![]() |
ენერგეტიკა №2 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კალანდაძე გიორგი, ტაბატაძე თამარ, ჯანაშია ნანა, მამულაშვილი ეთერ, ხორბალაძე თამარ |
თემატური კატალოგი ენერგეტიკა |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 1996 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საზოგადოების ვალდებულება ენერგეტიკის სექტორში. ჩანართი №2 აგვისტო რედკოლეგია: თამარ ხორბალაძე, ნინო ზურიაშვილი, გიორგი კალანდაძე, დათო კაკაბაძე, ნინო ამონაშვილი, ვეკო ჭკადუა პროექტი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით თავისუფლების ინსტიტუტი თბილისი 0108, გრიბოედოვის 23, ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84, ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge, www.liberty.ge დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭონქაძის ქ. N14ბ; ტელეფონი: 92 39 46; ელ-ფოსტა: info@cenn.org; ვებ–გვერდი: www.cenn.org |
![]() |
1 მაღალია თუ დაბალი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კალანდაძე
ამბობენ, რომ ელექტროენერგიის მოქმედ ტარიფში ბევრი ჰაერია, რომ მასში გათვალისწინებულია მხოლოდ ენერგოკომპანიების ინტერესი და რომ ტარიფის გამოთვლის არსებული წესი არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ სატარიფო პოლიტიკა არაერთხელ ქცეულა სხვადასხვა დონეზე კამათის საგნად, ცალსახა პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვაზე - არის თუ არა ტარიფი რეალურზე მაღალი - მაინც არ არსებობს.
საქართველოს კანონმდებლობით, ელექტროენერგიის ტარიფი ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) უნდა დაადგინოს, მაგრამ პრაქტიკაში ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები. ტარიფის თემა მომგებიანია პოლიტიკური პარტიებისათვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს საკითხი სარფიანი ვაჭრობის საწინდარია სადისტრიბუციო კომპანიებისათვის, მით უფრო, თუ სემეკში ტარიფის გაზრდის თაობაზე განაცხადის განხილვა ზამთრის დადგომამდე მცირე ხნით ადრე მიმდინარეობს. ზამთარი კი საქართველოში, მოგეხსენებათ, როგორი ენერგოკრიზისით გამოირჩევა. ამდენად, ნებისმიერი პოლემიკა იმის თაობაზე, რამდენად რეალურია ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში, პრინციპში, პოლიტიკური თუ კომერციული ან სხვაინტერესების მატარებელია. საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდეგ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ქვეყანა მხოლოდ საკუთარი ენერგორესურსებით მოთხოვნილებებს ვერ დაიკმაყოფილებდა, საქართველო სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ენერგომომარაგება განსაკუთრებით უარესდებოდა ზამთრის პერიოდში, როდესაც ელექტროენერგიით შედარებით უკეთესად უზრუნველყოფილ თბილისშიც კი 4-6-საათიანი გრაფიკი იყო დაწესებული. ასეთ დროს საუბარი ელექტროენერგიის ტარიფზე, რომელიც მაშინ ერთ კილოვატსაათზე ჯერ - 4, შემდეგ კი 6 თეთრი იყო, ნაკლებად მიმდინარეობდა.ტარიფის თემა აქტუალური თბილისის სადისტრიბუციო კომპანია „თელასში“ ამერიკელი ინვესტორის“ ეი-ი-ეს-ის“ მისვლის შემდეგ გახდა.
თბილისში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგია 1999 წლის ივნისამდე 6 თეთრი ღირდა. პირველ ივნისს ძალაში შევიდა ახალი ტარიფი, რომლის თანახმადაც, ღირებულება თბილისში - 9 თეთრი, საქართველოს დანარჩენ ნაწილში კი 6 თეთრი გახდა. ამავე წლის პირველი სექტემბრიდან თბილისში ელექტროენერგიის ფასმა ისევ მოიმატა 9,8 თეთრამდე. თბილისის გარდა ტარიფი უცვლელი დარჩა. ფასის მომდევნო ზრდა 2001 წლის 15 ნოემბერს მოხდა, როდესაც სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში ელექტროენერგიის ფასი - 12,4 თეთრამდე, საქართველოს დანარჩენი რეგიონებისათვის კი 8 თეთრამდე გაიზარდა. 2002 წლის 15 ოქტომბერს ფასები კვლავ შეიცვალა: თბილისში - 13,7 თეთრი, საქართველოს დანარჩენ ნაწილში - 8,5 თეთრი. სემეკის ამ გადაწყვეტილებას თბილისში ლეიბორისტული პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა მოჰყვა. საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას მეტისმეტად ოპერატიულად შეუდგა და სემეკს ტარიფის გადახედვა და მისი შემცირება დაავალა.ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის თაობაზე ახალი დადგენილება 2003 წლის 1 მარტს მიიღო: თბილისში კილოვატსაათის ღირებულება - 12,18 თეთრი, საქართველოს სხვა რეგიონებში კი 7,6 თეთრის ფარგლებში დადგინდა.
სემეკი ტარიფის თემას ამავე წლის 15 აგვისტოსისევ დაუბრუნდა და დიფერენცირებული ტარიფი დააწესა. კერძოდ, ის აბონენტები, რომლებიც თბილისში თვეში 100 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, გადაიხდიდნენ 12,18 თეთრს. თუკი მოხმარება 100-სა და 200 კილოვატ/საათს შორის მერყეობდა, გადასახდელი იყო 13,73 თეთრი, 200-სა და 400 კილოვატ/საათს შორის კი - 15,29 თეთრი, 400 კილოვატ/საათს ზემოთ მოხმარების შემთხვევაში, ერთი კილოვატ/ საათი ელექტროენერგიის ფასი 16,85 თეთრი იქნებოდა. ანალოგიური მიდგომა იყო რეგიონალური აბონენტებისათვის: თვეში 75 კილოვატ/საათი - 8,4 თეთრი, 76-დან 150 კილოვატ/საათის ფარგლებში. 8,5 თეთრი და 151 კილოვატ/საათზე მეტი მოხმარების შემთხვევაში, აბონენტისათვისერთი კილოვატ/საათის ღირებულება 8,7 თეთრი იქნებოდა.
თბილისში დიფერენცირებული ტარიფის შემოღება „თელასის“ ახალი მეპატრონის „რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების“ თხოვნით გადაიდო. მათი განცხადებით, „თელასს“ ტექნიკურად არ შეუძლია ელექტროენერგიის ღირებულების დიფერენცირებული ტარიფით ამოღება. ტარიფი თბილისში 12,18 თეთრი დარჩა. დიფერენცირებული ტარიფი კი დღემდე მხოლოდ აჭარაში მოქმედებს, სადაც ენერგომომსახურებას ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანია აწარმოებს.
