![]() |
ცხელი შოკოლადი №48 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ბაბუაძე თამარ, ჭაავა სოფო, დოლიძე ანა, ჩიხლაძე დავით, ლობჟანიძე გიორგი, ბუხრიკიძე დავით, მალენი მარკ, ბექიშვილი ნინო, გლუქსმანი რაფაელ, ნათვუდი ტომ, ჯიშკარიანი ზურა, ნოდია გია, უსუფაშვილი დავით, მაისურაძე გიორგი, მორჩილაძე აკა |
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: აპრილი 2009 ფოტო: გოგი ცაგარელი მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორები ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი არტ-რედაქტორი: გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი: ნინო სვანიძე კორექტორი: ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: თამარ ბაბუაძე, გიორგი მაისურაძე, დათო ტურაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ნინო ჯაფიაშვილი, სოფო ჭაავა, ანა დოლიძე, ნინო ბექიშვილი, მარკ მალენი, ლანა ღოღობერიძე, სალომე კიკალეიშვილი, დავით ბუხრიკიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით ჩიხლაძე, გიორგი ლობჟანიძე, აკა მორჩილაძე. ფოტო: დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, გოგი ცაგარელი, იური მეჩითოვი, გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ირინა აბჟანდაძე ილუსტრაცია: მაია სუმბაძე, ანა ტაბატაძე დიზაინი: თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა: ლელა შუბითიძე სარეკლამო გაყიდვები: ნესტან ავალიანი დისტრიბუცია: ზვიად შენგელია გამომცემელი: შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ.: 912326 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სხვა გამოცემები: ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები, დიალოგი, თიბისი და თიბისელები. სტამბა: შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140, ტელ.: 357002 ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება გამომცემლობის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 რედაქტორის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
„როცა სევდიანი ფიქრები მომეძალება, ტანსაცმლის კარადას გამოვხსნი ხოლმე და იქ ვჯდები. ასეთი სიმყუდროვე მთელ სახლში არსად არ არის. ვარ ხოლმე მარტო ჩემთვის და არაფერზე ვფიქრობ. ეს უფრო თვალღია გამოძინებას ჰგავს. მერე ვდგები, კარადის კარს მჭიდროდ ვხურავ და ვითომ ჩვეულებრივი ვხდები“ - ეს ნაწყვეტია პოეტ მაია სარიშვილის „რადიო თავისუფლებისათვის“ დაწერილი დღიურიდან, რომელიც ახლახან წავიკითხე. მას მერე, როგორც კი 9 აპრილს ახსენებენ, სულ ეს კარადა მახსენდება ხოლმე. ზუსტად არ ვიცი, როდის გახდა ჩემთვის შეგრძნებები რაციონალურ ფიქრებზე უფრო მნიშვნელოვანი. ალბათ ჩემი შვილის, ლუკას დაბადების მერე. ვარდების რევოლუციის დროს, ლუკა მუცელში იჯდა, ჩვენ კი ახალ ცხოვრებას ვიწყებდით. თითქოს თავი დავაღწიეთ წარსულს და რეფორმების პარალელურად, ცნობიერების შეცვლაზე დავიწყეთ ფიქრი. მოდერნიზაციისა და ლიბერალიზაციის პროექტები ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სხვადასხვა არჩევნებისათვის დასახული „ელექტორალური ამოცანები“, რომელსაც ნელ-ნელა ეწირებოდა კიდეც რევოლუციის რეალური მონაპოვარი. შეცდომების მონანიების მიზნით, ხელისუფლება თითქოს სულ უფრო და უფრო დიდი ხარკის გაღებას ცდილობდა იმ საზოგადოებისათვის, რომლის შეცვლასაც ცდილობდა. „უმრავლესობის“ ყველაზე ბნელ ინსტინქტებთან არშიყით და მერე ამ ინსტინქტებზე აპელირებით კი კარგი არაფერი გამოვიდა. ამ დროს ყველაზე პროგრესულმა პოლიტიკურმა ოპოზიციამაც კი მონარქიაზე, „კულტურულ რევოლუციაზე“ ქილიკსა და „რუსეთთან მეგობრობაზე“ უფრო არსებითი ალტერნატივა ვერაფერი მოიფიქრა.
შესაძლოა ესეც მხოლოდ შეგრძნებებია, რადგან აპრილის მოლოდინში, უფრო მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი. პოლიტიკაში ლიბერალური იდეების კრიზისია იმიტომ, რომ რეფორმატორებმა თვითგადარჩენისათვის დაიწყეს ბრძოლა თუ რევანშისტული ტალღა იყო იმდენად ძლიერი, რომ ამ იდეების მარგინალიზაცია თავისით მოხდა? ვისწავლეთ რამე ამ 20 წლის განმავლობაში თუ კიდევ ერთი ნაბიჯით დავშორდებით მომავალს? დავიბრუნებთ „ძველ საქართველოს“ თუ ვირწმუნებთ, რომ ძალა ჩვენშია და სამართლიანობის განცდასა და უკეთეს არჩევანს სხვადასხვა ლოზუნგების სკანდირებით ვერ გავაჩენთ?
ამ ქვეყნის „ბუფერულ ზონებში“, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეგრძნების საზღვრებს მიღმა სოფლებში, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ვერ გვაწვდენენ ხმას. სულ მეშინია, რომ მთელი ქვეყანა ასეთ „ბუფერულ ზონად“ გადაიქცევა, სადაც ვანგრევთ, აშენება კი არაფრის შეგვიძლია. გული მწყდება, რომ 2 ნოემბრამდე არ ვცდილობდი დამეცვა ჩემი სამოქალაქო უფლებები. ვნანობ, რომ 7 აგვისტომდე არ გავკიოდი, რომ მინდოდა მშვიდობა. არ მინდა 9 აპრილის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამახსენდეს კარადა, საიდან გამოსვლაც აღარ მომინდება.
შორენა შავერდაშვილი
მოგვწერეთ, editor@shokoladi.ge
![]() |
2 ჩვენი ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ბაბუაძე
მესხი და მე ზუგდიდის ფაიფურის დასახლებაში, დანგრეული სადარბაზოს წინ ვდგავართ. გამეტებით გვაწვიმს, მიწა ატალახებული და ტყლაპოიანია. გადავდივართ ზღურბლს და სადარბაზოს სიშავიდან ამოდიან ადამიანები, რომელთაც მანამდე ვერ ვხედავდით. ისინი ე.წ. „შევარდნაძის დევნილები“ არიან. ზუგდიდის უნივერსიტეტის ეს კორპუსი მათი კომპაქტური ჩასახლების ადგილია. ამ ადამიანებს ექვსი თვეა, არ აქვთ შუქი და წყალი, 15 წელია, ლექციებისთვის განკუთვნილ ოთახებში ცხოვრობენ და ჩვენნაირების გამოჩენას ელიან, ერთადერთი მიზნით - თავიანთ გასაჭირზე ლაპარაკით გული მოიოხონ და მერე ისევ სადარბაზოს მიღმა, თავიანთ განზომილებაში გაუჩინარდნენ...
მესხი და მე ერთი სოფლის გზაჯვარედინზე ვდგავართ. გარშემო არავინაა. გადავდივართ ხიდს და გაშლილი მდელოს სიმწვანიდან უცებ ამოდიან ადამიანები; ისევ ისეთები, რომელთაც მანამდე ვერ ვხედავდით. მათ შევყავართ თავიანთ სახლებში, გვაჩვენებენ ჩამოქცეულ სახურავებს, ლოგინად ჩავარდნილ დებს და მდუმარე ბავშვებს. ჩვენ მათთვის ხიდი ვართ იმ რეალობასთან, საიდანაც ვეწვიეთ. მათი მიზანიც ერთია - იქნებ აქეთაც დაინახონ და შეამჩნიონ...
ხერხე და მე ლამაზი კოტეჯის ზღურბლზე ვდგავართ. ვაღებთ კარს და ვხვდებით ბავშვებს, რომლებიც ჩემს ყოველდღიურობაში არ მონაწილეობენ, არადა არსებობენ, იზრდებიან და იმ რეალობას უკავშირებენ თავიანთ ოცნებებს, რომელიც ჯერჯერობით მათ არ ეკუთვნით... მესხი და მე რიკოთის უღელტეხილზე ვდგავართ, ღამეა და ისევ წვიმს. რამდენიმე წამის განმავლობაში, ცარიელ გზატკეცილზე, მიპყრობს შიში, რომ საზღვარი პარალელურ განზომილებებს შორის გაქრა; რომ ყველა ის ადამიანი მაკრავს გარშემო, რომლებიც მანამდე თვალისთვის უჩინარნი იყვნენ. თითქოს მაქვს უნიკალური შანსი, დავინახო მასობრივი ხედვისთვის უხილავი, განვიცადო მასობრივი განცდისთვის განუცდელი, გავხსნა მასობრივი ცნობიერებისთვის დალუქული საზღვრები. მეც, მესხიც და ხერხეც პირობითი საზღვრების მიღმა ვიყავით. გვინდა, განახოთ ის, რაც ჩვენ ვნახეთ.
სოფო ჭაავა
ჩემი თანატოლების უმრავლესობის მსგავსად, 9 აპრილი კოლექტიური იმიჯებით დამამახსოვრდა - ღამის გაურკვეველი კადრები, ტანკები, ნიჩაბი, გულისგამაწვრილებელი სიმღერა ჩონგურის თანხლებით და უცნობი ადამიანების შავ-თეთრი პასპორტის ფოტოები. თუმცა, იყო კიდევ ერთი სცენა, რომელმაც 9 აპრილის გემო დამიტოვა - დილით ტელევიზორს მიჩერებული დედაჩემი, რომელიც ტიროდა და რომლის თვალებიც სავსე იყო შიშით. თითქმის 20 წლის შემდეგ, რუსული ტანკების მორიგი შემოსვლის დროს: ისევ ტელევიზორი. კოლექტიური მეხსიერებისთვის ახალი იმიჯები - აალებულ ნანგრევებში მოყოლილი ხანშიშესული ქალი, ძმის ცხედარს ჩახუტებული ახალგაზრდა კაცი.
ამჯერად, დედაჩემის შიში რომ არ გადმომედოს, ტანკებთან ისე ახლოს მივდივარ, რომ ვეღარ დავინახო. 17 აგვისტოს, მაშინ, როცა გორი და მასთან მდებარე ქართული სოფლებიც ოკუპირებული იყო, „ბიბისის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად რამდენიმე ტყუილის და სამი კოლოფი „მალბოროს“ ფასად ტყვიავში შევედი. ვნახეთ და გადავიღეთ გვამები, რომლებიც მეზობლებმა სახელდახელოდ დამარხეს - მარტო ერთ ქუჩაზე ასეთი 8 საფლავია. ისევე, როგორც 1989-ში, ახლაც ჩემთვის ყველაზე მძიმე სცენის წინაშე ისევ მარტო აღმოვჩნდი: სასწაულით გადარჩენილი ტყვიაველი კაცი მიახლოვდება, თვალებში მიყურებს და მთხოვს: „წამოდი, კიდევ ერთი გვამია. დამარხვა ვერ მოვასწარით და მატლები ახვევია. წამოდი, გადაიღე!“
უცნაურია, რომ 20 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, არც - უარესობისკენ. უბრალოდ, არაფერი შეცვლილა.
ანა დოლიძე
„უოტერგეიტის სკანდალზე“ პასუხი 70-იანი წლების ამერიკაში შემდეგში გამოინახა - პრეზიდენტი ნიქსონი თანამდებობიდან გადადგა და ამით იმპიჩმენტს გადაურჩა, რამდენიმე მთავარი დამნაშავე დაისაჯა, ხოლო მომდევნო პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა ნიქსონს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოუხსნა. ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მან პასუხისმგებლობისაგან მთლიანად იხსნა დანაშაულის მთავარი დამკვეთი პირი, დღემდე დაპირისპირების საგანია ამერიკულ საზოგადოებაში.
ამერიკული საზოგადოების წინაშე დღეს ისევ დგას იგივე დილემა - როგორი დამოკიდებულება უნდა შეიმუშავოს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ ბუშის პრეზიდენტობის დროს ჩადენილი პოლიტიკური დანაშაულებებისადმი. ასეთი სია კი საკმაოდ გრძელია - ერაყის ომის დაწყებისათვის მტკიცებულებების გაყალბება, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა წამება და არაჰუმანური მოპყრობა, სხვადასხვა ქვეყნებში დაზვერვის სააგენტოს მიერ კანონგარეშე დაკავების ცენტრების და ციხეების შექმნა, ეჭვმიტანილთა სამართლებრივ ვაკუუმში მომწყვდევა გუანტანამოს ციხეში მოთავსებით, წამების ლეგალიზება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, სატელეფონო საუბრების მოსმენის სანქცირება, პროკურორების პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მყარ და სტაბილურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ასეთმა ტენდენციებმა საფუძველი მნიშვნელოვნად ვერ შეურყია, ამ უკანონო ქმედებებმა მკვეთრად შელახა ამერიკული დემოკრატიის ავტორიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ამ დანაშაულების ჩამდენი პირების პასუხისგებისათვის ვერმონტის შტატის სენატორმა პატრიკ ლიჰიმ წარმოადგინა სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნის იდეა. ასეთი კომისიის შექმნას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს - ერთნი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია უმაღლესი დონის თანამდებობის პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა; მეორენი ფიქრობენ, რომ ასეთი მოპყრობა საზოგადოებას, გამთლიანების მაგივრად, კიდევ უფრო დაანაწევრებს. საქართველოში სიმართლისა და შერიგების კომისიის შექმნა და საქმიანობა შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი იქნება, რომლის წამოწყებისათვის ბევრად უფრო სერიოზული კვლევა და მსჯელობაა საჭირო, ვიდრე ეს ერთი სტატიითაა შესაძლებელი. ჩემი სტატიის მიზანია, რომ ასეთი კომისიის შექმნის იდეის შემოტანით საფუძველი დაედოს ღია და გულწრფელ დისკუსიას პოლიტიკური დანაშაულებისათვის ლიდერებისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის მექანიზმების შესახებ. დაე, ასეთი დისკუსიის შემდეგ მცდარიც კი აღმოვჩნდე.
დავით ჩიხლაძე
ალბათ ყველაფერს საფუძვლად დიქოტომია აქვს, როგორც თეზა და ანტითეზა, პუნქტუმი და სტუდიუმი. ჩემი პერსონალური ტაროს კარტი კი, ნუმეროლოგიური გამოთვლით, არის „შეყვარებულები“ და თუ, ძირითადად, შეყვარებული ქალ-ვაჟით და მათს ზემოთ ანგელოზით გამოისახება, მარსელის ვარიანტში, მაგალითად, ნაჩვენებია ვაჟი, რომელსაც 2 ქალი ამოსდგომია ორი მხრიდან და მას თითქოს არჩევანის გაკეთება უხდება.
ჩემი ნიკი ერთ-ერთ ქართულ ლიტერატურულ ფორუმზე არის 2124. ეს ციფრები, რომლებიც 2 წლის წინ მხოლოდღა ინტუიტიური სიმპათიით ამოვირჩიე, თურმე კვლავ ამ ჯადოსნურ 2-ს უკავშირდება. შუაში მყოფი ორი ციფრი, ანუ 12 რომ 2-ზე გავამრავლოთ, გარეთ მყოფ ციფრებს, ანუ 24-ს მივიღებთ. ხოლო პირველი ორი ციფრი, ანუ 21 რომ 2-ზე გავამრავლოთ, ბოლო ორ ციფრს, უკუღმა წაკითხულს, ანუ 42-ს ვღებულობთ. სულ 2 ასეთი ოპერაცია გამოდის და ვინ იფიქრებდა, რომ ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ და უშინაარსო ნიკს ასეთი ფარული სიმეტრიული სტრუქტურა აღმოაჩნდებოდა. 24 და 42 ნუმეროლოგიურად 6-ია, ანუ „შეყვარებულების“ კარტის ნომერი ტაროში, ხოლო მთლიანად ამ რიცხვის ნუმეროლოგიური ჯამი (2+1+2+4) უდრის 9-ს. 6 და 9 ისევ სიმეტრიაა, ხოლო მათი ჯამი (9+6) უდრის 15-ს, ანუ კვლავ 6-ს (1+5).
მე-15 არკანს ტაროში „ბაფომეტი“ ჰქვია და ეს ერთადერთი კარტია, რომელიც სწორედ მე-6 არკანის სტრუქტურას უკუღმა იმეორებს.
ნუთუ ჩემზე (ჩვენზე) არის ყველაფერი სამყაროში ორიენტირებული, ხომ არა ჰგავს ეს რაღაც უცნაურ, ჩვენთვის უხილავი ლოგიკის მქონე სიზმარს?
ტიტუს მაკციუს პლავტუსის „ამფიტრიონში“ ყველა მოქმედი პირი 2-ია, ყველა ადამიანს საკუთარი ორეული ღმერთი ჰყავს მისთვის უხილავ აჩრდილად და სდევნის, ირონიის ქვეშ მოაქცევს მის მიწიერ ვნებებსა და ამბიციებს. ის განიცდის, აუდიტორია კი გულიანად იცინის და ალბათ, სევდაც იპყრობს ადამიანის ილუზიების გამო. დიახ, ზოგჯერ იმას, რაც ჩვენ სტუდიუმი გვგონია და რასაც საქართველოში არცთუ უსაფუძვლოდ ვაღმერთებთ (სწავლას, ფორმალურ განათლებას, სასწავლო გრანტს და შესაძლებლობას), თურმე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაემატება ეს ყოველთვის მოულოდნელი პუნქტუმი (femme fatale, ემიგრაცია, ისტორიული კატაკლიზმები ან სხვ.) და ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი ხასიათის სიღრმეს და არჩევანს გამოსცდის.
![]() |
3 ვჭამთ თუ არა ყოველდღე ბულიონს? |
▲ზევით დაბრუნება |
მიმოხილვა
ავტორი: დავით ჩიხლაძე
ფოტო: რობერტ მხიტაროვი
ჯერ წელიც არ არის გასული, რაც თბილისში ახალგაზრდა მხატვრების ერთი ჯგუფი, სახელწოდებით „ბულიონი“, თანამედროვე ხელოვნების მორიგი კონტექსტის შექმნას ცდილობს საკმაოდ მრავალმნიშვნელოვანი პროექტით - ბინის გამოფენების სერიებით. უნებლიეთ გვახსენდება ნაცნობი პრაქტიკა მოსკოვის ანდერგრაუნდის საბჭოური პერიოდიდან, როდესაც თანამედროვე ხელოვნებას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა და, დასავლეთის ქვეყნების თანამედროვე ხელოვნების მარქსისტული ან ანარქისტული კონტექსტისგან განსხვავებით, კაპიტალისტურ იმპერიას კი არ უპირისპირდებოდა, პირიქით, მიესწრაფვოდა მას, როგორც კომუნიზმის ანტიდოტს და საკუთარ ორიენტირადაც ირჩევდა.
თბილისში მსგავსი გამოძახილი 80-იანი წლების ბოლოს, „პერესტროიკის“ პერიოდში თანამედროვე მხატვრობაში იყო და, რადგან ამას უკვე აღარავინ კრძალავდა, ბინების გამოფენების პრაქტიკის განვითარებას საფუძველი აღარ ჰქონია. მოგვიანებით, 90-იანების ბოლოს თბილისში კვლავ განმეორდა ეს ტენდენცია და მუსიკოსი ლადო ბურდულის ბინა სისტემატურად ეთმობოდათ სხვადასხვა არტისტებს ივენტების მოსაწყობად. მაგრამ ეს საღამოები მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების ნიშნით არ ყოფილა აღბეჭდილი და ვერც იმას ვიტყვით, რომ იმ პერიოდში რაიმე პოლიტიკური აკრძალვა იყო მამოძრავებელი იმპულსი.
მით უმეტეს დღეს, როდესაც ჩვენს წინაშე ერთპოლუსიანი მსოფლიოა და ადრინდელი პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი აღარ არსებობს, რჩება მხოლოდ საკუთარ გარემოსთან კულტურული ურთიერთობის გარკვევა ან სისტემის წინააღმდეგ გლობალური მემარცხენეობა. ეს უკანასკნელი კი საქართველოს, ძირითადად, არასოდეს ახასიათებდა, რადგან ყოველგვარ მემარცხენეობისა და მით უმეტეს - ანარქისტულის მიმართ ჩვენ, გარკვეული მიზეზების გამო, ზემგრძნობიარენი ვიყავით და, გამომუშავებული ინფანტილური სტერეოტიპით, ასეთ საკითხებს არასერიოზულად მივიჩნევდით.
როგორც თვით ჯგუფის წევრებთან პირადი გასაუბრების შედეგად შევიტყვე, მათთვის ბინის გამოფენები არც რომელიმე ზემოხსენებული კულტურულ-პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია და არც, უბრალოდ, ანდერგრაუნდის ხიბლის გავლენის მქონე. მათ სხვა, დასავლეთში საკმაოდ ნაცნობ ესთეტიკურ პლატფორმას გაუსვეს ხაზი, რაც ხელოვნებათმცოდნეობაში აღინიშნება ტერმინით site-specific. ეს საიტ-სპესიფიკ (ანუ სპეციფიკური ადგილის) ხელოვნება კი მარტო ბინებს როდი მოიცავს, არამედ ნებისმიერ ტერიტორიას ჩვენს სოციალურ გეოგრაფიაში - იქნება ეს ქუჩა, მიტოვებული თუ მოქმედი ქარხანა, კორპუსის სახურავი, სუპერმარკეტი და ა.შ. ანუ მათი მოწოდებით, ეს არის გალერეების სივრციდან გარეთ გამოსული ხელოვნება - იმ თანამედროვე ხელოვნების ან საერთოდ გალერეების სივრციდან, რომლებიც უბრალოდ აღარც არსებობს; და მიემართება არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ადგილისკენ, არამედ პირდაპირ მხატვრის საკუთარი ბინისკენ. და მაინც, ჯგუფ „ბულიონს“ არ სურს აღიაროს, რომ ის უბრალოდ კვლავ ანდერგრაუნდის ბედისწერას იზიარებს, უკვე ახალი შინაარსების მქონე კულტურული ანდერგრაუნდისა და რომ ეს შინაარსები შეიძლება იყოს, როგორც თანამედროვე ხელოვნების ტრაგიკული გაქრობა 21-ე საუკუნის ეთნო-თანამედროვე საქართველოს კულტურის რუკაზე, ასევე ის გლობალური ესთეტიკური გადანაცვლებები, რაც სიმულაკრას გლობალური ექსპანსიის თუ ბიზნესისა და ხელოვნების (ან მასობრივის და ელიტურის) არაერთგვაროვანი რეინტეგრაციის პროცესებმა წარმოშვა დასავლეთის სახელოვნებო მენტალიტეტში.
ფოტო: თემო ქართლელიშვილი
ჯგუფი „ბულიონი“ 7 არტისტისგან შედგება. ესენი არიან: ნატო ვაწაძე, ვასო მაჭარაძე, თემო ქართლელიშვილი, კოკა ქიტიაშვილი, კატია ქეცბაია, ლადო ხარტიშვილი და ზურა კიკვაძე. სულ ახლახან მათ რიგით მესამე ბინის გამოფენა მოაწყვეს, რომლის შინაარსიც ჯგუფის სახელწოდებას მთლიანად დაემთხვა: ქიქოძის ქუჩაზე, სოლოლაკში, მხატვარ ქრისტინე კაკაბაძის სახელოსნოში 12 თუ მეტი ადამიანი მიირთმევდა ბულიონს გრძელ მაგიდასთან და თავს იქცევდა მშვიდი საუბრითაც, რომლის შინაარსიც შუშაბანდს აქეთ დარჩენილ აუდიტორიას არ ესმოდა. მთლიანი სივრცე ორი ოთახისგან შედგებოდა. აუდიტორია ჩაბნელებულ სივრცეში იყო, რის შედეგადაც განათებულ ოთახში მოქცეული მონაწილეები კიდევ უფრო იდუმალნი და საინტერესონი ჩანდნენ გაჩახჩახებული თეთრი მაგიდის გარშემო. თუმცაკი იგრძნობოდა, რომ საუბარი უმნიშვნელო ყოფითი საკითხების და ტრაფარეტული ეტიკეტის ფარგლებში უნდა ყოფილიყო და სწორედ ეს ორი პოლუსი - სამხატვრო პასუხისმგებლობა და მსუბუქი თვითირონია - სძენდა ხიბლს ამ გამოფენას. ვასო მაჭარაძემ ერთხელ აღნიშნა კიდეც საუბარში, - თანამედროვე ხელოვნებას დღეს სულ ცოტა ირონია ხომ უნდა ახასიათებდესო.
ჩემი აზრით, „ბულიონის“ ნამდვილი წარმატების გასაღები არც ზოგადად აპრობირებულ ესთეტიკურ სტერეოტიპულ პლატფორმებსა და კრედოებშია და არც ქართული ხელოვნების უახლესი ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობის მათ გულწრფელ გრძნობაში. მთავარი სწორედ ამ ორი კომპონენტის, სამხატვრო პასუხისმგებლობის და მსუბუქი თვითირონიის გადაკვეთაა. მათ ესმით, რომ თანამედროვე ხელოვნება მე-20 და 21-ე საუკუნეების კულტუროლოგიური ნიშნებისა და ინდექსების გენერირების მთავარი მექანიზმია, მაგრამ ხვდებიან, რომ დღეს იმ ტრადიციას, რაც ავანგარდიდან იღებს სათავეს და, ასე თუ ისე, ანდერგრაუნდშიც უხდება ზოგჯერ ყოფნა, შეუძლებელია ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი სტრატეგიები გაუჩნდეს. დღეს, ერთპოლუსიანი მსოფლიოს, სუპერმარკეტისა და ტოტალური მომხმარებლის ეპოქაში ეს სტრატეგია უკვე უწყინარ და თავმდაბალ (და არა კონფორმისტულ) ირონიასაც გულისხმობს და, სადაც ეს შესაძლებელია, ცოტა სარგებლობს კიდეც საყოველთაო კომფორტითა და უზრუნველობით.
ჯგუფმა საკუთარი საბინაო გამოფენების ციკლი შარშან, გვიან შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო „დელისთან“ ახლოს, ერთ-ერთ ბინაში მოაწყო ინსტალაცია, სახელწოდებით „კოკა ბანაობს“. ბინა მთლიანად გალერეად იყო გადაკეთებული და თეთრი, ინდუსტრიული ქაღალდით მოსაბეზრებლად შეფუთული. ერთ ოთახში მოთავსებული იყო ეკრანი და მის წინ ვიდეო პროექტორი იდგა. ეკრანზე ჩანდა კაცის (ერთ-ერთი მხატვრის) ბანაობის ხანგრძლივი პროცესი და ყველაფერი უწყობდა ხელს ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს ეს გამოსახულება ეკრანზე პირდაპირი ტრანსლაცია იყო სააბაზანოდან, სადაც ზუსტად ამ დროს მართლაც ბანაობდა სწორედ ეს არტისტი - სააბაზანოდან გამოდიოდა წყლის ხმა და ოდნავ შეღებულ კარში კაცის ფიგურას მოჰკრავდით თვალს. შუა ოთახი ძირითადად პუბლიკის უბრალოდ თავმოყრის და დისკუსიის ადგილად იყო დარჩენილი, სადაც მართლაც გაიმართა დისკუსია ექსპოზიციის ბოლოს. სამზარეულოდან კი სააბაზანოში გადიოდა ერთი პატარა, შეუმჩნეველი ნახვრეტი, საიდანაც, თუ ოდნავ დაიხრებოდით და თვალს მიადებდით, შეგეძლოთ უკვე უშუალოდ, მაგრამ არასრულად დაგენახათ მობანავე კაცი. საქმე კი ის იყო, რომ დიდ ეკრანზე ტრანსლირებული გამოსახულება, ამ ყველაფრის მიუხედავად, სულაც არ იყო ტრანსლაცია და უბრალოდ ჩანაწერი იყო ანალოგიური სცენით.
ქვეყანაში, რომლის ტელენიუსებიც, პირდაპირი ტრანსლაციების ნაცვლად, ინტერნეტის გვერდების ფოტოასლებით არის შევსებული, მოსაბეზრებელ მედიაზე ვერ ვილაპარაკებთ. „ბულიონი“ აქ არც გლობალური იმპერსონალური მედიის მანქანის ქართულ სიმულაციას აპროტესტებს. ამიტომაც მივიჩნიე, რომ ესეც ჯგუფის წმინდა არტისტული, ლირიკული ნამუშევარი იყო, რომელმაც, ცოტა უფრო გამძაფრებული ირონიის მიუხედავად, ბრწყინვალედ იმუშავა, როგორც ვიზუალურდ, ასევე - სტრუქტურულადაც. მართლაც, ეს ჯგუფი რაღაცით სტრუქტურალისტებს მოგვაგონებს და საინტერესოა, რამდენად მისაღები იქნება ასეთი დემოკრატიული ნარჩენი პროდუქტის - ბულიონის სტრუქტურა პროგრესულობის ამბიციის მქონე საქართველოსთვის?!
![]() |
4 თბილისის ანდერგრაუნდი საფრანგეთში |
▲ზევით დაბრუნება |
მიმოხილვა
11 მაისს ნანტში, „კოსმოპოლისის“ გალერეაში გაიხსნება ექსპოზიცია სახელწოდებით „თბილისის ანდერგრაუნდი“. ქართული თანამედროვე ხელოვნების მოვლენათა რიგში ეს გამოფენა განსაკუთრებულია იმით, რომ აქ მხოლოდ დოკუმენტაცია იქნება გამოფენილი - განვლილი მოვლენების ამსახველი აფიშები, ფლაერები, ფოტოსურათები, მოსაწვევები, ბუკლეტები და სხვ. სათაურიდან გამომდინარე, ექსპოზიციამ უნდა დახატოს თბილისის ე.წ. არაოფიციალური ხელოვნების თუ ოფიციალურის პარალელური კულტურის სურათი, დაწყებული 80-იანი წლებიდან დღემდე.
„პერესტროიკის“ დროს თბილისში დაარსებული ტრანსავანგარდის ჯგუფი „მეათე სართული“ სიმბოლურად მხატვარ ნიკო ცეცხლაძის მიერ იქნება წარმოდგენილი. კოტე ყუბანეიშვილი თანამედროვე ავანგარდისტული პოეზიის 90-იანების ჯგუფს, „რეაქტიული კლუბს“ შეგვახსენებს. გამოფენას ნიუ იორკიდან ესტუმრება უფრო ადრინდელი პერიოდის, „აბსტრაქციონისტთა ჯგუფის“ მხატვარი, ლუკა ლასარეიშვილი. გამოფენაზე ასევე მიწვეულია თბილისის ალტერნატიული როკის მუსიკოსი ლადო ბურდული. ამ კონტექსტში, ალბათ, ყველაზე საპატიო სტუმარი მაინც ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილია, რომელიც, მისი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკუთარ ფოტოარქივს არა მხოლოდ დოკუმენტების მნიშვნელობით წარმოადგენს, არამედ ეს მისი ნამუშევრების გამოფენაც გამოვა. თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე თბილისის ანდერგრაუნდში მოღვაწე არტისტების რიცხვი კი მართლაც დიდია - ჯერ მარტო ჯგუფების უბრალო ჩამონათვალიც გვაჩვენებს ამას: „მეათე სართული“, თხუნელების ჯგუფი, აბსტრაქციონისტების ჯგუფი, „გოსლაბი“, „რეაქტიული კლუბი“, „ვიზუალური კვლევის ცენტრი“ და სხვ. ამავე რიგში განთავსდება ისეთი აქციები, როგორიცაა „დე მუსიკა“ 1989 წელს, „ქარვასლის“ გამოფენები 80-90-იან წლებში, თუ „არჩევანი და ღირებულება“ (1992). დამთვალიერებლისთვის უაღრესად საინტერესო უნდა იყოს ასეთ გამოფენაზე მოხვედრა, სადაც ხელოვნების ნიმუშებს კი არა, მათ მიღმა არსებულ ბიოგრაფიას შეხვდება.
საერთოდ, დოკუმენტაციის კულტურამ ჩვენში ცოტა გვიან დაიწყო ფეხზე დადგომა. იმედია, ეს გამოფენას ხელს არ შეუშლის და აქ პოლიგრაფიული ხარისხის აფიშებიც საკმაოდ მოიყრის თავს. ასეც რომ არ იყოს, ნამდვილი კულტურული ანდერგრაუნდი კაპიტალისტურ ქვეყნებში ხშირად შეგნებულად ავითარებს დაბალი ხარისხის ესთეტიკას. მაგრამ ეს სულ სხვა, საკულტო ანდერგრაუნდია და ის ჩვენთვის მაინც იმდენადვე უცხოა, როგორც ამერიკული გრაფიტის ისტორია ჩვენში უკვე დაგვიანებულ მინიატურულ და იმიტირებულ გასართობად თუ იქცევა. რუსმა და კანადელმა არტისტებმა ძალზე სწორი სახელი მოძებნეს, როდესაც ოფიციალურის მიღმა დარჩენილ ავანგარდისტულ ხელოვნებას პარალელური კულტურა უწოდეს და ამით ანდერგრაუნდს მხოლოდ ყველაზე მემარცხენის, ანტი-ბურჟუაზიულის, იდეოლოგიურის და პოლიტიკური მეამბოხის აღნიშვნის პრეროგატივა დაუტოვეს. კანადაში ჟურნალიც კი გამოდიოდა ასეთი დასახელებით „პარალელოგრამა“. სამაგიეროდ, თბილისში მეტრო (ინგლისურად - ანდერგრაუნდი) გვაქვს, რომელიც მოსკოვისგან მალულად, დაბომბვის თავშესაფრის ნაცვლად აშენდა და მხოლოდღა მერე, დე ფაქტო ეცნობა უმაღლეს ინსტანციას, როცა უკვე ვერავინ ვეღარაფერს გახდებოდა. ამას მოჰყვა ჩინების და ადგილების დაკარგვა, მაგრამ თბილისმა 60-იან წლებში მეტრო მოიპოვა. ეტყობა, დადგა დრო, თბილისმა საკუთარი ანდერგრაუნდიც მოიპოვოს, რადგან ის უკვე აშენებულია და მის დანგრევას ნამდვილად ჯობს, უბრალოდ ვისარგებლოთ იმ ლოკალური თუ გლობალური კომუნიკაციებით, რასაც ის გვთავაზობს.
ავტორი: დავით ჩიხლაძე
![]() |
5 აქ თეატრია „მთავარ როლში“ |
▲ზევით დაბრუნება |
მიმოხილვა
ჩვენში სხვა შესაძლებლობა აღარც არსებობს, ნახო თეატრი, რომელიც განუდგა დრამატურგიის ანტიკურ საწყისებს და, მსგავსად ხელოვნების სხვა დარგებისა, ახალ პოეტიკას ეძებს. ეს მოდერნისტული, ავანგარდისტული ან ექსპერიმენტული თეატრები ზოგჯერ ლიტერატურას საერთოდ უარყოფენ, ან ტექსტის წარმოქმნის და დრამატურგიის თვისობრივად სრულიად ახალი საშუალებების ძიებით არიან გატაცებულები.
ბოლო დროს სცენასთან იკრიბებიან მაყურებლები, რეჟისორები, თეატრმცოდნეები, საერთოდ თეატრალები და მათი თანდასწრებით მსახიობები სცენაზე კითხულობენ ახალ პიესებს. ვერავინ იტყვის, რომ მაყურებელი აქედან ისეთივე კმაყოფილი არ წავა სახლში, როგორც რომელიმე სპექტაკლიდან. მით უმეტეს, თუ ჩვენს თვალწინ მთავარი როლი მტკიცდება ანუ ჩვენს წინაშეა 4 მარტს კინომსახიობთა თეატრში საკონკურსო საჯარო კითხვაზე წარმოდგენილი თამარ ბართაიას პიესა სახელწოდებით „მთავარი როლი“.
მოდერნისტული ინოვაციებით მოტივირებულმა ამ დრამატურგიულმა ნამუშევარმა საჯარო კითხვისას პოსტმოდერნისტული ესთეტიკის შექმნა დაიწყო და რეჟისორისთვის, ვინც ამ პიესის ადეკვატურ წაკითხვას მოახერხებს, ეს საკმაოდ სარისკო გამოწვევაც იქნებოდა ჩვენს კონტექსტში.
დარბაზში შევედით თუ არა, რატომღაც ჩვენს ფოტოგრაფს, ქეთი ცაავას ვუჩურჩულე, - ხედავ, დოკუმენტური რეპორტაჟის გარდა არაფერია გადასაღები და იქნებ ისე გადაიღო, რომ თითქოს ეს უკვე დადგმაა, უკვე სპექტაკლია, რეალობის სპექტაკლი.
მსახიობის, თამაშის გაუცხოება, პლავტუსიდან ბრეხტამდე, თეატრის თანმდევი აჩრდილია. მაგალითისთვის, მოლიერს აქვს ერთი ნაკლებად გახმაურებული პიესა „ვერსალის იმპრომპტუ“, სადაც პერსონაჟებად მისი რეალურად არსებული დასის წევრები გვევლინებიან და რომლებიც მთელი პიესის მანძილზე მხოლოდღა სპექტაკლის დასადგმელად ემზადებიან.
ამდენად, ის, რაც ისედაც საინტერესო უნდა ყოფილიყო ჩემი აკვიატებული იდეის გამო, თამარ ბართაიას პიესის „მთავარი როლის“ წარმოდგენისას ორმაგად მნიშვნელოვანი გახდა: ეს ხომ ისედაც იყო პიესა იმის შესახებ, თუ როგორ დგამს რეჟისორი სპექტაკლს და ამ პიესის მთელი ისტორია ისევე შედგება მხოლოდ საკუთარი თავისგან, როგორც მოლიერის „ვერსალის იმპრომპტუ“. საჯარო კითხვისას კი ამ ყველაფერს უნებლიედ დაემატა ეს დოკუმენტური აღწერა - თუ როგორ დგანან მსახიობები, როგორია მათი ცხოვრებისეული ჩაცმულობა, როგორ უცდიან საკუთარ რიგს ტექსტის კითხვისას - როლისა და სინამდვილის საზღვარზე.
მოკლედ, პიესის წაკითხვის ერთი კარგი პერსპექტივა გამოჩნდა. ეს პიესა რეჟისორ ნინო ბურდულს ჰქონდა მიწერილი პროგრამის მიხედვით. მე ისიც კი ვიფიქრე, როგორი საინტერესო, დღევანდელობის შესატყვისი ლიბერალური უტოპიაა, სპექტაკლი რეჟისორის გარეშე, დრამატურგის გარეშე. ისედაც ხომ თითქმის ასე მოხდა (მამიაც ხომ ეუბნება რომელიღაც მსახიობს, - შენ როლი არ გექნებაო).
ასეთ ეფემერულ აწმყოში (თეატრი ხომ ისედაც მოუხელთებელია) შესანიშნავები იყვნენ მსახიობები - იოკასტე (მაია გელოვანი), როლს რომ აპროტესტებს, ნუკა (ირინა გიუნაშვილი), თეატრის მხატვარს რომ თამაშობს და თან აქვე გვიცხადებს, - „მე არა ვარ მსახიობი, მე მხატვარი ვარ“; ჩვენ კი ამით საპირისპიროს გვახსენებს, რომ ის სწორედ მსახიობია პროფესიით და უკვე პერსონაჟიც; თეატრის ხელოსანი და ფილოსოფოსი (თემო ნატროშვილი), ტრაგედიის ტრუიზმს რომ შეგვახსენებს - წინასწარმეტყველებას შეიძლება გაექცე, მაგრამ ბედისწერას არა; და თვით მამია (გოგა პიპინაშვილი), რეჟისორი, ვისი პირადი გრძნობების გამო, სპექტაკლის ბედი დიდად არის დამოკიდებული მის შეყვარებულ ქალზე, რომელსაც დადა ჰქვია, რომელმაც თეატრი მიატოვა და არსად ჩანს.
ბოლოსკენ ეს უხილავი, შეყვარებული ქალიც თითქოს მოვიდა, თითქოს უნდა გამოჩნდეს და ყველას უხარია, დადა მოვიდა, დადა მოვიდაო! - იძახიან.
დადა (ანუ ხელოვნების დადაისტური მოძრაობა) როცა მოვიდა ციურიხში, მოდერნიზმის აყვავების ხანა დადგა კაპიტალისტურ ქვეყნებში და თუ ოიდიპოსის მითი კვლავ ბედისწერაზე მიგვითითებს, იქნებ ამჯერად ქართული თეატრის ეს ერთი შესაძლებელი ბედისწერა სულაც არ იყოს საშიში და ახალი ხედვისკენ, ახალი წაკითხვებისკენ გვიბიძგოს.
ავტორი: დავით ჩიხლაძე, ფოტო: ქეთო ცაავა
![]() |
6 ირანული კულტურის კვირეული თბილისში |
▲ზევით დაბრუნება |
მიმოხილვა
10 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, თბილისში ირანული კულტურის კვირეული გაიმართა, რომელიც ისლამური რევოლუციის გამარჯვების 30-ე წლისთავს მიეძღვნა. კვირეულის პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და ეს ღონისძიებები დედაქალაქის რამდენიმე კულტურულ კერას მოიცავდა.
10 მარტს გახსნის ცერემონიალი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა, სადაც უჩვეულოდ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. აქ მოვიდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, ირანისტები თუ უბრალოდ, ის ხალხი, ვინც პატივს სცემს სპარსულ კულტურას და დაინტერესებულია იცოდეს, რა ხდება მეზობელი ქვეყნის ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.
როგორც ამ დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა მოჯთაბა დამირჩილუმ აღნიშნა: „კვირეული კიდევ ერთი დასტურია იმ დიდი ინტერესისა, რაც ირანში საქართველოს მისამართით არსებობს. ჩვენს ქვეყნებს ტრადიციულად ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდათ და ეს ურთიერთობები განსაკუთრებით სისხლსავსე სწორედ კულტურის სფეროში იყო. სამწუხაროდ, დღეს ხელახლა გვიხდება აღმოვაჩინოთ ერთმანეთი და ჩვენი საელჩოს მიერ მოწყობილი კვირეულიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.“ სამხატვრო აკადემიაშივე გამართული იყო ხეზე კვეთის, ფერწერული, კერამიკული და კალიგრაფიული სახელოსნოები და დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, არა მხოლოდ ნიმუშები ენახა, არამედ თვალყური მიედევნებინა თვითონ სამუშაო პროცესისათვის.
დიდი გამოცოცხლება იგრძნობოდა კალიგრაფიულ სახელოსნოსთან, რადგან ქართველები, როგორც ჩანს, განსაკუთრებულად მიიზიდა ცდუნებამ - თავიანთი სახელები არაბული ანბანით ჩაკიწკიწებული ენახათ და ირანელი კალიგრაფებიც მოთმინებით აგვირისტებდნენ მათთვის ძალზე შეუჩვეველ და ყურისმომჭრელ ბგერათშეთანხმებებს. იქვე ირანული ტრადიციული მუსიკალური საკრავებისაგან შემდგარი ორკესტრი უკრავდა. მართალი გითხრათ, საქართველოს ჰიმნი ჩანგსა და ჩაღანაზე ძალიან უცხოდ და საინტერესოდ ჟღერდა, მაგრამ საზოგადოებას დიდი ინტერესი ამ მუსიკის მიმართ მაინცდამაინც არ გამოუჩენია. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენ ხომ მრავალხმიანები ვართ და აბა, ჩვენს ყურთასმენას როგორ აამებს ერთფეროვანი, მონოტონური, უსასრულოდ გაწელილი და აბლაბუდასავით გაბმული ჰანგი.
ამიტომაც ყველაზე მეტი სიხალვათე კვირეულის დღეებში ირანული ტრადიციული მუსიკის კონცერტებზე იგრძნობოდა, 10 და 12 მარტს - ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, ხოლო 13 მარტს თბილისის კონსერვატორიაში რომ გაიმართა.
სამაგიეროდ, მნახველი არ მოჰკლებია ირანული ფილმების ჩვენებასა და განხილვას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც სამი დღის განმავლობაში 8 ირანული ფილმი იქნა წარმოდგენილი. ამათგან ერთი მხატვრულ-დოკუმენტური, დანარჩენი კი მხატვრული.
ფილმები, ჩემი აზრით, ოდნავადაც ვერ ასახავდა ადეკვატურად თანამედროვე ირანული კინოს დღევანდელ მდგომარეობას. მასალა ირანულმა მხარემ შეარჩია და უფრო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საელჩომ უბრალოდ გამოიყენა ის, რაც ხელთ ჰქონდა, მხატვრულ ღირებულებაზე კი არავის უფიქრია.
გარდა ამისა, კინოჩვენების სერიოზული ნაკლი იყო ინგლისური სუბტიტრები. ცხადია, უკეთესი იქნებოდა წინასწარ ქართული თარგმანი მომზადებულიყო, რადგან საქართველოში ჯერჯერობით არცთუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის ინგლისური და ამიტომაც დარბაზი სეანსების დამთავრებამდე იცლებოდა.
მიუხედავად ამისა, მაყურებელმა, რომელიც ბოლომდე დარჩა, ვფიქრობთ, დიდი სიამოვნება მიიღო და გარდა ამისა, ირანული ყოფის უამრავი რეალია სულ სხვაგვარად, ახლოდან დაინახა, რადგან კინო ერთ-ერთი ის საშუალებაა, სადაც შეულამაზებლად და ასე თუ ისე რეალისტურად აისახება ქვეყანაში არსებული ვითარება, საკითხთა და პრობლემათა წყება, რომელიც ფილმის შემქმნელებსა და, შესაბამისად, მათ მშობლიურ საზოგადოებას აღელვებს. ამ თვალსაზრისით ირანული კინემატოგრაფის გაცნობა ქართველ მაყურებელს ერთ საგულისხმო დასკვნამდე მიიყვანს: ქართული და ირანული საზოგადოების წინაშე წამოჭრილი პრობლემები ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს და პრობლემათა ეს ანალოგიურობა ეროვნული ბუნების, ჩვენი ნაკლისა და ღირსებების გარკვეული მსგავსებიდან მომდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი ფილმების რეჟისორთაგან წელს საქართველოს მხოლოდ აბდოლ რასულ გოლბუნი სტუმრობდა. სწორედ მისი ფილმით „სამოთხე სადღაც სხვაგანაა“ გაიხსნა კინოჩვენების პროგრამა. 2003 წელს გადაღებული ეს სურათი დღემდე 20 საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობდა და ოთხჯერ გახდა სხვადასხვა კონკურსის პრიზიორი.
ფილმი ეხება ემიგრაციის ფსიქოლოგიური ძირების ძალზე მტკივნეულ და საქართველოსთვისაც მეტად აქტუალურ პრობლემას. 17 წლის ბიჭი, რომელიც ირან-ავღანეთის საზღვარზე, პატარა ქალაქში ცხოვრობს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წასვლაზე ოცნებობს. მეორეს მხრივ კი ავღანეთიდან მუდმივად გადმოდიან ირანში იქაური ემიგრანტები. მათი ბედისწერის გააზრება, რეჟისორს ერთი მარადიული პრობლემის თავისებური ინტერპრეტაციისათვის სჭირდება: ადამიანი მუდმივად ესწრაფის სადმე წასვლას, რაკი ჰგონია, რომ სამოთხე, აღთქმული მიწა სადღაც სხვაგანაა, თუმცა შესაძლოა სამოთხე სწორედ იქ იყოს, სადაც ვცხოვრობთ. გააჩნია, ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ადგილი, სადაც ღმერთმა ცხოვრება დაგვაკისრა, სამოთხე ყოფილიყო. წლევანდელი ირანული კულტურის კვირეული ქართველ საზოგადოებას დაეხმარა შინიდან გაუსვლელად ენახა ირანი, ზიარებოდა ამ ქვეყნის კულტურას და სწორი წარმოდგენა შექმნოდა მის თანამედროვე ყოფა-ცხოვრებაზე. ამ მხრივ მადლობის მეტი რა გვეთქმის ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მისამართით, რომელმაც ღონისძიების მაღალ დონეზე დაგეგმვა და ჩატარება მოახერხა.
სასურველია თუ ასეთი კვირეულები ტრადიციად იქცევა და მუდმივად, ყოველწლიურად მოგვეცემა შესაძლებლობა, თვალი მივადევნოთ ჩვენს უახლოეს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ პროცესებს.
ავტორი: გიორგი ლობჟანიძე, ფოტო: ქეთო ცაავა
![]() |
7 ქარს ქსოვენ უძაფო დაზგები... |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი
ცხრა აპრილიდან ოცი წლის შემდეგ
ავტორი: დავით ბუხრიკიძე
ფოტო: გოგი ცაგარელი
ცხრა აპრილის ტრაგედიის ფხიზელი და მიუკერძოებელი შეფასება არ მომისმენია; შეიძლება იმიტომ, რომ ისტორიას მართლმსაჯულების ენით ლაპარაკი არ შეუძლია. მას მხოლოდ სუბიექტივიზმით დაღდასმული ავტორები თხზავენ. ან იმიტომ, რომ ბოლომდე გაცნობიერებული სიმართლის მოსასმენად ჯერ მზად არა ვართ.
საქართველოში საბჭოთა სისტემის დასასრული მთავრობის სასახლის წინ 60-იან წლებში აღმართულ, მუხინას კიჩური სოციალიზმით შთაგონებული ქანდაკებების დამხობას წააგავდა. სწორედ ამ გიგანტურ და მახინჯ მუშათა და კოლმეურნეთა ქანდაკებების ფონზე, 1989 წლის ცხრა აპრილის გამთენიისას გათამაშდა უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლშეწირვის რიტუალი: ეროვნული მოძრაობის ეგზალტირებული ლიდერების, აგონიაში მყოფი საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისა და დამსჯელი საბჭოთა ჯარის მონაწილეობით. დაიღუპა ათობით ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა რამდენიმე ათასი.
ცხრა აპრილის წინა დღეებში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის აქციას ასობით მოშიმშილე შეუერთდა. ხოლო რვა აპრილის საღამოს, როცა დარბევის საფრთხე რეალური იყო, ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ირინა სარიშვილი, თამარ ჩხეიძე და ა.შ.) აქციის გადატანასა თუ შეწყვეტაზე უარი თქვეს. დილის 4 საათზე რუსთაველზე ფიზიკურადაც კი იგრძნობოდა ბრმა მეჩონგურეების სიმღერის ფონზე გაწელილი წუთების უსასრულობა, მეტაფიზიკური შიში მოსალოდნელი დარბევის წინ და მებრძოლური ხალხურ-კარნავალური სულისკვეთება.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილებს ტაძარში წასვლისა და ლოცვისაკენ მოუწოდა.არადა, ათასობით ადამიანი ანთებული სანთლებით ხელში მაინც მონუსხულებივით შეჰყურებდა იქ მყოფ ლიდერებს და რაღაცას ელოდა. ამავე დროს უცნაური ექსტაზით შეპყრობილნი, თითქოს შეთანხმებულებივით ილტვოდნენ თავგანწირვისა და სიკვდილისკენ, ანუ თავისუფლებისაკენ. ცხადი იყო, რომ მაშინ რუსთაველიდან ფეხს არავინ მოიცვლიდა.
აქცია მთავრობის სახლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ისე სწრაფად გადაიზარდა დრამატულ-თეატრალური სანახაობიდან ტრაგედიაში, რომ არც ორგანიზატორებს, არც მსხვერპლს, არც ჯალათებს და არც რიგით ობივატელს მისი მნიშვნელობა ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონიათ. 9 აპრილმა განაჩენი გამოუტანა არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ ადგილობრივ კომუნისტურ ხელისუფლებასაც.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ვიდრე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი დამსჯელი მერვე ლეგიონისა და დარბევის ოპერაციის ხელმძღვანელის, გენერალ როდიონოვის მოწვევას გადაწყვეტდა, თანხმობა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და ინტელიგენციას ჰკითხა, რომლებმაც ეს გზავნილი ინსტინქტურად „სწორად“ გაიგეს. ცინიკური ის არის, რომ მოვლენების მსგავსი სცენარი და განვითარება ეროვნული მოძრაობის ლიდერებსაც აწყობდათ, რადგან იმ მომენტში მათი მნიშვნელობა და როლი ასმაგდებოდა. დისკრედიტირებული კომუნისტური რეჟიმის ფონზე, გზა ხელისუფლებისკენ გახსნილი იქნებოდა.
უკვე დღევანდელი გადასახედიდან, ოცი წლის შემდეგ ცხრა აპრილის აქცია გამოცხადებული დასჯის ქრონიკას ჰგავს. ყველამ ყველაფერი იცოდა - მაშინდელმა ხელისუფლებამ, აქციის ორგანიზატორებმა, მიტინგებზე დროებით „დასახლებულმა“ ხალხმა, საბჭოთა ჯარმა. მაგრამ ტრაგედია მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა. ბრძოლისა თუ ხელისუფლების წყურვილით დაელექტროებული ახალი დროის ლიდერები, დაუმორჩილებლობისა და სიჯიუტის ატმოსფერო... ეს ბედისწერის გარდუვალობის შეგრძნებას უფრო ჰგავდა, მაგრამ ეს დასასრულიც შეიძლება ყოფილიყო და დასაწყისიც. მაშინ ამაზე არავინ ფიქრობდა, რადგან უმთავრესი ღირებულება - თავისუფლება, ჯერ გაუცვეთელი და შეუცნობელი, ფანტომებისა და ძალადობისგან შეუბღალავი ჩანდა.
1989 წლის აპრილი ამბიციური ეროვნული ლიდერებისათვის, თუ სხვა კონკრეტული პიროვნებებისათვის უკომპრომისობას, წლობით დაგუბებულ ოცნებას და ამავდროულად რევანშს ნიშნავდა. ისიც მჯერა, რომ ცაიტნოტსა და ხაფანგში მომწყვდეული საქართველოს ხელისუფლება რაღაც გამოსავალს ეძებდა მოსალოდნელი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. ინტელიგენციას კი სამუდამო სინდისის ქენჯნად გაჰყვა დამსჯელი ჯარის შემოყვანაზე ირიბი დასტური და პილატესავით დაბანილი ხელები... თუმცა, ამ ყველაფერს მაშინ საბედისწერო რანგის ეგზისტენციური ნიშნული ჰქონდა: თავისუფლება ან სიკვდილი.
აქციების დროს შიში საბჭოთა სისტემის მიმართ აღარ იგრძნობოდა და ეს ნიშნავდა, რომ აღარც სიკვდილის შიში არსებობდა. აპრილის იმ ერთ კვირაში მერყეობა და გაურკვევლობა თითქოს სადღაც გაქრა. ათწლეულობით შემაკავებელმა საბჭოთა აკრძალვებმა, დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო. სიცრუით შენიღბულმა მორალმა და გაცვეთილმა კანონებმა ძალა, სიმძიმე და გრავიტაცია დაკარგა. და ამ სითამამემ ნარკოტიკული ზემოქმედება მოახდინა - ჩვენივე ნებით გადავეშვით უფსკრულში, რომელიც მონატრებული თავისუფლების სახელით გვიხმობდა.
კარგად მახსოვს ტრაგედიის წინა დღეებში გადაკეტილი რუსთაველი. ათასობით მოსეირნე წყვილი. გამოპრანჭული ქალები მაღალ ქუსლებზე და მომღიმარი კაცები გახამებულ პერანგებში, რადგან უჩვეულოდ თბილოდა. მთელ ხმაზე ჩართული რადიო ხან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიას, ხან „მოწინავე ინტელიგენციის“ ჭკუისდამრიგებლურ გაფრთხილებებს, ხანაც დისიდენტების გამოსვლებს გადასცემდა. მაგრამ არსად და არასდროს ყოფილა აკაკის „განთიადი“ (ცხადია, ავტორის წაკითხული) ასე ზუსტი და დროული. მისი სუსტი, ოდნავ მოცახცახე ხმა მთელ ჩვენ მითიურ, ამაოდ ნასწავლ ისტორიას ირეკლავადა და გვაზიარებდა რაღაც უფრო დიდსა და მნიშვნელოვანს, ვიდრე რუსთაველზე გამართული მთელი ეს პოლიტ-ფოლკლორი.
აპრილის შემდეგ ასეთი ლაღი და უდარდელი ხალხი აღარც მინახავს. მგონია, რომ სწორედ მაშინ დასრულდა სოციალური უდარდელობისა თუ პოლიტიკური ინფანტილურობის ხანა საქართველოში და დაიწყო გაუთავებელი სახელისუფლო ბრძოლით ნაკვები სპეკულაციები, რომელიც დღემდე გრძელდება, და რომელმაც უმთავრესი - სამოქალაქო მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და არჩევნების თავისუფლება ვერ მოგვიტანა. როცა ათასობით ადამიანი ათეული წლების განმავლობაში ჯერ მონდომებით ანგრევს და შემდეგ თავად ქმნის ლიდერის კულტს და არ შეუძლია რაციონალიზმი იქ მაინც დაინახოს, სადაც აუცილებელია, მაშინ გამეორებული შეცდომები სიბრიყვის მეტაფორად იქცევა.
არადა, რა მარტივი და ზუსტი იქნებოდა მხოლოდ დათმენა, ამბიციებზე უარის თქმა, უბრალოდ სიჩუმე, ხანგრძლივი პაუზა, დაფიქრება ხვალინდელ დღეზე... რომ არაფერი ვთქვათ, სხვისი სიცოცხლის მიმართ პასუხისმგებლობაზე. „ჯოს“ ძახილით გაყრუებული მოედნიდან წასვლა კი ღალატს ნიშნავდა, მაშინ, როცა საჯაროდ და საზეიმოდ გამზადებულ სასაკლაომდე რამდენიმე საათი რჩებოდა. „ლესია უკრაინკას და ბესიკის ქუჩაზე ჩაფხუტიანი, გიგანტური ზომის ჯარისკაცები დავინახე. სრული შეგრძნება მქონდა, თითქოს გაპარსული ორანგუტანგები იყვნენ, - იგონებს რეჟისორი გულსუნდა სიხარულიძე, - ირგვლივ ტანკები და ათასობით შეიარაღებული ჯარისკაცი იდგა, მთავრობის სახლის წინ კი ცეკვა-თამაში იყო გამართული. ეს რაღაც არარეალურის, უფრო ზუსტად, დროში აცდენილი მოვლენების თანხვედრას ჰგავდა. ხალხი სრულიად სხვა ფსიქოლოგიურ რეალობაში იმყოფებოდა, მაშინ, როცა სხვა რამე ხდებოდა რუსთაველის პროსპექტის მიღმა.“
ამგვარი არარეალურობის მეტაფორას აღბეჭდავს ვიდეოკამერაც, როცა გამწარებული ახალგაზრდა ტანკს ჯოხს ურტყამს. ეს აკონკრეტებს გულწრფელი ამბოხის უსუსურობას ძალადობასთან შედარებით. უფრო ზუსტად, სინამდვილესა და წარმოდგენას შორის გაწყვეტილ კავშირს. ქართველის ემოცხელი შოკოლადი 23 ციური და ფეთქებადი ბუნება ყველზე კრიტიკულ მომენტში გმირულ მსხვერპლშეწირვას გულისმობს და არა რეფლექსიას და დაეჭვებას. ხოლო როცა მრისხანების ჟამს გონება მოქმედებაში არ მონაწილეობს, ვღებულობთ იმას, რაც მივიღეთ.
ჯერ ყოფილი დისიდენტი, ზვიად გამსახურდია. თავისი ნაციონალური იდეებით, მიუღწეველი სამოქალაქო მშვიდობით, სრულიად ირაციონალური ხელისუფლებით, აღზევებით და დაცემით. შემდეგ ფხიზელი ნეოკომუნისტური ხელისუფლების რეინკარნაცია. შევარდნაძის ამბიციური დასაწყისით (გაერო, ნატო, ევროსაბჭო, ნავთობსადენი) და კორუმპირებულ ჭაობში აღსრულებული ფინალით. და ბოლოს, „ვარდების რევოლუციის“ მითი - „ჭაბუკების ხელისუფლება“ (გაიხსენეთ იერემიას წყევლა ბიბლიიდან), უცნაური და ამბიციური გავეშება („პირველად ისტორიაში“), ლამაზ ფორმებში გამოწყობილი „პატრულით“ და შეღებილი სახლებით რეკლამა. და გაუთავებელი დაჭერების ტელესეანსები. თუმცა გასული წლის აგვისტოს ომმა სააკაშვილის ხელისუფლების მითი საამაყო გზებთან, სახლებთან და სკვერებთან ერთად, საბოლოოდ დაანგრია.
