![]() |
ენერგეტიკა №5 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ხორბალაძე თამარ, კალანდაძე გიორგი, ლიპარტელიანი გვანცა |
თემატური კატალოგი ენერგეტიკა |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჩანართი №5 აპრილი საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სფეროში რედკოლეგია: თამარ ხორბალაძე, გიორგი კალანდაძე, დავით ლეჟავა, ნინო ამონაშვილი, თამარ ტაბატაძე პროექტი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით თავისუფლების ინსტიტუტი თბილისი 0108, გრიბოედოვის 23, ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84, ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge, www.liberty.ge |
![]() |
1 როლი რომელიც საზოგადოებამ ჯერ ვერ მოირგო |
▲ზევით დაბრუნება |
არასამთავრობო სექტორი მოსახლოების ენერგოაქტივობის ამაღლებას ცდილობს
თამარ ხორბალაძე
უკვე თხუთმეტი წელია საქართველო უმძიმესი ენერგოკრიზისის პირობებში ცხოვრობს. ამ წლების მანძილზე კრიზისის მიზეზად ხელისუფლებაში ენერგო-პროგრამის არქონას, მთავრობის კორუმპირებულობას თუ სხვა მიზეზებს ასახელებდნენ. თუმცა ნაკლებად საუბრობდნენ საზოგადოებაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია საკუთარი როლი ენერგორეფორმების პროცესში. მაგალითად, საჭიროა, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ ენერგიის დაზოგვა სახელმწიფო საქმის გაკეთების ტოლფასია, მისი მოპარვა კი - ისეთივე დანაშაულია, როგორც, დავუშვათ, ბიუჯეტის დატაცება, სახელმწიფო გრანტების „შეჭმა“, ქრთამის აღება ან სხვა არალეგიტიმური ქმედებები.
აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ქართული საზოგადოება დღემდე რეალურად ვერ აცნობიერებს, რომ კერძო საკუთრება და საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ისეთივე საბაზისოა ენერგეტიკაში, როგორც ეკონომიკის სხვა დარგებში; რომ კომუნისტური წყობისდროინდელი ბიზნეს და სოციალური ურთიერთობები ისტორიას საბოლოოდ ჩაბარდა; რომ უფასო ქვეყანაში არაფერი არ არსებობს, ფუჭი დაპირებების გარდა...
საზოგადოებრივი აზრის შეფასების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ პროექტის „საზოგადოების ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში“ ფარგლებში BCG Research-ის მიერ მომზადებული „ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების სამომხმარებლო კვლევის ანგარიში“, რომელიც გასულ ზაფხულს, ანუ უკვე „ნარევოლუციარ“ საქართველოში ჩატარდა. კვლევა 2004 წლის მარტში თბილისში, გორში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხესა და ქუთაისში ჩატარდა. 1200 რესპოდენტი პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოება, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა კორუფციაზე, ტაშისკვრით ეგებებოდა დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის იდეას და ხშირად საკმაოდ მკაცრი ზომების მომხრე გახლდათ დამნაშავეებისადმი, ელექტროენერგიის მიტაცებასთან დაკავშირებით შემდეგ პოზიციას აფიქსირებდა:
გამოკითხულთა 68,6 პროცენტს მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის მიტაცებისთვის დაწესებული უნდა იყოს ფულადი ჯარიმა, 31,3 პროცენტი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ სადამსჯელო ზომას.
თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემი:
გამოკითხულთა 58,3 პროცენტს „იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, ელექტროენერგიის მიტაცება არ მიაჩნია დანაშაულად“ და მხოლოდ 41,7 პროცენტი თვლის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მიტაცება დანაშაულია.
დაახლოებით იგივე თანაფარდობით (57,8 პროცენტი 42,1 პროცენტის წინააღმდეგ) გამოკითხულები იზიარებენ პოზიციას, რომ „ელექტროენერგიის მიტაცება ჩვენს ქვეყანაში არ არის დანაშაული, ვინაიდან მათ მიერ გადახდილი თანხა მაინც კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის“. კიდევ უფრო მეტი ადამიანია მზად წავიდეს მორალურ დანაშაულზე:
გამოკითხულთა 66 პროცენტი თვლის, რომ „ელექტროენერგის მიტაცება მორალური თვალსაზრისით არ არის გამართლებული, მაგრამ არ უნდა ისჯებოდეს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო». ხოლო 37 პროცენტი თვლის, რომ მის მიერ „ელექტროენერგიის მიტაცება დიდად ვერაფერს შეცვლის, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც იპარავს“. ზემოთ მოწოდებული პასუხების შემდეგ საკმაოდ უცნაურია ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 81,2 პროცენტი აცხადებს, რომ „ელექტროენერგიის მიტაცება იგივე ქურდობაა და იგი უნდა ისჯებოდეს კანონით», თუმცა იგი საზოგადოების საერთო განწყობას ვერ ცვლის.