სატარიფო ციებ-ცხელება საქართველოში ამერიკული კორპორაცია „ეი-ი-ესის“ მიერ თბილისის სადისტრიბუციო კომპანია „თელასის“ აქციათა 75 პროცენტის ყიდვის შემდეგ დაიწყო. ამერიკული კორპორაცია, რომელმაც „თელასში“ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია დააბანდა, სემეკში ტარიფის გაზრდის განაცხადით შევიდა. ახალ ტარიფში, რომელიც ძალაში 1999 წლის პირველ ივნისს შევიდა, გაიზარდა არა მარტო „თელასის“, არამედ ყველა ჰიდროელექტროსადგურისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფები.
მოგვიანებით, სატარიფო დისკუსიებმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების დაცვის მოტივით, ამერიკული კორპორაციის წინააღმდეგ ლეიბორიტული პარტია გამოვიდა. ქუჩის აქციები საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელმა შეცვალა. ბოლო გადაწყვეტილება სემეკმა ასობით მომიტინგის გარემოცვაში მიიღო.
სემეკი საქართველოში 1998 წელს „ელექტროენერგეტიკისა და გაზის შესახებ“ კანონის თანახმად შეიქმნა. იგი დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოების, უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან. მანამდე ანალოგიური მარეგულირებელი ორგანო საქართველოში არ არსებობდა. ყველა ლიცენზიანტმა ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციასა და განაწილებაზე გაწეული მომსახურება, მომხმარებელმა კი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება მხოლოდ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით უნდა მოახდინოს. სემეკმა ტარიფის შეცვლის თაობაზე განაცხადი წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს. იმ შემთხვევაში, თუკი სემეკი ტარიფს მთლიანად ან ნაწილობრივ დაამტკიცებს, იგი ძალაში განაცხადის მიღებიდან 150 დღის შემდეგ შედის. გარდა ამისა, კანონის თანახმად, სემეკს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს ცვლილებები ელექტროენერგიის მოქმედ ტარიფში.
კანონი სემეკს არა მარტო ლიცენზიანტის, არამედ მომხმარებელთა ინტერესების დაცვასაც ავალდებულებს. 2002 წელს მიღებული კანონის „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებლების შესახებ“ მიხედვით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის სემეკში სპეციალური სამსახური შეიქმნა. ამ სამსახურის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ სემეკის მიერ მიღებული სატარიფო გადაწყვეტილებები საქართველოს კანონმდებლობის უგულებელყოფითა და სახელმწიფო ენერგოაქტივების მიმართ გაუაზრებელი სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველზე მიიღება. მოხსენებაში მოცემულია ის პრინციპები, რომელიც სემეკმა ტარიფის გამოთვლისას უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ, ტარიფში მხოლოდ დარგის კვლავწარმოებისათვის აუცილებელი კომპონენტები და მიღებული მომსახურებიდან პირდაპირ გამომდინარე გადასახადები უნდა შევიდეს, გარდა ამისა, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას კუთვნილი ენერგოაქტივებიდან დივიდენდებისა და იჯარის ქირის მიღებაზე. ამასთან, ენერგოაქტივების პრივატიზებიდან ამონაგები თანხები სახელმწიფომ ენერგოსექტორს უნდა მოახმაროს. სახელმწიფო გარანტიით გაცემულ სესხებზე სახელმწიფომ არ უნდა დაამატოს თავისი კუთვნილი საპროცენტო განაკვეთი. მოხსენებაში მი- თითებულია, რომ სატარიფო გადაწყვეტილების მიღებისას, სემეკმა კანონით დადგენილი წესითუნდა იხელმძღვანელოს.
საზოგადოებრივი დამცველის მოხსენებაში მოცემულ რეკომენდაციებზე სემეკში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. თუმცა კომისიაში აცხადებენ, რომ ტარიფის გამოთვლის წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავენ.
![]() |
2 ელექტროენერგიაც პროდუქტია |
▲ზევით დაბრუნება |
ადგილობრივი შესაძლებლობის გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ენერგოსექტორის ეფექტური მართვისათვის“, _ ამ რთული დასახელების პროექტს საკმაოდ მარტივი მიზანი აქვს: ენერგომომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და მათი აქტივობის გაზრდა ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.
პროექტს თავისუფლების ინსტიტუტის პარტნიორი ორგანიზაცია _ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ი (Caucasus Environmental NGO Network) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს. უფრო დეტალურად საპროექტო აქტივობების შესახებ თავად CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია გვესაუბრება: ეკონომიკურ და ენერგო საკითხებში გათვითცნობიერებული მოსახლეობა, ბუნებრივია, უკეთ შეძლებს, ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვას. ჩვენი პროექტიც, რომელიც თბილისის ექვს უბანში (ავლაბარი, დიდუბე, ვარკეთილი, ნაძალადევი, ნუცუბიძე, ოქროსუბანი) ხორციელდება, სწორედ ამ მიზანს ისახავს.
ხსენებულ უბნებში ადგილობრივ დონეზე ვაყალიბებთ ელექტროსერვისის მომხმარებელთა ასოციაციებს - ESCA (Energy Services Consumers Association), რომლებიც სამომხმარებლო წესებისა და უფლებების ჩამოყალიბებას, მომხმარებელთა- თვის მათ გაცნობასა და ასევე ენერგოსფეროში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მათ საადვოკატო მომსახურებას გაუწევს. ვცდილობთ, დავარწმუნოთ მოსახლეობა, არ დაიტაცონ ელექტროენერგია და გადაიხადონ დახარჯული ელექტროენერგიის საფასური. კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მიზნით, ჩვენ გვინდა, რომ დაფუძნდეს რაღაც შუალედური რგოლი კერძო სექტორს ანუ თელასს, სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. დღემდე, ენერგოკრიზისში სამივე რგოლს მიუძღოდა დანაშაული: მთავრობა, რომელიც ძლიერ კორუმპირებული იყო და მანკიერი მმართველობით გამოირჩეოდა, სერიოზულ პოლიტიკურ დაწოლას ახორციელებდა ენერგოსექტორზე, კერძოდ კი სემეკზე. არადა, წესით, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისია (სემეკი) აბსოლუტურად აპოლიტიკური უნდა იყოს. თელასი არღვევდა მომხმარებელთა უფლებებს და მისი თანმშრომლები კორუფციულ გარიგებებში შედიოდნენ მომხმარებლებთან, ხოლო მომხმარებლები, თავის მხრივ, ელექტროენერგიის დატაცებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების ხელსაყრელ შემთხვევას ხელიდან არ უშვებდნენ. ეს ყოველივე საკმაოდ მწვავედ აისახა ენერგეტიკის სფეროზე.
CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია
არღვევენ თუ არა ენერგოკომპანიები დღეს მომხმარებელთა უფლებებს და რაში გამოიხატება ეს?
2001 წლის სემეკის დადგენილებით, თელასს 2001 წლის 31 დეკემბრამდე ყველა კატეგორიის მომხმარებელთან უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულებები. ხელშეკრულების ფორმა კი არის შემუშავებული, მაგრამ ეს პირობა არ შესრულებულა. თუმცა ეს დიდად არ უშლის ხელს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, რადგანაც საქართველის კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საკმაოდ კარგად არეგულირებს მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებს.
