The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №13 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №13 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პრესის მიმოხილვა თებერვალი, 2005 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


ახალი თაობა, 1.2.05.
შორენა კიწოწაშვილი
ბასილ მკალავიშვილს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ „არაერთი პოლიტიკური თუ სხვა ფაქტორის გათვალისწინებით“ განაჩენი გამოუტანა გლდანის ეკლესიის წინამძღვარს ბასილ მკალავიშვილს და გლდანის ეკლესიის მრევლის წევრებს. „საზოგადოების ნაწილი იმედს იტოვებდა, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველს სასამართლო გაათავისუფლებდა, ან პირობით სასჯელს მაინც შეუფართებდა, მაგრამ ხალხის იმედები არ გამართლდა...“ - წერს ავტორი, - მკალავიშვილს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა, პეტრე ივანიძეს - 5-ით, კოროშინაძეს - 1-ით. დარბაზში მყოფი გლდანის ეკლესიის მრევლი განაჩენის გამოცხადებას ხმაურით და შეძახილებით - იუდა! სატანა! ღმერთი არ გწამს?! - შეხვდა. თავად მკალავიშვილმა განაჩენს „სოროსსის განაჩენი“ უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება მისი ფიზიკური განადგურებისთვის. განსასჯელების ადვოკატები ქეთი ბექაური და ლალი აფციაური განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლე ტაბატაძემ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა და უკანონო განაჩენი გამოიტანა.

24 საათი,1.2.05.
ბასილ მკალავიშვილისთვია განაჩენი გამოტანილია

ამ ინფორმაციის მიხედვით, პეტრე ივანიძეს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, და არა 5-ით, როგორც ამას „ახალი თაობა“ წერს.

ალია, 3-4.2.05.
ეკა ასათიანი
პატიმრობამისჯილი ბასილ მკალავიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

ჟურნალისტთან საუბარში, მკალავიშვილი „სკანდალურ განცხადებებს“ აკეთებს და აცხადებს, რომ გამოძიების დროს მასთან რეგულარულად მიდიოდნენ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და სთავაზობდნენ გარიგებას იმის სანაცვლოდ, რომ მაკომპრომენტირებელ მასალებს გამოაქვეყნებდა პატრიარქის შესახებ და მის გადადგომას მოითხოვდა, მაგრამ ვერ დაითანხმეს. მკალავიშვილი ასევე იმეორებს, რომ დაგეგმილია მისი ფიზიკური განადგურება, რათა „საქართველოში იეღოველები გამრავლდნენ და ყველაფერი გააკეთონ მართლმადიდებლობლური სარწმუნოების წინააღმდეგ“.

24 საათი, 7.2.05.
ბექა სისიაური
რელიგიური დაპირისპირება სკოლაში

„ქრისტეს ეკლესიის“ ხუცესმა ომარ საცერაძემ თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის ოფისს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოფელ დილიკაურის საშუალო სკოლაში პედაგოგები ბავშვებს რელიგიური ნიშნით სდევნიან და სხვა ბავშვების თვალწინ შეურაცხყოფას აყენებენ. დილიკაურის საშუალო სკოლის პროტესტანტმა მოსწავლეებმა „24 საათის“ კორესპონდენტს განუცხადეს, რომ ასეთ ფაქტებს მართლაც აქვს ადგილი. მე-11 კლასის მოსწავლის რევაზ საცერაძის სიტყვებით, ბიოლოგიის მასწავლებელი ნაირა ოდიკაძე ბავშვებს მოძღვრავს, რომ მათ მხოლოდ მართლმადიდებლებზე უნდა იქორწინონ და პროტესტანტ ბავშვებს არ ემეგობრონ. მასწავლებელმა ნინო კაკიაშვილმა კი პროტესტანტ გოგონას „სექტანტი-ბაბტისტი“ უწოდა და უთხრა შენი მრწამსის უნდა გრცხვენოდესო. მასწავლებლების მხრიდან ზეწოლა ორი თანაკლასელის - პროტესტანტის და მართლმადიდებლის - დაქორწინების შემდეგ დაწყებულა. მასწავლებლებმაც არ უარყვეს ფაქტები, მართალია, მათი ინტერპრეტაციით, ეს დევნა კი არა, დამოძღვრა იყო. ნაირა ოდიკაძემ იქვე დასძინა, რომ აღნიშნული ქორწინების შესახებ არაფერი იცოდა, თორემ არ დაუშვებდა, და საერთოდ, მისი აზრით, ბავშვები პროტესტატობას ანგარებით მისდევენ. „რაც შეეხება რელიგიურ შეურაცხყოფას, ჩემი მხრიდან ასეთს ადგილი არასდროს არ ჰქონია“.

