![]() |
ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზების, დინამიკის, გადაწყვეტის გზების ძიებისა და სავარაუდო მიმართულებების შესახებ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ანგარიშები, ანალიზი, რეკომენდაციები (ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო") |
საავტორო უფლებები: © ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 ნაშრომის მომზადების მოტივაცია |
▲ზევით დაბრუნება |
პრობლემა
დღეს კონფლიქტი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ახალ ფაზაშია შესული. წლების მანძილზე პრობლემის სირთულის, გარეშე ძალების არც თუ კონსტრუქციული ჩარევისა და დაპირისპირებული მხარეების შეურიგებლობის გამო გაყინული კონფლიქტი გალღობის ნიშნებს იძენს. 2004 წლის ზაფხულის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ შესაძლოა კონფლიქტის დინამიკამ კვლავაც სავალალო ხასიათი შეიძინოს.
ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას უდიდესი ძალისხმევა მართებს, რათა ვითარება კონტროლიდან არ გამოვიდეს, და, ამასთან ერთად კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მიღწეულ იქნეს პროგრესი. მთავრობას აქვს საამისოდ თავისი ბერკეტები, მაგრამ არსებითია არასამთავრობო და აკადემიური წრეების შესაძლო წვლილიც. იგი შეიძლება იღებდეს სხვადასხვა ფორმას. ერთ-ერთი მათგანი პრობლემის დამოუკიდებელი ანალიზი და მისი გადაწყვეტის შესაძლო გზებისა და სცენარების მონიშვნაა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ დრომდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტისაგან განსხვავებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზებისა და დინამიკის კვლევაზე, ამ მიმართულებით ანალიტიკურ და სარეკომენდაციო საქმიანობაზე არც თუ დიდი ძალისხმევა იყო გაწეული.
ამავე დროს, შემაშფოთებელ მოვლენებთან ერთად, სახეზეა ქართული საზოგადოებისა და საქართველოს ხელისუფლების გააქტიურება კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირებისათვის წინადადებების შემუშავებისა და გაჟღერების თვალსაზრისით. ეს პროცესი უდავოდ იმსახურებს ყურადღებას და მხარდაჭერას. ამ მხრივ, აღსანიშნავია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წლის სექტემბერში გაეროს 59-ე გენერალური ანსამბლეის წინაშე გაკეთებული განცხადება, კონფლიქტის ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარების შესახებ, აგრეთვე 2005 წლის იანვარში სტრასბურგში გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივები და იმავე წლის ზაფხულში მთავრობისა და ებერტის ფონდის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ბათუმის კონფერენცია, სადაც ზემოხსენებული ინიციატივები უფრო გაშლილი პროექტების სახით იქნა წარმოდგენილი. ამ პროცესის ერთგვარ კულმინაციად იქცა ლუბლიანას ეუთოს მინისტერიალზე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი დროში გაწერილი სამშვიდობო გეგმა.
აღნიშნული ვითარება საზოგადოებისაგან გააქტიურებას, სამშვიდობო წინადადებების შემდგომ დამუშავებასა და ადვოკატირებას მოითხოვს. შესაბამისად წინამდებარე ნაშრომის შექმნა ორი გარემოებითაა განპირობებული. წარმოდგენილი პოლიტიკის განაცხადი, ანუ სამხრეთ ოსეთის პრობლემასთან დაკავშირებული ანალიტიკური და სარეკომენდაციო პაკეტი დროულია, რადგან სამთავრობო წინადადებები შემდგომ დაკონკრეტებას, ხოლო მათში ასახული თემები დამატებით გაშლა-დასაბუთებას ითხოვს. არც ისაა გამორიცული, რომ რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით კონფლიქტის მიზეზთა ძიებისა და ნდობის შექმნის თვალსაზრისით, ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენაც იყოს საჭირო. სხვა თუ არაფერი, ეს ხელს შეუწყობს დიალოგს როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე ქართულ და ოსურ მხარეებს შორის. და მეორეც, სამშვიდობო მიდგომის უალტერნატივობის რწმენა საკმაოდ მყიფეა. შეურიგებლობის სინდრომი მყარადაა გამჯდარი კონფლიქტის მხარეებში. ასეთ პირობებში მცირე პროვოკაცია გარეშე ძალებიდან თუ კონფლიქტის გახანგრძლივებაში დაინტერესებული შიდა წრეების მხრიდან, ან თუნდაც დაუგეგმავი ინციდენტი, რისი საფრთხეც მუდმივად არსებობს, შეიძლება გახდეს ძალადობის ფართომასშტაბიანი ესკალაციის საწინდარი.
ვიზიარებთ რა ნიუ-იორკში, სტრასბურგსა და ბათუმში გაჟღერებული სამთავრობო წინადადებების პათოსს, აგრეთვე, მთავრობის ერთიან სამოქმედო გეგმას, ვთვლით, რომ გადაუდებელია მათი გაფართოვება და საზოგადოებაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების უალტერნატივობის რწმენის გავრცელება. ნებისმიერი, თუნდაც სიტყვიერი ძალადობა ხანგრძლივად დააბრკოლებს სამშვიდობო პროცესს. ამ პროცესის გარეშე კი კონფლიქტი არ გადაწყდება. ამ რწმენით იწერებოდა წინამდებარე პოლიტიკის განაცხადი. იგი განკუთვნილია კეთილი ნების მქონე ყველა ქართველისა და ოსისათვის. თავისთავად იგი არ წარმოადგენს პასუხს ყველა კითხვაზე, რომელიც შეიძლება წამოიჭრას კონფლიქტის მიზეზებისა და მისი გადაწყვეტის გზების ძიებისას.. იგი დაფუძნებულია კონფლიქტის დარეგულირების რამდენიმე ფუძემდებლურ პრინციპზე და განსჯისათვის თუ კორექტირებისათვის ღია წინადადებების პაკეტს წარმოადგენს. ამასთან, წარმოდგენილი ნაშრომის დიდი ნაწილი უკავია კონფლიქტის მიზეზთა და დინამიკის ჩვენებას. მიგვაჩნია, რომ ამგვარი სამუშაოს გარეშე გაჭირდება ნებისმიერი დახვეწილი სამართლებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოდელის მიღება. ამა თუ იმ წინადადების მიღება-მიუღებლობა წარსული წყენის, შეცდომების, კონფლიქტის სიღრმის ხასიათზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ მოვედით დღემდე, თუ როგორ და რატომ მივაღწიეთ გაუცხოებისა და შეურიგებლობის ზღვარს. მაშინ უფრო ნათელი გახდება კონფლიქტის დეესკალაციის გზები და ეტაპები.
ამოცანა
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა ქართულ-ოსური კონფლიქტის, მისი დინამიკის და გადაწყვეტისაკენ მიმართული ძალისხმევის შესახებ არსებული ზეპირი და წერილობითი მონაცემების მოგროვება და დახარისხება; დაგროვილი მასალის საფუძველზე ანალიტიკური სურათის შექმნა. შექმნილი სურათის საფუძველზე სამუშაო ჯგუფი შეეცადა ნდობის აღდგენის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯების დასახვასა და სამხრეთ ოსეთის სავარაუდო სტატუსის შესახებ საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებას.
მიღწეული შედეგის სახით წინამდებარე ნაშრომში მოცემულია:
ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტები: პოლიტიკურ-სამართლებრივი და საზოგადოებრივი ურთიერთობების ანალიზი შესაბამისი დოკუმენტების, ლიტერატურისა და პრესის მონაცემთა საფუძველზე წინასაბჭოური პერიოდიდან დღემდე
კონფლიქტით დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენაზე მიმართული რეკომენდაციები;
კონფლიქტის მოგვარების ზოგიერთი ეკონომიკური ასპექტი;
საქართველოს სახელმწიფოში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის განმსაზღვრელი პრინციპები;
დამატება №1: კონფლიქტის გადაწყვეტისაკენ მიმართულ ანალიტიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ზოგიერთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწის კომენტარები (პროექტის ფარგლებში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების შედეგების სახით)
ნაშრომზე მუშაობდნენ:
პაატა ზაქარეიშვილი, რევაზ ჯორბენაძე, თინათინ ხიდაშელი, კონსტანტინე კუბლაშვილი, ივლიანე ხაინდრავა, გიორგი გოგია, თენგიზ შერგელაშვილი, მიხეილ მირზიაშვილი, ლია ტოკლიკიშვილი, ხათუნა მაისაშვილი, დავით დარჩიაშვილი.
ავტორთა ჯგუფი მადლობას უხდის ბატონ თამაზ დიასამიძეს, ავტორს კრებულისა „რეგიონული კონფლიქტები საქართველოში - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (1989-2005). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტები“, რომლითაც ხშირად სარგებლობდნენ წინამდებარე ნაშრომზე მუშაობისას.
![]() |
2 კონფლიქტის სათავეებთან |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფორმირება
კომენტარი: ქართულ-ოსური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების დეტალური ანალიზი არ წარმოადგენს მოცემული ნაშრომის მიზანს. არ ვამცირებთ რა ხალხთა კოლექტიური მეხსიერების მნიშვნელობას, ვთვლით, რომ შორეული ისტორია ისტორიკოსებს (კეთილსინდისიერთ!) უნდა მივანდოთ, დღევანდელი პრობლემები კი პოლიტიკოსთა გადასაწყვეტია.
და მაინც, თუ სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლებს დავესესხებით, გასათვალისწინებელია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანტროპოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების უფროსის ს.ა. არუთუნოვის აზრი: „გაიხსენეთ, როგორ გაღვივდა ეს საშინელი ხანძარი სამხრეთ ოსეთში - მარტო იმიტომ, რომ ოსეთმა თავი საქართველოსაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა. კონფლიქტი გარდაუვალი იყო თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არავითარი ოსეთი არაა, ეს ტერიტორია ჭეშმარიტად ცენტრალური საქართველოა, სადაც ბოლო საუკუნეებში ოსური მოსახლეობის დომინირებას ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ოსებს აქვთ იქ ცხოვრების უფლება, მაგრამ ამ ტერიტორიის საკუთარ სახელმწიფოდ გამოცხადების უფლება არ აქვთ. სხვა საქმეა - ჩრდილოეთ ოსეთი“1.
ავტონომიური ოლქის სახით, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე შეიქმნა. საბჭოთა პერიოდის სამართლებრივი აღწერა კი რთულია, საბჭოთა სამართლის „სპეციფიურობის“ გამო. ხელისუფლების უზურპატორი ბოლშევიკები გამოსცემდნენ განკარგულებებს არალეგიტიმური რევკომების, ბიუროების, საბჭოების და ნაირგვარი ყრილობების თუ სხვადასხვა დონის ცენტრალური კომიტეტების სახელით. ძალაუფლების ფორმირების მეთოდი ფორმალურად კი იწოდებოდა „არჩევნებად“, მაგრამ არაფრით ჰგავდა ხალხის თავისუფალ არჩევანს. შესაბამისად, საბჭოთა სახელმწიფოს მართვა ხორციელდებოდა არა უბრალოდ ხალხის ინტერესის იგნორირებით, არამედ ამ ინტერესის საპირისპიროდ. არსებითად, მართვის ეს სტილი გადაიქცა ხალხებისა და ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებათა უწყვეტ ჯაჭვად. შესაბამისად, საბჭოთა სამართლებრივი მემკვიდრეობა ნაკლებად ჩაითვლება ისეთ ფუნდამენტად, რომელზეც უნდა აიგოს სახელმწიფოსა და ხალხის, თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობები დღეს.
მაგრამ რამდენადაც:
ისტორიიდან ვერ ამოვაგდებთ ათწლეულებს, მთელი თაობების ცხოვრებას;
ამ ათწლეულებმა დიდი კვალი დააჩნია პოსტსაბჭოთა სივრცეზე დღეს მაცხოვრებელი ადამიანების აზროვნებასა და ქმედების სტილს;
წარსულის გაკვეთილთა იგნორირება ახალ უბედურებებს იწვევს;
საბჭოთა პერიოდის მოვლენათა განვითარება ყურადღებას იმსახურებს.
ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ საბჭოური მემკვიდრეობისადმი შერჩევითი მიდგომა - ზოგიერთი, პოლიტიკური მოსაზრებით ხელსაყრელი ფაქტის აღნიშნვა და ზოგიერთის იგნორირება - მოკლებულია ლოგიკურ და იურიდიულ საფუძველს. ასეთი მიდგომა ვერ იქნება საკამათო საკითხების გადაწყვეტის ფუნდამენტი.
ფორმალურად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს შემადგენლობაში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომისიისა და სახკომსაბჭოს დეკრეტით შეიქმნა 1992 წლის 20 აპრილს. თუმცა პოლიტიკურ დოკუმენტებში ტერმინი „სამხრეთ ოსეთის ავტონომია“ უფრო ადრე, 1917 წლის მიწურულს ჩნდება. ამ დროს „სამხრეთ ოსეთის დელეგატთა ყრილობა“ ირჩევს „სამხრეთ ოსეთის ნაციონალურ საბჭოს“ და მოითხოვს იმჟამინდელი საქართველოს ხელისუფლებისაგან შესაბამისი სამაზრო ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას. 1920 წლის 28 მარტს სამხრეთ ოსეთის ნაციონალური საბჭო ქმნის „სამხრეთ ოსეთის რევოლუციურ კომიტეტს“. იმავე წლის ოქტომბერში „რევკომი“ რუსეთის კომუნისტური (ბოლშევიკთა) პარტიის კავკასიის ბიუროსაგან ითხოვს სამხრეთ ოსეთისათვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებას.2 უკვე საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოების შემდეგ ამ საკითხს ქვეყნის ახალი, ბოლშევიკური ხელისუფლება იხილავს. კავბიუროც უშუალოდაა ამ საქმით დაინტერესებული და 1921 წლის 31 ოქტომბერს იღებს კიდეც დადგენილებას, რომ „სამხრეთ ოსეთს მიენიჭოს ავტონომიური ოლქის უფლებები“; მოეთხოვოს საქართველოს რევკომს სამხრეთ ოსეთის აღმასრულებელ კომიტეტთან ერთად დაადგინოს ოლქის საზღვრები”3.
კომენტარი: ამ გადაწყვეტილებით ხდებოდა ნაციონალური პოლიტიკის ე.წ. ლენინურ პრინციპთა დანერგვა. ამავე დროს, ეს იყო ერთგვარი მადლობა ოსი ბოლშევიკებისადმი, რომელნიც ებრძოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. ამ ბრძოლიდან ყველაზე დრამატული იყო 1920 წლის ამბოხი. მის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის ნაწილები გამოიყენა. ამ უკანასკნელმა, უკვე ამბოხის არსებითი ჩახშობის შემდეგ, ოსურ სოფლებში სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. შედეგი იყო სისხლი, ნახანძრალები და ოსთა დღემდე მოუშუშებელი ჭრილობა.
აფხაზეთისა და აჭარისაგან განსხვავებით, რომელთა ავტონომიურობაც პოლიტიკურ-ისტორიულ საფუძვლებსა და ტრადიციასზე ეყრდნობოდა და აღიარებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ, ოსებს იმდროინდელ საქართველოში უყურებდნენ, როგორც ეროვნულ უმცირესობას კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებებით, მაგრამ ტერიტორიული თუ სხვა სახის ავტონომიის უფლების გარეშე.4 1918 წლის 13 სექტემბრის კანონით საქართველოს ეროვნულ საბჭოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის შესახებ, უმცირესობებს საბჭოში 26 ადგილი ეკუთვნოდათ. აქედან სომხებს 10, აზერბაიჯანელებს 4, აფხაზებს 3, რუსებს 2, ოსებს 2, ქართველ ისრაელელებს 1, ებრაელებს 1, ბერძნებს 1 და გერმანელებს 1.5
კომენტარი: ამდენად, სამხრეთ-ოსეთის ავტონომია საბჭოური ხელისუფლების პირმშოა. თუმცა თავად ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ (ზოგჯერ რუსულ დოკუმენტებში „მთიან ოსეთად” მოხსენიებული) ავტონომიის შექმნამდე დაახლოვებით 100 წლით ადრე გაჩნდა.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფორმირებისას განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ცხინვალის საკითხს. 1921 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ცხინვალის რაიონის ქართული მოსახლეობის განწყობილების გარდატეხამდე ხელისუფლება ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში დარჩნილიყო რაიონული რევკომის ხელში, რომელიც გორის მაზრას ექვემდებარებოდა.
კომენტარი: ასეთი სიფრთხილის საფუძველი იყო ქალაქ ცხინვალის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა. 1922 წელს ამ ქალაქში ცხოვრობდა 1436 ქართველი, 613 ოსი, 765 სომეხი, 64 რუსი, 1651 ებრაელი.
1922 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია უკვე აფიქსირებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა კვალობაზე, ეს სტატუსი შემდგომში არ შეცვლილა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში რჩებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა სსსრ-ს მთელი საშინაო პოლიტიკისა და სახალხო მეურნეობის ხელმძღვანელობა; ავტონომიების კონსტიტუციათა (აფხაზეთის და აჭარის) და დებულებათა (სამხრეთ ოსეთის) დამტკიცება; ავტონომიათა ხელმძღვანელობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებათა შეჩერება თუ გაუქმება.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული მოწყობისა და მისი ორგანოების კომპეტენციის დადგენის თვალსაზრისით ყველაზე დეტალური დოკუმენტია 1980 წლის 12 ნოემბრის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ.
კომენტარი: კიდევ ერთი არსებითი საკითხი სამხრეთ ოსეთის სტატუსის ფორმირებასთან დაკავშირებით სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების იდეაა. ეს იდეა განიხილებოდა საბჭოთა ხელისუფლების სხვადასხვა დონეებზე 1925-1927 წლებში.
1925 წელს ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოების ყრილობამ მოითხოვა გაერთიანება. შესამაბისად, ამ გადაწყვეტილებას მიესალმა სამხრეთ ოსეთის საბჭოების ყრილობა. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მსგავსი გაერთიანება უნდა მომხდარიყო საქართველოს შემადგენლობაში. იმავე წელს ამ იდეას მიესალმა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი. აღნიშნულს დაეთანხმა ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტიც. 1927 წლის 12-16 მარტს სამხრეთ ოსეთის საბჭოების მეშვიდე ყრილობამ კიდევ ერთხელ აღძრა ეს საკითხი და მოიწონა რა გაერთიანებისაკენ გადადგმული ნაბიჯები, მოუწოდა სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მეტი ენერგიით ეღვაწა აღნიშნული მიმართულებით.
კომენტარი: თუმცა ყოველივე ამით ამოიწურა. ჩანს, კრემლს არ სურდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება არა მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში, არამედ საერთოდ მათი გაერთიანების წინააღმდეგი იყო. 80-იანი წლების მიწურულამდე, როდესაც სსრკ-ს დაშლის ნიშნები გაჩნდა, არ ჰქონია ადგილი რაიმე ექსცესს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით.
_______________________
1. Из интервью журналу „Родина“, №1, 1992, стр.71 (цитируется по сборнику „Осетинский вопрос“, сборник статей, Тбилиси, Изд-во „Кера-ХХI“, 1994, стр. 267)
2. По книге: Осетинский вопрос, сборник статей, Тбилиси, Изд-во „Кера-ХХI“, 1994, стр.244-246
3. Там же, стр. 301
4. Конституция Грузинской Демократической Республики, глава 11, принята 21 февраля 1921 г.
5. Сборник правовых актов Демократической Республики Грузии 1918-1921, Тбилиси, 1990
![]() |
3 ქართულ-ოსური კონფლიქტის განვითარება თანამედროვე ეტაპზე - ქრონოლოგია და შეფასებები |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი: ქართულ-ოსური ურთიერთობების დაძაბვა 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება. თითქოს „გაიღვიძა“ ორივე ხალხის წინარესაბჭოურმა ისტორიამ და მათ კოლექტიურ მეხსიერებაში რუსეთის იმპერიის ნგრევისდროინდელი დაპირისპირება ამოტივტივდა. შედეგად კონფლიქტი ჩამოყალიბდა. მასში იყო და არის პოლიტიკური, ისევე როგორც ეკონომიკური თუ კრიმინალური შემადგენელი. კონფლიქტის მიზეზებსა თუ ფაქტორებში ცხადად მოსჩანს ქართული და რუსულ-საბჭოური პოლიტიკური პროექტების დაპირისპირებაც. მაგრამ წამყვანი მოტივი და ფორმა, რომელიც კონფლიქტს თავისებურ ელფერს ანიჭებს - ქართულ-ოსური ეთნო-ნაციონალური დაპირისპირებაა. იგი თვალსაჩინოა: ა) ცხინვალის და თბილისის „კანონთა ომში“; ბ) ოსური და ქართული რიტორიკის, დისკურსის დაპირისპირებაში, რაც, ძირითადად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლიდერთა თუ ე.წ. შეხედულებათა ავტორთა პაექრობაში გამოიხატება და გ) ქართული და ოსური შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებაში. შესაბამისად, კონფლიქტს სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკვეთილად ეთნიკური ხასითი გააჩნია. ნათქვამის დადასტურებას წარმოადგენს ქვემოთ მოხმობილი მასალა, რომელიც 1989-2004 წლის მოვლენებს ასახავს.1
კონფლიქტი „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიურ ოლქში, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდამდე, ესკალაციის სხვადასხვა ფაზებს გადიოდა.
კონფლიქტის ესკალაციის საწყისი ფაზები შეესატყვისებოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და მთლიანად სსრკ-ში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ამ პროცესში, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში „არაფორმალთა“ მოძრაობის გაძლიერებამ, მეორე მხრივ, სსრკ-ს კოლაფსის დასაწყისმა.
დაპირისპირების პროცესის ერთ-ერთ პირველ გამოვლინებად იქცა ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე დებატები საქართველოს კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებების შეტანისა და ენის საკანონმდებლო სტატუსის შესახებ; აღნიშნულმა დისკუსიამ პარალელური ტენდენციები გამოიწვია იმდროინდელი საქართველოს სსრ ავტონომიურ წარმონაქმნებშიც - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.
I. როგორ მწიფდებოდა კონფლიქტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში
1989 წლის 27 იანვარს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა იურისტის, პროფესორ თამაზ შავგულიძის, სტატია, რომელიც ეხებოდა ენის საკანონმდებლო სტატუსს. ციტატა: „ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საქმის წარმოება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უნდა მიმდინარეობდეს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე. ამავე დროს, ოლქში ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული რუსული და ოსური ენები“.
ორი კვირის შემდეგ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა მკითხველის - ინჟინერ ნოდარ ნებიერიძის - წერილი რედაქციისადმი სათაურით: „დავიცვათ სახელმწიფო ენის სტატუსი“. ციტატა: „1988 წლის ნოემბერში ქალაქ ცხინვალში რესპუბლიკური გაერთიანების „საქაგრომშე ნის“ მეთხუთმეტე ტრესტის გორის მოძრავ-მექანიზებულ კოლონას, რომელიც სხვადასხვა სამონტაჟო სამუშაოებს ატარებდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, ქალაქ ცხინვალის №3503 შემნახველმა ბანკმა უარი უთხრა ხელფასების გაცემაზე“. უარის მიზეზი იყო ის, რომ დოკუმენტები შედგენილი იყო ქართულ ენაზე, რომელიც ბანკის თანამშრომლებისთვის გაუგებარი იყო. ამ ახსნა-განმარტებას ხელს აწერდნენ ბანკის თანამშრომლები: ჯიოევი და გიგოლაევი.
„ლიტერატურული საქართველოს“ 1989 წლის 5 მაისის ნომერში დაბეჭდილია გამოხმაურება აფხაზეთში მომხდარ მარტის მოვლენებზე, როცა სოხუმში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ინიციატივით გაიმართა არასანქცირებული მიტინგი, რამაც გამოიწვია აფხაზთა და ქართველთა შორის არსებული დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება. გუდაუთის გაზეთ „ბზიფში“ (1989 წლის 4 აპრილი) წერილი გამოაქვეყნა გაზეთის მკითხველმა ვოზბამ. მისი წერილის გვერდით დაიბეჭდა სამხრეთ ოსური ნაციონალ-სეპარატისტული მოძრაობის, „ადამონ ნიხასის“, ერთ-ერთი ლიდერის, ალან ჩოჩიევის, წერილი: „ძვირფასო აფხაზო მეგობრებო“. ვოზბა თავის წერილში აღნიშნავდა, როგორ თანაუგრძნობდა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება არაფორმალ ქართველთა მიტინგს. ვოზბა მოუწოდებდა ხალხს, დაეცვა თავისი მიწა და ენა ქართველი ექსტრემისტებისგან. ამგვარ სეპარატისტულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა გუდაუთის მცირეტირაჟიანი რაიონული გაზეთი „ბზიფი“, რომელშიც დაიბეჭდა მკითხველების - ტატიანა ბოკუჩავასა და ვანო დგებუაძის წერილები აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენის საჭიროების არარსებობის შესახებ. ქართული მასმედიის მხრიდან ამ პუბლიკაციებს მოჰყვა მეტად მწვავე რეაქცია.
1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია ხდება ქართული საზოგადოებრივი აზრის ძირითადი ჩამომყალიბებელი და გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს“ სარედაქციო პოლიტიკის რეალური წარმმართველი. მან ამ გაზეთს გადმოაბეჭდინა თითქმის ყველა პუბლიკაცია გაზეთ „ბზიფიდან“, მათ შორის, ზემოხსენებული ჩოჩიევის წერილი (რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის მანამდე უცნობი იყო) და ვოზბას წერილიც.
ამის შემდეგ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა ღია წერილი-მიმართვა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციისადმი. მიმართვა, რომელშიც დაგმობილია ალან ჩოჩიევის პოზიცია, ერთხმად არის მიღებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მშრომელთა დეპუტატების საოლქო საბჭოს სესიაზე 1989 წლის 6 მაისს2. მიმართვის ავტორები გმობდნენ ალან ჩოჩიევის პოზიციას და აცხადებდნენ, რომ ეს იყო არა ოსი ხალხის ნების გამომხატველი, არამედ ექსტრემისტული დაჯგუფება „ადამონ ნიხასისა“ და მისი ლიდერის პოზიცია. ამავე ნომერში დაიბეჭდა ოსი ინტელიგენციის წარმომადგენლების წერილები, რომლებშიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული ჩოჩიევის პოზიცია.
1989 წლის 2 ივნისს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა მკითხველის - დიანა მაჩაბლის - წერილი: „გაღმით შეედავე და გამოღმით შეგრჩება“. ციტატა: „ა. ჩოჩიევს უნდა ვკითხოთ, თუ შეწუხებულა ოდესმე ქართველი „ძმების“ ჩაგვრის გამო. მაღაზიაში შესულმა ქართულად რომ იკითხო, პასუხს არავინ გაგცემს. საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქართველი არ ინიშნება. ცხინვალისა და ახლომახლო სოფლების ქართველი მოსახლეობა გორში ან გორის რაიონის სოფლებში მიდის სამუშაოდ და ასე თანდათან იცლება ქართული სოფლები ქართველებისგან“.
1989 წლის 16 ივნისს „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა საქართველოს მწერალთა კავშირის 15 ივნისის საერთო კრების მიმართვა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსადმი, რომლითაც მოითხოვდნენ: „ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება დარღვეულად რუსეთის ფედერაციის მხრიდან და, აქედან გამომდინარე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1921 წლის 25 თებერვალს - ანექსირებულად“. მიმართვაში აგრეთვე წამოყენებული იყო შემდეგი მოთხოვნა: „საქართველოს სსრ ფაქტიური სუვერენიტეტი განხორციელდეს მთელ მის ტერიტორიაზე... სსრკ კანონები საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამტკიცებული იქნებიან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიის მიერ...…თუ საქართველოს ამჟამინდელ უმაღლეს საბჭოს არ ძალუძს აღნიშნული საკითხების დადებითად გადაჭრა, მოვითხოვთ რეფერენდუმის გზით სსრკ კონსტიტუციის 72-ე მუხლით მინიჭებული უფლების განხორციელებას (სსრკ შემადგენლობიდან თავისუფალ გასვლას).“
1989 წლის 20 ივნისი - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით შეიქმნა საქართველოს დამოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა კომისია.
1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ3. პროგრამაში საუბარი იყო მხოლოდ ქართული ენის შესახებ. განსაზღვრული იყო ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი, როგორც სახელმწიფო ენის გამოყენების უზრუნველყოფა საქართვე-ლოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ყველა სახის პარტიულ, საბჭოთა, ადმინისტრაციულ, სამეცნიერო-სასწავლო, კულტურულ, სამეურნეო დაწესებულებებსა და საწარმოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში; კონკრეტულ წინადადებათა შემუშავება რესპუბლიკის არაქართულ სკოლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების შემოღების შესახებ; საყოფაცხოვრებო და საინფორმაციო მომსახურების სფეროში ქართული ენის საყოველთაოდ გამოყენების უზრუნველყოფა.
კომენტარი: სწორედ 15 აგვისტოს დოკუმენტს მოჰყვა დაძაბულობა. იგი გამოიყენა საბაბად „ადამონ ნიხასმა“ თავისი შემდგომი ქმედებებისთვის. გაიმართა პირველ მიტინგი, რომლის საბაბი გახდა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება. საპროტესტო აქციის სათავეში იდგნენ „ადამონ ნიხასის“ წევრები.
1989 წლის 4 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის თაობაზე. დადგენილებამ დაამტკიცა შემუშავებული და ფართო საზოგადოებრიობის მიერ მოწონებული ოსური ენის სახელმწიფო პროგრამა. დადგენილება მიმართავს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმსა და მინისტრთა საბჭოს ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პირველ პუნქტში შეტანილ იქნას სათანადო ცვლილებები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თაობაზე საქართველოს სსრ კანონისა და ოსური ენის განვითარების პროგრამის შესაბამისად. ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი პოზოცია იყო ოსური ენის კონსტიტუციური სტატუსი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენებად ცხადდებოდა ოსური, ქართული და რუსული (როგორც ეროვნებათშორისი ურთიერთობის ენა საბჭოთა კავშირში); ოლქის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ოსურენოვან მოსახლეობას დახმარება უნდა გაწეოდა სასკოლო სწავლების ორგანიზაციაში ოსურ ენაზე, ხოლო იქ, სადაც ამის საშუალება არ იყო, გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო სკოლებში ოსური ენისა და ლიტერატურის, როგორც საგნის, შესწავლა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროში უნდა დაეშვათ ოსური ენისა და ლიტერატურის ინსპექტორების შტატები; განხორციელებული უნდა ყოფილიყო ოსური ენის სწავლება ქართულ სკოლებში და ქართული ენისა - ოსურ სკოლებში მეხუთე კლასიდან; კონტროლი წესდებოდა სამხრეთ ოსეთში ტელეგადაცემების მომზადებისა და ორგანიზაციის პროცესებზე4.
1989 წლის 26 სექტემბერი - სამხრეთ ოსეთის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთერთმეტე სესიის გადაწყვეტილება საქართველოს სსრ კონსტიტუციის ცვლილებათა და დამატებათა თაობაზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ მოქმედი კონსტიტუციის 75-ე მუხლს დამატებოდა პუნქტი: „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა''5.
1989 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გივი გუმბარიძე და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჭითანავა ჩავიდნენ ცხინვალში და იქ შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ პარტიულ ნომენკლატურას. ეს იყო რეაქცია საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1989 წლის 4 სექტემბერს მიღებულ დადგენილებაზე ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის თაობაზე6.
ასეთივე პროცესები ვითარდება აფხაზეთშიც. 1989 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტი, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო ღებულობენ დადგენილებას აფხაზური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ.7
კომენტარი: მიტინგების ფართო ტალღა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში აგორებას იწყებს 1989 წლის ოქტომბრიდან, როცა ცხინვალში გაიმართა პირველი მიტინგები. ეს გახდა საბაბი იმისა, რომ ქალაქში შეიყვანეს ქართული მილიციის დამატებითი გაძლიერებული რაზმები. თუმცა, „ადამონ ნიხასის“ და, პირადად, მისი ლიდერის, ალან ჩოჩიევის, მოთხოვნები ამ პერიოდში საკმაოდ ზომიერი იყო. ის აცხადებდა: „გააზრებული გვაქვს, რომ მოცემულ მომენტში ოსეთის სტატუსის აღდგენის საკითხის დაყენება ნაადრევი და მოუმზადებელია“.
კომენტარი: იმ პერიოდში ოლქის ხელმძღვანელი იყო ანატოლი ჩეხოევი. იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან ითხოვდა მკაცრ ზომებს „ადამონ ნიხასის“ ექსტრემიზმის დასაძლევად. „იმის მომიზეზება, ქართულ ენას გვახვევენ თავსო, საბაბია. ვიღაც-ვიღაცეებს ხელს არ აძლევთ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის ის პროცესები, რომლებიც უკვე შეინიშნება სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ისინი წყალს ამღვრევენ, ეროვნულ შუღლს თესავენ თავიანთი შავი საქმეების საკეთებლად; მაგრამ უკან არ დავიხევთ. ბოლომდე გავაგრძელებთ მათთან უკომპრომისო ბრძოლას“, - აცხადებდა ჩეხოევი.
მაგრამ, მიუხედავად პარტიული საოლქო კომიტეტის მცდელობებისა, „ადამონ ნიხასმა“ ორგანიზება გაუკეთა „ოსი მშრომელების მიმართვას“ სსრკ უმაღლესი საბჭოს, სსრკ მინისტრთა საბჭოს, შსკპ ცენტრალური კომიტეტისადმი, რომელშიც მათ - „ოსმა მშრომელებმა“ და „ადამონ ნიხასმა“ - უკვე ერთობლივი პოზიციით გაილაშქრეს საქართველოში იმ დროს მიმდინარე მოვლენების წინააღმდეგ8.
კომენტარი: „კანონთა ომი“ სრული მასშტაბით დაიწყო სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოების მე-12 საგანგებო სესიით, 1989 წლის 10 ნოემბერს.
