![]() |
თავისუფლება № 7, 2002 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჭიაბერაშვილი ზურაბ, რამიშვილი ლევან, ჰუბერი ვოლფგან |
თემატური კატალოგი თავისუფლება |
წყარო: პ.დ. 1289/2002 |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ყველა საავტორო უფლება დაცულია რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge |
![]() |
1 განსხვავებულის ატანა - დემოკრატიის ერთ-ერთი გაკვეთილი |
▲ზევით დაბრუნება |
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ლარი ფლინტი ამერიკაში პოპულარული პიროვნებაა, მაგრამ არცთუ ყველასათვის საყვარელი და საპატივცემულო. იგი პორნოგრაფიული ჟურნალების გამომცემელია. მარტო ეს იკმარებდა ჩვეულებრივი ამერიკელისთვის თუ ქართველისთვის, გერმანელისთვის თუ ესტონელისთვის, რომ მისთვის ეჭვისთვალით შეეხედათ (გინდაც ამ ჩვეულებრივ ადამიანებს ერთხელ მაინც გაქცეოდათ ეს ეჭვიანი თვალი ფლინტის მიერ გამოცემული პორნოჟურნალებისაკენ).
მაგრამ პორნოჟურნალების გამოცემა არ არის ბატონი ფლინტის მიერ საზოგადოებისათვის ნასროლი ერთადერთი ხელთათმანი. იგი მუდმივად აფორიაქებს ადამიანებს საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმების შეტორტმანებითა და საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანების პორნოგაშარჟებით. მისი ატანა რთულია.
მაგრამ მას იტანენ. უფრო მეტიც, ცნობილმა რეჟისორმა მილოშ ფორმანმა ფილმი გადაიღო მასზე, სახელწოდებით „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“. ფილმში სასამართლო დარბაზიდან გამოსულ სკანდალურ ლარის ჟურნალისტები ეკითხებიან, რა უნდა ცხოვრებაში და რისთვის იბრძვის საერთოდ.
ლარი პასუხობს: „მეც მედიას წარმოვადგენ, მაგრამ ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონეს. მეც ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ყველაზე ცუდი ჩვენს შორის. ცდილობენ აკრძალონ ჩემი გამოცემები, როგორც საზოგადოებისათვის მიუღებელი, მაგრამ თუ დღეს ამკრძალავენ მე, მერე მოგადგებიან თქვენ - ვინც პოლიტიკაზე წერთ და ხვალ თქვენს აკრძალვას მოინდომებენ იმ მოტივით, რომ შეურაცხყოფთ ამა თუ იმ პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოხელეს“.
სხვათა შორის, იმავე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული აშშ-ს უზენაესი სასამართლოს დასკვნაც ლარი ფლინტის საქმესთან დაკავშირებით:
დიახ, ლარი ფლინტი საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმების წინააღმდეგ მიდის;
დიახ, ლარი ფლინტი საზოგადოებისათვის საპატივცემულო ადამიანებს შეურაცხჰყოფს;
დიახ, ლარი ფლინტის გამოცემები მთელი საზოგადოების გამოწვევაა;
მაგრამ, მოდით, შევხედოთ სასწორს, რომლის ერთ პინაზე საზოგადოებრივი ნორმები და კონკრეტული პიროვნებების ღირსება დევს, ხოლო მეორეზე - სიტყვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ნორმები და თითოეული პიროვნება სწორედაც რომ უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ზრუნვისა და საყოველთაო გაფრთხილების საგანი, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ვინმეს შეზღუდვა (ანუ ლარი ფლინტისთვის პორნოგამოცემების აკრძალვა) დაბადებს აგრესიას მასსა და მის, თუნდაც არცთუ მრავალრიცხოვან მკითხველებში, ხოლო ეს აგრესია მომავალში ძალადობის წყარო შეიძლება გახდეს. დღეს ერთი ადამიანის შეურაცხყოფის გამო ვინმესთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამ მომავალში შეიძლება მოიტანის შედეგი, როცა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ყველა - დღეს შეურაცხყოფილიც და მასთან ერთად მთელი საზოგადოებაც. დემოკრატიას „პრობლემა“ მართლაც ახლავს თან: იგი გაძლევს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას, მაგრამ იგი ამის საშუალებას აძლევს ყველას - იმათაც, ვინც შენთვის, ან თუნდაც მთელი საზოგადოებისათვის მიუღებელ თვალსაზრისს გამოთქვამს. იგი ხელში გაძლევს „იარაღს“, მაგრამ იმავე „იარაღს“ აძლევს მოწინააღმდეგესაც. და მხოლოდ გამოცდილი და ჭკუადამჯდარი მსროლელები არ აძლევენ თავს უფლებას, ჰაიჰარად იტაცონ იარაღზე ხელი.
ამიტომ, დემოკრატია გამოცდაა... ჩვენივე მოთმინების გამოცდა. სიტყვით შეურაცხყოფილს, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლების აკრძალვის სურვილიც გაგვიჩნდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორც სხვაგან, ამ სფეროშიც საზოგადოება თავად აწესებს ყურით მოსასმენი სიტყვის ზომა-წონას. თუ რაღაც სიტყვა საზოგადოებას „ყურს ჭრის“, მან ამ სიტყვის მთქმელს ასევე სიტყვით უნდა შეაგნებინოს, რომ იგი არ იღებს ასეთ სიტყვას, საუბრის ასეთ ტონს ან მიმართვის ასეთ ფორმას. სხვათა შორის, აკრძალვების დაწესებას ყოველთვის ,,კეთილშობილური ზრახვები” უდევს საფუძვლად. მაგალითად, სრულიად კეთილშობილი მოსაზრებებით, საკუთარი ენის ნორმებზე ზრუნვის გამო, შეიძლება არ დავუშვათ იმგვარი სტატიების ბეჭდვა, სადაც ეს ნორმები დარღვეულია, მაგრამ ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ერთი-ორი კორექტურული შეცდომის გამო, გაზეთის ფურცლებიდან არ ამოვარდება ხელისუფლების არგუმენტირებული კრიტიკის შემცველი მასალებიც. ხოლო რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი მასალების გამოქვეყნება საზოგადოებისათვის, ამის განსჯა თავად მკითხველისათვის მიგვინდია.
აკრძალვებს ცენზურასთან და ტოტალიტარიზმთან მივყავართ, საზოგადოების მიერ სიტყვა-პასუხის ნორმების თანდათან გამომუშავებას - სიტყვის რეალურ თავისუფლებასთან. აკრძალვა მოცემულ მომენტში ,,გვშველის”, ,,შვებას გვგვრის”, მაგრამ გრძელვადიანად პრობლემებს გვიქმნის. ამა თუ იმ საკითხზე, ამა თუ იმ სფეროში საზოგადოებრივი ნორმების თანდათან გამომუშავება გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ სამაგიეროდ, როცა იგი რაღაც ფორმას იძენს, მის მიერ მოტანილი შედეგი ნამდვილად მყარია და მართლაც სასარგებლო.
ვიმეორებ, მყარი მხოლოდ შედეგია, ანუ ის სარგებელი, რაც კითხვების (თუნდაც საჩოთიროს) მუდმივ დასმას და ამ კითხვებზე პასუხის (თუნდაც საჩოთიროს) მუდმივ ძიებას მოაქვს. თავად ნორმები კი მუდმივად უნდა ექვემდებარებოდნენ ცვლილებას თუ არა, მათ თაობაზე კითხვების დასმას მაინც, რადგან ის საზოგადოებრივი ნორმები, რომლებსაც ლარი ფლინტივით სკანდალური პიროვნებები ყველა ქვეყანაში და ყველა დროში ესხმოდნენ და ესხმიან თავს, ყოველთვის როდი დგანან საღ აზრთან ახლოს.
ქართულ საზოგადოებაში იმ დროს არსებული ნორმებით განა სწორი არაა ვარსქენი, როცა სვამს სრულიად ბუნებრივ კითხვას ,,ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა დედათა და მამათა ერთად ეჭამოთ პური?” განა ,,პოლიტიკური მოტივებით” გამართლებული არ იყო ვარსქენის საქციელი? და რა იქნებოდა, ერთ ადამიანს - შემდგომში წმინდანად შერაცხულს - კითხვები რომ არ გასჩენოდა ამ ,,პოლიტიკური მოტივებისა” და გარკვეული საზოგადოებრივი ნორმების მიზანშეწონილობის შესახებ? ანდა ვაჟას გმირებს რა ვუყოთ, რომელთა კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი სწორედ თემში დადგენილი ქცევის წესებში ვერანაირად ვერ თავსდება?
თენგიზ აბულაძის ,,ნატვრის ხეშიც” ჩვენი სიმპათია ხომ სწორედ საზოგადოებრივი ნორმებიდან ამოვარდნილი იმ ადამიანების მხარესაა, რომლებიც ციციკორეს ,,საზოგადოებრივი ნორმების” წინააღმდეგ იმაღლებენ ხმას. განა სკანადალური, ნორმიდან ამოვარდნილი ტიპაჟები არ არიან ისინი, ვინც ბალახს ჭამს და კუჭი არ ეშლება, ვინც არარსებულ შიოლას ელის, ვინც მატარებლის ელმავალივით დათუხთუხებს? და რა იქნებოდა წუთისოფელი, რომ თუნდაც თავისი არსებობით, ისინი კითხვებს არ აჩენდნენ ჩვენს გონებაში?
მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ, როგორ მოვიდა საზოგადოებრივ აზრთან წინააღმდეგობაში ის რამდენიმე მამაკაცი, რომელმაც ზაფხულის პაპანაქებაში შორტების ანდა სანდლების (თანაც წინდის გარეშე!) ჩაცმა ,,გაბედა”. იბრძოლა ამ ,,საზოგადოებრივმა აზრმა” და ბოლოს მიხვდა, რომ ჩაიცვას კომფორტულად (და, საერთოდ, როგორც მოესურვება ისე) ადამიანის უფლებაა და აქ საზომად ვერ გამოდგება ის, თუ ,,რას იტყვიან უბანში” ან ,,როგორ შეხედავენ ამას ნათესავები”.
სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ სხვების აზრს ანგარიში არ გავუწიოთ. მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ სხვების აზრს ზედმეტად არ გავუწიოთ ანგარიში - შეგვეძლოს, დავდგეთ რაიმე პოზიციაზე (როგორც იგი წარმოგვიდგენია და გვესმის) და საკუთარი აზრის გამომუშავების და გამოთქმის უუნარობას ,,გაბატონებული საზოგადოებრივი შეხედულების” მუქი ფარდა არ ჩამოვაფაროთ.
