![]() |
სოციალური პოლიტიკა საქართველოში № 6 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჩატვინი მერი ელენ, ნინიძე ნათია |
თემატური კატალოგი სოციალური პოლიტიკა საქართველოში |
საავტორო უფლებები: © ჰორიზონტი, მესამე სექტორის ფონდი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“, ყოველკვარტალური ჟურნალი, გამოიცემა ფონდ „ჰორიზონტის“ მიერ „მერსი ქორის“ (Mersy Corps) და „ქეას“ (Care international) ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის“ ფარგლებში. „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამიზნულია საქართველოში სოპციალური პოლიტიკის განვითარებისათვისნ მოსახლეობის ძალისხმევის მხარდასაჭერად. © „ჰორიზონტი“ ,მესამე სექტორის ფონდი 2004 სტატიებისა და ინმფორმაციის გადაბეჭდვა ნებადართულია ჟურნალის „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ რედაქტორთან შეთანხმებით. რედაქტორი: მანანა დუმბაძე დიზაინი და დაკაბადონება: სანდრო ასათიანი ფოტო: ფონდ“ჰორიზონტის“ რეგიონული ოფისები, მერი ელენ ჩატვინი, თბილისი - YMCA, ბელა ორჯონიკიძე სარედაქციო კოლეგია: ნინო სააკაშვილი ფონდ „ ჰორიზონტის“ დირექტორი მერი ელენ ჩატვინი მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში ვანო თავაძე ფონდ “ჰორიზონტის“ სექტორთა შორის თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი სტივენ პაუერი EGCMI დირექტორი ნინო ჟუღელი კომუნიკაციის უფროსი თანამშრომელი, Care International მიხეილ მინდაძე ქალაქის საკრებულოსა და მთავრობის მთავარი მრჩეველი განათლებისა და ბავშვთა დაცვის საკითხებში მარინა თაბუკაშვილი ფონდ „ღია საზოგჰადოება - საქართველოს“ ქალთა პროგრამების მენეჯერი მაია ქურციკიძე კომუნიკაციის განყოფილების და პროექტის ასისტენტი ,,იუნისეფი“ მიხეილ ქანთარია სამეგრელოს რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ირმა ქურდაძე ახალციხის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი კახა ყავრელიშვილი ახალქალაქის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი დავით ვასაძე იმერეთის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ომარ ბაკურაძე გურიის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი საკონტაქტო მისამართი: თბილისი 0115, დოლიძის 2, მე-6 სართული ტელ: 334287; 330893;ტელ./ფაქსი: 987504 ელ.ფოსტა: inform@hopizonti.org ჟურნალში „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ „ჰორიზონტის“, ,,მერსი ქორის“, ,,ქეას“ ან USAID-ის თვალსაზრისს. |
![]() |
1 სარედაქციო წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
მერი ელენ ჩატვინი
ფილოსოფიის დოქტორი, მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში, საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივა
Timeo danaos et ferentes - „მეშინია ბერძნების მაშინაც კი, როდესაც ისინი საჩუქრებს გვიძღვნიან“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ლაოკონს, იმ განწირული ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დახმარებას უცხოეთიდან ელოდა. ამ ფრაზით იწყება პროფესორ გიორგი ხეჩინაშვილის სტატია, რომელიც ეძღვნება საქართველოში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმებს და იმ უცხოურ დახმარებათა დინებას, რომელსაც ყოველთვის ვერც აკონტროლებენ და ჯეროვნად ვერც აწესრიგებენ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, პირველადი ჯანდაცვის მხოლოდ ინვესტირება, იმის გაუთვალისწინებლად, რომ ეს პროგრამა უნდა მოიცავდეს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებს და ერთ მრავალმხრივ პროგრამას წარმოადგენს, საქართველოს დავალიანების საერთაშორისო ფონდების მიმართ კიდევ უფრო გაზრდის, ადგილობრივი თემების ყოფას კი ნაკლებად გააუჯობესებს. გავა დრო და ყველანი ერთად კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან აუცილებელი პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გარეშე ქვეყანაში სიღარიბე კიდევ უფრო ღრმა ფესვებს გაიდგამს.
ჟურნალის ამ გამოშვებაში სიტყვას ვაძლევთ საქართველოს ადგილობრივი თემების სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში ასრულებენ სოციალური პოლიტიკისა და ადვოკატირების პროგრამებს ქვეყნის მასშტაბით. გორში მათ ადგილობრივ თემებს საინფორმაციო შეხვედრები ჩაუტარეს, რათა მოქალაქეები დაერწმუნებინათ იმაში, რომ სახელმწიფოს მიმართ მათი დაჟინებულინ მოთხოვნა ჯანდაცვის მომსახურეობის რეგულარულ დაფინანსებაზე, ნაყოფს გამოიღებდა, რომ დაგვიანებული დაფინანსება შობს კორუფციას ადგილობრივი თემები მოითხოვენ ცვლილებებს სოციალურ პოლიტიკაში და მონაწილეობენ ცვლილებების შეტანის პროცესში. გურიის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი თავის საანგარიშო სტატიაში კიდევ უფრო ღრმად მიდის. აქ მოცემულია ადვოკატირების შედეგად რეგიონში მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური ფაქტები: თემის ძალისხმევამ გამოიწვია ის, რომ ჯანდაცვის სფეროში მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 20 000 ლარით გაიზარდა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებმა და მედიამ რეგიონში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიები ჩაატარეს. ზემოთქმული ადასტურებს, რაოდენ ეფექტური ცვლილებები შეიძლება გატარდეს ადგილობრივ დონეზე.
სამცხე - ჯავახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ დაწერილი სტატიის ავტორი მოგვითხრობს ადგილობრივ სასწავლო დაწესებულებებში ჯანმრთელობისა და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის დროულად განხორციელებული ადვოკატირების შედეგებზე. გაეროს ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაუმჯობესებელმა სანიტარულმა მდგომარეობამ, კერძოდ,სანიტარული საშუალებებით სარგებლობის შემდეგ სუფთა წყლით ხელის დაბანისთვის პირობების შექმნამ, ასტროლოგიური მოვლენებით გამოწვეული სიკვდილიანობა (რომ არაფერი ვთქვათ დაავადებებზე) შეიძლება 50 პროცენტით შეამციროს. რეგიონში საშინელი სანიტარული მდგომარეობით შეწუხებულმა თემებმა აამოქმედეს საზოგადოების ინტერესების დაცვის კამპანიები, საინმფორმაციო ქსელები და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებას დაჟინებით მოთხოვეს სასწავლო დაწესებულებების დასუფთავებისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესებისათვის თანხების გამოყოფა. შედეგი ასეთია: ამ საქმისათვის რეგიონში შეიქმნა 30 ახალი სამუშაო ადგილი (რაც, თავისთავად, უკვე წარმატებაა), ბიუჯეტი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თემების ცხოვრების დონის ამაღლების თუნდაც მოკრძალებული მაგალითები სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფებს უფრო ენერგიული მუშაობისაკენ უბიძგეს. მაგალითად, სამეგრელოს სოციალური პოლიტიკის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ჯგუფმა მიზნად დაისახა, ადგილობრივი ხელმძღვანელებისთვის პაციენტის უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩაეტარებინა და ამით ბოლო მოეღო იმ დამამცირებელი მდგომარეობისა და გაუგებრობისთვის, რაც იმ რეგიონის ჯანდაცვის სფეროში შეინიშნებოდა. თბილისში, ისანი - სამგორის რაიონში, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა კოალაციამ ადგილობრივი ხელისუფლება აიძულა, განეხილა რაიონის სკოლებში ექიმის კაბინეტის ინსტიტუტის აღდგენის საკითხი. მიზეზი ისაა, რომ სკოლაში მოსწავლეები არ არიან პირველადი ან სასწრაფო დახმარებით დაცულნი, ხოლო ექიმსა თუ ექთანს არა აქვს საჭირო ინსტრუმენტები, მედიკამენტები და ჯანმრთელობის დაცვის სხვა საშუალებები. კახეთის რეგიონში მომუშავე სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი აღნიშნავს, რომ იქ 600 ბავშვი, გინდა ოჯახურ, გინდა ინსტიტუციურ გარემოში, ვერ იღებს სატანადო სამედიცინო დახმარებას, ვინაიდან ამ დარგის მესვეურებმა ბოლომდე არ იციან, რა სტატუსი აქვთ ამ ბავშვებს. ამას ემატება ისიც, რომ თვითონ ინსტიტუციებში (საბავშვო დაწესებულებებში) ინფორმაციის საშინელი ნაკლებობაა. „ჭიშკრის იქით დარჩენილის“ თვალით დანახული, თუმცა, არა მარტო დანახული, არამედ, განცდილი ცხოვრების თემაა წამოჭრილი სტატიაში, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ქუჩის ბავშვების პრობლემა საერთო საზოგადოებრივი პრობლემაა.
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემებში საქმე და პრობლემა ბევრია, თანაც არა მარტო ეკონომიკური: დაბალი პროფესიონალიზმი და ინფორმაციის დეფიციტი ის ნაკლია, რომელიც ერთნაირად ვნებს როგოპრც თემს, ისე მთავრობას, და რომელზედაც დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოს ხმა ნებისმიერმა მოქალაქემ მაშინაც კი, თუ ჯანდაცვის სფეროში ნანატრი რეფორმები წარმატებით ხორციელდება. ხანდახან, გაჭირვებულის ხმა თვითონ თემშიაც არ ესმით კარგად. იმისათვის, რომ რეფორმის შედეგი ნაყოფიერი და ხანგრძლივი იყოს, იგი სოციალური კეთილდღეობის მრავალმხრივ პროგრამებს უნდა შეერწყას. საერთაშორისო დონორებმა და მთავრობამ კი, ამ დროს, კოორდინირებულად უნდა იმუშაონ.
![]() |
2 პირველადი ჯანდაცვის რეფორმა: საერთაშორისო დახმარების კოორდინირება |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ხეჩინაშვილი
კომპონენტის კოორდინატორი, პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტი
TIMEO DANAOS ET DONA FERENTES - ,,მეშინია ბერძნების მაშინაც კი, როდესაც კი, როდესაც ისინი საჩუქრებს გვიძღვნიან”
(ლაოკონი ტროას ცხენის შესახებ)
საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და გრძელვადიანი ეკონომიკური წინსვლის ერთ - ერთი მთავარი საფრთხე ჯანდაცვის მომსახურეობაზე არათანასწორუფლებიანობითა და სოციალური მომსახურეობის დაბალი დონით განპირობებული ადამიანური კაპიტალის გაურესებაა. სხვადასხვა გაანგარიშებით, ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ხარჯები, ჯანდაცვაზე საერთო დანახარჯის, დაახლოებით, ოც პროცენტს შეადგენს, დანარჩენი ოთხმოცი კი - უშუალოდ მოსახლეობის ჯიბიდან, მომსახურეობისათვის გადახდილი თანხაა.
ჯანდაცვის სამსახურებზე მოსახლეობის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის უმთავრესი მიზანია.
პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) სისტემის განვითარება საქართველოს ჯანდაცვის ეროვნულ პოლიტიკაში განსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების მნიშვნელოვანი წილი უნდა გადმოქაჩოს სტაციონალური მომსახურეობიდან პირველადი ჯანდაცვისაგან. რიგი საერთაშორისო მულტი და ბილატერალურლი დონორული ორგანიზაციების მიერ მხარდამჭერილი პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროგრამა საწინდარი უნდა იყოს იმისა, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება მაღალხარისხიანი, მტკიცებულობაზე დაფუძნებული, ხარჯთ-ეფექტური პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობით. აქვე აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს სექტორული ხედვითა და მიდგომით. მოსახურების ბაზისური პაკეტი არ უნდა განვიხილოთ, როგორც ჯანდაცვის სისტემაში არსებული ცალკე კუნძული. პირველადი ჯანდაცვა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს სამედიცინო მომსახურების სხვა დონეებთან.
პჯდ მომსახურება ფინანსურად და გეოგრაფიულად მისაწვდომი და მისაღები უნდა იყოს მოსახლეობისათვის. დაგეგმილია, რომ პროგრამა განხორციელდა ხუთი წლის განმავლობაში (2003 - 2008) პროგრამას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი სესხის სახით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა (DFID) და ევროკავშირი (EC) - გრანტით. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
- პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პჯდ ამბულატორიების, რეფერალური ლაბორატორიებსა და პერინატალური რეფერალური ცენტრის ჩათვლით;
- პჯდ ადამიანური რესურსების განვითარება;
- ჯანდაცვის დაფინანსებისა და პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა;
- ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება და გაძლიერება;
- საინფორმაციო - საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვა;
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა განვითარება პირველადი ჯანდაცვის მართვის საქმეში.
აღსანიშნავია, რომ აქამდე დონორების ინვესტიცია მოსალოდნელზე ნაკლებად წარმატებული იყო, რაც შესაძლოა, ნაწილობრივ კოორდინაციის სათანადო მექანიზმების არარსებობით იყო განპირობებული.
ზოგადად, დონორული დახმარების კოორდინაცია ქვეყნის დონეზე, ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებმა დიდი გზა განვლეს იმის შესაცნობად, თუ რა განაპირობებს დახმარების ეფეტურობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დონორის მიერ დახმარების მოწოდების ფორმა. ყველა ძირითადმა დონორმა აიღო ვალდებულებები, პრაქტიკასა და პროცედურების ჰარმონიზაციისაკენ მიმართული ცვლილებები და დახმარების ეფექტურობის გასაზრდელად, ისინი პარტნიორი ქვეყნის სისტემას მიუსადაგოს.
დახმარების ეფექტურად მიწოდებისათვის ლიტერატურაში მრავალი მოდელია შემოთავაზებული. ისეთი ქვეყნის გარემოში, სადაც რეფორმის გატარების რეალური სურვილი არსებობს, დონორებმა უნდა მოახდინონ მათი მხარდაჭერის ინტეგრირება რეციპიენტის (მიმღების) განვითარების სტრატეგიაში, ბიუჯეტსა და მომსახურების მიწოდების სისტემაში. დონორის ფინანსური დახმარება და ცოდნის გადაცემა ჰარმონიულად უნდა იყოს მიმღების პრიორიტეტებთან და ფოკუსირებული უნდა იყოს კონკრეტულ შედეგებზე.
არსებობს პრინციპული სხვაობა დონორულ დაფინანსებასა და ადგილობრივ დაფინანსებულ მომსახურებას შორის. პირველ შემთხვევაში დამფინანსებელი და ბენეფიციარები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ამგვარი გეოგრაფიული და პოლიტიკური სეპარაცია მიმღებ ქვეყანაში კლიენტებსა და დონორ ქვეყანაში გადასახადის გადამხდელებს შორის, პასუხისმგებლობის ჯაჭვის წყვეტას განაპირობებს. მიმღებ ქვეყანაში კლიენტებს ნაკლებად შესწევთ უნარი დასაჯონ ან წაახალისონ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები თუ ორგანიზაციები წარმატებისთვის ან წარუმატებლობისათვის.
ზემოთ აღნიშნული კოორდინაციის სიძნელეების პასუხად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს გადაწყვეტილებით ნებისმიერი სამომავლო რჩევა პირველადი ჯანდაცვის სფეროში კოორდინირებული უნდა იქნას სამინისტროს, კერძოდ კი, პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოსა და პირველადი ჯანდაცვის მართვის კომიტეტის მიერ და უნდა შეესაბამებოდეს ჯანდაცვის სტრატეგიულ გეგმას. საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და DFID - ის მიერ ხელმოწერილი იქნა სათანადო ურთიერთგაგების მემორანდუმი. თითოეულმა მხარემ ვალდებულება იკისრა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოში მდგრადი პირველადი ჯანდაცვის ჩამოყალიბების საქმეში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭო და მართვის კომიტეტი გახდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის პროგრამის ცენტრალური საკოორდინაციო დანაყოფი. პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს მოვალეობებია:
- წარმართოს პჯდ პროგრამა;
- იმოქმედოს, როგორც პჯდ პროგრამისა და პჯდ კომიტეტის წარმმართველმა;
- განსაზღვროს, შეაფასოს და/ან დაამტკიცოს პროექტის მისია, მიზნები, სტარტეგია და სამოქმედო გეგმა, რესურსების საჭიროებანი, პროგრამის მიმდინარე ეფექტი და საბოლოო წარმატება;
პირველადი ჯანდაცვის მართვის კომიტეტი ექვემდებარება პჯდ საკოორდინაციო საბჭოს და პასუხისმგებელია მისი პროგრამის ყოველდღიურ განხორციელებაზე.
იმისათვის, რომ დაიხვეწოს განხორციელების გეგმა, უზრუნველყოფილი იყოს ქმედებათა სათანადო თანმიმდევრობა, თავიდან იქნას აცილებული საქმიანობათა დუბლირება და შეზღუდული - რესურსების ფლანგვა, გამოვლენილი იქნას პროგრამაში არსებული ხარვეზები და ჩავარდნები, პირველადი ჯანდაცვის მართვის კომიტეტმა გასული თვეების განმავლობაში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ჩაატარა რიგი თემატური სამუშაო შეხვედრებისა. შედეგად, პჯდ განვითარების თითოეული ქვე-კომპონენტებისთვის შემუშავებულ იქნა კონსოლიდირებული პროცესების სქემები, რომლებშიც ასახულია და დროში არის პასუხისმგებლობის სფეროები და საქმიანობა.
ყოველივე ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს პროგრამის საერთო ლოგიკური ჩარჩო, რომელშიც ნათლად იქნება ასახული მიზნებისა და ამოცანების იერარქია, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ლოგიკა, წარმატების ობიექტურად დამასაბუთებელი ინდიკატორები და მნიშვნელოვანი ვარაუდები, რომლებშიც პროგრამის ზეგავლენის ფარგლებს სცილდება და, ამავე დროს, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს პროგრამის წარმატებაზე. სწორედ ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი გეგმავს კონსულტანტის დაქირავებას. კონსულტანტი პჯდ მართვის კომიტეტთან ერთად, სხვა მონაწილეებთან მჭიდრო კონსულტაციებსა და სამუშაო შეხვედრებზე დაყრდნობით, შეიმუშავებს პროგრამის საერთო ლოგიკურ ჩარჩოს, რომელიც გახდება საქართველოში პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროგრამის განხორციელების, მონიტორინგსა და შეფასების ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი.
![]() |
3 ჯანმრთელობის დაცვა - თემის პრიორიტეტული პრობლემა კახეთში |
▲ზევით დაბრუნება |
ანზორ გოგოთიძე
კახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი
საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის ცვლასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუარესდა მოსახლეობის სოციალური დაცულობის ხარისხი. ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს სისტემის რესტრუქტურიზაციის გზით მოახდინოს პოზიტიური ცვლილებები, თუმცა, ეს, ღონისძიებები დღემდე არ ატარებდა პერმანტეტულ ხასიათს და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რეფორმის დოკუმენტები უფრო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან თანხების მოზიდვის სურვილს ემსახურებოდა, ვიდრე მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებას. კორუმპირებული მთავრობის ხელში სიტუაცია წლიდან წლამდე კიდევ უფრო იძაბებოდა, განსაკუთრებით, რეგიონში.
დღეს სოფლებში და რაიონში სოციალური ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია. დანგრეულია ან დანგრევის პირასაა მისული სკოლები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები. მხოლოდ თემების დიდი ძალისხმევის და უშუალოდ თემზე ორიენტირებული უცხოური დახმარების წყალობით ხდება შესაძლებელი ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
დღეს ქვეყნის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება სადაზღვეო პრინციპს ეფუძნება, ანუ ცალკეული ნოზოლოგიების მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო და მუნიციპალური სამედიცინო პროგრამებით, ერთიანი სოციალური დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მხრიდან. ქვეყანაში აქამდე არსებული საბიუჯეტო კრიზისისა და სისტემის გაუმჭირვალობის გამო, რაც კორუფციას განაპირობებს, ჯანდაცვის მომსახურების პროგრამული დაფინანსების პრინციპმა მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო.
რეგიონებში სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგები, სამუშაოსი, რომელიც მიზნად ისახავდა თემების ინფორმაციული საჭიროებების გამოვლენას, მოსახლეობის ინფორმირებას და ამ გზით მათ გააქტიურებას, მოწმობს, რომ თემებს პრიორიტეტულ საკითხად სამედიცინო მომსახურეობა მათთვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია, რადგან აქ ამის საშუალება არ არის. ამავე დროს, დაბალი შემოსავლები არ იძლევა ქვეყნის ცენტრში საჭირო მომსახურეობით სარგებლობის საშუალებას. გადაუდებელ შემთხვევებში ამისათვის მთელი თემის ძალისხმევა და მატერიალური თანადგომაა აუცილებელი.
სამედიცინო მომსახურეობის მიღებისას მეტ სირთულეებს სოციალურად დაუცველი ადამიანები, განსაკუთრებით, მოხუცები და ბავშვები აწყდებიან.
კახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა გამოავლინა, რომ რეგიონში ერთ - ერთი ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემა ინსტიტუციონალიზებული და გაოჯახებული ბავშვების ჯანმრთელობის დაცვაა.
არსებული მდგომარეობის შესწავლამ, გამოავლინა, რომ კახეთის რეგიონის ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფი და გაოჯახებული 600-მდე ბავშვი აუცილებელ და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრაქტიკულად ვერ იღებდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, სკოლა-ინტერნატების ხელმძღვანელებისა და სამედიცინო პერონალის არაინფორმირებულობაა. ამას ემატება, რომ ადგილობრივი სამედიცინო დაზღვევის პროგრამებში და რაიონებში მუნიციპალურ სამედიცინო პროგრამებს არასრულფასოვნად აფინანსებენ.
კახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის პროექტი, რომელსაც „მერი ქორის“ და ფონდი „ჰორიზონტი“ უჭერდნენ მხარს, მიზნად ისახავს აღნიშნული კატეგორიის ბავშვების ინტეგრირებას სამედიცინო დაზღვევის მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში. ამავე დროს გამოვლინდა, რომ ეს პროგრამები სრულად ვერ ფარავს არსებულ საჭიროებებს, კერთოდ, ვერ ხერხდება ზოგიერთი ნოზოლოგიის მომსახურეობა (კარდეოლოგია, დერმატოლოგია, ალერგოლოგია). განისაზღვრა მომსახურეობის მოცულობა ამ დარგებში და შედგა დამატებითი პროგრამები თელავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებისთვის. თელავის საზოგადოებამ და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა თელავის რაიონის გამგეობას ღია ბარათები გაუგზავნეს თხოვნით, რომ ეს პროგრამები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაეფინანსებინათ. ამავე დროს, რაიონების გამგეობების ძალისხმევით გადაწყდა 3-5 წლის ასკის ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის პროგრამაში ბენეფიციართა მონაწილეობის თანადაფინანსების საკითხიც. სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრმა ექიმებმა სკოლა-ინტერნატებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შესახებ და მისცეს აუცილებელი ახსნა - განმარტებები.
ამ ეტაპისათვის კახეთის ყველა სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელი ჩაერთო მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამაში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა ახორციელებს.
ეს პროექტი გახდა კახეთში ადვოკატირების მეთოდოლოგიის გამოყენებით პრობლემის გადაჭრის პირველი წარმატებული მაგალითი და ამ პროცესში აქტიურად ჩაება ადგილობრივი საზოგადოება.
ვინაიდან ჯანდაცვის პრობლემები ამით ბოლომდე არ მოგვარებულა, სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი გეგმავს, აქტიურად ჩაებას სამედიცინო მომსახურების მონიტორინგში და ხელი შეუწყოს თემებს, თავად დაიცვან საკუთარი უფლებები.
თელავის საზოგადოებამ და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა თელავის რაიონის გამგეობას ღია ბარათები გაუგზავნეს თხოვნით, რომ ეს პროგრამები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაეფინანსებინათ. ამავე დროს, რაიონების გამგეობების ძალისხმევით გადაწყდა 3-15 წლის ასაკის ბავშვთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაში ბენეფიციართა მონაწილეობის თანადაფინანსების საკითხიც.
![]() |
4 გურიის სოციალური პოლიტიკის ჯგუფი ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდისთვის საზოგადოების ინტერესების დაცვის კამპანიებს აწყობს |
▲ზევით დაბრუნება |
ლევან მჟავანაძე
გურიის რეგიონის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი, ფონდ ,,ჰორიზონტის“ ოზურგეთის ოფისი
გურიის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა განახორციელა პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის ადვოკატირება გურიის რეგიონში“. იგი ითვალისწინებდა მოსახლეობის ინტერესების ასახვას ბიუჯეტის და სოციალური დაცვის პროგრამების შესრულების პროცესში.
პროექტის შედგენაში მონაწილეობდა სოციალური პოლიტიკის შვიდ-რვა კაციანი სამუშაო ჯგუფი. პროექტის შედგენას რამდენიმე საკოორდინაციო შეხვედრა მიეძღვნა. პირველ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა გამოავლინეს ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელი იყო ადვოკატირების მეთოდით. გამოიყო ჯგუფის რამდენიმე წევრი ჯანდაცვის სექტორიდან და მათ დაიწყეს პროექტის შედგენისათვის მონაცემების შეგროვება.
ჯგუფმა, ასევე, გადაწყვიტა, რომ პროექტს ჰქონოდა მეორე კომპონენტიც, კერძოდ, ჩატარებულიყო ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები. ჯგუფის წევრთა აზრით, ასეთი სახის შეხვედრების ჩატარება ისევე აქტუალური იყო, როგორც ადვოკატირება ჯანდაცვის სფეროში.
პროექტის შედგენის პროცესში სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდით ფონდ „ჰორიზონტის“ ოზურგეთის ოფისის თანამშრომლები და ჩვენი წინადადებით პროექტის შედგენისას გამოვიყენეთ “ჰორიზონტის“ ტრენინგის მოდული, რომელიც ადვოკატირების საკითხებს მოიცავდა. (იხილე სქემა). ამან, ჩვენი აზრით, პროექტი უფრო გასაგები და ადვილად აღსაქმელი გახადა.
განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:
- ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს (რაიონული გამგეობა, საფინანსო განყოფილება), ადვოკატირება, რათა კანონის შესაბამისად დროულად და საჭირო რაოდენობით იქნას მიმართული თანხები სოციალური დაზღვევის ფონდებში, რაიონული პროგრამების დასაფინანსებლად;
- საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის შედეგიანი, დადებითი პროცედენტის შექმნა;
- საბიუჯეტო დაგეგმვის და შესრულების საზოგადოებრივი გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულებების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მმართველობის ფორმების გაუმჯობესებას.
- მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა ტრენინგი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებში;
- საზოგადოებრივი ინტერესების დამცველი კოალიციების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის შეფასებისთვის განსაზღვრეთ წარმატების შემდეგი ინდიკატორები:
- რამდენად გაიზრდებოდა გაცემული პოლისების რაოდენობა;
- ჩვენი ლობისტური საქმიანობის შედეგად საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და დადგენილებების რაოდენობა;
- რამდენი ადამიანი მიიღებდა ჩვენს მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობას;
- რამდენი ადამიანი მიიღებდა სატელევიზიო თოქ - შოუში მონაწილეობას;
- სატელევიზიო გადაცემის ხარისხი და პირდაპირ ეთერში დასმულ შეკითხვათა რაოდენობა;
- საზოგადოების, გურიის მხარის მოსახლეობის, მაქსიმალური მონაწილეობა პროექტში, მათი აქტიურობასა და ინტერესების გაზრდა საკრებულოს საქმიანობის ირგვლივ და საკრებულოს სხდომებზე მათი დასწრება;
- როგორ გაიზრდებოდა რიცხობრივად ჩვენი კოალიცია.
პროექტის მიხედვით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- განხორციელდა საჭირო ინფორმაციის მოძიება;
- გაკეთდა შეგროვილი ინმფორმაციის რეესტრი;
- რეგულარულად იბეჭდებოდა ადგილობრივ გაზეთებში სტატიები სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ;
- ადგილობრივი ტელევიზიით რამდენიმეჯერ გავიდა სიუჟეტი სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ;
- ჩატარდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მომზადდა კოალიციის ურთიერთგაგების მემორანდუმი.
- ჩატარდა ტრენინგი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებზე;
- მომზადდა და ადგილობრივი ორი ტელეკომპანიის ეთერით რამდენჯერმე გადაიცა სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ამსახველი სოციალური რეკლამა;
- მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა საკრებულოში წარსადგენი დადგენილების პროექტი ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდის თაობაზე;
- ადგილობრივი ტელეკომპანიით ღია ეთერში გავიდა გადაცემა ჯანდაცვის დაფინანსების საკითხებში არსებულ პრობლემებზე;
- მომზადდა ბიულეტინის 4 ნომერი, რომელშიც მოცემულია ამონაკრები პაციენტის უფლებების შესახებ კანონიდან;
- მოეწყო სატელევიზიო თოქ-შოუ ჯანდაცვის დაფინანსების საკითხებში არსებულ პრობლემებზე.
პროექტის წარმატებები
2003 წლის 13 ოქტომბერს ადგილობრივი ტელევიზიით მოეწყო სატელევიზიო თოქ - შოუ, რომელშიც სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი ოპონირებას უწევდა ოზურგეთის რაიონის საკრებულოს თავჯდომარეს. მან ღია ეთერში განაცხადა, რომ შესწორებას შეიტანენ ოზურგეთის რაიონულ ბიუჯეტში და ჯანდაცვის ხარჯებს 20 ათასი ლარით გაზრდიან. შესაბამისი დადგენილების პროექტი ჩვენმა სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა ლობისტის საშუალების საშუალებით საკრებულოს მიაწოდა და 20 ოქტომბერს საკრებულომ ცვლილებისთვის საჭირო სხდომა გამართა.
ძალისხმევამ წამატება მოიტანა, კერძოდ, ოზურგეთის რაიონის საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება და შეასრულა ის დაპირება, რაც სატელევიზიო თოქ-შოუზე გამოაცხადა. გადაწყვეტილების საფუძველზე ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისათვის დამატებით გამოიყო 20 ათასი ლარი.
სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრები, ასევე, ჩართულები არიან 2004 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცესში, რათა 2004 წლის ბიუჯეტის გამოიყოს კანონით გათვალისწინებული საერთო ბიუჯეტის 10%25 ჯანდაცვის სფეროში.
მიღწეულ წარმატებას ხელი შეუწყო შემდეგმა ფაქტორებმა:
- სოციალური პოლიტიკის სამუსაო ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობდა ექიმთა ჯგუფებთან;
- პრეზენტაციის შერჩეული ფორმა - სატელევიზიო თოქ-შოუ - მეტად ეფექტური გამოდგა;
- ადვოკატირების პროცესში მონაწილეობდნენ და კოალიციაში გაერთიანდა გურიაში მომუშავე ათამდე ძლიერი საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
დასკვნები
არ შეიძლება არ აღინიშნოს, ეგრეთ წოდებული „პრეცედენტის“ ფაქტორი: მოხდა პრეცედენტი, რამაც გამოიწვია რიგითი მოქალაქის სასარგებლოდ კონკრეტული საქმის, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების, 20 ათასი ლარით გაიზარდა. ვიმედოვნებდით, რომ, პრეცედენტი, გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას და „გადამდები სენი“ ხელს შეუწყობს ანალოგიური საქმეების თანამედროვე, ცივილიზებული ხერხით გადაწყვეტას, სტიმულს მისცემს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ამოქმედებას.
ოზურგეთის რაიონის საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება და შეასრულა ის დაპირება, რაც სატელევიზიო თოქ-შოუზე გამოაცხადა. გადაწყვეტილების საფუძველზე ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისათვის დამატებით გამოიყო 20 ათასი ლარი.
![]() |
5 იმერეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი აქტიურ როლს ასრულებს საზოგადოების „გამოფხიზლებაში“ |
▲ზევით დაბრუნება |
ნესტან ნებულიშვილი
იმერეთის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი, ფონდ „ჰორიზონტის“ ქუთაისის ოფისი
ის, რაც, ცოტა ხნის წინ ბუნდოვანი იყო დასავლეთ საქართველოში, დღეს რეალობად იქცა - ეს სიტყვები ძალიან ხშირად ისმის იმ ადამიანთა საუბარში, ვინც პირდაპირ, ან ირიბადაა დაკავშირებული დასავლეთ საქართველოს თემის მობილიზების პროექტთან. ახლა, ამ პროექტის განხორციელების თითქმის ოთხი წლის თავზე, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ პროექტის მიზანი - გაიზარდოს სოციალურად დაუცველი თემების უნარი, თავად მოაგვარონ საკუთარი პრობლემები, დაიცვან და დარწმუნდნენ თავიანთ შესაძლებლობებში - ფაქტობრივად, უკვე სახეზეა.
მიჩნეულია, რომ საქართველოში სიღარიბის დაძლევის ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებად სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე აღმოჩნდა. ეს თავისთავად გულისხმობდა იმასაც, რომ თემის მობილიზების ინიციატივის პროგრამის განმხორციელებელს სწორედ ამ კუთხით, ანუ სოციალური პოლიტიკის კუთხით უნდა ემუშავათ. თანამშრომლობა სოციალური პოლიტიკის კუთხით უნდა ემუშავათ. თანამშრომლობა სოციალური პოლიტიკის ჯგუფებისა და სათემო კავშირის წევრებისაგან შექმნილი სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მიმდინარეობს და საქმიანობებს რამდენიმე მიმართულებით წარმართავს. ესაა ჯანდაცვის, განათლებისა და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროები.