კვირის ქრონიკა, 7-11.2.05.
ლევან ცალუღელაშვილი
სასულიერო აკადემიის რექტორად თავად პატრიარქი დაინიშნა

საულიერო აკადემიას ამიერიდან ორი პრორექტორი ეყოლება - პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი (სემინარია-აკადემიის პრორექტორი) და დეკანოზი გიორგი ზვიადაზძე (საღვთისმეტყველო ინსტიტუტეს პრორექტორი). რქტორობა კი კათოლიკოს-პატრიარქმა იტვირთა.

ასავალ დასავალი, 7-13.2.05.
ნატო ფოცხიშვილი
სამართალმა პური ჭამა
მამა ბასილი ექვსი წლით გამოკეტეს

წერილი ბასილ მკალავიშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება.

მის ავტორს მოჰყავს განაჩენის ტექსტი, რომელიც მოსამართლემ წაიკითხა, და მკალავიშვილის გამოსვლა განაჩენის გამოცხადების შემდეგ, რომლის ლაიტმოტივი კვლავინდებურად არის: „მართლმადიდებლობას ათ შაურად ყიდიან!“ თავად ჟურნალისტის შეფასება კი ასე ჟღერს: „... შთამომავლობამ უნდა იცოდეს, XXI საუკუნის გარიჟრაჟძე, როგორ გაასამართლეს მართლმადიდებლობის მედროშე!“

ახალი თაობა, 11.2.05.
ნანა მიშელაშვილი
... ჩვენ შეგვიძლია გავუძლოთ მოულოდნელ რყევებს, ტრაგედიებს, ტერაქტებს

სტატია მოგვითხრობს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შესახებ პარლამენტის წინაშე. სხვა საკითხებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ეკლესიის თემასაც შეეხო. „ყოველგვარი მცდელობა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა შეირყას, ყოველგვარი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე - ეს არის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური ქმედება. პოლიტიკური ქულების დაწერა არ შეიძლება ეკლესიის შიგნით რაიმე სახის ინტრიგრბის ხარჯზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი თაობა, 13.2.05.

ილია მეორეს საპატიო აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს

გაზეთი გვატყობინეს, რომ პატრიარქს ეს წოდება 11 თებერვალს გამართულ ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე მიენიჭა.

რეზონანსი, 19.1.05.
ქეთი ბერიკაშვილი
ქართული საფლავები სომხური ეკლესიის ეზოში

სტატია იმ კონფლიქტს ეხება, რომელიც თბილისში მდებარე ნორაშენის ღვთისმშობლის ხარების სომხური ეკლესიის ეზოში ქართველ წმინდა მამებთა საფლავების ქვების განთავსებამ გამოიწვია. სტატიის ავტორს დაუდგენია, რომ ეს ეკლესია საბჭოთა პერიოდამდე სომხებს ეკუთვნოდა, საბჭოთა პერიოდში აქ მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, 1995 წ. 15 თებერვალს კი მირქმის დღესასწაულზე საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიად აკურთხეს და მართლმადიდებლური წირვაც ჩაატარეს, რასაც სომეხთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საპატრიარქო იძულებული იყო ეკლესია სომხებისთვის დაებრუნებინა. ნორაშენის ეკლესია დღეს არ მოქმედებს, ის სომხებისთვის იმითაა ძვირფასი, რომ ცნობილი სომეხი მხატვრის ჰოგნატანიანის მოხატულია.