არ შესრულებულა არც თელასის პირობა - შემოსვლიდან სამ წელიწადში მოეხდინა თბილისის გამრიცხველიანება. არსებობს უბნები, სადაც გამრიცხველიანება საერთოდ არ მომხდარა. ავლაბარში მთელ უბანში მოპარულია მრიცხველები, არადა, წესით, თელასი ვალდებულია, უზრუნველყოს მრიცხველების ხელახალი დამონტაჟება. ავლაბარში ელექტროენერგიის აღრიცხვა ფაქტიურად არ ხდება და შესაბამისად, არც დახარჯული ელექტროენერგიის ამოღება ხდება, რის გამოც თელასის კომერციული ზარალი იზრდება, რაც, თავის მხრივ, ტარიფზე აისახება. შედეგი კი ის არის, რომ გაზრდილი ტარიფის გადახდა და იმ თანხის დაფარვა, რაც სხვამ დაიტაცა, პატიოსან გადამხდელს უხდება.
ავლაბარსა და ვარკეთილში გამოვლინდა საცხოვრებელი ფართის მიხედვით ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის ფაქტებიც, რაც არაკანონიერია. ძველი ვალების დაკისრება ფართის მიხედვით აკრძალულია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ფიქსირებული გადახდის მეთოდი გააუქმა. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) შეთანხმებით გადაწყდა, რომ მრიცხველის არქონის შემთხვევაში, არსებობს გადახდის ორი მეთოდი: ერთია ენერგოკომპანიასა და მომხმარებელს შორის ნებაყოფლობითი შეთანხმება საშუალო თანხაზე, რისი შესაბამისი ელექტროენერგიის გახარჯვაცმოხდება აბონენტის მიერ. მეორეა დადგმული სიმძლავრის დაანგარიშების მეთოდი, ამ დროს ხდება ბინაში ან რაიმე ფართში მყოფი ყველა ელექტრომოწყობილობის აღრიცხვა, ხარჯის დადგენა მათი სიმძლავრისა და მუშაობის საათების მიხედვით.
მომხმარებელს აინტერესებს ასევე, თუ როგორ აინაზღაუროს უხარისხო ელექტროენერგიის მიწოდების შემთხვევაში წარმოქმნილი ზარალი. ასეთი შემთხვევები კი საქართველოში საკამაოდ ხშირია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, უხარისხო პროდუქციის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისთვის, მიუხედავად იმისა იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება პროდუქციის მომწოდებელს ანუ თელასს.
არსებობს თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ?
თელასის ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა 24 საათიანი ელექტროენერგიით მომარაგებაა, რაც ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო არ ხდება. ესეც მომხმარებელთა უფლების სერიოზული დარღვევაა. ჩვენი მუშაობის პროცესში გამოვლინდა საკმაოდ პარადოქსული შემთხვევა იმავე ავლაბარში: იქ, სადაც ფაქტიურად ელექტროენერგიის აღრიცხვა თითქმის არ ხდება, 24 საათიანი ელექტრომომარაგებაა, ხოლო კარგ გადამხდელ უბნებს ხშირ შემთხვევაში ელექტროენერგია ეთიშებათ. ზოგიერთი სპეციალისტი გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს სპეციალურად ხდება, რათა მოხდეს მოსახლეობაში ვალების დაგროვება.
ვალების დაგროვების პრაქტიკას ადრე მსხვილი საწარმოებიც მიმართავდნენ. რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ?
გეთანხმებით, ასეთი პრაქტიკა მართლაც არსებობდა. მაგალითად, „აზოტი“ და სხვა მსხვილი საწარმოები არ იხდიდნენ ელექტროენერგიის საფასურს და მიუხედავად ამისი მათ ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდებოდათ, რადგანაც ასეთი მითითება უშუალოდ შევარდნაძის უწყებიდან მოდიოდა. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია სისტემის რღვევა. როგორც დღეს თელასი აცხადებს, მსხვილ გადამხდელებთან მათ პრობლემები ნაკლებად აქვთ, ისინი ასე თუ ისე, იხდიან. 1989 წლამდე „თელასის“ ძირითადი მომხმარებელიინდუსტრია იყო, ხოლო მოსახლეობა მომხმარებელთა დაახლოებით 20%25-ს შეადგენდა. დღეს განსხვავებული ვითარებაა: მოსახლეობა თელასის მომხმარებელთა 80%25 შეადგენს, ანუ ძირითადი გადამხდელი სწორედ თბილისის მოსახლეობაა.
მოსახლეობა დიდი ხნის მანძილზე შეჩვეული იყო ელექტროენერგიის დატაცებას ან მასში სიმბოლური თანხის გადახდას, შესაბამისად ის ელექტროენერგიას როგორც პროდუქტს ვერ აღიქვამდა.
გეთანხმებით, ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევაგნებინოთ, რომ ენერგეტიკა ჩვეულებრივი ბიზნესის სფეროა და ელექტროენერგიაში ფული უნდა გადაიხადო. აღნიშნული ასოციაციები სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებენ.
ესაუბრა
თამარ ტაბატაძე
![]() |
3 გაყიდვაშია |
▲ზევით დაბრუნება |
ეთერ მამულაშვილი
ტოტალური პრივატიზაციის მორიგი ეტაპი საქრთველოში 15 სექტემბრიდან იწყება. 2004-2006 წლების საპრივატიზაციო გრძელ ნუსხაში 50-მდე ენერგეტიკის ობიექტი მოხვდა, თუმცა როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირწმუნება, სიის განახლება და ცალკეული ობიექტების დამატება პერიოდულად მოხდება. აღებული კურსის თანახმად კი, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ქართული ენერგეტიკა მთლიანად კერძო საკუთრებაში გადავა. გამონაკლისი შეიძლება „ ენგურჰესი“ აღმოჩნდეს, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ამოწურვამდე დარჩება.
გასაყიდად გამოტანილი 5 ჰესი, 29 გაზგამანაწილებელი კომპანია და ათზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების ენერგოობიექტი, პოტენციურ მყიდველს ელის. ბიზნესმენები, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ საკუთარი ფული ქართულ ენერგეტიკაში დააბანდონ, მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როცა ეკონომიკის სამინისტრო მათთვის სასურველი ობიექტის პრივატიზაციის საბოლოო თარიღს გამოაცხადებს. განსაკუთრებულინტერესს ინვესტორები, როგორც ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ საპრივატიზაციო ნუსხის პრეზენტაციაზე განაცხადა, ჰესების მიმართ იჩენენ.
