![]() |
თავისუფლება № 6, 2002 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ზურაბიშვილი დავით, ჩოჩიშვილი გიორგი, ოქრუაშვილი მაიკო, ჰუბერი ვოლფგან, ხიდაშელი თინათინ, ლიპარტელიანი გვანცა |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ყველა საავტორო უფლება დაცულია რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 რა სარგებლობა მოაქვს სიტყვის თავისუფლებას? |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ზურაბიშვილი
არის ასეთი ანეგდოტი: ქრისტიანი მისიონერი აფრიკაში ადგილობრივ ბელადს უხსნის თუ რა არის სიკეთე. კერძოდ, ეუბნება, რომ სიკეთე ნიშნავს იყო უანგარო, სამართლიანი, პატიოსანი, მუდამ მზადმყოფი დახმარებისთვის და ა.შ. ბელადი ყურადღებით უსმენს და ბოლოს ეკითხება: ,,გასაგებია, რაც ყოფილა სიკეთე, მაგრამ კარგია მერე ეს?!“
როდესაც ლაპარაკია სიტყვის თავისუფლებაზე, ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვები. კლასიკური განმარტება იმის თაობაზე, რომ სიტყვის თავისუფლება ესაა ადამიანის უფლება, თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე, ბევრს არ აკმაყოფილებს და დაახლოებით ისევე ითხოვს დაზუსტებას, როგორც აფრიკელი ბელადი ზემოთ მოყვანილი ანეგდოტიდან.
ქვემოთ შევეცდებით პასუხი გავცეთ ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპებს, რაც კი სიტყვის თავისუფლების მიმართ ფიგურირებს საზოგადოებაში, და რაც არცთუ იშვიათად გამოიყენება ამ უფლების შეზღუდვის არგუმენტად. თუმცა, სანამ კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდოდეთ, ერთი რამ უნდა აღინიშნოს: სიტყვის თავისუფლება, ისევე როგორც საერთოდ ადამიანის სხვა უფლებები და თავისუფლებები (სინდისის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, გაერთიანებების თავისუფლება და სხვა) არ წარმოადგენს მორალურ კატეგორიას, ანუ თავისთავად არ არის არც ,,კარგი“ და არც ,,ცუდი.“ სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ უფლების გამოყენება არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ მისი გამომყენებელი აუცილებლად რამე ჭკვიანურს, მოსაწონს და საქებარს აკეთებს. სიტყვის თავისუფლება ვლინდება იმაშიც, რომ ადამიანი საჯაროდ, თავისუფლად გამოთქვამს აზრს, რომელიც შეიძლება იყოს
● როგორც ჭკვიანური, ისე სულელური;
● როგორც თავაზიანი, ისე უზრდელური;
● როგორც საყოველთაოდ მიღებული, ისე შოკისმომგვრელი.
რაც მთავარია, სიტყვის თავისუფლება მხოლოდ ასეთი არსებობს. თუ გინდა, რომ თავისუფლად შეგეძლოს იმის თქმა, რასაც ფიქრობ, იმასაც უნდა შეეგუო, რომ ანალოგიური უფლება აქვს სხვასაც, თუნდაც მისი აზრები შენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყოს.
კარგია მერე ესო, აფრიკელი ბელადივით იკითხავს მავანი. პასუხი მარტივია: თუ მაინცა და მაინც მორალურ სიბრტყეში გვინდა გადავიტანოთ საკითხის გარჩევა, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ,,დიახ, კარგია!“ ოღონდ კარგია იმდენად, რამდენადაც აქ მხოლოდ ერთადერთი ალტერნატივა არსებობს. ეს არის ავტორიტარიზმი, როდესაც პრივილეგირებულ პიროვნებათა მცირერიცხოვანი ჯგუფი ადგენს, რა შეიძლება ითქვას და რა არა. ახლა ისიც ვიკითხოთ, ვინ შეიძლება იყვნენ ეს პიროვნებები? პასუხი აქაც ცალსახაა: ისინი, ვისაც აქვს ფული და თანამდებობა, ანუ ვისაც ძალაუფლება გააჩნია. ამ შემთხვევაში, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ბუნებრივია, ხმის ამოღების უფლებაც არა აქვს, გინდ კარგის თქმა უნდოდეს, გინდ ცუდის.
მოკლედ. ერთის მხრივ არის სიტუაცია, როდესაც ყველას შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს და კარგის და ცუდის გარჩევა საზოგადოებრივი აზრის დონეზე ხდება; მეორეს მხრივ კი სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება წყვეტს რისი თქმა შეიძლება და რისი არა, რა არის კარგი ნათქვამი და რა ცუდი. მესამე გზა არ არსებობს. მართალია, ზოგიერთი ავტორიტარული რეჟიმი ცოტა მეტის თქმის უფლებას აძლევს თავის მოქალაქეებს, ზოგი ნაკლებს, მაგრამ არცერთი მათგანი არ დაუშვებს კრიტიკას საკუთარი თავის მიმართ. აქედან გამომდინარე, ამგვარი რეჟიმის დროს შეუძლებელია საზოგადოებრივი აზრი იყოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების საშუალება. რას ფიქრობს ხალხი ამა თუ იმ ხელისუფალზე, ანდა ხელისუფლების ქმედებაზე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან თუნდაც ქვეყანა იქცეოდეს, ხელისუფლებაზე ცუდის თქმის უფლებას მაინც არ გაძლევენ. ისიც ბუნებრივია, რომ ასეთ ხელისუფლებას ხალხის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია, რადგან არანაირ კონტროლს ხალხის მხრიდან არ ექვემდებარება. სიტყვის თავისუფლების არარსებობა გამორიცხავს როგორც საზოგადოებრივ კონტროლს ხელისუფლებაზე, ისე ხელისუფლების პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.
აი, ასეთი ალტერნატივა აქვს სიტყვის თავისუფლებას, არცთუ ძალიან მიმზიდველი და სასიამოვნო. მეორეს მხრივ კი სწორედ სიტყვის თავისუფლების პრინციპის მოქმედებაა იმის ერთ-ერთი გარანტი, რომ ხელისუფლება გრძნობდეს ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი პირობა, მაგრამ ესაა აუცილებელი პირობა, რის გარეშეც ანგარიშვალდებული ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს.
ასე, რომ სიტყვის თავისუფლება თუნდაც ამიტომაა ,,კარგი.“ მიუხედავად ამისა, ქართულ საზოგადოებაში მაინც ხშირად გაისმის გარკვეული კონტრარგუმენტები სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ამ კონტრარგუმენტებს ძირითადად ძლიერნი ამა ქვეყნისანი მიმართავენ, რომელთაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ აკეთონ ის, რაც მოეპრიანებათ და მაინც და მაინც არ ეხალისებათ ისმინონ, თუ რას იტყვის ამაზე საზოგადოება. სწორედ ამიტომ, გვესმის ასე ხშირად, რომ
,,სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს უზრდელობის და ცილისწამების თავისუფლებას!“
ეს არგუმენტი აპელირებს ყველა ნორმალური ადამიანისთვის ისეთ ფასეულ კატეგორიებზე, როგორიცაა ზრდილობა და სამართლიანობა. თუმცა, აქ აქცენტები არაკორექტულადაა დასმული, რადგან უზრდელობა და ცილისწამება სულ სხვადასხვა რამაა. სიტყვის თავისუფლება ნამდვილად გულისხმობს უზრდელური გამონათქვამის თავისუფლებასაც, რაც ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ეს უზრდელობა ვინმეს უნდა მოეწონოს. რაც შეეხება ცილისწამებას, ეს ყველა ქვეყანაში დასჯადი ქმედებაა და ქართული კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
უზრდელური და უხამსი გამონათქვამიც შეიძლება იყოს დასჯადი, თუ საქმე გვაქვს პიროვნებისთვის მორალური ზიანის მიყენებასთან, მაგრამ აქ ძალიან მკაფიოდ უნდა განიმარტოს, რას ნიშნავს უხამსობა და რას ნიშნავს მორალური ზიანი.
თავისთავად, საწყენი და გულსატკენი ბევრი რამ შეიძლება ითქვას, რაც ზოგმა შესაძლოა უზრდელობად მიიჩნიოს და ზოგმა არა. იმისდა მიხედვით, თუ ვის რა წყინს, კანონი ვერ იმოქმედებს. უხამსობად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ისეთი გამონათქვამი, რომელსაც ასეთად მიიჩნევს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა.
რაც შეეხება მორალურ ზიანს, აქ პიროვნებისთვის მიყენებული ზარალი მეტნაკლებადგაზომვადი უნდა იყოს. მაგალითად, მე ვმუშაობ რომელიმე კომერციულ ფირმაში, ვიღაცამ საჯაროდ გამლანძღა და ამის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს. ამ შემთხვევაში ჩემი ზარალი სრულიად კონკრეტულ გამოხატულებას პოულობს და არ შემოიფარგლება მარტო წყენით.
აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაშითანამდებობის პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ამ მხრივ ნაკლებად არიან დაცულნი, ვიდრე უბრალო მოქალაქეები. მიზეზი მარტივია: ცნობილ პიროვნებას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იცნობს, მას აქვს გარკვეული საზოგადოებრივი რეპუტაცია (კარგი ან ცუდი) და ასევე აქვს საშუალება საჯაროდ გასცეს ყველას პასუხი. მაგალითად, ვინმეს რომ ეთქვა მარადონა უტვინო ფეხბურთელიაო, ამას ფეხბურთის სპეციალისტთა და გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა სერიოზულად არც აღიქვამდა, აქედან გამომდინარე, მარადონას ვერანაირი მორალური ზიანი ვერ მიადგებოდა.
,,ჩვენთან ზედმეტი თავისუფლებაა!“
ასეთი ტიპის განცხადებებიც ხშირად გვსმენია, თუმცა იმას ვერავინ ამბობს, თუ რაში გამოიხატება ეს ზედმეტობა, გარდა იმისა, რომ ვიღაცას რაღაცა წყინს? არაფერში. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ არც საქართველოში არსებული კანონმდებლობა და არც პრაქტიკა ამგვარი განცხადების საფუძველს არ გვაძლევს.
,,არ შეიძლება ყველაფრის ბრმად გადმოღება დასავლეთიდან. უნდა გავითვალისწინოთ ქართული ტრადიციები!“
ჯერ ერთი, სიტყვის თავისუფლება წარმოადგენს საზოგადოების მოწყობის პრინციპს და არა სისტემურ მოძღვრებას. ეს იგივეა რომ თქვა, თითქოს ფეხბურთს ეწინააღმდეგება ადამიანის არჩევანი ითამაშოს სპორტის რომელიმე სახეობა.
ჩვეულებრივ, ეს თეზისი არა მარტო სიტყვის თავისუფლების კონტრარგუმენტად გამოიყენება, არამედ ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რაც ქართული საზოგადოების მოდერნიზაციას, ტოტალიტარიზმის ინერციიდან მის გამოსვლას უწყობს ხელს.
და როცა ლაპარაკია ტრადიციების გათვალისწინებაზე, უპრიანი იქნება დავსვათ კითხვა: მაინც რომელის? ამ შემთხვევაშიც ვერავინ ვერაფერ კონკრეტულს ვერ ამბობს. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც იყოს სიტყვის თავისუფლების ათასწლოვანი ტრადიციები. საქართველო თავისი ისტორიული ტრადიციებით ევროპასთან გაცილებით უფრო ახლოს დგას, ვიდრე აზიურ დესპოტიასთან. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანამედროვე გაგება კი ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ნაყოფია, რომელიც კლასიკური ფორმით ახალ დროში ჩამოყალიბდა.
