The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №36


ცხელი შოკოლადი №36


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, გაბუნია დათო, ბაბუაძე თამარ, კორძაია-სამადაშვილი ანა, გვახარია გიორგი, ტურაშვილი დათო, ცეცაძე მაია, ამაღლობელი ნატა, ბექიშვილი ნინო, ლომაძე ნინო, ნავერიანი სანდრო, კურტანიძე კახაბერ, ჯაში სალომე, ლეჟავა ნინო, ანთაძე ია, ლერი ჯონ, პეკერი ჯორჯ, ძანძავა ნინო, მორჩილაძე აკა
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მარტი, 2008, გარეკანზე: მაკა ანთიძე ფოტო: ლევან ხერხეულიძე მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, თამარ სუხიშვილი, სალომე ჯაში, სანდრო ნავერიანი, ნინო ლეჟავა, დათო გაბუნია, ნინო ძანძავა, ნატა ამაღლობელი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, კახა თოლორდავა, ნინო ლომაძე, მაია ცეცაძე, ნინო ბექიშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ქეთო ცაავა, ნიკო ტარიელაშვილი ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ახალი გასართობი მაქვს - ამერიკის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვება, რაც გულისხმობს ტელედებატების მოსმენას, ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებში ხეტიალს, ჩვენი ჟურნალისათვის ობამა-კლინტონმაკქეინზე სტატიების მონიშვნას და, ბოლოს - შურით გასკდომას. შურით გასკდომას იმიტომ, რომ ზუსტად 1000 სინათლის წელიწადით შორს მგონია ჩვენი პოლიტ-რეალობა იმისაგან, რაც ამერიკაში ხდება. არადა, რა ხდება ასეთი განსაკუთრებული? კანდიდატები ორწლიან წინასაარჩევნო მარათონში არიან ჩაბმულნი, ამომრჩევლებთან შესახვედრად შტატიდან შტატში მოგზაურობენ, მონაწილეობას იღებენ სატელევიზიო დებატებში, სადაც ყველა კითხვაზე, იქნება ეს პირადი ცხოვრება, ჯანდაცვის სისტემა, განათლება, ომი ერაყში, პალესტინა და ბირთვული შეიარაღება - კარგად გააზრებული პასუხები აქვთ მზად. 1000 სინათლის წელიწადით სიმბოლურად აღნიშნული მანძილიც, იმის ბრალი მგონია, რომ ჩვენ, ამერიკის კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებისაგან განსხვავებით, არ ვსვამთ იმ კითხვებს, რომლებზე პასუხის გასაცემადაც პოლიტიკოსები სერიოზულად უნდა ირჯებოდნენ. ჩვენ არ ვსვამთ საჭირო, ინფორმირებულ კითხვებს, არ ვაიძულებთ მედიას დასვას ის კითხვები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ვჭორაობთ რეალობაზე და ნებას ვრთავთ ჟურნალისტებს, ჩვენს გასართობად საჯაროდ იჭორაონ.

ალბათ, ამიტომაც გახდა „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომრის მთავარი თემა მედია და ჟურნალისტები.

მაკა ანთიძე ბრიტანული საიფორმაციო სააგენტოს „როიტერის“ კავკასიის ბიუროს კორესპონდენტია, რომლისთვისაც რეპორტიორობა, კითხვებზე პასუხის მიღება თვითკმარი პროფესიაა, რთული პროფესია, რომელიც მუდმივად ითხოვს ნაბიჯს წინ და თავგადადებულ შრომას.

ამ ნომერშივეა ინტერვიუ ია ანთაძესთან, ჟურნალისტთან, რომელმაც გამოთქვა სურვილი, კენჭი იყაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე. მისი მიზანიც რთულია - მოიხვეჭოს ნდობა, გაათავისუფლოს ეს ტელევიზია პოლიტიკური გავლენებისაგან და მიიღოს პასუხები რთულ კითხვებზე, არა მხოლოდ პოლიტიკოსებისაგან, არამედ ყველასგან, ვინც ქმნის საზოგადოებრივ ცნობიერებას.

საჭირო კითხვებს არ სვამს „ანალიტიკური თოქ-შოუ „პრაიმტაიმი“ და ამიტომ, გთავაზობთ კრიტიკულ კომენტარს ამ გადაცემაზე იმ მიზნით, რომ სატელევიზიო „პრაიმტაიმი“, მართლაც, ანალიტიკური და სასარგებლო გახდეს იმ უამრავი მაყურებლისათვის, ვინც ამ გადაცემას უყურებს.

უნდა გამოცხადდეს თუ არა მართლმადიდებლობა ქვეყნის ოფიციალურ რელიგიად და რას ნიშნავს ათეისტებისათვის ომის გამოცხადება? ყოფილი ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის ფსევდონაციონალისტურ და ფსევდორელიგიურ პოლიტიკურ რიტორიკაზე საუბრობენ დეკანოზი კახაბერ კურტანიძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

ამ ნომრის სტუმარი სხვა ბევრი საინტერესო ადამიანია, მაგალითად, ნინო კირთაძე, რომლის დოკუმენტურმა ფილმმა „დურაკოვო“ სანდანსის კინოფესტივალის ჯილდო და რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ზემფირა, რომლის ჩავლილ მეამბოხეობასაც მისტირის ანა კორძაია-სამადაშვილი.

ამერიკის პოლიტიკურ რეალობაში მეამბოხე ბარაკ ობამაა. ჩვენთან?

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დათო გაბუნია

აქა ამბავი 8 ქალისა და სპეცროექტისა

ქალები ქართულ ლიტერატურაში, ეს ის თემაა, რომელზეც ბოლო რამდენიმე წელია, განუწყვეტლივ ვფიქრობ. არაერთი კამათისას მიყვირია ხმის ჩახლეჩამდე, რომ ქალთა შემოქმედებაზე ნიჰილისტური ქილიკი ლიტერატურაში ნაკლებად გათვითცნობიერებულობას ნიშნავს და მეტს არაფერს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო... ჰოდა, ახსნა-დასაბუთების შემოვლითი გზების ძიებისას საჟურნალე სპეცპროექტის იდეა მომივიდა: ვესაუბროთ მკითხველებს თანამედროვე ქართველ მწერალ ქალებზე, რას წერენ ისინი, როგორ წერენ, რა წიგნები გამოუციათ და ეს ყველაფერი მათი ფოტოპორტრეტების ფონზე მოხდეს. დავიწყეთ ქალი მწერლების არჩევა, ვინ და რატომ უნდა მოხვედრილიყო ამ პროექტში. ამ საქმეში ანა კორძაია-სამადაშვილიც მოგვეხმარა, ძირითადად, თავს გვიქნევდა, სწორად აგირჩევიათო. ყველანი ერთად ვწუხდით, რომ 8 ავტორის შერჩევისას უთუოდ ბევრი დაგვრჩებოდა „მიღმა“, საბოლოოდ კი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და ისიც დავამატე, ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია ნამდვილად არა ვარ და მოდი, ეს ჩემი სუბიექტური სია იყოს-მეთქი. თავად ანა (რომელიც უსიტყვოდ უნდა ყოფილიყო პროექტის ერთ-ერთი მონაწილე), მისი დიდსულოვანი თანხმობითა და ჩემი უსინდისობით, მოვაშთე სიიდან, შინაურ მღვდელზეც უთუოდ გაგონილი გექნებათ ანდაზა, თანაც ვანუგეშე: რაღა დროს შენი თანამედროვე მწერლობაა, უკვე კლასიკოსებში გადაბარგდი-მეთქი.

ერთი სიტყვით, დავირაზმეთ და 8 თანამედროვე ქართველ მწერალ ქალს ჟურნალის ფურცლებზე მოვუყარეთ თავი. თუ მათ უკვე იცნობთ, ძალიან გაგვიხარდება, ხოლო თუ ამ პროექტის საშუალებით გაიცნობთ, სიხარულისგან სულაც ცას ვეწევით. მოკლედ, 8 მარტს „ცხელი შოკოლადის“ მარტის ნომერში „8 ქალით“ აღვნიშნავთ.

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ სხვების სვეტები ზომიერია (არამხოლოდ მოცულობით) და ჩემი კი - აშკარად მანიაკალური. ადრე მეგონა, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ სვეტების წერა მიყვარს და ახლა კი ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც ახალ ავადმყოფობას მივაგენი, რადგან პრობლემა მხოლოდ ზომა არ არის. სამწუხაროდ, შინაარსიც პრობლემაა და წინა შემთხვევაში (მაგალითად), სულ სხვა ამბავი მინდოდა მომეყოლა, მაგრამ თავი მაინც ვერ შევიკავე და ისევ ჩვენს ხელისუფლებას მივადექი. არადა, მინდოდა სრულიად სხვა, არაპოლიტიკურ თემაზე დამეწერა და, მგონი, მართლაც ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა თბილისში, სვეტის კი არა, წიგნის დაწერასაც რომ იმსახურებს.

ამიტომაც ბოდიშს ვიხდი და ჩვენს მკითხველს დაგვიანებით ვულოცავ სასიხარულო მოვლენას - თბილისის ზოოპარკში პატარა სპილო დაიბადა.

მგონი, ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ასეთი ინტერესი საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში მომხდარი სხვა რომელიმე მოვლენის მიმართ არც გამოუჩენიათ. მართალია, ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებსაც მთელი მსოფლიო გამოეხმაურა, მაგრამ სპილოს დაბადება (არჩევნებისაგან განსხვავებით), ქართველების უმრავლესობას, უბრალოდ არც გაუგია. დანარჩენი სამყაროს საინფორმაციო საშუალებებმა კი ბავშვური მოუთმენლობით აიტაცეს ძვირფასი ნიუსი და მთელს მსოფლიოსაც სიხარულით მოსდეს საქართველოში ახალი სპილოს დაბადების ამბავი.

სპილოს დაბადება, თურმე, უკვე ისეთი იშვიათობაა დედამიწაზე, რომ მთელი მსოფლიო გამოეხმაურა თბილისის ზოოპარკში დედა სპილოს მშობიარობას და ამ ფაქტით ყველგან დაინტერესდნენ, საქართველოს გარდა. როგორც ჩანს, დღევანდელ ქართველს (საკმაოდ დიდ ნაწილს) მხოლოდ ისეთი ცხოველის ბედი აინტერესებს, რომელიც იჭმევა ან ჩვენ სპილოებისთვის მართლა ვერ მოვიცალეთ, რადგან სწორედ იმ დღეებში ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს გასტრიტი, იჟოგა და ბუასილი. თბილისიც იმ დღეებში (როგორც ყოველთვის ახალი წლის შემდეგ), წინაღამითდაბომბილ ხიროსიმას ჰგავდა, რომლის ქუჩებშიც კანტიკუნტად თუ მოძრაობდნენ ადამიანები და სპლიყვისთვის, აბა ვინ მოიცლიდა.

სხვათა შორის, კარგა ხანს არ ვიცოდი, რომ სპილოს შვილს (ანუ ყრმა სპილოს), სპლიყვი ჰქვია და პირველად საკუთარი შვილებისგან გავიგე ამ სიტყვის მნიშვნელობა.

ისიც ჩემი შვილების დამსახურებაა, რომ უკვე შარშან ვიცოდი თბილისის ზოოპარკში ფეხმძიმე სპილოს არსებობის შესახებ, მაგრამ შვილებისაგან განსხვავებით, ქართველი სპლიყვის დაბადებას, საკმაოდ მშვიდად შევხვდი. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არ გამიხარდა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ტვინებიც სულ სხვა ფაქტებითა და ინფორმაციებით გადავღალეთ.

ჩვენ გვგონია, რომ ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის და უპირველესად ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, ვიდრე სპილოებზე, ირმებზე თუ ნიანგებზე. თუმცა ასეთი არჩევანის პირობებში არც ადამიანი გახდა უკეთესი და არც ჩვენი ქვეყანა შეიცვალა ისე, ჩვენ რომ გვინდოდა. ამიტომაც (თუნდაც ექსპერიმენტის სახით) იქნებ იმ ცხოველებზეც ვიფიქროთ, რომლებსაც არ ვჭამთ, რადგან სინამდვილეში ადამიანები ყველაზე უკეთ სწორედ იმ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც ცხოველებზე ფიქრობენ და ზრუნავენ.

მოკლედ, გილოცავთ და იმედია, რომ როცა ჩვენი სპილო ერთი წლის გახდება, იმ დროისთვის უკვე სახელიც ექნება შერჩეული და პატარა ტორტით მაინც მივაკითხავთ თბილისის ეგრეთ წოდებულ ზოოპარკს...

0x01 graphic

გიორგი გვახარია

ახალი წლიდან გერმანიაში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აიკრძალა. ამ ნოვაციის გემო ერთხელ უკვე ვიგრძენი - სამი წლის წინ, იტალიაში. მეგონა, იტალიელები არ დამორჩილდებოდნენ ევროკავშირის ჩინოვნიკების გადაწყვეტილებას - გაწმინდონ ბებერი ევროპის ჰაერი. მაგრამ არა - მაშინვე დამორჩილდნენ.

ახლა გერმანიის დროც დადგა. ყველა კაფეში, რესტორანში, ჩემ საყვარელ ავსტრიულ საკონდიტროში ბერლინის საფესტივალო დარბაზთან, საფერფლეები აიღეს. ყავას აქ სიგარეტს ვეღარ მიაყოლებ. სწრაფად უნდა დალიო და ყინვაში გამოხვიდე ერთი-ორი ნაფაზის დასარტყმელად.

დაგეზარება და ცოტას მოწევ. შენი სხეულიც გაიწმინდება და ბებერ ევროპასაც მოაკლდება ნიკოტინის შხამი. ამერიკა და ევროპა ჰაერს ასუფთავებს. თუმცა, სიგარეტის წარმოება არ მცირდება. „ფილიპ მორისი“ ისევ ბობოქრობს და ისევ შლის ფრთებს - აქეთ, აღმოსავლეთისკენ. დავრჩით ჩვენ, „აზიატები“ და დარჩნენ ფირზე აღბეჭდილი მწეველები - ჰემფრი ბოგარტი, ანი ჟირარდო, ანუკ ემე, მარლენი. რა ჩამოთვლის ამ კარგ ხალხს!

სულ მალე, ჰაერგაწმენდილ დასავლეთში მხოლოდ ძველ ფილმებში თუ ნახავ მწეველებს. შეხედავენ ბავშვები ამ ფილმებს და იკითხავენ, დედიკო, მამიკო, რა უდევს ამ კაცს (ამ ქალს) პირში?

ძალიან მაინტერესებს, რას უპასუხებენ. ანდა, აქ, ჩვენთან, ჩვენს „აზიატურ სამფლობელოში“ რომ ჩამოიყვანენ სუფთა ჰაერში ჩასახულ თავიანთ ნაშიერებს (საქართველოს დღეს ხომ ტურიზმზე აქვს სწორება), რას ეტყვიან, რა ქვეყანაა ეს, სადაც ყველგან სიგარეტის ბუღი დგას? იქნებ, ეს ჭუჭყიანი, შხამიანი ჰაერია მიზეზი ჩვენი „აზიატური სამფლობელოს“ დეპრესიულობისა, სიყალბისა, ფანატიზმისა, ტოტალური უსიყვარულობისა? იმ ყველაფრისა, რაც განსაკუთრებით გიკლავს გულს, როცა ჰაერგაწმენდილ ევროპაში ხარ და იქ იგებ საქართველოს ამბებს.

„თბილისში ათეისტებისთვის ომი გამოუცხადებიათ“ - გვითხრა ვიღაცამ ბერლინში, ავსტრიულ საკონდიტროში ყავის სმისას.

აბა, როგორ არ უნდა მოგინდეს ამ დროს მოწევა?

0x01 graphic

ანა კორძაია-სამადაშვილი

ბოლო დროს სულ ერთი რომანი მახსენდება, „წყვდიადის მარცხენა ხელი“, ავტორის ვინაობა, ვაგლახ, დამავიწყდა. მოქმედება ხდება პლანეტაზე, რომელსაც ზამთარი ჰქვია. სულ ცივა. ზაფხული, თუ არ ვცდები, ორი დღეა და ისეთი ცხელი, რომ ისევ ის ყინვა ჯობს.

ამ პლანეტაზე კაცები და ქალები კი არა, ადამიანები ცხოვრობენ. გაიცნობს ერთმანეთს ორი ადამიანი და თუ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ქალი და კაცი მერე ხდებიან. შესანიშნავი პლანეტაა, თუ არ ჩავთვლით, რომ სულ ზამთარია.

ამბობენ, რომ ზამთარზე კი არა, დედამიწაზე ვცხოვრობ, თან მზიურ საქართველოში, მაგრამ მაინც რომ სულ ზამთარია! რა არი ესა? აკი თებერვალიო და ხეში წყალიო და ჩიტი-ჩიორაო - აბა, სად? ჩემ გარშემო კაცებსა და ქალებში ადამიანი მოკვდა, ისინი ამინდის პროგნოზს ჩაჰკირკიტებენ და სიხარულით მეუბნებიან, რომ მარტი ძალიან, ძალიან ცივი იქნება.

მე არ მეშინია სიცივის. საერთოდ, არ მცივა, როგორც ერთმა კაცმა მითხრა, რაღაც უჩვეულო ენდემური ჯიში ვარ - მგონი, არც ის კაცი იყო ადამიანი. უბრალოდ, ზამთარი ძალიან მომბეზრდა და ამ საქმეს ვერაფრით ვშველი, რაც ერთიათად მოსაბეზრებელია. ამიტომ ვიფიქრე, რომ წელიწადის ამ უსასრულო დროს ყველაზე უპრიანი ქალობა, კაცობა და ადამიანობა კი არა, დათვობაა: დავწვებოდი ჩემთვის თბილად, ბრიყვულ სიზმრებს ვნახავდი, თათის წოვასაც რა უშავს, მაინც სულ ამას არ ვაკეთებ? თან სუხი დამიცავდა, დათვების დედა...

სუხის გახსენებაზე: სად ხარო, მომწერა, და საუნაში-მეთქი, მივწერე. არ იკითხავთ, რა მიპასუხა? დათვი მჭლე და შენ მსუქანიო.

არც სუხი ყოფილა ადამიანი. არადა, ჩემი მეგობარია.

P.S. ესეც ჩემი მეგობარია, დათო მესხი. ამ სურათს რომ ვუყურებ, მჯერა - გაზაფხული მაინც მოვა.

0x01 graphic

თამარ ბაბუაძე

ერთი თვეა, აქტიური შეხვედრები მაქვს გაჩაღებული მაკა ანთიძესთან - Reuters-ის კავკასიის ბიუროს უფროს კორესპონდენტთან. ამ ერთი თვის განმავლობაში ორიოდე სირცხვილი ვჭამე. ჯერ იყო და, ერთხელ, როცა ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტეთ, ჩემი დიქტოფონი გაჯიქდა და გაშეშდა, ვერაფრით ავამუშავე. სიმწრის ოფლმა არ დამასხა მხოლოდ იმიტომ, რომ მაკა ძალიან უბრალო ადამიანია და ამის გამო, ვიცოდი, ჯვარს არ მაცვამდა, თუმცა, ჟურნალისტი რომ ინტერვიუზე ტექნიკურად გაუმართავი აღჭურვილობით მიდის - სირცხვილი, სირცხვილი! მოკლედ, ის ამბავი იმით დამთავრდა, რომ მაკას ინტერვიუ მაკასვე დიქტოფონსა და კასეტაზე ჩავწერე - „ჩემი ოქროა ეს, ჩემი, არასდროს უღალატია!“ - კარგა ხანს ესიყვარულა მაკა დიქტოფონს, სანამ REC-ის ღილაკს დავაჭერდით თითს. მერე იყო და, მეორედ ჩავიჭერი პროფესიონალიზმში და, პრინციპში - საქართველოს მოქალაქეობაშიც - მიტინგების მეტი რა მინახავს, მაგრამ როცა ერთ-ერთ ბოლო მიტინგზე მაკას გავყევი, ხალხის მასამ ძალიან შემაშინა. ისე შემაშინა, რომ შუა მიტინგზე მივატოვე მაკა და სამშვიდობოს რომ გამოვედი, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე... მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მაკა ანთიძეს ასეთი სირცხვილები არასდროს დაემართებოდა, არც კარიერის დასაწყისში და, მით უმეტეს, არც ახლა, იმიტომ, რომ ნამდვილი რეპორტიორია - ზუსტად ისეთი, როგორსაც ეს ცნება გულისხმობს და არა ისეთი, როგორებსაც ჩვენს მედია რეალობაში ხშირად შევხვედრივარ. მეტიც, ჩვენთან ხომ რეპორტიორის პროფესიას ალმაცერად უყურებენ და ჟურნალისტობის უფრო მაღალ ნიშად ეკრანს თვლიან, სადაც სულ ჩანხარ და ცნობილი სახე ხდები. ამიტომ, მინდა, მაკა ანთიძის გამოცდილება, განსაკუთრებით, დამწყებმა რეპორტიორებმა გაიზიარონ და მიხვდნენ, რა მომხიბვლელია თავს გრძნობდე პროფესიონალად.

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


გამოფენა-აქცია ყველასათვის

0x01 graphic

მხატვართა წყვილის - მამუკა ცეცხლაძისა და ლია შველიძის მიერ დაარსებული „სამხატვრო სტუდია ყველასათვის“ მართლაც რომ, ყველასათვისაა. სტუდიაში ნებისმიერი მსურველი, პროფესიონალიც და არაპროფესიონალიც, გამოცდილ მხატვრებთან ინდივიდუალური სწავლების ყოველდღიურ კურსს გადის. თუ გსურთ, დიდი ხნის ოცნება აისრულოთ და ძალები მხატვრობაში მოსინჯოთ, შეგიძლიათ, სამხატვრო სტუდიას ეწვიოთ, დადგეთ მოლბერტთან, ხატოთ რაც გნებავთ და ხატვის უნარ-ჩვევებსაც დაეუფლოთ. აქ ყველა საჭირო ინვენტარი მზად დაგხვდებათ: პალიტრებიც, ფუნჯებიცა და კაპაროლის საღებავებიც. თვეში ერთხელ კი, სტუდია საკუთარ ორიგინალურ სივრცეში ხან სტუდიის წევრების, ხან კი გამოცდილი მხატვრების გამოფენებს მასპინძლობს. 7 თებერვლისთვის მამუკა ცეცხლაძემ სტუდიის სტუმრებს, კოლეგისა და მეგობრის - კარლო კაჭარავას გამოფენა-აქცია წარუდგინა. ადრე გარდაცვლილი, დასავლურ კულტურასა და ექსპერიმენტებზე ორიენტირებული მხატვრისა და პოეტის ნამუშევრების გამოფენა, საღამოს მასპინძელმა ავტორის დაბადების დღეს მიუძღვნა, მისი ნახატები საკუთარი ხელით ჩამოკიდა, მეტი ემოციისთვის კი კარლო კაჭარავას ლექსები ზემოდან გადმოყარა. გამოფენაზე მისულებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში მოღვაწე მხატვრის (იმ დროის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირის) თითქმის ყველა პერიოდის ნამუშევრები დახვდათ, მისი პოეტური სტრიქონებიც გადაიკითხეს და, ალბათ, აფიშაზე განთავსებულმა ავტორის ფრაზამაც ჩააფიქრათ: „ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია“.

შეხვედრა გივი შაჰნაზართან

0x01 graphic

10 თებერვალს, ლიტერატურულ არტ-კაფე „ქარავანში“ კიდევ ერთი თბილი და საინტერესო ლიტერატურული საღამო გაიმართა. ამჯერად, „ქარავანმა,“ ცნობილ ქართველ მთარგმნელს - გივი შაჰნაზარს უმასპინძლა.

ვინც გივი შაჰნაზარის მთარგმნელობით საქმიანობას თვალს ადევნებს, ალბათ, ისიც კარგად მოეხსენება, რომ მთარგმნელი, პოეზიას დედნისეულ ფორმას, თითქმის, არ უკარგავს და ავტორის ჩანაფიქრიც ზუსტად გადმოაქვს ქართულ ენაზე... „ქარავანში“ შეკრებილ აუდიტორიას გივი შაჰნაზარმა სომხური და რუსული პოეზიის გამორჩეული ნიმუშების თარგმანებიც გააცნო და ურთულესი ხელობის - პოეზიის თარგმანის საიდუმლოებებზეც ესაუბრა.

მკითხველთან შესახვედრად ავტორი საგანგებოდ არ მომზადებულა და ამიტომაც, შეხვედრა მთლიანად იმპროვიზირებული გახლდათ. ვუსმენ მის ლექსებს, პასუხებს დარბაზიდან წამოსულ შეკითხვებზე და ვფიქრობ, რომ თავადაც ისეთივე გაწონასწორებულია, როგორც მისი შემოქმედება. იმ დღეს სხვებმაც აღმოაჩინეს, რომ საღამოს მთავარი სტუმარი, მთარგმნელის გარდა, მხატვრული კითხვის ოსტატიც ყოფილა. მსურველებს კაფეშივე შეეძლოთ გივი შაჰნაზარის სომხურიდან ნათარგმნი ახალი წიგნის, პარვირ სევაკის „იქმენინ ნათელის“ შეძენა.

იმ დღესვე გაცხადდა არტ-კაფე „ქარავანის“ კიდევ ერთი სასიამოვნო მონაპოვარის შესახებ. ამიერიდან, ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ „ქარავანში“ მოწვეულ ავტორებს 200 ლარიან ჰონორარს გადასცემს.

ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა

თამაზ ხუციშვილის მორიგი ვერნისაჟი

0x01 graphic

ქალი ყვავილით, ქალი სარკის წინ, ქალი ბალზაკის ასაკში, შიშველი ქალი ხალიჩაზე... ქალს, მხატვარ თამაზ ხუციშვილის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. აქტუალობა ამ თემას არც მის მორიგ გამოფენაზე დაუკარგავს. 5 თებერვალს, გალერეა „ვერნისაჟის“ საგამოფენო სივრცეში, ყველაზე მეტად ფერწერა (ნიუ და პორტრეტული ესკიზები) ჭარბობდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ხუციშვილს, ძირითადად, თეატრის მხატვრად იცნობენ, მან, ამჯერად, სპექტაკლის პერსონაჟებს ყველაზე მცირე ნაწილი დაუთმო. სამაგიეროდ, ბევრისთვის აღმოჩენა იყო ფერმწერის გრაფიკული ჩანახატები, ცნობილი ზღაპრის გმირების ილუსტრაციები კი - ნოსტალგიის მომგვრელი. ამას გარდა, გამოფენაზე დამთვალიერებელი თამაზ ხუციშვილის წიგნკატალოგსაც გაეცნო.

აფრიკულ-ამერიკული პორტრეტების სერია

0x01 graphic

მიხეილ გოგრიჭიანი მესამე პერსონალური გამოფენისთვის საგანგებოდ არ მომზადებულა. ამერიკაში, ლუიზიანას შტატში ცხოვრებისას შექმნილი აფრო-ამერიკული პორტრეტები თბილისში ჩამოიტანა და ჯერ მეგობრებს უჩვენა, შემდეგ კი, მათი გამოფენის იდეაც გაჩნდა. სივრცეც შესაბამისი შეარჩია - New Art-Kafe-ს ინტერიერი, იქ განთავსებული პორტრეტებიდან კი დამთვალიერებელს თორმეტი აფრო-ამერიკელი უმზერდა. მართალია, ნამუშევრები ერთ კონკრეტულ სერიაში ერთიანდება, მაგრამ მისი გმირები რეალური პერსონაჟები არ არიან. მხატვარი ინტენსიურად მუშაობს და ამ ნახატებსაც, განტვირთვისთვის ქმნიდა. მოგეხსენებათ, რომ ლუიზიანას შტატი, ძირითადად, შავკანიანებითაა დასახლებული.

მართალია, მიშა გოგრიჭიანი სამშობლოში საკუთარი შემოქმედების წარდგენას ინტენსიურად ვერ ახერხებს, მაგრამ, ამჯერად, მისი აფროამერიკელები ყოველგვარი უკმარისობის განცდის გარეშე მიიღო ქართველმა დამთვალიერებელმა. არტ-კაფეს ინტერიერს კი მომცრო ზომის ფერწერული პორტრეტებიც მიესადაგა და საზეიმო განწყობაც.

ავტორი: მაია ცეცაძე
ფოტო: ქეთო ცაავა

თავისუფლების დღიურების მეორე გამოცემა

0x01 graphic

საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და განვლილი 7 დღის მიმოხილვის შესაძლებლობა, რადიო „თავისუფლების“ პროექტის წყალობით, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ბევრ ადამიანს მიეცა. ამას წინათ, „თავისუფლების“ დღიურების მეორე წიგნმა იხილა დღის სინათლე.

წინამორბედი გამოცემის მსგავსად, წიგნში 52 დღიური შევიდა. სწორედ იმდენი, რამდენი კვირაცაა წელიწადში. „თავისუფლების“ დღიურების ავტორთაგან, ზოგი ქვეყნის, ზოგიც საკუთარ ცხოვრებაში მომხდარ ამბებს ყვება. ზოგი გულწრფელია, ზოგი კი, ცდილობს, იყოს გულწრფელი... ერთი სიტყვით, დღიურების მთელი ეშხიც ის გახლავთ, რომ თითოეული ადამიანი დაკისრებული მისიის შესასრულებლად განსხვავებულ გზებს ირჩევს.

პროექტის ავტორმა, დავით კაკაბაძემ, „თავისუფლების“ დღიურები მარინა ვაშაყმაძესთან და თამარ ჩიქოვანთან ერთად შეადგინა. წიგნს (52-ვე დღიურის მცირე ფრაგმენტების ჩანაწერით) თან კომპაქტდისკიც ერთვის. დღიურების გარკვეულ ნაწილს „ცხელი შოკოლადის“ აქტიური მკითხველებიც იცნობენ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ჟურნალი პერიოდულად აქვეყნებს „თავისუფლების დღიურებს“.

„თავისუფლების დღიურების“ 2007 წლის გამოცემის პრეზენტაცია ლიტერატურულ კაფე „ქარავანში“ შედგა. უამრავ მოწვეულ სტუმარს შორის კი, ალბათ, მომავალი დღიურების ავტორებიც ერივნენ.

ავტორი: მაია ცეცაძე

ტაიმ-აუტი

თმა ცოცხალია და ძვირფასი. ისწავლეთ მისი პატივისცემა

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

30 იანვარს, სასტუმრო „ამბასადორში“ ფარმაცევტული კომპანია „ჯი პი სი“-ს და შპს. „პრესტიჟის“ ერთობლივი ორგანიზებით ფრანგული ბრენდის - PHYTO-ს პრეზენტაცია გაიმართა.

„ფიტოს“ საერთაშორისო ტრენინგ-მენეჯერმა - დომინიკ ვეძიმ ჟურნალისტებსა და დერმატოლოგებს „ფიტოს“ კონცეფცია გააცნო.

„ფიტო“ თმის მოვლის მცენარეული საშუალებების პირველი ხაზია. უკვე 35 წელზე მეტია, ბრენდი არის ნოვატორული და, ამასთანავე, მყარად დგას თავის საწყის კონცეფციაზე: „ფიტოს“ ფორმულები ზრუნავენ თმასა და თავის კანზე მაღალი მცენარეული კონცენტრაციითა და კონსერვანტების გამოყენების გარეშე. ფიტოსოლბას კვლევითი ლაბორატორიის ფუძემდებელმა - პატრიკ ალემ პირველმა მოახერხა თმის მოვლასა და მკურნალობასთან მცენარეების ინტეგრაცია, შექმნა სპეციალური პროგრამები თმისა და თავის კანის ბუნებიდან გამომდინარე. „ფიტოს“ პროდუქცია მოწოდებულია ალუმინის ჭურჭელში, რაც ამ ბრენდის ერთ-ერთი უპირატესობაა. ასეთი შეფუთვა არა მხოლოდ ესთეტურად უფრო სასიამოვნო, მსუბუქი, პრაქტიკული და ადვილად ტრანსპორტირებადია, არამედ ეკოლოგიურად სუფთაა. შიგთავსი მაქსიმალურად დაცულია სინათლისგან, რაც ხელს უწყობს კონსერვანტების გამოყენების მინიმალიზაციას.

„ფიტო“ მომხმარებელს სთავაზობს ყველანაირი ტიპის თმისა და თავის კანის მოვლის საშუალებებს: შამპუნებს, ბალზამებს, ნიღბებს, სამკურნალო შრატებს, შესასხურებელ ლაკებს.

„ფიტოს“ პროდუქციის შეძენა მხოლოდ „ჯი პი სი“-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი, სადაც კვალიფიციური კონსულტანტები სადიაგნოსტიკო აპარატის მეშვეობით შესაბამის პროდუქტს შეურჩევენ მომხმარებელს.

„არ არსებობს ცუდი თმა, არსებობს მხოლოდ ცუდად მოვლილი თმა“

პატრიკ ალე
ფიტოს დამფუძნებელი

4 აქცენტები

▲ზევით დაბრუნება


4.1 დურაკოვო ბრიყვების სოფელი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნატა ამაღლობელი
ფოტო: ნინო კირთაძის პირადი არქივი

0x01 graphic

ესაა ფილმი, რომელიც პუტინის თანამედროვე რუსეთის გამაოგნებელ მიკროკოსმოსს გიჩვენებთ. რეცენზიიდან ნინო კირთაძის დოკუმენტურ ფილმზე დურაკოვო - ბრიყვების სოფელი

ყველაფერი ამერიკელებს მივყიდეთ. ერთადერთი, რაც დარჩა, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიაა.

ციტატა ფილმიდან დურაკოვო - ბრიყვების სოფელი

ექვსი თვის წინ, ყური მოვკარი, ნინო კირთაძე რუსეთში ახალ დოკუმენტურ ფილმს, 42 ტელევიზიის ერთობლივი დაკვეთით იღებსო. რეჟისორი თემას, სათაურისაგან განსხვავებით, ასაიდუმლოებდა - ფილმის ჟანრი საგამოძიებო პუბლიცისტიკაა. ამიტომ, საფრთხე, მართლაც დიდი იყო. მეგობრები მეუბნებიან - არანორმალური ხარ, რუსეთში, ცხოვრებაში, თავს ვეღარ შეყოფო, როგორც კი ფილმი გამოვა, საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონი, გარეგნობა, სახელი და გვარი უნდა შეიცვალოო.- ასე უთხრა ნინომ პარიზში, ჩემ მეგობარს, ეკა ქადაგიშვილს. მაშინ, „დურაკოვო - ბრიყვების სოფელი“ ჯერ კიდევ მონტაჟდებოდა. „დურაკოვო“ - ასე ჰქვია მოსკოვიდან 100 კილომეტრით დაშორებულ რუსულ სოფელს, სადაც ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმის გმირები ცხოვრობენ.

დეკემბერში, მე და ნინო თბილისის კინოფესტივალზე შემთხვევით შევხვდით და, ზედმეტი კითხვებით არც მაშინ შემიწუხებია. ერთადერთი, რაც ვკითხე, „დურაკოვოს“ როდის ჩამოიტან თბილისში და როდის შეიძლება ვნახო-მეთქი. საახალწლოდ აქ ვიქნები (ახალ წელს, შარდენზე, ახალი ფილმის გადაღება ჰქონდა დაგეგმილი) და ვიწრო წრეში ჩვენებას მაშინ მოვაწყობ, შენც არ დაგივიწყებო. იანვრის ბოლოს ფილმის პრემიერა სანდანსის კინოფეტივალზე იყო დაგეგმილი, ამიტომ, ფართო აუდიტორიას და ოფიციალურ პრემიერას ერიდებოდა.

დივიდი ასლი, პარიზიდან ჩამოფრენისთანავე, საღამოს 7 საათზე გამოვართვი და თითქმის, მთელი ღამე გავათენე. იმის მიუხედავად, რომ „დურაკოვოს“ ქრონომეტრაჟი მხოლოდ საათნახევარია.

შოკში იმან კი არ ჩამაგდო, რაც ვნახე, უფრო იმან, სამწუთიანი რეპორტაჟით ეს ყველაფერი როგორ უნდა მეჩვენებინა ტელემაყურებლისთვის. „დურაკოვო - ბრიყვების სოფელი“ - ფილმი უჩვენეს არტეზე და კიდევ 42 არხზე მთელს მსოფლიოში. და რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია - სანდანსის კინოფესტივალზე ფილმი პრიზით აღინიშნა - ნინო კირთაძე საუკეთესო უცხოელ დოკუმენტალისტად აღიარეს.

42 არხზე ერთდროულად ნაჩვენები და პრესტიჟული კინოფესტივალის პრიზიორი ფილმი ყურადღების მიღმა არც რუსეთში დარჩენილა და არც მის საზღვრებს გარეთ. „პატრიოტიზმის ცხოველად ქცეული სახე“ - ფილმზე პირველი რუსულენოვანი რეცენზია ამ სათაურით გამოჩნდა ემიგრანტულ პრესაში, გაზეთ „ევროპა-ექსპრესში“ ავტორი, ვალერი ბუტოვი აღშფოთებას არ მალავდა. ფილმი საშიშია, როგორც სიმართლე. ის, რაც ამ დღეებში, ფრანგულ ტელეარხ არტეზე აჩვენეს, დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანისთვის, რუსისთვის - ნაღმი იყო. არა! ეს უნდა გენახათ! გატრეტილი მთვრალი მუჟიკები კამერის წინ ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ობიექტივს გულწრფელად უღიმოდნენ და ღრიალებდნენ ჩვენ თქვენს ნატოს დედას..…… ჩვენ ვაჩვენებთ ნატოს, ჩვენ - მაგათ! ჩვენ - თქვენ! ჩვენ - რუსეთის მებრძოლი შევარდენები ვართ! დიდება ჩვენ, დაუმარცხებელ არწივებს! ყოფილი სადესანტო დანაყოფების წევრები სვამდნენ, არყის ჭიქებს უჭახუნებდედნენ, ტიროდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. „ღმერთის, მეფისა და მამულისათვის“ - ასეთი სათაური აქვს დოკუმენტურ ფილმს თანამედროვე რუსულ პატრიოტიზმზე (სხვადასხვა ტელეარხებზე ფილმი სხვადასხვა სათაურებით გადიოდა). მაგრამ, თუ ეს პატრიოტიზმია, მაშინ რაღაა შოვინიზმი, ნაციონალიზმი, და, ბოლო და ბოლოს, ფაშიზმი? მე, რუს ემიგრანტს, წასულს სამშობლოდან, რომელთანაც სულიერი კავშირი არ გამიწყვეტია, მრცხვენოდა ამ დიდრუსული შაბაშის ყურება, რომელსაც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ყველა ძალის გამოყენებით აღვივებს. „რუსისთვის მთავარია - სროლა იცოდეს!“ - ამბობს ფილმში დურაკოვოს ახალგაზრდა ბინადარი. სამშობლოს სიყვარული რუსეთში მოწამლული წვენით საზრდოობს - სიძულვილით ყველა „არაჩვენიანის“, უცხოს, არარუსის მიმართ“…

ბუნებრივია, მრავალმილიონიან რუსულ საინფორმაციო სივრცეში, ეს აზრი უმცირესობაში აღმოჩნდა. რუსულ ინტერნეტში ამ ფილმზე ბევრს წერენ, ძირითადი ტენდენციების საჩვენებლად, სულ რამდენიმე ციტატაც კი საკმარისია: ფილმი გერმანული პუბლიკისთვის კარგად გამომცხვარ მორიგ პასკვილს ჰგავს რუსეთზე. გადაღებულია ქართელი რეჟისორის, ნინო კირთაძის მიერ. ეს დომუნტური ფილმი იმის შესახებაა, რა ამოძრავებს დღეს რუსულ პატრიოტიზმს. სურათი აჩვენებს, რა ხდება მაშინ, როდესაც დემოკრატიზაციის პროცესი კორექტირებას ისტორიული და კულტურული ტრადიციების ზეგავლენის გამო განიცდის. აი, ასე ეშინიათ მათ რუსეთის დაბრუნებისა თავის სულიერ და კულტურულ წყაროებთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პუტინის კულტითაა გამოწვეული.

ჟურნალმა „ლე მონდმა“ დურაკოვოს შესახებ, დომენიკ დამბერსის სტატია გამოაქვეყნა - არტემ საოცარი პროექტი წამოიწყო. ფრანკოგერმანულმა არხმა 10 ქვეყანაში ადამიანების გარკვეულ წრეებში გამოკითხვა ჩაატარა თემაზე, რას ფიქრობენ დემოკრატიაზე. შედეგი 8-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით არტეს არხმა და კიდევ 42 ტელეარხმა, ბიბისის ჩათვლით, მთელ მსოფლიოში უჩვენა. 9 ოქტომბერს რუსეთის დემოკრატიაზე მიდგა ჯერი. ქართველმა რეჟისორმა ნინო კირთაძემ მიაგნო პერსონაჟს, რომელმაც თავისი არცთუ ისე დემოკრატიული გზით, რუსეთის აღორძინება, ერთ კონკრეტულ რუსულ სოფელში გადაწყვიტა.

რუნეტში არც ეს სტატია დარჩათ შეუმჩნეველი და მალევე უპასუხეს:

ამ სტატიამ თავისი ტენდენციურობითა და ღია ანტირუსული განწყობით გამაოცა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მკითხველი ეჭვის თვალით შეხედავს იმას, რაც იქ წერია - ეს ერთადერთია, რაც რუსეთზე დასავლური მედიიდან ესმის და ერთადერთია, რასაც უჩვენებენ. ამიტომაც, სწორედ ეს უქმნით წარმოდგენას ჩვენს ქვეყანაზე.

ფილმის მთავარ გმირს, მიხეილ მოროზოვს, რომელმაც ფული ხატების ბიზნესით იშოვა, ორი საფიცარი აქვს - ჯარი და მართლმადიდებელი ეკლესია. სწორედ მან გახსნა კალუგის ოლქში თავშესაფარი „დურაკოვო“. ეს თავისებური კომუნაა, კარი იქ ყველა მსურველისთვის ღიაა, ნებაყოფლობითი მონები საკუთარ ცხოვრებაზე, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ამბობენ უარს და მთელ ენერგიას დურაკოვოში მუშაობასა და სულიერ განწმენდაზე ზრუნვაში ხარჯავენ. თითქოს ყველაფერი წესრიგშია - ვისაც სხვა გზა არა აქვს, თავშესაფარს დურაკოვოს კოშკში მიაგნო, იქ მოხვედრის ერთადერთი პირობაა - უარი თქვა გარესამყაროსთან ყოველგვარ კონტაქტზე. სამუშაოსაც გაძლევენ, პურსაც და გავლენიანი მფარველების წყალობით, რუსულ პოლიტიკურ, სამხედრო თუ ბიზნეს კარიერაში ბრწყინვალე პერსპექტივებიც გეხსნება.

უბედურება ისაა, რომ პატარა „მონასტრის“ პატრონს დემოკრატიასა და თავისუფლებაზე თავისებური წარმოდგენა აქვს.

„როგორ ფიქრობთ, მიხეილ ფიოდოვის ძევ, სჭირდება თუ არა რუსეთს დასავლური დემოკრატია? - ეკითხება ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი „დურაკოვოს“ ლიდერს მამაკაცების საყოველთაო ყოველკვირეულ შეკრებაზე. ღმერთი ზეცაშია, მეფე მიწაზეა. თუ ღმერთის არსებობის პირობებში დემოკრატიის არსებობა გამორიცხულია, წესრიგი იერარქიულია. ყველა ადამიანს თავისი მისია და ადგილი აქვს. ჩვენ გვესმის, რომ ღმერთი ზემოთ მეფობს და პუტინი - მიწაზე. გამოჩნდა, რომ დემოკრატია იმ ფორმით, როგორც გვქონდა, არაფერს არ გვაძლევს. მან მხოლოდ ნგრევა და ქაოსი მოგვიტანა. ჩანს, რომ აუდიტორია ამ სიტყვებს პირველად არ ისმენს. ოთახში, სადაც დურაკოვოს მამაკაცების საერთო თავყრილობა ყოველ კვირას, ტრადიციულად იმართება ხოლმე, კედლებზე, მართლმადიდებლურ ხატებსა და ნიკოლოზ მეორეს პორტრეტს შეამჩნევთ. ეს ყველაფერი ძალიან მშვიდობიანად, ულამაზესი რუსული ძველი სოფლის თვალწარმტაცი პეიზაჟების და ტიპური ახალი რუსების არქიტექტურით აშენებული ციხესიმაგრის კედლებში, კამერის წინ, რეალურად ხდება.

0x01 graphic

4.2 მაპატიე, ჩემო სიყვარულო

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

სევდა პირდაპირ თავში მიმიზნებდა... შემთხვევით გახსენებული სიმღერიდან

0x01 graphic

ამა წლის 13 თებერვალი. ყურით მოთრეული, ფულის გაკეთების ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების გულის გასახარელი ვალენტინობის დღესასწაულის წინადღეს თბილისს ზემფირა ეწვია. პასუხად ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ის საქართველოში უკვე მეორედ მაინცდამაინც ბრწყინვალე ვალინტინობას, ზემფირამ ბრძანა, რომ ეს დღე ყოველი შეყვარებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, და აი, ამიტომ.

წლევანდელი ვალენტინობა ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. მე დიდი სიყვარული დავკარგე. სწორედ ამის წინაპირობის შესახებ გიამბობთ: მოგიყვებით ამბავს იმისა, თუ როგორ ველოდი ზემფირას და ამ საქმიდან რა გამოვიდა.

გმადლობთ

გასულ წელს საგამომცემლო სახლმა „კომერსანტმა“ და კომპანია „ევროსეტმა“ წარმოადგინეს ზემფირას მეხუთე ალბომი Спасибо, რომელშიც შესულია 2006 წლის შემოდგომიდან 2007 წლის შემოდგომამდე შექმნილი „ზემფირას თორმეტი აბსოლუტურად ახალი სიმღერა“ (ციტატა პრესრელიზიდან; ამ „აბსოლუტურობამ“ ბოლო მომიღო).

ახალი ალბომის გამოსვლამდე უკვე ჟღერდა რადიოსინგლი Мальчик - შესანიშნავი, და ტრიალებდა ვიდეოკლიპი Мы Разбиваемся, რომელიც რენატა ლიტვინოვამ გადაიღო და ვერ ავიტანე - ო, რა ლამაზია! სავსებით ლიტვინოვური.

თავად ზემფირამ ახალი ალბომის შესახებ თქვა: „ეს ალბომი ჩემი დღევანდელი არსის ანარეკლია. მე ოცდაათისა მოვიყარე, გარკვეული შინაგანი ქარიშხლების შედეგად ბევრ რამეს მივხვდი. დიახ, ძალიან პოზიტიური ალბომია! თუ „ვენდეტა“ მოუსვენარი იყო, რაღაცას ვეძებდი, - აქ ვიპოვე. გაუგებრობის ხანა - გაგების ხანა.“

ძალიან გულდასაწყვეტია - მაშ, ზემფირასაც გაუგია, რომ ცხოვრება ცუდია და ბოლოს კვდები. ქალი, რომელიც ამსხვრევდა ტურნიკეტებს, რომელსაც საყვარელი ადამიანისთვის ვარსკვლავების აფეთქება და მეზობლების დახოცვა შეეძლო, ჩემი საყვარელი გოგო, რომელსაც უზარმაზარი სტადიონები ჰყავდა მონუსხული და რომელთან საუბრის დროსაც ტოლსტაია და სმირნოვაც კი კეთილშობილი გიმნაზისტებივით იქცეოდნენ, „გოგო - სკანდალი, გოგო - ჰაერი“, აი, ეს გოგო დაძაბულ, ისტერიულ არსებად ქცეულა, პატარა, გალეულ ჩიტად, რომელსაც, მაქსიმუმ, ვენების გადაჭრა თუ შეუძლია, ისიც ცუდად, უშედეგოდ.

„ვინ მითხრა, არ გამოვაო? თუ მინდა - იქნება!“ ნუთუ ეს გინდოდა, ჩემო სიყვარულო?

თბილისი, 13-14 თებერვალი, 2008 წელი

ჩემი მეგობრის მობილურ ტელეფონს შესანიშნავი გამოსახულება ამშვენებს, წარწერით Fuck Love. მიწაზე ამური გდია, ისრით განგმირული, ტაკოს პატარა გულის გამოსახულება უმშვენებს.

მკვდარია.

ახია შენზე!

ხომ მეუბნებოდნენ ბრძენი მასწავლებლები, რომ ადამიანს სურვილები ღუპავს, რომ ის, რაც გინდა და არ გამოგდის, წაგახდენს, რომ არასოდეს უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდა, თორემ იმასაც დაკარგავ, რაც გაქვს.

ყველაფერი ჩემი ბრალია. მე ავიჩემე, რომ ზემფირასთან შეხვედრა მინდა, რომ მინდა ინტერვიუ, რომ კონცერტი მინდა - რად მინდოდა? ეს მე მოვიკალი თავი და შევჭამე რედაქტორი, ეს მე შევაწუხე ჩემი TBC ბანკი, ხომ თქვენ ჩამოგყავთ და მიშველეთ-მეთქი, ეს მე შევუჩნდი „ივენთ პრომოუშენს“ და მე ჩამოვუთვალე ეკა ქარცივაძეს, თუ რა კითხვების დასმას ვაპირებდი სტუმრისთვის - სულ არ მადარდებს, ჩემო კარგო, ლამაზო ზემფირა, როგორ ცხოვრობ, ვისთან და რატომ, მე მაინტერესებს...

ნეტა, რაში მაინტერესებდა?

ასე თუ ისე, გადაწყდა, რომ მივიდოდი პრესკონფერენციაზე, მერე მექნებოდა ინტერვიუ, მერე ამაყი გამოვცხადდებოდი რედაქციაში და საღამოს - კონცერტზე. ვინმეს მაინც ეთქვა, ჩქარ-ჩქარა გაიმეორე, ყელზე არ დაგადგესო...

პრესკონფერენცია გაიმართა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, რომელიც ზემფირას მასპინძლობდა, ჩანაფიქრის თანახმად პირველ, სინამდვილეში კი - ორ საათზე. მოლოდინი, მოგეხსენებათ, დროის გაყვანის ყველაზე უნიჭო ხერხია. „არა უშავს“, ვუმტკიცებდი საკუთარ თავს და კოლეგას, პატარა ვიკეას, რომელიც საგანგებოდ მორთული და საგმირო საქმეებისთვის მომზადებული ცმუკავდა სავარძელში, „სამაგიეროდ...“

სამაგიეროდ რა?

პრესკონფერენცია საუკეთესოდ ასახავდა ქართულ მედიაში არსებულ მდგომარეობას:

„რა ურთიერთობა გაქვთ რენატა ლიტვინოვასთან?“

„რას გრძნობთ, როცა წერთ?“

„რას იტყვით თქვენს ახალ (ნახევარი წლის წინათ გამოსულ - ა.კ.ს.) ალბომზე?“

„მოგწონთ საქართველო?“

„გზაზე ნისლი რომ იყო, ხომ შთაგონებით აგავსოთ, არა?“

No comment.

მომავალი ინტერვიუს მოლოდინში ჩემს გულში ქარიშხალი მძვინვარებდა, და - ღირსი ვარ! პრესკონფერენცია რომ დამთავრდა, მითხრეს, წადი სახლში, გენაცვალე, მერე მოდიო, საღამოს რვაზეო, Night Office-შიო, იქ ილაპარაკებთო.

კაი.

ცოდვას ვერ ვიტყვი - რვაზე კლუბში შეგვიშვეს. ჯერ კიდევ რეპეტიციაზე. სცენაზე ვუყურებდი გოგოს, რომელიც მრავალი წელი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო, და თუმცა გულმა და ნეკათითმა მითხრეს, ვერაა კარგი დღე და არც კონცერტი გაამართლებს და ვერც ინტერვიუს ეღირსებიო, მაინც მიხაროდა, რა - არ ვიცი. ორგანიზატორებმა ნუგეში მცეს, კონცერტი რომ დამთავრდება, შეგიშვებთო - კარგი, რა!

დაიწყო სიმღერით В метро, და კარგი იყო. ეს კარგი იყო. სხვა - რა გითხრათ... ვფიქრობდი ცოტა კოკაინზე, ცოტა - ცხოვრების ამაოებაზე, გამახსენდა, რომ გასული წლის 15 ოქტომბერს ჩემი კარგი გოგო საავადმყოფოში მოხვდა და საკონცერტო ტური ორი კვირით შეწყვიტეს.

ნეტავ სამახსოვროდ დაგეტოვებინა შენი სიგარეტი!

ნეტავ ერთად ავფეთქებულიყავით მეტროში!

კონცერტის შესახებ ზემფირას ტრფიალთა ინტერნეტ-გვერდზე წავიკითხე. ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, რომელსაც, ჩანს, თავისი კერპის კვალში დევნისას რეალობის აღქმა სულმთლად დაუკარგავს, წერს:

„თბილისში ზემფირას აშკარად ელოდნენ...“

ეს მართალია.

„...ამ ფაქტზე მეტყველებს Night office-ში მთლიანად გაყიდული ბილეთები, სასწაულის იმედად სალაროსთან დილიდან შეკრებილი უბილეთოების რიგი და დარბაზში გამეფებული მართლა მაააგარი ატმოსფერო. დარბაზი მისი (ზემფირას - ა.კ.ს.) სახელის სკანდირებას ახდენდა...“

პრინციპში, მართალია. ოღონდ ის ხალხი, გარეთ რომ იდგა, მეტწილად ბილეთიანი იყო, ცოტა დაშავებულ-შელანძღული მთელი კონცერტის განმავლობაში შემოდიოდა დარბაზში. იღბლიანებმა ეს მეხუთე-მეექვსე სიმღერიდან მოასწრეს. რაც შეეხება სკანდირებას - იყო, თან როგორი, სულ ველოდი, ვინმე აენთება და „ზვიადი, ზვიადის“ იყვირებს-მეთქი.

0x01 graphic

„ეს იყო ძალიან ძლიერი და რთული კონცერტი...“

ნაწილი ტყუილია, ნაწილი - მართალი. რთული ნამდვილად იყო, რადგან დარბაზში გაუგონარი რამ ხდებოდა - ხალხი განუწყვეტლივ დაიარებოდა, უფრო სწორად, დაეტენებოდა გადატენილ დარბაზში, სკაში მობზუილე ფუტკარივით, რატომ - დანამდვილებით ვერ გეტყვით. მგონი, ძირითადად იმისთვის, რომ მობილური ტელეფონით ჩაეწერა, რას სჩადიოდა სცენაზე ზემფირა. მეორე ნაწილი ერთმანეთს განუწყვეტლივ კოცნიდა, ეხვეოდა და დანარჩენ მოყვასს წიხლავდა. ზემფირა მღეროდა, რომ მისი გული ცარიელი და ცივია, ზემფირა ტიროდა, მის თავზე ბუშტები ფრენდა, თბილისელები მათ სიგარეტებით აქრობდნენ: ბახ!

ზემოთ მოყვანილ აზრს ფანი ამგვარად განავრცობს:

„...მისი (კონცერტის - ა.კ.ს.) უჩვეულობა იმითაც განისაზღვრება, რომ ის მოხდა (თარგმანი სიტყვასიტყვითია - ა.კ.ს.) ორი დღის გასაყარზე, იმ ღამეს, როცა 14 თებერვალი თენდებოდა - „14 თებერვალი უკვე დადგა, შემდეგი სიმღერა ეძღვნება ყველა შეყვარებულს“...

შევეშვათ თაყვანისმცემლის ჩანაწერებს - ამდენს ვეღარ ვუძლებ, ისევე, როგორც ვეღარ გავუძელი იმას, რომ Мы разбиваемся. წამოვედი.

მერე კი, გვიან ღამით, როცა მრგვალ მაგიდასთან მე და ჩემი მეგობარი, მფლობელი ტელეფონისა წარწერით Fuck love, სიყვარულს დავტიროდით, მოვიდა ლამაზი, მორთული, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე დადუ.

ღმერთმა გამოგგზავნათ, მადამ დადულინა! მან ხელი გვტაცა, მანქანაში ჩაგვსხა და მიგვიყვანა Two side-ში, სადაც ზემფირა ვახშმობდა. დადუს, ჯერაც შეყვარებულს, ეგონა, რომ რამე მოხდებოდა, ცხადია - ძალიან კარგი.

არაფერი არ მოხდა.

„ზამთარია,“ მითხრა საგანგებოდ ამ კონცერტისთვის ბათუმიდან ჩამოსულმა მომღერალმა გოგომ, „ზემფირასაც ზამთარი დაუდგა.“

მით უმეტეს, ზემფირა და ზამთარი სეხნიები არიან.

არაფერი არ მოხდა და აღარც მოხდება.

მე იქ ინტერვიუს აღების შანსი მქონდა და არ ავიღე, ანუ არაპროფესიონალურად მოვიქეცი. რა უნდა მეკითხა პატარა გოგოსთვის, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა და თან ეგონა, რომ ოცდაათი წლის ასაკში ყველაფერს მიხვდა და უსასრულობის ნიშანი ამოიცნო?

არ მინდოდა.

მე მინდოდა, რომ ყველა წასულიყო, დამებრუნებინა ემბრიონის მდგომარეობა და დამეძინა, და იმდენხანს მძინებოდა, რომ ვერც გამეგო, როდის გათენდა და როდის დაღამდა ის ცუდი ვალენტინის დღე.

მე მგონი, მზე ჩაქრა.

მაპატიე, ჩემო სიყვარულო.

0x01 graphic

4.3 ყურანის ქართული თარგმანის წარმატება

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

წელს, 9 თებერვალს, ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია, „წლის წიგნი“ ქართველ მთარგმნელს, გიორგი ლობჟანიძეს გადაეცა „ყურანის“ ქართული გამოცემისთვის. ესაა 700 გვერდიანი მეცნიერული გამოცემა, რომელიც ყურანის ტექსტს, ვრცელ კომენტარებსა და შესავალ წერილს აერთიანებს.

გიორგი ლობჟანიძემ, ყურანის სურების თარგმნა ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 20 წლისამ დაიწყო. მაშინ, გიორგის, ალბათ, იმის წარმოდგენაც კი გაუჭირდებოდა, რომ ეს თარგმანი ოდესმე, დღის სინათლეს იხილავდა, მით უმეტეს, თუ ასეთ მნიშვნელოვან პრემიას მიიღებდა. როგორც მახსოვს, ეს პოეტური თარგმანი გახლდათ და ძალიან ლამაზად ჟღერდა. შემდეგ გიორგიმ, რახან ქართულად არ არსებობდა ყურანის მეცნიერული გამოცემა, ფილოლოგიური თარგმანი არჩია და ბოლო 4 წელია, ფონდ „ჰორიზონტისა“ და „კავკასიური სახლის“ ხელშეწყობით, ინტენსიურად მუშაობდა მუსლიმთა წმინდა წიგნის ქართულ თარგმანზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ყურანის“ ამ გამოცემას არა მხოლოდ ფილოლოგიური, ლიტერატურული, და ზოგადად, კულტუროლოგიური მნიშვნელობა აქვს. ეს წიგნი ჩვენი მუსლიმი თანამემამულეებისთვის დიდი საჩუქარია, დღეს მათ უკვე შეუძლიათ, მშობლიურ ენაზე, მაღალმხატვრულ თარგმანში იკითხონ წმინდა წიგნი. საინტერესოა ისიც, რომ მთარგმნელი, „ყურანის“ ტექსტზე მუშაობისას, ხვდებოდა აჭარაში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს, ისმენდა მათ შენიშვნებსა და კომენტარებს.

გიორგის ვთხოვეთ, ორიოდ სიტყვით, თავადვე მოეყოლა პრემიის შესახებ:

- ესაა ირანის ისლამური რესპუბლიკის „წლის პრემია“, რომელიც, ძირითადად, წლის განმავლობაში სპარსულ ენაზე გამოცემულ წიგნებს აფასებს. უცხოელებისთვის ორი ნომინაციაა - ირანისტიკა და ისლამოლოგია. ქართული „ყურანის“ გამოცემა, სწორედ, ამ ნომინაციაში იყო წარდგენილი. წელს, ისლამოლოგიაში, თავიდან 15 ათასი ნაშრომი განიხილეს, იქიდან პირველ ეტაპზე შეირჩა 233, შემდეგ, ამ 223-დან, ბოლო ეტაპზე 10 საუკეთესო გავიდა. პრემია ათივესთვის ერთნაირი გახლდათ, მაგრამ ჩამონათვალს, მაინც ჰქონდა მნიშვნელობა, ამ ათიდან, ჩემი თარგმანი მეორე იყო. დაჯილდოება 9 თებერვალს, ირანის ყველაზე მთავარ, „ერთიანობის“ დარბაზში გაიმართა, პრემია ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გადმოგვცა; ამ ნომინაციაში პრემიები გადაეცათ აღმოსავლეთმცოდნეებს საფრანგეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ეს ისეთი დიდი სახელებია აღმოსავლეთმცოდნეობაში, რომ მათ გვერდით დგომა, ჩემთვის, დიდი პატივი იყო.

ერთხელ გიორგიმ იხუმრა, მეგობრები მეუბნებიან, შენ იმხელა საქმე გააკეთე, შეგიძლია, მშვიდად მოკვდეო! სიკვდილი შორს იყოს და, საქმე მართლაც დიდი გაკეთდა; ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ მუსლიმთა წმინდა წიგნი ქართულად, სწორედ ქრისტიანმა ქართველმა თარგმნა.

4.4 ჰერბი ჰენკოკის თბილისური პრემიერა და გრემი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

10 თებერვალს, გრემის 50-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, 67 წლის ჯაზის ლეგენდამ, ჰერბი ჰენკოკმა ორჯერ გაიმარჯვა - საუკეთესო თანამედროვე ჯაზური ალბომისა და წლის ალბომის ნომინაციებში ყველა მუსიკოსის სანატრელი პრიზი - გრემის ორი ჯილდო მოიპოვა.

გრემის დაჯილდოების ცერემონიალის იმ ამაღელვებელ წუთს, როდესაც ჰენკოკი საპატიო პრიზის მისაღებად სცენისაკენ მიემართებოდა, ქართველ მელომანებს 2006 წლის კოკა-კოლა ჯაზ ფესტივალი, და ჰენკოკის დაუვიწყარი საღამო აუცილებლად გაახსენდებოდათ. წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გამარჯვებული RIVER-the joni letters-ში, ხომ ის კომპოზიციებიცაა შესული, რომელიც ჰენკოკმა პირველად თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეასრულა. ჰერბი ჰენკოკის კვინტეტი, 28 ივნისს, მსმენელის წინაშე ახალი შემადგენლობით (ბენდთან ერთად, პირველად უკრავდა ცნობილი ვოკალისტი და მევიოლინე ლილი ჰაიდნი) და სრულიად განსხვავებული საკონცერტო პროგრამით წარსდგა. შეიძლება, სწორედ ამ მოულოდნელობის გამო, ბევრი აღშფოთებულა კიდევაც, ჰერბის ეს არ ეკადრებოდა, როგორ გაგვაცურა, რაღაც საშინელებას უკრავსო. მუსიკოსის ორმოცდაათწლიანი გამოცდილებით, ჰენკოკმა კარგად იცოდა, დიდ დარბაზებში განსხვავებული გემოვნების ხალხი რომ იკრიბება და საგანგებოდ მათთვის, ვისაც ნოვატორულ იდეებს და ახალ პროექტებს ძველი ჰიტები ურჩევნიათ, „ქამელეონის“ 45 წუთიანი ჯაზ სესია შეასრულა.

მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში სულ რამდენიმე მუსიკოსია, ვინც საკუთარი შემოქმედების წყალობით ისეთი გავლენა და პატივისცემა მოიპოვა, როგორც ეს ჰენკოკმა შეძლო. მაილზ დევისი საკუთარ ავტობიოგრაფიაში წერდა: „ჰერბი ბად პაუელისა და თელონიუს მონკის ღირსეული მემკვიდრეა და მე ჯერაც არ მეგულება ისეთი მუსიკოსი, ვინც ჰენკოკის მემკვიდრეობას იმსახურებს“.

RIVER-the joni letters მეორე ჯაზ ალბომია, რომელსაც მთელი გრემის ისტორიის მანძილზე, წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გამარჯვება ხვდა წილად. ჰენკოკამდე, ეს ჯილდო ძალიან დიდი ხნის წინ, 1964 წელს, სტან გეტცის და ჟოაო ჟილბერტოს ერთობლივ ალბომს გადასცეს. მას შემდეგ, ჯაზის ალბომები, რატომღაც, გრემს ყურადღების მიღმა დარჩა. სწორედ ამას გულისხმობდა ჰენკოკი თავის სამადლობელ სიტყვაში, როდესაც გრემის აკადემიას გაბედული ნაბიჯისთვის დიდი მადლობა გადაუხადა: „ამით, ჯაზური მუსიკის იმ გიგანტებს მივაგეთ პატივი, ვისი მუსიკალური მემკვიდრეობაც ჩემს შემოქმედებაზე აისახა. ასეთები ბევრნი არიან, მაგრამ მათ შორის, მაინც ორს გამოვყოფ - მაილზ დევისსა და ჯონ კოლტრეინს. ისე, ჯილდოებს, ორივენი, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იმსახურებდნენ. თუმცა, დღეს ახალი დრო დაიწყო, რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ხანდახან, შეუძლებელიც შეიძლება მოხდეს.“

5 შოკოლადი გირჩევთ

▲ზევით დაბრუნება


5.1 ფეხითმოსიარულის ჩანაწერები

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

პირდაპირ მოწოდებით დავიწყებ: გაიარ-გამოიარეთ! ფეხით სიარული ძალიან კარგია.

დაგეზოგებათ ნერვები: მეტროში არ დაიხრჩობით; ავტობუსში მსუქანი ძია მუცლით არ გაგსრესთ; სამარშრუტო ტაქსში პოლიტიკურ დებატებს გადარჩებით; არ მოგიწევთ მძღოლისთვის იმის ახსნა, თუ სად მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირი; თუ საკუთარი მანქანა გყავთ - არც გაჩერების გამო გექნებათ პრობლემები და არც იმის გამო გაცოფდებით, რომ „იმ დებილმა ქალმა ისევ მესამე რიგიდან ჩაუხვია“.

დაგეზოგებათ ფული - მგზავრობის, ბენზინის, ტრანკვილიზატორების.

აღმოაჩენთ ახალ ქალაქს - ცოტა ისტერიულს, ცოტა ჭუჭყიანს, ცოტა ჯღანს, მაგრამ სრულიად არაჩვეულებრივს.

აგიმაღლდებათ თვითშეფასების კოეფიციენტი და მიხვდებით, რომ სხვებთან შედარებით უფლის უბეში თბილი ადგილი გაქვთ ნაპოვნი.

პირადად მე კი საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ: არ აჰყვეთ პროვოკაციებს! მე ავყევი, თავი წავიხდინე, და ჩემს დაღუპვაში ორ ადამიანს ედება ბრალი: მადონას და ბესო უზნაძეს.

დეკემბრის სევდიან საღამოს youtoube-ში ვიქექებოდით და ვნახე, როგორ ხარობდა მადონა ორ სასწაულ კაცთან, „გოგოლ ბორდელოსთან“ ერთად, თან არა სადმე მახათას მთის მიდამოში, რაც წარმოდგენას სავსებით შეეფერებოდა, არამედ უიმბლდონის სტადიონზე. ქალბატონი ჩიკონე, მათუსალას კბილა, იდგა უმაღლეს ქუსლებზე (მეც მინდა), ეცვა კაბა - სულ ტყუილად, მაგრამ უხდებოდა (ეგრე მეც მინდა), ეხურა დაუჯერებლად ბრიყვული ქუდი (ძალიან მინდა), მღეროდა თავის ერთერთ ყველაზე ბრიყვულ სიმღერას (მინდა!!!) და, რამაც გული მომიკლა, თავდავიწყებით ცეკვავდა. მას ყველაფერი საუკეთესოდ გამოსდიოდა და არაჩვეულებრივი სანახავი იყო.

მეც მინდა-მეთქი, ვიფიქრე, და ასე დაიწყო ჩემი გასაჭირი. „თორმეტი სკამი“ ხომ გახსოვთ, ელოჩკა რომ ვანდერბილდის ასულს ეჯიბრება? აი, ასეა ჩემი საქმე. კაბას, ქუდს და სიმღერას, ჰა, კიდევ დავთმობ, მაგრამ სხეული? ჰოდა, დილ-დილობით პრესის გახეთქვა არ ვიკმარე და ჩავიდინე ის, რის გამოც მთელი ცხოვრება სხვებს დავცინოდი: გადავდე თავი და ერთ ძალიან ბურჟუაზიულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებაში დავიწყე სიარული, რომელში - არ ვიტყვი, თორემ დაიწყებენ მერე, რეკლამაო...

მეორე დარტყმა ბესო უზნაძემ მომაყენა და ლონდონიდან ჩამომიტანა პატარა, შავ-ყვითელი, გულის ფორმის ეშმაკის მანქანა, რომელსაც, სიციცქნის მიუხედავად, უამრავი რამის გაკეთება შეუძლია: მაღვიძარაც აქვს, მუსიკასაც აწრიპინებს - ცუდს, - და ნაბიჯებს ითვლის. სწორედ ესაა განადგურების საწინდარი. მანქანას ინსტრუქცია მოჰყვა, სადაც წერია, რომ ადამიანმა ყოველდღიურად ათი ათასი ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ ლამაზი, ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს. ყოველდღიურად ათი ათასი ნაბიჯი მიმართულებით მადონა!

და აი, ამხელა მემარცხენე ქალი ყოველდღე ვიკიდებ ზურგჩანთას და ვადგები შორ გზას ძვირადღირებული დარბაზისაკენ. წელზე ჩემი პატარა გამგებელი - ნაბიჯების საზომი მიკაკუნებს, მახსენებს, რომ ათი ათასი, ათი ათასი ნაბიჯი, ანა, თორემ ვერასოდეს შეძლებ ნახევარმეტრიან ქუსლებზე დადგომას, სხეული გიღალატებს და ვერ გახდები მადონა! მივაბიჯებ, ვიმაგრებ ისედაც გაქვავებული გულის კუნთს და ძალიან ვერთობი, რადგან გზადაგზა ისეთებს ვაწყდები - მტერს და ავს, სხვისი სისულელე კი, მოგეხსენებათ, ადამიანში ყველაზე დადებით ამოციებს აღძრავს.

. . .

სანამ მადონობას გადავწყვეტდი, მებაღეობა მინდოდა. ეს საქმე კარგად გამომდის, მართლა. ოღონდ არაფერი არ ვიცი. ის, რომ სხვისი კაქტუსები სახლში მომყავს ხოლმე სარეაბილიტაციოდ, სულაც არ ნიშნავს, რომ მათი მოვლა-პატრონობა მეხერხება, უბრალოდ, ძალიან მომწონან და ადამიანებისგან განსხვავებით, კაქტუსები მადლიერი საზოგადოებაა.

მცენარეების ზნისა დღემდე დიდად არაფერი გამეგება, მაგრამ იმას მაინც ვხვდები, რომ ხე დეკემბერში არ უნდა დარგა, იმიტომ, რომ გაიყინება - რა დიდი ფილოსოფია უნდა ამას? იმასაც ვხვდები, რომ კვიპაროსები ერთმანეთისგან ერთი მტკაველის დაშორებით არ უნდა ჩაარჭო, - სხვა თუ არაფერი, ჩვენს ეზოში კვიპაროსები დგას და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდი ხეა, ცხადია, თუ გაზრდა აცალე, და თუ არ აპირებ, რომ გაიზარდოს, რაღად რგავ, საწყალს?

0x01 graphic

ცენტრალურ ვაკეში ისე სევდიანად დგას ყვითელი ცოცხები... ნეტა, რას ერჩოდნენ?

...გასულ წელს ნებისყოფა მოვიკრიბე, ჩავიცვი გრძელი კაბა, მოვიხვიე თავსაფარი და საპატრიარქოსკენ გავეშურე, მებაღეობის სასწავლებლად. როგორც გავეშურე, ისევე გამოვეშურე. არ დადგება ჩემგან მოკრძალებული მორწმუნე. მადონა უფრო რეალურია.

. . .

სიახლე: თბილისელ ქუჩის ძაღლებს საყელურები უკეთიათ, ანუ პატრონი ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ზნე სულაც არ შეცვლიათ და დაბინდებისას მათთან შეხვედრა ფეხითმოსიარულეს კარგს არაფერს უქადის.

„ნუ გეშინია, არ იკბინება,“ მიხსნიან გულკეთილი ცხოველთა დამცველები, „თუ შენ არ აწყენინებ, არაფერს გიზამს.“ აბა, მე რა ვიცი, რა სწყინს ვერელ ცუგას და რა - არა? რომ დამკბინოს, ძალიან მეწყინება.

ნეტა, როგორ იქცევა ასეთ დროს წესიერ ქალაქში მცხოვრები წესიერი ხალხი? მითხრეს, ერთი გამოსავალი არსებობს: ყველა უნდა დაიჭირონ, სქესობრივი სტერილიზაცია ჩაუტარონ და ყველაფერი კარგად იქნებაო.

ასეთი ფაშისტური არაფერი გამიგია.

. . .

სადღაც სასტუმრო „საქართველოსთან“ იწყება გიჟების ზონა. ისინი ბუტბუტებენ, შფოთავენ, ხელებს იქნევენ, გამვლელებს ეპოტინებიან. ყვავილების გამყიდველებიც კი აფრენენ: ვარდი რა ღირს-მეთქი და ხელი ამიქნია, აქაოდა, ამხელა კაცს შენთვის სად მცალიაო. ვაი?!

დაიცა, დავდგე მადონა! მთელი ქალაქის გიჟები შენი გამხმარი ვარდებით მომიფენენ გზას, უზრდელო ვარდის გამყიდველო.

. . .

გლობალური დათბობა, გლობალური დათბობა... რა ადგილას? ზემელზე, კიბესთან, მარადიული ყინული დევს, მამაკაცები უნებლიე მოძრაობებს აკეთებენ, ქალები სახიფათო მონაკვეთებს ხოხვით გადიან. კიდევ კარგი, ჯერ მაღალ ქუსლებზე არ შევმდგარვარ და ოდესღაც კაშკატაშის მყინვარზე ვსწავლობდი სიარულს. არ ვარ, ალბათ, ამ დროს კარგი სანახავი, მაგრამ მალაყებს მაინც ასე ჯობია.

ნიშნად იმისა, რომ ზამთარი არასოდეს დამთავრდება, მაგრამ ამისა არ უნდა გვეშინოდეს, რუსთაველის გამზირს საახალწლო ნაძვისხეები ამშვენებს და ამშვენებს! ვიშ, რა ლამაზია! რამდენი ჩავუარე, იმდენი ჩემი დენის გადასახადი გამახსენდა და სიყვარულით ამევსო გული.

. . .

ამ ქალაქში ხომ ყველაფერი კომპაქტურადაა განლაგებული, როგორც მეიდანზე - ყველა კონფესიის ტაძარი. თავისუფლების მოედანზე მისულს თვალწინ მთელი ჩემი ზიზღის ჯგუფი მიდგას: კუშტი და აგრესიული ქალი - ქართველი დედის ნათელი სახე, ბრჭყვიალა წმინდა გიორგი, რომელიც სახეზე ასემც ვერ ვნახე, მხოლოდ მისი ცხენის გენიტალიებს შევცქერი, საქართველოს ბანკის სახურავზე ავისმომასწავლებლად მოციალე ორი კუკუშკა და კიდევ რაღაც-რაღაცები, რომლებსაც არ დავასახელებ, რადგან შეჩვენებისა მაინც მეშინია. ვითომ, ლამაზია ეს ყველაფერი?

. . .

ორთქლის აბანო ჯანმრთელობის და მშვენიერების საწინდარია. შესაბამისად, პოტენციურმა მადონამ საუნაში სისტემატურად უნდა იაროს. ჩემს კარგ კლუბში საუნა ციდაა და ორ ქალზე მეტი შიგ ვერ გაიხარებს, არადა, მთავარი სიხარული ხომ ჭორებია, ისე მტერი იჯდეს გავარვარებულ კუბოში.

