![]() |
საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №2 ბიულეტენი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პრესის მიმოხილვა. თებერვალი, 2006 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia თბილისი, 0108, სააბონენტო ყუთი 101, ტელ.:33 40 81, ფაქსი:33 41 63 ელ-ფოსტა: cipdd@access.sanet.ge |
![]() |
1 საერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
„ჯორჯიან თაიმსი“ 2-9.02.06.
მუდმივი რუბრიკა: არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებები, სტატიები და სუბრები
სული ჩასახვის მომენტიდან იქმნება
ბავშვის ჩასახვისთანავე უფალი მას შთაბერავს სულს, რომელიც შეიცავს მომავალი სხეულის მთელ გეგმას და ამიტომ ნაყოფის ხელოვნურად მოშორება ყველა ქრისტიანული ეკლესიის მიერ ერთნაირად ისჯება, ახლადწარმოქმნილ პროტესტანტულ სექტების კი ამ საკითხზე პოზიცია ჯერ არ შეუმუშავებიათ. ისინი „ოკულტურ სწავლებათა, ზოგ შემთხვევეაში კი იუდაიზმის დიდ გავლენას განიცდიან“, - გვმოძღვრავს არქიმანდრიტი რაფაელი.
„ბასტა“, 5.02.06.
ვერიკო გულუა
უკრაინის ეკლესიის დაპირისპირებაში თბილისიც ჩაერია
20 იანვარს კიევში უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესის შემადგენლობაში გაიხსნა ქართული სამრევლო. საქართველოდან გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან დუჩიძე და მღვდელმსახურება აკრძალული სასულიერო პირები, დეკანოზი ბასილ კობახიძე და ეპისკოპოსი ქრისტოფორე წამალაძე. ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ ლიდერმა გიორგი ანდრიაძემ განგაში ატეხა. მან ქართული დელეგაციის ჩასვლას კიევში „სქიზმატური ეკლესიის მხარდასაჭერად საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკურ-რელიგიური პროვოკაცია“ უწოდა. მისი თქმით, ეს მეორე პროვოკაციაა; პირველი იერუსალიმის პატრიარქ ირინეოსის გადაყენებისას ჩაუდენიათ. ანდრიაძე თვლის, რომ ორივე პროვოკაციის არსი „გარკვეული ძალების“ მიერ საქართველოს ეკლესიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა: „ჩვენ ამ ეკლესიის აღიარების უფლება არა გავაქვს, სანამ ამას მსოფლიო ეკლესია არ იზამს“.
თავის მხრივ, ლევან დუჩიძე თვლის, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინის ეკლესიამ თავი დააღწიოს რუსეთის საპატრიარქოს, რომელიც რუსეთის იმპერიულ მიზნებს ემსახურება.
დეკანოზი ბასილ კობახიძის აზრით, უკრაინის ეკლესია ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ქართული ეკლესია იყო XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთის საპატრიარქო მის პატრიარქებს კირიონსა და ლეონიდეს სქიზმატებად აცხადებდა.
საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინის ეკლესიებს განსხვავებული ისტორია აქვთ, ვინაიდან ჯერ იყო კიევის რუსეთი და იქედან წარმოიქმნა დიდი რუსეთი. საქართველოს საპატრიარქო, მისი სიტყვებით, მაშინ აღიარებს უკრაინის დამოუკიდებელ ეკლესიას, როდესაც ამის შესახებ მოილაპარაკებენ კონსატანტინოპოლის მსოფლიო და რუსეთის საპატრიარქოები.
„სვობოდნაია გრუზია“, 11.02.06.
მურად ალადაშვილი
მოწოდება თავშეკავებულობისაკენ
ინფორმაცია ეხება „საქართველოის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან არსებული რელიგიურ ორგანიზაციათა საკოორდინაციო ცენტრის განცხადებას“, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული ევროპის ზოგიერთ გაზეთში მუსლიმანებისათვის შეურაცხმყოფელი კარიკატურების განთავსების გამო. „საკოორდინაციო ცენტრი“ მოუწოდებს ჟურნალისტებს მეტი დელიკატურობა გამოიჩინონ რელიგიური საკითხების გაშუქებისას.