და ბოლოს: ყველაზე გავრცელებული კლიშე, რომელიც სიტყვის თავისუფლების კონტრარგუმენტად გამოიყენება და რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კლიშეებს, ეს არის ლამის კლასიკად ქცეული ფრაზა, რომ სიტყვის თავისუფლება იმას არ ნიშნავს, ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს. არადა, უბრალო ენით თუ ვიტყვით, ეს ფრაზა სიტყვის თავისუფლების პრინციპის ძალიან კარგი განმარტებაა, რადგან სიტყვის თავისუფლება რეალურად სხვას არაფერს ნიშნავს გარდა იმისა, რომ ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს.
და ეს კარგია.
![]() |
2 ქართული მასმედიის ტემპერატურული მეტამორფოზები |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ჩოჩიშვილი
პოპულარული გიორგი ჩოჩიშვილი გაზეთ ,,დრონის“ რედაქტორის, გოგი ჩოჩიშვილის მოსაზრება ქართული მედიის დღევანდელობაზე, ჩვენი ღრმა რწმენით, საყურადღებო უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სრულად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა საფრთხეს უქადის სამოქალაქო საზოგადოებას პრესასა და ტელევიზიაში თუნდაც მცირედი, უარყოფითი ტენდენციების ნებისმიერი გამოვლინება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართული მედია, ყოველ შემთხვევაში მისი ძირითადი სეგმენტი, არ გადადგამს ,,შემხვედრ ნაბიჯს“ იმ ოლიგარქების მიმართულებით, რომლებზეც ამ პუბლიკაციაშია საუბარი.
თბილისის სამარშრუტო ტაქსებში მგზავრთა შორის სიტყვის სრული თავისუფლებაა. თითქმის იგივე მდგომარეობაა საქართველოს პარლამენტში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ,,სამარშრუტოებში“ შეუდარებლად მეტი გულწრფელობაა, ხოლო საპარლამენტო დერეფნებში - მეტი ბილწისტყვაობა. თავისუფლებას, მოგეხსენებათ, ყველა თავისებურად იყენებს.
ეს სატრანსპორტო-საკანონმდებლო პარალელი იმიტომ გავავლეთ, რომ ლამის ყველანი ვმგზავრობთ სამარშრუტო ტაქსებით და ლამის ყველანი, ხანდახან მაინც ვუცქერთ პარლამენტის სხდომების ტელეტრანსლაციას. ცივილიზებულ ქვეყნებში საბანკო წიგნაკივით ძვირფასმა სიტყვის თავისუფლებამ ჩვენშიც საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი: კლარა შუკვანი, მცირე ზარალის საფასურად, ავადმყოფ არძინბას სექსუალურ (პოლიტიკურად) მაგნატად სახავს, დემოკრატი ახალგაზრდები ტელეეკრანებიდან თამამ-თამამ აზრებს გვაფრქვევენ, გამსახურდიას მომხრეთა ლამის სტაციონალური მიტინგი, რატომღაც პარლამენტთან (იქნებ სამიტინგო ,,კომფორტის“, იქნებ ტრადიციის გამო) მუდმივად ითხოვს შევარდნაძის უპირობო გადადგომას, მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები გაუწითლებლად გვიყვებიან ზღაპრებს... მეტი რაღა გინდა?!
კონტრზომებს, მათთვის მეტად არასასურველი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, მწირი შედეგები მოაქვს. ამიტომ ისინი უცებგამდიდრებულებთან ერთად ცდილობენ ბოთლიდან გამოშვებული ჯინი ახალ მოვარაყებულ ბოთლში მოათავსონ და ზოგჯერ წარმატებასაც აღწევენ, მაგრამ ამაზე ქვემოთ.
უფრო სხვაგვარადაა საქმე რეგიონებში: გუბერნატორების, გამგებლებისა და პოლიციელების ფხიზელი თვალი და მახვილი სმენა პასტორალურ სიჩუმეში უფრო კარგად ჭრის, ბატონი ასლანისა - მით უმეტეს. მაგრამ ამ მხრივ რეგიონებშიც რომ იცვლება სიტუაცია (სტაბილურობის ზღვისპირული ციტადელის გარდა), შინაურ საუბრებში ბოღმიანად იტყვის იგივე გუბერნატორიც, გამგებელიც და პოლიციელიც. მსოფლიო პრაქტიკითაც ახალი ტენდენციები ძირითადად დედაქალაქიდან მომდინარეობს ხოლმე.
ალბათ, არ ღირს იმაზე მსჯელობა, რამ მოიტანა სიტყვის თავისუფლება: საერთაშორისო ვალდებულებებმა, თუნდაც ადამიანის უფლებათა კონვენციამ (რომელსაც საქართველოში სადარაჯოზე მრავალი უცხოელი ექსპერტი უდგას), საკუთარმა მისწრაფებამ, ხელისუფლების იძულებითმა თუ კეთილმა ჟესტმა და ა.შ. შეიძლება ყველამ ერთად და რაც ყველაზე მთავარია, დრომ, რომელიც ყველაფერს თავის დაღს ასვამს. უფრო მთავარი ისაა, ვინ როგორიყენებს ამ ციდან ჩამოვარდნილ საჩუქარს. ,,გამომყენებელთა“ შორის კი უპირველესი მასმედიაა, ურომლისოდაც სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში მიტინგების თავისუფლებამდე დავიდოდა.
ყველაფერი მაინც პრესით დაიწყო...
დათმობა
ჯერ კიდევ დამოუკიდებლობამდე და შემდეგ პერიოდში პრესა მეტისმეტად დიდი ზიგზაგებით ვითარდებოდა. ჯერ სულ ორიოდე წელიწადში, საზოგადოებასთან ერთად, სრულიად ამოიყარა გასული 70 წლის ჯავრი კომუნისტური ყოფის ,,მხატვრული“ აღწერით. ამ მიამიტობის პერიოდში კომუნისტების გინება და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა ქება ერთგვარი მოდაც იყო და ბუნებრივი ქცევაც: ხალხი აღტაცებული კიოდა მიტინგებზე დამოუკიდებელი ქვეყნისა თუ უკეთესი მომავლის მოლოდინში.
ამ ,,იდილიას“ ზოგჯერ არღვევდა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა თუ დაჯგუფებათა ურთიერთდაპირისპირება, რაც ცხადია, პრესის ფურცლებზეც აისახებოდა. ასეთ პირობებში სერიოზული თანამედროვე პრესის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში გამოქვეყნდა ბევრი შესანიშნავი პუბლიცისტური წერილი, რომლებიც ნაწილობრივ ავსებდნენ მაშინდელი პრესის სიმწირეს.
ფაქტია: დამოუკიდებელი, მეტნაკლებად თანამედროვე პრესის ჩამოყალიბება სახელმწიფო დამოუკიდებლობის დროს დაიწყო, მაგრამ გამსახურდიას ხელისუფლებას კომუნისტების ,,საყმაწვილო სენი“
გადმოჰყვა: კომუნისტების გინებას, ცხადია, კვლავ მწვანე შუქი ენთო, ეროვნული ხელისუფლების კრიტიკას კი, რაგინდ კონსტრუქციული შინაარსი და ფორმა არ უნდა ჰქონოდა, მეტად მტკივნეულად იღებდნენ. არადა, ხელისუფლების მაშინდელი კრიტიკა გაცილებით უფრო ზომიერი და ასე ვთქვათ, დაფიქრებული იყო, ვიდრე დღევანდელი ბოღმიანი და გაუწონასწორებელი პრესის. კრიტიკისადმი შეუჩვევლობამ (ეს როგორ, ეროვნულ ხელისუფლებას აკრიტიკებენ?!) ძალიან ავნო გამსახურდიას ხელისუფლებას და პოლიტიკისათვის ესოდენ საჭირო მოქნილობა დააკარგვინა. მიტინგი, მოგეხსენებათ, განსჯის ადგილი არ არის. ყოველივე ამის გათვალისწინებით, იმ თითო-ოროლა გაზეთს, რომელიც საკუთარი აზრის გამოხატვას ცდილობდა, საკმაოდ რთულ ვითარებაში უხდებოდა მუშაობა.
,,გაცხელება“
როცა ბატონი ზარბაზანი ქუხს, ქალბატონი მუზა დუმს - ეს სენტენცია პრესას ნაწილობრივ თუ ეხება. პრესის პატარა, მინიატურული მუზა ამ ქუხილშიც უნდა იღებდეს ხმას. ჩვენთანაც იღებდა კიდეც, მაგრამ მას იარაღის ტრიალში, ანუ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისა და შემდგომ წლებში ძნელი პერიოდის გავლა მოუხდა. ნებისმიერი შეიარაღებული ფორმირების, ანდა მათთან გათანაბრებული პარტიის წარმომადგენლები შეიძლება მოსულიყვნენ რედაქციაში და ,,საქმე გაერჩიათ“. მუქარები ხომ უამრავი იყო. აქ საბრძოლო მოქმედებების გაშუქება არ იგულისხმება, რადგან ეს ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობაა. მაშინდელ რთულ ვითარებაშიც რამდენიმე გაზეთი მაინც ახერხებდა პატიოსნად შეესრულებინა თავისი მოვალეობა. ქართულმა მასმედიამ ეს ბარიერიც გადალახა.
ისევ დათმობა
ახალი ქართული პრესის, ასე ვთქვათ, ,,ოქროს ხანა“, ჩვენის აზრით, სამიოდე წელს მოიცავდა, 1998 წლამდე. მაშინ კრიტიკას ჯერ არ დაეკარგა ძალა, თანაც დადგა ერთგვარი სტაბილიზაციის ხანა, როცა ,,ფრონტალური“ შემოტევები გაზეთების წინააღმდეგ იმდენად აღარ იგრძნობოდა. მაშინ ჯერ არ იყო დაწყებული დიდი კორუფციული შეტევა მასმედიის წინააღმდეგ, დღეს რომ ხდება. იმ წლებში ჩვენი ნომენკლატურა და მათთან ჩახუტებული ბიზნესმენები საქართველოს ქონების გაყოფაგადანაწილებით იყვნენ დაკავებულნი და პრესისათვის ნაკლებად ეცალათ, იმ შემთხვევების გარდა, როცა მათზე გამოქვეყნებულ მასალებზე უმაღლესი ხელისუფლება რეაგირებდა. თანაც იმ პერიოდში ხალხის დიდი ნაწილი იმდენად გაღატაკებული არ იყო, რომ გაზეთი ვერ ეყიდა. მართალია, უშუქობისა და უპურობის კოშმარი გამოვიარეთ, მაგრამ იმ პერიოდის პრესამ ნამდვილად გაუსწრო ,,საერთო-საზოგადოებრივ“ აზროვნებას, თუ განწყობას.
დიდი ,,გაცხელება“
დღევანდელ პერიოდზე უფრო მეტს ვიტყვით, რადგან დღევანდელი პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუშინდელი.
ახლაც ძალიან ცხელა. მარტო ზაფხულის გამო არა. ბოლო წლებში მასმედიაზე შეტევა რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. ყველაზე უარესი იყო შეტევა საკუთარ თავზე.