ცხადია, ამ ფონზე ძალიან ძნელია ისაუბრო საზოგადოების როლზე ენერგოკრიზისის დაძლევის პროცესში. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მოსახლეობა, აღნიშნული გამკვლევის თანახმად, არა თუ ვერ აცნობიერებს იმას, რომ ელექტროენერგიის დატაცება დანაშაულია, არამედ კვლავ მიაჩნია, რომ სოციალურად დაუცველ ფენაზე უნდა ზრუნავდეს მხოლოდ სახელმწიფო და არა კერძო სექტორი. ყველა ქალაქში გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ენერგეტიკისა და გაზმომარაგების სექტორი უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში. რესპონდენტთა აზრით, „საქართველოში ელექტროენერგია ძვირია, რადგანაც ენერგოსისტემა კერძო სტრუქტურების ხელშია, სახელმწიფოს ხელში კი ის იაფი იქნებოდა“.
ეს და სხვა მსგავსი მოსაზრებები, რომლებიც აღნიშნულ კვლევაში საკმაოდ უხვად დაფიქსირდა, ნათელყოფს, რომ ქართულ საზოგადოებას მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმ როლსა და ფუნქციაზე, რომელსაც ხალხი, ანუ - მომხმარებელი ენერგოსექტორის ცივილიზებულ რელსებზე გადასვლის პროცესში უნდა ასრულებდეს. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ რესპონდენტთა დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას ელექტროენერგიის საფასურთან დაკავშირებითაც კი. ხოლო ერთადერთი აქტივობა, რომელსაც წლების მანძილზე ენერგოსექტორთან ურთიერთობაში საზოგადოება მიმართავდა ხოლმე, ეს პროტესტის ისეთი ფორმებია, როგორიცაა ქუჩებისა და მაგისტრალების გადაკეტვა, საბურავების დაწვა, მაღალი ძაბვის ქვესადგურებში შეჭრა და ასე შემდეგ.
როგორც წერილის მომზადების პროცესში გაირკვა, მომხმარებლის გარკვეული, რეალურად არცთუ ძალიან დიდი ნაწილი დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებრივ დამცველთან შეტანლი კერძო საჩივრებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას. თუმცა, როგორც დამცველი აცხადებს, ცალკეული შემთხვევების გარდა, სემეკის ფარგლებში ამ საჩივრების განხილვას აზრი ეკარგება და ამიტომ ენერგოომბუდსმენის სამსახური საჩივრებს სასამართლოებში აგზავნის.
ასეთ სიტუაციაში, ცხადია, საქართველოში თავისთავად დადგა საზოგადოების ინფორმირების და ენერგორეფორმების პროცესში მისი ჩართვის აუცილებლობის საკითხი, რაზეც, სხვადასხვა სეგმენტში, არასამთავრობო ორგანიზაციათა, ანუ საზოგადოებრივ გაერთიანებათა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
მაგალითად, პროექტის „საზოგადოების ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში“ დირექტორის, დავით ლეჟავას ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით „თავისუფლების ინსტიტუტი“არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან და რადიო „მწვანე ტალღასთან“ ერთად ახორციელებს აქტივობებს, რომლებიც მიმართულია ენერგორეფორმების პროცესში საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად. პროექტის ფარგლებში, გარდა ყოველთვიური ბიულეტენისა, მზადდება ყოველკვირეული რადიო-გადაცემები და ტარდება „პრეს-კლუბები“. საერთოდ, პრესის ჩართვა ენერგორეფორმების პროცესში ძალზე მნიშვნელოვანი გახლავთ, ამიტომ პროექტი პრესისთვის სპეციალურ ტრეინინგებს ითვალისწინებს, რაც, ცხადია, ქართულ მედიაში ენერგორეფორმების გაშუქების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ეს კი საბოლოო ჯამში, ენერგომომხმარებლის ინფორმირებულობას და მის მიერ რეფორმების ადეკვატურ აღქმას მოემსახურება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ყოველთვიური მედია-მონიტორინგი, ასევე - ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი, ანუ რეფორმების პროცესზე - როგორც საკანონმდებლო, ისე - აღმასრულებელ დონეზე, რაც პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით უდავოდ მნიშვნელოვანი გახლავთ. პროექტის ფარგლებში ექსპერტები მუშაობენ ფოკუს-ჯგუფებთან, ასევე ტარდება საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომელთა შედეგებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. გაწეული საქმიანობა, როგორც აღვნიშნეთ, ნათელყოფს, რომ სამუშაო საზოგადოებასთან ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრია. აღნიშნული პროექტი, პრინციპში, თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს, თუმცა არის გამოკვეთილი სამიზნე რეგიონებიც - ქუთაისი, გორი, ახალქალაქი, რუსთავი და ფოთი.
მოსახლეობის გააქტიურებისათვის ცივილიზებული ფორმის მიცემის მცდელობა გახლავთ ასევე პროექტი, რომლის სამიზნე ჯგუფი თბილისის მოსახლეობაა, კონკრეტულად კი - დედაქალაქის ექვსი უბანი: პროექტის „ენერგეტიკის სექტორის მართვის გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი პოტენციალისა და საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა“ განხორციელება 2003 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ხსენებულ პროექტსაც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია („კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN), „მწვანე ალტერნატივა“ და „ეკოხედვა») ახორციელებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანი საქართველოს ენერგოსექტორში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაა, კონკრეტულად კი - საზოგადოების მობილიზაცია ადგილობრივ დონეზე, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეთა ჯგუფებს, ერთის მხრივ, დაიცვან საკუთარი უფლებები ზეწოლით ქვევიდან ზევით, მეორეს მხრივ კი, შესაძლებელს გახდის, გაიზარდოს მოქალაქეთა პასუხისმგებლობა და მათი მოვალეობის გრძნობა საზოგადოების მიმართ.