საქართველოში დაუსრულებელი „ცხრა აპრილების“ უმთავრესი დრამა გზასაცდენილი საზოგადოების გულუბრყვილო ვერსიებშია - თითქოს არსებობა, როგორც ასეთი, აუცილებლად რაღაც იდეებისთვის ან ვიღაცის უფლებებისთვის ბრძოლისა და მსხვერპლშეწირვის რიტუალია. ამის შემდგომ ხელისუფლების უჭკუობით თავსდამტყდარი ტრაგედიებით მუდმივი თვითგვემა ცალკე საუბრის თემაა. სპეკულაციისათვის დრო და ადგილი ყოველთვის არსებობს: რუსეთი ისევ ახლოა, უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები უხვადაა, შეუმდგარი თუ ამბიციური ლიდერები კი არასოდეს გრძნობენ სირცხვილს ჩადენილის გამო. ქვეყნის ნორმალური არსებობა საღი გონებით მოძებნილ პერსპექტივას გულისხმობს, რაც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ფუფუნებაა.
მიუღწეველი შესაძლებლობა, როგორც „უძაფო დაზგებით ქარის ქსოვა“. ჩვენი ყოფნა (ან იქნებ არყოფნა?!) - ტომას ელიოტის ცნობილი ლექსის, „ჯერონშენის“ მეტაფორა. ელიოტის ლექსი ძველ, დანგრეულ სახლში მცხოვრებ მოხუცზე, რომელიც ქარსა და წვიმას ამაოდ ელოდება. ეს არის შეცდომებისა და მცდარი წარმოდგენების მუდმივი გამეორება, რომელიც ლექსს ირონიულ სევდას ანიჭებს. იობის წიგნშიც ხომ დაახლოებით ასეა - უდაბნოს ქარი, როგორც მუდმივი იმედებისა და ილუზიების საფუძველი.
ცხრა აპრილიდან ოცი წელი გავიდა, მაგრამ მოჯადოებული წრის გარღვევა შეუძლებელია. მუდმივად გადავადებული მოლოდინი პერსპექტიულ სიცხადეს - რა იქნება ხვალ - არ შეიცავს. ერთ დროს საამაყო საქარავნო გზები, რომელსაც დღეს სანავთობო დერეფანი და სტრატეგიული გზაჯვარედინი ეწოდება, ჩვენივე უჭკუობით პოლიტიკურ ჯვარცმად ვაქციეთ, რომელზეც, ცხადია, ყველაზე დავიწყებულები, სუსტები და დაუცველები გავაკარით.
„დამოუკიდებლობა გვჭირდება იმიტომ, რომ საკუთარი თავი ხელახლა დავინახოთ“ - წლების შემდეგ მერაბ მამარდაშვილის ეს ზუსტი კომენტარი, შესაძლოა ვიგრძენით, მაგრამ გამოცდილებად არ ვაქციეთ. რადგან ამგვარი ეგზისტენციური ყოფა უშფოთველი და უდარდელი ცხოვრების შედეგი იყო. ქვეყნის დამოუკიდებლობის ორი ათწლეული ისე განვვლეთ, რომ მატყუარა, დეფორმირებულ სარკეებში ლამაზ ანარეკლებს ვხედავდით და ვერ ვამჩნევდით სინამდვილეს. მხოლოდ ისინი მლიქვნელობდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ყველაზე ლამაზები ვართ, რომლებსაც ფიფქიაც და დედინაცვალიც ფეხებზე ეკიდათ. და როცა გასული წლის აგვისტოში ნამდვილი ეგზისტენციური კრიზისი დაგვიდგა, მარტო დავრჩით. აბსოლუტურად მარტო! წარსული შეცდომებისა და ხელისუფლების ბრიყვული თვითკმაყოფილების ამარა.
„არ შეგეშინდეთ, ძალიან შორს თუ შეტოპავთ, რადგან ჭეშმარიტება კიდევ უფრო შორსაა“. დეკარტეს ამ სენტენციის გაცნობიერების სურვილი და მზაობა ალბათ მოგვიანებით დადგება. როცა ფსევდოპატრიოტული ვნებების ქარიშხალი ჩაივლის და დროშების ფრიალს თუ ომების უნიჭო წამქეზებლებს ამოფარებული ხელისუფლება იმაზე მაინც დაფიქრდება, სად არის გამოსავალი. იქნებ, ჩვენ გვსურდა რაღაც კალვინისტური სიშიშვლის დემონსტრირება - აი, შეგვხედეთ, ესა ვართ რაც ვართ. თავისუფალნი და ამაყები, მაგრამ გამოგვივიდა ხანგრძლივი თეატრალური კარნავალი - ბრმა მეჩონგურეებით, მოქკავშირზე შეთხზული სიმღერებით, შადრევნებით, საბავშვო საქანელებით... აღმოჩნდა, რომ „პატარა მსხვერპლით დიდი თავისუფლების მიღწევა“ (როგორც ამას ერთ დროს ეროვნული მოძრაობის ლიდერები ვარაუდობდნენ) შეუძლებელია.
ვიდრე გაიგებ რა გსურს, ან ხარ თუ არა დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, ჯერ მოწინააღმდეგის პრინციპები და არგუმენტები უნდა ჩამოთვალო და გააანალიზო... მაგრამ რაც უფრო გეზიზღება მოწინააღმდეგე, მით უფრო დიდია ცდუნება, ჭეშმარიტებას დაშორდე ან მისგან შეგნებულად გადაიხარო; ყველა არგუმენტი ბოროტებას მიაწერო და არა რეალობას.
საკმარისია, დაუსხლტე ბოროტების იმპერიას, რომ შენი ცხოვრება თავისუფლების ნიშნით წარიმართება. ამავე დროს, საკუთარ წარუმატებლობას მხოლოდ იმპერიას მიაწერ და მუდმივად მსხვერპლის როლს შეასრულებ. ეს თავის მოტყუების ძალიან ნაცადი ფორმაა: გამუდმით და ზუსტად ვეწერებით მსხვერპლისა და ჯალათის პარადიგმაში და ამით უცნაურ მაზოხისტურ სიამოვნებასაც ვიღებთ. ხოლო როცა გინდა იყო მსხვერპლი, ეს ნიშნავს, რომ არ გინდა და არ იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ საქციელზე. მსგავსი რამ კი ინფანტილურ ბავშვებსა და მოხუცებს სჩვევიათ. პოლიტიკური ზრდასრულობა ჩვენ რატომღაც არ შეგვეხო, რადგან შევეჩვიეთ დამსხვრეულ იმპერიასთან მუდმივ ანგარიშსწორებას. ალბათ ცხრა აპრილიც სწორედ ამის პირველი და ყველაზე გულწრფელი გამოვლინებაა.
ჩვენ ტოტალიტარული ყოფისა და ახალი, შეუცნობელი ყოფიერების ბნელი გვირაბიდან გამოვდივართ... ნელა, მტანჯველი რეფლექსიებით, მაგრამ მაინც გამოვდივართ. ამიტომ შეუძლებელია, არ ვატარებდეთ ამ საშინელი და სისხლიანი გამოცდილების კვალს, როცა რამდენიმე თაობა იბადებოდა და იზრდებოდა იმ ატმოსფეროში, სადაც ძალადობა ჯერ კიდევ ახსნილი არ არის. ის ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული და ჩვენ თავზე ირხევა და მოძრაობს. განა შეიძლება იქიდან ანგელოზის ფრთებით გამოხვიდე? ან იტირო, გაბრაზდე, განრისხდე და ამით ვინმეს გული მოიგო? ეს არასერიოზული იქნებოდა.
9 აპრილის ფენომენი ორი რეალობის დაჯახებას ჰგავდა. ეს ცნობილი დიალექტიკაა - ჯალათი და მსხვერპლი. ნებისმიერი ტრაგედიის შემდეგ დგება მომენტი, როცა გაშიშვლების სურვილი იმდენად დიდია, რომ გინდა ამის შესახებ ყველას მოუყვე და ამით რაღაც უფრო საშინელი და შეუცნობელი ჭეშმარიტება გამოააშკარავო, როგორც, მაგალითად - „ოიდიპის მეფეში“; ან გინდა, სურვილი რეალობად აქციო და მერე თავად დაიჯერო ეს ახალი რეალობა.
...„ჯერონშენის“ ჩამონგრეულ სახლში მეხსიერებადაკარგული მოხუცი წარსულსა და აწმყოში მოგზაურობს. ელიოტი სიზმრადქცეულ რეალობას უბრალოდ და გულწრფელად აღწერს: „მე, მოხუცი კაცი - ფუტურო თავით, ქარიან სივრცეებს შორის ვარ გაჩხერილი“. ალბათ ჩვენც ასევე ვართ წარსულ და დამდეგ ცხრა აპრილს შორის გაჩხერილები; თანაც, ჯერ არაფერი დამთავრებულა, მხოლოდ ახლა იწყება - ამჯერად საქართველოს ნარჩენების სახელით.
![]() |
8 თვალი თვალის წილ? ასე ხომ მთელი მსოფლიო დაბრმავდება |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი
რამდენადაა დაკავშირებული საქართველოს საგარეო პოლიტიკა ქართულ სასკოლო ცხოვრებასთან?
ავტორი: მარკ მალენი
ინგლისურიდან თარგმნა რუსიკო ამირეჯიბმა
წარმოიდგინე, რომ ხარ პატარა ბიჭი, რომელიც თავისზე უფროსმა ან ფიზიკურად უფრო ძლიერმა ბიჭმა დაჩაგრა, გალახა სკოლაში ან ეზოში. რას იზამ? პირველი, რაც თავში მოგდის და სოციალურად მისაღებ საქციელადაც ითვლება, ის არის, რომ ვინმეს დახმარება სთხოვო. თეორიულად იმის შანსი, რომ უფროსი ძმა, ბიძაშვილი ან სხვა ახლობელი გამოგესარჩლოს და „ჭკუა ასწავლოს“ შენს დამჩაგვრელს, რა თქმა უნდა, არსებობს. ასევე არსებობს იმის შანსი, რომ ასეთი პიროვნება ვერ იპოვო, ვთქვათ, იმიტომ, რომ შენი ძმა თუ ახლობელი ბევრად უფროსია და არ სურს ბავშვების საქმეში ჩარევა. მოზრდილი ასაკის გამო, მან შეიძლება ღირსეულ საქციელად არ ჩათვალოს შენი დამჩაგვრელის დასჯა. შეიძლება მას საკმარისი ავტორიტეტი არ აღმოაჩნდეს და შენმა დამჩაგრავმა ყურადღება არ მიაქციოს მას. შესაძლოა, სულაც არა გყავს მოზრდილი ახლობელი ან შორს გყავს (სხვა სკოლაში სწავლობს და ა.შ.). ასეთ „ჭკუის მასწავლებელს“ კი მუდმივი ყურადღების ქვეშ ვერ ეყოლება შენი დამჩაგვრელი და შეიძლება კიდევ გაილახო. აქ დისტანციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
დავუშვათ, რომ ახლოს გყავს სანდო პიროვნება და ის გამოგესარჩლა კიდეც. ეს შექმნის ახალ დინამიკას შენს დამცველსა და მოწინააღმდეგეს შორის. პრობლემა კი არ მოგვარდება, არამედ მოზრდილ ბიჭებს შორის მუდმივ დაპირისპირებაში გადაიზრდება: ჩამოყალიბდება ალიანსები თუ ჯგუფები, სადაც რიცხოვნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება. ასეთმა გამოსავალმა შეიძლება იმუშაოს კიდევაც, ვინაიდან ალიანსების უპირატესობა, ვთქვათ სკოლაში ან კლასში, ისაა, რომ დროშიც და სივრცეშიც ისინი მუდმივად აქვე არიან. ყურადღება არ დუნდება. თითოეულ ალიანსს სათავეში უდგას ძლიერი ლიდერი (ყოჩი) და ჰყავს დასაცავი ობიექტი, რომელმაც, სხვათა შორის, დაცვის სანაცვლოდ, ადრე თუ გვიან რამე უნდა გაიღოს, თორემ დაუცველი დარჩება. საფასური სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს.
თუ ამ მექანიზმმა თავიდანვე არ იმუშავა ან ვეღარ იმუშავა გარკვეული დროის შემდეგ, მაშინ რას იზამ? სკოლის ხელმძღვანელობას ჩააყენებ საქმის კურსში, ასე ვთქვათ, „ჩაუშვებ“ შენს მოწინააღმდეგეს? „ჩამშვების“ იარლიყი შეიძლება დიდხანს შეგრჩეს და ბევრი უსიამოვნება მოგიტანოს ცხოვრებაში. არა, ამას ვერ იზამ.
მაშასადამე, უნდა იჩხუბო. მაგრამ შენი მოწინააღმდეგე რომ უფრო დიდი და ღონიერია? ისტორიული მითოლოგია სავსეა მაგალითებით, როცა პატარა, მაგრამ გულადი ძალა თავისზე ძლიერს გაუმკლავდა ან გამკლავების მცდელობას შეეწირა. ეს ღირსების დაცვის კეთილშობილურ მისწრაფებადაა მიჩნეული. ამიტომ ჩხუბისთვის თავის არიდება მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარ განწირული ხარ დამარცხებისთვის, უღირსი მიზეზია. ამაზე ნურც იფიქრებ.
როგორ უნდა დაამარცხო ჩხუბში შენზე ფიზიკურად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე? მე გეტყვი: მოულოდნელობით. პირველმა დაარტყი და რაც შეიძლება მაგრად. სანამ ის აზრზე მოვა, ურტყი გაუჩერებლად, და ვიდრე მიხვდება, რა ხდება, უკვე საკმაოდ დასუსტებული იქნება. ეს რომ გააკეთო, უშიშარი უნდა იყო. ამას კი პრაქტიკა სჭირდება. შენმა ტაქტიკამ რომ გაამართლოს, ეს რამდენჯერმე უნდა ჩაიდინო, მერე შიშსაც დაძლევ. არ დაგავიწყდეს, რომ შენ მიერ წამოწყებულ ჩხუბს მეგობრები შეასწრო, ან უამბო მაინც ამის შესახებ. ეს დაგეხმარება მოგვიანებით ერთობლივი მითის შეთხზვაში.
კი მაგრამ, ჩხუბის წამოწყება ხომ ცუდი საქციელია, - იკითხავ შენ. სრულებითაც არა. მართალია, შეიძლება თავის მართლება დაგჭირდეს, რომ სხვა გამოსავალი არ გქონდა და აუცილებლად პირველს უნდა დაგერტყა, მაგრამ ეს მერე. ახლა კი, თუ პირველი დაარტყამ, შეიძლება მოიგო კიდეც. წარმოგიდგენია, რა ტრიუმფია პატარა ბიჭისთვის? თუ დამარცხდები, იმას მაინც დაამტკიცებ, რომ მშიშარა არა ხარ. ის კი, თუ ვინ დაიწყო ჩხუბი, რთული, მაგრამ მეორეხარისხოვანი საკითხია.
მომხდარის ბევრი ვერსია გავრცელდება. შენ და შენს მეგობრებს ერთი ვერსია გექნებათ, სხვებს - სხვა. ნეიტრალური მაყურებელი კი, რომელმაც დაინახა, რომ პირველმა შენ დაარტყი, სავარაუდოდ, არ მოისურვებს შენს გადამტერებას, მით უმეტეს, თუ ბრძოლაში გაიმარჯვე. ფიზიკურად ძლიერი მტრის ჩხუბში დამარცხება სხვაგვარადაც შეიძლება: იარაღით. იარაღის ტარებამ, თან თუ ბედიც გწყალობს, შეიძლება ბოლო მოუღოს შენს ჩაგვრას, მაგრამ ალბათ უფრო სავარაუდოა, რომ შენმა მოწინააღმდეგემაც ჩაიდოს იარაღი. იარაღს საიდუმლოდ ვერ ატარებ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, გინდა მტერი შეაშინო და დაანახო ეს იარაღი; მეორეც იმიტომ, რომ ერთი სული გაქვს, მეგობრებს ანახო ეს თვალწარმტაცი ნივთი; მესამე კი იმიტომ, რომ მასში შენი ადრინდელი დამარცხების ერთგვარ კომპენსაციას და ძლიერების სიმბოლოს ხედავ: არ გეშინია, იარაღი, ვთქვათ დანა, მუდამ თან გაქვს და ყოველთვის მზად ხარ ჩხუბისთვის. გაითვალისწინე, რომ ამის შემდეგ შენი მოწინააღმდეგეც ჩაიდებს დანას.
მაშ ასე, ორივეს გიდევთ დანები და, როგორც ჩანს, ორივე მზად ხართ ისინი იხმაროთ. მაგრამ შენ უპირატესობა აღარ გაქვს, ვინაიდან მოწინააღმდეგე უფრო დიდი ან ფიზიკურად ძლიერია. გამოსავალი? უფრო დიდი დანის ან უფრო შთამბეჭდავი იარაღის შოვნა და იმის იმედი, რომ შენი მოწინააღმდეგე იმავეს არ იზამს. განა არ იზამს?
აქამდე როგორ მიხვედი? თავიდან ჩხუბი ხომ თავშიც არ მოგსვლია. იყავი შენთვის, არავის აწუხებდი, სანამ იმ ჩხუბისთავმა არ გაგლახა ისე, როგორც ბევრი სხვა გაულახავს მანამდე! როგორ უნდა მოიქცეს პატარა ბიჭი, რომელსაც არც ჩხუბი უნდა, მაგრამ არც მშიშარას რეპუტაცია ხიბლავს? ან თუნდაც დიდი ბიჭი, რომელსაც ჩხუბი არ უყვარს ან დანიანი მოწინააღმდეგის ეშინია? პატარა და მშიშარა ერთია, მაგრამ დიდი და მშიშარა კიდევ სულ სხვაა. არა, არა, ჩხუბს თავს ვერ აარიდებს. რაც უნდა იყოს, ეს ღირსების და პატივის ამბავია!
ისეთი ბიჭებიც ხომ არსებობენ, რომლებიც საერთოდ არ ჩხუბობენ? რა მიზეზიც უნდა დაასახელონ საიმისოდ, თუ რატომ არ ჩხუბობენ, ვერავის დაარწმუნებენ, რომ ნამდვილი მიზეზი სიმხდალე არაა. გაბატონებული აზრით, ისინი სუსტები არიან და არავის დამარცხება არ შეუძლიათ. მოკლედ, მშიშრები გამოდიან. აბა, სხვა რა უნდა იყოს?
რა ცხოვრებისეულ გაკვეთილს სწავლობს პატარა ბიჭი, რომელიც დიდმა ბიჭმა გალახვისაგან დაიხსნა? რა არჩევანს გააკეთებს ის ცხოვრებაში (იქნება ეს პირადი, პოლიტიკური თუ ფინანსური სფერო), როცა საზოგადოებაში უშიშრობა უფრო მოსაწონი თვისებაა, ვიდრე საღი აზრის ქონა? ერთგულება უფრო ფასობს თუ სიმართლე?
რა ელით ამ ბიჭებს?
![]() |
9 საკანი, როგორც ბაქანი და რომელმაც ჟაკანი უცნობის ნაცნობი სახე |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი
ავტორი: დავით ბუხრიკიძე
REUTERS
„უცნობად“ წოდებული გიორგი გაჩეჩილაძე - ყოფილი მსახიობი, ამჟამად ბარდი, მომავალში ალბათ საზოგადო მოღვაწე, სატელევიზიო პიარტექნოლოგი და, უბრალოდ, ალალი თბილისელი კაცი, ორი თვეა, ნებაყოფლობით ჩაჯდა სატელევიზიო „საკანში“; აღთქმაც კი დადო, რომ „სანამ ტირანი მიშა არ წავა, ციხიდან არ გამოვა“. ტელეკომპანია „მაესტრო“ ლაივ-შოუს რეჟიმში დეტალურად გვაცნობს უცნობის სადღეღამისო ცხოვრების რიტმს - ყავის სმიდან დაძინებამდე, გულღია მასპინძლობიდან უმიზეზო გავეშებამდე, ძიძიგურიდან ალასანიამდე, ტურაშვილიდან სტურუამდე, მარტივი პოეზიიდან შედარებით რთულ პოლიტიკურ ინტეგრალებამდე. არანაირი ეჭვი და პესიმიზმი, რომ რაღაც მთლად ისე ვერ არის. ცხადია, ყველაფერი გამოვა და, რაც მთავარია, ყველაფერი სამშობლოსა და მომავლის სახელით მოხდება.
მართალია, ლამის 24-საათიან რეჟიმში მომუშავე „საკანი N5“-ს ცოტა აგიტ-პრომის იერი დაჰკრავს, ხოლო „პატარა გრეჩიხას“ რვამარცვლიანი ლექსები ბოლომდე ვერ გამოხატავენ მის მოქალაქეობრივ გულისტკივილსა და ესთეტიკურ პათოსს, მაგრამ თავის დროზე არც მიშას დაუკრეფია ვარდები უეკლოდ; თანაც მარტო სატელევიზიო „ყუთში“ კი არ იჯდა, ქუჩებშიც ძალიან ბევრს დარბოდა და მასაჟისტებისთვის ხომ ნამდვილად არ ეცალა. მაგრამ როგორც მას „საკნიდან“ ემუქრებიან, ქუჩის მოტანილს ისევ ქუჩა წაიღებს.
პოეტის, მუსიკოსისა და რევოლუციის ტრიბუნის, გიორგი გაჩეჩილაძის სატელევიზიო რეფრენი: გივი, გივი, გივი... შეიძლება გავიგოთ როგორც გამოცხადებული სამოქალაქო აკვიატება ან პერსონიფიცირება; უკეთეს შემთხვევაში, როგორც საშუალება მთვლემარე მოქალაქეობრივი ცხოვრების გამოსაფხიზლებლად. ამასთან „პატიმრის“ ლექსიკური მარაგის სიმწირე, მოწვეული სტუმრების დახარისხება და პოლიტიკური თვალსაზრისით გამარტივებული, ერთგანზომილებიანი მსჯელობანი „მაესტროს“ მაყურებლისთვის ხელისშემშლელი სულაც არ არის. არც „ვარდისფერი“ საზოგადოებრივი მაუწყებელი შესთავაზებს მას რამე უფრო ღრმას და დამაფიქრებელს, არც „რუსთავი 2“ გაბედავს და რაიმე მოქალაქეობრივ აქციას ჩაიდენს. უიმედოდ გაყიდულ „იმედსა“ და აქუბარდიას ერთოთახიანი სიმართლის მქონე „კავკასიაზე“ რომ არაფერი ვთქვათ.
მოკლედ, მამუკა ღლონტსა და უცნობ გაჩეჩილაძეს გარკვეული შანსი ეძლევათ, „საკანი N5“ რევოლუციის ტრიბუნად აქციონ, ხოლო „მაესტრო“ - „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ ახალ მოდელად. მაგრამ როგორც ჩანს, მიშა, ვანო და გივი „საკანში“ რაიმე განსაკუთრებულ ან სახელმწიფოებრივ საფრთხეს ჯერჯერობით ვერ ხედავენ. უცნობი „ციხეში“ ნებაყოფლობით სწორედ იმიტომ ზის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ან სინდისი გაუღვიძოს, ან მოახლოებული რევოლუციით დააშანტაჟოს. 9 აპრილამდე დარჩენილ დროს კი ახალი წლის დადგომამდე დარჩენილი წამებივით უთვლის. ალბათ იმის საფუძვლიანი იმედიც აქვს, რომ ისევ ორასი ათასი კაცი შეიკრიბება და ისევ იმ მრავალტანჯულ მოედანზე.
ლაივ-შოუს პრინციპებმა, ზოგადად, ტელევიზიაში მაყურებელს ლანძღვა-გინების მოსმენის სურვილი კიდევ უფრო გაუღვივა, ისევე, როგორც გაზარდა მარგინალური და აგრესიული ქმედების შანსი. სხვათა შორის, ეს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხების სიყრუისა და სიმუნჯის ბრალიცაა, რომელთა მიმართ ნდობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია. ამდენად, ბურთი და მოედანი ისევ „კავკასიასა“ და „მაესტროს“ რჩებათ. არც ისაა გასაკვირი, რომ „საკანი“ ყველაზე რეიტინგული გადაცემაა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. მას უყურებენ „ჯიგრები“, ლუმპენები, სტუდენტები, ბანკის თანამშრომლები, „ვანოს შოუთი“ და „მშვენიერი ცხოვრებით“ იმედგაცრუებულები, ნაციონალები, ლეიბორისტები... ცხადია, გაწამებული დისახლისებიც, რომლებიც ზოგჯერ აკვირდებიან, როგორ სძინავს უცნობს პირდაპირ ეთერში.
უცნობის სამოქალაქო მოწოდებები თუ პოლიტიკური შეხედულებები, ძირითადად, ზედაპირულია, ხოლო ემოციური სულისკვეთება უფრო ისტერიული. სამაგიეროდ, ენერგიულია და მიზანმიმართული; ამავე დროს - შინაგანად დამუხტული, დროდადრო გამოუხატავი თუ არავერბალური სიმართლით იტანჯება, რომელიც სურს, მაყურებელსაც გაუზიაროს. ტელეკამერის შიში საერთოდ არა აქვს და გადამდები გულწრფელობა ახასიათებს. ერთდროულად ძველბიჭურ-აღმსარებლობითი ინტონაციები, ქალაქელის, ძმაკაცის, პოეტის, მეამბოხის იმიჯი მაყურებელზე ზუსტადაა გათვლილი და შესაბამისად ზემოქმედებს კიდეც. შოუ განსაკუთრებით მოსწონთ მოზარდებს, ქალებსა და სოციალურად დაუცველებს. აღარაფერს ვამბობთ „ფორუმზე“ მიმდინარე დისკუსიებზე, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მას მოულოდნელი გაორება ახასიათებს: ერთი მხრივ - სევდა საბჭოთა წარსულზე („სოჩაში სამი დღით საგრიალოდ რომ ჩავდიოდით“), და მეორე მხრივ, ახალი დროის შესაბამისი მოთხოვნები; ამსტერდამსა თუ ბარსელონაში „თავის შეფარების“ სურვილი. უცნობი თან რუსეთთან ძმური ურთიერთობის აღდგენის მხურვალე მომხრეა, და თან დაგროვილ ისტორიულ ბოღმასაც არ ივიწყებს.
„საკანში“ შესული სტუმრები მათი ინტელექტის, ტელეკა-მერასთან ურთიერთობის თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რაღაც წინასწარ განსაზღვრულ თამაშში ებმებიან. როგორი განწყობაც უნდა ჰქონდეს სტუმარს, თავს მაინც ვერ აღწევს ერთგვარ დაკითხვა-გამოძიების რეჟიმს. მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს საკან-სტუდიაში შექმნილი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური შეუწყნარებლობის ატმოსფერო, რომელიც უცნობს ეხმარება ერთგვარი ფსიქოლოგიური შოკის მდგომარეობაში ამყოფოს განსხვავებული მოსაზრების მქონე სტუმრები; და, რაც მთავარია, ის თითქმის დაცლილია იუმორისა და თვითირონიისაგან, რითაც ემსგავსება სწორედ პოლიტიკურ ოპონენტებს - პრეზიდენტ სააკაშვილის ურცხვ და უპასუხისმგებლო მხარდამჭერებს, რომლებიც, ამდენი ტრაგიკული შეცდომის მიუხედავად, უკვე სასაცილოდ ქცეულ სლოგანს - „მიშა მაგარია!“ პატარა ბავშვებივით უაზროდ იმეორებენ.
ახალგაზრდული მაქსიმალიზმი - სანამ მიშა იქნება და ხელისუფლება არ შეიცვლება, საკანში დავრჩები - ცოტა სასაცილოა და, დისიდენტურ თავგანწირვას კი არა, ბავშვურ ახირებას ჰგავს. ისე, საინტერესოა, გერმანიაში რომელიმე კერძო ტელეკომპანიამ, ან რიგითმა პოეტმა რომ მოინდომოს მსგავსი შოუს გაკეთება, თანაც იგივე პრინციპით ანგელა მერკელის გადაყენება მოითხოვოს, რა რეაქცია ექნებათ ან ხალხს ან ორგანიზატორებს ან ქვვეყნის კანცლერს?
ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: კრეატიული პოეტი და პოტენციური რევოლუციონერი გიორგი გაჩეჩილაძე, 60-იანი წლების საბჭოთა ინტელიგენტებისგან განსხვავებით, მარტო სამზარეულოში, მეგობრებთან ერთად არ ლაპარაკობს პრობლემებზე და ეს თავისუფლება, ანუ „სამზარეულოს მიღმა“ კონტაქტები ძვირიც უჯდება; როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გაგებით. ხშირად უცნობის სიწრფელე მისსავე დილემად იქცევა, ისევე, როგორც მისი პოეზიის ხარისხი. სიმღერის ამგვარი პერიფრაზი - „რედკი სირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე“ - მიშას ბრალი არ შეიძლება იყოს.
იქნებ ამიტომაც არ მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები მასთან „საკანში“? ორმხრივი უნდობლობა და შეურაცხყოფა ხომ ნებისმიერ პრობლემას ართულებს და ადამიანთა შორის ურთიერთობას კიდევ უფრო აფუჭებს. თანაც ხელისუფლებას აღარ შერჩა ისეთი ინტელექტუალური თუ მორალური რესურსი, რომ მსგავს ლაივ-შოუში დახარჯოს საკუთარი თავი. ამიტომ ჩუმად და შორს ყოფნას ამჯობინებს, „საკანში“ ინტელექტუალური თვითლუსტრაცია რომ არ მოახდინოს. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ იქ მიწვეულმა ოპოზიციონერმა თუ ინტელექტუალმა სტუმრებმა თავიანთი აზროვნებითა და მასშტაბით გაგვაოცეს.
ისევ უცნობის მარტივ რითმებსა და ცხად პოეზიას რომ დავესესხოთ, „საკანი“ რეალურად არის დროებითი ბაქანი, სადაც ჩერდები, ისვენებ, სულს მოითქვამ და მერე ჟაკანი დაგჭირდება... ისე, სიმბოლურადაც და - მორიგი რევოლუციის მოსაწყობადაც.
![]() |
10 ტყუილ-მართლის ზონა |
▲ზევით დაბრუნება |
წერილი ზუგდიდიდან
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: დავით მესხი
სოფელი ხურჩა, გალის საზღვრამდე ბოლო სახლი
წასვლის წინა ღამეს ჩემ ქმარს დავუფიცე: ანდრიას გეფიცები, შენ თავს გეფიცები, დედას გეფიცები, თუ ვეცადო გმირობას, თუ მოვინდომო საშიშ ზონაში გადასვლა და თუ ჩავიგდო თავი საფრთხეში.
არც განმუხურში წახვიდე!
- თუ შევატყობ, რომ რამე საფრთხეა, გეფიცები, ზუგდიდიდან ფეხს არ გავადგამ!
ეს ოჯახური მოლაპარაკებები „კურიერის“ მიმდინარეობისას, სარეკლამო პაუზის დროს შედგა. მანამდე საინფორმაციო სააგენტოებში ამოკითხული ცნობები „კურიერის“ დამზაფრავ ინტონაციას ერთი ერთზე დაემთხვა და მე და ჩემი ქმრის ემოციებზეც თანაბარი წარმატებით იმოქმედა: რუსეთის საოკუპაციო ჯარები გალის რაიონში პოზიციებს აძლიერებენ; აფხაზური მილიციის მიერ გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიადან გამოძევებული 50-მდე ოჯახი ჯერაც სოფელ განმუხურში იმყოფება; ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოქცეული ირაკლი ბიგვავა თავს ისევ ზუგდიდის რაიონს აფარებს; გალის სოფლებში ქართული მოსახლეობის პასპორტიზაცია ზეწოლითა და მუქარით მიმდინარეობს; მოსახლეობას აყაჩაღებენ; სროლები ყოველ ღამე ისმის. ადამიანები შიშისა და ზეწოლის ქვეშ ცხოვრობენ - ამ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ნაციონალური მედიის საშუალებით „იკერება“, კითხვა - „სად მიდიხარ, თბილისში დაეტიე“ - ჩემი ქმრის გარდა, საკუთარი თავისადმი მეც გამიჩნდა. თუმცა, ხმამაღლა არაფერი მითქვამს. ისევ ჩემმა ზუგდიდელმა მასპინძლებმა გერონტი ყალიჩავამ და გუგა ლაგვილავამ დამამშვიდეს, - „ჩამოხვალ და ნახავ, რომ საშიში არაფერია. არც ისეა საქმე, როგორც შენ მანდ ისმენ!“ - მითხრეს ტელეფონში და შემდეგ მეც ხელახლა ვიპოვე საკუთარ თავში ზუგდიდში გამგზავრების თავდაპირველი მოტივი: თბილისიდან ტყუილ-მართალის გარჩევა ჭირს. ჩემს პირად განწყობას საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესახებ მხოლოდ ტელევიზია განსაზღვრავს. ამიტომ, საკუთარი თვალით ნახვა და საკუთარი ყურით მოსმენა ტელევიზიისგან შექმნილ ბურუსს გამიფანტავს. იქნებ მივხვდე, რა არის პროპაგანდა, რა არის სინამდვილე. ეს იყო მოტივი. ამიტომ წავედი ზუგდიდში.
რუსების ყოფილი შტაბი სოფელ ხურჩაში
. . .
ოჯახური პაქტი ჩასვლისთანავე დავარღვიე. „ხურჩაში გინდა?“ - კითხვა ისეთი მშვიდობიანი ტონით დამისვეს, რომ, - მერე საშიში არ არის-მეთქი, - მგონი, აღარც მიკითხავს, თავი ენერგიულად დავუქნიე.
სანამ ბათუმიდან ჩამოსული მესხი ჩავისვით, სანამ გენკასა და გუგას შევხვდით, ზუგდიდს რამდენიმე წრე დავარტყით. ზუგდიდში ჯარები დგანანო, - ცილს ვერავის დავწამებ, ტელევიზორში არავის უთქვამს, მაგრამ, ეტყობა, საერთო საომარი პროპაგანდის ბრალი იყო, რომ წარმოდგენა ზუსტად ასეთი მქონდა. ქალაქში პოლიციის შემინული და მოდერნისტული შენობა კი მომხვდა თვალში, გზებზე მხვდებოდნენ პატრულის მანქანები და პოლიციელებიც, მაგრამ სხვა არაფერი: ფართო გადასასვლელებზე, შუქნიშანზე ჩვეულებრივად ჩერდებოდა ხალხი, ტროტუარების გასწვრივ დადიოდნენ ველოსიპედიანი ზუგდიდელები, საავტომობილო გზებზე კი - მხოლოდ მანქანები. შუქნიშანზე შეჩერებისას ტრაფარეტი წავიკითხე ხმამაღლა: „სოხუმი - 102 კმ.“ დათომ, ჩვენმა მეგზურმა კი ხმამაღლა წაიოცნება, - გამიშვან და ნაძლევს დავუდებ, ვისაც გინდა, 40 წუთში იქ ვიქნებიო...
სოხუმისკენ მიმავალი გზატკეცილიდან სოფლის შარაზე გადავუხვიეთ. ტრაფარეტი: „კოკი - 4 კმ.“, „ორსანტია - 6 კმ.“, „ხურჩა - 7 კმ.“. დათოსი არ იყოს, ამ გზების გათელვისას მივხვდი, როგორი პირობითი და უაზროა ხელოვნურად დაწესებული საზღვრები და დრო. თუ დათო ოცნებობს, - 40 წუთში ჩავალ სოხუმშიო, - გენკა მიყვება, როგორ ჩადიოდა მამიდასთან ჭუბურხინჯში სკოლის მერე, ზუსტად 15 წუთში. ახლა ამ 15-წუთიანი მანძილის დასაფარად რამდენიმე შლაგბაუმისა და საგუშაგოს გავლა და წითელი საბჭოთა პასპორტის ქონაა საჭირო. არადა, საგუშაგოების ორივე მხარეს ჩვეულებრივი სოფლებია, ხრეშიანი ორღობეებით და თხილნარით, აქეთ-იქით დარჩენილი და გაყოფილი ოჯახებით, ურთიერთობებით და წარსულით. ცოტა უცნაურია იმის წარმოდგენა, რომ ნაბაკევიდან ხურჩაში გადმოსასვლელად, პატარა ტყის ტაფობსა და პატარა ღელეზე გადმოვლისას ადამიანმა საგუშაგო პოსტი უნდა გადმოკვეთოს და მესაზღვრეს პასპორტი წარუდგინოს...
სასაზღვრო სოფლების გზაგასაყარი
სოფელ განმუხურის ახლად გახსნილი ფოსტა
ხურჩა სამეგრელოს ბოლო წერტილია. ამ პატარა ღელეზე აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი გადის (თვითაღიარებული, ანდა მარიონეტული, როგორც ჩვენთან ამბობენ). ხურჩაში 20 წუთში ვართ. მანამდე სოფელ კოკს გავდივართ. დანგრეულ გზაზე ბებერი ძაღლი ტყლაპოში წევს. ჯერ მკვდარი მგონია, ჩავუვლი და მზერას მაყოლებს. იქაურობა დაბომბილს ჰგავს - არც ერთი ბავშვი, არც ერთი ძროხა, არავინ და არაფერი. ძლივს, ერთ-ერთ ეზოში გოგოს ვხედავ. ხის ქვეშ დაუდგამს სკამი, ფეხი ფეხზე გადაუდია და მკლავებში შეფუთნულ ჩვილს არწევს. გავცდით სოფლის სასაფლაოსაც და გადავიარეთ ენგურის რკინის ხიდი. ხურჩა იმ რამდენიმე მეგრული სოფლის რიცხვში შედის, რომლებიც ენგურს გადაღმა მდებარეობს, მაგრამ მაინც ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებენ. ხიდის მეორე მხარეს პირველი ქართული პოსტია. ქვიშით დატენილი ტომრებით აშენებულ საგუშაგოში ათიოდე მესაზღვრე ზის. გაღიმებულები გვხვდებიან. სანამ ერთი დათოს პასპორტს უმოწმებს, და - საიდან მოდიხართო, - ეკითხება, მეორე ხმამაღლა ოცნებობს, - ისე, კი წავიდოდა კაცი თბილისშიო. გუგა მეუბნება, - აგვისტოში, ამ ქართული დროშის ნაცვლად, აქ აფხაზური დროშა ფრიალებდაო, - და მაფრთხილებს, - ადგილობრივებს ფრთხილად ელაპარაკე, თუ გთხოვეს, დიქტოფონიც გამოურთეო.
სოფლის ბირჟაზე ვჩერდებით. უცხო მანქანის დანახვაზე ხურჩელები წამოიშლებიან და ინტერესით უსმენენ გუგას და გენკას მეგრულ განმარტებებს, ვინ ვარ და რა მინდა. მერე ყველა ერთ ხმაში იწყებს ლაპარაკს. ჩემს თითო კითხვას ათ პასუხს ახვედრებენ. ზოგჯერ პასუხები ერთმანეთს არც ემთხვევა და საშინლად ვიბნევი. თუმცა, ურთიერთგამომრიცხავ ცნობებზე ოდნავ ქვემოთ. ახლა ერთ სასიამოვნო ქალს, შორენას გამოვარჩევ ხალხიდან და გადიდებული ყურებით ვუსმენ. პოლიეთილენის ზოლიან პარკს მიშლის, შიგ ტანსაცმელი უწყვია, - ამ პარკზე მძინავს ყოველ ღამე, როგორც კი სროლებს გავიგებ, აქეთ გამოვრბივარ. დიდად უსაფრთხო, წესით, არც აქ არაა, მაგრამ ჩემი სახლი ზედ ზოლზე დგას და აბა, რა ვქნაო. აგვისტოს მერე აქეთ გადმოსული რუსები და აფხაზები არ მინახავს, მაგრამ როცა სროლების გამო სოფელი ცარიელდება, იქნებ, გადმოდიან კიდეც და ჩემს სახლში შედიანო. გაგებით ვერაფერს გავიგებ - წასაღები და მოსაპარი აღარაფერი დამრჩაო.
ავტომატის გადაბმულმა ჯერმა ხურჩელები ბოლოს გუშინ, 9 მარტის საღამოს შეაშინა. შორენას სახლის გადაღმა მთელი საათის განმავლობაში ისროდნენ. შორენა და მისი მეუღლე კოკისკენ წამოვიდნენ. შვილები, გოგო და ბიჭი, კარგა ხანია, გახიზნული ჰყავთ, ღამეს საზღვრისპირა სახლში მარტო ცოლ-ქმარი ათევს - რამდენჯერ გამოვქცეულვართ ღამის ორ-სამ საათზე აქეთო, - გვიყვებიან, თან გვეპატიჟებიან, - თუ არ გეშინიათ, წამოდით, ჩვენს კარ-მიდამოს გაჩვენებთო. მანქანას იქვე ვტოვებთ და წვიმით დატბორილ შარას ფეხით მივუყვებით. მთელი ხურჩა მოგვდევს უკან. სოფელი მინდორზეა გაშენებული. ნაწვიმარ სიმწვანეს ყვითელ ლაქებად გასდევს ყოველ ეზოში მწკრივებად ჩაწიკწიკებული ნარცისები - მეგრული კარ-მიდამოს მთავარი ატრიბუტი. იქაურობა მართლა ძალიან ლამაზია, ვიდრე სახლებს არ დააკვირდები. ბევრს ფანჯრის ჩარჩოებზე პარკები აქვს აკრული, სახურავები გადახდილია, ზოგან კარის და ფანჯრის ჩარჩოები მთლიანად ამოღებულია და შელესილი ბეტონის ანდა ფიცრების კვადრატების შიგნით სიშავე ჩანს. ეზოები კი აქვთ ჩაწიკწიკებული, მაგრამ, როგორც გუგა ამბობს, ყველანი საცერივით სახლებში ცხოვრობენ - ავტომატის ტყვიებით მთლიანად დაცხრილულ, გაძარცვულ და იატაკაყრილ სახლებში.
შორენას სახლს ნაბაკევისგან უკანა ეზო და ღელე ჰყოფს. 1993 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი პირველი სამიზნეც ამიტომ მისი სახლი ხდება ხოლმე. პრინციპში საზღვარზე მოსეირნე გუშაგების დანახვა სახლის ფანჯრიდანაც შეუძლია. ამბობს, - ახლოს კი მოდიან, მაგრამ არაფერს გვიშავებენ, თავიანთ პერიმეტრს აკონტროლებენო. აქ აფხაზს აფხაზას ეძახიან, ჰოდა, აფხაზა იმდენჯერ არის გადმოსული ხურჩაში, ხურჩელები კი იმდენჯერ არიან აყრილები და გაქცეულები თავიანთი სახლ-კარიდან, რომ 15 წლის განმავლობაში დაგროვებული ინციდენტები ერთმანეთში ერევათ. ამიტომ გაქცევის, სროლის, დაყაჩაღების თუ დახვრეტის ისტორიებსაც არეულად ჰყვებიან. როცა ყველაფერი პირველად დაიწყო, შორენას ოჯახს მიწა ჰქონდა ნაყიდი ახალი სახლის ასაშენებლად, ერთ საღამოს კი სოფელში იყვირეს, - უშველეთ თავს, აფხაზები მოდიანო, - და მისმა ოჯახმაც დატოვა ყველაფერი და თავი კოკს შეაფარა. აფხაზები მაშინ ხურჩაში რვა თვეს იდგნენ. შორენა მიამბობს, - აი, ამ ოჯახის უფროსი გამოიყვანეს სახლიდან და აი, ამ მინდორზე დახვრიტეს, ხუთი შვილი დარჩათო. ახლა ეს კარ-მიდამო გაძარცვული და დაკეტილია.
ენგურის ხიდზე
ირაკლი ბიგვავა
აქაურების მთავარი შემოსავლის წყარო თხილია. ერთ-ერთი შემოსევის დროს შორენას სახლს ჭიშკარიც მოხსნეს, საქონელი შევიდა შორენას თხილ-ნარში და ყველაფერი გადაჭამა. უკან დაბრუნებულ ოჯახს გაძარცვული სახლი და მიწასთან გასწორებული თხილის ნარგავები დახვდა. ყველაფერი თავიდან დაიწყეს. ხელახლა ჩაყარეს თხილის ნერგები და ააშენეს სახლი, ამასობაში ბავშვებიც გაიზარდნენ, ბიჭმა რეზერვში იმსახურა, ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ ახლა სწავლას ვეღარ აგრძელებს, ოჯახს ფული არ აქვს, ამიტომ რამდენიმე დღის წინ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჯარში წავიდა. აგვისტოს ომის დროს, როგორც რეზერვისტი, გორში წაიყვანეს. იმ დილასვე გავარდა ხურჩაში ხმა, - აფხაზები და რუსები გადმოდიანო, - და სოფელიც უცებ დაცარიელდა. შორენას წასვლა არ უნდოდა, - ბიჭზე ვდარდობდი და სიკვდილი მინდოდაო, - მაგრამ გოგონამ დედ-მამას უთხრა, მაშინ მეც თქვენთან ერთად დავრჩებიო, იძულებული გახდა გაქცეულიყო. კოკში გაიგეს, - აფხაზებმა სოფელი დატოვესო და ის იყო, უკან დაბრუნდნენ, იქნებ, ცოტაოდენი თხილი მაინც ავკრიფოთო, - რომ ახალი განგაში ატყდა, - უკან ბრუნდებიანო. ხურჩელებმა თავი ახლო-მახლო ტყეებს შეაფარეს. მზია მიყვება, როგორ გაატარეს ტყეში სამი დღე-ღამე ისე, რომ არაფერი უჭამიათ. მეოთხე დღეს შიმშილს ვეღარ გაუძლეს და გარისკეს - ძაძებში გაეხვივნენ, ვითომ კოკში დაკრძალვაზე მიდიოდნენ და პურის საყიდლად გადავიდნენ. იქ კი თაგვისგან ნაჭამი პური შეხვდათ, მეტი არაფერი. ახლა ამბობს, - ეს გვწყინს ყველაზე მეტად, რომ არავის ვახსოვართ, თითქოს არ ვარსებობთო. მაშინაც კი არავის უფიქრია ჩვენზე, - იქნებ პური მაინც შევუგზავნოთ ხურჩელებსო...
დავიწყებულ სასაზღვრო სოფელს არც სკოლა აქვს და არც ავტობუსი ემსახურება. აგვისტოს ომამდე ბავშვები სკოლაში, გალის ტერიტორიაზე, ნაბაკევში გადადიოდნენ. ახლაც დადიან, მაგრამ კანტიკუნტად და ისიც უმცროსკლასელები, - პატარებს აფხაზები არაფერს უზამენო; უფროსები კი კოკის სკოლაში დადიან. თუმცა, ესეც რთულია. მოსწავლეებს ფეხით სიარული უწევთ. ხურჩამდე მხოლოდ მარშუტკა მიდის, მგზავრობის ღირებულება 2 ლარია. მზია კი მეუბნება, - შემხედე მე და შეხედე ჩემს სახლს, იტყვი რომ მე შეიძლება მქონდეს დღეში 4 ლარი მხოლოდ მგზავრობაში რომ გადავიხადოო?
ბინდდება, მაგრამ ნათურა არც ერთ სახლში არ ანათებს. შუქი გვაქვს, მაგრამ გრაფიკითო. რაც ყველაზე უცნაურია, ვარკვევ, რომ ხურჩა ელექტროენერგიას ნაბაკევიდან, ანუ გალიდან იღებს. თვეში 12 ლარსაც ნაბაკევში, ანუ აფხაზეთის მხარეს იხდიან. მზია მიამბობს, - თუ სიწყნარეა და ქართული ტელევიზიით აქაურობის შესახებ არაფერი ცუდი არ გადაიცემა, წყნარად არიან, არც ისვრიან და შუქსაც გვაწოდებენო, მაგრამ მათ გუნება-განწყობაზე ვართ დამოკიდებული, ვაი და ცუდ ხასიათზე არიან, შუქს არ მოგვცემენო. მეორე დღეს ზუგდიდში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფისში ვარკვევ აფხაზური ელექტროენერგიის ამბავს. მეუბნებიან, რომ ჩვენი დენი გაცილებით ძვირი ღირს, აფხაზეთიდან გადმოჭიმული ელექტროენერგიაში კი გაცილებით ნაკლებს იხდიან. ამიტომ ხურჩელებმა და კიდევ საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმემ (მათ შორის არის სოფელ განმუხურის ნაწილი, ასევე ანაკლია, ორსანტია და კოკი) „ენერგო-პროს“ მიერ სოფლებში დაყენებულ ტრანსფორმატორებში გალიდან გადმოჭიმული ელექტროენერგია მიაერთეს და იმას ხმარობენ. ქართული მხარის კეთილი ნება გამოიხატება იმაში, რომ ამ უკანონობის გამო, არავის სჯიან. თუმცა, კეთილი ნება პრობლემის უფრო ეფექტურად გადაჭრას ვეღარ წვდება. ზუგდიდში გავიცანი ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ხურჩელები აფხაზური დენის გამოყენებით თავიანთ ქვეყანას ღალატობენ, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს არად აგდებენ და საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნავენ. ვინც ასე ფიქრობს, ალბათ, ხურჩაში არასოდეს ყოფილა, თორემ... ყველას უნდა თავისი სახლი დაგვათვალიერებინოს. მზია და შორენა გვერდით მომყვებიან. იმ დღეს ერთი ჩვენი მეზობელი ამბობდა, - კარგი ფარდები ვნახეო; ფულს რომ თავი დაანებო, სურვილიც აღარ მაქვს, რომ სახლში რაღაც ახალი შევიტანო, რისთვის - თორემ კი, სულ განგაშში ვცხოვრობო.
პატრიოტთა ბანაკი განმუხურში
ახლა მდივნიშვილების ჭიშკარში შევდივართ. აქ აგვისტოში რუსების შტაბი ყოფილა. სამახსოვროდ კი ოჯახს კედლებზე მიწერილი გინებები და დანით ამოტვიფრული სამიზნე დაუტოვეს, - როცა თვრებოდნენ, ალბათ დანებს ესროდნენ დახატულ ქართველ კაცს და ერთობოდნენო...
პატრიოტთა ბანაკი განმუხურში
მინდორზე სახელდახელოდ გაშლილი სუფრის გარშემო მამაკაცები არიან შეკრებილები. მიხსნიან, - იქეთ ნაბაკევში, ამ კაცს მამა გარდაეცვალა, იქით ვერ გადადის, ყოფილი სამხედროა და აქვე გაშალა ქელეხის სუფრაო. სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში ღელეზე სატირალიდან დაბრუნებული რამდენიმე შავოსანი ქალი გადმოდის. ინტერვიუზე უარს ამბობენ. არ ჩერდებიან, მიდიან და თან გველაპარაკებიან, რომ რუსული პასპორტი აქვთ, ნაბაკევში ასე გადადიან, საგუშაგოზე აფხაზები ჩვეულებრივად ატარებენ, ახალი რუსული პასპორტების დარიგება ჯერ არ დაუწყიათ, - მოკლედ, არაფერი ხდებაო. მათი სიტყვაძუნწობა მესმის. არ უნდათ, მათ სიტყვებს აქეთ სხვანაირი კუდი გამოაბან, სხვანაირი კონტექსტი შეუქმნან და საქმე ისე გაიფუჭონ, რომ ნაბაკევში აფხაზებმა საერთოდ აღარ გადაუშვან, - რას იტყუებითო.
რამდენიმე ხურჩელმა ისიც გულწრფელად მითხრა, რომ ნანობენ, ნაბაკევში აფხაზური პირადობის მოწმობები რომ არ აიღეს, - ჩვენ ჩვენს საზღვარს ვიცავთ, ზედ სასაზღვრო ზოლზე ვცხოვრობთ, მაგრამ ამას არავინ გვიფასებს, არავინ გვპატრონობს, არავინ გვიცავს და იქნებ იმ პასპორტების აღება უკეთესიც ყოფილიყოო...
ამ პრობლემების გამო, რაც იქ მოვისმინე, ხურჩა ნაციონალური ტელემაუწყებლების ეთერში არასდროს ხვდება. ხურჩა მხოლოდ მაშინ ჩნდება ხოლმე ტელეეკრანზე, როდესაც აფხაზების მიერ ჩადენილი კრიმინალის გაშუქება და წარმოჩენაა საჭირო. ასე იყო მაშინაც, როცა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ხურჩის სტადიონზე ამომრჩევლებით სავსე ავტობუსი აფეთქდა. ამ ფაქტზე იქაურები არ მესაუბრებიან, მაგრამ Crisis Group-ის დასკვნაში ეს აფეთქება ეჭვქვეშაა დაყენებული და ნათქვამია, რომ ქართულმა მედიამ ინციდენტი არასწორად გააშუქა. შემდეგ ამ არასწორად გაშუქებული ინციდენტების გამო, ისევ ხურჩასნაირი სოფლები ზარალდება. ალბათ ამიტომაც, ერთმა ხურჩელმა მესხს უთხრა, - თუ ზუგდიდის მთავრობამ არ ჩამოგიყვანათ, კარგია, ესე იგი, სიმართლეს დაწერთო.
ხურჩელები იმ იმედით გვემშვიდობებიან, რომ ზუგდიდის მთავრობაში რაღაცას მაინც გავურკვევთ მისაღები დახმარების შესახებ - ახლა მათ არც ერთი მუნიციპალური პროგრამით არ ეხმარებიან. ერთადერთი თანხა, რომელიც ბოლოს მიიღეს, შვეიცარიის მთავრობის დახმარება იყო, რომელიც მაგალითად შორენას ოჯახმა გოგონას მკურნალობასა და ერთ ტომარა ფქვილზე დახარჯა - მის შვილს 15-წლიანი სტრესის ფონზე ალერგიული ვირუსი შეეყარა, ახლა ექიმები საერთოდ უკრძალავენ ნესტსა და მტვერში ცხოვრებას და თბილისში გადასვლას ურჩევენ, - მაგრამ აბა, როგორო, - ხელებს უმწეოდ შლის შორენა.
დევნილები
ლანა მარკოზია (მარცხნივ), სტუდენტი გალიდან
დევნილების კომპაქტური ჩასახლება ზუგდიდში
მანქანაში რომ ვსხდებით და ხურჩის პოსტს გავდივართ, დათო მეუბნება, - წესით, ამ პოსტს აქ რა უნდა, ხურჩა რომ მთავრდება და ნაბაკევი იწყება, იქ არ უნდა იყოსო? პასუხად, შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, შოთა უტიაშვილი მიხსნის, რომ წინათ, როცა საგუშაგო სოფლის ბოლოს იყო, აფხაზები ქართველ მესაზღვრეებს გამუდმებით ესროდნენ. მოსახლეობას კი არ ესვრიან, ამიტომ საგუშაგო სოფლის დასაწყისში გადმოსწიეს, სამაგიეროდ ქართველები ხურჩაში გამუდმებით პატრულირებენო. ასეა თუ ისე, გამოდის, რომ ხურჩა ხელოვნურად არის მოწყვეტილი საზღვარს და იქაურების მონახულებას არც განმუხურში ფოსტის გასახსნელად რამდენიმე წუთით ჩასული პრეზიდენტი ჩქარობს. ერთი ხურჩელი მამაკაცი კი მეუბნება: ტელევიზორში ვხედავთ, როგორ ჩავიდა განმუხურში და ფოსტა გახსნა, ჩვენ კი - ცოცხლები ვართ თუ მკვდრები ან საერთოდ როგორ ვართ, არავის აინტერესებსო.
ხურჩა ტელეეკრანზე ჩემი დაბრუნებიდან მესამე დღეს კვლავ მოხვდა. წამყვანმა გვაცნობა, რომ ხურჩაში აფხაზურ-ქართული ბანდის წევრები დააკავეს, რომელთაც ნაბაკეველი ჩარგაზიას ოჯახი დააყაჩაღეს. ჩვეულებრივი კრიმინალური ქრონიკა, მეტი არაფერი. ხურჩა ისევ ავანსცენაა დიდი თეატრისთვის, და ამ დიდ თეატრში აბა, რა მოსატანია, ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად უსახსროდ ნახევრად დანგრეულ, დაცხრილულ სახლებში ცხოვრობენ და რომელთაც სროლები თითქმის ისეთივე სიხშირით ესმით, როგორც თავიანთი სახლების გადაღმა - პატარა ღელის ჩუხჩუხი. ხურჩაში გავარდნილ ტყვიას ისე ვაშუქებთ, როგორც სახელმწიფო ინტერესებს დასჭირდება - ზოგი სროლა მასშტაბური ინციდენტის ხარისხში აგვყავს, ზოგს საერთოდ წავუყრუებთ, ზოგსაც კიდევ მოვიგონებთ, იმავე სახელმწიფო ინტერესებისთვის. ირაკლი ბიგვავას ტელეისტორია მახსენდება. ვიდრე ზუგდიდში წავიდოდი, ქართულმა მედიამ ოტობაიელი ირაკლი ბიგვავას ისტორია გააშუქა.
ქართული ტელეარხებიდან ბიგვავას შესახებ გავიგეთ, რომ იგი აფხაზებმა გაიტაცეს, ორივე ფეხში დაჭრეს და შემდეგ ნათესავების დახმარებით განმუხურში გადმოსვლა შეძლო. წამყვანის ამ ტექსტს კადრებად მიჰყვებოდა საავადმყოფოში გადაღებული სცენა, სადაც სახეზე ცელოფანგადაფარებული კაცი წევს, ორივე ფეხი შეხვეული აქვს და ნასისხლარი ეტყობა. მაყურებელმა უნდა ივარაუდოს, რომ ეს კაცი ირაკლი ბიგვავაა მაშინ, როცა ის არაფრით ჰგავს ნამდვილ ირაკლი ბიგვავას. შემდეგ კადრში რეალური ბიგვავა ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევს და ამბობს, რომ არ იცის, ვინ გაიტაცა, წამყვანი კი დაჟინებით იმეორებს, რომ ის აფხაზებმა გაიტაცეს. ზუგდიდში ყოფნისას როდესაც ერთ-ერთ სოფელში ძლივს ვპოულობთ ნათესავის ოჯახში გადამალულ ირაკლის, ის კი ჩემდა გასაოცრად ინტერვიუს თანხმდება, ამ შეუთავსებლობების შესახებ თვითონაც მიამბობს. არ იცის, ვინ იყო ტელეკადრში გამოჩენილი ორივე ფეხში დაჭრილი უცნობი (ირაკლის მხოლოდ ერთი ფეხი აქვს შეხვეული). მეუბნება იმასაც, რომ აფხაზებისთვის ხელი არც ერთ ჟურნალისტთან საუბრისას არ დაუდია, რადგან მის გამტაცებლებს სახეზე ნიღბები ეკეთათ და მეგრულად საუბრობდნენ. აფხაზები არაფერში დაუდანაშაულებია, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებისგან კითხვა სწორედ ამ ფორმით მიიღო, - აფხაზებმა გაგიტაცეს, არა?... ირაკლის ნაამბობში ბევრი უზუსტობაა (ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ბიგვავას ასე სასტიკად იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ის აფხაზებმა დეზერტირად შერაცხეს, თუმცა, თვითონ ირაკლი გვეუბნება, რომ აფხაზური ჯარიდან ის თვითონ ოცმეთაურმა დაითხოვა; ცოლი შევირთე და გამათავისუფლაო. შემდეგ რამდენიმე თვე ისე გავიდა, არავის გავხსენებივარ, არც ოფიციალური ცნობა მომსვლია, არც არავის მოუთხოვია უკან დაბრუნება, დამივიწყეს და მეც უკან აღარ წავედიო); ისიც გასაგებია, რომ ჟურნალისტთა წრეში უცებ გავრცელდა ხმა მისი ორმაგი აგენტობის შესახებ, თუმცა ეს გარემოებები ბიგვავას გატაცების ტელეისტორიად გადაქცევას და ფაქტის მრუდედ გაშუქებას მაინც არ ამართლებს: ბიგვავა ტელევიზიების გმირი მაქსიმუმ ორი დღით გახდა, ვიდრე მისი ისტორია ანტიაფხაზურ პროპაგანდას წარმატებით გააბუქებდა. შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები, ამით ჟურნალისტები არ დაინტერესებულან. ის, რომ ბიგვავას გამო ოტობაიადან გამოძევებული 50 ოჯახი მეორე დღესვე დაუბრუნდა საკუთარ სახლებს, აღარსად უთქვამთ. არც იმით დაინტერესებულა ვინმე, თუ როგორ უნდა გადაეხადა ირაკლი ბიგვავას ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯები (ზუგდიდის მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაჰპირებია მას, - ხარჯებს მე აგინაზღაურებო), და არც იმით, რითი იკვებება დევნილი ირაკლი ბიგვავას 3 თვის ანა, როგორ უნდა არჩინოს ის დაჭრილმა მამამ. ირაკლიმ გვითხრა, რომ როცა ფეხი მოუშუშდება, ისევ გალში დაბრუნდება. ამბობს, - აქ დევნილი ვარ, აქ არ არის ჩემი სახლი, ყველაფერი იქ მაქვს და აქ რა უნდა ვაკეთო, როგორ ვიმუშაო, ასე ცხოვრებას აზრი არ აქვსო.