„კვირის პალიტრა“, 13-19.02.06
გაზეთი აქვეყნებს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელიც იბეჭდება რუბრიკაში - „საეკლესიო პრესა.“
„კვირის პალიტრა“, 13-19.02.06
სერგო კერესელიძე
რუბრიკა საოჯახო-მართლმადიდებლური საკითხები „არის თუ არა ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?!“
პუბლიკაციის ავტორი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უკვე რამდენიმე წელია „არაეკლესიური საზოგადოების ნაწილმა“ 14 თებერვალს ვალენტინობის, ანუ სიყვარულის დღის აღნიშვნის „უცხო ტრადიციის“ დანერგვა დაიწყო. ამ დღესთან დაკავშირებით „დაიწყო გრანდიოზული კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა, რასაც მასმედია განსაკუთრებულ პრომოუშენს უკეთებს“. „ქართველების ნაწილს ისე „გაუსწორდა“ ეს დღესასწაული, რომ სულ არ აღელვებთ არც ეკლესიის პოზიცია (მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წმ. ვალენტინს სრულებით არ მოიხსენიებს. მეტიც მან თავისი პრესცენტრის საშუალებით. განაცხადა კიდეც 2001 წელს, რომ ეს წარმართული ტრადიცია მისთვის უცხოა), და არც ქართული ტრადიციები...
ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სომხეთის „მონოფიზიტური“ ეკლესიის აზრითაც, ვალენტინობა სომხეთშიც არ უნდა აღინიშნებოდეს, ვინაიდან, როგორც ეჩმიაძინის პრესმდივანს განუცხადებია, სომხებს ბევრი გაცილებით უფრო ძველი დღესასწაული აქვთ, ვიდრე ეს გაუგებარი ლეგენდა შეყვარებულებზე.
„ქრონიკა“, 13-19.02.06.
ლევან ცალუღელაშვილი
რა სტატუსით დაესწრნენ კიევში სქიზმატური ეკლესიის გახსნას მღვდელმსახურებააკრძალული ბასილ კობახიძე და ქრისტოფორე წამალაძე?
გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ ლიდერთან გიორგი ანდრიაძესთან, უკრაინის „სქიზმატური საპატრიარქოს“ ეგიდით ქართული ეკლესიის გახსნის თაობაზე კიევში. ანდრიაძე ამ ფაქტს „პოლიტიკურ-რელიგიურ“ ავანტიურად ნათლავს და მიიჩნევს, რომ მღვდელმსახურებააკრძალული სასულიერო პირები, დეკანოზი ბასილ კობახიძე და ეპისკოპოსი ქრისტოფორე წამალაძე, რომლებიც არალეგიტიმურად წარმოადგენდნენ საქართველოს ეკლესიას კიევში, განკვეთილ უნდა იყვნენ ეკლესიისაგან. ვინაიდან მათთან ერთად საქართველოდან ამ ცერემონიას სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარის მოადგილე ლევან დუჩიძეც ესწრებოდნენ, ანდრიაძე მიიჩნევს, რომ, ამ სასულიერო პირებს ხელისუფლება მფარველობს, კიევში წასასვლელად კი ისინი ხელისუფლებას სოზარ სუბარმა წარუდგინა. ხელისუფლება, ანდრიაძის თქმით, გამიზნულად ახვევს ასეთ სკანდალებში საპატრიარქოს, ვინაიდან „კობახიძეს, სუბარსა და საააკაშვილს სულაც არ აინტერესებს, რომელ ეკლესიაში დაანთებენ სანთელს, მათ ქართული სულის ამოძირკვა აინტერესებთ...“ ანდრიაძე თვლის, რომ უკრაინის ეკლესიიის არაკანონიკური გზით გამოსვლა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან დაუშვებელია.
„ქრონიკა“, წერს ჟურნალისტი, დაუკავშირდა ეპისკოპოს ქრისტოფორე წამალაძეს და დეკანოზ ბასილ კობახიძეს, მაგრამ არცერთმა მათგანმა გაზეთთან საუბარი არ მოისურვა.
„ალია“, 16-17.02.06.
მარიტა დამენია
საქართველოს საპატრიარქო სტამბოლში ქართული ეკლესიის გახსნას აპროტესტებს
გაზეთი იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინათ სტამბოლის ერთ-ერთ ტაძარში ქართული ეკლესია ამოქმედდა, მაგრამ ქართულ მართმადიდებელ ეკლესიას ეს არ მოსწონს, თუმცა თავის პოზიციას არ ახმაურებს.