საქმიანობები ორი მიმართულებებით ფოკუსირდება: საინფორმაციო შეხვედრები და ადვოკატირება.
ორი წლის წინ იმერეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა წყალტუბოს, ბაღდათისა და თერჯოლის რაიონებში საინმფორმაციო შეხვედრების მთელი სერია განახორციელა. მოკვლეული იყო ამ რაიონებში არსებული პრობლემები პირველად ჯანდაცვაზე და გაანალიზებული - მათი გამომწვევი მიზეზები. ბევრი ხარვეზები ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოთა არაეფექტური მუშაობით იყო გამოწვეული. ჯგუფის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აქტიურად ეღვაწათ საზოგადოების „გამოფხიზლების“ კუთხით. ამ ფუნქციის შესასრულებლად იმერეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, ადვოკატირების კამპანია განეხორციელებინათ იმერეთის რეგიონის წყალტუბოს, ბაღდათისა და თერჯოლის რაიონებში.
ადვოკატირების განსახორციელებლად სრულად უნდა გაიაზრო ის, რომ ადვოკატირება უპირველეს ყოვლისა არის საზოგადოების ინტერესებისა და უფლებების დაცვისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც სხვადასხვა დონის სამთავრობო სტრუქტურებს „აიძულებს“ მიიღოს და (ან) შეასრულოს მოსახლეობის კანონიერი მოთხოვნილებები და რომელიც სათავეშივე ხალხის პრიმატზეა ორიენტირებული. იმერეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი იყო რეგიონის სამ მსხვილ რაიონში ადგილობრივი ბიუჯეტით დასაფინანსებელი გადაუდებელი სტაციონალური და ამბულატორული დახმარების ჯანდაცვითი პროგრამების სრულყოფილი დაფინანსება. მიზნის მისაღწევად გამოყენებული იყო ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა საინფორმაციო შეხვედრები, კოალიციის შექმნა, კოალიციის სახელით შეტყობინებების მიტანა მსმენელამდე (გამგებლამდე), აქტიური დიალოგი, პრეზენტაცია, მასმედიის ჩართვა პროცესში და ასე შემდეგ.
2003 წელს, ოთხი თვის მანძილზე ასეთი შედეგები იქნა მიღწეული:
- შესამჩნევად გაიზარდა მოსახლეობნის ინფორმირებულობის დონე ადგილობრივი ბიუჯეტით დასაფინანსებელი გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორული დახმარებების შესახებ.
- ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ დასაფინანსებელი გადაუდებელი სტაციონალური და ამბულატორული დახმარებების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად ამაღლდა: ორ რაიონში ნახევარზე მეტი, ხოლო ერთში - 100 პროცენტი გახდა.
- სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების საქმიანობამ ხელი შეუწყო საჯარო ხელისუფლების დაკავშირებას მოსახლეობასთან.
2004 წელს სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი იგივე მეთოდებით, მაგრამ უკვე სხვა ამოცანებით იხელმძღვანელონ.
სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ შეხვედრების დროს ადგილობრივი მოქალაქეები აქტიურობდნენ და რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებსა და რეკომენდაციებსაც გამოთქვამდნენ. ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებიდან ყველაზე მწვავედ ქვემოთ მოცემულ პრობლემებს ასახელებდნენ:
- სასმელი წყალი;
- ფალსიფიცირებული წამლების მოზღვავება;
- გარემოს დაბინძურება;
- ინფორმაციული ვაკუუმი ჯანდაცვაში;
- სახელმწიფო ვალდებულება მოსახლეობაში პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ;
- საინფორმაციო უზრუნველყოფა შაქრიანი დიაბეტისა და ჩიყვის დაავადებებთან დაკავშირებით;
- სასწრაფო - სამედიცინო სამსახურების გაუმჯობესება;
- სამედიცინო ეთიკის კომისიის შექმნა;
- სახელმწიფო კონტროლი სამედიცინო პროგრამების განხორციელებაზე.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთა მოგვარების ასეთი გზები დასახა:
- ჯანდაცვის რეფორმის თაობაზე პერიოდულად საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა;
- ადვოკატირების (საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის) პრეცედენტების შექმნა ჯანდაცვის სფეროში პაციენტისა და ექიმის უფლებების დაცვის მიზნით;
- საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ;
- ჯანდაცვის სამინისტროსთვის შენიშვნებსა და რეკომენდაციების გადაცემა იმ სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების მიზნით, სადაც სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს.
ამჟამად, ფონდი „ჰორიზონტის“ ქუთაისის ოფისის ძირითადი მიზანია, ჯანდაცვის საკითხებზე მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით იმუშაოს სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფთან ერთად. რაკიღა პრობლემათა წყებაში წყლის საკითხი საკითხი დაწინაურდა, სამუშაო ჯგუფმა მოიაზრა და უკვე დაამუშავა კიდეც ადვოკატირების ახალი პროექტი თემაზე: „ მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლის პროფილაქტიკურ - სადეზიონფექციო სამუშაოების დაფინანსების უზრუნველყოფა“.
ცხადია, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე მუშაობა „ჰორიზონტის“ ქუთაისის ოფისში მხოლოდ ამით არ იფარგლება: მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ინფორმაციის გავრცელებაზე. იგი მოიცავს კონსულტაციებს, ახსნა-განმარტებებს, სპეციალური საინფორმაციო ბიულეტინების მომზადებ-გამოშვებისა და სხვა. გვინდა დავიჯეროთ, რომ წამოწყებულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას არა მარტო ადამიანთა ცალკეული ჯგუფები ან თემები, არამედ გაცილებით ფართო საზოგადოება მიიღებს. ამას კი საზოგადოების საერთო სოციალური ფონის ამაღლება მოჰყვება.
![]() |
6 სამეგრელოს სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსებას ცდილობს |
▲ზევით დაბრუნება |
ივეტა როდონაია
ფონდ „ჰოტრიზონტის“ ზუგდიდის ოფისი, სამეგრელოს სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი
XXI საუკუნის დასაწყისში, ინფორმაციული რევოლუციების ჟამს, ინფორმაციულ ვაკუუმზე ან, თუნდაც, სიმცირეზე საუბარი უხდერხულიც კი იქნებოდა, რეალურ ფაქტებს რომ არ ვაწყდებოდეთ.
„დავიცვათ ჩვენი უფლებები!“ „გამოვიყენოთ მინიჭებული შეღავათები!“, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ - ასეთია ამოცანა, მაგრამ მარტივი ლოგიკითაც ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ უფლებების არსში გავერკვეთ. შეღავათებით რომ ისარგებლოთ, უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამ შეღავათების შესახებ. მარტივია, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემური ...
სამეგრელოს სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი, „საქართველოში სათანადო წესით რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენელთა გაერთიანებაა, რომლის მიზანია:
- ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვა;
- მიმდინარე სოციალური რეფორმების განხორციელებისა და მონიტორინგში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვა და მათი უშუალო მონაწილეობის პირობების შექმნა;
- სოციალური პოლიტიკისა და შესაბამისი რეფორმების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება:
- თემებისთვის დაგეგმილი ან მიმდინარე სოციალური რეფორმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება.
- თემის ინტერეების ლობირება და დაცვა ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანიზაციებში.
თუ ჯგუფის შექმნისას (2002 წლის აგვისტო) ზემოთ აღნიშნული მხოლოდ დეკლარირებულ ხასიათს ატარებდა, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამეგრელოს სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი მოქნილ, პრაქტიკული გამოცდილების მქონე, ერთიან ორგანიზმს წარმოადგენს. დაფუძნებიდან დღემდე ჯანდაცვის კუთხით მას არაერთი წარმატებული საქმიანობა აქვს განხორციელებული.
2002 წლის ნოემბერი: ჯანდაცვის რეფორმის შესახებ ჩატარდა რაიონული სემინარები სამეგრელოს რეგიონიოს 4 რაიონში. სემინარები მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სისტემაში დასახული რეფორმის შესახებ მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, კერძოდ, ჯანდაცვის სფეროში არსებული უფასო სამედიცინო მომსახურეობის პროგრამებისა და მათში მონაწილე დაწესებულებების შესახებ, ასევე, საქართველოს კანონზე „პაციენტის უფლებების შესახებ“. დამუშავებულ იქნას თემის წარმომადგენელთა მოსაზრებები, დამოკიოდებულებები, შეხედულებები და რეკომენდაციები.
2003 წლის აგვისტო - 2004 წლის თებერვალი: განხორციელდა პროექტი „გადავარჩინოთ მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები სამეგრელოს რეგიონის ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონებში“. პროექტი მიზნად ისახავდა სამეგრელოს რეგიონის ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს რაიონებში მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ადვოკატირების ინტენსიური პროცესის გაჩაღებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ზემოთ აღნიშნულ ბავშვთა კატეგორიაზე მონაცემთა ბაზა. თექვსმეტმა საინფორმაციო შეხვედრამ თემებზე: „ბავშვთა უფლებების კონვენცია“, „ბავშვთა კეთილდღეობის საკითხების განსაზღვრა“, „დეინსტიტუცონალიზების საკითხები“, შეჭირვებული ოჯახები და სოციალური მუშაკთა დახმარება“, გაზარდა თემის ინფორმირებულობის დონე ბავშვთა კეთილდღეობის დონე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, მისცა მას არსებული მგომარეობის ანალიზის, შეფასების და რეკომენდაციის მიღების შესაძლებლობა. ერთ - ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ 2004 წლის სამეგრელოს რეგიონის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს,ზუგდიდის, ხობისა და წალენჯიხის რაიონების ადგილობრივ ბიუჯეტში მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებისათვის სოციალური დახმარების ფონდში ახლა ცალკე პუნქტად აისახება მიზნობრივი დახმარების თანხები, რაზეც არსებობს ადგილობრივი თვითმმართელობის სტრუქტურების წარმომადგენელთა საგარანტიო წერილები.
2003 წლის დეკემბერი - 2004 წლის თებერვალი: სამეგრელოს სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის განათლებისა და ჯანდაცვის ქვეჯგუფებმა ჩაატარეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის და განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ რაიონული საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელოს 7 რაიონში /სულ 14 შეხვედრა/. შეხვედრები მიზნად ისახავდა თემისათვის ამ სფეროებში რეფორმების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრებზე გამოჩნდა, რომ მოსახლეობა თითქმის ყველა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია და რომ აღნიშნული სემინარების ჩატარება მეტად დროული იყო.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარეობაზე ჩატარებულმა რაიონულმა სათემო შეხვედრებმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი რეგიონისათვის ყველაზე მწვავე თანამედროვე პრობლემებს. საქმე ისაა, რომ მიუხედავად დღეს არსებული თანამედროვე სამედიცინო საშუალებებისა, მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. ეს, თავისთავად, ადამიანთა შრომისუნარიანობაზე და, შესაბამისად, მათ სოციალურ ყოფაზე აისახება.