წერა-კითხვის ასე თუ ისე მცოდნე, პრესით დაინტერესებულ ადამიანთა ერთი ნაწილი მიხვდა, რომ საგაზეთო სიტყვა თვით დღევანდელ გაჭირვებაში სარფიანი საქონელი იყო და ,,შემოქმედებით“ ასპარეზზე გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო ვაჭრობა ყველაფრით. ეყიდებოდათ კიდეც: ჯერ ერთი, ეს შედარებით ახალი ხილი იყო ჩვენში, თანაც მკითხველიც შეიცვალა და მოთხოვნილებაც, გაღატაკებულ და დაბოღმილ ხალხს სხვათა მწარე, თუნდაც ტყუილით შეზავებული თათხვა და ბრალდება სჭირდებოდა გულის მოსაოხებლად. ბევრ განათლებულ ადამიანს გაზეთის საყიდელი ფული არ აქვს, ,,ახალ მკითხველებში“ კი უფრო ყვითელი მოთხოვნებია. ასეა, მშიერ და გაჭირვებულ ხალხს სიმართლე არ უყვარს. რა დასამალია, არც ისე ცოტა გამოცემა ფულის გასაკეთებლად გამოვიდა და ფულთან ერთად ერთგვარი პოპულარობაც მოიხვეჭა. ბოლო პერიოდში ქართული მასმედიის ერთმა ნაწილმა აღარ ისურვა სიღარიბე და დონკიხოტობა ერთად და თუ ცოტა ადრე აზროვნების სიახლით გაუსწრო საზოგადოებას, ახლა უფრო უარესი ასპექტით-ქონებრივი ცენზით. მოკლედ, საშუალო ენის ჩამოყალიბება ჩვენში ლამის მასმედიით და საზოგადოებრივი ორგანიზაციებით დაიწყო პრესტიჟული ფირმების მოსამსახურეებთან და უცხოური წარმომადგენლობების ქართველ თანამშრომლებთან ერთად.
თუმცა, მასმედიის ასეთი პრაგმატიზმი მხოლოდ ეთიკური საქმეა, რადგან ჩვენ კაპიტალიზმში ვართ. ცოტა სხვაგვარი სუნი ჟურნალისტთა ყიდვას ასდის.
გზაჯვარედინზე მდგომ მასმედიას დარტყმა სწორედ ამ მიმართულებით დაატყდა. იმ ხალხს, ვინც დიდი ფული იშოვა ამ ჟამიანობის დროს, ახლა მოუნდა, ხალხს ფრთიანი ანგელოზის სახით ჩვენებოდა და ნაშოვნი ქონება შეერგო. მასმედიის გარეშე კი ამის გაკეთება შეუძლებელია. დანარჩენი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმე იყო. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფმა პრესამ თავის თავზე გამოსცადა ზეწოლა ჩვეულებრივი და ზეწოლა ფულით. ბოლო ვარიანტმა უფრო გაჭრა, რადგან დაშინებამ და სასამართლოებმა მაინცდამაინც დიდი დიდება ვერ მოუტანა ამა თუ იმ ოლიგარქს. ოლიგარქებთან ,,შემხვედრი ნაბიჯი“ მასმედიის ერთმა ნაწილმა იძულებით, თვითგადარჩენის გამო გადადგა, სხვამ-სიამოვნებით. მოკლედ, დღევანდელი საზოგადოებრივი ცნობიერება დაეწია მასმედიას და ჩაყლაპა იგი, ანუ თავისნაირი გახადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად მიმდინარეობს მედიის ერთი ნაწილის გათანამედროვება, თუმცა, გაზეთთა დიდი ნაწილი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, ასეთია დღევანდელი მოდა. ასეთია დღევანდელი ,,ბაზრის“ მოთხოვნა.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ მართალია, უცხოეთში დიდი გამოცემების უკან დიდი კაპიტალი დგას, მაგრამ იქ ამ ურთიერთობას ჩამოყალიბებული, ცივილიზებული სახე აქვს. იქ პოლიტიკა და ბიზნესი (სწორედ ეს უკანასკნელი ასაზრდოვებს მედიას) ერთმანეთისგან გამიჯნულია. ჩვენში კი ეს ურთიერიერთობა ველურ ხასიათს ატარებს.
![]() |
3 როგორ ვებრძოლოთ პოლიციის ძალადობას |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციის მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენებისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. მაშინ, როცა კანონის დამცველები თავიანთ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებით თავად უშლიან ხელს კანონიერების დაცვას, ყველაზე ეფექტური პოლიციის ქმედებებზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესებაა.
სამოქალაქო ზედამხედველობის საბჭო
შეერთებულ შტატებში სამოქალაქო კონტროლისადმი პოლიციის საქმიანობის დაქვემდებარების პირველი პრეცედენტი 1950 წელს შეიქმნა. ბევრ მოქალაქეს არ სჯეროდა, რომ პოლიცია მათ საჩივრებს სერიოზულად მიუდგებოდა, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ ამ საჩივრებს ზედაპირულად მოეკიდებოდნენ. პოლიციელების მხრიდან კანონის დარღევის შესახებ მოქალაქეთა განცხადებების სამოქალაქო განხილვის მექანიზმის მთავარი იდეა ის იყო, რომ გაცილებით ეფექტური იქნებოდა საჩივრები, ოლიციის მოხელეების ნაცვლად, თავად მოქალაქეებს განეხილათ. მართალია, თავდაპირველად სამოქალაქო განხილვა არარეალური ჩანდა, მაგრამ უკვე 1997 წლისთვის შეერთებული შტატების დიდი ქალაქების 75%25-ის პოლიციის დეპარტამენტებში ეფექტურად ამოქმედდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების სამოქალქო განხილვის სისტემა.
საიდან დავიწყოთ?
აუცილებელია, რომ საზოგადოება ფოკუსირებული იყოს კონკრეტულ პრობლემებზე და მიზნად ისახავდეს ამ პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებს.
პოლიციის სამმართველოში შეიძლება არსებობდეს შემდეგი სახის პრობლემები:
1. წამების, ადამიანის დამცირების ფაქტები;
2. დაკავების დისკრიმინაციული პრაქტიკა: მოქალაქეთა უკანონო დაკავების, არასანქცირებული ჩხრეკის ფაქტები;
3. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს;
4. ფიზიკური ძალის ზედმეტად ხშირად გამოყენება;
5. უსახლკაროების, ახალგაზრდების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა;
6. პოლიტიკოსების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ამ ინფორმაციის მათ წინააღმდეგ გამოყენება;
6. პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების იგნორირება;
7. ,,ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ“: გადამეტებული ჩხრეკა, ნარკოტიკების ჩადება;
8. ანგარიშვალდებულების სისტემის არარსებობა. პოლიციელების მიერ კანონის დარღვევების იგნორირება და მათი დაუსჯელობა;
9. კონსტიტუციით გარანტირებული დაკავების 72-საათიანი ვადის დარღვევა;
10. ე.წ. ,,ბრბოს კონტროლის“ ტაქტიკა, რომელიც არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და მივყავართ ძალადობის გამოყენებამდე |
ფაქტების შეგროვება
პოლიციის სამმართველოებში სხვადასხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის შეგროვება რთული ამოცანაა. პოლიციის შეფები საზოგადოების კრიტიკას, როგორც წესი, ოფიციალური სტატისტიკის და სხვა მონაცემების მოშველიებით პასუხობენ. ისინი აპელირებენ ისეთი ზოგადი ფრაზებით, როგორიცაა: ,,დანაშაულის რაოდენობამ წინა წელთან ან სხვა ქალაქებთან შედარებით იკლო“; ან ,,ჩვენს დეპარტამენტში დაკავების მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვაგან...“ ამგვარი ზოგადი ინფორმაციით ჩინოვნიკები რეალური ფაქტების დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. გაცილებით მნიშვნელოვანი და რთული პროცესია პოლიციის ქმედებების შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვება.
დაივიწყეთ დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკა! ეს სტატისტიკა, რომელსაც ხშირად იშველიებენ პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომლები, არაზუსტია. ჯერ ერთი, ის მოიცავს მხოლოდ გაცხადებულ დანაშაულებს; მეორეც, არ არსებობს სისტემის დამოუკიდებელი აუდიტის მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს სტატისტიკური მონაცემების სიზუსტეს. ხშირია ისეთი ფაქტებიც, როდესაც პოლიციელები ნაკლებად მძიმე კვალიფიკაციას აძლევენ დანაშაულს, მაგალითად: გაუპატიურებას აღრიცხავენ, როგორც გაუპატიურების მცდელობას და სხვა. ასეთ შემთხვევებში მათ ანგარებითი მოტივები ამოძრავებთ.
დაივიწყეთ დანაშაულის გახსნის სტატისტიკა! პოლიციის სამმართველოში მონაცემები დანაშაულის გახსნის შესახებ არ ასახავს ამ სამმართველოს მუშაობის რეალურ სურათს. ის ფაქტი, რომ ერთი სამმართველოს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლი არის 40%25, ხოლო მეორესი - 25%25, არ ნიშნავს, რომ მეორესთან შედარებით პირველი უფრო ეფექტურად მუშაობს. ამ მონაცემებით მანიპულირება საკმაოდ იოლია: შესაძლებელია, გახსნილ დანაშაულთა მაჩვენებლის როგორც აწევა, ისე - დაწევა.
დაივიწყეთ დაპატიმრების სტატისტიკა! არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც დაკავებული პირი სულაც არ არის აღრიცხული პოლიციის სარეგისტრაციო ჟურნალში, მიუხედავად იმისა, რომ იგი დააკავეს და დაკითხეს. ამის თაობაზე კი არავითარი ანგარიში არ მოუმზადებიათ. ამრიგად, პოლიციის სამმართველოში უფრო მეტი დაკავებული მიჰყავთ, ვიდრე ოფიციალურად ეს აღირიცხება. დაივიწყეთ მოქალაქეთა განცხადებების რიცხვი! აღნიშნული მონაცემები, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ, როგორც წესი, ეს ციფრები არ ქვეყნდება, თუ არ არსებობს სამოქალაქო ზედამხედველობის საბჭო, რომელიც ამ მონაცემებს გამოაქვეყნებს. |
რა უნდა ვიცოდეთ და რატომ?
● წინასწარი დაკავების ვადების დარღვევა. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია წინასწარი დაკავების 72 საათიანი ვადა. ამასთან ეჭვმიტანილად დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ამ ვადის ამოწურვამდე ეჭვმიტანილს უნდა წაეყენოს ბრალდება და შემდგომი 24 საათის განმავლობაში გამომძიებელმა, პროკურორმა, მომკვლევმა უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.
● პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. როდესაც აგროვებთ ინფორმაციას პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ არა მხოლოდ პოლიციელების მიერ დაჭრილების და დაღუპულების რიცხვი, არამედ პოლიციელების მიერ განხორციელებული ყოველი გასროლის მაჩვენებელი. ასევე მნიშვნელოვანია, გქონდეთ ინფორმაცია იმ პოლიციელების შესახებ, რომლებიც ხშირად იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს.
● ფიზიკური ძალადობის გამოყენება. საჭიროა იცოდეთ, თუ რა სიხშირით მიმართავს ფიზიკურ ძალადობას პოლიცია თქვენს ქალაქში.
● პოლიციის ოფიციალური სამოქმედო პოლიტიკა. აუცილებელია დადგინდეს, თუ რა წესები არსებობს პოლიციის სამმართველოში. როგორ ეპყრობა პოლიცია ოჯახური ძალადობის ფაქტებს? როგორ ექცევიან პოლიციელები მაწანწალა და უსახლკარო პირებს? აღნიშნული წესების გაცნობისას საჭიროა, დადგინდეს მათი შესაბამისობა რეკომენდირებულ სტანდარტებთან.