აკრძალვების დაწესება ან მათ დასაწესებლად ,,საზოგადოებრივ აზრზე” აპელირება საკმაოდ სახოფათოა. ერთ დღეს, შეიძლება, მართლაც ყველა შეთანხმდეს, რომ ქუჩაში შორტებით სიარული ქართველ მამაკაცს არ ,,შეეფერება”, მაგრამ ხვალ შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ ,,ქუდის გარეშე ქართველ კაცს არასოდეს უვლია” და რომ უქუდოდ სიარულის აკრძალვაა საჭირო. სად გავავლოთ ზღვარი შესაფერის და შეუფერებელ ჩაცმას შორის? ვინ დაიჭერს სახაზავს ხელში, რომ ყოველი გამვლელის შარვლის ტოტის ზომა აიღოს? ან სანქცია რა უნდა იყოს ამ ,,დანაშაულისათვის”?
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ სტრიქონების მკითხელთაგან ზოგიერთი წერილის ავტორს ნაკლად ჩაუთვლის ასეთი პრიმიტიული მაგალითების მოყვანას და სულაც ვერანაირ კავშირს ვერ დაინახავს, ერთი მხრივ, დემოკრატიასა და დემოკრატიულ პრინციპებსა და, მეორე მხრივ, ისეთ ყოფით მაგალითებს შორის, როგორიც შორტებისა თუ სანდლების ჩაცმაა.
არადა კავშირი პირდაპირია: ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ეკონომიკური კეთილდღეობისა და კომფორტის მიღწევა, რასაც დასავლურმა საზოგადოებებმა მიაღწიეს და რასაც ქართველები ასე ძალიან (და მეტწილად მანკიერი გზებით) ვესწრაფით, მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დაცვით არის შესაძლებელი. ყველას უნდა სახლში ჰქონდეს ევროკომფორტი, მაგრამ იგი მხოლოდ ერთეულებს ექნებათ მანამ, სანამ ეს ერთეულები, ჩვენივე მდუმარე თანხმობით, ნებისმიერი მეთოდით ხმას აკმენდინებენ მათთვის მიუღებელ ადამიანებს.
როცა ეთანხმები სხვისთვის აზრის გამოთქმის უფლების წართმევას, არ ხარ დაზღვეული, რომ ხვალ შენც არ წაგართმევენ მას. როცა ეთანხმები (არაა მნიშვნელოვანი, რა მიზეზის გამო) სხვის ცემას, არ ხარ დაზღვეული, რომ ხვალ შენ ან შენი ოჯახის წევრს არ ცემენ. ეს კი ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთეულები იქნებიან დაცული და არასგზით ისინიც, ვინც თავად მოითხოვდა განსხვავებულიშეხედულებების, განსხვავებული რწმენის, განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ადამიანთა შეზღუდვას. აკრძალვა გალიიდან გამოშვებული ლომია, რომელმაც შეიძლება მისთვის კარის გამღებიც შესანსლოს.
სამწუხაროა, რომ ზოგჯერ საზოგადოება მკაფიოდ ვერ ხედავს, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს, რომლის იქით ტოტალიტარიზმი იწყება. ჰიტლერს 1933 წელსვე არ დაუწყია ებრაელთა დევნა და გერმანული საზოგადოება ისე ნელ-ნელა მიუახლოვდა მისთვის საბედისწერო მიჯნას, რომ ბევრმა გერმანელმა საფრთხის გააზრებაც ვერ მოასწრო.
მართალია, საქართველოს ხელისუფლება ჰიტლერის ორგანიზებულობით ვერ ,,დაიკვეხნის”, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში სწორედ მისი არაორგანიზებულობა და მართლწესრიგის მოშლა იძლევა იგივე ეფექტს. იმის გამო, რომ არ აღკვეთა საქართველოს კონსტიტუციის ხელყოფა და ქართული ტრადიციისათვის შეუფერებელი და ქრისტიანული მორალისათვის მიუღებელი საქციელი - სხვა ადამიანისათვის ღირსების აყრა და მისთვის თავის გადახოტრა - მივედით წერტილამდე, როცა ძალადობა ჩვენი ცხოვრების თანამდევი ელემენტი გახდა.
დღეს საკუთარი ხალხის წინაშე დისკრედიტირებულ ხელისუფლებას სურს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ყველა პრობლემის სათავე ჟურნალისტია, რომლის მართალი სიტყვა, თურმე, მთავრობას მშვიდად მუშაობის საშუალებას არ აძლევს; არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც, თურმე, მთავრობას საზღვარგარეთ ,,აბეზღებს”; პოლიტიკური პარტიაა, რომლის კრიტიკა, თურმე, ქართულ სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს.
ვერც ერთი მთავრობა ვერ იტანს, როცა აკრიტიკებენ, მაგრამ იგი ვალდებულია, აიტანოს კრიტიკა, რათა მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახებზე მზრუნველ ადამიანთა კლანად არ იქცეს.
საზოგადოებასაც უჭირს მისგან განსხვავებული ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების ატანა, მაგრამ უნდა ესმოდეს: მთავრობას სწორედ მაშინ ეძლევა შანსი, ზღვარი დაუდოს მის კრიტიკოსთა სიტყვის თავისუფლებას, როცა ჩვენვე ვაძლევთ მას ამის მაგალითს.
![]() |
2 ინფორმაციის თავისუფლება კითხვებსა და პასუხებში |
▲ზევით დაბრუნება |
ლევან რამიშვილი
რას ნიშნავს ინფორმაციის თავისუფლება?
ინფორმაცია ძალაუფლებაა, დემოკრატია კი ხალხის ძალაუფლებას წარმოადგენს. ასე რომ, თავისუფალ საზოგადოებაში სამთავრობო ინფორმაცია ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. თუ ტირანია უმეცრებით იკვებება, თავისუფალი საზოგადოების საფუძველთა საფუძველი ინფორმირებული მოქალაქეებია. რაც მეტი იცის ხალხმა ხელისუფლების შესახებ, მით უფრო უკეთ იმართება ქვეყანა, ვინაიდან მთავრობ ის გახსნილობა კორუფციასთან ბრძოლისა და ხელისუფლების ხალხისადმი ანგარიშვალდებულების საუკეთესო წინაპირობაა.
ვინ არის ინფორმაციის თავისუფლების გარანტი?
ჩვენ, ხალხი. უფლებები მხოლოდ იმდენადაა დაცული, რამდენადაც მათზე მოქალაქეები ზრუნავენ და არა მოხელეები. რაც არ უნდა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების მქონე ადამიანები მსახურობდნენ ხელისუფლებაში, თავისით მთავრობა გამჭვირვალე ვერ გახდება, თუ არ იარსებებს ა) გახსნილობაზე საზოგადოებრივი შეკვეთა და ბ) მოქალაქეთა მზადყოფნა საკუთარი უფლებების დასაცავად.
კანონი მთავარ მოქმედ პირებად სწორედ ჩვენ გვაღიარებს და ყველა საშუალებას გვაძლევს ჩვენი უფლებების დასაცავად. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ან სხდომაზე დასასწრებლად თითოეულ ჩვენგანს უფლება აქვს, მიმართოს ნებისმიერ ინსტანციას და თუ განსაზღვრულ ვადაში სასურველ პასუხს ვერ მიღებს, პირდაპირ სასამართლოში იჩივლოს.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოში სარჩელების შეტანის გასაადვილებლად, კანონის თანახმად, მოქალაქეს სასამართლოს დამთავრებმდე არაფრის გადახდა არ მოუწევს.
ვინ არის ვალდებული, მოგვაწოდოს ინფორმაცია?
ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოზე ან დაწესებულებაზე, მაგრამ არა მხოლოდ მათზე. ანალოგიური მიდგომა ვრცელდება მათზეც, ვისაც სახელმწიფომ გარკვეული უფლებამოსილებების განხორციელება მიანდო ან რომლებიც ნაწილობრივ ან სრულ დაფინანსებას ღებულობენ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.
ყველა ამ პირს, ორგანოს, ორგანიზაციას ან დაწესებულებას, კანონი ერთ კატეგორიაში აქცევს და საჯარო დაწესებულებას უწოდებს, ხოლო საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოხელის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ ინფორმაციას - საჯარო ინფორმაციას.
სხდომების საჯაროობის მოთხოვნა დაცული უნდა იყოს ყველა იმ თავყრილობის მიერ, სადაც საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების მომზადების მიზნით, საკითხის განსახილველად ერთზე მეტი პირი იკრიბება.
უნდა იყოს თუ არა გამჭვირვალე ბიზნესი და მოქალაქის კერძო ცხოვრება?
თანასწორობის იდეა, თავისუფლებასთან ერთად, დემოკრატიული საზოგადოებისა და ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. თანასწორობის სახელით რამდენად გამართლებული იქნება შემდეგი დასკვნა: რადგან გახსნილობის ვალდებულება აქვს მთავრობას, ბიზნესი ან კერძო მოქალაქე იგივე პირობებში თუ არ ჩადგება, ეს უსამართლობა იქნება. ან პირიქით, თუ დაცული უნდა იყოს პირადი და კომერციული საიდუმლო, რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება მთავრობას, საიდუმლოდ შეინახოს საკუთარი დოკუმენტები?
ეს დებულებები ფუნდამენტურად მცდარია. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თანასწორი, ან უთანასწორო შეიძლება იყოს მხოლოდ შესადარისი სიდიდეები. მთავრობა, ბიზნესი და კერძო მოქალაქე არაშესადარისი სიდიდეებია და მათი ერთ სიბრტყეზე დაყენება არ შეიძლება.
ინფორმაციის მიწოდება ანგარიშვალდებულების საწინდარია. მთავრობის გამჭვირვალება გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-5 მუხლიდან, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს უშუალო დემოკრატიისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით. შესაბამისად, ხელისუფლების ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მისი გახსნილობა და გამჭვირვალეობა.
ამ პრინციპებზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ მთავრობის ხალხისაგან დამოუკიდებლობა და საზოგადოების ჩაურევლობა ხელისუფლების საქმეებში. მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო თვითკმარი და თვითფასეული ერთეულია, რომელსაც საკუთარი, საზოგადოებისა და მოქალაქეებისაგან განსხვავებული მიზნები და ამოცანები გააჩნია. მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საჯარო მოხელეები საზოგადოებას კი არ უნდა ემსახურონ, არამედ საკუთარ კერძო ინტერესებს.
თუ ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისათვის მისაღებია, მაშინ არავითარი პრობლემა არ არსებობს. მაშინ თამამად შეიძლება ვთქვათ უარი ხელისუფლების გამჭვირვალებაზე, მაგრამ თუ დანარჩენი პრინციპები არ გვეთმობა, არც ინფორმაციის თავისუფლებაზე უნდა ვთქვათ უარი. თუ ვამბობთ ა-ს, უნდა ვთქვათ ბ-ც, გ-ც და ანბანის სხვა დანარჩენი ასოც. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ბოლომდე თანმიმდევრულები.
რამდენად აბსოლუტურია პირადი და კომერციული საიდუმლოება?
იგივე ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც მთავრობა გახსნილი უნდა იყოს, კერძო პირებს აქვთ პირადი და კომერციული საიდუმლოს უფლება. ხელისუფლება უნდა იყოს ხალხისადმი ანგარიშვალდებული, მაგრამ არამც და არამც - მოქალაქეები ან ბიზნესი მთავრობის წინაშე.