სიტუაციაში გასარკვევად „ალიამ“ მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური ლობის“ ლიდერს გიორგი ანდრიაძეს. მან განაცხადა, რომ ეს მორიგი პიარ-კამპანიაა, ვინაიდან ქართული ეკლესიის გახსნა სტამბოლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტის დროს მისი თხოვნით გადაწყდა, და ეს ეკლესია კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს დაექვებემდარება და არა საქართველოსას.
„გვიქმნიან ილუზიას, რომ თურქეთი ქართული ეკლესიისათვის რამეს აკეთებს. ჩვენ გვირჩევნია ხანძთა, ოპიზა და ოშკი გადავირჩინოთ, ხოლო ხახულსა და პარხალში თუ ისევ ქართული ტაძრები არ ამოქმედდება, მეჩეთი მაინც ნუღარ იქნება, ჩვენ ეკლესიას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ და სხვა გამოსავალს თუ ვერ ნახავენ, აია-სოფიას მსგავსად მუზეუმად გადააკეთონ“, - ამბობს ანდრიაძე და ჩივის, რომ მიუხედავად საპატრიარქოს მიერ ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიების დაწესებისა, ისინი დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი, საქართველოს პირველი პირები კი ამ საკითხს ოფიცილურ დონეზე არ აყენებენ. „ჩვენი მეგობრული ურთირთობების ფონზე საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე უძველესი ქართული მონასტრები ინგრევა, ხოლო საქართველოში ახალ-ახალი მეჩეთები შენდება,“ - ამბობს ანდრიაძე.
ავტორი სრულად იზიარებს ანდრიაძის პოზიციას და თურქეთს ლამის ტერიტორიალურ პრეტენზიებს უყენებს.
იმავე დროს, „ალიასათვის“ მიცემულ კომენტარში კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპერტამენტის თავმჯდომარე ნიკა ვაჩეიშვილი განმარტავს, რომ თურქული მხარის ინიციატივით ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად უკვე შექმნილია შერეული ჯგუფი, რომელიც დაადგენს რა სამუშაოებია ჩასატარებელი „არა მხოლოდ ძირითად ტაძრებზე, არამედ ნაკლები მნიშვნელობის მქონე ისტორიულ ძეგლებზეც, თან საუბარია არა მხოლოდ სარესტავრაციო სამუშაოებე, არამედ არქეოლოგიურ გათხრებზეც“. წირვა-ლოცვის აღდგენა ქართულ ტაძრებში ბ-მა ვაჩეიშვილმა სამომავლო პერსპეკტივად მიიჩნია.
„ახალი თაობა“, 17.02.06.
შორენა კიწოწაშვილი
ლომაიამ უნივესისტეტში ეკლესია გამოთხარა
უნივერსიტეტის პროფესურის იმ ნაწილმა, ვინც ეწინააღმდეგება მის რეფორმირებას და პროტესტის ნიშნად შიმშილობასაც კი აცხადებს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიმართა თხოვნით, აღადგინოს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ისტორიულად არსებული ეკლესია. სტატიის ავტორი ეკლესიის ფუნქციონირებას უნივერსიტეტის კედლებში უნივერსიტეტის მთავარი შინაარსის სახიერ გამოხატულებად მიიჩნევს და მის აღდგენას დავით აღმაშენებლის იდეის - „რწმენისა და ცოდნის სინერგიის“ - ხორცშესხმას უწოდებს.
ოპოზიციონერმა პროფესორმა, ისტორიკოსმა ნესტან კირთაძემ გაზეთს განუცხადა, რომ პატრიარქი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს და უნივერსიტეტის დღევანდელ ადმინისტრაციას, განსაკუთრებით კი განათლების მინისტრს, ეს ძალიან შეაშფოთებს. „ლომაიამ თხარა, თხარა და უნივერსიტეტში ჯვარი და ეკლესია გამოთხარა“, - ამბობს იგი. მისი აზრით სარწმუნოებრივმა იდეამ უნდა გადაარჩინოს უნივერსიტეტის „წმინდათწმინდა იდეა... ამ ხელისუფლებისაგან, რომელიც ყველანაირად ცდილობს ხელჰყოს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდეები“.
„ახალი თაობა“, 17.02.06.
