![]() |
საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება №15 ბიულეტენი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველო: რელიგია, სახელმწიფო, საზოგადოება |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პრესის მიმოხილვა აპრილი, 2005 წ. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართ. 1, Merab Alexidze St., 11th floor, Tbilisi, Georgia |
![]() |
1 საერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
„24 საათი“, 4.04.05.
ლიზა იაშვილი
ნარკომანიის სენი, განწყობა, სწორი პოზიცია და... ჩვენ
„არსებობს უამრავი ჭორ-მართალი იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშიც მოღვაწეობენ ამ სენით შეპყრობილი ადამიანები; ბევრ ეპარქიაში დადის ხმები ამის შესახებ, ყვებიან, რომ ზოგი თავად მოიხმარს, სხვები კი მრევლის წევრებსაც აძლევენ ამ „საშუალებას“. ისეთებიც ყოფილან, შესამოსელითა და სასულიერო პირისადმი კრძალვით რომ სარგებლობენ და ნარკოტიკების რეალიზებაში იღებენ მონაწილეობას. ადვილი წარმოსადგენია, რამდენნაირი ზიანის მოტანა შეუძლია ასეთ მოძღვარს იმ ადამიანებისათვის, ვინც ეკლესიის ავტორიტეტს უპირობოდ ენდობა“ - ვკითხულობთ სტატიაში.
„ახალი თაობა“, 4.04.05.
მედიანიუსი
რომის პაპის დაკრძალვას საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც დაესწრება
3 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მაღალი შეფასება მისცა რომის პაპის იოანე პავლე მეორის მოღვაწეობას და საკაცობრიო ისტორიაში მის მიერ შეტანილ წვლილს, მაგრამ, როგორც მისი განცხადება ცხადყოფს, პაპის დაკრძალვაზე წასვლას უწმინდესი თავად არ გეგმავს - სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად უფრო დაბალი რანგის იერარქებისაგან შემდგარი სამკაციანი დელეგაცია გაემგზავრება.
„ასავალ დასავალი“, 4-10.04.05.
ნინო კვიტაიშვილი
ბოკერია-რამიშვილის ქრისტეს ფეხისმკვნეტელი დუეტი სკოლებიდან ჯვარს, ხატსა და სამლოცველოს აძევებს
პუბლიკაციის ავტორი აღშფოთბულია იმით, რომ კონკორდატის მიუხედავად განათლების სამინისტრომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ საპატრიარქოს მიერ შეთავაზებული პუნქტები არ შეიტანა, - მაგალითად, საღვთო სჯულის სწავლება სახელმწიფო სკოლებში. მეტიც, - წერია სტსტიაში, - პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე საპატრიარქოს წარმომადგენელს პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელს საერთოდ არ მისცეს სიტყვა, კანონში კი მოგვიანებით ყველასგან ფარულად 5 ახალი მუხლი გაჩნდა, „რომელის მიზანი, არც მეტი, არც ნაკლები, მართლმადიდებლობის ტოტალური შეზღუდვაა!“ პუბლიკაციის ავტორის აზრით, ეს „კმარელების“ და თავისუფლების ინტიტუტის ინიციატივით მომხდარა. ბოლოს ავტორი მოუწოდებს ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართონ: „ჯვართან და ხატთან მებრძოლებმა სხვა გზა არ დაგვიტოვეს!“
„ხვალინდელი დღე“, 6.04.05.
ინტერპრესი
მოქმედებს თუ არა კონსტიტუციის 23-ე მუხლი „ქარვასლაში“
სახალხო დამცველის აპარატი თბილისის ისტორიის მუზეუმის („ქარვასლის“) ადმინისტრაციას კონსტიტუციის 23-ე მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების და შემოქმედებითი ნაწარმის თავისუფალი გავრცელების უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება მუზეუმში პერფორმანსული ნამუშევრების გამოფენასთან დაკავშირებულ სკანდალს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გამოფენის გახსნისთანავე, ახალგაზრდა მხატვრის თორნიკე ჭაფოძის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა ერთი ჯგუფის აგრესია გამოიწვია. ამ ჯგუფის წევრებმა თავი სასულიერო სემინარიის სტუდენტებად წარმოადგინეს. მათ განაცხადეს, რომ მხატვარ თორნიკე ჭაფოძის ნამუშევრებმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. მუზეუმის ადმინისტრაციამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად მუზეუმის შენობა ჩაკეტა. დავამ ქუჩაში გადაინაცვლა და მხატვრებსა და მათ კრიტიკოსებს შორის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. როგორც ომბუდსმენის ოფისში აცხადებენ, „სემინარისტები“ ხელკეტებით, დანებით და სხვა ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებული. ჩხუბის დროს რამოდენიმე ახალგაზრდა დაშავდა.