თუ დაცული არ იქნება პირადი საიდუმლოს უფლება, მაშინ მთავრობას საშუალება ექნება აკონტროლოს საკუთარი მოქალაქეები და მათი კერძო ცხოვრება. აქ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გამოვა დიდი ძმის ყოვლისმხილველი თვალის როლში: პოლიცია, თემი, ეკლესია, თუ რომელიმე სხვა სოციალური ინსტიტუტი.
ნებისმიერი ტოტალიტარიზმი სწორედ პერსონალური ავტონომიის უფლების ხელყოფით იწყება. უფლება დარჩე მარტო, სამოქალაქო საზოგადოების საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ისიც უნდა გავითვლისწინოთ, რომ ლიდერების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, ტოტალიტარიზმი კი არ არის, არამედ სწორედ რომ ტირანიის აღზევებისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
დაუშვებელია, რომ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ყალბად გაგებული პრინციპი საჯარო პირებმა საკუთარი პირადი ცხოვრების საზოგადოებისაგან დაფარვისათვის გამოიყენონ. ერთის მხრივ, აუცილებელია, საჯარო პირები მუდმივი საზოგადოებრივი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ საკუთარი ლიდერების შესახებ კომპეტენტური მსჯელობა.
მეორეს მხრივ, რამდენადაც საჯარო პირები საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, მათ ყოველთვის აქვთ შესაფერისი ტრიბუნა, რათა საზოგადოებაში წამოჭრილ ნებისმიერ კითხვას, კრიტიკას, ან ზოგჯერ ჭორს და დაუსაბუთებელ ბრალდებას უპასუხონ. ასე რომ, ლიდერებს ყოველთვის აქვთ საშუალება იყვნენ შესმენილნი ყველაზე დიდი არბიტრის - ხალხის მიერ. ამაზე უკეთესი დაცვა არ არსებობს.
ანალოგიური პრობლემებია კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებით. კომერციულ საიდუმლოებაზე უარის თქმა მთავრობას ბიზნესის ტოტალური კონტროლის საშუალებას მისცემს. აბსოლუტური ძალაუფლება კი, როგორც კარგადაა ცნობილი, აბსოლუტურად რყვნის. არ შეიძლება გამჭვირვალების სახელით კორუფციისათვის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნას.
მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, კომერციული საიდუმლოების გაუქმება მთლიანად ჩაკლავს კერძო მეწარმეობის სულს: ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ფლობა საშუალებას აძლევს მეწარმეს მოიპოვოს საკუთარი ადგილი საბაზრო ეკონომიკის მზის ქვეშ, ანუ სხვებზე სწრაფად, ხარისხიანად და იაფად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნილება ამა თუ იმ პროდუქტსა თუ სერვისზე.
ამასთან, კომერციული საიდუმლოება არ ნიშნავს ბიზნესის სრულ დახურულობას საზოგადოებისათვის. ბიზნესის გამჭვირვალეობა დასაშვებია და აუცილებელიც იმ ოდენობით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლის ინფორმირებული არჩევანი და ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოება.
კანონის თანახმად, მომხმარებელს აქვს ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო საქონლისა და მომსახურების მიღების უფლება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების თითოეული წევრის უფლება, იცოდეს, თუ რა გავლენას ახდენს მისი, როგორც მომხმარებლის, გადაწყვეტილება მის პირად, ან მისი ახლობლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, გარემოს უსაფრთხოებაზე.
ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის შესაბამისად, კორპორაციები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ საკვანძო ინფორმაცია, რათა საზოგადოებას, როგორც საფონდო ბაზრის მომხმარებელს, საშუალება ჰქონდეს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.
სამთავრობო ინფორმაციის ან სხდომაზე დასწრების მოთხოვნა სხვის საქმეში ჩარევა ხომ არ არის?
არაფერი უხერხული ოფიციულური დოკუმენტის, ან სხდომაზე დასწრების მოთხოვნაში არ არის, ისევე როგორც უხერხული არ არის, გამოვიყენოთ საარჩევნო ხმის უფლება და შევცვალოთ ჩვენთვის მიუღებელი თანამდებობის პირები არჩევნების მეშვეობით.
მთავრობა და, შესაბამისად, სამთავრობო ინფორმაცია ეკუთვნის ხალხს და არა სხვადასხვა რანგის მოხელეებს. მოქალაქე, რომელიც თანამდებობის პირისაგან ითხოვს ინფორმაციას, ან სხდომაზე დაშვებას, სხვის საქმეში კი არ ერევა, არამედ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობს.
ბოლოს და ბოლოს, ლათინური სიტყვა ,,რესპუბლიკა” ქართულ ენაზე ,,საზოგადოების საქმეს” ნიშნავს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ცალ-ცალკე მოქალაქის საქმე და ჩინოვნიკის საქმე. ნებისმიერი მოხელის საქმე თითოეული ჩვენგანის საქმეა.
დემოკრატია გულისხმობს მოქალაქეთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ მონაწილეობის უფლება გვაქვს არა მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ, არჩევნების დროს, არამედ ყოველდღიურად. საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა შეუძლებელია, თუ კი მოქალაქეებს არ ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია თანამდებობის პირთა საქმიანობის შესახებ.
არჩეულ თანამდებობის პირებთან საქმე შეიძლება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე გვქონდეს, მაშინ როცა უბრალო ჩინოვნიკთან სისტემატიური შეხება გვექნება. ამიტომ, უფრო მეტად თუ არა, პარლამენტის, პრეზიდენტისა და საკრებულოს არჩევის უფლებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, საჯარო ადმინისტრაციის ანუ ჩვეულებრივ მოხელეთა ანგარიშვალდებულება.
შეიძლება სახელმწიფო საქმეებში არაპროფესიონალი მოქალაქეების ჩარევა?
ჩვენ ვიხდით გადასახადებს, ამ ფულით ვქირაობთ მთავრობას, რათა უზრუნველვყოთ საერთო კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ვერავინ წაგვართმევს იმის უფლებას, რომ ხელისუფლებას მოვკითხოთ დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ თანამდებობის პირები ჩვენს მიერ კანონის მეშვეობით მათზე დაკისრებულ ფუნქციებს. საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს, თუ რაში ხარჯავს ხელისუფლება მის ფულს და რამდენად ეფექტურია ეს ხარჯვა.
შეიძლება მავან თანამდებობის პირს მოქალაქის ცნობისმოყვარეობა, სავსებით გულწრფელად, ერთგვარ გამოწვევადაც კი მოეჩვენოს - ქვეყნის ბედი სპეციალისტებმა ცივი გონებით უნდა განსაჯონ, რათა აწონილ-დაწონილი და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღონ. არაკომპეტენტური ხალხის ჩარევა სახელმწიფოს მართვაში კი მხოლოდ ზედმეტ ემოციებს და არასასურველ აჟიოტაჟს შეიტანს.
ეს ფუნდამენტურად მცდარი ფილოსოფიაა. რა თქმა უნდა, ექსპერტთა კომპეტენციასა და პროფესიული გამოცდილების მნიშვნელობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. საკითხი სწორედ ისაა, ვინ არის სახელმწიფოებრივი საკითხების ყველაზე დიდი ექსპერტი? ვინ არის სახელმწიფო თუ არა ჩვენ, ხალხი? ჩვენზე უკეთ ვინ იცის, თუ რაში მდგომარეობს საზოგადოების ნამდვილი ინტერესები.
პირიქით, თანამდებობის პირები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, მოქალაქეებს განუმარტონ ოფიციალური პოლიტიკის არსი, დააინტერესონ ისინი სახელმწიფო საქმეებით და უბიძგონ, რომ პასიური დამკვირვებლის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობით შეცვალონ.
ხელისუფლების ჯანსაღ საზოგადოებრივ კრიტიკას სახელმწიფოსათვის მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია. ერთი მხრივ, თანამდებობის პირებს საქმის გამოსწორების შესაძლებლობა ეძლევათ, მეორე მხრივ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამოთქმით საზოგადოებრივი უკმაყოფილება განიმუხტება.
ვართ კი მზად დემოკრატიისათვის?
რაც არ უნდა რთული იყოს დემოკრატია, ქართულ სახელმწიფოს არა აქვს სხვა ალტერნატივა, თუ არა იყოს დემოკრატიული ან არ იყოს საერთოდ. ჩვენ არა გვაქვს იმდენი დრო, რომ იქამდე მოვიცადოთ, სანამ სათანადოდ მოვემზადებით და მერე ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავნერგოთ დემოკრატიული მმართველობა.
პირველი: რომ ცურვა მხოლოდ წყალში ისწავლება და დემოკრატიის სწავლა მხოლოდ დემოკრატიული გამოცდილებით შეიძლება. სხვა არადემოკრატიული ქვეყნების მაგალითი ჩვენთვის ნაკლებად გამოსადეგია. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ქართული რეალობა და ისე გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი.
მოსახლეობის გარკვეულ ფენებში რაც არ უნდა ძლიერი იყოს რკინის ხელის ნოსტალგია, სათანადო ბაზის გარეშე ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, შეუძლებელია. ყველა არადემოკრატიული რეჟიმი გარკვეულ რესურსებს ემყარება: წიაღისეულ სიმდიდრეებს; ორგანიზაციას, იქნება ეს სამხდერო, პარტიული, თუ რელიგიური; ძლიერ იდეოლოგიას; გარე ძალების მხარდაჭერას...
ამ რესურსის გარეშე, შეუძლებელია, უზრუნველყოფილი იყოს ცენტრიდან გაცემულ ბრძანებათა უპირობო შესრულება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა ადამიანისა და ჯგუფის მიერ. როცა ავტორიტარული რესურსი ქვეყნის შიგნით არ არსებობს, დაინტერესებულ გარეშე ძალებს შეუძლიათ მისი იმპორტი პირდაპირი ინტერვენციის გზით, ან ქვეყნის შიგნით არსებული გარკვეული დაჯგუფებებისათვის დახმარების გაწევით.
საქართველოს შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ არსებობს არც ერთი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ან თუნდაც ძალისმიერი ინსტიტუტი, რომელიც დაინტერესებული იქნება ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებით. ეს დაინტერესება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს გარკვეულ მზაობას, სისტემატიურად გასწიოს ავტორიტარული მმართველობის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები.
საქართველოში წესრიგის დამყარებით დაინტერსებული ერთადერთი ძალა არის ქართული საზოგადოება, ანუ ჩვენ, ხალხი, რომელსაც სახელმწიფომ უნდა მისცეს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ელემენტარული გარანტიები. ჩვენი მონაწილეობის გარეშე, ახალი ქართული სახელმწიფოს აშენებას იმ უბრალო მიზეზის გამო ვერავინ შეძლებს, რომ სხვას იგი არაფრად ჭირდება.
რა როლი აქვს ინფორმაციის თავისუფლებას ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში?
სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის პრობლემა დღევანდელ საქართველოში ის კი არ არის, რომ გახსნის შემთხვევაში, მოქალაქეთა მოზღვავებული ინტერესის შედეგად, მათი პარალიზება მოხდება, არამედ უფრო პირიქით, საზოგადოების თითქმის სრული სამოქალაქო ნიჰილიზმი და პოლიტიკური ინდიფერენტულობა.
სახელმწიფოსაგან ხალხის გაუცხოებას ხანგრძლივი ისტორიული ტრადიცია უმაგრებს ზურგს. თითქმის 600 წელი ჩვენ ერთიან და დამოუკიდებელ სახელმწიფოში არ გვიცხოვრია, ბოლო 200 წელი ქართული სახელმწიფოებრიობის წყვეტას ჰქონდა ადგილი, ხოლო უკანასკნელი 70 წელი ტოტალიტარული სისტემის მარწუხებში ვიყავით მოქცეულები. 1990 წელს აღდგენილ სახლმწიფოებრიობას, XX საუკუნის ბოლო ათწლეულის პირველი ნახევარის სამოქალაქო ომის გამო, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევდა.
1995 წლის კონსტიტუციამ ქართულ სახელმწიფოს ერთგვარი ლეგიტიმურობა შესძინა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ინსტიტუტებში გაბატონებული კორუფცია და განუკითხაობა ხელს უშლის მოქალაქეებს, ქართული სახელმწიფო საკუთარ ქვეყანად ჩათვალონ და სახელმწიფოს საქმე საზოგადოების თითოეული წევრის პირად საქმედ მიიჩნიონ. სახელმწიფო მოხელეები და ჩვეულებრივი მოქალაქეები თითქოს სხვადასხვა ქვეყანებში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.
საზოგადოების თვალში ხელისუფლება და მისი მსახურნი ერთგვარ დახურულ კასტად აღიქმება. ხალხი თანამდებობის პირთა ყოველ ნაბიჯს უნდობლობითა და ცინიზმით უყურებს. სახელმწიფო მოხელეთა სიტყვებისა და საქმეების უკან პირადი ინტერესების ძებნა კარგა ხანია სპორტის ნაციონალურ სახეობად იქცა და უკვე კოლექტიური პარანოიის ფორმას იღებს.
ხალხისა და ხელსუფლების გაუცხოება პოლიტიკური ინსტიტუტების ეროზიას იწვევს და უაღრესად სახიფათოა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსათვის. იმ შემთხვევებშიც კი, როცა თანამდებობის პირები ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, ოფიციალური პოლიტიკა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის აბსოლუტურად გაუგებარია, ზოგჯერ კი - კატეგორიულად მიუღებელი.
ყოველივე ამას ერთი ძირითად მიზეზი აქვს: დღევანდელ საქართველოში მოქალაქეებს, როგორც წესი, არ ესმით საკუთარი სახელმწიფოსი. ხელისუფლების შესახებ ადეკვატური ინფორმაციის უქონლობის პირობებში, საზოგადოება ძველი სტერეოტიპებით ხელმძღვანელობს. აქედან გამომდინარე, სამთავრობო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში დღესავით ნათელი უნდა იყოს.
საკუთარი მოქალაქეების ნდობის მოპოვება რომ შესძლოს, ახალი ქართული სახელმწიფო, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, პაპზე უფრო მეტი კათოლიკე უნდა გახდეს. ხალხსა და ხელისუფლებას შორის გაუცხოების ტრადიციის დასაძლევად სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტაში საზოგადოება იმაზე ბევრად უფრო ღრმად უნდა ჩავაბათ, ვიდრე ეს თვით მსოფლიოს ყველაზე უფრო დემოკრატიულ სახელმწიფოებშია მიღებული.
მხოლოდ მთავრობის გახსნილობა აღადგენს ხალხის ნდობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისადმი. მხოლოდ სრული გამჭვირვალების პირობებში გაიფანტება საზოგადოების ეჭვები და გაქრება თანამდებობის პირთა ტოტალური არაკეთილსინდისიერების სტერეოტიპი. მხოლოდ ინფორმაციის თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი, განხორციელდეს დემოკრატიის იდეალი - ხალხის ხელისუფლება, ხალხის მიერ და ხალხისათვის.
მოქალაქეთა მხარდაჭერისა და გაგების გარეშე ქართული სახელმწიფო ვერ შედგება. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია საგადასახადო სისტემაში შექმნილი ვითარება. საგადასახადო ადმინისტრირების გაუმართაობაზე მეტად, გადასახადებისაგან მასობრივი თავის არიდება სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობის დეფიციტითაც არის განპირობებული.
ქართული სახელმწიფო კრიზისიდან ვერ გამოვა, თუკი ხალხმა გადასახადების გადახდა არ დაიწყო. მოქალაქეები კი გადასახადებს მანამ არ გადაიხდიან, სანამ არ ეცოდინებათ, თუ რას ხმარდება მათი ფული - საზოგადოებრივ კეთილდღეობასა თუ მავანი ჩინოვნიკის პირად გამორჩენას. სახელმწიფო დაწესებულება მხოლოდ მაშინ და იმდენად ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, რამდენადაც და როცა ის გახსნილია და, მაშასადამე, - გასაგები მოქალაქეთათვის. სახელმწიფოს ავტორიტეტი და მისი პოლიტიკის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გახსნილი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
დემოკრატიის პირობებშიც კი ყოველთვის იყო, არის და იქნება მოგებულიც და წაგებულიც, მაგრამ თუ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა თვალსაზრისი იქნება მოსმენილი და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება წაგებულთათვისაც უფრო ადვილად მისაღები გახდება. მისაღები თუ არა, გასაგები მაინც.
რაც არ უნდა გონივრული იყოს ოფიციალური პოლიტიკა, თუ ის ყველა მხარის მონაწილეობის გარეშეა გამომუშავებული, მან შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სიკეთე. მუდმივად იქნება პოლიტიკური კონფლიქტები, სასამართლო სარჩელები და საზოგადოების პოლარიზაცია.
რა ისტორიულ ფონზე დაკანონდა ინფორმაციის თავისუფლება?
ნებისმიერი კანონის ადეკვატური განხორციელბა რომ მოხდეს, უნდა ვიცოდეთ, რა პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ კანონმდებლები ნორმის დადგენისას. მხოლოდ კანონებისა და კოდექსების ტექსტი სრულფასოვან წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის კანონის სულისკვეთების შესახებ.
რა ვითარებაში აღიარა სახელმწიფომ თავისი ვალდებულება, დაუბრკოლებლივ მიაწოდოს მოქალაქეებს სამთავრობო ინფორმაცია და უზრუნველყოს ოფიციალურ სხდომებზე მათი დასწრება? რა დებატები უძღოდა წინ ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავის მიღებას?
1995 წელს, დემოკრატიული კონსტიტუციის მიღების შემდეგ, დაიწყო მსჯელობა იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება. თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ცხარე დებატებში უამრავი იურისტი, ჟურნალისტი, ადამიანის უფლებების დამცველი, ქართველი თუ უცხოელი ექსპერტი ღებულობდა მონაწილეობას.
დისკუსიის ამოსავალი წერტილი იყო ერთი საკითხი: პრესა უნდა დაემორჩილოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს, თუ მთავრობა ხალხის მიერ დაწესებულ კანონებს? კანონმა პრესა უნდა შეზღუდოს ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში, თუ მთავრობას დააკისროს ვალდებულება, გახსნას ოფიციალური დოკუმენტები და სხდომები? ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების რაიმე სპეციალური უფლებები უნდა ჰქონდეთ, თუ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორი უნდა იყოს?
1999 წლის ივნისში, თავის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, პარლამენტმა მიიღო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მასში ინფორმაციის თავისუფლება მესამე თავად შეიტანა. გადაწყდა, რომ საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებას, პრესის კანონის ნაცვლად, ინფორმაციის თავისუფლება სჭირდება.
რა კონსტიტუციური გარანტიები იცავს ინფორმაციის თავისუფლებას?
ინფორმაციის თავისუფლების უპირველესი გარანტია საქართველოს კონსტიტუცია და მის საფუძველზე გამოცემული კანონები: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი - ინფორმაციის თავისუფლება, კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, აგრეთვე ზოგიერთი ეკოლოგიური და სამედიცინო კანონია.
კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ვინაიდან თანამედროვე საზოგადოებაში საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს მთავრობა წარმოადგენს, კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილი აღიარებს საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, კანონით დადგენლი წესით, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ და კომერციულ საიდუმლოებას. თუ კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილი ღია მთავრობის პრინციპს ამკვიდრებს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან, ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა. ეს ნორმა ბუნებრივად გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-20 მუხლით აღიარებული პრინციპიდან, რომელიც ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს.
კონსტიტუციის 37-ე მუხლის თანახმად, ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.
რა კანონები არეგულირებენ ოფიაციალური დოკუმენტების მიღებისა და სხდომებზე დასწრების უფლებებს?
კონსტიტუციის შემდეგ, ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა უფლებას, დაესწრონ სამთავრობო სხდომებს, თავისუფლად მიუწვდებოდეთ ხელი ოფიციალურ დოკუმენტებზე, აგრეთვე საკუთარი თავის შესახებ მთავრობის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე, არის ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი - ინფორმაციის თავისუფლება.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის გამჭვირვალეობის სფეროში სხვა კანონებიც მოქმედებენ, ინფორმაციის თავისუფლების თავი ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და ეფექტურ კანონად უნდა ჩაითვალოს. სწორედ ამის გამო, წინამდებარე გამოცემის დიდი ნაწილი სწორედ ამ საკანონმდებლო აქტს და მის გამოყენებას დაეთმობა.
ბუნებრივია, რაც უფრო ფართოა კანონის გამოყენების სფერო, მით უფრო დიდია ინტერპრეტაციათა დიაპაზონი. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოებაც, რომ ინფორმაციის თავისუფლების გარდა, მოქმედებს მთელი რიგი სხვა ნორმატიული აქტებისა, რომელთა ცოდნა, მართალია, მოქალაქეს განცხადების შედგენისას არ ჭირდება, მაგრამ თანამდებობის პირისათვის აუცილებელია განცხადებაზე კანონიერი და დასაბუთებული პასუხის გასაცემად.
ღია მთავრობის არსებობა საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, მაგრამ ეს ინტერესი იშვიათ გამონაკლის შემთხვევებში, წინააღმდეგობაში შეიძლება მოვიდეს მეორე, არანაკლებ არსებით საზოგადოებრივ ინტერესთან, როგორიცაა ხელისუფლების გამართული და ეფექტური ფუნქციონირება, პირადი, კომერციული და პროფესიული საიდუმლოს დაცვა.
ამგვარი წინააღმდეგობები დამახასიათებელია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოებისათვის. კანონი მოწოდებულია, გარკვეულწილად დააბალანსოს ყველა ლეგიტიმური საზოგადოებრივ ი ინტერესი და საშუალება არ მისცეს გახსნილობის ზოგადი წესიდან ცალკეულ გამონაკლისებს ინფორმაციის თავისუფლების ეროზია მოახდინონ.