იღბალზე, თბილისში კიდევ შემორჩა ერთი-ორი დემოკრატიული, ანუ ლარიანი დაწესებულება, რომლებსაც ფეხით მოსიარულე ენთუზიასტი იოლად მიაგნებს. ჰოდა, მეც მივაგენი.

საუბარი საუნაში (ბოდიში უცენზურობიზა, მაგრამ გახდილ და გაოფლილ ქალებს რა უნდა მოსთხოვო?):

„ნახე იმის ცოლი?“

„კი, კრახი და გიომი.“

განმარტება: კრახი ქალია, გოიმი - კაცი.

ქალის დასახასიათებელი საუკეთესო სიტყვათშეთანხმება: „დიდუბის რელსის ბოზი.“ რას ნიშნავს - ვერ მივხვდი.

ყველაზე ხშირი შეძახილი: „აბა, ქალები, ложись!“ საუნაში ორთქლი დგება, ქალები მძიმედ სუნთქავენ და კრუსუნებენ - კარგია!

ყველაზე აქტუალური თემა - ცხადია, მამაკაცები. ერთი ჰყვება, ათი არჩევს.

მთხრობელს სახეზე თაფლი უსვია: „ჩამოჯდა ეს ჩემი კაცი, გადაიდო ფეხი ფეხზე და გოგო ისე მიყვარს, ისე მიყვარსო... სულ მეყვარებაო. იმას არ ვუყვარვარ, მაგრამ მე მეყვარებაო.“

კომენტარი ზედა თაროდან: „რაღა გიჭირს.“

მთხრობელი: „ჲეს. „ჩემი გოგო, ჩემი გოგო“, მეთქი, გოგოა. ცოტა გათხოვილია თურმე, მგონი ორჯერ, აქტუალური ქმარიც არსებობს...“

კომენტარი ზედა თაროდან: „მალადეც, დევოჩკა!“

მთხრობელის დაქალი, რაღაც ტალახი უსვია, თან ყველგან, და კარგ სუნს აყენებს: „სხვათა შორის, ეკლესიურია.“

კომენტარი ზედა თაროდან: „კაცი თუ დევოჩკა?“

მთხრობელი ჰყვება სევდიანი სიყვარულის ამბავს, რომელიც სმს-ებით დაიწყო (!) და ისეთი გოიმურია, რომ სრულიად საუნას რცხვენია. ქალებს ერთობლივი განაჩენი გამოაქვთ: მამაკაცი >>>ა, მთხრობელი - გამო>>>ბული. გადაწყდა, რომ კაცი უნდა ჩაიწიხლოს და თავის ოდნავ ქალიშვილ და ნახევრად ორსულ „დევოჩკასთან“, ანუ ნა ხუი იქნეს გაშვებული.

„მაგას, ჩემო დაო, იცი, რა ჰქვია?“ ასკვნის ზედა თაროდან ჩამოსული, ტატუირებული ტაკოს პატრონი, Люблю Машу, >>> Дашу, >>> и плачу.

ცოტა ხანში გალამაზებულ-გაპატიოსნებული ქალები დაკარგული კალორიების ასანაზღაურებლად სახინკლეში მიდიან, მე კი - სავარჯიშოდ, ცხადია, ფეხით. ორი ათასი ნაბიჯი კიდევ გასავლელია.

. . .

აი, ასე დავდივარ და დავდივარ.

ჯერჯერობით თმის გადაღებვამდე საქმე არ მიმსვლია.

„ცხელი შოკოლადის“ რედაქციაში დამპირდნენ, დაბადების დღეზე ძაალიან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს გიყიდითო.

მერე ვიყიდი i-pod-ს, ჩავიწერ მადონას სიმღერებს და ასე განვაგრძობ ვარჯიშს და სიარულს.

საბოლოოდ გავმადონდები და, ალბათ, მერე გასხივოსნების ჯერიც დადგება.

6 კომენტარები

▲ზევით დაბრუნება


6.1 საუკეთესო ჯონჯოლი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სანდრო ნავერიანი

0x01 graphic

„პრაიმტაიმი“ ყველაზე რეიტინგული გადაცემაა. ამას, არც ქალბატონი ინგა მალავს და ამაყად აცხადებს ხოლმე, ყველაზე პოპულარული და რეიტინგული გადაცემის წამყვანი ვარო. მაგრამ, „პოპულარული“ არ ნიშნავს „კარგს“ და „საინტერესოს“. პოპულარული, შეიძლება, იყოს გამყიდველი აზატას ჯონჯოლი, - ვერ ვიტან ჯონჯოლს! - იმიტომ, რომ აზატას ჯონჯოლი სხვა გამყიდველების ჯონჯოლზე უკეთესია. ანუ, ის, რომ „პრაიმტაიმი“ ყველაზე პოპულარული და რეიტინგული გადაცემაა, არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველაზე საინტერესოა, თუმცა, სხვა ჯონჯოლებს შორის საუკეთესოა.

ალბათ, ყველას გახსოვთ, ბატონი შალვა რამიშვილის „გენიალური“ და ექსცენტრული „დებატები 202“-ზე, სადაც ის, ცხონებულ ირაკლი ჩარკვიანს თხოვდა, მიდი რა, ერთი, მაგარი ყვერებიანი სიმღერა დაწერეო. მეორე დღეს კი ბატონი ზაზა ორაშვილი აღშფოთებას ვერ მალავდა - „ყვერების“ და ეგეთი „ცუდი“ სიტყვების თქმა როგორ შეიძლება ლაივშიო. ბატონი შალვა რამიშვილი კი, ბატონ ზაზა ორაშვილს პირდაპირ ეთერში ეუბნებოდა, სულ ფეხებზე მკიდია ყველაფერი, მე მასა მინდა, მასაო, მაყურებელი მჭირდება, რომელიც ბევრ რეკლამას მომიტანს და რეიტინგს ამიწევსო. „დებატები 202“-ზე, რაც კი თოქშოუები მინახავს, ალბათ, ერთერთი ყველაზე ცუდი თოქშოუ იყო, ამაზე, თავის დროზე, გაზეთ „24 საათში“, მთელი ერთი გვერდიც კი დავწერე, მაგრამ ბატონი შალვასგან არც არაფერს ვითხოვდი, იმიტომ, რომ ვიცოდი, რაც უნდოდა - რეიტინგი. და სწორედ რეიტინგის ასაწევად ამბობდა „ყვერებსაც“ და კიდევ უფრო გაუგონარებს. ამიტომაც, იმ წერილში, რომელიც „24 საათში“ გამოვაქვეყნე, უბრალოდ, დავცინოდი და ვიცინოდი, ვთქვი, რომ ცუდია და არ მითქვამს, ეს ასე უნდა იყოს და ის ასე-მეთქი.

„პრაიმტაიმი“ სულ სხვა მოვლენაა. ისინი ამბობენ, რომ ანალიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ ჯერ ვერაკაცს ვერ გაუგია, იცის თუ არა „პრაიმტაიმის“ ჯგუფმა, რა არის ანალიტიკა.

ამ სიტყვის ახსნას არ დავიწყებ, ალბათ, ისედაც ყველასთვის გასაგებია, ის კი აუცილებლად უნდა ვთქვა, რას არ უნდა აკეთებდეს ანალიტიკური ჯგუფი.

სულ ცოტა ხნის წინ, ლადო გურგენიძემ პარლამენტში, ეგრეთ წოდებული, სიღარიბის დასაძლევი, რევოლუციური პაკეტი შეიტანა, ქალბატონმა ინგამ და ანალიტიკურმა ჯგუფმა „პრაიმტაიმმა“ კი იმ საღამოს გუგავა-ხაჩიძე-პადოშას ბენეფისი შემოგვთავაზა და ისმინა იქ საქართველომ გუგავას მარგალიტები, ის, თუ როგორ დაწყდა გული, რომ გოგა ხაჩიძე სცენიდან წავიდა, ოპერაცია „ფხუტო“, გრიფით საიდუმლო J.F.K და ასე დაუსრულებლად. მერე ხაჩიძემაც, თავის მხრივ, გია თორთლაძის დალაშქრულ პიკებზე გამოთქვა გულისტკივილი და ისურვა - ნეტავ, ჯომოლუნგმაზე ახვიდეთ და იქვე დარჩეთო. ქალბატონმა ინგამ კი, ყველაზე დიდი მარგალიტი შესთავაზა საქართველოს და ხაჩიძეს კითხვით მიმართა - „ისე, რატომ არის მიშა მაგარი?“ ვინმე თუ მეტყვის, რომ იმ, ან წინა დღეებში ანალიტიკურმა ჯგუფმა „პრაიმტაიმმა“ კრაეტიული, ან, თუნდაც, ფიზიკურიჯაფა გასწია, უბრალოდ, გამიტყდება და მეტი არაფერი.

არ ვიცი, ანალიტიკურ ჯგუფ „პრაიმტაიმში“ ვინ არჩევს თოქშოუს თემებს. ქალბატონი ინგა, პროდიუსერი, თუ მთელი ანალიტიკური ჯგუფი „პრაიმტაიმი“; თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ თემას, მაინც, ქალბატონი წამყვანი არჩევს. ამ შემთხვევაში, მთავარი ისაა, რომ ანალიტიკურ ჯგუფ „პრაიმტაიმს“ არ აქვს ალღო, თუ გნებავთ, შნო უწოდეთ, შეარჩიოს საინტერესო თემები და სტუმრებსაც ისეთს იწვევს, ეფემერულად კარგ შოუს რო მოუწყობენ, ცოტას რო წაიენაკვიმატებენ, ერთ-ორს რო იყვირებენ, ოპონენტს წარსულის ლაქას გაახსენებენ, კარგად იჩხუბებენ და კიდევ ის, რომ ვერ ჩაჯდებიან გადაცემის ფორმატში - „ანალიტიკური თოქშოუ“. „პრაიმტაიმი“ ვერაფრით ვერ გახდა ანალიტიკური თოქშოუ.

რაც შეეხება სტუმრებს, არც ის ვიცი, ვინ ადგენს მათ სიას, თუმცა, შერჩევის კრიტერიუმი - „ვარსკვლავი-ინტელექტუალები“, ფაქტია, რომ წინა პლანზეა წამოწეული და თითქმის ყველა გადაცემაში გვხვდებიან თავთავიანთი მსუყე-მსუყე მარგალიტებით, მაგალითად, ისეთით, როგორიც არის „არ მეგონა, ასეთი ოჯახისშვილი თუ მიშას მისცემდი ხმას“. ქალბატონ ბასა ფოცხიშვილს ვგულისხმობ. ეს ისე, სხვათა შორის. ეჭვი მაქვს, ოპონენტების შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი ერთმანეთის მიმართ სარკასტული დამოკიდებულებაა, რაც გადაცემას ერთგვარ ინტერესს სძენს და თეორიას сарказм брат близнец внутреннего гнева ამართლებს - ოპონენტები ერთმანეთის მიმართ შინაგან ბრაზს ამჟღავნებენ.

ახლა, ის გამახსენდა - „ბატონო იოზეფ კ. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ“... ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს ხომ მარგალიტზე მეტია?! სულ მინდა, რომ ვიღაცამ კითხვა შეუბრუნოს ქალბატონ ინგას: „როგორი კითხვა გინდათ დამისვათ?“ ნეტავ რას ეტყვის, პირდაპირ კითხვას დაუსვამს თუ იმის ახსნას დაიწყებს, როგორი კითხვა იქნება ის, რომელსაც მერე დასვამს. ძალიან საინტერესოა კითხვების დაანონსება, როდესაც ქალბატონი ინგა რესპონდენტს სამი-ოთხი წუთით ადრე აფრთხილებს, რომ სამ-ოთხ წუთში ერთ ასეთ კითხვას დაუსვამს და თან, ძალიან აინტერესებს რესპონდენტის პასუხი, მაგრამ როდესაც გადის სამი-ოთხი წუთი, რესპონდენტი კი უკვე სხვა თემაზე ლაპარაკობს, არც ქალბატონ ინგას, არც გადაცემის პროდიუსერს და არც ანალიტიკურ ჯგუფ „პრაიმტაიმს“ აღარ ახსოვს ის კითხვა, რომელზე პასუხიც ეგზომ აინტერესებდა სამი-ოთხი წუთის წინ. არ ახსოვს არავის, მაყურებლის გარდა, იმიტომ, რომ ქალბატონ ინგას და ანალიტიკურ ჯგუფ „პრაიმტაიმს“, საერთოდ, არ აინტერესებს, რა თემაზე ილაპარაკებენ რესპონდენტები. წამყვანის კითხვებიც მისი ინტერესის ხარისხის შესაბამისია, ანუ ჭორაობას უფრო ჰგავს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჭორების მიმართ ინტერესს უფრო მაღალი ხარისხი აქვს, ვიდრე მოცემულ გადაცემაში მოცემული თემის მიმართ ინტერესს. ქალბატონი ინგას აზროვნების სტილი არ იცვლება, ისევე, როგორც მისი კითხვები წლიდან წლამდე. თუ უყურებთ და, ალბათ, უყურებთ კიდეც ანალიტიკურ თოქშოუ „პრაიმტაიმს“, იმიტომ, რომ ის საუკეთესო ჯონჯოლია, გეხსომებათ, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ანალიტიკურ თოქშოუ „პრაიმტაიმში“ სტუმრად მისული ნათელაშვილების ოჯახი, როდესაც ბატონი შალვა ნათელაშვილის შვილს, ქალბატონმა ინგამ ჰკითხა, როგორია შალვა ნათელაშვილის შვილობაო, შალვას-ძემ კი არ დაინდო ქალბატონი წამყვანი და მიუგო, ეგ კითხვა ხომ შარშანაც დამისვითო. ქალბატონ ინგას გაეცინა.

ძალიან საინტერესოა რესპონდენტების ფრაზების ციტირება. მაგალითად, ბატონი გოგა ხაინდრავა მის წინ მჯდომ ბატონ გივი თარგამაძეს ეუბნება, რომ ის ლუკაშენკოს წინააღმდეგ ტერაქტს ამზადებდა. ქალბატონი ინგა კი შეტრიალდება ბატონი გივისკენ და „სიტუაციას ძაბავს“, „ექშენი“ შემოაქვს - „გივი თარგამაძე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდა, როგორ უპასუხებთ ასეთ ბრალდებას?“ ამ დროს კი, თემაა ოპოზიციის მემორანდუმი, ან საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი, ან, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს?! ასეთი სიტუაციები ბაგა-ბაღის ენატანიობას ჰგავს.

„ექშენის“ შექმნა ძალიან რთულია, სპილბერგი „ექშენის“ შექმნას წლებს ანდომებს, ქალბატონ ინგას კი ამის გაკეთება ორ წამში, რომელიმე რესპონდენტის ციტირებით უნდა.

ამას წინათ BBC-ის სახელმძღვანელოს ვკითხულობდი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს თოქშოუ. ძალიან ბევრი საინტერესო რამ ამოვიკითხე. ვკითხულობდი და კითხვისას ვხვდებოდი, რატომ არ მომწონს ანალიტიკური თოქშოუ „პრაიმტაიმი“.

0x01 graphic

„როგორ უნდა მიმართოს წამყვანმა რესპონდენტს?“ - ასეთი თავი იყო ერთ-ერთი და მაგალითი იყო მოყვანილი: როდესაც პიტერ ჯექსონმა პირველი „ბეჭდების მბრძანებელი“ გადაიღო და დიდი აღიარება მოიპოვა, ასევე დიდი აღიარება მოიპოვა ელაია ვუდმა, რომლის ასაკიც ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ოცი წლის რომ არ ყოფილა, დანამდვილებით ვიცი. რაღა ბევრი გავაგრძელო და ელაია ვუდი ლარი კინგმა თავის ლაივში მიიწვია და სულ მისტერ ვუდ, მისტერ ვუდ ეძახა. ლარი კინგი კი, კარგად მოგეხსენებათ, რამხელაც არის. ქალბატონი ინგა კი ბატონ დავით ტყეშელაშვილს დათოს ეძახის, ბატონ რამაზ საყვარელიძეს - ბატონ რამაზს, ბატონ გიორგი გუგავას კი - ლეიბორისტს. სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებს, რას დაუძახებს, ნებავს „კლიჩკებით“ მიმართოს, მაგრამ პროფესიონალიზმის ხარისხი თავს იჩენს ასეთ შემთხვევებში.

ყველაზე საინტერესო, რაც იქ ამოვიკითხე, ის იყო, რომ სატელევიზიო თოქშოუ, წამყვანმა, ისე უნდა წაიყვანოს, რომ შემდეგ, მისი რადიოვერსიის მოსმენა შეგეძლოს.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ ქვეყანაზე, სულ ყველაფერი, მაგრამ ანალიტიკურ-პოლიტიკური თოქშოუ „პრაიმტაიმის“ რადიოვერსიას ვერაკაცი ვერ მოუსმენს და თუ მოუსმენს, ვერაფერს გაიგებს.

მინდა, ისევ კითხვებს დავუბრუნდე, უფრო სწორად, ქალბატონი ინგას ინტერესს თავისივე დასმული კითხვის მიმართ. ერთ-ერთ ორშაბათს ან ხუთშაბათს ბატონ მამუკა კაციტაძეს მიმართა: „ბატონო მამუკა, მე მინდა, ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ“... და იყო კითხვა. ბატონმა მამუკამ, სანამ კითხვაზე პასუხს გასცემდა, ქალბატონ ინგას ერთი წუთი სთხოვა იმისთვის, რომ დარბაზისთვის მიემართა და მიმართა კიდეც. დაამთავრა, მართლაც ერთწუთიანი მიმართვა და ქალბატონი წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ წამყვანმა ქალბატონმა არ აცადა და მეორე თუ მესამე სტუმარს მიმართა სხვა კითხვით. ბატონმა მამუკამ გაიკვირვა, არ გინდათ კითხვაზე პასუხი გაგცეთო, ქალბატონმა ინგამ კი მიუგო, თქვენ უკვე გქონდათ დრო, ახლა აღარო.

დარწმუნებული არ ვარ, თუმცა დიდი ეჭვი მაქვს, დარბაზში ჩხუბი რომ ატყდეს, იმ გადაცემას ქალბატონი ინგა გრიგოლია და ანალიტიკუ რი ჯგუფი „პრაიმტაიმი“ წარმატებულ ლაივად ჩათვლიან. წარმატებულად იმიტომ, რომ ათიათასობით მაყურებელი დიდი ინტერესით უყურებს სეირს, რომელიც ლაივში იმართება. კიდევ იმიტომ, რომ მეორე დღეს ადგება ვიღაც და ჩემსავით დაწერს იმაზე, თუ რა მოხდა ანალიტიკურ თოქშოუ „პრაიმტაიმში“. კიდევ იმიტომ, რომ „რეკლამადაწელები“ მიაწყდებიან „პრაიმტაიმის“ სარეკლამო დროს და ბევრნიშნა ფულებს გადაიხდიან და ათასი ეგეთი ამბავი, რომელიც აუცილებელია ტელე-შოუსთვის და რომლის მიზანიც ეგ არის.

შალვა რამიშვილი ტყუილად არ მიხსენებია - ის პირდაპირ ამბობდა, მასა მინდაო. ქალბატონი ინგა გრიგოლია კი არ ამბობს, მაგრამ, სწორედ იმას აკეთებს, რაც შალვა რამიშვილს ძალიან უნდოდა და არ აცალეს.

0x01 graphic

რას აკეთებენ ქალბატონი ინგა გრიგოლია და ანალიტიკური ჯგუფი „პრაიმტაიმი“?

ანალიტიკურ ჯგუფზე რა გითხრათ, მაგრამ ქალბატონი ინგა გრიგოლია ვერ არჩევს ობიექტურად აქტუალურ თემას. ის ირჩევს უინტერესო, მაგრამ, სკანდალურ თემას და თვითონვე ცდილობს შესძინოს მას აქტუალობა, რაც, მინდა თამამად ვთქვა, ძალიან კარგად გამოსდის.

ქალბატონი ინგა ვერ არჩევს საინტერესო სტუმრებს... არა, ეს არასწორი ფორმულირებაა. ქალბატონი ინგა ვერ არჩევს ისეთ ოპონენტებს, რომელთა დიალოგი ან პოლემიკა მაყურებლისთვის საინტერესო და, რაც მთავარია, შინაარსობრივად მსუყე იქნება. იმის გამო, რომ სწორად ვერ არჩევს ოპონენტებს, ექმნება პრობლემები - ვერ აკონტროლებს მათ. არა, კი ვერ აკონტროლებს, არ აკონტროლებს ზუსტად იმ მიზეზის გამო, რაც ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ - მისი ინტერესის ხარისხი ჭორაობის დონეს არ სცდება. გამონაკლისი ერთადერთხელ მოხდა, მაშინ, როცა „პრაიმტაიმს“ ბატონი ლადო გურგენიძე სტუმრობდა. პრემიერ-მინისტრი ბიუჯეტზე საუბრობდა და ამას იმდენად საინტერესოდ და დეტალურად ახერხებდა, რომ ქალბატონმა ინგამაც კი ვერ შეძლო მისთვის ხელი შეეშალა და ძალაუნებურად, თოქშოუს სტატუსიც გამართლდა იმ საღამოს. დანარჩენ შემთხვევებში კი, ქალბატონი ინგა იმდენად აღვივებს რესპონდენტების დემაგოგიას, რომ ვეღარც ვხვდები, ქალბატონი ინგას არაკომპეტენტურობაა ამის მიზეზი თუ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის გონებრივი განვითარების მაჩვენებელია დაბალი.

„ვარსკვლავი-ინტელექტუალის“ გარდა, მასთან სტუდიაში იბადებიან ახალი „ინტელექტუალები“, რომელთაც ქალბატონი ინგა თავად ქმნის. თუმცა, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და, შეიძლება ითქვას, მომხრეც კი ვარ იმის, რომ ახალი სახეები ჩნდებოდნენ, მაგრამ, მაინც, მგონია, რომ „პრაიმტაიმში“ ახალი „ინტელექტუალები“ სუბიექტური შეხედულებებით იბადებიან. ეჭვი მაქვს, რომ ქალბატონი ინგა ფლობს სიას, რომელიც თავადვე შექმნა გარკვეული დროის წინ და იქ შესულია ის ადამიანები, რომელთა მიმართაც ქალბატონ ინგას პირადი სიმპათიები გააჩნია და ფიქრობს, რომ ისინი კომპეტენტურები არიან - უკითხონ საზოგადოე ბას მორალი. მაგალითად, ქალბატონი ქეთევან იგნატოვა, რომელიც ქალბატონმა ინგამ „იმედში“ ყოფნის დროს „გაასტარა.“ ასევე ბატონი ნიკუშა შენგელაია, ნინია კაკაბაძე და კიდევ სხვანი და სხვანი.

ქალბატონ ინგას ვერ მიჰყავს გადაცემა ერთი მიმართულებით - კონკრეტული თემის გარშემო, რაც იმაში გამოიხატება, რომ ძალიან ხშირად ინტერესდება ისეთი ინფორმაციებით, რომელსაც ოპონენტები ერთმანეთის პროვოცირების მიზნით აფრქვევენ და ხშირ შემთხვევაში, ეს ინფორმაციები არაფრისმთქმელია წამყვანისთვის და, მით უფრო, მაყურებლისთვის, მაგრამ ქალბატონი ინგა, მაინც ცდილობს მოეჭიდოს ამ ინფორმაციებს და გადაცემის მნიშვნელობა ერთიორად გაზარდოს, თუმცა, არასდროს არაფერი გამოსდის. გარდა იმისა, რომ მაყურებელს კიდევ უფრო აღიზიანებს.

ქალბატონი ინგა ვერ სვამს ისეთ კითხვებს და, შესაბამისად, ვერ ღებულობს პასუხებს იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნაც საზოგადოებას კი არ აინტერესებს, არამედ სჭირდება. საჭიროება და ინტერესი კი იდენტური ცნებები არ არის, რადგან, შეიძლება, უფრო უდარდელად და საინტერესო სანახავი იყოს ხაინდრავა-თარგამაძის ურთიერთლანძღვა, ვიდრე ანალიტიკური მსჯელობა საქართველოს ნატოში შესვლის საკითხზე. სწორედ ამის გამო იქმნება შოუ, სეირი, რომლის მიმართ ინტერესიც საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდია. იმიტომ, რომ შოუ ხალხს საშუალებას აძლევს გადაერთოს ყოფითი პრობლემებიდან გართობაზე, რაც საუკეთესო საშუალებაა, დაივიწყო ის, რაც გაწუხებს. ქალბატონმა ინგამ და ანალიტიკურმა ჯგუფმა „პრაიმტაიმმა“ ძალიან კარგად იციან, რომ ის, რასაც ქმნიან, საზოგადოებას არ სჭირდება, მაგრამ, ამავე დროს, ხელმძღვანელობენ პრინციპით „ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას“. ანუ, გამოდის ის, რომ ისინი მუშაობენ საზოგადოებაზე და არა საზოგადოებისთვის.

ზუსტად არ მახსოვს, რომელი „პრაიმტაიმი“ იყო, სტუმრები ვინ იყვნენ, ვინ ყვიროდა და ვინ პროვოცირებდა, მაგრამ მახსოვს, გადაცემის ბოლოს ქალბატონმა ინგამ ბოლო სიტყვა მისცა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, მან კი, მთელი რედკოლეგიის სახელით, კატეგორიულად უარყო ჭორი, თითქოს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები გადავიდნენ ახალ გაზეთში, რომელიც, თურმე, ერეკლე კოდუას უნდა გამოეცა. ბოდიში მომითხოვია და, სულ არ მაინტერესებს გადავიდნენ თუ არა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები სხვა გაზეთში ან ჟურნალში. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ჟურნალისტებს ეხება და არა საზოგადოებას. ეს იმიტომ ვახსენე, რომ ამით განისაზღვრება ყველაზე რეიტინგული თოქშოუს სერიოზულობა.

აქედან ერთი, ძალიან მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ქალბატონი ინგა გრიგოლია და ანალიტიკური ჯგუფი „პრაიმტაიმი“ მუშაობს მაყურებლის გართობაზე, „აკეთებს“ საკუთარ თავს და თოქშოუს რეიტინგს, თუმცა, ამას ახერხებს არა მისი აქტუალური და სერიოზული შინაარსიდან გამომდინარე, არამედ ბუნებრივი „სპეც-ეფექტების“ ხარჯზე. სწორედ ასე კეთდება საუკეთესო ჯონჯოლი.

6.2 მართლმადიდებელი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, გოგიტა ბუხაიძე, დავით მესხი

0x01 graphic

ახლახან, გიორგი თარგამაძემ, თანამოაზრეებთან ერთად, „ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია“ ჩამოაყალიბა და აღნიშნა, რომ მისი პარტიის მიზანი მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება და ქართული ღირებულებების დაცვაა. თან დააზუსტა, რომ ბრძოლას მხოლოდ „მებრძოლ ათეისტებს“ უცხადებს, დანარჩენებს კი, არაფერს ერჩის. დიდსულოვნად მიიღებს მათ ხმებს არჩევნებზე და თუ ძალიან მოინდომებენ, პარტიის რიგებშიც ჩარიცხავს! რას გულისხმობს გიორგი თარგამაძე „ქართულ ღირებულებებში“, ცოტა გაუგებარია. იქნებ კულტურას? როგორც დედამიწაზე არსებულ ყველა ერს, ჩვენც გამორჩეული კულტურა გვაქვს, მაგრამ, ეთქვა პირდაპირ, ქართულ კულტურას დავიცავო. ყველაფერი ცხადი იქნებოდა. როგორც ჩანს, ეს „ღირებულებები“ რაღაც ისეთია, რის ბუნდოვან მნიშვნელობასაც მხოლოდ თვითონ თარგამაძე თუ მოჰფენს ნათელს. რაც შეეხება ეკლესიას, და იმას, სჭირდება თუ არა პოლიტიკური პარტიების მფარველობა ქართულ სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და რას ნიშნავს მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება - ამ თემებზე თეოლოგს, ესპერტს ბექა მინდიაშვილსა და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმსახურს, დეკანოზ კახაბერ კურტანიძეს ვესაუბრე.

- ორიოდ სიტყვით შევეხოთ ქრისტინულ-დემოკრატიულ პარტიებს და მათ ისტორიას.

ბექა: ევროპაში ქრისტიანული პარტიები XIX საუკუნის შუა წლებში ჩნდება, სწორედ ამ დროს გადაუარა ევროპას ლიბერალურ-სეკულარულმა ტალღამ, და მაშინ, სწორედ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიები იცავდნენ კათოლიკური და სხვა ეკლესიების შერყეულ პოზიციებს. თუმცა, XX საუკუნის დასაწყისიდან ეს პარტიები ნელნელა ჩამოშორდნენ ეკლესიებს, ისინი ცდილობდნენ, რომ ქრისტიანობის მორალური და სოციალური საფუძვლები პოლიტიკაში შეეტანათ. სწორედ, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიების დამსახურებაა, რომ ევროპა სოციალური ლიბერალიზმით განიმსჭვალა, დღეს ეს უფრო მემარცხენე ტიპის სახალხო პარტიებია.

თარგამაძის შემთხვევაში საქმე არა გვაქვს მემარცხენე პარტიასთან, არადა, მან თქვა, რომ ევროპულ გამოცდილებასაც იზიარებს და პარტიას ეკლესიის და ქართული ღირებულებების დასაცავად ქმნის. მე ვერ ვხედავ გულწრფელ სურვილს, რომ ეკლესიის პოზიციები განამტკიცოს, ვერც თარგამაძის მხრიდან და ვერც სხვა პოლიტიკოსების მხრიდან, პირიქით, ისინი ეკლესიის შეუვალ ავტორიტეტს იყენებენ. ეს ყველაფერი ევროპულს კი არა, რუსულ ნაციონალურ-მართლმადიდებლურ მემარჯვენე პარტიებს უფრო მაგონებს, მართალია, ჯერ არ ვიცი ამ პარტიის იდეოლოგია, მაგრამ რასაც თარგამაძე პირველ განცხადებაში ახმოვანებდა, ეს უფრო ულტრამემარჯვენეობას წააგავს. დღეს მოქმედ პარტიებს შორის ეს ერთადერთი არ არის, რომელიც ითხოვს მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებას და რომელიც კონსერვატიულ და ტრადიციულ ფასეულობებზე აკეთებს აქცენტს. კიდევ ერთი და მთავარიც უნდა ითქვას - ეკლესიას პოლიტიკური პარტიები არ იცავენ, ეს აქსიომაა. ეკლესია იცავს ადამიანებსა და მთელ სამყაროს, თუ გნებავთ პარტიებსაც. თეოლოგიური თვალსაზრისით, ეკლესიას არავის დაცვა არ სჭირდება. ეკლესია თვითონაა დამცველი. ამიტომაც, ეკლესიიას არ სჭირდება დაცვა თარგამაძის ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსის მხრიდან.

მამა კახაბერი: ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიები წარმოიშვა საეკლესიო პოლიტიკის გასატარებლად, ფრანგული რევოლუციის კულტურული შედეგების და სოციალური დარვინიზმის, მარქსიზმის წინააღმდეგ. იმ პერიოდის კათოლიკური ეკლესია ძალიან ანტიმოდერნისტული იყო და ზოგიერთ დღევანდელ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩამოჰგავდა. ის ამბობდა - ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტება, ყველაფერი კარგად ვიცით, არავინ არ გვჭირდება, თუ მოხვალთ ჩემთან, ცხონდებით - არავითარი ეჭვი და სხვებით დაინტერესება. ჩემთვის ცხადია - თარგამაძემ ისეთი გზა მოძებნა, რომელიც მისთვის ყველაზე მისაღები და იოლი იყო. ისე, ალბათ, სჯობდა ქრისტიანულის ნაცვლად, მართლმადიდებლური დაერქმია, უფრო უკეთ მიიღებდნენ. კი, ვამბობთ, რომ ჩვენში დიდი ავტორიტეტი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას. მაგრამ, ეს გამოკითხვა ჩატარდა აფხაზებს და ოსებს შორის, თუ აღარ ვთვლით მათ ჩვენს მოქალაქეებად? ჩატარდა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის, თუ ისინიც არ არიან ჩვენი მოქალაქეები? და თუ ეს გამოკითხვები მთელი საქართველოს ტერიტორიას მოიცავს, ვფიქრობ, განსხვავებულ სურათს მივიღებთ. ვიცი, რომ ამ ჯგუფებს გარკვეული პრეტენზიები აქვთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ.

- მაგრამ, ეს პრეტენზიები არ ხმოვანდება. მედიაც გაურბის ამაზე საუბარს. რამდენადაა საპატრიარქო ჩართული პოლიტიკაში?

ბექა: პატრიარქის ქადაგებებს და ეპისტოლეებს თვალი რომ გავადევნოთ, დავინახავთ, რომ მათ ერთგვარი პოლიტიკური ვექტორი გასდევს. პატრიარქი ამბობს, თქვენ არ უნდა იყოთ არც ლიბერალები, არც კონსერვატორები. არამედ უნდა იყოთ მართლმადიდებლები. პატრიარქი აცხადებს, რომ საქართველოში ოდესღაც იყო მეფე, კულტურა და ეკლესია, დღეს საერო, სამოქალაქო კონსოლიდაციის თვალსაზრისით დარჩა მხოლოდ ერთი - ეკლესია. ამ პოლიტიკას თანმიმდევრულად ახორციელებს საპატრიარქო და, აქედან გამომდინარე, გამოდის კიდეც კონსტიტუციური მონარქიის შექმნის იდეით. ამავდროულად, დღეს პოლიტიკურად პოლარიზებულ ძალებს შორის საპატრიარქო ცდილობს შეასრულოს სტაბილურობის გარანტის ფუნქციაც. ეს ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ კი, იქ, სადაც, ეკლესიის პოლიტიკური გავლენა ძალიან ძლიერია, და ცხადია, რომ არის, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ძალა ეკლესიის მოსყიდვას ცდილობს, ვერ ვილაპარაკებთ იმ სახელმწიფოზე, რომელიც გამიჯნულია რელიგიისგან და რელიგიაზე, რომელიც გამიჯნულია სახელმწიფოსგან. რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ძნელი სათქმელია.

მამა კახაბერი: პატრიარქი, ერთი მხრივ, ამბობს, რელიგია არ ჩარიოთ პოლიტიკაშიო, მეორე მხრივ კი, აკურთხა თარგამაძის ქრისტიანულდემოკრატიული პარტია. ეს თითქოს არათანმიმდევრულობაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ პატრიარქი ყოველთვის იჭერს წონასწორობას. მისი მთავარი მოტივია, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს ცვლილებები. ის, ბუნებრივია, არის პროგრესის მომხრე, მაგრამ ფრთხილობს. გავიხსენოთ, აჭარის რევოლუციის დღეები, ის მაშინაც გამოდიოდა და მშვიდობისკენ მოუწოდებდა ორივე მხარეს, პატრიარქი ყველაფერს აკეთებს მშვიდობისთვის. მისი მთავარი სურვილია, შეინარჩუნოს სტატუს-კვო. შეინარჩუნოს ეკლესია, როგორც ბირთვი, კონცენტრირება ქართული სახელმწიფოებრიობისა. დანარჩენი, ვინ გამოიყენებს ეკლესიის სახელს, მისთვის ეს, როგორც ჩანს, მეორადია. მონარქიის საკითხსაც შევეხები. დღეს პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან ეკლესიაზე კი არ კეთდება აქცენტი, არამედ - პატრიარქის პიროვნებაზე. ის კი, ფიქრობს ამ ცენტრის გაორებას ანუ გადატანას მეფეზეც. ამ შემთხვევაში ორი ცენტრი იქნება. დავით აღმაშენებლის შესახებ ქადაგებაში ილია მეორემ მიანიშნა, რომ მომავალი მეფე, სასურველია, გაიზარდოს ეკლესიის წიაღში. აქ, ბუნებრივია, ისევ გვიწევს ეკლესიოცენტრულობაზე საუბარი. (ამ რელიგიურ პოზიციას სჭირდება თეოლოგიური არგუმენტაციაც, რომელიც, ვიღაცამ უნდა გააკეთოს.) ასეთი ზოგადი განცხადებები და, ფართოდ, პოლიტიკა ძალიან ჰგავს პრემოდერნული ხანის ინგლისის საეკლესიო პოლიტიკას, როდესაც თეოლოგიური ბუნდოვანების გზით სახელმწიფოში, ერთი მხრივ, მშვიდობა და, მეორე მხრივ, ანგლიკანური ეკლესიის დომინირება ნარჩუნდებოდა. უცნაურია, მაგრამ ჩვენ ერთდროულად პრემოდერნულ და პოსტმოდერნულ ხანაში ვიმყოფებით.

0x01 graphic

- შეიძლება, ეს იმის ბრალიც იყოს - ქართული ნაციონალიზმი ისე ჩამოყალიბდა, რომ სეკულარიზაციის გამოცდილება არ გვქონია. ის, რაც კომუნისტების პერიოდში მოხდა, მაინც ძალადობრივი, გარედან თავსმოხვეული აქტი იყო.

ბექა: სეკულარიზაცია ისტორიის პროცესის ერთი მონაკვეთია. ქართველები ამოვვარდით დასავლური ისტორიული დისკურსიდან. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორია არ იყო შეკავშირებული პოლიტიკური მთლიანობა, კონსოლიდირებული ერთობა. ბუნებრივია, ამიტომაც სეკულარიზაციას არ ჰქონდა ადგილი. ის პროცესები, რომლებიც ჩვენ არ გაგვივლია, თითქოს ახლა ვითარდება. დღევანდელი ქართული რეალობა, რელიგიური თვალსაზრისით, შუასაუკუნეებს უფრო ჰგავს, ვიდრე დემოკრატიის პერიოდს.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

- თუ, ვთქვათ, საზოგადოებაში, თარგამაძის და ამ ტიპის პარტიებს ექნათ მხარდაჭერა, განხორციელდა ეს იდეა, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? არსებობს ფუნდამენტალიზმის საფრთხე?

ბექა: სახელმწიფო რელიგიის ცნება ტრადიციულია ანგლოსაქსურ ქვეყნებში, ინგლისსა და შოტლანდიაში არსებობს establishment church - დამკვიდრებული ეკლესია - ანგლიკანური და ეპისკოპალური ეკლესია, შვედეთში, ნორვეგიაში და დანიაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ნორვეგიაში დღემდე არსებობს ოფიციალური ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და ა. შ. სახელმწიფო რელიგიის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო მთლიანად ახდენს ეკლესიის უზურპაციას და იყენებს მას მისთვის აუცილებელი მიმართულებებით. მაგრამ ჩრდილოდასავლურ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოც და ეკლესიაც დემოკრატიულები და ლიბერალურები არიან, ორიენტირებულები არიან სოციალურ მსახურებაზე, ეს ფუნდამენტალიზმის საშიშროებას არ ქმნის. სხვა შემთხვევაში, ეს საფრთხე არსებობს. ფუნდამენტალიზმი არ არის რელიგია, ის რელიგიაზე დაფუძნებული იდეოლოგიაა, ეს ორი ცნება სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ფუნდამენტალიზმი გარკვეული ადამიანების ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციაა რელიგიის საფუძველზე, იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს რელიგია, ეს არ არის საღვთო გამოცხადებაზე დაფუძნებული სწავლება. ეს კონცეფცია რელიგიის საფუძველზე პოლიტიკურ მართვას ემყარება, რაც გვაქვს ირანში, ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში, რის ელემენტებსაც ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაშიც ვაწყდებით, მათ შორის, რუსეთსა და საქართველოშიც. სხვათა შორის, პოლიტიკური რადიკალური მართლმადიდებლობის ნიშნებით რუსეთისა და საქართველოს მოძრაობები ძალიან წააგავს ერთმანეთს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენთან, ფუნდამენტალიზმის საფრთხე იმდენად თვალსაჩინო არაა, საქართველოში, უფრო რელიგიური ფარისევლობის პრობლემა დგას, რაც დაბალ რელიგიური კულტურაზე მიგვანიშნებს. პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეკლესიის თემით გამუდმებული ხანჯლაობა მხოლოდ დაბალი რელიგიური კულტურის და ფარისევლობის მაჩვენებელია. საქართველოში აქტიური მრევლი სულ რაღაც 11%25-ია, ეს ის ხალხია, ვინც აქტიურად დადის ეკლესიაში, ეზიარება და . . ძირითადი ნაწილი მაინც კულტურულ-ესთეტიკური მართლმადიდებლობის კონტექსტში თავსდება, მათთვის მართლმადიდებლობა იმდენადვეა მნიშვნელოვანი, რამდენადაც, ვთქვათ, ფეხბურთის ყურება ან ქეიფი. მართლმადიდებლობა თან სდევს მათ ყოფასა და კომფორტს. სწორედ აქაა საფრთხე და ამის გამოყენებას ცდილობენ პოლიტიკოსები. აქ ეკლესიამ უნდა თქვას თავისი სიტყვა და გამიჯნოს ჭეშმარიტი მორწმუნეობა და ტრადი ციული კულტურული რელიგიურობა, სამწუხაროდ, ამაზე ეკლესიას ჯერ არაფერი უთქვამს, თავის დროზე არ უთქვამს თავისი სიტყვა სოციალურ მანკიერებებზეც, კორუფციაზე, ქურდების თემაზე, ძირეულად არ შესჭიდებია სიღარიბის საკითხს, დაუცველი ადამიანების, ბავშვების, მოხუცების, პრობლემებს. მაგრამ საპატრიარქო ყოველთვის აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ ლოიალური ყოფილიყო მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ და გამოეყენებინა ეს ძალა სათავისოდ. როდესაც საქართველოში მომრავლდა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები, ამას ეკლესიამ სამისიონერო მოღვაწეობა კი არ დაუპირისპირა, არამედ, მთავრობას სამართალდამცავი სტრუქტურების გააქტიურება მოსთხოვა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ. 1997 წელს, პატრიარქმა, პირდაპირ მისწერა წერილი პარლამენტს, რომ საქართველო დაეცვათ ამ რელიგიური ჯგუფებისგან. ეს ბიზანტიური ტრადიციაა, რომელიც შემდეგ რუსეთში გაგრძელდა და ე.წ იმპერიული მართლმადიდებლობისთვისაა დამახასიათებელი. ვიცით, რომ ორივე შემთხვევაში, ამ ურთიერთათქვეფამ სრულ კოლაფსამდე მიიყვანა სახელმწიფოც და რელიგიაც. ეს ყველაზე დიდი საფრთხეა, სახელმწიფო რელიგიამ, შეიძლება, რელიგიაც მოსპოს და სახელმწიფოს არსებობასაც შეუქმნას საფრთხე. როდესაც კონსტანტინოპოლი ეცემოდა, 1453 წელს, სამჯერ მეტი ადამიანი იყო ბერძნულ მონასტრებში, ვიდრე კონსტანტინოპოლის დამცავ ჯარებში.

- მაინტერესებს, რა განსხვავებაა ოფიციალურ რელიგიას და სახელწიფო რელიგიას შორის. გიორგი თარგამაძემ გამიჯნა, თქვა, რომ საბერძნეთის მოდელი, სადაც ეკლესიას სახელმწიფო სტატუსი აქვს, მისთვის მიუღებელია.

ბექა: აქ, ალბათ, უბრალოდ, შეცდომასთან გვაქვს საქმე. თარგამაძეს, მგონი, ტერმინები აერია. საქმე ისაა, რომ ჩვენს სახელმწიფოში ოფიციალურია ყველა ის რელიგიური გაერთიანება, რომელიც, რაიმე ფორმით არის დარეგისტრირებული და იურიდიულად სამართლებრივ სივრცეშია მოქცეული, ასევე, ოფიციალურია ის რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც უარს აცხადებენ რეგისტრაციაზე, და არსებობენ კონსტიტუციური გარანტიების - რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების საფუძველზე. ოფიციალურობის ყველაზე მაღალი სტატუსით, რა თქმა უნდა, სარგებლობს მართლმადიდებლური ეკლესია, მას აქვს საჯარო იურიდიული პირის სტატუსი, და დაახლოებით იმგვარი უფლებებით სარგებლობს, როგორითაც შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო რელიგია. თარგამაძის მიერ შემოტანილი ტერმინი, ოფიციალური რელიგიის სტატუსის შესახებ, გაუგებრად მიმაჩნია, თუმცა, თავიდან, იგი სახელმწიფო რელიგიის აუცილებლობაზე საუბრობდა. ესაა ის მიმართულება, რომელსაც თავის დროზე, რადიკალური ნაციონალისტი, გურამ შარაძე ატარებდა, დღეს ის თარგამაძის სახით აღორძინდა. თუმცა, ჩვენში არსებული ყველა პოლიტიკური აქტორი მეტ-ნაკლებად ცდილობს ეკლესიის თემით სპეკულირებას, ეს ძალიან ცუდია, ეს რელიგიური ფარისევლობის და უმეცრების მანიშნებელია. არ შეიძლება ამაზე ცუდი რამ გაუკეთო ეკლესიას, ვიდრე ის, რომ მისი რწმენა, იდეოლოგიად აქციო.

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

- რა მექანიზმები არსებობს ამის წინააღმდეგ? რა უნდა შესთავაზოს ეკლესიამ ჩვენს საზოგადოებას?

მამა კახაბერი: სახარებაში საუბარია ოფიციალური რელიგიისა და იდეოლოგიის წინააღმდეგ იესოს ბრძოლაზე. ქრისტე, სწორედ ოფიციალურმა იდეოლოგიამ, ერთი მხრივ, ნაციონალურ-იუდეურმა და, მეორე მხრივ, რომაულ-იმპერიულმა, გააკრა ჯვარზე. ეკლესიამ უნდა გააღვივოს მორალური პასუხსიმგებლობა თითოეულ ადამიანში, დღეს კი, მრევლს რაღაც გარანტიებს პირდებიან. არადა, სახარების მიხედვით, საჭიროა, ადამიანი მუდამ ფხიზლად იყოს, არაფერია გარანტირებული. ეკლესიამ ხალხს უნდა შესთავაზოს გონებაზე დაფუძნებული ეთიკა, უნდა შესთავაზოს ტექსტები, აზროვნება. მამარდაშვილი ამბობდა, ეშმაკი გვეთამაშება, როცა არ ვფიქრობთ ზუსტადო. ასეთი აზროვნება უნდა შესთავაზოს ეკლესიამ მრევლს. გავიხსენოთ, როდის გააკრეს იესო ჯვარზე, მაშინ, როცა პილატეს უთხრეს, რომ იესო კეისარს, ანუ გაბატონებულ, ამ შემთხვევაში, იმპერიულ იდეოლოგიას უპირისპირდებოდა. ჩვენ კი, საეკლესიო პირები, მოწოდებული ვართ მსახურებისთვის არა მხოლოდ ვიწრო სამრევლო სფეროში. ჩვენ, ჩვენი პირადი მაგალითით, მსახურებით, და მრევლმა, როგორც ერთობამ და ცოცხალმა საზოგადოებრივმა ორგანიზმმა, თავისი სამრევლო ცხოვრებით, მაგალითი უნდა ვუჩვენოთ მრავალეროვან და მულტირელიგიურ საზოგადოებას, უნდა ვიყოთ „ნათელი ამა სოფლისანი..“

ბექა: ვიქნები ტრივიალური, ეკლესიამ სახარებისეული ქრისტე უნდა შესთავაზოს საზოგადოებას. სახარებაში ქრისტე ყველაზე მდაბიო და საზოგადოებისგან გარიყულ ხალხთან ერთად ჩნდება და მას, ამიტომ სდევნიან. სახარება ძველ ქართულად კი არა, თანამედროვე, ჩვენთვის გასაგებ ენაზე უნდა წავიკითხოთ, იმ ენაზე, რომელზეც ის თავის დროზე დაიწერა - ყველაზე უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე. ჩვენი ეკლესია, დღეს, ჩემი აზრით, უფრო სხვა საკითხებით არის დაკავებული, ვიდრე ქრისტეს სახარებისეული უწყებით. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა და ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის და ჩვენი დროისთვისაა დამახასიათებელი. მეოცე საუკუნის დიდი მართლმადიდებელი მღვდელი, ალექსანდრე მენი ამბობდა, ქრისტიანობა ჯერ არ დაწყებულაო. ნიცშეს აზრით - ქრისტიანებმა ქრისტეს აუგეს საფლავები. ვხედავთ დიდ ტაძრებს, სიმდიდრეს, რომელიც აქვს ეკლესიას, ძვირფას შესამოსლებში შემოსილ საეკლესიო პირებს, ძვირფას ყდებში ჩასმულ გრანდიოზულ სახარებებს, მაგრამ, თითქმის არ ჩანან ადამიანები, რომლებიც ამ სახარებას კითხულობენ და მისი სიცხადით ცხოვრობენ. ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც ლიბერალური მიმართულებები და ვერც პოლიტიკის პროგრესულობა ვერ გადაჭრის ამ პრობლემას, ეს თითოეულმა ადამიანმა თვითონ, საკუთარი ძალისხმევით უნდა გადაწყვიტოს.

6.3 მედიასიზმრები

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე ჯაში
ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

ლუიზა 097 და გია ნოდია კაბრიოლეტი ჯიპით გერტრა 088-სთან ოფისში მიდიან. ოფისი ზემო ვერაზეა. ძალიან ზემოთ. გერტრა 088 შესაგებებლად გამოდის და ამაყად ამბობს, - ნახე, რა მაგარ ადგილას გვაქვს ოფისიო! გერტრა 088 გია ნოდიას ხელში ცელოფნის პარკს აძლევს. პარკში დანა-ჩანგალი ყრია - გასარეცხი დანა-ჩანგალი. გია ნოდია დანა-ჩანგალს მშვიდად ყრის გვერდზე - აგდებს. ამ მოქმედებით აღშფოთებული ლუიზა 097 ჭუჭყიანი დანა-ჩანგლის აკრეფას იწყებს, თან ახლად დანიშნულ მინისტრს გულმოსული უყურებს - რას ყრი, მაიტა, გავრეცხოთო.

ლუიზა 097 და გერტრა 088, გია ნოდიას მსგავსად, რეალური ადამიანები არიან. ეს ამბავი კი, ერთ-ერთი მათგანის წარმოსახვაა. უფრო სწორად, სიზმარი. მათ ვინაობას კოდირებულს დავტოვებ, რადგან სიზმარი, ხომ გესმით, ჩვენი ცნობიერი კონტროლიდან წასული მოქმედებაა და მასზე პასუხს არ ვაგებთ.

შარშანდელი სექტემბრიდან, ტელევიზორი, რაღაც, განსაკუთრებულად ინტენსიური გახდა. ასე მახსოვს, ინტენსიური გახდა სწორხაზოვანი ინფორმაცია. შემდეგ, როცა ნოემბრის აქციები 7-ში დასრულდა, ტელევიზორმა, საზოგადოების აღზრდის ფუნქცია, კიდევ უფრო მეტი მონდომებით აიღო საკუთარ თავზე. ხელისუფლებამ აგენტურაში მხილებული მრავალი ადამიანი გამოავლინა, ხოლო საქართველოში დემოკრატიულობის დასამტკიცებლად, საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. ამ პერიოდში ტელევიზორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნაკლებ ღირებული იყო, ვიდრე ჭორად მიღებული ინფორმაცია, რადგან, ტელევიზორიდან მიღებული ინფორმაცია, ბევრად უფრო მწირი იყო, ვიდრე ჭორი. ამ ცნობიერი ინფორმაციის სიმცირემ სიზმრები დაძაბა.

სიზმრები მკაცრად ინდივიდუალურია. სწორედ ამაშია მათი ხიბლი და აშკარა უპირატესობა რეალურ სამყაროსთან შედარებით. ამ ინდივიდუალური სიზმრების კრებული რეალურის ალტერნატივა ხდება - ერთი საერთო ცხოვრება, რომელიც სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა სიზმრებისგან შედგება. ამ მცირე სტატიაში ის სიზმრებია მოყოლილი, რომელიც ტელევიზორში პოლიტიკური მოვლენების ასახვა/არასახვას უკავშირდება და შესაძლოა, ისტერიასაც კი ჩამოჰგავს.

ნოემბრის დღეებია და ტელევიზორში მიჯრით გადაიცემა სატელეფონო მოსმენები - ერთმანეთის მხილება, ფარული ჩანაწერები - ბრალდება შპიონაჟში, ტელეფილმები - ბრალდებების არგუმენტირება და მოკლედ, ისეთი ამბები ხდება, საკუთარ თავშიც რომ ეჭვი შეგეპარება, იქნებ, ჩემი კრიტიკული შეხედულებები „ბოროტმა ძალებმა“ განაპირობესო. ამ დროს მარკი 017 დიდ სიურეალისტურ ოთახშია გამოკეტილი:

- აუზი ოთახში ნახევარზე მეტ ფართს იკავებს, ნაწილი კი იატაკია, ანუ ნაპირი. მე ვიღაც სხვებთან ერთად, ნავში ვიმალები ოთახ-აუზის კუთხეში. ვიცი, რომ უნდა მოვიდნენისინი, ვინც არ მიყვარს, ვისიც მეშინია, იმიტომ, რომ რაღაც მოხდა და უნდა გამოიძიონ.…

ცხად, ცნობიერ სამყაროში მარკი 017 პროფესიით იურისტია და ესმის, რომ დანაშაულის გამოსააშკარავებლად თანამშრომლობა კარგი კი არა, აუცილებელია.

- მოვიდნენადეიშვილი, მერაბიშვილი და კიდევ ვიღაც. შინაგანი დილემა მაწუხებს - რა ვქნა? დავენახო და ვუთხრა რაც ვიცი, თუ გავცურო შორს და დავიმალო?! ისევ შემეშინდა გაცურვის, გაქცევის და ნავი ნაპირთან მივაყენე. გადავედი და ვუთხარი, ვიცი, რაც მოხდა-მეთქი.

მარკი 017-მა მოსულებს ყველაფერი გადმოულაგა. უამბო.

- ერთ-ერთი მეუბნება (აი ის, მესამე), კიდევ კარგი, წამოხვედი თანამშრომლობაზე და მაგრად გამოძვერიო. მე ვპასუხობ - და, რა ვუყო მორალურ კომპრომისს? რა ვქნა, რომ არ მინდოდა თქვენთან რამე შეხება მქონოდა?

როგორ მომწონს ეს იდეა - მორალური კომპრომისი, რომელიც სინდისის ქენჯნას იწვევს. მარკი 017 გაიყიდა.

გადის რამდენიმე დღე და ჯონი 034 შეშფოთებული იღვიძებს. რეალურ ცხოვრებაში ჯონი 034-ს გამძაფრებული პროტესტის გრძნობა აქვს. ცდილობს ებრძოლოს სისტემას, თუმცა, მცირე არეალზე და თან, აშკარად, გამომწვევი ფორმებით. ჯონი 034-ს მე ვესიზმრები:

- სუფთა ჩინოვნიცა იყავი, ვარცხნილობაც კი სხვა გქონდა. და ვფიქრობდი, აზრზე ხარ, სალომეც კი გადაიბირესო.

„სალომეც კი…“ ჩემთვის კომპლიმენტი იყო და რეალურ სამყაროშიც თავი რაღაც ბრძოლის მონაწილედ ვიგრძენი, იქ ჩემს გადაბირებას ცდილობდნენ.

ამასობაში კლაკლა 065, 7 ნოემბრიდან 5 იანვრამდე ვარაუდებს ისმენდა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა არჩევნებს. ახლაც არ ვიცი, რა მოჰყვა სინამდვილეში, რადგან მოჰყვა ის, რასაც ისევ ტელევიზორში ვუყურებ. მაშინ კი, კლაკლა 065 დიდად არ ღელავდა. აბა, რა უნდა მოჰყოლოდა. იქნებ, კარგიც არის, ტელევიზორში რომ ბევრს არაფერს ამბობენ. ესე იგი, ბევრი არაფერი ხდება და ბევრი არაფერი ცუდიც არ ხდება და, ბუნებრივია, ეს ბევრი არაფერი ცუდი, კიდევ ბევრ არაფერ ცუდსაც არ იწვევს. არის ამაში რაღაც ხიბლი და პროვოკაცია - არსებობს რეალობა, არსებობს ტელერეალობა და არსებობს სიზმრების სამყარო. მოკლედ, კლაკლა 065-ის სიზმრების სამყაროში, არჩევნებს ომი მოჰყვა:

- პორტში ვიდექით, ჩვენ წინ ყურე იყო. მოულოდნელად, მარჯვნიდან პატარა გემების გუნდი გამოჩნდა და ძალიან სწრაფად ჩაგვიქროლა. გუნდურად ჩაირბინეს. აშკარად რაღაცას გაურბოდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ ხაკისფერებში ჩაცმული და კატერზე ამხედრებული კაცი მოსდევდა. ერთი ხელით დოინჯი ჰქონდა შემორტყმული, მეორეში კი პისტოლეტი ეჭირა და იმ პატარა გემებს ესროდა. რომ შეგვამჩნია, იარაღი ჩვენკენ მოატრიალა და ჩვენ ხელები ავწიეთ. - ვისკენ ხართ? - იკითხა იმ დოინჯშემორტყმულმა კაცმა. აღარ მახსოვს, რა ვუპასუხე, მაგრამ ვკითხე, ამას რატომ აკეთებმეთქი. პატარა მიშიკოსთვისო, მითხრა.

დავამატებ, რომ საკუთარ ცნობიერ სამყაროში კლაკლა 065 ასე არასოდეს მოიხსენიებს საქართველოს პრეზიდენტს.

არჩევნებმა რომ გადაიარა და ვითომ, ტელევიზორიც ცოტა უნდა შერბილებულიყო, ანუ გათავისუფლებულიყო, არაფერი შეცვლილა. ტელევიზორი ისევ იმავე ტელევიზორად დარჩა, რაც 8 ნოემბერს იყო. არა, რაოდენობა ახლა უკვე მეტი იყო, მაგრამ ინფორმაცია - ისევ ის. უფრო სწორად, ინფორმაციის მიწოდების კუთხე არ შეცვლილა.

ინფორმაციის დასაცინცლად გურჩი 053 სიზმრეთში სახელმწიფო კანცელარიას ეწვია.

- სააკაშვილმა გვიმასპინძლა. ფოტოები იყო გამოფენილი. ვათვალიერებდი და ამ დროს მოვიდა. რაღაც პოლიტიკურ თემაზე ჩამოაგდო საუბარი...…

რა თქმა უნდა...…

- არ დავეთანხმე, გეშლება-მეთქი, მიხეილ.

ესეც კაი თავხედი ყოფილა.

- მე, მაინც, ჩემსას გავიტან. კისერი გიტეხია-მეთქი.

მერე გურჩი 053-მა და სიზმრეთში პრეზიდენტმა, საკამათო თემის გადასაწყვეტად, ჭადრაკი ითამაშეს.

- მოვუგე! და მითხრა, მოგაგებინე, პატარა ხარ და გული არ დაგწყვიტეო.

ვისთვის ვინ არის პატარა… ვერ გაიგებ. ვინ ვის აგებინებს კიდევ.

ტელევიზორი კი აცხადებს, რომ ჭადრაკი გურჩი 053-ს სულაც არ მოუგია. ესე იგი - ასეა. სიზმრები ინფორეალობის ბალანსია… ან ისტერიული რეფლექსია. თან, ყველა სიზმარი ცნობიერი ემოციური გამოფხიზლებით სრულდება და მის აზრს პატრონი საწოლში წრიალით განაგრძობს.

- მივიხედ-მოვიხედე. ბევრი ადამიანია. ერთი ლიდერია აშკარად. პუტკუნა. პატარა ულვაშებით.

ამბავს სიზმრეთიდან ფარფარა 064 ჰყვება. ერთ-ერთია, რომელიც სატელეფონო მოსმენების მსხვერპლი გახდა. მერე ეუბნებოდნენ, აი, ამიტომაც არ უნდა იჭორაო ტელეფონზეო.

- ის ლიდერი სიტყვით გამოდიოდა. რასაც ამბობდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სიგიჟე იყო, აბსურდი. ხალხი ჩუმად უსმენდა. იცი, როგორი განცდა მქონდა? ხაფანგში რომ აღმოჩნდები, გამოუვალ სიტუაციაშიდა ხვდები, რომ ყველა გიჟია. იხედები აქეთ-იქით, იქნებ, ვინმე თანამოაზრე იპოვო. ვინმე ნაცნობიდა ერთი ვნახე - ვერა 024.…

ცნობისათვის: ვერა 024 ერთ დღეს ასევე გახდა სატელეფონო მოსმენების მსხვერპლი და, ვიტყოდი, პოლიტიკური მანიპულაციებისაც.

- ვერა 024, მეგონა, მხარს ამიბამდა, მაგრამ პირიქით. მეუბნებოდა - არა, ფარფარ 064-, არ არიან ესენი გიჟები. ამას ამბობდა და თან ეცინებოდა.

შეშინებული წამოხტა ფარფარა 064, ასანთი დაწვა და თავზე სამჯერ შემოიტარა. ვითომ, ამის მერე, ასეთ გიჟებს აღარ ნახავს. თუ მეტად თვითონ აღარ გაგიჟდება. და რამ გააგიჟა კიდევ კონტრ 021, გიორგი თარგამაძეს რომ მუმიტროლის გენეალოგიას უყვებოდა, ხშირად ბორძიკობდა და ჟურნალისტი-პოლიტიკოსიც ყოველ წაბორძიკებაზე „ღმერთს ებარებოდეთო“, რომ ეუბნებოდა. ეჰ, სიზმრებს კიდევ რა უშავს. ცხადში, ახლა, ეგ კაცი ამბობს - მებრძოლი ათეისტები ჩვენი სამიზნეაო. აი, ახლა კი, თვალების მოფშვნეტის დროა და ცხადი - წყალს გასატანებელი...

სიზმრები დასიზმრებულია 2007 წლის 2 ნოემბრიდან 2008 წლის 2 თებერვლამდე. მათი ავტორები რეალური ადამიანები არიან. ავტორთა მიერ დამახსოვრებული და გადმოცემული სიზმრების შინაარსი უცვლელია.

6.4 მერი პოპინსი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნინო ლეჟავა
ფოტო: ქეთო ცაავა

0x01 graphic

ეს რეცენზია არ არის!

თეატრი გარდერობიდან არ იწყება. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი მეცენატების მოსახსენებელი მარმარილოს ფილით იწყება. „...შესაძლებელი გახდა ქართველი მეცენატების დახმარებით“. ბადრი პატარკაციშვილი, ელგუჯა ბუბუტეიშვილი, გოგი თოფაძე, ჯემალ ინაიშვილი, ზაზა სიორიძე, ვანო ჩხარტიშვილი... უცნაურია, ერთი ქალიცაა ამ სიაში. მეტი ვეღარ დავიმახსოვრე; თუმცა, ეს შემადგენლობა მეტ-ნაკლები სისრულით, სულ მცირე, ერთი-ორი ეკლესიის შესასვლელთანაც იქნება ასეთივე ვარდისფერი მარმარილოს, ანაც გრანიტის ფილაზე ამოტვიფრული.

კარი მოწყენილმა ახალგაზრდა კაპელდინერმა გაგვიღო. აქეთ-იქით დაცვის ბრგე თანამშრომლები ედგნენ. რა დააშავა ამ ტანადმა გოგომ, ასეთი ჭაობისფერი და გომბეშოს ნაკეცებივით უნიფორმა რომ შეუკერეს?

ჩემი მერი პოპინსი

სურათი პირველი:

სკოლის წინ კვადრატული ცისფერი ავტობუსი დგას. საქარე მინის უკან აბრაა წარწერით „ბავშვები“. კვადრატულ ავტობუსს პლეხანოვზე მივყავართ და თოჯინების თეატრის წინ გამწკრივებულებს ყველას საგულდაგულოდ გვისინჯავენ „აბონიმენტს“. მერე წარმოდგენა იწყება და ნაოჭებიან ყვითელ კაბაში გამოწყობილი ქალი გვეხვეწება: „ბავშვებო, აბა, დავუძახოთ იხვის ჭუუუუ-ჭუუუულს!!!“ ვერაფრით დავიჯერე, რომ ეს პიტკინა ქალი იხვის ჭუჭულის მეგობარი გოგო იყო.

სურათი მეორე:

ძალიან მრცხვენია ქართულის მასწავლებლის. უკვე, მერამდენე დღეა საძაგლად ვატყუებ. ვითომ თვალებში ვუყურებ და თან მერხის ქვეშიდან ინგა გიგინეიშვილის მოტანილ პამელა ტრავერსის „მერი პოპინსის“ ქართულ თარგმანს ვაცურებ. აღარ მახსოვს, ინგა წიგნს სახლში რატომ არ მატანდა. ყოველ დღე დიდსულოვნად კი მოჰქონდა წიგნი და მეც გატაცებით ვკითხულობდი.

სურათი მესამე:

ზინაიდა კვერენჩხილაძე მკაცრი გადია იყო და მიუხედავად იმისა, რომ „რუსთაველის“ წარმოდგენა დისნეის მიუზიკლის მიხედვით იყო დადგმული, ის უფრო ტრავერსის ჩაფიქრებული სუფრაჟისტი მერი პოპინსი იყო. მახსოვს პიჟამოების სცენა. წესით, ჯეინს მაქმანებიანი უნდა სცმოდა, მაიკლს - ზოლებიანი პიჟამო. „მააა-იკლ! ჯე-ინ!“ - ალბათ, დეიდა პოლიც ასე ეძახდა ტომს.

სურათი მეოთხე:

საყმაწვილო თეატრ „ბერიკონის“ პრიმადონა მერი ოდიშვილი მშვენიერი მერი პოპინსი იყო. ოსტატურად ატრიალებდა ქოლგას და „სუპერკალიფრაჟელისტიკექსპიელიდოშესს“ მისძახოდა რკინიგზელთა კულტურის დარბაზს. 1989 წლის მარტში პოლონეთში საგასტროლოდ ნასწავლი „ალუბლების ქუჩა-ზე, ქუჩა-ზე, 17 ნომერ-ში, 17 ნო-მერ-შიიი“ დღემდე მახსოვს და სპექტაკლის მოლოდინში უკვე ჩემს შვილსაც დავასწავლე.

0x01 graphic

სურათი მეხუთე:

90-იანების დასაწყისში „თეატრალურის“ საკურსოებზე მოსიარულეებზე „დოიმ“ დიდი შთაბეჭდილება დატოვა: სადიპლომო სპექტაკლი „მადამ ბოვარი“ ჩვენთვის უჩვეულო - 2 განზომილებაში გადაწყვიტა. თამარ გეგეჭკორის ემა ბოვარი და, თუ სწორად მახსოვს, ზურა გეწაძის რუდოლფ ბულანჟე შემოდგომის ტყეში სეირნობდნენ და ჩვენ მათ - სცენის უკან გაჭიმულ კინოეკრანზე ვუყურებდით. 95-ში „მარჯანიშვილში“ დადგმულ „მეფე ლირზე“ ოთარ მეღვინეთუხუცესის ნათამაშევი მეფე ლირის სანახავად არ მივლია: ნატა მურვანიძის პლასტიკა, გოგი ძოძუაშვილის მუსიკა, სიმონ მაჩაბლის მხატვრობა და სწორედ დათო დოიაშვილის რეჟისურა მაშინ ჩვენთვის ახალი თაობის ნიშნებს ატარებდა.

0x01 graphic

სურათი მეექვსე:

2008 წლის გამოციებულ თებერვალში კი 6 წლის ქალიშვილის გართობის პრობლემით შეღონებული ამას წინათ myspace-ის ერთი სივრციდან მეორე სივრცეში მოხტუნავე, www.musictheatre.ge-ს გადავაწყდი. დავუწკაპუნე, აფიშაზე „მერი პოპინსი“ აღმოვაჩინე და გავიხარე. გადავწყვიტე, ანუკას კვირა დღეს წავიყვან სპექტაკლზე, ცოტათი მაინც ხომ გაერთობა-მეთქი.

როცა ქარი აღმოსავლეთიდან უბერავს: იგინივე და სხვა

სურათი პირველი:

„მუსკომედიის“ შენობა, რომელიც თითქმის 2 ათწლეული შენდებოდა, ორსახოვანი იანუსივითაა. გზაჯვარედინიც უცნაური სტრუქტურისაა: დავით აღმაშენებლის გამზირისა და ტელმანის ქუჩის გადაკვეთას კავკასიის სააბრეშუმო სადგურის ყოფილ პლანტაციებზე აშენებული „დინამოს“ ოვალური სტადიონი გადმოჰყურებს. თეატრის მოპირდაპირე მხარეს სოციალისტური თბილისის პირველი მიკრორაიონია - „ტრამვაელების“ სახლები ფსევდონაციონალური დეკორით. ქუჩის გადმოღმა, თეატრის შენობასაც ფასადი ოვალური აქვს. გარე არქიტექტურა უფრო მკაცრი და სადაა. დიდ სააფიშე ჩარჩოებში ფრონტონის გაყოლებაზე „მერი პოპინსის“, „მარლენ დიტრიხის“, „სალომეს“ ანონსებია. შენობის წინა ნაწილი მომწვანო-ყავისფრადაა შეღებილი და საკმაოდ ბუნებრივად გადადის გაულესავი ბეტონის უკანა კონსტრუქციაში. ფოიეში მწვანე მარმარილოა და ოქროსფრად შეღებილი, მგონი, დორიული სვეტები. იარუსზე იატაკი ნახევრად გაურანდავი ფიცრებითაა დაგებული და ნახევრადაც ცემენტია; ამფითეატრში - კოჩიალა კუბებია კიბეების მაგივრად („შუაში დაადგით ფეხი!“ - ყურადღებიანი კაპელდინერის შეძახილი).

სურათი მეორე:

წარმოდგენის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მისულებს დარბაზში შესვლამდე ლოდინი მოგვიწია. ხანშიშესულმა მეგარდერობემ მორიდებით მირჩია, სპექტაკლი საათ-ნახევარი გრძელდება და ბავშვს შესაძლოა, შესცივდესო. ჰოლისგან განსხვავებით, დარბაზში მართლაც, ციოდა. კაპელდინერების ხმამაღალი გადაძახილებისა და ჩუმი ჭორაობისთვის რომ არ გვესმინა, მრგვალ ფოიეს შემოვუარეთ და „მარლენის“ ფოტოები დავათვალიერეთ. სუბიექტური წინათგრძნობით შეპყრობილს მანამდე სურვილი არ გამჩენია, მენახა „მარლენ დიტრიხი“. ოქროსფერ ჩარჩოებში ჩასმულმა ფოტოებმა ჩემი სუბიექტურობა კიდევ უფრო გაამძაფრა. როცა ღია კულისებში შევიჭყიტეთ და ორი ჩაფსკვნილი ირმის ფიგურა დავინახე, გავიფიქრე, უი, ყინულის დედოფალიც დაუდგამთმეთქი. „ის ცხენები რომ არ გამოუყენებიათ?“ - ჩემმა შვილმა ორი პუტკუნა ირემი იგულისხმა, რომლებიც სპექტაკლის დასაწყისისათვისაც ავანსცენაზე იდგა და მერე ჯეინი და მაიკლი ერთხელ შეახტნენ.

სურათი მესამე:

დამდგმელ მხატვარს ლონდონი სწორედ ასეთი წარმოუდგენია: წითელ გრძივ ტილოზე ბიგ-ბენის თეთრი კონტური და კიდევ ერთი - ჩემთვის უცნობი - კოშკის (პიზის?) წაფერდებული სილუეტით. სცენაზე წითლად შეღებილი ნერგები დგას ალუბლის *(ჩუტ-)ყვავილებით* და, რა თქმა უნდა, ტელეფონის წითელი ჯიხური, საიდანაც მოგვიანებით წითელკომბინეზონიანი ბუხრის მწმენდავები გამოდიან.

წარმოდგენა დაიწყო და მალევე ძალიან სევდიანმა და ოჯახობით თავმობეზრებულმა მისტერ ბენქსმა გაზეთში განცხადება „მისცა“. გადიების კონკურსი ბერტს მიჰყავდა - „დაუმესიჯეთ თქვენს რჩეულ გადიას!“ მისი შემხედვარე დავრწმუნდი, რომ დუტა ყველგანაა; დუტა & Co. (იშიფრება, როგორც „კავეენის თაობა“). არადა, მისი და ზვიოს შიშით გოგო კინოშიც ვერ წამიყვანია: თუ რაიმე საბავშვო ფილმი ან მულტფილმი გამოვიდა კინოეკრანზე, ქართულად მას & Co ახმოვანებს; თუ ფილმი გახმოვანებას გადაურჩა, მაინც არაფერში გვარგია: ანუკამ რუსული არ იცის. „სექსუალური გადია“ რიკულებზე უკუღმა გადამჯდარი ჩამოსრიალდა მაყურებლისაკენ, „გადია აზიიდან“ კივილითა და კარატეს ილეთებით ჩამოქანდა კიბეზე. „გადია საქართველოდან“ - დარეჯანისა და ხანუმას გულის გასახეთქი ჩიქილიანი კომპოზიტი - კულისებიდან გამოვარდა და დავლური დაუარა. ქართულ სოციალურ რეალობას ჭეშმარიტი ბრიტანული ოჯახიც ვერ გადაურჩა. ჰოდა, რაღა დარჩენოდა ბენქსების ოჯახს, გარდა ჭერში მიკიდული ღრუბლიდან ჰაეროვნად დაშვებული ჭეშმარიტი ბრიტანელი მერი პოპინსის დასაქმებისა?

სურათი მეოთხე:

ბავშვების როლებს მსახიობები ზუსტად ისე ასრულებენ, როგორც უფროსებს წარმოუდგენიათ, რომ პატარები უნდა ითამაშონ: გაპარჭყული ხელებით, გაჩაჩხული ფეხებითა და ჭყიპინა ხმით („ის გოგო, რომ ჭყავიდა“, - თქვა ჩემმა შვილმა ჯეინზე. „ჭყაოდა“ ვერ აუღლა სწორად.) ნეტა, სად უნახავთ ასეთი ბავშვები? არადა, ჯეინი 7 წლის გოგოა, მაიკლი კი - 5 წლისაა. ჩვილი ტყუპები ბარბარა და ჯონი კი - როგორც მოგვიანებით დავადგინე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მეც და ანუკასაც - პოლარეთიდან გამოქცეული თეთრი დათვები გვეგონა.

სურათი მეხუთე:

ანუკამ 4-ჯერ აიფარა ყურებზე ხელები და 5-ჯერ ხალისით გადაიკისკისა. ისე კი, სახლში სულ იმას ვემუქრები, რომ თუ მაგნიტოფონს არ ჩაუწევს, დაყრუვდება. მშვენიერი რამ იქნებოდა მსახიობების თავებზე დამაგრებული მობილური მიკროფონები, ამასთან ერთად თეატრში ხმის დარეგულირებაც რომ ხდებოდეს. და კიდევ: თუ გადაწყვიტეთ თქვენთვის და თქვენი შვილისთვის პარტერის კარგი ადგილებისათვის 10 ლარის გადახდა, იცოდეთ, რომ ცენტრალური ადგილების დაკავება არ ღირს: სცენის სიღრმიდან, ფაქტიურად, კულისებიდან მანათობელი პროჟექტორი თვალებს მოგჭრით.

სურათი მეექვსე:

რატომ არ დამთავრდა საქართველოში - თუნდაც მხოლოდ - სახელმწიფო თეატრებში მაინც ფეხმორყეული, გათხუნული მაგიდების ესთეტიკა? მაშინაც კი, როცა რეჟისორის და კოსტიუმების მხატვრის ჩანაფიქრით, მისის ბენქსი გლამურის განსახიერებას უნდა თამაშობდეს? ნუთუ, ეს იმის ბრალია, რომ ამ თეატრის ქტიტორების გრძელ სიაში ბიძინა ივანიშვილი არ წერია?