დღეს ირაკლი ბიგვავა აღარ არის ტელევიზიების მთავარი გმირი, ცხელ-ცხელ ამბავს მისგან ვეღარ შექმნიან. მისმა ისტორიამ დიდი თეატრისთვის უკვე აქტუალობა დაკარგა. ბიგვავას გატაცება შეუერთდა იმ წლების განმავლობაში გაშუქებული პერმანენტული ინციდენტების რიგს, რომელთაც ხელისუფლება და მედია უბრალოდ ერთი ხაზის გასატარებლად იყენებს. ადამიანების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო ინტერესების დაცვის მოტივით მართლდება. თან ამით მეორე კეთილი საქმეც კეთდება - სრულიად საქართველო პერიოდულად იხსენებს, რომ საზღვარზე კვლავაც ისვრიან და კვლავაც იტაცებენ ადამიანებს, ისევე, როგორც წლების განმავლობაში გვახსენებდნენ გზატკეცილებზე გამოკიდებული ბილბორდები, რომ აფხაზეთი ჩვენი ტკივილი იყო...
ახლა ეს ბილბორდებით დეკლარირებული ტკივილი მოგვემატა. ტკივილია არა მხოლოდ ის ადამიანები და მიწები, რომლებიც ისედაც ვიცოდით, რომ ჩვენი იურისდიქციის მიღმა დარჩნენ, არამედ ისინიც, რომლებიც აგვისტოს შემდეგ დავკარგეთ. ალბათ საქართველოს მთავრობას არანაკლებ სტკივა განმუხურიც, რომლის პატრიოტთა ბანაკიდანაც დაჟანგული რკინის საწოლების გროვა, აფეთქებული ვოლგა, ელექტროენერგიის ჩამწყდარი ბოძები და აქა-იქ თვალში უხეშად მოხვედრილი სტაფილოსფერი ხელოვნური პალმები დარჩა. თუმცა, განმუხურს - ამ მეორე სასაზღვრო სოფელს - ხურჩასთან შედარებით, მაინც წელში გამართული ჰქვია. გარეგნულად ასე ჩანს - აქ გზაც მშვენიერია და დიდი სკოლაც ფუნქციონირებს, ცენტრალური გათბობითა და კომპიუტერებით. 4 თებერვალს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, აქ ფოსტაც გაიხსნა. განმუხურში ჩასვლისთანავე ფოსტის ნახვას ვითხოვ. ციფრული კომუნიკაციების გრანდიოზული კომპანიის ნახვას ამ სოფელში, ცხადია, არ ველი, მაგრამ რასაც ვხედავ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ფოსტა დაახლოებით 8 კვ.მ. ფართის ოთახია. ორი თითქმის ცარიელი მაგიდა დგას, კომპიუტერსა და ფაქსზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მგონი ტელეფონიც არ აქვთ. ერთ-ერთ მაგიდაზე მხოლოდ „თიბისი“ ბანკის ბარათების გასატარებელი აპარატი დგას, ოღონდ არავინ იცის, რამდენ განმუხურელს აქვს საკრედიტო ბარათი. ფოსტის თანამშრომელი მეუბნება, რომ აქამდე ფოსტას რკინის კარი არ ჰქონდა, კარი მხოლოდ გუშინ დააყენეს, ამიტომ კომპიუტერი და ფაქსი სახლში ჰქონდათ შენახული, - ამ დღეებში დავაბრუნებთ და დავიწყებთ მუშაობასო. ერთ იმეილს ფოსტის თანამშრომლის დახმარებით განმუხურელი 50 თეთრად ამობეჭდავს, 1 ფურცელს ინტერნეტიდან კი - 15 თეთრად. თუმცა ეს მაშინ, როცა რკინის კარის იმედად (მაინც სასაზღვრო ზოლია, რა იცი, რა ხდება) კომპიუტერს და ფაქსს დააბრუნებენ. მანამდე კი განმუხურის ფოსტაც ისევე, როგორც სოფლის მთელი შერემონტებული ინფრასტრუქტურა, მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის დადგმულ ბუტაფორიას ჰგავს. სახელდახელოდ შექმნილ პროექტს რეფრენით - აი, რა კომფორტული შეიძლება იყოს ქართულ იურისდიქციაში ცხოვრება. თუმცა, გაურკვეველია, რატომ არ შეიძლება თუნდაც სხვისთვის საჩვენებელ პროექტად იგივე ხურჩა და დანარჩენი სასაზღვრო სოფლები ექციათ. იქაც გაეყვანათ გზა, დაენიშნათ ავტობუსი, გაეხსნათ თუნდაც განმუხურის მსგავსი ფოსტა... ახლა კი, ამ სოფლების სრული იგნორირების ხარჯზე, ხურჩა უფრო აფხაზურ პროექტს ჰგავს სათაურით: „როგორ შეიძლება მოვანდომოთ ქართველებს აფხაზეთის მხარეს გადასვლა!..“
ფოსტისგან განსხვავებით, განმუხურის სკოლა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სკოლიდან რუსების ჯარი 13 სექტემბერს გასულა. სწავლაც ჩვეულებრივად გრძელდება. სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ ახლა სკოლის 232 მოსწავლიდან 60 დევნილია. დევნილებს ეძახიან გალიდან გადმოსულ ბავშვებს, ზოგი ოტობაიადან დადის ყოველდღე, ზოგი ფიჩორიდან. ფიზიკის ერთ-ერთი პედაგოგიც ოტობაიელია. სკოლები იქაცაა, მაგრამ დირექტორი იმ ფაქტს, რომ ეს ბავშვები განმუხურში სიარულს ამჯობინებენ, მანძილით ხსნის, - ჩვენი სკოლა მათთვის უფრო ახლოსააო (კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საზღვარი ამ სოფლებს შორის ზოგჯერ არა მარტო ხელოვნური, არამედ ძალიან პირობითია - საზღვრის იქითა მხარეს დარჩენილი მოსწავლეებისთვის საზღვრის აქეთა სკოლა უფრო ახლოსაა) და კიდევ იმიტომ, რომ ჩვენი სკოლა გალის სკოლებზე უკეთ არის მოწყობილი, საკლასო ოთახები და დერეფნები გარემონტებულია, შენობა კი ცენტრალური გათბობით თბებაო.
გალიდან გადმოსული ბავშვები და პედაგოგიც ჩვენთან გასაუბრებაზე უარს ამბობენ. მასწავლებელი საერთოდ არ გვენახვება, ერთ ოტობაიელ მე-11 კლასელ გოგონას კი საშინლად ვაღიზიანებ ჩემი დაჟინებული თხოვნით, დამელაპარაკოს. ადამიანი არ ხარო, - ზურგს მაქცევს თითქმის ისტერიკით და წასვლას მთხოვს. ჩემთვის, ჩუმად ამ გაღიზიანების მიზეზის გაგებას ვცდილობ, როცა გონებას Eurasianet-ის ერთ-ერთ სტატიაში ამოკითხული ციტატა მინათებს, როგორ ამბობდა ერთი გალელი ქალი: „ჩვენ ორი სახე გვაქვს - ერთს აფხაზებს ვუჩვენებთ, მეორეს ქართველებსო“, გააჩნია, რომელ მხარეს რისი მოსმენა სურს. ამ ადამიანებს აქვთ თავდაცვის ყველაზე მძაფრი ინსტინქტი. არ ვიცი, ეს ინსტინქტი თანდაყოლილი იყო, თუ ომიანობაში შეიძინეს, მაგრამ ფაქტია, მათ არავის იმედი არ აქვთ, არცერთი სანდო იერის ჟურნალისტის, არც ადგილობრივი, არც ცენტრალური და არც მარიონეტული ხელისუფლების, ისინი მხოლოდ საკუთარ ალღოს ენდობიან - როცა საჭიროა, მაშინ ტყუილი თქვან, და როცა საჭიროა - სიმართლე, ოღონდ კი თავი გადაირჩინონ. ამ ფიქრებში ვარ გართული, როცა ენგურის მთავარ ხიდზე მივდივართ. ნისლსა და წვიმაში ხიდის გადაღმა აფხაზური დროშა მოჩანს. აქეთ-იქით ღელეებში, წვიმის წკაპა-წკუპის ფონზე, ბაყაყების ყიყინი ისმის. ხიდის შუაგულამდე მისვლა თავისუფლად შეგვიძლია. მანძილი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე 100 მეტრამდე მოკლდება. შორიდანვე ვამჩნევ, ხიდის მეორე მხრიდან ჭაღარათმიანი, შავოსანი ქალბატონი მოდის, ორივე ხელში მძიმე ჩანთები უჭირავს და წუმპეებიან გზაზე წონასწორობის დაცვას ცდილობს. დიქტოფონით შუა ხიდზე გაჩერება აზრადაც არ მომდის, საეჭვო იქნება. ამიტომ ქალბატონს უკან მივყვები და, - რა ხდება იქით-მეთქი, - ვეკითხები. არ ჩერდება, ისევ წუმპეებს ჩაჰყურებს გზაზე და მპასუხობს, რომ სიმშვიდეა, არაფერი ხდება, რომ დღეს არც სროლები ყოფილა, მესაზღვრეებმაც 300 რუბლის გადახდის მერე თავისუფლად გამოუშვეს. მოკლე-მოკლედ მპასუხობს, ბოლოს წამით ჩერდება, თავს მაღლა წევს, ჩანთებიან ხელებს განზე შლის და ღიმილით მეუბნება დამშვიდობების ნიშნად: „კარგად ვიცი, შვილო, რისი მოსმენაც გინდა ჩემგან, მაგრამ რა ვქნა, მართლა არაფერი არ ხდება, მართლა სიმშვიდეა“. გაოგნებულს მტოვებს, თავი სენსაციებზე მონადირე რეპორტიორი მგონია, ვისაც ფეხებზე კიდია სიმართლე და ვისთვისაც მთავარი აფეთქება, სროლა და გვამებია...
სიმართლის გაგების იმედი უკვე დავკარგე სწორედ ამ ქალბატონთან გასაუბრების შემდეგ. სინამდვილეს ვერ დავადგენ, რადგან აქ ყველა იმას გიპასუხებს, რისი მოსმენაც შენ გინდა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ასეთ ჟურნალისტებს ხვდებიან და, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები მიეჩვივნენ, ყველას ის სახე დაანახონ, რომელიც შექმნილ სიტუაციას ყველაზე მეტად ესადაგება...
თუმცა მაშინ, როდესაც ერთი ზუგდიდელი მპირდება, რომ სრულიად ინკოგნიტოდ გალიდან გადმოსულ ბიძას შემახვედრებს, ჯერ კიდევ მაქვს იმის ილუზია, რომ გალელი პირველწყაროსგან ჭეშმარიტებას შევიტყობ. სოფლის უკაცრიელ გზაზე მივდივართ. გზა კარგია, ეს ჯერ კიდევ განმუხურია. გზაჯვარედინს მივადექით. გზის ერთი ტოტი ხრეშიანი ორღობით გრძელდება, მეორე ტოტთან კი ტრაფარეტი დგას - „ფიჩორი“. ამ გზას თუ გავუყვებით, მივადგებით პატარა ხიდს, რომლის იქითაც უკვე გალი იწყება. საბჭოთა მანქანა აფხაზური ნომრებით ამ გზიდან გვიახლოვდება. მამაკაცი დიქტოფონის ჩართვაზე უარს ამბობს, სახელის და გვარის გამხელაზეც. ბლოკნოტი? ბლოკნოტი შეიძლება. ოღონდ, თუ ვინმე გამოივლის, ბლოკნოტი უნდა დავმალო. როდესაც ვეკითხები, რისი ეშინია, რომელ მხარეს უფრთხის, იმდენად ბუნდოვნად და ზოგადად მპასუხობს, რომ ბოლომდე ვერ ვხვდები, ქართული მხარის პროპაგანდისტული რიტორიკიდან ამოვარდნა არ სურს, თუ გალში დაბრუნების შემდეგ აფხაზების ზეწოლის შიში აქვს. მიყვება, რომ მის სოფელში - ფიჩორში ორასამდე ოჯახი ცხოვრობს. შვილები უმრავლესობას ზუგდიდში ჰყავს, თვითონ კი იქ მოსავალი მოჰყავთ და ოჯახებს არჩენენ. გალის ბაზარში იშვიათად დადიან, იქ ბაზარი კვირაში რამდენჯერმე იმართება, ამიტომ ურჩევნიათ, მოსავალი ზუგდიდის ბაზარში გაყიდონ, მიუხედავად იმისა, რომ საქონლის გადმოტანა უფრო ძვირი ჯდება და საგუშაგოებზეც ათასგვარი ტყუილის თქმა და ქრთამის გაღება სჭირდებათ. ქართულ პირადობის მოწმობებს ისინი ჩუმად ინახავენ, საგუშაგოზე საჩვენებლად კი ძველი რუსული პასპორტი აქვთ. უკვე კარგა ხანია, აფხაზურ ჯარში მისი თანასოფლელი ქართველი ბიჭები მსახურობენ. თავისი სურვილით არავინ მიდის, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. ზოგი იმალება კიდეც, მაგრამ აზრი არ აქვს, ნახავენ და მაინც წაიყვანენ. მეუბნება, - ჩვენ სოფელში ჯერ არავის უთქვამს, - რუსული პასპორტები აიღეთო, - მაგრამ თუ იტყვიან, პრობლემას ვერ ხედავს. მეუბნება, - მეც მინდა, ეს კონფლიქტი დამთავრდეს, ისევ საქართველოს საზღვრებს დაუბრუნდეს აფხაზეთი, მაგრამ ჯერჯერობით ისეა საქმე, რომ იმათ პასპორტსაც ავიღებ, მქონდეს, მერე რაო... ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესებს იზიარებენ, ასეთი ციტატები ღალატად აღიქმება, როგორც ზემოთ უკვე გითხარით. არადა, რომელ ღალატსა და მორალზეა ლაპარაკი, როცა ადამიანებს სიცოცხლის გადასარჩენად თითოეულ ყოფით დიალოგსა და ქმედებაში თითოეული ნაბიჯისა და სიტყვის მოზომვა სჭირდებათ. მამაკაცს რუსულ სამხედრო ბაზაზე ვეკითხები, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება უკვე მოსმენილი მაქვს, რომ: სამხედრო ბაზის მშენებლობა იქ უკვე დასრულებულია, სოფელში რუსული საჯარისო ნაწილი დგას. შემოყვანილია დამატებითი სამხედრო კონტინგენტი და ტექნიკა. ჩემი ინკოგნიტო რესპონდენტი მეუბნება, რომ სამხედრო ბაზა ცოტა სხვა რამე ჰგონია, იმ სოფელში კი რასაც ხედავს, იმას ბაზას მაინცდამაინც ვერ დაარქმევს. მავთულხლართებით რუსებმა ჯერ კიდევ შემოდგომაზე შემოღობეს ზღვისპირა მხარის ერთი ნაწილი, მოასწორეს მიწა, ჩადგეს რამდენიმე კარავი, ჰყავთ 1 ტანკი და რამდენიმე სატვირთო მანქანა - სულ ეს არის, არავითარი მშენებლობა და არავითარი მძიმე ტექნიკაო. მისი თქმით, რუსები სოფლებში სატვირთო მანქანებით მოძრაობენ, მაგრამ მოსახლეობასთან შეხება არ აქვთ, კვირაში ორჯერ შემადგენლობა იცვლება, ვერტმფრენით ფიჩორში ახალი რაზმი ჩამოდის. თავისთვის არიან, მე ვერც ვხედავო, - მეუბნება. სამაგიეროდ, რუსებს ძალიან ახლო მანძილზე ხედავს ოთარ ქობალია და მისი ოჯახი. ამ ოჯახის ისტორიას ინკოგნიტო გალელთან გასაუბრების შემდეგ აფხაზეთის-მედია ცენტრში მიამბობენ. იქ ვიგებ, რომ ქობალიას 350-ძირიანი თხილნარი და ჰექტარნახევრიანი სიმინდის ყანა აუჩეხეს, მისი მიწა მიითვისეს და თავიანთ ბაზას შეუერთეს. ახლა ქობალიების ხუთი ბავშვი ყოველდღე ხედავს და ისმენს მეზობლად დასახლებული რუსების სამხედრო წვრთნებსა და სროლებს. აფხაზეთის მედიაცენტრში იმასაც მეუბნებიან, რომ პასპორტიზაციის პროცესი თითქმის დასრულებულია გალის იმ სოფლებში, რომლებიც აფხაზებმა ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს მიუერთეს. რუსულ ენაზე სწავლებაც სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. ურთიერთგამომრიცხავი კომენტარების ნაკადი სწორედ ამ ორ თემაზე საუბრისას მძაფრდება. ჩემი ინკოგნიტო რესპონდენტისგან ვიცი, რომ სოფელ ფიჩორის სკოლაში პედაგოგები ხელფასს საქართველოს განათლების სამინისტროდან იღებენ, სწავლებაც ქართულ ენაზე მიდის. მაგრამ აფხაზებისგან რუსულ ენაზე გადასვლის ინიციატივაც მოდის, ჩვენი სკოლის დირექტორი კი ჯერჯერობით მაგრად დგას და ენას ინარჩუნებსო. ამას ემატება განმუხურის სკოლის დირექტორის ნაამბობი. მან ერთ-ერთი მოსწავლის ბებიისგან იცის, რომ ოტობაიაში სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობს, რუსული სახელმძღვანელოებით, იმავე სოფელზე ერთი გალელი ქალბატონი იმასაც მეუბნება, რომ ოტობაიაში ქართულის მასწავლებელი დაიჭირეს, ახლა ეშინიათ და რუსულ ენაზე გადავიდნენო. სამაგიეროდ, ნაბაკევიდან გადმოსული ქალები ამბობენ, რომ რუსული სახელმძღვანელოების შესახებ არაფერი გაუგიათ. შემდეგ ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ვხვდები ორ გალელ სტუდენტ გოგონას. ერთისგან ვისმენ, რომ სოფელ ოქუმში სწავლა მთლიანად რუსულ ენაზე, რუსული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს, მეორე გოგონა კი ორჭოფობს, მე როგორც ვიცი, ოქუმში ქართულადაც სწავლობენო. ენგურის ხიდზე გაცნობილი ერთ-ერთი ქალბატონი სიტუაციას კიდევ უფრო დრამატულს ხდის, მეუბნება, რომ სოფელ ღუმურიშის სკოლაში უკვე რუსულ სწავლებაზე გადავიდნენ, მაგრამ მასწავლებელი ახერხებს, ბავშვები გაკვეთილების მერე დატოვოს და ქართულად ამეცადინოს, სხვებისგან ფარულადო. მეორე ქალბატონი კი ყველაფერს უარყოფს, სამაგიეროდ, გალში მომრავლებულ რუსებზე მიყვება და მეუბნება, სავსეა გალი რუსებით, ხშირად ისვრიან და ქალაქში ბეტეერებით დადიანო. მერე უცებ ამბობს, - ისე, კაი ბიჭია ისო. ვინ-მეთქი, რომ ვეკითხები, მპასუხობს, სააკაშვილიო. კაი ბიჭია, აბა რა, 85 მანეთი მაქვს პენსია, დახმარებასაც ვიღებ და მაგით ვცხოვრობო. აქეთ გადმოვდივარ „სეკრეტად“ ფული რომ ავიღოო. მერე ზუგდიდის მარშუტკაში ჯდება და მეუბნება, იქით არ გარისკო, დედა, წასვლა, უცხო გარეგნობა გაქვს, საშიშიაო... სამაგიეროდ, ფიჩორში მეპატიჟება ჩემი ინკოგნიტო რესპონდენტი. როცა ფარულ ინტერვიუს მოვრჩით, მანქანიდან წითელი ღვინო, შემწვარი ქათამი და ხაჭაპურები გადმოალაგა და იქვე გზაჯვარედინზე რამდენიმე სადღეგრძელო გვათქმევინა. აქეთ, ამ მხარეში, გამუდმებული ომიანობის მიუხედავად, პირველ რიგში მშვიდობის სადღეგრძელოს კი არ სვამენ, არამედ პირდაპირ - საზღვრების მოსპობის. დიდი პოლიტიკა სხვა რამეა, მას სხვა სამეტყველო ენა და აღქმის სხვა მასშტაბები აქვს. საზღვარზე მცხოვრებ უბრალო ადამიანებს კი უბრალო სურვილები აქვთ. სურთ, რომ მეზობელ სოფელში, რომელიც სულ ხუთი წუთის სავალზეა, აფხაზური „პროპუსკისა“ და 200 რუბლის გარეშე გადმოდიოდნენ; სურთ, რომ ნათესაური ურთიერთობები შეინარჩუნონ, ტყვიების შიშის გარეშე იცხოვრონ და არც პასპორტების დამალვა უწევდეთ. გალელი მპირდება, - აი, ნახავ, ჩემს სოფელშიც ჩაგიყვან შემოვლითი გზების გარეშე და იქ ისე გიმასპინძლებ, როგორც საკადრისიაო... მისი ეს დაპირება მართლა უფრო სადღეგრძელოს ჰგავს, ვიდრე ახლო ანდა შორეულ პერსპექტივას... მანამდე კი ჩვეულებრივ ადამიანებს საზღვრის აქეთ და იქით მთავრობები თავთავიანთ გმირებს სჩრიან. ენგურის ხიდზე ქალმა მითხრა, - გალის ცენტრში, მთავარ მოედანზე უზარმაზარი პლაკატი გამოუკიდიათ - კოკოითი და ბაღაფში ერთმანეთს ხელს ართმევენ და მეგობრულად იღიმებიანო. აქეთ სხვა პლაკატებია, სხვა სლოგანები და სხვა სახელმწიფო ინტერესები. ამ ინტერესების, ბილბორდების და პროპაგანდის მიღმა კი, სასაზღვრო ზონაში ყოველდღიურობას უძლებენ ჩვეულებრივი ადამიანები, საზღვარზე მიასვენებენ მიცვალებულს, რომელსაც აფხაზურ მოწმობას უღებენ, იქით გადასვენება რომ შეძლონ; საზღვრიდან გადმოაქვთ რუსეთიდან შემოსული არაჟანი და ზუგდიდის ბაზარში იაფად ყიდიან; სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოში ეროვნულ გამოცდებს აბარებენ და მერე ხან უკან ბრუნდებიან, ხან აქვე რჩებიან.
ეს ადამიანები მედიის მიერ შემოთავაზებულ მრუდე სარკეში არ ჩანან. ეს ადამიანები შეეჩვივნენ იმას, რომ ორი სახე უნდა ჰქონდეთ, რადგან ტყუილ-მართლის ზონაში ცხოვრობენ.
![]() |
11 სტატუსის, ჯანმრთელობის და ასაკის მიღმა |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
რატომ და როგორ უნდა შევიცვალოთ მე და თქვენ
ავტორი: თამარ ბაბუაძე
პირველი ნაბიჯი
პირველი ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი. საკუთარ თავს, გამოვიდა, რომ ავანტიურა მოვუწყვე. წინასწარ რეაქციები და გრძნობები არ გავთვალე და არც ქცევაში ვიმეცადინე.
შიგნით უკვე გველოდნენ. კარის შეღება და ჟრიამულის ატეხვა ერთი იყო. ბიჭი შემეგება, მასხარას ქუდითა და ყელზე ფერადი ჟაბოთი. როგორ ხარ? - მკითხა და ჩამეხუტა.
კარგად, შენ როგორ ხარ? რა გქვია?
გიორგი. როგორ ხარ? - კიდევ ერთხელ გამიმეორა, თან ისევ თბილად მეკვროდა.
ამასობაში ორი „ბაყაყი“ გოგო და ერთიც მეკობრე ბიჭი მომიახლოვდნენ. ლაპარაკით არა, მაგრამ აჟიტირებული ჟესტიკულაციით მაგრძნობინეს, რომ ძალიან უხაროდათ ჩვენი მისვლა.
ეს ლამაზი ბაყაყები ნათია და ხატია არიან. გამართულად ვერ ლაპარაკობენ და ამიტომ თვითონ არ გეტყვიან, მაგრამ თქმა რად უნდა, ხომ ისედაც ეტყობათ, როგორ უხარიათ, აქ რომ ხართ.
საშობაო ზეიმი დაიწყო. ბავშვები თამაშობდნენ „ბურატინოს ზამთრის თავგადასავალს“. შუაში ეტლიანი გოგო დავინახე და თვალი ვეღარ მოვაშორე. ძალიან დიდი და ჭკვიანი თვალები ჰქონდა. „ეგ თამუნაა, 15 წლის არის, იცით, რა გონიერი და მგრძნობიარეა?“ - ამიხსნა ერთ-ერთმა მასწავლებელმა. თამუნა კი მთელი გრძნობით მღერის: „ეს ცხოვრება საცალფეხო ხიდიაა“... მერე ასკვნის - „ეჰ, რა ძნელია მარტო ცხოვრება. მოდი, ამ ხის ნაჭრისგან თოჯინას გავაკეთებ“... თოჯინა ბექაა. ამ დროს მუსიკის მასწავლებელი ახალ სიმღერას იწყებს ფორტეპიანოზე. საიდანღაც ძალიან ბოხი და სუფთა ხმით ვიღაც მღერის „მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება, სიხარული ღმერთმა, თურმე, ასე ინება“. თვალებით ვეძებ მომღერალს და ხელში ერთი სათვალიანი გოგო შემრჩება. ეს ნინოა. წარმოდგენა მთავრდება თუ არა, ნინოს და თამუნას გვერდით, იატაკზე ვჯდები, გულუბრყვილო შეკითხვებს ვსვამ და პასუხებს მთელი გულისყურით ვისმენ - პატარებმა რომ იციან ხოლმე ისე.
ნინო მეუბნება, რომ ძალიან უყვარს ხატვა. გინდა დაგათვალიერებინოო? - მეკითხება და ხელიხელჩაკიდებულები კედელზე გამოკიდებული სურათების სანახავად მივდივართ. იცი, როგორ მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, - დიდი ქალივით მეუბნება, - სამზარეულოში თეფშებსაც ვრეცხავ და სუფრასაც ვაწყობ; რომ გავიზრდები, იქნებ მზარეული გამოვიდეო. მერე ლევანის ფოტოაპარატზე მანიშნებს, - ეგ კარგ სურათებს იღებს, არაო? ნინოსაც უყვარს ფოტოების გადაღება, ერთხელ, თურმე, კამერა აჩუქეს და მას მერე იღებს და იღებს.
თამუნა ეტლში კი ზის და დამოუკიდებლად ვერ დადის, მაგრამ თავისი გაბედულებით მაოცებს. ვცდილობ, არ შევიმჩნიო, მაგრამ მიკვირს, როგორ ჩვეულებრივად მიყვება ზღვაში ცურვის ამბავს: ზაფხულში ქობულეთში წაგვიყვანეს, ზღვა ძალიან შემიყვარდა და ვიცურავე კიდეცო. სხვების მსგავსად, თამუნასაც ბოლომდე აქვს გააზრებული, რომ ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ თან საკუთარ თავში დარწმუნებულიც მეჩვენება. მიყვება, რომ მომღერლობაზე ოცნებობს. ჩემი სიმღერა ხომ მოგეწონაო, - მეკითხება და მერე კომპლიმენტებს იფერებს. ამბობს, - ეტლი ხელს არ შემიშლის, დიანა ღურწკაია ხომ არის უსინათლო და ხომ გახდა ვარსკვლავი, მეც შევძლებო. სამკაულები უყვარს. ბეჭდები და სამაჯურები. ნინოსაც უყვარს, მაგრამ არ იკეთებს, თითები არ მოსწონს თავისი. კიდევ რომ მოვალ, რა გაჩუქოთ-მეთქი. ნინოს ვატყობ, სახატავი რვეულები და საღებავები გაუხარდება. თამუნა არ მეუბნება. ისეთი ადამიანი არ ვარ, სხვებს რაღაცები რომ მოვთხოვო; როცა გამიცნობ და მიხვდები, როგორი ვარ, თუ გინდა, რამე მაჩუქე, მე მაინც გამიხარდებაო, - ძალიან საყვარლად მიხსნის.
გარეთ რომ გამოვდივართ, უკვე სიბნელეა. დეკემბრის სუსხიანი ჰაერი სახეში მეჯახება და რეალობაში მაბრუნებს. ჩემი რეალობა სულ სხვაა. აქ, ჩემს სივრცეში, თამუნას და ნინოსნაირი ბავშვებისთვის ადგილი არ არის. ისინი არსად მხვდებიან, არც ქუჩაში, არც თეატრში, არც ავტობუსში. აქ ჩემთან ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ მაქსიმუმი, რაც ამ ბავშვების მიმართ შეიძლება იგრძნო - სიბრალულია. რაც მართლა შეიძლება ჰუმანური განცდა იყოს, იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა კავშირში იყო - მათი სრული უარყოფა. თუმცა, სიბრალული არ ნიშნავს საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომხდარ გრანდიოზულ პროგრესს. პროგრესი ის არის, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ მიერ შექმნილ მიკრო-სამყაროში ვნახე.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
საახალწლო ზეიმი „პირველ ნაბიჯში“
ფოტო: ლაშა მდინარაძე
გრემის თემში
ფოტო: სანდრო ნავერიანი
კოჯრის ბავშვთა სახლი
რაც „პირველ ნაბიჯამდე“ იყო
მათგან ყველაზე პატარა 11 წლისაა, ყველაზე უფროსს - 18 უსრულდება. მათ განსხვავებული დიაგნოზები აქვთ. ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, სმენის და მხედველობის დაქვეითება. ის დრო, როცა საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდნენ, უმეტესობამ ღრმა წარსულში მოიტოვა. პატარები არიან, მაგრამ ამ დროს თითქოს ათეული წელი აშორებთ. თითოეულ მათგანს ერთი მისამართი და ერთი გამოცდილება აერთიანებს - კასპის ბავშვთა ფსიქო-ნევროლოგიური პანსიონატი. ეს დაწესებულება საბჭოთა ეპოქიდან ფუნქციონირებს. მაშინაც კი მთელი კავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსტიტუცია იყო.
საბჭოთა სახელმწიფო პოლიტიკა ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სტრატეგია, შეზღუდული უნარის მქონე ადამიანების მიმართ ზუსტად ისეთი იყო, როგორც ევროპასა და ამერიკაში 1960-იანი წლების ბოლოს. დასავლეთში კი ზუსტად ამ დროს სექსის, რასის, თავისუფალი სიტყვის და როკ-ენ-როლის რევოლუციების პარალელურად, ჩემი აზრით, არა-ნაკლებ მნიშვნელოვანი რევოლუცია დაიწყო: მოძრაობა იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან უნარებისა და შესაძლებლობების, გარეგნობისა და ფსიქიკის მიხედვით გავარჩიოთ. ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო დიდი ინსტიტუციების მოშლა (და ეს პროცესი დღემდე არ დასრულებულა) და შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. საბჭოთა კავშირში კი და მისი დანგრევის მერეც, საზოგადოების ცნობიერება გაიყინა. აქეთ, ჩვენკენ შეზღუდული უნარების მქონე ადამიანს კვლავაც ინვალიდი ერქვა, მათი ერთი დიდი ღობის გადაღმა თავმოყრა და სახელმწიფო ბიუჯეტით შენახვა კვლავაც უფრო დიდ ჰუმანურობად ითვლებოდა, ვიდრე „ნორმალური“ ადამიანების წრეში „შემოშვება“ და მათი არსებობის გახსენებით თავის ყოველდღიურად შეწუხება. ოჯახს რცხვენოდა „ინვალიდი“ შვილის, ზოგს არ რცხვენოდა, მაგრამ ფინანსურად უჭირდა ძალიან და ამ განსხვავებული მიზეზებით მუდმივად ივსებოდა ბავშვთა თავშესაფრები, რომლებიც 18 წლის ასაკიდან ზრდასრულთა ფსიქო-ნევროლოგიურ პანსიონატებში გადაჰყავდათ.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
საახალწლო ზეიმი „პირველ ნაბიჯში“
1990-იანმა წლებმა მოიტანა ის, რომ „ღობის მიღმა დამალულ“ ადამიანებს ქვეყნის ბიუჯეტიდან ვეღარ არჩენდნენ. გრანდიოზული ინსტიტუციები გაჩანაგდა. მათზე სახელმწიფო კონტროლი მოისპო. ბავშვთა სახლებში მომუშავე ადამიანებმა კი ყველაფერი დაივიწყეს, ადამიანობის ჩათვლით. 1993-94 წლებში კასპის ბავშვთა სახლში 24 ბავშვი გარდაიცვალა იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ საკვები და სათანადო მკურნალობა. ვინც გადარჩა, ნახევრად ველურებს ჰგავდნენ, ლაპარაკის ნაცვლად, ღმუოდნენ, ერთმანეთს და აღმზრდელებს ყოველ მცირედ ნიუანსზე აგრესიით პასუხობდნენ. როდესაც პედაგოგები ზრუნვა-მოკლებულ, გაღიზიანებულ და მშიერ პატარებს ვეღარ აჩერებდნენ, ზეწრებით საწოლზე აბამდნენ, ბავშვები ერთმანეთის მიმართაც აგრესიულები და სასტიკები ხდებოდნენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკვები იყო გასაყოფი... შესაბამისად, მათი უნარების განვითარებზე, აღზრდაზე, სითბოსა და დაყვავებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. კასპი იქცა დეჰუმანიზაციის სიმბოლოდ. ის გახდა წერტილი, რომლის შემდეგაც ახალი წინადადება სუფთა ფურცელზე ფონდმა „პირველმა ნაბიჯმა“ დაწერა. ფურცელი - საბჭოური საზოგადოებრივი მენტალიტეტი და სახელმწიფო პოლიტიკა იყო, წინადადება კი შემდეგნაირი: ის, რაც კასპში ხდება, ჩვენი ცნობიერების სიმბოლოა. ასე აზროვნება კი დაუშვებელია. ამ ბავშვებს აქვთ თავიანთი უფლებები. ომების, დაკარგული ტერიტორიების, დაღუპული ჯარისკაცების, ენერგოკრიზისის, ინფლაციის და ყველა იმ 90-იანური კრიზისის მიუხედავად, აუცილებელია, ამ ბავშვებზე ზრუნვა არასამთავრობო სექტორმა მაინც ითავოს, თუ ამაზე ფიქრისთვის სახელმწიფო ვერ იცლის.
პირველი ნაბიჯი საქართველოში ევროკავშირის ირლანდიელი ელჩის დენის ქორბოის მეუღლემ ჯეინ ქორბოიმ და ნინო ქადაგიძემ გადადგეს. ჩემისგან განსხვავებით, მათი პირველი ნაბიჯი იყო გაბედული და იყო მყისიერი რეაქცია კასპზე. 1998 წელს ფონდი „პირველი ნაბიჯი“, როგორც საქართველო-ირლანდიის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ოფიციალურად გაფორმდა. ორგანიზაციის მიზანი ერთადერთი იყო - გამოვიყვანოთ ბავშვები კასპის პანსიონატიდან და გადავარჩინოთ ისინი.
კასპის დაცარიელების პროცესი ასე დაიწყო. პარალელურად, თბილისში, დიღმის ბავშვთა მეორე საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ირლანდიური მხარის დახმარებით, „პირველი ნაბიჯის“ საკუთრებად იქცა მიწა, რომელზეც კასპის ბავშვებისთვის აშენდა სამი კოტეჯი, ორი საცხოვრებელი დანიშნულებით, მესამე - დღის ცენტრის ფუნქციით. დღის ცენტრში დღეს დაახლოებით 30 ბავშვი სწავლობს. აქ ის ბავშვები დადიან, რომელთა აღზრდასა და განათლებასაც ძალიან სპეციფიკური მეთოდიკა სჭირდება.
თავდაპირველად კასპიდან იმ ბავშვების გადმოყვანა დაიწყეს, რომელთაც ყველაზე რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ. დანარჩენებზე, სანამ შესაფერის თავშესაფარს უპოვნიდნენ, „პირველი ნაბიჯი“ კასპშივე ზრუნავდა და საკვებით ყოველდღიურად ამარაგებდა. კასპიდან გადმოყვანილი 12-12 ბავშვი კი ეტაპობრივად ორ კოტეჯში გადანაწილდა.
ფსიქოლოგი რუსიკო ბოჭორიშვილი „პირველ ნაბიჯში“ მაშინ მივიდა, როცა ბავშვებს მეორე კოტეჯში აბინავებდნენ. მიამბობს, როგორი რთული იყო თავიდან. პატარებს ვერ მოეფერებოდი, თავზე ხელის გადასმა და გარბოდნენ, როცა რამის თქმა სურდათ, ყმუილისმაგვარ ბგერებს გამოსცემდნენ, სუფრიდან საკვებს იპარავდნენ. ამიტომ 8-10 წლის ბავშვებს აქ იმ ქცევებს ასწავლიდნენ, რასაც, წესით, 2-3 წლის ასაკში ითვისებენ. რუსიკო ამბობს, - ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იყო ის, რომ ბავშვები შიშისგან, აგრესიისგან, კომპლექსებისგან გაგვეთავისუფლებინაო. წარმოიდგინეთ, რამხელა ძალისხმევა დასჭირდებოდა ბავშვების ტკივილით გაჯერებული მეხსიერების წაშლას; მათ დარწმუნებას იმაში, რომ კოშმარი დამთავრდა, ახალი ცხოვრება იწყება, რომელშიც, მათი ნაკლის და უუნარობის მიუხედავად, ამ ბავშვების გულწრფელი სიყვარულია შესაძლებელი.
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
საახალწლო ზეიმი „პირველ ნაბიჯში“
ფოტო: სანდრო ნავერიანი
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
ცეკვის გაკვეთილი გრემში
რუსიკო მეუბნება, რომ ბავშვები სწორედ ასეთმა მიდგომამ გადაარჩინა. აი, ვთქვათ, ხატიაო - კიკინიანი გოგონა, საახალწლო წარმოდგენაზე, ბაყაყს რომ თამაშობდა. ხატია დანარჩენ ბავშვებთან შედარებით, ძალიან ნელა ვითარდება. კასპში გატარებულმა წლებმა კი მას კიდევ უფრო დიდი დაღი დაასვა. „პირველ ნაბიჯში“ მოსული ბავშვი საერთოდ ვერ ლაპარაკობდა, არადა, ბუნებით კონტაქტური იყო, სხვებთან ურთიერთობა მოსწონდა და ეს არ შეეძლო. დროთა განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, მეტყველების თერაპევტმა და ფსიქოლოგმა შეძლეს ის, რომ გოგონა სათქმელს ყველას აგებინებს. მეგობრებიც ჰყავს და იცის, როგორ გამოხატოს სიყვარული - წამდაუწუმ ეკვრის და ეფერება ყველას. ხატიას ხატვა და ცეკვა უყვარს განსაკუთრებით. ის ჩვეულებრივი სასკოლო პროგრამით ვერ სწავლობს, განსაკუთრებული პროგრამა სჭირდება. ამიტომ დღის ცენტრში დადის, ხოლო როცა მუსიკის საათი დგება, თავდავიწყებით ცეკვავს.
ახლა უკვე გაზაფხულია, უკვე ბაღში მუშაობაც შეიძლება. „პირველი ნაბიჯის“ ეზოში სპეციალურად ბავშვებისთვის გაშლილ ბაღში პატარები იმას აკეთებენ რაც შეუძლიათ. რამდენიმე ბავშვი, რომელთაც ცერებრული დამბლის დიაგნოზი აქვთ, სპეციალურ პროგრამაში არიან ჩართულები და თებერვალში ერთ კვირას გუდაურში ატარებენ, სათხილამუროდ დადიან. თავიდან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თუნდაც ბექა თხილამურზე დადგომას შეძლებდა, მაგრამ ახლა ისე კარგად ფლობს წონასწორობას და ისე მოსწონს სრიალი, ყოველ წელიწადს, მოთოვს თუ არა, ფანჯარასთან დგება და წამდაუწუმ კითხულობს, - უკვე თებერვალი ხომ არ მოვიდაო.
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
მათე
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
მხოლოდ - „ჩვენ“
„პირველ ნაბიჯში“ მთავარ აღმზრდელს დედა ჰქვია, მის დამხმარეს - დეიდა. თუმცა, თავიდან მხოლოდ მსგავსი ტერმინოლოგიური ნოვაციები პატარებთან არ ჭრიდა. თუნდაც მხოლოდ ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობისთვის საჭირო იყო ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის სრულიად უცხო და სპეციფიკური განათლება. ამიტომ „პირველი ნაბიჯის“ სპეციალისტებმა, ბავშვების აღზრდის პარალელურად, თვითგანათლებაზე ფიქრიც დაიწყეს.
თამუნა ზაალიშვილს „პირველ ნაბიჯში“ სოციალური და ტრენინგების მიმართულება აბარია. მისი საქმეა ბავშვებზე ზრუნვა, მათ მიმართ განცდილი სიყვარული, ემოციები და სენტიმენტები პროექტებად და გეგმებად გარდაქმნას, მოიფიქროს, როგორ და რა გარემოში განვითარდებიან პატარები უკეთ. მანამდე კი იგივე სახის ცოდნა რამდენიმე კოლეგასთან ერთად დუბლინში, სენტ მაიკლის სახლში დაიგროვა. ეს ორგანიზაციაც „პირველი ნაბიჯის“ მსგავსი პროფილით მუშაობს, თუმცა, 50 წლის წინ დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთ სამაგალითო სისტემად ითვლება.
სწორედ ამ დაწესებულებაში „პირველი ნაბიჯის“ სპეციალისტებს ასწავლეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ურთიერთობის მთავარი პრინციპი: არ არსებობს - „ისინი და ჩვენ“, არსებობს მხოლოდ - „ჩვენ“. ვიდრე ამას გულწრფელად არ დაიჯერებ, არაფერი გამოგივა.
თამუნა მიამბობს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კურსის შესახებაც, რომელსაც პიროვნებაზე ცენტრირებული დაგეგმვა ჰქვია. ცენტრირებული იმიტომ, რომ ეს კონცეფცია ცენტრში აყენებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის პირად ინტერესებს და ხასიათს და არა მის დიაგნოზს. როდესაც დავივიწყებთ დიაგნოზს და ყურადღებას გავამხვილებთ იმ უნარებზე, რაც ამ ადამიანს აქვს, უკვე შესაძლებელი გახდება მისი პიროვნული განვითარება იმ დონეზე, რომ ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს. ამ კონცეფციის მიხედვით, ადამიანის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია შეუძლებელია, თუ მას კვლავაც ძველმოდური ყაიდის, დიდ ინსტიტუციაში ვაცხოვრებთ - ფართო საზოგადოებისგან დამალულად. შედეგი მხოლოდ მაშინ გახდება ხილული, თუ ამ ადამიანებს ბავშვობიდანვე გავზრდით ოჯახური ტიპის, მცირე პანსიონებში, სადაც თითოეულ მათგანზე ინდივიდუალური ზრუნვა იქნება შესაძლებელი, სადაც ისინი ჩვეულებრივ ადამიანურ ურთიერთობებს მიეჩვევიან.
დუბლინში მიღებული ცოდნა ქართველებმა ერთი წლის განმავლობაში თარგმნეს, დაამუშავეს, ქართულ რეალობას მოარგეს და „პირველ ნაბიჯში“ დანერგეს; ანუ, ფაქტობრივად, საქართველოში მსგავსი განათლების არარსებობის პირობებში, მათ ახალი ბილიკი გაკვალეს. დღეს ამ სფეროში მუშაობა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე 1998 წელს, „პირველი ნაბიჯის“ გახსნის დროს იყო. 2004 წლის შემდეგ გატარებულმა განათლების რეფორმამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტერესები გარკვეულწილად გაითვალისწინა. თუ ერთ დროს სოციალური მუშაკის ცნება ქართული საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი რამ იყო, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილია ოკუპაციური თერაპიის და სოციალური სამუშაოს ბაკალავრიატები, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში კი - სოციალური მუშაკებისთვის სამაგისტრო პროგრამა მოქმედებს. ორივე ფაკულტეტზე ცალკე კურსი იკითხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ. პირველი გამოშვება ამ ფაკულტეტებს ჯერ არ ჰქონიათ.
თამუნა მეუბნება, რომ კურსდამთავრებულებს ამ ფაკულტეტებიდან „პირველი ნაბიჯიც“ ელოდება, რადგან ჩვენთან ჯერ კიდევ ძალიან ცოტა კვალიფიციური სპეციალისტია, რომლებმაც იციან შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებთან ურთიერთობის ყველა სპეციფიკა.
დედა
„მე მიყვარს ასმათი“ - გიორგი მარცვალ-მარცვალ, ნელა და მონდომებით კრეფს ამ წინადადებას კომპიუტერის კლავიატურაზე. გიორგი 17 წლისაა, ძალიან ცისფერი თვალები და ცოცხალი გამოხედვა აქვს. მისი დიაგნოზია გონებრივი ჩამორჩენა. ასმათი გიორგის კოტეჯის „დედაა“. როცა გიორგის ეკითხები, - ვინ არის შენი დედა, ის გპასუხობს, - ასმათი. მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში ნამდვილი დედის გამოჩენას თითოეული ბავშვი მთელი არსებით ელის.
რაც უნდა დედასავით ექცეოდეს მათ თუნდაც ასმათი, წლების განმავლობაში უნახავ მშობელთან შეხვედრა პატარებზე სულ სხვანაირად მოქმედებს. ამიტომაც არის, რომ „პირველი ნაბიჯელები“ სულ ცდილობენ მშობლების წაქეზებას. რუსიკო მიყვება: „ხშირად ვეუბნებით ხოლმე, არ არის საჭირო არაფრის მოტანა, ნუ გრცხვენიათ, რომ ხელცარიელი მოხვალთ, მთავარია, მოხვიდეთ, ბავშვებს თქვენგან მეტი არაფერი სჭირდებათ.“ და როდესაც დგება ჯადოსნური წამი და რომელიმეს დედა აკითხავს, როგორც რუსიკო ამბობს, ბედნიერ ბავშვს აღარავინ და აღარაფერი ახსოვს. დედის სტუმრობა თითოეული აღმზრდელის, ფსიქოლოგის და პედიატრის სითბოს და მზრუნველობას ჩრდილავს. არადა, პირადად მე ვერც ერთ მშობელს ვერ გავამტყუნებო, - მეუბნება რუსიკო, - თითოეული ბავშვის ოჯახური ისტორია იმდენად მძიმეა, მათ მშობლებს იმდენად უჭირთ, რომ ვერაფრით დაადანაშაულებ, შვილები ბავშვთა სახლისთვის რომ გაიმეტეს.
რუსიკო ერთი პატარა ბიჭის ბებიაზეც მიამბობს. მოხუცი ქალბატონი ქვრივია, აღარც შვილები ჰყავს, თავის ობოლ შვილიშვილს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, წლების განმავლობაში მარტო ზრდიდა. თუმცა, შემდეგ სამსახური დაკარგა, თვითონ ბავშვს მარტო ვეღარ უვლიდა და ამიტომ კასპის ბავშვთა სახლს მიაბარა. ბიჭი კასპიდან „პირველი ნაბიჯის“ ბავშვთა სოფელში მოხვდა. ბებიამ იცის, რომ მის შვილიშვილს აქ უკეთესად გაზრდიან, ვიდრე მარტოხელა მოხუცი შეძლებდა. ამიტომ ურჩევნია, ბავშვი ენატრებოდეს, მასთან სტუმრად დადიოდეს, ვიდრე შინ წაიყვანოს.
„თუმცა, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ბავშვი როცა შინ, მშობლიურ გარემოში იზრდება, გაცილებით უიოლდება შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა,“ - მიხსნის თამუნა ზაალიშვილი, მაგრამ იმასაც მეუბნება, რომ ბავშვის შინ დაბრუნება თვითმიზანი არ არის: ჩვენთან მშობლების უმრავლესობამ არ იცის, თუ რა სპეციფიკა და ცოდნაა საჭირო მათ შვილებთან ურთიერთობისთვის. არცოდნა მშობლების გაღიზიანებას და აგრესიას იწვევს, ამას ხშირ შემთხვევაში ემატება უსახსრობაც (ამ პატარებზე ზრუნვა ხომ განსაკუთრებულ საკვებ რაციონს და ძვირადღირებულ მედიკამენტებსა და მკურნალობას მოითხოვს) და ბოლოს ყველაფერი თითქმის ისეთივე შედეგით მთავრდება, როგორიც საზოგადოებამ კასპის პანსიონატის სახით მიიღო. თამუნა მეუბნება, რომ იდეალური შემთხვევაა, როცა, პირველ რიგში, თვითონ მშობლები ეგუებიან იმ აზრს, რომ მათ შვილს სულ სხვა საჭიროებები და პრობლემები აქვს, ვიდრე დანარჩენ პატარებს; პირველ რიგში, თვითონვე ითავისებენ იმას, რომ ასეთი შვილის არ უნდა რცხვენოდეთ და შემდეგ უკვე ბავშვის სწორად აღზრდაც უიოლდებათ. თამუნას ვეკითხები, თქვენ თუ იცნობთ ასეთ მშობლებს-მეთქი. მეუბნება, რომ „პირველი ნაბიჯის“ ერთი გუნდი სწორედ მშობლებთან მუშაობს. აქვთ პროგრამა, რომელსაც ოჯახში მომსახურება ჰქვია. კვირაში რამდენჯერმე იმ სახლებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ცხოვრობენ, „პირველი ნაბიჯის“ სპეციალისტები აკითხავენ; ისინი შველიან დედებს ბავშვების მოვლაში და აჩვენებენ, როგორ უნდა იზრუნონ მათზე სწორად.
ახლა „პირველ ნაბიჯში“ მშობლების შეკრებას ვესწრები. თამუნა ზაალიშვილი და დანარჩენები მათ პრობლემებს ისმენენ. უკვე ვხვდები, ამ შეხვედრებს „დაცლის“ ფუნქციაც აქვს. დედები ხმამაღლა ჰყვებიან თავიანთ შვილებზე: „ჩემსას უკვე შეუძლია რამდენიმე წუთით დადგეს“, „მართლა? ნინოს ისე უხარია სკოლაში სიარული, უთენია დგება და სკოლის ავტობუსს ფანჯარასთან ელოდება“... ჰყვებიან თავიანთი ცხოვრების წესზე: „გუშინ გოგოები რესტორანში ვიყავით, ბავშვი მამასთან დავტოვე. ცოტა კი ვინერვიულე, მაგრამ იცი, რას მივხვდი? უკან რომ დავბრუნდი, გიოსთან ურთიერთობისთვის უფრო მეტი ენერგია და ხალისი მქონდა. ეს გადართვები მშველის ხოლმე...“
...მშობლების შეკრებიდან გამოსული ოფისში ვბრუნდები. ნეტში ერთი ამერიკელი დედის საიტს ვპოულობ, რომელზეც ქალი ონლაინ დღიურს წერს თავისი ცხოვრების შესახებ და ჰყვება, რომ ოთხი შვილიდან სამს სხვადასხვა ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა აქვს. ის კერავს წინსაფრებს, ზეწრებს, ეტლზე გადასაკრავ ქსოვილებს ისეთი ბავშვებისთვის, რომელთაც მისი შვილებისნაირი პრობლემები აქვთ და საიტის საშუალებით ავრცელებს. ვხვდები, რომ ჩვენს საზოგადოებას ზუსტად ასეთი დედები აკლია; დედები, რომლებიც შვილებს „ჩვეულებრივი“ - „უუნაროს“ ნიშნით არ ასხვავებენ, მათ გამო არ კომპლექსდებიან, მათზე ზრუნვას სწავლობენ და მათი მიღწევებით სიხარულს. ქვეყანაში, სადაც ეს დედა ცხოვრობს, კანონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების შესახებ ჯერ კიდევ 1975 წელს მიიღეს. დედებს კი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, ყველაფერი ახლა აქვთ მოსაპოვებელი - სოციალური სისტემაც, გამართული კანონმდებლობაც, პროგრესული საზოგადოებაც, უფლებებიც და შვილების ნორმალური მომავლისთვის - სხვა გარანტიებიც. და მაინც, ასეთი დედები ჩვენთან არ არიან. კითხვა მიჩნდება - რატომ?
მეც შენი კლასელი ვარ
თამუნა და ნინო კვირის დღეებში დილაადრიან დგებიან. საუზმობენ, სასკოლო ჩანთას ილაგებენ და ავტობუსით მეასე საჯარო სკოლაში მიდიან. იქ ისინი ინტეგრირებულ კლასში სწავლობენ, რომელიც „პირველმა ნაბიჯმა“ გახსნა. კლასი სულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ როგორც რუსიკო მიხსნის, რადგანაც ეს კლასი ჩვეულებრივ საჯარო სკოლაშია გახსნილი, თამუნას და ნინოს მაინც აქვთ საშუალება, შესვენებებზე, საერთო სასკოლო გაკვეთილებზე თავიანთ თანატოლებს ეთამაშონ. ბავშვებს ერთად უტარდებათ მუსიკის გაკვეთილი, ფიზკულტურა და მეასე სკოლის მოსწავლეებიც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეგუებიან იმ აზრს, რომ თურმე არსებობენ ბავშვები, რომელთაც არ შეუძლიათ სიარული და, მით უმეტეს - სირბილი, აზროვნებენ უფრო ნელა, მაგრამ ამის გამო ისინი არ უნდა აითვალწუნონ. ერთი შეხედვით, რთულია, გაიგო, რეალურად რა ხდება ამ ბავშვებს შორის. მეგობრობენ კი ისინი ერთმანეთთან? არის კი მათი ურთიერთობა გულწრფელი? თუმცა, ერთია - ამ დაახლოების შედეგებს ჯერ ვერ დავინახავთ. ინტეგრირებული კლასი ეს უბრალოდ არის მცდელობა და გზა, როგორ შეიძლება დავაახლოვოთ ისინი ერთმანეთს.
მეასე სკოლაში გახსნილ ინტეგრირებულ კლასს თავიდან ექსპერიმენტული სახე ჰქონდა. თუმცა, პარალელურად, სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტაციაში გაჩნდა ცნება - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი. ამ განსაზღვრებაში რამდენიმე კატეგორიის ბავშვები მოხვდნენ: მათ შორის - ქუჩის ბავშვები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და, ცხადია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარები. 2006 წელს მოხდა პირველი სერიოზული გარღვევა: ამოქმედდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, თბილისის ათ სკოლაში ინკლუზიური კლასები გაჩნდა. ეს კლასი სულ სხვა დონის ინტეგრაციას ნიშნავდა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარები ჩვეულებრივ სასკოლო კლასში ისხდნენ და, მართალია, ჰქონდათ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მაგრამ გაკვეთილებს მაინც თავიანთ „ჩვეულებრივ“ თანატოლებთან ერთად ესწრებოდნენ. ბავშვს, რომელსაც ბოლომდე აქვს გააზრებული თავისი სტატუსი (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი), რა გასაკვირია, რომ ჩვეულებრივ სკოლაში სიარული ძალიან ეამაყება. „პირველი ნაბიჯის“ ბავშვთა სოფელში ერთმა პატარამ საიდუმლოდ ისიც მითხრა, რომ კლასში შეყვარებულიც ჰყავს. ძალიან გამიხარდა, თუ ასეა საქმე, ნაპრალი, მგონი, ასეთ და ისეთ პატარებს შორის ერთ დღეს მართლა ამოივსება.
სიმწიფის ასაკი
- რუსო, მიყვარხარ, - ყვირის შორიდან გიორგი.
- მეც მიყვარხარ, გიო, - პასუხობს რუსიკო.
- რუსო, როდის წავალ დიღომში, როდის?
გიორგი 18 წლისაა. სათვალე უკეთია, რომელსაც ხშირ-ხშირად ისწორებს ხოლმე და როცა დაგინახავს, ოდნავ არეული ნაბიჯით, ენერგიულად გამოექანება შენკენ და მაგრად ჩაგეხუტება. უცებ გავხდი მისთვის თამუ, არც ლევანის წვერებმა დააფრთხო და დაუძმაკაცდა. იცის, რომ უკვე დიდი ბიჭია და უფლება აქვს, თანატოლებივით გვესაუბროს. წინა შეხვედრაზე მთხოვა, - თათრული მუსიკა მომწონს და დისკი მინდაო. ვერ ვუშოვე, მაგრამ მაპატია. უხარია ის, რომ მალე დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს. 18 წლის ბიჭი „პირველი ნაბიჯის“ ბავშვთა სოფელში ვეღარ დარჩება. „პირველმა ნაბიჯმა“ მისთვის საქმე, თავშესაფარი, მოკლედ, მომავალი უნდა იპოვოს. რუსიკო მეუბნება, რომ პატარებს რა უნარსაც შენიშნავენ, იმ უნარის მიხედვით ასწავლიან ხელსაქმეს. გიორგი სოციალური თერაპიის სახლის სახელოსნოში დადის და ბლოკნოტებს ამზადებს. ბავშვებმა იციან ხეზე კვეთა და კომპიუტერზე ბეჭდვაც. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ ბიჭებს ჩვეულებრივ შეუძლიათ გარკვეული სამუშაოს შესრულება, არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი თანატოლებივით გაუიოლდებათ სამსახურის შოვნა. სისტემაში, რომელშიც მათ არსებობას და მათ უფლებებს არც ინფრასტრუქტურა, არც საჯარო დაწესებულებების საკადრო პოლიტიკა და არც სოციალური დაზღვევა ითვალისწინებს, რთულია, ირწმუნო ის, რასაც „პირველი ნაბიჯის“ ბავშვთა სოფელში პატარებს მოსვლის დღიდან ასწავლიან - არ არსებობს ისინი და ჩვენ, არსებობს მხოლოდ - „ჩვენ“. როდესაც იწყება დამოუკიდებელი ცხოვრება, „პირველი ნაბიჯის“ ბავშვები სულ სხვა რეალობას ეჯახებიან. ამიტომაც თინეიჯერებისთვის პერსპექტივის შეთავაზება „პირველი ნაბიჯის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია.
ბოლოს ამ თემაზე რუსიკო ბოჭორიშვილს თებერვალში ვესაუბრე. მისგან გავიგე, რომ ერთი წლის წინ პირველად მოხდა ასეთი რამ: სამოქალაქო რეესტრში დაასაქმეს ადამიანები, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ და ეტლში სხედან. ისინი კომპიუტერებთან დასვეს და საინფორმაციო ბაზაში ინფორმაციის შეტანა დაავალეს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა იყო, რომელიც ჯერჯერობით არც ერთ დაწესებულებას არ გაუმეორებია. ამიტომ „პირველიმა ნაბიჯმა“ ასეთი რამ მოიფიქრა: გიორგის და კიდევ სამ სხვა 18 წლის ბიჭს უქირავეს ბინა, სადაც ისინი „პირველი ნაბიჯის“ დედებისა და დეიდების მეთვალყურეობის ქვეშ ერთად იცხოვრებენ, ივლიან „სამსახურში“ - დაამზადებენ ბლოკნოტებს და გარკვეულწილად შეიქმნიან წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი ცხოვრება. „პირველი ნაბიჯის“ ეს გადაწყვეტილება არის ალტერნატიული გზა იმ სახელმწიფო სტრუქტურაში, რომელიც შანსს და გარანტიას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს ვერ სთავაზობს. თუმცა, არსებობს ამ რეალობის კიდევ უფრო დიდი ალტერნატივაც. ეს გრემია.
რეალობის ალტერნატივა
გრემში შობის წინა დღეს მივდივართ. „პირველი ნაბიჯის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, ლალი მესხი და პედიატრი ირმა გოცირიძე ჩემი მეგზურები არიან. მათგან ვისმენ გამაოგნებელ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ თქვა უარი ნიკა კვაშალმა საკუთარ ცხოვრებაზე. თბილისში გაყიდული ბინის სანაცვლოდ, როგორ შეიძინა გრემში ერთი ისტორიული შენობა, როგორ წაიყვანა თან თემქის ბავშვთა ინტერნატიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 16 წლის ბიჭი არსენაც და როგორ გაუღო შემდეგ კარი ყველა გაჭირვებულს, მიუსაფარს, შეზღუდული უნარისას და ასევე უბრალოდ მოხალისე ადამიანს. ნიკა კვაშალი თავის თავს ნიკა-პაპას ეძახის, გრემელებიც მას ასე მიმართავენ. სიტყვა-ძუნწია და საკუთარი თავის, არჩევანის და მოტივების შესახებ ლაპარაკს ურჩევნია, გრემელები გაგაცნოს. მეც ეზოში გავდივარ და ნაცნობებს ვიძენ.
