ტურაშვილი, მთარგმნელი და გამომცემელი ინგრიდ დეხრავე.
სერგო - ტრადიციას აქვს საინტერესო და ამავე დროს უცნაური სტრუქტურა. ერთი შეხედვით, ის ეკუთვნის წარსულს, მაგრამ არამცთუ უნდა წარსულად იქცეს, არამედ გარკვეული პრეტენზიაც კი აქვს აწმყოზე. როდესაც ტრადიციაზეა საუბარი, პრობლემა არის არა ჩვენი მიმართება წარსულისადმი, არამედ ის, თუ როგორ მუშაობს ის დღევანდელობაში. ვფიქრობ, თანამედროვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვაქციოთ ტრადიცია წარსულად და ეს იყოს ჩვენი ხერხემალი თუ პარალელურად დავიწყოთ ახლის შექმნაც. ქართველობის დასამტკიცებლად ილია ჭავჭავაძეს სულაც არ სჭირდებოდა ჩოხითა და ქამარ-ხანჯლით სიარული, ის იყო ქართველი თავადი, რომელმაც იცოდა, რომ მისი ისტორია იყო მისი ისტორია, რომელსაც ხელი არ უნდა შეეშალა თავისუფალი აწმყოს შექმნაში.
დათო - ილია სპეციალურად არ იცვამდა ჩოხას, იმიტომ, რომ უნდოდა ორიენტირი ყოფილიყო ევროპული. ჩემთვის ყველაზე ევროპელი ქართველი არის ილია ჭავჭავაძე.
ქეთი - როცა მიჯნავთ ევროპელსა და ქართველს, გულისხმობთ იმას, რომ ღირებულებათა სისტემის მხრივ ეს ორი ცნება წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან? აქვე ვთქვათ, რა შეიძლება ჩაითვალოს ქართული იდენტობის ძირითად მახასიათებლებად, რითაც სხვებს ვგავართ, ან განვსხვავდებით მათგან.
ლელა - ის განცდა, რომ მინდა ვიყო ევროპელი, ნამდვილად არსებობს, რადგან ჩვენც გვაქვს ღირებულებათა გარკვეული სისტემა, რომლითაც ევროპულთან ვიკვეთებით, მაგრამ მართლა ვერ გეტყვით, ეს რა არის. ეს არის ევროპული იდენტობა, სახელმწიფოებრივი იდენტობა, მონარქიული ტიპის იდენტობა, განმანათლებლობის შემდეგ აწყობილი იდენტობა თუ რა არის. ილიას თემა რომ გავაგრძელო, ერთი რამ ნათელი ხდება - ღირებულებათა ის სისტემა, რაზედაც იდგა ქართული იდენტობა ილიას დროს, ეს იყო: მამული, ენა, სარწმუნოება. ამ ადამიანმა თქვა, რომ აღარ გამოგვადგებოდა ეს კონცეფცია. „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადიო“ და შემოგვთავაზა ევროპული მოდელი, რაც ნიშნავდა: განმანათლებლობას, ფულად საკომუნიკაციო სივრცეს და ვირტუალურ საკომუნიკაციო სივრცეს. ამ სამი ფორმით ილიამ მომავლის გზაც მონიშნა. პირველი საგანმანათლებლო სქემაში გადაწყვიტა, ქართველებისათვის განათლების მარცვალი რომ ჩაეგდო. მეორე, იფიქრა, რომ ფულადი კომუნიკაციები ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი იდენტობისათვის და პირველი ქართული ბანკიც მისი ინიციატივა იყო. მესამე, ევროპაში აპრობირებული ვირტუალური საკომუნიკაციო სივრცე ანუ პრესა იყო, რომლითაც განმანათლებლობის თემა მართლა მუშაობდა და რაშიც ილიამ დიდი წვლილი შეიტანა, ანუ ახალ იდენტობათა სქემა, რომელიც ილიამ „მამული, ენა, სარწმუნოების“ შემდეგ მოინიშნა, რა თქმა უნდა ევროპულია. ჩვენი პრობლემა ისაა, მოვახერხეთ თუ არა ახალ იდენტობათა სისტემაში ამ ყველაფრის განხორციელება, ნაწილობრივ ალბათ მოვახერხეთ, რადგან ყველაზე რთულ წლებში გაჩნდა ქართული უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ პარადიგმატული სივრცე გვქონდა, ფინანსური სისტემა ვერ გავქაჩეთ, თორემ ეს სივრცე რომ ჩვენს თავზე აგვეღო, შეიძლებოდა აღმოსავლური შვეიცარია ვყოფილიყავით. ვერც ვირტუალური საინფორმაციო სივრცე გამოვიყენეთ. სამივე გზა მოგვინიშნა და სამივეს ინიციატორი თვითონ იყო, მაგრამ იმ გზას გავყევით? ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ილიას ღირებულებათა სისტემასთან, მის იდენტობასთან მხოლოდ ფორმალური დამოკიდებულება გვაქვს.
ქეთი - ვინ გვაცალა განვითარება, საბჭოთა სივრცის ნაწილი გავხდით და ბუნებრივად მოხდა ჩვენი ისტორიისა და ტრადიციის წყვეტა, რომელმაც თავის მხრივ, გარკვეული კონსერვაცია მოახდინა.
ლელა - კონსერვაცია ნამდვილად მოხდა. ტრადიცია ხომ ცოცხალი რამ არ არის., ეს არის ძალისხმევა, შეინარჩუნო კომუნიკაცია წარსულთან, ოღონდ რაღაცა სუროგატით, სიცოცხლის თანამედროვე ვერსიით, რომელიც ფუნქციონალურადღა მუშაობს მხოლოდ.
ინგრიდი - ჩემი აზრით, იდენტობისა და ტრადიციის შენარჩუნებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ხშირად, როცა ქართველებთან ვმსჯელობ, ისეთი განცდა მრჩება, რომ ქართველს შეუძლია ყველაფერი მიიღოს უშრომლად, ჰაერისაგან, წყლისაგან, ბუნებისაგან. ამაში ბუნებაც ხელს უწყობს, აქ რთველი შეიძლება ორჯერ-სამჯერ მოიწიოს წელიწადში. მე მგონი, ილია ჭავჭავაძემ ზუსტად დაინახა ის, რომ ძალიან დიდი შრომაა საჭირო, იდენტობა კი თავის მხრივ, არჩევანსაც გულისხმობს. შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო, საითკენ მიდიხარ და რატომ, ანუ იდენტობას სჭირდება გაცნობიერება, ისე, ჰაერზე, ვერაფერს მივიღებთ, ან მივიღებთ, მაგრამ ვერ განვვითარდებით. რასაც იდენტობაზე და ტრადიციაზე ვამბობ, იგივეს ვიტყვი სიყვარულზე. ძალიან ხშირად ქართველი თვლის, რომ სიყვარულისთვის არ უნდა იშრომოს, არ უნდა იბრძოლოს, არ უნდა იფიქროს, არ უნდა ისაუბროს, უბრალოდ უნდა მიიღოს ის, რაც მოდის და მიდის.
ლელა - სიმღერაც გვაქვს სიყვარულზე: „როგორც მოვა, ისე წავა, წავა თავისთავადა“.
ინგრიდი - როცა მოდის, კი ბატონო, მაგრამ როცა მიდის, იქ არანაირი დაფიქრება, პატივისცემის მომენტი არ არის. ვფიქრობ, ქართველებს თავისებური დამოკიდებულება აქვთ იდენტობის, სიყვარულის და საერთოდ, სიცოცხლის მიმართ. ერთი ანეგდოტი მახსენდება: კახელი გლეხი ისვენებს კაკლის ხის ჩრდილში, ღვინოს სვამს და ნეტარებს. მიდის ამერიკელი მილიარდერი და ეკითხება - რას აკეთებ მთელი დღის განმავლობაშიო? ცხელა, რა უნდა გავაკეთოო - პასუხობს გლეხი. ადექი, დაბერტყე ეგ კაკლის ხე, წაიღე ბაზარში, გაყიდე და შემოსავალი გაგიჩნდებაო - არიგებს ამერიკელი. მერე, რაო? - ეკითხება გლეხი. მერე ანგარიშს გახსნი, თანხას აბრუნებ, ფული ფულს მოგიტანსო. ჰოდა, მერე, რაო - გლეხმა. მერე საწარმოს გახსნი, გამდიდრდები. მერე, რაო - ისევ იკითხა გლეხმა. მერე შეგიძლია დაისვენო, წამოწვე კაკლის ხის ჩრდილში და ხედით ისიამოვნოო - დაარიგა ამერიკელმა. კი მაგრამო, - განცვიფრდა გლეხი - ამწუთას ხომ ამას ვაკეთებო. მე მგონი, ძალიან ხშირად, ქართველისათვის სიცოცხლე და დრო ერთი და იგივე განზომილებაა, შენ რომ სუნთქავ და არსებობ, ეს საკმარისია. მილიონერი კი უნდა იყოს, მაგრამ ამისათვის ყველაფერს გააკეთებს, შრომის გარდა. მე, როგორც უცხოელს, არანაირი პრეტენზია არა მაქვს ქართველის მიმართ, შემიძლია ჩავალაგო ჩემოდანი და წავიდე, მაგრამ ვინაიდან ჩემოდანს არ ვალაგებ და არ მივდივარ, ვიფიქრე ჩემი ხედვა გამეზიარებინა თქვენთვის.
დათო - ტრადიციისადმი ჩემი დამოკიდებულება ასეთია: კარგი ტრადიცია უნდა შევინარჩუნოთ, ცუდი - არა. როცა ილია პირველად ჩამოიყვანეს თბილისში, ასეთი ტრადიცია არსებობდა - თუ პირველად შედიოდი ქალაქში, ქვა უნდა გადაგეყლაპა. ილიასაც გადააყლაპეს ქვა. ახლა, რამდენჯერაც თბილისს მოვადგებით, იმდენი ქვა რომ ვყლაპოთ, რა მოგვივა? ეს ტრადიცია გაქრა. საერთოდ, ყველა ტრადიციას აქვს თავისი წარმოშობა და ლოგიკა, მაგრამ ტრადიცია, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში, უნდა გაქრეს.
ქეთი - ქვის ყლაპვამდე რომ არ დავიყვანოთ ჩვენი სადისკუსიო თემა, ვიცით, რა არის კარგი და ცუდი ტრადიცია?
ლელა - ღირებულია ის ტრადიცია, რომელიც ახერხებს სიცოცხლის რეჟიმში ჩემს მოთავსებას, რომელიც ხელს მიწყობს იმაში, რომ ცოცხალი დავრჩე, ვიფეთქო, ვისუნთქო და შემეძლოს გარედან ჰაერის შემოტანა.
სერგო - ჰაიდეგერს აქვს ნათქვამი - „ტრადიცია ხშირად ფარავს იმას, რისი გადმოცემაც სურს“ ანუ როცა ტრადიციას მსჯელობის გარეშე იღებ და არ აცნობიერებ, არ შლი, რას ნიშნავს ის, გარკვეულწილად ცნობიერება იკეტება და შესაძლებელია ასეთი ტრადიცია აღმოჩნდეს საკმაოდ მძიმე ტვირთი. არსებობს ასეთი ცნება- ტრადიციის დესტრუქცია, რომელიც იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა დავანგრიოთ, გადავაგდოთ, მოვსპოთ რაღაცა, ეს ნიშნავს, რომ გადავწმინდოთ ეს ტრადიცია იმისათვის, რომ დავინახოთ, რა იმალება საფუძველში. ამის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია ერად ჩამოყალიბება. ერად ჩამოყალიბება ნიშნავს იმას, რასაც ამბობდა ილია - ჩვენი არჩევანით ვქმნით არა მარტო მომავალს, არამედ ვირჩევთ წარსულსაც. წარსულიდან რაღაცის გაუცნობიერებლად აღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ტრადიციული საზოგადოება, რომელიც არჩევანს კი არ აკეთებს, არამედ რაღაცას იღებს არჩევანის გარეშე.
ქეთი - მერაბ მამარდაშვილი ამბობს ასეთ რამეს: შეუძლებელია მოინდომო და დაიწყო ტრადიცია, თუ უკვე არ ზიხარ ტრადიციაში, ისევე როგორც შეუძლებელია მოინდომო და დაიწყო აზროვნება, თუ არ ზიხარ აზროვნებაში. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ აზროვნების უკვე წამოწყებულ აქტში და გავაგრძელოთ იგი, ისევე როგორც ტრადიციაში. ეს ადამიანი ტრადიციას და აზროვნებას სიღრმისეულად აკავშირებს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, უფრო აზროვნების კატეგორია მგონია ტრადიცია, ვიდრე გარეგნული მხარის, წეს-ჩვეულებების, შეხედულებების, ტემპერამენტის, ხასიათისა თუ ქცევის.
დათო - ჩვენი სტერეოტიპული აზროვნების გამო სულ გვეშინია, რომ მნიშვნელოვან ფასეულობებს დავკარგავთ. სინამდვილეში პირიქითაა. ევროპაში, ვინც მოინდომა, მშვენივრად შეუთავსა თავისი ტრადიცია თანამედროვეობას. ისეთი ტრადიციებით ცხოვრონენ ესპანელები, გაგიჟდები, ტრადიციიდან ის ფასეულობები აიღეს, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სახელმწიფოს შექმნისათვის. ჩემთვის ესაა ევროპული იდენტობა - მე, როგორც სახელმწიფომ, გავითავისო, გავიცნობიერო იმ ფასეულობებისა და ინსტიტუტების აუცილებლობა ჩემს ქვეყანაში, რომელსაც ბეეფუძნება თანამედროვე ტიპის სახელმწიფო. ჩვენ ჩოხა გვიკვირს და ყველა შოტლანდიელი იკერავს ძვირადღირებულ კილტს, რომლითაც სადღესასწაულო დღეებში იმოსება და ჩვენზე უარესად თვრება.
ქეთი - ორტეგა ამბობს, რომ „არქაისტი ერებისთვის ნიშანდობლივია მომავლისადმი ინტერესის უქონლობა და ჰიპერტროფირებული ყურადღება წარსულის მიმართ. ევროპელები უფრო მომავალზე ვართ ორიენტირებული, ჩვენთვის დრო თანდებულით - მდე კი არ იწყება, არამედ ზმნიზედით - შემდეგ“. ჩვენ მუდმივად ვქმნით წარსულის ხატებს, ვცხოვრობთ მითებით და გვეშინია მათი დამსხვრევის, რითაც, პირველ რიგში, საკუთარ უსუსურობას ვმალავთ.
სერგო - ევროპა და ევროპული ფასეულობები პირველ რიგში ნიშნავს თვითრეფლექსიას ანუ საკუთარ თავზე, საკუთარ ისტორიაზე, წარსულსა და მომავალზე დაფიქრებას, რაც თავისუფლების გარანტიას იძლევა. პიროვნების თავისუფლება არის ის ღირებულება, რომლითაც ვხდები თანამედროვე ტიპის ადამიანი და შემიძლია შევქმნა თანამედროვე ტიპის სახელმწიფო. როდესაც ამერიკელები და ევროპელები მიგვითითებენ იმაზე, რომ ჩვენთან ირღვევა პიროვნების თავისუფლება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ აწუხებთ გოგას ან პეტრეს თავისუფლების ხარისხი, ისინი ამით გეუბნებიან, რომ როდესაც შენ ერთი პიროვნების უფლებებს ლახავ, არა ხარ თანამედროვე ტიპის სახელმწიფო და ჩვენს თანამეგობრობაში ამიტომ ვერ შემოდიხარ. როცა ჩვენ რაღაცის გვეშინია, ხომ არ გვეშინია ზუსტად ამ ღირებულების - საკუთარ თავზე დაფიქრებისა და თავისუფლების ღირებულების აღიარების?
ინგრიდი - შიში არის ცუდი ინტუიცია და ნიშნავს იმას, რომ გინდა გააჩერო უკვე დაწყებული პროცესი. შიშის დაძლევის ერთ-ერთი გზა ისაა, რომ გახსნა თავად შიში, კომპრომისზე წახვიდე, გამოსავალი იპოვნო, დადებითი მხარე დაინახო. რაც შეეხება ტრადიციას, არსებობს კულტურული და ყოფითი ტრადიციები. მნიშვნელოვანია ის, რომ ხალხი დაფიქრდეს ყოფით ტრადიციებზე, ქართველებს ძალიან ეშინიათ იმის, რომ ევროკავშირში შესვლა მათ ტრადიციებს დაანგრევს. მე მგონი, ქართველს არ უნდა შეეშინდეს იმ შემთხვევაში, თუ ყოფითი, მართლა ფასეული ტრადიციები მხოლოდ ნიღაბი არ იქნება. ხანდახან ვხედავ, რომ ქართველების სტუმართმოყვარეობა, ერთგულება და პატივისცემა ძალიან ხშირად ნიღაბია. მაგალითად, სადმე უცხოელი სტუმარი ჰყავთ, რომელმაც არ იცის ქართული, მაგრამ მე ვიცი ქართული და მესმის, რას ამბობენ სტუმარზე, რომელსაც ხშირად დასცინიან თავისი განსხვავებულობის გამო. ჩემთვის ტრადიციის გაგება იმას ნიშნავს, რომ დაფიქრდე და აირჩიო - გინდა თუ არა ეს ტრადიცია. თუ გაწუხებს იმ ადამიანთან ურთიერთობა, ჯობია გულწრფელად უთხრა, ვიდრე ინარჩუნებდე ფორმას შინაარსის გარეშე. ძალიან ადვილად შეიძლება უცხოელი მსხვერპლი გახდეს, იმიტომ, რომ მატყუარა არის ხოლმე ქართული ტრადიციები და ურთიერთობის ფორმები. შეიძლება 7 წელი ან მეტი დაგჭირდეს, ვიდრე გაიგებ, ნიღბის იქით რას მალავს ქართველი.
ლელა - ნებისმიერი კულტურა ფორმალურ ნიღაბთა მთელი სისტემაა. ესა თუ ის ნიღაბი უნდა მოვირგო, რომ გავხდე ქართველი, ინგლისელი, ფრანგი და ა.შ. მთელი „კულტურული აღზრდის“ თემა ეს არის ნიღბის მიხედვით შენი სახის აწყობა. კარგად მესმის, რა პრობლემაც აქვს უცხოელს. ქართულ ტრადიციას აქვს ერთი უცნაური თვისება - ის იქით უნდა გაეკიდოს უცხოს, ოღონდ ჩემს წიაღში ნუ მოვა, სადაც მე თამადა მყავს, იქ მე დავცინებ, არ შემოვუშვებ - ეს არის კონსერვირების მაღალი ხარისხი. ტრადიცია არის ხისტი თუ ტრადიცია არის ცოცხალი, მფეთქავი, შეუძლია თუ არა ადაპტირდეს დროსთან - ეგ პრობლემა გვაქვს. ეს არის კონფლიქტური კულტურა, ერთი მხრივ კონსერვირებულობის ხარისხსა და მეორე მხრივ, ტრანზისტულობას შორის. ტრანზისტულობა ნიშნავს იმას, როცა არაფერს იღებ და კონსერვაციის ხარჯზე ცდილობ გადარჩენას. ახლაც ტრანზისტულია ჩვენი კულტურა. სიმპტომატურია ის, რომ საქართველოს დერეფანი დავარქვით. ტოპოსი არ არის დერეფანი, სადაც შეიძლება იცხოვრო. თუ დერეფანი ხარ, გამოდის, რომ სხვები დადიან შენზე და სხვები ცხოვრობენ, თანაც დროებით.
დათო - ინგრიდი რომ ჩვენს შიშებზე ამბობდა, ამ შიშსაც თავისი საფუძველი და ლოგიკა აქვს. ჩვენ ხომ სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი შეგნება არასოდეს გვქონია, ამიტომაც ნებისმიერი კრიტიკული დამოკიდებულება იწვევს იმის შიშს, რომ ფასეულობებს გვართმევენ. რატომ ტყდება ხოლმე თამარსა და დავითზე ერთი ამბავი, როცა ვინმე კრიტიკულს იტყვის? იმიტომ, რომ სახელმწიფო არ გვქონია და ისინი გაიგივებული არიან შენს ქვეყანასთან. აბა, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ისეთი რევიზიონიზმი ხდება, გინდა ისტორიისა და გინდა ფასეულობების, მაგრამ ამას არავინ აღიქვამს ისე ტრაგიკულად, როგორც ჩვენთან. აქ სულ გონიათ, რომ შემოვლენ ამერიკელები და მართლმადიდებლობას მოგვპარავენ.
ქეთი - ქართველებს ყველაზე მძაფრი რეაქცია აქვთ ხოლმე რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად მომისმენია აზრები იმის შესახებ, რომ თუ ჩვენ რაღაცას შევცვლით ზოგად კულტურულ ტრადიციაში, ეს გადაგვაგვარებს, რწმენას მოგვისპობს და ა.შ. რელიგიური ტრადიციისა თუ ტრადიციული რელიგიის ვერგაგება ხომ არ არის ის ბარიერი, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში.
სერგო - ჩვენი დამოკიდებულება ქრისტიანული ღირებულებების მიმართ მართლაც სავალალოა. ქართული საზოგადოებისთვის მართლმადიდებლობა გახდა იდენტობის ნიშანი და, გარკვეულწილად, თავდაცვის მექანიზმიც. როცა მართლმადიდებლობას მექანიკურად ვიღებთ, ჩვენდა უნებურად ვამტკიცებთ, რომ ეს არ არის რწმენა, ეს არის ტრადიცია. რწმენასა და ტრადიციას შორის კი დიდი სხვაობაა. ტრადიცია ნიშნავს არჩევანის არგაკეთებას და მიკუთვნებულობას წარსულისადმი ყოველგვარი გააზრების გარეშე, რწმენა კი ყოველთვის ნიშნავს არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუაშენი მართლმადიდებელი იყო, შენ გჭირდება ძალისხმევა იმისათვის, რომ მართლმადიდებელი გახდე, რადგან ავტომატურად, ბაბუაშენის რწმენა არ ნიშნავს შენსას. ეს გააკეთა 70-წლიანმა საბჭოთა ტრადიციამ, რომელიც ძალზე ძლიერი აღმოჩნდა და რომელშიც დღესაც ვცხოვრობთ. თუკი საბჭოთა დროს, მანამდე არსებულ ტრადიციას ვაღიარებდით ჩვენს წარსულად, დღეს, ფაქტობრივად, საბჭოთა დრო ხდება ტრადიცია და ბევრი მენტალურად მისტირის ამ დროს. არადა, საბჭოთა „საზოგადოება“ იყო თანამედროვე საზოგადოების არგანხორციელების პროცესი და ამან დაგვაბრუნა ძალიან უკან, მან ჩაშალა ყველა ის ღირებულება, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამოსავალი წერტილი იმისა, რამაც შექმნა ევროპა, არის ის, რომ უპირატესობა ენიჭება მას, ვინც შრომობს და ამით იღებს თანხას. ჩვენ ფულის კულტზე გავაკეთეთ აქცენტი და არა შრომაზე, რაც სუფთა საბჭოთა ტრადიციაა.
ლელა - დასავლელისთვის, რომლის ყველაზე სერიოზული იდენტობა არის საქმე, ფული ხდება ინსტრუმენტი. ჩვენთან ფული შემოვიდა, როგორც დასავლური ღირებულება, ოღონდ ვერ მივმხდარვართ, რა არის ეს - ძალაუფლების ელემენტია, ახალი თაობის ახალი იდენტობაა, რომელიც მერსედესში, ჯიპში და ახალი ქართველის ნიშნებში გამოიხატება თუ რა არის, იმიტომ, რომ ისევ და ისევ ახალ ნიღაბს ვირგებთ. მართლაც საკითხავია, რა ანაცვლებს იმ ეგზისტენციალურ ადგილს, რომელსაც თავის დროზე რელიგია იკავებდა, არსებობს თუ არა ის მგრძნობელი წერტილები, რომლითაც სამყაროსთან ვარ იდენტური ანუ ჩემს რელიგიურ არსებობას ვამართლებ, არის ეს ფული?
დათო - უხერხული, მეტიც მკრეხელური მგონია ამაზე ლაპარაკი. ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს ჩვენს მართლმადიდებლობას და არაფერი დასაცავი არ სჭირს, იქით შეუძლია დაგვიცვას. ძლიერ სახელმწიფოს არაფრის შიში არ აქვს. როცა ძლიერი იყო საქართველო, მთაწმინდელები ბუდისტურ და ინდურ ლიტერატურას თარგმნიდნენ. მთელს ევროპაში „სიბრძნე ბალავარისა“ მთაწმინდელების გავრცელებულია. როცა სხვა საშუალებებიც გაქვს იდენტიფიკაციის და შენს ეთნიურ წარმოშობას მხოლოდ ამას არ უკავშირებ, მაშინ არც გეშინია, გაბედული ხარ, „ბალავარის“ თარგმნაც შეგიძლია და დანარჩენ სამყაროსთანაც ისე ლაღად და თავისუფლად ურთიერთობ, არც კი ფიქრობ იმაზე, რომ ვიღაც მოგერევა, დაგჩაგრავს, რწმენას წაგართმევს. ეს მოიტანა არასწორმა ცოდნამ და საბჭოური სიბნელის პერიოდმა. არ მომწონს ის ფაქტიც, როცა მარტო ფანატიკოსები ხდებიან მართლმადიდებლობის აქტიური დამცველები და საშინელ ორთოდოქსულ ცნობიერებასთან იგივდებიან. სინამდვილეში, ვინც იცის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, ისიც იცის, რომ ევროპისაგან განსხვავებით, აქ საშინელებები და ინკვიზიციები არ მომხდარა. ეს იყო ძალიან თავისუფალი, ღია რელიგიური სამყარო, რომელიც ადამიანთა გარკვეული ჯგუფების აქტიურობის გამო ნელ-ნელა იგივდება ჩაკეტილობასთან. ორი უკიდურესობა წარმოიშვა, არ არის ჯანმრთელი შუალედი, იმის შეგნება, რომ ეს არის ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის, ჩვენი რელიგიის ნაწილი, ისეთივე განსხვავებული, როგორც უამრავი რამ.
ქეთი - სერგომ თქვა, დღეს უფრო მეტად ვართ საბჭოთა ტრადიციაში, ვიდრე ეს საბჭოეთის დროს იყოო. როგორ მუშაობს ეს ტრადიცია და რა დრო დასჭირდება ამ ცნობიერების გაწმენდას. საბჭოური ცნობიერების მკვეთრი გამოვლენა მგონია ისიც, როცა ყოველდღიურად ჩაგვჩიჩინებენ, რომ პირველად საქართველოში დავიწყეთ სწავლა, პირველად ვისწავლეთ შრომა, პირველად ავაშენეთ, ყველაფერი პირველად, პირველად!
დათო - ვინც ლათინოამერიკული ლიტერატურა იცის, გინდა ლიოსასთან და გინდა მარკესთან ხშირად შეხვდება ასეთი ტექსტები, 60-70-იანი წლების ლათინოამერიკის ქვეყნების მმართველების ტექსტები, როგორ მოიყვანეს ყველაზე დიდი ვაშლი. შორს კი არ იყვნენ საბჭოური მოდელისაგან. ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი მემკვიდრეობა, რომელიც ევროპულ სივრცესა და ფასეულობებს გვაშორებს, ეს არის საშინელი დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი. რომელი ჯგუფიდანაც უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი, ხელისუფლების შეფასება არის ერთგვაროვანი - ის მტერია ან აგენტი. ჩვენი სურვილები დასავლეთთან ინტეგრაციისა მხოლოდ დეკლარირებულია, სინამდვილეში მენტალურად ისევ საბჭოთა ტრადიციაში დავრჩით, ვერაფრით წარმოგვიდგენია, ვერც ჩვენ, საზოგადოებას და ვერც ხელისუფლებას (ამ შემთხვევაში ძალიან ვგავართ ერთმანეთს), რომ ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. ამიტომაც ვტკეპნით ერთ ადგილს და წინ ვერ მივდივართ. მენტალური პრობლემა ისაა, რომ საბჭოური მემკვიდრეობის პროდუქტები ვართ. მოსეს კომპასი კი არ დაუკარგავს, 40 წელი რომ ატარა ხალხი უდაბნოში, ისეთი თაობის აღზრდაა საჭირო, რომელიც მენტალურად არ იქნება მონა. საბჭოური აზროვნება იყო მონის აზროვნება, რომლისგან გათავისუფლებასაც დრო სჭირდება.
ქეთი - ქართველები მსჯელობას მოსაწყენ საქმედ თვლიან ხოლმე, მოდით კონკრეტიკა შემოვიტანოთ და ვთქვათ, რა არ მოგწონთ ჩვენს ტრადიციებში და პირველ რიგში რას შეცვლიდით?
ლელა - მინდა დაიმსხვრეს ის მითი, რომელიც ბოლშევიკებმა შექმნეს საბჭოთა ადამიანის სახით, როცა ეგზისტენციალური არსება აღარ ვარ და მხოლოდ ბელადის მიმართ ვარ მგრძნობიარე - ეს მითი ნუ ჩანაცვლდება, ამ ინერციაში ნუ დავრჩებით, ნუ ვიტყვით ხვალაც, რომ პირველი მე ვიქნები, ვინც ყველაზე დიდ ვაშლს გამოვიყვან. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ის ტრადიციული ღირებულებები, რომელიც მითოლოგიურ საბურველში იყო გახვეული, აქტიური აღარ არის, მაგრამ როცა თანამედროვე მითის შემოქმედნი სახელმწიფოებრივი მითოსის კოპირებას ახდენენ, როგორ გამოვალთ ამ ინერციიდან? მამარდაშვილი ამბობდა, რომ საბჭოური გამოცდილება უსარგებლო გამოცდილებაა, რომლისგანაც ვერაფერს ისწავლიო. თუ ჩვენ მხოლოდ ახალ სიმულაციურ სქემაში გადავედით და ვიძახეთ, რომ დღეს დავიბადეთ, დღეს ავაშენეთ, ანუ წყვეტა მოვახდინეთ ისტორიისა, რას მივაღწევთ? დღეს ჩვილი იბადება, მაგრამ იმ ჩვილს მშობელი ჰყავს.
ინგრიდი - რაზეც ახლა ვმსჯელობთ, ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. მთელ მსოფლიოში აღმოჩნდა, რომ არ არსებობს ხედვა, გარკვეული მიმართულება იმისა, თუ საითკენ მივდივართ, ბევრი პრობლემა და საკითხი გლობალური გახდა. მე მგონი, ილუზიაა ისიც, რომ ყველა და ყველაფერი ერთნაირი გახდება. სწორედ ახლა ევროკავშირში (ცნობიერად არ ვამბობ ევროპას, იმიტომ, რომ ევროკავშირი პოლიტიკური ცნებაა) მიდის მსჯელობა იმა ზე, რომ მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება, კულტურული ფასეულობები და ტრადიციები, მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე კი არ კეთდება აქცენტი, არამედ კულტურაზე, იდენტობასა და თვითმყოფადობაზე, რაც მისაღები უნდა იყოს ქართველებისათვის.
მე რაც არ მომწონს ქართულ ტრადიციებში, უკვე ვთქვი - ეს არის სიზარმაცე და არაგულწრფელობა.
დათო - შენ რომ თქვი, სიყვარულისთვის უნდა იბრძოლოო, ეგ ყველაზე მეტად მომეწონა.
ინგრიდი - სიყვარულისათვის მე საქართველოში ჩამოვედი. ეს ჩემი გზაა საქართველოსაკენ, რომელზეც დიდი და მწარე გამოცდილება მივიღე.
სერგო - არმოსაწონი, რაც საბჭოთა გამოცდილებიდან დაგვრჩა და დღემდე მოგვყვება, ეს არის ინფანტილიზმი, ეს არის ჩვენი ბავშვები 50-60 წლამდე. შევცვლიდი იმას, რომ უფრო მეტად ვიყოთ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რაც მთავარია, არჩევანი იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერ ვიტყვი, რომ ტრადიციები მაღიზიანებს. უფრო მაღიზიანებს ჩვენი დამოკიდებულება. ტრადიცია არის გარკვეული რეალობის, სივრცეების აღწერა, როდესაც ამას ფეტიშად იხდი და თავზე იფარებ, ეგაა პრობლემა.
დათო - არც მე მაღიზიანებს ჩვენი ტრადიციები, პირიქით, მეჩვენება, რომ უამრავი რამ დავკარგეთ. რამდენი საკარნავალო რიტუალი გაქრა, რამდენი თავშეყრის ადგილები მოგვისპეს რუსებმა, თავისი აშენებული ოპერაც კი დაწვეს, ხალხი რომ არ შეკრებილიყო. ილია ხომ გინახავთ ფოტოებზე, 200 კაცთან რომაა გადაღებული, კარნავალია, აბა რა არის, სად იყო მაშინ რიო დე ჟანეიროს კარნავალები. ჩვენ არაფერი გვითქვამს ქართულ სუფრაზე, არადა, ჩემი აზრით, ჩვენი ხასიათის, ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების და სხვა უამრავი რამის გამო ქართველმა მოძებნა გადასარევი გამოსავალი. მას არ შეეძლო მუხლებზე ხოხიალი და თავის რტყმევა, რომელიც რუსებმა შემოიღეს ეკლესიებში, ჩვენ მუხლის მოდრეკა ვიცოდით. დაუკვირდით, საიდან მოდის სიტყვა დალოცვა, ლოცვის ჩანაცვლებაა სუფრა. კვირას გამოიპრანჭებოდა ქართველი კაცი, თეთრ ჩოხას ჩაიცვამდა და წირვაზე წავიდოდა, მაგრამ ყოველდღე ხომ ვერ გააკეთებდა ამას, ამიტომაც ერჩივნა ამის სუბლიმაცია სუფრაზე მოეხდინა, იგივეს შესრულებას რიტუალურადაც ახერხებდა სუფრაზე.
ქეთი - რა მიკვირს იცი? სადაც ჩვენ არ ვყოფილვართ, რაც არ გვინახავს, ის გვაქვს გაიდეალებული, რასაც ვხედავთ, იმას ან სხვას ვაბრალებთ ან თვალს ვარიდებთ, თუნდაც ღრეობას.
დათო - მე რომელ სუფრაზეც ვლაპარაკობ, იქ სულ რამდენიმე სადღეგრძელო იყო, ღრეობა მერე შემოვიდა, შენ რომ აღარ იბრძოდი და სამშობლო აღარ გქონდა, მერე დაიწყო გოჭების ჭამა.
ქეთი - ესე იგი, ან უნდა გებრძოლა, ან უნდა გელოთა, სხვა გზა არ არსებობდა?
დათო - სხვა გზა იყო ილიას გზა, რასაც იძახდა, მოდი ვიშრომოთო და მოკლეს, წიწამურში დახვდა მთელი საქართველო. მე არა მაქვს გაიდეალებული დამოკიდებულება, ჩვენი ტრადიცია და წარსული ისეთივეა, როგორიც სხვების, მომხიბვლელი ფურცელიც უამრავია და ცუდიც ბევრია. რითაც საამაყოა, ძალიანაც ვამაყობ, მაგრამ არ მინდა მარტო წარსულით ცხოვრება, ვგრძნობ, რომ ეს შემაფერხებელია. აწმყო რომ არა გვაქვს, ესეც ფაქტია, მომავალი კიდევ დღევანდელობაზე ბუნდოვანია - საშინელებაა ასე ცხოვრება.
ლელა - მითში არის ერთი გენიალური ფრაზა: უკან არ მიიხედო, თორემ გაქვავდები, ოღონდ მზერა თუ არა გაქვს და მარტო ხედვა გაქვს, შენი საქმე წასულია.
ინგრიდი - წინ რომ გაიხედო, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს. როცა უკან იყურები, პასუხისმგებლობა ნაკლებად გაქვს, რადგან ყველაფერი შექმნილია, კულტურაში, ტრადიციაში, სახელმწიფოშიც კი, გაჟღენთილია და არსებობს, მაგრამ წინ რომ გაიხედო, შენ სრულიად მარტო ხარ და პასუხისმგებლობა დიდია, როგორ გააკეთებ, რას შექმნი? თქვენი საუბრიდან გავიგე, რომ ბევრი ტრადიცია დამახინჯებული და გადაგვარებულია, ახლა უნდა გადაწყვიტოთ, რისი აღდგენა გსურთ და რისი არა. თქვენი მცდელობა იმას ნიშნავს, რომ გინდათ თქვენი ტრადიციები განახლებული, ენერგიული სახით შეიტანოთ თანამედროვე ყოფასა და კულტურაში. ბევრი რამ შეიძლება ისწავლოთ ევროპისაგან, ინგლისი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შეუხამო ტრადიცია თანამედროვეობას.
ქეთი - მარტო ჩვენ უნდა ავიღოთ ყველაფერი სხვა კულტურებისაგან, ჩვენგან არავინ მდიდრდება, დავიჯერო ასეთი გადასაყრელები ვართ?
ინგრიდი - არც ეგრეა საქმე და გეტყვით რატომაც. რამდენიმე წლის წინ მოვაწყვეთ საერთაშორისო გამოფენა, სახელწოდებით „აპენდიქსი“, რომლის მიზანი იყო ეჩვენებინა, რა ფუნქცია აქვს კავკასიას მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში. აპენდიქსი, ქართულად ბრმანაწლავია, რომელიც თითქოს ზედმეტია, არაფერში გჭირდება და არ იცი, როდის აფეთქდება, ამიტომაც წინასწარ აშორებდნენ ექიმები, მერე კი მიხვდნენ, რომ აპენდიქსი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნიტეტისათვის და დღეს ყველა ცდილობს მის შენარჩუნებას. ჩვენ დავინახეთ კავკასია, როგორც აპენდიქსი, ხატი-სიმბოლო, რომელიც დედამიწიდან ძალიან კარგად სჩანს და ჰგონიათ, რომ საჭირო არ არის, მაგრამ მას შეუძლია მსოფლიოსათვის იმუნიტეტის როლი შეასრულოს. მეორეცაა, თუ ბრმანაწლავი აფეთქდება, პერიტონიტი იწყება და შეიძლება მთელი ორგანიზმი დაიღუპოს. თუ კავკასია მოკვდება ან აღარ იქნება ის კავკასია, რომელიც შორეული წარსულიდან მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო იმუნიტეტს დაკარგავს. ჩემთვის ეს იყო ახალი რეალობა და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აქ ცხოვრება გადავწყვიტე.
დათო - ოჰ, შენ გაიხარე, ინგრიდ, ძლივს არ გადავრჩით?
ლელა - გამოდის, რომ ქართველებმა კიდევ ერთი იდენტობა შევიძინეთ - აპენდიქსის, რომელიც დერეფანს ნამდვილად ჯობია.
ქეთი - რაც გვინდოდა, ის ავიტაცეთ, რაც არა, მივაჩუმათეთ.