პრივატიზაცია ელექტროენერგეტიკაში
საპრივატიზაციო ნუსხაში ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი ელექტროსადგური - „რიონჰესი“, „შაორჰესი“, „ლაჯანურჰესი“, „გუმათჰესი“ და „ძევრულაჰესი“ (ტყიბულჰესი) მოხვდა. მდინარე რიონზე მდებარე საქართველოს უმნიშვნელოვანესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადს უკვე კარგა ხანია სამთავრობო წრეებში „იმერეთისხუთ ჰესად“ მოიხსენიებენ. დღეს ეს სადგურები საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში პირველ ოცეულში შედიან. იმერეთის გასაყიდი ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 250 მეგავატს აღწევს, რაც სავსებით საკმარისია იმისათვის,რომ ამ რეგიონში ენერგოდეფიციტი არ იგრძნობოდეს.
ჰესების საწყისი ღირებულება ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, არ განუსაზღვრიათ. ამ ეტაპზე უცნობია ისიც, თუ რა ფორმით გაიყიდება ეს სადგურები - ერთ ლოტად, თუ ცალ-ცალკე.
ამ ჰესებს, ისევე როგორც სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ სხვა ელექტროსადგურებს, ერთი მთავარი პრობლემა აერთიანებთ - ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა. უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში მათ არ მიუღიათ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულების დაახლოებით 85-90 პროცენტი. ჰესების მიმართ დაგროვილმა დავალიანებამ კი უკვე ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწია, რის გამოც სადგურებზე წლების განმავლობაში ვერ ხორციელდება საჭირო სარეაბილიტაციო სამუშოები და შესაბამისად ვერ ხერხდება სადგურების საპროექტო სიმძლავრით გათვალისწინებული, დატვირთვა.
გარკვეული გეგმა, თუ როგორ შეიძლება ჰიდროელექტროსადგურები ძვირად გაყიდოს, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს:
„პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების პრივატიზაცია, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს მოსახლეობიდან ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებელის გაზრდას. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს იმას, რომ გამანაწილებელი კომპანიები გახდებიან გადამხდელუნარიანები ჰესებიდან მიღებული ელექტროენერგიის. ამის პარალელურად უნდა გაგრძელდეს ბიუჯეტიდან გარკვეული თანხების გამოყოფა ელექტროსადგურების რეაბილიტაციისთვის“, -
ამბობს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალეკო ხეთაგური, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ პირობების გათვალისწინების შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში ჰესები მომგებიანი საწარმოები გახდებიან და მათი ღირებულება დღევანდელთან შედარებით სულ მცირე ოთხჯერ გაიზრდება.
„დაახლოებით ეს იმ სიტუაციას გავს, როცა თქვენ რაღაც ნივთს ყიდით, რომელსაც უმნიშვნელო დეფექტი აქვს, რაც გასაყიდ ფასს ათი ლარით აგდებს. არადა ამ დეფექტის შერემონტება სულ რაღაც ერთი ლარი შეიძლება დაგიჯდეთ“, - დასძენს ის.
პრივატიზაცია გაზის სექტორში
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში 29 რაიონის გაზგამანაწილებელი კომპანია მოხვდა, რომელთა გაყიდვაში ექსპერტები პრობლემას ვერ ხედავენ, მეტიც მათი თქმით სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად „მოიშოროს თავიდან“ ეს საწარმოები. თუმცა შესაძლოა, ერთი პრობლემა მაინც გაჩნდეს, კერძოდ: გამოქვეყნებულ ნუსხაში წარმოდგენილი ოთხი გაზგამანაწილებელი კომპანიის - „წალენჯიხაგაზის“, „ჩხოროწყუგაზის“, „ბორჯომგაზისა“ და „ვანირაიგაზის“ აქციათა თითქმის 100 პროცენტი ამ ორიოდე წლის წინათ გაიყიდა. უფრო ზუსტად ოთხივე საწარმო, სხვა შვიდთან ერთად, ხელისუფლებამ სს. „იტერას“ მის მიმართ დაგროვილი დავალიანების სანაცვლოდ გადასცა. რბილად, რომ ვთქვათ ამ გაუგებრობას ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შემდეგნაირად ხსნიან:
„შესაძლოა, ამ გაზგამანაწილებელი საწარმოების რომელიმე სამმართველო ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია დარჩენილი და ახლა მის გასხვისებაზეა საუბარი“.
საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში მოხვდნენ ხონის, ხაშურის, ბაღდათის, გარდაბნის, ახმეტის, მარნეულის, ხარაგაულის, დუშეთის, საჩხერის, ჭიათურის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, წყალტუბოს, ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლის, ზუგდიდის, ყაზბეგის, ხობის, ფოთის, თერჯოლის, ზესტაფონის, მცხეთის, ზუგდიდისა და ქარელის რაიონების გაზგამანაწილებელი კომპანიები. დღეს თითოეული მათგანის მომხმარებელთა რაოდენობა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც კი 200-300 არ აღემატება, მაშინ როცა ექსპერტული გათვლებით, გაზგამანაწილებელ კომპანიას მინიმუმ 5000 მომხმარებელი სჭირდება იმისთვის, რომ საწარმომ არ იზარალოს.
სახელმწიფო ქონების გასაყიდ სიაში მოხვდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტი „საქგაზმშენი“, შპს „საქთხევადიგაზი“ და სს „საქტრანსგაზმრეწვი“-ს ბალანსზე რიცხული, საწესდებო კაპიტალში არშესული თხევადი აირის ჩამომსხმელი ბაზა ახალციხეში. საპრივატიზებოდ გამოტანილი გაზის საწარმოების უმეტესობით შესაძლოა, „იტერა“ დაინტერესდეს. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ კომპანია „იტერაში“, რომელიც ამ საწარმოების ყველაზე მსხვილი კრედიტორია (სახელმწიფოსთან ერთად). ამის მიუხედავად, კომპანია ობიექტთა აუქციონში მონაწილეობის მიღებას ჯერ არ აპირებს. „იტერას“ საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვედრილ ორგანიზაციათა უმეტესობას „იტერას“ მიმართ სოლიდური დავალიანება აქვს,
„თუმცა“ იტერა“ არ აპირებს, ამ ვალით ისარგებლოს და გაზის კომპანიების ვალში დათმობა მოითხოვოს.“
კომპანია სახელმწიფოს ამ ვალების გასტუმრებას სთხოვს და თუ კუთვნილი თანხა ვერ მიიღო, მაშინ შეიძლება დათმობაზე წავიდეს და გაზის საწარმოები ამ ვალის ანგარიშში გადაიბაროს.