ყველა შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესახელებინათ კონკრეტული, საკუთარ თავზე გამოცდილი პრობლემები, რაც შემდეგ ჯგუფში მსჯელობის საგანი გახდებოდა. სჯა-ბაასის და დსკუსიის შემდეგ მუშავდებოდა შესაბამისი რეკომენდაციები. მონაწილეებისათვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ამით მათ პრობლემის წარმოჩენის, განხილვისა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების შესაძლებლობა ეძლეოდათ.
შეხვედრების დროს მონაწილეები ყველაზე ხშირად შემდეგ პრობლემებს ასახელებდნენ:
- ჯანდაცვის სფეროს ზოგიერთ მუშაკთა გულგრილი დამოკიდებულება გადახდის უუნარო პაციენტისადმი, რასაც ხშირ შემთხვევაში უარყოფითი შედეგებამდე მივყავართ, განაპირობებს უნდობლობას ექიმისადმი /უარყოფითი სტერეოტიპები/, რაც ხშირად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ერთ - ერთი მიზეზი ხდება.
- თვით ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა დაუცველობა, დაბალი ანაზღაურება, ცუდი სოციალური პირობები, რაც ხშირად მათი მუშაობის ხარისხზე აისახება.
- დაავადებათა სტანდარტების შეუსაბამობა ხელფასებთან.
- ადგილზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ - ტექნიკური ბაზის დაბალი დონე.
- პროფილაქტიკური ღონისძიებების ნაკლებობა.
ყველაზე მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა ინფორმაციის სრული უქონლობა. თემის წევრებმა განაცხადეს, რომ მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, რაიონული ცენტრიდან დაშორებულ სოფლებში მცხოვრებთათვის მიუწვდომელია არა მარტო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ არსებული ინფორმაცია, არამედ - ნებისმიერ სხვა საკითხებზეც. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საინფორმაციო შეხვედრები აუცილებელია და ყოველთვის უნდა იყოს დროული. მოსახლეობაში არსებული საინფორმაციო ვაკუუმის დასაძლევად და მისი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების დროულად ჩატარება დიდად შეუწყობს ხელს თემის წევრთა თვითშეგნების ამაღლებას, აქტიურობის სურვილს და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მცდელობას. რაც მთავარია, შეხვედრებზე გამოჩნდა, რომ დღეს საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც სწორედ სათემო კავშირებში არის გაერთიანებული, გრძნობს პასუხისმგებლობას თემის თითოეული წევრის წინაშე, რაც გამოიხატება მათ მზადყოფნასა და დიდ სურვილში, უანგაროდ გაავრცელონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, შუამავლის ფუნქციაც შეასრულონ.
თუ თითოეული ჩვენგანი იტვირთებს თუნდაც მცირეოდენ პასუხისმგებლობას, მივაღწევთ იმას, რომ ადამიანები თავს დააღწევენ ინდიფერენტულობით და კარჩაკეტილობით მოტანილ უბედურებას და შეძლებენ ჯანსაღი, განათლებული თაობის აღზრდას.
![]() |
7 სკოლებში სანიტარულ - ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდის საწინდარია |
▲ზევით დაბრუნება |
ირმა ქურდაძე
ჟურნალისტი, სამცხე-ჯავახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი
სოციალური პოლიტიკის რეგფორმის საკვანძო საკითხების გადაწყვეტა სამცხე-ჯავახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის პრიორიტეტული მიმართულებაა. სოციალური პოლიტიკის რეფორმის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვის განვითარებას, მისი ჯანმრთელობის დაცვას და განათლების პოტენციალის სრულ რეალიზებას ენიჭება. ამ ურთულესი პროცესის დარეგულირების ოპტიმალური გზების ძიება სამცხე-ჯავახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის უმთავრესი ამოცანაა, რომლის განსახორციელებლად ჯგუფი გულდაგულ, დაწვრილებით იკვლევს და სწავლობს ადგილობრივი მოსახლეობის ყველაზე უპირველეს მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
საგულისხმოა, რომ ამ მხარეში თითქმის საგანგაშო გახდა ინფექციური დაავადებების მატების და გავრცელების ტემპი, რამაც სერიოზულად დააფიქრა და შეაშფოთა ადგილობრივი თემები, ხოლო სამცხე-ჯავახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა ასპინძაში, ახალქალაქში, ადიგენსა და ახალციხეში 2002 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებზე ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. შეხვედრაზე დამსწრენი იღებდნენ დაწვრილებით ინფორმაციას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, იქვე იკვეთებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ყველაზე მწვავე პრობლემები და მათგან გამომდინარე სხვა ჩივილები.
როგორც ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციით გაირკვა, ახალციხის რაიონში ჰეპატიტით დაავადების 500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებულთა უმეტესი ნაწილი სასკოლო ასაკის ბავშვია. ეპიდემიის ერთ-ერთ მიზეზად სკოლებში არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დასახელდა. აღმოჩნდა, რომ სკოლებში საერთოდ არ არსებობდა სველი წერტილების მომვლელი თანამშრომელი. თურმე, მშობლები ყოველთვიურად აგროვებენ რაღაც თანხას, რათა „არაოფიციალურად“ დაიქირავონ დამლაგებელი, რომლის „კომპეტენციაში“ სველი წერტილების (საპირფარეშოს) დასუფთავება მაინც არ შედის.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივ ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით ჩაატარა საზოგადოების ინტერესების დაცვის კამპანია (ადვოკატირება) სკოლებისათვის დამატებითი სახსრების გამოსაყოფად, რათა სკოლებს სანიტარულ - ჰიგიენური პირობების მოსაწესრიგებლად, დამლაგებელი დაექირავებინა. საუბარია 4 (ახალციხის რაიონის ურავლისა და საძელის, ადიგენის რაიონის სოფელ არალისა და ასპინძის) საშუალო სკოლაზე, ანუ იმ საგანმანათლებლო კერებზე, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Mersy Corps” თემის მობილიზების პროექტები განახორციელა.
სამცხე-ჯავახეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი სათემო შეხვედრების დროს ქმნიდა მხარდამჭერთა ჯგუფებს, უფასოდ ავრცელებდა საინფორმაციო ბროშურებსა და ბუკლეტებს, რაიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებთან იხილავდა პრობლემების მოგვარების გზებსა და საშუალებებს.
მრავალმხრივმა მუშაობამ შედეგი გამოიღო: ახალციხის რაიონის სკოლებს სველი წერტილების დაქლორვისათვის 1500 ლარი გამოეყო. თუმცა ამ თანხაში არ შედის დამლაგებლისა და იმ პერსონალის დაქირავების ხარჯები, რომელიც სკოლაში სველი წერტილების სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.
ადგილობრივი თემებისა და სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის მიერ რაიონის გამგეობაზე ზემოქმედებით მოხდა ის, რომ რაიონული სკოლებისათვის დამლაგებლის 30 საშტატო ერთეული იქნა დაშვებული. თანხობრივად ეს შემდეგნაირად გამოიხატება: თვეში 1014 ლარი, რაც წელიწადში 11 168 ლარს შეადგენს.
სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის დაჟინებულმა ძალისხმევამ 2002 წლიდან დღემდე ნაყოფი და ადგილობრივი განათლების სისტემაში ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვისადმი დამოკიდებულება რადიკალურად გამოასწორა.
![]() |
8 თემს აინტერესებს ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღება |
▲ზევით დაბრუნება |
ნანა ოქროპირიძე
გორის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი
შიდა ქართლის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა გორის, კასპისა და ქარელის რაიონებში მოაწყო სათემო საინფორმაციო შეხვედრები თემაზე: „ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმა და მოქალაქეთა უფლებები სამედიცინო მომსახურების სფეროში“. ეს შეხვედრები მიზნად ისახავდა მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პაციენტის უფლებების შესახებ, რაც, უპირველეს ყოვლისა, ამბულატორიულ მომსახურეობას მოიცავს.
საინფორმაციო შეხვედრებზე შიდა ქართლის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ წარდგენილი მასალის განხილვის დროს, თემის წარმომადგენლებმა გარკვეული სახის შენიშვნები გააკეთეს. ისინი აღნიშნავენ, რომ არადროული და არასათანადო დაფინანსების პირობებში წარდგენილი პროგრამები მხოლოდ დეკლარირებულია და არაგანხორციელებადი, რაც ხელისუფლების მხრიდან ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობისთვის კორუფციულ და კონმფლიქტურ გარემოს ქმნის. თემებში მწვავედ დგას ისეთი პრობლემა, როგორიცაა მოსახლეობისა და, განსაკუთრებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის დაბალი სამედიცინო საგანმანათლებლო დონე „ცხოვრების ჯანსაღი წესისა„ და დაავადებათა პრევენციის (წინასწარი თავდაცვა) საკითხებში.
მოსახლეობა აყენებს ინოვაციური სასწავლო პროგრამების შემუშავების აუცილებლობის საკითხს, სადაც პირველი კლასიდანვე იქნება ლიცენზირებული სახელმძღვანელოები, აუცილებელი (და არა მეორადი) საგნის შესასწვლად მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია, ასევე, დაბინძურებული გარემო (მაგ. სოფელ მეტეხში - ცემენტის ქარხნის მტვერი) და მისგან გამოწვეული მასობრიოვი პათოლოგიები.
ამასთან დაკავშირებით, კარგი იქნება თუ გააქტიურდა რეგიონალური ჯანდაცვის დეპარტამენტი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბაში, შეიქმება უწყვეტი სასწავლო სამედიცინო პროგრამები და ცენტრები, სადაც თემის წარმომადგენლები მიიღებენ განათლებას მათთვის საინტერესო საკითხებზე - ეს იქნება სამედიცინო პროგრამები თუ საგანმანათლებლო პოპულარული თემატიკა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც თემის წევრებმა წამოწიეს არის ის, რომ თემი არ არის ჩართული პროგრამების დაგეგმვის პროცესში. მათ მიაჩნიათ, რომ სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფს ამ საქმეში საკმაოდ ეფექტური როლის შესრულება შეუძლია და ეს აისახება თემებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფების და ფონდ ,,ჰორიზონტის“ წარმომადგენლების თანამშრომლობაში ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარლამენტო კომისიებთან.
თემის წარმომადგენელს, ასევე, აინტერესებთ მონაწილეობის მიღება ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში, სურთ გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემის მოწყობის შესახებ, კერძოდ, პირველადი ჯანდაცვის ბრიტანულ და ამერიკულ მოდელებს.
ადგილობრივ თემებს მიაჩნიათ, რომ სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მეტი ეფექტურობისთვის მიზანშეწონილი იქნება სხვადასხვა რეგიონებისათვის ერთიანი სამოქმედო გეგმის შექმნა, რეგიონებს შორის გამოცდილების გაზიარება და მათი მოქმედების უწყვეტი კოორდინაცია. თემის სურვილია, რომ სოციალური პოლიტიკის ჯგუფი იყოს მუდმივი ბერკეტი - მექანიზმი, რომელიც თემის ხმას სამთავრობო დონეზე მიიტანს და - პირიქით. საბოლოო ჯამში, იგი იქნება სწორი სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების გარანტი.