„ქარვასლის“ ადმინიატრაციის გადაწყვეტილებით, გამოფენა, რომელიც 31 მარტს გაიხსნა და 5 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო, ყოველგვარი განმარტების გარეშე მეორე დღესვე დაიხურა. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მუზეუმის ადმინისტრაციამ ვერანაირი იურიდიული არგუმენტი ვერ მოიყვანა თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად და მიიჩნევენ, რომ საქმე პროკურატურამ უნდა განიხილოს.
„ქრონიკა“, 11-17.04.05
ლევან ცალუღელაშვილი
უნიტაზის თაყვანისმცემლების არასაიდულო სერობა სიონის ტაძართან
მუზეუმში მომხდარ ინციდენტს გაზეთი სულ სხვა ინტერპრეტაციას აძლევს. პუბლიკაციის ავტორის ცნობით, პერფორმანსულ გამოფენაზე, უნიტაზზე მჯდარმა ახალგაზრდა მხატვარმა, თორნიკე ჭაფოძემ სახარებიდან ფურცელი ამოხია და შეჭამა, რის გამოც ძლივს გადაურჩა გამოფენაზე მისული თბილისლების რისხვას.
ინციდენტის შემდეგ მუზეუმის ხელმძღვანელობამ გამოფენა დახურა.
პუბლიკაციაში ახალგაზრდა მხატვრის საქციელი „ჯერ არგაგონილ მკრეხელობად, სიონის ტაძრის სამრეკლოსთან ეშმას ხარხარად, ქართველი ერის და ზოგადად რელიგიის ამაზრზენი ფორმით შებილწვად“ არის მოხსენიებული. კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული სახალხო დამცველიც, რომელიც მხატვარს გამოექომაგა და განაცხადა, რომ დაირღვა თვითგამოხატვის და შემოქმედებითი თავისუფლების კონსტიტუციური ნორმა. სტატიის ავტორის აზრით, მსგავსი გამოფენების მოწყობა საერთოდ უნდა აიკრძალოს. მუზეუმის თანამშრომლები და დირექტორი მედეა თავაძე, რომელთაც ჟურნალისტი კომენტარისთვის მიმართავს, მას უხალისოდ ეთანხმებიან. „მომხდარს, - წერია სტატიაში, - პროვოკაციისა და „კმარელების“ სუნი ასდის.“
„ახალი თაობა“, 12.04.05.
ნათია მსხილაძე
ეკლესია კუთვნილ ქონებას დაიბრუნებს
11 აპრილს გამართულ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მთავრობას დაევალა, სახელმწიფოსა და მართლამადიდებელ ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების გათვალისწინებით, ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს იმ სამსახურების ნუსხა, რომლებიც საკრებულოს, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივ კომისიაში შევლენ. ამ კომისიამ საკონსტიტუციო შეთანხმების მე-4 მუხლის შესრულებაზე უნდა იმუშაოს, რომელიც მიტოვებული ეკლესიებისა და მონასტრების საპატრიარქოს კუთვნილებაში გადაცემას ითვალისწინებს. კომისიამ საქართველოს ერთიან საჯარო რეესტრში ეკლესიებისა და მონასტრების სათანადო ფორმით რეგისტრაციის საფუძველი უნდა მოამზადოს.
„ახალი ვერსია“, 25-26.04.05.