ერთი კოვზი შაქარი

ლამაზად ყელმოღერებულმა მერი პოპინსმა კინაღამ გადამაფიქრებინა ამ სტრიქონების დაწერა. ძალიან მომხიბლავად მღეროდა და ცეკვავდა. ოღონდ მერე ბინძურკომბინეზონიანი უზარმაზარი ტყუპები ისევ აჯღავლდნენ („კოკა („სოსკა“) გინდა?“) უზარმაზარ მარხილში და ბრაზი ისევ მომერია. მერი პოპინსი ზედმიწევნით ასრულებდა ოდრი ჰეპბერნის უკვე მორჯულებული ელიზა დულიტლის როლს. ქუდიც შესანიშნავი ჰქონდა. ზუსტად ისეთი, როგორიც ჯული ენდრიუსსა აქვს უოლტ დისნეის ფილმში.

წარმოდგენა რომ დამთავრდა, გასასვლელში კაპელდინერი ჩვენ წინ მიმავალ ბავშვებს გულიანად ჩაეკითხა: „ხომ მოგეწონათ ჩვენი სპექტაკლი?“ მე თვალები დავხარე და სწრაფად ჩავუარე. არ მომინდა, მისთვის გული დამეწყვიტა.

ახლა თოჯინების თეატრს დავუწკაპუნებ.

0x01 graphic

7 ინტერვიუ

▲ზევით დაბრუნება


7.1 საქართველოს ტელევიზია

▲ზევით დაბრუნება


ფოტო: დავით მესხი
ინტერვიუ ია ანთაძესთან

0x01 graphic

ჟურნალისტმა ია ანთაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებს კენჭი იყაროს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე და იმედოვნებს, რომ მას ექნება ნდობა და მხარდაჭერა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან.

ქალბატონი ია ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატია და დღემდე რადიო თავისუფლების ჟურნალისტად მუშაობს. ასევე გახლავთ ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის წევრი. 2004 - 2006 წლებში, ია ანთაძე მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, ინფორმაციისა და განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელად. ამავე პერიოდში კითხულობდაპოლიტიკური ჟურნალისტიკის სპეცკურსს თსუ- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაჟურნალისტიკის საფუძვლებს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ასევე გახლდათ განათლების სამინისტროსთან არსებული შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს წევრი და ქალაქ თბილისის მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2004 წლამდე, სხვადასხვა დროს ქალბატონი ია იყო გაზეთ კავკასიონის საპარლამენტო კორესპონდენტი და მთავარი რედაქტორის მოადგილე, ჟურნალ არილის სარედაქციო საბჭოს წევრი, ფონდ IREX-ის, ევრაზიისა და ჰორიზონტის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი.

2007 წლიდან დღემდე, ია ანთაძე არის მმართველი პროექტებისა ქართული მედია და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი და თბილისის ახალგაზრდული საგანმანათლებლო კლუბი და სტუდენტური კლუბი.

რადგან მნიშვნელოვნად ვთვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი დირექტორის საკითხს, გთავაზობთ ინტერვიუს ია ანთაძესთან.

ქალბატონმა იამ კითხვებზე პასუხები წერილობით მოგვაწოდა.

რა ამოცანები დგას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე და როგორ ასრულებდა თავის ფუნქციებს ის დღემდე? თუ ვერ ასრულებს ამ ფუნქციებს, რატომ?

თავიდანვე ვიტყვი, რომ დღეს ვისაუბრებ მხოლოდ ზოგადი პრინციპებისა და ხედვების შესახებ, მაგრამ არა - დეტალებზე. თქვენ მეკითხებით, რა ამოცანები დგას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე? პასუხს ამ კითხვაზე ვიპოვით საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის პირველსავე გვერდზე, იქ, სადაც ჩამოწერილია ღირებულებები: დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება. გამოდის, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დგას ამოცანა, გააცოცხლოს ის ღირებულებები, რომლებიც დღეს მხოლოდ უსიცოცხლო ჩანაწერია და ამ ღირებულებებს დააფუძნოს მთელი საქმიანობა. როგორ ასრულებდა თავის ფუნქციებს ეს ტელევიზია დღემდე? თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციაა, იყოს საზოგადოებისთვის საჭირო და სანდო ტელევიზია, ის თავის ფუნქციებს, სამწუხაროდ, ვერ ასრულებდა. ამის დასტურია ამ ტელევიზიის მუდმივად დაბალი რეიტინგი. უფრო სისტემური ანალიზი და დამაჯერებელი პასუხი კი შეგიძლიათ იხილოთ კვლევაში, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა გასული წლის გაზაფხულზე. თუ დავსვამთ კითხვას - რატომ ვერ ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ფუნქციას, მოკლე პასუხი ასეთი იქნება: სწორედ იმიტომ, რომ ამ ტელევიზიის საქმიანობაში ვერ გაცოცხლდა ის, რაც მის მიერვე ძალიან სწორად იყო დეკლარირებული.

მნიშვნელობისა და აქტუალურობის მიხედვით, იქნებ ჩამოვთვალოთ ის პრობლემები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. როგორ ხედავთ თქვენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს?

ვფიქრობ, მაუწყებლის უპირველესი პრობლემა პოლიტიკური გავლენებია, რაც ართმევს მას დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობას უკარგავს. მაგალითად, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ბევრ ადამიანს სჭირდებოდა, მოესმინა არჩევნებში ჩართული მხარეების კომენტარები თუ შეფასებები, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი კვირით დახურა თოქ-შოუ „დღის კომენტარი“. შედეგად, საზოგადოებამ მთელი კვირის განმავლობაში ვერ მიიღო პასუხები არჩევნებთან დაკავშირებულ უაღრესად აქტუალურ შეკითხვებზე. ასეთი ფაქტები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური გავლენებით შეიძლება აიხსნას, საქართველოს საზოგადოებას ნდობას უკარგავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. ასე რომ, ვფიქრობ, რეალური დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი ტელევიზიის უმთავრესი პრობლემაა, ყველა დანარჩენი პრობლემა კი - ცუდი მენეჯმენტის, უსიცოცხლობის, ცივი ურთიერთობების, უსამართლობის განცდის და სხვა - ხილული თუ უხილავი ძაფებით ამ მთავარზეა მიბმული. რაც შეეხება პასუხს შეკითხვაზე, თუ როგორ ვხედავ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. ვფიქრობ, ახლა შესანიშნავი მომენტია საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეალური ფუნქციის განსახორციელებლად, რადგან დღეს პოლიტიკოსები - მათ შორის, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც - იძულებულნი არიან, გაითვალისწინონ ხალხის, საზოგადოების ინტერესები. თუ მოხერხდა ისეთი სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბება და ისეთი გენერალური დირექტორის არჩევა, რომლებსაც საზოგადოება ენდობა, მათ არ გაუჭირდებათ, სწორედ საზოგადოებაზე დაყრდნობით და მისი მხარდაჭერით, ტელევიზიას რეალურად მოუპოვონ დამოუკიდებლობა. ძალიან ფართო კონსენსუსი და მაღალი ხარისხის ნდობა - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც, ჩემი აზრით, ახალ ხელმძღვანელობას ძირითადი პრობლემის გადაჭრას შეაძლებინებს.

როგორია თქვენი ხედვა და მიზნები, როგორი უნდა იყოს ეს ტელევიზია? უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რა მიმართულებები, პროგრამები და ტენდენციები იქნება პრიორიტეტული იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით დირექტორი?

მარტივად თუ ვიტყვით, ტელევიზია უნდა იყოს ისეთი, რომ როდესაც მაყურებლის პულტი ამ არხზე მოხვდება, ის უნდა შეჩერდეს - სხვა არხზე არ უნდა გადაირთოს. ამ მიზნის მიღწევა ძალიან რთულია, რადგან გულისხმობს, რომ ტელევიზია უნდა იყოს მართალი, ენერგიული და საინტერესო. მისი მთავარი პრინციპი უნდა იყოს მოვლენების ადეკვატურად ასახვა და ღირებულებების დანერგვაზე დაუღალავი ზრუნვა. კონკრეტული პროგრამების შესახებ ახლა ვერ ვისაუბრებ. ცხადია, ბევრს ვფიქრობ ამ მიმართულებით, მაგრამ ცალკეულ გადაცემაზე საუბარი, უბრალოდ, არაკორექტულად მიმაჩნია. მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი: ტელევიზია უნდა იყოს განსჯითი, განმარტებითი სულისკვეთების და, დროის თვალსაზრისით, უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს საინფორმაციო პოლიტიკა. იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ თვისებრივად ახალი საინფორმაციო პროგრამა, გვჭირდება თავისუფლება, სისწრაფე და სიზუსტე. პარალელურად, გვჭირდება მუდმივი სწავლა, მუდმივი განახლება და ეს პროცესი არ დასრულდება არასდროს, თუკი და სანამ საზოგადოებრივ მაუწყებელს მე ვუხელმძღვანელებ. მთავარი პრინციპი უნდა იყოს და იქნება საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ჩართულობა და მეტი მონაწილეობა. ჩვენ დაგვჭირდება თითოეული მოქალაქის თანადგომა არა მხოლოდ იმისათვის, რომ ვიყოთ თავისუფლები, არამედ იმისთვისაც, რომ ნებისმიერი შეცდომა რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ.

რა თვისებები და უნარები უნდა ჰქონდეს ამ არხის დირექტორს იმისათვის, რომ მიაღწიოს ამ მიზნებს? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ის ფაქტი, რომ თქვენ არ გაქვთ სატელევიზიო გამოცდილება, პრობლემატურია და ხელს შეგიშლით დასახული მიზნების განხორციელებაში? აქვე, მნიშვნელოვანია თუ არა, ტელევიზიის დირექტორი იყოს კარგი მენეჯერი? თუ ასეა, გაქვთ თუ არა მენეჯერული გამოცდილება? შეძლებთ თუ არა, ააწყოთ ეფექტური სტრუქტურა და მართოთ ის?

ძალიან ადვილია იმ თვისებების და უნარების ჩამოთვლა, რომლებიც უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს: უნდა იყოს კეთილსინდისიერი, პრინციპული, სამართლიანი, კარგი მენეჯერი, ტელევიზიის კარგი მცოდნე და ასე შემდეგ... მე ამ თვისებებს ჩემი მხრიდან დავამატებდი განათლებას და ჰუმანიზმს. კიდევ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორი თავის ქვეყანას, თავის ხალხს უნდა იცნობდეს. ცხადია, მკითხველი სწორად გაგვიგებს - ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე, არამედ, იმ თვისებებზე, რომლებიც ნებისმიერ დირექტორს მიზნის მისაღწევად დასჭირდება. რაც შეეხება სატელევიზიო გამოცდილებას. ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პირველი არხი სახელმწიფო ტელევიზია იყო და დღემდე - მას ჰყოლია კარგი სატელევიზიო გამოცდილების მქონე დირექტორიც და ისეთიც, რომელსაც ასეთი გამოცდილება არ ჰქონდა. მაგრამ საზოგადოებრივ ტელევიზიას თავისი ჭეშმარიტი ფუნქციის შესრულება ჯერ არ დაუწყია. სატელევიზიო გამოცდილების ქონა-არქონა არ არის ის კრიტერიუმი, რომელიც დღეს ამ ტელევიზიის მთავარი პრობლემის გადაჭრას განაპირობებს. ასე რომ, თუ მიზანი საზოგადოებისთვის სანდო, საჭირო და საინტერესო ტელევიზიის შექმნაა, სატელევიზიო გამოცდილება ძალიან სასურველია, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი - განსაკუთრებით, დღევანდელ ეტაპზე - მგონი, არ უნდა იყოს. რაც შეეხება მენეჯერს. როდესაც დავთანხმდი, რომ ჩემი კანდიდატურა განხილული ყოფილიყო გენერალური დირექტორის პოსტზე, ვითვალისწინებდი, რომ ეს კომერციული და მოგებაზე ორიენტირებული ტელევიზია არ არის. მე ვფიქრობ, გენერალურმა დირექტორმა უნდა შექმნას ჰარმონიული გარემო, რომელიც სხვადასხვა დარგისა და სფეროს პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სერიოზული პროექტის დირექტორი ვიყავი და, იმედი მაქვს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობდნენ და დღემდე მუშაობენ ამ პროექტებში, კმაყოფილნი არიან იმ გარემოთი, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით. თითოეული ადამიანის მიმართ ყურადღება და თანადგომა ის პრინციპია, რომელზეც მე ვაგებ ურთიერთობებს სამსახურშიც და მის გარეთაც. რაც შეეხება ორგანიზაციული სტრუქტურის აწყობას, ამასაც, სხვა ბევრ საქმესთან ერთად, პროფესიონალები გააკეთებენ. მე ვიქნები თუ ვინმე სხვა - დღეს იმდენად წარმატებული პოლიტიკური მომენტია საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხალხისთვის დასაბრუნებლად, რომ ამ მისიის შესრულების იდეა, დარწმუნებული ვარ, ტელევიზიის ყველა თანამშრომელს უაღრესად დადებითი მუხტით და ენერგიით აავსებს. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია, რომ ტელევიზიის ახალი დირექტორიც და სამეურვეო საბჭოც საზოგადოების და პოლიტიკური ძალების მხრიდან რაც შეიძლება მაღალი ნდობით სარგებლობდნენ და ნებისმიერ ამოცანას ამ ნდობაზე დაყრდნობით უმკლავდებოდნენ.

როგორ ფიქრობთ, რა იქნება ამ პოსტზე თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა?

ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთხელ და სამუდამოდ გახდეს დამოუკიდებელი და მის მუშაობაში გარედან ვერავინ ერეოდეს. ვიცი, რომ დღეს ეს არარეალურ ამოცანად გამოიყურება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ თუ სხვა ტელევიზიაში მუშაობენ. მაგრამ ჩემთვის სწორედ ის არის გაუგებარი, როგორ შეიძლება, რომ ჟურნალისტი არ იყოს თავისუფალი თავის საქმიანობაში; როგორ შეიძლება, მას ურეკავდნენ და რაღაცას ჰკარნახობდნენ. და საერთოდ, ერთი რამის რწმენა მაქვს, ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე: როდესაც ადამიანი სწორად იქცევა, ძალიან ძნელია, მას ვინმემ მოსთხოვოს, გინდა თუ არა, არასწორად მოიქეციო. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, „სწორად მოქცევის“ რეჟიმზე თუ გადავალთ, ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტები სრულად გამოავლენენ საკუთარ რესურსს. საქართველოში ნამდვილად არის საკმარისი პროფესიონალიზმი იმისათვის, რომ ადამიანებს უხაროდეთ ამ არხის ჩართვა და ყურება.

როგორ ფიქრობთ, რატომ აქვს დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებს დაბალი რეიტინგი? როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა გაკეთდეს მაღალ პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობილი რეიტინგული საინფორმაციო გამოშვება?

ვფიქრობ, „მოამბის“ დაბალი რეიტინგი იმით არის განპირობებული, რომ ეს საინფორმაციო პროგრამა ადეკვატურად არ და ვერ გადმოსცემდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მედიამ სკანდალი ხელოვნურად არ უნდა შექმნას, მაგრამ როდესაც ის რეალურად არსებობს, არც უნდა დამალოს. საზოგადოებრივი არხის საინფორმაციო პროგრამა შედგება გრძელი და დუნე სიუჟეტებისგან, რომლებშიც არ არის მუხტი მაყურებლის მისაზიდად. არადა, ტელემაყურებელი ყოველთვის გრძნობს, როგორ იქმნება საინფორმაციო პროგრამა - მოვალეობის მოხდის მიზნით თუ საკუთარი საქმის სიყვარულით. პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული, რეიტინგული საინფორმაციო გამოშვება გვექნება მაშინ, როდესაც მაუწყებელი ბოლომდე პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ მისიას და მაქსიმალურად ზუსტ და კეთილსინდისიერ ინფორმაციას მიაწვდის მაყურებელს. კიდევ ვიტყვი, რეიტინგული საინფორმაციო პროგრამის მოსამზადებლად საჭიროა თავისუფლება, სისწრაფე, სიზუსტე და მუდმივი განვითარება. საჭიროა მეტი ენერგია, ენერგიის წყარო კი ის სულისკვეთებაა, რომ ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და რომ ეს არის უდიდესი პატივი ჩვენთვის.

თვლით თუ არა, რომ მოგიწევთ გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა? როგორ აპირებთ სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას?

კანონი მაუწყებლობის შესახებ სრულად იცავს საზოგადოებრივ მაუწყებელს გავლენებისგან. ესე იგი, დირექტორის და ყველა თანამშრომლის მოვალეობაა, აღასრულოს კანონი. სრულებით არ ვაპირებ გავლენებთან ბრძოლას, ვაპირებ კანონის აღსრულებას. საერთოდ, გავლენის პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი რაღაც მატერიალურზეა მიბმული და მისი დაკარგვის ეშინია, მაგალითად, დირექტორობის. თუ სამეურვეო საბჭო მე ამირჩევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, ეს ნიშნავს, რომ მე მექნება ნდობა და არა მხოლოდ 9 ადამიანის ნდობა, არამედ, გაცილებით მეტის - მათ შორის, ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან. ეს ნდობა ჩემთვის არის თვითკმარი ღირებულება. ამის მეტი არაფერი მჭირდება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რისი პირობაც ახლავე შემიძლია მივცე საზოგადოებას, ისაა, რომ თუ მე ვიქნები საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გავლენების თემა შინაარსისგან სრულად დაიცლება. გულწრფელად ვამბობ, რომ მხოლოდ ნდობის დაკარგვის მეშინია და სწორედ ამიტომ არ მეშინია დირექტორობის დაკარგვის და, ესე იგი, არც გავლენების. ერთ ამბავს გიამბობთ: მართალია, იქ დირექტორი არ ვყოფილვარ, მაგრამ მქონია შემთხვევა, როდესაც 2000 ლარიანი სამსახურიდან 200 ლარიან სა მსახურში წავსულვარ სწორედ იმის გამო, რომ საკუთარი ღირსებისთვის ჩრდილი არ მიმეყენებინა. და, სხვათა შორის, არჩევანის წინაშეც არ დამიყენებია საკუთარი თავი, ასე მოვქცეულიყავი თუ სხვაგვარად.

როგორ გესმით ცნება ხალხის ტელევიზია? რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ხალხის ტელევიზია ნიშნავს იმ ტელევიზიას, რომლის დამფუძნებელი, რომლის მფლობელი არის ხალხი, საქართველოს თითოეული მოქალაქე; ტელევიზია, რომელიც ხალხის ჯიბიდან ფინანსდება და რომლის ყველაზე მაღალი მოტივია, ემსახუროს ხალხის ინტერესებს. ეს ინტერესია, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული, იყოს ჩართული ამ ტელევიზიის ცხოვრებაში და მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქცია. ამის საპირისპიროდ არსებობს კერძო ტელევიზია, რომელიც, გინდა თუ არა, გამოხატავს კერძო ინტერესს, რომელიც, რაღაც შემთხვევაში, შესაძლოა, საზოგადოების ძალიან მაღალ ინტერესებს თანხვდებოდეს, მაგრამ შეიძლება - არც თანხვდებოდეს. ეს ეტაპები ჩვენმა კერძო ტელევიზიებმა უკვე გაიარეს. პირადად ჩემთვის „ხალხის ტელევიზია“ ნიშნავს უდიდეს, სრულიად განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ ტელევიზიაში მუშაობს - იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ტელევიზიას თავისი არცთუ მდიდარი ჯიბიდან აფინანსებს.

0x01 graphic

როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინი აქვს თქვენგან ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიურად განწყობილ საზოგადოებას? ხელისუფლებას? კრიტიკულად განწყობილ მაყურებელს?

ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რას ელოდებიან არა ჩემგან, არამედ - ზოგადად, დირექტორისგან. უფრო კორექტულია, ვთქვათ, რა მოლოდინის გამო დასთანხმდნენ პოლიტიკური ძალები ცვლილებებს საზოგადოებრივ მაუწყებელში. აქამდე ეს ტელევიზია არ იყო ობიექტური. რამდენადაც ცვლილებების განხორციელება რეალური პროცესია, იმდენადვე არსებობს მოლოდინი, რომ ტელევიზია იმუშავებს კეთილსინდისიერად და არც ერთი პოლიტიკური მხარისკენ არ გადაიხრება. ეს დროის მოთხოვნაა. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავის არსებით ფუნქციას წარმატებით ასრულებს, ფაქტობრივად, ტონს სხვა ტელევიზიებსაც აძლევს. ალბათ, ამასაც გულისხმობს ცვლილებების მოლოდინი. რას ელოდება კრიტიკულად განწყობილი მაყურებელი? ვფიქრობ, იმავეს. ერთი ადამიანი შეიძლება უფრო ოპტიმისტურად უყურებდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალს, მეორე - უფრო მეტი ეჭვით. პირადად ჩემთვის ორივეს განწყობა მნიშვნელოვანია და ნამდვილად გამიჭირდება გითხრათ, რომლის - უფრო მეტად. კიდევ ერთ ამბავს გიამბობთ: თბილისის ფორუმში მის ერთ-ერთ მონაწილეს დაუწერია ჩემზე, რომ მე ზემოდან ვუყურებ ჩემს კოლეგებს და რომ იმაზე ჭკვიანი მინდა გამოვჩნდე, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ამ დღეებში ბევრი თბილი და იმედიანი სიტყვა მოვისმინე ჩემს მიმართ და ყველასი ძალიან მადლობელი ვარ; მაგრამ არავის სიტყვებზე იმის მეათედიც არ მიფიქრია, რამდენიც იმ უცხო ადამიანის სიტყვებზე ვიფიქრე: სად დავუშვი შეცდომა, რა ვთქვი, ან რა გავაკეთე ისეთი, რომ ამ ადამიანზე ასეთი - ჩემთვის სრულიად მოულოდნელი - შთაბეჭდილება დავტოვე. ამიტომ, გულწრფელად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მეტი ფიქრისკენ, მეტი ჯაფისკენ და ნაკლები შეცდომის დაშვებისკენ მიბიძგებს.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების დაკვეთას უნდა ასრულებდეს? თუ ასეა, საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი, ამიტომ როგორ ეცდება საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიცვას წარმომადგენლობითი პლურალიზმის პრინციპი და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფი თანაბრად წარმოაჩინოს?

დიახ, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებისთვის უნდა არსებობდეს. საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეს საკუთარი თავის შესახებ და მაუწყებელმა უნდა მოძებნოს სანდო მექანიზმები იმისათვის, რომ მუდმივად უსმენდეს საზოგადოების მაჯისცემას. მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული განძია. არ მგონია, შემთხვევითი ყოფილიყო, რომ შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსნის“ პირველსავე სტროფში ამგვარად ახასიათებს სამყაროს შემოქმედს: „ჩვენ კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“. არაერთგვაროვნების წარმოჩენა საზოგადოების მთავარი ინტერესიც არის და ერთიანობის საფუძველიც. ხალხის ტელევიზიის მიზანია, მთელ ქვეყანას დაანახოს საკუთარი თავი - ისეთი, როგორიც ის არის, თავისი ბუნებრივი მრავალფეროვნებით. ხელოვნურობა ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ძალიან საშიშია. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება. დროის მხრივ მთავარი პრიორიტეტია საინფორმაციო პროგრამები, სხვა გადაცემები კი ასეთივე პრიორიტეტულია ხარისხის კუთხით, მაგრამ დროში - ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

არსებული ადამიანური რესურსებით, შეძლებთ დასახული ამოცანების შესრულებას? თუ აპირებთ საკადრო ცვლილებების განხორციელებას, ვინ იქნებიან თქვენს ახალ გუნდში?

დიდი იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმიანობენ, ახალ პირობებში მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და ძალიანაც კონკურენტუნარიანები იქნებიან. ე.წ. „კადრების“ საკითხი ჩემთვის მეტად ფაქიზია. თითოეული ადამიანი საკუთარ თავში ატარებს თავის ბედს, თავის ღირსებას, თავის პრობლემებს, თავის დამოკიდებულებას საქმის მიმართ. ეს ჩემთვის ხელშეუვალი ღირებულებებია. ჩემი წინასწარი განწყობა ისეთია, რომ ცხადია, ცვლილებები თუ გადაადგილებები იქნება, მაგრამ - მინიმალური. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით.

სხვა ტელევიზიებისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ბრენდი, არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა შეიქმნას ეს ბრენდი და როგორ იმართოს ის? ანუ, გარდა ჟურნალისტური ამოცანებისა, ტელევიზიის დირექტორის წინაშე დგას ბიზნესამოცანებიც და ტელევიზიაც ისევე უნდა იმართოს, როგორც ნებისმიერი ბიზნესი. გაქვთ თუ არა წარმოდგენილი, რა ბიზნესამოცანები დგას საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის წინაშე?

პასუხს კითხვის მეორე ნაწილიდან დავიწყებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ჩვეულებრივი ბიზნესორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მოგებაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ფულს იხდიან საქართველოს მოქალაქეები და ამ ტელევიზიას სახსრების ძებნისგან სწორედ იმიტომ ათავისუფლებენ, რომ მან გარანტირებულად შეასრულოს თავისი საზოგადოებრივი ამოცანები. ამიტომ, როგორც მე ვხედავ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ბიზნესგამოწვევაა, არსებული ფინანსები განკარგოს ეფექტიანად, სამართლიანად, მოამზადოს ხარისხიანი პროდუქცია და მუდმივად იყოს მიმართული განვითარებისკენ. მოდით, ვთქვათ, რომ ის მრავალი მილიონი, რომელსაც საზოგადოება იხდის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ჯერჯერობით, ავანსად გადახდილი ფულია. შესაბამისად, ტელევიზიის ბიზნესამოცანაა, ხალხს გაუჩნდეს განცდა, რომ მის მიერ ამ საქმისთვის გაღებული ფულის სანაცვლოდ, შესაბამის პროდუქციას იბრუნებს. რამდენადაც მაუწყებლობის ფინანსებია გარანტირებული, ზუსტად იმდენადვე გარანტირებული უნდა იყოს საზოგადოება, რომ მისგან სწორ, სანდო და ღირებულ ინფორმაციას მიიღებს. სინამდვილეში, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიზნესამოცანა, რომელიც სრულად თანხვდება პროფესიულ, პოლიტიკურ და ზნეობრივ გამოწვევებს.

რაც შეეხება ბრენდს. ჩემი ხედვით, ეს ტელევიზია ყველაზე ძველი, ყველაზე ცნობილი და ღირებული ბრენდია ქართულ ტელებაზარზე. მრავალი ათწლეულის განმავლობაში, სწორედ ეს ტელევიზია იყო საქართველოს კულტურული და სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი კერა. ეს ის ტელევიზიაა, რომელსაც ადამიანები ხის ტელევიზორებში უყურებდნენ მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ დაბადებული არ ვიყავით. ეს არის ტელევიზია, რომელიც ინახავს უნიკალურ არქივს, ოქროს ფონდს. ეს არის ტელევიზია, რომლის დერეფნებში და ოთახებში სრულიად არაჩვეულებრივი ადამიანები დადიოდნენ. ამ ტელევიზიასთან არის დაკავშირებული ქართული ინტერესების, ქართული ღირებულებების მოვლა-პატრონობა საბჭოთა ეპოქაში. ბოლოს და ბოლოს, ცისფერი ეკრანი საქართველოში სწორედ ამ ტელევიზიამ არ შემოიტანა? გახსოვთ „ყელსაბამი ლალისფერის“ ჰანგი? ან ძველი სატელევიზიო ანძა? ეს არის ნამდვილი ბრენდი, რომელიც დროთა დინებაში ჩაიძირა, რადგან, მრავალი მიზეზის გამო, დროის გამოწვევებს ვერ უპასუხა. თავისი იურიდიული ფორმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს სრულიად საქართველოს ტელევიზიაა და პირადად ჩემთვის უმთავრესი გამოწვევაა, ხვალ მაუწყებელი შინაარსობრივადაც ჩამოყალიბდეს საქართველოს ტელევიზიად. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ დღევანდელი მაუწყებელი იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ტელევიზია. ეს არის ბრენდი, რომელიც მიძინებულია დროთა მდინარებაში და სწორედ ახლა არის მომენტი, როდესაც მან უნდა შეიძინოს ახალი სიცოცხლე და ახალი ღირსება. ჩემთვის უდიდეს პატივად მიმაჩნია, თუკი საშუალება მომეცემა, მეც მივიღო მონაწილეობა ამ მართლაც ისტორიულ საქმეში.

8 წერილი ბერლინიდან

▲ზევით დაბრუნება


8.1 სექსი პოლიტიკა და ბავშვები

▲ზევით დაბრუნება


(ბერლინარე - 2008)

ვტორი: გიორგი გვახარია
ოტო: გიორგი ნადირაძე

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

აირია არა მარტო ფასეულობები, აირია ჟანრები. აირია ავტორიტეტები.

ბერლინის 58-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მადონა (რომელიც მოლოდინის მიუხედავად, ბერლინში ჩვილების გარეშე ჩამობრძანდა) ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ვიდრე თანამედროვე კინოს ცოცხალი კლასიკოსი, 78 წლის იაპონელი რეჟისორი, იოძი იამადა, ბრიტანელი მაიკლ ლი და თვით პოლ ტომას ანდერსონი, რომლის ახალ ფილმს -„ნავთობი“ ზოგიერთი კრიტიკოსი „მოქალაქე კეინსაც“ კი ადარებს.

მადონამ, განსაკუთრებით, იოძი იამადა დააზარალა. დილით, როცა საფესტივალო დარბაზში უჩვენებდნენ იაპონელი კლასიკოსის საკონკურსო ფილმს „დედაჩვენი“, პრესისთვის მადონას პირველი ფილმის დამატებითი სეანსი გაიმართა.

იმ იმედით, რომ მადონას სურათს „ჭუჭყი და სიბრძნე“ საღამოს ვნახავდით, ესთეტიკური და „სუფთა“ კინოს მოყვარულებმა იამადა ვარჩიეთ. შუადღეზე მადონას კიდევ ერთხელ გამოვუცხადეთ პროტესტი - მის პრესკონფერენციაზე დასწრებას სომხური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის, რობერ გედიგიანის „ლედი ჯეინს“ მივანიჭეთ უპირატესობა. ამბობენ, რომ „ბერლინალეს“ საპრესკონფერენციო დარბაზი იმ დღეს ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა - „ცოცხალი მადონას“ სანახავად ჟურნალისტები ჯერ ხელს კრავდნენ ერთმანეთს, მერე კი პირდაპირ დარტყმაზე გადავიდნენ. მათი აგრესია, როგორც ჩანს, თავად რეჟისორის ამპლუაში მოვლენილ „პოპ-დივასაც“ გადაედო. გერმანელი ჟურნალისტის კითხვას: „თქვენ სექსუალური რევოლუციის სიმბოლო იყავით, ახლა რაღას აპირებთ?“, მადონამ ასე უპასუხა: „ცოლი გყავთ? ჯერ ცოლი შეირთეთ და მერე ვნახოთ, ისევ თუ შეგაწუხებთ სექსუალური პრობლემები“.

ამ დროს ესთეტიკური და „სუფთა“ კინოს მოყვარულები დარბაზში ვისხედით და გედიგიანის მოსაწყენ ფილმზე ვამთქნარებდით. დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო.

არადა, წლევანადელ „ბერლინალეზე“ ფესტივალის დირექტორმა, დიტერ კოსლიკმა ყველაფერი გააკეთა, რათა მაყურებელს აქ ერთი წამითაც არ მოწყენოდა; კოსლიკი თითქმის ერთი წელი ეხვეწებოდა მარტინ სკორსეზეს, სწორედ ბერლინში მოეწყო თავისი ახალი ფილმის, „დაე იყოს სინათლეს“ პრემიერა. „როლინგები“ ჩამოიყვანა და განაცხადა, რომ წლევანდელი „ბერლინალეს“ მთავარი თემა მუსიკისა და კინოს ერთიანობა იქნებოდა.

სკორსეზეს სურათის პრემიერის შემდეგ ბერლინში ხმა დაირხა, მადონა შეიძლება არ ჩამოვიდეს, ბავშვი გაუხდა ავადო. თუმცა, იმავე დღეს გავრცელდა სხვა ინფორმაციაც - მადონა უკმაყოფილოა, მისი ახალი სურა თი არა ოფიციალურ პროგრამაში, არამედ „პანორამაში“ რომ ჩართესო. ამ ყველაფერს დაემატა „ა“ კლასის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის სრულიად უცხო სკანდალი - ფესტივალის დაწყების დღეს ჟიურის ორმა წევრმა უარი განაცხადა ბერლინში ჩამოსვლაზე (ფრანგმა მსახიობმა, სანდრინ ბონერმა თავისი გადაწყვეტილება „ოჯახური პირობებით“ ახსნა); ნათელი გახდა, რომ ჟიურის შემცირებული შემადგენლობა ვეღარ გაუწევდა წინააღმდეგობას მის თავმჯდომარეს, ბერძნული წამოშობის ფრანგ რეჟისორს კოსტა-გავრასს და 58-ე „ბერლინალეზე“ გაიმარჯვებდა პოლიტიკურად მწვავე კინო - ისეთი, თავად კოსტა-გავრასს რომ უყვარს - კვაზიდოკუმენტური, პრინციპულად „ანტიესთეტური“ და პრინციპულად „ჭუჭყიანი“ გამოსახულებით.

0x01 graphic

ასეც მოხდა. „ოქროს დათვი“ - ბრაზილიურ ფილმს „ელიტური რაზმი“, იმაზე, თუ რაოდენ სასტიკია პოლიცია ბრაზილიაში და როგორაა ჩართული ნარკომაფიაში; „ვერცხლის დათვი“ - ამერიკელ დოკუმენტალისტს, ეროლ მორისს ფილმისთვის „სტანდარტული პროცედურები“, იმაზე, თუ როგორ აწამებენ ტყვეებს ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში - ერთი ჩვეულებრივი სატელევიზიო გადაცემა, რომელიც ახალს არაფერს გვეუბნება. უბრალოდ, გვახსენებს, რაოდენ არაადამიანურია ჯორჯ ბუშის „რეჟიმი“. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე კოსტა-გავრასმა მრავალმნიშვნელოვნად იხუმრა, „ოქროს დათვის“ მთავარი ლაურეატი „ბერლინალეს“ გენერალური დირექტორი, დიტერ კოსლიკიაო. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ კოსლიკმა ვერ, ან არ გაუწია წინააღმდეგობა ჟიურის გადაწყვეტილებას. პუბლიკის გამხიარულებისთვის კი „ბერლინალეს“ დახურვის მოსაწყენ ცერემონიალზე, ანეგდოტებს მოჰყვა, ბევრი იქილიკა ჯორჯ ბუშის „რეჟიმზე“ და კიდევ ერთხელ მოიწონა თავი - წლევანდელ „ბერლინალეს“ უამრავი მაყურებელი დაესწროო.

კინოსა და მუსიკის ერთიანობაზე აღარაფერი უთქვამს. „როლინგებისა“ და მადონას გახსენება დარბაზში, სადაც ერთი ვარსკვლავიც კი აღარ იჯდა, „საპატიო დათვის“ ლაურეატი, ფრანჩესკო როზი კი ყველას დასანახად ამთქნარებდა, უხერხული იყო.

ასე რომ, „ბერლინალე“ მუსიკითა და ვარსკვლავებით დაიწყო და „ჭუჭყიანი კინოს“ გამარჯვებით დასრულდა. ფესტივალის მთავარი ფავორიტები - პოლ ტომას ანდერსონის „ნავთობი“ (იგივე „დაიღვრება სისხლი“) და მაიკლ ლის „ბედნიერი - წარმატებულია“ ჟიურიმ მეორეხარისხოვანი პრიზებით აღნიშნა. სალი ჰოკინსი, რომელსაც „დათვი“ ერგო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ცეკვა-ცეკვით ავიდა სცენაზე და საგანგებოდ აღნიშნა, რომ მისი წარმატება მაიკლ ლის გენიალურობამ განაპირობა. მაიკლ ლის ხსენებაზე ჟურნალისტებმა ტაში დაცხეს. ეს უფრო „საპროტესტო ტაში“ იყო - წლევანდელმა „ბერლინალემ“, საბოლოოდ, მოირგო კლიშე პოლიტიკურად ანგაჟირებული კინოფორუმისა, სადაც, მაინცდამაინც, არა აქვს მნიშვნელობა, როგორ იტყვი სათქმელს. სოციალისტური რეალიზმის ტრადიციის თანახმად, აქ, მთავარია, რას ეტყვი მაყურებელს.

არადა, ამ კლიშეს, უფრო სწორად, „სტიგმას“, თავად მაიკლ ლიმაც კი მოუღო ბოლო. წლების განმავლობაში კრიტიკოსები „საიდუმლო და ტყუილების“ ავტორს „უკანასკნელ სოცრეალისტს“ უწოდებდნენ. მაგრამ ბერლინში რეჟისორმა წარმოადგინა ფილმი, რომელსაც აღარაფერი აქვს საერთო პოლიტკორექტულ კინოსთან. კომედიას მხიარულ და, ცოტა არ იყოს, თავქარიან პოპიზე, 30 წლის სკოლის მასწავლებელზე, ფაქტობრივად, სიუჟეტი არა აქვს; მაიკლ ლი და სალი ჰოკინსი მხოლოდ და მხოლოდ გმირის ხასიათს ქმნიან, გვიამბობენ ქალზე, რომელიც ენდობა ყველას, ვისთანაც, თუნდაც, წამით უწევს კონტაქტი. ღიაა ცხოვრებისთვის და ღიაა ადამიანებისთვის. ბედნიერია. და ე.ი. - წარმატებული! არავითარი პოლიტიკა. არავითარი „მძიმე სოციალური ფონი“. არც ერაყი და არც ულუკმაპუროდ დარჩენილი აფრიკელი ბავშვები. არც უმცირესობები - ეთნიკური, სექსუალური... მაიკლ ლი დემონსტრატიულ უარს ამბობს ყველაფერზე, რაც გულს უჩქარებს მსოფლიო კინემატოგრაფისტთა „მაფიას“ და უძღვნის თავის ფილმს ყველაზე „არაპოლიტიკურ“ რეჟისორს თანამედროვე კინოში - ერიკ რომერს, იმ რომერს, რომლის სურათის, „ზამთრის ზღაპრის“ ჩვენების დროს ბერლინში, 1994 წელს, ლამის მთელი დარბაზი დაიცალა.

2008 წლის ბერლინის კინოფესტივალზე „წარმატებული - ბედნიერია“ ბოლო დღემდე ლიდერობდა კრიტიკოსთა გამოკითხვებში „ნავთობის“ შემდეგ. როგორც ჩანს, ბერლინის ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტები შეიცვალნენ. როგორც ჩანს, მობეზრდათ ჭუჭყიანი კინო, „პოლიტკორექტული აზრებით“.

უბრალოდ, მოენატრათ ის, რასაც კარგი კინო ჰქვია - სახეებით მდიდარი, სანახავად სასიამოვნო, ვირტუოზულად აწყობილი ფილმი, რომელიც არც ერთი წუთით არ გაძლევს დამთქნარების საშუალებას. აგერ „ნავთობიც“ კი, წლევანდელი „ოსკარის“ მოსალოდნელი ტრიუმფატორი, მართალია, ბანალურ აზრს ამკვიდრებს, გვახსენებს, რომ „ფული აფუჭებს ადამიანს“, კინემატოგრაფიული სივრცის ისეთი შეგრძნებით გამოირჩევა, როგორიც მხოლოდ ჯონ ფორდთან თუ გვინახავს, როგორიც არც კი დასიზმრებიათ წლევანდელი „ბერლინალეს“ გამარჯვებულებს.

0x01 graphic

რაღა დროს ჯონ ფორდიაო - გვეტყოდა, ალბათ, „ბერლინალეს“ ჟიურის თავმჯდომარე. რაღა დროს ესთეტიკაა, რაღა დროს კინემატოგრაფიული სივრცე და რიტმია, როცა ბრაზილიაში პოლიცია თავს გავიდა, ერაყში კი ამერიკელები პატიმრებს აწამებენო. „ბერლინალეზე“, ყოველთვის, უხერხულად ითვლებოდა კინემატოგრაფიული ნოსტალგია. ამიტომაცაა, ალბათ, რომ წლევანდელი რეტროსპექტივები - ლუის ბუნუელის ფესტივალი და ფრანჩესკო როზის ფილმების ჩვენება, ნახევრად ცარიელ დარბაზებში გაიმართა.

0x01 graphic

მაგრამ, ეს მოდა მემარცხენე-ლიბერალურ იდეებზე, ეტყობა, მალე წარსულს ჩაბარდება. ყოველ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი წლევანდელ „ბერლინალეზე“ უკვე გადაიდგა; ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, თითქმის ყველა ფილმში, მოულოდნელად წამოიწია ბავშვების თემამ - ძალადობა ბავშვებზე, სისასტიკე მოზარდებში, მშობლების გულგრილობა, ომი და ბავშვები, სექსი და ბავშვები... თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბერლინის კინოფორუმის საკონსკურსო პროგრამას ადგენს არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ „ბერლინალეს“ დირექციის ასამდე წევრი, შეიძლება, რაღაც მისტიკური კანონზომიერებაც კი ვიწამოთ; რატომ გახდა საჭირო ბავშვის თემის წამოწევა იქ, სადაც, ტრადიციულად, სექსუალურ რევოლუციას ქადაგებდნენ და ყველანაირ „მორალიზმზე“ გული ერეოდათ? რატომაა, რომ „ბერლინალეზე“ აკრედიტებული ჟურნალისტები სულ „პანტაპუნტით“ ტოვებდნენ დარბაზს ფესტივალის ყველაზე კარგად რეკლამირებული ფილმის, „ელეგიის“ ჩვენების დროს? რატომ ეცინებოდა ყველას პენელოპა კრუზისა და ბენ კინგსლის ამ დუეტზე, კუბელი მოსწავლის (რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, სწორედ მოსწავლეს თამაშობს პენელოპა, რომელიც, ჯერ კიდევ, შარშანწინ „დააბერა“ პედრო ალმოდოვარმა) და მისი მასწავლებლის სასიყვარულო-ეროტიკულ თავგადასავალზე. აბა, როგორ აიტანდა ასეთ კინოს „ბერლინალეს“ პუბლიკა, რომელსაც წელს თითქმის ყველა საკონსკურსო ფილმის ავტორმა გაახსენა - ბავშვებს შიათ, ბავშვებს აწამებენ!

აგერ, მადონამაც ლამის უარი თქვა ბერლინში ჩამოსვლაზე - ბავშვი გამიხდა ავადო, მაგრამ მაინც ჩამოვიდა (უჩვილოდ) და ჩამოიტანა თავისი პირველი ფილმი „ჭუჭყი და სიბრძნე“ - სურათი უკრაინელ ემიგრანტზე, რომელიც, წინააღმდეგობების მიუხედავად, პანკ-ანსამბლს აარსებს ლონდონში. პრესკონფერენციაზე მადონამ ჟურნალისტებს ცოლის შერთვა ურჩია და განაცხადა, რომ თავისი პირველი ფილმი ვისკონტის, პაზოლინის, ფელინისა და გოდარის გავლენით გადაიღო. წერილი ბერლინიდან

ესთეტიკისა და „სუფთა კინოს“ მოყვარულებმა ბევრი ვიცინეთ მადონას ამ განცხადებაზე. საღამოს „ჭუჭყი და სიბრძნის“ სანახავად გავემართეთ, მაგრამ დარბაზში არ შეგვიშვეს - დღეს „გამონაკლისი საღამოა“, სეანსს მადონა ესწრება, ამიტომ ბილეთის გარეშე არ ვუშვებთო.

გავბრაზდით. მადონას შემოქმედებაზე გოდარის, ვისკონტის, პაზოლინისა და ფელინის გავლენაზე ვიქილიკეთ.

17 თებერვალს კი დაიხურა, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო 58-ე „ბერლინალე“ და ღამით, როცა გამოირკვა, რომ აღარაფერი დარჩა პროგრამაში მადონას ფილმის გარდა, „ჭუჭყი და სიბრძნის“ სანახავად გავემართეთ.

აღმოჩნდა, რომ 49 წლის მადონამ, ოდესღაც „სექსუალური რევოლუციის“ მეხოტბემ, ახლა კი ორი შვილის დედამ, გადაიღო უაღრესად სადა და ძალიან ირონიული ფილმი უიღბლო ემიგრანტებზე, რომელთაც დიდი ძალისხმევა დასჭირდათ საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად დიდ და გულგრილ ქალაქში. აღმოჩნდა, რომ პოპ-ვარსკვლავმა ვისკონტისა და ფელინის არა, მაგრამ გოდარის გავლენა მართლაც განიცადა - ჩართო სურათში მუსიკალური ნომრები, რომლებიც „ზონგების“, ე.ი. მუსიკალური კომენტარების როლს უფრო ასრულებს, მიმართა ასოციაციური მონტაჟის ტექნიკას, თითქმის სრულიად განდევნილს თანამედროვე კინოში და, რაც მთავარია, თავისი სახელი, პოპულარობა, ფული არ გამოიყენა ჰოლივუდის მორიგი ბლოკბასტერის გადასაღებად (რასაც დღეს პოპულარული არტისტების უმრავლესობა აკეთებს).

არ ვიცი, შესაძლებელია „ჭუჭყი და სიბრძნისგან“ მიღებული სიამოვნება წლევანდელი „ბერლინალეს“ საერთო ფონმა განსაზღვრა. როცა საკონკურსო ფილმების უმრავლესობა ღრმა ძილისკენ გიბიძგებს, ანდა, დარბაზს გატოვებინებს იმის ფიქრში, რომ კარგი კინო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, სრულიად საშუალო ფილმმაც კი, შეიძლება, შედევრად მოგაჩვენოს თავი. შეიძლება, თავი მოვიტყუეთ - მადონას ფილმის სანახავად იმდენი ენერგია დავხარჯეთ, რაღაცნაირად ხომ უნდა გაგვემართლებინა ჩვენი ძალისხმევა.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ჭუჭყი და სიბრძნე

0x01 graphic

REUTERS

„- არ თქვა ახლა, რომ ცუდი ფესტივალი იყო. თბილისში ვამაყობ, რომ ბერლინის ფესტივალზე ვიყავი. შენ კი სპონსორებს დამიფრთხობ ამით,“ - მთხოვა ჩემმა ერთმა კოლეგამ სამი თუ ოთხი წლის წინ, ბერლინის კინოფორუმის დასრულების შემდეგ.

სამი, თუ ოთხი წელი ვიკავებდი თავს. მაგრამ ყველანაირ მოთმინებას საზღვარი აქვს.

სპონსორების გასაგონად კი ვიტყვი - კანის ფესტივალზე ასე არ ხდება, პოლიტიკა იქ ასე არ ჩაგრავს ხელოვნებას. ასე რომ, ძვირფასო სპონსორებო - ჯერი ახლა კანზეა!

9 რეპორტაჟი რეპორტიორის ცხოვრებიდან

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, მაკა ანთიძის პირადი არქივი

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

15 თებერვალს დანიშნული მიტინგის დაწყებამდე ნახევარი საათი დარჩა. ვიდეო კამერით, გასაშლელი კიბით და მიკროფონით აღჭურვილი Reuters-ის ოპერატორები ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის შენობასთან ეშვებიან.

„მაკა, ჩვენ წავედით“, - ისმის გამოღებული კარიდან.

„კარგი, მალე ჩამოვალ. სამი ადგილი შემინახეთ“, - Reuters-ის კავკასიის ბიუროს უფროსი კორესპონდენტი მაკა ანთიძე თავის, არც კი ვეცდები, გამოვიცნო, მერამდენე მიტინგს „ატარებს“. როგორც ძალიან ხშირად, ახლაც ხუმრობის გუნებაზეა. ხმამაღლა და ემოციურად ლაპარაკობს. ხშირად იცინის და თან გადამდებად. ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე ჩანს, თითქოს, ნახევარ საათში საცეკვაოდ მიდიოდეს.

მიტინგამდე დარჩენილ ნახევარ საათში მაკა ყველაფერს ასწრებს. ხუმრობებით და სიცილით მეც მიყოლიებს, პარალელურად, ერთ კომპიუტერში საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციებს კითხულობს, მეორეში ერევანში გასაგზავნ იმეილს წერს და ვინმე ლევონს სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დანიშნულ ინტერვიუებს უთანხმებს, ფოტოგრაფ დათო მძინარიშვილსაც ეპასუხება და სარქსიანის გვარის მართლწერაში არკვევს, მერე კოლეგას, ნიკოს უბარებს: „ნიკო, მარეგულირებელი კომისია „იმედის“ საკითხს განიხილავს, ხომ არ დაგერეკა და გაგერკვია, რა ხდება?“, ხოლო რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, - „17 თებერვალი არ დაგავიწყდეს. კი მითხრეს, რომ სოხუმში და ცხინვალში დასჭირდებათ კომენტარები, მაგრამ შეიძლება აქაც საჭირო გახდეს რამის გაკეთება“. თვითონ მაკა იმავე ნაშუადღევს, მიტინგის დასრულებისთანავე, ერევანში მიდის, საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად.

თუმცა, ჯერ მიტინგი. ხმები პარლამენტიდან ჩიტაძის ქუჩის ბოლოშიც აღწევს. „არ ვაგვიანებთ. როგორც როკკონცერტებზეა ხოლმე, ჯერ რომ ისე-რა ჯგუფებს უშვებენ სცენაზე და ბოლოს „როლინგები“ გამოდიან, ასე ხდება მიტინგებზეც. მნიშვნელოვანი გამომსვლელები ჯერ არ გამოვლენ“, - ვარაუდობს მაკა. პარლამენტის წინ მოძრაობა უკვე გადაკეტილია, მაგრამ სატრანსპორტო გზაზე ხალხი ჯერაც მეჩხერად დგას. გამოცდილი დამკვირვებელი მეორე ვარაუდს გამოთქვამს: „დღეს, წესით, ბევრი ხალხი არ უნდა მოვიდეს და, ალბათ, მიტინგიც მალე დამთავრდება. ქუჩის აქციებს თავისი ფსიქოლოგია აქვს. მიტინგებმა დრამატიზმი უკვე დაკარგა. პიკმა გადაიარა“. მაკა ბოდიშებით მიიკვლევს გზას მასაში. იქ, სადაც „უკაცრავად“ არ ჭრის, ხალხს სთხოვს, თავის ოპერატორამდე მიუშვან. ტონი კვლავაც თავაზიანი აქვს, მაგრამ უფრო მომთხოვნი, მოძრაობა - სწრაფი და ჯიუტი. მაკა ანთიძე გაწაფული „მომიტინგეა“. ახლა 37 წლისაა, რეპორტიორობა 17 წლისამ დაიწყო. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ის კავკასიის რეგიონის ყველაზე სტაჟიანი რეპორტიორია.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ნებართვა ამ ტერმინის გამოყენებაზე მაკასგან პირველივე ინტერვიუს დროს ავიღე. „რეპორტიორი? ზუსტად ეგ ვარ მთელი ცხოვრება. ვაკეთებ იმას, რასაც საინფორმაციო ჟურნალისტიკაში მომუშავე ადამიანი უნდა აკეთებდეს და საერთოდ არ მბეზრდება“. მაკას არ ბეზრდება, მაგრამ ახალბედა რეპორტიორებს თუ ჰკითხავთ, გულწრფელი პასუხის შემთხვევაში, აუცილებლად გეტყვიან, რომ რეპორტიორობა კარიერის კიბის მხოლოდ პირველი საფეხურია. რომ ამ საფეხურზე არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ჩაატარებ ინტერვიუებს, როგორ გააშუქებ ქუჩის აქციებს და როგორ დასვამ კითხვებს პრესკონფერენციებზე, (ან დასვამ თუ არა საერთოდ, თუ მხოლოდ მიკროფონის მიშვერაში იმარჯვებ), რადგან, რეპორტიორობა მხოლოდ ეტაპია, რომელსაც სულ სხვა სიმაღლეები - ბრწყინვალე ჟურნალისტიკური კარიერა, პოპულარობა და ვარსკვლავობა უნდა მოჰყვეს. მაკა ანთიძე ასე არც 17 წლის ასაკში ფიქრობდა და, მით უმეტეს, არ ფიქრობს ახლა. მას არ ბეზრდება რეპორტიორობა, რადგან უყვარს სიახლეები, გრძნობს, რომ კავკასიის რეგიონში ბოლო პერიოდში მომხდარი ამბები გარდამტეხი მნიშვნელობისაა და სურს, მათი უშუალო მონაწილე იყოს. მაღალი პროფესიული სტანდარტი მისთვის ყველაზე ღირებული ცნებაა. „გავიარე ძალიან გრძელი გზა, და, თითქოს, ამ ოცი წლის განმავლობაში ყოველთვის ერთსა და იმავეს ვაკეთებდი, მაგრამ, სინამდვილეში, ყოველთვის იყო ნაბიჯი წინ“. ალბათ, ამიტომაც არის, რომ მაკა ანთიძე დღემდე ინტერესით აშუქებს კავკასიის რეგიონის ყველა მნიშვნელოვან საკითხს. აშუქებს მშრალად, მხოლოდ ინფორმაციის დონეზე და კითხვაზე - მისი ცოდნისა და გამოცდილების პატრონს, უნდება თუ არა ვრცელ ანალიტიკურ მიმოხილვებზე მუშაობა - ასე პასუხობს: „საკუთარ თავს ძალიან მაღალ მოთხოვნებს ვუყენებ. საშუალო დონეს ვერ ვეგუები. თუ ანალიტიკურ სტატიას დავწერ, მაშინ ისე უნდა ვწერდე, როგორც დევიდ რემნიკი წერს, ანდა ისეთივე უნდა ვიყო, როგორიც სეიმორ ჰერშია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. რასაკვირველია, ზედაპირულად თუ შეხედავ, უფრო იოლია იყო რეპორტიორი, ვიდრე წერდე ვრცელ და ამბიციურ ანალიტიკურ სტატიებს. მაგრამ, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ რასაც მე ვაკეთებ, მოითხოვს ისეთი თვისებების გამომჟღავნებას, როგორიც შეიძლება, ბევრი ფანტასტიკური წერილის ავტორს არ ჰქონდეს“.

ეს თვისებებია, პირველ რიგში, მუშაობისთვის მზადყოფნა 24-საათის განმავლობაში, სიფხიზლე, ენერგია და მობილიზება. მაკას და ბიუროს მთელ ჯგუფს სულ აქვთ ერთი ჩალაგებული სამგზავრო ჩანთა. მასში მაისურები, პირადი ჰიგიენის ნივთები და ერთი ჯინსის შარვალი დევს. ამ შარვალს მაკა ჩანთიდან არც იღებს, მხოლოდ მოგზაურობის დროს აცვია. მისი საქმე გამორიცხავს ყავის ნებანება წრუპვით ორიგინალურ შედარებებზე ფიქრს, მუზის ლოდინს და უხასიათობის მომიზეზებას. რეპორტიორისთვის ავად გახდომა ფუფუნებაა. ამ სიტყვების სიმართლე მაკას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. თუნდაც, რამდენიმე წლის წინ ერევანში პრეზიდენტების შეხვედრა გავიხსენოთ. მაკას მაშინ მწვავე რადიკულიტი აწუხებდა. Reuters-ი კი მისგან პუტინთან კითხვის დასმას მოითხოვდა. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მაკა მიკროფონთან კითხვის დასასმელად გავიდა, მაგრამ თავის წარდგენისას ისე ეტკინა წელი, რომ კითხვის დასმის მაგივრად, ხმამაღლა შეკივლა. მთელი დარბაზი მისკენ შეტრიალდა. ყურადღება პუტინმაც მიაქცია: Все в порядке девушка?, - ჰკითხა და დაამშვიდა, - Mы любим Великобританию. Тони Блер мой большой друг. „ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, საკუთარი კითხვის შინაარსიც დამავიწყდა და ვეუბნები, Мой Тоже. Я вас слушаю, - გამიმეორა პუტინმა. Сейчась, секундочку, - ვუთხარი და თვალდახუჭული გავჩუმდი. ხუთი წამი დამჭირდა მობილიზებისთვის, მერე ჩვეულებრივად დავსვი კითხვა. პრესკონფერენციის ბოლოს, პრესსამსახურებმა ამიკლეს. ცალკე რუსეთის, ცალკე სომხეთის. მიკიოდნენ, Вы кто! как вы посмели!. მე კი ის მივიღე, რაც მჭირდებოდა - პრეზიდენტის პასუხი. ასეთ გარჩევებს პრესკონფერენციების ბოლოს მიჩვეული ვარ. პრესსამსახურებს ვეუბნები ხოლმე, დამშვიდდით, თუ პრეზიდენტს არ უნდოდა პასუხის გაცემა, არც მიპასუხებდა, რადგან მიპასუხა, ესე იგი, საჭიროდ ჩათვალა ასე, და თქვენ რა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეჭქვეშ აყენებთ? იბნევიან და ჩუმდებიან“.

0x01 graphic

15 თებერვალს მაკას Reuters-ის ოფისში ველოდებოდი. ვუყურებდი, როგორ გადიოდა დრო კედელზე ერთმანეთის გასწვრივ ჩამოკიდებულ საათებზე - ერთი ნიუ იორკის დროს აჩვენებდა, მეორე ლონდონისას, მესამე მოსკოვის, მეოთხე თბილისის. თბილისის დროით 1-ის 15 წუთზე შემოაღო კარი. მობილურზე ლაპარაკობდა. სავარაუდოდ, ლონდონში მჯდომ მორიგე რედაქტორს ინგლისურ ენაზე უთანხმებდა დეტალებს: „დღეს, დემონსტრაციას გავაკეთებთ, თუ ყველაფერი ადრიანად დამთავრდა, დღესვე ჯობია წასვლა. თუ არა, მაშინ ხვალ დილას წავალთ ერევანში“. საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა. მის ინგლისურს შიგადაშიგ გამოკვეთილი ბრიტანული გამოთქმა დაკრავდა. მერე წამიერად რუსულზე გადაერთო, საბოლოო დეტალები რუსულად გააცნო ვიღაცას. ბოლოს, მე ქართულად მომიბრუნდა. სამენოვან აზროვნებას მაკა პატარაობიდანვე შეეჩვია. თავიდან მხოლოდ ქართული და რუსული სჭირდებოდა - რუსულ სკოლაში სწავლობდა და იმიტომ. შემდეგ უცხოელებთან ურთიერთობა დაიწყო და ინგლისურად სწრაფად აზროვნებასაც მიეჩვია. ახლა უკვე წლებია, მაკა ანთიძის რეპორტაჟების ენა ყოველთვის ინგლისური და რუსულია. ხშირად ხდება ისეც, რომ წერის დრო არ რჩება და ახალ ამბავს მობილურზე რედაქტორთან საუბრისას ზეპირად „წერს“. ასეთი ექსტრემალური სიტუაციები სუპერ-მნიშვნელოვანი მოვლენების დროს ხდება. „მაგალითად, ვარდების რევოლუციის დროს. რამდენ საათს იმუშავა იმ დღეებში ჩემმა მობილურმა, ვერ დავთვლი“. აკვირდებოდა სიტუაციას, დაჰყვებოდა დემონსტრანტებს და ამ ყველაფერს პირდაპირ რეჟიმში გადასცემდა ინგლი სურ ენაზე: „აი, ახლა პარლამენტის შენობაში შევედით. ხალხი აღელვებულია, შევარდნაძე სიტყვით გამოდის...“ შიგადაშიგ რესპონდენტებსაც ვარჩევდი და კომენტარს ვთხოვდი. ისინი ქართულად მელაპარაკებოდნენ, მე კი მათ ნათქვამს ტელეფონში ინგლისურად ვიმეორებდი“. მსგავს რეჟიმში მუშაობა 7 ნოემბერსაც მოუხდა, ვიდრე გონება დაეკარგებოდა, თუმცა, ამაზე ოდნავ ქვემოთ.

უკვე გითხარით, მაკას მაღალი პროფესიული სტანდარტი მუდმივ სიფხიზლეს გულისხმობს-მეთქი, თანაც როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. ერთი შენჯღრევა და უნდა გეღვიძოს. რა მნიშვნელობა აქვს, დღე-ღამის რომელ ნაწილში დარეკავს მობილური. ყოველთვის ფხიზლად უნდა უპასუხო, თუნდაც, ღამის ხუთ საათზე. „როდესაც წითელუბნის ინციდენტი მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან გამთენიას დამირეკეს, ექვსი საათიც არ იქნებოდა. პირველივე ზარზე ვუპასუხე, მაშინვე გადავეცი ლონდონში, დავურეკე ბიჭებს, მძღოლს, სასწრაფოდ წავედით მომხდარის გასაშუქებლად და კარგა ხანს ვიმუშავეთ. როცა სიტუაცია ოდნავ ჩაწყნარდა, სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა მკითხა, დილას რომ დაგირეკე, არ გეძინაო? როგორ არა-მეთქი. არა, ისეთი ფხიზელი ხმა გქონდა, ვიფიქრე, გეღვიძაო. ეჰ, რა იცოდა, რომ ამ წლებში მივეჩვიე ასე ძილს. უცებ ვფხიზლდები. ამ სამსახურს ეს აქვს ცოტა მძიმე - 24-საათიანი გრაფიკი. რაღაც შემთხვევა მოხდა და მოხდა, ვერაფერს შეცვლი, რა დროც არ უნდა იყოს, უნდა ადგე და გააშუქო, თან კონკურენტებზე ფიქრით, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახერხო“.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

მიუხედავად იმისა, რომ მაკა უცხოური საინფორმაციო სააგენტოსთვის წერს კავკასიურ ქრონიკებს, კონკურენტების თემა მისთვის მაინც მწვავეა. მაკას კონკურენტები საერთაშორისო დონეზე ჰყავს - „ბლუმბერგი“, „ესოშიეიტიდ პრესი“, „ფრანს პრესი“, „დოუ ჯონსი“ და ა.შ. კონკურენციის დროს თითოეული წამი იზომება. ყოველგვარი უტრირების გარეშე - თითოეული წამი. მოვლენა მოხდენისთანავე ერთ სტრიქონად უნდა გადაიცეს. ამ ერთ სტრიქონს, არა უგვიანეს 3 წუთისა, უნდა მოჰყვეს პირველი რამდენიმე აბზაცი და მერე, მალევე, უკვე სრული ტექსტი. „თუ პირველი ინფორმაციის გადაცემა, თუნდაც, ერთი წუთით სხვა სააგენტომ დამასწრო, უკვე წაგებული ვარ“. არის შემთხვევები, როცა წუთებით მანიპულირება უკეთ შეუძლია. ეს მაშინ, როცა ახალი ამბის შესახებ პრეს-რელიზი ვრცელდება. „მაგალითად, 5 იანვრის არჩევნებიდან მეორე დღეს ეუთოს საკუთარი დასკვნა უნდა გამოექვეყნებინა. ეუთოს დამკვირვებელთა პრესცენტრში ჩემი მეგობარი ქალი მუშაობს, ისლანდიელია, უკვე წლებია, მასთან ვურთიერთობ. ვთხოვე და პრესკონფერენციამდე 15 წუთით ადრე მომცა პრეს-რელიზი. ცხადია, სანამ ოფიციალურად არ გამოქვეყნდა, ინფორმაცია არ გამივრცელებია, ეს 15-წუთიანი ლუფტი კი ნიუსის დასაწერად გამოვიყენე. როცა დასკვნა გამოცხადდა, მე უკვე ნიუსი დაწერილი მქონდა და პირდაპირ გავუშვი. სხვებზე 2-3 წუთით ადრე გადავეცი და ეს იცი, რამდენს ნიშნავს? აუუუ!!!“

0x01 graphic

0x01 graphic

მაკა ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა დროის გათვლის მხრივ, წაგებული დარჩენილიყოს. პირიქით, თვის ბოლოს, როცა Reuters-ის რედაქტორები ე.წ. „თაიმინგებს“ ადგენენ - ცხრილებს, სადაც აღნუსხულია, რომელი ინფორმაციის გაშვებაში დროის რა მაჩვენებელი ჰქონდათ სხვა სააგენტოებთან შედარებით, მაკა გამარჯვებულიც გამოსულა. ბოლოს ეს იანვარში მოხდა, ოთხ ძირითად ინფორმაციაში არჩევნების შესახებ სერიოზული წინსწრება ჰქონდა - 12 წუთი, 5 წუთი, 3 წუთი. მაკას დროთი ასე თამაშიც რაღაც პროფესიულ სიამოვნებას ანიჭებს. „პატარა საგიჟეთები მაქვს ხოლმე და ეს მომწონს. არაფერი არ ხდება, მშვიდად ვზივარ ოფისში, უცებ რაღაც მოხდება, დაიწყება საგიჟეთი და მალევე მთავრდება. აი, მაგალითად, უნდა გენახე, პრემიერ-მინისტრმა ევრობონდების გამოშვების შესახებ რომ გააკეთა განცხადება. ეს ძალიან სერიოზული ბიზნეს ნიუსია და ატყდა საგიჟეთი, გადარეკვა, დაწერა, დაზუსტება, გავრცობა, სულ 15 წუთს გაგრძელდა და მერე ჩაცხრა ყველაფერი, მერე აღარაფერი მომხდარა. „ბლუმბერგმა“ კი 48 წუთის მერე გაიღვიძა. ვიფიქრე, აბა, კარგააად!“

მაკას 13 თებერვალს გვიან საღამოს დავურეკე, შეხვედრაზე უნდა შევთანხმებოდი. 13 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა და წინასწარ ვიცოდი, რა საგიჟეთიც ექნებოდათ Reuters-ში, თან 15-წუთიანი კი არა, მთელ დღეზე გაწელილი. ასეც აღმოჩნდა. „არც იცი, რეები ვაკეთე. Reuters-ში, ლონდონში, უკვე კარგა ხანია, აღარ უკვირთ, მინისტრებს მობილურზე რომ ვურეკავ და დღეს ახალი ამბავი მომიგონეს. უნდა გამეგო, ბადრი პატარკაციშვილს გულის გენეტიკური დაავადება ხომ არ აწუხებდა. ანუ, უნდა გამეგო, მამამისი რითი გარდაიცვალა... ბოლოს, მივაგენი მის ორ კლასელს, რომელთაც დამიდგინეს მამის გარდაცვალების მიზეზი... მაგრამ მორჩა უკვე დღეს ჩემი საგიჟეთი, დღეისთვის მორჩა!“

მაკას მეგობარს, თეა სხიერელს როცა შევხვდი, მაკა უკვე ერევანში იყო წასული. თუმცა, ჩვენთან ერთადაც რომ მჯდარიყო, თეა მაინც იტყოდა, რასაც მეგობარზე ფიქრობს: „იშვიათად მინახავს ჟურნალისტი, რომელსაც ასეთი მყარი შინაგანი ეთიკა ჰქონდეს და იყოს ასეთი პრინციპული. იმ კომპანიაზეც რომ მოუხდეს რამე უარყოფითის დაწერა, რომელშიც მე ვმუშაობ, უყოყმანოდ გააკეთებს ამას. სხვანაირ დამოკიდებულებას მისგან არც მოველი“. მეგობრის შესაფასებლად თეა კიდევ ერთ სიტყვას ხმარობს ხშირად - „ძალიან კორექტული“. ამ თვისებებს მაკა ანთიძე არც ექსტრემალურ სიტუაციებში კარგავს. როდესაც 2003 წლის 22 ნოემბერს მომიტინგეები მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით პარლამენტის შენობაში შევიდნენ და სხდომათა დარბაზში, ტრიბუნასთან მდგარ ედუარდ შევარდნაძეს გადადგომა გრძელი ვარდით მოსთხოვეს, მაკა ანთიძე მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. ტელეფონს არ თიშავდა. მუდმივ ხაზზე იყო სააგენტოს სათავო ოფისთან და თითოეულ საგულისხმო დეტალს გადასცემდა. მოულოდნელად, დარბაზის ერთ კუთხეში საშინელი ხმაური ატყდა. ხალხი იმ ადგილს მიაწყდა. მაკამ ვეღარაფერი დაინახა. არადა, აუცილებლად იმ წამსვე უნდა გაეგო აყალ-მაყალის მიზეზები. ძალიან რცხვენოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო, იპოვა ფურცლები, დააფინა მაგიდაზე, ზედ შედგა და ისე გაარკვია, რა ხდებოდა იმ კუთხეში. როცა ძირს ჩამოვიდა, შენიშნა, რომ პარლამენტის აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი გაოცებული ადევნებდა თვალს მის საქციელს. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილ მაკას ბევრი არ უყოყმანია, მივიდა ნაცნობ ქალბატონთან და ბოდიში მოუხადა თავისი საქციელის გამო, თან აუხსნა, რატომ დასჭირდა აუცილებლად მაგიდაზე შედგომა. მე კი მგონია, ის ქალბატონი მაკას მორიდებულობამ გააოცა, დარბაზში, სადაც იმ დღეს სკამებიც დაილეწა და მაგიდებზეც ბლომად იარეს, მაკა იყო ერთადერთი, ვინც თავის საქციელზე იფიქრა.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გამოდის, რომ მაკა ანთიძეს ცნობილი ჟურნალისტური სიბრძნე - „თუ კარიდან არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე“ - პირდაპირ არასდროს ესმის. მაკა ანთიძე ფანჯრიდან არ შედის - აკრძალული წესებით არასდროს თამაშობს, მაგრამ, თავისი შინაგანი ეთიკის და კორექტულობის ფონ ზე, მაინც ყოველთვის ახერხებს სასურველი პასუხის მიღებას. თეა იხსენებს: „მაკას 15 წელია ვიცნობ. თავიდან მეგობრები არც ვიყავით, უბრალოდ, პრესკონფერენციებზე ვხვდებოდი. არ მახსენდება შემთხვევა, მაკას პრესკონფერენციაზე პირველი კითხვა არ დაესვას და თან ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მახსენდება, მაკა წინასწარ მოუმზადებელი მოსულიყოს და სიტუაციაში ადგილზე გარკვეულიყოს. მისი კითხვები ყოველთვის ნაფიქრი და კარგად გაანალიზებულია... ეს სამსახური მას სიამოვნებას ანიჭებს, გარკვეულწილად, ამით ერთობა, საკუთარ როლს თამაშობს, მაგრამ მხოლოდ თამაშობსო, მაკაზე ვერაფრით იტყვი“. დღემდე ასე გრძელდება. მაკას რეპორტიორობა სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ როლებში ისე არ იჭრება, რომ საქმის სერიოზულობა დაავიწყდეს. პასუხი კითხვაზე ყოველთვის უნდა მიიღოს, თუნდაც ამისთვის რუსეთის პრეზიდენტის ყურადღების მიპყრობა განსაკუთრებული ხერხით დასჭირდეს. პუტინთან დაკავშირებული ერთი შემთხვევა ელცინის გადადგომის შემდეგ მოხდა. მაშინ, ორი თვის განმავლობაში, პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო და დსთ-ს პრეზიდენტების სამიტს მოსკოვში მასპინძლობდა. წინასწარ იყო შევსებული პრესის იმ წარმომადგენლების სია, რომელთაც პრესკონფერენციაზე კითხვა უნდა დაესვათ, ძირითადად ესენი იყვნენ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები -„აზერ პრესი“, „ინტერ ფაქსი“, Reuters-ი არსად ჭაჭანებდა, არადა, მაკა ანთიძეს აუცილებლად უნდა მოესმინა პუტინისგან პასუხი ჩეჩნეთის შესახებ. თავიდან ჩვეულებრივად მიმართა: Господин президент, один вопрос, пожалуйста!. „პუტინისგან ნოლი ყურადღება მივიღე. ბედი მეორედაც ვცადე, ხმას ავუწიე და მივმართე - Господин исполняющий обязанности!... გაოცდა პუტინი. ისე შემომხედა, ვიფიქრე, სად გავიპარო, სუფთა „კაგებეშნიკური“ მზერით დამწვა“.

მოსწრებული და ეფექტური მიმართვების გარდა, მაკას რეპორტიორული საიდუმლო ზომიერების დაცვაშია. თავისი რესპონდენტების უმრავლესობას ორი ათეული წელია, იცნობს, მიუხედავად ამისა, არასდროს არის მათთან ურთიერთობისას ფამილარული. თითოეულ რესპონდენტს (თუნდაც, მასთან მეგობრობდეს) საჯარო გამოსვლისას, ანდა ინტერვიუს ჩაწერისას „ბატონოთი“ მიმართავს. „მაგალითად, ახლა ერთ-ერთ მინისტრად ჩემი უახლოესი მეგობარი დაინიშნა. ცხადია, როცა ჩემთან სახლშია, თქვენობით არასდროს ველაპარაკები, მაგრამ საჯარო შეხვედრებზე და პრესკონფერენციებზე არავითარი ჩახუტებები და გადაკოცნები. დისტანციის დაცვის ინიციატივა ყოველთვის ჩემგან მოდის. ხშირად ვერ მიგებენ, მაგრამ ვცდილობ, ავხსნა. ვეუბნები, რომ ცხადია, არ დაგკარგავ, რახან მინისტრი გახდი, ცხადია, ისევ ჩემი მეგობარი იქნები, მაგრამ იმაზე, რასაც ვწერ და გადავცემ, ეს არაფრით აისახება“. მაკა თავისი წყაროებისგან მეგობრობას არ მოითხოვს, სამაგიეროდ, ითხოვს ინფორმაციას, რომელსაც ყოველთვის უპრობლემოდ იღებს. მიზეზი წლების განმავლობაში ნაშენები ნდობაა. „არც ერთხელ ამ ოცი წლის განმავლობაში არ დამირღვევია სიტყვა და წყაროსგან მიღებული ინფორმაცია იმაზე ადრე არ გადამიცია, ვიდრე საჭირო იყო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითქმის ყოველთვის წინასწარ ვიცოდი, თუ რა გადაადგილებები მზადდებოდა მთავრობაში, მაგრამ წინასწარ არ გამიშვია. ხომ შემეძლო, გამომეყენებინა მიღებული ფორმა - როგორც სამთავრობო წყარომ აღნიშნა... მაგრამ არც ეს გამიკეთებია. ამ ადამიანებს ვერ გავუკეთებ ამას“.

მიტინგზე წასვლამდე, მაკა ანთიძე მეგობარს ურეკავს. ხმა მხიარული და ენერგიული აქვს. მაშინ, როცა თბილისის გაფამილარებულ საქმიან ურთიერთობებში (თუნდაც პოლიტიკურ-ჟურნალისტურ ურთიერთობებში) ჭარბობს მიმართვა (ალბათ, უფრო ყალბი) - „ჩემო საყვარელო“, მაკა ხშირად ხმარობს მიმართვას „გენაცვალე“, ოღონდ მხოლოდ პირად საუბრებში.

- როგორა ხარ, გენაცვალე? მეე? კარგად, კარგად, ცოტა ხანში მიტინგზე მივდივარ.

- „კასკა“ დაიხურე და ისე წადი!

- ვერ დავიხურავ „კასკას“, არ მიხდება.

- კომბლებს რომ გირტყამენ თავში, ეგ გიხდება?

- კარგი რა, მაგაზე ხომ ვიცინით ხოლმე, - მაკა ამ წუთშიც გულიანად იცინის.

რეპორტიორის კიდევ ერთი ექსტრიმი ქუჩის აქციები და საგანგებო მდგომარეობებია. ეს განსაკუთრებული შემთხვევები საგანგებოდ ჩაცმასაც გულისხმობს, მაგრამ მაკა ამბობს, რომ რეპორტიორი ჭუჭყიანი ჯინსით - ეს უბრალოდ მითია. „არასდროს მავიწყდება, რომ ქალი ვარ და რომ ჩემი პროფესია ადამიანებთან ურთიერთობას გულისხმობს. ამიტომ გარეგნობას ყურადღებას ყოველთვის ვაქცევ. ცხადია, რევოლუციის დროს ასეთ დეტალებზე ფიქრისთვის არ მცალია, მაგრამ ხშირად ყოფილა ასეც - მიჭირავს ჩანთა, მიკროფონი, მხარზე - გასაშლელი კიბე და ამ დროს, სახეზე „რუმიანას“ ვისვამ. Reuters-ის ბიჭები იცინიან, ხო, ხო, „ტუშიც“ გაკლია, „ტუშიც“, მიდი, დაიმატე“.

