The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №14 ბიულეტენი


საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №14 ბიულეტენი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მარტი, 2005 წ. პრესის მიმოხილვა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia თბილისი, 0108, სააბონენტო ყუთი 101, ტელ.:33 40 81, ფაქსი:33 41 63 ელ-ფოსტა: cipdd@access.sanet.ge Mailing address: P.O. Box 101, TBILISI, 0108, Republic of Georgia. Tel.: (995-32) 334081, fax: (995-32) 33 41 63 E-mail: cipdd@cipdd.org



1 საერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


ახალი თაობა, 2.3.05.
ნანა მიშელაშვილი
უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგიის ისტორია სკოლაში?

გუშინ სასულიერო აკადემიის პრორექტორმა გიორგი გამრეკელმა პარლამენტის განათლების კომიტეტში „ზოგადი განათლების შესახებ კანონპროექტის“ მიმართ საპატრიარქოს პრეტენზიებზე ისაუბრა (მისი სიტყვებით, მან ეს პატრიარქის დავალებით გააკეთა); პრორექტორმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში არ აისახა საპატრიარქოს და განათლების სამინიტროს თანამშრომლობის ის მოთხოვნა, რომელსაც „კონკორდატი“ ითვალისწინებს. პრორექტორს მხარი ოპოზიციური პარტიის წევრმა ზვიად ძიძიგურმაც აუბა. მისი აზრით, კანონპროექტის დებულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო სკოლები რელიგიური ინსტიტუტებისაგან დამოუკიდებელად უნდა ფუნქციონირებდნენ, „კონკორდატის“ ერთ-ერთ პუნქტს ეწინააღმდეგება. ამის პასუხად შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა, თეა თუთბერიძემ, განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონებში - კერძოდ: ქუთაისში, კახეთსა და ახალციხეში, რომლებიც მან მოიარა - სკოლებში საღვთო სჯულს ასწავლიან, არადა იქ მართლმადიდებელი ბავშვების გარდა სხვებიც სწავლობენ. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნოდარ გრიგალაშვილმა, თუთბერიძეს მიკროფონი გამოურთო.

კომიტეტის წევრის, დეპუტატ დავით ზურაბიშვილის აზრით, დღეს შექმნილი ვითარება შეუძლებელს ხდის ქვეყანაში მოქმედი 3 600 სკოლისათვის უახლოეს წლებში რელიგიის ისტორიის მასწავლებელთა მომზადებას, რის გამოც უმჯობესია ეს საგანი სახელმწიფო სკოლების პროგრამაში საერთოდ არ შევიდეს.

პრორექტორი გამრეკელი შეეცადა განათლების მინისტრ ლომაიასაგან მიეღო პასუხი კითხვაზე: დაეთანხმება თუ არა სამინისტრო საპატრიარქოს წინადადებას, სკოლებში სამსაფეხურიანი რელიგიური სწავლების შემოღების შესახებ (1-6, 7-9 და 9-12 კლასებისთვის), სადაც რელიგიის ისტორია მხოლოდ ბოლო საფეხურზე ისწავლება და უპირატესობა მართლმადიდებლობას მიენიჭება. მინისტრმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და საპატრიარქოსთან თანამშრომლობის შესახებ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა.

ჯორჯიან თაიმსი, 3-10.3.05.
ნინო ფაჩუაშვილი
ბასილ მკალავიშვილი: საქართველოში ანტიქრისტე მეფობს!..

„დღეს ყველაფერს აკეთებენ მართლმადიდებლობის მოსასპობად... საქართველოში ანტიქრისტეს მეფობის ჟამი დადაგა!.. ახალ ხელისუფლებაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებმაც თავი იეღოველების დაცვით უფრო გამოიჩინეს, ვიდრე მართლმადიდებლობის... იეღოველების დამცველები მრავლად არიან პროკურატურასა და სასამართლოებში... აშკარად უჭერენ მხარს კრიმინალურ სექტებს, მართლმადიდებლებლობის დამცველებს კი აპატიმრებენ“, - აცხადებს გაზეთის კორესპოდენტთან საუბარში მსჯავრდებული ბასილ მკალავიშვილი.