დათო - რა ვქნათ, ასეთები ვართ ქართველები, მე მგონი, გადასარევი ხალხი ვართ, მაშრიყიდან მაღრიბამდე.
დისკუსია გაიმართა ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“
![]() |
17 ინგრიდ დეხრავე დღიურები |
▲ზევით დაბრუნება |
თავისუფლების დღიურები
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ბიოგრაფია
ინგრიდ დეხრავე დაიბადა 1972 წელს ბელგიაში. დაამთავრა ანტვერპენის უნივერსიტეტი მთარგმნელობითი და ლიტერატურათცოდნეობის განხრით. ბელგიაში მუშაობდა ნიდერლანდური ენის მასწავლებლად და ძველი მუსიკის ფესტივალის რედაქტორად. 1999 წელს საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. თბილისში მწერლად, ნიდერლანდური ენის მასწავლებად, გამომცემლად, მთარგმნელად და კურატორად მუშაობს. გასული წლების მანძილზე თბილისში საერთაშორისო გამოფენები, კინორეტროსპექტივები და ლიტერატურის საღამოები მოაწყო და შექმნა ორი ბიბლიოთეკა: თანამედროვე ხელოვნების და ნიდერლანდური ენისა და კულტურის. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის ნიდერლანდურ ენას და კულტურას, გამომცემლობა „ლინკ“-ის მეშვეობით გამოსცემს ქართულ და უცხოურ თანამედროვე ლიტერატურას. 2003 წელს ერთ-ერთ ნიდერლანდურ გამომცემლობაში გამოიცა მისი პირველი ქართულიდან ნათარგმნი წიგნი, ერლომ ახვლედიანის კრებული „ვანო და ნიკო“. 2006 წელს მას მეორე თარგმანი მოჰყვა. ბელგიაში ორივე თარგმანი დაჯილდოვდა. ამჟამად იგი მუშაობს ქართული თანამედროვე პოეზიის თარგმანზე, და გეგმავს თანამედროვე ხელოვნებაზე წიგნების გამოცემას და გამოფენების მოწყობას. იგი საქართველოში ცხოვრობს, რათა ხელი შეუწყოს როგორც საკუთარ, ასევე სხვების შემოქმედებას.
კვირა, 11/3 9:00
გასული კვირა წვიმიანი იყო. დღეს დილას კი კვირის სიმშვიდე და ოქროს სინათლე თვლემს. შესაფერისად ვიცმევ. ჩემი ჩაცმა დღიურივითა. ჩემი შარვლის მუქ მწვანე ქსოვილში ვერცხლის ძაფებია ჩაქსოვილი, რომელიც ოდნავ ბზინავს, როგორც ნამი მინდორში მზიანი დღის გათენებისას.
დღე წერით და მწვანე ჩაით სავსე ჩაიდანით იწყება. გუშინ განსაკუთრებული დღე იყო: ჩემს ბლოკნოტში არც ერთი შეხვედრა არ იყო ჩანიშნული. გადავწყვიტე, რომ დღე ბუდისტური მიდგომით გავატარებდი. მიუხედავად ამისა, რომ ძალიან შევეცადე, ასე თავისუფალი არ ვყოფილიყავი, და ორი შეხვედრა მაინც მქონოდა, ჩემი ბლოკნოტი ზენბუდისტურ ბაღს ჰგავდა: ხაზებისა და უზომოდ დელიკატურად დაბეჭდილი ციფრების გარდა, იქ დიდი სიცარიელის ველი იყო. მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა, ჭეშმარიტი ბუდისტივით სიცარიელეს თავი დავაღწიო. ორი საათით მაინც დავტოვე სახლი. როგორც ნამდვილი ბელგიელი შევწუხდი: იქნებ ხვალ ისევ იწვიმოს-მეთქი, და მზეზე სასეირნოდ გავედი.
გუშინ, შინ რომ მოვედი, საძინებელი ოთახის მხარეს, ბოლო მზის სხივები დავიჭირე და ლოგინზე წამოწოლილმა, ახლადშეძენილი ლექსის კრებულები წავიკითხე. ლექსებზე საფიქრად, ჭურჭლის რეცხვა დავიწყე, და სანამ ამ მშვენიერი სიმბიოზით ვტკბებოდი, ჩემი ფანჯარის წინ, რაღაც დიდი ალით აფეთქდა. მეზობელი ქალი კიოდა, მეზობელი კაცი იცინოდა. სიცილზე გარეთ გახედვა გავბედე: ჩემთვის გაუგებარი სიტუაცია ვნახე: სკამზე ქალები სხედან და აღშფოთებულები, აფეთქების ამბავს ერთმანეთს უზიარებენ. გვერდით, ახალგაზრდა კაცი დგას და უხსნის: რეზინააო, და იმ ცეცხლს მიუთითებს, რომელიც ძველ, საბჭოურ მანქანას გაუჩნდა. რა მოხდა, ასე უცბად მეზობლები რატომ დაწყნარდნენ? კიდევ რამე გვემუქრება, თუ არა, ვერ გავიგე, მაგრამ ხალხის ქცევის საფუძველზე მივხვდი, რომ არ უნდა ვინერვიულო. აფეთქება ალბათ ახალი დღის დადგომის ნიშანი იყო.
12:18
წასვლისთვის ვემზადები. ცურვაზე მივდივარ.
17:14
როცა ვცურავ, თავიდან ვიბადები. წყალი ჩემი ერთგული მეგობარია: მიჭერს და მისი ალერსი მამშვიდებს. ყველა კუნთი მოძრაობს და მთელი სხეულით ვსუნთქავ. ხალხი ცოტაა. ვინც არის, ძირითადად სკამზე გაწოლილია. რატომ არ ცურავენ? ალბათ კვირის რეჟიმია. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მე ვარ ხოლმე წყალში. გიჟი ხომ არ ვგონივარ? ნერვებს ხომ არ ვუშლი? აქ რომ მოვდივარ, ერთ კილომეტრს მაინც ვცურავ.
საერთო გასახდელში, თავი რომ მოვიწესრიგე და სარკეში ჩავიხედე, პირველად ცხოვრებაში გავიფიქრე: ერთი ყური მეორეზე დიდი ხომ არ მაქვს-მეთქი. როგორ ახერხებს ადამიანი, საკუთარი თავისთვისაც ბოლომდე უცხო დარჩეს?
არ უნდა დავიგვიანო. ნახევრად სველი თმით, ავტობუსის გაჩერებაზე გავრბივარ. მოკლე გზით, სპორტის აკადემიის ეზოს გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე გავდივარ. კვირაა, სტუდენტები არ არიან, და სპორტის აკადემიის ეზო ცარიელია. მხოლოდ ერთი ყმაწვილი მთელი ძალით დახურულ კარზე აბრახუნებს. თითქოს რაღაცას ან ვიღაცას გაურბის, და თითქოს მხოლოდ სპორტის აკადემიას შეიძლება შეაფაროს თავი. ალბათ იქ მისი ღონიერი ბიძა დაცვად მუშაობს, და მისი იმედი აქვს, რომ გადაარჩენს. მაგრამ ვერცხლისფრად შეღებილი, ნახევრად შიშველი, კარგი აღნაგობის გოგონასა და ბიჭის ქანდაკებების გარდა, ადამიანის მსგავსი არავინ ჩანს. ისე მეჩქარება, რომ ჩემი გზა ამ უცნობი ადამიანის ბედის გაგების გარეშე უნდა გავაგრძელო.
ერთ გოგოსთან შეხვედრაზე გავრბივარ. ერთი იდეა შევთავაზე და თანამაშრომლობაზე დამთანხმდა. დღეს ჩვენი გეგმის შესახებ გვინდა ვისაუბროთ. იმ გოგოს ყველაზე მწვანე თვალები აქვს, რაც მინახავს. მის თვალებში რომ ვიყურები, ტროპიკული ზღვის მწვანე ტალღების ხმა მესმის. მომიყვა, რომ ახალი დაქორწინებულია, და უხარია, თავის ქმართან ერთად ბინას რომ ქირაობს და მშობლებისგან ცალკე ცხოვრობს. ცალკე ცხოვრება მივულოცე.
შინ რომ მოვედი, ეზოში უცნობი ქუჩის ძაღლი დამხვდა. ერთი წელია, რაც მსგავსი ქუჩის ძაღლი ჩვენს ეზოშო ცხოვრობს. ეს უკვე ნაცნობია, და გვყოფნის. ამ ეზოში ყველაფერი გვყოფნის, კავკასიის ყველა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, ერთი უპატრონო ძაღლისა და ერთი დაკარგული ბელგიელის ჩათვლით. არაფერი გვაკლია. უპატრონო ძაღლს რომ ვხედავ, ჩემი ქართული ენის პირველი გაკვეთილები მახსენდება: მაშინ განსხვავება ჯერ არ ვიცოდი „ძაღლს“ და „რძალს“ შორის. ახლა, შვიდი წლის მერე ვისწავლე, რომ ამ განსხვავების სწავლა არც ღირდა, ვინაიდან განსხვავება არ არსებობს.
22:04
გაზაფხულის პირველ საღამოს ვუთმობ კითხვას, წერას და თარგმანს. ამ შაბათ-კვირის დღეებში ჩემი ტელეფონი პირველად რეკავს. შემეშინდა კიდეც. დედაჩემია.
ორშაბათი, 12/3 7:00
მაღვიძარა მაღვიძებს. ათ წუთს ჩემ თავს ვჩუქნი, და გარშემო ხმებს ვუსმენ. ქუჩიდან ნაგვის მანქანის მოძრაობა, პირველი მანქანების გუგუნი, ეზოდან პირველი ჩიტების ხმა და საერთო გათბობის ღუმელის გუგუნი ისმის. ჩემი ოთახიდან ჩუმი შრიალი, ჩემი სხეულიდან კი საბნის შეხების ხმა, გულისცემა და სისხლის დინება მესმის. ახალი დღე მელის. რას მომიტანს? რას მივცემ?
ჩემი სამზარეულოს პატარა ფანჯრიდან ბოტანიკური ბაღის რამდენიმე კლდე ჩანს. მიხარია, რომ ამ ქალაქში ბუნება ახლოს არის. ისე ახლოს, რომ თითქოს თავისუფლად შეიძლება ბუნაბამ, ეს გველის მსგავსი მეტროპოლი, საკუთარ თავს დაუბრუნოს, და ისევ ტყეებით და ჯერ არ აღმოჩენილი თბილი წყაროებით დაფაროს. ბუნებასთან პირდაპირი კავშირის აღდგენას, შამანურ სიბრძნეს, ბუნების ლოგიკასა და შემოქმედებაში დაკარგვას ვნატრობ ხოლმე ხშირად.
20:30
ამის მერე, რაც „მარშრუტკაში“ ჩავჯექი, და უნივერსიტეტში ვიმოგზაურე, დღე მალე გავიდა. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიდერლანდურ ენას და კულტურას ვასწავლი.
გაკვეთილის მერე, ავტობუსში ჩავჯექი, ამჟამად ორთაჭალის მიმართულებით. იქ, დისშვილის ოფისში ერლომ ახვლედიანი მელოდება. რამდენიმე წლის წინ გამომცემლობა „link“-ი დავაარსე. სხვა წიგნებს შორის, ერლომის იგავების კრებული „ვანო და ნიკო“ ქართულად თავიდან გამოვეცი. წელს მეორე იგავის და ზღაპრების კრებული მინდა გამოვაქვეყნო. „ვანო და ნიკო“ პირველი წიგნი იყო, რაც ქართულად წავიკითხე. 2003 წელს „ვანო და ნიკო“-ს ჩემი თარგმანი ამსტერდამის ერთ-ერთ გამომცემლობაში გამოიცა. შარშან მეორე თარგმანი მოჰყვა. ბელგიაში ორივე თარგმანი დაჯილდოვდა და გამომცემლობამ ერლომი და მე წიგნების პრეზენტაციაზე მიგვიწვიეს.
ორთაჭალიდან გრიშაშვილის ქუჩით სოლოლაკში ფეხით ჩავდივარ. ფეხით სიარული ხაზვას ჰგავს: წერტილიდან ხაზად ვიქცევი, და ჩემი სხეულით ქალაქში ხაზებს ვხატავ. მაინტერესებს ხოლმე, ციდან თბილისისთვის რომ გადმომეხედა, ჩემი ხაზებით როგორი ფიგურა შეიქმნებოდა? გული, ვარსკვლავი, წრე?
დღეს საღამოს დაძაბული ვარ. ხვალ განსაკუთრებული დღე არის, ყოველ შემთხვევაში, ისე გავიზარდე, რომ ეს დღე განსაკუთრებულ დღედ აღვიქვა: ჩემი დაბადების დღეა. წელს დედაჩემს მინდა დავურეკო და მინდა მივულოცო. პირველად ვიფიქრე, რომ იუბილარს კი არ უნდა მიულოცო, არამედ დედას. პირველად დავინტერესდი, ჩემს დაბადების დღეს, დედაჩემი რას გრძნობს? დაძაბული რატომ ვარ? იმიტომ, რომ დაბადების დღესთან დაკავშირებულ რომანტიულ მოლოდინს ვერ ვერევი. ანდა სჯობს მოვერიო, იმიტომ რომ უფრო დიდი ალბათობაა, ამ ქალაქში ჩემი დაბადების დღე არავის ახსოვდეს, ან არ უნდა, რომ ახსოვდეს. ჩემი ოცნებაა, რამდენიმე ძვირფასმა ადამიანმა ჩემს კარზე დააკაკუნოს და მითხრას, წამოდიო. და ქალაქი მშვიდად დავტოვოთ, სადმე გორაზე ან მთაზე ავიდეთ და იქიდან, უსიტყვოდ, ცვალებად სინათლეს და უსაზღრვო ხედს გავხედოთ. მეტი არაფერი.
სამშაბათი, 13/3 9:00
თავს კი ვიკავებ, მაგრამ მაინც სხვანაირი განცდით ვდგები. მიხარია, რომ ამ დღის მარტო გასატარებლად თავი მოვამზადე. ჩემი საზეიმო პროგრამა შემდეგნაირად გამოიყურება: აუზი, ჩინური რესტორანი, აბრეშუმის მუზეუმი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, და კიდევ, რასაც ბედი მომიტანს.
23:11
აუზში ისე ცოტა ხალხია, რომ ბოლოს მთელი აუზი მე მეკუთვნის. ვიფიქრე, აი, სამყარო როგორ მეხმარება, რომ ეს დღე ჩემს თავთან ერთად გადავიხადო. ცურვის მერე მომშივდა და დღეს შიმშილის გრძნობას არ მოვითმენ. ჩემს დღევანდელ სცენარს ვაგრძელებ. აუზთან ახლოს პაწაწინა ჩინური რესტორანი გაიხსნა, და რამდენჯერაც გავიარე, ვერცერთი კლიენტი ვერ შევამჩნიე. ჩემი საოცნებო გარემოა. შევედი. ისე პატარა კი არ ყოფილა, შიგნით ღრმად და ფართოდ იშლება. ფართი დავათვალიერე, და ხუთ მიმტან გოგონასთან ერთად, საუკეთესო ადგილი შევარჩიე: იქიდან ვაკის პარკის ხედით ვმხიარულდები. მენიუდან წვნიანი და „შემწვარი სუშის პასტა ბოსტნეულით“ ავარჩიე. საკმაოდ მალე მომიტანეს. სანამ წვნიანს კოვზით და პასტას ჯოხებით ვჭამდი, ის მოჩურჩულე, ხუთი კეთილი მიმტანი მაშტერდებოდა. მეც შიგადაშიგ ვუყურებ და მეგობრულად ვუღიმი.
საბედნიეროდ, აბრეშუმის მუზეუმი ღია დამხდა. ოღონდ კარის იქით ცარიელი დერეფნების მეტი არაფერი არ ჩანდა. ბნელოდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი თეთრი მარმარილოს კიბეს, ქალის ღიღინი მით უფრო იმატებოდა. კიბის ბაქანზე იდგა, და მშვიდად უყურებდა, მე როგორ ავდიოდი. ბოდიშს მიხდის: დენი გაწყვეტილი გვაქვს და ჩვენც გაშვებული ვართ, მაგრამ მაინც დავდივართო. მასთან ერთად საგამოფენო დარბაზი დავათვალიერე. თითქოს ძველ ვიტრინებში ექსპონატების გარდა საუკუნის სინათლეც გამოფენილიყო. ქალბატონს დიდ მადლობას ვუხდი და შემდეგში სტუმრობას ვპირდები. მუზეუმიდან გამოყოლილი ნოსტალგიით დინამოს გარშემო მოძრაობაში ვიკარგები. ამჟამად იქვე მდებარე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისკენ მივდივარ. გამომცემელთა წყვილი, თინა და ბაკური მელოდებიან. ერთმანეთის გეგმებზე და გამოცდილებებზე ვსაუბრობთ. წელს ერთ-ერთ შვეიცარიულ გამომცემლობაში აკა მორჩილაძის რომანი „სანტა ესპერანსა“ გერმანულ ენაზე გამოიცა. გერმანულენოვან პრესაში კარგი და სასიხარულო რეზონანსი მოჰყვა. იმაზეც ვსაუბრობთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს წარმატება იმისათვის, რომ ნიდერლანდელი გამომცემელი ნიდერლანდური თარგმანის გამოცემით დავაინტერესოთ. უკვე შევთანხდით, ვინ და როგორ დავუკავშირდებით.
ერთმა მეგობარმა საღამოსთვის თავის ოჯახში დამპატიჟა. მისი ბავშვები მეხუტებიან. მეგობართა წყვილი ამბებით, მოსაზრებებით, გაზიარებით მახარებენ.
ოთხშაბათი, 14/3 7:47
უნივერსიტეტში წასვლამდე წერას და კითხვას დროს ვუთმობ. როგორც ყოველთვის, მწვანე ჩაით სავსე ჩაიდანს წყაროდ ვიყენებ. მწვანე ჩაი მათბობს და მასუფთავებს. თან აზიას მახსენებს, რაც ჩემში ნაზ და მსუბუქ ასოციაციებს აღვიძებს. ამ დღეებში ჩაის სმასთან ერთად, წიგნს ვკითხულობ: მე-17 საუკუნის მწერლის, ლი იუს რომანს „ვნების ლოცვა“-ს. მან თავისი შეხედულებებით და, რაც მთავარია, იუმორით ჩინურ ლიტერატურაში სიახლე შეიტანა. დღეს ჩინეთში ეს რომანი აკრძალულია.
19:25
უკვე საღამოა. გასულ დღეს ვემშვიდობები. სანამ დავიძინებ, თავს უნდა მივხედო, ვინაიდან ნერვები საკმაოდ აშლილი მაქვს. ლექციაზე არც ერთი სტუდენტი არ მოვიდა. დროს ვერ მაკარგვინებენ, იმიტომ, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი იქვე მაქვს. პირადი და საქმიანი მიმოწერა ყოველთვის ბევრი მაქვს. ვამჩნევ, რომ სტუდენტების გაცდენის გამო ჩემში სევდა იბუდებს, რომელსაც ვერ ვიშორებ. სამაგიეროდ მიხარია, რომ შედეგად სამი თავისუფალი საათი მაქვს, რომელიც იმეილების დასაწერად და უნივერსიტეტის კოლეგების სანახავად შემიძლია გამოვიყენო. უნივერსიტეტში საქმე რომ დავამთავრე, ქალაქში ვაკის პარკიდან აბანოთუბნამდე გავიარე. ხალიჩების მაღაზიასთან ორი შვეიცარიელი გოგო მელოდება. ერთი კვირის წინ დამირეკეს. შვეიცარიელი მეგობრების ნაცნობები არიან, და მათგან წერილი ჩამომიტანეს. შევთავაზე, რომ არა მხოლოდ წერილს გამოვართმევდი, არამედ ბოტანიკურ ბაღში გავასეირნებდი. დამთანხმდნენ. ბაღში ხეებზე მოხვეული პარკების რაოდენობა აქაურ მორთვის ტრადიციად მოვნათლე: ზამთარში ყვავილების და ფოთლების ნაკლებობის გამო, პარკებით ბაღს აფერადებენ-მეთქი. ბაღის ზემო ნაწილში ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი და მოულოდნელი მილი გავიარეთ: ყავისფერი მილია, ერთი მეტრი სიგანით, რომელიც კლდეებზე მიცოცავს და შორს, ბოლოში ცაში იკარგება. თბილისის ერთ-ერთ ლენდ არტ-ის ნიმუშად წარმოვადგინე. ერთმანეთი პატარა ამბებისა და შეკითხვების მეშვეობით რომ დავყნოსეთ, ერთი გოგო მეკითხება, ქართველ კაცებზე რას გვეტყოდიო. საუბრის შედეგად გავიგე, რომ საქართველოში პირველად არ ჩამოსულა, შარშან პროექტის ფარგლებში ერთი წელი აქ უცხოვრია და ერთი ბიჭი შეყვარებია. ეტყობა, რომ სხვებისგან ჩემი ოჯახური ამბავი გაგონილი ჰქონდა. ჩემი გამოცდილებით მისი სიყვარულის დაჩრდილვა არ მინდოდა. მხოლოდ რამდენიმე რჩევას ვაძლევ. ქართული სიყვარულის გაკვეთილის დასასრულს, ბაღის ჭიშკართან მივედით. ერთმანეთს ვემშვიდობებით, ბევრ მისაღებ და გასაცემ სიყვარულს ვუსურვებ. სამივე ჩვენს გზას ვაგრძელებთ.
ხუთშაბათი, 15/3 7:00
მაღვიძარა თბილისში მაბრუნებს. ღრმა სიზმარში დაკარგული ვიყავი. გარეთ კიდევ ბნელა. სანთელს ვანთებ. ალიონის მკრთალ შუქზე სანთლის შუქი მიყვარს. მამშვიდებს და ჩემში ახალი დღის მიმართ მადლიერების გრძნობას აღვიძებს.
22:05
სახლიდან გავდივარ და სამარშრუტო ტაქსით უნივერსიტეტში მივემგზავრები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოგზაურობა კარგია. ცოტა ხნით სივრცე და დრო უცხო ადამიანებთან გაერთიანებს. ცოტა ხნით ბედს იყოფთ. ხანდახან ვინმე ისეთი აურით შემოდის, რომ ჩემთვის ვფიქრობ, მე შენ მიყვარხარ. დღეს კარგი ბედი მაქვს: პირველ სამარშრუტო ტაქსში თავისუფალი ადგილი აღმოჩნდა, და ლოდინი არ მომიწევს. ათიოდე ერთმანეთისვის უცნობი ადამიანი გრაფიტის გავლით ქალაქს გადაკვეთს: SOLOLUCKY, NANKA, RAP, თაკო, მაკა, F.B.I., PIDBUL-IKA, ნათია!, BA, TALAXA, ROCK, CHECHEN, SALO:), NUTSI:), FALLEN, წერო, ZERO, HIM.
სტუდენტები აუდიტორიაში შემოდიან. ვეკითხები, გუშინ სად იყვნენ. ეკლესიაშიო. ვთხოვ, რომ მომავალში ჯერ სწავლა დაამთავრონ, და როცა უნივერსიტეტიდან გათავისუფლდებიან, იქ წავიდნენ, სადაც უნდათ და საჭიროდ თვლიან. ვუხსნი, რომ უფლება არ მაქვს მათ პირად, მით უმეტეს რელიგიურ ცხოვრებაში ჩავერიო, მაგრამ ვურჩევ, ეკლესიური მოვალეობებით სასწავლო ცხრილი არ დაარღვიონ.
აუზში ლიმონისფერი პეპელა შემოფრინდა. ჩემს გარდა, ავადმყოფი ბავშვი ცურავს. ფეხები არასწორად აქვს განვითარებული. მისთვის ცურვა სასარგებლოა. იმედი მაქვს, ჩემთვისაც. ვინც ამ აუზის აბონემენტი მაჩუქა, ისე მითხრა: ჯანმრთელი და სახალისო საჩუქარი მინდა გაგიკეთოო. გოგონა მშვიდი ღიმილით მიყურებს. სამი ბიჭი წყალში ყვინთავს. ამათ შემოსვლაზე დიდი ტალღები იქმნება. ამათი ენერგია ჩემზე გადადის, და ჩემს ერთ კილომეტრს უფრო ღონიერად ვაგრძელებ.
სანამ კაფეში მეგობარს ვხვდები, წიგნის მაღაზიაში შევირბენ „ცხელი შოკოლადის“ ბოლო ნომრის საყიდლად. იმ ნომერში პირველი ლიტერტურული დანართი უნდა იდოს. რაც ყველა წაკითხვის ღირსი ლიტერტურული ჟურნალი გაქრა, ეს პირველი სასიხარულო ამბავია.
მეგობარი მოუსვენარია. ერთმანეთს ბედს ვუზიარებთ. ისეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, რომელიც სხვისთვის ან დღის წესრიგში არ წერია, ან მეტისმეტად მძიმეა. ჩვენ ერთმანეთის გამოცდილებისა და გულისტკივილის მოსმენით არ ვიღლებით.
ჩემი ადვოკატი მირეკავს. არასოდეს არ მიფიქრია, რომ ოდესმე ადვოკატის დახმარება დამჭირდებოდა. რაც საქართველოში გადმოვსახლდი, სხვადასხვა ორგანიზაციის დაარსებაზე და განვითარებაზე ვიმუშავე. ერთი ულამაზესი საქმე სევდიანად და არასამართლიანად დამთავრდა. ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად ადვოკატის ჩარევა გახდა საჭირო. ახლა მთავარია, ახალ ხალხთან ახალი საქმის დაწყება გავბედო, და შიშმა, რომ ისევ ყველაფერს წამართმევენ, არ გამაშეშოს.
დღევანდელი ბოლო შეხვედრა პოეტთან კაფეში დავნიშნე. იმის მერე, რაც ერლომ ახვლედიანის წიგნები ნიდერლანდებში გამოვიდა, ქართული თანამედროვე პოეზიის თარგმანი დავიწყე. ყოველწლიურად როტერდამში ევროპის ყველაზე დიდი პოეზიის ფესტივალი ტარდება. წელს საქართველოს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და სამი პოეტი მიიწვიეს. იმ სამ პოეტს თარგმანებზე სამუშაოდ ხშირად ვხვდები. დღევანდელი პოეტი შუა მთარგმნელობით მუშაობაში ჩერდება და მეუბნება, რომ ქართველი გოგოები გათიშულები არიან, აპოკალიფსის ნიშანიაო. ჯერ მეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ არა. ქართველი გოგოები თუ აპოკალიფსის ნიშანი არიან, მაშინ ჩვენც იმ აპოკალიფსში ვმონაწილეობთ-მეთქი. არაო, ჩვენ აპოკალიფსს ვებრძვით, ისინი მიყვებიანო. ვერ მარწმუნებს, იმიტომ, რომ მე არაფერს ვებრძვი, მით უმეტეს აპოკალიფსს. მაშინ ჩვენ ამათზე უკეთესები ვართ? - ვეკითხები. არაო, უბრალოდ, ისინი გათიშული არიან, ჩვენ კი ცოდოები ვართო. მიმტანმა ლიმონის და შინდის ნამცხვრები მოგვიტანა. საუბარი ნამცხვარზე თავისუფლების დღიურები გადავიტანე. ეს მანევრი ჩემს მეგობარ ახალგაზრდა კაც პოეტს არ ამშვიდებს: ფემინიზმი საქართველოში უკუღმა უნდა განვითარდესო: კაცები უნდა ავიდნენ, ქალები კი უნდა ჩამოვიდნენო. როცა ქალები მიწიერი გახდებიან, მაშინ ფემინიზმი აქაც გამდიდრდებაო. ნამცხვრის ბოლო ნაჭერს ვყლაპავ, და ვცდილობ, ჩაფიქრებული სახე მივიღო.
პარასკევი, 16/3 9:00
გავიღვიძე თუ არა, ჩემი დღიურის რედაქტირება დავიწყე. კვირაში რამდენჯერმე მაინც ხალხი მეკითხება, რამდენ ხანში ვისწავლე ქართული. ერთ დღეში, ვხუმრობ ხოლმე. ქართული ენა საქართველოსთან ჭიპლარივით მაკავშირებს. ჩემი ერთ-ერთი ლექსი ქართულ ენას ეხება. ლექსში აღწერილია, თუ რა როგორ იხსნება ჩემთვის ქართული ენის მეშვეობით:
ქართული ენა
1. ზამბარიანი კარი
სანახევროდ იხურება
დროის მანქანა
დამჯდარ ელემენტებზე
2. სანდო სახლი
ცხოვრების უკვდავი ჟინი
ფესვები, რომელიც გაუშიშვლებელი დარჩა
წყარო, რომელიც წყაროდ არ სცნეს
3. საჯინიბოში ცხენი
და მის კოხტა თავში
სრულ სიცარიელეში
მოზუზუნე სამყარო
4. ნამწვავებით სავსე საფერფლე
ძირზე კი სიმარტივე
თავის პრაქტიკულობას
ამოფარებული
5. კარტოთეკა
სადაც თითოეული ასო ნიშანია
გარდამავალი გადარჩენით
გაჟღენთილი
შაბათი, 17/3 8:53
დღეს დილით რამდენიმე საათით საქმეები გვერდზე გადავდე და მუსიკას მოვუსმინე. მუსიკის მოსმენის მერე საქმეებს დავუბრუნდი. ამ საქმეების შესრულებისთვის შეხვედრა და თანამშრომლობა მიწევს სხვა შემოქმედებით ადამიანებთან: მწერლებთან, დიზაინერებთან, მხატვრებთან, მთარგმნელებთან. ჩემი დღიურიდან დავინახე, რომ ეს საქმიანი და შემოქმედებითი კოქტეილი მიყვარს. საქართველოში ჩემი თავი მიყვარს. ცამეტი წლის წინ, გერმანიაში სტუდენტობის დროს, ამ ქვეყნის ადამიანს შევხვდი, და ბედმა ინდომა, რომ შემყვარებოდა. ბოლო დროს, ჩემმა სიყვარულმა მარტო რომ მიმატოვა, სიყვარულზე და განსაკუთრებით ქართულ სიყვარულზე, ბევრი მოსაზრება მოვისმინე. არც ერთი მოსაზრება დიდად არ მეხმარება, გარდა იმისა, რომ მე ჩემს ბედს ცამეტი წლის წინ შევხვდი, შემიყვარდა და მივყევი.
წასვლისთვის ვემზადები. რადიო „თავისუფლების“ სტუდიაში გოგი მელოდება. ჩემს დღიურს ჩავწერთ.
![]() |
18 ჩემპიონი |
▲ზევით დაბრუნება |
ტურაშვილის ტრიბუნა
ავტორი: დათო ტურაშვილი
© Christopher Felver/CORBIS
მართლაც ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო, რადგან აიოვას უნივერსიტეტში, კურტ ვონეგუტის სანახავად არამარტო მეზობელი ქალაქებიდან, მეზობელი შტატებიდანაც ჩამოვიდნენ მისი მკითხველები, მაგრამ შეხვედრაზე დასწრების მსურველები უნივერსიტეტის უზარმაზარმა დარბაზმაც კი ვერ დაიტია და ასობით ადამიანი მაინც შენობის გარეთ დარჩა. ასობით ადამიანი იდგა აიოვას უნივერსიტეტის ეზოში და გარეთ გამოდგმულ რეპროდუქტორებში სულგანაბული უსმენდა საყვარელ მწერალს. მაშინ პირველად ვნახე უსასრულოდ გრძელი რიგი ადამიანებისა მწერლის წიგნებით ხელში, ავტოგრაფების მოლოდინში. მწერლისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ იმ ღამესვე თბილისში გიო ახვლედიანთან დავრეკე და რაც ვნახე, სხაპასხუპით ვუამბე.
როცა ამოვისუნთქე, გიოს გაეღიმა - შენ, ეტყობა, ის კადრი აღარ გახსოვს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას, აკაკი წერეთელი რომ წრეში დგას და ბავშვები კი მის გარშემო ფერხულობენო.…
გიო ახვლედიანი რომ ვერაფრით გავაკვირვე, ლაშა ბუღაძესაც დავურეკე და მასაც აღტაცებულმა ვუამბე, რაც ვნახე და ლაშასაც გაეღიმა - ეგ რა არისო, - ჩვენ რომ ლისაბონში ვიყავით, ჟოზე სარამაგუმ ფეხით ჩამოიარა და მის სანახავად ქუჩაში იმდენი ადამიანი გამოვიდა, რომ ჩვენთან რომ პრეზიდენტების გამოჩენისას ხდება, სწორედ ისე გადაკეტეს ქუჩებიო...
ვონეგუტის სანახავად კი იმ გრძელ რიგში ჩადგომას აზრი არა ჰქონდა, რადგან აიოვას უნივერსიტეტის რექტორატმა, როგორც ამას ჩვენი პროგრამა ითვალისწინებდა, მასთან შეხვედრა ცალკე მოგვიწყო სემინარის მონაწილე ოცდახუთ მწვალებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ჩვენი შეხვედრა შედგა გვიან ღამით (იმ დიდი შეხვედრის შემდეგ, რადგან ვონეგუტი მეორე დილით ნიუ იორკში ბრუნდებოდა), მაგრამ მწერალი ძალიან დაღლილი იყო და მალე დავიშალეთ. იმ დიდ შეხვედრაზე კი, რამდენიმეათასიანი აუდიტორიის წინ, სანამ მწერალი მკითხველების შეკითხვებს მოისმენდა, ჯერ კურტ ვონეგუტმა მიმართა მათ - თქვენს შორის, შემთხვევით, ვინმე ქალიშვილი თუ არის, ხელი აწიოსო და რა თქმა უნდა, ყველას გაეცინა. რა თქმა უნდა, სავსებით რეალურია, რომ რამდენიმე ათას (თუნდაც ამერიკელ) გოგონას შორის, რომელიმე ქალწულიც ყოფილიყო, მაგრამ დარბაზში ხელი არავინ აწია და ამიტომაც ვერავინ გაიგო, რისი თქმა უნდოდა ამერიკელ მწერალს, რომლის იუმორიც საქვეყნოდ ცნობილია. მეტიც, ამერიკასა და მთელს მსოფლიოში მის უდიდეს პოპულარობას სწორედ მისი არაჩვეულებრივი, მართლაც ზღაპრული იუმორი განაპირობებს. თუმცა, პირადად ჩემთვის, როგორც მისი მკითხველისთვის, თანამედროვე, ცოცხალ ამერიკელ მწერლებს შორის, კურტ ვონეგუტი ყველაზე დიდი მწერალია. უფრო მეტიც, ჩემთვის კურტ ვონეგუტი ყველაზე დიდი ამერიკელია მათ შორის, ვინც ამჟამად ამერიკის ტერიტორიაზე ცხოვრობს და კიდევ უფრო მეტიც - ამერიკა ჩემთვის სწორედ ის არის, რასაც ვონეგუტი წერს...
დღევანდელი ამერიკაც ჩემთვის, კურტ ვონეგუტმა აღმოაჩინა და არა კოლუმბმა, მაგელანმა ან ვესპუჩიმ და მგონი ნებისმიერი ქვეყანაც ის არის, რასაც მისი საუკეთესო მწერლები ქმნიან.
იმ ოცდახუთს შორის კი საუკეთესო ჩემი კარის მეზობელი, ინგლისელი ბენ რაისი იყო, რომელმაც მეორე დილით ადრიანად მომიკაკუნა - ფეხბურთი ვითამაშოთო და იტალიელი როკო კარბონეც გავაღვიძეთ. კიბეზე ჩასვლისას როკომ თქვა, გუშინ რა შანსი დავკარგეთ, კურტ ვონეგუტს ხომ ნაღდად ვეღარასოდეს ვნახავთო და სინანულის გამომხატველი რაღაც იტალიური სიტყვაც დაამატა. ერთი ქუჩა უნდა გადაგვეჭრა ფეხბურთის მოედნამდე, მაგრამ შენობიდან გამოსულებმა ერთი ნაბიჯიც ვეღარ გადავდგით - შენობის წინ მარტოდმარტო იდგა კურტ ვონეგუტი და ნერვიულად აბოლებდა. ბენ რაისი ალბათ იმან გაათამამა, რომ შარშან მისი წიგნი „პობი და დინგანი“ ინგლისური ბესტსელერი გახდა - მივიდა ვონეგუტთან და სიგარეტი სთხოვა. ჩვენც მივყევით და სამივე შეგვათვალიერა. ჩვენ ტრუსებში და, ასე ვთქვათ, სპორტულად, თვითონ ლურჯ კოსტიუმში და ყელში ჩაფენილი კრებდეშინით (სხვათა შორის, ასე გემოვნებით (სამხრეთევროპულად) ჩაცმული მამაკაცი ამერიკაში სხვა არც მინახავს). ისევ ბენ რაისმა იყოჩაღა (რაღაი გათამამებული იყო უკვე) - ჩვენც მწერლები ვართო და ოთხივეს გაგვეღიმა. ხელი კი სათითაოდ ჩამოგვართვა და სახელები გვკითხა. ჩვენ, სახელებთან ერთად, ქვეყნებიც ვუთხარით, საიდანაც ვიყავით და ალბათ ცოცხალ ქართველს პირველად თუ ხედავდა და ამიტომაც დამაკვირდა განსაკუთრებულად. მე ვუთხარი, რომ ქართულ ენაზეც არის თარგმნილი მისი წიგნი და ოთახში მაქვს, ავალ და ჩამოგიტანთ-მეთქი. თუ მოასწრებთ, კი ბატონო, მაგრამ უკვე აეროპორტში მივდივარ, ვინც უნდა წამიყვანოს, წუთი-წუთზე გამოჩნდებაო. ვისაც კურტ ვონეგუტი აეროპორტში უნდა წაეყვანა, ფოიეში იდგა და ადვილად ამოვიცანი, რადგან წინა დღეს ის კაცი მწერალს არც მოშორებია და ახლაც საათს დაჰყურებდა. ვონეგუტის ქართულად გამოცემული წიგნი „ბზობა“ კი (მანანა ცხაკაიამ რომ მათხოვა), ჩემი ოთახიდან ჩამოვარბენინე და ავტორს ვაჩვენე, მაგრამ მისთვის არ მითქვამს, რომ მგონი ის კაცი, აეროპორტში რომ უნდა წაგიყვანოთ, შენობაში, შიგნით გელოდებათ-მეთქი და ანკი რატომ უნდა მეთქვა - იქნებ უბრალოდ ვცდებოდი.
პატარა ქართულ წიგნს, საკუთარი ფოტოთი ყდაზე, ვონეგუტმა ღიმილით დახედა, მერე წიგნი გადაფურცლა და ძალიან ყურადღებით დააკვირდა ქართულ ასოებს. და უცებ მკითხა:
- იზ ით სტალინს ნეითივ ლენგვიჯ?
მე თავი დავუქნიე და ახსნა არ მიცდია იმისა, რომ მიუხედავად ქართული წარმომავლობისა, სტალინი მშობლიურ ენად რუსულს მიიჩნევდა.