ნანა მიშელაშვივლი
პარლამენტმა სუბარს ყური აუწია
16 თებერვალს პარლამენტმა ომბუდსმენის ანგარიში შეაფასა, რომელიც ამ უკანასკნელმა 2005 წ-ის მიწურულს წარუდგინა კანონმდებლებს. მიუხედევად იმისა, რომ ომბუდსმენის დასკვნაში საუბარი კონკორდატის ზოგიერთი პუნქტის დისკრიმინაციულ ხასიათზე იყო, პარლამენტმა ჩათვალა საჭიროდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განეცხადებინა, რომ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული ხელშეკრულების ყველა პრინციპი ხელშეუხებელია და მისი გადასინჯვა არ მოხდება.
„ქრონიკა“, 20-26.02.06.
ლევან ცალუღელაშვილი
რა კომპრომატი დაუდეს თვითგამოცხადებულ პატრიარქ ფილარეტ დენისენკოს „კაგებეს“ არქივიდან?
გაზეთი აგრძელებს უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის კიცხვას. ავტორის სიტყვებით, უკრაინის „თვითგამოცხადებულ პატრიარქ ფილარეტს კაგებეს აგენტობაში ადანაშაულებენ“ და იგი სსრკ-ს საარქივო დოკუმანტებში ანტონოვის ფსევდონიმით იყო ცნობილი. სტატიაში წერია რომ, 1997 წელს „სქიზმატური სულისკვეთების გამო“ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განკვეთა იგი და ანათემას გადასცა. შემდეგ სტატიის ავტორი პატრიარქ ფილარეტის მოკლე დოსიეს გვაწვდის, რომელშიც მღვდელმთავარი გამოიყურება, როგორც ძალაუფლებამოყვარე, უპრინციპო ავანტიურისტი, თუმცა ინფორმაციის წყაროს არ მიუთითებს. საპატრიარქოს პრესმდივანი ზურაბ ცხოვრებაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ მსოფლიო პატრიარქი შეჩვენებულ ფილარეტ დენისენკოს აკურთხებს. ცხოვრებაძის აზრით უკრაინის ეკლესიისაგან განსხვავებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა კანონიკური იყო, რადგან მას ავტოკეფალია 1821 წლამდე ჰქონდა.
სტატიაში ჩვენი უახლოესი ისტორიაცაა მიმოხილული, როდესაც სასულიერო პირების სახით „კაგებეს“ ეკლესიაში ფართო აგენტურული ქსელი ჰქონდა გაბმული და აღსარება „კაგებესთვის“ ინფორმაციის მიღების საშუალება იყო. აქვე ავტორი დასძენს, რომ მოარული ხმები საქართველოს პატრიარქ დავითსაც (დევდარიანს) მოიხსენიებენ აგენტთა შორის. „არ მინდა ვინმეს ჩირქი მოვცხო, მაგრამ თავის დროზე კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღიარა, რომ ის „დავერბოვკებული“ იყო. დაუჯერებელია, რომ ორმოცდახუთ წელს გადაცილებული ეპისკოპოსები და მღვდელმთავრები პატრიარქის მსგავსად „დავერბოვკებული“ არ ყოფილიყვნენ. ...მიმაჩნია, რომ ყველაფრის მიუხედავად, პატრიარქი ილია მეორე ქართულ სასულიერო იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პიროვნებაა,“ - წერს ავტორი.…
„ახალი თაობა“, 23.02.06.
ნათია ხურცილავა
ილია მართლის ხატს დევნიან
გურამ შარაძე ისევ განგაშს ტეხს და ეკლესიაში არსებულ მდგომარეობას მორიგ პრესაკონფერენციას უძღვნის. განგაშის მიზეზი ამჯერად მართლმადიდებლობის მტრების მიერ კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტის შერყევა სახელდება, რაც, მაგალითად, იმაში გამოიხატება, რომ სამების და სიონის ტაძრიდან „კრიმინალებს და საეჭვო ბიოგრაფიის მქონე ადამიანებს“ ასვენებენ (შარაძემ არ მოისურვა მათი დასახელება), სამების ტაძარში გამოფენილია „ნაცმოძრაობის ყოფილი პოლიტიკური დროშები“ (ანუ დღევანდელი სახელმწიფო დროშები), „პატრიარქის წესების წინააღმდეგ ზოგმა ხელისუფლების და არამართლმადიდებლური ძალების მიერ ზურგგამაგრებულმა სასულიერო პირმა“ ტაძარში ერთხმიანი ბერძნული გალობა შემოიღო სამხმიანი ქართულის ნაცვლად. როგორც პრეს-კონფერენციაზე ითქვა, „ანტიმართლმადიდებლური ძალები“ წმინდა ილია მართლის ხატს დევნიან - სიონის ეკლესიაში მისთვის ადგილი შეუცვლიათ და „მაღლა კედელზე“ დააუსვენებიათ, თანაც წინ საშანდლეც კი არ უდგას. შარაძე დარწმუნებულია, რომ მოვა დრო და ამ ხატს საერთოდ გაიტანენ ეკლესიიდან, რომ „ეთნიკურად არაქართველი რუსულ-ებრაული წარმოშობის სასულიერო პირები მიზეზთა გამო უცხადებენ ბრძოლას ქართველ წმინდანებს“.