ერთი სიტყვით, მოქალაქეთა აქტიურობა ისეთ დონემდე უნდა გაიზარდოს, რომ საზოგადოებას შეეძლოს ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა. პროექტის ხელმძღვანელები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი თანამშრომლობა გაზრდიდა საზოგადოების აქტიურობას და გააუმჯობესებდა მართვას საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში. პროექტის ფარგლებში ელექტროენერგეტიკის მართვის გასაუმჯობესებლად და სექტორში საზოგადოების ჩართვის მიზნით, ექსპერიმენტის სახით ე.წ. ესმების (ენერგოსერვისის მომხმარებელთა ასოციაცია) ჩამოყალიბება დაიწყო.
ესმები ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტებული პატარ-პატარა წარმომადგენლობებია, რომლებიც კოალიციის დახმარებით ადგილზე ეცნობიან და აგვარებენ საკუთარ პრობლემებს. ექსპერიმენტული ასოციაციები თბილისის ექვს უბანში მოქმედებენ. „თავდაპირველად, ვიდრე ლიდერებს აღმოვაჩენდით, მართლაც ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენ ვეძებდით კეთილსინდისიერ და აქტიურ ადამიანებს. ამ პროცესმა ექვსი თვე წაიღო, თუმცა უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ამდენი დროის ხარჯვად ნამდვილად ღირდა. ესმების წარმომადგენლებიისეთი აქტიურები არიან, უკვე ისე გაერკვნენ სიტუაციაში, რომ ძალიან კარგად იციან, რა უნდათ. ჩვენ, უბრალოდ, მათ სურვილების განხორციელებაში ვეხმარებით ტრეინინგების, სემინარებისა და რეკომენდაციების მიცემის გზით“, - იხსენებს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია.
აქტიური, კეთილსინდისიერი ლიდერებისა და უბნების პარალელურ რეჟიმში შერჩევა მობილიზატორთა ორმა ჯგუფმა პროექტის ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. ელექტროსერვისის მომხმარებელთა ასოციაციის (ესმა) წევრებად საზოგადოების აქტიურ მოქალაქეებს ირჩევდნენ. გაწეული საქმიანობის უკეთ წარმოსაჩენად, უბნები ორ ტიპად დაიყო - „კარგი გადამხდელი“ და „ცუდი გადამხდელი“. „კარგი გადამხდელი“ უბნებია: ნუცუბიძე, დიდუბე და ვარკეთილი, „ცუდი გადამხდელი“ უბნებია: ნაძალადევი, ავლაბარი და ოქროს უბანი. უბნების შერჩევისას გაითვალისწინეს თავშეყრის ადგილების სიმრავლე, ერთობლივი ქმედებების გამოცდილების არსებობა, ვთქვათ, რამდენად მოვლილია ეზო და ა.შ. ექვსთვიანი შესარჩევი პერიოდის დასრულების შემდეგ, გასული წლის სექტემბრიდან თბილისის ექვს უბანში ელექტროსერვისის მომხმარებელთა ასოციაციები ამოქმედდა. ესმების ხელმძღვანელების შერჩევაში მობილიზატორებს სახლმმართველობებიდან მამასახლისების, ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და აქტიური ადამიანების შესახებ მიღებული ინფორმაცია დაეხმარათ. გასაუბრებისა და სპეციალური ანკეტების შევსების შედეგად, რამდენიმე ათეული კანდიდატიდან საბოლოოდ 12 ადამიანი შეირჩა, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობენ შესაბამის უბანში ელექტროენერგიის მხრივ არსებულ პრობლემებზე.
ესმებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვაში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ეხმარება. ესმები უზრუნველყოფილები არიან ცხელი ხაზით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, აუცილებლობის შემთხვევაში მიაწოდოს, ან მიიღოს ინფორმაცია ენერგოსექტორში მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ესმების სამეთვალყურეო მექანიზმად ჩამოყალიბების მიზნით, პროექტის ფარგლებში ტარდება რეგულარული შეხვედრები ესმას ლიდერების, გამოჩენილი მოღვაწეების, კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.