გამომდინარე კონსტიტუციური ნორმიდან, ინფორმაციის თავისუფლების თავი, მთავრობის გახსნილობასთან ერთად, ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის საკითხსაც არეგულირებს. ამასთან, პირადი, კომერციული, ან პროფესიული საიდუმლოების მოტივით, პირს არ შეიძლება შეეზღუდოს უფლება, გაეცნოს სამთავრობო დოკუმენტებში ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ.
უფლება ვიცოდეთ, რა იცის მთავრობამ ჩვენს შესახებ, ინფორმაციის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. სამთავრობო დოკუმენტებში შეიძლება არასწორი მონაცე მები იყოს დაცულიდა ამ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლოა, მოქალაქეს ზიანი მიადგეს. მთავრობამ შეიძლება ისეთი რამე იცოდეს ჩვენს შესახებ, რისი ცოდნის უფლება კანონით მას არა აქვს და მავანმა ეს ინფორმაცია უკანონო მიზნებისათვის გამოიყენოს.
ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ არასწორი მონაცემების შესწორება და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის განადგურება. ამ უფლების დაცვა შესაძლებელია სასამართლოსადმი მიმართვით. მთავრობა ვალდებულია, აგვინაზღაუროს საკუთარი დაუდევრობით, შეცდომით, ან უკანონო მოქმედებით მოყენებული ზიანი.
ინფორმაციის თავისუფლების საკითხებს, ადმინისტრაციული კოდექსის გარდა, სხვა საკანონმდებლო აქტებიც არეგულირებენ. ამგვარად, აუცილებელია, რომ ის საჯარო მოხელეები, ვისაც უხდებათ ინფორმაციის თავისუფლების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ყველა ამ კანონებს საფუძვლიანად იცნობდნენ.
ზოგიერთი კანონი პირდაპირ გავლენას ახდენს ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენე ბაზე, ვინაიდან განსაზღვრავს ინფორმაციის თავისუფლების თავით დადგენილი წესებიდან გამონაკლისთა წრეს. ასეთია, პირველ რიგში, კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ.
როგორ მოვიპოვოთ სამთავრობო ინფორმაცია, ან დავესწროთ სხდომას?
ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ნებისმიერ სამთავრობო დოკუმენტს და დაესწორს ნებისმიერ სხდომას, რომელსაც ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო ატარებს. თუმცა, კანონმა შეიძლება დაადგინოს ცალკეული გამონაკლისი.
ჩვენი უფლების განსახორციელებლად საჭირო არ არის, შესაბამის სახელისუფლო დაწესებულებას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი მოთხოვნა კანონიერია, ან ინტერესი - საფუძვლიანი. ყველა ჩვენი მოთხოვნა კანონიერად და საფუძვლიანად ითვლება, სანამ შესაბამისი სახელმწიფო ორგანო საპირი სპიროს არ დაასაბუთებს.
თუ სახელმწიფო დაწესებულება უარს გვეტყვის რაიმე ინფორმაციის მიღებასა, ან რომელიმე სხდომაზე დასწრებაზე, უართან ერთად მან უნდა დაასაბუთოს თავისი უარის კანონიერება და საფუძვლიანობა.
სამთავრობო დოკუმენტის მისაღებად, ან სხდომაზე დასასწრებად მოთხოვნის შედგენისას, ჩვენ არ დაგვჭირდება არც ადვოკატის დახმარება და არც კანონების ღრმა შესწავლა. აი, სახელმწიფო მოხელეს კი, რომელსაც ჩვენი განცხადების განხილვა დაევალება, მოქმედ კანონმდებლობაში გარკვევა შეიძლება მოუწიოს.
კანონი მოქალაქეს აძლევს მხოლოდ უფლებებს და არ აკისრებს მას არანაირ ვალდებულებებს მაშინ, როცა სახელმწიფო მოხელე პასუხისმგებელია როგორც ინფორმაციის არასწორად დაფარვის, ისე გაცემის შემთხვევაში. ასე რომ, მოქალაქის განაცხადის განხილვისას, თანამდებობის პირებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და მხოლოდ კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
როგორია ინფორმაციის თავისუფლების პრაქტიკა?
კანონმდებლობა, რომელიც სამთავრობო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და სხდომების საჯაროობას უზრუნველყოფს, მოქალაქეთა მიერ ამ უფლების რეალიზაციის ძალიან მარტივ პროცედურებს ითვალისწინებს.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ისეთი შემთხვევებისათვის, როცა თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა. ყველა უწყება და მოხელე ერთნაირი არ არიან. ზოგი მტკიცედ განწყობილია გახსნილობისა და თანამშრომლობისთვის, ზოგი კი უკიდურესად დახელოვნებულია ინფორმაციის დამალვაში.
თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს დროში, როცა ყველაფერი იცვლება, იცვლება ხელისუფლებაც. ძველი თანამდებობის პირები მიდიან, მათ ადგილას მოდის სხვა ხალხი. ახალ ადამიანებს თან ახალი მიდგომები და ახალი პოლიტიკა მოაქვთ. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ახალი პრაქტიკის დამკვიდრებასა და საზოგადოებისა და დროის მოთხოვნათა უკეთ დაკმაყოფილებას.
თუ ჩვენს მოთხოვნაზე უარი მივიღეთ, ვენდოთ თუ არა მოხელეს?
არა. სამწუხაროდ, ჩვენ დიდხანს ვცხოვრობდით იმ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლის ყოველი სიტყვა ერთადერთი კანონი და სამართალი იყო. დღეს საზოგადოებას ამ ისტორიული ტრადიციის დაძლევა უხდება, მაგრამ ეს არ არის სწრაფი და ადვილი პროცესი.
წარსული უუფლებობიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად გვიჭირს ეჭვი შევიტანოთ თანამდებობის პირთა ავტორიტეტულ განცხადებათა კანონიერებაში და კრიტიკული თვალით შევხედოთ მთავრობის გადაწყვეტილებათა სამართლიანობას.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში, რომლის აშენებასაც ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილებები და განსაჯოს, თუ რა არის ამა თუ იმ შემთხვევაში კანონიერი და რა 2 არა.
თანაც, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასამართლოში მიმართვისას, ჩვენი შანსები სასურველი ინფორმაციის მიღებაზე ერთი-ორად იზრდება. ეს ხდება არა იმიტომ, რომ მოსამართლეები უფრო უკეთესი ადამიანები არიან, ვიდრე სხვა სახელმწიფო მოხელეები, არამედ უბრალოდ, მოსამართლე, ჩვეულებრივი ჩინოვნიკისაგან განსხვავებით, საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია და ემორჩილება კანონს და არა ზემდგომ თანამდებობის პირს.
ამასთან, სასამართლოს არა აქვს პირდაპირი უწყებრივი დაინტერესება, დამალოს ინფორმაცია. ასე რომ, თუ სახელმწიფო დაწესებულებამ საფუძვლიანი არგუმენტები არ მოიტანა თავისი პოზიციის გასამაგრებლად და კარგად თუ არ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა გასაიდუმლოვდეს ესა თუ ის ინფორმაცია, მოსამართლე დავას ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს და შესაბამის სახელმწიფო მოხელეს დახურული ინფორმაციისა თუ სხდომის გახსნას უბრძანებს.
ყოველთვის შეცდომაში შევყავართ თუ არა ხელისუფლებას ინფორმაციის თავისუფლების საკითხში?
ხშირად, მაგრამ არა იმიტომ, რომ მოხელეები იმთავითვე და ყოველთვის ცუდები არიან, ანდა კარგი ხალხი ხელისუფლებაში კარიერას ვერ ან არ იკეთებს. უბრალოდ, ასეთია ადამიანის ბუნება. წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მათ ადგილზე. განა, ჩვენ გვსიამოვნებს, როცა ვიღაცა ჩვენს საქმეში ცხვირის ჩაყოფას ცდილობს? განა, ჩვენ არ ვცდილობთ აბეზარი ცნობისმოყვარეების თავიდან მოშორებას?
თანამდებობის პირები, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე გადაწყვეტილებებს ღებულობენ, ჩვეულებრივი მოკვდავები არიან. ასე რომ, მათთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის. ადამიანები კი ხშირად ცდებიან, მათ ახასიათებთ სხვადასხვა სისუსტეები და, როგორც წესი, ნაკლებად მიდრეკილნი არიან რისკისადმი.
თანამდებობის პირი, რომელიც ჩვენთვის საინტერესო საკითხზე წლების განმავლობაში მუშაობს და ამ საკითხს შეიძლება დეტალურად იცნობდეს, იმავდროულად, შეიძლება კარგად არ იყოს გათვითცნობიერებული ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის სფეროში.
ცალსახად ღია და ცალსახად დახურულ სამთავრობო ინფორმაციას შორის არის ბუნდოვანების რუხი ზონა. თავის დაზღვევის მიზნით, მოხელემ შეიძლება თავი არ აიტკივოს და ბუნდოვანი დახურულად გაასაღოს. შეიძლება მას არ ყოფნიდეს გამოცდილება და კანონების ცოდნა, ზოგჯერ საკუთარი შეცდომის, ან სულაც დანაშაულის კვალის დაფარვას ჰქონდეს ადგილი.
ცივილიზებულ საზოგადოებაში ყველაზე ცუდი ინფორმაცია მისი არარსებობაა.
უილიამ ქ. სმოლი
რამდენად სასარგებელოა სამთავრობო ინფორმაცია და ვისთვის?
გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, სამთავრობო ინფორმაციის ძირითადი მომხმარებელი ჟურნალისტები არიან. პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ზუსტი არ არის. პრესა ჟურნალისტური ხერხებით გაცილებით უფრო სწრაფად იღებს საჭირო ინფორმაციას, ვიდრე ეს ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
ინფორმაციის თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება ჩვენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ანუ იმ ხალხს, ვისაც არაოფიციალური წყაროებიდან და არაფორმალური არხებით ინფორმაციის მოპოვება არ შეგვიძლია.
აკრძალული ხილი ტკბილია, მაგრამ ზოგჯერ ზესაიდუმლო მასალებში მოყვანილი ფაქტები შესაძლოა, შეესაბამებოდეს სინამდვილეს, შესაძლოა - არა. ოფიციალური დოკუმენტები ყოველთვის ვერ ამართლებენ ჩვენს მოლოდინებს. ხშირად ინფორმაციის ყველაზე საინტერესო ნაწილს შეიძლება, საიდუმლოების გრიფი დაედოს და კუპიურებით გამოქვეყნდეს.
თავისთავად ის ფაქტი, რომ დოკუმენტი გასაიდუმლოებული იყო, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მასში მოყვანილი ინფორმაცია სწორი ან საინტერესო იქნება. ხშირად სახელმწიფოს ხელთ არსებული ინფორმაცია სწორი არ არის. არც თუ იშვიათად თანამდებობის პირები ისეთ ინფორმაციას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც ნაკლოვანებების მიზეზად სხვებს ასახელებს, ხოლო პირადად მათ და მათ უწყებას დადებითად წარმოაჩენს ხელმძღვანელობის ან საზოგადოების თვალში.