მისი მტკიცებით, ამ ინფორმაციის სააშკარაოზე გამოტანა არა მხოლოდ მისი ინიციატივა, არამედ მართლმორწმუნე სასულიერო პირების თხოვნაც იყო.
![]() |
2 რელიგიური (მართლმადიდებლური) პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
ამ თვის საეკლესიო პრსაში პრაქტიკულად არ გავხვდება სხვა რელიგიებზე თავდასხმა. ყველაზე რადიკალური გამოცემები ამ თვეში გაყიდვაში არ გამოჩენილა.
ტერიტორიალური მთლიანობის საკითხი
სამების საპატრიარქო ტაძარში საშობაო ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მრევლს მოუწოდა ყოველდღიური ლოცვის დროს უფალს საქართველოს გამთლიანებას ევედრონ: „როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალი, განუყოფელი ნაწილია საქართველოსი და ეს არის ჩვენი გამოცდა“ - განაცხადა მან („საპატრიარქოს უწყებანი“ №5, გვ. 4-5. 2-8).
„საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს წმინდა სინოდის 6 თებერვალს გამართული სხდომის დადგენილებას, სადაც წერია, რომ წმინდა სინოდს პრეზიდენტ პუტინის იმ განცხადების შესახებ უმსჯელია, რომ კოსოვოს პრეცედენტის დაშვების შემთხვაში, დამოუკიდებლობის სტატუსი აფხაზეთსა და ოსეთზეც უნდა გავრცელდესო. წმინდა სინოდზე აღნიშნეს, რომ, სეპერატიზმის ხელშეწყობის თუნდაც ერთმა პრეცედენტმა „შეიძლება მსოფლიო გახვიოს ომის ქარცეცხლში. ეს საშიშია, როდორც პოლიტიკური, ასევე ეკლესიური თვალსაზრისითაც“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №7, გვ. 5. 2).
ეროვნული იდეა
სამების საპატრიარქო ტაძარში ნინოობის დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბრძანა, რომ კაპადოკიაში, საიდანაც იყვნენ წარმოშობით: წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, წმინდა ბასილი დიდი და სხვა კაპადოკიელი მამები, - ქართველების დიდი კოლონია ყოფილა და ივარაუდა, რომ Эწმინდა ნინო, წმინდა გიორგი და სხვა წმინდანებიც ქართველთა ტომიდან იყვნენ. და ამ ეროვნულმა და სულიერმა ძალამ შეაძლებინა შეუძლებელი“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №6, გვ. 3-4).
5 თებერვლის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სიხარულით აღნიშნა, ეკლესიაში ახალგაზრდების სიჭარბე შეიმჩნევაო და „საქართველოს გადასარჩენად“ ახალგაზრდებს ქართული იდეის ერთგულებისკენ მოუწოდა. ქართული იდეა კი, აღნიშნა პატრიარქმა, ილია მართლის „ლოზუნგშია“ გაცხადებული - „ენა, მამული, სარწმუნოება“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №7, გვ. 3-4. 2-8).
„საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებული წერილი („დედა ღვთისმშობელი - შემწე ქართული ენისა“) იმ ისტორიოგარაფიული თეორიის წინააღმდეგაა მიმართული, რომლის თანახმადაც ერთიანი ქართველი ერი განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებას წარმოადგენს. მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) წერს: საერთო ქართველური ანუ ძველი ქართული ენა ღვთიური მადლით არის აღბეჭდილი. ეს იქედან ჩანს, რომ წმინდა მამათა თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი წმინდა მამებს საუკუნეთა მანძილზე ეცხადებოდა და ქართულად ესაუბრებოდა, ზოგჯერ ასწავლიდა კიდევაც ქართულს... „ქართული ენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეასწავლა ასურელ მამებს და წმინდა ნინოს...“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №7 გვ. 21-24. 23.2-1).