მერე ისევ გარეკანსა და საკუთარ ფოტოს დააკვირდა, საჩვენებელი თითიც დაადო და თქვა:
- სოუ იანგ ჰია...
მე კიდევ ერთხელ დავუქნიე თავი - წიგნის ყდაზე მართლაც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ოთხმოცი წლის კურტ ვონეგუტი და გარეგნულად, ახლანდელი მწერალი საკმაოდ განსხვავდებოდა იმ ფოტოზე შავულვაშდამშვენებული ავტორისაგან. ახლა მას ღაჟღაჟა ყვითელი ფერის ულვაშები ჰქონდა (ალბათ ნიკოტინისაგან) და როკო კარბონეს შეკითხვებს პასუხობდა. როკომ (რატომღაც) ჯეკ კერუაკი აიჩემა და ყველაფერი ჰკითხა ვონეგუტს, რაც კი კერუაკის შესახებ აინტერესებდა. მგონი ზედმეტიც მოუვიდა, რადგან ბატონმა კურტმა ისიც ბრძანა, რომ ჯეკ კერუაკი ბოლოს გაგიჟდა - სიცოცხლის ორი უკანასკნელი წელი აკვიატებული ჰქონდა, რომ მას, როგორც ამერიკელი ახალგაზრდობის საყვარელ მწერალს, კერპსა და ლიდერს მოსკოვი და კრემლი ებრძოდა. მერე ვონეგუტმა ბრძანა, კერუაკმა პირადად მითხრა ეს და თან უცნაური ფრაზაც დაამატა - კრემლი და მოსკოვი გინზბერგის ხელით მებრძოდაო. ალენ გინზბერგი კრემლის აგენტი იყო და მოსკოვი კერუაკის „ვერბოვკას“ ალენ გინზბერგის საშუალებით ცდილობდაო. ჩვენ კარგად ვერ გავიგეთ, გინზბერგის გაბოზება ვონეგუტის ვერსია იყო თუ კერუაკისა და თითო ღერი სიგარეტი ისევ გამოვართვით ამერიკელ მწერალს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამერიკაში ქალი მამაკაცზე ძლიერია და მათ სუსტი სქესის წარმომადგენლებს შეცდომით უწოდებენ - რასაც ქალი უძლებს, ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებს და მამაკაცთა ჰეგემონია მითოსური მოვლენააო. ქალები კაცებზე უკეთ და ადვილად იტანენ სიცივეს, შიმშილს და ყველანაირ ტკივილს. სექსის შემდეგ, კაცისთვის ყველაზე ძვირფასი დუმილია, ქალისთვის კი პირიქით - ყველაზე სანატრელი თუნდაც ერთი სიტყვაა, ორგაზმის შემდეგ კაცისაგან საალერსოდ რომ მოისმინოს და ამას წინათ მილოშ ფორმანმა თქვა, მამაკაცებს მასტურბაცია ამიტომაც ურჩევნიათ - იმ საალერსო სიტყვების წარმოთქმა ეზარებათ და ისეთი სუსტები არიან, ძალაც აღარ ჰყოფნით სიტყვებისთვისო.
მე ძალიან ხმამაღლა, გულიანად გამეცინა და ვონეგუტმა საათს დახედა - ქალებზე რამდენ რამეს მოგიყვებოდით, აეროპორტში რომ არ მაგვიანდებოდესო. შენობის შიგნით, ფოიეში რომ კაცი ელოდებოდა კურტ ვონეგუტს, ამერიკელი კი იყო, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ მიხვდებოდა, რომ გარეთ უნდა გამოსულიყო და მეც ავჩქარდი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ის ვკითხე - მართალი იყო თუ არა, რომ ვონეგუტის შვილმა რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო ისე სცემა, რომ ყველაზე ერთგული მკითხველიც კი ვერ ამოიცნობდა. ვონეგუტს გაეღიმა:
- იუ ჰეით რაშენს?
რუსების სიძულვილი რაზე შემატყო, არ ვიცი და თავი გავაქნიე.
- აი დონ'თ ლაიქ სოვიეტს.
არ ვიცი ჩემი პასუხი მოეწონა, არ ვიცი ამ თემაზე საუბარი უყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ თვითმფრინავის ამბავი საერთოდ გადაავიწყდა (ყოველ შემთხვევაში, დროებით) და ისეთი მონდომებით მოგვიყვა თავისი ვაჟისა და ევტუშენკოს შეხვედრის ისტორია, რომ აშკარად დამუშავებული ჰქონდა ყველა დეტალი.
რუსი პოეტი და ამერიკელი მწერლის შვილი ბრაზილიაში, ამაზონზე შეხვდნენ ერთმანეთს და ჩხუბის მიზეზი იყო ძალიან უბრალო - შვილმა ვონეგუტმა თავისი კატარღიდან ვისკის ბოთლი გადააწოდა ევტუშენკოს (მეზობელ კატარღაზე) - ნიშნად პატივისცემისა, მაგრამ რუსმა პოეტმა, გამოცალა რა ნაჩუქარი ვისკი, მეორე ბოთლი მოსთხოვა ვონეგუტის ვაჟს და როცა უარი მიიღო, ძალიან გაბრაზდა. ამერიკელი მწერლის შვილს თავიდან წყნარად აუხსნია რუსი პოეტისთვის, რომ ვისკის ერთადერთი ბოთლი ჰქონდა და ისიც რუსებს დაუთმო მხოლოდ და მხოლოდ კეთილი განზრახვით - გამოეხატა საკუთარი კეთილგანწყობა და პატივისცემა მეზობელ კატარღაზე აფრიალებული დროშის მიმართ. მაგრამ ევგენი ევტუშენკო უკვე მთვრალი იყო და დაჟინებით მოითხოვდა ბურჟუა ამერიკელებისაგან კიდევ ერთ ბოთლს და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ის იყო რუსი პოეტი ევტუშენკო და რასაც ითხოვდა, ეკუთვნოდა კიდეც. კურტ ვონეგუტის ვაჟს კარგა ხანს უთმენია, სანამ გამწარებულა და არ უთქვამს საშინელი ფრაზა - აი, ამ ჩემს ფალოსს, თუ ევტუშენკო ხარო და ორივე ხელითაც შესაბამისი მოძრაობა გაუკეთებია (სინამდვილეში, ჩვენ ეს საშინელი ფრაზა არა მხოლოდ ვთარგმნეთ, საკმარისად შევარბილეთ კიდეც, თორემ სინამდვილეში, შვილი ვონეგუტი ევტუშენკოს მიმართ, გაცილებით დაუნდობელი ყოფილა, ვიდრე ამის ატანა ქართველ მკითხველს შეუძლია: („საქ მაი დიქ!..“). განაწყენებულმა ევტუშენკომ ის ჩაცლილი ვისკის ბოთლი ამერიკელების კატარღის მიმართულებით ისროლა (სიტყვას „კატარღა“ რუსთაველიც ხმარობს) და აქ კი, ვონეგუტის შვილმა თავი ვეღარ შეიკავა (ასეთი სისხლი გვაქვს ჩვენ, ვონეგუტებსო) და რუსების კატარღაზე ისკუპა. გაიგდო წიხლქვეშ რუსი პოეტი და იმდენი ურტყა მას, რუსის ბარაბანს რომ არასოდეს მოხვედრია (ეს დებილური შედარება მე შევაშველე მამა ვონეგუტს)...
რომ გამოფხიზლებულა ევტუშენკო და უჩივლია, მერე დაუდგენია ამერიკელი თავდამსხმელის ვინაობა და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ნიუ იორკში მამამისს შეხვედრია, საყვედურიც უთქვამს მისთვის უღირსი შვილის გაზრდისათვის. კურტ ვონეგუტი აიოვაშიც, მაშინაც აღშფოთებული იყო ევტუშენკოს საყვედურის გამო, როცა ჩვენ გვიყვებოდა ამ ისტორიას და მეც ხომ არ ვცემდი რუს პოეტსო, - თავს იმართლებდა - სინამდვილეში ამერიკული ლიტერატურა ყველაზე მეტად რუსული ლიტერატურისაგან არის დავალებულიო. მერე გაიხედ-გამოიხედა დილის, ცარიელ ქუჩაზე და ისიც თქვა - აქ, ამერიკაში, ამაზე საუბარი საერთოდ არ უყვართ, მაგრამ სინამდვილეში, მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურა მეცხრამეტე საუკუნის რუსული ლიტერატურისაგან დაიწყო და წარმოიშვაო...
მეც გავხედე დილის ცარიელ ქუჩას და ძალიან მომინდა კურტ ვონეგუტის იმ ასობით მკითხველს, გუშინ რომ მისი ავტოგრაფისათვის უგრძელეს რიგში იდგნენ, ახლა დაენახათ, მათი საყვარელი მწერალი რამდენ დროს უთმობდა ჩვენთან საუბარს. ცოდვა გამხელილი ჯობიაო (?) და მაშინ, მახსოვს ისიც კი ვიფიქრე, გენიოსისთვის ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდის-მეთქი - გენიოსებს ხომ (ჩვენი ოდინდელი წარმოდგენებით) დუმილი ურჩევნიათ ლაპარაკს (იყო ჩვენს ქართულ, არცთუ შორეულ წარსულში ასეთი შემთხვევაც: ერთ დიდ თანამდებობაზე კაცი გაამწესეს დუმილის გამო - დუმს, ესე იგი ფიქრობს, ანუ აზროვნებსო. მას პირადად ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ჩვეულებრივი იდიოტი იყო და მხოლოდ ამიტომ დუმდა)...
როკო კარბონემ მორავია ახსენა (აღარც მახსოვს, რატომ), შეიძლება პირიქითაც იყო - ვონეგუტმა ახსენა მორავია და როკოს თვალები გაუბრწყინდა. ასე თვალებგაბრწყინებული მოუსმენდა ალბათ ბოლომდე ვონეგუტს ბენ რაისი (ჩვენს შორის მაინც ყველაზე თამამი (მაინც ინგლისელი)) რომ არ ჩარეულიყო საუბარში და სიტყვა რომ არ ჩაედგა. ვონეგუტს, როგორც შევატყე, ნებისმიერ თემაზე უსასრულოდ შეეძლო ლაპარაკი და თვითმფრინავის დარდი მაინცდამაინც არცა ჰქონდა - მხოლოდ ერთხელ ახსენა ნიუ იორკი და ნიუ იორკის ხსენებაზე ისა ვთქვი, რომ ნიუ იორკში ჩავალ თუ არა, დავლატოვის საფლავს მოვინახულებმეთქი. დავლატოვის საფლავზე არცა ვყოფილვარ და არც ის ვიცი, სად დაკრძალესო. კი გავიფიქრე, დავლატოვის საფლავზე ერთად წასვლას შევთავაზებ-მეთქი, მაგრამ აღარაფერი მითქვამს ვონეგუტისთვის, რადგან ჯერ ეს ერთი, სასაფლაოზე კლასიკოსის დაპატიჟება რა პატივისცემაა მისი და მეორეც, იქნებ სულ არ უყვარს (ჩემგან განსხვავებით) საფლავებზე ჩამოვლა და წარწერების კითხვა. თუმცა, სერგეი დავლატოვის ხსენება მაინც აშკარად ესიამოვნა, გაეღიმა და მკითხა:
- დუ იუ ლაიქ ჰიზ სთორის?
კი-მეთქი, - ვუპასუხე კმაყოფილმა იმით, რომ ვსაუბრობდით მწერალზე, რომლის შესახებაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით და უფრო მეტიც: როკო კარბონესა და ბენ რაისისაგან განსხვავებით, კურტ ვონეგუტი არათუ კარგად იცნობდა დავლატოვის შემოქმედებას, არამედ სწორედ მისი რეკომენდაციით დაიბეჭდა ამერიკაში ემიგრანტი დავლატოვის მოთხრობები მაშინ, როცა დავლატოვი დასავლეთის ლიტერატურული წრეებისთვისაც უცნობი ავტორი იყო. კმაყოფილი კი ვიყავი იმიტომ, რომ მანამდე ბენ რაისმა ორი ისეთი გვარი შეაპარა ვონეგუტს თანამედროვე ინგლისური ლიტერატურიდან, რომელთა ხსენებამაც არაფერი მითხრა და მეთერთმეტე არმიაზე გაბრაზებას იქ რა აზრი ჰქონდა, როცა ბენ რაისი გვერდით მედგა და მეც მასზე გავნაწყენდი და სამაგიეროც მას გადავუხადე (აბა მეთერთმეტე არმიას, სამწუხაროდ, ვერ მოვერიეთ)...
სხვათა შორის, კურტ ვონეგუტს ისიც ვკითხე (რაც ასე ხშირად ითვლება ჩვენში გოიმურად თუ არა, უხერხულად მაინც), - ქართული ლიტერატურის შესახებ რამე თუ იცით-მეთქი და უარის ნიშნად თავი რომ გააქნია, ერთი ბზობა მისივე ქართული გამოცემის ჩუქებაც დავაპირე პატრონის დაუკითხავად, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, სურვილი და ინტერესი ვერ შევატყე და ამიტომაც იქვე გადავიფიქრე. კურტ ვონეგუტმა, როგორც თანამედროვეობის უდიდესმა მწერალმა, ალბათ ზუსტად იცის, რომ უკვე დაწერილი წიგნი მკითხველის საკუთრება უფრო მეტად არის, ვიდრე ავტორისა და ალბათ ისიც იფიქრა, რომ ქართულად გამოცემული მისი წიგნი ქართველ მკითხველს უფრო გამოადგებოდა, ვიდრე თვითონ მას.
ალბათ კარგად ნაცნობი, ჩვენთვის (თითქმის) საყოველთაო კომპლექსის გამო, მეორედაც ვკითხე ვონეგუტს, იქნებ ვინმე გახსოვდეთ ქართული ლიტერატურიდან-მეთქი და მეორედაც რომ თავი გააქნია უარის ნიშნად და ვერავინ გაიხსენა, მე გურამ დოჩანაშვილი გამახსენდა, გასაგები მიზეზების გამო და ვუთხარი, რომ იგი იღბლიანი კაცია, რადგან ქართული ლიტერატურის გაცნობის ბედნიერება ჯერ კიდევ წინა აქვს. ვონეგუტმა ხმამაღლა, გულიანად გაიცინა და საპასუხოდ ვეღარაფრის თქმა მოასწრო - ის გამწარებული კაცი, ფოიეში რომ ელოდებოდა მწერალს და აეროპორტში რომ უნდა წაეყვანა, გაკვირვებისაგან ხელებგაშლილი გამოვარდა ქუჩაში და აჩქარებით ჩასვა გრძელ, ამერიკულ მანქანაში კურტ ვონეგუტი. მანქანაც ძალიან სწრაფად დაძრა და ჩვენ მხოლოდ ხელის დაქნევით დამშვიდობება მოვასწარით. კარგა ხანს ვიდექით გაუნძრევლად და ვდუმდით.
იმ დღეს ფეხბურთი აღარ გვითამაშია, დაუნთაუნში წავედით და მაგრად დავთვერით.
დილით, ცხრას რომ ათი წუთი აკლდა, გაგვაღვიძეს აღელვებულმა მასპინძლებმა და ტელევიზორების ჩართვა გვიბრძანეს - ეკრანზე ხდებოდა საშინელება - ნიუ იორკის ტყუპებს, ცნობილ ცათამბჯენებს, ტერორისტები თვითმფრინავებით უტევდნენ. ინსტინქტურად დავრეკე ნიუ იორკში ნაცნობ ქართველებთან იმის გასარკვევად, იყვნენ თუ არა ქართველები დაღუპულებს შორის. ერთმა ჩემმა მეგობარმა (ნიუ იორკში მცხოვრებმა) ძალიან მშვიდად მითხრა - აბა შენ თვითონ დაფიქრდი, სამსახურში თხუთმეტი წუთით ადრე რომელი ქართველი მივიდოდაო...
შუადღისას როკომ თქვა, ვონეგუტი მანჰეტენზე ცხოვრობს, დავურეკოთ და მოვიკითხოთ, როგორ არისო. ბენ რაისიც ისეთი მონდომებით დაეთანხმა კარბონეს, თითქოს ჩვენ სამზე ახლობელი არავინ ჰყავდა კურტ ვონეგუტს და ნომერი გავიგეთ და დავრეკეთ.
გვიპასუხა მისმა (ჯერ-ჯერობით უკანასკნელმა) ცოლმა. მოვიკითხეთ მწერალი და ქალბატონმა ძალიან მშვიდად გვითხრა - ჩემს ქმარს ძალიან მშვიდად ძინავს, არც გაღვიძებია და არც არაფერი გაუგიაო. გასაკვირი არც არაფერი იყო - ეს ქართველ მწერლებს უჭირთ ტაზეპამების გარეშე ჩაძინება, თორემ ამერიკელ მწერალს და მით უმეტეს კურტ ვონეგუტს შეუძლია მშვიდად იძინოს...
![]() |
19 ცრემლიანი სათვალე |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი გვახარია
ნაწილი მეცხრამეტე
პა-დე-დე
1991
„ახალ ხელისუფლებას ბალეტის აკრძალვა უნდა! ვიკმაროთ ჩვენი, ეროვნული, რა ჯანდაბად გვინდა ეს რუსული ბალეტი.“
სისულელეა! მორიგი ჭორი, რომელსაც იმხანად განსაკუთრებული ოსტატობით ავრცელებდნენ „პროფესიონალები“.
ხომ იცით, როგორ ხდება? სოფოკლეო, იტყვი. ვიღაც ვერ გაიგებს, ბოლო სამ ასოს აიტაცებს და მთელ ქვეყანას მოსდებს, ქალებში იჯდა და იგინებოდაო. სოფოკლეს ტრაგედიებზე მსჯელობას „პროფესიონალი“ რომ დაესწროს, კარგად მეყოლეთ! წავა ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, თუნდაც ბაზარში. დადგება მჟავე კიტრის დახლთან და თქვენზე ბრძანებს (თუკი, რა თქმა უნდა, თქვენი სახელი და გვარი კიტრის გამყიდველს რამეს ეუბნება), ურცხვად იჯდა და ამტკიცებდა, ვაჟები დედებს უნდა დაუწვნენო.
არა, ბაზარი არ ვარგა. იმ დროს, როცა მაღაზიებში აღარაფერი იყიდებოდა, კიტრის გამყიდველ გლეხს ბაზარში გასვლა დაეზარებოდა. რა უნდა ეყიდა ქალაქში? დიდი-დიდი „ბარბი“ ეშოვა სადმე - თოჯინა, რომელიც 91 წელს შემოიტანეს საბჭოთა... არა, უკაცრავად, უკვე ყოფილ საბჭოთა სივრცეში. დრო არ იყო თუ რა? ბავშვებს ნელ-ნელა უნდა ესწავლათ „მომხმარებლური საზოგადოების წესები“. თანაც, ეს პლასტიკური თოჯინა შემოქმედებით იმპულსებს აღძრავდა ნორჩებში - ბარბის რაც გინდა, ის უქენი, დაგემორჩილება!
დამორჩილებაზე გამახსენდა! ჭორი დამაჯერებელი მაშინ ხდება, როცა გასავრცელებელი ამბავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. საბჭოთა ეპოქაში გამობრძმედილი „პროფესიონალები“ კი ინტერპრეტაციის ნამდვილი ოსტატები იყვნენ. აი, მაგალითად, კინოკომიტეტის თავმჯდომარემ, ბესარიონ გუგუშვილმა (რომელიც ბოლოს პრემიერ-მინისტრი გახდა) კრიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა, ვინაიდან მთელი ქართული კინო საბჭოთა იდეოლოგიის კონტროლის ქვეშ შეიქმნა, ჩვენი ფილმები თავიდან უნდა გავაანალიზოთო. ვიღაცას ამ შეხვედრაზე „არაჩვეულებრივი გამოფენა“ უხსენებია; ესეცო? კი, ესეცო - უთქვამს ბატონ ბესოს... და განა ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ „პროფესიონალებს“ ხმა გაევრცელებინათ, ახალი ხელისუფლება ქართული კინოს მოკვლას აპირებსო?
„კრიშნას ქართველ თაყვანისმცემლებსაც შრი პრაბჰუპადას მსგავსად მიაჩნიათ, რომ აქვთ მცდარი ქართული „მე“. აქედან გამომდინარე, მათთვის ჩვენი ეროვნული წუხილი არ არსებობს.“ (გაზეთი „7 დღე“ 19 (37) 24 მაისი, 1991 წ.)
არის თუ არა ეს სტატია საკმარისი იმისთვის, რომ კრიშნაიტები დარბევის პანიკამ მოიცვას? კიდევ გამოვლენ ამის მერე, „ჰარე, ჰარეს“ სიმღერით?
ბალეტზეც ასე იყო. ვიღაცამ, სადღაც, რომელიღაც გაზეთში, იკითხა, რა ჯანდაბად გვინდა ეს ბალეტიო და თბილისის საბალეტო დასის წევრებმა ჩემოდნების ჩალაგება დაიწყეს.
ბალეტის ერთგულ თაყვანისმცემლებს რაღა უნდა გვექნა? ქუჩაში ხომ არ გამოვიდოდით ლოზუნგით - „ხელები შორს კლასიკური ბალეტისგან!“? თანაც, ქუჩაში სამიტინგო ადგილი აღარ იყო - იქით ედპ აწყობდა აქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ, აქეთ ხელისუფლების მხარდამჭერები გაჰკიოდნენ - „ძირს ბუში!“... უფრო სწორად, ერთმა იყვირა ასე და ქალაქში მაშინვე ხმა გავრცელდა, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა სრულ იზოლაციას ქადაგებსო.
ბალეტის მოყვარულები ბალეტის სანახავად წავედით. შემოდგომის თბილ საღამოს ოპერაში „ჟიზელს“ ცეკვავდნენ. მე, რა თქმა უნდა, „გედის ტბა“ მერჩივნა, მაგრამ აგვისტოს ამბების მერე, ჩაიკოვსკის ეს ბალეტი იმდენჯერ გააშარჟეს, რომ ოპერის თეატრში „გედების“ დადგმას ცოტა ერიდებოდნენ.
ხომ გახსოვთ როგორ იყო? ან, თუკი არ გახსოვთ, ხომ წაგიკითხავთ, გაგიგონიათ? აგვისტოში, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი ყირიმში ისვენებდა, კრემლმა „გკჩპ“-ს შექმნა გადაწყვიტა. დიდხანს ითათბირეს და ხალხს ტელევიზიით გამოუცხადეს, რომ მიხეილ გორბაჩოვს, ჯანმრთელობის გაურესების გამო, აღარ აქვს უნარი მართოს ქვეყანა. მერე კი, განტვირთვისთვის „გედის ტბა“ უჩვენეს. მრავალი წლის შემდეგ ფონდმა „საზოგადოებრივი აზრი“ მოსკოვში გამოკითხვა ჩაატარა: რა გახსენდებათ პირველ რიგში „გკჩპ“-ს გაგონებაზე? - „გედის ტბა“ - იყო უმრავლესობის პასუხი.
აგვისტოს იმ თბილ ღამეს, როცა თბილისელთა უმრავლესობა აფხაზეთში, „ფიგურაზე“ მაწონს ისვამდა (დღისით რაღაც განსაკუთრებით მწველი მზე იყო!), „გედის ტბის“ ტრანსლაცია რამდენჯერმე შეწყვიტეს. თვით სახელგანთქმული პა-დე-დეს დროსაც, როცა ოდეტა (თუ ოდილია?) 31 (თუ 33?) ბრუნვას აკეთებს, ეკრანზე ჩნდებოდა დიქტორი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებდა.
„გედის ტბა“ საბჭოთა კავშირის რექვიემად იქცა.
სხვათა შორის, 30-იან წლებში გადაღებული მიხეილ რომის ფილმი „ლენინი ოქტომბერში“ ასე იწყება: 19 აგვისტოს (ე.ი. გკჩპ-ს დღეს) ოპერის თეატრში შემოიჭრება წითელი კომისარი, რომელიც პუბლიკას ნიკოლოზ მეორის დახვრეტას ატყობინებს. სცენაზე, ამ დროს, თეთრი (თუ შავი?) გედი სახელგანთქმულ ვარიაციებს ასრულებს - ე.ი. ბრუნავს.
ეტყობა, მართლა გული უგრძნობდა ლუნაჩარსკის, როცა 1922 წელს, საბჭოეთის შექმნასთან ერთად, დიდ თეატრს დახურვა დაუპირა. „დიდ თეატრში მუშათა კლასი არ დადის, გვჭირდება კი ჩვენ ეს პარაზიტული დაწესებულება?“ - იკითხა ლუნაჩარსკიმ, მაგრამ გეგმა ბოლომდე ვერ განახორციელა. დიდი თეატრის, უფრო სწორად, თეატრის საბალეტო დასის დამცველების როლში კალინინი და ენუქიძე მოგვევლინენ. და არა იმიტომ, რომ ბალეტის ნიუანსებში ერკვეოდნენ. უბრალოდ, კალინინი და ენუქიძე - ბალერინებზე კარგავდნენ ჭკუას.
„ყველამ იცის, რომ ბალერინებში დაძვრები“ - უყვირია ერთხელ კალინინისთვის ზინაიდა რაიხს. სტალინს, თურმე, დეტალურად წარმოუდგენდნენ ხოლმე აბელ ენუქიძის თავგადასავლებს ბალეტის სამყაროში. ენუქიძემ ბალეტი გადაარჩინა, მაგრამ თავად სწორედ ბალეტმა დაღუპა. 1935 წელს იგი, „მორალური გახრწნილობის“ გამო, პარტიიდან გარიცხეს.
ბალეტის მსხვერპლი გახდა სტალინის კიდევ ერთი კონკურენტი - კიროვი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა ლენინგრადის სამხარეო კომიტეტის სასადილოს ოფიციანტის, მილდა დრაულეს მეუღლემ, ლეონიდ ნიკოლაევმა. დრაულე კიროვმა დიდ თეატრში გაიცნო, როცა მისი სატრფო ჯერ კიდევ ბალერინა იყო. ნიკოლაევს ათქმევინეს, რომ ტროცკისტებისა და ზინოვიეველების დავალებით მოკლა კიროვი. ქვეყანაში „ხალხის მტრებზე“ ნადირობა გამოაცხადეს.
ასე რომ, ყველაფერი ბალეტით, უფრო სწორად, ბალერინებით დაიწყო.
ერთადერთი ხრუშჩოვი იყო, რომელიც ბალეტს „ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნებად“ არ აღიარებდა. ნიკიტა სერგეევიჩს ერთხელ პლისეცკაიასთვის უთქვამს, მომბეზრდა ეს „გედების ტბა“, ყველა სტუმარს ამ სპექტაკლზე ვპატიჟებ, ღამე კი გედები მესიზმრება - ხან შავი და ხან თეთრიო.
ეს თქვა და ცოტა ხანში გააპანღურეს კიდეც კრემლიდან.
არ არის „ლამაზი“ ბალერინებთან ასეთი გულახდილობა! მით უმეტეს, რომ „გედები სიზმარში“... ჰოო!... ინტერპრეტაციის ოსტატებს თუ დავუჯერებთ, „მორალურ გახრწნილებას“ უნდა ნიშნავდეს.
აი, რა არის ნაჩქარევი ინტერპრეტაცია! ჩაიკოვსკის „გედის ტბა“ და „მორალური გახრწნილობა“ ერთად ვახსენე და ეგრევე გაიფიქრე, არა, უპატივცემულესო მკითხველო, გვახარია ახლა პიოტრ ილიჩის პერვერსიებზე დაიწყებს მსჯელობასო?... არა, ბატონო! არ მჯერა იმათი, ვინც ჩაიკოვსკის „დიდი მასტურბატორის“ სახით წარმოგვიდგენს - დუჟმორეული ამტკიცებს, ბაბუაჩემმა, რომელიც მემაწვნე იყო, მიამბო, ბორჯომში, დასასვენებლად რომ ჩამოდიოდა, პატარა ბიჭებს „ხელს ადებდაო“... ანდა, ბანქოს თამაშის დროს, ყოველ 15 წუთში ერთხელ, ცხვირსახოცით ხელში გადიოდა მეორე ოთახში და ხელცქვიტობდაო.
ვითომ ამ ხელებით მერე „გედის ტბისა“ და მეექვსე სიმფონიის ნოტებს წერდა?
რა იციან? იქნებ ბორჯომელ ბაბუს მოეჩვენა რაღაც? იქნებ „ხელის დადება“ ბორჯომელ ბავშვებთან კონტაქტის ფორმა იყო - ქართული არ იცოდა, არადა, მემაწვნის ბავშვის სათამაშო მოინდომა და „ხელი დაადო“... ჩაიკოვსკი ხომ სათამაშოების კოლექციონერი იყო! იქნებ პიოტრ ილიჩმა ბორჯომელ ბაბუს ბინის ფული „მოუღუნა“, ან მაწონი დაუწუნა... ბაბუ გაბრაზდა და ცილი დასწამა!
არა და არა. ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ფაქტებითაა დადასტურებული. მაგალითად, იმაზე, რომ პიოტრ ილიჩი განუწყვეტლივ „ახევდა“ ფულს ნადეჟდა ფონ მეკს, მერე კი მოდესტთან ტრაბახობდა, დედაბერს ყველაფერი დავაყაჭინეო! განა ეს არ არის საკმარისი მუდმივ შიშსა და შფოთვაში ცხოვრებისთვის? განა „ალფონსის კომპლექსს“ არ შეუძლია ისე დაგთრგუნოს, რომ ჯოჯოხეთად აქციოს შენი ცხოვრება? ქალების შეგეშინდეს. ქალების და გედების!
პრინციპში, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ვნახავდით ოპერაში, შემოდგომის იმ თბილ საღამოს - „გედის ტბას“ თუ „ჟიზელს“. ორივე ბალეტი ერთ სქემაზე იგება - კაცებს ქალწულების ეშინიათ! ეშინიათ გედების და ვილისების.
დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ცოლს ხელი რატომ მოაწერინაო... - გაჰყვიროდნენ მიტინგებზე. ჩვენ კი, ბალეტის მოყვარულები, ვისხედით ოპერის თეატრის ერთ რიგით სპექტაკლზე და მოტყუებულ ჟიზელს თანავუგრძნობდით. ორკესტრი ცუდად უკრავდა. ალტის სახელგანთქმულ სოლოს დროდადრო აკომპანემენტს უკეთებდა ქუჩიდან შემოსული ხმაური - ხან „ზვიადი, ზვიადი!“ ისმოდა და ხან „ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ!“.
ხომ გახსოვთ, ბალეტის მოყვარულებო, როდის შემოდის ეს თემა „ჟიზელში“? ჰო, რა თქმა უნდა გახსოვთ - პირველ მოქმედებაში - ჟიზელი გვირილაზე რომ იწყებს მკითხაობას - „ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ!“. როცა ცუდად ცეკვავენ, როცა ორკესტრი ცუდად უკრავს, შესანიშნავი შანსი გეძლევა დახუჭო თვალი და შენც იმკითხაო ქვეყნის მომავალზე - რა ეშველება აქაურობას, როგორი იქნება საქართველო თუნდაც მეოცე საუკუნის ბოლოს?
„გუშინ ინსპექტორმა გამაჩერა. „პრავა“ რომ ვუჩვენე, თვალებში შემომხედა და ზიზღით მკითხა, ოსები არ უნდა წაეთრიოთ აქედან?“
რა უნდა მეთქვა? იგორ ფილიევი, ჩემი მეზობელი და კარგი მეგობარი, დარწმუნებული იყო, რომ ეს ინსპექტორი ახალ ხელისუფლებას „ახმოვანებდა“. მე, რა თქმა უნდა, შევეცადე ისევ ინტერპრეტაციასა და ჭორებზე დამეფრქვია სიბრძნეები, უფრო მეტიც, ვარწმუნებდი, ეგ ინსპექტორი, ალბათ, გვარგადაკეთებული ოსი იყო მეთქი... მაგრამ იგორს ვერ მოატყუებდი. ერთი ბოთლი არაყი დავლიეთ, პოლიტიკასა და ბალეტზე ვილაპარაკეთ (საოცრებაა, მაგრამ იგორის ქალიშვილი, ნელი, დღეს დიდ თეატრში ცეკვავს). წასვლის წინ მკითხა, ხომ გინდა რეჟისორობა, სცენარი მაინც დაწერე, ამაზე უკეთეს სიუჟეტს ვინ მოგიყვებაო.
ღამის 3 საათი იყო. დავჯექი და გათენებამდე ვწერე, უფრო სწორად, ვიმკითხავე, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი ისტორია.
გიორგის ფეხბურთი არ უყვარდა. მაგრამ მეზობელი სკოლის გუნდთან თამაშს არასდროს აცდენდა - მიყვებოდა ხოლმე თანაკლასელებს და გულშემატკივრობდა.
მეზობელი სკოლა, მეჩნიკოვის ქუჩაზე, რუსული იყო. ამიტომ მათ გუნდში, ძირითადად, სომხები, ქურთები, რუსები, ოსები თამაშობდნენ. გუნდი არ უვარგოდათ, მაგრამ თავდამსხმელი ჰყავდათ მაგარი - ქერა ბიჭი ვასკა - სკოლის ნაკრების მე-9 ნომერი, რომელსაც გიორგის ძმაკაცებმა სიმწრისგან „ბალერინა“ დაარქვეს. „მეჩნიკოველების“ მოედანზე ბურთს ისე ატრიალებდა, თითქოს აკვანშივე ისწავლა თამაში. სანამ კარს დაუმიზნებდა, რამდენიმე ბრუნს აკეთებდა. დაცვა, მეკარე დარტყმის მიმართულებას ვეღარ ხვდებოდა და - „გოოოლ!“.
„სხვა გზა არაა, ისე უნდა ვცემოთ, რომ თამაშზე ვერ გამოვიდეს“ - გადაწყვიტეს ბიჭებმა.
გიორგის ფეხბურთი კი არ უყვარდა, მაგრამ უსამართლობას უფრო მეტად ვერ იტანდა. გულის სიღრმეში იცოდა, რომ იმ თამაშებზე არა იმდენად თავისიანების „საბალელშჩიკოდ“, რამდენადაც
ვასკას „ბალეტის“ სანახავად დადიოდა. ჰოდა, რა უნდა ექნა - წავიდა „მეჩნიკოვის სკოლაში“, მოძებნა ქერა ბიჭი და გააფრთხილა, თამაშამდე სახლიდან არ გამოხვიდე, ჩვენები ცემას გიპირებენო.
ვასკა მაინც სცემეს. ბიჭებმა რაღაც პრიზი მოიგეს. გიორგი და ვასკა კი ისე დამეგობრდნენ, რომ გადაწყვიტეს, სკოლის დამთავრების შემდეგ ერთად გაეგრძელებინათ სწავლა.
მაგრამ ვასკამ მაინც ფეხბურთი აირჩია. „ბალერინა“ 18 წლის იყო, როცა უკვე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა. გიორგიმ თავის საყვარელ მუსიკას არ უღალატა და კონსერვატორიაში, კომპოზიციის ფაკულტეტზე ჩააბარა. ვასკას თამაშებს აღარ ესწრებოდა - დრო აღარ ჰქონდა. თანაც, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართულმა გუნდებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს. ვასკაც ეუბნებოდა, რა გინდა სტადიონზე, ლანჩხუთის თუ სამტრედიის გუნდთან თამაშს ხომ არ განახებო...
საღამოობით არაყს სვამდნენ და მუსიკაზე ლაპარაკობდნენ.
91 წლის შემოდგომაზე, გიორგი ოპერიდან დაბრუნდა. „ჟიზელმა“ ისე აატკივა თავი, რომ იფიქრა, იქნებ არაყმა მიშველოსო. დაურეკა ვასკას. პატარა სუფრა გააწყო. მოუსმინეს სევა ნოვგოროდცოვს, რომელმაც მორისონის გარდაცვალების მეოცე წლისთავზე, „დორსი“ გაიხსენა. ბოლოს კარგად რომ შეთვრნენ, ჯერ ცოტა იბღლაძუნეს, მერე კი ქალებზე გადავიდნენ.
„ამ დღეებში გაგაცნობ. ვერ გეტყვი, რომ ძალიან ლამაზია, მაგრამ ხომ იცი, რა მემართება, გრძელნაწნავიან ქალს რომ ვხედავ!“
გამოუტყდა გიორგი. მერე კი აღიარა, რომ ნაწნავიანი გოგოს ცოლად შერთვას აპირებს. ისიც დაუმატა, „დიდი ქალია“, პრეზიდენტის პრეს-ცენტრში მუშაობსო.
ვასკამ „ნაწნავიანი გოგოების“ სადღეგრძელო შესვა, გიორგის დაპირდა, შენი მეჯვარე ვიქნებიო და წავიდა.
ქორწილის მერე, ვასკა რამდენჯერმე ესტუმრა ახლადდაქორწინებულებს, მაგრამ ერთხელ „ნაწნავიან გოგოს“ წამოცდა, ვერ ვიტან რობერტ დე ნიროს, სომეხ პარიკმახერს ჰგავსო... ვასკა გაიბუტა და წავიდა.
ცოტა ხანში, საერთოდ წავიდა საქართველოდან. ჯერ ვლადიკავკაზის გუნდში დაიწყო თამაში, მერე კი საფრანგეთში გადაბარგდა. გიორგის აღარ ურეკავდა. ქვეყანაში საქმე ისე წავიდა, რომ „სამშობლოს გამყიდველებთან“ ყველანაირი კონტაქტი კრიმინალად ითვლებოდა. ამიტომ, ძველ მეგობართან გიორგიც ერიდებოდა კონტაქტს.
„სამშობლოს გამყიდველები“, „მოღალატეები“ ქვეყანას მართლაც ბევრი ჰყავდა. ყოველ საღამოს, კანცელარიიდან დაბრუნებული ცოლი, რომელმაც ამასობაში თავისი ლამაზი ნაწნავი მოიჭრა, გიორგის ათასნაირ შეთქმულებაზე უყვებოდა. „გამყიდველები“, „მოღალატეები“ ან დასავლეთში გარბოდნენ, ანდა მოსკოვში მიფრინავდნენ და რუსეთის უშიშროებისგან დავალებებს იღებდნენ. ხელისუფლება იძულებული გახდა, უცხოური პასპორტების გაცემა გაემკაცრებინა. საუკუნე იწურებოდა, ევროპაში გაერთიანებაზე, საზღვრების გაუქმებაზე დაიწყო ლაპარაკი, საქართველო კი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.
შვილი არ უჩნდებოდათ. თუმცა ამას მაინცდამაინც არ განიცდიდნენ. კანცელარიის ხელფასი ოჯახის რჩენისთვის საკმარისი არ იყო, გიორგი კი სამუშაოს ვერ შოულობდა. ანდა, ვის რაში სჭირდებოდა მუსიკა, როცა ქვეყანაში აიკრძალა როგორც რუსული, ასევე ევროპული ოპერა და ბალეტი.