გრემის თემის ვეტერანი ბინადარი არსენა ახლა უკვე 30-ს გადაცილებული კაცია. მაგრამ მაინც ბავშვურად იღიმება და წითლდება, როცა რამეს ჰკითხავ. დილას ძროხის წველით იწყებს. სანამ 10 საათზე, სამზარეულოში საუზმეზე შეიკრიბებოდნენ, არსენასავით ყველა შრომობს. ზურა სარეცხის თადარიგს იჭერს, გოგოები ოთახებს ალაგებენ. გრემის თემს თავისი დირექტორი, მენეჯერები და მეურნეები ჰყავს. ამ სტატუსების გარეშე, საქმე ვერც აეწყობოდა. უნიკალური ხის საჭრელი დანადგარებით გამართულ ხის საამქროს (ეს დაზგები გრემს უცხოელმა მეცენატმა აჩუქა), ვენახს და ღვინის მარანს თავისი პასუხისმგებელი პირები სჭირდება, ყველაფერმა უშეცდომოდ რომ იმუშაოს. გრემელები თვითონვე უძღვებიან დიდ მშენებლობასაც, სულ თავისი ძალებით აშენებენ უფრო დიდ სახლს, სადაც უფრო მეტი ადამიანი დაეტევა. ამხელა მეურნეობას ყველა ერთად უძღვება, ნატო, ზურა, ლევან პაპა - ადამიანები, რომლებიც აქ გააზრებული არჩევანის შედეგად მოვიდნენ და არსენიც, დათო და ნინო - რომლებიც, თავიანთი გარეგნული თუ გონებრივი ნაკლის მიუხედავად, მაინც მათ თანასწორებად ითვლებიან. ამ თემში მცხოვრები ადამიანებისთვის, რაც უნდა შეუძლებლად მოგეჩვენოთ, არ არსებობს ზღვარი სტატუსებს, დიაგნოზებს და გარეგნობებს შორის. აქ შეიძლება ნახო ქერათმიანი იულია, რომელიც ისე სხარტად ვერ აზროვნებს, ხშირად ღიზიანდება და ბავშვურად რეაგირებს მოვლენებზე, მაგრამ მოსიყვარულე და მზრუნველი დედაა. მას 12 წლის გოგონა, ნინიკო ჰყავს, მაგრამ როდესაც რამდენიმე წლის წინ თემის ჭიშკართან უცნობებმა ბავშვი დატოვეს და გაიქცნენ, მე ვიშვილებო, - მაშინვე მოინდომა იულიამ. 3 წლის მათეც, რომელსაც შუბლზე ჩამოყრილი თავთავისფერი თმა აქვს და ჯანმრთელი ბავშვია, იულიას დედას ეძახის და ის მართლა დედასავით უყვარს. იულია მათეს აძლევს იმას, რაც აქვს - სიყვარულს, მათეს აღზრდასა და განვითარებაში კი თბილისიდან ყოველ კვირას ჩამოსული ირმაც მონაწილეობს, თემის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან პაპაც, თემის ბუღალტერი და ძალიან ყოჩაღი გოგო ნატოც და თემის სოციალური მუშაკი - გალინაც. ახლა მათე ლევან პაპას მხარზე ზის და დინჯი სახით დაგვყვება თემის მეურნეობაში, გზად იულია გვხვდება. იულია დღეს ცუდ ხასიათზეა, ეჭვიანობს შვილზე - ჩვენთან ერთად რომ დადის, ამიტომ მათეს ზედაც არ შეხედავს, გაბრაზებული ჩაგვივლის გვერდით. ბავშვი კი გულამომჯდარი იწყებს ტირილს. დედაა, არ წახვიდეეე, დედაააა... პატარას გოგოები ამშვიდებენ - მათე ხომ მათი გაზრდილიცაა და შვილივით უყვართ.
გალინა მაღალი, მომხიბვლელი, ქერათმიანი გოგოა, რომელმაც სოციალური მუშაკის განათლება ახლახან მიიღო და თემის პირველი დიპლომიანი სოც.მუშაკია. გალინა მთელი დღე დაკავებულია. ის იმ 33 თემელზე ზრუნავს, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებენ. ეხმარება მათ ჩაცმაში, ბანაობაში, ემოციების დაბალანსებაში. მათი ნახვა მინდა, ირმას მეორე სართულზე ავყავარ. დერეფანში არავინაა, გარშემო სრული სიჩუმეა. მერე უცებ ვაღებთ ყრუ კარს და ძალიან ვიბნევი. ოთახში პატარა ნათურა ციმციმებს, ტელევიზორი დაბალ ხმაზეა ჩართული, ზოგი ზის, მონოტონურად ამოძრავებს თავს და სივრცეში იყურება, ზოგი ხელებგაშლილი დადის, გეჯახება, მერე გეხება, გსინჯავს, გამოწმებს, თითქოს, რაღაცის თქმა უნდა, ვერ ამბობს, უკან მოგყვება. ირმას ერთ-ერთი ბავშვის აღელვებული დედა ხვდება, - რა კარგია, რომ ჩამოხვედით, ჩემი პატარა დღეს ძალიან გაღიზიანებულია, იქნებ, ნახოთო. ირმა ოთახში რჩება, მე გარეთ გამოვდივარ და ვხვდები, რამხელა ძალისხმევა და შინაგანი წონასწორობა სჭირდება თუნდაც ირმას და თუნდაც გალინას იმისთვის, რომ ამ ბავშვებზე იზრუნონ, მათ გაუგონ, დაამშვიდონ და მოეფერონ.
გალინა ფიქრობს, რომ გრემს არასდროს დატოვებს; აქაურმა გარემომ თუ არ დაგაფრთხო, მერე წასვლა ძნელიაო, - ამბობს. როგორც ჩანს, აქ გალინასავით ფიქრობს ყველა. ამიტომაც ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრობენ ადამიანები სრულიად განსხვავებული და ხშირად ტრაგიკული წარსულით, ტრავმებით და იმედგაცრუებებით. გრემი მათთვის ჯავშანია, რომელიც გაცილებით უფრო სასტიკი ცხოვრებისგან იცავთ, რომელიც ღობის გადაღმა, „გარეთაა“.
... წამოსვლის წინ ეზოში ერთ ქერა ბიჭს ვამჩნევ. ეს აი, ის გერმანელი მოხალისეა, რომ გიამბობდითო, - მეუბნებიან, - ჩვენი თემის შესახებ გერმანიაში გაიგო და დასახმარებლად ცოტა ხნით ჩამოვიდაო. უცებ წარმოვიდგინე, როგორ ზის საშუალო სტატისტიკური ქართველი ბიჭი ინტერნეტთან, როგორ ეძებს უპოვართა თავშესაფრებს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში და როგორ არჩევს, სად წავიდეს, ვინ გაიცნოს და ვის დაეხმაროს. ვხვდები, წარმოდგენაში დახატული ეს სურათი უტოპიურია. უტოპიურია იმიტომ, რომ ქართველი ბიჭები მოხალისედ ჯერ არც გრემში ყოფილან. უტოპიურია იმიტომაც, რომ ჩემ და ჩემზე უფროს თაობას სოციალური ვალდებულების განცდა დაჩლუნგებული აქვს. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება, მოგინდეს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ჩახვიდე თუნდაც გრემის თემში და იმუშაო; არ დაგაფრთხოს ზინას მიღმურმა მზერამ, რომელიც სულ კართან დგას, თავისთვის იღიმება, თავს აქნევს, არავის ელაპარაკება, სხვა პარამეტრებით აზროვნებს და თავის სამყაროში ცხოვრობს.
მეორე, მესამე, მეოთხე... ნაბიჯი
კასპის პანსიონატი რამდენიმე თვის წინ დაიხურა. იქ დარჩენილი ბავშვები სხვადასხვა ადგილას გადანაწილდნენ. 24 პატარა კი კოჯრის სააღმზრდელო დაწესებულებაში დაასახლეს. კოჯორი „პირველი ნაბიჯის“ და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტია. შეთანხმება, რომელიც ორიოდე წლის წინ გააფორმეს, ასეთი იყო: მთავრობა იზრუნებდა ბავშვთა სახლის შენახვასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, „პირველი ნაბიჯი“ კი მოამზადებდა აღმზრდელებს, ასწავლიდა მათ ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიკას. „პირველი ნაბიჯის“ ერთჯერადი გრანტით გარემონტდა კოჯრის სახლის შენობა, 2008 წლის 1 მაისს კი აქ უკვე გადმოიყვანეს კასპში დარჩენილი 24 ბავშვი. ბავშვთა სახლის დირექტორი მაია ჩიტაიშვილი იხსენებს, რომ, რამდენიმეთვიანი მომზადების მიუხედავად, პირველი დღე მაინც მძიმე გადასატანი იყო. თითოეული ბავშვის პრობლემის გარკვევა, ალღოს აღება გამძლე ნერვებს და მოთმინებას საჭიროებდა. ბავშვებს მართლაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ. ამიტომ ჯერაც ძალიან ჩამორჩებიან „პირველი ნაბიჯის“ ბავშვთა სოფელში მცხოვრებ თანატოლებს. როგორც ჩანს, ექვსი თვე არ არის საკმარისი დრო, კასპის რამდენიმეწლიანი კოშმარის ბოლომდე დასავიწყებლად. მაია ჩიტაიშვილიც ფიქრობს, რომ რეალური შედეგები ბავშვებს 1-2 წელიწადში დაეტყობათ. მანამდე ინდივიდუალური განვითარების ვრცელი გზაა გასავლელი. პატარები, რომლებიც კოჯორში გადმოყვანის პირველ დღეებში კენჭებს და ბალახს ჭამდნენ, ახლა სტუმრებს იღებენ, თამაშობენ, ზოგი სკოლაშიც დადის.
ლალი მესხი ამბობს, რომ ამაზე დაბალი სტანდარტი, როგორიც კოჯრის სახლს აქვს, სახელმწიფომ არც ერთ ინსტიტუციაში არ უნდა დაუშვას. ეს მინიმალური ზღვარია. ამის ქვევით უკვე კასპის გამოცდილებაა. ეს გამოცდილება კი სამუდამოდ უნდა ამოვიშალოთ მეხსიერებიდან.
„პირველი ნაბიჯი“ საკუთარ თავზე იღებს იმას, რომ ეს მოგონებები, პირველ რიგში, ბავშვებს დაავიწყოს. შემდეგი ნაბიჯი კი, ალბათ, ის არის, რომ თვითონ საზოგადოებამ გადაუსვას ხაზი საბჭოურ ცნობიერებას, მოშალოს საზღვრები სტატუსებს შორის და როდესაც ეტლიანი თამუნა დიდი გოგო გახდება, თავის წრეში შემოუშვას, სცენაზე გამოსულს მოუსმინოს და ტაში დაუკრას; როდესაც გიორგის რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, ვთქვათ, ქსეროქსის აპარატთან მომუშავეს შეხვდება, თვალი არ აარიდოს და მის გვერდით იმუშაოს; როდესაც რომელიმე საშუალო სტატისტიკური ქართველი ბიჭი თვითონ გადაწყვეტს წავიდეს გრემში, გაიცნოს არსენა, ზინა, ნინო, დათო და სხვები, დაუმეგობრდეს მათ და მათზე იზრუნოს. მეორე, მესამე, მეოთხე ნაბიჯიც, ალბათ, ეს არის.
![]() |
12 მამა კახაბერი |
▲ზევით დაბრუნება |
ისტორია
ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: დავით მესხი
მამა კახაბერს სულ რამდენჯერმე შევხვედრივარ, მაგრამ მასთან ურთიერთობისას ერთი რამ შევნიშნე: ის მოწიწება და ერთგვარი შიში, რასაც ანაფორა ჩემში უნებურად იწვევს ხოლმე, ყოველთვის სადღაც ქრება. მას შეუძლია ის, რასაც სასულიერო პირებისგან, ცოტა არ იყოს, მიუჩვევლები ვართ - არა მენტორის ტონითა და ჭეშმარიტების სახელით ქადაგება, არამედ ნებისმიერ თემაზე უბრალო, უშუალო, ადამიანური ენით საუბარი. ეს ძალიან საინტერესოა - მამა კახაბერი მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარია, და თან - თანამედროვე ადამიანი, რომელიც ჩემ ენაზე ლაპარაკობს: ჩემთვის ნაცნობი და საყვარელი ავტორების ციტატებს მოიხმობს, უყვარს ფეხბურთი და სჯერა, რომ თუკი საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ ხუთ მატჩს მოიგებს, ჩვენთან ცხოვრების დონე გაუმჯობესდება - ხალხს ოპტიმიზმი გაუჩნდება და იმიტომ.
- რელიგიაზე ყველა ფიქრობს, ათეისტებიც კი, და თუ ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა მართლა ჯანსაღი იქნება, ეკლესიაც მოისმენს შენს გულისტკივილს და რაც მთავარია, თავის გულისტკივილსაც თუ გაგიზიარებს, ნაკლს არ დამალავს, მაშინ ბევრი რამ შეიცვლება. ჩვენ სწორი, თანამედროვე სტრუქტურები გვჭირდება. არა მგონია, რომ სხვა რელიგიაში იყოს უფრო მეტი პოტენციალი, ვიდრე მართლმადიდებლობაში. ორთოდოქსიამ ძალიან ბევრი რაღაც დააკონსერვა. დღეს ბევრი რამის შეცვლა შეიძლება...
მამა კახაბერი შარშან დაბრუნდა ამერიკიდან. დღეს უზნაძის ქუჩაზე, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიაში მსახურობს და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში თეოლოგიას ასწავლის.
- სწავლა მარტიდან იწყება. ქრისტიანული თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა სოციალურ მეცნიერებათა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე გაიხსნა. მართალია, ბაზა ორთოდოქსული და აღმოსავლური თეოლოგიაა, მაგრამ ნებისმიერი აღმსარებლობის სტუდენტს შეუძლია სწავლა. ათეისტი სტუდენტიც კი გვყავს. ლექტორებიც სხვადასხვა აღმსარებლობის არიან; დიდი თეოლოგები, ისინი, ვინც მე განსაკუთრებით მიყვარს და მომწონს, თავიდან სულ სხვადასხვა პროფესიის და ფართო განათლების ადამიანები იყვნენ. თეოლოგები კი მერე გახდნენ. ზოგი მათემატიკოსი იყო, ზოგიც ძველ ბერძნულ მითოლოგიას იკვლევდა. ჩვენთან სწავლება ინტერდისციპლინურია. კურსი ისეთია, რომ სტუდენტს საშუალება აქვს, ინტერესის მიხედვით საგანი ნებისმიერი პროგრამიდან აირჩიოს. ყურადღება გამახვილდება უახლეს, XX საუკუნის თეოლოგიაზე - ეგზისტენციალურ, სოციალურ, კულტურის, დიალექტიკურ თეოლოგიაზე და სხვ. თეოლოგები, რომლებმაც XX საუკუნის თეოლოგია შექმნეს, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები იყვნენ; ზოგი ფაშისტებთან ბრძოლაში დაიღუპა, ზოგიერთი დღესაც ცოცხალია და მოღვაწეობს.
სამაგისტრო კურსი, რომელსაც მამა კახაბერი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს, განსაკუთრებულია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგია თსუ-შიც ისწავლება და სასულიერო აკადემიაშიც, საქართველოში სხვაგან არსად ასწავლიან თანამედროვე, უახლეს თეოლოგიას და არ ჰყავთ სხვადასხვა კონფესიის ლექტორები. თვითონ, მამა კახაბერი დიდხანს სწავლობდა: ჯერ საქართველოში - პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში; შემდეგ უცხოეთში - თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, შვეიცარიაში - ბოსეს ეკუმენურ ინსტიტუტში, ბოლოს ამერიკაში - ბოსტონის წმინდა ჯვრის ბერძნულ თეოლოგიურ კოლეჯში. ამჟამად მაქსიმე აღმსარებლის თეოლოგიაზე მუშაობს - სადოქტორო დისერტაციას წერს.
- რაც თავი მახსოვს, რაღაცნაირად ყოველთვის ვფიქრობდი ღმერთზე. სახლში გვქონდა ხატები, დედაჩემი სანთლებს ანთებდა ხოლმე. მამას, რომელიც კომუნისტი იყო, შაბათ-კვირას ეკლესიაში მთელი ოჯახი დავყავდით ხოლმე. ამას უფრო ისტორიული ძეგლების მონახულების სახე ჰქონდა, მაგრამ თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ. ბავშვობიდან ერთი მომენტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: ჩემი დაბადების დღე იყო, 6 წლის გავხდი, კიბეზე ჩამოვდიოდი, გავჩერდი და დავფიქრდი - სად წავიდა ეს ხუთი წელი? მაშინ ვიფიქრე, რომ ის წლები სადღაც წავიდა, სულ შორს და აღარასოდეს დაბრუნდება, წარსულის არდაბრუნების და უსასრულობის გრძნობა დამეუფლა. ასეთი რამ მერე იშვიათად განმიცდია. როცა რელიგიური გავხდი, მაშინაც სწორედ ეს განცდა მქონდა: არის რაღაც ჩვენს მიღმა, დაუსრულებელი, მისტიური, და ამ უსასრულო სივრცეში მარტო ხარ. 9 წლის ვიყავი, როცა ჩემი ძმის მეგობარი, 15 წლის ბიჭი მოკლეს, მაშინ პირველად დავფიქრდი სიკვდილზე. „გეპეიში“ რომ ჩავაბარე, ჯარში წამიყვანეს, ბალტიისპირეთში. საჰაერო დაცვაში ვმსახურობდი. ისე მოხდა, რომ ჯარიდან ავადმყოფობა ჩამოვიყოლე, ერთი წელი ვიავადმყოფე, საავადმყოფოში ვიწექი. მაშინ უკვე სერიოზულად დავფიქრდი სიკვდილ-სიცოცხლეზე, როცა წევხარ და აქტიურ ცხოვრებას არ ეწევი, ფიქრის დროც მეტი გაქვს.
გამოჯანმრთელების შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, პარალელურად სწავლობდა ორივეგან. იხსენებს, რომ სემინარიაში პირველ წელიწადს ბევრი საინტერესო რამ ისწავლა. მაშინ სასულიერო აკადემია ახალი გახსნილი იყო და ქართული პროფესურის ნაღები სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ასწავლიდა. თუმცა, იყო ისეთი საგნებიც, რომლებსაც ვერ ასწავლიდნენ, კადრები არ ჰყავდათ. შემდეგ, თითქმის ორი წელი შიომღვიმის მონასტერში გაატარა, იქ ბევრს კითხულობდა, თარგმნიდა, საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაზე მუშაობდა. მამა კახაბერის ბიოგრაფიაში არაფერია უჩვეულო. მან ის გზა გაიარა, რაც მისი თაობის ბევრმა სასულიერო პირმა, გარდა ერთისა: როგორც წესი, მაშინ რუსეთში მიდიოდნენ ხოლმე სასწავლებლად. ის სხვანაირად მოიქცა - ჯერ საბერძნეთში წავიდა, შემდეგ შვეიცარიასა და ამერიკაში. რუსეთში წასვლაზე არ უფიქრია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იმ ლიტერატურაზე, რითაც რუსეთში ასწავლიდნენ, ისედაც მიუწვდებოდა ხელი.
- სამწუხაროდ, ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენთან რუსული ტრადიცია ჩამოყალიბდა. ჩვენ ეკლესიაში ბევრი რამ რუსულია - ტრადიციები, საეკლესიო წეს-ჩვეულებები. არადა, ქართველებს საკმაოდ დიდი სასულიერო ლიტერატურა გვაქვს - შუშანიკი, გრიგოლ ხანძთელი, ბალავარიანი, მთაწმინდელები და უამრავი თარგმანი. ვკითხულობდი ამ ყველაფერს და აღარ მიზიდავდა თანამედროვე რუსული თეოლოგია. მონასტერში წინამძღვარმა თარგმნა დამავალა, რუსულიდან ქართულად ვთარგმნიდი იაონე კიბისაღმწერელს და ამბა დოროთეს, ძველ ქართულ თარგმანს ვუდარებდი, საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაზე ვმუშაობდი და გარკვეული გამოცდილებაც შევიძინე. მონასტერში მომიხდა რუსი ემიგრანტი თეოლოგების გიორგი ფლოროვსკის და ვლადიმირ ლოსკის წაკითხვა, მაშინ წავიკითხე ბერდიაევიც. მაგრამ მაინტერესებდა ავტორები, რომლებიც ევქარისტიაზე, ეკლესიის მსახურებით ცხოვრებაზე წერდნენ, სადაც უფრო მეტად ქრისტიანთა ერთობის ცხოვრებაზე იყო ყურადღება გამახვილებული. ცნობილია, რომ სწორედ მონასტროცენტრულმა ცხოვრების წესმა გამოიწვია ბიზანტიური სეკულარული კულტურის კასტრირება - ხელოვნება აღარ ვითარდებოდა, ყველაფერი მონასტერში გადავიდა და იდეალი ბერი გახდა. ჩვენს მონასტრებშიც ძირითადად იმას გასწავლიან, როგორ უნდა ილოცო, დაიჭირო გულისთქმები, როგორ არ უნდა მოგეწონოს გოგო, რომელიც აშკარად ლამაზია და ა. შ. მე კი, მონასტრული კი არა, საერო ქრისტიანობა მაინტერესებდა, ქრისტიანების ერთობა, სამრევლო ცხოვრება. თანამედროვე ქრისტიანული ცხოვრების შესწავლა მინდოდა. მაინტერესებდა, როგორი მიმართება ჰქონდათ მართლმადიდებლებს სხვა ქრისტიანებთან. მერე სტიპენდია მივიღე და საბერძნეთში წავედი, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში. აღმოჩნდა, რომ საბერძნეთშიც პრობლემებია. იქ დავინახე ის, რაც ჩვენ ყველამ აღმოვაჩინეთ რუსეთში. რუსული რომანი, პოეზია, მუსიკა მთლიანად დასავლურია. რომანი ხომ არ გაჩენილა რუსეთში? მაგრამ რუსები ძალიან დიდ რომანებს წერდნენ. მივხვდი, რომ ის, რაც მომწონდა საბერძნეთში, სწორედ ევროპაა. იქაურ ეკლესიებში კი მათი მოწესრიგებულობა და დისციპლინა მომწონს. თუმცა, იქაც უჭირთ მიწებებული ტრადიციების, ასე ვთქვათ, ეკლესიას მიტმასნილი ფოლკლორის მოშორება.
მამა კახაბერმა საბერძნეთის შემდეგ შვეიცარიაში გააგრძელა სწავლა, ბოსეს ეკუმენურ ინსტიტუტში, რომელსაც ეკუმენიზმის ლაბორატორიას უწოდებენ. საბერძნეთში მხოლოდ მართლმადიდებლობასთან ჰქონდა შეხება, იქაც სხვადასხვა ეროვნების ხალხი იყო შეკრებილი, მაგრამ - მართლმადიდებლები. აქ კი ვინ აღარ იყო, სრულიად განსხვავებული კონფესიების წარმომადგენლები; თანაც სწავლობდნენ უშუალოდ იმ ხალხისგან, ვინც ეკუმენიზმის თეოლოგიის სათავეებთან დგას, ან მათი მოსწავლეებისგან. 1997 წლის შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო დატოვა, ჩვენში ეკუმენიზმი მწვალებლობად აღიქმება, არადა, მართლმადიდებლურ ეკლესიათა უმეტესობა მონაწილეობს ეკლესიათა დიალოგში. სამოცდაათიანი წლების ბოლოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II ამ ორგანიზაციის თანაპრეზიდენტიც კი იყო.
- ეკუმენიზმი არ ისახავს მიზნად ახალი ეკლესიის შექმნას. ესაა გზების ძიება ეკლესიის თანამშრომლობისთვის. ეკუმენური თეოლოგიის მიხედვით, საჭიროა, მოვძებნოთ სხვადასხვა კონფესიის ეკლესიებში ის, რაც მათ აერთიანებთ, რათა ეკლესიებმა არ დაკარგონ იდენტობა, მაგრამ ერთნაირი მოწმობა ჰქონდეთ - რომ ისინი მოწმობენ იესო ქრისტეს და სამებას. ერთ-ერთი პირველი ინიციატივა მსოფლიო პატრიარქისგან წამოვიდა. ის ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ხვდებოდა, რომ ევროპას რაღაც საშიშროება ემუქრებოდა და ეკლესიებს გაერთიანებისკენ (ერთად ქმედებისაკენ და საერთოს ძიებისაკენ) მოუწოდებდა. გასული საუკუნის 40-იან წლებშიც იყო მცდელობა, შემოეკრიბათ ეკლესიები და ფაშიზმს წინ აღდგომოდნენ, მაგრამ მაშინ (გერმანიაში) ეკლესიათა უმეტესობა ფაშისტებთან თანამშრომლობდა - ლუთერანულიც და არც კათოლიკურს აღუმაღლებია სათანადოდ ხმა ფაშიზმის წინააღმდეგ, და ამ ინიციატივამ ვერ იმუშავა. კათოლიკები მხოლოდ 60-იანი წლების შემდეგ შეუერთდნენ ეკუმენურ მოძრაობას (კათოლიკებმა მხოლოდ 60-იან წლებში დაიწყეს მსოფლიო ეკლესიების საბჭოსთან თანამშრომლობა). სხვათა შორის, გრიგოლ ფერაძე ეკუმენური მოძრაობის სათავეებთან იდგა. საგულისხმოა ერთი ფაქტი - ქართული ეკლესია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გაბედა და ახალ სტილზე გადავიდა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ერთი საერო დღესასწაული, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი, განურჩევლად ეთნიკურობისა და რელიგიისა, ერთად ვზეიმობთ. ეს ახალი წელია. და ვფიქრობ, შესაძლებელია, არ იყოს ახალ წელს მარხვა. 1918-21 წლებში ამბროსი ხელაიამ, ეპისკოპოსმა ლეონიდემ, კორნელი კეკელიძემ და სხვებმა საეკლესიო კრება მოიწვიეს და ეკლესიაში რეფორმების გატარებას და ლიბერალური წესების შემოღებას ცდილობდნენ - მღვდლის შესამოსელი, მსახურებები ეპოქის ადეკვატური რომ გამხდარიყო. მაგრამ შემდეგ კომუნისტები მოვიდნენ და ეს ყველაფერი დაიკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ფერაძეც და ამბროსი ხელაიაც წმინდანად ჰყავს შერაცხული ქართულ ეკლესიას, ჩვენთან ერიდებიან ამ ფაქტზე საჯაროდ საუბარს და ვერც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ნახავთ ამ ინფორმაციას.
მამა კახაბერი პატრიარქის უკანასკნელი ეპისტოლედან ერთ ფრაზას მიკითხავს. მეუბნება, რომ მისთვის ამ ეპისტოლეში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
- „პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურის ხვედრსაც მისი არჩევანი განაპირობებს, და ამაში ყველა თანასწორი და თანაბარუფლებიანია.“
რა არის იმაზე დიდი ღირებულება, რომ ყველა ადამიანი ხელშეუხებელი და თანაბარია - ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი რელიგიის, კანის ფერის, ეთნიკურობის მიუხედავად. ამის აღიარება თანამედროვე ადამიანის ყველაზე დიდი მიღწევაა. თუკი ამას რომელიმე ჩვენი ტრადიცია შეეწინააღმდეგება, მაშინ უნდა დავემშვიდობოთ ამ ტრადიციას. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. დღეს კი ეკლესია მარტო მონოლოგებს კითხულობს, პირდაპირ ამბობს, - ან მე ან არავინო. სად უნდა წავიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც რელიგიის შეგრძნება აქვთ? დღევანდელ ეკლესიაში აგორა აღარ არსებობს. აუცილებელია დებატები. ხომ ნახეთ, „დიდ ათეულთან“ დაკავშირებით რაც მოხდა?! ხალხი ემხრობოდა და უჯერებდა ეკლესიას, მაგრამ როდესაც დიალოგი შედგა, საზოგადოება საღ აზრს მიემხრო. როცა დიალოგი საჯარო სივრცეში გადმოვა და მედია ღიად ალაპარაკდება ეკლესიის პრობლემებზე, ეს თვით ეკლესიას გააძლიერებს - მას დასჭირდება ადამიანები, ვისაც შეუძლია მეტყველება, აზროვნება, და კამათი. სამღვდელოება დღეს მაგიურ საბურველშია გახვეული. მღვდელი ხომ მამაკაცი აღარ არის. ჩვენი სოციალური როლი ასეთია. ჩვენ ვთამაშობთ 80 წლის მოხუცებს. „პრესვიტერი“ ბერძნული სიტყვაა და უხუცესს ნიშნავს. ძველ ქართულადაც მღვდელს ხუცესი ერქვა. იქამდე მივიდა საქმე, რომ მეგობრებთან წვეულებებზე ვეღარ მივდივარ. ხდება ისე, რომ ჩემი იდენტობა მეკარგება და ვიღაცის როლის თამაში მიწევს. როგორც კი დამინახავენ, ამბობენ, - მამაო, დაგვლოცე, მამაო, გვაკურთხეო. ასე მადღეგრძელებენ, - ილია II-ს გაუმარჯოს შენი თამადობითო და ა. შ. ასეთი სიტუაციებიდან ვდგები და მოვდივარ ხოლმე. აღარ მინდა ვითამაშო ლანდი. მღვდელთან ურთიერთობას არავინ ამყარებს, მის ანაფორასთან ურთიერთობენ. ეს ძალიან დამთრგუნველია. მრევლი თვითონ თხოვს მღვდელს, ასეთი იყოს, ეს როლი მოირგოს. ამას ეკლესია არ გავალდებულებს, არც საპატრიარქო გავალდებულებს, თვითონ ხალხი გთხოვს, - გინდა თუ არა, ასე მოიქეციო. ხომ შემიძლია მონარქიაზე მქონდეს ჩემი აზრი, ან რომელიმე სხვა თემაზე? ინკუბატორი ხომ არ არის ეკლესია ან ფერმა? თვითონ პავლე მოციქული ამბობს, - დიალოგი საჭიროა, სწორედ ასე გამოვლინდება უმჯობესიო; არა მხოლოდ გამოვლინდება, არამედ დიალოგში იბადება საღი აზრი. დიალოგი და განსხვავებულ აზრთა ჭიდილი თუ არ იქნა, ეკლესიაში არაფერი შეიცვლება. საუბარი მონარქიაზე, თუ გახსოვთ, შარშან, შვიდი ნოემბრის მერე დაიწყო. პატრიარქს მაშინ ღიად არ დაუჭერია მხარი არც ხელისუფლებისთვის და არც ოპოზიციისთვის და მონარქიის იდეა წამოაყენა. არადა, ვიცით, რომ მონარქიისგან გამიჯვნით შენდებოდა თანამედროვე ევროპა. განმანათლებლობის შემდეგ ადამიანს შუამდგომელი ღმერთთან აღარ სჭირდება. ამ ჭიდილში განვითარდა ევროპა. ჩვენ, ერთი მხრივ, დასავლეთი გვინდა, მაგრამ ამ დროს მონარქიაზე ვოცნებობთ. ასე ევროპას ვერ ავაშენებთ. ასე შეიძლება დიდი-დიდი ისეთი რუსეთი ავაშენოთ, რომელსაც მერე, 1917 წელს კატასტროფა დაემართება. მირონცხებულ მეფეზე რომ საუბრობენ, ესეც რუსული ტრადიციაა. რუსეთი აძლევს მეფედ კურთხევის აქტს მეორედ დაბადების, ნათლობის მწვერვალის მნიშვნელობას. ბიზანტიური ტრადიციით, მეფეს ზეთს სცხებენ და არა მირონს. შემორჩენილია მე-13 საუკუნის ქართული ტექსტი - „წესი და განგება მეფედ კურთხევისა“ - და იქ ზეთიც კი არ არის ნახსენები.
ამდენი მონარქი გვყავდა ქართველებს და სად წავიდა საქართველო? მეფეს მირონს რომ ვცხებთ და თანაც - რუსული ტრადიციით, იდიოტი რომ აღმოჩნდეს, მერე რაღას ვშვრებით? ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით, სამი შობა არსებობს: პირველი - მამისგან, ხორციელად შობა, მეორე - ნათლობის მადლი, ქრისტეში შობა, და მესამე - ადამიანმა თვითონ უნდა შვას თავის თავი, და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ამის გარეშე, ნათლობის მადლიც იკარგება. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ქართველების გადარჩენაზე, ტრადიციის გადარჩენაზე. იმავე ბაგრატიონთა დინასტიამ გადაარჩინა საქართველო კატასტროფას? ყველამ ვიცით, დამარცხებული შევიდა საქართველო რუსეთის იმპერიაში. როცა არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ერი, მაგალითად სულხან-საბას დროს, ქართველებმა მართლმადიდებლობა ავირჩიეთ და დავიცავით. დღეს სხვანაირია სამყარო. ხომ შევიდა საბერძნეთი ევროკავშირში? რა, აღარ არიან მართლმადიდებლები? ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთიც შევლენ ევროკავშირში... დღეს გვეუბნებიან, - რუსეთის ეკლესია ჩვენი მეგობარიაო. როგორ შეიძლება, მეგობარი იყოს, როცა ომის დროს ერთხელაც არ მოუწოდებია, - შეწყვიტეთ ბრძოლაო?! ერთი ოსი მეგობარი მყავდა, რომელიც შვეიცარიაში გავიცანი. ქართული ხალხური სიმღერა ჰქონდა კომპიუტერში ჩაწერილი; ამაყობდა იმით, რომ ქართული ქრისტიანობა და კულტურა კავკასიელებმაც შექმნეს - აზერბაიჯანელები, სომხები, ოსები ქმნიდნენ ქართულ კულტურას. ქართველებს ოსური წარმოშობის წმინდანებიც კი გვყავს, მაგალითად - ქრისტოდულოს ოსი. ომის დროს, ამ ჩემს მეგობარს ბიძაშვილი მოუკვდა ომში და დღევანდელმა პატრიარქმა, მაშინ მიტროპოლიტმა კირილემ, მას სამძიმრის წერილი მისწერა, სადაც აღნიშნავდა, - ქართველები თავს მუხანათურად დაესხნენ ოსებს და ა.შ. ხომ შეეძლო, უბრალოდ მიეწერა, ვიზიარებ შენს მწუხარებასო? ისიც ძალიან საწყენია, რომ აგვისტოში არც ერთმა მართლმადიდებელმა ხმა არ ამოიღო ჩვენს დასაცავად. რომის პაპმა ორჯერ გააკეთა სპეციალური განცხადება. ეკლესიათა საბჭოს დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში და ჰუმანიტარული დახმარება ჩამოგვიტანა. წარმოიდგინეთ, რამხელა მორალური დახმარება იქნებოდა, მართლმადიდებელ ეკლესიებს ჩვენთვის რომ დაეჭირათ მხარი?
ის, რომ სამყარო სხვანაირია, და არა ისეთი, როგორიც ადრე, ყველაზე ნაკლებად ეკლესიაში ჩანს. ზოგიერთები იმასაც ამბობენ, - მართლმადიდებლობის ძალაც სწორედ ისაა, რომ არ იცვლება, ტრადიციების ერთგულიაო. შეიძლება, ეკლესიის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყოს: ქართველებს, როგორც წესი, გვეშინია ცვლილებების და გვგონია, რომ ჩვენ ტრადიციებს ყველაზე კარგად ეკლესია ინახავს.
- თუ ვლაპარაკობთ ტრადიციაზე, ეკლესია არ არის მხოლოდ საქართველოში და ეკლესია არ არის მხოლოდ დღეს. უნდა ვისაუბროთ საეკლესიო ტრადიციაზე პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღემდე. მაგრამ თან უნდა დავფიქრდეთ - ხომ არ ვიქცევით ისე, როგორც მე-18-მე-19 საუკუნეებში ვიქცეოდით? ხომ გავიდა საუკუნეები, ხომ შევიცვალეთ? ადრე ბიზანტიის პროვინცია ვიყავით, მერე რუსეთის. მოდით, დღეს ნუღარ ვიქნებით ნურავის პროვინცია. ხომ შეიძლება, მარტო რუსულ ტრადიციაზე არ ვისხდეთ, ლიტურგიასაც მივუდგეთ შემოქმედებითად, კორექტირება შევიტანოთ ჩაცმულობაშიც. ლიტურგიაში რომ არის მოწოდებები, - „აღსდეგინ!“, - ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე მრევლი მსახურების დროს იჯდა. დღეს ჩვენი ეკლესიების უმრავლესობაში ისეთი სივრცეა, ვერავინ დაჯდება; სკამი რომ დაიდგას, სხვანაირი, უფრო მორგებული არქიტექტურაც ხომ შესაძლებელია დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარებისას.
სწორედ ამ კონსერვატორული ბუნების გამო, ხანდახან ისე ჩანს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოწყვეტილია თანამედროვე ცხოვრებას. თუმცა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხან ირიბად და ხანაც პირდაპირ ერევა ხოლმე. ასეთ დროს საზოგადოების აზრი იყოფა.
- დღეს ამბობენ, - ეკლესია არ უნდა ჩაერიოს საზოგადოების და პოლიტიკურ ცხოვრებაშიო. არ არის ასე. რეალურად ერევა, არა მარტო საქართველოში, ყველგან ერევა. ასევეა ხელოვნებაც - ლიტერატურაზე რომ არაფერი ვთქვათ, კინოც ერევა, მუსიკაც... ეს ხალხი, ეკლესიის მრევლი, რაღაც ნიშნითაა გაერთიანებული, ჯგუფია. ჯგუფს კი ყოველთვის აქვს თავისი აზრი. ჩარევა აუცილებელია, მაგრამ არა ისეთი ავტორიტარული, როგორც დღესაა. პირდაპირ რომ ამბობენ, - ღვთის ნებაა, ღმერთისგან მოდისო. ხალხმაც რა ქნას, პირდაპირ ღმერთს ხომ არ დაეტაკება? ეკლესიამ საზოგადოებას ნებისმიერი აზრი არგუმენტირებულად უნდა მიაწოდოს. რაც შეეხება ერთობას, ერთობა სწორად უნდა იყოს ორგანიზებული. ადამიანი სული და ხორცია (ანუ ხორციელიც სულის ზრუნვის საგანია). დიქტატურა რომ იყოს, ეკლესია არ არის ვალდებული, რომ თქვას, - დიქტატურააო? დასავლეთში დღეს ეკლესია ადამიანზე ზრუნავს, ეხმარება მას, გაუმკლავდეს მარტოობას. საეკლესიო ერთობამ ისე უნდა მომართოს თავისი ცხოვრება, მარტო საკრალურ მხარეზე კი არ უნდა ისაუბროს, არამედ - სამოქალაქო ცხოვრებაზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე. თუ სწორად წარიმართება სამრევლოების ცხოვრება, ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. ჩვენთან შუალედური რგოლი არ არსებობს ხალხის მასებსა და ხელისუფლებას შორის. ესეც პრობლემაა. თუ მიტინგზე არ დადგა, ხალხს არ შეუძლია ჩამოაყალიბოს აზრი და გაუზიაროს ხელისუფლებას. მიტინგზე კი შეუძლებელია აზროვნება და, მით უმეტეს, აზრის გაფორმება - იქ მხოლოდ შეძახილები და ემოციების დაფრქვევა შეიძლება. ეკლესიას აქ შეიძლებოდა დადებითი როლი ეთამაშა. მაგრამ დღეს პატარ-პატარა ტაძრები გვაქვს, სადაც მღვდლებს ხშირად აბსოლუტური მონარქია აქვთ სამრევლოში. ყველა ხედავს, როგორ ცხოვრობენ, როგორი მანქანებით დადიან, როგორი მედიდურობით იქცევიან და ძირითად მასას ეს მოსწონს კიდეც. დღეს ასეა - მღვდელი უკმაყოფილებს „სულიერ“ მოთხოვნილებებს მრევლს, მრევლი ემსახურება მღვდელს და ხორციელ მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს (უნვითარებს კიდეც) მას. ბუნებრივია, მღვდელსაც უნდა ჰქონდეს მანქანაც და სახლიც. მაგრამ გავიხსენოთ, რას ამბობდა სოკრატე: ზოგი ცხოვრობს, რომ ჭამოს, მე ვჭამ იმიტომ, რომ ვიცხოვროო. დღევანდელ გადამეტებულად მომხმარებლურ სამყაროში ეკლესია უნდა გამოირჩეოდეს, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. ერთი ხელის მოსმით ვერაფერი გაკეთდება, მაგრამ, სურვილის შემთხვევაში, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
![]() |
13 ევროპას არ უყვარს კონფრონტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ინტერვიუ
ინტერვიუ რაფაელ გლუქსმანთან
ავტორი წიგნისა „მე თავისუფლებაზე გესაუბრებით“
(საუბრები მიხეილ სააკაშვილთან)
ავტორი: ნინო ჯაფიაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
თქვენი წიგნის შესავალში წერთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდით ნარინჯისფერი რევოლუციისას უკრაინაში და მისი ენთუზიაზმით და ენერგიით მოიხიბლეთ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ის ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. როგორ შეიცვალა ის ამ დროის განმავლობაში?
ჩემი აზრით, თქვენთვის ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწყო. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა და შეიძლება, რაღაც თვალსაზრისით, ვეღარც კი ამჩნევდით, რომ რუსეთი ისევ აქვე, ძალიან ახლოს იყო. რაც უფრო მეტად დასავლური, რაც უფრო მეტად ევროპული ხდებოდა აქაურობა, მით მეტად შორდებოდა რუსეთი თქვენს ყოველდღიურობას და მოულოდნელად, რაღაც მომენტში ისევ დაბრუნდა თქვენს ცხოვრებაში და, ჩემი აზრით, ამის შემდეგ არა მარტო სააკაშვილის, არამედ თითოეული ჩვენგანის ხედვა უფრო ტრაგიკული და დრამატული გახდა.
თუმცა, რაფაელ, რუსეთი არც ომამდე უნდა ყოფილიყო უჩინარი. აგვისტომდეც არსებობდა იმის ძალიან ბევრი ნიშანი, რომ მოსკოვს საქართველოში სიტუაციის არევა სურდა.
ვიცი, ვიცი, რომ რუსეთი ბევრ რამეს აკეთებდა საქართველოს პროვოცირებისთვის. მაგრამ ვიდრე მათი ტანკები ასე ახლოს არ მოვიდოდა დედაქალაქთან, გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი არ იდგა.
ევროპელების ნაწილი დღეს სააკაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ის თავად წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, პირველმა მან გაისროლა, მასაც უნდოდა ამ ომის დაწყება, ისიც ომისკენ მიდიოდა.
ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ვინ გაისროლა პირველმა? - პოლონელებმა. პოლონელებმა ისროლეს პირველი ტყვია, იმიტომ, რომ გერმანელებმა გადაკვეთეს მათი საზღვარი. თქვენ რა, შეგიძლიათ იმის თქმა, რომ პოლონეთმა დაიწყო მეორე მსოფლიო ომი? არა, რა თქმა უნდა. გერმანელმა ნაცისტებმა დაიწყეს ეს ომი, იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ამ ქვეყნის დაპყრობის გეგმა.
სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, პირველი ტყვია, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის ნახევრად სამხედრო ძალებმა ისროლეს, რასაც საქართველომ უპასუხა. პასუხი არ იყო პროპორციული და ამან რუსეთს მოქმედების საშუალება მისცა.
რისი თქმა მინდა? თქვენ ხართ ევროპის მეგობარი. ყველა არა, მაგრამ ევროპელების ნაწილი ყველანაირ მიზეზს ეძებს იმისათვის, რომ იპოვოს საბაბი, რატომ არ დაუჭიროს მხარი მეგობრებს. და თუ შენ ევროპის მტერი ხარ, როგორც მაგალითად პუტინი, ეს ნაწილი ყველანაირ არგუმენტს პოულობს იმისათვის, რომ არ დაგიპირისპირდეს. აქედან გამომდინარე, პიარის თვალსაზრისით, უკეთესია, ევროპის წინააღმდეგი იყო, ვიდრე მოკავშირე.
საქართველოს მხარდაჭერისთვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ სიტყვები. საჭიროა ქმედებები, ამ შემთხვევაში - ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ. ისტორიას რომ გადახედოთ, დაინახავთ, რომ დასავლეთ ევროპა ნელია. საქართველომ უნდა გაძლოს რაღაც ხანი და შემდეგ ეს დახმარება მოვა.
თქვენც და მამათქვენი - ანდრე გლუქსმანიც ომის დროს წერდით, რომ დასავლეთს აქვს რეალური ბერკეტები და შესაძლებლობა, იმოქმედოს რუსეთზე. და თუ ევროპა დღეს არ აჩვენებს თავის სიძლიერეს რუსეთს, და არ დაიცავს საქართველოს, ის დაიღუპება. ცოტა გულუბრყვილო ხომ არ იყო ეს განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც ასე კარგად იცნობთ ევროპას და რუსეთს. იქნებ ჩვენ ყველა ზედმეტს ველოდებით ევროპისაგან?
რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები ეს არის ტესტი ადამიანებისთვის. თავდაპირველად მათ 2000 ჩეჩენი ამოხოცეს, მაგრამ ეს მათი სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით მოხდა და არავის არაფერი უთქვამს. მათ იფიქრეს, - ძალიან კარგი, ესე იგი, ჩვენ ამის უფლება გვაქვსო. შემდეგ მათ გადაკვეთეს საზღვრები და იყო ნელი რეაქცია, რაც ძალიან ცუდი გზავნილია მოსკოვისათვის. შემდეგი, რა თქმა უნდა, უკრაინა იქნება. მაგრამ არსებობს ბალტიისპირეთი, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს შიგნითაა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთი იყო ძალიან, ძალიან ცალსახად არასწორი, ყველა საერთაშორისო ნორმის შესაბამისად. მე ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილს იმ მოსაზრებაში, რომ ახლა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ისტორია იწერება. და თუ ჩვენ არ დავეხმარეთ საქართველოს დღეს, ხვალ აუცილებლად იქნება ვინმე სხვა.
რატომ არის ევროპა ასეთი ნელი?
ჩეხეთი მთელი ევროპის საუკეთესო მეგობარი იყო, კარგი არმიით, კარგი ინდუსტრიით, ყველაფრით და ჩვენ ის ჰიტლერს შევწირეთ მსხვერპლად. ეს არ ხდება იმიტომ, რომ საქართველო ცუდია. უბრალოდ, ევროპა ვერ იტანს კონფრონტაციას.
რატომ? იმიტომ, რომ თქვენი კომფორტული ცხოვრება არ გეთმობათ?
ჩვენ არ გვიყვარს რაიმეს რისკის ქვეშ დაყენება. მაგრამ ხანდახან აუცილებელია, აჩვენო, რომ ძლიერი ხარ. თუ ცხად სიგნალს გავუგზავნით მოსკოვს, ის ცოტა ხნით შეჩერდება.
შეგიძლიათ კონკრეტულად თქვათ, რა სიგნალი უნდა იყოს ეს?
ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის აგრესორი. ოკუპირებულია საქართველოს რეგიონები. პრობლემა ის არის, რომ ვიღაცები ევროპაში სულ იმაზე ფიქრობენ, რომ, ენერგორესურსების გამო, რუსეთზე არიან დამოკიდებულები; მაგრამ რუსეთიც ხომ არის დამოკიდებული ევროპაზე? და თუკი შენ შეძლებ და დაანახებ რუსეთს, რომ ძლიერი ხარ, ის კონფრონტაციას აღარ გააღრმავებს, იმიტომ, რომ მოსკოვს შენც სჭირდები. ევროპაში ამას ზოგიერთი ხვდება, ზოგი - ნაკლებად.
მაგალითად, გაიხსენეთ გაზის კრიზისი უკრაინაში. ძალიან უცნაური რამ იყო. რა მოხდა საბოლოო ჯამში? უნგრელები მოსკოვში ჩავიდნენ, ბულგარელები მოსკოვში ჩავიდნენ, მერკელმა პუტინს დაურეკა. არადა, ჩვენ გვჭირდება საერთო პასუხისმგებლობა, არა 27 ცალკეული ქვეყნის, არამედ ყველას საერთო, ერთიანი პასუხისმგებლობა. პრობლემა ისაა, რომ ცალ-ცალკე ყველას სურს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მოსკოვთან - ბერლინსაც, პარიზსაც, რომსაც… ბერლუსკონი პუტინს მეგობარს ეძახის.
აქ, საქართველოში კარგად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ერთიანი იყოს.
თქვენც და ანდრე გლუქსმანიც თავდადებული ადვოკატები ხართ ჩეჩნების, საქართველოსი, უკრაინის. თუმცა, ამ სიტუაციიდან ყოველ ჯერზე გამარჯვებული რუსეთი გამოდის. ხომ არ გეჩვენებათ, რომ უმცირესობაში ხართ და თქვენი ხმა იკარგება?
საფრანგეთში და სხვაგანაც ევროპაში დებატები, დისკუსია დაწყებულია და ეს მნიშვნელოვანია. სულ თავიდან მნიშვნელოვანია საუბრის დაწყება. ადრე არავინ მსჯელობდა ამის შესახებ. მხოლოდ რამდენიმე დიპლომატის ხმა ისმოდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რუსეთთან მეგობრობა გვჭირდება. ახლა საზოგადოებრივი აზრის გამოთქმა, შიდა მსჯელობა დაიწყო და ეს კარგია.
როგორ ფიქრობთ, ძველი ღირებულებები ისევ მნიშვნელოვანია ევროპისთვის? აქვთ თუ არა ევროპელებს დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მხარს უჭერენ პუტინის რუსეთს?
ნუ იტყვით ასე - მხარს უჭერენ. ეს, ჩემი აზრით, გადამეტებულია.
გააჩნია ვის გულისხმობთ. ევროპაში ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მყარი ფასეულობები, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმის გაკეთება, რაც სურთ, და თავს დამნაშავედ თვლიან. ზოგი კი იმას ფიქრობს, რომ ვაშინგტონს მოსკოვი ჯობს. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომაა, მაგრამ კარგი ის არის, რომ დებატები დაწყებულია. ჩვენ - თქვენ და მე, მართლები ვართ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ დებატებს მოვიგებთ. ჩვენ მეტი არგუმენტი გვაქვს. გადახედეთ, უბრალოდ, რუსეთის ბოლო 10 წლის ისტორიას. როგორ ჩაიგდეს მათ ძალაუფლება ხელში, როგორ მოაწყვეს აფეთქებები მოსკოვში, რა ქნეს ჩეჩნეთში, რა უქნეს ხოდორკოვსკის, ანა პოლიტკოვსკაიას და სხვებს. ეს ის არის, რასაც ისინი აკეთებენ და აკეთებდნენ. ეს ყველაფერი გამოძიებულია. ეს ფაქტებია. თუ გადახედავთ რუსეთის ბოლო ათ წელს, დაინახავთ, რომ ის, რაც მათ საქართველოში აგვისტოში გააკეთეს, წინასწარ იყო დაგეგმილი.
პრეზიდენტ სააკაშვილის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს იმდენად ცხადი იყო, რომ ამ ომის დაწყებაში მისი პასუხისმგებლობაც არის.
მითხარით რომელიმე სხვა ლიდერი ამ რეგიონში, რომელმაც გაბედა და თქვა: ვიცი, რომ ჩემს ქვეყანას სურს, გახდეს ევრო-ატლანტიკური ოჯახის ნაწილი და აღარ მინდა, რომ ჩემი სამშობლო რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩეს. მითხარით თუნდაც ერთი ასეთი ვინმე, შეგიძლიათ? ერთსაც ვერ იპოვით. იმიტომ, რომ ყველას ეშინია. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, საქმე იქონიო რუსეთთან, მაგრამ ყველა, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ენდო ან ეთამაშო რუსეთს, ცდება. თუ გინდა დამოუკიდებლობა, ერთადერთი სწორი გზაა, ცხადი სიგნალები გააგზავნო.
ნებისმიერ შემთხვევაში, ფუნდამენტური პრობლემა რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლას უკავშირება. და თუკი ეს სურვილი გაგიჩნდება, აუცილებლად გექნება პრობლემებიც. შეხედეთ უკრაინას, ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსეთისთვის ესიამოვნებინათ, და მაინც მათ პრობლემებს ბოლო არ უჩანს.
შესაძლებელი იყო რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირების აცილება? როგორი უნდა ყოფილიყო კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან?
თუ რუსეთს არ უნდა ურთიერთობების მოგვარება, როგორ წარმოგიდგენიათ - სააკაშვილი მოსკოვში უნდა ჩავიდეს და თქვას, - ძალიან დიდი ბოდიში, რომ საქართველოს უნდა, ევროპის ნაწილი გახდესო? თუკი ის იტყვის, - „ჯანდაბას, მე არ ვიქნები ევროკავშირის წევრი, შევაჩერებ სწრაფვას ნატო-სკენ, შევაჩერებ რეფორმებს, უარს ვიტყვი დამოუკიდებლობასა და ტერიტორიების ინტეგრაციაზე“, კი ბატონო, მაშინ მშვენიერ ურთიერთობებს ააწყობთ რუსეთთან.
თქვენ ფიქრობთ, რომ სტრატეგიულ ინტერესებზე უარის თქმის გარეშე, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება შეუძლებელია?
არ ვიცი, შესაძლებელია, ასეც იყოს. მე არც საფრანგეთის პრეზიდენტი ვარ და არც საქართველოსი, მე უბრალოდ ევროპელი ვარ და ვფიქრობ, როგორ დავეხმარო საქართველოს, რომ გადარჩეს და შემოგვიერთდეს; როგორ გახდეს საქართველო ევროპის ისტორიის ნაწილი, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ეს ცხოვრების ჯერ კიდევ საუკეთესო გზაა. ეს უკეთესია, ვიდრე „კაგებე“-ს კანონები.
სააკაშვილი ძალიან პოპულარული იყო თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში ქვეყნის შიგნით და გარეთაც. მას ყველა ენდობოდა, ქართველებიც და დასავლეთიც აღფრთოვანებული იყო სააკაშვილით და მხარს უჭერდა. ხუთი წლის შემდეგ მან დაკარგა ნდობის და მხარდაჭერის დიდი ნაწილი.
არ გეთანხმებით. ევროპის კავშირები საქართველოსთან დღეს უფრო მჭიდროა, ვიდრე ადრე. დღეს საქართველო ევროპის რუკის ნაწილია. მანამდე ევროპელებმა არც კი იცოდნენ საქართველოს არსებობის შესახებ. ახლა კი იცნობენ საქართველოს. საქართველო ევროპული დებატების ნაწილი გახდა. ეს ხანგრძლივი ბრძოლაა, წინ ბევრი სიძნელე და წინააღმდეგობაა, მაგრამ მაინც მჯერა, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლას არავინ დათმობს.
ეს ბრძოლა ევროპისთვის, რუსეთის წინააღმდეგ მაშინ არ დაწყებულა, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. ეს საუკუნეების წინ დაიწყო.
ამიტომ ვამბობ, ვის შეუძლია თქვას, რომ პრობლემები რუსეთთან სააკაშვილის გამო დაიწყო? სოციალ-დემოკრატებს მე-20 საუკუნეში იგივე პრობლემები ჰქონდათ. ვერც ისინი გაუმკლავდნენ რუსეთს. ყოველთვის, წინა საუკუნეებშიც საქართველოს პატრიოტები ვერ თანხმდებოდნენ რუსეთთან. შესაძლებელია იმიტომ, რომ ზედმეტად იმპულსურები იყვნენ, არასაკმარისად დიპლომატიურები, მაგრამ, ღმერთო ჩემო, საქართველოს ყველა ხელისუფლება, რომელსაც სურდა დამოუკიდებლობა რუსეთისგან, იგივე პრობლემების წინაშე იდგა.
თუმცა დღეს სხვა სიტუაციაა, სოციალ-დემოკრატების დროს ბოლშევიკებმა ყველა ინტელექტუალური ლიდერი მოკლეს. დღეს კი, ომისას სიტუაცია სხვანაირი იყო - საქართველოში დასავლეთ ევროპის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ, სარკოზი ჩამოვიდა, ბუშმა ძალიან მკაფიო განაცხადი გააკეთა, შეადარეთ. დიახ, შესაძლოა, ეს ძალიან ნელა ხდება, გეთანხმებით, მაგრამ თუ ისტორიას გადახედავთ, მიხვდებით, რომ დღეს სხვა სიტუაციაა. და ეს მიშას დამსახურებაა, იმიტომ, რომ ყველა მხარს უჭერდა ვარდების რევოლუციას, როცა ის სათავეში მოვიდა. ეს სიმპათიები კი იმიტომ არსებობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია. და რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ქვეყანამ გადადგა ნაბიჯი წინ და ყველას დაანახა, რომ მას უნდა იყოს ევროპის ოჯახის ნაწილი.
მართალია, თქვენ ამბობთ, რომ ევროპა ყოველთვის პოულობს მიზეზს, რის გამოც ის მხარს არ გვიჭერს; მაგრამ, მეორე მხრივ, ეგებ მათ მართლაც აქვთ ამის მიზეზი, იქნებ მათ სურდათ მხარდაჭერა, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ საქართველო არც ისე დემოკრატიული ქვეყანა ყოფილა, როგორც მანამდე ეგონათ და თვლიდნენ?
კი ბატონო, მაგრამ გაიხსენეთ, როგორი იყო საქართველო ოთხმოცდაათიან წლებში და როგორია ის დღეს. რა თქმა უნდა, ვერ გახდებით საფრანგეთი 5 წელიწადში და თუნდაც ათში. ვერ ააშენებთ გადასარევ ქვეყანას მოკლე პერიოდში, მაგრამ შეხედეთ საქართველოს პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში.
რატომ ვსაუბრობთ ამდენს პირადად სააკაშვილზე? რაღაც თვალსაზრისით, ძალიან ძნელია, გაავლო გამყოფი ხაზი, განასხვავო მისი და ამ ქვეყნის ბედი. თუ ის იქნება წარმატებული, ჩვენც ვიქნებით წარმატებულები, მისი დამარცხება ჩვენი დამარცხებაა. ამ პერსპექტივიდან ჩვენ ვცდილობთ, გავიგოთ მისი პერსონის კომპლექსურობა, მისი ხასიათი. ერთი მხრივ, ის პროგრესულია, ენერგიული, ენთუზიასტი, ჭკვიანი, მოხერხებული. აი, ვთანხმდებით, რომ მან მოახერხა ქვეყნის პოზიციონირება მსოფლიოსა და ევროპის რუკაზე ...
და, სხვათა შორის, ომის დროს სწორედ ამან გადაგარჩინათ...
დიახ, ჩვენ გავხდით ევროპული დებატების ნაწილი, ეს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ მეორე მხრივ, სააკაშვილს ძალიან ავტოკრატიული ტენდენციებისთვის აკრიტიკებენ. და აი, ჩვენც დილემის წინაშე ვდგავართ - როგორ შეუძლია ასეთ პროგრესულ ლიდერს ასეთი ავტორიტარული მახასიათებლებიც ჰქონდეს?
მე არ ვარ შესაფერისი ადამიანი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არასოდეს შემხვედრია ასეთი გულწრფელი პოლიტიკოსი. ეს გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, და განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი კრიზისების პირისპირ დგახართ. როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი კრიტიკული მომენტია, ძალიან მნიშვნელოვანია, ლიდერი იყოს ის, ვისაც გულწრფელად სჯერა, გულწრფელად სწამს, რომ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო კვლავ არ გახდეს იმპერიის ნაწილი. მე თავიდანვე გამაოგნა სააკაშვილის ამ თვისებამ. ეს არ არის მხოლოდ ლაპარაკი, ეს მისი რეალური სურვილებია. პოლიტიკა უცნაური რამეა. ასეთი გულწრფელობა კი ძალიან იშვიათია. მე ვხედავ, რომ რაც მას სურს, ეს მისი გულწრფელი სურვილებია. და თუ ის ვერ შეძლებს საქართველო იქ მიიყვანოს, სადაც უნდა, ეს მისი პირადი ტრაგედია იქნება. თუკი ის შეძლებს საქართველო ევროპის ნაწილი გახადოს, დაუახლოვოს დასავლეთს როგორც ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის ბედნიერი იქნება მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება.
არასოდეს გიფიქრიათ, შეგეხედათ ამ ქვეყნისთვის არა მხოლოდ სააკაშვილის პრიზმიდან, არამედ ამისგან დამოუკიდებლად; გაგეგოთ, რა განსხვავებაა სააკაშვილის საქართველოსა და რეალურ საქართველოს შორის?
როგორ ფიქრობთ, ამ რეგიონის რომელი ქვეყანა შეძლებდა იმას, რომ რუსული ტანკები მისი დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით ყოფილიყვნენ და მის ყველა ინსტიტუტს გამართულად ემუშავა? ეს შეძლო საქართველომ. და ეს სინამდვილეში მოხდა. აგვისტოს კრიზისისას, ომის დროს, იმას, რასაც გაუძლო საქართველოს სახელმწიფომ, პარადოქსულია და ეს იმის საუკეთესო დასტურია, რომ რაღაც შეიცვალა. ეს რეალურად მოხდა და არავის წარმოსახვის ნაყოფი არ ყოფილა. ომი რეალური იყო და საქართველოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ ეს ტესტი ჩააბარა.