● სარჩელები. საჭიროა დაადგინოთ, თუ რამდენი სარჩელი აღიძრა მოქალაქეების მიერ პოლიციის ამმართველოების წინააღმდეგ. ამასთან უნდა გაირკვეს, თუ რა ზომები მოჰყვა ამ სარჩელებს, რამდენი პოლიციელი დაისაჯა, რა თანხა იქნა გადახდილი ზარალის ანაზღაურებისთვის. |
როგორ და სად მოვიპოვოთ ინფორმაცია?
რა არის პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების სამოქალაქო განხილვა? პოლიციის საქმიანობა, როგორ წესი, საიდუმლოებით არის მოცული, რაც ფარავს მოძველებულ სამოქმედო გეგმას, პოლიციის უმოქმედობას და, საბოლოოდ, ბადებს ეჭვებს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ პოლიცია სახელმწიფოს ნაწილია, სახელმწიფოს საქმიანობა კი თქვენი საქმიანობაა. პოლიციის სამოქმედო გეგმა, ანგარიშები, აუდიოჩანაწერები არ შეიძლება დახურული იყოს საზოგადოებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით საფრთხე ექმნება მიმდინარე გამოძიებას, პოლიციელების ან სხვა პირების უსაფრთხოებას ან ირღვევა სხვა პირის პირადი ცხოვრების უფლება.
პოლიციისგან ინფორმაციის მოთხოვნა პოლიციის ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ინფორმაციის მოპოვება საზოგადოების ორგანიზების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, რომელიც პოლიციის მხრიდან კანონის დარღვევას გამოავლენს. ერთერთი მექანიზმი ინფორმაციის მოპოვებისას არის ადგილობრივი ჟურნალისტების დაინტერესება და ამ თემაზე სტატიების მომზადება. თუმცა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე (იხ. ბიულეტენი ¹1/2), ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია როგორც ინფორმაციის მოპოვება, ასევე უარის თქმის შემთხვევაში, საჭირო ინფორმაციის ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე სასამართლოს ძალით გამოთხოვნა. |
რა არის პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების სამოქალაქო განხილვა?
სამოქალაქო განხილვის მექანიზმები სხვადასხვა სისტემებში სხვადასხვაგვარად არის ჩამოყალიბებული. ზოგიერთი უფრო ,,სამოქალაქოა“, ვიდრე სხვები. ზოგიერთი სისტემა ჩამოყალიბებულია მუნიციპალიტეტის ფარგლებში და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მთლიანობაში, პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების სამოქალაქო განხილვის სამი სისტემა არსებობს:
I. სამოქალაქო განხილვას აწარმოებენ სამოქალაქო პირები, რომლებიც ახდენენ ფაქტების წინასწარ მოძიებას. საგამოძიებო მასალებს გადასცემენ სამოქალაქო პირებისგან შემდგარ საბჭოს, რომელიც იძიებს საქმეს და რეკომენდაციებით შუამავლობს პოლიციის შეფთან. ეს პროცესი ყველაზე მეტად დამოუკიდებელი და სამოქალაქოა.
II. პოლიციის მუშაკები ახორციელებენ ფაქტების წინასწარ მოძიებას, რის შემდეგაც საგამოძიებო მასალები შეაქვთ სამოქალაქო პირებისგან შემდგარ საბჭოში, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
III. პოლიციის მუშაკები ახორციელებენ ფაქტების წინასწარ მოძიებას და რეკომენდაციებს წარუდგენენ პოლიციის შეფს. როდესაც დაზარალებული მოქალაქე უკმაყოფილოა საჩივარზე პოლიციის შეფის რეაგირებით, მას შეუძლია საკითხი გაასაჩივროს სამოქალაქო პირებისგან შემდგარ საბჭოში. ეს სისტემა ყველაზე ნაკლებად ეფექტურია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი სამი ტიპის მექანიზმი ყველაზე მეტად არის გავრცელებული, არსებობს სხვა სისტემებიც.
რატომ არის სამოქალაქო განხილვა მნიშვნელოვანი?
● სამოქალაქო განხილვა ამკვიდრებს პოლიციის ანგარიშვალდებულების პრინციპს. თუნდაც სუსტი სამოქალაქო განხილვის სისტემა უკეთესია, ვიდრე მისი არარსებობა. არსებობს მყარი არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ სამოქალაქო განხილვის სისტემა, უკმაყოფილების შემთხვევაში, ხელს უწყობს მოქალაქეების მხრიდან საჩივრების შეტანას.
● სამოქალაქო განხილვის მექანიზმი არის პოლიციის მიერ კანონის დარღვევის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო. არსებობს გაცილებით მეტი შანსი, რომ სამოქალაქო საბჭომ შეაგროვოს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია პოლიციელების მიერ კანონის დარღვევის შესახებ, ვიდრე ამას პოლიციის შიდა სტრუქტურები გააკეთებენ.
● სამოქალაქო განხილვა შეიძლება გახდეს პოლიციის ადმინისტრაციისთვის ნიშანი, რათა მან იზრუნონს დარღვევების აღმოფხვრაზე. ბევრ პოლიციელს უცდია პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ შიდა მექანიზმებით ამის გაკეთება ნაკლებად შესაძლებელია. მხოლოდ შსს გენერალური ინსპექცია, ეფექტური სამოქალაქო კონტროლის გარეშე, ამის გაკეთებას ვერ შეძლებს. |
სამოქალაქო ზედამხედველობის საბჭოს ეფექტური მუშაობის პრინციპები
1. დამოუკიდებლობა. მოსმენების მოწყობის, მოწმეების გამოძახების, მოხსენებებისა და რეკომენდაციების გამოქვეყნების უფლება.
2. საგამოძიებო უფლებამოსილება. ფაქტების დამოუკიდებლად გამოძიების უფლება.
3. პოლიციასთან თანამშომლობის ვალდებულება. პოლიციის დოკუმენტაციის და მოწმეების თავისუფალი გამოყენების საშუალება.
4. მოსმენები. მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის როლის და მოქალაქეებში ნდობის ამაღლებისთვის.
5. საზოგადოების მრავალფეროვნების ასახვა. საბჭოს შემადგენლობა მაქსიმალურად წარმომადგენლობითი უნდა იყოს.
6. რეკომენდაციები პოლიციის სამოქმედო პოლიტიკასთან დაკავშირებით. სამოქალაქო ზედამხედველობის დროს პოლიციის სამოქმედო პოლიტიკაში შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემები, რომლებიც ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს.
7. სტატისტიკური ანალიზი. საჯარო სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია, გამოვლინდნენ ის პოლიციელები, რომლებსაც ყველაზე ხშირად უჩივიან.
8. განცალკევებული ოფისი. სამოქალაქო ზედამხედველობის ორგანო პოლიციის ორგანოებისაგან განცალკევებით უნდა მდებარეობდეს, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა.
9. დისციპლინური როლი. საბჭოს მიერ მოძიებული მასალები საფუძვლად უნდა დაედოს შესაბამის დისციპლინურ სასჯელებს.
● სამოქალაქო ზედამხედველობის საბჭოს არსებობა, რომელიც თავისთავად რეფორმაა, შესაძლებელია გახდეს იმის გარანტი, რომ სხვა რეფორმებიც განხორციელდება. პოლიციის ორგანოებმა შეიძლება შეიმუშაონ პოლიციელების მიერ კანონდარღვევათა აღმოფხვრის სპეციალური სამოქმედო გეგმა, მაგრამ ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი გახდება ამ პროცესზე სამოქალაქო ზედამხედველობის არარსებობის პირობებში.
● სამოქალაქო განხილვის მექანიზმი მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ ის ზედამხედველობას უწევს პოლიციის სამოქმედო პოლიტიკას. სამოქალაქო ზედამხედველობის თითქმის ყველა საბჭომ შეიძლება მიაღწიოს შემდეგს:
1. საჩივრების მიღებისას პოლიციის პასიურობის შემცირებას;
2. განცხადებების მიღებისას პროცედურული ბარიერების შემცირებას;
3. საჩივრების შესახებ სტატისტიკური მონაცემების სისრულისა და სიზუსტის სავარაუდო გაზრდას;
4. პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დამოუკიდებელ განხილვას;
5. მოქალაქეების ნდობის გაზრდას, რომ მათ მიერ შეტანილ საჩივრებს შედეგი მოჰყვება;
6. პოლიციის რეფორმირების ალბათობის გაზრდას. |
პოლიციის მხრიდან ძალადობის შემცირება
ამ სფეროში საზოგადოების მთავარი მიზანი უნდა იყოს პოლიციის სამმართველოების იძულება, დაადგინონ წერილობითი წესები პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შესახებ. ეს წესები ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს:
● წესებმა მინიმუმამდე უნდა შეზღუდოს ძალის გამოყენება. მაგალითად, დამნაშავის დაკავების, დემონსტრაციის დაშლისა თუ რაიმე სხვა შემთხვევაში, უნდა აიკრძალოს ცემა თავის არეში, რასაც სერიოზული ზიანი შეიძლება მოჰყვეს. ხელკეტი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ თავდაცვისთვის, ელექტროშოკის გამოყენება კი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რადგან იგი არ ტოვებს კვალს და შესაძლებელია მისი ბოროტად გამოყენება.
● ამ წესების მიხედვით, პოლიციელისთვის სავალდებულო უნდა იყოს წერილობითი მოხსენების წარდგენა ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ. აღნიშნული მოხსენება ავტომატურად უნდა განიხილოს ზემდგომმა თანამდებობის პირმა. საზოგადოების მიზანი ასევე უნდა იყოს პოლიციის სამმართველოების მიერ წინასწარი შეტყობინების სისტემის შემუშავება იმ პოლიციელების შესახებ, რომლებიც ხშირად იყენებენ ფიზიკურ ძალას. ასეთი შემთხვევები უნდა გამოიძიონ და, თუ დანაშაული დამტკიცდება, პოლიციელები უნდა დაისაჯონ, ან სხვა სამუშაოზე გადაიყვანონ და ა.შ. |
პოლიციის მიერ ინფორმაციის უკანონო შეგროვება
სერიოზულ პრობლემად რჩება პოლიციის მიერ პოლიტიკურად არაპოპულარულ თემებზე ინფორმაციის კანონიერი შეგროვება. ოპერატიული ინფორმაციის შეგროვება, როგორც წესი, უცნობი რჩება როგორც მოწმისთვის, ისე დაზარალებულისთვის. მაგალითად, შეერთებული შტატების ზოგიერთი შტატის პოლიციის დეპარტამენტში მოქმედებს ,,შეზღუდული ინფორმაციის შესახებ“ წესები. მათი უმეტესობა შემდეგ პრინციპებს მოიცავს:
●,,შეზღუდული ინფორმაცია“ (ინფორმაცია რელიგიური და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ) შეიძლება შეგროვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და ეს ინფორმაცია ამ დანაშაულთანაა დაკავშირებულია.
● დამოუკიდებელი ,,სამოქალაქო აუდიტორი“ უნდა დაინიშნოს მერის მიერ და დამტკიცდეს ქალაქის საკრებულოს მიერ. სამოქალაქო აუდიტორს უნდა ჰქონდეს უფლება, ნახოს პოლიციის მიერ მიღებული ნებართვები შეზღუდული ინფორმაციის შეგროვებაზე, ასევე, სამოქალაქო აუდიტორს უფლება უნდა ჰქონდეს, ნახოს ყველა დოკუმენტი, რომელიც პოლიციაში არსებობს. დამოუკიდებელი აუდიტორი ვალდებულია, შეატყობინოს ქალაქის თვითმმართველობის ორგანოს კანონის ყველაზე ხშირად დამრღვევი პოლიციელების შესახებ.