ესმას ლიდერები ძირითადად, მეზობლების, ახლობლების და საკუთარი უბნელების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე მუშაობენ. იმისათვის, რომ ინფორმაცია უფრო ფართო წრიდან მიიღონ, ერთ-ერთ რაიონში, კერძოდ, დიდუბეში სკოლაში საცდელად საინფორმაციო ყუთიც დაკიდეს. ამ ინიციატივამ იმდენად გაამართლა, რომ ასეთივე ყუთების დაკიდებას დანარჩენი ესმები თავიანთი უბნების სკოლებშიც გეგმავენ. პროექტის ფარგლებში ესმას წარმომადგენლებისა და მოსახლეობის შეკრების საკითხზეც იზრუნეს. დასრულდა ნუცუბიძის, ავლაბრის, ვარკეთილისა და დიდუბის ოფისების რემონტი. დანარჩენ რაიონებში ოფისები შეკეთების პროცესშია. ერთადერთი უბანი, სადაც ოფისისთვის ოთახის მოძებნა ვერ მოხერხდა, ნაძალადევის რაიონია. აღსანიშნავია, რომ ოფისები თავად ესმას წევრებმა თავიანთ უბნებში უსასყიდლოდ მოიპოვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც ესმებს ისევ ექნებათ შეკრებისა და მუშაობის ადგილები. ამ ეტაპზე ესმებს არავითარი იურიდიული სტატუსი არ გააჩნიათ, ესმას წარმომადგენლები არც ხელფასს იღებენ აქტიურობისთვის, ისინი ენთუზიაზმზე მუშაობენ. პროექტი მხოლოდ ტრანსპორტირების და სხვა მინიმალურ ხარჯებს ანაზღაურებს. როგორც CENN-ში აცხადებენ, ამ ხალხს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინანსური მოტივაცია არ გააჩნიათ - მათი ძირითადი მოტივია უბნებზე ზრუნვა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში იანვრიდან უკვე სკოლებში მიმდინარეობს ენერგოგაკვეთილები, შეხვედრები „თელასის“ წარმომადგენლებთან. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მოსწავლეების ვიზიტები „თელასში“ და გარდაბნის გრესზე.
საინტერესოა, რომ პროექტის ხელმძღვანელთა თქმით, ენერგოსერვისის მომხმარებელთა ასოციაციაციები უახლოეს პერიოდში იურიდიული ფორმით ჩამოყალიბდებიან და „თელასის“ ინიციატივით, მათ, შესაძლოა, „შიდა დატაცებების“წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქციაც დაეკისროთ. საგულისხმოა, რომ მსგავსი გამოცდილების გაზიარება, პრინციპში, არც სხვა რაიონებსა და რეგიონებში იქნებოდა ურიგო.
მომხმარებლის ჩართვას ენერგოპრობლემების გადაწყვეტის საქმეში ასევე ემსახურება გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მმართველი კომპანიის „პი-ეი-კონსალტინგის“ მიერ (ისევ და ისევ USAID-ის დაფინანსებით) საქართველოს სამ რაიონში განხორციელებული თემთა მობილიზების პროგრამა, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში და ნინოწმინდის რაიონის სოფელ სტასოვკაში მიმდინარეობს. „პი-ეი-კონსალტინგის“ წარმომადგენლის ნატა ნიკურაძის ინფორმაციით, აღნიშნული თემები მათი სერიოზული ენერგოპოტენციალის გათვალისწინებით შეირჩა. პირველ ეტაპზე ჩატარდა შეხვედრები თემის წევრებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან, სადაც მათ ენერგოპრობლემების დაძლევაში მათი სამომავლო როლი განემარტათ. ეს როლი კი, „პი-ეი-კონსალტინგის“ წარმომადგენლის გიორგი რამიშვილის თქმით, როგორც ადგილობრივი ენერგომწარმოებელი ობიექტების აღდგენაში მონაწილეობით, ასევე შემდგომში ამ ობიექტების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შესყიდვაში გამოიხატება. კერძოდ, პროექტის დასკვნით ეტაპზე თემის წევრებს აქვთ საშუალება, აიღონ მცირე სესხები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის იმის გარანტიით, რომ ისინი ადგილობრივად წარმოებულ ელექტროენერგიას შეისყიდიან, ანუ ენერგომწარმოებელს მუდმივი შემოსავალი გაუჩნდება. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პროექტი მომავალში უკვე საკუთარი ძალებით გაგრძელდება.
საზოგადოების ჩართვას ენერგორეფორმების განხილვის საკითხში ისახავს მიზნად .ეკონომიკური კორუფციის მონიტორინგის ცენტრის. მიერ გაზეთ. 24 საათთან. თანამშრომლობით, ფონდ ევრაზიის. მხარდაჭერით მიმდინარე პროექტიც, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორშაბათს ექსპერტებისა და მკითხველის წერილების, ენერგორეფორმების მონიტორინგის საფუძველზე, მზადდება საგაზეთო გვერდი.
ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთაც დღეს არასამთავრობო სექტორი საზოგადოების ენერგორეფორმირების პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით, ძირითადად აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს. ცხადია, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება გაცილებით ფართოა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში შექმნილი სიტუაცია და ჩვენეული საზოგადოებრივი განწყობა გარკვეულწილად სპეციფიკურიც გახლავთ, ამიტომ მას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული, თუმცა ორიგინალური მიდგომა სჭირდება. მიდგომების ძიება საქართველოში, როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიც მოწმობს, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. მიზანი კი ყველასათვის საერთო და საკმაოდ მკაფიოა: საზოგადოებამ ბოლოს და ბოლოს უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი ენერგორეფორმებ- ში, იგრძნოს ვალდებულებები და გაიგოს საკუთარი უფლებების შესახებ, რაც ამ სექტორში კორუფციისა და, საბოლოოდ - კრიზისის დაძლევის საფუძვლად უნდა იქცეს.