ის, რომ ქართველ წმინდა მამათა საფლავის ქვები ნორაშენის ეკლესიის ეზოში უკვე ნახევარი წელია, რაც ალაგია, სომხების უკმაყოფილებას იწვევს. საპატრიარქოს ამაში ბრალი არ მიუძღვის - ქვები აქ ჯვრის მონასტრის დეკანოზის მამა ტარიელის ინიციატივათაა გადმოტანილი (თუმცა, თვითონ მამა ტარიელი ამტკიცებს, რომ ისინი ეკლესიის ეზოში მიწაში აღმოაჩინა). ამას პარლამენტის წევრი ვან ბაიბურთიც ადასტურებს ჟურნალისტთან საუბარში და სამცხე-ჯავახეთში მოქმედი კავშირი „ჯავახკიც“, რომელმაც 17 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მიმართვის მიზეზი ნორაშენის ეკლესიაში მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტი გახდა - მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა (არ სახელდება, ვინ) ეკლესიის მსახურებს განუცხადა: „სომხეთში წადით და იქ ილოცეთ, ეს ეკლესია ჩვენიაო“. საზოგადოება „ჯავახკი“ ითხოვს ნორაშენის ეკლესიის ეზოდან ქართველ წმინდა მამათა საფლავების ქვების გატანას და საქართველოში არსებული სომხური ძეგლების დაცვას.

ასავალ-დასავალი, 21-27.2.05.
სრულიათ საქართველოს ადამიანის უფლებეთა დაცვის ასოციაციის სახელით ღვთისმსახური მირონ (მერაბ) სულაქველიძე და ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კირვალიშვილი
ღია წერილი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს

წერილის ავტორები თხოვნით მიმართავენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიას გამოსვენების შემდეგ აკურთხონ შებილწული სამების ტაძარი, ვინაიდან, ზურაბ ჟვანიას „ანტიქრსტიანული პოზიცია ეკავა, დემოკრატიულუი სიახლეების გატარებისთვის გამოყოფილ სახსრებს იგი ძირითადად ჩვენი ტრადიციული ღირებულებებისა და სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლაში აბანდებდა, რისი მკაფიო მაგალითია თუნდაც ეკლესიის მიმართ ბოლო ჟამს აღძრული ბრალდებების მთელი კასკადი... მის მიდრეკილებებთან დაკავშირებით არაერთხელ გვსმენია.“ ამას, წერილის ავტორების აზრით, დაემატა ჟვანიას სამების ტაძრიდან გამოსვენებისას კანონიკური ნორმების დარღვევა და ლიტურგიის ჩატარების დროს ტაძარში მოუნათლავ პირთა და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელთა დასწრება, რაც „პან-ეკუმენისტური თანამლოცველობის ტოლფას ანტიეკლესიურ და მორწმუნეთა საეკლესიო უფლებების შემლახველ აქტს წარმოადგენს.“ (ციტირებისას სტილი დაცულია - რედ.)

კვირის ქრონიკა, 21-27.2.05.
ლევან ცალუღელაშვილი
როგორ გახდა კათოლიკე დიაკვანი მართლმადიდებელი

ჟურნალისტი მოგვითხრობს, როგორ გააკათოლიკეს შეპარვით ჩვეულებრივი თბილისელი ალეკო ცანავა, როგორ ამზადებდნენ კათოლიკური მსახურებისთვის, როგორ მოხდა მასში სულიერი გარდატეხა და როგორ დაუბრუნდა იგი მართლმადიდებლობლობას. ალეკო ცანავა ყვება, რომ შეესწრო დედა ტერეზას დების მოქმედებას ერთერთ საავადმყოფოში - „ისინი თავიანთი დახმარებით სპეკულირებდნენ და სინამდვილეში თავიანთ რელიგიას ავრცელებდნენ“.