1989 წლის 10 ნოემბერი - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიამ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ: გამოცხადდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარდაქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. სესიამ მოუწოდა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს და სსრკ უზენაეს საბჭოს, რათა განეხილათ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი.
გარდა ამისა, სესიამ მიიღო გადაწყვეტილება „ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ სამხრეთ ოსეთის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1989 წლის 26 სექტემბრის XI სესიის გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეცვლის შესახებ. ამიერიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა არის ოსური ენა; ოლქში ქართული და რუსული ენების თავისუფალი და თანასწორუფლებიანი ფუნქციონირება ხორციელდება სსრ კავშირის ენობრივი პოლიტიკის თანახმად9.
კომენტარი: ეს სესია მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა 26 სექტემბრის სესიის მოთხოვნა ოსური ენის შესახებ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამჯერად ოსები უკვე თავად აცხადებდნენ ოსურს სახელმწიფო ენად. თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე გამოყენებული იქნებოდა ქართული ენაც. ამავე სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებისა და ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის შესახებ და თანხმობა ითხოვეს საქართველოს უზენაესი საბჭოსგან.
კომენტარი: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პასუხმა არ დააყოვნა.
1989 წლის 16 ნოემბერი - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1989 წლის 10 ნოემბერის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიის გადაწყვეტილებათა შესახებ. დადგენილება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ გადაწყვეტილება სესიის 10 ნოემბერს მოწვევის შესახებ სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო 9 ნოემბერს, ორგანიზაცია „ადამონ ნიხასის“ წარმომადგენელთა მუქარითა და ზეგავლენით. ოლქის პროკურორის პროტესტის საფუძველზე საოლქო საბჭოს აღმასკომმა გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და სესიის მოწვევის დღედ 25 ნოემბერი დაადგინა, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, „ადამონ ნიხასის“ აქტიური ზემოქმედებით სესია მაინც 10 ნოემბერს გაიმართა. იმის გამო, რომ უხეშად დაირღვა სესიის მოწვევისა და ჩატარების წესი და განხილულ იქნა საკითხები, რომელიც საოლქო საბჭოს უფლებამოსილებას აღემატება, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა გაეუქმებინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მეთორმეტე სესიის გადაწყვეტილებები, როგორც კანონთან შეუსაბამო10.
კომენტარი: საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ პროცედურულ, ანუ ფორმალურ საკითხებზე იმსჯელა და საერთოდ არ შეხებია პრობლემის არსებით მხარეს; იმას თუ რა შიში და ინტერესები ამოძრავებდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობას ასეთი გადაწყეტილების მიღებისას.
ამ დროს ეროვნული მოძრაობის ლიდერთა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა ძალისხმევით, საქართველოს ჯერ კიდევ კომუნისტური ხელისუფლება დგამდა სამართლებრივ ნაბიჯებს ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენის მიმართულებით. 1989 წლის 18 ნოემბერი - საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება საქართველოს დამოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების შესახებ. მოწონებულ იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 20 ივნისის დადგენილებით გამოტანილი საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა კომისიის შესაბამისი დასკვნა. დაისვა საკითხი სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობის წინაშე საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების შესახებ11.
1990 წლის 9 მარტს მოწვეულ იქნა საქართველოს სსრ მეთერთმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე XIII სესია. რომელმაც მიიღო დადგენილება სა-ქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ.
დადგენილება აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობილების დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ფაქტობრივ ანექსიას; საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, 1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერ-კავკასის საბჭოთა რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ12.
კომენტარი: პარალელურად, ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩებოდა ცხინვალში მიმდინარე პროცესები. რეაქცია ამ პროცესებზე, ძირითადად, საკმაოდ შეურიგებელი იყო. 1989 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 15 ათასამდე ქართველი, ეროვნული მოძრაობის ლიდერების წინამძღოლობით, მარშით დაიძრა ცხინვალისკენ. კომენტარი: ოსური მხრიდან ეს აღქმული იქნა, როგორც ქართული საზოგადოების მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობა.
1990 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უმაღლესი პარტიული ნომენკლატურაც უერთდება „ადამონ ნიხასის“ პოზიციებს და ხდება ამ ორგანიზაციის რადიკალური მოთხოვნების გამხმოვანებელი.13
1990 წლის 29 იანვარს ზვიად გამსახურდიას თაოსნობით მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის სხდომაზე დაგმეს ის ოსი ეროვნების მწერლები (კერძოდ, ნაფი ჯუსოითი), რომლებმაც თითქოსდა ხელი შეუწყვეს ორ მოძმე ხალხს შორის დაძაბულობის გაღვივებას. ერთი კვირის შემდეგ მწერალთა კავშირში კვლავ ჩატარდა გამგეობის პრეზიდიუმის სხდომა. განიხილეს შემდეგი საკითხები: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების საკითხი; როკის უღელტეხილის შემდგომი ფუნქციონირების საკითხი; იმსჯელეს არაფორმალურ გაერთიანება „ადამონ ნიხასის“ აკრძალვის შესახებ, მოსახლეობიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებისა და ექსტრემისტთა დასჯის შესახებ. ასევე დაყენებულ იქნა ნაფი ჯუსოითის პერსონალური საკითხი.
მწერლებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიმართ. გამსახურდია გმობდა აგრეთვე „სამართლიან ოსთა კავშირს“, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეცნიერი ოთარ ჯიოევი და ამხელდა მას უმოქმდებობაში. „სამართლიან ოსთა კავშირი“ თბილისში იყო დაფუძნებული.
1990 წლის 11 მარტს „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა მკითხველ ნიკოლოზ ოთინაშვილის ღია წერილი გამსახურდიას მიმართ. საუბარი იყო იმის შესახებ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ქართველები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, როგორ ხდება საქართველოს ისტორიის ფალსიფიცირება.
კომენტარი: აღსანიშნავია, რომ ამ დროს ის, თუ როგორ გამოხატავდნენ ოსები თავიანთ პოზიციას, ქართულ მედიაში საერთოდ არ ასახულა. ცხინვალში გამომავალი ოსურენოვანი გაზეთები კი რეგულარულად აშუქებდნენ ოსური საზოგადოებრიობის მოსაზრებებს შექმნილ ვითარებაზე. აი ტიპიური ნიმუში ოსური პოზიციის გამოვლენისა: 1990 წლის მარტში ოსური გაზეთი, „არიაგ მუნდი“, წერს: „სტუმარი აღმოჩნდა ასი ათასობით ოსი, რომლებიც იმყოფებიან სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ფსკერზე და სავსებით მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გაიკეთონ პოლიტიკური კარიერა რესპუბლიკაში და ძირითადად ასრულებენ მძიმე, დაბალანაზღაურებად სამუშაოს. დღეს სხვა ნაციონალურ უმცირესობებთან ერთად ისინი ოპოზიციაში უდგანან იდეას - „საქართველო - ქართველებისათვის!“ და განიცდიან დაუფარავ უფლებრივ დისკრიმინაციასა და ნაციონალურ ზეწოლას. საქართველოს არაქართველი მოსახლეობა უხმოდ ადევნებს თვალ-ყურს, როგორ იქმნება ქართული ტექნოლოგიის მიხედვით თავისუფლების ყავისფერი იმიჯი. მაგრამ პროგრესი, უფლება და დემოკრატია, ავიაკონტაქტები საზღვარგარეთის წარმომადგენლობებთან და სააგენტოებთან საშუალებას იძლევა, ალაპარაკდნენ ეს მდუმარენი... ჩვენ დროს გავუსწარით, რადგანაც ჩვენი ნებით ვაღიარეთ პლურალიზმი. იმისთვის, რომ ნაციამ გააკეთოს სწორი არჩევანი, საჭიროა ცოდნა, მოვლენებისა და პროცესების ობიექტური დახასიათება; საჭიროა გულახდილი დიალოგები... იდეოლოგიის ქართველ შევარდენთა შორის მასპინძლებისგან ჩიტის ადგილი მიიღეს ე.წ. სამართლიანმა ოსებმა, რომლებმაც მღელვარებისგან დაივიწყეს, რომ ამ ნაციას ეკუთვნიან და შეიქმნა „სამართლიან ოსთა კავშირი“ - ხელისუფლების მხარდასაჭერად. მათ დაიწყეს თავიანთი თბილი ბუდეებიდან გადმოხტომა და „არასამართლიანი“ ოსების წყევლით მკერდით იცავენ სამშობლო საქართველოს. ყოველი მათგანი საკუთარ მოვალეობად თვლის, გაიშვიროს თავისი ფუნჩულა თითი კავკასიონის სამხრეთ კალთებისაკენ და დაადასტუროს, რომ იქ მცხოვრები ოსები შერეკილები არიან... სამართლიანი იქნება, თუ თქვენში და თქვენნაირებში გააღვიძებთ დაკარგული სიამაყის გრძნობას იმისას, რომ ეკუთვნით უძლეველ ტომს. დაიმახსოვრეთ, ყველა რესპუბლიკას სჭირდება რესპუბლიკელი, რომელიც თქვენ ვერასდროს გახდებით, ვიდრე არ ჩაკლავთ თქვენში მონას. და თქვენ რომ არ დაიბნეთ და მოვლენებს ოპტიმისტურად შეხედოთ, მოგვაქვს ფრაგმენტი ერთ-ერთი წერილიდან: „ჩვენო ძვირფასო ალან ჩოჩითი! „ადამონ ნიხასის“ ძვირფასო წევრებო! ჩვენ, თბილისელი ოსების ჯგუფი, რომელიც არ ეთანხმება „სამართლიანი ოსების ასოციაციას“, გაცნობებთ: ძალიან ვაფასებთ თქვენს იდეებს, თქვენს გულისტკივილს ოსეთის გამო, იმის გამო, რომ არ აღიგავოს პირისაგან მიწისა ოსური ენა; იმიტომ, რომ თქვენ გამოაღვიძეთ ოსი ხალხი. ჩვენ ვართ ნამდვილი ოსი პატრიოტები, ვის ძარღვებშიც ჭეშმარიტი ოსურ-ალანური სისხლი ჩქეფს“ (მარტი, 1990 წ.). ამ წერილს ხელს აწერს თბილისელი ოსების ჯგუფი - 158 კაცი.
კომენტარი: ამ წერილში, ძირითადად, უნდობლობაა გამოცხადებული თბილისის პოლიტიკური ტაქტიკის მიმართ. ხელისუფლებას ეგებოდა ამ პრეტენზიებზე დაფიქრება. მით უმეტეს, პრესასა და საზოგადოებას მოეთხოვებოდა ხელისუფლება დაეფიქრებინა ამაზე.
ასეთ ფონზე საკავშირო ცენტრი ქმნის რიგ რესპუბლიკებში მიმდინარე ეთნიკური დაპირისპირების შემდგომი გაღვივების იურიდიულ ბაზას. მიღებულია ახალი კანონი სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის წესის შესახებ. ფაქტობრივად, ამ კანონმა ხელი შეუწყო ავტონომიურ წარმონაქმნებში შექმნილი სეპარატისტული განწყობის შემდგომ გაღვივებას. 1990 წლის 3 აპრილის სსრკ კანონი სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკების გასვლასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესს ასე განსაზღვრავს: „მუხლი 3: მოკავშირე რესპუბლიკაში, რომლის შემადგენლობაში არიან ავტონომიური რესპუბლიკები, ავტონომიური ოლქები, ავტონომიური ოკრუგები, რეფერენდუმი ეწყობა ცალკე თითოეულ ავტონომიაში. ავტონომიური რესპუბლიკების და ავტონომიური ფორმირებების ხალხებს უნარჩუნდებათ სსრ კავშირში ან გამავალ მოკავშირე რესპუბლიკაში ყოფნის საკითხის დამოუკიდებელი გადაჭრის, აგრეთვე - თავის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სტატუსის საკითხის დაყენების უფლება..
კომენტარი: საკავშირო რესპუბლიკები ვალში არ რჩებიან: 1990 წლის 20 ივლისი - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ. შეიქმნა კომისია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით.
კომენტარი: ცენტრისა და რესპუბლიკების სამართლებრივ-პოლიტიკური დაპირისპირების, ისევე როგორც რესპუბლიკების შიგნით მიმდინარე ეთნიკური გაუცხოვების ფონზე დადგენილებების ომი თბილისსა და ცხინვალს შორისაც გაგრძელდა. ამ დროისათვის უკვე დაღვრილი იყო სისხლი. გაჩნდნენ პირველი ლტოლვილები ორივე მხრიდან.
1990 წლის 20 სექტემბრის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მე-20 მოწვევის მე-14 სესიამ მიიღო დეკლარაცია „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“ რომელშიც გამოცხადებულია ოსი ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის ხელშეუხებელი უფლება. ნათქვამი იყო, რომ ოსი ხალხის “შემდგომი განვითარების ბუნებრივი და აუცილებელი პირობაა სრული დამოუკიდებლობა...“; რომ „სამხრეთ ოსეთი ცხადდება საერთაშორისო სამართლისა და საკავშირო ხელშეკრულების სუბიექტად...“. ამავე დეკლარაციაში განცხადებული იყო, რომ „ავტონომიური ოლქი უნდა გარდაქმნილიყო სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“. კერძოდ, სესია ადგენდა:
1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად; 2. ეთხოვოს სსრკ უმაღლეს საბჭოს სამხრეთ ოსეთის მიღება სსრკ-ში ფედერაციის დამოუკიდებელ სუბიექტად; 3. ეთხოვოს სსრკ რესპუბლიკებს სამხრეთ ოსეთთან მეგობრობის, ურთიერთთანამშრომლობისა და უერთიერთდახმარების ხელშეკრულების გაფორმება.
კომენტარი: ამგვარად, სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭომ ცალმხრივად (არ ჰქონდა რა სათანადო კომპეტენცია სსრკ კონსტიტუციის ფარგლებში) მიიღო გადაწყვეტლება საქართველოს შემადგენლობიდან ფაქტობრივი გასვლის შესახებ.
ეს დადგენილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 1990 წლის 21 სექტემბერს.
კომენტარი: ამ დროს გახშირდა ქართული პუბლიკაციები, რომელთა პათოსი შემდეგი იყო: ოსი სტუმარია საქართველოში.
1990 წლის ოქტომბერში გაზეთ „მამულში“ დაიბეჭდა საარქივო მასალა გაზეთ „თერგიდან“ - ისევ იმის საილუსტრაციოდ, რომ ცხინვალში ოსი სტუმარია, მოსულია, ქართველი კი - ისტორიული მცხოვრები. ციტატა: „ცხინვალისა და მახლობელი სოფლების - დვრისის, ტბეთისა და კვერნეთის ოსებმა საქართველოს ეგზარქოსს მიართვეს თხოვნა ცხინვალში განსაკუთრებული ოსური სამწყსოს გახსნისა და უწმიდესი სინოდის სახსრებიდან ეკლესიის ასაგები თანხების გამოყოფის შესახებ. უკანასკნელ დრომდე ცხინვალი დასახლებული იყო სამი ხალხით - ქართველების, სომხებისა და ებრაელების წარმომადგენლებით. 20-25 წლის წინ აქ ოსთა 3-4 ოჯახზე მეტი არ ცხოვრობდა. დღეს კი ცხინვალში მუდმივ მცხოვრებ ოსთა ოჯახების რაოდენობა 50-ს აჭარბებს. ამდენივეა ვაჭრობითა და სხვა სარეწებით დაკავებული დროებითი მოსახლე. ოსებს ცხინვალი იზიდავს, როგორც ცენტრი“.
კომენტარი: ასეთი პათოსი ახასიათებდა პოლიტიკურ ელიტასაც, რომელიც ამ დროისათვის ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. თუმცა, იყო სხვა, ერთი შეხედვით უფრო ტოლერანტული განცხადებებიც. თუმცა მათი ქვეტექსტი აგრეთვე გამოირჩეოდა ეროვნულ უმცირესობათა მიმართ უნდობლობით, მათში ანტიქართული განწყობების ძიებით, რაც არანაირად არ უწყობდა ხელს ურთიერთნდობის წარმოქმნას, ურთიერთმისაღები კომპრომისების ძიებას. 1990 წლის ოქტომბერი - ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით. საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების წინ გამსახურდია საუბრობდა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. შემდეგ შეეხო ეროვნული უმცირესობების საკითხსაც: „შემდეგი საკითხი, რომელზეც მრავალ შეკითხვას გვისვამენ, არის ჩვენი დამოკიდებულება არაქართველ მოსახლეობასთან. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ არ მოვითხოვთ არაქართველთა გასახლებას საქართველოდან, როგორც ამას ზოგიერთი მოგვაწერს. არ მოვითხოვთ მათ დისკრიმინაციას, დევნას. ჩვენ მოვითხოვთ თანასწორუფლებიანობას. ამჟამად არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ქართველი მოსახლეობა ბევრ რაიონში დისკრიმინირებულია, იჩაგრება. ჩვენ მოვითხოვთ მხოლოდ უფლებათა გათანაბრებას, ქართველთა დისკრიმინაციის შეწყვეტას, ამავე დროს, რასაკვირველია, არაქართველი, ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაკანონებას.“
კომენტარი: დაწყებული პროცესი არ წარმართულა დიალოგის გზით. დიალოგის სურვილს მხარეები არ გამოხატავდნენ. საქართველოს ხელისუფლება არც კი განიხილავდა ოსების წინადადებებს. მხარეები თითქოს ერთმანეთის ჯიბრზე და ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ განუხრელად დაიცავდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს - ამავე დროს კი მიმდინარეობდა ეთნიკური ოსების გათავისუფლება სამსახურებიდან, საცხოვრებელი ადგილებიდან და ბინებიდან მათი გაძევება.
1990 წლის 16 ოქტომბერს ცხინვალში მოიწვიეს ავტონომიური ოლქის საბჭოს მე-15 სესია, რომელმაც დაადასტურა თავისი წინა გადაწყვეტილება („სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“ 20 სექტემბერი 1990წ.) და, გარდა ამისა, აირჩია სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი და მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ. არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბრისთვის. გარდა ამისა, სესიამ დაამტკიცა 1990 წლის 20 სექტემბრის მე-14 სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოთა სოციალისტურ დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. სესიაზე აღინიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. სესიამ უკანონოდ მიიჩნია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება და შესაბამისი საარჩევნო ოლქებისა და უბნების ფუნქციონირება. ეს არჩევნები, რომელიც პირველად საბჭოთა საქართველოს ისტორიაში მრავალპარტიულ ხასიათს ატარებდა, დანიშნული იყო 28 ოქტომბერს.
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა უზენაესი საბჭოს არჩევნები... ამ არჩევნებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ეთნიკური ოსი მოქალაქეების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა.
1990 წლის 2 ნოემბერს „ლიტერატურული საქართველო“ ბეჭდავს ინტერვიუს საქართველოს გენერალურ პროკურორთან, ვახტანგ რაზმაძესთან, იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს დამნაშავეთა დასჯა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.
კომენტარი: საქართველოს გენერალური პროკურორი (ე.ი. საქართველოს ხელისუფლება) მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ფონზე ირჩევს, რომ ოლქში მიმდინარე პროცესებს მისცეს მართლწესრიგის დარღევის და კრიმინალის კვალიფიკაცია, მაშინ როდესაც ისინი ადმინისტრაციულ რეაგირებას საჭიროებდა.
1990 წლის 2 ნოემბერს ცხინვალში ჟურნალისტები იფიცებიან. ცხინვალის სტამბა არ ბეჭდავს ქართულ გაზეთს. ქართული პრესა იუწყება: „საგანგაშო ცნობა მივიღეთ ცხინვალიდან. იქაურმა კოლეგებმა, გაზეთ „საბჭოთა ოსეთის“ რედაქციის თანამშრომლებმა, შეგვატყობინეს, რომ კანონიერი ხელისუფლების მაგიერ მოქმედი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა უგულებელყოფს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს ყოველგვარ დადგენილებას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ. ეს მთავრობა ყოველნაირად ცდილობს, თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს ცხინვალში მომუშავე ქართველი ჟურნალისტები, დააბეჭდინოს ანტიქართული, მის მიერ მიღებული ორ ერს შორის შუღლის გამღვივებელი დოკუმენტები და მასალები. ასეთმა პოლიტიკამ ნაყოფი გამოიღო. ქართველი მოსახლეობა მტრულად განეწყო „საბჭოთა ოსეთის“ მიმართ. გაზეთი დახურვის პირასაა. საქართველოს კომპარტიის საოლქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს ოსურენოვანი გაზეთი „სოვეტ ირისტონი“ და მისი რუსული დუბლი უკვე გამოდის, როგორც საქართველოს კომპარტიის საოლქო კომიტეტისა და „სამხრეთ ოსეთის“ საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანო. როგორ გავიგოთ ეს? პარტიის საოლქო კომიტეტმა და, ამდენად, საქართველოს კომპარტიამ ცნეს ახლად გამომცხვარი საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა? „საბჭოთა ოსეთის“ რედაქციის მუშაკებმა გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ ყოველგვარ ზემდგომ ორგანოზე, მათ შორის, საქართველოს კომპარტიის საოლქო კომიტეტზე და „საბჭოთა ოსეთის“ ბაზაზე შეექმნათ ახალი, სრულიად დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „ჩვენი სამკვიდრო“ - დევიზით: „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება“. კოლექტივმა განზრახვას ფრთები შეასხა, მაგრამ, როცა საქმე გამოცემაზე მიდგა, საქართველოს გამსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პოლიგრაფიული გაერთიანების სტამბამ (დირექტორი ა. კავიშოვა) უარი განაცხადა ამ სახელწოდების გაზეთის დაბეჭდვაზე. ნომერი ჩავარდა. აღსანიშნავია, რომ მასში იბეჭდებოდა ქალაქ ცხინვალისა და ცხინვალის რაიონში ჩატარებული საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შედეგები. სამაჩაბლოს ქართველობა ამ ინფორმაციის გარეშე დარჩა, სამაგიეროდ, იმავე ღამით სტამბაში დაიბეჭდა „ადამონ ნიხასის“ არარეგისტრირებული გაზეთი - „ირონ გაზეთი“. ცხინვალელი ქართველი ჟურნალისტები შეძრა ამ უკანონობამ, დისკრიმინაციამ და პროფესიული ღირსების გათელვამ. პროტესტის ნიშნად გაფიცვა გამოაცხადეს. ქართულენოვანი გაზეთი პირველი ნოემბრიდან აღარ გამოვა. 5 ნოემბერს კვლავ დავუკავშირდით ცხინვალს. „ჩვენი სამკვიდროს“ - ყოფილი „საბჭოთა ოსეთის“ რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ საბანაძემ შეგვატყობინა, რომ რედაქციის თანამშრომლებს გადაწყვეტილი აქვთ, გაფიცვა გააგრძელონ მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება“.
1990 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეულმა უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტათა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება ავტონომიური ოლქის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისთვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ14. საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიმართა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებ, მიეცათ სწორი შეფასება სეპარატისტთა სახიფათო მოქმედებებისათვის, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა საერთო დესტაბილიზაცია და მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.
1990 წლის 28 ნოემბერი - სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მე-16(2) სესიამ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას გადაერქვას სახელი და ეწოდოს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა15. ამოღებულია სიტყვა „დემოკრატიული“. გადაწყვეტილებას ხელს აწერს ტ. კულუმბეგოვი როგორც სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. იმავე სესიაზე ეთხოვა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ეცნო „სამხრეთ ოსეთის“ საბჭოთა რესპუბლიკა საბჭოთა ფედერაციის სუბიექტად. სესიამ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 9 დეკემბრისათვის დანიშნა. 1990 წლის 9 დეკემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარდა შესაბამისი არჩევნები. ცხინვალის ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 71%.
კომენტარი: 1990 წლის მიწურულს დადგენილებების ომი, რომელსაც, თანდათან „ცხელი ომის“ მზარდი ნიშნებიც ახლდა თან, კულმინაციას აღწევს. : 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. მასთან ერთად გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო - კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები. გარდა ამისა ცნობილ იქნა ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები16.
ამ კანონში აღინიშნებოდა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ძალები ცდილობენ საქართველოს ჩამოაცილონ მისი ისტორიული, გაუსხვისებელი ნაწილი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების მიზეზებად კი მოხმობილი იყო შემდეგი არგუმენტები: 1) 1922 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და საქართველოს ინტერესთა საზიანოდ; 2) ოს ხალხს აქვს საკუთარი სახელმწიფოებრიობა სსრკ-ს ტერიტორიაზე; 3) სამხრეთ ოსეთში საქართველოში მაცხოვრებელ ოსთა მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს.
იმავე დღეს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და მიიღო „კანონი საგანგებო წესების შესახებ“17. შესაბამისი შესწორება შეიტანეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში.
1990 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმი, რომელიც ოპოზიციაში იმყოფებოდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან, აკეთებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება, მიუხედავად მისი სამართლიანობისა, ამ მომენტისთვის არის გაუმართლებელი“18.
კომენტარი: აღნიშნული პოლიტიკური ორგანო, კონგრესი, ერთადერთი არ იყო საქართველოში, რომელსაც აფიქრებდა უზენაესი საბჭოს გადაწყეტილების მართებულობა. ამ კანონის წინააღმდეგ უზენაესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატმაც აღიმაღლა ხმა. მაგრამ მთლიანობაში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიის, მეტიც, ამგვარი სახელწოდების წაშლა საქართველოს პოლიტიკური რუკიდან ასახავდა ქართველებში დომინირებულ განწყობას. ეს განწყობა შეიძლება დახასიათდეს როგორც ნაციონალისტური. თავად უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის რიგი პასაჟებიც დაღდასმული იყო უფრო ემოციური ნაციონალიზმით, ვიდრე პოლიტიკური და, განსაკუთრებით, სამართლებრივი კორექტულობით. ამდენად, ეს კანონი და „ლიტერატურულ საქართველოსა“ თუ სხვა გაზეთებში გამოქვეყნებული პუბლიცისტიკა დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. სხვაგვარად ძნელი შესაფასებელია ავტონომიის გაუქმების ზემოხსენებული არგუმენტები: სათუოა სამართლებრივი ლოგიკა არგუმენტისა, რომ რადგან რომელიმე ხალხს სადმე აქვს სახელმწიფოებრიობა, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მის კომპაქტურად მოსახლე ნაწილს ავტონომია არ შეიძლება ჰქონდეს. ასევე გაუგებარია სამართლებრივი ვალიდურობა არგუმენტისა, რომ ათეული წლების წინ სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა ქართველი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და საქართველოს საზიანოდ. ასეთი არგუმენტით ოპერირებას, სულ მცირე, სპეციალური კომისიის შექმნა და საკითხის სერიოზული კვლევა და განსჯა ესაჭიროებოდა.
ფაქტია, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერთა გადაწყვეტილებები ადექვატური და სამართლებრივად გამართული არ იყო, მაგრამ თბილისის, კერძოდ კი გამსახურდიას ხელისუფლების პასუხი ასევე სრულიად არაპროპორციულად უნდა შეფასდეს. ყოველივე ამას ვერაფერი, გარდა კონფლიტის შემდგომი ესკალაციისა, ვერ მოჰყვებოდა.
II. კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია - ცხელი ფაზა
1991 წლის 7 იანვარს გამოიცა სსრკ პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის, ბრძანებულება, რომელიც ქართულ-ოსურ სამართლებრივ ომსა და მის საფუძველზე განვითარებულ ძალოვან დაპირისპირებას ეხებოდა. გორბაჩოვი საბჭოთა კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდა როგორც ცხინვალის, ისე თბილისის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სტატუსის ამაღლებასა თუ ოლქის სრული გაუქმების შესახებ მიღებულ დადგენილებებს.
გორბაჩოვი აცხადებდა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსის შემცვლელი ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ სსრკ უმაღლესი ორგანოების მიერ მისი დადასტურების შემდეგ იღებდა იურიდიულ ძალას. აღინიშნებოდა ისიც, რომ საქართველოს უზენაესმა საბჭომ არ დაიცვა ავტონომიის სტატუსის შეცვლის საბჭოური კანონებით განსაზღვრული პროცედურა. საბჭოური ცენტრი ასევე უკანონოდ თვლიდა საქართველოს მიერ ცხინვალსა და ჯავის რაიონში საგანგებო წესების გამოცხადებასა და მათ შესასრულებლად რესპუბლიკის შსს და სახელმწიფო უშიშრიოების ნაწილთა, ისევე როგორც სსრკ შინაგანი ჯარის, მოხმობას.
სსრკ კონსტიტუციის 1273 მუხლის და „სსრკ კანონებისა და სხვა აქტების მოქმედების უზრუნველყოფის შესახებ“ 1990 წლის 24 ოქტომბრის სსრკ კანონის საფუძველზე საბჭოთა პრეზიდენტი ადგენდა: არც საქართველოს რესპუბლიკისა და არც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი აქტები სამხრეთ ოსეთის სტატუსის თაობაზე არ უნდა შესრულებულიყო; სამხრეთ ოსეთიდან სამ დღეში უნდა ყოფილიყო გაყვანილი ყველა ფორმირება სსრკ შინაგანი ჯარის გარდა; საქართველოს ხელისუფლებას 5 დღის ვადაში უნდა ეცნობებინა სსრკ პრეზიდენტისათვის ვითარების ნორმალიზაციისათვის მიღებული ზომების შესახებ.
ამას მოჰყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 9 იანვრის დადგენილება. ციტატა: „საქართველოს რესპუბლიკის კანონის იურიდიული ძალის უარყოფა არ შეუძლია საბჭოთა კავშირის ხელისუფლების არც ერთ ორგანოს, რადგანაც - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის თანახმად საქართველოს რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა და თავისი ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს ტერიტორიულ უზენაესობას, რომლის ძალითაც რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება განუხრელად უნდა შეასრულოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულმა ნებისმიერმა ორგანომ, დაწესებულებამ და ორგანიზაციამ“. დადგენილებაში აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ექსტრემისტები და სეპარატისტები ეწევიან იქ მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციას და ცდილობენ, საქართველოს მოწყვიტონ ეს ტერიტორია.
ამავე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო არ აკნინებს ეროვნებებისა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებას სახელმწიფოსა და რესპუბლიკის შექმნის ჩათვლით, მაგრამ დაუშვებლად მიიჩნევს ამ უფლებების გავრცელებას საქართველოში მცხოვრებ იმ ეროვნებებზე, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა აქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ.
იმავე დადგენილება აცხადებდა: „ყოველგვარ იურიდიულ და მორალურ საფუძველს არის მოკლებული საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულების მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, რეგიონიდან გამოყვანილ უნდა იქნას ყოველგვარი შეიარაღებული ფორმირება - გარდა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა.“
კომენტარი: პარალელურად, გამსახურდიას ხელისუფლება გორბაჩოვისადმი ოპოზიციური რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან, კერძოდ ელცინისგან, ელოდა გაგებასა და მოკავშირეობას, თუმცა, უშედეგოდ:
1991 წლის 23 მარტს - შედგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბორის ელცინის შეხვედრა დაბა ყაზბეგში. ერთობლივ ოქმში დაფიქსირდა: „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის ერთობლივი მოქმედების შეთანხმების შედეგად მხარეებმა დათქვეს შემდეგი:
...რუსეთის სფს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 აპრილამდე შექმნიან მილიციის ერთობლივ რაზმს, რომელიც განაიარაღებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირებას19.
კომენტარი: ამ დოკუმენტში, ფაქტობრივად, აღიარებულია, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი აღარ არსებობს; ანუ 23 მარტს რუსეთი აღიარებს, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუქმებულია და მას მოიხსენიებს „ტერიტორიად“. თუმცა რამოდენიმე დღეში რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატების ყრილობამაც საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის ავტონომიის აღდგენა სთხოვა.
ყრილობა მიმართავდა სსრ კავშირის უმაღლეს საბჭოსაც, მიეღო ზომები „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ნორმალური ვითარების აღსადგენად. დოკუმენტს ხელს აწერს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინიც.
კომენტარი: ზემოაღნიშნული დადგენილება ეხება სამხრეთ ოსეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებსაც. აღსანიშნავია, რომ მარტში გამსახურდიამ ცხინვალში შეიყვანა ახლადჩამოყალიბებული ეროვნული გვარდიის ნაწილები. მოსკოვისა და თბილისის მიმოწერის პარალელურად რეგიონში გრძელდებოდა და ფართოვდებოდა სამხედრო დაპირისპირება.
1 აპრილს სსრკ უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს და საქართველოს უზენაეს საბჭოს კვლავ დაეკისრათ გორბაჩოვის 7 იანვრის ბრანებულების შესრულება.
4 მაისს სამხრეთ ოსეთის საოლქო, საქალაქო, რაიონული და სასოფლო საბჭოების ერთობლივმა კრებამ მიიღო დადგენილება გორბაჩოვის ბრძანებულების შესრულების შესახებ. გაუქმდა სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს 20 სექტემბრის დადგენილება ოლქის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის თაობაზე. ამასთან, კრება აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისა და განახლების საკითხისადმი მიძღვნილი 17 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, აუცილებელია სსრკ უზენაესი საბჭოსადმი მიმართვა, რათა ოლქი გამოცხადდეს სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის ხელშეკრულების დამოუკიდებელ მონაწილედ. სხვათა შორის, კრება თბილისს ადანაშაულებდა ოლქის წინააღმდეგ სამართლებლივი ომის დაწყებაში, მოჰყავდა რა არგუმენტად საქართველოს უზენაესი საბჭოს 1989 წლის ნოემბრის, 1990 წლის მარტისა და ივნისის გადაწყვეტილებები. კრების თანახმად, ცნო რა უკანონოდ 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ შექმნილი ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ფაქტობრივად კანონგარეშედ გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის ოლქი ჯერ კიდევ მის ფორმალურ გაუქმებამდე 1991 წლის დეკემბერში. 20
კომენტარი: მიუხედავად იმისა, რომ კრება კონფლიქტს მთლიანად თბილისის ხელისუფლბას აბრალებდა და სამხრეთ ოსეთის სსრკ-ში პირდაპირი შესვლის მოთხოვნას აყენებდა, ეს იყო კონფლიქტამდელი სტატუს-ქვოსაკენ გადაგმული ნაბიჯი. თუმცა ეს ნაბიჯი ერთგვარად ნაგვიანები იყო, რადგან მიმდინარეობდა სსრკ-ს სწრაფი დაშლა, იცვლებოდა სამრთლებრივ-პოლიტიკური რეალიები. კერძოდ, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. კანონთა ღია ომი ამჯერად თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარეობდა. ასეთ კონტექსტშია აღსაქმელი საქართველოს უზენაესი საბჭოს 7 მაისის დადგენილება, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთის დეპუტატთა კრების შედეგები იურიდიული ძალის არმქონედ ჩათვალა.