ბელა ზაქაიძე, რიტა ყაველაშვილი - ახალციხიდან
სოფელი, რომელსაც წყალი არ ჰქონდა
პუბლიკაციაში რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ იმ დაძაბულობაზეა საუბარი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის პატარა სოფელ ივლიტაში დიდი ხანია არსებობს. აქაური კათოლიკეები და მართლმადიდებლები წმინდა ტაძარს ვერ იყოფენ. ჯერჯერობით, ავტორთა ცნობით, ორივე მხარე ამ ტაძარში ლოცულობს - თერთმეტ საათამდე კათოლიკეები, თერთმეტის შემდეგ - მართლმადიდებლები. ხატები და სხვა სიწმინდეებიც ასევე შერეულია, - კათოლიკურიცაა და მართლმადიდებლურიც. თითოეული მხარე ცდილობს მეორე ტაძრიდან განდევნოს: კათოლიკეები ირწმუნებიან, რომ ტაძარი მათ მიერ აშენებულია და ამიტომ მათი კუთვნილებაა. მართლმადიდებლების აზრით (მაგალითად, ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ იოანე გელაშვილის თანახმად) ტაძარი მართლმადიდებლებმა ააგეს, რასაც მოწმობს ის, რომ მის კედლებში საფლავის ქვებია ჩატანებული, ქვებზე კი გარდაცვლილების მართლმადიდებლური მრწამსია მითითებული, მაშასადამე კათოლიკეებმა ტაძარი უნდა დატოვონ. მართლმადიდებელი წინამძღვარი და მისი მრევლი ჩივის, რომ თავისუფლების ინსტიტუტის და სხავა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არიან შეწუხებული; ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები სოფელში ჩადიან და მოუწოდებენ მრევლს, დატოვონ ტაძარი. (ალბათ აქ იგულისხმება ის, რომ შარშან კავკასიური ინსტრიტუტის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის თავისუფლების ინსტიტუტის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ივლიტაში ჩავიდნენ, რადგან გავრცელდა ცნობები, რომ მართლმადიდებელმა წინამძღვარმა ტაძრის ეზოში დაკრძალული კათოლიკე მისიონერების უძველესი საფლავები ასფალტის ფენის ქვეშ მოაქცევინა. წინამძღვარმა ჩასულებს განუმარტა, რომ მას მხოლოდ კეთილი ზრახვები ამოძრავებდა, - სურდა უკეთ შეენახა საფლავები. - რედ.)
„ახალი თაობა - კვირიდან კვირამდე“, 24-25.04.05.
ნათია მსხილაძე
ეკლესიაში განხეთქილებით შეიძლებოდა თავზე ჭერი დაგვქცეოდა
გაზეთი აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს გიორგი ანდრიაძესთან. ბ-ნი გიორგი მრავალ თემას ეხება და ძირითად აქცენტს ადამიანის უფლებებზე აკეთებს, რომელიც, მისი სიტყვებით, დღეს ყველა სფეროში ირღვევა. ანდრიაძე საგანგებო ყურადღებას ჯარში შექმნილ ვითარებაზე ამახვილებს; მისი სიტყვებით, „დედოვშჩინა“ და „ჯარისკაცის დამონების მექანიზმი“ იქ დღესაც ძალაშია, რაც, არანაირად არ შეესაბამება „ყბადაღებულ“, როგორც ანდრიაძე უწოდებს, ნატოს სტანდარტებს. ბატონი ანდრიაძე იმასაც წუხს, რომ საზოგადოებისთვის ისედაც დახურული ჯარის საკითხი ოქრუაშვილის გამინისტრების შემდეგ კიდევ უფრო გასაიდუმლოვდა.
ანდრიაძე პენიტენციალურ სისტემაზეც საუბრობს; აქ კვლავინდებურად სასჯელმისჯილთა დასჯის და მათზე შურისძიების პრინციპია გაბატონებული, მათ გამოსწორებაზე კი არავინ ფიქრობს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ბ-ნი გიორგის აზრით ჯარში კაპელანის, ხოლო საპყრობილეებში მოძღვრის ინსტიტუტის შემოღება იქნებოდა.
ბ-ნ ანდრიაძეს თურმე არც მედიაში საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება ეძლევა ხოლმე, ამის მიზეზად ის იმას ასახელებს, რომ ბოლო დროს ხელისუფლება ზეწოლას ახორცორციელებს პრესაზე, განსაკუთრებით კი ტელევიზიაზე. ეს, მისი სიტყვებით, ევროსაბჭოს დასკვნაშიც აისახა.