სხვა რელიგიებთან ურთიერთობა
„საპატრიარქოს უწყებანის“ ქრონიკა გვაუწყებს, რომ 1 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქი და მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირები საპარტრიარქოში ვატიკანის ქრისტიანთა ერთობის პონტიფიკალური კომისიის თავმჯდომარეს, კარდინალ კასპერს შეხვდნენ; კარდინალს თან ახლდნენ: ვატიკანის ელჩი საქართველოში, კლაუდი გუჯეროტი; ამიერკავკასიის ეპარქიის მმართველი ჯუზეპე პაზოტი და სხვა საქართველოში მომსახურე კათოლიკე მღვდლები. შეხვედრის შინაარსის აღწერისას გაზეთი ეტიკეტის შესტყვისი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა („საპატრიარქოს უწყებანი“ №5, გვ. 7. 2-8).
„საპატრიარქოს უწყებანის“ ქრონიკაში განთავსებულია „საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ რელიგიურ ორგანიზაციათა საკოორდინაციო ცენტრის“ განცხადება, რომელიც დანიურ პრესაში დაბეჭდილ მუჰამედ-წინასწარმეტყველის კარიკატურას ეხება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დაუშვებელია: „გვინდა მივმართოთ მედიის წარმომადგენლებს, რათა მეტი კორექტულობა გამოიჩინონ რელიგიურ თემებთან დაკავშირებით და პრესის თავისუფლებაზე აპელირებით არ გადალახონ პროფესიული ეთიკისა და ადამიანური ზნეობის საზღვრები. ასევე მივმართავთ მუსლიმ მორწმუნეებს, რათა თავიანთი სამართლიანი პროტესტისათვის არა ძალადობა (რაც ასევე არის ღვთის საწინაააღმდეგო ქმედება), არამედ მშვიდობიანი გზები და ფორმები გამოიყენონ“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №7, გვ. 8. 2-8).
მეცნიერებათა აკადემიაში წაროთქმულ სიტყვაში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა: „საქართველო არის სხვავდასხვა რელიგიების და ცივილიზაციების გზაჯვარედინზე... ასევე მნიშვნელოვანია, რომ რელიგიებს ჩვენ უნდა შევხედოთ არა მარტო ჩვენი ქრისტიანული თვალთახედვით, არამედ თვითონ იმ რელიგიების ხედვითაც - რას ამბობენ, როგორია მათი აზროვნების წესი.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, და ჩვენი საქმიანობა გამოიღებს ძალიან კარგ შედეგს“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №6, გვ. 5-6. 2-8).
უკრაინის ეკლესიის საკითხი
წმინდა სინოდის უკვე აღნიშნულმა სხდომამ მღვდელმოქმედებააკრძალულ ეპისკოპოს, ქრისტოფორე წამალაძის და დეკანოზ ბასილ კობახიძის საპატრიარქოსთან შეუთნხმებლად უკრაინაში ვიზიტზეც იმსჯელა. ზემოხსენებული პირები უკრაინის დამოუკიდებელ საპატრიარქოში წირვას დაესწრნენ. წმინდა სინოდმა დაგმო მათი თვითნებობა და განაცხადა, რომ მიუხედავად უკრაინაში არსებული მწვავე რელიგიური პრობლემებისა, რომლებიც ქართული მართლადიდებელი ეკლესიისათვის სავსებით გასაგებია, მართლმადიდებლური ტრადიციის შესაბამისად, უკრაინის ეკლესიამ დამოუკიდებლობა მხოლოდ საეკლესიო კანონების სრული დაცვით უნდა მოიპოვოს, „რაშიც მხარეთა სურვილის შემთხვევაში საქართველოს ეკლესიაც შეიტანს თავის წვლილს“ („საპატრიარქოს უწყებანი“ №7, გვ. 7. 2-8).
ეკუმენიზმი
ჟურნალ „ფუძეში“ გამოქვეყნებული წერილი - „ჩვენ ვალში ვართ მის მიმართ,“ წმინდა მოწამის, გრიგოლ ფერაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეხება. გრიგოლ ფერაძის ღვაწლს ღვთისმეტყველებასა და მეცნიერებაში, წერილში Uუმაღლესი შეფასება ეძლევა, თუმცა იმაზე არაფერია თქმული, რომ ის ეკუმენური მოძრაობის აქტიური წევრი იყო.