● ინდივიდს, რომელიც უკანონო მოსმენების ან სხვაგვარი ქმედების მსხვერპლი გახდა, უნდა შეეძლოს სამოქალაქო სარჩელით ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა ქალაქის მუნიციპალიტეტისაგან. |
სამოქალაქო კონტროლი პოლიციის სამოქმედო პოლიტიკაზე
პოლიციის სამოქმედო პოლიტიკა უნდა იყოს საზოგადოების ფართო განხილვის და დებატების საგანი. სამოქმედო გეგმა ან პოლიტიკა არ უნდა შეიმუშაონ მხოლოდ პოლიციის შიდა სტრუქტურებში. მსგავს საკითხებზე წარმოებული დებატები პოლიციის თანამშრომლებისთვისაც სასარგებლოა, რადგან ისინი ამის შედეგად ეცნობიან საზოგადოების მოთხოვნებს. ამასთან, პოლიციელებს ეძლევათ საშუალება, რომ აუხსნან საზოგადოებას, თუ რატომ არის კონკრეტული პროცედურები საჭირო. ასეთი გამჭვირვალობის შედეგად, პრობლემები დასაწყისშივე გადაიჭრება.
მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერკლის პოლიციის ზედამხედველობის კომისია, რომელიც ორ თევში ერთხელ იკრიბება და აწყობს ღია შეხვედრებს. შეხვედრას შეიძლება დაესწრონ მოქალაქეები და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და კრიტიკა, ასევე შესთავაზონ კომისიას თავიანთი რეკომენდაციები. ამ კომისიის მუშაობის შედეგად, შემუშავდა წესები ხელკეტების გამოყენების, უსახლკაროებთან მოპყრობის შესახებ და ა.შ. |
პროფესიონალიზმის ამაღლება
როგორც წესი, თითქმის ყველა საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნილება, გაუმჯობესდეს პოლიციელთა მომზადება. ამისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ელემენტებზე:
● უნდა გაუმჯობესდეს პოლიციის აკადემიის სასწავლო პროგრამა. პროგრამა უნდა შეიცავდეს როგორც აკადემიურ ნაწილს, ისე წვრთნებს.
● სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს მომზადებას, რომლის მიზანიც იქნება ძალადობის შემცირება. მომავალმა პოლიციელებმა უნდა შეიძინონ ადამიანებთან ურთიერთობის სპეციალური უნარ-ჩვევები, რისი მეშვეობითაც ისინი შეძლებენ სხვადასხვა სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას ისე, რომ იარაღის სროლა არ გახდეს საჭირო.
● მომზადება უნდა მოიცავდეს კონკრეტული საზოგადოების თავისებურებების შესწავლას და მასთან ურთიერთობას. ამით მომავალი პოლიციელები შეძლებენ საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას.
თვით ყველაზე მაღალი დონის პოლიციის აკადემიის პროგრამებსაც კი აგდებით უყურებენ ძველი პოლიციელები, რომლებიც ახალ კურსდამთავრებულებს, პირველ რიგში, იმას ურჩევენ, რომ დაივიწყონ ის, რაც აკადემიაში ისწავლეს, რადგან პრაქტიკა თეორიისგან განსხვავდება. |
რამდენიმე რჩევა დასახული მიზნების მისაღწევად
როგორც კი საზოგადოება დაადგენს იმ პრობლემათა წრეს, რომელიც პოლიციაში არსებობს, მათი გადაწყვეტის გზებიც უნდა დადგინდეს.
რჩევა 1: პოლიციის საქმიანობის მონიტორინგი ბევრ ქვეყანაში შექმნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს პოლიციის საქმიანობაზე. მათი მთავარი მიზანი პოლიციის მხრიდან ძალადობის შემცირებაა. ასეთი ორგანიზაციები სისტემატურად აგროვებენ პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. მაგალითად, კალიფორნიაში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც თავის აქტივისტებს ყოველდღიურად აგზავნის სამორიგეოდ. აქტივისტები დარღვევის აღმოჩენისთანავე უკავშირდებიან მათი ორგანიზაციის იურისტებს, რომლებიც შემდეგ მიჰყვებიან საქმეს.
რჩევა 2: ინფორმაციის თავისუფლება
1976 წელს შეერთებულ შტატებში სიეტლის პოლიციის უფროსის დამტკიცებისას გამოვლინდა, რომ პოლიციას შეგროვილი ჰქონდა ინფორმაცია პირებზე, რომლებიც არასდროს ყოფილან ეჭვმიტანილი რაიმე დანაშაულში. ამის შემდეგ ადგილობრივმა პრესამ გამოაქვეყნა 150 პირის სახელი, რომლებზეც პოლიცია ფლობდა ინფორმაციას. ამ პირებმა, რომელთა მიმართაც დაირღვა პირველი შესწორებით გათვალიწინებული პირადი ცხოვრების უფლება, შექმნეს კოალიცია მათიუფლებების დასაცავად. კოალიციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და, შტატის კანონმდებლობის მიხედვით, მოითხოვა პოლიციის ოპერატიული ინფორმაციის გახსნა. რადგან აღნიშნული ინფორმაცია მთლიანად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არ იყო დაკავშირებული სამართალდამცავების საქმიანობასთან, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საჯარო ინფორმაციაა. გაირკვა, რომ ოპერატიული ინფორმაცია არ იყო ზუსტი და შეიცავდა პოლიტიკური აქტივისტების შესახებ ინფორმაციას. ამ პრეცედენტით საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა რეფორმებს.
რჩევა 3: სამოქალაქო განათლება
მრავალი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანი სამოქალაქო განათლებაა. უმეტეს შემთხვევაში, პოლიციელები იმიტომ არღვევენ კანონს, რომ მოქალაქეები არ იცნობენ საკუთარ უფლებებს და არ შეუძლიათ მათი დაცვა. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხშირად ამზადებენ სამახსოვროებს მოქალაქეებისთვის, სადაც მითითებულია მათი უფლებები, აწყობენ შეხვედრებს მოქალაქეებთან, სადაც ხდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განმარტება.
რჩევა 4: გამოიყენეთ პოლიტიკური პროცესები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სამოქალაქო უფლებების დასაცავად წამოწყებული კამპანია ბევრ ქვეყანაში აუტაციათ პოლიტიკურ ლიდერებს, რაც აადვილებს ზოგიერთი ცვლილების ლობირებას.
რჩევა 5: კანონმდებლობის ლობირება
კანონმდებლობის ლობირება შეიძლება მოიცავდეს:
● სპეციალური პროკურორის პოსტის შექმნას, რომელიც გამოიძიებს პოლიციელების მიერ კანონის დარღვევის ფაქტებს; დამოუკიდებელი პროკურორები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული პოლიციელების მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე, უფრო აქტიურად აღძრავენ საქმეს დამნაშავე პოლიციელების წინააღმდეგ:
● სამოქალაქო ზედამხედველობის ორგანოს შექმნა პოლიციასთან;
● პოლიციელების მიერ კანონის დარღვევის ფაქტების მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვება და მათი გამოქვეყნება;
● პოლიციელის მიერ სხვა პოლიციელის ჩადენილი კანონდარღვევის დაფარვის დანაშაულად გამოცხადება;
● ძალადობის და ფიზიკური ზიანის მიყენების იარაღების გამოყენების შეზღუდვა;
● დახურული პროცედურების გამჭვირვალობისთვის ბრძოლა და საზოგადოების ჩართვა პოლიციის სამოქმედო პოლიტიკის შემუშავებაში. |
მოამზადა მაია ოქრუაშვილმა
![]() |
4 ადამიანის უფლებები და ბიბლიური კანონმდებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ვოლფგან ჰუბერი
ქრისტიან ღვთისმეტყველებს საოცრად დიდი დრო დასჭირდათ იმისათვის, რომ სათანადო კომენტარი გაეკეთებინათ ადამიანის უფლებების თანამედროვე მდგომარეობისთვის და შეეფასებინათ სამართლებრივ აზროვნებაზე კანონის ბიბლიური აღქმის გავლენა. ამ მიმართულებით სერიოზული გამოკვლევები მხოლოდ ჩვენი საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, რაც შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა. პირველ რიგში, საჭირო იყო იმის განმარტება, თუ რით ხელმძღვანელობდნენ ცალკეული ქრისტიანებიდა ქრისტიანული ეკლესიები ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლისას და რა შემთხვევებში ამჟღავნებდნენ სოლიდარობას ჩაგვრისა და გაუცხოების მსხვერპლთა მიმართ. მეორე მხრივ, გამოკვლევებს წინ უსწრებდა ვრცელი დებატები იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ადამიანის უფლებები ჭეშმარიტად ,,უნივერსალურად,“ თუკი ისინი ობიექტურად არის განპირობებული იუდაიზმის, ქრისტიანობისა და დასავლური განათლების გარკვეული კულტურული და რელიგიური ტრადიციებით. ორივე საკითხს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებების ხასიათის თანმიმდევრული გაგებისათვის შემდგომში.
უკანასკნელ წლებში წარმოიშვა მესამე გარემოება, რამაც ადამიანის უფლებების რელიგიურ წარმომავლობას მეტი ღირებულება შესძინა. ეს არის დისკუსია თემაზე ,,ეთიკური ნორმების გლობალური ხასიათი“ ან, ვამჯობინებ სხვაგვარად ვუწოდო მას, ,,პლანეტარული ეთოსი“. რელიგიებს პლანეტარული ეთოსის განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა ეძლევათ. ამ კონტექსტში იბადება კითხვა, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებები ასეთი პლანეტარული ეთოსის მთავარ ელემენტად. ამ დისკუსიებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა სხვადასხვა რელიგიურ სწავლებებთან და კულტურულ ტრადიციებთან ადამიანის ,,საყოველთაო“ უფლებების მიმართების საკითხს და მისი გადაწყვეტა კიდევ უფრო გადაუდებელი გახდა. შევეცდები კომენტარი გავუკეთო ადამიანის უფლებების თანამედროვე მდგომარეობასა და რელიგიური ეთოსის ურთიერთდამოკიდებულებას. თორის გავლენა ქრისტიანულ სამართლებრივ აზროვნებაზე და ადამიანის უფლებების თანამედროვე თეორიის ფორმირებაზე, რა თქმა უნდა, განმარტებას მოითხოვს. ზოგიერთმა მეცნიერმა საკითხი ძალიან გააუბრალოვა, როცა ამტკიცებდა, რომ ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგება, უბრალოდ, ახლებურად ასახავს ძველი აღთქმის სამართლებრივ ტრადიციას. სინამდვილეში, ბიბლიასა და ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგებას შორის გაცილებით სუსტი კავშირია. კანონის ჩვენეულ გაგებაზე ბიბლიური ტრადიციების გავლენის შეფასება არც თუ ისე იოლი ამოცანაა, თუმცა, ამას სამართლებრივი კონცეფციების ის უკანასკნელი გამოკვლევები აიოლებს, რომლებიც სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლებმა ჩაატარეს. მათ შორისაა, მაგალითად, ფრანკ კრიუზემანის ნაშრომი, მიძღვნილი ბიბლიური კანონმდებლობის ისტორიული განვითარებისადმი, რომელიც ყველაზე სრულყოფილად თორაში გამოვლინდა. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა მივუდგეთ არა მარტო თორის ისტორიულ გააზრებას, არამედ მთლიანობაში ბიბლიური აზრის გავლენას სამართლის ფორმირებაზე ევროპასა და, მოგვიანებით, ამერიკაში.