ამ და სხვა საკითხებში „უპრინციპობის“ გამო ანდრიაძე მკაცრად აკრიტიკებს სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს; ის არც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თამჯდომარეს, ელენე თევდორაძეს სწყალობს. ანდრიაძე თვლის, რომ ომბუდსმენი არ არის ობიექტური, ის ხელისუფლებასთან ფარულად თანამშრომლობს, რის მაგალითადაც გამოდგება ის ფაქტი რომ, როცა საეკლესიო საქმეებში „ზოგიერთი“ მაღალი რანგის პოლიტიკოსის ჩარევით ეკლესიაში განხეთქილების პროვოცირება ხდებოდა, ომბუდსმენი თურმე დუმდა... ანდრიაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი მაშინ მიხვდა, მართლმადიდებლობა რომ არ „არის რომელიმე რიგითი კონფესია საქართველოში, როგორც ეს ე.წ. ლიბერალებს უნდოდათ წარმოეჩინათ... და მკაცრად გააფრთხილა ყველა“. მაგრამ ანტიეკლესიური „ძალები“ (ამ „ძალებიდან“ მხოლოდ დეკანოზი ბასილ კობახიძე და „მეამბოხე“ სემინარისტებისტები არიან მოხსენიებული), რომლებიც ძლევამოსილი პოლიტიკოსების მფარველობით სარგებლობენ, ანდრიაძის აზრით, მხოლოდ დროებით გაჩუმდნენ - უბრალოდ ისინი ტაკტიკას ცვლიან.
„რეზონანსი“, 27.04.05
მასალა მოამზადა გერა მაულეშვილმა
ზეინო ბარანი: „მოსკოვის საპატრიარქო რუსეთის იზოლაციას აძლიერებს“
გაზეთი აქვეყნებს წერილს „არაორთოდოქსული მარლმადიდებლობა“, რომელიც ამერიკულ ჟურნალ „ნეიშენალ რევიუში“ დაიბეჭდა. ავტორები - ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის პროგრამების დირექტორი ზეინო ბარანი და ამავე ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ემეთ ტუოჰი არიან. ისინი არ ეთანხმებიან სამუელ ჰანტინქტონს, რომელმაც თავის სტატიაში - „ცივილიზაციათა შეხლა“ წყალგამყოფი კათოლიკურ-პროტესტანტულ, ერთი მხრივ, და მართლმადიდებლურ, მეორე მხრივ, რეგიონებს შორის გაავლო. ისინი თვლიან, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, უფრო მკაფიო გამყოფი ხაზის გავლებაა შესაძლებელი: რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის სფერო და დანარჩენი ევროპა, იმ ქვეყნების ჩათვლით, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიება. ამ მოსაზრების გასამყარებლად, ავტორებს საქართველოსა და უკრაინის მაგალითი მოჰყავთ, სადაც დემოკრატიული რევოლუციების დროს ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მხარი ლიბერალური დემოკრატიისადმი სწრაფვას დაუჭირეს. ავტორების აზრით, ეს ეკლესიები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგობას ყოველ ნაბიჯზე აწყდებიან; მოსკოვის საპატრიარქო ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე მხარს რეპრესიულ რეჟიმებს და სეპარატისტულ რეგიონებს უჭერს. ეს, ავტორების აზრით, გააძლიერებს რუსეთის იზოლაციას დასავლური ცივილიზაციისაგან, რომელიც მის საზღვრებს მიუახლოვდა.
![]() |
2 სასულიერო პრესა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 ეკლესია და „სექტები“ |
▲ზევით დაბრუნება |
„კანდელი“ ბეჭდავს პუბლიკაციას „ორმოცდაათიანელები“, სადაც „სექტის“ შექმნისა და ჩამოყალიბების მოკლე ისტორიაა მოთხრობილი. ავტორი ამტკიცებს, რომ ევროპის რომაულ-კათოლიკური ქვეყნები მიესალმებიან ამ მოძრაობას; „სექტის“ პოპულარობა იმან განაპირობა, რომ „მისწრაფება მწვავე განცდებისადმი, მეტად დამახასიათებელია თანამედროვე საზოგადოებისათვის, რომელსაც იტაცებს შფოთი, აბორგებული მუსიკა, არაჯანსაღ გრძნობებს რომ იწვევს მსმენელში; - საზოგადოებისათვის, რომელიც ხელს უწყობს სქესობრივ აღვირახსნილობას, ნარკოტიკებს, ძალადობას“. ბოლოს ნათქვამია, რომ „რელიგიური გრძნობების ასეთ დამახინჯებას მთელი ძალით უნდა ებრძოდეს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი“ („კანდელი“ №11. 1-7. 04.05. გვ. 6-8).