კვირის ქრონიკა, 21-27.2.05.
ლევან ცალუღელაშვილი
სკოლებში რელიგიის სწავლება სახიფათოა

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რელიგიის სწავლების შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს თეოლოგი ლევან აბაშიძე. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სკოლებში საღვთო სჯულის სწავლება მხოლოდ ნებაყოფლობიოთი უნდა იყოს, ან საერთოდ არ იყოს. ლევან აბაშიძე შიშობს, რომ საქართველოში რელიგიის სწავლება „იქნება თითქოს ნეიტრალური, მაგრამ ამავე დროს იქნება დიდი მართლმადიდებლური დატვირთვა“, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო იდეოლოგიას ემსგავსება, და თუ საბჭოთა კავშირში ბავშვებს „მარქსიზმს უჩიჩინებდნენ, ახლა მართლმადიდებლობა უნდა უჩიჩინონ“, და ეს საბოლოო ჯამში თავად ელკესიას მიიყვანს კატასტროფამდე. აბაშიძის აზრით, საქართველოში არც სათანადოდ მომზადებული კადრები არსებობს იმისათვის, რომ ეს საგანი უახლოეს წლებში იქნას შემოღებული სკოლებში.

ახალი თაობა, 28.2.05.
შორენა კოკორაშვილი
დღევანდელმა მთავრობამ სასიკვდილოდ გამიმეტა

ჟურნალისტი დაუკავშირდა მკალავიშვილს, რათა შეიტყო, რომ ის ციხეში გაეროს წარმომადგენლმა მანფრედ ნოვაკმა მოინახულა. მკალავიშვილმა დაადასტურა, რომ მას მართლაც ეწვია გაეროს წარმიმადგენელი და შეჰპირდა, რომ გაეროში მის საქმეს გულდასმით შესწავლიან და პასუხს მოსთხოვენ საქართველოს მთავრობას გლდანის ეკლესიის მრევლის დარბევისთვის, რომერლიც მის დაპატიმრებას მოჰყვა. მკალავიშვილის სიტყვებით, გაერო მის საკითხს 23-ე სესიაზე განიხილავს.

მკალავიშილმა ასევე განუცხადა ჟურნალისტს, რომ 6 წლის პატიმრობა მისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია, ვინაიდან მრავალი წელია მძიმედაა დაავადებული გულით.

ასავალ-დასვალი, 28.2.-6.3.05.
გურამ შარაძე: სამმა მოღალატე მოსამართლემ ქვეყანას 12 ტონა საწამლავი მოსდო

თავის ინტერვიუში შარაძე აცხადებს, რომ მას ხელთ აქვს 2005 წლის 21 იანვრის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც „სამმა ქართველი ხალხის და მართლმადიდებლობის მოღალატე მოსამართლემ - ხათუნა არავიძემ, მარინა ფარცვანიამ და მამნანა ნასარიძემ - კოლინ პაუელის და იეღოველების ბრძანების საფუძველზე, 12 ტონა იეღოველთა ლიტერატურა მთელ საქართველოს მოჰფინეს.“ ამავე ინტერვიუში შარაძე ჰყვება, როგორ შეიყვანა მან ციხეში ბასილ მკალავიშვილთან მეუფე გერასიმე და მეუფე თევდორე, რათა მათ მოლაპარაკება ეწარმოებინათ გდლდანის ეკლესიის მოძღვრის და მისი მრევლის პატრიარქთან შერიგების თაობაზე. შემდეგ კი, შარაძის სიტყვებით, როდესაც მხარეები შერიგებაზე წასასვლელად მზად იყვნენ, საპატრიარქოს „ერთმა ცნობილმა თანამშრომელმა“ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მომხდარიყო, და „მამა ბასილი ციხეში ჩამპალიყო.“

2 სასულიერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


თებერვლის თვის გამოცემებში, როგორც წესი, ისტორიული მოვლენებს და წმინდათა ცხოვრების მიმოხილვას დაეთმო. მრავლად იყო საუბარი ისეთ ცნებებზე როგორებიცაა: ცოდვა, სინანული, შენდობა. ასევე მრავალი სტატია მიეძღვნა თამბაქოსა და ალკოჰოლ გამოყენების მავნე ჩვევასაც.

2.1 საპატრიარქო და განათლების სამინისტრო

▲ზევით დაბრუნება


„22 იანვარს საპატრიარქოში ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი კომისიის მემორანდუმს... დოკუმენტის მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას ენიჭება უფლება, მონაწილეობა მიიღოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №4, 28.01 - 4.02.05.)