რაც შეეხება ჟურნალისტურ ექსტრიმს - რევოლუციებსა და არეულობებს, ამ დროს მაკას კიდევ რამდენიმე თვისება მჟღავნდება: ამტანობა და მყარი ნერვები. ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როცა ხელით გეხებიან. მაკას მიტინგებზე კი, ხელით ზვიადისტების აქციებიდან მოყოლებული ეხებიან. ბოლოს დროშის ტარი თავში ტელევიზიასთან გამართულ მიტინგზე მოხვდა. ამ ამბის გახმაურება (ცნობილი თოქ-შოუს ეთერში გამოცხადება) მაშინ საშინლად არ ისურვა. მიზეზი ისევ მისი პროფესიული ეთიკიდან მომდინარეობდა - „მსგავსი რამ ნებისმიერ მიტინგზე შეიძლება მომხდარიყო, ამიტომ, იმის ხაზგასმა, რომ მაინცდამაინც ოპოზიციის აქციაზე უცხოური საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი გაილახა, რაღაც სარჩულს უდებდა მთელ სიტუაციას, ეს არ მინდოდა“. და ეს მაკას პოზა არ ყოფილა, მასზე მეგობრებიც ამბობენ, რომ მაკა საკუთარი თავის პრომოუშენით არასდროს არის დაკავებული. რასაც აკეთებს, ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია, მოვალეობის შესრულებად. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ვერ აფასებს. როცა ეუბნებიან, რომ რაღაც კარგად გააკეთა - ეს თვითონაც იცის, საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მომენტი არ აწუხებს.

მაკა ანთიძე ექსტრემალურ სიტუაციაში საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოხვედრილა. ერთხელ - ბაქოში, მაშინ, როცა არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალეს, გაზი გაუშვეს და დემონსტრანტები ხელკეტებით სცემეს, ხელკეტები Reuters-ის ჯგუფის წევრებსაც მოხვდათ. „მე და ფოტოგრაფი დათო მძინარიშვილი ვიყავით ერთად. დათო მაშინ ახალი მოსული იყო ჩვენთან და ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოჩნდა ჩემთან ერთად. ის იღებდა, მეც მის გვერდით ვიდექი. მოულოდნელად, როცა ხელკეტი მომიქნიეს, გადაღებას თავი დაანება და გადამეფარა. მორჩა - იმ წამს დათო გახდა ჩემი. ამ ერთიანობას ძალიან ვაფასებ.

მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად მუშაობ, რადგან ჩვენი სამსახური პირდაპირ გულისხმობს ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრას და ამ დროს კი ადამიანობას უდიდესი ფასი აქვს. ფრაზა „Reuters-ი ჩემი ოჯახია“, ბანალურად ჩემთვის საერთოდ არ ჟღერს. Reuters-ის ბიჭები ერთ-ერთი პირველები არიან მეგობრების იმ სიაში, რომელთაც დავურეკავ, თუ რამე მჭირდება“.

Reuters-ის რეპორტიორებს კიდევ ერთი რამ აძლებინებთ - იუმორი. „პატარა გახუმრება და მთელი ტვირთი მეხსნება მხრებიდან. იუმორს ისეთ არაადეკვატურ სიტუაციაში, როგორიც, ვთქვათ, მიტინგის დარბევაა, სულ სხვა ფასი აქვს“. აი, თუნდაც, 7 ნოემბერი. Reuters-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ყველა რეგიონში მომუშავე რეპორტიორს უბრალოდ ევალება, ექსტრემალურ სიტუაციაში ეცვას სპეციალურად Reuters-ისთვის დამზადებული ჯავშანჟილეტი და ეკეთოს აირწინაღი. 7 ნოემბერს საგანგებო აღჭურვა მაკას არც უცდია. არადა, გაზის გაშვება უკვე დაიწყო, რეზინის ტყვიებსაც ისვრიან. მაკა სატელეფონო ხაზზეა და მომხდარს მოსკოვში გადასცემს. ხედავს, ოპერატორი დათო ჩხიკვიშვილი გზის გადაღმა დგას და მაკას ანიშნებს, არ ისუნთქოო. მაკა ლაპარაკს განაგრძობს. შემდეგ, როცა გაზის ბალონი ფეხებთან უვარდება, რედაქტორს სულ რამდენიმე წუთით ემშვიდობება და გარბის. იქვე ახსენდება, რომ პარლამენტის წინ დათოს კიბე დარჩა, ამიტომ უკან ბრუნდება, ამ მონაკვეთზე ისე იწამლება, რომ გონებას კარგავს და ეცემა. როცა გონს მოდის, პირველი, რასაც იხსენებს არის, გადასცა თუ არა Reuters-ს ბოლო მოვლენები და წყნარდება. თუმცა, ჯერაც ისე გათიშულია, რომ ავიწყდება - წყალი გაზით მოწამვლისას არ შეიძლება, არც პარლამენტის წინ შადრევნების საშინელ სიბინძურეს დაეძებს და „ნამიტინგარი“ - ქაღალდებითა და ნაგვით სავსე წყლით სახეს იბანს. ამასობაში, Reuters-ის ჯგუფს ჩიტაძის ქუჩიდან სტრინგერი ჟურნალისტი აირწინაღებს აშველებს. აირწინაღს მაკაც იკეთებს და დათოც. და უცებ დათოს მიმართვა: „მაკოცე, გიჟო“. „ვითომ რა მოხდა, ხო, ერთი ჩვეულებრივი ხუმრობა იყო, მაგრამ გავიცინე და, თითქოს, ახალი სუნთქვა გამეხსნა. ახალი ძალა მომეცა“.

მაკა ფიქრობს, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში იუმორის შენარჩუნების გარდა, სიმშვიდის შენარჩუნებაც აუცილებელია - ეს უკვე შენი რეპორტაჟის ხარისხისთვის. „როცა შენ გარშემო ასეთი რამ ხდება, ძალიან იოლად შეიძლება, ისტერიკაში ჩავარდე, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგო და გონება დაგებინდოს. მაშინ ვეღარაფერს აღიქვამ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი ნაბიჯით გვერდზე გადგე და ისე შეხედო მოვლენებს. 7 ნოემბერს პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ დავრეკე მოსკოვში, აბსოლუტურად წყნარი ტონით გადავეცი უკანასკნელი ინფორმაცია, კივილის გარეშე ვუთხარი, რაც ხდებოდა და გავაფრთხილე, რომ რადგან თავს კარგად არ ვგრძნობდი, ტელეფონს რამდენიმე წუთით გამოვრთავდი. ძალიან მნიშვნელოვანია, სხვები არ გააგიჟო - შენ იქ ხარ, ისინი მოშორებით და შენგან იღებენ ინფორმაციას. შენი ემოცია და ის, თუ რა გტკივა, აინტერესებს მხოლოდ მეგობარს, საყვარელ ადამიანს, რიგით მაყურებელს ჩემი პირადი განცდა არ აინტერესებს. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააზვიადო შენი მდგომარეობა. შენი შეფასებები და ემოციები მეგობრებთან საუბრებისთვის უნდა შემოინახო. ინფორმაციის გადაცემისას კი, უნდა აღწერო ფაქტები, სისწრაფის მიუხედავად, ზუსტად შეარჩიო სიტყვები, შეინარჩუნო ცივი გონება და სიმშვიდე“.

სიმშვიდის შენარჩუნება არა მხოლოდ რეპორტაჟის ხარისხისთვისაა აუცილებელი, ახლობლებისთვისაც. ამიტომ ცდილობს, ოჯახის წევრებს თავისი სამსახურის ექსტრემალური მხარეები გაიოლებულ ფორმებში წარუდგინოს, განსაკუთრებით კი - 14 წლის შვილს, ზუკას. ამ მიზეზით, საკუთარი ნერვების კონტროლიც ხშირად უხდება. „ტელევიზიასთან მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ჩემს მდგომარეობაზე სერიოზულად ჩავფიქრდი. ვფიქრობდი, ზოგ ბავშვს არ უმართლებს, ცუდი მშობლები ჰყავს და შინ სცემენ, ზოგს ქმარი შეხვდება ასეთი და ძალადობას მისგან ითმენს, მე კი ძალიან ხშირად აბსოლუტურად უცნობი ადამიანებისგან ვიღებ აგრესიას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ამ ამბავს ყოველთვის აბსოლუტურად მშვიდად ვუყურებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ჩემი პროფესიის ნაწილია, მაგრამ ამ ბოლო შემთხვევის დროს, სადღაც, მაინც, იჩინა თავი ფიქრმა იმის შესახებ, რომ უკვე 37 წლის ვარ და რომ მყავს შვილი, რომლის წინაშეც დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. არა, ცხადია, პროფესიის შეცვლაზე არც მაშინ მიფიქრია, უბრალოდ, კითხვა დავსვი - როდემდე? ხომ შეიძლება, ერთხელაც ისე ჩამარტყან თავში, რომ თვალი ვეღარ გავახილო, მერე რა ვქნა?“

რეპორტიორობისთვის თავის დანებება არც მაშინ უფიქრია, როცა ზუკა გაჩნდა. პირიქით, მაკა მხოლოდ მაშინ იწყებდა. არჩევანის წინაშე - ან შვილი ან საქმე - არასდროს დამდგარა. თუმცა, შემფასებლური ფიქრები სამსახურის შესახებ მაკას მხოლოდ მაშინ აწვება, როცა მარტო რჩება. „ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც მეტ-ნაკლებად თავს მოშვების უფლებას ვაძლევ, დედაჩემია. სხვა შემთხვევებში, სირთულეებს იუმორში ვატარებ. განსაკუთრებით ზუკასთან. ზუკას ჰყავს დედა, რომელიც დილას ადრე გადის, ღამე ბრუნდება და მაშინაც ცუდ ხასიათზე ნახოს? ამიტომ მქონია შემთხვევა, როცა სახლში შესვლამდე, დაახლოებით 10 წუთი მაინც ვმდგარვარ კართან, სახე რომ დამელაგებინა“.

თუმცა, რიგ შემთხვევებში, სახის დალაგება საქმეს ვერ შველის. ეს მაშინ, როცა ზუკა მიტინგის დარბევას პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს და იცის, რომ დედაც იქაა. „2007 წლის ნოემბრის მიტინგების დროს ზუკა 13 წლის იყო, სკოლიდან დაბრუნებულმა ნახა, რაც ხდებოდა გარეთ, უთქვამს, უნდა წავიდე და მაკა მოვძებნოო“. თუმცა, ძირითა დად, დედის არასტანდარტულ ცხოვრების წესს ზუკა უკვე შეჩვეულია. ხანდახან მაკას ამბებს მეგობრებთანაც ჰყვება. „აი, ზუკას მეგობრების ოჯახში რას ფიქრობენ ჩემზე, ნამდვილად არ ვიცი. ერთ-ერთ ბავშვს აბსოლუტურად ჩვეულებრივი პროფესიის მქონე მშობლები ჰყავს, თუ არ ვცდები, ექიმები, ზუკას დედას კი მიტინგზე სცემენ“, - იცინის მაკა და განსაკუთრებით სიამოვნებს ის ფაქტი, რომ ატყობს, ზუკას მასზე „ზრუნვის მომენტი გაუჩნდა. უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ არის კაცი, რომელმაც უნდა დამიცვას. ამაზე ფიქრი მაგიჟებს - ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი ასე ფიქრობს ჩემზე. თუმცა, ვიცი, ჩემი პროფესია დიდად არ მოსწონს. მახსოვს ერთხელ, პატარა იყო, სკოლაში მივაკითხე და მეგობრებს ელაპარაკებოდა, დედაჩემი პრეზიდენტებისგან იღებს ინტერვიუებს, მაგრამ მამაჩემი უფრო მაგარია, სცენაზე დგას და როკს უკრავსო“.

ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი მაკასთვის ზუკა დიდი ხანია გახდა. ეს გრძნობა გამძაფრდა მას შემდეგ, რაც მეუღლეს, ვახო ბაბუნაშვილს დაშორდა. იქიდან მოყოლებული მაკას პირადი ცხოვრება ზუკაზეა აგებული. სწორედ, ზუკაზე ზრუნვის გამო, მაკა ყველანაირად ეცადა, შვილისთვის მეუღლესთან დაშორებით ტკივილი არ მიეყენებინა. მან დღემდე საუკეთესო ურთიერთობა შეინარჩუნა ზუკას ბებიასთან და ბაბუასთანაც კი, „ასეთი ურთიერთობა ბევრ შეკრულ ოჯახშიც არ მინახავს“ - ამბობს თეა. იმ კედელზე კი, სადაც მაკა ზუკას სიმაღლეს ზომავს წლების მიხედვით, ცოტა ხნის წინ ერთი სულ პატარა მონახაზიც გაჩნდა - „ეს ზუკას დაა, ვახოს შვილი, იცი, რა საყვარელი პატარა გოგოა!“ - მიხსნის თვითონ მაკა, მოგვიანებით კი მეუბნება: „ზუკას გამო ოჯახის მეორედ შექმნაზეც მიყოყმანია. ახლა სადაც ჩემი შვილი ცხოვრობს - ჩემს სახლში, დედაჩემთან და ჩემთან ერთად, გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, არ მინდა ცხოვრება შევუცვალო და რაღაცეები გავურთულო. ვიცი, სხვების მოტივი ასეთია - აბა, როგორ თხოვდებიან ქალები მეორედ, მაგრამ მე სხვა მოტივი მაქვს, თუმცა, ეს ბევრისთვის გაუგებარია“.

ეს, თურმე, მაკას ხასიათია, ის არ ზოგავს თავს არც ოჯახის წევრებისთვის და არც სამსახურში. ამიტომ, მისი ნდობა ყველაფერში ბრმად შეიძლება.

მაკა ანთიძის, როგორც რეპორტიორის მიმართ, ნდობას - Reuters-ის, ამ ყველაზე ძველი საინფორმაციო სააგენტოს, პრესტიჟი, შეიძლება ითქვას, რომ არ განსაზღვრავს. თვითონ მაკა ამბობს, რომ Reuters-ის ტრენინგებზე ბევრი რამ ისწავლა, მაგრამ კოლეგები ამტკიცებენ, რომ მაკა თითქმის სულ დასაწყისიდანვე გამოირჩეოდა თავისი პროფესიული ეთიკითა და პასუხისმგებლობით. თორემ სახელი Reuters-ი ჯადოსნური ჯოხივით 90-იანი წლების საქართველოში ნამდვილად არ ჭრიდა. Reuters-ის მნიშვნელობა და სტანდარტები ბევრმა არავინ იცოდა - „იცოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელიც ჩვენი კლიენტი იყო და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსმა,“ - იხსენებს მაკა. ამიტომ სხვებთან მას თვითონ უნდა მოეპოვებინა ნდობა, აეხსნა, რას ნიშნავს Reuters-ი და რა პროფესიულ სტანდარტებს გულისხმობს ამ სააგენტოსთვის მუშაობა. ეს ხშირად ანეკდოტურ შემთხვევებთანაც იყო დაკავშირებული. თუნდაც, ერთი სატელეფონო ზარი ერთ ყოფილ ჩინოვნიკთან. „ამ ბატონს პირადად არ ვიცნობდი, ამიტომ გულწრფელად მოვუხადე ბოდიში, რომ გვიან საღამოს მობილურ ტელეფონზე ვურეკავდი კითხვისთვის და თავი წარვუდგინე - „მაკა ანთიძე, Reuters-იდან. იმ ბატონმა ძალიან კარგად მიმიღო და კარგად მესაუბრა, მაგრამ მთელი ამ სატელეფონო დიალოგის განმავლობაში ასე მომმართავდა - „დიახ, ქალბატონო როიტერ“, „სასიამოვნოა, ქალბატონო როიტერ“ - ეტყობა, საერთოდ არ ჰქონდა გაგებული საინფორმაციო სააგენტოს სახელი“.

მაკა მიხსნის, რომ მისი პროფესიული ქცევების ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობამ. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, 1987-88 წლებში, მაკამ მუშაობა დაიწყო იმ დროისთვის ძალიან სერიოზულ გაზეთში Молодежь Грузии. მალევე გახდა თარჯიმანი ჟურნალისტთა იმ პირველი ნაკადისთვის, რომლებიც 80-იანი წლების ბოლოს კავკასიის რეგიონით დაინტერესდნენ. „უცხოელ ჟურნალისტებს ინტერვიუებზე დავყვებოდი, ვუთანხმებდი შეხვედრის საათს, ვუთარგმნიდი. მათთან ვნახე პირველად, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დროს, როგორ გაწერილი აქვთ ყველაფერი, როგორ ემზადებიან ინტერვიუსთვის, როგორ აგროვებენ მასალას“. ამ ჟურნალისტებს შორისაც ჰყავდა ფავორიტები. ერთ-ერთი მათგანი იყო ბრიტანელი ქალბატონი ჯილი, Channel 4-ის კორესპონდენტი, რომელიც საქართველოზე ფილმს აკეთებდა. „ერთი კვირა ვიმუშავე ჯილთან. ყველანაირ ადამიანს ხვდებოდა და ესაუბრებოდა - რიგით მოქალაქეებსაც და მაშინდელ ლიდერებსაც - ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას, ნოდარ ნათაძეს. მაგრამ მე არასდროს დამავიწყდება ჯილის ინტერვიუ მერაბ მამარდაშვილთან. მართალია, ეს ჩემი ინტერვიუ არ იყო, მას შემდეგ კი თვითონაც ბევრჯერ მყოლია შთამბეჭდავი რესპონდენტი, მაგრამ, თავისი მასშტაბურობით, ჩემზე ამხელა გავლენა არც ერთ ჩემს ინტერვიუს არ მოუხდენია. გვიან საღამოს ვესტუმრეთ შინ. თარგმნა არ დამჭირდა, ვიჯექი და ვუსმენდი. ჯილი კორექტული ქალი იყო და ბოლოს მეც მომმართა, შენც ხომ არ გინდა, კითხვა დასვაო. მაშინ 18 წლის ვიყავი და შანსი გამოვიყენე, ზუსტად არ მახსოვს, რა ვკითხე, მაგრამ მაშინდელ მდგომარეობას ეხებოდა“.

შემდეგ, უკვე ძალიან მალე, მაკამ თავის ინტერვიუებზეც დაიწყო კითხვების დასმა. მაშინ პოპულარულმა საინფორმაციო სააგენტომ ИМА ПРЕСС სპეციალურ კორესპონდენტად აიყვანა, შემდეგ მუშაობდა „იბერვიზიაში“, პირველი არხის საინფორმაციო სააგენტო „კონტაქტში“, მერე მეგობართან ერთად გახსნა საკუთარი სააგენტო „ბი ეს პრესი“, შემდეგ მიიწვიეს Reuters-ში. „სულ პირველად დასმული კითხვა არ მახსოვს, მაგრამ, კარგად მახსოვს ის უხერხულობის განცდა, რომელსაც პრესკონფერენციებზე კითხვის დასმისას თავიდან განვიცდიდი. საჯარო გამოსვლა შეკითხვით, თავის წარდგენა - ეს ხომ ერთგვარი პერფორმანსია, გგონია, რომ სულელურ კითხვას სვამ, რომ არავინ მოგისმენს, ამიტომ, არც ის გაოცება დამავიწყდება, როცა რესპონდენტის რეაქციიდან მივხვდი, სულაც არ ყოფილა ჩემი კითხვა სულელური. უხერხულობის განცდა პირველ 10-12 პრესკონფერენციაზე გამყვა, მერე თანდათან მივეჩვიე და გავიაზრე, რომ მთავარია, მივიღო პასუხი, კითხვასაც ამიტომ ვსვამ და არა თავის წარმოჩენის მიზნით“.

თუმცა, რომ არა ჯილისნაირი ადამიანები, შეიძლება, მაკას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, რეპორტიორობა არ მოენდომებინა. ჯილმა, სხვებმა და, რაც მთავარია, მიმდინარე მოვლენებისადმი დაუოკებელმა ინტერესმა მაკას არჩევანის გაკეთება გაუიოლა. „სტუდენტი ვიყავი, როცა უნივერსიტეტში გამოსვლები დაიწყო და ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა. მაშინ არ ვწერდი, მაგრამ მიტინგებზე მაინც დავდიოდი, ყველა გამომსვლელს ვუსმენდი, რადგან ვხვდებოდი, რომ ჩემ გარშემო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა და მინდოდა, ამ მოვლენების შესახებ საკუთარი აზრი დამოუკიდებლად ჩამომეყალიბებინა - მოვლენების შუაგულში ტრიალით და ყველა მომიტინგის მოსმენით“.

მოსმენის ნიჭი მაკას ახლაც განსაკუთრებული აქვს და თვლის, რომ მის პროფესიაში ეს აუცილებელია. „ეს ნიჭი, პირველ რიგში, რესპონდენტთან ურთიერთობისას უნდა გამოიყენო. კითხვის დასმით ჟურნალისტის საქმე არ მთავრდება, აუცილებლად ყურადღებით უნდა უსმინო პასუხს და გამოიყენო შანსი - მიკროფონთან შენ დგახარ, სწორედ შენ მიერ დასმული საკითხის გამო ირჯება ამ წუთებში ესა თუ ის ჩინოვნიკი. ამიტომ, თუ საჭირო გახდა, არც კითხვის შებრუნება უნდა მოგერიდოს“.

ეს პატარ-პატარა, მაგრამ ძალიან აუცილებელი პროფესიული საიდუმლოებები მაკამ მალე აითვისა. წლებმა, როცა საქართველო, როგორც სახელმწიფო, თავიდან იბადებოდა, ფაქტობრივად, მისი უშუალო დაკვირვების ქვეშ გაიარა. მაკას პროფესიული ზრდის პარალელურად იზრდებოდნენ და იხვეწებოდნენ ქართული პოლიტ-ეკონომიკური სპექტრის მთავარი მოთამაშეებიც. მაკა პირადად მონაწილეობდა 80-90-იანი წლების ყველა იმ მოვლენაშიც, რომლებიც შემდეგ ეპოქალურად შეფასდა. მაკას არა მხოლოდ ახსოვს, მის თვალწინ მიიღეს, საქართველოს დამოუკიდებლობა, მის თვალწინ დაიწყო სამოქალაქო ომი, მის თვალწინ გავარდა პირველი ტყვია სამაჩაბლოში. მაშინ მაკა 18 წლის იყო, დანიელ ჟურნალისტებს გაჰყვა თარჯიმნად. ცხინვალში შესვლამდე, ერთმა ქართველმა შეაჩერა, შენ არსად წახვიდე, ესენი გაუშვი, შენ დარჩი, საშიშიაო. მაგრამ, მაკა მაინც წავიდა. გეგმა შეიმუშავეს, ვითომ მაკა სომეხი თარჯიმანი იყო და დანიელებს ერევნიდან გამოყვა. მიდიან ფეხით და ინგლისურად ლაპარაკობენ. ცხინვალში შესვლამდე, ხიდია გადასასვლელი. ხედავენ, სამი კაცი მოდის. მიუახლოვდნენ დანიელებს და უცებ ერთერთი ქართულად ეკითხება მაკას, გოგო, შენ ქართველი ხარ? „იმდენად დავიბენი, რომ აბა, მკითხე რა ვუპასუხე? ინგლისურად კატეგორიულად ვიუარე - NO! არადა, წესით ხომ სომეხი ვიყავი და მისი ქართული საერთოდ ვერ უნდა გამეგო“. ის ამბავი მშვიდობიანად დამთავრდა, თუმცა, პატარა დრამატიზმი მაინც ახლდა თან - მაკა მორგში წაიყვანეს, გვამები აჩვენეს, აი, ეს ბიჭები სულ თქვენიანებმა დაგვიხოცესო, ახლა არც შენ გაგიშვებთ არსადო. ბოლოს, დანიელები წითელი ჯვრის გამოძახებით დაიმუქრნენ და მაკა გამოუშვეს, თორემ სიტუაცია უკვე უმართავი ხდებოდა. უკანა გზაზე კიდევ ერთი დაბრკოლება გადალახეს - საშინელ სროლაში მოხვდნენ... „ეს ამბავი დედაჩემმა ასე დეტალურად დღემდე არ იცის,“ - იხსენებს მაკა.

ასე დეტალურად ასეთი ექსტრემალური ამბების ცოდნა მაკას პირად ურთიერთობებზეც თავის კვალს ტოვებს. თუმცა, დაძაბული სამუშაო გრაფიკი საყვარელ მამაკაცთან დაშორების მიზეზი არ გამხდარა. ცხადია, როცა დილის ხუთ საათზე დაგირეკავენ და გაცნობებენ, რომ სიტყვაზე, თვითმფრინავი ჩამოვარდა და სასწრაფოდ უნდა წახვიდე გასაშუქებლად, შენც რომ ადგები და წახვალ, ეს არც ერთ მამაკაცს არ გაეხარდება. „როცა მსგავსი სიტუაციების შესახებ ვმსჯელობთ ხოლმე, მე ყოველთვის საკუთარ თავს და საქმეს ვიცავ, მაგრამ ვაღიარებ, რომ გულის სიღრმეში, ძალიან კარგად მესმის მამაკაცის, რომელსაც არ უნდა მისმა საყვარელმა ქალმა ასეთი ცხოვრების წესით იცხოვროს. ძალიან კარგად მესმის, რომ არც ერთ კაცს არ მოეწონება, ქალს ტელეფონთან ერთად ეძინოს“.

ამ თემაზე საუბარი გაგვიგრძელდა, მაკა ჩაფიქრდა და თვითონვე დაასკვნა, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში არც ერთნაირი პროფესიების ქონაა. დასტურად Reuters-ის ერთ პოლონელ ფოტოგრაფთან დიალოგი გაიხსენა. ეს ფოტოგრაფი მოსკოვის პუტჩის დროს თავის შეყვარებულ ფოტოგრაფთან ერთად მუშაობდა. ერთად იღებდნენ ფოტოებს. არეულობაში ერთმანეთი დაკარგეს. ამ დროს სროლა ატყდა, კაცმა გადაღებას თავი დაანება და ქალის ძებნა დაიწყო, გამწარებული ეძებდა, ბოლოს როცა მიაგნო, გაეხარდა, მაგრამ წამსვე მოიღუშა, თურმე, იმ არეულობაში ქალს არც ერთი წამით არ შეუწყვეტია გადაღება და არც თავისი საყვარელი კაცი გახსენებია. „მერე ერთმანეთს დაშორდნენ და, ფაქტიურად, ეს შემთხვევა გახდა მათი დაშორების მიზეზი, კაცმა ვერ აპატია ქალს ის, რომ სამსახურმა რაღაც მომენტში მისი თავი დაავიწყა“.

მაკა მგრძნობიარე და რომანტიკულია, (მაგალითად, პირად ელექტრონულ ფოსტას ხელნაწერი წერილები ურჩევნია - ამ წერილებს სულ სხვა გრძნობა და ემოცია მოაქვსო - ფიქრობს), მაგრამ ის, რაც საღი გონებით იცის, იცის და დამთავრდა. ასეა ცოდნაც მამაკაცის შეხედულების შესახებ ზედმეტად საქმიან ქალზე. ამ თემაზე საინტერესოდ მსჯელობა მაკას დიდხანს შეუძლია, განსაკუთრებით, მეგობრების წრეში. თუმცა, არანაკლებ ხშირად, ჭიქა ყავაზე შეკრებილი გოგოების განხილვის საგანი პოლიტიკა ხდება ხოლმე. „ხშირად ყოფილა ისე, გვიან საღამოს, მე და მაკა სავახშმოდ შევსულვართ რესტორანში, შეგვიკვეთავს ვახშამი, მაგრამ მერე პოლიტიკაზე გაცხარებულ მსჯელობას ჭამაც დაუვიწყებია ჩვენთვის. ამ დროს პატარა ბრიფინგებს ვმართავთ ხოლმე რესტორნებში“, - ამბობს თეა. მისივე დაკვირვებით, მაკას ოცწლიანმა რეპორტიორობამ ამბის მოყოლის განსაკუთრებული სტილი ჩამოუყალიბა. აბსოლუტურად გამართული წინადადებებით ლაპარაკობს, იცავს ოფიციალურ ეტიკეტს და ისე გადმოგცემს ამბავს, თითქოს, სააგენტოსთვის ინფორმაციას ზეპირად წერდეს. ასეა თუ ისე, მაკა თავს გადამხდარ ამბებს მაინც ძალიან საინტერესოდ ჰყვება. როცა საუბარში თვითირონიასაც რთავს, მაშინ მსმენელთა რიცხვი ერთი-ორად იზრდება. მეგობრები მაკაზე ამბობენ, რომ წონასწორობის შენარჩუნებაში მას იუმორის გრძნობა და უფრო ზუსტად კი, სწორედ თვითირონია შველის. შეუძლია, მიტინგზე ცემის ამბავი ისე მოჰყვეს, როგორც ანეკდოტი და რა გასაკვირია, რომ მერე მისი თავგადასავლები ანეკდოტებადაც ვრცელდება. ეს საუბრები, მომხდარი ამბების შეფასებები და თუნდაც, ექსტრემალური სიტუაციების იუმორისტული მიმოხილვები მაკას შინაგან დაცლაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე ამბებზე მუშაობს და მხოლოდ მშრალ ინფორმაციებს წერს, შემდეგ (რაც არ უნდა დაღლილდაქანცული იყოს) მაინც პოულობს დროს, მომხდარს გონებაში ხელახლა მიუბრუნდეს და გააანალიზოს. რადგან ყველაფერს დაკვირვებით ისმენს, დასკვნის გაკეთება და შექმნილი აზრის დაცვაც უიოლდება. როცა მნიშვნელოვანი შეხედულების დაცვაზე მიდგება საქმე, მაკა ძალიან პრინციპულია. ისე არგუმენტირებულად მსჯელობს, რომ კონკურენტს იოლად „აიარაღებს“. თეა სხიერელი მაკას ერთ საჯარო გამოსვლას იხსენებს. „ეს იყო ტელეხიდი მოსკოვთან, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ. ქართულ მხარეს მაკა ანთიძე, კოტე გაბაშვილი და კიდევ სხვა სტუმრები წარმოადგენდნენ, მოსკოვიდან მიხეილ ლეონტიევი ერთვებოდა. მახსოვს, მაკას მსჯელობით მოხიბლული დავრჩი, ისე არგუმენტირებულად ედავებოდა ლეონტიევს, ისე დასაბუთებულად მსჯელობდა, რომ მისი გაჩუმება ქართველებიდან მხოლოდ მაკამ შეძლო“.

მეგობრებთან საუბრის გარდა, მაკა სამსახურს ზოგჯერ წიგნებშიც „გაურბის“. კითხვა ყველაზე ძალიან უყვარს, თვლის, რომ ჰობი - კლასიკური გაგებით არ აქვს, გამოთავისუფლებული დროის გასატარებლად მაშინვე ზუკასთან მიდის. ამიტომ, თავდავიწყებას წიგნები და ბავშვობის დროინდელი გატაცება - ცეკვა ანიჭებს: „ვფიქრობ, რომ ცეკვა ჩემი ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა. თუ მესიზმრება ჩემი თავი, მესიზმრება, როგორ ვცეკვავ. ბოლოს ჩემი მეგობრის შვილის დაბადების დღეზე ვიცეკვე. რესტორანი ჰქონდათ დახურული, მე და ჩემი მეგობარი გიჟებივით ვცეკვავდით, მამები და ბავშვები კი ისხდნენ და გვიყურებდნენ“.

თუმცა, ყველაზე დიდი გატაცება მაკასთვის, როგორც ჩანს, მაინც რეპორტიორის საქმეა. ცეკვასთან ერთად, ესეც მისი ერთერთი ყველაზე ბუნებრივი ამპლუაა. იმდენად ბუნებრივი, რომ როცა არ ჭირდება, მაშინაც რეპორტიორობს. თეა იხსენებს: „ერთხელ, მადრიდში ვიყავით. მაკამ სალვადორ დალის მუზეუმში მოინდომა წასვლა. მატარებლით უნდა წასულიყო და განსაზღვრულ დროს დაბრუნებულიყო უკან. მაგრამ არ გამოჩნდა. გავიდა ერთი საათი, მეორე, მესამე, მაკა მაინც არ ჩანს. ავნერვიულდი. მაკას ასეთი გაუთვალისწინებელი რაღაცები არასდროს ემართება ხოლმე. ბოლოს გამოჩნდა და მიამბო, რომ, თურმე, მატარებელში, რომელსაც უკან უნდა გამოჰყოლოდა, არ ჩაჯდა, რადგან სხვა სადგურზე უნდა გადამჯდარიყო, ამიტომ, შემდეგ რეისს დაელოდა. ის პირველი კი, რაღაც ავარიაში მოჰყვა. როცა ეს სადგურზე მდგომმა მაკამ გაიგო, ერთი ამბავი ატეხა, გამოჰკითხა სადგურის უფროსი, დაადგინა ავარიის მიზეზები, მიყვებოდა, კინაღამ ლონდონში დავრეკე და Reuters-ს ვაცნობეო“.

ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ მაკა ყოველთვის უარყოფს შეთავაზებებს და არც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობას თანხმდება, არც ადგილობრივ ტელევიზიებში. „Reuters-ში მაქვს იმ დონის თავისუფლება, რაც აქაურ ტელევიზიებში მიუღწეველია - აქ მხოლოდ პროფესიული სტანდარტი მზღუდავს, სხვა არაფერი, ამიტომ ამ სამსახურს არაფერზე გავცვლი, არც სახელმწიფო სტრუქტურებზე, რადგან კითხვის დასმა უფრო მიყვარს, ვიდრე პასუხების გაცემა“.

მაკა თვლის, რომ რეგიონშიც გაუმართლა. კავკასიის მიწის ტურბულენტობამ ის უამრავი გარდამტეხი მოვლენის მოწმე და მონაწილე გახადა. „ბევრი ერის მრავალწლიან ისტორიას ეყოფოდა ის მოვლენები, რაც ჩვენთან ბოლო 17 წლის განმავლობაში მოხდა. ამიტომ, არ ვიცი, რამდენად ზუსტი სიტყვაა „გამიმართლა“, მაგრამ ბევრი მეუბნება, რომ ასეა. ერთხელ, Reuters-ის ცნობილმა რეპორტიორმა სტენლი გრიმმა, რომელსაც უამრავი ცხელი წერტილი აქვს მოვლილი, მითხრა, რომ ბევრ ჟურნალისტს შეშურდებოდა ჩემი. მართლაც ასეა. ვიცი, ბევრ უცხოელ ჟურნალისტს მოუნდებოდა, ემუშავა იქ და ისეთ გარემოებებში, რომლებიც ჩვენ გადავიტანეთ, თუმცა კი, ეს ყველაფერი მძიმე იყო, როგორც პირადად ჩემთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის“.

მიუხედავად იმისა, რომ არეულ რეგიონში მუშაობას გამართლებად მიიჩნევს, მაინც არის ხოლმე დრო, როცა ფიქრობს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი შვეიცარიის ბიუროშიცო, - „რატომაც არა, მივიდოდი დილას სამსახურში, დავწერდი რაღაცეებს, ექვსზე საათს დავხედავდი, ვიტყოდი, უი, რა დრო გასულა-მეთქი და სახლში წავიდოდი. რა, გიჟი კი არ ვარ, სულ ინფლაციაზე, ქუჩის აქციებზე, პუტჩზე და მიტინგებზე წერა მომწონდეს“. თუმცა, ეს ხუმრობაა. მაკას მიწა, მაინც, ფეთქებადი კავკასიაა.

მიტინგზე მაკას ყავისფერი ქურთუკი, ჯინსის შარვალი და შავი ინსპექტორები აცვია. სათვალე უკეთია და ეს ეხმარება, არასასურველი რეპლიკები ხალხისგან გულგრილად გაატაროს. არადა, მსგავს რეპლიკებს რა დალევს - „ნეტა, რას დარბიან ეს ჟურნალისტები, რამეს მაინც წერდნენ“. ხელში ბლოკნოტი უჭირავს, ჯერ ახლომახლო შენიშნული საგულისხმო ლოზუნგების შინაარსს იწერს, მერე, როცა დაახლოებით „როლინგების“ წონის გამომსვლელი დგება ტრიბუნასთან - მის გამოსვლასაც. მე ჩემს დაბალ პროფესიონალიზმზე მეტყველი შიში მიპყრობს - ხალხის მასა მაფრთხობს და სასწრაფოდ წასვლა მინდება. მაკას შორიდან ვემშვიდობები და ვცდილობ, ჩიტაძის ქუჩისკენ გავიკვლიო გზა. მიტინგი 5 საათზე მთავრდება. მაკას სამგზავრო ჩანთა წინასწარ აქვს ჩალაგებული. ინფორმაციას გადასცემს და Reuters-ის ჯგუფთან ერთად ერევანში მიდის. უკან დაბრუნებულს თბილისში შეცვლილი მაინც არაფერი ხვდება. შვეიცარიის ბიუროში შრომას Reuters-ის ქართულ ბიუროში მუშაობა, ვინ იცის, კიდევ რამდენ წელიწადს არ დაემსგავსება. მაკა ანთიძე კი მაინც არსად წავა. ჯერჯერობით, პროფესია - რეპორტიორი და კავკასიური ქრონიკების ტემპერამენტი ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

10 როგორ გახდა ანგ ლი გოლიათი

▲ზევით დაბრუნება


ანგ ლი ფიქრობს, რომ თავის ურჩხულთან ბევრი რამ აქვს საერთო

ავტორი: ჯონ ლერი
ჟურნალი ნიუ იორკერი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ

0x01 graphic

ოქტომბრიდან დაწყებული, მაისის ბოლომდე რეჟისორი ანგ ლი სტუდიიდან არ გამოსულა. მთელ დროს ის სან ფრანცისკოდან 11 მილში მდებარე პატარა დასახლება სან რაფაელში, ჯორჯ ლუკასის კინოსტუდიაში ატარებდა. დღეში 15 საათს მუშაობდა. მის გვერდით იყო ლის რიგით მერვე ფილმის „გოლიათის“ (The Hulk) ცნობილი ვარსკვლავიც. სუპერვარსკვლავური სტანდარტებითაც კი ეს პერსონაჟი ყველასგან გამორჩეული იყო. მას მწვანე სხეული ჰქონდა და როცა ძალების მაქსიმალურ მობილიზებას ახდენდა, სიმაღლე 15 ფუტამდე ემატებოდა. გოლიათი მთლიანად კომპიუტერზე აეწყო. ამოცანა, რომელიც ვიზუალურ ეფექტებზე მომუშავე სამასკაციანი გუნდის წინაშე იდგა, ასეთი იყო: მათ მიერ შექმნილი გოლიათი ზედმიწევნით უნდა დამსგავსებოდა ნამდვილ არსებას, რათა მას შეძლებოდა ფილმის ცოცხალ მსახიობებთან - ნიკ ნოლტთან, ჯენიფერ კონელისთან და ერიკ ბანასთან - წარმოსახვის დონეზე თანაარსებობა. რთული ამოცანა არც ლის აკლდა: მას უნდა მოეხერხებინა, თავისი ექსპერიმენტული კინოსთვის დამახასიათებელი სენტიმენტები ჰოლივუდის საზაფხულო ბლოკბასტერის მოთხოვნებთან შეეჯერებინა. ბლოკბასტერს კი ლი პირველად იღებდა. სან რაფაელში თავისი დროებითი ოფისის სამუშაო მაგიდასთან რეჟისორს დაბადების დღის მისალოცი ბარათი ეკიდა. ბარათი „გოლიათის“ შემქმნელებს „მარველ კომიქსს“ გამოეგზავნათ. ფურცლის ზედა მხარეს ლის სახე ეხატა - სადა, უპრეტენზიო და პირქუში გამომეტყველებითა და თავზე ქუდივით ჩამოცმული თმით. ლის კარიკატურა იქვე მიხატულ ღრუბელში ჩაწერილ ფრაზას ამბობდა: „გოლიათო, შენ მე მაბრაზებ და მგონი, არ მოგეწონება, როგორი გაბრაზებაც ვიცი“ (ანგ ლის გიგანტური პერსონაჟის ცნობილი მანტრა). ბარათის ქვედა მხარეს კი თვითონ გოლიათი იყო დახატული - გამოწეული შუბლითა და ოთხკუთხა ყბით, და ამბობდა: „გოლიათს არ აქვს მოტივაცია“.

გოლიათი, რომელზეც ანგ ლიმ შემდეგ ფილმი გადაიღო, თავიდან კომიქსის პერსონაჟად დაიბადა. ამ კომიქსში მას სამოქმედო მოტივაცია, მართლაც, არ გააჩნდა. დანარჩენი სუპერგმირებისგან განსხვავებით, რომლებიც სიკეთის დესპანებს წარმოადგენენ, გოლიათი, უბრალოდ, მუტანტი იყო. ნაწილობრივ გარგანტუა, ნაწილობრივ - მწვანე კაცი. ის ვერ აკონტროლებდა საკუთარ ძალას, რომელიც არც კეთილი იყო და არც გონივრული. ის მხეცდებოდა, თუ გააღიზიანებდი და გარშემო ყველაფერს ნამსხვრევებად აქცევდა. მისი გაავებული ქცევა თვითგანადგურებისკენ იყო მიმართული. ის წარმოადგენდა საფრთხეს, როგორც თავისი ჭკუადამჯდარი ნაწილის ბრიუს ბენერისთვის, ასევე - საკუთარი თავისთვისაც. პერსონაჟი 1962 წელს შეიქმნა და სრულყოფილი სახე რამდენიმე წლის შემდეგ მიიღო, როცა მრავალმხრივი გარდასახვის იდეამ ნარკოტიკებით გაჯერებული კულტურა და როკ-ენ-როლის რევოლუცია კიდევ უფრო გაამძაფრა. მაშინ გარდასახვის იდეა იყო ფანტაზია, რომელიც ადამიანებს ვიეტნამის ომის სისასტიკისგან თავდაღწევის საშუალებას აძლევდა. ველური, გაორებული, არაკონტროლირებადი ძალის მქონე გოლიათი ერთდროულად საფრთხეც იყო და სასწაულიც. ასეთი თვისებებით კი ის 60-იანების ახალგაზრდობის ოცნებად იქცა. ის ისევე გაორებული და თავგზააბნეული იყო, როგორც ყოველი მეორე ადამიანი იმ ეპოქაში, მაგრამ, ამავე დროს, მათზე გაცილებით უფრო საშიში.

ამგვარი ისტორიის მქონე გოლიათს ლიმ თავის ფილმში მეტი ფსიქოლოგიური სიღრმე შესძინა. გოლიათის თავგადასავალი მან დაინახა, როგორც უნივერსალური ბრძოლა პატრიარქატს, თვითშეზღუდვას და სურვილს შორის - ამ თემას ანგ ლი მთელი ცხოვრებაა, იკვლევს. ლი წერს: „ასეთი გოლიათი ყველა ჩვენგანშია და თითოეული ჩვენგანის გოლიათი თანაბრად საშიში და პოტენციურად სასიამოვნოცაა. უფრო ზუსტად, ესაა სიამოვნება, რომელიც, ამავე დროს, ყველაზე საშიშია“.

ერთი შეხედვით, რთულია, აღიარო, რომ გოლიათი ანგ ლიშიც ცხოვრობს. ჰოლივუდური სტანდარტების გათვალისწინებით, ის უჩვეულოდ მშვიდი და სადა ადამიანია. ტანდაბალი და ძლიერი აგებულების, ოდნავ მხრებში მოხრილი რეჟისორი, ნიკ ნოლტის თქმით, „მუდამ ღიმილით გესალმება და გარშემო სიკეთეს აფრქვევს“. ლის მეუღლე, ჯეინ ლიც, რომელიც ნიუ იორკის სამედიცინო კოლეჯში უჯრედული ბიოლოგიის სპეციალისტია, ქმარს ასე ახასიათებს: „მოთმინებიდან არასდროს გამოსულა. ამიტომ არასდროს გვიჩხუბია“. დასავლური დრამა დაძაბულობის ესკალაციას ეფუძნება, ჩინური კი - მის შემცირებაზეა აგებული. ბუნებით ცნობისმოყვარე ლიც, როგორც შერეული მინერალი, ორივეს გავლენის ქვეშ იოლად ექცევა. ჩინურ ენაში არ არსებობს „ინდივიდუალიზმის“ შესატყვისი სიტყვა და ანგ ლიც, რომელიც ახლა 48 წლისაა, ამბობს, რომ თავი ზრდასრულ კაცად პირველად მაშინ იგრძნო, როცა 1995 წელს მისმა ფილმმა „გრძნობა და გონება“ წარმატება მოიპოვა; ხოლო თავი რეჟისორად მანამ არ უგრძვნია, ვიდრე, ხუთიოდე წლის შემდეგ, მისი ფილმი „ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი“ მოულოდნელ ჰიტად არ იქცა. ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე უცხოური სურათი და პირველი ჩინური კინოპროდუქტი, რომელმაც უზარმაზარი საერთაშორისო მაყურებელი მოიპოვა.

რადგანაც ანგ ლი არ ავლენს ისეთივე დიქტატორულ ხასიათს, მისი რანგის სხვა რეჟისორებს რომ ახასიათებთ, ლის გაგება ზოგჯერ ჭირს. ტედ ჰოუპმა, რომელიც ლის პირველი სამი ფილმის პროდიუსერი იყო (Pushing Hands, 1992. The Wedding Banquet, 1993; Eat Drink Man Woman, 1994), უმალ აღმოაჩინა, რომ სხვა ამოცანებთან ერთად მას ევალებოდა, გ,აეგო, რას ფიქრობდა გულის სიღრმეში ანგ ლი; მოეხერხებინა და მისთვის უარყოფითი შეფასება დაეცდინა. პირველი ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მუშაობისას, პროდიუსერმა შენიშნა, რომ ანგ ლი რაღაცით უკმაყოფილო ჩანდა.

- რაშია საქმე? - ჰკითხა ჰოუპმა.

- კაბაშია საქმე, ეს კაბა ყავისფერია, - უპასუხა ლიმ.

- ხომ თქვი, რომ ყავისფერი კაბა მოგწონდა?

- კი, მომწონდა.

- აბა, რა მოხდა?

- ის, რომ ლურჯი კაბა მერჩივნა.

- და, გეთქვა, მერე.

- შენ მარტო ის მკითხე, ყავისფერი კაბა თუ მოგწონსო...

ანგ ლი არავის ეუხეშება. არავის ლანძღავს და არავის უყვირის. ანგ ლი არასდროს აფიქსირებს საკუთარ უპირატესობას სხვებთან. და ის არც მატერიალისტია. დღემდე თავისი პირველი მანქანით დადის - 1995 წელს ნაყიდი „მერკურის“ მინივენით. ელეგანტურ სამოსს კი სპორტული სვიტერი, ჯინსი და კედი ურჩევნია. 1997 წლამდე, ის ნიუ იორკის შტატში, უაით ფლეინსში, 825 ფუტი ფართის სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა, საძინებელს ცოლ-ქმარი ორ ვაჟთან იყოფდა (ახლა ანგ ლი მამარონიკში ცხოვრობს, ოთხსაძინებლიან სახლში, რომლის ბაღშიც შვიდი, იშვიათი სახეობის ქათამი დასეირნობს). არც ანგ ლის ქცევებიდანაა რამე თვალშისაცემი, გარდა მისი ნიჭისა. ტედ ჰოუპი მას ასე ახასიათებს: „ანგ ლი სიარულისას ყველაზე შეუმჩნეველ ნაკვალევს ტოვებს. ყველაზე მოკრძალებული ადამიანია. ერთხელ, პირად საუბარში მითხრა, რომ, უბრალოდ, საკუთარი ფილმების გამტარია“.

და მაინც, რადგანაც ანგ ლის მოსწონს, თავისი ფილმებს გადაღების პროცესს მაქსიმალურად ყველა კუთხით დააკვირდეს, სხვებისგან განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებს. ნიკ ნოლტი ამბობს: „ანგ ლი ისევე კონცენტრირებულია საკუთარ სამუშაოზე, როგორც სხვა რეჟისორები, რომლებთანაც მიმუშავია. მსახიობებს ბოლომდე წურავს. ყოველთვის ისწრაფვის გავიდეს მიღმა და რაღაც ახალი აღმოაჩინოს“.

0x01 graphic

ემა ტომპსონი, „გრძნობა და გონების“ ვარსკვლავი კი დასძენს: „რამდენადაც კარგი მსმენელი ხარ, იმდენად ძლიერად ცდილობ, ბოლომდე დაიხარჯო, ოღონდ კი ანგ ლის გაოცება შეძლო. ის სამოქმედო სივრცეს მუდამ გიტოვებს. ის რობერტ დე ნიროს ჩუმ ვარიანტს ჰგავს, რომელიც ისე ბლუყუნებს, იძულებული ხარ, მაქსიმალურად დაიძაბო, მისი გაგება რომ შეძლო. მის ნიჭს და ინტელექტს ერთი შეხედვით ვერ ამჩნევ, მაგრამ როგორც კი ყურადღებას მიაპყრობ, მაშინვე ძალით ივსები. ანგს ყოველთვის შეეძლო სიტყვითაც და საქმითაც ჩვენი შინაგანი ბალანსის დარღვევა. შემოქმედებით ადამიანს კი სწორედ ეს სჭირდება - საკუთარი ნაჭუჭიდან გამოყვანა“.

როცა ანგ ლი ნიკ ნოლტს შეხვდა, რათა დაერწმუნებინა, დევიდ ბენერის როლი ითამაშეო (გაიძვერა მეცნიერი, რომელიც მოკლავს ცოლს, შვილს კი საკუთარი, ფაუსტური ძალის გაგრძელებად აქცევს), ნოლტი დაინტერესდა, თუ რატომ უნდოდა ლის ამ ფილმის გადაღება. „მიპასუხა, კომიქსის დაწერა არ შემიძლია, სამაგიეროდ, ვიცი, როგორ გადავიღო ტრაგედიაო“, - იხსენებს ნოლტი. ლი ფიქრობს, რომ „გოლიათი“ „ქვეცნობიერის ხორცშესხმაა - მას არ აქვს ლოგიკა“. ლი ამბობს: „გოლიათი“ არის ის აგრესია, შიში და ის იდუმალი ძალა, რომელიც შენც გაქვს და რომელიც სიბნელეში იმალება, რადგან, შენი თავი ასეთი, არც თვითონ მოგწონს“. ლის შემთხვევაში, ეს ბობოქარი და ფარული ძალები მხოლოდ ერთ შედეგად გარდაიქმნება: კინოდ. რეჟისორობას ლი თავისი „შინაგანი ეშმაკის“ გამოვლინებას უწოდებს. ლისთვის ფილმის კეთება სასიამოვნო პროცესიცაა და საფრთხილოც. ეს არის უზარმაზარი ენერგიის ამოფრქვევა, რომლის დროსაც ძალაუფლება და სიკეთე მუდამ უპირისპირდება ერთმანეთს. კინოინდუსტრია ანგ ლის ნორმალური ცხოვრებისა და ოჯახისგან შორს იტყუებს, პირადი ფანტაზიების საძებნელად იწვევს, უმოწყალო მარტოობისთვის სწირავს და დიქტატორად აქცევს, რომლის ქცევაც რეჟისორისთვის სხვა შემთხვევაში უცხო იქნებოდა. ამიტომ, ანგ ლი ამბობს, რომ „გოლიათმა“ მას საშუალება მისცა, თავისი ალტერ ეგო ვიზუალურად გამოეხატა. ლი აზუსტებს: „შემოქმედებითობა ფარული შინაგანი მხარეა - დამწყვდეული მხეცი. ჩემთვის კინოს კეთების პროცესიც ამ გიგანტური მხეცის გარეთ გამოდევნაა. ნებისმიერი ასეთი პროცესი არაბუ ნებრივია. თან მტკივნეულიცაა, იმიტომ, რომ საკუთარ თავში პოულობ და ზრდი ძალას, რათა შენი სხვა ძალა გატეხო. იმისთვის, რომ რაღაც უფრო დიდს მივაღწიო, ვიდრე თვითონ ვარ, ხანდახან, საკუთარ თავს ვვნებ და ტკივილს ვაყენებ. ეს ჯოჯოხეთს ჰგავს. აფეთქების ზღვარზე დგები - დეპრესიაშიც ვვარდები - ოღონდ კი რამეს მივაღწიო. ასეთივე იყო ჩემთვის „გოლიათზე“ მუშაობის პროცესიც“. როგორც თავად ამბობს, ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ მცირედ რისკზე წასვლაც კი არასდროს შეუძლია. კინოში კი პირიქით - „მართალია, გარისკვა შიშს იწვევს, მაგრამ თუ ამ შიშს რეალურად არ შევეხე, ვერაფრით დავიჯერებ, რომ ბოლომდე დავიხარჯე; არა მგონია, რომ ხალხმა ათი დოლარი უნდა გადაიხდოს ჩემი ცუდი მხარის სანახავად“.

„გოლიათში“ უწყვეტი მონტაჟის ახლებური მიდგომა და კინოეკრანის რამდენიმე ფანჯრად დაყოფის ორიგინალური ხერხია გამოყენებული. ანგ ლიმ სტილისტიკის თვალსაზრისით, ძალიან მოინდომა. Focus Features-ის თანაპრეზიდენტი და „გოლიათის“ სცენარის ავტორი ჯეიმს შამუსი, რომელმაც ანგ ლისთან ერთად კიდევ ექვს სხვა სცენარზე იმუშავა, აცხადებს: „გოლიათი“ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ყველა დროის ყველაზე ამბიციური ფილმია“. მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრებად დაყოფილი ეკრანი კინოში სიახლე არაა, „გოლიათამდე“ არც ერთ სხვა კომერციულ ფილმში არ გამოუყენებიათ დანაწევრებული ეკრანი ასე კომპლექსურად. „გოლიათში“ თითოეული უჯრა თავის ამბავს ჰყვება. ეკრანი თავსატეხს ემსგავსება და იქმნება კომიქსის მახვრილგონივრული იმიტაციის ეფექტი. სურათები ამოდიან, ნაწევრდებიან, ქრებიან. ეს ფრაგმენტებად დაყოფილი თხრობა კი სიუჟეტსაც ავითარებს და დაძაბულობასაც ქმნის. ლი აზუსტებს: „ორივე მხარეს ჭრის გარეშე ხედავ. მსახიობს სუნთქვის საშუალება ეძლევა და ისე თამაშობს, მონტაჟი ვერ ეხება“.

ანგ ლიზე ხშირად ამბობენ, რომ ის ჟანრების მაესტროა, არადა, ჟანრების შემზავებელი უფრო ეთქმის. მაგალითად, „ჩასაფრებულ ვეფხვსა და დამალულ დრაკონში“ მან ერთმანეთს შეუზავა კუნგ-ფუს ფილმების მგრძნობელობა და დაოისტების ღრმა ფილოსოფია. „გოლიათში“ კი, ამერიკულ კულტურაზე გააჩაღა იგივე თამაში. ფილმი რეჟისორმა სამ-კარტიანი ფოკუსის კინოვერსიად აქცია - როცა უსირცხვილოდ თვალთმაქც ხელებს შეუძლია, გაცილებით მეტი მოხვეტოს, ვიდრე თვალი აღიქვამს. ლი ქმნის ორივეს: მძაფრსიუჟეტიან ბოევიკსაც და ხელოვნებასაც. ის ერთმანეთში აზავებს დრამის ინტელექტუალურ სიღრმეს და კომიქსის ზედაპირულ სენსაციურობას. ანგ ლი ცდილობს, შექმნას ორივე - მითიც და დოვლათიც, ანდა, როგორც თვითონ ამბობს, „სწრაფი კვება დელიკატური გახადოს.“

ის ინგრედიენტები, რომელთაც რეჟისორი ერთმანეთს ეკრანზე უზავებს, „გოლიათზე“ მუშაობისას, მის ოფისში კედლებზე იყო გამოფენილი. ერთ კედელზე მისი კინოპალიტრის შთამაგონებელი ნახატები ეკიდა: დე კირიკო სამხრეთ-დასავლეთის ამსახველი ფერებითა და ფორმებით („გოლიათის“ ნაწილშიც მოქმედება სამხრეთ-დასავლეთში ვითარდება), როსო და მდინარე ჰადსონის სკოლის მხატვრები თავიანთი მასშტაბის შეგრძნებით, პიკასოს „დორა“ დაძაბულობის თავისებური კალეიდოსკოპით და სეზანი ყველაფერი დანარჩენით. ოთახის მეორე მხარეს კომიქსების ნაწყვეტები იყო მიმოფანტული, უილიამ მორისის და ჯექსონ პოლოკის ტილოებთან ერთად. „შიგნით მიმართული ხედვა“, - ჩაილაპარაკა ლიმ და მორისის ამებას ფორმის ორნამენტი შეათვალიერა, - „გოლიათმა“ დიდ მასშტაბებთან მუშაობა მომანდომა. მაგრამ ის, რაც გოლიათის თავს ხდება, უფრო მცირე და უმნიშვნელო ზომებთანაა დაკავშირებული, ვიდრე გრანდიოზულთან. საქმე მის უჯრედებშია. ამ ნახატების თვალიერებისას კი მივხვდი, რომ ისინი ერთდროულად მოლეკულებსაც ჰგვანან და თან კოსმიურებიც არიან“.

0x01 graphic

გოლიათისა და ბრიუს ბენერის მსგავსად, თვითონ ლისაც მემკვიდრეობით დაჰყვა ფიზიკური და ემოციური წინააღმდეგობები: დიდი და პატარა, უგერგილო და პროფესიონალი, შინაური და უცხო. ტაივანში დაბადებული ლი 1978 წლიდან შტატებში ცხოვრობს, მაგრამ მოქალაქეობის მიღება არასდროს მოუნდომებია. ის საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც წყლის ზედაპირზე მოტივტივე ფოთოლს - „ვგრძნობ, რომ ფესვები ღრმად არსად მაქვს გადგმული“. გადაღებულ ფილმებს ის იყენებს მსოფლიოს წინაშე საკუთარი თავის წარსადგენად. ამ ფილმების საშუალებით ის წარმოსახვაში მაინც შეიძლება გახდეს იმ პეიზაჟების და რეალობების მფლობელი, რომლებთან მიმართებაშიც თავს სინამდვილეში უცხოდ გრძნობს. „ვქმნი კულტურას, რათა მერე დავეუფლო მას. ვცდილობ შევქმნა ის, რასაც სინამდვილეში არ ვეკუთვნი და ამ ჩემი ქმნილებით მსურს მასში ფესვები გავიდგა. ვცხოვრობ ადამიანების წარმოსახვებში და არა მიწაზე, რომლის ზედაპირზეც ვდგავარ“.

„ჩასაფრებულ ვეფხვში“ მან დახატა ისეთი ჩინეთი, როგორიც არასდროს სცოდნია; „ყინვის შტორმში“ (Ice Storm, 1997 წელს რიკ მუდის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელშიც მოქმედება პერიფერიულ ამერიკაში ხდება) აღწერა ეპოქა, რომელიც შტატებში მის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე დამთავრდა; ფილმში „გასეირნება ეშმაკთან ერთად“ (Ride With a Devil, 1999 . სამოქალაქო საგაა მისურელი მაწანწალების მონაწილეობით) გამოიკვლია მიზეზები, რომელთაც იანკების იმპერიალიზმი ეფუძნება და ეს გააკეთა, ნაწილობრივ, იმიტომაც, თავი ამერიკელად რომ ეგრძნო; „გოლიათის“ საშუალებით კი, ანგ ლიმ თავი პოპ-კულტურის ცენტრში დაიმკვიდრა, არა მხოლოდ იმით, რომ თავისი პირველი ჰოლივუდური ფილმი გადაიღო, არამედ იმითაც, რომ ჰოლივუდური დრამის ორგანული ნაწილიც გახდა.

0x01 graphic

მთელი ცხრა თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ და ყოველ ჯერზე რვა საათის განმავლობაში, ანგ ლი იცვამდა სპეციალურ ფორმას, რომელიც სენსორებით იყო დახუნძლული, კომპიუტერები კი, მის თითოეულ მოძრაობას აფიქსირებდა და სწავლობდა. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ, ანგ ლის პერსონაჟს არგებდნენ ყოველ შესაძლო ჟესტსა და მიმიკას. თავიდან სენსორებიანი კოსტიუმის ჩაცმას ლი სხვა მსახიობებს ანდობდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებში საჭირო მიმიკებისა და მოძრაობებისთვის მსახიობებს პირადად ენაცვლებოდა. ამ სამუშაოს თავისი დადებითი შედეგები მოჰყვა. „საჭირო იყო ყვირილი და აგრესიის გამოვლენა. ამას კი ჩემზე თერაპიული ეფექტი ჰქონდა“, - იხსენებს ლი. ფილმის ოპერატორი ფრედერიკ ელმსი კი დასძენს: „რაღაც შინაგანი ძალა ლის ბოლის გამოშვებაში ეხმარებოდა. ჯერ ღრიალებდა, მერე კი ჭერს ახედავდა და ყვირილს იწყებდა. ერთხელ, ეს საქმე ისე კარგად გამოუვიდა, რომ მეორედ მხოლოდ იმიტომ აღრიალდა, თავი ისევ კარგად რომ ეგრძნო“.

როცა ფილმის დასკვნით ნაწილში მამა-შვილი ბენერები ერთმანეთს ხვდებიან, სასწორის პინაზე შვილის გრანდიოზული ძალა დევს. „მე შენი ძალა მჭირდება“, - მიმართავს დევიდი ბრუსს, - „სიცოცხლე გაჩუქე და ახლა უკან უნდა დამიბრუნო“. თვითონ ანგ ლის, ცხადია, არასდროს გაუბედავს, მამამისის წინააღმდეგ ასეთივე ბრძოლა გაემართა. მეტიც, ის ამბობს: „მე მამაჩემს ვეკუთვნი. მისი ცხოვრების გაგრძელება ვარ“. ლის მამა, ლი შენგი - ტაივანში ცნობილი სასწავლებლის დირექტორი - 37 წლის იყო, ანუ მაშინდელი სტანდარტებით, უკვე ხანშიშესული, როცა 1954 წელს პირველი ვაჟი, ანგი გაუჩნდა (ანგს უფროსი ტყუპი დები, ვენი და რენი და უმცროსი ძმა კჰანი ჰყავს. კჰანი ტაივანში კინორეჟისორი და სცენარისტია, დები კი ბუღალტრებად მუშაობენ). თვითონ ლი შენგი მთავარ კუნძულზე აღიზარდა, როგორც მიწის მფლობელთა კლასის წარმომადგენელი და ერთადერთი იყო მთელი თავისი ოჯახიდან, რომელიც მაოისტების წმენდას ცოცხალი გადაურჩა. თავს მან ტაივანში გაქცევით უშველა და რამდენიმე ხანში დაწყებითი კლასების მასწავლებელზე შუ ზვანგ იანგზე იქორწინა. ანგ ლი იხსენებს: „მამაჩემი თავს მარტოსულად გრძნობდა. ევალებოდა, ოჯახი სრულიად მარტოს, დამოუკიდებლად, წამოეყენებინა ფეხზე. მისი თაობის კაცებს ხშირად ტანჯავდათ დაუცველობის გრძნობა, მათ ხომ ცხოვრებაში ყველაფერი ნახეს - ადამიანების კვლა და ყველაფრის დაკარგვა. ამიტომ მამაჩემს სურდა, საჭირო და პატივსაცემ კაცად გავეზარდე. რაღაც მნიშვნელოვანი მეკეთებინა“.

0x01 graphic

ლიების ოჯახს მზარეული, მებაღე და მეურნე ემსახურებოდა. ამიტომ ანგის მთავარი მოვალეობა სწავლა იყო. ლი განმარტავს: „ჩინურ კულტურაში ასეა - თუ გსურს, იმ საზოგადოებრივ კლასზე წინ წახვიდე, რომელსაც წარმოადგენ, ბევრი უნდა ისწავლო. სულ წიგნი, წიგნი და კიდევ ერთხელ წიგნი. მე კი შემოქმედებითი ტიპი ვარ. სად შემიძლია ამდენი წიგნის ატანა და იმის მოთმენა, სხვებმა მასწავლონ, რა გავაკეთო?“ ბუნებით დაბნეულ ლის სკოლის ჩანთა ხშირად ავტობუსში რჩებოდა. ერთხელ კი, საუზმეზე, სუფრასთან ჯდომისას, „ფიქრებმა ისე წამიღო, რომ სკამი გადამიყირავდა, უკან გადავვარდი“. ლი შენგი მკაცრი, დიდაქტიკოსი კაცი იყო. ამიტომ ოჯახის საფუძვლად და ფარად კონფუცის შეგონებები დასახა, შვილების მოვალეობების შესახებ. ის მუდამ მდუმარედ სადილობდა. „ხუთ წუთში რჩებოდა ჭამას და სუფრას ტოვებდა. უნდა გელოცა, ნეტა, არაფერი თქვასო, რადგან თუ ჭამის დროს საუბარს დაიწებდა, ესე იგი, რაღაც დავაშავეთ და წასული იყო ჩვენი საქმე. ლი ამბობს, რომ მამამისს მოთმინების საოცარი ნიჭი ჰქონდა. „მუდამ მის ნერვებზე ვთამაშობდი. ბოლოს, ყვირილით, ცემით ვისჯებოდი. შემეშინდებოდა, მაგრამ ცოტა ხანში შიში მავიწყდებოდა და ისევ ჩემსას მივერეკებოდი. ასე გავიზარდე: მანამ ასრულებ სხვების წესებს, ვიდრე ასაკი არ შეგიწყობს ხელს და უფროსობას თვითონ არ დაიწყებ. ასე იგება ურთიერთობები ოჯახში. ერთმანეთს არ ველაპარაკებით. არ ვეკამათებით. არაფერს ვუხსნით. შესაბამისად, ამ მორჩილებებითა და მოვალეობებით სავსე გარემოში „არც შემოქმედებითი იდეებისადმი სიყვარული არსებობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ შოუ-ბიზნესით გატაცებაზე“. ამიტომაც ბავშვობაში ლი „გულჩათხრობილი, მორცხვი და დაშინებული“ ბიჭი იყო. მისი სამყარო საძინებელი ოთახის ლურჯი კედლე ბით და ფანჯრით იყო შემოსაზღვრული, რომელიც ბამბუკის საქათმეს გადაჰყურებდა. ლიც კუნგ-ფუს ფილმების ფანტაზიებში ეძებდა გამოსავალს და წარმოსახვებში თვითონ დგამდა სათავგადასავლო სცენებს; „სცენებს, რომელთა მთავარი გმირიც მე თვითონ არასდროს ვიყავი“. ზოგჯერ, შაბათობით, კინოშიც დადიოდა. ერთხელ, ერთმა ფილმმა, რომელიც მშობლების სისასტიკით დაშინებული შეყვარებული წყვილის ისტორიაზე იყო აგებული, ანგ ლი ისე გულამოსკვნით აატირა, „წინა რიგებიდან ასევე ცრემლმორეული პუბლიკა გაჩუმდა და ჩემკენ გამოიხედა, ასე ვინ ხმაურობსო“.

ლი კოლეჯის მისაღებ გამოცდებსაც იხსენებს და ამბობს, რომ წარმატებაში ხელი ფსიქოლოგიურმა კომპლექსმა შეუშალა. „ძალიან მეშინოდა, კინაღამ გული წამივიდა“. გამოცდებზე ჩაიჭრა. ჩაიჭრა მეორედაც. დღემდე ტანჯავს კოშმარი, რომელიც დროდადრო სულ ესიზმრება: „ვითომ, მათემატიკის გამოცდაზე გავდივარ. შეშინებულს და გაოფლილს მეღვიძება“. იმის შიშით, მესამედაც არ ჩავიჭრა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში არ მიკრან თავიო, ლიმ არააკადემიურ დისციპლინებს შორის, ოჯახის აზრით, უმდაბლესი აირჩია - 18 წლისა ტაიპეიში, ტაივანის ხელოვნების აკადემიაში, სამსახიობო ფაკულტეტზე შევიდა. ლი ყოველთვის ფიქრობდა, რომ დედას ჰგავდა. ამ მოსაზრებას სასტიკი ბუნების მამაც ეთანხმებოდა. „დედა ძალიან კეთილი და კარგი ხასიათისაა, სანდო ადამიანი, მორჩილი ბუნების და ნერვიული“. ასეთივე იყო ლიც, მაგრამ სცენაზე გასვლისას საკუთარ თავში სულ სხვა პიროვნება აღმოაჩინა. ლი იხსენებს: „კარგად გამომდიოდა. ყველასთვის გასაგები ვიყავი. სცენაზე თამაშისას, თითქოს, სიმაღლე მემატებოდა. სიმორცხვე სადღაც ქრებოდა. შედეგიც არ აყოვნებდა. სკოლაში საუკეთესო მსახიობად ვითვლებოდი. ნაციონალური პრიზებით მაჯილდოებდნენ“.

0x01 graphic

1978 წელს ლიმ განაცხადი შეიტანა ილინოისის შტატის უნივერსიტეტის თეატრალურ პროგრამაში და მალევე მიიღეს (მამა რომ დაერწმუნებინა, ბრძნული გადაწყვეტილება მივიღეო, ეუბნებოდა, ტაივანში პროფესორი დავბრუნდები, სულ ცოტა, მაგისტრის ხარისხითო). მაგრამ ამერიკაში ჩასვლიდან მალევე დარწმუნდა, რომ ინგლისური ენის არასისტემური ცოდნა დიდ პრობლემებს უქმნიდა. „წარმოთქმამდე, თითოეულ სიტყვას ვუკვირდებოდი. ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. ათი საათი მჭირდებოდა პიესის წასაკითხად, რომელსაც სხვები ერთ საათში უღებდნენ ბოლოს“. ლი მიხვდა, რომ ასეთი ინგლისურით არტისტობაზე ვერც იოცნებებდა და სარეჟისორო პროგრამაზე გადავიდა. სწავლობდა ცნობილი დრამატურგების პიესებს: ბრეხტის, ო'ნილის, პინტერის, ტენესი უილიამსის. ამ უკანასკნელის სიტყვები განსაკუთრებულად ახლობელი იყო მისთვის. „ნასწავლი პიესებიდან მხოლოდ ნახევარი მესმოდა, მაგრამ დასავლური თეატრის გაცნობამ, თუნდაც ამგვარმა ზედაპირულმა, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ძაბავ მთელ შენს გრძნობებს. ბოლო ხმაზე ყვირი. ძვრების მოსახდენად იყენებ დრამას და ამ გზით წმენდ და ალაგებ საკუთარ გრძნობებს. ეს ჩემთვის დიდი კულტურული შოკი იყო. სცენაზე კონფლიქტი სიტყვებით უნდა გადმოსცე. ამაში საოცრად გავიწაფე“.

პროგრამაში ჩარიცხვის პირველივე კვირას მცირე ლიგის თამაშის სანახავად ინდიანას შტატის ქალაქ გერიში წავიდა. ავტობუსი სავსე იყო ტაივანიდან ჩამოსული გაცვლითი სტუდენტებით. „ისინი მაგარ-მაგარ კოლეჯებში სწავლობდნენ, ზოგი მედიცინას, ზოგი მეცნიერებებს, ზოგიც სოფლის მეურნეობის საკითხებს, მე კი ჯერაც ტრანსფერზე მდგომი, ბაკალავრიატის სტუდენტი ვიყავი თეატრის პროგრამიდან - სასაცილოც კი ვიყავი მათთან შედარებით,“ - იხსენებს ლი. იმავე ავტობუსში ანგ ლიმ თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო - ჯეინ ლინი, დამოუკიდებელი, მიზანდასახული, გამბედავი გოგო იყო, მიკრობიოლოგიის სამაგისტრო პროგრამიდან (სწორედ თავისი ცოლის რიგი თვისებებით გაამდიდრა ანგ ლიმ იუ შუს სასტიკი და უშიშარი პერსონაჟი „ჩასაფრებული ვეფხვიდან“). ახლა ლი ამ შემხვედრას ასე იხსენებს: „ქალი არასდროს შემიბია. ჯეინი თვითონ მოვიდა და გამომელაპარაკა. ძალიან ყურადღებიანი მსმენელია და ყველა ჩემს ნაცნობ ადამიანს შორის, ყველაზე პატარა ეგოთი გამოირჩევა. მე მაშინ მორცხვი ბიჭი ვიყავი, მაგრამ კარგად მესმოდა, რომ მომავალი რეჟისორი მერქვა, ამის ამბიცია მქონდა და ყოველთვის მინდოდა, გამომეხატა, მაგრამ აზრების გაზიარებას ვერავისთან ვახერხებდი. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჯეინი, რომელსაც ჩემი საქმე აინტერესებდა“. პირველ შეხვედრას თავად ჯეინიც იხსენებს: „მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქალი ვიყავი, სკამი, სათლი თუ წყალი, ლის, უბრალოდ, ლაპარაკი უნდოდა, ლაპარაკი ყველაფერზე. დამეძინა, გამეღვიძა, ის კი ისევ ლაპარაკობდა“. მალევე ჯეინ ლინი ანგ ლისთვის მთავარი ემოციური საყრდენი გახდა. ლინს კარგად ახსოვს, რომ იონესკოს „სკამების“ დადგმის შემდეგ, რომელშიც ქმარი ცოლს კალთაში უჯდება, ანგ ლიც ხშირად უჯდებოდა მას კალთაში. „ეს უბრალოდ, ჟესტი იყო, მაგრამ ძალიან ძალიან დამამშვიდებელი“, - ამბობს ჯეინი, რომელიც თითქმის მეუღლის სიმაღლეა, - „მე ძლიერი აღნაგობის ვარ, ის კი ძალიან გამხდარი იყო“.

ილინოისში გატარებული ორი წლის შემდეგ, ანგ ლი მიხვდა, რომ სპექტაკლების დადგმა კი არა, ფილმების გადაღება სურდა. გრძნობდა, რომ თეატრში „მსახიობი იპყრობს სცენას და არა რეჟისორი“ მაშინ, როცა ეკრანზე ენობრივი ჩიხის გარღვევა მოძრავ სურათებს შეეძლო. „კინოს კეთება ჩემთვის ნაწილობრივ იგივეა, რაც მსახიობობა - ორივეს შემთხვევაში ხდება საკუთარი თავის გამოვლენა, დაფარული გრძნობების გამომჟღავნება, სხვა ადამიანების განცდების გამოწვევა“. ტაიპეის აკადემიაში სწავლისას, ლის თავისთვის ორი სუპერ-8 ფორმატის ფილმი ჰქონდა გადაღებული. ერთერთი მათგანი იყო 18-წუთიანი მუნჯი ფილმი, რომლის გადაღების დროსაც ანგ ლი ოპერატორიც თვითონ იყო, რეჟისორიც და მემონტაჟეც. სამონტაჟო მანქანას უბრალო ფირის საჭრელი წარმოადგენდა. „მაყურებელი არ მყავდა, ამიტომ ჩემით უნდა გამეთვალა. ჩემი შრომა საკმაოდ ნოვატორული იყო, თავისუფალი სტილით გამოირჩეოდა“. სწორედ ამ ფილმების წყალობით, 1980 წელს ანგ ლი ნიუ იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლაში მიიღეს. „იქ ყველაფერი იოლად წამივიდა. მისვლისთანავე პირველი სტუდენტი გავხდი“, - იხსენებს ლი. მეორე კურსზე გადაღებული სტუდენტური ფილმით ლიმ სტიპენდია მოიპოვა. სადიპლომო ნამუშევრით Fine Line - რომელიც რომანტიკული კომედია გახლდათ ჩაინათაუნსა და ლითლ იტალიაში კულტურათა კონფლიქტის შესახებ - ანგ ლიმ დაამტკიცა, რომ, ერთდროულად, რამდენიმე ჟანრში მუშაობა ეხერხებოდა. თუმცა, როცა ამ ფილმს დღეს იხსენებს, ლი ამბობს, ეს მხოლოდ წავარჯიშება იყო და რამე ახალის თქმა ამ ნამუშევრით არ მინდოდაო. 1984 წელს, როცა კინოსკოლა დაამთავრა, ანგ ლიმ ერთი სამწუხარო ამბავი აღმოაჩინა - შეუძლებელი იყო ჩინურად მოლაპარაკე რეჟისორს შტატებში ფილმი გადაეღო. ამ ეპიზოდს სტივენ ლოუენშტეინის წიგნში ლი თავად უკეთესად იხსენებს:

„გადავწყვიტე, ისევ ტაივანში დავბრუნებულიყავი, მაგრამ მანამდე მსურდა ფილმი კინოსკოლის ფესტივალზე მაინც მეჩვენებინა. მივხვდი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ფესტივალს ჩვენი სკოლის გარეთაც უამრავი ადამიანი აკვირდებოდა, წარმოდგენილ ფილმებს კი, ბევრი აზიელიც უყურებდა. ასეა თუ ისე, უკვე ბარგს ვალაგებდი, როცა ტელეფონის ზარი გაისმა. მითხრეს, რომ უილიამ მორისიდან ვიღაც მეძებდა. ვეკითხები: „ვინ უილიამი?“ ...მოკლედ, აგენტმა ჩემი გადარწმუნება დაიწყო: „დარჩი, არ წახვიდე“. ვეუბნები: „რას ქვია, არ წავიდე. ჩათვალე უკვე წასული ვარ“. ის კი ჰოლივუდურ სტილში ჩემს შებმას მაინც აგრძელებდა: „იმუშავებ აქა და აქ, ბლა-ბლა-ბლა“. მეორე დღეს კინოფესტივალზე ჩემმა ფილმა საუკეთესო სურათის და საუკეთესო რეჟისურის პრიზები აიღო... ჩემი შვილი კი იმ დროს სულ ერთი თვის იყო“.