საგულისხმოა, რომ ეს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ახლადდაარსებული ჟურნალი უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისაა განკუთვნილი („ფუძე“ №1 ).
ტელევიზორის მავნე გავლენა
ჟურნალ „ქაროზში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში - „ტელევიზორი“, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი დავით ციცქიშვილი ტელევიზორის ხანგრძლივი ყურების უარყოფითი შედეგების რიცხვში ოჯახის წევრთა შორის კომუნიკაციის დარღვევას, ადამიანის აზროვნების გაღარიბებას, უწიგნურობას, თვითჩაღრმავებისთვის დროის არქონას, ზოგადად გემოვნების გაუარესებას, ზნეობის დაქვეითებას და მისთანებს ასახელებს. „დღეს ცხონების გზაზე ძალიან დიდი დაბრკოლებაა ტელევიზორი. ადრინდელი ქრისტიანები ამისაგან თავისუფალნი იყვნენ. ცისფერ ეკრანზე გასული ზოგიერთი გადაცემისთვის ან ფილმისთვის რომ შეეხედათ, შეიძლება წმინდა მამებიც დაცემულიყვნენ“, - წერს ავტორი და მკითხველს მოუწოდებს ნაკლები დრო დაუთმოს ტელევიზორის ყურებას („ქაროზი“, №1, გვ, 28-29).
ევოლუცური თეორიის აღქმა
„საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებულია ვრცელი წერილი - „ზნეობა თუ აღვირახსნილი ეგოიზმი? ევოლუციონიზმი და ათეიზმი სწორედ ადამიანის უკვდავი სულის წინააღმდეგ იბრძვის“. სტატიის ავტორია გიორგი ბაღათურია, საპატრიარქოსთან არსებული „კრეაციული საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის პროფესორი. ავტორის აზრით, ევოლუციის თეორია და მისი პირმშო ათეიზმი საფრთხეს უქმნის ადამიანის უკვდავ სულს. ევოლუციის თეორიამ სოციალური დარვინიზმი შვა, რომლიც კაცთმოძულე მოძღვრებათა საფუძველი გახდა, მაგალითად - ბუნებრივი შერჩევის თეორიისა. ამან ეგოიზმის პრინციპები დაამკვიდრა; ამის შედეგია: რასიზმი, ნაციზმი, კომუნიზმი და „ჯუნგლების კაპიტალიზმი“.
„იმ მოთხოვნაზე, რომ სკოლებში ევოლუციურთან ერთად კრეაციული შეხედულებებიც ვასწავლოთ, განათლების სამინისტროს მესვეურები გვპასუხობენ, რომ ისინი სკოლებში მეცნიერულ საგნებს ასწავლიან და არც კი უწყიან, რომ სწორედ ევოლუციონიზმია არამეცნიერული თეორია“ - წერს ავტორი („საპატრიარქოს უწყებანი“, №7, გვ.16-20).
რწმენა და მეცნიერება
მეცნიერებათა აკადემიაში ზომოხსენებული გამოსვლის დროს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მეცნიერთა ღვაწლზე ისაუბრა და კლიმენტი ალექსანდრიელის სიტყვები გაიხსენა: „იგი ამბობს, რომ, თუ ადამიანი მხოლოდ მორწმუნეა, იგია მონა ღვთისა, მაგრამ თუ ის მორწმუნეცაა და განათლებულიც, იგია - მეგობარი ღვთისა. ეს ტერმინი „მეგობარი ღვთისა“ სახარებიდანაა აღებული, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ეუბნება მოციქულებს: „მეგობარნო ჩემო“ და განმარტავს, რომ მონამ არ იცის, რას ფიქრობს და რას აკეთებს ბატონი, მეგობარმა კი იცის“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №6, გვ. 7. 5-6).