დროდადრო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტელევიზორში სამხედრო აღლუმებს უჩვენებდნენ, რადიოში კი პატრიოტულ ან საეკლესიო მუსიკას გადმოსცემდნენ, გიორგი სკოლის ფოტოებს ათვალიერებდა. ერთი კლასელი ცხინვალში დაიღუპა, მეორე - უშიშროების ციხეში იჯდა, მესამე მოსკოვში გაიქცა... ეს კი ვასკაა - „ბალერინა“ ფეხბურთის მოედანზე! სად არის ახლა? როგორ შეიძლება მისი ნახვა, მისი ხმის გაგონება? მასთან ბღლაძუნი და ქალებზე ლაპარაკი?
ამასობაში საოცრება მოხდა. ქვეყნის ხელისუფლებამ გაიხსენა ოპერის თეატრი, რომელსაც ზაქარია ფალიაშვილის (როგორც კათოლიკეს) სახელი აღარ ერქვა, თუმცა აქ „დაისსა“ და „აბესალომს“ დროდადრო მაინც მღეროდნენ. კიდევ დგამდნენ რაღაცეებს - „დიდოსტატის მარჯვენას“, „დაუპატიჟებელ სტუმრებს“, „გიორგი სააკაძეს“... ბალეტიც აღადგინეს - „ოტელო“, მაგრამ კორდებალეტის არარსებობის გამო, სპექტაკლი მალე მოიხსნა რეპერტუარიდან.
„საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოსავლენად. მუსიკა განკუთვნილი უნდა იყოს საბალეტო სპექტაკლისთვის, რომლის თემა სამშობლოს სიყვარული და თავდადებაა.“
ცოლმა აცნობა ეს ამბავი და ისიც დაუმატა, თუ დაწერ, ჩათვალე, რომ გამარჯვებული ხარო.
გიორგის ესმოდა, რომ ეს გამარჯვება „დიდ კაცად“ აქცევდა - პირველი ეროვნული ბალეტის ავტორად მონათლავდნენ და ყველგან გაუშვებდნენ, სადაც მოინდომებდა. ვასკას ნახავდა და ბოდიშს მოუხდიდა!
მუსიკა პირველი ეროვნული ბალეტისთვის სამ დღეში დაიწერა. ლიბრეტო (კონკურსის პირობებით, სიუჟეტის ავტორი თავად კომპოზიტორი უნდა ყოფილიყო) - რამდენიმე საათში. ზოგადი სათაური შეურჩია - „სასოება“... ბალეტის გმირი რაინდია, რომელსაც მეფე გრაალის თასის ჩამოსატანად აგზავნის. გზაში რაინდი „მტრის ბუნაგში“ ხვდება, აქაური ქალებით მოიხიბლება და ავიწყდება თავისი მისია. მაგრამ ერთხელაც, დილით, ულამაზესი წერო გამოეცხადება, უყვება საშინელ გაჭირვებაზე, რომელსაც მისი ქვეყანა განიცდის. წერო რაინდს დახმარებას პირდება - ზედ შემოიჯენს და გრაალის თასისკენ გააფრენს. ფინალში ბალეტის გმირი თავის მისიას ასრულებს. წერო კი ლამაზ, ნაწნავიან გოგოდ გადაიქცევა. ბედნიერ ქვეყანაში ქორწილია. წარმოდგენა პა-დე-დეთი მთვარდება, თუმცა საბალეტო დასში შექმნილი მდგომარეობის გამო, რთული ვარიაციები განსაზღვრული არ არის.
ერთი კვირის შემდეგ, კულტურის სამინისტროდან წერილი მოდის - გიორგის ბალეტი გამარჯვებულად ცხადდება. მუსიკისთვის მას მთავარ ეროვნულ ჯილდოს გადასცემენ. ბალეტის პრემიერას კი ქვეყნის პრეზიდენტი ესწრება (მეუღლითურთ).
გიორგი - ეროვნული გმირია! ახლა მისთვის ყველა გზა ხსნილია.
სცენარის დასრულება მეორე დღისთვის გადავდე. თუმცა სიმთვრალეში დაწერილი სცენარის გადაკითხვა, ცოტა არ იყოს, მეზარებოდა. მით უმეტეს, ქვეყანაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ წერისთვის ნამდვილად აღარ მეცალა.
ჯერ ტელევიზიის თანამშრომლები დასხდნენ კიბეებზე. მერე ქალაქში რკონიდან თბილისის ზღვაზე გადაბარგებული თენგიზ კიტოვანი შემოვიდა, იმ მოტივით, რომ ჟურნალისტებს დაცვა ჭირდებოდათ.
როცა ტელევიზია ნორმალურად არ მუშაობს, ინფორმაციაც არა გვაქვს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ოთხი საყვარელი ადამიანის სიკვდილის ამბავი ცოტა დაგვიანებით შევიტყვე. 1991 წლის ნოემბერში გარდაიცვალნენ ტონი რიჩარდსონი, ივ მონტანი, კლაუს კინსკი და ფრედი მერკური! თანაც, ტონი და ფრედი ერთი და იგივე სენით - შიდსით!
ააა, შიდსი! არის ფინალი! - ეს ვიფიქრე და წერას ისე შევუდექი, რომ არც გადამიკითხავს სიმთვრალეში „გაკეთებული“ ნაჯღაბნი.
ბალეტის პრემიერაზე ხელისუფლებამ მთელი დიპლომატიური კორპუსი დაპატიჟა. ელჩები არ მოვიდნენ, მაგრამ კულტურის რამდენიმე ატაშე გამოგზავნეს - მათ შორის, საფრანგეთის საელჩოს ატაშე, პატარა ქალი, რომელსაც მკერდზე უზარმაზარი კამეა ჰქონდა დამაგრებული. ლოჟაში გიორგისთან მოსალოცად მხოლოდ ეს ქალი ამოვიდა. შეიძლება ვიღაცამ უთხრა, რომ გიორგი სკოლაში ფრანგულს სწავლობდა და მასთან „პროფესიონალის“, ე.ი. თარჯიმანის გარეშე შეიძლებოდა ლაპარაკი.
ჯერ ეროვნული ბალეტის აღორძინება მიულოცა. მერე აქეთ-იქით მიმოიხედა და უჩურჩულა, თქვენი მეგობარი გეძებთ, ვასილი... ნანტის ნაკრების თავდამსხმელი იყო. მეუღლე შარშან გარდაეცვალა. ახლა მას აღმოაჩნდა შიდსი. წლინახევრის ბიჭი ჰყავს, საბედნიეროდ, ჯანმრთელი... ჩვენს თანამშრომელს დაუბარა თქვენზე, იქნებ როგორმე ჩამოვიდესო. აი, ნანტის კლინიკის მისამართი...“
პატარა ქაღალდი პირდაპირ ჯიბეში ჩაუდო.
გიორგიმ თავის ტკივილი მოიმიზეზა და ბანკეტზე აღარ წავიდა. უფრო მეტიც, ღამით წამოდგა, სინათლე აანთო, ჩააცქერდა ცოლს და ასე, მზერით გააღვიძა. უნდა გავშორდეთო, გამოუცხადა. ქალმა უთხრა, ალფონსი ხარ, მთელი ცხოვრება მიყენებდი, ახლა აღარ გჭირდები და მშორდებიო... ნუ, ბევრი ასეთი რაღაცეები. მაგრამ გიორგი არ უსმენდა - აბაზანა კარგად ააქაფა, ჩაწვა და გათენებამდე ფიქრობდა.
კულტურის სამინისტროს წერილობით მიმართა - ახალ ბალეტზე ვმუშაობ და საფრანგეთში მივლინება მჭირდებაო. სიუჟეტიც მოიფიქრა - ლევილში დასახლებული ქართველი ემიგრანტები. საბუთების გაფორმებამ რამდენიმე თვე დააკარგვინა. ნანტში როცა ჩავიდა, ვასკა უკვე ცოცხალი აღარ იყო. ახლა საავადმყოფოში გაუწოდეს ქაღალდის პატარა ნაგლეჯი. ვასკა წერდა: „ბავშვი წაიყვანე რა!“
ასეთმა პატარა წერილმა ჯერ გააღიზიანა. მერე გაახსენდა, რომ ვასკა ქართულად ვერ წერდა, მერე კი მიხვდა, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებდა მეტს. თუმცა ქაღალდის ეს ნაგლეჯი ოფიციალური დოკუმენტიც იყო. საავადმყოფოში იმ საბავშვო ბაღის მისამართი უთხრეს, სადაც ბავშვი ელოდებოდა. ორი წლის ბიჭი ვასკას საერთოდ არ ჰგავდა. თუმცა ქერა კი იყო, მამამისივით. შეათვალიერა გიორგი, გაუღიმა და მაშინვე დათანხმდა, კი, გამოგყვებიო. თბილისის თვითმფრინავთან ატირდა მხოლოდ, ხელში ამიყვანეო.
გიორგის ვერ წარმოედგინა, როგორი ადვილი ყოფილა ბავშვის ხელით ტარება... როგორი ნეტარება ყოფილა, როცა ეხები (ანუ „ხელს ადებ“) იმას, რაც უკვე შენ გეკუთვნის!
სროლა იგორის გოგოს, ნელის დაბადების დღეზე დაიწყო. ჩვენი სახლიდან მთავრობის სასახლე კარგად ჩანდა. ამიტომ განუწყვეტლივ რეკავდნენ ვიღაცეები - „წავიდნენო?“, მეკითხებოდნენ. სხვა ზარებიც იყო „მოგწონს, რაც ხდება?“, „მკვლელები“, „ქვეყნის დამანგრევლები“. მაგრამ ამათაც აინტერესებდათ, რა ხდებოდა რუსთაველზე. მეზობლის სახლში შევარდა ტყვია, რომელიც ტელევიზორს მოხვდა. არავინ იყო ბინაში. კარი გავტეხეთ და ცეცხლი ჩავაქრეთ. ხანდახან მე, იგორი და მისი ცოლი მაია სახურავზე ავდიოდით და იქიდან ვაკვირდებოდით ე.წ. „ომს“.
ახალ წელს დიდი ბათქა-ბუთქი ატყდა. ვეღარ გაიგებდი, ქეიფობდნენ თუ ომობდნენ ქართველები. ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებას დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დაამხობდნენ... და ისიც ნათელი გახდა, რომ ჩემმა სცენარმა არ გაამართლა - „სიმთვრალეში გაკეთებული“ მელოდრამა, დაწერილი „ისტორიის შესაძლებლობის“ პრინციპით, არასწორი ინტერპრეტაცია, ჭორი, ცილისწამება აღმოჩნდა.
ასეთ სცენარებს დედა უნდა უტირო - უნდა დაწვა. მით უფრო, რომ შთამბეჭდავია, როცა ხელნაწერი იწვის, გარეთ კი ზარბაზნები ქუხან!
თუმცა რატომ? ერთი დეტალი მაინც სწორი აღმოჩნდა.
გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ჩემი მეგობარი და მეზობელი იგორ ფილიევი გრიბოედოვის თეატრის მთავარ რეჟისორად დანიშნეს. მისი ცოლი მაია კი, მთლად კულტურის მინისტრის მოადგილე გახდა.
იგორს მომავალ „სათვალეში“ კიდევ დავუბრუნდები. ის ერთი რამ კი, რომელიც გამართლდა, წინასწარ უნდა გითხრათ. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ მჟავე კიტრის გამყიდველებსა და ავტოინსპექტორებზე ამას არ უმოქმედია.
ცოტა ხანში, იგორი და მაია საქართველოდან აიბარგებიან. წასვლის წინ ვკითხავ, „ისევ ინსპექტორმა გაგაჩერა და „პრავა“ ნახა?“
არაო, მეტყვის. მაგრამ სად შეუძლია ოსს ქართველის მოტყუება?
![]() |
20 პირადი ენციკლოპედია |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი
მოულოდნელი მუზეუმები
ყველაზე მოულოდნელი მუზეუმი, რომელიც კი მინახავს, იყო საფრანგეთის სამხრეთში, ერთ მთის ულამაზეს სოფელში, სადაც ერთი სახლის ბუხრის თავზე თარიღი იყო ამოკვეთილი: 1646.
იმ სოფელს მგონი სუაიარი ერქვა. სუაიარი, ან რაღაც ასეთი. რა თქმა უნდა, სოფლის თავზე ციხესიმაგრე იყო და იშვიათი გადასახედები, როგორებსაც ძნელად თუ ნახავ. მასპინძელი იყო მოხუცი პროფესორი, უკეთილესი, უკეთილესივე ცოლით და რაღაცაზე გაბრაზებული ქალიშვილით.
ოღონდაც ეს სულაც არ არის მთავარი: იმის შემდეგ იმდენი დრო გავიდა. ღმერთმა ქნას, ის პროფესორი ცოცხალი იყოს. სოფელში კი, სადაც რამდენიმე სახლი ინგლისელებს ეყიდათ და გარშემო სულ ინგლისური ლაპრაკი ისმოდა, კვერცხის მუზეუმი არსებობდა.
როგორ აღვწერო კვერცხის მუზეუმი?
კვერცხი კვერცხია, ზოგი დიდი, ზოგი პატარა, ზოგი წინწკლებიანი, შავიც კი იყო. მოშავო, შეიძლება ითქვას. კვერცხები იყო, რა. ოღონდაც როგორც სოფელი იყო მყუდრო და აღმართებიანი, ისევე მყუდრო იყო ეს მუზეუმიც, რომელიც, პრინციპში, ერთი პატარა ოთახი გახლდათ.
მაშინ დიდად ვერ მივხვდი, რომ მუზეუმის გაკეთება ყველაფრისგან შეიძლება. მთავარია სურვილი ჰქონდეს კაცს. თუ არ ვცდები, ფარაჯანოვს ჰქონდა ასეთი გამოფენა ოდესღაც: შლაპები, რომლებიც უნდა დაეხურა ნატო ვაჩნაძეს. მუზეუმი არ არის? რა თქმა უნდა, ვერონეზეს „ქორწილი გალილეის კანაში“ იქ არ ჰკიდია, მაგრამ მუზეუმია თავის პატარა ამბავში.
მე, საერთოდ, სახლ-მუზეუმები მიყვარს. ოღონდაც ძალიან გამუზეუმებულები არა.
აგე, თბილისში არი ასეთი ორი-სამი. სოლოლაკის დასაწყისშივე. ოღონდაც, ეგ სხვა ლაპარაკია.
ეს კვერცხის მუზეუმი კი ჩემი ქალიშვილის გამო გამხსენდა.
იმ დღეს მუზეუმი გამოიგონა.
ერთი ძმაბიჭი მყავს, ოთარ საკანდელიძე. შეღამებულზე, ან სულაც ღამით შემოივლის ხოლმე, უბიდან რჩეული ვისკის ბოთლს ამოაძრობს და ამბობს: მივცეთ, ნელ-ნელა, არ დაგაძალებ. მეორე დილიდან ეს ბოთლები ხშირად ჩემი ქალიშვილის ხელში გადადის, რომელიც მათ ან აფერადებს, ვითარცა თვითნასწავლი მხატვარი, ან კიდევ ნაირგვარ რამეებით ამკობს: ქუდებით, ყვავილებით და სხვა ათასით. იმ დღეს კიდევ, თქვა: მუზეუმი უნდა გავხსნათ.
რა ჯანდაბის? - მამა ვერ იყო ხასიათზე.
- საკანდელიძის ვისკის ბოთლების მუზუემი.
საკმაოდ ტევადი და დამაფიქრებელი, ასევე ღრმა მუზეუმი იქნება, მე თუ მკითხავთ.
განძა-ფოკა
ახლა სოფელი ფოკა ბევრმა იცის თბილისში. ნაცნობი შეგხვდება და გეტყვის, ფოკაში ვიყავიო. ზოგი Fოკასაც ეძახის. ხოლო იქაური სომხები, პოგას. ეს არის ჯავახეთის სოფელი ფარავნის პირად, რომელიც ჩვენი ხალხისთვის ბოლო დროს იმიტომაა ცნობილი, რომ იქ არის დედათა და მამათა მონასტრები.
ამ მონასტრების ისტორიას ახლა, რა თქმა უნდა, ვერ მოვყვები და სისულელეც იქნება, რომ სერიოზულად დავიწყო უზარმაზარი ისტორიის თხრობა ამ ჩემს ენციკლოპედიაში.
უბრალოდ, უნდა მოგახსენოთ, რომ ფოკაში მისასვლელი გზა ზაფხულშიც არ არის იოლი, თუმცა, საქართველოს პირობაზე, სავალია. ორი გზაა: მოკლე, წალკით და გრძელი ახლაქალაქ-ბოგდანოვკით.
ფოკაში, სადაც სულ სომხები ცხოვრობენ, დედათა მონასტერი შუა სოფელშია, მამათა კი - სოფლის განაპირას. იქ პირველად ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა წაგვიყვანა კოტე ჯანდიერი და მე და იმის შემდეგ რამდენჯერმე კი ვყოფილვარ.
ჯავახეთმა მიჩვევა იცის, თუმცა ჯავახეთი სულაც არ არის იოლი. ამიტომ, ვინც ფოკაში ყოფილა, ისინი ხშირად დიდი გატაცებით ყვებიან ამ სოფლის და ადგილის ამბებს, ბერ-მონაზონთა სრულიად გამორჩეულობის და... მოკლედ, თუ დაიქოქე, ფოკაზე ბევრს ილაპარაკებ. ფარავნის ტბის პირას, ტიტველ, თვალუწვდენელ მთებს შუა ჩაფენილი სოფელი, იქ, ქალაქიდან შეუმჩნეველ ადამიანთა მიერ, წლების განმავლობაში ჩადენილი ჩუმი გმირობები, გადახდენილი მძიმე თავგადასავლები, რომელთა შესახებაც მხოლოდ მეგობრებმა იციან და ასე შემდეგ.
ფოკას კლიმატი იმგვარია, რომ ნოემბერში, გზა რომ დაიკეტება, მარტის ჩათვლით იქ მოხვედრა ძალიან გაჭირდება. უფრო ხშირად ასეა ხოლმე და ბოგდანოვკიდან, ნონოწმინდიდან ფოკას ჩაღწევა რჩეულთა შორის რჩეულთა ხვედრია, თორემ აქეთ, წალკის გზა აღარ არსებობს.
არის გადაადგილებისთვის ძალიან ძნელი კვირებიც, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დიდთოვლობა გაიარონ. ამათ შორის დასასახლებლია როდიონოვკელი ტრაქტორისტი მასისა, რომელიც მამათა მონასტერთან მეგობრობს და მათთვის თოვლსაც გაჭრის და ყინულსაც. როგორც ახლახან შევიტყვე, მასისა სარაიონო დეპუტატი გამხდარა და ტრაქტორისტობას დიდად აღარ მისდევს: მხოლოდ მეგობართათვის თუ მოქოქავს მოტორსა. დედათა მონასტერი კი დახმარებას უფრო ფოკელ მელიქას სთხოვს ხოლმე.
ერთი-ორი ზამთრის წინათ, ისე გამოვიდა, რომ მარტის თვეში იქით წასვლა მომიხდა და ბოგდანოვკამდე კი მიმაქრიალეს კოხტად, მაგრამ იმას იქით კი საქმე წახდა: მანქანიდან ფოკელი მელიქას ტრაქტორში გადავჯექი, ტრაქტორს კი ერთი ვილისიც ჩაბმული ჰყავდა, რომელშიც ფოკელები ისხდნენ. ბოგდანოვკიდან ფოკამდე კაი დროში ნახევარ საათზე მეტი არ უნდა, მაგრამ როგორც მახსოვს, მაშინ შვიდსაათნახევარს მოვდიოდით. ეგრე, მგონი ოთხი იყო, რო გამოვედით და ფოკაში შუაღამეს მოვედით. მთელი ამ ამბის ხოხმა ის იყო, რომ მეორე დღეს უკანვე უნდა გამოგევლო ეს გზა.
ეს ყველაფერი თოვლის ბრალი იყო. რა თქმა უნდა. ყველაზე ძნელი არის განძა-ფოკას გზა იმ თოვლში. ფეხებს ისედაც ვეღარ ვგრძნობდი, მაგრამ ნამდვილი თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როცა განძიდან გამოვედით. ამ ორ სოფელს შორის შვიდი კილომეტრია. ამ მანძილს ხუთ საათს დავჭირდით. განძიდან გამოვედით თუ არა, მელიქას მამამისმა დაურეკა, განძაში დარჩით, დილით წამოდით, საშინელი ქარბუქიაო. აი, ახალი გამოსულები ვიყავით და იმ ვილისის ხალხსაც მგონი ასე ერჩივნა. მე კიდე მეორე დღეს უკან უნდა წამოვსულიყავი და რა განძა? და ვუთხარ: მელიქჯან, ან ახლა გავალთ, ან მორჩა, ღამდება-თქო. სოფლიდან ასი მეტრი იქნებოდა და უკვე საერთოდ არაფერი არ ჩანდა ქარბუქში. უსაყვარლესი ჯეკლონდონობა იყო. ნამქერი შუშებს რო ეყინება. სიგარეტი „პრიმა“ და თან სველი, თავისით დასველებული. რაც მთავარია, ცოტა. გზა დაიკარგა. ვილისის ბიჭები გადმოხტნენ და ქარბუქში დარბოდნენ, გზას ეძებდნენ და ხელით ანიშნებდნენ მელიქას. ამას საათნახევარი დაჭირდა. შევდექით გზაზე. დენის ვიშკის შორიახლოს (იქ ასეთი ორიენტირებია). ბედნიერება ის იყო, ვიშკა რომ დავინახეთ.
ავედით გზაზე და ჩვენი ტრაქტორის მოტორი გაფუჭდა. წყალი კი ისედაც გაყინულიყო, თუ რაღაც. აღარ მახსოვს და არც ვიცი, რა ჭირს წყალს. მელიქამ გამოუშვა, მოკლედ... ჩემი ხაია ის იყო, რომ ტრაქტორიდან გადმოვედი ქარბუქის მხრიდან და მერე, ძველი ტემპერატურა ვეღარაფრით აღვიდგინე. უკან, ჩანთაში არაყი მქონდა, მაგრამ ჩანთას ვერაფრით ავიღებდით, იმიტომ, რომ ხელები გაყინული გვქონდა. ვერ გავხსნიდით, მელიქამ უბიდან მთლად მაგარი სალა და დედამისის გამომცხვარი პურები გააძრო და აძაგძაგებულები ვჭამდით, სალა უხდება სიცივეს. მერე კიდევ არ დაიშალა და იმ ყინვაში და ქარბუქში მოტორის კეთება დაიწყო. სულ იმეორებდა, ნელზია ოსტანოვლივაცა, გიოჯან, ნელზია. მე კიდე ასე ვაკეთებდი: ბრრრრ... და კაბინაში პირობითად გასათბობად შემომხტარ მელიქას ხელისგულზე ანთებულ ზაჟიგალკას ვუტარებდი. მხიარული დრო იყო, როგორც ხედავთ. ზოგჯერ ისე ციოდა, რო კაბინაშივე ვწვავდით იქ აღმოჩენილ ნაჭრებს: ხელების გასათბობად. მერე ქუდებს და მერე ჯემპერებიც ტკბილად წავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მელიქა გარეთ გახტებოდა აბრიალებული ქუდით ხელში, მოტორს მიუნათებდა და წვალობდა.
ათჯერ ვცადეთ, იქოქებოდა, მაგრამ ქრებოდა, ქარი და ნამქერი უშლიდა იმიტომ, რომ ქარის მხრიდან აკეთებდა და იქედან უნდა მოფარებოდი. ის ბიჭებიც გადმოვიდოდნენ ვილისიდან, დახედავდენ და შეხტებოდნენ უკან. მელიქა ცოტა ბრაზობდა იმათზე, მეტი მხარდაჭერა უნდოდა. მე მეგონა, რომ იქ ჩავრჩებოდით, რაც ჯეკ ლონდონის ბრალი იყო. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ სისულელე იყო, ვინაიდან ის, რაც მე ჯეკლონდონობად წარმოვიდგინე, სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო იმათთვის, ფოკელი ტრაქტორისტებისთვის.
მელიქა კი მაინც არ მოეშვა, ორ საათს ეჯახირა, მე კიდევ ვიყავი ნამქერმიმხმარი ცალ მხარეს და ალბათ სრულიად განადგურებული იერი მქონდა. მერე მელიქამ თავის ძმას, ასევე ტრაქტორიან ნელსონას დაურეკა, მომეშველეთო. იმან, კიო. ერთ საათში გიარკვა, რომ ყინვის გამო ნელსონა ვერ ქოქავს თავის ტრაქტორს. მელიქამ კი მითხრა: ფოკამდე ძაან ახლოა, შენ ვერ წარმოგიდგენია, ოღონდ ფეხით ვერ ვივლით. მე ვივლი, შენ ვერა და არ მინდა.
საღამოს ტბასთან რო წყაროა, იქედან აპირებდა ტრაქტორში წყლის ჩასხმას. ოღონდ, ბაჩონკა არ აღმოაჩნდა არც მას, არც იმ ბიჭებს. და ამ დროს, მელიქამ გააკეთა მოტორი და დაქოქა და თქვა, უწყლოდ ვიაროთ, გამოვრთოთ, გავაციოთ, ისევ ვიაროთ.
კუნაპეტ ღამეში, ქარბუქში. სწორედ დროზე დაიქოქა, მინდა ვთქვა, რადგან დასაწვავი აღარაფერი იყო ჩემი და მისი კურტკების გარდა. მიაწვა მელიქა. წავედით ასე ასი მეტრი, გამორთო, ვიდექით თხუთმეტი წუთი. ასე მივღოღავდით. და ამ დროს, ნელსონამ დარეკა, დავქოქე და მოვდივარო. შესაძლოა, ამ ჟამს თითქმის ცხოველი ვიყავი, ოღონდ მდუმარე. რას გაიგებ, რატომ ყმუიან მგლები? ყმუოდნენ. დიდებული თავგადასავალი იყო... ასე ერთ საათში ნელსონაც გამოჩნდა, მისი ტრაქტორის ერთი ფარი ანათებდა სადღაც შორს. ფოკა მართლა ისე ახლოს იყო, რომ ვერც კი წარმოიდგენდი კაცი იმ სიბნელეში. მაგრა ვიტანჯეთ, მაგრამ როგორც გაირკვა, მხოლოდ მე ვიტანჯე. მელიქამ, რომელსაც მეორე დღეს უკან მოვყავდი, დაიჩივლა, გუშინ ცოტა ძნელი იყო, მაგრამ ნელსონა დროზე მოგვეშველა, კაია, კაცს ძმა რო გყავსო. რა ნელსონა, თვითონ რაც ქნა იმ ყინვაში, ვითომ არაფერი. ნელსონამ წყალი მოიტანა და ცოტა ხნით ის ვილისი ჩაიბა.
იმის შემდეგ კი აღარ მინახავს ფოკელი ტრაქტორისტი მელიქა, რომელსაც ზაჟიგალკას ვუტარებდი მართლა გაყინულ ხელისგულებზე და რომელიც წამდაუწუმ, ქარბუქით ნატანჯი ჩურჩულებდა:
- ვსიო, გიოჯან, პიზძეც უჟე... ზამიორზ...
და ამოისუნთქავდა და ისევ გადაეშვებოდა ყინვაში და ქარში მოტორის გასაკეთებლად; ხოლო უკან როგორ წამოვედით, ალბათ სხვა დროს გამახსენდება. ის არ იყო ჯეკლონდონური ამბავი. თუმცა, არც ეს იყო. მელიქასთვის, ყოველ შემთხვევაში. რაც დრო გადის, მეც სულ იოლი და იოლი მგონია.
ჯეკ ლონდონი კი ძაან მაგარი მწერალია.
![]() |
21 ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
21.1 ზებულონის ტრაგედია |
▲ზევით დაბრუნება |
კრიტიკა
გია არგანაშვილი
ორი წლის წინ ხელახლა გამოიცა ჯემალ ქარჩხაძის გახმაურებული რომანი „ზებულონი“. ხმაური მის დაწერას არ მოჰყოლია, ის უფრო გვიან ატყდა, მწერლის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც კრიტიკამ ძველ სტერეოტიპებს თავი დააღწია და ახალს დაემორჩილა.
მაშინ არა მხოლოდ ეს რომანი, არამედ ჯემალ ქარჩხაძის მთელი შემოქმედება გადაფასდა, უფრო სწორედ ხელახლა შეფასდა და დაფასდა.
საკვირველი ის იყო, რომ მწერლის ტექსტები პირველად წიგნის „მოძულე“ მოზარდებმა აიტაცეს. მახსოვს „იგის“ განსაკუთრებით აქებდნენ, აღტაცებულნი იყვნენ მისით, ეს პატარა მოთხრობა და მერე სხვა ნაწარმოებებიც ხელიდან ხელში გადადიოდა.
„ზებულონი“ მწერლის შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული.
წიგნს ყდაზე რომანის მოკლე ანოტაცია, სარეკლამო ტექსტი ერთვის, საიდანაც მკითხველი შეიტყობს, რომ წინ ადამიანური სულის შემძვრელი თავგადასავალი, ღრმა ჭვრეტითა და უკომპრომისო სიმართლით გადმოცემული დაუვიწყარი ხასიათები, წარუშლელი ხატები, უზადო ქართული, დაძაბული თხრობა და წერის საოცრად მსუბუქი მანერა ელოდება.
ახალგაზრდა მკითხველის ასეთი ფორმით შეპატიჟება მხატვრული ტექსტის სამყაროში გამართლებულია, ხოლო მათთვის, ვინც ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას დიდი ხანია იცნობს ზედმეტი მეჩვენება.
რომანის მთავარი პერსონაჟი ზებულონია.
მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში დრო ერთი შეხედვით ძალზე კონკრეტულია, ზებულონის ხასიათში ბევრი ნაცნობი დეტალი შეინიშნება, მისი სახე ძალზე ზოგადია ქართული სინამდვილისთვის, პერსონაჟის ბუნებაში მითოლოგიური გმირის ხასიათიც იკვეთება.
მწერალმა ის ისტორიიდან გამოიხმო, არა სულის მოსახსენიებლად, არა ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლის დასაფასებლად (ზებულონი ხომ მეომარი იყო), არამედ ახალი საგმირო საქმეების ჩასადენად. მწერალმა პერსონაჟს ძველი იდეალების მსხვრევა და გმირის ახალი სახის შექმნა შეუკვეთა, პირადული და საზოგადოებრივი ინტერესი შეეჯახა ერთმანეთს და მსხვერპლშეწირვის იდეას პიროვნული თავისუფლების იდეა დაუპირისპირდა.
ზებულონს მოუწია იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც თვითონ, როგორც ძველი მხედარი, იყო ჩამომჯდარი. ბუნებრივია, მისი ამგვარი ქმედება შესაბამისი შედეგითურთ ტრაგიკულ დასასრულს გამოიწვევდა, ამიტომ რომანიც ნაღვლიანი გამოვიდა, თუმცა სასარგებლო. მხატვრული ტექსტი აუცილებელ გამოცდილებას შესძენს მას, ვინც მომავალში ზებულონის გზაზე სიარულს გადაწყვეტს.
და თუ რატომაა ზებულონის გზა ასეთი სახიფათო, ამაზე გვექნება ამ წერილში საუბარი.
ამ მხრივ ეს ნაწარმოები შეგვიძლია ერთგვარ საზოგადოებრივ დაკვეთადაც კი ჩავთვალოთ, რადგან როდესაც მწერალმა ამ თემაზე დაიწყო მუშაობა, დასავლური იდეალების (პიროვნული თავისუფლების იდეა) პროპაგანდა ჩვენში უკვე კარგ ტონად ითვლებოდა, თუმცა ეს ახალი იდეა რატომღაც უპირისპირდებოდა ძველს (მსხვერპლთშეწირვის იდეას და არა კოლექტიურ ცნობიერებას), რომელსაც მანამდე ეროვნული იდეოლოგიის სახელი ჰქონდა მოპოვებული.
ნურავინ იტყვის, რომ პიროვნული თავისუფლების ცნება დღევანდელ დასავლურ ცივილიზაციაში, ადამიანის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, სახელმწიფოებრივ განცდას ეწინააღმდეგება, ქვეყნისათვის თავგანწირვის მაგალითებიც დასავლური ქვეყნების ისტორიაში და დღევანდელობაშიც საკმაოდ მრავლადაა, ეს იმიტომ რომ იქ სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეობის უფრო მეტი და სასარგებლო გამოცდილება დაგროვდა, იქ მრავალთა მოვალეობებისადმი ერთგულება ცალკეულ ინდივიდთა თავგანწირვის აუცილებლობას გამორიცხავს, ეს მართლაც ახალი მსოფლმხედველობაა, რომლის მიბაძვაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნაა.
ამიტომ პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია ნაწარმოებში ორი აზრის, ორი მსოფლმხედველობის ასეთი ფორმით დაპირისპირება, კათალიკოსისა: „განა მართლაც ნადირად დაიბადე, რომ ქვეყანა შენს პატარა, დუხჭირ ცხოვრებას ანაცვალო“ და ზებულონისა (ავტორისა): „ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!“
ზებულონი და ზებულონი - ამგვარი გამოთქმა ძალიან ხშირად გვხვდება წიგნში. ზებულონი გაორებულია (თუმცა ამ გაორების მიზეზი კარგად არ ჩანს, რადგან შურისძიების აქტიც მხოლოდ შედეგია), ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პერსონაჟის შინაგან გათიშულობას, რომელიც საბოლოოდ მისი ტრაგედიის მიზეზიც ხდება.
ჩვენ ვისაუბრებთ ზებულონზე, ვეკამათებით და ვედავებით უშუალოდ პერსონაჟს, რადგან ის ნამდვილი ადამიანია. მწერლის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გმირი იმდენად ცოცხალია, რომ ავტორისაგან დამოუკიდებლად შეუძლია მოქმედება, პასუხისმგებელია საკუთარ აზრებზე და მოქმედებებზე, შეუძლია თავის მართლებაც და დაცვაც.
მისი ბუნებრივი შესაძლებლობა უფრო აქტიური მოქმედების საშუალებასაც იძლევა, თუმცა ეს ცოცხალი ადამიანი მაინც იზღუდება, და არა იმიტომ, რომ ის ქართველია და ქართველს რაიმე განსაკუთრებული მისია აკისრია საკუთარი ქვეყნისადმი, ზებულონი ტყვეა მწერლის მიერ თავსმოხვეული ბედისწერის ნებისა, რომელიც პერსონაჟს აიძულებს ავტორის მტკიცე ხელს დაყვეს და ნახედნი ბედაურივით წრეზე იტრიალოს.
ზებულონი მარტოსული ადამიანია, თუმცა მისი მარტოსულობა ჩვეულებრივ კომპლექსებით დატვირთული, ამპარტავნებით სავსე მოზარდის განმარტოებაა (ზებულონს ჯიუტი ხასიათი ჰქონდა და სხვების ჭკუაზე სიარული არ შეეძლო), რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ დიდებულ მარტოსულობასთან, სიბრძნის დედად რომ უნდა იქცეს. ჩვეულებრივ ასეთ ადამიანებს ბუნებასთან სიახლოვე უფრო იზიდავთ, მათ ბუნების ენა უკეთ ესმით, ვიდრე ადამიანებისა, ამიტომ გაურბიან საზოგადოებას და ხალხმრავალ ადგილებშიც მარტოდ ყოფნას ახერხებენ.
ზებულონს იოველ ბატონიშვილის შეგირდად დადგომა სურდა.
ზებულონი არჩევანის წინაშე იდგა, იოველ ბატონიშვილთან წასულიყო თუ შური ეძია დაროაშვილებზე (დაროაშვილებმა ზებულონს მამა მოუკლეს), მან შურისძიება გადაწყვიტა, რადგან ხალხის მოთხოვნით, როგორც ფიცით, ისე იყო შეკრული. სწორედ ამგვარი არჩევანის წინაშე იდგა ზენონი („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“) და მან ერის ხმას ღვთის ხმა არჩია.
ზენონი შემთხვევით არ გვიხსენებია, ზებულონისა და ზენონის შედარება მართლაც შეიძლება (შესაძლოა ავტორსაც ჰქონდა ასეთი სურვილი), მათი გზები მაშინ გაიყარა, როდესაც ზებულონმა შურისძიება გადაწყვიტა, ზენონმა კი მონასტერში წასვლა აირჩია (ზებულონსაც შეეძლო ასეთი გადაწყვეტილების მიღება), ზენონის გადაწვეტილების შედეგი კარგად ვიცით (აგიოგრაფი მას დიდ ზენონად იხსენიებს), ზებულონი კი.. ზებულონი მიხვდა, რომ მთელი მისი ცხოვრება ცრუ და უსაგნო ჩვენება იყო.
ზებულონმა შური იძია დაროაშვილებზე, მან სოფელი გააოცა თავისი სისასტიკით, არა მარტო გააოცა, არამედ დაიმორჩილა კიდეც, თუმცა მას მორჩილება არაფრად ეპიტნავებოდა, არაფერში სჭირდებოდა (როგორც თინია), შურისძიებამ ის შემსრულებლად, იარაღად ჩამოაყალიბა და გაუყენა გზას, სადაც ის საკუთარი შესაძლებლობების შემკვეთს მოძებნის.
ზებულონის შურისძიება გაუგონარი ქმედებაა, ავტორი ამბობს, რომ ეს მას სოფელმა მოთხოვა (ბუნებრივია, რომ ავტორი პერსონაჟის მხარეს იჭერს და მის გამართლებას ცდილობს), მაგრამ შურისძიების ფორმაც სოფელმა უკარნახა? საიდანაა ახალგაზრდა კაცში ამდენი სისასტიკე? ეს არაა რიტორიკული კითხვა, მკითხველი მის პასუხს ტექსტში დაუწყებს ძებნას და სამწუხაროდ ვერ იპოვის. არავინაა ისეთი მიამიტი, რომ მებრძოლი ადამიანი გულჩვილ პაციფისტად წარმოიდგინოს, საეროდ ქვეყნისადმი, მოყვასისადმი თავგანწირვის უნარს ხშირად დიდი დანაშაულის (ცოდვის) გამოსყიდვის სურვილი ჰბადებს (გავიხსენოთ როგორი თავგანწირვით იბრძვის ონისე („ხევისბერი გოჩა“ - ალექსანდრე ყაზბეგი), რომელსაც ჩადენილი დანაშაულის გრძნობა არ ასვენებს), მაგრამ ზებულონის შურისძიება ჩვეულებრივ დანაშაულად ვერ ჩაითვლება, გაკვირვებას იწვევს არა დანაშაულის სიმძიმე, არამედ მისი ფორმა, ღრმა ფანტაზიის შედეგი, რომელიც ზებულონს სრულიად სხვა კუთხიდან გვაჩვენებს.