![]() |
2 იყიდება |
▲ზევით დაბრუნება |
ენერგოობიექტების გაყიდვის სამთავრობო გეგმას დონორების რევიზია ჯერ არ გაუვლია
გიორგი კალანდაძე
15 მაისს საქართველოს მთავრობა პირველი ენერგოობიექტების გაყიდვის გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოაცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უცნობია, რას შეელევა პირველ რიგში მთავრობა, მნიშვნელოვანია თავად პრივატიზების პროცესის ფორსირების ფაქტი.დღემდე ენერგეტიკა კერძო სექტორისათვის თითქმის ხელშეუხებელ დარგს წარმოადგენდა. „თელასისა“ და „კახეთის ენერგოკომპანიის“ გარდა, დღემდე მხოლოდ მცირე ჰესებია გაყიდული.
„კონსტრუქტორთა“თამაშები
„კონსტრუქტორთა“თამაშები ენერგოობიექტების პრივატიზების პროცესი, სამთავრობო ენერგოსტრატეგიის მიხედვით, 2006 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. იმავე სტრატეგიის თანახმად, ამ დროისათვის საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგია 24 საათის მანძილზე უნდა მიეწოდებოდეს. ამდენად, ენერგეტიკის სექტორში წარმატებული პრივატიზება და ენერგოკრიზისის დაძლევა ხელისუფლებისათვის თითქმის იდენტური ამოცანებია.
ლადო პაპავა
საწარმოთა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო ფლობს წილს 21 ენერგოკომპანიაში, რომელთა საწესდებო კაპიტალიც, 2003 წლის მონაცემებით, ერთი მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტია. თუმცა ამ საწარმოთა ქონების გადაფასება 1998 წლის შემდეგ არ მომხდარა. ამ კომპანიათა შორის ელექტროენერგეტიკის საწარმოთაგარდა, ნავთობისა და გაზის კომპანიებიც არიან.
200 მილიონი დოლარი, - ეს არის თანხა, რომლის მიღებასაც მთავრობა ელექტროენერგეტიკის საწარმოთა გაყიდვისაგან ელოდება. ამ თანხის ძირითადი ნაწილით იმ ობიექტების აღდგენა-შეკეთება დაფინანსდება, რომელთა პრივატიზებაც ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ასეთ საწარმოთა შორისაა ენგურჰესი-ვარდნილჰესის კასკადი (ისიც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებამდე) და ელექტროგადაცემა-დისპეტჩერიზაციის კომპანია.
თუმცა ერთია გადაწყვეტილების მიღება, მეორე კი - მისი რეალიზება. დღეისათვის საქართველოს გაუყიდავი ელექტროენერგეტიკული ობიექტებიდან არც ერთი არ არის ფინანსურად წარმატებული. გენერაციის ობიექტებს (ჰესები, თბილსრესი) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი მილიონობით ლარს ვერ უხდის, ფინანსური დეფიციტის გამო კი მათ საბიუჯეტო დავალიანებები ეზრდებათ.
რაც შეეხება სადისტრიბუციო კომპანიებს, ისინი ერთდროულად კრედიტორებიც არიან და დებიტორებიც. დისტრიბუტორები მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს სრულად ვერ იღებენ, რის გამოც, თავის მხრივ, ვერც იმ კომპანიებთან ასწორებენ ანგარიშს, რომლებიც მათ ელექტროენერგიას აწვდიან.
„მე მხარს ვუჭერ ენერგოსაწარმოთა პრივატიზებას, რადგან ეს კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად მესახება“, - ამბობს პარლამენტარი ლადო პაპავა, რომელსაც 1994-2000 წლებში ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა. თუმცა გასარკვევია, რამდენად ეფექტურად შეძლებს მთავრობა პრივატიზების პროცესის წარმართვას არსებული ენერგეტიკული პოლიტიკის პირობებში. ამ მხრივ, მთავრობაში ორი მოსაზრება არსებობს. ერთის მიხედვით, ენერგოსაწარმოები უნდა გაიყიდონ ცალ-ცალკე, მეორეს თანახმად კი - ერთიანპაკეტში. მთავრობას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება ამ მიმართულებით მიღებული არა აქვს. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე მთავრობას მოუწოდებს, გადაწყვეტილება ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე მიიღოს. „ახალი მოდელების შექმნა სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური იქნება“, - მიიჩნევს იგი.
ამ მოსაზრებას იზიარებს ლადო პაპავაც. იგი კონსტრუქტორით თამაშს ადარებს მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენლის სურვილს - საპრივატიზაციოდ მოახდინოს ენერგოსაწარმოების გაერთიანება. „ენერგოსისტემაში შემავალი ობიექტების გამსხვილება-დანაწევრება სათამაშო კონსტრუქტორს ჰგავს, რომლის დაშლა-აწყობითაც ბავშვი ერთობა“, - აღნიშნავს პარლამენტარი.