ანტისექტანტურ თემას ჟურნალი „კრიალოსანი“ აგრძელებს, სტატიით: „საქართველოში სექტანტების შემოსევაა, ისინი ქრისტეს სახელით იბრძვიან“. სტატიაში ადვენისტური მოძრაობის შესახებაა საუბარი, ადვენტისტები მოსახლეობას „სპეციალურ სეანსებზე“ ეპატიჟებიან. საპატრიარქო ყველას მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ ეს სექტანტური მოძრაობაა და ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. ავტორის აზრით, ადვენტისტები „თითქმის არაფრით განსხვავდებიან იეღოველებისაგნ: ისინიც არალეგალურად არიან განწყობილნი ხატის, სანთლის, სალოცავის, ქელეხის, სულის, ქორწილისა და დაბადების დღის მიმართ“. მათი ცენტრალური ოფისი აშშ-ი მდებარეობს, „მათი ეკლესიის მიმდევართა რიცხვი 2.5 მილიონს აჭარბებს. მათ განკარგულებაშია 494 უმაღლესი სასწავლებელი, 4299 საშუალო სკოლა, 386 სამედიცინო დაწესებულება, 50 გამომცემლობა და ა.შ.“ ჩვენს ქვეყანაში კი, ისინი თბილისით აღარ შემოიფარგლნენ და ფილიალები თითქმის ყველა რაიონში გახსნეს. „თუ ზემოთ ნახსენები ქონების რაოდენობას გავითვალისწინებთ, მათ წინააღმდეგ საპატრიარქო მხოლოდ მოწოდებებით ვერაფერს გახდება“ (კრიალოსანი №3, 04.05, გვ.36).
![]() |
2.2 ეკლესია და კათოლიკური სამყარო |
▲ზევით დაბრუნება |
„საპატრიარქოს უწყებანი“ ეხმიანება რომის პაპის, იოანე პავლე II-ის გარდაცვალების ფაქტს. ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ პაპის დაკრძალვას რომში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ეკლესის დელეგაციაც დაესწრება (№14. 7-3. 04.05 გვ. 17).
„უწყებანში“ აღნიშნულია, რომ პაპის იოანე პავლე II-ის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად საქართველოს ეკლესიის დელეგაცია რამდენიმე დღე რომში იმყოფებოდა. ვიზიტის შესახებ დელეგაციის წევრი, საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პრორექტორი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე საუბრობს. მამა გიორგი აღნიშნავს, რომ გარდა პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრებისა, დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ მართლმადიდებელთათვის მნიშვნელოვანი ადგილები მოენახულებინათ და შეხვედროდნენ იტალიაში მოღვაწე ზოგიერთ ქართველს. როგორც მამა გიორგი აღნიშნავს, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება გამოიჩინეს („საპატრიარქოს უწყებანი“ №15. 14-20. 04.05, გვ. 9.11).
![]() |
2.3 თანამედროვე ეპოქის დახასიათება, გლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალი „კრიალოსანი“ კვლავ ბეჭდავს გასული წლის სასულიერო პრესის სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებულ სტატიას - „ლიბერალიზმი - სიცრუე და ცოდვის მონობა თავისუფლების ნიღბით“. პუბლიკაციის ავტორია ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე.
იმავე ჟურნალში განთავსებულია რუსული ინტერნეტ-საიტიდან newz.nnm.ru. გადმობეჭდილი სერბი ავტორის სენსაციური ინფორმაცია „ერთდოლარიანის მასონური სიმბოლიკა“. აღნიშნული სიმბოლიკის ავტორი თურმე, არც მეტი არც ნაკლები, ნიკოლაი რერიხი გახლავთ, რომელიც „მასონური კლანის ერთ-ერთი უძლეველი წევრის - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, გენრი უოლესის ქვეშევრდომის“ ფსევდონიმს, მაკრონოვსკის ამოფარებია. (ცნობისათვის, 1928 წელს, როდესაც ვინმე რუსმა ემიგრანტმა სერგეი მაკრონოვსკიმ ერთდოლარიანი კუპიურის დიზაინი შექმნა, რერიხი ამერიკაში საერთოდ არ იმყოფებოდა, ის ინდოეთში მოგზაურობდა - რედ.). სერბი ავტორის სენსაციურ აღმოჩენად შერაცხულ ინფორმაციაში, აღწერილია ერთდოლარიანზე გამოხატული სიმბოლიკა - მარცხენა მხარეს გამოსახული პირამიდა, რომლის თავშიც მასონური ღვთაებაა; პირამიდის თავზე სამკუთხედში მოთავსებული თვალი, რომელიც მასონური კლანის განსაზღვრებით „სამყაროს არქიტექტორის თვალია“ და ა. შ. მოყვანილია მასონური წარწერებიც: „აქვე ბანკნოტზე არის კიდევ ერთი წარწერა, იგი ცამეტი (sic!) ასოსაგან შედგება - Novus Ordo Seclorum, რაც ნიშნავს - „საუკუნო ახალი წესი““.