თუმცა ამ ხაზს აღარ გავყვებით, რადგან მწერალიც საგანგებოდ არ უღრმავდება ამ დეტალს (ამ მხრივ რომანი არათანმიმდევრულია). ზებულონმა თავისი ცხოვრება შურისძიებით დაიწყო, ასეთი ცოდვის მტვირთველი ახალგაზრდა ადამიანისთვის არაფერს შეუძლია სიმშვიდის მოტანა, გარდა ქვეყნისადმი, მოყვასისადმი ზრუნვას (დანაშაულის გამოსყიდვის ერთადერთი გზა), მართალია, ზებულონი თავდაუზოგავად ემსახურა ქვეყანას, მაგრამ ეს იყო მისი ნების საწინააღმდეგოდ, ეს იყო იძულება, სამწუხაროდ ზებულონს სინანულის გრძნობა აკლია და შესაბამისად არც მსახურების უნარი გააჩნია, რომელსაც შეუძლია მისი გახლეჩილი ცნობიერება გაამთელოს და სინდისი დაუმშვიდოს.
თუმცა, ზებულონი ხსნის გზას შეგნებულად არიდებს თავს, ამ შემთხვევაში (გავიმეორებ) პერსონაჟი ტყვეა მწერლის მიერ თავსმოხვეული უჩვეულო მსოფლმხედველობისა.
ამის განცდა კი ზებულონს მოუწია:
ზებულონი ბუნებაში გაიზარდა, მას ჰქონდა საშუალება ბუნების წესრიგი და ურთიერთდამოკიდებულება შეეცნო, თუმცა იქ, სადაც სხვა თავისუფალი ნების გამოვლენას დაინახავდა, ზებულონმა სულ სხვა რამ შენიშნა, ნაწარმოებში სრულიად ახლებურადაა გააზრებული მუხის სიმბოლო.
ერთხელ ზებულონი მუხებს შუა ჩადგა, ფეხები რაც შეეძლო ღონივრად დააბჯინა მიწას, ხელები მაღლა შემართა, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, ვითომ თვითონაც მუხა იყო. დიდხანს იდგა ასე, თვალდახუჭული და გატრუნული. მანამ იდგა, სანამ მუხად არ იქცა და არ მიხვდა რა დიდებული რამ ყოფილა მუხა, რა მძლავრი, რა მშვიდი, რა ღონიერი...
შემდეგ ეს ნეტარი განცდა უკვალოდ გაქრა და მის ადგილას ერთბაშად შიშისა და გაუვალი უმწეობის გულის შემკუმშველი ზვირთი შემოვარდა. ზებულონმა უეცრად იგრძნო - მუხის სიამაყე მოჩვენებითი ყოფილა, მუხის ძალა უქმი ყოფილა, მუხის მოთმინება უძლური და შემგუებელი ყოფილა,
მუხა მიწის ტყვეა, მუხა დაბმულია ფესვებით და უცხო მინდორთა სილამაზეს იგი ვერასოდეს იხილავს, მუხა განწირულია მის ფუტურო სიამაყეს არავითარი ფასი არა აქვს.
ასე ფიქრობდა ზებულონი.
თუმცა ზებულონმა არ იცოდა, რომ მუხის არსი მის ტყვეობაშია, რადგან ღვთისგან შექმნილ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, თვით ჩვენი პლანეტაც ორბიტის ტყვეა და სწორედ ეს დამოკიდებულება უნარჩუნებს მას თვითმყოფადობას.
ამ ცოდნის გარეშე ზებულონი თავის გზას დაადგა.
ამ გზაზე ზებულონი ბექა ამილახვარს, ერთსა და იმავე დროს ბელზაბელსა და წმინდანს, გადაეყარა, ეს ასეც უნდა მომხდარიყო (ვინმე ბექა აუცილებლად გამოჩნდებოდა), ვინმეს უნდა სასიკეთოდ გამოეყენებინა ზებულონის სტიქიური ძალა, რომელსაც კალაპოტი სჭირდებოდა, რადგან უამისოდ მას შეეძლო მთელი სამყაროს ნგრევაც კი გამოეწვია.
აზნაურ ისახარის ვაჟს სწორედ აზნაურის კეთილშობილება, პიროვნული თავისუფლების ნება აკლდა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ამიტომ იგი მუდამ სხვის კარნახს ელოდება. ზებულონი ინსტიქტის ადამიანია, მას საკუთარი სურვილების გაცნობიერებაც უჭირს, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც მის მოქმედებას მოკრძალებას ვერ დავარქმევთ.
ჰოდა, ასე უაზროდ გალია საკუთარი წუთისოფელი წყაროსთვალელმა ჭაბუკმა ზებულონმა.
ნეტავ, ვის აუჩუყებს გულს ზებულონის უკანასკნელი მონოლოგი, სიკვდილისწინა აღსარება? განა ეწადა დაროაშვილების დახოცვა? მაგრამ დახოცა, ვინაიდან სოფელმა ჩუმი რისხვით უბრძანა დახოცეო. განა წიგნი არ ერჩივნა ბრძოლას? მაგრამ ბრძოლაში დააღამა, ვინაიდან მანუჩარ ბატონიშვილმა უთხრა, ქვეყანას მეომარი სჭირდება და არა სწავლულიო, განა...
„ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“
... ყველაფერი უკუღმა უკეთებია ზებულონს... არ უნდა დაეხოცა დაროაშვილები ზებულონს. ისახარს რაღას უშველიდა! უნდა მისულიყო იოველ ბატონიშვილთან ზებულონი. ვითომ რატომ არ მიიღებდა? ნესტანი არ უნდა დაეთმო ზებულონს. ვინ მისცა ქვეყანას იმისი ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!
ქვეყანას მართლაც არა აქვს ამისი ნება, რომ ადამიანს ყველაფერი წაართვას და არაფერი დაუტოვოს, მაგრამ ადამიანს აქვს უფლება მსხვერპლად შეეწიროს მას, თუმცა ამის აუცილებლობას საზოგადოება არ ითხოვს, ამას ადამიანს მხოლოდ საკუთარი სინდისი კარნახობს, რადგან, საბედნიეროდ, ადამიანი ნადირი არ არის. მართალია, ადამიანი სინდისის ტყვეა, მაგრამ სწორედ ამ ტყვეობაშია მისი არსის გამოხატულება.
ამას რომ ვერ მიხვდა ზებულონი, სწორედ ეს იყო მისი ტრაგედიის მიზეზი, ამან ათქმევინა ეს სიტყვებიც:
ნუთუ მართლა ეს იყო ცხოვრება?
ძველი მხედარს ზებულონს სიმღერის ნიჭი არ ჰქონდა (არ ჩანს), მაგრამ რომც ჰქონოდა მაინც ვერ იმღერებდა „მხედართა ძველ სიმღერას“
სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვკვდებით გულდამშვიდებულნი...
ისტორიიდან გამოხმობილი გმირი განუხორციელებელი წავიდა ამ ქვეყნიდან.
ზებულონი მოკვდა.
ირგვლივ ყოველივე ისე კაშკაშებდა, რომ ზებულონი ვერ მიხვდა, სინათლე იყო ეს თუ სიბნელე.
* * *
რომანში ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეგხვდებათ, ზოგიერთი მათგანი (განსაკუთრებით ბექა, კათალიკოსი) ლიტერატურული ტიპაჟის სიმაღლესაც კი აღწევენ, თუმცა რომანის ძირითად ტვირთს მაინც ზებულონი მიათრევს.
ისტორიული რომანი ჩვენში ყველაზე პოპულარული ჟანრია, სქემები და სახეებიც ჭარბად დამუშავებულა, ასეთ დროს ძალზე ძნელია სტერეოტიპებიდან თავის დაღწევა, რადგან ისტორიაში ხედვის კუთხე ჩვენს მწერლობაში ათწლეულებიდან ათწლეულებამდე, თაობიდან თაობამდე არსებითად არ იცვლება.
იოველ ბატონიშვილი თითქმის იმეორებს ილია ჭავჭავაძის აზრს წიგნისა და ხმლის დროულობაზე. ხოლო მისი და ისახარის საუბარი ზებულონის მომავალ ბედ-იღბალზე მღვდლისა და პეტრეს საუბარს („გლახის ნაამბობს“) გვაგონებს.
გათათრებული მეფის მონოლოგი, სადაც იგი ქართველ ხალხს სდებს ბრალს მის გამუსლიმანებაში, ძალიან ჰგავს კონსტანტინე ბატონიშვილის მსჯელობას (ლევან გოთუა „გმირთა ვარამი“), მისი არგუმენტებიც იმდენად საფუძვლიანი ჩანს, რომ შეიძლება დაეთანხმო, თუმცა...
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაცნობი პასაჟები მწერლის მიერ შეგნებულადაა მოხმობილი, ეს ძველი აგურით ახალი შენობის აშენებას მაგონებს, ავტორის სურვილიც ალბათ ეს იყო, სხვა საქმეა თუ რამდენად მყარია ეს შენობა, რამდენხანს გაუძლებს დროთა დინებას, თუ მხოლოდ დროებითი საცხოვრებლის ფუნქცი აკისრია?
სტერეოტიპულია წერა-კითხვის უცოდინარი მღვდლის სახეც, არა მგონია ეს ბუნებრივი იყოს იმდროინდელ, თუნდაც გაუნათლებელი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი ხარკია, რომელიც ქართულმა მწერლობამ გადაიხადა ათეისტური მსოფლმხედველობის წინაშე და რომანის ავტორიც შესაძლოა იძულებითი გადამხდელი შეიქმნა.
ჯემალ ქარჩხაძე პროფესიონალი მწერალია. მის ტექსტებში შემოქმედებითი ან საშემსრულებლო ხელოვნების პრობლემა თითქმის არ არსებობს. მწერალი იმას აღწევს, რაც სურს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ლიტერატურულ გმირთან ამდენი გვაბრძოლა და გვაკამათა, ესეც რომანის მხატვრულ ღირსებაზე მეტყველებს.
სხვა რამ მწერალს, ალბათ, არც მოეთხოვება.
![]() |
21.2 მწარე და სასაცილო |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა - რეცენზია
ავტორი: დავით პაიჭაძე
ლაშა ბუღაძე, ოქროს ხანა (რომანი). თბ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2006.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. VI კორპუსი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. არა, მე არაფერ შუაში ვარ. უბრალოდ, ესაა ერთ-ერთი იმ მრავალ ადგილთაგან, სადაც ამ რომანის მოქმედება მიმდინარეობს. უახლეს ქართულ მწერლობაში ღირს, დააკვირდეთ მწერლებს, რომელთაც თავისი პერსონაჟები საქართველოს ფარგლებს გარეთ გაჰყავთ. უფრო ზუსტად, ღირს, დააკვირდეთ ამ პერსონაჟებს, ძვრებს მათ სულში, და შეადაროთ მათი ცხოვრების წესი „აქაურ“ პერსონაჟთა ქცევებს. ლაშა ბუღაძე იშვიათად აცილებს ხოლმე საქართველოს თავის გმირებს. და მათ უცხოეთშიც ისევე ეკიდება, როგორც აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.
რა მინდა ვთქვა: ლაშა ბუღაძეს შეუძლია გაურთიერთოთ მოსაწყენ იდიოტებთან ისე, რომ ერთი წუთითაც არ მოგეწყინოთ. შეუძლია დაგასწროთ საფრთხეს ისე, რომ ყველანაირი სასპენსისა და დაძაბულობის განცდას თქვენში კომიკური ეფექტი ჭარბობდეს. შეუძლია იცინოს თქვენზე ისე, რომ თქვენ კიდევ მეტად გაიცინებთ.
ჟურნალისტიკაში (ა, კიდო!) ერთი ასეთი ხერხია: დაიწყო წერა ან ლაპარაკი იმგვარად, რომ მკითხველი ან მსმენელი მეყსეულად მოჩანგო და მოანდომო შენთან დარჩენა. შეამოწმეთ თავი, დარჩებით თუ არა ლაშა ბუღაძის „ოქროს ხანაში“. ორი მოკლე აღწერა რომანის საექსპოზიციო ნაწილიდან: მსუბუქი კრიმინალით დამძიმებული ქართველი სტუდენტი თავს აფარებს შოტლანდიის ჩრდილოეთს, სადაც ორი ქართველი ჰომოსექსუალისტის ოჯახს შეკედლებია. ამ ოჯახს ჰყავს ვაჟი, რომელიც ინ-ვიტრო ჩაისახა და გაჩნდა მეორე ჰომოსექსუალური წყვილის, ამჯერად ქართველი და გერმანელი ლესბოსელების მეშვეობით. და ეს ოთხეული ყველაზე სათნო და წესიერი ხალხია მთელ რომანში. მეორე ეპიზოდი: დოლიძის ქუჩის კრიმინალური შპანა საუნაში მიდის არა მხოლოდ დასაბანად და საყვარელი სალონიდან ჰყრის პირსახოცშემოხვეულ მეძავებთან ერთად მოკალათებულ ჩოხოსანთა პარტიის ჭარმაგ წევრებს.
ლაშა ბუღაძე ხანდახან ძალიან დაუნდობელია თავისი პერსონაჟებისადმი. მაგალითად, დაუნანებლად ხოცავს ნარკომან პერსონაჟებს. ამასაც არ იკმარებს და ერთ პერსონაჟს, ყოფილ ნარკომანს, კაიფში გაპარულთა ძმათა სასაფლაოს გაშენებას მოასურვებს. ნარკომანები მასთან ტანჯვით კი არ კვდებიან, არამედ კაიფში იპარებიან განუხრელად. რამდენადაც შეუძლია, ლაშა ბუღაძე ასუფთავებს საქართველოს მათგან.
თუ „ოქროს ხანას“ რეალობის ამსახველ რომანად მივიჩნევთ, სადაც გამონაგონი მინიმალურია, მაშინ, უნდა ითქვას, რომ ის ძალიან მწარე რეალობას ასახავს. ლაშა ბუღაძეს, რა თქმა უნდა, ბევრი უკლია საიმისოდ, რომ პროზაში შავი იუმორის სკოლას მიაკუთვნო, მაგრამ შავი იუმორის ელემენტები მასთან ნამდვილად არის. იგნორირება რეალობისა, რომელიც მისი ლიტერატურის ძირითადი მასალაა, ლაშა ბუღაძეს არ შეუძლია და პასუხად ერთგვარი ხალისითაც აგებებს ლამის მიზანთროპულ კომიზმს. და ეს არის გულწრფელი ადამიანური რეაქცია ყოფიერებაზე. „ოქროს ხანა“ დახუნძლულია ტიპაჟებითა და პერსონაჟებით, რომელთაც აკლიათ ფსიქოლოგიური მრავალგანზომილება. ხასიათების ნაცვლად ლაშა ბუღაძე ძერწავს კომედიურ ნიღბებს. ისინი, საკუთარი სულიერი განვითარების შედეგად, თან ქმნიან და თან ეტყვევინებიან ზომიერად სასტიკ და უაზრო რეალობას.
ჩვენს თაობას არ ჰყოლია თავისი ლაშა ბუღაძე იმ აზრით, რომ მას აღეწერა, ვთქვათ, 15-20 წლის წინანდელი ახალგაზრდების, სტუდენტების ყოფა, ემოციები, მიმართებები, სულის მიმოხრანი. დღევანდელ „ლამაზებს, 20 წლისებს“ ჰყავთ თავიანთი ჟამთააღმწერელი და ისიც ისევე კრიტიკულია, როგორც ექვსი საუკუნის წინანდელი მეჰისტორიე. ოღონდ მისგან ლაშას ის განასხვავებს, რომ სასოწარკვეთილი ხმით კი არ ლაპარაკობს, არამედ მხიარულად, სასაცილოდ. ძლივს, როგორც იქნა, ლაშა ბუღაძესთან ჩნდება ეროტიკა. ძალიან ძუნწად, თითო-ოროლა მოძრაობის, ჟესტის დონეზე. აქამდე ეროტიკულ თემას იმდენად აზავებდა კომიკურით, რომ მნიშვნელობას არ მიანიჭებდით. ახლა ეს ირონიული მინარევი, ერთ ეპიზოდში მაინც, მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ კონცენტრირებულია ერთადერთ სიტყვაში ისე, რომ მთელ ეპიზოდს აფეთქებს. ეს სიტყვაა „მენტალიტეტი“. როცა წაიკითხავთ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.
ძალიან საგულისხმოა, რომ ნამდვილი ეროტიკის თუნდაც ერთი ელემენტის შემოტანა საკმარისია მისი პერსონაჟის გასახსნელად. მიუხედავად მთელი იმ თავისუფლებისა, რითაც დღევანდელი 25 წლამდე ახალგაზრდების თაობა განსხვავდება წინა თაობებისაგან, მესახება, რომ ლაშას აზრით, ეს თავისუფლება თაობას ძირითადად მოუხმარებელი აქვს. ეს არის ემანსიპირებადი, მაგრამ ჯერ ვერემანსიპირებული თაობა. და ეს გარდამავალი ვითარება პირდაპირ მადანია ლაშა ბუღაძის კომიზმისათვის.
„ოქროს ხანის“ საქართველო თან თანადროულია, თან, გეჩვენებათ, რომ ზედროული. იმიტომ, რომ კარგა ხანია, სხვანაირი საქართველო და ქართველები ჩვენ არ გვინახავს. სულიერი გამოცდილება, რომელსაც პერსონაჟები ლაშასთან იძენენ, კაცმა არ იცის, რაში გამოადგებათ, რადგან მათი ინტელექტი და განათლება მეტისმეტად მწირია ადეკვატური დასკვნების გასაკეთებლად. შეიძლება ითქვას, რომ რომანის ბოლოს ეს ორი მოტივი ხვდება ერთმანეთს: ცვლილების, დადუღების, ზრდის, უმჯობესობის მოლოდინი და გაუნელებელი ინფანტილიზმი, ფატალური გაუზრდელობა (ორივე გაგებით). რომანის უკანასკნელი ფრაზა არის კიდეც მისი ლაიტმოტივი. ეს არის ერთი ყველაზე ტიპური ფრაზა ლაშა ბუღაძისთვის - დააკვირდით, ვინ წარმოთქვამს და რა ვითარებაში. ტიპური კი უწინარესად იმიტომ არის, რომ თან მწარეა და თან სასაცილო.
![]() |
21.2.1 „რიგითების“ მარადიული |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: შოთა იათაშვილი
დავით ქართველიშვილი, „იყო საღამო, იყო დილა“ (რომანი); თბ.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“. 2006.
რას ფიქრობენ „რიგითი მოქალაქეები“ მარადიულზე? - აი, კითხვა, რომელიც აწუხებს დავით ქართველიშვილს ამ რომანში. მაგრამ წიგნიერ სამყაროს თუ მცირე ხნით მაინც გავერიდებით და გულწრფელი, მარტივი ფიქრების ზღვაში თამამად შევცურავთ, ალბათ ვიგრძნობთ სწორედ იმ განწყობას, ფიქრის იმ სტილს, რაც ამ რომანის პერსონაჟებშია გამოკვეთილი: ბანკირებში, ძველ ბიჭებში, სვეტ ქალებში, საქმოსნებში, მეომრებში, მაღაზიის გამყიდველებში, ყვითელი პრესის ჟურნალისტებში... ანუ, ჩვენი ქვეყნის „რიგით მოქალაქეებში“, რომლებიც თავზე ტალანტგადაბერტყილი უმცირესობის წარმომადგენლებივით მოკვდავნი არიან და მათსავით უწევთ სამოთხეზე, ჯოჯოხეთზე, სულზე, ცოდვაზე, სასწაულზე, სიყვარულზე თუ უფალზე ფიქრი.
მაგალითად, რომანის მთავარ გმირს, ახალგაზრდა ბანკირ თაზო ბერიძეს ცხადი წარმოდგენა აქვს შექმნილი ჯოჯოხეთზე, ასევე დალაგებულად და დამაჯერებლად გამოხატავენ სხვანიც საკუთარ „მეტა“-მოსაზრებებს. ერთი კია, ეს დაწმენდილი სურათ-ხატები არცთუ იშვიათად იმღვრევა, რამეთუ ქართველიშვილის „რიგითი მოქალაქეები“ მთელი რომანის განმავლობაში ერთმანეთის ბედისწერის სინჯარებს უმოწყალოდ ანჯღრევენ. მატულობს კითხვები, ეჭვები, შფოთი... დეტექტიური ჩახლართულობა ავტორისთვის ტრამპლინია მარადიული ღირებულებების ჩახლართულობის საჩვენებლად. თუმც, სანამ ეს ხლართები გაჩნდება, ტექსტი თითქმის მთლიანადაა ჩაძირული ბანალური, იოლადცნობადი ქმედებებისა და დიალოგების ველში. ამ მონაკვეთებში იგი თითქოსდა არანაირად არ განსხვავდება „უბნის ესთეტიკის“ უთვალავი თანამედროვე ნაწარმოებისგან. მაგრამ ასეთ პროდუქციასთან სხვაობა ქართველიშვილთან მით უფრო თვალშისაცემია, რამდენადაც მსგავსების შიში მასთან გადალახულია. მეტიც, სწორედ მსგავსი გარემოსა და ტიპაჟების „ღვთიური ვერბალიზაციით“ ხდება რომანის სრულიად სხვა რეგისტრში გადაყვანა.
ხანდახან ღიმილიც შეიძლება მოერიოს მკითხველს, იმდენად არაბუნებრივები ჩანან მარადიულზე მომუსაიფე ეს ჩერჩეტი გოგოები თუ ფულის კეთებას გადაყოლილი ბიჭები. თუმც იგრძნობა, რომ ავტორი სულაც არაა ამის წინააღმდეგი. ეს ხომ მისი მთავარი კონტრაპუნქტია და მთელი ძალისხმევაც იქითაა მიმართული, რომ ასეთი შეუსაბამობა თანდათანობით რომანის ყველაზე წრფელ და შთამბეჭდავ ინტონაციად იქცეს.
არადა, როცა ავტორის ამ ინტონაციას ბოლოს და ბოლოს გულით მიენდობა მკითხველი, მას იმედგაცრუება მოელის, რადგან აღმოჩნდება, რომ პერსონაჟთაგან ზოგიერთნი უფლის ხსენებასა და ღვთიურზე მსჯელობას საკუთარი მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად იყენებდნენ.
და უცებ, ერთი ხელის მოსმით ანგრევს ძლივს ნაშენებ ამ მარადიულზე მოფიქრალ პრიმიტივთა გარკვეულწილად უტოპიურ სამყაროს ავტორი. მერე კი რომანში აქამდე მოქმედი ყველა პირისაგან აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟი გამოჰყავს სცენაზე: აი, ისეთი, დაახლოებით პედრო ალმოდოვარის ფილმებში რომ შეიძლება შეგხვდეს. ბატონი ტობიას ჰილი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრებამ მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, ყველაფერი გამოსცადოს ცხოვრებაში. და ის მიზანმიმართულად იწყებს დასახული გეგმის განხორციელებას. 25 წლის ასაკში მიხვდება, რომ ყველაფრის გამოსაცდელად საჭიროა სქესის შეცვლა. ის შეიცვლის სქესს და ხუთი წელი ქალის თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობს. შემდეგ არ მოეწონება ქალობა, კვლავ საოპერაციო მაგიდაზე დაწვება და ისევ კაცად იქცევა. რაღაც მომენტში ის გააცნობიერებს, რომ ორად ორი რამ დარჩა გამოსაცდელი: მკვლელობა და თვითმკვლელობა. და ის, თბილისის ერთ-ერთი ბანკის 64%25-ის მფლობელი, თავის პროექტს თბილისში ასრულებს: კლავს რომანის ერთ-ერთ პერსონაჟს და იკლავს თავს.
დავით ქართველიშვილს ტობიას ჰილის ცხოვრების გზა სხარტად და შთამბეჭდავად აქვს ასახული. და მიუხედავად სტილური პოლარულობისა, მისი წინამორბედიც ხელად ჩნდება თვალწინ: დოსტოევსკის კირილოვი. ადამიანი, რომელიც თავს იდეის გამო იკლავს. იკლავს, რათა დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ ისაა საკუთარი თავის ღმერთი. ტობიას ჰილი, შეიძლება ითქვას, კირილოვზე შორს მიდის: ის იდეის გამო სხვასაც კლავს და თავსაც იკლავს. და მიუხედავად ამ გაორმაგებისა, ის მაინც კირილოვის შარჟად აღიქმება. ამის მიზეზი კი ალბათ ისაა, რომ კირილოვში მობობოქრე ეგზისტენციალურ-მეტაფიზიკური სული ბატონ ტობიასთან ჩანაცვლებულია დღევანდელი ეპოქისათვის ნიშნეული თამაშის ესთეტიკით. აკი თავად უწოდებს იგი საკუთარ ექსპერიმენტს თამაშს, სახელად „ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოსცადო“...
რისთვის დასჭირდა ავტორს ეს ტრაგიკული შარჟი რომანის კუდისაკენ? ვითომ იმისათვის, რომ პროფანული რელიგიური ტექსტის სავარაუდო სახიფათო იმიჯი თავადვე დაენგრია? რომანის დეკონსტრუქციული ვნებანი ფინალისკენ აშკარად თავს იჩენს, ბოლო სცენა კი საერთოდ სხვა რეჟისორული წესებითაა დადგმული და ტექსტის მთლიან ინტონაციასაა აცდენილი: ტერორისტების მიერ თვითმფრინავიდან სულელურად გადმოყრილი თაზო და მილინდა მიწისაკენ მოექანებიან და ერთადერთი იმედი მათი გადარჩენისა სიყვარულია, რომელმაც იქნებ „შეასხას მათ ფრთები?“
ძნელი სათქმელია მიზეზი ყოველივე ამისა... ადვილია იმათი მცირედმორწმუნეობაში დადანაშაულება, ვინც ასეთ ფინალზე მწარედ გაიცინებს ანდა ბოლო სტრიქონებით იმედგაცრუებული წიგნს შორს მოისვრის. ადვილია იმის თქმაც, რომ ავტორმა უბრალოდ ტექსტი ღიად დატოვა... ბევრი რამაა ადვილი... რთული კი ალბათ მაინც ამ უცნაური რომანის დაწერა იყო: ღვთის შვილების ასეთ ჭრელ კონტიგენტზე და მათ სახიფათო კავშირებზე რომ მოგვითხრობს.
![]() |
21.2.2 მოჯადოებული წრე |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორი: ანდრო ბუაჩიძე
რატი ამაღლობელი, წრე (ლექსები). თბ. „სიესტა“, 2006.
ჩემი აზრით, არიან პოეტები, რომელთა ლექსები იბადება, ანუ საქმე გვაქვს თავისებურ ზეპირსიტყვიერებასთან. იბადება, უკვე გამზადებულია და მხოლოდ ჩაწერას საჭიროებს, და არიან აგრეთვე პოეტები, რომელთა ლექსებიც სანამ წერილობით სახეს არ მიიღებს, მანამდე „დაბადებულად“ ვერ მიიჩნევა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ კატეგორიის ლექსები წერის პროცესში განაგრძობს დაბადებას და სანამ პოეტი საბოლოო წერტილს არ დასვამს, მანამდე გრძელდება მისი „თხზვა“. ჩემი აზრით, რატი ამაღლობელი ამ უკანასკნელთა შორისაა. ზემონახსენებ ტექნიკას აქ ლექსწერის ცნებით ჩავანაცვლებ, ვინაიდან სწორედ ლექსწერის თავისებურება თუ მთლიანად არ ქმნის, ასრულებს და ასხვაფერებს სათქმელს.
ბუნებრივია ამ კატეგორიის პოეტებს, რომელთათვისაც თვითონ წერის პროცესია შთაგონების აქტივობის თანამდევი, მხოლოდ რატი ამაღლობელი არ მიეკუთვნება. ეს ის შემთხვევაა, როცა ლექსი ლიტერატურული კულტურის წიაღში იქმნება. როცა ზოგჯერ უკვე არსებული მხატვრული ინვენტარი - რიტმულ-ინტონაციური სტრუქტურა, რითმა, კომპოზიცია - მეორდება პოეტის მიერ, მხოლოდ არა დადგენილი და კლიშედქცეული მნიშვნელობით, არამედ პროფანაციის მიზნით. სხვაგვარადაც შეიძლება თქმა: რატი ამაღლობელი პროვოცირებას უკეთებს მკითხველს, როცა ტრადიციულ ინვენტარს იყენებს. მოულოდნელად ის ისეთ აკორდს იღებს, რომ აშკარაა თამაშობს ამ ტრადიციულობით (რაც თავისთავად ანტიტრადიციულობაა) და თავის სათქმელს (რაღა თქმა უნდა სერიოზულს) თამაშითაც ამბობს. ეს თამაში ნარატივის თავისებური ნაირსახეობაა, რომელიც მაინცდამაინც ღიმილზე ან ირონიულ შტრიხზე კი არ მიგვითითებს, არამედ უკვე მრავალგზის გამოყენებული ტრადიციული ფორმის გაცვეთილობაზე მიგვანიშნებს და ამით სიახლეს სძენს მას, ახალ ინტონაციურ და სტილურ ელფერს ანიჭებს.
ასეთია რატი ამაღლობელის ლექსების კრებული „წრე“, სადაც თავისებურ ნარატივს (სხვა კომპონენტებთან ერთად) ორიგინალური რითმაც ქმნის. რითმა როგორც კომპოზიციის მომწესრიგებელი, აქ მაპროვოცირებული კომპონენტიცაა, მისი ჟღერა დისონანსად ჩაესმის ტრადიციული ლექსის სმენით „ნაპატივებ“ მკითხველს. აქ სარითმო სიტყვები არა მხოლოდ კომპოზიციურად კრავს სათქმელს, არამედ სტილიზაციის ყველაზე მკაფიო შტრიხებსაც ანიჭებს. იგივე შეიძლება ითქვას ანჟამბემანის შესახებაც. სტრიქონიდან სტრიქონზე გადასვლის ეს ხერხი თუმცა კი არ არის ახალი, მაგრამ თანამედროვე პოეზიაში (და აქედან გამომდინარე, რატი ამაღლობელთანაც) განსხვავებულ სახეს ქმნის. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ითქვას, რომ რატი ამაღლობელთან ანჟამბემანი ერთი ლექსის სივრცეში შემთხვევითობას არ წარმოადგენს, პირიქით - მუდმივად მეორდება და სწორედ ეს მუდმივობა ქმნის ტექსტის სპეციფიკურ წყობას. პოეზიის პროზაიზაციის პროცესიც უკვე ტრადიციაა, ოღონდ მუდმივად განმეორებადი ანჟამბემანის მეშვეობით ლექსის არამხოლოდ ტრადიციული „პოეტურობისგან“ განძარცვა ხდება, არამედ იმავდროულად მისი შემოსვაც ახალი პოეტური საბურველით. ლექსს ენიჭება სრულიად თავისებური დინამიურობა, მკითხველს კი უცნაური ლირიკული დენადობის შეგრძნება უჩნდება (ამ ლირიკული დინების ზემოქმედებას აშკარად გრძნობ, როცა იოსიფ ბროდსკის წამღერებით წარმოთქმულ ლექსებს ისმენ, განსაკუთრებით ჯონ დონისადმი მიძღვნილი ელეგია ტოვებს ამ შთაბეჭდილებას, რადგან ანჟამბემანთან ერთად საგანთა ჩამოთვლა ქმნის უჩვეულო ინტონაციურ ნახაზს).
ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ რატი ამაღლობელი ძალზე ფრთხილად ეკიდება ლექსის გაპროზაულების პროცესს. ერთ შესანიშნავ ლექსსი („მე მინდა გულზე შენი ხელი მედოს და მოდი“), რომელიც ბროდსკის სწორედ ჯონ დონისადმი მიძღვნილი ელეგიის შორეულ რემინისცენციას წარმოადგენს, რატი ცდილობს ლირიზმის სიხალასე, პირველქმნილება, იქნება ნაივობაც შეინარჩუნოს. მისი მიზანია (ცნობიერი ან არაცნობიერი) არა იმპერსონალურობისკენ მიდრეკილი ლირიკული სუბიექტის გულგრილობის დემონსტრირება, არამედ მგრძნობიარე წერტილების მოძიება, მძაფრი გრძნობით აღძრული სათქმელის წარმოთქმა. აქ ბუნებრივად ძევს პოეტის ის მსოფლმხედველობა, რომელიც ერთმანეთთან არიგებს პოეზიაში გამოხატვის თანამედროვე ხერხებს და „ტრადიციულ პოეტურ იმპულსებს“. იქნებ ეს ერთგვარი გარდამავალი ეტაპია რატი ამაღლობელის პოეზიაში და მომავალში მან აღქმის და ხედვის რაკურსი შეცვალოს, მაგრამ ეს უკვე მომავლის საქმეა. ყოველ შემთხვევაში, რატი ამაღლობელის პოეტური კრებული „წრე“ ორი თითქოს და შეურიგებელი კომპონენტის შერიგებით ქმნის განსხვავებულ შთაბეჭდილებას და სწორედ ამით არის საინტერესო.
თუმცა, კრებულში შესულ ლექსებს შორის არის გამონაკლისიც. ჩემი აზრით, ეს ლექსია „წრე“. სწორედ ამ ლექსმა მაფიქრებინა, რომ შემდეგი ეტაპი რატი ამაღლობელის შემოქმედებაში შეიძლება გამოხატვის არატრადიციული ხერხების (რომელიც უკვე არის მასთან) და უჩვეულო, არატრადიციული, ღრმა პიროვნული გამოცდილების მქონე სათქმელის დამთხვევით იყოს ნიშანდებული. ეს ლექსი პოეტური თვითრეფლექსიის უაღრესად საინტერესო ცდაა. ცდა იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიმართულებით კიდევ და კიდევ შეიძლება განვითარება. ცალკეული სტროფების მოყვანას ამ ლექსიდან აზრი არ აქვს, ვინაიდან ეს ერთი მთლიანობაა, რეალობის და ფანტასმაგორიის შემზარავი ნაზავია, სადაც სახარებისეული რეალიებიც წარმოსახვის შუქით არის განათებული.
ბოლოს კი ერთი რამ შეიძლება ითქვას. საერთო ტენდენციების ფონზე, ახალგაზრდა ქართველი პოეტები საკუთარ პოეტურ სახეს ძერწავენ. დღევანდელი ქართული ლექსი განსხვავებულია გუშინდელისაგან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ლექსის რეფორმა სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. ამავე პროცესის მონაწილეა პოეტი რატი ამაღლობელიც.
![]() |
21.3 პოეზია |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა - პოეზია
ავტორი: ჯუანშერ ტიკარაძე
* * *პოეზია
როცა 16 წლის ასაკში გულს უსახელო სევდა შემოგაწვება,
როცა გრძნობ,
რომ არ გეყოფა მარტო ერთი სიცოცხლე,
რადგან მთელი სამყარო შენთვის შექმნილი გგონია,
როცა გინდა, სადღაც გაიქცე
და წარმოდგენაც არ გაქვს - სად,
როცა გინდა, ყველაფერი დალეწო
და არ გესმის - რატომ,
როცა გინდა, ამოთქვა უთქმელი
და არ არსებობს მისთვის სიტყვები
და როცა მარტოს ან სხვებში,
ქუჩაში ან სახლში,
მზეში ან ლოგინში
სულ ერთი წამით
(როგორც სიყვარულით გამოწვდილი საწამლავი)
მტკივნეული ჟრუანტელით დაგივლის ასასრულებელი ბედისწერა
და სასოწარკვეთაც გეშს აუღებს შენს შიშს
და ამიერიდან ვეღარსად ვეღარ დაემალები...
40 წლისამ კი უკვე იცი:
სულაც არ არის ეს სევდა უსახელო.
მას საკმაოდ გრძელი,
ჩახლართული
და პროზაული სახელი ჰქვია.
დაახლოებით ასეთი:
„სევდა იმის გამო,
რომ არ ვართ ღმერთები,
რათა მარად ვიცოცხლოთ
ან არ ვართ ცხოველები,
რათა არ ვიცოდეთ,
რომ აუცილებლად დავმარცხდებით.“
* * *
მე დამესიზმრა,
რომ ვითომ ვიყავი დიდი ხნის მკვდარი,
ოღონდ კი არ ვიწექი საფლავში,
ან კი არ ვიხრუკებოდი ჯოჯოხეთის ცეცხლში,
ან - დავფარფატებდი აჩრდილივით,
უბრალოდ, ჩემი გადიდებული ფოტოპორტრეტი ეკიდა კედელზე,
ჩემი ბავშვობის სახლში
და მე ვითომ იქიდან ვუყურებდი,
როგორ მეძინა,
როგორ ვიღვიძებდი,
როგორ ვთამაშობდი,
ვცელქობდი,
ვსწავლობდი,
ვმხიარულობდი
თუ ვდარდობდი,
მოკლედ, ვიზრდებოდი,
რათა ოდესმე ამოდენა მოვყრილიყავი
და ჯერ ეს სიზმარი დამსიზმრებოდა,
მერე კი ეს ლექსი დამეწერა.
* * *
ბავშვებმა ბაღში ააშენეს ქვიშის ციხე-კოშკი,
ქვის გალავანი შემოავლეს გარშემო
და თხრილშიც წყალი გაუშვეს.
მაგრამ მას ღამით დაეპატრონა ბოროტი ჯადოქარი,
დახოცილი მეციხოვნეები თხრილში ჩაყარა,
ციხის კომენდანტი გასვა ძელზე,
ქალები და მათი შვილები შეამწყვდია ბნელ დილეგში
და მე კიდევ მომივლინა შეჩვენება -
ილაჯგამწყვეტი, როგორც სიცოცხლე
და ფრთამსუბუქი, როგორც სიკვდილი:
შევიგრძნო და ვერ გამოვთქვა,
ვიხილო და ვერ დავეუფლო,
ვიპოვო და უმალ დავკარგო.
ქალის სიმარტოვე
აღარ მოვიდა...
კორპუსის ფანჯრიდან გადაცქერი,
შენგან მომდურებული ქალაქი
როგორ იცლება მზის სისხლისგან
და სავარძელში ჯდები სერიალის საყურებლად.
მაგრამ ვეღარ გაფორიაქებს სხვისი ვნებები -
ვეღარც წიგნებში წაკითხული,
ვეღარც ტელევიზორში ნანახი...
სულ ბოლოს ძილის წამალს სვამ
და სანამ ჩაგეძინება,
საკუთარ მკლავებს ისე ფრთხილად ეფერები,
თითქოს შეშინებულ ბავშვებს ამშვიდებდე...
კედელზე დაკიდებულ ნატურმორტზეც დაჭკნა ვარდები.
* * *
...ავადმყოფი დროდადრო ბრუნდებოდა არყოფნიდან
და ახელდა თვალებს
და ვერ არკვევდა,
ჰაერი უფრო ტკიოდა
თუ საავადმყოფოს ბინძური, დახეთქილი ჭერი.