![]() |
14 ერთი კითხვა ოპოზიციურ პარტიებს - რუსეთი |
▲ზევით დაბრუნება |
სპეცპროექტი
ავტორი: სოფო ჭაავა
ამ სპეცპროექტის მიზანი იყო, გაგვეგო, რას ფიქრობენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევაზე - რუსეთთან ურთიერთობაზე ის ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მთავარ პირობად 2013 წლამდე ხელისუფლებაში მოსვლას მიიჩნევენ.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნის - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ახალ ხელისუფლებას, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც მოუწევს. ამ პროცესში მთავარი სწორედ რუსეთთან მკაფიო პოლიტიკის გატარება იქნება.
სპეც-პროექტის რესპონდენტების უმრავლესობა რუსეთს ხედავს, როგორც ძლევამოსილ, პოტენციურად კეთილგანწყობილ მეზობელს, რომელთან ურთიერთობაც გაუმჯობესდება, საკმარისია, პრეზიდენტი სააკაშვილი „წავიდეს“. დიალოგის აუცილებლობა, მოლაპარაკებების გზით პრობლემების გადაჭრა, სახალხო დიპლომატიის ჩართვა და ერთმორწმუნეობის გათვალისწინება - ეს ოპოზიციური პარტიების სტრატეგიების საფუძველია და ამაზე კონკრეტული კონცეფციის შესახებ სასაუბროდ ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობა მზად არ არის.
პროექტში მონაწილეობა პარტიის ლიდერებს შევთავაზეთ. თუმცა, მათი ნაწილის არჩევანი იყო, რომ პოლიტიკური ორგანიზაციების სახელით პარტიის თუ ალიანსის სხვა წარმომადგენელს ესაუბრა. პასუხების კომპეტენტურობა და სიღრმე თავად შეაფასეთ.
კითხვა: ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის რთული ამოცანა იქნება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, რადგან ამ ქვეყნების სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ იქნებით ხელისუფლებაში, კონკრეტულად როგორ აპირებთ რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელებას?
ვიქტორ დოლიძე
„ალიანსი საქართველოსთვის“
(ირაკლი ალასანია, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი მემარჯვენეები“)
მე დღეს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების რაიმე კონკრეტული რეცეპტის შემოთავაზება აბსოლუტურად არარეალურად მიმაჩნია. და რაც არარეალურად მიმაჩნია, ამაზე პასუხს ავირიდებ.
საერთოდ, ყველა ცხოველს თავისი ენა უნდა გამოუნახო - როგორც დათვს, ასევე მგელს, ასევე კატას, ხომ სწორია? ჩვენ რუსეთის მიმართ ამგვარი მიდგომის შემუშავება და მერე რეალიზება ვერ მოვახერხეთ. არ შეიძლება ასეთ მეზობელთან პატარა ქვეყანას ჰქონდეს ისეთი ტონალობა და ფორმა ურთიერთობის, როგორიც გვაქვს ჩვენ. ამის გამოსწორება, ვფიქრობთ, აუცილებელია. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი ნაბიჯები გადადგმული მხოლოდ საქართველოს მიერ, მხოლოდ საქართველომ არ უნდა იზრუნოს ამაზე.
დარწმუნებული ვარ, რუსეთში დღესაც არსებობენ ის ძალები, რომლებიც სერიოზულად ფიქრობენ ამ საკითხზე. პირად საუბრებში, კულისებს მიღმაც გვისაუბრია ამ თემებზე. ეს იქნებოდა ვენაში, თბილისში, მოსკოვში, თუ სხვაგან.
არ შეიძლება პირდაპირი დიალოგი არ დავიწყოთ აფხაზებთან, ოსებთან, და რაიმეს მივაღწიოთ; არ შეიძლება დიალოგი არ გვქონდეს რუსებთან და რაღაცას მივაღწიოთ. რუსეთთან ჩვენ მრავალმხრივ ფორმატშიც და ორმხრივ ფორმატშიც მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ.
მე არ ვიტყოდი, რომ რუსეთის და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები ურთიერთგამომრიცხავია. არ ვიტყოდი, რომ საქართველოს დასავლეთისადმი სწრაფვას რუსეთი პროვოკაციად აღიქვამს. სამწუხაროდ, რუსეთმა არაადეკვატურად გაიგო ჩვენი სწრაფვა ნატო-სკენ. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს არაა სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში ყოფნა იმისთვის, რომ რაიმე საფრთხე შევუქმნათ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. მარტო ნატო-სკენ სწრაფვა და მხოლოდ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები არ იყო რუსეთისთვის გამაღიზიანებელი; ძალიან ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი მერე დაგროვდა და დაემატა ერთმანეთს.
ჯერ ჩვენ უნდა მოვწესრიგდეთ, უნდა განვვითარდეთ - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, საინვესტიციო გარემო უნდა განვითარდეს, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია; ასევე, პენიტენციური სისტემა. აქედან გამომდინარე, ყველაფრის რუსეთზე გადაბრალება არ იქნებოდა სწორი. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ დიახ, რუსეთი არის აგრესორი, დიახ, მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო აგრესიული როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, აქ ორი აზრი არ არის. ზუსტად ამ პირობებში, თუკი სწორად ვითვალისწინებდით და აღვიქვამდით ჩვენს რეალობას, უფრო მეტად უნდა გვეფიქრა იმ შედეგებზე, სადამდეც მივედით.
ჩვენი ალიანსის და თვითონ ალასანიას პოლიტიკური გუნდის და პირადად ირაკლის მიზნები არ არის, წავიდეთ სადღაც წარსულში. სწორი პროცესებიც იყო, ჩვენი აზრით, მაგალითად, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. ჟენევის პროცესი ავიღოთ - ასევე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. რაღაცები წყდება, რაღაცებს ვერ ვწყვეტთ. რაღაც საკითხებზე მივდივართ კონსენსუსამდე, ეს პროცესია.
ვფიქრობ, რუსეთში ჯანსაღი ძალებიც არსებობენ. ისევე, როგორც საქართველოს სჭირდება ძლიერი, დემოკრატიული რუსეთი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რუსეთსაც ასევე ესაჭიროება ანალოგიური ტიპის საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, და სხვა რეგიონული მოთამაშეებიც. აქ ორი აზრი არ არის.
ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“
უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში: უახლოესი წლების განმავლობაში აფხაზეთის და ოსეთის პრობლემის მოგვარება აბსოლუტურად არარეალურია. მე მესმის, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, ვინც, დავუშვათ, მომავალში არჩევნებში ფიქრობს მონაწილეობას, არაპოპულარულია ადამიანებში უიმედობის ჩანერგვა, არაპოპულარულია იმის თქმა, რომ ყველაზე სანუკვარ ოცნებას ქვეყნისას უახლოეს წლებში ვერ შეასრულებ. მაგრამ არ მაქვს უფლება, უპასუხისმგებლოდ მოვეკიდო ამ მოვლენას და ცრუ დაპირებები მივცე მოსახლეობას. ვერც მე და ვერც ნებისმიერი სხვა, ვინც უნდა იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი ამ არჩევნების შემდეგ - ვგულისხმობ წლევანდელი 9 აპრილის შემდეგ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს და ნამდვილად არ ვგულისხმობ 2013 წელს (იმიტომ, რომ 2013 წლამდე რომ დარჩეს ეს პრეზიდენტი, კიდევ სხვა ტერიტორიებზე შეიძლება მოგვიწიოს ლაპარაკი) - ნებისმიერი პრეზიდენტი, ვინც უნდა იყოს არჩეული, ხუთ წელიწადში აფხაზეთის და ოსეთის პრობლემას ვერ მოაგვარებს. თუ ეს ათ წელიწადში მოგვარდა, ეს იქნება ფანტასტიკის ზღვარზე.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დასვას საკითხი - თუ ვერავინ ვერაფერს აგვარებთ, რა გამოსავალია? გამოსავალია ის, რომ მოგვარების პროცესი დაიწყოს. ანუ, ჩიხიდან გამოსვლის პროცესი დაიწყოს. ჩვენ ახლა ნულიდან კი არ ვიწყებთ საქმეს, ჩვენ ვიწყებთ უზარმაზარი მინუსიდან და ჩვენი ამოცანა არის, პირველ რიგში, დავუბრუნდეთ აგვისტოს ომამდელ ვითარებას და მერე ვილაპარაკოთ უკვე ვითარების სტაბილურობაზე.
რა თქმა უნდა, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე ტიპის პრობლემის მოგვარება. სრულიად უპასუხისმგებლოა ჩვენი ხელისუფლების განცხადება, - არ დაველაპარაკებით რუსეთს, სანამ საქართველოს უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს. არ ვიცი, ვის როგორ წარმოუდგენია, მაგრამ ვისაც ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს პოლიტიკის შესახებ და ვისაც ელემენტარული ალღო აქვს, დამეთანხმება, რომ, პირდაპირი დიალოგის გარეშე, რუსეთთან შეუძლებელი იქნება რაიმე დინამიკაზე საუბარი.
ჩვენმა ხელისუფლებამ დანერგა მახინჯი პრაქტიკა, რომ რუსეთთან არ უნდა გქონდეს არანაირი კონტაქტები, და, პრაქტიკულად, მან ამას მიაღწია - თითქმის მინიმუმამდე არის ყველა ჩვენგანის კონტაქტები დაყვანილი რუსეთთან და ეს სულაც არ მიმაჩნია სატრაბახოდ. ნებისმიერ მეზობელ სახელმწიფოსთან, კარგი ურთიერთობა გაქვს თუ ცუდი, უნდა გქონდეს კონტაქტი; უნდა იცნობდე ადამიანებს, უნდა გქონდეს ელემენტარული ღირსება, რომ ამ ადამიანებს ელაპარაკო შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ამ კონტაქტების გაწყვეტა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა იყო.
როგორ ფიქრობთ, ის, რომ თქვენ სააკაშვილის ხელისუფლების წევრი იყავით, დაგეხმარებათ თუ ხელს შეგიშლით რუსეთთან ურთიერთობაში?
ხელისუფლებაში ყოფნის ჩემს გამოცდილებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეს უარყოფითი მომენტები არსებობს მხოლოდ ჩემი რეიტინგისათვის და მხოლოდ ადამიანების ჩემდამი განწყობის თვალსაზრისით. საქმის თვალსაზრისით, ამას უარყოფითი მომენტი არ აქვს. ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც მე ხელისუფლებაში ყოფნით მაქვს და რომელმაც ჩემი ემოციის დიდი ნაწილი წაიღო, არის იმის გარანტია, რომ არ განმეორდება ის შეცდომები, რომელთა მოწმეც მე ვიყავი.
სტრატეგიულ ურთიერთობასა და საომარ მდგომარეობას შორის არის ძალიან დიდი ლუფტი. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა ჩემი მცდელობა, რომ ვითარება მეტ-ნაკლებად დარეგულირებულიყო, მაგალითად, ყოფილიყო ვიზიტები, ყოველთვის, ზოგჯერ პირდაპირ და ზოგჯერ არაპირდაპირ, იბლოკებოდა. ამის ნაცვლად, მთავრობა მუდმივად იყურებოდა „მუსკულებზე“, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არ აქვს. მე, მართალი გითხრათ, მეგონა, რომ ცოტა მაინც ჰქონდა.
ზურაბ ნოღაიდელი:
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“
რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა შედგეს, ყოველგვარი წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე, დღევანდელი პოზიციისგან განსხვავებით. დღეს სააკაშვილი ამბობს, - რუსეთს ველაპარაკები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გავაო. რუსები თუ საქართველოდან გავლენ, მაშინ მათთან სალაპარაკოც არაფერი რჩება.
მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ომის შემდეგ შეიქმნა უმძიმესი ვითარება - რუსეთმა ორი უმსხვილესი სამხედრო ბაზა დააფუძნა ჩვენ ტერიტორიაზე. მან აღიარა ფორმალურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამ შემთხვევაშიც კი, აუცილებელია რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები, ურთიერთობის მოსაგვარებლად თუ არა, არსებული პრობლემების გასარკვევად მაინც.
მეორე მხარეა ის, რასაც თქვენ მეკითხებით - ერთია, რას გავაკეთებთ, მეორე - რამდენად დიდია წარმატების შანსი? ეს მარტივი არ არის, იმიტომ, რომ დღეს კიდევ სულ სხვა ვითარებაა, ვიდრე იყო 7 აგვისტოს ან მით უმეტეს - 2005 წელს. სიტუაცია ამ პერიოდში მკვეთრად გაუარესდა და განსაკუთრებით გაუარესდა ის 8 აგვისტოს დილით. იმის მიუხედავად, რომ რუსეთსაქართველოს შორის, შესაძლოა, ურთიერთობების პერსპექტივა არც არის, ამ პრობლემების მოგვარების გზა მაინც არსებობს. მე ამას ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ.
ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები იქნება მსოფლიოს პოლიტიკის ქვაკუთხედი, ცენტრალური წერტილი. ამიტომ ამას მივყვეთ ძალიან წყნარად, თანმიმდევრულად, იმ ამოცანების შესაბამისად, რომელიც გვაქვს.
ურთიერთობის გაუარესების ტენდენცია აღნიშნეთ. როგორ გგონიათ, 2005 წლიდან დღემდე ეს პროცესი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შეცდომების გამო წარიმართა ნეგატიურად, თუ ამის მიზეზი საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა გახდა?
ვითარების გაუარესებას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. 2005 წელს საქართველო ასევე ისწრაფოდა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ამის მიუხედავად, რუსეთთან ურთიერთობებში 2005 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებების წელი. ჩვენ შევძელით თანმიმდევრული მოქმედებების შედეგად საქართველოდან გაგვეყვანა დარჩენილი ორივე სამხედრო ბაზა. 2006 წლის დასაწყისიდან ჩვენს ურთიერთობებში დაიწყო ის, რაც მანამდე არ ყოფილა და რაც სულ უფრო მეტად გახდა ჩვენს ურთიერთობებში წამყვანი ფაქტორი. ეს იყო სააკაშვილის სრულიად კონტრპროდუქტიული რიტორიკა. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სააკაშვილის და პუტინის მტრობაში გადაიზარდა.
თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ჩვენი რეგიონიდან რომელიმე ქვეყანა, რომლის რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება გახდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობისთვის მოდელი?
არა, არ მინდა ამის გაკეთება. რომ დავასახელო ერთი, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა დავასახელო მეორე.
რამდენიმე დაასახელეთ.
არა, არც ერთ მაგალითს არ დავასახელებ. არ გვინდა მოდელების ძიება სხვაგან. არის საქართველოს მოდელი - საქართველო 2005 წელს - ეს იყო და არის ის მოდელი, რომელსაც ჩვენ კვლავ უნდა მივუბრუნდეთ. როცა თანმიმდევრულად ვიცავდით ჩვენს პოზიციას, მაგრამ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებდით. შესაბამისად, ვიღებდით კიდეც შედეგს. რუსეთს არც 2005 წელს უნდოდა სამხედრო ბაზების გაყვანა, მაგრამ ჩვენ ჩვენს მოქმედებებში თანმიმდევრულები ვიყავით.
ნესტან კირთაძე:
„ლეიბორისტული პარტია“
ამ წლების წინ მე მქონდა ბედნიერება და ეს იყო ღვთის წყალობა, როდესაც დილისა და საღამოს ლოცვებზე დავდიოდი საპატრიაქოში, სადაც ლოცვებს ატარებდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. და როდესაც დასრულდებოდა ხოლმე ლოცვა, ჩვენ ჩამოვდიოდით ქვემოთ, თუ პატრიარქს ჰქონდა დრო, ან ერთად ვტრაპეზობდით, ან მის მისაღებ დარბაზში ვისხედით და ვსაუბრობდით. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს მან ახლად მოხატულ პანოზე მიმითითა. ეს ის პანოა, რომელზეც გამოსახულია მთელი ზეციური საქართველო. თქვა, რომ, - „აქო განსაკუთრებულსო რას ამჩნევ, ნესტანო?“ ძალიან დავძაბე ყურადღება, ვფიქრობდი, - რამე არ შემეშალოს-მეთქი. უცებ, დავინახე, რომ ზეციური საქართველოს პანოზე გამოსახულია ყველა წმინდანი და ერთ-ერთ მეფეს დიადემა არ ჰქონდა და უკვე გამიკვირდა ძალიან. ვუთხარი, - ამდენ წმინდანში ერთი ჯერ კიდევ არკანონიზებული მეფე არის შეყვანილი და ეს რას ნიშნავს-მეთქი? მან გაიღიმა და, - „ჰო, სწორად მიხვდითო, ეს ერეკლე მეორე არისო. მე დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ერეკლე მეორეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდანად შერაცხავს იმ დიდი მისიის აღსრულებისათვის, როდესაც აღმოსავლურ ქვეყნებთან ორთაბრძოლებში ევროპამ მიუკეტა გზა საქართველოს, ერეკლე მეორემ კი გაკაფა გზა ერთმორწმუნე რუსეთისაკენო.“
ისევ დავიმოწმებ კათალიკოს-პატრიარქს: მე ვახლდი მას 2007 წლის მარტში მოსკოვში, როდესაც უაღსპეცპროექტი რესად დაძაბული იყო ურთიერთობანი რუსეთსა და საქართველოს შორის, როდესაც გაიმართა ორი პატრიარქის ისტორიული შეხვედრა ქრისტე-მაცხოვრის საკათედრო ტაძარში. პატრიარქმა მიმართა იქ მყოფ რუსეთის ხელისუფლებას და საქართველოს წარმომადგენლობასაც, რომ არსებობს ერთი ასეთი აღმოსავლური სიბრძნე: „ადამიანი როდესაც დილით დგება, ვიდრე მზეს შეხედავს, ის მეზობელს ხედავსო. ეს მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობას არ ეხება, ეს ეხება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობასაცო.“
და მესამე - ისევ კათალიკოს-პატრიარქს ვიმოწმებ. როდესაც მან ბრძანა ამ რამდენიმე ხნის წინ მოსკოვში, რომ რუსეთს სჭირდება ერთიანი, მთლიანი, განუყოფელი და ძლიერი საქართველო და საქართველოსაც სჭირდება ერთიანი, მთლიანი, განუყოფელი და ძლიერი რუსეთი.
თუ გავაკეთებთ ამ ყველაზე ბრძენი მამის, ყველაზე ღირსეული მამის, საქართველოს ნამდვილი, ფაქტობრივი ლიდერის, არა მხოლოდ სულიერი წინამძღოლის, მისი უწმინდესობის მიერ გამოხატულ ამ სიბრძნეების ანალიზს, და რასაკვირველია, დავუმატებთ ჩვენს პოზიციასაც, გამოვა აუცილებლობა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის, როგორც ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, ბუნებრივია, უნდა იყოს ურთიერთობანი. ეს ურთიერთობანი უნდა იყოს, როგორც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის, რომელიც უნდა განსაზღვროს საერთაშორისო სამართლებრივმა ხელშეკრულებამ და მისი საფუძველი უნდა გახდეს ინტერესთა ურთიერთგაცვლა.
საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდა ის საგარეო პოლიტიკის კურსი, რომელიც 2003 წლის შემდგომ განვითარდა. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, გახლდათ არა საქართველოს მიერ არჩეული კურსი, არამედ ვაშინგტონის გაცხადებული სტრატეგიული პოლიტიკა, გატარებული მისი მარიონეტის - მიხეილ სააკაშვილის მიერ.
კახა კუკავა
„კონსერვატიული პარტია“
ვლაპარაკობ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, „ხალხის პარტიის“, „საქართველოს გზისა“ და ლევან გაჩეჩილაძის სახელით.
იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აგვისტოში ვერ მოვილაპარაკეთ მედვედევთან, არ შეიძლება იმის დასკვნა, რომ 2010-ში ჩვენ ვერ მოვილაპარაკებთ მედვედევის მემკვიდრესთან რაღაც სხვა რეალობაში. რაც შეეხება გადაუწყვეტელ საკითხებს, მე მგონი, რომ გადაუწყვეტელი საკითხები არ არსებობს. არ არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არც ერთი გადაუწყვეტელი საკითხი. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება ამბობდა, რომ ნატო-ს საკითხი გადაუწყვეტელია. 2008 წლის აპრილში თავისთავად გადაწყდა ეს საკითხი. საქართველომაც და ნატო-მაც განაცხადეს, რომ საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაცია არ არის საქართველოს პრიორიტეტი. ანუ, არ ყოფილა გადაუწყვეტელი, ხო?
ყველა პრობლემა უფრო სუბიექტურია და გამომდინარეობს რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებების ბევრი კომპლექსისგან. პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების კომპლექსებისგან და მე მგონია, რომ ახალ ხელისუფლებას თუ ექნება მანდატი, ლეგიტიმური მანდატი რუსეთთან დიადიალოგისა, ძალიან დიდი რესურსები არსებობს.
ეს პოპულარული პრესისთვის სასაცილოა და არ ესმით ხოლმე, რომ რუსეთში ქართველები უყვართ და რუსეთში საქართველო უყვართ. ვინც „რუსთავი 2“-დან იცნობს რუსეთს, და მოსკოვში ნამყოფი არ არის, ჰგონიათ, რომ რუსეთში ქართველების ხორცს ჭამენ. სინამდვილეში, ძალიან დიდი კულტურული და ისტორიული ბმა არის ჩვენს შორის და რუსეთში ყველაზე მეტად უყვართ ქართველი ხალხი. მე არ ვამბობ კრემლზე, მე ვამბობ საზოგადოებაზე, ბიზნესზე, კულტურულ ელიტაზე. სიუჟეტებს რომ ვუყურებ, თუ ვინმე არის გავლენიანი, რუსულ ელიტაში სიტყვა ეთქმის, მაგალითად, მიხეილ ხუბუტია, გამოაცხადეს აგენტად. ჩემი ასარჩევი რომ იყოს, ამ დიასპორას აგენტებად კი არ გამოვაცხადებდი, პირიქით, უზარმაზარ მანდატს მივცემდი. დავნიშნავდი კეთილი ნების ელჩებად, საპატიო ელჩებად, ყველა ქართველ ბიზნესმენს, კულტურულ მოღვაწეებს, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ რუსულ საზოგადოებაზე.
თქვენ განაცხადეთ, რომ „საქართველოს გზის“ სახელითაც ლაპარაკობთ, ანუ ქალბატონი ზურაბიშვილიც იზიარებს ამ პოზიციას?
სალომე ზურაბიშვილს ხისტი პოზიცია მაშინ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულ დიპლომატთან მიმართებაში ჰქონდა. ის მოქმედებდა როგორც ფრანგი დიპლომატი, კვალიფიციურად. ის დავობდა იმ საკითხზე, რაშიც გვინდოდა წარმატებისთვის მიგვეღწია, ხოლო ზოგადად რუსეთის მიმართ სალომე ზურაბიშვილს აგრესიული ტონი არასდროს ჰქონია. მისი გადაწყვეტილება, რუსეთის წარმომადგენლებთან რუსულად არ ესაუბრა, მე ვფიქრობ, უფრო ქართული პუბლიკისთვის იყო გათვლილი და ეს იყო კორექტულობის, დიპლომატიურობის ფარგლებში.
სააკაშვილი არის მისწრება რუსეთისთვის. სანამ იქნება სააკაშვილი, მანამდე მუდმივად იქნება აქ აქციები, დესტაბილიზაცია და არა არჩევნების გზით წარმართული პოლიტიკური პროცესები. სააკაშვილის შენარჩუნება დღეს რუსეთის ინტერესებშია. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდეს - დიდი მანდატით, ლეგიტიმაციით და კარგი რეპუტაციით - წარმოიდგინეთ, ჩვენ ვხდებით ნატო-ს წევრობის კანდიდატი. შეიძლება ახალმა ხელისუფლებამ ხელი გაუწოდოს აფხაზებს და ოსებს, ბოდიში მოუხადოს მათ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ლაპარაკი. ეს საფრთხეა რუსეთისთვის.
![]() |
15 რეტროსპექტივა |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტოპროექტი
ავტორები: გოგი ცაგარელი, გურამ წიბახაშვილი, იური მეჩითოვი, ირინა აბჟანდაძე, ნათელა გრიგალაშვილი
ფოტო: გოგი ცაგარელი
ლენინის ძეგლი რკინიგზის დეპოსთან, თბილისი 1990
ფოტო: იური მეჩითოვი
9 აპრილიდან მეორმოცე დღე, 1989
ფოტო: გოგი ცაგარელი
9 აპრილს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი, 1989
ფოტო: იური მეჩითოვი
9 აპრილს დაშავებული ბიჭები დაღუპულთა დაკრძალვაზე, 1989
ფოტო: გოგი ცაგარელი
თბილისი 1990
ფოტო: გოგი ცაგარელი
პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლოკომოტივის სტადიონი, თბილისი, 26 მაისი 1990
ფოტო: გოგი ცაგარელი
მოშიმშილეები, თბილისი 1988
ფოტო: გოგი ცაგარელი
ცხინვალის მოსახლეობა ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ქალაქში შესვლის უფლებას არ აძლევს, 10 ნოემბერი 1989
ფოტო: გოგი ცაგარელი
საბჭოთა ჯარისკაცები ცხინვალის მოსახლეობასა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის, 10 ნოემბერი 1989
ფოტო: გოგი ცაგარელი
ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები, სოხუმი, აგვისტო 1992
ფოტო: გოგი ცაგარელი
მილიციის ოპერაცია, თბილისი 1994
ფოტო: ირინა აბჟანდაძე
ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიტინგი, თბილისი, მაისი 1998
ფოტო: გოგი ცაგარელი
მამა როსტომი ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიტინგზე, თბილისი 1989
ფოტო: გოგი ცაგარელი
სამოქალაქო ომი, თბილისი, იანვარი 1992
ფოტო: ირინა აბჟანდაძე
თბილისი, აპრილი 1995
ფოტო: გოგი ცაგარელი
ზვიად გამსახურდიასა და სიგუა-კიტოვანის მომხრეები ბარიკადებთან, თბილისი, სექტემბერი 1991
ფოტო: გოგი ცაგარელი
გაგრა, სექტემბერი 1992
ფოტო: გოგი ცაგარელი
სამოქალაქო ომი, შეტაკება ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და მხედრიონს შორის, სამტრედია 1993
ფოტო: ირინა აბჟანდაძე
წინასაახალწლო ბაზრობა, თბილისი, 31 დეკემბერი 1996
ფოტო: გოგი ცაგარელი
მეორე მსოფლიო ომის 50 წლისთავი, ვაკის პარკი, 9 მაისი 1995
ფოტო: გურამ წიბახაშვილი
ვერის სასაფლაო, თბილისი, 1995
ხაშური 2000
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
![]() |
16 პასუხი პასუხისმგებლობის საკითხზე |
▲ზევით დაბრუნება |
ანალიზი
ავტორი: ანა დოლიძე
REUTERS
დემონსტრაცია ავგუსტო პინოჩეტის წინააღმდეგ, ჩილე 2006
სადამ ჰუსეინის ეგზეკუცია, 31 დეკემბერი, 2006
სლობოდან მილოშევიჩი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე, ივლისი 2004
მოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლების მოლოდინში ან მათთვის მზადებაში ვლინდება საკითხი, რომელზეც ჩამოყალიბებული პასუხი ოპოზიციას არ გააჩნია - როგორ მოეპყრობიან გამარჯვებული ოპოზიციონერები სააკაშვილის ხელისუფლების უკვე ყოფილ წევრებს?
ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში 24 თებერვლის გადაცემაში ნინო ბურჯანაძის, დავით ზურაბიშვილის, დავით უსუფაშვილის, ზვიად ძიძიგურის და კახა შარტავას ერთად გამოჩენამ „რეზონანსის“ ჟურნალისტს იგივე კითხვა დაასმევინა - როგორ აპირებდა ეთერში მსხდომი ოპოზიცია გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლების წევრებთან მოპყრობას, დადგებოდა თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი? ამ კითხვაზე ზვიად ძიძიგურმა შესაძლო პასუხებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური აირჩია - ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია. ზვიად ძიძიგური მართალია, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაში კანონით ხელმძღვანელობს, ხოლო პიროვნული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეფარდების, ისევე, როგორც მისგან გათავისუფლების საკითხს, კანონი ადგენს. კანონს კი ქმნის საკანონმდებლო ორგანო, საქართველოს პარლამენტი, სადაც, ოპოზიციისთვის ოპტიმისტური სცენარის განხორციელების შემთხვევაში, სწორედ ამ პოლიტიკური ძალების ლიდერები ისხდებიან.
ამ მექანიზმის გამოყენების მაგალითისათვის შორს წასვლა არ არის საჭირო. რომ არა საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წელს მიღებული ცვლილებები, „დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ“, საქართველოს სასამართლოები ვერ შეძლებდნენ შევარდნაძის ბევრი ჩინოვნიკისათვის ქონების ჩამორთმევას. იგივე უნდა ითქვას საპროცესო შეთანხმების ქართულ ვარიანტზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში პარლამენტის მეშვეობით დამკვიდრდა და რომლის აღსრულება შემდგომში სასამართლომ განახორციელა. შესაბამისად, კითხვაზე - პასუხისმგებლობის როგორი ზომები იქნება გამოყენებული სააკაშვილის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის წევრების მიმართ, პასუხი, რომ ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს, არადამაკმაყოფილებელია.
როგორც საქართველოს მოქალაქეს, ეს კითხვა მეც მიჩნდება და არ მგონია, არაბუნებრივი იყოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიის მქონე პირებს ვთხოვოთ ამ საკითხზე საკუთარი პოზიციებისა და პრინციპების ჩამოყალიბება. უახლოესი წარსულის გამოცდილება ამის კიდევ უფრო მეტ საფუძველს გვაძლევს - სააკაშვილის ხელისუფლების მიერ განხორციელებული შერჩევითი მართლმსაჯულება, როდესაც გაურკვეველი პრინციპების მიხედვით ზოგი დააპატიმრეს და რამდენიმე წლით თავისუფლება აღუკვეთეს (მოლაშვილი, მირცხულავა), ზოგიერთი ხელისუფლებაში დააბრუნეს (მიხეილ მაჭავარიანი, ზურაბ ნოღაიდელი, გოკა გაბაშვილი), ხოლო ზოგს დიდი ფული გადაახდევინეს და წარსულს ჩააბარეს (კობა ნარჩემაშვილი, მერაბ ადეიშვილი) და სულაც მიაჩუმათეს (ლევან მამალაძე, კახა თარგამაძე), საქართველოს მოსახლეობისათვის ჭკუის სასწავლებლად კარგი მაგალითია.
პირადად მე, ნინო ბურჯანაძის გამოჩენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთაგვერდით მეტ საფუძველს მაძლევს, ასეთი კითხვა დავსვა და ამ კითხვაზე პასუხი მათ არჩევნებამდე მოვთხოვო. უზარმაზარია ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე და ჩემთვის სააკაშვილის ხელისუფლების უმაღლეს ჩინოსანთა წვლილის ტოლფასია. ქალბატონმა ბურჯანაძემ სააკაშვილის ხელისუფლებას ბოლო დრომდე, ანუ 2008 წლის მაისამდე შეუნარჩუნა ის ჰუმანური სახე, რომელიც მას უკვე დიდი ხნის დაკარგული უნდა ჰქონოდა. არ დამავიწყდება, როგორ ითხოვდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას აწ გარდაცვლილი ირინა ენუქიძე და როგორ არ ინება ნინო ბურჯანაძემ მისთვის პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად საშვის დაშვებაც კი. ნინო ბურჯანაძის „დამსახურებებს“ შორისაა ასევე 7 ნოემბრის დარბევის გამართლება, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების დემოკრატიულად გამოცხადება და სრული თანამონაწილეობა იმ მილიტარისტული კამპანიის გაღვივებაში, რომელმაც აგვისტოს ომამდე მიგვიყვანა. თანამდებობიდან უხმაუროდ წასვლის საფასურად, წყნეთის სახელმწიფო საკუთრების 1 ლარად მისაჩუქრებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. როდესაც ყოველივე ამის შემდეგ ქალბატონი ბურჯანაძე ჩნდება იმ პოლიტიკოსთა გვერდით, ვინც მისი ამ ქცევების უარყოფითი შედეგები საკუთარ ზურგზევე იწვნია, ბუნებრივია, ამომრჩეველს შეაწუხებს კითხვა - რა პრინციპით მოეპყრობიან იგივე პიროვნებები ამავე ხელისუფლების სხვა წევრებს?
ზვიად ძიძიგურის და სხვების სურვილს, პირდაპირ არ გასცენ პასუხი ამ საკითხს, პოლიტიკური მეცნიერება მარტივად ხსნის. ხელისუფლების შესუსტების ერთ-ერთ სიმპტომს მმართველი ეშელონების რღვევა და მმართველი წრის შევიწროვება წარმოადგენს. ოპოზიციური სპექტრის მიზანია, ხელი შეუწყოს რღვევას იმით, რომ კარი ღია დაუტოვოს წამოსვლის მსურველებს.
მეორე მხრივ, ოპოზიციის ლიდერებმა მოსახლეობის განწყობაც კარგად იციან და იციან ისიც, რომ მათი მხრიდან პირდაპირი განცხადება, რომ მიესალმებიან ხელისუფლებიდან ლიდერების წამოსვლას და, შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში ლმობიერად იქნებიან განწყობილნი მათ მიმართ, მკვეთრად არაპოპულარული იქნება მოსახლეობაში. შესაბამისად, ისინი არჩევენ ან დუმილს, ან ამ საკითხის მომავლისათვის გადაბარებას.
არადა, იმის დასაჯერებლად, რომ დღევანდელი ოპოზიცია უფრო გულისხმიერი იქნება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ვიდრე ხელისუფლება, ასეთი დამოკიდებულება მათ ქცევაში დღესვე უნდა დავინახოთ. პირადად ჩემთვის მიუღებელია კახა შარტავას განცხადება ხელისუფლების დამხობის აუცილებლობაზე. ეს მიანიშნებს, რომ ბატონ შარტავას ჩვენი საკანონმდებლო სივრცის და კონსტიტუციის მიმართ იგივე დამოკიდებულება აქვს, რაც ხელისუფლებას - კონსტიტუციური პრინციპები არსებობს მანამ, სანამ ისინი პოლიტიკურად მიზანშეწონილია.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია, რომელიც სულ 5 წლის წინ მოსახლეობის უზარმაზარი მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში და რომელსაც, წინა ორი პრეზიდენტის მსგავსად, ამ ხელისუფლებასთან არა-საარჩევნო მეთოდით დამშვიდობება ემუქრება. მთელი უახლესი ისტორიის მანძილზე პოლიტიკურ პერიპეტიებსა და ტრაგიკულმოვლენებში, მონაწილეობას იღებდნენ პიროვნებები, რომლებიც მუდმივად სხვადასხვა როლში გვევლინებოდნენ და გვევლინებიან კიდეც წყალგამყოფის ერთსა და იმავე ან სხვადასხვა მხარეს.
ამავე დროს, „ჩვეულებრივი“ მოქალაქეები - პოლიციელები, ჯარისკაცები, ჟურნალისტები, პროფესორები, ექსპერტები, მასწავლებლები, ბიუროკრატები და სხვა, ჰანნა არენდტის „ბოროტების ბანალურობის“ მთავარი გმირები ანუ ჩვენ და ჩვენი თანამოქალაქეები, თავიდან სისტემისა და მის ბელადის შექმნას და შემდეგ მის გადატრიალებას ვუწყობთ ხელს. ამავე დროს არც ერთხელ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში საზოგადოებას არ გაუანალიზებია და არ უცდია, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო. ეს კი საკმაოდ კომფორტული პოზიციაა, ვინაიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერი აისბერგის წვერს ბრალდება და ჩვენ ყველანი პროცესიდან ისევ მსხვერპლის, უსუსური, მაგრამ პატიოსანი პაიკების როლში გამოვდივართ.
კომუნისტების შემთხვევაში, აისბერგის წვერი კომუნისტური პარტიის ლიდერები იყვნენ, შემდეგ გამსახურდია, მოგვიანებით ყველაფერი მხოლოდ იოსელიანისა და კიტოვანის პასუხისმგელობა გახდა, შემდეგ კი დგება საქართველო - შევარდნაძის და საქართველო სააკაშვილის გარეშე ლოზუნგების დრო. არადა, ყველას გვავიწყდება, რომ თითოეული მათგანის ლიდერობის ქვეშ დამყარებული სისტემის ნაწილაკები და აღმასრულებლები ვიყავით ჩვენ თვითონვე, ჩვენივე ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები. ვერც ერთი ავტორიტარული რეჟიმი ვერ იარსებებს მოსახლეობაში დასაყრდენისა და მისივე თანამონაწილეობის გარეშე. თითოეულ ლიდერს, რომლითაც აღვფრთოვანდებით, ჩვენვე ვაძლევთ ამ დასაყრდენს. ჩვენვე ვახდენთ იმ მცირე ჯგუფების მარგინალიზაციას, რომლებიც ყოველ ჯერზე ცდილობენ გაგვაფრთხილონ არადემოკრატიული ტენდენციების შესახებ. უახლესი წარსულიდან მახსენდება რამდენიმე პატივსაცემი მეცნიერი, საჯარო პირი და ახალი მემარჯვენეები, რომლებიც თავიდან საზოგადოების რისხვის მსხვერპლნი გახდნენ, ვინაიდან ვარდების რევოლუციას არ ამართლებდნენ. ხოლო როდესაც ილუზიას ვკარგავთ, პასუხისმგებლობას მხოლოდ ერთ პიროვნებას და მის უახლოეს წრეს გადავაბრალებთ, ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ კომფორტულად ცხოვრებას ჩვენს ნათესაურ-მეგობრულ, ძმა-ბიჭურ საქართველოში. არადა, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა იმის გარეშე, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს საკუთარი მონაწილეობის მნიშვნელობა და გაიზიაროს მისი პასუხისმგებლობა, შეუძლებელია. იმისათვის, რომ საქართველოში ასეთი სახელმწიფოს საწყისები გაჩნდეს, აუცილებელია, რომ საქართველოს საზოგადოებამ ამაზე იფიქროს, მსჯელობა დაიწყოს და გააანალიზოს დღევანდელ მდგომარეობაში მისი წვლილი.
REUTERS
აქცია სიმართლის და შერიგების კომისიის საბოლოო ანგარიშის გამოცხადების წინ, ლიმა 2003
REUTERS
სიმართლის და შერიგების კომისიის საჯარო სხდომა, სამხრეთ აფრიკა 2003
სწორედ ამ პროცესის მეშვეობით შეძლო გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ისეთი მძიმე ტვირთისაგან გათავისუფლება, როგორც ფაშიზმია. გერმანიაში მარტო ჰიტლერისათვის არავის დაუბრალებია ფაშიზმის არაჰუმანური სისტემის შექმნა. საჯარო განხილვების, კვლევების და მტკივნეული სამართლებრივი პროცესების მეშვეობით გერმანელმა ხალხმა გაიაზრა ჰიტლერის ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და, ამ პასუხისმგებლობის მწვავე განცდის საფუძველზე, შექმნა ახალი, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო. თუმცა ეს პროცესი ცალმხრივი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის მოღვაწეობის ყველაზე ტრაგიკულ მსხვერპლად ებრაელი ერი გამოცხადდა, იგივე პროცესი განვითარდა მათ მხარესაც. ჰანნა არენდტის, თავად გერმანელი ებრაელის, კრიტიკულმა ნაშრომებმა, სადაც იგი გერმანიის ებრაულ ელიტას ნაციზმის გაძლიერებასა და ებრაელების გენოციდის ხელშეწყობაში სდებდა ბრალს, უზარმაზარი დისკუსია გამოიწვია ებრაულ წრეებში, სადაც სწორედ საკუთარი ერის გენოციდში ებრაელების პასუხისმგებლობას იკვლევდნენ და ამაზე მსჯელობდნენ.
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარებაში სტაგნაციის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვცდილობთ, ამ პასუხისმგებლობას გავექცეთ ერთი პიროვნებისათვის მისი გადაბრალებით და ჯერჯერობით არასოდეს ვყოფილვართ მორიგი ავტორიტარული მმართველობის შექმნაში საკუთრივ ჩვენს პასუხისმგებლობაზე მსჯელობის მონაწილენი.
საზოგადოება თავად უნდა იყოს მზად, გაიაზროს საკუთარი შეცდომები და შეეგუოს საკუთარი თავის კრიტიკას და არჩევით ფიგურებს აგრძნობინოს, რომ ეს საკითხები ტაბუირებული თემა არ არის. ზემოხსენებულ სატელევიზიო გადაცემებში საზოგადოების ეს სურვილი, დაიწყოს ამ თემაზე დისკუსია და პასუხი გაეცეს კითხვას პასუხისმგებლობის შესახებ, კარგად ჩანს, თუმცა ეს მცდელობა ისევ შეზღუდული ფორმით ვლინდება - „უცნობი“ ფიქრობს, შეადგინოს „სააკაშვილის ფესვების“ სია და შემოსული ზარები მას ამაში არწმუნებენ. თუმცა, იმასაც ხვდება, რომ ასეთ „ფესვებზე“ საუბარმა შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს. ერთი მხრივ, ფესვების ჩამონათვალი შეიძლება ძალიან გრძელი გამოვიდეს და, მეორე მხრივ, იქ შეიძლება ბევრი მისი ახლობელი ადამიანიც მოხვდეს, საკუთარი ძმის ჩათვლით, რომლის ფირმა ერთ დროს სასმელ „სააკაშვილსაც“ ასხამდა. წარსული მთავრობების დანაშაულებებისთვის პასუხის გაცემა სხვადასხვა ფორმით შეიძლება.
ლუსტრაციის კანონი ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით დაინერგა. პოლონეთში „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში“ შეიქმნა და გამოქვეყნდა კომუნისტური რეჟიმის თანამშრომელთა სიები, ჩეხეთში - ეს სპეციალურ ორგანოს დაევალა, რომელიც კონფიდენციალური პროცედურით ქმნიდა გარანტიას, რომ ყოფილი კომუნისტი ჩინოვნიკები მაღალ თანამდებობებზე არ დაბრუნდებოდნენ.
ვთვლი, რომ ლუსტრაციის კანონი საქართველოშიც მისაღებია. არა იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას დიდი საშიშროება, რომ ის პირები, ვინც მოწინავე თანამდებობებზე იყვნენ კომუნისტური რეჟიმის დროს, კვლავ დაბრუნდებიან ქვეყნის სამართავად. იშვიათი გამონაკლისების გარდა, მათი უმრავლესობა, დიდი ხანია, ჩამოშორებულია პოლიტიკურ ცხოვრებას და, ყველა სხვა საფრთხესთან შედარებით, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე დგას, ეს საფრთხე მნიშვნელოვანი არაა. კანონის მიღება სხვა რამის გამოა აუცილებელი - საქართველოში უნდა დაიწყოს ისტორიული მოვლენების გააზრების, ანალიზის საჯარო პროცესი და ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებაზე მსჯელობა.
სისხლის სამართლებრივ საშუალებებში შედის არა-დემოკრატიული ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული თვით-ამნისტია, როდესაც შესაძლო ჩადენილი დანაშაულებისათვის ამნისტია ცხადდება ხელისუფლებაში ყოფნის დროსვე, შემდგომი პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, ან კიდევ ოპოზიციურ ძალებთან წინასწარ შეთანხმების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდგომ განხორციელებული ამნისტია. არგენტინის „ბინძური ომის“ დროს ჩადენილი დანაშაულებთან დაკავშირებული პროცესები ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა, თუმცა ხელისუფლების ცვლილებისათვის გამოცხადებული ამნისტიისათვის საკმარისია საქართველოს უახლეს წარსულში დავბრუნდეთ და პრეზიდენტ შევარდნაძისათვის ხელშეუხებლობის გამოცხადება გავიხსენოთ.
REUTERS
დესმონდ ტუტუ, სამხრეთ აფრიკის არქიეპისკოპოსი და სიმართლის და შერიგების კომისიის თავმჯდომარე
ამავე საშუალებებში შედის ზოგიერთი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლებრივად დასჯა (ნიურნბერგის და ტოკიოს პროცესები და იუგოსლავიის და რუანდის ტრიბუნალები), საგამოძიებო კომისიის შექმნა და ჩადენილ პოლიტიკურ დანაშაულებზე სიღრმისეული ანგარიშის გასაჯაროება (არგენტინული კომისია) და ა.შ. დღეს საზოგადოებაში სწორედ ამ მეთოდების საქართველოსათვის მიზანშეწონილობაზე უნდა მიმდინარეობდეს საუბარი. ამ საშუალებებიდან რომლის გამოყენება უფრო წაადგება საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებას.
სააკაშვილის ხელისუფლების წევრების სრული ამნისტია დაუშვებელი და გაუმართლებელია, ვინაიდან მომავალ მთავრობაში და საზოგადოებაში ეს უფრო გააღრმავებს დაუსჯელობის სინდრომის განცდას და ხელს არ შეუწყობს მოსახლეობაში კანონის უზენაესობის განმტკიცებას. ხელისუფლებიდან ყველას დასჯა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, ვინაიდან, ერთი მხრივ, როგორც შევარდნაძის შემთხვევაში, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული პირებისათვის ხელშეუხებლობისა და ამნისტიის პირობის მიცემა; მეორე მხრივ, ზოგიერთი მისი წარმომადგენელი, ნინო ბურჯანაძის მსგავსად, საპირისპირო ნავში დროული გადახტომით შეეცდება, მოიპოვოს ინდულგენცია; დარჩენილების სამაგალითო დასჯა კი სააკაშვილის მიერ განხორციელებული შერჩევითი მართლმსაჯულების განმეორება იქნება. რაც ყველაზე მთავარია, ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გამოცალკევება და მთელი პასუხისმგებლობის მათთვის დაკისრება გააძლიერებს საქართველოს მოსახლეობის ჩვევას, უპასუხისმგებლოდ მოეკიდოს პოლიტიკურ პროცესებში საკუთარ როლს და თავი აარიდოს ამ პასუხისმგებლობის გათავისებას.
ამ ჩვევიდან და იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია მოსახლეობის შეგნებულმა ნაწილმა ვისწავლოთ ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, სიმართლისა და შერიგების კომისიის პროცესის გამოყენება ყველაზე უპრიანია. სიმართლის და შერიგების კომისია ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობასთან გამკლავების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, აპარტეიდული რეჟიმის დამარცხების და ხელისუფლებაში პირველი დემოკრატიული მთავრობის მოსვლის შედეგად შემოიღეს.
1977 წლის 18 აგვისტოს სტივენ ბიკო, ნელსონ მანდელას პატიმრობის დროს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმული ლიდერი, პოლიციამ დააკავა. 12 სექტემბერს იგი შიშველი და ნაწამები პრეტორიის ციხის ერთ-ერთი საკნის ბეტონის იატაკზე იპოვეს. მისი მკვლელობა ერთ-ერთი დანაშაული იყო სამხრეთ აფრიკის აპარტეიდული რეჟიმის მძიმე დანაშაულთა სიაში. იმ ხუთმა პოლიციელმა, ვინც აწამა და მოკლა ბიკო, ამნისტიისათვის მიმართა სამხრეთ აფრიკის სიმართლის და შერიგების კომისიას 20 წლის შემდეგ. კომისია 1995 წელს შეიქმნა პრინციპით - ამნისტია და შერიგება სიმართლის სანაცვლოდ. კომისია შეიქმნა ძალიან ბევრი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - ერთი მხრივ იმისათვის, რომ არ დაწყებულიყო რევანშისტული პროცესი ყოფილი თეთრკანიანი მმართველი კლასის წინააღმდეგ; მეორე მხრივ იმისათვის, რომ დასჯის საფრთხის მოლოდინში რესპუბლიკის ჩანასახოვანი დემოკრატია არ დაემარცხებინა სხვადასხვა, მეტადრე ყოფილ სამართლადამცავ და უშიშროების ორგანოებში მომუშავე ძალებს. რაც მთავარია, რომ არ მომხდარიყო ისედაც კლასობრივად და რასობრივად დაყოფილი საზოგადოების კიდევ უფრო დანაწევრება და დაპირისპირება, გადალახული ყოფილიყო „სიძულვილის, შიშის, ბრალეულობისა და შურისძიების მემკვიდრეობა.“ კომისიის წინაშე საჯარო პროცესზე გამოდიოდნენ დაზარალებულები, მათი ოჯახის წევრები, მოწმეები და თავად დამნაშავეები, რომლებიც ფაქტების და საკუთარი ბრალის შესახებ სიმართლის გადმოცემით და გულწრფელი მონათხრობით ქმნიდნენ ტრაგიკული წარსულის ნამდვილ ისტორიას იმისათვის, რომ ყველას დაენახა საკუთარი როლი ამ ისტორიის შექმნაში და ეს ისტორია აღარასოდეს განმეორებულიყო. ამ საჯარო მსჯელობის, განხილვის და მონანიების პროცესით შეიქმნა ახალი, მომავალზე ორიენტირებული ერთიანი საზოგადოება.
ჩვენი საზოგადოების თავისებურებებიდან გამომდინარე, წარსულის დანაშაულებთან გამკლავებისთვის სიმართლისა და შერიგების ეს პროცედურა ყველაზე მისაღებია. სიის შედგენის და სასამართლო პროცესის გზით თუ წავალთ, ხშირად აღმოჩნდება, როგორც ადრეც ყოფილა, რომ მოსამართლე და თავად სიის შემდგენიც უნდა იყოს განსასჯელის სკამზე. ასეთ პროცესს არ ექნება მოსახლეობის მხრიდან ლეგიტიმურობის ხარისხი და შესაბამისად, ვერც ფართო გათავისება ექნება მის შედეგებს.
საქართველოს მოსახლეობის სიმცირის და ტრადიციული სტრუქტურიდან გამომდინარე, დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ყოველთვის მოიძებნება მეგობრული, ოჯახური ან ნათესაური კავშირები, რამაც საერთოდ შეიძლება ხელი აგვაღებინოს პასუხისმგებლობის განაწილებაზე. სიმართლის და შერიგების კომისიის ორგანიზებით, ისედაც დაპირისპირებულ და გახლეჩილ საზოგადოებას გამთლიანებისა და შერიგების შანსი მიეცემა, ოღონდ - საკუთარ თავზე მტკივნეული სიმართლის მოსმენისა და გააზრების სანაცვლოდ. თუ გვინდა სახელმწიფოებრივი ცხოვრება მართლაც ახალი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, ასეთი პროცესი სააკაშვილის ხელისუფლების წასვლიდან არ უნდა იწყებოდეს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობიდან, ვინაიდან ძალიან ბევრი პრობლემა, რომელსაც დღეს ვაწყდებით, სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ 1990 წლიდან მოყოლებული მთელ რიგ პროცესებზე ჩვენ პასუხისმგებლობა არ აგვიღია.
მაგალითისთვის, ზვიად ძიძიგურმა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების ერთგულებისათვის რამდენიმე წელი პატიმრობაში გაატარა. იგი იმ ასეულობით ადამიანს შორისაა, რომლებსაც წლების განმავლობაში, 1992-დან 2003 წლამდე, შევარდნაძის ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები უკანონოდ აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. საქართველოს მოქალაქეებს არ გაუციათ იმ კითხვაზე პასუხი, თუ ვინ იყოს ის ხალხი, ვინც ამ დანაშაულებს სჩადიოდა. ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, ზოგიერთი მათგანი დაწინაურდა შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის სტრუქტურებში, ხოლო ზოგიერთი თავად აღმოჩნდა იმავე სისტემის მსხვერპლი. თავად ედუარდ შევარდნაძე სულაც არ იყო თითოეული ამ დანაშაულის ავტორი და დამკვეთი. ამ საქმიანობას გეგმავდნენ და ასრულებდნენ თანამშრომლები, რომელთა შორის, ჩვენი მოსახლეობის სიმცირიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე, ალბათ ჩვენი მეგობრებიც, ნათლიებიც და მეზობლებიც იყვნენ. საქართველოს სახელმწიფო ვერ განვითარდება, თუ ერთხელ და სამუდამოდ მსგავს პროცესებს თვალებში არ შევხედეთ და იქ საკუთარი თავი არ ამოვიცანით. სიმართლის და შერიგების პროცედურით ეს შეიძლება მტკივნეულად, მაგრამ ყველაზე კონსტრუქციულად და ნაყოფიერად მოხდეს.
არადემოკრატიული ხელისუფლების დემოკრატიულით წარმატებული ცვლილებისათვის საჭიროა, რომ ახალმა ხელისუფლებამ საკუთარი თავი განასხვავოს ძველი რეჟიმის კულტურისა და ჩვევებისგან. სააკაშვილის ხელისუფლების ძირითადი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ მან არ მოინდომა ეს გაეკეთებინა ან, მერკანტილური მიზეზების გამო, ეს არ განახორციელა. როცაკი უნდა მოვიდეს შემდეგი ხელისუფლება, მის წინაშე აუცილებლად დადგება საკითხი - როგორი პოზიცია დაიკავოს წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების და მათ ავტორთა მიმართ. წინა მთავრობების შეცდომების გაუცნობიერებლობა, ამ საკითხის იგნორირება ან კიდევ სპონტანურად, უახლოესი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გადაწყვეტა ისევ მის ავტორებს დაუჯდებათ ძვირად. როგორც აქამდე, საქართველოს მოსახლეობის მიერ ეს გაგებული იქნება „რობესპიერის სინდრომის“ მორიგ გაგრძელებად, როდესაც უზარმაზარი და ენთუზიასტური საპროტესტო ტალღა იმასვე გაანადგურებს, ვინც ცოტა ხნის წინ მანვე მოიყვანა ხელისუფლებაში. ამიტომაც, გრძელვადიანი და მდგრადი დემოკრატიული განვითარების ინტერესებშია, რომ ლიდერებთან ერთად ჩვენც, ამომრჩევლები დავფიქრდეთ პოლიტიკურ პროცესებში საკუთარ პასუხისმგებლობაზე, და რომ პოლიტიკურმა ლიდერებმაც ამ საკითხზე გულწრფელი და პატიოსანი მსჯელობა შემოგვთავაზონ. სიმართლის და შერიგების კომისია ამისათვის საუკეთესო საშუალება იქნება.
![]() |
17 კავკასიის პოლიტიკის გენერლები |
▲ზევით დაბრუნება |
ანალიზი
ავტორი: ტომ ნათვუდი
თარგმანი: ქეთი ქანთარია
იუნუს-ბეკ ევკუროვი
REUTERS
მურად ზიაზიკოვი და ვლადიმერ პუტინი, 2007
რუსლან აუშევი და ასლან მასხადოვი
გასული წლის ოქტომბრის მიწურულს ინგუშეთმა, ჩრდილოეთ კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკამ პოლიტიკური სენსაცია მოახდინა: ხელისუფლებაში ძალოვანთა მოსვლის დროიდან პირველად, კრემლს სამოქალაქო პროტესტის წინაშე უკან დახევა და რესპუბლიკის მეთაურის, ფსბ-ს გენერლის მურად ზიაზიკოვის გადაყენება მოუხდა. ზიაზიკოვის ხელისუფლებაში მოსვლამდე რესპუბლიკის ხელმძღვანელი არმიის გენერალი რუსლან აუშევი იყო, პოპულარული და გაბედული პოლიტიკოსი. თავის მაღალ რეიტინგზე დაყრდნობით, ის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. მისი გადაწყვეტილებები, რომლებსაც მხარს ინგუშთა უმეტესი ნაწილი უჭერდა, ეწინააღმდეგებოდა კრემლის ამოცანებს რეგიონში. ის ერთადერთი ხელმძღვანელი იყო კავკასიაში, რომელმაც ორჯერ თქვა უარი, ხელი მოეწერა ჩეჩნეთში ჯარის შეყვანის მოთხოვნაზე. მოსკოვისთვის შედგენილმა პეტიციებმა კრემლს სერიოზული საფუძველი მისცა ჩეჩნეთში ორივე ომის დასაწყებად. რუსეთის ფედერალური მოწყობის ერთგული მხარდამჭერი, როცა საქმე რეგიონის ინტერესებს ეხებოდა, კრემლთან ურთიერთობის გამწვავებას არასდროს მორიდებია. ამ პოზიციის წყალობით, მან ინგუშეთის ეკონომიკური განვითარების მხრივ დიდ წარმატებებს მიაღწია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი და მისი ფსბ-ელი მომხრეები მოვიდნენ, კრემლმა რუსლან აუშევზე ტოტალური ზეწოლა დაიწყო და საბოლოო ჯამში მას გადადგომა აიძულა.
ინგუშეთის ახალმა ხელმძღვანელმა, მურად ზიაზიკოვმა, ფედერალური ცენტრისადმი აბსოლუტურად მორჩილმა ფიგურამ, მოსკოვისგან განუზომელი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, ნახევარი წლის თავზე რეგიონი მძიმე ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა. მისი ხელმძღვანელობის პირველი ორი წლის (2002-2003) შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი 25%25-ით დაეცა, უმუშევრობამ და სიღატაკემ, შესაბამისად - 30%25-დან 55%25-მდე, და 50%25-დან 80%25-მდე მოიმატა. კორუფცია მყისიერად გაიზარდა, ზიაზიკოვის რეიტინგი კი ნულისკენ წავიდა.
სწორედ ამ წლებში გაჩნდა ინგუშეთში ხელისუფლებისადმი მძლავრი სამოქალაქო წინააღმდეგობა. ამ რთულ და ხანგრძლივ ბრძოლას შედეგად რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომა მოჰყვა. მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ცვლილება თავიდან აერიდებინა. სპეცსამსახურებმა და სამხედროებმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის კონვეიერი აამუშავეს. ბევრი აქტივისტი, მათ შორის გავლენიანი ოპოზიციური საიტის Ингушетия.Ru-ს მფლობელი მაჰომედ ევლოევი მოკლეს. მოძალადე და კორუმპირებული ხელისუფლება თავისი არსით თითქმის ფეოდალურ მმართველობას დაემსგავსა. საზოგადოების პროტესტი იმდენად ტოტალური, საყოველთაო და უკომპრომისო გამოდგა, რომ მოსკოვს სხვა გზა აღარ დარჩა. კრემლს, რომელსაც ასე ეშინია დემოკრატიის, მისი მკაფიო გამოხატულების წინაშე უკან დახევა მოუწია.
ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება: ინგუშეთის კრიზისის მთავარი მიზეზი თავად მურად ზიაზიკოვი იყო. კრიზისი ხელისუფლებაში სწორედ მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო. ახლანდელი პრეზიდენტი იუნუს-ბეკ ევკუროვიც გენერალია, თუმცა - წინამორბედის ანტიპოდი. ევკუროვი ზიაზიკოვის შეცდომებს არ იმეორებს, ის ღია პოლიტიკას აწარმოებს და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგს სთავაზობს. მან თავის გუნდში მიიწვია რუსლან აუშევის ყოფილი თანამოაზრეებიც, რომლებიც ბოლო ექვსი წელიწადი ოპოზიციაში იყვნენ. თუკი ამ ვითარებას „კარგი და ცუდი ბიჭის“ თეორია რამენაირად მაინც მიესადაგება, მაშინ რეგიონში სიტუაცია რადიკალურად უნდა შეიცვალოს. თუმცა ეს პროგნოზი, საბოლოო ჯამში, შესაძლებელია, არ გამართლდეს.
თუკი ინგუშეთის განვითარების ბოლოდროინდელი უარყოფითი დიდინამიკა ამ რესპუბლიკის ხელმძღვანელის პიროვნებას უკავშირდება, მაშინ ზიაზიკოვს რუსლან აუშევისგან რადიკალურად განსხვავებული ნიშნები უნდა გამოემჟღავნებინა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას რეგიონულ განვითარებაში დამაჯერებელ წარმატებას მიაღწია.
მართლაც, ერთი შეხედვით, ასეთი შედარება ამ ლიდერთა მხოლოდ განსხვავებებზე მიუთითებს, რომელთაგან ყველა აუშევის სასარგებლოდ მეტყველებს. ის დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს კავკასიაში. ავღანეთის ომის გმირი, რომელმაც, მიუხედავად ყველაფრისა, გაბედა და აღიარა, რომ საბჭოთა სამხედრო მისია ამ ქვეყანაში მცდარი და მანკიერი იყო. აუშევის სამშვიდობო მისიების წარმატებები გაოცებას იწვევს. მისი, როგორც მოუსყიდველი პოლიტიკოსის სახელი ეჭვგარეშეა. აუშევი არც ერთ კორუფციულ სკანდალში არ ფიგურირებს. ერთი სიტყვით, ის ქარიზმული პიროვნება, მამაცი მებრძოლი, გამორჩეული და პოპულარული პოლიტიკოსია.