ნიკოლოზ რერიხის მიმდევრები
„საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს სტატიას „სექტანტური აზროვნების მორიგი ჩიხი“. „ერს აახალდაზრდავებს... ხეების გადაბელვა. ქართველ რერიხიანელთა სატყუარა - „პატარა სამოთხე“ თუ გზა ჯოჯოხეთისაკენ“ კი, რომლის ავტორი სერგო კერესელიძეა, რერიხის ქართველ მიმდევრებს ბნელ ძალებთან კავშირში ამხელს. ავტორის ინფორმაციით, რერიხის ქართული საზოგადოება (თავმჯდომარე თამაზ თავაძე) და მისი დაარსებული ადამიანის რესურსების მართვის იმნსტიტუტი, „პატარა სამოთხე“, რომელიც უკვე 11 წელია მოქმდებს და მკურნალობის მისეული მეთოდების დასანერგად ფართო სარეკლამო კამპანიას აწარმოებს, რელიგიური სექტაა და ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება, ვინაიდან ოკულტიზმსა და მაგიაზეა დაფუძნებულია („საპატრიარქოს უწყებანი“, №5, გვ. 17-20. 2-8).
„საპატრიარქოს უწყებანი“ აგრძელებს რერიხის ქართული საზოგადოების თემას წერილით „ძალაუნებურად სატანის მიმდევარი გავხდი“, რომელიც გადმობეჭდილია გაზეთიდან „ახალი აზრი“ (№24). ავტორი - „რამაზი, რომელიც ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში იმყოფება და სამკურნალო კურსს გადის“ - მისი ავადმყოფობის მიზეზად „აგნი-იოგას“ ასახელებს. იგი აღწერს, როგორ მოხვდა ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ „რერიხის სექტაში“ და როგორ დაჰკარგა იქ ნასწავლი ვარჯიშების შემდეგ კონტროლი თავის თავზე: „გონება ჩემგან დამოუკიდებლად, ქვეცნობიერად იწყებდა ვარჯიშს, თავს ვეღარ ვიოკავდი. ღამის სამ საათზე გაურკვეველი ბგერების გამოძახილი ეშმაკს უხმობდა და ის სხეულში მისახლდებოდა“. ბოლოს კი ვიღაც მეგობარს განუმარტავს მისთვის, რომ ძალაუნებუად სატანის მიმდევარი გამხდარა („საპატრიარქოს უწყებანი“, №6, გვ. 20-22. 9-15).
მაგია და სპირიტიზმი
„კანდელში“ გამოქვეყნებული უავტორო პუბლიკაცია - „ბედის გამომძიებელთა ბედი,“ მაგიის, ჯადოქრობისა და სპირიტიზმის წინააღმდეგაა მიმართული. ანონიმი ავტორის თანახმად, მკითხაობის, მაგიური რიტუალების თუ სპირიტული სეანსების დროს მომავლის გაგების მსურველებს თვით სატანა ევლინებათ. ავტორი თავის მოსაზრებას შემდეგნაიარად ამტკიცებს: სამოთხეში მოხვედრილი მართალთა სულები ღვთის წინააღმედეგ მიმართულ საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ხოლო ჯოჯოხეთი „სულთა საპყრობილეა“ და არავის შესწევს ძალა, ღვთისაგან განსჯილი სული იქედან გამოიყვანოს. „აქედან გამომდინარე, რჩება მხოლოდ სატანა, ვისთანაც მყარდება კონტაქტი...“ („კანდელი“ №3, გვ.6-7. 10-16).
სატანა, როგორც ფსიქიური დაავადებების წყარო
სტატიაში - „ღმერთის სითბო გაანადგურებს სიკეთის მოძულის ეშმაკეულ სიცივეს,“ ანონიმი ავტორი ნევროზებს და სხვა მცირე ფსიქიურ აშლილობებს ადამიანის სულზე ბოროტი ძალის ზემოქმედებით ხსნის და ამის დასამტკიცებლად წმინდა მამების გამონათქვამებს იშველიებს („კრიალოსანი“ №2, გვ. 42).
რელიგიური პუბლიკაციებისა გარდა, ამ თვის საეკლესიო პერიოდიკა, ტრადიციულ ფასეულობებსაც კვლავინდებურად დიდ ადგილს უთმობს: აღზრდას („კარიბჭე“ №4), ოჯახს, ქორწინებას („კრიალოსანი“ №2, „ფუძე“ №1), ქალწულობის ინსტიტუტს („კანდელი“ №5, „კარიბჭე“ №4). მრავლად გვხვდება საქართველოს ისტორიის ჰეროიკული აღწერა („კრიალოსანი“ №1-2, „ფუძე“ №1), მასალები, რომელიც ადასტურებს მართლმადიდებლობის წამყვან როლს, ქართული სახელმწიფოს და მისი კულტურის განვითარებაში („კრიალოსანი“ №2, „კარიბჭე“ №4).