ჭერზე დაბზარული იეროგლიფებით ეწერა:
შენ მოკვდები.
მაგრამ ავადმყოფი ვერ ხედავდა ამ წარწერას.
ის ვერც პალატაში უსაქმოდ მობორიალე მოწყენილ ანგელოზებს
ხედავდა
და ვეღარც ჭირისუფლების მოსვენებამოწყურებულ სახეებს.
ცოტა ხანში ავადმყოფს ისევ ეხუჭებოდა თვალები
და გრძნობდა,
ყოფნიდან კვლავ არყოფნაში როგორ ექაჩებოდა
ვიღაცის ჭაობივით ჩამთრევი ხელი
და მისი გონებაც ნელა-ნელა ქრებოდა,
როგორც თეატრის დიდი ჭაღი სპექტაკლის დაწყების წინ.
* * *
მამაჩემო,
აღარ დაიღალე საფლავში წოლით?
ადრე ამდენი ხანი
ერთ ადგილას რა გაგაჩერებდა.
![]() |
21.4 უაზრო სიცილი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა - თარგმანი
© Allen Ginsberg/CORBIS
კურტ ვონეგუტის ხსოვნას
ავტორი: კურტ ვონეგუტი
ამერიკელი მწერალი კურტ ვონეგუტი 11 აპრილს ნიუ იორკში გარდაიცვალა. მისი ქვრივის, ჯილ კრემენცის თქმით, რამდენიმე კვირის წინ 84 წლის კურტი საკუთარ სახლში დაეცა და ტვინის ძლიერი ტრავმა მიიღო, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. მწერალმა სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება, მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი უკვე მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული. ვონეგუტმა გამოაცოცხლა ისეთი ჟანრი, როგორიცაა სამეცნიერო ფანტასტიკა და კიდევ უფრო პოპულარული გახადა იგი.
„უაზრო სიცილი“ ქართველი მკითხველისათვის ვონეგუტის შემოქმედების გაცნობის მოკრძალებული მცდელობაა. ეს არის ნაწყვეტი მწერლის უკანასკნელი წიგნიდან, „უსამშობლო კაცი: ჯორჯ ბუშის ამერიკაში ცხოვრების მემუარები“ (2005), სადაც სხვადასხვა საინტერესო ამბებთან და დაკვირვებებთან ერთად თავად მწერლის ირონიულ მოსაზრებასაც ნახავთ იმის შესახებ, თუ რატომ არ „აღირსეს“ მას ნობელის პრემია.
ხელოვანთა ოჯახში დავიბადე და, აი, მეც ხელოვნებით ვცხოვრობ. ეს ნამდვილად არ ყოფილა ამბოხი. ისე გამოვიდა, თითქოს ბენზინგასამართი სადგური მივიღე მემკვიდრეობით. ყველა ჩემი წინაპარი ხელოვანი იყო, ასე რომ, დღიურ ლუკმას ოჯახური ტრადიციის გზით ვშოულობ. თუმცა მამაჩემი, მხატვარი და არქიტექტორი, იმდენად გააწამა დეპრესიამ, როცა ოჯახის რჩენა არ შეეძლო, რომ ერთხანს იმასაც ფიქრობდა, თითქოს ხელოვნებასთან არაფერი მესაქმებოდა. მაფრთხილებდა და მთხოვდა, ამ ყველაფრისგან შორს ვყოფილიყავი, რადგან ხელოვნება ფულის შოვნის ცუდ საშუალებად მიაჩნდა. მეუბნებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგიშვებ კოლეჯში, თუ რაიმე სერიოზულს და პრაქტიკულს ისწავლიო.
ე. წ. სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი მაშინ გავხდი, როცა ვიღაცამ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლად გამომაცხადა. არ მინდოდა ამ კატეგორიაში მოხვედრა და დავინტერესდი, განა რა დავაშავე ამისთანა, სერიოზული მწერლის რეპუტაციას რომ ვერ ვეღირსები-მეთქი. მივხვდი - ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ტექნოლოგიის შესახებ ვწერდი და გამორჩეული ამერიკელი მწერლების უმრავლესობამ ტექნოლოგიის შესახებ არაფერი იცის.
* * *
1968 წელს, როცა „სასაკლაო №5“ დავწერე, უკვე საკმაოდ მომწიფებული ვიყავი იმისთვის, რომ დრეზდენის დაბომბვის შესახებ მომეთხრო. ეს უდიდესი ჟლეტა იყო ევროპის ისტორიაში. რა თქმა უნდა, აუშვიცის ამბებიც ვიცი, მაგრამ ჟლეტა რაღაც ისეთია, რაც უცებ ხდება და ძალიან მოკლე დროში უამრავი ადამიანი იღუპება. დრეზდენში, 1945 წლის 13 თებერვალს, ბრიტანელების მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ დაახლოებით 135 ათასი ადამიანი შეიწირა ერთ ღამეში.
ეს სრული სისულელე, უაზრო ნგრევა იყო. მთელი ქალაქი დაიწვა და ამერიკელები კი არა, ბრიტანელები მოიქცნენ ასე მხეცურად.
რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც სამხედრო ტყვეები, აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით, როცა მკვდარი გერმანელებისთვის ადგილის გამონახვა ხდებოდა საჭირო. გვამები სარდაფებიდან ამოგვქონდა: ადამიანები იქ იგუდებოდნენ, მერე კი ჩვენ უზარმაზარ კოცონთან მივათრევდით.
მე და ჩემთან ერთად მყოფი სხვა სამხედრო ტყვეები რატომ არ დაგვხოცეს, დღემდე ვერ ვხვდები.
1968 წელს უკვე მწერალი ვიყავი - ნამდვილი ყალთაბანდი. ფულის გულისთვის რას არ დავწერდი. ჯანდაბამდე გზა ჰქონია, ეს ყველაფერი ხომ საკუთარ თავზე გადავიტანე. ჰოდა, ვაპირებდი, ერთი მიფუჩეჩებული წიგნი დრეზედენის შესახებაც დამეწერა. დაახლოებით ისეთი, მერე ფილმად რომ გადაიღებდენ, სადაც დინ მარტინი, ფრენკ სინატრა და სხვები ჩვენს როლებს შეასრულებდნენ. ამის დაწერა ვცადე, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა. უაზროდ ვცოდვილობდი.
წავედი და ჩემს საუკეთესო მეგობარს, ბერნი ო' ჰარას მივადექი. იმ პერიოდის სასაცილო ამბებს ვიხსენებდით, როცა დრეზდენში სამხედრო ტყვეები ვიყავით, მაშინდელ დაძაბულ საუბრებს და ასეთ რამეებს, მოკლედ, მასალას, რისგანაც შესანიშნავი ფილმი გამოვიდოდა ომზე. მისი ცოლი კი, მერი ო' ჰარა, უცებ გაცხარდა და გვითხრა: „იმ დროს თქვენ მთლად ბავშვები იყავით“.
ეს არის სიმართლე ჯარისკაცებზე. სინამდვილეში, ისინი ბავშვები არიან და არა კინო-ვარსკვლავები. არცერთი არ არის დიუკ ვეინი. ამის გააზრებამ გზა გამიხსნა და სიმართლის სათქმელად საბოლოოდ გამათავისუფლა. ჩვენ ბავშვები ვიყავით, „სასაკლაო №5“-ს კი ქვესათაურად „ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა“ შევურჩიე.
რატომ დამჭირდა 23 წელი იმისათვის, რომ დამეწრა, რაც დრეზდენში გამოვცადე? ყველანი საკუთარი ისტორიებით დავბრუნდით სამშობლოში და, ასე თუ ისე, ყველას გვინდოდა მათი გამოყენება. რასაც მერი ო' ჰარა ამბობდა, სინამდვილეში ამას ნიშნავდა: „რატომ არ ამბობთ სიმართლეს, თუნდაც მრავალფეროვნებისთვის?“
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერნესტ ჰემინგუეიმ მოთხრობა „მშვიდობით, იარაღო!“ დაწერა იმის შესახებ, თუ როგორი სიბრიყვეა, როცა შინ მობრუნებულ ჯარისკაცს ეკითხები, ომში რა ნახა. ძალიან ბევრი ადამიანი - მათ შორის, მეც - პირში წყალს ვიგუბებდით, როცა ბრძოლების, ომის შესახებ რამეს გვეკითხებოდნენ. მაშინ ეს მოდაში იყო. არადა, ომის ამბების თხრობის ყველაზე შთამბეჭდავი ფორმაა, როცა მათ მოყოლაზე საერთოდ უარს ამბობ. მაშინ მოქალაქეები ყველანაირ გმირობას თვითონ წარმოიდგენენ.
და მაინც, ვთვლი, რომ მე და სხვა მწერლები ვიეტნამის ომმა საბოლოოდ გაგვათავისუფლა, რადგან ჩვენი ლიდერობაც და მოტივაციაც მთლიანად ყალბი და უაზრო გახადა. როგორც იქნა, ჩვენც შევძელით იმ ცუდზე გვესაუბრა, წარმოუდგენლად ზნედაცემულ ადამიანებს, ნაცისტებს რომ გავუკეთეთ.
რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ომზე ლაპარაკს გაურბიან, ის არის, რომ მის შესახებ საუბარი შეუძლებელია.
* * *
ახლა კი წერის გაკვეთილს ჩაგიტარებთ.
პირველი წესი: არ გამოიყენოთ წერტილმძიმეები. ისინი ტრანსვესტიტი ჰერმაფროდიტები არიან და არაფერს არ წარმოადგენენ. მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ ოდესღაც კოლეჯში სწავლობდით.
ვხვდები, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება იმის გამოცნობა გაუჭირდეს, ვხუმრობ თუ არა. ასე რომ, ამის მერე გეტყვით, როცა ვიხუმრებ.
მაგალითად, შედით ეროვნულ გვარდიაში ან საზღვაო ფლოტში და ასწავლეთ დემოკრატია. ვხუმრობ.
სადაცაა ალ-ქაიდას მორიგი შეტევა დაიწყება. აქნიეთ დროშები, თუ კი გაქვთ. ეს მათ ყოველთვის აფრთხობთ. ვხუმრობ.
თუ გინდათ, მშობლებს ნამდვილად მოუკლათ გული და არც გამბედაობა გყოფნით იმისათვის, რომ ჰომოსექსუალისტი იყოთ, შეგიძლიათ, ხელოვნებაში თავით გადაეშვათ. არ ვხუმრობ. ხელოვნება ფულის შოვნის საშუალება არ არის. ეს ყველაზე ჰუმანური გზაა, რომელიც ცხოვრებას ოდნავ ასატანს ხდის. თუ ხელოვნებას მიჰყვებით - მნიშვნელობა არა აქვს, ცუდად გამოგივათ თუ კარგად - ღმერთო ჩემო, სულიერად ხომ მაინც გაიზრდებით! იმღერეთ შხაპის ქვეშ. იცეკვეთ რადიოს ხმაზე. მოყევით სხვადასხვა ამბები. მისწერეთ მეგობარს წერილი, თუნდაც ერთი ქეციანი ლექსი. გააკეთეთ ეს ისე, როგორც შეგიძლიათ. უზარმაზარ ჯილდოს მიიღებთ - უკვე რაღაც გექნებათ შექმნილი.
სულაც არ მინდა, რომ დაგაფრთხოთ, მაგრამ კორნელის უნივერსიტეტში სტუდენტქიმიკოსად ნამყოფმა ომის შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ანთროპოლოგია შევისწავლე და ბოლოს, მაგისტრის ხარისხიც მივიღე ამ სფეროში. სოლ ბელოუ იმავე კათედრაზე იყო. არცერთი ჩვენგანი მასალის შესაგროვებლად არასდროს გამგზავრებულა, მიუხედავად იმისა, რომ, წარმოსახვაში ამას უდავოდ ვახორციელებდით. მე ბიბლიოთეკაში დავიწყე სიარული ეთნოგრაფების, მისიონერებისა და მკვლევარების - ამ იმპერიალისტების - მოხსენებების მოსაძებნად და იმის გასაგებად, თუ რა სახის ისტორიები შეაგროვეს პრიმიტიულ ხალხში. ანთროპოლოგიაში ხარისხის დაცვა მაინც ჩემი დიდი შეცდომა იყო, რადგან პრიმიტიულ ხალხს ვერ ვიტან - შტერები და სულელები არიან. პრიმიტიული ხალხი, იმ თავისი ქეციანი ამბებით, გადაშენებას იმსახურებს. ისინი ნამდვილად ჩამორჩენილები არიან.
* * *
მასაჩუსეტის შტატში, უესტ ბარნსტეიბლში, იმ საავტომობილო სააგენტოს მფლობელი და მენეჯერი ვიყავი, რომელსაც „სააბ კეიპ კოდი“ ერქვა. მეც და ეს სააგენტოც ბიზნესს 33 წლის წინ შევეშვით. ისევე, როგორც ახლა, „სააბი“ მაშინაც შვედური მანქანა იყო და, მჯერა, რომ ამ პროფესიაში ჩემი წლებისწინანდელი წარუმატებლობა იოლად ხსნის იმას, რაც სხვა შემთხვევაში ამოუცნობ საიდუმლოდ დარჩებოდა: რატომ არ მომცეს შვედებმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია. ძველი ნორვეგიული ანდაზაა: „შვედებს პატარა სირები აქვთ, მაგრამ დიდი მეხსიერება“.
მომისმინეთ: მაშინ „სააბს“ მხოლოდ ერთი მოდელი ჰქონდა, „ფოლკსვაგენის“ მსგავსი დეფექტით - ორკარიანი სედანი, რომლის ძრავაც წინ იყო მოთავსებული. ჰაერის ნაკადის ზემოქმედების შედეგად ორივე კარი ისე იოლად იღებოდა, რომ ნებისმიერ მომენტში სასიკვდილო ნახტომისთვის მზად უნდა ყოფილიყავით. ყველა სხვა ავტომობილისგან განსხვავებით, მაგრამ თქვენი გაზონის საკრეჭი მანქანისა და მოტორიანი ნავის მსგავსად, ორტაქტიანი ძრავა ჰქონდა და არა ოთხტაქტიანი. ასე რომ, როცა ავზს ბენზინით ავსებდით, ერთი ბიდონი მანქანის ზეთიც უნდა მიგეყოლებინათ. არცერთ შემთხვევაში წესიერი ქალი ამის გაკეთებას არ მოისურვებდა.
მთავარი, რის გამოც „სააბს“ ყიდულობდნენ, ის იყო, რომ მას „ფოლკსვაგენისთვის“ ოდნავ გასწრება შეეძლო - მხოლოდ წითელ შუქზე. მაგრამ თქვენ ან თქვენთვის მნიშვნელოვან არსებას ბენზინის ავზში ზეთის ჩამატება თუ დაგავიწყდებოდათ, მაშინ თქვენ და თქვენი მანქანა ნამდვილ ფეიერვერკს მოაწყობდით.
ბევრი ცუდი ვილაპარაკე შვედური მანქანათმშენებლობის შესახებ და ამიტომ ვერ ვეღირსე ნობელის პრემიას.
* * *
ძნელია, ნამდვილად ენამოსწრებულად იხუმროთ.
რადიოში კომედიებს დღესაც ვუსმენ და უნდა ვთქვა, რომ სინამდვილეში არც ისე ბევრი კარგი კომედიაა. ამ ჟანრთან ყველაზე ახლოს მაინც გრუჩო მარქსის ვიქტორინა „ფსონად - შენი სიცოცხლე“ რჩება. მე ბევრ მხიარულ მწერალს ვიცნობ, რომლებიც აღარ ხუმრობენ და დასერიოზულდნენ, რის გამოც რაიმე სასაცილოს მოფიქრებას ვეღარ ახერხებენ. მახსენდება ბრიტანელი ავტორი, მაიკლ ფრეინი, „კალის ადამიანი“ რომ დაწერა. ის ძალიან სერიოზული გახდა. მის თავში ნამდვილად რაღაც მოხდა.
როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ცხოვრება, იუმორი თავდაცვის კარგი საშუალებაა. საბოლოოდ, მაინც იღლებით, უფრო და უფრო თავზარდამცემი ამბები გესმით და იუმორი ვეღარ გშველით. მარკ ტვენს ემსგავსებით, რომელიც ფიქრობდა, რომ ცხოვრება საშინელი იყო, მაგრამ ხუმრობის და ასეთი რამეების დახმარებით ამ საშინელებას გულთან ახლოს არ უშვებდა, ბოლოს კი ვეღარ გაუძლო. მისი ცოლი, საუკეთესო მეგობარი და ორი ქალიშვილი გარდაიცვალნენ. თუ საკმაოდ დიდხანს იცოცხლებთ, ბევრი თქვენი ახლობელი მოკვდება.
სავსებით შესაძლებელია, რომ მეც ვეღარ ვხუმრობდე - დღეს იუმორი თავდაცვის საიმედო მექანიზმად აღარ ჩაითვლება. ზოგიერთი ადამიანი მხიარულია, ზოგი - არა. მეც მხიარული ვიყავი, მაგრამ ალბათ აღარ ვარ. იმდენი დარტყმა და იმედგაცრუება გვხვდება ცხოვრებაში, რომ იუმორის თავდაცვითი ფუნქცია ვერაფერს ხდება. შეიძლება პირქუში გავხდი, რადგან ბევრი ისეთი რამ ვნახე, რამაც შეურაცხყოფა მომაყენა და რასაც სასაცილო სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
იქნებ ასეც მოხდა. ნამდვილად არ ვიცი, ამის შემდეგ როგორი ვიქნები. უბრალოდ, დინებას მივყვები და ვნახავ, ჩემს სხეულსა და ტვინს რაც მოუვა. თავზარს მცემს ის ფაქტი, რომ მწერალი გავხდი. არა მგონია, ჩემი ცხოვრების ან ჩემი ნაწერის კონტროლი შემეძლოს. ნებისმიერი სხვა მწერალი, ვისაც ვიცნობ, გრძნობს, რომ საკუთარ თავს კარგად მართავს. მე კი ეს შეგრძნება არა მაქვს. ასე ვერაფერს ვაკონტროლებ. უბრალოდ, ვბერდები.
ერთადერთი, რაც ნამდვილად მინდოდა, ხალხისთვის სიცილით შვების მოგვრა იყო. ასპირინის აბის მსგავსად, იუმორიც შეიძლება შვებისმომგვრელი აღმოჩნდეს. რომ ვიცოდე, ასი წლის შემდეგ ადამიანები ისევ იცინებენ, ამ ამბით ნამდვილად კმაყოფილი ვიქნებოდი.
* * *
ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ჩემი შვილიშვილების თანატოლები ხართ. ბევრი თქვენგანი ამ სტრიქონების კითხვისას ალბათ სწორედ მათი ასაკის იქნება.
როცა ბავშვი ვიყავი, ოჯახის უმცროს წევრად ვითვლებოდი, ყველაზე უმცროსი კი ნებისმიერ ოჯახში მასხარაა, რადგან ხუმრობა და მასხრობა ერთადერთი გზაა, რომლითაც მას უფროსთა საუბარში ჩართვა შეუძლია. და ხუთი წლით უფროსი იყო ჩემზე, ძმა - ცხრა წლით, ხოლო მშობლები, ერთიც და მეორეც, ენაწყლიანი მოსაუბრეები იყვნენ. პატარაობისას ყველა ამ ადამიანისთვის მომაბეზრებელი ვიყავი, განსაკუთრებით სადილობის დროს. არ უნდოდათ ჩემი სულელური, ბავშვური ამბების მოსმენა. მათ ნამდვილად მნიშვნელოვან თემებზე სურდათ საუბარი - იმაზე, რაც სკოლაში, კოლეჯში ან სამსახურში ხდებოდა. ასე რომ, ერთადერთი გზა, რომლითაც საუბარში ჩართვა შემეძლო, რაიმე სასაცილოს თქმა იყო. მე იმ დროს ვიზრდებოდი, როცა ამერიკაში ბრწყინვალე კომედიებს დგამდნენ - ეს დიდი დეპრესიის ხანა იყო. რადიოში საკმაოდ მაღალი დონის კომიკოსები მოღვაწეობდნენ და ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, მათგან ბევრს ვსწავლობდი. მოზარდობის პერიოდში, სულ ცოტა, ღამეში ერთი საათის განმავლობაში მაინც ვუსმენდი კომედიებს და ძალიან დავინტერესდი, რა იყო ხუმრობა და როგორ უნდა მეხუმრა.
როცა ვხუმრობ, ვცდილობ, რომ შეურაცხყოფა არავის მივაყენო. არა მგონია, მართლაც საშინელ გემოვნებაზე მიუთითებდეს ის, რაც აქამდე ჩავიდინე. ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში არც ისე ბევრი ადამიანი შემიწუხებია ან ნაწყენი დამიტოვებია. ერთადერთი შოკი, რომელსაც მივმართავ, იშვიათად გამოყენებული უხამსი სიტყვებია. ზოგიერთი რამ კი ნამდვილად არ არის სასაცილო. მაგალითად, ვერ წარმომიდგენია იუმორისტული წიგნი ან სკეტჩი აუშვიცის შესახებ. ასევე შეუძლებელია, ჯონ კენედის ან მარტინ ლუთერ კინგის სიკვდილზე ვიხუმრო. სხვა შემთხვევებში, საერთოდ არ ვფიქრობ იმ თემაზე, რომელსაც ყოველთვის თავს ავარიდებდი იმის გამო, რომ მაინც არაფერი გამომივიდოდა. როგორც ვოლტერმა გვიჩვენა, ტოტალური კატასტროფები საშინლად თავშესაქცევი რამაა. ლისაბონის მიწისძვრაც ხომ სასაცილოდ ჩანს!
მე დრეზდენის ნგრევას შევესწარი. ქალაქი მანამდეც ვნახე და საჰაერო დაბომბვის შემდეგაც, როცა თავშესაფრიდან გამოვედი. რა თქმა უნდა, სიცილი ერთადერთი პასუხი იყო ამ ყველაფრისადმი. უფალმა უწყის, რომ სული მუდამ შვებას ეძებს.
ნებისმიერი რამ შეიძლება იქცეს სიცილის საგნად და სავარაუდოდ, საშინლად შემზარავი სიცილი აუშვიცის მსხვერპლთა შორისაც გაისმოდა.
იუმორი შიშით გამოწვეული ფიზიოლოგიური საპასუხო რეაქციაა. ფროიდი ამბობდა, რომ იმედგაცრუებისას იუმორი ერთ-ერთი შესაძლო პასუხია. მისი თქმით, ჭიშკართან მყოფი ძაღლი, რომელიც გარეთ გასვლას ვერ ახერხებს, მიწის ფხოჭნას, თხრას, უაზრო მოქმედებების შესრულებას დაიწყებს, ალბათ, ღრენას ან რამე ასეთსაც წამოიწყებს, რათა იმედგაცრუებას, გაკვირვებას ან შიშს გაუმკლავდეს.
უმეტესწილად, სიცილს შიში იწვევს. წლების წინ ერთ იუმორისტულ სატელევიზიო სერიალზე ვმუშაობდი. მაშინ ვცდილობდით, შოუ ისე გაგვეკეთებინა, რომ თითოეულ ეპიზოდში სიკვდილის ხსენება ძირითად პრინციპად დარჩენილიყო. ეს კომპონენტი სიცილს უფრო გააღრმავებდა, მაყურებელი კი ვერც მიხვდებოდა, მის გადაბჟირებას როგორ ვახერხებდით.
არსებობს ზედაპირული სიცილიც. ამის მაგალითი ბობ ჰოუპია, რომელიც ნამდვილი იუმორისტი არც ყოფილა. ის უბრალო კომიკოსი იყო, საკმაოდ მწირი მასალა ჰქონდა და რაიმე შემაძრწუნებელს არასდროს ახსენებდა. სამაგიეროდ, გიჟივით ვიცინოდი „ლორელი და ჰარდი“-ს ყურებისას. რაც არ უნდა ვთქვათ, იქ მაინც ჩანს ტრაგედია. ეს ადამიანები საკმაოდ სათუთები არიან იმისთვის, რომ ამ სამყაროში გადარჩნენ და ამის გამო მუდამ საშინელ საფრთხეში არიან. ისინი ძალიან იოლად შეიძლება მოკლან.
* * *
უმარტივესი ხუმრობებიც კი შიშის და ტკივილის უმცირეს ელემენტებს შეიცავს. ასეთია შეკითხვა: „რა მოჩანს თეთრად ჩიტის უკანალში?“ სკოლის მოსწავლესავით დამფრთხალი მსმენელი მაშინვე იბნევა და ეშინია, რაიმე სისულელე არ თქვას. როცა ის პასუხს გაიგებს: „რა თქმა უნდა, ჩიტის უკანალი,“ - ავტომატურ შიშს სიცილით გაფანტავს. ბოლოს და ბოლოს, გამოცდაზე ხომ არ იყო!
„რატომ იკეთებენ მეხანძრეები წითელ აჭიმებს?“ ან „რატომ დამარხეს ჯორჯ ვაშინგტონი მთის ფერდობზე?“ და ასე შემდეგ.
ნაკლებად მხიარული ხუმრობებიც არსებობს, რასაც ფროიდი სახრჩობელას იუმორს უწოდებდა. ისეთი უიმედო ცხოვრებისეული სიტუაციებიც გვხვდება, როცა ნებისმიერი სახის შვება წარმოუდგენლად მოჩანს.
დრეზდენს რომ ბომბავდნენ, სარდაფში ვისხედით და თავზე ხელებს ვიფარებდით - გვეშინოდა, ჭერი არ ჩამოქცეულიყო. ამ დროს, თითქოს ცივ და წვიმიან ღამით დიდ სახლში გამოკეტილი ჰერცოგის ასული გახლდათ, ერთმა ჯარისკაცმა თქვა: „ნეტა ამაღამ ღარიბები რას აკეთებენ?“ არავის გასცინებია, მაგრამ ამის მოსმენა ყველას გაგვიხარდა. ჯერ კიდევ ცოცხლები ვიყავით! მან კი ეს დაამტკიცა.
ნაწყვეტი წიგნიდან „უსამშობლო კაცი: ჯორჯ ბუშის ამერიკაში ცხოვრების მემუარები“, 2005
ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
![]() |
21.5 რაღაცეები ჩესტერტონის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა - ისტორია
ავტორი: აკა მორჩილაძე
სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი, თარგმნილია თუ არა ჩესტერტონის წიგნები ქართულად. ისიც არ ვიცი, მოთხრობები თუა თარგმნილი. მოთხრობების ორი საქვეყნოდ განთქმული ციკლია, მამა ბრაუნის შესახებ და ჰორნ ფიშერის თავგადასავლებზე.
მგონი, არაფერია. თუ ერთ-ორ მოთხრობას არ ჩავთვლით და ალბათ ისიც არ არის. (ეს ბოლო წინადადება ცოტათი თვითონ ჩესტერტონივით გამომივიდა: თან არის და თან არ არის. ალბათ უფრო არ არის, მაგრამ თითქმის წარმოუდგენლია, რომ არ იყოს, ისევე როგორც წარმოუდგენელია, რომ ჭექა-ქუხილის და სეტყვის დროს გაისეირნო, თუმცა კი მინახავს, რომ მავანს გაუსეირნია კიდეც და შინ დაბრუნებულს მუჭით მოუტანია სეტყვის მარცვლები, თითქოს მარგალიტზე მონადირე ყოფილიყოს და ეს წუთია ამოეყვინთოს ინდოეთის ოკეანის ფსკერიდან :-) ბოდიში ამ ჩესტერტონული გადახვევისთვის).
მოკლედ, ქართულად არ არის. ჩესტერტონის წიგნებს 80-იანი წლების ბოლოდან ვაგროვებდი: როცა წავიკითხე და შემიყვარდა, აღარსად ვმაზავდი. იქედან ბევრი აღარ დამრჩა, განსაკუთრებით ინგლისურები, რადგან 90-იანებში ჩავარბენინე ბუკინისტურში დეიდა იზოსთან და მაიასთან. ხო იცი, როგორც იყო, უცებ საერთოდ გაგითავდებოდა ფული და არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ძირითადად „პინგვინის“ გამოცემული ჩესტერტონები იყო, რამე განსაკუთრებული კი არა, მაგრამ საბჭოთა დროში და ერთხანს მერეც, ფასი ჰქონდა. ჩაიდებდი თუმანს. გაიყიდა, სხვათა შორის და თან მალევე. თუმცა, გული არ დამწყვეტია, რადგან სახლში ბლომად მქონდა: ვერაზე, სასტუმრო „საქართველოს“ პირდაპირ ერთი პატარა ბუკინისტური იყო, ჩილინგაროვის სახლში, იქ მოხუცი ბუკინისტი მუშაობდა, გვარად მახაური. იმასთან სამი-ოთხი 20-იანი წლების რუსული ჩესტერტონი მქონდა ნაყიდი. სულ დაფლეთილი კრებულები იყო, ცოტა მოსაწყენი თარგმანით, მაგრამ 20-იანი წლების ხო იყო, ანუ იმ დროის, როცა ჩესტერტონი ცოცხალი იყო. ნეტა ვინ გაყიდა? ერთი ეგეთი მერე ლონდონშიც ვიყიდე, მისი სიცოცხლისდროინდელი, სულ ორ ფუნტად. ასე რომ, „პინგვინის“ წიგნები დიდად არ დამნანებია, თან ფულიც მჭირდებოდა. როგორც ვხვდები, კომუნისტების დროს, ჩესტერტონის წიგნებს დიდად არ გამოსცემდნენ. ანუ, 20-იანი წლების შემდეგ, როგორც ყველაფერი, ისიც უკუაგდეს. არ იყო საკომუნისტო მწერალი. ალბათ იმიტომ, რომ რაღაც სხვანაირად ხითხითებდა. იქნებოდა სადღაც 70-იანებში ერთი კრებული მამა ბრაუნის ცხოვრებიდან და მეტი არაფერი.
მისი გამოცემა პერესტროიკის დროს დაიწყო რუსულად და მიაწვნენ მაგრად.
ყველაზე კარგი, ჩესტერტონის სამტომეულია, ტრაუბერგის რედაქციით და თარგმანებითაც. ეტყობა, მთელი ცხოვრება ამზადებდა ეს ქალი. ტრაქტატები ცალკე: ფრანცისკ ასიზელით დაწყებული და ოროთოდოქსიით დამთავრებული და ჟურნალისტიკა კიდევ ცალკე, „პროგრესის“ გამოცემული. ეს წიგნი სულ შემომეხა, ძალიან მიყვარდა თავიდანვე. ქართული კი არსად შემხვედრია. ჩესტერტონის პირველი წიგნი, რომელიც ხელში ჩამივარდა, ჟურნალს გავდა და ზედ ეწერა „რასსკაზი“-ო. მამა ბრაუნიც იქავე ეხატა თავის შავ სუტანასა და შლაპაში. დეტექტიური მოთხრობების კრებული იყო. საშინელ ამბებს მამა ბრაუნი იძიებდა. დამნაშავეს კი ხშირად ფლამბო ერქვა: ეს იყო ორმეტრიანი გასკონელი, რომელიც ვერსად იმალებოდა.
შერლოკ ჰოლმსზე გაზრდილ მოქალაქეს, დიდად არ მომეწონა და გულიც ვერ დავუდე. ნელი ტემპი იყო და დეტექტივი არც ეთქმოდა, თუ ძალიან მიაწვებოდი. ოღონდ რაღაცა იყო იქ ისეთი, რაც სხვაგან არსად შემხვედროდა. მგონი, ეს ფერები იყო. იუმორი და ოდნავ გაწელილი, დუნედ მიმდინარე ამბები. მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ხშირად მამა ბრაუნის მოთხრობებს ჩესტერტონი თავისი ძმის გაზეთში ცარიელი ადგილის შესავსებად წერდა და ხშირადვე დიდად არ ზრუნავდა ფორმასა და რაიმე საიუველირო სამუშაოებზე. იქამდე ჩესტერტონის ერთადერთი რამ მქონდა წაკითხული: ლექსი, რომელიც გიორგი ნიშნიანიძის ამერიკული და ინგლისური პოეზიის თარგმანებში იყო გამოქვეყნებული.
ლექსს ერქვა: „ინგლისური ოკრობოკრო გზები“ და ლექსი კი არა, ლამის მოთხრობა იყო. მერეღა ამოვიცანი ეს ლექსი, როგორც ჩესტერტონის ერთ-ერთი რომანის ეპიგრაფი. ისეთი უცნაური ლექსი იყო, ყველაფერი დაგამახსოვრდებოდა. ლექსებს საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ და ამის პირველი სტრიქონი კი მახსოვს: ვიდრემდე რაის მოადგებოდა რომაელების ამაყი მოდგმა, ეს გზა... (რაღაცნაირი) და ოკრობოკრო მანამდე გაჭრა ვიღაცა ლოთმა... და ამ ლოთის უტკბილესი ამბავი იყო მოთხრობილი. ძაან ტკბილად. ჰოდა, მოთხრობები უფრო ნაკლებად მომეწონა. მაგრამ ჰოი.
იმ პერესტროიკის დროს, „ინოსტრანნაია ლიტერატურამ“ თავისი დამატებების გამოცემა დაიწყო: სულ კაი-კაი მწერლების პატარა წიგნების და კიროვის პარკში, წიგნის ტალკუჩკა რომ ზეობდა, იქ ვიყიდე ამ სერიის ჩემთვის ყველაზე მაგარი ჩესტერტონი. რომანი: „კაცი რომელიც იყო ხუთშაბათი“.
აი, იქ დაიწყო.
ჩემთვის ასე გამოვიდა: მწერლობა ჩესტერტონამდე და ჩესტერტონის შემდეგ.
არა საყოველთაო და მსოფლიო ლიტერატურის ამბავში, არამედ ჩემთვის.
უბრალოდ, სანამ მის „ხუთშაბათს“ წავიკითხავდი, მწერლობა სულ სხვა რამ მეგონა. უფრო დალაგებულად როგორ ავხსნა ეს ამბავი, არ ვიცი. ცოტ-ცოტას, რაღაცეებს ხომ ვწერდი და მინდოდა მეტი და მეტი მეწერა, მაგრამ ჯერ ეგ ერთი, რომ ოციოდ წლისას პროზის წერისა არაფერი გაგეგება და მხოლოდ მისწრაფება და სურვილი გაქვს, რის მიუხედავადაც წამდაუწუმ მარცხდები და მეორეც, შენზე ძალიან ზემოქმედებენ დიადი მწერლები, რომელთა წიგნებსაც კითხულობ... ეჰ, იმ ასაკში სრულიად შეცდომით ფიქრობ, რომ ლევ ტოლსტოი მწერალია, პროსპერ მერიმე კი - არა, იმიტომ, რომ მერიმე ცამეტი წლისამ წაიკითხე, ტოლსტოი კიდევ ცხრამეტისამ. ანდა დოსტოევსკი. ცოტა მაინც რო ვიხუმროთ, რას გვიშვებოდა ეს დოსტოევსკი? იმასთან ტომ სოიერი ხმას როგორ ამოიღებდა? ჩვენ, ჰეკ ფინი და ტომ სოიერი, ფიცსა ვდებთ, რომ პირში წყალს ჩავიგუბებთ... და ა.შ. მე შეიძლება სანიმუშო იდიოტად გამოვჩნდე, მაგრამ გულში ყოველთვის მარკ ტვენის მხარეს ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ „ეშმაკებს“ ახლაც წავიკითხავ. ხო, მაგრამ ეს ხომ იდიოტობაა, ყველა იტყვის, სად დოსტოევსკი და სად ტვენიო... ცნობილ ამბავში, თორემ ისე, რა თქმა უნდა, კუნძულზე რო ეგდო, ქვიშაში „ძმები კარამაზოვების“ პოვნა უფრო გაგეხარდება, თუ ჰაკ ფინისა? შესაბამისად, რადგან ცხრამეტი-ოცი წლისას თავს გახვევიან დიადნი აჩრდილნი, ჰუმანურნი ურჩხულნი, გოლიათნი სიტყვისა, მაღაროელნი აზრისა და კიდევ მეტიც, თუ მთლად ინტელექტუალი ხარ იმ ასაკში, უკვე გძულს რაღაცეები და ფეხბურთის ყურებას კაფკას კითხვა გირჩევნია
და უკვე მთლიანდ შეუჭამიხარ სვანის მიმართულებით სვლას, „ულისეს“ შესატკბობად საჭირო წიგნები ჯერ არ აგითვისებია, მაგრამ უკვე „ულისეს“ კომენტარებს იზეპირებ, ხოლო ყოველივე ამას ემატება ის, რომ რუსეთის იმპერიაში აღიზარდე და საიდანღაც ჩეხოვი და ტურგენევიც დაგცქერიან, მითხარი, წერა რომ გინდა, როგორ შეძლებ წერას?
ეს კეთილშობილი გენიოსები ამის საშულებას არ მოგცემენ.
იზილებიან ერთმანეთში და თავს გაწვებიან. შენ კი თავში იმდენი ტვინი
არ გაქვს, რომ მიხვდე: წიგნების წერას სულაც არ სჭირდება გენიოსთა შესახებ ფიქრი, გინდა მოდერნისტები იყვნენ, გინდა მეცხრამეტე საუკუნის დიადნი, მით უმეტეს, რომ პირველთ საერთოდ ვერ ამუღამებ იმ ასაკში, მეორენი კი გაშინებენ თავიანთი სქელტანიანობით და აუცილებელი მისაბაძობით, რაც რა თქმა უნდა, ამ ხელობაში სრული გაუთვითცნობიერებულობის ბრალია. ამას მოაქვს საბრალობელი მიბაძვა, ზედ კი ერთვის ის, რომ ოცი წლის ადამიანი ძნელად მოიგონებს მეტ-ნაკლებად გამართულ სიუჟეტს, რომლის აღწერაც თუნდაც სამ-ოთხ გვერდს გადასწვდეს. ჰოდა, მერე აგრძელებს ისევ ამ დოსოტევსკის რომანების კითხვას, უღრმავდება მათ, ესმის მთელი განუმეორებლობა და სისასტიკე მათი, ათიოდ წელიწადში კი აღმოაჩენს, რომ ვერასდროს ვერაფერს დაწერს. ისინი კი, ვინც ბიჭობისას უყვარდა, საცოდავად დგანან კუთხეში, რადგან მოჭაბუკებულს ჰგონია, რომ ეს კეთილშობილი, ხშირად ულვაშა და იმპოზანტური ძიები, ამდენი რამ რომ აჩუქეს ჭაბუკობაში შებიჯებამდე, მეორეხარისხოვანი ვინმეები არიან იმ წვერგაბურძგნულ ღმერთებთან შედარებით, ვისი მიბაძვაც სწადია და ბაძავს კიდეც, თუმცა აქედან ხეირი არ გამოვა. არ გამოვა და ეგდები ეგრე, ცოტას იჰემინგუეებ სრულიად უბადრუკად და წერა კი ჩვევაში ვერ გადაგივა. როგორ შეიძლება „ომი და მშვიდობა“ ჩვევაში გადაგივიდეს? დოლოხოვის თვალები, ბალკონსკის სიკვდილი... ვერ ხვდები, რომ ასეთს ვერასდროს მოახერხებ. ორი ჰუსარი. ჯანდაბა. კაფკა, საიდანღაც კაფკა გამოძვრება: ერთადერთი საბჭოთა გამოცემა. შავი, მომცრო და სქელი.