ახალი თაობა, 7.3.05.
კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი

თავის მიმართვაში პატრიარქი ირწმუნება, რომ საქართველოში აღმშენებლობა დაიწყო და ქართველ ერს სიმტკიცისკენ მოუწოდებს. უწმინდესი იმ საშიშროებზეც საუბრობს, რაც პატარა ერებს გარდაუვალი გლობალიზაციის პირობებში ემუქრება (თუმცა სიტყვა გლობალიზაციას არ ახსენებს): „ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა ნაბიჯი, რათა არ მოხდეს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვა“. პატრიარქი ჰპირდება ერს, რომ საქართველოს ეკლესია, როგორც ყოველთვის, მუდამ „ხალხს და ხელისუფლებას“ ედგება მხარში და ამის დასტურად მის მიერ ახლახანს დაარსებულ იმ „სულიერების, მეცნიერების, და კულტურის განვითარების ფონდს“ ასახელებს, რომლის პრეზენტაციაც 8 მარტისთვის იგეგმება. პატრიარქი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს „არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღების მსურველი ნებისმიერი მოქალაქის ფონდი, განურჩევლად მისი სარწმუნოებისა და ეთნიკური წარმომავლობისა“. პატრიარქის სიტყვებით, ფონდის პრიორიტეტი ამ ეტაპზე ნარკომანიასთან ბრძოლა იქნება.

მთელი კვირა, 7.3.05.
კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი

იმავე მიმართვის ტექსტი.

კვირის პალიტრა, 7-13.3.05.
კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი

იმავე მიმართვის ტექსტი.

რეზონანსი, 7.3.05.
კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი

იმავე მიმართვის ტექსტი.

ახალი თაობა, 9.3.05.
ზაზა ბაკაშვილი
ქართული ეკლესია არ შეურიგდება ნარკოტიკებით მოვაჭრეებს

სტატია კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდის პრეზენტაციაზე მოგვითხრობს. ავტორის სიტყვებით, გამოსვლა პატრიარქმა ძირითადად ნარკოტიკებთან ბრძოლას მიუძღვნა.

ახალი ვერსია, 9.3.05.
ეკა მომცემლიძე
მერწმუნეთ, ნარკომანია იკურნება

8 მარტს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ, კათოლიკოს-პატრიარქმა ერთხელაც დაადასტურა, რომ მის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდის უმთავრესი ამოცანა ნარკომანიასთან ბრძოლა იქნება. ფონდის საქმიანობის პირველ ეტაპზე მედიის საშუალებით ნარკომნიის საწინააღმდეგო კამპანიის წარმართვაა განზრახული.

ჯორჯიან თაიმსი,10-17.3.05.
მუდმივი რუბრიკა: არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) ქადაგებები, სტატიები და საუბრები

ოკულტიზმის აგრესია

„ოკულტური - უმეტესწილად ინდუისტური - მოძღვრების ტალღამ გადაუარა ევროპულ სამყაროს. შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთი (ვგულისხმობ ინდო-ჩინეთის რეგიონს) რევანშს იღებს. თუკი ადრე დასავლეთი ფიზიკურად იმონებდა აღმოსავლეთს, ახდენდა კოლონიზაციას, ამჟამად აღმოსავლეთი სულიერად იმონებს დასავლეთს“, - წერს არქიმანდრიტი. სტატია აპოკალიფსური განწყობითაა გამსჭვალული; ოკულტიზმის (მის შემადგენელ ნაწილად იოგა და ჰიპნოზიც განიხილება) მომძლავრება, მამა რაფაელის განმარტებით, ჟამთა აღსასრულის მოახლოვების უტყუარი სიმპტომია.