და მაინც, სიტუაცია, რომელიც ჩიხში შევიდა, თბილისის მხრიდან აშკარად მეტ სამშვიდობო, შემრიგებლურ რეაქციას ითხოვდა. ჯერ არც ერთი ეთნიკური ხასიათის კონფლიქტი არ გადაწყვეტილა ამა თუ იმ ერის მიერ მხოლოდ ისტორიულ უსამართლობაზე აპელირებით თუ ხისტი ლეგალიზმით და ყველა სხვა რეალობის, თანამედროვე ვითარების სრული იგნორირებით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს უცილობლად უნდა ხლებოდა თან მიმართვა ოსი თუ აფხაზი ავტონომისტების და, თუნდაც, სეპარატისტების მიმართ. მაღალი ტრიბუნიდან უნდა თქმულიყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა სადავო საკითხის მოლაპარაკებით გადაწყვეტის მომხრე იყო. 4 მაისის ოსური კრების შინაარსშიც, პირველ რიგში, შემრიგებლური მუხტი უნდა დანახულიყო, რაოდენ სუსტიც არ უნდა ყოფილიყო იგი. ამას ითხოვს კონფლიქტების გადაწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკების მსოფლიო გამოცდილება. სამწუხაროდ, იმჟამინდელ ქართულ ელიტას აკლდა ასეთი გამოცდილება. თბილისის ხელისუფლების დამოკიდებულება საკითხისადმი, ფორმა და ლექსიკა ემოციურ-აგრესიული რჩებოდა.
1991 წლის 31 ივლისს საქართველოს განათლების მინისტრმა (ელიზბარ ჯაველიძემ) გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, ავტონომიური რესპუბლიკისა და ოლქის ტერიტორიაზე არ უნდა დაეშვათ ქართველი ბავშვების არაქართულ სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში მიღება.
კომენტარი: ამ პერიოდის ქართულ პრესაში ქვეყნდება „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიურ ოლქში შექმნილი სიტუაციის ანალიტიკური შეფასებები რამაზ კლიმიაშვილის, ნოდარ ნათაძის, ჰენრი კუპრაშვილის, თედო პაატაშვილის და სხვათა მიერ. ტიპიურია ყოველივეში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ხელის ძიება.
თედო პაატაშვილის სტატიაში საუბარია რუსეთის წამქეზებლურ როლზე ცხინვალის რეგიონში. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ კონფლიქტი გარე ფაქტორებით არის განპირობებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დასაბრკოლებლად და ხელყოფს მის ტერიტორიულ მთლიანობას.21
კომენტარი: კონფლიქტი კი გრძელდება როგორც შეიარაღებული, ისე სამართლებრივ-პოლემიკური ფორმით. კონფლიქტს ფონად გასდევს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა, მაგრამ ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე ეს ნაკლებად აისახება. საინტერესოა, რომ სამხედრო საბჭომ გააუქმა გამსახურდიას დროს მიღებული ბევრი გადაწყვეტილება, მაგრამ “სამხრეთ ოსეთთან” დაკავშირებით იგივე პოზიცია შეინარჩუნა.
1991 წლის 3 დეკემბერი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის გამო (ხელს აწერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე). საუბარია იმაზე, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის მოწვევა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომ ოს სეპარატისტებს მხარს უმაგრებს რუსეთის ჯარი. უზენაესი საბჭო ბათილად ცნობს „სამხრეთ ოსეთის“ უმაღლესი საბჭოს სესიის გადაწყვეტილებებს.
1992 წლის 3 იანვარი - მიღებულ იქნა „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება საერთო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმზე გატანილი უნდა ყოფილიყო ერთი საკითხი: „სამხრეთ ოსეთის“ რსპუბლიკის დამოუკიდებლობა.
1992 წლის 21 თებერვალი - სამხედრო საბჭოს დეკლარაცია (ხელს აწერენ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი). საუბარია 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენაზე და საქართველოში არჩევნების ჩატარებაზე. აქ ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებობს ორი ავტონომია - აფხაზეთის და აჭარის. „სამხრეთ ოსეთზე“ ლაპარაკი არ არის.
1992 წლის 21 მაისი - ჩრდილოეთ ოსეთის ასს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიის დადგენილება: შეფასდეს ქართველთა ქმედება, როგორც ოსი ხალხის გენოციდი; გამოცხადდეს „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე საყოველთაო გლოვა.
1992 წლის 28 მაისი - რსფს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება - მეოთხე სესიის დღის წესრიგში ჩრდილოეთ და „სამხრეთ ოსეთში“ შექმნილი მდგომარეობის საკითხის შეტანის შესახებ.
III. 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება
კომენტარი: ივნისის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება იწყებს აქტიურ მოქმედებას კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების აღსაკვეთად. თბილისში ვრცელდება ხმები, რომ ცხინვალის ხელისუფლება ვეღარ უმკლავდება ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებს და რუსული „სამშვიდობო“ პათოსიც ამის შედეგია.
1992 წლის 8 ივნისი - რსფს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომის დადგენილება. სხდომა აუცილებლად მიიჩნევს ჩრდილოეთ ოსეთის, „სამხრეთ ოსეთის“ და საქართველოს ხელისუფლებების ხელმძღვანელების შეხვედრას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მიზნით, ერთობლივი ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვას რუსეთის მხარის მონაწილეობით.
1992 წლის 10 ივნისი - საქართველოს პრეზიდენტის, შევარდნაძისა, და ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, გალაზოვის, ყაზბეგში შეხვედრის პროტოკოლი. საუბარი იყო ცეცხლის შეწყვეტის, დამკვირვებელთა ერთობლივი ოთხმხრივი ჯგუფის შექმნის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი, პრემიერ მინისტრის მოადგილე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე სანდრო კავსაძე, ჩრდილოეთ ოსეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ხეთაგუროვი.
ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა, რომ სამშვიდობო ფუნქცია ეკისრათ ავღანეთში ნაომარ ქართველ და ოსი ეროვნების მოქალაქეებს.
კომენტარი: ამ დოკუმენტის მთავარი მნიშვნელობა ის არის, რომ პირველად ხდება ქართული და ოსური ხელისუფლებების წარმომადგენლების შეხვედრა სისხლისღვრის შემდეგ და მკვიდრდება ტერმინი „ქართულ-ოსური კონფლიქტი.“
1992 წლის 24 ივნისი - სოჭში (დაგომისში) ხელი მოეწერა ელცინსა და შევარდნაძეს შორის (რუსეთსა და საქართველოს შორის) შეთანხმებას. მისი უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო:
- ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის ზონაში;
- კონფლიქტის ზონის დაყოფა, ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ კი, „სამხრეთ ოსეთის“ კონტროლის ზონებად;
- შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია (შსკ), ოთხმხრივი ორგანო, საქართველოს, „სამხრეთ ოსეთის“, რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობით და ეუთოს პატრონაჟით;
- განისაზღვრა საკონტროლო კომისიის ფორმატი. ეს იყო უნივერსალური ფორმატი და მოიცავდა კონფლიქტის მოგვარების ყველა ასპექტს.
ამავე დოკუმენტით შეიქმნა გაერთიანებულ სამშვიდობო ძალთა სამმხრივი კონტინგენტი - ქართველების, რუსების და სამხრეთ ოსების მონაწილეობით.
1992 წლის 4 ივლისს ხდება მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც იღებენ პროტოკოლს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით მიღებული შეთანხმებების შესრულების შესახებ. ხელს აწერენ: შოიგუ, კიტოვანი, გალაზოვი და კულუმბეკოვი.
1993 წლის 23 იანვარი - 1 მარტი - ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს ეუთოს მისიასა და კონფლიქტის მხარეებს შორის. მათში ასახულია ეუთოს მისიის უფლებამოსილება და სამუშაო არეალი.
1993 წლის 14 სექტემბერი - რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობების შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დაზარალებულ რაიონებში ეკონომიკის აღდგენის შესახებ. საქართველომ თავის თავზე აიღო ხარჯების 2/3-ის დაფარვის ვალდებულება.
კომენტარი: სოხუმის დაცემის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულმა მთელმა პოლიტიკურ-დიპლომატიურმა აქტივობამ გარკვეული ხნით აფხაზეთის საკითხზე გადაინაცვლა. ამავე დროს არც ოსურ საკითხში იყო ყველაფერი უღრუბლოდ; 1993 წლის 6 მარტს გამოიცა ჩრდილოეთ ოსეთის ასს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება - „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის ცნობის შესახებ. იმის ნაცვლად, რომ განეცხადებინა ასეთი მოთხოვნის უკანონობის შესახებ და ეთქვა, რომ მას არ აქვს სხვის ტერიტორიაზე გამოცხადებული რესპუბლიკის აღიარების უფლება, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაგეგმა საკითხის განხილვა. რჩებოდა შთაბეჭდილება რომ, როგორც კი ეუთომ კონფლიქტის მოგვარება საერთაშორისო სამართალის ფარგლებში მოაქცია, რუსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი აშკარად კონფრონტაციის გზას დაადგნენ. სანამ რუსეთი ერთპიროვნულად მართავდა სიტუაციას, მისი ქმედება უფრო კონსტრუქციული იყო.
1993-1994 წლების მიჯნაზე რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ახალი დინამიკაა. საქართველო დსთ-ს წევრი გახდა. დაიწყო მუშაობა სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებაზე. ამ ფონზე ოსური საკითხიც ახალ ჟღერადობას იძენს. კვლავ დაიწყო საუბარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული რაიონების აღდგენაზე ერთობლივი, რუსულ-ქართული ძალისხმევით.
1994 წლის 26 ივლისს მიღებულია დებულება შერეული საკონტროლო კომისიის შესახებ.
1994 წლის 31 ოქტომბერს ფორმდება შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შემდგომი განვითარების გზების შესახებ. აქაც საუბარია კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების აუცილებლობაზე.
საუბარია იმაზე, რომ სოჭის ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიზნით შექმნილმა შერეულმა საკონტროლო კომისიამ, ფაქტობრივად, შეასრულა თავისი ფუნქცია. შეწყვეტილია ცეცხლი, გაყვანილია შეიარაღებული ფორმირებები... მხარეები შეთანხმდნენ, შერეული საკონტროლო კომისიის ფუნცქიების დაზუსტებაზე, მისი შემადგენლობის განახლებასა და გაფართოებაზე (ხელს აწერენ: მენაღარიშვილი და ხაჭაპურიძე - ქართული მხრიდან, გაბარაევი - სამხრეთ ოსეთიდან, ხეთაგუროვი - ჩრდილოეთ ოსეთიდან, მედვედევი და პასტუხოვი - რუსეთიდან).
კომენტარი: ამის შემდეგ შედგა შერეული კომისიის რამდენიმე შეხვედრა. იყო ქართველ და რუს პოლიტიკოსთა შეხვედრა ვლადიკავკაზში. მხარეები იწყებენ მუშაობას კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკურ ასპექტებზე. იქმნება ექსპერტთა ჯგუფები. ამავე საკითხზე მუშაობს ეუთოც.
1995 წლის 13 დეკემბერი - შედგა საექსპერტო ჯგუფების სხდომა, რომელიც მიეძღვნა მოლაპარაკებების მომზადებას ქართულ-ოსური კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების თაობაზე.
1996 წლის 9 თებერვალს ეუთოს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი დიტერ ბოდენი, ინტერვიუს აძლევს გაზეთ „დრონს“. იგი აცხადებს, რომ 1995 წლის დეკემბერში ეუთოს მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის. ბოდენი აგრეთვე აღნიშნავს, რომ კონფლიქტზე მუშაობის პროცესი დროშია გაწელილი და დუნედ მიმდინარეობს.
IV. შუალედურ („ბადენის“) დოკუმენტზე მუშაობა
მოლაპარაკებათა პროცესის დადებითი დინამიკა (1996 - 2000)
1996 წლის 18 აპრილი - ეუთოს მისია იტყობინება, რომ შემუშავებული და მხარეთა მიერ პარაფირებული იყო მემორანდუმის პროექტი, რომელიც კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების საკითხს ეხებოდა. მისიის შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მემორანდუმის რამდენიმე შეთავაზებული ვერსიიდან, მხარეებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა რუსეთის (პასტუხოვის) მიერ შეთავაზებული ვარიანტი. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მემორანდუმის ხელმოწერა შედგება ახლო მომავალში მოსკოვში ან ვლადიკავკაზში. შეტყობინების ავტორი, დიტერ ბოდენი, მემორანდუმს აფასებს, როგორც უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რადგან მასში ჩანს, რომ მხარეებმა გამოავლინეს მოლაპარაკების მშვიდობიანი გზით წარმართვის სურვილი; აღსანიშნავია ისიც, რომ ოსურმა მხარემ წამოაყენა წინადადება შევარდნაძისა და ჩიბიროვის შეხვედრის თაობაზე.
1996 წლის 29 აპრილი - დიტერ ბოდენის ანგარიში.
იგი წერს, რომ მემორანდუმი, რომელიც პარაფირებულ იქნა 17 აპრილს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იქნება ხელმოწერილი მოსკოვში. ამ მემორანდუმმა შეაჯამა გარკვეული სამუშაოები, რომლებიც კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით ჩატარდა. დიტერ ბოდენი აცნობებს ელჩებს, რომ მემორანდუმი, ალბათ, ხელმოწერილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე - საქართველოსა და რუსეთის მხრიდან, ხოლო ორივე ოსეთის სახელით მას ხელს მოაწერენ პრემიერ მინისტრები.
ელჩი წერს: „მე მინდა ვისარგებლო ამ დოკუმენტის ხელმოწერის ფაქტით და ხელმოწერის ცერემონიალზე წარმოვთქვა მოკლე სიტყვა, რომელიც შეიცავს შემდეგ ელემენტებს: ჩვენ ძალიან ვაფასებთ კომპრომისის სულს, რომელიც ორივე მხარეს შორის სუფევს და რამაც მიგვიყვანა ამ მემორანდუმის პარაფირებამდე. ასევე უნდა გამოვთქვა იმედი, რომ მალე დანერგილი იქნება ფართომასშტაბიანი და შორსმიმავალი ნდობა და უსაფრთხოების ზომები. ეს მომენტები უნდა იყოს გამოყენებული მოლაპარაკებათა შემდგომი პროცესის განსავითარებლად, რათა მიღწეულ იქნეს მრავალმხრივი დარეგულირება ქართულ-ოსური კონფლიქტისა უახლოეს მომავალში.“
ელჩის თქმით, აუცილებელია, მემორანდუმის ყველა მითითების დაუყოვნებლად შესრულება. მან შეიმუშავა სამუშაო საბუთი კონკრეტულ წინადადებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პარლამენტარებისა და ჟურნალისტების შეხვედრების მომზადებას - კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის წარმომადგენლების მონაწილეობით.
ბოდენი თავის წერილში საუბრობს სტატუსის საკითხზეც. მისი თქმით, შევარდნაძემ მას ამ საკითხზე თავისი მოსაზრებები გააცნო. „მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ძირითადი საკითხი. შევარდნაძემ აღნიშნა, რომ არ შეიძლება, რაღაც ნაჩქარევი, ქუჩაში ნაპოვნი იდეებით მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ „სამხრეთ ოსეთი“, ალბათ, უკვე აღარ დაკმაყოფილდება ავტონომიური ოლქის სტატუსით, მაგრამ ის არ გამორიცხავს მოლაპარაკების პროცესის წარმატებით გაგრძელებასა და ამ მხრივ შეთანხმების მიღწევას“, - წერს დიტერ ბოდენი.
1996 წლის 16 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა მემორანდუმს „ქართულ-ოსურ კონფლიქტში მხარეთა შორის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფ და ურთიერთნდობის გასამყარებელ ღონისძიებათა შესახებ“.
1996 წლის 13 ივნისს „სამხრეთ ოსეთის“ მხარე მოითხოვს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და გამოთქვამს მზადყოფნას როგორც ოსი, ისე ქართველი დევნილების დაბრუნებისთვის. ამავე დროს, ოსური მხარე სთავაზობს ქართულ მხარეს, მოხდეს პრობლემის მეცნიერული შესწავლა, საქართველოს ტელევიზიაში მომზადდეს ერთობლივი გადაცემა „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ, გაიმართოს დისკუსია მეცნიერ ისტორიკოსებს შორის.
1996 წლის 27 აგვისტო - შევარდნაძე-ჩიბიროვის შეხვედრა ვლადიკავკაზში. კომენტარი: ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ გამყარდა ტენდენცია ქართულ-ოსური ურთიერთობების გაღრმავებისკენ, რასაც საფუძველი დაუდო 1996 წლის 16 მაისის მემორანდუმმა.
1996 წლის 10 სექტემბერი - პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია წერს საქართველოს პრეზიდენტს ეთნიკური ნიშნით დაზარალებული ოსების უფლებების აღდგენის მოთხოვნის შემცველ წერილს.
1996 წლის 9 ნოემბერს ხდება შეთანხმება ჩრდილოეთ და “სამხრეთ ოსეთს» შორის სოციალურ-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ.
კომენტარი: ჩანს, რომ შეთანხმება ხაზგასმით პოლიტიკური არ არის და საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო, იგი გამოეყენებინა სახელმწიფო ინტრესების სასარგებლოდ. ამავე დროს, ხელშეკრულების საფუძველზე გზა გაეხსნა კონტრაბანდული ტვირთის შემოტანას საქართველოში. ხელშეკრულებით მხარეები ღიად აცხადებენ, რომ ისინი გაუწევენ ექსპლუატაციას როკის გვირაბს. ეს დოკუმენტი აღმოჩნდა „მწვანე შუქი“ ერგნეთის ბაზრობის გასახსნელად.
1997 წლის 4-5 მარტი - მოსკოვში იმართება კონფლიქტის მონაწილე და შუამავალი მხარეების წარმომადგენელი დელეგაციების შეხვედრა. ამ შეხვედრის საფუძველზე შეიქმნა სამდივნო, რომელიც გაუწევდა კოორდინაციასა და ორგანიზებას შემდგომ შეხვედრებს. განისაზღვრა, რომ მუშაობა წარიმართებოდა პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებზე. რუსეთის ფედერაციამ მაშინ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შესთავაზა, შემუშავებულიყო ე.წ. შუალედური დოკუმენტი, რომელიც დააფიქსირებდა კონფლიქტის მოგვარების ძირითად მიმართულებებსა და პრინციპებს.
კომენტარი: პარალელურად ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ პრობლემური გახდა კონფლიქტში მონაწილე მესამე მხარეების სტატუსი: მომრიგებლის, გარანტიორისა და მონაწილის. ჩრდილოეთ ოსეთს, რომელიც არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, ენიჭება უფრო მაღალი სტატუსი, ვიდრე ეუთოს. ეს ჩანს ამ შეხვედრის გამო მიღებულ საინფორმაციო შეტყობინებაში, რომელშიც მკაფიოდ არის გამოყოფილი უფლებამოსილი დელეგაციები. ამ შეტყობინებით ეუთოს წარმომადგენლები ფიქსირდებიან მხოლოდ პიროვნული მონაწილეობის დონეზე და არა, როგორც მონაწილე მხარე. დამაფიქრებელია, რომ ასეთი რანგირების წინააღმდეგ არ გამოდის ქართული მხარე. სავარაუდოა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ხაზი გაუსვას თავის დომინანტურ როლს კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
ამავე დროს, 4-5 მარტის შეხვედრის შედეგად მოლაპარაკებათა პროცესის ყველაზე აქტიური სუბიექტები ხდებიან მხარეების სრულუფლებიან დელეგაციათა საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ კონსულტაციებს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების საკითხებზე. შესაბამისად ეს საკითხები გამოდის შერეული საკონტროლო კომისიის კომპეტენციის ფორმატიდან. ამით, თითქოს კიდევ ერთხელ ესმება ხაზი ეუთოს როლის დაკნინებას.
1997 წლის მაისიდან იწყება მხარეების მიერ პროექტების წარმოდგენა პოლიტიკურ-სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრის საფუძვლების შესახებ (1997 წლის ივლისი - პროექტს წარმოადგენს რუსეთი; სექტემბერში - სამხრეთ ოსეთი). 1997 წლის 14 ნოემბერს შევარდნაძე და ჩიბიროვი ისევ ხვდებიან ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქართული მხარის პროექტის (დეკლარაციის) წარდგენა.
კომენტარი: სამხრეთ ოსური მხარის პროექტის მიხედვით ჩანს, რომ ოსები, როგორც ყოველთვის, ახლაც, მოითხოვდნენ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების შეფასებას, რაც ქართული მხარისათვის კვლავ მიუღებელი რჩებოდა. არა და ქართული მხარის თანხმობა იქნებოდა ნდობის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
1997 წლის 14 ნოემბერი - შევარდნაძისა და ჩიბიროვის შეხვედრა ჯავაში. ძირითადად განხილული იყო სოციალურ-ეკონომიკური საკითხები.
1998 წლის 20 ივნისი - ბორჯომში გაიმართა შეხვედრა შევარდნაძესა და ჩიბიროვს შორის. ამ შეხვედრაზე, ძირითადად, საუბარი იყო კონფლიქტის ზონის ეკონომიკურ აღდგენასა და დევნილების დაბრუნების საკითხის მოგვარებაზე. სამხრეთ ოსეთის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფელ მიტარბში ოსი ეროვნების მოსახლეობის დაბრუნება და გამოითქვა სურვილი, რომ იგივე პროცესი გაგრძელებულიყო საქართველოს სხვა რეგიონებში.
კომენტარი: ამ შეხვედრებიდან ჩანს, რომ პოლიტიკური შეთანხმებისაკენ მიმართული ნაბიჯები იგვიანებს;
1998 წლის ივლისში ვრცელდება გაეროს ექსპერტთა მიერ მომზადებული დოკუმენტი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციის შესახებ.
კომენტარი: ამ დოკუმენტზე ქართული მხარის ოფიციალური რეაგირება საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა
1999 წლის 9 იანვარს შედგა „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა ცხინვალში. ქართულ მხარეს წარმოადგენდა სახელმწიფო მინისტრი ვ. ლორთქიფანიძე.
კომენტარი: შეხვედრაზე საუბარი იყო ახალი ფუნქციონალური ჯგუფების შექმნაზე. ჩნდება კითხვა, რამდენად მიზანშეწონილი იყო ახალი ჯგუფების შექმნა მაშინ, როცა არ ხდებოდა წინა ჯგუფების მიერ გაწეული მუშაობის შეფასება.
_____________________
1. ეს მასალა წინამდებარე ნაშრომზე მომუშავე ჯგუფის წევრთა პირად არქივში დაცულ დოკუმენტებსა და სტატიებს ეყრდნობა. ნაშრომში აღნიშნული ნებისმიერი დოკუმენტი თუ სტატია, დაინტერესების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია.
2. გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 1989, 12 მაისი
3. გაზეთი „კომუნისტი“, №196, 1989 წლის 25 აგვისტო
4. გაზეთი „საბჭოთა ოსეთი“, №170, 1989 წლის 5 სექტემბერი
5. გაზეთი „საბჭოთა ოსეთი“, №188, 1989 წლის 28 სექტემბერი
6. გაზეთი „კომუნისტი“, 1989 წელი, 28 სექტემბერი
7. გაზეთი „საბჭოთა აფხაზეთი“, №202, 1989 წლის 20 ოქტომბერი
8. გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 20 ოქტომბერი, 1989 წელი
9. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფ. 1165, ანაწ. 8, საქ. 2852, ფურც. 62-54
10. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1989, №11, გვ. 7-8
11. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1989, №11, გვ. 97
12. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990, №3, გვ. 8-10 15
13. ალეკო ასლანიშვილის პუბლიკაცია, „7 დღე“, 1990 წლის 2 ნოემბერი
14. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990, №11, გვ. 57-58
15. გაზეთი „Советская Осетия“, №226, 1990 წლის 1 დეკემბერი
16. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990, №12, გვ. 10-12
17. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1990 წელი, 12 დეკემბერი
18. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1990 წელი, 14 დეკემბერი
19. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, №58, 1991 წლის 27 მარტი
20. გაზეთი „Советская Осетия“, №41, 1991 წლის 16 მაისი
21. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1992 წელი, 10 ივნისი
![]() |
4 მხარეთა შორის მოლაპარაკებების პროცესის ეუთოს მისიისეული შეფასებები კომენტარითურთ |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი: ამავე დროს, შესაბამისი პროექტები იქმნება და ეუთო ცდილობს ამ, მთავარი თემის აქტუალიზაციას. ეუთოს მისია აგრეთვე სისტემატურად იყო დაკავებული პროცესის შეფასებით, მხარეთა წინადადებების ანალიზით. ამ მხრივ საინტერესოა 1999 წლის 15 იანვრით დათარიღებული ეუთოს მისიის ანგარიში. მასში განხილულია კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ე.წ. შუალედური დოკუმენტის ქართული, ოსური და რუსული ვერსიები, რომელთა შექმნა 1997 წლის მარტში, მოსკოვში შეხვედრისას გადაწყდა.
რუსეთის ფედერაციამ ამ შუალედური დოკუმენტის საკუთარი პროექტი მოამზადა 1997 წლის ივლისში; სამხრეთ ოსურმა მხარემ - 1998 წლის დამდეგს, საქართველოს მხარემ კი - 1998 წლის 30 ნოემბერს. ეუთოს მისიის ანგარიშის თანახმად ქართულმა მხარემ დაგვიანება ახსნა იმით, რომ საქართველოში მიმდინარეობდა სერიოზული მუშაობა ე.წ. ასიმეტრიული ფედერალიზმის პრინციპებზე.
ანგარიშში მოცემულია დოკუმენტების შედარება. წარმოდგენილი დოკუმენტები მეტ-ნაკლებად მსგავსი სტრუქტურისაა. ისინი შეიცავენ მოლაპარაკების ფორმატს, პოლიტიკური განვითარების მხარდამჭერ პრინციპებს, შუალედური დოკუმენტის ზოგად მიზანს, მოლაპარაკებათა პროცესის ზოგად მიზანს და ასევე შუალედური დოკუმენტის ისეთ პრინციპებს, როგორიც არის: კონსტიტუციური ასპექტები, უსაფრთხოების საკითხები, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, ზონის ეკონომიკური რეაბილიტაცია და ზარალის ანაზღაურება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხი, ასევე ორმხრივი და საერთაშორისო გარანტიების საკითხები.
საუბარია ამ დოკუმენტის ხელმოწერის ფორმულაზეც სამხრეთ ოსური ვერსიით: დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს საქართველოს სახელით, „სამხრეთ ოსეთის“ სახელით და გარანტიორი სახელმწიფოს სახელით. რუსული ვერსიით: ქართული მხარის, ოსური მხარის, შუამავალის - ანუ რუსეთის - და მონაწილეების (ჩრდილოეთ ოსეთი და ეუთო) სახელით. მისია აგრეთვე მიიჩნევს, რომ ხელმოწერის ფორმულა, ალბათ, გახდება კომპრომისის საგანი მხარეთა შორის. მისია აკეთებს პროგნოზს, რომ ეს კომპრომისი იქნება მიღწეული, რადგან, ეუთოს მიაჩნია, რომ ეს დოკუმენტი არის დეკლარაციული, შეთავაზებითი ხასიათის. მასზე შეთანხმება მხარეებისთვის არ უნდა იყოს პრობლემა. ეს არ არის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებას.
ქართული და რუსული ვერსიები არ შეიცავენ პუნქტს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზებისა და მისი ხასიათის შეფასების შესახებ. ეუთოს მოსაზრებით არაა პრობლემა, რომ ეს პარაგრაფი შეტანილი იქნას შუალედური დოკუმენტის ერთიან ვერსიაში. აღინიშნება, რომ შეფასების საკითხი შეიძლება მიენდოს შერეულ ან მხოლოდ საერთაშორისო კომისიას.
ქართული მხარე გვთავაზობს დასახელებას: „ცხინვალის რეგიონი - სამხრეთ ოსეთი“. „სამხრეთ ოსეთის“ მხარე კი დაჟინებით მოითხოვს, რომ ის მოხსენიებული იყოს, როგორც „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკა; თუმცა მოსალოდნელია, რომ, უკიდურეს შემთხვევაში, ის მხოლოდ „სამხრეთ ოსეთზეც“ დათანხმდეს.
ქართული ვერსიის თანახმად, ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების წარმომადგენლები ითანამშრომლებენ რუსეთის ფედერაციის შუამავლობით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ეუთოს მონაწილეობით. ოსური ვერსიის მიხედვით, საქართველო და „სამხრეთ ოსეთი“ მოლაპარაკებას წარმართავს რუსეთის ფედერაციის გარანტიორობით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიისა და ეუთოს მონაწილეობით.
რუსული ვერსია: ქართული და ოსური მხარეების მოლაპარაკება წარიმართება რუსეთის ფედერაციის შუამავლობით, ჩრდილოეთ ოსეთისა და ეუთოს მონაწილეობით.
ეუთოს აზრით, ქართული ვერსია არის უფრო მისაღები. შემდეგ არის განხილული კონსტიტუციური ასპექტები, სამართლებრივი და პოლიტიკური სტატუსის საკითხი. ეუთოს მისიის დასკვნით უფრო რეალისტურია „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსის რუსული ვერსია. ეუთოს აზრით, „სამხრეთ ოსეთი“ არ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. სტატუსის საკითხი უფრო დაწვრილებით განხილული იქნება მომდევნო მოლაპარაკებების დროს.
შესაძლოა, სწორედ, რუსული ვერსიის საფუძველზე შემუშავდეს ამ პარაგრაფის საბოლოო ვარიანტი.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ სამხრეთ ოსები ამბობდნენ, რომ მხარეებმა უნდა აღიარონ ერთმანეთის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ეუთოს აზრით, „სამხრეთ ოსეთის“ მიერ წარმოდგენილი ფორმულა არ არის მისაღები, რადგან ის გულისხმობს „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრის სეპარატიზაციას. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მისაღები იქნება მხოლოდ ქართული სამოგზაურო დოკუმენტები.
ვერსიებში საუბარი იყო იმაზე, თუ რაში გამოიხატება ეუთოს გარანტიორობა. ეუთო აცხადებს, რომ აქ არის ერთი პრობლემა: შუალედური დოკუმენტი წარმოადგენს მხოლოდ პრინციპების შემცველ დოკუმენტს; ეს არ არის ოპერატიული დოკუმენტი, რომლის განხორციელებასაც სჭირდება გარანტიები. ეს დოკუმენტი არის მხოლოდ დეკლარაცია და ეუთოს შეუძლია გახდეს გარანტი მხოლოდ საბოლოო, კონფლიქტის მრავალმხრივი დარეგულირების უზრუნველმყოფი დოკუმენტისა.
კომენტარი: ეუთოს მოღვაწეობაზე მრავალგვარი მოსაზრებები გამოთქმულა. ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ ეუთო ხელს უწყობდა მოლაპარაკებათა პროცესს, აკეთებდა კომენტარებს მხარეთა პოზიციებზე, ამოდიოდა საერთაშორისო საზღვრების ურღვეობის პრინციპიდან. ამავე დროს, იგი დამოკიდებული იყო კონფლიქტში მონაწილე მხარეთა ნებაზე.
რაც შეეხება რუსეთს, მისი პოზიცია და როლი განსხვავებულია. ზოგჯერ რუსული დიპლომატია ფეხს უწყობდა ეუთოს დაინტერესებას კონფლიქტის დარეგულირებაში პროგრესის მიღწევის თაობაზე. მაგრამ არა იმდენად აღნიშნული დოკუმენტიდან, არამედ მოლაპარაკებების მრავალწლიანი გამოცდილებიდან იკვეთება, რომ ა) რუსეთს ჰქონდა სერიოზული გავლენა სამხრეთ ოსურ პოზიციაზე, რუსეთი ხშირად ახდენდა გავლენას ქართულ პოზიციაზე; ბ) რუსეთი ცდილობდა ეუთოს როლის შედარებით დაკნინებას, ქართული მხარე კი, ჩანს არასაკმარისად ეწინააღმდეგებოდა ამ ტენდენციას. არსებითად, ეუთოს მეორე პლანზე გადაწევის აღნიშნული ტენდენცია ცხადყოფდა რუსეთის მისწრაფებას, არ დაეშვა ევროპისა თუ შეერთებული შტატების თანასწორუფლებიანი მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში.
ის, რომ ეუთოს როლი საქართველოსათვის ობიექტურად სასარგებლო იყო და რუსეთი მასში საკუთარი დომინანტური მდგომარეობისათვის საფრთხეს ხედავდა, ჩანს იქიდანაც, რომ რუსეთმა 2004 წელს ვეტო დაადო ეუთოს მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის მონიტორინგის პროგრამის გაგრძელებას.