0x01 graphic

1983 წელს ლინმა და ლიმ დაქორწინება გადაწყვიტეს. ასე უნდოდა ანგ ლის მამასაც. „მამამისი იმ წელს პენსიაში გავიდა. ჩინელებს უყვართ ორმაგი ბედნიერების განცდა“, - მითხრა ჯეინმა. თუმცა, შვილის ქორწინებამ გული ჯეინის დედას გაუცრუა: „მეუბნებოდა, ამდენი კარგი ბიჭი გეხვია გარს - ინჟინრები, ნორმალური ადამიანები, შენ კი რაღა მაინცდამაინც ეს აირჩიეო. მე კი ვპასუხობდი, თავს თვითონ ვირჩენ, უფლება მაქვს, ის ავირჩიო, ვინც თვითონ მომინდება“. ქორწილის დღეს თავს გადამხდარი ორი ამბავი ანგ ლიმ მოგვიანებით საკუთარ კომედიაში Wedding Banquet-ში გამოიყენა: სწრაფი და სადა, სასხვათაშორისო რიტუალი ქალაქის მერიაში და მთვრალი ნეფე, რომელიც ქორწინების პირველივე ღამეს აფეხმძიმებს პატარძალს.

ცოლ-ქმრობის პირველი წლები წყვილისთვის სირთულებით სავსე აღმოჩნდა. ჰაანი 1984 წელს დაიბადა. ჯეინს მანამდე ბავშვი არცკი სჭეროდა ხელში. ახლა კი ცდილობდა ახალშობილზეც მარტოს ეზრუნა და თან როგორმე სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობაც დაესრულებინა. ანგ ლი, ამასობაში მთლიანად თავის პროექტებზე იყო გადართული. გამწარებული დარბოდა ილინოისს, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესს შორის. 1986 წელს სამივენი ჩაპაქუაში, მეგობრის სახლში გადავიდნენ. სურდათ, ესარგებლათ გამოთვისუფლებული დროით და ერთად ყოფილიყვნენ, სანამ ანგი ნიუ იორკში სამსახურს ეძებდა. მაგრამ ოჯახური იდილია ვერ შედგა: ოთახი, რომელიც მეგობრებმა გამოუყვეს, საშინლად ცივი იყო. თან ცოლ-ქმარი დარდობდა, რომ აწუხებდნენ მეგობრებს, რომელთაც მათგან განსხვავებით ბავშვი არ ჰყავდათ. „თავს ტყვეებივით ვგრძნობდით“, - იხსენებს ჯეინი. მაშინდელი განცდა ანგ ლიმ მოგვიანებით ფილმში Pushing Hands გამოიყენა. ტაიჩის პენსიონერი მწვრთნელი, რომელსაც წითელი გვარდია სდევნიდა, საცხოვრებლად თავის შვილთან პერიფერიულ ამერიკულ ქალაქში გადავიდა. მასთან თანაცხოვრებით კი საშინლადაა გაღიზიანებული რძალი. მამა შვილს ეუბნება: „დაიმახსოვრე, მარტოსულობასთან შედარებით, დევნა და შევიწროება არაფერია“. ყოველდღე, როცა ლინს სამსახურში, ვალჰალას ლაბორატორიაში გაისტუმრებდა, ანგ ლი ფეხით მიდიოდა ერთ-ნახევარ მილში მდებარე საჩოგბურთო კორტზე. „ჩოგბურთი არაფერ შუაში იყო, სხეულის გავარჯიშება მინდოდა და კიდევ - დარტყმა, დარტყმა, დარტყმა“. როცა ანგ ლი კიდევ ერთხელ გაემგზავრა დასავლეთ სანაპიროზე თავისი მორიგი პროექტის განსახორციელებლად, ლინმა თავი გარიყულად და მიტოვებულად იგრძნო. ერთი პირობა, გაყრაზეც კი ფიქრობდა.

1986 წელს, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი ბინაც ეღირსათ. უაით ფლეინსში, ორსართულიანი, ფსევდო-კოლონიალური სახლის პირველ სართულზე. ფანჯრები მწვანე გაზონსა და დაბალი ხის ბუჩქებს უყურებდა. ოჯახური ცხოვრების საძირკველიც გამყარდა. მთელ ოჯახს ერთ საძინებელში ეძინა. მეორეში ლი სცენარებს წერდა. საღამოობით სეირნობდნენ. გაივლიდნენ მეზობელ ქუჩებს და იმ მამულს მიადგებოდნენ, სადაც ერთ ხანს ჯორჯ ვაშინგტონი ცხოვრობდა. იქვე, პლატოდან ლიების ოჯახი ქალაქს და ძირს გაწოლილი მანქანების გრძელ კლაკნილს გადაჰყურებდა. „ძალიან უბრალოდ ვცხოვრობდით. სულ პატარა დეტალებიც კი ბედნიერებას გვანიჭებდა“, - იხსენებს ლი, რომელიც ვერა და ვერ ახერხებდა კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმას. „კინოსკოლაში ხშირად გვქონდა შეხება მოკლემეტრაჟიან ფილმებთან. რაც შეეხება სრულმეტრაჟიან ფილმებს, წლები დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ სრულმეტრაჟიან ფილმში პერსონაჟების განვითარება და ფილმის სტრუქტურა სულ სხვაგვარი იყო“. ლი კვლავაც წერდა სცენარებს, მაგრამ მუშაობდა საკუთარი აგენტის მიერ ნაშოვნ სამსახურში - სხვა რეჟისორების ფილმებზე დადგმის ასისტენტი იყო. თუმცა, სხვათა ნამუშევარს ანგ ლი გულს ვერ უდებდა, საქმეს უყურადღებოდ აკეთებდა და ამიტომ მალე კონტრაქტიც შეუწყვიტეს. ოჯახის რჩენა მთლიანად ლინის კისერზე იყო. ანგ ლი დიასახლისის ფუნქციებს ასრულებდა. ეთამაშებოდა ბავშვს, ამზადებდა სადილებს. ხანდახან წერდა სტატიებს ჩინური გაზეთისთვის და ცდილობდა, გადაწყვეტილება მიეღო: „ყველგან უარით მისტუმრებდნენ. თავს საშინლად ვგრძნობდი, თითქოს ბოლომდე ფსკერზე დავეშვი“, - იხსენებს ლი და განმარტავს: „საქმე ისაა, რომ თუ ფილმს არ ვიღებ, მეჩვენება, რომ მოვკვდი, გვამი ვარ. მაშინ ზუსტად ასე ვიყავი. ჯეინმაც ჩემს ნებაზე მიმიშვა. არაფერში ერეოდა, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა. თუ შემატყობდა, რომ გაგიჟებას აღარაფერი მიკლდა, კენტუკურად შემწვარი ქათმის საჭმელად მივყავდი“ - KFC-ში, ანგ ლის ყველაზე საყვარელ რესტორანში. იმ მძიმე პერიოდს ლინიც იხსენებს: „უძილო ღამეები არასდროს სრულდებოდა. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ მთელი ცხოვრება ასე ვიცხოვრებდით. ის ილაპარაკებდა ბევრს თავის იდეებზე, ფილმებს კი ვერასდროს გადაიღებდა. ბოლოს, გადავწყვიტე, მეფიქრა, რომ ადამიანი არ უნდა განსაჯო იმით, აქვს თუ არა მას სამსახური“.

0x01 graphic

1990 წელს ლინსა და ლის მეორე ვაჟი მეისონი გაუჩნდათ. ლი ამ დროს უკვე 36 წლის იყო, მიღწევებით კი ვერ დაიკვეხნიდა. საბანკო ანგარიშზე სულ 23 დოლარი ედო. რამდენიმე თვით ადრე ის ტაივანის მთავრობის მიერ გამართულ კონკურსს გამოეხმაურა, რომლის მთავარი პრიზიც საუკეთესო სცენარისთვის გადასაცემი 16 ათასი დოლარი იყო და საკონკურსო პროგრამაზე Pushing Hands-ის ანოტაცია და Wedding Banquet-ის სცენარი გაგზავნა. ეს უკანასკნელი კარგა ხნის წინ იყო დაწერილი, მაგრამ მის გადაღებაზე ლის ხელი ჰქონდა ჩაქნეული, რადგან „ფილმი ჩინური იყო და ამერიკაში ვერ გადაიღებდი, მაგრამ ცისფერებზეც იყო და ამიტომ ვერც ტაივანში გადაიღებდი“. 1990 წლის ბოლოს გაიგო, რომ მისმა სცენარებმა არა მხოლოდ კონკურსის ორი მთავარი პრიზი მოიგო, არამედ ტაივანის ცენტრალური კინოსტუდიის ახალმა ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, 400 ათასი დოლარი ჩაედო Pushing Hands-ის ეკრანიზაციაში.

კონკურსში გამარჯვებიდან ორი კვირის თავზე, ანგ ლიმ კომპანია Good Machine-ის ნიუ იორკულ ოფისში შეაბიჯა. ეს იყო ჯეიმს შამუსისა და ტედ ჰოუპის მიერ დაფუძნებული ფირმა, რომლის პროფილიც დაბალბიუჯეტიანი ფილმების პროდიუსინგი იყო. პირველი, რაც ლიმ ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე თქვა, იყო: „თუ ფილმი არ გადავიღე, მგონი, მოვკვდები“. შამუსი იხსენებს: „როცა ოთახიდან გავიდა, ჩვენთვის უკვე ცხადი იყო, თუ რატომ ვერ ახერხებდა ლი 6 წლის განმავლობაში ფილმის გადაღებას. ეს ტიპი ლოს ანჯელესში უნდა გაგეშვა სიუჟეტის განხილვაზე? რას ლაპარაკობ, დაივიწყე! როცა ლი წავიდა, ტედს მივუბრუნდი და ორი რამ ვუთხარი. პირველი: „გადავირიე! ეს კაცი ისეთია, საკუთარი ჩრდილიც დაამარცხებს“ და მეორე: „მაგრამ იცი, რა ხდება? ის ფილმის გადაღებას კი არ აპირებს, ის გვიყვება ფილმს, რომელიც წარმოსახვაში უკვე გადაღებული აქვს. უბრალოდ, ვიღაც სჭირდება, ფილმი რეალობად რომ უქციოს“. შამუსი დასძენს: „ანგ ლის პირველ სტუმრობას ჩვენი ოთახი ჯადოსნური აურით არ აუვსია, მაგრამ არც უმაგისობა იყო. შეხვედრის ბოლოს უკვე ვირწმუნე, ეს კაცი ნამდვილი რეჟისორია-მეთქი“. ამ ერთმა ვიზიტმა სამივე მამაკაცის ცხოვრება შეცვალა. როგორც იყო, ლი შეხვდა თანამოაზრეებს, რომელთაც მისი ფასი იცოდნენ.

ტედ ჰოუპი იხსენებს: „ფილმზე მუშაობის დროს, ჯეიმსს ნაწილობრივ ისიც ევალებოდა, რომ აუცილებლად ფურცელზე დაფიქსირებულიყო ის, რაც ლის თავში ჰქონდა. შამუსს შესწევდა უნარი ინგლისურად ეთარგმნა და ანგ ლისთან შეეთანხმებინა იდიომები, ცალკეული გამოთქმები და ამერიკული მანერები. ლი ამბობს: „თუ უცხოელი ხარ, უფრო ბრიყვულად გამოიყურები, უფრო ნელა ლაპარაკობ. ადამიანები კი, რომელთაც ბევრი ფული აქვთ და შეუძლიათ, ეს ფული შენში დააბანდონ, ყოყმანობენ, რადგან შენ თვითონ არ აჩვენებ მათ საკმარის თავდაჯერებას. მეც ეს მჭირდა. საკმარისად ამერიკელი არ ვიყავი“. შამუსი კინოკულტურის, კინობიზნესის და კინოდრამატურგიის ბრწყინვალე ცოდნით სამმაგად ღვთისგან გამოგზავნილი ჩანდა. თუ ანგ ლი უგერგილო, ჩუმი და გულჩათხრობილი კაცი იყო, სოციალურ სიტუაციებში კი მოსაწყენიც, შამუსი მისი ანტიპოდი გახლდათ - ენერგიული, სიცოცხლით და იდეებით სავსე, რომელთა შესახებაც მთელი ვნებით, ზუსტად და ნათლად მსჯელობდა. შამუსი რეჟისორს ასე ახასიათებს: „მიუხედავად იმისა, რომ ანგ ლი ამერიკელ ბიჭად გაიზარდა, არის მის ფსიქოლოგიურ წყობაში რაღაც ისეთი, რისი თარგმნა და გადმოცემაც უჭირს. თუ ჩვენ ვუმკლავდებით ფიქრებსა და სიტუაციებს, რომლებიც ცხადი და გამოვლენილია, დიალოგი, რომელიც ანგ ლის თავში მიდის, აბსოლუტურად დახურულია. ეს შინაგანი დიალოგი რჩება ზედაპირს ქვემოთ, მაგრამ მაინც უდიდესი ენერგიით და ძალით გამოირჩევა“. ლი ხშირად ამბობს ხოლმე: „ერთი წუთით დამაცადე, მოვიფიქრებ“ და მერე მართლაც ამას აკეთებს - ფიქრობს. ფიქრობს ხან თავჩაქინდრული და მკერდზე ხელებგადაჭდობილი, ხანაც - მარჯვენა მტევანით ლოყას დაყრდნობილი. რეჟისორის ამ პოზას ემა ტომპსონი ანგ ლის „ტკივილის აპოგეას“ უწოდებს. ტედ ჰოუპი მიამბობს: „ანგ ლის ტვინში ფილმის მთელი სტრატეგია აქვს შემუშავებული. ამჩნევს თითოეულ უმნიშვნელო ნიუანსს და ჟესტს, რომელიც უკვე გადაღებული გვაქვს, ან რომელიც უნდა, რომ ეკრანზე გადაიტანოს“.

ლის პირველი სამი ფილმი - მისი ჩინური ტრილოგია - იკვლევს თარგმნისა და გაგების პრობლემებს, რომელიც დასავლურსა და აღმოსავლურ სამყაროებს შორის არსებობს. თვითონ სცენარები კი, როგორც შამუსი იხსენებს, „დაიწერა ჩინურად, ითარგმნა ინგლისურად, ხელახლა გადასწორდა ინგლისურად, თავიდან ითარგმნა ისევ ჩინურად, და შემდეგ სუბტიტრებიც ამ ორ ენაზე გაკეთდა, ისევე, როგორც ბევრ სხვა ენაზე“. ლი-შამუსის ერთობლივი მუშაობა ადასტურებს ნდობას, რომელიც ამ ორ მამაკაცს შორის არსებობს. შამუსი მიხსნის: „სცენარის დასაწერად, ჩემს სოროში განვმარტოვდები ხოლმე, მერე ზევით ამოვდივარ, ლის რომ ფურცლები ვაჩვენო. მაგრამ წერის პროცესი ტვირთად თითქმის არასდროს მაწვება. ლი ნებას მაძლევს, მივედმოვედო, ავურ-დავურიო. ერთადერთი კითხვა, რომელიც სცენარის წერისას უჩნდება ხოლმე, არის „რატომ“ - რატომ ვიღებთ ფილმს? რა არის მასში საინტერესო? რა არის მთავარი თემა? მას ყოველთვის სჯერა ხოლმე, რომ ამ კითხვებს პასუხებს გავცემთ, მაგრამ, ისიც კარგად იცის, რომ პასუხების პოვნის გარეშე კარგი ფილმი არ გამოვა. ფილმის Wedding Banquet-ის შემთხვევაში (რომელიც 1993 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო, ბიუჯეტისა და კინოთეატრებიდან შემოსული თანხის შეფარდების მხრივ, რითაც სპილბერგის „იურიულ პარკსაც“ კი გადაასწრო), ლი შამუსს ფურცელზე ფურცელს უწუნებდა, დაწერილს უკან უბრუნებდა და უმტკიცებდა, რომ პერსონაჟები არ იყვნენ საკმარისად ჩინელები. „ბოლოს, როცა უკვე ნერვებმა მიმტყუნა, ტვინის ჭყლეტას შევეშვი და დავიწყე ეპიზოდების მაქსიმალური გაებრაულება. როცა ფურცლები ანგ ლის ვაჩვენე, გაეხარდა: „ჰაჰაჰა, კარგია, ძალიან ჩინურია!“

ლი იხსენებს: „იმ პერიოდში, როცა უმეტეს დროს სახლში ვატარებდი, ხშირად მახსენდებოდა ერთი ჩინური სიბრძნე, ცხოვრების არსის შესახებ: ერთადერთი, რაც ცხოვრებაში გარანტირებული გაქვს, ისაა, რომ ყველაფერი იცვლება. ეს ფრაზა მახვედრებდა, თუ რისი თქმა მინდოდა ცხოვრების შესახებ. ჩემი სათქმელი ეხება ხალხის ადაპტაციას ცვლილებებთან. თვითონ ჩინელი კაცისთვის კი, ყველაზე დიდი ცვლილება, თვითონ ცვლილების ფასია“. უფრო რომ დააკონკრეტოს, ლი მსჯელობას ასე განაგრძობს: „აზიელი კაცი ხდება დასავლეთელი და ღალატობს მშობლებს. ერთადერთი, რასაც ის ამ პროცესში ვერასდროს გაუმკლავდება, ტოტალური დანაშაულის გრძნობაა“. ლის სამივე პირველ ფილმში პატრიარქალური პერსონაჟი დასავლურ ღირებულებებს ეჯახება და ახლოდან აკვირდება მათ. ფილმში Pushing Hands ტაი ჩის მასწავლებელი ვერაფრით ეგუება ოჯახის დასავლურ გაგებას, Wedding Banquet-ში ტაივანელი გენერალი და მისი მეუღლე, რომელთაც სურთ, რომ შვილიშვილი ჰყავდეთ, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როცა აღმოაჩენენ, რომ ნიუ იორკში მცხოვრები მათი ვაჟი მამაკაცზეა დაქორწინებული, ფილმში Eat Drink Man Woman ხანშიშესული შეფ-მზარეული კაცი, რომელსაც სამი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს და ახალგაზრდა მეზობელი გოგონას ცოლად შერთვა სურს, თავად აღმოჩნდება დაავადებული თვითდაკმაყოფილების დასავლური მისწრაფებით. სამივე ფილმში, სამივე ეს როლი ერთმა მსახიობმა ითამაშა - ლუნგ სიჰუნგმა (ის მაშინ გარდაიცვალა, როცა ლი „გოლიათზე“ მუშაობდა). თვითონ ტრილოგია კი - „მეხებოდა მე, მე და კიდევ ერთხელ მე“.

უქმად გატარებული უზარმაზარი დროის შემდეგ, ანგ ლიმ ხუთი ფილმი გადაიღო ხუთ წელიწადში. და რაც უფრო მეტად ემატებოდა ამბიცია, მით უფრო ზრდიდა თავისი კინემატოგრაფიული თხრობის საზღვრებს. ტრილოგიის გადაღება მოკრძალებული, ორპერსონაჟიანი დრამით დაიწყო და გადავიდა პერსონაჟთა დიდი ანსამბლით დატვირთულ დრამებზე. შემდეგ მორიგი პროგრესი განიცადა, როცა ერთ-ერთი ბრიტანული ეპოქის ამსახველი ფილმის „გრძნობა და გონების“ შემდეგ, გადაიღო Ice Storm-ი, პერიფერიულ ამერიკაში მომხდარი ამბავი რვა სიუჟეტური ხაზით. ამას მოჰყვა, Riding With The Devil - კრიტიკულად განწყობილი ფილმი, რომელიც სამხრეთის სამოქალაქო ომის დილემას ეხებოდა. ვესტერნის შემდეგ კი, ფილმი გადაიღო, რომელსაც ერთადერთი სახელი - ისტერნი შეიძლება დავარქვათ: ჩინურენოვანი მძაფრსიუჟეტიანი ეპიკური ნამუშევარი „ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი“. ამ ფილმზე მუშაობისას ლიმ, როგორც თვითონ ამბობს, აღმოაჩინა „კინოს კეთების აბსტრაქტული ხერხი, რომლის დროსაც გამოსახულება და მონტაჟი ერთმანეთთან მუსიკასა და ცეკვასავით ურთიერთობს“. რეჟისორმა ფილმის პერსონაჟებიცა და სიუჟეტიც კუნგ-ფუს ტრადიციებში გააერთიანა და შეძლო, აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება სპეც-ეფექტების ჩარჩოებიდან გამოეყვანა და მისთვის მისტიკური ელფერი მიენიჭებინა. უკვე „გოლიათში“ მან „ჩასაფრებულ ვეფხვში“ გამოყენებული საბრძოლო ხელოვნება კიდევ უფრო გაართულა და დახვეწა. ტედ ჰოუპი ამბობს: „ანგი ძალიან ნათლად აფიქსირებს, რომ არ სურს, მოექცეს ჩარჩოებში არც იმ ჟანრების თვალსაზრისით, რომელთაც თავისი ფილმებისთვის ირჩევს და არც პერსონაჟების თვალსაზრისით, რომელთა მიმართაც მაყურებელი თანაგრძნობით ივსება“.

და მაინც არსებობს გარკვეული მოტივები, რომლებიც ანგ ლის ფილმოგრაფიას მუდამ გასდევს თან: „ყველა წამყვანი მამაკაცი გმირი ჩემს ფილმებში მერყევი ადამიანია, ყველა წამყვანი ქალი გმირი კი, პირიქით, მიზანდასახული და გაბედული. ეს ჩემი პირადი გამოცდილებიდან მოდის. ბუნებით, თავადაც ძალიან მერყევი ვარ. პოზიციის არჩევა მიჭირს, ორ მხარეს შორის მუდამ ლერწამივით ვიხრები“, - ამბობს რეჟისორი და ამ პირად ნაკლს საკუთარი გმირების ხასიათის განსავითარებლად იყენებს: ფილმში Eat Drink Man Woman მამა ორ კულტურას შორის იხლიჩება; Ice Storm-ში ქმარია გაბმული რამდენიმე ქალს შორის; Ride With The Devil-ში ახალგაზრდა მაწანწალას ვერ აურჩევია გზა ძალადობას და ოჯახურ ფასეულობებს შორის. ლი ყოველთვის ერთი მეთოდით იღებს ფილმებს - ფინალი ყოველთვის მაცდუნებლად თავისუფალია. ტედ ჰოუპი განმარტავს: „ანგის ჩანაფიქრი და სურვილი, გადამღები ჯგუფისთვის, ყოველთვის განსჯის საგანი ხდება. ზოგი რეჟისორი გამოსახულებაზეა მთლიანად კონცენტრირებული, ზოგი - მსახიობის თამაშზე. ანგს კი ფილმის ყველა ასპექტი თანაბრად აღელვებს, ოპერატორის ნამუშევარიც, დადგმის დიზაინიც, მონტაჟიც, მუსიკაც. ასეთი მიდგომა კი გადამღებ ჯგუფს ხშირად საგონებელში აგდებს. რეჟისორი სპეციფიკური ამოჩემების გარეშე - მათ აიძულებთ, მუდამ საუკეთესო შედეგის მიღწევაზე იზრუნონ“.

„ჩემს კულტურაში ადამიანი გუნდის ნაწილია“, - ხსნის ანგ ლი, - „შენ უნდა იპოვნო ჰარმონია, რისთვისაც მუდამ საკუთარ თავს ზღუდავ და ჩაგრავ. დღემდე სწორედ ეს თვითშეზღუდვაა ჩემი შემოქმედების მთავარი წყარო. შეზღუდვა და გამოშვება. შეზღუდვა და სიჩქარის აკრეფა. აი, საინტერესო ამბავი“. საკუთარ თავზე განხორციელებული მსგავსი ფსიქოლოგიური წნეხი ანგ ლიმ ყველაზე გენიოსურად Ice Storm-ში გადმოსცა. ამ ფილმში პერსონაჟების მწვავე შინაგანი კრიზისის მეტაფორად რეჟისორი უსახურ ბუნებას სახავს. თუმცა, პირველად ეს ხერხი - ადამიანის შინაგანი ბუნების შეზღუდვის კვლევა ბუნების პეიზაჟების დახმარებით მან თავის მეოთხე ფილმში „გრძნობა და გონებაში“ გამოიყენა. ამ ფილმის ბიუჯეტი 16 მილიონ დოლარზე ნაკლები იყო. ემა ტომპსონი ამ კინოპროექტში მონაწილეობას მხოლოდ ანგ ლის გამო დათანხმდა. ცოტა ხნით ადრე მან Eat Drink Man Woman ნახა და მიხვდა, რომ ლისთან მუშაობა სურდა. შემდეგ „გრძნობა და გონების“ სცენარიც თავად დაწერა და ითამაშა კიდეც, რისთვისაც კინოაკადემიის პრიზით დაჯილდოვდა. Eat Drink Man Woman - „ამ ფილმმა ჯეინ ოსტინი გამახსენა. ეს იყო ამბავი ორი დის შესახებ, რომელთაც რთული ხასიათის მამა ჰყავთ. ერთგან უფროსი და ეუბნება უმცროსს - შენ რა იცი, რა ხდება ჩემს გულში? სუნთქვა შემეკრა, ზუსტად მსგავსი ფრაზა ხომ „გრძნობა და გონებაშია“.

თავისი გაუმართავი ინგლისურის გამო ლის დასჭირდა კიდევ უფრო მეტი ყურადღება გაემახვილებინა ფილმის მწყობრ და ჰარმონიულ ვიზუალურ გამოსახვაზე. ამას მისგან ეპოქაც მოითხოვდა - წყალგამყოფი პერიოდი ბრიტანეთის ისტორიაში, როცა ერთმანეთს შეეჯახა პატრიარქალური და კაპიტალისტური იდეები. ემა ტომპსონი ამბობს: „ლი ყოველთვის ცდილობდა ეპოვა ზუსტად შესაფერისი მდელო, ზუსტად შესაფერისი ადგილი დასაჯდომად. ამ ხერხით დიალოგი პერსონაჟებს შორის კიდევ უფრო მრავალგანზომილებიანი ხდებოდა - თხრობა და პეიზაჟი ერთმანეთში გადადიოდა“.

ანგ ლი კი ასე ხსნის: „როცა ჩინურ ფილმებს ვაკეთებდი, ვიზუალურ მხარეზე ამ კუთხით ფიქრის საჭიროება არ იდგა, რადგან იქ ყველაფერი სიტყვებზეა, იმაზეა, რისი თქმაც მინდა. აქ კი, ენობრივი ბარიერის გამო, ინგლისურენოვან მსახიობებს ისე ხშირად ვერ ვესაუბრებოდი“.

ემა ტომპსონი იხსენებს: „ანგმა ასე იცოდა, მოულოდნელად მოგადგებოდა და ისეთს გეტყოდა, ადგილზე გაგაშეშებდა“. ტომპსონს ანგ ლი ხომ დაჟინებით უმეორებდა ხოლმე, ასე ბებრულად ნუ გამოიყურებიო. ხოლო პირველი, რაც ლიმ კეიტ უინსლეტს უთხრა, იყო: „უკეთაც შეგიძლია“. ჰიუ გრანტმა - ის ფილმში მორცხვი ედვარდ ფერარსის როლს ასრულებს - ლის მეტსახელად შხამიანი გველი შეარქვა, მერე - გარეული ცხოველი. გადაღებების დასრულების შემდეგ მოწყობილ დასკვნით წვეულებაზე ემა ტომპსონმა, კეიტ უინსლეტმა და გადამღები ჯგუფის სხვა წევრებმა „როლინგ სტოუნზის“ სიმღერა Angie გადააკეთეს და ანგ ლის მიუძღვნეს: Ang Lee, I still love you, remember all those nights we cried („ანგ ლი, მე მაინც მიყვარხარ, გახსოვს ღამეები, როცა ერთად ვტიროდით“). ახლა ეს ამბები ანგ ლის შეუძლია ღიმილით გაიხსენოს, მაგრამ „გრძნობა და გონების“ გადაღებებზე იყო მომენტი, როცა კულტურათა კონფლიქტმა ყველა დააბნია. გადაღებების პირველ დღეს, ლი იღებდა ეპიზოდს, როცა ემა ტომპსონისა და ჰიუ გრანტის პერსონაჟები პირველად ხვდებიან ერთმანეთს და ბაღში სეირნობენ. ლის საერთო პლანით გადაღება სურდა, მოლოდინის განცდა რომ მეტად წამოეწია წინ. მსახიობებმა მოთხოვნა შეასრულეს, მაგრამ შემდეგ შესთავაზეს, სხვა რაკურსი ეცადათ. ის, რაც მსახიობის ჩვეულებრივ იდეად უნდა მიეღო, ლის ეწყინა. „მთელი ღამე ფეხზე იყო, მეც ვერ დავწექი, საშინლად ვგრძნობდი თავს“, - იხსენებს ტომპსონი, რომელმაც ეს შემთხვევა თავის დღიურშიც ჩაწერა: „უნდა ვაღიარო, მისი იდეა ჩვენსას სჯობდა, მაგრამ თვითონ იმ ფაქტმა, რომ ჩვენ, საერთოდ გაგვაჩნდა საკუთარი იდეა, ლი შოკში ჩააგდო, გულნატკენი და გაოგნებული ჩანდა“. მოგვიანებით, ლიმ ასეთი ფრაზა თქვა: „ტაივანში მე იმპერატორი ვარ, აქ - პრეზიდენტი“.

ლის კადრირებისა და ფონის შერჩევის პრინციპი სულაც არ მოგეჩვენება უჩვეულო, თუ მის წარმომავლობას გავითვალისწინებთ. სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი რიჩარდ ნისბეტი წიგნში „ფიქრის გეოგრაფია“ წერს: „დასავლეთელები და აზიელები, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა სამყაროებს ხედავენ. თანამედროვე დასავლეთელი ხედავს საგნების სამყაროს - განცალკევებული და ერთმანეთთან დაუკავშირებელი საგნების სამყაროს. თანამედროვე აზიელი კი უფრო მიდრეკილია, დაინახოს არსისა და შინაარსის სამყარო - როგორც სუბსტანციათა უწყვეტი მასა“. ანგ ლიც, თითოეულ მორიგ პროექტზე, თავის მსახიობებთან ერთად, ყოველთვის უღრმავდება ფილმის კონტექსტს. თითქმის ყველა ფილმზე მუშაობისას ის საშინაო დავალებებსაც არიგებს. როგორც ემა ტომპსონი იხსენებს თავის დღიურში, „გრძნობა და გონების“ გადაღებების დაწყებამდე, ანგ ლიმ მსახიობებს პერსონაჟების შესწავლა დაავალა და კითხვების ნუსხა ჩამოუწერა (როცა უინსლეტმა საკუთარი პერსონაჟის მარიანის ოცგვერდიანი ანალიზი მიუტანა, ანგ ლის არ მოეწონა, „ეს ყველაფერი ტყუილია, ტყუილია, ტყუილი!“) Ice Storm-ის გადაღებისთვის შესაბამისდ რომ მომზადებულიყო, ლიმ უზარმაზარი დოსიე შეადგინა. ამ დოსიეს კინოოპერატორი ფრედერიკ ელმსი „გასული საუკუნეების ენციკლოპედიას“ უწოდებს. ლის კატალოგში ყველაფერია მოთხრობილი იმის შესახებ, თუ სად იმართებოდა ბრძოლები, რა ეცვა ჯონი კარსონს, როგორ ვარცხნილობებს ატარებდნენ ადამიანები, რა გადიოდა ტელეეთერით.

„გოლიათის“ გამო ანგ ლი მოლეკულური ზრდით, სისხლის უჯრედებით და გალაქტიკებით დაინტერესდა. და, როგორც ფილმის სპეც-ეფექტების ერთ-ერთი ავტორი იხსენებს, ლი დაინტერესდა „სამყაროს შინაგანი კავშირითაც, რომლის საშუალებითაც გალაქტიკაში ყველაფერი აწყობილია. ეს იყო რაღაც ინი და იანის მსგავსი ისტორია, რომლის გამოყენებაც ლის ფილმში სურდა“. ლიმ ამ ფილმისთვის შეაგროვა ქვებიც, 24 კოლოფი გამოუვიდა. იდეა კი ასე ახსნა: „მათი ფაქტურა დროის ცვალებადობაზე მეტყველებს. ისინი გახსენებენ, რომ სამყარო სინამდვილეში ძალიან ჰგავს სუპის გიგანტურ ქვაბს“. ანგ ლისთვის იგივე დატვირთვა ჰქონდა ხავსს, ზღვის ვარსკვლავებსა და მედუზებს, რომელთა ფორმებსაც იყენებდა იმისთვის, რომ მსახიობებს „გოლიათის“ დისონანსური სამყარო უკეთ წარმოედგინათ. „ის ჩვენგან ითხოვდა, ქვებისა და ხავსის ფაქტურა თითებით კარგად შეგვეგრძნო და მერე გვეკითხებოდა, რას ვგრძნობდით“, - იხსენებს ნიკ ნოლტი, - „ის, თითქოს, უზარმაზარ გარსს ქსოვს, რომელიც ისეთი ჩახლართულია, რომ მსახიობი გარეთ შემთხვევით ვერაფრით გამოაღწევს. ეს თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეძლო“.

ლის მაისის ბოლოს ლოს ანჯელესში შევხვდი, კინოსტუდია 20th Century Fox-ის ხმის ჩამწერ სცენაზე. სრულიად გაუგებარი და უსახური შენობა იყო, ერთადერთი, რაც გამოარჩევდა, ვიოლინოს ფორმაზე გაკრეჭილი გაზონი იყო. ანგ ლი გიგანტურ აუდიოპლატასთან იჯდა. იქვე იყო კომპოზიტორი დენი ელფმანიც - ვეტერანი მუსიკოსი, რომელსაც 55 ფილმისთვის აქვს მუსიკა შექმნილი, „გოლიათის“ დრამატული, 107-წუთიანი პარტიტურა კი რეკორდულ დროში, 36 დღეში წარმოადგინა. 100-წევრიანი ორკესტრი მთელი რვა დღის განმავლობაში ანგ ლის წინ, შუშის პანელის მიღმა, იჯდა და ფილმის მუსიკას იწერდა. ბევრი მუსიკოსი და მათ შორის ელფმანიც, ხორბალზე დამზადებული სასმელითა და ფორთოხლის წვენით ცდილობდნენ ნიუ ეიჯისებური ენერგიის აღდგენას.

როცა მე შევედი, ორკესტრი იწერდა მუსიკას იმ ეპიზოდისთვის, როცა გოლიათს სამხედრო ტანკები უდაბნოში დასდევენ (ჩასაწერ ეპიზოდს სპეციალურად ორკესტრისთვის დიდ მონიტორზე უჩვენებდნენ). ელფმანი, როგორც ნამდვილი ფეხოსანი, პარტიტურაში არტილერიასავით რთავდა აღმოსავლურ ლიტავრებს, ბომბეურ სიმებიან საკრავებს და მონღოლურ მელოდიებს. „ძალიან ხშირად ვიყენებთ დოლს, რადგან დოლს ყველაზე მარტივი ჟღერადობა აქვს“, - მითხრა მან.

ივნისის დასაწყისისთვის, ელფმანის მუსიკა უკვე აბსოლუტურად ჰარმონიულად ჟღერდა, გამოსახულება მწყობრში იყო და, შესაბამისად, 15-საათიანი სამუშაო დღეები და სან რაფაელსა და ლოს ანჯელესს შორის წინ და უკან სიარული - უკან მოტოვებული. ორწლიანი მუშაობის შემდეგ ანგ ლიმ სტუდიას ფილმის საბოლოო ვარიანტი ჩააბარა და შინ, ოჯახთან დაბრუნდა, ანუ ადგილას, რასაც რეჟისორი თავის „ანგელოზის მხარეს“ უწოდებს. ანგ ლი ამბობს: „როცა პირველად გადავწყვიტე რეჟისორობა, მეგონა, რომ ეს, უბრალოდ, ჩემებური თამაში იყო, მერე ფილმის კეთება ჩემთვის უკვე თვითგამოხატვის უმთავრეს ხერხად იქცა. ახლა კი ის უბრალოდ ჩემი ცხოვრების ფაქტურაა და თვითგამოხატვა იმდენად აღარ. კინო მთლიანად მყლაპავს“. შესაბამისად, ლი მეუღლეს უკვე იშვიათად ნახულობს. თავის დღიურში ემა ტომპსონი ამგვარ ეპიზოდს იხსენებს: ერთხელ, თურმე, „გრძნობა და გონების“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებაზე, ტომპსონი ლის გვერდით იდგა. უცებ რეჟისორმა სევდიანად გახედა მდინარის დელტას, მერე წყლისკენ გაიშვირა ხელი თქვა: „ტალღა მიიქცევა, მოიქცევა, ისევ მიიქცევა და ისევ მოიქცევა, მე კი, სექსი ისევ არ მქონია“.

ამ გაზაფხულზე, თავის 13 წლის მეისონთან ერთად, გადასაღებ მოედანს ლის მეუღლე პირველად ესტუმრა. ჯეინ ლინი საპროექციო ოთახში იჯდა, ამასობაში მისი მეუღლე შენიშვნებს აძლევდა მსახიობს, რომლის მონაწილეობითაც რამდენიმეფანჯრიან ეპიზოდს იღებდნენ. ლინს, რომელზეც ლი ამბობს, ხელმძღვანელობასთან მუდამ პრობლემები აქვსო, მეუღლე რეჟისორის ამპლუაში მანამდე არასდროს ენახა. მოგვიანებით, ქმარს უთხრა: „შენი ხელქვეითი რომ ვიყო, აუცილებლად მოგკლავდი“. „ალბათ, ჯეინი მართალია. გადასაღებ მოედანზე ძალიან პრეტენზიული ვარ, რასაც რეალურ ცხოვრებაში ჩემზე ვერაფრით იტყვი. პირიქით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე ჩანს, თითქოს, არასდროს არ ვიცი, რა მინდა. ფილმებს რომ არ ვიღებდე, ალბათ, პატივს ვერანაირი დამსახურებისთვის ვერ მცემდი“. როცა გადაღებებზეა წასული, ჯეინს კვირაში ერთხელ ურეკავს. სკოლის არდადეგებზე კი ბავშვები მამას გადასაღებ მოედანზე სტუმრობენ. ხმის ჩამწერ ოთახში, როცა ელფმანთან და ორკესტრთან ერთად ფილმის სახასიათო მუსიკალურ აქცენტებს ამუშავებდა, ცოტა ხნით შესვენება ითხოვა და უფროს ვაჟთან ჰაანთან დასარეკად გავიდა. ჰაანი ბრაუნის უნივერსიტეტში პირველ კურსზე სწავლობს. ჰაანის ტელეფონზე ავტომოპასუხე ჩაირთო, მამამ შეტყობინება დატოვა: „ბაბი ვარ. დაბადების დღეს გილოცავ. კარგად გაერთე. ახლა ექვსი საათია“. ანგ ლი აღიარებს: „უცნაური მამა ვარ. შინ გატარებული ექვსი წლის განმავლობაში შვილებთან ურთიერთობას ისეთი მყარი საფუძველი ჩავუყარე, რომ მთელი ცხოვრება შემიძლია მარაგად გამოვიყენო. ახლა ბავშვებს იშვიათად ვხვდები, მაგრამ მათთან საურთიერთოდ საფუძველი ჩაყრილია“.

ლი მეუბნება: „გადასაღებ მოედანზე ყველას მე ვუთითებ, რა როგორ მინდა, რომ აკეთონ. შინ კი რეალობას ვუბრუნდები, ანუ იმას, რაც ჩემს ცოლს უნდა“.

ლინი დასძენს: „ყველაზე მეტად მევალება, ქმარი მიწაზე დავაბრუნო. რაც დრო გადის, გამოფხიზლება სულ უფრო მეტად სჭირდება. თუმცა, თვითონაც კარგად იცის, როცა მის გარშემო ვტრიალებ, საჭიროა რეალობას დაუბრუნდეს.

ლი განავრცობს: „სახლში როცა ვარ, მსახიობის როლს მარგუნებენ ხოლმე - ნაბოლარა, მესამე ბიჭის როლს, ყველაზე ჯიუტი და ცელქი ბიჭის“.

ლინი აგრძელებს: „უფრო ხშირად სჭირდება ყვირილი, ვიდრე ჩვენს შვილებს. თავს ძალიან დაცულად გრძნობს, როცა უყვირი“.

ქმარს არ მოსწონს, როცა ცოლი ლაბორატორიაში გვიანობამდე რჩება: „ვცდილობ, შევეგუო, მაგრამ როცა მე ვამთავრებ მუშაობას, ჯეინისგან ძალიან დიდი აღზრდა და მზრუნველობა მჭირდება ხოლმე“.

ლი აღიარებს, რომ როცა არ მუშაობს, ძალიან მოსაწყენია ხოლმე: „ჰობი და ინტერესები არ მაქვს. ცხოვრება არ მაქვს“. მისი მთავარი საქმიანობა ამ დროს ოჯახის წევრებისთვის სადილების მომზადებაა. ლისთვის ისევე, როგორც მისი პერსონაჟისთვის ფილმში Eat Drink Man Woman ახლობლების გამოკვება მათდამი სიყვარულის გამოვლინებაა. ბავშვებს, როგორც თვითონ ამბობს, მისი კერძები ურჩევნია „იმ ნაგავს, ჯეინი რასაც აკეთებს“ და ერთადერთი ხერხი, „ბავშვებისთვის სიყვარულის გასაზიარებლად მათ კვებაზე ზრუნვაა“. ამასობაში, ლინი სამზარეულოში ტრიალს „დროის უქმად კარგვას“ უწოდებს და ზოგჯერ ქმრის მიერ მოწყობილ ოჯახურ ზეიმებზე აგვიანებს კიდეც. „უკვე აღარც მელოდებიან. თორემ, გავბრაზდებოდი. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი უფლებების დარღვევა იქნება“.

ტექნიკური სირთულეებით სავსე „გოლიათმა“, რომელსაც, ამავე დროს, ბლოკბასტერის პოტენციალი გააჩნდა, ანგ ლი ოჯახს კიდევ უფრო ხანგრძლივად მოწყვიტა, ვიდრე დანარჩენმა ფილმებმა. რეჟისორი ექსპერიმენტული კინოს პრემიერებსაა მიჩვეული - ნიუ იორკისა და ლოს ანჯელესის რამდენიმე კინოთეატრში მიტანილი ფირი და „შემდეგ კერძო საუბრების საშუალებით გავრცელებული აზრი ფილმის შესახებ“. „ჩასაფრებული ვეფხვის“ გაკეთება ანგ ლის 12 მილიონი დოლარი დაუჯდა. ფილმი რომ დაემთავრებინა, საკუთარი ხელფასიც გაიღო. „გოლიათი“ კი სულ სხვა შემთხვევა იყო. მისი ბიუჯეტი თავიდანვე 150 მილიონით განისაზღვრა, ფირზე თავდაპირველი შეკვეთა კი 14 ათასი იყო. ლი ამბობს: „როგორც ჩანს, ზომას მართლა აქვს მნიშვნელობა. ისეთი რაღაცები გამოვცადე, რაშიც მანამდე არაფერი გამეგებოდა - მაგალითად, მარკეტინგი. ეს სულ სხვა სამყაროა. ყველაფერს ჰყიდიან, რაც გოლიათივით მწვანეა“ - ნაგვის პარკებიდან დაწყებული სკეიტბორდებით დამთავრებული. 150-მდე სახეობის ნივთს ამზადებენ „გოლიათის“ ლოგოთი. ხოლო თინეიჯერი აუდიტორიის გულის მოსაგებად, ლი დათანხმდა სიმღერა Set Me Free - რომელსაც Guns'N'Roses-ის ყოფილი წევრები Suicidal Tendencies-ს წევრ დევიდ კაშნერთან და Stone Temple Pilots-ის მომღერალ სკოტ უაილენდთან ერთად ასრულებდნენ - ფილმის ფინალური ტიტრებისთვის ჩაეწერა.

ასე რომ, ფილმის მუსიკის ჩაწერის და დამქანცველი დღის შემდეგ, ანგ ლი ხმისჩამწერ სტუდიაში წავიდა, სადაც მომღერლები სიმღერის შესრულების დროს უნდა გადაეღოთ. ლის მანქანა სტუდიის ჭიშკარში შესრიალდა. გარემოს ჰალუცინოგენური აურა დაჰკრავდა - იქაურობა ტროპიკულ ოაზისს ჰგავდა, განათებული პალმებითა და ხმის ჩამწერ ბუნგალომდე მიმავალი სამანქანო ბილიკის გასწვრივ აციმციმებული სანთლებით. მანქანიდან გადმოსვლამდე ანგ ლი გამოტყდა, როკ-მუსიკის ჩაწერას პირველად ვესწრებიო. სანამ მომღერლები მოვიდოდნენ, ლი აპარატურით სავსე ოთახში ტყავის სავარძელში ჩაეშვა და ტელევიზორს მიაშტერდა. ის სპორტის დიდი გულშემატკივარია, ტელევიზორში კი NBA-ს ფლეიოფის ერთ-ერთ თამაშს უჩვენებდნენ. სარეკლამო ჭრის დროს „გოლიათის“ რეკლამა გამოჩნდა. ამ დროს ოთახში გამხდარი, სვირინგიანი, გრძელთმება კაცები შემოლაგდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ხვეულთმება როკერი, ტყავის შარვლითა და სპორტული ფეხსაცმლით, ცხვირში გაყრილი რგოლით, რომელიც უფრო გასაღების ბრელოკს ჰგავდა, ლის მიუბრუნდა: „აბა, როგორ მიდის საქმეები? იმედია, დღეს სიმღერას დადებ. ჩვენთან ერთად დაჯდები? გინდა ზარზე დავუკრათ?“ სანამ ლისკენ ზურგშექცევით მდგარმა როკერებმა სიმღერა ოთხჯერ შეასრულეს, უაილენდი ცდილობდა კამერასთან უფრო ახლოს დამდგარიყო, ხმის ინჟინერი ისე ენერგიულად აქნევდა თავს დასარტყამი ინსტრუმენტების რითმზე, როგორც ლითლ რიჩარდი. ანგ ლი აუღელვებლად იდგა. მეორე დილას, როცა ფილმის მუსიკის ჩაწერა განახლდა, ელფმანი კი წყნარად შეუდგა ჟღერადობის შესწორებას, ანგ ლი უცებ სკამით უკან გადაიხარა, ხელების ქნევას მოჰყვა და მუსიკას ისევე მთელი ტანით აჰყვა, როგორც ქონვოის ხმის ჩამწერი სტუდის ინჟინერი წინა საღამოს. „შენ რაღაც მოსაწყენი ხარ“, - მიუბრუნდა შემდეგ ელფმანს.

იმავე შუადღეს ანგ ლი კერძო თვითმფრინავით ჯორჯ ლუკასის რანჩოზე გადაფრინდა - ხმის ჩამწერ სტუდიაში. თვითმფრინავის სალონში, რეჟისორმა ფეხები წინა სკამის საზურგე ააწყო და განვლილ კარიერას გადახედა: „ფილმის კეთება არასდროს არის ისეთი სასიამოვნო, როგორც საკუთარ წარმოსახვაში. ჰაერში მოფარფატე კარგი იდეა - აი, ყველაფერს რა ჯობია. შენ ეს იდეა უნდა დაიჭირო და მიწაზე დაუშვა - ხალხმაც რომ დაინახოს. ცელულოიდზე დააკრა და აჩვენო. საუკეთესო შედეგი უნდა გამოადნო ცელულოიდის იმ ფაქტურისგან. თვითონ გადაღების პროცესი ჩემთვის სასურსათო მაღაზიაში საყიდლებზე წასვლას ჰგავს, მზარეული თავის ნიჭს, რეალურად, სამონტაჟო მაგიდაზე ავლენს“. კლიენტებს სჭირდებათ ამბავი და დამაკმაყოფილებელი დასასრული და ლისაც, როგორც თვითონ ამბობს, უხდება ისინი „პროდუქტით მოამარაგოს“. „მაგრამ, პირადად ჩემთვის, საქმე უფრო მცირე ეპიზოდებშია, გარკვეულ გრძნობებში, გარკვეულ გემოვნებაში. ჩემთვის ეს უფრო ფასობს, ვიდრე ამბის გადმოცემა. ფილმს კაცი ცალკეული მომენტებისთვის იღებს და შემდეგ სჭირდება გასასამართლებელი საბაბი, რომ ეს მომენტები ფილმში შეიტანოს. სჭირდება სტრუქტურა“. ანგ ლის ფილმები მართლაც სავსეა ასეთი უთქმელი მომენტებით. ფილმში Eat Drink Man Woman სრულყოფილი ჩინური სადილი მზადდება. „გრძნობა და გონებაში“ მერიენი წვიმით გაჯერებულ გორაკზე არბის. Ice Storm-ში შუქ-ჩრდილების თამაშია. „ჩასაფრებულ ვეფხვში“ ხის კენწეროზე აჩაღებენ ბრძოლას. განწირული გოლიათი, თვითმფრინავის კორპუსზე ჩაბღაუჭებული სტრატოსფეროში მიფრინავს - ესენია ეპიზოდები, რომლებიც ანგ ლის ახლაც ანიჭებს გულწრფელობის, უმანკოების და ოცნების განცდას, რასაც თვითონ რეჟისორი „არომატს“ უწოდებს.

როცა ვესაუბრე, ლიმ ზუსტად არ იცოდა, სად დაუწყებდა ძებნას თავის შემდეგ ჯადოსნურ მომენტს. თუმცა, ერთი ისტორია, რომელზეც იმხანად ფიქრობდა, გახლდათ ილუზიონისტ ჰარი ჰუდინის ამბავი. „ადამიანები მიდიან, რომ ნახონ, როგორ კვდება ადამიანი. ეს მომენტი ჩემზე ძალიან მოქმედებს. ესაა დიდი შოუმენი და მისი დიდი ტრიუკი - გადარჩენა. ადამიანებისთვის იმის ჩვენება, რომ არაფერზე ხარ მიჯაჭვული. მისი ამბავი შთაგონებით აგავსებს“. თვითმფრინავმა ოუქლენდის აეროპორტში დაშვება ნჯღრევით დაიწყო. ლი წუთით ჩაფიქრდა, შემდეგ კი მომიბრუნდა: „ეს ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს არის ხელოვნება. ამ დროს ბოლომდე შიშვლდები. მაყურებელი რასაც ხედავს, სინამდვილეში შენ ხარ. მათ უნდა გნახონ, რომ შენ გარისკვა შეგიძლია“.

11 არჩევანი

▲ზევით დაბრუნება


ესსე

კლინტონი და ობამა: ორი განსხვავებული კონცეფცია პრეზიდენტობის შესახებ

ავტორი: ჯორჯ პეკერი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუხიშვილმა
© პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ნიუ იორკერში, 2008

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

REUTERS

1971 წლის შემოდგომაზე იელის სამართლის სკოლის სტუდენტმა, ვინმე გრეგ კრეიგმა თავისი ბინა, რომელიც ნიუ ჰევენში ეჯვუდის ავენიუზე მდებარეობდა, ჰილარი როდჰემსა და მის მეგობარ ბიჭს - ბილ კლინტონს მიაქირავა, თვეში 75 დოლარად. კრეიგისა და კლინტონის გზები მას შემდეგაც არაერთხელ გადაიკვეთა. კრეიგი, რომელიც ვაშინგტონში ცნობილი იურიდიული ფირმის - „უილიამს ენდ კონოლის“ პარტნიორი გახდა, რეგულარულად იღებდა მოწვევებს თეთრი სახლის საშობაო წვეულებებზე. ამ წვეულებებზე ჰილარის ერთხელაც არ დავიწყებია მისი ხუთი შვილის ამბის გამოკითხვა. 1998 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტმა კლინტონმა გრეგ კრეიგს თავდაცვის გუნდის ხელმძღვანელობა სთხოვა. ეს გუნდი თეთრ სახლში იმპიჩმენტის წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნებოდა. კრეიგის ოფისში წიგნის თაროზე ფოტოებია ჩამწკრივებული: გრეგი და ბილი, ან გრეგი და ჰილარი, ან სამივე ერთად - გრეგიც, ბილიც და ჰილარიც. ამ ფოტოებს შორისაა კადრი, რომელზეც პრეზიდენტი და მისი ადვოკატებია გამოსახული, ხელები გულზე აქვთ გადაჯვარედინებული გამარჯვების ნიშნად, ეს ფოტო სენატის პროცესზე კრეიგის წარმატებული გამოსვლის შემდეგაა გადაღებული. „გრეგს. ჩვენ სწორი პოზიცია ავირჩიეთ. შენ კი სწორი აკორდები აიღე! გმადლობ - ბილ კლინტონი, 2/99,“ - ვკითხულობთ წარწერაში.

მიუხედავად იმისა, რომ კრეიგს კლინტონებთან ასეთი ხანგრძლივი ნაცნობობა აკავშირებს, ის ბარაკ ობამას კამპანიის მრჩეველი გახლავთ. „ამ არჩევანის 95 პროცენტი ობამას მიმართ ჩემი ენთუზიაზმითაა განპირობებული, - ამბობს კრეიგი, - ნამდვილად პატივს ვცემ ბარაკ ობამას - როგორც ახალ და იმედისმომცემ ხმას ამერიკულ პოლიტიკაში. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში რობერტ კენედის შემდეგ აღარ ყოფილა.“ 1968 წელს კრეიგმა, რომელიც ახლა 62 წლისაა, იუჯინ მაკართის კამპანიაში მონაწილეობის დროს ბობი კენედის გამოსვლას მოუსმინა ნებრასკას უნივერსიტეტში და იქვე ირწმუნა კენედის სიტყვები. ამის შემდეგ კრეიგი არცერთი ამერიკელი პრეზიდენტით აღარ ყოფილა შთაგონებული. „რაც შეეხება კლინტონის მოსალოდნელ პრეზიდენტობას, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში მანაც შეძლოს ჩემი შთაგონება, მაგრამ ჰილარის ჯერ არ შთავუგონებივარ, ობამამ კი ეს მოახერხა,“ - ამბობს გრეგ კრეიგი.

შთაგონება - პოლიტიკური ცხოვრებისა და საპრეზიდენტო მმართველობის ეს კომპონენტი სათანადოდ არ არის შესწავლილი. თავისი ყველაზე ვიწრო და ყველაზე გავრცელებული ფორმით შთაგონება უბრალო ქარიზმაა, რომელსაც აძლიერებს მედია; ასე ხდებოდა რონალდ რეიგანისა და ბილ კლინტონის დროს. თუმცა, იშვიათად ლიდერი შესაძლოა გახდეს განწმენდის, გაერთიანების, განახლების უკიდურესად პიროვნული, ლამის სულიერი მოთხოვნილების ობიექტი. 1969 წლის უელსლის ცერემონიალზე ჰილარი კლინტონმა ლიდერის ეს თვისებები ამ სიტყვებით დაახასიათა: „პირდაპირი, აღტყინებული და გულში ჩამწვდომი“. სადღაც, მარტოოდენ დიდებულ ორატორებსა და მიწიერ წმინდანებს შორის, იშვიათად გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი პოლიტიკოსებიც, რომლებიც, ჰილარის აზრით, „პოლიტიკას განიხილავენ როგორც ხელოვნებას, რომელიც შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს.“

რობერტ ბ. რაიხს, რომელიც ახლა ბერკლიში ასწავლის, ხოლო კლინტონის პირველი საპრეზიდენტო მმართველობის დროს შრომისა და სოციალური დაცვის მდივანი იყო, სჯერა, რომ პოლიტიკური შთაგონების წყალობით, შესაძლებელია „საზოგადოებრივი მოძრაობისა და ცვლილებების დამკვიდრება, ყველა ტიპის ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების მობილიზება იმისათვის, რომ მათ თავად განახორციელონ ეს ცვლილებები. ერთ დროს რაიხი კლინტონების ახლო მეგობარი იყო - ჰილარის სტუდენტობის პერიოდიდან იცნობდა, ის და ბილი ერთდროულად გახდნენ როდოსის სტიპენდიანტები - მაგრამ ის არ უჭერს მხარს ჰილარის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს და, როგორც ჩანს, ობამასკენ იხრება, იმავე მიზეზების გამო, რამაც კრეიგი მოხიბლა. „ჩემთვის ობამა ძალიან ჰგავს რობერტ კენედის, - ამბობს რაიხი, - რაც უფრო ახლოს მიხვიდოდი მასთან, მით უფრო ნათლად ხვდებოდი, რომ მისი ხიბლი ადამიანებზე ზემოქმედების უნარი იყო და არა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ის სრულიად გამორჩეული მამოძრავებელი ძალა გახდა, განსაკუთრებული სტიმული ახალგაზრდებისათვის. მისი პერსონა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ადამიანის ტრანსფორმირება გამოეწვია. და ის, რასაც სოციალური სამართლიანობის შესახებ ლაპარაკობდა, ხალხს აკმაყოფილებდა. ობამა ამ ყველაფერს სრულიად ბუნებრივად ახერხებს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.“

დემოკრატების წინაშე მდგომ ალტერნატივებს სხვადასხვაგვარად ახასიათებდნენ: განიხილავდნენ როგორც არჩევანს გამოცდილებასა და ცვლილებას შორის, როგორც არჩევანს ინსაიდერსა და აუტსაიდერს და ორ პირველს - ქალსა და შავკანიან მამაკაცს შორის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ამ ორ პოლიტიკოსს შორის, რომელთა პოლიტიკური შეხედულებებიც თითქმის განურჩეველია, ალბათ მაინც პრეზიდენტობის შესახებ განსხვავებული კონცეფციებია. ობამა ხალხს საკუთარ თავს იმ კატალიზატორად წარუდგენს, რომლის მეშვეობითაც იმედგაცრუებული ამერიკელები შეძლებენ გადალახონ ულმობელი პარტიული დაპირისპირებების ორი ათწლეული, აამოქმედონ ჩვენი დემოკრატია და აღადგინონ რწმენა მმართველობისადმი. კლინტონი კი განიხილავს პოლიტიკას როგორც შესაძლებლის ხელოვნებას, სადაც ცვლილებები კარგი მმართველობის წყალობით მკვიდრდება - ეს არის ადვოკატობისა და სენატორობის კარიერასა და პირველი ლედის ამპლუაში ნაწრთობი უნარი. სინამდვილეში სწორედ ამას გულისხმობდა ჰილარი ნიუ ჰემფშირის ერთ-ერთი დებატის დროს გამოთქმულ მოსაზრებაში: „დოქტორ კინგის ოცნება მაშინ ასრულდა, როდესაც პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა სამოქალაქო უფლებების აქტი მიიღო, 1964 წელს, როდესაც მან შეძლო კონგრესის მხარდაჭერის მოპოვება - ეს ისაა, რისი გაკეთების იმედიც ჰქონდა პრეზიდენტ კენედის - წინა პრეზიდენტს ეს არც კი უცდია - მაგრამ ამის გაკეთებას სწორედ პრეზიდენტი დასჭირდა.“

გახურებული წინასაარჩევნო რბოლის ატმოსფეროში ამ ისტორიულად ლოგიკურ განცხადებას ბრალდებების, შეურაცხმყოფელი რეპლიკებისა და მედიაისტერიის ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა. რამდენიმე დღის განმავლობაში დემოკრატიული პარტია თითქოს წონასწორობას ინარჩუნებდა, „იდენტობის პოლიტიკის“ თვითდამანგრეველ სიგიჟეში რომ არ ჩაძირულიყო. „ტაიმსის“ რედაქციამ გაკიცხა კლინტონი რასობრივი პოლიტიკური თამაშისათვის და კიდევ იმისათვის, რომ იდეალად ჯონსონი აირჩია. სვეტების ავტორმა ბობ ჰერბერტმა მას „იაფფასიანი დარტყმების“ გამოყენებაში დასდო ბრალი. მაგრამ კლინტონმა უბრალოდ საკუთარი მრწამსი გამოხატა. მას სჯერა, რომ პრეზიდენტის მოვალეობა საზოგადოების გარდაქმნა კი არა, რთული კანონმდებლობის ფრაქციულ კონგრესში გატანაა. ნევადას პარტიის შეკრების წინა დებატში ობამამ აღიარა, რომ არაორგანიზებული იყო და განაცხადა, რომ პრეზიდენტობას უწყების ეფექტიან მართვასთან არაფერი აქვს საერთო: „იყო პრეზიდენტი - ეს ნიშნავს, გქონდეს მომავლის ხედვა, ხედვა იმისა, თუ საითკენ უნდა წავიდეს ქვეყანა... შემდგომ კი შეგწევდეს ძალა, შთააგონო და გააერთიანო ამერიკელი ხალხი, რომ ცვლი ლებების ამ პროგრამას გვერდში დაუდგეს“. ამის საპირისპიროდ, კლინტონმა პრეზიდენტის თანამდებობა „მთავარი აღმასრულებელი პირის“ თანამდებობას გაუთანაბრა, რომელსაც „უნდა შესწევდეს ბიუროკრატიის მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი.“

0x01 graphic

REUTERS

ამგვარად, თუ ეს კამპანია რეფერენდუმია თეთრი სახლის მფლობელის ვინაობის გამოსავლენად - და ეს გარდუვალია ხოლმე მაშინ, როდესაც წინა პრეზიდენტის მმართველობა კრახით მთავრდება - მაშინ კამპანიის შედეგი ნაწილობრივ განპირობებული იქნება იმით, თუ რაში ადანაშაულებენ ამომრჩევლები ჯორჯ ბუშს - არაკომპეტენტურობასა თუ ამერიკული პოლიტიკის დამცირებაში. კლინტონი თავს ძლიერ კანდიდატად წარმოაჩენს, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ შეაკეთოს მმართველობის დანგრეული სისტემა: უშიშროების სააგენტოები, იუსტიციის დეპარტამენტი, საკანონმდებლო პროცესი და თავად თეთრი სახლი. გასულ კვირას კალიფორნიიდან სატელეფონო საუბარში მან განაცხადა, რომ პრეზიდენტი ნებას რთავს მრჩევლებს, საკუთარი რისკის ფასად ადევნონ თვალი მთავრობის მართვას. „სხვაგვარად თქვენ თმობთ ძალაუფლების დიდ ნაწილს. შესაძლოა ეს მაშინვე არ გახდეს ნათელი ხალხისათვის, მაგრამ მთავრობა ადვილად იღებს ამ სიგნალებს, - ამბობს იგი, - ვინაიდან დღეს უკვე ვიცით, თუ როგორ აკონტროლებდა დიკ ჩეინი იმ ინფორმაციას, რომელიც ბუშამდე მიდიოდა, ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად არასოდეს გვეცოდინება, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება დავაკისროთ ბუშს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას. წყალი დინების მიმართულებით წავა და ხშირ შემთხვევაში ძალაუფლების დიდ წყალსაცავში დაგუბდება, რაც შემდეგ იმ ადამიანებს მოუტანს სარგებელს, რომლებიც უფრო გონიერნი აღმოჩნდებიან და სწორად განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს სათავისოდ. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, თუ რა გიჯდება, როდესაც ცდილობ, მთავრობისგან პასუხი მიიღო. ეს ბილის გამოცდილებიდანაც ვიცი, ვხედავდი, თუ როგორ ძირისძირამდე იყო ჩაფლული იმ სფეროებში, რომლებსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ეს ადვილი არაა. ჩვენ ხომ მასობრივ ბიუროკრატიაზე ვსაუბრობთ... და თქვენ მომზადებული უნდა იყოთ, რომ პრეზიდენტობის პირველსავე დღეს მთელი ძალისხმევა მიმართოთ იმისაკენ, რომ გააცნობიეროთ თქვენეული მიზნები და ხედვა თქვენი ქვეყნის მომავლისათვის.“

მართალია, კლინტონს თავისი მეტოქე პირადად არ დაუსახელებია, მაგრამ მის მიერ გამოთქმული არაერთი შენიშვნის ადრესატად სწორედ ობამა მოიაზრებოდა. ასე იყო, მაგალითად, როდესაც მან გაიხსენა მაიკლ კორდას ეიზენჰაუერის ბიოგრაფია და ერთმანეთს შეადარა აიკისა და საველე მარშლის - ბერნარდ მონტგომერის პორტრეტები: „ხალხის შთაგონების მისეული უნარი უდავოდ მაღალ ქულებს იმსახურებდა, თუმცა, უჭირდა რთული გადაწყვეტილების მიღება, ამის გამო ხშირად უკან იხევდა და ითხოვდა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებოდა, სანამ ჩახმახს გამოჰკრავდა ხელს.“ კლინტონმა აღიარა, რომ თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, ის გამაერთიანებელ რიტორიკასაც გამოიყენებს და თანამოაზრეებსაც პარტიული ნიშნით აღარ აარჩევს. მაგრამ კლინტონი, ობამასთან შედარებით, ნაკლებად ოპტიმისტურადაა განწყობილი ბრძოლის ამგვარი შესაძლებლობების მიმართ; ის უფრო იმისთვისაა მზად, რომ წინ წავიდეს და იმათაც მისცეს ამის საშუალება, ვინც მას გაჰყვება. „ასევე მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, გარკვეული ამოცანები უნდა გადავჭრათ. თქვენ შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ ნება მიბოძეთ, დაგისაბუთოთ და იმის უფლებაც მომეცით, თქვენი დარწმუნება ვცადო. მაგრამ თუ თქვენს დარწმუნებას ვერ შევძლებ, ჩვენ მაინც წინ უნდა წავიდეთ. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია რქებით მიწოლამაც გამოიღოს შედეგი - შესაძლებელია მართო მთავრობა ისე, რომ მან არ გმართოს შენ და ამგვარად ის შენი პოლიტიკის ინსტრუმენტად აქციო. ეს იქნება ჩემი ნათქვამის დასტური.“

პრეზიდენტის როლის ორი განსხვავებული კონცეფცია იკვეთება: კლინტონისთვის მთავარი აღმასრულებელი ფუნქციაა, ობამასთვის - ხედვა. პრეზიდენტობის კანდიდატების ეს საპირისპირო შეხედულებები ასახავს იმ დიდ სხვაობასაც, თუ როგორ აანალიზებენ ისინი ქვეყნის მთავარ პრობლემას. ობამას დიაგნოზი უფრო ფუნდამენტურია: მისთვის ქვეყნის სენი სცილდება ბუშის მმართველობის წლებსა და ვაშინგტონში პარტიული დაპირისპირებების ეპოქას. ეს ავადმყოფობა ქვეყანაში მაშინ გაჩნდა, როცა პოლიტიკოსებმა ამერიკელების გაერთიანება გადაწყვიტეს და დიდი მარცხიც განიცადეს. თუ თქვენი მანქანა ტალახშია ჩაფლული, მარტოოდენ ძლიერი ხელით საჭის დატრიალება არ გიშველით; კარგმა ლიდერმა საკმარისი ხალხი უნდა შეკრიბოს და დაარწმუნოს იმაში, რომ მანქანის ადგილიდან დასაძრავად მიწოლაა საჭირო. კლინტონის შეხედულებები ჩერჩილის ნათქვამის გამოძახილია: „მოგვეცით იარაღი და ჩვენ დავამთავრებთ სამუშაოს“, ობამა კი ლინკოლნს ახმოვანებს: „რადგანაც ახალ რეალობაში ვართ, ახლებურად უნდა ვიფიქროთ და ახლებურად ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა ვიხსნათ ჩვენი თავი მონობისგან და ამის შემდეგ ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანას.“

ჟურნალის ყოფილი თანამშრომელი სიდნი ბლუმენთალი, თავის დროზე ბილ კლინტონის, ამჟამად კი ჰილარი კლინტონის კამპანიის მთავარი მრჩეველი, მიიჩნევს, რომ 2008 წლის არჩევნები მომავალ წლებში პროგრესული მმართველობის უზრუნველყოფის შანსია. „პრობლემა ორპარტიული სისტემის დაძლევა კი არ არის, - აცხადებს იგი, - მთავარი მისი გამოყენებაა. თუკი შევძლებთ გამარჯვებას, კარგად მართვას, მრავალრიცხოვანი კრიზისის დაძლევასა და კონგრესში წარმატების მოპოვებას, მაშინ შევძლებთ, გამოვიყვანოთ ქვეყანა რესპუბლიკელების ამ ეპოქიდან და ხანგრძლივი დროით გადავიყვანოთ პროგრესულ დემოკრატიულ ეპოქაში.“

0x01 graphic

REUTERS

პიტერ ვენერი 2007 წლის აგვისტომდე ბუშის თეთრ სახლში ადმინისტრაციის მთავარი სტრატეგოსისთვის - კარლ როუვისთვის მუშაობდა; ახლა ვაშინგტონის ეთიკისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ცენტრში მთავარი სტიპენდიანტი მკვლევარია. მისი შეფასებით, ჰილარი კლინტონი „თავდასხმებისათვის უფრო ნოყიერ ნიადაგს შექმნის“, ვიდრე ობამა. რესპუბლიკელებს ახალი სკანდალების გამოაშკარავება აღარ დასჭირდებათ; საკმარისია მხოლოდ შეახსენონ ამომრჩევლებს კლინტონის ომები, არცთუ ისე შორეული წარსულიდან. „ადამიანის ტვინში რაღაცები დაფარულია, - განმარტავს ვენერი, - მაგრამ თუ მის მეხსიერებაში რაიმე ნაცნობი სიტყვა, ბგერა ან მოგონება წამოტივტივდება, ტვინის ეს ლატენტური მონაკვეთი მაშინვე გააქტიურდება. თუ დემოკრატები ამას თვითონ არ გაამჟღავნებენ, მაშინ ამას რესპუბლიკელები გააკეთებენ. სწორედ აქ გამოჩნდება კლინტონით დაღლის სინდრომი.“ რაც შეეხება ობამას, ვენერის ერთადერთი საყვედური მისი მისამართით მისი ლიბერალობაა: „ჩემი აზრით, უაღრესად შთამბეჭდავი ადამიანია. რესპუბლიკელებს უფრო გაუძნელდებათ მისი მართვა. ობამას ამბოხების პოტენციალი უფრო დიდია.“

კლინტონის მრჩევლები ამბობენ, რომ ქვეყნის მართვის ობამასეულ ხედვაში, რომლის მიზანია ქვეყნის გამოყვანა მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლებიდან, არის რაღაც მიამიტური, შესაძლოა ფატალურიც კი. აქ ისინი გულისხმობენ ობამას შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ცივილურობა და პარტიული ნეიტრალიტეტი ის ამულეტია, რომელსაც ტყვიის შეჩერება ძალუძს. ობამას ამ თვალსაზრისს „რესპუბლიკელების შეტევის მანქანა“ (ასე უწოდებს ამას კლინტონის კამპანია) გაანადგურებს. ჰილარის კამპანიის პოლიტიკის ხელმძღვანელი ნეერა ტანდენი ობამათი აღტაცებულია, მაგრამ გვაფრთხილებს, რომ გენერალური არჩევნები დაუნდობელი იქნება: „ამ ბიჭებთან დაცვა არ უნდა შეასუსტოთ, - ამბობს მემარჯვენე პოლიტიკოსებზე, - ისინი ადამიანის ძლიერ მხარეებს აიღებენ და მათ სისუსტეებად გარდაქმნიან. ერთ ინჩს თუ დაუთმობ, ერთ მილს წაგართმევენ. ისინი დანებებისათვის მზად არ არიან. არც კონგრესისა და საპრეზიდენტო არჩევნების წაგებისათვის არიან მზად. არა მგონია, რომ კონსერვატორი ლობისტი გროვერ ნორქისტი იჯდეს და ფიქრობდეს, რომ ეს მისთვის შესანიშნავი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ამაზეა დამოკიდებული მისი ხელფასი. ჰილარი და ბილ კლინტონებს წარსულში ეს გამოვლილი აქვთ და გაუმარჯვიათ კიდეც. მაგრამ თუ გვგონია, რომ დემოკრატ ნომინანტს, სულ ერთია, ვინც არ უნდა იყოს, დიდი წინააღმდეგობები არ შეხვდება საარჩევნო პროცესის დასასრულს, მაშინ გიჟები ვყოფილვართ.“

გასული წლის ბოლოს, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში დემოკრატებმა პოზიციები გაიმაგრეს, კლინტონის ბანაკში კამათი მიმდინარეობდა, გაეგრძელებინათ თუ არა შეტევა ობამას წინააღმდეგ, მომხრეთა არგუმენტმა გაიმარჯვა. როდესაც გრეგ კრეიგს ვუთხარი, რომ კლინტონის კამპანია სკეპტიკურადაა განწყობილი პარტიული წინაღობების დაძლევის მიმართ, მან ასე მიპასუხა: „თქვენ ჰილარის იმ ხუთ პროცენტს შეეხეთ, რაც მე არ მომწონს - ყოველ კუთხე-კუნჭულში შეთქმულებას ან მოწინააღმდეგეს ხედავს, რომელიც უნდა გააცამტვეროს. აი, თუნდაც მისი კომენტარი ავიღოთ: „ახლა სახალისო ნაწილი იწყება“. აიოვაში კლინტონმა ამ განცხადებით მიანიშნა, რომ ახლა ის ობამას შეუტევდა. „ეს ერთგვარი თვისებაა, ითამაშო განიარაღებული და დაჩაგრული მსხვერპლის როლი. ჩემთვის ეს არც გულისამაჩუყებელია და არც მისასალმებელი“, - დასძინა მან, - „მე მინდა პრეზიდენტი, რომლის პოზიტიური იდეებიც ქვეყანას შთააგონებს და შეძრავს და არა პრეზიდენტი, რომელიც ბრძოლას გამოუცხადებს ცუდ ბიჭებს და გამარჯვებას რეაქციული ძალების დამარცხებით იზეიმებს. მინდა, რომ შემოვიერთოთ რეაქციული ძალები და შთავაგონოთ მათ, რომ საჭიროა გაერთიანებული ბრძოლა ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, იმისათვის, რომ გატანჯულ და საფრთხეში მყოფ ადამიანებს ტკივილი და განსაცდელი შევუმსუბუქოთ.“

იმპიჩმენტის მცდელობის დროს კრეიგმა, რომელმაც ეს პროცესი „ძალაუფლების უზარმაზარ დარღვევად“ შეაფასა, რა თქმა უნდა, ნათლად დაინახა, რომ კონგრესის რესპუბლიკელებს თითქმის არ გამოუხატავთ დემოკრატებთან მშვიდობის დამყარების არანაირი ინტერესი. „დიახ, მაგრამ შემდგომი პოლარიზაციითა და დაყოფით ვერც მათ დაამარცხებ და ვერც პროგრესს მიაღწევ ქვეყანაში,“ - ამბობს კრეიგი. „ერთადერთი გონივრული გამოსავალი არის კონსენსუსი გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებით. მაგალითად, თქვენ ვერ გაიტანთ სახელმწიფო ჯანდაცვის დაზღვევის კანონს, თუ რესპუბლიკელებს დაიპირისპირებთ; და თუ გინდათ, რომ 47 მილიონი ამერიკელი დაზღვევის გარეშე არ დარჩეს, თქვენ ისინი უნდა შემოიერთოთ.“

კლინტონის თაყვანისმცემლები არ იზიარებენ იმ აზრს, თითქოსდა ჰილარიმ კომპრომისის ხელოვნება აშშ-ის სენატის წევრად ყოფნის დროს ისწავლა. სულ რაღაც 7 წლის განმავლობაში მან ოსტატურად შეითვისა ამ ყველაზე რთული „კლუბის“ ძალაუფლების ურთიერთობები და საკანონმდებლო ლაბირინთები. „ჰილარის სჯერა მმართველობისა“, - ამბობს ნეერა ტანდენი. როდესაც ტანდენი ჰილარის საკანონმდებლო მმართველად მუშაობდა, კლინტონი ხშირად ურეკავდა ხოლმე სენატიდან, რათა გაეაზრებინა, თუ რა შედეგს მოიტანდა კანონპროექტში შეტანილი ახალი ცვლილებები. კანონმდებლისაგან იშვიათია დეტალებისადმი ასეთი ყურადღება. თუმცა, ისმის ასეთი კითხვა: მისი უცილობელი ნიჭი - შრომისმოყვარეობა, ინტელექტუალური გამჭრიახობა და პოლიტიკის ცოდნა - იდეალურად შეესაბამება თუ არა თეთრ სახლს? სენატორმა 50-60 კოლეგა პოლიტიკოსი უნდა დაარწმუნოს, პრეზიდენტმა კი 300 მილიონი მოქალაქე უნდა გამოაფხიზლოს.