ხვალინდელი დღე, 11.3.05.
ნინო ჯაფარიძე
რელიგიური ორგანიზაციები რეგისტრაციას შეძლებენ

პარლამენტში შესული კანონპროექტი, ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლებების შეტანის შესახებ, მიღების შემთხვევაში საშუალებას მისცემს ქვეყანაში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს უპრობლემოდ დარეგისტრირდენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებად. ადრე რელიგიურ ორგანიზაციებს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირად განიხილავდა, რაც მათ რეგისტრაციას „რელიგიის შესახებ კანონის“ ფარგლებში მოითხოვდა, ასეთი კანონის მიღება კი ვერ მოხერხდა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიგა ბოკერიას განმარტებით, რელიგიის კანონზე მუშაობა არ მიმდინარეობს. „ეს არის სფერო, რომელსაც რეგულირება არ სჭირდება.“ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული რელიგიური გაერთიანებები ითვლებიან. ასეთი კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა. პარტია „კონსერვატორებმა“ მოითხოვეს, რომ კანონპროექტში პირდაპირ მართლმადიდებელი ეკლესია ჩაიწეროს. მათი აზრით, კანონში უნდა ჩაიდოს ნორმა, რომელიც „საზოგადოებისთვის საშიშ რელიგიურ ორგანიზაციებს“, თუ მათი საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, აკრძალავს.

„კონსერვატორებმა“, როგორც პარტიის წევრი კახა კუკავა აცხადებს, საქართველოს საპატრიარქოს გაუგზავნეს პროექტი, რომელიც საჯარისო ნაწილებსა და საპატიმროებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს.

ახალი თაობა, 21.3.05.
თეა მარხავაიძე
ხელისუფლებას კომპრომისისკენ მოვუწოდებ

როგორც ცნობილია, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები ეწინააღმდეგებიან განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები მათ საერთო წესით უნდა ჩააბარონ. ადრე მოქმედი ნორმის თანახმად, ისინი კოლეჯის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ინსტიტუტის მესამე კურსზე ირიცხებოდნენ. რაკი სტუდენტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს, კათოლიკოს-პატრიარქმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მან სთხოვა განათლების მინისტრს „ჩარიცხული ახალგაზრდები ძველი შეთანხმებისამებრ მიეღოთ უმაღლეს სასწავლებელში“, ხოლო შემდეგი წლიდან სტუდენტების მიღება ახალი წესებით მომხდარიყო. „მართალია, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, - სახელმწიფო კანონით უნდა მოქმედებდეს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა კომპრომისიც.“

ახალი ვერსია, 21-22.3.05.
ავტორის გარეშე
ინფორმაცია იმავე თემაზე

რეზონსი, 23.3.05.
მედია ნიუსი
საპატრიარქო ნოვრუზ ბაირამის უქმედ გამოცხადების მომხრეა

საპატრიარქო იზიარებს პრეზიდენტის ინიციატივას საქართველოში მცხოვრები რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების დღესასწაულები ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდეს. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელი აცხადებს, რომ საპატრიარქო ეთანხმება სააკაშვილის ინიციატივას ნოვრუზ ბაირამი ოფიციალურად გამოცხადდეს უქმე დღედ, ოღონდ მხოლოდ მუსლიმანებისთვის, ვინაიდან „საყოველთავო უქმე დღეები სახელმწიფოში ცხადდება იმ ეთნოსზე ორიენტაციით, რომელიც ამ სახელმწიფოში დომინირებს… და უქმე დღეები ჩვენ სახელმწიფოში ჩვენი ერის კულტურასა და რელიგიაზეა ორიენტირებული.“

ალია, 24-25.3.05.
ეკა ასათიანი
რა წერილი გამოუგზავნა რომის პაპმა საქართველოს მთავრობას