მე ეს თემა სამ ნაწილად დავყავი. თავდაპირველად აღვწერ გზას, რომლითაც ბიბლიური აზრის იმპულსმა შეაღწია დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში და გავლენა მოახდინა სამართლებრივი იდეების განვითარებაზე. შემდგომ ვსვამ საკითხს, თუ რა აქვთ საერთო ადამიანის უფლებებსა და თორას და რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან. და ბოლოს, ჩვენ განვიხილავთ თანამედროვე დებატებს რელიგიის შესაძლო წვლილზე კონკრეტულად ადამიანის უფლებების თეორიის შემდგომი სრულყოფისა და მთლიანად პლანეტარული ეთოსის საქმეში.
ბიბლიის როლი დასავლური სამართლის ფორმირებაზე
დასავლური სამართლებრივი აზროვნების განვითარებაზე ბიბლიის გავლენა შესაძლოა, დაახლოებით, ხუთ ეტაპად დაიყოს.
პირველი ეტაპი რომის იმპერიის გაქრისტიანებით იწყება და კონსტანტინეს ეპოქით მთავრდება. იმ სამართლებრივი დაწესებულებების რეფორმირება, რომლებიც ხშირად მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული რომის სახელმწიფო რელიგიასთან, იმდაგვარად მოხდა, რომ მათ პრაქტიკაში ეთიკაზე იუდეური და ქრისტიანული შეხედულებები ასახულიყო. ამ გარდაქმნის შედეგები ყველაზე მკაფიოდ ქორწინების ინსტიტუტზე აისახა, რომელიც ამ დროიდან განიხილებოდა, როგორც სიცოცხლის ბოლომდე დადებული ჰეტეროსექსუალური, მონოგამური კავშირი. იმ პერიოდის სამართლებრივ ცვლილებებში ძველი თუ ახალი აღთქმის სამართლებრივი ნორმები ისე ძლიერად არ ასახულა, რომ რაიმე მნიშვნელოვან გავლენაზე შეგვეძლოს ლაპარაკი. მსგავსი მოვლენები რომის იმპერიის გაქრისტიანების თანმდევ პროცესად აღიქმებოდა და ეს ხდებოდა იმ ფონზე, როცა იუდაიზმმა დაკარგა თავისი სულიერი მემკვიდრეობა. თუ დიალექტიკის ენით ვილაპარაკებთ, იმპერიის გაქრისტიანებამ გამოიწვია ქრისტიანობის სეკულარიზაცია და მისი გათავისუფლება იუდეური ფესვებისგან. ამრიგად, ქრისტიანული მისიის რადიკალიზმი შესუსტებული აღმოჩნდა. რეფორმების შედეგად, გაბატონებული ხელისუფლების სტრუქტურამ თვით ისეთი იდეების ადაპტირებაც კი მოახდინა, რომლებიც უძლურთა მოლოდინებს უკავშირდებოდა.
თავად დასავლური სამართლებრივი თეორიის ფორმირებაზე ბიბლიის ზეგავლენის მეორე ეტაპი დაემთხვა მოვლენებს, რომელთაც ჰაროლდ ი. ბერმანმა ,,პაპის რევოლუცია“ უწოდა (დაახლოებით 1050 წლიდან 1200 წლამდე). მოიყვანა რა შესაბამისობაში სამართლის სხვადასხვა სფეროს ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებები, პაპის რევოლიუციამ იურიდიული წესების ყოველმხრივი სისტემატიზაცია მოახდინა. 1140 წლის ,,გრაციანის დეკრეტებში“ (Decretum Gratiani) ეს უფლება პირველად შეეხო კანონიკურ სამართალს, შემდეგ კი გამოყენებული იქნა იურიდიული მეცნიერების სხვა სფეროებში. შუა საუკუნეებში რომაული სამართლებრივი იდეის გათავისება კანონის ნორმებთან შინაგანი შეთანხმების შესაბამისად ხდებოდა. აფუძნებდნენ რა ახლადსისტემატიზირებულ კანონს ბუნებითი სამართლის პრინციპებზე, შუა საუკუნეების ავტორები იმავდროულად მიუთითებდნენ ხელისუფლებაზე, როგორც მისი შინაგანი მემკვიდრეობითობის გარანტზე. რამდენადაც ბუნებითი სამართლის პრინციპები ან გამოცხადების გზით შეიძლება ყოფილიყო მიღებული, ან გონების მეშვეობით ყოფილიყო დამუშავებული, თავისთავად ეს ნაბიჯი გულისხმობდაეპოქალურ ცვლილებას - დასავლური იურიდიული აზროვნების გათავისუფლებას ბიბლიური ფესვებისაგან. ამრიგად, იურიდიული აზროვნების სეკულარიზაცია დასავლეთში გარკვეულწილად ჩაისახა არა თანამედროვე პერიოდში, არამედ კონსტანტინესეული გარდაქმნისა და პაპის რევოლუციის დაწყებისას. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანის პიროვნების შესახებ შეხედულებების ჩამოყალიბებას, რაც, პაპის რევოლუციიდან მოყოლებული, გავლენას ახდენდა დასავლურ იურიდიულ აზროვნებაზე. ამ დროიდან ადამიანში ხედავდნენ განუმეორებელ პიროვნებას - ქრისტიანულ სულს, რომლის ჩამოყალიბება ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით ხდებოდა. ადამიანის ასეთ განსაზღვრებას მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ იმ სფეროში, რომელიც ეკლესიას განაგებდა, არამედ პოლიტიკური საზოგადოებისთვისაც. ნათლობის საიდუმლო სამოქალაქო სამართლის სივრცეში მოქცევის ნიშანი იყო (თითქმის მე-19 საუკუნემდე). გარდა ამისა, 1215 წლის IV ლათერანის კრების გადაწყვეტილების თანახმად, სამოქალაქო უფლებებზე პრეტენზია შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ იმას, ვინც მოინათლა და, სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც, ჩვეულებისამებრ, აღდგომის პერიოდში, აღსარებას ამბობდა და ეზიარებოდა. ეკლესიიდან განკვეთას მოჰყვებოდა კავშირების გაწყვეტა არა მხოლოდ საეკლესიო თემთან, არამედ მთელ საზოგადოებასთან და ასევე სამოქალაქო უფლებების დაკარგვა. დასავლეთში იურიდიულ მეცნიერებაში დამკვიდრებულმა პიროვნების ამ ახლებურმა გაგებამ, ყველაფერთან ერთად, საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, ზღვარი გაივლო ქრისტიანებსა და მოუნათლავებს ანუ ეკლესიიდან განდგომილებს, უფრო ზუსტად, ებრაელებს, ერეტიკოსებსა და წარმართებს შორის. შემდეგ დაყოფა შეეხო პირებს, რომლებიც საეკლესიო და საერო ძალაუფლებას ფლობდნენ. ამასთან დაკავშირებით ,,გრაციანის დეკრეტებმა“ (Decretum Gratiani) საბოლოოდ დაყო ქრისტიანები ორ ჯგუფად (genera Christianorum): კლერიკალური, რომელშიც შევიდნენ მღვდლები და ბერები, და ერისკაცები, რომლებშიც შედიოდა ყველა სხვა დანარჩენი მორწმუნე-ისინიც, რომელთაც გააჩნდათ ძალაუფლება და ისეთებიც, რომელთაც ძალაუფლება არ გააჩნდათ. და ბოლოს, genera Christianorum კიდევ იყოფოდა ქალებად და კაცებად, რომელთაც გააჩნდათ სხვადასხვა უფლებები და მოვალეობები პატრიარქალურ საეკლესიო და საზოგადოებრივ წყობაში.
მიუხედავად იმისა, რომ პაპის რევოლუციამ არსებითად შეცვალა შეხედულება ადამიანის პიროვნებაზე, წამოწია რა ის სამართლებრივი სისტემის ცენტრში, იურიდიული მეცნიერება ჯერ კიდევ შორს იყო ადამიანთა საყოველთაო უფლებების იდეისაგან. საეკლესიო პირთა ორ ჯგუფად დაყოფა, საზოგადოების საყოველთაო კლასიფიკაცია, მოუნათლავთა და განდგომილთათვის საეკლესიო და სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა გამორიცხავდა ყოველგვარ აზრს, არსებულიყო სამართლებრივი ნორმების ერთიანი კრებული, რომელიც ყველა ადამიანის მიმართ თანაბრად გამოიყენებოდა. თვით 1215 წლის ინგლისის თავისუფლების დიდი ქარტიაც კი, რომელსაც ასე ხშირად ასახელებენ თანამედროვე ადამიანის უფლებების წინამორბედად, უნივერსალურ ხასიათს კი არ ატარებდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მეფე იოანესთან დაპირისპირებული ბარონების გარკვეული კორპორაციის უფლებათა დეკლარაციას წარმოადგენდა.
დასავლეთის იურიდიულ მეცნიერებაზე ბიბლიის გავლენის მესამე ეტაპი პროტესტანტულმა რეფორმაციამ განაპირობა. რეფორმატორული მოძრაობებით გამოწვეულმა სეკულარიზაციის პროცესმა გავლენა მოახდინა რეალობის აღქმაზე და თანაბრად შეეხო სამართლებრივ საკითხებს. რეფორმატორებმა ცნეს სულიერი ხელისუფლებისგან სამართლებრივი ურთიერთობების ავტონომია. მათ ასევე გამოაცხადეს, რომ დაუქორწინებელ მღვდელთმსახურებს არა აქვთ რაიმე უპირატესობა დაქორწინებული საერო პირების ცხოვრების წესზე. რეფორმაციის საწყის ეტაპზე წოდებრივი სისტემის სოციალური კლასიფიკაციის სისტემად ტრანსფორმირება დაიწყო, სადაც ადამიანები იმის მიხედვით ნაწილდებოდნენ, თუ ქრისტიანული თემის ცხოვრების რომელ სფეროს ეკუთვნოდნენ. სინდისისა და რელიგიის თავისუფლება აღიარებული და შემოფარგლული იყო საზღვრებით, რომლის იქეთ ვერ გადააბიჯებდა ოფიციალური ხელისუფლება თავისიპოლიტიკური პრეტენზიებით. რეფორმაციის თანამდევ რელიგიურ კონფლიქტებში, მუდმივი დაპირისპირების პირობებში, ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ პიროვნების უფლებებს პატივს სცემენ მხოლოდ იმ საზოგადოებაში, რომელიც აღიარებს სინდისის თავისუფლებას. აღორძინების ეპოქის ჰუმანიზმთან და გვიან სქოლასტიკასთან ერთად რეფორმატორულმა მოძრაობამ მოამზადა ნიადაგი ადამიანის შესახებ შეხედულების რადიკალური ცვლილებისა და ყველა ადამიანის ღირსების თანასწორობის შემდგომი აღიარებისთვის. მაშინ გაჩნდა სახელმწიფოს წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის იდეაც - სიცოცხლის, თავისუფლებისა დასაკუთრების უფლება არ შეიძლება მათ წაერთვათ არც საზოგადოებრივი შეთანხმების და არც სახელმწიფო ძალაუფლების თვითნებობის საფუძველზე. ასეთ მიდგომას, რომელმაც უზრუნველყო ყველა ადამიანის თვითგამორკვევის უფლება, განსაკუთრებული გავლენა უნდა მოეხდინა რელიგიის სფეროზე. რელიგიური თავისუფლება თავიდანვე ახალი დროის ადამიანის უფლებათა თეორიის ცენტრში იდგა.