რიონჰესი
სს საზოგადოება „რიონჰესის“ აქციათა 99.74%25 მფლობელი სახელმწიფოა. ელექტროსადგურის საწესდებო კაპიტალი დღეს 7.391.073 ლარს შეადგენს. „რიონჰესზე“, რომელიც ექსპლუატაციაში 1933 წლიდან შევიდა, დამონტაჟებულია 4 ჰიდროაგრეგატი. მათი საერთო ნომინალური სიმძლავრე 130 მეგავატია. დღეს ამ სადგურის სამუშაო სიმძლავრე მხოლოდ 27 მეგავატია. ხუთი წლის წინ დასრულდა „რიონჰესის“ რემონტი, 1994 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი, საკმაოდ მაღალპროცენტიანი (წლიური7.2 %25) 3.55 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის ფარგლებში. ამ თანხით სადგურზე ნაწილობრივ შესრულდა ძირითადი ძალოვანი დანადგარების რეკონსტრუქცია. სადგურზე არსებული წყალგამყვანი მილი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. „რიონჰესის“ საბიუჯეტო დავალიანება 1 აგვისტოს მდგომარეობით1.796.000 ლარია, საიდანაც 1.117.000 ძირითად ვალზე მოდის. |
გუმათჰესი
ამ ელექტროსადგურის აქციათა 99.60%25 სახელმწიფოს ხელშია. საწარმოს საწესდებო კაპიტალი 1.966.732 ლარია. „გუმათჰესი“ ექსპლუატაციაში 1976 წელს შევიდა, სადაც დამონტაჟებულია 4 ჰიდროაგრეგატი, რომელთა ნომინალური სიმძლავრე 44 მეგავატია. ამჟამად სამუშაო სიმძლავრე კი 30 მეგავატია. „გუმათჰესზე“ ჩასატარებელია ელექტრომექანიკური სამუშაოები. საბიუჯეტო დავალიანება ამ ჰიდროელექტროსადგურის უკანასკნელი მონაცემებით 1.734.100 ლარია, საიდანაც 708.800 ლარი ძირითადი ვალია. |
შაორჰესი
„შაორჰესის“ აქციათა 99.64 %25 ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია. საწესდებო კაპიტალი 1.735.390 ლარს შეადგენს. საწარმოში, რომელიც 1955 წლიდან მუშაობს, დამონტაჟებულია 4 ჰიდროაგრეგატი, რომელთა საერთო ნომინალური სიმძლავრეა 38 მეგავატი, ხოლო ამჟამად სამუშაო სიმძლავრე შეადგენს 15 მეგავატს. წელს ბიუჯეტის სახსრებით „შაორჰესზე“ ერთი აგრეგატის რეაბილიტაცია იგეგმება. გადაუდებელ რეაბილიტაციას მოითხოვს „შაორჰესის“ კაშხალი, რომლის ნაწილიც ამჟამად ჩამონგრეულია, რაც ძალიან საშიშია. ელექტროსადგურს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში 3.314.400 ლარის ოდენობის საბიუჯეტო დავალიანება დაუგროვდა, საიდანაც 2.114.700 ძირითად ვალზე მოდის. |
ლაჯანურჰესი
„ლაჯანურჰესის“ აქციათა 99.43%25-ს სახელმწიფო განკარგავს. საწარმოს საწესდებო კაპიტალი 2.391.791 ლარს შეადგენს. ამ სადგურზე, რომელიც 1960 წლიდან ფუნქციონირებს, 3 ჰიდროაგრეგატია დამონტაჟებული, რომელთა ნომინალური სიმძლავრეა 112 მეგავატი. დღეს კი ჰესის სამუშაო სიმძლავრე 33 მეგავატს არ აღემატება. იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 30 წლიანი კრედიტებით ამჟამად სადგურზე №2 და №3 აგრეგატების კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. წელს „ლაჯანურჰესზე“ ერთი აგრეგატი ჩაირთვება. ამ სადგურის საბიუჯეტო დავალიანება 6.597.600 ლარია, საიდანაც 2.468.700 ლარი ძირითად ვალზე მოდის. |
ძევრულჰესი
„ძევრულჰესის“ აქციათა 98.73%25 მესაკუთრე დღესაც სახელმწიფოა. მისი საწესდებო კაპიტალი ბოლო მონაცემებით 919.786 ლარია. საგდური 1956 წლიდან მუშაობს და მასზე 4 ჰიდროაგრეგატია დამონტაჟებული, რომელთა საერთო ნომინალური სიმძლავრე 80 მეგავატს შეადგენს, თუმცა ამჟამად სამუშაო სიმძლავრე მხოლოდ 17 მეგავატია. „ძევრულჰესს“ 3.456.300 ლარიანი დავალიანება დაუგროვდა ბიუჯეტის მიმართ, აქედან 1.944.200 ლარი ძირითადი ვალია. |
![]() |
4 საზაფხულო პრესა ენერგომატარებლებზე |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ხორბალაძე
ზაფხული ენერგოპრობლემების წამოსაჭრელად ჟურნალისტებისთვის საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის - მით უმეტეს, აგვისტო, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი დასასვენებლად არის განწყობილი და ხელისუფლებაც მოსალოდნელ ზამთარზე საშემოდგომო საუბრებისთვის ემზადება. თუმცა მიუხედავად „არასეზონურობისა“, რამდენიმე მნიშვნელოვანი ენერგოთემის და ტენდენციის გამოკვეთა ქართულ მედიაში აგვისტოშიც მოხერხდა.
თბილისის გაზმომარაგება
პირველ რიგში აგვისტოში ყურადღების ცენტრში „თბილგაზის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოექცა. თვის დასაწყისიდანვე ქართული პრესა „უნისონში“ საუბრობდა „თბილგაზის“ იმჟამინდელი მმართველი კომპანიის - „ახალი მენეჯმენტის“ გასტუმრების შესახებ მიღებულ სახელისუფლებო გადაწყვეტილებასა და კომპანიის ახალ მმართველად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, როგორც მას ქართველი ჟურნალისტებიუწოდებენ - კახა ბენდუქიძის „ფავორიტის“ დავით მორჩილაძის შესაძლო მოწვევის შესახებ.
პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია „თბილგაზის“ მართვის სამომავლ ფორმებთან დაკავშირებითაც:
2 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ იტყობინებოდა, რომ „თბილგაზის“ ხელმძღვანელობა მოიხსნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მთავრობას ეტყობა კარგა ხანია ჰყავს შერჩეული „თბილგაზის“ მომავალი ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი. ამ საკადრო ცვლილების შემდეგ თბილისს გაზი უწყვეტად უნდა მიეწოდოს. ჟურნალისტების თქმით, კულუარული ინფორმაციით, ეს კანდიდატურა ბენდუქიძის მიერაა შეთავაზებული. „სამი თვის წინ გოცირიძის გადაყენების შემდეგ, კულუარებში თბილგაზის მენეჯმენტის ცვლილებაზე დაიწყო საუბარი. ოფიციალური ვერსია ასეთია. თბილგაზში ახალი მენეჯმენტის შესვლის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. ზურა ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მთლიანად უნდა გადაისინჯოს ხელშეკრულება თბილგაზთან. არის ისეთი მუხლები, რაც არ იძლევა ეფექტური კონტროლის განხორციელების საშუალებას იმაზე, ვინც მართავს ახლა აქციათა პაკეტს. მერიაში საკრებულოს სხდომა მოეწყო, სადაც გენერალური დირექტორი გადადგა და მან განაცხადა, რომ პასუხი სხვებსაც მოეთხოვებათ. ზაზა ბეგაშვილი კი აცხადებს, რომ: „ გეუბნებით, რომ არც ერთი პიროვნება უბრალოდ ვერ წავა. ყველა პასუხს აგებს. საწარმოს მომავალი ჯერ გარკვეული არ არის. ალეკო ხეთაგური აცხადებს, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება პრივატიზაცია“, - იტყობინებოდა „კურიერი“.
ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო გამოშვება „მზერა“ კი იმავე დღეს გადმოსცემდა, რომ „ახალი შეფი სწორედ ბენდუქიძის მითითებებს შეასრულებს. მთავარი მითითება კი თბილგაზის საპრივატიზაციოდ მომზადება იქნება. მორჩილაძეს 40 მილიონი დავალიანება და ჩამოუყალიბებელი მენეჯმენტი ხვდება. საკრებულოში ენერგეტიკის მინისტრთან ერთად კომპანიის ბედზე საუბრობენ. უნდა გაიყიდოს კომპანია თუ არა, და რა პირობებში? ეს კითხვა ჯერ პასუხგაუცემელია. ხელისუფლება აქტიურ ქმედებებს მუნიციპალიტეტისაგან მოითხოვს. ნიკა გილაური აცხადებს, რომ მას არანაირი პრეროგატივა არ გააჩნია ან ვინმეს დანიშვნის, ან გადაყენების.
დავშალოთ და გავყიდოთ, ასეთი ინიციატივით გამოდის ზაზა ბეგაშვილი. დიდ დიღომში მას ეგულება გამოცდილება, რომ პატარა კომპანიაში ამოღების მაჩვენებელი 99%25-ია.
საკრებულოს სხდომაზე უკვე ითქვა, რომ კომპანიის დავალიანების ნაწილი საერთაშორისო კრედიტორებისაგან დაიფარება. ამის შემდეგ თბილგაზი ან საპრივატიზაციოდ გამზადდება, სავარაუდოდ, რუსი ინვესტორებისათვის ან ახალ დირექტორს ვაქცინაციის ჩატარების საშუალებას მისცემენ, - გადმოსცემს „მზერა“.
ამას გარდა, მორჩილაძის დანიშვნას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ენერგეტიკის მინისტრმა თბილისის საკრებულოს შესთავაზა, განეხილათ ევროპის განვითარების ბანკისმიერ თბილგაზის რეორგანიზაციისათვის 20-დან 25 მლნ დოლარამდე 10 წლიანი სესხის აღების საკითხი: „სავარაუდოდ შეიცვლება ალბათ თბილგაზის სტრუქტურაც - კომპანია 33 ერთეულად დაიყოფა, რის შედეგადაც ბუნებრივი აირის საფასურის ამოღება გაიოლდება. ამ საკითხზე თბილისის საკრებულო მიმდინარე კვირას იმსჯელებს. ვინ აგებს ვალებზე პასუხს მოსახლეობის წინაშე ჯერ გაურკვეველია. ახალი მენეჯმენტი თითს ფინანსთა სამინისტროსაკენ იშვერს, რადგანაც კომპანიამ მუნიციპალური ბიუჯეტიდან მხოლოდ 3 მილიონი მიიღო 15-ის ნაცვლად. ბენდუქიძეს კი კომპანიის რეაბილიტაციის გეგმა უკვე მზად აქვს. ის საკრებულოს დედაქალაქის უბნებად დაყოფას სთავაზობს, თითოეული უბნის მომარაგებაზე ტენდერი გამოცხადდება და მოსახლეობა კომერციულ გაზს მიიღებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თბილისის უბნებად დაყოფამ შესაძლოა კორუფციულ გარიგებებს შეუწყოს ხელი. ამიტომ კომპანიის რეაბილიტაციისათვის გილაური ევრობანკისაგან შეღავათიან სესხს ითხოვს, არ არის გამორიცხული, რომ აუტსაიდერი კომპანიის ინვესტორებად სტატოილი, ბიპი, ევრობანკი და გაზპრომი იქცნენ და კომპანიის პრივატიზაცია მხოლოდ მისი რეაბილიტაციის შემდეგ მოხდეს“, - წერს „ახალი ვერსია“ 4 აგვისტოს.
ასეთი განწყობით ხვდებოდა საქართველოში მედია „თბილგაზის“ დღეს უკვე ახალი შეფის - დავით მორჩილაძის ჩამოსვლას, რომელმაც პოსტზე დანიშვნის შემდეგ გაკეთებულ პირველივე კომენტარებში განაცხადა, რომ „არ გამორიცხავს კომპანიაში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად უცხო ინვესტიციების მოზიდვას... თავდაპირველადმნიშვნელოვანია ურთიერთობა მოვაგვაროთ გაზპრომთან და გაზექსპორტთან, რათა ბუნებრივი აირით სრულად იყოს უზრუნველყოფილი დედაქალაქი“, - განაცხადა მან („ რეზონანსი“).
„ასევე აუცილებელია თბილგაზის ქსელების რეაბილიტაცია, რაც სახელმწიფოსაგან გამოყოფილი დამატებითი თანხებითა და თბილგაზის ძალებით მოხდება. თუმცა ეს პროცესი არ აისახება ბუნებრივი აირის ტარიფზე“, - აღნიშნა ასევე მან („მედია-ნიუსი“).
უკვე აგვისტოს ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ თვის დასაწყისში „თბილგაზის“ ხელმძღვანელობის შეცვლასა და თბილისისგაზმომარაგებასთან დაკავშირებით გაკეთებული მეტ-ნაკლებადოპტიმისტური პრიგნოზები, მეტი რომ არ ვთქვათ, გადაჭარბებულია:
„რამდენიმე თვეა, თბილისს ბუნებრივი აირი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება. გაზის უბნებში გათიშვის მიზეზად ადრე თბილგაზი დაუფარავ გადასახადებს ასახელებდა, დღეს კი კომპანიაში აცხადებენ, რომ გადასახადების ამოუღებლობის გამო მთელი უბნები აღარ გამოირთვება და ურჩ გადამხდელებს ინდივიდუალურად დასჯიან, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც თბილისის გაზის მომმარაგებელი რუსული კომპანია „გაზექსპორტი“ ჩვეულებრივ მოწოდებას აღადგენს. როგორც „თბილგაზში“ აცხადებენ, კომპანიაში მთავარ პრობლემად გაზექსპორტთან დაძაბული ურთიერთობა რჩება. ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდა ხომ თბილგაზის გაზექსპორტის მიმართ არსებული 12 მილიონიანი ვალის დაფარვასთან არის დაკავშირებული“, - წერს 26 აგვისტოს „24 საათი“. ორი დღის შემდეგ კი პრესა „თბილგაზის“ ახალი მმართველის საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზს ავრცელებს: „თბილისის მოსახლეობას გაზმომარაგების მხრივ მძიმე ზამთარი ელის, თუ საქართველოს ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს და რუსული გაზპრომის შვილობილ გაზექსპორტს თბილგაზის 12 მლნ დოლარს ვალს არ გადაუხდის. ეს განცხადება თბილგაზის გენერალურმა დირექტორმა დავით მორჩილაძემ გააკეთა. ახალი ხელმძღვანელი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, კიდევ ერთხელ დაეხმაროს თბილგაზს და საწარმოს მიმდინარე დავალიანება გაისტუმროს. „მე კი პირობას ვდებ, რომ მომავალში კომპანია ვალს აღარ დააგროვებს“ - აღნიშნა მორჩილაძემ („ახალი ვერსია“).