„ალიას“ ინფოერმაციით, რომის პაპმა, გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისთვის წერილის მოსაწერად მაინც მოიცალა; ვატიკანი თბილისს თანამშრომლობას სთავაზობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაზეთს განუმარტეს, რომ საქართველოს ახალმა ელჩმა პაპს რწმუნებათა სიგელი გადასცა, რის საპასუხოდაც პაპამა ვატიკანის პროტოკოლის თანახმად, თბილისს უბრალოდ წერილით უპასუხა. „ალია“, აცხადებს, რომ საგარეო სამინისტროს ინფორმაცია შელამაზებულია; ზემოაღნიშნული წერილი „კათოლიკ ვორლდ ნიუსის“ საიტზეა განთავსებული. „კათოლიკ ვორლდ ნიუსში“, წერს ავტორი, ხაზგასმულია, რომ პაპის მიმართვა „გამოიწვია იმ შეტაკებამ საქართველოში, რომელიც მართლმადიდებელმა ხალხმა განახორციელა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ.“ რომის პაპი თავის მიმართვაში საქართველოს ხელისუფლებას 2003 წელს შეწყვეტილი პროცესის განახლებას სთავაზობს, რათა საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობამ იურიდიულად გაფორმებული სახე მიიღოს. მოძრაობა „ნაციონალური ლობის“ სულისჩამდგმელის, საპატრიარქოს ყოფილი საპარლამენტო მდივნის, გიორგი ანდრიაძის სიტყვებით, ასეთი ტიპის ხელშეკრულება ვატიკანს არცერთ არაკათოლიკურ ქვეყანასთან - მათ შორის არც აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და სკანდინავიის არც ერთ ქვეყანასთან - არა აქვს დადებული და 2003 წ. საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი სტუდენტობამ, სწორედ ეს გააპროტესტა. ხელშეკრულების შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, „საქართველო იყო მარტო მართლმადიდებლური, კი არა, კათოლიკური სამყაროს ქვეყანაც“. საპატრიარქომ პაპის წერილზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, პრესცენტრში გაზეთს განუცხადეს, რომ მის შესახებ არაფერი სმენიათ.

რეზონანსი, 25.3.05.
ნინო ფრანგიშვილი
თბილისში სომხეთის ეკლესიის დელეგაცია ჩამოდის

სტატიაში აღნიშნულია, რომ სომხური საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, დღეს თბილისში იმ ოცდაცხრა სომხური ეკლესიდან, რომელიც აქ მე-19 საუკუნეში მოქმედებდა, ორიღა დარჩა. მთლიანად საქართველოში ბოლო ჩვიდმეტი წლის მანძილზე, რვა სომხური ეკლესიაა მითვისებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და მათი სომხური ატრიბუტიკა (ხაჩკარები, ფრესკები) განადგურებულია. ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმავე სომხური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს აპრილში სომხური ეკლესიის იერარქების დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში სომხური ეპარქიის სტატუსის გარკვევაცაა.

ბასტა, 27.3.05.
ვერიკო გულუა
სომხური ნორაშენი თუ ქართული ხარების ტაძარი

სომხეთის ეკლესიის ეპარქია საქართველოში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ანტისომხურ განწყობაში და სომხური ტაძრების მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს. რუსული სააგენტო regnum ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში სომხური ეპარქიის წარმომადგენელმა მამა აბგარმა განაცხადა, რომ ძალადობას ადრეც ჰქონდა ადგილი და ის ახლაც გრძელდება. მაგალითისთვის, მან თბილისში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სომხური ეკლესია „ნორაშენი“ მოიყვანა, რომლის ირგვლივ 17 წლის წინ დაწყებული კონფლიქტი დღეს ისევ გაღვივდა.ორ ეკლესიას შორის პრობლემების მოსაგვარებლად თბილისში სამი სომეხი ეპისკოპოსი ჩამოდის, - გვაუწყებს სტატიის ავტორი.

2 სასულიერო პრესა

▲ზევით დაბრუნება


მიმდინარე პუბლიკაციების ანალიზი გვიჩვენებს, რომ რელიგიურ გამოცემებში კათოლიციზმის და ეკუმენური მოძრაობის კრიტიკამ წინა თვეებთან შედარებით იკლო, მოდერნიზაციის და გლობალიზაციის პროცესების შეფასება კი უცვლელი დარჩა.

2.1 მართლმადიდებელი ეკლესია და „სექტები“

▲ზევით დაბრუნება


„საპატრიარქოს უწყებანის“ რუბრიკა - „ანტისექტანტური გვერდი“ სხვადასხვა სატანისტური სექტების შესახებ გვესაუბრება. გაზეთის მიხედვით სატანისტური კულტები განსაკუთრებით აშშ-ში, დასავლეთ ევროპასა და რუმინეთში ყოფილა გავრცელებული. სტატიის თანახმად დღეს სატანიზმის მსოფლიო ცენტრები აშშ-სა და ინგლისშია განლაგებული. ავტორი ერთ-ერთი სექტის - „სატანიზმის ეკლესიის“ დაფუძნებისა და მისი ისტორიის შესახებ წერს („საპატრარქოს უწყებანი“, №9, 4-10. გვ. 9; 3.05).