ამავე დროს ზიაზიკოვი კგბ-ს და ფსბ-ს კაბინეტებში უსახურ, მოსაწყენ კარიერას იკეთებდა. მართალია, ის დიდ ხანს მუშაობდა ინგუშეთში, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამდე ბევრი არავინ იცნობდა. გენერლის წოდება ზიაზიკოვს მოსკოვმა არჩევნების წინ მიანიჭა მისი გამარჯვების შანსის გასაზრდელად. 2004 წლის ზაფხულში, როდესაც ინგუშეთში „ბოევიკები“ შეიჭრნენ და იმავე წელს ბესლანის სკოლა დაიკავეს, ზიაზიკოვის საქციელი საზოგადოებამ ლაჩრობად ჩათვალა. პრეზიდენტ პუტინისთვის წარდგენილი მისი ბუტაფორიული მოხსენებები, რომლებიც რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას ეხებოდა, ოფიციალურ სტატისტიკასაც კი ეწინააღმდეგებოდა და საზოგადოებას სულ უფრო მეტად აღიზიანებდა. მთავრობაში კორუფციის ზრდა, როგორც ჩანს, მის პირად ინტერესებსაც უკავშირდებოდა. სამართლიანია, თუ ვიტყვით, რომ ინგუშეთის მოქალაქეებს ზიაზიკოვი სძულდათ.
თუმცა, ეს განსხვავებები ორივე ყოფილი პრეზიდენტის პიროვნულ მახასიათებლებად უფრო გამოდგება, ვიდრე მათი - როგორც პოლიტიკოსების. საკმარისია, მათი პოლიტიკის შედარება დავიწყოთ, რომ საოცრად მცირე სხვაობას აღმოვაჩენთ! ორივე დიქტატორი იყო, რომლებსაც დემოკრატია საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრის ხერხად მიაჩნდა. არც ერთი მათგანი არ სცემდა პატივს მოქალაქეთა თავშეყრის უფლებას, საპროტესტო მიტინგები ორივეს არაერთხელ დაურბევია. მუნიციპალურ დონეზე არჩევითობის დამკვიდრებას ორივე წინაღობებს უქმნიდა და ადგილობრივი ხელმძღვანელების დანიშვნის უფლებას ხელიდან არც ერთი უშვებდა; სასამართლო სისტემაზე კონტროლის შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ იშურებდა და რეგიონის პარლამენტს ორივე მკაცრად აკონტროლებდა. არჩევნებისას ერთიც და მეორეც მასშტაბური გაყალბებით გამოირჩეოდნენ. ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე ორივეს ტოტალური კონტროლი და ცენზურა ჰქონდა დაწესებული. ერთმაც და მეორემაც ხელისუფლებაში ოჯახური კლანები მიიყვანა.
REUTERS
ეკონომიკურ პოლიტიკაშიც ორივე პრეზიდენტი ერთსა და იმავე პრინციპს მისდევდა: თავისუფალ მეწარმეობას, რომლის დამოუკიდებლობასაც უხეშად ხელყოფდნენ, მათგან მხარდაჭერა არ ღირსებია. კერძო მონოპოლიებს ინარჩუნებდნენ და სახელმწიფო სექტორს აძლიერებდნენ, რომელმაც ინგუშეთში წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. არსით ეს სახელმწიფო ეკონომიკა იყო. კერძო ბიზნესისთვის წარმოების მთელი რიგი დარგები მიუწვდომელი გახდა.
ამავე დროს, მათ მოსკოვისა და ჩეჩენი სეპარატისტების მიმართ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებიც ჰქონდათ. აუშევი მოსკოვს მძვინვარე ოპონირებას უწევდა, ჩეჩენ სეპარატისტებს კი მხარს ზომიერად უჭერდა. სხვა დამახასიათებელი ნიშნებიც იყო, რომელთა განზოგადება ასე შეიძლება: ყოფილი პრეზიდენტების შიდა პოლიტიკა სრულიად ერთნაირი იყო, მაგრამ საგარეო კურსი განსხვავებული. თუმცა, ქვემოთ გიჩვენებთ, რომ საგარეო პოლიტიკის არჩევანი იძულებითი იყო და არა დამოუკიდებელი.
ამგვარად, ვნახეთ, რომ ორივე პრეზიდენტი, ერთნაირ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ძალზე მსგავს რეგიონულ პოლიტიკას ატარებდა; აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ინგუშეთის განვითარების დინამიკა პრეზიდენტების ფიგურებზე იყო დამოკიდებული, და თუ ასეა, მაშინ „კარგი და ცუდი ბიჭის“ თეორიაც მცდარი ყოფილა.
ჩვენი თვალსაზრისით, ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელმაც რუსლან აუშევის დროს რეგიონული განვითარების წარმატება განაპირობა, ინგუშეთში იმ დროს არსებული ეფექტიანი ს.ს.პ. იყო, რომელიც, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ექსპერტებს მხედველობის არიდან გაეპარათ.
ინგუშებისთვის ტრადიციული სამართალი საყოველთაოა და მას უპირატესობა ენიჭება ყველგან, სადაც კი შესაძლებელია. ეს საზოგადოება ისტორიულად აცხადებდა უარს რუსული სამართალის ლეგიტიმაციაზე, შესაბამისი ხელისუფლება კი ყოველთვის უცხოდ აღიქმებოდა(1). სრულიად აშკარაა, რომ ინგუშების ნებასურვილით არჩეული პრეზიდენტი მოსკოვთან ულმობელ ოპოზიციაში უნდა აღმოჩნდეს.
მეორე მხრივ, რეგიონული ინსტიტუტები, რომლებსაც რეგიონის ხელმძღვანელობა აკონტროლებს, უმთავრესად აღმასრულებელ ფუნქციას ასრულებენ, ხოლო იმ ინსტიტუტებს, რომელთაც ფედერალური ხელისუფლება ემორჩილება, მაკონტროლებელი ფუნქცია აქვთ. ამგვარად, არჩეული, ანუ, შესაბამისად, კრემლთან დაპირისპირებული პრეზიდენტის შემთხვევაში, ინგუშეთში სახელმწიფო მმართველობა იდეალურად ხორციელდება, კარგი მენეჯმენტის კლასიკური წესის შესაბამისად, რომელიც აღსრულების და კონტროლის ფუნქციების გაყოფასა და დამოუკიდებლობას გულისხმობს.
აუშევის მმართველობამ სწორედ ასეთ პირობებში ჩაიარა. არჩეული და, შესაბამისად, ელექტორატზე დამოკიდებული პრეზიდენტი რეგიონის ინტერესებს მტკიცედ იცავდა ფედერალური ცენტრისგან. რაც შეეხება ჩეჩნეთის ომს, ამ კონფლიქტში ინგუშები მხოლოდ მონათესავე ეთნოსს კი არ უჭერდნენ მხარს, არამედ რუსეთს კოლონიზატორ სახელმწიფოდ აღიქვამდნენ. მეორე ფაქტორი, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს: ორივე სამხედრო კამპანიის დროს რუსულ ჯარს პირველი დანაკარგები სწორედ ინგუშეთში ჰქონდა, მაშინ, როდესაც ჩეჩნეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთის მიმართ ლოიალური რჩებოდა და არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა. ამ კონფლიქტში რუსლან აუშევს სხვა პოზიცია რომ დაეჭირა, საზოგადოებაში დასაყრდენს ის დიდი ხნის წინ დაკარგავდა.
ამავე დროს, ინგუშეთში რეგიონული და ფედერალური სახელმწიფო დაწესებულებების დამოუკიდებლობა არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების მიზეზიც, რომლის ინიციატორი ხან ერთი მხარე იყო, ხან - მეორე. დამოუკიდებელი პოზიციის ქონა და პროტესტი ჩეჩნეთის ომის წინააღმდეგ, კრემლის მიერ კოლონიური იმპერიის ინსტინქტის შესაბამისად აღიქმებოდა. ფედერალურ სტრუქტურებსა და მათ მაკონტროლებელ ფუნქციებზე დაყრდნობით, მოსკოვი უძლიერეს ზეწოლას ახდენდა აუშევზე, რათა ეიძულებინა, გადამდგარიყო, და ხელისუფლებაში საკუთარი რჩეულის მოყვანის საშუალება მისცემოდა.
თავის მხრივ, აუშევი უზარმაზარი ძალისხმევის ფასად ცდილობდა, ფედერალური სტრუქტურები საკუთარი ძალაუფლებისთვის დაექვემდებარებინა. ჩვეულებრივ, გამწვავების მიზეზი ფედერალური დაქვემდებარების სტრუქტურათა ესა თუ ის არასწორი ნაბიჯი ხდებოდა. პრეზიდენტი აუშევი ყოველ ასეთ შემთხვევაში ჯიუტად, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ, პარადოქსულ დასკვნას აკეთებდა, რომ მარცხის მიზეზები დაქვემდებარების არსებულ სისტემაში იყო მოსაძებნი. ის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასაც კი ხელყოფდა და მიზეზად მისი თვალსაზრისით მცდარი გადაწყვეტილებების არსებობა მოჰყავდა. აუშევის პოზიციის აშკარა სისუსტის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ქცევა ტოტალიტარული იდეოლოგიის და სამხედრო იერარქიის პირობებში ჩამოყალიბებული ადამიანის ალალი და, შესაძლოა, ბუნებრივი შეცდომა იყო. მის გარემოცვას მისივე დაქვემდებარების სტრუქტურათა შეცდომებზე რომ მიეთითებინა, ან მონტესკიეს წაკითხვა ერჩია, პრეზიდენტ აუშევის შეხედულებებზე ეს უდავოდ სასარგებლო გავლენას მოახდენდა.
ერთი შეხედვით, აუშევის სიმეტრიული პასუხი ფედერალებთან ორთაბრძოლაში მართებული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ამგვარი პასუხი პროგნოზირებადი და ძირშივე წამგებიანი იყო. მოსკოვის პოლიტიკა რეგიონში ძალდატანებას ემყარებოდა, აუშევის დასაყრდენი კი საზოგადოების მხარდაჭერა და მაღალი ლეგიტიმურობა იყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი ძალა დემოკრატიაში იყო, რომელიც, ამასთანავე, მოსკოვურ კოლონიალიზმს კარგს არაფერს უქადდა. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ დემოკრატია გაეძლიერებინა, აუშევი ფედერალური სტრუქტურების დამორჩილებისთვისთვის იბრძოდა და ძალაუფლების უზურპაციისკენ მიისწრაფოდა, მაშასადამე, წყალს მოსკოვის წისქვილზე ასხამდა და საკუთარი შემცვლელის, ზიაზიკოვის მოსვლასაც მნიშვნელოვანწილად თავად მოუმზადა ნიადაგი. მისი სტრატეგია კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი გამოდგა იმისა, თუ როგორ ებრძვის ზოგიერთი დასარტყმელად მოქნეულ ჯოხს, და არა - თავად ჯოხის მომქნევს.
REUTERS
სანამ მოსკოვსა და აუშევს შორის ბრძოლა გრძელდებოდა, აღმასრულებლები და მაკონტროლებლები ერთმანეთს ვერ ურიგდებოდნენ, მოქალაქეთა უფლებები კი დაცული იყო. როცა მათ უფლებებს ერთნი არღვევდნენ, მოქალაქეები მეორეებს მიმართავდნენ, მოსკოვი და მაგასი კი საზოგადოების სიმპათიის მოსაპოვებლად იბრძოდნენ.
ამ კონფლიქტმა საზოგადოების და კონკრეტული პიროვნებების განვითრებაზე ძალიან დადებითი გავლენა იქონია. იმ დროს ინგუშეთში კორუფციის მაჩვენებელი, როგორც ჩანს, მთელი რუსეთის მასშტაბით, ყველაზე დაბალი იყო. პოლიტიკოსებს და მოხელეებს კარიერის გასაკეთებლად ორი გზა ჰქონდათ: ან აუშევთან უნდა ყოფილიყვნენ და მისი მფარველობის ქვეშ დაფრთიანებულიყვნენ, ან - დაპირისპირებოდნენ და მოსკოვის მხარდაჭერაც არ დააყოვნებდა. შედეგად, იმ ერის ბევრმა წარმომადგენელმა, რომელიც ინგუშეთის დაპყრობის დღიდან რუსეთის დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, შთამბეჭდავი კარიერა გაიკეთა პოლიტიკაში, სახელმწიფო სარბიელზე და ბიზნესში. სამი მოწვევის დუმაში სამ-სამი ინგუში დეპუტატი იყო, ანუ იმ მაქსიმუმზე სამჯერ მეტი, რომლის იმედიც ამგვარი რიცხოვნობის ერს უნდა ჰქონოდა.
ხელისუფლებაში მოსკოვის კრეატურის, ზიაზიკოვის მოსვლამ, რაც მხოლოდ არჩევნების მასობრივი გაყალბებით გახდა შესაძლებელი, რეგიონში დამკვიდრებულ ურთიერთშეკავებისა და ბალანსის სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა. თავიდან საქმე მხოლოდ ზიაზიკოვის პერსონას ეხებოდა, და მას მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა საიმედოს არაფერს უქადდა. მაგრამ 2004 წელს ბესლანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პუტინმა რეგიონის ხელმძღვანელების საჯარო არჩევნები გააუქმა და მათი დანიშვნა თავად დაიწყო, რითაც ურთიერთშეკავებისა და ბალანსის სისტემა ინგუშეთში საბოლოოდ დაინგრა. მას შემდეგ რეგიონის ხელმძღვანელობა აპრიორი პრომოსკოვური განწყობისაა, რეგიონულის დასაბალანსებლად ფედერალური დაქვემდებარების ინსტიტუტების გამოყენებამ აზრი დაკარგა, საზოგადოებამ კი დაკარგა ხელისუფლების მეთაურზე რეალური გავლენა. მოსკოვი ახლა უშუალოდ პრეზიდენტთან ურთიერთქმედებს, რომელსაც, თავის მხრივ, მოსკოვისგან რეგიონში სამოქმედოდ სრული კარტ-ბლანში და აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. ასე დაიწყო ინგუშეთმა შუასაუკუნეობრივ ფეოდალურ სახელმწიფოდ გადაქცევა.
ურთიერთშეკავებისა და ბალანსის სისტემის განადგურება ერთადერთი უარყოფითი შედეგი არ ყოფილა, რაც რეგიონის ხელმძღვანელების არჩევითობის გაუქმებამ მოიტანა.
ახლა, როგორც წესი, ადგილობრივი ბიუროკრატის ყველა გამოსვლაში ეს სიტყვები ჟღერს: „უხვ დოტაციებს მხოლოდ იმ პატივისცემის წყალობით ვიღებთ, რომლითაც ჩვენი პრეზიდენტი მოსკოვში სარგებლობს. ღმერთი ფარავდეს, რადგან მის გარეშე ჩვენი ბიუჯეტი ცარიელი იქნებოდა, ჩვენ კი მშივრები!“ მაგრამ ეს კომიკური სიბრიყვე არც ისეთი უვნებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ინგუშეთის ბიუჯეტი (დაღესტანსა და ჩეჩნეთთან ერთად) ყველაზე მაღალი, 90%25 დოტაციურია.
დეფიციტის დასაფარი სუბსიდიები რამდენიმე მარტივი ფორმულით განისაზღვრება, რომლებიც მთავარ არგუმენტად მოსახლეობის ოდენობას იყენებს და მას ეყრდნობა. ამგვარად, თუ განვითარებული რეგიონების ხელისუფლებები შემოსავალს გადასახადების ხარჯზე იღებენ და, შესაბამისად, საქმიანი კლიმატის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ, ინგუშეთის ფინანსთა სამინისტროს მხოლოდ და მხოლოდ იმის გაკეთება უხდება, რომ რამდენიმე მარტივი ფორმულა სტატისტიკური მონაცემებით შეავსოს, რის შემდეგაც ბიუჯეტის 90%25-იანი დეფიციტის შესავსებად გამიზნულ ტრანსფერებს მიიღებს, ამის შედეგად კი დამაფიქრებლად უსამართლო დისბალანსი წარმოიქმნება: ინგუშეთს ბიუჯეტი მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით ევსება, მაგრამ ამასთან ერთად, ხელისუფალის არჩევნების გაუქმების შემდეგ ამავე მოსახლეობას მის გაკონტროლებაზე ხელი საერთოდ აღარ მიუწვდება.
არადა, საბიუჯეტო პროცესი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისთვის უმნიშვნელოვანესი და უწყვეტია. როცა ძირითადი პროცესი დაუფარავად პარაზიტულ და უპასუხისმგებლო ხასიათს იძენს, თავად ინსტიტუტებიც იცვლება; მათგან საზოგადოებისათვის სახელმწიფო მომსახურების შეთავაზების ფუნქცია იკლებს. ამგვარად, დოტაციურობის მაღალი დონე, საზოგადოებრივი კონტროლის სრულ არარსებობასთან ერთად, სახელმწიფო ინსტიტუტების ხარისხის დაცემას უკავშირდება.
მართალია, რუსეთის ხელისუფლების ყველაზე მაღალ დონეზე ხშირად გაისმის განცხადებები, რომ დოტაციური რეგიონების რაოდენობა უნდა შემცირდეს, სინამდვილეში, საბიუჯეტო კანონმდებლობა ჩამორჩენილი რეგიონებისათვის სრულებით არ შეიცავს იმგვარ სტიმულებს, რომ ისინი ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად წაახალისოს, და ამჟამინდელი სიტუაციის კონსერვირებას იწვევს.
საინტერესოა, რატომ არ იშურებდა რუსლან აუშევი ძალისხმევას ინგუშეთის ბიუჯეტის დოტაციურობის შესამცირებლად? ეს კითხვა კიდევ ერთხელ გვაბრუნებს ურთიერთშეკავების და ბალანსის სისტემასთან, რომელიც რეგიონის ხელმძღვანელების არჩევითობის პერიოდში ჩამოყალიბდა. საკუთარი ამომრჩევლების ნება-სურვილის შესაბამისად, რუსლან აუშევი იძულებული იყო, მოსკოვისგან მეტი დამოუკიდებლობისთვის ებრძოლა, ამ თვალსაზრისით კი ბიუჯეტის დოტაციურობა დიდი პრობლემა იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ობიექტურ მიზეზთა გამო, ინგუშეთი მოსკოვზე ფინანსური დამოკიდებულებისთვისაა განწირული. წარმატებები, რომელთაც აუშევი ამ დამოკიდებულებასთან ბრძოლისას აღწევდა, მსგავს შეხედულებებს აქარწყლებს. მაგალითად, 2000 წლის განმავლობაში დოტაციებმა 90%25-დან 60%25-მდე იკლო.
მართალია, ბიუჯეტის დოტაციურობასთან დაკავშირებით შეშფოთება ზიაზიკოვსაც არაერთხელ გამოუთქვამს, მაგრამ, როგორც იმთავითვე მოსკოვზე დამოკიდებულ პოლიტიკოსს, რომელიც საკუთარ ხალხს არ აურჩევია, და საზოგადოებაში პოპულარობა არ ჰქონდა, ვითარების შესაცვლელად არაფერი გაუკეთებია; მისი ხელმძღვანელობის დროს ბიუჯეტში დოტაციების წილი მხოლოდ იზრდებოდა.
მცდარი იქნება იმის მტკიცება, რომ ინგუშების უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლების მიმართ მხოლოდ ნეგატიურ ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობა; მაგალითად ისეთს, როგორიცაა რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ ინგუშთა მიწების პერიოდული ჩამოჭრა ოსების სასარგებლოდ, 1944 წლის დეპორტაცია ციმბირში, ან 1992 წელს ჩრდილოეთ ოსეთში მომხდარი ინგუშების ეთნიკური წმენდა. დაპირისპირების ფუნდამენტური მიზეზი რუსეთის ხელისუფლების დე-ფაქტო ავტორიტარული პრინციპებისა და თავისუფალი საზოგადოების იმ პრინციპების შეუთავსებლობაა, რომელთაც ინგუშთა ტრადიციული სამართალი აღიარებს. ეს უკვე დემოკრატიულ ფასეულობათა და ავტორიტარული აზროვნების გლობალური შეჯახების ლოკალური გამოვლინებაა.
ახალი ხელმძღვანელის, იუნუს-ბეკ ევკუროვის მოსვლა ინგუშეთის სახელმწიფოებრივ მართვაში ადეკვატურობას და ეფექტიანობას ვერ შეიტანს. სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების ჩართვის მრავალი არხი არსებობს, მაგრამ პირდაპირ არჩევნებს ყველა მათგანის ერთობლივი ამოქმედებაც კი ვერ შეცვლის. მოქალაქეებთან, ოპოზიციასა და სამართალდამცველებთან ევკუროვის მოსაწონი აქტიური თანამშრომლობის მიუხედავად, ყველაზე სავარაუდო მაინც ნეგატიური სცენარის განვითარება რჩება. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევითობის გაუქმებამ ეს რეგიონი, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მეტად დააზარალა.
როგორც ჩანს, ახლა ევკუროვი ფიქრობს, ვინ გახდეს ინგუშეთისთვის: მეორე აუშევი თუ პირველი კადიროვი. არც ერთი ვარიანტი არც მას და არც საზოგადოებას კარგს არაფერს მოუტანს.
სანამ ევკუროვი აუშევის გზას აირჩევს, იმის გაცნობიერება მოუწევს, რომ მსგავსი გზა ამჟამინდელ პირობებში, როცა საზოგადოება ხელისუფლების არჩევის უფლებას მოკლებულია, უბრალოდ არ არსებობს.
თუმცა, ნამდვილი საფრთხე ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის გამოცდილების გამეორების მცდელობაში იმალება; მით უფრო, რომ ყოველი მხრიდან ექსპერტთა მოსაზრებები ისმის, რომელთა აზრით, ინგუშეთში ამგვარი გამოცდილების დანერგვაზე მოთხოვნილება არსებობს. ამ მოსაზრების მომხრეები არგუმენტად რატომღაც ამ ორი ხალხის ენათა და ეროვნულ ტრადიციათა ბევრ მსგავსებას ასახელებს. სხვა, გონივრული დასაბუთება ჯერ არავის მოუყვანია, თუმცაკი, ამ თეზისის გასაქარწყლებლად არგუმენტები ნამდვილად არსებობს.
ჩეჩნები სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, ინგუშები კი თავისუფალი საზოგადოებისა და პიროვნების თავისუფლებისთვის. შეიარაღებული გზით დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობა, როგორც ჩეჩნეთის შემთხვევაში მოხდა, ჩვეულებრივ, იმას მოწმობს, რომ ეს ორი მიზანი ერთმანეთთან შეუთავსებელია: დამოუკიდებლობას უფრო მეტი ტირანია მოაქვს, ასეთ შემთხვევებში მხოლოდ ტირანის ეროვნება იცვლება. მეორე მხრივ, როცა სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ ტერიტორია მეტროპოლიაზე მეტ მოთხოვნილებას ამჟღავნებს, მაშინ დამოუკიდებლობა მშვიდობიანი გზებით ან გაცილებით მცირე სისხლის ფასად მიიღწევა, მოქალაქეებს კი საკუთარ სახელმწიფოში დემოკრატიის შემდგომი განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ. ასე მოხდა, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
რუსეთისთვის ჩეჩნურ სეპარატიზმზე გასამარჯვებლად ერთი ტირანიის მეორით შეცვლაც საკმარისი აღმოჩნდა: კადიროვს ჩეჩნეთის შიგნით მოქმედების თავისუფლება მიეცა, სეპარატისტული ლოზუნგები კომიკურად გადასხვაფერდა, ფედერალური ბიუჯეტიდან კი თანხები გამოიყო, და ხალხი, რომელიც ადრინდელივით უუფლებო და დაუცველი დარჩა, ტირანთა ცვლას გარდაუვალი ბედისწერასავით შეეგუა. დასავლეთს დევნილის სტატუსით თავშეფარებული „იდეური“ სეპარატისტებიც კი კადიროვის ლეგიტიმურობის აღიარებასა და განდიდებას შეუდგნენ, თითქოს მას სანუკვარი დამოუკიდებლობისთვის მიეღწიოს. როდესაც ჩეჩნეთის მოსახლეობამ გააცნობიერა, რომ უგუნურებაა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დამოუკიდებელი იყოს ფედერალურისგან, სეპარატიზმის იდეამ მიმზიდველობა დაკარგა. ყველაზე შეურიგებლებმა კი რელიგიური ლოზუნგები აიტაცეს.
მოსკოვს ზიაზიკოვისთვის ინგუშეთში ნაკლები ძალაუფლება არ უბოძებია. ინგუშეთის პრეზიდენტს მოსკოვიდან მეტი სამხედრო, მორალური და ფინანსური მხარდაჭერაც კი ჰქონდა, ვიდრე კადიროვს. მაგრამ ზიაზიკოვი ხალხს დღითი დღე შორდებოდა, და მისი რეიტინგიც შესაბამისად ეცემოდა. ზიაზიკოვისა და პუტინის ხშირმა შეხვედრებმა, რასაც, ჩანაფიქრით, ამ რეიტინგის სტიმულირება უნდა მოეხდინა, ინგუშეთის რეალური სიტუაციის სრულიად არაადეკვატური შეფასების გამო, ორივე დაცინვის და ირონიის ობიექტად აქცია. ძალოვანთა აღვირახსნილობა და კორუფციის ზრდა საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. ოპოზიციური საიტი Ингушетия.Ru ინფორმაციის ყველაზე პოპულარული წყარო გახდა. უკანასკნელ წლებში მურად ზიაზიკოვი საზოგადოებას მთლიანად მოსწყდა. ამგვარად, „ჩეჩენიზაციის“ მსგავსი პროექტის გამოცდა ინგუშეთში დაწყებული იყო, მაგრამ მარცხი განიცადა. აღვნიშნავ, რომ კადიროვის როლისთვის რამდენიმე კანდიდატურა პარალელურად მზადდებოდა, მაგრამ „ქასთინგი“ ჩაიშალა: ზოგს პრეზიდენტის პოსტზე დათანხმება იმგვარი სისასტიკის გამოჩენის აუცილებლობამ გადააფიქრებინა, გაგრძელება რომელიც ამ როლზე დასამტკიცებლადაა საჭირო; უფრო მტკიცენი კი ისეთ საპასუხო სისასტიკეს გადააწყდნენ, რომელიც ზოგიერთი მათგანისთვის ფატალური გამოდგა.
საფუძვლიანი პესიმიზმის არსებობის მიუხედავად, ჰიპოთეტური შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი ევკუროვი საკმარისად თავისუფლად აზროვნებს, მაინც არსებობს. მას შეუძლია სიტუაცია მთლიანობაში, „კარგი და ცუდი ბიჭის“ თეორიის თვალით გაიაზროს და გააცნობიეროს, რომ ყველას ის ადგილი უკავია, რომელიც ზოგადი ლოგიკით აქვს მიკუთვნებული. მისთვის უმთავრესი სტრატეგია, საკუთარი როლის წინამორბედზე უკეთ შესრულება კი არა, თვით როლის შეცვლა უნდა იყოს: საზოგადოების დემოკრატიული მხარდაჭერა ხომ გაცილებით მეტ სიმყარესა და ლეგიტიმურობას შესძენს, ვიდრე კრემლის მხარდაჭერა. ეს საკითხი შემდგომ განხილვას საჭიროებს. აქ მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას დავჯერდებით.
![]() |
18 უკანასკნელი იმპერია? |
▲ზევით დაბრუნება |
ესეი
შიგნით და გარეთ
ავტორი: ზურა ჯიშკარიანი
ილუსტრაცია: ანა ტაბატაძე
პოსტპოლიტიკა
„ეს სამყარო არანორმალურია“
ბეტმენი და სხვები
მომხმარებელი X ზის ყუთთან და პირდაპირ ეთერში უყურებს რეალურ ტერაქტებს, რეალურ რევოლუციებს, აფრიკელი ტომების ცეკვას National Geographic-ზე, ცუნამის ამერიკაში, კარნავალს რიოში, ქრისტეს მეორედ მოსვლას ზეციდან... ამავდროულად, ის ასწრებს კბილების გახეხვას, თვალების შეღებვას, იარაღის გადატენვას და როცა „ნიუსები“ მთავრდება, მზადაა სამსახურში ან ომში წასასვლელად.
„შემდეგ რევოლუციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში!“ - საფრანგეთის უკანასკნელი რევოლუციის ეს სლოგანი, ყველაზე კარგად გამოხატავს პოსტმოდერნული პოლიტიკის ახალ სახეს. „ფაქტები არაფერია, მთავარია ინტერპრეტაცია.“
პოლიტიკა სულ უფრო და უფრო ითვისებს „ემთივი“-სა და კომპიუტერული თამაშების ესთეტიკას, პოლიტიკოსები პოპ-ვარსკვლავები არიან, მედია პიარი გაცილებით ძლიერი და ეფექტურია, ვიდრე ჰომო საპიენსის პირადი კონტაქტები. პოლიტიკა შოუს გარეშე მოსაწყენი და არაპოპულარული საქმიანობაა. მილიარდობით ვირტუალური დოლარი სინათლის სიჩქარით მოგზაურობს კორპორაციიდან კორპორაციაში. ვირტუალური ღილაკები რეალურ საქმეებს წყვეტენ, რეალური საქმეები კი პირველ რიგში ვირტუალური (ინფორმაციული) ტერიტორიისთვის ბრძოლაა.
ფეოდალური (პრე-მოდერნული) და მოდერნული (ინდუსტრიული) პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებული იყო ტერიტორიულ დაპყრობებზე, კოლონიის შექმნაზე - მამრი ორანგუტანების ლოგიკა მარტივი და ერთმნიშვნელოვანია. პოსტმოდერნული, გლამურული პოლიტიკა კი ხვდება, რომ რეალური ძალაუფლება პირველ რიგში ნიშნავს ცნობიერების და ყურადღების მითვისებას და ოცნების კონსტრუირებას. სადღაც მეოცე საუკუნის შუაგულში ჩვენ ვერც შევამჩნიეთ, როგორ დასრულდა პოლიტიკა კლასიკური გაგებით და გადაიქცა პოსტპოლიტიკად. შეიძლება ეს მაშინ მოხდა როდესაც ერთმა საინტერესო ჰომო საპიენსმა თქვა: ომი სპარსეთის ყურეში არასოდეს ყოფილა და მთელი ეს ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო სპექტაკლი იყოო. დუბლი ოცდამესამე: საომარი თვითმფრინავები საოცარ ვირაჟებს აკეთებენ ცაში, სარეჟისორო გუნდი გაიძახის: არ ვარგა, თავიდან!
პოსტპოლიტიკა ოცნებების ქარხანაა, სადაც არ არსებობს შეუძლებელის ფაქტორი. ბეტმენის პერსონაჟში ჩადებული მესიჯი შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი გახდეს, ვიდრე მარტინ ლუთერ კინგის „I have a dream...“. ახალი ოცნებების და lyfestyle-ების კონსტრუირება თითქმის ისეთივე რეალური პოლიტიკური იარაღია, როგორც ატომური ბომბი, ერთმა ოცნებამ შეიძლება მილიონობით ადამიანი გამოიყვანოს ქუჩებში თვითნაკეთი თუ ცარიელი ტრაფარეტებით, ამ ტრაფარეტებზე მესიჯების წერა კი პოსტპოლიტიკის ყველაზე საყვარელი საქმიანობაა.
თავის დროზე მოდერნული პოლიტიკა ჩიხში შევიდა. გარკვეული სახელმწიფოს ტერიტორიის დაპყრობა აჯანყებებს, პატრიოტულ ტერორიზმს, ფარულ თუ ღია დაპირისპირებას იწვევდა. ელემენტარული წესრიგის შესანარჩუნებლად დამპყრობელ მხარეს უზარმაზარი ადამიანური და არაადამიანური რესურსების მუდმივი ხარჯვა სჭირდებოდა, ეს საკუთარი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა და, საბოლოო ჯამში, დამპყრობელს უნდა აერჩია: ან დაპყრობილების ტოტალური გენოციდი ან უკან დაბრუნება. პოსტმოდერნული პოლიტიკის შემთხვევაში, დაპყრობა ძირითადად ინფორმაციული მონოპოლიის შექმნას გულისხმობს. ტელევიზორი (მედია) და პერსონალური კომპიუტერი პოსტპოლიტიკური კამპანიის სტრატეგიული ტერიტორიაა. ინფორმაციული ომი პოლიტიკური დაპირისპირების უკანასკნელი სახეობაა, უმაღლესი პილოტაჟი, პოლიტიკური პროექტების ონლაინ RPG1. Vote for NOBODY, მეგობარო!
ახალი პოლიტიკა, ძველისგან განსხვავებით, არასტატიკური, დინამიკური სისტემაა. ქაოსის თეორიის მიხედვით კი, საკმარისია დინამიკურ სისტემაში ოდნავ იმოქმედო სისტემის მოძრაობის კოორდინატებზე, რომ გამოიწვიო ამ სისტემის უკონტროლო მოქმედება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება უეცრად და გაურკვეველი ვადით იქცეს ახალ ლენინად, ატომურ ბომბად ან უბრალოდ პარის ჰილტონად. მარტივად რომ ვთქვათ, პოსტპოლიტიკური სუბიექტი იმ ურბანული იგავის პერსონაჟი ხდება, რომლის მიხედვით, პეპლის ერთმა გადაფრენამ ტოკიოს რომელიმე გარეუბანში შეიძლება ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვიოს ნიუ-იორკში. Faster Pussy cat, Kill! Kill!2 ასე რომ, შეგიძლიათ წინასწარ გამოიწეროთ სუპერგმირის კოსტიუმი თქვენი დიზაინით, შეადგინოთ საპრეზენტაციო სიტყვა და იყიდოთ ლაზერული პისტოლეტი. Cos' every men and every woman is a STAR.3
იმპერია
„Nothing is true. Everything is permitted“4
პოსტმოდერნულ სამყაროში იმპერია ნიშნავს მონოპოლიას ინფორმაციაზე. იმპერია არის მდგომარეობა, როცა ერთ სახე-ხატს აქვს ერთი ლეგიტიმური ინტერპრეტაცია, სხვა დანარჩენი კი მარგინალურ ანომალიად ცხადდება. იმპერია ნიშნავს კოპირაითს ცხოვრების სტილზე. აი, მაგალითად, უბრალო დისკი - უბრალოდ დისკია, მაგრამ დისკი ლოგოთი - კოპირაითია, ხოლო იმპერია არის ამ კოპირაითის მონოპოლია შენს ბაზარზე. იმპერია პოსტმოდერნულ სამყაროში მრავალფეროვნების სპექტაკლია და თავისუფლების ილუზიაა, რაც მხოლოდ ცნობიერების შეზღუდულობის და ერთფეროვნების პრობლემაა. ადრექრისტიანულ ლიტერატურაში იმპერია არის სიმბოლო ტყუილის, რომელშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, იმპერია არის ცრუ-რეალობა, მატრიცა, რომელიც შექმნეს უსახო კონსტრუქტორებმა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით. ფილიპე წერდა, რომ ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ ვცხოვრობთ რომის იმპერიაში.
მესამე რომი - უკანასკნელი იმპერია?
„Empire never ended“ 5
„ორი იმპერია უკვე დაეცა, შენი კი დგას, ხოლო მეოთხე აღარ იქნება!“ - ამ ფრაზიდან, რომელიც ბერმა ფილაფეიმ მოსკოვის მთავარს მისწერა, დაიბადა რუსეთის, როგორც მესამე რომის იდეა. მესამე რომი დღემდე ცოცხლობს და, სულ ცოტა ხანია, რაც ჩვენ მისი ტერიტორიული საზღვრებიდან გამოვედით, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ იქ აღმოვჩნდეთ.
საბჭოთა კავშირი ბევრად უფრო პოსტმოდერნული იმპერია იყო, ვიდრე ის, რაც დარჩა საბჭოთა კავშირისგან. დღევანდელი რუსეთი კლასიკური იმპერიაა პოსტკლასიკურ სივრცეში. კავშირის არსებობა, რომელიც გულისხმობდა ორპოლარულ სამყაროს და დაუნდობელ ინფორმაციულ ომს ორ რადიკალურად განსხვავებულ პროექტს შორის - გაუქმდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დასავლური დეფინიცია, რომელიც ცდილობს თანამედროვე რუსული პოლიტიკის იდენტიფიცირებას, აბსოლუტურად უძლურია. სამყარო, რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ძალიან ჰგავს ჩერნობილს, ატომურ ზონას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ჩაკეტილი იყო, მისი გახსნის შედეგად კი ინფორმაციულ ველში შემოვიდა უცხო სხეული, არაიდენტიფიცირებული მუტანტი განსხვავებული ლოგიკით, რომელიც, რბილი გლამურული ინფექციების ნაცვლად, იმუქრება ტანკებით, ამაგრებს კოლონიებს, ციხეში სვამს ოპოზიციას. ეს სამყარო პოსტპოლიტიკის და არქაული ტექნოლოგიების სინთეზია.
დღევანდელი რუსული იმპერიალიზმის იდეა საბჭოთა კავშირამდე დიდი ხნით ადრე დაიბადა, მისი ინფორმაციული კონსტრუირება, რამდენიმე საუკუნეა, რაც მიმდინარეობს.
თავდაპირველად იყო ბიზანტია. მეორე რომი, ღვთაებრივი იმპერია, რომელიც ღმერთის ანგელოზებთან ერთად ებრძოდა ანტიქრისტეს. მაგრამ ანტიქრისტემ, როგორც ჩანს, გაიმარჯვა და კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მართლმადიდებლური იმპერიის ვაკანსია რუსეთმა შეავსო. რუსეთი ამიერიდან მესამე რომია, მართლმადიდებლური იმპერია, რომლის იმპერატორი და სულიერი ბელადი პატრიარქია. მან უნდა დაიცვას და განაახლოს სამყარო, ღვთაებრივი შუქი მოჰფინოს დასავლეთის და აღმოსავლეთის ერებს, შეებრძოლოს გოგს და მაგოგს, ადიდოს უფალი.
ასე ჩაისახა რუსული მესიანიზმი, რომლის მიხედვით, რუსეთი უნიკალური ცივილიზაციაა და მხოლოდ მას შეუძლია სამყაროს გადარჩენა, რუსი ხალხი მოწოდებულია, რომ დედამიწაზე კასტური სოციალური სამების - ეკლესიის, „დერჟავის“ და საზოგადოების ჰარმონიული დალაგებით ღვთის სასუფეველი დანერგოს. ამ იდეიდან აღმოცენდა რუსეთის დაპირისპირება ევროპასთან. ის, რაც რუსეთია, არ არის ევროპა, ის, რაც ევროპაა - ანტირუსულია და მომართულია მის გასანადგურებლად. ეს დაპირისპირება რუსულ კულტურულინფორმაციულ ველში რუსეთის თვითიდენტიფიკაციის საწყის წერტილად იქცა, როცა მტრის ხატის არსებობა განსაზღვრავს შენსას.
მაგრამ იმპერია შეფერხდა. 1917 წელს, საბჭოთა რევოლუციის დროს პირველმა კომუნისტებმა, რომლებსაც ალბათ გულწრფელად სჯეროდათ კომუნისტური მომავლის, იმპერია ოფიციალურად გააუქმეს, იმპერატორი დახვრიტეს და რუსეთი რესპუბლიკად გამოაცხადეს. რევოლუციამ ანტიიმპერიული და ახალი სამყაროს ენთუზიაზმით ჩაიარა, მაგრამ ახლად ჩამოყალიბებულმა სახელმწიფომ ძალიან მოკლე პერიოდში ახალი, უცნაური თვისებები გამოამჟღავნა. თუ ლენინი ანტიიმპერიული რევოლუციონერია, სტალინი უკვე ორმაგი ფიგურაა. ერთი მხრივ, ის მტკიცე, თანმიმდევრული მარქსისტია, რევოლუციონერი და მარქსიზმის ახალი კლასიკოსი, მაგრამ, მეორე მხრივ, ის იმპერატორის თვისებებს ამჟღავნებს. სტალინი წითელი იმპერატორია, ინდუსტრიული ივანე მრისხანე, რომელსაც უკვე ევროპის დაპყრობის ამბიციები და საბაბი გაუჩნდა. Empire never ended.
ასე რომ, საბჭოთა კავშირის სპეციფიურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაამძაფრა რუსული მესიანისტური პარანოია - დაპირისპირება დასავლეთთან, სამყაროს გადარჩენის სურვილი, იმპერიული იერარქია, იმპერატორის-ბელადის კულტი. თავისი არსებობის საწყის ეტაპებზევე საბჭოეთი გადაიქცა ახალ იმპერიად, სადაც მართლმადიდებლობა შეცვალა კომუნიზმმა.
საბჭოთა კავშირის შემდეგ ელცინისეული ლიბერალიზმის კრახმა ნეოიმპერიული, ნეოფაშისტური და ნეოკომუნისტური იდეოლოგიების ახალი აღზევება გამოიწვია. 90-იან წლებში ჩასახული ახალი მემარჯვენე იდეოლოგიები ცდილობენ კლასიკური იმპერიის რეკონსტრუქციას პოსტპოლიტიკურ სივრცეში, რაც ტოვებს ბარბაროსული, კრიმინალური და ფაშისტური აქტის შთაბეჭდილებას.
ტრადიციული რუსული იმპერიული პროექტები შეიძლება დაიყოს ორ განსხვავებულ მოდელად. მოდელი №1: ბიზანტია, ეკლესია, მართლმადიდებლობა, სლავიანური, „თეთრი“ იმპერია. მოდელი №2: ჩინგიზ ყაენი, „ოქროს ურდო“, საბჭოთა კავშირი. ევრაზიული, ერეტიკული, „წითელი“ იმპერია.
პირველი მოდელი გულისხმობს იმპერიას, რომელიც აღმოცენდა მესამე რომის ტრადიციიდან. მისი ოფიციალური იდეოლოგიაა მართლმადიდებლობა, რომელსაც ჰყავს მონარქი, ან მინიმუმ ქრისტიანი პრეზიდენტი, რომლის სულიერი ლიდერია პატრიარქი. ეს იმპერია გააერთიანებს თავისი დროშის ქვეშ ანტიქრისტეს მიერ ჩაგრულ ერებს. „არანაირი სხვა რელიგიურ-მორალური და იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი ალტერნატივა რუს ერს არ გააჩნია. ნებისმიერი მცდელობა, გადავუხვიოთ ამ გზიდან, ნიშნავს რუსული სინამდვილის შეუჩერებლივ სატანიზაციას.“ „გათავისუფლება ყველანაირი ქიმერისგან, რომელიც საზოგადოებას თავს მოახვიეს კულისებში დამალულმა რეჟისორებმა. კომუნიზმი, ნაციზმი, ლიბერალიზმი, „ადამიანური ღირებულებები“, „სუვერენული დემოკრატია“ და სხვა მასონური, ებრაული გამონაგონი მაშინვე უნდა გავაგზავნოთ სანაგვეში“. „გავაერთიანოთ მართლმადიდებელი მოქალაქეები (ერი) და მართლმადიდებლურად ორიენტირებული ორგანიზაციები, რომლებიც იღწვიან, რათა ააღორძინონ რუსეთი, როგორც მართლმადიდებლური იმპერია.“ „თავისი შექმნის მომენტიდან რუსეთი წარმოადგენს ცივილიზაციის უნიკალურ ტიპს, რომელიც დაფუძნებულია მართლმადიდებლური სარწმუნოების, რუსული ნაციის და სახელმწიფოს იმპერიული მოწყობის სამებაზე“ და ასე შემდეგ..
მეორე მოდელი გულისხმობს კონსერვატორულ რევოლუციას, ევრაზიულ ტოტალიტარულ რეჟიმს, რომლის არქეტიპი ჩინგიზ ყაენის უძლიერესი იმპერიაა. ამ მოდელის მიხედვით, უნდა მოხდეს ახალი კავშირის კონსოლიდაცია დასავლეთთან და დასავლურ ღირებულებებთან საბრძოლველად. ნაციონალ-ბოლშევიზმი მოითხოვდა ტოტალიტარულ იმპერიას ვლადივოსტოკიდან გიბრალტარის სრუტემდე და თავის წმინდა საქმედ მიიჩნევდა „ანტიადამიანური გამრყვნელი სისტემის“ - ლიბერალიზმი-დემოკრატია-კაპიტალიზმის სამების განადგურებას. „დავასრულოთ რეფორმები ასე: სტალინი! ბერია! გულაგი!“ ნეოევრაზიული მოძრაობა ამტკიცებს, რომ რუსი ადამიანისთვის ბუნებრივი მდგომარეობა არის ძლიერი იმპერია, მკაცრად სტრუქტურირებული იერარქიული სისტემა და დასავლეთის ზიზღი. „ინდივიდი არაფერია, იმპერია ყველაფერი“. ალექსანდრ დუგინის ნეოევრაზიული თეორია ოპერირებს ოკულტური და ტრადიციონალისტური ტერმინებით და მოძღვრებებით, ხანდახან პოსტპოლიტიკური შოუს ელემენტებითაც კი. მაგალითად, პოლიტიკური სიტუაციების ანალიზი სანტა-ბარბარას სერიალის მიხედვით და აშკარა აგრესია ბივისისა და ბატჰედის მიმართ ძალიან ჰგავს პოსტპოლიტიკურ იუმორს. თუნდაც ის აზრი, რომ ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება უნდა დამთავრდეს ილუმინაციით - უკანასკნელი, წმინდა ომით, სადაც „ბოროტების იმპერია“ (ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები) საბოლოოდ განადგურდება - ორაზროვანია, ვიღაცა ამას აღიქვამს არაპოლიტკორექტულ ანეკდოტად, ვიღაც - ეზოთერული ომის ინსტრუქციად.
ვაშინგტონის ნანგრევებზე ჩვენ დავწერთ ჩვენს სახელებს. Танки на Тбилиси! Танки на Киев! Танки на Вашингтон! ალბათ ზუსტად ასე იწყებოდა ფაშიზმი გერმანიაში.
სოციალური რეკლამა: იმპერია არ დამთავრებულა. ტანკები სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში დგანან შენი სახლიდან. გიომ უკვე გამოიწერა გმირის კოსტიუმი, შენ?
BRAVE NEW WORLD6: იმპერიის განადგურება
„მსოფლიო ნგრევათა კვლავ მოწმე გავხდებით“ „ჩვენი გმირები დასცხებენ ზარბაზნებით, ტანკებით და თოფებით“7
„All acts of personal/collective liberation are Magical acts“7
საქართველო, ისევე, როგორც რუსეთი, დიდი დოზით პრე-მოდერნულ და მოდერნულ სიტუაციაშია გაჭედილი. რ.თ.უ. იმპერიაც და საბჭოთა კავშირიც დაიშალა როგორც პოლიტიკური ერთეული და ჩვენ თითქოს გავთავისუფლდით, მაგრამ იმპერია დღემდე ცოცხლობს ჩვენშიც და ჩვენს გარეთაც მუტირებული სახით, როგორც კულტურული და მენტალური პროგრამა და, შეიძლება ითქვას, როგორც მოსემ ატარა ებრაელები 40 წელიწადს უდაბნოში, სანამ ეგვიპტეში, მონობაში ნამყოფი უკანასკნელი ადამიანი არ მოკვდა, ზუსტად ასევე, სანამ არ „გარდაიცვლება“ ყველა ადამიანი, რომელიც დაიბადა 1990 წლამდე - კლასიკური იმპერია არ დასრულდება.
კლასიკური იმპერიის პირველი იარაღია შიშის შთაგონება და მონური აზროვნება. იმპერიასთან პირველი შეხებისთანავე ის თითქოს აკოპირებს საკუთარ სახე-ხატს მტრის ცნობიერებაში, ასე რომ, სანამ მტერი გადაწყვეტს, ებრძოლოს რეალურ იმპერიას, ის პირველ რიგში იმპერიის ხატთან მარცხდება საკუთარ თავში. ეს შინაგანი იმპერია სინამდვილეში ერთადერთი და რეალური ბარიერია, რომელიც აფერხებს რეალური გათავისუფლების აქტს.
რომის იმპერია, ისევე, როგორც ბიზანტია, ბარბაროსულმა ტომებმა გაანადგურეს, მაშინ, როცა რომის წინააღმდეგ უძლური იყო ბევრი სხვა ძლიერი სახელმწიფო. იმიტომ, რომ ბარბაროსს არ გააჩნდა შინაგანი იმპერია და მისი დესტრუქცია იმდენად თავისუფალი იყო, რომ არც არჩევდა ერთმანეთისგან რომს და ტყეს, რომელიც მას გზაზე გადაეღობებოდა. ბარბაროსი აბსოლუტურად სხვა სისტემაა, ბარბაროსი ქაოსია. ნეგატიური გათავისუფლება.
მაგრამ ფილიპე წერდა, რომ ის, ვინც ამარცხებს იმპერიას, თვითონ იქცევა იმპერიად. იმისათვის, რომ დაამარცხო დრაკონი, შენ თვითონ უნდა გახდე დრაკონი. ასე იქცევა იმპერია თავის მტრებად და უსასრულოდ არსებობს. იმპერია ვირუსია შენს ხელში. თუ შენ ვერ კლავ ვირუსს, მოიჭერი ხელი და გადააგდე. იმპერია ვირუსია შენს თვალში. თუ ვერ კლავ ვირუსს, ამოიღე თვალი და გადააგდე, ვინაიდან ნათქვამია, სჯობს სამყარო დაინგრეს, ვიდრე თავისუფალ ადამიანს თავისუფალი ნების აღსრულება აეკრძალოს.
იმპერია მხოლოდ ჩვენი შიშიდან ან იმპერიის შესახებ ხსოვნიდან იღებს ენერგიას. სრულიად არაა გამორიცხული, რომ რუსული ტანკები და ბომბები, უკვე დიდი ხანია, არ არსებობენ, და მხოლოდ ჩვენი შიში და მოლოდინი იხმობს მათ არყოფნიდან. მაგრამ ეს არ არის მთავარი.
ჩვენ გვჭირდება იმპერიით დავირუსებული კულტურის ტოტალური დეკონსტრუქცია. ჩვენ უნდა გადავიქცეთ ნიცშეანურ „მოცეკვავე ვარსკვლავებად“. „მატლების სამყაროში პეპელა ყველაზე სახიფათო მტერია არსებული წყობის“. ასე რომ, ჩვენ უნდა შევძლოთ ტრანსფორმირება პეპლებად, მოვკლათ მეფე-იმპერატორიმამა, გამოვიცვალოთ კანი გველებივით გაზაფხულზე, რათა მომზადებულები დავესწროთ ილუმინაციას.
იმპერია ვირუსია შენს კულტურაში, თუ ვერ კლავ ვირუსს, მოიჭერი კულტურა და გადააგდე, ვინაიდან ნათქვამია: კლასიკური, შინაგანი და გარეგანი იმპერია უნდა დასრულდეს კლასიკურად - კაპიტულაციით.
_____________________
1. RPG (Role-Playing Game) - როლური თამაში, რომლის მონაწილეები ირჩევენ გარკვეულ როლებს და მოქმედებენ ამ როლის და შერჩეული გარემოს შესაბამისად. მარტივი მაგალითია ბავშვების თამაში „ოჯახობანა“, როცა ერთი ბავშვი ხდება „დედა“, ხოლო მეორე - „შვილი“. არსებობს კომპიუტერული და სამაგიდო RPG. დაწვრილებითი ინფორმაცია: www.wikipedia.org
2. Faster Pussy cat, Kill! Kill! - რას მეიერის, ცნობილი თრეშ-რეჟისორის ყველაზე არაორდინარული და გახმაურებული ფილმი. რეალური ომი სქესთა შორის. ძალადობის და დესტრუქციის თემატიკა.
3. Every men and every woman is a STAR - „ყოველი მამაკაცი და ყოველი ქალი - ვარსკვლავია“. ინგლისელი მაგის, კლოუნის, ბურჟუის და ნარკომანის ალისთერ ქროულის ბრწყინვალე საპროგრამო მაგიური ფრაზა.
4. Nothing is true. Everything is permitted - „არაფერია ჭეშმარიტი. ყველაფერი ნებადართულია“. უილიამ ჰასსან-ი-საბაჰ ლი.
5. Empire never ended! - „იმპერია არასოდეს დამთავრებულა“ (არასოდეს მომკვდარა). ამერიკელი ფანტასტის და ვიზიონერის - ფილიპ დიკის ფრაზა მისი ყველაზე უცნაური ტრილოგიიდან „VALIS“. ეს ფრაზა რომანის თითქმის მთავარი თემაა. ჩვენ მოგვატყუეს, ჩვენ ციხეში ვართ, რომის იმპერია არ დასრულებულა, ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ მის საზღვრებში ვიმყოფებით, დრო კი უბრალოდ ილუზიაა და სიზმარი. ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ ჩარჩენილები ვართ ქრისტეს შობიდან 70-ე წელში.
6. Brave New World - „ახალი უშიშარი სამყარო“. ოლდოს ჰაქსლის ანტიუტოპიური ფანტასტიკური რომანი. რომანში აღწერილია მომავლის ტოტალიტარული იმპერია, სადაც ადამიანები ინკუბატორებში მზადდებიან და მთელი მსოფლიო ტრანკვილიზატორებზე ზის. ჯორჯ ორუელის „1984“-ის წინაპარი.
7. All acts of personal/collective liberation are Magical acts - „პერსონალური/კოლექტიური გათავისუფლების ნებისმიერი აქტი - მაგიური აქტია.“
![]() |
19 პოლიტიკური ალტერნატივა: რეფერენდუმის სტრატეგია? |
▲ზევით დაბრუნება |
დისკუსია
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ:
საჯარო დისკუსია
2009 წლის 4 მარტი
ბეჭდური ვერსია მოამზადა მედეა იმერლიშვილმა
დისკუსია იბეჭდება „ცხელი შოკოლადის“ რედაქციით
REUTERS
მომხსენებლები:
გია ნოდია, პოლიტოლოგი
დავით უსუფაშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე
მოდერაცია:
გიორგი გვახარია
გიორგი გვახარია: დღეს ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ. დღევანდელ დისკუსიაში გვსურდა, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა, ვისაც ვთხოვეთ, ყველამ უარი გვითხრა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემაა „პოლიტიკური ალტერნატივა: რეფერენდუმის სტრატეგია?“ ამ თემაზე სასაუბროდ პოლიტოლოგი გია ნოდია და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოვიწვიეთ. სიტყვას ბატონ გიას გადავცემ.
გია ნოდია: დღეს ოპოზიციაში სამი სტრატეგია იკვეთება. პირველია ზომიერი ანუ საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ხშირად ოპოზიციად არც მიიჩნევენ, თუმცა იგი არსებობს და ისე იქცევა, როგორც ჩვეულებრივ იქცევა საპარლამენტო ოპოზიცია: ხან აკრიტიკებს ხელისუფლებას, ხან ეთანხმება მას და ემზადება შემდეგი არჩევნებისთვის.
არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ბოროტების გამოხატულებად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ასეთ ვითარებაში ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცედურებით მოქმედება არ შეიძლება. ამიტომაც ის რევოლუციურ გზას ადგას და ამ გზით ცდილობს, აიძულოს ხელისუფლება, წავიდეს. იძულების მექანიზმია რაც შეიძლება მეტი ხალხის გამოყვანა რუსთაველზე.
არის მესამე, შუალედური ოპოზიციაც, რომელსაც ვუწოდებდი რადიკალებს ზომიერებს შორის და ზომიერებს რადიკალებს შორის. როგორც ხელისუფლების შეფასების, ისე წაყენებული მოთხოვნების თვალსაზრისით, ისინი რადიკალური ოპოზიციის შეხედულებებს იზიარებენ, ანუ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება იმდენად ცუდია, რომ აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა გადადგეს, მაგრამ თავად ეს მოთხოვნა სხვაგვარად აქვთ შეფუთული. იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ მოითხოვონ ხელისუფლების გადადგომა, ამბობენ, რომ ჯერ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
პირადად ჩემთვის, პირველი ორი სტრატეგია უფრო გასაგებია, რადგან ისინი უფრო თანმიმდევრულია. მესამე სტრატეგია კი საშუალოს პოვნის მცდელობაა, თუმცა ეს შუალედურობა არათანმიმდევრულია. ერთი მხრივ, ისინი აკრიტიკებენ სხვების რადიკალიზმს და ზოგადად ამბობენ, რომ რევოლუციური მეთოდები მათთვის მიუღებელია. მეორე მხრივ, მათი მოთხოვნების არსია, პრეზიდენტს ის გააკეთებინონ, რისი გაკეთებაც მას არ სურს და რისი გაკეთების ვალდებულებაც მას არ აქვს. ამის მიღწევა კი მხოლოდ იძულებით, რევოლუციური მეთოდებითაა შესაძლებელი. რეფერენდუმის, როგორც დამატებითი რგოლის, ჩართვა არსებითად არაფერს ცვლის.
შევეცდები გავაანალიზო, რით არის გამოწვეული მათი სტრატეგიის ასეთი არათანმიმდევრულობა. ჩემი აზრით, ამის ძირეული მიზეზია ის, რომ ოპოზიციის ამ ჯგუფს ჰყავს ორი მრევლი, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორი ბატონი. ერთია დასავლეთი, მეორე - ქართული საზოგადოება. შემთხვევითი არ არის, რომ ბატონ ირაკლი ალასანიას გუნდში რამდენიმე დიპლომატია, ვინც ბოლო წლები დასავლეთში გაატარა და, ჩემი აზრით, საქართველოს რეალობას იქაური პოლიტიკური კონიუნქტურის თვალით აფასებენ. ისინი ამოდიან იქიდან, რომ 2007 წლის ნოემბრისა და შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთში პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდა და რაღაც წრეებში გაჩნდა დასავლეთისთვის უფრო კომფორტული და მისაღები ლიდერის მოსვლის სურვილი. მათი გააქტიურება და პოლიტიკაში გადასვლაც ამ შესაძლებლობის გამოყენების სურვილმა განაპირობა. მაგრამ ისევ იმიტომ, რომ დიპლომატები არიან და კარგად იციან დასავლური განწყობები, ისიც იციან, თუ რამდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ იქაურ პოლიტიკოსებსა თუ ექსპერტებს აქაურ ოპოზიციაზე; ოპოზიციაზე, რომელიც გვყავდა თუნდაც 2007 წლის შემოდგომიდან შარშან მაისამდე. ასეთ ოპოზიციას დასავლეთი მხარს არ დაუჭერს: ამიტომ დასავლეთში არსებობს მოთხოვნა უფრო რესპექტაბელურ და ცივილიზებულ ოპოზიციაზე, რის მხარდაჭერასაც დასავლეთი შესაძლებლად ჩათვლის. ამიტომ ახლად შექმნილი ოპოზიცია დისტანცირებული უნდა ყოფილიყო ძველისგან, ან ძველი ოპოზიციიდან მხოლოდ იმ ძალებს დაკავშირებოდა, რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ რესპექტაბელურობა დასავლეთის თვალში.
მაგრამ პირველ რიგში, ამ ოპოზიციამ საქართველოში უნდა იმოქმედოს, უნდა ჩაეწეროს მის პოლიტიკურ კლასში და ისე უნდა მოიქცეს, რომ აქაც აღიარონ ოპოზიციად. ხოლო ქმედებების ის წესი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ დასავლეთმა გაღიაროს რესპექტაბელურ ოპოზიციად და ქმედების წესი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქართულმა ოპოზიციამ თავისიანად გაღიაროს, ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
საქართველოში გაბატონებულია რადიკალიზმის კულტურა: ამიტომ უნდა დაამტკიცო, რომ არავის ჩამორჩები რადიკალიზმში. მაგრამ სწორედ ამიტომ დასავლეთის მხარდაჭერა შეიძლება დაკარგო. ეს წინააღმდეგობა ძალიან რთული დასაძლევია: რაც უფრო ჩაერთვები ქართულ პო ლიტიკურ ოპოზიციურ სინამდვილეში, ნაკლებად მისაღები ხდები დასავლეთისთვის, და პირიქით, რაც უფრო მისაღები ხარ დასავლეთისთვის, მით უფრო გიჭირს საქართველოში აუხსნა ვინმეს შენი სტრატეგია. ამიტომ ვიღებთ იმ შუალედურ პოზიციას, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი.
ახლა შევხედოთ სიტუაციას არა ოპოზიციის ტაქტიკის, არამედ ნორმატიული კუთხით. რამდენად გამართლებულია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა? რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, მოსთხოვოს პრეზიდენტს გადადგომა, ისევე, როგორც პრეზიდენტს აქვს უფლება, გადადგეს. მაგრამ პრეზიდენტს ასევე აქვს უფლება, უგულებელყოს ეს მოთხოვნა და განაგრძოს თავისი საქმიანობა. ის არჩეულია ხუთი წლით, მოსწონს თავისი სამსახური, გულწრფელად მიაჩნია, რომ ყველაზე კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ფუნქციებს, დარწმუნებულია, რომ კანონიერად უკავია ეს თანამდებობა და რომ დღესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს. რატომ უნდა გადადგეს? ამიტომ უნდა აიძულო, რომ გადადგეს. ხოლო თუ ამაზე აგებ პოლიტიკურ სტრატეგიას, თუ შენი პოლიტიკური იდენტობა ამ წუთში განისაზღვრება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ესე იგი, ორიენტირებული ხარ კონსტიტუციური მოქმედების ფარგლებიდან გასვლაზე, რადგან ამ მოთხოვნას არ აქვს კონსტიტუციური საფუძველი. ოპოზიციას არა აქვს სხვა არგუმენტი პრეზიდენტის გადადგომის მოსათხოვად გარდა იმისა, რომ ის ძალიან არ მოსწონს, ეს არგუმენტი კი არ თავსდება კონსტიტუციონალიზმის ჩარჩოში.