თემის წარმომადგენლებს, ასევე აინტერესებთ მონაწილეობის მიღება ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში, სურთ გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემის მოწყობის შესახებ.
![]() |
9 კოალიცია საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო კაბინეტის აღდგენას ცდილობს |
▲ზევით დაბრუნება |
ბელა ორჯონიკიძე
„ქართული ფუნდამენტი“
დავით ხუჭუა
მოსახლეობის ექიმამდე პირველადი სამედიცინო დახმარების საგანმანათლებლო საკონსულტაციო ცენტრი
სამედიცინო მომსახურეობის ორგანიზების გაუმჯობესება მთელ საქართველოში ბოლო 14 წლის განმავლობაში გადაუდებელი პრობლემაა. ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო სახელმწიფოსთან ერთად ცდილობს გაატაროს მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც თავისთავად უნდა გულისხმობდნენ არსებული ბიორაკრატიული და მოუქნელი მმართველობის წესის შეცვლას. რეფორმების საფუძველზე უნდა მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება სრული ფიზიკური, სოციალური და ფსიქიკური კეთილდღეობის გათვალისწინებით.
მსოფლიოში არ არსებობს სრულყოფილი და იდეალური ჯანდაცვის სისტემა ან მოდელი. ჯანდაცვის მოდელის შექმნისას სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მრავალი ფაქტორი და ამის შემდეგ იქნას არჩეული რომელიმე სტრატეგია.
ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო მოსახლეობას ანუგეშებს იმით, რომ მწირი ბიუჯეტით ყოველწლიურად აფინანსებს მრავალ სახელმწიფო პროგრამას, მაგრამ თუ რას ითვალისწინებს პროგრამები და ვისთვის არის განკუთვნილი, სამწუხაროდ, მოსახლეობის უმეტესობისათვის უცნობია. ამ „დაფარული“ ინფორმაციის მიღება შეუძლია მოსახლეობის მხოლოდ უმცირეს ნაწილს, რაც მეტყველებს სამედიცინო მომსახურეობის მიღების არათანასწორუფლებიანობაზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში თანდათან უარესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. ჩვენი კოალიცია, რომელშიც შედის „მოსახლეობის ექიმამდელი პირველადი სამედიცინო დახმარების საგანმანათლებლო საკონსულტაციო ცენტრი“, „ქართული ფუნდამენტი“ და „ფიქომეტრული და საკონსულტაციო ცენტრი“ დაინტერესდა იმით, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო მომავალი პროექტიდან, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა დროს განახორციელოს, ცხადყო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჯანმრთელობის პრობლემათა სრული უკონტროლობა. ეს შეეხება პირველადი ჯანდაცვის რგოლს, კერძოდ, იმას, რომ სამედიცინო ოთახები განადგურებულია ან ვერ ფუნქციონირებენ, არ ხდება მოსწავლეთა ანკეტირება.
ამჟამად, ჩვენი კოალიცია საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის ფარგლებში Mercy Corps-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: „ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო ოთახის აღდგენის ხელშეწყობა“. პროექტი ითვალისწინებს სათემო კავშირის ჩამოყალიბებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად საზოგადოების ინტერესების დაცვის კამპანიის (ადვოკატირება) გამართვას სამთავრობო სტრუქტურებზე ზემოქმედების მიზნით.
პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა მრავალი პრობლემა, კერძოდ, არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დღეისათვის მოსწავლეთაგან აღარ თხოულობენ მათი ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას (ფორმა №026; ფორმა №027 და ფორმა №086), არ ტარდება მოსწავლეთა ანკეტირება, სამედიცინო ოთახები არ შეესაბამება არსებულ ნორმატივებს (თუმცა, ნორმატივებიც მოძველებულია და საჭიროებენ თანამედროვე მოთხოვნაზე მათ მისადაგებას).
კომერციულ სასწავლებელში სამედიცინო ოთახი საერთოდ არ არსებობს. განათლების სამინისტროს კომერციული სასწავლო დაწესებულებების გასახსნელად, კერძოდ, მათზე ლიცენზიის გაცემისას, მოთხოვნებში არათუ სამედიცინო ოთახის ფუნქციონირება, არამედ არც ერთი სამედიცინო ნორმატივის დაცვა არ არის ჩადებული.
პროექტის განხორციელებისას ჩვენი კოალიციის წევრები ვხვდებით საგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს, პედაგოგიურ კოლექტივებსა და მშობლებს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, ისინი საერთოდ ვერ გრძნობენ ხორციელდება თუ არა ჯანდაცვის სფეროში რაიმე რეფორმა იმისათვის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს ან, უკიდურეს შემთხვევაში, შენარჩუნებული იქნას მაინც. ისინი, ამბობენ, რომ ვერ ახერხებენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გეგმიურ იმუნიზაციას და ამისათვის იხდიან გარკვეულ თანხებს, ბავშვის ავადმყოფობისას ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის აღებას (მასზედ, რომ არ წარმოადგენენ ინფექციური დაავადების წყაროს), რადგან იგი ფასიანია. საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეუძლებელია საჭიროებისას გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება. რაც შეეხება მოსახლეობასა და სამედიცინო პერსონალს, არც მათ გააჩნია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სახელმწიფო პროგრამები ფინანსდება ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურების მიერ.
ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მომავალი თაობის მრავალმხრივ განვითარებას, მისი ჯანმრთელობის დაცვის ჩათვლით. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგზდების პატრონაჟი, პირველადი რგოლის გაძლიერება და კონტროლი ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობა ქვეყნის მთელი მოსახლეობის მეოთხედი ნაწილია და სახელმწიფოს მომავალს წარმოადგენს.
![]() |
10 დიაგნოსტიკური კაბინეტი „ჰიპოკრატე“ ჭიათურაში |
▲ზევით დაბრუნება |
ნათელა მოდებაძე
ჭიათურის თემის „ჯანმრთელობის მოყვარულ ოჯახთა კავშირი“
ჭიათურა დასავლეთ საქართველოს ერთი ლამაზი კუთხის, იმერეთის ქალაქია, რომელიც მთელი მისი დაარსების ისტორიის მანძილზე, მარგანეცის მადნის მოპოვება-გადამუშავებასთან ასოცირდება. ეს ქალაქი ათიოდე წლის წინ ჩვენი მრეწველობის ფლაგმანს წარმოადგენდა და მისი მოსახლეობაც, თავისი საქმიანობით „ჭიათურამარგანეცთან“ იყო დაკავშირებული.
ბოლო ათწლეულია, ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური კატაკლიზმების ფონზე, „ჭიათურმარგანეცის“ სამმართველოებმა და გამამდიდრებელმა ფაბრიკებმა ვერა და ვერ გამართა მუშაობა, რამაც იქ დასაქმებული ჩვენი რეგიონის მოსახლეობის მასობრივი უმუშევრობა, ცხოვრების დონის დაცემა და მძიმე სოციალური ფონის შექმნა გამოიწვია.
განსაკუთრებით გაუჭირდა და სოციალურად დაუცველი გახდა, მიწისქვეშა მაღაროებსა და გამამდიდრებელ ფაბრიკებში წლობით ნამუშევარი, ჯანმრთელობაშერყეული მოსახლეობა. გაუჭირდათ მხოლოდ საკუთარი ცოდნის ამარა დარჩენილ ექიმებსაც. ვერ ხერხდება მათთან საშველად მისული თანაქალაქელ ჭიათურელთა ზუსტი დიაგნოზის დასმა, რადგან ექოსკოპიის აპარატი რეგიონის არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არსებობდა.
ექოსკოპიური გამოკვლევა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შეძლებული პაციენტებისათვის, რომლებიც ასეთი სამედიცინო მომსახურებისათვის მეზობელ რაიონებში, ქუთაისში, ზესტაფონში ან თბილისში მიდიოდნენ. ყოველივე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ისედაც ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ სირთულეებს უქმნიდა.
საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის პრინციპებიდან გამომდინარე (თემის კავშირის წევრები არიან ჭიათურის მედიკოსები, მთავარი სპეციალისტები, პაციენტები, მათი ოჯახის წევრები, ფინანსისტები, ეკონომისტები) თემის წევრებმა დაფუძნებისთანავე (2001 წლის მარტი) ამ მიზნობრივი ჯგუფების ინიციატივების გათვალისწინებით, ადგილობრივ სამთავრობო და სამკურნალო დაწესებულებებთან თანამშრომლობით შევიმუშავეს სტრატეგიული გეგმა და 2002 წლის აგვისტოში ფონდ „ჰორიზონტის“ ფინანსური მხარდაჭერით მდგრადი განვითარების პროექტის ფარგლებში მისი განხორციელება შევძელით.
პროექტი ითვალისწინებდა ჭიათურის სამშობიარო სახლში, სადიაგნოსტიკო კაბინეტ „ჰიპოკრატეს“ ექოსკოპიის აპარატურით აღჭურვას.
რეგიონში შექმნილი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე რეალისტური სცენარით შედგენილმა ბიზნესგეგმამ, პროექტის ეფექტური და წინასწარ დასახული გეგმის განხორციელების ყველა პირობა შექმნა. შედეგმაც არ დააყოვნა: პროექტის განხორციელების დღიდან, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე სადიაგნოსტიკო კაბინეტ „ჰიპოკრატეში“ შვიდ თვეში გამოკვლევა ჩაუტარდა 261 პაციენტს, მათ შორის შეღავათიან ფასში - 63 თემის წევრ მედიკოს კოლეგებს და მათი ოჯახის წევრებს, ხოლო 20 უმწეოს და ლტოლვილს - უფასოდ.
პროექტის ფარგლებში ფონდი „ჰორიზონტის“ მიერ გაცემული გრანტის 5%25-იანი ბარიერის გადალახვა თემმა ნაცვლად 8 თვისა, 7 თვეში შეძლო. თემის წვლილიდან პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯა 2113 აშშ დოლარი, ანუ მთლიანი ღირებულების 23,3%25, ბენეფიციართა რიცხვი შეადგენს მთლიანად ჭიათურისა და ჭიათურის რაიონის მოსახლეობას, ანუ, 56,6 ათას კაცს.
პროექტის წყალობით ჭიათურაში და ჭიათურის რაიონში სოციალური და ჯანდაცვის სფეროს ერთი დიდი პრობლემა გადაიჭრა. რეგიონის მოსახლეობას სტაციონალურად ადგილზე ექოსკოპიური გამოკვლევა უტარდება.
თემის წევრები ახლა უკვე იმედის თვალით შევყურებთ მომავალს. ჩვენი საინიციატივო მიზნობრივი ჯგუფების მეშვეობით, ჩვენივე ფინანსური სახსრებითა და დაუღალავი შრომით არაერთი სიცოცხლისუნარიანი პროექტისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო სოციალური პროგრამის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი.