„ხასიათი გადამწყვეტია“ - ეს გამოთქმა უყვარდათ 90-იან წლებში რესპუბლიკელებს, რომელთაც სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული „ზედმეტად ადამიანური“ დემოკრატი პრეზიდენტი. მერე ეს ფრაზა დემოკრატებმა აიტაცეს და გესლიანად იმეორებდნენ ბუშის მმართველობის წლებში. თუ ჰილარი კლინტონის ხასიათში რაიმე ნაკლია, რამაც შესაძლოა შეაფერხოს მისი, როგორც წარმატებული პრეზიდენტის, ან საერთოდ პრეზიდენტის კარიერა, ეს ის თვისებაა, რასაც ჰილარის საუკეთესო ბიოგრაფი კარლ ბერნშტაინი უწოდებს „ხრიკებისა და იგნორირებისაკენ“ მიმართულ ტენდენციას. ბერნშტაინისეული კლინტონის ბიოგრაფია „ქალი მმართველი“ (A Woman in Charge) სიღრმითა და თანაგრძნობით აღსავსე პორტრეტია, რომლის მუდმივი თემა დამცირების შიში გახლავთ; უხეში და ულმობელი მამის ხელში ჰილარიმ ადრიდანვე ისწავლა, თუ როგორ დაეფარა ნებისმიერი სისუსტე და საბოლოოდ ისიც, თუ როგორ მიეჩქმალა საკუთარი ჰუმანურობა. ლას ვეგასის ბოლოდროინდელ დებატში, როდესაც კლინტონს სთხოვეს საკუთარი სისუსტე დაესახელებინა, ერთადერთი, რაც მოაფიქრდა, ის გახლდათ, რომ ძალიან მოუთმენელია, ერთი სული აქვს, საქმეს როდის დაამთავრებს.

0x01 graphic

REUTERS

„პირად ცხოვრებაში ყოველთვის ისე იქცეოდა, თითქოს რაღაცა ჰქონდა დასამალი“, - ამბობს დი დი მაიერსი, ბილ კლინტონის 1992 წლის კამპანიის მთავარი მრჩეველი, კლინტონის პრეზიდენტობის პირველი ორი წლის განმავლობაში თეთრი სახლის პრესმდივანი: „მამამისი ძალიან რთული ხასიათის კაცი იყო. ჰილარი დიდ დროს ხარჯავდა, ცდილობდა შეექმნა ფუნქციური ოჯახის ილუზია, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ ეთქვა: ასეთია ჩემი ოჯახი. მას აწვა სრულყოფილების მიღწევის ტვირთი და ეს ტვირთი თავის ოჯახშიც შემოიტანა. ყოველთვის ჰქონდა იმის შიში, რომ ადამიანებს არ დაენახათ ის, რაც მათ უკვე იცოდნენ“.

თავის ბიოგრაფიულ თხზულებაში - „ქალი მმართველი“ ბერშნტაინი კლინტონის შესახებ წერს: „თითქმის ყოველთვის რაღაცა ექაჩება უკან და ამბის ბოლომდე მოყოლის ნებას არ აძლევს, თითქოს არ ენდობაო მკითხველს, მსმენელს, მეგობარს, ინტერვიუერს, ამომრჩეველს - და იქნებ საკუთარ თავსაც კი - თითქოს ეჭვობს, რომ ვერავინ ჩასწვდება მოვლენების ჭეშმარიტ მნიშვნელობას.“ კლინტონის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ყოფილმა მოხელემ ობამას კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა ასეთნაირად ამიხსნა, მიმტკიცებდა, რომ ორივე კანდიდატის ავტობიოგრაფია ერთმანეთის პარალელურად უნდა წამეკითხა: ობამას „მამაჩემის ოცნებებში“ (Dreams from My Father), კლინტონის „ცოცხალი ისტორიისგან“ (Living History) განსხვავებით, გამჟღავნებულია მთხრობელი, რომელმაც დიდი ბრძოლა გამოიარა, იდენტობის რთული კითხვები რომ გადაეჭრა და რომელიც ამის შემდეგ კომფორტულად გრძნობს თავს, არა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე, არამედ სამყაროს კომპლექსურობისა და წინააღმდეგობრიობის პირისპირაც. „როდესაც კლინტონის გვერდით ვარ, ვგრძნობ, როგორ სურს მას ჩემი მოხიბვლა“, - ამბობს იგი, - „როდესაც ობამასთან ვარ, ვგრძნობ, რომ ის ცდილობს გაიგოს, თუ რა შემიძლია შევთავაზო.“

მრავალრიცხოვან საუბრებში კლინტონების ოჯახის მეგობრები უპირატესობას ჰილარის ანიჭებენ, და უარყოფენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრს იმის შესახებ, თითქოსდა ბილი უფრო თბილი და სასიამოვნო ადამიანი იყოს. ბილი ლაპარაკობს; ჰილარი უსმენს, უსმენს კეთილგანწყობილი იუმორით; ეს უცნაური ნიჭია, თანაც განმაიარაღებელი ძალა აქვს. 1993 წელს ჰილარი კლინტონის პირადი მრჩეველი ლიზა მუსკატინი თეთრ სახლში რეფერენტად წავიდა. მას შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული; ერთხელაც დერეფანში პირველი ლედი დაინახა, რომელიც სადღაც მიიჩქაროდა. ლიზამ ჰილარის ყურადღების მიპყრობა მოისურვა: „შეჩერდით, შეჩერდით,“ - დაუძახა. კლინტონი მოტრიალდა და წაიღიღინა: „შეჩერდით! სიყვარულის სახელით!“ და ცოტა წაიცეკვა კიდეც. კლინტონის ასისტენტების ლოიალობა საყოველთაოდ ცნობილია, ისინი მის გვერდით ბევრად უფრო დიდხანს ჩერდებიან, ვიდრე სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსთა ასისტენტები. 1997 წელს ტანდენი ოციოდე წლის იყო, როდესაც კლინტონის გუნდს შეუერთდა და, ფაქტობრივად, ამ გუნდის სამუშაო ატმოსფეროში გაიზარდა კიდეც. მისი აზრით, ჰილარის ნამდვილად აინტერესებდა, თუ რას ფიქრობდა საშუალო დონის ასისტენტი ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. „ის სვამს შეკითხვებს, თანაც ადამიანის გამოცნობის ძალიან კარგი დეტექტორი აქვს,“ - ამბობს ტანდენი, - თქვენ მის სოროში შედიხართ, ის თქვენსაში შემოდის.“ 1999 წელს, როდესაც მუსკატინი მკერდის კიბოს გამოსავლენად ქირურგიულ გამოკვლევაზე მიდიოდა, პირველმა ლედიმ სთხოვა, დიაგნოზის დადგენისთანავე მისთვის დაერეკა. სიმსივნე ავთვისებიანი აღმოჩნდა, მუსკატინი სრულიად განადგურებული იყო, პირობა არ შეუსრულებია და ჰილარისთვის არ დაურეკავს. კლინტონმა ლიზას თავად დაურეკა და უთხრა: „თუ შეიძლება, დაგირეკავ ხოლმე, მაგრამ თუ არ გინდა ტელეფონთან მოსვლა, ნუ მიპასუხებ.“ მუსკატინმა მითხრა: „ამით მხოლოდ მხარდაჭერა კი არ გამოუხატავს, არამედ იმის ნებაც დამრთო, რომ სტატუსის მიუხედავად, მისთვის ანგარიში არ ჩამებარებინა. ეს ჩემთვის მთელი სამყაროს ტოლფასი იყო.“ კლინტონის რწმუნებული ბოსნიაში და გაეროს ელჩი რიჩარდ ჰოლბრუკი, ამჟამად კი ჰილარი კლინტონის კამპანიის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი (მას ზოგჯერ პოტენციურ სახელმწიფო მდივნადაც მოიაზრებენ) ჰილარის ასე ახასიათებს: „მე ის მომწონს, იმიტომ რომ ადამიანურია. სუსტი მხარეებიც აქვს. იმისთვის იბრძვის, რისიც ჭეშმარიტად სწამს.“

მეგობართა ერთი ნაწილის აზრით, ჰილარი უფრო მეტადაა მოწოდებული, ძალაუფლება სოციალური ცვლილებებისთვის გამოიყენოს, ვიდრე მისი მეუღლე. მაგალითად, 1993-1994 წლების ჯანდაცვის რეფორმა განვიხილოთ: ჰილარი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჯანდაცვის დაზღვევას საყოველთაოდ დაეფარა მკურნალობის ხარჯები, მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტმა კლინტონმა არ მოისურვა ამ კანონის მიღება (ჰილარის მოუქნელობამ, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ამ კანონპროექტის წარუმატებლობას). ჯონ დანერი, არკანზასის გუბერნატორი კლინტონის მმართველობის პირველ ვადაში, ამბობს: „ბილის პოლიტიკის არასანდოობის მიზეზი მისი ხარბი ცნობისმოყვარეობა გახლდათ, რასაც არასოდეს მალავდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეფასებით, ასეა. ჰილარის ყოველთვის ჰქონდა სიმტკიცე და ნებისყოფა, რაც არასოდეს ჰქონია ბილს. ამ თვალსაზრისით, ის უფრო მეტად ზრუნავდა, რომ საქმე გაკეთებულიყო.“ დანერის ცოლი, ნენსი პიეტრაფესა, რომელიც ჰილარისთან ერთად იყო უელსლიში, არკანზასში ბილ კლინტონისთვისაც მუშაობდა (როდესაც დანერი და პიეტრაფესა დაითხოვეს, კლინტონებს ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდათ). პიეტრაფესას თქმით, საჯარო მხილებისადმი ჰილარის შიში არკანზასის ადრინდელ მოვლენებთან იყო დაკავშირებული: „ძალიან დაამცირეს, თანაც სასტიკად. არკანზასი ის ადგილი იყო, სადაც არავის უხაროდა მისი დანახვა. ვერავის მოაწონა თავი - არც ფეხის ფრჩხილებს იღებავდა, სანდლებს რომ იცვამდა, არც ბარის ოფიციანტივით იპრანჭებოდა. რატომღაც ყველა აძლევდა თავის თავს იმის უფლებას, რომ ჰილარისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა“.

წინააღმდეგობის გაწევის კლინტონისეული ინსტინქტი არკანზასის პოლიტიკის ულმობელ სამყაროში ჩაისახა. ერთხელ, როდესაც ჰილარი და ბილი პოლიტიკაზე საუბრობდნენ, დანერმა მიანიშნა, თუ როგორ შეეთავაზებინათ შეღავათები არკანზასის ხანდაზმული მცხოვრებლებისთვის. დანერისა და პიეტრაფესას გასაკვირად, ჰილარის უპასუხია: „რაიმეს გაკეთება იმ ხალხისთვის, რომლებიც ბილს ხმას არ აძლევენ, ეს უკანასკნელი რამაა, რაც ამ ეტაპზე უნდა გვაღელვებდეს.“ დანერი იხსენებს, რომ ჰილარის სამყაროზე ბინარული შეხედულება ჰქონდა, ცოტა არ იყოს ბუშისეული კომენტარის მსგავსი: „თქვენ ან ჩვენთან ხართ ან ჩვენს წინააღმდეგ“. პიეტრაფესას აზრით, „ჰილარის მტრები სჭირდება.“

თავისი ქმრის პრეზიდენტობის დასაწყისში, მღელვარე წლებში, ჰილარი კლინტონის ამბიციური პოლიტიკური მიზნები ხშირ შემთხვევაში ინიღბებოდა გასაიდუმლოებისაკენ მისთვის ჩვეული სწრაფვით და ბრძოლისადმი მიდრეკილებით. ერთ უთანხმოებას მეორე მოსდევდა: ვაიტვოტერი, სამგზავრო ოფისის სკანდალი, პაულა ჯონსის სასამართლო პროცესი - ჰილარიმ უარი განაცხადა კომპრომისზე და არც თანაგრძნობის გამოჩენა მოისურვა; მან გასაქანი მისცა დაბრკოლებებს, რომლებიც შესაძლოა დროებითიც კი ყოფილიყო, და ეს დაბრკოლებები გახდა ნაწილი დაუსრულებელი ბრძოლისა, რამაც გამოიწვია იმ პროგრესული რეფორმების კრახი, რომელთა კამპანიასაც კლინტონები აწარმოებდნენ, მათ შორის იყო ჯანდაცვის კანონმდებლობის რეფორმაც.

1995 წლის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ დიდი ხანი არ იყო გასული, რაც შუა პერიოდის არჩევნებში რესპუბლიკელებმა მასშტაბური გამარჯვება მოიპოვეს, ჰილარი კლინტონი თეთრი სახლის რეზიდენციის ათამდე მრჩეველს შეხვდა იმის განსახილველად, თუ როგორ უნდა ემართათ ახალი პოლიტიკური რეალობა; ეს განხილვა მოიცავდა კონგრესის გამოძიებას ვაიტვოტერზე და სხვა საკითხებსაც. შეკრების დამსწრე ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, კამათის დროს ჰილარის ერთი არგუმენტი ასეთი იყო (ჰილარი ყოველთვის იყენებდა ამ არგუმენტს) - „დავამარცხოთ კრიზისი, ვიბრძოლოთ სიკვდილამდე“. მეორე არგუმენტი გულისხმობდა ოპოზიციის განმუხტვას, რისი მიღწევაც შეიძლებოდა უფრო მეტი ღიაობის მეშვეობით. თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო, კლინტონმა უეცრად განაცხადა: „მე მჭირდება ისეთი ხალხი, როგორიც კენედის ჰყავდა თავის გარშემოო“. მრჩეველის თქმით, ეს „ეგზისტენციალური“ მომენტი იყო კლინტონისათვის: ის ამბობდა, რომ მას უნდა „ადამიანები, რომლებიც არიან ძლიერნი, მტკიცენი, ლოიალურნი, რომლებიც თამაშობენ გამარჯვებისთვის, მაგრამ ამას აკეთებენ გონივრული, სტრატეგიული გზით.“ კლინტონის გზა კი არ ყოფილა გონივრული და სტრატეგიული. ამის მერე მან უხალისოდ დაიწყო საკუთარი მიდგომის შეცვლა, უკან დაიხია პოლიტიკური ბრძოლების პირველი რიგიდან, როგორც ზოგი მისი თანაშემწე ამბობს, თავის პლატფორმას უფრო სიმბოლურად იყენებდა და ყოველთვის არ ცდილობდა კონკრეტული შედეგების მიღწევას.

იმ წელს კლინტონმა წიგნის წერას მოჰკიდა ხელი. „ამას მთელი სოფელი სჭირდება“ (It Takes a Village) - ასე ერქვა წიგნს. თემა იყო ბავშვები და საზოგადოება. ვაშინგტონის ინსაიდერებს ამ წიგნთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჰილარის ერთი მარცხი დაამახსოვრდათ, როდესაც ჰილარიმ თანაავტორობისათვის მადლობა არ გადაუხადა ბარბარა ფაინმანს,

„საიმონ ენდ შუსტერის“ გამომცემლობის მიერ დაქირავებულ მწერალს. თუმცა რეალურად საქმის ვითარება ბევრად უფრო ჩახლართულია. სიმართლე ისაა, რომ ჰილარი სრულებითაც არ არის მაკიაველური მატყუარა; ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ სიფრთხილეს თვითსაბოტაჟამდე მიჰყავს. „საიმონ ენდ შუსტერის“ რედაქტორები შეშფოთდნენ, წიგნის პირველად ვერსიას რომ გაეცნენ. მიზეზი ფაინმანის ნაწერის ხარისხი გახლდათ. თუმცა ეს შეშფოთება არავისთვის გაუმხელიათ. ზაფხულისთვის ხელნაწერიც გამოჩნდა, მაგრამ კმაყოფილი არავინ დარჩენილა - არც გამომცემელი, არც კლინტონის თანაშემწენი და, რაც მთავარია, არც თავად ჰილარი კლინტონი. როდესაც ფაინმანი შვებულებაში გავიდა, კლინტონმა, „საიმონ ენდ შუსტერის“ რედაქტორმა და რამდენიმე მთავარმა თანაშემწემ თვითონ, ავტორის გარეშე, გააგრძელეს ამ წიგნზე მუშაობა (ფაინმანმა კონტრაქტის პირობები შეასრულა და გამომცემელს არასოდეს უთქვამს, რომ მისი ნაშრომი არადამაკმაყოფილებელი იყო). ნოემბერში „საიმონ ენდ შუსტერის“ რედაქტორმა სამი კვირა თეთრ სახლში გაატარა, ინტენსიურად მუშაობდა, თანაშემწეებისა და თავად კლინტონის დახმარებით ავრცობდა და სრულყოფდა მასალას. კლინტონმა, როგორც რედაქტორმა თქვა, ყვითელი რვეული გაავსო, „მრგვალი, სკოლის მოწაფის კალიგრაფიით“. შინაურ ატმოსფეროში კლინტონი სრულიად რელაქსირებული იყო. კაბინეტიდან სოლარიუმში გადი-გამოდიოდა, სპორტული შარვალი ეცვა, რედაქტორს მოფერებით „ბაიას“ ეძახდა. კლინტონის პიროვნება, როგორც რედაქტორი ამბობს, „გამამხნევებლად გამჭრიახი და ნათელია - მაგრამ ამის გამოხატვა მას არ შეუძლია.“

წიგნი 1996 წლის იანვარში გამოვიდა, მადლობების გვერდზე არავინ იყო ნახსენები. ამ ფაქტმა ფაინმანის ძლიერი მეგობრები „ვაშინგტონ პოსტიდან“ ჰილარისადმი მტრულად განაწყო. ჟურნალისტებმა გესლიანი სტატიები გამოაცხვეს, მათი ეჭვები გაამძაფრა კლინტონის განმარტებამ, რომ მან განგებ არ ჩამოთვალა სახელები, იმის შიშით, რომ ვინმე არ გამორჩენოდა. ჰილარის ტრიუმფალურ დაბრუნებას საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი დაბრკოლება შეექმნა. კლინტონების სხვადასხვა სკანდალებთან ერთად პრესამ კიდევ ერთი ამბავი შეთხზა და ყველაზე ცუდი რაკურსით გააშუქა. ჟურნალისტებმა საქმის ვითარება არასწორად გაიგეს, თითქოსდა ფაინმანმა დაწერა მთელი წიგნი, კლინტონმა კი მას საავტორო უფლება მოჰპარა. არადა, კლინტონმა წიგნის შექმნისა და გამოცემის მთელი ტვირთი თავის თავზე აიღო. ეს ეპიზოდი გვიჩვენებს, რომ ჰილარის ჩვევად ექცა, საკუთარ თავს თვითონვე დაუდოს ნაღმი, მაშინ, როცა შეუძლია ერთი ბეწო გულწრფელობითა და დიდსულოვნებით განმუხტოს სიტუაცია. ამ ტენდენციამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კვლავ არაერთხელ იჩინა თავი, როდესაც მისი კამპანია ობამას გამოწვევით მიღებულ შოკს გამოეხმაურა.

თეთრი სახლის მძიმე გაკვეთილებს უკვალოდ არ ჩაუვლია. სენატში ყოფნისას კლინტონმა ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანა და ბევრად უფრო უკეთესი პოლიტიკოსიც გახდა. საკანონმდებლო სფეროში ჰილარი კლინტონის მიღწევების დიდი ნაწილი (უმეტესწილად ეს იყო მაშინ, როცა კონგრესს რესპუბლიკელები განაგებდნენ), ზომიერი ხასიათისაა. რიჩარდ ჰოლბრუკმა გაიხსენა, რომ ფორტ დრამი, რომელიც ნიუ იორკში, ვოტერტაუნის გარეთ მდებარეობს, არათუ არ დაკეტილა, არამედ გაფართოვდა კიდეც მასობრივი დახურვების დროს: „მისთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, ამით ის ძალიან ამაყობს,“ - ამბობს ჰოლბრუკი. სენატის მთავარი წევრი, დემოკრატების წარმომადგენელი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, განმარტავს, რომ კლინტონის მხრიდან ნიუ იორკზე აქცენტის გადმოტანა აუცილებელი იყო თავის კოლეგებზე გამარჯვების მოსაპოვებლად: „მან აჩვენა, რომ მუშა ცხენია და არა საჩვენებელი ცხენი.“ კლინტონმა რესპუბლიკელები თავისი ქმრის ადმინისტრაციის ადრინდელ მტრებთან თანამშრომლობითაც განაცვიფრა. ეს მტრები იყვნენ: ლინდზი გრეჰემი სამხრეთ კაროლინადან, რომელიც თეთრი სახლის იმპიჩმენტის ხელმძღვანელი გახლდათ 1998 წელს და ტრენტ ლოტი მისისიპიდან, რომელმაც 2000 წელს ასეთი „იმედიანი“ ვარაუდიც გამოთქვა, სანამ კლინტონი პირველ დღეს სენატში გამოჩნდება, ალბათ მეხი დაეცემაო. ჰილარიმ სამხედროებიც გააოცა, როდესაც გახდა თავდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, როგორც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ნიუ იორკის პირველი წევრი.

კლინტონის კამპანიის ერთ-ერთმა წევრმა გამიმხილა, ობამას ერთი მოსმენაც კი არ მოუწვევია ევროპულ საკითხებზე სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ქვეკომიტეტისა, რომელსაც ის თავმჯდომარეობსო. იმის თქმა უნდოდა, რომ ობამა ჰილარისთან შედარებით ნაკლებ სერიოზული სენატორიაო. ფაქტობრივად, „ბოსტონ გლოუბის“ მიხედვით, ობამა თავმჯდომარეობდა მოსმენებს დანიშვნების შესახებ, ამაზე უფრო არსებითი არაფერი გაუკეთებია. სენატის ერთ-ერთმა წევრმა ობამას სერიოზულობის ეჭვქვეშ დაყენების საკითხი გააქარწყლა. მან პრეზიდენტობის კანდიდატი ასეთნაირად დაახასიათა: ღრმა და გონიერი, კომიტეტის კარგად მომზადებული წევრი, რომელიც კარგ კითხვებს სვამს და არასოდეს ცდილობს იაფფასიანი ქულების დაგროვებას. მისი სიტყვებით, ობამას შეუძლია საკითხის ყველა მხარე განჭვრიტოს, მაშინ როცა კლინტონის დასმა, მაგალითად, ირანის პრეზიდენტის - მაჰმუდ აჰმადინეჯადის მოლაპარაკების მაგიდასთან სახიფათო იქნებოდა.

სენატში კლინტონმა ხანგრძლივი გზა განვლო, სანამ, დიდი მუშაობის შედეგად, სკეპტიკოსებსა და ანტაგონისტებს გაანეიტრალებდა. ის იზიარებდა ზემდგომთა რჩევებს და აფრქვევდა თავის დაუფასებელ პიროვნულ შარმს. ამავდროულად, დემოკრატების ლიდერი სენატში ნაწილობრივ იმიტომაც გახდა, რომ გაიგო პრეზიდენტობის ძალა და საჭიროება იმისა, რომ ნებისმიერ დიდ კონფლიქტში საჭიროა აღმასრულებელ შტოსთან ყოვლისმომცველი სტრატეგიის გამოყენება. ასე მოიქცა ის, ნეერა ტანდენის თქმით, სოციალური დაცვის პრივატიზების თავიდან აცილებისათვის ბრძოლის დროს. სავარაუდოდ, მას შეუძლია საკუთარი ცოდნა კონგრესის შესახებ საკუთარ უპირატესობად აქციოს, თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდება.

„მისი სენატში ყოფნის პერიოდი მისი სწავლის პერიოდი იყო,“ - ამბობს ჰოლბრუკი - „რაღაცები რომ არ ესწავლა, როგორღა გახდებოდა ასე საგრძნობლად წარმატებული, ორპარტიული, ყოვლისმომცველი სენატორი, რომელიც თვით იმპიჩმენტის სულისჩამდგმელებთან თანამშრომლობასაც კი შეძლებდა?“ ჰოლბრუკის ქრონიკების მიხედვით, სენატის კარიერამ ასწავლა მას, როგორ უნდა მოეპოვებინა ძალაუფლება კონგრესში და თავისი ბიოგრაფიის შესაძლო ხარვეზებიც ამოავსო. ამის შედეგად ჰილარი უაღრესად გაწონასწორებული აღმოჩნდა პრეზიდენტობისათვის. „ეს მისი ამბის ჩემეული ხედვაა. ე.წ. რბილი საკითხები, სინამდვილეში სრულებითაც არ არის რბილი - ქალთა უფლებები, შიდსი, მიკროკრედიტი, გლობალური ჯანმრთელობა, უცხოეთის დახმარება - ეს ის საკითხებია, რომლებ შიც ჰილარი მაშინ დახელოვნდა, როდესაც პირველი ლედი გახლდათ. მისი კვალიფიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში კი სენატის შეიარაღებული სამსახურის კომიტეტის წევრად ყოფნის ხუთწლიან გამოცდილებას ეფუძნება,“ - ამბობს ჰოლბრუკი.

ჰილარის მიერ სენატში გატარებულ წლებზე სხვა მოსაზრებაც არსებობს. ამ განსხვავებულ მოსაზრებას იზიარებს რამდენიმე თანამოაზრე, რომლებიც კლინტონს, როგორც პოლიტიკოსს, ფრთხილად და ეჭვის თვალით უყურებენ: მათი აზრით, ჰილარიმ ძალიან კარგად შეისწავლა ოთხმოცდაათიანების ყველა გაკვეთილი და ისეთივე ფრთხილი ცენტრისტი გახდა, როგორც მისი ქმარი საარჩევნო დათმობების დროს. „მთავარი სიტყვა „სიფრთხილეა,“ - ამბობს რობერტ რაიხი. „არსებითად ბილ კლინტონის პროგრამა 1995 წლის დასაწყისში დასრულდა, როდესაც კონგრესში ძალაუფლება რესპუბლიკელებმა ჩაიგდეს ხელში. თეთრ სახლს ისღა დარჩენოდა, რომ რელევანტური ყოფილიყო და რესპუბლიკური კონგრესი გამოუვალ მდგომარეობაში მოემწყვდია. კლინტონის თანამოაზრეებმა გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ ჰილარის მთავარი სტრატეგოსი და საარჩევნო მკვლევარი იყო მარკ პენი, „მიკროტენდენციების“ ავტორი, რომლის სახელიც „ტრიანგულაციასთან“ არის დაკავშირებული - რაც პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეთა იდეების ცინიკურ შეთვისებას გულისხმობს. ჰილარის ზოგიერთ ქმედებას სენატში ოპორტუნიზმის ელფერი დაჰკრავდა. მაგალითად, 2005 წელს ჰილარი იყო თანადამფინანსებელი კანონპროექტისა, რომელიც დროშის დაწვას კანონსაწინააღმდეგო ქმედებად აცხადებდა. კლინტონის ხანგრძლივი და უკიდურესად სახალხო პოლიტიკური კარიერის ტვირთი ის გახლავთ, რომ მას თანაბრად შეიძლება დავაბრალოთ გადამეტებული სიფრთხილეც და გადამეტებული მცდელობაც. კლინტონის თანამოაზრემ ეს ამგვარად ჩამოუყალიბა კარლ ბერნშტაინს: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ნამდვილად მინდა ქალაქში ისევ ცირკი დაბრუნდეს.“

ნიუ ჰემფშირის პრაიმერიმდე ორი ღამით ადრე კლინტონმა 90 წუთით დააგვიანა შეხვედრაზე, რომელიც ჰემფტონში, ვინაკუნეტის ჰაი სქულში უნდა გამართულიყო. ენერგია სწრაფად დაიშრიტა. მუსიკალური ჩანაწერი Every Little Thing She Does Is Magic უკვე მესამედ თუ მეოთხედ ტრიალებდა. ექვსასამდე ადამიანი (ბევრად მეტი, ვიდრე აუდიტორიაში ეტეოდა) ფეხზე იდგა და ჰილარის ელოდებოდა. გასართობიც აღარაფერი დარჩა. კამპანიის მუშაკი, რომელიც ჰილარის მაისურებს გათამაშების შოუს მასპინძელივით არიგებდა, პუბლიკას უკვე ვეღარ ართობდა. კლინტონის აწყობილი მანქანა ლამის დაინგრა. „არცთუ ისე კარგია, როცა ნეიტრალურ პოზიციაზე დგახარ,“ - ჩაილაპარაკა ჩემ გვერდით მდგომმა მამაკაცმა.

71 წლის პატარა ტანის ქალი რუთ კინი, გრძელ ლურჯ ქურთუკში გამოწყობილი, გარშემომყოფებს ამშვიდებდა, სადაცაა გამოჩნდებაო. ვუთხარი, როგორ მითხრა ჯონ მაკკეინის თაუნ ჰოლის შეხვედრაზე ერთმა ექთანმა, კლინტონი ძუკნააო. შევეკითხე: რატომ არ უყვარს ასე ბევრ ხალხს და თანაც ასე ძალიან? რუთ კინიმ მიპასუხა: „მაგარი ქალია და იმიტომ. მეც ეგეთი ვარ და ამით ვამაყობ. ჩემს რამდენიმე მეგობართან მასზე ვერც კი ვლაპარაკობ, რადგან ვიცი, რომ ჩვენი მეგობრობა იქვე დასრულდება.“ რუთს ობამა მოსწონს - კარგი ტიპია, მაგრამ „რესპუბლიკელები მას დაღეჭავენ.“

როდესაც, ბოლოს და ბოლოს, კლინტონი გამოჩნდა, შავ კოსტიუმსა და ღია ვარდისფერ ბლუზაში გამოწყობილი, ხალხი მის გამოჩენას აღტაცებით შეეგება. დავაკვირდი და დავინახე, რომ დარბაზში მარტო ბევრი ქალი კი არა, პატარა გოგონებიც იყვნენ. ერთ გოგონას, რომელიც ჯერ ათიოდე წლისაც კი არ იქნებოდა, ეჭირა პლაკატი: ჰილარი 2008, სოფია 2040. „ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, - თქვა კლინტონმა. მას შემდეგ, რაც აიოვას პარტიის შეკრებაზე ობამასთან წააგო, მითხრა, ნიუ ჰემფშირი ან უნდა „გამეკეთებინა“ ან მოვმკვდარიყავიო. ალბათ ამიტომაც, თითქმის დაწყებისთანავე კითხვებისთვის სრული მზადყოფნა გამოაცხადა. ასეთი რამ ადრინდელი კამპანიების დროს იშვიათად თუ გაუკეთებია. ნებისმიერ შეკითხვაზე ინფორმირებული პასუხი ჰქონდა, ხშირად ამ პასუხს თან ერთვოდა მრავალასპექტიანი გეგმა: იმიგრაცია, ჯანდაცვა, გლობალური დათბობა, სტუდენტური სესხები, მცირე ბიზნესი, ცხოველთა უფლებები, კუბა. მთელი საათის განმავლობაში მისი ხმა ისმოდა ერთსა და იმავე ტონალობაში, ზომიერად ხმამაღალი, შეკითხვისდა მიუხედავად. მაშინაც კი, როცა სცენასთან ახლოს მდგომმა გოგონამ ჰკითხა, მესამე კლასი უფრო საინტერესო როგორ შეიძლება გახდესო, კლინტონმა უპასუხა: „ეს ნამდვილად ამაღელვებელიაო,“ - და გაიცინა. ის გოგონასაგან შეტრიალდა და ნახევარი წუთის განმავლობაში ამტკიცებდა: „ჩვენ ვცხოვრობთ ბევრად უფრო პერსონიფიცირებულ და ჩვენთვის უფრო მორგებულ სამყაროში, მაგრამ განათლება კვლავ ინდუსტრიულ მოდელს ეფუძნებაო.“

მომეჩვენა, რომ კლინტონი დემოკრატის ნაცნობი სახეა - გულწრფელი პოლიტიკური ნარკომანი, როგორ მაიკლ დუკაკისი, ელ გორი, ან ჯონ კერი. განსხვავება ისაა, რომ ამის მიღმა იმალება მკვლელის ინსტინქტი და მძაფრი ტემპერამენტი. ჩვენს საუბარში კლინტონი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ის არ ცდილობს რიტორიკითა და ემოციით შთაგონებას. „თქვენ ასევე შეგიძლიათ საქმით შთაგონება,“ - თქვა მან. „თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ დეტერმინაცია და სურვილი რთული არჩევანის გაკეთებისა, აჩვენოთ ხერხემალი და მხნეობა, რომ მშვიდად და ოსტატურად დაუპირისპირდეთ მტრობას. პრეზიდენტმა, არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაოდენ რიტორიკულად შთამაგონებელია, ჯერ კიდევ უნდა გამოაჩინოს ძალა და ეფექტურობა, როდესაც ყოველდღიურ საქმეს მოჰკიდებს ხელს, რადგან ხალხი ამაზე ამყარებს იმედს. ასე რომ, დიახ, სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სიტყვები საკმარისი არაა. უნდა იმოქმედო. ჩემი გამოცდილებით, ზოგჯერ ეს იმას ჰგავს, რომ ყოველდღე თითო ნაბიჯს დგამ წინ.“ მან გაიხსენა, როგორ ზრუნავდა გრაუნდ ზეროს მუშების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. „მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ როდესაც შუქი ქრება და მეხოტბენი წასული არიან, შენ ისევ უნდა წახვიდე ოვალურ ოფისში და იფიქრო ამ პრობლემების მოგვარების გზებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამის დელეგირებას და გადაბარებას ვეღარ შეძლებ. ეს თავად უნდა ამოხსნა.“

ნიუ ჰემფშირის კაფეტერიაში კლინტონმა ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება მაინცდამაინც ვერ მოახერხა; ვერ მოახერხა მაშინაც კი, როდესაც თანაგრძნობით უსმენდა ქალს, რომელიც საკუთარ გაჭირვებაზე ჰყვებოდა, ამბობდა, რომ ორი სამსახური აქვს და მაინც უჭირს ასთმის წამლების ყიდვა. როდესაც ერთმა მამაკაცმა განაცხადა, რომ თავზარდაცემულია სატელევიზიო დებატებში დემოკრატების მიერ გაკეთებული ესოდენ სუსტი განცხადებებით ტერორიზმის შესახებ, კლინტონმა მიახალა: „ვწუხვარ, რომ ამით თავზარდაცემული ბრძანდებით.“ ეს თქვა და განაგრძო. ვერ გარისკა, შეეშინდა, კონტროლი არ დაეკარგა, იმის მაგივრად, რომ დარბაზი აეყვანა იუმორით, მრისხანებით ან კამათით, ანდა სპონტანურად რაღაც ადამიანური გრძნობის გამოვლენით, რაც მისი თვისებაა, რაც მასთან პირისპირ შეხვედრებში ვლინდება ხოლმე და ყველას ძალიან მოსწონს. ზოგიერთები მანამდეც კი დაიშალნენ, სანამ ჰილარი გამოსვლას დაამთავრებდა.

მეორე დილას ობამას ლიბანში, საოპერო დარბაზში, ჰქონდა დაგეგმილი გამოსვლა. სცენა გიგანტური ვერტიკალური ბანერებით იყო შემოღობილი, ბანერებზე იკითხებოდა წარწერა: „იმედი“. სცენაზე მსუბუქი ნაბიჯით ავიდა, გზადაგზა ვიღაცებს ხელი ჩამოართვა და გადაეხვია. მისი ჟესტები მის სილაღეს გამოხატავდა.

„მე თქვენ გამო გადავწყვიტე, კენჭი ვიყარო პრეზიდენტობისათვის“, - მიმართა მან ხალხს, - „თქვენზე ვდებ ფსონს. ვფიქრობ, რომ ამერიკელი ხალხი გულწრფელი და კეთილშობილია და არც ისეთი დაქსაქსული, როგორც ამას ჩვენი პოლიტიკა მოაზრებს.“ მან გააქილიკა პასუხი „ვაშინგტონიდან“, თუმცა დარბაზში შეკრებილნი მიხვდნენ, რომ ობამას ირონიის ადრესატი კლინტონი იყო, რომელმაც ორი დღის წინ გამართულ დებატებში გააფრთხილა ხალხი „ფუჭი იმედების“ შესახებ. „არა, არა და არა! თქვენ ამას არ გააკეთებთ, ამის ნება არ გაქვთ. ობამა შეეცდება შთაგაგონოთ, მაგრამ სწორედ ეს არის პრობლემა - ობამას ვაშინგტონში საკმარისი დრო არ გაუტარებია. ცოტა ხანი კიდევ სჭირდება, რომ უფრო მეტად შეიბრაწოს და შეიკმაზოს. ჩვენ კი მისგან იმედი უნდა გამოვხადოთ, სანამ ის ჩვენნაირი არ გახდება - ამის მერე ის უკვე მზად იქნება.“ ასეთი იყო ობამას ირონიული გამოსვლა.

საოპერო დარბაზი სიცილით დაინგრა. „გვიყვარხართ,“ - დაიყვირა ვიღაც ქალმა.

„მეც მიყვარხართ,“ - შეიფერა ობამამ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოპოვებული თაყვანისცემა. „ეს ჩვენი დევიზი ცვლილებების შესახებ ძალიან გახმაურდა. ყველა ცვლილებაზე ლაპარაკობს. „მე ცვლილების მომხრე ვარ,“ „მომმართეთ ცვლილებების განსახორციელებლად“, „მეც ცვლილებების კაცი ვარ.“

პრაიმერის წინა დღე იყო. ობამამ თემის იმპროვიზაცია დაიწყო. მისი მანერები ძალიან ჰგავდა მარტინ ლუთერ კინგის მანერებს: „ერთ დღეში“. ყველაფერს შეეხო: ჯანდაცვას, სკოლებს, ხელფასებს, ერაყის თემას - ყველაფერს, რისკენაც კლინტონი მოუწოდებდა ამომრჩეველს. მაგრამ ეს იყო მუსიკა. მერე დამაგვირგვინებელი აკორდიც გაისმა: „თუ იცით, ვინ ხართ, ვისთვის იბრძვით, რა ღირებულებები გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ თავს ნება მისცეთ, ხელი გაუწოდოთ უფსკრულის პირას მყოფ ადამიანებს. თუ თქვენ დაიწყებთ შეთანხმებულად მოქმედებას, თქვენ შეძლებთ შემოიერთოთ ზოგიერთი ადამიანი, გადმოიბიროთ არა მხოლოდ დამოუკიდებელი მოქალაქეები, არამედ თვით ზოგიერთი რესპუბლიკელიც კი. თუ თქვენ გექნებათ ამომრჩეველთა ხმები, თქვენ მათ დაამარცხებთ და ამას გააკეთებთ ღიმილიანი სახეებით.“ ეს იყო კეთილგონიერების გამოწვევა, და, მიუხედავად ამისა, ობამამ ეს ისე გააკეთა, რომ მისი ნათქვამი სულისშემძვრელად ჟღერდა: „ფუჭი იმედები? ასეთი რამ არ არსებობს. ეს ქვეყანა იმედზე აშენდა, - ობამა ხმამაღლა მიმართავდა ხალხს, - ჩვენ არ გვჭირდება ლიდერები, რომლებიც მიგვითითებენ, თუ რისი გაკეთება არ შეგვიძლია - ჩვენ გვინდა ლიდერები, რომლებიც ჩვენ შთაგვაგონებენ. ერთნი ფიქრობენ იმაზე, თუ რა გვაიძულონ, სხვანი კი ფიქრობენ უსაზღვრო შესაძლებლობებზე.“ დროდადრო ობამა თითქოს ცდილობს, ისტორიას გაექცეს, საკუთარი თავი გამოჰყავს როგორც არხი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება რეალიზებულ იქნას ხალხის სწრაფვა ნაციონალური ტრანსფორმაციისაკენ.

ობამამ მხოლოდ ოცდახუთ წუთს ილაპარაკა. შეკითხვები არ ყოფილა. წინასწარ განსაზღვრული ჰქონდა, როგორ უნდა დაეტოვებინა აუდიტორია მაშინ, როდესაც ხალხის ემოციები პიკს მიაღწევდა - რომ აუდიტორიას კიდევ უფრო მეტის მოსმენის სურვილი გასჩენოდა. ობამა უკვე ამთავრებდა თავის სიტყვას, გარეთ რომ გავედი და დავინახე, როგორ იდგა ხუთასი კაცი ტროტუარზე და ოპერის სახლის შესასვლელ კიბეებზე და მდუმარედ უსმენდა მის უკანასკნელ სიტყვებს, თითქოსდა დინამიკიდან ისმოდა ცნობა წყნარ ოკეანეში გამარჯვების შესახებ. იმ წუთებში მისი ნათქვამიდან ვერაფერი გავიხსენე, მისი სიტყვები წმინდა შეგრძნების დონეზე გაიფანტა და ეს შეგრძნება რამდენიმე დღის მანძილზე გამყვა თან.

1992 წლის ივნისში, როდესაც ბილ კლინტონი მესამედ იბრძოდა პრეზიდენტობისთვის ჯორჯ ბუშისა და როს პეროტის მხარდამხარ, მისი მრჩევლები პრობლემის წინაშე დადგნენ: მათ უნდა მოეხერხებინათ, რომ კლინტონის ხასიათსა და ბიოგრაფიას, რომელსაც მანამდე ხალხი ოქსფორდთან, იელთან, ქალებთან, თაღლითობასა და მარიხუანასთან აკავშირებდა, საშუალო კლასის პატივისცემა გამოეწვია და, შესაბამისად, კლინტონს მისი მხარდაჭერაც მოეპოვებინა. „მანჰეტენის პროექტს“ ქვეყნისთვის უნდა გაეცნო კლინტონის პიროვნება - დანგრეული ოჯახისა და მძიმე ბავშვობის ნაყოფი, უაღრესად შრომისმოყვარე ადამიანი. სწორედ ეს პროექტი დაეხმარა მას ქვეყნის სათავეში მოსვლაში. პროექტის კულმინაცია გახლდათ ძალიან წარმატებული სააგიტაციო ფილმი, რომელიც დემოკრატთა კონვენციაზე აჩვენეს ნიუ იორკში - „კაცი იმედიდან“.

„ჰილარი კლინტონსაც რაღაც დაახლოებით ასეთი რამ სჭირდება, - ამბობს დი დი მაიერსი, რომელიც „მანჰეტენის პროექტზე“ მუშაობდა, - ძალიან ხშირად მხოლოდ ამბიციას ვხედავთ.“

ამბიცია, რა თქმა უნდა, გავრცელებულია პოლიტიკოსებში. „პოლიტიკა ყოველთვის გულისხმობდა საკუთარი თავის წარმოჩენას, - ამბობს რიჩარდ ჰოლბრუკი, - საკითხი ასე ისმის: მიზნობრივადაა გამოყენებული თუ არა ეს ამბიცია? მას დასახული აქვს ამოცანები, რომლებიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო მიზნის მიღწევას, მას ეს მკაფიოდ აქვს გამოკვეთილი და ცდილობს ყველაფერი სააშკარაოზე გამოფინოს.“

ეს შეიძლება მედიის ბრალი იყოს, შეიძლება - ამომრჩევლებისა, მაგრამ, ასეა თუ ისე, ამერიკული პოლიტიკა რაღაც უფრო მეტს ითხოვს. ჰემფტონში კლინტონის გამოსვლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, თვალს ვადევნებდი ჯონ მაკკეინის ოსტატურ პრეზენტაციას სეილემში, საშუალო სკოლის სავარჯიშო დარბაზში. დარბაზი გადატენილი იყო, აქ ბევრი იყო სკეპტიკოსიც და დამოუკიდებელი პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირიც. იმ საღამოს მაკკეინი გონებამახვილი, მებრძოლი, ზომიერი და პირდაპირი იყო, მაშინაც კი, როცა თითქმის ყველა საკითხში რესპუბლიკელთა ორთოდოქსულ რიტორიკას მისდევდა. კლინტონისგან განსხვავებით, ის ახერხებდა, კითხვის დამსმელები ხანგრძლივ კამათში ჩაეთრია, რაც იმის მაჩვენებელი გახლდათ, რომ მას შესწევდა ძალა, საპირისპირო აზრი თავაზიანი ფორმით გამოეხატა. იმ საღამოს კლინტონს რომ მოვუსმინე, ვიფიქრე, ალბათ, ძალიან გაუჭირდება ნოემბერში მაკკეინის დამარცხება.

„მე იმაზე მეტად ვარ თავშეკავებული, ვიდრე ხალხს ჰგონია, ვიდრე ეს დაშვებულია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც განუწყვეტლივ საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან, განსაკუთრებით იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ვფიქრობ, მსოფლიო მხოლოდ ახლა იწყებს იმის აღიარებას, რომ ლიდერი მამაკაცების გვერდით ლიდერი ქალებიც უნდა დაიშვებოდნენ, იმავე დონეზე და იმავე სტილით, - მითხრა კლინტონმა და გააგრძელა, - დიდი ინტერესით ვუყურებდით ანგელა მერკელის არჩევნებს გერმანიის პირველ ქალ კანცლერად. ბევრი რამ, რაც მის შესახებ ითქვა, ძალიან ნაცნობია ჩემთვის.“ კლინტონმა გაიცინა. ჰილარის მტკიცება, რომ ქალი შეიძლება ღირსეული მთავარსარდალი იყოს, უკვე კარგა ხანია მისთვის გრძნობების მოთოკვის მიზეზი გახდა. „ამის მიმართ განაკუთრებით მგრძნობიარე არ ვყოფილვარ, - დასძინა მან, - ჩემი მეგობრები, ამომრჩევლები ამბობდნენ: კარგი, ახლა პიროვნულ თვისებებსაც შევხედავთ. ნოემბერდეკემბრიდან მოყოლებული ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, შენს ამბავს ძალიან კარგად არ ჰყვებიო.“

ნიუ ჰემფშირის პრაიმერიმდე ერთი დღით ადრე კლინტონი საარჩევნო კამპანიას ატარებდა. ღამე სულ რაღაც სამი საათი ეძინა. ის პორთსმუთში, ყავის სახლში, ესაუბრებოდა ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ ვერ გადაეწყვიტა საკუთარი არჩევანი. თვალცრემლიანი ჰილარი ხალხს უამბობდა, თუ როგორი რთულია ეს კამპანია და როგორ შეუძლია მას ადამიანის სრულიად გამოფიტვა: „ეს არ არის ადვილი, და მე ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი, მძაფრად რომ არ მწამდეს, რომ სწორედ ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთო. ხომ გესმით?.. უბრალოდ არ მინდა, რომ უკან, უარესობისკენ დავბრუნდეთ.“ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ამ გულწრფელ მომენტს თბილად შეეგება. როგორც მაიერსმა აღნიშნა: „ნიუ ჰემფშირში ნაპერწკალი გაჩნდა - რომ მას კიდევ ერთი მიზეზი ამოძრავებს, და ეს ხალხის დახმარების სურვილია.“ „მას შემდეგ, - ამბობს მაიერსი, - კლინტონმა შეცდომა დაუშვა - ის უამბობს ხალხს, თუ რას გრძნობს, მაგრამ არ გამოხატავს. ლას ვეგასის დებატების დროს ჰილარიმ სცადა, ეჩვენებინა, რომ სოციალური ცვლილებისაკენაა მოწოდებული, მაგრამ ამის დემონსტრირებას ის საკუთარ თავზე და არა იმ ხალხზე ლაპარაკით ცდილობდა, რომლის დახმარებაც სურს: „ეს ნამდვილად ჩემი ცხოვრების საქმეა. ეს არის ის რაღაც, რაც ჩემი გამოცდილებიდან მოდის - ჩემს ოჯახშიც და ჩემს ეკლესიაშიც, სადაც, როგორც იცით, კურთხევა მაქვს მიღებული.“ ჰილარის პასუხში გამოსჭვიოდა ის უხერხულობა, რასაც მისი ცხოვრებისეული ჩვევა ედო საფუძვლად - ჩვევა თვითგამოხატვის მაგივრად საკუთარი თავის დამალვისა და ტკივილის გამჟღავნების ნაცვლად სიმტკიცის დემონსტრირებისა. ცოტა არ იყოს საწყენი და მტკივნეულია, რომ 61 წლის ეს უაღრესად სრულყოფილი და ძლიერი ქალბატონი იძულებული გახდა, საკუთარი დედა და ქალიშვილი მოეყვანა აიოვას პარტიის შეკრების ე.წ. „თავის მოსაწონებელ ტურზე“ და, როგორც თავად აღნიშნა, საკუთარი ხმა მხოლოდ იმ ღამით იპოვა, როდესაც ნიუ ჰემფშირში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა.

„ჰილარიმ ორი რამ უნდა დაუკავშიროს ერთმანეთს,“ - ამბობს მაიერსი, - „რა აქვს მას გულში და რისი გაკეთება სურს და რატომ. ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ვიფიქროთ, რომ ის კარგი პრეზიდენტი იქნება. მან იცის, რისი გაკეთება უნდა, მას კარგად ესმის პროცესის არსი, მან გამოამჟღავნა კონგრესთან მუშაობის უნარი... მაგრამ პრეზიდენტობა არც ასეთი ძლევამოსილი არ არის, ძალისმიერ ტრიბუნას თუ არ ჩავთვლით. პრეზიდენტობა შენს უნარზეა დამოკიდებული, უნდა შეგეძლოს, ხალხი აიყოლიო, შთააგონო. შენ უნდა გაუძღვე მას. შეძლებს ჰილარი ხალხის გაერთიანებას, თუ მისი ფიგურა ისევ საზოგადოების დაყოფას გამოიწვევს? აი, ამას მიეძღვნება მთელი კამპანია.“ სხვაგვარად რომ ვთქვათ, საპრეზიდენტო გამარჯვების მოსაპოვებლად ჰილარი კლინტონი შესაძლოა იძულებული გახდეს, საკუთარ წარსულს გადააბიჯოს.

12 ამერიკა ერთ ოთახში

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: ნინო ძანძავა
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, დავით კანდელაკის პირადი არქივი

0x01 graphic

ხალხს ნელ-ნელა მიავიწყდა ეს ბიჭი. მინდოდა, შემეხსენებინა. როგორ უნდა გამეკეთებინა ეს? კარდაკარ სიარული და ხელმოწერების შეგროვება უკვე მოძველდა. ბოლოს, გადავწყვიტე, ფილმი გადამეღო, რომელიც გაახსენებს ხალხს, რომ ეს ბიჭი გადაგდებულია.

დავით კანდელაკი

ინფორმაცია პატიმარზე

პატიმრის ნომერი……………………………………..94A7438
პატიმრის სახელი…………………………………….გეგეჭკორი ნიკოლაი
სქესი……………………………………………………მამრობითი
დაბადების თარიღი…………………………………..04/03/1956
რასა/ეთნოსი……………………………………………თეთრი
საპატიმროს დასახელება……………………………..სინგ სინგ
დაპატიმრების თარიღი………………………………11/01/1994
სასამართლოს დასახელება…………………………..ქინგს
დანაშაული…………………………………………….მე-2 ხარისხის მკვლელობა
პატიმრობის მინიმალური ვადა…………………….23 წელი, 00 თვე, 00 დღე
პატიმრობის მაქსიმალური ვადა……………………სამუდამო
პატიმრობის დასრულების უახლოესი თარიღი…..01/06/2017
საქმის მოსმენის თარიღი……………………………..11/2016
პატიმრობის მაქსიმალური ვადა…………………….სამუდამო

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

კოკა (ნიკოლოზ გეგეჭკორი) უკვე 14 წელია, ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში სასჯელს იხდის იმ მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. 90-იანი წლების დასაწყისში, იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. დოკუმენტურ ფილმში, რომლის პრემიერა 2007 წლის დეკემბერში თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, რეჟისორი დავით კანდელაკი მაყურებელს, კრიმინალური ისტორიის გამოძიების ნაცვლად, ერთი ადამიანის ისტორიას წარმოუდგენს, როგორც მთელი ეპოქის პორტრეტს.

- თავიდან ფილმზე არ ვფიქრობდი. ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი კოკას. ჯერ ხელმოწერებს ვაგროვებდი, მთავრობაში დავდიოდი. შევარდნაძის გარდა, ყველასთან ვარ ნამყოფი.

2006 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში დოკუმენტური ფილმების პროექტებზე კონკურსი გამოცხადდა. შევიტანე პროექტი - „ამერიკა ერთ ოთახში“, მაგრამ კონკურსში ვერ გავიმარჯვე. დაფინანსება მაშინ სხვა პროექტმა მიიღო.

ბოლოს, კოტე ჩლაიძის და ლევან კოღუაშვილის მხარდაჭერით, 8 000 დოლარი მაინც მივიღე. სულ არაფერს ვარჩიე, ეს ფული მაინც გამომეყენებინა და კოკას სანახავად წავსულიყავი. მარტო წავედი, კამერის ჩასადები ჩანთის დამჭერიც არავინ მყავდა. თვითონ ვიღებდი. ჩანთას რომ დავდებდი, იმ წუთასვე სხვადასხვა მხრიდან პოლიციელები მოდიოდნენ. ტერორიზმის გამო ჩანთის დატოვება დიდი პრობლემაა. ჩანთიანად ხომ ვერ გადავიღებდი? ციხესთან და ბიუროკრატიასთან ურთიერთობაც საშინელებაა. კოკას თვეში მხოლოდ ოთხჯერ დარეკვის უფლებას აძლევდნენ. ასეთი სიხშირის რეჟიმში მოხვდა და ვეღარ შეცვლიდნენ. როგორ არ ვთხოვე ადმინისტრაციას. ბოლოს, ერთი იქაური ქალბატონის ცრემლმმა გაჭრა და ბოლო თვეში, ექვსჯერ დაარეკინეს.

ყოველ ჯერზე ციხეში შესვლა, გამოსვლა და კოკასთან დაშორება უმძიმესი იყო. როდესაც შეხვედრის დამთავრების შესახებ აცხადებდნენ, საშინლად იძაბებოდა. ის თავის საკანში ბრუნდებოდა, მე კიდევ გამოვდიოდი ამ ციხიდან. ფეხებს ძლივს მოვათრევდი. დიდი ნერვიული სტრესი იყო ჩემთვის.

სულ ხუთი თვე დავრჩი ამერიკაში. ძალიან დიდი წვალება გამოვიარე. ქუჩებში გადაღება არ შეიძლება. შედარებით პატარა კამერა წავიღე, და ვამბობდი, მოგზაური ვარ-მეთქი. სანამ იმის გამოძიება დაიწყებოდა, თუ რას ვიღებდი და რატომ ვიღებდი, მანამდე რასაც მოვასწრებდი, სულ ეგ იყო. ერთხელ, როდესაც მატარებლის სადგურზე შემოსვლას ვიღებდი, პოლიციელმა გამაჩერა და მომთხოვა, მეჩვენებინა რას ვიღებდი. ვკითხე, ჯაზი თუ უყვარდა და დიუკ ელინგტონის შესახებ თუ სმენია. დამეთანხმა. მერე ვკითხე, ელინგტონს ასეთი კომპოზიცია აქვს თაკე The A Train, გსმენიათ-მეთქი? კიო, როგორ არაო. შევატყვე, რომ ეგ უკვე ნაღდად არ იცოდა…... ჩავახედე კამერაში და მოდის A მატარებელი. გაუხარდა, რომ საქმე გახსნა. გამიღიმა და მითხრა - გასაგებია, ახლა წახვალ შენს სამშობლოში და იტყვი - მატარებელი მაქვს ნანახიო...

მარტო კინოს გადაღება იქ ძალიან ძნელია. ერთი ჩემი ამხანაგი დამცინოდა, თამაშობო, როგორ უნდა გადაიღო მარტომ კინოო.

ერთი პოეტის ნათქვამია - каждый пишет, как он дышет. იმის თქმა მინდა, რომ რამდენი ადამიანიც გაიხედავს ფანჯარაში, იმდენ სხვადასხვა რამეს დაინახავს და სხვადასხვა დროს მოსცილდება მას.

დავით კანდელაკი თვლის, რომ ნებისმიერს შეუძლია აიღოს კამერა და გადაიღოს, რაზეც ფიქრობს, რასაც გრძნობს. მას სჯერა, რომ ადამიანი მალე კინემატოგრაფშიც გახდება ისეთივე თავისუფალი და შეუზღუდავი, როგორც მწერლობაში და მხატვრობაშია. მისთვის დოკუმენტური კინო უფრო ნაღდია. თუმცა, ბავშვობიდან უყვარს ჩაპლინი, რომელიც ყველაფერს დგამს, ყველაფერს იგონებს. თვითონ მხატვრული ფილმები არასდროს გადაუღია, არც სურვილი აქვს და გულწრფელად ამბობს, რომ მსახიობებთან ურთიერთობა არ იცის. პირველი პროფესიით ის არქიტექტორია.

- მე და კოკა ერთ პერიოდში ვსწავლობდით სამხატვრო აკადემიაში - არქიტექტურის ფაკულტეტზე. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც საღეჭ რეზინასაც და ამერიკულ სიგარეტსაც, როგორც დღეს ნარკოტიკებს ყიდულობენ, ისე ვყიდულობდით - არალეგალურად. საბჭოთა დროს არაფერი იშოვებოდა. განსაკუთრებით, დასავლური. კოკა ძალიან ნიჭიერი კაცია და მოდური შარვლის შეკერვასაც თვითონ ახერხებდა. ერთხელ მეც შემიკერა შარვალი. სამხატვრო აკადემია მაშინ საქართველოში ყველაზე თავისუფალი და ლიბერალური სივრცე იყო. მოხატული კაფე გვქონდა, სადაც, სრულიად განსხვავებული ადამიანები იკრიბებოდნენ. იქ რომ შედიოდი, თითქოს საბჭოთა კავშირში აღარც იყავი. გარემოსგან განსხვავებული სივრცე იყო. ძნელია, მხატვრები ჩარჩოში ჩასვა. კომუნისტებმა არ იცოდნენ, როგორ გაეკეთებინათ ეგ. თუმცა, შეეძლოთ ნამუშევარი ჩამოეხიათ, დიპლომში ნიშანს არ დაგიწერდნენ, თუ მათთვის უჩვეულო რამეს გააკეთებდი. სტუდენტების მართვა მაინც არ იცოდნენ. აკადემიის დასრულების შემდეგ ეს უფრო იოლი ხდებოდა, მაგრამ სტუდენტების მოთვინიერება უჭირდათ.

ილუზიები აკადემიასთან ერთად დამთავრდა, როცა საპროექტოში დავიწყე მუშაობა. იქ ასეთი ამოცანა გვქონდა - მარნეულისკენ იაპონელებთან ერთად ახალი პნევმოტრასა უნდა გაეყვანათ. იაპონიის დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო და ტერიტორია დაეთვალიერებინათ. მაგრამ გარშემო საშინელი პეიზაჟი იშლებოდა. ამიტომ, გადაწყდა გაეშენებინათ ის, რასაც потёмкинская деревня ჰქვია, სოფლის დეკორაციები უნდა აგვეგო - ცარიელი ტყუილი. მუშაობა არავის უნდოდა. თანამშრომელი ქალები თავიანთ სახლებში ხინკალზე გვეპატიჟებოდნენ. შემდეგ სამსახურში დაიწყეს ჭურჭლის მოტანა. კარადები გაივსო და სამზარეულო, საპროექტოს ხარჯზე, ნელ-ნელა გადიდდა. ბოლოს იქვე შეუდგნენ ხინკლის მზადებას. არ ვიცოდით, რა გვეკეთებინა. ბრეჟნევის პერიოდი იყო - ზასტოის ხანა. შემდეგ ანდროპოვის ეპოქა მოვიდა. სამსახურიდან გასვლისას ახსნა-განმარტებითი ბარათები უნდა გვეწერა იმის შესახებ, თუ სად გავდიოდით და უკან როდის დავბრუნდებოდით. ერთხელ, მახსოვს, ხანდაზმული კაცი ლიფტში საკუთარ თავთან გადიოდა რეპეტიციას თუ რა უნდა ეთქვა „ვახტიორისთვის“: „მივდივარ აქ, რომ მკითხოს რისთვის? ვეტყვი: ამისთვის“ და ა.შ.

იქ დარჩენა გაუსაძლისი გახდა. მოგვიანებით, ამ სიტუაციისგან კრიმინალებმა გადაგვარჩინეს. სამუშაო საათებში „ლაღიძის წყლებში“ მილიციონერებად გადაცმულები შევიდნენ, იქ მყოფები დატუქსეს და ყველანი ვითომ შესამოწმებლად ქალაქგარეთ გასაძარცვად წაიყვანეს...

მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურა ძალიან მიყვარს, კინოსტუდიაში გადავწყვიტე მუშაობის გაგრძელება, იქ, სადაც შედარებით არანორმირებული სამუშაო დღე იყო. თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, საოპერატორო ფაკულტეტზე. ლევან პაატაშვილის სახელოსნოში მოვხვდი. ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ დოკუმენტური ფილმების დამოუკიდებლად გადაღება შემძლებოდა.

ფილმში ამერიკა ერთ ოთახში დრო მუდმივად ფიგურირებს, როგორც ფიზიკური და მატერიალური, ისე არამატერიალური სახით. დროის დაკარგული შეგრძნება; სატელეფონო საუბრებისთვის და ციხეში პირადი შეხვედრებისთვის გამოყოფილი დრო; დრო, რომელიც რჩება; განვლილი დროის რეკონსტრუირება იმ ადგილების გადაღებით, სადაც მკვლელობის ისტორია განვითარდა; სტუდენტობისას ამერიკის ხმის ტალღაზე უილის ქონოვერის გადაცემის ჯაზის საათი დაწყების დრო - ღამის თერთმეტის-ნახევარი: ჯონ კოლტრეინი, მაილზ დევისი, მილ ჯექსონი, ჯო პასი, ბილ ევანსი.. ილუზიების დრო და ახალი, ამერიკის მიწაზე დაშვების დრო.

- „ამერიკის ხმას“ ვუსმენდით და ჟურნალ „ამერიკას“ ვკითხულობდით, რომელიც მინისტრთა საბჭოში რიგდებოდა და ძალიან ძნელად იშოვებოდა, პატარა ჭუჭრუტანაში გახედვის საშუალებას გვაძლევდა. ბუნებრივია, ბევრ რამეს დამახინჯებულად ვხედავდით. უფრო იდეალური წარმოდგენა გვქონდა დასავლეთზე, ვიდრე რეალურად იყო. ჩაკეტილ სივრცეში რომ ხარ, გეჩვენება, თითქოს, გარეთ ყველაფერი ლამაზია. ჯაზი, ბიტნიკები, ჰიპები და ვუდსტოკი სუფთა ჰაერი იყო. არქიტექტურა, რომელსაც ჟურნალებში ვხედავდით, იმაზე უფრო მაგარია, ვიდრე ფურცლებზე. საოცრებაა პირველად რომ ნახავ. პირველი შთაბეჭდილება შოკისმომგვრელია, სუნთქვა შემეკრა. თვითონ ქვეყანა კი ძალიან რუტინულია. ჯერ ერთი დარბიან, ამას ვერ შევეგუე. ადრე მხოლოდ თავისუფლება გვაინტერესებდა. სოციალურ პრობლემებზე, ფულის გულისთვის ბრძოლაზე ნაკლებად ვფიქრობდით. ხომ გვგონია აქ, იქ დარდიმანდი ტიპები არ არსებობენ, რომლებიც დღეს ფულს მთლიანად დახარჯავენ და ხვალ არაფერი აქვთ. არადა, არსებობენ თურმე. არიან ადამიანები, რომლებიც ამ რუტინას ეწინააღმდეგებიან. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მითი დაინგრა ჩემთვის. უბრალოდ, არ მეგონა თუ სასამართლო ესე ადვილად იმეტებდა ადამიანს. და ადვოკატს ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა. ადამიანის ცხოვრება ფაქტობრივად გადახაზულია. ელემენტარულად, ექსპერტიზა არ ჩატარებულა. თორემ ის, ცხადია, რომ ამერიკა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. მე ვკითხე კოკას, რა არ დაგვხვდა ისეთი ამ ქვეყანაში, რაც ჩვენ გვეგონა, რომ იყო-მეთქი. მიპასუხა - ჩვენ რომ წარმოგვედგინა, ეგეთი ქვეყანა სინამდვილეში არ არსებობს დედამიწის ზურგზე. ჩვენ თვითონ მოვიგონეთ ეგეთი ამერიკაო.

საქართველოში უყვართ ცალკეული ერების განხილვა როგორც ერთიანი, მონოლითური მასისა, რომელიც განუყოფელია შეხედულებებსა და მსოფლაღქმაში. პასუხი ფულთან დასავლური საზოგადოების მიმართების სტერეოტიპის აბსურდულობაზე კატალინას არსებობაა. კატალინა კოკას ფრანგი მეუღლეა. კოკას დაპატიმრებამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ამ ქალბატონმა არა მხოლოდ მორალური, არამედ, მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება გაუწია მას. უკვე რამდენიმე წელიწადია პარიზიდან ნიუ-იორკ-ში გადასახლდა. კოკაზე რვა წლის წინ იქორწინა, როდესაც უკვე პატიმრობის ვადას იხდიდა. პირველი ხუთი წელიწადი კოკა სხვადასხვა ციხეში იხდიდა სასჯელს, ქორწინებამ კი, მას მეუღლის საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე ან იმავე შტატის ციხეში სტაბილურად ყოფნის საშუალება მისცა.

0x01 graphic

სამხატვრო აკადემია, 1973

0x01 graphic

სამხატვრო აკადემიის ბაზა, ახალქალაქი, 1973

- ჩვენში რატომღაც, ჰგონიათ, რომ ფრანგები ძუნწები არიან. არც ერთ ქართველს არ გაუკეთებია ის, რაც კატალინამ გააკეთა, თავი შეწირა კოკას, შანსი იმისა, რომ გარეთ გამოეყვანა, თავიდანვე ძალიან მცირე იყო, მაგრამ, საქმეს ხელი რომ მოკიდა, აღარ გაუშვა, აღარ მიატოვა. ასე გაიარა თხუთმეტმა წელმა. კატალინას უკვე თორმეტი წელიწადია ვიცნობ. პარიზში ვიყავი მასთან, ვნახე, როგორ ცხოვრობდა, რანაირად ჰქონდა საქმე აწყობილი. ფოტოგრაფია და საუკეთესო ჟურნალებთან თანამშრომლობდა. ოჯახიც შეძლებული ჰყავს. მიატოვა ეს ყველაფერი და ნიუ-იორკში გადასახლდა. ახლა კი ხანდახან, დღეში ერთ ნაყინს ჭამს. ალალბედზე ცხოვრობს, ძალიან ამაღელვებელი ისტორიაა, კინოში მოგონილი კი არაა, ნამდვილი, მართალი ისტორიაა. ერთხელ კაფეში ვიყავით, დაფლეთილტანსაცმლიანი კაცი შემოვიდა, რომელსაც სისხლი სდიოდა. კატალინამ იცნო, ისიც გრინვიჩ ვილიჯში ცხოვრობს, დაუძახა, სისხლი მოუწმინდა, მე კინაღამ გული ამერია ისეთი სუნი უდიოდა იმ ტიპს. საოცარი ადამიანია. ჩემთვის კატალინა ძალიან დიდი სტიმულია.

ეპიზოდი - თვალები

0x01 graphic

ის, რაც საბჭოთა კავშირში დავტოვეთ, თითქოს ამერიკაში დამხვდა. ტოტალური კონტროლი, თვალთვალი და შიში.

სამწუხაროდ, მან, ვისაც უნდოდა დასავლეთში თავისუფლების შეზღუდვა, ნაწილობრივ, მიაღწია მიზანს.

კაფეში საჭმელი ავიღე, მაგრამ წყალი დამავიწყდა. დავტოვე მაგიდასთან საჭმელი და ჩანთა და მაქსიმუმ 2 წუთში მოვბრუნდი. ვხედავ, ორ მსუქან ქალს აუღია თავიანთი თეფშები და გარბიან.

რომ დამინახეს, ისე გაუხარდათ, უკან მობრუნდნენ და სიხარულის თუ შიშის ცრემლებით მეუბნებიან: Thank youthanks god წარმოიდგინეთ, ყოველდღე ასეთი შიშის ქვეშ ცხოვრება, ეს ყველაფერი ჩვენ საბჭოთა კავშირში გავიარეთ, თუმცა, ამან იმ ქვეყანას ვერ უშველა.

0x01 graphic

თუ დაინახავ რამეს, თქვი რამე, ნიუ-იორკში გავრცელებული პლაკატი

ეპიზოდი - 1

კოკა ყვება: ბავშვობაში ბებია მზრდიდა და საკმაოდ მკაცრად. მასწავლიდა ეტიკეტს, სწორად ჯდომას სუფრასთან, მიკერავდა სპეციალურად ჩემთვის განკუთვნილ ტანსაცმელს, რომელიც ახლა, აქ ამერიკაში ძალიან ძვირფასად ითვლება, ჰქვია - taylored.

გვერდზე აივანზე მოხუც კაცს ძალიან ლამაზი დანა ჰქონდა. თავი ვერ შევიკავე და მოვპარე. რა თქმა უნდა, ეს მალე გაირკვა. ბებიამ ხელი უხმოდ მომკიდა, პარიკმახერთან წამიყვანა და თავი გადააპარსინა. უკან წამოსვლისას მითხრა: ესე ივლი, მთელ ცხოვრებას კატორღაში გაატარებო... Jinx წყევლას, დათარსვას, გათვლას ნიშნავს.

მერე, როგორც კი დამოუკიდებლობა იგრძნო, ეგრევე თმა მოუშვა. იმ დროს ეს იკრძალებოდა და მილიციას შეეძლო ძალით გადაეპარსა თმა, განსაკუთრებით, პლეხანოვის მილიცია აქტიურობდა. ამიტომ, კოკა, როცა პლეხანოვისკენ გვიწევდა წასვლა, ყოველთვის რაღაცას იმიზეზებდა და არ მოდიოდა.

ეპიზოდი - 2

0x01 graphic

იძულებული გახდა, თბილისიდან გაქცეულიყო. მაშინ ამერიკის საელჩო მარტო მოსკოვში იყო. ამიტომ, ჯერ მოსკოვში ჩავიდა. იქ ზურა წერეთელი დაეხმარა მოწვევის მიღებაში, მაგრამ საელჩოში უარი უთხრეს. ამოხია პასპორტიდან ის ფურცელი, სადაც ეს აღნიშნული იყო და ერთ კვირაში ისევ მივიდა საელჩოში. იქ, რა თქმა უნდა, უთხრეს, ჩვენი მოტყუება ესე ადვილი არ არის, ყმაწვილოო…..

მაგრამ ამის მერე საოცრება მოხდა.

კოკა ყვება: ვწევარ ნომერში, სასტუმრო Россия-ში და უცებ, ჩემ ნომერში ვიღაც შემოდის. ისე ვწევარ, რომ სახეს ვერ ვხედავ. ის კაციც ხვდება, რომ შეცდა და მეუბნება извините, ошибсья. ხმაზე ვიცანი, ქართველია. მოვტრიალდი და ვხედავ - ტუკიაა. მეკითხება, რას შვრები? ვუყვები, რომ საელჩო ამერიკაში არ მიშვებს. ის მეუბნება, მე კი მიშვებენ, მაგრამ ვიღაც აფერისტმა მთელი ჯგუფის ფული წაიღო და აორთქლდა, ამიტომ, მეც ვერ მივდივარო. მოკლედ, მე მაქვს ფული, მაგრამ არა მაქვს პასპორტი, ტუკიას აქვს პასპორტი, მაგრამ არა აქვს ფული.

- ტუკი, მომცემ პასპორტს?

არც დაფიქრებულა, ეგრევე მომცა, თან მასწავლა, ჩეკისტების ერთ-ერთი მთავარი დაკვირვების წერტილი არის ყურები, ამიტომ, როგორმე ჩემ ყურებს უნდა დაამსგავსო შენიო.

წავედი, ვიყიდე სათვალე, მოვღუნე ისე, რომ ყურები ტუკიასავით მქონოდაისე მტკიოდა მერე ყურები, ვიფიქრე, აღარ მინდა ამერიკა

საბოლოოდ კაგებეც და ფებეერიც გავაცურე. ასე აღმოვჩნდი ნიუ-იორკში ტუკიას პასპორტით.

კატალინამ მემკვიდრეობით მიღებული ძვირფასი ნივთები გაყიდა და საკუთარი ოჯახის ადვოკატი მიიწვია. მაგრამ საქმე განხილვამდე არ მივიდა. ადვოკატმა განაცხადა: ეს კაცი თევზია, არაფერს ამბობს და ფულს ტყუილად ხარჯავ, არც არაფერს იტყვის.

ფილმის ყურებისას მაყურებელიც ხვდება, რომ დანაშაულის ისტორია მისთვის ბოლომდე ბუნდოვანი რჩება. მას მხოლოდ რამდენიმე მინიშნება აჩვენებს, რომ ციხეში უდანაშაულო ადამიანი ზის და რომ მან იცის, ვინ შეიძლება იყოს ნამდვილი მკვლელი.

- კრიმინალურ გამოძიებას შეგნებულად მოვერიდე. ძირითადად, ამბავი გასაგებია. მეც მეტი არაფერი ვიცი. კოკამ გაარკვია, სავარაუდოდ, ვის შეიძლებოდა, ჩაედინა მკვლელობა და ეს აღარ თქვა, გაჩუმდა. ზუსტად არც ჩემთვის უთქვამს. ამ ისტორიას შეგნებულად არ შევეხე, იმიტომ, რომ ყველაფერს მტკიცებულებები სჭირდება. პირველ სასამართლოზე კარგი ადვოკატი რომ ჰყოლოდა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. რეალური მტკიცებულება არ არსებობს, რომ დანაშაული მისი ჩადენილია. კატალინას თქმით, არსებობს პირამიდის სისტემა, რომელიც საქმის განხილვებისას მოქმედებს. ამოტრიალებული პირამიდის სქემის მიხედვით პირველ პროცესზე ყველაზე დიდი შანსი გაქვს, მაგრამ რაც უფრო ქვევით ჩადიხარ, შანსები მცირდება. მეორე პროცესზე გარდა იმისა, რომ სასამართლო გაგამართლებს, მას წინა სასამართლოს შემადგენლობის დისკრედიტაცია უწევს. როგორც წესი, ამის გაკეთებას ერიდებიან. ფილმში კატალინა ამბობს - ცუდი ნახატი შეუძლებელია შედევრად აქციო, ჯობია სუფთა ტილოზე ახალი დახატოო. ადამიანის ცხოვრებასაც ვერ გადაწერ.