მემორანდუმს ხელი ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა, და განათლების მინისტრის მოადგილემ, ბელა წიფურიამ, მოაწერეს. ამ დოკუმენტის საფუძველზე დგება განათლების სამინისტროსა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს ამ ორ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელითაც დარეგულირდება შემდეგი საკითხები: სასულიერო სასწავლებელების მიერ გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტების, აკადემიური ხარისხებისა და წოდებების განათლების სამინისტროსთან გათანაბრებულად ურთიერთაღიარების პროცედურების შემუშავება და სამართლებრივი უზრუნველყოფა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მართლმადიდებელ სარწმუნოების სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა (კურსის მომზადება, სახელმძღვანელოების შემუშავება, კადრების მომზადება და დანიშვნა) და ა.შ.

2.2 მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა კონფესიები

▲ზევით დაბრუნება


„კარიბჭეში“ გამოქვეყნებულია სერგო კერესელიძის სტატია „ჩვენ სექტანტებს კი არ ვებრძვით, არამედ ვიბრძვით სექტანტებისთვის“. მასში საუბარია საქართველოში სექტების გავრცელებით შექმნილ საფრთხეზე. ამ საფრთხის სიმწვავის საჩვენებლად სტატიში გახსენებულია კათოლიკოს-პარტიარქის 1991 წლის სააღდგომო ეპისტოლე: „დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტებისა, ორმოცდაათიანელებისა, ევანგელისტებისა, იეღოველებისა, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენელებისა: ბუდისტებისა, ინდუსტებისა, კრიშნაიტებისა და სხვათა. ისინი ცდილობენ, გაავრცელონ თავიანთი ცრუ სწავლება, ეწევიან აქტიურ პროპაგანდას და ხშირად მიზანსაც აღწევენ... უნდა ვიცოდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ძალა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა ის რწმენა, წესები და ტრადიციები, რომლებიც უფალმა მოციქულებს დაუტოვა.“

ავტორი თვლის, რომ „სექტანტობის გავრცელება არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვისაც საფრთხის შემცველია. ამის საილუსტრაციოდ იეღოველ-რასელისტთა სექტის პოზიციის გაცნობაც კმარა.“ მაგალითად, ამ უკანასკნელთა მიერ ეროვნული მახასიათებლის უმნიშვნელოდ აღიარება, პატრიოტიზმის უარყოფა და სახელმწიფოს „ბოროტ სისტემად“ გამოცხადება სახელდება. სტატიაში ასევე საუბარია არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრზე, რომელშიც მისი ხელმძღვანელის, მამა ოლეგ სტენიევის თქმით, „უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა აღმოსავლური სექტებიდან და გაერთიანებებიდან ხალხი დაზიანებული ფსიქიკით წამოსულა.“ მისი თქმით, რეაბილიტაციის ცენრტში მისულთა შორის იყვნენ „იეღოვას, კრიშნასა და სხვადასხვა სატანისტური სექტების“ წარმომადგენლები. („ჩვენ სექტანტებს კი არ ვებრძვით, არამედ ვიბრძვით სექტანტებისთვის“, №2, 02.05, გვ. 32-33).

„საქართველოში მართლმადიდებლობა ყოველთვის გამოირჩეოდა შემწყნარებლობით. მისთვის მიუღებელია ძალადობა სხვა სარწმუნოების მიმდევართა მიმართ“, - ასე იწყება გაზეთ „მადლში“ გამოქვეყნებული სტატია. და შემდეგ გრძელდება: „იქნებ, სწორედ ამის გამოა, რომ დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს მისი შევიწროვება, განსაკუთრებით ეს იგრძნობა ჯავახეთში. აქ არა მხოლოდ სხვადასხვა სარწმუნოებისა და რელიგიური სექტების გაძლიერებული ექსპანსიას აქვს ადგილი, არამედ ძირძველი ქართული მართლმადიდებლური ძეგელების მითვისებას, გადაკეთება-დამახინჯებებს და სხვა“. სტატიაში საუბარია ქალაქ ახალციხის ერთ-ერთი უბნის (წარსულში სოფლის) - მარდის ეკლესიაზე, რომელზეც ავტორის თქმით, უკანასკნელ პერიოდში გაჩნდა სომხური წარწერები. მისივე მტკიცებით, სარწმუნო წყაროდან ცნობილი გახდა, რომ „ეს წარწერა ერევნიდან მიღებული მითითებით არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჯავახეთის“ - წევრებმა შეასრულეს.“ და ბოლოს, ავტორი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ „ქართულ ხუროთმოძღვრების ძეგლებზე ანალოგიური ქმედებები არახალია“ და იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება სამართალმდამცავ ორგანოებთან ერთად აქტიურად არ ჩაერთო ამ პრობლემის გადაწყვეტაში, „ხვალ შეიძლება გვიანი იყოს“. („ხვალ შეიძლება გვიანი იყოს!..“, „მადლი“, №1-2, იანვარ-თებერვალი, 05.)