„სტატია ასე მთავრდება: „ჩვენთვის უცნობია, როდის იქნება უფლის ნებით გამოტანილი განაჩენი, მაგრამ იმ ფინანსური და ეკონომიკური მაქინაციებიდან გამომდინარე, რაც დღეს დოლართან მიმართებაში ხდება, ალბათ მასონური კლანის წარმომადგენლები შესთხოვენ „ქვეყნიერების უდიდეს არქიტექტორს“, როგორც ისინი უწოდებენ, ააცილოს მათ კლანს განაჩენის დღე, მაგრამ მათი არსებობა „გაბერილ საჰაერო ბურთს ჰგავს, ნემსის ერთი ჩხვლეტა და მათი არსებობა დავიწყებას მიეცემა“. („კრიალოსანი“ №3. 04.05. გვ. 37).
![]() |
2.4 ეკლესია და ჯარი |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოსა და არმიის ურთიერთმიმართების თემას ეძღვნება ვ. ცინცაძის სტატია „სასულიერო მოღვაწეები (მღვდლები) საჯარისო სამსახურში“. რუსი ღვთისმეტყველის სერგი ბულგაკოვის სიტყვების („რუსული მხედრობა ეყრდნობოდა ორ ძალას: რკინის დისციპლინას და სარწმუნოებას“) და პეტრე პირველის სამხედრო წესდების მოშველიებით, სტატიის ავტორი ასაბუთებს ჯარში კაპელანის ინსტიტუტის აუცილებლობას („კრიალოსანი“. №3. 04.05, გვ. 26).
![]() |
2.5 ეკლესია და ნარკომანია |
▲ზევით დაბრუნება |
ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის თემას ჟურნალი „მრევლი“ სტატიით -„სანამ ჩვენ არ შევებრძოლებით ცოდვას, მოგვიწვევს ვზიდოთ ნარკომანიის საშინელი უღელი“ ეხმიანება. ავტორის აზრით, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ისეთი გზები, როგორიცაა რეზერვაცია (ანუ ნარკომანების იზოლაცია საზოგადებისაგან - რედ.) და ლეგალიზაცია ფაქტიურად სრულიად უშედეგოა. ის თვლის, რომ ამ შემთხვევაში ამოქმედდება ადამ სმიტის მიერ ჩამოყალიბებული კანონი - არსებობს მოთხოვნა, იარსებებს მიწოდებაც. „დღეს ნარკომანიის შედეგი მხოლოდ სიკვდილია, ლეგალიზაციის შედეგად კი გვექნება განთქმული ფორმულა - სიკვდილი და გადასახადები... ეკლესიური ადამიანისთვის ძნელი არაა იმის მიხვედრა, ვის ეკუთვნის ლეგალიზაციის მომხრეების ადამ სმიტის „უხილავი ხელი“. ბოროტ ძალებს ოდითგანვე უნდათ თეთრი შავად გადააქციონ და შავი თეთრად.“ ავტორის აზრით, მთავარია „ნარკოტიკებისკენ მიდრეკილ პიროვნებას გულსა და გონებაში წარუვალი ღირებულებანი და ცხოვრების ჭეშმარიტი არსი ჩავუნერგოთ“. („მრევლი“ №94. 05, გვ. 28)
![]() |
2.6 ეკლესია და ასტროლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
ამ თემას ეხება არქიმანდრიტ რაფაელ (კარელინს) სტატია „რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან“. საუბარია ასტროლოგიისა და ქრისტიანობის სრულ შეუთავსებლობაზე: „თეორიული ასტროლოგია მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იქნა დაგმობილი (VII ს.), ხოლო პრაქტიკული - კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე (XII ს.). ასტროლოგიის მიმდევარი წარმართი ხდება, ის ღმერთს კოსმოსით ცვლის.“
მამა რაფაელი აკრიტიკებს ზაურ ქოქრაშვილის წიგნს, (წიგნის სახელწოდება მითითებული არ არის), სადაც, მისი აზრით, ასტრონომია, ასტროლოგია, მედიცინა და ალქიმია ერთმანეთშია არეული. იგი ასევე კატეგორიულად უარყოფს სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე გამოსახული ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიურ დატვირთვას: „ზოდიაქოს ნიშნების ქრისტიანულ ტაძარში გამოსახვა არაფერს ნიშნავს ასტროლოგიის სასარგებლოდ.“ („მრევლი“. №94. 05. გვ. 26).