ენერგოტარიფები
ენერგოტარიფების თემა ქართულ მედიაში პერმანენტულად წამოიჭრება ხოლმე და, როგორც წესი, მას მედიის სხვადასხვა საშუალებები საკმაოდ აქტიურად იტაცებენ, რადგან ეს არის თემა, რომელიც ენერგოთემათა შორის საზოგადოების ყველაზე დიდ ინტერესს იმსახურებს.
აგვისტოში ქართული მედია წერდა როგორც ბუნებრივი აირის, ისე - ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით და, ტრადიციულად, წერილების ლაიტმოტივი გახლდათ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგოტარიფები საქართველოში გაუმართლებლად მაღალია.
„ბუნებრივი აირის ერთ კუბურ მეტრში დღეს 28 თეთრს ვიხდით, არადა რუსეთისაგან საქართველო ბუნებრივ გაზს თითქმის სამჯერ იაფად ყიდულობს. რატომ იხდის ქართველი მომხმარებელი შესასყიდ ფასზე ბევრად მეტს? გაზით მომარაგების სფეროში მომუშავე სპეციალისტმა საუბრისას განაცხადა, რომ ტარიფის ზრდის ობიექტური მიზეზი საგადასახადო კოდექსია. ასევე, მისი თქმით, უსაფრთხოების მიზნით ბუნებრივ აირს მძაფრ სუნს საკმაოდ ძვირადღირებულ დეზოდორანტით ანიჭებენ და, გარდა ამისა, ტარიფში ტრანსპორტირების ხარჯები არის საკმაოდ დიდი. ეს კი მომხმარებლის ჯიბეს აზარალებს და მოსახლეობაში გაზის მოპარვის სურვილსაც აძლიერებს“, - წერს „ახალი ვერსია“. გაზეთის ინფორმაციით, „თბილგაზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (გია ქაჯაია) აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის 163 ლარიან მატებაში „თბილგაზის“ წილი 60 ლარამდე თუ იქნება. სემეკის ბუნებრივი გაზის სპეციალისტი ილია ხეროდინაშვილი კი „ახალ ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის საბოლოო ტარიფის გაანგარიშება საქართველოში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა. „ხეროდინაშვილი არ უარყოფს, რომ თბილისის მომხმარებელი ბუნებრივ აირს საკმაოდ ძვირად ყიდულობს. თუ ეკოლოგიის გადასახადი გაუქმდა, დღგ შემცირდა, სოციალურმა გადასახადმა იკლო, გაზის ტარიფიც უნდა შემცირდეს, თუმცა კონკრეტული გათვლები მას არ გააჩნია. გია ჯიქია აცხადებს, რომ თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ თბილგაზის რეაბილიტაციის რეჟიმში უნდა იმუშაოს და შეღავათიან საგადასახადო რეჟიმსაც დააწესებს, მაშინ შეიძლება ტარიფმაც დაიწიოს“, - წერს „ახალი ვერსია“.
„რეზონანსი“ კი ელექტროენერგიის ტარიფს იხსენებს: „დიდი ხანია, რაც მოსახლეობა დასხვადასხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოსენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვას სთხოვს. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სემეკში ერთი და იგივეს აცხადებენ, ტარიფის გადახედვის საფუძველი უნდა არსებობდეს. კერძოდ ტარიფის გადახედვა რომელიმე ლიცენზიანტმა უნდა მოითხოვოს. ენერგეტიკის ექსპერტების მოსაზრებით, სემეკის მიერ სხვადასხვაგიგანტურ საწარმოებზე და თბილისის ორგანიზაციებზე არაკანონიერად დაწესებული შეღავათიანი ტარიფის გამო, ჩვეულებრივ მოსახლეობას ძვირი ტარიფის გადახდა წელში წყვეტს. ამიტომაც, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ოფისში მოითხოვენ, რომ სემეკმა ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუკი დიდ საწარმოებს შეღავათები გაუუქმდებათ, მომხმარებელთა დამცველებმა გამოთვალეს, რომ მოსახლეობისათვის საშუალო შეწონილი ტარიფი 8 თეთრი გახდება. ალბათ ღირს ბრძოლა იმისათვის, რომ რიგითმა მომხმარებელმა ოდნავ მაინც ამოისუნთქოს, რადგან გამოდის, რომ ტარიფის თითქმის განახევრების საშუალება არსებობს“, - წერს გაზეთი.
ენერგეტიკის სფეროს დაფინანსება
აქტუალური იყო აგვისტოში ენერგეტიკის სფეროს დაფინანსების თემაც. ქართული მედიის ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ენერგოპროექტები გააცნო. ბრიუსელის კონფერენციაზე გამოყოფილი მილიარდი დოლარიდან შეიძლება, ენგურჰესის სრული რეაბილიტაცია, ვარდნილჰესების რეაბილიტაცია, იმერეთის რეაბილიტაცია, გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში აღრიცხვიანობის მოწესრიგება და მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ იმერეთის ალტერნატიულის აშენება, - ეს ის პროექტებია, რომლებიც ენერგეტიკის მინისტრს ამ ეტაპზე პრიორიტეტულად მიაჩნია. მედიის ინფორმაციით, სამინისტროში პროექტების სრულყოფაზე მუშაობა გრძელდება, სექტემბერ-ოქტომბრისათვის კი დონორები ხელახლა შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებაც შემდეგ გახდება ცნობილი.
აგვისტოში კი ცნობილი გახდა, რომ 2004 წლის გაზრდილ ბიუჯეტში ენერგეტიკისათვის გათვალისწინებული 27 მილიონი ლარიდან 6 მილიონ ლარს ენერგეტიკის სამინისტრო დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში ორი გადამცემი ხაზის რეაბილიტაციის ძირითად სამუშაოებს მოახმარს. გარდა ამისა, გარემონტდება ქართლი 2, კავკასიონი და იმერეთი. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ალეკო ხეთაგურის ინფორმაციით, 27 მილიონი ლარიდან თანხის ნაწილი დაიხარჯება მცირე ჰესების: კეხვის, სანალიას დაყაზბეგის რეაბილიტაციაზე. დამატებითი საბიუჯეტო ასიგნებებიდან გათვალისწინებულია ენერგეტიკის მიმართ სახელმწიფო დავალიანებების გასტუმრება, რომელიც სახელმწიფოს წლების განმავლობაში ლტოლვილთა და უმწეოთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით დაუგროვდა.