![]() |
11 გენდერი და სოციალური პოლიტიკა საქართველოში: რა კავშირშია სქესობრივი როლები განვითარებასთან? |
▲ზევით დაბრუნება |
მერი ელენ ჩატვინი
სოციალური პოლიტიკის საკითხებში, საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივა
ქალისა და მამაკაცის როლს საქართველოში რა ხანია სწავლობენ ეთნოლოგები, სოციოლოგები და სხვა მკვლევარები. ტრადიციულად, ქალი სახლში ოჯახის გარკვეულ სფეროს „მართავდა“, ხოლო მთიანი სოფლის წმინდა ადგილში მისვლის უფლება მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ. კარგად ვიცით რაში მდგომარეობს თამადის როლი სუფრაზე - წარმართოს სუფრის წევრთა მოქცევა და საუბარი. პიროვნება, რომელიც კისრულობს თამადის ფუნქციას, გარკვეული დიპლომატიური და ფსიქოლოგიური უნარჩვევებით უნდა იყოს დაჯილდოვებული. თამადების უმეტესობა კაცები არიან, თუმცა გამონაკლისიც ხდება ხოლმე. (ქალი თამადები მთელ საქართველოში გვხვდებიან). ამ როლების ღრმად გააზრება, ანუ მნიშვნელოვანი წვეულებისთვის გამართული სუფრის წარმართვა სადღეგრძელოების წარმოთქვის წესის დაცვითა და სუფრის წევრთა შესაბამისი მოქცევის გათვალისწინებით, დაგვეხმარება ქალისა და კაცის როლის ასპექტების განსაზღვრაში.
სადღეგრძელოებიდან გამომდინარე აშკარაა, რარიგ არის ქალის ხატი ვიზუალურად გაიდეალებული საქართველოში (სადღეგრძელოს დროს ქალი არასოდეს დგება ფეხზე). თუმცა, ეს სულაც არნიშნავს, რომ „ ქართლის დედის“ სტერეოტიპები რეალურ სურათს შეესაბამება - ბევრი ქალი საქართველოში არ არის გათხოვილი, არა ჰყავს შვილი, ზოგიერთს არც სურს მშობლის ტვირთის ზიდვა და სტერეოტიპების თანახმად, გათხოვება. ქართული გენდერული როლების ზოგიერთი ასპექტი კარგად გამოსჭვივის სუფრაზე მამაკაცთა იძულებითი ქცევებიდან. 1991 წელს ეკონომისტი მკვლევარები მარსი და ალტმანი ასე აღწერდნენ კაცების „ქეიფს“ საქართველოში: ამგვარი გარგანტუასეული ღრეობა შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ორმაგი შეჯიბრი - მამაკაცებს მხოლოდ სმა არ მოეთხოვებათ, ისინი არ უნდა მოდუნდნენ ქეიფის დროს, არ უნდა დასტოვონ სუფრა და თავი ყოჩაღად უნდა ეჭიროთ ...“
გენდერული როლები ქალისა და კაცის მიერ თავიანთი როლების „შესრულების“ ასპექტს უკავშირდება და ნაკლებადაა დამოკიდებული (ან საერთოდ არა) მათ სქესობრივ ან ფიზიკურ შინაარსზე. აქ მთავარია მათი მოქცევის წესი ოჯახსა და საზოგადოებაში. ქცევა, ხშირად, ტრადიციით განისაზღვრება: „ქალები ამას აკეთებენ, მამაკაცები - იმას“. ვინაიდან, ხშირად, ერთის მხრივ, ფიზიკური როლი და მეორეს მხრივ, ფსიქოლოგიური/ქცევის წესი ერთმანეთს ერწყმის, გვავიწყდება ხოლმე, რომ მათი ურთიერთშერწყმა სულაც არ არის აუცილებელი. ასე ფიქრობდნენ საბჭოთა კავშირის დროსაც: ხდებოდა გენდერული როლების სისტემატური გადასინჯვა, რათა ვაჟებს, სურვილისამებრ, შეძლებოდათ ძიძები გამხდარიყვნენ, ხოლო გოგონებს - ინჟინრები.
რა ხეირია იმის მტკიცება, რომ „ ქალი სუსტია და მისი ადგილი სახლშია“, კაცი - ფიზიკურად ძლიერია, „იგი ოჯახის უფროსია“. ყველამ ხომ ვუწყით, რომ სინამდვილეში არც ეგრეა საქმე. რატომ რა შეიძლება მამაკაცმა თავისი სისუსტე გამოამჟღავნოს, ხოლო ქალმა - სიძლიერე? პიროვნულად ეს თვისება ხომ მამაკაცსაც ახასიათებს და ქალსაც? მრავალ მიზეზთა გამო, სქესობრივ უთანასწორობაზე ყველა საზოგადოებაში მსჯელობენ. უთანასწორობა ნიშნავს სოციალურ ჩამორჩენილობას ნიშნავს და ეკონომიკასაც უკან ხევს. საქართველოს ორივეს განვითარება სჭირდება, რათა შეიქმნას ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე კულტურა.
სოციალური პოლიტიკის განხილვისას, ყურადღება უნდა გვამახვილოთ როლების თანასწორობაზე, რაც სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც თანასწორუფლებიანობის საწინდარია. მსოფლიო ბანკმა გამოიკვლია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ბოლო ათწლეულის გარდამავალი პერიოდის გენდერის საკითხები. ამ გამოკვლევის ანგარიში მრავალ საგულისხმო მონაცემს შეიცავს: სიღარიბე 5-ჯერ გაიზარდა, დასაქმება და ხელფასი საგრძნობლად დაეცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრად აიწია (განსაკუთრებით მამაკაცებში), შობადობა დაეცა. მსოფლიო ბანკის ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ „სხვადასხვა ქვეყნებში გარდაქმნის პროცესის სიმძიმემ სხვადასხვანაირად იმოქმედა ქალებზე და მამაკაცებზე“. გთავაზობთ საქართველოში არსებული სიტუაციის ამსახველ რამდენიმე ფაქტს:
- დღეს ქალები უფრო მეტად არიან დასაქმებული, ვიდრე მამაკაცები:
- მოსახლეობის უმეტესობა გადავიდა „ გაუცხადებელ შრომაზე“.
- ბავშვზე დახმარების შემცირებამ შეამცირა ქალის შემონატანი ოჯახის ბიუჯეტში და დააკნინა ოჯახში მისი პოზიცია;
- ბავშვთა მომსახურეობის სამსახურთა შემცირებამ გამოიწვია ქალების სამუშაო დროის უკმარისობა, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ ფსიკიკასა და ჯანმრთელობაზე;
- „მხოლოდ საქართველოში და ტაჯიკეთშია ღარიბი ოჯახები, რომლებსაც ქალები არჩენენ“;
- მამაკაცების სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზრდა.
გენდერი და ჯანმრთელობა
ბოლო ათი წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებზე საუბრისას განსაკუთრებით საჭირბოროტოდ მიგვაჩნია გენდერული როლების ზემოქმედება ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მკვეთრად დაეცა: მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 23 ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან 22-ში გაუარესდა, ხოლო ქალისა - 16 ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის ანგარიშის ანალიზი იმ ცვლილებათა მიზეზებთან მიმართებაში მეტყველებს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირში ჯანმრთელობისადმი ზოგადი სახელმწიფოებრივი მიდგომა ასეთი იყო: ორგანიზებული ფიზიკური საქმიანობა და იაფი ან უფასო ჯანსაღი საკვები. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდევიდებისთვის სპეციალური ინფორმაციის მიწოდება ჯანმრთელობის საკითხებზე საჭიროდ არ მიიჩნევდა, ამაზე „მათ მაგივრად სხვები ზრუნავდნენ“. საზოგადოებას აკლდა პასუხისმგებლობის გრძნობა, ან ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ეცხოვრა ჯანმრთელი ცხოვრების წესით. ეკონომიკური კრიზისი თავისთავად მძიმე გავლენას ჯანმრთელობაზე, ვინაიდან დასაქმების დაბალი დონე იწვევს უდროო სიკვდილიანობას (მამაკაცების სარისკო ქმედებები და ძალადობა). მამაკაცები თავიანთი სქესის შესაბამისად რეაგირებდნენ სტრესულ მდგომარეობაზე: გახშირებული თამბაქოს მოწევა, სმა, გაცილებით იმატა თვითმკვლელობის შემთხვევებმა. ახალგაზრდა ქალებშიც გაიზარდა სარისკო ქმედებები - ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება. გაუარესდა მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობა (იმატა უშვილობამ) და გახშირდა ქალებს შორის ვენერიული დაავადებები.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირებამ განსაკუთრებით მამაკაცებში იჩინა თავი: 1997 წელს სიკვდილიანობა ფიზიკური ტრამვის და ძალადობის გამო 65 წლამდე მამაკაცებში ხუთჯერ უფრო მეტი იყო ვიდრე დასავლეთ ევროპაში. თვითმკვლელობა - სამჯერ მეტი. მამაკაცებში თვითმკვლელობის შემთხვებვები საქართველოში 3-ჯერ აღემატება ქალთა თვითმკვლელობის შემთხვევებს. სოციალური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, განსაკუთრებით ვაჟებში, ოჯახებს აწვდის ინფორმაციას ჯანდაცვის პრიორიტეტებისა და ოჯახის ექიმის სისტემაზე აგებული სამედიცინო მომსახურეობის შესახებ, რაც სავსებით მიესადაგება როგორც ქალაქის, ისე სოფლის გარემოს. განსაკუთრებული ყურადღება გენდერული როლების განსაზღვრას ეთმობა, ამან მნიშვნელოვნად უნდა შეამსუბუქოს ჯანდაცვის კუთხით შექმნილი კრიზისი საქართველოში.
გენდერი და განათლება
საქართველოში საშუალო განათლების მქონე მოქალაქეთა მაჩვენებელი, სხვა საბჭოთა რესპუბლიკელებთან შედარებით, გარდამავალ პერიოდამდე მაღალი იყო - 95%25-მდე. ახლა მდგომარეობა გაცილებით გაუარესდა. 1995 წლის შემდეგ ცხრა ქვეყანაში (ალბანეთი, შუა ზღვის რესპუბლიკელები და კავკასიის ქვეყნები, მათ შორის საქართველოც) საშუალო განათლების მქონე მოქალაქეთა მაჩვენებელი 55%25-ია.
განათლების საქმეში სქესობრივი უთანასწორობა კავკასიის რეგიონში ვაჟების სასარგებლოდ იხრება, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამონაკლისი აქაც არის: საქართველოში ბიჭები უფრო ადრე ანებებენ ხოლმე სწავლას (სკოლას) თავს, ვიდრე გოგონები. „მთელ რიგ ქვეყნებში ვაჟებისთვის შექმნილი არახელსაყრელი პირობები, რომელიც სულ უფრო და უფრო უარესდება, წარმოშობს ერთ მეტად საინტერესო და სრულიად შეუსწავლელ მოვლენას: ვაჟების განათლებაში შექმნილი შეფერხებები პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ეკონომიკურ წინსვლაზე“.