ლადო პაპავა იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს, როდესაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ერთიანი ენერგეტიკული კონცერნი „საქმთავარენერგო“რამდენიმე კომპანიად დაშალა. მთავრობის ეს ნაბიჯი მაშინ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების რეკომენდაციების შედეგად განხორციელდა. ლადო პაპავა ამბობს, რომ მდგომარეობა საქართველოში ამჟამად განსხვავებულია. „დღეს მსოფლიოში დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეცვლილია. გაიზარდა ნდობა ადგილობრივი მთავრობისადმი, რისი მახასიათებელიც ბოლო დროს განხორციელებული საპრივატიზებო გარიგებებია. სახელმწიფო საწარმოები ბევრად უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ამის განხორციელება რამდენიმე წლის წინ იყო შესაძლებელი“, - ამბობს პარლამენტარი. იგი დასძენს, რომ პრობლემა, გამსხვილდეს, თუ დანაწევრდეს ენერგოობიექტები, უნდა წყდებოდეს პოტენციურ ინვესტორებთან შეთანხმების საფუძველზე.
ჯონ ჰენსენი
ერთად, თუ ცალკე?
მას შემდეგ, რაც პირველად გაცხადდა, რომ არსებული „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ ბაზაზე აღმოსავლეთ და დასავლეთ ენერგოკომპანიები ჩამოყალიბდებოდა, ამ საკითხით ამერიკელი დონორები დაინტერესდნენ.
„გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ ელექტროენერგიით ამარაგებს საქართველოს (თბილისის, აჭარისა და კახეთის გარდა). საწარმოთა მართვის სააგენტოს მონაცემებით, კომპანიას 50 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება აქვს მაშინ, როდესაც მისი მხოლოდ 8 მილიონი ლარი მართებთ. კომპანიას ამერიკული „პიეი-კონსალტინგი“ მართავს, რომელსაც მთავრობამ შარშან მართვის კონტრაქტი გაუგრძელა. „პიეიკონსალტინგი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტორია.
„გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“სამთავრობო საპრივატიზებო ნუსხაში პირველ ადგილზეა. თუმცა, შესაძლოა, კომპანია მთავრობამ გენერაციის ობიექტებთან ერთად გაყიდოს. ასეთი ფორმით პრივატიზება საქართველოში ბოლო დროს ხშირად ხდება. მაგალითად, იანვრის ბოლოს მთავრობამ „ჭიათურმანგანუმი“ „ვარციხეჰესების კასკადთან“ ერთად გაყიდა. თუმცა ჰესის ვალები, როგორც კრედიტორული, ისე დებიტორული, მთავრობამ საკუთრებაში დაიტოვა.
ჯონ ჰენსენი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში ენერგეტიკის ოფისს ხელმძღვანელობს. „საპრივატიზაციო სტრატეგიის შემუშავება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია და ჩვენ მას პატივს ვცემთ», - ამბობს ჯონ ჰენსენი, - „მაგრამ ამავე დროს გვსურს, დავიცვათ ჩვენივე ინვესტიცია და კარგი იქნება, თუ 2006 წლის ბოლომდე, ანუ იმ ვადამდე, როდესაც დასრულდება საქართველოს მთავრობასთან „პი-ეი კონსალტინგის“ კონტრაქტი, გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის გაყიდვა არ მოხდება“.
ჯონ ჰენსენის აზრით, სწორედ ამ დროისთვისაა მიზანშეწონილი მსხვილი ქართული გამანაწილებელი კომპანიის გაყიდვა, რადგან, მისი პროგნოზით, 2006 წლის ბოლოს „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ უკვე ფინანსურად ძლიერი ორგანიზაცია იქნება და შესაძლებელი გახდება მისი გაცილებით ძვირად გაყიდვა. „ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობის პროცესი“, - აღნიშნავს ჯონ ჰენსენი, - „მთავრობა, საერთაშორისო დონორები და ენერგეტიკის დარგის ინვესტორები წარმატებულად ვთანამშრომლობთ. იმედს ვიტოვებ, რომ ანალოგიური ურთიერთდამოკიდებულება შენარჩუნდება ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზების პროცესშიც.“
![]() |
3 მრიცხველებიდან კონტრაქტებამდე |
▲ზევით დაბრუნება |
გვანცა ლიპარტელიანი
რა თანმიმდევრობით და რა პრინციპით ხდება გამრიცხველიანება საქართველოში. როგორია გამრიცხველიანების განრიგი და როდისთვის იგეგმება პროცესის დასრულება?
მოქალაქეთა კითხვებს პასუხობს „PI Consulting“ ჯგუფის კონსულტანტი ნიკა ლალიაშვილი
გამრიცხველიანების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ერთდროულად მიმდინარეობს. გამრიცხველიანება ხორციელდება ყველა რაიონში, არსებობს ძალიან მკაცრი, დროში გაწერილიგრაფიკი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ სრულდება. ხსენებული სქემის მიხედვით, 2005 წლის ივლისის ბოლოს კომუნალური მრიცხველების დამონტაჟების პროცესი მთლიანად უნდა დასრულდეს. დღევანდელი მონაცემებით, ასეთი ვითარებაა შექმნილი: სამეგრელო-გურიის რეგიონში გამრიცხველიანება ჩაუტარდა მოსახლეობის 55%25-ს, იმერეთი-რაჭის რეგიონში . 25%25-ს, სამცხე-ჯავახეთში . 98%25-ს, შიდა ქართლში. 48%25-ს, მცხეთა-მთიანეთში. 41%25-ს, ქვემო ქართლში კი. 47%25-ს. სულ საერთო ჯამში, რეგიონების მიხედვით, გამრიცხველიანების მაჩვენებელი 47%25-ს აღწევს. კომუნალური გამრიცხველიანება მხოლოდ სოფლებსა და რამდენიმე პატარა ქალაქშიც მიმდინარეობს.