რეფორმაციის თანამდევი კონფლიქტები პროტესტანტურ სექტებს შორის, უეჭველია, გავლენასახდენდნენ სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაზე და ქმნიდნენ მეოთხე ეტაპზე გადასვლის საფუძვლებს. მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტი რწმენის შესახებ გაცხარებული დისკუსიები დროდადრო სისხლიან კონფლიქტებში გადაიზრდებოდა, დასავლელი მოაზროვნეები მივიდნენ აზრამდე, რომ სახელმწიფო სამართლებრივი სისტემა არ უნდა აიგოს რელიგიურ საფუძველზე. სახელმწიფო მშენებლობის ახალი მიდგომის აშკარა აუცილებლობა გადმოცემულია ტომას გობსის ,,ლევიათანში“, რაც ეთანხმებოდა ჰუგო გროციას ცნობილ თეზისს იმის შესახებ, რომ სამართლებრივმა სისტემამ უნდა იარსებოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ღმერთი არ არსებობს (esti Deus nondoruter). კანონის წყარო თავად სახელმწიფო უნდა გამხდარიყო. იწყებოდა პოზიტივიზმის ეპოქა. სამართლებრივი მეცნიერების განვითარების ეს სტადია შეიძლება დახასიათდეს, როგორც კანონის ნაციონალიზაციის ეპოქა. მაგრამ საჭირო იყო სახელმწიფო ძალაუფლების დაბალანსება, რაც სწავლულებმა ადამიანისა და სამოქალაქო უფლებებში დაინახეს და რაც მკაფიოდ ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციების შემდეგ ჩამოყალიბდა.
იუდეველთა და ქრისტიანთა მემკვიდრეობამ სხვადასხვაგვარად იმოქმედა ამ მოვლენებზე. უფლებების ამერიკული დეკლარაცია წარმოიშვა, როგორც ქრისტიანული განმანათლებლური სულის, ღვთის მსგავსად და ხატად შექმნილი ადამიანთა თანასწორობის იდეის გავლენით, ასევე ბუნებით სამართალში ჩამოყალიბებული ადამიანთა თანასწორი ღირსების იდეით. სამოქალაქო უფლებებისა და ადამიანის თავისუფლების ფრანგული დეკლარაციები, ერთი მხრივ, ამერიკაში მიმდინარე მოვლენათა გავლენით წარმოიშვა, მეორე მხრივ კი, მათში აისახა ანტიკლერიკალური განწყობა, როგორც ქრისტიანობის, ისე მისი იუდეური საფუძვლების მიმართ. ეს გარემოება აძლიერებდა შთაბეჭდილებას, თითქოს ქრისტიანული სამართლებრივი აზროვნება და ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგება განცალკავებულ სამყაროებს წარმოადგენენ. ამ წინასწარ შექმნილი აზრის გამო, ევროპულმა ქრისტიანულმა ღვთისმეტყველებამ თავისი განხილვიდან საუკუნე ნახევარზე მეტი დროით გამორიცხა სამართლებრივი პრობლემატიკა.
განმანათლებლობის საუკუნეში, რომელსაც ჩვენ თანამედროვე ადამიანის უფლებათა კრებულის გამო უნდა ვემადლიერებოდეთ, დასავლურ სამართლებრივ ცნობიერებაზე ბიბლიის გავლენის მეხუთე ეტაპის წინაპირობა შეიქმნა. ეს წინაპირობა, ძირითადად, პირადი პასუხისმგებლობისა და პიროვნების ავტონომიის ხელახალ აღმოჩენაში მდგომარეობს. ნებისმიერი ავტორიტეტისგან (საეკლესიო თუ საერო) დამოუკიდებლობის უფლება განმანათლებლობის უმნიშვნელოვანესი იდეა გახდა. განმსაზღვრელი აღმოჩნდა დასკვნა, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს მთელი მართლწესრიგი იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი არის სამართლის სუბიექტი. ამ იდეამ, რომელიც ქრისტიანულ და ,,ბუნებით“ სამართლებრივ ტრადიციებს ეფუძნებოდა, ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანის პიროვნება აღიარებული იქნა სამართლის სუბიექტად და სამართლებრივი მეცნიერების უმთავრეს ორიენტირად იქცა.
მაგრამ ის საკმაოდ ნელა მკვიდრდებოდა მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციურ სისტემაში და ეს პროცესი საუკუნე ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, ანუ იმ დრომდე გახანგრძლივდა, სანამ ეს იდეა 1948 წელს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღებით, საერთაშორისო სამართლის განუყოფელი კომპონენტი გახდა. გაერთიანებულ ერთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იმის აღიარებას, რომ ადამიანი არის სამართლის სუბიექტი, გარკვეულწილად ხელი შეუწყო იმ საშინელებამ, რომელიც ნაციზმის სისასტიკემ და სტალინურმა ტერორმა მოახვია თავს სამყაროს. მნიშვნელოვანი მიღწევა-1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ხელმოწერა, - შემდგომში ადამიანის უფლებების რეგიონალურ კონვენციებში და საერთაშორისო შეთანხმებებში, განსაკუთრებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის პაქტებში დაკონკრეტდა.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანის უფლებების თეორიის სრულყოფა მხოლოდ აღნიშნულ ხუთ პერიოდში ხდებოდა, თუმცაღა ამ პრინციპების გაგება შეუძლებელია იმ დროში გამოთქმული იდეების განხილვის გარეშე. ძველი აღთქმის კანონმდებლობასთან ადამიანის უფლებების ურთიერთკავშირი და ქრისტიანთა მონაწილეობა სამართლის თეორიის შექმნაში საკმაოდ რთული თემებია იმისათვის, რომ ისინი მხოლოდ სეკულარიზაციის პრიზმაში განვიხილოთ. მეტიც, სეკულარიზაციის თეორიები ამტკიცებს, რომ თვით ახალი დროის დასაწყისამდეც კი ქრისტიანობამ შეინარჩუნა თავისი რელიგიური ხასიათი, მაგრამ ადამიანის გონების მზარდი ავტონომიურობის გავლენით, სეკულარიზაცია განიცადა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სამართლის თეორიის განვითარებაზე ქრისტიანობის გავლენა გაცილებით რთულ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ერთი მხრივ, ახალი დროების წინმსწრებ ეპოქაში ბიბლიურმა სამართლებრივმა აზროვნებამ უკვე განიცადა გარკვეული ტრანსფორმაცია და ყოველი მათგანი სეკულარიზაციის ანაბეჭდს ატარებდა. მეორე მხრივ, თვით-ახალ დროშიც კი, სამართლებრივი მეცნიერების სრულყოფა მხოლოდ სეკულარიზაციის ნიშნით არ აღინიშნებოდა. მას ორი სხვა მოვლენაც დაემატა, რასაც მე ნაციონალიზაციასა და სუბიექტივიზაციას ვუწოდებ.
ბიბლიურ ტრადიციას ანგარიშს უწევდნენ ყველა ზემოთჩამოთვლილ პერიოდში. ბიბლიას მიმართავდნენ ყოველთვის, როცა იურიდიული სტატუსკვოს აღიარებისთვის სხვა არგუმენტს ვერ პოულობდნენ. ამას არ შეეძლო არ გამოეწვია პროტესტი: თანამედროვე სამართალი, ადამიანის უფლებების თანამედროვე თეორიის ჩათვლით, კანონის შესახებ ბიბლიურ შეხედულებებს მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება შევადაროთ და ისიც მხოლოდ ზოგადი პრინციპების დონეზე. ერთი მხრივ, ბიბლიური სამართლებრივი აზროვნება არ გამოდგება იმისათვის, რომ მოვახდინოთ თანამედროვე სამართლებრივი სისტემის სტრუქტურის უბრალოდ განსაზღვრა და ლეგიტიმაცია. მეორე მხრივ, სამართლებრივ სისტემაზე მსჯელობისას, არათანმიმდევრული იქნებოდა, არ შევხებოდით ღვთიურ საფუძველს, ჩაგვეთვალა ეს სისტემა საკმარისად და კანონის შესახებ ბიბლიური წარმოდგენა თანამედროვე სამართლებრივი სისტემისგან დამოუკიდებლად განგვეხილა.
თანამედროვე სამართალსა და ბიბლიურ სამართლებრივ აზროვნებაში გასარკვევად, დღეს მიუკერძოებელი კრიტიკული მიდგომაა აუცილებელი. ამას მოითხოვს ჩვენგან, ღვთისმეტყველთაგან, ჰერმენევტიკული პატიოსნება. დღეს არ არსებობს სხვა გზა სამართლის ეთიკის საღვთისმეტყველო განვითარებისათვის. ბიბლიური სამართლებრივი აზროვნებისა და თანამედროვე სამართლებრივი სისტემების ერთმანეთთან გაიგივებისა თუ დაყოფის მცდელობები, საბოლოოდ ჩიხამდე მიგვიყვანს.
დღეს ჩვენ ორ მოვლენას ვაკვირდებით, რომელთა საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დგება ბიბლიური სამართლებრივი აზროვნების დასავლურ სამართლებრივ სისტემებთან დაახლოების მეექვსე ეტაპი. უპირველეს ყოვლისა, შეიძლება მივუთითოთ იმის მრავალრიცხოვან ნიშნებზე, რომ ახლანდელი უკიდურესი სუბიექტივიზაციისა და ინდივიდუალიზაციის პროცესი გარკვეულ ცალმხრივობას იწვევს. ჩვენ ისევ მოგვეთხოვება ისეთი ცნებების გადააზრება, როგორიცაა საყოველთაო სიკეთე, საზოგადოება, გარემომცველი სამყარო. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ცნობიერებას შორის კავშირი, ვაღიაროთ, რომ ადამიანის სუბიექტურობა თავის თავში საზოგადოების წინაშე ვალდებულებებსაც მოიცავს. ადამიანის თავისუფლებამ არ უნდა გამორიცხოს მთელ საზოგადოებაზე პასუხისმგებლობა. საჭიროა ახლებური გააზრება კომუნიტარული და ლიბერალური ტრადიციებისა, რაც, ძირითადად, საფუძვლებს იმ იმპულსიდან იღებს, რომელიც ბიბლიამ სამართლიანობის მისეული გაგებით ევროპულ სამართლებრივ აზროვნებას ამცნო. ბიბლიური მართლმსაჯულება ხასიათდება არა მხოლოდ ,,ჩემის“ და ,,სხვისის“ სამართალსუბიექტურობის გაგებით, არამედ საზოგადოებაზე, როგორც ერთ მთლიანობაზე, წარმოდგენით. თუ სამართლებრივი აზრი შემდგომში გააგრძელებს ლიბერალური და კომუნიტარული ტრადიციების გაერთიანებას, მაშინ ბიბლიაში ჩადებულმა იდეებმა, შესაძლოა, არსებითი მნიშვნელობა შეიძინონ.