ამ თემას აგრძელებს მარიამ გაგუას სტატია - „ძალნი მტრისანი“, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავირში არსებულ სატანისტურ დაჯგუფებეს ეხება. ავტორის თანახმად, სატანისტური სექტები განსაკუთრებით გავრცელებული ბელორუსიაში, უკრაინასა და ბალტიისპირეთში ყოფილა. სტატია რედაქტორის მინაწერით მთავრდება: „რაც შეეხება დემონური და ოკულტური ჯგუფების საქართველოში არსებობას, ამის შესახებ ღია ინფორმაცია ფაქტიურად არ არსებობს. ვითარება შეიძლება მხოლოდ ქართულ პრესაში დაბეჭდილი მასალების მიხედვით შეფასდეს.“ რედაქტორი მიიჩნევს, რომ მაგიით და ოკულტიზმით დაინტერესებაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ ოკულტური შინაარსის წიგნები დაუბრკოლებლად იყიდება. „ეს სერიოზული პრობლემაა და მის მოსაგვარებლად მხოლოდ ეკლესიის ძალისხმევა არ კმარა. აქ თავის სიტყვა უნდა სთქვან შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა“ („საპატრარქოს უწყებანი“ №10, გვ.13, 11-17; 03.05.).

სერგო კერესელიძე თავის სტატიაში - „გაღმა შედავების“ პოლიტიკა საქართველოში, ანუ ვისი რელიგიური უფლებები ირღვევა სინამდვილეში?“ ე.წ. ტოტალიტარული სექტების მავნებლობაზე წუხს. ამასთან დაკავშირებით ის „ქრისტეს ეკლესიის“ სტრუქტურას და საქმიანობას ეხება: „ნებისმიერ სექტას, ნებისმიერ კულტს... საერთო არაფერი გააჩნია ქრისტესთან და მის ეკლესიასთან. თუ გვეხსომება ყოველივე ეს, შევძლებთ ტოტალიტატრული სექტების ამოცნობას. ვიყოთ ფრთხილად, ვიყოთ ყურადღებით - „ქრისტეს ეკლესია“ ერთ-ერთი მათგანია“ („საპატრარქოს უწყებანი“ №10, 11-17, გვ.13; 03.05).

2.2 მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

▲ზევით დაბრუნება


როგორც წინა თვეების რელიგიურ გამოცემებში, ტელევიზიის, როგორც „ადამიანის სულის დამღუპველის“, მიმართ დამოკიდებულება კვლავინდებურად უარყოფითია.

გაზეთ „კანდელში“ დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ტელევიზორი - სულიერი მკვლელი“. სტატია თარგმნილია პოჩაევის მონასტრის გამოცემიდან - „პოჩაევსკი ლისტოკ“. სტატიაში მოყვანილია ბერის, პაისი მთაწმინდელის გამონათქვამი: „საბერძნეთში ჩამოტანილ ზოგიერთ ტელევიზორს აქვს საგანგებო მოწყობილობა, რომელიც ტელევიზორის მაყურებლებს აკვირდება. ტელევიზია ქრისტიანობის „შეგნებული“ და „გაცნობიერებული“ მტრების ხელშია. ადამიანები, რომლებიც მოვლენათა კალეიდოსკოპს უყურებენ ტელევიზორში, ვერ ხედავენ, თუ როგორ მიაქანება მსოფლიო თავისი დასასრულისაკენ... სახლებში, სადაც ტელევიზორებია გაკერპებული, ეშმაკები შესახლდებიან ხოლმე და ტელევიზორის ბევრი მოყვარულიც არაწმინდა სულებითაა შეპყრობილი“ (კანდელი“ №8, გვ.611-17; 03.05).