„სექტანტების“ თემას გარკვეულწილად შეეხო ჟურნალი „კარიბჭეც“. სტატიაში „რისხვით ანთებული სახე ძნელადღა ჰგავს ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს“ ვკითხულობთ „სტუდენტ გვანცას“ კომენტარს თემაზე „სიმშვიდე“, რომელიც ამ ნომრის თემა იყო: „როცა სიმშვიდეზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ერთი ჩემი თანაკურსელი მახსენდება. ყველაფრის მიმართ გულგრილია, რაც არ უნდა მოხდეს, ძარღვი არ აუტოკტება... გვიკვირდა, მაგრამ კითხვას ვერ ვბედავდით. მერე კი გავიგეთ, იეღოველი ყოფილა. ეს ხომ ხელოვნური სიმშვიდეა!.. ალბათ, ეს ცნება რაღაცით ისეთს მოიცავს, რაც მე არ მესმის, სხვაგვარად ღმერთი როგორ გვეტყოდა, მშვიდად იყავი მაშინაც, როცა სხვებს უჭირთო?“ („კარიბჭე“, №2, 02.05, გვ. 10-11).

2.3 თავისუფლება და სექსუალური ჯანმრთელობა

▲ზევით დაბრუნება


„სექსუალური ჯანმრთელობის პრობლემაზე“ მსჯელობას ეთმობა „საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორები (ირინე ბიბილეიშვილი და ნატო ასათიანი) მიმოიხილავენ ა.შ.შ.-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ „სქესობრივი თავშეკავების სწავლების“ პროექტებს. მათი ინფორმაციით, განვითარებული ქვეყნები მილიონობით დოლარს ხარჯავენ მოზარდებში სექსუალური თავშეკავების სწავლებისთვის და ამ პროექტებში მედიასთან ერთად, საკმაოდ აქტიურად რელიგიური ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი: „თითქმის ყველა მიმართულებას წითელ ხაზად გასდევს ჯანსაღი ცხოვრების წესის რელიგიური ხედვის წინ წამოწევა და ამის ჩვენება ადამიანებისთვის... ეს საუკუნე ცივილიზაციათა ურთიერთობის საკუუნეა. ეს იმის საწინდარია, რომ ადამიანებმა ერთად უნდა ისაუბრონ კულტურაზე, მეცნიერებაზე და ვიფიქროთ ზნეობაზეც. ამიტომ ურიგო არ იქნებოდა განვითარებული ქვეყნების იმ გამოცდილების გაზიარება, რომლის მიზანია სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდა.“ („ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის უცხოური პროგრამების მოკლე მიმოხილვა“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №6, 11 - 17.02.05.)