არსებობს ორი სახის მრიცხველი. ინდივიდუალური, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს თბილისში და კომუნალური, რომელიც დამონტაჟებულია არა აბონენტის ბინაზე, არამედ კომუნალურ ტრანსფორმატორზე, სადაც მიერთებულია რამდენიმე აბონენტი. პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: თუ ქალაქში შესაძლებელია ინდივიდუალურად მრიცხველის დამონტაჟება, - სოფლად ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. შიშველია სადენები, უაღრესად დიდია ელექტრო ენერგიის მოპარვის ალბათობა, დატაცება, არალეგიტიმური ჩართვა და ა.შ. მაგალითად, სოფელში, ერთ ტრანსფორმატორზე, საიდანაც ელექტრო ენერგია მიეწოდება 10 აბონენტს. მონტაჟდება კომუნალური მრიცხველი. ათივე მომხმარებელი, რომელიც ამ ტრანსფორმატორიდან იღებს ელექტრო ენერგიას აყალიბებს კომუნას, რომელიც სრულიად ახალი ტიპის ამხანაგობაა. ამ საერთო მრიცხველზე ირიცხება საერთო გადასახდელი თანხა, რომელიც შემდგომ ამხანაგობის წევრებმა უნდა გაინაწილონ მათ სახლებში, საკუთარ მრიცხველებზე დაფიქსირებული ელექტრო ენერგიის ოდენობის შესაბამისად. ანუ ყალიბდება გარკვეული ამხანაგობა, რომელსაც ჰყავს ერთი ლიდერი, „საკონტაქტო პერსონა», რომელიც კომუნის სახელით ურთიერთობს კომპანიის სერვის ცენტრთან. ასეთი ტიპის ამხანაგობებში გამორიცხულია ელექტრო ენერგიის მოპარვა, დატაცება და ა.შ. რადგან ამხანაგობის წევრებმა. ყველამ იცის, თუ რა რაოდენობა ელექტრო ენერგია დახარჯა თითოეულმა მათგანმა და ამდენად, ერთმანეთის მოტყუება გამორიცხულია. ანუ მეზობლობა გადადის სულიად ახალი ტიპის საბაზრო ურთიერთობებზე, ხდება ურთიერთკონტროლი და ერთმანეთის დაზღვევა, რაც საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ანუ ხდება ცენტრალურ კომუნალურ მრიცხველზე მოსული გადასახადის შედარება სახლში არსებულ ინდივიდუალურ მრიცხველებთან, რომელთა ჯამიც კომუნალურ მრიცხველზე არსებულ ციფრს უტოლდება და რომლის საფუძველზეც შემდგომ ხდება ელექტრო ენერგიის საფასურის გადახდა.
აღნიშნული ფორმა . კომუნა და შესაბამისად, კომუნალური გამრიცხველიანება საკმაოდ ფართოდ აპრობირებული მეთოდია, განსაკუთრებით პოსტსოციალისტურ ქვეყნებში. ასეთი ტიპის ამხანაგობების შემოღება საქართველოში ელექტრო ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობამ განაპირობა, რაც არ იძლევა რეგიონების მოსახლეობისთვის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენების საშუალებას. ფაქტიურად, ჩვენ დღეს მსოფლიო სტანდარტებით ვართ მე-20 საუკუნის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის შესაბამის დონეზე.
რატომ ახდევინებენ მოსახლეობას მრიცხველების ფულს (30) ლარს, - რატომ თვითონ არ იღებს კომპანია სესხს ხარჯების დასაფარავად? იმასაც ამბობენ, რომ მოსახლეობას ჰპირდებიან მრიცხველების დაყენებაში გადახდილი თანხის შემდგომ ელექტროენერგიის საფასურში გამოქვითვას, რამდენად შეეფერება ეს სინამდვილეს? რეგიონებში გამრიცხველიანებისას მოსახლეობას (ზესტაფონის რაიონი) ახდევინებენ ზოგს 30 ლარს, ზოგს 37-ს და ა.შ. რითია გამოწვეულიასეთი არათანაბარი ფასები და რა არის რეალური ტარიფი?
რაც შეეხება გამრიცხველიანებაში მოსახლეობისთვის თანხის, კერძოდ 30 ლარის გადახდევინებას, რა თქმა უნდა, კომპანიას შეუძლია, მოიზიდოს ინვესტიციები და მოსახლეობას არ მოუწევს აღნიშნული საფასურის გადახდა. ეს სრულებით შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თანხა აუცილებლად აისახება ელექტრო ენერგიის ტარიფში. რაც შეეხება სახელმწიფოს მონაწილეობას ამ პროცესში, ამჟამად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო გაიღებს გარკვეულ თანხას, რომელიც მოსახლეობის გამრიცხველიანებას მოხმარდება. ასეთ შემთხვევაში თანხა გადანაწილდება და ძირითადად კარგ გადამხდელ რეგიონებს აღარ მოუწევთ მრიცხველების დამონტაჟების ფულის გადახდა. თუმცა ეს არის საკითხის მხოლოდ ერთი მხარე.
ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ასპექტიც, რომელიც რატომღაც არ ჩანს. საქმე ის არის, რომ მართალია, ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟებაში მოსახლეობას თანხას ახდევინებენ, მაგრამ ეს თანხა უკანასკნელ თეთრამდე მას დავალიანებაში ექვითება. იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება არ არსებობს, იგი ავანსში გადადის. ფაქტიურად, მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხა მასვე უბრუნდება უკლებლივ. გარდა ამისა, შესაძლებელია, მოსახლეობის ნაწილს საერთოდ უფასოდ დაუმონტაჟდეს მრიცხველები
სახელმწიფოს ხარჯზე; ან კომპანიამ თავად გაიღოს მრიცხველების დამონტაჟების თანხა, მაგრამ ეს დანახარჯი მოსახლეობის ტარიფში გაითვალისწინონ, როგორც ეს მოხდა თბილისში. დღეს თბილისში ელექტრო ენერგიის ტარიფი არის 11 თეთრი, ხოლო რეგიონებში - 8 თეთრს არ აღემატება. თბილისში მოსახლეობას გამრიცხველიანებაში ფული არ გადაუხდია, შესაბამისად, გამრიცხველიანების ღირებულება გაითვალისწინეს ტარიფში. პრინციპში მოსახლეობა რეგიონებში გაცილებით მომგებიან სიტუაციაშია, ვიდრე თბილისში, რადგან რეგიონებს საკუთარი ფული უკან უბრუნდებათ, ხოლო თბილისის მოსახლეობა მაღალ ტარიფს იხდის.
ინდივიდუალური მრიცხველის დაყენებისას მოსახლეობის მიერ გადახდილი 30 ლარი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დამონტაჟება მართლაც 30 ლარი ჯდება. ეს პროცესი გაცილებით ძვირადღირებულია, რადგან ზოგ შემთხვევაში შესაძენია კარადა, თავად ბოძი და სხვა კომპონენტები. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ მრიცხველის დაყენების თანხა არის არა 30 ლარი, არამედ 40 ან ცოტა მეტი, ანუ იმდენი, რამდენიც საჭიროა მრიცხველის ნორმალურად დასაყენებლად. შესაბამისად, თანხა, რომელსაც იხდის მოქალაქე მრიცხველის დასაყენებლად . ყველა შემთხვევაში უნაზღაურდება მას იმავე პრინციპით, ანუ ექვითება გამოყენებული ელექტრო ენერგიის საფასურში.
როდის იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიის მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის კონტრაქტის გაფორმება, სადაც გაწერილი იქნება უფლებამოვალეობები (მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, რამაც შეიძლება ზარალი მიაყენოს მომხმარებელს, 24 საათიანი მიწოდება და სხვა). როდის და რის საფუძველზე განისაზღვრება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ასეთი საკითხები?
ელექტრო ენერგიის მომხმარებელთან გაფორმებული კონტრაქტები ჯერჯერობით ქარ- თულ რეალობაში არ არსებობს. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ შედის საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაში. თუ „სემეკი“ გადაწყვეტს, რომ ეს საჭიროა, მაშინ შესაბამისად დაიწყება ზრუნვა იმაზე, რომ დაინერგოს კონტრაქტების პრაქტიკა. მოხდება შესაბამისი სამსახურების მიერ ხელშეკრულების ფორმის შემუშავება, რომელიც გაივლის ყველა საჭირო ინსტანციას და დამტკიცების შემთხვევაში, ამოქმედდება კიდეც. თუმცა დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველოს ენერგეტიკა უმძიმეს მდგომარეობაშია, ალბათ ძალიან ძნელია საუბარი კონტრაქტებზე. თუნდაც 24 საათიანი მომარაგება, რომელიც შესაძლოა, კონტრაქტის პირობად ჩაიდოს. მრავალი მცდელობის მიუხედავად, შეიძლება, ენერგოკრიზისის დროს უნებურად დაირღვას და ა.შ. ვიდრე რაღაც დოზით ამ სექტორში სტაბილური მდგომარეობა არ შეიქმნება, მანამდე პირობები მუდმივად ცვალებადი იქნება. თუმცა როგორც კი სემეკიდან ასეთი დავალება და რეკომენდაცია წამოვა. ჩვენ ბუნებრივია, დავემორჩილებით მის მოთხოვნებს. ასეთი კონტრაქტები მომგებიანი იქნებოდა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მიმწოდებლისთვისაც. კონტრაქტში გაწერილი იქნება ორივე მხარისთვის მისაღები პირობები, რაც გააადვილებს, ერთის მხრივ, ელექტრო ენერგიის მიწოდებას და მეორეს მხრივ, მისი საფასურის ამოღებასაც. დღევანდელ პირობებში კი, როდესაც ასეთი სახის კონტრაქტები არ არსებობს. მომხმარებელი, ალბათ, საჭიროების შემთხვევაში იძულებული იქნება, სასამართლოს წესით დაიცვას საკუთარი უფლებები.
ჩაიწერა
გვანცა ლიპარტელიანმა
მამუკა ტყეშელაშვილის ნახატები