კოკასთან ერთად ერთი პუერტო რიკოელი კაცი მუშაობდა. რომელიც მოწმედ გამოიყენა ბრალდების მხარემ. კოკასთვის უთქვამს ერთხელ, რომ ნასამართლევი იყო, აქედან გამომდინარე. შეიძლებოდა ზეწოლის ქვეშაც ყოფილიყო. სასამართლოში კი ამაზე არაფერი თქმულა. ეს ისეთი მიზეზია, რის გამოც საქმე შეიძლება დაიშალოს - ტყუილია ნათქვამი. მეც ვცდილობდი ამ მოწმის კვალისთვის მიმეგნო, ინტერნეტში ნასამართლევ ხალხში არსად აღმოჩნდა - ძნელია თივის ზვინში ნემსის პოვნა. ერთ ხანს, ამერიკაში საქართველოს ელჩი ლევან მიქელაძე იყო, კოკას ბავშვობის მეგობარი, მასაც გულწრფელად უნდოდა დახმარება, მაგრამ რეალურად, დიდი ფულის გარეშე არაფერი გამოვა. ძალიან დიდი თანხაა საჭირო.

საქმის მოგების პირველი შესაძლებლობა ხელიდან გაგვისხლტა. თამარმა არასწორად შეაფასა მოვლენები. ყველაფერი გაუგებრობად აღიქვა, რომელიც მალევე გაირკვეოდა, ამიტომ კატალინას და ჩემი ინიციატივა კარგი ადვოკატის დაქირავებასთან დაკავშირებით არასერიოზულად მიიჩნია. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და შედეგიც დამღუპველი აღმოჩნდა.

ახლა არავინ იცის, სად ცხოვრობს და რას აკეთებს თამარი. მან წარსულს ხაზი გადაუსვა. თამარის მეგობარმა მითხრა, რომ შეიძლებოდა შემთხვევით გადავყროდი ქუჩაში და ვერ მეცნო. როგორც ჩანს, გადაწყვიტა ისე მოქცეულიყო, როგორც დევიდ ლოკი მიქელანჯელო ანტონიონის ფილმიდან „პროფესია რეპორტიორი“. მაგრამ, შეუძლებელია ამ სურვილის ასრულება - ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ეს არც ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟს გამოსდის.

კოკა კი ციხეშია, იდიოტივით. იმეორებს ნესტანი, თამარის მეგობარი, რომელიც მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა და საქმის შესახებ ბევრი რამ იცის. კანდელაკი იმასაც ხშირად ახსენებს, რომ კოკა ყოველთვის ინფანტილური იყო. მაშინაც, როდესაც ეროვნულ მოძრაობაში აღტაცებით ჩაერთო. 78-ში კოკა გეგეჭკორი და დავით კანდელაკი ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში სწავლობდნენ. 14 აპრილს ქართული ენის დასაცავად ამხედრებულ პროტესტანტებს ქუჩაში შემთხვევით შეუერთდნენ.

რუსთაველის თეატრთან პოდიუმი იყო გაკეთებული და თამარ ჩხეიძე ირაკლი აბაშიძის ლექსს „დედა ენას“ კითხულობდა. მიკროფონი არ ჰქონდა და კიოდა. ჩვენდაუნებურად, გაუცნობიერებლად ჩავერიეთ ამ საქმეში. თუმცა, მე მოძრაობის წევრი არასოდეს ვყოფილვარ. დისიდენტურ ლიტერატურას ვკითხულობდით. კოკამ იმ ხანებში 1832 წლის შეთქმულების იდეოლოგის, სოლომონ დოდაშვილის მოწოდება დაბეჭდა. ამ და სხვა ტექსტების გავრცელებას ვაპირებდით, მაგრამ, გამბედაობა არ გვეყო. გვინდოდა, ჩინოვნიკების შევიწროვების მიზნით მათი სახლების კარებებზე განცხადებები მიგვეკრა. მაშინ, როცა უკვე მოქმედებას ვაპირებდით, ერთი ბიჭი დაიჭირეს, ამ ფაქტმა გაგვაჩერა.

კოკა ყოველთვის რადიკალი იყო. მხედრიონის რიგებში გაერთიანებაც ამის მაჩვენებელია. ბანდიტობას სამშობლოს სიყვარულის სახელით ეწეოდნენ. გაქსუებულ კომუნისტებს აყაჩაღებდნენ. შემდეგ ფულმა და ნარკოტიკებმა სრულიად გარყვნა ეს სიტუაცია. თავიდან, კოკა ვერ ხვდებოდა, რომ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში იარაღად იყენებდნენ. სულ ანთებული თვალებით მელაპარაკებოდა, ვერაფრით გავაჩერე. როდესაც დაასკვნეს, რომ ჯაბა იოსელიანი საბჭოთა ნომენკლატურასთან იყო შეკრული, ისინი, ვისაც მართლა პატრიოტული მიზნები ამოძრავებდა, აჯანყდნენ. კოკა მხედრიონს გამოეთიშა. თბილისში სამოქალაქო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მხარდამჭერებმა ჯაბა იოსელიანის გასათავისუფლებლად, რომელიც მაშინ დაჭერილი ჰყავდათ, საპროტესტო აქცია გამართეს. რატომღაც, კოკაც აღმოჩნდა ამ მიტინგზე. რომ დაინახეს, დაეტაკნენ, შენ აქ რა გინდაო. მაშინ კოკამ ერთერთს იპოდრომზე ნამდვილი დუელი დაუნიშნა. აკი ვამბობ, იდეალისტი იყო მეთქი. დუელზე მარტო წავიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს. მოწინააღმდეგე კი მარტო არ მოსულა - ხუთნი იყვნენ. ტყვიები დაუშინეს. ერთი ფეხში მოხვდა. რომ წაიქცა, დანარჩენებმა იფიქრეს მკვდარიაო და გაერიდნენ. მოგვიანებით კი მისი მოკვლის სადღეგრძელოც შესვეს. ასეთი რამ, ჩემი აზრით, მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს, კაცმა ჯერ სუფრაზე მისი მოკვლის სადღეგრძელო დალია და რომ გაიგო რომ ცოცხალია, საავადმყოფოში მიაკითხა და დახმარება შესთავაზა. ეს ბიჭი ერთ მხარესთანაც კარგ დამოკიდებულებაში იყო და მეორესთანაც მეგობრობდა. აი, ესეთი დრო იყო!

მას შემდეგ კოკას გამუდმებით ავიწროებდნენ, საქართველოში აღარ დაედგომებოდა.

რეჟისორი ამბობს, რომ რელიგიამ კოკას ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. სიმშვიდის საფუძველი კოკასთვის დღეს სინანულის განცდაა. ფილმის ბოლო ეპიზოდსაც სინანული ჰქვია, სადაც კოკა ამბობს, რომ მთელი ცხოვრება არასწორად უცხოვრია და სასჯელს ამიტომ იხდის. ის ვერავითარ გამართლებას ვერ უძებნის საკუთარ თავს, საკუთარ წარსულს. ახლა მისთვის მთავარი ისაა, რომ ამაზე საუბარი არ რცხვენია.

ამ ეპიზოდში მაყურებელს კიდევ უფრო უმძაფრდება განცდა, რომ ფილმის განმავლობაში კონკრეტული ადამიანის ცხოვრების ისტორიას კი არ ადევნებდა თვალს, არამედ თაობის, ადამიანთა ჯგუფის, პერიოდის ისტორიას. ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე ფილმი დაკარგავდა პირველად მნიშვნელობას. ეს ალტერნატივა მაყურებელს არც ეძლევა. სამაგიეროდ, ეძლევა საშუალება, დააკვირდეს ცვლილების პროცესს ადამიანში, რომელმაც მოახერხა გვერდიდან შეეხედა საკუთარი თავისთვის. ამისთვის არაა აუცილებელი ციხეში ან გამოსასწორებელ კოლონიაში მოხვედრა. უბრალოდ, როგორც კოკა ამბობს, you got to do what you got to do - უნდა გააკეთო ის, რაც უნდა გააკეთო, ის, რაც გასაკეთებელია და შენს მაგივრად არავინ იზამს. ისევე, როგორც, შეუძლებელია, ერთმა თაობამ მეორის ნაცვლად აღიაროს შეცდომები.

0x01 graphic

0x01 graphic

ციხე სინგ სინგ

0x01 graphic

ოსინინგის სადგური და ჩემი ჩანთა

ეპიზოდი - 3

0x01 graphic

ქვეცნობიერად, სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა დავხმარებოდი ციხიდან გამოქცევაში. მერე გამახსენდა შაგალი და დავიწყეთ ციხეში ჩუმად შეტანილი ფანქრით ქაღალდის ხელსახოცებზე ჩანახატების გაკეთება.

გადავწყვიტეთ, ანიმაციური ფილმი გაგვეკეთებინა კოკას ციხიდან გაქცევაზე. შინაარსი მოფიქრებული გვქონდა.

დღეს მხოლოდ ის ნამუშევრები და გეგმები მაქვს, რომლებსაც ციხეში ვახატინებდი. ანიმაციაზე ფიქრი ჩვენი ოცნების წარმოსახვითი რეალიზების საშუალებად იქცა. გეგმა კი ასეთი იყო: მე ვერტმფრენით ვუახლოვდები სინგ სინგს, ნიშანს ვაძლევ, კოკა გამოფრინდება, როგორც შაგალის ფიგურა, ვერტმფრენში ამყავს და საქართველოსკენ მოვფრინავთ.

0x01 graphic

კატალინა და პატიმარის ფიგურა

P.S. დავით კანდელაკმა და მისმა მეგობრებმა უკვე ჩამოაყალიბეს ფონდი, რომელიც საქართველოში კოკას გადმოყვანის საკითხზე იმუშავებს. როგორც ამერიკელებმა იციან, ერთი კაცის დასახსნელად მთელი ერის გაერთიანება, იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც და, თუ ღმერთის ნებაც იქნება, ყველაფერი გამოგვივა. ფონდის ოფიციალური პრეზენტაცია მარტის შუა რიცხვებში შედგება და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ პროექტის განხორციელების საქმეში.

13 პოპ-არტი საბურთალოს 38-ში

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: დავით მესხი

დაიბადა 1945 წელს. 1962-68 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1965-89 წლებში მუშაობდა ძეგლთა დაცვის და რესტავრაციის სამმართველოში.

1970 წლიდან მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში. მათ შორის - „საშემოდგომო გამოფენა“, „საგაზაფხულო გამოფენა“.

1989 წელს - საგნობრივი ხელოვნების გამოფენა. „ცისფერი გალერეა“.

1996-98 წ.წ. - საშობაო გამოფენა.

1990 წელი - ქართველი მხატვრები. შვეიცარია.

2000 წელი - გამოფენა გაეროს ქართულ ოფისში.

2005 წელი - „რეპრესირებული ხელოვნება ჩვიდმეტი წლის შემდეგ - კოლაჟი, ობიექტი“, გალერეა „ვერნისაჟი“.

მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: თბილისი, მოსკოვი, ჟენევა, ციურიხი, მილანი.

მხატვარი ბუნებისგან ღებულობს რჩევას, ივსება, იახლებს ხედვას, იაზრებს გარემოს. როცა ტილოს უჯდება, თავად არ იცის მხატვარმა, რა გამოვა ამ ნამუშევრიდან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს. მთავარია, ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზეც უნდა ეკიდოს მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იმ ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია.

ავთო ვარაზი

ზურაბ სეხნიაშვილს საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე საუბარი არ უყვარს. ვეკითხები და, კედლებზე ჩამოკიდულ ნამუშევრებზე მითითებს, ესენი თავად ამბობენ სათქმელსო. მისი დიდი და ნათელი ბინის კედლებზე იმდენი ნამუშევარი ჰკიდია, ერთ მოზრდილ გალერეას (მაგალითად, ჩვენს „ცისფერ გალერეას“, რომელიც ახლა დახურულია და ვინ იცის, ოდესმე მაინც, გაიხსნება თუ არა) ნამდვილად გაავსებდა. მართლაც, ბევრ რამეს ამბობენ ეს კომპოზიციები, მაგრამ მინდა, თავად მხატვარმა მომიყვეს მათზე. უარობს და ერიდება. ეგეთია, თავმდაბალი კაცია. და ეგრევე ვხვდები, ეს უბრალო კოკეტობა კი არ არის, შინაგანი სტოიციზმია. ვერაფერს ვიზამ, იმით უნდა დავკმაყოფილდე, რასაც მეტყვის.

ზურაბ სეხნიაშვილი განათლებით არქიტექტორ-რესტავრატორია და მთელი ცხოვრება ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრებისა და ციხეების აღდგენაზე მუშაობდა. სამოცი ეკლესიისა და ციხის აზომვა-რესტავრაციაში მიიღო მონაწილეობა, მუშაობდა სვეტიცხოველზე, შატილში, ქსნის ციხეზე, რუისპირის წმინდა შიოს მონასტერში, სამშვილდეში და კიდევ ბევრგან. მოკლედ, ძალიანაც „ტრადიციული“ პროფესია აქვს, რესტავრატორები ხომ ყველაზე უკეთ „გრძნობენ“ ძეგლს, ყველაზე ახლოს არიან ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასთან, ყველაზე მეტად ეხებიან მას. 30 წლის მანძილზე ამას აკეთებდა ზურაბ სეხნიაშვილიც. არადა, როცა ის სახელოსნოში, საკუთარ თავთან მარტო რჩება, სრულიად განსხვავებულ რამეს ქმნის. ერთი შეხედვით, ქართული ტრადიციული კულტურისაგან ცოტათი უცხოსა და განყენებულს, იმას, რასაც ადრე, კომუნისტების დროს „მავნე ხელოვნებასა“ და „კაპიტალიზმის გადმონაშთს“ ეძახდნენ და იმავე კომუნისტებმა მოსკოვში, იზმაილოვოს პარკში, 1974 წელს ბულდოზერებით გადაუარეს. ზურაბ სეხნიაშვილი ავანგარდისტია. მისი ნამუშევრები, სხვადასხვა საგნებისა და ნივთებისაგან შექმნილი კოლაჟები და კომპოზიციები, კლასიკური პოპ-არტისაგან განსხვა ვებით, ნაკლებადაა სოციალური სიმძაფრით დატვირთული და ძალიან დახვეწილი ესთეტიზმით გამოირჩევა. ფაქტურითა და შინაარსით სრულიად განსხვავებული და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ნივთები ერთ სივრცეში, ერთ ჩარჩოში ახალ სიცოცხლეს იწყებს. ზოგიერთი ნამუშევარი ენთება და ანათებს, დეკორატიული დანიშნულებისაა, ზოგიერთი - მსუბუქი იუმორით გხიბლავს. მაგალითად - „ტოტემი“ (შევხედე და - გამეღიმა), ზოგი ძალიან სტოიკური და მკაცრია (რკინის კონსტრუქციისგან შექმნილი კომპოზიციები), ზოგიც, უბრალოდ, ლამაზია. რაღა არ უხმარია მასალად, ძველი, ანტიკვარული საათების ბუდეები თუ კაუჩუკის ბურთები, 30 თეთრად რომ იყიდებოდა ყველა „ბუდკაში“, იმავე საათების მექანიზმები თუ მანქანის მოტორის ნაწილები, ქალის მარაოები თუ სუნამოების დაცლილი ბოთლები. ერთი ნამუშევარი, რომელიც წამლების ამპულებისგან შექმნა, და როცა კერძო კოლექციონერს საქართველოდან მიჰქონდა, ძლივს გაატანეს საბაჟოზე, ნარკოტიკები ეგონათ!

ბავშვობაში, ალბათ, ძალიან ჩხირკედელა იქნებოდა-მეთქი, ვფიქრობ ჩემთვის.

0x01 graphic

- თელავში გავიზარდე, ძალიან კარგი მშობლები მყავდა, ალბათ, ისევე, როგორც ყველას. მყავდა საამაყო ბაბუა, დედაჩემის მამა - მიქელ პატარიძე ერთ-ერთი პირველი გიმნასტი, პირველი მთამსვლელი, მთარგმნელი და პოეტი იყო. ნიკო ნიკოლაძის ახლო მეგობარი და თანამოაზრე. ძალიან ლამაზი კაცი ყოფილა, ნიკოლოზ მეორის პირადი დაცვის გუსართა პოლკის ოფიცერი. ყმაწვილკაცობა ვერაზე გავატარე, პეროვსკაიას ქუჩაზე. ხატვა გვიან, 14-15 წლის ასაკში დავიწყე, თანაც, პირდაპირ აბსტრაქციით. ყველას უკვირდა, როგორც წესი, ჯერ ნატურიდან იწყებენ და მერე გადადიან ხოლმე აბსტრაქციაზე. მე უკუღმა გამომივიდა, ისე, აბსტრაქციის ხატვა უფრო ადვილი იყო და, ალბათ, იმიტომ. დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი და პირდაპირ რესტავრატორად წავედი. წავედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომუნისტი იყო ჩემ გარშემო, არ მიყვარდნენ კომუნისტები, არ მინდოდა იმათ სამსახურში ყოფნა. არადა, ოჯახში მყავდნენ „მთავარი“ კომუნისტები. მამაჩემის ძმა ცეკას მდივანი იყო, დედის ძმა - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. სულ ვეკამათებოდი და ვეუბნებოდი, ეს ქვეყანა დაგექცევათ თავზე-მეთქი, არ სჯეროდათ, სულ ვჩხუბობდით და როგორც ნამდვილ გიჟს, ისე მიყურებდნენ, მერე კი, როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი, მითხრეს, აი, ჭკვიანი შენ ყოფილხარო.

ავთო ვარაზი

ხომ გახსოვთ ავთო ვარაზი? ფიროსმანის როლი რომ ითამაშა გიორგი შენგელაიას ცნობილ ფილმში და სიცოცხლეშივე რომ იქცა ლეგენდად. 80-იან წლებში, ხელოვნების სკოლაში რომ დავდიოდი, პედაგოგები ათას ტყუილმართალს გვიყვებოდნენ ავთოზე, ვარაზის გაკეთებული კი, მხოლოდ არქეოლოგიური გამოფენა მენახა ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში. და როცა „მხატვრის სახლის“ მესამე სართულზე ვარაზის სამი კომპოზიცია გამოფინეს, თავი მართლა უბედნიერესი ადამიანი მეგონა. ზურაბ სეხნიაშვილს ძალიან გაუმართლა - ავთო ვარაზის ახლო მეგობარი იყო.

- ავთო საოცარი კაცი გახლდათ. ავთოს ძმისშვილთან, ვასიკოსთან ვმეგობრობდი. პეროვსკაიაზე ვცხოვრობდი მაშინ, ჩემს პირდაპირ ავთო ცხოვრობდა. ერთი პატარა ოთახი ჰქონდა. ბინა დიდი იყო, იქ მათი ოჯახი ცხოვრობდა, ავთოს კი ის ერთი ოთახი ჰქონდა. იქ ეძინა, იქვე მუშაობდა. ავთო ჩვენზე გაცილებით უფროსი იყო, მაგრამ ისეთი კაცი იყო, მეგობრობა დიდთანაც შეეძლო და პატარასთანაც. თითქოს, ერთი შეხედვით, რბილი, მაგრამ შინაგანად, ძალიან მდგრადი კაცი იყო, შეეძლო ზრდილობიანად გასცლოდა იმ სიტუაციას, რომელიც მიუღებელი იყო მისთვის. ძალიან საინტერესო კაცი იყო. ავთოსთან ვმეგობრობდი, იმიტომ, რომ მეც ვხატავდი და, ბუნებრივია, მინდოდა ავთოსგან რაღაცები მესწავლა. თანაც, მაშინ იმ ასაკში ვიყავი, მომწონდა ცხოვრების ის ბოჰემური წესი, რითიც ავთო და მისი მეგობრები ცხოვრობდნენ - ვსვამდით, ვლოთობდით, მაგრამ თან ბევრსაც ვმუშაობდით. ავთო ფანტასტიკურ კომპოზიციებს აკეთებდა, მაშინ ამას პოპ-არტს ვეძახდით. ეს ნამდვილად არაა პოპ-არტი, იმიტომ, რომ პოპ-არტი ისაა, რასაც უორჰოლი აკეთებდა. ეს სხვა რამეა. აი, რა არის, ზუსტად, არც კი ვიცი. უფრო ადრე, დავით კაკაბაძე ქმნიდა შუშის კომპოზიციებს, უორჰოლზე ადრეც კი. ერთხელაც, ავთო ვარაზი დილას პახმელიაზე ადგა, დახედა თავის შარვალს, გაიხადა, დაასხა წებო, დააწება ფიცარზე და ასე შექმნა „ხარის თავი“, რომელიც დღეს გუგენჰაიმის მუზეუმში ჰკიდია და შედევრადაა აღიარებული. მერე, რამდენჯერმე გააკეთა კიდევ ეგეთი „ხარის თავები“, მაგრამ, მაშინ უკვე იცოდა, რასაც აკეთებდა. ის, პირველი, სხვა იყო. ერთხელაც, რაღაც ნაგავი მოაგროვა ავთომ, დააწება კარტონზე, სიგარეტის კოლოფი, „ბიჩოკები“, ასანთის ღერები - დაარქვა „ჟიტანი“. ეს ნამუშევარი ძალიან მომეწონა. მაინც ვთვლი, რომ სწორედ ამ ნამუშევარმა მომცა ბიძგი. ნელ-ნელა მეც დავიწყე ამის კეთება. არადა, იმ პერიოდში, ძირითადად ვხატავდი. მაშინ ამ კომპოზიციებით უფრო ვერთობოდი. ადამიანი სულ რაღაცას ეძებ, გინდა, რაღაც საკუთარი გააკეთო, პეიზაჟების ხატვა ყელში ამომივიდა. უტრილოზე უკეთ ქუჩას ვერ დახატავ, ვან გოგზე უკეთ - მზესუმზირებს და ა. შ. რაღაც უნდა ნახო შენი, თორემ, მხატვრების მეტი რა არის!.. თუ ეს ნიშა ვერ იპოვე, იქნები ერთი ჩვეულებრივი მხატვარი და მორჩა. დარწმუნებული არა ვარ, რომ რაიმე ვიპოვე, მაგრამ რაღაცას ჩემსას, ნამდვილად ვაკეთებ. ადრე, სადაც კი ამგვარ ნამუშევრებს ვნახულობდი, თითქოს, ყველა ცდილობდა, რაიმესთვის დაემსგავსებინა ეს კომპოზიციები. ზოგი ადამიანს ჰგავდა, ზოგს რაღაც სიუჟეტი ჰქონდა. არ მომწონდა ეს. მე უფრო აბსტრაქტული, შინაარსისგან დაცლილი ნამუშევრები მინდოდა მეკეთებინა.

0x01 graphic

სამოციანები

- რაც მიცხოვრია, სამოციანები, ყველაზე კარგი წლებია. მაშინ „ინოსტრანნაია ლიტერატურა“ გამოდიოდა, უცებ მარკესი დაიბეჭდა. გავიგეთ, ვინ იყო კაფკა. ვნახეთ იმპრესიონისტები, ახლა სასაცილოც კია, მაგრამ მონე და მანე კი ვიცოდით, რომ არსებობდა, მაგრამ ნახატი არ გვენახა. მაშინ ვნახეთ. წავიკითხეთ მანამდე აკრძალული ახმატოვა, პასტერნაკი, გუმილიოვი, მანდელშტამი - ცოტა უფრო გვიან. მაშინ გამოჩნდა ბულატ ოკუჯავა, ვისოცკი, რაღაც აფეთქდა, გასკდა. ეს ნამდვილი კულტურული რევოლუცია იყო! მიუხედავად იმისა, რომ ხრუშჩოვი ახშობდა და მწერალთა ყრილობაზე ფეხებსაც აბაკუნებდა, უკვე აწყვეტილი ჰქონდათ, ამ ტალღის გაჩერება შეუძლებელი იყო. მართალია, ახშობდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდით და ვუსმენდით „ამერიკის ხმას“ და რადიო „თავისუფლებას“, ძალიან დატვირთული და საინტერესო პერიოდი იყო, სიბნელიდან სინათლეში რომ გამოხვალ, და რომ დაინახავ, ცაც არის, ბალახიც არის, მიწაც არის... ბრმას რომ თვალები აგეხილება, აი, ეგეთი დრო იყო. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ კომპოზიციების კეთება დავიწყე, პროტესტი იყო. ოფიციოზისთვის ამ ტიპის ხელოვნება მაშინ მიუღებელი გახლდათ. სწორედ კომუნისტების ჯიბრზე ვაკეთებდი, მაშინ გამოფენაზე არ ვფიქრობდით, არც იმაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობდით და ამდენად, ძალიან საინტერესო იყო ის ცხოვრება. მაშინ ერთი გამოთქმა გვიყვარდა, შამილს აქვს ეგეთი სიტყვები - Тот не храбрец, кто думает о последствиях!

ვაწყვეტინებ და ვეკითხები, არ გიყოყმანიათ, თქვენ, ასეთს, მთლად მთავარი კომუნისტების ნათესავს, იმ დროს ხომ შეგეძლოთ ბრწყინვალე კარიერა გაგეკეთებინათ-მეთქი და მპასუხობს: - არასდროს. ბაბუაჩემი მიქელ პატარიძე, თეთრგვარდიელი და კომუნისტებთან მეომარი კაცი იყო. ალბათ, იმის გენმა იმძლავრა ჩემში, ბავშვობიდან მძულდა კომუნისტებიო. გენი გენად, მაგრამ მგონია, ის, რამაც ზურაბ სეხნიაშვილი საბჭოთა არქიტექტორის კარიერას გადაარჩინა, ალბათ, მაინც მისი ნიჭია (ნუ მეგვერიდება ამ ცოტა ხმამაღალი სიტყვის!), რომელიც ნიჭიერ კაცს მოსვენებას არ აძლევს და აიძულებს, განსხვავებულად იცხოვროს, უმცროს ძმასავით ყველაზე ძნელი, სახიფათო და გაუკვალავი გზა აირჩიოს.

0x01 graphic

თითქმის მენაგვე

- თითქმის მენაგვე ვარ, ვერც ვერაფერს ვაგდებ, და თუ რამე დავინახე ქუჩაში საინტერესო, ეგრევე სახლში მომაქვს. ძალიან მიყვარს ლამაზი ნივთები, მაგრამ ვცდილობ, რომ ამ ლამაზი ნივთებისგან არ გავაკეთო კომპოზიციები. ნივთი ხომ ვიღაცის გაკეთებულია, ვიღაცის ხელდანადებია... რაღაც, თავისი სითბო აქვს, აურა. უცნაურია ეს კეთების პროცესი. რაღაცას რომ გავაკეთებ, შეიძლება, ერთი თვის მერე რაღაც დეტალი დავამატო და სულ სხვა რამე გამოვიდეს; არა, კი არ ვუბრუნდები, უცებ, გავივლი, შევხედავ, და ვხვდები, რომ რაღაც აკლია. ერთი ნამუშევარი მანქანის ჰაერის ფილტრისგან გავაკეთე. ჩვეულებრივი მანქანის ჰაერის ფილტრი პატარაა, ეს რაღაც, ძალიან დიდი მანქანის ფილტრია, ვნახე, ქუჩაში ეგდო, დამეზარა წამოღება, მძიმე იყო. მეორე დღესაც რომ ჩავიარე იმ ქუჩაზე და ისევ იქ ეგდო, ვიფიქრე, ნამდვილად ჩემთვის აგდიამეთქი, რაღა გაეწყობოდა, წამოვიღე და ეს ნამუშევარი გავაკეთე. რამდენიმე კომპოზიცია, მანქანის მოტორში რაღაც რკინის ფირფიტებია და იმით ავაწყვე. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, დამღლელი.

ცოტათი უცნაურად მეჩვენება ის ფაქტი, რომ ზურაბ სეხნიაშვილს მხოლოდ ერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა 2000 წელს, გაეროს ოფისში (ხომ გითხარით, უამრავი ნამუშევარი აქვს). ესეც, ალბათ, მისი მორიდებულობის ბრალია. 1970 წლიდან ჯგუფურ გამოფენებში სულ ღებულობდა მონაწილეობას, 1989 წელს, როცა ქართველმა მხატვრებმა (ამირ კაკაბაძე, გოგი მიქელაძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ზურა სეხნიაშვილი, გიორგი ხუციშვილი, ლევან მაღალაშვილი, ოთარ ჩხარტიშვილი) ცისფერ გალერეაში, „საგნობრივი ხელოვნების“ თუ ქართული „პოპ-არტის“ (ხელოვნებათმცოდნეებო, ტერმინი მოსაფიქრებელია!) პირველი გამოფენა მოაწყვეს, საბჭოთა კავშირის აჩრდილი ჯერ კიდევ დაბანცალებდა თბილისში. მაგრამ „ანდეგრაუნდიდან“ ზემოთ ამოსვლა უკვე აღარ იყო სახიფათო და არც რეპრესიები - მოსალოდნელი. მაგრამ ერთი კია, ალბათ, მაშინ ქართველებს, ყველაზე ნაკლებად ხელოვნებისათვის ეცალათ. ეს ტერმინიც - „საგნობრივი ხელოვნება“ - სწორედ ოთარ ჩხარტიშვილმა მოიფიქრა ამ გამოფენის წინ. 2005 წელს მხატვრების იმავე ჯგუფმა გალერეა „ვერნისაჟში“ გაიმეორა ის პროექტი. „რეპრესირებული ხელოვნება ჩვიდმეტი წლის შემდეგ - კოლაჟი, ობიექტი“ - ასე ერქვა 2005 წლის გამოფენას და მხატვრების უახლოესი მეგობრის, კინოდოკუმენტალისტის რუსლან ღონღაძის ხსოვნას ეძღვნებოდა. ამ გამოფენებზეც ბევრს არაფერს მიყვება ბატონი ზურა, და მეც აღარ ვეკითხები. გამოფენა ხომ ლამის სპექტაკლივითაა, ერთჯერადი აქტია, ანუ უკვე - ჩავლილი ამბავი, რომელიც აღარ განმეორდება. ერთი რამ მაინტერესებს, რამდენად აისახა და გამოიხატა ეს ჩვიდმეტი წელი ქართულ ხელოვნებაში:

- ალბათ, დრო უნდა გავიდეს, ჯერჯერობით, სტრესში ვართ ყველანი, თავის დროზე, როცა ყველაფერს მოვხარშავთ და შევაფასებთ, მჯერა, ეს ძალიან მძაფრად და მკაფიოდ აისახება ქართულ კულტურაში. არ მგონია, რომ თავს ვარიდებდეთ რამეს, ალბათ, უფრო დამცავი მექანიზმი მუშაობს - ღია ჭრილობებზე საუბარი ძალიან ძნელია.

P.S. როცა პირველად წავედი ბატონ ზურასთან ინტერვიუს ასაღებად, ისე მოხდა, რომ ვერ ვისაუბრეთ. ნოემბრის დღეები იდგა და სწორედ 7 ნოემბერს დაემთხვა ჩვენი შეხვედრა. დილიდან ვიყავი სახლიდან გასული, არაფერი ვიცოდი და ბატონ ზურასთან რომ მივედი, ყველა არხზე სწორედ მიტინგის დარბევას უჩვენებდნენ. გაოგნებულები ვუყურებდით, ენაჩავარდნილები. იმანაც ამანერვიულა, რომ არ ვიცოდი, სად იყო ჩემი ქმარ-შვილი. ჯერ ვრეკე და იმათი ამბავი ვარკვიე, მერე, მაინც ამოვიღე დიქტოფონი, ისე, წესის გულისთვის; რომ ვიღებდი, მაშინვე ვიცოდი, რომ - სულ ტყუილად, და ბატონმა ზურაბმაც ისეთი მუდარის თვალებით შემომხედა, ეგრევე მივხვდი - მივქარე, ხელოვნებაზე საუბრის დრო ნამდვილად არ იყო. ანდა, რა უნდა გვეთქვა?

ნოემბრის ნომრისთვის ეს მასალა უკვე აღარ ესწრებოდა, და დეკემბერში რომ დავურეკე, მითხრა, გულის ინფარქტი გადავიტანე, ახლა უკეთ ვარო. მე ის 7 ნოემბრის, ტელევიზორის წინ მდგარი, გაბრაზებული და თან, რაღაცნაირად, უმწეო ზურა სეხნიაშვილი დამიდგა თვალწინ. მარტში მას გულზე პატარა ოპერაცია ელოდება. ჯანმრთელობას ვუსურვებ!

0x01 graphic

14 8 ქალი

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ავტორი: დათო გაბუნია
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

დღეს {...} სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა; ახლა მაინც ჩვენმა კაცებმაც დაანებონ თავი ზვაობას და მოშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედა-კაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს - რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან თუ კი საქმეს უშველიან რასმე.

ასე გულდაწყვეტით წერდა 1893 წელს ბარბარე ჯორჯაძე და მისი სიტყვები სულაც არ იყო საფუძველს მოკლებული - საერთოდ გავრცელებული და მიღებული შეხედულებების მიხედვით, „წიგნი“ ქალის საქმე არ იყო, ყოველ შემთხვევაში, ამ სფეროში აქტიურობას არავინ მოუწონებდა. უბრალო არმოწონებას ვინ ჩივის, ხელს არავინ შეუწყობდა და შესაბამისად, XIX საუკუნის ქართველ მწერლებს შორის ქალები თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ვინც იყო, მათ სახელებსაც „მეორეხარისხოვანის“ და „უმნიშვნელოს“ იარლიყი მიაკრეს და წარმატებით დაივიწყეს.

XX საუკუნეს ბევრი სიახლე მოაქვს, ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფო კი სულაც ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს ქალების „სიბნელიდან“ გამოყვანას. ეს საქმე არ აღმოჩნდა ისე იოლი, როგორადაც მის მთავარ სულისჩამდგმელს, ალექსანდრა კოლონტაის წარმოედგინა. საბჭოთა ემანსიპატორულმა პროექტმა, მართალია, ერთბაშად ბევრი უფლება და შესაძლებლობა მისცა ქალებს, მაგრამ სულ რამდენიმე წელიწადში ხელისუფლებამ იდეალები დათმო და თანასწორობის იდეა ინდუსტრიალიზაციას შესწირა. სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირი მსოფლიოს წინაშე კეკლუცობდა, რომ ქალთა და მამაკაცთა სტატუსი ამ დიად ქვეყანაში თანასწორია, ორივე სქესს მზე სწორად მოეფინების და პრობლემაც აღარ არსებობს.

ერთი სიტყვით, პროცესი, ავად თუ კარგად, მაინც დაიძრა. თუმცა, როგორც ჩანს, „დიდი ლიტერატურა“ კვლავ მამაკაცთა საქმედ დარჩა, ერთეულ ქალებს თუ არ ჩავთვლით, აღიარებული ავტორიტეტები ისევ მამაკაცები იყვნენ.

საერთო საბჭოთა ქვაბში ქართული ლიტერატურაც იხარშებოდა... დუღილის ტემპერატურამ ბევრი ქალი ავტორი ააორთქლა უკვალოდ და თუ ქართველ მკითხველებს დავეკითხებით, XX საუკუნის მწერლებს შორის მათთვის საყვარელი და გამორჩეული ავტორები დაგვისახელონ, ძალიან ცოტას თუ მოაგონდება ქალები.

ეს ვრცელი და მოსაწყენი მსჯელობა დღევანდელობამდე მოსასვლელად დაგვჭირდა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოდან, როცა ქართული ლიტერატურის კრიზისზე და სიკვდილზედაც კი ალაპარაკდნენ, უცნაური რამ ხდება: ჰოი, საკვირველებავ, სრულიად მოულოდნელად (?) ქართულ ლიტერატურაში ქალები მოდიან. ისინი ერთბაშად იწყებენ წერას! მათი სახელები თავიდან გაუბედავად, შემდეგ კი სულ უფრო თამამად და ხმამაღლა ისმის. 2001 წლიდან დღეის ჩათვლით გამოცემულ წიგნებსა თუ სხვადასხვა კრებულებს თუ გადახედავ, უბრალოდ, ბრმა უნდა იყო, ქალი ავტორების სიმრავლე ვერ შეამჩნიო, მაგრამ მკითხველთა ფართო წრე მათ უმრავლესობას მხოლოდ ყურმოკვრით იცნობს... ვითარება თითქოს შეიცვალა, ქალები წერენ, გამოსცემენ წიგნებს, კონკურსებში იმარჯვებენ, სხვადასხვა ლიტერატურული პრემიებითაც ჯილდოვდებიან, მაგრამ მათ იშვიათად თუ ვინმე ცნობს.

ეს მწერლები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და ქმნიან თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. მათ სახეებს ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე იხილავთ, შემდეგი ეტაპი კი წიგნის მაღაზიებში სტუმრობა და მათი წიგნების შეძენაა. მართალია, ამ პროექტს ამომწურავობის პრეტენზია არა აქვს და ვერც სრულად ასახავს მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, მაგრამ პირველი მცდელობაა და მოგვიტევეთ.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა 8 თანამედროვე ქართველი მწერალი ქალი, როგორადაც ისინი ჩვენ დავინახეთ.

0x01 graphic

მაკა მიქელაძის გაელვებანი

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

მაკას სამწერლო დებიუტი პოეტური კრებულების გამოცემით შედგა, თუმცა, სულ მალე მისი ყურადღება მთლიანად პროზისკენ გადაერთო და ქართველ მკითხველს თავი წარმატებით დაამახსოვრა. მაკა ის მწერალია, რომელიც სოციალურ თემებს არ ერიდება, არ ეშინია, იყოს ბანალური და ყოველთვის და ყველგან ცდილობს, საკუთარი თავი არ გაიმეოროს. ალბათ, ამ მცდელობის შედეგია ის, რომ მისი მოთხრობები ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს: მათში მთხრობელებად ხან მამაკაცები გვევლინებიან, ხან კი - ქალები. მაკა ორივე „ტყავში“ თავისუფლად გრძნობს თავს და თხრობის ლაღ მანერას ინარჩუნებს. თამამი ექსპერიმენტებისაც არ ეშინია, სტილისტური თამაშები, ლიტერატურული ძიებები - მაკა მიქელაძის პროზის „სამარკო ნიშანია“, მისი მრავალფეროვნების საფუძველია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბოლო 2-3 წლის მანძილზე დაწერილი მოთხრობები, სადაც ავტორი თვისებრივად ახალ სიმაღლეებს მისწვდა, მრავალგზის „უარყო“ საკუთარი თავი და ერთიმეორეზე უკეთესი, თემებით, სტილისტიკითა და სათქმელით სრულებით განსხვავებული მოთხრობებით არაერთხელ გაიელვა ქართულ პერიოდიკაში. მაკა იმ კატეგორიის მწერლებს მიეკუთვნება, თავიანთ შემოქმედებაში ყოველთვის მყარ ნიადაგზე რომ დგანან და ამ ნიადაგიდან ახალ-ახალ, მოულოდნელად ეკლექტურ ტექსტებს აღმოაცენებენ.

გამოცემული წიგნები:

ქალი & ოცდაცამეტამდე (ორი პოეტური კრებული, 1996, პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა)

FLASH! (მოთხრობები, 2004, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

იხვის ტოლმა (რომანი, თანაავტორი: ბესო ხვედელიძე, 2005, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ბერძნულ-რომაული მითები (თანაავტორი: ჯემალ ქარჩხაძე, 2007, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

თამრი ფხაკაძის ორი მე

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

თამრის შემოქმედებას „უშველებელი ჰუმანიზმი“ შეიძლება დავარქვათ. ძალდაუტანებელი, ლაღი სტილი, სისადავე და გამჭვირვალება, რომელსაც ავტორი გამუდმებით აზავებს განსაკუთრებულად მომხიბლავ, ადამიანურ სითბოში. მისი ტექსტები უშუალოდ გელაპარაკებიან, თანაგანცდის შეგრძნებას გიტოვებენ, მიუხედავად იმისა, სიუჟეტი ან პერსონაჟი რამდენად ახლობელი ან ნაცნობია მკითხველისათვის. თამრი გარდასახვის ოსტატია, მისი მთხრობელი პერსონაჟები ქალებიც არიან, სოფლის ბიჭებიცა და ქალაქელი „ბირჟავიკებიც“. ის ზუსტად იჭერს საჭირო ინტონაციებს, სტილისტურად განსხვავებულ ტექსტებში ერთნაირი წარმატებით ახერხებს, სიყალბე არსად გაეპაროს. მისი ერთი მოთხრობისა არ იყოს, დარაჯებს დარაჯობს, მარცვალ-მარცვალ, გულდასმით აწყობს სათქმელს, რომელსაც ხან მისი ერთი „მე“ გვიყვება, ხანაც - მეორე. თამრი ფხაკაძის პროზაშიც მრავლად იპოვით ერთმანეთისგან განსხვავებულ ჟღერადობას, მრავალფეროვან თემებსა თუ სიუჟეტებს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი ლოგიკური შედეგი კი ისიცაა, რომ თამრიმ საბავშვო ლიტერატურაშიც წარმატებით სცადა ბედი.

გამოცემული წიგნები:

სანამ დაგვიძახებენ (მოთხრობები, 2003, „დიოგენე“)
()ორი მე (რომანი, 2005, „დიოგენე“)
ვნებანი (მოთხრობები, 2006, „პალიტრა-ლ“)
ხაჭაპური (საბავშვო ლექსები, 2006, „პალიტრა-ლ“)
გაფრენა (პიესა, 2007, „აბული“)
ჩვენ სამნი და ანგელოზი (რომანი, 2007, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ირმა ტაველიძე ფრანგულად

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

ირმას მკითხველები ქართული ლიტერატურული პერიოდიკიდან კარგად იცნობენ, მისი მოთხრობები ხშირად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა, თარგმანიც ბევრი დაბეჭდილა (უელბეკი, ჟიჟეკი, კუნდერა, ალენი, ვონეგუტი, ფამუქი და ა.შ.). ირმას პროზის განმასხვავებელი ნიშანი „ფრანგულობაა“ - მისი ტექსტები გამუდმებული თამაშია, ერთი შეხედვით, მარტივი და უბრალო სიუჟეტები მას მკითხველთან ჩახლართული გზით მიაქვს. აქ ვერ ნახავთ ზედმეტ სენტიმენტებს; თუნდაც ყველაზე მელოდრამატული შინაარსის მოთხრობებშიც კი, ირმა ყოველთვის ახერხებს დისტანცირებას, არასოდეს პირდაპირ არ გახლის სათქმელს და „შემოვლითი“, წმინდად ლიტერატურული ხერხებით თამაშს ამჯობინებს. მისი მოთხრობების ნაწილი გამოცანაა, რებუსად ქცეული სიმართლეა (იქნებ, ტყუილიც), სადაც მკითხველს ტექსტის დახვეწილობა და ლაბირინთები იტაცებს. ეს ყველაფერი ნამდვილად მოგაგონებთ ფრანგულ კინოს, რომელიც სავსეა ქვეტექსტებით, ნახევარტონებით და არასოდეს არ არის უხეში ან პირდაპირი. ამ ნიშნით ირმა თავის საყვარელ ფრანგულენოვან ავტორებს ენათესავება, მის მოთხრობებში აქა-იქ ძველი ნაცნობებივით გაიელვებენ მარკიზ დე სადი, მიშელ უელბეკი, ფრედრიკ ბეგბედერი, ამელი ნოტომი და კიდევ მრავალი სხვა. გამოცდილი მკითხველი ამ ალუზიებით დიდად ისიამოვნებს, თუმცა, მხოლოდ ეს როდია ირმას ტექსტების ღირსება, ისინი თავისთავად „სიამოვნებასაც“ განაცდევინებენ მკითხველებს, ამ სიტყვის ბარტისეული გაგებით.

გამოცემული წიგნი:

ავტობიოგრაფია ფრანგულად (მოთხრობები, 2007, „სიესტა“)

მაია სარიშვილის სასტიკი პასუხი

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

მაიას პოეზია გაშიშვლებულ ნერვთან თამაშს ჰგავს, როცა სიმართლეს იმაზე მეტი დოზით გაწვდიან, ვიდრე ამას მიჩვეული ხარ. მის ლექსებში „ცხადი“ დაფარულია, უკიდურესად ახლოდან, მიკროსკოპით დანახული რეალობა უცნაურ, შოკისმომგვრელ ხატებად გარდაიქმნება. მაია, ძირითადად, წერს ქალზე, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ არაჩვეულებრივად, ხალასი ნიჭითა და ორიგანალურობით გადმოსცემს ნაფიქრსა და განცდილს. მის უშუალო პოეტურ წინამორბედს ქართულ პოეზიაში ტყუილად დავუწყებთ ძებნას, განწყობითა და სათქმელით სარიშვილი სილვია პლათთან გაცილებით ახლოსაა. ახლო ხედები, მძაფრი და ცოცხალი ვიზუალური ხატები მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. თუმცა, ნატურალიზმი არ არის ის სიტყვა, რომელიც ზუსტად დაახასიათებდა მაიას პოეზიას, ის უფრო ჰიპერ-ნატურალისტურია, თავზარდამცემად გულახდილი და დაუნდობელი. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ავტორი არ მიდის კომპრომისზე, არ ანებივრებს მკითხველს სიმყუდროვით, არამედ ბოლომდე მართალი რჩება საკუთარ თავთან და აღიარებს, რომ პოეზია ყოველდღიურობისათვის გაცემული სასტიკი პასუხია.

გამოცემული წიგნები:

ცხადის დაფარვა (ლექსები, 2001, „მერანი“)
მიკროსკოპი (ლექსები, 2007, „link“)

ეკა ქევანიშვილის ერეტიკული ეროტიკა

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

ეკა გამორჩეული ავტორია, მის პოეზიასთან პირველ შეხვედრას მომნუსხავი ეფექტი აქვს: გატყვევებს და გაოცებს გულახდილობა, საკუთარი ქალურობით ასე თამამად თამაში. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ეკა ქევანიშვილს ქართულ პოეზიაში იმავე ადგილს მივუჩენთ, რაც ამერიკულში ენ სექსტონს უკავია, თუმცა, ეს არამც და არამც არ გულისხმობს რაიმე სახის პირდაპირ მსგავსებას. უბრალოდ, ეკას პოეზია განწყობით ეხმიანება სექსტონისას. მის ლექსებში ყოველდღიურობა, ერთი ჩვეულებრივი ქალის ცხოვრება, ისეთ მძაფრ და ცოცხალ ხატებადაა გარდაქმნილი, რომ მკითხველს უთუოდ გააკვირვებს. ორიგინალურობა და სითამამე, ესაა ძალა, რომელიც ეკას საშუალებას აძლევს, დაანგრიოს პოეზიის გაქვავებული ჩარჩოები, უარყოს „ამაღლებული“ გამოხატვის ფორმები და, იმავდროულად, საკუთარ, სრულებით განსხვავებულ სიმაღლეებს მიაღწიოს. ეკას თითოეული ლექსი აღსარებაა, გულწრფელი აღიარებაა, სადაც სხეულებრივი გამოცდილება რაღაც სხვად, სიმბოლურად იქცევა, განზოგადდება. აქ ღმერთის ძიების თითქოსდა ბანალური თემაც ორიგინალურად ჟღერს, „ერეტიკული“ და „ეროტიკული“ მომიჯნავე ცნებებია და არათუ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს კიდეც ერთმანეთს. ეკა უტყუარი ინტუიციით ახერხებს, არასოდეს გადასცდეს საზღვარს, იშვიათი პოეტური ალღო ყოველთვის აძლევს საშუალებას, იყოს გულწრფელი და საკუთარი გულწრფელობით არ იკეკლუცოს.

გამოცემული წიგნი:

ჭორია (ლექსები, 2006, „დიოგენე“)

თეა თოფურიას სადა სიმართლე

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

თეას ადრეული ლექსები ხალხურობის განსაკუთრებულ ხიბლს ატარებს და ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ ხშირად გამოყენებულ მეთოდს მან ახალი სული ჩაბერა, წარმატებით მოახერხა, გასცდენოდა ფსევდო „ხალხურობას“. შემდეგი პერიოდის ლექსები თვისებრივად განსხვავებულ, მოულოდნელ სურათს ქმნის, ერთი შეხედვით დაუჯერებელიც კია, რომ ერთსა და იმავე ავტორს ასეთი სახეცვლილების უნარი შესწევს. თუმცა, თეა ბოლო ორი წლის მანძილზე კიდევ ერთ ახალ ამპლუაში წარსდგა მკითხველის წინაშე და ამჯერადაც - წარმატებულად. მისი მოთხრობები განსაკუთრებული ჰუმანიზმით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, მათი სიუჟეტი პატარა წარმოსახვით ქალაქში ვითარდება, თუ თბილისის გარეუბანში, სოფლად თუ სულაც მხატვრულ, დაუნაწევრებელ სივრცეში. თეა ყველგან ახერხებს ზოგადადამიანურ თემებზე წეროს, იოლად გადმოსცეს სათქმელი. თეას მოთხრობებიც, ლექსებისა არ იყოს, სხვადასხვა „ხმაზეა“ დაწერილი, თუ ერთგან ზღაპრისეული, ფანტასტიკური ელემენტები იჩენს თავს, მეორეგან ყველაფერი რეალისტური და ყოფითია; პერსონაჟებიც ერთნაირად დამაჯერებლად ლაპარაკობენ დიალექტებსა თუ გამართულ სალიტერატურო ენაზე. ამ ყველაფერს ერთი ახსნა აქვს: თეა თოფურიას შეუძლია სადად და ზუსტად უთხრას მკითხველს მთავარი - სიმართლე.

გამოცემული წიგნი:

პიტნის კალო (ლექსები, მოთხრობები, 2007, „დიოგენე“)

ლელა სამნიაშვილის ძვირფასი თვლები

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

ლელამ პირველი სერიოზული განაცხადი ქართულ ლიტერატურაში თარგმანებით გააკეთა, 1999 წელს გამოცემული სილვია პლათის ლექსების კრებული ლამის ლეგენდად იქცა. პლათის ლელასეული ინტერპრეტაცია საქართველოში ბევრი პოეტისთვის შთაგონების წყარო გახდა. თუმცა, თავად ლელას პოეზია თემატურადაც და ფორმითაც საკმაოდ შორსაა პლათის პოეზიისგან. სამი პოეტური კრებულის ავტორი ნამდვილი ქამელეონია, ერთნაირად წარმატებით და ბრწყინვალედ ფლობს ლექსის კონვენციურ ფორმებსა და ვერლიბრს. ელიფსური წინადადებები, საოცრად დახვეწილი რიტმის გრძნობა და მსოფლიო პოეზიის შესაშური ცოდნა - აი, იმ თვისებების არასრული ჩამონათვალი, რაც ლელა სამნიაშვილს სხვა პოეტებისგან გამოარჩევს. ლელასთან თითოეული სიტყვა თავის ადგილას დგას, არაფერია ზედმეტი ან გაურანდავი, ემოცია თავშეკავებულია და იუველირული სიზუსტით მორგებულია შესანიშნავ ფორმებს. მის პოეზიას არ ახასიათებს გრძნობების უეცარი აფეთქება, აქ ყველაფერი საფუძვლიანად გათვლილ, დიდი ოსტატობით და რუდუნებით შექმნილ ყალიბში ექცევა და შედეგად მრავალწახნაგიან ძვირფას თვლებს ვიღებთ - ნამდვილ პოეზიას, ზუსტი და განსაცვიფრებლად ორიგინალური პოეტური სახეებით სავსე ლექსებს, გადაკითხვის სურვილს ხშირად რომ გაგიჩენს.

გამოცემული წიგნები:

სილვია პლათი, ლექსები (თარგმანი, 1999, „მერანი“)
ფოტო აბები (ლექსები, 2000, „მერანი“)
გველის წელიწადი (ლექსები, 2004, „კავკასიური სახლი“)
მუდმივი ტატუ (ლექსები, 2006, „სიესტა“)
ვირჯინია ვულფი, საკუთარი ოთახი (თარგმანი, 2007, „ფონდი ტასო“)

თეონა დოლენჯაშვილის ეგზოტიკა

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

თეონას მოთხრობებმა ლიტერატურული პერიოდიკიდანვე მიიქცია მკითხველის ყურადღება თავისი გამორჩეული ელფერით. თეონა სწორედ ის ავტორია, ვინც „ქართულ“ სიუჟეტებთან ერთად არ მოერიდა ეგზოტიკის იმპორტირებას თავის პროზაში. ავტორი თხზავს უჩვეულო გარემოსა და სიტუაციაში მყოფი გმირების რომანტიკულ ისტორიებს, ამდიდრებს მათ ყოფითი დეტალებით, სიუჟეტის მოულოდნელი და დრამატული განვითარებით. თეონა წერს მეოცნებე, გამბედავ, ძლიერ და, ამავდროულად, მოწყვლად ქალებზე, რომელთაც სიძნელეები არ აშინებთ, თუმცა კი ხშირად მარცხდებიან ბედისწერასთან ბრძოლაში. მის მოთხრობებში ილუზიები ხშირად ქარწყლდება, რადგან რეალობა სასტიკია და გმირების სათუთ შინაგან სამყაროს ანგრევს. ეგზოტიკური გარემო კი მხოლოდ ანტურაჟია, გარეგანი სამკაული, რომელიც მწარე სიმართლესთან შეჯახებისას კონტრასტს კიდევ უფრო აძლიერებს. თეონა დოლენჯაშვილი ის ავტორია, ვისგანაც მკითხველი ლამაზ ისტორიებს ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს სილამაზე მხოლოდ დროებითი და წარმავალია, მთავარი სათქმელი კი სწორედ ამ სევდანარევ კონტრასტზეა აგებული.

გამოცემული წიგნი:

იანვრის მდინარე (მოთხრობები, 2005, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

15 ნაკიანი წელიწადი

▲ზევით დაბრუნება


ესსე

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

0x01 graphic

მე 1968 წელს დავიბადე და ამ ამბით ძალიან კმაყოფილი ვარ. სხვა თუ არაფერი, წელს მას მთელი მსოფლიო აღნიშნავს - არა ჩემი მოვლინების, არამედ ყველაზე გადარეული 366 დღის მეორმოცე იუბილეს.

ამ წელმა ყველაზე კარგი საქმე გამიკეთა - გავჩნდი, და ამავე დროს, როგორც ჩანს, ცოტა დამჩაგრა, რადგან ჩემი მეგობრების ნაწილი თვლის, რომ დღემდე იქ ვარ ჩარჩენილი, და ეს ამბავი მე კი მომწონს, მაგრამ ეტყობა, დიდად მოსაწონი არაა - ერთგვარი რელიქტური წარმონაქმნი აღმოვჩნდი, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ პოლიტიკაში ჩაძვრომას ჯობს ტალახში ჩაძვრე, რომელსაც თავი რეალისტი ჰგონია და შეუძლებელს ითხოვს და დარწმუნებულია, რომ დადგება დღე, როცა ომი იქნება და ომში არავინ წავა.

დიდება 1968 წელს! როგორც ერთხელ ბიძინა მაყაშვილმა მითხრა, ეს არც ჩაცმის სტილია და არც აზროვნების წესი, 1968 წელი სულის მდგომარეობაა.

ეს იყო ოცნებების წელი - ოცნებობდნენ მშვიდობაზე, სიყვარულსა და მუსიკაზე. მაშინ ეგონათ, რომ მომავალი მშვენიერია, და ეს მშვენიერი მომავალი ძალიან ადვილად მიიღწევა: ყველა უნდა გიყვარდეს - და ამის დასტური თავისუფალი სიყვარულია. საკმარისია ყვავილების რევოლუცია მოახდინო (Intermezzo: ვარდების რევოლუციაში არ აგერიოთ; ამ ორს იმდენივე აკავშირებს ერთმანეთთან, რამდენიც მასზე მიმართულ შაშხანაში მიხაკის გამყრელ სან-ფრანცისკოელ გოგოს - ვარდების დარიგებით გართულ მაია ნადირაძესთან.) და ომი აღარ იქნება - არ წახვალ ვიეტნამის ომში და მორჩა! მოდი, ვიმღეროთ კარგი სიმღერები და სიძულვილი გაქრება. მოდი, უარი ვთქვათ კერძო საკუთრებაზე და მესაკუთრეები ვეღარ დაგვჩაგრავენ. და რაც მთავარია, მოდი, გავაფართოვოთ საკუთარი „მე“ და მთელი კაცობრიობა ერთიანი გახდება...

აი, ასეთი მშვენიერი წელი იყო. სიყვარულის წელი. გულუბრყვილოზე გულუბრყვილო.

მერე ყველაფერი დამთავრდა. თურმე მიხაკი შაშხანას ვერაფერს დააკლებს. თურმე რაც მეტს მღერი სიყვარულზე, მავანთ მით მეტად სძულხარ. თავისუფალ სიყვარულს დაბრალდა შიდსი. აღმოჩნდა, რომ ცნობიერების გაფართოებამ შეიძლება ადამიანი მოკლას, როგორც მოკლა ჯენის ჯოპლინი და ჯიმი ჰენდრიქსი. გაირკვა, რომ ჰიპებს კერძო საკუთრებამ ისეთი წაუჭირა, რომ უსასტიკესი პრაგმატიკოსები გახადა და მშვენიერი მუსიკა მხოლოდ წამი ყოფილა, ისიც ილუზორული.

„რა უქნეს ჩემს სიმღერას?“ მღეროდა მელანი.

ამის პასუხს როგორ დავწერ, ეს ხომ რესპექტაბელური ჟურნალია...

ამბობ, რომ რევოლუცია გინდა, ხომ იცი, ყველას გვინდა სამყაროს შეცვლა...
ბითლზი ღევოლუტიონ

1968 წელი ნაკიანი იყო, მისტიციზმში გადავარდნილთა რწმენით - თარსი.

იმ წელს პარიზში ერთმა დემონსტრანტმა სტუდენტმა კედელზე დაწერა: „1968 წელი მოუსვენარი მზის წელია. კაცმა არ იცის, რა მოხდება“.

კაცმა არ იცის, რა მოხდა. ფაქტი ისაა მხოლოდ, რომ იმ წელს სამყარო ცოტა გადაირია.

პარიზში ბარიკადები აღიმართა.

პრაღაში ტანკები შევიდა.

სტუდენტები შფოთავდნენ მარსელსა და ლიონში, დასავლეთ ბერლინში და ჰამბურგში, სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის ტალღამ გადაუარა მადრიდს, ბარსელონას, ბრიუსელს, მილანს, ბუენოს-აირესს, პანამას, ლიმას და კუსკოს.

შეერთებულ შტატებში შავკანიანი მოსახლეობა ამბოხებულია მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის გამო. ოდესღაც დოქტორმა თქვა: „თუ ერთ ადამიანს მაინც ვასწავლე იმედი, ტყუილად არ მიცხოვრია“ - მას ტყუილად არ უცხოვრია.

გრძელდება სრულიად ამერიკული საპრო ტესტო კამპანია „ახალგაზრდები ვიეტნამის ომის წინააღმდეგ“.

ბოსტონში ექიმი ბენჯამინ სპოკი გაასამართლეს - სწორედ ის, რომლის წიგნების მიხედვითაც დედებმა გაგვზარდეს. გაასამართლეს იმისთვის, რომ ანტისაომარ მოძრაობას მიემხრო და თქვა: „არა აქვს აზრი ბავშვის აღზრდას, თუ შემდეგ მას ცოცხლად დაწვავენ“.

მილიონობით ღატაკი ვაშინგტონისკენ დაიძრა - ძალიან მოშივდათ და დანაყრების იმედი გაუჩნდათ.

ანგოლაში პარტიზანული ბრძოლა მძვინვარებს.

კოლუმბიაში პარტიზანული ბრძოლა მძვინვარებს.

გვატემალელი პარტიზანები მობილური პოლიციის შეფს დაესხნენ თავს - წარმატებით.

სამხრეთ ვიეტნამში პარტიზანებმა ოპერაცია ჩაატარეს - წარმატებით.

საუდის არაბეთიდან იემენში მონარქისტები შეიჭრნენ.

სიდნეისა და მელბურნში ანტისაომარი მიტინგები იმართება.

ტაილანდის საჯარისო ნაწილები კვლავ უტევენ კომპარტიის რაზმების მიერ კონტროლირებულ ოლქებს.

ერთი კვირის განმავლობაში კუბაზე მესამე ამერიკული ლაინერი გაიტაცეს.

სახელისუფლებო ავიაცია ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მეამბოხეების პოზიციებს ბომბავს.

ჩინეთში „კულტურული რევოლუცია“ გრძელდება.

ჩადის ჩრდილოეთით შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება.

სიერა-ლეონეში ხელისუფლების სათავეში მოსული სამხედროები ქვეყნის შორეულ

რაიონებზე კონტროლს აწესებენ.

ტერორისტული აქტები არ წყდება არგენტინაში, ბრაზილიაში, ურუგვაიში.

სადღაც წავიკითხე, სად - ვერ ვიხსენებ, რომ ჯოჯოხეთში ლევ ტროცკი ეშმაკებს 1968 წლის მაგალითზე უხსნიდა, თუ რას ნიშნავს „პერმანენტული რევოლუცია“.

წამოვდგეთ ყველანი და ვიცეკვოთ სიმღერაზე, რომელიც ჰიტი იყო, სანამ დედაშენი დაიბადებოდა. ის დიდი, დიდი ხნის წინათ გაჩნდა, მაგრამ დედაშენმა უნდა იცოდეს, დედაშენს ეცოდინება.

ბითლზი, Your Mother Should Know

მას მერე ორმოცი წელი გავიდა. დღეს საქართველოში იმ წლის შედეგებს ვხედავთ,

თუმცა, ცხადია, ცოტა ჯღანად და უკუღმა.

დავიწყოთ.

1968 წელი წინა წლის მიწურულს ბოლივიაში მოკლული ჩე გევარას ტრიუმფის წელი იყო. ჩე ამბოხებული ახალგაზრდობის დროშად და სიმბოლოდ იქცა. იმხანადვე ჩაისახა გევარიზმი - პარტიზანული მოძრაობა „კლასიკური“ პროლეტარული რევოლუციის ნაცვლად. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გევარისტებმა - სანდინისტებმა ნიკარაგუაში გამარჯვება შეძლეს. გევარისტები იყვნენ ტუპაკ ამარუს სახელობის რევოლუციური მოძრაობის მებრძოლებიც, რომელთაც ლიმაში იაპონიის საელჩო აიღეს და მთელი მსოფლიო ყირაზე დააყენეს. გევარისტები დღემდე მოქმედებენ კოლუმბიაში, ვენესუელაში, პერუში, მექსიკაში და ამით იმის თქმა მინდა, რომ თბილი ხალხიაო, ვერ დავაბრალებთ.

ოღონდ ასეთი ამბები სულ არ ადარდებთ თბილისის ქუჩებში მოარულ გოგო-ბიჭებს, რომელთაც მაისურებს ლეგენდარული კომანდანტეს გამოსახულება უმშვენებთ. მეც ძალიან მომწონს კომანდანტე - რა ვქნა, ძალიან ლამაზია, მაგრამ, ჰა, რა ამბავია, ბოლოსდაბოლოს! იმის არ იყოს, წაჰიპო ახალგაზრდებს რომ აწერიათ СССР ან ნამგალი და ურო ახატიათ: „ნამგალი და ურო, უნდა ვი...!“ ბოდიში.

ამის გახსენებაზე: დასავლეთში სექსუალური რევოლუცია ორმოცი წლის წინ (!!!) მოხდა. ის ნეოკონსერვატორებმაც კი უკვე მოინელეს, ჩვენთან კი ახლაც მძვინვარებს, ცოტა არ იყოს, ულამაზოდ, ანუ ტყუილად, რადგან ქართველი მამაკაცი მაინც კუშტია და ქართველი ქალი - მარად უბიწო. ისე, მე თუ მკითხავ, თვალთმაქცი მორალისტები უფრო საზიზღარი სანახავები არიან, და თან გაიხარონ ბავშვებმა, რა გვენაღვლება. ხომ ზუსტად ვიცით, რითაც დაამთავრებენ - ოჯახური სექსითა და უზრუნველყოფილი სიბერით.

პარიზის სტუდენტური რევოლუციისა და წითელი მაისის შედეგია ის, რომ ამბოხებული სტუდენტი სრულიად ნორმალური მოვლენა გახდა, რომ წესია ასეთი - სტუდენტი უნდა აჯანყდეს. გააჩნია, რა მიმართულებით, მაგრამ ეს ჩვენში არავის აინტერესებს. მთავარია, იღრიანცელოს. მერე სტუდკავშირის აქტივისტი და დაწინაურებული წევრი გახდება და წვრილბურჟუაზიულ ბედნიერებასაც გამოჰკრავს ხელს.

1968 წელი ფემინიზმის განვითარების ღირსშესანიშნავი თარიღი იყო. ქალებმა გადაწყვიტეს, სქესთა თანასწორობა არ კმარა, ძირს მამაკაცები, გაუმარჯოთ ქალებსო, და „მამაკაცთაგან გათავისუფლების არმიის“ დამაარსებელმა და ერთადერთმა წევრმა, ვალერია სოლანასმა მთლად ენდი უორჰოლს ესროლა. (Intermezzo: ეს ქალი საერთოდ ბოროტსა და კეთილს მიღმაა. „მამრი ბიოლოგიურად მძიმე შემთხვევაა: მამაკაცური Y გენი არასრულყოფილი მდედრობითი X გენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქრომოსომების ნაკლებობას განიცდის, ანუ მამაკაცი არასრულფასოვანი ქალია. მამრობითობა შეზღუდულია, ემოციურად განუვითარებელი, მამაკაცობა ავადმყოფობაა და სულიერი სენი“ - როგორია?! გადავირიე! აი, მესმის!) ჩვენ ჯერ აქამდე არ მივსულვართ, მაგრამ, ალბათ, მაგასაც ვიზამთ - გამხეცებულ ქალებს რა დალევს, ოღონდ უორჰოლი ვინ იქნება - ეს ჯერ არ ვიცი.

იმავე 68 წელს მემფისში მოკლეს დოქტორი მარტინ ლუთერ კინგი. არაძალმომრეობის მომხრე და რასობრივი სეგრეგაციის მოწინააღმდეგე, კინგი თანასწორობას და ძმურ სიყვარულს ქადაგებდა. ჩვენ ეს ამბავი არ შეგვხებია და არ გვაინტერესებს, როგორი ნაციონალისტე ბიც ვიყავით, ისეთებად დავრჩით და რასობრივ თანასწორობაზე საერთოდ, ხმა არ ამოგვეღება - ისე გვეშინია ჩინელების და ისეთი სახით ვათვალიერებთ ქუჩაში შავკანიანებს, რომ აშკარად არ ვიცით და არც გვაინტერესებს, როგორი იყო მარტინ ლუთერ კინგის ხილვა.

1968 წელს ამერიკის ისტაბლიშმენტის ცნობიერება ვიეტნამელი პარტიზანების მიერ საიგონში აშშ-ს საელჩოს შენობის აღებამ შეძრა. ამერიკამ დაკარგა რწმენა იმისა, რომ ამ ომში გამარჯვება შესაძლებელი იყო. სამხრეთ ვიეტნამის გათავისუფლების ეროვნული ფრონტის დროშის ქვეშ მილიონობით ახალგაზრდა გაერთიანდა. ესეც არ გვაინტერესებს - დაგვიდგა დარდი, ვინ ვის სად კლავს, მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად.

1968 წელს ფსიქოდელიური რევოლუციის დიდი ტალღა აგორდა. სადაც აგორდა, იქ მიწყდა, ჩვენ კი კვლავაც სამოთხის გასაღები გვგონია. Lsd-ს კიდე რა უშავს!

(Intermezzo: რაც მეტს ვწერ, მით უფრო ვავდები. დროზე უნდა მოვრჩე ჩამონათვალს და გოდარის Masculin/Féminin ჩავრთო, თორემ დავძახებ საშინელ ხმაზე: „უნივერსიტეტი - სტუდენტებს! ქარხნები - მუშებს! რადიო - ჟურნალისტებს! ძალაუფლება - ყველას!“ გავვარდები ქუჩაში და გამაპატრულებენ და უკან მომრჩება ჯენის ჯოპლინიც და საოცნებო მომავალიც.)

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ მწვანეთა მოძრაობა 68 წლის ნაშიერია - 21-ე საუკუნის საქართველოში ის მოცლილი ხალხის კაპრიზად მიიჩნევა. სექსუალურ უმცირესობათა უფლებებისთვის ბრძოლაც 68-ში გამწვავდა - გეიაღლუმის გაგონებისთანავე ქართველმა მამაკაცებმა ბავშვები და ორსულები გადამალეს და სადარბაზოებთან ქვიშიანი ტომრები დაახვავეს. კონტრკულტურაც იმ, 68 წლის დროინდელი ამბავია და არარეპრესიული პედაგოგიკაც, მაგრამ კარგი, რა.

კარგი, რა! ხალხი 1968-ში San Franciscan Nights-ს მღეროდა, და ამისთანა რა მოგვივიდა, რომ „სამი დალიე, შეგერგება“-ს ვერ გავცდით?

(Intermezzo: სულ სხვა წლების სიმღერა გამახსენდა:

Воровка никогда не станет прачкой
А жулик не подставит финке грудь.
х, грязной тачкой рук не пачкай, ха-ха!
Мы это дело перекурим как-нибудь.

არ იკითხოთ, რა შუაშიაო.)

თავისუფლება სხვა სიტყვაა იმის აღსანიშნავად, რომ დასაკარგი არაფერია, არაფერი, მას მერე, რაც ბობიმ დამტოვა, მაგრამ რა კარგად ვიყავი, ღმერთო, როცა ის ბლუზს მღეროდა, კარგად ყოფნა სავსებით მყოფნიდა, გვყოფნიდა მე და ჩემს ბობი მაკგის.

ჯენის ჯოპლინი, Bobby McGee

0x01 graphic

ალბათ, ყველაფერი იმის ბრალია, რომ სწორედ 1968-ში, პრაღის მოვლენების შემდეგ, საბჭოთა კავშირში დასავლეთის რადიოსადგურების ჩახშობა დაიწყეს და 1968 წელი აქ ის არ იყო, რაც დანარჩენ მსოფლიოში - დრო გაჩერდასავით. „ოტტეპელი“ მორჩა. ამიტომ არავინ არაფერს ჩხუბობდა, დიდი-დიდი, სამზარეულოებში ბზუოდნენ რაღაცა „ანტის“, ცოტა როკს უსმენდნენ, ცოტა კაბებს იმოკლებდნენ, ცოტა, ცოტა...

„იმდროინდელს“ ვისაც არ ვკითხე, საქართველოშიც და კაპიტალისტურ დასავლეთშიც, ყველამ მითხრა, რომ 1968 წელს ცხოვრება კარგი იყო. მერე რა, რომ ერთნი მარჯვნივ მიიწევდნენ, მეორენი - მარცხნივ. ამ წელმა მაინც რაღაცა შეცვალა. დარჩა ოცნება, და იმიტომაც მიყვარს 1968, და როცა რამე ცერად მიდის ხოლმე, აუცილებლად ვიხსენებ „ჩემს“ ბიჭებს და გოგოებს, რომლებმაც, უკვე ხნიერებმა, მასწავლეს: „აკრძალვა აკრძალულია. გააკეთე, რაც გინდა, ოღონდ ისე, რომ არავის ავნო.“

ძალიან ვცდილობ. რა გამომდის, არ ვიცი.

16 წიგნიდან იყო და არა იყო რა

▲ზევით დაბრუნება


უახლესი ისტორია

ავტორი: დათო ტურაშვილი
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

(გაგრძელება)

საკუთარი სტუდენტური გაზეთი უკვე გვქონდა, მაგრამ მიტინგების გემოც უკვე ვიცოდით და ამიტომ გული ქუჩისკენაც მიგვიწევდა. თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან დასაწყისში მართლა ცოტანი ვიყავით და მიტინგების დასარბევად მოსულ მილიციელებთან გამკლავება, საკმაოდ გვიჭირდა. იმდენად გვიჭირდა (დასაწყისში) და იმდენად ცოტანი ვიყავით, რომ ჩვენი თანაკურსელი და მეგობარი გოგონები, არანაკლები მონდომებით ჩხუბობდნენ ხოლმე (ჩვენთან ერთად) და ისიც უნდა ითქვას, რომ მილიციელებს ზოგჯერ გოგონებთან გამკლავება უფრო უჭირდათ, ვიდრე ბიჭებთან. ზოგჯერ კი ჩვენი ძვირფასი ლექტორებიც გვეხმარებოდნენ ხოლმე თავისი მძიმე პორტფელებით, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა.

იშვიათად (მაგრამ მაინც) ისიც ხდებოდა, რომ ზოგიერთები ხალხმრავალ ადგილებში (შიშის გამო) არც კი გვესალმებოდნენ და მათი სახელები უბრალოდ დავივიწყე.

სამაგიეროდ კარგად მახსოვს მათი ლექციებიც კი, ვინც სრულიად სხვა სამყაროს გვთავაზობდა სტუდენტებს და ჩვენი თავისუფლების დასაწყისიც, შეუძლებელია, ამ ლექტორებსაც არ უკავშირდებოდეს. შეუძლებელია თენგიზ კიკაჩეიშვილისა თუ გიორგი ჯაფარიძის ლექციების დავიწყება, მაგრამ პირადად (სამართლიანობისათვის) იმის გახსენებაც აუცილებლად მიმაჩნია, რაც ლექციების შემდეგ ხდებოდა, როცა საღამოობით უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის ბოლო სართულზე არნახულ ფილმებს უჩვენებდნენ ხოლმე. არნახულს იმიტომ, რომ იმ ფილმების დიდ ნაწილს საბჭოთა მაყურებელი, უბრალოდ, ვერ იხილავდა ვერც კინოთეატრებში და ვერც ტელეეკრანებზე და მით უმეტეს, ვერ მოისმენდა გოგი გვახარიას კომენტარებს, რომელიც მაშინ ჩვენი ლექტორი იყო.

მაშინ უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს (პარალელურად), მეორე ფაკულტეტზეც შეეძლო სწავლა და ხელოვნებათმცოდნეობა სულაც არ ამირჩევია შემთხვევით, რადგან მაშინ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში არანაკლებ საინტერესო ლექციები ტარდებოდა, ვიდრე პირველ კორპუსში, თუმცა უნივერსიტეტს ყოველთვის იმ კორპუსს უწოდებდნენ, რომელიც ცხვედაძემ და კლდიაშვილმა ააშენეს. ჩვენთვისაც უნივერსიტეტი ერქვა პირველ კორპუსს და როცა უნივერსიტეტი გვენატრებოდა (მაგალითად ზაფხულობით, არდადეგების დროს), ყოველთვის ვარაზისხევის შენობას ვგულისხმობდით. თუმცა დასაძინებლად უნივერსიტეტში ზამთარშიც ბევრჯერ დავრჩენილვართ და ერთხელ (ირაკლი დოჩანაშვილთან ერთად) საპროფესოროშიც გაგვეღვიძა და გაგვაღვიძა სწორედ ბატონმა ლეო მენაბდემ, ვისთანაც იმ დღეს გამოცდა გვქონდა. არ ვიცი ახლაც თუ ისე უყვართ უნივერსიტეტი, რომ განსხვავებულების შემდეგ სახლში წასვლა ეზარებათ და უნივერსიტეტში დასაძინებლად იპარებიან. ძალიან მეეჭვება, რომ ზემოთქმული ახლაც ხდებოდეს, რადგან რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტის მისადგომებთან ისეთი გაძლიერებული დაცვა დააყენეს, რომ შიგნით შეღწევა არათუ ღამით, დღისითაც კი ძალიან ძნელი იყო. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ სწორედ მაშინ უნივერსიტეტს ტაძარი დაარქვეს და სამყაროში არც არსებობს სხვა ტაძარი, შიგნით შესვლისათვის საშვს რომ ითხოვდნენ. არც სხვა უნივერსიტეტი არსებობს დედამიწაზე (ისეთი), პოლიცია რომ იცავდეს სტუდენტებისაგან და სინამდვილეში ხომ უნივერსიტეტი ყველაზე ღია ადგილი უნდა იყოს ქვეყანაში და საქართველოშიც უნივერსიტეტი იმიტომ დააარსეს, რომ ადამიანებს უპირველესად თავისუფლება ესწავლათ.