გაზეთის ამავე ნომერში საუბარია მავნე ზეგავლენაზე ღომელიც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს აქვთ საზოგადოებაზე. აქ გამოქვეყნებულია ნიკოპოლისისა და პრევეზას მიტროპოლიტ მელეტი კალამარასის შეხედულებები „თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების შესახებ“, რომელბიც საკუთარ თავს „არ უქვემდებარებენ ზნეობრივ და რელიგიურ პრინციპებს“, ტელევიზისაა და ბეჭდვითი მედიის საშუალებით მართავენ საზოგადოებაში არსებულ, მათთვის საინტერესო პრობლემებზე დისკუსიას, საზოგადოებას პრობლემების გადაჭრის საკუთარ გზასაც სთავაზობენ და ბოლოს „ხალხის სახელით მოითხოვენ, რომ მიღებული იქნას სხვადასხვა სახის კანონები, მაგალითად, გადაისინჯოს შეხედულებები პროსტიტუციისა და ჰომოსექსუალიზმის შესახებ და ეს მოვლენები უკვე აღარ უნდა ჩაითვალოს საზოგადოებისთვის მიუღებელ ცოდვებად.“ („რას ამბობს „ხალხი“, „საპატრიარქოს უწყებანი“, №6, 11 - 17.02.05.

2.4 ეკლესია და მეცნიერები

▲ზევით დაბრუნება


სავარაუდოდ, კათოლიკოს-პატრიაექის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად არჩევასთან დაკავშირებით, სასულიერი გამოცემებში გაჩნდა სტსტიები, ქართული მეცნიერების და მისი მსახურების განსაკუთრებულ ღვაწლზე და მნიშვნელობაზე: „მეცნიერების განსაკუთრებული როლი „დღეს ყურადღება უნდა მიექცეს მეცნიერებს და მეცნიერებას. დღეს განსაკუთრებით უჭირთ მათ. საქართველოს ეკლესია ქედს იხრის ჩვენი მეცნიერების წინაშე.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №4, 28.01 - 4.02.05.)

პატრიარქი თავის ქადაგებეში საკმაოდ ლიბერალურ დამოკიდებულებას გამოხატავს და საპატრიარქოსთან შექმნილ სულიერების, მეცნიერებისა და განვითარების ახლადშექმილ ფონდში არ გამორიცხავს სხვადასხვა აღმსარებლობების წარმომადგენელთა თანამშრომლობას: „ეს იქნება ფონდი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რელიგიური თუ ეროვნული კუთვნილებისა. ეს იქნება ფონდი რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების განმტკიცებას... ეს იქნება ძლიან გამჭირვალე ფონდი. ყველას გვეცოდინება ყოველი თეთრი სად დაიხარჯება. ეს ფონდი უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის კონტროლის ქვეშ იქნება და მასში იარსებებს განმკარგავი საბჭო 12 ადამიანის შემადგენლობით.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №7, 18 - 24 .02.2005).

2.5 დებატები დარვინიზმზე და ევოლუცის თეორიაზე

▲ზევით დაბრუნება


თებერვლის გამოცემებში ისევ აქტუალური გახდა ევოლუციის თეორიის უარყოფა. პროფესორ გიორგი ბაღათურიას სტატია „და შექმნა ღმერთმან კაცი...“ სწორედ ამ თემას ეძღვნება. გიორგი ბაღათურია თვლის, რომ თანამედროვე მეცნიერების მიერ აღმოჩენილი მასალები (მაგალითად, მთვარეზე მტვრის დიდი საფარის არქონა) ადასტურებს იმას, რომ სამყაროს შექმიდან დღემდე გასულია საკმაოდ ცოტა დრო და დღეს არსებული ბუნების კანონები გამორიცხავს ევოლუციური განვითარების შესაძლებლობას. უფრო მეტიც: „არქეოლოგიური გათხრებით ნაპოვნია მილიონობით ნამარხი ნაშთი და არსად არის ევოლუციური თვითგანვითარების დამადასტურებელი ფაქტები - გარდამავალი ფორმების უწყვეტი ჯაჭვი, ყველა ფორმა დასრულებულია და სრულყოფილი... ამრიგად, გადაჭრით უარყოფილია სამყაროს შემთხვევითი წარმოქმნისა და შემდგომი ევოლუციური, თავისთავადი აღმასვლადი განვითარების აუცილებელი და საკმარისი პირობები და დადასტურებულია, რომ სამყარო შექმნილია უზენაესი ინტელექტის, ანუ ყოვლად ძლიერი შემოქმედი ღმერთის მიერ.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, №5, 4 - 10 .02.05, №6, 11 - 17.02.05, №7, 18-14.02.05.)