რა თქმა უნდა, ნახევარი სიმართლე სიმართლე არ არის, მაგრამ ჯობია გვქონდეს თუნდაც ინფორმაციის ნაწილი, ვიდრე არ გვქონდეს არანაირი ინფორმაცია. ამ და სხვა ნაკლოვანებების მიუხედავად, ოფიციალური დოკუმენტი კარგი საწყისი წერტილია, ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებისაგან კომენტარებისა და დამატებითი განმარტებების მოსაპოვებლად. თუნდაც ნაკლული ინფორმაცია შეიძლება ის გასაღები აღმოჩნდეს, რომელიც სხვა დოკუმენტების კვალზე გაგვიყვანს.
იბეჭდება განმეორებით.
გამოცემულია ,,IRIS-საქართველოს” მიერ.
![]() |
3 ადამიანის უფლებები და ბიბლიური კანონმდებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. ბიულეტენი №6)
ვოლფგან ჰუბერი
ადამიანის უფლებების თეორია და თორა
ჩვენს დროში ადამიანის უფლებები გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოს განუკითხაობისგან დაცვაა. დაცვითი ფუნქცია, რა თქმა უნდა, კვლავ გადამწყვეტი და აუცილებელია, მაგრამ ადამიანის უფლებებს თანაბარი მნიშვნელობა აქვს როგორც საზოგადოებრივი განვითარების, ისე ზნეობრივი კლიმატის განსაზღვრისთვის. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებსა და ზნეობრივ გადაწყვეტილებებზე თანამედროვეობის ის მთავარი კონფლიქტია აღბეჭდილი, რომელსაც მე შემდგომში ,,ღირსების ეთიკასა” და ,,ინტერესთა ეთიკას” შორის კონფლიქტად მოვიხსენიებ.
ინტერესთა ეთიკა აღიარებს, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მორალურ კონფლიქტებში თანხმობის მიღწევა მაღალი პრინციპების ერთგულებით არ არის განპირობებული. პლურალისტურ საზოგადოებაში მუდმივად ხდება ასეთი პრინციპების განხილვა, მაგრამ, რამდენადაც ეს პრინციპები რელიგიური წარმომავლობისაა, მიჩნეულია, რომ ისინი საზოგადოებრივ განხილვას არ ექვემდებარება. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ თვალსაზრისებს, რომელთაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ ამ მიდგომის თანახმად, ეთიკური შეფასებისას, შესაძლოა, ანგარიში გაუწიო მხოლოდ მათ, ვისაც თავად შეუძლია უპირატესობა მოიპოვოს.
ამ მიმართულების მიმდევრები ფარულად აცხადებენ პრეტენზიას მონოპოლიურ უფლებაზე, თავად გადაწყვიტონ, თუ რა ქმნის ადამიანს ადამიანად. ადამიანთა ერთ ნაწილს ისინი სხვათა განკარგულებაში აქცევენ.
ღირსების ეთიკა ტრანსცენდენტულობას ემყარება. მისი თანამედროვე განვითარება პროტესტანტური რეფორმაციის მიერ ადამიანის ხელმეორე აღმოჩენიდან იღებს სათავეს. ამ ეთიკის თანახმად, ადამიანი არ შეიძლება იქცეს პიროვნებად და თავისი შრომისა და ძალისხმევის წყალობით მიაღწიოს საბოლოო აღიარებას. ადამიანის ბედს განსაზღვრავს არა მისი უნარ-ჩვევების დახვეწა, არამედ ღვთიური მადლი და შესაძლებლობების სრულყოფილება. ადამიანის ღირსება არ არის დამოკიდებული არც მის მიმართ გარშემომყოფთა დამოკიდებულებაზე, არც საზოგადოებაზე და არც სახელმწიფოზე. საბოლოოდ, ადამიანს ენიჭება უსაზღვრო ღირსება, რომელიც ვინმეს ძალისხმევის ნაყოფი კი არ არის, არამედ ღვთისგან ბოძებული უანგარო საჩუქარია.
პროტესტანტური რეფორმაციის შემდეგ ღირსების ეთიკამ საერო ფორმები შეიძინა. ემანუელ კანტმა მას დასრულებული სახე მისცა. კანტმა კატეგორიული იმპერატივის სახით ჩამოაყალიბა ფორმულა, რომელიც ადამიანისაგან სხვა ადამიანის თანასწორად აღიარებას ითხოვს - რათა ის აღიქვან, როგორც თვითკმარი მიზანი და არა როგორც საშუალება. ადამიანური ღირსების კონცეფციაში არ არსებობს მკაფიო განსაზღვრებები, რაც ხშირად იქცევა კრიტიკის მიზეზად. ამგვარი მკაფიო განსზღვრებების საჭიროება პერიოდულად ჩნდება, მაგალითად, როდესაც ეთიკის პრობლემები სამედიცინო სფეროში წარმოიშვება. მეორე მხრივ, ამგვარი არამკაფიოობა უფრო ზუსტად ასახავს ადამიანის პიროვნების ავტონომიურობას, რომელიც თავისუფალია საზოგადოებისა და ხელისუფლების ტოტალური შევიწროებისგან. როგორც კი ჩვენ შევეცდებით ზედმიწევნით სრულყოფილად განვსაზღვროთ ადამიანური ღირსების თეორია, ის მაშინვე დაკარგავს თავის ფუნქციას.
ღირსების ეთიკის ყველაზე მყარ საყრდენად კვლავ ადამიანის უფლებები და მათი კოდიფიცირება რჩება. ადამიანის უფლებებს არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ზნეობრივი მნიშვნელობაც აქვს. ისინი ერთმანეთთან აკავშირებს ეთიკასა და კანონს. ადამიანის უფლებებს აქვს ანალოგი ბიბლიურ სამართლებრივ აზროვნებაში. ბიბლიური
საზოგადოებრივი ცნებებისთვის დამახასიათებელია ეთიკისა და კანონის - უფლებებისა და მოვალეობების - ერთიანობა, რაზეც აღთქმის წიგნების მიხედვით შეიძლება მსჯელობა (გამ.20:22-23).
როგორ აღმოცენდა ადამიანის უფლებების იდეა? უდავოა, ის ეფუძნება რწმენას, რომ ყოველი ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. ამის ოფიციალური აღიარება უნდა გამოიხატოს თავისუფლების, თანასწორობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი უფლებით მონაწილეობის გარანტიებით. საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც შეუძლიათ აღიარონ ეს უფლებები, როგორც თავისთავადი მოცემულობა და პატივი სცენ მათ, როგორც პიროვნების განუყოფელ თვისებას, თუმცა, საზოგადოებასა და სახელმწიფოს ურთიერთობებში ინდივიდის იურიდიული მდგომარეობა ამგვარ გარანტიებს ხშირად არის მოკლებული.
შეხედულება ყველა ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ 1776 წლის ვირჯინიის შტატის უფლებების ბილში შემდეგი სიტყვებითაა გადმოცემული: ,,ყველა ადამიანი ბუნებით თავისუფალი და დამოუკიდებელია და აქვს გარკვეული განუყოფელი უფლებები”. 1948 წელს მიღებულ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში კი გაცხადებულია: ,,ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისთვის დამახასიათებელი ღირსების, მათი თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება, არის თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველი.”
კანტის მცდელობა, დაემკვიდრებინა პიროვნების ღირსების კონცეფცია, როგორც რაციონალური არსების თვითმიზანი, არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ წარმოდგენას ადამიანზე, როგორც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ არსებაზე. ადამიანის უფლებების თანამედროვე თეორიისა და ბიბლიური სამართლებრივი აზროვნების მსგავსება, უპირველეს ყოვლისა, პიროვნების შესახებ მაღალ შეხედულებებს ეფუძნება.
ბიბლიაში რომც არ ყოფილიყო მითითებული, რომ ღმერთმა ადამიანი ხატად თვისად შექმნა, პიროვნების შესახებ მაღალი წარმოდგენა ღმერთსა და ადამიანს შორის აღთქმის დადების ფაქტიდანაც გამომდინარეობდა. საქმე სწორედ ღმერთთან ერთობაშია. მცნებამ - რომ თაყვანი უნდა ვცეთ ერთ ღმერთს, რომელმაც მოგვცა კანონი - შექმნა ისრაელის საზოგადოებრივი კანონმდებლობის ფორმირებისთვის საჭირო საზღვრები და წინაპირობები. ამავე მიზეზის გამო მიაქციეს იუდეისტმა კანონშემომქმედებმა განსაკუთრებული ყურადღება იმ ადამიანებს, ვისი უფლებებიც შეიძლება დარღვეულიყო. ესენი იყვნენ მონები, უცხოელები, ქმრებისა და მამების მზრუნველობას მოკლებული ქვრივები და ობლები.
აღთქმის წიგნში საზოგადოებრივი კანონმდებლობის ეს უცილობლად გამარტივებული დახასიათება ასევე ხსნის, თუ რატომ არ მოხვდა ადამიანის უფლებათა თანამედროვე ნუსხაში ბიბლიური სამართლებრივი ცნობიერების ზოგიერთი ელემენტი. ერთ-ერთი ასეთი ელემენტის არსი ის არის, რომ საზოგადოებაში ადამიანის იურიდიული სტატუსი პირდაპირ კავშირშია ერთი ღმერთის თაყვანისცემის ვალდებულებასთან. ადამიანის უფლებების თანამედროვე ჩამონათვალი, პირიქით, რელიგიური ორიენტაციების სიმრავლის გათვალისწინებით იქმნება, რომლებიც ერთი უნივერსალური კანონით უნდა იყვნენ მოცულნი.
მეორე ელემენტი არის ის აქცენტი, რომელსაც ბიბლიური კანონი უმწეოთა დასაცავად აწესებდა. ადამიანის უფლებათა თანამედროვე კონცეფცია არ მიაკუთვნებს თავის თავს რომელიმე სოციალურ ჯგუფს - პრივილეგირებულსა თუ მარგინალურს. ასე მაგალითად, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სისტემაში არ არსებობს სუბიექტის უფლება, მიიღოს თავშესაფარი; ამის ნაცვლად არის მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოს ისინი თავშესაფარით. ამრიგად, თავშესაფრის მაძიებელნი ამაოდ ფიქრობენ, რომ ამ მოთხოვნას პირველ რიგში დააკმაყოფილებენ. ადამიანის უფლებათა თანამედროვე კონცეფცია არ ითვალისწინებს უპირატესობის მინიჭებას იმ პირებისთვის, რომელთა უფლებები განსაკუთრებულად ილახება, თუმცა, ეს კარგი რეზერვია უფლებათა კონცეფციის განვითარებისათვის, მაგალითად, უმცირესობათა დაცვის დროს. როდესაც ვამბობდი, რომ თანამედროვე სამართალთან შედარებით, ბიბლიური სამართლებრივი აზრი ადამიანის უფლებებს უფრო მთლიანობაში განიხილავდა, ხაზს ვუსვამდი ბიბლიურ კანონებსა და ადამიანის უფლებების თანამედროვე სისტემას შორის განსხვავებას. ბუნებრივია, ჩვენ ასევე უნდა დავინტერესდეთ, თუ რით აღემატება ადამიანის უფლებების დღევანდელი ნორმები ბიბლიურ კანონს. ეს, პირველ რიგში, აღმსარებლობის თავისუფლება და ნებისმიერი ქალისა და მამაკაცის სამართლის თანაბარ სუბიექტად აღიარებაა.