სამწუხაროდ ეუთოს მისიას ქართული საზოგადოების მხრიდანაც არ აკლდა კრიტიკა. მასში იგრძნობოდა ქართული მხარისათვის არც თუ უცხო მოუთმენლობა. საინტერესოა ამასთან დაკავშირებით ნ. ნათაძის პოზიცია
ნოდარ ნათაძის სტატია გაზეთ „საქართველოში“ - „უნდობლობას ვუცხადებთ ეუთოს მისიას საქართველოში.“
ავტორი ბრალს სდებს ეუთოს, რომ მან დაამკვიდრა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“. გაკრიტიკებულია ეუთოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ოსებს უნდა ჰქონდეთ უფლება, სახელმწიფო ენად გამოაცხადონ. ნათაძე აცხადებს, რომ ეუთოს მისია საქართველოში დეზინფორმაციას ეწევა როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტის წარმოშობის ფაქტორების ისე იმ შედეგების შესახებ, რომლებსაც მისი დარეგულირების მიზნით გატარებული ესა თუ ის ღონისძიება.
1999 წლის 16-17 თებერვალი - ვლადიკავკაზში მხარეთა სრულუფლებიან დელეგაციათა საექსპერტო ჯგუფების შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა შუალედური დოკუმენტის პრინციპების განხილვას. სამხრეთ ოსური მხარე ეჭვქვეშ აყენებს შუალედური დოკუმენტის საჭიროებას, იმ მოტივით, რომ იქამდეც ბევრი დოკუმენტი იყო მიღებული, მაგრამ ყველა შეუსრულებელი რჩებოდა. ამიტომაც სამხრეთ ოსური მხარე გამოდის სრულიად ახალი დღის წესრიგით: მთლიანად გადაიხედოს ყველა ხელმოწერილი შეთანხმების შესრულების პროცესი, - ძირითადად, სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის კუთხით. ქართული მხარე არ იწონებს სამხრეთ ოსების ინიციატივას - პრიორიტეტი მიენიჭოს ეკონომიკური აღდგენის საკითხებს და დაიჩრდილოს პოლიტიკური საკითხები.
1999 10-11 სექტემბერი - ჯავაში ერთმანეთს ხვდებიან მხარეთა სრულუფლებიან დელეგაციათა საექსპერტო ჯგუფები.
ამ შეხვედრაზე, რათა არ დაძაბულიყო ურთიერთობა მხარეთა შორის, თავი აარიდეს იმ საკითხებზე მსჯელობას, რომელთა მიმართაც არ იყო შეთანხმებული პოზიციები: 1. ე.წ. „შუალედური დოკუმენტის“ დასახელება (ცნობილი იყო საქართველოს დელეგაციის პოზიცია: რომ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა ამ საკითხის განხილვას, თუ დოკუმენტს დაერქმეოდა „შეთანხმება“, და არა „ხელშეკრულება“, როგორც ამას ითხოვდა სამხრეთ ოსური მხარე; ცნობილია, რომ ეუთოსაც არაადეკვატურ ტერმინად მიაჩნია „ხელშეკრულება“). 2. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი (ამ საკითხშიც ცნობილი იყო მხარეთა წინასწარი პოზიციები: ქართული მხარე ითხოვდა, რომ ეს პირები დაებრუნებინათ თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში, ხოლო ოსური მხარე მოითხოვდა ამ პირთა დაბრუნებას „შესაძლებელ საცხოვრებელ ადგილებში“). 3. საერთაშორისო გარანტიების საკითხი (პოზიციები აქაც შეუთანხმებელი იყო: რუსეთი საკუთარ თავს განიხილავდა „გარანტიორად“, ეუთოს კი - „ხელშემწყობ მხარედ“. ეუთოს მოსაზრებით, ამ საკითხს უნდა დაბრუნებოდნენ მოლაპარაკებათა შემდეგ ეტაპზე); 4. პირადობის დამადასტურებელი და სამოგზაურო დოკუმენტების საკითხი; 5. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია, სამხრეთ ოსეთის სახელისუფლებო შტოები; სახელმწიფო სიმბოლიკა.
ჯავის შეხვედრამ ძირითადად განიხილა ის საკითხები, რომლებიც არ წარმოადგენდა დავის საგანს მხარეთა შორის.
1999 14 დეკემბერი - ცხინვალში ირაკლი მაჭავარიანი (შერეული საკონტროლო კომისიის ქართული მხარის ხელმძღვანელი) ხვდება ლუდვიგ ჩიბიროვს. შეხვედრა ორგანიზებულ იქნა ქართული მხარის მოთხოვნით და რუსული მხარის შუამავლობით. ლ. ჩიბიროვისაგან ცალსახად ესმება ხაზი, რომ სამხრეთ ოსური მხარე ითხოვს ეკონომიკური აღდგენის დაპირებების შესრულებას. მათ მართლზომიერად მიაჩნიათ ოსური მხარის პრიორიტეტების გათვალისწინება კონფლიქტით დაზარალებული ზონის აღდგენისას და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას. აგრეთვე, ოსური მხარე აყენებს საკითხს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიკვეთოს ქართული მხარის პოზიცია „რაო ეეს“-ის მიერ მოწოდებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის შესახებ. ირაკლი მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ლუდვიგ ჩიბიროვთან შეხვედრისას ყოველთვის იყო შესაძლებლობა, რათა გადადგმულიყო ნაბიჯი პროგრესისკენ. ასევე აღნიშნულ იქნა პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 13 დეკემბრის რადიოინტერვიუში გამოთქმული მზადყოფნა ლუდვიგ ჩიბიროვთან შესახვედრად.
2000 წლის 26 აპრილი - მხარეები ემზადებიან საექსპერტო ჯგუფების შეხვედრისათვის ვენაში, სადაც განხილულ უნდა იქნას „შუალედური დოკუმენტის“ მხარეთა შორის შეუთანხმებელი პოზიციები.
კომენტარი: საინტერესოა მოტივაცია შეხვედრის ადგილად ვენის არჩევისა. ეუთოს მიაჩნია, რომ მოლაპარაკების დსთ-ს ფარგლებს გარეთ გატანა ხელს შეუწყობს მოლაპარაკების ნაყოფიერებას, ანუ მოხდება რუსეთის გავლენის სივრცის გარღვევა.
ამ დროისათვის შეუთანხმებელი საკითხებია:
- სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და ერთა თვითგამორკვევის პრინციპების ურთიერთშეთავსება; ამ პრინციპების მიმართება იმ „სასიცოცხლო ინტერესებთან“, რომლებიც „სამხრეთ ოსეთს“ ჩრდილოეთ ოსეთთან აკავშირებს.
- ქართული საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონსტიტუციის სფეროები; ხელისუფლების შტოები, სახელმწიფო სიმბოლიკა;
- პირადობის დამადასტურებელი და სამოგზაურო დოკუმენტები;
- „შუალედური დოკუმენტის“ სახელდება.
- ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხები;
- საერთაშორისო გარანტიები.
2000 წელი 31 მაისი. ვენის შეხვედრისათვის მოსამზადებელი შეკრება ჯავაში. ამ მომენტისათვის საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის ურთიერთობა დაძაბულია. 2000 წლის 22 მაისს სოფელ ხეითში მოკლულ იქნა ქართველი ეროვნების ხუთი პიროვნება. ეს დაემთხვა „სამხრეთ ოსეთის“ მიერ გამოცხადებულ „ხსოვნის დღეს“. 26 მაისს კი სამხრეთ ოსებმა განახორციელეს შეიარაღებული შეტევის მცდელობა ე.წ. ძონძების ბაზრის ხელში ჩასაგდებად. ამ შეაიარაღებულ აქციას სათავეში ედგა „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის“ ლუდვიგ ჩიბიროვის ძმა. ამ მოვლენათა შეფასებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, გააკეთა საგანგებო განცხადება, რომელშიც მან სამხრეთ ოსები, ფაქტობრივად, ამხილა დანაშაულში თანამონაწილეობაში და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ერთობ დააზარალებს სამშვიდობო პროცესს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამ პოზიციამ შეაშფოთა ცხინვალის ადმინისტრაცია. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პირად კონტროლზე აიყვანა დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. ქართული მხარე ითხოვს იმ ოქმის ამოქმედებას 22 და 26 მაისს ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებისას, რომელიც ჯერ კიდევ 1997 წლის სექტემბერში იყო ხელმოწერილი და რომელიც სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლობას ეხებოდა. მაგრამ „სამხრეთ ოსეთის“ მხარე არ თანხმდება ქართული მხარის ამ წინადადებას, რადგან დანაშაული მოხდა ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 2000 წლის 31 მაისის ჯავის შეხვედრა დეტალურად განიხილავს „შუალედური დოკუმენტის“ შეუთანხმებელ პოზიციებს.
აქ დამატებით განხილულ იქნა საკითხი მხარეების კონტრაქტუალური უფლებამოსილებების შესახებ (ამ პუნქტს შეიცავს „შუალედური დოკუმენტის“ მხოლოდ „სამხრეთ ოსური“ და რუსეთის პროექტები) - ანუ რა ხასიათისა და შინაარსის კონტრაქტების (ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების) დადების უფლება აქვს „სამხრეთ ოსეთს“. „სამხრეთ ოსეთის“ პროექტის მიხედვით, „სამხრეთ ოსეთის“ უფლებამოსილებანი ამ მხრივ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ერთეულის უფლებამოსილების იდენტურია. რუსული პროექტი კი ამ უფლებამოსილებებს მხოლოდ ქართული მხარისთვის შეტყობინების შემთხვევაში მიიჩნევს დასაშვებად
კომენტარი: შუალედური დოკუმენტი, რომელსაც საბოლოო განხილვის და პარაფირების ადგილის მიხედვით ბადენის დოკუმენტი ეწოდა, პარაფირებულ იქნა მხარეთა წარმომადგენლების მიერ 2000 წლის 13 ივლისს. ეს ფაქტი ამ წლების განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებების პროცესის მწვერვალად შეიძლება შეფასდეს. ტექსტის ანალიზისას აშკარად ჩანს, რომ შეუთანხმებელი პოზიციების შეთანხმებაც მიღწევადი შეიძლება ყოფილიყო, თუ მხარეები გაიმოიჩენდნენ კომპრომისის სურვილს და კონფლიქტის სამართლებრივ-პოლიტიკური მოგვარების ნებას და „შუალედური დოკუმენტი“ განხილულ იქნებოდა არა საექსპერტო ჯგუფების დონეზე, არამედ მხარეებს შორის უმაღლესს დონეზე მოლაპარაკებებისას.
პუნქტები, რომლებზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ:
მე-4 პუნქტი:
1. ქართული ვარიანტი: მხარეები აღიარებენ რა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და ერთა თვითგამორკვევის უფლებათა პრინციპებს, აგებენ თავიანთ სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების იმ ფარგლებში, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამ ფარგლებში ეთნიკური ოსები, ეთნიკური ქართველები და სხვა ეთნიკური ჯგუფები გარანტირებულნი იქნებიან ყველა სამოქალაქო პოლიტიკური უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ.
2. სამხრეთ ოსეთის ვარიანტი: რათა მიღწეულ იქნას საყოველთაოდ მისაღები ბალანსი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთა თვითგამორკვევის პრინციპებისა, მხარეები ააგებენ თავიანთ სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ ურთიერთობებს თანასწორობის საფუძველზე. მხედველობაში მიღებული იქნება ის სასიცოცხლო ინტერესები, რომლებიც აკავშირებს სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთთან
3. რუსული ვარიანტი: მხარეები, ხელმძღვანელობენ რა სურვილით, მიღწეულ იქნას ორმხრივად მისაღები ბალანსი სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და ერთა თვითგამორკვევის პრინციპებისა, ააგებენ თავიანთ ურთიერთობებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში და მხედველობაში მიღებულ იქნება ის სასიცოცხლო ინტერესები, რომლებიც აკავშირებს „სამხრეთ ოსეთს“ ჩრდილოეთ ოსეთთან.
4. ეუთოს შეფასებით, საჭიროა ამ პუნქტის ასეთი ფორმულირება: სამხრეთ ოსეთის სასიცოცხლო ინტერესები დაკმაყოფილდეს ისე, რომ არ დაირღვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
მე-5 პუნქტი:
1. ქართული ვარიანტი: ცხინვალის რეგიონს საქართველოს კონსტიტუციური კანონის ძალით, ეყოლება საკუთარი წარმომადგენლობითი, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები, ექნება სახელმწიფო სიმბოლოები.
2. სამხრეთ ოსეთის ვარიანტი: სამხრეთ ოსეთს ექნება კონსტიტუცია, ეყოლება პრეზიდენტი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, შეიარაღებული (უშიშროების) ძალები და ექნება სახელმწიფო სიმბოლოები; სამხრეთ ოსეთს ექნება საერთაშორისო ხელშეკრულებების დამოუკიდებლად დადების უფლება (ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, კულტურის სფეროებში).
3. რუსეთის ვარიანტი: სამხრეთ ოსეთს უნდა ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუცია, ჰყავდეს წარმომადგენლობითი, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, შეაიარაღებული ძალები და ჰქონდეს სახელმწიფო სიმბოლოები. სამხრეთ ოსეთის მხარე დადებს საერთაშორისო შეთანხმებებს სავაჭრო, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, კულტურულ და სხვა სფეროებში - საქართველოს ხელისუფლების ინფორმირების (С уведомлением) პირობით.
მე-12 პუნქტი:
1. ქართული მხარის ვარიანტი: მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
2. სამხრეთ ოსეთის ვარიანტით გათვალისწინებულია სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთათვის 1974 წლის ნიმუშის საბჭოთა პასპორტის გამოყენება საზღვარგარეთ. სამხრეთ ოსეთის მხარე ასევე მოითხოვს ქ. ცხინვალში რუსეთის საკონსულოს გახსნას.
3. რუსეთის ვარიანტი: ადგილობრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, გაცემული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ, იურიდიული ძალის მქონე იყოს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ხოლო საზღვარგარეთ მოგზაურობისას სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებმა გამოიყენონ საქართველოს პასპორტები საგანგებო აღნიშვნით: სამხრეთ ოსეთი.
კომენტარი: ქ. ცხინვალში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს გახსნა არაფრით შელახავდა საქართველოს სუვერენიტეტს და ეფექტური კომპრომისი იქნებოდა ქართული მხრიდან. ის რისკი, რომლის გამოც ქართული მხარე ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის საკონსულოს გახსნას ქ. ცხინვალში, მაინც რეალიზებულია კიდევ უფრო საშიშ და საქართველოს მხრიდან არაკონტროლირებად არასამართლებრივ ფორმატში.
მე-13 პუნქტი:
1. ქართული ვარიანტი: ეუთოს ეთხოვოს ხელშეკრულების საგარანტიო მექანიზმის შექმნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით.
2. სამხრეთ ოსეთის ვარიანტით, გარანტორ მხარეებად მიჩნეულ არიან რუსეთის ფედერაცია, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია და ეუთო. სამხრეთ ოსეთის მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეებმა არ უნდა მიიღონ ცალმხრივი და წინამდებარე ხელშეკრულების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები; მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა, მხარეები უფლებას იტოვებენ, მიმართონ გარანტორებს ვითარების ნორმალიზაციის მოთხოვნით.
3. რუსეთის ვარიანტი: რუსეთი მიჩნეულია გარანტორად, ხოლო ეუთო ხელშემწყობ მხარედ.
კომენტარი: როგორც ჩვენთვის ცნობილია, ვენა/ბადენის შეხვედრის შემდეგ ეუთომ და რუსეთის ფედერაციამ სცადეს, მოლაპარაკებები ეწარმოებინათ თბილისსა და ცხინვალში რათა პარაფირებული „შუალედური დოკუმენტის“ ტექსტი საბოლოოდ ყოფილიყო შეთანხმებული და ხელმოწერილი. ჩვენი აზრით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ექნებოდა შესაბამისი ნება კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისა და კონფლიქტის რეგიონის საკუთარ სამართლებრივ სივრცეში მოქცევისა, მაშინ იგი გამოიჩენდა კომპრომისის მეტ უნარს და „შუალედური დოკუმენტის“ შეუთანხმებელ პოზიციებს არ აქცევდა მოკლე პერსპექტივაში პრობლემურად, არამედ „შუალედური დოკუმენტის“ პოზიტიურ დინამიკას გათვლიდა გრძელვადიან პერსპექტივაში.
V. რეგრესი
2000 წლის 23 დეკემბერი - საქართველოსა და რუსეთის მთავრობების შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეკონომიკის აღდგენის მიზნით გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შესახებ. მხარეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სამუშაოების დაფინანსების გაგრძელება. დოკუმენტში, ძირითადად, ლაპარაკია დევნილების დაბრუნების აუცილებლობაზე და ეკონომიკის განვითარების შასახებ.
უფრო ადრე რუსეთის დუმამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის“ ელექტროენერგიით მომარაგების შესახებ. აქ კი საქართველოს მხარე, ფაქტობრივად, თანხმობას აცხადებს, გადაიხადოს დავალიანება, რომლის წარმოქმნაშიც მას მონაწილეობა არ მიუღია.
2001 წლის 19 იანვარი - ევროპარლამენტის რეზოლუცია. რეზოლუციაში საუბარია დევნილების დაბრუნების შესახებ. აღიარებულია, რომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დეფაქტო აღმოჩნდნენ საქართველოს იურისდიქციის გარეთ. ამ დოკუმენტში პირველად არის დაფიქსირებული რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ. რუსეთის აგრესია ანექსიად არის შეფასებული. ეჭვქვეშ არის დაყენებული კონფლიქტის ზონებში რუსეთის მიუკერძოებლობა საშუამავლო ფუნქციის განხორციელებისას.
კომენტარი: ამ დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს შეეძლო, საერთაშორისო განსჯის საგნად ექცია რუსეთის აგრესიული მოქმედება.
2001 წლის 8 აპრილი - „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის კონსტიტუცია (ძირითადი კანონი), რომელიც მიღებულია საერთო სახალხო რეფერენდუმის შედეგად. სამხრეთ ოსეთი, ამ კონსტიტუციის მიხედვით, გამოცხადებულია სუვერენულ სახელმწიფოდ. ამ კონსტიტუციაში არ არის საუბარი „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოსთან მიმართების საკითხზე. კონსტიტუციის მიხედვით, სამხრეთ ოსეთი თავად იღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას; „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად გამოცხადებულია ოსური ენა, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ქართველები კომპაქტურად არიან დასახლებული, ოსურთან ერთად ქართულიც; ამ კონსტიტუციის მიხედვით, „სამხრეთ ოსეთს“ მინიჭებული აქვს უფლება, შეუერთდეს სხვა სახელმწიფოს განსაზღვრული ხელშეკრულების საფუძველზე; კონსტიტუციით განსაზღვრულია „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობისა და მისი სახელმწიფოს მეთაურის საკითხი.
კომენტარი: ჩვენი აზრით, ეს დოკუმენტი არის აშკარა გამოწვევა საქართველოს მიმართ, რადგან ფაქტის წინაშე აყენებს დაპირისპირებულ მხარეს. საერთოდ, კონფლიქტების ისტორიიდან ცნობილია, რომ ასე ხშირად იქცევიან კონფლიქტში მონაწილე მხარეები, რათა მოლაპარაკებებისას მეტი ბერკეტი ჰქონდეთ „სავაჭროდ“. ვფიქრობთ, რომ ეს კონსტიტუცია უშუალო კავშირშია 2000 წლის 13 ივლისის ვენა(ბადენის) დოკუმენტთან, რომელიც ხელმოუწერელია. ამ კონსტიტუციაში არ არის საუბარი სახელმწიფო მართვის ფორმებზე, სახელმწიფო სტრუქტურებზე და, აქედან გამომდინარე, ამ დოკუმენტს დეკლარაციის სახე უფრო აქვს, ვიდრე კონსტიტუციისა. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ აქცენტი სუვერენიტეტზე და არა დამოუკიდებლობაზე, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოსთან შეერთების შესაძლებლობის აღნიშვნა, კონსტიტუციაში ოსური მხრიდან დატოვებულ გარკვეულ „სარკმელს” წარმოადგენდეს საქართველოსთან შესაძლო კომპრომისისათვის.
2001 წლის 22-23 აპრილი - მხარეთა სრულუფლებიან დელეგაციათა ექსპერტული ჯგუფების მე-5 შეხვედრა ვლადიკავკაზში. მასში ბადენის დოკუმენტი მოხსენიებულიც კი არ არის. კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესში რეგრესია. „შუალედური დოკუმენტის“ შემდეგ, რომელიც კონკრეტულ პოზიციებს შეიცავდა კონკრეტული პოლიტიკური საკითხების მიმართ, უბრუნდებიან ისევ „ნდობის ზომებს“. წინა პლანზე კვლავ შერეული საკონტროლო კომისია გამოდის.
2001 წლის 21 მაისი - ხელი ეწერება მემორანდუმს ჩიბიროვისა და მოსკოვის მერის ლუჟკოვის მოლაპარაკების შედეგების შესახებ.
კომენტარი: ჩვენი აზრით, საინტერესო დოკუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნით ადრე (2001 წლის 8 აპრილი) „სამხრეთ ოსეთის“ კონსტიტუციის ძალით „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადა, აღნიშნული მემორანდუმი იურიდიულ ძალას შეიძენს საქართველოს მხრიდან მის პირობებზე თანხმობის შემთხვევაში; ანუ კონსტიტუციის მიღების შემდეგაც ამ დოკუმენტით სამხრეთ ოსეთს ისევ შემოჰყავს საქართველო, როგორც მისი განვითარების ფაქტორი. არსებითად, დოკუმენტი შეიძლება გავიგოთ, როგორც საქართველოს რეგიონსა და რუსეთის რეგიონს შორის ურთიერთობა.
2001 წლის 14 -19 სექტემბერი - მხარეების სრულუფლებიან დელეგაციათა საექსპერტო ჯგუფების მეექვსე შეხვედრა ბუქარესტში. შეხვედრას ესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობა.
ევროკავშირს პატრონაჟის ქვეშ აჰყავს შსკ და მისი სხდომების ფონდირებას კისრულობს.
2002 წლის 1 თებერვალი - საქართველოს პარლამენტის წევრის, გურამ ვახტანგაშვილის, ინიციატივა. დეპუტატის აზრით, რუსეთის სამშვიდობო ძალებს აღარაფერი ესაქმებათ ამ რეგიონში; მოვიდა დრო, დადგეს საკითხი მათი გაყვანის შესახებ. „მათი შეცვლა სავსებით შეუძლიათ ქართული და ოსური მხარეების სამართალდამცავი ორგანოების შერეულ ერთობლივ ჯგუფებს“. დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ფაქტები რუსეთის მშვიდობისმყოფელების მონაწილეობის შესახებ საწვავის კონტრაბანდაში. დეპუტატ ვახტანგაშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტში კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა 130 ქართველი, 300 სამხრეთ ოსი და 500 რუსი სამშვიდობო.
2002 წლის 11 მაისი - ცხინვალი აპირებს საკითხის დაყენებას რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტის გაზრდის თაობაზე. „ნებისმიერი საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე - სამხრეთ ოსეთი იქნება ეს თუ აფხაზეთი - საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აღსასრულს მოასწავებს“, - აცხადებს სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აშკარად შეშფოთებულია ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქართული ჯარის წვრთნით.
2002 წლის 4 ოქტომბერი - მხარეთა სრულუფლებიანი დელეგაციების საექსპერტო ჯგუფების მეშვიდე შეხვედრა ცხინვალში. შეხვედრა ძირითადად ეთმობა პორტუგალიაში დაგეგმილ საექსპერტო ჯგუფების მერვე შეხვედრისათვის მზადებას.
2002 წლის 26 - 29 ოქტომბერი - მხარეთა სრულუფლებიანი დელეგაციების საექსპერტო ჯგუფების მერვე შეხვედრა პორტუგალიაში, კაშტელუ-ბრანკუში. შეხვედრის ოქმი არ გამოირჩევა არანაირი ინიციატივით კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების გზების ძიების მხრივ. ევროპული სტრუქტურები მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ „პოზიტიური დინამიკა გარკვეულ მიზეზთა გამო დაირღვა“, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რა მიზეზებმა შეუშალა ხელი ამ პოზიტიურ დინამიკას.
2003 წლის 27 თებერვალი - სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი კოკოითი აკეთებს განცხადებას, რომ რეგიონში მშვიდობის მთავარი გარანტი არის რუსეთის სამშვიდობო ძალები და არა ქართული და სამხრეთ ოსური სამშვიდობო ძალები. „საქართველოს ძალოვანი უწყებები, ცდილობენ რა, გაამართლონ საკუთარი უძლურება კრიმინალთან ბრძოლაში, მიუთითებენ სამხრეთ ოსეთზე, როგორც კრიმინოგენული პრობლემების წყაროზე (სათავეზე). ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. სამხრეთ ოსეთს თავის ტერიტორიაზე თვითონ შეუძლია წესრიგის დამყარება“. კოკოითის აზრით, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ნებისმიერი მცდელობა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩაატაროს პანკისის მსგავსი ანტიკრიმინალური ოპერაცია, კრახისთვის არის განწირული. ამიტომ, კოკოითის ლოგიკით, სამშვიდობო დინამიკის შესანარჩუნებლად საჭიროა, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი 1500 ჯარისკაცამდე გაიზარდოს.
2003 წლის 2 მარტი - სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ედუარდ კოკითის განცხადება - იგი მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე არამართლზომიერია მისი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან, რადგან, მისი აზრით, სწორედ, შევარდნაძეა დამნაშავე ოსი ხალხის გენოციდში. კოკოითის აზრით, ლუდვიგ ჩიბიროვი, თანხმდებოდა რა საქართველოს მხარესთან და საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობაზე, ღალატობდა ოსი ხალხის ინტერესებს.
2003 წლის 14 მარტი - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მურად ჯიოევი მიმართავს ეუთოს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ჟან-მიშელ ლაკომბს, თხოვნით, ეუთომ განახორციელოს კონფლიქტის ზონის ინსპექტირება, რათა უარყოფილ იქნას ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2002 წლის დეკემბერში, რუსეთის სამხედრო ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადმოვიდა მძიმე ტექნიკის 13 ერთეული.
2003 წლის 23 მაისი - ქართულმა მხარემ განსახილველად მიიღო წინადადება, სამართალდამცავ ორგანოთა საკოორდინაციო ცენტრში ჩართული იქნას ჩრდილოეთ ოსეთის მილიცია. დაგეგმილია 2003 წლის ივნისამდე ზონაში პატრულირების საკითხის მოგვარება.
2003 წლის 23 ივნისი - მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთს შორის ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ სახელმწიფოთაშორისი პროგრამის შესამუშავებლად. შეხვედრა გაიმართა მოსკოვში.
2003 წლის 16 ივლისი - მხარეთა სრულუფლებიანი დელეგაციების საექსპერტო ჯგუფების მეცხრე შეხვედრა ცხინვალში. იგი მიეძღვნა მზადებას საექპერტო ჯგუფების მეათე შეხვედრისათვის, რომელიც ნიდერლანდებში უნდა გამართულიყო.
2003 წლის 17 ოქტომბერი - მხარეთა სრულუფლებიანი დელეგაციების საექსპერტო ჯგუფების მეათე შეხვედრა ჰააგაში. ევროპული სტრუქტურების მიერ მოლაპარაკებათა პროცესის ხელშესაწყობად გამოყოფილ იქნა 2003 წლისათვის 210. 000 ევრო, რომლითაც დაფინანსდა საექსპერტო ჯგუფების ორი და შსკ-ს 8 შეხვედრა.
![]() |
5 პოსტ რევოლუციური ტენდენციები |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მიმართებაში პოსტ რევოლუციური ტენდენციები შეიძლება პირობითად ორ ნაწილად დაიყოს: 2004 წლის ზაფხულის კრიზისი და მას შემდგომ განვითარებული მოვლენები. ვარდებისა და აჭარის რევოლუციების წარმატებების შემდეგ, ერთი შეხედვით, ადგილი ჰქონდა ხავერდოვანი რევოლუციის სამხრეთ ოსეთში განვრცობას. იმ პირობებში, როდესაც საყოფაცხოვრობო დონეზე კონფლიქტი თითქოსდა ამოწურული გახლდათ, როცა ქართველიც და ოსიც ერთად ვაჭრობდა, როცა კონფლიქტის ზონაში შესაძლებელი იყო შეუფერხებელი გადაადგილება, რაშიც ბატონი პრეზიდენტი თავად დარწმუნდა 4 იანვრის არჩევნების წინა დღეს, პრობლემად თითქოსდა მხოლოდ კოკოითის კრიმინალური რეჟიმი რჩებოდა, რომელიც ძირითადად კონდრაბანდით საზრდოობდა და ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობდა. ტაქტიკა ნათელი, თუმცა, როგორც მოვლენებმა დაადასტურა, მცდარი აღმოჩნდა: ერგნეთის ბაზრის დახურვით, ანუ რეჟიმის მასაზრდოებელი ძირითადი წყაროს მოსპობით, და იმავდროულად უკვე კარგად ნაცადი „ჰუმანიტარული შტურმით“ თბილისი შეეცადა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის გულის მოგებას და მათი ლოიალობის მოპოვებას. ამან არ გაჭრა, რადგან აჭარის მოსახლეობისგან განსხვავებით, სადაც რეჟიმთან დაპირისპირების გარდა სახეზე იყო საქართველოსთან სრული ინტეგრაცია, კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ოსები, როგორ ნეგატიურ დამოკიდებულებაშიც არ უნდა ყოფილიყვნენ პიროვნულად კოკოითისა და მისი პოლიტიკის მიმართ, გასაგებ მიზეზთა გამო არ იყვნენ და ვერ იქნებოდნენ თბილისისადმი ნდობით გამსჭვალულნი. ამ ვითარებამ, და ამავე დროს, რუსეთის ფაქტორის არასათანადოდ შეფასებამ, 2004 წლის ზაფხულის კრიზისამდე და სისხლის ღვრამდე მიგვიყვანა.
ამ წარუმატებელი კამპანიის შედეგები საკმაოდ მძიმე გამოდგა და ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის გაუარესება გამოიწვია. თუმცა, ამ მოვლენათა პოზიტიურ შედეგად, თუ საერთოდ შეიძლება მსხვერპლის ფონზე ასეთ რამეზე საუბარი, კონფლიქტის სტატიკური ფაზიდან დინამიურზე გადასვლა, ანუ მისი „გალღვობა“ შეიძლება ჩაითვალოს. ამასთანავე, 2004 წლის ზაფხულის კრიზისის შემდეგ მოხდა არჩეული ტაქტიკის გადაფასება და იმის უკეთ გააზრება, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა გრძელვადიან და თანმიმდევრულ მიდგომას საჭიროებს. უკვე 2004 წლის სექტემბერში გაეროს 59-ე გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა კონფლიქტების ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწყვეტის აუცილებლობის საკითხი დასვა, რაც თავისთავად უკვე ტაქტიკის შეცვლას ნიშნავდა. ამას მოჰყვა ჟვანიასა და კოკოითის შეხვედრა სოჭში 2004 წლის ნოემბერში, სადაც ხელი მოეწერა დემილიტარიზაციის შეთანხმებას. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ სასურველი იქნებოდა ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება. 2005 წლის იანვარში სააკაშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან გაახმოვანა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.
ამ ინიციატივების უფრო დეტალური, თუმცა მაინც კონცეფციების დონეზე, განხილვა მოხდა საქართველოს მთავრობისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმში, მიმდინარე წლის ივლისში. კონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის მისცეს სამხრეთ ოსეთს ყველაზე ფართო ავტონომია, უზრუნველყოს თვითმმართველობის მეტად მაღალი ხარისხით, პრივილეგირებული საგადასახადო და ეკონომიკური რეჟიმებით. არსებითია, რომ ამ კონფერენციაზე და მანამდეც საქართველოს ოფიციალური პირები ხმარობდნენ ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“, რაც ქართული პოლიტიკური წრეებისა და ფართო საზოგადოებრიობისათვის ადრე მიუღებელი იყო.
საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმის უფრო ვრცელი და კონკრეტული გეგმა გაჟღერდა 2005 წლის დეკემბერში ეუთოს ლიუბლიანას მინისტერიალზე, სადაც პრემიერ მინისტრ ნოღაიდელის მიერ წარმოდგენილი იყო კონფლიქტის მოგვარების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა. გეგმაში იკვეთება მოქმედებათა სამი ეტაპი: კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია და სამხრეთ ოსეთის საბოლოო სტატუსის განსაზღვრა. ეუთოს წევრი ქვეყნები მიესალმნენ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივებს და იმედი გამოთქვეს, რომ ისინი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გარანტი გახდება. კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება მართლაც რომ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისის მხრიდან, თუმცა მისი რეალიზაციის მეტად შეზღუდული დროითი ჩარჩოები, რომელიც სამივე ეტაპის დასრულებას 2006 წლის სექტემბრამდე განსაზღვრავს, საფრთხეს უქმნის მის რეალურ განხორციელებას.
სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებსა და წინადადებებს უფრო ცალმხრივი შეთავაზების სახე ჰქონდა და მხოლოდ თბილისიდან მომდინარეობდა. ეს, ალბათ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ წარმატებული დიალოგისთვის უმთავრესია ნდობის ფაქტორი, რისი ნაკლებობაც დღეს ძალიან მწვავედ დგას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი ანალიტიკური ნაშრომი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ნდობის აღდგენის აუცილებლობას და ვრცლად ეხება ამ საკითხს ცალკე თავში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ნდობის მშენებლობისა და ორმხრივი პროცესის დაწყების თვალსაზრისით, იმედისმომცემია სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ კოკოითის მიერ პრეზიდენტების პუტინისა და სააკაშვილის, აგრეთვე, ეუთოს წევრ-სახელმწიფოთა მეთაურების სახელზე გაგზავნილი წერილი, სადაც ის აქცენტს ერთობლივი სამშვიდობი გეგმის შემუშავების საჭიროებაზე აკეთებს. კოკოითის შემხვედრი წინადადებები კონფლიქტის დარეგულირების იმავე სამეტაპიან მიდგომას უჭერს მხარს და შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მოქმედებათა ერთიანი გეგმის შემუშავების ინიციატივით გამოდის. თუმცა, ზოგიერთმა ანალიტიკოსმა კოკოითის პოზიციის ეს „უეცარი“ ცვლილება დროის გაყვანის ტაქტიკად აღიქვა, მოახლოებული ზამთრის გამო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ორმხრივი მოლაპარაკებებისათვის ეს სახარბიელო გარემო.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველი თუ უცხოელი ანალიტიკოსები ხშირად საუბრობენ თბილისის მიერ აღებული კურსის არათანამიმდევრულობაზე. მეტიც, ზოგი მთავრობაში მშვიდობისა და ომის მომხრეთა ბანაკებსაც გამოყოფს. ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ პრესაში გაკეთებულ განცხადებათა ტონი ხშირად იცვლება: როგორც წესი, საუბარია კონფლიქტების მშვიდოებიანი მეთოდებით მოგვარების უალტერნატივობაზე, მაგრამ ასევე ისმის განცხადებები „აგრესიულ მშვიდობისმყოფელობაზე.“ ფაქტია ისიც, რომ როგორც ოსურ, ისე არანაკლებ დაპირისპირებულ აფხაზურ მხარეში, ქართული არმიის მოდერნიზაცია და თავდაცვის ბიუჯეტის მრავალჯერადი ზრდა განსაკუთრებული ეჭვით აღიქმება. თავად ქართული მხრიდან კი თავდაცვის ხარჯების ზრდა საბუთდება არა როგორც აგრესიული განზრახვის ნიშანი, არამედ როგორც სახელმწიფოს არსებითი ატრიბუტის მშენებლობის აუცილებლობა. ქართული მხარე არ მალავს, რომ ნებისმიერი კომპრომისი ქართულ-ოსურ ურთიერთობებში ცხინვალის მხრიდან თბილისის პატივისცემის შემთხვევაშია შესაძლებელი: პატივისცემის გენერირებისათვის კი ქვეყანას ადექვატური სამხედრო ძალა უნდა გააჩნდეს.
რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, შერეული სამშვიდობო კომისია კვლავაც რჩება კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთ ოფიციალურ მექანიზმად. თბილისის მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა ფორმატის შეცვლის აუცილებლობა იმ საბაბით, რომ ქართული მხარე უმცირესობაშია, რაც შეუძლებელს ხდის კონფლიქტის დარეგულირებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ამ მხრივ აღსანიშნავია, ხელისუფალთა ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლო საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობით შესაძლებელი იქნება არსებული ფორმატის გადახედვა. ობიექტურობისათვის, ალბათ ის ფაქტიც უნდა აღინიშნოს, რომ მხარეების მიერ არ სრულდება შერეული სამშვიდობო კომისიის ფარგლებში მიღებული მრავალი მნიშვნელოვანი შეთანხმება.
კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალები - ქართველ, ოს და რუს მშვიდობისმყოფელთა მონაწილეობით - აკონტროლებენ გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად ამისა, გახშირებული შეიარაღებული ინცინდენტები, ადამიანთა გატაცებისა და დაკარგვის ხშირი ფაქტები განსაკუთრებულად შემაშფოთებელია. ასეთმა ინცინდენტებმა სავსებით შესაძლებელია გამოიწვიოს სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და კონფლიქტის შეიარაღებულ ფაზაში დაგვაბრუნოს. ქართული მხარე შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას რუს მშვიდობისმყოფელებს აკისრებს და პარლამენტის დადგენილებით 2006 წლის თებერვლამდე მოითხოვს სიტუაციის გამოსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი კონფლიქტის ზონიდან მთლიანად გაყვანის საკითხის დასმით იმუქრება.
2005 წლის შემოდგომაზე, სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მას შემდეგ, რაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა 20 სექტემბერს ცხინვალში მომხდარი აფეთქებების შედეგად. პრემიერ მინისტრ ნოღაიდელსა და კოკოითს შორის სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო და ჯერ არ შემდგარა. თუმცა, ამ მხრივ, წლის ბოლოსთვის თბილისის მიერ სამოქმედო გეგმის გაჟღერება და კოკოითის შემხვედრი წინადადებები იმედიმომცემია. ამასთანავე, კონფლიქტის ზონაში შექმნილია უკიდურესად დაძაბული კრიმინოგენული სიტუაცია და ხშირია ადამიანთა გატაცების ფაქტები. ასეთ პირობებში, როგორც არასდროს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველ და ოს ხალხთა შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა როგორც სახელისუფლო, ისე საზოგადოებრივ დონეზე.
![]() |
6 ქართულ-ოსური კონფლიქტის გადაწყვეტისათვის ნდობის შენება საწყის ეტაპზე |
▲ზევით დაბრუნება |
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ იანვრის ბოლოს გაცხადებული „საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო ინიციატივები“ უდავოდ პოზიტიური ნაბიჯია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზაზე. თუმცა, მაშინ, როცა ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის ხარისხი თითქმის ნულოვანია, აშკარაა, რომ საბოლოო სტატუსზე მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიღებს. წინადადებათა პაკეტი შეიძლება ნებისმიერმა მხარემ წარუდგინოს მეორეს, თუმცა საბოლოო სტატუსი ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს, რისი მიღწევაც შეუძლებელი იქნება ნდობის აღდგენის გარეშე.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელზეც კონფლიქტის მოგვარების საწყის ეტაპზე უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა, სწორედ ნდობის აღდგენა და გულწრფელი დიალოგის სურვილის გენერირებაა. ყოვლად დაუშვებელია, „სამშვიდობო ინიციატივების“ რაიმე სახის ულტიმატუმად გამოყენება. ნდობის აღდგენა შეუძლებელია შიშით.
ყოველივე ზემოთქმული არ უარყოფს ქართული სახელმწიფოს გაძლიერების აუცილებლობას. სწორედ რომ პირიქით, მხოლოდ ძლიერი ქართული სახელმწიფო შეიძლება განვიხილოთ როგორც სამშვიდობო და ნდობის აღდგენითი პროცესის წარმმართველი და მამოძრავებელი. თუმცა, ჩვენი სახელმწიფოებრივი სიძლიერე პატივისცემას უნდა აღძრავდეს. იგი არ უნდა იყოს ორიენტირებული შიშის თესვაზე, როგორც მორალური, ისე პრაგმატული არგუმენტებიდან გამომდინარე.
ქართულ სახელმწიფოს შეუძლია და ვალდებულიცაა გადადგას ნაბიჯები (თუნდაც ცალმხრივად) იმისათვის, რათა ოსური საზოგადოება დაარწმუნოს თავის გულწრფელ მზადყოფნაში მშვიდობიანი გზებით მოაგვაროს კონფლიქტი. ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს როგორც სამშვიდობო ლექსიკას, ასევე მეორე მხარის ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებას. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ თითოეული ამგვარი ადამიანური (თუ კოლექტიური) მოთხოვნის დაკმაყოფილება საკუთარ მოქალქეებზე ზრუნვით მოტივირებულ ქართული სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენს.
შესაბამისად, ჩვენი მორალური ვალდებულებაა ოთხმოციანი წლების ბოლოსა და ოთხმოცდაათიანის დასაწყისში დაშვებული შეცდომების აღიარება და საბჭოთა კავშირის დაშლისას მიმდინარე მოვლენების სიღრმისეული და გულწრფელი შეფასება. ასეთი გარკვეულწილად სიმბოლური ნაბიჯი, ჩვენის აზრით, მხარეთა შორის ურთიერთნდობის აღსადგენის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. თუმცა ამგვარ ქმედებას მხოლოდ სიმბოლური დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს და შემდგომში ქვეყნის პოლიტიკასა და ქმედებებში უნდა აისახოს.
ქართული სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ნათელი და კონკრეტულ ქმედებებზე ორიენტირებული. ამ პოლიტიკის საფუძველი კი უნდა იყოს ქვეყანაში პირდაპირი, სტრუქტურული და კულტურული ძალადობის აღმოფხვრა ეროვნულ უმცირესობებთან, ხოლო ამ კონრეტულ შემთხვევაში, ოსებთან მიმართებაში.
პირველ შემთხვევაში საუბარი ეხება კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო და პოლიციური ძალების ეფექტურობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფას. მშვიდობიან მოქალაქეებს, მიუხედავად ეროვნებისა და მოქალაქეობისა, ამ ძალებმა მაქსიმალურად უსაფრთხო და ხელშემწყობი რეჟიმი უნდა შეუქმნან. რაც შეეხება უკანონობის აღკვეთას - განსაკუთრებით ბრძოლას კონტრაბანდასა თუ დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის წინააღმდეგ - უმნიშვნელოვანესია, რომ მსგავსი ღონისძიებები მიზანმიმართული, მაქსიმალურად არაძალადობრივი, არადიკრიმინაციული და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული იყოს, ამასთანავე, ამ თემებზე სერიოზული განმარტებითი სამუშაოები უნდა ტარდებოდეს. თავად რეჟიმი მაქსიმალურად უნდა იყოს მიმართული რიგითი მოქალაქეების კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ყოველივე ამის მისაღწევად უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს შერეული საპოლიციო და საბაჟო სამსახურების ორგანიზება. ამგვარ შერეულ, გარდამავალ სტრუქტურებში რუსეთს, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს, დამკვირვებლისა თუ ინსტრუქტორის სტატუსი უნდა ჰქონდეს.
ბუნებრივია, ამგვარი ღონისძიებების განხორციელება ერთბაშად არ ხდება. მაგრამ საწყის ეტაპზე ამგვარი პარიტეტული თანამშრომლობის ნების გაცხადება და მზადყოფნის გამოხატვა ნებისმიერი მოდელის განხილვისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია ის შეთანხმებებიც, რომელიც მიღწეულ იქნა შერეული სამშვიდობო კომისიის მუშაობის ფარგლებში და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობის კარგ ბაზისს წარმოადგენს. 1997 წლის 26 სექტემბერს ჯავაში ხელი მოეწერა შერეული სამშვიდობო კომისიის პროტოკოლს ქართველ და ოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ქმნიდა სპეციალურ საკოორდინაციო საბჭოს. საბჭოს უმთავრეს ამოცანად დაისახა ქართველ და ოს სამართალდამცავთა თანამშრომლობის კოორდინირება. პოლიტიკური ნების არარსებობის გამო საბჭომ შეწყვიტა მუშაობა, მაგრამ უდავოა ამდაგვარი კოორდინაციის აუცილებლობა.
ამავე დროს, იშვიათი არ არის, როდესაც რომელიმე მხარის ხელში მოხვედრილი პატიმრები, ფაქტობრივად, მძევლებად იქცევიან და ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევიან. აუცილებელია მსგავსი საკითხების რეგულირებისათვის შერეული, ქართულ-ოსური სამართლებრივი მექანიზმის შემოღება, საერთაშორისო კომპონენტით. წინამდებარე რეკომენდაციის რეალიზებისათვის აუცილებელია ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო ნორმებთან და პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ზემოთ განხილული საკითხები მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც კეთილი ნების არსებობის პირობებში შესაძლოა არა მხოლოდ პირდაპირი ძალადობის, არამედ სტრუქტურული ძალადობის აღმოფხვრას ემსახურებოდეს. სტრუქტურული ძალადობაა, მაგალითად, როდესაც კონფლიქტის ერთი მხარე არსებულ სამართლებრივ ჩარჩოებში თავს ინსტიტუციურად დაჩაგრულად თვლის. ერთობლივი ქმედება წესრიგის დამყარებისას ან კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს სწორედ სტრუქტურული ძალადობის განცდის განმუხტვას შეუწყობს ხელს. ამასთან, არც ერთი ზემოთ შემოთავაზებული წინადადება არ უნდა იქნეს გაგებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საფუძვლად. ეს არის საგანგებო, დროებითი თანამშრომლობა კონფლიქტის მხარეთა შორის. ეს არსებითად დაზავებაა და არა საბოლოო ზავი. საბოლოო ზავი მიიღწევა, თუკი დროებითი, საგანგებო სტრუქტურების მუშაობა სამართლებრივი და პოლიტიკური ინტეგრირების ნიადაგს შექმნის.
სტრუქტურული ძალადობის განცდის შერბილებას ასევე შეუწყობს ხელს რესტიტუციის შესახებ კანონის დაუყოვნებლივი მიღება ქართული მხარის მიერ.
ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად ათეულ ათასობით ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქემ დაკარგა საკუთრების უფლება და განდევნილ იქნა საკუთარი საცხოვრებლიდან. 1989 წელს ჩატარებული საბჭოთა აღწერის შედეგებით, საქართველოში მცხოვრები 164 ათასი ოსიდან 99 ათასი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარეთ ცხოვრობდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 38 ათასი ოსი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობს.
საქართველოდან დევნილი და უფლებააყრილი ოსი ეროვნების მოქალაქეების ქონებისა და მოქალაქეობის სრული უფლების აღდგენა ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის რეკონსტრუქციას და შემდგომი პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას. 1997 წლიდან მოყოლებული ქონების რესტიტუციის კანონმდებლობის რამდენიმე ვერსია იქნა შემუშავებული როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, მაგრამ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნების არქონა უმთავრეს დაბრკოლებად იქცა დაწყებული პროცესის ბოლომდე მისაყვანის საქმეში. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით დიდი სამუშაო იყო ჩატარებული შერეული სამშვიდობო კომისიის მიერ. აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ჩათვლით, თავიანთი საექსპერტო დასკვნები მრავალგზის წარმოადგინეს რესტიტუციის სხვადასხვა კანონპროქტებზე.
რესტიტუციის კანონი უნდა დაეყრდნოს სამართლიანობის, ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემისა და დარღვეული უფლებების აღდგენისათვის ეფექტური საშუალებების შექმნის პრინციპებს.
კანონი აუცილებლად უნდა იყოს მიღებული რაც შეიძლება სწრაფად და არ უნდა განიხილებოდეს როგორც პირობითი ღონისძიება, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ გახდება ეფექტური. ასეთი მიდგომის შემთხვევაში მისი აქტუალობა და ნდობის აღდგენის ფუნქცია ფაქტიურად ძალას დაკარგავს. თავად კანონიც, ჩვენის აზრით, ერთობლივი მუშაობის პროდუქტი უნდა იყოს, თუმცა ისე, რომ ამან პროცესის ხელოვნური გაჭიანურება და გადავადება არ გამოიწვიოს. მეორე მხარის არასათანადო დაინტერესების, თანამშრომლობაზე უარის ან რაიმე სხვა მიზეზით არასათანადო თანამონაწილეობის შემთხვევაში, ქართულმა მხარემ შესაბამისი საერთაშორისო ექსპერტიზის მიღების შემდეგ უნდა მიიღოს კანონი და დაიწყოს მისი ეფექტური განხორციელება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მეორე მხარისათვის მუდმივად გაწვდილი ხელის პრინციპით, რითიც უზრუნველყოფილი იქნება კონფლიქტის ზონის მეორე მხარეს მყოფი მოქალაქეების უფლებების აღდგენის პროცესის დაწყებაც.
რესტიტუცია, ანუ კონფლიქტის დროს დაზარალებული პირების პირვანდელ უფლებებში აღდგენა, თავისთავადი მიზანია, რომელიც სამართლიანობისა და არა-დისკრიმინაციულობის გარანტიად უნდა განვიხილოთ, და არა როგორც საშუალება უფრო დიადი მიზნის მიღწევისათვის. მხოლოდ ამგვარი სამართლიანობისა და საკუთარი მოქალაქეების შელახული ღირსებისა და უფლებების აღდგენის სურვილის გულწრფელობაში ოსური მხარის დარწმუნების შემდეგ შეიძლება საუბარი პროცესის ორმხრივობასა და ნდობის აღდგენაზე.
ბუნებრივია, რესტიტუციის კანონი არ უნდა იყოს ცალხმრივი და იგი უნდა შეეხოს ყველა იმ პირის უფლებების აღდგენას, რომელიც სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული დაპირისპირების გამო დაზარალდა, მიუხედავად მისი ეთნიკური კუთვნილებისა (შესაბამისად, ქართველებისაც და ოსებისაც). ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ არ მოხდეს მისი საომარი მოქმედებების განვითარების ტერიტორიით შეზღუდვა და კანონის იურისდიქცია გავრცელდეს მთელ საქართველოზე.
მესამე უმნიშვნელოვანესი პირობა არის პროცესის ორმხრივობა. ანუ, უნდა შეიქმნას სპეციალური სამართლებრივი მექანიზმი (კომისია, კომიტეტი, კვაზი-სასამართლო - რესტიტუციის ორგანო), რომელიც დაკომპლექტდება ქართველებით, ოსებით და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს მხარეთა თანხმობის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომელიც არ საჩივრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი არასოდეს დასრულდება, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება იმ შემთხვევაში, თუკი პირი თვლის, რომ მისი უფლებებში აღდგენის პროცესის მიმდინარეობის დროს დაირღვა მისი ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული უფლებები. მაგალითად, იძულებით მოაწერინეს ხელი რაიმეზე და ა.შ.
რესტიტუციის ორგანოს, უფლებების დარღვევის დადასტურების პარალელურად, უფლება აქვს დაადგინოს ზიანის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა.
ამ კონტექსტშივეა განსახილველი კონფლიქტური ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციისა თუ ამ ზონისათვის განსაკუთრებული ეკონომიკური რეჟიმის შემუშავებისა და შეთავაზების საკითხები (იხ. კონფლიქტის დარეგულირების სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები)
სტრუქტურული ძალადობის თემა ისევეა გადაჯაჭვული კულტურული ძალადობის დაძლევის აუცილებლობასთან, როგორც პირდაპირი ძალადობის თემასთან.
ქართულ მხარეს, პოლიტიკოსთა თუ მთელი ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს, ოსური თვითგამორკვევის მოთხოვნა უსამართლოდ, რუსეთიდან მართულად მიაჩნია. ამასთან, არსებობს რწმენა, რომ კონფლიქტში ქართული მხარე აბსოლუტურად მართალია, და ოსურ მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური თვითგამორკვევისათვის ისტორიული საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, ქართული მხარე თავს იკავებს კონფლიქტის მიზეზების შეფასების, თუ საკუთარი შეცდომების აღიარებისაგან, რასაც წლების მანძილზე ითხოვდა ოსური მხარე. ასეთ ვითარებაში ნიადაგი ექმნება ოსებისადმი ქედმაღლურ და უკმაყოფილო დამოკიდებულებას, რაც არსებითად, კულტურული ძალადობის ფორმა და სტრუქტურული თუ პირდაპირი ძალადობის საფუძველია. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს კონფლიქტის მიზეზებში თავად ოსური მხარის ცალმხრივობისა თუ შეცდომების ობიექტურ არსებობას, ისევე როგორც რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური წრეების დესტრუქციული როლის გავლენას. მაგრამ ნდობის შექმნის ლოგიკა და სტრატეგია მოითხოვს, რომ ქართულმა მხარემ შერიგებისაკენ თავისი წილი ნაბიჯები თამამად და განსაკუთრებული პირობების გარეშე გადადგას.
კულტურული ძალადობის აღმოფხვრაზე ზრუნვა შემდეგი მიმართულებებით უნდა წარიმართოს:
ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ოსები საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და მონაწილეობდნენ სახელმწიფოებრივი ფორმების ჩამოყალიბებაში. ამასთან, ოსები ისეთივე ეთნიკური ერია, როგორიც ქართველები. შესაბამისად, მათ აქვთ თვითგამორკვევის ბუნებრივი მოთხოვნილებაც. ქართველთათვის ბევრად მისაღები და გასაგები იქნებოდა, რომ ეს თვითგამორკვევა ქართველებთან ნებაყოფლობითი პოლიტიკური ინტეგრაციის ფორმით წარმართულიყო. ამით არ გამოირიცხებოდა ოსური კულტურული ავტონომიის შესაძლებლობა. მაგრამ სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა ორი ეთნიკური შეფერილობის კონფლიქტს - 1918-1921 წლებსა და 90-იან წლებში. ათწლეულების მანძილზე არსებობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 10 წელზე მეტი ხანია არსებობს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა. ეს არის ისტორიული ფაქტები და ქართველი და ოსი ერების ცხოვრების რეალობა, რომელსაც მარტივად ვერავინ წაშლის. შესაბამისად, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ოსების ბუნებრივი, ისტორიულად კანონზომიერი მოთხოვნილებაა პოლიტიკური თვითგამორკვევა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ აღიარებით ჩვენ მეტ ნიადაგს ვუქმნით ოსების მხრიდან საბოლოო ჯამში იმ, ჩვენთვის შეუცვლელ პირობაზე თანხმობას, რომ ეს პოლიტიკური თვითგამორკვევა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში უნდა მოხდეს. ამ პირობის შეუვალობა უკვე ქართველი ერის თვითგამორკვევის უფლებითაა ნაკარნახევი, რომლის ნიადაგი ჩვენს ცნობიერებაში, კულტურაში და ისტორიულ მეხსიერებაში დევს.
აუცილებელია აღვადგინოთ საქართველოს ისტორიაში ოსური ეთნოსის მონაწილეობის ობიექტური სურათი. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ადვილი. რელობა გვიჩევენებს, რომ თანამედროვე ქართველი და ოსი ისტორიკოსებისათვის ისტორიული ფაქტების ერთობლივ ინტერპრეტაციაზე შეთანხმება სირთულეს წარმოადგენს. მაგრამ თუ თანამედროვე ისტორიოგრაფიის და სოციალური მეცნიერებების მიღწევებს გავითვალისწინებთ და გავიზიარებთ, მაშინ ისტორიკოსთა ახალმა თაობამ შესაძლოა აქაც მონახოს კონსენსუსი.
ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ოსური ეთნოსის ღირსების პატივსაცემად და, ბუნებრივია, ეს მხოლოდ რესტიტუციის კანონით არ მიიღწევა. საუბარი პოზიტიურ დისკრიმინაციაზე საკამათოა. მაგრამ საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკაში ოსურ თემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეთმობოდეს. საქმე ეხება ძეგლებს, მუზეუმებს, ტოპონიმიკას, სახელმძრვანელოებისა და სასკოლო პროგრამების შესაბამის ადაპტირებას.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაში მთავარი იმდენად ფუნქციათა განაწილება კი არა (თუმცა ამ მხრივ ბევრი რამ არის არსებითი - განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა და უფლებამოსილებანი), თავად შეთანხმების მიღწევის ფორმა და პროცედურაა. იგი ოსურ მხარესთან სრული თანამონაწილეობის ფორმატში უნდა განხორციელდეს. ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ საკუთარი ბედის განსაზღვრაში მონაწილეობენ როგორც სრულუფლებიანი და თანაბარი ლეგიტიმაციეს მქონე მხარე. შესაბამისად, შეთანხმება უნდა მოხდეს, სტატუსზე მომუშავე ერთობლივი კომისიის შექმნაზე, რათა მომავალში ნამუშევრის ლეგიტიმაცია და პროცესის წარმომადგენლობითობა ეჭვქვეშ არ დადგეს. ამასთანავე, ასეთი პროცესის პირობებში ძირეული დებულებების ცალმხრივად გადასინჯვა არც მომავალში დადგება დღის წესრიგში. სწორედ ამ ერთობლივი კომისიის ნამუშევრის საფუძველზე უნდა მიიღოს საქართველომ შესაბამისი კონსტიტუციური კანონი.
დღეისათვის ქართულ საზოგადოებაში ოსურ პრობლემაზე ზოგადი, ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივი მოსაზრებები დომინირებს. პრეზიდენტის ზემოაღნიშნული წინადადებები ბევრის მიერ არარეალიზებად პროექტად ან დროის მოგების და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში პოზიციების განმტკიცების საშუალებად უფრო აღიქმება, ვიდრე კონფლიქტის გადაწყვეტის რეალურ გზად. მოსახლეობაში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ კონფლიქტები მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით თუ წყდება და რომ ყოველივე გარეშე ძალთა ნებაზეა დამოკიდებული. ქართველებს არ ან ვერ ივიწყებენ ტერიტორიული მთლიანობის იმპერატივს. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს ომი. შესაბამისად, როგორც რეალური, ისე სააზროვნო მოჯადოებული წრიდან გამოსავალი ნდობის მშენებლობის სტრატეგიის შემუშავებაა. ამ სტრატეგიით მოქმედება კონფლიქტის გადაწყვეტის ხანგრძლივი გზაა. მეტიც, წარმატებისათვის იგი სახელმწიფოს შინაგანი გაძლიერებით და საერთაშორისო გარემოს კეთილგანწყობით უნდა იყოს გამაგრებული. კერძოდ, საქართველომ უნდა მიაღწიოს ადვილად შესამჩნევ პროგრესს კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში. ეს პროგრესი უნდა იგრძნობოდეს როგორც უმაღლესი სახელისუფლო ორგანოების მუშაობის ეფექტურობაში, ისე რიგითი ადამიანების საბაზო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. მეორეს მხრივ, აუცილებელია კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ევროკავშირსა და აშშ-სთან პოზიციების შეჯერება და, ამის შედეგად, რუსეთის პოზიციაზე ზემოქმედებისათვის მათი ძალისხმევის ინტენსიფიკაციის მიღწევა.
მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ მაშინ იქნება არა თუ ეფექტური, არამედ რეალურიც, თუ ქართულ-ოსურ ურთიერთობებში შემუშავდება და განხორციელდება ნდობის შექმნის სტრატეგია. სტრატეგიის ფილოსოფია და ზოგადი კონტურები შესაძლოა წინამდებარე ნაშრომის ლოგიკას მისდევდეს. იგი აგრეთვე უნდა იყოს განმტკიცებული ტაქტიკური ნაბიჯებით - მუდმივი და მრავალფორმატიანი დიალოგით, კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკური ხასიათის კონკრეტული პროექტებით. კონფლიქტის შეფასების, უსაფრთხოებასა და კანონიერებაზე ერთობლივი ზრუნვის შეთავაზების, ოსთა ეროვნული განცდის პატივისცემისა და რესტიტუციის კანონის მიღების შემთხვევაში აუცილებლად მოხერხდება ცხინვალელი ახალგაზრდობის დაინტერესება თბილისში სწავლით, ცხინვალში, ზნაურსა თუ ჯავაში ერთობლივი სავაჭრო, მოპოვებითი თუ სასოფლო სამეურნეო წარმოების წინადადებებით. ეს კი საქართველოს ხელახალი „შეკრების” ერთადერთი საწინდარია.
![]() |
7 მოსაზრებები „სამხერთ ოსეთთან“ კონფლიქტის მოგვარების ეკონომიკურ ასპექტებზე |
▲ზევით დაბრუნება |
კონფლიქტის დარეგულირების გასაღების როლი შეუძლებელია რომელიმე ერთმა, ცალკე აღებულმა ფაქტორმა შეასრულოს. ამ მხრივ სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ არსებული გაურკვეველი მდგომარეობის შენარჩუნებაში მრავალი ძალაა დაინტერესებული, როგორც საქართველოში, ასევე თავად სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებშიც. პროცესში მონაწილე მხარეებს მთლიანობაში თუ განვიხილავთ, შესაძლებელია გამოიყოს შემდგი ჯგუფები და ინტერესები:
რუსეთის როგორც პოლიტიკური ელიტა, ისე რიგი ეკონომიკური, სამხედრო და სპეცსამსახურების წარმომადგენელი წრეები დაინტერესებული არიან არსებული მდგომაროების შენარჩუნებით
ტრანსნაციონალური დამნაშავეობა, რომელიც კავკასიაში ასეთი გაურკვეველი ტერიტორიული ზონებით ინტერესდება. განსაკუთრებით ეს ეხება ნარკოტიკებისა და იარაღით ვაჭრობის პროცესში ჩართულ წრეებს.
ქართულ და ოსურ მხარეებში არიან ძალები, რომლებიც არსებულ მდგომაროებას იყენებენ წმინდა ფინანსური მიზნების მისაღწევად და თავის მოტყუება იქნება იმის მტკიცება, თითქოს ერგნეთის ბაზრობის დახურვით ასეთი ჯგუფები აღარ იარსებებენ. სამხრეთ ოსეთთან მომიჯნავე შიდა ქართლის რეგიონში და მოსახლეობაში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ ამ ბაზრობის დახურვამ დარტყმა ძირითადად წვრილ მოვაჭრეებს მიაყენა ხოლო მსხვილი ჯგუფები ორივე მხრიდან კვლავ აქტიურად არიან ჩართული ამ სავაჭრო ურთიერთობებში.
სამხრეთ ოსეთის მხარეს აქვს სპეციფიური ინტერესი არ მოხდეს შეიარაღებული კონფლიქტი, რადგან მათი პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტა უშუალოდ არის დაინტერესებული სტაბილურობით, რადგან მხოლოდ ეს აძლევს მათ საშულებას მიიღონ შემოსავლები, რომელსაც რუსეთთან დამაკავშირებელი ავტომგისტრალის გამოყენებით სავაჭრო ურთიერთობები განაპირობებს. მასვე აქვს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და შემდგომ, რუსულ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების ინტერესი, თუმცა სავარაუდოა, რომ ამგვარი სცენარის ნაკლებრეალურობასაც ხედავდეს.
საქართველოს მხარე, რომელსაც აგრეთვე აქვს სტაბილურობის მოთხოვნილება, თუმცა სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით აქვს სპეციფიური ინტერესი დარეგულირდეს სამრთლებრივი სტატუსი და რეგიონში საქართველოს იურისდიქცია აღდგეს.
საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა მანდატი კონფლიქტის დარეგულირებაა.
ორივე მხარის რიგითი მოსახლეობა, რომელიც თავის მხრივ საკითხს განიხილავს პრაგამტული კუთხით, ვერ იღებს სარგებელს არსებული მდგომარეობიდან და მდგომარეობის შეცვლას მიესალმება. ასეთი საზოგადოების ზეგავლენა პროცესზე ნაკლებია. მისი როლი ამბივალენტურია. ამასთან მისი პოტენციური გავლენა არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი. ასეთ საზოგადოებრივ ჯგუფებს აქვთ როგორც ნაციონალური ემოციები, ისე სტაბილურობის და უსაფრთხოების სურვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციები ორივე მხრიდან. მათი მისია ნდობის შექმნა და კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით დარეგულირებაა. ამასთან, მხარეთა პოლიტიკურ ელიტებზე თუ რიგით მოქალაქებზე მათი ზეგავლენა სუსტია.
მთლიანობაში თუ განვიხილავთ, არსებული მდგომარეობის შენარჩუნების მოსურნეთა შესაძლებლობები ჯერჯერობით აღემატება მდგომარეობის შეცვლის მოსურნეთა შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, პრობლემის სამართლებრივად დარეგულირების მომხრე მხოლოდ ქართული მხარე გამოდის, რადგან ოსური მხარის ტაქტიკა დამოუკიდებლობისა ან რუსეთთან შეერთებისა რეალობას მოცილებულია და მხოლოდ ვაჭრობისთვის და დროის გაწელვისთვის გამოდგება. ყოველივე აღნიშნულის გათვალსწინებით, მხოლოდ ერთი მიმართულებით ან კონტექსტიდან ამოვარდნილი მოქმედებით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა. ამის ნათელი მაგალითია 2004 წლის ზაფხულის მოვლენები. შესაბამისად, კონფლიქტის დარეგულირების და რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის საკითხი მოითხოვს რამდენიმე მიმართულებით ძალისხმევას, მათ შორის:
უნდა განისაზღვროს საქართველოს მთლიანი მოწყობის საკითხი, მათ შორის დეცენტრალიზაციის ხარისხი და ამ კონტექსტში იქნეს მომზადებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის სამართლებრივი სტატუსი. როცა დანარჩენ საქართველოში ხელისუფლების დამოკიდებულება დეცენტრალიზაციის მიმართ ჩამოუყალიბებელია, წარმოუდგენელია, ეფექტიანი იყოს მოლაპარაკებები ოსურ მხარესთან.
რეგიონის მოსახლეობა ეკონომიკურად დაკავშირებული უნდა იყოს საქართველოსთან. ამ მხრივ სამთავრობო პროგრამების გარდა ძალზედ მნიშვნელოვანია ჰორიზონტალური კავშირები ბიზნეს-ჯგუფებს შორის. საჭიროა ძალისხმევა ეკონომიკურ სფეროში, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის ძალზედ სავალალო ეკონომიკურ მდგომარეობას.
საჭიროა დიპლომატიურ, პოლიტიკურ და სამართალდაცვისა თუ უსაფრთხოების სფეროში არსებული პოტენციალის გაზრდა და უკეთ გამოყენება.
განხილული ძალისხმევების მიმართულებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ეკონომიკურ და სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს.