2.3 ეკლესია და სახელმწიფო

▲ზევით დაბრუნება


ანჩისხატის ეკლესიის ეზოში მდებარე შენობა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ოდესღაც საკათალიკოსო სასახლე იყო, და რომელიც ძეგლთა დაცვის დეპარტამენტსა და საპატრიარქოს შორის მრავალწლიანი დავის საგანი გახდა, 15 მარტს პრეზიდენტის განკარგულებით საპატრიარქოს გადაეცა.

შენობის გადაცემის ცერემინია ანჩისხატის ტაძრის ეზოში შედგა. ცერემონიაზე სიტყვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარმოთქვა („საპატრარქოს უწყებანი“, № 11, გვ.9; 17-23.03.05).

2.4 ეკლესიის სოციალური პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


მარტის გამოცემებში ფართოდ შუქდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის დაარსების თემა. მეცნიერებათა აკადემიაში წარმოთქმულ სიტყვაში პატრიარქმა განაცხადა, რომ ფონდი „მოემსახურება ჩვენი სულიერების, მეცნიერების და კულტურის აღორძინებას და განვითარებას“. პატრიარქმა გლობალიზაციის პროცესის გარდუვლობაზე და სულიერი ფასეულობების გადარჩენის აუცილებლობაზეც ისაუბრა („საპატრარქოს უწყებანი“, № 9, გვ.9; 4-10.03.05). 8 მარტს ილია II-მ თავის რეზიდენციაში პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ფონდის საქმიანობის სადღეისო პრიორიტეტად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა. „ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ეს პრობლემა ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია... მრავალი შემთხვევა შეიძლება დავასახელოთ, როცა ეკლესიაში მოსული ადამიანები ამ სენისაგან სრულიად განკურნებულან,“ - თქვა პატრიარქმა („საპატრარქოს უწყებანი“, №10, გვ.4; 11-17.03.05).

2.5 ეკლესია და მეცნიერება

▲ზევით დაბრუნება


11 მარტს გამართულ მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსობა მიენიჭა („საპატრარქოს უწყებანი“, № 11, გვ.9; 17-23.03.05).

„საპატრიარქოს უწყებანი“ აქვეყნებს სტატიას - „და შექმნა ღმერთმან კაცი“, რომელიც განიხილავს „საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ეკლესიის შეხედულებებს სამყაროს შექმნის თეორის შესახებ“. სტატიის ავტორი, საპატრიარქოსთან არსებული კრეაციული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ბაღათურია აღნიშნავს, რომ „დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი ბუნების კანონები უარყოფენ ევოლუციის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.“ („საპატრიარქოს უწებანი“ № 8, გვ.16; 24.02.-3.03.05)

2.6 ეკლესია და განათლების სისტემა

▲ზევით დაბრუნება


სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა თავის ინტერვიუში ზოგადი განათლების კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. მამა გირორგის აზრით, კანონპროექტის 15-ე მუხლს, სადაც ნახსენებია „სამინისტროს უფლებამოსილებები განათლების სფეროში“, უნდა დაემატოს პუნქტი საპატრიარქოს იმ უფლებამოსილებების შესახებ, რომელიც საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება. ასეთ შეთანხმებას საფუძვლად უნდა დაედოს პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმება („საპატრარქოს უწყებანი“, № 10, გვ.4; 11-17.03.05).

ინტერვიუში მამა გიორგი „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ საქმიანობაბსაც ეხება. იგი დიპლომატიურად ემიჯნება ამ კავშირის ექსცესებს: „ეს კავშირი არ არის არც საპატრიარქო და არც ეკლესია; მათ აქვთ უფლება გამოთქვან თავისი აზრი, ხოლო განათლების სამინისტრო უფლებამოსილია გაიზიაროს ან არ გაიზიაროს ეს პოზიცია.“

2.7 პატრიარქიის სტუმრები

▲ზევით დაბრუნება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კირილ ლავროვი საპატრირქოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ეს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის დროს ლავროვი და პატრიარქი ორი ქვეყნის მოსახლეობის კეთილმეზობლური და მშვიდობიანი ურთიერთობის აუცილებლობაზე თავაზიანი ფრაზებით შემოიფარგლნენ. („საპატრარქოს უწყებანი“, №8, 24 მარტი - 3 აპრილი, გვ.7).