1895 წელს გერმანელი მეცნიერი გეორგ ელინეკი ამტკიცებდა, რომ ისტორიულად იმდროინდელი ადამიანის უფლებათა დეკლარაციები სინდისის თავისუფლებისა და აღმსარებლობის მოთხოვნილებების ირგვლივ ყრიდა თავს, ანუ ეფუძნებოდა პროტესტანტური რეფორმაციის ლოზუნგებს და რელიგიურ უმცირესობათა მოთხოვნებს ინგლისსა და ამერიკაში. ისტორია ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს ელინეკის თეზისს. მაგალითად, 1776 წლის ვირჯინიის უფლებათა დეკლარაციის პირველ რედაქციაში, მხოლოდ ერთ - მე-16 მუხლში გაკვრით არის ნახსენები რელიგიური თავისუფლება და ისიც დოკუმენტის დანარჩენ 15 მუხლთან აუცილებელი კავშირების გარეშე. უფლებების შესახებ ეს და სხვა ადრეული ბილები, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით უფრო იყო გამსჭვალული, ვიდრე ქრისტიანული ჯგუფების თვითგამორკვევის პრობლემით. უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ პროტესტანტური რეფორმაციის პერიოდში ქრისტიანული თავისუფლების პრინციპის აღმოჩენამ და რელიგიური თავისუფლების აუცილებლობის გაგებამ, რომელიც მწარე ისტორიული გამოცდილებით იყო მოპოვებული, მოამზადეს ნიადაგი ადამიანის უფლებათა შემდგომი სრულყოფისთვის. რელიგიური შემწყნარებლობისა და თავისუფლებისთვის მოძრაობის გარეშე, რომელიც ახალი დროის გარიჟრაჟზე წარმოიშვა, ძნელი იქნებოდა წარმოდგენა, რომ ადამიანის უფლებათა სრულყოფილი სისტემა ჩამოყალიბდებოდა. ადამიანის უფლებათა მთავარი ძარღვი სინდისის, რწმენის და რელიგიის თავისუფლების საყოველთაო გარანტიისათვის ბრძოლა იყო. პიროვნების ხელშეუხებლობა და ადამიანური ღირსება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული, თუ სხვადასხვა კონფესიები და მათი მიმდევრები თავისუფალი იქნებიან ნებისმიერი შეზღუდვისაგან. ეს იდეები უცხოა ძველი აღთქმის სამართლებრივი ცნობიერებისათვის; ერთი ღმერთის თაყვანისცემის მცნება და იუდეურ საზოგადოებაში თემური ცხოვრების აღნიშნული ფორმა იმდენად მჭიდროდ არიან დაკავშირებული, რომ იმ საზოგადოებაში რწმენის აღმსარებლებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭების აღიარების საკითხი არც კი წამოჭრილა.
მეოცე საუკუნე, რომელმაც თავის თავზე გამოცადა ტოტალური რეჟიმის არსი, ახალი ენერგიით მიუბრუნდა ადამიანის უფლებებს. ნაცისტური რეჟიმის საშინელებებმა სერიოზულად შეცვალა ადამიანთა ცნობიერება. ცხადი გახდა, რომ ადამიანის უფლებებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ყოველი ადამიანი თავის თავს საზოგადოების ნაწილად უნდა მიიჩნევდეს, რომელიც, თავის მხრივ, აღიარებს და იღებს ამ ადამიანს. ,,თავისთავად” ადამიანს აქვს ერთადერთი უფლება, კერძოდ: შესაბამისი იურიდიული სტატუსით, გახდეს სამართლის სუბიექტი.
საზოგადოება, რომელიც არ ცნობს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - ,,გააჩნდეს უფლებები” სამართლებრივი თანამეგობრობის ფარგლებში - პატივს არ სცემს ადამიანურ ღირსებას. თუკი ადამიანს ართმევენ უფლებას უფლებებზე, ის კარგავს ყველა სხვა დანარჩენ უფლებას. თუკი ის მოკლებულია საშუალებას, გახდეს სამართლის სუბიექტი, მას ექცევიან უბრალოდ როგორც საშუალებას, სამუშაო ძალას, უსარგებლო დევნილს და ა.შ.
ამდენად, დევნილთა მიმართ დამოკიდებულება კრიტერიუმია საზოგადოების სამართლებრივი მდგომარეობის განსასაზღვრად. ამასთანავე, თუ მხედველობაში მივიღებთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დევნილთა საქმეების უმაღლესმა კომისარიატმა მოქალაქეობის არმქონე პირებად დაარეგისტრირა, ძნელია ეჭვი შევიტანოთ, რომ საზოგადოებას ესაჭიროება, გაცილებით ღრმად ჩასწვდეს ადამიანის უფლებებს და შეიმუშავოს უმწეოთა უფლებების დაცვის მექანიზმი. სამართლის ზერელიგიური უნივერსალობა, ასევე ქალებისა და მამაკაცების სამართლებრივი თანასწორობა, სცილდება ბიბლიური სამართალცნობიერების ჩარჩოებს.
რელიგიის წვლილი ადამიანის უფლებათა თეორიაში
დღეს, რელიგიათა და კულტურათაშორისი დიალოგის მიმდინარეობისას, სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შემოგვთავაზონ თავიანთი შეხედულებები ადამიანის უფლებათა იდეაზე, შეეცადონ, განსაზღვრონ ჩანასახის სტადიაში მყოფი პლანეტარული ეთოსის ძირითადი კომპონენტები. თუმცაღა, ასეთი დიალოგის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად იქნება ის გახსნილი საჭირბოროტო პრობლემებისთვის და რამდენად შეძლებენ მისი მონაწილეები, უარი თქვან განსაკუთრებულობაზე. ვინმე რომ შეეცადოს, ადამიანის უფლებებისთვის მსოფლიო იურიდიული ძალის მინიჭებას და პლანეტარულ ეთოსთან მიმართებით ზნეობრივი თანხმობის მიღწევას, მას, გარკვეულწილად, ადამიანის უფლებათა ეთიკური საფუძვლების შეზღუდვა მოუწევს.
საილუსტრაციოდ შეიძლება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს მივმართოთ: ,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავის ღირსებასა და უფლებებში. მათ ბოძებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ მეგობრული სულისკვეთებით უნდა იყვნენ განმსჭვალული”. ეს ფორმულირება თავის თავში სამ ზნეობრივ ტრადიციას აერთიანებს. განცხადება, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი უფლებებსა და ღირსებაში, ჩამოყალიბდა იუდაიზმისა და ქრისტიანობის გავლენით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. მტკიცება, რომ ყველა ადამიანს ბოძებული აქვს გონება და სინდისი, აღორძინების ეპოქიდან მომდინარეობს. ძმურ სულისკვეთებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია კი ფრანგული რევოლუციისა და პროლეტარული მოძრაობის პირმშოა.
მიმაჩნია, რომ დღეისათვის ყურადღების გამახვილება მხოლოდ ამ სამ ტრადიციაზე, საკითხის ზედმეტად შეზღუდვას ნიშნავს. ჩვენს დროში სამართლებრივი ნორმები გაცილებით ფართო საფუძველს უნდა ეყრდნობოდნენ. ამისთვის აუცილებელად უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო რელიგიათა და კულტურათა მრავალფეროვნება. ადამიანის უფლებათა ფორმულირება კი არ უნდა გამორიცხავდეს, პირიქით, უნდა მოიცავდეს მათ გამოცდილებას. ახალი სამართლებრივი, მათ შორის ადამიანის უფლებათა, მდგომარეობის შემოტანისას საჭიროა, დიდი თავშეკავებულობით მოვეკიდოთ რელიგიურ და იდეოლოგიურ საკითხებს, რათა უნებლიეთ რაიმე სახის დისკრიმინაცია არ გამოვიწვიოთ. ეს ერთადერთი საშუალებაა, რამაც შეიძლება უზრუნველყოს კანონის საჯაროობა და, შესაბამისად, აიძულოს კანონი, პატივი სცეს სამართალსა და ეთიკას შორის კავშირს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი და ეთიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, არ არის საჭირო მათი, როგორც სრულიად განსხვავებული ცნებების, ერთმანეთთან დაპირისპირება. ადამიანის უფლებების კონცეფციაში კანონსა და ეთიკას შორის ორგანული კავშირია ასახული. ვიდრე ახალი დროის მეცნიერები ეთიკის სხვადასხვა საფუძვლებს განიხილავდნენ, ადამიანის უფლებებზე სხვადასხვა მოსაზრებების მომხრეები თავიანთ თეორიულ საფუძვლებს ეძებდნენ. ცხადია, რომ ადამიანის ცალკეული უფლებების აღიარება არ არის დამოკიდებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების აღიარება იმ ადამიანთა ჩათვლით, რომელთაც სახელმწიფო ხელშეუხებლობის გარანტიებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობისა და სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლებას აძლევს. ყველაფერ ამასთან ერთად, ადამიანის უფლებები აიძულებს ინდივიდს, იტვირთოს ზნეობრივი ხასიათის განსაზღვრული ვალდებულებები, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციას არ ექვემდებარება.
ადამიანი, რომელსაც აქვს თავისუფალი, მაგრამ პასუხისმგებლობით შეზღუდული არსებობის უფლება ვალდებულია, სხვები თავის თანასწორად მიიჩნიოს, გამოვიდეს იმ პირთა დასაცავად, რომელთაც ძირითადი უფლებების შეზღუდვა ემუქრებათ, იბრძოლოს დევნის ან დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, დაიცვას არა მარტო თავისი, არამედ სხვათა ინტერესებიც.
ოღონდ, მხოლოდ განსხვავებულ კულტურებსა და რელიგიურ ტრადიციებს შორის უბრალო შეთანხმება ვერ განსაზღვრავს ადამიანის უფლებების იურიდიულ და ეთიკურ შინაარსს. ადამიანის უფლებათა კონცეფცია უპირისპირდება ტრადიციებს მათთვის დამახასიათებელ დოგმატიზმთან ერთად, რათა ფუნდამენტი ჩაეყაროს პლანეტარულ ეთოსს. დღეს ადამიანის უფლებათა საკითხის განხილვა სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა ერების ეთიკური შეხედულებების დაახლოებას, და ასეთი პოლიტიკა აჩვენებს გზას პლანეტარული ეთოსის შექმნისათვის. პლანეტარული ეთოსის ცალკეული ელემენტების არსებობა უკვე დღეს შეიმჩნევა. კერძოდ, ეს არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ადამიანთა თანასწორობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების განუყოფელი უფლების აღიარება.