ეკონომიკური სფერო
დღეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა ძალზედ სავალალოა. აქ მხოლოდ მცირე ელიტური ჯგუფის გამოყოფა შეიძლება, რომელმაც კონფლიქტის პერიოდში მნიშნელოვანი შემოსავლის მიღება შეძლო. კონფლიქტის შედეგად რეგიონი მრავალმა ადამიანმა დატოვა. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ამჟამად რეგიონის მოსახლეობა დაახლოებით 50-60 ათასია. სხვადასხვა გაანგარიშებებით რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს დაახლოებით 15 მლნ აშშ დოლარს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 250 აშშ დოლარს, რაც უკიდურესად მცირე მაჩვენებელია. 2003 წელს რეგიონის ბიუჯეტის შემოსავალმა შეადგინა 4,452 მლნ. აშშ დოლარი. ბიუჯეტის შემოსავლების 62 პროცენტი დამოკიდებულია ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალიდან მიღებულ შემოსავლებზე. მრეწველობაში და სოფლის მეურნეობაში წარმოების მაჩვენებლები ძალზედ დაბალია, მუშაობს რამდენიმე სამრეწველო ობიექტი: ცხინვალის ხის გადამამუშავებელი კომბინატი, რამდენიმე მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო და ხდება მცირე მასშტაბებით წიაღისეულის მოპოვება ზნაურის რაიონში. მოსახლეობის შემოსავლების მნიშვნელოვანი წილიც დაკავშირებული იყო ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალთან და ერგნეთის ბაზრობასთან. ტვირითის მოძრაობის პროცესი ასეთი იყო: როკის გვირაბთან არსებულ საზღვარზე ტვირთების გადმოტანა ნახევრადლეგალურ ხასიათს ატარებდა. თავად რეგიონის ტერიტორიაზე საქონლის მოძრაობა ფორმალურად ლეგალიზებულია, რადგან რეგულირებულია რეგიონის კანონმდებლობით, საქართველოს მხარესთან არსებულ საზღვარზე და მის მიღმა კი ეს საქონელი მთლიანად არალეგალურ სივრცეში ექცეოდა. არსებობს ექსპერტული შეფასებები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის ერგნეთის ბაზრობაზე არსებულ ყოველთვიურ ტვირთბრუნვაზე მის დახურვამდე:
ბენზინი 2800 - 3400 ტ. ანუ 840 ათ. დოლ. - 1,26 მლნ. დოლ.
დიზელის საწვავი 4000 - 6000 ტ. ანუ 950 ათ. დოლ - 1,45 მლნ. დოლ.
მარცვლეული - 1500 - 3200ტ. ანუ 300 - 660 ათ. დოლ.
ფქვილი - 1200 - 2500ტ. ანუ 400 - 850 ათ. დოლ.
თხევადი გაზი - 420 - 800ტ. ანუ 72,8 - 140 ათ. დოლ.
სიგარეტი - 900 ათ. დოლ. - 2 მლნ. დოლ.
სასუქები და კომბინირებული საკვები - 3000 - 4000ტ. ანუ 360 - 480 ათ. დოლ.
რუსული წარმოების ავტომობილების სათადარიგო ნაწილების შემოტანა - 1,1 - 1,25 მლნ. დოლ.
კვების პროდუქტები - 850 ათ. დოლ. - 1,35 მლნ. დოლ.
საყოფაცხოვრებო საქონელი - 400 - 500 ათ. დოლ.
სამშენებლო მასალები - 670 - 870 ათ. დოლ.
მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ტყავი (შემდგომში თურქეთში, საბერძნეთში გასატანად) - დაახლოებით 280 ათ. დოლ.
საქართველოდან გადიოდა ძირითადად სასოფლო სამეურნეო პროდუქტები ყოველთვიურად საშუალოდ 1,25 მლნ. ლარის ოდენობით. თუმცა ეს მონაცემი რუსეთის საბაჟოს მონაცემს ეყრდნობა და რეალურად, შესაძლოა, არალეგალურად მეტი მოცულობის საქონელიც გაეტანათ.
მთლიანობაში ერგნეთის ბაზრობის ყოველთვიური ტვირთბრუნვა 8,4 მლნ დოლარიდან 11,1 მლნ დოლარამდე მერყეობდა - შესაბამისად, წლიურად 100,8 მლნ დოლარიდან 133,2 მლნ დოლარამდე.
ამ გაანგარიშებებზე დაყრდნობით საქართველო გადასახადების სახით ყოველწლიურად 80 დან 170 მლნ ლარამდე კარგავდა. თუ გავითვალისწინებთ რომ ზემოაღნიშნული მონაცემები ალბათ ცალკეულ წლებში მნიშვნელოვანად იზრდებოდა, ამ წლების განმვალობაში საქართველოს ბიუჯეტი საკმაოდ დიდ თანხებს დაკარგავდა.
აქ, აღარაფერს ვამბობთ არალეგალური საქონლების (ნარკოტიკები და იარაღი) მოძრაობიდან მომდინარე საფრთხეზე.
ერგნეთის ბაზრობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ მოექცა ლეგალურ ჩარჩოებში, ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენდა. არის სერიოზული ეჭვი, რომ 2004 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომების შედეგად შემცირდა ეკონომიკური ურთიერთობები მცირე მოვაჭრეებს შორის და ასეთი კონტრაბანდული ტვირთბრუნვა შედარებით დიდი მოცულობის პარტიებით და გაზრდილი არაფორმალური ტარიფების ფონზე მიმდინარეობს.
სამხრეთ ოსეთის რეგიონის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მახასიათებელს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აქ ძირითადი გაცვლის საშუალებაა რუსული რუბლი, ფაქტიურად არ არსებობს კომერციული ბანკების ინფრასტრუქტურა და მის ფუნქციებს ითავსებს „ცენტრალური ბანკი,“ რომელსაც თავისი ძირითადი ამოცანა ანუ მონეტარული პოლიტიკის განხორციელება არ შეუძლია ეროვნული ფულის და სავალუტო რეზერვების არქონის გამო.
ყოველივე აღნიშნულის გათვალსწინებით, რა ძირითადი მიმართულებები არის შესაძლებელი, რათა ეკონომიკური ფაქტორები კონფლიქტის დარეგულირების ერთ-ერთ ასპექტად იქნეს გამოყენებული.
უნდა გამოვყოთ ორი ძირითადი მიმართულება:
1. ეკონომიკური ბერკეტების ამუშავება, რაც საჯარო ხელისუფლებების დონეებზე უნდა განხორციელდეს;
2. კერძო სექტორში ჰორიზონტალური ურთიერთობების ჩამოყალიბება.
საჯარო სექტორთან მიმართებაში კონფლიქტის დარეგულირების თემა, ვფიქრობ, მთლიანად ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის ფონზე უნდა განვიხილოთ. ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლება საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელებს უფლებამოსილებების რეგიონებისათვის გადაცემას. ეს იქნება ერთგვარი განაცხადი საქართველოს ხელისუფლებისა, თუ როგორი ფორმის სახელმწიფოში აქვთ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს თანაცხოვრება შეთავაზებული. მეორეს მხრივ, სამხრეთ ოსეთის მეზობელი რეგიონების, იმერეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის მნიშვნელოვანი უფლებამოსილებებით აღჭურვა, ამ რეგიონებში მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვანი გაძლიერება ერთ-ერთი საფუძველი უნდა გახდეს საქართველოს ამ რეგიონებსა და სამხრეთ ოსეთს შორის ჰორიზონტური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის. ერთის მხრივ, ასეთ ურთიერთობებში მაღალია საერთო ინტერესების გამოკვეთა, მეორეს მხრივ, იქმნება პოლიტიკურ ფაქტორებთან შედარებით ეკონომიკური ურთიერთობების წინა პლანზე წამოწევის, მილიტარისტული განწყობების ნიველირებისა და ნდობის აღდგენის შესაძლებლობა. ამ კონტექსტში სამხრეთ ოსეთისათვის შეთავაზებული უნდა იქნეს გაცილებით მაღალი უფლებამოსილებით აღჭურვილი სტატუსი საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით. ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ამ ერთეულისათვის ფართო ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭებას. ჩვენი წარმოდგენით, შესაძლებელია განხილულ იქნას სხვადასხვა პოლიტიკურ და სამართლებრივ უფლებამოსილებებთან ერთად შემდეგი სახის ექსკლუზიური უფლებამოსილებები:
განათლება |
სკოლამდელი აღზრდა |
დაწყებითი განათლება |
საბაზო განათლება |
საშუალო განათლება |
სპეციალიზებული და ტექნიკური საშუალო განათლება |
სკოლა-ინტერნატები |
უმაღლესი განათლება |
ჯანდაცვა |
საავადმყოფოები (ადგილობრივი მნიშვნელობის) |
საავადმყოფოები (რეგიონული მნიშვნელობის) |
ამბულატორიები |
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა |
პირველადი სამედიცინო დახმარება |
პროფილაქტიკა |
საოჯახო მედიცინა |
სპეციალური მედიცინა |
ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა და კონტროლი |
სამედიცინო სტატისტიკის წარმოება |
კულტურა, დასვენება და სპორტი |
კულტურის ძეგლთა დაცვა (ადგილობრივი მნიშვნელობის) |
კულტურის ძეგლთა დაცვა (რეგიონული მნიშვ.) |
ბიბლიოთეკები (ადგილობრივი მნიშვნელობის) |
ბიბლიოთეკები (სამხარეო მნიშვნელობის) |
არქივი |
საკლუბო დაწესებულებები |
თეატრები (ადგილობრივი მნიშვნელობის) |
თეატრები (სამხარეო მნიშვნელობის) |
მუზეუმები (ადგილობრივი მნიშვნელობის) |
მუზეუმები (სამხარეო მნიშვნელობის) |
კინოთეატრები |
გამოფენები (ადგილობრივი მნიშვნელობის) |
გამოფენები (სამხარეო მნიშვნელობის) |
სპორტული დაწესებულებები (ადგილობრივი) |
სპორტული დაწესებულებები (სამხარეო მნიშვ.) |
ფიზიკური კულტურა |
სპეციალიზირებული სკოლები |
ეკოლოგია, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და სანიტარული საკითხები |
წყლის და ნიადაგის დაცვა (ადგილობრივი მნიშვნელობის) |
წყლის და ნიადაგის დაცვა (სამხარეო მნიშვნელობის) |
ჰაერის დაცვა მავნე ნივთიერებების გაფრქვევისაგან |
ზოგადად გარემოს დაცვის ღონისძიებები |
ტყით სარგებლობა (ადგილობრივი მნიშვნელობის) |
ტყით სარგებლობა (სამხარეო მნიშვნელობის) |
ტყით სარგებლობა (ეროვნული მნიშვნელობის) |
მიწათსარგებლობა |
სანიტარული დაცვა |
ვეტერინარია |
მყარი ნარჩენების დეპონიორება |
მყარი ნარჩენების გადამუშავება და უტილიზაცია |
საკანალიზაციო ნარჩენების გასუფთავება და უტილიზაცია |
სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაცია |
წიაღისეული (ადგილობრივი გავრცელების რესურსები) |
წიაღისეული (სტრატეგიული რესურსები) |
წყლის რესურსები (ადგილობრივი მნიშვნ.) |
წყლის რესურსები (სამხარეო მნიშვნელობის) |
სოციალური დაცვა |
უმწეოთა სპეციფიკური დახმარება |
დაუცველი და მოწყვლადი სოციალური ფენების (დაბალშემოსავლიანი,) დახმარება |
ინვალიდთა დახმარება |
უმუშევართა დახმარება |
სოციალური (დიაგნოსტიკური და ზრუნვითი) სერვისები |
უსახლკაროების ბინებით უზრუნველყოფა (ადგილობრივი მნიშვნელობის) |
საგზაო ინფრასტუქტურა და ტრანსპორტი |
საავტომობილო გზები თვითმმართველ ერთეულებს შორის |
ადგილობრივი მნიშვნ. საავტომობილო გზები |
მუნიციპალიტეტთაშორისი საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი |
შიდამუნიციპალური საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი |
სარკინიგზო ტრანსპორტი |
მეტროპოლიტენი |
ტრამვაი |
ტროლეიბუსი |
საბაგირო ტრანსპორტი |
სივრცვითი დაგეგმარება და კონტროლი მშენებლობაზე |
ქალაქდაგეგმარება |
რეგიონალური დაგეგმარება |
კონტროლი მშენებლობაზე |
კეთილმოწყობა და კომუნალური სფერო |
მოსახლეობისაგან მყარი ნარჩენების გატანა |
საჯარო ადგილებიდან მყარი ნარჩენების გატანა |
სისუფთავის დაცვის პრევენციული ღონისძიებები |
ქუჩების დასუფთავება-ჩარეცხვა |
სანიაღვრე მეურნეობება |
სასმელი წყლით მომარაგება |
ტექნიკური წყლით მომარაგება |
ადგილობრივი მელიორაცია |
რეგიონ. მელიორაცია |
ჩამდინარე კომუნალური წყლები |
გამწვანება, პარკები და ბაღები |
კეთილმოწყობა და გრეგანათება |
სასაფლაოები |
ზოგადი ამოცანები |
სამოქალაქო რეგისტარცია |
საზოგადოებრივი წესრიგი |
სახანძრო უსაფრთხოება |
სამოქალაქო თავდაცვა |
არჩევნების ორგანიზება |
მომხამრებელთა უფლებების დაცვა |
აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელება უნდა გულისხმობდეს:
ამ სფეროებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების დამოუკიდებელ გადაწყვეტას;
საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების რაოდენობისა და ხარისხის დამოუკიდებელ განსაზღვრას და განხორციელებას;
სფეროების მიხედვით შესაბამისი ფინანსური რესურსების გადაცემას ფისკალური დეცენტრალიზაციის გზით და ავტონომიურობას ამ ფინანსური რესურსების განკარგვაში;
აღნიშნულ კომპეტენციებთან დაკავშირებული საჯარო რეგულაციების უფლებამოსილებების გადაცემას.
ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოები იმისათვის, რომ აღნიშნული ჩამონათვალი გამიჯნულ იქნეს რეგიონალურ და სამხრეთ ოსეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალურ დონეებს შორის. ამასთან, ამ გამიჯვნის დადგენაში რეგიონის ხელისუფლებას შეიძლება მიეცეს მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში.
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თავად მოქალაქეებს შორის და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობები. აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავება უნდა დაეფუძნოს, ერთის მხრივ, შესაბამისი მოტივაციების გათვალისწინებას და, მეორეს მხრივ, სტიმულირების კონკრეტული მექანიზმების ჩამოყალიბებას. არსებული რეალობის გათვალისწინებით შესაძლებელია გამოიკვეთოს სამი ძირითადი სფერო, რომლებიც, შესაძლოა, პრიორიტეტებს წარმოადგენდეს: სოფლის მეურნეობა, ბუნებრივი რესურსები, და ვაჭრობა.
სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, ერთის მხრივ, საკრედიტო რესურსების სიმწირე და მიუწვდომლობა და, მეორეს მხრივ, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა. საკრედიტო რესურსებთან დაკავშირებით შესაძლებელია განხილულ იქნას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ სუბსიდირებული სპეციალიზირებული მიკროსაფინანსო ინსტიტუტის ფორმირება, რომელიც განთავსებული იქნება მომიჯნავე რეგიონში და მიმართული იქნება რეგიონში სოფლის მეურნეობაში მიკროდაფინანსების განხორციელებაზე, ამასთან მექანიზმი უნდა იყოს გამარტივებული, რათა ადგილი არ ჰქონდეს სამართლებრივი სახის პრობლემებს.
პროდუქციის რეალიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება აქცენტი წარიმართოს სამი მიმართულებით: 1. მომიჯნავე რეგიონებმა უნდა დაამყარონ მჭიდრო ურთიერთობები სწორედ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გაცვლა-რეალიზაციის კუთხით. 2. ინიცირებული უნდა იქნეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სავაჭრო ადგილების განვითარება რეგიონში, ამ სფეროს არცთუ ისე დიდად უარყოფითი ფისკალური ეფექტის გათვალისწინებით, რომელიც საფუძველი გახდა ეგრეთწოდებული „ერგნეთის“ ბაზრობის წინააღმდეგ ზომების მიღებისა. 3. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ მომიჯნავე რეგიონებში უნდა შექმნას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემსყიდველი ცენტრები. ამ ცენტრებში განხორციელებული შესყიდვებით უნდა იქნეს ჩანაცვლებული ნაწილობრივ ის სახელმწიფო შესყიდვები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის კუთხით. რასაკვირველია, ეს მექანიზმები ნაკლებად შეესაბამება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ქმნის კორუფციის რისკს, თუმცა არსებული რეალიების გათვალისწინებით და მკაცრი ადმინისტრირების პირობებში შესაძლებელია ამ მექანიზმების გამოყენება.
არსებული საავტომობილო მაგისტრალის და როკის გვირაბის გათვალისწინებით, ვაჭრობის სფერო სხვა სფეროებთან შედარებით განმსაზღვრელ ფუნქციას ატარებს. ამ მხრივ ყველაზე პრობლემატურია მხარეებს შორის ინტერესების თანხვედრა ლეგალურ ჩარჩოებში. შესაბამისად, აუცილებელი იქნება გარკვეულ დათმომებზე წასვლა ორივე მხრიდან. უნდა იქნეს საქართველოს მხრიდან ინიცირებული გარკვეული გამარტივებული მოდელი ვაჭრობის ლეგალიზაციისთვის. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ეს სფერო წარმოადგენს ერთ-ერთ განმსაზღვრელ მოტივაციას ჰორიზონტალური ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სწორედ აღნიშნული ურთიერთობები განაპირობებს საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარებასაც. ამ საკითხთან დაკავშირებით ალტერნატიული მოდელები შეიძლება იქნეს განხილული: რუსეთიდან შემომავალი სავაჭრო ნაკადების ერთობლივი კონტროლი, რომელიც დღეს თითქოს ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ფაქტორების ამოქმედების შემთხვევაში; გარკვეული სამართლებრივი რეჟიმების შექმნა, რომლებიც გამორჩეული იქნება ვაჭრობის სფეროში საქმიანობის ლეგალიზაციის გამარტივებული პროცედურებით.
ბუნებრივი რესურსების მხრივ უნდა იქნეს ინიცირებული საქართველოს ბაზრების გაღება, განსაკუთრებით ხე-ტყის და მინერალური წყლების მიმართულებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება აგრეთვე ინვესტიციების სტიმულირება ქართული სამეწარმეო წრეების მხრიდან.
ზოგადად, უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს საქართველოსთან ეკონომიკურად დაკავშირებულ პირთა წრის გაფართოება, ლარის მოძრაობის არეალის გაზრდა რეგიონში და ბიზნესის სტიმულირების სფეციფიური მექანიზმების ამოქმედება.
ბიზნესის სტიმულირების ლეგალური ასპექტების გამოყენების მცირე შესაძლებლობების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობის წარმართვა სამი მიმართულებით: 1. ქართული მხრიდან მიწოდებული საკრედიტო ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ზრდა. 2. რეგიონთაშორისი და დასახლებულ პუნქტებსშორისი ერთობლივი პროექტების სტიმულირება და 3. კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიონალური ზრდის პროგრამების განხორციელება.
სახელმწიფომ უნდა მიმართოს ზომებს, რომლებიც, შესაძლოა, გამოიხატოს რისკის დაზღვევის გარკვეულ მექანიზმში, რითაც ქართული კომერციული ბანკები განახორციელებენ თავიანთი საბანკო პროდუქტების გაყიდვას რეგიონის ტერიტორიაზე ან რეგიონის სუბიექტებზე, ადგილზე საბანკო დაწესებულების ფილიალის გაუხსნელად.
შესაძლოა რეგიონის მოსახლეობისათვის შემუშავდეს სპეციალური სოციალური პროგრამა, რომელიც დაბალშემოსავლიანთათავის ან შემუშავებული სპეციფიური კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ჯგუფებისათვის განსაკუთრებულ სოციალურ ფულად დახმარებებს გაითვალისწინებს. შესაძლებელია ასეთი დახმარებები იმ ტერიტორიაზე გაიცეს, სადაც ხორციელდება საქართველოს იურისდიქცია. ამასთან ასეთი დახმარებები არ უნდა იყოს სიმბოლური ხასიათის.
შესაძლებელია საერთაშორისო დონორების დახმარებით შეიქმნას სპეეციალური სადაზღვევო ფონდი, რომელიც დააზღვევს ქართული კომერციული ბანკების მხრიდან რეგიონის სუბიექტებზე კრედიტების გაცემას. ამ ფონდის საქმიანობა შეიძლება იყოს საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფა, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება და ა.შ. (ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური მიზნებით მიზანშეწონილია სახელმწიფოს ინტერვენცია ბიზნესში).
![]() |
8 მოსაზრებები საქართველოს სახელმწიფოში სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
1. საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში ნებისმიერი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის განსაზღვრისათვის უმთავრესი სახელმძღვანელო დოკუმენტია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია. კონსტიტუცია განსაზღვრავს ქვეყნის სამართლებრივ რეჟიმსა და პოლიტიკური წყობილების ფორმას. სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის აღიარებული მისი პრიმატი ნებისმიერ სხვა უფრო დაბალი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტზე, და ამასთანავე, შესაბამისობა ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან.
2. უპირველესი გარანტია, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუცია ქმნის, სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, არადისკრიმინაციულობის, თვითმმართველობის გარანტიებისა და მრავალი სხვა დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების პრიორიტეტულობაა.
3. საქართველოს კონსტიტუციით, როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია ქვეყნის პოლიტიკური წყობილებისა და მმართველობის ფორმა. სწორედ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით არის აღიარებული თვითმმართველი ერთეულების შექმნისა და მაქსიმალური ავტონომიის მინიჭების შესაძლებლობა. ითვალისწინებდნენ რა ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს, კონსტიტუციის ავტორებმა სამომავლოდ შემოინახეს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტა, რათა ეს უკანასკნელი მაქსიმალური თანამონაწილეობის პირობებში მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით მომხდარიყო. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლით აღიარებულია უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოში ცენტრსა და ავტონომიებს შორის. სწორედ ამ პრინციპისა და ფედერაციული ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს კონსტიტუციური კანონის მიღება, რომელშიც დაწვრილებით განისაზღვრება სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი სტატუსი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტაში ქვეყნის ფედერალიზაციას ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს და ამ მიმართებით ცხარე დისკუსია დიდი ხანია წარსულის კუთვნილებაა.
4. ასევე უნდა აღინიშნოს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის იანვარში, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განცხადებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების ინიციატივა. აღნიშნული დოკუმენტი კონფლიქტის რეგულირებისათვის სწორედ მხარეთა შორის სამართლებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების ფორმებს განსაზღვრავს და ადგენს გარდამავალ პერიოდში (რომელიც სამი წლით განისაზღვრება) საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის ღონისძიებათა ზოგად პრინციპებს.
5. წინამდებარე დოკუმენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური დებულებებიდან გამომდინარეობს და ამასთანავე, ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ სტრასბურგში განცხადებული ინიციატივის მნიშვნელოვან ნაწილს.
6. საქართველოსათვის, კონსტიტუციით განუსაზღვრელი ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტისას, უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა წარმონაქმნის ინტერესების დაბალანსების საფუძველზე ყველაზე უფრო ოპტიმალური და სპეციფიური მოდელის შემუშავება, რომელიც ადეკვატურად ასახავს აქ მცხოვრები როგორც ტიტულარული ერების, ასევე ეროვნული უმცირესობების ინტერესებს. შესაბამისად, ყველა მხარის ინტერესების გაზიარებითა და სხვადასხვა ქვეყნების მიერ რეგიონალიზმისა და ფედერალიზმის პრინციპების გამოყენების მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა მოვახერხოთ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება.
7. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შესაძლებელია ქვეყანაში მიღებული იყოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც იმავდროულად კონსტიტუციის ნაწილია და შესაბამისად მაქსიმალური საკანონმდებლო დაცვით არის გარანტირებული. თუმცა, სამხრეთ ოსეთის სატუსის განსაზღვრისას კანონმდებელმა უნდა გაითვალისწინოს კონსტიტუციური კანონის დაცვის კიდევ უფრო მეტი გარანტია, რაც თვითმმართველი ერთეულის - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სრულ თანამონაწილეობაში გამოიხატება. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, და მისი გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონს შეიმუშავებს ქართული და ოსური მხარეების მიერ (საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით) პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი კომისია. საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციურ კანონს იღებს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით. კონსტიტუციური კანონი არის საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილი.
8. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციური კანონით განისაზღვრება სამხრეთ ოსეთის ადგილი საქართველოს სახელმწიფოში და ერთიან სამართლებრივ სივრცეში, ავტონომიის ფარგლები, კომპეტენციები, ცენტრისა და ავტონომიის მომიჯნავე უფლებამოსილებები და კომპეტენციათა შესახებ დავის რეგულირების წესი, მართვა-გამგეობის ფორმა, და ყველა ის სხვა საკითხი, რომელთა დარეგულირებაც მხარეთა გადაწყვეტილებით სწორედ კონსტიტუციური კანონით უნდა ხორციელდებოდეს.
9. კონსტიტუციური კანონის მიღებამდე პროცესის წარმატებისათვის აუცილებელია მიღწეულ იქნეს შეთანხმება კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების შესახებ, რომელიც გარდამავალ პერიოდში მოაწესრიგებს მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებს. ამასთანავე, სწორედ ამგვარი შეთანხმებით უნდა განისაზღვროს კონსტიტუციურ კანონზე მუშაობის წესი და ერთობლივი საქმიანობის ფორმატი.
10. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შესახებ კონსტიტუციური კანონით უნდა განისაზღვროს შემდეგი:
i. სამხრეთ ოსეთი არის ავტონომიური ტერიტორიული ერთეული საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. მისი სახელწოდებაა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური გაერთიანება“ (რესპუბლიკა, მხარე, რეგიონი, ოლქი).
ii. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ერთეულს აქვს საკუთარი ტერიტორია, კონსტიტუცია, დროშა და გერბი; იგი არის პოლიტიკური (და არა ადმინისტრაციული) ტერიტორიული ერთეული საქართველოს შემადგენლობაში. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმოქცევაშია საქართველოს სახელმწიფოს ფულის ერთეული - ლარი ადგილობრივი სიმბოლიკით;
iii. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის ტერიტორიაზე ოსური ენა სარგებლობს ოფიციალური ენის სტატუსით. შესაბამისად, საქმის წარმოება და სამართალწარმოება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე წარიმართება ორ ენაზე: ქართულ და ოსურ ენებზე.
iv. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სამხრეთ ოსეთის პარლამენტისა და საქართველოს შესაბამისი უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს შეთანხმებული გადაწყვეტილებით. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის ტერიტორია განისაზღვრება საბჭოთა საქართველოში შემავალი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიით, რომელიც არსებობდა კონფლიქტის დაწყებამდე.
v. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის პოლიტიკური წყობილების ფორმა არის საპარლამენტო დემოკრატიული რესპუბლიკა. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები ხალხი ირჩევს საკუთარი ავტონომიის პარლამენტს და ტერიტორიული ერთეულის მეთაურს/სამხრეთ ოსეთის აღასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, ასევე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს.
vi. სამხრეთ ოსეთში დევნილთა (ოსებისა და ქართველების) ნებაყოფლობით დაბრუნების შემდეგ ქართული და ოსური მხარეების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შექმნილი საბჭო საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ატარებს საპარლამენტო არჩევნებს. ავტონომიის ახლადარჩეული პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს სამხრეთ ოსეთის ახალ კონსტიტუციას. კონსტიტუციური კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური გაერთიანების სტატუსის შესახებ“ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.
vii. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ყველა ორგანოს საქმიანობაში, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლების მიერ. ეს უკანასკნელი გულისხმობს საქართველოს პარლამენტის ზედა პალატაში შესაბამის წარმომადგენლობას და სპეციალური სისტემის შექმნას საქართველოს აღმასრულებელ ორგანოებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ინტერესების წარმოდგენისათვის.
11. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციური კანონით უნდა მოხდეს უფლებამოსილებების გამიჯვნა ერთიან სახელმწიფოსა და მის შემადგენელ სუბიექტებს შორის. შესაბამისად, ეს კანონი უნდა განსაზღვრავდეს უფლებამოსილებათა წრეს და მათზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე სუბიექტს. სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებული უფლებამოსილებების სფეროში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება მხოლოდ სამხრეთ ოსეთის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. შესაბამისად, საკითხი ნორმათა იერარქიის შესახებ არ დგას და ვერც ერთი უმაღლესი სახელმწიფო ორგანო ვერ ჩაერევა სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებული კომპეტენციებით განსაზღვრულ სფეროებში. თუმცა, თუკი საქართველოს სახელმწიფოს ერთიანი კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის დაცვის საკითხი დადგება, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი მაკონტროლებელი ინსტანცია საქართველოს უზენაესი სასამართლო და/ან საკონსტიტუციო სასამართლო იქნება. საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი ორგანოს როლს ასრულებს აგრეთვე სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ორგანოების ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით, თუ დადგება საკითხი საქართველოს კონსტიტუციასთან მათი შესაბამისობის თაობაზე.
12. კონსტიტუციური კანონით უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ მხარეთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, არამედ, ნარჩენი კომპეტენციები და მათი მიკუთვნების წესი. საქართველოში მკაცრად არის განსაზღვრული სახელმწიფო ხელისუფლების კომპეტენციები. ამასთანავე, კანონით ან შეთანხმებით განისაზღვრება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილების უფლებამოსილებები, თუმცა ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის კომპეტენცია, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციით არ მიეკუთვნება ცენტრალურ ხელისუფლებას, ავტონომიის კომპეტენციაში გადადის.
13. უფლებამოსილებთა გამიჯვნისას უმნიშვნელოვანესია პასუხი გაიცეს ფუნდამენტურ კითხვაზე: რა არის ის აუცილებელი მინიმუმი უფლებამოსილებები, რომელთა სხვა ერთეულის კომპეტენციაში გადასვლაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის კონსტიტუციური წყობის და დემოკრატიული რეჟიმის არსებობას? ასეთად დემოკრატიული ქვეყნები გამოყოფენ: უშიშროებასა და თავდაცვას, შეიარაღებული ძალების კონტროლს, ერთიანი სახელმწიფო საზღვრის დაცვას, ფულის მოჭრას და მიმოქცევას, საგარეო პოლიტიკურ და სამხედრო ურთიერთობებს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის რეჟიმს, და ბოლოს - მოქალაქეობის საკითხებს.
14. წინამდებარე პუნქტში მითითებული პრიორიტეტების შესაბამისად, საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა სფეროებია1:
ა) სახელმწიფო საზღვრების სტატუსი, რეჟიმი და დაცვა; ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსი და მათი დაცვა;
ბ) სახელმწიფო თავდაცვა და უშიშროება, სამხედრო ძალები, სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა;
გ) ომისა და ზავის საკითხები, საგანგებო და საომარ მდგომარეობათა რეჟიმის დადგენა და შემოღება;
დ) საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობანი,
ე) სახელმწიფო ფინანსები და სახელმწიფო სესხი; ფულის მოჭრა; საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და საგადასახადო სფეროები;
ვ) სახელმწიფო სტატისტიკა, ზუსტი დროის დადგენა;
ზ) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სარკინიგზო და საავტომობილო გზები;
თ) ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი, კავშირგაბმულობა და ფოსტა;
ი) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურები, აეროპორტები და აეროდრომები; საჰაერო სივრცის, ტრანზიტისა და საჰაერო ტრანსპორტის კონტროლი;
კ) ტერორიზმის, ნარკობიზნესის, ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა; კრიმინალური პოლიცია და გამოძიება;
ლ) საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ემიგრაცია და იმიგრაცია, სახელმწიფოში შემოსვლა და გასვლა, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნა;
მ) სავაჭრო, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო სამართლის სფეროები;
15. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური გაერთიანების უფლებამოსილებები დადგენილია კონსტიტუციური კანონითა და სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციით. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო დეტალურად ჩამოთვლის ყველა იმ საკითხს, რომელზეც გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიური ერთეულის უფლებას წარმოადგენს. სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციით განისაზღვრება: საკუთარი სახელწოდება ოსურ ენაზე, ტერიტორიის საზღვრები, სახელმწიფო სიმბოლოები (დროშა, ჰიმნი, გერბი), ტერიტორიის ადმინისტრაციული დაყოფა, სამხრეთ ოსეთის სახელისუფლებო ორგანოთა შექმნის წესი და უფლებამოსილებები და მრავალი სხვა.
16. თუმცა, დასაწყისშივე აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიის, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოსა და რესპუბლიკანიზმის პრინციპებს.
17. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა სფეროებია:
ა) სამხრეთ ოსეთის ავტონომიის კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების მიღება, მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
ბ) სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა უფლებამოსილებების გამიჯვნა და კომპეტენციების განსაზღვრა;
გ) სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და სამხრეთ ოსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, ასევე თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება;
დ) სამხრეთ ოსეთის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა;
ე) სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა და კომპტენციების გამიჯვნა ავტონომიის ცენტრსა და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის;
ვ) სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ქონების მართვა და განკარგვა;
ზ) კულტურა, ტურიზმი და სპორტი; კულტურისა და სამეცნიერო დაწესებულებების შექმნა და მართვა;
თ) შრომა და სოციალური უზრუნველყოფა;
ი) ჯანმრთელობის დაცვა, მათ შორის თამბაქოსა და ალკოჰოლის კონტროლი, სანიტარული სამსახური და აფთიაქები, ბავშვთა სახლები და ინვალიდთა დაწესებულებები;
კ) მეტეოროლოგიური სამსახური;
ლ) მრეწველობა, მეწარმეობა და ხელოსნობა, მომხმარებელთა დაცვა და პროფესიული კავშირები;
მ) ქალაქმშენებლობა და ბინათმშენებლობა, არქიტექტურა, დაგეგმარება და განაშენიანება;
ნ) სოფლის მეურნეობა, მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და ვეტერინარული სამსახური, ტყეები, სატყეო მეურნეობა და საძოვრები, სამონადირეო საქმე;
ო) შიდა წყლები, ჰიდრავლიკური ნაგებობები, არხები და სარწყავი სისტემები, წყალმეურნეობა; თევზჭერა მდინარეებსა და ტბებში;
პ) სტანდარტები და ეტალონები, გეოდეზია და კარტოგრაფია;
ჟ) შიდა რესპუბლიკური მნიშვნელობის საავტომობილო და სარკინიგზო გზები;
რ) შიდა რესპუბლიკური სატელევიზიო და რადიომაუწყებლობა, ტრანსპორტი და კომუნიკაციები;
ს) შიდა რესპუბლიკური მნიშვნელობის აეროპორტები და აეროდრომები;
ტ) ინტელექტუალური საკუთრება;
უ) კურორტები, ნაკრძალები და პარკები;
ფ) სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სტატისტიკა;
ქ) ისტორიული, არქეოლოგიური და სამეცნიერო მემკვიდრეობა;
ღ) არქივები, ბიბლიოთეკები და მუზეუმები, გამომცემლობა და პოლიგრაფიული საქმიანობა;
ყ) ბაზრობები, გამოფენები, სამორინეები, ლატარიები და ტოტალიზატორები;
შ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო პოლიცია;
ჩ) სასაზღვრო-სანიტარული კორდონი;
ც) სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ტრადიციული დღესასწაულები და საერთო-სახალხო ზეიმები;
ძ) სამხრეთ ოსეთის ჯილდოები, საპატიო ნიშნები და წოდებები;
18. საკონსტიტუციო კანონით განისაზღვრება ე.წ. შერეული კომპეტენციები, რომლებზეც გადაწყვეტილებები ორივე მხარის მიერ მიიღება მათი კოპტენეციების ფარგლებში. ამგვარი მსჯელობა უფრო ნათელი რომ გახდეს, მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს.