ქართული მედია იტყობინებოდა იმის თაობაზეც, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „საქართველოს ენერგო უსაფრთხოების ინიციატივის პროგრამის“ ფარგლებში, ცხრა სოფლისათვის, ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიზნით, საქართველოს ბანკის დახმარებით გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები გაიცემა.
ენერგომომარაგება
ენერგომომარაგების თემამ აგვისტოში ქართულ მედიაში ზამთრის და გაზაფხულის პერიოდთან შედარებით, როგორც მოსალოდნელი იყო, შედარებით უკანა პლანზე გადაიწია. თემცა, პერმანენტულად პრესასა და ტელევიზიაში ჩნდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ჭარბი“ ენერგორესურსების არსებობის გამო საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგია „ექსპერიმენტის“ სახით 24 საათით მიეწოდებოდა, რათა მოსახლეობის რეალური გადახდისუნარიანობა შემოწმებულიყო, თუმცა ამ ინფორმაციას მეორე დღესვე „ანაცვლებდა“ ინფორმაცია ენგურჰესზე თუ იმერეთის გადამცემ ხაზებზე მომხდარი ავარიების შესახებ.
ენერგოსკანდალები
აგვისტო ახალ-ახალი ენერგოსკანდალებით, თუნდაც სეზონურობიდან გამომდინარე, არ გამოირჩეოდა, თუმცა სწორედ ამ პერიოდში გახდა ცნობილი დავით მირცხულავას დროინდელი „ენერგოსქემების“ შესახებ. ამის თაობაზე სპეციალური რეპორტაჟები „რუსთავი 2“-მა მოამზადა.
„როგორ კეთდებოდა საქართველოს ენერგეტიკაში მილიონები, ამის დასაბუთებული პასუხები საკმაოდ მცირეა. დავით მირცხულავას საქმეზე გამოძიება უკვე დასრულდა. შეუძლია თუ არა წყალს მილიონების მოტანა? შეუძლია, თუ ეს წყალი ენგურჰესის კაშხლიდან იღვრება. ელექტროენერგიაკი აფხაზეთის გავლით რუსეთს მიეწოდება. ამ კაშხლიდან დაღვრილმა წყალმა საქართველოს ენერგოსისტემის რამდენიმე ყოფილ ხელმძღვანელს ათობით მილიონი დოლარის მოგება მოუტანა“, - იტყობინებოდა საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“.
ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული კონფიდენციალური მოხსენების მიხედვით, წლების მანძილზე მოქმედებდა შემდეგი სქემა: ენგურჰესიდან აფხაზეთისათვის მიწოდებული ელექტროენერგია, რომლის საფასურსაც საქართველოს ბიუჯეტი იხდიდა, აფხაზეთზე გამავალი ელექტროსადენების მეშვეობით მიეწოდებოდა რუსეთს. „ჩერნომოროენერგო“ ელექტროენერგიას აძლევდა კომპანია ვინგფილდს. ეს ენერგია რეზერვირდებოდა რუსეთის ელექტროსისტემაში და სხვა ხაზით, კავკასიონის მეშვეობით ბრუნდებოდა საქართველოში, მხოლოდ სხვა საერთაშორისო ფასით. ფასთა სხვაობა კი მილიონობით დოლარს იძლეოდა. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა რუსული რაოესის შვილობილი კომპანია ვინგფილდი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებაში საკმაოდ ძლიერი ლობი ჰყავდა.
ნიკა გილაური: „აჭარის მოხმარებასთან შევადაროთ აფხაზეთის მოხმარება, დაახლოებით ერთი და იგივე მოსახლეობის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, თანაბარი რაოდენობის ელექტროენერგიაუნდა მოიხმარებოდეს. აჭარა მოიხმარს მთელი საქართველოს მოხმარების 2-3 %25-ს. აფხაზეთი მოიხმარს 13-14%25, ზოგ თვეებში ეს მონაცემები იზრდება 17-18%25-მდე. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის კრასნოდარის მხარეს აფხაზეთიდან ელექტროენერგია ადრეც მიუღია“.
უჩა უჩანეიშვილი: „მაშინ კავკასიონზე 10 ანძა დაზიანდა. კრასნოდარის მხარეში იყო ძლიერი ქარიშხალი. სანამ ხაზები აღდგებოდა, 4-5-დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის გატანას. სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამ კონკრეტული შემთხვევის გარდა რუსეთში აფხაზეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების სხვა ფაქტი არ იციან, მაგრამ აცხადებენ, რომ ტექნიკურად ეს შესაძლებელია“, - იტყობინებოდა „რუსთავი 2“.
ირანული ნავთობის ექსპორტირების შესახებ
და კიდევ ერთი თემა, რომელიც აგვისტოში ყურადღებას იქცევდა: „მთავარი გაზეთი“ განსაკუთრებულ ადგილს უთმობდა ირანული ნავთობის ექსპორტირების საკითხს. „ირანმა არჩევანი თურქეთზე გააკეთა. სომხეთ-საქართველოს ნაცვლად ირანული გაზი თურქეთზე გაივლის,“ წერს გაზეთი 4 აგვისტოს. გაზეთის ინფორმაციით, საქართველოს კიდევ ერთ გლობალურ ეკონომიკურ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ხელიდან ეცლება. ირანული გაზის ევროპისაკენ ტრანსპორტირების ერთ-ერთ დერეფნად საქართველო უნდა ქცეულიყო, საიდანაც საქართველო შემოსავალს მიიღებდა, ჩნდებოდა რუსული ბუნებრივი აირის ალტერნატივაც. ბოლო პერიოდში ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან ამ პროექტს დამფინანსებლები არ გამოუჩნდა. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს ირანული გაზის მოსაპოვებლად მეტი მონდომება უნდა გამოეჩინა.
„თუ შესაძლებელია, რომ ირანულმა გაზმა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიაროს, მაშინ არც საქართველოს შეუშლიდა ხელს პოლიტიკური მიზეზები,“ - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
სანდრო თვალჭრელიძეც ამავე აზრისაა და აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის ხისტი და გაუგებარი პოზიციის გამო საქართველო ენერგომატარებლების საკითხებში არასანდო პარტნიორად ითვლება. თუმცა ის მიიჩნევს, რომ ირანული გაზის ევროპისკენ ტრანსპორტირების მარშრუტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი და ქართული მხარის გონივრული მოქმედების შედეგად ყველაფერი შესაძლოა, ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნდეს.
რომან გოცირიძე კი თვლის, რომ ეს ჯერ სერიოზული განსჯის საგანია. პროექტის პრაქტიკული განხორციელება შეიძლება 20-30 წლის შემდეგ მოხდეს. ირანისთვის თურქეთის ტერიტორიის გამოყენება უფრო ხელსაყრელია, რადგან ეს არის უმოკლესი გზა ევროპული ბაზრისაკენ - აცხადებს რომან გოცირიძე.