ზოგიერთ მნიშვნელოვან სფეროში ეთიკური შეხედულებების ცვლილებამ ადამიანის უფლებათა შეფასების განახლება გამოიწვია. ასე მაგალითად, ადამიანის უფლებათა გაგებაზე გავლენა მოახდინა ქალის უფლებასუბიექტურობის შესახებ შეხედულების ვოლუციამ. უკვე ადამიანის უფლებათა პირველ დეკლარაციებში მკვიდრდებოდა პრინციპი, რომ ყველა ადამიანს დაბადებიდან თანასწორი უფლებები აქვს ბოძებული, მაგრამ, ამგვარი დეკლარირების მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში ქალს ეპყრობოდნენ, როგორც არათანასწორ არსებას და იურისტებს შორის მხოლოდ დროთა განმავლობაში დამკვიდრდა აზრი, რომ საჭიროა ქალთა უფლებების არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ მათი დაცვაც.
ცხადია, პლანეტარული ეთოსი და ადამიანის უფლებები ერთსა და იმავე საფუძვლებს ვერ დაეყრდნობა, რადგან პლანეტარული ეთიკის პრინციპები არ ამოიწურება იმ მდგომარეობებით, რომლებიც ადამიანის უფლებათა კრებულშია მოცემული. დღევანდელი დებატები ,,მესამე თაობის” ადამიანის უფლებების შესახებ ნათლად გვიჩვენებს, თუ სად გადის ეს გამყოფი ხაზი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ,,მესამე თაობის ადამიანის უფლებები” უნდა მოიცავდეს განვითარების უფლებას, მშვიდობას, გარემოს დაცვას და ,,მსოფლიოს საერთო მემკვიდრეობით” სარგებლობის უფლებას: ოკეანის ფსკერის რესურსების დამუშავების, კოსმოსის ათვისების, პლანეტის ბუნებრივი და კულტურული სიმდიდრეებით სარგებლობის უფლებას. მაგრამ ყოველივე ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ დავიცავთ ეკოლოგიურ უფლებებს. რამდენადაც ყველა მსგავსი საკითხიპლანეტარული ეთოსის საფუძვლებს შეეხება, თუკი შევეცდებით, რომ ისინი მხოლოდ ადამიანის უფლებათა ტერმინოლოგიის ჩარჩოში ჩავტიოთ, შეიძლება მათი ჭეშმარიტი აზრი და თვით მათი იურიდიული ხასიათიც კი დაგვეკარგოს.
დადგა დრო, ჩამოყალიბდეს ისეთი პრინციპები, რომლებიც სრულიად განსხვავებული რელიგიებისა და კულტურებისთვის იქნება მისაღები. ადამიანის უფლებათა პრობლემის განხილვის დღევანდელ ეტაპზე მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს პრინციპები უნდა მოიცავდეს: თითოეული ადამიანის უფლებების თანასწორობის აღიარებას, თავისუფლების, თანასწორობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის საერთო მოთხოვნილებას. მომავალში, გარდა ზემოთქმულისა, მათში უნდა აისახოს: ქალთა თანაბარი უფლებები, სოციალური სამართლიანობის მოთხოვნა და გარემოს დაცვის აუცილებლობა.
მსოფლიო რელიგიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა იურიდიული მხარის სრულყოფაზე იმუშაონ, არამედ გადმოსცენ პლანეტარული ეთოსის შესახებ თავიანთი კონცეფცია. პლანეტარული ეთოსი არ შეიძლება მხოლოდ განყენებული კვლევის მეთოდით შეიქმნას. მისი ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ ცოცხალი შემოქმედების პროცესში, როდესაც საზოგადოება თავად ბადებს და იცავს თავის ზნეობრივ პრინციპებს. პლანეტარული ეთოსის დამყარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ,,ტრადიციების ჩამომყალიბებელი” საზოგადოება, სადაც ყოველი თაობა ადასტურებს თავის ერთგულებას ამ ტრადიციებისადმი, განიმსჭვალება ზოგადსაკაცობრიო ამოცანებით და ისინი გააცნობიერებენ თავის პასუხისმგებლობას კაცობრიობისა და ბუნების წინაშე. პლანეტარული ეთოსის შემუშავება არ უნდა გახდეს წარმომადგენლობითი ელიტის პრეროგატივა. საჭიროა ფართო განმარტებითი მუშაობა, სადაც ყველა რელიგია თავისი სიტყვის თქმას შეძლებს. გლობალური პრობლემების წინაშე კაცობრიობის პასუხისმგებლობის საკითხი ადამიანთა მცირე ჯგუფის მონაწილეობით კი არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ფართო განხილვის საგნად უნდა იქცეს. ამ დიდ გზაზე ადამიანის უფლებათა თანამედროვე კონცეფციისა და ბიბლიური სამართლებრივი აზროვნების ურთიერთობის საკითხის ანალიზი მცირე, მაგრამ აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს.
ადამიანის უფლებები ნებისმიერი ფორმულირებით უნდა იყოს ღია რელიგიური ორგანიზაციების მთელი სპექტრისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა კონცეფციის შეთავსება რელიგიური თავისუფლების შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის დეკლარაციაშია გაცხადებული. ადამიანის უფლებათა თანამედროვე კონცეფციის ღია განხილვის მოთხოვნა აისახა გაეროს ვენის კონფერენციის შემაჯამებელ დოკუმენტში (ივნისი, 1993წ.). ცხარე დისკუსიების შემდეგ კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, თუ რა საფუძვლებს უნდა დაემყაროს მომავალი საერთაშორისო წესრიგი. დემოკრატია, განვითარება და ადამიანის უფლებები მომავალი საზოგადოებრივპოლიტიკური წყობის მახასიათებელი ხდება. თუმცაღა, ეს მახასიათებლები სხვადასხვა მსოფლიო ტრადიციებისა და სკოლების მხრიდან ადეკვატურ ინტერპრეტაციას საჭიროებს.
![]() |
4 იჩივლეთ და მოგეცემათ! |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო მოხელის მხრიდან უკანონოდ მიყენებული ზიანის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ყველა მოქალაქეს აძლევს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლებას. იმის განმარტება, თუ როგორ და რა შემთხვევაში შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ კონსტიტუციური უფლებით, ჟურნალისტმა გვანცა ლიპარტელიანმა იურისტ ზურაბ ადეიშვილს სთხოვა:
სახელმწიფო მოხელეები სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ და ამდენად, ნებისმიერი ის ზარალი, რომელსაც სახელმწიფო მოხელე მიაყენებს მოქალაქეს, შესაბამისად, სახელმწიფომვე უნდა აანაზღაუროს. ამას ითვალისწინებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე სამოქალაქო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსები. ნებისმიერ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებული ზიანი, რაც სახელმწიფო მოხელის მხრიდან თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით არის გამოწვეული, უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მნიშვნელოვანია ის, რომ მოქალაქეს საქმე აქვს არა ამა თუ იმ მოხელის ფინანსურ სახსრებთან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტთან, რომელსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა გააჩია. საუბარია როგორც ცალკეული ადმინისტრაციული აქტების ანუ გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების შედეგად მიყენებულ, ასევე კონკრეტული ქმედებებით გამოწვეულ ზიანზეც. მაგალითად, შესაძლებელია, პოლიციელმა განახორციელოს გარკვეული ქმედება: უკანონოდ დაანგრიოს ვიღაცის სახლი; მიტინგის, ან ქუჩის გადაკეტვის დროს, დააზიანოს ვინმეს ქონება და სხვა. მეორეს მხრივ, ზიანი შეიძლება გამოიწვიოს უკანონო ადმინისტრაციული აქტის გამოცემამაც. მაგალითად, თუ სახელმწიფო მოხელე უკანონოდ ჩამოართმევს ვინმეს ლიცენზიას ან დახურავს რომელიმე საწარმოს, ბუნებრივია, სახეზე იქნება ზიანი, რომლის ანაზღაურება ევალება სახელმწიფოს. ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მოხელის ქმედებას აქვს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. სახელმწიფო პასუხს არ აგებს მაშინ, როცა თავად მოქალაქე არღვევს კანონს. მაგალითად, თუ ის ყოველგვარი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ქალაქის ცენტრში ააშენებს შენობას, რომელსაც შემდეგ რომელიმე შესაბამისი უწყება დაანგრევს. თუმცა, არსებობს ერთი გამონაკლისი: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, სახელმწიფომ შეიძლება აანაზღაუროს კანონიერი გადაწყვეტილების საფუძველზე მიყენებული ზიანიც. ვთქვათ, არსებობს რომელიმე ქუჩაზე მეტროს გაყვანის კანონიერი გადაწყვეტილება. ბუნებრივია, მეტროს სადგურის მშენებლობა დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა, ქუჩის გადაკეტვა, რის შედეგადაც ამ ქუჩაზე მდებარე, მაგალითად, ბენზოგასამართ სადგურს მიადგა ზიანი, რადგან ქუჩის გადაკეტვის გამო, მან ვერ შეძლო ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მეტროს აშენების თაობაზე არის კანონიერი, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ბენზოსადგურის მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია, რადგან მისი ბიზნესი ფაქტობრივად საზოგადოებრივ ინტერესს შეეწირა.
ნებისმიერი სახის ზიანის დადგომისას, იქნება ეს უკანონო დაკავება, დაპატიმრება, ქონების ჩამორთმევა, სამსახურიდან გათავისუფლება და ა.შ. მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
● რომელ ინსტანციას უნდა მიმართოს მოქალაქემ ზიანის დადგომის შემთხვევაში?
დაზარალებულ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს თავად იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც კონკრეტული სახელმწიფო მოხელე მუშაობს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება; ან პირდაპირ სასამართლოს მიმართოს, რადგან ეს გზა მოქალაქის უფლებების დაცვის გაცილებით ეფექტური საშუალებაა. სასამართლოში საქმე ადმინისტრაციული წესით განიხილება. თუ დადგინდება, რომ სახელმწიფო მოხელის ქმედება უკანონო იყო, მოქალაქეს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.
სამწუხაროდ, იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი საკმაოდ შეზღუდულია, ხშირ შემთხვევაში სწორედ საბიუჯეტო სახსრების დეფიციტის გამო, მოქალაქეს უწევს წლების განმავლობაში ელოდოს სახელმწიფოსგან უკანონოდ მიყენებული ზიანის კომპენსაციას. აღნიშნული მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა რეალურ ზარალათან შედარებით, ეს მიზერული თანხაა. სახელმწიფოს თავის მოქალაქეებთან სასამართლოში უკვე 70 მილიონი ლარი აქვს წაგებული და ბუნებრივია, ამ თანხის გაცემას სამ მილიონიანი საბიუჯეტო ფონდი ვერ გასწვდება. ეს გარემოება სამართლიანად იწვევს მოქალაქეების ნიჰილიზმს, რადგან უსახსრობის გამო ხშირად სახელმწიფო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვერ ასრულებს.