იცი, რა ხდება? შეგიძლია ასეთი რამეებიც, მარა ის ულვაშიანი ანგლო-საქსები რომ ჩამწკრივებულან კუთხეში, რაღაცით მაინც გექაჩებიან და შეიძლება თავს არ უტყდები, რომ ისინი გირჩევნია ამ უშველებელ ლოდებს, მაგრამ... და ამ დროს გამოძვრება ჩესტერტონი.
და თუ თავი გაბია, ხვდები, რომ წერა სხვანაირადაც შეიძლება. რომ წერა შეიძლება სულ სხვა რამეც იყოს, ვიდრე დიადი რომანი, ოცი ერთმანეთში გადაჯაჭვული ცხოვრება, სამი ძმის კოშმარები, პატარა ადამიანების ტრაგიკული ალუბლის ბაღები, კბილამოღებული კაცის ტკივილები და სხვა გაუცინარი ხელმწიფეები, რომელთა სიდიადესაც საერთოდ არ გავეკარები, მაგრმა ჰა, ნეპალშიც არ ვყოფილვარ და იმ თოთხმეტ რვაათასიანსაც არ გავკარებივარ, მაგრამ მთები ძალიანც მიყვარს: აქედან რა?
აქედან:
„კაცი რომელიც იყო ხუთშაბათი“.
მე იცი რას მივხვდი იმ შუა მიტინგების დროს და საბჭოების ხმამაღალ ყრილობათა დღეებში? რომ წერა შეიძლება თამაში იყოს. არასდროს დამავიწყდება დოლოხოვის თვალები, მაგრამ ესეც არასდროს დამავიწყდება: მოხუცი კაცი ფილოსოფოსი არ იყო, მაგრამ მთელი მისი იერი განგაწყობდათ ფილოსოფიისათვის. ეს არაფერი. ანდა: გემიდან გადმოვიდა კაცი, რომელიც არაფერით გამოირჩეოდა ბრბოსგან და არც უნდოდა, რომ მისგან გამორჩეული ყოფილიყო, თუმცა ჩაცმულობით მიანც გამოირჩეოდა.…ეს არ არის სუკეთესო მაგალითები, უბრალოდ, უცებ გამახსენდა.
ჰო, რახან მივხვდი, რომ წიგნის წერა შეიძლება თამაში იყოს, ამის შემდეგ აღარაფერი მიშავდა. წიგნის წერა ჯერ არ შემეძლო, მაგრამ უკვე მიხვედრილი ვიყავი, რომ ის ტანჯული შრომა და ოფლის ღვრა კი არ არის, არამედ სიამოვნება: თამაში.
თამაში შეიძლება იყოს სერიოზული. აგე, კაზინოში ხალხს გულები უსკდება. მაგრამ ბოლომდე სერიოზული ვერ იქნება, რადგან თამაშია. სიმართლე რომ ვთქვა, ამ მიხვედრისთვის რომელიც სხვამ, შესაძლოა, ზიზღით უკუაგდო, მე მადლობის თქმა მხოლოდ ჩესტერტონისთვის შემიძლია. იმიტომ, რომ სხვები მერე ვნახე, უკვე მიხვედრილზე.
ეს რომ ამოვიცანი, მერე მისი ვითომ დეტექტივების არსსაც ჩავწვდი.
20-იან წლებში, როცა ჩესტერტონი რომანების წერას საერთოდ შეეშვა და კათოლიკედ მონათლული რელიგიურ ესეებისა და წიგნების ავტორი შეიქნა, ის დიდად აღარავის მოსწონდა. უცებ აღმოაჩინეს, რომ ეს თამაშ-თამაშა კაცი ბრძენიც ყოფილა, მრწმენიც ყოფილა, ქადაგებაც ყვარებია, მტკიცებაც და კამათიც. ამბობდნენ კიდეც, ბრბოს მოუწოდებს რწმენისაკენო. ეზრა პაუნდსაც მაშინ უთქვამს, კარგი ერთი, რა ბრბოს მოუწოდებს, ბრბო ხომ თვითონ არისო... აი, ხომ ხედავთ? ამ უკეთილეს ეზრას, ამ დიად პოეტს და სიახლეს (მხეცია, ჩემი მოკლე ჭკუით, თავის ამბავში), რომელიც მერე ისეთ რამეებს მოუწოდებდა ბრბოს, რომ საგიჟეთიდან ძლივს გამოიყვანეს.
ამ უცნაურ ნათქვამზე რომ ვფიქრობ, მგონია, რომ პაუნდი იმას გულისხმობდა, რომ სიცოცხლის ბოლო თხუთმეტ წელიწადს ჩესტერტონი გამუდმებით ქრისტიანობაზე ლაპარაკობდა და წერდა. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ორმოცი წლისა იდუმალი და ამოუხსნელი სენით შეპყრობილი და სასიკვდილოდ გადადებული, მოულოდნელად გამოჯანმრთელდა. ოციან წლებში მისი თემები მართლაც ძველმოდური იყო. მაგრამ ისინი მარადიული გამოდგა.
მართლაც ძნელი წარმოსადგენია: 20-იანი წლები და ფრანცისკ ასიზელი. ლათინური კვარტალი, ჩიკაგოელი ბუტლეგერები... კარგი, რა... ხო, ცხადია, ომის მერე... იქ რევოლუცია, აქ რევოლუცია...
ეგ იქეთ იყოს. ჩესტერტონის კითხვა მისი ამ ესეებით არ დამიწყია და არ დამიმთავრებია, უფრო რომანებისას მოგახსენებთ. 900-იან წლებში არ წერდნენ ასეთ წიგნებს. მხოლოდ ის წერდა. „ნოტინგჰილელი ნაპოლეონი“ და „მფრინავი დუქანი“. აი, კიდევ რომლები მომწონს. ერთი მადლობა ხომ ვთქვი. და ვითარცა იმ დროში უმეცარმა და თვითნასწავლმა ადამიანმა, კიდევ ერთი მადლობა უნდა წარმოვთქვა ჩესტერტონის მიმართ.
თამაშთან ერთად, იმასაც მივხვდი, თუ როგორ უნდა იცინო წერის დროს: მნიშვნელობა არა აქვს, ვის და რის გამო. ეს დაცინვა კი არ არის, უბრალოდ, სიცილია. უნდა მიხვდე, რომ ჭიანჭველა ხარ. ისე, როგორც „ხუთშაბათის“ გმირები მიხვდებიან. ამისთვის აუცილებელი არ არის, გრეგორ ზამზა გერქვას. შეგიძლია ადამიანად დარჩე, უბრალოდ, უნდა წარმოიდგინო, რომ აი, წეღან, ვიღაცას რომ ხელში ცხელი ხაჭაპური დაუნახე, შეგშურდა და ღორად გადაიქეცი. წარმოდგენას საზღვარი არ უნდა ჰქონდეს, ყველაზე პარადოქსულიც კი, თუ გაგაცინებს, მისაღებია. უნდა ეცადო, რომ არაფრით განსხვავდებოდე შენი გმირებისგან, არც უარესი უნდა იყო და არც უკეთესი. ნატაშა როსტოვა კი არ უნდა მორბოდეს და იძახდეს, მე, ასეთი თვით ტოლსტოიმ გამაკეთაო, არამედ ამბობდეს - მე, შენ და ტოლსტოი ერთად ვსვამთ ჩაის და ისედაც დაინახავ, როგორი გოგო ვარო. აი, ესეც შეიძლება, რომ ჩესტერტონიდან ამოძვრეს. ალბათ, ასეთი სასარგებლო რამეები ჩესტერტონის წიგნებიდან იმიტომ მოძვრება, რომ ის მწერალი არ ყოფილა. დიახ. ის მწერალი არ იყო. ყოველთვის იმეორებდა ჟურნალისტი ვარო. ჟურნალისტი იმ დროში ცოტათი სხვა კალიბრი იყო. ვთქვათ, ჩერჩილი... საოცარი ჟურნალისტი იყო. როდესაც მოკვდა, ბერნარდ შოუმ თქვა, ეს დიდი კაცი, პრინციპში, მხოლოდ ჟურნალისტი იყო, მაგრამ იმდენი რამ დაიტია და მოახერხა, რომ მთელს სახელმწიფოებს არ შეუძლიათო. მე თუ მკითხავთ, ის ისეთივე ჟურნალისტი იყო, როგორც ერაზმ როტერდამელი. მაგრამ მადლობათა სიის გაგრძელება შეიძლება. მადლობა არ უნდა დაგეზაროს.
საიდუმლო. ყველგან, ყოველ ნაბიჯზე უნდა იყოს რაღაც პატარა საიდუმლო. მისი სიავე სავალდებულო არ არის. პირიქით, კეთილი უკეთესია. ოღონდ, საიდუმლოთა უწყვეტობა. ამბის არსი საიდუმლოშია. ეს არცერთ გენიალურ მწერალთან არ შემხვედრია. უფრო სწორად, ყოფილა, მაგრამ არა ისე, რომ მწერალს ეთქვას - აი, ნახე და დაიმახსოვრეო. თანაც, საიდუმლო სრულიად დაუჯერებელი, მოგონილი, ნაკალმარი შეიძლება იყოს, ვინაიდან შეგიძლია ისე მიაწოდო წამკითხველს, რომ ის აღარც დაფიქრდეს, რომ ასეთი რამ დაუშვებელია. როგორ? როგორ და ფერები. ფერები. დაუჯერებლობის აღწერა დაუჯერებელი, გამომრიცხავი ფერებით...
მინუსი და მინუსი გამოიყვანს პლიუსს:))) ის მართლა არ იყო პროფესიონალი რომანისტი, თუმცაღა ექვსი რომანი დაწერა. რომ მოსწყინდა, შეეშვა. მისი ესეები არაფრით განსხვავდება რომანებისგან. ფერები ისეთივეა... რაც უფრო დიდი გონებისაა ადამიანი, მით უფრო ხანგრძლივია მისი ბავშვობა. ასე ამბობდა. პირველი რომანი მაშინ დაწერა, როცა ცოლმა, მგონი ფრენსისმა, უთხრა, ფული გვითავდებაო. წავიდა, კარგად ისადილა და ერთ გამომცემელს რომანის სიუჟეტი უამბო. იმან მოიწონა: ჰოდა, მანამდე არ დავწერ, სანამ 20 ფუნტს არ გადამიხდიო. 20 ფუნტი რაღაცა ფული იყო იმ დროში.
მის რომანებში არ არის დიდი სიყვარულები, დიდი განცდები, მეხთატეხები და სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი პრობლემები. ვერც იტყვი იქ რა არის. მაგრამ იქ განუწყვეტელი ფერადოვანი თამაშია პაწაწინა და დიდი საიდუმლოებებით და ბოლოს ხვდები, რომ მათი დამწერი, რომელიც ხშირად ვერც კი ზრუნავდა თავისი რომანების აგებულებასა და სიმწყობრეზე, უდიდესი გონების და თვალის ადამიანი იყო. მას წარამარა ახსენებს ბორხესი. რა თქმა უნდა, არა შემთხვევით. უწოდებს მახვილგონიერ საიდუმლოთა მხლართველს, მასწავლებელს და ასეთ რამეებს. ბორხესთან, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაწმენდილია. არა მგონია, ბორხესს ისე ბავშვივით ყვარებოდა რაღაცეები, როგორც ჩესტერტონს.
ჰოდა, ეგრე იყო, კიროვის პარკში რომ წიგნი ვიყიდე და ზედ რომ ეწერა - გილბერტ კიტ ჩესტერტონი, „კაცი რომელიც იყო ხუთშაბათი“, ძალიან გამომადგა. ეს იმხელა თავისუფლება იყო... თანაც, რო მიხვდები, ისეთი. მოკლედ, მივხვდი, წერა შესაძლებელი ყოფილა და თან სულ სხვანაირად-თქო: ისე, როგორც სინამდვილეში მინდოდა, მაგრამ ვერ წარმომედგინა.
იმიტომაც ვაგროვებ იმის შემდეგ მის წიგნებს.
მაღალი, ძალიან მსუქანი კაცი იყო, ერთთავად გაცინებული. უმიზეზოდ გალოთება შეეძლო, ისე ხარობდა რაღაცეებითო, იხსენებენ თანამედროვეები. როგორც მკითხველი, ისე თუ წაიკითხავთ მის რომანებს, არ გადაირევით. ნამდვილად. უფრო სწორად, აღარ გადაირევით. მაგრამ ისე თუ წაიკითხავთ, როგორც ხანდახან ზაფხულში, აგარაკზე, სავარძელში ჩახვავებულს, ბავშვების გაუფრთხილებლობით ბურთი მოგხვდებათ თავში და ყვირილის ნაცვლად, წამოხტებით და მათთან თამაშში ჩაებმებით, ბალახზე გაკოტრიალდებით და ჭიდაობასაც გააბამთ, ამაზე უკეთესი დამწერი არ არსებობს.
ახლა არ მითხრა, იმ კიროვის პარკში მგონი ბიტნიკებიც იყიდებოდა უკვე და თავისუფლება თუ გინდოდა... იქ ფერები არ არის. იქ სხვა რამეა.
ჰოდა, კიდევ არ დაიწყოთ, მხატვრული ძალა და ასეთი შტუკები. აქ სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი და არა იმაზე, ვინ უფრო მაგარია. შეკითხვა, ვინ უფრო მაგარია, იდიოტობაა, ჩესტერტონს თუ დავუჯერებთ. მგონი ვიღაცას, უფრო იდუმალებით მოცულსაც.
რაბლე... რაბლეს კი გავს რაღაცით, ხო იცი, ჩესტერტონი.
![]() |
21.6 ხეობა |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა - თარგმანი
უმბერტო ეკო
დასასრული
© UmBeRTo eCo
originally published in The new yorker
სახლში შვიდ საათზე დავბრუნდი, სადილის დროისთვის. გრანიოლას თორმეტ საათზე უნდა შევხვედროდი, მადონას პატარა სამლოცველოსთან. სწრაფად რომ მეარა, ორმოცდახუთ წუთში იქ ვიქნებოდი. ჰო, მართლა, იქ, ორატორიოში, გრანიოლამ მკითხა, მაჯის საათი თუ გაქვსო. მე ვუპასუხე, რომ არ მქონდა, მაგრამ თერთმეტზე, როცა ყველა დასაძინებლად დაწვებოდა, სასადილო ოთახში გავიდოდი, რადგან იქ კედლის საათი იყო.
სადილზე მაგიდას რომ მივუჯექი, ტვინი მქონდა არეული, ოჯახს თავი მოვაჩვენე, ვითომ დიდის ინტერესით ვუსმენდი რადიოს, მერე ჩემი მარკების ალბომიც „გულისყურით“ დავათვალიერე. თერთმეტ საათზე ჩემებმა შუქი ჩააქრეს და ბინაში სიჩუმემ დაისადგურა, მე კი ისევ სასადილო ოთახში ვიჯექი. წარამარა ვანთებდი ასანთის ღერებს, საათი რომ შემემოწმებინა. თორმეტის თხუთმეტ წუთზე სახლიდან გამოვიპარე და სამლოცველოს გზას დავადექი.
გრანიოლა იქ დამხვდა და დაგვიანებისთვის მისაყვედურა. ის ცახცახებდა, მე - არა. მე ჩემს სტიქიაში ვიყავი. გრანიოლამ თოკი გამომიწოდა, მე მის ბოლოს მოვეჭიდე და ასვლას შევუდექით.
პირადად მე ჩვენი მარშრუტის რუკა გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი, გრანიოლა კი სულ იმას გაიძახოდა, ვაიმე, ვვარდებიო. მე ისე ავუყევი ფერდობს, თითქოს მუსიკის თანხლებით მივდიოდი და მტკიცედაც მივაბიჯებდი. გრანიოლას, მიუხედავად იმისა, რომ მე მომყვებოდა, წარამარა უცდებოდა ფეხი. ხველაც აუტყდა. ხშირად მიხდებოდა უკან მიბრუნება, რათა ხელზე მომექაჩა. ნისლი კი იყო, მაგრამ ნახევარ მეტრში მაინც შეგვეძლო ერთმანეთის დანახვა. მე თოკს ვეწეოდი და გრანიოლაც ჩნდებოდა ნისლის საფარველიდან, რომელიც თითქოს იმწამსვე იფანტებოდა. ერთი სიტყვით, სუდარა-შემოძარცულ ლაზარესავით მეცხადებოდა.
მთელი საათი მივიწევდით წინ და მანძილის ნახევარი თუ გვექნებოდა დაფარული. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთადერთხელ მოვუწოდე გრანიოლას სიფრთხილისკენ - როდესაც კაჭარს მივუახლოვდით. მისთვის უნდა შემოგეარა და ბილიკზე გასულიყავი. ვაი შენ, თუკი გაბრიყვდებოდი და რახან ფეხქვეშ კენჭებს შეიგრძნობდი, მარცხნივ არჩევდი გადახვევას: მაშინ უთუოდ უფსკრულში მოგიწევდა სიცოცხლის დამთავრება.
როგორც იქნა ავედით, გალავნის ღიობსაც მივაღწიეთ. ნისლში შეუძლებელი იყო სან-მარტინოს დალანდვა. გრანიოლას ვუთხარი, ახლა უკვე ორღობეში ვართ, ოცი ნაბიჯი გადათვალე და მღვდლის სახლთან გავჩნდებით-მეთქი.
კარზე სამჯერ დავაკაკუნეთ, მერე დავახანეთ და იგივე გავიმეორეთ, სწორედ ისე, როგორც წინასწარ ვიყავით შეთანხმებული. მღვდელმა სახლში შეგვიშვა. სახეზე ქაღალდის ფერი ედო. ყაჩაღებივით კბილებამდე შეიარაღებული და ბავშვივით დაშინებული კაზაკებიც იქ დაგვხვდნენ. გრანიოლა ერთ-ერთ მათგანს გამოელაპარაკა - იმას, რომელმაც იტალიური იცოდა. კაზაკი გვარიანად ლაპარაკობდა ჩვენს ენაზე, მაგრამ უზადო აქცენტით ვერ დაიკვეხნიდა. გრანიოლა კი, ისე როგორც კაცს უცხოელთან საუბრისას სჩვევია, ძირითად ზმნის საწყის ფორმას აწვებოდა.
„შენ შენი ამხანაგების გაძღოლა და მე და ბავშვს უკან გამოყოლა. შენ თქმა შენს ამხანაგებს, რასაც მე გეუბნები და მათ, იმის გაკეთება, რასაც მე ვიტყვი. გასაგებია?“
„გასაგებია, გასაგები. ჩვენ მზად ვართ.“
მღვდელმა, რომელმაც კინაღამ შიშისაგან საჯაროდ ჩაისველა, კარი გაგვიღო და ჩვენც ორღობეში გავედით. სოფლის ბოლოდან მაშინვე შემოგვესმა ტევტონური ღავღავი და ძაღლების ყეფა.
„ღმერთმა დასწყევლოს,“ წამოიძახა გრანიოლამ, მღვდელს კი ამაზე წარბიც არ შეუხრია. „ის უკეთურები აქ არიან, ძაღლებიც ჰყავთ, და ძაღლებს, ხო იცით, სუ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ჩვენი ნისლი, ყნოსვით მოგვაგნებენ. ახლა რაღა ვქნათ?“
„ვიცი მაგათი ამბავი. ხუთ კაცზე - ერთი ძაღლი. ჩვენი გზით წავიდეთ, იქნებ უძაღლოებს შევხვდეთ,“ უთხრა კაზაკების მეთაურმა.
„ღიენ ნე ვა პლუს. ჩვენ ნელა ვივლით. ვიდრე არ გეტყვით, არ გაისროლოთ. მზად გქონდეთ ცხვირსახოცები, ჩვრები და თოკები“, დაარიგა კაზაკები გრანიოლამ და მერე მე მომიბრუნდა: „აბა ახლა სწრაფად ჩავიაროთ ეს ორღობე და მოსახვევთან შევჩერდეთ. იქ თუ არავინ დაგვხვდა, ავშენებულვართ, გალავნის ღიობში გავძვრებით და მეყოლონ კარგად. მაგრამ თუ იმათ გადავეყარეთ, თანაც „ძაღლიანებს,“ მაშინ კი გვეტირა დედა და ეგ არის. ასე თუ მოხდა, ძაღლებიანად უნდა მივაცხრილოთ... თუმცა, გააჩნია, რამდენი იქნებიან. გავიხედე და ძაღლები არ ჰყავთ... ჯერ გავატარებთ, მერე მივეპარებით, ხელებს გავუკრავთ და პირში ჩვრებს ჩავტენით. მერეც იყვირონ, თუ ყოჩაღი ბიჭები არიან.“
„იქვე დავტოვოთ?“
„კარგი კითხვაა. არა, თან წავათრევთ. სხვა გზას ვერ ვხედავ.“
მერე გრანიოლამ ეს ყველაფერი მეთაურს აუხსნა და იმანაც თავის რაზმს „მოუთარგმნა.“
მღვდელმა რაღაც ჩვრები მოგვცა და ასე გასინჯეთ, საეკლესიო სამოსელის ზონრებსაც შეელია. თან გვაჩქარებდა, წადით, წადით, ღმერთი შეგეწიოთო.
ორღობეს ჩავუყევით. მოსახვევთან კვლავ ღავღავებდნენ გერმანელები, მაგრამ ძაღლების ხმა აღარ ისმოდა.
ჩვენ კედელს ავეკარით. მალე ვიღაცები მოგვიახლოვდნენ, გერმანულად ლაპარაკობდნენ, ალბათ გაჩენის დღეს იწყევლიდნენ, რადგან ვერაფერს ხედავდნენ და არ იცოდნენ, საით უნდა წასულიყვნენ. გრანიოლამ ხელებით გვანიშნა, ორნი არიან, ჯერ ჩაიარონ და მერეო...
ის ორი გერმანელი აშკარად იქაურობის დასაზვერად გამოეგზავნათ დანარჩენებს, ვიდრე თვითონ ძაღლებთან ერთად მოედანს შემოუვლიდნენ. იარაღმომარჯვებული მზვერავები ფეხაკრეფით მიდიოდნენ; ორღობე ვერ შენიშნეს იმ სულელებმა და ჩაგვიარეს. კაზაკებიც მაშინვე ეცნენ და იქვე გვიჩვენეს, თავიანთი საქმის ოსტატები რომ იყვნენ. ელვის სისწრაფით დასცეს ბეჭებზე ორი კაცი და პირი ჩვრებით გამოუტენეს. თითო გერმანელი ორ კაცს ჰყავდა გაკავებული, მესამე კი ზურგსუკან უკრავდა ხელებს. თავაწყვეტილი ჯეელები იყვნენ ის კაზაკები!
„გათავდა და მორჩა“, თქვა გრანიოლამ. „აბა, იამბო, მაგათი ავტომატები გალავანს იქით მოისროლე, თქვენ კი ბიჭებო, ეგ გერმანელები წინ გაიგდეთ და მე და იამბოს მოგვყევით უკან.“
მე თავზარდაცემული ვიყავი და ახლა უკვე გრანიოლა იღებდა გადაწყვეტილებას. ღიობში ადვილად გავძვერით და გრანიოლამ თოკები დაგვირიგა. ერთი ეგ იყო, ჩვენი ჯაჭვის პირველი და ბოლო კაცის გარდა, ორივე ხელი ყველას დაკავებული ჰქონდა და ამიტომ, ძალიან გაჭირდა იმ გერმანელების ტყემდე მითრევა. აი, იქ კი გრანიოლამ ჩვენი მსვლელობის რეორგანიზაცია მოხდინა: ვინც გერმანელის წინ მიდიოდა, თავისი თოკი მისი ავტომატის ღვედს გამოაბა, ვინც უკან - მარჯვენა ხელით საყელოში ჩააფრინდა ტყვეს, მარცხენით კი უკანმომავალი კაცის თოკს ჩაეჭიდა. მაგრამ, ის-ის იყო ადგილიდან უნდა დავძრულიყავით, რომ ერთ-ერთ გერმანელს ფეხი დაუცდა, ზედ გადაემხო იმას, ვინც მის წინ მიდიოდა, უკანა კაციც წააქცია და ჩვენი ჯაჭვიც გაწყდა. კაზაკებმა რაღაც წაისისინეს (ალბათ თავიანთ ენაზე შეიგინეს), მაგრამ ჭკუა იხმარეს და არ აყვირებულან.
ამასობაში ერთმა გერმანელმა დრო იხელთა და გაპარვა სცადა. ორი კაზაკი ბორძიკ-ბორძიკით მიჰყვა უკან. ადვილი შესაძლებელი იყო, ხელიდან დაგვძრომოდა, მაგრამ იცოდა კი საით მიდიოდა? რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ფეხი დაუსხლტა, იქვე გაიშოტა და კაზაკებმაც ხელი სტაცეს. გაწევ-გამოწევაში გერმანელს თავიდან ჩაჩქანი გადაუვარდა. კაზაკების მეთაურმა გვითხრა, ახლა ეგ კასკა აქ თუ დავტოვეთ, ძაღლები კვალს აიღებენ და ადვილად მოგვაგნებენო... და აი, პირველად მაშინ შევნიშნეთ, რომ მეორე გერმანელი თავშიშველი იყო. „წყეული ნაბიჭვრები,“ წაისისინა გრანიოლამ. „მაგას ჩაჩქანი ალბათ იქვე გადასძვრა, ორღობეში. ძაღლებმა თუ მიაგნეს, დავიღუპეთ.“
ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! სულ რამდენიმე მეტრით წინწასულებს რაღაც ხმები და ძაღლების ყეფა შემოგვესმა.
„აი, ხომ ხედავთ! ორღობეს მიაღწიეს, ძაღლებმაც მაშინვე მიაგნეს ჩაჩქანს და ახლა მოგვდევენ. სმენა იყოს და გაგონება! ნუ შეშინდებით. ჯერ ის ღიობი უნდა იპოვონ, ეს კი არც ისე ადვილია; მერე ქვემოთკენ უნდა წამოვიდნენ. თუ ფრთხილი ძაღლები ჰყავთ, ისინიც ალბათ ნელა ივლიან, და თუ ძაღლები აჩქარდებიან, ვეღარც ისინი შეიკავებენ თავს და უკანალით დაებერტყებიან. ვერ დაგვეწევიან, იამბო! რაც შეგიძლია, სწრაფად იარე. აბა, წავედით!“
„ვეცდები, გრანიოლა, მაგრამ ძალიან მეშინია.“
„კი არ გეშინია, ღელავ. ღრმად ჩაისუნთქე და წინისაკენ!“
იმ მღვდლისა არ იყოს, ახლა კინაღამ მე ჩავისველე, მაგრამ ვხედავდი, რომ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული, უჩემოდ ვერაფერს გახდებოდნენ. კბილები მიკაწკაწებდა, იმ წუთას მერჩივნა ჟირაფონე ვყოფილიყავი და არა რომაელი ლეგიონერი; ცხენი ჰორასი ან ძროხა კლარაბელი - და არა მიკი მაუსი შვიდი მოჩვენების სამფლობელოში; სინიორ პამპურიო - და არა ფლეშ გორდონი არბორიას ჭაობებში, მაგრამ როცა კაცი საცეკვაო მოედანზე ხარ, სხვა გზა არა გაქვს, უნდა იცეკვო. რაც შემეძლო სწრაფად დავეშვი ქვემოთ, თან ვცდილობდი, ფეხი არ შემშლოდა.
ის ჩვენი ტყვეები ძალიან გვაფერხებდნენ; ძონძებით პირგამოტენილები ძლივსღა სუნთქავდნენ და წარამარა ჩერდებოდნენ. თხუთმეტიოდე წუთში კაჭართან მივედით; იმდენად კარგად ვიცოდი, სადაც იყო, რომ იქამდე შევახე ხელი, ვიდრე საკუთარი თვალით დავინახავდი. მისთვის ძალიან ფრთხილად უნდა შემოგვეარა: ვინმე რომ განზე გადაქანებულიყო, შვერილთან აღმოჩნდებოდა და პირდაპირ უფსკრულში გადაეშვებოდა. ზემოდან ჯერ კიდევ კარგად გვესმოდა ხმები, მაგრამ ვერ გაგვეგო, გერმანელები თავიანთი ურჩი ძაღლების გასამხნევებლად ყვიროდნენ ასე ხმამაღლა, თუ უკვე გალავანს გასცდენოდნენ და ახლა ჩვენკენ მოდიოდნენ.
ამ ხმების გაგონებაზე ორივე ტყვე გამოცოცხლდა. მაშინაც კი, როცა ფეხზე მყარად იდგნენ, დაცემასა და განზე გადაგორებას ცდილობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო, ეს სითამამე ძვირად დასჯდომოდათ და დამტვრეულიყვნენ. ალბათ იფიქრეს, ახლა ესენი ვეღარ გვესრიან და სადაც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ძაღლები მაინც გვიპოვიანო. მათ უკვე აღარაფერი ჰქონდათ დასაკარგავი და თქვენც ხომ იცით, რაზეა წამსვლელი თავზეხელაღებული კაცი!
უეცრად სროლის ხმა გავიგონეთ. რადგან ქვემოთ ჩამოსვლა გაუჭირდათ, გერმანელებმა ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს. ჯერ კიდევ მთელი ასოთხმოცი ნაბიჯის სავალი გზა ედოთ წინ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, ჩვენ სად ვიყავით, ამიტომ უმისამართოდ ისროდნენ, თანაც თითქმის ჰოტიზონტალურად, რახან არც ის იცოდნენ, რამდენად დამრეცი იყო ფერდობი. როცა ჩვენი მიმართულებით ისროდნენ, ტყვიები თავზემოთ დაგვზუზუნებდა.
„ვიაროთ, ვიაროთ,“ გვიბრძანა გრანიოლამ. „ვერ გვიპოვიან.“
მაგრამ, ბოლოს გერმანელები გაერკვნენ ადგილ-მდებარეობაში და რამდენიმე მათგანი ქვემოთ დაეშვა. ძაღლებიც უკვე ჩვენკენ მოიწევდნენ. ახლა გერმანელები ჩვენი მიმართულებით ისროდნენ და რამდენიმე ტყვიამ მახლობელ ბუჩქნარში გაისისინა.
„ნუ შიშობთ,“ გაგვამხნევა კაზაკების მეთაურმა. „ვიცი, მაგათი ავტომატების ღეიცჰწეიტე.“
„იცის, რა მანძილიდან აღწევს მიზანს მაგათი ტყვია,“ აგვიხსნა გრანიოლამ.
„ჰო, მაგის თქმა მინდოდა. მეტად თუ აღარ მოგვიახლოვდნენ და ჩვენც ცოტა მოვუჩქარეთ, ტყვია ვერ მოგვწვდება. ნუღარ ვაყოვნებთ.“
„მე კი ვივლი სწრაფად, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ? მაგ ორი გერმანელის წამოთრევაც გაგიჭირდებათ. რა აზრი აქვს თავ-პირის მტვრევით ჩემს ჩარბენას? მოდი, აქ დავტოვოთ ტყვეები, თუ არადა, შემეშვით, მე ჩემი გზით წავალ,“ თვალცრემლიანმა ვუთხარი გრანიოლას.
„რას ამბობ? აქ რომ დავტოვოთ, წამში შეიხსნიან თოკებს და დანარჩენებს შეეხმიანებიან,“ შეიცხადა გრანიოლამ.
„კონდახს ვხეთქავ თავში და ისე მოვკლავ, უხმაუროდ,“ ჩაისისინა მეთაურმა.
ამის გაგონებაზე გამაცია. როგორ, ის ორი უბედური უნდა მოეკლათ? მაგრამ გრანიოლას სიტყვებმა დამამშვიდა: „ეგ არ ივარგებს. თუ დავხოცავთ და აქ დავტოვებთ, ძაღლები მოაგნებენ და გერმანელები ჩვენც ადვილად გვიპოვიან. ერთი გზაღა დაგვრჩენია: აქედან შორს უნდა გადავყაროთ, ძაღლებიც მათკენ აიღებენ გეზს და ამასობაში ათ წუთს და ალბათ ცოტა მეტსაც მოვიგებთ. იამბო, ჩვენგან მარჯვნივ განა ის მატყუარა ბილიკი არ არის, პირდაპირ უფსკრულისკენ რომ მიემართება? იქითკენ გადავყაროთ. შენ ხომ თქვი, იმ გზით ვინც წავა, შვერილს ვერ შენიშნავს და გადაიჩეხებაო? ძაღლებიც იქითკენ წავლენ და გერმანელებსაც თან გაიყოლებენ. ვიდრე ისინი გონზე მოვლენ, ჩვენ გავივაკებთ კიდეც. იქიდან თუ გადაიჩეხა კაცი, ნაღდად მოკვდება, არა?“
„არა, მე არ მითქვამს, რომ ნაღდად მოკვდება. ისე, ალბათ დაიმტვრევა... და თუ თავიც ხეთქა რამეს...“
„ჯანდაბა შენ თავს. ხან ერთს ამბობ და ხან მეორეს! თუ ჩავარდნისას თოკები შეეხსნათ და დაყვირება მოასწრეს, სხვები გაფრთხილდებიან.“
„მაშინ ჯერ უნდა დაიხოცონ და მერე ჩაცვივდნენ,“ განაცხადა ბევრის მომსწრე და ომის მუხანათურ კანონებში გარკვეულმა მეთაურმა.
მე გრანიოლას გვერდით ვიდექი და მის სახეს კარგად ვხედავდი. ადრეც უფერული ვინმე ბრძანდებოდა, ახლა კი აჩრდილივით გაფითრებულიყო. ცას აჰყურებდა, თითქოს მაღლიდან ელოდა ნიშანს. ამასობაში ტყვიებმა თავზემოთ გადაგვიზუზუნა. ერთ-ერთმა გერმანელმა თავის მცველს უბიძგა და ორივე ძირს დაებერტყა. გერმანელი კაზაკს კბილებში უბრაგუნებდა თავს და ყველანაირად ცდილობდა ხმაურის ატეხას. გრაინოლამაც მაშინ მიიღო გადაწყვეტილება: „ან ჩვენ, ან ისინი, იამბო. მარჯვნისაკენ რომ წავიდე, რამდენი ნაბიჯი დამჭირდება იმ შვერილამდე?“
„ათი. მე ათი მჭირდება, შენ კი ალბათ რვა უნდა გადაგა.. მაგრამ თუ დიდი ნაბიჯით წახვალ, ფეხქვეშ მიწა გამოგეცლება. ასე რომ, ოთხის გადადგმა გიჯობს... არა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა - სამის.“
„კარგი,“ თქვა გრანიოლამ და მეთაურს მიუბრუნდა. „თქვენ მე მომყევით. ამ ორ ლაქიას მხრებში მაგრად ჩასჭიდეთ ხელი და წინ გაიგდეთ. დანარჩენები აქ დაიცდიან.“
„რას აპირებ, გრანიოლა?“ ვკითხე გაპარული ხმით.
„მოკეტე. ომია. ამათთან ერთად აქ დაიცადე. ეს ბრძანებაა, იამბო.“
ისინი ნისლში გაუჩინარდნენ, კაჭარს იქით. ცოტა ხანში ქვების ჩხრიალი და რაღაც ყრუ ბრაგვანი მოგვესმა. მერე გრანიოლა და ორი კაზაკი გამოჩნდნენ, გერმანელები - არა! „აბა, ჩქარა. ახლა უფრო სწრაფად ვივლით,“ გვითხრა გრანიოლამ. ხელი მხარზე დამადო. ერთიანად ცახცახებდა. რადგან ჩემს გვერდით იდგა, ისევ კარგად ვხედავდი: საყელომომდგარი სვიტერი ეცვა და ლანცეტის ბუდე ეკიდა გულზე. ალბათ ლანცეტი ამოიღო-მეთქი, გავიფიქრე. „რა უქენით იმ ორს?“ ვკითხე ატირებულმა.
„შეეშვი მაგაზე ფიქრს. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. ახლა ძაღლები სისხლის სუნს აიღებენ და გერმანელებს იქითკენ წაიყვანენ. მგონი, გადავრჩით. აბა, წავედით.“
დაახლოებით ნახევარ საათში ხეობა ჩავიარეთ და გზაზე გავედით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზემოდან ყვირილი და ყეფა გვესმოდა, მაგრამ ეს ხმები თანდათანობით სულ უფრო და უფრო გვშორდებოდა. ჯიჯიოს საბარგო იქვე გველოდა, კორომში. გრანიოლამ კაზაკებს უთხრა, მანქანაზე ადითო. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა: „მე ამათ გავყვები, ბარემ ბადოგლისტებს ჩავაბარებ.“ ცდილობდა, ჩემთვის თვალი აერიდებინა; ერთი სული ჰქონდა, იქიდან დროზე წავსულიყავი. „წადი, წადი, იამბო. სახლში წადი. მაგარი ხარ, ჯილდო დაიმსახურე! სხვაზე ნუღარაფერზე იფიქრებ. შენ შენი ვალი აღასრულე. თუკი ვინმეა რამეში დამნაშავე - მხოლოდ და მხოლოდ მე.“
სიცივის მიუხედავად, შინ ოფლში გაწურული დავბრუნდი - ოფლში გაწურული და არაქათგამოცლილი. მგონი, სიცხემაც ამიწია. უნდა მოვინანიო, უნდა მოვინანიო, ვიმეორებდი გულში.
დილა კი უარესი გამითენდა: ჯერ ერთი, დროზე უნდა ავმდგარიყავი და მეორეც, დედაჩემი გამიგიჟდა, ასეთი ჭკუაარეული ჯერ არ მინახიხარო. რამდენიმე საათში ჩვენს სახლთან ჯიჯიო გამოჩნდა. ვანიშნე, ვენახში დამლოდებოდა. ვიცოდი, ის არაფერს დამიმალავდა. მანაც ყველაფერი მიამბო...
გრანიოლამ და ჯიჯიომ ის კაზაკები ბადოგლისტებს ჩააბარეს და უკან გამობრუნდნენ. ბადოგლისტებმა გააფრთხილეს, ღამე უირაღოდ სიარული საშიშია, რადგან „შავხალათიანები“ დაძრულან სოლარასაკენ თავიანთი ხალხის დასახმარებლადო და გრანიოლას მუშკეტი მისცეს.