დასკვნა
სოციალური პოლიტიკის საკითხები, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ ეკონომიკურ განვითარებაზე, მჭიდროდ უკავშირდება გენდერულ როლებს. ეს საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას და განათლებას ეხება. საქართველოში გოგონებისაგან განსხვავებით ვაჟები სკოლას სხვა მიზეზით ანებებენ თავს. ამ გენდერულ მოვლენას შესწავლა და კარგად გააზრება სჭირდება, რათა მასზე დაყრდნობით შესაბამისი პოლიტიკა განხორციელდეს. მამაკაცთა შორის თვითმკვლელობის და ძალადობის მაღალი მაჩვენებელი და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუარესებაც გენდერული ხასიათის მოვლენებია. ამიტომ, ზემოთ მოყვანილი ორივე შემთხვევა გენდერულ საკითხად უნდა აღიქმებოდეს. მომავალში, ორივე გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. სოციალური საკითხების გენდერული კუთხით განხილვა საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად ჩამოაყალიბოს ისეთი სოციალური პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებს მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს მიანიჭებს. პოლიტიკა, რომელიც გენდერის ფილოსოფიას ეყრდნობა, ძალზე ეფექტურად მუშაობს სხვა ქვეყნებში. ძალადობის შეკვეცასა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვაზე შექმნილი პროექტები მამაკაცებს მომავლის მოწყობაში შეუწყობს ხელს. ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების გოგონებს სრული განათლების მიღების ისეთივე საშუალება უნდა ჰქონდეთ, როგორც მათ ქართველ თანატოლებს. ქალებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ რეპროდიქციული ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინფორმაციაზე.
მამაკაცებისა და ქალების შესაძლებლობების თანასწორობის ხელშეწყობა გულისხმობს საკითხების გენდერული კუთხით მოგვარებას. თამადის ინსტიტუტი, ალბათ მნიშვნელოვან კულტურულ ტრადიციად დარჩება და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრადიცია მალე ქალისა და კაცის როლების ახლებური გაგების სადღეგრძელოებითაც გამდიდრდება, მომავალი საქართველოს საკეთიდღეოდ.
![]() |
12 რა იქნება ხვალ? ქუჩის ბავშვის მოსაზრება |
▲ზევით დაბრუნება |
ნათია ნინიძე
„თბილისი YMCA Nems”-ის მთავარი რედაქტორი, პრესჯგუფის წევრი
მთელი დღე მეგობრებთან ერთად თბილისის ქუჩებში დაეხეტებოდა და მოწყალებას ითხოვდა. ძალიან დაიღალა, თანაც, მოშივდა. ძლივს მიაღწია „ბარდიურამდე“, რომელიც უკვე, რა ხანია, საწოლის მაგივრობას უწევს და ჩამოჯდა. ჯიბიდან გამხდარი ფუნთუშის ნატეხი ამოიღო, ცოტა ხანს უყურა და მერე ჭამას შეუდგა. ჭუჭყიანი, სიცივისაგან დამსკდარი ხელები შარვალზე შეიწმინდა, იქვე, შადრევნიდან წყალი დალია და დასაძინებლად მოემზადა. ხვალ ისევ ამოვა მზე, „ქუჩის შვილი“ ხვალ ისევ ქუჩაში გაიღვიძებს და ქუჩაშივე განაგრძობს ბრძოლას გადარჩენისთვის. ასე უღამდება და უთენდება ყოველ დღე პატარა „მაწანწალას“. ამ ბავშვების სევდა გარეგნულად არ ჩანს, იგი სევდიან მზერაში იმალება, განწირული ბავშვის სევდიან მზერაში, რომელსაც განგებამ მრავალ მისნაირთან ერთად ოჯახის გარეშე ღია ცის ქვეშ, უკეთეს შემთხვევაში, ბავშვთა სახლში ცხოვრება არგუნა.
ასეთი პატარები ყველაზე მეტ დახმარებას, თანადგომას და ზრუნვას საჭიროებენ. ისინი ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი და მისი მომავლის საფუძველია. მათი უფლებების დაცვაზე, მათი ინტერესების რეალიზებაზე, განათლებაზე, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და გარემოს გაჯანსაღებაზე ნებისმიერი სახელმწიფო და საზოგადოება დღედაღამ უნდა ზრუნავდეს.
საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონონმიკური მდგომარეობის გამო, უამრავი არასრულწლოვანი ბავშვია მოკლებული სათანადო ზრუნვას და ლუკმაპურის საშოვნელად ქუჩებში უპატრონოდ დაეხეტება. ასეთი ბავშვები თავის გადასატანად მზად არიან, ნებისმიერ საშუალებას მიმართონ: აგროვონ ჯართი, წმინდონ ვიღაცეების მანქანების მინები, გაყიდონ სიგარეტი, იმათხოვრონ, იქურდონ. გოგონები საარსებოდ ზოგჯერ სხეულითაც ვაჭრობენ, ასე შემდეგ, და ასე შემდეგ!
მათი ნაწილია, ამინდის მიუხედავად, სკვერის რომელიმე მიგდებული კუთხე ან ქუჩის მოაჯირია, საბანი - ცა. ამას ემატება ისიც, რომ არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი, რეალობისგან გასაქცევად, იაფფასიანი წამლებითა და წებოთი იბრუებს გონებას. ეს მათ შიმშილის, სიცივის და ხვალინდელი დღისადმი შიშის გრძნობას უყურებს. როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, მატერიალური სიდუხჭირისგან, ქმედუუნარო მშობლებისაგან, ფიზიკური და სულიერი შეურაცხოფისგან გამოქცეული არასრულწლოვანთათვის ქუჩა ერთგვარი ნავსაყუდელია- „შვების სამყარო“, ცოცხალი, მუდამ მჩქეფარე, სადაც თავს „კომფორტულად“ გრძნობს. ქუჩის ბავშვთა რაოდენობა საქართველოში დღითი დღე კატასტროფულად მატულობს, თითოეული ასეთი ბავშვი პოტენციური დამნაშავე ან ნარკომანია. საქმე ისაა, რომ პრობლემას ყველა ხედავს - არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო დონორები, კეთილმოსურნე მძღოლები... - მაგრამ მის დაძლევაზე კი, ცოტა ვინმე თუ ფიქრობს, კიდევ უფრო ცოტა - ცდილობს.
და მაინც, მიუხედავად ამისა, საქართველოში დღეს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ქუჩის ბავშვების პრობლემებზე. მათ შორისაა მოხალისეობრივ საწყისზე შექმნილი ორგანიზაცია სახელად: „თბილისი YMCA” (თბილისის ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაცია.) აქ მიუსაფარი ბავშვებისათვის მრავალი პროგრამა მუშაობს და ყოველი პროგრამა საშუალებას აძლევს მოზარდებს მთელი დღე ორგანიზაციაში, მის წევრებთან ერთად გაატარონ, ჭამონ ცხელი სადილი (დღის მომსახურების პროგრამა), ისწავლონ უცხო ენა (მაგ: ინგლისური) და სურვილისამებრ, სხვა საგნებსაც დაეუფლონ. მოხალისეები მოზარდებს ათას საინტეტრესო თემებზე ესაუბრებიან და საზოგადოებასთან ურთიერთობებას ასწავლიან, დაჰყავთ ექსკურსიებზე ქალაქგარეთ, უწყობენ პატარ-პატარა დღესასწაულებს, ახვედრებენ საყვარელ მომღერლებს. ზოგი „ქუჩის პატარა ბინადარი“ ისე გააქტიურდა, მოხალისეებთან ერთად საქმიანობა მოინდომა და ორგანიზაციაშიც გაწევრიანდა. „ნებისმიერი გაჭირვების, სამედიცინო დახმარების საჭიროების დროსაც ბავშვები დაუყოვნებლივ მოგვმართავენ, იციან, რომ ჩვენ მათი ერთგული მეგობრები ვართ, არ დავაღალატებთ!“ - ამბობენ „თბილისი YMCA-ს მოხალისეები.
ბრძენს უთქვამს: შეცდომებისკენ მიმავალი გზა ათასია, ჭეშმარიტებისკენ კი მხოლოდ - ერთიო. ორგანიზაცია „თბილისი YMCA” და მისი მსგავსი სხვა ორგანიზაციები, რომლებმაც საკუთარ მისიად ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარება დაისახეს, ცდას არ აკლებენ, რათა განგებით დაჩაგრული ბავშვები ჭეშმარიტებისაკენ მოაბრუნონ და „ადამიანთა კეთილდღეობის სახლის“ მშენებარე კედელს კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი აგური შემატონ. „მიუსაფარი არასრულწლოვანები არაფრათ განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებესიგან, მათაც შეუძლიათ სიყვარული, სიცილი, ტირილი, უკეთეს მომავალსა და სრულფასოვან ცხოვრებაზე ოცნება. ამიტომ, ისინი ნებისმიერი ჩვენთაგანისგან ძალიან ბევრ სითბოს და ყურადღებას საჭიროებენ. საზოგადოებას კი, რატომღაც, არ სურს არსებული პრობლემის სიმძიმის დანახვა და რამენაირად მისი დაძლევა. არადა, ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს, რომ ქუჩის ბავშვების მიმართ უყურადღებობა და გულგრილობა მომავალში მრავალი მძიმე დანაშაულის სახით უკან მოგვიბრუნდება, მერე კი გვიანი იქნება“... ამბობს „თბილისის ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის“ თავჯდომარე. მას სჯერა, რომ ქუჩის ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლა, მათი ინტერესების ადვოკატირება, უთუოდ, დადებით ნაყოფს გამოიღებს.
![]() |
13 რეკომენდაციები ავტორებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალის „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ მისია ჩვენს ქვეყანაში სოციალური პოლიტიკის პროპაგანდაა. ჟურნალი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემების მიერ სახელმწიფო და ადგილობრივ პოლიტიკაში ცვლილებების ინიცირებას, კერძოდ, შემდგომ სფეროებში განათლება, სიღარიბის დაძლევა, ბავშვის უფლებები, უნარშეზღუდულთა, მოხუცებისა და გენდერული პრობლემატიკა, სოციალური სამსახურის განვითარება, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, კანონმდებლობა და ადგილობრივი სათემო ინიციატივები.
გამოსაქვეყნებლად მიიღება, სტატიები საქართველოსა და სხვა ქვეყნების სოციალური პოლიტიკის მეთოდების, თეორიისა და პრაქტიკის შესახებ.
სტატიებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მოწოდებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჟურნალის პოტენციურ მკითხველთა სპეციფიკა: ჟურნალი, უპირველეს ყოვლისა, გამიზნულია ადგილობრივი თემებისათვის, რომლებსაც სურთ შეცვალონ სოციალური პოლიტიკა. ჟურნალი უპირატესობას მიანიჭებს ამ პროცესების ასახვას, ასევე, სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსთა გამოცდილებას. ეს სფეროები, ზემოთ აღნიშნულის გარდა, შეიძლება იყოს გარემოს დაცვა, მარგინალური ჯგუფები, სოციალური სამსახური, პოლიტიკასტან დაკავშირებული სოციალური მეცნიერებები და ჯანდაცვა.
სტატიები აწყობილი უნდა იყოს 2 ინტერვალით, 12 ზომა ფონტით, არაუმეტეს - 4 გვერდისა. გთხოვთ, ტექტი მოგვაწოდოთ როგორც ელექტრონული, ისე - ნაბეჭდი სახით. მიიღება ასევე, კარგი ხარისხის დინამიური ფოტოებიც, სტატიაში გამოცემული ინფორმაციის საილუსტრეციოდ. გამოსაქვეყნებელი მასალის ტექსტს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი, ტიტული, საფოსტო მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი. ინფორმაციისთვის ქართულ ენაზე დაგვიკავშირდით მისამართზე: inform.@horizonti.org ინგლისურ ენაზე: mechat@horizonti.Org.