თუმცა თვითონ სიტყვა თავისუფლება (საქართველოსთან მიმართებაში), პირველად უნივერსიტეტის გარეთ მოვისმინე, მაგრამ იქვე, ჭავჭავაძის პროსპექტზე, სადაც ირაკლი ბათიაშვილის მამა ცხოვრობდა. ბატონ დიმიტრი ბათიაშვილის ბინაში კვირაში ერ თხელ ეგრეთ წოდებული ხუთშაბათობები იმართებოდა ქართველი დისიდენტების მონაწილეობით და პირადად ამ საიდუმლო კრებაზე პირველად ირაკლი ბათიაშვილმა დამპატიჟა. თვითონ ირაკლი კი უნივერსიტეტის გადაღმა, ჩაის სახლის წინ იდგა ხოლმე შუადღისას, როგორც ახალგაზრდა დენდი-ფილოსოფოსი, რომელსაც კისერში მუდმივად ჰქონდა ჩაფენილი თავისი განუყრელი კაშნე და გოგოებიც გიჟდებოდნენ ხოლმე ირაკლი ბათიაშვილზე, ისე მოსწონდათ. იყვნენ გამონაკლისებიც და ჩვენი მეგობარი და თანაკურსელი მაკო ჭოღოშვილი ამბობდა ხოლმე - ასეთი პრანჭია ბიჭები საერთოდ არ მომწონსო, მაგრამ როცა მიტინგებმა რუსთაველის პროსპექტზე გადაინაცვლეს 1988 წლის ნოემბერში და ასი ათასი ადამიანის წინაშე ირაკლი ბათიაშვილიც გამოვიდა სიტყვით, მაკომ ჩვენს წინ მდგარ ქალბატონს ზრდილობიანად სთხოვა - ცოტა იქით გაიწიეთო.

ის ქალბატონი აღშფოთდა (თანაც დაუყონებლივ) და საკმაოდ უხეშადაც უპასუხა ჩვენს მეგობარს - გენაცვალე, აქ ხალხი მოსასმენად დადის და არა საყურებლადო. მაკომ კი მისთვის ჩვეული იუმორით, ძალიან მშვიდად უპასუხა დიდაქტიკოს ქალბატონს - დიდი ბოდიში, მაგრამ მე ირაკლი ბათიაშვილის სანახავად ვარ მოსული და თუ შეიძლება ცოტა გვერდით გაიწიეთო...

თუმცა ეს იყო მოგვიანებით, მანამდე კი ბათიაშვილების სახლში პირველად მოვისმინე ხმამაღლა გამოთქმული აზრი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ და არასოდეს დამავიწყდება რამდენიმე დღის შემდეგ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ადამიანების რეაქცია, როცა მათ ზურაბ ჭავჭავაძემ ძალიან მარტივი ჭეშმარიტება გაანდო - მალე საქართველო დამოუკიდებელი გახდება და არ გაიკვირვოთო. გაკვირვება არც ერქვა იმ სამარისებულ დუმილს, რომელმაც მაშინ იქ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დაისადგურა და მახსოვს, რომ ადამიანებს უბრალოდ ძალიან შეეშინდათ დამოუკიდებლობის ხსენებისაც კი. მას შემდეგ ადამიანების უმრავლესობას საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში), ჩემის დაკვირვებით, ყველაზე მეტად ისევ თავისუფლების ეშინიათ და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არის ჩვენში ამდენი აგრესია და სიძულვილი. როდინდელ ამბავს ვყვები, მაგრამ ახლაც ქართველების დიდ ნაწილს, განსხვავებული აზრის ატანაც კი, უბრალოდ არ შეუძლია და ადვილი წარმოსადგენია როგორი გასაკვირი იქნებოდა მაშინდელი ცეკას პირველი მდივნისათვის ყველაფერი, რაც მაშინ მან უნივერსიტეტში ნახა და მოისმინა.

ჩვენი პირველი მიტინგების შემდეგ, ჯუმბერ პატიაშვილი (1988 წლის გაზაფხულზე) უნივერსიტეტს პირველად ეწვია და მისთვის აშკარად მოულოდნელი იყო ჩვენი აზრები და სითამამე ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც მაშინდელ საქართველოს აწუ აწუხებდა. ბატონი ჯუმბერი, სინამდვილეში, სულაც არ იყო ისეთი ცუდი ადამიანი, როგორი ცუდი მისიის შესრულებამაც შემდგომში მას მოუწია, მაგრამ 9 აპრილთან დაკავშირებით ის მაინც მთავარი პასუხისმგებელი პირია, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი დამნაშავე სხვა იყო.

0x01 graphic

ფოტო: გოგი ცაგარელი

9 აპრილამდე კი ჯუმბერ პატიაშვილი (განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თაობაში), აშკარა პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ მან, ამ პოპულარობის გამოყენება, სამწუხაროდ, ვერ შეძლო. ჯუმბერ პატიაშვილმა, სამწუხაროდ, არ დაიჯერა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი დაწყებული და რაც მთავარია, შეუქცევადი იყო და მშვენიერი შანსი იმისა, რომ XX საუკუნის საქართველოს ისტორიაში უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ფიგურად ქცეულიყო, უბრალოდ დაკარგა და ხელიდან გაუშვა. გასაგებია, რომ ჩვენი (ან თუნდაც ყველაზე კეთილისმსურველთა) რჩევა ბატონ ჯუმბერს არაფერში გამოადგებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უბრალოდ არ გაითვალისწინებდა. მაგრამ მას მშვენიერი მაგალითი ჰქონდა ბალტიის ქვეყნების სახით და პირადად, მახსოვს, როგორ მშურდა განსაკუთრებით ლიტველების. ბრაზაუსკასი, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტი იყო და უფრო მეტიც, ლიტვის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახლდათ, არამარტო გაბედულად, საოცრად გონივრულად მოიქცა და საკუთარი ხალხის ლიდერად იქცა თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ბრაზაუსკასმა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენა და ჩათრევას, ისევ ჩაყოლა ამჯობინა. პატიაშვილმა კი, ლიტველი კოლეგისაგან განსხვავებით, ვერ გააცნობიერა დრო, რომლის შეჩერება მართლაც შეუძლებელია და ლიდერობაზეც უარი თქვა. მოგვიანებით ამ უარს (შეგნებულსა თუ უნებლიეს) არამარტო სამწუხარო, ტრაგიკული შედეგებიც მოჰყვა ცხრა აპრილის სახით და მაშინ პატიაშვილიც ისე რომ მოქცეულიყო, როგორც მანამდე უნგრეთისა თუ ჩეხეთის ლიდერები მოიქცნენ, მოგვიანებით ჯუმბერ პატიაშვილიც საქართველოს პრეზიდენტიც გახდებოდა.

ბატონმა ჯუმბერმა კი ჯერ კიდევ 1988 წლის გაზაფხულზე პირველი შეცდომა დაუშვა და ლიდერობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას, არაპირდაპირ დაუპირისპირდა. ქართულ პრესაში გაჩნდა წერილები და პასკვილები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, მაგრამ ისეთი უსუსური და ბრიყვული, რომელსაც მხოლოდ უკურეაქცია მოჰყვა - ჩვენი საზოგადოების ის ნაწილიც კი, ვინც ზვიად გამსახურდიას თავის დროზე არც კი ესალმებოდა, მის დამცველად და ქომაგად იქცა. ალბათ ზოგიერთი წერილი, ალბათ ზოგიერთი რედაქტორის ინიციატივითაც იბეჭდებოდა პატიაშვილის საამებლად მაგრამ ფაქტია, რომ პატიაშვილს არაფერი გაუკეთებია ამ შეცდომის გამოსასწორებლად. ფაქტია ისიც, რომ კომუნისტური ხელისუფლების ყოვლად უგუნურ კამპანიას შესაბამისი შედეგი მოჰყვა და ზვიად გამსახურდია გმირად იქცა. ყოველ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება ისე მოიქცა, როგორც ასეთ შემთხვევაში იქცევა ხოლმე - იგი ხელისუფლების მხრიდან დაჩაგრულის მხარეს აღმოჩნდა. ჯუმბერ პატიაშვილის უნივერსიტეტში პირველმობრძანების დროსაც ეს დაპირისპირება უკვე დაწყებული იყო. ამიტომაც ამბავი მისი უნივერსიტეტში სტუმრობისა, ძალიან სწრაფად გავრცელდა მთელს თბილისში, მიუხედავად იმისა, ის შეხვედრა ტელევიზიით (გასაგები მიზეზების გამო) არ გადაუციათ. ტელევიზიით აჩვენეს მხოლოდ მეორე შეხვედრა, რომელიც ისევ უნივერსიტეტში, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ, 1988 წლის სექტემბრის ბოლოს შედგა. მაშინ კი ადამიანებმა (არა მხოლოდ თბილისში) იმ დროისათვის სრულიად უჩვეულო მოვლენა აღმოაჩინეს - თურმე შესაძლებელია, ცეკას პირველ მდივანსაც კი არ დაეთანხმო და ეკამათო კიდეც. უფრო მეტიც - ასეთი ტუტუცი სტუდენტები თურმე მართლა არსებობენ უნივერსიტეტში (და როგორც მაშინ ერთ-ერთ გაზეთში ჩვენს შესახებ დაბეჭდეს კიდეც), ისინი უფრო და უფრო ტუტუცდებიან. სხვა გაზეთში კიდევ უფრო რადიკალური აზრიც დაიწერა - ამ ბავშვების პოპულარობას დროულად თუ არ აღვუდექით წინ, თავსაც დაიღუპავენ და ჩვენც დაგვღუპავენო (ეტყობა მაშინ მართლა ბავშვი ვიყავი, რომ ეს უბრალო ჭეშმარიტება არ დავიჯერე). თუმცა უკვე გვიან იყო და ჩვენი სახელები თბილისში და არა მხოლოდ თბილისში (სამწუხაროდ), უკვე იცოდნენ. თანაც ჩვენს შესახებ აშკარად გაზვიადებული წარმოდგენები ჰქონდათ და იმ 1988 წლის გაზაფხულის დადგომასაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება შეშინებული თუ არა, საკმაოდ შეშფოთებული მაინც ელოდა. მათ მოლოდინს ისიც ამძაფრებდა, რომ (როგორც ცნობილია) ჩვენებური გაზაფხული სუსტი ნერვებისა და ნებისყოფის ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს და ქართველები თუ მეტნაკლებად შეგუებულები არიან თბილისური კლიმატის თავისებურებებს, უცხოელებს არაერთხელ გამოუმჟღავნებიათ აქაური გაზაფხულის მავნე გავლენა. მაგალითისთვის ცნობილია, რომ სწორედ აქ, მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელმა (თბილისური გაზაფხულით აფორიაქებულმა) ფეოდორ ჩერენკოვმა, ფეხშიშველმა შემოირბინა ჩვენი ქალაქის ქუჩები, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბუცები (მატჩის წინ) თანაგუნდელმა იური გავრილოვმა მოჰპარა და როგორც შემდგომ ფეოდორმა პარტიულ ხელმძღვანელებს განუცხადა - თბილისის ქუჩებში სწორედ თავის დაკარგულ ბუცებს ეძებდა. ჩერენკოვი მას შემდეგ თბილისში აღარც ჩამოუყვანიათ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მის ფსიქიკა ზე თბილისური გაზაფხული მკვეთრად უარყოფითად მოქმედებდა. როგორც ჩანს, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ნაწილიც დარწმუნებული იყო, რომ გაზაფხულზე (რადგან ნორმალურებად არ მიგვიჩნევდნენ) ჩვენც განსაკუთრებით გაგვიმძაფრდებოდა მიტინგების მოთხოვნილება და შიშსაც, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი და ფართო თვალები აქვს. აზრად რომ არ მოგვსვლია, იმ დღეებშიც ეგონათ ხოლმე რომ რაღაც საშინელება გვქონდა ჩაფიქრებული და მანამდე რომ საერთოდ არ გახსენებიათ, მიტინგების შემდეგ, ყოველ შაბათ-კვირას, მშვენიერი ექსკურსიები დაგვიგეგმეს. აშკარად ცდილობდნენ (შეძლებისდაგვარად) თბილისიდან ხშირად გავეყვანეთ უნივერსიტეტის კუთვნილი ავტობუსით და ტყე-ტყე და სოფელსოფელ სიარულით საკმაოდ კმაყოფილები ვიყავით. ჰქონდათ სხვა, ალტერნატიული მეთოდიც - სწორედ იმ დროს, როცა მათი ვარაუდით, მიტინგი უნდა გამართულიყო, ტელევიზიით მაყურებელს ისეთ ფილმებს სთავაზობდნენ, ადრე რომ თვითონვე კრძალავდნენ, მაგრამ ამ გზამ და საშუალებამ არ გაამართლა და მოძრაობა დღითიდღე უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა.

კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი, რისიც (აგრეთვე აშკარად) ეშინოდა ხელისუფლებას, იყო დისიდენტური და სტუდენტური მოძრაობის გაერთიანება, მაგრამ ჩვენ არ ვჩქარობდით, რადგან გვეგონა, რომ სტუდენტური მოძრაობა დისიდენტების გარეშე გაცილებით ძლიერი იქნებოდა. თუმცა მათთან ურთიერთობა, რასაკვირველია გვქონდა (კოორდინირების ჩათვლით) და ხშირადაც ვხვდებოდით ერთმანეთს. ისინიც ისევე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც ჩვენ და ისინიც ჩვენსავით რთული ადამიანები იყვნენ ძალიან ხშირად. ყველაზე ადვილი იყო ირაკლი წერეთლის გაგება, რომელიც ძალიან გულახდილად სწორედ იმას ამბობდა ხოლმე, რასაც ფიქრობდა. პირადად მეც გულახდილად მირჩევდა ხოლმე (უნივერსიტეტის წინ), რომ არ ვყოფილიყავი ასეთი ემოციური და რადიკალური და სანამ მომიწოდებდა სიმშვიდისა და რაციონალურობისაკენ, ჩვენს გარშემოც ნელ-ნელა სტუდენტები გროვდებოდნენ ხოლმე და ხალხის მომატებასთან ერთად, ირაკლი წერეთელი ხმასაც უმატებდა ხოლმე და ბოლოს კი ბედნიერი ირაკლი სრულიად განწირული ხმით ყვიროდა საყვარელ ლოზუნგს: ქაჯეთის ციხე უნდა დაინგრეს!

რასაკვირველია, ამ მოწოდებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა „ვეფხისტყაოსანთან“ და ქაჯეთის ციხე მხოლოდ ცეკას მაშინდელ შენობას ნიშნავდა, მაგრამ პირადად (სხვებთან შედარებით), მაინც ყველაზე მეტად მისი მოსვლა მიხაროდა ხოლმე უნივერსიტეტში და უპირველესად მისი გულწრფელობის გამო. ზოგიერთები დაუფარავად ამბობდნენ კიდეც, რომ გიჟიაო და უპირველესად კი იმის გამო, რომ ირაკლი წერეთელი საქართველოს ნატოში შესვლას იმთავითვე ითხოვდა. ვინც ამის გამო მას დასცინოდა კიდეც, რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე (ტელევიზიით) ფოთის პორტში, როცა ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი (ბუშტებითა და ყვავილებით ხელში) ნატოს სამხედრო გემს ხვდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე იურიდიულად დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებაში ისინიც კი აღმოჩნდნენ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას მთელი ცხოვრება ებრძოდა, ხოლო ირაკლი წერეთელს კი პატიმრობას უსჯიდა სწორედ დამოუკიდებლობის გამო. თვითონ ირაკლის, იმ წლების სანაცვლოდ, არასოდეს არაფერი მოუთხოვია და ამიტომაც, როგორც კი ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის ურთიერთობა იძაბებოდა ხოლმე, ყველაზე მეტად ირაკლი წერეთლის იმედი მქონდა.

ერთხელაც, როცა მართლა ძალიან სერიოზული საფრთხე დაემუქრა ჩვენი მოძრაობის ერთიანობას, დაპირისპირებული ლიდერები შესარიგებლად უნივერსიტეტში მოვიწვიეთ. ყველანი დროულად მოვიდნენ და ირაკლი წერეთელმა კი ცოტა დაგვიანებით შემოაღო აუდიტორიის კარი და მაშინვე მიხურა. მეც მაშინვე წამოვდექი და გარეთ გავედი. წერეთელი დერეფანში ძალიან გაბრაზებული დამხვდა იმის გამო, რომ აუდიტორიაში ზვიად გამსახურდიას ცოლიც იჯდა. ცოლი რა შუაშია, წავიდეს და კაცები დავსხდებით და ყველაფერზე დავილაპარაკებთო. აუდიტორიაში დავბრუნდი და ბატონ ზვიადს ყურში ვუჩურჩულე - წერეთელი არ შემოდის, ალბათ არც შემოვა, თუ თქვენ ქალბატონ მანანას არ ეტყვით, რომ აუდიტორია დატოვოს-მეთქი. გამსახურდიამ ჯერ თავის მეუღლეს გახედა, მერე კი ცალყბად, მისთვის დამახასიათებელი ღიმილით მიჩურჩულა - გენაცვალე, იმ წერეთელს გადაეცი, რომ თუ ასე ძალიან უნდა, თვითონვე უთხრას მანანას და ვნახოთ ერთი, ვის მოუწევს აქაურობის დატოვებაო.

მერე გაიცინა და მეც გამეცინა. გარეთ კიდევ ერთხელ გავედი, მაგრამ ირაკლი წერეთელი შემოსვლაზე მაინც ვერ დავითანხმე და ის შეხვედრაც, რა თქმა უნდა, უშედეგოდ დასრულდა. თუმცა მაშინ იმაზე არც მიფიქრია, რომ ამ კინკლაობას (ზოგჯერ სრულიად უსაფუძვლოს), შესაძლო იყო რაიმე ცუდი, მძიმე და სერიოზული შედეგი მოჰყოლოდა მომავალში, რადგან არცთუ იშვიათად, ლიდერებს შორის დაპირისპირება, უბრალოდ, რომელიმე მათგანის უცნაური ახირების ბრალი იყო.

მახსოვს ისიც, რომ ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს თბილისში ხმა გავრცელდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას და სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნული მოძრაობის ლიდერები ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე შეიკრიბნენ. შეხვედრაზე დასწრების საშუალება სამ სტუდენტსაც მოგვცეს, მაგრამ არა კამათში მონაწილეობის უფლებით და ჩვენთვის, ესეც ძალიან დიდი პატივი იყო.

ჯერ გაკვრით ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე და ბოლოს კი მთავარი საკითხის განხილვაც დაიწყო - რამდენიმე დღეში თბილისს რონალდ რეიგანი ესტუმრებოდა (სახელმწიფო მდივნის თანხლებით) და საჭირო იყო უამრავი დეტალის შეთანხმება...

17 ცრემლიანი სათვალე

▲ზევით დაბრუნება


გიორგი გვახარია

ნაწილი ოცდამერვე
გადარეული
2000

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

თუ რასმე ნიშნავს ძლიერება იმ სიყვარულის,
რომლის ნაყოფიც შენ ხარ, ფიქრიავ, -
შენ უნდა გექნეს - კისერი ირმის!
შენ უნდა გექნეს - ფეხებიც ირმის!
შენ უნდა იქნე,
ერთი სიტყვით, გადასარევი...

4 წლის იყო ფიქრია, როცა მამამისმა, მურმან ლებანიძემ ეს ლექსი დაუწერა.

-„მე არა... დედაჩემს მიუძღვნა. ვერ ხედავ, „ძლიერ სიყვარულში“ ეფიცება“?

ასე, მოკლედ, მომიჭრა. მას შემდეგ, რაც გამომიცხადა, სახლში ჩვენებს ვეჩხუბე, ყველაფერი „თავზე დავამხეო“. მურმანის ლექსის გახსენებამ ვერ გაჭრა. გული ვერ აუჩუყა.

საერთოდ, შეუძლებელი იყო ფიქრიას გულის აჩუყება. ეგრევე იგრძნობდა, რა გქონდა განზრახული და თავისი „საფირმო“ რე რეპლიკით მოგიღებდა ბოლოს - „მიდი რა... გაიარ-გამოიარე და გაიხედ-გამოიხედე!“. ამის მერე, როგორც წესი, დაიკარგებოდა ხოლმე. აღარ დარეკავდა, ზარზე არ გიპასუხებდა. კარს არ გაგიღებდა. ერთხელ, მორიგი „ტაიმაუტის“ წინ, საირმეზე, თავისი ოროთახიანი ბინის კარზე უზარმაზარი აბრა დაკიდა: „ნუ მომიკითხავთ, ნუ დააკაკუნებთ, ფიქრია მოკვდა!“

რამდენიმე თვის მერე ისევ „გაცოცხლდებოდა“, დაგიძახებდა, თავის ახალ პროექტებზე დაგელაპარაკებოდა. ხან კიპლინგის ახალ თარგმანზე გიამბობდა, ხან „ფიროსმანის კლუბის“ გახსნის პერსპექტივაზე. ბოლოს, რაღაც გრანდიოზული ბანკი აიჩემა - ქვეყანას ახლა გამართული საბანკო სისტემა ჭირდებაო. ასე გრძელდებოდა 1976 წლიდან, როცა ფიქრია ლებანიძე გავიცანი.

2000 წელს ფიქრია კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ გარდაიცვალა. მგონი, რაღაც უცნაური სიმსივნით. არ ვიცი. დიდი ხანი არ მენახა. მაინცდამაინც, არ დავინტერესებულვარ. ვერასდროს დავიჯერებ, რომ ფიქრია რაღაც გადაუხარშავი, მოუნელებელი დარდის, ე.ი. კიბოს მსხვერპლი გახდა. საერთოდ ვერ დავიჯერებ, რომ ფიქრია აღარაა ცოცხალი.

იმდენჯერ მომატყუა, მოვკვდიო, რომ ვერ დავიჯერებ.

თანაც, რა? წლები გადიოდა და ერთმანეთს არ ვნახულობდით. 2000 წლიდან დღემდე მხოლოდ 8 წელი გავიდა. ჰოდა, ხომ შეიძლებოდა 8 წელი დაგვეკარგა ერთმანეთი? თუმცა, ასე დღეს ვიმშვიდებ თავს, თორემ, 2000 წელს ძალიან მჭირდებოდა ფიქრია ლებანიძე. სულ იმას ვიხსენებდი, როგორ ამაყობდა - ომის მერე, ედუარდი რომ ჩამოვიდა (მართლა ასე ამბობდა - „ედუარდი“), მამაჩემს დავურეკე და ვეჩხუბე, რატომ არა ხარ აეროპორტში, რატომ არ ხვდებიო.

ნეტავ, იგივეს გაიმეორებდა 2000 წელს, როცა ქართულმა საპარლამენტო უმრავლესობამ დაშლა დაიწყო და როცა უკვე აშკარა გახდა, რომ ფიქრიას სათაყვანებელ ედუარდს მისივე შვილები გადატრიალებას უმზადებდნენ? ალბათ - არა. ფიქრიას ხომ ძალიან არ უყვარდა დამარცხებულები!

პირველი ჩემი ნაცნობი გოგო იყო, რომელსაც ქუჩაში მოწევის არ შეეშინდა. თანაც, „პრიმას“ აბოლებდა. იმხანად, 70-იან წლებში ვიღაცამ „ამერიკის დროშიანი“ ქურთუკი ჩამოუტანა. ჰოდა, გამოდიოდა გარეთ ამ „დროშით“ და საერთოდ არ ანაღვლებდა, რას იტყოდა ხალხი. ვარსკვლავებიანი დროშა სამზარეულოშიც ეკიდა, საირმის ქუჩაზე - სახლში, რომელსაც თავის „მონაპოვრად“ თვლიდა - ამაყობდა, რომ მარტო ცხოვრობდა და სახელოვან მამაზე არ იყო დამოკიდებული. თუმცა, დროდადრო იმასაც აღიარებდა, რომ მამამისის ნებართვის გარეშე თავის ლექსებს არასდროს დაბეჭდავდა.

0x01 graphic

ვერ გაუგებდი, რა!

როგორც კი ყოყმანს შეგატყობდა, ამერიკის იმ დროშაზე მიგითითებდა ხოლმე - აი, ხალხი! ამათ არ ეშინოდათ სიძლიერის, არ ეშინოდათ გმირების, ამიტომაც შექმნეს ქვეყანაო!

ასე უყვარდა ჯერ ზვიადი, მერე ედუარდი.

გარდაცვალებამდეც ეყვარებოდა ვინმე. შეიძლება ასლანი, შეიძლება ჟვანია, ან, თუნდაც, სააკაშვილი, რომელიც ნელ-ნელა ძალიან პოპულარული ხდებოდა ხალხში. ეყვარებოდა, მაგრამ არაფერს სთხოვდა. შეიძლება, მამამისისთვის დაერეკა მხოლოდ და ებრძანებინა, წადი და გვერდში დაუდექიო.

ფიქრიაში თავმოყრილი იყო ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი - ძლიერის კულტი, გამარჯვებულის თაყვანისცემა, ნიცშეანური „ზამაჟკები“, რომელსაც ამ პლანეტისთვის და ამ ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია.

მაგრამ, მაინც, ძალიან, ძალიან მიყვარდა ფიქრია! განსაკუთრებით მაშინ, როცა დაბნეულსა და სკეპტიციზმის „ტროპებში“ ჩაყვინთულს, მჭირდებოდა ვიღაცას ეთქვა: „მიდი რა! გაიარ-გამოიარე და გაიხედ-გამოიხედე!“

„ვიყურები კამერაში და ვხედავ მხოლოდ იმას, რაც ობიექტივში მოხვდა, ჩემი მზერის არეალში მოხვდა... არადა, იცი როგორ მინდა, ისიც დავინახო, რაც ჩემს ზურგს უკანაა?“

ლევან პაატაშვილმა მითხრა ერთხელ.

უცნაური დამთხვევაა - ლევანი ფიქრიასთან ახლოს, მიცკევიჩზე ცხოვრობდა.

ლევანსაც ეს „გავლა-გამოვლა“ და „გახედ-გამოხედვა“ ჰქონდა აჩემებული. „ნეილონის ნაძვის ხის“ გადაღებაზე რაღაც ახალი კამერა მოიგონა - ერთი ობიექტივი წინ იყურებოდა, მეორე გვერდზე. კადრში ორივე გამოსახულება ერთად აღიბეჭდებოდა.

სიმულტანურობის მიღწევის ეს სურვილი, რა თქმა უნდა, ახალი არ იყო. მგონი, ელ გრეკომ დაიწყო ჯერ - ტოლედოს ხედი სხვადასხვა რაკურსებიდან გამოხატა და ერთ სურათში „დაამონტაჟა“. მერე კუბისტები მოვიდნენ. აგერ პიკასომაც ხომ თქვა, პროფილი რომ გამოიხატოს, საჭიროა არა ერთი, არამედ სამი ცხვირიო? ეს ხალხი დარწმუნებული იყო - სამყარო ცუდია იმიტომ, რომ ჩვენი ხედვაა ცუდი, რომ ბოროტების სათავეა tromp l'oeil, ანუ „მცდარი ხედვა“ და იმ რეალობაზე მიჯაჭვულობა, რომელსაც თავისი თვალებით ხედავს ადამიანი.

ხედავს მხოლოდ იმას, რაც მისი მზერის არეალში ხვდება.

კინოკამერა ლევანმა რაღაც უცნაურ, სიურეალისტურ კონსტრუქციად აქცია - ობიექტივზე ცელოფანის ნაკუწები, ფოთლები, მავთულები მოამაგრა - თავად კამერა გახადა ხელოვნების ნაწარმოები. ასეთი კამერა ვეღარ აღბეჭდავს იმ გამოსახულებას, რომელსაც მისი თვალი, ე.ი. ობიექტივი ხედავს… და როცა გვერდზე კიდევ ერთი ობიექტივი აქვს მიმაგრებული („თვალი“, რომელიც გვერდზე იყურება), ოპერატორს ეძლევა შესაძლებლობა, ისიც კი დაინახოს, რაც მისი მზერის არეალს სცილდება.

ალბათ, გაგიკვირდებათ, იკითხავთ, ნუთუ ლევან პაატაშვილამდე არავის მოსვლია თავში ეს იდეაო? კი, როგორ არა. ვიღაცები მოინდომებდნენ. ყველა კარგ ოპერატორს ხომ კომპლექსი აქვს - უნდა, რომ მხატვრად აღიარონ. არადა, როგორც წესი, „კარგ ოპერატორად“ მხოლოდ იმას მიიჩნევენ, ვინც კინოს მხოლოდ და მხოლოდ სურათებს, უფრო სწორად „სლაიდებს“ დაამსგავსებს; „თეთრი ცხენი წითელ ყაყაჩოებში“ - ოპერატორის დიდ გამარჯვებად ითვლება - ლამაზია და დასამახსოვრებელი!

ეს კიდევ სულ არ არის ლამაზი - ერთმანეთში შერეული, სხვადასხვა წერტილიდან დანახული რამდენიმე გამოსახულება. არც ერთი ჩანს მკაფიოდ, არც მეორე და არც მესამე.

მკაფიოდ არ ჩანს! ადამიანის თვალს კი სიცხადე უყვარს. თვალსაც და ტვინსაც.

ამიტომაც, ვერ გადაატრიალეს სამყარო კუბისტებმა. დარწმუნებულები იყვნენ, რომ დაძრავდნენ ხელოვნებას, რომელიც აქამდე მხოლოდ ერთი წერტილიდან გამოხატავდა ყველაფერს (პრინციპით - რასაც ვხედავ, იმას ვხატავ) - სეზანმა ფერით დაიწყო ახალი ფორმის „კონსტრუირება“, ბრაკმა „კუბიკები“ ააწყო... და რა მერე? ეშველა რამე ამით ხელოვნებას? ეშველა რამე სამყაროს?

„გაიხედ-გამოიხედეო“ რომ მიბრძანებდა, თვითონ რატომ იჯდა სახლში? მთელი დღე რას აკეთებდა? განსაკუთრებით, მაშინ, როცა კარს არავის უღებდა? ლექსებს წერდა, რომლის დაბეჭდვას მამის ნებართვის გარეშე ვერ ბედავდა? თავის საყვარელ კიპლინგს თარგმნიდა? თუ მხოლოდ და მხოლოდ „ვარსკვლავებიან დროშას“ უმზერდა და იმ ძლიერ ხელისუფალზე ოცნებობდა, რომელიც ჩემნაირ გაუბედავ, იჭვნეულ და ლამის მთელი ცხოვრება საგონებელში ჩავარდნილ ხალხს დედას უტირებდა?

სხვათა შორის, იმ 2000-ში, „ვარსკვლავებსაც“ დაეტყოთ ეს ჭოჭმანი და გაორება, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე, სულ რამდენიმე ასეული ხმით გაამარჯვებინეს ჯორჯ ბუშს. ჰოლივუდის მიერ, ჯერ კიდევ 10-იან წლებში, გრიფიტთან დამკვიდრებული სტერეოტიპი - თუ „ჰეპი-ენდი“ გინდა, აუცილებლად უნდა შექმნა მტერი - ისევ წარმატებით ამუშავდა. მაგრამ, წარმატება, ამჯერად, დიდი ვაი-ვაგლახით იყო მოპოვებული.

ჰო. აქ ცოტა დაიბნეოდა ჩემი ფიქრია. მაგრამ დიდხანს არ გაუგრძელდებოდა ყოყმანი. ბოლოს და ბოლოს, სამზარეულოს კედელზე, ჯერ კიდევ 80-იანების ბოლოს გამოაკრა ჯორჯ ბუში-მამის სურათი (ჟურნალ „ამერიკიდან“). პოლიტიკაზე როცა ვსაუბრობდით, შეხედავდა ხოლმე და ამბობდა: „აი, კაცი!“.

პუტინზე რაღას იტყოდა? ამ ახლადგამომცხვარ პრეზიდენტზე, რომელმაც მშვენივრად იცოდა, რომ იქ, რუსეთში, ჰოლივუდის მითები ჯერ კიდევ აქტიურად მოქმედებდნენ. ფაქტი სახეზეა - 2000-ში დაიწყო „მეორე ჩეჩნური ომი“ და პუტინის პოპულარობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

თავის დროზე შევარდნაძემაც ასე დაიწყო. ამიტომაც მოუწოდებდა მამამისს, გახარებული ფიქრია, ედუარდი ჩამოდის, წადი ახლა აეროპორტში და დახვდიო. 2000-ში ის ვეღარ დაინახავდა დაღლილ და ძალიან დაბნეულ მოხუცს, რომელიც აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით აირჩია, რადგან ისევ დაეზარა „გახედვა“ და „გამოხედვა“... ან, უბრალოდ, შევარდნაძის სისტემის მიერ შექმნილმა „მტერმა“ შეაშინა.

თავად ედუარდი, იცოცხლე, ცდილობდა - ერთდროულად წინ, უკან და გვერდებზე იხედებოდა.

ფიქრია უკვე ცოცხალი არ იყო, როცა „ფსიქოში“ შევარდნაძის მიერ ახლადდანიშნული იუსტიციის მინისტრი, მიხეილ სააკაშვილი მოვიწვიეთ. ორუელის „1984“-ის ძალიან ცუდი ეკრანიზაცია ვნახეთ და გავარჩიეთ. ვისაუბრეთ მოსმენების, თვალთვალის, დაბეზღების ტრადიციაზე. 32 წლის მინისტრი სიამოვნებით მსჯელობდა ყველაფერზე, რაც „მოქალაქეთა კავშირის“ მთავარ მტერს, ასლან აბაშიძეს გულისხმობდა და ყველანაირად გვერდს უვლიდა ზოგადად, ხალხის კრიტიკას. იმ ხალხისა, რომელმაც ერთი მაშინდელი გამოკითხვით, სტალინი ყველა დროის დიდ ქართველად აღიარა, პრეზიდენტის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი, სულ ქოქოლა დააყარა დიდი უმრავლესობით არჩეულ შევარდნაძეს, რომელმაც საქართველოში რომის პაპი, იოანე-პავლე მეორე მოიწვია.

„თავისუფალ კალატოზთა ლოჟის იდეოლოგი თბილისში ჩამოდის!“ - ასეთი სათაურით გამოვიდა ერთი ძალიან პოპულარული გაზეთი მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ თხოვნით მიმართა მრევლი, თავი შეეკავებინა პაპის მიერ ჩატარებულ წირვაში მონაწილეობისგან. მანამდე, იოანე-პავლე მეორეს დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ მართლმადიდებლურ რუმინეთში, რომელიც, სულ ცოტა ხანში, ასეთივე ზარ-ზეიმით შეიყვანეს ევროკავშირში.

სავარაუდოდ, ის ხალხი, რომელმაც სტალინი ყველა დროის ქართველად გამოაცხადა, აქტიურად ჩაერთო პაპის ვიზიტის საპროტესტო კამპანიაში. ჯერ მოსკოვში, საქართველოს საელჩოს თან გამართა მიტინგი, მერე კი, თბილისში დაიწყო „მოძრაობა“, რომლის დამაგვირგვინებელი აკორდი „კურიერი“ იყო ხოლმე. „დავარბევთ!“, „წყალს შევასხამთ!“, „ტაძარს არ წავაბილწინებთ!“ - თითქმის ყოველ საღამოს ისმოდა ტელეეკრანებიდან.

ინტელექტუალურ-არტისტული ელიტა? პოეტები, მსახიობები, მუსიკოსები... ჰო, ცოტა დაიბნენ. მაინცდამაინც, ვერ მიხვდნენ, რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო საშიში რომის პაპის ვიზიტი. თანაც, იმ პაპის, რომლის პიესა თავის დროზე მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა, რომელმაც თავის ტექსტებში ადამიანი პოეზიის დონეზე აიყვანა. 2000 წელს ეს ელიტა ჯერ კიდევ ხშირად იმეორებდა სიტყვას „ქრისტიანული“ (და არა მხოლოდ „მართლმადიდებლური“), ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რატომ ემუქრება ჩვენს სულიერებას იმ ადამიანის ვიზიტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნისტური სისტემის ნგრევაში.

0x01 graphic

„კურიერში“ უხსნიდნენ ხოლმე ზოგჯერ. მაგრამ, მოძღვართა შეგონება არ ისმინეს და სპორტის სასახლეში მაინც მივიდნენ. მერე ჩამწკრივდნენ და ხელზე ეამბორნენ.

არა. საქართველოს არასდროს ემუქრება წყვდიადში ჩაძირვა, რადგან ჩვენ სნობიზმით გამორჩეული ინტელექტუალურ-არტისტული ელიტა გვყავს - სრულიად განსაკუთრებული სოციალური ფენა, რომელიც სულიერებასა და ტრადიციებზე ბევრს მსჯელობს, მაგრამ უყვარს „კაი ცხოვრება და რამეები“... „ევროპა და რამეები“ ... ჰოდა, აბა, როგორ არ შეირგებდა შევარდნაძის კანცელარიიდან გაგზავნილ მოსაწვევს რომის პაპის წირვაზე დასასწრებად!

რაის პაზოლინი და რაის ფასბინდერი - სიცილად რომ არ ეყოფოდათ „წმინდა მამის“ ეს საზეიმო წირვა სპორტის სასახლეში. ჩვენ ასეთი თავქეიფა არტისტები არა გვყავს.

ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გვყავდა 2000 წელს, როცა ედუარდ შევარდნაძე ბუხართან პატიჟებდა ხოლმე ინტელექტუალურარტისტულ ელიტას ჩაის დასალევად.

პაპის ვიზიტზე ისევ ფიქრია გამახსენდა. წარმოვიდგინე, როგორ დაურეკავდა მამამისს და უბრძანებდა, რომის პაპი ჩამოვიდა, წადი და ეამბორეო. ისიც მახსოვდა, როგორ დავკალით ერთმანეთი 80-იან წლებში, პავლე ფლორენსკიზე ჩხუბით.

Столп и утверждение Истины - წაკითხვისთანავე სამაგიდო წიგნი გახდა ჩემთვის. მომეწონებოდა, აბა რა; მუდმივი წინააღმდეგობებისა და „ერთის მხრივ - მეორეს მხრივ“ რიტორიკის მოყვარულს, დიდმა თეოლოგმა და ხელოვნებათმცოდნემ, შესაძლებელია ყველაზე ჭკვიანმა კაცმა მეოცე საუკუნის მართლმადიდებლურ სამყაროში, დამიდასტურა (სულ მეცინება ამ სიტყვაზე), რომ „ანტინომიებში“ (ფლორენსკის ტერმინი რომ ვიხმაროთ) ლივლივი სულაც არაა პათოლოგია.

აბა, რა არის იმაზე უფრო საამური, როცა დათრგუნულსა და შეშინებულს, იჭვიანსა და თავგზააბნეულს, არა ფროიდი და ნიცშე, არამედ, შენივე ეკლესიის შვილი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი გეტყვის: „წინააღმდეგობები და გაორება ნუ შეგაშინებს! სწორ გზას ადგახარ. დაინახე, აღიარე ეს ანტინომიები და მერე გულს ჰკითხე. გული ყოველთვის მართალია!“

ამ მხრივ ფლორენსკისა და ვოიტილას ტექსტები რაღაცით ჰგავს ერთმანეთს (ფლორენსკის განსაკუთრებით ჰგავს „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“, რომელიც ვოიტილამ ეპისკოპოსოდ ყოფნის პერიოდში დაწერა). განსხვავება მხოლოდ ისაა, ალბათ, რომ კათოლიკეებთან ღმერთისა და ჭეშმარიტების ძიების პროცესში ვატიკანის ტახტზე დასმული „წმინდა მამაა“ ჩართული, ჩვენ კი, რამდენადაც მესმის, ასეთი შუამავალი არ გვჭირდება. არსი კი იგივე უნდა იყოს - „ნუ მიეჯაჭვები წუთისოფელს. სული უკვდავია!“

ფიქრია რაღაც დიეტებით ცდილობდა, როგორც თავად ამბობდა, „სხეულის გაწმენდას“ - გამოხდილ წყალს სვამდა ხოლმე. ერთხელ, დაინტერესდა, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს გაუძლოს უძილობას - ყავის სმაში და „პრიმის“ ქაჩვაში გადააგორა ერთი კვირა. უძილო ფიქრია გაღიზიანებული და აფორიაქებული იყო. თეოლოგიურ დისკუსიებზე ცოფებს ყრიდა - ერთსა და იმავეს გაიძახოდა - „ღმერთი მოკვდა, ღმერთი მოკვდაო!“. მაგრამ, კიდევ უფრო ღიზიანდებოდა, როცა რაღაცაში დაეთანხმებოდი, უბრალოდ ეტყოდი - „ამაში მართალი ხარ“. შეგხედავდა, თვალს გაგისწორებდა, მარჯვენა ხელს ზევით ასწევდა და იტყოდა: „რა კარგია ცხოვრება!“

ეს, რა თქმა უნდა, დამცინავი ჟესტი იყო. დამფრთხალი ადამიანის მიუღებლობა. იმის მინიშნება, რომ არ უნდა შეგეშინდეს უკაცრიელ ქუჩაზე ბოდიალის, სადაც მხოლოდ და მხოლოდ შენი ნაბიჯების ხმა გესმის. მარტოობის ამ საზარელზე საზარელ განცდას შეუძლია გაგაჩეროს პირველივე კართან, დაგაკაკუნებინოს და გათქმევინოს: „შემომიშვით, ხალხო. მე თქვენსავით ვცხოვრობ, თქვენნაირი ვარ, თქვენსავით ვფიქრობ!“. სპენსერ ტრესის გმირი, დარვინისტი მასწავლებლის ადვოკატი ამბობს ამას სტენლი კრამერის ფილმში „რასაც მოიმკი“: „ამას თუ იტყვით, ყველა სახლის კარი გაიღება თქვენთვის და აღარასდროს იგრძნობთ თავს მარტო. ამას თუ იტყვით, ჩემი დაცვა აღარ დაგჭირდებათ“

ფიქრია! იჯდა თავისთვის სახლში, საირმის ქუჩაზე. ხანდახან მერვე სართულის აივნიდან გადმოჰყურებდა სრულიად საქართველოს ყავის ჭიქითა და „პრიმით“ ხელში და არ ეშინოდა მარტოობის, თქვენნაირი ვარო, არავის ეუბნებოდა. ამიტომაც დარჩა უნიკალური, ერთადერთი ჩემს წარმოდგენაში.

გადარეული.

ფიქრიას დაკრძალვის შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, მე და ლაშა ბაქრაძე ადლერში, ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე გავფრინდით. პაატა ზაქარეიშვილმა, ბოლოს და ბოლოს, დააკმაყოფილა ჩვენი დაჟინებული თხოვნა და საქართველოს დელეგაციაში შეგვიყვანა. ძალიან მინდოდა პირადად გამეგო როგორ ცხოვრობენ აფხაზები - „როგორი სიმართლით“ ცხოვრობენ. თუნდაც, იმიტომ, რომ „შერეული გამოსახულება“ დამენახა - ის გამოსახულება, რომელიც არც სოხუმში უყვართ და არც თბილისში.

გამონაკლისები არსებობენ, რა თქმა უნდა. თუნდაც პაატა - კაცი, რომელიც არასდროს ენდობა ამ tromp l'oeil-ს და ყოველთვის ცდილობს, სხვისი თვალითაც დაინახოს რეალობა. პაატას რომ რამეს ეკითხებოდნენ თბილისში, აფხაზეთის პრობლემა ქართველებისთვის გადაჭრილი იქნებოდა. და არა იმიტომ, რომ კარგად იცის ამ კონფლიქტის ისტორია, არც იმიტომ, რომ პატივს სცემენ აფხაზები. პაატა - ემპათიური პოლიტიკოსის იშვიათი მაგალითია საქართველოში. მისი ცხოვრების წესი და მისი პოლიტიკა - სხვისი სიმართლის გაგების სურვილია. როცა ვინმეს ხვდება და ელაპარაკება, მისთვის სხვა არც არავინ არსებობს ამ სამყაროში. ეს „ვინმე“ თითქოს მთლად ღმერთმა მიუგზავნა, რათა მოუსმინოს და როგორმე გადალახოს tromp l'oeil-ზე მიჯაჭვულობა.

რატომღაც მგონია, რომ აფხაზებთან შეხვედრები პაატა ზაქარეიშვილისთვის ერთგვარი სულიერი „ტრენინგია“ - გამოცდა გამძლეობაზე. ჰოდა, ვითომ მე რატომ არ უნდა ჩამებარებინა ეს გამოცდა? მით უმეტეს, რომ აფხაზებისგან განსაკუთრებული წინააღმდეგობა არც მიგრძვნია. პირიქით, მე და ლაშას გაგვიკვირდა კიდეც - ქართულად გველაპარაკებოდნენ, თავიანთ მთავრობაზე ქილიკობდნენ, თბილისელ მეგობრებს მოკითხვას უთვლიდნენ. მაგრამ საკმარისი იყო, ერთად შეკრებილიყვნენ და „ოფიციალურ დისკუსიაზე“ გადასულიყვნენ, ქართული „ავიწყდებოდათ“. მომეჩვენა, რომ ერთმანეთს, მაინცდამაინც, არ ენდობოდნენ.

ჰო, ალბათ, მომეჩვენა. თბილისში რომ დავბრუნდი, „რადიო თავისუფლებისთვის“ სიუჟეტი მოვამზადე. ეტყობა, ძალიან მინდოდა გამეხარებინა ჩემი თანამემამულეები - ამ უნდობლობაზე გავახურე.

მასალის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ პაატამ დარეკა:

„რა სიუჟეტი გავიდა შენი? სოხუმიდან დარეკეს აღშფოთებულებმა“

რაც თქვეს, ის გადავეცი. თანაც, შეხვედრების დროს ხომ ხედავდნენ რომ ვიწერდი, პროტესტი არავის გამოუთქვამს-მეთქი.

მართალი გითხრათ, არ მეგონა სოხუმში ასეთი ყურადღებით თუ უსმენდნენ „რადიო თავისუფლებას“

პაატამ, რა თქმა უნდა, იგრძნო, რომ ამ ამბავმა ძალიან ამაღელვა - წარმოვიდგინე მშვიდობისმყოფელი აფხაზები, რომლებიც ჩემი სიუჟეტის შემდეგ იქაურმა უშიშროებამ დაიბარა და სულ თითი უქნია. არც ის იყო გამორიცხული, ამ სიუჟეტის მერე აფხაზეთის მთავრობას მათთვის ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობა აეკრძალა.

არაფერია, შენ არ იდარდოო, კი მითხრა პაატამ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა - „შენიანების“ გახარების სურვილმა, ანუ, ძველთაძველმა შიშმა, არ დარჩე მარტო და გარშემომყოფთ დაუმტკიცო, რომ მათგან დიდად არაფრით განსხვავდები, სრულიად უდანაშაულო ხალხი შეიწირა. ისიც ფაქტი იყო, რომ ამ შეხვედრაზე, ადლერში, აფხაზები ძალიან გააღიზიანა გვახარიას ქედმაღლურმა ტონმა და იმაზე ყურადღების გადატანამ, რომ დღევანდელ აფხაზეთში ვერა და ვერ შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოება. განსხვავებით საქართველოსგან. დანარჩენი საქართველოსგან.

პაატამ კი დამაწყნარა, მაგრამ მას შემდეგ ამ შეხვედრებზე აღარავის მივუწვევივარ. პრინციპში, 2000 წლის შემდეგ ქართულაფხაზური დიალოგები ძველებური ინტენსივობით არც ტარდებოდა - თბილისშიც და სოხუმშიც ხელისუფლებაში მოდიოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ სწამდათ ასეთი შეხვედრების. მოკლედ, როგორც ის ჭკვიანი იტალიელი მწერალი იტყოდა, დგებოდა დრო „ტურებისა და აფთრებისა“, იმ ჯიშის ხალხისა, რომელთაც ჯგუფურად, დროშების ფრიალით უყვართ ცხოვრება. ასეთი ახალგაზრდა ტურები და აფთრები ყოველთვის იმარჯვებენ დაღლილ, გამოფიტულ ლომებზე. იმარჯვებენ და მერე გამამხნევებელ სიმღერასაც იგონებენ.

0x01 graphic

„ფსოუს წყალი დავლიეს“, მაგალითად.

სნობებისთვის ცოტა არაესთეტურია, უგემოვნო. მაგრამ ტურებსა და აფთრებს, გემოვნებაზე არც არასდროს ჰქონიათ პრეტენზია. ისინი „გაიხედ-გამოიხედეს“, „გაიარ-გამოიარეს“, ფლორენსკი-ვოიტილას ანტინომიებს კატეგორიულად უარყოფენ და მხოლოდ წინ იყურებიან.

ასეთია ისტორიის ლოგიკა. ისტორია სულ ჩქარობს.

და ადამიანიც ასეა მოწყობილი. „გავლა-გამოვლის“ დროსაც კი აუცილებელია, ვიღაც იდგეს შენ გვერდით. ხელი მოგაშველოს, როცა დაიღლები.

თუმცა, მეორე გზაც არსებობს - ფიქრიას გზა; ნაადრევი სიკვდილი კიპლინგის, თურქული ყავისა და უფილტრო სიგარეტის გარემოცვაში. გადასარევი გზა.

18 ერთხელ ინ ჯორჯია

▲ზევით დაბრუნება


ერთხელ საქართველოში

ავტორი: აკა მორჩილაძე

0x01 graphic

შესავალი სერჯიო ლეონეს თანხლებით და ვითარების შესატყობი წვრილი ჭორებით.

ერთიც ვნახოთ და ხმა გავარდა: სერჯიო ლეონეს გადაუწყვეტია, „ქარწაღებულნი“ გადაიღოს და გადაღებების ნაწილი უეჭველად საქართველოში იქნებაო.

ხმა გავარდა, თუ გაზეთში ეწერა, ახლა აღარ მახსოვს.

წელიწადიც აღარ მახსოვს: გაზეთებში იმდენი რამე ეწერა მაშინ, რომ რას დაიმახსოვრებ.

საერთოდ ისეთი დრო იყო, რომ გაზეთებში უფრო ძველი ამბები დაგაინტერესებდა: პერესტროიკა და მთელი ამბავი.

შეიძლება, ეს ცოტა გვიანაც იყო, ვიდრე მაინცდამაინც პერესტროიკას დავუძახებთ.

ყოველ შემთხვევაში, 1989 წლის შემდეგ ვერაფრით იქნებოდა. იმიტომ, რომ სერჯიო ლეონე სწორედ ამ წელიწადს გარდაიცვალა. ანუ, ეს ამბავი მანამდე იყო, სანამ ათასი უბედურება დატრიალდებოდა და ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა.

მოკლედ, ხმა გავარდა, სერჯიო ლეონე ქარწაღებულთა ამბავს იღებსო.

ამ დროს უკვე არსებობდა მარგარეტ მიჩელის ორტომიანი საგა, რომელიც კიროვის პარკის წიგნის ბაზრობაზე იყიდებოდა სხვა ათას რუსულ წიგნთან ერთად. იმაზე ადრე კი არსებოდა ფილმიც, რომელიც, წელიწადი არ მახსოვს და, ჯერ ვიდეოზეც გამოჩნდა და მერე ტელევიზორშიც წარამარა უშვებდნენ პერესტროიკის ამბავში: კლარკ გეიბლი, ვივიენ ლი და ერთიდამეორე.

კიდევ ერთხელ, მოკლედ, სერჯიო ლეონეს გადაეწყვიტა, რომ ეს ამბავი ხელახლა გადაეღო, რიმეიქი შეექმნა, მთელი თავისი დისტრაკებით (ეს სიტყვა, რომელიც 80-იან წლებში საკმაოდ ხშირად მესმოდა თბილისში, ძირითადად, ქალაქელი ძიებისგან, ჩემი აზრით, სრულ კომპლექტს ნიშნავს. თუმცა, ეგრეც ვერ გავიგე, უზრდელურია თუ არა. უზრდელური გამოდის, ოღონდ მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს უზრდელური). ჰოდა, საქართველო ამოურჩევია რიგი ეპიზოდების გადასაღებადო.

რატომ ამოურჩევია და როგორ, ეს არ ვიცი.

არ მგონია საბჭოთა კავშირში ოდესმე ემოგზაურა.

ამ შემოდგომით ორი ინგლისელი კაცი იყო ჩამოსული აქა, სურათებს იღებდნენ სოლოლაკში, სომერსეტ მოემის „მთვარე და შაურიანის“ პარიზის სცენები ეგებ სოლოლაკში გადავიღოთო და იმდენი ფირი წაიღეს, ვერავინ დათვლიდა. ჰოდა, ლეონე ასე ზეპირად როგორ გადაწყვეტდა, წავიდეთ, იქ გადავიღოთო. მაგრამ მაშინდელი საყოველთაო შეგრძნება, საქართველოზე გაგებულ ყოველგვარ დადებით ამბავს ზღაპრის კეთილი ბოლოს მოსმენის სიხარულით ხვდებოდა და ესეც აბა ვის გაუკვირდებოდა.

თან, სერჯიო ლეონე უკვე იყო ჩვენი ბიძა, ძმა, მასწავლებელი და სხვა კიდევ ათასი ისეთი რამ, რის თაობაზეც თვითონ წარმოდგენა არ ექნებოდა, მაგრამ რახან ქარწაღებულნი გადაეწყვიტა, საქართველო უეჭველად უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან საქართველოს ბუნება მისწრება იყო კინოსთვის.

არ ვიცი, ეს როგორ არის, რომ კინოსთვის მისწრება იყო. ერთი რამე გამიგონია, რომ კინოს ხალხს ზაფხულში გადაღება არ უყვარს, მწვანე წაიღებსო, ასე იტყვიან ხოლმე და ეს მწვანე წაიღებს დიდად არც მესმის რა არის, ალბათ, ფლორას უნდა მოვერიდოთ კადრში.

სიმართლე რომ ვთქვა, სერჯიო ლეონეს ფოტო არასდროს მენახა. გაზეთებშიც არ ყოფილა. მაშინ, უცხოელის ფოტო ჭირდა. კი ვფიქრობდი, ჩასუქებული კაცი უნდა იყოს-მეთქი. რატომღაც ასე ვფიქრობდი. სემ პეკინპას ფოტო ნანახი მქონდა, ლეონესი კი არა. ისე, ერთმანეთში რომ ამრეოდა, გასაკვირი არ იქნებოდა.

იმ დროს კი ვერ მივხვდებოდი, მაგრამ ახლა ძალიან საინტერე მჯესოა, რა გვეგონა უცხოეთი მაშინ. გვეგონა კი არა, მე რა მეგონა, თორემ სხვებს რა ეგონათ, მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება.

სიმართლე რომ ითქვას, ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ უცხოეთში ჩვენზე და ჩვენ რას ვფიქრობთ იმათზე. მაშინ მძიმე დღეში იყო ბორჯომი. კურორტი კი არა, წყალი. პირადად მეც, მისი დიდი იმედი მქონდა. რახან ეს პერესტროიკა დაიწყო და, რა თქმა უნდა, ამ რუსებს უნდა დავხსნოდით როგორმე, ხალხი ათასგვარ რამეს ლაპარაკობდა.

ზოგნი ამბობდნენ, ურუსებოდ თავს როგორ შევინახავთო, შიმშილით ამოვწყდებითო, ზოგნი კი ამბობდნენ, რომ აი, ბორჯომი ხომ გვაქვს და გავყიდითო, უცხოეთში აფთიაქებში იყიდება ბორჯომიო. ვიღაცები ზედ მანდარინსაც დააყოლებდნენ ხოლმე. ერთმა კი თქვა, რაჭაში დარიშხანის საბადოებია, კაზრეთში კი ოქროსიო. ყველაფერი მართლაც ეგრე გამოდგა, მაგრამ აბა, ჰა... რაც მე აფთიაქში მოვხვედრილვარ ზაგრანიცაში და იქ ბორჯომი არ მინახავს, მაგრამ მაშინ ცოტა არ იყოს და მჯეროდა, რომ ის, რასაც ჩვენ ლიტრობითა ვსვამთ ყოველდღე, უცხოეთში კოვზით მიიღებენ ხოლმე. მგონი, ფელეტონიც იყო ამის თაობაზე.

სხვანაირად რომ ვთქვათ, სუხიშვილები მთელს მსოფლიოში მოგზაურობდნენ და ამიტომ, ჩვენ ბევრი გვიცნობდა. განსაკუთრებით იაპონელები, იმიტომ, რომ ისინი სხვანაირი ხალხია და უძველესი კულტურა უყვართ. ეს გლასნოსტი, თუ უსკარენიე რომ იწყებოდა, თბილისში ალკოჰოლი ორ საათამდე არ იყიდებოდა. ლუდიც კი. დიდი კონტროლი და ამბები იყო. ჯერ სახინკლე „გემოს“, მერე კი რესტორან „ეკრანის“ ოფიციანტკა მილამ ჩემს ძმაკაცს და მე გვიამბო, როგორ ჩაუსხა კლიენტებს შამპანური უბრალო გრაფინში, აქაოდა, ვაშლის წვენიაო, იმ კაცს და მის ბანოვანს კი მაინც დაადგნენ მავანი შემმოწმებლები და აქტი შეუდგინეს. აი, ეგეთი ქვეყანა იყო, შამპანური გრაფინში.

0x01 graphic

წლები მართლაც არ მახსოვს, მაგრამ ეგ დრო იყო, ბობ დილანსა და დე ნიროზე რომ გავაბამდით ხოლმე ლაპარაკს. არც ის მახსოვს, პირველი რომელი ჩამოვიდა.

ბობ დილანი მწერალთა კავშირის სტუმარი იყო. მოსკოვში რაღაც ახალგაზრდული ფესტივალი იყო იმ დროს და ამბობდნენ, იქ ჩავიდა, იმათ კი აქეთ გამოუშვეს და როგორც პოეტს, მწერლები შეაგებესო. მწერალთა კავშირში ჰომოსექსუალიზმზე იკითხა რაღაც ნახევრადხუმრობითო.

მგონი, ეს იმის გამოძახილი იყო, ძველად რომ ყვებოდნენ, დიადი ბიტნიკები რომ იყვნენ თბილისში ასევე მწერალთა კავშირის სტუმრად, იმათაც რაღაც უწმაწური იკითხეს და ირაკლი აბაშიძემ მოსწრებულად უპასუხაო.

სიმართლე რომ ვთქვა, არც ის ვიცი და არც ეს, იმისაც არ მჯე რა ხეირიანად, რომ გინზბერგი და მისი ამხანაგები იყვნენ აქა. თუმცა, თბილისში ლამის ყველა ნამყოფია და აბა, რა ვიცი. ეს ისეთი ქალაქია, რომ მაშინ, როცა მხოლოდ ასი ათასი კაცი ცხოვრობდა, ფიროსმანს ვერ პოულობდნენ ადამიანები, რომლებიც მონდომებით ეძებდნენ და მერედამერე, აბა ვიღას იპოვნიდნენ, ანდა ვის ყოფნა არყოფნას დაიჯერებდი, როცა გაზეთში არაფერი ეწერა და ტელევიზორში იყო კონცერტი მშრომელების თხოვნით, სადაც აცხადებდნენ, რომ ამ რომანსის გაშვება ჩუმლაყელმა კოლმეურნემ მოითხოვა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, თბილისი ლეგენდის და მონათხრობის ქალაქი უფროა, ვიდრე შეხვედრის და ასეთი რამეების, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთმანეთს ხვდება.

ბობ დილანზე სულ დადებითი ამბები გაისმოდა, მოეწონა აქაურობა, გადმოიხედა ჯვრიდანო, მტკვარი და არაგვიც დააფასაო, დისკები წაიღოო.

ხალხური სიმღერის ფირფიტები სრულიად აუცილებელი რამ იყო იმ უცხოელის შესახებ მოსათხრობ ამბებში, რომელსაც აქაურობა მოეწონა. აგე, ბიბი კინგსაც წაღებული ჰქონდა ნაირგვარი ქართული დისკები.

ღმერთო ჩემო, ეს გასახარელი ამბავი იყო, გვეგონა, რომ ეს რაღაცას ისეთს ნიშნავს, რაც სხვაგან არ ხდება.

სტალინს უყვარდა ქართული ხალხური სიმღერები და თან უკრაინული ხალხური სიმღერები.

დე ნიროზე, ხალხი უფრო ცუდი გულისა იყო. აქედან რომ წასულა, ცუდი ინტერვიუ მიუცია ჩვენზეო. არ მოწონებიაო. ასე ამბობდნენ, ხბო დაუკლეს და აღშფოთდაო. მეც ხბო მგონია, თუმცა, ზოგიერთი ცხვრის გატყავებას ამბობდა.

ეს ნამდვილი ამბები გგონიათ? არაფერი ვიცი ამის შესახებ. ერთი-ორ ამოუცნობ, მგონი, არარსებულ სვეცკაია ლვიცაზეც ამბოდნენ, ჰაი ჰუიო, როგორც მაშინ იტყოდნენ, ახტებოდნენ და ის კი უარობდა, მერე კი ინტერვიუში თქვა, ასე და ასეო. აბა, რა მოგახსენოთ ამისა? იქ არა ვყოფილვარ.

ერთი ვიცი, როგორ მოიპოვა ერთმა გოგონამ დე ნიროს ავტოგრაფი.

პირდაპირ ვიდოეკასეტაზე წააწერინა. მაშინ დე ნიროს თუ ნახავდი, ვიდეოკასეტაზე. კინოში ჯერ არ იყო. ვიდეოკასეტა ჩემი მეგობრისა იყო. სწორედ ამ კასეტაზე ვნახე დე ნირო პირველად. იმ ხანად ეს გოგონა ხელოვნების მუზეუმში მუშაობდა და იცოდა, დე ნირო უნდა მოიყვანონო. იქ ხალხი გარეთ შეკრებილიყო და მგონი, ერთგვარი მსუბუქი ჭყლეტაც შეიმჩნეოდა, ხელისკვრით უკაფავდნენ ამ დე ნიროს გზას მანქანისკენ და ამ დროს ამ გოგომ კასეტა და პასტა მიაწოდა. იმანაც დახედა კასეტას, ოდნავ გაოცებულმაც კი შეხედა გოგოს, ჩაფიქრდა და მერე მოაწერა, ჰელოუ, რობერტ დე ნიროო და შეაგდეს მანქანაშიო.

მთავარი სწორედ ეს კასეტა იყო და საერთოდ, ქართველებს თუკი რამე გამოგვდის ჯიგრულად, ეს არის მოულოდნელობა.

ზოგსა ჰგონიან, რომ ქეიფი და მღერა გამოგვდისო, მაგრამ ყველაზე მაგარი, მოულოდნელობა გვაქვს. უცხოელისთვის ეგრეა, იმიტომ, რომ ჩვენ ქცევის ხალხი ვართ.

კასეტა კი მთავარი იმიტომ იყო, რომ ზედ ეწერა დია ჰანთერს: ირმებზე მონადირენი. ეს იყო მაიკლ ჩიმინოს ფილმი ვიეტნამის ომზე. ამერიკელ მაღაროელ ბიჭებზე, რომლებიც ომში მიდიან და, სხვა ათას სიკეთესთან ერთად, წარმოშობით რუსები არიან. თვითონ დე ნირო, მერილ სტრიპი, კრიტოფერ უოკენი და ჯო კასალე თამაშობდნენ.

იმ დროში, მგონი, ამ ფილმს უფრო ხშირად ვუყურებდი, ვიდრე კუკუშკას. მოკლედ, როგორც მაშინ იტყოდნენ, მაგარი ანტისავეცკი ფილმი იყო. თან ბრიყვული კი არა. უბრალოდ, რომ არსებობდა ასეთი სიუჟეტი, უკვე ანტისაბჭოთა იყო. ჰოდა, იმ დე ნირომ ხო იცოდა ესა? აი, ეგეთი რამე გააკეთეს ამ ბიჭმა და ამ გოგომ, რო მთლად ეგრე არ არი ძმაოო. გაოცდა და მეტადაც გაოცდებოდა, მაგრამ გარშემო ნერვიული ვითარება იყო და მანქანაში უნდა ჩამჯდარიყოო, თვითონ ესენი ასე ჰყვებოდნენ. ეგებ სხვა რამის წაწერაც უნდოდაო, მაგრამ ისე უცებ ვერ გადაწყვეტდაო.

ასეთი ქვეყანა იყო. ინფორმაცია არანაირი. ამიტომ მიხვედრები და განწყობა კი სრულიად ვეფხისტყაოსნური.

ამ დე ნიროს ავტოგრაფის მსგავსი რაღაცა, ან ამერიკის დროშა, ან ლენონის პლაკატი, ან რა ვიცი რა აღარ, ნიშნავდა რაღაცას კარგს და ნამდვილს: იმას იქით კი ფიქრი არ იყო.

მამაჩემის ამხანაგი პარიზიდან ჩამოვიდა და ათას რამეს ყვებოდა.

რა გამიკვირდაო და ქუჩაზე ბულკივით რაღაცა ეგდოო (ალბათ, ნაჭამი ჰამბურგერი, მაშინ ჩვენთვის ამოუცნობი საგანი) და ერთი ადამიანურად ჩაცმული კაცი მივიდა, აიღო, გაწმინდა და ჩაიდო ჯიბეშიო. ვახ, რა გამიკვირდა. ანუ, ჩვენ რაღაც სტანდარტები გვქონდა იმათთან დაკავშირებით. ის კაცი ამბობდა, ჭირს ცხოვრება იქ, როგორც ვხედავო, მე კიდევ ვფიქრობდი, ჭირს არა, ის-მეთქი. არ მომეწონა მისი მონათხრობი.

მაგარი რამე, რაც მქონდა, ეს იყო თეთრი სახლის საექსკურსიო ბუკლეტი, რომლის ყდაზეც რეიგანის და მისი ნენსის ფოტო იყო.

მქონდა რა, ახლაც მაქვს.

ჩემი რონალდ რეიგანი.

მოკვდები სიცილით. ამ ბუკლეტს არასდროს შეველევი, იმიტომ, რომ მე პირადად მეგონა, რომ თუ რეიგანი კარგად იქნა, ჩვენც კარგად ვიქნებით და, ბოლოს და ბოლოს, ამ კომუნისტებს მოეხაზებათ.

ეს ბუკლეტი წიგნების თაროზე იყო გაჩხერილი შუშებში. ახლაც იქაა და სულ იქ იქნება.

ჰოდა, ერთხელ მოვიდნენ არჩევნების ქალები.

არჩევნების ქალები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მოჰქონდათ ქვითრები, კვირას არჩევნებზე მობრძანდითო. საბჭოთა არჩევნებს ვამბობ. კვლავ აღარ მახსოვს რომელი წელი იყო. სახლში ჩემს მეტი არავინ იყო და ჩამაბარეს ეს ქვითრები, ჰოდა შეყოვნდნენ ამ რეიგანების ოჯახურ ფოტოსთან და აღტაცდნენ. ჩვეულებრივი დეიდები იყვნენ, შუახნისანი, გახარებული სახეებით, ნახე, რეიგანის სურათიო. თან ფერადი. მე დავუბრეხე, მამაჩემმა ჩამოიტანა ამერიკიდან-მეთქი. რა უნდოდა მამაჩემს ამერიკაში. ამით კიდევ უფრო აღტაცდნენ, რანაირი კარგი ქალიაო, ეს კაცი კიდევ, მგონი, თმას იღებავსო. წაიკამათეს კიდეც ამის თაობაზე. ერთ-ერთი ამბობდა, თავს უვლიან და არ ჭაღარავდებიანო.

ჩვენს ამბავში მთავარი მაინც სერჯიო ლეონეა, მაგრამ იქამდე მისვლა ხომ გინდა.

მერე ბილი ჯოელიც ჩამოვიდა. მაგრამ ერთი, რომ ბილი ჯოელს ისეთი სახელი და დიდება არა ჰქონდა, როგორიც დე ნიროს და ბობ დილანს, მეორეც, მაშინ უკვე ტელევიზორში აჩვენებდნენ ასეთ რამეებს: რუსთაველზე დადიოდა და ავტოგრაფებს პირდაპირ პერანგებზე აწერდა ბიჭებს და ოპერაში რეპეტიციობდა. საიდუმლო აღარაფერი იყო. მისი ცოლის ფოტო ქართული სამკაულებით, რუსთაველზევე, სამხატვრო სალონის ვიტრინაში ეკიდა. მგონი, პირველი ფოტორეკლამა იყო ჩვენს ამბავში, ოღონდ, შავ-თეთრი. ეს ქალი მის ამერიკა ყოფილიყო, თუ არ ვცდები.

მერე მოყვნენ, იან გილანი თავისი თავგადაპარსული ცოლით და ჯვრისწერით, სუზი კვატრო თავისი დიდი გიტარით და მთელი ამბავი, მაგრამ ეს უკვე ტელევიზორში იყო.

ისინი კი, ძველები, არ იყვნენ ტელევიზორში, თუ კონცერტს არ გამართავდნენ.

0x01 graphic

ეს დე ნიროს და ხბოს დაკვლის ამბავი კი, ალბათ, იმ ამბის გამოძახილია, ოდესღაც ჯავაჰარლარ ნერუ რომ იყო თბილისში და ვახშამზე მთლიანად შემწვარი შველი რომ დაახვედრეს ამ ინდო კაცს. ძველ თქმულებათა მიხედვით, პირი იბრუნა და აივანზე გავიდა, სანამ ხორცი სუფრიდან არ მოაშორესო. ეს რომელი ამბის გამოძახილია, აღარ ვიცი.

რას გაუგებ უცხოელებს, როგორც გულში იტყოდა კაცი.

პერესტროიკა რომ გაიწია სერიოზულად და მარგარეტ ტეტჩერიც არ ჩამოვიდა? მეიდანში წაიყვანეს. მთელს ჭავჭავაძეზე ბრიტანეთის დროშები ფრიალებდა. ძალიან მინდოდა, რო დამეთრია, მაგრამ ვიღაც ნაცნობი უნდა გამოგეძებნა უცნობ ინსტანციებში, რომ ჩამოხსნის შემდეგ მოეცათ. ამბობდნენ, ვიღაცები აძვრნენ და დაითრიესო. მე ნამდვილად ვერ ავძვრებოდი. ტურკას ჰქონდა მაგარი ნომერი ამ დროშებზე.

სხვისი არ ვიცი და, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ რეიგანი მსახიობი იყო. მაშინ ასეთი გადაცემა იყო, სივოდნია ვ მირე. ფეხბურთების შესვენებებზე გამოდიოდნენ რესპექტაბელური საერთაშორისო ჟურნალისტები და დაცინვით ჩაიცინებდნენ ხოლმე ამ მსახიობობის გამო. სულ ვფიქრობდი, ნეტა როგორი ქვეყანა ყოფილა, რომ მსახიობი პრეზიდენტი შეიძლება გახდეს-მეთქი. მამაჩემი მეუბნებოდა თავისუფალიო, ოღონდ, ეს რას ნიშნავდა, თავს ვეღარ ვაბამდი. ამბობდა, ისეთი კანონები აქვთ, თუ ძალიან წესიერი არ იქნება კაცი, ეგეთი ქვეყანა, უბრალოდ, ვერ იარსებებსო.

ეს რეიგანის ფილმები ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა; ორი ძალიან უბრალო ვესტერნი, მაგრამ მგონი რეიგანი აღარ იყო პრეზიდენტი იმ დროში. ხალხი იმასაც კი ამბობდა, თურმე რეიგანი „შესანიშნავ შვიდეულში“ თამაშობსო. ამას კი ნამდვილად ვერ დავიჯერებდი, იმიტომ, რომ დღესაც ზეპირად ვიტყვი, ვინ ვის თამაშობს ამ ფილმში. ამის მთქმელები, მგონი, ბერნარდო ორეილის როლს აწვებოდნენ: ჩარლზ ბრონსონს თვალებით თუ ამსგავსებდნენ.

ერთხელაც მოვიდა ერთი ჩემი უბნელი და ვახ, რა ვნახეო. რა მეთქი და ნამდვილი სიმიორკა ვნახეო, რეიგანი რო თამაშობს ისო. იტყუებოდა, ყველანი ვაწვებოდით ფანტაზიორობას ნაკლებინფორმირებულობის ამბავში. არ არსებობს ეგეთი-მეთქი და ვნახე, როგორ არ არსებობსო. სხვანაირი სიმიორკააო. ხო იყო გაგრძელება, მარტო იულ ბრინერი რომ თამაშობდა. სიმიორკა ათი ყოფილაო, იმასაც იტყოდნენ ხოლმე.

შენ პერესტროიკა ეძახე და „მონანიება“ კინოში სულაც არ მინახავს. არა, მერე უნივერსიტეტშიც გაუშვეს, მაგრამ მანამდე სახლში ვნახე. ჩემი მეგობრის მამის მეგობარმა მოიტანა კასეტა. ცნობილი კაცი იყო და თანამდებობაც ეკავა, ჰოდა, ეს შპანა რომ დაგვინახა ვიდეოიან ოთახში, ცოტა არ იყოს და, არ მოუნდა. თვითონაც უნდოდა ნახვა, ვიდეო კი მაშინ იმდენი არ იყო, რომ ბევრ სანდო კაცს ჰქონოდა. ჩემი მეგობრის მამამ უთხრა, უყურონ ამათაც, ამათ უნდა ნახონ, ჩვენ ისედაც ვიცით ყველაფერიო. აბა, ფარდების ჩამოფარება და ამბავი. პირველად ვნახე, რომ უფროსები ასე იქცეოდნენ. თან არ ვიცოდით, რაზე ლაპარაკობდნენ და რა უნდა გვენახა.

დავსხედით და ვუყურეთ.

პერესტროიკა, მგონი, სულ მალე დაიწყო.

მთელი გამომცემლობა „მერანი“ დახსნეს ერთ ზაფხულს, ვინაიდან წიგნში - „პოეტის ათასი სტრიქონი“ - კოლაუ ნადირაძის ანტისაბჭოთა ლექსის ავტოგრაფი დაიბეჭდა; თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ლექსს ერქვა „25 თებერვალი, 1921 წელი“. ეს ამბავი წვრილად არ ვიცი, მაგრამ განგებ და ჯიგრულად იყო გაკეთებული. მწვანე წიგნი იყო, ახლაც მახსოვს.

ჰოდა, ამ დროს დე ნიროს რა მოეწონა და რა არ მოეწონა, სულ სხვა ოპერიდან იყო. სულ სხვა. მაგრამ ხელს არ უშლიდნენ ერთმანეთს, პირიქით, ეხმარებოდნენ კიდეც. ის ზღაპარი და ეს ნამდვილი.

მაგრამ ამ შესავლის ბოლოსკენ ერთხელ კიდევ ვახსენებ სერჯიო ლეონეს, ვინაიდან სერჯიო ლეონე ისე გარდაიცვალა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რას მოახდენდა საქართველოში. იმიტომ, რომ ამ სავეცკი ჭორების და ფრონდას უკან არსებობდა ბევრად ძლიერი და უხილავი, ჩამოყალიბებული სამყარო, რომელიც უკვე წარმოუდგენლად დიდხანს იცდიდა.

ჰო, ასე მოვყვეთ: სერჯიო ლეონე და კიდევ ერთი-ორი სხვა, მოგონილი, თუ ნამდვილი ადამიანი.