მაგალითი 1: განათლება და მეცნიერება. განათლება წარმოადგნეს შერეული კომპეტენციების სფეროს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისიც და ცხინვალიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეების მიმართ არა დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ერთიანი საგანმანათლებლო სტანდარტები. თუმცა ამ სტანდარტების ფარგლებში კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაგალითად იმის შესახებ თუ დამტკიცებული სახელმძღვანელოებიდან კონკრეტულად რომლით ისარგებლონ, მიიღება ადგილებზე. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის, ისევე როგორც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მსგავსი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ოსური ენისა და კულტურის განვითარებას. შესაბამისად, უზურნველყოფილია ოსურ ენაზე განათლების მიღება, ოსურ ენაზე ტელევიზიის, რედიოსა და ბეჭვდითი მედიის დაფინანსება, ოსური კულტურისა და ისტორიის ძეგლების დაცვა და ასე შემდეგ.
მაგალითი 2: საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობები ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა, თუმცა ეს არ გამორიცხავს სამხრეთ ოსეთის ავტნომიის, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა ავტონომიისათვის შესაძლებლობის მიცემას თავადაც დაამყაროს საერთაშორისო ურთიერთობები, განსაკუთრებით სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ხასიათის.
19. შერეული კომპეტენციების სფეროებია:
ა) საგარეო ვაჭრობა, საბაჟო და სატარიფო რეჟიმები;
ბ) განათლება და მეცნიერება;
გ) შეწყალებები და ამნისტიები;
დ) მიწა, წიაღისეული და ბუნებრივი რესურსები.
ე) სურსათი და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
ვ) გარემოს დაცვა და ეკოლოგია;
ზ) ფარმაცევტული პრეპარატები;
20. დასასრულისათვის, უნდა განისაზღვროს ის საკითხები, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე განსახორციელებად აბსოლუტურად პრიორიტეტულია. მნიშვნელოვანია კონსტიტუციური კანონის მიღებამდე საქართველოს ხელისუფლებამ ცალმხრივ რეჟიმში მიიღოს რამოდენიმე საკანონმდებლო აქტი, რომელიც მხარეთა შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ასეთი ღონისძიებების ნუსხა საკმაოდ ვრცელია და მათზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, განსაკუთრებით თუკი სახალხო დიპლომატიის წახალისებასა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ვისაუბრებთ. თუმცა წინადებარე დოკუმენტი კონფლიქტის მოგვარებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნისათვის რეკომენდაციების გაწევას ითვალისწინებს და ჩვენც, შესაბამისად, რამდენიმე საკითხით შემოვიფარგლებით.
21. საქართველოს პრეზიდენტის უკვე რამდენჯერმე ნახსენებ ინიციატივაში III თავი მთლიანად კოფლიქტის რეგულირების სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ეხება და სწორედ ამ უკანასკნელის სულისკვეთებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი:
22. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს რესტიტუციის კანონის მიღება. აღნიშნული კანონით უნდა განისაზღვროს ყველა იმ ადამიანის ქონებრივ უფლებებში აღდგენის ან კომპენსირების საკითხები, რომელიც 1990-1991 წლებში ქართულ-ოსური დაპირსპირების მსხვერპლი გახდა. რესტიტუციის კანონი უნდა დაეფუძვნოს რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს:
I. იგი უნდა მოიცავდეს ყველას, ვინც 1990 წლიდან ამ კანონის ძალაში შესვლამდე დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა ეროვნული ნიშნით;
II. იგი არ უნდა შემოიფარგლოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიით და უნდა მოიცავდეს მთელ საქართველოს;
III. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პირის საკუთარ ქონებრივ უფლებებში აღდგენას, თუმცა კომპენსაციის მექანიზმიც არ უნდა იყოს გამორიცხული;
IV. რესტიტუციის მექანიზმის (სავარაუდოდ კომისია) შექმნა უნდა მოხდეს პარიტეტულ საწყისებზე სამი მხარის მონაწილეობით: საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების. კომისიას უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების უფლება კვაზი-სასამართლო ფუნქციებით;
V. პროცედურა უნდა იყოს გამარტივებული და უნდა შეიქმნას უფლებებში აღდგენის რეალური მექანიზმი.
23. რესტიტუციის კანონის პარალელურად საქართველოს ხელისუფლებამ ფორსირებულ რეჟიმში უნდა მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტი (ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში, საპენსიო უზრუნველყოფის აქტებში) კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარებისა და დღემდე დაგროვილი საპენსიო დავალიანების გასტუმრების შესახებ.
24. ამასთანავე, გამარტივებული რეჟიმით უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ყველა იმ პირისათვის, ვინც კონფლიქტის შედეგად უცხო ქვეყანაში ლტოლვილად იქცა ან, რიგი მიზეზების გამო, იძულებული იყო უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მიეღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა.
_________________
1 ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ჩამოთვლილი უფლებამოსილებების ნაწილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიისათვის არარელევანტური იყოს, მაგალითად კონტინენტური შელფი, მაგრამ აუცილებელია აღნიშნოს, რომ უმაღლეს სახელმწიფო ხელისუფლებას მიკუთვნებული საკითხები განისაზღვრება ერთიანად, და ჩამონათვალი არ არის დამოკიდებული კონკრეტული ავტონომიის უფლებამოსილებების ფარგლებზე ან სპეციფიკაზე;
![]() |
9 დანართი №1, ფოკუს ჯგუფის შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხები
ფოკუს ჯგუფი მუშაობდა 2005 წლის თებერვალ-მარტში. ორივე ჯგუფში მონაწილეობდა 16 პირი. რესპოდენტთა შერჩევა მოხდა შემდეგი პრინციპით: შეირჩა ამ ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ჯგუფში მონაწილეობა მიიღეს ასევე პოლიტოლოგებმა, ჟურნალისტებმა, მეცნიერებმა, ეკონომისტებმა. თითოეული ჯგუფის წევრები ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე. ჯგუფებში მონაწილეობდნენ როგორც ქართველები, ასევე ქ. თბილისის მცხოვრები ოსი ეროვნების წარმომადგენლები.
ჯგუფურმა მუშაობამ ცხარე დებატები გამოიწვია. შესამჩნევი იყო პრობლემის სიმწვავე და აქტუალურობა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯგუფი კორექტულად მოქმედებდა. შეიმჩნეოდა მზადყოფნა პრობლემის მოსაგვარებლად.
ამ მუშაობისთვის შედგენილ იქნა სპეციალური კითხვარი, რომელიც ძირითადად საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ისტორიულ დოკუმენტს ეყრდნობა, სადაც სრულად არის განხილული დღევანდელობამდე კონფლიქტის მიმდინარეობა.
კითხვარი:
1. თქვენის აზრით, როგორ უნდა გადაწყდეს ქართულ-ოსური კონფლიქტი: ძალადობრივი მეთოდებით, თუ მშვიდობიანი გზით, რომელ მიმართულებას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი და რა შემთხვევაში?
2. როგორ უნდა აღდგეს ნდობა ქართველ და ოს ხალხს შორის და რა ფორმებია საჭირო ამ პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის? (ძველი მოლაპარაკების შედეგებზე დაყრდნობით, ახალი ფორმების გამონახვა; ყველაფრის ახლიდან დაწყება; მასმედიის, არასამთავრობოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის გაძლიერება; პიროვნებებზე აქცენტის გამახვილება და სხვ.).
3. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა გააგზავნოს სამშვიდობო კონტინგენტი რეგიონში? (რუსეთმა, გაერომ, სხვა ქვეყნებმა, ეუთომ. რა როლი ენიჭება მათ, როგორ მოქმედებენ ან იმოქმედებენ, რომელი მხარის ინტერესებს გამოხატავენ ან გამოხატავენ მომავალში).
4. თქვენი აზრით, რა მისია აკისრია შერეულ საკონტროლო კომისიას ან სხვა ჯგუფს (ეუთო, ვენეციის კომისია) ამ კონფლიქტის მოგვარებაში? (როგორ უნდა იმოქმედონ; რამდენად ეფექტურად მუშაობენ (ან იმუშავებენ); რამდენად საჭიროა ასეთი სამუშაოების ჩატარება).
5. როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს მოცემული კონფლიქტი? პოლიტიკურია თუ ეთნიკური მოცემული კონფლიქტი? (ქართულ-ოსური; საქართველოსა და ოსეთს შორის; ოსური კონფლიქტი; კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში; საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და სხვა).
6. მომავალში, რომელი სახელწოდება იქნება მისაღები ორივე მხარისათვის? (ცხინვალის ოკრუგი, ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთი, ოსისტანი, ცხინვალის ავტონომიური რესპუბლიკა ირონი, სამხ. ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ლიახვის ხეობა, ცხინვალის რაიონი, სამაჩაბლო, შიდა ქართლი და სხვ.).
ძირითადი მიგნებები:
1. „სამხრეთ ოსეთში“ კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია;
2. ძალადობრივი მეთოდები ერთ შემთხვევაშია დასაშვები, ისიც სეპარატისტ ლიდერების და არა ხალხის მიმართ, რომლებიც არ თმობენ პოზიციებს და მშვიდობიანი გზით მიღწეულ შედეგებს იგნორირებენ;
3. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის საჭიროა ყველა სახის რესურსის ამოქმედება;
4. კონფლიქტის მშვიდობიანი გზის მოგვარებისათვის საჭიროა უშუალო მოლაპარაკება მეორე მხარესთან და სხვა, მესამე ძალის ფაქტორის გამორიცხვა;
5. მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა კონკრეტული ქმედებების განხორიცელება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ-სამართლებრივ სფეროებში;
6. პირველ რიგში მნიშვნელოვანია აღდგეს ნდობა, რისთვისაც სხვადასხვა საშუალებები და ფორმები უნდა იქნეს გამოყენებული;
7. საჭიროა ყურადღება გამახვილდეს პოლიტიკური ნდობის მოპოვებასა და შენარჩუნებაზე;
8. ნდობის აღდგენისას გამორიცხული უნდა იქნეს სხვა პროვოცირებული მოქმედებები;
9. ნდობის აღდგენის პირველი ნაბიჯია მოლაპარაკებების განახლება უმაღლეს დონეზე;
10. ნდობის აღდგენისას მნიშვნელოვანია პოზიტიური ისტორიული მოვლენების პროპაგანდა, რაც პოზიტიურ მზაობას შეუქმნის ორივე მხარეს;
11. აუცილებელია მომხდარი მოვლენების ადეკვატური შეფასება;
12. ნდობის აღდგენის მიზნით მრავალი ორგანიზაციის ძალისხმევაა საჭირო;
13. აუცილებელია მტრის ხატის შემცირება ორთავე მხარის მიერ;
14. შერიგებისათვის აუცილებელია შეიცვალოს სამშვიდობო კორპუსი რეგიონში და ის ადგილობრივებით დაკომპლექტდეს.
15. შერიგებისათვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკების პროცესის წარმართვა სხვადასხვა დონეზე. ყოველ ჯგუფს უნდა განესაზღვროს უფლებები და მოვალეობები; ყოველი ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება კონკრეტულ დავალებაზე;
16. სამხრეთ ოსეთის სტატუსზე ვენეციის კომისიის მუშაობის იდეას დადებითად აფასებენ;
17. არის განსხვავებული აზრი, რომ ჯერ-ჯერობით ნაადრევია სტატუსზე საუბარი, რადგან კონფლიქტის მოგვარების ფართომასშტაბიანი კონცეფცია არ არსებობს;
18. კონფლიქტი აუცილებლად უნდა განვიხილოთ პოლიტიკურ და არა ეთნიკურ ჭრილში;
19. მომავალში რეგიონისთვის სახელის მინიჭება ძალზედ მნიშვნელოვანია, რაზედაც ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს.
20. ქართული მხარისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ სახელწოდებაში არ ფიგურირებდეს გეოგრაფიული დასახელება „სამხრეთი“. გარდა ამისა, მისაღებია სხვა გარანტიები, რომლებზედაც მხარეები თანხმობას განაცხადებენ.
შედეგები:
1. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ „სამხრეთ ოსეთში“ კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს და ომის, ძალადობრივი მეთოდების გამოყენება სრულიად დაუშვებელია, თუ ჩვენ გვსურს ერთ სახელმწიფოში ცხოვრება.
ძალადობრივი მეთოდები მომავალში სავალალო შედეგებს გამოიღებს და მუდმივი კონფრონტაციის საფუძველი იქნება. 2004 წლის ზაფხულის მოვლენები იყო შეცდომა და კონფლიქტის მოგვარების ასეთი მცდელობა არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა განმეორდეს.
დიპლომატიურ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ქართული სახელმწიფოს მშენებლობას შეუწყობს ხელს. ძალადობრივი მეთოდები გვაშორებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობისაგან.
იმ შემთხვევაში თუ ძალისმიერი მეთოდები იქნება გამოყენებული, ეს არ უნდა შეეხოს იქაურ მოსახლეობას, არამედ მხოლოდ სეპარატისტულად განწყობილ ჯგუფებს, რათა მოხდეს მათი განეიტრალება. ბუნებრივია, ეს არის უკიდურესი ზომა, რომელსაც შეიძლება მიმართოს საქართველოს მხარემ. ასეთ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ხელისუფლებამ წინასწარ უნდა გათვალოს მშვიდობიანი მოგვარებისაკენ მიმავალი ყველა გზა, არ უნდა მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილებები. ამისათვის საჭიროა უამრავი დაგროვილი რესურსის ამუშავება.
ძალადობრივი მეთოდი არ უნდა ჩავთვალოთ პრევენციულ ზომად, რადგან მას მოჰყვება მსხვერპლი. ღირს კი ძალის ჩვენებისათვის მსხვერპლის გაღება? ისტორიამ იმის უამრავი მაგალითი იცის, როდესაც ძალადობრივ მეთოდებს შედეგი არ მოჰყოლია.
კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდების მოგვარებას „სამხრეთ ოსეთში“ ბევრი უჭერს მხარს. საჭიროა ამ კავშირების აღდგენა და შენარჩუნება. მხარეებს შორის კეთილგანწყობის შექმნას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს, რადგან არ შეიძლება ყველაფერი, რაც მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით არსებობდა ამ დრომდე, იგნორირებული იქნას.
ძალადობრივი მეთოდების მომხრეები ორივე მხარეს ჰყავს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს სხვა ქვეყნის ჩარევით (ძირითადად რუსეთი). აქედან გამომდინარე, საჭიროა რუსეთის ფაქტორის დარეგულირება. როდესაც რუსეთია ჩარეული, საუბარი წაგება-მოგების ტერმინებით მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში ორივე მხარე წაგებული რჩება.
ზოგადად ყველა მშვიდობის მომხრეა, მაგრამ აუცილებელია განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები. თავიდანვე უნდა განისაზღვროს რა გვსურს - მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნება, თუ ოს ხალხთან შერიგება და მშვიდობიანი თანაცხოვრება.
როცა მშვიდობის პროცესი შედეგს იძლევა, ძალისმიერი ჩარევა არსებულ ურთიერთობას და კავშირს სპობს. ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე გაურკვეველ სიტუაციაში ექცევა, სადაც სრულ კრიზისთან გვაქვს საქმე. ორივე მხარემ უნდა შეძლოს, რომ ახალ თაობაში არ გააღვივოს მტრობა და არ აამოქმედოს მტრის ხატი.
2. რესპონდენტები თვლიან, რომ ორ მხარეს შორის ნდობის აღდგენის ყველა ფორმა და საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული. დღეისათვის არ არის უნდობლობით გამოწვეული კატასტროფული სიტუაცია. აქ პოლიტიკური უნდობლობის საკითხი დგას და სწორედ პირველ რიგში პოლიტიკურ ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება.
ნდობის აღდგენას, ბუნებრივია, ხელს უშლის კონფლიქტში ჩართული სხვა მხარეც, რომელიც ხშირად წამქეზებლის როლშია. ასეთ შემთხვევაში შერიგების ოპტიმალური გზების ძიებაზეც კი ძნელია საუბარი, ეს შეიძლება დროის ფუჭად ხარჯვაც იყოს. ნდობის აღდგენისათვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკების წარმართვა. უნდობლობა ადამიანებს შორის კი არა, პოლიტიკოსებს შორისაა. ძირითადი ამოცანაა ორ მხარეს შორის სხვისი ჩარევით პოლიტიკის წარმართვა აღიკვეთოს. ქართველებს ოსებთან მეგობრული, ახლო კულტურული კონტაქტები გვაქვს - თუმც წამქეზებელი ორივე მხარეზე მანიპულირებს.
ოსებსა და ქართველებს შორის უშუალო ურთიერთობით ბევრი პრობლემა მოგვარდება, მაგრამ რუსეთის ბერკეტებით ძალთა თანაფართობა დარღვეულია. ორ მხარეს შორის ინტეგრირების ხარისხის გაზრდა დამოუკიდებელი ქმედებებით, ინტერესების გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ნდობის აღსადგენად მნიშვნელოვანია იმ ისტორიული მოვლენების აფიშირება, რომლებითაც ორივე მხარე ახერხებდა თანაცხოვრებას. ბუნებრივია, აქ არ უნდა იყოს მითითება იმ ფაქტზე, თუ ვინ უფრო ადრე ცხოვრობდა ამა თუ იმ ტერიტორიაზე. საჭიროა მოიძებნოს თანმკვეთი ინტერესები.
ნდობის აღსადგენად საჭიროა არსებობდეს პოზიტიური მზაობა. აქ მნიშვნელოვანია პერსონალური საკითხიც. მოლაპარაკებებზე სანდო ხალხი უნდა მონაწილეობდეს ორივე მხრიდან და მათი დისკრედიტაცია არ უნდა ხდებოდეს.
ნდობის აღსადგენად მნიშვნელოვანია მოვლენების შეფასება, რაც უნდა იყოს რეალიების და არა რომელიმე მხარის პოზიციის ადეკვატური. არ შეიძლება ყოველთვის ყველაფრის თავიდან დაწყება. შეფასება მოგვცემს ახალი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას, რაც იქნება წინსვლა სრულმასშტაბიანი მოლაპარაკების დასაწყებად.
ნდობის აღსადგენად ერთჯერადი ღონისძიებები არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ქმედებები ინტეგრირებულად წარიმართოს. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს სამთავრობო, არასამთავრობო, მასმედიის წარმომადგენლები, უცხოური ორგანიზაციები - ანუ საკითხი კომპლექსურად უნდა იქნეს განხილული. ხშირად ხდება, სხვადასხვა ჯგუფების იგნორირება, რომლებიც დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობენ. ამიტომაც საკითხის გადასაჭრელად საჭიროა სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მაქსიმალურად ჩარევა კონფლიქტის მოგვარების საქმეში. დაუშვებელია ერთი ჯგუფი იღებდეს გადაწყვეტილებას. ასეთი ქმედება არაეფექტიანი იქნება. სხვადასხვა ჯგუფებზე პასუხისმგებლობის დელეგირება საშუალებას მოგვცემს, რომ სადავო საკითხები განვიხილოთ კომპლექსურად და ფართო კონტექსტში. ამგვარი ჯგუფების ეფექტური მოქმედება დაეხმარება ხელისუფლებას მიიღოს სიტუაციის ადეკვატური გადაწყვეტილება.
ნდობის აღსადგენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამები იყოს კორექტული და ძალის დემონსტრირებაზე არ იყოს დამყარებული. როცა ერთი მხარის ოფიციალური პირი განსხვავებულ მაგალითს იძლევა, მეორე მხარის რეაქციაც განსხვავებული იქნება.
ნდობის აღსადგენად საჭიროა საუბარში ყურადღება მიექცეს იდენტიფიცირების საკითხს. მიუღებელია შემდეგი ტერმინებით საუბარი: „ჩვენ“ - „თქვენ“. საჭიროა მომზადდეს ერთობლივი კონცეფციები სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ და არა კონკრეტული პოზიციების გამოვლენაზე კეთდებოდეს აქცენტი. საჭიროა ვისაუბროთ არა ქართული ან ოსური პოზიციებიდან, არამედ საქართველოს, სახელმწიფოს პოზიციებიდან.
ნდობის აღდგენა უშუალო ურთიერთობებს გულისხმობს. ამ ურთიერთობების დროს საჭიროა მხარეთა პოზიციების გაგება, გათავისება. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება საუბარი ძირითად ინტერესებზე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ მხარეები რა ტერმინოლოგიას იყენებენ პროცესების შეფასებისას. ხშირად საუბარია პოლიტიკურ კონფლიქტზე, რუსეთის ჩარევაზე. ბუნებრივია, ამ კონფლიქტში სხვა ქვეყნის ინტერესებიც არსებობს. მაგრამ იმავდროულად, როცა კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტებს ეხებიან, პოლიტიკოსები საუბრობენ ეთნოკონფლიქტების ტერმინებით. ბუნებრივია ეს იწვევს შეუთანხმებლობას და კონფლიქტის სხვა ჭრილში განხილვას. საჭიროა იყოს მკაცრად განსაზღვრული დეფინიციები. პირველ რიგში, საჭიროა ვისაუბროთ პოლიტიკურ და არა ეთნიკურ კონფლიქტზე, რადგან ეთნიკური კონფლიქტები მრავლად იყო და დღესაც არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეთნიკური საკითხი განხილულ უნდა იქნეს ნდობის აღსადგენად, მაგრამ სხვა სიბრტყეში: მაგალითად, შერიგების პრინციპის დაწყებისას.
ნდობის აღდგენის დაჩქარებისათვის ცალკე პროგრამა უნდა არსებობდეს, რომელშიც გარდა დაპირისპირებული მხარეებისა ჩართული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ნდობის აღდგენისათვის უმნიშვნელოვანესია სახალხო დიპლომატიის გამოყენება.
3. რესპონდენტები თვლიან, რომ სამშვიდობო ნაწილების საკითხი კონფლიქტის ზონაში მეტად მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ მათი შემადგენლობა განსხვავებული უნდა იყოს იმისაგან, რაც არის დღეს. რეგიონში დღეისათვის არის რუსი სამშვიდობოები. საჭიროა ამ ნაწილების შეცვლა. ერთ-ერთი ვერსიით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს სამშვიდობო კონტინგენტი შერეული ოჯახების წარმომადგენლებისგან (ოსი და ქართველი). ასეთი შეფარდება ოპტიმალური იქნება ორივე მხარისათვის. ეს რესურსი დღემდე არ არის გამოყენებული. მათი მობილიზაცია რეგიონის ერთობლივი კონტროლის საწინდარია და, ბუნებრივია, სხვათა ჩარევა აღარ იქნება საჭირო. ამ სახის კორპუსი დაარეგულირებს შექმნილ პრობლემებს.
მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ვარიანტია, რომ ამ რეგიონში არ უნდა იყოს რუსი სამშვიდობოები, რადგან ისინი კონფლიქტში მონაწილე მხარეა. ის არ არის ერთადერთი მხარე, მაგრამ სხვებზე მეტად არის დაინტერესებული. შესაძლებელია აქ სამშვიდობოების სხვა, არარუსული კონტინგენტი იყოს. ეს კი ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას. რუსეთის სამშვიდობოების გაყვანა რეგიონიდან რთულია. ამისათვის საჭიროა საქართველომ დააფიქსიროს, რომ რუსეთი კონფლიქტის სუბიექტია. მაგალითად, რუსეთის სამშვიდობოების ყოფნას რეგიონში ისიც მოჰყვა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტი არის რუსეთის მოქალაქე (კოკოითი). ეს დაუშვებელია, როგორც „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის“, ასევე საქართველოს კანონმდებლობით. ქართულმა მხარემ ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო ამ საკითხებს.
მესამე ვარიანტი - სამშვიდობო კორპუსი არ უნდა იყოს დაკომპლექტებული მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებით. საქართველოს მეზობლებია: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომეხი, თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა, რუმინეთი. იმ შემთხვევაში თუ სამშვიდობოების არსებობა მომავალშიც საჭირო შეიქნა, ეს კორპუსები არამც და არამც არ უნდა დაკომპლექტდეს ჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლებით.
მეოთხე ვარიანტი - საწყის ეტაპზე შესაძლებელია ჩადგეს უკრაინის სამშვიდობო კორპუსი, რომელიც შემდგომ შეიცვლება ქართულ-ოსური შენაერთებით. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთი პერიოდი კოორდინირებულად მოქმედებდნენ ქართულ-ოსური შენაერთები. თუ ოსური მხარე უკრაინის სამშვიდობოების დისლოკაციის წინააღმდეგი იქნება, მაშინ ორივე მხარეს უნდა აწყობდეს გაეროს სამშვიდობო მისიის განხორციელება.
უცხო სამშვიდობოების არსებობას აქვს უარყოფითი მხარეც. ბუნებრივია, მოსახლეობაში დარიგებულ იარაღს არავინ არ ჩააბარებს და მცირე პროვოკაციის შედეგად რეგიონში შეიძლება დაიწყოს პარტიზანული ბრძოლები. სწორედ აქედან გამომდინარე, ოპტიმალური ვარიანტია ქართულ-ოსური შენაერთების არსებობა.
4. რესპონდენტების აზრით ძალზედ მნიშვნელოვანია მოლაპარაკების პროცესი. ეს პროცესი კონფლიქტის „გაყინვის“ დღიდან მიმდინარეობს. დაგომისის ხელშეკრულებით შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია. ამ კომისიაში გარკვეული სამუშაო ტარდებოდა, მაგრამ ალბათ მისი ფუნქცია უნდა შემოსაზღვრულიყო კონკრეტული (საყოფაცხოვრებო) დავების მოგვარებით. ეს კომისია ვერ აღწევდა წარმატებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხში. ეუთოს მონაწილეობა დიდი თანხების გადახდასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ აშკარა შედეგები მოლაპარაკების პროცესში არ ჩანდა. ახალი ლიდერის ჩართვით ამ კომისიაში (გ.ხაინდრავა) ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ პირველ ეტაპზე ის შეზღუდული იყო, რადგან მისი უფლებამოსილება არ იყო ბოლომდე ნათელი. ამიტომაც შედეგი არ ჩანდა. თანაც, კომისიაში საქართველოს მხარე უმცირესობაში იყო. დღეისათვის კომისიის ფორმაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
არის აზრი, რომ ამ კონფლიქტში თითქმის იგნორირებულია საქართველო და ოსეთი. ამ კომისიას არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია. ბადენის დეკლარაცია შეიმუშავეს, მაგრამ ისიც არ იქნა საჯაროდ განხილული. ეს კომისია რასაც აკეთებს, ისიც ალბათ მაქსიმუმია. ეს კომისია რუსებმა თავისთვის შექმნეს, რათა სიტუაცია ეკონტროლებინათ.
მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მუშაობა კონფლიქტთან დაკავშირებით. რესპონდენტები თვლიან, რომ პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე, ამ კომისიას ევალება შეიმუშაოს რეკომენდაცია სტატუსის საკითხზე. ისინი შეხვდებიან პრობლემით დაინტერესებულ ერთ ან ორ ჯგუფს, რათა ძირითადი ინფორმაცია მიიღონ და შემდეგ დამოუკიდებლად იმუშაონ სტატუსის განსაზღვრაზე. მათ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები, შესაძლოა, ოსურ მხარისათვის მისაღები არ აღმოჩნდეს. რესპონდენტების აზრით, ისინი რაც შეიძლება ბევრ ორგანიზაციებს უნდა შეხვდნენ.
სტატუსის განსაზღვრისას მასში არ უნდა ჩაიდოს ისეთი შინაარსი, რომ „სამხრეთ ოსეთმა“ შეძლოს დამოუკიდებლად არსებობა და მომავალში საქართველოსგან გამოყოფა. ქართულ მხარეს სწორედ ამ პროცესის უნდა ეშინოდეს. თუ სტატუსში ისეთი შინაარსი იქნება ჩადებული, რომელიც გამოყოფის ნიადაგს შექმნის, მაშინ არის საფრთხე, რომ საქართველო ახალ საზღვრებში ვიხილოთ. ამას ადასტურებს ისტორიული მოვლენები (ტაო კლარჯეთი, საინგილო და სხვ.). სტატუსის მინიჭებისას ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს სხვა კრიზისულ ზონებში მცხოვრები მოსახლეობის პრეტენზიებიც. მსგავსი სურვილი შეიძლება ამ მხარეებმაც გამოავლინონ.
რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ სტატუსის განსაზღვრა მხარეებს უნდა მოეხდინათ და არ ჩაერთოთ სხვა კომისიები. მნიშვნელოვანი იქნება, თუ ვენეციის კომისიის პასუხამდე ქართული მხარე (რომელიმე დაინტერესებული ჯგუფი) შესთავაზებს ოსურ მხარეს გარკვეულ კონცეფციას. ამას გაითვალისწინებს ვენეციის კომისია და ის იმდენად იქნება წარმატებული, რამდენად წარმატებულ კონცეფციასაც შევთავაზებთ.
წარმოიშვა ასეთი აზრი, რომ დღეისათვის ნაადრევია სტატუსზე საუბარი, რადგან კონფლიქტის მოგვარების კონცეფცია არ არსებობს. უნდა არსებობდეს სხვადასხვა კონცეფციები: სამშვიდობო პროცესების კონცეფცია, კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების კონცეცია, პოლიტიკური მოწყობის კონცეფცია, მოლაპარაკების კონცეფცია, ნდობის აღდგენის კონცეფცია და სხვ. ეს შედეგებს შეეხება, ხოლო პროცედურულად ეს სხვადასხვა ჯგუფებმა უნდა განახორციელონ. საბოლოოდ კი უნდა შეიქმნას ერთიანი ჯგუფი ანალიტიკოსებისა, ვინც თავს მოუყრის და შეაჯამებს მიღებულ მონაცემებს. ასეთ პროცესში ოსეთის მხარის ჩარევა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება („სამხრეთ ოსეთში“ და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ოსებისა).
5. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება გავიაზროთ როგორც გლობალურ, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტადაც. ეს არის პოლიტიკური და არა ეთნიკური კონფლიქტი. სახელდებისას შედარებით მისაღებია ვუწოდოთ მას „ქართულ-ოსური“ კონფლიქტი. თუ გლობალური მასშტაბით განვიხილავთ, ეს არის დიდ იმპერიებს შორის დაპირისპირება, ანუ ცივილიზაციათა კონფლიქტის ერთი ელემენტი.
6. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია, თუ რა სახელი ექნება მინიჭებული ამ რეგიონს. იქამდე, სანამ ეს გადაწყდება, პოლიტიკურ დოკუმენტებში უნდა დომინირებდეს სახელი „სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი“. მეორე შეხედულების თანახმად, შეიძლება ფიგურირებდეს „სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის ოლქი“. მომავალში აუცილებლად უნდა მოხდეს ისე, რომ „სამხრეთი“ დასახელებიდან ამოღებული იქნეს, რადგან ეს უკვე მიუთითებს, რომ არსებობს კიდევ სხვა ტერიტორია, რომლის ნაწილიცაა „სამხრეთ ოსეთი“. გეოგრაფიულ ტერმინებზე მითითება მომავალში სავალალო შედეგს გამოიღებს საქართველოსათვის და მას დაემუქრება ტერიტორიის დაყოფის საშიშროება. ქართულმა მხარემ ეს არ უნდა დაუშვას.
რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ გარდა ხსენებულისა, შესაძლებელია სხვა სახელიც ვუწოდოთ. თუ რეგიონში სიმშვიდე გვინდა, სახელწოდება პოლიტიკურად და ისტორიულად ნეიტრალური უნდა იყოს. საჭირო იქნება წინასწარ მოხდეს ხალხთან შეთანხმებაც. შესაძლოა დაერქვას „ოსების ავტონომიური ოლქი“ და არა „ოსეთის“, შესაძლოა „ირონი“. სახელწოდების საკითხი უნდა გადაწყვიტონ ქართველებმა და ოსებმა.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ეკონომიკურად გაძლიერდება, კულტურული ავტონომიაც სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნება. ოსების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა ეკონომიკურ საკითხებს. თუ ისინი საქართველოში კარგად იცხოვრებენ, მათ ბევრად ნაკლები პრეტენზია ექნებათ. ქართულმა მხარემ ამ რეგიონის ეკონომიკურ აღორძინებაზეც უნდა იზრუნოს.
![]() |
10 დანართი №2, კომენტარები დოკუმენტზე |
▲ზევით დაბრუნება |
„ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზების, დინამიკის, გადაწყვეტის გზების ძიებისა და სავარაუდო მიმართულებების შესახებ“
აქ მოცემულია ოთხი ექსპერტის
(მაია ცაბოშვილი, პაატა გურგენიძე, თამუნა კოვზირიძე, გიორგი ხუციშვილი)
კომენტარი, რომელნიც ავტორებმა წერილობით მოგვაწოდეს
მაია ცაბოშვილი
ქართულ-ოსური კავშირი „იბერ-ირონი“
ბოლო 13 წლის განმავლობაში ნდობის ფაქტორი თბილისსა და ცხინვალს შორის ასეთი დაბალი არ ყოფილა, რაც შედეგია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხშირად ბოლომდე გაუთვლელი მოქმედებებისა და ქართული მხარის, მათ შორის ექსპერტი-კონფლიქტოლოგების გასულ წლამდე ილუზორული წარმოდგენისა ქართულ-ოსური კონფლიქტის მარტივად მოგვარების შესაძლებლობაზე, რაც არაპირდაპირად, მაგრამ მაინც შეიძლება მივიჩნიოთ ობიექტურ მიზეზად გასულ ზაფხულს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ვითარების მკვეთრ გაუარესებისა, რასაც მოჰყვა ათეულობით ადამიანის მსხვერპლი როგორც ქართული, ისე ოსური მხრიდან.
საბედნიეროდ, მოხერხდა კონფლიქტის დიდ რეგიონალურ კრიზისში გადაზრდის თავიდან აცილება, მაგრამ გამოაშკარავდა ოსური პრობლემის მოგვარების სიძნელე და რადიკალურად შეიცვალა (უარყოფითად) ოსური საზოგადოების განწყობა საქართველოს მიმართ. შედეგად - დღეს გაცილებით ძნელია ოსური მხარის მოლაპარაკებებზე დაყოლიება და ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში რაიმე ავტონომიის ფორმების შეთავაზება.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე აღნიშნული ნაშრომის მომზადება მიმაჩნია არათუ მნიშვნელოვნად, არამედ დაგვიანებულადაც.
ნაშრომში 1989-1992 წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ახსნისას, რომელმაც ორივე მხარეს უამრავი მსხვერპლი, მატერიალური და მორალური დანაკარგები, ტანჯვა და რაც მთავარია, გაუცხოება, ნდობის დაკარგვა გამოიწვია, ძირითადი დაყრდნობა ხდება მაშინდელ პრესაზე და საკავშირო, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, შემდგომში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიერ მიღებულ დადგენილებებზე და კანონებზე, ხოლო ის დინამიური პროცესები, რაც ხშირად მასმედიის ყურადღების მიღმა რჩებოდა, როგორც ქართული ისე ოსური მხრიდან, სრულად არ აისახა წინამდებარე ნაშრომში.
მიტინგების ფართო ტალღა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში აგორებას იწყებს არა 1989 წლის ოქტომბრიდან. ცხინვალში პირველი მიტინგი გაიმართა 1989 წლის ზაფხულში 9 აპრილის მემორიალის დადგმის მცდელობისას ეკლესიის ეზოსთან. მემორიალის დადგმა თავისთავად ოსური საზოგადოებისათვის მისაღები იყო, მაგრამ პროვოკაციის შედეგად ჩაიშალა და ქართველთა შეურაცყოფის ელფერი მიიღო, რაც მეტად მტკივნეულად იქნა აღქმული ქართულ საზოგადოებაში და უპირველეს ყოვლისა ეროვნულ მოძრაობაში.
იმავე 1989 წელს „ლიტერატურულ საქართველოში“ ტარიელ კვანჭილაშვილის მოწოდებამ ყველა არაქართველს არ მიეცეს ორ შვილზე მეტის ყოლის უფლება, ქართველებსა და ოსებს შორის არსებული ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაართულა.
1990 წელს ფრისში აკვანში ბავშვის მოკვლამ ქართულ საზოგადოებაში ოსებისადმი განსაკუთრებული ნეგატიური მუხტი გამოიწვია.
ეს და სხვა მრავალი ყოფითი მოვლენები და პრობლემები, როგორც ქართული ისე ოსური მხრიდან, პრობლემების მოლაპარაკების გზით მოგვარების სურვილის არარსებობაში გამოიხატებოდა. ორივე მხარეს ინიციატივა ხელთ იგდეს რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა, რომლებმაც ისედაც დაძაბული ვითარება აქტიური ნაციონალისტური რიტორიკით კიდევ უფრო გაართულა.
ნაშრომში აღნიშნულია, რომ
1992 წლის 24 ივნისი - სოჭში (დაგომისში) ხელი მოეწერა ელცინსა და შევარდნაძეს შორის (რუსეთსა და საქართველოს შორის) შეთანხმებას. მისი უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო:
- ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის ზონაში;
- კონფლიქტის ზონის დაყოფა, ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ კი, „სამხრეთ ოსეთის“ კონტროლის ზონებად;
შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია (შსკ), ოთხმხრივი ორგანო, საქართველოს, „სამხრეთ ოსეთის“, რუსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობით და ეუთოს პატრონაჟით;
1992 წელს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისია, საქართველოს, „სამხრეთ ოსეთის“, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობით არ შეიძლებოდა ყოფილიყო ეუთოს პატრონაჟით, რადგან ეუთოს მისია მხოლოდ 1993 წლის დეკემბერში გაიხსნა საქართველოში.
1994 წლის 29 მარტს ეუთომ მოიწონა სოჭის 1992 წლის შეთანხმება და ამ პერიოდიდან ჩაერთო ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში.
სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებას. რეგიონში წლების განმავლობაში შექმნილი რთული ვითარება ხელს უწყობდა კრიმინოგენული ვითარების საგრძნობ გაუარესებას. წლების განმავლობაში დამნაშავეთა საქმიანობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა და ეჭვქვეშ დააყენა საკუთრივ მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის არსებობა. ხშირ შემთხვევაში კრიმინალი იქცეოდა პოლიტიკური დაძაბულობის გამომწვევ მიზეზად.
ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოხდა 2004 წლის ზაფხულის კრიზისის შემდეგ არჩეული ტაქტიკის გადაფასება და იმის უკეთ გააზრება, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა გრძელვადიან და თანმიმდევრულ მიდგომას საჭიროებს.
მიუხედავად გასული წლის ზაფხულის მწარე გამოცდილებისა, როდესაც დაპირისპირებამ კონფლიქტის რეგიონში უკიდურესი ფორმა მიიღო, რასაც ქართული და ოსური მხრიდან ათეულობით ადამიანის მსხვერპლი და საზოგადოებებს შორის წლების განმავლობაში აღდგენილი ნდობის და ურთიერთობის ხარისხის მკვეთრი დაცემა მოჰყვა, კვლავ შეინიშნება იმ ძალების აქტიურობა, რომელთა ქმედებებიც ხელს უწყობენ შეიარაღებული დაპირისპირების განახლებას.
ჩვენის აზრით, ქართულ-ოსური კონფლიქტის რეალური მოგვარებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კომპლექსური მიდგომის შემუშავება და ცხოვრებაში თანმიმდევრული გატარება.
პაატა გურგენიძე,
კონსულტაციისა და ტრეინინგის ცენტრი
1) ომის სტრატეგიაზე უარის თქმა სწორია, მაგრამ მეთოდოლოგიურად მცდარია როცა იქვე ვლაპარაკობთ, რომ ძალის გამოყენება უკიდურესი ზომა შეიძლება იყოს. მსმენელმა რომ სწორად გაიგოს მშვიდობის მომხრეთა პოზიცია მეცნიერული/ობიექტური კანონზომიერებები გამოყოფილი უნდა იყოს სუბიექტური არჩევანისაგან/სტრატეგიისაგან.
მეცნიერება გვეუბნება, რომ სახელმწიფოს ტერიტორიის შემოერთება (ანექსია ან რეინტეგრაცია) ძლითაც შეუძლია და ახალი (კოალიციური) სახელმწიფოს მშენებლობითაც.
მსმენელს უნდა გავაგებინოთ თითოეული სტრატეგია რა კონტექსტშია წარმატებული და რა შედეგამდე მივყავართ.
ძალით დაბრუნება (იგივე დაპყრობა), დასაბრუნებლების ნებას უგულველყოფს, ნაციის წიაღში მათი დაბრუნებას გამორიცხავს, ამგვარად ანტიდემოკრატიულია და მივყავართ არადემოკრატიულ (ავტოტორიტარულ) სახელმწიფომდე. ასეთ სახელმწიფოს საზღვრებში ნაციის და დემოკრატიის ჩამოყალიბებას ბედნიერ შემთხვევაში სჭირდება საუკუნეები.
ძალით დაბრუნების სტრატეგიის წარმატებისათვის საჭიროა შესაბამისი კონტექსტი, ანუ გარემო როცა საერთაშორისო გავლენიანი ძალები ასეთ გზას აღიარებენ მართებულად. რამდენსაც არ უნდა საუბრობდნენ ძალის გამოყენების მომხრენი, დღეს ეს კონტექსტი არ არსებობს და არა მარტო რუსეთის გამო, ამას გამორიცხავს ამერიკაც და ევროპაც.
მშვიდობით დაბრუნება, ანუ კოალიციური სახელმწიფოს მშენებლობა არის გზა დემოკრატიული სახელმწიფოსაკენ. თვითონ პროცესი შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ და თვით პროცესს მივყავართ დემოკრატიულობის ხარისხის ზრდამდე. ასეთ კოალიციურ სახელმწიფოში უკვე გვაქვს დემოკრატია და გზა ხსნილია თანამედროვე ნაციის მშენებლობისათვის. ასეთი სახელმწიფო რომ მივიღოთ უნდა მივაგნოთ საერთო საგარეო მიზნებს, რაც უთუოდ შეიძლება იყოს ევროპაში ინტეგრაცია და რუსეთისაგან გამიჯვნა (ერთი მეორეს გულისხმობს ძალიან ბევრ განზომილებაში)
მშვიდობით დაბრუნების სტრატეგიის წარმატებისათვის არსებობს შესაბამისი საგარეო კონტექსტი ამერიკისა და ევროპის სახით, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ საქართველოს გადემოკრატიულებაში და გაძლიერებაში. გაძლიერება გულისხმობს იმასაც, რომ შეწყდეს შიდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია, რაც სახელმწიფოს სისუსტის პირველი ნიშანიცაა და ძირითადი მიზეზიც. ამერიკა გვთავაზობს დახმარებას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ შუამავალი გვჭირდება არა შიდა პოლიტიკაში არამედ საერთაშორისო აქტორთან, რაც თავისთავად გვაქცევს ნამდვილ საერთაშორისო აქტორად. წლების მანძილზე გვატყუებდნენ, რომ ამერიკის წინადადებები, ურთიერთობა მოგვეგვარებინა რუსეთთან, ნიშნავდა რუსეთისადმი დანებებას და არა შუამავლად ამერიკის დაძახებას. ამერიკა მზადაა იყოს შუამავალი, მაგრამ წინააღმდეგია იგი რუსეთის დასაპირისპირებლად გამოიყენონ.
მშვიდობით დაბრუნების სტრატეგიის წარმატებისათვის არსებობს შესაბამისი საშინაო კონტექსტიც - თუნდაც აფხაზეთში გამოჩენილი დემოკრატიზაციის ნიშნები და რუსეთთან დაპირისპირების პოტენციალი. ოსებსა და ქართველებს შორის არსებული საერთო კომერციული ინტერესებიც ამ პოტენციალის ნაწილი იყო. აქაც ჩვენმა მთავრობამ ამ პოტენციალების გამოყების მაგივრად საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაადგა ან სცადა გადაედგა. აფხაზეთში ბაღაბშის მხარდაჭერა მისი ხელისუფლებაში მოსვლის წინააღმდეგ მოქმედებდა; ცხინვალის მიმართ კი გადაიდგა კომერციული საზღვრის აღდგენის ნაბიჯები ვითომ და ანტიკონტრაბანდული მიზნით.
2) რუსეთის სამშვიდოებოების გაძევების პათოსი სწორია, მაგრამ მეთოდოლოგიურად არასწორია მათ ჩანაცვლება რაიმე სხვა ძალით. ვიმეორებ, ეს სახელმწიფოს დასუსტების ტოლფასია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ომს ჩვენ არ დავიწყებთ. ის, რომ ისინი ომს არ დაგვიწყებენ ეს თავისთავად ცხადია და არც არავინ მოგვთხოვს ამის შესახებ დამატებით გარანტიებს.
ბატონა დოუ ლინჩმა, ევროპის სამეზობლო ინიციატივის თემისადმი მიძღვნილ სემინარზე ებერტის ფონდში, ისიც კი აღნიშნა, რომ ევროპა იმასაც კი ნანობს ეუთოს მისიის სახით რომ არის ქართულ ოსურ კონფლიქტში ჩართული. მათი სურვილია რუსეთთან საზღვრის განმტკიცებაში დაგვეხმარონ და არა საკუთარი სახელმწიფოს დასუსტებაში.
თამუნა კოვზირიძე
მინისტრის მოადგილე
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
ზოგადი კომენტარები
დოკუმენტის პირველი ნაწილი დეტალურად ასახავს სამხრეთ ოსეთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნული მიმოხილვა უდაოდ ღირებულია. ასევე მნიშვნელოვანია დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებულ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს მოიცავს. თუ აღნიშნული მასალა ერთ დოკუმენტში უნდა დარჩეს თავმოყრილი, მაშინ მიზანშეწონილი იქნებოდა ამ დოკუმენტის მიზნისა და ფუნქციის უფრო მკაფიო განსაზღვრა და მისი სტრუქტურის დახვეწა.
დოკუმენტში არსად არ არის ნახსენები ფედერალური სახელმწიფოა თუ არა საქართველო და ზემოაღნიშნული დაზუსტებას მოითხოვს. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის სტატუსს, იგი დაკონკრეტებულია და მას „ავტონომია“ ეწოდება. აღნიშნული ტერმინი საბჭოთა პერიოდთან ასოცირდება და აქედან გამომდინარე ოს ხალხში შესაძლოა უნდობლობის გრძნობა აღძრას. გარდა ამისა, რთული იქნება ოს ხალხთან სტატუსზე მოლაპარაკებების დაწყება, თუ „სათაური“ უკვე დადგენილია და მით უმეტეს სახელწოდების მიხედვით აჭარის სტატუსის მსგავსად ჟღერს. აჭარის და სამხრეთ ოსეთის ერთეულებს ერთიან სახელმწიფოში განსხვავებული სტატუსი უნდა ჰქონდეთ.
კომენტარები კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ
დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებაა, გაურკვეველი რჩება თუ რომელი სამართლებრივი დოკუმეტის ნაწილია სამხრეთ ისეთის შესახებ კონსტიტუციური კანონი: 58-ე გვერდის მე-7 პუნქტში ნათქვამია, რომ აღმიშნული კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია, მაშინ როდესაც 59-ე გვერდის მე-10 პუნქტის მიხედვით კონსტიტუციური კანონი სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. ზემოაღნიშნული დაზუსტებას საჭიროებს.
მაშინ, როდესაც საუბარია სამხრეთ ოსეთის ექსკლუზიურ კომპეტენციებზე (გვ. 52-54), უპირველეს ყოვლისა დაზუსტებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ აღნიშნულ სფეროებში საკანონმდებლო, ისევე როგორც ადმინისტრაციულ ფუნქციებს უნდა ახორციელებდეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. გერმანია და ავსტრია, ერთი და იგივე კომპეტენციის სფეროში საკანონმდებლო და ადმინისტრირების ფუნქციები გამიჯნულია ფედერალურ და ფედერირებულ დონეებს შორის, რაც გარკვეული ტიპის სამართლებრივ ურთიერთობებს აყალიბებს სხვადასხვა დონეებს შორის.
დოკუმეტის მე-60 გვერდის მე-14 პუნქტში ნახსენებია, რომ საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობანი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების განსაკუთრებულ კომპეტენციას მიეკუთვნება, თუმცა 62-ე გვერდის მე-18 პუნქტის მიხედვით საგარეო პოლიტიკა შერეული კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება. ზემოაღნიშნული დაზუსტებას მოითხოვს. მთელ რიგ ქვეყნებში ფედერაციის სუბიექტებს აქვთ გარკვეული უფლებები საგარეო პოლიტიკის სფეროში. მაგალითად, გერმანიაში, ავსტრიაში და ბელგიაში ისინი საკუთარი კომპეტენციის სფეროებში ფედერალურ მთავრობასთან შეთანხმებით საერთაშორისო ხელშეკრულებებსაც დებენ მსგავსი უფლებების მქონე სუბიექტებთან ან სუვერენულ სახელმწიფოებთან. აღნიშნული უფლება შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, რადგან იგი აფხაზ და ოს ერებს მისცემს საერთაშორისო დონეზე ეროვნული თვითგამორკვევის უფლების დემონსტრირების საშუალებას მათთვის სუვერენიტეტის მინიჭების გარეშე. რა თქმა უნდა, ფედერალურ სახელმწიფოებში სუვერენიტეტი განუყოფელია საგარეო პოლიტიკურ დონეზე, მაშინ როდესაც ის შიდა პოლიტიკურ სფეროში გაყოფილია და თითოეულ დონეს ექსკლუზიური ანუ სუვერენული უფლებები გააჩნია.
62-ე გვერდის მე-19 პუნქტში აღნიშნულია, რომ საბაჟო რეჟიმები შერეულ კომპეტენციას განეკუთვნება. აღნიშნული შეიძლება პრობლემატური აღმოჩნდეს ვინაიდან ქვეყენას ერთი საბაჟო რეჟიმი უნდა ჰქონდეს და საბაჟო ტარიფები არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ საბაჟოზე მოხდება ტვირთის განბაჟება.
61-ე გვერდის მე-17 პუნქტში აღნიშნულია, რომ სტანდარტები და ეტალონები სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, რაც პრობლემატურია, რადგან მიზანშეწონილია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდეს ერთიანი ტექნიკური რეგულირების, ეტალონების და აკრედიტაციის სისტემა, რომელიც აღიარებული იქნება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთიდან ექპორტის გაფართოებას და საგარეო ბაზრებზე საექსპორტო პროდუქციის შეღწევადობის ზრდას. ზემოაღნიშნული დაზუსტებას მოითხოვს.
გიორგი ხუციშვილი
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების
საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
ტერმინოლოგიის შესახებ: „ქართულ-ოსური კონფლიქტი“ - საკითხის არაკორექტული (თუ არა არაადექვატური) კვალიფიკაციაა, მაგრამ როგორც მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეთათვის, ასევე ექსპერტთა უმრავლესობისთვის აღმოჩნდა მისაღები როგორც სამუშაო ფორმულა (საფუძველი: სიმოკლე, კონკრეტულობა, გეოგრაფიულ ადგილზე მითითება, ძირითად მონაწილე მხარეთა დასახელება). ნებისმიერი სხვა ვარიანტი უფრო ნაკლებად კორექტულია (არ მიუთითებს ან არასწორედ მიუთითებს ტერიტორიაზე, მონაწილე მხარეებზე) და/ან გაცილებით უფრო გრძელი.
კონფლიქტის ჩამოყალიბებისა და გაღვივების ისტორიის განხილვა (კონკრეტული თაიმლაინის ჩათვლით) სწორია და მომგებიანი, ის არ ართულებს კონფლიქტის შემსუბუქების პერსპექტივას, თუ კორექტულადაა გატარებული. (აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კონცეფციაში ეს გაკეთებული არ იყო.)
შეიძლებოდა უფრო გაბედულად თქმულიყო ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთა შეცდომებზე, როგორც კონფლიქტოგენურ ფაქტორზე.
დოკუმენტის საფუძველზე, აშკარა ხდება საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უუნარობა და უინიციატივობა ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხში; არ იქნა გამოყენებული ხელსაყრელი მომენტები. (მაგალითები, როდესაც სიტუაცია უფრო გაბედულ მოქმედებებს უწყობდა ხელს: 2001 წლის 19 იანვარი - ევროპარლამენტის რეზოლუცია; 2001 წ. 8 აპრილს მიღებული სამხრეთ-ოსეთის კონსტიტუცია; ბადენის დოკუმენტის შემუშავების პროცესი),
დოკუმენტში ძირითადად სწორადაა შეფასებული პოსტრევოლუციური მოვლენები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასთან მიმართებაში, 2004 წლის ზაფხულის კრიზისით დაწყებული და პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო გეგმის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შეფასებით დამთავრებული.
საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კონცეფციასთან შედარებით, მომგებიან მომენტად მიმაჩნია ის, რომ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში სერიოზული ყურადღებაა დათმობილი ნდობის აღდგენის პროცესს როგორც პოლიტიკური მოწესრიგების აუცილებელ წინაპირობას. ამავე დროს, მაქვს სერიოზული შენიშვნები თვით ნდობის აღდგენისადმი არჩეულ მიდგომასთან და დასახული ღონისძიებების სივრცეულ-დროულ ჩარჩოში განხორციელებადობასთან დაკავშირებით, რომელიც შემიძლია წარმოგიდგინოთ.
- timeline-ის სახით კონფლიქტის განვითარების მიმოხილვა - მომგებიანი მომენტია, მაგრამ მოვლენათა გამოყოფის პრინციპი უნდა იყოს მკიხველისთვის დამაჯერებელი (რატომ ეს და არა ის მოვლენაა დასახელებული).
- „ადამონ ნიჰასზე“ მსჯელობისას, კარგი იქნებოდა არა მხოლოდ კრებითი სახელით, არამედ ძირითად მონაწილეთა გვარების მითითებით გველაპარაკა. ეს კონკრეტულობას და ინფორმატიულობას შემატებდა კონცეფციას.
- საერთოდ, მეტი სტატისტიკური მასალა და მოვლენათა საინფორმაციო ფონის ამსახველი მონაცემები კონცეფციას არ ავნებდა.
- დრო გადის და ის, რაც დღეს ითქმება, მალე ძველდება, ამიტომ მიმდინარე პროცესები და დოკუმენტები არ უნდა გამოგვრჩეს. კარგი იქნებოდა, სამთავრობო გეგმის ფარგლებში ნოღაიდელ-ქოქოითის შეხვედრისთვის მომზადებული დოკუმენტის ტექსტის ანალიზი ყოფილიყო თანდართული (თუ ეს ტექსტი არ გაგაჩნიათ, მე შემიძლია გამოგიგზავნოთ). ჩემი აზრით, ეს დოკუმენტი პრეზიდენტის გეგმით გამოცხადებულ პრინციპებს შეესაბამება, მაგრამ სრულიად მოწყვეტილია რეალობას დასახულ ვადებში განხორციელებადობის თვალსაზრისით.
![]() |
11 დანართი №3, სადისკუსიო განხილვა ნაშრომისა |
▲ზევით დაბრუნება |
„ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზების, დინამიკის, გადაწყვეტის გზების ძიებისა და სავარაუდო მიმართულებების შესახებ“
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ სააქტო დარბაზი
9 დეკემბერი 2005წ.
შეხვედრაში მონაწილეობდა 25-მდე როგორც არასამთავრობო ისე სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენელი, დისკუსიის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად აქ მოტანილია სადისკუსიო განხილვის არასრული ჩანაწერი
გიორგი ხუციშვილი: არ მქონდა ბევრი დრო ამ დოკუმენტის გასაცნობად, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. გარკვეული ტენდენციები ჩანს - რამდენად უუნარო იყო საქართველოს ხელისუფლება, ალბათ სუბიექტური მიზეზების გამო. პარალელი მინდა გავავლო აფხაზეთის შესახებ კონცეფციასთან. ეს დოკუმენტი გაცილებით უფრო დამუშავებულია. ამ კონცეფციას აქვს მიზეზებში ჩაწვდომის მიდგომა. ორი მიდგომა არსებობს: 1. ისტორიას არ უნდა შეეხო. 2. სწორად ჩატარებული ისტორიული ანალიზი კი არ აღვივებს კონფლიქტს, არამედ პირიქით. დადებითად გამოვყოფდი იმ ნაწილს, რომელიც პოსტ-რევოლუციურ პერიოდს შეეხება. მაგრამ სტატუსთან მიმართებაში გარკვეული ცალმხრივობა შეინიშნება: როდესაც ნდობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ, ეს უნდა განვასხვავოთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისაგან. ამ დოკუმენტში ადგილი აქვს ამ ორი მომენტის გადაფარვას. უფრო გაბედულად უნდა თქმულიყო ეროვნულ-განმათავისფლებელი მოძრაობის ლიდერების შეცდომებზე. „ქართულ-ოსური კონფლიქტი“ - ეს ტერმინი ყველაზე მისაღებია, რადგან ყველა დანარჩენი ან ძალიან ართულებს, ან არასწორად ასახავს მდგომარეობას.
სოსო მწყერაძე: ქართულ-ოსური კონფლიქტი არაა მხოლოდ ეთნიკური, ამიტომ არ უნდა იყოს ეს ტერმინი მისაღები.
გია ნოდია: შეიძლება ზოგადად არსებობდეს ისეთი ტერმინი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებდა?
პაატა გურგენიძე: ფუნდამენტურად მცდარია მიდგომა, რომელიც ამბობს, რომ თუ მშვიდობიანად არ მოხერხდა, მაშინ ძალით გავაკეთებთ, რადგან ბრძოლით კონფლიქტის მოგვარება ძირშივე მცდარია.
მიხეილ მირზიაშვილი: ეს დოკუმენტი ისეა შექმნილი, რომ ომის გზა სრულიადაა გამორიცხული, ძალისმიერი გადაწყვეტის შესახებ მხოლოდ დანართშია საუბარი, სადაც ფოკუს ჯგუფებში მონაწილეთა აზრებია გადმოცემული. ამიტომ იქნებ მხოლოდ მშვიდობიან შესაძლებლობაზე ვილაპარაკოთ.
მაია ცაბოშვილი: მუშა ჯგუფი ძირითადად ეყრდონობოდა ქართული პრესის ინფორმაციას. …
აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასული ზაფხულის შემდეგ გადასინჯა საკუთარი სტრატეგია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს მოხდა 2004 იანვრიდან, როდესაც სააკაშვილმა გააკეთა შეთავაზება, ზაფხულამდე, ოსური მხარისადმი ეს ინიციატივები არ იქნა შეთავაზებული.
ერთია შეთავაზებები, მეორეა რაც ხდება რეალურად რეგიონში. პრობლემაა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების კოორდინირება.
ტექსტში არასწორედაა ნახსენები ეუთო, იმ კონტექსტში რომ 1992 წელს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისია, საქართველოს, „სამხრეთ ოსეთის“, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობით არ შეიძლებოდა ყოფილიყო ეუთოს პატრონაჟით, რადგან ეუთოს მისია მხოლოდ 1993 წლის დეკემბერში გაიხსნა საქართველოში.
ირაკლი ანთაძე: დაგომისის ხელშეკრულებაში სამხრეთ ოსეთი საერთოდ არაა ნახსენები.
გიორგი გოგია: როდესაც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ტაქტიკა შეიცვალა, ეს მართლაც ასეა. შარშან იყო ილუზია, რომ კონფლიქტი გადაწყვეტილი იყო და ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა ერგნეთის ბაზრობის დახურვით. გადაფასება იმას ნიშნავს, მოხდა იმის გაცნობიერება, რომ 1 წელიწადში ყველაფერი არ დამთავრდება.
სოსო მწყერაძე: ოფიციალური წერილი დაიგზავნა სამშვიდობო ინიციტიავის შესახებ და არ გასულა „ეს-კა-კა“-ზე. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ხელისუფლების ტაქტიკა შეიცვალა.
ვფიქრობ, რომ დოკუმენტში კარგადაა ნაჩვენები კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები.
ქეთი ციხელაშვილი: თუ ეს დოკუმენტი იქნება ისეთივე, როგორიც განიხილებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემთხვევაში, მაშინ მან უფრო კონკრეტული წინადადების, ინიციატივის სახე უნდა მიიღოს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეკონომიკურ ბერკეტებზე. თქვენ როგორ ხედავთ რეალურად - მაგალითად, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკური კავშირები?
თამარ კოვზირიძე: მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა, მცირე გრანტების, სესეხები და ა.შ. ის არ შეესაბამება ლიბერალურ პოლიტიკას დღევანდელი მთავრობისა, მაგრამ ამ რეგიონისათვის დაშვებული უნდა იყოს გამონაკლისი.
არსებობს ეუთოს პროექტი, რომლის მიზანიცაა დაიდოს დოკუმენტი, რომელიც მოახდენს სამხრეთ ოსეთის რეგიონის საჭიროებიბის ანალიზს. თქვენთვის ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს.
თქვენს პროექტში იყო იდეა, რომ ყველაზე ღარიბ მოსახლეობაზე გაიცეს დახმარება. მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია. ამისათვის ოჯახმა უნდა მოახდინოს თვით-იდენტიფიკაცია როგორც ღარიბმა ოჯახმა, შემდეგ მასთან მიდის სოციალურ მუშაკი. საინტერესო იქნებოდა ინახოს, რამდენად გავრცელდება ეს პროგრამა კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუ ეს ისედაც კეთდება, მაშინ რეკომენდაციად ჩადება საჭირო აღარ ხდება.
პაატა გურგენიძე: რაც შეეხება დახმარებას, მნიშვნელოვანია საბოლოო ხედვა, თორემ ვაჭრობა შეიძლება ორ განსხვავებულ და დაპირისპირებულ სახელმწიფოთა შორისაც არსებობდეს.
გიორგი გოგია: დოკუმენტის წერისას ჩვენ პირდაპირ ვამბობდით, რომ რესტიტუციის თვითმიზანი არ უნდა იყოს კონფლიქტის გადაწყვეტა, რესტიტუცია - ესაა საქართველოს ვალდებულება უფლებებში აღადგინოს თავისი მოქალაქეები.
ლევან ცუცქირიძე: ეუთოს პროექტი მართლაც ძალიან საინტერესოა, რადგან ქართულ-ოსური ჯგუფები ერთად მუშაობენ საჭირობების დადგენის საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური პროექტები, არამედ მარკეტინგი, ანუ როგორ იქნება შეფუთული ეს პროექტები.
ნათელა სახოკია: თუ ვიწყებთ ასეთ პროგრამებს, რომლებიც არ გამოდის კონფლიქტის რეგიონში, ყურადღება უნდა მიქცეს მეზობელ რაიონებს, განსაკუთრებით ახალგორს. დოკუმენტში ყურადღება უნდა გამახვილდეს მიმდებარე ტერიტორიებზე.
თეა ტარიელაშვილი: ეს ეკონომიკური პროექტები კარგია, მაგრამ მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ის დაცულია, რადგან არავინ არაფრის კეთებას არ დაიწყებს, თუ არ იგრძნობს, რომ დაცულია.
ალექსანდრე რუსეცკი: შეირაღებული კონფლიქტის საზღვარი ერთია, ეთნიკური კონფლიქტის კი სხვა, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ბევრი დონორი ორგანიზაცია მიიჩნევს. ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ საკითხებთან, რადგან ინვესტიციები უნდა მოედოს უფრო ფართო ტერიტორიას, ვიდრე შეიარაღებული ზონაა.
გიორგი ხუციშვილი: საერთოდ ძალიან საინტერესო დოკუმენტია, ჩემი აზრით, უფრო მკაცრად უნდა ითქვას სათქმელი, რაც ისტორიას შეეხება. საჭიროა ასევე გაკეთდეს კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალი, პირველ რიგში ეკონიმიკის დარგში.
გიორგი გოგია: კონკრეტული ღონისძიებები სახელმწიფოს გასაკეთებელია, სამოქალაქო საზოგადოების საქმე ეს ვერ იქნება.
ქეთი ციხელაშვილი: ხომ არ არის შესაძლებელი, ვიფიქროთ სპეციალურ ეკონომიკურ ზონებზე კონფლიქტურ ზონებში?
ზურაბ ბენდიანიშვილი: თუ არ მოხდა ლეგალიზაცია, სერიოზულ ბიზნესზე ლაპარაკი ვერ იქნება.
სოსო მწყერაძე: ჩვენგან ხდება ბევრი ინიციატივის შეთავაზება, რომლებზეც პასუხი ოსური მხარისაგან არაა. ამბობენ, წერილები არ მიგვიღიაო, რაც, რასაკვირველია, არაა მართალი. იყო საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ გაკეთებული შეთავაზება.
მიხეილ მირზიაშვილი: სამწუხაროდ, ისე გაილია ჩვენი შეხვედრის სამი საათი, რომ ნაშრომში განხილულ ყველა თემას ვერ შევეხეთ. ამჯერად ამით დავასრულოთ.
დისკუსიის მონაწილეთა სია:
ირაკლი ანთაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
გიორგი ბახტურიძე - ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაცია;
გიორგი კაკულია - მშვიდობისა და განვითარების აკადემია;
იულია ხარაშვილი - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“;
თამარ კოვზირიძე - ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
სოსო მწყერაძე - სახელმწიფო სამინისტრო კონფლიქტების მოგვარების დარგში;
ქეთი ციხელაშვილი - ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი;
რაფიელ გელანტია - კავშირი „დემოკრატია და კეთილდღეობა“;
ლიანა ბერია - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“;
გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი;
თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;
ია თიკანაძე - ფრიდრიხ ებერტის ფონდი;
ზურაბ ბენდიანიშვილი - Info-Peace;
ლევან ცუცქირიძე - GIPA - საერთაშორისო პოლიტიკა;
მაია ცაბოშვილი - კავშირი „იბერ-ირონი“;
გია ნოდია - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“;
გიორგი გოგია - კრიზისის საერთაშორისო ჯგუფი (ICG);
ნათელა სახოკია - სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი;
ლევან თარხნიშვილი - CRRC- Georgia;
პაატა ზაქარეიშვილი - რესპუბლიკური პარტია;
პაატა გურგენიძე - კონსულტაციისა და ტრეინინგის ცენტრი;
თეა ტარიელაშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი;
ლალი ფუხაევი - ქართულ-ოსური ურთიერთობისა და თანამშრომლობის კავშირი „მშვიდობა ამა სოფელსა“;
ალექსანდრე რუსეცკი - რეგიონული უსაფრთხოების სამხრეთკავკასიური ინსტიტუტი;
გიგა ზედანია - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
მიხეილ მირზიაშვილი - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“