მთელ სამ საათს მოუნდნენ ვინიოლეტას გზაჯვარედინების გადაკვეთას. მანქანა პატრონს დაუბრუნეს და ფეხით წამოვიდნენ სოლარასაკენ. იმდენი ნერვიულობის შემდეგ გაილაღეს, აღგზნებულები ყვიროდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ, ზურგზე ხელებს უტყაპუნებდნენ... და ვერ შენიშნეს თხრილში მიყუჩებული „შავხალათიანები.“ ისინი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით შეიპყრეს. იარაღი ჰქონდათ და თავს ვერ გაიმართლებდნენ. ავტოფურგონში შეყარეს. იქ მხოლოდ ხუთი ფაშისტი იყო: ორი წინ იჯდა, ორიც უკან - მათ პირისპირ, ერთი კი ძარაზე იდგა და გზას გაჰყურებდა, რადგან ნისლი ჯერ არ გაფანტულიყო.
მათთვის ხელ-ფეხი არ შეუკრავთ, რადგან ორ მცველს ავტომატები ჰქონდა მომარჯვებული, გრანიოლა და ჯიჯიო კი ტომრებივით ეყარნენ მათ ფერხთით. მერე ჯიჯიოს რაღაც უცნაური ხმა ჩაესმა, თითქოს ქსოვილი გაიფხრიწაო და სახეზე ბლანტი სითხე დაედინა. ერთ-ერთ ფაშისტს ხროტინი მოესმა, ფარანი აანთო და ყელგამოღადრული გრანიოლაც დაინახეს.... თავისი განუყრელი ლანცეტით ხელში. მანქანა გააჩერეს და ორმა ფაშისტმა ლანძღვა-გინებით გადაათრია გრანიოლა გზაზე. მათ ჯიჯიოც ეხმარებოდა. გრანიოლა სულსა ღაფავდა, იქაურობა სისხლით იყო მორწყული. დანარჩენი სამი ფაშისტიც გადმოვიდა მანქანიდან. ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, თვალები სად გქონდათ, უფროსობას ეგ ცოცხალი სჭირდებოდა, ახლა რაღა ვქნათ, ციხე გველის, ტყვეები რომ არ გავკოჭეთო. ვიდრე ისინი გრანიოლას ცხედარს „დასტიროდნენ“, ჯიჯიოს არსებობა გადაავიწყდათ, და მანაც იფიქრა, ან ახლა და ან არასდროსო. იცოდა, იქ ციცაბო ფერდობი იყო და თხრილს გადაახტა. ფაშისტებმა ერთი-ორი კი გაისროლეს, მაგრამ ჯიჯიო ბურთივით ჩაგორდა ქვემოთ და ხეებში მიიმალა. ნისლში ისევე გაჭირდებოდა მისი პოვნა, როგორც თივის ზვინში ჩაკარგული ნემსის, თანაც ფაშისტებს დიდი აურზაური ხელს არ აძლევდა: გრანიოლას ცხედარი უნდა გადაემალათ და რისხვის თავიდან ასაცილებლად უნდა ეთქვათ, რომ იმ ღამით ვერავინ დაიჭირეს.
იმ დილას, მას შემდეგ, რაც „შავხალათიანები“ გერმანელებთან შესახვედრად გაემართნენ, ჯიჯიო თავის რამდენიმე მეგობართან ერთად ტრაგედიის ადგილზე მივიდა. არხები გადაჩხრიკეს და გრანიოლას ცხედარს მიაგნეს. სოლარელმა მღვდელმა უარი განაცხადა ეკლესიაში მის დასვენებაზე, რადგან გრანიოლა ანარქისტი იყო და გარდა ამისა, უკვე ყველამ იცოდა, საკუთარი ხელით რომ გამოეჭრა ყელი, მაგრამ დონ კონიასომ ნება დართო ბიჭებს გრანიოლა ორატორიოს პატარა სამლოცველოში დაესვენებინათ, ღმერთმა მოწყალეა და მღვდლებზე უკეთ უწყის ყოველივეო.
გრანიოლა მოკვდა. მან გადაარჩინა კაზაკები, მე მშვიდობით დამაბრუნა სახლში და მერე მოკვდა. იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგად ვიცოდი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი; მას ხომ არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, ტყვედჩავარდნილი როგორ მოიქცეოდა. აკი ამბობდა, მხდალი ვარ, წამებას ვერ გავუძლებ, ყველას გავცემ და მეგობრებს სასაკლაოზე გავისტუმრებო. მან მეგობრებისთვის დათმო სიცოცხლე. ლანცეტის ერთი გამოსმა და... იმ გერმანელებსაც ალბათ ასევე მოუღო ბოლო. ეს ყველაფერი რაღაც დანტესეულ სამსჯავროს ჰგავდა. მხდალის მამაცური აღსასრული. მან პასუხი აგო თავის ცხოვრებაში ჩადენილი ერთადერთი სისასტიკისთვის და ასე გამოისყიდა ცოდვა, რომლის ზიდვასაც ვერ შესძლებდა ცოცხლად დარჩენილი. ერთი ხელის მოსმით გააცურა ყველა: ფაშისტები, გერმანელები, ღმერთი...
ახლა ჩემს მოგონებებსაც კი შემოეძარცა ნისლის საბურველი. თვალწინ მიდგას სოლარაში ტრიუმფით შემოსული პარტიზანები. 25 აპრილს მილანი გათავისუფლდა. ხალხი ქუჩებს მოსდებია, პარტიზანები ქალაქში საბარგო მანქანებით შემოდიან, ჰაერში ისვრიან. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჯარისკაცს ვხვდები: ზეთისხილისფერი ფორმა აცვია, ველოსიპედს მიაქროლებს ცხენისწაბლას ხეებს შორის. ბრაზილიელი ვარო, მომაყვირებს და გზას აგრძელებს. ნუთუ ბრაზილიელებიც ამერიკელების და ინგლისელების მხარდამხარ იბრძოდნენ? ჩემთვის ეს არავის უთქვამს. არასდროს. Drфle de guerre.
გერმანია მარცხდება. ჰიტლერი თავს იკლავს. ომი დამთავრდა. ზეიმობს სოლარა, ყველა ერთმანეთს ეხვევა, ხალხი აკორდეონის ჰანგებზე ცეკვავს.
მე კი ამ ბედნიერ სამყაროში ტრაგედიიდან ვარ მოხვედრილი, ტრაგედიიდან, სადაც ორი მოკლული გერმანელი დარჩა და გრანიოლაც - ქალუნახავი და წამებული - შიშის, სიყვარულის და სიკერპის გამო.
ვერ გამიბედავს დონ კონიასოსთან მისვლა, ვერ გამიბედავს მონანიება. კი მაგრამ, რა უნდა მოვინანიო? ის რაც არ გამიკეთებია, არც კი დამინახავს და რაზეც მხოლოდ ვეჭვობ? და თუკი შესანდობი არაფერი ჩამიდენია, როგორ ვითხოვო შენდობა და მიტევება? ამიტომ ვიქნები საუკუნოდ შერისხული.
ინგლისურიდან თარგმნა:
ასმათ ლეკიაშვილმა
![]() |
21.7 საბა - 2007 |
▲ზევით დაბრუნება |
საბა-2007
ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ რჩეულები
ქართველი მკითხველი ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტთა სიის გამოქვეყნების მოლოდინშია, თუმცა როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე დასავლურ პრაქტიკაში, ჩვენი ჟურნალის რედაქციაც შეეცადა პრემიის ნომინანტების, ანუ ე.წ. „შორთ ლისთის“ თავისი სავარაუდო ვერსია შეედგინა, ანუ გამოერჩია 100-ზე მეტი წიგნიდან ისინი, ვინც, ჩვენი აზრით, საბას პრემიის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას იმსახურებს. ცხადია, ეს კანდიდატთა არაოფიციალური სიაა, თუმცა ვფიქრობ მკითხველს დააინტერესებს იმ ავტორთა ვინაობა, ვინც გასულ წელს გამოცემული წიგნებით, წლევანდელ საბას მთავარ პრეტენდენტებად ითვლებიან (ჩვენი აზრით). ნომინანტთა რაოდენობა პრინციპულად არ დავიყვანეთ მინიმუმამდე, რათა თქვენთვის მეტი მასალა მოგვეწოდებინა განსჯისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ავტორთა ეს სიმრავლე მკითხველსაც მეტს შესძენს შარშანდელ წიგნებს.
თიბისი ბანკის მიერ დაფუძნებული პრემია „საბას“ დაჯილდოებამდე თვეზე ნაკლები დარჩა, ასე რომ, იპოვეთ თქვენი რჩეული „ცხელი შოკოლადის“ რჩეულში.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
ლაშა იმედაშვილი, სამი მკვლელობა ძველ თბილისში, „უნივერსალი“
რეზო ჭეიშვილი, ცისფერი მთები, ასკილის წითელი ყვავილი „მანდარია“
აკა მორჩილაძე, ქაღალდის ტყვია, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
ირაკლი ჯავახაძე, ობლიგაცია, „საარი“
გიგი თევზაძე, აქ და ყველგან, „სიესტა“
მიხეილ ანთაძე, „მთვარე ფინჯანში“
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
თემურ ჩხეტიანი, ფოთლების პასიანსი, „დიოგენე“
ვანო ჩხიკვაძე, ავტოპორტრეტი ძველ ჩარჩოში, „ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი“
ნაირა გელაშვილი, დრო, პური და ღვინო, „კავკასიური სახლი“
ბათუ დანელია, შეშლილი ვარსკვლავები, „კავკასიური სახლი“
შოთა იათაშვილი, სანამ დროა, „სიესტა“
გიორგი ეკიზაშვილი, ბილიკები, „აგორა“
გაგა ნახუცრიშვილი, უცაბედად, „საარი“
ზურაბ რთველიაშვილი, ანარქი, „სიესტა“
ლელა სამნიაშვილი, მუდმივი ტატუ „სიესტა“
გივი ალხაზიშვილი, ქრონიკები, „მერანი“
იზა ორჯონიკიძე, წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა
წლის საუკეთესო რომანი
ირაკლი ჩარკვიანი, მშვიდი ცურვა, „ლოგოს პრესი“
გელა ჩქვანავა, ტორეადორები, „დიოგენე“
ირაკლი ბერიაშვილი, თომა, „სიესტა“
თამრი ფხაკაძე, ვნებანი, „პალიტრა ლ“
ბესო ხვედელიძე, უზარმაზარი ბაზარი, „პალიტრა ლ“
ლაშა ბუღაძე, ოქროს ხანა, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
დავით ქართველიშვილი, იყო საღამო, იყო დილა, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
წლის საუკეთესო თარგმანი
ფრედერიკ ბეგბედერი, ექსტაზი თამარ ხოსრუაშვილი, „არეტე“
დანიელ პენაკი, მგლის თვალი, გიორგი ეკიზაშვილი, „არეტე“
პატრიკ ზიუსკინდი, სუნამო, ნატალია ნადირაშვილი, ეკა რაისნერი, „დიოგენე“
ჯერომ სელინჯერი, კლდის პირზე ჭვავის ყანაში, გია ჭუმბურიძე, „დიოგენე“
მილან კუნდერა, სალაღობო ტრფობანი, პაატა ჯავახიშვილი, „დიოგენე“
გივი მარგველაშვილი, მე წიგნის გმირი ვარ, ნაირა გელაშვილი, „კავკასიური სახლი“
საიათნოვა, ზეზვა მედულაშვილი, „კავკასიური სახლი“
მიშელ უელბეკი, ბრძოლის ველის განვრცობა, გიორგი ეკიზაშვილი, „აგორა“
გაბრიელ გარსია მარკესი, პარტიარქის შემოდგომა, ელზა ახვლედიანი, „სიესტა“
ჯორჯ ორუელი, ცხოველების ფერმა, დავით აკრიანი, „სიესტა“
უილიამ ფოლკნერი, აგვისტოს ნათელი, ზაზა ჭილაძე, „საქართველოს მაცნე“
ახალი თარგმანები, ბაჩანა ბრეგვაძე, „ნეკერი“
წლის საუკეთესო დებიუტი
ქეთი ქანთარია (თარგმანი) დი ბი სი პიერი, „ვერნონ გენიოს ლითლი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
ნინო თარხნიშვილი, ქალთარაფერა, „დიოგენე“
ეკა ქევანიშვილი, ჭორია, „დიოგენე“
ნინო სადღობელაშვილი, ბამბაზიის სამოთხე, ინტელექტი
წლის საუკეთესო პიესა
ნუგზარ შატაიძე, ორი ქალი, ჟურნალი „მნათობი“
ლაშა ბუღაძე, ვიდრე მთავარ გმირს ეძინა, „სიესტა“
გურამ ბათიაშვილი,პიესები, „საარი“
ირაკლი სამსონაძე, ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი, ჟურნალი „მნათობი“
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
ნოდარ გურაბანიძე, ჩემი ცხოვრების თეატრი, „საქართველო-3“
ანდრო ბუაჩიძე, ილუზიების მსხვრევა, „სამკალი“
მიხეილ ჭაბაშვილი, მოგონებები, „დიოგენე“
მალხაზ ხარბედია, პირადი ბიბლიოთეკა, „არეტე“
ვენერა კავთიაშვილი, გერმანული ლიტერატურულ-ესთეტიკური რეცეფციები გალაკტიონ
ტაბიძის შემოქმედებაში, „უნივერსალი“
![]() |
21.8 ლიტერატურული პრემია საზოგადოებრივი აქტიურობისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა - ახალი ამბები
გორ ვიდალი წიგნის მაღაზიათა ქსელის, „ბორდერსის“ ლიტერატურული პრემიის პირველ მფლობელი გახდა. ჯილდო ფულად პრემიას არ მოიცავს და იმ ამერიკელი მწერლებისათვისაა დაწესებული, რომელთა ნაწარმოებებიც კრიტიკოსების მიერ დადებითად არის შეფასებული, ორიგინალობით გამოირჩევა და მკითხველს დამაჯერებლად გადასცემს ადამიანური ბუნების სხვადასხვა მხარეს. „ნაწარმოებების სიღრმისეულობა და ფართო მასშტაბები, გამოხატვის სითამამე, მაშინ, როცა ჩვენს ეპოქაში დიდი რისკია თავისუფალი სიტყვის თქმა; ცხოვრების დიდი ნაწილი დამოკრატიის, სამართლიანობის დაცვაში - ყველაფერი ერთად საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ამ ჯილდოს ღირსეულ მფლობელად გორ ვიდალი დაგვესახელებინა,“ - განაცხადა საორგანიზაციო ჯგუფმა. 81 წლის ვიდალი ცნობილია რომანებით „ხმაური“, „ლინკოლნი,“ „მირა ბრეკენრიჯი“, ასევე თავისი უკომპრომისო და მოურიდებელი კომენტარებით სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ თემებზე.
ჰემინგუეი და დიტრიხი - ერთი ნახვით შეყვარება
ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის და გერმანელი მსახიობის, მარლენ დიტრიხის რომანტიული ურთიერთობების ისტორია ახლა უკვე ფართო აუდიტორიისთვის გახდა ცნობილი. ბოსტონში, პრეზიდენტ კენედის ბიბლიოთიეკაში, გამოფენა გაიხსნა, რომელიც სწორედ ამ გამორჩეულ წყვილს მიეძღვნა. მალე წიგნად გამოიცემა წერილებიც, რომლებიც 12 წლიანი მიმოწერის მანძილზე საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა. ერნესტი და მარლენი ერთმანეთს 1934 წელს ფრანგულ ლაინერზე, „ილ დე ფრანს“-ზე, შეხვდნენ. ჰემინგუეი პარიზის გავლით აფრიკაში ბრუნდებოდა, მარლენი კი ჰოლივუდს მიემგზავრებოდა - იგი ნათესავების მოსანახულებლად იყო ჩასული სამშობლოშო, რაც მისი უკანასკნელი ვიზიტიც აღმოჩნდა ფაშისტურ გერმანიაში. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, თუმცა, შეყვარებულებს შორის მიმოწერა მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაიწყო, როცა ერნესტი - 50-ის, ხოლო მარლენი 47 წლის გახდა, და მწერლის თვითმკვლელობამდე - 1961 წლამდე გაგრძელდა. როგორც ამბობენ, ჰემინგუეისა და დიტრიხს შორის ინტიმური კავშირი არ ყოფილა.
ვინ გახდება 2007 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიის მფლობელი
ბუკერის საერთაშორისო პრემიაზე წარდგენილი 15 მწერალი ჟიურის ვერდიქტს ელოდება. ნომინანტების სია უკვე გამოცხადდა. მარგარეტ ეტვუდი, იან მაკიუენი, დორის ლესინგი, ჯონ ბენვილი, კარლოს ფუენტესი, მიშელ ტურნიე, ფილიპ როტი, დონ დელილო, მაიკლ ონდაჩე, ელის მონრო, ამოს ოზი - ისრაელიდან და ჩინუა აჩებე - ნიგერიიდან. ერთ-ერთი მათგანი ლიტერატურულ გვირგვინს მოირგებს და საპრიზო ფონდს - 60 ათას ფუნტ-სტერლინგსაც მიიღებს. ბუკერის საერთაშორისო პრემია 2004 წელს დაარსდა. ბრიტანული ბუკერისგან განსხვავებით, დაჯილდოება წელიწადში ორჯერ ტარდება; ჯილდოვდებიან ინგლისურ ენაზე თარგმნილი ავტორები შემოქმედებისთვის და არა კონკრეტული რომანისთვის. 2007 წლის ლაურეატის ვინაობა ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.
ფრანგული ჯილდო სამხრეთ აფრიკელს
ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ნადინ გორდიმერი, რომლიც ცნობილია თავისი ნაწარმოებებით რასობრივი იზოლაციის სისასტიკესა და ვანდალიზმზე, ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სამხრეთ აფრიკელთაგანი გახდა, რომელმაც საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო - საპატიო ლეგიონის ორდენი მიიღო. გორდიმერის დაჯილდოების ცერემონიალი პრეტორიაში შედგა, სამხრეთ აფრიკაში საფრანგეთის ელჩის - დენის პიეტონის სახლში. პიეტონის თქმით, საფრანგეთმა პატივისცემა და მოწიწება გამოხატა მწერლის მიმართ, რომლის ღვაწლიც ძალიან დიდია მსოფლიოს წინაშე. 83 წლის გორდიმერი გაეროს განვითარების პროგრამის მისიონერია. მისი რამდენიმე რომანი ერთ ხანს სამხრეთ აფრიკაში აკრძალული იყო, თუმცა კი 1991 წელს მწერალს ნობელის პრემია მიანიჭეს. გორდიმერი ცნობილია წიგნებით „სიცრუის დღეები“, „ივლისის ადამიანები“ და „გარემოს დამცველი“.
ევროპაში მთარგმნელებს წაახალისებენ
გერმანელი ბარბარა ქლაინერი 2007 წლის საუკეთესო ევროპელი მთარგმნელის ჯილდოს მიიღებს. ევროპის მთარგმნელთა კოლეგიის (EЬK) ჟიურიმ 55 წლის ქლაინერი იტალიელი მწერლის, იპოლიტო ნიევოს წიგნის - „იტალიელის აღსარებანის“ - თარგმნისთვის წლის საუკეთესო მთარგმნელად აღიარა და 25 ათასი ევროთი დააჯილდოვა. ბარბარას ჯილდო 25 ივნისს გადაეცემა. ევროპის მთარგმნელთა კოლეგიის (EЬK) დაარსებას ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, თუმცა, საბოლოო და ჩამოყალიბებული ორგანიზაციის სახე 1992 წელს მიიღო. დღეს კი უკვე მისი რეზიდენცია 2500 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი და, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ ჯილდოს გასცემს ლიტერატურის სფეროში, მთარგმნელებს იდეალურ სამუშაო პირობებს უქმნის - აქ არის ბიბლიოთეკა, 30-მდე მყუდრო ოთახი, სამზარეულო, სტუმრების მისაღები - და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ
„ფრანკენშტეინის“ სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ
მკვლევარის, ჯონ ლაურიტსენის გამოძიებამ ბოლო ხანებში ჩამკვდარი დავა გამოაცოცხლა. ლაურიტსენის მტკიცებით, „ფრანკენშტეინის“ ავტორი სულაც არ არის მერი შელი. მკვლევარის ახალი წიგნი - „კაცი, რომელმაც „ფრანკენშტეინი“ დაწერა“, მხოლოდ შემდეგ თვეში იხილავს დღის შუქს, თუმცა, საუბრები მის გარშემო უკვე დაიწყო. ლაურიტსენის აზრით, „ფრანკენშტეინს“ ვერ დაწერდა თვითნასწვლი, არაკომპენტენტური გოგონა და, შესაბამისად, რომანის ავტორი მერის მეუღლე, პოეტი პერსი ბიში შელია. ლაურიტსენის რწმენით, „ფრანკენშტეინის“ თემა სინამდვილეში მამაკაცებს შორის სიყვარულია, პერსიმ კი წიგნში ამ სიყვარულის თავისებური ინტერპრეტაციის კოდირება ჩადო და, რა თქმა უნდა, თავისი სახელით ეს ვერ გაბედა. აღსანიშნავია, რომ თავად ჯონ ლაურიტსენი ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის აქტივისტია.
IMPAC-ი ქალ მწერლებს არ ცნობს
IMPAC-ის ლიტერატურული პრემიის ორგანიზატორებმა კონკურსანტთა 138-კაციანი გრძელი სია რვა ნომინანტამდე შეამცირეს, და თანაც ისე, რომ სიიდან ამოიღეს მდედრობითი სქესის ყველა მონაწილე. 100,000 ევროიანი ჯილდოსათვის ერთმანეთს სამი ბრიტანელი მწერალი - ჯულიან ბარნსი, სალმან რუშდი და პიტერ ჰობსი - ეჯიბრება. ლიტერატურის სფეროში IMPAC-ი მსოფლიოში ყველაზე დიდ ფულად პრემიას გასცემს (ნობელის შემდეგ), მაგრამ ყველაზე მეტად არაპროგნოზირებადია. ნომინანტთა სიაში მოხვდნენ ისეთი სახელებიც, როგორებიცაა კაზუო იშიგურო, ჯონ ბენვილი, იან მაკიუენი და ჰარუკი მურაკამი. 2007 წლის 14 ივლისს გამარჯვებულს ჟიურის საერთაშორისო ჯგუფი გამოავლენს, რომლის თავმჯდომარეც ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მთავარი მოსამართლე - იუჯინ სალივანია. სხვადასხვა დროს IMPAC-ის ლაურეატები იყვნენ ორჰან პამუკი და მიშელ უელბეკი.
ფილიპ როტი გარდაცვლილი მეგობრის სახელობის ჯილდოს იღებს
ფილიპ როტის გაკვირვება ლიტერატურული პრემიებით, ცოტა არ იყოს, ძნელია, მაგრამ მისი ბოლო ჯილდო მაინც განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსი გახდა: მწერალი პირველია, ვისაც სოლ ბელოუს სახელობის პრემია მიენიჭა ამერიკული მხატვრული ლიტერატურის განვითარებისთვის. ნობელიანტი მწერლის სახელობის ჯილდო 40 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.
საინტერესოა, რომ ბელოუ როტის უახლოესი მეგობარი იყო. „ჩემი აზრით, ბელოუ და ფოლკნერი 20-ე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ღერძს ქმნიან“, - ამბობს როტი. 74 წლის მწერალი უკვე არის პულიცერის, წიგნის ნაციონალური პრემიისა და კრიტიკოსთა წრის ნაციონალური ჯილდოს მფლობელი. ასევე პირველია, ვინც ზედიზედ სამჯერ გახდა ფოლკნერის სახელობის პრემიის ლაურეატი.
![]() |
21.9 ახალი წიგნები |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა - ახალი წიგნები
აკა მორჩილაძე, „ქაღალდის ტყვია“ (მცირე რომანი, მოთხრობები); თბ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2006.
ვერავაკური ხალხური ზღაპარი, თბილისი - სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულში: ოკეანის გაღმა თუ გამოღმა, ურალის ქედს აქეთ თუ იქით, შავი ზღვის ჩრდილო თუ სამხრეთ, აღმოსავლეთ თუ დასავლეთ სანაპიროზე; ამ სამყაროს ცენტრი კი - საბურთალოელი თემო, იგივე აჰმედ კაიაა. „ქაღალდის ტყვია“ სტამბოლში მცხოვრები ქართველი ოინბაზის ახალ თავგადასავლებზე გვიამბობს. მცირე რომანის გარდა წიგნში შესულია მოთხრობების ციკლი „მოგონებები ჩემი მეგობარი კაი ბიჭის ცხოვრებიდან“, რომელიც პირველად ჟურნალ „არილში“ დაიბეჭდა.
პატრიკ ზიუსკინდი, „სამი ამბავი და ერთი დაკვირვება“, მთარგმნელი რუსუდან ბეჟაშვილი, თბ, „ლოგოს პრესი“, 2007.
როგორ გავხადოთ ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები „ღრმა“; დგება თუ არა დრო, როცა უნდა დავტოვოთ სათამაშო მოედანი, მოუხედავად იმისა, რომ მოგება გარანტირებული გვაქვს; ვეძებოთ თუ არა სამყაროს საწყისი არც მეტი, არც ნაკლები - ნიჟარაში? კითხვები, რომლებზეც პასუხს პატრიკ ზიუსკინდის „სამ ამბავში“ იპოვით, ან, ვერ იპოვით. და თუ ისე მოხდა, რომ „ბიძგი სიღრმისკენ“, „ბრძოლა“ და „მეტრ მუსარის ანდერძი“ აქამდეც წაკითხული გქონიათ და ეს მხოლოდ ახლა, ამ წიგნის გადაკითხვის შემდეგ აღმოაჩინეთ, ნუ შეშფოთდებით, უბრალოდ, იქვე „ერთ დაკვირვებასაც“ გადაავლეთ თვალი და მიხვდებით, რომ თქვენ არაფერი განსაკუთრებული არ გჭირთ - ეს მხოლოდ ლიტერატურული ამნეზიაა. არ გამოვრიცხავ, ეს ერთი დაკვირვებაც ოდესღაც წაკითხული გქონდეთ.
ირაკლი ბერიაშვილი, „თომა“ (რომანი); თბ. „სიესტა“, 2006.
სამყარო, რომელიც სათამაშო მაგიდის გარშემო იწყება და მთავრდება; საგნების და მოძრაობების ესთეტიკა, რომელსაც მხოლოდ ბანქოს მოთამაშეები აღიქვამენ, ფერადი ჩიპები, აჭრელებული მართკუთხა ქაღალდები, სავსე საფერფლეები - სიმბოლოები, რომლებთან ერთადაც პოკერის თამაში ცხოვრება ხდება - თავისი ტკივილებით, სიხარულებით, იმედგაცრუებით, გამართლებით; თომა ამ ცხოვრების ერთ-ერთი პერსონაჟია, აქტიური მოთამაშე - მოლოდინებით, წუხილებით, სილაღეებით და გამართლებაარგამართლებით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბანქოს მოთამაშეებისთვისაც კი მაგიდის მიღმა არსებობს ცხოვრება, რომელიც ხშირად გაცილებით უფრო რთული და სარისკო თამაშია, ვიდრე პოკერი. ირაკლი ბერიაშვილის „თომა“ ერთი ადამიანის ორ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
არჩილ სულაკაური, „სალამურას თავგადასავალი“, ზღაპარი, თბ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2007, საიუბილეო გამოცემა.
ციცინათელების მწყემსი ბაია განსაცდელში აღმოჩნდა - ქონდარეთის ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ სათნო მზეთუნახავთან თამაში მოინდომა, შიკრიკებმაც ჭირვეულ უფლისწულს სურვილი შეუსრულეს - გოგონა მოიტაცეს და ქონდარეთის ტახტის მემკვიდრეს მიჰგვარეს. თუმცა, ბაია გასაჭირში მარტო არ დარჩენილა - მეგობარი სალამურა ციცინათელების მზეთუნახავის გადასარჩენად შორეულ მოგზაურობაში გაემართა, ქვეყნიერება მოიარა და თვითონაც არაერთხელ ჩაიგდო თავი განსაცდელში. პატარა ბიჭუნას თავგადასავალი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია. ზღაპარი სიკეთესა და მეგობრობაზე უამბობს პატარებს, მხიარული ილუსტრაციები კი ბავშვებს წიგნის გმირების უკეთ გაცნობაში დაეხმარებათ.
ლელა სამნიაშვილი, „მუდმივი ტატუ“ (ლექსები); თბ. „სიესტა“, 2006.
ჯიბით წაღებული როიალის კლავიშები, კოლბაში ნაგროვები ოკეანე, ფრჩხილებში დამალული იასამნის მარცვლები და კოცნა-ტკივილის ცვალებადი დოზები - მთელი ეს პოეტური ეშმაკობა ლელა სამნიაშვილმა ახალ წიგნად შეკრა და მკთხველს მიაბარა. წიგნში 2005-2006 წლებში დაწერილი ლექსებია შესული და მისი სახელიც გამართლებულია - მათ, ვისაც პოეზია უყვართ, ახალი კრებული „მუდმივ ტატუდ“ დარჩებათ. „მუდმივი ტატუ“ ლელასთვის პირველი წიგნი არ არის. აქამდე გამოვიდა მისი ორი პოეტური კრებული - „ფოტო-აბები (2000)“ და „გველის წელიწადი (2004)“.
მიხეილ ჭაბაშვილი, „მოგონებები“, რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, თბ, „დიოგენე“, 2006.
მოგონებებად აკინძული მთელი საუკუნე, საინეტერსო ადამიანები, თავგადასავლები, ამბები უახლესი ისტორიის ასწლეულიდან; ეპიზოდები და ფრაგმენტები, რომლებიც ისტორიის ნაწილია და მათი მოყოლა თავისთავად ქმნის ისტორიას. მიხეილ ჭაბაშვილის „მოგონებები“ 1990-1991 წლებშია დაწერილი. როგორც თავად ენათმეცნიერის ჩანაწერებში ვკითხულობთ, თავიდან იგი ზეპირსიტყვიერად ჰყვებოდა ამ ამბებს, შემდეგ, მეგობრის თხოვნით და წაქეზებით, ფურცელზეც გადაიტანა, ოღონდ, თავისი ოჯახისთვის და არა - გამოსაქვეყნებლად. დღეს უკვე მისი „მოგონებების“ წაკითხვით ყველას გვაქვს საშუალება, დროებით მაინც დიდი ენათმეცნიერის ოჯახის წევრები გავხდეთ. მიხეილ ჭაბაშვილის სახელს ქართულ ენაზე გამოცემული არაერთი ლექსიკონი უკავშირდება და დღეს ეს სახელი ისტორიის კუთვნილებაა.
ნორმან მეილერი
„ციხე-სიმაგრე ტყეში“
The Castle in the Forest
by Norman Mailer
496გვ, Lიტტლე, Bროწნ
მომხიბვლელი, ჭკვიანი და დახვეწილი დიტერი ხომალდზე ელიტარული სერვისით სარგებლობს, მაგრამ სრული კომფორტისთვის მას სულ სხვა რამ სჭირდება - არცაა გასაკვირი, დიტერი ხომ თვით სატანაა. თავისი განსაკუთრებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იგი გამოსავალს პოულობს - წერას იწყებს, თანმიმდევრულად გვიყვება, თუ როგორ შექმნა ადოლფ შიკლგრუბერისგან მიზანთროპი და შეუბრალებელი ფიურერი - ჰიტლერი. ნორმან მეილერის წიგნი ეშმაკეული ბუნების თვისებრივი კვლევაა, მწერალი გვაჯერებს, რომ „ბოროტებად“ და „ცუდებად“ არ იბადებიან; როდესაც ახალშობილი ქვეყანას ევლინება, მას არ დაჰყვება მოძალადისა და მკვლელის უნარები. ამ თვისებებს იგი მშობლების ზეგავლენისგან, გარემოსგან და სხვა ფაქტორებისგან იძენს.
ფილიპ დელერმი
„არენბერგის ღრმული და სპორტისგან მიღებული სხვა სიამოვნებანი“
La tranchйe d'Arenberg et autres voluptйs sportives Philippe Delerm
110 გვ, Panama
აქამდე, ალბათ, აზრადაც არ მოგსვლიათ თავში, აღმოგეჩინათ რამე ელეგანტური და მიმზიდველი ჩოგბურთის ფეხსაცმელების წყვილში, კორპის ბურთებსა ან სავარჯიშო სპორტულ ტანსაცმელებში; არც არასდროს გიფიქრიათ, რომ სპორტი მთელი თავისი არსით შეიძლება ესთეტიური ტკბობის ერთ-ერთი საშუალება იყოს და „სპორტული კულტურა“ არსებობდეს... მაშინ, დროა, ახალი განცდებისთვის მოემზადოთ და ფილიპ დელერმის ბოლოდროინდელ ტექსტებს გადაავოთ თვალი. წიგნი მხოლოდ დელერმისთვის დამახასიათებელი ენითა და მანერულობით გამოირჩევა, მას სრულყოფილებამდე აჰყავს სპორტი, თანაც ამ ყველაფერს გამჭვირვალეობის, მსუბუქი იუმორისა და პატარა, კეთილი თავგადასავლების ფონზე ახერხებს.
ჰენრი ჯეიმსის წერილების სრული კრებული, I და II ტომი, 1855-1872.
The Complete Letters of Henry James Volumes 1 & 2:
1855-1872 391 გვ/524 გვ, University of Nebraska Press.
25 წლის ჰენრი ჯეიმსმა ამერიკიდან ლივერპულში სრულიად მარტომ ჩააღწია. ოკეანის გადალახვის შიშსა და ნერვიულობას შეიძლებოდა სხვა ნებისმიერზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა, მაგრამ ჯეიმსის შემთხვევაში ჭკვიან, დაკვირვებულ ახალგაზრდასთან გვაქვს საქმე - იგი წერილების წერას იწყებს. ავტორი თხრობისას ჰარმონიულად უთავსებს ერთმანეთს ზუსტ ფაქტებსა და ფანტაზიის ნაყოფს, ლიტერატურულ ენას და ჟარგონებს. მისი პროდუქტიულობა კოლოსალურია - როდესაც რედაქტორებმა წერილებს სრულად მოუყარეს თავი, აღმოჩნდა, რომ მათი გადანაწილება 140 წიგნად შეიძლება. თქვენ წინაშე ტომეულის პირველი ორი ნაწილია, რედაქტორები ჯერ არ რისკავენ იმ თარიღის ზუსტად დასახელებას, როცა წერილების 140-ვე ტომის გამოცემა დასრულდება.
პეტერ ჰანდკე
„კალიუმი“ ზამთრისპირა ამბავი
Peter Handke
„Kali“ Die Vorwintergeschichte
160 გვ, Suhrkamp
მომღერალი ქალი დამღლელი ტურნეს შემდეგ გადაწყვეტს, განტვირთვისთვის სამოგზაუროდ წავიდეს. ასე აღმოჩნდება ის მეტად უცნაურ ადგილას - იქ, სადაც ნიადაგი კალიუმის მარილებითაა გაჯერებული და, ამიტომ, ზაფხულშიც კი მთების კალთები თოვლივით თეთრია; აქ წელიწადის ნებისმიერ დროს ზამთარია და აქვე ხვდებიან ერთმანეთს სამყაროს ყველაზე უცნაური ბინადრები - „მესამე მსოფლიო ომგადატანილები“ - იმ ომისგან გადარჩენილები, რომელიც უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს, ფარულად, თუმცა დიდძალი მსხვერპლით. ჰანდკე ქმნის სამყაროს, რომლის გარემოცვაშიც ახერხებს თხრობის სპეციფიკური, ორიგინალური მანერით ჩამოაყალობის საკუთარი შეხედულებები. „ჰანდკეს სამყარო - ის განზომილებაა, რომელში შეღწევაც დღემდე სხვა ვერც ერთმა ავტორმა ვერ გაბედა“, - ასე შეაფასა ციურიხის „ახალმა გაზეთმა“ წიგნი.
დერეკ უელკოტი
რჩეული ლექსები
Selected Poems
by Derek Walcott
400 გვ, Faber
ლექსების ახალმა კრებულმა კიდევ ერთხელ დაასტურა, რომ დერეკ უოლკოტი ტყუილად არ არის აღიარებული „ფორმების ოსტატად“. მეოცე საუკუნის ინგლისურენოვანი პოეზია ავტორების არც თუ ისე მცირე რიცხვს ითვლის, მაგრამ მხოლოდ ცოტამ თუ შეძლო, შეწინააღმდეგებოდა მიღებული და ათასგზის გადაღეჭილი კონვენციების დინებას, გადაელახა თვითდამკვიდრების სურვილი, ექცია ცხოვრება პოეზიის ექოდ და არა - პირიქით. სენტლუისელი პოეტი 1992 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია.
„იგი პოპი: გაიხსენი და სისხლი გამოუშვი“
პოლ ტრინკა
Iggy Pop: Open Up and Bleed
by Paul Trynka
431 გვ, Sphere
რისი ბრალია იგი პოპის ბოლო წარუმატებლობა, ან რატომ ვერ აუწყო ფეხი ერთ დროს რეიტინგულმა მომღერალმა თანამდეროვე მუსიკალურ ტენდენციებს? იქნებ ასაკმა იმოქმედა? - პოპს ხომ მალე 60 წელი უსრულდება... - მსგავს შეკითხვებზე პოლ ტრინკა ზუსტ პასუხებს ვერ იძლევა, სამაგიეროდ, იგი თავს უყრის ამ არაპროგნოზირებადი არტისტის ქაოტური ცხოვრების ისტორიებს და ერთ წიგნში აერთიანებს ყველა გარყვნილებასა და ამორალურ საქციელს, რომელთა წარმოდგენაც კი შესაძლებელია როკის ისტორიაში: მცირეწლოვანთა გარყვნა, ნარკოტიკებით ბოროტად სარგებლობა, ძალადობა, ჰომოსექსუალიზმი. წიგნი ასევე შეიცავს ილუსტრაციებს, სადაც მომღერლის სხვადასხვა ეპატაჟური სურათის გარდა, ადრეული საარქივო მასალებიც არის.
![]() |
22 რადიო „უცნობის“ ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო კლასიკოსების გაცოცხლებული პოეზია
ყოველდღე, დღეში 8-ჯერ, ცნობილი ქართველი მსახიობები რადიო „უცნობის“ ეთერში. მოუსმინეთ მსოფლიო კლასიკოსების გაცოცხლებულ პოეზიას მათი დაბადების თარიღიდან ერთი კვირის განმავლობაში;
ყველა ეპოქის მგოსანი: შექსპირი, ბოდლერი, გალაკტიონი, შოთა ნიშნიანიძე, ლადო ასათიანი, ანა კალანდაძე, რატი ამაღლობელი და სხვ.
კვირის განმავლობაში 28 ლექსი.
უსმინეთ რადიო „უცნობს“, გადაეშვით პოეზიის მორევში და ისიამოვნეთ!
www.ucnobifm.ge