ახლა ჩვენს წინაშე დგას პლანეტარული სამართლებრივი ცნობიერების გამომუშავების ამოცანა, რაც პლანეტარული ეთოსის პრინციპებს ეფუძნება. ჩვენი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და ადამიანისათვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა მოითხოვს ფართო თანამშრომლობას, რომელიც სცილდება კულტურულ და რელიგიურ ჩარჩოებს. კანონის რელიგიური შეფასებისადმი ,,უგრძნობლობის“ გამო, დასავლურ იურიდიულ აზრს მხედველობის არედან გამორჩა ეს ამოცანა. ამ ,,უგრძნობლობის“ გამო დასავლურ იურიდიულ მეცნიერებას არაერთხელ უთქვამს უარი, ეღიარებინა განსხვავებული ტრადიციის საზოგადოებებში კანონისა და რელიგიის ფაქტობრივი ერთიანობა. ამით აიხსნება, თუ რატომ გაღვივდა ყველაზე დასავლურ ქვეყნებში ახალი დისკუსია ადამიანის უფლებების ევროცენტრისტული ხასიათის პრობლემაზე, რომელსაც, როგორც მიჩნეულია, არ შეუძლია ფესვები გაიდგას განსხვავებული კულტურისა და რელიგიის მქონე რეგიონებში. პრეტენზიებს ევროპული და ამერიკული აზროვნების სტილთან ადამიანის უფლებების თეორიის განსაკუთრებულ კავშირზე ძირითადად გამოხატავენ ავტორები, რომელთა ცნობიერებაში რელიგია და სამართალი ერთმანეთისგან სრულიად გამიჯნულია. ისინი არ ცნობენ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც სამართლის ისტორიასა და ადამიანის უფლებების ჩამოყალიბებაში იუდაიზმმა, ქრისტიანობამ და სხვა რელიგიებმა შეასრულეს. თუმცაღა, სამართლის რელიგიური ასპექტის უგულვებელყოფით, ისინი აღრმავებენ უფსკრულს ამ სფეროში დასავლურ და არადასავლურ შეხედულებათა სისტემებს შორის. ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის ან კონფუციანიზმის მიმდევრები დასაშვებად თვლიან რელიგიისა და კანონის შინაგან ერთობას. დასავლეთელ სპეციალისტებს, რომლებიც ამ კულტურებში ადამიანის უფლებებათა გადაცდომებს იკვლევენ, საკუთარ ქვეყნებში კანონსა და რელიგიას შორის კავშირის გაწყვეტის პრობლემასთან მოუწევთ შეხება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
![]() |
5 როგორ მივმართოთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს |
▲ზევით დაბრუნება |
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის წარმომადგენელს, თინათინ ხიდაშელს ესაუბრა ჟურნალისტი გვანცა ლიპარტელიანი.
ევროსასამართლოს შექმნა იყო პირველი მცდელობა, საერთაშორისო თანამეგობრობას ისეთი ტიპის ინსტიტუტი დაემკვიდრებინა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ მექანიზმებზე მაღლა მდგომ სავალდებულო გადაწყვეტილებებს მიიღებდა. მანამადე არც გაეროს და არც სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობდა. ევროსასამართლო განიხილავს არა სახელმწიფოთაშორის, არამედ ინდივიდუალურ დავებს. ანუ იგი ერევა შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ ურთიერთობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ევროსასამართლომ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ერთი კონკრეტული ადამიანის საქმე განიხილოს. ასეთი პრეცედენტი კი, როგორც უკვე ვთქვით, ევროსასამართლოს შექმნამდე არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, ევროპის სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი სხვა სასამართლოებისგან განსხვავებით, როგორიცაა, მაგალითად, ჰააგის სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო ევროპაში თავიდანვე დამკვიდრდა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი გარანტი. მართალია, სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის შესაძლებლობას ევროპის სასამართლოც იძლევა, მაგრამ ინდივიდუალურ დავებთან შედარებით, ასეთი საქმეების სტატისტიკა ნაკლებია.
● რა ტიპის დავებს განიხილავს ძირითადად ევროსასამართლო?
ევროსასამართლო მოქმედებს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის საფუძველზე, რომელიც თავისი არსით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზეა ორიენტირებული. ასეთი უფლებებია: სიტყვის, რწმენის, შეკრებების, გაერთიანებების, სიცოცხლის თავისუფლება, პიროვნების ხელშეუხებლობა და ასე შემდეგ. სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გარდა, რაც ევროკონვენციაში ასახული არ არის, სტრასბურგის სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ჩამოთვლილი (იხ. ბიულეტენი №5) ყველა სხვა უფლების დარღვევის შემთხვევას განიხილავს. თუმცა, მოგვიანებით ევროკონვენციას რამდენიმე ოქმი დაემატა, რომელიც საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების მთელ სპექტრს მოიცავს. იმისათვის, რომ მოქალაქემ მიმართოს ევროსასამართლოს, აუცილებელი პირობაა მის მიმართ ევროკონვენციით აღიარებული რომელიმე უფლება იყოს დარღვეული. მეორე მთავარი პირობაა, რომ ქვეყანას, რომელსაც მოსარჩლე წარმოადგენს, აღიარებული ჰქონდეს ევროსასამართლოს იურისდიქცია და იყოს ევროკონვენციის წევრი. და ბოლოს, ევროსასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმე ქვეყნის ყველა შიდა ინსტანციას მოივლის. ყურადღება უნდა მიექცეს ასევე გასაჩივრების ვადებს, რადგან გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ ბოლო სასამართლო გადაწყვეტილებიდან 6 თვის განმავლობაში. თუ ეს ვადა დაირღვა, ევროსასამართლო სარჩელს, უბრალოდ, არ მიიღებს. მაგალითად, ავიღოთ შეკრებების თავისუფლება. იმისათვის, რომ საქართველოში პოლიციის მიერ დარბეული მიტინგის კანონიერება გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში, ამ საქმემ უნდა გაიაროს ქვეყნის შიგნით არსებული ყველა სასამართლო ინსტანცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ხსენებული დარბევის მონაწილეებმა დარბევის კანონიერების საკითხი ადგილობრივ სასამართლოში უნდა დააყენონ. პირველ ინსტანციაში საქმის წაგების შემთხვევაში, უნდა ამოქმედდეს გასაჩივრების მექანიზმი, ანუ დაზარალებულებმა უნდა მიმართონ საოლქო და შემდეგ უზენაეს სასამართლოებს და თუ ისინიც უარყოფით განაჩენს გამოიტანენ, მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, ქართული სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი 6 თვის ვადაში ევროსასამართლოში გაასაჩივროს. ამისათვის მოსარჩლემ განცხადებით უნდა მიმართოს ევროსასამართლოს სამდივნოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გასაჩივრების მიზეზი. ამის შემდეგ სამდივნო შესავსებად აგზავნის სტანდარტულ ფორმას, რომელშიც უნდა მიეთითოს ისეთი დეტალები, როგორიცაა, თუ ვინ არის მხარე, რა უფლება დაირღვა, როგორია ფაქტობრივი გარემოებები, როგორი გადაწყვეტილება მიიღეს ადგილობრივმა ინსტანციებმა და ა.შ. ამის შემდეგ ევროსასამართლო განიხილავს საქმის წარმოებაში მიღების მიზანშეწონილობის საკითხს, ანუ გადაწყვეტილებას მიიღებს იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დაირღვა მოსარჩლის მიმართ ევროკონვენციით აღიარებული ესა თუ ის უფლება. გადაწყვეტილების მიღებისას, სტრასბურგის სასამართლო ასევე გაითვალისწინებს იმასაც, აქვს თუ არა გაკეთებული სახელმწიფოს დათქმა იმ კონკრეტულ მუხლზე, რომელსაც მხარე ასაჩივრებს. დათქმა გულისხმობს სახელწიფოს უფლებას, ამა თუ იმ კონვენციის რატიფიკაციისას, არ აღიაროს მისი რომელიმე ნაწილი სავალდებულო ძალის მქონედ. საქართველოს მსგავსი უფლება არ გამოუყენებია არცერთი კონვენიის მიმართ, რომლის მონაწილეც იგი გახდა. თუმცა, ერთადერთი დათქმა მან ევროკონვენციის იმ ოქმზე გააკეთა, რომელიც საკუთრების უფლებას შეეხება. ეს არის ორმაგი დათქმა: ერთი, რომ ეს ოქმი არ ვრცელდება მეანაბრეებზე, ანუ ამ დოკუმენტით არ არის აღიარებული მეანაბრეთა საკუთრების უფლება და შესაბამისად, მეანაბრეები ვერ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს. მეორე დათქმა კი კონფლიქტურ ზონებში დარჩენილ ქონებას შეეხება. სახელმწიფომ შეუძლებლად ჩათვალა, გასაჩივრების შემთხვევაში, 300 000 ლტოლვილის საკუთრების ანაზღაურება. თუმცა, ვთვლი, რომ ასეთი დათქმა ანტიკონსტიტუციურია და შესაძლებელია მისი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. აღნიშნული ფორმალურპროცედურული საკითხების შემოწმების შემდეგ, ევროსასამართლოს სამდივნო იღებს გადაწყვეტილებას, მიიღოს თუ არა წარმოებაში საქმე. გარკვეული დეტალების დაზუსტების მიზნით, მხარეს ეგზავნება კითხვარი და მხოლოდ პასუხების მიღების შემდეგ ეგზავნება შეტყბინება სახელმწიფოს, რომელიც მოპასუხეს წარმოადგენს. ამ პროცედურების გავლის შემდეგ იწყება უშუალოდ საქმის განხილვა. როგორც წესი, ევროსასამართლოში საქმის განხილვას 2-5 წელი მაინც უწევს ლოდინი, თუმცა, ბოლო პერიოდში ეს ვადები გაცილებით შემჭიდროვდა და 2-3 წელს აღარ აღემატება. ამასთანავე, გარკვეულ უპირატესობას ანიჭებენ ახლადგაწევრიენებულ ქვეყნებს, რათა ამ ქვეყნებში პრეცედენტები შეიქმნას. საქმის მოგების შემთხვევაში, მოსარჩლის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება სახელმწიფოს. ევროსასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აცხადებს, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, ანუ კონკრეტული ადამიანის უფლების დაცვა, რისთვისაც სახელმწიფოს ეკისრება ფინანსური სანქცია. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთი და იგივე მუხლით გამუდმებით შედის საქმეები (ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა იტალიასა და საბერძნეთთან მიმართებით), ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში არსებობს გარკვეული მახინჯი პრაქტიკა და რამდენი ფინანსური სანქციაც არ უნდა მიიღოს ევროსასამართლომ, აღნიშნული სახელმწიფო მასზე რეაგირებას არ ახდენს. ასეთ შემთხვევაში, ევროსასამართლო ინიციატივით მიმართავს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტს, რომელიც პოლიტიკური ორგანოა და სწორედ მას აქვს უფლება სახელმწიფოს მიმართ სავალდებულო ხასიათის რეზოლუცია გამოიტანოს. თუ სახელმწიფო ასეთი რეზოლუციების იგნორირებასაც ახდენს, მაშინ დღის წესრიგში დგება ურჩი ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი.
საქართველოში ევროსასამართლოს იურისდიქცია 1999 წლიდან ამოქმედდა და ამდენად სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არცერთი საქმე არ განუხილავს. თუმცა, დღესდღეობით ევროსასამართლოს ჩვენი ქვეყნიდან 5 თუ 6 საქმე აქვს წარმოებაში მიღებული.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ევროსასამართლოში სარჩელი მშობლიურ ენაზე შეიტანოს. მართალია ქართულ ენაზე დაწერილი სარჩელი გაცილებით გვიან განიხილება, ვიდრე ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე შედგენილი, მაგრამ ასეთი რამ დასაშვებია.