საქართველოში არსებობს პრეზიდენტის იძულებით „გაგდების“ პრეცედენტები. პირველ რიგში, ეს არის 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, რომელიც საზოგადოებას კარგად ახსოვს და შეიძლება მოდელად ჩაითვალოს დღევანდელი ოპოზიციისთვის. მაგრამ სინამდვილეში, დღევანდელ ვითარებას ეს პრეცედენტი ნაკლებად მიუდგება: ოპოზიციის ქმედება გაცილებით უფრო ახლოს დგას 1991-92 წლების პრეცედენტთან, როდესაც პრეზიდენტი გამსახურდია გადააყენეს.
საამისოდ ორი არგუმენტი მაქვს. პირველი რიგში, რომ „ვარდების რევოლუცია“ ელექტორალური, მინიმალურად რევოლუციური რევოლუცია იყო. ოპოზიციამ ჯერ ელექტორალურ წარმატებას მიაღწია და ჰქონდა ამ წარმატების მიღწევის უტყუარი საბუთი ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის სახით. სახალხო გამოსვლა უკვე მოპოვებული გამარჯვების შენარჩუნების საშუალება იყო. ხელისუფლებამ პირველმა დაარღვია კონსტიტუცია, ხოლო ხალხმა აიძულა ის, კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებულიყო.
დღევანდელი ვითარება არსებითად განსხვავებულია. ოპოზიციას აქვს პრეტენზია, რომ არჩევნები შარშან იანვარსა და მაისში ისე არ ჩატარდა, როგორც უნდა ჩატარებულიყო, შესაძლოა, ეს პრეტენზია მართლაც იყოს კამათის საგანი, მაგრამ არავის, ოპოზიციის გარდა, არ უთქვამს, რომ ხელისუფლებამ წააგო არჩევნები და ოპოზიციამ გაიმარჯვა. გარდა ამისა, ამ არჩევნების შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა და ის ისტორიის კუთვნილებად შეიძლება ჩაითვალოს.
მეორე არსებითი განსხვავება უფრო სოციალურ-პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი: 2003 წლის ნოემბერში ძველ რეჟიმს საზოგადოებაში სერიოზული მხარდაჭერა არ ჰქონია, ამიტომ ამ რევოლუციას საზოგადოების გათიშვა არ გამოუწვევია. საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ მიიღო ეს რევოლუცია. დღეს არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც დასანახად ვერ იტანს ხელისუფლებას, მაგრამ არის საზოგადოების ასევე დიდი ნაწილი, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ოპოზიცია. ამიტომ ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების გადაყენების მცდელობა, პრაქტიკულად, სამოქალაქო ომის სიტუაციას ქმნის.
რამდენად უკეთესია რეფერენდუმის მოთხოვნა პრეზიდენტის პირდაპირ გადადგომის მოთხოვნასთან შედარებით? სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ეს მოთხოვნა უარესია. ორივე შემთხვევაში, პრეზიდენტის გადადგომისკენ იძულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის სულისკვეთებას. რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ „პირდაპირ დემოკრატიაზე“, მაგრამ თანამედროვე დემოკრატია უპირველეს ყოვლისა კონსტიტუციური და წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი, დემოსი, როგორც სუვერენი, შეზღუდულია კონსტიტუციით. ანუ, თუ ხალხმა აირჩია პრეზიდენტი ან პარლამენტი ხუთი წლით, უნდა მოითმინოს და ამართვინოს თავი ამ წლების განმავლობაში. იმისთვის არსებობს კონსტიტუციაში ვადები, რომ ისინი შესრულდეს. თუ ვიტყვით, რომ ერთ ან ორ წელიწადში ხალხმა გადაიფიქრა და ახლა კარგი იქნება რეფერენდუმის ჩატარება, ეს საშინელ პრეცედენტს ქმნის და აშკარად დაუპირისპირდება კონსტიტუციონალიზმის ლოგიკას და სულს. ის, რომ რეფერენდუმის მოთხოვნას მოჩვენებითი ზედაპირული რესპექტაბელურობა ახლავს თან, მხოლოდ უფრო სახიფათოდ აქცევს მას კონსტიტუციონალიზმის თვალსაზრისით.
მე არ ვიცი ჩამოყალიბებული დემოკრატიის მაგალითი, სადაც ამგვარი რეფერენდუმები ჩატარებულიყო, თუმცა სააკაშვილზე გაცილებით ნაკლებ პოპულარული პრეზიდენტები ჰყოლიათ. მაგალითად, პრეზიდენტი ბუში ძალიან არაპოპულარული იყო მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში. სხვათა შორის, ამ არაპოპულარობის ძირითადი მიზეზი იყო ომი, რომელსაც ის ცუდად აწარმოებდა. იქაურ მეგობრებს უთქვამთ ჩემთვის, რომ რცხვენიათ, რომ ბუშია მათი პრეზიდენტი და გაუსაძლისად მიაჩნდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. მაგრამ არავის მოსვლია აზრად, რეფერენდუმი მოეთხოვა პრეზიდენტის გადასაყენებლად.
დაბოლოს, რამდენად რეალისტურია რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა? ცხადია, წინასწარ არასოდეს ვიცით, რა გამოუვა და რა არა. ოპოზიცია აპელაციას აკეთებს 2007 წლის ნოემბერში პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომაზე, როგორც პრეცედენტზე და მიიჩნევს, რომ ეს ახლაც შეიძლება მოხდეს. მაგრამ აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი.
პირველი ის, რომ მაშინ პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევის პერსპექტივა ელოდა და, ფაქტობრივად, მან მხოლოდ ერთი წელი დათმო. ახლა კი გადადგომა სააკაშვილისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრულის ტოლფასია - ესე იგი, საამისოდ მისი იძულება გაცილებით უფრო ძნელია.
მეორე არგუმენტია - და ამ შემთხვევაში შემიძლია ვისაუბრო, როგორც აგრეთვე ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენელმა - ნოემბრის შემდეგ ხელისუფლებამ ჭკუა ისწავლა. მანამდე ხელისუფლება იმდენად ძლიერად თვლიდა თავს, რომ შეეძლო გაეკეთებინა ყველაფერი, რისი გაკეთებაც სწორად მიაჩნდა, მიუხედავად იმისა, მოეწონებოდა ეს ხალხს თუ არა. მისი ანგარიშით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად (რაც 2008 წლის შემოდგომისთვის იყო დაგეგმილი), ის „გამოსწორდებოდა“ და საზოგადოებას უფრო „კეთილ“ მხარეს დაანახებდა. მაგრამ ნოემბერში მას ამდენი აღარ აცალეს. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება მეორე უკიდურესობაშია გადავარდნილი - დაერიდება რაიმე არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას, თუნდაც მათ ქვეყნისთვის საჭიროდ თვლიდეს. ეს შეიძლება თავისთავად ცუდი იყოს, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობაში ის იოლად არ გაიმეორებს ძველ შეცდომებს.
ჩემთვის უცნობია, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება რამდენად არის მომართული რევოლუციისკენ. ერთი შეხედვით, ეს მაინცდამაინც არ ჩანს. სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები, რომლებიც ანალიტიკოსებად მიიჩნევენ თავს, ვერ ეყრდნობიან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, რაც საქართველოს არადემოკრატიულობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს. გავიხსენებ ირაკლი ალასანიას გამოსვლას დავით პაიჭაძის გადაცემაში. მან თქვა, რომ გუმანით ხვდება, რომ ხალხი ოპოზიციას მხარს დაუჭერს. სოციალური გამოკითხვების ტექნოლოგია დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ ჩვენ მაინც გუმანით ვზომავთ არსებულ განწყობებს.
მეც, გუმანით, ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ რევოლუციური ტალღის აზვირთებას. პრობლემაა ის, რომ ოპოზიციის იმედი ხელისუფლების შეცდომებს ეფუძნება. ზოგადად, ყველა ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელია ხელისუფლების პროვოცირება შეცდომების ჩასადენად. მეორე მხრივ, ის, რომ ოპოზიციაში არ არის ერთიანობა, ასევე არ უწყობს ხელს ასეთი ტიპის მასობრივ გამოსვლებს, იმიტომ, რომ რევოლუციის ლოგიკით, შედეგის მისაღწევად ყველა ერთად უნდა იდგეს.
საქართველოში რესპექტაბელური ოპოზიციის შექმნა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლისაც არ შეგეშინდება, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ირაკლი ალასანიას აქვს შანსი, რომ ასეთი ძალა ჩამოაყალიბოს, მაგრამ არა მგონია, რომ რადიკალური ტალღის აყოლა მას ამაში ხელს შეუწყობს. სამაგიეროდ, 2013 წლამდე ნამდვილად არის იმდენი დრო, რომ სერიოზული ოპოზიციური ძალა ჩამოყალიბდეს, რომელსაც შეეძლება რეალურად ჩაიბაროს ქვეყნის მმართველობა, თუკი ხალხი ამას გადაწყვეტს.
გიორგი გვახარია: ვიდრე ბატონ დავითს გადავცემდე სიტყვას, მინდა ვთხოვო, რომ გვერდი არ ავუაროთ იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რომლებიც ბატონმა გიამ დასვა თავის გამოსვლაში. ვგულისხმობ დასავლურ და, მეორე მხრივ, რადიკალურ პოლიტიკას, პოლიტიკურ კლასს, რომელსაც სურს რადიკალიზმი. ასევე საინტერესო იყო ანალოგია პრეზიდენტ ბუშთან, და შემაშფოთებელი ანალოგია 91-92 წლების მოვლენებთან. როგორც მე გავიგე, რევოლუციის მოხდენის შემთხვევაში, დღეს იგი არ იქნება მშვიდობიანი, „ვარდების რევოლუციის“ მსგავსი და შეიძლება განმეორდეს 91-92 წლების მოვლენები. ამ მოვლენების გახსენებას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკაშიც ვამჩნევ, თუმცა ამავე დროს ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 91-92 წლებში სხვაგვარი სიტუაცია იყო ქართულ ჯარში, პოლიციაში და, საერთოდ, განსხვავებული პოლიტიკური სპექტრი იყო, საზოგადოების პოლიტიკური კოლტურის დონეც დღეს ალბათ ბევრად უფრო მაღალია. ბატონ დავით უსუფაშვილს მოვუსმინოთ.
დავით უსუფაშვილი: ბატონ გიას საუბრიდან გამომდინარე, საკითხი ისე კი არ დგას, რომელი ოპოზიციური გზაა სწორი, არამედ გამოდის, რომ არც ერთი ოპოზიციური გზა, რომელიც ხელისუფლების ვადამდელი შეცვლის საკითხს დააყენებს, არ შეიძლება იყოს სწორი. მოსმენილის მთავარი თეზა ის იყო, რომ 2013 წლამდე ხელისუფლების შეცვლაზე ფიქრი, მიტინგის გზით იქნება თუ რეფერენდუმის, არასწორია. ასეთ ვითარებაში აზრს კარგავს იმაზე საუბარი, რომელი გზა შეიძლება იყოს უფრო სწორი და შესაბამისი ქვეყნის ინტერესებისთვის.
როგორც ჩანს, არის რამდენიმე პოზიცია. პირველი, რომ არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ამ პოზიციას ძალიან ბევრი არგუმენტი აქვს. ისინი მე ჯერ კიდევ ოცდაორი წლის წინ მოვისმინე საბჭოთა არმიაში. ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ხელისუფლება საუკეთესოა, მას ძალიან ბევრი რამ უნდა აპატიო და ანგარიში გაუწიო მის განწყობებს. მაგრამ არის სხვა გადმოსახედიც, რომელიც „რესპუბლიკურ პარტიას“, ჩვენს კოლეგებს ახლად შექმნილ ალიანსში ცოტა სხვაგვარად გვაფიქრებინებს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ თუ ამ ქვეყანაში სასწრაფოდ არ შეიცვალა ბევრი რამ, მაშინ ყოველ მომდევნო თვეს და წელს გაცილებით მეტი პრობლემა დაგვიდგება, უფრო მეტი რამ იქნება შესაცვლელი და შეიძლება ბევრი რამ შეუქცევადი და შეუცვლელიც აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ ხელისუფლების მთავარ დაპირებებს, რომლებიც გვესმოდა მთელი ხუთი წლის განმავლობაში და აღარ გვესმის ბოლო ხუთი თვეა. ეს პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხება. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე ექსპერტები გამუდმებით იმეორებდნენ, რომ ეს იყო მთავარი პრობლემა და ამიტომ ამ სისტემის ცალკეულ ხარვეზებზე არ უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება. მეორე მთავარი გზავნილი იყო ძლიერი სახელმწიფოს ფორმირება, რომელიც საჭიროა ყველა სხვა ამოცანის გადაწყვეტისთვის. იყო საუბარი ნატო-ზე, 2008 წელს ნატო-ში უნდა ვყოფილიყავით, უნდა მოგვარებულიყო უსაფრთხოების საკითხი, ეკონომიკური პროგრესისთვის უნდა მიგვეღწია და ა.შ.
შევხედოთ რომელია ამ ამოცანებიდან შესრულებული. იმედი მაქვს, ყველამ მოისმინეთ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა. მასში არც ნატო ყოფილა ნახსენები, არც უსაფრთხოების სისტემა და ძლიერი სახელმწიფო. ერთადერთი თემა, რომელზე საუბარსაც მიხეილ სააკაშვილს დღეს პიარ-ტექნოლოგები ურჩევენ, სოციალური თემაა, თუმცა ამ საკითხშიც ვითარება უმძიმესია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2002 წლიდან 2007 წლამდე სამუშაო ძალის რაოდენობა 160 ათასი კაცით შემცირდა. 160 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი გასულია საქართველოდან. დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, თვითდასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა მილიონამდე. ესენი არიან გლეხები, რომლებიც მიწას ამუშავებენ.
ჩვენ საკითხს ასე ვაყენებთ - აქვს თუ არა უნარი ხელისუფლებას, გაუმკლავდეს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო დიდწილად ამავე ხელისუფლების უუნარობისა და ამავდროულად იმ ვითარების და ობიექტური გარემოებების გამო აღმოჩნდა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს გარშემო? მათ გამოწვევებში საქართველოს ხელისუფლებასაც მიუძღვის წვლილი, თუმცა რუსეთი და კრემლი რომ სააკაშვილს არ მოუგონია, ამას ყველანი ვხვდებით.
გაიფლანგა უნიკალური შანსი, რომელიც საქართველომ მიიღო 2003 წელს. საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო, პრაქტიკულად, უპირობო მხარდაჭერა, რაც დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, წარმატების წინაპირობაა. ჩვენ კი გავფლანგეთ ეს პოლიტიკური მხარდაჭერა. განსაკუთრებით აგვისტოს მერე თავჩაღუნული ვზივარ შეხვედრებზე ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. ის, რასაც ვისმენ და ვხედავ, უკვე სამარცხვინო გახდა ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და პოლიტიკოსისთვის. ბალტიისპირელ და პოლონელ ხალხს დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ მათი პრეზიდენტები საქართველოში სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოდიან. ისინი ჩამოდიან თავიანთი ინტერესების მხარდასაჭერად, იმიტომ, რომ ხედავენ, თუ რუსეთმა საქართველო დააჩოქა, მათაც იგივე ელით. ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოს შემდეგ, არ მახსენდება ასე თუ ისე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ილაპარაკებდა იმაზე, რომ 2013 წლამდე ამ ქვეყანას აქვს მომავალი.
რაც შეეხება იმ საკითხს, რამდენი მრევლი ჰყავს ჩვენს ალიანსს. არ მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას საქართველოში სხვა ტიპის ფორმატში უხდებოდეს მოქმედება, თუ არა ურთიერთობა ქართულ საზოგადოებასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან.
დღეს საქართველოს სუვერენიტეტი დასულია თითქმის ნულ პროცენტამდე. ჩვენი სუვერენიტეტის უდიდესი ნაწილი მოსკოვის ხელშია, ნაწილიც წასულია ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და ა.შ. ასეთ ვითარებაში არ გაუწიო ანგარიში გეოპოლიტიკურ ვითარებას, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.
ხელისუფლების ერთი სერიოზული ნაწილი დაკავებული იყო ექსპერიმენტით, კულტურული რევოლუციით, ახალი ქართველის გამოყვანით. ამ საზოგადოებიდან უნდა შექმნილიყო ახალი საზოგადოება, რომელიც დაეფუძნებოდა რაღაც იდეებს, მაგრამ ესეც მარცხით დასრულდა. ჩვენ საზოგადოებას ასე არ ვუყურებთ და პირველ რიგში სწორედ ქართველ ხალხთან გვაქვს ანგარიში ჩასაბარებელი, გვაინტერესებს მათი მოსაზრებებიც და განწყობებიც.
ბევრი მიფიქრია იმაზე, რას გააკეთებდა სააკაშვილი ჩემს ადგილზე 2008 წლის 10-11 აგვისტოს. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ვითარებაში ის რუსთაველზე ხალხს გამოიყვანდა და მოითხოვდა იმ ხელისუფლების წასვლას, რომელმაც ამ ტრაგედიამდე მიიყვანა ქვეყანა. ჩვენ ასე არ მოვქცეულვართ.
91-92 წლებისთვის დღევანდელობის შედარება, რბილად რომ ვთქვა, საკითხისადმი არაპროფესიონალური მიდგომაა, იმიტომ, რომ ხალხი, პოლიტიკური წრე, საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა, ვისაც რაიმე სიტყვა ეთქმის ამ საქმეში, ამ ოც წელიწადში მეტ-ნაკლებად გავიზარდეთ და ასეთი ანალოგიები და პარალელები არასწორად მიმაჩნია.
როგორც აქ ითქვა, რეფერენდუმის გზა არ ყოფილა სწორი, რადგან ის შეიძლება ყველაზე ეფექტურად ჩაითვალოს. ხელისუფლებამ ისწავლა ჭკუა, როგორ უნდა გაუმკლავდეს მასობრივ დემონსტრაციებს. ამიტომ ამ მეთოდით, ისევე, როგორც შიმშილობით, ცვლილება დღეს აღარ მიიღწევა, როგორც ჩანს, ეს გზები ნაკლებად სახიფათოა ხელისუფლებისთვის და აღარ აღელვებს. რეფერენდუმის შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა. რეფერენდუმის დროს ხალხს ეძლევა სიტყვა და ამ ნაწილში ხელისუფლებას უჭირს, იმიტომ, რომ მან იცის, რომ შიდა ვითარება აღარ არის ისეთი, როგორიც იყო თუნდაც ერთი წლის წინ, თუნდაც 7 ნოემბრის შემდეგ.
სოციალური კვლევების შედეგებს ჩვენ დიდი ყურადღებით ვეცნობით. იმ კვლევებსაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მაგიდაზე უდევს, ეს არის თებერვლის პირველ რიცხვებში ჩატარებული კვლევები, რომლითაც მისი რეიტინგი თბილისში 17-18%25-ს არ აღემატება. სექტემბერში ეს პროცენტი 47-ს უტოლდებოდა. იგივე კვლევები სხვა რამეზეც მეტყველებს. „მემარჯვენეებთან“ ალიანსის შექმნამდეც გავზომეთ და შემდეგაც და აღმოჩნდა, რომ ამ ორი პარტიის გაერთიანება ჩვენი ცალ-ცალკე მხარდამჭერების არითმეტიკულ ჯამს იძლეოდა. ანუ, ჩვენი ამომრჩეველი არ განაწყენებულა ალიანსის შექმნით. ასეთივე თავსებადობა აღმოჩნდა ირაკლი ალასანიასთან გაერთიანების შემთხვევაშიც. დღევანდელი მონაცემებით, ალასანია-ახალი მემარჯვენეები-რესპუბლიკელების ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერი სხვა ოპოზიციური ძალის რეიტინგს და უახლოვდება ხელისუფლების რეიტინგს თბილისში.
მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის ეს ყველაფერი, ამიტომ მას რეფერენდუმის ყველაზე მეტად ეშინია. ხალხის განწყობა სხვაა, საერთაშორისო ორგანიზაციების - სხვა. 2008 წლის იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველას ეშინოდა, რა იქნებოდა სააკაშვილის წაგების შემთხვევაში; იმიტომ, რომ მაშინდელმა ოპოზიციამ, ჩვენი ჩათვლით, ვერ დავანახეთ ვერც ხალხს და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ის ალტერნატივა, რომელიც არა მარტო სააკაშვილის შეცვლას დისკუსია მოახერხებდა, არამედ უკეთესი ქვეყნის აშენებასაც შეძლებდა. ეს მოიტანა 7 ნოემბერმა და საააკაშვილის ე.წ. გადადგომამ, როდესაც მას ერთი დღითაც კი არ დაუტოვებია თავისი რეზიდენცია. სააკაშვილი არ გადამდგარა, მან გაითამაშა ეს ფარსი. 7 ნოემბერი კი იმ კონსტიტუციური ვადების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია, რომელშიც, ჩემდა სამწუხაროდ, ბატონი გიაც მონაწილეობდა. ის საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, როდესაც სააკაშვილმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა თავისი შეხედულებისამებრ გადაეწერა კონსტიტუცია და დაენიშნა საპრეზიდენტო და საპარლამენტო ვადები. მაშინ, როდესაც სააკაშვილმა პარლამენტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე, 6-7 თვით გაუგრძელა ვადა, არ მახსოვს ექსპერტების საპროტესტო გამოსვლები. როდესაც ნოემბერში ვითხოვდით, დავბრუნებოდით კონსტიტუციურ ვადებს, იმ ვადებს, რომელშიც დანიშნული იყო არჩევნები, გვიპასუხეს, რომ კონსტიტუციაში უკვე სხვაგვარად ეწერა.
რეფერენდუმი, ასევე პლებისციტი, არის კონსტიტუციური მექანიზმი და ამ მექანიზმით ბევრ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადამწყდარა. თავმოყვარე ხელისუფლებები თავის ყოფნა-არყოფნას კონკრეტულ საკითხებს უკავშირებენ. როდესაც რეფერენდუმზე არ გადის პოზიცია, რომელზეც ისინი დგანან, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ისინი ტოვებენ თანამდებობას.
მას შემდეგ, რაც 2004 წლის თებერვალში მოხდა, საქართველოს კონსტიტუცია არ აქვს. მაშინ საქართველოს და ქართველებს კონსტიტუცია კონსტიტუციური მექანიზმების დარღვევით თავზე დაგვახიეს. სააკაშვილმა რუსულ-თურქმენული კონსტიტუცია შეგვიქმნა და მიიტაცა მთელი ძალაუ ფლება. ერთადერთი დარჩენილი მექანიზმია პლებისციტი და რეფერენდუმი, და ისიც ისეა ჩახლართული, რომ უნდა დანიშნავს, უნდა არა. დღემდე საქართველოში სარეფერენდუმო წინადადების ინიცირების თხუთმეტი შემთხვევა იყო და არც ერთი არ დაკმაყოფილებულა, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის დროს; იმიტომ, რომ ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა გაიარო რეგისტრაცია კითხვაზე და მას შეუძლია არ დაგირეგისტრიროს საკითხი.
რეფერენდუმი, ჩვენ კი არა, ქვეყანას სჭირდება სწორედ იმიტომ, რომ არ მივიდეთ გათიშულობამდე. იმ კრიზისში, რომელშიც იმყოფება ქვეყანა ომის შემდეგ, 7 ნოემბრის შემდეგ, ორი გაყალბებული არჩევნების შემდეგ არ მინდა სახელმწიფო დაინგრეს. არ მინდა დაინგრეს შეკოწიწებული კონსტიტუციური სისტემა რევოლუციით ან სხვა რამით; იმიტომ, რომ დღეს ოპოზიცია და ხელისუფლება მარტოები არ არიან ერთმანეთის პირისპირ. სუვერენიტეტი არ არის თეორიის ამბავი, ის პრაქტიკული ბერკეტებია. დღეს ყველაზე მეტი ბერკეტი რუსეთის ხელშია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისეთ გამოსავალზე, რომელიც რუსეთის ბერკეტს ყველაზე ნაკლებ საშუალებას დაუტოვებს რეალიზებისთვის. რუსთაველზე შეკრებილი 200 ათასი კაცი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დიდი ხიფათის შემცველია ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ სააკაშვილს მოვუწოდებთ რეფერენდუმის დანიშვნისკენ. ამ გზით მშვიდობიანად გაირკვევა, რას ფიქრობს ამ კონკრეტულ საკითხზე ხალხი. ხელისუფლება ამ შემთხვევაში შეძლებს ან დარჩენას, ან ღირსეულად წასვლას. რეფერენდუმით ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ გამოსავალს, რომ თუ ერთი კაცია წასასვლელი, მისმა წასვლამ არ გამოიწვიოს ის უბედურება, რაც ქვეყანაშია მოსალოდნელი. ამიტომ ჩვენ, ორი მრევლის მსახურები კი არა, სწორი გზის მსახურები ვართ, ამასთან, ვიცით, რომ ეს საკითხი არ არის პოპულარული ქართული ოპოზიციური ამომრჩევლის დიდ ნაწილში.
ხელისუფლებამ მიიტაცა მასმედიის საშუალებები, აქვს სრული კონტროლი ბიზნესზე. შარშან, 5 იანვრის არჩევნების დროს ყველა პარტიის მიერ გამოქვეყნდა დეკლარაციები ფინანსური შემოწირულობების თაობაზე, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობისაც“. იმ შემოწირულობებში კერძო პირების შემოწირულობათა 99%25 წასულია „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაშინ, როდესაც, ხელისუფლების დათვლითაც კი, მოსახლეობის 47%25 მხარს უჭერს ოპოზიციას. გამოძიება არ არის საჭირო იმის დასანახად, რომ მოქალაქეს 10 ლარის შეწირვაც კი აშინებს ოპოზიციური პარტიისთვის. ამ გადმოსახედიდან მელაპარაკებიან იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ ვითარდებიან და ამიტომ გარდაუვალია სააკაშვილის 2013 წლამდე ყოფნა.
ჩვენი საფიქრალი არ უნდა იყოს ხელისუფლების განწყობები, ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ქვეყანას. ამის გასარკვევად კი რეფერენდუმზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. ყველას მიეცემა საშუალება, გამოთქვას საკუთარი აზრი. შესაძლოა, ხელისუფლებამ განიმტკიცოს კიდეც ლეგიტიმაცია, რომელიც ძალიან აქვს შერყეული, რადგან ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება და არა ხელისუფლებისთვის მებრძოლი ხელისუფლება. ჩვენ გვჭირდება მთავრობა და არა თანამდებობის შენარჩუნების მიზნით მყოფი მთავრობა, გვჭირდება მთავრობა, რომელსაც მუშაობის საშუალება ექნება. სინამდვილეში, ყველა პიარით არის დაკავებული.
მე, რა თქმა უნდა, არ ველი, რომ სააკაშვილი რეფერენდუმს დანიშნავს, ბატონი გიას დღევანდელმა მოხსენებამაც დამარწმუნა, რომ ეს არის ის გზა, რომლისაც სააკაშვილს ყველაზე მეტად ეშინია. ვიცი, რომ ჩვენი კოალიცია სერიოზული დარტყმების წინაშე დადგება, გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა უკვე გახსნეს ცეცხლი და ამბობენ, რომ ჩვენ სააკაშვილთან ვართ შეკრულები. ხელისუფლების შეცვლა არ ნიშნავს სახელმწიფოს დაზიანებას, არასწორი ხელისუფლების შენარჩუნებაა სახელმწიფოს დაზიანება. ჩვენი პრიორიტეტია ხელისუფლების ისე შეცვლა, რომ სახელმწიფოებრიობა არ დაზიანდეს და არ დავუშვათ არაკონსტიტუციური გზები. სამწუხაროდ, პროცესები, შესაძლოა, აქეთკენაც წავიდეს. შესაძლოა, დღევანდელი გადასახედიდან ხვალ და ზეგ ეს ჩვენი რეფერენდუმი საოცნებოც გაგვიხდეს, ისევე, როგორც გახდა საოცნებო 7 ნოემბრის შემდეგ. 2 ნოემბრის აქციების შემდეგ 4 და 5 ნოემბერს პლებისციტის ჩატარებაზე იყო უკვე საუბარი, მაგრამ უარი ითქვა, როგორც ჩანს, ჯერ უნდა მომხდარიყო 7 ნოემბერი, შემდეგ მართლაც დანიშნეს პლებისციტი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური კი არა, მოქალაქეობრივი საკითხია და ამ თემაზე ჩვენი დღევანდელი პოზიციები მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის.
გიორგი გვახარია: ბატონო დავით, რა გარანტია არსებობს, რომ დანიშვნის შემთხვევაში არ გაყალბდება რეფერენდუმი. და თუ უშვებთ იმას, რომ რეფერენდუმით თქვენ წააგოთ და ხელისუფლებამ გაიმარჯვოს? ყველანი ვეცნობით სოციოლოგიურ გამოკითხვებს.
დავით უსუფაშვილი: იქნებ მითხრათ, კონკრეტულად რომელ სოციოლოგიურ გამოკითხვას გულისხმობთ? ჩვენც გავეცნობოდით მას. ის, რომ სააკაშვილს ფარდობითი უპირატესობა აქვს კონკრეტულად ჩვენთან, ბურჯანაძესთან და სხვებთან შედარებით, არ ნიშნავს იმას, რომ მას აბსოლუტური უმრავლესობა აქვს.
2008 წლის 22 მაისს, არჩევნების მეორე დღეს, მე ვიყავი პირველი და შესაძლოა, ერთადერთი, როგორც პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ვაღიარე არჩევნებში დამარცხება. ისიც ვთქვი, რომ ამ დამარცხებას ორი მიზეზი ჰქონდა. ყველაფერი ხელისუფლებისთვის არ დამიბრალებია. მე ვთქვი, რომ ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 4%25, ამდენივე დავკარგეთ ჩვენი არასწორი კამპანიით, დაახლოებით 3-4%25 ხელისუფლებამ წაგვართვა და ა.შ. პატიოსან ბრძოლაში დამარცხების აღიარებაც უნდა ვისწავლოთ. ამიტომ თუ გაიმარჯვებს სააკაშვილის პოზიცია, რომ 2013 წლამდე უნდა დარჩეს ეს ხელისუფლება, ყველაფერი ასევე დარჩება. ჩვენ მივიღებთ ამას, როგორც ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება იმას, რატომ არ ან ვერ გაყალბდება რეფერენდუმი. სააკაშვილი არ არის ჯადოქარი, რომელიც შეძლებს ჯოხის აქნევით გააჩინოს ბიულეტენები ყუთში. მას ამ საქმეში ათიათასობით ადამიანი ეხმარება მთელ საქართველოში, დაწყებული მთავრობიდან, ეგზიტპოლების სპეციალისტებითა და პედაგოგებით დამთავრებული. სხვათა შორის, განათლების სისტემა ამ ნაწილში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. დღეს რატომ ვფიქრობთ, რომ არ მოხდება იმ მასშტაბის გაყალბება, რაც უწინ მომხდარა. ამ თემაზე რეფერენდუმის დანიშვნა ძალიან სერიოზული გზავნილია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ჩართულები არიან ამ სიყალბის მანქანაში. ისინი ხვდებიან, რომ შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები მოხდეს და ამიტომ, როგორც წესი, სხვა მოტივები უჩნდებათ. გაყალბების მექანიზმის ეფექტურობა ამ დროს მნიშვნელოვნად მცირდება. მეორე, გაყალბების საშუალებას ხელისუფლებას ოპოზიციის არაკოორდინირებულობა და შეუთანხმებლობა აძლევს ხოლმე. როდესაც ისმება ძალიან მკაფიო კითხვა - გსურთ თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2009 წლის განმავლობაში - ხერხდება ხოლმე ოპოზიციის ერთიანობის მიღწევა. ოპოზიციის ერთიანობა ხმების დასაცავად ძალიან სერიოზული ფაქტორია, რომელიც გვაძლევს იმის იმედს, რომ რეფერენდუმი ვერ გაყალბდება და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - მიმდინარე მოვლენებისადმი საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება, რომლის გარეშე ვერც გამარჯვება „პრავდება“ და ვერც რევოლუცია. დღეს, თუნდაც 2008 წლის იანვრისგან, სრულიად განსხვავებული დროა. რეფერენდუმის დანიშვნის შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა უბანზე იქნება საერთაშორისო დამკვირვებელი. მედია-მონიტორინგი უნდა ჩატარდეს არა არჩევნების დღეს, არამედ ორი თვით ადრე. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე მონიტორინგის სისტემაც ორი თვით ადრე უნდა ჩაირთოს, და ეს უნდა იყოს ქმედითი. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მისიების მონაწილეობით. და ბოლო ფაქტორი - თავად სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი. არ ვაპირებ იმ მინისტრებისა და პარლამენტარების გვარების დასახელებას, რომლებსაც ჩემზე მეტი არგუმენტი დაუგროვდათ იმისთვის, რომ სერიოზული ცვლილებებია განსახორციელებელი. ყველანი ვხედავთ ამ პოლიტიკური გუნდის ნამსხვრევებს, ზოგს ოკეანის გაღმა, ზოგსაც - პარლამენტს მიღმა. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ბატონი გია ნოდია რომ აღარ ენდომებათ მთავრობაში, ასეთი პოლიტიკური გუნდი რისი შემძლეა ხვალ ან ზეგ. პოლიტიკური გუნდის ერთიანობის ილუზია, მე მგონი, უკვე თავადაც დაემსხვრათ.
გიორგი გვახარია: ყველაფერი ის, რაც ჩამოთვალეთ, ალბათ იმაზე მიუთითებს, თუ რატომ არ დანიშნავენ რეფერენდუმს.
დავით უსუფაშვილი: გეთანხმებით.
გია ნოდია: შევეცდები, მოკლედ თეზისურად ჩამოვაყალიბო სათქმელი. რაც შეეხება 1991-92 წლებთან ანალოგიას, თავის დროზე ჰეგელისგან ვისწავლე, რომ ისტორია არ მეორდება, ასე რომ, იმ წლების მოვლენების გამეორება არ მიგულისხმია. მეც ვიცი, რომ დღეს სახელმწიფოც სხვაა და საზოგადოებაც, ამიტომ მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ახლა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა ტიპოლოგიურად უფრო წააგავს იმ პერიოდის ოპოზიციის ქცევას, ვიდრე 2003 წელს.
მე არ მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება საუკეთესოა. ამ თემაზე კამათი დღევანდელი თემის მიმართ რელევანტურად არ მიმაჩნია. შესაძლოა, ხელისუფლება ძალიან ცუდიც იყოს, მაგრამ ეს რომ მართლაც ასე იყოს, მაინც არ ამართლებს ვადამდელ არჩევნებს. ხოლო იმის თქმა, რომ 2004 წლის შემდეგ კონსტიტუცია აღარ გვაქვს და ამიტომ კონსტიტუციონალიზმზე აღარ უნდა ვიფიქროთ, არავითარ შემთხვევაში გამართლებულად არ მიმაჩნია.
დავით უსუფაშვილი: მე მხოლოდ იმის საჩვენებლად გავიხსენე 2004 წლის თებერვალიც და ის პერიოდიც, როდესაც თქვენც იყავით კომისიაში, რომ მეჩვენებინა, ვინ როგორ მოეპყრო კონსტიტუციას.
გია ნოდია: მხოლოდ ერთს დავამატებ. იმის თქმა, რომ კონსტიტუცია აღარ გვაქვს და პირდაპირ დემოკრატიაზე უნდა გადავიდეთ, დავივიწყოთ კონსტიტუცია, არასწორი მგონია. რაც შეეხება რეფერენდუმის თემას - მე იმაზე არაფერი მითქვამს, ეფექტურია თუ არა იგი. ერთია ის, რომ მე არ მესმის, სამართლებრივად რა გამართლება აქვს მას და მეორეა ის, რომ ხელისუფლებას ისევე აქვს საფუძველი, არ დანიშნოს რეფერენდუმი, როგორც არ გადადგეს.
კითხვა დარბაზიდან: ბატონო დავით, რეფერენდუმის დანიშვნის ლეგიტიმური და კონსტიტუციური გზა არის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის მობილიზება. ვიცი, თქვენ აქტიურად მუშაობდით საქართველოს კონსტიტუციის ჩამოყალიბების პროცესში. როდესაც კონსტიტუციაში იდებოდა რეფერენდუმთან დაკავშირებული საკითხები, შეკითხვაზე, თუ რატომ არის საჭირო 200 ათასი ადამიანის ხელმოწერა რეფერენდუმის დასანიშნად, იყო ახსნა, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ იგი ფართო საზოგადოების განსჯის საგანი, ფართო საზოგადოების ინიციატივა უნდა ყოფილიყო. ამით კონსტიტუციაში ხაზი ჰქონდა გასმული რეფერენდუმის მნიშვნელობას.
საინიციატივო ჯგუფის მიერ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება კონსტიტუციური, სამართლებრივი და გასაგები გზაა. ალბათ ჯერ უფლების მიღების პროცედურა იყო საჭირო, თუ ამის გაკეთების უფლებას არ მოგცემდნენ, შემდგომ დადგებოდა ამ თემაზე პოლიტიკური დებატების გამართვის საჭიროება. შეგახსენებთ, სამი ორგანიზაციის - „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ და „21-ე საუკუნის“ ინიციატივით დაისვა რეფერენდუმის საკითხი, შეგროვდა 200 ათასი ხელმოწერა და დღეს პარლამენტში 85 დეპუტატით ნაკლებია. შედეგს მივაღწიეთ საქართველოს ისტორიის უახლოეს პერიოდში. აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს გზა უფრო ფართო საზოგადოების მხრიდან ყოფილიყო არჩეული და არა ორი პოლიტიკური სუბიექტის მიერ.
დავით უსუფაშვილი: რეფერენდუმის დანიშვნის ლეგიტიმური გზა ნამდვილად არის 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, მაგრამ ეს არ არის ლეგიტიმურად რეფერენდუმის დანიშვნის ერთადერთი გზა. ჩვენი კანონმდებლობით, და სამწუხაროდ, ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი, პრეზიდენტს შეუძლია ამ 200 ათასი ხელმოწერის გარეშეც დანიშნოს რეფერენდუმი. პრეზიდენტს აქვს სარეფერენდუმო უფლებამოსილება, რომელიც ერთ-ერთ იმ უფლებამოსილებათაგანია, რომელიც სერიოზულად არის გადასახედი. ორივე ლეგიტიმური გზაა. რატომ ავირჩიეთ ჩვენ გზა, რომლითაც მივმართავთ პრეზიდენტს და ვახსენებთ, რომ მას აქვს ასეთი უფლება და, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ვურჩევთ გამოიყენოს ეს უფლება. ამას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი - მწარე გამოცდილების გამო. ვიდრე 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებ, ჯერ ეს საკითხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა დაარეგისტრირო, სადაც გადაწყვეტილება ხმების უმრავლესობით მიიღება. მეორე - რომც მოხდეს სასწაული და ცესკო-მ მოგვცეს ამის უფლება, გადავდივართ ხანგრძლივ პროცედურებში, რომლის დრო და საშუალებაც ქვეყანას არა აქვს. ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს, გამოიყენოს მოკლე გზა და დანიშნოს რეფერენდუმი თავისი გადაწყვეტილებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია.
გია ნოდია: მინდა შევახსენო ბატონ დავითს და აქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ როდესაც 2003 წლის რეფერენდუმის საკითხი იდგა, ბატონი დავითი მისი წინააღმდეგი იყო და ამბობდა, რომ რეფერენდუმი არ უნდა გამართულიყო, რადგან ეს არ იყო სარეფერენდუმო შეკითხვა. ეს შეკითხვა მაშინ შეეხებოდა პარლამენტის წევრთა რიცხვის შემცირებას 150-მდე.
დავით უსუფაშვილი: კონსტიტუციური ცვლილება რეფერენდუმის გზით დაუშვებელი იყო მაშინაც და ახლაც.
გია ნოდია: ჩემი აზრით, ახლაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კონსტიტუცია ადგენს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადებს. შესაბამისად, ახლაც არის მცდელობა რეფერენდუმით მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, სახელდობრ, რეფერენდუმით შეიცვალოს საპრეზიდენტო ვადა. გამოდის, რომ რეფერენდუმით აუქმებთ კონსტიტუციას.
დავით უსუფაშვილი: ბატონ გიას მსჯელობაში არის სერიოზული ლოგიკა და არგუმენტაცია, მაგრამ ამ თემაზე ჩვენ ნაფიქრი გვაქვს და ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, თავსდება იმ პრინციპში, რომ კონსტიტუცია იცვლება პარლამენტის მიერ და არა რეფერენდუმის გზით. მაშინაც, იმ საინიციატივო ჯგუფთანაც და შევარდნაძესთანაც, რომელმაც ის რეფერენდუმი დანიშნა, სერიოზული კამათი მქონდა. კონსტიტუციური ცვლილების საკითხი არ შეიძლებოდა ასე დამდგარიყო, იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტი გაუგებარ ვითარებაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, პარლამენტია ის ორგანო, რომელმაც კონსტიტუციის ცვლილებას ხელი უნდა აუწიოს და სხვა ვერავინ შეცვლის კონსტიტუციას, მეორე მხრივ, წერია, რომ რეფერენდუმის შედეგია და იურიდიულად მავალდებულებენ. ჩვენს შეთავაზებაში ასეთი პრობლემა არ ჩნდება.
მამუკა ყუფარაძე, სტუდია „რე“: ბატონო გია, თქვენ ბრძანეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რეფერენდუმის დასანიშნად ძალიან სერიოზული მიზეზებია საჭირო. როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ხალხს ასეთი მოთხოვნილება გაუჩნდეს, ომის გამოწვევა და შედეგები სერიოზულ მიზეზად არ მიგაჩნიათ. იქნებ დაგვისახელოთ მაგალითი, სხვა რა შეცდომა უნდა დაეშვა ხელისუფლებას, რომ ლეგიტიმურად ჩაითვალოს რეფერენდუმის დანიშვნა.
გია ნოდია: ოპოზიციის ან ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების უკმაყოფილება იმით, რომ ხელისუფლება ცუდია, არ არის საფუძველი იმისთვის, რომ შეიცვალოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ვითარება, რომ ხალხს გადაავიწყდეს კონსტიტუციაც და კანონებიც და მორალური აღშფოთების ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ კონსტიტუციაზე არავინ დაფიქრდეს, მაგრამ მე ვერ ვხედავ დღევანდელ საზოგადოებაში აღშფოთების ასეთ დონეს. მათ შორის ომში საქართველოს ხელისუფლების ქმედებას ასეთი აღშფოთება არ გამოუწვევია. ვერც ოპოზიციაში ვხედავ სერიოზულ კრიტიკას და მსჯელობას იმაზე, სახელდობრ რა გაკეთა ხელისუფლებამ ომის დროს არასწორად, და რა იყო სწორი მოქმედება პრეზიდენტის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან ასეთ შემთხვევაში.
შორენა შავერდაშვილი, ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“: ბატონო დავით, თუ შეგიძლიათ ისაუბროთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე. როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი?
გიორგი გვახარია: მეც დავამატებ ერთ შეკითხვას. როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა შემდგომში რადიკალურ ოპოზიციასთან. როგორც ვიცით, რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა რეფერენდუმის საკითხის დაყენებით. დადგებით თუ არა 9 აპრილს რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად?
დავით უსუფაშვილი: ჩვენი ანალიზით, მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ, რიგი მიზეზების გამო, საკუთარი თავი ისეთ ვითარებაში ჩაიყენა, როდესაც უმთავრესი პრობლემებისადმი გამკლავების უნარი აღარ შესწევს. ეს არის ეკონომიკური თემებიც, სოციალური და უსაფრთხოების საკითხები. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ავტორიტეტის დღითი დღე დაცემა სერიოზულ ბერკეტს აძლევს რუსეთს არა მხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილი შეცვალოს, არამედ იმისთვისაც, რომ ასეთ ვითარებაში მყოფი ხელისუფლების პირობებში მაქსიმუმი მიიღოს. უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარებაა შექმნილი კავკასიაში. როდესაც რაიმე ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ, ვცდილობთ ამ ყველაფრის გათვალისწინებას. ეს არ არის მხოლოდ ცხინვალის და სოხუმის თემა, მხოლოდ დევნილების თემა. ეს არის საქართველოს სხვა რეგიონების თემა, თურქეთის პოლიტიკის ფორმირების პროცესი, რომელშიც უკიდურესად შემაშფოთებელი ნიშნები ჩანს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს რუსეთსა და თურქეთს შორის ინტერესები კავკასიაში და ამ ვითარებაში საქართველოს და ქართველი ერის პროექტი და ინტერესები რამდენად ჯდება ან არ ჯდება. ბევრი სხვა თემა არსებობს, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მსოფლიო გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს თემამ მნიშვნელოვნად გადაიწიოს უკანა პლანზე.
მე ჯერ კიდევ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილი თავად ემსახურება ვინმეს ინტერესებს, გარდა მისივე საკუთარი, ჩემი აზრით, არასწორი ინტერესებისა, მაგრამ ძალიან მიჭირს ბევრი მოვლენის ახსნა ჩვენი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, არა მხოლოდ კონფლიქტებთან, არამედ ეკონომიკასთან, რუსეთთან მიმართებაში. დღემდე გაუგებარია ჩემთვის, რა ხდება ენგურჰესის ირგვლივ. დაახლოებით ორი თვის წინ, დეკემბრის შუა რიცხვებში, როდესაც ბ-ნი ბრაიზა ბრძანდებოდა საქართველოში, მასთან გვქონდა შეხვედრა და გვეუბნებოდა, რომ რუსეთის მთავარი ამოცანა ახლა ენგურჰესზე კონტროლის დამყარებაა და გვირჩევდა, მზად ვყოფილიყავით პროვოკაციებისთვის ამ მიმართულებით. იანვარში უცებ ვიგებთ ენგურჰესის გადაცემის შესახებ, მაგრამ ვერ მოვისმინეთ ამ საკითხის ვერც არგუმენტები, ვერც ახსნა.
როდესაც ქვეყანა მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა სტაბილური უნდა იყოს. ჯერ კიდევ სექტემბერში გვქონდა ეს ინიციატივა, მივმართეთ ხელისუფლებას, რომ ყველა გეგმასთან ერთად შეგვედგინა ქვეყნის შიდა პოლიტიკური განვითარების გეგმა. სექტემბრის გადმოსახედიდან ვფიქრობდით საპარლამენტო არჩევნებზე, ვთქვათ, ერთი წლის თავზე, 2009 წლის შემოდგომაზე. ერთი წელი ის ვადაა, რომლის დროსაც ხელისუფლება თავისუფლდება წნეხისგან, რომ ყოველ ნაბიჯზე ვიღაც არის ჩასაფრებული და ფეხს გამოსდებს, ამიტომ დახვავებული პრობლემებისთვის მოიცლიდა. ოპოზიციაც დაინახავდა ცვლილებების შესაძლებლობას, ხალხს აუხსნიდა, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის ახლა ასეა საჭირო, როგორც აგვისტოში სიტყვა არ დაგვცდენია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, იმ პერიოდშიც ვამბობდით, რომ გაიხსნებოდა საარჩევნო კამპანია და ეს იქნებოდა ნორმალური გადასვლა ახალ ვითარებაზე.
ჩვენი შეფასებით, სააკაშვილის ეპოქა, პროექტი დასრულდა. ეს პროცესი დაიწყო 7 ნოემბერს და 7 აგვისტოს დასრულდა. ეს არის ჩვენი გულწრფელი დასკვნა, ამიტომ მიგვაჩნია საჭიროდ ცვლილება. გვინდა, ეს ცვლილება ნორმალური იყოს. მან არ უნდა გამოიწვიოს ეროვნული მასშტაბის დაპირისპირება და ანგარიშსწორება ყოველი ოფისის დონეზე, არ უნდა გამოიწვიოს კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანების მთელი არმიის მოცილება, რაც საქართველოში არაერთხელ მომხდარა.
ხელისუფლებისთვის რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით მიცემული ულტიმატუმის ვადა ხვალ საღამოს იწურება, რა იქნება ზეგ, თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას, ჩვენ, „ალიანსი საქართველოსთვის“, მძიმე არჩევანის წინაშე აღმოვჩნდებით. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისიც გვჯერა. პირველ რიგში, მივალთ ჩვენს ხალხთან. ხალხი უნდა გაძლიერდეს ყველა ტიპის საფრთხისთვის. გაძლიერებაში მის მობილიზებას და გააქტიურებას ვგულისხმობ. ყველგან უნდა გვეგულებოდეს ადამიანები, რომლებიც, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, შეძლებენ პროცესებზე გავლენის მოხდენას.
გიორგი გვახარია: როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?
დავით უსუფაშვილი: ჩვენ დავიწყეთ ბანკის მოვალეთა კომიტეტების შექმნა ყველა რაიონში. ვფიქრობთ, იმ პროცესს, როგორ აიღო მოქალაქემ თავისი ხელფასის იმედით 500 ლარის ოდენობის საბანკო კრედიტი, როგორ შეიძინა მაცივარი, შემდეგ როგორ დაკარგა ომის გამო სამსახური და აღარ აქვს ბანკისთვის პროცენტის გადახდის საშუალება, ბანკს კი არ აქვს მისთვის ახალი ბიზნესიდეისთვის თანხის მიცემის საშუალება, სახელმწიფო შორიდან არ უნდა უყურებდეს. მით უმეტეს, რომ სახელმწიფომ იმ 4-მილიარდნახევრიან დონორულ დახმარებაში საბანკო სექტორის დახმარებისთვის 700 მილიონით დახმარების დაპირება მიიღო. ჩვენი აზრით, ეს თანხა პირდაპირ ბანკს კი არ უნდა გადაეცეს, ამ თანხით სახელმწიფომ უნდა გაისტუმროს ბანკის ვალი და მოქალაქე დარჩეს სახელმწიფოსთან ვალში; შესაბამისად, მოხდეს რესტრუქტურიზაცია და ამ ვალის გადახდა პირდაპირ მიებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის დაწყებას. ეს არის ის ფენა, რომელმაც ამ ვითარებაში რაღაც წამოიწყო. ბანკიდან სესხის აღება არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ეს არის საშუალო ფენის ჩანასახი, რომელიც იწყებს მომავალზე ფიქრს, ეს არის საზოგადოება, რომელმაც მომავალში სამუშაო ადგილი უნდა შექმნას და მერე სხვაც დაასაქმოს. ეს იყო ერთი კონკრეტული მაგალითი.
რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას 9 აპრილს დაგეგმილ აქციაში, ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვები იმ მოდელთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ცხრაში შეიკრიბებიან და სააკაშვილის გადადგომამდე არ დაიშლებიან. ჩვენი აზრით, ეს არასწორი გზაა, არა იმიტომ, რომ რადიკალური და დესტრუქციულია. საქმე ის არის, რისი მიღწევა შეიძლება ამ გზით. გვეეჭვება, ასეთ მიტინგებში გამობრძმედილ სააკაშვილს ძველი სტილის მიტინგებით რაიმე დაათმობინო. გვაშფოთებს ის, რომ ათასგვარ პროვოკაციაში გამობრძმედილი სააკაშვილი არ წავიდეს ისეთ პროვოკაციაზე, რომელიც ცუდ შედეგს გამოიღებს. არც იმაში ვართ დარწმუნებულები, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთს არ მიეცემა მანევრის საშუალება. ჩვენ მასობრივ და საპროტესტო აქციებს კი არ გამოვრიცხავთ ჩვენი არსენალიდან, გვინდა, არ გავიმეოროთ ის, რაც ადრე ხდებოდა. 2 ნოემბერს 120 ათასი კაცი მოვიდოდა რუსთაველზე თუ 20 ათასი, არავინ ვიცოდით წინაღამეს. მთელი საქართველო შემოვიარეთ, დავიბარეთ ხალხი, მაგრამ ზუსტად რამდენი ადამიანი მოგროვდებოდა, წინასწარ არა ვინ ვიცოდით. როდესაც საყოველთაო აქციაზე იწვევ ხალხს, უნდა გქონდეს იმის გარანტია, რომ კრიტიკული მასა, ჩვენს სტანდარტებში ეს 30 ათასია თუ 40, არ ვიცი, სახელით და გვარით უნდა იცოდე. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ აქციას ჰქონდეს სოლიდურობა და არ იქმნებოდეს ისეთი სიტუაციები, როგორიც ადრე შექმნილა. ამიტომ, საპროტესტო აქცია ეფექტური უნდა იყოს და სხვადასხვა ძალის მხრიდან პროვოკაციას გამორიცხავდეს. დღევანდელი გადასახედიდან ვერ ვხედავთ, რომ 9 აპრილს ეს თემები მოგვარებული იქნება და შევძლებთ თამამად მისვლას და მონაწილეობას. თუმცა, თუ კოლეგები დაგვარწმუნებენ, 9 აპრილი შეიძლება დავინახოთ, როგორც სამოქალაქო სოლიდარობის და მნიშვნელოვანი პროტესტის გამოთქმის ერთ დღედ.
სოფო ჭაავა, ჟურნალისტი: თქვენი ალიანსის შექმნის მთავარი იდეა არის თუ არა რეფერენდუმი და არის თუ არა შესაძლებელი, რომ თუ ზეგ აღმოჩნდა, რომ ამ ულტიმატუმმა არ იმოქმედა, თქვენი გზები გაიყოს, ალასანიამ განაგრძოს გზა იმ 200 ათასი ხელმოწერის მოთხოვნით, თქვენ კი აღმოჩნდეთ აქციაზე და ა.შ.?
დავით უსუფაშვილი: ალიანსის შექმნის პროცესში დაინტერესებულ წრეებში, პრესაში, პოლიტოლოგებში, უამრავი თემა ტრიალებდა. რაღას არ გვიქადნენ, ამბობდნენ, რომ ეს ალიანსი არ შედგებოდა, და ა.შ. ეს არ არის მხოლოდ არაკვალიფიციურობის ბრალი. აქ აშკარად შეინიშნებოდა ამ პროცესების მართვის უხილავი ხელი. შემიძლია გითხრათ, რომ ალიანსი შექმნილია მინიმუმ 4-5-წლიანი პერსპექტივით. იმ შემთხვევაშიც, მოვიპოვებთ წარმატებას და ვიქნებით ხელისუფლებაში, თუ ვერა.
ეს არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ვითარებაზე, იმაზე, დაინიშნება თუ არა რეფერენდუმი, რა მოხდება 9 აპრილს და ა.შ. ჩვენი მისია ის არის, 2009 წელს ხელი შევუწყოთ არსებული ხელისუფლების უკეთესით შეცვლას. ამასობაში, ზოგი სხვა პოლიტიკოსის თუ საზოგადო მოღვაწისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვსვამთ საკითხს ასე, რომ 2009 წლის 31 მაისამდე თუ სააკაშვილი არ გადადგა, მაშინ ჩვენ გადავდგებით ან ბიზნესში წავალთ და უცხოეთში გავემგზავრებით. არსად წასვლას არ ვაპირებთ, ყოველ ცისმარე დღეს კონკრეტულ ვითარებაში, რის გაკეთებასაც ჩავთვლით საჭიროდ და რისი გაკეთებაც იქნება შესაძლებელი, იმას გავაკეთებთ. ალიანსის 4-5-წლიანი ვადა უკავშირდება 4-წლიან საპარლამენტო ვადას და 5-წლიან - საპრეზიდენტოს. 2009 წელს თუ არის ორივე არჩევნები, ჩათვალეთ, რომ 4-5 წლის შემდეგ უნდა გაიმართოს შემდეგი არჩევნები. ძალიან ბევრი რამ ჩვენს ხედვებში სწორედ ამ ციკლს უკავშირდება. კარგი იქნება, საქართველოში გამოჩნდეს ხელისუფალი, რომელიც თვითონ შეუწყობს ხელს ვადის ამოწურვის შემდეგ მშვიდობიანად და წყნარად წასვლის პრეცედენტის შექმნას.
გიორგი გვახარია: არჩევნებში ერთი ბლოკით გამოხვალთ, ბატონო დავით?
დავით უსუფაშვილი: დიახ.
გიორგი გვახარია: „ახალი მემარჯვენეები“ აღარ საუბრობენ მონარქიაზე?
დავით უსუფაშვილი: მონარქია უნდა იყოს თუ საპარლამენტო რესპუბლიკა, ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. „რესპუბლიკელებს“ 1993 წლის დეკემბრიდან მოყოლებული უჯრაში გვიდევს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე აწყობილი კონსტიტუციის პროექტი. ეს პროექტი უჯრაში დარჩება და ოდესმე არქივს გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში არ მოვედით. დღევანდელ ვითარებაში ალიანსისთვის ხმის მიცემით თქვენ არ წყვეტთ მონარქიის, რესპუბლიკის, საპრეზიდენტო და ასეთ საკითხებს. ეს საკითხები უნდა გადაწყდეს კონსტიტუციური ცვლილების გზით. როგორი კონსტიტუციური სისტემა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, მონარქიული თუ საპარლამენტო, მგონი, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს, რომ მერე ამ სისტემას დაეფუძნოს ის ცვლილებები, რომლებსაც პარლამენტი მიიღებს. ჩვენი ვარაუდით, ამ თემაზე ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რათა შემდგომმა ხელისუფლებამ შეასრულოს ეს ფუნქცია და გამართოს კონსტიტუცია, რომ მომდევნო საარჩევნო ციკლი დაიწყოს იმ სისტემაში, რომელიც ხალხის მიერ იქნება ხელდასმული. ეს შემდგომში განსახილველი საკითხებია.
შორენა შავერდაშვილი - თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ჩვენი პირველი გადასაჭრელი ამოცანა უნდა იყოს, მონარქია გვინდა თუ რესპუბლიკა?
დავით უსუფაშვილი - არა, მე ეს არ მითქვამს. ჩვენ გვაქვს სამ ეტაპად გაყოფილი საკონსტიტუციო რეფორმა. ხელისუფლებაში მოსასვლელად არსებულ კონსტიტუციას უნდა გაჰყვე. ანუ, „რესპუბლიკელებს“ რომ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები არ მოგვწონს და გვინდა, რომ აღარ იყოს, არ ნიშნავს იმას, დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ. მაშინ ვერასოდეს მიხვალ იქამდე, რომ ამ საკითხს ხელი მოკიდო. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენი პირველი კამპანია იქნება სწორედ სამეტაპიანი საკონსტიტუციო რეფორმის კამპანია. პირველი ეტაპია პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ბალანსის დამყარება. ეს ბალანსი პირველ ეტაპზე არის ჰორიზონტალზე - პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლება.
მეორე ეტაპია ვერტიკალური, რეგიონულ სამხარეო მმართველობაზე გადასვლა, რაც რეგიონებში არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოების გაჩენას გულისხმობს. ანუ გულისხმობს რეგიონებში აღმასრულებელ სისტემაში ძირითადად ადგილობრივი არჩევითი ორგანოს წინაშე პასუხისმგებელი პირის გაჩენას, რომელსაც ცენტრიდან ექნება გარკვეული ბერკეტი და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის პირველი დონის გაჩენას და მათ შორის უფლებამოსილების გამიჯვნას. დღეს სააკაშვილი იმიტომ კი არ არის უგვირგვინო მეფე, რომ პარლამენტი არ ჰყავს, იმიტომ არის, რომ სხვა არავინ არის მის ქვემოთ.
მესამე ეტაპია კონსტიტუციური მონარქიისა და ასეთი საკითხები. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენს ქვეყანაში ამ თემებზე დისკუსიები გაიმართება და ის იქნება მთავარი განსახილველი საკითხი, მონარქიისა და რესპუბლიკის მომხრეები რატომ და როგორ არიან ერთად.
დავით პაიჭაძე, ჟურნალისტი - რამდენიმე დღის წინ ჩემს გადაცემაში სტუმრად მყოფმა ბატონმა დავით ზურაბიშვილმა თქვა, რომ არ უშვებს იმას, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება არ წავა. ჩემი აზრით, პოლიტიკოსმა უნდა გათვალოს და დაუშვას სხვა ვარიანტებიც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ და მისი გადადგომის სასარგებლოდ თქვენი არგუმენტები უკმარია და ისინი არ სწვდება იმ პერიოდს და ვითარებას, თუ ხელისუფლება უარს იტყვის წასვლაზე. როგორ ფიქრობთ, კიდევ რაში შეიძლება ხელისუფლების კრიტიკა და რატომ არ ამხელთ, თუკი არსებობს სხვა არგუმენტებიც. რატომ არ ამზადებთ საზოგადოებას სხვაგვარი საბუთებისთვის, მსჯელობისთვის, რომელიც შეიძლება თქვენ გამოგადგეთ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ დაემორჩილება იმ ზეწოლას, რომელსაც მას ახლო მომავალში ჰპირდებით.
ბატონ გია ნოდიასაც მინდა მივმართო. გასაგებია, რომ ხელისუფლება ზოგი შეფასებით ფრთხილი, ზოგითაც, შეშინებული და ძალაგამოცლილია, მაგრამ შედეგი ერთია. ჩვენ ვხედავთ, რომ რეფორმები ბევრ სფეროში დამუხრუჭებულია და წინ არ იწევს. ასეთ შემთხვევაში ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რად გვინდა ხელისუფლება, რომელიც ვერ ასრულებს შეპირებულ რეფორმებს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, რატომაც არ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ოპოზიციიდან რეფორმების შეჩერების გამო კრიტიკა არ გვესმის.
დავით უსუფაშვილი: მე უკვე ვთქვი, რომ თუ ხელისუფლება არ წავა, ჩვენი ალიანსი აპირებს ბრძოლისა და შრომის გაგრძელებას. მე ამაზე მკაფიო პასუხი მაქვს. ამასთან, ვალდებულიც ვარ, რაღაც თემების მიმართ მქონდეს ჩემი პოზიცია და აზრი, მქონდეს მომავლის მონახაზი და პროგნოზი. დღესაც ვალდებული ვარ, ვთქვა, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება მალე მშვიდობიანად არის წასასვლელი. თუ არ წავა, ჩვენ გვიცხოვრია სხვა ხელისუფლებების პირობებშიც, რომლებიც არ წასულან, მაგრამ მერე საბოლოოდ ცუდად წასულან.
მეორე საკითხი, თუ რატომ არ ვამხელთ ხელისუფლებას რაიმე დამატებითი არგუმენტებით. თუ სიტყვა „რეფორმა“ დეფიციტია ჩვენს რიტორიკაში, ამ შენიშვნასაც გავიზიარებთ და ხშირად ვისაუბრებთ იმაზე, რომ რეფორმა არ გატარდა სასამართლო სისტემაში, მასმედიის თავისუფლების საკითხში, საარჩევნო საკითხებში. დღემდე არ გვაქვს ისეთი პირადობის მოწმობა, რომლითაც შესაძლებელი არ იქნება გაყალბება, ამ პატარა ბარათის დაბეჭდვა ხელისუფლებამ ხუთი წლის განმავლობაში იმიტომ ვერ მოახერხა, რომ თუ მასში მაგნიტური ლენტი მოთავსდება, კარგად დავითვლებით და გაყალბების საშუალება აღარ იქნება. არ გატარებულა რეფორმები არც ეკონომიკის, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებში. მიუხედავად ჩემი მწვავე დამოკიდებულებისა ბატონი ბენდუქიძის მიმართ, ამ ადამიანის გარდა, ხელისუფლებაში ვერ ვნახე ვერავინ, ვისაც რაიმე აზრი ექნებოდა რეფორმებზე. იქნებ ბატონმა გიამ გვიპასუხოს, როგორ გატარდა რეფორმები განათლების სისტემაში. როდესაც იგი დაინიშნა განათლების მინისტრად, თავად აკრიტიკებდა რეფორმას ამ სისტემაში.
გია ნოდია: ის, რომ მინისტრობის პერიოდში პირველი ორი კვირა თავად ვაკრიტიკებდი რეფორმებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვამბობდი, რომ რეფორმების ცალკეული ელემენტი, ვთქვათ, ლოტოტრონის გამოყენება სკოლის დირექტორების დანიშვნისას, გადასასინჯია, და ამაშიც გულწრფელი ვიყავი. თუმცა, გამუდმებით ვიმეორებდი, რომ სამინისტროში ჩემი მოსვლის მიზანი რეფორმის არსებული კურსის გაგრძელება იქნებოდა. აქვე დავეთანხმები ბატონ დავითს, რომ წინასაარჩევნოდ მართლაც იყო პოპულისტური ზეწოლის შემთხვევები განათლების სისტემაზე, მაგრამ რეფორმების კურსი მაინც არ შეცვლილა.
როგორც ანალიტიკოსს, შემიძლია, შევუერთდე კრიტიკას, რომ შემცირდა რეფორმის ტემპი. მაგრამ საკითხის ასე დასმას, რომ თუ ხელისუფლება ვერ ასრულებს რეფორმებს, რა საჭიროა მისი ხელისუფლებაში ყოფნა, ორი პასუხი ექნება. ერთი ის, რომ მართალია, შემცირდა რეფორმების ტემპი, მაგრამ რაღაც რეფორმები მაინც მიმდინარეობს, და მეორე არგუმენტი ის იქნება, რომ ამ ხელისუფლებას ამ რეფორმების კონსოლიდაცია მაინც შეუძლია, ხოლო ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რეფორმების შექცევაა მოსალოდნელი. და ზოგადი დასკვნა - დავრწმუნდი, რომ ბატონ დავით უსუფაშვილს გულწრფელად არ მოსწონს ეს ხელისუფლება და ძალიან უნდა დაარწმუნოს პრეზიდენტი სააკაშვილი, დანიშნოს რეფერენდუმი, მაგრამ იმაშიც დავრწმუნდი, რომ ამ ალიანსს არ გააჩნია ნათელი სტრატეგია ამ მიზნის მისაღწევად.
კითხვა დარბაზიდან: ბატონო დავით, თქვენ ისაუბრეთ პრობლემებზე, ჩამოთვალეთ სფეროები, სადაც არ გატარებულა რეფორმები. მაინტერესებს, თუ გაკეთდა რაიმე დადებითიც.
დავით უსუფაშვილი: ბევრი კარგიც გაკეთდა და იმედი მაქვს, ამ კარგის გადარჩენას შევძლებთ და სააკაშვილის წასვლას არ მოჰყვება ამ კარგის გაფუჭება. იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში დარჩება იმის შესაძლებლობა, რომ გორამდე მიყვანილი გზა ფოთამდე ჩავიდეს და სააკაშვილის წასვლასთან ერთად არ დასრულდება მისი კეთება. საპატრულო პოლიციის საკითხშიც, ყველანი ვხედავთ, რომ ბევრი რამ გაკეთდა. იქ, სადაც იყო მონდომება, იყო სერიოზული წინსვლაც. უნდა აღვნიშნო უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციასთან სერიოზული ბრძოლა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესია, თუმცა მას მოჰყვა ბრძოლა ბევრ სხვა რამესთან და დღეს საერთოდ გვაქვს თუ არა უმაღლესი განათლების სისტემა, აღარც კი ვიცი. იყო სერიოზული წინსვლა მიმართულების დანახვის თვალსაზრისით. მაგალითად, გადაიდგა ნაბიჯები საიმისოდ, რომ სახელმწიფომ მუდმივად არ ათრიოს საპენსიო ტვირთი, მაგრამ მერე შეჩერდა და ახლა ეს ყველაფერი საბიუჯეტო ტვირთად არის ქცეული. ბევრი რამ მოწესრიგდა საჯარო რეესტრში, ბევრი რამ აღირიცხა, თუმცა ყველა პრობლემა არც იქ მოგვარებულა. ბევრი სხვა რამეც გაკეთდა, საგარეო ასპარეზზე საქართველოს საქმე გავიდა. საქართველო იქცა ინტერესის სფეროდ და ადგილად, მაგრამ გაკეთებულზე ათჯერ მეტი გაფუჭდა და ამ გაკეთებულსაც წყალი აქვს შეყენებული. საგადასახადო სისტემაც უკეთესი გახდა, მაგრამ ამის პარალელურად დამკვიდრდა და აყვავდა არაფორმალური გადასახადების სისტემა. ის, რომ არაფერი გაკეთებულა, შეიძლება მხოლოდ ამ ქვეყნის მტერმა თქვას.
ნინო ბექიშვილი, ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“: ჩვენ ყველანი, შეიძლება ითქვას, შიშით ველოდებით 9 აპრილის მოსვლას და საპროტესტო ტალღის აგორებას. 2007 წლის ნოემბერში ბევრი ისეთი ფაქტორი იყო, რომელიც დღეს აღარ არის. ხალხიც უფრო გაბრაზებული იყო, ოპოზიციასაც გაცილებით დიდი ბერკეტი ჰქონდა „იმედისა“ და ბადრი პატარკაციშვილის თანხის სახით. იყო ირაკლი ოქრუაშვილიც, რომლის სატელევიზიო გამოსვლების შემდეგ ტემპერატურა საგრძნობლად მატულობდა. ახლა თითქოს ასეთი აღარაფერი ხდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ასეთ პირობებში სერიოზული საპროტესტო ტალღის აგორება.
დავით უსუფაშვილი: პოლიტიკური პროცესების აპოკალიფსური დღის გამოცხადებად, გაბრწყინებად ან დაბნელებად დანახვა, არა მგონია, სწორი იყოს. არა იმიტომ რომ ხალხის უკმაყოფილების დონე ნაკლებია ადრინდელთან შედარებით. სიცხარის შეტანის, თუ პოლიტიკურ კერძზეა საუბარი, ათასერთი რეცეპტი აქვს ოპოზიციას. ეს არ არის პრობლემა. მაგრამ ამან სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს, ეს არის საქმე. ბევრი რამ შეიძლება მოიძებნოს, რაც ხალხს ენთუზიაზმს შესძენს, მაგრამ ამით რისი მიღწევა შეიძლება დღევანდელ ვითარებაში, ეს არის მთავარი. არ მგონია, რომ საზოგადოების მობილიზების პოტენციალი 7 ნოემბერთან ან 2008 წლის სექტემბერთან შედარებით დღეს ნაკლები იყოს.
კვლევების მიხედვით, 4-5-ჯერ არის გაზრდილი იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც მზად არიან, საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ და ეს ნიშნული ნოემბრის მობილიზების რაოდენობას უტოლდება. საპროტესტოდ განწყობილი 100 და 200 ათასი კაცი ქვეყანაში სათანადო მართვით ყოველთვის მოიძებნება. მაგრამ არ ვიცი, რამდენად მართვადი იქნება ეს ყველაფერი. მე არ ვარ 9 აპრილის აქციის ორგანიზატორი; შესაძლოა, ვიყო აქციის მონაწილე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ დავდგები მძიმე არჩევანის წინაშე. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, საფრთხეები აცილებული იქნება.
![]() |
20 სტალინის აქცენტი და ქართული ენის აპოკალიფსი |
▲ზევით დაბრუნება |
საავტორო
ავტორი: გიორგი მაისურაძე
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
„და სახარებასა შინა ამასა ენას ლაზარე ჰქვია“.
იოანე ზოსიმე
ფოტო: ლევან კაკაბაძე
შიბოლეთი - ქართული აქცენტის გამოგონება
„აბა, ახლა გააღეთ პირი და სთქვით - ააა!“ - „შერეკილები“
„ძველი აღთქმის“ „მსაჯულთა წიგნის“ მე-12 თავში აღწერილია კონფლიქტი ორ ებრაულ ტომს შორის. ქალაქ გილეადის მცხოვრებლები იცავენ მდინარე იორდანის გადასასვლელს და არ ატარებენ ეფრემელ ლტოლვილებს. იმისათვის, რომ მათ ლტოლვილების ეფრემელობა დაადგინონ, აიძულებენ თქვან სიტყვა „შიბოლეთი“, რადგანაც მათ იციან, რომ ეფრემელები ამ სიტყვას თავისებურად გამოთქვამენ და ამით თავიანთ წარმომავლობას გამოამჟღავნებენ. ამ ბიბლიური ისტორიის საფუძველზე მოგვიანებით გაჩნდა ტერმინი „შიბოლეთი“, რომელმაც ამოსაცნობი ნიშნის მნიშვნელობა შეიძინა. ფილოსოფოსი ჟაკ დერიდა შიბოლეთს ისეთ მახასიათებელ ნიშნად განსაზღვრავს, რომელიც თავისთავად ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, მაგრამ მისი მეშვეობით განსხვავებულობა დგინდება, საგნების გამიჯვნა ხდება და ამით ეს ერთგვარი „უაზრობაც“ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ასეთი ფართო შინაარსით „შიბოლეთი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი გარეგნული ნიშანი, - იქნება ეს ჩაცმულობა, მიმიკა, მეტყველების მანერა თუ აქცენტი, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ ეთნოსს, რეგიონს, სოციალურ ფენას თუ სუბკულტურულ ჯგუფს შეგვიძლია მივაკუთვნოთ, რომელსაც შემდგომ მთელ რიგ სხვა ნიშან-თვისებებსაც მივაწერთ, - იმ ცოდნისა თუ სტერეოტიპების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ ადამიანთა ამ კონკრეტული კოლექტივის შესახებ გვაქვს. „მსაჯულთა წიგნის“ მესაზღვრემ იცის, რომ თუ ვინმე „შიბოლეთის“ ნაცვლად „სიბოლეთს“ იტყვის, რადგანაც მას „შ“-ს წარმოთქმა არ შეუძლია, მაშინ იგი ეფრემელია, ხოლო ეფრემელი კი მტერია, რომელიც არ უნდა შემოუშვა. ამდენად, „შიბოლეთი“ აუცილებლად „სიბოლეთსაც“, ანუ „არასწორ“ ან „დამახინჯებულ“ წარმოთქმასაც საჭიროებს. იმისათვის, რომ არსებობდეს ცენტრი, საჭიროა პერიფერია, და პირიქითაც: მარგინალური ცენტრალურისგან, „ოფიციალურისგან“ უნდა იმიჯნებოდეს. „სწორი“ წარმოთქმა კი ყოველთვის უკეთესობის ხარისხშია აყვანილი. მაგალითად, არსებობს „მაღალი“, სალიტერატურო ენა, რომლის ფლობაც განათლებულობას, მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას და იმის ძალაუფლებასაც გულისხმობს, რომ ენის ამგვარად აჟღერება ნორმად, ანუ სისწორედ იქნას გამოცხადებული და დამკვიდრებული. ამდენად „მაღალი“ ენა, თავისი „სწორი“ აჟღერების წესებიანად, ძალაუფლების, გადაწყვეტილების მიმღებთა ენაა, რომლებმაც იციან რა არის „სწორი“, „მართალი“, „ნორმა“. ასეთი ნორმებიდან გადახვევა კი მეტყველებაში აქცენტით გამოიხატება, რომელიც მის მქონეს თავის ირგვლივ მყოფთაგან განასხვავებს და ამარგინალურებს.
აქცენტი გარკვეული შეუსაბამობიდან ჩნდება, როდესაც, მაგალითად, ადამიანი არ იმყოფება თავისი წარმომავლობის არეალში, - იქნება ეს გეოგრაფიული თუ სოციალური გარემო, ანუ იგი დომინანტ უმრავლესობას არ მიეკუთვნება, მაგრამ ამ უმრავლესობის ენაზე მეტყველებს. მის განსხვავებულობას ასეთ ვი თარებაში აქცენტი ავლენს, რომელიც „ნორმიდან გადახვევად“ მხოლოდ საკუთარი ტერიტორიისა თუ არეალის გარეთ მიიჩნევა. მაგალითად, ქართლური აქცენტი მხოლოდ ქართლის ფარგლებს გარეთაა „აქცენტი“ და არა იქ, სადაც ამ ჟღერადობით მოლაპარაკე ადამიანები უმრავლესობას წარმოადგენენ. მაგრამ იმისათვის, რომ აქცენტი შიბოლეთად ჩაითვალოს, საჭიროა მისი იდენტიფიკაცია, რაც მსმენელის გარკვეულ ცოდნას ამ აქცენტის მქონეთა შესახებაც საჭიროებს. მაგალითად, გერმანიაში გერმანულად მოლაპარაკე ქართველი თავისი აქცენტით ამჟღავნებს საკუთარ უცხოელობას, მაგრამ არა ქართველობას, რამდენადაც გერმანელი უმრავლესობისათვის ქართული აქცენტის ჟღერადობა უცნობია, ის მისთვის არაფერთან არ იგივდება, განსხვავებით, მაგალითად, ფრანგულისაგან, რომელიც შიბოლეთია, რადგანაც მისმა მსმენელმა გერმანელმა იცის, რომ ეს ფრანგული აქცენტია, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მან იცის საფრანგეთის არსებობა, აქვს გარკვეული, თუნდაც სრულიად ზედაპირული და სტერეოტიპული წარმოდგენა საფრანგეთისა და ფრანგების შესახებ. ამით აქცენტი ასოციაციათა მთელ ჯაჭვს წარმოშობს, რომელიც შეიძლება ყოფითი სფეროებით იწყებოდეს და თანდათანობით კულტურულ თუ პოლიტიკურ ფენომენებზეც გადადიოდეს. ამდენად აქცენტი, რომელიც შიბოლეთად აღიქმება, რეპრეზენტაციული შინაარსისაა და მსმენელში, გამომდინარე მისი ცოდნიდან თუ გამოცდილებიდან, სხვადასხვა სახის ემოციებსაც წარმოშობს. ასეთ ემოციებს აფექტები ეწოდება, რომლებიც არა განსჯითა და ფიქრით, არამედ ასოციაციურად ჩნდება და აღქმული საგნის მიმართ ადამიანის ემოციურ დამოკიდებულებას გამოხატავს. აფექტების უკან კი ცალკეული ხატები თუ ისტორიები იმალება, რომლებსაც აქცენტი ასოციაციურად ებმება. თუკი ევროპაში ქართული აქცენტი არანაირ ასოციაციას არ აღძრავს, რუსეთში ეს აქცენტი რუსული კულტურული მეხსიერების ნაწილია და ერთ კონკრეტულ პიროვნებას - იოსებ სტალინს უკავშირდება, რომლის აქცენტიც ზოგადად ქართული აქცენტის პროტოტიპადაა წარმოდგენილი: სტალინის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი, როდესაც რუსი პაროდისტები ქართული აქცენტის იმიტაციას ცდილობენ, ნიმუშად ისევ სტალინის აქცენტს იყენებენ.
ქართული აქცენტი სტალინის აქცენტია და სწორედ ამ ნიშნითაა იგი შიბოლეთი. ეს კი ერთგვარ პარადოქსს ქმნის თავად რუსულ ისტორიულ და კულტურულ მეხსიერებაში: პიროვნება, რომელიც რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ძლიერების სიმბოლოა, მარგინალურობის ნიშანს ატარებს. 1945 წლის 9 მაისს სტალინის მიერ წარმოთქმულმა ფორმულამ „Великий русский народ“, რომელიც ახალი დიდრუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის დეკლარაციად მიიჩნევა, ქართული აქცენტით გაიჟღერა! ამით თავად დიდრუსულ შოვინიზმს მარგინალურობის დაღი დაესვა, რამდენადაც მისი საავტორო უფლება არარუსს, მარგინალ პიროვნებას, „სიბოლეთს“ ეკუთვნის. 1956 წელს სკკპ XX ყრილობაზე ხრუშჩოვის ცნობილი სიტყვა და საბჭოთა კავშირის დესტალინიზაცია რუსულ-საბჭოთა იმპერიალიზმის ამ ფონეტიკური დეფექტისგან გათავისუფლების მცდელობა იყო, - „აღარ იზრახებოდეს“ რუსეთში რუსული ენა ქართული აქცენტით! მაგრამ ის, რაც კოსმეტიკურ ოპერაციად იყო ჩაფიქრებული - „სიბოლეთის“ „შიბოლეთად“ შესწორება, ანუ რუსული იმპერიისათვის ქართული აქცენტის ჩამოშორება, თავად ამ იმპერიის ნგრევის დასაწყისი აღმოჩნდა.
THE STALIN CODE
„Товарищ Сталин - Вы большой ученый - в языкознанье знаете вы толк...“
იუზ ალეშკოვსკი
1950 წლის 20 ივნისს გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა სტალინის სტატია „მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები“, რომლის ოფიციალური მიზანი საბჭოთა ენათმეცნიერის ნიკო მარის მოძღვრების უარყოფა იყო. მარის და მისი მიმდევრების აზრით, ენა არის ის, რასაც მარქსი ზედნაშენს უწოდებდა, ანუ სოციალურ-ეკონომიკური ბაზისის იდეოლოგიური პროდუქტი. ამდენად, შესაძლებელია, რომ ენა კლასობრივ ფენომენად მივიჩნიოთ, ანუ ყოველ სოციალურ კლასს თავისი საკუთარი ენა ჰქონდეს. სტალინი ასეთ თეორიას მცდარს უწოდებს და აცხადებს, რომ ენა არ შეიძლება იყოს ზედნაშენი და რომ ის ყოველგვარი ბაზისისა და ზედნაშენისგან დამოუკიდებლად არსებობს. ენა არ არის კლასობრივი, არამედ იგი მთელი საზოგადოებისთვისაა შექმნილი, დამოუკიდებლად მისი წევრების კლასობრივი მიკუთვნებულობისაგან. „საკმარისია ენამ დათმოს ეს თავისი საერთო-სახალხო პოზიცია, საკმარისია მან დაიკაოს მიკერძოებული პოზიცია რომელიმე სოციალური ჯგუფის სასარგებლოდ და სხვა სოციალურ ჯგუფთა საზიანოდ, რომ ის დაკარგავს თავის თვისებას, შეწყვეტს არსებობას, როგორც საზოგადოებაში ადამიანთა ურთიერ თობის საშუალება, რომ ის გადაიქცევა რომელიმე სოციალური ჯგუფის ჟარგონად, დეგრადირდება და გასაქრობად გაიწირება“. სტალინი ამ ნაშრომში ხშირად ლაპარაკობს დიალექტებსა თუ ჟარგონებზე. სიტყვა „აქცენტს“ კი მხოლოდ ერთ ადგილას ახსენებს, ისიც ირონიულ კონტექსტში: „რუსი არისტოკრატები ... თავს იწონებდნენ იმითი, რომ რუსულად საუბრის დროს მათ ენა ფრანგულად უბორძიკდებათ, რომ რუსულად საუბარი მათ მხოლოდ ფრანგული აქცენტით შეუძლიათ“. ასეთი, სტალინის სიტყვებით რომ ვთქვათ, „კლასობრივი ყოყოჩობისგან“ რუსეთი რევოლუციის შედეგად გათავისუფლდა. სამაგიეროდ, კლასობრივი შინაარსის ფრანგული აქცენტი რუსეთის იმპერიის პროვინციების აქცენტებმა შეცვალა, რომლებიც საბჭოთა რუსეთის უმაღლესი სახელისუფლებო ეშელონებიდან მოისმოდა. ასეთი რამ რუსეთის ისტორიისათვის თითქოს ახალი არ უნდა ყოფილიყო: სამაგალითოდ იმპერატორ ეკატერინე II-ის გახსენებაც კმარა, რომელიც, როგორც ამბობენ, სიცოცხლის ბოლომდე არა მხოლოდ გერმანული აქცენტით, არამედ ზოგჯერ გრამატიკული შეცდომებითაც კი მეტყველებდა რუსულ ენაზე. პრინციპული განსხვავება ეკატერინეს აღმოსავლურ პრუსიულ და სტალინის ქართულ აქცენტებს შორის ის იყო, რომ ქართული, განსხვავებით გერმანულისაგან, რუსეთის კოლონიის ენის ხმოვანება იყო, რომელიც 31 წლის განმავლობაში ერთ დროს დამპყრობელი რუსეთის ენას დაპყრობილისა და პროვინციის ტონალობას ანიჭებს. საგნების ასეთი კონსტელაცია არსობრივად ცვლის საბჭოთა სახელმწიფოს არსს: თუკი ლენინისა და ტროცკის პროლეტკულტურული ექსპერიმენტების მეშვეობით ადამიანებს შორის სოციალური და კულტურული განსხვავებულობის ყველა ნიშნის წაშლა უნდა მიღწეულიყო და ნაციონალური იმპერიის ადგილი მსოფლიო ინტერნაციონალის ზესახელმწიფოს დაეკავებინა, სტალინი მართლმადიდებლურმესიანისტურ ტრადიციას აღორძინებს, რომელში ჩაბმული ერები და ეროვნებები „დიდი რუსი ხალხისა“ და რუსული ენის მეშვეობით სამყაროს აწითლებენ. ესენი არ არიან უეროვნებო პროლეტარები, არამედ ერთადერთ ჭეშმარიტ ფორმაციაზე ასული ერები, რომელთა ერთობასაც „საბჭოთა ხალხი“ ეწოდება. მარის მოძღვრება ენის კლასობრივი ხასიათის შესახებ, რომელიც, როგორც ზედნაშენი, ფორმაციის ცვალებადობასთან ერთად იცვლება, რაოდენ აბსურდული ბოდვაც არ უნდა იყოს ენათმეცნიერული თვალსაზრისით, არის ადრეული საბჭოთა მოდერნიზმის ორგანული ნაწილი, რომელიც ადამიანის ახალი სახეობის გამოგონებას მიზნად ისახავდა. მარის ლამის მისტიკური იდეა, რომ ყველა ენა ოთხი მარცვლიდან - სალ, ბერ, იონ და როშიდან მომდინარეობს, არა უბრალოდ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟანრს მიეკუთვნება, არამედ ადრესაბჭოთა მოდერნიზმისათვის დამახასიათებელი მორიგი უნივერსალისტური ფანტაზიაა. მარის აზრით, „არ არსებობს ეროვნული და საერთოეროვნული ენა, არსებობს მხოლოდ კლასობრივი ენა, და სხვადასხვა ქვეყნების ერთი და იმავე კლასების ენები ტიპოლოგიურად ერთმანეთთან უფრო მსგავსია, ვიდრე ერთი ერის სხვადასხვა კლასების ენა“. ეს კი პრინციპუ ლად ეწინააღმდეგება ერის სტალინისეულ განსაზღვრებას: „ერი - ესაა ისტორიულად ჩამოყალიბებული ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ფსიქოლოგიური წყობის მყარი ერთობა“. სტალინისათვის ენა და ერი განუყოფელია. მისი სიტყვებით, ენა ვითარდება, „გვაროვნული ენიდან ტომის ენამდე, ტომობრივი ენიდან ხალხის ენამდე, ხალხურიდან ეროვნულ ენამდე“. ენის სიკვდილი კი მთელი საზოგადოების მოსპობას ნიშნავს. ამასთანავე სტალინი საუბრობს „ენათა შეჯვარებაზე“, რომლის შედეგი არა მესამე ენის წარმოქმნაა, არამედ „გამარჯვებული ენის“ გამდიდრება: „ასე ხდებოდა, მაგალითად, რუსულ ენასთან მიმართებაში, რომელსაც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე სხვა ხალხების ენები ერწყმოდა, მაგრამ რუსული ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა“.
სტალინი ეროვნულობის პრინციპებით არა მხოლოდ აგებს საბჭოთა იმპერიას, არამედ ამ სახელმწიფოს მაგალითზე საკუთარი თეორიის მართებულობის დამტკიცებასაც ცდილობს. იგი არათუ არ უარყოფს ერებს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში იგონებს კიდევაც მათ. მაგალითად, ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხებს, რომლებიც ფეოდალურ, ზოგჯერ კი გვაროვნულ ურთიერთობებში იმყოფებიან, სტალინი ეროვნებებად აცხადებს, უსაზღვრავს ტერიტორიებს, ათხზვევინებს ისტორიებს, აქმნევინებს დამწერლობებსა და მწერლობებს, რომლებმაც, ქრისტიანული ესქატოლოგიური მოძღვრების „ღვთის ხელმწიფების“ მსგავსად, კომუნიზმის აღსრულება უნდა აუწყონ საბჭოთა ადამიანებს მათსავე მშობლიურ ენებზე. მოსახლეობის ერებად და ეროვნებებად კლასიფიკაცია განსაზღვრავს სახელმწიფოს პოლიტიკურ-გეოგრაფიულ სტრუქტურას, რომელიც არა მხოლოდ საბჭოთა კავშირს აქცევს ერთ დიდ იმპერიად, არამედ ცალკეულ მოკავშირე რესპუბლიკებსაც უქმნის პატარა იმპერიობის ილუზიას, რომლებსაც საკუთარ ცენტრებს დაქვემდებარებული ავტონომიური რესპუბლიკები და ოლქები ჰყავთ. ასეთი სტრუქტურა კი იმპერიის სეპარატიზმისაგან დაცვის მექანიზმია, რომელიც საერთო იმპერიიდან განცალკევების მცდელობა სეპარატიზმის ჯაჭვურ რეაქციას „მცირე იმპერიებშიც“ გამოიწვევს.
საბჭოთა კავშირი არის ის მიწიერი სამოთხე, სასუფეველი, რომელში მოხვედრილი ეროვნებებიც საკუთარ თავს განსაკუთრებულებად უნდა გრძნობდნენ. იმისათვის, რომ საბჭოთა ეროვნებები თავიანთ გამორჩეულობაში დარწმუნდნენ, მათ უნდა მიეწოდოთ ისტორიები, რომლებიც, ერთი მხრივ, მათ ეროვნულ სიამაყეს განამტკიცებს, მეორე მხრივ კი მათ მიერ არჩეული კომუნიზმისაკენ მიმავალი გზის ჭეშმარიტებაში დაარწმუნებს. ამ მიზანს ემსახურება სახალხო და კულტურული გმირების ხატები, რომლებიც სტალინის რეჟიმის მთავარ იდეოლოგიურ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ. „სახალხო გმირი“ - შრომის, კლასობრივი ბრძოლის იდეალებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის სანიმუშო ადამიანია. 30-იანი წლებიდან მოყოლებული, განსაკუთრებით ომის დროს, რომელსაც სტალინი „დიდ სამამულო ომს“ უწოდებს (ანუ ესაა ომი არა იდეოლოგიისათვის, არამედ მამულისათვის!), სახალხო გმირების შარავანდედით სულ უფრო და უფრო ისტორიული პიროვნებები იმოსებიან, რომლებიც კლასობრივი თვალსაზრისით მტრები უფრო იყვნენ. კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. „კულტურულ გმირებს“. ეს ფენომენი მე-19 საუკუნის დასავლეთ ევროპაში გაჩნდა და ამ რანგში ამაღლება წილად ხვდათ არა მხედართმთავრებსა თუ თავგანწირულ გმირებს, არამედ მწერლებს, ხელოვანებს, რომლებიც ახლადწარმოშობილი ერების კულტურული იდენტობის სიმბოლოები, მათი უმაღლესი ეროვნული ავტორიტეტები და მარად უკვდავი სულიერი წინამძღვრები იყვნენ. სტალინის უშუალო მითითებით საბჭოთა ერებიც ქმნიან ასეთ ფიგურათა მთელ პანთეონებს, რომელთა იუბილეებიც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით სახალხო დღესასწაულების სახეს იღებს. რუსეთისთვის ესაა, პირველ რიგში, პუშკინი, რომელსაც სტალინი „მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხებში“ საგანგებოდ მოიხსენიებს და რუს ხალხს ახსენებს, რომ ისინი პუშკინის ენაზე მეტყველებენ; უკრაინაში იქმნება ტარას შევჩენკოს კულტი; 1937 წელს შოთა რუსთაველის 750-ე წლისთავს მთელი საბჭოთა კავშირი აღნიშნავს.
ამით სტალინი „ღვთისგან რჩეული ხალხის“ ძველაღთქმისეული იდეის ტრანსფორმაციას ახდენს და მას საკუთარი იდეოლოგიური დოქტრინის საფუძვლად იყენებს. საბჭოთა კავშირი არაა ერთ ენაზე მოლაპარაკე ერთი ერი, არამედ ბედნიერი ერებისგან (საბჭოთა იდეოლოგიით, ამ სახელმწიფოში 300-ზე მეტი ეროვნება ცხოვრობს!) შემდგარი რჩეული ხალხი, რომლებიც, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანები სამოთხეში, - ისე შეაბიჯებენ კომუნიზმში. ამ „სამოთხეში“ კი ისინი არა როგორც ცალკეული ინდივიდები, არამედ საბჭოეთში გაერთიანებული ერები მოხვდებიან. ასეთ ერთობასა და გამორჩეულობაში დასარწმუნებლად იწერება საბჭოთა კავშირის ისტორიაც. სახელმწიფო, რომელიც 1922 წელს შეიქმნა, საკუთარ ისტორიას ადრე ქვის ხანის ეპოქიდან იწყებს. სტალინური ისტორიოგრაფიის მთავარი მახასიათებელი ნიშანია საბჭოთა ხალხების მუდმივი ისტორიული სიმართლის ჩვენება: ისინი ყოველთვის სამართლიან ომებში იბრძოდნენ, ყოველთვის „კარგები“ იყვნენ, ყოველთვის უკეთესობისკენ ისწრაფოდნენ. ისტორიული მტრები კი ახლაც მტრულ, კაპიტალისტურ ქვეყნებად დარჩნენ, მაშინ, როდესაც საბჭოთა ხალხებმა ისტორიული განვითარების ერთადერთი ჭეშმარიტი გზა აირჩიეს, რომელსაც ისინი კომუნიზმის სახით გაბრწყინებამდე მიჰყავს. კომუნიზმი კი, როგორც საზოგადოების განვითარების უმაღლესი საფეხური და ფორმაცია, ისტორიას ასრულებს, რადგანაც მასზე უფრო მაღალი და იდეალური წყობილება აღარ არსებობს.
მაგრამ ამ იდეალურ წყობილებამდე ჯერ განკითხვის ჟამია გასავლელი...
პატარა გორი დიდია
„დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.“
იოანე ზოსიმე
„საბჭოთა ხალხი“ - ესაა „თავისუფალ ერთა“ ოჯახი, რომელშიც „უფროსი ძმა“ რუსეთია, ხოლო მამა კი, - „Отец всех народов“ - სტალინი. ამ დიდ ძმურ ოჯახში მამის ქართველობა საქართველოსაც განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს. ეს სტატუსი საქართველოსადმი სტალინის სიყვარულისა თუ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი კი არ არის, არამედ თავად ის ფაქტი, რომ „ყველა ხალხის მამა“ ქართველია, ქართულ ეროვნულ თვითშეგნებას იმხელა ძალას ანიჭებს, რომ მის ფონზე ნებისმიერი ჰუმანისტური დისკუსია სტალინის დანაშაულების შესახებ სასაცილოდაც არ ჟღერს. თუკი საბჭოთა კავშირის 300-ზე მეტ ეროვნებას სტალინის მითითებით შეთხზული ისტორიების საფუძველზე შეუძლიათ ირწმუნონ საკუთარი გამორჩეულობა, ქართველები არიან ასეთები და ამისათვის არა რაიმეს რწმენა, არამედ რადიოს ჩართვა და სტალინის ხმის გაგონება სჭირდებათ.
საქართველოს ინტელექტუალური საზოგადოება სრულიად იგნორირებდა და ახლაც თვალს ხუჭავს იმ ფაქტზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სტალინისტია. ამ კულტის საფუძველი კი არა უბრალოდ პრიმიტიული თუ ხალხური ნაციონალიზმია, არამედ თავად ქართული ნაციონალიზმის ის დომინანტური ფორმა, რომელიც სტალინის, როგორც ნაციონალური იდენტობის მთავარი ფიგურის ირგვლივ და სტალინური მსოფლმხედველობის სტრუქტურის მიხედვით გაფორმდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული ანტისტალინური აფექტი ისეთივე ბუნებისაა, როგორიც რუსული: ორივეს საფუძველი სტალინის მეტყველებაა. დესტალინიზაციით რუსულმა ნაციონალიზმმა სტალინისათვის მისი აქცენტის ჩამოცილება სცადა, ქართულმა კი მისი ენის ქართულად თარგმნით აქცენტისა და ენის შესატყვისობაში მოყვანა.
ორივე შემთხვევაში კი მოხდა მისი სახელის განდევნა, - ამ სიტყვის ფსიქოანალიტიკური მნიშვნელობით. ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრებაში განდევნილია, მაგალითად, საკუთარი მამის მკვლელობის სურვილი, რომელიც ცნობიერიდან განდევნით არაცნობიერში გადაინაცვლებს და იქიდან სახეცვლილი, უმეტეს შემთხვევაში, ნევროზების სახით, უკან ბრუნდება. ნევროტული სიმპტომების ანალიზი კი ისევ იმ „პირველადი სცენის“ აღდგენის საშუალებას გვაძლევს, რომლებიც ადამიანის დაფარული მოტივაციების გაგებას შეგვაძლებინებდა. ამდენად, ქართული სტალინიზმის ანალიზით უკანასკნელი ოცწლეულის ქართული ნაციონალიზმის გაგებაც უნდა იყოს შესაძლებელი, რომლის ყველაზე დიდი ფუნდამენტი სტალინის დროს, ზოგჯერ კი უშუალოდ სტალინის მითითებით შეიქმნა. თუმცა კონცეფციებსა და იდეოლოგიურ დირექტივებზე მნიშვნელოვანი თავად საიდენტიფიკაციო ფიგურაა, რომელიც არა რომელიმე პრეისტორიული და მითოლოგიური არსება, არამედ ცოცხალი ადამიანი, რომლის სხეული და მეტყველება ყველა მითოსის სათავეა. ანუ მითები სტალინის პიროვნებაზე მის პიროვნულ ნიშნებზე ფიქსაციით და ამ ნიშნებზე ასოციაციური ფანტაზიების შედეგად წარმოიშობა. ფანტაზიების შინაარსი კი ფსიქოლოგიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გარკვეული სურვილებისა თუ ოცნებების სიმბოლური გამოხატულებებია.
როგორც უკვე ითქვა, სტალინის, როგორც ქართული ეროვნული იდენტობის ფიგურის ფაქტორი, ქართველ ადამიანს არა მხოლოდ სიამაყის გრძნობას უღვივებს მისი სახელოვანი შვილის გამო, არამედ მას განსაკუთრებულ ადგილსაც ანიჭებს დიდ საბჭოთა ოჯახში, რომელშიც რუსი კი უფროსი ძმაა, მაგრამ „ყველა ხალხის მამა“ ქართველია. თუმცა კი მხოლოდ ამის ცოდნა საკმარისი არაა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ქართველ „მამას“ არც გვარი აღარა აქვს ქართული და აღარც ქართულ ენაზე მეტყველებს. სტალინის ქართველობის ერთადერთი უტყუარი „შიბოლეთი“ მისი აქცენტია, რომელიც ქართველ მსმენელში არა მხოლოდ აკუსტიკურ სიამოვნებას აღძრავს, არამედ მას ქართულ კულტურულ მეხსიერებაში რელიგიური განზომილებაც შეიძლება მოეძებნოს. გავიხსენოთ ის, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით: სტალინის მმართველობა ქრისტიანული ესქატოლოგიის სიუჟეტის ნიშნებს იმეორებს, რომლის მიზანიც მესიის მეორედ მოსვლით „ღმერთის ხელმწიფების“ - კომუნიზმის აშენებაა. ამავე სიუჟეტის მიხედვით მას წინ უსწრებს „განკითხვის ჟამი“, რადგანაც ამ მარადიულ სამეფოში მხოლოდ მართალნი მოიპოვებენ დამკვიდრების უფლებას. „მართლისა“ და „არამართლის“ გარჩევა კი „განკითხვის ჟამს“ თავად მესიის გადასაწყვეტია. 1937 წლის რეპრესიების მიზანიც საბჭოთა ხალხის მტრებისგან გასუფთავებაა. „მტრები“ და „მავნებლები“ კი 37 წლის ლოგიკით ასეთ ბოროტმოქმედებებამდე ერთადერთი ჭეშმარიტი აზროვნებიდან გადახვევამ, იდეოლოგიურმა ერეტიკოსობამ მიიყვანა. „ტროცკიზმი“ და „მემარჯვენე უკლონიზმი“ ხომ ზუსტად ისეთივე მწვალებლობებია, როგორებიც ორთოდოქსი ქრისტიანობისათვის ნებისმიერი თავისუფალი გადახვევა ერთიანი ეკლესიური დოგმატიკიდან.
მილიონობით ადამიანის ფიზიკური განადგურება, რომელიც სტალინის ყველაზე ცნობილი ნამოქმედარია, არანაირ რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება და ამ ქმედების ერთადერთ აზრს შეიძლება მხოლოდ მისი განკითხვის ჟამად წარმოდგენა იძლეოდეს. ამ მოვლენას კი ქართულ რელიგიურ ცნობიერებაში სპეციფიური მნიშვნელობა აქვს, რომლის თანახმადაც კაცობრიობის განკითხვა ქართულ ენაზე უნდა წარიმართოს. ახლა ამ კონტექსტში წავიკითხოთ მე-10 საუკუნის ქართველი ბერის იოანე-ზოსიმეს ცნობილი სიტყვები: „დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. მესია-სტალინი რუსულად მეტყველებს და ამ ენაზე განიკითხავს საბჭოთა ხალხებს, მაგრამ ქართული აქცენტით! ქართული ენა დამარხულია რუსულში, რომლიდანაც იგი სტალინის ქართულ აქცენტად არსდგება და მსაჯულად ევლინება კაცობრიობას. თუკი სტალინის ქართული წარმომავლობა ქართველს საბჭოთა ხალხთა ოჯახში „მამის“ ადგილს უძებნის, მისი აქცენტი შუა საუკუნეების ქართული მესიანისტური წინასწარმეტყველების აღსრულების შეგრძნებასაც ბადებს. ასეთი ხორციელი სიამოვნების განცდა, რომელსაც თვით ქართველი ანტისტალინისტებიც კი ვერ მალავენ და რომელსაც სტალინის მიერ აჟღერებული რუსული ბადებს, იმდენად ინტიმური გრძნობაა, რომელიც პირდაპირ გამოსახვას არ ექვემდებარება და მისი რეკონსტრუქცია თუ წარმოდგენა მხოლოდ აფექტების სახით თუ იქნებოდა შესაძლებელი. აფექტები ყველაზე „გულწრფელ“ კვალს ტოვებენ ისტორიაში, თუნდაც იმიტომ, რომ მათში არაფერი რაციონალური და განსჯით მიღებული არაა. თუმცა კი აფექტებიდან, რომლებიც ფსიქოლოგიური ბუნებისაა, ისტორიები ითხზვება. ისტორიების გაჩენას კი ბიძგს გარკვეული გარემოებები აძლევს. სტალინის ქართული აქცენტი უკვე ასეთი გარემოების შემქმნელია, რომელშიც ყველაფერს ამაქცენტიანს განსაკუთრებული ადგილი უკავია: ესაა რუსული საბჭოთა კინო, სადაც აუცილებლად ქართულმა აქცენტმაც უნდა გაიჟღეროს, რაიხსთაგზეც ქართველმა უნდა ააფრიალოს გამარჯვების წითელი დროშა... 1934 წელს მწერალთა პირველი საკავშირო ყრილობა ქართული ლიტერატურის ზეიმადაც იქცევა: სიტყვით გამომსვლელთა დიდი ნაწილი თავს ვალდებულად გრძნობს ქართულ ლიტერატურას ორიოდე სიტყვით მაინც ხოტბა შეასხას, უკრაინის მწერალთა დელეგაციის ხელმძღვანელი კი, იმის ნაცვლად, რომ უკრაინული ლიტერატურა წარადგინოს, თითქმის მთელ თავის მოხსენებას ქართული მწერლობის ქება-დიდებას უთმობს; 1943 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბჭოთა ხელისუფლების წლისთავების მილოცვაზე გადადის, რუსეთის ეკლესიიდანაც იღებს 1917 წელს გამოცხადებული ავტოკეფალიის აღიარებას. 1948 წელს კი კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე ასეთ წერილს უგზავნის ბელადს: „კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამისი ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ხოლო ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართვათ წინაპართა მიერ შექმნილი და ნაანდერძევი ქართული კულა წარწერით: იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან“. ჩემი აზრით, ეს წერილი არანაირად არ არის კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სადისკრედიტაციო მასალა, არამედ ესაა ქართული საბჭოთა პოლიტიკური თეოლოგიის რეზიუმე: „კაცთა შორის რჩეული“, „მსოფლიოს უდიდესი ადამიანი“ და „მაშვრალთა წინამძღვარი“ არის „ჩვენი ხალხის სიამაყე“ „იოსებ ქართველი“. ამით იხატება მესიანური ხელმწიფის ხატი, რომელიც სტალინისავე განსაზღვრულ ეროვნულ ნიშანს ატარებს: იგი ქართველია! ეს კი, საბოლოო ჯამში, ის ქვაა, რომელზედაც მესიანისტური შეფერილობის ქართული ნაციონალიზმი და პოლიტიკური მართლმადიდებლობა აიგება.
სტალინი და „აღმოსავლურ(- ქართულ)ი რენესანსი“
„იქნებ აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი?“ - ილია ჭავჭავაძე
„და შენც ქართველო სწავლითა, სამშობლო გაახარეო.“ - იოსებ ჯუღაშვილი
ქართული ნაციონალიზმი, რომელიც თანამედროვე საქართველოში წამყვანი, დომინანტი პოლიტიკური იდეოლოგიაა, მე-19 საუკუნეში ჩაისახა, ხოლო სახე მიიღო და გაფორმდა საბჭოთა პერიოდში. მისი ავტორი სრულიად საქართველოა, - „განათლებულიც“ და „გაუნათლებელიც“, - გარემოების შემქმნელი, ტონალობისა და მიმართულების მიმცემი საინტეგრაციო ფიგურა კი ყველაზე ცნობილი ქართველი - იოსებ სტალინი, რომლის არსებობის ფაქტიც ქართული ნაციონალიზმის ინერციის წყაროა, რომელიც ამ იდეოლოგიის მთელი წარმოსახვითი სამყაროს მასშტაბებს, მისი პროექციებისა და ფანტაზიების ხასიათს განსაზღვრავს. სტალინის პიროვნული როლი ამ საქმეში ძირითადად პასიურია, ანუ სტალინი თავადაა პროექციების საგანი, რომლის პიროვნული სიდიადე ქართველთა წარმოსახვაში მთელ საქართველოზე გადმოდის. თუმცა არც მისი უშუალო თანამონაწილეობაა დასავიწყებელი, რომელიც, როგორც ყველგან, ისე ამ სფეროშიც მიმართულებებსა და კონტურებს იძლევა. 1937 წელს სტალინის მითითებით საქართველო ზეიმობს ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილეს, რითიც საფუძველი ეყრება ილია ჭავჭავაძის ოფიციალურ, თავად ბელადის მიერ კურთხეულ კულტს და, შესაბამისად, ამ პიროვნების იდეოლოგიური გაყალბების ტრადიციას. 50 წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძის წმინდანად კანონიზაცია სტალინის მიერ დაწესებული კულტის საკრალურ ტერმინოლოგიაზე თარგმნაღა იყო, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, ილიას ლოზუნგებისა და დევიზების წყაროდ დაკონსერვება მოხდა. ილია ჭავჭავაძის კულტს სტალინის დროს არა მხოლოდ „კულტურული გმირის“ სტატუსი ენიჭება, რომლის ფუნქციებიც ეროვნული კულტურის ფუძემდებლობითა და მისი ეტალონობით შემოიფარგლება, არამედ იგი ბიბლიური პროფეტის მსგავსადაც გაიაზრება, რომელმაც ბაზალეთის ტბის ძირას მდგარი ოქროს აკვნიდან ქართველი მესიის დაბადება იწინასწარმეტყველა. ამ უსახელო ყრმის, - „ვისაც დღე-და ღამ ჰნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი“, - სტალინთან გაიგივებით სტალინიზმი ქართულ ხალხურ მესიანიზმად გარდაიქმნება, რომელიც მე-20 საუკუნის საქართველოში ყველაზე გავრცელებული ხალხური რწმენა-წარმოდგენაა. მას, ქრისტიანობისგან განსხვავებით, ბეთლემის საქართველოში სიმბოლური გადმოტანა არ ესაჭიროება, რადგანაც იგი ისედაც საქართველოშია და მას სახელად გორი ჰქვია. ასეთი წინაპირობებიდან სრულიად ლოგიკური უნდა ყოფილიყო მოგვიანებით პერესტროიკის ხანაში ლეგალიზებული ქართული მესიანიზმის მიერ უკვე „ზეციური იერუსალიმის“, რომელიც იოანეს „გამოცხადების“ თანახმად ანტიქრისტეს დამარცხების შემდეგ ზეციდან მიწაზე დაეშვება, „ზეციურ საქართველოდ“ პაროდიზება, ისევე, როგორც „საქართველოს გაბრწყინებაში“ სტალინური ესქატოლოგიის მთავარი პრინციპის - ერთ, რჩეულ ქვეყანაში კომუნიზმის გამარჯვების ტრანსფორმაცია (გასახსენებელია, რომ სტალინური პროპაგანდა კომუნიზმის მშენებელ საბჭოთა ხალხს გაბრწყინების სიმბოლოებით გამოსახავდა).
სტალინის სიცოცხლეშივე იწყებს განვითარებას ქართული აკადემიური ნაციონალიზმიც, რომელიც, განსხვავებით ხალხური რწმენა-წარმოდგენებისაგან, ბევრად უფრო მიწიერია და, უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიაზე, როგორც ერთ ენაზე მოლაპარაკეთა ისტორიულ საკუთრებაზე პრეტენზიას, პოლიტიკურ არგუმენტად ამზადებს, რომლის საფუძველიც სწორედ ერის სტალინური განსაზღვრებაა. ამ არგუმენტის პირველი აპრობაცია იყო 1945 წლის 14 დეკემბერს ჯერ გაზეთ „კომუნისტში“, ხოლო 20 დეკემბერს „პრავდასა“ და „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას ერთობლივი სტატია - „თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ“, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ისტორიულ ნაწილებს ეხებოდა. 1945 წლის ოქტომბერში ბელადი თავის აგარაკზე ხვდება ამ ორ, იმ დროს ყველაზე ავტორიტეტულ ქართველ ისტორიკოსს და პირდაპირ რჩევებს აძლევს მათ იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს საქართველოს ისტორიიის კვლევა. ნიკო ბერძენიშვილის მოგონებების თანახმად, სტალინი განსაკუთრებით დაინტერესებული ყოფილა ქართველთა ეთნოგენეზისისა და ევროპისა და წინა აზიის უძველეს მოსახლეობასთან ქართველთა ნათესაობის კვლევებით: „ჭეშმარიტებაა - ტერმინი „ქართველი“ უნდა გაფართოვდეს. ეს აუცილებელია, როგორც ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, ისე ადრინდელი საქართველოს პოლიტიკის თვალსაზრისით... ჰკითხავდა სიმონს: შეიძლება - ხეტსკო-გრუზინსკაია გრუპპა ნაროდოვ?“ ამავე შეხვედრაზე სტალინი განსაკუთრებული ინტერესით საუბრობს დავით აღმაშენებელზე. მის აღტაცებას იწვევს დავითის სიძლიერე და ძალის პოლიტიკა: „Я за абсолютизм!“ - აცხადებს ბელადი. მას ასევე აუცილებლად მიაჩნია, რომ საქართველოს ისტორიაზე წერისას ხაზი გაესვას ქართველთა კულტურულ აღმატებულობას მათ სამხრეთელ მტრებსა თუ მეზობლებზე... ნიკო ბერძენიშვილი ასკვნის: „სტალინი განუხრელად ქართველი პატრიოტი იყო!“ ცნობილი ისტორიკოსის ეს განცხადება, პირველ რიგში, თავად პატრიოტიზმის იმ შინაარსს გამოხატა ვს, რომლის საქართველოში დამკვიდრებასაც სტალინის „ხელწერა“ ამჩნევია. სტალინი თუმცა თვით ქართველ მეცნიერებთანაც კი რუსულად ლაპარაკობს, მაგრამ მას მუდამ თან დაჰყვება მისი შიბოლეთი - ქართული აქცენტი, რომელიც მისი წარმომავლობის მაჩვენებელია. იდენტობის ეს ფორმა კი არანაირ უარყოფას არ ექვემდებარება, რის გამოც დიდი სტალინი მუდამ პატარა საქართველოსთან ასოციაციაში დარჩება. ასეთ ვითარებაში საჭიროა თავად საქართველო წარმოჩინდეს დიადი. სტალინი იძულებულიც კია შეცვალოს მისი შიბოლეთის ის შინაარსობრივი დატვირთვა, რომელიც მე-19 საუკუნის რუსულმა იმპერიალიზმმა შექმნა და რომელიც საქართველოს და მთელ კავკასიას ველური, უკულტურო ტომებით დასახლებულ ტერიტორიად აღიქვამდა. სტალინს საქართველოს სიდიადე მისი საკუთარი მაღალი, კულტურული წარმომავლობის საჩვენებლად სჭირდება, რაც პირდაპირი პასუხიცაა რუსულ ნაციონალ-ბოლშევიზმზე, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ნიკოლაი ბუხარინი რუსი ეროვნების ადამიანების სხვა საბჭოთა ეროვნებების ადამიანებზე კულტურულ აღმატებულებას აღნიშნავდა. მონუმენტალიზმი, რომელიც სტალინური ეპოქის კულტურის მთავარი მახასიათებელი ნიშანია, ჰუმანიტარულ აზროვნებაშიც აისახა. ყველაზე დიდი ქართველის სიდიადეს საქართველო რეფლექტირებს, ირეკლავს და ითავისებს. ამით მისი დამარხული, ჯერ კიდევ პრეისტორიული დიდებაც ლაზარესავით აღსდგება და აღორძინდება წითელი მესიის აქცენტიდან. აღორძინებას კი შესაბამისი ტერმინი აქვს: რენესანსი. შალვა ნუცუბიძის მიერ რუსულ ენაზე დაწერილი წიგნი „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ (1947წ.) ამ ეპოქალური პათოსის საუკეთესო გამოხატულებაა, რომლის მთავარი აზრი არა მხოლოდ ისაა, რომ რუსთაველი რენესანსის პოეტია, არამედ რენესანსი საქართველოში უკვე მე-12 საუკუნეში არსებობდა და, ამდენად, იგი ორი საუკუნით უსწრებს ევროპულს. ამ წიგნში არის ერთი ადგილი, რომელიც, ჩემი აზრით, მთელი სტალინური ეპოქის ქართულ ნაციონალისტურ იდეას ან წარმოსახვას ააშკარავებს. ნუცუბიძე წერს, რომ რუსთაველის ქმნილება კლასობრივ სიძულვილზე ამაღლდა თავისი ინტერნაციონალური შინაარსით. ამას მოჰყვება შეკვეცილი ციტატა „ვეფხისტყაოსნის“ 970-ე სტროფიდან ნუცუბიძისავე რუსულ თარგმანში, რომელიც ასე ჟღერს: „И пришли пред ним склонитья тварей мира вереницы,/Инды, греки и арабы с двух сторон из-за границы,/Персы, русские и франки, и египтяне-мисрийцы“ (გამოტოვებული მეორე სტრიქონი შეგვიძლია ქართულად გავიხსენოთ: „კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი“). ნუცუბიძის მიერ შეცვლილ კონტექსტში რუსთაველის და მისი ქვეყნის თაყვანის საცემად მოდიან მსოფლიოს ხალხები, რაც ქართველი ბელადის საერთაშორისო თაყვანისცემის პროექციაა, რომელიც მთელ საქართველოზე უნდა გავრცელდეს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, სუპერლატივი, ანუ აღმატებითი ხარისხი, რომელიც თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თვისებაა („ყველაზე დიდი“, „ყველაზე ძლიერი“), სათავეს სტალინის ეპოქაში იღებს და უშუალოდ სტალინის, როგორც ქართული ეროვნული იდენტურობისა და სიამაყის ხატზე პროექციითაა სტიმულირებული. ამიტომაცაა საქართველო სკკპ XX ყრილობის გადაწყვეტილებით აღშფოთებული, რომელსაც ის საკუთარი ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფად, მის დეკლასირებად აღიქვამს. თბილისში 1956 წლის 9 მარტის საპროტესტო დემონსტრაცია ქართული ნაციონალიზმის სტალინის ფიგურასთან, მის ქართველობასთან იდენტობის პირდაპირი გამოხატულებაა. ამბოხებული საქართველო რუსულ-საბჭოთა იმპერიაში ქართული აქცენტის ჰეგემონიის აღსასრულს აპროტესტებს და საკუთარ ეროვნულ გრძნობებს შელახულად აღიქვამს. ამ მანიფესტაციის სისხლიანი ჩახშობა კი სტალინსაც კვლავაც იმ მითოსურ გმირად აქცევს, „ვისიც არ ითქმის სახელი, ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს, ჩუმის ნატვრითა ქართველი“. ოფიციალური ქართული კულტურიდან განდევნილი სტალინის სახელი კიდევ უფრო მყარად მკვიდრდება „უენო“ ანუ არანარატიულ ხალხურ კულტურაში, სადაც იგი ეროვნული გრძნობების გამოხატვის მთავარ სიმბოლოდ რჩება. მაგრამ არც ოფიციალური თუ „ელიტარული“ კულტურა ჰკარგავს იმ ინერციას, რომელიც მას სტალინის აქცენტის ბიძგებითა აქვს მიღებული: პატრიოტობა, რომელიც ამ ფენომენის სტალინურ მოდელზეა აგებული და საქართველოს ისტორიაზე და ქართულ კულტურაზე აღმატებით ხარისხში ლაპარაკს გულისხმობს, გვიანსაბჭოთა პერიოდში დისიდენტურ ტონად ითვლება, თუმცა კი ქართული ფილოლოგია, ისტორიოგრაფია, - მთლიანად ქართველოლოგია, - ამ განდევნილი „მამის“ სახელის მიერ და მის ხატად შექმნილ ნაციონალისტურ დისკურსში იმყოფება და მის ერთგულ დამცველად რჩება. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ქართულ კულტურაში (კინო, თეატრი, მუსიკა, დასავლურ-ევროპული ფილოლოგია, ფილოსოფია, სახვითი ხელოვნება, ყველაზე ნაკლებად კი ლიტერატურა) ალტერნატიული ტენდენციები ჩნდება, რომლებიც, მიუხედავად საერთაშორისო წარმატებებისა თუ „ელიტარულობის“ ხიბლისა, 80-იანი წლების ბოლოს ადვილად მარცხდება საბოლოოდ ლეგალიზებულ ქართულ ნაციონალიზმთან, რომლის ლეგალიზაციაც სწორედ ამ „ალტერნატიულზე“ იერიშით, მისი ანტიეროვნულ და კოსმოპოლიტურ დეკადანსად შერაცხვით იწყება. სამაგიეროდ, კანონიკურ სტატუსს იძენს ეროვნული გმირებისა და წმინდანების, საქართველოს გაბრწყინების, მისი სულიერი მისიის, ქართველთა უძველესი ქრისტიანობისა და ევროპელობის ნაციონალისტური კიჩი, რომლის „არქიტექტორი“ და „თანამდევი უკვდავი სული“ არა ილია ჭავჭავაძე, შოთა რუსთაველი ან დავით აღმაშენებელი, არამედ იოსებ სტალინია, რომლის „ოფიციალური კულტურიდან“ განდევნილი სახელი 80-იანი წლების ბოლოს ხალხურ-პროვინციულ სტალინიზმს საბოლოოდ შეერწყა და რელიგიური ნაციონალიზმისა და პოლიტიკური მესიანიზმის სახით უკან დაბრუნდა.
![]() |
21 ქუთაისი, ზღვის პირი |
▲ზევით დაბრუნება |
საავტორო
ავტორი: აკა მორჩილაძე
ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს.
ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო.
შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება.
ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით.
არსებობს ახლა ძველი შესასვლელი?
ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი.
ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა.
მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის.
ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები.
იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა.
1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება.
ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე „ქიმერიონში“, რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ.
ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა.
არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ.
რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური.
ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები.
ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა.
სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება.
ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა.
მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურო ბის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო.
დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის.
ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა.
ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა.
სულ სხვა რამის დაწერა მინდა.
სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო.
პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო.
ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი.
ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა.
ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს.
სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა.
მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, „საბუდარელ ჭაბუკში“ ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ?
ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე?
რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა.
ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი.
რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო.
გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული.
სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობასაუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.
მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ.
ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი.
მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს.
დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო...
ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში.
ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს.
მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა.
მერე წავიკითხე მისივე „მუსიკა ქარში“. ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე.
მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება.
ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ.ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი.
ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო.
კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო.
ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა.. .
ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს.
მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე.
მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე.
ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა.
მოვიგეთ, ფეოლა...
გაგიჭირდებოდათ.
მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ.